ქართლისა და კახეთის სამეფოების ისტორიაში
XVIII საუკუნის დასაწყისი გარკვეული პოლიტიკური ცვლილებებით აღინიშნა. როგორც წინა თავში აღვნიშნეთ,
1703 წელს ირანის შაჰმა კახეთის მმართველად დანიშნა ერეკლე I-ის უფროსი ვაჟი დავითი, რომლის მაჰმადიანური სახელია დავით იმამყული-ხანი. მიუხედავად იმისა, რომ დავითი შაჰის კარზე იზრდებოდა და გამაჰმადიანებული იყო, ეს ფაქტი თავისთავად მაინც კახეთის სამეფოსათვის გარკვეულ პოლიტიკურ პროგრესს წარმოადგენდა, რადგან ამით ფაქტიურად დასრულდა ყიზილბაში ხანების თითქმის 30 წლიანი მმართველობა კახეთში და ამჯერად, მართალია გამაჰმადიანებულ, მაგრამ მაინც ქართველ ბაგრატიონს ეღირსა კახეთის მმართველობა. ამავე
1703 წელს ირანის შაჰმა ქართლის მმართველად დანიშნა ქართლის ბაგრატიონი ქრისტიანი ვახტანგ ლევანის ძე, რომელიც ირანში მყოფი ქართლის მეფის გიორგი XI-ის ძმისშვილი იყო. აქედან ჩანს, რომ XVIII
საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰი ხელს იღებს ქართლ-კახეთის გაყიზილბაშებასა და ყიზილბაშურ სახანოდ გადაქცევაზე, თუმცა მთელი
XVIII საუკუნის I ნახევარში, როგორც კი მას ამის საშუალება მიეცემოდა, ის ყოველთვის ცდილობდა ქართლისა და კახეთის სამეფოების დასუსტებას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთელი
XVIII ს-ის I მეოთხედში არ შეწყვეტილა დაღესტნელი მთიელების თავდასხმები ქართლისა და კახეთის სამეფოებზე, რაც ამ მხარეს უდიდეს ზიანს აყენებდა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით. საერთოდ,
XVIII საუკუნის I ნახევარი აღმოსავლეთ საქართველოსათვის უკიდურესად მძიმე პერიოდი იყო. ლეკთა თარეშებთან ერთად
1723 წელს დაიწყო ოსმალთა ბატონობა -
„ოსმალობა“, რომელიც 12 წელიწადს გაგრძელდა, ხოლო 1735
წლიდან კი, „ოსმალობა“
„ყიზილბაშობამ“
შეცვალა, რაც ასევე 12 წელიწადს გრძელდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქართლ-კახეთის მოსახლეობა თავდაუზოგავ ბრძოლებს აწარმოებდა ლეკების, ოსმალების და ყიზილბაშების წინააღმდეგ. თავის მხრივ ამას ემატებოდა ის ფეოდალური შუღლი და დაპირისპირება, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა ქართლისა და კახეთის სამეფოებს შორის.
ქართლის ახალი ჯანიშინი ვახტანგ ლევანის ძე იყო „ღუთის მოშიში და ღუთის მოყუარე და ფრიად მოღვაწე, სამღუდელოთა პატივისმცემელი, ქურივ-ობოლთა და გლახაკთა მიმცემელი, უღონოთა შემბრალე, ეკლესიათა მაშენებელი, ხატთა და ჯუართა შემამკობელი, მოწყალე, ცოდნისმოყუარე, ბრძენი, მხნე და ახოვანი, შუენიერ-ჰაეროვანი, მუშაკი, უხვი და მშვიდი, არამედ ჟამად მრისხანე.1 ვახტანგ ლევანის ძე ბაგრატიონმა ქართლის გამგებლობა ერეკლე I-ის დროს „შეშლილი“ ქართული წესების გასწორებით დაიწყო. საერთოდ, მისი მოღვაწეობა „ჯანიშინობის“ საწყის პერიოდშივე ფართო განმანათლებლურ მიზნებს ისახავდა. მაჰმადიანური რეაქციის პირობებში ვახტანგი ეროვნულ-ქრისტიანული პოლიტიკის მედროშედ გამოვიდა. ეს პოლიტიკა, რასაკვირველია, ეწინააღმდეგებოდა ირანის შაჰის პროგრამას, მაგრამ, სანამ ქართლის მეფე გიორგი XI სპეციალური რაზმებით ყანდაარში იდგა და ავღანთა მრავალრიცხოვან ტომებს აკავებდა, ქართლი ოფიციალურად არ გამოდიოდა ირანის სახელმწიფოებრივი ორბიტიდან და მაჰმადიანი მეფის ზურგს ამოფარებული ქრისტიანი „ჯანიშინი“ ქართლში წარმატებით საქმიანობდა. ამ პერიოდში ვახტანგის ეს მოღვაწეობა ძალზე იოლად ინიღბებოდა.2
ვახტანგ VI-ის „ჯანიშინობის“ დროინდელი საშინაო პოლიტიკა უაღრესად ფრთხილი და მოქნილი იყო. მის წინაშე დიდი პრობლემები იდგა. უპირველესად, ქართლის გამგებელს ევალებოდა ორი სიუზერნის სამსახური: იგი ემორჩილებოდა როგორც გიორგი XI-ს, რომელიც საქართველოდან ძალზე შორს, ავღანეთში „მოღვაწეობდა“ (უგზავნიდა მას იარაღს, ჯარისკაცებს, სურსათს, განსაკუთრებით ღვინოს, და ა.შ.), ასევე ირანის შაჰს. ეს უკანასკნელი ხშირად გიორგი XI-ის გარეშე აგვარებდა საქმეებს „ჯანიშინთან“. ვახტანგმა თანდათანობით ჩამოაცილა სამეფო კარს მისთვის მიუღებელი და მერყევი ელემენტები; სცადა სახელმწიფოებრივი მმართველობის დარგობრივი დაყოფა. მმართველობიდან განდევნა შემთხვევითი პირები და თავის გარშემო ფართო განათლებისა და კულტურის მქონე მოღვაწეთა ბრწყინვალე პლეადა შემოიკრიბა.
1. ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება, გვ. 481.
2. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგ.
VI, გვ. 282-183. 67
გასაგებია, რომ ახალ გამგებელს შეჯახება უხდებოდა „სპარსულ“ გავლენასთან. მაგრამ ეს ისე უნდა მოგვარებულიყო, რომ ანტიმაჰმადიანური პროპაგანდა დასაწყისშივე არ დაპირისპირებოდა თბილისში განლაგებული ირანული გარნიზონისა და მაჰმადიანური მოსახლეობის განწყობილებას. ამიტომაც, ქართლის ჯანიშინმა თავისი საქმიანობა დაიწყო ქართულ-ქრისტიანული იდეოლოგიის ხელის შეწყობით, შერყვნილი ქართული ყოფაცხოვრების მოწესრიგებით. საჭირო იყო ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლება. ეკლესია წარმოადგენდა ფეოდალური იდეოლოგიის ძირითად მასაზრდოებელ წყაროს. იმისათვის, რომ ეკლესია ქართველობისათვის ბრძოლაში გვერდით ამოეყენებინა, აუცილებელი იყო მისი ზნეობრივი განწმენდა. ამ მიზნით მოწვეული იქნა საეკლესიო კრება, რომელმაც განიხილა კათალიკოსის საკითხი. აქ პირველად გამოჩნდა „ჯანიშინის“ პრინცი პულობა. გიორგი XI-ის გადაწყვეტილებით კათალიკოსად უნდა ეკურთხებინათ ნიკოლოზი (თავის დროზე უკვე კათალიკოსად ნამყოფი და ერეკლე I-ის მიერ გადაყენებული). ვახტანგ VI-ის მხარდაჭერით ეპისკოპოსებმა აღარ ინებეს ნიკოლოზი („რამეთუ არის სოფლიერი, ე.ი. მიწიერი“), დაიწუნეს მეორე კანდიდატურაც - ევდემონ დიასამიძე („დაუდეს უმეცრება“). საეკლესიო კრებამ კათალიკოსად ერთხმად აირჩია დომენტი ლევანის ძე ბაგრატიონი (ვახტანგ VI-ის ღვიძლი ძმა). ახალი კათალიკოსი გახდა „ჯანიშინის“ ენერგიული და საიმედო თანამდგომი. თავისი მოღვაწეობის მთელ მანძილზე იგი აქტიურად ეხმარებოდა ვახტანგს სამეფო საქმეების მოწესრიგებაში. აღსანიშნავია, რომ დომენტი ახლად დაბრუნებული იყო რუსეთიდან, სადაც მან მიიღო სასულიერო განათლება. იგი შესანიშნავად ფლობდა ძველ ბერძნულ და სლავურ ენებს, იცნობდა რუსულ კულტურას. ამ მხრივ 1705 წლის საეკლესიო კრება ფაქტობრივად წარმოადგენდა დიდი კულტურული აღმავლობის დასაწყისს.1
1. მ. დუმბაძე, ვ. გუჩუა, თბილისის ისტორია, ტ. I. გვ.
290-291.
ვახტანგ VI არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ქართლის სამეფოს საშინაო საქმეებით (რაც მას ევალებოდა, როგორც ჯანიშინს), მისი მთელი მოღვაწეობა უფრო გრანდიოზული მიზნის - ეროვნული გათავისუფლებისათვის ბრძოლის ფართო სამზადისად იქცა. ნიჭიერმა გამგებელმა აქტიური საგარეო პოლიტიკით საქართველოს სამეფო-სამთავროების მასშტაბით სწრაფად აღადგინა ქართლის სამეფოს ჰეგემონია ამიერკავკასიაში. იგი ცდილობდა განემტკიცებინა გავლენა კახეთსა და იმერეთში, 1707 და 1711 წელს ორგზის დალაშქრა ოსეთი, შემოიმტკიცა ეს მხარე, გაამაგრა ქართლის ჩრდილოეთი სასაზღვრო ხაზი. ამ აქტს ბუნებრივად მოჰყვა ქსნისა და არაგვის ერისთავების ცენტრიდანული პოლიტიკის მოთოკვაც.
ვახტანგ VI-ის დროს გაიზარდა ქართველი მოსახლეობის ხვედრითი წილი თბილისში, გაძლიერდა მმართველობის ქართული ინსტიტუტები და, რაც მთავარია, XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში გაფართოვდა ქართული კულტურის კერები. ერეკლე I-ის დროიდან აღარ იცვლებოდნენ თბილისის ციხის მაჰმადიანი მცველნი, ისინი აქ უკვე ოჯახებით ცხოვრობდნენ, რაც ბევრ სირთულეს ქმნიდა. ვახტანგ VI მკვეთრად შეზღუდა ისინი, მაგრამ, რასაკვირველია, მას არ შეეძლო ანტიქართული ქმედების ამ მძლავრი კერის აღმოფხვრა - თბილისის ციხე უშუალოდ ირანის შაჰის იურისდიქციაში შედიოდა, ქართველ გამგებელს შეეძლო მეციხოვნეთა ალაგმვა ციხის გარეთ, მაგრამ უშუალოდ ციხეში თვით მათ სტატუსს ვერ შეეხებოდა, ეს განიხილებოდა ანტიირანულ აქტად. ამასთან, თვით ვახტანგ VI-ის პოლიტიკური მოღვაწეობა ნებსით თუ უნებლიეთ რეგულირდებოდა ქართველთა მდგომარეობით შორეულ ავღანეთში.
1703 წელს კახეთის ჯანიშინად დანიშნულ ერეკლე ნაზარალი-ხანის უფროს შვილს 25 წლის დავითს, ირანის სამეფო კარზე აღზრდილს, როგორც ჩანს, კარგი განათლება მიუღია. იგი მრავალმხრივ განსწავლული პიროვნება ყოფილა. მას განსაკუთრებით კარგად სცოდნია ასტრონომია და ისტორიული მეცნიერება. მიუხედავად იმისა, რომ დავითი ბავშვობიდანვე ისლამურ სამყაროში იზრდებოდა, გამაჰმადიანებულა და სპარსული კულტურული ტრადიციებიც კარგად შეუთვისებია, ის მაინც მთელი თავისი მეფობის პერიოდში გვევლინება, როგორც ქრისტიანული ეკლესიის დიდი მფარველი, მამა-პაპათა წეს-ჩვეულებების პატივისმცემელი, დამფასებელი და დამცველი. მას ბრწყინვალედ სცოდნია ქართული მწერლობაც. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს გვაძლევს დავითის მიერ 1722 წელს დაწერილი „ღმრთაების გუჯარი“, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მისი პიროვნების, განათლებისა და მსოფლმხედველობის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად დავითის მაჰმადიანური რწმენისა, იგი საქართველოს დიდი პატრიოტი აღმოჩნდა და კახეთში თავისი მეფობის პერიოდში ყველაფერს თავდაუზოგავად აკეთებდა მისი პოლიტიკური სიძლიერისა და კეთილდღეობისათვის. ამდენად, 1703 წელს დავითის ჯანიშინად დანიშვნა კახეთის სამეფოსათვის გარკვეულ პოლიტიკურ პროგრესს წარმოადგენდა, ისევე, როგორც ვახტანგ VI-ის დანიშვნა ქართლის სამეფოსათვის.
ვახუშტი დავით იმამყული-ხანის გამეფებას (ჯანიშინად დანიშვნას) კახეთში ასე გადმოგვცემს: „მოვიდა დავით იმამყულიხან წლისა კ~ე, დაჯდა ყარაღაჯს მეფედ და დაი პყრა სრულიად კახეთი. არამედ იყო ესე დავით პირშუენიერ-ჰაეროვანი, ტანმცირე, არა ძლიერი და მიქცეული სრულიად წესსა ზედა და სჯულსა მაჰმადისასა, რამეთუ არარა სწამდა ქრისტიანეთა, უმეცარი ზნეთა და სამხედროთა საქართველოისათა. (არამედ წიგნნი და ენანი - უწყოდა ორნივე წარჩინებულად)“.1 ვახუშტი აქვე აღნიშნავს, რომ გამაჰმადიანებულ დავითს მეუღლეც მაჰმადიანი ჰყავდა შამხლის გვარის წარმომადგენელი, მამა-პაპით ისპაანში გაზრდილი. მაჰმადიანური წესის მიხედვით დავითი სასმელსაც არ ეკარებოდა. კახეთში გამეფების შემდეგ დავითმა დაიწყო ქართული ზნე-ჩვეულების სწავლა. კახელების რჩევით მან მოვლო მთელი კახეთი, ერწო-თიანეთი, მოინახულა ჯვრის მონასტერი და მცხეთა. მცხეთაში დავითი შეხვდა ვახტანგ VI ქართლის გამგებელს, ითათბირეს და ჩამოაგდეს ურთიერთშორის ზავი. ამის შემდეგ დავითი გადავიდა მარტყოფს, საიდანაც ჩავიდა თავის რეზიდენციაში ყარაღაჯს. ვახუშტის ამ ცნობას შემდეგი საარქივო დოკუმენტიც ადასტურებს: „ქ. ნებითა ღთისათა და თავდებობითა დიდებულისა, მთავარ მოწამისა წმინდისა გიორგისათა, ესე ნასყიდობისა და თავდახსნილობის წიგნი მოგართვით ჩვენ ზაალიშვილებმა დავით და ფარემუზ, თქვენ ჩოლოყაშვილს ამბა ალავერდელს ბატონს ნიკოლოზს, ამა პირსა ზედან, დიდის ხელმწიფის ბრძანებით კახეთში მყრელობა მოჰვიდა და რომელიც ჩვენი ყმა ვისმე ჰყვანდა და ან ხელში ჩავიგდევით ავყარეთ, აწე ჯვარს რომ ქართველი ბატონი და კახი ბატონი შეიყარნენ და შერიგდნენ, საყრელი კაცი, რაც ძირს (ძირი შეიძლება ერქვა რომელიმე სოფელს აღმოსავლეთ საქართველოში. - ნ. ს.) დარჩომილი იყო, ქართველმა ბატონმა იმ დღეს უკან ძირს დარჩომილს კაცზედ ყუელასვიმე ხელი ააღებინა და მასუკან კიდევ ჩამოვედით და ჩვენი ყმა ბალიაშვილები ქრისტესია და ზაზუტა ძირს დარჩომილი იყო, მაგრამ კიდევ წამოვედავეთ და თქვენ ძირს დარჩომილობის სიტყვაც გქონდათ და ფასიც შემოგვაძლივეთ და უარი ვეღარ მოგახსენეთ და მოგყიდეთ და მოგართვით ჩვენი ყმა ბალიაშვილი ქრისტესია და ზაზუტა...“.2
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 610.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბუთი 2610.
ეს დოკუმენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი გვაძლევს ცნობებს XVIII საუკუნის დასაწყისში კახეთში განხორციელებული დიდი „მყრელობის“ შესახებ. როგორც ცნობილია, XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართლიდან დუხჭირ ცხოვრებას და სოციალურ ჩაგვრას გამოქცეულმა ბევრმა გლეხმა კახეთს შეაფარა თავი. XVIII საუკუნის დასაწყისში კი, ვახტანგ VI გონივრული პოლიტიკის წყალობით, ქართლი სამეურნეო განვითარების მხრივ განსხვავდებოდა სხვა სამეფო-სამთავროებისაგან. ქართლის სამეფო ხელისუფლებამ, ფეოდალურ ბატონყმური მეურნეობის შემდგომი აღორძინების მიზნით, მრავალმხრივი ღონისძიება გაატარა. ქართლის სამეფოს ეკონომიკური გაძლიერებისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ავბედობის დროს აყრილ და გაქცეულ გლეხთა უკან დაბრუნებას. ამ მიზნით ცენტრალურმა ხელისუფლებამ სპეციალური ღონისძიება გაატარა. ეს იყო ე.წ. „მყრელობა“, რომლის მიხედვითაც არა მარტო კახეთში, არამედ ქართლის სხვადასხვა კუთხეში გახიზნული გლეხებიც თავიანთ ძველ მამულებზე უნდა დაებრუნებინათ. ვახტანგ VI „მყრელობის“ ჩატარებაში სპარსეთის ხელისუფლებისგანაც მიიღო დახმარება. სპეციალურ მოხელეებს - „მყრელებს“ მიენდოთ ეს მძიმე საქმე. „მყრელობის“ განხორციელებაში კახეთის სამეფო კარიც აქტიურად ჩაება. ათასობით გაქცეულ-გადახვეწილი გლეხი უბრუნდებოდა თავის ძველ კერას, რაც ხელს უწყობდა ქართლის გავერანებული ადგილების ხელახალ მოშენებას. კახეთში განხორციელებული დიდი „მყრელობის“ ამბავს ვახუშტი ასე გადმოგვცემს: „ამ ჟამთა მოვიდა ამყრელი ყეენისაგან, რომელნი შთამოსრულ იყვნენ კახეთს ქართველნი, რათა მიაქციონ ქართლსავე, შეუძნდათ ესე კახთა და ევედრნენ ყეენსა, არამედ არა უსმინათ, და წარმოავლინეს უმეტესი მძლე. ამან აჰყარნა სრულიად ჩამოსრულნი ქართლისა აზნაურნი და გლეხნი, გარდა იმათისა რომელთაც დაიხსნეს თავნი ანუ მოიყიდეს თუ კახთა და მისცეს ქართველთავე”.1 ასეთსავე ცნობებს გვაწვდის შემდეგი საარქივო დოკუმენტებიც: სცსსა, ფ. 1449, ს. 2476; ფ. 1451, დ. 20, ს. 19.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ქართლელი გლეხი ვეღარ აჰყარეს და ქართლში ვეღარ დააბრუნეს. ამის გამო, ასეთი გლეხის პატრონმა შემდეგში ეს გლეხები კახეთის სხვადასვა ეკლესია-მონასტრებს შესწირა. ამ მხრივ საყურადღებოა ავთანდილ ამილახორის მიერ 1711 წელს გაცემული შეწირვის წიგნი ალავერდის ტაძრისადმი: „... ესე ჟამთა და ხანთა გასათავებელი შემოწირულობის წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგართვით თქვენ საშინელსა უძლეველსა, მოწამესა და სარწმუნეობით მთხოველთა თქვენთა მსწრაფლ აღმსრულებელსა დიდსა მთავარ მოწამესა გიორგის ალავერდისასა, ჩვენ ცვაფარვითა თქვენთა მინდობილმან და თქვენ მიერ შეწევნისა ჩვენისა მსასოებელმან ამილახორმან პატრონმან ავთანდილ, ძმისწულმან ჩვენმან ბატონმან დავით, ძეთა ჩვენთა ბატონმან ვახტანგ, გივმა, ამირინდომ და ათანასემ და დავითის ძემან იოთამ ასე და ამა პირსა ზედა, რომე ჩვენი ყმანი მემკვიდრენი აგვეყარნენ და კახეთს წამოვიდნენ, მერე მყრელობა რომ შეიქმნა ეს ორი გლეხი ვერ აეყარათ და მანდ ისრევ დარჩომილიყო. მერმე ჩვენს სასოებასა და სიქადულსა ამბა ალავერდელსა უფალს ნიკოლოზს წიგნი ებოძა და ამ კაცების წმიდის გიორგისათვის შეწირვა ებრძანა. რადღან მაგათი ბძანება მოგვივიდა და ეგ კაცებიც აუყრელი მანდაც დარჩომილიყო, ჩვენც ეს მოვახსენეთ წმიდას მონასტერსა და მას ზედა საჭეთ მპყრობელს ალავერდელს პატრონს ნიკოლოზს, რომე ეს ორი კომლი კაცი ერთი კასპელი ფარეშისშვილი მამუკა მისი ცოლშვილითა და მეორე ბალიაშვილი ქრისტესია და ზაზუტა თავისი ცოლშვილითა შემოგვიწირავს წმიდის გიორგის ალავერდისათვის და მიგვირთმევია დღეთა ჩვენთა წარსამართებლად და ცოდვათა ჩვენთა შესანდობლად...“.2
1. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 611.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბუთი 2699. ს. კაკაბაძე, „ისტორიული საბუთები“, წიგნი V, გვ. 23-24.
ამ თვალსაზრისით ასევე საინტერესოა არაგვის ერისთავის გიორგის შეწირვის წიგნი დავით გარეჯის უდაბნოსადმი, რომელიც 1708 წლით არის დათარიღებული: „... ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი შეწირულობის წიგნი მოგახსენეთ და მოგართვით ჩვენ არაგვის ერისთავმან ბატონმან გიორგიმ თქვენ წმიდასა და პატიოსანსა და სულთა განმანათლებელსა უდაბნოს საფლავსა პატიოსანსა წმინდისა დავითისასა და მისსა განმგესა და საჭეთმპყრობელსა მამას ბატონს წინამძღვარს მაჭუტაძეს ონოფრეს და სხვათა მასშინა მყოფთა კრებულთა, მას ჟამსა ოდეს პატრონის საქართველოს ჯანიშინის ბატონისშვილის ვახტანგის ჟამსა შინა ყეენის ბრძანებით მოვიდა მყრელი და ქართველი კაცი, რაც კახეთს ესახლა, აჰყარა და ქართლს გამოისტუმრა ყოველნივე. იქ თქვენს ალაგს თქვენს მამულზედ იყალთოს ჩვენი მკვიდრი ყმა ბაზალელი კოჭალაძე ხუცია და მისი შვილი ნიკოლოზ ესახლა. თქვენც დაგვიწყეთ და ჩვენგანაც ამ პატიოსნის უდაბნოს ყმისა და მოსამსახურის მოშლა ძნელად მოხდებოდა და აღარ მოგიშალეთ და მოგართვით და შემოგწირეთ თქვენ პატიოსანსა უდაბნოს დავით გარეჯას, ჩვენად სადღეგრძელოდ, ცოდვილისა სულისა ჩვენისა საოხად და ძეთა და ასულთა ჩვენთა წასამართებლად, შეიწირე შენ წმინდაო მამაო პატიოსანო დავით მცირე ესე შესაწირავი, რათა მეოხ გვექმნა წინაშე უფლისა დღესა მას დიდსა განკითხვისასა ...“.1
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბუთი 2017.
დავით იმამყული-ხანი კახეთში გამეფების შემდეგაც ირანის ხელმწიფისა და მაჰმადიანური წესების დიდი პატივისმცემელი დარჩა. დავითი თავის თავს „დიდი ხელმწიფის შვილურად გაზრდილს და მისგანვე გახელმწიფებულს“ უწოდებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დავითმა კახეთში გამეფებისთანავე დიდი წყალობა გაიღო იმ ხალხის მიმართ ვინც სპარსეთში შაჰის კარზე მამამისსა და თვითონ მას ახლდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ. ამ მხრივ აღსანიშნავია დავითის მიერ 1704 წელს გაცემული წყალობის სიგელები (სცსსა, ფ. 1450, დ.13, ს. 231; ფ. 1448, ს. 133). მაგალითისათვის მოვიტანთ ერთ-ერთ მათგანს: „... ჩვენ მღთივ აღმატებულმან და მღთივ დამყარებულმან და მღთივ ზეცით გვირგვინოსანმან იესიან დავითიან სოლომონიან პანკრატიონმან მეფეთ მეფემან და თვით ხელმწიფემან დიდისა და ცათა სწორის ერანის ხემწიფის შვილურად გაზდილმან და მისგანვე გახელმწიფებულმან პატრონმან იმამ ყულიხან და დედამან ჩვენმან დედოფალთ დედოფალმან პატრონმან ანამ და სასურველმან დიდის ხელმწიფის შვილურად გაზდილმან ისპაანის ტარუღამ, ძმამ პატრონმან მამადყულიმ და პატრონმან თეიმურაზ, ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი მტკიცე და უცვალებელი, სამკვიდროდ და საბოლოოდ გამოსადეგი, მამულისა და სახელოს წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქვენ ჩვენს ყმათ ვაჩნაძეს ბებურს და შვილსა თქვენსა ზურაბს და დურმიშხანს, გიორგის, ოთარს და თამაზს და გორჯასპის და შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ასე რომე, თქვენ ბებურ ისპაანს ბატონს მეფეს ერანის ყულარაღს მამა ჩვენს და ჩვენ თან გვახლდით და ბევრი გვემსახურეთ თქვენით და თქვენის მოყვრით და რომელიც ჩვენს დოვლათს და საბოლოს უჯობდა იმას ცდილობდით და ჩვენთან გასთათრდით და თქვენს მამა პაპათ და ბიძის შენის თამაზ მოურავს ნაქონს გავაზს მამულსა და სახელოს დაგვეაჯენით. მოკითხული ვქენით და ძველადაც თქვენი სამკვიდრო მამული და სახელი ყოფილიყო და ჟამთა ვითარებათაგან უბრალოთ წაგრთმეოდათ. ჩვენც ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და თქვენის ერთგულათ სამსახურის სანუქფოთ შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენი სამკვიდრო გავაზს ძველათ თქვენი ნაქონი მამული საყმოთ რაც გქონიყოსთ და ახლა სუფრაჯს გიორგის და დემეტრეს ყმათ სჭერიყოს, შენი კერძი ბიძის შენის თამაზის მოურავის ნაქონი გლეხები ამ შენის მამულისაგან ხუთი კომლი ზურაბ ენდრონიკაშვილისათვის ნასისხლათ რომ სუფრაჯს ფარემუზს მიეცა და ერთი კიდევ ამათი განაყარი ტალაშვილი ერასტისთვის მიეცა, ეს რა ერთიც იყოს კომლი ან საკომლო, როგორც ძველათ ყმათ გქონიყოსთ, ჩვენც იმ წესით დღეს რისაც მამულის მქონებელი იყვნენით თავის მართლის სამართლიანის სამძღვრით გვიბოძებია თქვენთვის საყმოთ, როგორათაც ბიძაშენს მოურავს თამაზს ჰქონია და კიდევ იქავ გავაზს, რომ ჩვენი სახასო გლეხები არიან ოცდაოთხი კომლი კაცი, როგორათაც ძველათ სახასონი ყოფილან, ახლა ჩვენც თავათის მამულით ისევ ჩვენთვის სახასოთ დაგვიჭერია და თქვენთვის სამოურაოთ გვიბოძებია, როგორც ძველად ბიძაშენს თამაზს სამოურაოთ ჰქონიყოს იმ წესით და სარგოთ გვიბოძებია შენთვის სამოურაოთ ყოვლის კაცის მოუდევრად და უცილებლივ თქვენთვის და შვილთა თქვენთათვის სამკვიდროთ და საბოლოოდ გვიბოძებია ...“.1
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 14627. ვ.ფუთურიძე, ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, გვ. 413-414.
ასევე საგულისხმოა, რომ დავით იმამყული-ხანი კახეთში დაბრუნებისას არც იმ ხალხს ივიწყებს ვისაც მისი მამა-პაპისთვის სხვადასხვა ბრძოლებში უერთგულია და საკუთარი სიცოცხლეც არ დაუზოგავთ. ამ მხრივ მეტად საინტერესოა 1707 წელს გაცემული წყალობის სიგელი, რომელიც საინტერესო ცნობას გვაწვდის თეიმურაზ I-სა და ერეკლე ნაზარალი-ხანის მეფობის გარკვეული პერიოდების შესახებ: „ქ. ნებითა და შეწევნითა მღთისათა ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი მტკიცე და უცვალებელი სამკვიდრო და საბოლოოთ გამოსადეგი წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩუენ ღვთივ ზეცით აღმატებულმან და ღვთივ ზეცით დამყარებულმან და მღთივ ზეცით გვირგვინოსანმან იესიან დავითიან, სოლომონიან პანკრატიონმან დიდისა და ცამდის ამაღლებულის ბედნიერის ხელმწიფის შვილურად აღზრდილმან და მათგანვე გახელმწიფებულმან მეფეთ მეფემა დავით ხელმწიფემა პატრონმან იმამყული-ხან, დედამა ჩვენმა დედოფალთ დედოფალმა პატრონმან ანნამ და ძმამან ჩვენმან სასურველმან პატრონმან მამადყულიმ და პატრონმა თეიმურაზ, თქუენ ჩუენთა ყმათ ერთგულთა და თავდადებით ერთგულათ გარჯილსა და ნამსახურსა მდივნიშვილს დემეტრეს, მდივანს გორჯასპის, ბოქაულთხუცესს გურგენს და ონანას და ელიზბარს, დავითს და შვილთ თქუენთა თამაზას და ავთანდილს, მამუკას, პაპუას და ყოველთავე მომავალთა სახლისა თქვენისათა, ესე და ამა პირსა ზედა ვითარცა სულით კურთხეულის ბატონის პაპის ჩვენის ხელმწიფის ბატონის თეიმურაზისაგან და ყოვლის ჩუენის სახლის ხელმწიფეთ დიდათ ერთგული და თანამკვდარი იყვენით, პაპები და პაპის ძმები თქუენი მათ სამსახურსა და ერთგულებაზედ ამოწყვეტილიყვნეთო. ბატონის მამის ჩუენისათვის თუშეთს გემსახურებინათ, თორღის გაჭირვებაში სულ ერთპირათ ხლებოდით, აქ ქართველთა უკუდგომაში ბატონს მამაჩვენს ციხეში თან ხლებოდით. ომებში კარგა გარჯილიყავით, დარჩენილი კაცები მოგერთმევინათ, კიდევ კაცი მოგეკლათ და თვითონაც დაჭრილიყავით. თავად ამ უწინდელს ნამსახურის სანუფქოთ მრავალი წყალობა გჭირვებოდათ და სიგელები და საფიცრები ხელთა გქონდათ და გინახეთ, მაგრამ ჟამთა ვითარებისაგან ისევ ეულის ბატონებისაგან ჩვენსავ სამსახურზედ წაგრთმეოდათ და ამ ახლის სამსახურების სამუფქოთ ბატონის მამის ჩვენის საფიცრებიც გქონდათ. მოგვიდექით კარსა დარბაზისა ჩვენისასა ძველისა და ახლის საფიცრების დამტკიცებას გვეაჯენით. ესენი ყველა გაგიშინჯეთ, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და გიბოძეთ ჩვენი სახასო კისისხევი, ბახუტა ბახუტაშვილს და ელიზბარ ჩოლოყაშვილისათვის ექვსი კომლი გლეხი მიგვეცა, ეს ამაებს გარდა კისისხევი ხელშეუვალად თქუენთვის გვიბოძებია მისის მთითა, ქორითა, საბაზითა, წყლითა, წისქვილითა, ნაოხრითა და სათიბლითა, სახნავითა, სათესითა, ხოდაბუნებითა ბოლოთა, ტყითა, ველითა, ვენახითა, შესავლითა, გასავლითა და ყოვლის მისის მთისა და ბარის სამძღვრითა, შენითა და უშენითა, ყოვლითურთ უნაკლულოდ და ხელშეუვალად. საკუთრივ თქუენთვის და შვილთა თქუენთათვის გვიბოძებია: ორი კომლი ბახუტას განაყოფები თავისის მამულითა, ნაცვალი და მისი განაყოფი გიორგი, ორი კომლი მირაშვილი, ერთი კომლი ფხოვლიშვილი, ერთი კომლი ვარდისშვილი, ერთი კომლი მაისაშვილი. ესები სამკვიდროდ და საბოლოოთ თქვენთვის გვიბოძებია. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმა ჩვენსა ერთგულებასა და სამსახურსა შინა, არაოდეს არ მოგეშალოს, არა ჩვენგან და არც შემდგომთა ჩუენთა მეფეთა და დედოფალთაგან და გინა უფლისწულთაგან და მეპატრონეთაგან. აწე გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და სხვანო მოსაქმენო, თქუენცა ასე დაუმტკიცეთ და ნუ მოუშლით ... “.1
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბუთი 1255.
XVIII საუკუნის დასაწყისში კახეთში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ლეკთა შემოტევები. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ ლევან კახთა მეფის მმართველობის ხანაში (1518-1574 წწ.) ადგილი ჰქონდა ავარელ და წახურელ „ლეკთა“ პირველი ახალშენების გაჩენას კახეთის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში - ფიფინეთში ანუ ჭარში. თავდაპირველად ისინი აქ კახთა მეფეების ნებართვით მათ ყმებად ხდებოდნენ. მათ დაკისრებული ჰქონდათ მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება კახეთის მეფეების სასარგებლოდ. 1604 წელს შაჰ-აბასმა „შემდგომად აღებისა ერევნისა მიუღო ალექსანდრეს კაკი“. შაჰმა იგი უწყალობა ერთ-ერთ გამაჰმადიანებულ ქართველ თავად ვახვახიშვილს და სულთნის პატივშიც აიყვანა. ასე ჩაეყარა საფუძველი ელისუს სასულთნოს. კახეთმა ამ დიდმნიშვნელოვანი კუთხის ჩამორთმევით მძიმე დანაკლისი განიცადა. კაკი კახეთის კედელი იყო აღმოსავლეთის მხრიდან და აქ შაჰის მიერ ცალკე მუსლიმანური სასულთნოს შექმნა ერთობ ამცირებდა მის თავდაცვისუნარიანობას.
ამიერიდან წახურელ ლეკებს გზა გაეხსნათ კახეთში ჩამოსასახლებლად. ქართველები ელისუს სასულთნოს თავისად თვლიდნენ და ამის გამო წახურის სულთანსა და კახელებს შორის დიდი მტრობა იყო. ქართველები თავის მხრივ ყველანაირად ცდილობდნენ როგორმე შეეჩერებინათ დაღისტნელ ლეკთა გაძლიერება და არ დაეშვათ მათი კახეთში ჩამოსახლება.1 მაგრამ XVII საუკუნის დასაწყისში შაჰ-აბასის გამანადგურებელ ლაშქრობებს კახეთში შედეგად მოჰყვა ამ კუთხის სრული აოხრება და აქაური მოსახლეობის მასობრივი გაწყვეტა. კახეთის აღმოსავლეთი ნაწილი გაუკაცრიელდა და გაპარტახდა. გადარჩენილი მოსახლეობა შაჰმა ათასობით გადაასახლა ირანის შიდა რაიონებში, ხოლო ნანგრევებად ქცეულ ძველ ნაშენ ადგილებში კი თურქმანული მოდგმის ტომები ჩაასახლა. საქართველოს ასეთი გართულებული საგარეო ვითარებით კარგად ისარგებლეს ლეკებმა, რომელთაც აღმოსავლეთ კახეთში აშკარად დაიწყეს ჩამოსვლა და დაცარიელებულ კახურ სოფლებში დასახლება. თავიანთი თარეშებიც უფრო გაახშირეს და ძარცვაგლეჯვაც უფრო მეტად გააძლიერს.
1. თ. პაპუაშვილი, ჭარ-ბელაქანი, გვ. 9-11.
მიუხედავად ლეკების ასეთი მოძალებისა, XVII საუკუნის 70-იან წლებამდე, კახეთის მეფეები (თეიმურაზ I, არჩილი) ჯერ კიდევ ახერხებდნენ ავარელი და წახურელი ლეკების ალაგმვას და მათ მორჩილებაში ყოლას. ეს უკანასკნელნიც ნომინალურად კვლავ ცნობდნენ ქართველი მეფეების ყმობას. მაგრამ მკვეთრად იცვლება ვითარება XVII საუკუნის ბოლო მეოთხედში, როდესაც ირანის შაჰის ბრძანებით კახეთის მმართველებად ყიზილბაში ხანები სხდებიან. ყარაღაჯში მსხდომი ეს ხანები „მტრულად უყურებდნენ კახეთში ქართველთა კვლავ მომრავლებას…“... შაჰის ეს მოხელეები ლეკებში თავის მოკავშირეს ხედავდნენ და ისინი აშკარად ხელს უწყობდნენ ლეკთა მოსახლეობის გაძლიერებას კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში - ჭარში“.1 ყიზილბაში ხანების წყალობის შედეგად, კაკ-ენისელის მთის ძირებში ჩამოსახლებული ავარელი და წახურელი ლეკები კიდევ უფრო განმტკიცდნენ და გაძლიერდნენ. ჩქარა მათ ალაზნისპირა დაბლობში მდებარე სოფლებიც დაიპყრეს, ხოლო აქაური მკვიდრი ქართული მოსახლეობა ყმებად გაიხადეს. ამის შედეგად, XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში აღმოსავლეთ კახეთში საბოლოოდ ყალიბდება ავარელ (ჭარის, ბელაქნის, კატეხის, თალას, მუხახის და ჯინიხის) და წახურელ (ელისუს, ყარადულაკის, სუვაგილის და წახურის) ლეკთა „უბატონო თემები“, რომელთაც კახეთის სამეფის საკმაოდ დიდი ნაწილი თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს და დაიმორჩილეს.2
ამავე დროს, XVIII ს-ის დასაწყისში ავარელ ლეკთა „უბატონო თემების“ პოლიტიკური წონა მთელს ამიერკავკასიაში გაიზარდა. „უბატონო თემებს“ შორის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ჭარის თემი იყო. ჭარი იყო მთავარი ორგანიზატორი იმ განუწყვეტელი თავდასხმებისა, რომლებსაც ჭარ-ბელაქნელი ლეკები, თავიანთ დაღესტნელ მეზობლებთან ერთად, საქართველოზე, აზერბაიჯანზე და საერთოდ ამიერკავკასიის სხვა შორეულ რაიონებზე აწყობდნენ. ამ მხრივ გადამთიელმა ლეკებმა ჭარბელაქანი საიმედო დასაყრდენ ბაზად გაიხადეს. დიდი იყო ჭარის როლი ამიერკავკასიაში ტყვეებით ვაჭრობის საქმეშიც. ტყვეების უმრავლესობა ჭარელებს საქართველოდან გაჰყავდათ. კავკასიის შესახებ „უახლოეს გეოგრაფიულ და ისტორიულ ცნობათა“ შემდგენი ს. ბრონევსკი, როდესაც ეხება ტყვეებით ვაჭრობის საკითხს კავკასიაში, წერს: „ლეკებს ტყვეები ჭარიდან გაყავთ საქართველოზე ტყეებსა და მთებში ფარული გზებით ახალციხეში და აქედან შავი ზღვის ნავსადგურებში ბათომსა და ფოთში.
1. ნ. ბერძენიშვილი, კახეთი მე-17 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, გვ. 194.
2. თ. პაპუაშვილი, ჭარ-ბელაქანი, გვ. 15.
ამასთანავე იმ მიზნით, რათა გაიმრავლონ ტყვეები საქართველოს მცხოვრებთა მიტაცების მეოხებით, ისინი იყოფიან პატარპატარა რაზმებად. ერთნი ტყვეებს აცილებენ, მეორენი ცდილობენ კიდევ ახალთა მოტაცებას. ისინი ახერხებენ იმავე ზაფხულს ან შუა შემოდგომის დადგომამდე დაბრუნდნენ ისევ ჭარში. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ზამთარი მოუსწრებთ ახალციხეში, ისინი შედიან ახალციხის ფაშის სამსახურში, იმ პირობით, რომ მათ ნება მიეცეთ ძარცვა-თარეშები მოაწყონ ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში. ამ მხრივ ისინი ფაშისაგან უარს არ ღებულობდნენ. ამ სახით ლეკებმა განამტკიცეს თავიანთი კავშირი თურქებთან, დააწესეს რეგულარული მიმოსვლა საქართველოზე გავლით ჭარსა და ახალციხეს შორის, ისე, რომ საქართველო გადაიქცა უმწეო მსხვერპლად თავისი მძვინვარე მტრებისა“.1. ამ მხრივ, როგორც ჩანს, XVIII საუკუნის დასაწყისი უმძიმესი პერიოდია არა მარტო ქართლ-კახეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელია, თუ რამდენად საბედისწერო შედეგები მოჰქონდა კახეთისათვის ჭარ-ბელაქნის ლეკთა „თავისუფალი თემების“ მეზობლობას.
XVIII საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, კახეთის მეფეები ყოველ ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ როგორმე „დააცხრონ ჭირი ესე კახეთისა, დაიპყრონ ჭარ-ბელაქანი და ამით ბოლო მოუღონ ლეკების მიერ კახეთის სოფლების სისტემატურ ძარცვა-რბევას. ამ მიზნით მათ არაერთხელ მიმართეს დახმარებისათვის ქართლის მეფე ვახტანგ VI, მაგრამ ამაოდ. როგორც წინამდებარე ნაშრომიდან ირკვევა, შეიძლება ითქვას, რომ ვახტანგ VI ამ ეტაპზე ჯეროვნად ვერ აფასებდა იმ ტრაგედიას, რასაც ქართლ-კახეთი ლეკთა გამუდმებული თარეშებისა და ძარცვა-რბევის შედეგად განიცდიდა, ეს კი, ვფიქრობთ, არა ნაკლები უბედურება იყო ქართლ-კახეთისთვის ვიდრე „ოსმალობა“ და „ყიზილბაშობა“. როცა 1703 წელს სპარსეთის შაჰმა კახეთი ისევ მემკვიდრე ქართველ ბაგრატიონს დავით იმამყული-ხანს ჩააბარსა, კაკ-ენისელში მდგომარეობა არსებითად შეცვლილი იყო. მთის ძირობის „ლეკური“ მაჰმადიანური მოსახლეობა ქართველი მეფის მორჩილებას არ აპირებდა. „ჭარ-ბელაქნელ“ ლეკებს დამხმარედ ჰყავდათ დაღესტნელი აბრაგები, რომლებთან ერთად ეს „მოახალშენეები“ მთელ კახეთს საძარცვავად მოსდებოდნენ.2 ბოლომოუღებელი ომი გაიმართა: „კახეთში თავადები აღარ დარჩნენ, ჭარში კი ვაჟკაცები“.3 დავით კახთა მეფე ძალებს არ ზოგავდა, რათა ეს ახლადშექმნილი „ლეკური“ თემები („უბატონო“ თემები) კვლავ დაემორჩილებინა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, „ლეკებთან“ ბრძოლა სულ უფრო და უფრო ძნელდებოდა. დავითმა კახეთში მოსვლისთანავე შეძლო დროებით დაემშვიდებინა ჭარელები და ხარკიც კი დაადო მათ. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითი იყო. 1706 წელს დავითი ჭარელების საბოლოო დასამორჩილებლად ქიზიყიდან (ყარაღაჯიდან) გაღმა მხარეში ანუ ენისელის სამოურავოში გადავიდა კახელთა და თუშ-ფშავ-ხევსურთა შეერთებული ლაშქრით და ქართულ სოფელ ვარდიანში დადგა.
1. ს.ბრონევსკი, უახლოესი გეოგრაფიული და ისტორიული ცნობები კავკასიის შესახებ, I ნაწ., მოსკოვი, 1823 წ., გვ. 312-313.þ
2. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი III, გვ. 271.
3. Хроника войн Джара в XVIII столетии, под редакцией В. Хулуфлу, გვ. 9.
აქედან დავით იმამყული-ხანმა ენისელის ზეგანის „ლეკურ“ სოფლებს შეუტია. კახელებმა ჩარდახი აიღეს და თალა-ჭარისაკენ გაილაშქრეს. პირველად გამარჯვებაც მოიპოვეს. მათ ააოხრეს და გადსწვეს ჭარის სოფლები, მაგრამ ამის შემდეგ ლაშქრობის ბედი უკუღმა დატრიალდა: ჭარელებმა შეამჩნიეს ერთ ადგილას განმარტოებით მდგომი დავით იმამყული-ხანი, რომელიც 60 კაციანი ამალით თავის ჯარს ჩამოშორებოდა. ჭარელები მოულოდნელად თავს დაესხნენ მეფის ამალას და თვით მეფესაც ტყვედ შეი პყრობდნენ, ამ დროს უეცრად თუშთა რაზმი რომ არ გაჩენილიყო, რომელმაც მეფე მტრის რაზმებს გამოსტაცა და ყარაღაჯში მოიყვანა. კახთა ლაშქარი აირია, დაიფანტა და გაქცევით უშველა თავს. უკუქცეულ კახელთა ლაშქარს ლეკები გამოედევნენ და მრავალი დახოცეს. ამ დამარცხების შემდეგ ჭარელებმა კახეთზე თარეშები უფრო გაახშირეს. ლეკებმა ამასთანავე დაიპყრეს ელისენის მხარე და მოსწყვიტეს ის კახეთს. მალე ლეკთა თარეშებმა იმდენად საშიში ხასიათი მიიღო, რომ დავით იმამყული-ხანი იძულებული გახდა თავისი იმდროინდელი რეზიდენცია ყარაღაჯიდან მანავსა და თელავში გადაეტანა, სადაც ზამთრობით იმყოფებოდა, ზაფხულობით კი მაღაროში ცხოვრობდა.2
XVIII საუკუნის დასაწყისში კახეთში ლეკთა თარეშების სიმძიმეზე მეტყველებს ამბა ალავერდელ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მიერ გაცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნიც, სადაც ვკითხულობთ: „... ესე მტკიცე და შეუცვალებელი, საუკუნოდ გასათავებელი წყალობა და საფიცარი გიბოძეთ ჩვენ, ღთისა მიერ კურთხეულმან და მის მიერითა წყალობით ამაღლებულმან და ყველათა მოწამეთა ზედა მთავრად დადგინებულისა ... დაბათა და აგარაკთა მისთა ყოველთა განმგემან ჩოლოყაშვილმან ამბა ალავერდელმან ნიკოლაოზ შენ ყოველთა ალავერდელთა და უმეტეს ჩვენსა თავდადებით ნამსახურსა და წმიდის გიორგის ტაძრის განძლიერებისათვის თავ გარდადებულთ სულხანიშვილებს: ქუცნას, სალთხუცესს ზარასპის, გიორგის და პაატას, შვილთა და მომავალთა თქვენთა, ოდეს ჟამთა ვითარებისაგან კახეთი ლეკთ დაიპყრეს, ჩვენ ქსნისხევზე ქსნის ერისთავის მამულში დავიხიზნეთ და შენ სალთხუცესი ზარაპი თან გარდმოგვყევ და ვითაც ჩვეულება გაქვნდა ყოვლად უმეტეს შრომითა და ერთგულებით გვემსახურე და სხვა ძმები წმიდის გიორგის ტაძარს არ მოშორდით და მის პატიოსნის ტაძრის შეურყევლობისათვის იმის წინ იღვწოდით და უშჯულოთაგან მრავალი განსაცდელი მოითმინეთ. აწე ჟამსა მას მოხვედით და დაგვეაჯენით. ვისმინეთ ჩვენცა აჯა თქვენი და ამათ სარჯელთა ნაცვლად გიბოძეთ გამხუტიშვილი ხუცესი და მისი განაყოფი დათუნა, ხელ შეუვალად მათის მამულითა, ვენახითა, სახნავითა, სათესითა, შესავალ გასავლითა, ან რაც ჩაბინაანში ჰქონდეს და ან სხვა ყოვლის მისის სამართლიანის სამძღვრითა მოგეცესთ და დაგიმტკიცოსთ ღმერთმან წმიდის გიორგის ერთგულობაში და ჩვენს სამსახურში. არაოდეს არ მოგეშალოსთ არა ჩვენგან და არა სხვათა ალავერდელთაგან...“.2
1. ნ.სოლოღაშვილი, კახეთი XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისში, გვ. 29.
2. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, HHდ 1638.
დავით იმამყული-ხანი საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იბრძვის კახეთის არა მარტო საგარეო ურთიერთობების მოსაგვარებლად, არამედ ქვეყნის საშინაო საკითხების მოსაწესრიგებლადაც. ამ მხრივ საინტერესოა დავით იმამ-ყული-ხანის ერთერთი ბრძანება ენისელთ მოურავ მერაბისადმი აბრეშუმზე ყადაღის დადების შესახებ: „ქ. ჩვენ მაგიარათ ენისელთ მოურავს ბატონს მერაბს ასე მოახსენეთ, აწე ენისელში ჩვენს სახასოს თუ საბატონოს ციციშვილის ყმას აბრეშუმი დაეჭიროს. მოწმის ჩვენს კარზედ ნიხრი არ გავატანინოთ ან სოფელში სომეხს არ მიჰყიდონ ან სხვაგან არ წაიღონ გასაყიდად ძალიან ყადაღა უყავი, მოიტანონ და აქ ჩვენს კარზედ ბაზარში გაყიდონ. თორემ ეს იცოდეთ, თუ შევიტყვევით – ეს ჩვენი ყადაღა გაუტეხია ვისმე, ჩვენიდან შეცოდება არ იქნება და მოვკითხავთ“.1 როგორც ჩანს, დავით მეფის ეს ბრძანება კახეთის შიდა ბაზრის განმტკიცებას ისახავდა მიზნად.
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 3854.
თავდაპირველად, როცა გამაჰმადიანებული დავითი კახეთში ბრუნდება, როგორც ჩანს კახელ დიდებულებს მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაც უცდიათ, მაგრამ ამ ამბავს დავითის ყურამდე მიუღწევია. კახეთის მეფე განრისხებულა და სათანადო ბრძანებაც გამოუცია ჯვარისმტვირთველისა და მესტუმრისადმი მისი ბიძისა და სახლთხუცისშვილების ერთმანეთისაგან მოშორების შესახებ. საინტერესოა ისიც, რომ ამ ბრძანებაში დავითი თავისი სიმკაცრის გამოჩენის უტყუარობის მიზნით, კახელ დიდებულებს ყეენის თავს ეფიცება: „ჯვარის მტვირთველო და მესტუმრეო, ჩვენ მაგიერად ჩვენსა დიდსა იმედსა და დიდათ იმედად მისაჩენელ მისახედავსა და არაოდეს არ დასავიწყარს და ნიადაგ საგონებარს ამბა ალავერდელს ბატონს ნიკოლოზს, ქიზიყის მოურავს ბატონს რევაზს, მოურავის ბიძას ბატონს ფირანას, ვეზირს მირზა რამათულს, ბოდბელ ეფისკოპოზს ბატონს ზაქარიას, თუშთ მოურავს ბატონს მამუკას, სახლთხუცეს ბატონს ედიშერს, ენისელთ მოურავს ბატონს მერაბს, სუფრაჯს გიორგის, ყორჩიბაშს ბატონს ბეჟანს, რუსთველს ბატონს ქრისტეფორეს, მოძღვართ მოძღვარს ხარჭაშნელს ბატონს პართენს, სამებელს ბატონს ნიკოლოზს, ნინოწმინდელს ბატონს იოსებს, მდივნბეგს ბატონს დემეტრეს, მარტყოფის მოურავს ბატონს ზაალს, საგარეჯოს მოურავს ბატონს დემეტრეს, ბაზიერთხუცეს პაპუას, თარხანს, ასლანს, ეშიკაღასბაშს გარსევანს, ბოქაულთხუცეს ქაიხოსროს, ეშიკაღასბაშს ზაალს გურამიშვილს, გურამს პატიშვილს, ქაიხოსროს ნოდარიშვილს, ონანას მაყაშვილს, ქაიხოსროს ჭავჭავაძეს, რამაზს და პაპუას და მანუჩარს, ზაალს, მაყას, გივის, ენდრონიკაშვილს დათუნას, ერთობილთ ეფისკოპოზთ და დარბაისელთ მრავალი მოკითხვა და კარგად ყოფნის სიხარული მოახსენეთ მერმე მოურავს. ბიძის ჩვენისა და სახლთხუცისშვილების ერთათ შეყრა რომ გავიგონეთ მწვეთ გვეწყინა. ფარსადან მეითარი რომ ჩამოვიდა ბატონმა მამაჩემმაც უბრძანა და ჩვენც, რომ ერთათ შეყრა ავათ გიქნიათო. მერმე ასე მოგვახსენა: რადგან თქვენი საწყენი საქმეა ჩვენი შეყრა, მივალ და ისევ გავეყრებიო. ახლა ასე გავიგონეთ, რომ არ გაყრილან, ისევ ერთათ არიან სადმე. ახლა ჩვენი ეშიკაღასბაში პაატა ბეგ გამოგვიგზავნია და ერთათ შეიყარენით ყველანი თუ ჩვენი თავი და ერდგულობა გინდათ ეგენი ერთმანერთს მოაშორეთ. რომელიც ამ ჩვენს ბძანებას არ გაიგონებთ ეს კი იცოდეთ ყეენის თავის მზემ თქვენს თავს აქ ჩამოვატანინებთ. ეგენი რომ გაყაროთ ეშიკაღასბაში ადრე გამოისტუმრეთ“.1
ეს დოკუმენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში XVIII საუკუნის დასაწყისში კახეთში არსებული თითქმის ყველა სამოხელეო თანამდებობაა დასახელებული. XVIII საუკუნის დასაწყისში კახეთში არსებული საეპისკოპოსოები ქართლის კათალიკოსს ექვემდებარებოდა. თუმცა კი, იმის გამო, რომ კახეთის დამოუკიდებელი სამეფო არსებობდა, ქართლის სამეფოში ტერიტორიულად მყოფი ქართლის კათალიკოსი ზოგჯერ კახელ ეპისკოპოსს, განსაკუთრებით კი ალავერდელს ფიცის წიგნს აწერინებდა.2
ამ პერიოდში კახეთის ლაშქარს (სადროშოებს) ეპისკოპოსები მეთაურობდნენ. ამის შესახებ დავით იმამყული-ხანის ღმრთაების გუჯარში ვკითხულობთ: „ესე შემოეყარნენ ღმრთაების დროშასა და ვითა ძველთა მეფეთა ებრძანა, ანუ ჩვენ განვაგეთ, იმრიგად რუსთველთ მორჩილებდნენ და სიტყვას გაუგონებდნენ და მათსა რჩევასა და სამჯობინარს; და ჩვენის ჯარის რიგს, თავადების რჩევით, რუსთველნი უძღვებოდნენ ამა სპათა და ჯართა“.3
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 2079.
2. მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. ტ. III, გვ. 339.
3. ის.დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, გვ. 386.
1722 წელს შედგენილი „სარუსთველო დროშის განწესების“ თანახმად, რუსთველ ეპისკოპოსს ძალზე დიდი, ძლიერი და ორგანიზებული ჯარი ემორჩილებოდა. დავით იმამყული-ხანი დიდათ აფასებს რუსთველის ღვაწლს, და სანამ ირანის კარზე გაემგზავრებოდა, 1711 წელს რუსთველს პირველად თავისი არსებობის მანძილზე სთავაზობს საეკლესიო ბისონს: „რადგანაც სარდალი ყოფილა რუსთველი, პატივისცემისათვის სარდლობისა ბისონი ჩაუცმევია“.1 ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავით იმამყული-ხანის მიერ ალავერდის ტაძრისადმი მიცემულ წყალობის წიგნში ვკითხულობთ: „ქ. ჩვენ მეფეთ მეფემან იმამყულიხან და დედამან ჩვენმან დედოფალთ დედოფალმან პატრონმან ანნამ და სასურველმან ძმამან ჩვენმან ერევნის ბეგლარბეგმან პატრონმან მამადყულიხან და კახეთის გამგემ პატრონმან თეიმურაზ, ესე მტკიცე და უცვალებელი საბოლოოდ გასათავებელი წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგართვით თქვენ, ჩვენს სულკურთხეულ მამაპაპათ ხელმწიფეთ სასაფლაოს წმინდის გიორგის მონასტერს და საჭეთ მპყრობელს, ამბა ალავერდელს ჩოლოყაშვილს ნიკოლაოზს, ასე რომე, რადგან რუსთველი დროშის პატრონი და სარდალი იყო და ბისონი არ ეცვა, ჩვენის ბძანებით სარდლობისა გულისათვინ რუსთაველს ნიკოლაოზს ბისონი ჩავაცვით და ამას გარდა თუ ან რუსთველმან, ან ბოდბელმან ან ნიტრა, ან გვირგვინის დახურვა მოინდომოს მაგ ქვეყანას, რომლისაც სხვა ეფისკოპოზისა და ან ბერისა პატივის მომატება მოინდომოს სხვამ, ჩვენმან ჩამომავალმან სახლის კაცმან მეფემან, ან დედოფალმან, ან ბატონიშვილმან ან გარეშე ხანმა, ან ჯანიშინმან, ან ბისონის ჩაცმა, ან მიტრისა და ან გვირგვინის დახურვა მოინდომოს და თქვენი გამსუბუქება, თავადამც რისხავს ღმერთი და ყოველნი მისი წმინდანი...“.2
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1451, დ. 12, საბუთი 9.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1461, რ. 4, საბუთი 7; ფონდი 1461, რ. 6, საბუთი 50.
მოგვიანებით, თავად დავით იმამყული-ხანი „ღმრთაების გუჯარში“ ამ ფაქტის შესახებ აღნიშნავდა: „მიუბოძეთ და დავსვით რუსთვლად და დაუდგინეთ საყდარსა მას ღმრთაებისასა, გარნა პირველთაგან არა ყოფილიყო და არცა საქართველოთა მეფეთა და მეპატრონეთაგან წესქმნილიყო წინა რუსთველთა მიერ შემოსა ბისონთა.
არამედ ვინადგან იყო რუსთველი უფალი სპათა ჩვენთა ბავრაყისა, და პატრონი მხედართა უამრავთა ლაშქართა ჩვენთა მთავრობისა, ამად შევამკეთ და მიუბოძეთ საუფლო კაბა ჩვენი პორფირ-ბისონი და შთავაცვით კვართი სამთავრო და შევმოსეთ მეფეთა სამოსელითა და მიტროპოლიტად განვაწესეთ. რომელ დღეის წაღმართ ყოველნი რუსთველნი ესრეთ ბისონითა კურთხევასა მიიღებდენ და სხვათა უცილობელსა საუფლოსა კაბასა ჩვენსა პორფირ-ბისონთა დიდად წყალობად მიხედვიდენ...“.1
ბისონი საქართველოში სამეფო სამოსის შემადგენელი ნაწილი იყო. იგი ადრიდანვე ეცვათ ეკლესიის უმაღლეს საჭეთმპყრობლებს – კათალიკოს-პატრიარქებს. ეპისკოპოსებს „სამეფო ბისონით“ შემოსვის უფლება მხოლოდ XVIII საუკუნეში ებოძათ.2
1. ის. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, გვ. 360.
2. ნ. სოლოღაშვილი, რუსთველის საეპისკოპოსო XVIII საუკუნის I მეოთხედში. კრებული „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“. წიგნი XXI, გვ. 68-69.
ახალგაზრდა დავით იმამყული-ხანი გამუდმებით ზრუნავდა ქართული ეკლესიების სიძლიერეზე, მათ ყმა-მამულებზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამის დამადასტურებელია ის მრავალრიცხოვანი დოკუმენტები, რომლებიც მრავლადაა დაცული, როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ისე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში: ფ. 1451, წ. I, დ. I, ს. 4; ფ. 1451, დ. I, ს. 61; ფ. 1451, დ. I, ს. 212; ფ. 1451, დ. 10, ს. 1, 6, 7; ფ. 1451, დ. 11, ს. 1, 2; ფ. 1451, დ. 12, ს. 3, 6, 33, 37, 38, 89, 153; ფ. 1451, დ. 13, ს. 33, 34, 37, 69, 97; ფ. 1451, დ. 20, ს. 1, 2, 16, 19. მაგალითისათვის მოვიტანთ ერთერთ მათგანს: „გუჯარი, რომლითაც იცხადების ჰქონია კაწარეთის წინ სამების ეკლესიას, ძველადგანვე მეფეთაგან გუჯარითა შეწირულობა მამულისა, რომელიც გუჯარი იგი ჟამთა ვითარებისაგან დაკარგულა და ზემო ხსენებულსა მას მეფეს დავითს განუახლებია გუჯრითა ამით, რომელშიაც მოუხსენებია სამების ეკლესიის აღოხრება და ეპარხიის დაცალიერება და ბოლოდ ეკლესიისა მის სამებლისაგან მრავალი ღვაწლი და შრომა და შემკობა-დასრულებაში მოყვანება. ეგრეთვე გამოუძიებია მეფესა მას რომელიც დაკარგული მამული ჰყოფილა ეკლესიისა და რომელთაც მოტაცებით მძლავრებით და უპატრონობით დაუპყრიათ ვიდრე უმატნიათ ისევ. სამების სოფელი, რომელსა ზედაც ხელი არავის ჰქონია და მთისა, უბრძანებია სამართლით გადასწყდება, რომელიც ეცილება და რომელიც სოფელს ახლო მთა ჰქონია პატარძეულელთ გაუფიცავსთ და დაუჭერიათ სახნავი მამულები და მიწები, გარეჯელთ უპატრონობით წაურთმევიათ სამებელთათვინ, რომელთათვისცა ფიცი დაუდვიათ და აღარ დაუფიცებიათ გარეჯელთა მათ სამებელნი. გაუსინჯავს მეფესა მასვე გუჯარი სვეტიცხოვლისა ძველი და ახალი, რომელშიაც ყოფილან აღწერილნი სამების მამული საგარეჯოსაკენ, რომელიც კოტმანის დაბლა ღელე გაჰყოფს მამულსა მას და სხვა მიჯნებითურთ დაუნიშნავს და როგორადცა პირველადვე შეწირული ყოფილა შეუწირავს იმ სახითვე, ეგრეთვე ხაშმი, რომელიც სამებისა ყოფილა და ზოგი რომელიმე წართმეული ჰქონია და ზოგი დაუდვიათ ნებითა თვისითა ჩოლოყაანთ ეკლესიისადმი, ბეგიაშვილი ბიძინას შეუწირავს გიორგის შვილი, ჟამიერაშვილი ქართლიდამ ჩამოსულა საგარეჯოს სამეფოს სახასოში, რომელიც ბიძინა სუფრაჯს მიუყვანია და ხაშმზედ საყდრის მამულზედ დაუსახლებია და თავისთვის დაუჭერია. მიურთმევია მეფესა მას ხსენებული ჟამიერაშვილები ეკლესიისათვის. ჩოლოყაშვილს სალთხუცეს რევაზს ხაშმის ბოლოს კაცები დაუსახლებია საყდრის მამულზედ და მოუნდომებია სოფლის აღშენება და გაუყრია მამულიდგან კაცები იგი ჩოლოყაშვილს ალავერდელს ნიკოლოზს, რომელსაც მამული იგი ხაშმი დაუმტკიცებია მეფესა მას ეკლესიისად თავის მიწა-წყლითა, მთითა და ბარითა, საწყლის პიროთი და რისაც მქონებელი ყოფილა, ყოვლითა გარემოებითა თვისითა მეორედ შეუწირავს. უჯარმას, რომელიც მამული ჰქონია უბრძანებია მოუშლელობა მისი, ორხევს ბათაანი და ჯორაანი თავის გარეშემო ალაგებით რომელიც ჰქონდეს გაღმა და გამოღმა მისის მთითა და ბარითა, რისაც მქონებელი ყოფილა ახმეტას მეფის ლეკიანისაგან შეწირული ზვარი, რომელიც სჭერიათ სისაურებს და რაც ახმეტას გაღმა და გამოღმა სამებისა ყოფილა, რაც გამოჩენილა და რაც გამოჩნდება შეუწირავს ყოველივე, ენისელში მჭედელაური მის საზღვრამდინ, ალიაბათს რისაც მქონებელი ყოფილა ან სხუაგან სადმე მამული ჰქონია არ უნდა მოეშალოს და ეგრეთვე საური ეკლესიისადმი შეწირული და გაუთარხნებია ყოვლისა სამეფოს ხარჯისა და ბეგარისაგან და რომელიც მამული, მიწა და წყალი – ხელმწიფეთაგან შეწირული გლეხს კაცს გაუყიდია ისევ საყდრისათვის მიურთმევია და რომელიც სამზღუარი სამებისა ყოფილა მოუხსენებია იგიცა. ხელმოწერილი არს ნებითა ღთისათა ხელმწიფე მეფე დავით იმამყულიხან...“.1 ხშირად დავით იმამყული-ხანი სამართლის წიგნსაც აძლევდა ეკლესიებს და სადაო საკითხებსაც უგვარებდა. ამ მხრივ აღსანიშნავია შემდეგი დოკუმენტი: „წერილი რომლითაც იცხადების ვანთას მონასტრის მამულები ყოფილა და ჟამთა ვითარებისაგან, როგორც აკურა ჯანდიერის შვილებს გაუყვიათ, ხსენებული ზემორე მამულებიც გაუყვიათ. ბოდბელი კათალიკოზი დომენტი მიბრძანებულა ვანთასა თავისის მამულების და სამზღვრების გასარიგებლად და მეფესა მას იმამყული-ხანს სამებელი ნიკოლოზ და სალთხუცესი ედიშერ მოსამართლედ თან გაუტანებია და გაუსინჯავს მოსამართლეთა მათ მონასტრის მამულები ქოქიაური, ჭონიაური, დორიაული, თუთაშხიასშვილის მამული ნაზვრევი და სამეზვრეო და დაუნებებიათ მოსამართლეთა მათ და კათალიკოზსა მამულები იგი მონასტრისადმი, რომელიც მეფესა მას გაუსინჯავს და დაუმტკიცებია თვისისა შესავლითა, გასავლითა, მთითა, ბარითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა და ყოვლითა გარემოებითა. და როგორც აკურაზედ ხელი არა აქვს მოურავსა ისე ვანთაზედ“.2
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1451, დ. 20 საბუთი 16.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1451, დ. 12, საბუთი 37.
1709 წელს სპარსეთში გარდაიცვალა დავით იმამყულიხანის მამა ერეკლე ნაზარალი-ხანი და კახ-ბატონიც ყეენის კარს წასასვლელად მოემზადა, რათა იქ შაჰისათვის პირადად გაეკეთებინა მოხსენება კახეთის საქმეების შესახებ. სპარსეთში გამგზავრების წინ დავითი 1710 წლის იანვარში ტფილისში შეხვდა ვახტანგ VI-ს და იქ ითათბირეს. დავითმა ქართლის მმართველ წრეებთან მტკიცე კავშირის შესაკვრელად თავის ძმას თეიმურაზს ცოლად უთხოვა ქართლის გამგებლის ვახტანგ VI ასული თამარი. თეიმურაზ ბატონიშვილი კათალიკოზ-ეპისკოპოსთა ნებადართვით გაეყარა თავის პირველ ცოლს ბაინდურ ერისთავის ქალს და შეირთო თამარ ვახტანგის ასული, რომელზედაც 1712 წელს დაიწერა ჯვარი და დიდი ქორწილიც გადაიხადა მანავს. (ამ ცნობის მიხედვით ეჭვს იწვევს აქამდე ისტორიულ ლიტერატურაში ცნობილი თეიმურაზის დაბადების თარიღი – 1700 წელი, რადგან შეუძლებელია 12 წლის ბავშვს მეორედ ექორწინოს – ნ. ს.). დავით იმამყული-ხანმა სპარსეთში გამგზავრების წინ კახეთის გამგებლად ოფიციალურად თავისი ძმა თეიმურაზი დატოვა, სინამდვილეში კი კახეთის მართვის საქმეებში ამ დროს უფრო დიდ როლს მათი დედა – დედოფალი ანა თამაშობდა. ამ ამბავს ვახუშტი ასე გადმოგვცემს: „არამედ თეიმურაზ დაუტევა კახეთს განმგედ, გარნა იყო დედოფალი დედა მათი ანნა მოქმედი“.1 სპარსეთში გამგზავრების წინ დავით იმამყული-ხანს ქსნის ერისთავ დავითთან და მის შვილებთანაც უცდია ურთიერთობის მოგვარება. ამ მხრივ საინტერესოა დავით იმამყული-ხანის მიერ მიცემული ერთგულების წიგნი: „ქ. ჩვენ კახთა მეფემან პატრონმან იმანყულიხან და ძმამან ჩვენმან კახეთის ჯანიშინმან პატრონმან თეიმურაზ ესე მტკიცე და უცვალებელი წიგნი და ნიშანი გიბოძეთ თქვენ ქსნის ერისთავს დავითს და შვილთა შენთა ყულარაღასს შანშეს, იასეს და გიორგის და რევაზს, ამად რომე ამასწინათ სულბრწყინვალეს მამაჩვენს ერანის ყულარაღასს პატრონს ნაზარალი-ხანს თქვენთვის წყალობა ექნა და თქვენის უფროსის შვილისათვინ თავისის ქალის ბოძების წიგნი მიეცა. თქვენი უფროსი შვილი მომკვდარიყო და მერმე კიდემ სხვას შვილისათვინ ბოძების ლაპარაკი და მოყვრობიდამ მოუშლელობა და ქართული არ შეგეწყვიტათ. მაგრამ აღარ მოხდა ჩვენის დის თქვენის შვილისათვინ ბოძება და არც თქვენგანღა თხოვნა. აწ კურთხეულის მამის ჩვენის ნაბოძები წიგნი გთხოეთ და მოგვართვი და შენ ეს წიგნი გიბოძეთ, რომე თქვენთან ამ საქმისათვინ ჩვენ და ჩვენს ძმათა და შვილთა თქვენთან სალაპარაკოდ საწყრომლად და საავოდ ხელი არავის გვქონდეს და არასდროს ეს სიტყვა არ გიხსენოთ და არც გისაყვედუროთ, მწყალობელნი კარგნი და კაის მდომნი ვიქმნენით“.2
1. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 613.
2. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 14312
1712 წელს დავით იმამყული-ხანის სპარსეთში გამგზავრების დამადასტურებელია შემდეგი დოკუმენტიც: „... კახეთის მპყრობელმან მეფეთ-მეფემ დავით იმამყული-ხან ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ თქვენ ჩოლოყაშვილს, როშაქიშვილს პაატას, ზურაბს და შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ასე რომე ძველადგან ბახტრიონი თქვენი ყოფილიყო და ბატონის თეიმურაზის საფიცრები გქონდათ ბახტრიონისა, ჩვენთანვე ილაპარაკეთ და საფიცარი და ბატონების წიგნი გვაჩვენეთ, გამოკითხულ ვქენით, რომელი უცილებლად თქვენი ყოფილიყო, მერმე სულკურთხეულს ბატონს დედაჩვენს დედოფალთანაც გელაპარაკნა და დედოფალს შენი განაყოფი სალთხუცესი ედიშერ გამოეტანებინა, ენახა და რაც რომელ ბატონების წიგნში გწეროდათ გაეშინჯა და იმის საქმეზედ გაერიგებინა, გაესამძღვრა და შენი მამული გაებარებინა. მერმე ჩვენ რომელ ბედნიერს ხელმწიფესთან ისპაანს წავბრძანდით შენი განაყოფი ოთარი იქ გვიახლა. იმან გვთხოვა სახასოებათ. ჩვენ თქვენი საფიცარი აღარ გვახსოვდა, ის ალაგი იმას უბოძეთ შეცდომით, რომელ შენი ნაქონობა აღარ მოგვაგონდა, თორემ შენი მამული არც მივსცეთ და არც მიგვიცია. რაც რომელ ედიშერს სახლთხუცესი გაესამძღვრა და ხელი აემართა, ის შენი მამული შენვე ღმერთმან მოგახმაროს ჩვენსა ერთგულობასა შინა...“.1
აღნიშნული დოკუმენტიდან ასევე კარგად ჩანს ანა დედოფლის გავლენა დავითის სპარსეთში ყოფნის პერიოდში. აღსანიშნავია ისიც, რომ მრავლად მოგვეპოვება თეიმურაზის მიერ გაცემული ძველი სიგელ-გუჯრები, რომლებიც სწორედ 1712-1715 წლებით ათარიღებენ თეიმურაზის კახეთის გამგებლად ყოფნის პერიოდს (სცსსა – ფ. 1449, ს. 1459; ფ. 1449, ს. 2484; ფ. 1450, დ. 14, ს. 149; ფ. 1448, ს. 2402; ფ. 1450, დ. 32, ს. 12; ფ. 1449, ს. 1037, 2700; ფ. 1461, რ. 7, ს. 2. სხეც ფ. Qდ 570, 7874).
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 8277
მაგალითისათვის ზემოთ დასახელებული დოკუმენტებიდან მოვიტან ერთ-ერთ მათგანს. ეს არის თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ ლაზარე გოგილაშვილისათვის მიცემული მარტყოფის ნაცვლობის სახელოს წყალობის წიგნი: „ქ. ნებითა და შეწევნითა ღთისათა ჩვენ ღთივ ზეცით დამყარებულთა ორისავე სახელმწიფოს მქონებლის მეფეთ მეფისა პატრონის ძემან და თვით კახეთის მპყრობელ გამგებელმან ბატონისშვილმან პატრონმა თეიმურაზ, დედოფალთ დედოფალმან დედამან ჩვენმან პატრონმა ანნამ და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთ მეფისა ასულმან პატრონმან თამარ, ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავები სამკვიდრო და საბოლოოთ გამოსადეგი მტკიცე და უცვალებელი წყალობისა წიგნი და ნიშანი გიბოძეთ შენ ჩვენსა ყმას ერთგულსა და წესისაებრ დიდათ ერთგულათ, თავდადებით ნამსახურსა, გოგილაშვილს ლაზარეს, შვილსა შენსა ქუმსის და მომავალსა სახლისა შენისათა ასე და ამა პირსა ზედან მოგვიდექით კარსა დარბაზისასა ჩვენისასა და მარტყოფის ნაცვლობას დაგვეაჯენით და ვითაც სულკურთხეულის მეფის ბატონის მამის ჩვენისაგანა წყალობა გმართებოდათ და საფიცარი ქონდათ, ამგვარითაც შენი ყოფილიყო, ვისმინეთ აჯა და მოხსენება შენი და გიბოძეთ მარტყოფის ნაცვლობა ყოვლის კაცის მოუდევრათ და მოუსარჩლელად, არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩვენგან და არცა შემდგომთა სხვათა მეფეთა და დედოფალთაგან... დაიწერა ხელითა ჩვენის მდივან მწიგნობრის ელიზბარისათა თებერვალს თორმეტს ქკს უგ ...“.1
დავით იმამყული-ხანის სპარსეთში ყოფნის დროს თეიმურაზი კახეთს ოთხი (1712-1715 წწ.) წლის განმავლობაში მართავდა. ამ პერიოდშიც კახეთის მთავარ საზრუნავს კვლავინდებურად ლეკთა თარეში წარმოადგენდა. 1712 წელს განსაკუთრებით გახშირებულა ლეკთა თარეში ქართლ კახეთში. შექმნილი მძიმე მდგომარეობა კარგად ჩანს შემდეგი საარქივო დოკუმენტიდან: „... ესე ნასყიდობის წიგნი მოგართვით ჩვენ ლაფაჩმა სვიმონ, ძმამა ჩემმა დათუნამ, ძმისწულმა ჩემმა ბერუამ, თქვენ წმიდას დავითს ზედ მჯდომს და საჭეთ მპყრობელს, წინამძღვარს ბატონს ონოფრეს, ასე რომე მე ჩამოველ და დავით გარეჯას მოველ და დავდეგ ყრულობის პირობაზედ. ახლა ლეკმა რომ კახეთს და ქართლს ცემა დაუწყო, ეს ჩემი ძმა დათუნა და ძმისწული ბერუა ლეკმა დაატყვევა. ავდეგ სხვა ღონე და ილაჯი არა მქონდა რა – ბატონს წინამძღვარს მუხლს მოვეხვიე, ნასყიდათ თავი, ძმა და ძმისწული მივართვი. ბატონმა წინამძღვარმა წმინდის დავითის თეთრი მისცა და ლეკისაგან დაიხსნა. მას აქეთ წმინდის დავითის ნასყიდი ყმანი ვართ ...“.2
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Qდ 78742.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1449. საბუთი 2484.
როგორც ჩანს, თეიმურაზ ბატონიშვილი კახეთის მმართველად ყოფნის პერიოდში ძალებს არ ზოგავდა, რომ როგორმე ლეკებთან დროებითი შეთანხმებისათვის მაინც მიეღწია. ამ მხრივ მეტად საინტერესოა თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ გაგზავნილი წერილი სახლთხუცეს აშრაპისადმი: „ჩუენ მაგიერად სალთხუცეს აშრაპს ასე მოახსენეთ, მერმე ესე ორი დღე არის რომე მანდაური ანბავი არა შეგვატყობინეთ რა, რას იქმენენ ეგ ლეკები, რა სწადიანთ, მაინდამ შენ დაელაპარაკე, ან მართლა შერიგება უნდათ თუ არა. მძევლები ეთხოვნათ, ხომ ვაძლევთ. იარაღებს და ყველას დავპირდით. ეგების რითმე კაის გზით შერიგება მოახდინო, ღთის მადლს ეცადე და თუ არა და მალე შეგვატყობინე რა სწადიანთ, რას იქმნენ. დღეს საღამომდე ეს ანბავი აქ შეგვატყობინე“.1 აღნიშნული წერილიდან ნათლად ჩანს, რომ ლეკთა თარეშებით უკიდურესად არის შეშფოთებული კახეთის სამეფო ხელისუფლება.
ვახუშტი ამ ამბებს ასე გადმოგვცემს: „ამ ჟამთა იწყეს გლეხთა მძლავრებისათვის ლეკთა ლტოლვად და მისვლად ლეკთა თანა, რამეთუ იკლიან რაიმე მეპატრონეთა თვისთაგან, და იქ მისულნი ეტიკობდნენ და დაესხმიან დაბნებთა, არვე-მროწლეთა, კაცნი მოსრნიან, ტყუენი და საქონელნი წარიყვანიან. ხოლო კახნი ეწეოდნენ მდევრობით, ხან მათ სძლიან და ოდესმე ამათ და იყო მარადღოვანი ესევითარი ხდომა. გარნა დაზავდიანცა და კვლავ იწყიან უძვირესნი ხდომანი“.2
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1450, დ. 14, საბუთი 149.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 613.
ზემოთ მოტანილი ვახუშტის ცნობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი ადასტურებს კახელი გლეხების გადასვლას ლეკთა მხარეზე. საერთოდ საინტერესო იქნება გავარკვიოთ თუ როგორ ხვდებოდნენ ლეკთა ჩამოსახლებას კახეთში სხვადასხვა სოციალური ფენები. აღსანიშნავია, რომ სოციალურმა მომენტმა ლეკთა ჩამოსახლების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. კახელი თავად-აზნაურობა (ე.ი. მიწის მფლობელთა კლასი) კარგად აფასებდა რა შექმნილ ისტორიულ ვითარებას, თავს არ ზოგავდა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგანაც მას ემუქრებოდა საფრთხე მიწისა და ყმების დაკარგვისა. რაც შეეხება გლეხობას, ისინი ლეკებში თავიანთ კლასობრივ მოძმეს ხედავდნენ. ლეკების მხარეზე გადასვლით მათ იმედი ეძლეოდათ, რომ ბატონყმობის მძიმე უღელს თავს დააღწევდნენ და მდგომარეობას გაიუმჯობესებდნენ. ამ დროს კახელი გლეხები სოციალური თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ისინი კლასობრივი ბრძოლის სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ. ცნობილია, რომ „გლეხთა გამოსვლებს ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა ბოდბელი ეპისკოპოსის საყმო სოფლებში ბოდბესა და ბოდბის-ხევში ორჯერ. პირველად ამ სოფლების გლეხები აჯანყებულან ერეკლე I ნაზარალი-ხანის მეფობის დროს (1688–1703 წწ.), როდესაც მათ თავიანთი მებატონე იძულებული გაუხდიათ, რომ რიგის ძროხის გადასახადისაგან გაეთავისუფლებინა თავისი ყმები და სათანადო გათავისუფლების წიგნებიც მიეცა, მაგრამ ამ ამბებში სამეფო ხელისუფლება ჩარეულა და რეპრესიებიც ჩაუტარებია, რის შედეგადაც რიგის გადასახადი ხელახლა ყოფილა განწესებული და სათანადო გუჯრით დამტკიცებული. მეორედ ამავე სოფლების გლეხები თეიმურაზ ერეკლის ძის ჯანიშინობის დროს (1712–1715 წწ.) აჯანყებულან. მიზეზი ისევ რიგის ძროხის გადასახადის საკითხი ყოფილა. როგორც ჩანს, თეიმურაზ ბატონიშვილს უცდია ამ პრობლემის მოგვარება და სწორედ ამიტომ იგი განსაკუთრებული პირობის წიგნს აძლევს ბოდბის მონასტერს: „ქ. ესე წიგნი მოგართვით სასოსა ჩვენსა ქართულთ მნათობთა დიდებულს წმინდას ნინოს ბოდბეს ჩვენ კახეთის ჯანიშინმა ბატონიშვილმა თეიმურაზ და დედამან ჩუენმან დედოფალთ დედოფალმან ანამ, ესე საბოლოოთ გასათავებელი წიგნი დავდევით. ბოდბლის ყმამ იჯანღა, მოხელეები დაარბივა, რიგის ძროხა ამ ბოდბლისათვისაც მოეხსნევინებინათ, თუ არ ამოგვიღებთ – ავიყრებითო. ბოდბელს ჩვენც უბრძანეთ – ცოტახანს დააცალეთო, ქვეყნის აშლის გულისათვის, ლეკიც სცემდა. ბოდბელმა ცოტახანს აპატია. ერთმანეთს არბევდნენ. მოხელეები შეეხუეწნენ ბოდბელს დრომდი ნუღარა სთხოვთო. უწინაც ექნათ ჯანყი. წიგნიც მიეცა ბოდბელს, მაგრამ ბატონს მამა ჩვენს არ ეპატიებინა. ჯანღის თავებიც დაეჭირა, ჯარიმაც ბევრი წაერთმივნა, გუჯრით შეეწირა რაც ქიზიყს სდებია ის ბოდბლის ყმას. ბოდბელს და ხევს რიგის ძროხა როგორც ქიზიყს სდებია ისე წმინდის ნინოს ყმას. თუ ღმერთი ჩვენის ძმის მოსვლას გვაღირსებს, ის ისევ გაარიგებს და გარდაახდევინებს როგორც მამა ჩვენმა უყო, თუ არა და ცოტა ხანს უკან ჩვენ გადავახდევინებთ და გავარიგებთ როგორც გუჯარში სწერია. ამისი მშლელი არავინ არის, თუ ბოდბლის წიგნი გამოჩნდეს ამ წიგნმა გაამტყუნოს. გუჯარშიაც ასე სწერია. ჩვენც როგორც გუჯარში სწერია ისე გარიგებული იყოს: რაც ქიზიყს ედვას ის ბოდბლის ყმას ედვას“.1 ამ პერიოდში კახელი გლეხები კლასობრივი ბრძოლის სხვადსხვა ფორმას და საშუალებებს (უპირატესად აყრა-გაქცევას) იყენებდნენ. გლეხი მიმართავდა ყაზახობას, ფეოდალზე თავდასხმას, აჯანყებას, ხიზნობას, ფეოდალის მიმართ ღალატს, „გალეკებას“ და სხვა. „კახელი გლეხები „ლეკობაში“ უბატონობას ხედავდნენ და სწორედ ამიტომ „გალეკებით“ ცდილობდნენ თავი დაეღწიათ ბატონყმობის მძიმე უღლისაგან და ლეკებიც თავის მხრივ „ხერხიანად“ სარგებლობდნენ ბატონყმური ძარცვის ნიადაგზე გამწვავებულ კლასობრივი ურთიერთობებით, „ემოციქულებოდნენ“ გლეხებს, კავშირსა და მშვიდობას აღუთქვამდნენ მათ და თავადების წინააღმდეგ მოუწოდებდნენ“.2
პირველ ხანებში, მართლაც, ლეკთა მიერ დაპყრობილი კახელი გლეხების ვალდებულებანი და გადასახადები არ იყო მძიმე. ლეკთა მხარეზე გლეხები მთელი სოფლებით გადადიოდნენ. ასე მაგალითად, ზაქათალის წოდებრივ საადგილმამულო კომისიის მიერ შეკრებილი ცნობებით ირკვევა, რომ სოფელი ბაიდარლო ნებაყოფლობით გადასულა წახურელი ლეკების მხარეზე. სოფელ ჩობანქოლის მცხოვრებნიც თავისი ნებით შესულან ლეკების მფარველობის ქვეშ. მაგრამ ლეკ დამპყრობლებს არ აღმოაჩნდათ იმის უნარი, რომ კონფლიქტი მათსა და საკუთარი მებატონისადმი აჯანყებულ კახელ გლეხებს შორის არ მოეხდინათ.
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1449, საბუთი 1459.
2. ნ.ბერძენიშვილი, XVIII ს-ის საქართველოს ისტორიიდან. იხ. მასალებიn საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი I, 1944 წ., გვ. 188.
\„უბატონო თემებმა“ მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ კახეთში მტკიცედ მოიკიდეს ფეხი, დაიწყეს კახელი გლეხების (მათი ყოფილი მოკავშირეების) ექსპლოატაციის გაძლიერება და მძიმედ დაბეგვრა. ამის შემდეგ კახელი გლეხების დამოკიდებულება ლეკებისადმი მკვეთრად შეიცვალა. ისინი მათ მხარეზე აღარ გადადიოდნენ, მათ ისევ რომელიმე კახელი თავადის ყმობა ერჩიათ, ვიდრე ლეკების. აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სიტყვით „კახელი გლეხობა უბატონობისათვის იბრძოდა და არა ძველი მებატონის ახლით შეცვლისათვის“. მართალია, XVIII ს-ის დასაწყისში უკვე სავსებით ნათლად იყო გამჟღავნებული, რომ ლეკთა „უბატონო თემებს“ კახელი გლეხებისათვის უბატონობა აღარ მოჰქონდა, მაგრამ დავით იმამყული-ხანის დროს ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი კახელი გლეხის ლეკისადმი წინანდელი დამოკიდებულების ზოგიერთი ნიშნები. როგორც ზემოთ მოტანილი ვახუშტის ცნობიდანაც ირკვევა, ხშირად ჰქონდა ისეთ შემთხვევებს ადგილი, როდესაც საკუთარი მებატონეების უსაზღვრო ექსპლოატაციით გაწამებული კახელი გლეხობა იძულებული გამხდარა ლეკებთან მისულიყო და მათი დახმარებით თავიანთი მებატონის მამული აეწიოკებინათ.1
ამ პერიოდში ლეკთა თარეშების სიმძლავრეზე და მათ საშიშროებაზე მიგვითითებს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული A ფონდის #130 ნუსხა-ხუცური ხელნაწერი, რომელიც წარმოადგენს ქართული ეკლესიის წმ. მოწამეთა ცხოვრების აღწერას. აქედან ჩვენთვის საინტერესოა გიორგი ქართველის ცხოვრების აღწერის დასასრულს გადამწერის მინაწერი, სადაც ვკითხულობთ: „... ავათ წერისათვის ნუ დამწყევლით, ვეშურებოდი ლეკისგან გვეშინოდა... ამ წიგნს რომ ვწერდი მოუხდა ლეკის ჯარი დავით გარეჯას ყოვლად წმიდის სარტყლის დადების მკათათვეს ბ-სა. ღ-ნ და წ-ნ ღ-ის მშობელმან და წ-ნ დავით დაიცვა მონასტერი, უჭირველად უკუწბილებულნი წარვიდნენ ქკსა უა“.2 ეს მინაწერი მკაფიო დასტურია იმისა, თუ როგორი შიშითა და ლეკთა თარეშის მოლოდინით ცხოვრობდა იმ დროს კახელი გლეხობა.
თეიმურაზის კახეთის გამგებლად ყოფნის პერიოდში ლეკების თარეშს ხელს უწყობდა კახელების ურთიერთმტრობა, ურთიერთშუღლი და გაუტანლობა. ამ ამბავს ვახუშტი ასე გადმოგვცემს: „შემდგომად იწყეს, ვითარცა წესი არს კახთა, კერძობა ერთმან-მეორისა და მტერობა ურთიერთთა და არა განიხილვოდნენ რისხვასა, არამედ თვითცა ამასვე ჰყოფდენ, რამეთუ განძლიერდნენ ლეკნი ქურდობა-ავაზაკობით და აწ უმეტეს იწყეს ლაშქრით სვლა თვით კახთაგანვე“.3
1. ნ. სოლოღაშვილი, კახეთი XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისში. გვ. 32-33.
2. ჟორდანია თ. ქრონიკები, ტ. III, გვ. 51.
3. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 614.
ხშირად ლეკების მხრიდან ქვეყნის აოხრებას პირადი ანგარიშით კახეთის ზოგიერთი თავადიც უწყობდა ხელს. ასე მაგალითად, ქიზიყის მოურავმა რევაზმა ლეკის ჯარი თვითონ დაასხა თავს ელისენთ მოურავს მერაბს, რომელმაც ძლივს მოასწრო სახლის ერდოდან გაქცევა. შემდეგ მერაბმაც ამავე გზით გადაუხადა სამაგიერო ქიზიყის მოურავს. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ზოგიერთი კახელი თავადი საერთოდ გალეკდებოდა ხოლმე და ლეკების მხარეზე გადადიოდა. ამის მაგალითად გამოდგება 1716 წელს დავით იმამყული-ხანის მიერ გაცემული მამულის წყალობის შემდეგი სიგელი: „...მამულის წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქვენ ჩვენსა ერთგულს და წესისაებრ მრავალგვარად თავდადებით დიდათ ერთგულად ნამსახურს ყმათ დემეტრეს, მდივანს გურგენს, შვილთა თქვენთა თამაზს, ავთანდილს, ქვაბულს, მამუკას, მერაბს, სულხანს, ედიშერს და შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ასე და ამა პირსა ზედან, რომე ქაიხოსრო ვაჩნაძე ჩვენზედ ასე მუხანათად და ორგულად დარჩა, ლეკში წავიდა და გალეკდა და ჩვენიც ბევრი საწყენი და საორგულო საქმე ქნა და ქვეყნის სისხლშიც გაერივა და თქვენ ჩვენს სამსახურზედ გვახლდით, ერთგულათაც გვემსახურეთ და იქ შენის განაყოფის მამული გიბოძეთ და ახლა იმ თქვენს განაყოფს ისევ თავისის მამულის წყალობა უყავით, რადგან ქაიხოსრო ჩვენზედ და ქვეყანაზედ ასე მუხანათად დარჩა, თქვენც მამულის წყალობას გვეაჯებოდით, იმის სანუფქოთ ქაიხოსროს ვაჩნაძის მამულის წყალობა თქვენთვის გვიქნია: კარდენახს, ბაკურციხეს, გავაზს რისაც მქონებელი ყოფილიყოს გაღმა თუ გამოღმა, მისის სამართლიანის საქმით და სამძღვრით, მთითა და ბარით და გამოსავლით და სახნავ სათესითა, წყლითა და წისქვილით, ზვრითა და სასახლით, ქვევრ-მარნითა და მისის ხოდაბუნითა და კერძოს სასაფლაოთი და ყოვლის თავისი კერძის მამულით, რისაც მქონებელი იყო გაღმა და გამოღმა. თუ ამ ჩვენს კარზედ მოვიდეს და ან ისევ შემორიგება მოხდა და ამ ქვეყანას გამოადგა, თავისი მამულის წყალობა უყავით. თქვენ უწყალობოთ და უპასუხოთ არ დაგაგდოთ... თუ ან არ მოვიდა და ან არ შემოურიგდა, ღმერთმან ჩვენს ერთგულათ სამსახურსა შიგან მოგახმაროს, სხვას კაცს შენთან ხელი არა ქონდეს და არც იმის განაყოფს, არაოდეს არ მოგიშალოს არა ჩვენგან და არც ჩამომავალთა მეპატრონეთაგან...“.1
1. საქართველოს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Qდ 1820.
კახელების ასეთი მოქმედების შედეგად კი, როგორც ვახუშტი აღნიშნავს „მოუძლურდნენ კახნი და განძლიერდნენ ლეკნი“.1 ამ პერიოდში კახელების ასეთი შუღლის, ურთიერთმტრობისა და მზაკვრული მოქმედების შესახებ ვახუშტის სხვა ცნობებიც მრავლად მოიპოვება.
კახეთში ასეთი დაძაბული მდგომარეობის დროს დედოფალი ანნა და კახეთის გამგებელი თეიმურაზი შეწუხებულნი იმყოფებოდნენ ხან თელავს, ხან მანავს და ხან მაღაროს. კახეთს და მის საქვეყნო საქმეებს კი ამ პერიოდში თეიმურაზის მიერ დაწინაურბული ნიკოლოზ ალავერდელი განაგებდა, რომელიც არც თუ ძლიერი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ თეიმურაზი მის გადაწყვეტილებას მაინც გარკვეულ ანგარიშს უწევდა.
1716 წ. აპრილში პატარძეულში გარდაიცვალა ერკლე I-ის მეუღლე დედოფალი ანნა, რომელიც ალავერდში დაკრძალეს. 1711 წელს ავღანეთში, ყანდაარზე იერიშისას, დაიღუპა ქართლის მეფე ქაიხოსრო I. „გურჯისტანის ვალის“ ტახტი კვლავ თავისუფალი აღმოჩნდა. ირანში მოღვაწე მაჰმადიან ქართველთაგან (ბაგრატიონთაგან) ბევრს ჰქონდა პრეტენზია ქართლის ტახტზე. XVIII საუკუნის ათიანი წლებისათვის „გურჯისტანის ვალის“ მნიშვნელობა ირანის სახელმწიფოში ძალზედ დიდი იყო. ამ დროს ეს „ვალი“, ანუ ქართლის მეფე ერთდროულად ირანის მთავარსარდალი, შაჰის კარის ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე და ავღანეთის მბრძანებელიც იყო.2 ქართლის მეფედ ვინმეს გამორჩევა ფაქტიურად ნიშნავდა როგორც საქართველოში, ისე ირანში ქართველების პოლიტიკური ლიდერის ოფიციალურ დამტკიცებას. ირანის შაჰი ცდილობდა ისეთი პირი გამოეძებნა, რომელიც შეინარჩუნებდა საქართველოს ლოიალობასაც და ავღანეთსაც დააშოშმინებდა. ამჯერად შაჰ-ჰუსეინმა ნამდვილად ყველაზე ღირსეული კანდიდატურა გამონახა. მან მართლაც ქართველთაგან ყველაზე საუკეთესო – საქართველოში მოსახლეობის ყველა ფენისაგან უკვე ფაქტიურად მეფედ აღიარებული პიროვნება – ვახტანგ VI გამოარჩია და „ჯანიშინს“ ქართლის ტახტი შესთავაზა.
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 614.
2. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, გვ. 403.
ირანში შესანიშნავად იცოდნენ ვახტანგ VI-ის დიდი ორგანიზატორული ნიჭი და, რაც ყველაზე მთავარია, მისი არაჩვეულებრივი პოპულარობა ქართველ მოსახლეობაში. ისიც ანგარიშგასაწევი უნდა ყოფილიყო, რომ მას დიდი პოლიტიკური წონა ჰქონდა სხვა ქართულ სამეფო-სამთავროებშიც.
1712 წელს წ. თბილისში ვახტანგ VI-ის ირანში მიწვევის ფირმანით ჩამოვიდა ირანის შაჰის ჰუსეინის მოხელე. ვახტანგ VI დიდი სამზადისი ჩაატარა: ქვეყნის მმართველად დატოვა თავისი მომდევნო ძმა სვიმონი, რომელიც ბარძიმ მდივანბეგის ასულ გუქაზედ დააქორწინა. თავისი ქალიშვილები კი – თამარი კახთ ბატონიშვილ თეიმურაზ ერეკლეს ძეს მიათხოვა, ხოლო ანუკა გავლენიან იმერელ ბატონიშვილს ვახუშტი აბაშიძეს მისცა ცოლად. თავისი ვაჟები ბაქარი და გიორგი რუსუდან დედოფალთან ერთად გორში დააბინავა. ყოველივე ამის შემდეგ 1712 წლის აპრილში ვახტანგ VI დიდი ამალით (200 თანმხლებით) ქ. ისპაჰანში გაემგზავრა. მას თან გაჰყვა მისი მრჩეველი, მასწავლებელი, თანამშრომელი და მეგობარი სულხან-საბა ორბელიანი. ქართლის ჯანიშინი, სულხან-საბა ორბელიანთან ერთად იმ განზრახვით გაემგზავრა შაჰთან, რომ ქართლის მეფობა რჯულის შეუცვლელად მიეღო. თავის მხრივ შაჰს განზრახული ჰქონდა, რომ ვახტანგი ქართლის მეფობას და ირანის სპასალარობას მიიღებდა მას შემდეგ, რაც ქრისტიანობას უარჰყოფდა და მაჰმადიანობას აღიარებდა. ვახტანგ ჯანიშინმა კი ქრისტიანობა არ დაგმო და ქართლის ტახტიც დაკარგა. „პირველ ხანებში თავისი სარწმუნეობისადმი ვახტანგმა ისეთი სიმტკიცე გამოიჩინა, რომლის მსგავსი იშვიათად თუ მოეპოვებოდა მისი გვარეულობის უფლისწულებს. მან იმჟამად უარი თქვა ჩალმის დახურვაზე და ეს უფლება დაუთმო თავის ძმას იესეს, რომელიც ნაკლებად კეთილსინდისიერი იყო სარწმუნეობისადმი, ვიდრე მისი ძმა“. – წერს შარლ დე პეისონელი.1
1. ი. ტაბაღუა, საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობა XVIII ს-ის I მეოთხედში, თბილისი, 1972, გვ. 311.
ამ დროისათვის ვახტანგი თვლიდა, რომ საქართველოში „აზიური“ პოლიტიკის გატარება ისე თანმიმდევრულად, როგორც ეს უკანასკნელ წლებში ხდებოდა, მისთვის ახლა მიუღებელი იყო. ამჯერად ვახტანგი ჩამორჩენილ ირანთან კავშირს, კულტურულ ევროპასა და რუსეთთან ურთიერთობას ამჯობინებდა. ვახტანგისათვის ამ პოლიტიკურმა აქტმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა და იგი მტკიცედ დადგა იმ პოზიციაზე, რომ ევროპასა და რუსეთთან პოლიტიკური კავშირი დემყარებინა. თვით ის ფაქტი, რომ ვახტანგმა ამ ეტაპზე მაჰმადიანობა არ მიიღო და ირანის შაჰის კარზე დარჩა, ცხადია, ქართლის მეფის საგარეო პოლიტიკის აშკარა ცვლილებაზე მიუთითებს.1
XVII საუკუნის დამლევს ევროპის სავაჭრო კაპიტალი თანდათან შემოიჭრა ირან-თურქეთის ყმადნაფიც ქვეყნებში. ვაჭართა მოძალებას თან სდევდა კათოლოკური ეკლესიის გავლენის გავრცელება აღმოსავლეთის ქვეყნებსა და, მათ შორის, საქართველოშიც.2 სწორედ ამის გამო, სულხან-საბა ორბელიანი და თვითონ ვახტანგ VI ვარაუდობდნენ, რომ XVIII ს-ის 10-იანი წლებისათვის ქართლის სახელმწიფოს კულტურულ და პოლიტიკურ ძალთა განვითარება მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ ევროპასთან კავშირში უნდა მომხდარიყო. სწორედ ამ მიზნით, 1713 წელს, საქართველოდან ფრანგ მისიონერ ჟან რიშართან ერთად, რომელიც ვახტანგის საიდუმლო დავალებით მიემგზავრებოდა საფრანგეთს, გასული სულხან-საბა ორბელიანი ჯერ რომში ეახლა პაპს კლემენტი XI-ს და შემდეგ საფრანგეთში ლუდოვიკო XIV-ს. ქართველმა ელჩმა საფრანგეთის მეფეს ვერსალში სპეციალური მემორანდუმი და საქართველოს რუკა წარუდგინა. მემორანდუმში ცალკე პუნქტად იყო წარმოდგენილი საფრანგეთის ირან-თურქეთთან ვაჭრობის საკითხი, რომელშიც „ნათქვამი იყო, თუ როგორ უნდა გადასულიყვნენ საქართველოს გავლით შავი ზღვიდან ტრაპეზუნტის გილან-არზრუმში ფრანგი ნეგოციანტები და იქ აღმოსავლური საქონელი სარფიანად შეეძინათ“.3
1. ნ. სოლოღაშვილი, ერეკლე I (ნაზარალი-ხანის) და ვახტანგ VI (ჰუსეინყულიხანი) პოლიტიკური ორიენტაციისათვის. კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, წიგნი XVII, გვ. 220.
2. მ. ქიქოძე, ვახტან VI-ის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, გვ. 26.
3. ი. ტაბაღუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 175.
სულხან-საბა ორბელიანის მიერ წარდგენილი რუკის მიხედვით, ფრანგი ნეგოციანტებისთვის გზა საფრანგეთიდან აღმოსავლეთისაკენ საქართველოს გავლით 3/4-ით მცირდებოდა, რაც ცხადია, საფრანგეთის სახელმწიფოსთვისაც მეტად სახარბიელო იყო. მემორანდუმში ქართული ელჩობა სთხოვდა საფრანგეთის მთავრობას 300000 ეკიუს ფულად დახმარებას, რათა მოესყიდათ ირანის შაჰის კარი და დაეხსნათ ქართლის მეფე მაჰმადიანთა ტყვეობიდან. მემორანდუმის სამხედრო გეგმა გულისხმობდა საქართველოდან 15-20 ახალგაზრდის საფრანგეთში გაგზავნას, რომელნიც გარკვეული წვრთნის შემდეგ საქართველოში დაბრუნდებოდნენ და ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო სიძლიერის საფუძველზე საფრანგეთის მთავრობას გარკვეულ სამსახურს გაუწევდნენ. მაგრამ, მიუხედავად მემორანდუმის ასეთი ფართო შინაარსისა, 1715 წელს სულხან საბა ორბელიანი საფრანგეთიდან სამშობლოში ყოველგვარი დახმარების გარეშე იმედგაცრუებული დაბრუნდა. როგორც დ. ლენგი აღნიშნავს, „ამ ეტაპზე საფრანგეთს არ შეეძლო საქართველოს გამო დაეთმო თავისი სავაჭრო და პოლიტიკური ინტერესები სპარსეთში“. ამიტომაც ვახტანგ VI-ის ცდა, დახმარება საფრანგეთისაგან მიეღო, განუხორციელებელი დარჩა.
ვახტანგ VI ვერ გაითვალისწინა ის, რომ მართალია, იგი შაჰისათვის ყველაზე მისაღები პიროვნება იყო, მაგრამ არა ერთადერთი. ბევრ პროგრესულად განწყობილ მოღვაწეს ქართლში მიაჩნდა, რომ ვახტანგის უარი მაჰმადიანობაზე ობიექტურად ცუდ შედეგს გამოიწვევდა, ამიტომაც მხარს უჭერდა ძველი მდგომარეობის აღდგენას. ასეთი პოზიცია ჰქონდა თბილისის ქრისტიანულ მოსახლეობას. მაჰმადიანური მოსახლეობა საერთოდ ვახტანგ VI-ის წინააღმდეგი იყო ყველა შემთხვევაში. ქართლის ზოგიერთი გავლენიანი თავადიც, კერძოდ, ქსნისა და არაგვის ერისთავები, ვახტანგის პოლიტიკის წინააღმდეგნი აღმოჩნდნენ და ვახტანგისა და მის მომხრეთა საწინააღმდეგო ბანაკში მოექცნენ. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ ვახტანგის მიერ მცველთა ჯარის შექმნით. ეს ჯარი მათ საწინააღმდეგოდ იყო შექმნილი. ამ თავადებს არც ის მოსწონდათ, რომ ვახტანგმა 1711 წელს ოსეთი შემოიერთა, მათ სამფლობელოებს ჩრთილოეთით მოექცა და მათი დათრგუნვა გაიადვილა.
„ურჩი“ ვახტანგ ჯანიშინი ირანის შაჰმა შორეულ ქირმანს ტყვედ გაგზავნა, მაგრამ საკმაო თანხა დაუნიშნა, რათა პატივით ეცხოვრა. ვახტანგის ანტიირანულმა პოლიტიკამ, დასავლეთისა და რუსეთის ორიენტაციის მიღებამ იმ მომენტში გარკვეული ზიანი მიაყენა საქართველოს. ვახტანგმა ვერ გაითვალისწინა, რომ დასუსტებულ და დაცემულ ირანთან კავშირი მას ამ შემ- თხვევაში მეტ სიკეთეს მოუტანდა, ვიდრე სამშობლოს მიტოვება და შორეულ ქირმანში გადასახლება.1
ქართლის ჯანიშინის პოზიციით აღშფოთებულმა ირანის შაჰმა ჰუსეინმა ქართლის მეფედ ვახტანგ VI ძმა იესე ალიყულიხანი დაამტკიცა. იესე ყოველთვის გამოირჩეოდა მკვეთრი ირანოფილობით, მაჰმადიანური ყოფის ერთგულობით. მის შესახებ თვითონ ვახტანგი წერდა: „მუდამ განდგომილი, მტერი და ეშმაკია“.2 ირანის არმიის ყოფილი თოფჩიბაში იესე ცდილობდა შაჰისათვის ერთგულება დაემტკიცებინა. მან ანტიქართულ პოლიტიკაში თვით ირანელ მოხელეებსაც კი გადააჭარბა. იგი დაუკავშირდა თბილისის მაჰმადიანურ მოსახლეობას, ქვემო ქართლში მობინადრე მომთაბარე ელებს, კვლავ წინ წამოსწია თბილისის მეციხოვნენი. მისი წაქეზებით თბილისის მეციხოვნეებმა შაჰის კარზე ოფიციალურად დასდეს ბრალი ვახტანგს, თითქოს მისი ბრძანებით საჯაროდ დაწვეს ყურანი თბილისში და რელიგიური წესების შესრულების დროს შეურაცხყოფდნენ მაჰმადიანებს. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ შაჰმა ქართველებს ოფიციალურ ზედამხედველად სპარსი მოხელე – ხოლოფა დაუნიშნა, რომელსაც კონტროლი უნდა გაეწია ქართველთა საქციელისათვის, მაგრამ საბედნიეროდ ქართლის თავკაცებმა შეძლეს ხოლოფა საკმაოდ იოლად მოეშორებინათ თავიდან.
1714 წელს შაჰმა იესეს უბრძანა ყეენთან წარეგზავნა რუსუდან დედოფალი, ვახტანგის ძენი და ხუთასნი ქართველნი ცოლ-შვილით, რათა დაასახლოს „დარაბადს“.3 ვახტანგის შეშინებულმა ოჯახმა თავი რაჭას შეაფარა.
1. მ. ქიქოძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 20.
2. მ.თამარაშვილი ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბილისი, 1902, გვ. 31.
3. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 493.
1715 წლის ბოლოს კახეთის მეფე დავით იმამყული-ხანი სპარსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ყაზახში მოსული დავითი ქართლის გამგებელმა იესემ ტფილისში მიიწვია. დავითმა აქ დაისვენა, ინადიმა და იესეს ყეენის ბრძანებით ცოლად შერთო თავისი და ელენე. ქორწილი 1715 წ. ოქტომბერში მარტყოფს გადაუხდიათ. ამის შემდეგ დავითი ტფილისიდან თელავს გაემგზავრა. იესეს მმართველობას ქართლში მშვიდობიანობა არ მოჰყოლია. მან ქართველი საზოგადოების ყველა ფენის უკმაყოფილება გამოიწვია. იგი ეყრდნობოდა მხოლოდ ქართლის მაჰმადიანურ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი თბილისელ მეციხოვნეებს, რომელთაც განაახლეს ქრისტიან მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ქართლში წარმოიშვა მძლავრი საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც სათავეში სრულიად ახალგაზრდა ბაქარ ვახტანგის ძე ბაგრატიონი ჩაუდგა. იესემ შაჰს ქართლის პოლიტიკური სტაბილიზაციის მიზნით ვახტანგის დაპატიმრება მოსთხოვა. ვახტანგ VI დააპატიმრეს, მაგრამ ამ ღონისძიებას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, ქართლის სამეფო კვლავ ბობოქრობდა. ამ დროისათვის ქართლის მეფის ევროპულმა ორიენტაციამაც მარცხი განიცადა, ვინაიდან ევროპა აქტიურად ვერ ჩაერია აღმოსავლეთისა და, მით უმეტეს, ქართლის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
XVIII საუკუნის ქრონიკების უცნობი ავტორი კი აღნიშნავს, რომ „1716 წლის იანვარში საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XIV წერილის გამო ყეენმა გაათავისუფლა ვახტანგი, დაუბრუნა ქართლის მეფობა და სპასალარად სპარსეთისა დაადგინა“.1 როგორც ჩანს, ამ დროისათვის ვახტანგ VI იძულებული შეიქმნა თავისი განუხორციელებელი პოლიტიკური ხაზი ფორმალურად მაინც შეეცვალა. იგი უფრო ელასტიური პოლიტიკის კომპრომისულ გზას დაადგა. მან 1716 წელს ფარაბადში მაჰმადიანობა მიიღო და ჰუსეინ ყული-ხანის სახელით მოინათლა, მაგრამ „მხოლოდ სიტყვით და არა საქმითო“2 – წერდა ვახუშტი ბაგრატიონი. შაჰმა ვახტანგ VI ქართლი დაუმტკიცა და როგორც ჩინებულ მრჩეველს, გამორჩეულ სპასალარს, ისევ ირანში დარჩენა უბრძანა. ბარდა და თავრიზიც სამმართველოდ გადასცა. ქართლის სამეფო კი ვახტანგ VI ვაჟს ბაქარს ჩააბარა. ბაქარმაც მაჰმადიანური სახელი შაჰნავაზ-ხანი მიიღო და 1719 წლამდე განაგებდა ქართლს.
1. მეთვრამეტე საუკუნის ქრონიკები, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, საბუთი 703.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 496.
ამ ამბავს XVIII საუკუნის ქრონიკებში უცნობი ავტორი ასე გადმოგვცემს: „1717 წ. მარიამობისთვის ა. გამაჰმადიანდა მეფე ბაქარ და ყეენისაგან მოერთვა ამავე დღეს რაყამი ქართლის მეფობისა, თაჯი, ხმალი მურასა, ხანჯალი მურასა, საბუხარი, სურა და თასი, ყალიონი ოქროსი, შეკაზმული ოქროთი ცხენი ბედაური“.1
ვახტანგმა შაჰის შემწეობით ორგული იესე ალიყული-ხანი ბაქარს ხელთ ჩააგდებინა, მან კი მოღალატე ბიძა თბილისის სასახლეში დაამწყვდია. ბაქარი ორგულთა დასჯას შეუდგა. თბილისი კვლავ იქცა ქართველი დიდებულების ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფების ანგარიშსწორების ასპარეზედ. ბაქარის ბრძანებით დააპატიმრეს სპასპეტი ლუარსაბ ორბელიშვილი, ერეკლე მუხრან-ბატონს თვალები დასთხარეს და პაპუნა დიასამიძე ჩამოახრჩვეს. 1717 წელს ბაქარმა სახლთხუცობა ჩამოართვა ქსნის ერისთავს დათუნას. დათუნა აჯანყდა, მის წინააღმდეგ ბაქარმა თავისი ძმის ვახუშტის სარდლობით ჯარი გაგზავნა. ამ ბრძოლაში დათუნა დაიღუპა, მისი ძე შანშე კი სპარსეთში გაიქცა. ამრიგად, ბაქარის მეთაურობით ქართლში ანტიირანული მოძრაობა აღდგა, მიუხედავად ამისა, ქართლის შიგნით მდგომარეობა კვლავ გართულდა.
1715 წლიდან გახშირდა დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმები ქართლსა და მაჰმადიანურ პროვინციებზე. აღმოსავლეთ ტერიტორიაზე შემოსული აბრაგ ლეკთა რაზმები არბევდნენ სოფლებსა და ქალაქებს, იტაცებდნენ ადამიანებს, ტყვეებად ჰყიდდნენ და მთელი მოსახლეობის სარჩო-საბადებელს აცამტვერებდნენ. დაღესტნელები კარგად იცნობდნენ ქართლ-კახეთის გზა-კვალს, განსაკუთრებით, არაგვის, ალაზნის და ივრის ხეობათა ყველა ბილიკს. საქართველოსაკენ დაძრული ლეკი ფეოდალების ლტოლვას მხოლოდ კახეთის სამეფო აკავებდა. ახლა ამ მისიის შესრულება კახეთს ძალზე გაუჭირდა და მთელი ამიერკავკასია საფრთხეში ჩავარდა, პირველ რიგში საქართველო აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში.
1. მეთვრამეტე საუკუნის ქრონიკები, საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, ს. 703.
კახეთში დაბრუნებულ დავით იმამყული-ხანს ლეკებისაგან შევიწროებული სამეფო მეტად უნუგეშო მდგომარეობაში დახვდა. კახელების ლეკებთან უთანასწორო ომი მრავალ წელს გრძელდებოდა. მერაბ ენისელთ მოურავი, გაღმამხრელი ქართველი გლეხებით, თავგამოდებით ებრძოდა მომხდურ ლეკებს. შიგადაშიგ დავით მეფეც, როგორც შეეძლო, კახელებით ეშველებოდა საფრთხეში ჩავარდნილ კუთხეს, მაგრამ კარგად ჩანდა, რომ ლეკთაგან მრავალგზის ამოწყვეტილ-აოხრებულ კახეთს დაღესტნელთა შემოტევის მოგერიება ძველებურად აღარ შეეძლო და ამისი უმთავრესი მიზეზი თვით კახეთის სოციალურ-პოლიტიკური წყობა უფრო იყო, ვიდრე დაღესტნელთა სიმძლავრე ან მათი სამხედრო ორგანიზაცია. მრავალწლიან ომში გაწყდა კახელი, განსაკუთრებით გაღმამხრელი გლეხობის დიდი რაოდენობა. დავით იმამყული-ხანმა კახეთში დაბრუნებისთანავე დიდი ყურადღება მიაქცია ლეკთა თარეშების ალაგმვას, რისთვისაც მან მრავალი საგანგებო ღონისძიებები გაატარა. მათ შორის აღსანიშნავია მეფე იმამყული-ხანის ბრძანება შუამთის ყმებისადმი: „ქ. ჩვენი ბრძანება არის, აწე რადგან ხახულის მღთისმშობლის მამული შუამთა იმგვარს სალეკოს ადგილას არის, ხახულის მღთისმშობლის ყმა სხვაგან ყარაულად ნუ წავა. ნიადაგწელს შუამთას იდგნენ და თავის სოფლებს შეინახვიდნენ“.1
ლეკებთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით დავით იმამყული-ხანმა 1716 დააწინაურა მის მამასთან – ერეკლე ნაზარალიხანთან ქართლში ნამსახური ყიასა ვეზირი, მისცა მას კახეთის ჯარის თავობა და მასვე ჩააბარა ქიზიყის მოურავობაც. ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი „მისცა ქისიყის მოურაობა და კახთა სპათა თავობა ყიასა ვეზირს“.2 ასევე დავით იმამყული-ხანის მიერ გაცემული წყალობის სიგელი: „... სამკვიდრო და საბოლოოდ გამოსადეგი და ამიერთ უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ჩვენსა ერთგულსა და წესისაებრ მრავალგვარად თავდადებით მამითა და პაპით ერთგულად ნამსახურსა ყმასა ჩვენსა ენდრონიკაშვილს ქისიყის მოურავის შვილს აბელს, ეშიკაღასბაშს გიორგის, დემეტრეს, თამაზას, მელქისადეკს და პაპუასა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა ასე და ამა პირსა ზედან, რომე ქისიყის მოურაობა ჩვენი ნამსახურობითა და ერთგულობით აბელს მისცემოდა და სამმა თაობამ გარდაიარა თქვენს ხელთ იყო და მამათქვენი პაატა ჩვენს სამსახურზედ და ქვეყნის მოვლაზე ლეკებმა მოკლეს. ჩვენგან ქისიყის მოურაობა არ გამოგერთმოდათ, მაგრამ დიაღ დროთა შლილობა შეიქმნა და ამ ქვეყანას ლეკმა დიაღ ძალი წამოატანა და შენ ყმაწვილი იყავ და ქვეყნის საქმე თავს ვერ დაგადევი, რომე არც თქვენთვის ვამჯობინეთ, გაჭირებული საქმე იყო და წყალობით აგაღებინეთ ხელი, წყრომით ხომ არ გამოგვირთმევია. ვეზირი ერთი შიერი კაცი იყო, ქვეყნის საქმეც დავადევით და ქისიყის მოურაობა იმას მივეცით და მანამდი ცოცხალი იყოს იმას ქონდეს და რა ის მოკვდეს და გარდაიცვალოს ისევ ქისიყის მოურაობის წყალობა ისევ თქვენთვის გვიქნია და გვიბოძებია...“.3
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1448, საბუთი 592; ფ. 1451, დ. 13, საბუთი 69.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 615
3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1448, საბუთი 592.
ქიზიყის მოურავი ყიასა ვეზირი, როგორც ჩანს, ენერგიულად შეუდგა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლას და მართლაც მოკლე ხანში შესძლო რამდენადმე გაეუმჯობესებინა მდგომარეობა, თუმცა მოზღვავებული ლეკების მთლად ალაგმვაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელი იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დავითმა თავისი და ელენე ყეენის ბრძანებით ქართლის გამგებელს იესეს მიათხოვა, რომელმაც 1716 წელს მანავს მენიშნედ გამოაგზავნა ეშიკაღასბაში (მანდატურთუხუცესი) ზურაბი და მასთან ერთად ზაზა ავალიშვილი და რევაზ ყაფლანიშვილი. ზუსტად ამ დროს ჭარელნი გამოსულიყვნენ კახეთის მოსარბევად. მანავში შეკრებილი კახეთის თავადები თავიანთი კაცებით საჩქაროდ გაემართნენ ლეკების წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ გაყვნენ იესეს მენიშნენიც. ლეკებთან პირველ შეტაკებაში ქართველებმა გაიმარჯვეს, ხოლო შემდეგ სასტიკად დამარცხდნენ. ამ ბრძოლაში დაიღუპა კახეთის ოცდაექვსი თავადიშვილი, მათ შორის რევაზ ენისელთ მოურავიც, იესეს მენიშნენიც – რევაზ ყაფლანიშვილი, ზაზა ავალიშვილი და მრავალი გლეხი. მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ამ ბრძოლის შემდეგ, როგორც ნიკო ბერძენიშვილი აღნიშნავს, „გაღმა მხარი, განსაკუთრებით გაუსაძლისი გახდა კახელი გლეხებისათვის: „ლეკური ომი“ და კულტურული მეურნეობა – მიწისმოქმედება შეუთავსებელი მოვლენები იყო“.2
1. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი III, გვ. 271.
დავით იმამყული-ხანმა ლეკებთან საბრძოლველად თავისი ახალი სიძე იესეც მოიწვია, რომელმაც საბარათიანოს ჯარი გამოგზავნა კახეთში სპასპეტ ლუარსაბის ხელმძღვანელობით. ქართლ-კახეთის გაერთიანებული ჯარი მაღაროს დადგა და ჭარში შეჭრას აპირებდა, მაგრამ ამ დროს თვითონ ჭარელნი დაესხნენ თავს ქართველთა ჯარს. ლეკებმა რა დაინახეს ქართველთა ჯარი, უკან გაბრუნდნენ და ბრძოლას აღარ აპირებდნენ, მაგრამ როგორც ვახუშტი გადმოგვცემს: „გარნა ვიეთთამე ჭაბუკთა ქართველთა და კახთა შეუტივეს და ვითარ ვერღარა მოაქცივნეს, მიჰყვნენ ესენიცა, რათა განუმაგრონ ზურგი. ამისი მხილველნი ლეკნი მცირენი მოეტევნენ მეწინავეთა და აოტნეს იგინი; ეცნენ ესენი დიდთა მათ რაზმთა, ვერღარა დაუდგნენ და ივლტოდნენ სრულიად, მიჰყვნენ ქისიყის ბოლომდე და მოსვრიდნენ უწყალოდ. მერე აიღეს ალაფი დიდი და წარვიდნენ. ხოლო ქართველნი მწუხარენი მივიდნენ ტფილისს“.1
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 616.
ამის შემდეგ იესემ კვლავ წარმოავლინა კახეთში ზემო ქართლის სპა ავთანდილ ამილახორის ხელმძღვანელობით. ჯარი საგარეჯოში დადგა, მაგრამ ლეკებთან შებმა ვერ გაბედა და უბრძოლველად გაბრუნდა უკან. მხოლოდ კახეთს უწევდა დღენიადაგ საკუთარი ძალებით ლეკებთან ბრძოლა. მალე ლეკები იმავე 1716 წელს შილდას და ყვარლის ციხეს მოადგნენ. ამ დროს ლეკებს წინააღმდეგობას მხოლოდ მდაბიო ხალხი უწევდა, ამიტომ ლეკებმა მთლიანად მოაოხრეს ეს მხარე, გაწყვიტეს და ტყვედ წაასხეს მრავალი მოსახლეობა. ამდენად, კახეთი ამ დროს მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი.
კახეთმა რომ ამ წლებში ლეკთა თარეშების გამო დიდი ზარალი განიცადა ამის დამადასტურებელია საქართველოს საისტორიო არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შემონახული დავით იმამყული-ხანის მიერ გაცემული მრავალრიცხოვანი სიგელგუჯრები: სცსსა, ფ. 1461, რ. 7. ს. 5; ფ. 1461, რ. 17, ს. 4; ფ. 1448, ს. 108. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი: Hდ 1638; Qდ 772; Qდ 7238; Qდ 7871; შდ 114. მაგალითისათვის მოვიტანთ ერთერთ მათგანს: „... სამკუიდროდ და საბოლოოდ გამოსადეგი მამულისა წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქვენ ჩვენსა ერდგულსა და წესისაებრ მრავალგუარად ნამსახურს ყმათ ენდრონიკაშვილს მარტყოფის მოურავის შვილს ზაზას, ბიძაშენს ქაიხოსროს, ბიძაშვილსა შენსა დავითს, მელქისედეგს და შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ასე რომე, შიბლიანი უწინ თქვენ გქონდათ და ხელახლა ისევ თქვენ გიბოძეთ, რაც თქვენი კერძი შიბლიანის აზნაურიშვილი თუ გლეხები გესახლოს თავიანთის მთითა, ბარითა, წყლითა და წისქვილითა, ველითა თუ სახნავითა თუ უხნავით, ყოვლის მისის სამართლიანის სამძღვრით თქვენთვის შვილთა თქვენთათვის სამკუიდროდ და საბოლოოდ გვიბოძებია ყოვლის კაცის უცილებლად და მოუდევრად, ამ ხელად მარტყოფის მოურაობა გამოგართვით და რადგან თქვენი მამა და პაპა ჩვენს სამსახურში ლეკმა დახოცა საბოლოოდ მარტყოფიც არ დაგიკარგოთ ჩვენის წყალობის მოიმედე იყავით, არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩვენგან და არცა შემდგომთა ჩამომავალთ მეფეთა და მეპატრონეთაგან ...“.1
კახეთის სამეფოს ამ პერიოდში ლეკებთან ბრძოლა მხოლოდ საკუთარი ძალებით უხდებოდა და განსაკუთრებით ბრძოლების მთელი სიმძიმე გადადიოდა შედარებით დაბალი სოციალური მდგომარეობის ხალხზე. საისტორიო არქივში შემონახული ძველი სიგელ-გუჯრებიდან კარგად ჩანს, რომ როდესაც ვინმე მდაბიო წარმოშობის პიროვნება ლეკებთან ბრძოლაში თავს გამოიჩენდა, მეფე დავით იმამყული-ხანი ამის სანაცვლოდ მათ გარკვეულ წყალობას სთავაზობდა. მაგალითად, ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მეფე დავითის წყალობა მარტყოფის ნაცვალ ლაზარე გოგოლაშვილისა და მის შთამომავლებისადმი: „... ჩვენი ძმა თეიმურაზ რომ ლეკს შეება და გაემარჯვა, იმ დღეს დიაღ კარგად გარჯილიყავ და კაცი დაგრჩომოდა, თავიც მოგვართვი. ამისდა საპასუხოდ და საჯილდაოდ გიბოძეთ შენისავ განაყოფს ამოწყვეტილის იოსებას მამული მისის ველით, ვენახითა, სახლ-კარითა, ქვევრ-მარნითა, საკომლო შესავლითა, გასავლითა და ყოვლის მისის სამართლიანის სამძღვრითა ...“.2
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1461, რ. 13, საბუთი 4.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1461, რ. 7, საბუთი 5.
ასევეა აღსანიშნავი შემდეგი სიგელიც: „... მეფეთ მეფემან და თვით ხელმწიფემან პატრონმან იმამყულიხან და საყვარელმა ძმამან ჩვენმან ბატონიშვილმან პატრონმან თეიმურაზ და პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან პატრონმან მამად მირზამ და ალი მირზამ შეგიწყალეთ და გიბოძეთ ესე, ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი მტკიცე და უცვალებელი სამკვიდროთ და საბოლოოთ გამოსადეგი წყალობის წიგნი და ნიშანი, შენ ჩვენსა ერთგულსა და ძველითგანაც თავდადებით ერთგულად გარჯილსა და ნამსახურსა ყმასა ჩვენსა თარაშვილს გივის, ძმასა შენსა დათოს და იოთამს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ასე და ამა პირსა ზედან, რომე უწინ ძველიდანათ ბევრ რიგათ გარჯილნი და ნამსახურნი იყავით და ახლა ჩვენს გახელმწიფებაშიც ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ერთგულებაც გამოიჩინეთ და სამსახურიც დაგვანახეთ და ნამსახურს გარდა კიდემ ლეკის თავიც მოგვართვით. მოგვიდექით კარსა დარბაზისა ჩვენისასა და კაკალაშვილის ბეჟანასა და ირემას მამულს დაგვეაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და ამისად სანუფქოთ და საჯილდოდ კაკალაშვილის ბეჟანასა და ირემას მამულის წყალობა გიყავით: სახლითა, კარითა, მარნითა, ქვევრითა, საბძლითა, კალითა, ვენახითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, შესავლითა, გასავლითა, სახნავითა, სათესითა, მთითა, ბარითა, მისის კერძის სასაფლაოთა და ყოვლის მისის კერძის სამართლიანის სამძღვრითა, შენითა და უშენითა, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულებასა და სამსახურსა შინა...“.1 დაახლოებით ამავე შინაარსისაა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Qდ 7871 სიგელიც.
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Qდ 7236.107
ამრიგად, როგორც წყაროებიდან ირკვევა, წლების განმავლობაში საქართველოსკენ დაძრული ლეკი ფეოდალების ლტოლვას მხოლოდ კახეთის სამეფო აკავებდა. ბოლოს ამ მისიის შესრულება კახეთს ძალზედ გაუჭირდა და ნიკოლოზ ალავერდელის რჩევით დავით იმამყული-ხანმა გადაწყვიტა ზავი დაედო ლეკებთან. მართლაც, როგორც წყაროებიდან ირკვევა და როგორც თ. პაპუაშვილი აღნიშნავს: „ჭარის, ბელაქნის, თალას, მუხახის და სხვა თავისუფალ თემებს დავით იმამყული-ხანთან ზავი დაუდვიათ. ამ ზავის მიხედვით, დავით იმამყული-ხანს ყოველწლიურად ჭარელთა სასარგებლოდ ხარკი უნდა ეხადა ასი თუმნის რაოდენობით. ქართული წყაროები ამ ხარკის შესახებ არაფერს გვეუბნებიან. ხოლო რაც შეეხება ზავს, ამის შესახებ ქართული წყაროებიც მოგვითხრობენ. ლეკებთან მორიგება მომხდარა იმ პირობით, რომ კახელებს ლეკთა თარეშებისათვის წინამძღვრობა უნდა გაეწიათ გზის ჩვენებით და თავისუფლად გაეშვათ ისინი ქართლისაკენ“.1 ამ ზავიდან გამომდინარე, ლეკები თავისუფლად აღწევენ ყაზახ-შამშადილოში, ყარაბახსა და შირვანში. ამის შემდეგ იწყება ლეკთა შემოსევები მთელ ამ ტერიტორიაზე.
1717 წელს ლეკ აბრაგთა თარეშებმა უშუალოდ ქართლის მიწასაც მიაღწია. „ლეკიანობა“ საერთო კავკასიურ პრობლემად იქცა. ისინი შეესივნენ ქციის ხევსა და ბოლნისს. მათ წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას აძნელებდა ქართლის ფეოდალური ბუნებისათვის დამახასიათებელი შეუთანხმებლობა და ირანის შაჰის მერყეობა. ლეკ აბრაგთა უსასრულო თარეში მახინჯ ფორმებს იღებდა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო უკან სწევდა. ირანის სახელმწიფო მმართველობამ დაინახა, რომ მოზღვავებულ ლეკ-აბრაგებს ვერც მისი სამხედრო ძალები და ვეღარც ადრინდელი საქართველო ვერ გაუმკლავდებოდა და ამიტომ ქართლში არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად ვახტანგ VI სამშობლოში დაბრუნება განიზრახა. ვახტანგ VI მიხვდა, რომ მისი სამშობლოში დაბრუნება ამჯერად, უკვე გადაუდებელი იყო და იგი სრულიად შეგნებულად კომპრომისულ გზას დაადგა – მან ფორმალურად მაჰმადიანობა აღიარა. ამის შემდეგ ირანის შაჰმა ვახტანგ VI ირანის სპასალარის თანამდებობიდან გაანთავისუფლა და 1719 წელს ქართლში ლეკებთან საბრძოლველად გამოგზავნა.
1719 წელს გამაჰმადიანებული ვახტანგ VI თბილისს მოვიდა. ქართველები ზეიმით შეხვდნენ სასურველ მეფეს და ერთგულება შეჰფიცეს. ვახტანგ VI-ის ჰეგემონობა ამიერკავკასიაში მსწრაფლ აღდგა. ვახტანგი პირველ რიგში ქვეყნის შინაური საქმეების მოგვარებას შეუდგა: ორგულნი დასაჯა, სომხითის მელიქ-ქამარ ბეგის ძე შეიპყრო და მოაკვლევინა. ბაგრატ ციციშვილი და პაპუნა ვეშაპისძე კი დომენტი კათალიკოსმა სიკვდილით დასჯისაგან იხსნა და ისინი ოსეთში გაყიდეს თხებზე.2
1. თ. პაპუაშვილი, ჭარ-ბელაქანი, გვ. 35-36.
2. მ. ქიქოძე, ვახტანგ VI-ის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა. გვ. 31.
აღსანიშნავია, რომ სომეხი ისტორიკოსები და პირველწყაროები სწორედ ვახტანგის საქართველოში დაბრუნებას უკავშირებენ სომხური არმიის ჩამოყალიბების ფაქტს.1 ვახტანგ VI კვლავ აღიარებული იქნა ამიერკავკასიის ხალხთა გამაერთიანებელი ბრძოლის მედროშედ. სომეხთა არქიელი მინას ფერვაზიანი რუსეთის საიმპერატორო მკარს ატყობინებდა: „... ახლა კი უფალმა წყალობით გადმოგვხედა ქრისტიანებს და მოგვცა ჩვენი მწყემსი. ქართველმა პრინცმა ვახტანგმა, რომელიც მტრებისაგან ჩვენს დაცვას შეუდგა, დანარჩენი სომეხი ერი შეკრიბა და თავისი ხელისუფლებისა და მფარველების ქვეშ ჰყავს“. სომხურ სპეციალურ ლიტერატურაშიც მიღებულია მოსაზრება, რომ ამიერკავკასიის ხალხთა მეთაურობა ვახტანგ VI ჩააბარეს.2
ქართლში დაბრუნებულ ვახტანგ VI თავისი სამხედრო ძალები, პირველ ყოვლისა, ფეოდალების დასამორჩილებლად უნდა გამოეყენებინა. შანშე ერისთავი ჭურთას იყო გამაგრებული. ვახტანგს იმერეთიდან მოსდიოდა დამხმარე რაზმები. შოშიტა რაჭის ერისთავმა, სვიმონ და ლევან აბაშიძეებმა ხელთ იგდეს ურჩი ქსნის ერისთავი და ვახტანგს ჩააბარეს. ბატონიშვილებმა დაიმორჩილეს საერისთავოები. ბაქარმა ქსნის ხეობა დაისაკუთრა, ხოლო ვახუშტი ბატონიშვილმა – ლიახვის.3
1. გ. მაისურაძე, ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა XVIII ს. 1982, გვ. 203.
2. მ. ქიქოძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 32.
3. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 498.
ვახტანგ VI ქართლში დაბრუნებისთანავე კახეთის მეფე დავით იმამყული-ხანიც ცდილობს მასთან ურთიერთობის დამყარებას ლეკების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისათვის. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია დავით იმამყული-ხანის წერილები ვახტანგ VI-დმი, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობდა კახეთის ცენტრალური ხელისუფლება ვახტანგ VI-თან კეთილმეზობლური დამოკიდებულების აღდგენას. კახეთის მეფე ლეკ-აბრაგებთან წარმოებულ ბრძოლებში ვახტანგს, გარდა დახმარებისა, ხელმძღვანელობასაც სთხოვდა და უპირატეს მდგომარეობას ქართლს ანიჭებდა, როგორც მტერთან ბრძოლის, ისე აღმოსავლეთთან ურთიერთობის წარმოების საკითხში. დავით იმამყული-ხანის ძმას – თეიმურაზ ბატონიშვილს სიმამრის პოზიცია დაუჭერია და ქართლში დარჩენილა. სწორედ მაშინ, როდესაც კახელებს ქართლთან ურთიერთობის აღდგენა დასჭირვებიათ, დავით იმამყული-ხანს ვახტანგისათვის უთხოვია მისი სიძე და ქალიშვილი კახეთში დაებრუნებინა: „მერე ჩვენი ეპისკოპოზი ჭერემელი გრიგოლი გვიახლებია, სხვას ჩვენს სიტყვას მოგახსენებთ, ამისთვის დაგვიბარებია. სხვა ერთი ეს მოგახსენოთ, ამისთვის დაგვიბარებია, ღმერთი მის წყალობას მოგცემსთ, როგორადაც ჩვენთვისცა, მათთვისაც სასიამოვნო ეს იყოს, რომ ჩემი ძმა და ბატონი ჩემი რძალი მუდამ თქვენ გახლდენ და რადგან ღთით ჩვენში ერთობა არის, აგრეც იქნება, მაგრამ რადგან ამთენი ხანია რომ ბატონი ჩემი რძალი თქვენ გახლავსთ, მაგათის აქ წამობრძანების დრო არის, ჩვენც ამთენს ხანს მაგათი უნახაობა მწეედ შეგვაწუხებს ...“.1
დავითის თხოვნით 1719 წლის დეკემბერს ქართლისა და კახეთის მეფეები საფურცლეს შეხვდნენ ერთმანეთს და ერთიანი, საომარი გეგმა შეიმუშავეს. დავითი და კახელი ეპისკოპოსნი რჩევა-დარიგებას ვახტანგისაგან იღებდნენ, თუ რა ხასიათის საომარი მოქმედება უნდა განეხორციელებინათ. კახელები პირობას იძლეოდნენ, რომ არც ბელადობას დაიჩემებდნენ, არც დოვლათის გაყოფაში მოითხოვდნენ უპირატესობას. პირიქით, „მოვლას, ყარაულობას და სამსახურს“2 სთავაზობდნენ ვახტანგ VI-ს.
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 1448.
2. დ. მეგრელაძე, „მასალები მე-18 ს-ის 20-იანი წლების ქართლ-კახეთის ისტორიისათვის“. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი 33, გვ. 150.
ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია კახეთის ეპისკოპოსთა და დარბაისელთა მიერ ვახტანგ VI-დმი მირთმეული ფიცისა და ერთგულების წიგნი: „... ესე მტკიცე და პირუტყველი წიგნი და პირი მოგართვით ჩვენ კახთ ეპისკოპოზ დარბაისელთ ალავერდელმან ნიკოლაოზ, სახლთუხუცესმან საზვერელმან რუსთველმან ნიკოლოზ, მოურავმან გარსევან, ხარჭაშნელმან ფილიპემ, ჭერემელმან გრიგოლიმ თქვენ საქართველოს ხელმწიფეს მეფეს ასე და ამა პირსა ზედან, კახმა ბატონმან ჩვენმან ხელმწიფემან ჩვენი თავი გაახლოთ და ჩვენის პირით კახეთის მოშველება ლაშქრობა და გამობრძანება დაგპატიჯათ და ჩვენ გიახელით და ბატონის ჩვენის სიტყვა მოგახსენეთ და ჩვენც ბედნიერს მუხლს მოგეხვივენით და ჩვენის ქვეყნის მოშველებას შემოგეხვეწენით... თურომ თქვენი გამობრძანება და ლაშქრობა ჩვენს ქვეყანას გვეღირსა, რაც თქვენთან ყიზილბაშთ ჯარი ან ხანები ვინმე გიახლებიან, ან თქვენდა ან თქვენი ჯარი ჩვენს ქვეყანაში ვნახოთ, რაც რომელ დოვლათს უჯობდეს თქვენის ჯარის სასარგებლო საქმე იყოს, ან თქვენთან მყოფს ყიზილბაშთ ჯარს უჯობდეს ბატონმა ჩვენმანც ისრე არა ქნას, ჩვენ სრულ კახთ დარბაისელთ ეპისკოპოზთაც ეგ არ მოვინდომოთ, როგორც გიჯობდესთ ის ბელადობა, ის მოვლა, ის ყარაულობა და სამსახური და სიამოვნება, რომელიც თქვენი გამოსაყენებელი გარჯა ჩვენის ხელით გამოვა ყველა ესები ვქნათ, როგორადაც ბატონის ჩვენის ერთგულობას გაუფრთხილდეთ, ისე თქვენს დოვლათსაც გაუფრთხილდეთ, წყენასაც ისე მოვერიდნეთ, სიამოვნებასაც ისე ვეცადნეთ, ამაში რაც პირობები მოგახსენეთ არცერთის სიმტყუნე არ შევიჩნიოთ. ამისად თავსმდებად მოგვიცია ჯერეთ ღმერთი და ყოველნი მისნი წმინდანი ...“.1
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 1433.þþ
ლეკთა თარეშებით შევიწროებული კახელი გლეხკაცობა ამ პერიოდში, როგორც ჩანს, კახეთიდან იყრებოდა და ქართლში იხიზნებოდა. დავით იმამყული-ხანი ვახტანგ მეფეს ქართლიდან მათ აყრას და უკან დაბრუნებას სთხოვდა, რათა კახეთის მხარე მასიურად არ დაცლილიყო: „... მერმე ეს მოგახსენოთ, მანდ რომ გახლდით ხომ ქვემოთი ალაგების გაჭირება დარბაისელთ ყველა თვითონ მოგახსენესთ და ჩვენსავე მანდყოფაში ორსამს ალაგს მოხდომოდნენ, რომ მოვედით თქვენის ჯარის ჩამოსვლა ქიზიყს შეუთვალეთ და ის რომ ჯარმა დაიგვიანა, გონებოდათ აღარ მოვაო, ჩვენი ჯარი ზოგი იქ იყო და ზოგს კიდევ ვაგზავნიდით, მაგრამ ეს პასუხი მიეცათ: კახეთი სრულ სარათი არისო, ყველგან ჯარი უნდა იდგესო. მარტო კახეთის ჯარი ვერ გავმაგრდებითო, მაშინ აყრილიყვნენ ხიზიყი, სავაჩნაძო და საენდრონიკაანო, აქ კარს მოგვადგნენ, ცოლ-შვილი აქ დააყენეს და ჩვენც იქ წასვლას გვეპატიჯებიან და თვითონაც თავკაცად წასვლას აპირობენ და ჩვენგანაც წაუსვლელობა აღარ იქნება, უნდა წავიდეთ და ამისას თქვენ რას ბრძანებთ. აწე ეს მოგახსენოთ მანდ ზოგი აყრილი კაცი ჩამოსულან და ახლავე ადრე ბატონმა იასაული დააყენოს, ეგენი აყაროს, მაგათმა იასაულმან წამოასხას და საგარეჯოს მოურავს მიაბაროს, რომ ეგენიც სხვას ხიზიყელთან დააყენოთ, თვარემ თუ ეგენი ახლაც არ ააყრევინეთ, სხვანიც ბევრნი წამოვა, ქვეყნის დაცლა არ სჯობს. ბეჯითი კაცი დააყენეთ და გამოგზავნეთ და ერთიც ეს მოვახსენეთ ბატონმა ყადაღით მრავალი ტყვია წამალი უბრძანოს, რომ აქ თელავს მოიტანონ, რომ ჯარისკაცმან თავიანთ ფასით იყიდონ. ტყვია წამლისაც ადრე გამოგზავნა ბძანონ და აყრილის კაცისაც ადრე აყრა სჯობს“.1 ამ დოკუმენტიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობდნენ კახეთის ხელისუფალნი და დარბაისელნი ვახტანგ VI-თან შეთანხმებას და ლეკების წინააღმდეგ საერთო ძალით გამოსვლას. დავით იმამყული-ხანის წერილებიდან ირკვევა, რომ ვახტანგს თავისი ჯარები, საბარათიანოს ლაშქარი, ერასტი ყაფლანიშვილის მეთაურობით 1720 წლის გაზაფხულზე გაუგზავნია კახეთში, რაც ნარატიული წყაროების მონათხრობსაც ადასტურებს: „გაზაფხულს წარმოავლინა ერასტი ყაფლანისშვილი სპითა საბარათიანოსათი, მოვიდა და დადგა კარდანეხს“.2 ამ ჯარმა კახეთში 3-4 თვე დაჰყო. დავითმა ლეკებზე გალაშქრება ჯარის სიმცირის გამო ვერ გაბედა და დამატებითი დახმარება მოითხოვა ვახტანგისაგან: „... მერე მაშინ რომ თქვენის ჯარის რიგთ და რიგით აქ მოყენება გვიბძანეთ და მდივანბეგის ჯარი რომ წამოვიდა მეორეს ჯარის გამოგზავნა მოგახსენეთ. გებძანათ დიდი წყალი არისო, ლაშქარი არ გამოვაო და მის დროს გამოვაგზავნითო, აქამდიც ხომ მუდამ მტერობდნენ, მაგრამ ახლა ძალიანად მტერობა და ქვეყანას ცემა დაუწყეს, ხიზიყს მოვიდნენ სოფლები დაწვეს. იალაღიდან ჩამობრუნდნენ, ღამე გადიდდა და აგრილდა, ახლა ესენი ლაშქრობისაგან აღარ მოისვენებენ და თქვენც მოგეხსენებათ კახეთი ყოვლის მხრისაკენ საცემი არის. აქაური ჯარი ერთს ალაგს ვერ დადგება და ამაში ქვეყანას ძალს უზამენ. ჩვენი ძმა ბატონიშვილი თეიმურაზ ზოგის რასმე ჯარით გავგზავნეთ ქვემო კახეთს და ახლა იქ არის. ამ დროს ჯარი დიაღ ზარური არის და ამხელად ჯარი გვიბოძეთ მუნასიბს ადგილს დავაყენებთ, რომ დიდის ჯარის შეყრამდი ქვეყნები შევინახოთ. სხვას ჩვენს სიტყვას და ამ ქვეყნის ამბავს ეშიკაღას ბაში ზაალ გვიახლებია და ეს მოგახსენებს“.3
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 1445.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 617.
3. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 1438.
დ. მეგრელაძე, „მასალები მე-18 ს-ის 20-იანი წლების ქართლ-კახეთის ისტორიისათვის“. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი 33, გვ. 154-155. მიუხედავად დავითის თხოვნისა, საბარათიანოს ჯარის დაბრუნების შემდეგ, ქართლის ცენტრალურ ხელისუფლებას ვახტანგ VI-ის მეთაურობით აღარ ჩაუთვლია საჭიროდ კიდევ გაეგზავნა კახეთში მაშველი რაზმი, როგორც ჩანს ვახტანგი დროებით ერიდებოდა თავისი სამხედრო ენერგიისა და მარაგის დახარჯვას. იგი გარკვეულ დრომდე ზოგავდა თავის სამხედრო შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ვახტანგი ფიქრობდა, რომ მის წინააღმდეგ აჯანყებული დავითი და შანშე ქსნის ერისთავი კახეთს აფარებდნენ თავს და ამით ეჭვის ქვეშ აყენებდა დავით იმამყული-ხანის მართალ და ერთგულ დამოკიდებულებას მისდამი. კახთა ბატონი კი თავის მხრივ ყოველმხრივ ეფიცებოდა ვახტანგს ერთგულებას და ცდილობდა აქტიურად ჩაება იგი ლეკებთან ბრძოლაში. ყოველივე ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს დავითის შემდეგი წერილიდან ვახტანგისადმი: „... მერე ეს მოეხსენოს თაობითგან თქვენ და ჩვენ რომ მცხეთას შევიყარენით, რაც პირობა მოგახსენეთ ღმერთმან ხომ იცის, მე არც ერთი გამიტეხია, მაგრამ თქვენ ბძანებდით პირობა გამიტეხაო. მას უკან იყო და ჩვენ რომ ხელმწიფეს დავებარებინეთ და მანდ ქალაქს გიახელით და თქვენსა და ჩვენს შუა მოყრობა მოვახდინეთ და ერთი ძმა მყვანდა, ძმაცა და ჩვენი ქვეყანა ყველა თქვენს ხელში ჩამოვაგდევით და მოგაბარეთ, მაგრამ მაშინაც კიდევ ჩვენს პირობა გაუთავებლობას ბძანებდით, ღმერთმან განსაჯოს, რომ არასდროს მე თქვენი ერთობა და პირი არ გამიტეხია, თუ ვისმე თქვენსა და ჩვენს შუა დაშორება ნდომებია არას კაცის სიტყვას არ ავყოლივარ და არც ვისი დამიჯერებია, ახლა იყო საფურცლეს შევიყარენით და რომელიც ხელმწიფის დოვლათისა და ქვეყნების სასარგებლო იყო, თქვენც ის პირობა გვიბძანეთ და ჩვენც მოგახსენეთ და ღმერთმან იცის ჩვენ ის პირი არ გაგვიტეხია და არც გავტეხთ, მაგრამ რამთენჯერ თქვენ ამგვარათ ხელმწიფეს მოახსენეთ და ჩვენ თავი ვიმართლეთ, თქვენ პირობის გატეხაში ჩამიგდეთ თვარემ ახლა ჩვენ ამაზე თავს არას ვიმართლებთ, ქვეყანამ იცის, რომ ქსნის ერისთავის შვილები ყმანი თქვენი არიან და თავის ალაგში არიან. არც არა ჩვენი დასაბრალებელი არის, თუ ჩვენში ეჭვს რასმე იყავით უნდა გებძანებინათ, თუ ასეთი ფიცი მოგვეხსენებინა რომ თქვენი გული შეგვეჯერებინა არაფერი, თუ არა და ხელმწიფისათვის მასუკან უნდა მოგეხსენებინათ. ღმერთმან მაგისთანა ნურა ქნას რა თქვენსა და ჩვენს შუა რომე ამგვარი საქმე ხელმწიფის მოსახსენებელი ეთიაჯი იყოს, რადგან აქ გამობძანდებით და ერთად შევიყრებით ჯერ რომელიც ქვეყნების მაოხრებელი მტრები გვყვანან და ღვთითა და ხელმწიფის დოვლათით იმათ თანბა უყოთ და მასუკან, რომელსაც თქვენ გვიბძანებთ ჩვენ იმას ვიქთ, ჩვენ არასდროს ხელმწიფის ბძანება არ დაგვიგდია და არც დავაგდებთ. სხვა ზეპირი სიტყვა მდივნის გორჯასპის პირით მოგვიხსენებია.“1 ამ დოკუმენტიდან ნათლად ჩანს, რომ ვახტანგ VI დიდი გულისყურით არ ეკიდებოდა დავით იმამყული-ხანის თხოვნას და გარდა ამისა, იგი ხშირად ირანის შაჰის კარზე დავითს ცილსაც სწამებდა და დაუმსახურებელ ბრალდებებსაც უყენებდა.
მიუხედავად ლეკებთან ქართლისა და კახეთის ერთობლივი ბრძოლისადმი ვახტანგის ასეთი ცალმხრივი დამოკიდებულებისა, კახი ბატონი მაინც ყოველმხრივ ცდილობდა აქტიურად ჩაება ვახტანგი ლეკებთან ბრძოლაში. წასაქეზებლად მას ხან შაჰის მოწოდებას ატყობინებდა ქართლ-კახეთის გაერთიანებული ბრძოლების შესახებ და ხან ირანის მბრძანებლისაგან ჯარის მიღებით აიმედებდა. 2 როგორც ჩანს, ირანის შაჰს ქართველების საშველად 1720 წლის ზამთარში მართლაც გამოუგზავნია შირვანის (აზერბაიჯანის) ხანი, მაგრამ შაქს მოსული ხანი ჭარელებს მოუკლავთ. დავითი ამის შესახებ ვახტანგს ატყობინებდა: „... ხელმწიფეს მეორე რაყამი ებოძა, ეს ეწერა საქართველოს ვალსა და შენ, რომ ერევნის ხანის ლეკზე სალაშქროდ გამოგზავნა მოგეხსენებინათო, ერევნის ხანის გამოგზავნა არ ვარჩივეთ და იმის მაგიერ ეთმადავლეს ძმისწული ქალბალიხან გამოვგზავნეთ, შირვანის ბეგლარბეგობა უბოძეთ, იმან შირვანის ჯარი უნდა მოასხასო და ყარაბაღის ხანი თავისს ყოლბეგებით უნდა მოვიდესო და მუღამის ხანი ყიზილბაშიდამ. ეს ჯარები გვიბოძებიაო და ორივ ვალები ჯარით ერთად შეიყარენითო და ლეკს თამბა უყავითო. ღმერთმან ხელმწიფის დღე ერთი ათასად ქნას რადგან თქვენი და ჩვენი მოხსენება გაიგონა და ქვეყანას ყური მიუგდო.
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 1436.
2. დ. მეგრელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 156.
მანამდი ეს ჯარები შეიყრებოდეს ქვეყანას ცარიელს ნუ დააგდებთ, რომ მტერმა ეგების ვეღარა შეიძლოს რა, რადგან რომელიც შერიგებაში ჯარი გვიბძანეთ და ახლაც მოგეწერათ მაგათ ნუღარ დააგვიანებთ ადრე გვიბოძეთ, რომ მღთით ქვეყნები გავამაგროთ“.1
ამრიგად, როგორც ჩანს, დავით იმამყული-ხანი ამ გაერთიანებულ ლაშქრობაზე ლეკების წინააღმდეგ დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ ჭარელებმა ეს იმედიც მოუშალეს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შირვანის ხანიც ჩაება ამ ბრძოლებში და ყველანი გაერთიანებულნი იყვნენ ლეკებთან საბრძოლველად. თვით ირანის შაჰიც კატეგორიულად ითხოვდა, რომ გაერთიანებულ ქართულ ჯარს ერთიანად შეემუსრა ლეკები.
როგორც ზემოთ ვნახეთ, დავით იმამყული-ხანიც ყოველმხრივ ცდილობდა დაეყოლიებინა ვახტანგი ლეკების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისათვის. ლეკების ერთ-ერთი ლაშქობის დროს, როდესაც ისინი პატარძეულს მიუხდნენ, ააოხრეს და უკან გაბრუნდნენ, დავითი ვახტანგს სწერდა: „... რადგან ორსავე საქართველოს ბატონებს შუა ჩამოგვიცვივდნენ თქვენზედაც ასრე ახლოს მოვიდნენ და ჩვენზედაც, თუ ახლა ამათ ასე უხმლოდ გავუშვებთ, სხვას უარესს საქმეს გაბედავენ. ჩვენი ჯარი სულ ამ ნაპირის ალაგის სოფლებში ალაგების გასამაგრებლად დაფანტული გვყავს, ამათაც შემოვყრით, ძალსა და ქომაგს თქვენგან ველით, ქალაქიდამ მომშველებელი ჯარი დღეს აქ ჩვენთან მოაწევს დროიანად და ხვალ ამათი ომი კარგ დროს მოხდება...“.2
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 1434.
2. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 1444.
1721 წლისათვის ლეკების თარეში სენივით მოედო მთელს აღმოსავლეთ ამიერკავკასიას – სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ამიერკავკასიის ხალხთა გაერთიანებულმა ძალებმა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლებში მარცხი განიცადეს, ლეკებს შირვანი დაეჭირათ. შეშინებულ შაჰს ეთიმადოვლეს ძმის მაჰმადხანის მეთაურობით ყიზილბაშთა ჯარი გამოეგზავნა ლეკების წინააღმდეგ საბრძოლველად; მაგრამ საინტერესოა, რომ არც ამ მომენტმა გადააწყვეტინა ვახტანგს აქტიურად ჩაბმულიყო ლეკებთან ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ „ირანის ძმადნაფიცი მაჰმადიანური სახანოები – შირვანის, ერევნის, ყარაბაღის, შემახის და კახეთის მმართველები ქართლის სამეფოს გაერთიანებულ ბრძოლებში სამხედრო ხელმძღვანელობას ვახტანგს სთავაზობდნენ, თქვენის სიტყვის მომლოდინე ვართო, ეუბნებოდნენ“.1
შექმნილი სიტუაციის გამო, როგორც ჩანს, ვახტანგი ამ დროს თავის შეკავებას ამჯობინებდა. ვახტანგის პოლიტიკის ეს ხაზი გაუმართლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ამიერკავკასიის სახანოების ურთიედამოკიდებულებისადმი ანგარიშგაუწევლობამ მას, როგორც ცნობილია, პოლიტიკური მოკავშირის არჩევანში გარკვეული მარცხი განაცდევინა. რუსეთის სახელმწიფოსაგან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაინტერესებამ ვახტანგ VI-ს „რეალური“ მოკავშირე დაანახვა და წააქეზა მასთან სამხედრო კავშირი დაემყარებინა.2 ამ წაქეზებამ ვახტანგს ბრძოლის გეზი შეაცვლევინა. გამოთქმულია მოსაზრება, თითქოს ვახტანგი გაძლიერებულ დაღესტნელებში ირანის წინააღმდეგ მებრძოლ ძალას ხედავდა. დაღესტნელთა წარმატება აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ირანის პოზიციებს შეასუსტებდა და ქართლის მეფის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას ხელს შეუწყობდა.3
1721 წელს ლეკთა თარეშებს კახეთში მეტად საშიში ხასიათი მიუღია. მთელი კახეთი „გალეკების“ საფრთხის წინაშე დადგა. შეშფოთებული დავით კახთა მეფე ვახტანგს ატყობინებდა, რომ ლეკის ძალის წამოტანებისაგან გავაზელთ და ყვარელთ გვიორგულეს, ლეკს მიუდგნენ და კახეთს მტერობა დაუწყეს...“.4
1. მ. ქიქოძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 34.
2. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, გვ. 153.
3. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 411.
4. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, შდ 114.
აღსანიშნავია ასევე დავითის შემდეგი წერილიც: „... ყოველთვინ ამ ქვეყნების ლეკისაგან ძალის წამოტანება და დღე ყოველ ხმალს ქვეშე ყოფნა მუდამ მოგვიხსენებია და მაშინ გავაზელთ და გაღმა მხარის სოფლებს, რომ ლეკთ ლაპარაკი დაუწყეს და ხელმწიფისაგან ჯარის მოშლისა და მას უკან ჯარის მოუშველებლობისა და უიმედობის ხმა შემოუგდეს და ნამეტნავის ძალის წამოტანებით და ზოგი გლეხის კაცის უჭკოობით, ამათაც პირის მიცემა მოინდომეს. ის ამბავი ხომ მაშინვე ხელმწიფესაც მოვახსენეთ და თქვენც შეგატყობინეთ და მოგახსენეთ. ახლა ხომ ამ სოფლებმა პირი მისცეს, მათს ლაშქარში ერეკებიან და როგორც შექი და კაბალა ლეკთ მიუდგნენ და მათს ლაშქარში ერევიან და როგორც იმათთან შირვანს არბევენ, ნახეს რომ იმათ არა გადახდათ რა, ამათაც ისე ქნეს. ლეკნი და ესენი ერთად მუდამ ქვეყანას არბევენ, დღე არ გამოვა, რომ არსად მოუხდენ და ყოველთავე ომი არ იქნას, ხან ჩვენი ჯარიც პასუხს აძლევენ და ზოგან ჩვენს ჯარს გაემარჯვება ხოლმე, მაგრამ ამდენი ომი და ხმალს ქვეშ ყოფნა თქვენც მოგეხსენებათ, კაცისაგან არ გაიძლება და ამაში ამ ქვეყნის კაცი დიაღ შესჯერდა. გლეხმა კაცმა სამუშაოდ ვეღარ მოიცალა და ყანა რაც მომკეს ისინი სწვავენ. აქამდის ჭარელნი, თალელნი და პირიქით ლეკნი ლაშქრობდნენ ...“. ახლა რომ აგრილდა გულხადარის ჯარი ჩამოასხეს, გულხადარა და ესენი ჭარელნი პირაქეთ ლეკნი ერთად დიდი ჯარი შეყარესო და ხოდაშენს, საყდრიონს, სამაყაანოს ერთიანად თავს დაესხნენ, სოფლები დაწვეს მოაოხრესო – განაგრძობს დავით იმამყული-ხანი, – ისინი ეხლა გავაზს დგანანო და „გლეხ კაცს ამას ემოციქულებიან: ჩვენი პირობა დაიჭირეთო და როგორც გავაზს არას უსცოდებთო ისე თქვენ აღარას შეგცოდებთო და ამ მოხდომაში ამავ სიტყვით ბევრნი ელაპარაკნათ, თქვენც მოგეხსენებათ გლეხ კაცს მოკლე ჭკუა აქვს, რასაც თვალით არ ნახავს, მის მეტი არა იციან რა და მერმე მეშველი ჯარი ვერსად ნახეს, მუდამის ბრძოლისაგან შეწუხებულნი დიაღ უიმედოდ გახდნენ და ეჭვს იქით ვართ, რომ რაც გლეხი კაცი დარჩომილა, ესენიც პირს მისცემენ და რახან გლეხი კაცი იმათ პირობას დაიჭერს, ზოგი თავადიც არის, რომ ისინიც მიჰყვებიან და ამაში საქმე უფრო გაძნელდება. თქვენც მოგეხსენებათ, რომ გარჯა და თავის გარდადება ამისგან უფრო აღარ იქნება, რომ მე ხემწიფის სამსახურისა და ქვეყნის მოვლისათვინ თავი არ გადამიდვია, მაგრამ უმეშველოდ ამდენ ხანს მარტო ერთს კაცს ლხინიც შეაჯერებს, არამც მუდამ დღე ხმალი და ომი. ამაში ჩვენ რა გვმართებს ვიცით, რომ ხელმწიფის ერთგული, ჩვენთვის მოყვარე და საიმედოვნო ბძანდებით და რადგან ამდენ გაჭირებას ხედავთ ... ვითაც თქვენს ჭკვასა და სიკეთეს შვენოდეს იმგვარად მოგვეხმარენით ... ეს ლეკნი აქ გავაზს დგანან, რომ აგრილდა აღარ წავლენ და თუ მოშველება დაგვიანდა ბევრი ავი საქმე იქნება...“.1
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 1435; დ.მეგრელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 164-165.
დავით კახთა მეფე, როგორც ამ წერილიდან ირკვევა, კახელი გლეხების ლეკთა მხარეზე გადასვლას „გლეხი კაცის უჭკოობით“ ხსნიდა, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. საერთოდ, როგორც აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს „მრავალი რამ უშლიდა ხელს კახელ გლეხების ლეკებთან გაერთიანებას. ლეკები უცხო ტომისანი იყვნენ და მაჰმადიანები, კახელები კი ქრისტიანები. ლეკი აბრაგები საუკუნეთა მანძილზე განუწყვეტლივ თავს ესხმოდნენ კახეთის სოფლებს, ძარცვავდნენ და იტაცებდნენ გლეხობას და მის სარჩო-საბადებელს. ამიტომ კახელები ბუნებრივია ლეკებს თავიანთ მტრებად სთვლიდნენ ... მაგრამ კახელი გლეხები „ლეკობაში“ „უბატონობას“ ხედავდნენ და ეს კი საბოლოოდ ყოველივე დაბრკოლებას სძლევდა. კახელი გლეხი „გალეკებაში” უბატონობას ეძებდა.1
1721 წლის შემოდგომისათვის ლეკ აბრაგთა თარეშმა ისე იმატა, რომ სრულიად მოედო მაჰმადიანურ სახანოებსა და მთელ კახეთს. იშლებოდა სოფლის მეურნეობა, უძლურდებოდა მწარმოებლური საზოგადოება. თანდათან ძლიერდებოდა ავღანელების შეტევა ირანზეც. მირვეისის ძე შაჰ მაჰმუდს ისპაჰანამდე მიეღწია და ირანის იმპერიის დამხობას აპირებდა. ავღანელებითა და ლეკებით შეწუხებული ირანი შველას ვახტანგ VI-გან ითხოვდა, რის გამოც, იმისათვის რომ დანამდვილებით უზრუნველეყო ვახტანგ VI-ის მხარდაჭერა, შაჰმა 1721 წელს ოფიციალურად ქართლის მეფეს სამხრეთ აზერბაიჯანის სპასალარობა უბოძა, ხოლო როდესაც ლეკებმა თითქმის მთელი შირვანი ხელში ჩაიგდეს ირანის შაჰმა ვახტანგ VI ლეკების წინააღმდეგ ლაშქრობის მოწყობა უბრძანა. ამ ამბით გახარებული კახეთის მეფე დავით იმამყული-ხანიც ჭარელთა წინააღმდეგ ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგა. მან ქართლის მეფეს კახელი ეპისკოპოსები და დარბაისელნი გაუგზავნა, რათა მათ მეფესთან ერთად ლეკების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების გეგმები დაესახათ. ვახტანგმაც თავის მხრივ კახეთზე „მოშველების თადარიგი“ დაიჭირა.
1. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, გვ. 187-188.
1721 წლის შემოდგომისათვის ირანის შაჰის მითითებისთანავე ვახტანგი ლეკების წინააღმდეგ მოწყობილ ექსპედიციაში ჩაება. ვახტანგს კოჯრის საზაფხულო სასახლეში მიართვეს ყაენისაგან ბოძებული საპატიო ნიშნები და სამხრეთ აზერბაიჯანის სპასპეტობა. ქართლის მეფე დიდი ჯარით გაემართა განჯისაკენ, რომელიც ლეკთა მძარცველურმა რაზმებმა დაარბიეს. ქართულ ჯართან ერთად ამ ბრძოლებისათვის გაემზადა სომეხი კათალიკოსი ესაი ჯალალიანცი. სომეხთა რაზმის დახმარებით ქართველებმა ლეკებს ძეგამში, ბაზარში, შამქორსა და ბარდაში შეუტიეს და გამარჯვებულნი, ნაალაფარნი განჯასთან დაბინავდნენ. ხელში ჩაგდებული რკინეულობა, ფარჩა, ტანსაცმელი, ცხენები ჩოლაყის მინდორზე მოაგროვეს. გამარჯვებული ვახტანგ VI-ის ნადავლში 25 ათასი ცხვარი და 9 ათასი მსხვილფეხა საქონელი დაითვლებოდა.1 ვახტანგ VI გარეგნულად შაჰის ბრძანებას ასრულებდა, ირანის იმპერიის ჩრდილოეთით ყმადნაფიცი ქვეყნების დაცვის მიზნით დაღესტნელებზე იერიშის მიტანას არ ერიდებოდა, ამავე დროს მოხერხებულად უკავშირდებოდა ქართველების ე.წ. „აღდგომისა და გამოხსნის“ საქმეს. ქართველები ვახტანგ VI მეთაურობით „გამოხსნაში“ გულისხმობდნენ მაჰმადიანი ქვეყნებისაგან თავის დაღწევას, ხოლო „აღდგომაში“ – საქართველოს ტერიტორიულ გაერთიანებას ქრიტიანული ქვეყნების თანადგომით. შეშინებულმა ლეკებმა, ერთი მხრივ, სრული კაპიტულაცია შესთავაზეს ვახტანგს, მეორე მხრივ, კი შაჰის კარს მიმართეს. მაგრამ ვახტანგის გამარჯვების მოსურნე შაჰის კარზე ძალიან ცოტა ვინმე აღმოჩნდა. ირანის შაჰისათვის ცნობილი იყო, რომ ვახტანგ VI საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსეთთან და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, ირანის ხელისუფლებას გადაუდგებოდა. შაჰმა ვახტანგ VI-თან ბეჟან თოქალთოიანი მიავლინა და ქართლის მეფეს ლეკების წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობის შეწყვეტა უბრძანა. როგორც ჩანს, ირანის შაჰს გააზრებული ჰქონდა ვახტანგის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი უპირატესობა და ესმოდა, რომ „თუ მეფე ვახტანგ ჭარი დაიჭირა, ქვეყანასაც ის დაიჭერსო“.2 შაჰმა ვახტანგ VI აიძულა ლეკების წინააღმდეგ ორგანიზებულ ლაშქრობაზე უარი ეთქვა. თვით ვახტანგს არც ქართველი თავადების იმედი ჰქონდა, რადგან ისინიც ხშირად გადამწყვეტ მომენტში თავისი კერძო ფეოდალური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ და საერთო საქმისათვის მებრძოლ ქართლის მეფეს ღალატობდნენ. ვახტანგი იძულებული გახდა შაჰ ჰუსეინის ბრძანებას დამორჩილებოდა და ქართული ჯარი განჯიდან უკან გაეწვია. ვახტანგმა სპარსეთის დესპანის თანდასწრებით საჯაროდ დაიფიცა, რომ მას ამიერიდან ვერავითარი ძალა ვერ აიძულებდა შაჰის ბრძანებით სპარსეთის სახელმწიფოს დასახმარებლად რაიმე დავალება შეესრულებინა. ვახტანგი თავისი ჯარით თბილისისაკენ გაბრუნდა. 1721 წ. შემოდგომაზე განჯის მისადგომებთან ლეკების დამარცხება და მათი საერთო შესუსტება აღმოსავლეთ საქარველოს თითქოს დიდი ხნის სიმშვიდეს უმზადებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
1. ესაი ჯალალიანცი, ქართლის მეფის ვახტანგის მოსვლა განჯას. „მოგზაური“, 1902, #1, გვ. 63-66.
2. ჩხეიძე სეხნია, ცხოვრება მეფეთა, საქართველოს ცხოვრება, II, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, გვ. 32-33.
წყაროთა ჩვენებით, ლეკების წინააღმდეგ ვახტანგის ლაშქრობის მოშლით ირანის სამეფო კარი ორი ამოცანის გადაჭრას ისახავდა მიზნად: პირველი, „ლეკების პროვინცია დაეტოვებინათ, როგორც საფარი ორ მონარქიას – რუსეთსა და ირანს შორის“.1 მეორე, განეიარაღებინათ ლეკები, რომელნიც ამიერიდან ქართველების შიშით ვეღარ გაბედავდნენ ირანის პროვინციების რბევას. ასევე სამართლიანად მიგვაჩნია დ. მეგრელაძის აზრი, რომ „შესაძლებელია ლეკებზე სალაშქროდ მზადების პროცესში შაჰმა მიიღო ცნობა, რომ ვახტანგმა გეზი აიღო რუსეთისაკენ, რის გამოც შაჰმა ლეკებზე ლაშქრობა ორგულ ყმას ვეღარ ანდო. შესაძლებელია ირანის შაჰი იმასაც ფიქრობდა, რომ ვახტანგი კახეთსაც დაიჭერდა, ქვეყანას გააერთიანებდა და სპარსეთს ქრისტიანულ რუსეთს დაუპირისპირებდა“.2 ამ ფაქტის შესახებ თ. ბოცვაძე სრულიად სამართლიანად აღნიშნავს, რომ „ვახტანგმა „ლეკური“ საკითხის გადაჭრა შეუფარდა პეტრესეულ გეგმებს, რის გამოც მოშალა ლაშქრობა“.3
1. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, გამოც. ივ. ჯავახიშვილის რედაქციით, გვ. 276
2. მ.პაპაშვილი, საქართველოს საგარეო – პოლიტიკური ურთიერთობანი XVIII ს-ის I მეოთხედში, სადისერტაციო ნაშრომი, გვ. 103.
3. თ. ბოცვაძე, საქართველო – დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (XVXVIII სს.). გვ. 137.
როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ირანში ყოფნის დროს, ვახტანგ VI მჭიდრო კავშირი დაუმყარებია ირანში მყოფ რუსეთის ელჩთან – არტემ ვოლინსკისთან, რომელიც თავის მხრივ მაღალ შეფასებას აძლევდა ქართველთა საბრძოლო თვისებებს და ურჩევდა რუსეთის მთავრობას ახლო კავშირი დაემყარებინა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან. ქართველებთან ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ ა. ვოლონსკის ერთ-ერთ პატაკში ვკითხულობთ: „მთელ ირანში საუკეთესო სამხედრო ძალად ქართველთა ჯარი მიმაჩნია. ქართველები ნამდვილი მეომრები არიან. მე გამიგია, რომ საქართველოში ლაშქრის შეკრება 15-20 ათასამდე შეიძლება. ირანში, როგორც წესი, სპასალარებად ქართველი ბატონიშვილები ინიშნებიან. ასევე მეტწილად ქართველებს ნიშნავენ ირანის ჯარში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე.
ადრე, ჯერ კიდევ დიდი შაჰ-აბასის დროს და აგრეთვე ახლანდელი შაჰის სხვა წინაპრების დროსაც, ირანელებს თურქებთან, ინდოელებთან და სხვა ხალხებთან ომებში ყველა გამარჯვება ძირითადად ქართველთა მეშვეობით აქვთ მოპოვებული. ... თუ ქართველი ბატონიშვილები და მათი დიდებულები და აზნაურები ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწევენ, ჭეშმარიტად შეძლებენ არა მარტო სპარსეთის უღლისაგან განთავისუფლებას, არამედ თვით სპარსეთის ტერიტორიის დაკავებასაც“.1 ამ შემთხვევაში რუსეთის ელჩი უფრო რეალურად აფასებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ვიდრე თვით ვახტანგ VI. ქართლის მეფეს მართლაც, უფრო მეტი წინდახედულობა და გონიერება რომ გამოეჩინა და დაეჯერებინა კახეთის მეფეებისთვის – დავით იმამყული-ხანისა და კონსტანტინე მაჰმად ყულიხანისათვის, შეთანხმებულიყვნენ, გაერთიანებულიყვნენ და მოეხერხებინათ ლეკთა წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლა, ვფიქრობთ სულ სხვაგვარად წარიმართებოდა ამ პერიოდში ქართლ-კახეთის პოლიტიკური ისტორია. მაგრამ, სამწუხაროდ, ის ფეოდალური შუღლი და პარტიკულარიზმი, რომელიც ამ დროისათვის საქართველოს ცალკეული სამეფო-სამთავროებისათვის იყო დამახასიათებელი, ვახტანგ VI-ისათვის გადაულახავ ბარიერად იქცა.
1. ბ. სოხვაძე, რუსეთი XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნეში. გვ. 41-42.
ვახტანგის ლეკებზე ლაშქრობის მოშლის შემდეგ კახეთის სამეფოში მეტად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. ვახტანგის უკან გაბრუნებამ კახეთის მოსახლეობას გული გაუტეხა. ვახუშტი ამ ამბავს ასე გადმოგვცემს: „... და იქმნა ჭმუნვა დიდი კახთა შინა, რამეთუ აღიყრებოდიან და ჰყოფდენ ციხე-სიმაგრეთა და გამაგრდებოდიან მათ შინა თელავს, ალავერდს, ლალისყურს, შილდაყვარელს, გავაზს, ვეჯინს, საგარეჯოს, ხაშმს და სხუათა ადგილებთა შინა და ოხრდებოდა ქუეყანა რბევა-კირთებითა“.1
დავით იმამყული-ხანი კი, რომელიც ამ პერიოდში უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, კახეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ვახტანგს აცნობებდა: „ლეკებმა კახეთის სოფლებს ლაპარაკი დაუწყესო, – ხელმწიფემ ქართველი ბატონი ამაზე გააბრუნა, რომ თქვენზე ხელი აიღო და თვალითაც თქვენი გაბრუნება ნახეს და თქვენც მოგეხსენებათ მრავალჯერ მტრისაგან მოთხრილი და შეწუხებული გლეხი ადვილად მოტყუვდა, ამათ ლეკის პირი დაიჭირეს და ლეკს მიუდგნენ. ისინი ქვეყანას მტერობენ და ეს საქმე ხელმწიფის დოვლათის საზიანო და ქვეყნების მოსათხრელი არის“. მთელი კახეთის „გალეკების“ შიშით შეპყრობილი დავითი ვახტანგს წერდა, თუ კახეთს ამ ზაფხულს „მაშველი არ მოუვიდა“ მაშინ „ვინც დარჩომილან და ან ვინც დახიზნულან ესენიც ლეკს პირს მისცემენ და რახან ლეკნი და კახნი ერთ პირს დაიჭერენ, ადერბეჟანს და აქათის სართებს დიაღ ძალს უზამენ და ამათი დამბა ძნელი შეიქმნება და თუ ადრე ამავე ზაფხულს ამათ ქომაგი მოეშველათ, ვინც უკუმდგარნი არიან, ისინიც ადრე გამობრუნდებიან და ლეკის დამბაც გაადვილდება, თუ არა და ქვეყნები განიავდება“.2 დავით იმამყულიხანი ხედავდა რა კარზე მომდგარ საფრთხეს, ვახტანგს შველასა და დახმარებას სთხოვდა, მაგრამ კახეთის მეფისა და მისი თავადაზნაურობის დასახმარებლად წამოსული ქართლის მაშველი ჯარი არსად ჩანდა. აი, ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი კახეთი ლეკთა თარეშებისაგან, როდესაც 1722 წელს კახეთის მეფე დავით იმამყული-ხანი გარდაიცვალა, რომელიც წყაროთა ჩვენებით ირანში – ყუმშია დაკრძალული.
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 618.
2. დ. მეგრელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 163.
დავით იმამყული-ხანის გარდაცვალების შემდეგ კახეთის მოსახლეობის ნაწილს კახეთის მეფედ თეიმურაზ ბატონიშვილი სურდა, ხოლო ნაწილს დავითის გამაჰმადიანებული ძმა – კონსტანტინე მაჰმადყული-ხანი, რომელიც ერეკლე ნაზარალიხანის უკანონო შვილი იყო. დავით იმამყული-ხანის შემდეგ კახეთს დროებით მისი უმცროსი ძმა თეიმურაზ ბატონიშვილი მართავდა დავითის ცოლთან ჯაჰან-ბეგუმთან ერთად. როგორც ვახუშტი გადმოგვცემს დავით იმამყული-ხანს დარჩენია ორი ვაჟი – მაჰმად-მირზა და ალი-მირზა და ერთი ასული.1 ამ პერიოდში, თეიმურაზის მმართველობის დროს, კახეთს შემოესივნენ ლეკები და ააოხრეს თიანეთი. თეიმურაზის სარდლობით ამჯერად კახელებმა შეძლეს ლეკთა ჯარის დამარცხება. ლეკების მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა თავს გაქცევით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ლეკების პირველი და უკანასკნელი ლაშქრობა კახეთში. ისინი ამ ბრძოლის შემდეგაც ხშირად გამოჩნდებოდნენ ხოლმე კახეთში.
1722 წლის გაზაფხულზე, კახეთის მეფე დავით II იმამყული-ხანის გარდაცვალების შემდეგ, ქართლის მეფეს ვახტანგ VI დაუპირებია კახეთის სამეფო ტახტზე თავისი სიძე თეიმურაზი აეყვანა. მას თეიმურაზისათვის წერილიც მიუწერია, რომ არ დაეთმო კახეთის ტახტი ერეკლე ნაზარალი-ხანის უკანონო შვილის კონსტანტინესათვის, მაგრამ თეიმურაზი, როგორც დ. მეგრელაძე ვარაუდობს, „შაჰის რისხვას მოერიდა“2 და ვახტანგის წინადადება შორს დაიჭირა. თეიმურაზის უარს ვახტანგ VI გაუნაწყენებია. ყოველივე ეს კარგად ჩანს თეიმურაზის მიერ გაგზავნილი საპასუხო წერილიდან ვახტანგ VI-დმი, რომელშიც იგი უხსნის თავის ამ გადაწყვეტილების მიზეზს და კახეთში შექმნილ ვითარებას: „... ასე წიგნი გებოძათ, რაც გებძანათ ყველა გავიგონე, ღმერთი მამეცეს თავდებათ, რაც წმინდანი ღთისანი არიან იმათიც მგონებელი ვიქნები, თქვენიმც თავი მამიკვდება და ღმერთმან თქვენი შაუბრალებელი მამკლას, თუ რასაც ჩემს დარბაისელთ – ეფისკოპოზთ ჩემთვის ბატონობა დაეშალოს, ან ჩემის ძმის ბატონობა ერჩიოსთ და იმის მისაცემლად კახეთი მოენდომებინოსთ, თითქმის ჩემის ძმის სიცოცხლეში ჩემთვის უნდოდათ. ამათში გაზდილვარ და ამათგან ნაჭირნახულევი, ესენი მაგას როდის მირჩევდნენ, მაგრამ მე ჩემის გუნებით დავინახე და მივხვდი, რომე გამეგონა და მესმოდა: ორნი ძმანი იყვნენ იმამყული-ხან და მამადყული-ხან, ერთად დაბადებულნი, ერთად გაზდილნი, კურთხეულმა მამაჩემმა კინაღამ იმისის თავაზით კახეთი იმას უშოვა, – უფროსი არისო და დღეს აქამდი სულ შემომწყრალსავით იყო: „ძმისა ბატონობა არ მითავაზო“. მაგრამ ჩემი ძმა კურთხეული იმამყულიხან მშვიდი კაცი ბძანდებოდა და კაის საქმით ამშვიდებდა. ახლა მაგისი რა რჩევა მინდოდა, რომე მამადყულიხანის საწყენს თუ რასმე ვიქმოდი, ან უკითხავს – დამემტერებოდა და ჩემს საქმეს გზას არ წაიყვანდა და ბიზღებითაც არ მომისვენებდა, თუ რგება და მოხმარება შაუძლიან, – დამარცხება უფრო არ შაუძლიან! ერთი ერანში გამოჩენილი კაცი ისიც არის. სიყრმითგან ხელმწიფეს სულ ბეგობაში ყვანდა და ახლა შვიდი-რვა წელიწადია თავის ტახტზე უჯდა. მამაჩემი არ ეძახოდა ნაბიჭვარს, ჩემი ძმა და ხემწიფე ნაბიჭრობით არას პატივს აკლებს, ახლა მე როგორ დაუძახო ნაბიჭვარი და ხმალზედ დაუდგე! აოხრებულის კახეთით რა მაგისთანა ძალი მაქვს... მე ასე მეგონა, რადგან ჩემი უღირსი პატრონი ბძანდებით და მამის ალაგს მოწყალე, ამ ჩემს ნდომასა და ჩემს ძმასთან ჩხუბის ჩამოუგდებლობას მომიწონებდით და თქვენ კი გამწყრომიყავით. თქვენის თავის მზემა, თუ იმან და მე ერთმანეთს ცემა დაუწყევით, თქვენც დიდად შეგაწუხებსთ და ქვეყანაც მამეთხრება. ვეღარც შვილი მოისვენებს და ვეღარც შვილისშვილი. რაღა ვართ, რომე ახლა ჩვენ ერთმანეთს ცემა დაუწყოთ. ორნი ძმანი ჩვენ ვართ და ორის ძმისწული დაგვრჩა. თუ ხელმწიფე არ გაგვიწყრა, ჩვენ რაღანი ვართ ერთმანერთისა, რომელიც გაბატონდება ყველა ერთმანერთის პატრონი ვიქნებით“. 3
1. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 618.
2. დ. მეგრელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 169.
3. დ. მეგრელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 168-170.
თეიმურაზის წერილებიდან ჰუსეინყული-ხანისადმი ანუ ვახტანგ VI-დმი ირკვევა, რომ კახეთის დახმარების მიზნით ლეკების წინააღმდეგ საბრძოლველად ვახტანგ VI გადაუწყვეტია თავისი ჯარით ლილოზე გამოსვლა, მაგრამ ქართლის მეფის ამ გადაწყვეტილებას არც თეიმურაზი და არც კახეთის წარჩინებულნი არ აღუფრთოვანებია, პირიქით, თეიმურაზი უწუნებს სიმამრს ამ გადაწყვეტილებას და სწერს, რომ ვახტანგის ლილოში დგომას და ქართლში ყოფნას ერთიდაიგივე ფასი აქვს, რადგან ქართლის ჯარი, სიშორის გამო, ვერც ლილოდან ვერ მიიტანს ლეკებზე იერიშს: „...თქუენის ჯარისა ლილოზედ გამოსვლა გებძანათ და ჩვენთვის გეკითხათ. კურთხეულის ჩემის ძმის მეფის იმამყულიხანისა და ჩვენი დარბაისელთ, ეპისკოპოზთ მოხსენება და თავის წყენა თქუენთან ყოველთვის ეს არის, – თქუენ ჯარით გამობძანდეთ და ჩვენს ქვეყანას უშველოთ და მტერი გაგვილახოთ. თქუენის გამობძანდების იმედით აქანამდინ გვიყენებია ქვეყანა. მიზანი იყო, თუ მოსახლე ვინმე სახლობს, თქუენი გამობძანება რომ ესმოდა, ბატონის ჩემის ძმის სიცოცხლეშიაც დიდს ზურგსა და იმედს აბამდა და ამდენი ჭირი გასძლეს. თქუენგან და თქუენის დიდის ჯარით გამოსვლის უკეთესი არა იქნების რა, რომე არ გათავებულს ქვეყნებსაც თავის ალაგს დაყენებს და მტერსაც დასჩაგრავს და ძალას მოუშლის... ბატონი, ხომ გონიერად გასინჯავს, კიდეც მოხსენებია და კიდეც თვალითაც უნახავს კახეთის გაოხრება და მტრისაგან წახდენა ... კახეთის შიგნით სოფლები რომ გალეკდნენ იმათიც ასეთი ფიქრი გვაქვს, ღვთითა და თქუენის ბედნიერობით, რა მაგათს გამობძანებას და კახეთის მოშველებას შეიტყობენ, ისინიც ჩვენკენ მოიწევენ და ვისაც გალეკებისა და აყრის ფიქრი აქვს, ისინიც ამ კახეთის ალაგს ვეღარ დაგიდებენ, ვეღარც გალეკდებიან, ზოგი შიშით და ზოგი იმედით და ზურგის მობმით. მაგრამე ბატონსაც მოეხსენება, ლილოზედ ჯარის დადგომა შიგნით კახეთის ალაგებს არას არგებს, ამიტომე რომე, რადგან გალეკებული სოფლები არიან იმათ თავიანთ ალაგებში ლეკნიც ყუანან ზოგი რამ და რა ამას დაინახავს ჯარი შორს დგასო, საცემლად ვერ მოგვწვდებაო, სოფლებს ცემას დაუწყებენ. ლილოზე დგომა ამიტომე ყოველს ალაგზედ შორს იქნება, თორემე სადაც თქუენს ტახტზედ ბძანდებით მანდიდამაც დიდი იმედები ესმით და ამ ალაგებს კიდემ ის აყენებს, თორემ თქუენი ლილოზედ დგომა როგორ ქვეყანას არ მოაბრუნებს. ერთი ესეც არის ლილოზედ მდგომი ჯარი განჯას და სხვა ყიზილბაშების ალაგებს არას არგებს, რადგან ჩვენც და ჩვენს ალაგებსაც მაგ წყალობას უზამთ და გამობძანდებით, ასეთს ალაგს მობძანდით, რომე კახეთსაც არგოთ და ყიზილბაშის ქვეყნებზედაც სამოყროდ ბძანდებოდეთ. ჩვენთვის დიდი წყალობა და ქვეყნისათვისაც სამჯობინარო იქნება.“1
1. დ. მეგრელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 170-171.
წერილებიდან ირკვევა, რომ დავით იმამყული-ხანის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზი თავისი ძმის საქმეებს აგრძელებდა კახეთში. თეიმურაზ ბატონიშვილიც ისევე, როგორც დავითი, ვახტანგს ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში ჯარით დახმარებას სთხოვდა, როგორც კახეთის, ისე „განჯას და სხვა ყიზილბაშის ალაგების“ დასაცავად. მაგრამ ვახტანგს კახეთის და ყიზილბაშების ქვეყნის დაცვა არაფრად აინტერესებდა, იგი პეტრე დიდთან ერთად სალაშქროდ ემზადებოდა და ალბათ ქართლის ჯარსაც ამისთვის ზოგავდა და უფრთხილდებოდა.
საერთოდ, XVIII ს-ის I მეოთხედში ივ. ჯავახიშვილის აზრით „რუსეთს სპარსეთში განსაკუთრებით ეკონომიური ინტერესები ჰქონდა. პეტრე დიდს უნდოდა, რომ სპარსეთის ვაჭრობა რუს ვაჭრებს ჩაეგდოთ ხელში და მთელი აბრეშუმი სპარსეთითგან რუსეთში ყოფილიყო შეტანილი. სპარსეთის ეკონომიურად ხელში ჩაჭერა რომ უფრო გაადვილებულიყო და შემდეგ უფრო ვრცელი პოლიტიკური ზრახვის განხორციელება შესძლებოდა, პეტრე I გადასწყვიტა, კასპიის ზღვის მიდამოები ამიერკავკასიაში ჯერ თავის მფარველობის ქვეშ მოექცია, შემდეგ ქვეყანა დაეპყრა და შიგ რუსი ჯარისკაცები ჩაესახლებინა. ავღანელთა მიერ სპარსეთის დაპყრობის შიშმა თითქოს დააჩქარა ამ წადილის განხორციელება. ამ იდუმალი გეგმის ასასრულებლად რუსეთისათვის საქართველოს სამეფოს სამხედრო დახმარება იყო საჭირო. ამიტომ პეტრე დიდმა გადასწყვიტა საქართველო და მეფე ვახტანგიც ჩაერია ამ საქმეში და რუსეთის სასარგებლოდ გამოეყენებინა. პეტრე I სწორედ ამგვარი საიდუმლო დავალებით 1720 წ. 22 მარტს არტემ ვოლინსკი ასტრახანში გუბერნატორად გაისტუმრა. მას ვახტანგ VI უნდა დაერწმუნებინა, რომ პეტრე I მისა და ქრისტიანებისადმი უაღრესად კეთილი განწყობილებით არის გამსჭვალული, და თანაც დაეიმედებინა, რომ რუსეთის ხელმწიფე მას მაჰმადიან ძლიერ სახელმწიფოებისაგან მფარველობას გაუწევდა.
რუსეთის სახელმწიფოს ელჩმა ისე ოსტატურად მოაწყო და მოაჩვენა საქმე ქართველებს, თითქოს პეტრე I შეეტყოს ვახტანგ VI-ის გაჭირვებული მდგომარეობა, მისი შველა და დახსნა სდომნოდეს სპარს-ოსმალთა კლანჭებისაგან და სწორედ ამიტომ აპირებდეს იგი სპარსეთის წინააღმდეგ ამხედრებას. მეფე ვახტანგმა და ქართლის სამეფოს გავლენიანმა წრეებმა ეს დიპლომატიური ხრიკები სინამდვილედ მიიჩნიეს. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ძლიერ ქრისტიან ხელმწიფეს გულში სხვა რამე იდუმალი ზრახვა ექნებოდა და ვახტანგ VI დარწმუნებული იყო კიდეც, რომ რა წამს იგი პეტრე I და რუსთა ჯარს მიემხრობოდა, პეტრეც თავის მხრივ მის მეთაურობით საქართველოს მტრის წინააღმდეგ გაილაშქრებდა.1
როდესაც ეს საკითხი სახელწიფო დარბაზში ირჩეოდა, ყველა დარბაისელნი არ იყვნენ ამ სამხედრო გეგმის მომხრენი. პირიქით, ზოგი საღი შორსგამსჭვრეტელობით ამტკიცებდა კიდეც, რომ ამ ომში ჩარევა საქართველოსთვის ფრიად სახიფათო და სწორედ დამღუპველი ნაბიჯი იქნებოდა, რომლითაც ქართველთა მრავალრიცხოვანი გარეშე მტრები ისარგებლებდნენ და რუსთა ჯარის ამიერკავკასიაში მოსვლამდის ჩვენს ქვეყანას ააოხრებდნენ: „მაგრამ მტერნი შეგვიტყობენ, ყველა ჩვენზედ წამოდგების. ვინემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გარდაგვხვდების“.2 მაგრამ მეფე ვახტანგი ისე იყო გატაცებული რუსთა ხელმწიფის წინადადებით, რომ არავითარი ეჭვიც არ ებადებოდა და ღრმად დარწმუნებული იყო, რომ პეტრე I-თან თანხმობრივი სამხედრო მოქმედება საქართველოს ბედნიერებას მოანიჭებდა. ამიტომ ის და მისი თანამოაზრე დარბაისელნი დაუყონებლივ გალაშქრების მომხრენი იყვნენ.3
ამასობაში, სანამ ვახტანგ VI ქართლში პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა, გიულნაბადთან 1722 წლის 8 მარტს დამარცხების შემდეგ ირანის შაჰმა კახეთის ტახტი სამართავად თეიმურაზ ბატონიშვილის უფროს ძმას, გამაჰმადიანებულ მაჰმადყული-ხანს, იგივე კონსტანტინეს მისცა, რომელიც ირანში ავღანელების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა. ამავე დროს შაჰმა მას ერევანი, შამშადილუ და ყაზახიც უწყალობა. მართლაც, კონსტანტინეს მიერ 1722-1723 წლებში გაცემულ საბუთებში იგი თავის თავს იხსენიებს, როგორც „კახეთის მპყრობელს, ყარაბაღის ბეგლარ-ბეგს, შამშადილუსა და ყაზახის ხანს“ (სცსსა, ფ. 1450, დ. 32, ს. 303; ფ. 1450, დ. 32, ს. 307; ფ. 1450, დ. 53, ს. 116; ფ. 1448, ს. 126; ფ. 1449, ს. 106 და სხვა).
1. ივ.ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში. 2006 წ., გვ. 8-9.
2. იქვე, გვ. 9. დ.გურამიშვილი, თხზულებათა სრული კრებული, 1980 წ., გვ. 91.
3. ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 9.
ქართულ ისტორიოგრაფიაში კონსტანტინე (მაჰმადყულიხანი) კახთა მეფის შესახებ სხვადასხვა თვალსაზრისია გამოთქმული. მას უმეტესად უარყოფით პიროვნებად წარმოგვიდგენენ.1 მისი ასეთი უარყოფითი შეფასება ძირითადად გამომდინარეობს ქართლის მეფე ვახტანგ VI-თან მისი ურთიერთდამოკიდებულების გამო. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მას დადებით პიროვნებადაც გვისახავს.2 ჩვენის აზრით კი, საჭიროა მისი პიროვნება მთლიანობაში, ობიექტურად იქნეს შეფასებული მთელი მისი მოღვაწეობით და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდეს შესაბამისი დასკვნა.
ვახუშტი ბატონიშვილი კონსტანტინეს ასე ახასიათებს: „იყო ესე მაჰმადყული-ხან ფრიად მაჰმადიანი, ლაღი და ამაყი, მდიდარი და მესისხლე, რამეთუ არა რიდებდა მცირესა ზედა კაცთა სიკუდილსა“.3 თ. კრუსინსკის მიხედვით, ვახტანგსა და კონსტანტინეს შორის ჯერ კიდევ ირანში ჩამოვარდნილა მტრობა. ამის მიზეზად ავტორი ასახელებს იმას, რომ 1711 წელს ავღანელებთან ბრძოლაში დაღუპულმა ქაიხოსრომ მასთან მყოფ მისიონერს ამბროჯიო მილანელს გადასცა თავისი საგვარეულო ძვირფასეულობა და როცა ის ყანდაჰარში დაიღუპა, კონსტანტინემ ამ მისიონერს ყველაფერი წაართვა. სწორედ ეს გახდა ვახტანგსა და კონსტანტინეს შორის მტრობის მიზეზი.4
ვახტანგმა განჯაში ლაშქრობამდე კონსტანტინესთან მოსალაპარაკებლად და შესარიგებლად სეხნია ჩხეიძე გაგზავნა. კონსტანტინემ „დაიფიცა ფიცითა საშინელითა და აახლო მეფეს ვახტანგს საფიცარი და რათა ერთმანეთისათვინ იყვნენ და შეყრა ერთმანეთისა“.5
1. გ. ნატროშვილი, ისტორიულ-ლიტერატურული ძიებანი, ჟურნალი “მნათობი”, 1976 წ., #1. მ. ქიქოძე, ვახტანგ VI-ის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, 1988 წ.
2. სვანიძე მ., დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი. ჟურნალი „მნათობი“, 1980 წ., #12.
3. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 619.
4. მ.პაპაშვილი, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობანი XVIII ს-ის I მეოთხედში, სადისერტაციო ნაშრომი, გვ. 131-132.
5. საქართველოს ცხროვრება, ახალი მოთხრობა 1469 წლიდან 1800 წლამდე. ზ. ჭიჭინაძისა გამოცემა, გვ. 33.
ვახუშტის ცნობით, რუსეთის ჯართან შესაერთებლად განჯაში ლაშქრობამდე, ვახტანგმა ყაზახი უწყალობა ყაზახის ხანს, მაგრამ იქ კონსტანტინე იდგა და ვახტანგს აცნობა: „რამეთუ ჩემდა მოცემულ არს ყაზახი ყეენისაგან, აწე ჯერ არს თქვენგანცა არა მიხმად იგი. არამედ მე მოგცნე სპანი მისნი“. კონსტანტინეს ვახტანგი დაეთანხმა და დათქვეს შეხვედროდნენ ერთმანეთს გატეხილ ხიდზე.1 მეორე ადგილას კი ვახუშტი წერს: „ამისთვის ჰყვეს პირი მტკიცე ორთავ, რათა შეკრბნენ ხუნანს, ზავისა და სიმტკიცისათვის. ხოლო მოვიდა რა ვახტანგ სპითა ხუნანს, წარემართა მისვლად მაჰმად-ყულიხანცა; ამას მოგზაურს მოერთვა წიგნი იესესი და რომელთამე ქართველთა, რათა არა მოვიდეს ვახტანგისა თანა: „რამეთუ გიდგებისო ღალატად სიკუდილსა“.2
როგორც ჩანს, ვახტანგი და კონსტანტინე შეთანხმების მომხრენი არიან. მათ შორის სადავოდ გადაქცეული ყაზახის გამო შეხვედრის ადგილიც დაინიშნა, მაგრამ ვახტანგის რენეგატი ძმის – იესეს წერილმა კონსტანტინეს ვახტანგთან შეხვედრა გადააფიქრებინა. ძნელია ითქვას, რა შედეგი იქნებოდა მიღწეული ამ ორი სხვადასხვა ორიენტაციის მქონე მეფის შეხვედრა რომ შემდგარიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ფეოდალური შუღლი და დაქუცმაცებული ქვეყნის ბუნება გადაულახავ სიმაგრედ აღემართა წინ ამ ორი მეფის გაერთიანების საქმეს საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამრიგად, იმ დროს, როცა ირანის შაჰი ვახტანგს აზერბაიჯანის სპარსული ჯარის სპასალარობას აძლევდა და შირვანის დაჭერას ავალებდა, კახეთის მეფედ კონსტანტინეს გამოცხადება, ყაზახის, შამშადილუს და ერევნის მისთვის გადაცემა იქითკენ იყო მიმართული, რომ ეს ორი მეფე შაჰის ერთგულების გზას არ ასცდენოდა და ასევე საშუალება არ მისცემოდათ ქართლ-კახეთის ჯარის გაერთიანებისა.
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 500.
2. იქვე, გვ. 619.
კახეთის სამეფოსა და ქართლის ასეთ ურთიერთობაზე თავის მხრივ გავლენას ახდენდა ამ პერიოდში შექმნილი რთული საერთაშორისო ვითარებაც. სწორედ ამ ხანებში (ე.ი. XVIII საუკუნის I მეოთხედის დასასრულს) საერთაშორისო ურთიერთობა წინა აზიაში კრიტიკული შეიქმნა. განვითარების უნარდაშრეტილი სეფიანთა ყიზილბაშური სახელმწიფო სიკვდილის პირას იყო მისული. მის მიერ დაპყრობილი ხალხები განმათავისუფლებელ ომს იწყებდნენ – აღმოსავლეთში ავღანნი აჯანყებულიყვნენ, დასავლეთში ქართველები ურჩობდნენ. გარეშემო სახელმწიფოები კი დასუსტებული მეზობლის ნაქონების მისატაცებლად ემზადებოდნენ. განსაკუთრებით ოსმალეთი აქტიურობდა.1
ნ. ბერძენიშვილის სიტყვით „ერანის პოლიტიკური დასუსტებით დაღესტნელებმა დრო იშოვეს და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ქვეყნებს საძარცვავად მოედვნენ. შარვანი, შაქი, ყარაბაღი და შორეული არაზს გაღმართიც კი არდაველამდის დაღისტნელ აბრაგთა სათარეშოდ იქცა. მეორეს მხრით, დაღესტნელებმა „გაღმამხრელ ლეკებთან“ ერთად გადმოლახეს კახეთი და ქვემო ქართლს შემოუტიეს... დაღესტნელების ასეთ მოქმედებას ოსმალეთი მფარველობდა, რომელიც აღმოსავლეთ ამიერკავკასიის დასაპყრობლად ნიადაგს დაღისტნელთა საშუალებით იმზადებდა.2 ერანის თავგზააბნეული მთავრობა დაღისტნელ მოთარეშეთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციას ვერ ახერხებდა.
დაღისტნის მეზობელი სახანოები ამ საქმისათვის უვარგისნი ჩანდნენ: ზოგი სუსტი იყო, ზოგს კიდევ შაჰი არ ენდობოდა. ერანის შაჰმა დაღისტნელთა წინააღმდეგ ლაშქრობა ისევ შირვანის ხანს უბრძანა, მაგრამ როგორც დავინახეთ, „ლეკებმა“ ხანი დაამარცხეს, მოკლეს და თვით შირვანიც (შამახიით) დაიჭირეს. ამაზე ადრე კი, 1721 წლის აგვისტოში, დაღისტნელ ფეოდალთა – დავით ბეგისა და სურხაის აჯანყება ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ საბედისწერო შეიქმნა. მათ თავი ოსმალეთის ქვეშევრდომებად გამოაცხადეს, შეესივნენ შემახას, დასწვეს და დიდი ზარალი მიაყენეს ქალაქს. შემახის აღების დროს დაღესტნელებმა რუსი ვაჭრები გაძარცვეს და 50000 მანეთის საქონელი გაიტაცეს. ეს ფაქტი „კასპიისპირეთის ლაშქრობის“ დაწყების უშუალო საბაბი გახდა.3
1. ნ. სოლოღაშვილი, კახეთის სამეფო კონსტანტინე მაჰმადყული-ხანის მეფობის პერიოდში (1722–1732 წწ.) გვ. 10.
2. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი III, გვ. 273.
3. მ. ქიქოძე, ვახტანგ VI-ის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, გვ. 41-42.
1722 წლის მაისს რუსეთის იმპერატორი პეტრე I კასპიისპირეთისკენ დაიძრა. მას თან ახლდნენ საიდუმლო მრჩეველი ი. ტოლსტოი და გენერალ-მაიორი აპრაქსინი. 1722 წლის ივლისში პეტრე I ასტრახანს შეჩერდა და აქედან ბორის თურქესტანოვის პირით ვახტანგ VI შემოუთვალა, რომ „ის მალე სპარსეთის საზღვრებს მიადგება და ამიტომ მეფე საჩქაროდ ლეკებს უნდა დასცემოდა, ამასთანავე თავის დაწყობილ ლაშქრითურთ სპარსეთს შეჰსეოდა და იქ მოეცადა, სანამ პეტრეს მოსვლის შესახებ ცნობები მოუვიდოდა, თუ სად შეყრილიყვნენ ერთად“.1 ამასთანავე პეტრე I ბაადურ თურქესტანიშვილს ვახტანგ VI-თან იმასაც აბარებდა, რომ „თურქული გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისათვის არაფერი დაევალებინათ: თქვენთან მცხოვრები ქრისტიანები, რომელნიც თურქული ქვეშევრდომები არიან, არავითარ ამოძრავებას არ უნდა დავუმორჩილოთ“.2 პეტრე I სამხრეთისაკენ გამომგზავრება ცხადია ვახტანგ VI დიდ იმედებს უსახავდა. იგი იმდენად აღუფრთოვანებია პეტრე პირველისაგან მიღებულ ცნობას და იმდენად ყოფილა პეტრე I წარმატებაში დარწმუნებული, რომ პ. ბუტკოვის ცნობით, ვახტანგ VI სწორედ ამ დროს ხელახლა საჯაროდ მიუღია ქრისტიანობა: „Приниал вновъ публично христианскую веру в сугубое доказателъство преданности своему Российскому престолу ...“.3 თუმცა, როგორც ჩანს, ვახტანგ VI ამ დროს ქართლის სამეფო კარზე მოწინააღმდეგენიც ჰყოლია, „მაგრამ რაკი მეფე თავისას არ იშლიდა, მოწინააღმდეგე წინდახედულმა ჯგუფმა ურჩია მეფეს რუსთა ხელმწიფისათვის მხოლოდ ფარული დახმარება გაეწია და მარტო პატარა ლაშქრით საიდუმლოდ წასულიყო პეტრე I მისაშველებლად. მაგრამ ვახტანგ მეფემ არც ეს ისურვა: პეტრე I-ს მისივე მოციქულის პირით თანხმობა შეუთვალა და მზადებას შეუდგა.4
1. ივ.ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში. გვ. 9-10.
2. გ.პაიჭაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, გვ. 92.
3. Бутков П. Г. Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 гг. გვ. 51.
4. იქვე გვ. 16. ივ.ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში. გვ. 9.
ამის შემდეგ ვახტანგ VI, მიიღო თუ არა ცნობა ერანის ყმადნაფიც ქვეყნებში რუსის ჯარის შემოსვლის შესახებ, მაშინვე 30000-იანი ქართული და 8000-იანი სომხური ჯარით განჯისაკენ გაემართა, რათა რუს ლაშქართან ერთად ერევნისაკენ დაძრულიყო. მაგრამ ვახტანგის განჯაში დგომის დროს, როგორც ცნობილია, სრულიად მოულოდნელი ამბები დატრიალდა. რუსის ჯარი მას ვერ შემოეგება. აგვისტოს ბოლოსათვის რუსეთის ფლოტილია ქარიშხალმა გაანადგურა. ამ მიზეზით 1722 წლის სექტემბერში რუსეთის მთავრობამ მოშალა „კასპიისპირეთის ლაშქრობა“ და ჯარი ასტრახანისკენ გაიწვია.1 ვახტანგის განზრახვა, რომ რუსეთზე დაყრდნობით ირანის ვასალური დამოკიდებულებიდან თავი დაეღწია, განუხორციელებელი დარჩა.
ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ იმ დროს რუსეთი სპარსეთისადმი დამოკიდებულებაში მხოლოდ იმ ეკონომიური გამორჩენის თვალსაზრისით ხელმძღვანელობდა, რომელიც პეტრე I, მხოლოდ თეორიულად, გეგმის მიხედვით ეხატებოდა. მაშინ რუსეთს იმდენად მოჭარბებული ეკონომიური ძალა არ ჰქონდა, რომ მისთვის სპარსეთის ბაზარი სააღებმიცემო ასპარეზად აუცილებლად საჭირო ყოფილიყო. სპარსეთში იგი თავისი მრეწველობის ნაწარმოების გასაღებისათვის კი არ შედიოდა, არამედ მხოლოდ უბრალო სავაჭრო შუამავლობის მიზნით.
ამგვარი პირობების გამო პეტრე I-თვის და რუსეთისათვის სპარსეთთან ომი პირველხარისხოვანი, აუცილებელი მოვლენა არ ყოფილა. ამიტომაც არის, რომ პირველივე დაბრკოლების შემდგომ, რომელიც რუსთა ხელმწიფის გეგმის განხორციელებას გადაეღობა, მან ამ საქმეს უყოყმანოდ თავი დაანება და შინ დაბრუნდა. სულ სხვა მდგომარეობაში იყო საქართველო: მისთვის რუსების მიმხრობა და ომში მონაწილეობა სპარსეთის წინააღმდეგ იმდენად საბედისწერო და თავგანწირული ნაბიჯი იყო, რომ თუ რუსეთის ხელმწიფე ამ ომს წააგებდა, საქართველოს პოლიტიკური არსებობა უკიდურეს განსაცდელში უნდა ჩავარდნილიყო, – მას უკან დასახევი გზა აღარ ექნებოდა და ხსნა არსაითგან იყო მოსალოდნელი.2
1. Бутков П. Г. Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 гг. გვ. 30-31. გ. პაიჭაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 98-99.
2. ივ.ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში. გვ. 10.
„აღმოსავლეთის ქრისტიანთა მფარველი“ ხელმწიფე პეტრე I ამ გარემოებას ოდნავაც არ შეუფიქრიანებია და ამის გამო გადაწყვეტილება არ შეუცვლია. მეფე ვახტანგი 40000 ქართული ჯარითურთ იდგა და უცდიდა „ქრისტეს მოყვარე“ სახელმწიფოს და ვერ გაეგო თუ რატომ „შეი ქმნა დ აყო ვნება ხელმწიფისა“ .1 დაპირებული თანხმობრივი სამხედრო მოქმედების მაგიერ სპარსეთის წინააღმდეგ პეტრე I ვახტანგ მეფეს თავისი დესპანი გამოუგზავნა, რომლის პირითაც მეფეს ურცხვად ურჩევდა საქმე განეგრძო: თუ გაიმარჯვებ, მაშინ დიდად მოიგებ, იმიტომ რომ ურწმუნოთა ბატონობისაგან განთავისუფლდები და ჩვენგანაც იქაურ ქრისტიანებზე უფლება მოგეცემაო. რუსთა ხელმწიფე მეფე ვახტანგს თითქოს იმ ცნობით ანუგეშებდა, რომ იგი ამ საქმეს სრულებით თავს არ ანებებდა და მომავალში ამ ომისათვის კვლავ მზადებას შეუდგებოდა.2
მხოლოდ ამის შემდეგ გაიგო მეფემ დაყოვნების ნამდვილი მიზეზი, რომ „თურმე ხელმწიფე აშტარხანიდამ დაბრუნებულიყო“ თავის ქვეყანაში. მაშინ კი დარწმუნდა ვახტანგ მეფე რომ ლაშქრობის მოწინააღმდეგე დარბაისელნი მართალნი იყვნენ. „შეექმნა მეფეს ჭმუნვა დიდი“, მაგრამ რაღა დროს.3 „საქმე გაცილებით უფრო ცუდად დატრიალდა, ვიდრე ომის მოწინააღმდეგე დარბაისლებს ჰქონდათ გათვალისწინებული. მათაც კი ფიქრად არ მოსვლიათ, რომ რუსთა ხელმწიფე თავის სიტყვას არ აასრულებდა და განრისხებულ მტრებს საქართველოს უმწეოდ მიუტოვებდა. სანამ პეტრე I ვახტანგ მეფეს შეაცდენდა და საბედისწერო ნაბიჯს გადაადგმევინებდა, ოსმალეთი არზრუმის ფაშის პირით ვახტანგ VI მფარველობას ჰპირდებოდა, ოღონდ ისე რომ სპარსეთის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობა არ მიეღო და რუსეთს ცხადად არ მიმხრობოდა. მაგრამ რაკი ოსმალეთმა დაინახა, რომ რუსეთი სპარსეთის დაპყრობას ლამობდა და ქართველებიც მათი მოკავშირენი იყვნენ, რუსების შიშით დაიძრა და ჯერ ერევნითგან თავრიზამდის მთელი ქვეყანა დაიჭირა, ხოლო შემდეგ თვით საქართველოს წინააღმდეგაც გამოილაშქრა.
1. ჩხეიძე სეხნია, „ცხოვრება მეფეთა“ საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, გვ. 34
2. Бутков П. Г. Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 гг. გვ. 31-32.
3. ჩხეიძე სეხნია, დასახ. ნაშრომი, გვ. 34.
მეორეს მხრით განა სპარსეთს კი შეეძლო საქართველოსთვის მისი მოქმედება ეპატიებინა? სპარსეთის შაჰს ვახტანგ მეფეზე მოახსენეს: ის იმდენად „არის მტერი შენი„, რომ „ეყმო ხელმწიფესა რუსეთისასა“ და „ამოსწყვიტა რჯულისა შენისა მოსავნიო“. საქართველო გადიდებისა და გაძლიერების მაგიერ მტრის სათარეშოდ გახდა: ქართლი აოხრდა და ოსმალებს ჩაუვარდათ ხელში, ლეკებმა ხალხს ძარცვა-გლეჯვა დაუწყეს“.1
როგორც ჩანს, ქართლის მეფემ ვახტანგ VI, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი, კულტურული და ეკონომიკური აღორძინებისათვის უდიდესი დაუღალავი შრომა ჰქონდა გაწეული და ქვეყნის აღმშენებლობითი მუშაობით იყო გატაცებული, ვერ შეძლო იმდროინდელი საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობის რეალური შეფასება და ქართლისათვის საჭირო სწორი გადაწყვეტილების მიღება. თითქოსდა ვახტანგის მიერ დაკავებული ასეთი პოზიცია, ერთი შეხედვით, გამართლებული იყო, მაგრამ კონკრეტულ ქმედებას უფრო ღრმად სჭირდებოდა განჭვრეტა, რაც ვერც თვითონ ქართლის მეფემ და ვერც იმდროინდელმა ქართველმა მოწინავე პოლიტიკურმა ელიტამ ვერ მოახერხა. განჯაზე ვახტანგის ლაშქრობის შემდეგ ქართლის სამეფო მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: თუმცა მან ირანის შაჰისაგან თავი გაითავისუფლა, სამაგიეროდ თურქეთის ხონთქრისაგან მიიღო მუქარა და კახი ბატონი კონსტანტინე მაჰმადყულიხანიც აიმხედრა. ქართლში შექმნილი მდგომარეობის გამო, 1722 წლის სექტემბერში, თვითონ ვახტანგ მეფე სწერდა პეტრე დიდს: „... ამ საქმით ყეენიც დაგვემდურა, კახი ბატონიც აგვეშალა და ხონთქარიც წყინობს და იმუქრების ...“2
1. ივ.ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში. გვ. 11.
2. Броссе Мари, Переписка на инастранных языках грузинских царей с Российскими государями с 1659 по 1770 гг. Стр. 141-142.
განჯაზე ვახტანგის ლაშქრობის მოშლის შემდეგ ქართლსა და კახეთში კიდევ უფრო გაძლიერდა დაღესტნელი და ჭარელი აბრაგების თარეში. ჩვენის აზრით, ყველაფრის გათვალისწინება მაშინ ვახტანგს მართლაც არ შეეძლო, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება მართებდა კახთა მეფის სწორი პოზიციისადმი. იმ დროს, როცა დაღესტნელები საბოლოოდ მკვიდრდებოდნენ მდინარე ალაზნის გაღმა ნაპირზე, განჯაში დიდძალი ჯარით მყოფ ვახტანგს კახეთთან თანხმობის გზით შესაძლებელია მართლაც მოეხერხებინა ოსმალთათვის გზის ჩაკეტვა ქართლის მისადგომებთან... ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, მეფე ვახტანგმა მის ხელში და მისსავე კართან მყოფი ძალები სათანადოდ ვერ შეაფასა.
სამაგიეროდ კახეთის მეფეების მთელი მცდელობა ამ პერიოდში იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთ-ირან-თურქეთის ურთიერთობათა დაპირისპირებისას თითოული მათგანისათვის კახელი ხელდებულის ერთგულება-მორჩილება ჩვეულებრივზე უფრო ძვირად დაფასებულიყო და ამით მეტ-ნაკლებად ხელი შეეწყოთ კახეთის მშვიდობიანი ცხოვრებისათვის. ე.ი. კახთა მეფე რუსეთთან, თურქეთთან თუ ირანთან ურთიერთობისას ყოველთვის იტოვებდა უკან დასახევ გზას, რაც მას საშუალებას აძლევდა ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი თავისი თავიცა და ქვეყანაც გამოეყვანა მდგომარეობიდან. სწორედ ასეთ პოზიციას ადგა ვახტანგ VI-ის თანამედროვე კახთა მეფეც კონსტანტინე მაჰმადყული-ხანი. ამის დამადასტურებელია მისი მიმოწერა რუსეთის სამეფო კართან 1724-1725 წლებში. ასე მაგალითად: კონსტანტინემ იცის, თუ რას ნიშნავს „ხელმწიფეთ ხელმწიფის (პეტრე I) დიდისა და ძლიერის ლაშქრისა და სარდლის აქათ მობრძანება“,1 მაგრამ მასთან უფრო ახლო ურთიერთობისაგან მაინც თავს იკავებს, ვიდრე ხელმწიფის ეს უძლეველი ლაშქარი მისი ქვეყნის სიახლოვეს არ მობრძანდება.2 კონსტანტინეს მიერ მიწერილი ის წერილი კი, სადაც აღნიშნულია, რომ „ხელმწიფის სამსახურზედ კაცი გამოვგზავნე, საქართველოს ამბავი მოვახსენე, მაგრამ მტრის შიშით და გზის სიძნელით, ჩვენმა კაცმა ვერ მოაწივაო“,3 სხვანაირად იმას ნიშნავდა, რომ კახთა ჯარების გაგზავნა ასეთ ვითარებაში რეალურად შეუძლებელი იყო. ასე, რომ კონსტანტინე კახეთის სამეფო კარზე შემუშავებულ ტრადიციულ პოლიტიკას არ ღალატობს. სხვათაშორის, იგი პირდაპირაც აგრძნობინებს რუსეთის სამეფო კარს ამ ამბავს, როდესაც წერს: „თუ თქვენ ახლოს მობძანდეთ ... თქვენის ძალით ამათ პასუხს ძლევას დაუწყებთო“.4
1. Броссе Мари, Переписка на инастранных языках грузинских царей с Российскими государями с 1659 по 1770 гг. Стр. 164.
2. იქვე, გვ. 166.
3. იქვე, გვ. 167.
4. იქვე, გვ. 164.
ამრიგად იმას, რასაც თავიანთი მეფობის დროს მთელი დიპლომატიური ხელოვნებით გაურბოდნენ ალექსანდრე კახთა მეფე და იმჟამად კონსტანტინე მაჰმადყული-ხანი, ვახტანგ VI ძალიან უბრალოდ შეხედა, რამაც სულ მალე შესაბამისი შედეგებიც გამოიღო. ვახტანგს ისეთი პოლიტიკა უნდა შეემუშავებინა, რომელიც მის ძალებს შეეფერებოდა და გარკვეულ ვითარებაში რუსეთი მისთვის ერთგვარ დამხმარე ძალად გამოვიდოდა. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა, ვახტანგის პოლიტიკაში რუსეთმა ძირითადი ძალის სახე მიიღო, ხოლო ვახტანგი მის დამხმარედ გამოვიდა, რის გამოც თავიდანვე აღმოჩნდა რუსეთზე მთლიანად დამოკიდებული და, ამდენად, უკანდასახევი გზაც თვითონვე მოიჭრა.1
1. თ. ბოცვაძე, საქართველო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (XV-XVIII სს.), გვ. 144.
პეტრე დიდის სამხედრო კამპანიაში ჩარევის გამო იყო ალბათ, რომ ვახტანგმა კახთა მეფის დავით იმამყული-ხანის წინადადებაზე – მოეწყოთ ერთობლივი ლაშქრობა დაღესტნელ აბრაგთა წინააღმდეგ და საბოლოოდ გადაეწყვიტათ ლეკური საკითხი – თავი შეიკავა. მაშინ, როდესაც, ქართლ-კახეთის ერთობლივ მოქმედებას იმხანად შეიძლებოდა მართლაც გადაეწყვიტა „ლეკური საკითხი“, მით უფრო, რომ „ლეკიანობა“ ჯერ კიდევ ახლად ფესვგადგმული იყო და ამავე დროს ქართლ-კახეთს ჯერ კიდევ არ განეცადა „ოსმალობისა“ და „ყიზილბაშობის“ გამანადგურებელი ძალა. 30-40 ათასიანი ქართლის ჯარით და ალბათ ამდენივე კახეთისა, ორივე მეფეს მართლაც შეეძლებოდათ დაღესტნელ ფეოდალთა და ტომთა ბელადების თავდასხმების ალაგმვაც და ქვეყნის დოვლათის მოვლაც. მაგრამ ვახტანგმა კახეთთან დაახლოების ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტი ხელიდან გაუშვა. მართალია, დავითი და ვახტანგი სხვადასხვა ორიენტაციისა და მისწრაფებების მქონე მეფეები იყვნენ და მათი ერთმანეთთან კეთილი ურთიერთობა ფორმალური იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ლეკების მიერ შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მაინც განაპირობებდა მათ მეგობრობას და ეს უნდა ყოფილიყო სწორედ ამოსავალი, რაზეც, სხვათა შორის, კახთა მეფე წავიდა, ვახტანგი კი არა. ვახტანგის ასეთი დამოკიდებულება კახეთისადმი, შეიძლება მხოლოდ ორი გარემოებით აიხსნას: ერთი, რომ ვახტანგი ალბათ თვით აპირებდა კახეთის დაპყრობას, საქართველოს გაერთიანებას და რუსეთის ირანისადმი დაპირისპირებას, ხოლო მეორეც იმით, რომ ვახტანგს მთლად ნათლად არ ჰქონდა წარმოდგენილი „ლეკიანობა“ მთელი თავისი არსითა და საფრთხეებით.
კონსტანტინესათვის ძნელი არ უნდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი გაჭირვების შეცნობა, რამდენადაც „კვალადცა მარადის იყო ესე ვითარი კირთება ლეკთაგან კახეთსა შინა“.1 კონსტანტინე თავდაპირველად თავისი ძმების დავითისა და თეიმურაზის გზას დადგომია „ლეკური საკითხის“ მოგვარებაში. ასე მაგალითად, საქართველოში მოსვლისთანავე მას „ზავისა და სიმტკიცისათვის“ ვახტანგ VI მიუმართავს, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვახტანგს დიდი ენთუზიაზმი არც ამჯერად გამოუჩენია, რითაც კარგად ისარგებლა მისმა ძმამ იესემ და ორივე მეფე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა ერთმანეთს.
კონსტანტინესათვის, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი იყო ვახტანგთან ახლო ურთიერთობა. ჯერ ერთი, შეიძლებოდა ორივე მეფის მონდომებით და ერთობლივი ხელშეწყობით „ლეკური საკითხი“ მოგვარებულიყო; მეორეც, ვახტანგს სწორედ ამხანად ჰქონდა მიღებული შაჰისაგან „სარდრობა ადრიბეჟანისა“ და რასაკვირველია, არ იქნებოდა ურიგო თუ მას, როგორც შაჰის კაცს, კარგი ურთიერთობა ექნებოდა მასთანაც; და ბოლოს, როცა იბრაჰიმ-ფაშა სულთნის მფარველობაში შესვლის საფასურად ვახტანგს კახეთს სთავაზობდა, ამ უკანასკნელს შეეძლო კახეთთან კარგი ურთიერთობის გამო მისთვის უარი ეთქვა. კონსტანტინემ მეორეჯერ სცადა ვახტანგთან ურთიერთობის დამყარება, რათა ყოფილიყო, ვახუშტის სიტყვით, მათ შორის „უმეტესი სიმტკიცე“.2 მაგრამ მას ამჯერად ამ განზრახვაზე ხელი კახელმა დიდებულებმა ააღებინეს. იმჟამად კახეთის სამეფო კარმა უკვე თვით სცადა ქართლის დაპყრობა და შემდეგ ამრიგად შემოერთებული ქართლის ძალებთან ერთად დაღესტნელ და ჭარელ აბრაგთა შემოსევების ალაგმვა: ,,ჰგონებდნენ დაპყრობასა ქართლისასა, – წერს ვახუშტი, – და მერმე ამითი შემუსრვასა ლეკთასა და განთავისუფლებასა მათგან“...3
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 619.
2. იქვე, გვ 620
3. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 620-621.
ამ ამბების თანამედროვე დავით გურამიშვილი, ასე ახასიათებდა იმ დროს საქართველოში შექმნილ მდგომარეობას: „თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი, სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაჰკრა თვითო ქიშტი! მერე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი; თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი! ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს, მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს, – მეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს“.1
ქართლის მეფემ ვახტანგ VI ყველა მიმართულებით წააგო. მისმა ამგვარმა პოლიტიკამ როგორც ერანის შაჰის, ისე ოსმალების უკმაყოფილება გამოიწვია. მაგრამ მაინც ორივე მხარე – ირანიც და ოსმალეთიც, როგორც წინათ, ისე ახლაც, იწვევდა ქართლის მეფეს და თავისკენ გადაბირებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, ვახტანგი ჯერ ისევ რუსეთის ერთგული იყო, რადგან იგი 1723 წლის გაზაფხულზე მოელოდა პეტრე დიდის ახალ გამოლაშქრებას. ვახტანგზე განრისხებულმა შაჰმა 1723 წლის 10 იანვარს „ორგულ ყმას“ ქართლი ჩამოართვა და კახეთის მმართველს მაჰმადყული-ხანს (კონსტანტინეს) გადასცა. ამ ფაქტს, ამ ამბების მომსწრე, სეხნია ჩხეიძე ასე გადმოგვცემს: „გაუწყრა მეფეს ვახტანგს ქრონიკონს უია, იანვრის ათს და მისცა (ქართლის მეფობა) მამადყული-ხანს... მოუვიდა კახს ბატონს რაყამი კახეთს საგარეჯოს“.2
1. დ. გურამიშვილი, თხზულებათა სრული კრებული, გვ. 85.
2. ჩხეიძე სეხნია, „ცხოვრება მეფეთა“ საქართველოს ცხოვრება, II, ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, 1913 წ. გვ. 35.
ამგვარად, როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს, „ვახტანგს რუსთა მეფის დახმარების იმედი გაუცრუვდა. ოსმალეთმა და რუსეთმა ირანი გაინაწილეს. ხონთქარმა კასპიის ზღვის სანაპიროები რუსეთის საკუთრებად ცნო, პეტრემ კი, სამაგიეროდ, ოსმალეთს დაუთმო ირანის მთელი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოც მიათვალეს“.1 მართალია, ირანის შაჰმა ვახტანგს ქართლი ჩამოართვა და კახეთის მმართველს მაჰმადყული-ხანს გადასცა, მაგრამ ამ ამბავს კახთა მეფე დიდად არ აღუფრთოვანებია, რადგანაც მას კარგად ესმოდა, რომ შაჰის ამ „წყალობას“ და კონსტანტინეს მიერ ქართლის ტახტის დაკავებას აუცილებლად მოჰყვებოდა ბრძოლა ქართლსა და კახეთს შორის და ძმათა შორის დიდი სისხლისღვრა. კონსტანტინე კახთა მეფე კი – მართალია გამაჰმადიანებულია და გარეგნულად ის ირანის შაჰის ერთგულიც არის, მაგრამ შინაგანად თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი და დამცველი იყო. ამის დამადასტურებელია გამაჰმადიანებული ქართველი ავტორის გურჯიზადეს ცნობა იმის შესახებ, რომ კონსტანტინემ, როგორც კი მას ამის საშუალება მიეცა, უარყო მაჰმადიანობა და დაუბრუნდა ქრისტეს რჯულს: ,,მაჰმად ყული-ხანიც რადგან წარმართთა მეთაური გახდა, ძველ სარწმუნეობას განუდგა, იგი ქრისტიანობაზე გაცვალა, სახელადაც კონსტანტინე დაირქვა და ქრისტიანი ბერებისაგან ქრისტეს მოძღვრება ჩაინერგა. ადათწესებს ასი წლის მოხუც ბერებზე უფრო დახელოვნებული ურწმუნო ასრულებდა, იმ ზომამდე, რომ კათალიკოსებიც კი მას ეთათბირებოდნენ ხოლმე ქრისტიანობის საკითხებზე“.2
კონსტანტინეს ერჩივნა არ შეესრულებინა ირანის შაჰის ბრძანება, ვიდრე ფიცი გაეტეხა ქართლის მეფესთან და ძმათაშორის სისხლი დაეღვარა. ამ ამბავთან დაკავშირებით დავით გურამიშვილი კონსტანტინეს შემდეგ სიტყვებს ათქმევინებს:
„მე ვახტანგს მეფეს შევრიგდი, პირობა მივეც ძმობისა,
შევფიცე, ვით-ღა ვიტვირთო ეს საქმე ფიცთა გმობისა?
თუ მე არ დავსთმობ, აწ მისგან უფრო არ დაითმობისა,
ვარჩევ, სჯობს ფიცთა გატეხას გატეხა ამ რაყმობისა!
მე მტრად სხვანიც მეყოფიან, ძმასა რად-ღა დავმტერდები?
იმას ისრევ ქართლი ჰქონდეს, მე ჩემს კახეთს დავსჯერდები!“3
კონსტანტინემ სათათბიროდ კახელი თავადები მოიწვია და ამ საკითხზე რჩევა ჰკითხა. მათ კონსტანტინეს ფიცის გატეხისაკენ მოუწოდეს და ურჩევდნენ ხელიდან არ გაეშვა შაჰის მიერ ბოძებული ეს წყალობა. ისინი მეფეს არწმუნებდნენ, რომ შაჰის ეს ნაბიჯი საქართველოს საწინააღმდეგოს არაფერს გულისხმობსო.
1. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი I, გვ. 196.
2. გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი, გვ. 34.
3. დ. გურამიშვილი, თხზულებათა სრული კრებული, გვ. 94-95.
კონსტანტინე კი თავის მხრივ თავადებს არწმუნებდა, რომ შაჰმა გაგვაორა და ერთმანეთის პირისპირ დაგვაყენაო, „ქართლი მომცა ძმათ საჩხუბრად, ამხანაგთა მოსაშორადო“.1 კახთა მეფე, მიუხედავად კახელი დიდებულების რჩევისა, მაინც მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე. მას კარგად ესმოდა, რომ შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში არაფრით არ შეიძლებოდა კახეთსა და ქართლს შორის სისხლისმღვრელი ომი, პირიქით საჭირო იყო გარეშე მტერთან საბრძოლველად ძალების გაერთიანება:
მე მას მამად მოვიკიდებ, ვეშვილები, თუმცა უნდი;
გარს გვარტყია ვით სარტყელი, სულ სხვადასვა მტერთა გუნდი,
ჩვენ ერთმანეთს ხმალსა ვსცემდეთ, ეგ რჩევა არს დიაღ ცუდი!“2
კონსტანტინე კახთა მეფე მეგობრული წერილით მიმართავს ვახტანგს: „თუმცა მიბოძა ყეენმა, მე ქართლსა არ გეცილები“ 3 და ითხოვს ვახტანგთან პირისპირ შეხვედრას.
1. დ. გურამიშვილი, თხზულებათა სრული კრებული, გვ. 96.
2. იქვე.
3. იქვე.
როგორც დავით გურამიშვილი გადმოგვცემს, ვახტანგ VI ქართლის დიდებულებთან ერთად გადაწყვიტა კონსტანტინე კახთა მეფის თათბირზე მიწვევა, მაგრამ ქართლის მეფის ეს გადაწყვეტილება მისმა ძმამ იესემ ჩაშალა, რომლისთვისაც ხელსაყრელი არ იყო ქართლისა და კახეთის შეკავშირება, ქართველთა გაერთიანება და ვახტანგ VI გაძლიერება, რადგანაც იგი თვითონ ოცნებობდა ქართლის სამეფოს ხელში ჩაგდებაზე და გამეფებაზე:
იესემ თქვა გულსა შინა: ჩემი ძმა არს ჩემი მტერი!
პატიმრობით დამაბერა, გამითეთრა თმა და წვერი;
აგრე როგორ დავბრმავდები, შევიქმნები გიჟი-სტერი,
მე იგ ორნი შევათვისო, მე კი დავრჩე ვით ოხერი“.1
აქვე გვინდა გავაკეთოთ ერთი შენიშვნა: იესეს მიერ ჩადენილ ამ ვერაგობას ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს ცოტა უფრო ადრე – ვახტანგის განჯაში ლაშქრობამდე, დავით გურამიშვილი კი მის შემდეგ, ცოტა უფრო მოგვიანებით, კერძოდ, როდესაც ირანის შაჰმა ვახტანგს ქართლი ჩამოართვა და კახეთის მეფეს კონსტანტინეს გადასცა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვახუშტი ბატონიშვილიცა და დავით გურამიშვილიც, ორივენი ამ ამბების თანამედროვენი არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ვახუშტის ცნობა უფრო ზუსტი იქნება, ვიდრე დავით გურამიშვილისა, რადგან ვახუშტი უშუალო მონაწილეა ყველა ამ ამბისა, დავით გურამიშვილი კი ამ პერიოდში სავსებით ახალგაზრდაა და არც უშუალო მონაწილე ყოფილა ამ ამბებისა. ის თავის „დავითიანს“, რომელშიც აღნიშნულ ამბებს გადმოგვცემს, საკმაოდ გვიან – საქართველოს დატოვების შემდეგ წერს და მაშასადამე, საფიქრებელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ მას ჰქონდეს დაშვებული გარკვეული უზუსტობა. თავისი ვერაგული მიზნის განხორციელებისათვის იესემ ბერი ეპიფანეს საშუალებით საიდუმლო წერილი გაუგზავნა კონსტანტინეს, რომელშიც ის კონსტანტინეს ატყობინებდა, რომ თითქოს ვახტანგი ფარულად აპირებდა მის მოკვლას: „რომ მოხვალ, როდის დაგინდობს, მოგკლავს ეგ შენი მტერია“.2 იესეს წერილმა ქართლში სათათბიროდ მიმავალი კონსტანტინე დააეჭვა და გზიდან უკან გაბრუნდა. გზაში კომსტანტინეს ლაშქარს ქართლელები თავს დაესხნენ და გაძარცვეს. დავით გურამიშვილი სინანულით გამსჭვალულ სიტყვებს ათქმევინებს კახთა ბატონს:
„მე მინდოდა ყოფილიყო ჩვენში სიყვარული ძმური,
ჩამომეგდო რიგი, წესი, სამართალი ბატონ - ყმური.
არ ინებეთ, არ მოჰშალეთ ერთმანეთში თქვენი შური,
ცოდვა - ბრალი თქვენს კისერთა, თუ რამ მოხდეს უწესური!“ 3
1. დ. გურამიშვილი, თხზულებათა სრული კრებული, გვ. 98.
2. იქვე, გვ. 99.
3. იქვე, გვ. 100.
შექმნილმა მდგომარეობამ ძლიერ აღაშფოთა მეფე კონსტანტინე, მაგრამ ის კვლავ ცდილობს და სთხოვს ვახტანგ VI, რომ გონს მოეგოს, თორემ მათ შორის განხეთქილებით კარგად ისარგებლებს მტერი და წაახდენს, როგორც ქართლს ისე კახეთს. კონსტანტინემ ამჯერადაც კვლავ მეგობრული წერილი მისწერა ვახტანგს, რომელიც დიაკვნების ხელით გაუგზავნა. მაგრამ კონსტანტინეს ელჩები ვახტანგმა მტრულად მიიღო და დააპატიმრებინა. ამ ამბის გაგონებაზე კახთა მეფეს მოთმინების ფიალა აევსო, შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და თბილისისაკენ გამოეშურა. პარალელურად ეს ამბავი თბილისის სპარსელ მეციხოვნეთ აცნობა, რომელთაც ღამით ციხის კარები გამოკეტეს და თოფ-ზარბაზნის სროლა იწყეს (1723 წლის იანვარი). ამ დროს კონსტანტინე მაჰმადყული-ხანი უბრძოლველად შევიდა თბილისში და ავლაბარს დადგა, ხოლო მისმა ძმამ თეიმურაზ ბატონიშვილმა მცხეთა დაიჭირა. ვახტანგ VI ცოლ-შვილი გორში გახიზნა, თვითონ კი ჯარით თბილისში დარჩა. ამასობაში კახთა მეფემ თბილისში კლდის უბანიც დაიჭირა, მაგრამ მალე ბაქარ ბატონიშვილმა ის იქიდან გამოდევნა. მცხეთის ასაღებად თეიმურაზ ბატონიშვილის წინააღმდეგ ვახტანგ VI ვახუშტი ბატონიშვილი გაგზავნა, რომელსაც უკვე მოესწრო და დაემშვიდებინა სომხითში შემოსული განჯის ხანის მიერ აჯანყებული ბორჩალოს ელი. ვახუშტი 600 კაცით მიადგა მცხეთას იმ დროს, როდესაც კახნი ტაძარში ლოცულობდნენ. ქართლელები წინასწარ შეუთანხმდნენ მცხეთის დეკანოზს დანიელს, რათა საყდარში შესული კახელებისათვის გარედან დაეკეტა კარი: „...შეუჩინეს დეკანოზ, მცხეთისა დანიელ, რათა შევიდნენ რა კახნი საყდართა შინა დაუკლიტოს კარი: იყო მარხვა დიდი და დიდსა ხუთშაბათსა ცისკრად შევიდნენ კახნი საყდართა შიგან: რა ჰსცნა დეკანოზმა აღარავინ დარჩა შეუსვლელი, გამოვიდა საყდრიდამ, დაუგდო კარი მცხეთისა, დარჩა კახნი შიგან საყდართა, მოვიდა ჯარი მეფისა, თურე კოდმანს დამალული იყვნენ, მოადგნენ კარსა მცხეთისასა, გამოიყვანიან თითო-თითო, დაუკრეს ხელები კახთა და ჩაიყვანეს მეფე ვახტანგ თანა“...1 (სცსსა-ში დაცულ მეთვრამეტე საუკუნის ქრონიკებშიც ფ. 1446, #703, ეს ამბავი ზემოთ აღნიშნულის ანალოგიურადაა გადმოცემული, მაგრამ აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ს. კაკაბაძეს ეს ფაქტი არასწორად აქვს გადმოცემული /„საქართველოს ისტორია“ ახალი საუკუნეების ეპოქა 1500–1810 წწ. გვ. 144/ როდესაც აღნიშნავს, რომ თითქოს კახელებმა ვახუშტის მოსვლისთანავე თვითონ ჩაკეტეს გალავანი შიგნიდან და ისე დაიწყეს ბრძოლა).
1. ჩხეიძე სეხნია, დასახ. ნაშრომი, გვ. 35.
ამასობაში მაჰმადყული-ხანი ავლაბრიდან მტკვრის მეორე ნაპირზე გადასულიყო და სეითაბადს დამდგარიყო. აქედან მან აიღო თაბორის კოშკი და „...იყო ყოველ-დღივ ომი, შეეპარნენ თაბორსა ჯარი ქართველთა, აიღეს თაბორი, დაესხა მეფე ვახტანგ დილასა განთიადისასა კახს ბატონსა, ბძანებითა ღუთისათა გაემარჯვა, ამოსწყვიტეს, გაიქცა კახი ბატონი, გავიდა მტკვარსა“...1 თბილისის ციხეში დარჩა კახ ბატონის ძმა თეიმურაზ ბატონიშვილი, რომელიც ბევრს ეხვეწა თავის სიმამრს ვახტანგს, რათა კონსტანტინეს არ გამოჰკიდებოდა და შერიგებულიყვნენ, მაგრამ ვახტანგმა არად ჩააგდო მისი თხოვნა და ჯარი მარტყოფს შეუსია, რომელმაც გაანადგურა და იავარჰყო მღუთაების მონასტერი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მონასტერში იმჟამად იმყოფებოდა თეიმურაზის მეუღლე - ვახტანგის ასული თამარი.
თბილისიდან უკუქცეული კონსტანტინე წავიდა ჭარში, დაუზავდა ჭარელ და დაღესტნელ ლეკებს, რომელთაც აღუთქვა „დიდძალი ვერცხლი“, შეკრიბა კახეთის ჯარიც და 1723 წლის 4 მაისს თბილისს მეორედ მოადგა (სცსსა, ფ. 1446. #703). ამ დროს როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, ვახტანგს მძიმე მდგომარეობა შეექმნა: „ორგულობა, მტკვარი განდიდებული, ხიდი ვიწრო“.2 ამას დაემატა ისიც, რომ ქართლში ისევ ფეოდალურმა შუღლმა, ორგულობამ და გაუტანლობამ იჩინა თავი: სვიმონ ბატონიშვილს, თავისი ძმისწულის ვახტანგ მეფისადმი შურიანობით, არც საფარი გაემაგრებინა და, მტკვრის მარცხენა ნაპირიდან უკანდახევის დროს, არც ტფილისის ავლაბრის ხიდი აეყარა. თბილისში მყოფ ვახტანგის დასახმარებლად როსტომ ფალავანდიშვილი გაემართა. იგი მცხეთას მივიდა. ხოლო ბაქარმა დუშეთისაკენ აიღო გეზი, რათა კახ ბატონის წინააღმდეგ ბრძოლაში, დახმარება ეთხოვა თავისი სიმამრისათვის – არაგვის ერისთავის გიორგისათვის. მაგრამ გიორგიმ მას არ უსმინა და დახმარებაზე უარი უთხრა. ამასობაში კონსტანტინე მაჰმადყული-ხანმა თბილისში შეჭრა მოახერხა.
1. იქვე, გვ. 36
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 503.
თბილისის ციხიდან გამოვიდნენ თეიმურაზ ბატონიშვილი და სპარსი მეციხოვნენი. შეიქმნა დიდი ბრძოლა. ლეკებმა მრავალი ტყვე იგდეს ხელთ. როგორც სეხნია ჩხეიძე გადმოგვცემს: „კახი ბატონი შეუხდა ქალაქსა, ააოხრა, ამოსწყვიტნეს მოქალაქენი, აიკლეს საქონელი ურიცხვი, შეუხდნენ სიონსა, დასწვეს, შეაგინეს სიწმინდე, ხატი პატიოსნისა სიონთა ღუთის-მშობელი წაიღეს“...1
ვახტანგ VI იძულებული გახდა მცხეთიდან გორს გადასულიყო. თბილისი კონსტანტინე მაჰმადყული-ხანმა იგდო ხელთ. აღსანიშნავია, რომ სომეხი ისტორიკოსის აბრაამ ერევანცის ცნობით, თბილისის აღებაში მაჰმადყული-ხანს დახმარებია ქალაქში მდგომი დომენტი კათალიკოსი, რომელსაც ფარული კავშირი ჰქონია კახეთის მბრძანებელთან. დომენტის წყალობით ქალაქის მეციხოვნეთ თბილისის კარები არ ჩაეკეტათ და მტერს ხელში ჩააგდებინეს დიდძალი ქონება, ოქროსა და ვერცხლის ნივთები.2
კონსტანტინესა და ვახტანგ VI-ს შორის ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს ჩვენამდე მოღწეული კონსტანტინეს მიერ 1723 წელს გაცემული რამდენიმე სიგელი (სცსსა, ფ. 1448, ს. 5546; ფ. 1448, ს. 126). მაგალითისათვის მოვიტანთ ერთ-ერთ მათგანს (ს. 126), რომელიც 1723 წლის 17 იანვრით არის დათარიღებული და წარმოადგენს კონსტანტინე მეფის მიერ მიცემულ წყალობის წიგნს ენდრონიკაშვილებისადმი: „... და ახლა ბედნიერმა ხელმწიფემ რომე ჩვენის სამკვიდროსა კახეთისა და ამ უბნის სახანოვების წყალობა გვიყო და დიდის დიდებითა და ძლიერბით გამოგვისტუმრა და მოვბძანდით. ეს საბატონოვები შემოვიკრიბეთ და დავიპყარით. ჟამთა ვითარებისაგან და დროთა შლილობისაგან ჩვენსა და ქართველს ბატონს შუა დიაღ დიდი საქმე და სამდურავი ჩამოგვივარდა, თითქმის ერთმანეთზე სახმლოში მიმდგარნი ვიყავით. იმ დღეს ჯავახმა და მერაბ იმისმა ძმამ გვიმუხანათა, წაგვივიდა და ქართველს ბატონს მიუვიდა და თქვენ ჩვენზე კარგათ დარჩით და გიბოძეთ შენის განაყოფის ჯავახის კარში მამული...“.
1. ჩხეიძე სეხნია, „ცხოვრებნა მეფეთა“ საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, გვ. 36.
2. მ. ქიქოძე, ვახტანგ VI-ის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, გვ. 50.
აღსანიშნავია, რომ თბილისის აღების შემდეგ კონსტანტინე მაჰმადყული-ხანი თავის თავს უკვე ქართლისა და კახეთის მპყრობელად მოიხსენიებს და ქართლსაც თავის სამკვიდროდ მიიჩნევს. ზემოთ აღნიშნულისა და სხვა მრავალი თვალსაზრისითაც ფრიად საინტერესოა 1723 წ. კონსტანტინეს მიერ გაცემული წყალობის სიგელი ედიშერ ციციშვილისადმი: „...რომელი იქმნა მთავრად შორის ისრაელთა დავით ძე იესესი კაცი განჩინებული ვითარმედ უწოდდა ღმერთი მამასა და შთამომართ მისდა მეფობენ ძენი მისნი პყრობად ქვეყანათა ზედან მეტახტოსნენი, მან გვაშენა და აღმოგვაცენნა რტოდ თავისად მეფედ და მთავრად ამა ხუთთა სამეფოთა ზედან დამყარებით ჩვენ იესიან, დავითიან, სოლომონიან, პანკრატიონმან ძის ძემან სახელ განსრულის მეფის თეიმურაზისამან ძისა დავითისა ძისა სრულიად საქართველოს მპყრობელისა და ირანის ყულარაღასის ერეკლე მეფე ნაზარალიხანისა ძემან ჯერეთ დიდის ხელმწიფისაგან სრულიად ირანის ნაიბად ხმობილმან და ხარისხთა მისთა მართლად მჭირავმან და ძისა მისისა დიდისა და დიდებულისა, ბედნიერისა და დოვლათ სვიანის მზისა მის შერავანდედისა მიერ ხმელთა მნათობისა მიერ უხვად წყალობა განმრავლებულმან და ხუთთა მათ საპატრონოთა ზედან დადგინებულმან მეფეთ მეფემან და თვით ხელმწიფემან ქართლისა და კახეთის მპყრობელმან, ერევნის ბეგლარ ბეგმან და შამშადილუსა და ყაზახის ხანმან პატრონმან კონსტანტინემ და თანა მეცხედრემან ჩვენმან ამავე ხელმწიფისა დიდისა ეთიმადოვლისა დამან დედოფალთ დედოფალმან პატრონმან ფერიჯან ბეგუმ და ძმამან ჩვენმან კახეთის ნაიბმან ბატონიშვილმან პატრონმან თეიმურაზ და ჩვენის ძმის მეფის იმამყულიხანის ძეთა ლევან მირზამ და ალექსანდრე მირზამ, ერეკლემ და დავით ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი მტკიცე და უცვალებელი წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ჩვენთა ერთგულთა და წესისაებრ ნამსახურთა ჩვენის მორჭმისა და შემომატების მომჭირნეს დიდგვართა და დიდებულთა ჩვენთა ციციშვილს ედიშერს და შვილსა თქვენსა ქაიხოსროს, ელიზბარს, დავითს და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ასე და ამა პირთა ზედან მას ჟამსა ოდეს დიდმან ერანის ხელმწიფემ ესე დიდნი ხუთნი საპატრონონი მოგვიბოძა, გამოგვისტუმრა დიდებითა დიდითა და სალთანათითა ურიცხვითა, მოვბრძანდით და დავი პყარით ესე ქვეყნები ქართლი მკვიდრი მამა პაპითურთ და კახეთი, ერევანი, შამშადილუ და ყაზახი... და დაგვემორჩილნეს სარათისა ხანნი, სულთანნი, დიდებულნი მთისა ალაგითგან ერისთავნი თუშნი, დიდონი, ფშავ ხევსურნი, ლეკნი დაღისტნით, აქეთ ოსნი და ყოველივე ქვეყანანი ამავე კიდეთანი. ძლიერებითა და სიმხნითა ჩვენითა და რა დავემყარენით ტახტსა ამა ქართლისა ტფილის ქალაქისათა და ვბძანეთ განწესება ყოვლისავე ვითარ ქმნილიყო ძველოდესმე მათ მეფეთა მამა პაპათა ჩვენთაგან და გვენება მინიჭება მკვიდრი მკვიდრისა წილ მას ჟამსა ოდეს მოგვიდექ კართა ზედან დარბაზისა ჩვენისათა და თქვენის სამკვიდროს მამულების წყალობას დაგვეაჯენით.. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და კიდეც ვიცოდით შენი დიადი მრავალჯერ თავგანწირვით ერთგულობა ჯერეთ ხელმწიფეს მამაჩვენზედ მრავალფერი ნამსახური დაგედვათ და ამ შენის სააჯოს მამულების წყალობა ექმნათ და მერე პირველ ამ ყიზილბაშის ქვეყნებში მრავალფერად გვემსახურეთ და რა ხელმწიფემა ეს ჩვენი სამკვიდრო ქართლი გვიბოძა, დიდათ გიამა და ყოვლის კაცისაგან უწინ შემოგვეყარეთ და ჩვენის სიდიადისა და დოვლათის გამომკიდებელი და ჩვენი მისანდობელი კაცი შეიქენ და ამ შენის ერთგულობისა და სიკეთის სანუფქოდ რაც მამის ჩვენისაგან წყალობა გჭირებოდათ სრულ გაგითავეთ და გიბოძეთ შენი სამკვიდრო სადგერი, გუჯარეთი, ბაგინეთი, რეხა, სკარა, წედისი, ვეძისი, ოძისი, უპიტისა და ჩრდილოვეთი სახრცე, თავყელიშვილები, ოფარეთი და სამწევრისი და ატენს ტლაშაძეები თქვენთვის და შვილთა თქვენთათვის მოგვიბოძებია შენი სამკვიდრო და მამის ჩვენისაგან შენის ერთგულობის პასუხად ნაბოძები და სიგლითა ამით დაგვიმტკიცებია...“1
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1448, საბუთი 5546.
ამ დროს ყარსის მბრძანებელმა ისარგებლა ქართლში შექმნილი მძიმე მდგომარეობით, ქართლის სამეფოს მესვეურთ მოსთხოვა დამორჩილება და ამის სანაცვლოდ მათ შეჰპირდა, რომ მაჰმადყული-ხანის შემოტევისა და ლეკთა თარეშებისაგან გაათავისუფლებდა: „წარმომივლინე ნათესავთაგანი შენი, მე ვაოტო მაჰმად-ყულიხან და დაგიმტკიცო კუალად ქართლი, ხონთქრისაგან“.1 ვახტანგს შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი არ განუცხადებია. მან ყარსის ხანს ბაქარი მიაგება, ხოლო შამხიანს იესე გაგზავნა. ამ დროს თეიმურაზ ბატონიშვილი თბილისს კვლავ კახთა ჯარით მიუახლოვდა. ქართლ-კახეთის ბრძოლებმა აღმოსავლეთ საქართველო კვლავ საფრთხეში ჩააგდო. ქართლისა და კახეთის ჯარი კვლავ დაუპირისპირდა ერთმანეთს. ისევ შეიქმნა ბრძოლის სამზადისი. „ვახტანგ VI მოკავშირეებს დასავლეთ საქართველოსა და ზემო ქართლში ეძებდა. სიმონ აბაშიძე იმერული ჯარით, ხოლო ზემო ქართლის სადროშო მთელი შემადგენლობით, ქართლის ლაშქარს შეუერთდა. ყველა ესენი თეიმურაზის წინააღმდეგ აპირებდნენ გალაშქრებას, მაგრამ აღარ დასცალდათ, ვინაიდან კონსტანტინე მაჰმადყულიხანის მიერ შემოშვებული ოსმალები ამ დროს თბილისს მიუახლოვდნენ. თეიმურაზი იძულებული გახდა თბილისს გასცლოდა.
ქართლის მეფესა და მის მოკავშირეებს უმძიმესი მდგომარეობა შეექმნათ. ოსმალეთის ჯართან გამკლავება სრულიად წარმოუდგენელი იყო. ხონთქრის ჯარს თბილისში პირდაპირ მამად-ყულიხანი შემოხვდა და ციხე-ქალაქთა კლიტენი მიაგება, იმის იმედით, რომ ქართლის დედაქალაქს მას ჩააბარებდნენ“.2
ქართლში ოსმალების შემოსვლის ამბავი მანანა ქიქოძის ვერსიისაგან განსხვავებულად არის წარმოდგენილი სცსსა-ში დაცულ „მეთვრამეტე საუკუნის ქრონიკებში“: „კახბატონი მამადყულიხან დაჯდა თბილისში. შეიქმნა რჩევა, ვახტანგი წინათაც ნალაპარაკევი იყო ოსმალებთან. ყარსში იდგა დიდის ჯარით სარასკარი იბრეიმ ფაშა, გაუგზავნა შალიკაშვილი ედიშერ და შეუთვალა: „მობძანდით და საქართველო დაიჭირეთო“. მასვე წამს წამოვიდნენ 20 ათასი კაცით ტაშისკარზედ დადგნენ. აქ მიეგებნენ ბაქარ და იესე: მოვიდნენ სოღალუღს. აქ ი (10) ივნისს მოეგება მამადყულიხან და მიართვა სარასკარსა კლიტენი ციხისანი, მაშინვე აიყარნენ ოსმალნი და შევიდნენ ციხეში“...3
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასხ. ნაშრომი, გვ. 504.
2. მ. ქიქოძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 50.
3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, #703.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით „ოსმალნი ჩამოვიდნენ ივნისში და დადგნენ ყურყუთას. იხილა მაჰმად-ყულიხან, რამეთუ ვერ ავნებს, მიეგება და მიართვა კლიტენი ციხე-ქალაქისანი“.1 სეხნია ჩხეიძე კი ოსმალების ქართლში შემოსვლის ამბავს ასე გადმოგვცემს: „რა ჰსცნა მაჰმად ყულიხან მოსულა ურუმთა და მიგებება ბაქარისა, ღონე აღარ იქნებოდა, წავიდა ქალაქიდამ, მიეგება სარასკარს სონღალუხს, მიართვა კლიტენი ციხისანი“.2 გამაჰმადიანებული ქართველი გურჯიზადე კი აღნიშნულ მომენტს „თბილისის დაპყრობის წიგნში“ ასე აღწერს: ,,როცა თბილისის ციხისაკენ ფრთებგაშლილი წავიდნენ, ხსენებულ ქალაქში იჯდა ერთი სპარსელი ხანი, უსჯულო ვახტანგი (იგულისხმება ვახტანგ VI - ნ.ს.) სწორედ მის წინ მეფობდა. იგი გაიქცა, რადგან მაჰმად-ყულიხანი სპარსეთის შაჰის მიერ გაბედნიერებული ხანი იყო, ძლევამოსილი ისლამის ლაშქრის თბილისისაკენ გამგზავრების ამბის გაგონებამ და ამ ცნობის სისწორის დადასტურებამ წვრილი ლურსმანივით შეაწუხა. აიღო აღნიშნული ციხის კლიტე-გასაღები, ზემოხსენებულს გზაზე შეეგება და უომრად და უბრძოლველად ჩააბარა, რამეთუ თავდაცვის ძალა და ღონე არ შესწევდა“.3
ამრიგად, ყარსის ხანმა 1723 წლის ივნისში თბილისი აიღო. მან ქართლში ბაქარის გამეფება მოინდომა და თბილისიც მას დაუმკვიდრა „... მისცეს მეფეს ბაქარს ქართლი და შექმნეს რჯულისა მისისა მოსავი და დახურეს ყაუხი, დაარქვეს იბრეიმ ფაშა“...4 გურჯიზადეს სიტყვით კი „... ხსენებულ ვახტანგის შვილს, სახელად შაჰნავაზს, ახლახან რომ ისლამის მიღებით გაპატიოსნდა და იბრაჰიმად იწოდა, ხაზინისათვის წელიწადში გარდაკვეთით 40000 ყურუშის გადახდის პირობით, თბილისის მმართველობა საჩუქრად უბოძა ოჯაკლიკის წესით“.5
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასხ. ნაშრომი, გვ. 504.
2. ჩხეიძე სეხნია, დასახ. ნაშრომი, გვ. 37.
3. გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი, გვ. 17-18.
4. ჩხეიძე სეხნია, დასახ. ნაშრომი, გვ. 137.
5. გურჯიზადე, დასახ. ნაშრომი, გვ. 47-48.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუმცა ამ დროს ვახტანგ VI დედაქალაქიდან შიდა ქართლში იყო გახიზნული, თბილისი კი კახ ბატონს კონსტანტინეს ეჭირა, რომელიც წინ მიეგება თურქებს და ციხის კარის კლიტენი მტრის სარდალს თავისი ხელით ჩააბარა, რადგან წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, თურქებს კონსტანტინეს სახელის გაგონებაც არ სურდათ და ჭირის დღესავით სძულდათ იგი, როგორც ირანის ორიენტაციის მომხრე. ამიტომ, თბილისში შემოსვლისთანავე მათ კონსტანტინე დააპატიმრეს და ციხეში ჩაამწყვდიეს. ამ ფაქტის შესახებ ქუჩუქ ჩელები ზადე ასე მოგვითხრობს: „ხსენებული ხანი (კონსტანტინე – ნ.ს.) დიდი ხანია ერევნის ეიალეთის ვალია და შორსმჭვრეტელი გონებისა და მტკიცე აზრის გამო ირანის ხანებს შორის მაღალი ღირსებითა და პატივით გამოირჩევა. ადრე გაწეული სამსახურის პასუხად მაღალი პორტის მხრიდან პატივისცემა და კეთილი განწყობა დაიმსახურა, როცა გამოვლინდა, რომ სხვების დამორჩილების მსურველია და მორჩილებისკენ წამქეზებელია, სწორედ მაშინ ხსენებულმა სერასქერმა შაჰნავაზის მხარდაჭერა იტვირთა იმ ვარაუდით, რომ შაჰნავაზის გამგებლობის ჟამს სიმშვიდე მაჰმად-ყული-ხანის გაქცევასთან იქნებოდა დაკავშირებული. ხანი იგი მდაბიურთა მსგავსად იყო მოკლებული დარბაზობასა და ტკბილ საუბარს, მეგობრობასა თუ საკუთარ წრეს და ტიკინებით მოთამაშეს ჰგავდა. გული ატკინეს, რადგან ერთ ვიწრო და ბნელ კარავში დასვეს. მაგრამ თავი ისე დაიჭირა, თითქოსდა მოსათათბირებლად მისი ღირსების შესაფერისად ჩამოსვლას, ნიჭსა და საბოძვარს ყურადღებას არ აქცევს. საკვებად მხოლოდ იმდენი განუსაზღვრეს, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, რითაც უზომოდ შეურაცხყვეს. ხსენებულ ხანს თავი მოაბეზრა ამგვარმა ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბებულმა მტრულმა მოქმედებამ. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ერთ ღამეს შაჰისაგან ოჯაკლიკის წესით ბოძებული კახეთისაკენ მოაბრუნა სადავე და გაიქცა“.1
1. გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი. იქვე იხ. „ცნობები ქუჩუქ ჩელებ ზადეს ისტორიიდან”, გვ. 48.
2. გ. ნატროშვილი, ისტორიულ-ლიტერატურული ძიებანი, ჟურნალი „მნათობი“, 1976 წ. #1, გვ. 142-143.
სულ მალე, იმავე წლის აგვისტოში, თურქეთის სულთანმა აჰმედ III სტამბოლიდან საქართველოში ფირმანი გამოაგზავნა, რომლის ძალითაც თბილისი და მთელი ქართლი ბაქარ ბატონიშვილის ხელში გადადიოდა. „დიდებულთა და წარჩინებულთა ბელადო, - სწერდა სულთანი ბაქარს, - თბილისის ვილაიეთი და მისი ბეგლარბეგობა გებოძოს შენ ... ამიერიდან მკაცრად განერიდე და თავი შეიკავე ღარიბთა, ქვეშევრდომთა და ვილაიეთის სხვა მოსახლეობისა და ქვეყნის მოწინავეთა ყოველგვარი ჩაგვრის, ძალმომრეობისა და დაბეჩავებისაგან“.2 ფაქტობრივად ამით მოხდა ქართლელების მიერ ოსმალთა ქვეშევრდომობის აღიარება.
ამ ამბების შესახებ ვახტანგ VI ჯერ კიდევ 1723 წლის მაისში პეტრე დიდსა სწერდა: „... მე მსახური თვით-მპყრობელობისა მათისა, მეფე ვახტანგ, მოვახსენებ ამას, რომ მაგათი გამობძანება რომ ებძანათ და ჩვენ წინ მოსაგებებლად განჯას ჩამოვედით, კახი ბატონი შურად აგვიდგა. აქეთ ყეენს მისწერა: „დიდი ხელმწიფე მოყავსო“ და რადგან ერევნის ხანი შეიქნა, იქით არზუმის ფაშას ყეენმა ერევანი და ყაზახი და შამშადილუ მისცა და ჩემი მტერობა უბძანა. დამიწყო მტერობა, მაგრამ ვერა გვიყო რა; მერე არზუმის ფაშამ ხვანთქარს მოახსენა; იქიდამ იმისთვინაც ებძანათ ჩემი მტერობა. მოვიდა აზრუმის ფაშა, ჩვენს სამძღვარზე დადგა, კაცი გამოგზავნა „გვეყმეო“. ჩვენ უარი უთხარით. ამან ყეენს წიგნი მისწერა „წახდინეო“. ყეენმა ქართლი კახ ბატონს მისცა, კახი ბატონი ყიზილბაშის ჯარით მოვიდა ალვაბარში. აქეთ ჩვენ ქართველნი მოგვიდგნენ და ყოველთვის ბრძოლა გვაქვს. რა ეს ურუმმა ნახა, კაცი გამოეგზავნა „თუ არ გვეყმებიო, ჩვენ აქედან მოვალთო“. მაგათი გამობძანება ხომ ჯერ გვიან იყო, ჩვენ ხომ ორის ხელმწიფის ბრძოლა არ შეგვეძლო, ჩვენ ხონთქრის ყმობა შეუთვალეთ, თუ მაგათი გამობძანება გვეღირსება, მანამდის თავს შევინახავთ, მერე მაგათი მოსამსახურე ვიქნებით“.1
თავის მხრივ რუსეთის იმპერატორს, პირველ რიგში ბაქოს საკითხი აღელვებდა, მას თვლიდა უფრო მნიშვნელოვან პრობლემად, ვინაიდან ბაქოს აღებით კასპიის ზღვის საკითხი დადებითად გადაიჭრებოდა, ამიტომ პეტრე იწერებოდა: „როცა ბაქო აღებულ იქნება და ჩვენ კასპიის ზღვაზე მოვმძლავრდებით, მაშინ ... მათ ჩვენ ჯარს მივაწოდებთო“.2
1. Броссе Мари, Переписка на иностранных языках Грузинских царей с Российскими государями с 1659 по 1770 гг. Стр. 147-148.
2. გ. პაიჭაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, გვ. 136.
ამის გამო ბაქარი და ვახტანგ მეფე იძულებული შექმნილან თავიანთი პოლიტიკა შეეცვალათ: მათ ოსმალეთს დიდძალი ქრთამი გაუგზავნეს და კახელების მიმართაც დათმობაზე წავიდნენ. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კონსტანტინე ბაქარის დახმარებით გაიქცა თბილისიდან. „შემდგომად „ წერს ვახუშტი, - პატიმარყოფილი მაჰმადყულიხან ევედრა ბაქარს, რათა განუტეოს და აღუთქვა ფიცი, ვითარცა მონა იყო მისდა“.1 ბაქარმა, მართლაც, არამარტო აპატია კონსტანტინეს, არამედ ხელიც კი შეუწყო გაქცევაში. გ. ნატროშვილი შენიშნავს: მან (ბაქარმა) კარგად იცოდა როგორ სძულდათ ოსმალებს კახ ბატონი კონსტანტინე და მაინც ბაქარმა ხელი შეუწყო პატიმრად მყოფ კახეთის მეფეს გაქცეულიყო თბილისის ციხიდან. გაქცევის წინ კონსტანტინემ ფიცით აღუთქვა თავის მხსნელს - ამიერიდან შენი ერთგული მონა ვიქნებიო“.2 ბაქარი ჭკვიანი კაცი იყო და ის წინასწარ გრძნობდა, რომ ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელი იყო ქართლისა და კახეთის ერთიანობა და რომ ამ საქმეში მას კახთა მეფე კიდეც გამოადგებოდა.
ამ დროს ლეკებისაგან ლტოლვილი ვახტანგის ასული თამარი თავისი მეუღლით თეიმურაზით ანანურს იყო მისული. ვახტანგმა მათთან ჯარით გასწია საშველად, ლეკები დროდადრო არბევდნენ კახეთის მიწებს და განსაკუთრებით გრემის მიდამოებს. ბაქარმაც თავის მხრივ შეძლო დადევნებოდა ლეკებს მუხრანსა და საგურამოსთან და უკუექცია ისინი. ამის შემდეგ, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, კახეთის მბრძანებელი მაჰმადყულიხანი დარწმუნდა, რომ საჭირო იყო ქართლის მბრძანებელთან საფიცარი წიგნი დაედო და ასე დაზავებულნი დაშორებულიყვნენ ერთმანეთს. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით, 1724 წელს, კონსტანტინე თვითონ აღნიშნავდა: „... ეგება ჩემი და ქართლის ბატონის სამდურავი და შუღლი მოხსენებოდესთ. მის უწინ ჩვენში სამდურავი იყო, მაგრამ ახლა, ჩვენ შერიგებულნი და ერთმანეთის ძმანი და მოყვარენი ვართ და ჩვენი რჩევა და ქართული ერთი არის და რაც შეგვიძლია საქართველოს მტრების პასუხსა ვცდილობთ“...3
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 505.
2. გ.ნატროშვილი, ისტორიულ-ლიტერატურული ძიებანი, ჟურნალი „მნათობი“, 1976 წ. #1, გვ. 143.
3. მარი ბროსე, დასახ. ნაშრომი, გვ. 165.
ამის შემდეგ, მალე, ბაქარმაც ოსმალეთთან „მორჩილებას“ დიდხანს ვერ გაუძლო, ოსმალებს გაექცა, მათ წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა და კონსტანტინეს დაუკავშირდა. ამჯერად, ვახტანგ VI საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელი იყო ქართლ-კახეთის ერთიანობა. 1723 წლის მაისში იგი მატიუშკინს სწერდა, რომ პეტრეს დასტურით უნდა მომხდარიყო ქართლ-კახეთის გაერთიანება. ამჯერად „კახური ჯარი“ აქტიურად უნდა ჩაბმულიყო ქართლის პოლიტიკურ ცხოვრებაში. პეტრე I-მა ამ ღონისძიების სისრულეში მოსაყვანად სპეციალურად გაგზავნა თავისი ელჩი კახეთში. ამ ამბით კვლავაც დაიმედებული ვახტანგი კი პეტრე I-ს სწერდა: „ჩვენ ამ ჯარს შევყრით და კახეთში მოგეგებებით“,1 სულ რამდენიმე დღის შემდეგ, თავის მხრივ ბაქარი განკარგულებას აძლევს სიღნაღისა და სომხითის მოლაშქრეთ მზად ყოფილიყვნენ და ქართლის ჯართან გაერთიანებულიყვნენ. თვით პეტრეს ელჩი კი კახელებისაგან დასტურს მოითხოვდა ერთობლივი საქმის წესრიგში მოყვანისათვის. ბაქარიც თავის მხრივ კახელებს ურჩევდა: „რასაც მაგ ელჩს კარგად მოეპყრობით და ემსახურებით, საერთო საქმისათვის ემჯობინება“-ო.2
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მოხდა ისე, რომ 1723 წლის სექტემბერში კვლავ შეიცვალა საგარეო ვითარება. პეტერბურგში დაიდო ხელშეკრულება რუსეთ-ირანს შორის, რომლის მიხედვითაც კასპიისპირა პროვინციები რუსეთს დარჩა, ხოლო ირანის იმპერიის დაშლით კი თურქეთმა ისარგებლა. მან ხელთ იგდო მთელი ამიერკავკასია და მათ შორის საქართველოც. რუსეთ-თურქეთის ზავი საბოლოოდ გაფორმდა 1724 წლის ივნისში კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით, სადაც მთელი ამიერკავკასია და საქართველო თურქეთის დამორჩილებულ ქვეყნად იქნა აღიარებული.3
1. მარი ბროსეს დასახ. ნაშრომი, გვ. 156..
2. იქვე.
3. Паичадзе Г., Русско-Грузинские политические отношения в первой половине XVIII века, стр. 56-57
ასე რომ, XVIII საუკუნის II მეოთხედიდან ქართლ-კახეთში მეტად მძიმე პერიოდი დაიწყო. 1723 წლიდან 12 წლის განმავლობაში ქვეყანა ოსმალთა ბატონობის მძიმე უღელს ატარებდა. მაგრამ „ოსმალობის“ პარალელურად კახეთის სამეფოსათვის ასევე არანაკლებ მძიმე იყო „ოსმალობის“ თანადროულად მიმდინარე „ლეკური ომიც“. ოსმალობის ტყვეობას თავდაღწეული კონსტანტინე კახთა მეფე მეტად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. მას ერთი მხრივ ოსმალების წინააღმდეგ მოუწია ხმლის ქნევა, ხოლო მეორე მხრივ კი ლეკებისა, რომლებსაც დროდადრო იკავშირებდა ხოლმე ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად.
თბილისიდან გაქცევის შემდეგ კონსტანტინე კახეთში ჩავიდა და იქიდან დაიწყო ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ამბავი სომეხი ისტორიკოსის ვ.კ.ვოსკანიანის მონოგრაფიაში შემდეგნაირად არის გადმოცემული: „Кахетинский хан (Константин) был под караулом и из караулу ушёл к себе в Кахеты, по которого Эрзерумский паша послал двух пашей и при них пятьсот человек, а между тем велел им в Кахетах осмотреть мест для строения крепости,что уведав Кахетинской хан, собрался со своими и с лезгинцами напал на них, турков и побил с 300 человек и притом одного пашу, а другого поимав и будто выбрал у него половину бороды и отпустил его к Эрзе- румскому паше, которому велел сказать, что если он из Тифлиса не выйдет, то они с лезгинцами против его войну иметь будут“.1
კახეთიდან კონსტანტინე განჯელების დასახმარებლად გაემართა. 1723 წლის 9 ოქტომბერს ოსმალებმა განჯა აიღეს, ქალაქი საშინლად გაძარცვეს და დაარბიეს: „От Мухаммет Кули-хана к нам помощь спешилась, приезжал с войском своим у которых две тысяча бомб“.2
1. Восканян В.К., Дилоян В.А., Политика России в Закавказье в 20-х годах XVIII столетия. Историко-филологический журнал АН Армянской ССР, № 2(25). გვ. 255.
2. Абрамян А.Г., “Документы из истории совместной борьбы народов Закавказья против турецких агрессоров в первой четверти XVIII века”. Вопросы истории, 1964, № 2. გვ. 246.
კონსტანტინეს გამოჩენამ განჯაში შიშის ზარი დასცა ოსმალებს. ამ ამბავს თურქი მემატიანე ქუჩუქ ჩელები ზადე ასე გადმოგვცემს: „ამასობაში ჯოხის გარეგნობის ერთმა წყეულმა უსჯულომ მაღალი ბანიდან იწყო ყვირილი - მაჰმად-ყულიხანის ლაშქარი მოულოდნელად თავს დაგვესხა და დაგვარბიაო - შველას ითხოვდა. ეს გახდა მიზეზი ალაფობასა და ნადავლის მოხვეჭაში გართული ჯარის შეკრთომისა და შიშით შეპყრობისა; რადგანაც ლაშქრის სიმხნევის ძალა შესუსტდა და შემცირდა, თოფები დაყარეს. სერასქერი, რომელმაც დაინახა, რომ ჯარისაკენ ნიაღვარივით წამოვიდნენ, ხსენებული ადგილიდან დაიძრა და ათასი გაჭირვებით ლაშქარი კვლავ ქალაქს გაგზავნა, ნადავლი გადარჩენილი თოფების შეკრება იყო.1
განჯასთან ბრძოლაში, როგორც ზემოთ აღნიშნულიდანაც ირკვევა, ოსმალები დამარცხდნენ. შემდეგში პეტრე I-სადმი გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში განჯელები წერდნენ: „განჯის ასაღებად ოსმალებმა 70-ათასიანი ლაშქარი და ძლიერი არტილერია გამოგზავნეს. 18 დღის განმავლობაში ცხარე ბრძოლები გრძელდებოდა. ოსმალებმა 10-12 ათასი კაცი დაჰკარგეს, სხვებმა გაქცევით უშველეს თავს. აგრეთვე იუწყებოდნენ, რომ ეს გამარჯვება მათ მოიპოვეს თავიანთი ბეგლარ-ბეგის მაჰმუდ ყულიხანის (კონსტანტინეს) ხელშეწყობით.2
ამრიგად, განჯასთან ოსმალების დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა კონსტანტინე მაჰმადყული-ხანმა და საერთოდ, ამ დროს, ამ ძნელბედობის ჟამს, მთელი ძალების მობილიზება და მოთავეობა მტრის წინააღმდეგ მოუწია კონსტანტინე კახთა მეფეს. რამდენადაც ვახტანგ მეფის გულისყური ამ დროს უკვე მოსკოვის გზისკენ იყო მიპყრობილი და საქართველოდან გაცლაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე დარჩენასა და ბრძოლაზე. დაღესტნელი და ჭარელი ფეოდალები კი დროს არ კარგავდნენ და, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, „იყო ლაშქრობა ლეკთაგან ძლიერი, ხდომანი, სრვანი, ტყუევნანი, ოხრებანი დაუცადებელნი და იავარნი კახეთსა შინა“.3
აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ საერთოდ, XVIII ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში, როგორც ზემოთაც აღინიშნა, კახეთის სამეფო ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაღესტნელ ფეოდალ-აღალარების შემოტევათა მოგერიება და მათი გარეკვა კახეთის სოფლებიდან. ქართლის მეფემაც კახეთის მეფეებს ამ საქმეში სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინა. ალაზნის გაღმა ნაპირზე კი ამ დროს მიმდინარე ბრძოლა გლეხებსა და „ახალბატონებს“ შორის არ ცხრებოდა. სწორედ ასეთ საბედისწერო მომენტში შემოვიდნენ ოსმალთა ჯარები აღმოსავლეთ საქართველოში.
1. გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი, გვ. 50-51.
2. მ. სვანიძე, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხები, ჟურნალი „მნათობი“, 1980 წ. #12, გვ. 165.
3. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 621.
ქართლსა და კახეთში დამკვიდრებისათვის მებრძოლი ოსმალები, ბუნებრივია, მოწყალების ხელს გაუწვდიდნენ საქართველოს ზურგში მყოფ დაღესტნელ ფეოდალებს, რომლებიც იმ დროს დიდ ზიანს აყენებდნენ არა მარტო საქართველოს, არამედ თვით დაღესტანსაც. „ისინი აწარმოებდნენ გამანადგურებელ ომებს ქვეყნის შიგნით და განუწყვეტლივ თავს ესხმოდნენ ამიერკავკასიას, სწყვეტდნენ რა მთის ტომებს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთის ძველი და მდიდარი კულტურის გავლენისაგან“.1
„ქართლ-კახეთისათვის შექმნილ საბედისწერო ვითარებაში ოსმალო დამპყრობლების მფარველობითა და ენერგიული მხარდაჭერით აღმოსავლეთ კახეთში დაღესტნელი ფეოდალ-აღალარების ბატონობა განმტკიცდა და საქართველოს ეს კუთხე, ელისუს სასულთნოსთან ერთად, საბოლოოდ მოსწყდა დედასამშობლოს.
XVIII ს-ის 20-იანი წლებიდან კახეთის სამეფოს აღმოსავლეთი საზღვარი კიდევ უფრო ვიწროვდება: იგი ამიერიდან მდინარე ყაფუ-ჩაიდან დასავლეთით - გავაზისწყალზე ინაცვლებს. 1727 წელს ოსმალეთის სულთანმა საგანგებო ფირმანით დაუმტკიცა ჭარელ ლეკებს მათ მიერ მინატაცები ქვეყანა იმ სამსახურისათვის, რომელიც ჭარელებმა „მართლმორწმუნეთა ფადიშაჰს ისლამის გავრცელების საქმეში აჩვენეს“.2 ამრიგად, მტაცებელმა ოსმალეთმა მტაცებელ ჭარელებს გავაზისწყალსა და ყაფუჩაის შორის მდებარე გაღმა მხარი საშვილიშვილოდ დაუმტკიცა. ამის შემდეგ გაღმა მხრის ლეკური „უბატონო თემები“ მებატონე თემებად იქცნენ. დაპყრობილი ქართული სოფლები ჭარელებმა მძიმედ დაბეგრეს. ამავე დროს ისინი იქ მოსახლე ქართველობას აიძულებდნენ თანდათანობით მიეღოთ მაჰმადიანობა. აი, ასეთ „დამორჩილებულ დაბეგრილ ქართველ გლეხს ეწოდა „ინგილო“ განსხვავებით ტერმინ „ლეკისაგან“, რომელშიაც უპირატესად იგულისხმებოდა მებატონე ან თავისუფალი, იმის მიუხედავად თუ ვინ იყო ის წარმოშობით: ავარიელი, წახურელი თუ ქართველი („გალეკებული“). ასე რომ „ლეკი“ და „ინგილო“ უფრო სოციალური შინაარსის ცნებებია, ვიდრე ეთნიკური“.3
1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 428.
2. იქვე.
3. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი III, 275.
ასე წარმოიშვა საქართველოს მიწაზე აღმოსავლეთ კახეთში (საინგილოში) ეს ახალი პოლიტიკური ერთეული „უბატონო“ ლეკური თემების ჭარ-ბელაქნელი აღალარების სახელმწიფო, რომელმაც მალე ელისუს სასულთნოც დაიქვემდებარა და, დაღესტნელ ფეოდალ-აბრაგთა თუ ოსმალეთის სულთნის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული, ქართლ-კახეთს მოსვენებას არ აძლევდა.
მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, როგორც ჩანს, კახეთის მეფე კონსტანტინე „ოსმალებში“ უფრო დიდ ბოროტებას ხედავდა, ვიდრე ლეკებში, როდესაც იგი პერიოდულად მათ უზავდებოდა ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად; მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ, როგორც წესი, ასეთი დაზავება ყოველთვის პირობითი იყო და იგი ხელს არ უშლიდა ლეკებს სურვილისამებრ განეახლებინათ ხოლმე „ლაშქრობა და ოხრება კახეთსა შინა“.1
ამასობაში ვახტანგ VI და კონსტანტინე კახთა მეფისთვისაც სულ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ისინი ოსმალებს მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდნენ, რომ ამისთვის საჭირო იყო მათი ძალების გაერთიანება. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე მოხდა მათი შერიგებაც.
როდესაც ბაქარი თბილისიდან ოსმალებს გაექცა, იგი ალში (სურამის მახლობლად) ჩავიდა, სადაც ვახტანგ VI იმყოფებოდა. ამ დროისათვის ვახტანგსა და ბაქარს შემუშავებული ჰქონდათ ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა, რომელიც მტკიცე საბძოლო კავშირის შექმნას ითვალისწინებდა. ამ კავშირში გარდა ქართლის მეფისა, უნდა შესულიყვნენ კახეთის მეფე კონსტანტინე და სომეხთა საბრძოლო გაერთიანებები.
1724 წლის დამდეგს ვახტანგთან შეხვედრის შემდეგ ბაქარი მცხეთაში ჩავიდა. კონსტანტინე თავისი ძმის თეიმურაზის დახმარებით, რომელიც იმ დროს მცხეთაში იმყოფებოდა ბაქარს დაუკავშირდა. მცხეთაში ბაქარისა და კონსტანტინეს შეხვედრა წარმატებით დამთავრდა, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს: „ჰყვეს პირი ერთობა – სიყვარულისა ... რათა ბრძოდნენ ორნივე ოსმალთა“.2
1. ნ. სოლოღაშვილი, კახეთის სამეფო კონსტანტინე მაჰმადყული-ხანის მეფობის პერიოდში (1722-1732 წწ.), გვ. 34.
2. ვახუშტრი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 622.
ამ შეხვედრის დროს ბაქარსა და კონსტანტინეს შორის დაიდო საბრძოლო კავშირი ოსმალების წინააღმდეგ. ამის შესახებ მათ აცნობეს სომეხთა საბრძოლო გაერთიანებებს და ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდეს. კონსტანტინე მაჰმადყული-ხანმა ასევე ირანის ყეენთან წარგზავნა სახლთხუცესი საზვერელი, რომლის პირითაც აცნობა მისი და ბაქარის შეთანხმება და სთხოვა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება.
ვახტანგ VI, ბაქარმა და კონსტანტინემ კავშირი დაამყარეს პეტრე I-ის ელჩთან, აცნობეს მას ამის შესახებ და ოსმალეთთან ბრძოლის თავისი გეგმაც გააცნეს. ელჩი ხელმწიფეს სწერდა: „Я (Константин) Шахом Навас ханом (Бакаром) согласился о побеждении неприятеля через угодные способы как бы их победить и о Вашем прибытии Шах-Навас хану я сказывал ... и о некоторых делах согласились. А когда к нам прибудете, желаем о том согласитца и с Вами“.1 ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ ამიერკავკასიის ხალხების განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა კონსტანტინე კახთა მეფე. ამის შესახებ პროფესორი ა. იოანესიანი წერს: „Константин уйдя в Кахетию и признав главенство Бакара в картли, вступил на путь вооруженной борьбы с Турками. Отныне он будет в меру своих сил руководить освободительным движением народов Закавказья в целом“. 2
1724 წლის 6 აპრილს განჯაში დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოხდა ამიერკავკასიის ხალხების პოლიტიკური და საბრძოლო გაერთიანება. ეს ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა „... при посредничестве главы грузинских феодалов Закавказья Махмет Кули-Хана (Константина)“.3
ამრიგად, როგორც ირკვევა, კონსტანტინე კახთა მეფე ამ ეტაპზე გამოდიოდა მთელი ამიერკავკასიის ანტიოსმალური ძალების დამრაზმველად და ხელმძღვანელად.
1. მ. სვანიძე, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი, ჟურნალი „მნათობი“, 1980 წ. #12, გვ. 166.
2. Армяно – Русские отношения в первой трети XVIII века (Сборник документов). Под редакцией и предисловием А. Иоанесяна, т. II , ч. II . стр. 53
3. მ. სვანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 166.
ანტიოსმალური კავშირის მონაწილეებმა შეიმუშავეს ამიერკავკასიიდან ოსმალების განდევნის ერთიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ოსმალთა წინააღმდეგ შეტევა ერთდროულად უნდა დაწყებულიყო აღმოსავლეთიდან (განჯა – შამსედდინლუს მხრიდან) და დასავლეთიდან (გორხანეს უღელტეხილიდან მცხეთის მახლობლად). მოკავშირეები უნდა გაერთიანებულიყვნენ სოღანლუღის ველზე და შეეტიათ თბილისისათვის, ქალაქის აღების შემდეგ ერთიანი ძალებით უნდა დაძრულიყვნენ ერევნისკენ და გაენთავისუფლებინათ იგი ოსმალთა ალყისაგან“.1
ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის ეს გეგმა მოხერხებულად იყო შემუშავებული და გულისხმობდა მოკავშირეთა ერთობლივ და თანადროულ მოქმედებას. მაგრამ განჯელები აჩქარდნენ, რადგანაც ერევნის მოსახლეობამ განჯას, შამსედდინლუსა და მაჰმადყული-ხანს დახმარება სთხოვა. ასეთ ვითარებაში ,,განჯელები ერევნის დასახმარებლად ჩქარობდნენ და ქართველებზე ადრე ამოქმედდნენ. ადგილებიდან დაიძრნენ და თბილისზე განზრახვით წამოვიდნენ. ყაზახში მდებარე სოფლები დაიპყრეს და სახელდებულ დაბას მიადგნენ ალაფობითა და ნადავლის ხვეჭით“.2
1. გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი, გვ. 34.
2. იქვე.
განჯელების ასეთი მოქმედებით ჩაიშალა ოსმალთა წინააღმდეგ მოქმედების ერთობლივი გეგმა. ოსმალებმა მოხერხებულად გამოიყენეს ეს ვითარება და ცალ-ცალკე დაამარცხეს თავისი მოწინააღმდეგენი. როგორც ჩანს, კონსტანტინე თავისი კახელებითა და ჭარელი ლეკებით მარტო შებმია ყაზახთან ოსმალებს და დამარცხებულა კიდეც. ამ ბრძოლის შესახებ ვახუშტი ასე მოგვითხრობს: „ამისი მცნობელნი ოსმალნი მოვიდნენ და დაესხნენ ხილხილას მდგომს, ივლტოდა მაჰმად-ყული-ხან და წარიღეს მისნი ყოველნი ხარჭებითურთ ოსმალთა, ხოლო მაჰმადყული-ხან მოვიდა განჯას და განჯელთა არა შეუშვეს ქალაქსა შინა (რამეთუ იჯდა ძმისწული მაჰმად-ყულიხანისა მაჰმად მირზა მის წილ, რამეთუ მოეხუნა რა ერევანი, ყეენმა მოსცა მის წილ განჯა), ვინაითგან ეშინოდათ განჯელთა ოსმალთაგან, გარნა უძღუნეს დიდნი გარექალაქისა; მერე წარმოვიდა კახეთს. არამედ ქონდა შიშიცა ლეკთაგან და ივლტოდა ღამე მტკვრის კიდესა ეტიკობითა ტერასითა და მოვიდა საგარეჯოს. მაშინვე მოადგნენ ლეკნი და ვერღარისა მყოფელი განივლტო ღამით და მოვიდა თელავს და განამაგრა იგი“.1 როგორც ვხედავთ, კონსტანტინეს ხელში ჩაგდება მის მიერვე მოყვანილ ლეკებს უცდიათ, მაგრამ კახთა მეფეს მათგან თავი დაუღწევია და თელავს შეხიზნულა, რადგან მარბიელი ლეკები მთელ კახეთს მოდებულიყვნენ. რაკი ქვეყანა უპატრონოდ დარჩა „ლეკთა დაი პყრეს კახეთი, მაჰმადიან-ჰყვნეს და დაუდგინეს მოლანი მათნი დაბნებთა, ციხესიმაგრეთა შინა.2 ლეკების მიერ კახეთის ამ დაპყრობას უნდა გულისხმობდეს ალბათ ჭარის ომების ქრონიკის ავტორიც, როდესაც წერს, რომ „კახეთი თალასა და ჭარზე იყო დამოკიდებული, ხოლო გულხადარების მმართველობის ქვეშ კი ალავერდი და თელავი გავაზსა და გურჯაანამდეო“.3
ზემოთ მოტანილ ვახუშტის ცნობასთან დაკავშირებით, საიდანაც ვგებულობთ, რომ თითქოს კონსტანტინეს ლეკთა მოძალების გამო ღამით დაეტოვებინოს საგარეჯო და მისულიყოს თელავს, აუცილებლად მიგვაჩნია აღვნიშნოთ ვარლამ დონდუას მოსაზრება ამ საკითხზე. იგი აღნიშნავს, რომ „ვახუშტის მოთხრობაში „თელავი“ უადგილო ადგილას შეენაცვლა მეორე გეოგრაფიულ სახელს – „თვალივს“. ამ მოსაზრების გამოთქმისას იგი ეყრდნობა დავით გურამიშვილს, რომელმაც კარგად იცის, რომ ამ დროს კახეთიდან გაქცეული თავი კაცები და თვითონ მეფეც შეხიზნული იყვნენ მთაში:
„კახმა ბატონმა მიმართა ფშავ-ხევსურეთის კიდესა, კახთა ცოლ-შვილით თვალივსა მძლივ ფეხი მოიკიდესა“.4 თვალივი მდებარეობს თიანეთის წყლის სათავესთან. ამრიგად, ვარლამ დონდუა ასკვნის, რომ „ვახუშტის შრომის მითითებულ ადგილას უნდა წავიკითხოთ: კონსტანტინე საგარეჯოდან „განივლტო ღამით და მივიდა თვალივს (არა თელავს) და განამაგრა იგი. ხოლო ლეკთა დაი პყრეს კახეთი“.1
1. ვახუშტი ბატონიოშვილი, დასხ. ნაშრომი, გვ. 622.
2. იქვე.
3. Хроника войн Джара в XVIII столетии, под редакцией В. Хулуфлу, стр. 10.
4. დ. გურამიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 107.
5. ვ. დუნდუა, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორია, გვ. 103-104.
1724 წლის 10 მაისს დომენტი კათალიკოსმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა პეტრე I, სადაც ატყობინებდა, რომ მის სამწყსოს ოსმალნი მოერივნენ, მისი ძმა ვახტანგი იძულებულია დედაქალაქი დატოვოს, ვინაიდან თურქებს ლეკებთან აქვთ პირი შეკრული და არზრუმის ფაშა აპირებს ხელთ იგდოს ქართული სოფლები, ხოლო თბილისი, გორი და სურამი თითქმის ოსმალებითაა სავსეო.
დომენტი ქრისტიანობის დაცემის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით რუსეთის იმპერატორს სთხოვდა დახმარებას: „ვინ იცის, გზა ვიშოვნოთ და მანდ ვიახლოთ, რათა ხელმწიფემ შეგვიწყალოს და შეგვინდოს. მაგის წიგნის მომლოდინე ვართ“.1 ამ წერილიდან კარგად ჩანს, რომ ქართლის კათალიკოსის თხოვნა ქვეყანაში დარჩენილი თავკაცების საერთო გადაწყვეტილება იყო. ვერ გაართვეს რა თავი შექმნილ სიტუაციას, ერთის მხრივ, ლეკების შემოსევებს და მეორეს მხრივ ოსმალთა დამკვიდრებას, ქართლის თავკაცებმა გადაწყვიტეს რუსეთს შეკედლებოდნენ.
1724 წლის ივლისში ოსმალთა მიერ დამარცხებულმა და დამორჩილებულმა ქართლის მეფემ გადაწყვიტა სამშობლოს გასცლოდა და რუსეთს გადახვეწილიყო, იმ იმედით, რომ რუსეთის დახმარებით კვლავ დაუბრუნდებოდა სამშობლოს, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი ქართლისთვის გამოუსწორებელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ვახტანგ VI ბოლომდე ვერ სჭვრეტდა რუსეთის საერთაშორისო გეგმების ფართო ხასიათს: რუსეთის მთავრობა თურქეთის წინააღმდეგ ირანს უკავშირდებოდა ახლო აღმოსავლეთის საკითხის მოგვარებაში და ევროპის ქვეყნებთან დაპირისპირებაში ირანსა და თურქეთთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა.
ერთის მხრივ, ამ დროს ინგლისი ვერ ურიგდებოდა ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოლიტიკის გამარჯვებას, ხოლო მეორეს მხრივ, ვერც საფრანგეთი ეგუებოდა რუსეთის სავაჭრო პოზიციების გაძლიერებას შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში. ყოველივე ამის გამო, პეტრე I-ის დიპლომატია მეტად ფრთხილი იყო და საქართველოს საკითხი მისთვის მთავარ პრობლემას არ წარმოადგენდა. საუბედუროდ ყველა ამ გარემოებას ვერც ვახტანგ VI გაუწია ანგარიში. „1724 წლის ივნისში რუსეთმა კონსტანტინოპოლში ოსმალეთთან ზავი შეჰკრა და ზავის ერთ-ერთ მუხლში საქართველო თურქეთის დაპყრობილ ქვეყნად აღიარა“.2
1. მარი ბროსე, დასახ. ნაშრომი, გვ. 146.
2. Бутков П.Г., Материалы для новой истории Кавказа с 1722-1803 г. т. I, с. 57
Комментариев нет:
Отправить комментарий