„...
ამას ზევით არის ვარძიას მონასტერი, კლდესა შინა გამოკვეთილი, სენაკ-პალატებითურთ, და მას შინა აღშენებული მეფის გიორგისაგან და დასრულებული თამარ მეფისაგან. ეს შემკული იყო საეკლესიო სიმდიდრითა და ყოვლის წესიერებითა“. ვახუშტი ბატონიშვილი: „...და მოვიდა თამარ ვაძიას, ვარძიის ღმრთისმშობლის წინაშე და ცრემლით შევედრა სოსლან დავით და სპა მისი; და დროშა მისი სვიანი და ბედნიერად მყოფი გაგზავნა ვარძიით... და წარემართნენ ბასიანსა“ - ასე აღწერს თამარ მეფის მატიანე „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ რუმის სულთნის რუქნადინის წინააღმდეგ ქართველთა გალაშქრების სამზადისს. რუქნადინის შეურაცხმყოფელმა წერილმა „მეფეთა მეფის“ თამარისადმი და მისი მოციქულის „არა-საკადრებელმა“ სიტყვებმა აღაშფოთა ქართველები, სასწრაფოდ შეიკრიბა ქართველთა ჯარი „ნიკოფსიიდან დარუბანდამდის“. საქართველოს სპამ თავი მოიყარა ჯავახეთში; აქედან დაიწყო ქართველთა წარმატებული ლაშქრობა. მხედრობას წინ მიუძღოდნენ ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი, შალვა და ივანე ახალციხელნი და თორელნი. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ბასიანთან (1204წ.) („ომი ფიცხელი და ძლიერი, რომელი ძველ ოდესმე ქმნილა... ეგევითარი ომი“), სადაც ქართველთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა ბრწყინვალედ სძლია მტრის ოთხასათასიან ჯარს. „ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილი“ - აღნიშნავს მემატიანე. ქართველთა ლაშქარს ხატოვნად აღწერს ისტორიკოსი: „შეიკრბენ ვითარცა ვეფხნი სიკისკასითა და ვითარცა ლომნი გულითა“. მფარველობისა და დახმარებისათვის ღმრთისმშობლის მადლიერი ქართველები გაემართნენ ვარძიის ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინ სალოცავად: „...მსწრაფლ მიმართეს ტაძარსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა ვარძიას“.
ქართველნი თავის გამარჯვებას „ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვან“ ლაშქარზე ღმერთისა და ვარძიის ღვთისმშობლის მფარველობასა და შეწევნას მიაწერდნენ: „წყალობითა მოხედა სამკვიდრებელსა თვისსა ღმერთმან და ვარძიისა ღმრთისმშობელმან, ვითარ უვნებლად დაიცვა მის წინაშე და მისი შევედრებული ერი ქართველთა... თუ ვითარ უვნებლად დაიცვა სპანი თამარისნი...“.
ვარძიის ღმრთისმშობლის ხოტბა მრავალგზის გაისმის თამარის ეპოქის მატიანეთა ფურცლებზე: „...და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთსიმშობელმან“.
ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში კუთხე, დაკავშირებული რომ არ იყოს თამარის სახელთან. ხალხში სათუთად ინახება ლეგენდები გვირგვინოსანი „ბრძენი თამარის“ მიერ საქართველოს მთასა და ბარში ციხე-სიმაგრეების, მონასტრების, კოშკებისა და სასახლეების აგების შესახებ. ვინ მოსთვლის, რამდენია საქართველოში „თამარის ციხე“, „თამარის კოშკი“, „თამარის სასახლე“, მაგრამ არის ერთი ადგილი, რომელიც განუშორებელია თამარის ცხოვრებისაგან, რომელთანაც დაკავშირებულია მისი მეფობის არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ეს არის ვარძიის გრანდიოზული კლდის ციხე-ქალაქი, რომლის მშენებლობა წამოიწყო თამარის მამამ, სახელოვანმა მეფემ გიორგი მესამემ (1156-1184 წწ.). მოვუსმინოთ მემატიანეს: „...ესე ვარძია პირველად დაეწყო სანატრელსა მამასა მისსა გიორგის, მაგრამ ვერ სრულ ექმნა და დაეტოვა, რომელიც დიდმა ამან (თამარმა) აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ, და შესწირა მრავალი და დიდრონი სოფლები და შეჰკაზმა ტრაპეზისა შემოსავალნი დიდი, რომელიც ყოვლისგანცა მოთხრობა ძნელი არის. თუ ვინმეს ნებავს ამისგანცა, იხილონ ვარძია და საქმენი მისნი ქმნულნი და ნაშენები ქვაბ-ქმნილი...“.
მართალაც, ძნელია აღწერა ამ გასაოცარი მღვიმური ანსამბლისა, რომელიც წინაპართა ნიჭიერების, თავდაუზოგავი გარჯისა და თავგანწირვის უკვდავ ძეგლად აღმართულა საქართველოს სამხრეთის ზღუდესთან. სამცხე-ჯავახეთის წმინდა მიწა, სადაც მდებარეობს შუა საუკუნეების კლდის ხუროთმოძღვრების ეს დიდებული ანსამბლი, ყოველი ქართველისათვის განსაკუთრებულად ძვირფასი და სათაყვანოა. აი, რას წერდა ამ მხარის შესახებ დიდი ილია: „საკვირველს, მედიდურს სანახაობას წარმოადგენს მესხეთი საქართველოს ისტორიაში. ჩვენი ყოფილი ცხოვრება იქ აყვავებულა, ჩვენს სიცოცხლეს იქ უჩქეფნია, ჩვენი სულის ძლიერებას იქ აღუმართავს თავისი სახელგანთქმული დროშა“.
თამარის სახელით განათლებული ვარძიის ქვაბთა მიუდგომელი დიდებულება, გრიგოლ ხანძთელის დროინდელი აწყურის საეპისკოპოსო ტაძრის გრანდიოზულობა, სამცხის ძლევამოსილ მფლობელთა, ჯაყელთა საგვარეულოს რეზიდენცია - საფარის სამონასტრო კომპლექსი, ათაბაგთა სასახლის ნანგრევები, ფეოდალური ხანის დიდი სამონასტრო ცენტრი - ზარზმა, მარვალრიცხოვანი ეკლესიები კუმურდოსა და წუნდაში, ჭულესა და ვალეში, აგარასა და ხეოთში, ურავლის ხეობაში; ქართველთა სიმტკიცისა და თავდადების თანაზიარნი და თანამდგომნი - აწყურისა და ზანავის ციხეები, ხერთვისი და თმოგვი, ოქროს ციხე და აგარა. ვინ მოსთვლის სამცხე-ჯავახეთის ეკლესია-მონასტრებსა და ციხე-კოშკებს, ნაქალაქარებს, ნადარბაზევსა და ნატაძრალებს. ყველაფერი ეს ხომ უძველესი ქართული მიწაა. უდიდესი ეროვნული კულტურის კერა.
სამცხე-ჯავახეთის მიწაზე საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა ქართული კულტურის ფასდაუდებელი საგანძური, ჩქეფდა ცხოვრება, ქართველთა თაობები მამიდან შვილზე გადასცემდნენ უძველეს ტრადიციებს. შეუძლებელია აუღელვებლად ვუყუროთ ძველ ნასახლარებს, გალავანმორღვეულ, ოდესღაც ამაყ, შეუვალ ციხეებს. ყოველ ნაბიჯზე წინაპართა ნაკვალევია - ციკლოპურ ნაგებობათა გიგანტური ლოდნარები. ყოველ ხეობაში - ციხე-კოშკების მედიდური სილუეტები, ყოველ ფერდობზე - ძველ მიწათმოქმედთა გმირული ცხოვრების ნაშთი - უძველესი ტერასები. ძნელბედობასა და ჟამთა სიავეში გამოვლილი საქართველოს ამ კუთხის ძეგლები განსაკუთრებით მოსაფრთხილებელი და მოსავლელია.
სამცხე-ჯავახეთის მკვიდრნი ხშირად პირველნი ხვდებოდნენ სამხრეთიდან თუ სამხრეთ-დასავლეთიდან მომხვდურ მტარვალთ. ეს სასაზღვრო მხარე სისხლისაგან იცლებოდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, რათა არ მოეშვა ქართულ მიწაზე გამანადგურებელი ურდოები. იგი მუდამ ხმალშემართული, ამხედრებული., მტკიცე ბურჯად და ქომაგად ედგა საქართველოს. ეს მხარე ხშირად ქართველთა ჯარის შეკრების ადგილს წარმოადგენდა, აქედან იღებდა სათავეს ქართველთა ძლევამოსილი ლაშქრობები. ამავე დროს, აქ გადიოდა დიდი სავაჭრო გზები, რომელთა ნიშანსვეტებად ძველ ქარვასლათა ნანგრევებია შემორჩენილი.
ამგვარად, ვარძიის - გამაგრებული ციხე-ქალაქის აგება მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ასპინძიდან 30 კილომეტრის დაშორებით), მაღალ მიუვალ კლდეზე თავდაპირველად ამ ადგილის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობით იყო გაპირობებული. საცხოვრებლად, თავშესაფრად, თუ მონასტერთათვის მღვიმეთა გამოყენების ტრადიცია საქართველოში უშორეს წარსულში იღებს სათავეს. საკმარისია გავიხსენოთ ანტიკური ეპოქის ნაქალაქარი უფლისციხე, გამოქვაბული მონასტრები შიო-მღვიმესა და დავით-გარეჯში, კლდის მონასტერი ვანის ქვაბები (ვარძიის მახლობლად). ვარძიის ციხე-ქალაქი გააზრებული იყო სამცხე-ჯავახეთის მრავალრიცხოვან ციხეთა საერთო თავდაცვით სისტემაში. აქვე გადიოდა სამხრეთ საქართველოსკენ - ტაოსკენ მიმავალი გზა. გიორგი მესამეს არ დასცალდა ვარძიის მშენებლობის დამთავრება და ეს საქმე მისმა მემკვიდრემ, მეფეთა-მეფემ თამარმა დაასრულა. მშენებლობის შესახებ ცნობები შემონახულია ძველ ქართულ მატიანეში. როგორც ჩანს, თამარის მთავარი საზრუნავი იყო - შეექმნა ღირსეული ტაძარი ვარძიი სასწაულმოქმედი ხატის დასასვენებლად, რომლის შეწევნა არაერთხელ უგრძვნია საქართველოს:
„...ამისთვის ხელჰყო საყოფელსა განმარჯვებულისა მისსა ზეშთა-კურთხეულსა ვარძიისა ღმრთისმშობელსა, ზემო ვარძიის ქვემო ვარძიათა მიცვალებითა, რომელი კლდისაგან გამოჰკვეთა, თვით პატიოსანი ეკლესია და მონაზონთა საყოფი სენაკები, რომელი მტერთაგან შეუვალ და უბრძოლველ ყო“.
ვარძიას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. აქეთ, სამხრეთ-დასავლეთში გადმოინაცვლა ამ ეპოქაში პოლიტიკური დაძაბულობის ცენტრმა. ვარძიაში გადმოვიდა მეფის საზაფხულო რეზიდენცია. ამასთანავე, გაიზარდა ვარძიის მონასტრის, როგორც რელიგიური ცენტრის, მნიშვნელობა. დროთა განმავლობაში იგი საქართველოს უდიდეს სალოცავად იქცა. ქვეყანას კიდით-კიდემდე მოედო ვარძიის ღმრთისმშობლის სასწაულებრივი ძალის ამბავი. აქ მოდიოდა მეფეთა მეფე თამარი ლაშქრობის წინ ჯარის გასაცილებლად, აქ ავედრებდა იგი წმინდა ხატს საქართველოს დროშას „სვიანად ხმარებულს, გორგასლიანს და დავითიანს“, რომელიც წინ უძღოდა ლაშქარს წარმატებულ ბრძოლებში. ვარძიაში შეჰყარა თამარმა ლაშქარი სპარსეთში ლაშქრობის წინ და აქვე ბრუნდებოდა მორიგი გამარჯვების შემდეგ „ჯეროვანი მადლობის შესაწირად“.
ვარძიის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაზე თამარ მეფის ზრუნვა საგანგებოდ არის აღნიშნული საისტორიო თხზულებებში: „... მეფემან თამარ გულს-იდგინა მსახურებად უბიწოსა და განსაკრთომელსა სასწაულმოქმედისა ვარძიისა ღმრთისმშობლისა, ამისათვის უმეტეს პირველთა იდიდა მეფობა მათი“. „...უმეტეს შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა, ეკლესიათა და მონასტერთა კაზმასა და შენებასა...“.
ვარძიის ღმრთისმშობლის ძალა შორს იყო სახელგანთქმული. ქრისტიანები სულ უფრო მეტად სცემდნენ მას თაყვანს, მტარვალთ კი მისი განადგურების სურვილი მიუძღვებოდა საქართველოსკენ.
ჟამთააღმწერელმა, მეთოთხმეტე საუკუნის ანონიმმა ქართველმა ისტორიკოსმა, შემოგვინახა ცნობა ვარძიის ღმრთისმშობლის ერთ-ერთი
სასწაულის
შესახებ.
იგი მოგვითხრობს ყაზან-ყაენის ლაშქრობაზე საქართველოში, რომლის მთავარი მიზანი იყო: „მოაოხროს
საყოფელი
ყოვლად
წმიდისა
ვარძიისა
ღმრთისმშობლისა
საყდარი“. გადმოცემით, ვარძიის ღმრთისმშობელმა სასწაულებრივად დაიცვა იგი. მეხი
დაატეხა
თავს
მომხვდურ
მტერს,
რომელიც
„მეხდატეხილ
იქნა“ და უკუიქცა.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ძირითადად, თამარის დროს აშენდა. მისი ბრძანებით იქცა ვარძია გრანდიოზულ სამონასტრო ანსამბლად, რომელიც ამავე დროს საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრსაც წარმოადგენდა. მონასტრის ცენტრალური ნაწილი იყო კლდეში ნაკვეთი ტაძარი. ვარძიის კლდოვანი ანსამბლი შორიდანვე იტაცებდა თვალს. მაღალ ვერტიკალურ კლდეში გამოკვეთილი სხვადასხვა ზომისა და ფორმის გამოქვაბულები უცნაური წყობით არის განლაგებული თითქმის ნახევარი კილომეტრის სიგრძის კლდოვან მასივში. მეცამეტე საუკუნის 80-იანი წლების საშინელი მიწისძვრითა და ჟამთა სიავით კლდის საფასადო ნაწილი ჩამონგრეულია და თვალწინ გვეშლება გასაოცარი სურათი კლდოვანი ქალაქისა, რომელმაც გარდასულ დროთა შორეული ანარეკლი ჩვენს დრომდე მოიტანა. ძნელია ამ ფანტასტიკური პანორამის აღქმა ერთი თვალის შევლებით. და მით უფრო ძნელია ამ მწირ, კლდოვან გარემოში საქართველოს ისტორიის ბრწყინვალე ფურცლების ამოკითხვა. მიახლოებისას ამ კლდოვან არქიტექტურაში ნელ-ნელა ჩნდება ადამიანის ხელთქმნილი ნაწილები, კარგად გამოთლილი თაღები და კამარები, სვეტები და მღვიმეებს შორის გადებული ვიწრო გადასასვლელები, კლდეში ნაკვეთი კიბეები. თვალი მიუყვება მღვიმეების ლაბირინთებს და თანდათან, ამ თითქოს ქაოტურ სანახაობაში იკვეთება ღრმად გააზრებული სისტემა, რომელიც ადამიანის ცხოვრების ყველა საარსებო პირობას ითვალისწინებდა. ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მოთავსებული მრავალსართულიანი მღვიმეებისაგან შედგენილი ეს გრანდიოზული არქიტექტურული ანსამბლი დაახლოებით ხუთ ასეულამდე მღვიმეს მოიცავს. ბევრი მათგანი, სამწახუროდ, ძალზე დაზიანებულია. მაგრამ დღევანდელ მდგომარეობაშიც კი ვარძიის მღვიმური კომპლექსი უდიდესი ოსტატობისა და სამშენებლო ხელოვნების მაღალი დონის დადასტურებაა.
ვარძიის გამოქვაბულები თავისი საფასადო მხარით სამხრეთისაკენ არიან მიმართულნი. მთელი დღის განმავლობაში მზის შუქი და სითბო უხვად ეფინება კლდოვან სადგომებს. მზის ამოსვლიდან დაისამდე მტკვრის გაყოლებაზე გაჭიმული ვარძიის კლდოვანი მასივი, სარკმელთა, შესასვლელთა და თაღთა ფანტასტიკურად მიმობნეული მუქი ლაქების უცნაური ნახატით, იცვლის ფერს. სხვადასხვაგვარად ნაწილდება ნაირფერი ჩრდილები კედლის ნაოჭებში და ცოცხლდება, წარსულის ბურუსიდან გამოკრთის საუკუნეთა სივრცეში მიძინებული კლდოვანი ქალაქი.
გზა მტკვრის
მარჯვენა
ნაპირიდან
მარცხენაზე
გადადის
და ნელ-ნელა მიუყვება კლდოვან ფერდობებს. გზის მარცხნივ ძველ მღვიმეთა ნანგრევებია, იქვე ანანაურის პატარა ეკლესიაა; უფრო ზემოთ - „ლიტანიის ეკლესიის“ გამოქვაბულთა ჯგუფი. ბილიკი მიადგება კლდის პირას აღმართულ სამრეკლოს. სამრეკლოსგან დარჩენილია ქვედა თაღოვანი გასასვლელი. სამრეკლოდან გზა ჩადის ქვემოთ, კლდეში გაჭრილი საფეხურებით, ჩაუვლის სატრაპეზოს, სხვადასხვა დანიშნულების მღვიმეებს და მიდის ტაძართან, რომელიც მკაფიოდ გამოიყოფა კლდის საერთო ფონზე კარგად ამოყვანილი ორთაღიანი კედლით. ეს არის ტაძრის სამხრეთის კედელთან მიშენებული ვიწრო და მაღალი ეკვდერი. ეს თაღები ამოყვანილია ეკლესიის ფასადის მიწისძვრისაგან დანგრევის შემდეგ მეცამეტე საუკუნის მიწურულს. ორი დიდი მალიდან შუქი იღვრება კლდეში ნაკვეთ, საკმაოდ ბნელ ეკლესიაში. ეს არის უმთავრესი ვარძიის თხუთმეტ ეკლესიათა შორის, რომელნიც მიმოფანტულნი არიან კლდოვან მონასტრის სხვადასხვა ნაწილში.
ღმრთისმშობლის მიძინების დიდი ტაძარი, ვარძიის სხვა ეკლესიათა მსგავსად, დარბაზული გეგმისაა. დარბაზი ვიწრო პილასტრით ორ არათანაბარ ნაწილად არის დაყოფილი. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში ბრტყელი თაღოვანი ნიშებია, სამხრეთის კედელში - თაღოვანი სარკმლები. ტაძარს მაღალი და ფართო აბსიდი აქვს. ტაძრის სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები ამოყვანილია კარგად გათლილი ქვის წყობით, საკურთხევლის აფსიდი, კამარა და იატაკი კლდეშია გამოკვეთილი.
ვარძიის ტაძარი და ეკვდერი მთლიანად მხატვრობითაა დაფარული, საკურთხევლის კონქში ღმრთისმშობლისა და ყრმის გამოსახულებაა მთავარანგელოზთა შორის, ქვემოთ - ეკლესიის მამების მწკრივია გრაგნილებით ხელში. კამარა, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლები ქრისტეს „ათორმეტ დღესასწაულს“ უკავია. პილასტრებზე, თაღზე, სარკმლებში წმინდანთა გამოსახულებებია. ეკვდერის კედლები „განკითხვის დღის“ დიდი კომპოზიციით არის დაფარული. ვარძიის მხატვრობა ჭეშმარიტი ოსტატის ნახელავია. ფრესკული ანსამბლი ერთიანობით და მკაფიოდ გამოკვეთილი მხატვრული ჩანაფიქრით გამოირჩევა. სათანადო წერილობითი წყაროების არარსებობა ართულებს ტაძრის მხატვრობის შექმნის პროცესის გარკვევას. მაგრამ მხატვრობის შესწავლამ საშუალება მისცა სპეციალისტებს გაერკვიათ, რომ მთელი მოხატულობის ჩანაფიქრი ეკუთვნის მთავარ მხატვარს, რომელიც ასრულებდა ტაძრის უმთავრეს ნაწილთა მოხატულობას. დანარჩენი ნაწილები კი იხატებოდა სხვადასხვა ინდივიდულობის, სხვადასხვა შემოქმედებითი სახის მხატვართა მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით. მხატვრულ-სტილისტური თავისებურებანი მხატვართა ნამუშევრის დაზუსტების საშუალებას იძლევა.
ტაძრის აბსიდის კონქში მცენარეული ორნამენტის ზოლში მიაკვლიეს ოსტატის სახელს - გიორგი ჭარი. ვინ იყო იგი, ვისაც ანდეს ღმრთისმშობლის ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის - საკურთხევლის მოხატვა, ვინ იყო იგი, ვინც ნაცადი ხელით, რწმენითა და სასოებით აღსავსე გულით ბედავდა ღმრთისმშობლის წმინდა სახის ხელთქმნას? სად ეზიარა ეს ბრწყინვალე ოსტატი ფერწერის ხელოვნებას? მონაზონი იყო იგი, დაყუდებული ვარძიის მონასტრის ერთ-ერთ მღვიმეში, გამუდმებული ლოცვა-ვედრებითა და ზეცასთან სულიერი კავშირით რომ იკრებდა ძალასა და შთაგონებას ღვთაებრივ სახეთა შესაქმნელად, თუ მეფის კარის მხატვარი, რაინდული სულით ამაღლებული, რომელიც ძნელბედობის ჟამს ფუნჯს ხმალზე ცვლიდა და გაშმაგებული ბრძოლის შემდეგ ვარძიის ქვაბთა სიმშვიდეში, სანთლის მოციმციმე შუქზე წმინდა მხედართა სახეებში, წმინდანთა მკაცრ ხატებაში იგონებდა თავის თანამებრძოლთა დაუვიწყარ სახეებს? რამდენი რამ გაუჩინარდა საუკუნეთა წიაღში, რამდენი კითხვა დარჩა უპასუხოდ. მხოლოდ ტაძრის კედლებიდან გადმომზირალ უკვდავ სახეებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ მცირედი რამ ამ დიდებული ეპოქის შესახებ.
ტაძრის მოხატულობის მთავარი ნაწილია ვარძიის აღმშენებელთა - გიორგი მესამისა და მისი ქალიშვილის თამარის პორტრეტები. ტაძარში შემსვლელის მზერა ჩერდება ჩრდილოეთის კედლის ნიშებში მოთავსებულ პორტრეტებზე. სამხრეთის სარკმლებიდან შემოსული სხივებით განათებული ეს პორტრეტები გამოიყოფა ტაძრის მოხატულობიდან როგორც თავისი განსაკუთრებული მდებარეობით საერთო ანსამბლში, ასევე საგანგებო განათებით, ჩრდილოეთის კედლის დასავლეთის ნიშაში მოთავსებულია ქართლის ერისთავის რატი სურამელის პორტრეტი, რომლის ვინაობაც დადგენილია მის თავთან მოთავსებული წარწერის მიხედვით. ტექსტიდან ირკვევა, რომ ერისთავმა რატიმ „იგულსმოდგინა“ და „მოხატვით აღამკო“ ღმრთისმშობლის დიდების ეს ტაძარი. ვარძიის ტაძრის შემკობის ეს პატივი ქართლის ერისთავს უთუოდ უნდა დაემსახურებინა მეფისა და სამშობლოსათვის გაწეული ერთგული სამსახურით. ფეოდალისთვის განსაკუთრებული პატივი იყო თავისი პორტრეტის გამოსახვა სამეფო პორტერტთა გვერდით. ქართველი დიდებული გამოსახულია მთელი ტანით, იგი ოდნავ მიბრუნებულია აღმოსავლეთით, საკურთხევლისაკენ. ვედრებით წინ გაწვდილი ხელები მიმართულია მის წინ გამოსახული ჩვილედი ღმრთისმშობლისაკენ. იგი შემოსილია მოყავისფრო-მოწითალო გრძელი, წელში ოდნავ გამოყვანილი კაბით, რომელსაც ამკობს ღია ფერის სახიანი სამკლაურები, საპირე და ქობა. სახე დაზიანებულია, განირჩევა მხოლოდ წვერის ნაწილები და მაღალი, წაწვეტებული ქუდი.
ჩრდილოეთ კედლის უფრო ფართო აღმოსავლეთ ბრტყელ ნიშაში გამოსახულია წყვილადი სამეფო პორტრეტი. ორივე ფიგურა მიმართულია აღმოსავლეთისაკენ, საკურთხევლისაკენ. მაგრამ ეს მიმართულება გაპირობებულია კიდევ მათ ზემოთ (კარის ღიობის თავზე) ტახტზე მჯდომი ჩვილედი ღმრთისმშობლის ხატით. წინ გაწვდილი ხელით იესო აკურთხებს ქტიტორებს. თამარს ხელში ეკლესიის მოდელი უკავია, რაც მის ქტიტორულ მოღვაწეობაზე მიანიშნებს. გიორგი მესამე მის წინ არის გამოსახული. მის ზემოთ მფრინავი ანგელოზია. ორივე მეფეს შარავანდი ამშვენებს. ეს მათი განსაკუთრებული ღირსებისა და სიწმინდის ნიშანია. ვიდრე ქართველ მეფეთა ამ დიდებულ პორტრეტებზე შევაჩერებდეთ ყურადღებას, თვალი გადავავლოთ პორტრეტის ხელოვნებას შუა საუკუნეების საქართველოში. ქართველმა მონუმენტურმა მხატვრობამ, რელიეფმა, ჭედურობამ შემოგვინახა პორტრეტების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რაც საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ძველი ქართული პორტრეტის თავისთავადობაზე, მის ეროვნულ ხასიათსა და განსაკუთრებულ მიდგომაზე რეალურ პიროვნებათა გამოსახვისადმი. საქართველოში, ბიზანტიისა და დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ხელოვნების მსგავსად, პორტრეტი შეიქმნა და განვითარდა რელიეფური ხელოვნების წიაღში, რამაც განაპირობა შუა საუკუნეების პორტრეტის განსაკუთრებულობა. ჩვენ აქ არ შევჩერდებით ძველი ქართული პორტრეტის ნიმუშებზე ხელოვნების სხვადასხვა დარგში. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ადრექრისტიანული ხანიდან მოყოლებული, პორტრეტი გავრცელებული ჩანს ტაძრების ფასადებზე (იხ. მცხეთის ჯვრის ქტიტორთა პორტრეტები აღმოსავლეთ ფასადზე), ქვასვეტებსა და ქვაჯვარებზე. ეს იყო პირველი საერო პორტრეტები შუა საუკუნეების საქართველოში.
შუა საუკუნეების
ქართული
პორტრეტის
ბრწყინვალე
ნიმუშებია
შემონახული
კედლის
მხატვრობაში.
ფერწერული
პორტრეტებია
მოთავსებული
ატენის,
ზემო კრიხის, მაცხვარიშის, დავით გარეჯის, გელათის და სხვა ტაძართა მოხატულობაში. საერო პორტრეტები ჩართულია ეკლესიის მოხატულობის ერთიან კომპოზიციურ სქემაში და მკაცრად ემორჩილება რელიგიური ხელოვნებით ნაკარნახევ კანონებს. ყველა პორტრეტს მიჩენილი აქვს მისთვის საგანგებოდ განკუთვნილი ადგილი და ამის გამო ფერწერული პორტრეტები გარკვეული პირობითობითა და განზოგადებით ხასიათდება, თუმცა ყველა მათგანში აშკარად ჩანს პიროვნული, ინდივიდუალური ნიშნები.
შუა საუკუნეების
ქართული
ფერწერული
პორტრეტის
მწვერვალს
მაინც
თამარ
მეფის
პორტრეტები
წარმოადგენს.
თამარ
მეფის
ოთხი პორტრეტია ცნობილი - ვარძიაში, ბეთანიაში, ყინწვისსა და ბერთუბანში. ეს არის იშვიათი შემთხვევა შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიაში, როდესაც ერთი ისტორიული პიროვნების რამდენიმე პორტრეტია შემონახული, მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდისა.
თამარ მეფის პორტრეტთაგან ყველაზე ადრეული ვარძიის პორტრეტი უნდა იყოს. გარკვეული ოფიციალობისა და პირობითობის
მიუხედავად,
იგი გიზიდავთ განსაკუთრებული ემოციურობით. შეუძლებელია აუღელვებლად უყუროთ თამარის მშვენიერ ნორჩ სახეს. შეუძლებელია არ განიმსჭვალოთ
განსაკუთრებული
გრძნობით
„გვირგვინოსანი,
პორფიროსანი“, „სკიპტრის
მპყრობელი“ ქალისადმი, რომელსაც ბედისწერამ ასეთი მძიმე ტვირთი არგუნა წილად - საქართველოს მოვლა-პატრონობა.
საქართველოს წმიდათაწმიდა ადგილებს შორის თამარის ხატიანი ვარძიის ღმრთისმშობლის ტაძარი თავისებურად გამორჩეულია. მისი ნამდვილი სული რომ შეიგრძნოთ, უნდა მარტოდ-მარტომ შემოაბიჯოთ მის თაღებს ქვეშ, ზღურბლს იქეთ დატოვოთ დღევანდელობის ხმაურიანი განცდები, სასოებით მიუახლოვდეთ ამ წმინდა სახეს და შეჩერდეთ მცირე ხნით მის წინაშე. უპირველესად თვალში მოგხვდებათ თამარის მდიდრული, პარადული სამოსელი, ბიზანტიის სამეფო კარის ბრწყინვალებას რომ არ დაუდებდა ტოლს. მძიმე სახიანი ქსოვილის კაბა მთლიანად მარგალიტებით არის ამოქარგული, კაბა შემკულია მდიდრული მანიაკითა და ლორონით, რომლის ერთი ბოლო მარცხენა მკლავზეა, წესისამებრ, გადაგდებული. სახელოები შემკულია ორნამენტული სამკლაურებით. თამარის გვირგვინი პატიოსანი თვლებით არის მოჭედილი და მარგალიტების საკიდებით დამშვენებული. გულდასმით არის გადმოცემული ნაირგვარი სამკაული: ოქროს მრგვალი საყურეები, მარგალიტებით ამოქარგული ყელსაბამი დიდი ლალით ცენტრში. გვირგვინიდან ქვემოთ მხრებზე ეფინება მანდილი, რომლის ტარების წესი იმაზე მიანიშნებს, რომ თამარი ჯერ არ იყო გათხოვილი. ეს დეტალი მოატულობის შესრულების თარიღის დაზუსტების საშუალებას იძლევა: ვარძიის მოხატულობა შესრულდა გიორგი მესამის გარდაცვალებასა და თამარის გათხოვებას შორის დროის მონაკვეთში - 1184-1185 წლებში.
„ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთა მეფე თამარ“ - ვკითხულობთ თამარის პორტრეტთან მოთავსებულ ასომთავრულ წარწერაში და უნებურად გვაგონდება, როგორ ამკობდნენ და ადიდებდნენ თამარს თანამედროვენი. განსაკუთრებით გულუხვია ამ მხრივ „ისტორიანი და აზმანის“ ავტორი: „სიმშვიდითა დავითიანითა, სიბრძნითა სოლომონიანითა“ - ბიბლიურ მეფეთა დარად მიაჩნია ენამჭევრ მემატიანეს მეფე თამარი; „სკიპტრის მპყრობელთა ყოველთა უბრწყინვალესი თამარ“ - ლოცვასავით აღმოხდება მას.
მემატიანეები თითქოს ერთმანეთს ეცილებოდნენ „მზე - თამარის“ ხოტბის შესხმაში. ბასილი ეზოსმოძღვარი - თამარის თანამედროვე და მის საქმეთა შემამკობელი, არ იშურებდა მისთვის ხატოვან შედარებებს და ეპითეტებს: „მეფე ღმრთივ განბრძნობილი“, „ბრძენი თამარ“, „ორნი მნათობნი, ორნი მზენი, ორნი განმანათლებელნი" (თამარი და მისი მეუღლე დავით სოსლანი).
ბასილის თხზულებაში თამარის სამეფო საქმენი უმაღლეს შეფასებას იმსახურებენ: „ლომი ბრჭყალთაგან საცნაურ არის და თამარ საქმეთაგან“, „სარწმუნოება განმტკიცდებოდა, წმიდანი ეკლესიანი შეიმკობოდენ მრავალფერთა მიერ სამკაულთა“. საოცარია მემატიანეთა კაზმულსიტყვაობა თამარის საქმეთა აღწერისას: როგორც ადამიანმა ვერ დაითვალოს „თმანი თავისანი“, ისე ვერავინ ვერ შეძლებს თამარის უთვალავ კეთილ საქმეთა აღნუსხვას; ასეთივე მჭევრმეტყველნი არიან მისი გარეგნობის აღწერისას: „ტანსა ზომიერსა გარემანობა თვალთა და ღაწვთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზრახვის უჩუკნობა...“.
და ჩვენც,
ამ სიტყვათა გახსენებაზე, მძიმე სამეფო სამოსელსა და ძვირფასი გვირგვინის მიღმა უეცრად დავინახავთ არა საქვეყნო საქმეებით დაბრძენებულ „ყოვლისა აღმოსავლეთისა“ მბრძანებელს, არამედ პირმშვენიერ ასულს - ნაზად მომრგვალებული სახის ოვალით, ლამაზი მოხაზულობის ცხვირით, ნუშისებრი მოგრძო თვალებით, საფეთქლებისკენ დაგრძელებულ წარბთა ნატიფი ნახატით. ტყუილად ხომ არ იტყოდა ისტორიკოსი - „ბრმა შობილმან ბრმადვე წარვლო უმხედველომან თამარისმან“; ეს მხოლოდ გაწვრთნილი კარისკაცის ხატოვანი სიტყვები როდი იყო, რადგან რვა საუკუნის შემდეგაც ბედნიერები ვართ, რომ არ „წარვალთ უმხედველოდ თამარისა“; შეგვიძლია მოკრძალებით გავირინდოთ მისი ხატის წინაშე, დავაკვირდეთ მის ნუშისებრ თვალთა მზერას, რომელიც ჩვენამდე რვა საუკუნე მოდიოდა და ისევ და ისევ დავრწმუნდეთ, რომ „მეფეთა მეფის“ თამარის მეხოტბეთა გუნდი გულწრფელად იყო აღტაცებული საქართველოს გვირგვინოსანი მბრძანებლის უბადლო მშვენებით.
თამარის პორტრეტი ვარძიის ტაძრის კედელზე თითქოს ილუსტრაციაა იმ აღტაცებული პოეტური სტრიქონებისა, რომელნიც მრავლად მიუძღვნეს თაობებმა დიდებულ მეფესა და მშვენიერ მანდილოსანს. ყველაზე მეტად, ალბათ, თამარის ამ პორტრეტს იოანე შავთელის მუსიკალური ხატოვანება მიესადაგება:
„შესამოსელნი, შესამოკბელნი
გმოსიან ტანსა ოქრო-ნემსულნი,
გვირგვინ-სკიპტრანი, ბისონ-მიტრანი
ძოწეულითა თანა - შექსულნი
გვაქვს-ღა პორფირთა შთაცმა, პოდირთა
სამარაგდონი ერთგან ექსულნი
დიადემითა: დიადი მით-ა
ზეგარდმო გაქვნ წმიდად ეგ სულნი“.
ალბათ იშვიათია თამარის ამ პორტრეტის მნახველთა შორის ისეთი, ვისაც არ გაახსენდება ყოველი ქართველისათვის ბავშვობიდანვე ასე ნაცნობ ჩახრუხაძისეულ სტრიქონთა ხმოვანება:
„თამარ-წყნარი, შესაწყნარი,
ხმა ნარნარი,
პირ-მცინარი,
მზე - მცინარი,
საჩინარი...“.
ჩვენ, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ, ვინ იყო ის ნიჭით მომადლებული მხატვარი, რომელმაც შებედა „მზისა სწორის“ სახის უკვდავყოფა, „ანგელოზთ სახედ დასახებულის“ ღირსეული ხატის შექმნა. სად, რა ვითარებაში შეეძლო მას ეხილა
დიდებული
თამარი
- მამისეულ
„ღვთივ
კუთხეულ“ ტახტზე ამაყად მჯდომარე, ვარძიის სასწაულმოქმედი ხატის წინაშე მუხლმოყრით მავედრებელი, თუ დავითის
დროშის
ქვეშ
ამხედრებული
ძლევამოსილი
ლაშქრობისათვის.
ეს უთუოდ სამეფო კარის მხატვარი იქნებოდა, განსწავლული ბიზანტიის საუკეთესო სამხატვრო სკოლებში, დაახლოებული სამეფო კარის ცხოვრებასთან (დაუკვირდით, რა სიზუსტითა
და გულმოდგინებით არის გადმოცემული სამეფო სამოსელი, სამკაული).
მხატვრის ვინაობასთან დაკავშირებით, იმ ადამიანთან დაკავშირებით, ვინც შექმნა თამარის ხილული ხატი, უნდა გავიხსენოთ ერთი იმათგანი, ვინც შექმნა „მეფეთა მეფის“ სიტყვიერი ხატი - დიდებული მგოსანი იოანე შავთელი, „აბდულმესიანის“ სახელგანთქმული ავტორი. „ქართლის ცხოვრებაში“ იოანე მოხსენებულია, როგორც „ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღვაწეთა შინა და ლექსთა გამომთქმელი“. მას მიიჩნევენ თამარ მეფის პირად მდივნად, რომელიც შემდეგ ბერად შედგა იოანეს სახელით. ისტორიულ წყაროთა თანახმად, იგი თამართან იყო ბასიანის ომის დროს. მემატიანე მას უწოდებს „კაცს ფილოსოფოსს, რიტორს“. ბასიანის ომში მოპოვებული გამარჯვების გამო მან შექმნა სამადლობელი იამბიკო ღმრთისმშობლის მიმართ, რომელსაც ეწოდება „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“. მატიანეთა მიხედვით, იოანე თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრხეში. ამ გამარჯვების ამბავია მოთხრობილი „აბდულმესიაში“ - თამარის სადიდებელ თხზულებაში. უნდა ვიფიქროთ, რომ ვარძიის მთავარი მხატვარიც შედიოდა სამეფო კართან დაახლოებულ განათლებულ და განსწავლულ ადამიანთა წრეში, რომელსაც მიეკუთვნებოდნენ იოანე შავთელი, თამარის ოსტორიკოსები, მემატიანეები, მწიგნობარნი, ფილოსოფოსნი და პოეტები.
თამარის გვირგვინოსანი მამის - გიორგი მესამის პორტრეტი ღირსებითა და კეთილშობილებითაა აღბეჭდილი. ღმრთისმშობლისკენ ვედრებით ხელგაწვდილი მეფე დიდებული და მონუმენტურია. იგი ზომით აღემატება თავის ასულს, რაც გამართლებულია რეალურად, აზრობრივად და თაღის ქვეშ მათი განთავსების კომპოზიციური პრინციპითაც. მისი სამეფო კოსტიუმი საზეიმო და ბრწყინვალეა, ხაზგასმულად ძვირფასია თვლებით შემკული გვირგვინი.
სამეფო პორტრეტები ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში ორგანულად არის ჩართული ეკლესიის მოხატულობაში. მხატვარმა ისინი დააკავშირა ტაძრის დანარჩენ მხატვრობასთან და, ამავე დროს, საგანგებოდ და ძალზე ოსტატურად გამოჰყო მოხატულობის სხვა ნაწილებისაგან. ჩრდილოეთის კედელი, რომელსაც ყველაზე უკეთ ანათებს სამხრეთის შესასვლელიდან შემოსული შუქი, საუკეთესო ადგილი იყო სამეფო პორტრეტთა მოსათავსებლად. ამავე დროს, პორტრეტები თავისი მასშტაბებით მკაფიოდ გამოიყოფიან წმინდა პერსონაჟებისაგან. საერო პირთა ასეთი უპირატესობა რელიგიურ სცენათა მოქმედ პირებთან შედარებით ამ ეპოქის განსაკუთრებული ნიშან-თვისებაა. საერო ელემენტის მნიშვნელობის ზრდა ჩანს ცხოვრების ყველა სფეროში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია კარი, მას შევყავართ საკმაოდ მოზრდილ გამოქვაბულში, რომლის აღმოსვლეთ ნაწილში ორი სამარხია მოთავსებული. აქედან იწყება საიდუმლო გვირაბი, რომელიც შემდეგ იტოტება და სხვადასხვა დონეზე განლაგებულ ქვაბულებს უკავშირდება. ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარე ეს გამოქვაბული თავდაცვის შიდა სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ყველაფერი ისე იყო მოთავსებული, რომ ვარძიის შიდა ტერიტორიაზე მტრის შემოჭრის შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილიყო ხალხის გახიზვნა ძნელად მისადგომ მღვიმეებში, ხოლო ვიწრო ლაბირინთებში მეომრებს უნდა მოეხერხებინათ მტრის შეჩერება. რამდენიმე ადგილას ქვის კარები იყო; სამალავებში კი მეციხოვნენი იყვნენ ჩასაფრებულნი, რათა საჭიროების შემთხვევაში დახვედროდნენ მტერს. გამოქვბულთა ნაწილი (ზედა იარუსებში) სამალავებს წარმოადგენდა. ეს სათავსოები რთული გასასვლელებით, კლდეში გაჭრილი გვირაბებითა და კიბეებით სხვადასხვა სართულების მღვიმეებთან იყო დაკავშირებული. აქ იყო გამოქვაბულთა ჯგუფი, ე.წ. „სალხინო“ - სატრაპეზო, თავისი მარნით. ვარძიის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია „საკრებულო“, ე.წ. „თამარის ოთახი“.
ვარძიის მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტულია საცხოვრებელი მღვიმეები. ყოველი ასეთი საცხოვრებელი მოიცავს კარიბჭეს - „კარპანს“, კლდეში ნაკვეთ ცენტრალურ მაღალ და ფართო დარბაზს კამაროვანი გადახურვით და სამეურნეო დანიშნულების დამხმარე სათავსებს. ეს სქემა სხვადასხვა ვარიაციით განმეორებულია ყოველ ასეთ საცხოვრებელ ნაწილში. მღვიმეების შესასვლელიდან, რომელიც კლდის პირას გამოდის, სათავსები კლდის სიღრმეში არის შეჭრილი ისე, რომ სამეურნეო მღვიმეები ღრმად არის კლდეში, რაც ქმნიდა სანოვაგის შენახვის საუკეთესო პირობებს. ასეთ საკუჭნაოებს „საცივოს“ უწოდებდნენ, მათში ზაფხულის ცხელ დღეებშიც სიგრილე იყო და ეს ხელს უწყობდა საკვების აუცილებელი მარაგის შენახვას.
მთავარ დარბაზში კედლების გასწვრივ კლდეში ნაკვეთი მერხი დაუყვება. კედლებში თახჩებია გამოჭრილი სხვადასხვა ნივთის შესანახად. აქ იდებოდა შანდლები, სანათურები, წიგნები, ინახებოდა ჭურჭელი. საგანგებო თახჩა ხატისთვის იყო განკუთვნილი. საცხოვრებელი მღვიმეები, საერთო გეგმის მიუხედავად, ნაირგვარადაა დამუშავებული. მშენებლობის განსხვავებული ხარისხი საზოგადოების სხვადასხვა ფენაზე მიუთითებს. ვარძიაში, ისევე როგორც ჩვეულებრივ ქალაქში, ცხოვრობდნენ ქართველი საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები და ეს დიფერენციაცია აისახა მღვიმეთა მოწყობაშიც, მათ მხატვრულ გადაწყვეტაში. ზოგიერთ მათგანში მთავარი დარბაზი საგულდაგულოდ არის გააზრებული, არქიტექტურული ფორმების დამუშავებით: შესასვლელი კარი კარგად გათლილი ტიმპანით არის ხოლმე დაგვირგვინებული, ნაირგვარი ზომისა და ფორმის თახჩები - საპირეებით დამშვენებული. კარგად არის შემუშავებული თვით დარბაზის ფორმა და პროპორციები. ზოგან კარგად გამოთლილი თაღებია გამოყენებული. დარბაზის შუაგულში კერა იყო. მხატვრული თვალსაზრისით მეტი ყურადღება ექცევა ჩრდილოეთის კედელს, რომელიც ყველაზე უკეთ არის განათებული და რომელიც დარბაზში შესვლისთანავე (შესასვლელი, როგორც წესი, სამხრეთიდან იყო) იპყრობს ყურადღებას. ყოველი ასეთი საცხოვრებელი უჯრედი სრულიად იზოლირებულია და მხოლოდ ვიწრო გადასასვლელით ან ჭერში გაჭრილი ხვრელითა (ერდო) და მისადგმელი კიბით უკავშირდებოდა იმავე სართულზე ან სხვადასხვა დონეზე განლაგებულ ანალოგიურ საცხოვრებელ ქვაბულებს.
ვარძიის გამოქვაბულებს შორის გამოირჩევა საზოგადოებრივი დანიშნულების რამდენიმე კომპლექსი. განსაკუთრებით საინტერესოა სატრაპეზო - დიდი სწორკუთხა დარბაზი კამაროვანი გადახურვით, წყვილადი თაღებით ჩრდილოეთის კედელთან და ღრმა ნიშებით. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებს გრძელი მერხები დაუყვება, მათ წინ დაბალი ქვის მაგიდაა. სატრაპეზოს შუაში კერა იყო მოთავსებული. სატრაპეზოს ზომების გათვალისწინებით, სავარაუდოა, ოთხ ათეულამდე ბერის თავშეყრა ტრაპეზის დროს. ერთ-ერთ კედელთან ცალკე გამოყოფილი ქვის ტახტია მონასტრის წინამძღვრისათვის. თავის არქიტექტურული ფორმით ვარძიის სატრაპეზო დიდ მსგავსებას ამჟღავნებს დავით გარეჯის კლდის მონასტერთა სატრაპეზოებთან, რომელნიც, თავის მხრივ, კაპადოკიისა და ბიზანტიის კლდის მონასტრებთან არიან დაკავშირებულნი.
ვარძიის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია ე.წ. „საკრებულო“ - დიდი კამაროვანი გამოქვაბული დარბაზი თაღოვანი ნიშებითა და მერხით კედლის გასწვრივ. მას ემიჯნება პატარა კარგად გამოყვანილი ეკლესია, რომლის მსგავსი რამდენიმეა მიკვლეული ვარძიის სხვადასხვა ნაწილში.
ვარძიის გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსი მშვენივრად არის გააზრებული. მის გეგმარებაში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც კი საჭიროა დიდი ქალაქის ნორმალური არსებობისათვის. საცხოვრებელი სათავსოების მწკრივი ქმნიდა ერთ სართულს, რომლის შიგნით კორიდორების სისტემით, თავისებური შიდა ქუჩით, გამოქვაბულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
მაღალი სამშენებლო კულტურის მანიშნებელია ვარძიის წყალსადენის სისტემა. გვირაბის სათავეები ზედა ვარძიასთან იწყება. აქ არის აღმართული მეთერთმეტე საუკუნის პატარა ეკლესია, აგებული ერისთავთ-ერისთავის ლიპარიტის მიერ.
ვარძიაში ოცზე მეტი მარანია აღმოჩენილი, ორასზე მეტი ქვევრი. მარნები, როგორც წესი, საცხოვრებელ კომპლექსებთან მდებარეობს. ტაძრის აღმოსავლეთით კი მარანთა მთელი ჯგუფია დადასტურებული. აქვეა საწნახლები, ჭაჭის დასაწურები. სამეურნეო დანიშნულების მღვიმეთა ასეთი დიდი ჯგუფი მეტყველებს ვაზის კულტურის დიდ მნიშვნელობაზე სამცხე-ჯავახეთში.
გამოქვაბულთა კომპლექსში წყლით მომარაგებისათვის გამოკვეთილია დიდი რეზერვუარი, რომელიც ხანგრძლივად უზრუნველყოფდა წყლით ციხე-ქალაქის მოსახლეობას ალყის შემთხვევაში. ღმრთიმშობლის ეკლესიასთან ერთ-ერთ ქვაბულში წყაროა გამოყვანილი.მთავარ დარბაზში კედლების გასწვრივ კლდეში ნაკვეთი მერხი დაუყვება. კედლებში თახჩებია გამოჭრილი სხვადასხვა ნივთის შესანახად. აქ იდებოდა შანდლები, სანათურები, წიგნები, ინახებოდა ჭურჭელი. საგანგებო თახჩა ხატისთვის იყო განკუთვნილი. საცხოვრებელი მღვიმეები, საერთო გეგმის მიუხედავად, ნაირგვარადაა დამუშავებული. მშენებლობის განსხვავებული ხარისხი საზოგადოების სხვადასხვა ფენაზე მიუთითებს. ვარძიაში, ისევე როგორც ჩვეულებრივ ქალაქში, ცხოვრობდნენ ქართველი საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები და ეს დიფერენციაცია აისახა მღვიმეთა მოწყობაშიც, მათ მხატვრულ გადაწყვეტაში. ზოგიერთ მათგანში მთავარი დარბაზი საგულდაგულოდ არის გააზრებული, არქიტექტურული ფორმების დამუშავებით: შესასვლელი კარი კარგად გათლილი ტიმპანით არის ხოლმე დაგვირგვინებული, ნაირგვარი ზომისა და ფორმის თახჩები - საპირეებით დამშვენებული. კარგად არის შემუშავებული თვით დარბაზის ფორმა და პროპორციები. ზოგან კარგად გამოთლილი თაღებია გამოყენებული. დარბაზის შუაგულში კერა იყო. მხატვრული თვალსაზრისით მეტი ყურადღება ექცევა ჩრდილოეთის კედელს, რომელიც ყველაზე უკეთ არის განათებული და რომელიც დარბაზში შესვლისთანავე (შესასვლელი, როგორც წესი, სამხრეთიდან იყო) იპყრობს ყურადღებას. ყოველი ასეთი საცხოვრებელი უჯრედი სრულიად იზოლირებულია და მხოლოდ ვიწრო გადასასვლელით ან ჭერში გაჭრილი ხვრელითა (ერდო) და მისადგმელი კიბით უკავშირდებოდა იმავე სართულზე ან სხვადასხვა დონეზე განლაგებულ ანალოგიურ საცხოვრებელ ქვაბულბს.
ვარძიის გამოქვაბულებს შორის გამოირჩევა საზოგადოებრივი დანიშნულების რამდენიმე კომპლექსი. განსაკუთრებით საინტერესოა სატრაპეზო - დიდი სწორკუთხა დარბაზი კამაროვანი გადახურვით, წყვილადი თაღებით ჩრდილოეთის კედელთან და ღრმა ნიშებით. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებს გრძელი მერხები დაუყვება, მათ წინ დაბალი ქვის მაგიდაა. სატრაპეზოს შუაში კერა იყო მოთავსებული. სატრაპეზოს ზომების გათვალისწინებით, სავარაუდოა, ოთხ ათეულამდე ბერის თავშეყრა ტრაპეზის დროს. ერთ-ერთ კედელთან ცალკე გამოყოფილი ქვის ტახტია მონასტრის წინამძღვრისათვის. თავის არქიტექტურული ფორმით ვარძიის სატრაპეზო დიდ მსგავსებას ამჟღავნებს დავით გარეჯის კლდის მონასტერთა სატრაპეზოებთან, რომელნიც, თავის მხრივ, კაპადოკიისა და ბიზანტიის კლდის მონასტრებთან არიან დაკავშირებულნი.
ვარძიის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია ე.წ. „საკრებულო“ - დიდი კამაროვანი გამოქვაბული დარბაზი თაღოვანი ნიშებითა და მერხით კედლის გასწვრივ. მას ემიჯნება პატარა კარგად გამოყვანილი ეკლესია, რომლის მსგავსი რამდენიმეა მიკვლეული ვარძიის სხვადასხვა ნაწილში.
ვარძიის გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსი მშვენივრად არის გააზრებული. მის გეგმარებაში გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც კი საჭიროა დიდი ქალაქის ნორმალური არსებობისათვის. საცხოვრებელი სათავსოების მწკრივი ქმნიდა ერთ სართულს, რომლის შიგნით კორიდორების სისტემით, თავისებური შიდა ქუჩით, გამოქვაბულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
მაღალი სამშენებლო კულტურის მანიშნებელია ვარძიის წყალსადენის სისტემა. გვირაბის სათავეები ზედა ვარძიასთან იწყება. აქ არის აღმართული მეთერთმეტე საუკუნის პატარა ეკლესია, აგებული ერისთავთ-ერისთავის ლიპარიტის მიერ.
ვარძიაში ოცზე მეტი მარანია აღმოჩენილი, ორასზე მეტი ქვევრი. მარნები, როგორც წესი, საცხოვრებელ კომპლექსებთან მდებარეობს. ტაძრის აღმოსავლეთით კი მარანთა მთელი ჯგუფია დადასტურებული. აქვეა საწნახლები, ჭაჭის დასაწურები. სამეურნეო დანიშნულების მღვიმეთა ასეთი დიდი ჯგუფი მეტყველებს ვაზის კულტურის დიდ მნიშვნელობაზე სამცხე-ჯავახეთში.
გამოქვაბულთა კომპლექსში წყლით მომარაგებისათვის გამოკვეთილია დიდი რეზერვუარი, რომელიც ხანგრძლივად უზრუნველყოფდა წყლით ციხე-ქალაქის მოსახლეობას ალყის შემთხვევაში. ღმრთიმშობლის ეკლესიასთან ერთ-ერთ ქვაბულში წყაროა გამოყვანილი.
ღმრთისმშობლის ტაძრის გარდა ვარძიაში თოთხმეტი ეკლესიაა. აქედან ორი - მთავარი ტაძარი და ანანაურის ეკლესია მთლიანად არის მოხატული. ლიტანიის ეკლესიაში მხატვრობა მხოლოდ შესასვლელის ტიმპანზეა შემორჩენილი. დანარჩენი ეკლესიები წარმოადგენს პატარა სამლოცველოებს საცხოვრებელ კომპლექსებში. პატარა საკურთხეველი აღმოსავლეთის კედელთან არის გამოკვეთილი.
შეუძლებელია ვარძიის ყველა ქვაბულის განხილვა. ყოველი მათგანის დანიშნულება ბოლომდე არ არის გარკვეული. მათ შორის უნდა დავასახელოთ „თამარის ოთახი“, ე.წ. აფთიაქი, რომლის კედლებში პატარ-პატარა თახჩებია გამოკვეთილი, „სადარბაზო“, არქივის დარბაზი და ბევრი სხვა ნაგებობა, რომელთა მდგომარეობა მათი პირვანდელი სახის აღდგენის საშუალებას იძლევა.
1283 წლის დიდი მიწისძვრით დანგრეული ქალაქ-მონასტერი მაშინვე იყო აღდგენილი. მეცამეტე საუკუნის დასასრულს აიგო სამრეკლო, რომლის ქვედა თაღოვანი გასასვლელი და მთავარი ეკლესიის ორთაღოვანი კარიბჭეა შემორჩენილი.
ვარძიის მონასტერი მთელ საქართველოში იყო სახელგანთქმული. თამარი მთელი თავისი მეფობის მანძილზე ზრუნვას არ აკლებდა მას. ვარძიის მონასტერმა მეფისაგან დიდი მამულები და აურაცხელი სიმდიდრე მიიღო. მას ეკუთვნოდა მონასტრის მახლობლად მდებარე სოფლები. ამის საბუთად მიაჩნიათ ზოგიერთ ადგილას შემორჩენილი სახელი „ნავარძიევი“. მონასტერს მამულები ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამის დამადასტურებელია იმერეთში არსებული სოფელი ვარძია და ვარძიის ღმრთისმშობლის სახელობის მონასტერი.
ვარძიის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მის წინამძღვართა სახელები ჩანს საისტორიო საბუთებში საქართველოს ისტორიის სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით.
ვარძიის მონასტერი მარტო საქართველოში როდი იყო სახელგანთქმული, მისი სიმდიდრისა და ძლიერების ამბავი საქართველოს გარეთ, შორს იყო ცნობილი. სამხრეთიდან მტერი საგანგებოდ ცდილობდა ვარძიის მონასტრის ხელყოფას. ამის არაერთი მაგალითია ცნობილი მემატიანეთა თხზულებებიდან. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს ყაზან-ყაენის ერთ-ერთი სარდლის ლაშქრობაზე საქართველოში, რომლის უპირველესი მიზანი იყო ვარძიის მონასტრის საგანძურის მიტაცება: „წარმოავლინა კაცი ერთი უკეთური, ნათესავი მისი, რათა მოაოხრნენ ეკლესიანი ყოველსა საქართველოსა, რაცა პოვოს, წამოიღოს, ჰგონებდა უზომოსა სიმდიდრესა, ოქროსა და ვერცხლსა, თვალთა პატიოსანთა და მარგალიტსა მრავალსა ვარძიასა...“
ვარძიის ქალაქ-მონასტრის ისტორიის ერთი უმძიმესი ეპიზოდი აქვს აღწერილი შაჰ-აბაზის ასტორიკოსს ისქანდერ მუნშს. ირანის მბრძანებელი შაჰ-თამაზი 1551 წელს დიდი ჯარით ჯავახეთს მოვიდა, დაარბია ჯავახეთი და მიადგა ვარძიას: „... ხალხმა მთების კალთები და ვიწრო გამოქვაბულები თავის სახიზნად გაიხადა და ყოველმა ჯგუფმა თითო მთაში შეაფარა თავი. ზოგიერთი სხვა დიდებული და აზნაური მაგარ ციხეებში გამაგრდა...“
ვარძიის მთავარი ტაძარი იზიდავდა დამპყრობთ, რადგან იქ უამრავი სიმდიდრე ეგულებოდათ. ამავე დროს, მათაც სმენოდათ ვარძიის სიმტკიცე და მიუდგომლობა: „...ქართველი დიდებულების ერთი ჯგუფი გამაგრდა ვარძიის ციხეში და იქაურ ეკლესიაში, რომლებიც ერთი მაღალი მთის კალთაზე კლდეზე მდებარეობდა და სიმაღლით ცის მწვანე გუმბათს და სიმაგრით ხეიბერის ციხეს ედარებოდა...“.
მონასტრის აგებიდან სამი საუკუნის შემდეგაც, მიწისძვრითა და უსასრულო დარბევათა შედეგად განადგურებული ვარძია მაინც დიდებულ შთაბეჭდილებას ახდენდა მომხვდურებზე. ამიტომ არის, სპარსელი მემატიანე ასე გულმოდგინედ აღწერს ქართველთა რწმენისა და ძალის ამ კერას: „...ეკლესია, რომელიც იმ ციხეში იყო, ღვთის უცხო რამ ქმნილებაა და შორსმჭვრეტელი ჭკუაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ის ადამიანის მიერ იქნებოდა შექმნილი. მართლაც, ხსენებული ციხის შუაში, ერთ კლდეში, ათი გაზის სიმაღლეზე გამოეჭრათ და მოეწყოთ ეკლესია, რომელიც ოთხი ფართო და გრძელი სადგომისაგან შედგებოდა. მის შიგნითა და გარეთა კედლებზე კერპების სახეები დაეხატათ ოქროთი და ლაჟვარდით. მეორე სადგომს შუაში დაედგათ ტახტი, რომელზეც ერთი ბრწყინვალე თვლებით შემკულ წმინდა ოქროს კერპის სახე იყო გამოყვანილი. ორი ძვირფასი ლალი ჩაესვათ თვალების ნაცვლად...“.
ისტორიკოსი აღწერს ეკლესიის მისადგომებს და საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეკლესიის გარეთა სადგომებს ფოლადის კარები ჰქონდა და ერთი კარიც, ოქროსი, ეკლესიის შიგნით იყო გაკეთებული.
სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა მონასტრის შიგნით; სპარსელები საშინელი სისასტიკით უსწორდებოდნენ ციხის მცველთ. ყოველი სათავსო, ყოველი საფეხური კიბისა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით მოიპოვებოდა დამპყრობთაგან. მიწის ყოველი მტკაველი ქართველთა სისხლით იყო მორწყული. ქართველთა ხელით განგმირული ყიზილბაშებიც ბევრნი დარჩნენ ვარძიის მღვიმეებში. შაჰი საშინელი სისასტიკით გაუსწორდა ვარძიის მცველებს. მან არნახული ბოროტება ჩაიდინა - არ დაინდო ტყვედ ჩაგდებული ბერები. მათ იქვე, ეკლესიაში მოკვეთეს თავები.
ვარძიის მონასტრის მშვენიერებამ და დიდებულებამ განაცვიფრა ყიზილბაშები. შა/მა მოისურვა საკუთარი თვალით ენახა მსოფლიოში სახელგანთქმული კლდის საოცრება. სპარსელები აღტაცებულნი იყვნენ მონასტრის ზღაპრული სიმდიდრით. ოქრო-ვერცხლის მხატვრული ნაკეთობანი, ჯვარ-ხატები, ხელნაწერი წიგნები ვერცხლის ჭედური ყდებით, ურიცხვი თვალ-მარგალიტი - ყველაფერი გაიტაცეს სპარსელებმა. გატაცებულ განძეულობათა შორის იყო მონასტრის ოქროს კარი და ოქროთი მოჭედილი თამარ მეფის ტახტი ვარძიიდან. („... ოქროს კარები მოგლიჯეს და სხვა განძთან ერთად სახელმწიფო ხაზინაში წაიღეს“).
საგანგებოდ მოგვითხრობს მემატიანე ვარძიის მონასტრის დიდი ზარის ჩამოგდებას („70 ბათმანი სპილენძისაგან შვიდჯერ ჩამოსხმული“). ზარი „დაამტვრიეს, - განაგრძობს ისტორიკოსი, - როგორც დაიმსხვრა ქართველების სიცოცხლის შუშა“.
შაჰ-თამაზის ამ ლაშქრობის შესახებ ქართველი ისტორიკოსებიც მოგვითხრობენ: „...წარმოემართა სპითა ურიცხვითა საათაბაგოსა ზედა; ვარძია, თმოგვი და ვანის ქვაბი, და აწყური, ასპინძა, ვარნეთი და სრულად სამცხის ციხეები აიღო და ვარძიის ღმრთისმშობელი და სრულად ციხეები ბატონს ქაიხოსროს მისცა“
ამ ეპიზოდიდან ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვარძიას საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. ირანის შაჰმა წაართვა ურჩ მეფე ლურასაბს ვარძია და თავის ერთგულ ათაბაგს გადასცა.
ვარძიის მონასტერი თავისი დროის დიდი კულტურული კერა იყო. სხვათა მონასტერთა მსგავსად აქ, მიუვალ კლდეებში, იქმნებოდა ფილოსოფიური და საისტორიო თხზულებები. შესაძლოა, აქ იწერებოდა თამარ მეფის ცხოვრებისა და მეფობის ისტორია, იქმნებოდა ძვირფასი ჯვარ-ხატები, იჭედებოდა და პატიოსანი თვლებით იმკობოდა წელნაწერი წიგნები. დიდი შოთა რუსთაველიც ხომ ამ მხარესთან იყო დაკავშირებული. ჩვენ არ ვიცით, საქართველოს რომელ კუთხეში შეიქმნა ვარძიის ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, მაგრამ იგი ხომ ამ მონასტრის დიდება იყო, საქართველოს მფარველი და მხსნელი.
რვა საუკუნე გავიდა ვარძიის შექმნიდან. მას შემდეგ რა არ გადაიტანა მრავალტანჯულმა ქალაქ-მონასტერმა. მისი თავგადასავალი მთელი საქართველოს ბედის ანარეკლია. ვინ არ ცდილა მის განადგურებას, ვის არ მოურწყავს ქართველთა სისხლით მისი წმინდა მიწა. სპერსელნი და ოსმალონი, არაბნი და ხვარაზმელნი - ვის არ უცდია შეენგრია საქართველოს ეს მტკიცე ზღუდე. ანგრევდნენ, ძარცვავდნენ, სწვავდნენ, არბევდნენ, მაგრამ კვლავ და კვლავ ინთებოდა წმინდა სანთლები ვარძიის ღვთისმშობლის ხატის წინ, კვლავ გაისმოდა ქართული საგალობელი კლდოვანი თაღების ქვეშ, კვლავ მოემართებოდნენ ამ წმინდა ტაპძრისკენ გულმხურვალე მლოცველები, ღმრთისმშობლის უწმიდეს ხატთან შვებისა და მეოხების მაძიებელნი.
გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართვთელთა თავგანწირვისა და ჭირთა თმენის ამ საოცარ ძეგლს. მაგრამ სასიკვდილოდ დაჭრილი იგი კვლავ წამოდგებოდა, მღვიმურ სახლებში კვლავ ისმოდა ტკბილი ქართული ენა, კვლავ ხარობდა მტერთაგან უწყალოდ გაჩეხილი ვენახები ვარძიის გარშემო გადაშლილ უკიდეგანო ტერასებზე.
ვარძიის არქიტექტურული ანსამბლი - საქართველოს ისტორიის უბრწყინვალესი ქმნილება - ძველი ქართული სამშენებლო ხელოვნების უდიდესი მნიშვნელობის ძეგლია. თავისი მხატვრული სრულყოფით, გრანდიოზული მასშტაბებით იგი აღემატება საქართველოში არსებულ გამოქვაბულთა ანსამბლებს. მთავარი ტაძრის ფერწერა კი თამარის ეპოქის მონუმენტური მხატვრობის იშვიათი ნიმუშია, სადაც უმაღლესი ფერწერული ოსტატობითაა გადაწყვეტილი მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეთა მიჯნის მონუმენტური ფერწერის წინაშე არსებული ახალი სტილური პრობლემები.
თამარის ეპოქის მემატიანესთან ვკითხულობთ: „... თუ ვინმეს ნებავს ამისგანცა, იხილონ ვარძია და საქმენი ქმნულნი და ნაშენები ქვაბ-ქმნილი... ვინა მეფემან თამარ გულსიდგინა მსახურებად...“ - ეს სიტყვები თითქოს უშუალოდ ჩვენკენაა მომართული, რადგან მხოლოდ საკუთარი თვალით ხილვა საქართველოს წარსული დიდებისა და თავგანწირვის ამ ამაყი ძეგლისა მთელი ძალით გვაგრძნობინებს ჩვენს წინაპართა სულის სიდიადეს, ადამიანის შესაძლებლობათა უსასრულობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий