понедельник, 14 мая 2018 г.

ძვ. წ. III-II სს-ის კოლხეთის ისტორიული გეოგრაფიის ზოგიერთი საკითხი (დ. ახვლედიანი)

„რაც არ უნდა იყოს, დამახასიათებელია, რომ ვან-დაბლაგომიდან მოკიდებული ფიჭვნარამდე (და პეტრამდე) არაფერი გვხვდება ღირსშესანიშნავი რიონის სამხრეთით, მაგრამ როგორც ვან-დაბლაგომი, ისე ფიჭვნარი უძველესი ქალაქური მოსახლეობაა, მაშინ როცა რიონის ჩრდილოეთი მხარე უფრო ნაგვიანევად გამოიყურება (არქეოლოგია იტყვის). ხომ არ არის ეს მოვლენა იმის მოწმობა, რომ ოდესმე ჰეგემონობდა რიონს სამხრეთი („კოლხეთი“), ხოლო შემდეგ პირველობა ჯერ ზანურმა ტომმა, ხოლო შემდეგ მეგრულმა იგდო ხელთ...“.1 ამას წერდა ნიკო ბერძენიშვილი 1960 წელს თავის დღიურში ვანის მიდამოებში მოგზაურობისას.

1. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკიხები, VIII, თბილისი, 1975. გვ. 473
ამ ჩანაწერში ორი ასპექტია ნიშანდობლივი: პირველი ის, რომ ავტორი აყენებს საკითხს _ რატომ გადაინაცვლა კოლხეთის უმნიშვნელოვანესმა საქალაქო ცენტრებმა რიონის სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ; მეორე _ ამ პრობლემის გადაჭრა მომავალში ხელეწიფება არქეოლოგიას. ნიკო ბერძენიშვილის მიერ ამ ჩანაწერის გაკეთების შემდეგ ორმოცდაათ წელზე მეტი გავიდა, და მრავალი არქეოლოგიური ძეგლი იქნა შესწავლილი. ამდენად, ჩვენი ნაშრომის მიზანია, ახალი მასალების გათვალისწინებით, განვიხილოთ თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ კოლხეთის მნიშვნელოვანმა ცენტრებმა რიონის სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლეს. არქეოლოგიურ და წერილობით წყაროებზე დაყრდნობით განვიხილავთ იმ ვითარებას, რომელიც კოლხეთში ძვ.წ. III-II სს-ში (არ ვეხებით მითრიდატე პონტოელის ხანას) იყო. წერილობითი წყაროების სიმწირის გამო ძვ.წ. III-II სსის კოლხეთის ისტორიის ბევრი საკითხი ბუნდოვანი რჩება. ამ ნაკლოვანების შევსება ჩვენი აზრით, გარკვეულწილად შესაძლებელია ამ პერიოდის კოლხეთში არსებული ვითარების შედარებით ახ.წ. IV-VI სს-ის ეგრისის სამეფოში შექმნილ ვითარებასთან (როგორც ზემოთ გვქონდა აღნიშნული, სწორედ ეს პრობლემა აქვს დაყენებული ნიკო ბერძენიშვილს). კერძოდ, ამ ორ ერთეულს შევადარებთ შემდეგი პარამეტრებით: ქვეყნის მდგომარეობა _ ერთიანია იგი, თუ დაშლილი; საზღვრები; უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები; რეგიონში არსებული გეოსტრატეგიული ვითარება.
ძვ.წ. III-II სს-ის კოლხეთის ისტორია, ახალი არქეოლოგიური წყაროების საფუძველზე, დასკვნების სახით, ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენი სადოქტორო დისერტაციის ავტორეფერატში.1 მის თანახმად ძვ.წ. III-II სს-ში კოლხეთი დაშლილი იყო ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულებად (სკეპტუხიებად).

1. ახვლედიანი დ., კოლხეთის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები ძვ.წ. V-II სს-ში, თბ., 2004.

წერილობით წყაროებში, ქვეყნის ეს დაშლა, ასახულია ქსენოფონტესა და მემნონის შრომებში. ქსენოფონტე, რომელიც ძვ.წ. V-IV სს-ის მიჯნის კოლხეთში არსებულ ვითარებას ასახავს, მდ. ფასისზე მხოლოდ ერთი ხელმწიფის მმართველობაზე მიუთითებს, მემნონი კი, რომელიც ძვ.წ. II ს-ის ბოლოს შექმნილ სიტუაციას განიხილავს _ რამდენიმე ბასილევსის არსებობაზე. ეს დაშლა ძვ.წ. III ს-ის 70-50-იან წლებში კოლხეთის ტერიტორიაზე წარმოებული სამხედრო მოქმედებების შედეგად უნდა მომხდარიყო. ამ სამხედრო მოქმედებების თარიღი, დამღებით აღჭურვილი იმპორტული კერამიკული ნაწარმის შემოსვლაში წარმოქმნილი ლაკუნით დგინდება, რომელიც 25-35 წელი გრძელდებოდა.
ერთიანი კოლხეთის სამეფოს დაშლის აღმნიშვნელია ასევე ძვ.წ. III ს-ის დასაწყისით დათარიღებული სამეფო დამღებით აღჭურვილი კრამიტის წარმოების შეცვლა ნიშნიანი კრამიტით (ასოსმაგვარი ნიშანი ხელოსანს ეკუთვნის). ეს ფაქტი გამოხატავს სამეფო ხელისუფლების გაქრობას, როდესაც კრამიტის გამომშვები სახელოსნოები მეფის ხელისუფლების დაქვემდებარებიდან გამოდიან.
კოლხეთის სამეფოს დაშლა ასახულია ასევე მდიდრულ სამარხებში მიცვალებულთა დაკრძალვის ტრადიციის შეწყვეტით. ეს სამარხები ძვ.წ. V-III სს-ით თარიღდება და მათში, ჩვენი აზრით, კოლხეთის სამეფოს მსახურეული არისტოკრატია იკრძალებოდა. სამეფოს დაშლის შემდეგ ეს ფენაც წყვეტს არსებობას. ყველაზე უფრო მდიდრული სამარხები აღმოჩენილია ვანის ნაქალაქარსა და საირხეში. ძვ.წ. III ს-ის მეორე ნახევრიდან ძველი ვანი, კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრიდან რელიგიურ ცენტრად იქცა. საირხე კი ასევე კოლხეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან ქართლის სამეფოს ერთ-ერთი ოლქის ცენტრად.
ძვ.წ. V-II სს-ის კოლხეთის დემოგრაფიული სიტუაციის შესწავლისას ორი ფაზა გამოიყოფა: ძვ.წ. V - ძვ.წ. III სის პირველი ნახევარი და ძვ.წ. III ს-ის მეორე ნახევარი – ძვ.წ. II ს. პირველ ეტაპზე კოლხეთი მჭიდროდ არის დასახლებული _ განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლი, რიონის შუა წელი (მეტადრე მარცხენა ნაპირი) და ჩრდილო-აღმოსავლეთ კოლხეთი. ძვ.წ. III ს-ის მეორე ნახევრიდან მოსახლეობა საერთოდ ქრება კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში; თითქმის არ არის აღმოჩენილი ამ პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები რიონის ქვემო წელზე; ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნამოსახლართა რაოდენობა მცირდება; რიონის შუა წელზე, მის მარცხენა ნაპირზე, სამოსახლოები კნინდებიან ან საერთოდ წყვეტენ არსებობას, აქ მოსახლეობა ძირითადად, თავს იყრის საყანჩიაზე, ძველი ვანის მახლობლად; კნინდება ცხოვრება ასევე კოლხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
ამდენად, ძვ.წ. III-II სს-ში სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულებად (სკეპტუხიებად) დაშლილი კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე, ორი რეგიონი გამოიყოფა, რომელშიც მეტ-ნაკლებად ინტენსიური ცხოვრება შეინიშნება: ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, ცენტრით დიოსკურია (რომელიც დღემდე აღმოჩენილი არ არის) და ძველი ვანი თავისი შემოგარენით.
ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ვანის ქვეყნის საზღვრების შესახებ პირდაპირი მონაცემები არ გაგვაჩნია. აღსანიშნავია მხოლოდ ის, რომ საირხე ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედის.1 სვანეთი სტრაბონის გადმოცემით, როგორც ჩანს, დამოუკიდებელია, ვინაიდან „ფლობენ ისინი ირგვლივ [ყველაფერს] და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის: ჰყავთ მათ ბასილევსი და საბჭო 300 მამაკაცისაგან შემდგარი და, როგორც ამბობენ, ჰკრებენ ლაშქარს 200000 [კაცის რაოდენობით]“ (სტრაბო. XI, 2, 19, თარგმანი თ. ყაუხჩიშვილისა). ამდენად, ვანის ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარი ამ პერიოდში კავკასიონის ქედამდე არ მიდიოდა. დასავლეთ საზღვარი უცნობია.

1. ნადირაძე ჯ.,, საირხე _ საქართველოს უძველესი ქალაქი, თბ., 1990, გვ. 152.

რაც შეეხება სამხრეთ საზღვარს, იმავე სტრაბონზე დაყრდნობით: „მოსხების ქვეყანა, რომელშიც არის სამლოცველო, სამ ნაწილს შეიცავს, ერთი მისი ნაწილი აქვთ კოლხებს, მეორე იბერებს და მესამე არმენიელებს“ (შტრაბო. XI, 2, 18, თარგმანი თ. ყაუხჩიშვილისა). ჩვენი აზრით, სტრაბონის ეს ცნობები უნდა ასახავდეს უფრო ადრინდელ პერიოდს, ვიდრე მითრიდატე VI მოახდენდა კოლხეთის ოკუპაციას, ვინაიდან მოყვანილ ციტატებში არსად არის ნახსენები პონტოს სამეფო, რაიმე ფორმით მაინც. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძვ.წ. III-II სს-ში მესხეთის ერთი ნაწილი შეიძლება ძველი ვანის კონტროლს ექვემდებარებოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ სტრაბონის (მოსხების ქვეყანა) მოიცავდა მტკვრის ზემო წელს მდ. ჭოროხის აუზს.1 რაც შეეხება ეგრისის სამეფოს: „ახ.წ. IV საუკუნის მიწურულისათვის დასავლეთ საქართველო გაერთიანებულია ლაზების (ეგრისის) სამეფოს მიერ. ლაზების (ეგრისის) მეფე ბიზანტიის იმპერიის ვასალად ითვლებოდა, მაგრამ ეს დამოკიდებულება მეტად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ....ლაზეთის ტერიტორიაზე IV-V სს-ში არსად იდგა რომაული ჯარი“.

1. მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბ., 1977, გვ. 59.

პროკოპი კესარიელი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ლაზები არც ხარკს იხდიდნენ, არც სხვა რამეში ემორჩილებოდნენ რომაელებს. მათი ერთადერთი ვალდებულება იყო ჩრდილოეთის საზღვრების დაცვა მომთაბარე ტომთა შემოსევებისაგან; მაგრამ ეს „ვალდებულება“ მთლიანად ემთხვეოდა ლაზეთის სამეფოს საკუთარ ინტერესებს: მომთაბარე ტომთა შემოსევებისაგან თავიანთი სამეფოს ტერიტორიის დაცვაში ხომ პირველ რიგში თვით ლაზთა ხელისუფალნი იყვნენ დაინტერესებულნი“. „ლაზთა მეფეს, თავის მხრივ, საკუთარი ვასალები ჰყავს. ასე მაგალითად, აბაზგები, სკვიმნიელები და სვანები“.1
ამ პერიოდში ლაზთა (ეგრისის) სამეფოს სამხრეთ საზღვარი მდ. ჭოროხის შესართავის სექტორამდე აღწევდა; აღმოსავლეთ _ ლიხის ქედამდე; ხოლო ჩრდილოეთით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული აბაზგების, სკვიმნიებისა და სვანების მიწებს მოიცავდა, ანუ კავკასიონის ქედით იყო შემოსაზღვრული.2
რაც შეეხება ძვ.წ. III-II სს-ის კოლხეთის თავდაცვით სისტემებს, უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ მხოლოდ ძველი ვანის გალავანია გამოვლენილი. ამ გალავნის მშენებლობის დაწყების თარიღად მიჩნეულია ძვ.წ. III ს-ის დასაწყისი;3 ძვ.წ. III ს-ის შუა ხანები, ძვ.წ. III ს-ის მეორე ნახევარი, ან მიწურული.4 როგორც ცნობილია, ძველი ვანი წარმოადგენდა კოლხეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს. ამდენად, ქალაქის და მისი თავდაცვითი სისტემის მშენებლობისათვის ადგილის შესარჩევად ყველა ის პირობა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, რაც იყო ძველ სამყაროში მთავარი ქალაქის წარმოქმნის წინაპირობები. ეს პირობები, თავის ნაშრომში, შეჯამებული აქვს ფ. ვინტერს: მთავარი ქალაქი უნდა იყოს ჯანსაღი ადგილი; უნდა იყოს ხელსაყრელი პოლიტიკური და სამხედრო აქტიურობისათვის; უნდა იყოს სამიწათმოქმედო და სავაჭრო ცენტრი.5

1. ლომოური ნ., დასავლეთ საქართველო (ეგრისი) IV-V საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, თბ., 1973, გვ. 165.
2. იქვე, 1973, გვ. 160-161.
3. ლორთქიფანიძე ოთ., ვანის ნაქალაქარი (გათხრები, ისტორია, პრობლემები), ვანი I, თბ., 1972, გვ. 30.
4. კაჭარავა დ., ლორთქიფანიძე ოთ., ფუთურიძე რ., ყიფიანი გ., არქეოლოგიური გათხრები ვანის ნაქალაქარის ზედა ტერასაზე, ვანი IV, თბ., 1979, გვ. 7-37.
5. Winter F.E., Greek Fortifikations, London. 1971, გვ. 4-6.

ჩვენი მხრიდან დავუმატებთ იმასაც, რომ საშიშროების შემთხვევაში გამაგრებული ადგილის გარშემო მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონოდა მისი კედლების შიგნით ეპოვა თავშესაფარი. ძველი ვანი და მისი მიმდებარე ტერიტორია მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს ყველა ამ პირობას: წარსულში ეს ტერიტორია კოლხური ტიპის ტყეებით იყო დაფარული (წაბლი, რცხილა, ქართული მუხა, წიფელი და სხვ.). ნიადაგი ნაყოფიერია, რაც ხელს უწყობს მევენახეობას, მებოსტნეობას, მეხილეობას, მარცვლეული კულტურების მოყვანას. ასევე ხელსაყრელი პირობებია მესაქონლეობისათვის (განსაკუთრებით მსხვილფეხა საქონლისათვის, ღორისათვის და თხისათვის) ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების არსებობით.
თვითონ ნაქალაქარი მდებარეობს „ახვლედიანების გორაზე“, რომლის დედაქანი ქვიშაქვას წარმოადგენს. კედლებით შემოზღუდული ფართობი 6,5 ჰა-ს შეადგენს. მნიშვნელოვანი შენობების, მათ შორის თავდაცვითი ნაგებობების საძირკველი, უშუალოდ კლდეს ადევს, რითაც ისინი მეწყრული მოვლენების შედეგად დაზიანებისაგან არიან დაცულნი. მაშინ, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე ეს პროცესები დღესაც მიმდინარეობს.
რაც შეეხება წყლით მომარაგებას, ნაქალაქარის ზედა და ცენტრალურ ნაწილებში წყლის ჭები არ არის გამოვლენილი. თანამედროვე მოსახლეობა ძირითადად, საქვაბიასა და კაპრანიას ღელეების (რომლებიც ნაქალაქარს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ჩამოუყვებიან) მახლობლად მდებარე ჭებს იყენებს სასმელი წყლის მოსაპოვებლად. ეს ტერიტორია კი ნაქალაქარის კედლის გარეთ არის. საქვაბიას ღელეზე ნაქალაქარის ქვედა ნაწილიდან გადის გასასვლელი (იხ. ტაბ.I,24, ეს ტაბულა მოცემულია ოთ. ლორთქიფანიძის ნაშრომის მიხედვით).1 ჩვენი აზრით, ძველი ქალაქის წყლით მომარაგების სისტემაში შედის, ე.წ. „დიდი ჭა“ (იხ. ტაბ. I,23), რომელიც ნაქალაქარის ქვედა ნაწილშია გამოვლენილი ტაძარ-პროპილეუმის მახლობლად, ხევის პირზე.
სამხედრო და პოლიტიკური აქტიურობისათვის ხელსაყრელობა ნიშნავს ისეთი ადგილის შერჩევას, საიდანაც შესაძლებელია სამხედრო დახმარება გაეწიოს მთავარი ქალაქის გამგებლობაში არსებული ტერიტორიის ყველა პუნქტს.2 ამ თვალსაზრისით, გორას, რომელზედაც ძველი ქალაქი იყო გაშენენებული და მთელ არე-მარეზე გაბატონებული მდგომარეობა ეკავა, განსაკუთრებით, რიონის სამხრეთ სანაპიროზე: აქედან შეიძლებოდა თვალყურის დევნება ვანზე, თუ მის მახლობლად გამავალი სტრატეგიული და სავაჭრო გზებისათვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინდოეთიდან შავ ზღვამდე მიმავალი ე.წ. „აბრეშუმის გზა“. ვანის თავდაცვითი სისტემის მშენებლობა ქრონოლოგიურად (ძვ.წ. III ს-ის მეორე ნახევარი) დაკავშირებული იყო, ერთი მხრივ, ვანის სასოფლო ტერიტორიის (დაფნარი, დაბლაგომი, მთისძირი, სულორი) დაკნინებასთან, ან მთლიანად მოსპობასთან და, მეორე მხრივ, საყანჩიას სამოსახლოს წარმოშობასთან, რომელიც ძველი ვანის სამეურნეო უბანს წარმოადგენდა.3 საყანჩია მდებარეობს რიონის მარცხენა ნაპირზე, ვანის ნაქალაქარიდან 1,5 კმ-ის დაშორებით. ეს გარემოება ძველი ვანის სანაოსნო მნიშვნელობის გაზრდაზე მიუთითებს. ამის დადასტურებაა ვანის ნაქალაქარსა და საყანჩიაზე დიდი რაოდენობით ამფორების აღმოჩენის ფაქტი, რომლებიც ხომალდებით სხვადასხვა პროდუქციის გადასატანად გამოიყენებოდა. ამავე დროს, საშიშროების შემთხვევაში, საყანჩიის მოსახლეობას ვანის კედლებში შეეძლო დაეცვა თავი. მეორე გზა, რომელსაც ვანი აკონტროლებდა, იყო კოლხეთის დაბლობიდან მესხეთში მიმავალი გზა, რომელიც მდ. სულორს აუყვებოდა და „მეფის წყაროს“ გადასასვლელით თანამედროვე ადიგენის მუნიციპალიტეტში გადადიოდა.4 საჭიროების შემთხვევაში, ამ გზით შეიძლებოდა ვანიდან მესხეთში სამხედრო ძალების გადასროლა, რომლის ნაწილიც კოლხეთს ექვემდებარებოდა (ტაბ. II).
რაც შეეხება ეგრისის სამეფოს თავდაცვით სისტემას, მასზე სრული ინფორმაცია ნ. მურღულიას სადისარტაციო ნაშრომშია თავმოყრილი.5 მასში გააანალიზებულია 45 სხვადასხვა სახის სიმაგრე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნოქალაქევი-არქეოპოლისის გამაგრების სისტემას (მდებარეობს თანამედროვე მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდ. ტეხურას ნაპირზე). ნაშრომში ეგრისის სამეფოს ერთიანი თავდაცვითი სისტემა განხილულია ადგილობრივ, რეგიონალურ და გლობალურ კონტექსტში. ადგილობრივი კონტექსტი გულისხმობს სამეფოში არსებული დასახლებული პუნქტების და გამავალი გზების დაცვას და ბაჟის აკრეფას; რეგიონალური კონტექსტი - რეგიონში არსებული სახელმწიფოებისაგან თავის დაცვას. ამ მიზნით საგანგებოდ იყო გამაგრებული ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის საზღვრები (ტაბ. III); გლობალური კონტექსტი კი - ბიზანტიის იმპერიის (რომლის ვასალიც ეგრისის სამეფო იყო) ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრების დაცვას, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში ბინადარი მომთაბარეებისაგან, ასევე - ირანისაგან.

1. ლორთქიფანიძე ოთ., ვანი „ოქრომრავალი“ კოლხეთის უძველესი რელიგიური ცენტრი, მაინცი, 1995.
2. Winter F.E., დასახ. ნაშრ., 1971, გვ. 4-6.
3. ახვლედიანი დ., დასახ. ნაშრ., 2004.
4. ბერაძე თ., ვანის რაიონის ისტორიული გეოგრაფიისათვის, ვანი III, თბ., 1977, გვ. 28-42.
5. მურღულია, ნ. ეგრისის სამეფოს გამაგრების სისტემა IV-VI საუკუნეებში (არქეოლოგიური მასალებისა და ისტორიული წყაროების მიხედვით). სადისერტაციო მაცნე. თბ., 2013.
საბოლოოდ, ვარაუდის სახით, შევეცადეთ პასუხი გაგვეცა ნიკო ბერძენიშვილის მიერ დასმულ კითხვას, რამ გამოიწვია დასავლეთ საქართველოში მთავარი ცენტრების სამხრეთიდან (ვანიდან) ჩრდილოეთისაკენ (ნოქალაქევი-არქეოპოლისი) გადასვლა. ვფიქრობთ ამის მიზეზი ის განსხვავებული გლობალური და რეგიონალური გეო-სტრატეგიული სიტუაცია იყო, რომელშიც დასავლეთ საქართველო ძვ.წ. III-II სს. და ახ.წ. IV-VI სს-ში მოექცა. ძვ.წ. III-II სს-ში კოლხეთი დაშლილი იყო, რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულებად, მისი აღმოსავლეთ ნაწილი ქართლის სამეფოს ეპყრა. ამავე დროს მესხეთის ერთი ნაწილი კოლხეთის შემადგენლობაში შედიოდა.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიანეთს (სვანეთს), იგი დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ცენტრს ძველი ვანი წარმოადგენდა, რომელიც აკონტროლებდა აღმოსავლე- თიდან შავი ზღვისაკენ და კოლხეთიდან მესხეთისაკენ მიმავალ გზებს. რაც შეეხება ეგრისის სამეფოს, მისი ძალაუფლება მთელს დასავლეთ საქართველოზე ხორციელდებოდა და ქვეყნის სტრატეგია ბიზანტიის იმპერიის სტრატეგიასთან იყო დაკავშირებული _ მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრები უნდა დაეცვა, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მომთაბარე ტომებისაგან, შესაბამისად, მთავარი სტრატეგიული პუნქტი ნოქალაქევი-არქეოპოლისიც რიონის ჩრდილოეთით მდებარეობდა.
დამოწმებანი:
ახვლედიანი, 2004. ახვლედიანი დ. კოლხეთის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები ძვ.წ. V-II სს-ში, თბილისი.
ბერაძე, 1977. ბერაძე თ. ვანის რაიონის ისტორიული გეოგრაფიისათვის, ვანი III, თბილისი.
ბერძენიშვილი, 1975. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, VIII, თბილისი.
კაჭარავა, და სხვ. 1979. კაჭარავა დ., ლორთქიფანიძე ოთ.,
ფუთურიძე რ., ყიფიანი გ., არქეოლოგიური გათხრები ვანის ნაქალაქარის ზედა ტერასაზე, ვანი IV, თბილისი.
ლორთქიფანიძე, 1972. ლორთქიფანიძე ოთ., ვანის ნაქალაქარი (გათხრები, ისტორია, პრობლემები), ვანი I, თბილისი.
ლომოური, 1973. ლომოური ნ., დასავლეთ საქართველო (ეგრისი) IV-V საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, თბილისი.
ლორთქიფანიძე, 1995. ლორთქიფანიძე ოთ. ვანი „ოქრომრავალი“ კოლხეთის უძველესი რელიგიური ცენტრი, მაინცი.
მურღულია, 2013. მურღულია ნ. ეგრისის სამეფოს გამაგრების სისტემა IV-VI საუკუნეებში (არქეოლოგიური მასალებისა და ისტორიული წყაროების მიხედვით). სადისერტაციო მაცნე. თბილისი.
მუსხელიშვილი, 1977. მუსხელიშვილი დ. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბილისი.
ნადირაძე, 1990. ნადირაძე ჯ., საირხე _ საქართველოს უძველესი ქალაქი, თბილისი.
Winter, 1971. Winter F.E. Greek Fortifikations, London.

Комментариев нет:

Отправить комментарий