понедельник, 21 мая 2018 г.

სუმბატ სპარაპეტის (1208-1276) ცნობები საქართველოს შესახებ


სუმბატ სპარაპეტი (1208-1276)
სუმბატი იყო კილიკიის არმენიის მმართველი ჰეთუმიდების დინასტიის წარმომადგენელი, მეჰე ჰეთუმ I-ის ძმა, ქვეყნის სარდალი, სამართალმცოდნე და ისტორიკოსი. იგი 50 წლის მანძილზე სარდლობდა ჯარებს და ბევრ წარმატებასაც მიაღწია. ორჯერ იყო ყარაყორუმში ყაენთან მოსალაპარაკებლად.
სუმბატმა დაწერა „მატიანე“, რომელიც მოიცავს არმენიის, კილიკიისა და მათი მეზობლების ისტორიას 951-1272 წლებში. მოგვიანებით სხვებმა გააგრძელეს თხრობა 1336 წლამდე. X-XII საუკუნეების ამბები სუმბატმა შეადგინა მათეოს ურჰაეცის, გრიგორ ერეცის (XII . ურჰაეცის გამგრძელებელი, 1137-63 წლების აღმწერი), მიქაელ სირიელის (XII ., ქრონიკა უძველესი დროიდან XII -მდე) და გულიელმ ტიუროსელის შრომების საფუძველზე.
„მატიანე“
ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ურჯულო კაცებმა დავითის სახლიდან განიზრახეს ღვთისმოყვარე კაცის დავითის მოკვლა და ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად დამხმარედ იპოვნეს ურჯულო ეპისკოპოსი ვრარიონი.  მან მარინჯიკის მსგავსი ბოროტება ჩაიდინა: სასიკვდილო წამალი შერია სასიცოცხლო წამალს და მისცა დავითს; მცოდნე და ღვთისმოყვარე დავითი არც კი შემკრთალა. მაგრამ მოხდა დიდი საკვირველება, რადგან სასიკვდილო წამალი მისთვის სამკურნალო წამლად იქცა და განკურნა დავითის სატკივარი. ხოლო ურჯულო ეპისკოპოსი ამ ბოროტებითაც არ დაკმაყოფილდა, არამედ ერთ დღეს, სანამ ღვთისმოყვარე კაცს თავის ადგილსამყოფელში ეძინა, მივიდა ჩუმად ბალიშთან, დაადვა ბალიში პირზე და მოახრჩო დავითი. ცოტა ხნის შემდეგ ბასილმა შეიპყრო ეპისკოპოსი და მისი ბოროტი თანამზრახველები, ქვები დაადო მას კისეზრე და გადააგდო ზღვაში...
არმენთა წელთაღრიცხვის 470 (1021) წელს ბასილი ურიცხვი ჯარით მოვიდა აღმოსავლეთ მხარეებში და მოითხოვა ანისი და კარინი. გაგიკის შვილმა იოვანემ თავისი სისუტის გამო გადაწყვიტა მიეცა ისინი.
ხოლო ბასილი დაბრუნდა თავის ქვეყანაში და ქართველთა მეფე გიორგის მისწერა, რომ მასთან მორჩილებით მისულიყო. გიორგიმ კი არ მიიღო ეს მოთხოვნა და არ დათანხმდა მორჩილებაზე. მაშინ ბასილ მეფე ბრძოლით წამოვიდა მასზე. ქართველთა ჯარებიც გაემართნენ მის წინააღმდეგ. რატიმ და ზვიადმა, მხნე კაცებმა, ლიპარიტის ძმებმა სასტიკად დაარტყეს ბასილის ჯარებს, სანამ არ დაიღუპა რატი, რომლის ცხენი ჩაეფლო ერთ ჭაობიან ადგილზე და იქ მოკლეს. მაშინ ქართველთა ჯარები უკუიქცნენ, ხოლო ბასილის ჯარები დაედევნენ და ამოწყვიტეს ისინი. ბასილი იქ შეჩერდა 3 თვე, სანამ არ დაიყოლია ისინი, შემდეგ კი ტრაპიზონში გაატარა ზამთარი...
არმენთა წელთაღრიცხვის 471 (1022) წელს გარდაიცვალა არმენთა კათალიკოსი უფალი სარგისი და თავის ტახტზე მამათავარმა დაამტკიცა უფალი პეტრე. იმ წელს ერთი გოლიათური შესახედაობის მთავარი, ბერძენთა სახლიდან, წარვიზ ნიკიფორე აღდგა ბასილის წინააღმდეგ და თავის მომხრეებად მოიხმო ქართველთა მეფე გიორგი და გაგიკის ვაჟები. მასთან შიშით დავითიც მივიდა არმენთა ჯარებით. მათ დიდი საშიშროება დაატეხეს თავს ბასილს. ბასილმა თხოვნა სეუთვალა დავითს, რომ როგორმე ეღონა მას წარვიზის დაღუპვა. წარვიზი ფრიად კეთილად იყო განწყობილი დავითისადმი და შეპირდა მას, რომ არმენთა ტახტზე დასვამდა. მაგრამ დავითმა არ მოისურვა ბასილთან კავშირის გაწყვეტა. ერთ დღეს დავითი წავიდა თავის სახლში არეულობის მიზეზით, წამოდგა ნიკიფორე, მოეხვია მას და ეხვეწებოდა დაბრუნებას, ხოლო დავითმა თვალით ანიშნა კაცებს და იმწამსვე მოკლეს წარვიზი, მისი ჯარები კი გაიფანტნენ და გაიქცნენ. ეს რომ ბასილმა შეტყო, ფრიად განიხარა და დავითს საჩუქრად მისცა კესარია, წამნდავი და მთელი ხავატანექი საზღვრებითურთ. ბასილი დიდი რისხვით წამოვიდა ქართველთა მეფე გიორგიზე და ძინიცის ციხესთან დიდი ბრძოლა გამართა. გიორგი გაიქცა, ციხე-სიმაგრეებს შეაფარა თავი და მისწერა ბასილს მისდამი დამორჩილების შესახებ, ხოლო თავისი ვაჟი მძევლად გაუგზავნა მას...
არმენთა წელთაღრიცხვის 498 (1049) წელს, მონომახის დროს ტუღრილ სულთნის ბრძანებით მოვიდა 2 სარდალი დიდძალი ჯარით და თავს დაესხა არმენთა ქვეყანას. ბერძნებმა გამოიყვანეს არმენთა მამაცი და მებრძოლი კაცები და მათ სარდლებად განაწესეს ქურთები. ამით მათ სურდათ აღმოსავლეთის ქვეყნის დაცვა. როდესაც შეიტყვეს უცხო ტომებმა, რომ ასე გამგებლის გარეშეა დარჩენილი ქვეყანა, მოვიდნენ და დამკვიდრდნენ ქალაქ არწნიში, რომელიც დახვდათ მათ დაუცველი, სავსე განძით და ხალხმრავალი. უცხო ტომებმა იწყეს მასთან ბრძოლა. ქალაქის მცხოვრებლები გამოვიდნენ და სასტიკი ბრძოლით ეკვეთნენ ერთმანეთს და რადგანაც არსაიდან არ ჰქონდათ დახმარება და არც გასაქცევი ადგილი, ამიტომ სიკვდილი იყო მათი იმედი. ურჯულოთა დიდძალი სიმრავლისაგან ძლეულნი გაიქცნენ. ხოლო უცხო ტომები მახვილით ეკვეთნენ ქალაქს, გვამებით აავსეს მოედნები და ამოხოცეს ყველა, თვითონ კი აივსნენ ოქროსა და ვერცხლის განძებით. იქო იქ დავით ქორეპისკოპოსი, მათ ხელთ იგდეს მისი განძები, წაართვეს 40 აქლემი და მის სახლიდან გამოვიდა ხარების 600 უღელი. ქალაქის 700 ეკლესია სავსე იყო სიმდიდრით. მომხიბვლელი ქალაქი იყო არწნი, რომელიც ურჯულო ტომებმა მახვილით გადაჩეხეს, ხოლო საპატიო ქალები შვილებითურთ ტყვედ წაასხეს სპარსთა ქვეყანაში. ასე მიეცა დასაბამი არმენთა ქვეყნის დაღუპვას. როდესაც მონომახმა შეიტყო ეს ბოროტი ამბავი, ჯარი გაგზავნა აღმოსავლეთში და სარდლებად განაწესა მაგისტროსი გრიგორ ფაჰლავუნი, მისი შვილი ვასაკი, კამენი და მხნე ლიპარიტი, რატის ძმა, რომ დაეცვათ ქვეყანა მტერთაგან. როდესაც ბერძენთა სარდლებმა მიაღწიეს აღმოსავლეთში, გრიგორ მაგისტროსი და სხვები, რომელთა შესახებაც ზევით ვწერდით, წავიდნენ კაპუტრუში და გადავიდნენ არჯოვიტში. ეს რომ შეიტყვეს თურქთა ჯარებმა, რომლებიც დაბანაკებული იყვნენ ველის ნაპირას, დაიკავეს ის ადგილი, შეერივნენ ერთმანეთს და სასტიკად ეკვეთნენ ერთმანეთს. ლიპარიტმა მხნედ გარეკა უცხო ტომთა ჯარები. ეს რომ ბერძენთა ჯარებმა დაინახეს, შურით აივსნენ მის მიმართ, დატოვეს იგი უცხო ტომთა შორის, თვითონ კი უკან გაბრუნდნენ. ლიპარიტი შეიპყრეს უცხო ტომებმა და წაიყვანეს ხორასანში ტუღრილ სულთანთან. სულთანს ადრევე ჰქონდა გაგონილი ამ კაცის სიმხნის შესახებ. მან ლიპარიტი ორი წლის შემდეგ დიდძალი საჩუქრებით გაათავისუფლა. ლიპარიტი წავიდა კონსტანტინეპოლში. მონომახმა ურო მეტად განადიდა იგი და თავის სახლში დააბრუნა. ეს ლიპარიტი ძმა იყო რატისა და ზორატისა, ტომით ქართველი, მხნე ტომიდან.

Комментариев нет:

Отправить комментарий