воскресенье, 13 мая 2018 г.

არისტაკეს ლასტივერტცი: ცნობები XI საუკუნის საქართველოს შესახებ

არისტაკეს ლასტივერტელი (1002–1080/7) იყო არმენ ისტორიკოსი. მის ბიოგრაფიიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ ის იყო პატარა სოფელ ლასტივერტიდან (დღევ. ერზერუმის ჩრდილოეთით).
არისტაკესი არაერთი შრომის ავტორი. 1072-1087 ლებში მან დაწერა არმენიის ისტორია, რომელიც იყოფა 25 თავად და სადაც მოთხრობილია 1000-1071 წლების ამბები, კერძოდ, აღწერილია ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკთა ექსპანსია სომხეთში, თონდრაკელთა სოციალური მოძრაობა. ნაშრომში დიდი ადგილი უკავია ბიზანტიას, რომლის შესახებ ლასტივერტელს ფართო ცნობები მოეპოვებოდა. ნაშრომი შედგება 25 თავისაგან და უნიკალური კოლოფონისაგან. ლასტივერტელის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. როგორც ვარდაპეტი კარგად ერკვეოდა ქრისტიანულ თეოლოგიაში და ფლობდა ბერძნულ ენას.
საყურადღებო ცნობები დაგვიტოვა საქართველოს შესახებ, სადაც მოიხსენიება ტაო-კლარჯეთი და დავით I კურაპალატი, ბაგრატ III, გიორგი I და ბაგრატ IV.
გადმოცემა ვარდაპეტ არისტაკეს ლასტივერტცის, გაჭირვების, მიყენებული უცხო ტომელების მიერ
თავი 1
არმენიის მოვლენები
... გარდაიცვალა დავით კურაპალატი, კაცი ძლიერი, ქვეყნის მშენებელი, გულუხვი და ღატაკთა მოყვარე. მან, შეჭმარიტად დაამყარა მშვიდობა, რადგანაც მის დროს ყოველი ადამიანი, თანახმად წინასწარმეტყველებისა, განისვენებდა ვაზისა და ლეღვის საფარველ ქვეშ. მისი სიკვდილის შემდეგ ჰორომთა (ბიზანტიელთა) მეფე ბასილი, თავისი მეფობის ოცდამეხუთე წელს (1000), დაიძრა მძიმედ შეიარაღებული, გამოემართა და მოაღწია ეკელეაცის გავარს (ავტორი ცდება, ბასილი უნდა ყოფილიყო არშამუნიკის გავარის ქალაქ ერიზაიში), ისე რომ ბევრ ფუნდუკში არც კი შეჩერებულა. ტაოელ აზნაურთა ჯარი შეეგება მას. თითოეული მათგანი ღირსეულად იყო განდიდებული მისგან უხვი ძღვენით. მიაღწიეს რა ძლევამოსილებას, პატივსა და დიდებას, ფრიად გაიხარეს. მაგრამ აღსრულდა მათზე სული წმინდის შთაგონებით მომღერლის, დავითის წინასწარმეტყველება: „განთიად როგორც მწვანე აღმოცენდნენ, განთიად როგორც მწვანე მხიარულ იყვნენ და ყვავოდნენ. მწუხრი დაჭკნენ, და გახმნენ და დაცვივდნენ“. მეფე გადავიდა ალბრის ქვეყანაში და ღამე გაათია ჰავაჭიჩის ციხის (ერზერუმის სამხრეთით) მახლობლადარ ვიცი რა მიზეზით, დასავლეთის ჯარის მებრძოლები, რომლებსაც რუსები ერქვათ, და აზნაურთა გუნდი ერთმანეთს შეეტაკნენ. იმავე ადგილას აზნაურთაგან ფრიად საპატიო 30 კაცი დაიღუპა. ეს მათ ტყუილუბრალოდ არ შემთხვევიათ, რადგან მათ დიდ ხუთშაბათს სასიკვდილო წამალი შეურიეს სასიკვდილოს მსხვერპლს, შეასვეს მას და მით მოახრჩვეს ნეტარი არსება. ასე განაშორეს იგი სიცოცხლეს (იგულისხმება დავით კურაპალატი). მათ მობეზრდათ მისი არსებობა. ყოველივე ეს გააკეთეს იმ დაპირებებისათვის, რომელსაც მეფისაგან მოელოდნენ. ამისთვის ღმერთმა სამართლიანად მიუზღო აზნაურებს მათი საქმეების შესაფერისად...
იმავე ადგილას მოვიდა აფხაზთა მეფე ბაგრატი და მისი ძმა გურგენი, რომლებიც თვითმპყრობელმა მეფემ ფრიად განადიდა. ბასილმა ბაგრატს უბოძა კურაპალატობა, მის მამას კი მაგისტროსობა და მაშვიდობით გამოისტუმრა ისინი. თვითონ კი წავიდა და გადაიარა ჰარქი (ტავრუბერანის პროვინციის გავარი) და მანაზკერტი, დაბრუნდა ბაგრევანდის გავარში (აირარატის პრონვინციაში) და მოვიდა ქალაქ უხტაეცში (ოლთისი). მან მრავალი გავარი, ქალაქი და ციხე დაიპყრო. აქ მან დააყენა საქმის გამგებლები, მოსამართლეები და ზედამხედველები. თვითინ კი მშვიდად განაგრძო გზა და მიაღწია თავისი სამეფო ქალაქს, კონსტანტინეპოლს. ეს მოხდა 450 (1001 წ. 21 მარტი - 1002 წ. 20 მარტი. ასოღიკით ბასილი 449 წელსვე დაბრუნდა კონსტანტინეპოლში) წელს. ქვეყანამ მშვიდად განისვენა 14 წელი.
ჩვენი წელთაღრიცხვის 464 (1015 წ. 18 მარტი - 1016 წ. 17 მარტი. ბაგრატი 1 წლით ადრე მოკვდა) წელს გარდაიცვალა აფხაზთა მეფე ბაგრატი და გამეფდა მისი ვაჟი გიორგი. თვითმპყრობელმა მეფე ბასილმა ასეთი ბრძანება მისწერა მას: „რაც კი დავით კურაპალატის წილიდან მამაშენს ძღვენად ჰქონდა მიღებული, თავი ანებე და მხოლოდ საკუთარი მამული განაგე“. ხოლო გიორგიმ არ მიიღო ეს ბრძანება, არამედ ყრმობის ასაკით გამედიდურებულმა საწინააღმდეგი პასუხი გასცა ბასილ მეფეს: „რაც კი მამაჩემს ეპყრა საგამგებლოდ, მისგან ერთ სახლსაც ვერავის მივცემ“. ეს რომ თვითმპყრობელმა შეიტყო, ჯარი გაგზავნა ქვეყნის ძალით დასაპყრობად. მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ ტაოელი ვაჟკაცები, რომლებმაც დიდი დაბა-სოფლის უხტეაცის (ოლთისი) მახლობლად უკუაქციეს ჰორომთა ჯარი, ხოლო ქალაქსა და სხვა გაშენებულ ადგილებს ზიანი არ მიაყენეს. ასე მიეცა ტაოს ქვეყნის დაეცმას.
თავი 2
არმენთა სამეფოს შესახებ.
... 468 (1019 წ. 17 მარტი - 1020 წ. 16 მარტი) წელს უფალი პეტრე კათალიკოსად დაადგინეს უფალ სარგისის სიცოხლეშივე. 470 (1021 წ. 16 მარტი - 1022 წ. 15 მარტი) წელს თვითმპყრობელი მეფე კვლავ გამოემართა დიდძალი ჯარით, მოვიდა აღმოსავლეთში და შეჩერდა კარინის ფართო ველზე. მან ელჩი გაუგზავნა იბერიელ მთავარს გიორგის, რომ მოსულიყო მასთან მორჩილებით. ერთი ქართველი ეპისკოპოსი, რომელიც ვაღარშაკერტში (ვალარშავანი, არაქსის სანაპიროზე, კარინის დასავლეთით)  იჯდა, შეეგება მეფეს და დააიმედა იგი, რომ როგორც კი ეკელეაცში ან კარინში ამოხვალ, გიორგი შენ გეხლებაო. მეფემ დაიჯერა ეპისკოპოსის სიტყვები და დარჩა გიორგის მოსვლის მოლოდინში, იცვლიდა რა თავშესაფარებს. ხოლო გიორგიმ ვერ გაბედა წასულიყო მეფის დაძახილზე, რადგანაც თავისიანებიდან ბევრნი აშინებდნენ მას, რომ, როცა მეფე გნახავს შენ, ან მოკლავს, ან დაგაპატიმრებს და ვერ მიაღწევ პატივსო. ხოლო მეფე გადავიდა ბასიანში და ორი-სამი დესპანი გაგზავნა, რადგანაც ძალიან უნდოდა მშვიდობიანად დაემთავრებინა თავისი მოგზაურობა და ქვეყანაც აშენებული დარჩენილიყო. მაგრამ როცა ჩაიშალა ელჩობა, მეფე ძლიერ განრისხდა და ბრძანა ცეცხლით, მახვილითა და ტყვეებით გაენადგურებინათ დიდი ქალაქი ოკბმი (დღევ. უგუმუ, ასან-კალას ჩრდ-აღმ-ით.) და მის გარშემო არსებული სოფლები. ააოხრა მამულები, რომლებიც იმ მხარეში იყო. მეფემ ბრძანა ტყვეები წაეყვანათ ხალდიის გავარში, თვითონ კი ბასიანისკენ გაემართა და მიაღწია ვანანდის გავარს, კარმირ ფორაკს (ნიშნავს „წითელი ხეობას“. დღევ. ყიზილ-გადუკი, ყარსის დასავლეთით). ხოლო გიორგიმ, ჰპოვა რა შესაფერისი დრო, მიაღწია ქალაქს უხტეაცს (ოლთისი) და უბრძანა ჯარებს გადაეწვათ მისი ლამაზი ნაგებობები, იავარეყოთ მისი მთელი საქონელი, ხალხისათვის ვნება არ მიეყენებინათ.
   ეს რომ მეფემ შეიტყო, უფრო მეტად განრისხდა, მისკენ გამობრუნდა. ჯარები ერთმანეთს შეხვდნენ პალაკაციის (ჩილდირის) ტბის მახლობლად და საზარელი გრიალით ეკვეთნენ ერთმანეთს. ამიტომაც მახვილთა გაელვარებისა და მუზარადების კაშკაშის დროს ცეცხლის ნაპერწკლები მთებს ეფინებოდა და მახვილთა დარტყმისას ცეცხლის ნაპერწკლები ცვიოდა და მიწაზე ეცემოდა. თვით მეფეც კი, უყურებდა რა ამას, გაკვირვებული იყო მებრძოლთა სიმამაცით, რადგანაც კლდეზე მიხეთქებული მდინარეთა ნიაღვრის მსგავსად მათ დაამსხვრიეს ჰორომთა ჯარები და უკუაქციეს. იმავე ადგილას დაიღუპა დიდი მთავარი რატი (ბაღვაში): მისმა ცხენმა, შეხვდა რა ჭაობიან ადგილს, ვერ შესძლო გადასვლა. მტრებმა მახვილი დასცეს რატის და მოკლეს საქებარი პოროვნება, რამაც დიდი მწუხარებამ მიაყენა ტაოელთა ქვეყანას. ხოლო გიორგი თავის ჯარით წავიდა და გამაგრდა აფხაზთა სიმაგრეებში. მეფემ ოთხივე მხარეს ჯარი გაგზავნა, მარბიელი მოჰფინა, მკაცრი ბრძანებით მოითხოვდა, რათა არ დაენდოთ მოხუცი, არც ახალგაზრდა, არც ყრმა და არც სრულასაკოვანი, არც კაცი და არც ქალი და საერთოდ არცერთი ასაკისა. ამგვარი წამოწყებით მან დაანგრია და მოაოხრა 12 გავარი.
   საწყალობელი და ცრემლის მომგვრელი სანახაობა იყო აქ, რადგანაც მაღალი სამეფო სასახლეები და ტაძრები, რომლებიც დიდი ხარჯითა და ხუროთმოძღვართა ოსტატობით იყო ნაშენი მხილველთა განსაცვიფრებლად და მცხოვრებთა სიხარულით დასატკობად, გადაიწვა, დაინგრა და განადგურდა, ხოლო მათი პატრონები მათთან ერთად მახვილით ამოწყდნენ. ვაი ამ ისტორიას, ვაი ბოროტ საქმეებს. როგორ შევძლებ მე, ცოდნით ღარიბი და ყველა სხვებზე უმეცარი, აღვწერო იმ დროის ამბები, ან ღირსეულად დავიტირო ჩვენი უბედურება. ეს ყოველივე მიეკუთვნება ერემიას, რომელმაც იცის ამ უბედურების თანახმად საქმის მოწესრიგება. ხოლო ჩვენ მოკლე სიტყვით აღვწერთ ამ გრძელ ისტორიას მომავალი ხალხისათვის გასაგებად, რათა შვილებმა, როიმლებიც დაიბადებიან, მოუთხრონ თავიანთ შვილებს ეს, რომ მათ არ დაივიწყონ ღვთის საქმეები, რომელიც სამართლიანი საზომით მიუზღავს ყველა მათ, რომლებიც გაურბიან მის კანონებს, იობის სიტყვების თანახმად: „და მიაგის პირისპირ მისაგებელი და მოსრვა მოძულეთა მისთა, და არა აყოვნის მოძულეთა, პირსა მიგებად მათთა“.
   წარმოიდგინეთ რა მოხდა იმ საათში - კეთილშობილ ხანდაზმულთა თმები შეღებილი იყო სისხლით, ყმაწვილნი ხმლებით დახოცილნი, დაუსრულებელი რიცხვი დაბრმავებულნი... აზნაურთა ცოლები გაათრიეს მოედანზე, თავებიდან მოაძრეს თავსაფრები და შეურაცხყვეს. ჩვილებს აგლეჯდნენ დედებს მკერდიდან, ერთ ნაწილს ქვებით სცემდნენ, სხვებს მკერდზე აკლავდნენ დედებს და მათი სისხლი დედის რძეში ირეოდა, ანდა გზებზე ყრიდნენ და ცხენის ფლოქვებით თელავდნენ. ასეთი საქციელებით იმპერატორმა გააუკაცრიელა აყვავებული მხარე და ზამთრის დადგომამდე გაძარცვა და გააპარტახა იგი. შემდეგ დასაზამთრებლად იმპერატორი დაბრუნდა პონტოს ხეობაში. ის დაეშვა ხალდიის გავარში. იქ მასთან მივიდა პატრიარქი პეტროსი, რომელიც მიღებულ იქნა პატივით... პატრიარქი პეტროსი აღამაღლა იმპერატორმა და მისმა სარდლებმა, რის შემდეგაც დაბრუნდა თავის სამყოფში. მაგრამ იქვე ხელმოწერილ იქნა არმენიის დაღუპვის დოკუმენტი. ანდა იოვანესმა დაავალა პატრიარქს შეედგინა ანდერძი და გადაეცა იმპერატორისთვის, რომ მისი სიკვდილის სემდეგ მე ჩემს ქვეყანას მემკვიდრეობით დაუტოვებ მასარ ჰყავდა იოვჰანესს შთამომავლობა, რომ მიეღოთ გვირგვინი, მისი შვილი ერკათი დაიღუპა ადრე...
თავი 3
იმის შესახებ, თუ მეფე მეორეჯერ თავს როგორ დაესხა ტაოელთა ქვეყანას, სადაც დამარცხდა იბერიელთა ჯარები.
თვითმპყრობელმა მეფემ ზამთარი გაატარა პონტოს შესანიშნავ ქვეყანაში, გაზაფხულის დადგომისთანავე კი გამოემართა და კვლავ მოვიდა ტაოში, გაიარა ბევრი ფუნდუკი და დაიბანაკა ბასიანის გავარში. ჰორომთა მთავართაგან ბევრმა, რომლებიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით მეფის მიერ აღკვეთილი იყვნენ პატივისა და ხელისუფლებისაგან და გალიებში დამწყვდეული ლომებივით ღმუოდნენ, ახლა ჰპოვეს შესაფერისი დრო, ერთ ადგილას შეიკრიბნენ და განიზრახეს ბოროტება, რაც ვერ შეძლეს განეხორციელენათ: მათ გადაწყვიტეს მეფის წინააღმდეგ ამბოხება და თავისთვის სასურველი პიროვნების გამეფება. როცა გადაწყვეტილება მიიღეს, შემდეგ განახორციელეს ეს განზრახვა. ფართო ველზე დაიბანაკეს. აქა თავი მოიყარა ადამიანთა ურიცხვმა სიმრავლეს და იწყეს სამეფო პატივის ერთმანეთისათვის მიცემა. ისინი ერთმანეთთან შეთანხმდნენ და შეიპყრეს ფოკას ვაჟიშვილი, რომელსაც წრავიზს უწოდებენ (იგულისხმება ნიკიფორე) და რომელიც მამამისის დანაშაულის გამო დიდი ხნით აღკვეთილი იყო პატივსა და ხელისუფლებას, (ავტორი ცდება, ნიკიფორეს არაფერი დააკლეს) მაგრამ იგი არ დაეთანხმა მათ და ყოველივე ეს თავს ვერ იდვა, ხოლო მათ ხელი არ შეუშვეს ძიებას, არამედ ძალდატანებით არწმუნებენ, სანამ არ დაითანხმეს იგი.
   ეს რომ თვითმპყრობელმა შეიტყო, დიდი საგონებელში ჩავარდა, წავიდა და გამაგრდა ერთ ციხე-სიმაგრეში, რომელსაც მაზდატს (კარინსა და ბასიანს შორის, არაქსს შორის) უწოდებენ, ვინაიდან ეს ბერძენთა სახლის ჩვეულება არის. არ ვიცი საღვთო კანონია ეს, რომ მსახურთ არ მართებთ უფალთა წინააღმდეგ აღდგომა, თუ იმ დროს მეფის განსაკუთრებული შეწყალება იყო, ის კი დაბეჯითებით ვიცი და საკუთარი თვალითაც ვიხილე, რომ ვინც კი მის წინააღმდეგ წასულა, ყველანი სასაცილო სიკვდილით მომკვდარან. მისი მეფობის დასაწყისში მას აუჯანყდა ბარდა (976 წ.), მან თითქმის ყველა ჰორომი თან წაიყვანა, ისე რომ მეფემ დასახმარებლად ჯარი იბერთა კურაპალატს სთხოვა, მით დაამარცხა ქვეყნის დამპყრობელი და გააქცია ქვეყნიდან (979 წ. 24 მარტს). იგი წავიდა და გადავიდა ქალდეელთა ქალაქ ბაბილონში. იმავე სნებით დაავადდა თანამოსახლე ფოკა, რომელმაც იბატონა მთელ აღმოსავლეთზე შვიდი წელი (ფოკამ თავი იმპერატორად გამოაცხადა 987 წ. 15 აგვისტოს ხარსიანში, ხოლო 989 წლის 13 მარტს აბიდოსის ბრძოლაში დაიღუპა. ამდენად მისი მმართველობა 20 თვე გაგრძელდა და არა 7 წელი). მეფე ოთხი ათასი კაცით ღამით ზღვით გადავიდა, თავს დაესხა ურიცხვ აჯანყებულ ჯარს. ასეთ სიმრავლეში არავინ დაღუპულა, გარდა თვით აჯანყების მეთაურისა. მას თავი მოჰკვეთეს. მეფემ ბრძანა საყვირით ყველასთვის მშვიდობა ეუწყებინათ და როგორც კი შეწყდა ბრძოლა, თითოეული ჯარისკაცთაგანი თავის საკუთარ სახლს დაუბრუნდა. მეფე კი დიდი გამარჯვებით წამოვიდა და შევიდა თავის ქალაქში - კონსტანტინეპოლში.
   დავითი, რომლის მეორე სახელია სენექერიმი, შევიწროვებული იყო სპარსელების მიერ თავის სამემკვიდრეო მამულში, ვასპურაკანში, და გადასცა იგი თვითმპყრობელ ბასილის, სანაცვლოდ კი მიიღო ქალაქი სებასტია და მის ირგვლივ ოლქები, და ეს მოხდა არ დიდი ხნის წინ, არამედ 2-3 წლის უკან (ეს მოხდა 1021 წელს). იმიერიდან დღემდე ჰრომეები ფლობენ აღმოსავლეთს. ეს სენექერიმი ერთ ხანს იყო აჯანყებულებთან, სარგებლობდა მისი ნდობით, მაგრამ შემდეგ გამოფხიზლდა. ერთ დღეს მან მოიწვია საიდუმლო მოლაპარაკებისთვის წრავიზი, იმპერატორად თვითგამოცხადებული და მოკლა ხმლით. შემდეგ მოჭრა თავი და გაუგზავნა იმპერატორ ბასილს. (სინამდვილეში სენექერიმს არ ერქვა მეორე სახელი და არც ნიკიფორე ფოკასთან ჰქონია რამე საქმე. ნიკიფორე მოკლა სენექერიმის ვაჟმა დავითმა, რომელიც მამას გაჰყვა ბიზანტიაში 1021 წელს და მონაწილეობდა ნიკიფორეს ამბოხებაში).
   მაშინ საქმე ასე ჩაიშალა, შეთქმულებაში მონაწილენი ერთიმეორის მიყოლებით წავიდნენ აქედან, ცდილობდნენ შეუმჩნევლად დაბრუნებულიყვნენ შინ. ამგვარად მათი საიდუმლო ფიქრები მაშინვე ჩაშლილ იქნა. იმპერატორმა ნახა რა ტირანის თავი, ბრძანა სარზე წამოეგოთ და ქვეყნის დასანახად აღემართად. მაშინ ბევრი აჯანყებულთაგანი მივიდა და დამორჩილდა იმპერატორს.
   ამის შემდეგ მეფე ჯარით გადავიდა ბასიანის ფართო ველზე და წარმართული ჯარიდან ცხენოსნები გაგზავნა აჯანყებული ფერსის (ფერის ჯოჯიკის ძე, დავით კურაპალატის სარდლის ვაჟი. 1000 წელს ძმასთან ფევდატესთან და აზნაურ ბაკურიანთან ერთად ტყვედ წაიყვანეს ბიზანტიაში) შესაპყრობად, თვითონ კი დაიძრა და მიაღწია ბასიანის დასასრულს, იმ ადგილას, რომელსაც სალქორაის (არაქსის სანაპიროზე, სარკიული-დაღის ქვემოთ და დელიბაბას ჩრდილოეთით) უწოდებდნენ, ღრმა ორმოთი ბანაკს გარს შემოარტყა სანგარი და ერთი თვე და უფრო მეტი ხანი დაჰყო იქ.
   ხოლო მეფისგან წარგზავნილებმა შეიპყრეს ფერსი და მისი სიძე ანდრონიკე, რომელიც მისი თანამზრახველი იყო და მოიყვანეს ხალტო-იარიჭის ციხე-სიმაგრემდე (ხალტო ძორი, ჭოროხის ზემო წელზე), კარინის საზღვარზე. მათ მიაღწიეს ციხე-სიმაგრის პირდაპირ მდებარე მინდორს, იქ შეჩერდნენ, მოიყვანეს ფერსი და ანდრონიკე და თავები მოკვეთეს. ეს მათი მეფისგან იყო ნაბრძანები, რადგანაც ფერსი და ანდრონიკე თავიანთი აჯანყების დროს აფხაზის მოკავშირენი იყვნენ და აღუთქვეს მას ამ ადგილამდე მთელი ტერიტორიის მიცემა, ვინაიდან ჯერ კიდევ წინათ ეს ადგილები დავიდ კურაპალატს ეპყრა, მაგრამ არა როგორც მშობლიური მემკვიდრეობა, არამედ მას იგი ძღვნად ჰქონდა მიღებული ერთგული მორჩილებისათვის. დავითმა აღთქმა დასდო, რომ თავისი სიკვდილის შემდეგ ეს გავარი გადაეცემოდა მეფეს. მათ კი ეს ვეღარ მოისაზრეს, არამედ გულუხვნი იყვნენ იმ ძღვენით, რომელიც არ იყო მათი. სწორედ ამიტომ მეფემ თავები მოჰკვეთა მას.
                                                  თავი 4
               საბოლოო ბრძოლის შესახებ, რომელიც შლფაიში მოხდა
ხოლო მეფემ სალქორაიში ყოფნის დღეებში გიორგისგან ითხოვა სამი ციხე თავის ირგვლივ სოფლებითურთ, რომლებიც გურგენს უსამართლოდ წაღებული ჰქონდა კურაპალატის წილიდან. მეფემ ელჩები გაგზავნა გიორგისთან და ტკბილი სიტყვებით მისწერა მას, რომ: „ის რაც არ არის შენი სამამულო მემკვიდრეობა, დათმე და მშვიდობით იცხოვრე შენ ნაწილში და ნუ გადამეღობები გზაზე, რომელიც სპარსეთისკენ მიდის“. მან კი თავს არ იდვა ყოველივე ეს. შემდეგ მეფემ მასთან გაგზავნა ვალარშაკერტის ეპისკოპოსი ზაქარია. ზაქარია წავიდა და დამარწმუნებელი სიტყვებით შეაცდინა გიორგი, რომელიც დათანხმდა და მისწერა მეფეს, რომ მისცემდა იმას, რასაც ითხოვდა. ეპისკოპოსმა აიღო წერილი და დაბრუნდა სიხარულით.
იგი მივიდა ერთი დღის სავლელ გზაზე, ფუნდუკში, სადაც ღამე გაეთია, აქ მას სწრაფად დაეწიენ მდევრები წერილის სათხოვნელად, რადგანაც გიორგიმ ინანა უგუნური საქციელის გამო. მდევრებმა აიღეს წერილი და უკან დაბრუნდნენ. ეპისკოპოსი კი წავიდა, შეხვდა მეფეს და უამბო მას, რაც მოხდა. შემდეგ მეფემ გამოიკითხა ჯარებისა და მათი საბრძოლო სამზადისის შესახებ. ზაქარიამ უპასუხა, რომ ყველაზე მეტი ჯარი გიორგის ჰყავს, ძლიერი და საბრძოლველად მომზადებულიო. ეს რომ მეფემ მოისმინა, ფრიად განრისხდა და უთხრა ზაქარიას: „შენ აჯანყებულთაგან მოხვედი და მაშინებ მე“. მეფემ ბრძანა ზაქარიას გაგზავნა კონსტანტინეპოლში, მას კი უთხრა: „წადი, შეისვენე იქ, ვიდრე მე შენთან გამოვიქცევი“. მეფემ ზაქარიას წამყვანებს უბრძანა, რომ მისთვის ენა მოეკვეთათ. ზაქარია წავიდა და აღარც დაბრუნებულა თავის ადგილას, არამედ დარჩა იქ სიკვდილამდე.
ამის შემდეგ მეფემ დასტოვა სალქორაის სადგომი და ჯარით წავიდა ადგილისკენ, რომელსაც შლფაი (შირიმქი, შირიმნი, არშარუნიქის გავარში) ეწოდებოდა. ეს რომ აფხაზმა გაიგო, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ დაბანაკებული და გამაგრებულნი, ასეთი ვერაგობა ჩაიდინა: თავის ეპისკოპოსთაგან ერთი უფროს ელჩად გაგზავნა, თვითონ კი ელჩის უკან ჯარით წავიდა, რომ ბრძოლისთვის მოუმზადებლებს თავს დასხმოდნენდა შიშით შეპყრობილნი უკუექციათ. ისინი გამოვიდნენ სწრაფი ცხენით და თითოეული თავის ამხანაგს წინ უსწრებდა არა საბრძოლო წესით, არამედ ისე, თითქოს ნადავლს იღებდნენ, როგორც ძველად, იორამის დროს მოაბელნი თავს დაესხნენ ისრაელიტელებს და დაეცნენ მძაფრი მახვილით. ასევე შეემთხვათ მათ. ვინაიდან აფხაზები შეუპოვრად მიეწიენ ცხენებით მოწინააღმდეგეს და თან ძალაგამოცლილნი იყვნენ ტვირთის, რკინის იარაღის ტარებისა და სწრაფი და ხანგრძლივი სვლის გამო, ამიტომ ჰორომთა ჯარებმა დაუყონებლივ, ადვილად მოიმწყვდიეს ისინი და ამოწყვიტეს ურიცხვი რაოდენობით. ხოლო გადარჩენილები თავიანთ მეფესთან ერთად გაიქცნენ და შევიდნენ აფხაზთა ციხე-სიმაგრეებში. მათ უკან მიჰყვნენ ჯარები და ამოწყვიტეს ისინი მზის ჩასვლამდე. შემდეგ კი მეფემ ბრძანა მოკლულთა თავები ერთ ადგილას შეეგროვებინათ და თითოეული თავის მომტანისათვის მიეცათ თითო დრაჰკანი. მათ ყველა საზღვრებში დაძებნეს და მეფის წინაშე ერთ ადგილას თავი მოუყარეს დახოცილთა თავებს. მეფემ ბრძანა, რომ ეს თავები გზაზე განელაგებინათ ჯგუფ-ჯგუფად მნახველთა განსაცვიფრებლად და შიშის მოსაგვრელად.
ამის შემდეგ, როცა გიორგიმ იხილა თავისი თავი ყოველგვარი იმედისგან მოწყვეტილი, სთხოვა მეფეს შერიგება. მეფემ მოისმინა რა ეს, შეიწყალა იგი და ასეთი წერილი გაუგზავნა: „ნუ ფიქრობს, რომ გძლიე შენ, უფრო მეტს ვითხოვ შენგან, ვიდრე ადრე. მომეცი ჩემი სამამულო მიწა, რომელიც კურაპალატმა მე მიბოძა, და მომეცი შენი ვაჟი მძევლად. მაშინ ჩემსა და შენს შორის დამყარდება მშვიდობა“. გიორგი დაეთანხმა ამ წინადადებას. მეფემ დააყენა გავარზე მთავრები, რომლებმაც დაყვეს იგი მამულებად, სოფლებად და კარმიდამოებად, როგორც ეს წინათ იყო. ბასილ მეფემ მიიღო მძევლები და შეპირდა მათ უკან დაბრუნებას 3 წლის შემდეგ. თვითონ კი წავიდა ჯარით, გარს შემოერტყა არმენთა ქვეყანას და შეჩერდა და დაიბანაკა ჰერის გავარის (პერსარმენიაში, ქ. ხერის, დღევ. ხოის ირგვლივ, ურმიის ტბის ჩრდილოეთით) ფართო მინდორზე. მან ჯარებს უბრძანა გაეჩეხათ ქალაქის ხეები. ხოლო ქალაქის მთავარმა ითხოვა ხარკის აკრეფით მომსახურებოდა მეფეს და ყოფილიყო მის მორჩილებაში.
ვიდრე იგი ამ ფიქრებით იყო გართული, სპარსთა მთელი ქვეყანა შიშითა და ძრწოლით იყო მოცული და ეძებდნენ ხსნის საშუალებას; უეცრად ცა ღრუბლებით დაიფარა და მიწას გადმოეფინა წვიმის დინებანი. შემდეგ კი დაბერა ჩრდილოეთის მძაფრმა ქარმა, წვიმა შეცვალა სეტყვამ, თოვლმა და ყინულმა სქელი ფენით დაფარა დედამიწის ზედაპირი. ეს დრო იმითაც იყო ხელმშემწყობი, რომ მოაწია მკაცრმა ზამთარმა. თოვლის სიმრავლისა და მკაცრი ყინვების გასახანგრძლივების გამო ცხენებისა და ჯორების გროვა გაშეშდა და ვეღარ შესძლო მოძრაობა. ხოლო ქვეით ჯარებს, მკაცრი ყინვებისაგან ხელებისა და ფეხების ბოლოები, როგორც ცეცხლისგან, ისე დაეწვათ და მოკვეთილნი დაცვივდნენ. კარვების თოკები და პალოები, რომლებიც მიწაზე იყო დამაგრებული ურყევი დარჩა თავსდამტყდარი სასტიკი უბედურებებისგან. და ეს, როგორც მე ვთვლი მათი უწყალო მახვილის სანაცვლო იყო, რომელიც მათ ქრისტიანებს მიუტანეს. თუმცა ქრისტიანები ცოდვებისათვის გაცემული იყვნენ, მაგრამ საჭიროა მათი შეწყალება, როგორც ამას ღმერთი ეუბნება ბაბილონელს: „მე მივსცე ისინი ხელსა შენსა, ხოლო შენ არა მიეც მათ წყალობა“. ამისთვის მკაცრი ყინვებით გაიტანჯნენ არა თუ მაღალ მთებზე, არამედ ღრმა და საკმაოდ თბილ ველებში, თავიანთი მტრების წინაშე, როგორც მოსეს დროს ეგვიპტე დაისეტყვა და თრთვილით დაიფარა, რაც არ იყო შესაბამისი ქვეყნის ბუნებისათვის. ბარბაროსებმა აშკარად შეიგნეს, რომ მათ ებრძოდა ყოვლისმპყრობელის ხელი. ისინი, რომლებიც ასეთ ვითარებაში დარჩნენ ძლიერი და ურყევი, მეფესთან ერთად ცხენებზე შესხდნენ და ყინვისგან, როგორც მტერთაგან, განდევნილებს აღარც კი უზრუნიათ ქონებაზე, გადავიდნენ არწრუნიდების გავარში (ე.ი. ვასპურაკანში). ეს რომ ქალაქის მცხოვრებლებმა დაინახეს, უმალვე გროვად თავდასხმით გარეთ გამოვიდნენ და დიდი სიხარულით ზედ მიეწიენ და აივსნენ ცხენებით, ჯორებით, კარვებით და სხვა ქონების ნადავლით, რომელზეც გაქცეულებს არ შეეძლოთ ეზრუნათ, არამედ მხოლოდ სიცივისგან იყვნენ შეძრწუნებულნი, ხოლო მეფე, მძარცველთაგან შეშინებული, აშკარად მიხვდა, რომ უფლის ხელმა მის ხელს მისცა იბერიელები, როგორც მეფეთა წიგნში სწერია: „ვერ უძლოს ძლიერმა კაცმა, უფალმა უძლურ ყოს მხდომი თვის“. მეფე დაიძრა ჯარით, განვლო მრავალი ფუნდუკი, წავიდა და მიაწია თავის ქალაქს კონსტანტინეპოლს, დარჩა იქ სამი წელი. შემდეგ კი დიდი ძღვენით გაგზავნა აფხაზის შვილი, თვითონ კი იგი სიკვდილის სენმა შეიპყრო.
თავი 5
კონსტანტინეს (VIII) მეფობა
ბასილის შემდეგ 4 წელი იმეფა მისმა მკვიდრმა ძმამ კონსტანტინემ (15 დეკემბერი 1025 - 11 ნოემბერი 1028 წ.). ვინაიდან იგი იყო მშვიდობისმოყვარე და გულუხვი კაცი, თავისი მეფობის პირველ წელს მშვიდად იმყოფებოდა. მან დაამტკიცა პროვინციების მმართველებად ისინი, ვინც ჯერ კიდევ ბასილის დანიშნა. ვასპურაკანის მმართველად იყო ვინმე კომიანი (ნიკიფორე კომნინოსი, არქონტი მიდიისა და ვასპურაკანის და მიმდებარე ოლქების, კედრენე), კაცი მამაცი და მებრძოლი, დანიშნული ჯერ კიდევ კონსტანტინეს ძმის მიერ. კომიანმა გაითქვა სახელი აღმოსავლეთში თავისი თამამი და მამაცური საქმეებით სპარსეთის სამეფო სახლის წინააღმდეგ. როცა იმპერატორი მოკვდა, მან ჩაიფიქრა არაკეთილი საქმე, გამხდარიყო მეფედ აღმოსავლეთში და კავშირში შევიდა გიორგისთან. ამის შესახებ გაიგეს კაპადოკიელმა მეომრებმა, მოილაპარაკეს, მოულოდნელად დაესხნენ თავს, შეიპყრეს თანამოაზრეებთან ერთად, ჩაყარეს სიბნელეში და აცნობეს იმპერატორს. ეს მოხდა კონსტანტინეს მმართველობის პირველ წელს, რომელიც არის ჩვენი წელთაღრიცხვის 475 (15 მარტი 1026 წ  14 მარტი 1027 წ) წელი.
     გაიგო რა ამის შესახებ იმპერატორმა უმალ არ დასაჯა, არამედ ერთი წელი მოიცადა, რათა გაერკვია საქმის ნამდვილი ვითარება. შემდგომ წელს კი გაუგზავნა ჯალათი, რომელმაც დააბრმავა კომიანი და მისი 8 თანამოაზრე.
   მეორე წლის დამდეგს (ე.ი. 1027 წ.) მეფეს ქვეყნის აღმოსავლეთ მხარეში მმართველად გაგზავნა ერთი საჭურისი ნიკიტა (პისიდიელი, „იბერიის დუკა“), რომელიც მოვიდა „იბერთა გავარში“ და მაცდური სიტყვებით ქვეყნის მრავალი აზნაური გამოიყვანა სამშობლოდან და მეფის კარზე გაგზავნა. ეს რომ მეფემ იხილა, გაიხარა, პატივი სცა მათ დიდი ძღვენითა და ხელისუფლებით; უბოძა მათ ღირსებისამებრ სოფლები და დაბები ხელწერილითა და ბეჭდით სამარადისო სამემკვიდრეოდ. ხოლო მესამე წლის დასაწყისში აღმოსავლეთისკენ დიდი ჯარით დაიძრა სიმონ საჭურისი, რომელსაც ეპყრა ნახევარი სამეფოს ხელისუფლება და რომელიც ბერძნულ ენაზე პარეკიმანოსად (ე.ი. იმპერატორის საწოლის უხუცესი) იწოდებოდა. იგი გადმოვიდა იბერთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ შესძლო საქმის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან მაშინვე მოვიდა მეფის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი. ეს რომ მან გაიგო, დაუყონებლივ კვლავ კონსტანტინეპოლში წავიდა.
თავი 10
კონსტანტინე IX მონომახის მეფობა, თეოდოსის ძისა
როცა არმენიის მეფის სიკვდილის ამბავმა მიაღწია რომის სახელმწიფოს თვითმპყრობელის ყურებს, მან ჩათვალა რომ არმენიის შესახებ დადგენილება (იოანე-სუმბატის ანდერძი) აძლევს უფლებას მემკვიდრეობით საკუთრებაზე და შეუდგა ქალაქ ანისა და მთელი ქვეყნის დაპყრობას (იოანე-სუმბატი გარდ. 1041 წლის 10 დეკემბერს). მაგრამ ამ დროს ვინმე სარგისმა, (ჰაიკაზნი, ვესტი, ანთიპატაპატრიკოსი, აღმოსავლეთის დუკი) არმენიის მთავარ აზნაურთა რიგიდან, დანიშნა თავი შირაკის ოლქისა და მეზობელი გავარების მეფე: მა ხელთ იგდო იოანე-სუმბარტის სასახლის მთელი საგანძური, რადგან მისი სიკვდილის შემდეგ დანიშნული იყო რეგენტად. ხოლო გავლენიანი და ცნობილი ბატონი ბაჰრამი, დიდი და შეუდარებელი თავის ღვთისმოშიშეობაში, ფაჰლავუნდთა გვარიდან, და მისი ოჯახის წევრები, ვაჟები და ძმისშვილები  ისინი იყვნენ 30-მდე აზნაური  არ მიემხრნენ სარგისს, მაგრამ მოუწოდეს გაგიკს (II), აშოტის ძეს (იოანე-სუმბატის ძმისშვილი. გამეფდა 490 =1041 . 11 მარტი-1042 . 10 მარტი), ცნეს იგი თავის მეფედ და მიიყვანეს დედაქალაქში.
დაინახა ეს, სარგისმა შეკრიბა სამეფო საგანძური და შეაღწია ქალაქ ანისის ციტადელში. გაგიკმა კი მოიკრიბა სიმამაცე და მოელაპარაკა დაეტოვებინა ქალაქი. მაშინ სარგისმა დატოვა ციტადელი და წავიდა სურმარის ციხე-სიმაგრეში (ჩაკატკის გავარში), მაგრამ ანისის ციხე-სიმაგრე, ისევე სხვა ციხე-სიმაგრეები, რომლებზეც ვრცელდებოდა მისი ძალაუფლება, გაგიკს არ გადასცა. ჩავიდა რა სურმარში სარგისმა გადაწყვიტა გადაეცა მის ხელთ არსებული სამფლობელოები რომაელთათვის და თვითონაც მათ მხარეს გადასულიყო. მაშინ გაგიკმა დაატყვევებინა მეამბოხე და სრულად ხელთ იგდო სამეფო ქალაქი.
ამ დღეებში რომაელთა მეომრები ოთხჯერ შეიჭრნენ არმენიაში, ვიდრე ცეცხლითა და მახვილით არ გააპარტახეს მთელი ქვეყანა. ამიერიდან მეფეს ჩამოერთვა ძალაუფლება და ზის როგორც ტყვე, აყვანილი პატიმრობაში. მხედრობა დარჩა რა მეთაურის გარეშე მიმოიფანტა  ზოგი აღმოჩნდა სპარსეთში, ზოგი საბერძნეთში და სხვები იბერიაში... სამეფო სასახლეები ნანგრევებად იქცა და დაცარიელდა. ერთ დროს მრავალადამიანი ქვეყანა დაიცალა მოსახლეობისგან. ბავშვები აღარ თამაშობენ მშობელთა ფეხებთან, ხოლო მოხუცები თავიანთ თანამოსაუბრეებთან ერთად აღარ სხედან მოედნებზე. ყველაფერი მწუხარებამ მოიცვა და საზეიმო ტანისამოსი შეცვალა მუქმა პერანგმა... და ყველაფერი ეს მოუტანა არმენიას იმ შეთანხმებამ, რომელიც ზემოთ ვახსენეთ (იგულისხმება იოანე სუმბატის ანდერძი ბასილი მეორეს).
ასე რომ, 494 წელს (1045 . 10 მარტი - 1046 . 9 მარტი) დაპყრობილ იქნა ანისი (სკილიცა ასახელებს 13- ინდიქტიონს, რაც უდრის 1044 . 1 სექტ - 1045 . 31 აგვ. .. ეს ფაქტი მოხდა 1045 წლის ზაფხულში). რომეელებმა დაიფიცეს ჯვარზე და აიძულეს გაგიკს დათანხმებოდა იმპერატორის ნებას, რომელიც უთვლიდა, რომ როგორც გნახავ, უმალ დაგაბრუნებ შენს სამეფოში და გცნობ შეუცვლელ მემკვიდრედ შენი ქვეყნისა და შენი ქალაქისა.
და დაიჯერა გაგიკმა, გადასცა ქალაქის გასაღები პატრიარქის ტახტზე მჯდარ პეტროსს და დიდი ფიცით ჩააბარა ქვეყანა. და არ დაუჯება მან ბაჰრამს და სხვა აზნაურებს, რომელთაც გაამეფა იგი, მაგრამ ყური მიუგდო სარგისის მზაკვრულ რჩევას, დატოვა ქალაქი და წავიდა საბერძნეთში. დაინახა იგი იმპერატორმა, დაივიწყა ჯვარზე დადებული ფიცი აღარ გამოუშვა და გამოდმებით სთავაზობდა დაეთმო ანისი, სანაცვლოდ კი მელიტენასა და მის ირგვლივ გავარებს დაგითმობო. გაგიკი უარზე იყო და სანამ გრძელდებოდა ეს გამოცდა, გრიგორი (ფაჰლავუნი, ცნობილი მაგისტრი, გავლენიანი პოლიტიკოსი და სამხედრო), მამაცი ვასაკის ძე გაემართა იმპერატორთან და გადასცა თავისი სამემკვიდრეო მამული ბჯნის ციხე-სიმაგრე (ერევანის ჩრდილოეთით, კოტაიკის ოლქში). იმპერატორმა უხვად დააჯილდოვა, მისცა მაგისტროსის წოდება და ქალაქები და სოფლები მესოპოტამიის მიმდებარედ მემკვიდრეობითი საკუთრებით.
ქალაქ ანისის აზნაურობამ, დაინახა რა, რომ გაგიკი დაკავებულია საბერძნეთში, გადაწყვიტა ქალაქი ან დავით დუნაცისთვის /რადგან მის დაზე იყო დაქორწინებული გაგიკი/ (გაგიკი უკვე ბიზანტიაში დაქორწინდა სენექერიმ-ოვანესის ვაჟ დავით არწრუნის ქალიშვილზე. დუნაცი ანუ დვინის ემირი იყო აბულ ასვარ შადადიანი, რომელსაც ამბიცია ჰქონდა ანისზე და ამის გამო თავის შვილს აშოტი დაარქვა. ანისზე პრეტენზია ჰქონდა დავით ბაგრატუნსაც, ტაშირის მეფეს) გადაეცა ან აფხაზეთის მეფე ბაგარატს. მაშინ გაიგო პატრიარქ პეტროსმა, რომ ქალაქის ვინმეთვის გადაცემას აპირებენ, მისწერა აღმოსავლეთ მხარეთა მმართველს, მჯდომს სამოსატაში, გამირკვიე იმპერატორთან, როგორ დამაჯილდოვებს, თუ გადავცემ ამ ქალაქსა და ჩვენი ქვეყნის სხვა სიმაგრეებსო. გაიგო მან ამის შესახებ სასწრაფოდ აცნობა იმპერატორს. იმპერატორმაც დააკმაყოფილა პეტროსის სურვილი, მისცა მას ძვირფასეულობა და დიდაზნაურის წოდება. ასე რომ რომაელებმა დაიკავეს ანისი და მთელი ქვეყანა.
უფლებაჩამორთმეული გაგიკი დარჩა იმპერატორთან, იმ ადგილზე, რომელიც მისცეს იმპერატორის ბრძანებით (მისცეს მამულები ცენტრ. ანატოლიაში - კაპადოკიაში, ხარსიანსა და ლიკანდეში), რომლებიც ბევრად ღარიბი მხარეები იყო ანისთან შედარებით. გაგიკს იმპერატორის ბრძანებით ცოლად შერთეს დავითის ასული, სენექერიმის ვაჟისა, და დაიწყო მის მამულზეც მმართველობა, რადგან დავითს არ დარჩა მემკვიდრე-ვაჟი. ხოლო ვინმე ასიტი, რომელიც ადრე მართავდა აღმოსავლეთს, იმპერატორმა მმართველად ანისში (იგულისხმება მიხაილ იასიტი, რომელიც ადრე იყოიბერიის დუკა“). მისვლისთანავე მან დიდი პატივი მიანიჭა პატრიარქ პეტროსს და დაიქვემდებარა მთელი მხარე. შემდეგ დიდი არმიით დაიძრა დვინზე. ხოლო ქალაქის მფლობელმა აპუსუარმა (დვინის ემირი აბულ ასვარი) ქალაქთან დიდი ბრძოლა გაუმართა. იქ დაიღუპა არმენიის დიდი იშხანი ბაჰრამი ვაჟთან ერთად, რამაც დიდი მწუხარება გამოიწვია არმენიაში. ასიტი რამდენიმე ხანი დარჩა არმენიაში, ხოლო შემდეგ 495 წელს (10 მარტი 1046-9 მარტი 1047), იგი თანამდებობაზე შეცვალა ვინმე კამენასმა (კატაკალონ კეკავმონი, ყოფილიიბერიის დუკა“)...
თავი 11
თურქ-სელჩუკთა პირველი ლაშქრობები არმენიაზე
იმ (496 1047 10 მარტი - 1048 . 9 მარტი) წელს თურქესტანიდან დაიძრა დიდი არმია... ისინი შეიჭრნენ ვასპურაკანის გავარში და მგლებივით დაესხნენ თავს ქრისტიანებს. ისინი მივიდნენ ბასეანის გავარამდე, დასტაკერტამდე, რომელსაც ეწოდება ვალარშავანი; ცეცხლითა და მახვილით აიღეს და სრულად გაძარცვეს 24 გავარი. აპირებდნენ კარინამდე მისვლას მაგრამ ამჯერად ვერ მოახერხეს. (ამ ლაშქრობას სარდლობდა თოღრულ ბეგის ძმისშვილი ჰასან ყრუ. ბასეინზე თავდასხმის შემდეგ მას დაუპირისპირდა გაერთიანებული ძალებით ვასპურაკანის ბიზანტიელი მმართველი აჰარონი და ანისისა და იბერიის დუკა კატაკალონ კეკავმენი. ბიზანტიელებმა ცბიერების მიმართვით მდ. დიდ ზაბთან გაანადგურეს მოწინააღმდეგე).
497 წელს (10 მარტი 1048 – 9 მარტი 1049) უბედურებამ მოიცვა ტერიტორია ბასეანიდან კარინამდე, ხოლო თავდასხმებმა მიაღწიეს ოთხივე მხარეს - დასავლეთით ხალდიის გავარამდე, ჩრდილოეთით სპერამდე და ტაოს სიმაგრეებამდე და არშარუნიქის გავარამდე აირარატის პროვინც. არაქსის მარცხენა მხარეს), სამხრეთით ტარონამდე და ხაშტეანქის გავარამდე (მდ. არაცანის ხეობაში, მეოთხე არმენიაში), ხარძეანის (მეოთხე არმენიაში, მდ. მევს გაილის ზემო და შუა დინებაში) ტყეებამდე. მოძლიერებული მოწინააღმდეგე რჩებოდა იქ 14 დღე, შემდეგ ზღვასავით მოედო მთებსა და დაბლობის ბუჩქნარებს, დაეუფლა მთელს ქვეყანას. (ამ ლაშქრობას სარდლობდა იბრაჰიმ იანალი.)
შემდგომ (498 ანუ 1048) წელს შეიკრიბა აურაცხელი რაოდენობა მეომრებისა, შეიარაღებულნი მშვილდებითა და ხმლებით, შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში - სექტემბერში, წმინდა ჯჯვრის დღესასწაულზე, ოთხშაბათს (.. 17 სექტემბერს). ქალაქები დაანგრიეს, სახლები დაწავეს, სასახლეები, სამეფო დარბაზები ფერფლად აქციეს. მამაკაცები დახოცეს მოედნებზე, ქალებმა სახლები დატოვეს მონებად, ძუძუს ყრმები ქვებით დახოცეს, ქალები გააუპატიურეს მოედნებზე, ყმაწვილები დაჩეხეს მოხუცთა თვალწინ...
თავი 13
ბასიანის ველზე მომხდარი დიდი ბრძოლის შესახებ, რომელშიც დამარცხდნენ ჰორომები
ესაია წინასწარმეტყველი, როგორც ეგვიპტელთა განადგურების შესახებ წინასწარმეტყველებდა, ამას ამბობდა: „და სულელ იქმნეს მთავარნი ტანეოსსა ბრძენი თანამზრახველნი მეფისანი“. ასევე შეგვემთხვა ჩვენც. ჰორომთა ცხენოსანი ჯარი, რომელთა რიცხვი მცირე არ იყო, 60000-ს აღწევდა, ქვეყნის აღმოსავლეთ მხარეში იდგა მცველად. მისი მეთაურნი იყვნენ: კამენასი, რაც ითარგმნება ცეცხლი და რომელიც არმენთა მთავარი იყო, ბულღარის შვილი აჰარონი, რომელიც ვასპურაკანის მხარეს ფლობდა და გრიგორი, არმენთა ძლიერი მთავარი, რომელსაც ეპყრა მაგისტროსის პატივი. და ვინაიდან წმინდა წიგნი ამბობს, რომ მრავალხელისუფლებიანობა დაცემული, მოუხერხებელია და ახლოსაა მაგ ნგრევასთან, რაც მათ შეემთხვათ, საჭიროა, რომ ერთიანი თანხმობით ბრძოლაში გამარჯვების მომნიჭებელმა ღმერთმა შეჰვედროს დახმარებისათვის, როგორც ძველად გამარჯვებულთა წესი იყო, ხოლო ისინი ასე არ ფიქრობდნენ, რომ ადამიანური მოსაზრებულობით შესძლებდნენ საშინელი ცეცხლის ალის ჩაქრობას. ამისთვის მღველვარებაში ჩავარდნილთაგან არცერთის სიტყვებს არ ენდობოდნენ, ვინაიდან ღმერთმა მოაშორა მათ გონებას სიბრძნე, რადგანაც ისინი არ ითხოვდნენ მას. ეს აშკარაა მათი საქმიდან, რადგანაც ისინი ლიპარიტს შესთხოვდნენ დახმარებისთვის მოსვლას. ისინი საულის მსგავსად ჯადოსანთან მიდიოდნენ, ან ურიათა მსგავსად, აქლემებს რა თავიანთი საუნჯეები, წაუღეს ერთ ტომს, რომლისგანაც დახმარების არავითარი იმედი არ იყო. მათ არც მოჰგონებიათ დავითის გოლიათთან შებმის შემთხვევა. მათ დიდი თავხედობით გაკიცხეს ისრაელი და მხოლოდ დავითის შურდული საკმარისი აღმოჩნდა გოლიათის თავის გასატეხად, ან არ გახსენებიათ ეზეკია, რომელმაც მხოლოდ ლოცვით ასურელთა 180000-იანი ჯარი ანგელოზის მეშვეობით უხილავი მახვილით მიწაზე ძირს დასცა.
დიდი ხვეწნა-მუდარით და უხვი განძებით მოვიდა ლიპარიტი და მით ვერაფერი გადაწყვიტა, ვინაიდან ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ. ბრძოლის დროს ბულღარის შვილი აჰარონი გაიქცა და მით გააბედინა მტრებს ლიპარიტს გარსშემორტყმოდნენ თავიანთი მხნე კაცებით, ხმამაღალი შეაძახილებით. ზოგი მოკლეს, სხვები კი შეიპყრეს, მახვილით დაუკვეთეს რა მათ ცხენებს ძარღვები (სკილიცას ცნობის ლიპარიტი დაატყვევეს 18 სექტემბერს II ინდიქტიონს, შაბათს. ბენეშევიჩის დაკვირვებით უნდა იყოს 10 სექტემბერი 1048 წ.). სხვა ჯარები, დაინახეს რა ეს, გაიქცნენ. მტრები მათ მიჰყვნენ უკან და ურიცხვი ხალხი ამოწყვიტეს. ზოგი მახვილით მოკლეს, ბევრი კი, ვინაიდან უკვე ბნელოდა, კლდეებიდან და მაღალი ადგილებიდან გადმოაგდეს. ხოლო დანარჩენნი, გაშიშვლებულნი, გაძარცვულნი ფეხით სად შეძლებდნენ წასვლას, აქ დარჩნენ. ხოლო მტრებმა ხელთ იგდეს რა აურაცხელი ნადავლი, ფრიად გაიხარეს. მაგრამ ჩვენები გოდებამ მოიცვა. იმ დღიდან დაწყებული დღემდე ლეშისმჭამელი ძაღლების ან არაბი მგლების მსგავსად ვერ გაძღენ ქრისტიანთა სისხლით, ვიდრე არ მოსპეს ისინი. მთელი ქვეყანა მკის პერიოდს მიღწეულ ყანებს დაემსგავსა. ძნების ამღებნი მომკელთა უკან მიდიოდნენ და დარჩენილ თავთავებს და ნაფეტვარსღა ტოვებდნენ პირუტყვთა საძოვრად.
ბრძოლის გამარჯვების შემდეგ ტაჭიკებმა ხელთ იგდეს რა ნაძარცვი და ტყვეები, წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში და ურიცხვი ნადავლით აავსეს მთელი ქვეყანა. ხოლო იბერთა მთავარი წაიყვანეს და მიჰგვარეს ხალიფას, როგორც დიდი განძი და ყველა ტყვეთაგან ყველაზე უფრო სასიამოვნო. მადლობით მიიღო რა იგი, დიდი ძღვენით მშვიდობით დააბრუნა თავის ქვეყანაში (გამოისყიდა კონსტანტინე მონომახმა). ამის შესახებ აქამდე საკმარისია.
თავი 16
სულთანის (თოღრულ ბეგის) თავდასხმის შესახებ
ჩვენი წელთაღრიცხვის 503 (8 მარტი 1054-7 მარტი 1055) იმავ თვესა და იმავ დღეს, როდესაც პირველად დაატყვევეს ჩვენი ქვეყანა, დაწვეს არცნი, ისევე როგორც სხვა გავარები და სოფლები, სისხლისმსმელი, სიკვდილის მატარებელი, და სიკვდილის სასტიკი მხეცი სულთანი დაიძრა მრავალრიცხოვანი არმიით, სპილოებით, ეტლებითა და ცხენებით, ცოლებითა და ბავშვებით, შესანიშნავი აღჭურვილობით. ჩაუარა არჭეშსა და ბერკრის, განლაგდა ბანაკით მანაზკერტის ირგვლივ აპაჰუნიკის გავარში (ტურუბერანის პროვინციაში) და დაიკავა ფართო ხეობა. მან გაავრცელა თავდასხმები 3 მიმართულებით, ჩრდილოეთით - აფხაზეთის სიმაგრეებისკენ, პარხალის მთამდე და კავკასის მთისწინეთამდე, დასავლეთით - ჭანეთის ტყეებამდე, სამხრეთით - სიმნის მთამდე (არმენიული ანტიტავრი). დაიპყრო მთელი ქვეყანა და ყველაფერს მოჰფინა უბედურება.
    ვის შეუძლია აღწეროს უბედურება, მოტანილი მათი ჩვენს ქვეყანაში. მთელი ქვეყანა დაფარულ იქნა მკვდრებით დასახლებული ადგილები და დაუსახლებელი, გზები და უდაბნოები, ქვაბულები და კლდეები, ტყეები და ფერდობები. დასახლებულ ადგილებში სახლები და ეკლესიები ცეცხლს მისცეს. ასეთი მოქმედებებით დაარბიეს მთელი ქვეყანა, სხვათაშორის არაერთხელ, არამედ სამჯერ დაბრუნდნენ აქ, (არისტაკესი გულისხმობს 1047, 1048 და 1054 წლების ლაშქრობებს), ვიდრე მხარე არ გაუკაცრიელდა და არ ჩაწყდა ცხოველთა ხმები... ყვლაფერი დასრულდა, ყველა დაიხოცა და გაქრა... გაპარტახებულ იქნა ხორძეანი (ხორძიანი, გავარი ცოპკის პროვინციაში), ხანძეეტი (IV არმენიის მეექვსე გავარი), დერჯანი, ეკელეაცი და სხვები.
    შეიჭრნენ რა ტაოში დაეუფლნენ ქვეყანას და მივიდნენ დიდ მდინარე ჭოროხამდე, გადავიდნენ მასზე და მოუხბიეს და შევიდნენ ქვეყანა ხალდიაში. შეიპყრეს ნადავლი და ტყეევბი მობრუნდნენ უკან და მოვიდნენ ბერდაკალაკამდე, რომელსაც ერვა ბაბერდი (დღევ. ბაიბურთი). იქ შეხვდათ ჰრომაელთა რაზმი ე.წ. ვრანგები (ვარიაგები, რუსები ან შვედები) და შეებრძოლნენ მათ. ღვთის წყალობით, ჰრომაელთა რაზმმა მოიკრიბა მთელი თავისი ძალა, დაამარცხა მტერი, წაართვეს ტყვეები და ნადავლი, მოკლეს მათი მეთაური და სხვები გააქციეს, მაგრამ უკან არ დადევნებიან, რადგან ეშინოდათ მტერს სადმე კიდევ უფრო დიდი ძალა არ ჰყოლოდა. გათავისუფლებული ტყვეები ღმერთისადმი დიდების აღვლენით გაეშურნენ სახლებში. მტრის ნაწილი გაემართა არმენიაში, იქ ყველა შეპყრობილი მისცეს ხმალს ან აქციეს ტყვედ, შეკრიბეს ნადავლი და წავიდნენ იქედან, მიაღწიეს ვანანდს, იქ მათ თავს დაესხნენ გაგიკ აბასის ძის (ყარსის მეფე 1029-1064) მამაცი იშხანები (ერისთავები), მიაყენეს რა მტერს დიდი ზარალი. მაგრამ მათ დაეწია და გარსშემოერტყა მტრის მეომრები და დიდი ხნის ბრძოლის დროს მოკლეს 30 კაცი აზნაურთაგან...
თავი 18
მეფობა თეოდორასი, რომელიც ითაგმნება: ღვთის მოცემული
ჰორომთა შიდაბრძოლების დროს ლიპარიტის შვილმა ივანემ (ბაღვაში), რომელსაც საცხოვრებლად ძღვნად ჰქონდა მიღებული ჰაშტეანქის გავარში დიდი დაბა ერეზი თავისი მიდამოებითურთ, რა შეიტყო სამეფოს ორად გაყოფის შესახებ, წავიდა და მოტყუებით აიღო ელანც ბერდის ციხე-სიმაგრე (მთა კარერის წინ, მდ. გოიჰნუკის მარცხენა ნაპირზე), თავის ხელქვეით დაიმორჩილა იგი და დაბრუნდა ალბრის გავარში, ჰავაჭიჩის ციხე-სიმაგრეში. ქალაქი კეთილი განწყობით შეხვდა მას. აღმოსავლეთის მხარეების გამგებელი მაშინ იქ აღმოჩნდა და რა იხილა იგი ივანემ ბრძანა მისი დაუყონებლივ შეპყრობა, წაართვა მას დიდძალი განძი, ცხენები, ჯორები და აღმოსავლეთში შეგროვებული მთელი ქონება, ჩაამწყვდია იგი ელნუტის (იგივე ელანც ბერდი) ციხეში, თვითონ კი იჩქარა და წავიდა მტკიცე კარნუ-ქალაქისკენ. მცირე ხნის განმავლობაში იგი შეეცადა მოტყუებით ქალაქის აღებას, თან ამბობდა, რომ „მეფისგან ბრძანება მაქვს, ეს ქალაქი ჩემია. კარები გააღეთ, რომ შიგ შევიდე“. როდესაც ამ გზით ვერ შესძლო ქალაქის დამორჩილება, შემდეგ ბრძოლა გამართა, რადგანაც მით სურდა ქალაქზე გაბატონება. ხოლო კარნუ-ქალაქის მთავარმა ეს ამბავი დაუყონებლივ აცნობა ქალაქ ანისში მჯდომ მთავარს, რომელიც მაგისტროსის ტიტულს ფლობდა. ამ უკანასკნელმა, როგორც კი შეიტყო საქმის ვითარება, მთავართაგან ერთ-ერთი ჯარით გაგზავნა ივანეს დასამორჩილებლად. ხოლო ეს რა გაიგო ივანემ, მარბიელი მოჰფინა ქვეყანას, თვითონ კი თავის ადგილას დაბრუნდა და სპარსეთში გაგზავნა მოციქული დამხმარე ჯარების გამოსაგზავნად. ასე მიეცა დასაბამი იმ აუტანელ უბედურებას, რომლებიც ჩვენს თავს გადაგვხვდა.
როდესაც ურჯულო სპარსელებმა შეიტყვეს ივანეს მიერ მათი მიწვევის ამბავი, ერთმანეთს მოუხმეს, დაუყონებლივ ერთ ადგილას შეიკრიბნენ და სასწრაფოდ მასთან მივიდნენ, ხოლო, როდესაც ივანემ იხილა ჯართა სიმრავლე, შიშმა შეიპყრო იგი, რადგანაც არავინ იყო ამ ჯარისათვის წინააღმდეგობის გამწევი; მთავარმა, რომლის მიზეზითაც სპარსელები მოვიდნენ, როგორც კი შეიტყო მათი მოსვლით გამოწვეული ხმაური, შევიდა ერთ დიდ ციხეში და იქ გამაგრდა. მაშინ მოვიდნენ ჯარები და უთხრეს ივანეს: „გვიჩვენე გზა ძარცვა-გლეჯისთვის, ხელცარიელნი უკან არ დავბრუნდებით“. ხოლო სასოწარკვეთილმა ივანემ მისცა მათ წინამძღოლი თავის კაცთაგან. ისინი გამოვიდნენ და ღამით წავიდნენ დაცარიელებული ადგილებიდან, მიაღწიეს და თავს წაადგნენ ქალდიის გავარს. უზრუნველად მყოფი მცხოვრებლები, რომლებიც კი შეხვდნენ სპარსელებს, თავიანთი სისხლიმსმელი ბუნების შესაბამისად მახვილით ამოწყვიტეს ჭანეთის ტყემდე, რომელსაც ხრთი ეწოდებოდა. მათ ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი და ტყვე და დიდი წარმატებით უკან მობრუნდნენ, მოვიდნენ ბოროტების მოთავესთან და დიდი ძღვენით მადლობა მოახსენეს მას იმ გამარჯვებისათვის, რასაც გზაზე მიაღწიეს...
თავი 24
ანისის დარბევის შესახებ
დაიწყო ომი არმენიაში, ისე რომ მოწინააღმდეგემ შეძლო გაეფართოებინა თავისი ქვეყნის საზღვრები და დაუფლებოდა სხვა სამეფოს. ეს მკოხდა ჩვენი წელთაღრიცხვით 513 წელს (5 მარტი 1064 - 4 მარტი 1065 ).
მეფე (ალფ-არსლანი) მოვიდა აურაცხელი არმიითა და განსაკუთრებული აღჭურვილობით. ის შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და დათესა პანიკა და შიში მის ახლო და შორეულ მცხოვრებთ. ის ანადგურებდა ბევრ ოლქებს და ბოლოს მივიდა ქალაქ ანისთან. (1064 წლის დასაწყისში ალფ-არსლანმა შეკლრიბა დიდი არმია და გადავიდა არაქსზე. ერთ არმიას ხელმძღვანელობდა მისი ძე მალიქ-შაჰი და დიდვეზირი ნიზამ ალ მულქი, რომელმაც დაიკავა ნახიჭევანი, სურმარი და მარმაშენი, თვით ალფ-არსლანი ალბანეთის გავლით მივიდა საქართველომდე და ტაშირ-ძორაკერტამდე. ორივე არმია შეერთდა ანისის კედლებთან). მან დადგა კარავი ქალაქ ანისის პირდაპირ, ხოლო მისმა არმიამ მოიცვა მთელი ქვეყანა. ანისი დიდი და კარგად დაცული ქალაქი, იყო, ამიტომ მიუხედავად კარგად მომზადებისა და სასტიკი შეტევებისა, მტერი ვერაფერს გახდა და სულთანი უკანდახევას აპირებდა. ამასობაში ქალაქის დამცველებსა და იშხანებსშორის დაპირისპირება მოხდა, რაც არეულობაში გადაიზარდა. შედეგად ყველამ უარი განაცხადა ქალაქის დაცვაზე და გაქცევა დაიწყეს. შედეგად სპარსელებმა აიღეს ქალაქი, რასაც მოსახლეობის მასობრიოვი ჟლეტა მოჰყვა. სპარსეთის მეფე დაეუფლა ბევრ გავარს და შეუფასებელი ნადავლით დაბრუნდა თავის ქვეყანაში.

(მათე ედესელის ცნობით დაცვას ხელმძღვანელობდა ბაგრატ სმბატის ძე ვხკაცი, რომელიც 1059 წელს იყო ვასპურაკანის მმართველი, მალე მაგისტოსობა და აღმოსავლეთის კატეპანობა უბოძეს, ხოლო ალფ-არსლანის შემოსევამდე ანისის დუკობა. მან მოაღწია ქალაქიდან უვნებლად გაღწევა. მისი მოადგილე ანისის დაცვის დროს იყო ქართველი დიდაზნაური გრიგორ ბაკურეანის ძე. როგორც . დიულორიემ გამოთვალა სელჩუკებმა ანისი აიღეს 1064 წლის 16 აგვისტოს, რასაც დაეთანხმნენ პრიუდომი, მანანდიანი და სხვები. მუსლიმი ავტორები გვამცნობენ, რომ ალყის დროს ქალაქის ერთ-ერთი კოშკი ჩამოინგრა. იოსიფ ორბელის აზრით ამ დროს მოხდა მიწისძვრა.)


Комментариев нет:

Отправить комментарий