„... ეს ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთვის არაგვი მტკვარსა, და გავიდა მთასა მას ზედა, რომელსაც ეწოდება არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და აიშენა იქ ზედა სახლი და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თვისისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე იქ-ზედა კერპი არმაზისი ერქვა მთასა მას ქართლი და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი...“ - მოგვითხრობს „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ მცხეთის უძველესი შიდაციხის აგების შესახებ. მის აგებას თხზულების ავტორი ლეგენდარულ გმირს, თარგამოსის ძეს, ქართლოსს მიაწერს.
არმაზციხე აიგო მცხეთის სამხრეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მაღალ მთაზე. მოხერხებული მდებარეობა განსაკუთრებულად ზრდიდა ამ ციხის სტრატეგიულ მნიშვნელობას. სახელწოდება არმაზციხე მან მიიღო ქართლის უზენაესი წარმართული ღვთაების სახელიდან - არმაზიდან. ცნობილია, რომ მეფე ფარნავაზმა (ძვ.წ. IV-III ს-ში) არმაზი სახელმწიფოს მთავარ ღვთაებად აღიარა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მაღალ მთაზე აღმართა არმაზის კერპი:“... ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვისსა...ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა და ამიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთვის“. მემატიანე გადმოგვცემს, რომ როდესაც მეფე ფარნავაზი გარდაიცვალა, იგი „...დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა“.
ქვეყნის ამ უზენაესი ღვთაების მნიშვნელობაზე მიგვითითებს ლეონტი მროველი (XI ს.): „აჰა ესერა, ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წვიმისა მომცემელნი და ქვეყნისა ნაშთობთა გამომზრდელნი ღმერთნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებელნი...“ სწორედ ამ ღვთაების - „არმაზ ქართველთა“ - სახელთან არის დაკავშირებული ძველი მცხეთის შიდა ციხის, არმაზის სახელი. საქართველოს უძველესი დედაქალაქის ამ ნაწილის სახელწოდება სხვადასხვა ფორმით გვხვდება ბერძნულ და რომაულ წყაროებში (მაგალითად: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰარმასტის და სხვ.).
ამ კერპთა
აღწერა
შემონახულია
„ქართლის
მოქცევის“ ტექსტში:
„...იდგა კაცი ერთი სპილენძისა და ტანსა მისსა ეცვა ჯაჭვი ოქროსასა და ჩაფხუტი ოქროსა და ფრცხილი და ბივრიტი... და მარჯვნივ მისა დგას კერპი ოქროსა; და სახელი მის გაც: და მარცხნივ მისა კერპი ვერცხლისა და სახელი მისი გა, რომელნი იგი ღმერთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა“. მთის წვერზე მდგარ „რვალის“ (ბრინჯაოს) კერპებს მოხვდებოდა თუ არა მზის პირველი სხივი, აელვარებოდნენ საშინელნი კერპნი, შორიდან მოჩანდა მათი სილუეტები... ყოველი მხრიდან მოემართებოდნენ მათ თაყვანსაცემად ქართველნი.
არმაზციხე გული იყო ქართლის ძველი დედაქალაქისა - მცხეთისა. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს ამ მთაზე, რომელიც ბაგინეთის სახელით არის ცნობილი, სამეფო რეზიდენციის არსებობა. აქ აღმოჩენილი არქიტექტურული ნაშთები ადასტურებს სამეფო სასახლისა და ნეკროპოლის არსებობას. მცხეთის დასავლეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა ნაპირას, მდ. არმაზისხევის შესართავთან, ქართლის დიდგვაროვანთა, ერისთავთა, სახელმწიფოს უმაღლეს მოხელეთა (პიტიახშთა) რეზიდენცია იყო განლაგებული. ახ. წ. პირველი საუკუნეების ერისთავთა ეს სამოსახლო უძველეს ნამოსახლარზეა აგებული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ გამოვლენილია სასახლის ნაშთები. როგორც ჩანს, პიტიახშთა სასახლე ხანძარმა გაანადგურა. აღმოჩენილი საძირკვლების, ხუროთმოძღვრული ფრაგმენტების მიხედვით ძნელია სასახლის ანსამბლის აღდგენა. მაგრამ ჩვენამდე მოაღწია პიტიახშთა სასახლის კომპლექსში შემავალი რომაული ტიპის რთული კონსტრუქციის აბანომ, რომელიც იმ ეპოქის არქიტექტურული კანონების ცოდნით არის აგებული. კერამიკული მილების სისტემა აწვდიდა აბანოს სხვადასხვა ტემპერატურის წყალს. კარგად იყო გადაწყვეტილი გათბობისა და წყლის გაცხელების სისტემები. არმაზისხევის აბანო მოიცავდა რომაულ აბანოთათვის (თერმებისათვის) აუცილებელ ყველა ნაწილს: გასახდელ სათავსს, საცეცხლფარეშოს, ცხელ (კალდარიუმი), თბილ (ტეპიდარიუმი) და ცივ (ფრიგიდარიუმი) განყოფილებებს.
აქვე, არმაზისხევში,
აღმოჩნდა
ქართლის
ერისთავთა
(პიტიახშთა)
ნეკროპოლი,
მათი მარადიული განსასვენებელი. მეორე-მესამე საუკუნეთა იბერიის (ქართლის) პიტიახშთა და მათი ოჯახის წევრების მდიდრული სამარხები - ქვის სარკოფაგები - შეიცავდა უამრავ სამარხეულ ინვენტარს, იშვიათ მხატვრულ ნივთებს, რომლებსაც, უძველესი ტრადიციის მიხედვით, თან ატანდნენ გარდაცვლილთ მარადიულ ცხოვრებაში. ეს ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები, საკულტო ნივთების გარდა, მოიცავდა იმ საგნებს თუ სამკაულებს, რომლებიც სიცოცხლეში ამკობდნენ ქართლის წარჩინებულთ. არმაზისხევის პიტიახშთა სამაროვნის იშვიათი ნაკეთობები თვალნათლივ წარმოგვიდგენს ბერძენ და რომაელ მწერალთა თხზულებებში აღწერილ ზღვარგადასული ფუფუნების თვალისმომჭრელ სურათებს: „ყველაფერი, რაც კი რამ იყო სახლის კედლებში ადამიანის თვალწინ, ყველაფერი აღბეჭდილი იყო მაღალი მხატვრული გემოვნებით, კედლის მოპირკეთებიდან მოყოლებული, ვიდრე სამზარეულოს ნივთებამდე. რომაელ მანდილოსანთა ოთახების აღწერისას, სადაც ყველაფერი მხატვრულად დამუშავებული ვერცხლით იყო მოჭედილი, რომაელი მწერალი პლინიუსი აღშთოფებით შენიშნავდა, რომ „ეს ფუფუნება ყოველგვარ ზღვარს იყო გადასული“.
ბერძენ-რომაელი მწერლები შემთხვევით როდი ვახსენეთ. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში რომის იმპერია განსაზღვრავდა და განაპირობებდა მისი ზეგავლენის სფეროში მოხვედრილ ქვეყანათა კულტურულ ცხოვრებას. საქართველოც ვერ აიცდენდა ამ საყოველთაო მოვლენათა ზემოქმედებას. გასათვალიწინებელია ის თავისებური ურთიერთობა, რომელიც არსებობდა ამ ეპოქაში საქართველოსა და რომს შორის და რომელიც გარკვეულად მოქმედებდა ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარებაზე.
შეგახსენებთ სულ რამდენიმე ეპიზოდს საქართველოსა და რომის ურთიერთობის ისტორიიდან პირველ საუკუნეებში: მცხეთის მახლობლად აღმოჩნდა წარწერიანი ქვა, მასში ნათქვამია, რომ რომაელებმა „...იბერთა მეფეს მი/რდატს (მითრიდატს) ფარსმანის ძეს და იამაზდ ... კეისრის მეგობარსა და რომაელების მოსიყვარულე ერს ეს ზღუდე გაუმაგრეს“. წარწერა ახ.წ. 75 წელს მიეკუთვნება. წარწერის ტექსტი მოწმობს რომის იმპერიის მესვეურთა იბერიასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების სურვილს.
ერთ-ერთ საისტორიო წყაროში მოთხრობილია, რომ ძვ.წ. 65 წ. ქართლის მეფემ რომაელთა სარდალს პომპეუსს საჩუქრად მიართვა ოქროს ტახტი, მაგიდა და სარეცელი. იმპერატორ ადრიანეს (117-138 წწ.) ისტორიკოსი გვამცნობს, რომ „...ბევრი მეფისთვის მიუძღვნია (ადრიანეს) .... ძვირფასი საჩუქრები, მაგრამ არც ერთს არ მიუღია იმდენი, რამდენიც იბერთა მეფეს, რომელსაც ბრწყინვალე ძღვენთან ერთად უბოძა სპილო და ხუთასი მხედარი...“ იბერთა მეფემაც დიდი ძღვენი მიართვა რომის იმპერატორს, ძვირფას ნივთთა შორის მემატიანე საგანგებოდ აღნიშნავს ოქროს სავარძელს და ოქროთი შემკულ მოსასხამებს. რაღა თქმა უნდა, ეს ძვირფასი ნივთები ადგილობრივ, იბერიელ ხელოსანთა ნახელავი იქნებოდა, რაც უეჭველად მიგვითითებს აღმოსავლეთ საქართვლოს ხელოვნების დაწინაურებაზე ჭედურობასა და სხვა დარგში. ისტორიულ წყაროთა საკმაოდ ძუნწ ცნობებს ავსებს და ადასტურებს არმაზისხევის მდიდარი არქეოლოგიური მასალა.
რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიუსი მოგვითხრობს ფარსმან მეფის ოჯახითა და დიდი ამალით რომში ჩასვლის შესახებ. უდიდესი პატივი მიაგო რომის იმპერიის მბრძანებელმა იბერთა მეფეს: უფლება მისცა საღმრთო შეეწირა კაპიტოლიუმზე, დაესწრო ქართველთა სამხედრო ასპარეზობას და მარსის ველზე იბერთა მეფის ცხენოსანი ქანდაკება დაადგმევინა.
ეს ფაქტები
იმისთვის
გავიხსენეთ,
რომ ნათელვყოთ თუ რაოდენ მჭიდრო იყო იბერთა ურთიერთობა ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურულ სამყაროსთან და რა დიდი ზემოქმედება უნდა მოეხდინა რომაულ ცივილიზაციას ქართლის სამეფოს მაღალი საზოგადოების ცხოვრებაზე, მის ხელოვნებაზე. ამავე დროს, გასათვალიწინებელია ის გარემოება, რომ საქართველო - უძველესი კულტურის ქვეყანა - თავის წიაღში ინახავდა ადგილობრივ მხატვრულ ტრადიციათა უდიდეს საგანძურს, რომელიც ქვეყნის არსებობის ყველა ეტაპზე ასაზრდოებდა და განუმეორებელ სახეს აძლევდა ხელოვნების ნებისმიერ ნაწარმოებს.
პირველი საუკუნეების იბერია იყო განვითარებული, სოციალურად და კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა, აქტიურად ჩართული წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის უაღრესად ინტენსიურ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. იგი წარმოგვიდგება, როგორც მხატვრულ ფასეულობათა ქვეყანა, თვითმყოფადი, ორიგინალური ხელოვნების კერა. წერილობითი წყაროები, ეპიგრაფიკული ძეგლები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ხელოვნების ნაწარმოებები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ იბერიის სამეფოს მხატვრული ცხოვრების სურათი.
არმაზისხევის პიტიახშთა ნეკროპოლში აღმოჩენილმა მხატვრულმა ნაკეთობებმა თვალწინ გადაგვიშალა იბერიის ერისთავთა ყოფის ბრწყინვალე სურათი. ოქროსა და ვერცხლის ძვირფასი ნაკეთობები, რომლებიც პიტიახშებისა და მათი საგვარეულოს წარმომადგენელთა სამარხებშია აღმოჩენილი, თამამად შეიძლება ამოვუყენოთ გვედში გვიანანტიკური ხანის მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ქმნილებებს. ვინ იყვნენ ის დიდებულნი, ვისაც ამკობდა ეს უძვირფასესი სამკაული, ვინ იყვნენ ის ოსტატები, რომელთა ნახელავი თვრამეტი საუკუნის შემდეგაც განცვიფრებასა და აღტაცებას იწვევს?
მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ბილინგვა-ორენოვანი წარწერა - ეპიტაფია (ბერძნულ და არამეულ
ენებზე),
რომელიც
ასე ითარგმნება: მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა - ძლევამოსილისა და მრავალი
გამარჯვების
მომპოვებელი
ეზოსმოძღვრისა
ქსეფარნუგ
მეფისა,
ძისა
აგრიპა
ეზოსმოძღვრისა
ფარსმან
მეფისა,
ვაება
ვაებისა.
ის ვინც იყო ახალგაზრდა
და იმდენად მშვენიერი, რომ არავინ
იყო (მისი) მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა
ოცდაერთი
წლისა“. ამ ერთ წარწერაში
საქართველოს
ისტორიისათვის
უმნიშვნელოვანესი
ცნობებია
დაცული.
მოხსენებულია
მანამდე
უცნობ
ქართველ
წარჩინებულთა
სახელები
(ზევახ,
იოდმანგან,
ქსეფარგუნ,
აგრიპა),
წარმოდგენილია
იბერიის
სოციალური
სტრუქტურა,
სამეფო
კარის
მოხელეთა
თანამდებობები
(დიდი
და მცირე პიტიახშები, ეზოსმოძღვარი), დასახელებულია „კეთილი და მშვენიერი“ სერაფიტი, რომელიც ასე უდროოდ
გამოსალმებია
წუთისოფელს.
ამ წარწერამ თითქოს წაშალა მანძილი ჩვენსა და ჩვენს
შორეულ
წინაპართა
შორის
და ახლა, როდესაც აღტაცებულნი ვუყურებთ ს. ჯანაშიას
სახ. საქართველოს მუზეუმის ვიტრინებში გამოფენილ საოქრომჭედლო ხელოვნების შედევრებს - ძვირფასი თვალ-მარგალიტით შემკულ ყელსაბამებს, სამაჯურებს, სამკაულებს, ბეჭდებს, დიადემებს, უნებურად წარმოვიდგენთ შორეულ აჩრდილებად ქცეულ ქართველ წარჩინებულთ, რომელთათვისაც ეს ნივთები
ყოვედღიური
ცხოვრების
განუყრელი
ნაწილი
იყო.
წარმოვიდგინოთ ჩვენი ძველი დედაქალაქი - მცხეთა ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში:... სამეფო რეზიდენცია ბაგინეთის მთაზე - სასახლის ნაგებობათა დიდებული კომპლექსით... ქვემოთ - არმაზისხევის სამეფოს უმაღლეს მოხელეთა, ერისთავთა ადგილსამყოფელი... სამთავროს ველზე, არაგვისა და მტკვრის შესართავთან ბებრისციხემდე გაშლილი იყო ქალაქის მოსახლეობა. საგანგებოდ შერჩეული გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ქალაქის ზრდა-განვითარებას. ძველთაგანვე მცხეთაზე გადიოდა დიდი საერთაშორისო სავაჭრო გზები, რომლებიც აღმოსავლეთის ქვეყნებს დასავლეთთან აკავშირებდა. უმნიშვნელვოანესი სავაჭრო გზა იწყებოდა თვით მცხეთასთან, მი/ყვებოდა არაგვის ხეობას მის სათავეებამდე, შემდეგ ჯვრის უღელტეხილით და დარიალის ხეობით კვეთდა კავკასიაონის ქედს. ერთი რომაელი მწერალი აღწერს: „კავკასიის ჭიშკარი - ბუნების გრანდიოზული ქმნილებაა, ამ ადგილას მთების უეცარი გარღვევის შედეგი. თვით გასასვლელი კი შემოზღუდულია რკინით მოპირკეთებული მორებით...“.
ძველი მცხეთის მიწაზე აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის ურიცხვი მონეტა, რომლებიც მოგვითხრობს იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც დაკავშირებული იყო იბერიის დედაქალაქი: ალექსანდრე მაკედონელის სტატერები, რომაული და პართული ვერცხლის მონეტები - ავგუსტეს დენარები, გოტარზის დრაჰმები.
მცხეთაზე გამავალი სავაჭრო გზები უძველესი დროიდანვე იყო გაკვალული შორეულ ქვეყანათა უსასრულო ქარავნებით, რომლებიც აუცილებლად ჩერდებოდნენ ხოლმე იბერიის დედაქალაქის ხალხმრავალ მოედნებზე და ხმაურიან, ზღაპრულად ფერადოვან ბაზრობებზე თავს უყრიდნენ უამრავ ხალხს. „დღესა ერთსა აღიძრეს ერნი დიდნი მით ქალაქით, წარმავლნი დიდად ქალაქად სამეუფოდ, მცხეთად, მოვაჭრებად სახმართა რათამე“ - მოგვითხრობს მემატიანე.
„...
და იყვნენ ქართლს ესეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი და იზრახებოდა ქართლსა შინა ექვსი ენა: ქართული, სომხური, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული“ (ლეონტი მროველი).
უცხო საქონელთა
გარდა,
მცხეთაში
ქართველ
ოსტატთა
ნახელავიც
იზიდავდა
ხალხს.
„დიდი მცხეთის“ მრავალრიცხოვან უბნებში ოდითგანვე მისდევდნენ ხელოსნობის სხვადასხვა დარგს: სარკინე ძველთაგანვე ლითონის წარმოებით იყო სახელგანთქმული. აქ მიკვლეულია საოქრომჭედრო სახელოსნოს ნაშთები, ოქრომჭედლის იარაღები, რაც მოწმობს მხატვრული ხელოსნობის ამ დარგის განვითარებას დედაქალში. სამთავროს ველის ერთ სამარხში აღმოჩნდა საოქრომჭედლო სასწორ-საწონები და კვეთილა ქვები, რაც დაკრძალულის პროფესიაზე მიანიშნებს. შესაძლოა, აქვე მზადდებოდა საჭურველ-იარაღი, რომლის ღირსება შორს იყო განთქმული იბერიის საზღვრებს გარეთ. კარსნისხევში მეთუნეობა იყო განვითარებული. მცხეთელი მეთუნეები ამზადებდნენ ყოველდღიურად სახმარ სუფრის ჭურჭელს, სამეურნეო დანიშნულებისა და სარიტუალო ჭურჭელს. განვითარებული იყო სამშენებლო კერამიკა, კრამიტის, აგურის, წყლსადენის მილების დამზადება. დადასტურებულია მინის დამუშავების არსებობა მცხეთის ტერიტორიაზე. მცხეთაში აღმოჩენილია აგრეთვე ჭრილა ქვების, საბეჭდავების დამამზადებელი სახელოსნოს ნაშთები. ბევრი რამ შეიძლება ითქვას იბერიის დედაქალაქის ხუროთმოძღვრებაზეც: როგორც ჩანს, აქ ბევრნი ყოფილან ქვით და ხით ხურონი. დარჩენილი ფრაგმენტების საშუალებით შესაძლებელია აღვადგინოთ მცხეთის ქალაქთმშენებლობის შთამბეჭდავი სურათი. თვით ბერძენი გეოგრაფოსი სტრაბონიც ხომ განაცვიფრა იბერიის სამშენებლო ხელოვნებაამ: „იბერია მეტწილად მშვენივრადაა დასახლებული - მოფენილი ქალაქებითა და დაბებით ისე, რომ აქ გვხვდება კრამიტის სახურავებიც და არქიტექტურული ხელვონების წესების თანახმად აშენებული სახლები და საბაზრო ადგილები და სხვა საზოგადოებრივი შენობები“. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ სამთავროს სამაროვანზე აღმოჩნდა ეპიტაფია, რომელშიც მოხსენებულია ავრელი აქოლისი „მთავარი მხატვარი (არქიზოგრაფოსი) და ხუროთმოძღვარი“. ასეთი წოდების არსებობა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნების სხვა სფეროებში სახელმწიფო სისტემის არსებობის შემთხვევაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მაღალი განვითარების პირობებში.
სერფიტას ეპიტაფიიდან და არქიზოგრაფოსის წარწერიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა წინაპართა უცნობი სახელები. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საუკუნეთა სიღრმიდან ჩვენამდე მხოლოდ სახელებმა როდი მოაღწია. ძვირფასი საბეჭდავებიდან, გასაოცარი ოსტატობით გამოკვეთილი ჭრილა ქვებიდან გვიცქერიან იმ ადამიანთა სახეები, რომლებიც ცხოვრობდნენ ბაგინეთისა და არმაზისხევის სასახლეებში და დაკრძალულნი არიან მცხეთის ნეკროპოლის ქვის სარკოფაგებში. ბედნიერ აღმოჩენათა წყალობით „გავიცანით“ პიტიახშები ასპარუგი და ზევახი (ჯავახი), პიტიახშის მეუღლე კარპაკი, ვერცხლის ლანგრების წარწერებიდან ცნობილი გახდა პიტიახშების - ბერსუმასა და პაპაკის სახელები.
ერისთავთა ნეკროპოლის პირველ სამარხში ოქროს სამკაულთა შორის აღმოჩნდა ოქროს ბეჭედი, რომლის ბუდეში მოთავსებულია წითელი სარდიონის თვალი, მასზე დიდი ოსტატობით არის ამოკვეთილი მამაკაცის მკერდზევითა გამოსახულება პროფილში. პორტრეტულ გამოსახულებას გარშემო დაუყვება ბერძნული წარწერა - „ასპარუგ პიტიახში“. წარწერა ნეგატიურად არის ამოკვეთილი, რაც იმის ნიშანია, რომ რბილ მასალაზე დაჭერისას მიიღებოდა სწორი ანაბეჭდი. ცხადია, ჩვენს ხელთ არის სახელმწიფო მოხელის - ერისთავის (პიტიახშის) საბეჭდავი, რომელიც მისი ხელისუფლების ნივთიერ ნიშანს (ინსიგნიას) წარმოადგენდა. ამგვარი საბეჭდავები ფართოდ იყო გავრცელებული ძველ სამყაროში. საქართვლოც არ წარმოადგენდა გამონაკლისს. ამ საბეჭდავებზე, რომლებიც უფრო ხშირად ნახევრადძვირფასი ქვებისაგან მზადდებოდა, გამოისახებოდა სხვადასხვა სიმბოლო, პორტრეტები, იკვეთებოდა წარწერები.
არმაზისხევის გემაზე (ასე ეწოდება ჭრილა ქვებს ჩაღრმავებული გამოსახულებით) გამოსახულია ხნიერი მამაკაცი, დამახასიათებელი კეხიანი ცხვირით, გრძელი წვერ-ულვაშით. ხშირი, ტალღოვანი თმა შუბლზეა ჩამოსული, გრძელი უვლაშის ბოლოები ქვემოთ ეშვება. მკაცრად მოკუმული ტუჩების კუთხეები მკვეთრად არის დაშვებული. გრძელი წვერი მკერდზე ეფინება. შეკრული წარბების ქვეშ ღრმად ჩამჯდარი დიდი თვალები გამოიკვეთება. მკერდთან გადაჭრილი ბიუსტი შიშველია. ამაში უთუოდ ანტიკური ჰეროიზებული პორტრეტის გარკვეული ზეგავლენა ჩანს, რადგან რომაულ პორტრეტულ ხელოვნებაში მიღებული იყო იპერატორთა და დიდებულთა რეალისტურ სკულპტურულ პორტრეტებში სხეულის ჰეროიკული იდეალური სიშიშვლე, რაც ელინური ტრადიციით იყო ნაკარნახევი.
ქართლის ერისთავის ამ მინიატურულ პორტრეტში (დიამეტრია 1,8-2,2 სმ.) აშკარად ინდივიდუალური ნიშნებია გადმოცემული. უცნობ ქართველ ოსტატს რეალისტურად გადმოუცია ასპარუგის დამახასიათებელი სახის ნაკვთები, თმისა და წვერ-ულვაშის ფორმა და, ასე განსაჯეთ, მისი ხასიათიც კი (შეკრული წარბები, მოკუმული ტუჩები, დაძაბული მზერა). ამ აღმოჩენის წყალობით ჩვენ შეგვიძლია „გავიცნოთ“ იბერიის მშფოთვარე ისტორიის ერთ-ერთი პერსონაჟი, რომლის სახელთან ალბათ იმ ეპოქის არაერთი მოვლენა იქნებოდა დაკავშირებული.
ამავე სამარხში აღმოჩნდა ხელისუფლების სხვა ნიშნებიც: უზადო ოსტატობით შესრულებული ოქროს სარტყელი, რომლის ბალთებსაც ბუდეებში ჩასმული ჭრილა ქვები ამკობს და სატევარი, რომლის ქარქაში ოქროს გარსაკრავით არის შემოსილი. ამგვარად, ასპარუგ ერისთავისთვის თან ჩაუტანებიათ მისი ხელისუფლების დამადასტურებელი ყველა ნიშანი: უძვირფასესი საზეიმო სარტყელი, სატევარი და საბეჭდავი.
სარტყლის ერთ-ერთ სწორკუთხა ბალთაზე მოთავსებულია წითელ თვალზე (ალმანდინი) ამოკვეთილი მამაკაცისა და ქალის წყვილადი პორტრეტი. ორივე პროფილში მხრებამდეა გამოსახული. კარგად არის გამოკვეთილი სახის ნაკვთები, საგანგებოდ არის გადმოცემული თმის ვარცხნილობა: მამაკაცს - ტალღოვანი, ხშირი თმა და ლამაზი ფორმის წვერულვაში აქვს, მანდილოსნის თმა რაღაც მრგვალი სამკაულით არის დაგვირგვინებული. პორტრეტების გარშემო ბერძნული წარწერაა: „ზევახ (ჯავახ) ჩემი სიცოცხლე, კარპაკი“. ზევახის (ჯავახის) სახელი უკვე შეგვხვდა არმაზისხევის წარწერებში. ვრააუდობენ, რომ ამ გემაზე გამოსახულია ერისთავი ზევახი (ჯავახი) თავისი მეუღლითურთ. არის მოსაზრება, რომ ისინი, შესაძლოა, ასპარუგის მშობლები იყვნენ. თუ ეს ვარაუდი დამტკიცდება, დადასტურდება ერისთავთა (პიტიახშთა) ხელისუფლების მემკვიდრეობითობა იმ ეპოქებში.
სამარხის მრავალ ოქროს ნივთთა შორის უნდა ვახსენოთ დიადემა (ნაწილებად დაშლილი). ბევრია ოქროს კილიტები და ოქრომკედის ნაწყვეტები, რომლებიც ქსოვილის დასამშვენებლად გამოიყენებოდა. როგორც ჩანს, ერისთავი სარკოფაგში დასვენებული იყო საზეიმო ძვირფასი ტანსაცმლით, რომელიც ოქროს წვრილი სამკაულით იყო შემკული და ოქრომკდით ამოქარგული. სწორედ ასეთი ბრწყინვალე სამოსელი შეეფერებოდა იბერიის ერისთავს.
პიტიახშთა მდიდარი სამარხები არმაზისხევში ოქროსა და ვერცხლის უამრავ ნივთს შეიცავს. მათი ჩამოთვლაც კი შეუძლებელია ასეთ მოკლე ნარკვევში. ამიტომ ვახსენებთ მხოლოდ იმათ, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ გვიანანტიკური ეპოქის იბერიის მხატვრული ხელოსნობის მაღალი ღირსების საჩვენებლად. იმ ვერცხლის ნივთებს შორის, რომლებიც ასპარუგის სამარხში იყო აღმოჩენილი, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სარეცლის ფეხების ვერცხლის გარსაკრავები. სამარხში ოთხი ერთნაირი ფეხია აღმოჩენილი, ოთხივე ერთნაირი ფორმისა და ზომისაა (სიმაღლე 23 სმ.). ყოველი ფეხი რთული სკულპტურული ნაწარმოებია, რომელშიც გეომეტრიული და ფიგურული მოტივებია გაერთიანებული. ფეხები კაკლის ხისგან არის გამოჩარხული, შემდეგ კი ვერცხლის ფირფიტით გარშემოკრული. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ვერცხლის ამ ნაკეთობათა შექმნის ტექნოლოგია, დადგენილია ის ურთულესი ტექნიკური საშუალებები, რომლებითაც ძველი ქართველი ოსტატები ამხერხებდნენ ამ სრულიად განსაკუთრებული საგნების დამზადებას.
ვერცხლის ფეხები ოთხი სრულიად განსხვავებული ნაწილისაგან შედგება: ქვედა ნაწილი ნახევარსფეროა, რომელშიც თითქოს არწივის ხუთი კლანჭია ჩაფრენილი. შემდეგ კლანჭები გადადის ხუთი რელიეფური ვერტიკალური ზოლით შექმნილ ვიწრო ყელზე, რომელიც დაკავშირებულია ფეხის ყველაზე მოცულობით ნაწილთან. ეს არის
დიდი
ნახევარსფერული
ფორმა,
რომელიც
დაფარულია
რიტმულად
დანაწილებული
შვიდი
სტილიზებული
ცხვრის
თავის
გამოსახულებით.
შემდეგ
ისევ
გოფრირებული
ყელია,
დაკავშირებული
სპირალური
რელიეფური
ზოლებით
დაფარულ
სფეროსებრ
ნაწილთან
და სულ ზემოთ - მრგვალი სადა ნაწილი.
ასეთივე ფორმის ვერცხლის სარეცლის ფეხები აღმოჩნდა არმაზისხევის მესამე სამარხში. მათი ორნამენტულ ნაწილთა დეტალები განსხვავებულია. მეექვსე სამარხში აღმოჩენილია სარეცლის ფეხების სხვადასხვა ზომის სრულიად განსხვავებული ორი კომპლექტი, ამგვარივე ფეხებია მიკვლეული გვიანანტიკური ეპოქის სამარხებში - ბორში, ზღუდერსა და ჟინვალში. სარეცლის ფეხებს, რომლებიც აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართვლეოს ტერიტორიაზე - ძველ იბერიაში, აერთიანებთ საერთო მხატვრული ხასიათი, კომპოზიციური თავისებურებანი. ისინი წარმოადგენენ გარკვეული ორნმენტული დეტალების ვარიაციებს. ერთნაირია მათი დამზადების ტექნიკა, რაც საშუალებას გვაძლევს მივიჩნიოთ ვერცხლის ნაკეთობათა ეს ჯგუფები გვიანანტიკური ხანის ადგილობრივი, აღმოსავლურ-ქართული, იბერიული მხატვრული ცენტრების ნაწარმად.
ნიშანდობლივია ვერცხლის სარეცლის ფეხების აღმოჩენა არმაზისხევის მდიდრულ სამარხებში. მათი რაოდენობა (ოთხ-ოთხი) აშკარად მიუთითებს მათ ფუნქციაზე. როგორც ჩანს, ძველ იბერიაში არსებობდა დაკრძალვის რიტუალი, რომლის მიხედვით გარდაცვლილი დიდებული უნდა დაესვენებინათ ძვირფას სარეცელზე. დაკრძალვის რიტუალის ამსახველ რომაულ მხატვრობაში გვხვდება ამგვარი სარეცლების საინტერესო ნიმუშები. მაგრამ არმაზისხევის სარეცლის ფეხებს არა აქვს ანალოგი საქართველოს (უფრო ზუსტად, იბერიის) საზღვრებს გარეთ. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უძველეს ადგილობრივ ტრადიციასთან, რომელიც გარდაცვლილის კუდლტთან არის დაკავშირებული. სამარხთა ზომები და მათში ამ ნივთთა განლაგება გვიჩვენებს, რომ სარეცლები დაშლილი სახით იყო ჩატანებული სარკოფაგებში. წერილობითი წყაროების ნაკლებობა არ გვაძლევს საშუალებას ზუსტად ავხსნათ ეს ფაქტი. აქ შეიძლება მოვიშველიოთ საქართვლეოში დიდი ხნის მანძილზე არსებული ტრადიცია - დიდებულის გარდაცვალების დროს მისი კუთვნილი ყველა ნივთის დამსხვრევა, როგორც ნიშანი მისთვის ყოველივე ამქვეყნიურის დასასრულისა. ასეთივე წესი ჰქონდათ აღმოსავლეთში. „ათას ერთი ღამის“ ისტორიებში გვხვდება ამგვარი რიტუალი - მგლოვიარე შა/ი ბრძანებს ყველაფრის - ჭურჭლის, ავეჯის, საკრავების დამსხვრევას.
არმაზისხევის სარეცლის ფეხთა მოხსენებისას არ შეიძლება არ მოვიგონოთ იქვე მცხეთაში, ოღონდ სხვა უბანში - ბაგინეთში აღმოჩენილი ვერცხლის უნიკალური ნაკეთობები - ტახტის ფიგურული ფეხები, რომლებიც თავისი მხატვრული ღირსებებით, პომპეზურობით, გამორჩეული საზეიმო ხასიათით უფრო მაღალი რანგის, უფრო სრულყოფილი ხელოვნების ნაყოფია, ვიდრე არმაზისხევის სარეცლის ფეხები.
ბაგინეთის კლდეკარის სამეფო საგვარეულოს ერთ-ერთ სარკოფაგში ვერცხლის ოთხი ერთნაირი სკულპტურული ფეხი აღმოჩნდა. ისინი ზომითაც განსხვავდებიან არმაზისხევის ფეხებისაგან (სიმაღლე 34 სმ.). თავისი მონუმენტურობით, რთული პლასტიკური სახეებით, კონსტრუქციის თავისებურებით ესენი სამეფო ტახტის ფეხებს უნდა წარმოადგენდნენ. განსაცვიფრებელია ბაგინეთის სკულპტურულ ფეხთა მხატვრული სახის სირთულე. ბაგინეთის ფეხთა ფანტასტიკური არსება წინხედში სფინქსთან იწვევს ასოციაციას: ძლიერად გამოზნექილი მკერდი, მძლავრად და მედიდურად დაწყობილი თათები, რომლებიც ყველა სახსრისა და ძარღვის აღნიშვნით არის გადმოცემული. ძნელია ყველა იმ არსებათა ჩამოთვლა, რომელთა ფანტასტიკურ შენაერთს წარმოადგენს ეს უცნაური არსება. მთელ ამ კონსტრუქციაზე ბატონობს მრგვალ ქანდაკებად მძლავრად წინ წამოწეული თავი - სხვადასხვა ცხოველთა უცნაური და ძალზე მეტყველი ნაზავი. აქ არის არწივის, ლომის, სპილოს ნაწილები (თვალები, წარბები, ნისკარტი - არწივისა, ფაფარი - ლომისა, ზედაპირი სპილოს ტყავის მსგავსად არის დამუშავებული. სპილოს ხორთუმი ჩნდება კომპოზიციის ქვედა ნაწილშიც). რეალისტური გამომსახველობა და გეომეტრიზაციის პირობითობა ორიგინალურად ერწყმის ერთმანეთს ამ თავისებურ პლასტიკურ კომპოზიციაში. თავისი სკულპტურული ფორმა გამოდის ფეხის ზედა ნაწილის კუბური მოცულობიდან, რომლის გვერდით ზედაპირებს ამკობს ფრთების სავსებით რეალისტური ნახატი. რაც ქმნის გვერდებზე თავისუფლად გაშლილი ფრთების ილუზიას. ამ გეომეტრიული ფორმის წიბოებზე ვერტიკალურად აღმართულია პალმის ორნამენტი, რაც სიცოცხლის ხის უძველეს მოტივთან უნდა იყოს დაკავშირებული.
საერთოდ, ბაგინეთის ტახტის ფეხების სკულპტურულ კომპოზიციაში გაერთიანებულია აღმოსავლეთის თუ დასავლეთის სამყაროდან ცნობილი სიმბოლიკური მოტივები, გარდაქმნილნი ადგილობრივ ტრადიციათა ზემოქმედებით. ამავე დროს მათი საშუალებით ვეცნობით ძველი იბერიის რელიგიურ რწმენათა და წარმოდგენათა თავისებურ ილუსტრაციას, განსაკუთრებულ იკონოგრაფიას, რომელშიც გამოვლინდა წინაპართა ფანტაზია და მათი მითოლოგიური წარმოდგენების თავისებურებანი.
განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ბაგინეთის ფეხთა სკულპტურული კომპოზიციის გაყინული, გაშეშებული ფრონტალობა, მონუმენტურობა, მკაცრი დიდებულება, რაც გარკვეულად მოგვაგონებს ძველაღმოსავლურ მონუმენტურ ქანდაკებათა განყენებულ, შიშისმომგვრელ სიდიადეს, რაც მათ დანიშნულებასთან იყო დაკავშირებული: მრისხანე ფანტასტიკური ცხოველები იცავდნენ მეფის სასახლეს ბოროტი სულებისაგან. ხომ არ არის ბაგინეთის ფანტასტიკური არსებებიც შექმნილი იმავე მიზნით - სამეფო ტახტის დასაცავად ავი სულებისაგან, ბოროტი ძალებისაგან.
ამ სკულპტურულ სახეს ძალზე დეკორატიული ხასიათი აქვს. ფანტასტიკური არსების მძლავრ გულმკერდს ამკობს ფართო, მასიური გირლანდა, პალმეტით აღნიშნული ცენტრით, დეკორატიულიად არის დამუშავებული არწივის მძლავრი თათი, რომელსაც ემყარება მთელი პლასტიკური კონსტრუქცია. დამახასიათებელი ორნამენტული ზოლი დაუყვება ზედა სარქველს, რომელიც ვარდულით არის შემკული.
ბაგინეთის ტახტის ფეხები, ისევე როგორც არმაზისხევის სარეცლის მოჩუქურთმებული ფეხები, სრულიად განსაკუთრებული ხასიათის ვერცხლის ნაწარმოებებია, რომელთაც ზუსტი ანალოგია არ მოეპოვებათ ძველი სამყაროს არცერთ კუთხეში. ფიგურულ ფეხებიანი ტახტები და სარეცლები ცნობილია რომაული კედლის მხატვრობიდან, არექოლოგიური მასალებიდან. რთული ფიგურული ფეხებით იყო შემკული ირანელ მბრძანებელთა ბრწყინვალე ტახტები. მათი არაეთრი მაგალითია ცნობილი ირანის კლდის რელიეფებიდან და ძვირფასი ვერცხლის ჭურჭლის რელიეფური კომპოზიციიდან. საქართველოში აღმოჩენილი სარეცლისა და ტახტის მოჩუქურთმებული ფეხები თავისი განსაკუთრებული მხატვრული ხასიათით გამოირჩევა ყველა ცნობილი ნიმუშისაგან. ისინი ზუსტად არიან ლოკალიზებული აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაგინეთის ტახტის ფეხები, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება ვერცხლის ნაწარმთა ამ ჯგუფს - ტორევტიკის უნიკალური ნაწარმოებებია, გამორჩეული თავისი განსაკუთრებული ხასიათით. წერილობითი წყაროები (ქსენოფონტე, არიანე, დიონ კასიუსი) მოგვითხრობენ ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ავეჯის არსებობაზე ანტიკურ საქართველოში, რაც შესანიშნავად დადასტურდა არქეოლოგიური მონაპოვრებით.
არმაზისხევის პიტიახშთა მდიდრული სამარხები ვერცხლის ნაკეთობათა სიმრავლით გამოირჩევა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამარხეული ინვენტარის განსაკუთრებული სიმდიდრე ვერცხლის მხატვრულ ნაკეთობათა სიუხვით განისაზღვრებოდა. ვერცხლის მხატვრული ნაკეთობების ასეთი პოპულარობა მხოლოდ იბერიისთვის როდი იყო დამახასიათებელი. რომის იმპერიაში, რომელიც განსაზღვრავდა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების ცივილიზებული სამყაროს მოდას, თუ ცხოვრების წესს, მხატვრული ვერცხლი იმდენად იყო პოპულარული ყოველდღიურ ყოფაში, რომ პლინიუსი საგანგებოდ აღნიშნავდა „ბუნების ისტორიაში“: „...საინტერესოა დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ცვლის ხანდახან ფუფუნება ოქროს ვერცხლით“. იგივე ავტორი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ოქრომჭედელთა სახელები თითქმის არ არის ცნობილი მაშინ, როდესაც უამრავმა მხატვარმა გაითქვა სახელი ვერცხლზე მუშაობით, ვერცხლის ჭედურ ნაკეთობათა დამზადებით. „სიხარბე ვერცხლს ეძიებდაო“ - აღმოხდება პლინიუსს რომაელ დიდებულთა ვერცხლის კოლექციების აღწერისას. ვერცხლის ჭედური ფირფიტებით იჭედებოდა რომაელ მანდილოსანთა ხის სარეცლები, ავეჯი, ეტლები; ვერცხლით იმკობოდა რომაელ მეომართა იარაღ-საჭურველი. როგორც ჩანს, ვერცხლით ეს გატაცება უცხო არ იყო იბერიის წარჩინებულთა ზედაფენისთვის - არმაზისხევის სამარხთა ვერცხლეული ამის შესანიშნავი ილუსტრაციაა.
არმაზისხევის ერისთავთა ვერცხლეულს შორის არის უცხოური წარმომავლობის ნივთებიც (რომაული, ირანული) და ადგილობრივ სხელოსანთა ნაწარმოებებიც. გარდა ამისა, არის ვერცხლის ნაწარმთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც უცხოური ნიმუშების მიხედვით იბერიის საოქრომჭელო სახელოსნოებშია დამზადებული.
უცხოური ნაკევთებებიდან პირველ რიგში უნდა დავასახელოთ არმაზისხევის პირველ სამარხში აღმოჩენილი ვერცხლის ფიალა, რომელშიც მოთავსებულია მედალიონი მშვენიერი ჭაბუკის გამოსახულებით. ეს არის რომის იმპერატორ ადრიანეს კართან დაახლოებული ბითინიელი ჭაბუკის - ანტინოეს ბარელიეფური პორტრეტი. ვერცხლის ფიალებში მოთავსებული „ემბლემები" - რელიეფური გამოსახულებები - ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკურ სამყაროში, განსაკუთრებით რომაულ ხანაში. ანტინოე, რომელმაც იმპერატორისადმი თავისი უსაზღვრო სიყვარულისა და თავდადების ნიშნად თავი დაიხრჩო ნილოსის წმინდა წყალში, რომაელებმა გააღმერთეს. მისი პორტრეტები იკვეთებოდა მარმარილოსაგან, იჭრებოდა საბეჭდავებზე, გამოისახებოდა მონეტებზე. ადრიანემ უკვდავყო ანტინოეს სახე მრავალრიცხოვან მხატვრულ ნაწარმოებში. სავარაუდოა, რომ ანტინოეს ვერცხლის რელიეფური პორტრეტი არმაზისხევის ფიალაზე საქართველოში მოხვდა დიპლომატიური საჩუქრის სახით, იბერიის ერისთავისადმი კეთილგანწყობის ნიშნად, რომის იმპერატორის ძღვენთან ერთად. ცნობილია, რომ რომის იმპერატორები სხვადასხვა მეფეებსა და ტომთა ბელადებს გადმოსაბირებლად საჩუქრად მაღალმხატვრულ ვერცხლის ნივთებს უგზავნიდნენ ხოლმე. რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი თავის თხზულებაში „გერმანია“ აღწერს გერმანელ ტომთა ბელადებს შორის ფართოდ გავრცელებულ ვერცხლის რომაულ მხატვრულ ნაკეთობებს, რომელთაც ისინი იღებდნენ რომისაგან დიპლომატიური საჩუქრების სახით. ასეთსავე საჩუქრებს გულისხმობს იდრიანეს ისტორიკოსი, როდესაც გვამცნობს იბერიის მეფისთვის იმპერატორის მიერ ძღვენის გაგზავნას. ასეთივე გზით არის მოხვედრილი იბერიაში არმაზისხევის მეორე სამარხში აღმოჩენილი მდიდარი პლასტიკური დეკორით შემკული ვერცხლის ფიალა, რომლის შუაგულში ირანელი დიდებულის გრაფიკული პორტრეტია მოთავსებული. ფიალაზე მოთავსებულ ძველ სპარსულ ენაზე შესრულებულ წარწერაში, რომელსაც მკვლევარნი (გ. წერეთელი, შ. ამირანაშვილი, ვ. ჰენინგი, ვ. ლუკონინი) სხვადასხვაგვარად კითხულობენ, მოხსენებულია პაპაკ პიტიახში. თავისი მხატვრული ხასიათით, დამახასიათებელი ნიშნებით ეს ფიალა მესამე საუკუნის მეორე ნახევრის სასანიანთა ირანის სამეფო კარის ხელოვნების ნიმუშებს მიეკუთვნება. დიდებული პროფილშია გამოსახული. იგი მდიდრული ქსოვილის კოსტიუმშია გამოწყობილი, თავზე ტიპური სასანური გვირგვინი ახურავს. მარჯვენა ხელით სახესთან ყვავილი აქვს მიტანილი, რაც მაღალი თანამდებობის მანიშნებელი უნდა იყოს. ირანის სამეფო სახელოსნოთა ეს ბრწყინვალე ნიმუშიც უთუოდ იბერიის მმართველთათვის ბოძებული ძვირფასი საჩუქარია.იბერიელ ოსტატთა ნახელავიდან საგანგებო აღნიშვნის ღირსია საკმაოდ დიდი ზომის ვერცხლის პინაკები, რომელთა შუაგულში საკურთხევლის წინ მდგომი ცხენია გამოსახული. არმაზისხევის ნეკროპოლში ორი ცხენიანი პინაკია აღმოჩენილი (ორივე მესამე სამარხში). გამოსახულებები გრაფიკულადაა შესრულებული ვერცხლის ფურცლის სისქეში ჩაჭრილი ხაზებით. ორივე გამოსახულება პინაკის ცენტრალურ მედალიონშია მოთავსებული. კომპოზიცია მშვენივრადაა მორგებული პინაკის ძირის მრგვალ არეს. ფიალების კალთების ტალღოვანი დეკორი თავისებურ ჩარჩოს ქმნის ცენტრალური გამოსახულებისათვის.
ცხენების გამოსახულებები განსხვავდება ერთმანეთისაგან; განსხვავებულია საკურთხევლისა თუ სამსხვერპლოს ფორმაც. ერთ შემთხვევაში ფაფარაყრილი ცხენი გამოსახულია აწეული ტორით, მეორე შემთხვევაში - მოკლედ შეკრეჭილ ფაფარში სამი სხივი მოჩანს, დაძაბული წინა ფეხები კი მყარად უდგას ნიადაგზე. ორივე გრაფიკული კომპოზიცია ნაცადი, ოსტატური ხელით არის შესრულებული. ცხენი და საკურთხეველი ერთიან ჰარმონიულ კომპოზიციად არის გაერთიანებული, რომლის ცეტრია ცხენის ამაყად ამართული თავი.
ცხენიანი პინაკები აღმოსავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებშიცაა აღმოჩენილი (ბორი, ზღუდერი, ჟინვალი). ერთნაირია ამ გრაფიკულ გამოსახულებათა შესრულების ტექნიკა. ისინი შესრულებულია თეგით წინასწარ მინიშნებული წერტილოვანი ნახატის მიხედვით, თითქმის ყველა მათგანს ემჩნევა პირვანდელი მონახაზი, რომელიც ზუსტდებოდა და სწორდებოდა მუშაობის პროცესში. ოქრომჭედელი თანდათან სრულყოფდა ნახატს, ცდილობდა მიეღწია მაქსიმალური გამომსახველობისათვის. კომპოზიციის ნაწილთა გამოსაყოფად ყველა გამოსახულებაში გამოყენებულია ოქროთი დაფერვა.
ოქროთი დაფერვა ძველ ოქრომჭედელთა გავრცელებული მხატვრული ხერხი იყო. ამით ისინი აღწევენ გარკვეულ ფერადოვან ეფექტს. ვერცხლისა და ოქროს შეხამება ძველ სამყაროში მხოლოდ მხატვრულ ფუნქციას როდი ასრულებდა. უძველესი დროიდან მოყოლებული ვერცხლის მქრქალი ნათება მთვარის შუქის თავისებურ ანარეკლად აღიქმებოდა, ოქროს ელვარება კი მზის მცხუნვარე სხივებთან იყო გაიგივებული. ამგვარად, ამ ორი ლითონის ოსტატური ვარიაციები მხატვრულ ნაწარმოებებში სიმბოლიკურ აზრს ატარებდა.
ცხენიანი პინაკების ხასიათი, სამსხვერპლოს წინ გამოსახული ცხოველის თავისებურება მათ რიტუალურ დანიშნულებაზე მეტყველებს. ცხენის, როგორც წმინდა ცხოველის, მნიშვნელობაზე მიგვითითებს ქართული ეთნოგრაფიული მასალებიც. არსებობს ცნობები, რომ დაკრძალვის უძველეს რიტუალში შედიოდა აგრეთვე ცხენის მსხვერპლად შეწირვა. სტრაბონი გადმოგვცემს, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამიერკავკასიაში ცხენს ღვთაება მითრას კულტის მსახურებაში. ცხენი, როგორც წმინდა ცხოველი, გვხვდება ძველი აღმოსავლეთის, წინა აზიის, რომის უძველეს რწმენებში.
განსაკუთრებით საგულისხმოა სამსხვერპლოს წინ ტორაწეული ცხენის გამოსახვა. ასეთი ტორაწეული ცხოველები გამოისახებოდნენ ძველ აღმოსავლეთში სიცოცხლის ხესთან. ეს სიმბოლიკური, ღრმა აზრის შემცველი კომპოზიციები გარსაკუთრებულ რიტუალურ მოქმედებას ასახვდა. ცხოველის ასეთი პოზა (აწეული ტორი) თაყვანისცემასა და პატივისცემას აღნიშნავდა. ცხადია, რომ არმაზისხევის ცხენიანი პინაკები დაკავშირებულია გარდაცვლილის კულტთან, დაკრძალვის რიტუალთან. ამიტომაა ისინი მოხვედრილი ერისთავის სამარხის ინვენტარში, რომლის ყოველ ნივთს გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა იბერიის მმართველთა იმქვეყნიური ცხოვრებისათვის.
ასეთივე რიატულურ ნივთებად არის მიჩნეული ვერცხლის სურები, რომლებიც არმაზისხევის სამ სამარხშია წყვილ-წყვილად აღმოჩენილი (სამარხები 1, 6 და 7). იბერიულ ვერცხლის სურათა დახვეწილი ფორმები, ძუნწი გარფიკული აქცენტები, ლამაზი მოყვანილობის სახელურებით აშკარად გამოირჩევა პირველ საუკუნეთა სხვა მხატვრული ცენტრების ნაწარმოებებისაგან, რომაული და აღმოსავლური ნიმუშებისაგან.
რიტუალურ ჭურჭელს მიეკუთვნება საკმაოდ დიდი ზომის ვერცხლის ფიალა. პლასტიკურად დამუშავებული კალთებით, რომლის შუაგულში არწივის გრაფიკული გამოსახულებაა მოთავსებული (მესამე სამარხი). არწივი, როგორც ძალაუფლების, ცისა და მზის, ძლევამოსილების სიმბოლო, ხშირად გვხვდება სხვადასხვა ხალხთა და ეპოქათა ხელოვნების ძეგლებში.
არმაზისხევის ვერცხლის მხატვრულ ნაკეთობათა შორის ლითონის პლასტიკის ისეთი ბრწყინვალე ნიმუშებიცაა, რომლებიც მსოფლიოში სახელმოხვეჭილ შედევრებს შეიძლება ამოვუყენოთ გვერდში. განსაკუთრებული სიფაქიზითა და იშვიათი პლასტიკურობით გამოირჩევა არმაზისხევის ვერცხლის ფიალაში მოთავსებული ქალღმერთის /ორელიეფური გამოსახულება. ქალღმერთს ხელში სიუხვის რქა უკავია, რომელიც სხვადასხვა ნაყოფითაა სავსე. ეს არის რომაულ სამყაროში დიდად გავრცელებული ქალღმერთი ტიხე-ფორტუნა - ბედნიერების, სიუხვისა და სიკეთის მომტანი ღვთაება. სწორნაკვთიანი ლამაზი სახე, დიადემით დამშვენებული თმის ვარცხნილობა, ნატიფ მხარზე მოსხმული ცხოველის ბეწვი, სხვადასხვა ნაყოფით სავსე დიდი ყანწი - ყველაფერი უბადლო ოსტატობითაა შესრულებული. აქაც დიდი გემოვნებით არის გამოყენებული ოქროფერილობა - მოოქროულია დიადემა, ბეწვის ზედაპირი, ყანწი - რაც აძლიერებს ამ სკულპტურული ნაწარმოების ფერადოვნებას.
ლითონმქანდაკებლობის იშვიათი ნიმუშია არმაზისხევის ვერცხლის ფიალაში მოთავსებული მამაკაცის სკულპტურული პორტრეტული ბიუსტი. პორტრეტის მხატვრული თავისებურება - სახისა და მკერდის მოდერილება, თმის ვარცხნილობა, წვერ-ულვაშის ფორმა, მხრების იდეალიზებული სიშიშვლე და ა.შ. - რომაული პლასტიკისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ავლენს. რომაელ იმპერატორთა /ეროიზებულ ქანდაკებების მსგავსად, მამაკაცს შიშველ მხრებზე მოსასხამის ბოლო აქვს გადმოფენილი. ამ პორტრეტს ახასიათებს რომაული და აღმოსავლური სტილისტური ნიშნების უცნაური შერწყმა. იგი ერთ-ერთ აღმოსავლურ მხატვრულ ცენტრშია შექმნილი, შესაძლოა, საქართველოში.
არმაზისხევის მხატვრულ ვერცხლზე დიდხანს შეიძლება საუბარი. აქ აღმოჩენილი ძეგლები მიგვანიშნებს ძველ ქართველ ოსტატთა მხატვრულ და ტექნიკურ საშუალებათა სიმრავლესა და ნაირგვარობაზე. ისინი იყენებდნენ ჩამოსხმასა და ჩარხზე დამუშავებას, თხელკედლიანი ვერცხლის ჭურჭლის გამოჭედვას, გაწნევის ხერხსა და მირჩილვას. რელიეფური სამკაულის შესასრულებლადაც სხვადასხვაგვარი ტექნიკური საშუალებები გამოიყენებოდა: ცვილის მოდელით ჩამოსხმა, ზედაპირის შემდგომი დამუშავება, თეგითა და საჭრისით ვერცხლის ფურცლის სისქეში გამოსახულების ამოჭრა, რელიეფური კონტურის გამოყენება.
არმაზისხევის სამარხებში მრავალი ოქროს ნაკეთობაა აღმოჩენილი. ეს უპირატესად სამკაულებია: ყელსაბამები, სარტყლები, გულსაკიდები, სამაჯურები, დიადემები, ნაირგვარი საკიდები, სხვადასხვაგვარად დაწნული ოქროს ძეწკვები. ეს სამკაულები განსაკუთრებული სტილისტური ერთიანობითა და მხატვრული სრულყოფით გამოირჩევა. სამკაულთა დამზადებაში გამოყენებულია ურთულესი საოქრომჭედლო ტექნიკა: ტვიფრვა, გავარსი, მოცვარვა, მომინანქრება, რჩილვა. არმაზისხევის საოქრომჭედლო ნაწარმი გამოირჩევა პოლიქრომიის საოცარი გრძნობით, საგანგებოდ შერჩეული ფერადოვანი გამით. იმისათვის, რომ უკეთ წარმოვიდგინოთ ძველ ქართველ ოქრომჭედელთა შემოქმედებითი თავისებურებანი, შევჩერდეთ განსაკუთრებულად გამორჩეულ ნივთებზე.
პირველ რიგში უნდა დავასახელოთ უნიკალური ოქროს ყელსაბამი მეექვსე სამარხიდან. ყელსაბამი წარმოდგენს ურთულესი საოქრომჭედლო ტექნიკით შესრულებულ მოცულობით აჟურულ რკალებს, რომლებშიც დახვეწილ წვრილ ბუდეებში ალმანდინის წითელი თვლებია ჩასმული. ყელსაბამის ცენტრში ოქროს მრგვალი კოლოფია მოთავსებული. კოლოფის სარქველი შემკულია ალმანდინისა და ფირუზის ნუშისებრი თვლებით, რომლებიც მონაცვლეობითაა განლაგებული და ქმნის თავისებურ ფერადოვნებას ოქროს ფონზე. საოქრომჭედლო ხელოვნების ეს იშვიათი ნიმუში ქართული ოქრომჭედლობის უძველესი ტრადიციის განვითარების შედეგია.
არმაზისხევის საიუველირო შედევრებს მიეკუვნება მეშვიდე სამარხში მიკვლეული ოქროს ყელსაბამი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სამკაულს ძნელად თუ მოეძებნება ბადალი არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს სახელგანთქმულ სამკაულთა შორის. ყელსაბამი შედგება სამი ნაწილისაგან: მრგვალი განივკვეთის მქონე უაღრესად ნატიფად დაწნული რთული ხლართვის ძეწკვი, რომლის ბოლოებზე დამაგრებულია ოქროს მრავალწახნაგა მძივები, მათი წახნაგები ფირუზებით არის შემკული; ძეწკვის ბოლოებთან უშუალოდ დაკავშირებულია მრგვალი ოქროს კოლოფი, რომლის სახურავის ცენტრში ამეთვისტოსაგან გამოკვეთილი ვერძის თავია მოთავსებული. ამ მინიატურულ ნაქანდაკარს გარს უვლის ოქროს ფირფიტაში მონაცვლეობით ჩასმული ფირუზისა და ალმანდინის თვლები. გასაოცარია ამეთვისტოს ამ პატარა ქანდაკების კვეთის ოსტატობა, რეალისტურად გადმოცემულ ფორმათა სრულყოფილება. ამავე ძეწკვზე დამატებითი წვრილი ძეწკვებით ჩამოკიდებულია ოქროს სანელსაცხებლე - ოვალური ფორმის ყელიანი მინიატურული ჭურჭელი, რომლის ტანი მთლიანად მოოჭვილია წვეტიანი ფორმის ალმანდინის წითელი თვლებით.
ტექნიკურად უზადოდ, დიდი გემოვნებით შესრულებული ეს ოქროს დიდებული ყელსაბამი იბერიული ოქრომჭედლობისათვის დამახასიათებელი ფერადოვნებით, თავისი გნასაკუთრებულობის მიუხედავად სრულიად ორგანულად აღიქმება არმაზისხევის საიუველირო ნაკეთობათა საერთო ანსამბლში. მისი სრულიად გამორჩეული ნაწილია ამეთვისტოს ვერძის თავი, რომელსაც ალბათ დაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. უძველესი დროიდან არსებობდა რწმენა ზოგიერთ ცხოველთა საგანგებო უნარისა - დაეცვათ ადამიანი ავი სულისა და ბოროტი ძალის მოქმედებისაგან. ასეთ ცხოველთა მინიატურული გამოსახულებები ადამიანს თან ჰქონდა თავდაცვის მიზნით. უძველესი რწმენით, ამგვარი ავგაროზები იცავდა მას ყოველგვარი ბოროტებისაგან ამეთვისტოს ვერძის თავს, უთუოდ, ამგვარი დანიშნულება ჰქონდა.
ვერძის გამოსახულება ძველთაგანვე ცნობილია ხელოვნების სხვადასხვა დარგში. იმ ცხოველთა შორის, რომელთაც განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებოდათ, საქართველოში ვერძი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ვერძის ჩახვეული რქები გამოყენებულია უძველეს ქართულ კერამიკაში დეკორატიულ ელემენტად, ვერძის თავების მოტივი ჩანს არმაზისხევის სარეცლის ფეხების პლასტიკურ კომპოზიციებში. ყველა შემთხვევაში მხატვრულ მნიშვნელობას თან ახლავს ამ მოტივის სიმბოლიკური ღირებულება.
არმაზისხევის საოქრომჭედლო ნივთები, რომლებიც მეორე-მესამე საუკუნეების ერისთავთა სამარხებშია აღმოჩენილი, გვიჩვენებს იბერიელ ოსტატთა ბრწყინვალე მხატვრულ-ტექნიკურ დონეს, იშვიათ გემოვნებას, უდიდეს ფანტაზიას. ყურადღებას იპყრობს უძველეს მხატვრულ ტრადიციებზე დამყარებული განსაკუთრებული ფერადოვნება, ძვირფასი თვლების საგანგებო შერჩევა. ამიტომ არის, რომ ასე ადვილად იცნობთ სარდიონით, ლალით, ფირუზითა და საფირონებით მოოჭვილ იბერიულ ოსტატთა ნახელავ ნაირგვარ სამკაულებს, რომელთა ფორმა, დეკორატიული გადაწყვეტა და სპეციფიკური ფერადოვნება გამოარჩევს მათ სხვა საიუველირო ნაკეთობებისაგან. ვერცერთ სამკაულში ვერ ნახავთ სიჭრელესა თუ დეკორის სიჭარბეს. ძველ ქართველ ოქრომჭედელთა ნაწარმოებები გამოირჩევა სამკაულის პლასტიკური ფორმებისა და მისი დეკორატიული გადაწყვეტის ჰარმონიული ერთიანობით. ესენია ორიგინალური ქართული ხელოვნების ძეგლები, შექმნილი უძველესი ადგილობრივი მხატვრული ტრადიციების ხანგრძლივი არსებობის საფუძველზე, ქვეყნის სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური სიძლიერის ვითარებაში.
არმაზისხევის ოქრო-ვერცხლის მხატვრულ ნაკეთობათაგან ჩვენ მხოლოდ ზოგიერთს შევეხეთ, გაგაცანით ამ დიდი საგანძურის ყველაზე დამახასიათებელი ნაწარმოებები. ლითონის პლასტიკისა და საიუველირო ხელოვნების აღნიშნული ძეგლები ცხადყოფს გვიანანტიკური ხანის იბერიელ ოსტატთა უდიდეს დახელოვნებას, მკაფიოდ გამოკვეთილ ეროვნულ ხასიათს (ეს განსაკუთრებით საიუველირო ხელოვნებაშია თვალსაჩინო). ქართული საოქრომჭედლო ხელოვნების მაღალი დონე უფრო ცხადი გახდება, თუ მხედველობაში მივიღებთ არა მხოლოდ არმაზისხევის მასალებს, არამედ მცხეთასა და საერთოდ იბერიისა და კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ უდიდეს მხატვრულ საგანძურს - ძვირფას ლითონთა მაღალმხატვრულ ნიმუშებს, რომლებიც თავისი ღირსებით უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ ქართული ხელოვნების ჩარჩოში, არამედ უფრო ფართოდ, ძველი ხელოვნების საერთო განვითარებასთან კავშირში.
ახ. წ. პირველი საუკუნეების იბერიის საოქრომჭედლო ხელოვნების მიღწევები დაფუძნებული იყო ამ დარგის უძველეს ადგილობრივ ძირებზე. საქართველოს მიწაზე მოსახლე ტომები ხომ უშორეს წარსულში იყვნენ სახელგანთქმულნი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობებით. ეს ხელოვნება ათასწლეულთა მანძილზე თან ახლდა ქართველ ხალხს. არქეოლოგიურ მასალებთან ერთად ამაზე მეტყველებს არაერთი წერილობითი წყარო, ძველ ავტორთა თხზულებები. დღეს საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ლითონის მხატვრული დამუშავება კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ელემენტია ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების მთელ მანძილზე. შემთხვევითი როდია, რომ „დაბადებაში“ მოხსენებულია „თუბალ-კაენი, მჭედელი რვალისა და რკინისა“. ურარტულ წარწერებშიც (ძვ. წ. პირველი ათასწლეული) ნახსენებია დიაუხების მეფისაგან მიღებული ხარკის რაოდენობა, რის მიხედვითაც შეიძლება წარმოვიდგინოთ ძვირფას ლითონთა და ამ ლითონების ნაკეთობათა დიდი რაოდენობა საქართველოში.
საქართველო, როგორც ლითონტექნიკის უძველესი ქვეყანა, ოდითგანვე იზიდავდა ძველ მწერალთა ყურადღებას. სტრაბონი თავის „გეოგრაფიაში“ საგანგებოდ აღნიშნავს „ხალიბთა“ ან „ალიბთა“ ქვეყანაში ვერცხლის უძველეს საბადოთა არსებობას. იგივე სტრაბონი ცოცხლად აღწერს დასავლეთ საქართველოს მთაში ოქროს მოპოვების თავისებურ წესს: „ამბობენ, რომ მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო, და რომ ბარბაროსები აგროვებენ მას დაცხრილული ვარცლებითა და ხშირბეწვა ცხვრის ტყავების საშუალებით“.
ნიშანდობლივია, რომ ანტიკური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოეტური და ტრაგიკული მითი - თქმულება ოქროს საწმისზე - საქართველოსთან (კოლხეთთან) არის დაკავშირებული. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები აღიარებდნენ, რომ არსებული ცნობები „...გრძნეულ მედეასა და იმ ქვეყნის სიმდიდრეზე, რომელიც ოქროს, ვერცხლისა და რკინისაგან შედგებოდა...“ საქართველოს ცხოვრების რეალურ ვითარებას ასახავდა. პლინიუსი შენიშნავს, რომ „ამ ქვეყანამ (კოლხეთმა) სამარადისოდ გაითქვა სახელი ოქროს საწმისით“. იგი აღწერს კოლხეთის მეფის სასახლეს, რომელშიც გადახურვის კოჭები, სვეტები და პილასტრები ოქროსა და ვერცხლისა იყო.
მართალია, მოყვანილ ცნობათა უმეტესობა უპირატესად დასავლეთ საქართველოს - კოლხეთს ეხებოდა, მაგრამ არმაზისხევის ძვირფას ლითონთა მხატვრული ნაკეთობები უფლებას გვაძლევს ანტიკურ სამყაროში უფრო კარგად ცნობილ და ესოდენ აღიარებულ კოლხეთის მხატვრულ საგანძურს გვერდით ამოვუყენოთ იბერიელ ოსტატთა ნახელავი, რომლის გამორჩეული ნიმუშები თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ ანტიკური ხელოვნების აღიარებულ შედევრებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий