სარჩევი
წინასიტყვაობა
შესავალი
თავი I. სახელმწიფოს მართვის საერთო თვისებები
§ 1-1 მართვა და ადმინისტრირება
§ 1-2 მართვის იერარქია
§ 1-3 ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია
§ 1-4 უკუკავშირი
§ 1-5 გადაწყვეტილების მიღება
§ 1-6 ბიუროკრატიული საქმიანობა
§ 1-7 სახელმწიფოს სტაბილურობა, მდგრადობა და მართვის დინამიკა
II თავი. სახელმწიფო და მისი სახეობანი
§ 2-1 დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი
§ 2-3 რესპუბლიკა და დემოკრატია
§ 2-4 სოციალისტური წყობა
§ 2-5 დიქტატურა
კომუნიზმი
ფაშიზმი
§ 2-6 თავისუფლება
III თავი. ხელმძღვანელის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობა
§ 3-1 როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ხელმძღვანელი
§ 3-1 ხელმძღვანელის კლასიფიკაცია
§ 3-2 ვინ უნდა მართოს სახელმწიფო და როგორ უნდა მოვიდნენ ისინი მმართველობაში
§ 3-3 ძალაუფლება და მისი შენარჩუნების საშუალებები
§ 3-4 მოვლენების სიტუაციური ანალიზი და მოდელირება
§ 3-5 რისკი, ავანტიურა და ბლეფი
IV თავი - კონფლიქტური სიტუაციები
§ 4-1 კონფლიქტური სიტუაციების არსი
§ 4-2 კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი
§ 4-3 კონფლიქტი ორ მხარეს შორის
§ 4-4 შესაძლებელი სტრატეგიები
§ 4-5 მრავალსვლიანი კონფლიქტები
§ 4-6 ტერორიზმთან ბრძოლა
V თავი. სახელმწიფოს მეთაურის მოღვაწეობა
§ 5-1 ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა
§ 5-2 მრეწველობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა
§ 5-3 სოფლის მეურნეობა
§ 5-4 სახელმწიფოს მეთაური და სამხედრო მოღვაწეობა
წინასიტყვაობა
სახელმწიფოს მართვის პრობლემა არსებობს მას შემდეგ რაც არსებობს სახელმწიფო. აღნიშნულ პრობლემას მეფეები, იმპერატორები, პრეზიდენტები, ბელადები თუ პრემიერ-მინისტრები წყვეტდნენ თავის უნარის მიხედვით, იმ განათლების საფუძველზე, რაც მათ ახალგაზრდობაში ჰქონდათ მიღებული. ეს განათლება იყო საერთო ხასიათის – ლოგიკა, ლიტერატურა, ფილოსოფია, სამხედრო საქმე თუ სხვა საგნები, საჭირო და აუცილებელი სახელმწიფოს მეთაურის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. კაცობრიობის ისტორიის განვითარების მანძილზე სახელმწიფოს სათავეში ძირითადად მოდიოდენ განათლების დაბალი ცენზის მქონე ადამიანები. არავინ იცის თუ რა გზით წავიდოდა ხალხების და სახელმწიფოების ბედი, მათ მაღალი დონის განათლება რომ მიეღოთ. მართალია, ზოგი მათგანი ბუნებრივი ნიჭისა და უნარის მეშვეობით ართმევდა თავს, და ხშირად კარგადაც, იმ ამოცანებს, რომლებიც გამომდინარეობდენ სახელმწიფოს მართვის პრობლემებიდან, მაგრამ ალბათ ეჭვი არ შეიძლება შევიტანოთ იმაში, რომ მათ თავის ნიჭსა და უნართან ერთად განათლების მაღალი დონეც რომ ჰქონოდათ, ამოცანას კიდევ უკეთესად გაართმევდენ თავს. რა თქმა უნდა, საერთო განათლება უაღრესად საჭირო და აუცილებელია ყველასათვის და განსაკუთრებით იმისათვის, ვინც სახელმწიფოს სათავეში უნდა მოვიდეს მომავალში, მაგრამ დღეს უკვე ლაპარაკი უნდა იყოს სპეციალურ დისციპლინაზე. დავარქვათ მას სახელმწიფოს მართვა, რომლის შესწავლა აუცილებელი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ამ დისციპლინის არც პროგრამა, არც კურსი და მით უმეტეს არც სახელმძღვანელო არ არსებობს არც უცხოეთში და არც ჩვენში.
ამჟამად საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული მართვის სისტემების თეორია. ამ საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ცნობილმა ამერიკელმა მათემატიკოსმა, კიბერნეტიკის შემქმნელმა, ნორბერ ვინერმა მიაქცია ყურადღება, ერთი მხრივ მექანიკური და მეორე მხრივ სულ სხვა ბუნების მქონე, კერძოდ ბიოლოგიური სისტემების მართვის ბევრ იდენტურ პრობლემას. სახელმწიფოს მართვა შეგვიძლია მივაკუთვნოდ იგივე ოჯახს და იგი შეიძლება განხილული იქნას მართვის სისტემების თეორიის თვალსაზრისით, ვინაიდან ბევრ მოვლენას, რომელსაც ადგილი აქვს მართვის ტექნიკურ სისტემებში, ისეთივე ხასიათი აქვს, როგორც სახელმწიფოს მართვის შემთხვევაში. ესენია: პროცესების მდგრადობა, უკუკავშირის არსებობა, პროცესების დინამიკა, მართვის პროცესის მგრძნობიარობა და სხვა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება აზრი, რომ სახელმწიფოს მართვა შესაძლებელია განხილული იქნეს მართვის თანამედროვე თეორიის გამოყენების საფუძველზე, რომელიც საკმაოდ განვითარებულ დარგად ითვლება. ამასთანავე, არ შეიძლება ყურადღება არ გამახვილდეს ზოგიერთი არაფორმალიზებადი პროცესის ფორმალიზებაზე. საკმაოდ ძნელია და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით, სახელმწიფოს მართვის პროცესების მათემატიკური ანალიზი.
ეჭვი არ არის, რომ წიგნი არ იქნება თავისუფალი უზუსტობებისაგან და შეცდომებისაგანაც კი. იმედი მაქვს, რომ შემდგომში სხვა ავტორები თანდათან შეავსებენ ნაკლოვანებებს და ხარვეზებს.
მონოგრაფიის შექმნის დროს დღის წესრიგში დადგა ისეთი საკითხის გადაწყვეტა, როგორიცაა მათემატიკის გამოყენების მოცულობა. აქ უკვე წარმოიშვა საკითხი, რომელიც პრინციპული ხასიათისაა. საქმე იმაშია, რომ მათ, ვისაც საქმე აქვთ სახელმწიფოს მართვასთან, როგორც წესი, არა აქვთ სათანადო მათემატიკური მომზადება და მათემატიკის თუნდაც საშუალო დონეზე დაწერილი წიგნი უსარგებლო იქნებოდა მათთვის. მეორე მხრივ, მართვა, რა დარგშიც არ უნდა ხორციელდებოდეს ის, მეტად ძნელია აღწერო მათემატიკის გარეშე. აქ უნდა გავიხსენოთ აინშტაინის მოსაზრება რომ “თუ თქვენ გსურთ რთული მოვლენა აღწეროთ ზუსტად, მაშინ უნდა მიმართოთ ძალიან ძნელ თხრობას და მას ძნელად თუ ვინმე გაიგებს, მაგრამ თუ ამ მოვლენას მარტივი ანით აღწერთ, მაშინ ის გასაგები იქნება ყველასათვის, მაგრამ ის არ იქნება ზუსტი”.
შესავალი
მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა სახელმწიფო, გავიდა მრავალი ათეული საუკუნე. პირველი სახელმწიფო, რომელიც ჩვენს პლანეტაზე შეიქმნა, იყო ბაბილონის სახელმწიფო, ხოლო პირველი მეფე – მეფე სარგოსი, იგი მოღვაწეობდა 3750 წლის წინათ. თავდაპირველად დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში არსებობდა ხალხთა გაერთიანებები კლანების, ტომების და რასების სახით. ითვლება, რომ ადამიანი ბარბაროსულიდან ცივილიზებულ არსებამდე მოვიდა თანდათანობით, ევოლუციის გზით. პირველყოფილი ადამიანი, შეიძლება გარეგნულად ჰგავდა მაიმუნს, მაგრამ მათ შორის კოლოსალური განსხვავება იყო.
განსხვავება მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანის წინაპარში, რომელსაც ასევე ადამიანი უნდა ეწოდოს, უნდა ვიფიქროთ, ღვთის მიერ ჩადებული იყო ის შესაძლებლობები, რომლებმაც საშუალება მისცა ადამიანს მიეღწია დღევანდელ მდგომარეობამდე. ადამიანმა ამ განსაკუთრებულ პროგრესში შედგა ფეხი ისე, რომ არავითარი სხვა ანალოგი, რომლისათვისაც შეეძლო მას მიებაძა, არ არსებობდა. ნებისმიერი ცხოველი, მათ შორის მაიმუნთა ნებისმიერი ჯიშის წარმომადგენელიც კი, ამას ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ეტალონი ადამიანის სახით არსებობს.
პროგრესს განიცდიდა არა მარტო ადამიანი, როგორც პიროვნება, არამედ საზოგადოებრივი წყობაც, რომელიც მან შექმნა და პრიმიტიული გაერთიანებებიდან და ოჯახიდან მივიდა გაცილებით რთულ საზოგადოებამდე – სახელმწიფომდე. ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები აყალიბებდნენ გარკვეულ კანონებს, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა კონტროლი ცალკეულ ინდივიდუმებზე. დროთა განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფები ამყარებდენ ერთმანეთთან კონტაქტებს და ამით ყალიბდებოდა სულ უფრო და უფრო რთული დამოკიდებულებები. ამგვარად დადგა აუცილებლობა შექმნილიყო უფრო კომპლექსური ორგანიზაცია და შექმნილიყო იმ წესების ერთობლიობა, რომელიც დაარეგულირებდა ადამიანის ყოფას. სახელმწიფო არის ამ პროცესის კულმინაცია. სახელმწიფო არკვევს და რეგულაციას ახორციელებს საზოგადოების წევრთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთ დამოკიდებულებებს. არსებობს მეორე აზრიც, რომ სახელმწიფო არის არა როგორც ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ ერთმანეთთან დამყარებული კონტაქტების და რთული დამოკიდებულებების აუცილებელი შედეგი, არამედ ძლიერი ლიდერებისა და ძლიერი ტომების ძალით დაპყრობისა და შემოერთებების შედეგი.
დღესდღეობით “სახელმწიფოს” როგორც ტერმინს სრულიად გარკვეული მნიშველობა აქვს. თანახმად მონტევიდეოს კონფერენციის გადაწყვეტილებისა სახელმწიფო ხასიათდება 1) ტერიტორიისა და გარკვეული ფართობების არსებობით 2) მოსახლეობის არსებობით 3) მთავრობისა და პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობით. ტერიტორია შეიძლება იყოს დიდი, როგორც რუსეთი ან მცირე როგორც, მაგალითად, ანდორა. ამ ტერიტორიას უნდა ცნობდეს სხვა სახელმწიფოები. მოსახლეობა შეიძლება იყოს რამოდენიმე ათასი ან რამოდენიმე ასეული მილიონი. საერთოდ მოსახლეობის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რომლის გამოკვებაც შეუძლია ამ ტერიტორიას და მის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
სახელმწიფოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უნდა იყოს ამ სახელმწიფოს მოქალაქე. სახელმწიფო უნდა იყოს სუვერენული და ერთიანი. სასურველია, რომ სახელმწიფო იყოს ერთგვაროვანი და შეიცავდეს ერთიდაიგივე ტომის ან რასის მოქალაქეებს.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მსოფლიოში არ არსებობს მთლიანად რაფინირებული და ერთიდაიგივე რასის მოქალაქეებისაგან შემდგარი სახელმწიფო. რასებს შორის განსხვავება ხშირ შემთხვევაში არ არის ადვილი გასარკვევი. რა თქმა უნდა, გერმანელი და ზულუსი სხვადასხვა რასაა, მაგრამ არიან თუ არა ბავარიელი და პრუსიელი სხვადასხვა რასა, ეს უკვე საკითხავია. ცნობილია, რომ ჰიტლერი ავსტრიელებს და გერმანელებს ერთ რასად თვლიდა, რასაც ყველა ავსტრიელი არ ეთანხმებოდა.
ერთგვაროვანია სახელმწიფო თუ, იგი შედგება სხვადასხვა რასებისაგან, მას სჭირდება გარკვეული მართვა, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფოს მეთაური. ისტორიიდან ცნობილია, რომ სახელმწიფოს ზოგ შემთხვევაში მართავდა ძალზე მცირე ჯგუფები. ასე იყო რომში, ასე იყო ნაპოლეონის მოღვაწეობის საწყის პერიოდში, ასე იყო ხრუშჩოვის მმართველობის პირველ პერიოდში, როდესაც ვითომდა კოლექტიური მართვა იყო გახორციელებული. ანარქისტების იდეა, რომ არ არის საჭირო სახელმწიფო და არ არის საჭირო მთავრობა, ჯერ არ გახორციელებულა და ალბათ არც უწერია გახორციელება.
სახელმწიფოს მართვის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ უმრავლესობა უნდა დაემორჩილოს ერთ ან რამოდენიმე პირს და შეასრულოს ის განკარგულებები და ბრძანებები, რომლებიც მომდინარეობს სახელმწიფოს მეთაურისაგან.
სახელმწიფოში გარდა სახელმწიფოს მეთაურისა არსებობენ პიროვნებები და ორგანიზაციები, რომლებსაც სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებები დაჰყავთ შემსრულებლებამდე. სახელმწიფოს მეთაურის ნება-სურვილი უნდა ემსახურებოდეს ხალხის ანუ ქვეშევრდომის ინტერესებს. სამწუხაროდ, ყოველთვის ეს ასე არ არის და სახელმწიფოს მეთაური როგოც წესი თავის პირადი ინტერესებიდან გამოდის. ამას განსაკუთრებით ადგილი აქვს ტოტალიტალურ სახელმწიფოებში. მაგალითები ბევრია: გავიხსენოთ რომის იმპერატორები, ნეპოლეონი, ლენინი, სტალინი, ჰიტლერი. ისიც ცნობილია, თუ რა გამოვიდა აქედან.
სახელმწიფოს მეთაური არ გადასცემს თავის ბრძანებას ან განკარგულებას უშუალოდ ცალკეულ შემსრულებელ მოქალაქეებს, არამედ თავისთან უფრო დაახლოვებულ ინსტანციას, მაგალითად პრემიერ მინისტრს, ვეზირს, სახელმწიფო მდივანს ან მინისტრს, ეს უკანასკნელნი ბრძანებებს და განკარგულებებს, შეცვლილი სახით, მაგრამ ძირითადი აზრის შენარჩუნებით, გადასცემენ თავის ქვედა საფეხურზე მყოფ ორგანიზაციებს. ამგვარად ნებისმიერ სახელმწიფოში ადგილი აქვს მართვის იერარქიას.
ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მართვას როგორც პრობლემას. იმის მიხედვით, თუ როგორ ხორციელდება მართვა, დიდად არის დამოკიდებული სახელმწიფოს მეთაურის ბედიც და შეიძლება ყოფნა-არყოფნის საკითხიც.
სამწუხაროდ, უმაღლეს სასწავლებლებში საგანი “სახელმწიფოს მართვა” ფაქტობრივად არ იკითხება. სტუდენტები ეცნობიან ამ საგნის მარტო ცალკეულ ფრაგმენტებს.
სახელმწიფოს სათავეებში, როგორც ითქვა, ხშირად მოდიან პირები, რომლებსაც არა თუ სპეციალური, არამედ საერთოდ არა აქვთ რაიმე განათლება. ასე მაგალითად ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ პიროვნებები, რომელთაც არ ჰქონდათ უმაღლესი განათლება. ასეთები იყვნენ ლენინი, რომელიც მცირე ხანს სწავლობდა ყაზანის უნივერსიტეტში, სტალინი, ზინოვიევი, კამენევი და სხვები. სახელმწიფოს ბევრ მეთაურს, მაგალითად, ლინკოლნს, ბონაპარტს, ასევე არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, მაგრამ ლინკოლნი, დაჯილდოებული იყო მაღალი მორალური თვისებებით და სახელმწიფოს მართვის დროს გამოდიოდა ხალხის და არა პირადი ინტერესებიდან. ლინკოლნს მიზნად ჰქონდა დასახული ამერიკის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება და არა პირადი ძალაუფლების აყვანა ზენიტში.
ცხადია, რომ ჩვენს პერიოდში აუცილებელია სპეციალური განათლების მიღება იმისდამიუხედავად თუ რა აზრები ან მიზნები აქვს ამა თუ იმ პირს, ვისაც პრეტენზია აქვს იყოს სახელმწიფოს სათავეში.
დღეს აღარ არის ლინკოლნის, თუნდაც ტროცკის ან ლენინის დრო. სახელმწიფოს მართვის დარგში დაგროვილია უამრავი ინფორმაცია, დიდი გამოცდილება. არ შეიძლება იმის თქმა, რომ დღევანდელი უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს სახელმწიფოს მართვის დარგში არ აძლევენ გარკვეულ ცოდნას. შეერთებულ შტატებში რიგ უმაღლეს სასწავლებლებში არსებობს სპეციალობა პოლიტიკალ შციენცეს – პილოტიკური მეცნიერებები. რა თქმა უნდა, ამ სპეციალობებზე სწავლა დიდად გაუადვილებს მომავალ სახელმწიფო მოღვაწეებს თავის საქმიანობას. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ამ სპეციალობაზე ერთ-ერთი წამყვანი საგანი უნდა იყოს სახელმწიფოს მართვა. ვერ ვიტყვით, რომ ეს საგანი უკვე ჩამოყალიბებულია საბოლოოდ. მართვის თეორია, როგორც დისციპლინა, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც არსებობს და ამჟამად საკმაოდაა განვითარებული. სამწუხაროდ, ეს თეორია განიხილავს მართვის პროცესებს არა სოციოლოგიურ, არამედ ტექნიკურ დარგში. ამ საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში ამერიკელმა მეცნიერებმა ეკმანმა, ვინერმა, მეზაროვიჩმა, ზადემ და სხვებმა აჩვენეს, რომ არ არის არსებითი თუ რა სახის ობიექტის მართვასთან გვაქვს საქმე. გამოირკვა, რომ ისეთი ტექნიკური სისტემების, როგორიცაა გემი, თვთმფრინავი, ელექტროსადგური ან რაკეტა, ასევე სახელმწიფოს კომპანიის, ფირმის, სამინისტროს, ჰოსპიტალის ან ნებისმიერი დაწესებულების მართვის დროს ერთიდაიგივე პრობლემებთან გვაქვს საქმე. ეს პრობლემებია მართვის სისტემის მდგრადობა, მართვის გახორციელების შესაძლებლობა, სისტემის მგრძნობიარობა, მართვის სისტემის დინამიკა, უკუკავშირი. ბევრ მსგავსებასთან ერთად ტექნიკური და ადმინისტრაციული სისტემები განსხვავდებიან კიდევაც ერთმანეთისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ტექნიკური ან ფიზიკური სისტემების ანალიზი გაცილებით უფრო იოლია და ამის მიზეზი არის ის, რომ ასეთი სისტემისათვის უფრო ადვილია მათემატიკური მოდელის შედგენა. გადაწყვეტილების მიღების პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული და სოციოლოგიური სისტემების მართვის დროს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ ხანს ეს პრობლემა დადგა ტექნიკური და ფიზიკური სისტემების მართვის დროსაც. მართვის თეორია ამჟამად მეტად განვითარებული საგანია. თანამედროვე მართვის თეორია მთლიანად მათემატიკურ მეთოდებზე არის დამყარებული. ამასთან ერთად ისმება კითხვა: შეიძლება თუ არა მათემატიკური მეთოდების გამოყენება ადმინისტრაციული პროცესების მართვის დროს? აქ პასუხი ერთია, მიუხედავად საგრძნობი სიძნელეებისა მათემატიკური მეთოდები შეიძლება და ნაწილობრივ კიდევაც არის გამოყენებული ადმინისტრაციული სისტემების და მათ შორის სახელმწიფოს მართვის დროს. ამ მხრივ პირველი შრომა ამერიკელი მეცნიერის უოლკოკსის მიერ არის შექმნილი.
უოლკოკსმა შეადგინა ადმინისტრაციული მართვის დინამიკის მათემატიკური მოდელი. ადმინისტრაციული აპარატის მუშაობა უოლკოკსმა აღწერა ნიუტონის და ლაგრანჟის განტოლებების გამიყენებით. ეს საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ ადმინისტრაციული სისტემა როგროც მოდელი და დავადგინოთ რა ოდენობრივ ან ხარისხობრივ გავლენას ახდენს ადმინისტრაციული აპარატის მუშაობაზე ამა თუ იმ პარამეტრის შეცვლა. ვისაც სურს საკითხის უფრო ღრმად შეისწავლა, შესაბამის მასალას შეუძლია გაეცნოს დამატებაში.
დავუბრუნდეთ ახლა სახელმწიფოს მეთაურების განათლების საკითხს. ცნობილია, რომ სტალინი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და ისიც არ დაუმთავრებია. ბონაპარტს დამთავრებული ჰქონდა საშუალო სამხედრო სასწავლებელი.
ვერ დაიკვეხნიდა თავის განათლების დონით ვერც ხრუშჩოვი და ვერც ბრეჟნევი. თუმცა პირველს დამთავრებული ჰქონდა სამრეწველო აკადემია და მეორეს დნეპროპეტროვსკის ინსტიტუტი. არც ანდროპოვი გამოირჩეოდა ამ მხრივ. მათთვის მიუწვდომელი იყო მეტად საჭირო უცხოური ლიტერატურა. შეგვიძლია ჩავატაროთ ზოგიერთი შედარებები. ჯონ ადამსს, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს გახდა პრეზიდენტი, დამთავრებული ჰქონდა ჰარვარდის უნივერსიტეტი. იგივე უნივერსიტეტი დაამთავრეს პრეზიდენტებმა ტეოდორ რუზველტმა, ვუდრო ვილსონმა, ფრანკლინ რუზველტმა, ჯონ კენედიმ. პრინსტონის უნივერსიტეტი დაამთავრა პრეზიდენტმა ჯეიმს მადისონმა, სტენფორდის უნივერსიტეტი – ჰერბერტ ჰუვერმა, იელის უნივერსიტეტი – ჯორჯ ბუშმა.
შეერთებული შტატების ისტორიაში ძნელად მოიძებნება პრეზიდენტი, რომელსაც არ ჰქონდეს დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი და თანაც პირველ რანგის. არ შეიძლება ამ ფაქტს გავლენა არ მოეხდინა სახელმწიფოს ბედ-იღბალზე.
ცნობილია, რომ ჰიტლერს არ ჰქონდა განათლების რაიმე ცენზი. გაუნათლებელი ხალხის სახელმწიფოს სათავეში ყოფნამ ბევრი ზიანი მიაყენა როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირს და რუსეთს, ისე საქართველოსაც, ზიანი მიაყენა როგორც ეკონომიკაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე მეცნიერებაშიც.
ამოცანა, რომელიც ამ ნაშრომის შექმნისას იყო დასმული მეტად და მეტად რთული აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ ამჟამად არც ქართულ და არც რუსულ ენებზე არ მოიპოვება წიგნი, რომელშიც გაშუქებულია სახელმწიფოს მართვის საკითხები. ამ წიგნის ავტორი შორს არის იმ აზრისაგან, რომ ფიქრობდეს და თუნდაც ოცნებობდეს ისეთი ნაშრომის შექმნაზე, რომლის საშუალებითაც ესა თუ ის პირი შეძლებს სახელმწიფოს მართვის გახორციელებას. წიგნის ავტორის მიზანია, მცირე აგურის ჩადება იმ ურთულესი შენობის ფუნდამენტში, რომელსაც სახელმწიფოს მართვის მეცნიერება ჰქვია.
თავი I. სახელმწიფოს მართვის საერთო თვისებები
§ 1-1 მართვა და ადმინისტრირება
მართვა გულისხობს გარკვეულ ობიექტზე ზემოქმედებას, როგორც წესი, ამგვარი ზემოქმედების შედეგად ადგილი აქვს გარკვეულ პროცესს. ეს პროცესი შეიძლება მისაღები იყოს ამა თუ იმ თვალსაზრისით და შეიძლება არც იყოს მისაღები.
ობიექტის გამოსავალ სიდიდეს, რომელსაც მივიღებთ მასზე ზემოქმედების შედეგად, სამართი სიდიდე ეწოდება, ამ ზემოქმედების ცვლილებას კი – ობიექტის მართვის კანონი. მართვის კანონს ვუწოდებთ მართვის სისტემის შესავალ სიდიდეს.
მართვის სისტემა წარმოადგენს სამართი ობიექტისა და მართვის კანონის განმახორციელებელი მოწყობილობის ერთიანობას.
მართვის ობიექტზე, გარდა მართვის კანონისა, მოქმედებს, აგრეთვე, ე.წ. შეშფოთება, რომელიც გარემოს ზემოქმედების შედეგია და რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე ვინც ახორციელებს მართვას. მართვის ადმინისტრაციულ სისტემაში მართვას ხელმძღვანელი ახორციელებს ბრძანებების, განკარგულებების ან დადგენილებების საშუალებით. მაშასადამე, ეს სიდიდიეები წარმოადგენს მართვის კანონს ანუ შესავალ სიდიდეს, სამართი ანუ გამოსავალი სიდიდე იქნება შედეგი. თუ ეს განკარგულებები, ბრძანებები ან დადგენილებები გამიზნულია იმისათვის, რომ ვთქვათ გაუმჯობესდეს ქვეყნის კრიმინალური მდგომარეობა, მაშინ ეს უკანასკნელი სამართი ანუ გამოსავალი სიდიდეა. შეშფოთებაა ისეთი გარეშე ძალები, რომლებიც მოქმედებენ კრიმინალურ სიტუაციაზე, მაგალითად, მოსახლეობის სიღარიბე ანდა უცხო ქვეყნის მიერ შემოგზავნილი ტერორისტები.
მართვის სისტემა ყოველთვის ხასიათდება ისეთი სიდიდით, როგორიცაა მართვის მიზანი. მიზანი შეიძლება იყოს ეკონომიკის ამაღლება, იგივე კრიმინალური მდგომარეობის გაუმჯობესება, განათლების სისტემის სრულყოფა, მეცნიერების განვითარების, სახელმწიფოს შემოსავლის ზრდის და ხალხის ჯანმრთელობის მაღალი დონის უზრუნველყოფა, სახელმწიფოს პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ. მართვის მიზანი შეიძლება აგრეთვე იყოს ძალაუფლების შემდგომი გაძლიერება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოს მეთაურისათვის. მიზანი შეიძლება იყოს აგრეთვე ქვეყნის საგარეო ურთიერთობის სრულყოფა, სამხედრო პოტენციალის ზრდა, მრეწველობის რომელიმე დარგის შექმნა ან გაძლიერება, სოფლის მეურნეობის შემდგომი ზრდა, მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესება, ცხოვრების დონის ზრდა. უნდა ითქვას, რომ იყვნენ სახელმწიფოს მეთაურები, რომლებიც არ ისახავდნენ მიზნად მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების დონის გაზრდას და იყვნენ ისეთებიც, რომელთა მიზანი პირიქით იყო მოქალაქეთა დონის დაბლა დაწევა, რამდენადაც ეს უწყობდა ხელს ხალხთა უსიტყვო მორჩილებას და ფაქტობრივ მონობას.
ნებისმიერი სისტემის მართვა დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა მდგრადობა, პროცესების დინამიკა, მგრძნობიარობა, ავტორხევები და სხვ. თუ მართვის და მათ შორის სახელმწიფოს მართვის სისტემა არ არის მდგრადი, იმას ნიშნავს, რომ პროცესი ვერ წყნარდება, ადგილი აქვს სამართი სიდიდის განუწყვეტელ ზრდას ან შემცირებას, ან განუწყვეტელ რხევებს, ერთი სიტყვით, არა თუ ვერ ვაღწევთ მიზანს, არამედ ვერ ვაჩერებთ დინამიკურ პროცესებს. ასეთი მართვა უვარგისად უნდა ჩაითვალოს. დინამიკური პროცესი მართვის სისტემაში აღმოცენდება ან მართვის კანონის ზემოქმედებით ან გარემოს ცვლილებით ანუ შეშფოთების აღმოცენებით. აუცილებელია, რომ მართვის სისტემა იყოს მდგრადი, პროცესები სტაბილური. მოვიყვანოთ არამდგრადი სისტემის მაგალითი. დავუშვათ, სახელმწიფოში დაიწყო ინფლაციის ზრდა და მთავრობის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ვერ უშველა, ინფლაცია დროის მონაკვეთში განაგრძობს განუწყვეტელ ზრდას. რა თქმა უნდა, ასეთი სისტემა არ არის მდგრადი. თუ განვახორციელებთ სტრუქტურულ ცვლილებებს და ეს ცვლილებები შედეგს ე.ი. ინფლაციის ზრდას შეაჩერებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არამდგრადი სისტემა გახდა მდგრადი. თავის დროზე რუსეთის მთავრობამ ვერ მიაგნო ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის გახორციელებაც პროცესს ჩეჩნეთში სტაბილურს გახდიდა. ფაქტობრივად რუსეთმა ბოლოს და ბოლოს კაპიტულაცია მოახდინა და თავისი ჯარი გამოიყვანა ჩეჩნეთიდან. თუ მხედველობაში მივიღებთ რუსეთის მიზნებს, ამგვარი საშუალებებით ომის შეწყვეტა არ ნიშნავს რუსეთისათვის სტაბილური პროცესის მიღებას.
მართვის სისტემა შეიძლება იყოს მდგრადი, მაგრამ არ ვარგოდეს მისი დინამიკა. ასე მაგალითად, თუ რაიმე გადაწყვეტილების განხორციელებას შედეგად მოჰყვა ხანგრძლივი დინამიკური პროცესი და სისტემა დიდხანს ვერ დაწყნარდა, ამბობენ, რომ სისტემის დინამიკური მახასიათებლები არ არის კარგი. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ნებისმიერი ღონისძიების გატარებას არ მოჰყვეს პროცესი, რომელიც დიდხანს ვერ წყნარდება. ვთქვათ, თუ ინფლაციაზეა საუბარი, აღნიშნული ინფლაცია უნდა დამყარდეს მისაღებ დროში.
მართვის სისტემის შეფასება შეიძლება გახორციელდეს, აგრეთვე, იმის მიხედვით თუ რამდენად მგრძნობიარეა სისტემა, ერთიდაიგივე მნიშვნელობის მოვლენას, ერთ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული შედეგი მოჰყვეს, ხოლო მეორე შემთხვევაში არავითარი რეაგირება არ მოხდეს ამ მოვლენაზე. არ ვარგა არც ზედმეტად მგრძნობიარე სისტემა და არც მეტად უხეში, რომელიც რეაგირებს მარტო იმ შემთხვევაში, თუ სამართი სიდიდე ან შეშფოთება ძალზე დიდი სიდიდეა. განსაკუთრებით დიდი მგრძნობიარობით ხასიათდება ზოგიერთი ეკონომიკური სისტემა, საკმარისია რაღაც თითქოს უმნიშვნელო ამბავი მოხდეს მსოფლიოს რომელიმე კუთხეში, რომ დაიწყოს შეცვლა ეკონომიკის მაჩვენებლებმა, მაგალითად, მოხდეს ფასების დიდი მასშტაბებით ზრდა. მეორე მხრივ, შეიძლება მნიშვნელოვან მოვლენებს ჰქონდეს ადგილი და მიუხედავად ამისა მართვის სისტემამ არ მოახდინოს რეაგირება. პირველისაგან განსხვავებით ეს იქნება სისტემა დაბალი მგრძნობიანობით.
მართვის სისტემა, როგორც წესი, ხასიათდება ე. წ. უკუკავშირის არსებობით. უკუკავშირი გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ სისტემაზე ზემოქმედების შედეგი და ამის შემდეგ გახორციელდეს სათანადო კორექტირება. მართვის გახორციელება უკუკავშირის გარეშე შესაძლებელია მარტო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სისტემაზე არ მოქმედებს შეშფოთება და როდესაც სამართი სიდიდე აბსოლუტურად უშეცდომოა. უშეცდომო სამართი სიდიდის ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია. ყველაზე უფრო ცნობილი დიქტატორებიც კი, რომელთაც საერთოდ არ უყვართ იმის აღიარება, რომ მათ შეიძლება შეცდომა მოუვიდეთ, იძულებული იყვნენ ანგარიში გაეწიათ მათი გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების შედეგად მიღებული მდგომარეობისათვის. ასე მაგალითად, როდესაც ი.სტალინმა დაინახა თუ რა შედეგი მოჰყვა მთლიანი კოლექტივიზაციის ცხოვრებაში გატარებას, შეარბილა თავისი პოლიტიკა, უარი თქვა კომუნების ჩამოყალიბებაზე.
კორექტირების გახორციელების დროს მეტად მნიშვნელოვანია, რა დოზით მოვახდენთ კორექტირებას. თუ აღნიშნული კორექტირება გახორციელდა უფრო მეტი დოზით ვიდრე ეს საჭიროა, რაც შეიძლება მოხდეს გარკვეული გაზვიადების, მეტი სიფრთხილის, თუნდაც შიშის გამო, მაშინ მართვის სისტემაში შეიძლება დაიწყოს მეტად არასასურველი რხევითი პროცესები. ეს პროცესი ანალოგიურია მანქანის მართვის პროცესისა, თუ საჭე უფრო მეტად მოვატრიალეთ ვიდრე საჭიროა, ეს გამოიწვევს მანქანის ისევ აცდენას გზის ცენტრალური ხაზიდან, რის შედეგადაც აუცილებელი ხდება უკვე საჭის უკან მობრუნება. თუ ისევ მეტი მოგვივიდა, მანქანა დაიწყებს ზიგზაგებით სვლას, რასაც სწორედ რხევა ეწოდება. ცხადია უკეთესია, თუ ასეთ მოვლენასთან არ გვექნება საქმე. სახელმწიფოს მართვის შემთხვევაში შეიძლება მსგავს მოვლენას ექნეს ადგილი. ვთქვათ, სახელმწიფოს მეზობელი ქვეყნისგან შეექმნა საფრთხე და ქვეყნის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს თავისი სამხედრო ძალები, რათა აგრძნობინოს აგრესორს, რომ სერიოზული ნაბიჯები იქნება გადადგმული. თუ სახელმწიფოს, რომელიც თავდაცვაზე ფიქრობს, მეტი მოუვიდა და უფრო მეტ ძალებს გაუკეთა მობილიზაცია, იმ დროს, როდესაც მდგომარეობის სტაბილიზაციას ამდენი არ სჭირდებოდა, მაშინ ამ სახელმწიფოს მეთაური, თუ ის რელურად მოაზროვნე პიროვნებაა, შეეცდება შეამციროს თავისი სამხედრო ძალები განსაზღვრულ ოდენობამდე (ვინაიდან ეს დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ხარჯებთან). მაგრამ, თუ სახელმწიფოს ხელმძღვანელს კორექტირებაში მეტი მოუვიდა და თავისი ძალები გაზრდის შემდეგ ძალიან შეამცირა, მაშინ საჭირო იქნება ამ ძალების გარკვეულ სიდიდემდე ისევ გაზრდა და საქმე გვექნება ისევ რხევით პროცესებთან. ცხადია, რომ კორექტირება ხორციელდება ისე, რომ გაწონასწორდეს სამართი სიდიდის ნორმალური მდგომარეობიდან გადახრა. განხილული მაგალითებიდან ნორმალური მდგომარეობა პირველ მაგალითში არის მანქანის მდგომარეობა გზის ნეიტრალური ხაზის მიმართ. რაც უფრო დიდი სიდიდით გადაიხრება მანქანა მით უფრო მეტი კუთხით უნდა მოვატრიალოთ საჭე. მეორე შემთხვევაში მართვის მიზანია სამხედრო ძალების ბალანსი და რაც უფრო მეტი სიდიდით დაარღვია ეს ბალანსი მეზობელმა სახელმწიფომ, მით უფრო მეტი სიდიდით უნდა გაიზარდოს სახელმწიფომ თავისი ძალები. ხშირად მართვის სისტემებში უკუკავშირის საშუალებით კორექტირება ხორციელდება არა მარტო სამართი სიდიდის გადახრის მიხედვით, არამედ ამ გადახრის ცვლილების სიჩქარის პროპორციულადაც, მაგალითად, მხედველობაში იღებენ არა მარტო იმას, თუ რა სიდიდთ გაზარდა მეზობელმა ქვეყანამ თავისი შეიარაღება, არამედ რა სიჩქარით ხდება ეს გაზრდა. რაც უფრო მეტია ეს სიჩქარე, მით უფრო ენერგიულია უკუქმედებაც.
მართვის ნებისმიერ სისტემაში ადგილი აქვს გარემოს ფაქტორების მიერ ზემოქმედებას ამ სისტემაზე. ასეთ ზემოქმედებას როგორც ვთქვით შეშფოთებას უწოდებენ. მართვის სისტემის ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებით, რაც მართვის კანონის შეცვლით ხორციელდება, გამოსწორდეს აღნიშნული ზემოქმედების მიერ მიღებული არასასურველი შედეგი. ასე მაგალითად, თუ მსოფლიოს რომელიმე რეგიონში მოხდა რაიმე კონფლიქტი, ამან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქცია სისტემაში, რომელიც გამიზნულია ამა თუ იმ სახელმწიფოს მართვისათვის. სახელმწიფოს მართვის სისტემის და მაშასადამე, ამ სახელმწიფოს მთავრობის დანიშნულებაა მიიღოს სათანადო ღონისძიება, რათა სიტუაცია გახადოს ნორმალური. მაგალითისთვის განვიხილოთ კუბის ცნობილი კრიზისი, რომელსაც სამოციან წლებში ჰქონდა ადგილი. საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, კუბაზე განელაგებინა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები. ეს იყო საკმაოდ მძლავრი შეშფოთება შეერთებული შტატების მართვის სისტემისათვის, ვინაიდან დიდ საფრთხეს უქმნიდა შეერთებულ შტატებს, რომლის ტერიტორია დაშორებულია კუბიდან სულ მცირე მანძილით. შეერთებულმა შტატებმა, როგორც კი დაადგინა რაკეტების კუბაზე განლაგების ფაქტი, გამოაცხადა თავისი საზღვაო და საჰაერო ძალების ნაწილობრივი მობილიზაცია, ამერიკის ფლოტი გაეშურა კუბისაკენ. ყოველივე ამის შედეგი იყო ის, რომ საბჭოთა კავშირმა ხელი აიღო კუბაზე რაკეტების განლაგებაზე. ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის თავდაპირველი მოქმედება არის შეშფოთება. შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ფლოტის და ავიაციის კუბის სანაპიროებისაკენ გაგზავნის შესახებ, ეს არის სისტემის შესავალი ანუ მართვის კანონი. შედეგი – რაკეტების კუბიდან გაყვანა – ეს არის სამართი სიდიდე. უკუკავშირი მდგომარეობს იმ ინფორმაციაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მიიღო რაკეტების გაყვანის ფაქტის შესახებ, რის შედეგადაც მოიხსნა ზემოქმედება სისტემაზე. შეიძლება სხვა მაგალითების მოყვანაც. 1929 წელს შეერთებულ შტატებს თავს დაატყდა ეკონომიკური კრიზისი. მართვის თეორიის ენაზე ეს არის შეშფოთება. ახალმა პრეზიდენტმა ფ. რუზველტმა ჩაატარა ენერგიული ღონისძიებები – გამოაცხადა ახალი კურსი, რეფორმები განახორციელა კადრების დარგში, კონტროლის ქვეშ აიყვანეს ბიზნესი, შემოღებული იქნა გადასახადები დიდ მოგებაზე, კონტროლი დაწესდა ხელფასზე. ყოველივე ამან, (და ეს იყო მართვის კანონი) გამოიღო შედეგი და ამერიკის ეკონომიკა ისევ დადგა აღმავლობის გზაზე ე. ი. სტაბილიზაცია გაუკეთდა სამართ ანუ გამოსავალ სიდიდეს – ეკონომიკას. ფრანკლინ რუზველტი გახდა მეტად პოპულარული პიროვნება. ის სამჯერ იყო არჩეული პრეზიდენტის პოსტზე. რუზველტის სიკვდილის შემდეგ ამერიკის კონგრესმა დააკანონა წესი, რომლის თანახმად პრეზიდენტი შეიძლება გადარჩეული იყოს მხოლდ ერთხელ. შეერთებული შტატების ეკონომიკური კრიზისის დარეგულირების პროცესში უკუკავშირი მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობა დადგა რა ეკონომიკური კრიზისის ფაქტის წინაშე, დაიწყო ღონისძიებების შემუშავება და შემდგომში ამ ღონისძიებების გახორციელება.
§ 1-2 მართვის იერარქია
მართვის იერარქია დაქვემდებარების მაჩვენებელი სქემაა. იერარქიულ სტრუქტურას აქვს მიმართულება ზემოდან ქვემოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვემოთ მდებარე საფეხური უშუალო დაქვემდებარებაშია ზემოთ მდებარე იმ უახლოეს საფეხურთან, ვისთანაც მას აქვს უშუალო კავშირი. იერერქიის უმაღლეს საფეხურზე არის სახელმწიფოს მეთაური. ერთი საფეხურით უფრო ქვევით არის ის, ვისაც ყველაზე უფრო მაღალი თანამდებობა უკავია სახელმწიფოს მეთაურის შემდეგ, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი. შეერთებული შტატების სტრუქტურაში – ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი. ინფორმაცია გადაეცემა როგორც ზემოდან ქვემოთ, ისე ქვემოდან ზემოთ. ბრძანებები, განკარგულებები და დადგენილებები გადაეცემა მარტო ზემოდან ქვემოთ.
მაშასადამე, მართვის სისტემაში არის ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული არხი: მართვის არხი, რომლის საშუალებითაც ზემოდან ქვემოთ გადაეცემა ბრძანებები და განკარგულებები და მეორე არხი – უკუკავშირის არხი, რომლის საშუალებითაც ქვემოდან ზემოთ გადაეცემა ინფორმაცია ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ. იერარქიის სტრუქტურაში ხშირად საქმე გვაქვს პარალელურ საფეხურებთან. მაგალითად, სამინისტროები პარალელური სტრუქტურებია და დაკავშირებული არიან ზემო საფეხურთან პარალელური არხების საშუალებით. ეს პარალელური სტრუქტურები შეიძლება ერთმანეთთანაც იყვნენ დაკავშირებული, მაგრამ აღნიშნული დაკავშირების არხების საშუალებებით გადაცემა ხდება ინფორმაციების და არა კომანდების ანუ ბრძანებების ან განკარგულებების. სიმარტივისათვის მოვიყვანოთ სახელმწიფოს მართვის იერარქიის ნაწილი. დაუშვათ, ვიხილავთ ოთხ საფეხურს. ეს საფეხურებია: სახელმწიფოს მეთური, პრემიერ-მინისტრი, სამინისტროები, სამმართველოები. მოვიყვანოთ აგრეთვე ე.წ. სუბორდინაციის მატრიცა, სადაც ნაჩვენებია, რომელი საფეხური რომელ საფეხურთან არის დაკავშირებული და რა სახის არის ეს კავშირი, ანუ ამ კავშირების არხებით გადაიცემა ბრძანებები თუ ინფორმაციები. ბრძანებების გადაცემა სათანადო უჯრაში აღინიშნება ასო C-თი, ხოლო ინფორმაციების გადაცემა ასო I-თი. თუ არავითარი კავშირი არ არის მაშინ იწერება 0.
ცხრილიდან და გრაფიკიდან ჩანს, რომ ბრძანებები (1)-დან მიდის (2)-ში, (2)-დან (3)-ში, (4)-ში, (5)-ში და (6)-ში. გარდა ამისა (3)-ში მოქმედებს ადგილობრივი უკუკავშირი, ხოლო უკუკავშირი (4)-დან მიდის (1)-ში, (6)-დან (2)-ში. უკუკავშირების არხებით გადაიცემა მარტო ინფორმაციები და არ გადაიცემა ბრძანებები. როგორც ვხედავთ, განხილულ შემთხვევაში მეორე საფეხურს ემორჩილება მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე საფეხური. მიღებულია, რომ ერთიდაიგივე პირს უნდა ემორჩილებოდეს არა უმეტეს 5-6 პირისა, თანაც უშუალოდ დამორჩილებულია მასთან. ასეთ დასკვნამდე მივიდა ადმინისტრატული მართვის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფ. ტეილორი. როგორც წესი მართვის იერარქიის მონაწილე ნებისმიერი პიროვნება უნდა უშუალოდ ემორჩილებოდეს მხოლოდ ერთ პირს, რომელიც ერთი საფეხურით უფრო მაღლაა. უნდა ითქვას, რომ უშუალო დაქვემდებარების აღნიშნული პრინციპი ზოგიერთ შემთხვევაში ირღვევა და ეს ხდება ე.წ. “ჩარევის” დროს, როდესაც ხელმძღვანელი, რომელიც რამოდენიმე საფეხურით უფრო მაღლა დგას, უშუალოდ ახორციელებს ზემოქმედებას იმ პირზე, რომელიც რამოდენიმე საფეხურით ქვემოთ არის იერარქიის სტრუქტურაში. კარგად გამართულ მართვის სისტემაში ეს არ უნდა მოხდეს. “ჩარევების” ფატორი იმის მაჩვენებელია, რომ ის პირი, ვისაც უშუალოდ ემორჩილება ჩარევის ობიექტი, თავის მოვალეობას ვერ ასრულებს.
იმისათვის, რომ გახორციელდეს მართვა, არ არის საკმარისი გვქონდეს მხოლოდ ე.წ. ოპერატიული მართვა, რომელიც გულისხმობს საჭირო ბრძანებებისა და განკარგულებების რეგულარულად გადაცემას ზემოდან ქვემოთ. ამის გარდა საჭიროა ზოგიერთი წინასწარ შემუშავებული პირობები და ინსტრუქციები. ასეთ პირობებს მიეკუთვნებიან: სამუშაო ადგილის ორგანიზაციის ინსტრუქცია, წახალისების და პრემიალური სისტემები, დასჯის ინსტრუქცია, მოსამსახურეთა მუშაობის და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების სისტემები, სოციალური და კულტურული ღონისძიებები და სხვ. აღნიშნული პრობლემების დროულ გადაწყვეტას დიდი მნიშვნელობა აქვს მართვის მაღალი რანგის გახორციელების საქმეში.
მართვის საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღების პრობლემას, რომელზედაც ცალკე გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ფუნქციების განაწილების პრობლემა ხელქვეითებზე. უნდა გვახსოვდეს, შეიძლება ცოტა უხამსი, ნათქვამი, რომელიც მნიშვნელოვანია ფუნქციების განაწილების დროს – ნებისმიერი ლამაზმანი ვერ მოგცემთ იმაზე მეტს რაც მის შესაძლებლობებშია.
იერარქიული სტრუქტურის სახეს დიდი მნიშვნელობა აქვს მართვის საქმეში. ძალზე გართულებული სტრუქტურა ხელს უშლის მართვის მისაღები პროცესის რეალიზაციას, ვინაიდან, რაც მეტია მართვის იერარქიის საფეხურები, მით მეტი დრო იხარჯება მართვის კომანდების გადაცემაზე ზემოდან ქვემოთ და უკუკავშირის არხებით ინფორმაციის გადაცემას ქვემოდან მაღალი საფეხურის ხელმძღვანელობამდე. გარდა ამისა, ზედმეტად რთული მართვის სტრუქტურა ხელს უწყობს ბიუროკრატიული საქმიანობის განვითარებას. იერარქიული სტრუქტურის სრულყოფის საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ საკითხს, როგორიცაა ცენტრალიზაციის და დეცენტრალიზაციის პრობლემა.
§ 1-3 ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია
თუ ხორციელდება მართვის ფუნქციების და მატერიალური რესურსების გაერთიანება იერარქიის რომელიმე საფეხურზე, ეს ნიშნავს, რომ ადგილი აქვს ცენტრალიზაციას. ამ დროს მცირე მასშტაბის მქონე მართვის კვანძები ერთიანდებიან და მათ მაგივრად იქმნება ერთი მსხვილი კვანძი. ეს საშუალებას იძლევა საჭირო რეზერვები უკეთესად იქნეს გამოყენებული, ვინაიდან ოპერატიულად შეიძლება ამ რეზერვების გადასროლა ერთი ადგილიდან მეორეზე. დეცენტრალიზაცია არის საწინააღმდეგო პროცედურა. დეცენტრალიზაციის დროს ხდება ერთი რომელიმე კვანძის დაშლა და ამ კვანძის ფუნქციები გადაეცემათ რამოდენიმე უფრო მცირემასშტაბიან კვანძებს.
დეცენტრალიზაცია ხელს უწყობს სისტემის მოქნილობას ლოკალური ქვესისტემების შექმნის ხარჯზე. დეცენტრალიზაცია დაკავშირებულია ხარჯების გადიდებასთან, ხოლო ცენტრალიზაცია პირიქით – ხარჯების შემცირებასთან, თუ აღნიშნული ცენტრალიზაცია სწორად იქნება გახორციელებული და ადგილი არ ექნება მცირე კვანძების მექანიკურ შეერთებას და ამის შედეგად მიღებულ დიდ კვანძს. გარდა აღნიშნულისა, დეცენტრალიზაცია იწვევს მართვის პროცესის გაზრდას დროში, ვინაიდან ემატება ახალი კვანძები და ბრძანების ან ინფორმაციის გავლას ამ კვანძების ერთობლიობაში უფრო მეტი დრო სჭირდება. ცენტრალიზებული მართვის სისტემის შემთხვევაში სისტემა მოქმედებს უფრო სწრაფად. დეცენტრალიზაცია დაკავშირებულია მართვის იერარქიის ზედა საფეხურების განტვირთვასთან, ვინაიდან გადაწყვეტილებების მთელი წყება გადადის ქვედა საფეხურებზე. სახელმწიფოს სირთულე არ ნიშნავს იმას, რომ მართვის სისტემა აუცილებლად უნდა იყოს დეცენტრალიზებული.
ცენტრალიზაციის თუ დეცენტრალიზაციის პრობლემა არ არის მარტივი. როგორც ერთი, ასევე მეორე ღონისძიება უნდა ჩატარდეს ზუსტი ანალიზის საშუალებით. გაცილებით უკეთესია, თუ ანალიზი ჩატარდება მათემატიკური მოდელის გამოყენებით. მათემატიკური მოდელის შესახებ უფრო დაწვრილებით ლაპარაკი იქნება დანართში 6. სახელმწიფოს მართვის იერარქიული სტრუქტურა საკმაოდ რთულია და ბრძანებების ან ინფორმაციების გადაცემები კვანძიდან კვანძში იწვევს გარკვეულ დაყოვნებებს დროში, ეს უარყოფითად მოქმედებს მართვის პროცესზე, იმდენად უარყოფითად, რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება არამდგრადი პროცესიც კი მივიღოთ.
ცენტრალიზაცია ან დეცენტრალიზაცია შეიძლება მდგომარეობდეს არა მარტო სტრუქტურის ცვლილებაში ე.ი. ქვესისტემების გაერთიანებებში ან რომელიმე ქვესისტემის დანაწევრებაში, არამედ გადაწყვეტილების მიღების ან მართვის ფუნქციების გადაცემაში ერთი ქვეგანაყოფიდან მეორეში. დეცენტრალიზაციის რიგი ხშირად გამოიხატება გადაწყვეტილების მიღების უფლებების გადაცემაში იერარქიის ქვედა საფეხურებისათვის. ასეთი ღონისძიება აძლიერებს ქვედა საფეხურების პასუხისმგებლობას და მაღალი საფეხურების განტვირთვას. ასე მაგალითად, ამერიკულ კომპანია “ჯენერალ მოტორს”-ში მაღალ ინსტანციებში მიიღება გადაწყვეტილებათა საერთო რაოდენობის მხოლოდ 5%, ხოლო 95% მიიღება ქვედა ინსტანციებში. ქვედა ინსტანციებში მიღებული გადაწყვეტილებების რიგი განსაზღვრავს დეცენტრალიზაციის პროცესს.
ცენტრალიზაციის ან დეცენტრალიზაციის ჩატარებას წინ უნდა უძღვოდეს შესაბამისი ეკონომიკური გაანგარიშებები, რის შედეგადაც უნდა მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, ანუ გადაწყვეტილება – ჩატარდეს თუ არა ცენტრალიზაცია ან დეცენტრალიზაცია. ეკონომიკურმა ანალიზმა უნდა აჩვენოს, ცენტრალიზაციის ან დეცენტრალიზაციის შედეგად მცირდება თუ არა საშტატო განრიგი, უმჯობესდება თუ არა რესურსების გამოყენება და ა.შ. მეტად მნიშვნელოვანია, აგრეთვე, მცირდება თუ არა ნაკლებად აუცილებელი მიწერ-მოწერა და დოკუმენტაცია, ინსტრუქციების და არა აუცილებელი ანგარიშების რაოდენობა. მხედველობაში უნდა მივიღოთ, აგრეთვე, რამდენად მცირდება კავშირგაბმულობის არხების გადატვირთვა. უნდა შეფასება მიეცეს იმასაც, თუ როგორ უმჯობესდება მართვის სისტემის ფუნქციონირება, იცვლება თუ არა მომსახურე პერსონალის რაოდენობა, როგორ იცვლება ცენტრალიზაციის ან დეცენტრალიზაციის შედეგად ხელფასის ფონდი, როგორ უმჯობესდება მიღებული გადაწყვეტილების ხარისხი. ყოველივე ამისათვის საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი გათვლები.
მეტად მნიშვნელოვანია ცალკეული კომპლექსების, ვთქვათ მინისტრთა საბჭოს სტრუქტურის განსაზღვრა. რა სამინისტროები უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფოში. საჭიროა თუ არა ქვეყანაში, რომელიც თავისუფალი ბაზრის პრინციპებზეა აგებული, იყოს, დავუშვათ, მრეწველობის სამინისტრო. ქვეყნის მრეწველობა ხომ უმთავრესად კერძო ფირმებისა და კომპანიებისაგან შედგება. მათ საქმიანობას მართავს თავისუფალი ბაზარი. აქედან გამომდინარე, ალბათ, დაუშვებელია აღნიშნულ საქმიანობაში სახელმწიფოს ორგანოების ჩარევა, როგორც ეს ხდებოდა გეგმიანი მეურნეობის დროს, რაც კომუნისტური წყობის ქვეყნებისათვის იყო დამახასიათებელი. შეერთებულ შტატებში, სადაც ყველაზე უფრო განვითარებულია მრეწველობა, არ არის მრეწველობის სამინისტრო. არავინ არ გეგმავს მრეწველობის სხვადასხვა დარგებს, არავინ, გარდა თვითონ ფირმებისა, არ განსაზღვრავს, თუ რა სახის პროდუქცია უნდა გამოუშვან და რამდენი.
ასევე საკითხავია, ერთ სამინისტროში უნდა იყოს კულტურის, მეცნიერების, განათლების და სპორტის პრობლემები გაერთიანებული, თუ უნდა იყოს რამდენიმე სამინისტრო. სახელმწიფოსათვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის რაც შეიძლება მცირე ნაწილი იყოს დასაქმებული სახელმწიფო დაწესებულებებში, რომლებიც ბიუჯეტით ფინანსდებიან. მოსახლეობის დასაქმების პრობლემა უმჯობესია თუ გადაწყდება სამუშაო ადგილების შექმნით ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც თვითდაფინანსებაზე არიან. სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის მეტად მნიშვნელოვანია ანტიმონოპოლიური კანონის ცხოვრებაში მტკიცედ გატარება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს უწყობს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას. ცენტრალიზაციის ან დეცენტრალიზაციის პრობლემის გადაწყვეტის დროს საჭიროა დადგინდეს, გაიზრდება თუ არა სხვადასხვა დოკუმენტაციების და მიმოწერის მოცულობა. ნებისმიერ ინსტანციაში დასამუშავებელი დოკუმენტაციის სიდიდეზე დიდად არის დამოკიდებული მთელი მართვის სისტემის მუშაობა. ბიუროკრატიული საქმიანობა, რომელიც უფრო მეტად არის დამახასიათებელი ტოტალიტარული სახელმწიფოებისათვის, დიდად უშლის ხელს მართვის სისტემის ოპერატიულ მუშაობას. ამიტომ მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი იმ დოკუმენტაციის მოცულობა, რომლის დამუშავებაც ხდება მართვის იერარქიის ამა თუ იმ საფეხურზე, რათა გადაცემულ იქნეს ქვემოთ ან ზემოთ ინსტანციაში. ლაპარაკია ისეთ დოკუმენტაციაზე, რომელთა შეუსრულებლობა არ გამოიწვევს ნორმალური საქმიანობის შეფერხებას. ასე მაგალითად, ზოგ ხელმძღვანელს, რომელიც ამა თუ იმ ინსტანციაზე საქმიანობს, შემოაქვს ანგარიშგების სპეციალური ფორმები. ასეთ საქმიანობას მიზნად აქვს ამა თუ იმ მოხელის კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა საჭიროების შემთხვევაში მან შეძლოს თავის მართლება. უფრო დაწვრილებით ამაზე საუბარი გვექნება ქვემოთ, როდესაც განვიხილავთ ბიუროკრატიულ საქმიანობას.
§ 1-4 უკუკავშირი
უკუკავშირი, როგორც წესი, ახასიათებს ნებისმიერ მართვის სისტემას, მართვის სისტემაში უკუკავშირი ნიშნავს მიღებული შედეგების მიხედვით მართვის კანონის კორექტირებას. უკუკავშირის არსებობა მართვის სისტემაში იმის მაჩვენებელია, რომ მხედველობაში მიიღება თუ რა შედეგებთან გვაქვს საქმე და ამ შედეგების მიხედვით ხორციელდება ცვლილებების შეტანა დადგენილებებში და ბრძანებებში. უკუკავშირი უფრო მეტად გამოიყენება დემოკრატიული წყობის დროს, ნაკლებად გამოიყენება ტოტალიტარული და დიქტატურის შემთხვევაში. დიქტატორები, სხვა უბედურებებთან, ერთად არიან თავნებები და დარწმუნებულები იმაში, რომ მათ შეცდომები არ მოსდით და პრინცპიში არც შეიძლება მოუვიდეთ, რომ ისინი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. გარდა ამისა ისინი თვლიან, რომ შეცდომის აღიარება ნიშნავს მათი ავტორიტეტის საგრძნობლად შელახვასა. სადავო არ არის, რომ უკუკავშირის არსებობას საგრძნობლად შეუძლია გააუმჯობესოს მართვის შესაძლებლობანი და პირიქით, უკუკავშირის არ არსებობამ მართვის სისტემა საერთოდ უვარგისი გახადოს.
უკუკავშირი შეიძლება იყოს ადგილობრივი და გლობალური. გლობალური უკუკავშირი გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას სულ ბოლო კვანძიდან სათავეში მოთავსებული კვანძის შესავალზე. ადგილობრივი უკუკავშირები გულისხმობს ადგილობრივი კონტურების შექმნას, როდესაც ამ კონტურებით შემოფარგლულია ქვედა საფეხურებზე მყოფი კვანძები.
უკუკავშირის მათემატიკური ანალიზი მოყვანილი იქნება დანართში 5.
§ 1-5 გადაწყვეტილების მიღება
სწორი გადაწყვეტილების მიღება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ეს უნდა შეძლოს ნებისმიერმა ხელმძღვანელმა. მიღებული გადაწყვეტილების ხარისხისა და მისი ცხოვრებაში გატარებისაგან დიდად არის დამოკიდებული სახელმწიფოს ფუნქციონირება. გადაწყვეტილების მიღებას, როგორც წესი, წინ უძღვის საჭირო ინფორმაციის დაგროვება და მიღებული მონაცემების შესაბამისი ანალიზი. გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ორნაირი იყოს: 1) გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ცნობილი მზა ვარიანტებიდან ერთ-ერთი ვარიანტის ამორჩევით და 2) ახალი, მანამდე უცნობი, ვარიანტით.
პირველი სახის მაგალითი შეიძლება იყოს პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ფულის ერთეულის განმტკიცებასთან. განმტკიცების საშუალებები, რომლებიც წინასწარ არის ცნობილი, შეიძლება იყოს რამდენიმე. ამ საშუალებებიდან უნდა გაკეთდეს არჩევანი და მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება. მეორე მაგალითი მდგომარეობს ახალი, მანამდე უცნობი ღონისძიების შექმნაში და შემდეგ გახორციელებაში გადაწყვეტილება შეიძლება იყოს უვარგისი, დამაკმაყოფილებელი, კარგი ან ოპტიმალური ე.ი. საუკეთესო. ამგვარად გადაწყვეტილების მიღებას აქვს გარკვეული რაოდენობრივი მხარე. აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს გადაწყვეტილების შეფასების კრიტერიუმი. ეს კრიტერიუმი შეიძლება იყოს რამდენიმე. ერთ-ერთი კრიტერიუმი, დრო, რომელიც იხარჯება გადაწყვეტილების მიღებაზე. ეს დრო დამოკიდებულია იმ პირთა კვალიფიკაციაზე ვინც იღებს გადაწყვეტილებას და, აგრეთვე, პრობლემის სირთულეზე. მეორე კრიტერიუმი შეიძლება იყოს ის სხვაობა, რომელიც მიიღება გადაწყვეტილების გახორციელების შედეგად მიღებულ შედეგსა და იმ შედეგს შორის, რომელსაც ჩვენ მოველოდით. გადაწყვეტილების კრიტერიუმად გამოდგება აგრეთვე ის დროც, რომელიც შეესაბამება მიღებული გადაწყვეტილების გატარებას ცხოვრებაში. თუ ეს დრო ძალზე დიდია, რაგინდ კარგ გადაწყვეტილებასთან არ გვქონდეს საქმე, ადვილი შესაძლებელია, რომ ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარებაზე უარი ვთქვათ.
გადაწყვეტილების მიღება უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ქვეყნის მართვის საქმეში და არ არის გამორიცხული, რომ ამ პრობლემის გადაჭრამ მოითხოვოს საკმაოდ რთული მათემატიკური მოდელების გამოყენება. ამისათვის საჭიროა სპეციალისტების ჯგუფის შექმნა, ვინაიდან მათემატიკისა და მათემატიკური მოდელების გამოყენება ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია სახელმწიფოს აპარატში მომუშავე მუშაკებისათვის, დღესდღეობით მათ ასეთი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. ამჟამად გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ლოგიკური ანალიზების, საერთო ევრისტიკული მეთოდების, ინტუიციისა და მიღებული გამოცდილებების ან საღი მოსაზრებების გამოყენების საფუძველზე. გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლად მიიღება ის ინფორმაცია, რომელიც არსებობს სხვადასხვა შესაძლებელი ალტერნეტივების ალბათობების შესახებ. ამ ალბათობების და, აგრეთვე, გადაწყვეტილებების სხვადასხვა ალტერნატივების შესაძლო შედეგების ცოდნა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.
გადაწყვეტილების მიღების ყველაზე იოლი მეთოდი არის ე.წ. ვარიანტების გადარჩევის მეთოდი. ამ მეთოდის ძირითადი აზრი ისაა, რომ განიხილება ყველა შესაძლებელი გადაწყვეტილება და თითოეული გადაწყვეტილების შედეგი, შემდეგ ხორციელდება გადაწყვეტილების იმ ვარიანტის არჩევა, რომელიც იძლევა ყველაზე კარგ შედეგს. ვარიანტების გადარჩევისათვის საჭიროა გვქონდეს ამოსარჩევი ვარიანტების სიმრავლე. რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა ვიცოდეთ რომელს რა შედეგი მოჰყვება. გადაწყვეტილების მიღების პროცესი მდგომარეობს იმაში, რომ გაისინჯება ყველა ვარიანტი და იმისდა მიხედვით რომელი ვარიანტი იძლევა უკეთეს შედეგს, არჩევანიც შესაბამისი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ ცნობილი არ არის რომელ გადაწყვეტილებას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ამოცანა რთულდება და ამ დროს საჭირო ხდება დადგინდეს ეს დამოკიდებულება.
სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა საშუალებებიც იმოქმედოს თავისი ქვეყნის ეკონომიკაზე. სახელმწიფოში მეტად აქტუალურია გადასახადების პრობლემა. თუ გადასახადების სიდიდე უაღრესად მცირეა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შემოსავალი იქნება უმნიშვნელო და ამ უკანასკნელს გაუჭირდება დაფინანსება ისეთი დარგებისა, რომელთაც უშუალო შემოსავალი არ აქვთ. ასეთია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, მეცნიერება, განათლება, კულტურა და სხვ. გადასახადების გადიდება იწვევს მეწარმისათვის სტიმულის დაკარგვას და აქედან გამომდინარე ეროვნული შემოსავლის შემცირებას, ვინაიდან მეწარმისათვის აღარ აქვს აზრი ორგანიზება გაუკეთოს ამა თუ იმ საქმიანობას, რითაც იგი ვერ მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას. გადასახადების იმ ოპტიმალური სიდიდის განსაზღვრა, როდესაც, ერთი მხრივ, შესაძლებელი გახდება თავდაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროს საქმიანობის დაფინანსება, ხოლო, მეორე მხრივ, ბიზნესმენებს არ დაეკარგებათ სურვილი განაგრძონ თავიანთი საქმიანობა, მეტად რთული პრობლემაა. თეორიულად ეს არის ორკრიტერიუმიანი ოპტიმიზაციის ამოცანა. ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი მათემატიკური მოდელი, ამ პრობლემის გადაწყვეტა ხდება ევრისტიკული მოსაზრებების საფუძველზე. მაშასადამე, გადასახადების გადიდება იწვევს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს შემოსავლის გადიდებას, მაგრამ იგივე სახელმწიფოს შემოსავლის, გადასახადის რაღაც სიდიდის შემდეგ, შემცირებასაც, ვინაიდან ზოგი მეწარმე თავს ანებებს ბიზნესს. მეორე მხრივ, გადასახადის შემცირება იწვევს სახელმწიფოს შემოსავლის შემცირებას, მაგრამ ზოგჯერ გადიდებასაც, ვინაიდან იქმნება მაქსიმალური შემოსავლის სტიმული. სად არის ოპტიმალური წერტილი ანუ გადასახადების სიდიდის ოპტიმალური მნიშვნელობა, შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ მათემატიკური მეთოდების გამოყენებით, ვინაიდან ეს ასე არ ხდება, ადგილი აქვს ე.წ. ცდებისა და გადახრის მეთოდის (ტრიალ ანდ ერრორ) გამოყენებას.
იმისათვის, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ განახორციელოს ცდებისა და გადახრის მეთოდი, საჭიროა რაღაც სიდიდით შეცვალოს ამა თუ იმ მოვლენის გამომწვევი სიდიდე და დააკვირდეს შედეგს. თუ შედეგი უკეთესობისაკენ შეიცვალა, ვახორციელებთ შემდეგ ბიჯს ე.ი. გამომწვევ სიდიდეს ანუ მიზეზს ვცვლით იმავე მიმართულებით. თუ შედეგი გაუარესდა, მაშინ მიზეზს ვცვლით საწინააღმდეგო სიდიდით. თუ უკეთესი შედეგი მივიღეთ, მაშინ გრძელდება აღნიშნული პროცედურა მანამ, სანამ შედეგს არ დავიყვანთ სასურველ სიდიდემდე. თუ მიზეზის შეცვლამ, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს არავითარი რეზულტატი არ მოგვცა ე.ი. საერთოდ უცვლელი დარჩა, მაშინ იგივე წესით უნდა დავიწყოთ მიზეზის ცვლა უკვე სხვა სიდიდის მიხედვით და კვლავ მოვახდინოთ დაკვირვება შედეგზე.
გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს მოვლენათა ანალიზი. მოვლენათა ანალიზის მიზანია, შეისწავლოს სიტუაცია და დაადგინოს ურთიერთდამოკიდებულებები სხვადასხვა სიდიდეებს შორის. ანალიზი გულისხმობს თუ რომელი პარამეტრი რა მოვლენაზე მოქმედებს და როგორ მოქმედებს. მაშინ, როდესაც ვიპოვით ამ მიზეზებს და ამ მიზეზების იმ დონეებს, რომლის დროსაც ვღებულობთ საუკეთესო შედეგს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიგვიყვანს წარმატებამდე, ნაპოვნია და, მაშასადამე, გადაწყვეტილების მიღების პრობლემა შესრულებულია. მოვიყვანოთ მაგალითი: დავუშვათ ქვეყანა მოიცვა ტერორიზმა, უპირველესად ყოვლისა საჭიროა დადგინდეს, თუ რა არის ამ შემთხვევაში ტერორიზმის აღმოცენების მიზეზი. ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, თუ რა საშუალებები მოქმედებენ ტერორიზმის შესაჩერებლად. ასეთი საშუალება რამოდენიმე შეიძლება იყოს. ამის შემდეგ უნდა დადგინდეს, რომელი საშუალება მოქმედებს უკეთ და შემდეგ გაკეთდეს არჩევანი. არ არის გამორიცხული, რომ არ გაკეთდეს არჩევანი იმ საშუალებაზე, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია და აირჩეს სხვა საშუალება. ეს შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ ყველაზე უფრო ეფექტური საშუალების არჩევა არ იყოს სასურველი სხვადასხვა მიზეზების გამო, ვთქვათ, პოლიტიკური სიტუაციის ან სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ანდა ეკონომიკური მოსაზრებებით. ცნობილია, რომ სახელმწიფოს მართვა მოითხოვს ეკონომიკის კანონების ზედმიწევნით ცოდნას, ისიც ცნობილია, რომ სახელმწიფოს ეკონომიკა უნდა პასუხობდეს შემდეგ პრობლემებს: რა სახის პროდუქცია უნდა აწარმოოს სახელმწიფომ, ვისთვის არის ეს პროდუქცია გამიზნული, სხვანაირად რომ ვთქვათ, ვისთვისაც უნდა იყოს განსაზღვრული ამ პროდუქციის გასაღების ბაზარი და, ბოლოს, როგორ უნდა აწარმოოს სახალხო მეურნეობამ პროდუქცია, ანუ ცნობილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნოლოგიები. თავისუფალი ბაზრის და არაგეგმური, ეკონომიკის დროს ამ სამ შეკითხვაზე პასუხი უნდა გასცეს არა სახელმწიფომ, არამედ კომპანიებმა და ფირმებმა. სახელმწიფოს ვალია, შეუქმნას ამ ორგანიზაციებს მოქმედების საუკეთესო პირობები. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ანტიმონოპოლიური კანონების შემოღება და მათი ცხოვრებაში გატარება. ცნობილია, რომ ანტიმონოპოლიური კანონი უზრუნველყოფს ფირმებსა და კომპანიებს შორის კონკურენციას, რაც აუცილებელი პირობაა იმისა, რომ ფასები საგნებზე სტაბილური და შეზღუდული იყოს და, გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იყოს საგნების ხარისხობრივი მაჩვენებლებიც.
§ 1-6 ბიუროკრატიული საქმიანობა
ვებსტერნის ცნობარის თანახმად ბიუროკრატია არის ადმინისტრაციული მართვა შაბლონური და მოუქნელი მეთოდებით.
ჩვეულებრივად ბიუროკრატიული საქმიანობა ასოცირდება ისეთ საქმიანობასთან, რომელიც ოპერატიული მოქმედებისათვის ფაქტობრივად ხელის შემშლელია. ბიუროკრატიულმა საქმიანობამ განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, კერძოდ, საბჭოთა კავშირში. ბიუროკრატიული სისტემა თითქოს ხელს უწყობს სახელმწიფოში წესრიგს, ვინაიდან თითოეული მოხელე მოქმედებს მკაცრად შეზღუდულ ჩარჩოებში, რომლებიც განსაზღვრულია უამრავი ინსტრუქციებით, განკარგულებებითა და კანონებით. ამგვარი საქმიანობა იქითკენ არის მიმართული, რომ სახელმწიფოში იყოს წესრიგი და ადგილი არ ქონდეს დარღვევებს და არა მარტო დარღვევებს, არამედ მცირე გადახვევებსაც კი. სამწუხაროდ, ნებისმიერი კოდექსი თუ ინსტრუქცია ვერ მოიცავს ყველა შესაძლებელ შემთხვევას. ამ ინსტრუქციების მექანიკური შესრულება და ამა თუ იმ ოპერაციის გახორციელება ხშირ შემთხვევაში არის მიზეზი სხვადასხვა საქმიანობის გაუარესების. არსებული ინსტრუქციების და განკარგულებების მექანიკურად შესრულებას საფუძვლად უდევს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სურვილი. ეს არის მიზეზი ცნობილი გამოთქმისა “მომიტანეთ ცნობა, რომ თქვენ გინდათ ცნობა”. ბიუროკრატიული საქმიანობა საშიში ფაქტორია და შეიძლება მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩაშლის მიზეზი გახდეს. სამწუხაროდ, არ არის ადვილი ბიუროკრატიზმთან ბრძოლა, ვინაიდან თითქმის შეუძლებელია გატარდეს ზუსტი ზღვარი თავისუფალი მოქმედების სიდიდის ოპტიმალურ მნიშვნელობასა, როდესაც ამა თუ იმ პირმა თავისთავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, და ამ პირის მოქმედების შეზღუდვის სიდიდეს შორის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, არსებულ ინსტრუქციებში, დებულებებში, ბრძანებებში და ხშირად კანონებშიც არ არის იშვიათი ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებების არსებობა. არც თუ იშვიათად გადაწყვეტილების მიღება ხდება არა იმისდა მიხედვით, თუ რა არის აკრძალული, არამედ იმის მიხედვით, თუ რა არის დასაშვები. სხვანაირად რომ ვთქვათ, არ შეიძლება მივდიოთ დებულებას “აკრძალულია ყველაფერი, რაც არ არის დასაშვები”, იმის მაგივრად ჯობს ვისარგებლოთ უფრო მისაღებით – “დასაშვებია ყველაფერი ის, რაც არ არის აკრძალული”. ბიუროკრატიზმის აღმოსაფხვრელად საჭიროა მინიმუმამდე დავიყვანოთ შეზღუდვები და საშუალება მივცეთ დაბალ და საერთოდ ქვედა საფეხურებზე მყოფ ხელმძღვანელებს ფართო უფლებები გამოიყენონ გადაწყვეტილების მიღების საქმეში. ამავე დროს, საჭიროა ხელმძღვანელთა თანამდებობები დაკომპლექტებული იყოს მაღალი კვალიფიკაციისა და მაღალი მორალის მქონე კადრებით. აგრეთვე, უნდა გაიზარდოს პასუხისმგებლობა, რათა ეს კადრები გრძნობდენ, რომ შედეგებისათვის ისინი აგებენ პასუხს. გარდა აღნიშნულისა, საჭიროა შემცირდეს საფეხურების რიცხვი მართვის იერარქიაში, უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც მეტია საფეხურების რიცხვი, მით მეტი დრო იხარჯება ინფორმაციის გადაცემაზე, ეს კი მნიშვნელოვნად აუარესებს მართვის პროცესს. მართვის დეცენტრალიზაცია ასევე ამცირებს ბიუროკრატიულ საქმიანობას. მართვის იერარქიის მაღალ საფეხურებში გადასაწყვეტად უნდა მიდიოდეს მარტო ის საკითხები, რომლებთა გადაწყვეტა ქვედა საფეხურებზე არ არის შესაძლებელი და არ უნდა დავუშვათ ისეთი საკითხების გადატანა ზემოთ გადასაწყვეტად, რომლებიც შეიძლება გადაწყდეს ქვემოთ. უნდა აღიკვეთოს ცნობილი და მეტად გავრცელებული მოქმედება, როდესაც თავის დაზღვევის მიზნით ესა თუ ის მოხელე თავს არიდებს გადაწყვეტილების მიღებას. კარგი, საქმიანი და გაბედული ხელმძღვანელის შემთხვევაში ბიუროკრატიული საქმიანობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ასეთი ხელმძღვანელი მალე ერკვევა სიტუაციაში და იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქმისთვის საუკეთესოა, თუმცა ხანდახან ასეთი გადაწყვეტილების გახორციელება რისკთან არის დაკავშირებული. სახელმწიფოს ხელმძღვანელი უნდა ცდილობდეს თავისი სამსახურები დააკომპლექტოს სწორედ ასეთი მოხელეებით. ამაზეა დამოკიდებული გარკვეული მნიშვნელობით სახელმწიფოს აპარატების კარგი მუშაობა. ისიც უნდა ახსოვდეს სახელმწიფოს მეთაურს, რომ ბიუროკრატიული საქმიანობა, იერარქიის რომელ უბანზედაც არ უნდა იყოს ჩატარებული, ხელს უშლის მართვის პროცესის გახორციელებას. კარგადაა ცნობილი, რომ ბიუროკრატიული საქმიანობა მკვეთრად აუარესებს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოღვაწეობას. ასე მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ფართოდ იყო განვითარებული ე.წ. “ვიზების” სისტემა, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მაღალ საფეხურზე მყოფი ხელმძღვანელი არ მოაწერდა ხელს ბრძანებას, თუ არ არსებობდა იერარქიის ქვემო საფეხურზე მყოფი ხელმძღვანელების ხელისმოწერა იმის თაობაზე, რომ ისინი თანახმანი არიან ბრძანებაში მოყვანილი პუნქტების ის ნაწილები, რომლებიც მათ ეხებოდათ, შესრულბული იქნებოდა. ძნელი არაა იმ დასკვნამდე მისვლა, რომ ასეთი პროცედურა ხელს უშლის ოპერატიულ საქმიანობას, არადა საბჭოთა სისტემაში მთავარი იყო თავის სკამის შენარჩუნება და რისკზე წასვლა არავის არ უნდოდა. ამიტომ, ხშირად ადგილი ჰქონდა გაჭიანურების ტაქტიკას და საქმეს შველოდა მარტო შიში, თუმცა შიში არ არის საუკეთესო საშუალება საქმის შესრულების დროს.
ბიუროკრატიულ სახელმწიფოში არ ექნება წახალისება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა პირადი ინიციატივა. აქედან გამომდინარე, ვერც სიახლეებს უნდა მოველოდეთ. მაშასადამე, ბიუროკრატიული სახელმწიფო, უფრო სწორად, სახელმწიფო, სადაც ბიუროკრატიული საქმიანობა დიდად არის განვითარებული, ვერ იქნება პროგრესის მატარებელი. ისეთი მოწინავე ქვეყნის, როგორიცაა შეერთებული შტატები, უაღრესად დიდი განვითარება, როგორც მრეწველობაში ისე ეკონომიკაში, მეცნიერებაში და სოფლის მეურნეობაში, შეუძლებელი იქნებოდა კერძო ინიციატივისა და სიახლეების ფართოდ გამოყენების გარეშე. ბიუროკრატიული საქმიანობა არ შეიძლება და არც არის საჭირო დაყვანილ იქნეს ნულამდე, მაგრამ ის უნდა იყოს შეზღუდული მაქსიმალურად.
§ 1-7 სახელმწიფოს სტაბილურობა, მდგრადობა და მართვის დინამიკა
მართვის კლასიკური თეორიის თანახმად მდგრადობა ნიშნავს მართვის ისეთ პროცესს, როდესაც მართვის სისტემაზე მცირე შეშფოთების ან მართვის კანონის მცირე ცვლილების დროს სამართი ანუ გამოსავალი სიდიდე არ იზრდება უსასრულოდ. სახელმწიფოს ან ადმინისტრაციული სისტემების მართვის შემთხვევაში ასეთი განმარტება მოითხოვს კორექტირებას. ფაქტობრივად, ტექნიკური სისტემების მართვის შემთხვევაშიც მდგრადობის ზემომოყვანილი განმარტება არ გამოდგება, ვინაიდან სინამდვილეში ნებისმიერი სისტემა არაწრფივია და რაიმე სიდიდის, მათ შორის გამოსავალი სიდიდის უსასრულობამდე გაზრდა პრაქტიკულად, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა, გამორიცხულია. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ხდება მობრუნების კუთხის მართვა. ფაქტობრივად, ტექნიკურ სისტემებში არამდგრადი პროცესი აღწევს გაჯერების ზონას და არა უსასრულობას. ადმინისტრაციული მართვის სისტემის შემთხვევებშიც არამდგრად პროცესად უნდა ჩაითვალოს ისეთი პროცესი, როდესაც სამართი ანუ გამოსავალი სიდიდე მიაღწევს ზღვრულ მდგომარეობას. ასე მაგალითად, თუ სახელმწიფოში ხორციელდება ისეთი სიდიდის მართვა, როგორიცაა ინფლაცია, არამდგრადი პროცესი იქნება მაშინ, როდესაც ფულის ნიშნების ღირებულება დაეცემა ნულამდე. თუ მართვა ხდება ისეთი სიდიდის, როგორიცაა კრიმინალისტიკა, არამდგრადობა ნიშნავს კრიმინალური შემთხვევების დაუშვებელ დონემდე გაზრდას. თუ სახელმწიფო არეგულირებს უმუშევრობის დონეს, არამდგრადობა ნიშნავს უმუშევრობის დონის 60%-მდე გაზრდას. თუ რეგულირება ხდება სახელმწიფოს შემოსავლის, მაშინ პროცესი იქნება არამდგრადი იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური შემოსავალი სახელმწიფოს საბიუჯეტო ხარჯებიზე ნაკლები გახდება.
მართვის პროცესი შეიძლება იყოს რხევითი. რხევითი პროცესი ხასიათდება რხევის სიხშირით და რხევის ამპლიტუდით. ტექნიკური სისტემებისაგან განსხვავებით ადმინისტრაციული ან სახელმწიფოს მართვის შემთხვევაში, როგორც წესი, გამორიცხულია, რომ რხევის სიხშირე იყოს მაღალი. ამის მიზეზია ასეთი სისტემების დიდი ინერციულობა. ცნობილმა რუსმა ეკონომისტმა პროფესორმა კონდრატიევმა მეოცე საუკუნის ოციან წლებში გამოთქვა მოსაზრება, რომლის თანახმად კაპიტალისტური სისტემის ეკონომიკა განიცდის მდგრად რხევებს, რომლის პერიოდია 50 წელი. თანახმად ამ თეორიისა სამოცდაათიანი წლების ბოლოს შეერთებული შტატების ზოგიერთმა ეკონომისტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ, ვინაიდან უკანასკნელი სერიოზული ეკონომიკური კრიზისი შეერთებულ შტატებში 30-იან წლებში მოხდა, ეკონომიკური კრიზისის შემდეგი ტალღა, კონდრატიევის თეორიის თანახმად, 1980 წელს უნდა მომხდარიყო. ამ წიგნის ავტორმა მაშინ შეერთებულ შტატებში გაგზავნა სტატია, სადაც თეორიულად იყო დასაბუთებული, რომ პროფესორი კონდრატიევის პოზიცია მცდარი იყო. შემდგომში გამოირკვა, რომ პროფესორ კონდრატიევის თეორია მართლაც არ იყო სწორი. სულ ცოტა ხანში პრეზიდენტმა კლინტონმა ამერიკის ეკონომიკა აიყვანა არნახულ სიმაღლეზე. სახელმწიფოში სამართი სიდიდე შეიძლება იყოს სხვადასხვა. აღნიშნული სამართი სიდიდე შეიძლება იცვლებოდეს დროის განმავლობაში და შეიძლება უცვლელიც იყოს. სამართი სიდიდის შეცვლის მიზეზი სხვადასხვაა: 1) მართვის კანონის, რაც იგივეა, რაც შესავალი სიდიდე, ცვლილებით, 2) გარემოს ცვლილებით, 3) მართვის სისტემის რაიმე პარამეტრის ცვლილებით. გარემოში იგულისხმება ჩვენგან დამოუკიდებელი მოვლენა, რომელსაც, როგორც წესი, შემთხვევითი ხასიათი აქვს. მაშინ, როდესაც სამართი სიდიდე სასურველ დონეზეა, ფაქტობრივად მართვა არ ხდება და საქმე გვაქვს დამყარებულ რეჟიმთან, რომელიც წონასწორობის მდგომარეობას შეესაბამება. საკმარისია სამართი ანუ გამოსავალი სიდიდე გადაიხაროს სასურველი მდგომარეობიდან, რაც შეიძლება მოხდეს გარემოს ან მართვის პარამეტრების შეცვლის შედეგად, მივიღებთ ე. წ. გარდამავალ რეჟიმს და ამ შემთხვევაში შესავალი სიდიდის ან მართვის კანონის შეცვლის ხარჯზე უნდა აღსდგეს წონასწორობა და სამართი სიდიდე უნდა დაუბრუნდეს თავის პირველყოფილ მდგომარეობას. ამაში მდგომარეობს მართვის შინაარსი. თუ სისტემა არ არის მდგრადი, მართვის კანონის ნებისმიერი ცვლილებით გამოსავალი სიდიდის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს მართვის სისტემის პარამეტრები. თუ სახელმწიფოში კრიმინალური მდგომარეობა განუწყვეტლივ უარესდება და სახელმწიფო ვერავითარი ღონისძიებებით ვერ ახერხებს კრიმინალური მდგომარეობის შეჩერებას, ასეთი სახელმწიფოს მართვა, კრიმინალური მდგომარეობის მართვის კონტურით, არასტაბილურია. მართვის სხვა კონტურები ამ დროს, მაგალითად, ფინანსური მდგომარეობის მართვა, შეიძლება სტაბილურიც იყოს. ტექნიკური სისტემების მართვის თეორიის თანახმად, თუ პროცესს რხევითი ხასიათი აქვს, რომლის სიხშირის მილევა ან გაზრდა არ ხდება, ანუ როდესაც საქმე გვაქვს ე. წ. ავტორხევებთან, სისტემა არც მდგრადია და არც არამდგრადი, იგი მდგრადობის ზღვარზეა. ადმინისტრაციული ან სახელმწიფოს მართვის შემთხვევაში ასეთი განმარტება არ გამოდგება და უნდა ჩაითვალოს, რომ სისტემებში ავტორხევების პროცესი არამდგრად პროცესთა კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს. განვიხილოთ ადმინისტრაციული ან სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთი მაგალითი. ვთქვათ, საქმე გვაქვს სხვადასხვა საქონლით მომარაგების პრობლემასთან. დავუშვათ, ამ საქონლის შემოტანა ხდება საზღვარგარეთიდან. დავუშვათ, საქმე გვაქვს ამ საქონლის დეფიციტთან და მოთხოვნა მათზე უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება. იმისათვის, რომ დაკმაყოფილებული იყოს მოსახლეობის მოთხოვნა, ცხადია, საჭიროა გაიზარდოს აღნიშნული საქონლის შემოტანა. ეს შეიძლება გახორციელდეს განსაზღვრული ოპერაციების ჩატარების ხარჯზე: საქონლის შეძენა, ტრანსპორტირება, საქონლის განაწილება რეალიზაციის პუნქტების მიხედვით, მათი შენახვა საწყობებში და ა. შ. ამ ოპერაციების შესრულებაზე იხარჯება გარკვეული დრო. ვინაიდან ამა თუ იმ საქონელზე მოთხოვნა ზუსტად ვერ განისაზღვრება, ამიტომ ძნელია ზუსტად დადგინდეს თუ რა რაოდენობის საქონელი უნდა იქნეს შეძენილი საზღვარგარეთ. ამოცანას ართულებს ისიც, რომ მოთხოვნის სიდიდე არ არის მუდმივი და იცვლება დროის მიხედვით. ამის გამო, ხშირად, პირველ ხანებში საქონელს უკვეთავენ უფრო მეტს, ვიდრე საჭიროა. შემდეგში, როდესაც იწყება ამ საქონლის რეალიზაცია, ცხადია, საქონლის მარაგი თანდათან მცირდება. თუ არ გვინდა, რომ ეს მარაგი არ დამთავრდეს, ისევ უნდა შემოვიტანოთ საქონელი. ამგვარად, საქმე გვაქვს რხევებთან. თუ გვინდა სისტემამ ნორმალურად იმუშაოს, თავის დროზე უნდა განვახორციელოთ საქონლის შემოტანა, ამისათვის კი საჭიროა დროზე დაიწყოს საქონლის შემოტანა და თანაც გარკვეული რაოდენობით. თუ შემოტანის მომენტი სწორედ ვერ შეირჩა, ანდა შემოსატანი მასალის რაოდენობა კარგად არ იქნა განსაზღვრული, ადგილი ექნება ან დიდ შესვენებებს შემოტანაში, რამაც შეიძლება დეფიციტი გამოიწვიოს, ანდა საწყობების გადატვირთვას. როგორც ერთი ისე მეორე შემთხვევა შეესაბამება ცუდ მართვას ან ცუდ დინამიკას, მაგრამ არა არამდგრად მუშაობას. თუ შეუძლებელია შეირჩეს საქონლის შემოტანის მომენტი ან რაოდენობა, მაშინ მართვის სისტემა იქნება არამდგრადი.
მართვის და მათ შორის სახელმწიფოს მართვის სისტემაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემის ინერციულობას. მარტივი განმარტებით სისტემის ინერციულობა იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად სწრაფად ხდება სისტემაზე მიყენებულ ზემოქმედებაზე რეაგირება. ეს ზემოქმედება შეიძლება იყოს მართვის კანონის, გარემოს ანდა სისტემის პარამეტრების შეცვლა. მართვის სისტემის დინამიკა დიდად არის დამოკიდებული სისტემის ინერციულობაზე. უნდა ითქვას, რომ მართვის სისტემა შეიძლება იყოს მდგრადი, მაგრამ მისი დინამიკური მახასიათებლები იყოს უვარგისი. თუ სისტემა ცუდად რეაგირებს მართვის კანონზე, დიდხანს უნდება საჭირო მდგომარეობაში მოსვლას, მაშინ მართვის სისტემა, თუნდაც ის იყოს მდგრადი, უვარგისია და უნდა დადგეს მისი დინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესების საკითხი. ვისაც ეს საკითხი უფრო ღრმად აინტერესებს, უნდა გაეცნოს დანართ 5-ს.
უნდა აღინიშნოს, რომ მართვის გახორციელება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა იმ შესაძლებელი მართვის კანონებიდან არცერთი არ არის ისეთი, რომლის გამოყენებაც შესაძლებლობას გვაძლევს გადავიყვანოთ სისტემა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის არის ამჟამად, ჩვენთვის სასურველ მდგომარეობაში. აქ ხაზი უნდა გაესვას სიტყვას “შესაძლებელი”, ვინაიდან მან, ვინც მართვას ახორციელებს, შეიძლება ვერ მონახოს შესაბამისი მართვის კანონი, მაგრამ ასეთი კანონი არსებობდეს. ასე მაგალითად, შეერთებული შტატების ეკონომიკის დეპრესიის წლებში, რომელსაც მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში ჰქონდა ადგილი, მაშინდელმა პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა ვერ მოახერხა ქვეყნის გამოყვანა ეკონომიკური კრიზისიდან. გამოირკვა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობდა და შემდეგმა პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა მიაგნო შესაბამის კანონს და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანა. აქედან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ შეერთებული შტატები იმ პერიოდში მართვადი ქვეყანა იყო, რაკი ბოლოს და ბოლოს მოინახა მართვის ის კანონი, რომელმაც ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა მისცა. რუზველტის მიერ გახორციელებული ე.წ. “ახალი კურსი” გულისხმობდა კონტროლის გაძლიერებას ბიზნესზე, გადასახადების საშუალებით აკრეფილი თანხების გამოყენებას მოგებების გადანაწილებებისათვის და სხვ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს და, მაშასადამე, ვერც მოიძებნება მართვის კანონი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს სასურველი მართვა, მაშინ ასეთი სახელმწიფო არ არის მართვადი. თუ სახელმწიფო არ არის მართვადი, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ასეთი სახელმწიფოს მართვა, უნდა შეიცვალოს ამ სახელმწიფოს მართვის სტრუქტურა.
II თავი. სახელმწიფო და მისი სახეობანი
§ 2-1 დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი
ტერმინი “დამოუკიდებლობა” გულისხმობს სახელმწიფოს შესაძლებლობებს: დამოუკიდებლობა არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად თავისუფალია ეს თუ ის სახელმწიფო სხვა სახელმწიფოსაგან და მისი ავტორიტეტისაგან. დამოუკიდებლობა არ არის აბსოლუტური ცნება და არც არსებობს სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდეს მოქმედების მთლიანი და განუსაზღვრელი უფლება. თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო არის ინტერნაციონალური გაერთიანების წევრი, ნიშნავს, რომ ის უნდა ემორჩილებოდეს საერთაშორისო კანონებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ზღუდავენ ამ სახელმწიფოს მოქმედებას და თავისუფლებას.
კაცობრიობის განვითარების მთელ მანძილზე ხალხთა გაერთიანებებს, დაწყებული ცალკეული ბელადებიდან, რომლებსაც არ გააჩნდათ მართვის რაიმე აპარატი, დამთავრებული მთავრობებით და მით უმეტეს პარლამენტით, ჰქონდათ მართვის სხვადსხვა ფორმები. სხვადასხვა ტომების ან ჯგუფების ბელადები ხელისუფლების სათავეში მოდიოდნენ ან არჩევნების შედეგად ან მემკვიდრეობით ანდა ძალის გამოყენებით. არისტოტელემ პირველმა მოახდინა სახელმწიფოს კლასიფიკაცია და ნორმირება. სახელმწიფო მან დაყო სამ კატეგორიად: მონარქია, არისტოკრატია და დემოკრატია. ცნობილია, რომ თავდაპირველი სახელმწიფოების მართვის სისტემები, ისევე როგორც დღეს, მოქმედებდნენ დადგენილი იურიდიული კანონების თანახმად და მათ ახასიათებდათ გარკვეული ორგანიზაცია. ბაბილონის მეფე ჰამურაბის კოდექსი, რომელიც შედგენილი იყო ქრისტეს დაბადებამდე 2000 წლის წინათ, საკმაოდ სრულყოფილი იყო. ეს კოდექსი არეგულირებდა ოჯახთა დამოკიდებულებებს, ქონებას, კომერციას, ვაჭრობას, ასევე ინდივიდუუმების უფლებებს და მოვალეობებს. დროთა განმავლობაში, გარდა არისტოტელეს მიერ მოცემული სახეობისა, ჩამოყალიბდა სახელმწიფოს სხვა სახეებიც: იმპერია, აბსოლუტური მონარქია, კონსტიტუციური მონარქია, რესპუბლიკა, დემოკრატიული წყობა, დიქტატურა. სახელმწიფო გულისხმობს სამი ცნების ერთობლიობას. ესენია: ტერიტორია, მოსახლეობა და მთავრობა. მთავრობამ უნდა განახორციელოს იმ მოსახლეობის კონტროლი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მთავრობა არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს გავლენის ქვეშ. მოსახლეობის არაერთგვაროვნება ტერიტორიაზე, რომელზედაც ვრცელდება მთავრობის იურისდიქცია, აძნელებს მუდმივი და ეფექტური კონტროლის შესაძლებლობას მთავრობის მხრიდან. პოლიტიკური ტერმინოლოგია ამ ოთხი-ხუთი საუკუნის წინათ არ იყენებდა გამოთქმას “სახელმწიფო”. ეს ტერმინი პირველად გაჩნდა მეთექვსმეტე საუკუნეში მაკიაველის შრომებში. ისეთი გამოთქმები კი, როგორიცაა: სამეფო, რესპუბლიკა, არისტოკრატია, დემოკრატია გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველი დროიდან. სახელმწიფოში კანონის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენდა მეფე, მაგრამ თავდაპირველად მეფის სტატუსი არ იყო ძალიან განსხვავებული ბარონის ან ადგილობრივი მთავრის სტატუსისაგან. დროთა განმავლობაში მეფეთა ძალაუფლება თანდათან გაძლიერდა. მე-17 საუკუნეში მეფე ლუი XIV-მ წარმოთქვა ცნობილი ფრაზა “სახელმწიფო ეს მე ვარ”. ეს ფრაზა მეტად დამახასიათებელია იმდროინდელი და შემდგომი მონარქებისათვის. მეფეთა მიერ სახელმწიფოს იმიჯის გაიგივება არ იყო იშვიათი. მეფეთა გადაჭარბებულ პრეტენზიებს და მათ პრივილეგიებს შედეგად მოჰყვა აბსოლუტური მონარქიის ჩამოყალიბება. ამჟამად არ არის ადვილი არისტოტელეს მიხედვით კლასიფიკაციის ჩატარება. მართლაც, მონარქია ერთი სახის კი არ არის, არამედ სხვადასხვა და ამასთანავე სრულიად განსხვავებული. ასე მაგალითად მონარქია შვეციაში და სიამში ერთიდაიგივე არაა. სხვადასხვაგვარი არიან რესპუბლიკებიც, არიან რესპუბლიკები ფედერაციული, უნიტარული, კონფედერაციული, პრეზიდენტური, პარლამენტური.
არიან აუტოკრატიული პარლამენტური წყობით. არიან სახელმწიფოები, რომლებიც თავიანთ თავს ეძახიან რესპუბლიკას, მაგრამ იქ სამხედრო დიქტატურასთან გვაქვს საქმე. არსებობენ კომუნისტური სახელმწიფოები, როგორიცაა ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ვიეტნამი, რომლებიც თავიანთ თავს დემოკრატიულ რესპუბლიკას უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. არიან სახელმწიფოები სადაც მარტო ერთი პარტია მოღვაწეობს. მთელი რიგი სახელმწიფოები არსებობენ მარტო ფორმალურად, ქაღალდზე არიან დემოკრატიული, სინამდვილეში კი იქ გამეფებულია დიქტატორული წყობა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უმრავლესი სახელმწიფოები იყვნენ აბსოლუტურ-მონარქიული. გამონაკლისს წარმოადგენდნენ შვეიცარია და შეერთებული შტატები. ამის შემდეგ ბევრმა სახელმწიფომ მიიღო და აღიარა დემოკრატიული წყობა. მართალია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რიგი სახელმწიფოებისა გახდნენ დიქტატორული რეჟიმის მქონე, მაგრამ შემდგომში ამ ქვეყნებშიც დემოკრატიამ შეცვალა დიქტატურა.
თავდაპირველად ტომების ან ჯგუფების ჩამოყალიბება და ბელადების და ხელმძღვანელების ინსტიტუტის შექმნა, არ იყო შემთხვევითი. ერთიანი ძალით ადამიანებს უფრო იოლად შეეძლოთ შეენარჩუნებინათ თავისი არსებობა. ამ ტომების ჩამოყალიბებამ გაუადვილა ადამიანებს ბრძოლა. მეორე მხრივ, ამგვარი კოლექტივების შექმნა პრინციპში ეწინააღმდეგება ადამიანის ყოველმხრივ და სრულმასშტაბიან თავისუფლებას. აქედან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ სახელმწიფო, რომელიც თემური წყობილების განვითარების შემდგომ საფეხურს წარმოადგენს, და პიროვნების თავისუფლება საწინააღმდეგო ცნებებია, ვინაიდან სახელმწიფო არის ძალდატანების ორგანო. თუმცა პლატონი, არისტოტელე და ციცერონი სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ადამიანის ისეთ თვისებას, როგორიცაა გულღიაობა. ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანს არ შეუძლია მარტოობის ატანა და ის მოწოდებულია იცხოვროს სხვა ადამიანებთან ერთად. მეორე მხრივ, ფეოდალური სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა საშუალო საუკუნეებში, აგებული იყო თემურ წყობაზე. არის სხვა მოსაზრებებიც, რომელთა თანახმად ადამიანს სულაც არ ახასიათებს გულღიაობა და სურვილი იცხოვროს და იმოღვაწეოს კოლექტივში სხვა ადამიანებთან ერთად. თუ ეს უკანასკნელი მოსაზრება არის სწორი, მაშინ კოლექტივების, ტომების და ჯგუფების და ბოლოს სახელმწიფოს ჩამოყალიბება გამოწვეულია იმ საფრთხეთა სიმრავლით, რომელიც ცალკეულ ადამიანებს ხვდებოდა და რომელთა გადალახვა უფრო ადვილი იყო, თუ ადამიანები გაერთიანდებოდნენ. ეს გაერთიანება ხორციელდებოდა შეთანხმებების საშუალებით, ამიტომაც ამ მიმართულებას შეთანხმებათა მიმართულება ეწოდება. აღნიშნული იდეა პრიველად მე-19 საუკუნეში ჩამოაყალიბა ცნობილმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჰობსმა. ჰობსი თვლიდა, რომ გამოსავალი რეალურად არსებული ბრძოლისაგან ყველა ყველას მიმართ მოინახა შეთანხმებების შექმნის შედეგად. ამ შეთანხმებების თანახმად ადამიანი უარს ამბობს ზოგიერთ თავის უფლებაზე და თანახმაა ეს უფლება გადასცეს ერთ რომელიმე პიროვნებას, რომელსაც ენიჭება უმაღლესი ხელისუფლება.
ცნობილი ფრანგი მოაზროვნის ჟან ჟაკ რუსოს აზრით ადამიანები ცდილობენ მონახონ გაერთიანების ის ფორმები, რომლებიც დაიცავდა და უზრუნველყოფდა პიროვნებას და, ასევე, საზოგადოების ყველა წევრს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორია სახელმწიფოს შექმნის შესახებ, ე.წ. შეთანხმების თეორია, გულისხმობს დამოკიდებულებას მმართველსა და მართულს შორის. ეს თეორია, ასევე, ითვალისწინებს მთელი რიგი ქონებრივი და პირადი უფლებების აღიარებას, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს, თუ ის მმართველი იქნება. რაც შეეხება მიზნებს, არისტოტელე თვლიდა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საშუალო დონის საკმაოდ უზრუნველყოფილი ცხოვრება. მისი აზრით სახელმწიფომ უნდა აღზარდოს კეთილი ადამიანი. ვილჰელმ ჰუმბოლტი კი თვლიდა, რომ სახელმწიფოს საქმიანობა მიმართული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და თავისუფლების შენარჩუნებისაკენ. სახელმწიფოს არსებობის ასეთი პრინციპი მიმართულია პოლიციური სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგ, სახელმწიფოსი, სადაც ადგილი აქვს პიროვნების უფლებების შელახვას. ჰუმბოლტის მოსაზრებებს ბევრი მიიჩნევს როგორც უტოპიურს, ვინაიდან სხვადასხვა მოსაზრებების გამო ყოველთვის ვერ ხერხდება პიროვნების უფლებების დაცვა. სახელმწიფო თავის მოღვაწეობისათვის საჭიროებს იმ ქვედანაყოფების არსებობას, რომლებმაც სისრულეში უნდა მოიყვანონ სახელმწიფოს ნება და გადაწყვეტილებები.
ამჟამად არსებული საერთაშორისო კანონების საფუძველზე სახელმწიფოს არსი არ შეიძლება განსაზღვრული იყოს ზუსტად. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ზოგიერთ არსებით მხარეზე. ზემოთ ნახსენები მონტევიდეოს კონვენციის (1933 წ.) თანახმად სახელმწიფო, როგორც სართაშორისო კანონიერების სუბიექტი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: უცვლელი მოსახლეობა, განსაზღვრული ტერიტორია, მთავრობის არსებობა, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში შესვლის შესაძლებლობა. შეუძლებელია არსებობდეს სახელმწიფო მოსახლეობის გარეშე. ხალხი, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ სახელმწიფოს, არის ნაცია, ტერმინები “ნაცია” და “სახელმწიფო” აღწერენ საერთაშორისო საზოგადოებას, მაგრამ ეს ტერმინები არ არიან სინონიმები. ნაცია არის იმ ხალხის შემადგენელი ნაწილი, რომლებიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა ფაქტორების საფუძველზე. ეს ფაქტორებია: ეთნიკური წარმოშობა, ისტორიული გაერთიანება, კულტურა, ენა, რელიგია, ზნე-ჩვეულებები. როგორც წესი, ნაციები სწორედ ამგვარად არიან გაერთიანებულები, თუმცა არის შემთხვევები, მაგალითად, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, სირია, როდესაც ხალხს სხვადასხვა რელიგია აქვთ, მაგრამ ისინი ერთ ნაციას წარმოადგენენ. ისეთ შემთხვევებსაც აქვს ადგილი, როდესაც ერთი და იგივე ნაციის წარმომადგენლები ლაპარაკობენ სხვადასხვა ენებზე. მაგალითად შვეიცარია, კანადა, ინდოეთი. არც ის შემთხვევებია იშვიათი, როდესაც ერთ სახელმწიფოში შემავალი ხალხები სხვადასხვა ეთნიკური შემადგენლობისაა, მაგალითად, იგივე შეერთებული შტატები, ბრაზილია, აფრიკის სახელმწიფოები, ავღანეთი. ნაციების შემაკავშირებელია სოციალური და კულტურული ფენომენები, თუ ნაციები ძალით არ არიან შეკავშირებული, როგორც ეს ყოფილ საბჭოთა კავშირში, ავსტრო-უნგრეთში და ბრიტანეთის იმპერიაში იყო. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გარკვეული ტერიტორია, სადაც ცხოვრობს მისი მოსახლეობა და სადაც მოქმედებს ამ სახელმწიფოს იურისდიქცია. ხალხები, რომლებიც გაბნეული არიან ტერიტორიულად, ვერ შეადგენენ სახელმწიფოს. სახელმწიფოსათვის ასევე დამახასიათებელია ორგანიზებული მთავრობის არსებობა. ამბოხებები და რევოლუცური ცვლილებები ყოველთვის არ მოქმედებენ სახელმწიფოს არსებობა-არარსებობაზე, მთავრობა შეიძლება იყოს განდევნილი, მაგრამ სახელმწიფო მაინც არსებობდეს. ზოგი ამერიკელი და ევროპელი მეცნიერი თვლის, რომ კოლონიები და რაიმე დასახლებები ან ცალკეული ქალაქები არ შეიძლება იყვნენ სახელმწიფოები. ლაპარაკია იმაზე, რომ კოლონია, სანამ ის კოლონიაა, არ შეიძლება იყოს სახელმწიფო, მაგრამ თუ კოლონია განთავისუფლდა, ეს უკვე სხვა საქმეა და ამ რეგიონს თავისუფლად შეუძლია პრეტენზია განაცხადოს სახელმწიფოს სტატუსზე. სამწუხაროდ არ არსებობს ზუსტი განსაზღვრა, თუ ვინ შეიძლება გახდეს სახელმწიფო და ვინ არა. აქ უნდა ვიხელმძღვანელოთ მონტევიდეოს კონვენციის განმარტებებით. ავსტრალია, კანადა და თვით შეერთებული შტატები კოლონიები იყვნენ, მაგრამ ყველასათვის ცხადია, რომ ეს რეგიონები სრულიად სამართლიანად გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები. სულ სხვა მდგომარეობაა აფრიკაში. დღევანდელ დღეს ვინმემ რომ სხვანაირად დაყოს აფრიკა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება სხვაგვარად შედგენილი სახელმწიფოები, არავითარი ულოგიკობა ამაში არ იქნება, თავიდან რომ ასე მომხდარიყო, ახლა გვექნებიოდა სხვა სახელმწიფოების ერთობლიობა. იგივე შეიძლება ითქვას მთელ რიგ არაბულ სახელმწიფოებზე. ხომ იყო იდეა ეგვიპტის, იორდანიის და ერაყის გაერთანების? ერაყის მიერ კუვეიტის დაპყრობას იმპერიალისტური მოსაზრებები ედო საფუძვლად, მაგრამ მაგალითად, იგივე კუვეიტი და საუდის არაბეთი ნებაყოფილობით რომ გაერთიანდნენ, რა ლოგიკით უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ვინმემ? ამ სახელმწიფოებში და, აგრეთვე, მათ მეზობლებშიც ხომ ერთიდაიგივე ხალხი – არაბები ცხოვრობენ? პრინციპში შეიძლება ყველა არაბული სახელმწიფოების გაერთიანება და ერთი დიდი სახელმწიფოს შექმნა. სხვა საქმეა, რომ ამას არავინ დაუშვებს, ვინაიდან შეიქმნება ძალზე ძლიერი სახელმწიფო, რომელიც დიდი აგრესიულობისა და ამბიციების მქონე იქნება. ასეთი სახელმწიფოს შექმნას ხელს შეუშლიან პირველ რიგში თვითონ არაბი ლიდერები. არასდროს მაროკოს მეფე არ დათანხმდება, რომ მისი სახელმწიფო შევიდეს, ვთქვათ, კადაფის გამგებლობაში, ხოლო ეს უკანასკნელი წინააღმდეგი იქნება, გახდეს მეორეხარისხოვანი პიროვნება და დაემორჩილოს სადამ ჰუსეინს ანდა ნუბარეკს. იგივე ითქმის სხვა ლიდერების მიმართაც. მიუხედავად მონტევიდეოს პრინციპებისა, ამჟამად არ არსებობს მკაფიო და ზუსტი კრიტერიუმები, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ განვსაზღვროთ თუ როგორი სახელმწიფოები შეძლება შეიქმნან და რომელი სახელმწიფოები უნდა დაიშალონ შემადგენელ სახელმწიფოებად. ძალზე ბევრია დამოკიდებული ცალკეულ ლიდერების ნებაზე და ძალაზე, რომლებიც ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან. ასე მაგალითად, ავღანეთი შეიძლება დარჩეს ერთ მთლიან სახელმწიფოდ ან შეიძლება დაიშალოს კიდეც შემადგენელ ნაწილებად, თუ რაბანიმ, დუსტუმმა, ხაკმედიერმა და თალიბებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება ან თუ ერთ-ერთმა მათთგანმა ძალით არ მოახდინა სხვების დამორჩილება. იმისათვის რომ ახლადშექმნილი სახელმწიფო საბოლოოდ გაფორმდეს, საჭიროა ეს სახელმწიფო იცნოს სხვა სახელმწიფოებმა.
სახელმწიფოს დანაწევრების შემთხვევაში აუცილებელია, ჯერ ერთი, ახლად შექმნილ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა უმრავლესობა იყოს ის ერი, ვისაც პრეტენზია აქვს ამ სახელმწიფოს შექმნაზე და მეორეც, ეს ერი არ უნდა იყოს ძალზე მცირერიცხოვანი. აქ არის გამონაკლისები: ანდორა, ლუქსემბურგი და სხვ. მაგრამ ეს გამონაკლისები ადასტურებენ ძირითადი მოთხოვნების სისწორეს. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის განსაზღვრაში დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ ცნებას, როგორიცაა სუვერენიტეტი. სუვერენიტეტის ქვეშ ვგულისხმობთ ფრანგი პოლიტიკოსის ჟან ბიდინის განმარტებას, რომელიც მან 1576 წელს ჩამოაყალიბა. მისი განმარტების თანახმად სუვერენიტეტი დამოკიდებულია სახელმწიფოს იმ უმაღლეს ძალაზე, ობიექტზე და მოქალაქეებზე, რომლებიც არ არიან შეზღუდულნი რაიმე კანონით. აქ ბიდინი გულისხმობს კანონიერ მოქმედებას, რომელიც აძლიერებს ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტს სახელმწიფოში. ეს ავტორიტეტი წინაღუდგება დეცენტრალიზაციას და დაშლას, რითაც ხასიათდებოდა ფეოდალური წყობა. სუვერენიტეტი გამიზნული იყო მონარქიული წყობის გაძლიერებისათვის. ამჟამად აბსოლუტური მონარქიული წყობა წარსულს ჩაბარდა, ხოლო სუვერენიტეტის ცნება არსებობს დღემდე. სუვერენიტეტი ნიშნავს მთავრობისა და სახელმწიფოს ძალაუფლების განმტკიცებას. სხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში სუვერენიტეტი ნიშნავს დამოუკიდებლობას. საერთოდ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას შორის არსებობს განსხვავება, მაგრამ ეს განსხვავება არც ისე იოლია მკაფიოდ გამოიკვეთოს. ცალკეულ პირს ამა თუ იმ სახელმწიფოში შეიძლება ჰქონდეს განუსაზღვრელი ძალაუფლება, მაგრამ სუვერენული შეიძლება არ იყოს. ასე მაგალითად, მეროვინგების ეპოქაში, ეს კი არის VIII საუკუნე ქრისტეს დაბადების შემდეგ, არსებობდა მაორდომის თანამეგობრობა. მაორდომებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალაუფლება ჰქონდათ და ფაქტობრივად მეფეებს უტოლდებოდნენ, არ ჰქონდათ სუვერენობა, ვინაიდან იურიდიულად მათ ზემოთ მაინც მეფე იყო. შუა საუკუნეების საქართველოში ცალკეული მთავრები, მაგალითად, ერისთავები, დადიანები, შერვაშიძეები სრულიად დამოუკიდებლები იყვნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ სუვერენობა, ვინაიდან აქაც იურიდიულად ისინი მეფეს ემორჩილებოდნენ.
სახელმწიფოს დანაწევრების შემთხვევაში აუცილებელია, ჯერ ერთი, ახლად შექმნილ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა უმრავლესობა იყოს ის ერი, ვისაც პრეტენზია აქვს ამ სახელმწიფოს შექმნაზე და მეორეც, ეს ერი არ უნდა იყოს ძალზე მცირერიცხოვანი. აქ არის გამონაკლისები: ანდორა, ლუქსემბურგი და სხვ. მაგრამ ეს გამონაკლისები ადასტურებენ ძირითადი მოთხოვნების სისწორეს. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის განსაზღვრაში დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ ცნებას, როგორიცაა სუვერენიტეტი. სუვერენიტეტის ქვეშ ვგულისხმობთ ფრანგი პოლიტიკოსის ჟან ბიდინის განმარტებას, რომელიც მან 1576 წელს ჩამოაყალიბა. მისი განმარტების თანახმად სუვერენიტეტი დამოკიდებულია სახელმწიფოს იმ უმაღლეს ძალაზე, ობიექტზე და მოქალაქეებზე, რომლებიც არ არიან შეზღუდულნი რაიმე კანონით. აქ ბიდინი გულისხმობს კანონიერ მოქმედებას, რომელიც აძლიერებს ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტს სახელმწიფოში. ეს ავტორიტეტი წინაღუდგება დეცენტრალიზაციას და დაშლას, რითაც ხასიათდებოდა ფეოდალური წყობა. სუვერენიტეტი გამიზნული იყო მონარქიული წყობის გაძლიერებისათვის. ამჟამად აბსოლუტური მონარქიული წყობა წარსულს ჩაბარდა, ხოლო სუვერენიტეტის ცნება არსებობს დღემდე. სუვერენიტეტი ნიშნავს მთავრობისა და სახელმწიფოს ძალაუფლების განმტკიცებას. სხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში სუვერენიტეტი ნიშნავს დამოუკიდებლობას. საერთოდ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას შორის არსებობს განსხვავება, მაგრამ ეს განსხვავება არც ისე იოლია მკაფიოდ გამოიკვეთოს. ცალკეულ პირს ამა თუ იმ სახელმწიფოში შეიძლება ჰქონდეს განუსაზღვრელი ძალაუფლება, მაგრამ სუვერენული შეიძლება არ იყოს. ასე მაგალითად, მეროვინგების ეპოქაში, ეს კი არის VIII საუკუნე ქრისტეს დაბადების შემდეგ, არსებობდა მაორდომის თანამეგობრობა. მაორდომებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალაუფლება ჰქონდათ და ფაქტობრივად მეფეებს უტოლდებოდნენ, არ ჰქონდათ სუვერენობა, ვინაიდან იურიდიულად მათ ზემოთ მაინც მეფე იყო. შუა საუკუნეების საქართველოში ცალკეული მთავრები, მაგალითად, ერისთავები, დადიანები, შერვაშიძეები სრულიად დამოუკიდებლები იყვნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ სუვერენობა, ვინაიდან აქაც იურიდიულად ისინი მეფეს ემორჩილებოდნენ.
განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდნენ ეჟოვი და ბერია, მაგრამ არც ისინი იყვნენ სუვერენული. ამერიკის პრეზიდენტი, განსხვავებით შეერთებული შტატებისა, არ არის სუვერენული, ვინაიდან მის ზემოთ არსებობს კონგრესი, უმაღლესი სასამართლო და კონსტიტუცია. სუვერენული იყო, ვთქვათ, რომის იმპერატორი კალიგულა, რომლის ზემოთ არავინ არ იყო. მას შეეძლო ეკეთებინა ის, რასაც მოისურვებდა, მაგალითად, ნებისმიერი პირი ცირკის ტრიბუნებიდან გადაეგდო მხეცების დასაფლეთად. სუვერენული იყო სტალინიც, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს, რაც მას უნდოდა, ვერ აკეთებდა, მაგალითად, ვერ შესძლო კომუნისტური რეჟიმი დაემყარებია ყველგან, მიუხედავად იმისა, რომ მის ზემოთ არავინ იყო. თანამედროვე მონარქები არ არიან სუვერენულები. ინგლისში სუვერენულად ითვლება მეფე-პარლამენტი. უპარლამენტოდ მეფე არ არის სუვერენული. გერმანიაში მე-18 საუკუნეში სუვერენულად ითვლებოდა არა იმპერატორი, არამედ მოკავშირე სახელმწიფოთა ერთობლიობა. ამგვარად სუვერენის ზემოთ არ უნდა იყოს არავითარი ძალაუფლება.
სახელმწიფო ყოველთვის არის გარკვეული შეზღუდვების ქვეშ. შეზღუდვები შეიძლება იყოს ორგვარი: შეზღუდვები გამოწვეული გარემოების მიერ და შეზღუდვები, რომელიც მოდებულია მართვის კანონზე. მაგალითად, იმ სახელმწიფოებს, რომელთაც არა აქვთ სრული დამოუკიდებლობა, მიეკუთვნებიან მეორე ტიპის სახელმწიფოებს. ასეთ სახელმწიფოებში ზოგიერთ ფუნქციებზე, მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობაზე ხშირად დაწესებულია კონტროლი. მსგავს გარემოებას ადგილი აქვს, ვთქვათ, ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში, როდესაც მას არა აქვს უფლება ატარებდეს საერთაშორისო პოლიტიკას ან თავდაცვის ღონისძიებებს. პირველი ტიპის შეზღუდვებს ადგილი აქვს, მაგალითად, მაშინ, როდესაც მას არ შეუძლია დაარღვიოს საერთაშორისო ბალანსი და არ ძალუძს დაიმორჩილოს სხვა რომელიმე ქვეყანა. ასეთ შემთხვევაში ვიტყვით, რომ სახელმწიფო სუვერენულია, მაგრამ გარეშე პირობების გამო არ შეუძლია გააკეთოს ყოველივე ის, რაც შეიძლება მას სურს რომ გააკეთოს. ავტონიმიის შემთხვევაში რესპუბლიკა არ არის სუვერენული, რადგან შეზღუდვები დაწესებულია მისი მართვის ფუნქციებზე. იურიდიული კანონების თანახმად, ასეთი არასუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებულია სხვა სახელმწიფოების მიერ. ამ ტიპის სახელმწიფო იქნებოდა საქართველო მე-18 საუკუნის ბოლოს, რუსეთს რომ შეესრულებინა მთლიანად გიორგიევსკის შეთანხმება. საქართველო არც გიორგიევსკის შეთანხმებამდე იყო სუვერენული, ვინაიდან ის იყო, ერთის მხრივ, სპარსეთის და მეორეს მხრივ, თურქეთის ვასალი. საერთოდ, საქართველო მონგოლების შემოსევის შემდეგ იყო განსაკუთრებული შეზღუდვების მქონე სახელმწიფო. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება შვეიცარია 1815 წლის ხელშეკრულების თანახმად. ამჟამად შვეიცარია სუვერენული სახელმწიფოა. ბელგია 1831 წლიდან 1919 წლამდე, ლუქსემბურგი 1867 წლიდან 1944 წლამდე. ავსტრია 1945 წლიდან ასევე არ იყვნენ სუვენერული სახელმწიფოები. ამ სახელმწიფოებს ჰქონდათ ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან, შეიძლებოდა ჰყოლოდათ შეიარაღებული ძალებიც, მაგრამ მათ არ ჰქონდათ უფლება შეერთებოდნენ რაიმე ალიანს. შეიარაღებული ძალები მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ მარტო თავის დასაცავად. ამავე კატეგორიის სახელმწიფოებს მიეკუთვნებოდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია და იაპონია. ყველა ეს სახელმწიფო იყო დამოუკიდებელი, მაგრამ არ იყო სუვერენული, ვინაიდან შეზღუდვები იყო დადებული მათ მოქმედებებზე. ყოფილ საბჭოთა კავშირის გამგებლობაში მყოფი ე.წ. დემოკრატიული რესპუბლიკები პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, რუმინეთი ვერ მიეკუთვნებოდნენ შეზღუდული ტიპის სახელმწიფოებსაც კი, ვინაიდან ისინი მხოლოდ ფორმალურად იყვნენ დამოუკიდებელი, ხოლო ფაქტიურად არ იყვნენ ასეთები.
დამოკიდებული სახელმწიფოების განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისეთი სახელმწიფოები, ვისი საერთაშორისო ურთიერთობანი სერიოზულად არის შეზღუდული. ასეთად მიჩნეულია, მაგალითად, პროტექტორატები. პროტექტორატი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არის სხვა სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ. ასეთი სახელმწიფოები მკაცრად არიან შეზღუდული სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. 1871 წელს მონაკო იყო სარდინიის, ხოლო შემდეგ საფრანგეთის მფარველობის ქვეშ. სან-მარინო იყო იტალიის მფარველობის ქვეშ, ხოლო კორეა 1905 წლიდან იყო იაპონიის მფარველობაში. კორეის ანექსია იაპონიის მიერ განხორციელდა 1910 წელს. ეგვიპტე 1914 წლიდან ვიდრე 1922 წლამდე იყო დიდი ბრიტანეთის მფარველობის ქვეშ. პროტექტორატის სტატუსი ნებას არ აძლევს სახელმწიფოს უშუალო კავშირში იყოს რომელიმე მესამე ახელმწიფოსთან, ეს შესაძლებელია მხოლოდ პროტექტორის ნებართვით, ვასალური სახელმწიფოები ეკუთვნიან დამოკიდებულ სახელმწიფოებს. ასეთი კატეგორიის სახელმწიფოები შეიქმნენ მე-18 საუკუნეში. ვასალური სახელმწიფო არის დამოუკიდებლობის წინა საფეხური. ეგვიპტე 1914 წლამდე იყო თურქეთის ვასალი. ანდორა იყო საფრანგეთის ვასალი. სახელმწიფოებს შორის განხორციელებული გარკვეული ალიანსი ქმნის ფედერალურ გაერთიანებებს. წინათ ბრიტანეთის ნაციების გაერთიანება იყო ფედერალური კავშირის ერთ-ერთი მაგალითი. ამ გაერთიანებაში შედიოდნენ გაერთიანებული სამეფო, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდოეთი, პაკისტანი, ცეილონი, განა, მალი, ნიგერია, სიერა-ლეონე, კვიპროსი. ფედერაცია ფაქტიურად არის ერთი სახელმწიფო. ფედერალურ გაერთიანებაში ძალაუფლება და ფუნქციები განაწილებულია ცენტრალურ ხელისუფლებასა და შემადგენალ სუბიექტებს შორის, მაგრამ ძალაუფლება და უმთავრესი ფუნქციები, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, ფინანსები, ქვეყნის უშიშროების საკითხები და სხვა, თავმოყრილია ცენტრალური ხელისუფლების ხელში. ფედერაციულ კავშირის მაგალითებია დღევანდელი შეერთებული შტატები, გერმანია, შვეიცარია, კანადა. ფედერაციულ კავშირში ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილება ყველა. პერიფერიულ მმართველებს არ შეუძლიათ მიიღონ და განახორციელონ ცენტრალური მთავრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები.
კონფედერაცია არის სუვერენულ სახელმწიფოთა ერთობლიობა, რომელნიც ნებაყოფილობით არიან გაერთიანებული გარკვეულ, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიზნების საფუძველზე. კონფედერაციის შემთხვევაში ცენტრალური მთავრობა გარკვეულად არის შეზღუდული და შესუსტებული და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ამ ცენტრალური მთავრობის ავტორიტეტზე. კონფედერაციის შემთხვევაში უმთავრესი ფუნქციები და ძალაუფლება რჩება შემადგენელი სახელმწიფოების ხელში. ასეთი იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურა კონსტიტუციის მიღების წინ. ცამეტმა შტატმა შექმნა სახელმწიფო. ცენტრალურ მთავრობას ჰქონდა შეზღუდული უფლებები, ხოლო ცალკეული შტატები უფლებამოსილნი იყვნენ დამოუკიდებლად მიეღოთ და ცხოვრებაში გაეტარებინათ ცალკეული გადაწყვეტილებები. ამჟამად კონფედერაციის მაგალითს წარმოადგენს, აგრეთვე ბრიტანეთის ნაციათა მეგობრობის კავშირი, რომელიც აღმოცენდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი იმპერიის რღვევის საფუძველზე. ფედერაცია და კანფედერაცია წარმოადგენენ დუალური სახის სახელმწიფოებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზი სეპარატისტები მოითხოვენ საქართველოსთან კონფედერაციულ კავშირს, ხოლო საქართველო კი მათ სთავაზობს ფედერაციას.
ბოლოს კიდევ ერთხელ შევეხებით განსხვავებას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის. სუვერენული სახელმწიფო არ არის შეზღუდული თავის იურიდიულ უფლებებში, ანუ, მართვის თეორიის ენაზე რომ ვთქვათ, მართვის კანონზე არავითარი შეზღუდვა არ არის დაწესებული. დამოკიდებელი სახელმწიფო კი სწორედ ამგვარ შეზღუდვებს განიცდის, მას არ შეუძლია აირჩიოს მისთვის დასაშვები კანონებიდან ნებისმიერი.
§ 2-2 მონარქია
მონარქია სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. უკვე იყო ნათქვამი, რომ მსოფლიოში პირველ სახელმწიფოს, ბაბილონს მეფე მართავდა. მონარქია, ისევე როგორც დიქტატურა, სახელმწიფოს მართვის ისეთი სახეა, როდესაც სახელმწიფო ძალაუფლება ერთი კაცის ხელშია. მონარქიის დროს სახელმწიფოს მართავს მეფე ან იმპერატორი. იგი უმაღლესი ავტორიტეტია სახელმწიფოში. დიქტატურისაგან განსხვავებით მონარქიაში ძალაუფლება გადადის მემკვიდრეობით. მონარქია შეიძლება იყოს ორი სახის: აბსოლუტური და კონსტიტუციური. აბსოლუტური მონარქიის შემთხვევაში მთელი ძალაუფლება თავმოყრილია მონარქის, მეფის თუ იმპერატორის ხელში. არავითარი შეზღუდვები სახელმწიფოს მონარქისთვის, აბსოლუტური მონარქიის შემთხვევაში, არ არსებობს. აბსოლუტური მონარქი თითქმის არ არის შეზღუდული კანონითაც, მას შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც ის თვლის საჭიროდ. აბსოლუტური მონარქი მოქმედებს ისე, როგორც სურს. როდესაც მონარქი ბრძანებს, რომ თავი მოკვეთონ მსტოვარს, რომელმაც ცუდი ამბავი მოიტანა, ის არ მოქმედებს რაიმე კანონის საფუძველზე, მისი მოქმედება სპონტანურია და ემოციური. არ მოქმედებდა რაიმე დაწერილი და მიღებული კანონის საფუძველზე იოანე მრისხანე, როდესაც ის ბოიარებს სიკვდილით სჯიდა. ზეპირი ბრძანების და არა კანონის რომელიმე პარაგრაფის თანახმად სიკვდილით დასაჯა ნაპოლეონმა ენგიენის ჰერცოგი.
საუკუნეების განმავლობაში აბსოლუტურმა მონარქიამ განიცადა ტრანსფორმაცია. ინგლისმა ერთ-ერთმა პირველმა შეკვეცა მონარქის უფლებები და შექმნა კონსტიტუციური მონარქია. შეიქმნა პარლამენტი, რომელმაც მონარქს ჩამოართვა უფლებები და დღეს ინგლისში მეფე არ მართავს, ის მარტო მეფობს. ამჟამად ყველა მონარქი მეტწილად კონსტიტუციური მონარქიის რეჟიმში მოღვაწეობს, გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს აფრიკის რამოდენიმე სამეფო. აბსოლუტური მონარქია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო. ქრისტიანული სამყაროს მონარქები აბსოლუტური მონარქიის დროსაც კი გამოირჩეოდნენ მართვის შედარებით უფრო ჰუმანური მეთოდებით და ამის თქმა შეძლება მიუხედავად იმისა, რომ იყო ინკვიზიცია. ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, ქრისტიანული რწმენა ჰუმანური რწმენაა. აქ მხედველობაში არა გვაქვს ვთქვათ კვაკერები, რომელნიც ალბათ ქრისტიანობის განშტოებად შეიძლება მივიჩნიოთ. რა თქმა უნდა არის გამონაკლისები, როდესაც მონარქია არ არის მონარქია ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, მაგალითად, წყობილება სპარტაში, წყობილება რომში, თუმცა იქ მართავდნენ მონარქები.
ფეოდალურ ეპოქაში მონარქული ძალაუფლება მსხვილ მიწათმწარმოებლებზე იყო დაყრდნობილი. ზოგიერთი მონარქი (პოლონეთი, რომის იმპერია) არჩეული იყო მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ არ სარგებლობდნენ მემკვიდრეობის უფლებით. საშუალო საუკუნეებში აბსოლუტური მონარქები ებრძოდნენ ძლიერ ფეოდალებს. ეს უკანასკნელნი ხშირად წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მონარქს.
აბსოლუტური მონარქიის შემთხვევაში ხელქვეითები და მინისტრები ინიშნებიან და თავისუფლდებიან მონარქის მიერ, ხოლო პარლამენტის პრეროგატივაა ბიუჯეტის მიღება ან არმიღება. კონსტიტუციური მონარქიის შემთხვევაში მონარქს ძალიან შეზღუდული ძალაუფლება აქვს.
მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე საუკუნეებში განსაკუთრებით გაძლიერდა მონარქია დასავლეთ ევროპაში. ფეოდალიზმის დაკნინებას მოჰყვა მონარქიის და მონარქის ძლიერების ზრდა. აბსოლუტური მონარქიის და ავტორიტარიზმის იდეებმა დაიწყო სულ უფრო და უფრო მეტად გავრცელება; ესპანეთი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გაერთიანდა ფერდინანდისა და იზაბელას მეთაურობით მას მერე, რაც დამთავრდა ამ ქვეყანაში მუსულმანთა ბატონობა. საფრანგეთში ნაციონალური გაერთიანების პროცესი დამთავრდა მეფე ლუი XI-ს დროს, რომელიც ტახტზე მოვიდა 1461 წელს. იგივე მოხდა შოტლანდიაში, დანიაში, ნიდერლანდებში. უფრო ნაკლები მასშტაბით და უფრო ნელა ასეთი პროცესები ვითარდებოდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. აქ ფეოდალიზმი უფრო ძნელი დასაძლევი გამოდგა, ვინაიდან ეს ქვეყნები უფრო აგრარული ქვეყნები იყო ვიდრე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ხასიათდებოდნენ მოსახლეობის მცირერიცხოვანი საშუალო ფენებით. ეს არის მიზეზი იმისა, რომ პრუსიაში, რუსეთში და ავსტრიაში ძლიერი მონარქები ჩამოყალიბდნენ მხოლოდ მეჩვდმეტე საუკუნეში. რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, იქ უკვე მეთექვსმეტე საუკუნეში აბსოლუტური მონარქია იყო დომინანტური წყობა. აბსოლუტიზმის იდეა იყო მთავარი მიმართულება შემდგომი ორი საუკუნის მანძილზე. ითვლებოდა, რომ მონარქი არ უნდა ყოფილიყო შეზღუდული, რომ მეფე ღვთისგან არის მოვლენილი და ყველა მარტო მას ემორჩილება და მარტო მის წინაშეა პასუხისმგებელი.
აბსოლუტურმა მონარქიამ წარმოშვა ბევრი წინააღმდგობანი და კონფრონტაციები, რის შედეგადაც ადგილი ჰქონდა მონარქის დაპირისპირებას ქვეყნის საშუალო ფენებთან. შეიქმნა აზრი, რომელიც გულისხმობდა, რომ განხორციელებულიყო მონარქთა შეზღუდვა.
საკითხი ამგვარად პირველად დაისვა ინგლისში. ინგლისის მონარქიის შეზღუდვა მოხდა სამოქალაქო ომის შედეგად – 1649 წელს მეფე ჩარლზ I-ს მოკვეთეს თავი. მონარქიის აღდგენა მოხდა 7 წლის შემდეგ, როდესაც კონსტიტუციის თანახმად, დაწესდა მეფესა და პარლამენტს შორის ურთიერთდამოკიდებულება. ამის შემდეგ ტახტზე ავიდა ჯეიმს II. ინგლისის პარლამენტმა 1689 წელს დაამტკიცა კანონი უფლების შესახებ. ამის შემდეგ უარყოფილ იქნა აბსოლუტიზმის იდეა და აგრეთვე ის, რომ მეფის ძალაუფლება ღვთაებრივია. ასევე აღიარებულ იქნა კანონის უპირატესობა და ხალხის ნება. ასი წლის შემდეგ, 1789 წელს მოხდა საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომელმაც ბოლო მოუღო არა მარტო მონარქიულ აბსოლუტიზმს, არამედ, მოგვიანებით, თვით მონარქიასაც. საფრანგეთმა ნაპოლეონის აბსოლუტური მონარქიის შემდეგ 1815 წელს ხელახლა დაამყარა კონსტიტუციური მონარქია, რომელიც შემდგომში შეიცვალა რესპუბლიკური წყობით. შემდგომში ინგლისსა და საფრანგეთს მიბაძეს მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფოებმაც. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში კონსტიტუციური მონარქიები დამყარდა შვეციაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, დანიაში და, უფრო მოგვიანებით, იტალიაში. აღმოსავლეთ ევროპაში, პრუსიაში, რუსეთში და ავსტრიაშიც დარჩა აბსოლუტური მონარქია, მაგრამ გარკვეულად შეზღუდული ძალაუფლებით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უკვე აღარ იყო აბსოლუტური მონარქიის ტიპის სახელმწიფოები. კონსტიტუციური მონარქია ნიშნავს მეფის უფლებების საგრძნობლად შეზღუდვას კონსტიტუციისა და პარლამენტის მიერ. ნათქვამია, რომ ინგლისის მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს ქვეყანას. მეფე არის სახელმწიფოს მეთაური მხოლოდ ფორმალურად. ცნობილი საზოგადო მოღვაწე ბაგეჰოტი ამბობდა, მონარქს აქვს სამი უფლება: იყოს მრჩეველი, იყოს წამხალისებელი და ჰქონდეს გამაფრთხილებლის ფუნქცია. კონსტიტუციურ მონარქს არა აქვს აღმასრულებლის ფუნქცია, ასეთი ფუნქცია აქვთ მინისტრებს. მონარქს ცალკეულ შემთხვევებში აქვს ჩარევის ფუნქციები, მაგრამ არც თუ ისე ხშირად. როგორც ამბობდა მეფე ედუარდ VII, “მონარქი არ გამოთქვამს თავის აზრს რომელიმე პოლიტიკურ მოვლენაზე გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის იძლევა რჩევებს”.
§ 2-3 რესპუბლიკა და დემოკრატია
რესპუბლიკა და დემოკრატია ერთი და იგივე ცნება არ არის. ინგლისი არ არის რესპუბლიკა, მაგრამ არის დემოკრატიული სახელმწიფო. იგივე შეიძლება ითქვას შვეციაზეც და ბელგიაზეც. მეორე მხრივ, შეიძლება სახელმწიფოს რესპუბლიკას უწოდებდნენ, მაგრამ არაფერი საერთო არ ჰქონდეს დემოკრატიასთან, ამის მაგალითია ყოფილი საბჭოთა კავშირი. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ თუ სახელმწიფო არის ნამდვილად და არა ფორმალურად რესპუბლიკა, ის შეიძლება არ იყოს დემოკრატიული წყობის მქონე. რესპუბლიკა არის სახელმწიფოს წყობის ფორმა. თავდაპირველი ჩანაფიქრით რესპუბლიკური წყობის დროს სუვერენიტეტი ხალხს ეკუთვნის და რესპუბლიკა უნდა გამოხატავდეს ხალხის ნებას. ფაქტობრივად ეს ყოველთვის ასე არ არის. უნდა ითქვას, რომ, როგორც უკვე აღნიშნული იყო, რესპუბლიკა არის სახელმწიფოს ფორმა, ხოლო დემოკრატია არის სახელმწიფოს მოქმედების სახე. თუ თვალს გადავავლებთ ისტორიას დავინახავთ, რომ რესპუბლიკები არსებობენ სულ სხვადასხვა სახის. არისტოტელეს კლასიფიკაციის თანახმად რესპუბლიკა შეიძლება იყოს არისტოკრატიული ან დემოკრატიული წყობის. მაშასადამე, არისტოტელეს თანახმად დემოკრატია არის რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი ელემენტი, მაგრამ დემოკრატიული წყობა დამახასიათებელია არა მარტო რესპუბლიკისათვის, არამედ მაგალითად, კონსტიტუციური მონარქიისათვისაც. დემოკრატიულ რესპუბლიკაში სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს, არისტოკრატიულ რესპუბლიკაში ძალაუფლება – პრივილეგირებულ წოდებებს. მაგალითად, რომის რესპუბლიკის დამახასიათებელი თვისება იყო მონების არსებობა. თანამედროვე რესპუბლიკაში, თუ არ ჩავთვლით საბჭოთა კავშირს, სადაც ნამდვილი მონები არსებობდნენ პატიმართა მრავალრიცხოვანი არმიების სახით, მონობა არ არსებობდა. შემდგომში ისევ გამოჩნდნენ რესპუბლიკები და ერთ-ერთი ასეთი იყო შვეიცარია, ვენეცია, გენუა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრობა არჩევითი იყო.
რესპუბლიკის ძირითადი დამახასიათებელი თვისება იმაშია, რომ სახელმწიფოს მმართველი ორგანოები არჩევითია და ითვლება, რომ ქვეყანას მართავს ხალხი. სხვა საქმეა, რომ ხშირ შემთხვევაში ხალხთა მოტყუების მიზნით ცხადდება რესპუბლიკა, მაგრამ სინამდვილეში ამ სახელმწიფოს არაფერი საერთო რესპუბლიკასთან არ აქვს. ამგვარად საქმე შეიძლება გვქონდეს ნამდვილ და ფალსიფიცირებულ რესპუბლიკებთან. ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი ან დღევანდელი იტალია, ასე თუ ისე, აკმაყოფილებენ შესაბამის სახელმწიფო სტანდარტებს და შეიძლება მათ ვუწოდოთ რესპუბლიკები, ხოლო ვიეტნამი ან ყოფილი საბჭოთა კავშირი, მიუხედავად სახელწოდებისა, ვერ ჩაითვლებიან რესპუბლიკებად, ვინაიდან ამ ქვეყნებში ფაქტობრივად არ ტარდებოდა არჩევნები. იგივე შეიძლება ითქვას ჩრდილოეთ კორეაზე და ბევრ სხვა სახელმწიფოზე. როგორც უკვე იყო აღნიშნული, დემოკრეტიული წყობა შეიძლება ჰქონდეს რესპუბლიკას და რესპუბლიკა ყოველთვის უნდა იყოს დაფუძნებული დემოკრატიის პრინციპებზე ისევე, როგორც კონსტიტუციური მონარქიის შემთხვევაში. დემოკრატიული მთავრობა უნდა ემორჩილებოდეს ხალხის ნებას. ასეთი მთავრობა თანხმობაში უნდა იყოს იმათთან, ვისაც ის მართავს. დემოკრატიული მთავრობა შეიძლება იყენებდეს იძულებით მეთოდებს, მაგრამ ისეთ მეთოდებს, რომლებიც დემოკრატიულ პრინციპებზე აგებულ კანონებს ემორჩილებიან. იგულისხმება, რომ დემოკრატიული მთავრობა უნდა იყოს ხალხის ნების განმახორციელებელი ანუ მან უნდა აკეთოს ის, რაც ხალხს უნდა, მაგრამ ხალხის ნება არ არის ერთგვაროვანი, უფრო მეტიც, არ არის შესაძლებელი ცალსახად დადგინდეს აღნიშნული ნება. ხალხის სხვადასხვა ფორმაციებს სულ სხვადასხვა სურვილები და მისწრაფებები აქვთ. მაშასადამე, დემოკრატიულმა წყობილებამ და დემოკრატიულმა მთავრობამ აქცენტი უნდა გააკეთოს უმრავლესობაზე. სწორედ აქ იქმნება სიძნელეები, ვინაიდან არც ისე ადვილია დადგინდეს და განისაზღვროს, თუ რა უნდა უმრავლესობას. საზოგადოებრივი აზრი შეიძლება აისახოს პრესის საშუალებით, ეს კი ხშირ შემთხვევაში სულაც არ შეესაბამება ხალხის უმრავლესობის აზრს. როგორც წესი, ნებისმიერი ჟურნალისტი ლაპარაკობს და წერს ხალხის სახელით, თუმცა ეს ყოველთვის არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. ხალხის მასების უმრავლესობა ხშირად ინერტულია და არ იღებს მონაწილეობას ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში. მისახლეობა უმთავრესად დაკავებულია თავისი ყოველდღიური საქმიანობით და ნაკლებად აინტერესებს პოლიტიკა. იმისათვის, რომ გავიგოთ ხალხის მასების აზრი, საჭიროა მოეწყოს რეფერენდუმები. სამწუხაროდ, ასეთი ღონისძიება ხშირად ვერ ჩატარდება. მაშასადამე, დემოკრატიულმა მთავრობამ უნდა იმოქმედოს თავისი თვალსაზრისით, რასაც სწორედ ადგილი აქვს უმრავლეს შემთხვევაში. ის ფაქტი, რომ დემოკრატიული მთავრობა არჩეულია ხალხის მიერ, არ ნიშნავს, რომ ხალხის ნება და მთავრობის შეხედულებები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. მეორე მხრივ, არის კი რაციონალური, რომ ყოველთვის განხორციელდეს მასების ნება-სურვილი. ეს ნება-სურვილი ყოველთვის არ არის მიმართული იგივე ხალხის საკეთილდღეოდ. უამრავი მაგალითია იმის მაჩვენებელი, რომ მასების უმრავლესობა ვერ ერკვევა კარგად, თუ რა არის მისთვის კარგი და რა ცუდი. ილია ჭავჭავაძემ, ალბათ, უკეთესად იცოდა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის, ვიდრე ქართველი ხალხის არითმეტიკულმა უმრავლესობამ. ნათქვამიდან არ უნდა იქნეს გამოტანილი აზრი, რომ დემოკრატიული წყობა უვარგისია. ლაპარაკია ზოგიერთი კორექტირების ჩატარების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით არჩევნების სისტემაში. დღესდღეობით კი დემოკრატიისათვის ბრძოლა ღებულობს ძალაუფლებისათვის ბრძოლის ფორმას. ლამაზი ფრაზების საშუალებით ხორციელდება ბრძოლა ძალაუფლებისათვის ცალკეულ ჯგუფებსა და პარტიებს შორის. იმისათვის, რომ განხორციელდეს ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები, ხოლო შემდეგ ნამდვილი დემოკრატიული მართვა, საჭიროა მტკიცე კედელი იყოს ამართული პირადულსა და ერისათვის საკეთილდღეო მიზნებს შორის. სამწუხაროდ, ჩვენთან ირონიულადაც კი ჟღერს აბრაჰამ ლინკოლნის მეტად მაღალფარდოვანი ფრაზა “მთავრობა ხალხის, შემდგარი ხალხისაგან და ხალხისთვის”. ეს ფრაზა ითვლება დემოკრატიის ძირითადი არსის გამომხატველად, თუმცა ლინკოლნის განმარტება არ არის მკაფიო, ვინაიდან არ არის ნათელი ტერმინი “ხალხის მთავრობა” ან “ხალხისთვის” და მათი მნიშვნელობა არც ისე იოლი დასადგენია.
დემოკრატია მეტად მიმზიდველი ცნებაა და სახელმწიფოს ისეთი ხელმძღვანელებიც კი, როგორებიც იყვნენ სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი, ამტკიცებდნენ, რომ ისინი დემოკრატები იყვნენ. არჩევნები, რომელსაც ისინი ატარებდნენ იყო ფიქტიური, ვინაიდან არავითარი არჩევანის გაკეთება იქ არ შეიძლებოდა. დემოკრატია გულისხმობს იძულების მინიმალურ გამოყენებას.
§ 2-4 სოციალისტური წყობა
სოციალისტური იდეები თავის დროზე გაიზიარა ბევრმა სხვადასხვა მიმართულების მქონე პარტიამ, როგორიცაა სოციალ-დემოკრატები, კომუნისტები, მენშევიკები, ლეიბორისტები, ფაშისტები. სოციალიზმის მიმდევრობა პირველ რიგში გულისხმობს კლასთა ბრძოლის პრინციპების აღიარებას, კერძო საკუთრების ხვედრის მინიმუმამდე დაყვანას, ნაციონალიზაციის განხორციელებას. სოციალისტების ძირითადი მოძღვრება დამყარებულია იმაზე, რომ საზოგადოება დაყოფილია ძირითადად ორ ნაწილად: ერთ მხარეს არიან მდიდრები, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ საზოგადოების მეორე ნაწილს – ღარიბებს.
ისმება კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი გატარდეს მკაფიო ზღვარი მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ადვილია გარჩევა მხოლოდ ძალზე მდიდრისა ძალზე ღარიბისაგან. ქვემოთ მოყვანილ სურათზე ნაჩვენებია ქონების განაწილება მოსახლეობას შორის.
თუ ჰორიზონტალურ ღერძზე გადავზომავთ ქონების რაოდენობას, რომელსაც აღვნიშნავთ ხ-ით, ხოლო ვერტიკალურ ღერძზე იმ პირთა რაოდენობას, რომელთაც აქვთ ხ სიდიდს ქონება, მივიღებთ N(ხ) განაწილების მრუდს. ეს მრუდი ემორჩილება გაუსის განაწილების კანონს. მას აქვს შემდეგი შინაარსი: იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც არაფერი არ გააჩნიათ, ე.ი. X = 0, ტოლია N(0)-ის. როგორც ნახაზიდან ჩანს ხმ რაოდენობის ქონება ამ სახელმწიფოში არავის არ აქვს.ყველაზე მეტი რაოდენობის მოქალაქეებს აქვთ ხც-ს ტოლი ქონება და ამ მოქალაქეების რაოდენობა არის Nც. ეს მაშინ თუ საქმე გვაქვს I განაწილების მრუდთან. თუ ძალაშია II განაწილების მრუდი, მაშინ იგივე რაოდენობის მოქალაქეებს N(0)=N (X1) აქვთ უფრო მეტი ქონება, რომელიც ტოლია X1-ის. რაც შეეხება ქონებას, რომელიც ტოლია XM-ის, ამ შემთხვევაში ამ მოქალაქეების რაოდენობა არის N(XM). აქედან დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ II კანონი შეესაბამება უფრო მეტი ქონების მქონე მოსახლეობას. მოსახლეობის სოციალური თანასწორობა, რისკენაც ისწრაფიან სოციალისტები, ნიშნავს ვიწრო ხაზის არსებობას, როგორიცაა, მაგალითად, III დამოკიდებულება. ასეთი შემთხვევა იდეალია სოციალისტებისათვის და ნიშნავს, რომ მთელი მოსახლეობა თითქმის ერთნაირი ქონების პატრონია.
მარქსის თეორიის თანახმად, ვინაიდან პროლეტარიატი არის საზოგადოების ძირითადი ნაწილი სახელმწიფოში უნდა არსებობდეს პროლეტარიატის დიქტატურა, ის უნდა მართავდეს სახელმწიფოს. სანამ გადავიდოდეთ ასეთი დებულების მართებულების განხილვაზე, დავაზუსტოთ: რა არის პროლეტარიატი და ვინ არიან პროლეტარები? თანახმად მარქსისტული განმარტებისა პროლეტარი არის ის, ვინც ქმნის დოვლათს სახელმწიფოში. იმავე განმარტების თანახმად, პროლეტარს არაფერი არ გააჩნია გარდა თავისი შრომისა. მონათმფლობელობის პერიოდის შემდეგ ნებისმიერ სახელმწიფოში ასეთი ან საერთოდ არავინ არ არის, ან თუ არის, მათი რიცხვი ძალზე მცირეა და, მაშასადამე, მათი როლი სახელმწიფოს დოვლათის შექმნის საქმეში მიზერულია. პროლეტარები, თუ კი არსებობენ, არ გამოირჩევიან თავისი განათლებით და არავითარ შემთხვევაში მათ არ უნდა მიენდოს ისეთი რთული საკითხი, როგორიცაა სახელმწიფოს მართვა. იქ, სადაც თითქოს დამყარებული იყო პროლეტარიატის დიქტატურა და ამაზე პრეტენზიას აცხადებდა საბჭოთა კავშირი, დამყარებული იყო ბიუროკრატიული წყობა და არცერთი პროლეტარი სახელმწიფოს სათავეში არ იყო. მეორე მხრივ, სახელმწიფოს დოვლათს ქმნის მთელი მოსახლეობა და არა მარტო პროლეტარიები. დავანებოთ თავი პროლეტარიატს, ვინც ფიზიკური შრომის წარმომადგენლები არიან. ინტელექტუალური დარგის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობენ სახელმწიფოს დოვლათის შექმნაში და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ცნობილი, ვთქვათ, ავიაკონსტრუქტორების ტუპოლევის ან სიკორსკის როლი არის უმნიშვნელო და ის ხარატი, მღარავი ან მჭედელი, რომლებიც საავიაციო ქარხნებში მუშაობენ, არიან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანნი. ზუსტად იგივე შეძლება ითქვას ნებისმიერ დარგზე. ლოზუნგი, რომ მუშათა კლასი არის მოწინავე, არის წამოსროლილი პოპულიზმისა და პროპაგანდის მიზნით, ისევე როგორც ლოზუნგი “მიწა გლეხებს”. ლოზუნგები მოხერხებულად იყო გამოყენებული ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. მარქსისტული იდეების საფუძველზე საზოგადოების კლასიფიკაცია სწორი არ არის. ყველა ფენაში, მუშებში, გლეხობაში, მოსამსახურეებში, ინტელიგენციაში, მეცნიერებში, თუ სახელმწიფო მოხელეებში არიან უნარიანები, უნიჭონი და ზარმაცები, შრომისმოყვარენი, ნიჭიერები, უწესონი და წესიერები, კრეტინები და მაღალი ინტელექტის მქონენი ან შეიძლება გენიოსებიც, ბოროტები და კეთილნი. დიდი დანაშაულია და ცოდვა, რომ მუშათა კლასი წარმოვადგინოთ, როგორც პროგრესული და მოწინავე, და, ვთქვათ, ვაჭრები ან მემამულეები კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებია. საბჭოთა კავშირში დიდი ხნის განმავლობაში ვაჭრებს სპეკულიანტებს ეძახდნენ და ეს არაფერი, რომ ეძახდნენ, მათ უსაშველოდ დევნიდნენ და, ეს ახლაც ასეა. არა, და იქმნება ანეკდოტური მდგომარეობა. თურმე ვიღაცა უნდა წავიდეს, დავუშვათ, მოსკოვში, იყიდოს იქ ფეხსაცმელები და გაყიდოს აქ იმ ფასში, რაც მან გადაიხადა მოსკოვში. ხომ იყო შემთხვევები, როდესაც საკოლმეურნეო ბაზარზე სოფლის მეურნეობის ნაწარმის გამყიდველებს ამოწმებდენ თავიანთი მოწეული იყო თუ არა ეს თუ ის პროდუქტი. თუ არა, მაშინ ის იყო სპეკულიანტი და მიდიოდა ციხეში. ვერაფრით ვერ შევიდა საბჭოელების თავში, რომ ვაჭრობა ისეთივე დასაფასებელი საქმიანობაა, როგორც, მაგალითად, ინჟინრობა. ავიღოთ ისეთი შეურაცხმყოფელი, საბჭოთა წყობისათვის, საზოგადოებრივი ფენა, როგორიცაა კაპიტალისტი. ვინ არის კაპიტალისტი? ეს არის ის პირი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ამა თუ იმ დარგს, მაგალითად, საფეიქრო მრეწველობას. თურმე მქსოველი, რომელიც საფეიქრო დაზგაზე მუშაობს პატივსაცემი ადამიანია, ვინაიდან ქმნის პროდუქციას და ის, ვინც ორგანიზება მოახდინა ამ დარგის მიმართულების, თავის ხარჯით ან კრედიტის აღების შედეგად ბანკში, შეიძინა დანადგარები, მოაწყო წარმოება, მონახა ბაზარი, შექმნა რეკლამა და გამოუშვა მაღალი ხარისხის ნაწარმი, არის ექსპლოატატორი და ცხოვრობს და მდიდრდება იმათ ხარჯზე, ვინც დაზგასთან დგას. ასეთმა აზრმა ვერ დაიმკვიდრა თავი მაღალი განათლების და ინტელექტის მქონე საზოგადოებებში, სამაგიეროდ მეტად მიმზიდველი გამოდგა ისეთ ქვეყნებში, სადაც ნამდვილი განათლების დონე შედარებით დაბალი იყო. ასეთ სახელმწიფოებს ეკუთვნოდნენ რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ვიეტნამი და ზოგიერთი სამხრეთ ამერიკის ქვეყანა, განსაკუთრებით ის ქვეყანები, სადაც ცხოვრების დონე იყო დაბალი. შეიძლება ითქვას რომ სოციალისტურმა იდეებმა და მიმდინარეობებმა დიდი ზიანი მიაყენა კაცობრიობას.
თანახმად ნახაზზე მოყვანილი განაწილების მრუდისა, იმ პირთა რიცხვი, რომლებსაც ძალიან დიდი ქონება აქვთ, მეტად მცირეა. ასევე მცირეა ისეთ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ძალიან მცირე ქონების პატრონები არიან. ვინ უფრო მეტია ქვეყანაში, ღარიბები თუ მდიდრები, დამოკიდებულია N(X) მრუდის სიმეტრიის ღერძის მდებარეობაზე და იგი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ადგილას არის. განუვითარებელ ქვეყანაში, როგორიცაა პაპუა, ზოგიერთი აფრიკის ქვეყანა, ეს ღერძი უფრო მარცხნივ არის განლაგებული. ცხოვრების მაღალი დონის ქვეყნებში: შვეცია, შვეიცარია, შეერთებული შტატები აღნიშნული ღერძი უფრო მარჯვნივაა. მოსახლეობის უმრავლესობას აქვს რაღაც ქონება ხც და ასეთი ხალხის რაოდენობა N(X) მაქსიმალურია. ბუნებრივია, ისმება კითხვა: სადაა ის ზღვარი, სადაც მთავრდება სიღარიბე და იწყება სიმდიდრე? ასეთი ზღვარი არ არსებობს და ის შეიძლება გატარდეს მხოლოდ და მხოლოდ პირობით. თუ საზოგადოების ერთი ნაწილი მივაკუთვნეთ ისეთებს, რომლებიც ღარიბებად ჩაითვლებიან, ხოლო, მეორე ნაწილი მდიდრებად, ასეთი დაყოფა შესაძლებელია მარტო უკიდურეს განაპირა წერტილების მიმართ. აქ ადვილი გასარჩევია ძალზე მდიდრები ძალზე ღარიბებისაგან. ამ შემთხვევაში მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილი მოხვდება ღარიბებში და ასევე ძალზე მცირე მდიდრებში. სადემარკაციო ხაზის ნახვა, რომელიც მდიდრებს გამოყოფს ღარიბებისაგან, ფაქტობრივად შეუძლებელია. თუ მაინც გატარდა ასეთი ზღვარი, ის იქნება პირობითი, ვინაიდან, ცხადია, რომ, ვინც საზღვრის ოდნავ მარცხნივ მოხვდა, ფაქტობრივად არ განსხვავდება იმათთაგან, რომლებიც მოხვდნენ ოდნავ მარჯვნივ. აქედან შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ სოციალისტური წყობის მქონე ქვეყნებში საზოგადოების დაყოფას პრივილეგირებულ ანუ ექსპლუატატორებად და ღარიბებად ანუ ექსპლოატირებულებად არა აქვს საფუძველი. ალბათ, ამიტომ იყო ნათქვამი: “თუ ოცდაათ წლამდე ადამიანი არ არის სოციალისტი, მას არა აქვს გული, მაგრამ თუ ორმოცი წლის პიროვნება სოციალისტია მას არა აქვს ჭკუა”.
ნებისმიერი პიროვნებისათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანი, ნაკლები ქონების პატრონი, არ არის დადებითი პიროვნება და ყველა მდიდარი არ არის და არც შეიძლება იყოს მიუღებელი და, მით უმეტეს, სუბიექტი, რომელიც უნდა განადგურდეს. როგორ შეიძლება მოსისხლე მტრად წარმოვიდგინოთ ფორდი, როკფელერი, გეიტსი და სხვები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ პროგრესის შექმნაში, რაც ახლა არსებობს. გავიხსენოთ როკფელერის სიტყვები, რომელიც ქვაზეა ამობეჭდილი ნიუ იორკის როკფელერის ცენტრში “...მწამს ბრძენი და ყოვლად მოსიყვარულე ღმერთისა, სულერთია რა სახელს დავარქმევთ მას; მე მჯერა, რომ ადამიანი სრულყოფილი ქმნილებაა, რომელშიც ჰარმონიულად არის შეხამებული უდიდესი სიკეთე და სარგებლობის მოტანის შესაძლებლობა. მე მჯერა, რომ მოყვასის სიყვარული ყველაზე დიდი ქონებაა დედამიწაზე და რომ მხოლოდ მას შეუძლია დათრგუნოს ბოროტება, ხოლო სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს ძალადობაზე. მჯერა, რომ ნებისმიერი კანონი გამსჭვალული უნდა იყო უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით საზოგადოების წინაშე...” გავიხსენოთ ლენინის მიერ წამოსროლილი ლოზუნგი “გაძარცვეთ ნაძარცვი”.
§ 2-5 დიქტატურა
ძირითადი განსხვავება აბსოლუტურ მონარქიასა და დიქტატურას შორის არის ის, რომ აბსოლუტური მონარქიის დროს ძალაუფლება გადაეცემა მემკვიდრეობით, დიქტატურის დროს კი ძალაუფლება, როგორც წესი, არ გადაეცემა მემკვიდრეობით. გამონაკლისს წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეა, სადაც დიქტატორის კიმ ირ სენის შემდეგ ძალაუფლება ხელში აიღო მისმა შვილმა.
დიქტატორს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება. ფაქტობრივად მისთვის არ არსებობს კანონი, უფრო სწორად ასეთი კანონები და კოდექსები არსებობენ, მაგრამ არსებობენ ფიქტიურად, დიქტატურისათვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს მათი დარღვევა. დიქტატორის არჩევა არ ხდება და თუ ხდება, ხდება ფიქტიურად. არჩევნები ტარდება ასევე ფიქტიურად. დიქტატურა ხასიათდება ერთპარტიული მმართველობით, მაგრამ ესეც ფიქტიურად ხდება, რადგან პარტიას დიქტატორი არაფერს არ ჰკითხავს. ამ პარტიას არ შეუძლია, რაიმე შესწორება შეიტანოს დიქტატორის მოქმედებაში. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია. დიქტატურის დროს მინისტრთა საბჭოს ფაქტობრივად არა აქვს რაიმე არსებითი ხასიათის მქონე გადაწყვეტილების მიღების უფლება. მინისტრთა საბჭომ უნდა უზრუნველყოს დიქტატორის მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება. დიქტატორს შეიძლება ეკავოს სხვადასხვა თანამდებობა ესენია: კანცლერი, ცენტრალური კომიტეტის მდივანი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ამ თანამდებობაზე ის არის შეუცვლელი, თუ ქვეყანაში გადატრიალება არ მოხდა.
ტერორი არის ის საშუალება, რომელსაც დიქტატორი ფართოდ იყენებს. ტერორი აძლევს დიქტატორს საშუალებას მართოს ქვეყანა და არ დაუშვას სხვა რაიმე დიქტატორისაგან განსხვავებული აზრი. ტერორი, მეორე მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის ორგანიზებულობას და დისციპლინას. ასეთ დისციპლინას არაფერი საერთო არა აქვს შეგნებულ დისციპლინასთან და არის “ჯოხის დისციპლინა”.
დიქტატურა ფართო დასაბამს აძლევს კარიერიზმს, მლიქვნელობას და პირფერობას. დიქტატურის დროს მაღალ საფეხურზეა აყვანილი სიცრუე, მინიმუმადე – სამართლიანობა, მაქსიმალურად არის განვითარებული ბიუროკრატიული სისტემა და ბიუროკრატიული საქმიანობა. დიქტატურა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. დიქტატორი იყო ბოკასაც, რომელიც ადამიანებს ჭამდა, და ნაპოლეონიც. დიქტატორი იყო სტალინი, ერთ-ერთი უსასტიკესი თვით დიქტატორთა შორის და პინოჩეტიც. პირველი თავის ძალას ძირითდად იყენებდა თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად, ხოლო მეორე თავისი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მიზნით. ჰიტლერი თავის შეუზღუდავ ძალაუფლებას იყენებდა გერმანელთა ნაციონალური ინტერესებისათვის. მსოფლიოს ისტორიას ახსოვს ბევრი დიქტატორი, ნერონი, ნაპოლეონი, ლენინი, სტალინი, მუსოლინი, ჰიტლერი, ტიტო, მაო ძე დუნი, კიმ ირ სენი, ნასერი, კადაფი, სადამ ჰუსეინი და სხვანი. დიქტატორს არა თუ არავინ და არაფერი არ ზღუდავს, არამედ მისი ხელქვეითები ყოველთვის აღტაცებულნი არიან დიქტატორის გადაწყვეტილებებით და აზრებით. აქ უნდა გავიხსენოთ ცნობილი პოეტის ლადო ასათიანის ფუნაგორია “ყველა დაუჭირეს აპოლონს დის მეტი, მაინც არ მოიშალა აპლოდისმენტი”. არც ერთი მონარქიის დროს არ ყოფილა განვითარებული ე.წ. “სასახლის ინტრიგები” ისე, როგორც დიქტატურის დროს. ენის მიტანა, დაბეზღებები, იერარქიის საფეხურზე ინტრიგების მოწყობა და ამ ინტრიგების შენიღბვა დამახასიათებელია დიქტატირული რეჟიმის დროს და ეს ყველაფერი ზენიტში არის აყვანილი. ვერავითარი აბსოლუტური მონარქია ვერ შეედრება, მაგალითად, სტალინის მართველობის სისტემას ამ მონაცემებით. დიქტატორისათვის, როგორც წესი, არ არსებობს მორალის ცნება. ნაპოლეონმა სირიაში ერთ ქალაქს შემოარტყა ალყა. ქალაქის მესვეურებმა პირობა მისცეს, რომ დანებდებოდნენ, თუ მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. ომი საერთოდ უსასტიკესი რამ არის, მაგრამ იქაც კი არსებობს მორალური კანონები, მაგალითად, არ შეიძლება ტყვეების დახვრეტა და მით უმეტეს სამოქალაქო მოსახლეობის არა მარტო სიკვდილით დასჯა, არამედ ძარცვა. ამ უკანასკნელს ხშირად არ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ სამოქალაქო მოსახლეობა ხელშეუხებელი უნდა იყოს. ნაპოლეონმა ჩაიბარა ქალაქი, ხოლო მოსახლეობა სიკვდილით დასაჯა. შემდგომში იგი თავს იმართლებდა, რომ მას არ ჰქონდა სურსათი მათ გამოსაკვებად. ჰიტლერი პირდაპირ მოუწოდებდა, რომ მორალისათვის არ მიექციათ ყურადღება და ამბობდა, ამაზე პასუხს მე ვაგებო. ლენინისათვის და სტალინისათვის მორალი საერთოდ არ არსებობდა, მხოლოდ ჰიტლერისაგან განსხვავებით ისინი აშკარად არ აცხადებდენ ამას და მალავდენ.
დიქტატორი, როგორც, წესი სახელმწიფოს სათავეში მოდის აჯანყების, არეულობების ანდა შიგა გადატრიალებების და ინტრიგების გზით. ამ უკანასკნელი გზით მოვიდა სახელმწიფოს სათავეში სტალინი და ხრუშჩოვი. გენერალი ფრანკო სახელმწიფოს მეთაური გახდა ორწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად. ერთგვარი გამონაკლისია კიმ ირ სენის ვაჟიშვილი. ის ხელისუფლების სათავეში მოვიდა მემკვიდრეობის თავისებური გზით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მემკვიდრეობას
ჩრდილოეთ კორეის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ლენინი ხელისუფლებაში მოვიდა შეიარაღებული აჯანყების გზით. ჰიტლერი დიქტატორი გახდა არჩევნების საფუძველზე. მაგრამ, როგორც წესი, დიქტატორებად ხდებიან არც მემკვიდრეობის და არც არჩევითი გზით. ასე, რომ ჰიტლერის და კიმ ირ სენის შვილის გადიქტატორება არის გამონაკლისი შემთხვევები. როგორც წესი, დიქტატურას ახასიათებს ტერორის დიდი მასშტაბებით გამოყენება. ასე იყო რობესპიერის დროს, ასე იყო ლენინის, სტალინის და ჰიტლერის დროსაც. დიქტატურას ახასიათებს ისიც, რომ ამ რაჟიმის დროს შედარებით იშვიათია აჯანყებები და შეიარაღებული გამოსვლები. დიქტატურა კრძალავს, აგრეთვე, დემინსტრაციებს და თავისუფალ პრესას. დიქტატურის დროს შეიძლება საკუთარი აზრის გამოთქმა, მაგრამ მხოლოდ ისეთი აზრის, რომელიც ემთხვევა დიქტატორის შეხედულებებს. ამგვარად დიქტატურის დროს არამც თუ არ შეიძლება არსებობდეს ოპოზიცია, არამედ აკრძალულია არსებული სახელმწიფოებრივი დოგმების კრიტიკაც კი. უფრო მეტიც, სტალინის მმართველობის დროს აკრძალული იყო ანეგდოტების თქმაც კი და ამისათვის სისხლის სამართლის კოდექსში იყო სპეციალური მუხლი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დიქტატორს ჰყავს თავისი გუნდი, რომელიც, როგორც წესი, არაფერში არ უწევს წინააღმდეგობას და ყველაფერში ეთანხმება მას. ისინი ეხმარებიან დიქტატორს მაღალი ავტორიტეტის შექმნაში. სტალინის დროს ავტორიტეტის დონემ ავტომატურად მიაღწია უმაღლეს დონეს. დიქტატორის თანამებრძოლთ ჩაბარებული აქვთ თავიანთი მოქმედების არე, სადაც ისინი ახორციელებენ მართვას დიქტატორისაგან მოცემული საერთო პრინციპების საფუძველზე. როგორც წესი, დიქტატორს ახასიათებს სისასტიკე. ამ მხრივ დიქტატორები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სისასტიკის მხრივ, დიქტატორებსა და აბსოლუტურ მონარქებს შორის ერთ-ერთი უპირველესი ადგილი, თუ პირველი არა, ეკავა სტალინს, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ არაადამიანურ და ტირანულ მეთოდებს, როგორიცაა ხელის ან ფეხის მოკვეთა, ენის ამოჭრა, თვალების დათხრა, დასაჭურისება და ცოცხლად დაწვა, სტალინი არ იყენებდა.
მსოფლიო ისტორიის მანძილზე იყო სხვადსხვა ტიპის და სახეობის დიქტატორული რეჟიმები. განვიხილოთ ზოგიერთი მათთგანი.
კომუნიზმი
კომუნიზმი და კომუნისტური იდეოლოგია ჩამოყალიბდა მარქსის თეორიის და შეხედულებების საფუძველზე. მარქსისტული თეორია შეიქმნა მეცხრამეტე საუკუნეში. ამ თეორიას წინ უძღოდა ჰეგელის შეხედულებები. მარქსისტულმა იდეებმა ღრმად ფეხი ვერ მოიკიდა ვერც მარქსის სამშობლოში, გერმანიაში, და, ვერც სხვა კულტურით და ეკონომიკით მაღალ საფეხურზე მყოფ ქვეყნებში, როგორებიც იყვნენ ინგლისი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. მხოლოდ გაუცნობიერებელ ქვეყნებში ჰპოვა მარქსის იდეებმა აღიარება. ლოზუნგი ყველა ადამიანი ერთნაირია და ამ ქვეყანაზე არ უნდა იყვნენ მდიდრები და ღარიბები, საკმაოდ პოპულარულია და, რაც მთავარია, განსაკუთრებით მიმზიდველია ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა გამოირჩევა დაბალი ეკონომიური დონით. მოსახლეობის ღარიბი ფენებისათვის თქმა იმისა, რომ უსამართლობაა, რომ თქვენ ხართ ღარიბი და, ამავე დროს, თქვენს გვერედით არიან ძალიან მდიდრები, მეტად ძლიერი იარაღია გარკვეული პოლიტიკური წრეებისათვის, ვისაც სურს ამით ისარგებლოს და თავის მხარეზე დარაზმოს მასები. ამ მასებს, რა თქმა უნდა, სჯერათ, რომ ისინი არაფრით არ ჩამორჩებიან იმათ, ვისაც შედარებით დიდი ქონება აქვთ. შეიძლება ბიოლოგიური თვალსაზრისით ეს მართლაც ასეა, მაგრამ გარდა ბიოლოგიური ფაქტორებისა არის სხვა მაჩვენებლებიც, რომლებიც რეალურად არსებობენ. ეს ფაქტორებია: განათლების დონე, ნიჭი, უნარი, მოსაზრებულობა, ენერგია, სინდისი, გაიძვერობა, ბოროტება. ყველა ეს თვისება და, აგრეთვე, სხვაც მონაწილეობს ადამიანის ცხოვრების პირობების შექმნის საქმეში. ვის შეუძლია თქვას, რომ ნებისმიერი ადამიანი ერთნაირად ფლობს აღნიშნულ თვისებებს. მაშასადამე, ადამიანები ერთნაირი არ არიან და, მაშასადამე, არც მათი ცხოვრების დონე იქნება ერთნაირი. რა თქმა უნდა, ის თვისებები, რომლებიც ადამიანის მორალს განსაზღვრავენ, არ უნდა მონაწილეობდნენ ადამიანის ქონების და სიმდიდრის შეძენაში, მაგრამ ეს უკვე სისხლის სამართლის კოდექსის საქმეა და ვერც იმას ვერ იტყვის ვერავინ, რომ გაიძვერობა, ბოროტება და, ვთქვათ, რეკეტი უფრო ნაკლებად ისჯება კაპიტალისტურ სისტემაში, ვიდრე კომუნისტურში.
მაშასადამე, იქაც ის თვისებები რჩება, რომლებიც მისაღებია: მოსაზრება, ენერგია, პატიოსნება და ა. შ. თუ ადამიანმა ქონება ან სიმდიდრე შეიძინა მორალურად მისაღები საშუალებებით, რატომ უნდა იყოს ის გასაკიცხი და მით უფრო დასასჯელი? მარქსისტები ამბობენ, რომ პატიოსანი გზით შეუძლებელია სიმდიდრის შექმნა. რა უპატიოსნო საქციელი ჩაიდინა ვთქვათ გეითსმა, ფორდმა, როკფელერმა ან სარაჯიშვილმა? ესენი იყვნენ ამორალური პიროვნებები და ეჟოვი, თუნდაც ბუხარინი ან ბახჩო ქობულოვი, დადებითები?
მარქსისტული თეორიის თანახმად საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად ექსპლოატატორებად და ექსპლუატირებულებად. ექსპლოატატორებში შედიან მდიდრები. ისინი ამ სიმდიდრეებს იძენენ სხვების ექსპლუატაციის ხარჯზე. მკითხველმა მაპატიოს, თუ ასე მარტივად წარმოვადგინე კლასთა ბრძოლის თეორიის ძირითადი არსი. მარქსისტებს ექსპლუატაციად მიაჩნიათ ის, რომ ბიზნესმენი არ უხდის დაქირავებულ პირს იმდენს, რამდენსაც ეს უკანასკნელი ქმნის. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამა თუ იმ საგნის შექმნაში და გასაღებაში მონაწილეობს არა მარტო ის, ვინც თავის ხელით აკეთებს საგანს, არამედ ისიც, ვინც უხდის დაქირავებულს. უფრო მეტიც, ბიზნესმენის როლი ამა თუ იმ საგნის შექმნაში გაცილებით მეტია. ბიზნესმენმა უნდა შექმნას წარმოება, თუ წარმოებაზე ვილაპარაკებთ, უნდა ორგანიზაცია გაუკეთოს საქმეს, უნდა აირჩიოს და იყიდოს ტექნოლოგია, უნდა შექმნას რეკლამა, ურომლისოდაც საქონელი არ გასაღდება. გარდა ამისა ბიზნესმენმა უნდა გადაიხადოს გადასახადი, უნდა გადაიხადოს თანხა წარმოების გასაფართოებლად და მოდერნიზაციისათვის. პროდუქტის შექმნის საქმეში ბიზნესმენის ხვედრი გაცილებით მეტია ვიდრე დაქირავებულ პირთა ხვედრი. რაც შეეხება ხელფასით ანაზღაურებას, აქ მოქმედებს ეკონომიკის კანონი. ანაზღაურების თანხა დამოკიდებულია მიწოდებაზე და მოთხოვნილებაზე. რაც უფრო მეტია მუშა-ხელის დეფიციტი, მით მეტ ანაზღაურებას უნდა ელოდოს ის. რაც მეტია მუშა-ხელი, მით ნაკლებია მისი ანაზღაურება. ასე მოქმედებს დამქირავებელი და, რა თქმა უნდა, არავითარი ყურადღება არ ექცევა მარქსიზმის ტირადებს ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციის შესახებ. მარქსისტული თეორიის განვითარება იწყება ე. წ. “სამრეწველო რევოლუციის” შემდეგ, რომელიც მოხდა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ინგლისში, და რომელიც უკვე მეცხრამეტე საუკუნეში გავრცელდა ევროპასა და ამერიკაში. დასაწყისში ამ რევოლუციას მიზნად ჰქონდა დასახული ადამიანთა დიდი მასების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. როგორც ცნობილია, ინგლისში ამ პერიოდში დაიწყო ფართო მექანიზაციის პროცესი, პირველ რიგში საფეიქრო მრეწველობაში. მანქანების შემოტანას შედეგად მოჰყვა მუშების დათხოვნა. უმუშევარმა მუშებმა ამას თავისებურად უპასუხეს და დაიწყეს მანქანების დამტვრევა, რამეთუ თავის პირობების მკვეთრი გაუარესება დააბრალეს მანქანებს. ეს იყო ერთ-ერთი იმპულსი სოციალისტური და შემდგომში კომუნისტური მოძრაობის დასაწყებად. მარქსისტებმა მალე დაინახეს, რომ ასეთ იდეოლოგიას საფუძველი არა აქვს და მალევე შეცვალეს გეზი, მრეწველობის განვითარების წინააღმდეგ კი არ წავიდნენ, არამედ ბრძოლა გამოუცხადეს მეწარმეებს. სახელმწიფო დაყვეს ორ კლასად: მშრომელთა კლასად და ექსპლუატატორებად. მშრომელთა კლასს მიეკუთვნებოდა მუშათა კლასი და ნაწილობრივ გლეხობა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ გლეხობა ითვლებოდა რეაქციულ ძალად და ტროცკი და, ფაქტობრივად, სტალინიც გლეხობის წინააღმდეგნი იყვნენ. ექსპლუატატორებად ითვლებოდენ მემამულენი და მეწარმენი. ინტელიგენცია საერთოდ არ ითვლებოდა კლასად. ჩვიდმეტი წლის რევოლუციის დროს წითელი ტერორი ყველაზე უფრო მეტად მიმართული იყო ინტელიგენციისა და ოფიცრების წინაააღმდეგ. საქმე იქამდე მივიდა, რომ საკითხი დადგა ახალი ე. წ. საბჭოთა ინტელიგენციის შექმნის შესახებ და ეს მოხდა იმიტომ, რომ ძველი ინტელიგენცია თითქმის მთლიანად იქნა განადგურებული. ხარისხით ეს ახალი ინტელიგენცია მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ძველ ინტელიგენციას. ეს შეეხებოდა არა მარტო კვალიფიკაციის დონეს სხვადასხვა დარგებში, არამედ, რაც მთავარია, მორალურ დონეს. თითქმის მთლიანად გაქრა ადამიანობის ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა სამართლიანობა, ღირსების გრძნობა, პრინციპულობა, მოყვასის სიყვარული, კეთილშობილება.
მარქსი ამტკიცებდა, რომ მან აღმოაჩინა ისტორიული გარდაქმნების კანონი. მარქსის აზრით ეს კანონი ემყარებოდა დიალექტიკურ მატერიალიზმს, რომლის ძირითადი არსი ე.წ. კლასთა ბრძოლის პრინციპებია. ვინსკონსინის უნივერსიტეტის პროფესორის დევიდ ფელმანის აზრით დიალექტიკური მატერიალიზმი არის ყველაზე უფრო ამბიციური და ამასთანავე მოშლილი და ფუყე კონცეფცია იმათ შორის, რაც კი შეუქმნია ადამიანს. რომ ეს კონცეფცია მართლაც მეტის მეტად ამბიციურია ყველამ იცის, მაგრამ რომ მოშლილი ყოფილა, ეს დადასტურდა 70 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირში, ჩინეთში, ვიეტნამში და, თუნდაც, ჩილეში, სანამ ამ ქვეყნის სათავეში ალიენდე იყო. იგივე შეიძლება ითქვას კასტროს კუბაზე. ამ წიგნის მიზანს არ წარმოადგენს მარქსიზმის არსის გამოაშკარავება და თუნდაც მისი კრიტიკა, ამიტომ მარქსიზმის თეორიას ვერ დავუთმობთ დიდ ადგილს. მარქსიზმის შესახებ არის უამრავი ლიტერატურა, როგორც მომხრეების, ისე მოწინააღმდეგების და იმათ, ვისაც უნდათ ეს საკითხი უფრო ღრმად შეისწავლონ, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის ლიტერატურას.
მარქსის თეორია შემდეგში განავითარა ლენინმა, რომელმაც შექმნა მსოფლიოში პირველი კომუნისტური წყობა. კომუნისტური იდეების თანახმად მათ ძალაუფლება უნდა აიღონ შეიარაღებული აჯანყების გზით. კომუნისტები თვლიან, რომ პარლამენტარული გზით ძალაუფლების ხელში აღება შეუძლებელია და ამის განხორციელება შეიძლება მხოლოდ იარაღის გამოყენებით. მაშასადამე, კომუნისტებს ხელისუფლების სათავეში მოსვლა განზრახული აქვთ რევოლუციის მოწყობის გზით. ცნობილია, რომ რევოლუციას ახდენენ გულუბრყვოლო ადამიანები, ხოლო სარგებლობენ ავანტიურისტები. ასე იყო საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს. ასე იყო რუსეთში 1917 წელს. ასევე იყო საქართველოში, როდესაც ჩამოგდებული იყო კომუნისტური ხელისუფლება. ლენინმა რევოლუციის განხორციელების მიზნით წამოისროლა ლოზუნგი “მიწა გლეხებს, ფაბრიკა-ქარხნები მუშებს”, “ძარცვეთ ნაძარცვი”. ამ ლოზუნგებმა დიდი როლი ითამაშეს ჯერ ძალაუფლების ხელში აღებაში და შემდეგ ამ ძალაუფლების განმტკიცებაში. რუსეთის არმიის ძირითადი შემადგენლობა იყვნენ გლეხები, რომლებიც ოცნებობდნენ, რომ საკუთარ სარგებლობაში ჰქონოდათ მიწა. ეს იყო იმის მიზეზი, რომ კომუნისტებს მხარი დაუჭირეს გულუბრყვილო მასებმა. სულ მალე ლენინის მოწაფეებმა ტროცკიმ, ზინოვიევმა და ბოლოს სტალინმა საბოლოოდ დაუსვეს წერტილი კერძო საკუთრებას და კერძო ინიციატივას. ადამიანი გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი ჭანჭიკი. სახელმწიფო კი არ დადგა ადამიანის სამსახურში, არამედ პირიქით ადამიანს უნდა ემოღვაწა სახელმწიფოსათვის, თანაც გიგანტური ბიუროკრატიული სახელმწიფოსათვის. ამ ოცდაათიოდე წლის წინათ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა წარმოთქვა ფრაზა: “იმას კი ნუ კითხულობ, რა მოგცა შენ ქვეყანამ, არამედ იკითხე რა მიეცი შენს ქვეყანას”. საბჭოთა წყობისათვის ეს ლოზუნგი ჟღერდა ასე: “იმას კი ნუ კითხულობ, რა მოგცა შენ მთავრობამ, არამედ იკითხე, რა მიეცი შენ შენს ბიუროკრატიულ მთავრობას”. მიუხედავად ამ ორ ლოზუნგს შორის ფორმალური მსგავსებისა არის არსებითი განსხვავება: საბჭოთა კავშირში იყო მართლაც ბიუროკრატიული ძალაუფლება, რომელიც ფაქტობრივად ერთი კაცის – სტალინის ინტერესებს იცავდა. საბჭოთა კავშირში შეიქმნა მძლარი ინდუსტრია და უპირველეს ყოვლისა მძლავრი სამხედრო მრეწველობა, საბჭოთა იმპერიის საზღვრები გაფართოვდა არნახულად, მაგრამ ეს ყველაფერი იყო შექმნილი არა ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ კომუნისტური რეჟიმისა და, უპირველეს ყოვლისა, სტალინის ამბიციური პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ხალხის კეთილდღეობა კი არავის აინტერესებდა.
საბჭოთა წყობის ძირითადი დამახასიათებელი თვისება არის აღებული ძალაუფლების განმტკიცება და აბსოლუტური დიქტატურა. მართვის იერარქიას აქვს ისეთი სახე, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია უმაღლეს საფეხურზე შესასრულებლად, დანაწილებული სახით გადაეცემა ქვემოთ მდებარე საფეხურებს. არავითარი კრიტიკა ან შესწორება ქვემო საფეხურებზე არ ხდება. ეს გადაწყვეტილება, თუნდაც იყოს მცდარი ან სულელურიც კი, უსათუოდ და უპირობოდ უნდა შესრულდეს. მართვის მიზანი მდგომარეობს სახელმწიფოს, ე.ი. დიქტატორის, სიძლიერის გაზრდაში.
თავის მასშტაბებით უდიდესმა ექსპერიმენტმა კომუნისტური სისტემის შექმნის საქმეში თვალნათლივ აჩვენა, რომ მარქსის იდეები უტოპიური იყო და არავითარი საერთო არ ჰქონდა რეალობასთან. კრახი კაპიტალისტურმა სისტემამ კი არ განიცადა, როგორც ამას მარქსი წინასწარმეტყველებდა, არამედ სოციალისტურმა. სულ მალე რევოლუციის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. დასაბამი ამ ბრძოლას მისცა ლენინმა. სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ დიდად გაიზარდა ტროცკის ავტორიტეტი. ლენინმა იგრძნო საფრთხის მოახლოება და ტროცკის დაუპირისპირა შედარებით უფრო ქვემო საფეხურზე მდგომი სტალინი, რომელიც ლენინმა გახადა პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი. ცოტა ხნის შემდეგ ლენინმა დაინახა, თუ რა სწრაფი ტემპებით ხდებოდა სტალინის ავტორიტეტის ზრდა და შეეცადა მიეღო შესაბამისი ზომები. მაგრამ უკვე გვიან იყო. ამას დაემთხვა ლენინის ავადმყოფობა. ტროცკი თავის წიგნში “ი. სტალინი” წერს, რომ სტალინმა ორგანიზაცია გაუკეთა ლენინის ლიკვიდაციას. იყო ეს ასე, თუ არ იყო, სტალინმა ორგანიზაცია გაუკეთა ტროცკის წინააღმდეგ ოპოზიციას. ამ ოპოზიციაში შევიდნენ ზინოვიევი, კამენევი და ბუხარინი, რომლებსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ პარტიაში და რომლებსაც მიაჩნდათ, რომ საჭირო იყო ტროცკის ჩამოშორება ხელმძღვანელობის სათავეებიდან, როგორც ყველაზე უფრო ავტორიტეტული და, მაშასადამე, საშიში პირისა. საინტერესო ისაა, რომ ტროცკი იმდენად დაარწმუნებული იყო თავის სიძლიერეში და მისი აზრით ოპონენტების არარაობაში, რომ შესაბამისი ზომები არ მიიღო, ბოლოს და ბოლოს წითელი არმიის ხელმძღვანელი ხომ ის იყო. იგი განზე გადგა და უყურებდა, თუ რით დამთავრდებოდა ყოველივე ეს. ცნობილია, რომ პოლიტბიუროს სხდომებზე ტროცკი ფრანგული რომანების კითხვით იყო გართული და არ ერეოდა პოლემიკაში, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, ტროცკი დარწმუნებული იყო, რომ უიმისოდ სახელმწიფოს მართვა ვერ განხორციელდებოდა. ტროცკის განდევნის შემდეგ დაპირისპირება არ შემწყდარა. სახელმწიფოს მეთაურობაზე პრეტენზიები ჰქონდათ ზინოვიევს, კამენევს, ბუხარინს და, როგორც მალე გამოირკვა, სტალინს. სტალინი შეუამხანაგდა ბუხარინს და მათ საერთო ძალით თავიდან მოიშორეს ზინოვიევი და კამენევი, რომლებიც შემდგომში გაასამართლეს და დახვრიტეს. ზინოვიევისა და კამენევის ჩამოშორების შემდეგ სტალინისათვის უკვე აღარ წარმოადგენდა სიძნელეს ყოფილი მოკავშირის ბუხარინის გამოთიშვა. შემდგომში ბუხარინი სტალინმა გაუყენა ზინოვიევისა და კამენევის გზას.
სტალინმა შექმნა არნახული ტერორის სისტემა. 1938 წლისათვის არა თუ რომელიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოღვაწე, არამედ ცენტრალური კომიტეტის ყველა შემადგენლობის რომელიმე წევრიც კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, აღარ იყო ცოცხალი. მასობრივი დახვრეტა მიმდინარეობდა ფართო მასშტაბებით. თითქმის ყველა თანამდებობის პირი, დიდი ექნებოდა მას თანამდებობა თუ პატარა, იყო გამოცხადებული ხალხის მტრად და რეპრესირებული. სტალინმა ასეთი გზა აირჩია იმიტომ, რომ შეექმნა შიშის არნახული მასშტაბები, რაც იძლეოდა ყოველგვარი ოპოზიციის მოსპობის საშუალებას ადამიანის აზროვნებაშიც კი. თანახმად ცნობილი აფორიზმისა “შიში შეიქმნს სიყვარულს” ისტორიაში არნახული მასშტაბებით განხორციელებულმა ტერორმა სტალინს შეუქმნა არამარტო უსაზღვრო ავტორიტეტი, არამედ, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, სიყვარული. სხვაგვარად როგორ უნდა ავხსნათ ის, რომ სტალინის გარდაცვალებას სავსებით გულწრფელი ცრემლებით დასტიროდნენ ისინიც კი, ვინც თავის დროზე რეპრესირებული იყვნენ, ან შვილი, მეუღლე თუ მშობლები ჰყავდათ რეპრესირებული. სტალინმა ცეცხლით და მახვილით, და არა ხალხზე ზრუნვით, მოიპოვა განუსაზღვრელი ავტორიტეტი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მეცნიერებს, ან იმათ, ვინც მეცნიერებას ემსახურებოდა, მუსიკოსებს, მწერლებს ინჟინრებს, ბიოლოგებს, ეკონომისტებს, ენათმეცნიერებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს და საერთოდ ყველა დარგის სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ სტალინმა უფრო მეტი იცის მათ დარგში, ვიდრე თვითონ. არ ვიცი ჰქონდა თუ არა სტალინს წაკითხული გერმანელი მწერლის ტრეჩკეს ნაწარმოებები და იცოდა თუ არ მისი გამონათქვამი: “არა აქვს მნიშველობა რას ფიქრობთ, მთავარია დაემორჩილოთ”, მაგრამ პრაქტიკულად ეს მოსაზრება მისი დევიზი იყო. მართალია, თათბირებზე, პირად საუბარში ან პოლიტბიუროს სხდომებზე ის უსმენდა სხვებს და შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებდა, მას მერე სხვების აზრს არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. სტალინს არ უყვარდა კორექტივების შეტანა თავის გადაწყვეტილებებში, თუნდაც სახელმწიფო გადაწყვეტილებები აშკარად მცდარი ყოფილიყო. ეს, სხვათაშორის, დამახასიათებელია მეტნაკლებად ყველა დიქტატორისათვის. იგივე ხასიათის იყო მეორე დიქტატორის ჰიტლერის მოქმედებაც.
ამგვარად, კომუნისტური დიქტატურის მთავარი დამახასიათებელი თვისებაა, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ძალაუფლება, რომელიც დიქტატორის ხელშია. კომუნისტები თვლიან, რომ ამისათვის გამოყენებული უნდა იყოს ნებისმიერი საშუალება. მორალურ ნორმებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. იცრუე ნებისმიერი მასშტაბებით, ამბობდა ჰიტლერი. ზუსტად იგივე აზრის იყვნენ და ატარებდნენ კიდევაც ამას ცხოვრებაში ლენინი და სტალინი. ძალაუფლების შენარჩუნების და გაძლიერების მთავარი საშუალებაა სასტიკი და დაუნდობელი ტერორი. კომუნისტური იდეოლოგიით ტერორი უნდა გამოყენებულ იქნეს ფართოდ და არამარტო მტრის მიმართ. ძალაუფლების გაძლიერების მეორე საშუალებაა, მძლავრი არმიისა და სამხედრო მრეწველობის შექმნა. რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა მძლავრი ეკონომიკა, რომელსაც ვერ შექმნი დიქტატურის პირობებში. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების გამოყენებაზე, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, მონური შრომის შექმნაზე. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში დამზადებული ნაწარმი უცხოეთის ბაზარზე არ გადიოდა, გარდა იარაღისა და ისიც ღარიბ აზიურ და არაბულ ქვეყნებში, ესეც იმის ხარჯზე, რომ საბჭოთა მხარე ფართოდ იყენებდა დემპინგის მეთოდებს. უცხოელი ექსპერტები დიდი ხანია წინასწარმეტყველებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის ეკონომიკა დიდხანს ვერ იქნებოდა სიცოცხლის უნარიანი და საბოლოოდ საბჭოთა კავშირს მოელოდა კრახი, რომლის მიზეზიც იქნებოდა სწორედ ეკონომიკა. ეს წინასწარმეტყველება გამართლდა. საბჭოთა კავშირის ეკონომიკამ ბოლოს და ბოლოს ვერ გაუძლო შეიარაღების ექსპონენციურ ზრდას და, როდესაც საკითხი დადგა ისეთი იარაღის შექმნაზე, რომელიც ქვეყანას საიმედოდ დაიცავდა ბალისტიკური ან თანამგზავრებიდან გამოშვებული რაკეტებისაგან, საბჭოთა კავშირმა წაიჩოქა. ამას დაემატა ის კოლოსალური ხარჯები, რომლებიც დაკავშირებული იყო უზარმაზარი არმიების შენახვაზე. ამავე დროს აღარ იყო მონური შრომის გამოყენების შესაძლებლობები და ხანგრძლივმა ექსპლოატაციამ საგრძნობლად შეამცირა ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების მარაგი. ყოველივე ამის გამო საბჭოთა კავშირი დაიშალა და, უფრო მეტიც, დღის წესრიგში დადგა რუსეთის ფედერაციის დაშლაც, თუმცა ამ ფედერაციის შესანარჩუნებლად ამჟამად უდიდესი ღონისძიებები ტარდება. კომუნიზმის იდეები გულისხმობდა ქვეყანაში უკლასო საზოგადოების შექმნას. შემდგომში გამოირკვა, რომ ასეთი უკლასო საზოგადოება ფაქტობრივად, თურმე, უნდა შექმნილიყო ბურჟუაზიის, თავად-აზნაურობისა და ინტელიგენციის ფიზიკური განადგურების საფუძველზე და არა რაღაც ჰარმონიის გზით. სინამდვილეში აღნიშნული ფენების განადგურება კი მოხერხდა, მაგრამ შეიქმნა ახალი ორი კლასი: პარტიულ-ბიუროკრატიული პრივილეგირებული ფენა და ნამდვილად ექსპლოატირებული და დაჩაგრული დანარჩენი საზოგადოება. რომ ეს ასეა, საკმარისია გავიხსენოთ ის პრივილეგიები, რომლითაც მთელი საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე სარგებლობდა ახლად შექმნილი პლუტოკრატია.
ფაშიზმი
ისევე, როგორც კომუნიზმი, ფაშიზმი არის დემოკრატიზმის საწინააღმდეგო მიმართულება. განსხვავება ის არის, რომ ფაშისტები ამას საჯაროდ აღიარებდნენ, კომუნიზმის მიმდევრები კი ამბობდნენ, რომ სწორედ ისინი არიან დემოკრატები. იგივე უნდა ითქვას მორალის შესახებ. ორივე ეს მოძრაობა არის ნაციონალისტური, ერთი აშკარად, მეორე კი ფარულად. კომუნიზმმა ნაციონალიზმისაკენ გეზი უკანასკნელ ხანს, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ აიღო.
თავდაპირველად ფაშიზმმა დასაბამი პოვა იტალიაში. სიტყვა ფაშიზმიც პირველად გამოყენებულ იქნა იტალიელი ჟურნალისტის ბენიტო მუსოლინის მიერ, რომელიც შემდგომში სახელმწიფოს მეთაური გახდა. უფრო ფართო გავრცელება ამ მოძრაობამ მიიღო გერმანიაში, როდესაც ოციანი წლების დასაწყისში სრულიად უცნობმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ადოლფ ჰიტლერმა ჩამოაყალიბა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია. გერმანიაში და იტალიაში ფაშისტური მოძრაობა ერთნაირი არ იყო. იტალიაში ეს მოძრაობა უფრო ლიბერალური იყო. გერმანიის ფაშიზმი, არამარტო ნაციონალურ, არამედ რასიულ იდეებზეც იყო აგებული. თანახმად რასიული თეორიისა, რომლის ერთ-ერთი ავტორია ალფრედ როზენბერგი, მსოფლიო იყოფა ორ ნაწილად: უფრო მაღალი რასის წარმომადგენლებად, როგორებიც იყვნენ გერმანელები, შვედები, ინგლისელები, დანიელები და უფრო დაბალი რასის წარმომადგენლებად, როგორებიც იყვნენ აფრიკის და ნაწილობრივ აზიის მოსახლეობა, რუსები და სხვები. ებრაელები არ ითვლებოდა მაღალი რასის ხალხად. ჰიტლერი თავის წიგნში “ჩემი ბრძოლა” წერდა, რომ მარქსიზმის მოძღვრება სპეციალურად შექმნეს ებრაელებმა, რომ დაეღუპათ კაცობრიობა და რომ მსოფლიოში გაბატონებულიყო ებრაელი ერი. აქედან გამოდიოდა ის უდიდესი სიძულვილი, რომელიც ჰიტლერს ჰქონდა ებრაელებისადმი. იტალიაში რასიული საკითხი ისე მწვავედ არ იდგა, როგორც გერმანიაში. შეიძლება ითქვას, რომ კომუნისტების მიმართ, როგორც გერმანელი, ისე იტალიელი ფაშისტები ერთნაირად ანტაგონისტურად იყვნენ განწყობილი. ფაშიზმი ავტორიტარული იდეოლოგიაა. ფაშიზმი ისევე, როგორც კომუნიზმი ხასიათდება ერთპიროვნული ლიდერის არსებობით. ისევე, როგორც კომუნისტური წყობის დროს, ფაშიზმის დროს ქვეყანას მართავს ელიტა და არა პარლამენტი ან მინისტრთა საბჭო და ამ ელიტის წარმომადგენლები უსიტყვოდ ემორჩილებიან ერთ კაცს – დიქტატორს. როგორც კომუნიზმი ისე ფაშიზმი ოცნებობდა მსოფლიო ბატონობაზე. ერთი, კომუნიზმი სხვადასხვა გადატრიალებების საშუალებით, მეორე, ფაშიზმი ძალით, კერძოდ გერმანელების საშუალებით. რასის ან ნაციის არსებობა დიდი ხანია ყურადღებას იწვევს. ნაციონალური პრობლემების სახალხო კომისარმა სტალინმა თავის დროზე გამოთქვა თავისი აზრი და მოგვცა განმარტება, თუ რა არის ნაცია. სამწუხაროდ, ეს განმარტება არ არის ზუსტი. აღნიშნული განმარტების თანახმად გამოდიოდა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ნაციებისა არ იყვნენ ნაციები, მაგალითად, გამოდიოდა, რომ არც ებრაელები იყო ნაცია და არც ქართველები. დღევანდელი ინგლისიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ დიდ ბრიტანეთზე, თუ ვიქნებით ზუსტნი, არის სხვადასხვა ნაციების ერთობლიობა, ესენი, გარდა ინგლისელებისა, არიან უელსელები, შოტლანდიელები, კელტები, თუმცა ეს უკანასკნელები ევროპის კონტინენტიდან არიან ჩამოსული. ლოპარები შედიან შვედების და ფინეთის შემადგენლობაში. სტალინის განმარტებისაგან განსხვავებით ენა არ არის ნაციის ერთადერთი მახასიათებელი ნიშანი. სვანები და მეგრელები სხვა ენებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი ქართველებია. მით უმეტეს არ გამოდგება ნაციის გამსაზღვრელად ზნე-ჩვეულაბები ან ფოლკლორის ცალკეული მახასიათებლები, მეორე მხრივ, წარმოუდგენელია, რომ ესა თუ ის პიროვნება, რომელსაც აქვს და იყენებს სხვა ენას რაც ამ ნაციის ძირითადი ენაა, არ ლაპარაკობდეს ან არ იცოდეს ეს ენა, თუმცა რაღაც გამონაკლისი ამ მხრივ შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, შეძლება იყოს ისეთი მეგრელი, რომელმაც არ იცოდეს ქართული, მიუხედავად ამისა ის მაინც ქართველია. დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუმის აზრს. თუ სომხური გვარის ან წარმოშობის მოქალაქე თვლის, რომ ის ქართველია, ის უნდა ჩაითვალოს ქართველად. იგივე შეიძლება ითქვას სხვებზეც. თუ გენერალი შალიკაშვილი თვლის, რომ ის ამერიკელია, მაშინ ის არის ამერიკელი. თუ ავსტრიელი თვლის, რომ ის არის ავსტრიელი, ის არის ავსტრიელი მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკობს ენაზე, რომელიც თითქმის გერმანულია. ვერავინ ვერ ეტყოდა ჰიტლერს, რომ ის ნაციონალობით იყო ავსტრიელი. ჰიტლერი იყო გერმანელი. ფაქტობრივად, როგორც გერმანია, ისე იტალია გაერთიანებული ნაციები გახდნენ მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. ამის თქმა შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა რომი და რომის იმპერია და არსებობდა ალარიხი, რომელიც გერმანელთა წინაპრად უნდა ჩაითვალოს. როგორც კომუნისტური ისე ფაშისტური წყობა ხელისუფლებაში მოვიდნენ იმის შედეგად, რომ სახელმწიფოში დიდი ეკონომიკური კრიზისი იყო. ასე იყო იტალიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იგივე მოხდა რუსეთში 1917 წელს და გერმანიაში ოციანი წლების ბოლოს და ოცდაათიანის დასაწყისში. ფაშიზმის ისევე, როგორც კომუნიზმის, ხელისუფლებაში მოსვლას წინ უძღოდა მთელი რიგი დაპირებებისა. ასე მაგალითად, მუსოლინი იტალიელ ხალხს ჰპირდებოდა მორალურ და მატერიალურ პროგრესს, ჰიტლერი გარმანელებს შეჰპირდა უმუშევრობის მოსპობას და ეკონომიკის ზრდას. უნდა ითქვას, რომ კომუნისტებისაგან განსხვავებით ჰიტლერმა შეასრულა აღნიშნული შეპირებები. ჰიტლერის რეჟიმმა გერმანიაში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ამასთან ერთად ნაციონალიზმი გერმანიაში გაიზარდა არნახული მასშტაბებით, რასაც ხელი შეუწყო ჰიტლერის დაპირებამ გერმანიის ტერიტორიის გაზრდის შესახებ. ეკონომიკის ზრდა გერმანიაში წარმოუდგენელი იქნებოდა ჰიტლერს, კომუნისტების მსგავსად, ნაციონალიზაცია რომ გამოეცხადებინა ფართო მასშტაბებით და კერძო საკუთრება მოესპო. გერმანიაში ფაშისტური წყობა დამყარდა 1933 წელს. სხვა დიქტატორებისაან განსხვავებით ჰიტლერი ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა. გერმანელი ფაშისტები ერთმანეთს უწოდებდნენ ნაციონალ-სოციალისტებს. ფაშისტებს, როგორც უკვე ითქვა, ბევრი საერთო ჰქონდათ კომუნისტებთან, მაგრამ მათ შორის იყო განსხვავებაც. ერთ-ერთი განსხვავება იყო იმაში, რომ თავის სახელმწიფოში ფაშისტები, როგორც წესი, იბრძოდნენ ებრაელებისა და კომუნისტების წინააღმდეგ. გამონაკლისს წარმოდგენდა დაცვის რაზმების დარბევა, რომელსაც ხელმძღვანელობდა რემი. კომუნისტები რეპრესიებს იყენებდნენ ყველას, როგორც მოწინააღმდეგეების, ისე მომხრეების წინააღმდეგაც, რაც ყველგან გაკვირვებას იწვევდა. გერმანიაში ფაშიზმის მოსვლას სახელმწიფოს სათავეში ხელი შეუწყო იმან, რომ ამ ქვეყანაში ძალზე გაძლიერდა კომუნისტური პარტია, რაც მიზეზი იყო გერმანიის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა. გერმანელმა ფაშისტებმა და ადოლფ ჰიტლერმა მიაღწიეს საკმაოდ დიდ წარმატებებს. გერმანელი ხალხი შეურაცხყოფილად და დაჩაგრულად თვლიდა თავს პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ. გერმანიას აეკრძალა ჰყოლოდა მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალები, მას ჩამოერთვა კოლონიები, გერმანია ორად გაიჭრა დანცინგის დერეფნით, გერმანელებმა დაკარგეს ქალაქები პოზნანი და სტრასბურგი, განხორციელდა საარის ოლქის დემილიტარიზაცია. გერმანიას აეკრძალა ჰყოლოდა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო ფლოტი. დიდი შეზღუდვები იყო დადებული ავიაციაზე. ჰიტლერმა ძალიან მალე შექმნა არმია და სამხედრო-საზღვაო ფლოტი. მოახდინა საარის ოლქის ოკუპაცია, შემოიერთა სუდეტების ოლქი. ამის შემდეგ გერმანიამ შემოიერთა ავსტრია და ჩეხოსლოვაკია, დააყენა დანცინგის დერეფნის გაუქმების საკითხი. ამ მოთხოვნას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი.
თადაპირველად გერმანიამ მიაღწია დიდ წარმატებას, მოახდინა პოლონეთის ოკუპაცია და შემოიერთა ეს ტერიტორია. ამის შემდეგ დაამარცხა საფრანგეთი, ხოლო ინგლისის საექსპედიციო კორპუსმა რის ვაივაგლახით მოახერხა გადასვლა ინგლისში. ყოველივე ამან უდიდესი ავტორიტეტი შეუქმნა სოცილისტ-ნაციონალურ პარტიას და პირადად ჰიტლერს გერმანელების თვალში. ტრიუმფს მოჰყვა ტრაგედია, დაიწყო წარუმატებლობის პერიოდი, რომელიც გერმანიისათვის კატასტროფით დამთავრდა.
ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას თეორიაზე, რომელიც მანამდე ცნობილი იყო, მაგრამ ჰიტლერმა ეს თეორია ფეტიშად გაიხადა. ლაპარაკია რასისტულ თეორიაზე და რასიზმზე. როგორც უკვე იყო აღნიშნული, ჰიტლერმა მსოფლიო დაყო ქვეყნებად, სადაც ცხოვრობდნენ ე.წ. დაბალი რასის წარმომადგენლები და ქვეყნებად, ვის მოქალაქეებსაც “ცისფერი სისხლი” უდუღდათ ძარღვებში. რასისტული მოძღვრება გულისხმობს ანტისემიტიზმს, ანტისლავიზმს და ანტილათინურ მიმდინარეობებს. გამონაკლისად ითვლებოდნენ იტალიელები და ესპანელები, ე.ი. ლათინურ ერებში გულისხმობდნენ მხოლოდ სამხრეთ ამერიკის მაცხოვრებლებს. ისინი, რომლებიც ფაშისტების აზრით არ მიეკუთვნებოდნენ უმაღლეს რასას, იყვნენ დაბალი რანგის ადამიანები და შექმნილი იყვნენ იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ მაღალი რასის ადამიანების მსახურნი. “ფაშისტური მოძრაობის და მათი ლიდერების რევოლუციური ლამპარის ძირითადი არსი არის სისხლის სიწმინდე და პატივი” – ამბობს პროფესორი ფელმანი. ფაშისტურ მოძრაობას, ისევე როგორც კომუნისტურს, ახასიათებს სახელმწიფოს ხელმძღვანელობის ფეტიშიზაცია. “მუსოლინი ყოველთვის მართალია” ამბობდნენ იტალიაში, “ერთი სახელმწიფო, ერთიანი ხალხი, ერთი ფიურერი” – ეწერა დიდ პლაკატზე, როდესაც ჩვენ შევედით გერმანიაში. ფანატიზმი გერმანიაში ისევე, როგორც რუსეთში, არ შექმნილა უმიზეზოდ. ახალგაზრდობას ჰიტლერიუნგში სპეციალურად უნერგავდნენ ჰიტლერისადმი უსაზღვრო სიყვარულს. იგივე მიზნებს ემსახურებოდა საბჭოთა კავშირში კომკავშირი. შტატებშიც იყო ახალგაზრდების ორგანიზაცია “ბოი-სკაუტი”, მაგრამ იქ არ უნერგავდნენ ახალგაზრდებს ფეტიშიზმს სახელმწიფოს მეთაურის მიმართ. არც ჰქონდა აზრი ამას, ვინაიდან ყოველ ოთხ წელიწადში სახელმწიფოს მეთაური იცვლებოდა. ნიცშე გერმანიაში და კარლაინი ინგლისში თვლიდნენ, რომ ხალხი უნდა დაემორჩილოს ზეადამიანებს. უნდა ითქვას, რომ ფაშიზმი როგორც გერმანიაში, ისე განსაკუთრებით იტალიაში უფრო ლიბერალური წყობა იყო ვიდრე საბჭოთა კავშირში კომუნისტური წყობა, მაგრამ ფეტიშიზმი გერმანიაში ჰიტლერის მიმართ არ იყო ნაკლები ვიდრე სტალინის ფეტიშიზმი საბჭოთა კავშირში. ჰიტლერს გერმანიაში ფართო მასები უყურებდნენ როგორც რაღაც წმინდანს, რომელიც არ ჭამდა ხორცს (და ეს მართლაც ასე იყო), რომელსაც არ ჰყავდა ცოლი და ოჯახი და მისი პირადი ცხოვრება იყო გერმანიის კეთილდღეობა და ბედნიერება.
გერმანიის ფაშიზმის თეორიული საფუძვლები ნიცშედან მოდის. ნიცშეს შემდეგ გერმანელმა ფილოსოფოსმა შმიდტმა გამოსცა წიგნი “პოლიტიკის საფუძვლები”. შმიდტმა გავლო გზა სოციალ-დემოკრატიდან ფაშიზმამდე და ჩამოაყალიბა წინააღმდეგობის არსის პრინციპები მტერსა და მეგობარს შორის, ანუ კონფრონტაციის საფუძვლები. ჰიტლერმა თავის წიგნში “ჩემი ბრძოლა” ხოტბა შეასხა სიცრუეს. ის, რომ სიცრუე საჭიროა და აუცილებელი ქვეყნის მართვის საქმეში, ლეიტმოტივად შეიძლება ჩაითვალოს ჰიტლერის მოღვაწეობაში. პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორის ებეშტაინის აზრით ჰიტლერსა და მუსოლინის შორის ერთ-ერთი განსხვავება იყო ის, რომ ჰიტლერს თვითონ სჯეროდა თავის ტყუილების, მუსოლინის კი არა.
დემოკრატია, რომელსაც მუსოლინი ემხრობოდა, იყო გამრუდებული და ერთი მიმართულების მქონე. მუსოლინი ამბობდა “არაფერი არ უნდა არსებობდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ, არაფერი არ უნდა არსებობდეს სახელმწიფოს მაღლა”.
ფაშისტები, როგორც იტალიაში, ისე გერმანიაში, უარყოფდნენ ინდივიდუუმის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დოგმებს. ფაქტობრივად, იგივე აზრის იყვნენ ბოლშევიკები რუსეთში. ნაციზმის ერთ-ერთი თეორეტიკოსი ჰენრიხ ტრეჩკე ამბობდა: “ძალა არის ყველაზე უფრო მაღლა... ნაცია არა მარტო შეადგენს მთლიანად სახელმწიფოს არსს და შემადგენელ ნაწილს, არამედ სახელმწიფო შეიცავს ადამიანებს, ადმინისტრირებით არეგულირებს ყველა ასპექტებს. სახელმწიფო არ კითხულობს ინდივიდუუმების აზრს და მისი კანონები იცავენ მას მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა ისინი ხალხს”.
ჰიტლერი თვლიდა, რომ, რაც უფრო დიდია სიცრუე, მით უკეთესია. “ისევე როგორც ქალი, ვისი ფსიქიკაც ნაკლებად არის დამოკიდებული აბსტრაქტულ მიზეზებზე და უფრო მეტად დაუდგენელ და ემოციურ სურვილებზე და მამაკაცის ძალაზე, ასევე მასები ემორჩილებიან მეთაურს” – ამბობდა ჰიტლერი თავის წიგნში “ჩემი ბრძოლა”. არც ეს აზრი იყოკომუნისტებისათვის უცხო. სიცრუე ყოფილ საბჭოთა კავშირში ავიდა არნახულ სიმაღლეზე და გადაიქცა სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად. საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მხარი დაუჭირა ჰიტლერს, გაცილებით უფრო მაღალი ინტელექტი ჰქონდა, ვიდრე რუსეთის საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მხარი დაუჭირა საბჭოებს. ჰიტლერის პოლიტიკის მხარის დაჭერას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო იმ შეპირებებმა, რომლებიც ჰიტლერმა შეუსრულა ხალხს. ეს იყო ეკონომიკური დონის მკვეთრად გაუმჯობესება და გერმანიის დიდების აღდგენა, ბოლშევიკებმაც წამოაყენეს ლოზუნგები “მიწა გლეხებს” და ა.შ., რაც მიზეზი იყო ღარიბი ფენების, ე.ი. რუსეთის უმრავლესობის მიზიდვისა. განსხვავება ამ ორ შეპირებას შორის იყო ის, რომ ფაშისტებმა შეასრულეს თავისი დაპირება, ბოლშევიკებმა კი არ შეასრულეს და არც უფიქრიათ როდესმე მის შესრულებაზე.
§ 2-6 თავისუფლება
არ არსებობს სხვა ტერმინი, რომელიც უფრო მეტად იყოს გამოყენებული ხალხთა მასების მოსატყუებლად, ვიდრე ტერმინი “თავისუფლება”. “ძმობა, ერთობა, თავისუფლება” – გაჰყვიროდნენ ბარიკადებზე საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს. ამ ლოზუნგისათვის დაიღვარა აუარებელი სისხლი, მათ შორის სრულიად უდანაშაულო ლუი XVI-ის და მარიამ ანტუანეტასი. შედეგად მივიღეთ იაკობინელთა და შემდეგ ბონაპარტის დიქტატურა. განა რობესპიერის მმართველობა იყო ძმობის, ერთობის და, მით უმეტეს, თავისუფლების ხანა? იგივე შეიძლება ითქვას ბონაპარტის ხელისუფლებაზე. ბონაპარტმა შექმნა ახალი არისტოკრატიული ფენა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მის ნათესავებს. არც შემდეგ რევოლუციებს მოუტანიათ ქვეყნისათვის ძმობა, ერთობა და თავისუფლება, მათ შორის, ოქტომბრის რევოლუციასაც. რა ძმობაზე ან თავისუფლებაზე შეიძლება ლაპარაკი რუსეთში 1917 წლის შემდგომ პერიოდში? ფროდრიხ შილერი ამბობდა: “თავისუფლება ეს არის სიზმარი”. ითვლება, რომ თავისუფლება ილუზიის ნაყოფია, უარეს შემთხვევაში თავისუფლებას მივყავართ ანარქიისაკენ. არც გოეთე იყო თავისუფლების იდეებით დიდად აღტაცებული.
გოეთე თვლიდა, რომ აუცილებელია მკაცრად დავემორჩილოთ ბუნებაში ფიზიკურ, ხოლო სოციოლოგიაში პოლიტიკურ კანონებს. ძველი ბერძნები თავისუფლებას განსაზღვრავდნენ როგორც უფლებას, მონაწილეობა მიიღო საზოგადო საქმიანობაში. “ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ის ყველგან შეზღუდულია” – ამბობდა ჟან ჟაკ რუსო. ვფიქრობთ, რომ სხვანაირად არც შეიძლება იყოს, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე ხანაში. ჯერჯერობით ადამიანის შეგნება არ არის იმ სიმაღლეზე, რომ მას არ სჭირდებოდეს შეზღუდვა. აბსოლუტური თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უფლება აქვს გააკეთოს ის, რასაც მოისურვებს. თუ მას შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი არჩევანი და თანაც ერთნაირი შესაძლებლობებით, ამას შეიძლება დავარქვათ აბსოლუტური თავისუფლება. თუ მოქალაქე შეზღუდულია თავის მოქმედებაში, რაც სრულიად ნორმალურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, ანდა ზოგიერთი მოქმედება რაიმეთი არის გაძნელებული, მაშინ ამ პირს არა აქვს მოქმედების აბსოლუტური თავისუფლება. რაც უფრო შეზღუდულია ადამიანი, მით ნაკლებად არის თავისუფალი. თუ ადამიანი ძალიან არის შეზღუდული თავის საქმიანობაში და მარტო იმის გაკეთება შეუძლია, რასაც ეტყვიან, მაშინ მას არავითარი თავისუფლება არა აქვს და ის ახლოა მონასთან. აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს და, კიდევ კარგი, არც შეიძლება არსებობდეს.
შეზღუდვები შეიძლება არსებობდეს ორი სახის: შეზღუდვები, რომლებიც გამომდინარეობენ მორალური დოგმებისაგან. ასე, მაგალითად, არ შეიძლება ქურდობა, ბანდიტობა, ადამიანის მოტაცება, აუცილებელია ერთგულება ოჯახისადმი და სიყვარული სამშობლოსადმი და ა.შ. აღნიშნული მოქმედებები არ შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება დადგენილ მორალურ ნორმებს. მეორე კატეგორიის მოქმედებები განისაზღვრება ისეთებით, რომელთა ჩადენის უფლება ადამიანს უნდა ქონდეს და მათი აკრძალვა არ შეიძლება, მაგალითად, სიტყვის, აზრის ან პრესის თავისუფლება დასაშვებ ფარგლებში, დემონსტრაციების თავისუფლება თუ დემონსტრანტები არ მიმართავენ რაიმე ძალადობას, განათლების და სამედიცინო მომსახურების თავისუფლება, რასულ საფუძველზე აგებული შეზღუდვები, არჩევნების მონაწილეობის უფლება, უფლება უცხოელზე დაქორწინებაზე, უფლება კერძო საკუთრებაზე და ა. შ. თუ ასეთი მოქმედებები სახელმწიფოში აკრძალულია ოფიციალურად ან არაოფიციალურად, ეს უკვე არის თავისუფლების შეზღუდვა. ავტორიტარულ ქვეყანაში ან დიქტატურის დროს გერმანიაში, მაგალითად, არ შეიძლებოდა ებრაელზე დაქორწინება, საბჭოთა კავშირში სასტიკად იდევნებოდა ოფიციალურად მიღებული თვალსაზრისიდან რაიმე გადახვევა.
ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირში არ შეიძლებოდა უცხოელზე დაქორწინება. მმართველ ორგანოებში არჩევნებში მონაწილეობა შეუძლებელი იყო, ვინაიდან არჩევნები იყო ფიქცია. დავუშვათ, მორალურად დასაშვები მოქმედებების და უფლებების ყველა შესაძლებელი რაოდენობა არის M, ხოლო აქედან იმ მოქმედებების და უფლებების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფომ ოფიციალურად ან არაოფიციალურად აკრძალა, არის N და ?? სიდიდეს ვუწოდოთ თავისუფლების რანგი სახელმწიფოში, ეს სიდიდე მაჩვენებელი იქნება იმისა თუ როგორია ამ სახელმწიფოში მოქალაქის უფლებების შეზღუდვა. თუ სახელმწიფოში მორალურად დასაშვები მოქმედება აკრძალული არ არის, მაშინ N = M და ? = 1. ცხადია ? არ შეიძლება იყოს ერთზე მეტი. რაც მეტია ?, მით მეტი თავისუფლებაა სახელმწიფოში. თუ მოქალაქის ყველა მორალურად დასაშვები მოქმედება არის აკრძალული, მაშინ N = 0 და ? = 0. მაშასადამე, ? იცვლება ნულიდან ერთამდე. თუ თავისუფალ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე ? =1. თუ სახელმწიფოში მკაცრი დიქტატურაა, ? = 0. პრაქტიკულად ყოველთვის ? > 0, ვინაიდან არცერთი მკაცრი დიქტატორი, თვით უზურპატორიც კი ყველაფერს არ კრძალავს და ?? = 0 მაგალითად, თუ ავიღებთ ძველ მონათმფლობელურ ხანას, ამ დროს ქორწინება არ იკრძალებოდა. ასევე საკმარისი რაოდენობაა ისეთი მორალურად დასაშვები მოქმედებებისა, რომლებიც არ არის აკრძალული.
არსებობს ასეთი გამონათქვამები: 1) დასაშვებია ყველაფერი ის, რაც არ არის აკრძალული და 2) აკრძალულია ყველაფერი, რაც არ არის დასაშვები. პირველი განმარტება შეესაბამება დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოს. მეორე განმარტება დამახასიათებელია ავტორიტარული და დიქტატორული წყობისათვის. ადამიანის უფლებების ჩამოყალიბება შეერთებული შტატებში განისაზღვრება ამ ქვეყნის კონსტიტუციის საშუალებით, ხოლო ამ უფლებების დაცვა აკისრია ქვეყნის მთავრობას და პრეზიდენტს. მეტნაკლებად იგივე მდგომარეობაა სხვა ქვეყნებშიც. ეს უფლებები არის სწორედ ის მოქმედებები, რომლებზედაც ზემოთ იყო საუბარი. ასე მაგალითად, შეერთებულ შტატებში მთავრობას მიღებული აქვს კანონები და ამერიკის კონსტიტუციაში გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების დაცვა. ეს უბრალოდ ნიშნავს ნ სიდიდის გაზრდას. ფაქტობრივად აღნიშნული უფლებები განსაზღვრავენ თავისუფლებას ქვეყანაში.
ინდივიდუალური უფლებები არის შემდეგი სახის: 1) პოლიტიკური 2) ქონებრივი 3) პერსონალური და 4) რელიგიური. პოლიტიკური უფლებები შეერთებულ შტატებში დაკავშირებულია იმასთან, რომ ყველა ადამიანი, რომელიც იბადება შეერთებულ შტატებში, ან შემდეგ ხდება ამ ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ, არის შეერთებული შტატების მოქალაქე.
მოქალაქეობის სტატუსი იძლევა გარკვეულ პრივილეგიებსა და იმუნიტეტს, რომლებიც სხვებს არ აქვთ. როგორც ამერიკის დაბადებით ისე ნატურალიზებულმა მოქალაქემ შესაძლებელია დაკარგოს სტატუსი, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ის ჩაიდენს ქვეყნის წინაშე რაიმე სერიოზულ დანაშაულს. ყოველ ამერიკელ მოქალაქეს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში მიუხედავათ სქესისა თუ რასისა. აქვს უფლება თავისუფლად გამოიყენოს თავისი ქონება. ამერიკის მოქალაქის პირადი ქონება ხელშეუხებელია. ამერიკის მოქალაქეს აქვს უფლება საკუთარი აზრის წერილობით გამოთქმის, მას აქვს უფლება თავის აღმოჩენებზე ან პატენტებზე. პერსონალური უფლების თანახმად მას აქვს ინდივიდუალური თავისუფლება და მის უსაფრთხოებას იცავს კანონი.
არ შევჩერდებით დაწვრილებით ადამიანის თავისუფლების უფლებებზე, ამ თემას უფრო დაწვრილებით მკითხველი შეიძლება გაეცნოს სპეციალურ ლიტერატურაში, თუნდაც პროფესორ უილიამ ჰოლოუეის წიგნში “American Government“.
III თავი. ხელმძღვანელის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობა
§ 3-1 როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ხელმძღვანელი
არსებობს საერთო მაჩვენებლები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ხელმძღვანელი, კეთილი იქნება ის თუ ბოროტი, აგრესიული თუ მშვიდობის მოყვარე, დიქტატორი თუ დემოკრატი. ეს მაჩვენებლებია: დიდი ავტორიტეტი, ორგანიზატორის ნიჭი, განთლების მაღალი დონე და, თუ ეს შესაძლებელია, ქვეშემდგომთა სიყვარული და პატივისცემა. თუ ეს უკანასკნელი არ არის, მაშინ – შიში. მაკიაველი ამბობდა, ხალხს უნდა ეშინოდეს შენი, მაგრამ არ უნდა სძულდე. ნათქვამია “შიში შეიქმს სიყვარულს”. იგივე მაკიაველი თვლიდა, რომ “არაფერი არ იწვევს ისეთ პატივისცემას მთავრის მიმართ, როგორც დიდი საქმეები”. მაგრამ საკითხავია, თუ რას ნიშნავს დიდი საქმეები.
მთავრის ანუ სახელმწიფოს მეთაურის ნამოქმედარი დიდი საქმეები კარგა ხანს ნიშნავდა ომებში გამარჯვებებს და სხვისი ტერიტორიების და ხალხების დაპყრობას. იშვიათი გამონაკლისების გარდა ასე იყო ვაშინგტონამდე და ლინკოლნამდე.
ამერიკის პირველმა პრეზიდენტმა სახელი იმით გაითქვა, რომ ამერიკა გაათავისუფლა ინგლისის ბატონობისაგან, ხოლო ლინკოლმა გააერთიანა სახელმწიფო, ბოლო მოუღო მონობას და დასაბამი მისცა დემოკრატიულ წყობას. ცოტა თუ იყვნენ მსოფლიოს ისტორიაში სახელმწიფოს ხელმძღვანელები, რომლებსაც სახელი არ ჰქონდათ განთქმული ძირითადად დამპყრობელი ომებით. ტიტუს ქუინტიუსი ამბობდა, რომ ადამიანები შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად: ზოგს ყველაფერი თავიდან ესმით, სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებს გაგებას, დანარჩენები კი ვერც თავისით და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. სახელმწიფოს მეთაური არ შეიძლება ეკუთვნოდეს მესამე კატეგორიას.
დიდი მნიშვნელობა აქვს უახლოეს თანაშემწეთა და მრჩეველთა შერჩევას. თავისთავად ცხადია, რომ ისინი უნდა იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონენი და ამაში ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უნდა იქნეს დადგენილი მათი კვალიფიკაცია და უნარი. იგივე მაკიაველი თვლის, რომ მხოლოდ ბრძენ მთავარს შეიძლება ჰყავდეს კარგი მრჩევლები. სახელმწიფოს მართვის აპარატის შესახებ უკვე გვქონდა ნაწილობრივ საუბარი. მართვის აპარატში შედიან არა მარტო მრჩევლები, არამედ მართვის მთელი სტრუქტურა, რომელსაც სხვადსხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახე აქვს. მართვის სტრუქტურა შეადგენს აღმასრულებელ ორგანოებს, რომელსაც სათავეში თვითონ სახელმწიფოს მეთაური უდგას. მართვის იერარქიაში შემავალი პირები, სახელმწიფოს მეთაურის ჩათვლით, უნდა აკმაყოფილებდნენ მთელ რიგ ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა კომპეტენტურობა, ხალხისადმი ერთგულება, პრინციპულობა, სამართლიანობა და გარკვეული აზრით, გამბედაობა, მას არ უნდა აშინებდეს თქვას სიმართლე, რა ზიანიც არ უნდა მოუტანოს პირადად მას, თუკი ამ სიმართლის თქმა აუცილებლობით არის გამოწვეული. ცხადია, რომ სახელმწიფოს მართვის იერარქიაში შედიან აღმასრულებელი და არა საკანონმდებლო ორგანოები. სახელმწიფოს მართვა დამოკიდებულია იმ მიზნებზე და კრიტერიუმებზე, რომლებიც საფუძვლად უნდა ედოს ნებისმიერ მართვას. სახელმწიფოს მეთაურს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზანი, მაგალითად: ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლება, სამხედრო ძლიერების გაზრდა, სახელმწიფოს უშიშროების უზრუნველყოფა, საგარეო ურთიერთობათა პრობლემები და სხვ. სახელმწიფოს მეთაურისათვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა. სახელმწიფოს ზოგიერთი მეთაურისათვის ეს პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესი კი არ არის, არამედ მთავარზე მთავარი. ამას გასაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიქტატურის ან აბსოლუტური მონარქიის შემთხვევაში.
სახელმწიფოს აღმსრულებელ ორგანოებში უნდა იყვნენ რჩეულნი. ცნობილია, რომ სახელმწიფოს აპარატში მუშაობა სურს მრავალ პიროვნებას. ბევრი მათგანი ამ სურვილის ასასრულებლად არაფრის წინაშე უკან არ იხევს და ხშირად მიზნის მისაღწევად იყენებს ყველა საშუალებას. სახელმწიფოს ხელმძღვანელმა ყველა ზომა უნდა მიიღოს სახელმწიფოს აპარატის ღირსეული პიროვნებებით დაკომპლექტების საქმეში. ცნობილია, რომ ყველა ადამიანს აქვს პატივმოყვარეობის გრძნობა.
ხშირად კარიერისტები იყენებენ ხელმძღვანელის სწორედ ამ თვისებას. პირმოთნეთაგან თავის დაცვა არც ისე იოლია. ძნელია დატუქსო ის, ვისაც უნდა რომ გაამოს, მუდამ ჟამს გეუბნება მაამებელ ფრაზებს, გაქებს და გადიდებს. როგორც წესი, პირმოთნე პოტენციური მოღალატეა. როგორც კი უფროსს ცუდად წაუვა საქმე, ან, თუ მას გაათავისუფლებენ ან დააქვეითებენ თანამდებობიდან, პირმოთნე იმ წუთში მოწინააღმდეგე ბანაკში გადაბარგდება და ახალ უფროსს დაუწყებს ქებას, ხოლო ძველს კრიტიკას. პირმოთნეთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა შეირჩეს მაღალი კვალიფიკაციის პირები, რომლებიც პრინციპულობით გამოირჩევიან. კადრების ცუდად შერჩევის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს სტალინის მიერ ხრუშჩოვის დაწინაურება. არ არსებობს ხოტბის ისეთი გამოთქმები, რომლებიც არ გამოუყენებია ხრუშჩოვს სტალინის სიცოცხლის პერიოდში. როგორც ვიცით, სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვმა სტალინი ხელმეორედ დაასამარა და იმიტომ კი არა, ღირსი იყო თუ არა სტალინი. ხრუშჩოვმა სამაგიერო გადაუხადა სტალინს იმ წყენინებისათვის, რაც ამ უკანასკნელს მიუყენებია მისთვის არაერთხელ. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სტალინს დიდი შეცდომები მოსდიოდა კადრების შერჩევის საქმეში. ავიღოთ სხვა მაგალითი. ნაპოლეონის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ტალეირანი ნაპოლეონმა მშვენივრად იცოდა, თუ რას წარმოადგენდა ტალეირანი. იცოდა, რომ იგი არ იყო მისი და არც არავის ერთგული, მაგრამ ის სჭირდებოდა მას და იტანდა კიდეც. მაკიაველის თანახმად ხელმძღვანელი ყოველთვის უნდა ეთათბირებოდეს თავის ხელქვეითებს, მაშინ, როდესაც ის თვლის ამას საჭიროდ და არა მაშინ, როდესც ეს ხელქვეითებს მოეპრიანებათ. ხელმძღვანელმა არ უნდა დაუშვას მისცენ მას რჩევა ისეთ საკითხზე, რომელიც მას არ უკითხავს. ხელმძღვანელმა ყოველი ზომა უნდა მიიღოს, რომ მასთან მოვიდეს ჭეშმარიტი ინფორმაცია.
სახელმწიფოს მართვის საქმეში მთავარი ფიგურა, რა თქმა უნდა, თვითონ სახელმწიფოს ხელმძღვანელია. ვფიქრობ, ამერიკას არ აღმოვაჩენთ თუ ვიტყვით, რომ გახდეს კარგი ხელმძღვანელი ყველას არ შეუძლია. როგორც უკვე იყო აღნიშნული, ხელმძღვანელი უნდა ხასიათდებოდეს მთელი რიგი მაჩვენებლებით, მაგალითად გააჩნდეს თვისება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და განახორციელო ეს გადაწყვეტილება. იგი უნდა იყოს მტკიცე, მაგრამ არა უხეში, ურყევი მაგრამ არა ჯიუტი, კომუნიკაბელური მაგრამ არა ძმაბიჭური. ეს არის საერთო ხასიათის მოთხოვნები. გარდა ამისა იგი უნდა ხასიათდებოდეს:
1) კომპეტენტურობით. ხელმძღვანელმა კარგად უნდა იცოდეს ეკონომიკა, იურესპრუდენცია, სახელმწიფოს მართვის ელემენტები. უკანასკნელი მოთხოვნა მეტად მნშვნელოვანია, ვინაიდან თუ პირველი ორი დისციპლინის შესწავლა არ წარმოადგენს რაიმე პრინციპული ხასიათის სიძნელეს, ამ დარგში არის ლიტერატურა და სახელმძღვანელო წიგნები, სახელმწიფოს მართვა, როგორც დისციპლინა, ჯერ არც არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და ლიტერატურით მეტად ღარიბია.
2) ორგანიზატორული ნიჭით. შეიძლება ადამიანი კომპეტენტური იყოს მართვის დარგში, ე. ი. თეორიული ცოდნა ჰქონდეს, მაგრამ იყოს ცუდი ორგანიზატორი. სახელმწიფოს ხელმძღვანელი უნდა იყოს საქმის კარგი ორგანიზატორი. ორგანიზატორის საქმიანობა მრავალ მხარეს შეიცავს. მან უნდა სწორად გაანაწილოს ფუნქციები მართვის იერარქიაში, ამასთან – უშუალო კავშირში პირებს შორის, ჩამოაყალიბოს სახელმწიფოს მართვის იერარქიული სქემა, უზრუნველყოს მიღებული ინფორმაციების სისწორე და ჭეშმარიტება. სახელმწიფოს ხელმძღვანელმა უნდა შეარჩიოს დემოკრატიისა და ერთმმართველობის შერწყმის დოზა. მან უნდა შექმნას და ორგანიზაცია გაუკეთოს შეიარაღებულ ძალებს, უშიშროების ორგანოებს. მან უნდა ორგანიზება გაუკეთოს ქვეყნის ჯანსაღ ეკონომიკას, განათლების და მეცნიერების სისტემებს. მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხზე უნდა შესრულდეს. შესრულებისათვის უნდა დაისახოს შესაბამისი ღონისძიებანი. სწორი ღონისძიებების დასახვა დამოკიდებულია ხელმძღვანელის, როგორც ორგანიზატორის ნიჭზე.
3) ანალიზისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარით. გადაწყვეტილების მიღების დროს ხელმძღვანელი უნდა გაერკვიოს სიტუაციაში და გააკეთოს მოვლენის სწორი დიაგნოზი. იმისათვის, რომ დიაგნოზი იყოს სწორი, აუცილებელია (თუმც არასაკმარისი) მიღებული ინფორმაცია შეესაბამებოდეს სინამდვილეს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ, რაც უნდა მაღალი კვალიფიკაციის და ინტელექტის მქონე ხელმძღვანელთან გვქონდეს საქმე, სწორი გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია.
აქედან ის დასკვნა უნდა გაკეთდეს, რომ სახელმწიფოს მეთაურმა ყველა ღონე უნდა მიიღოს, რომ უზრუნველყოს იმ ინფორმაციის სისწორე, რომელიც მასთან მიდის. თუ ინფორმაცია სწორია, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის კვალიფიკაცია და ინტელექტი დაბალია, მიღებული გადაწყვეტილება ასევე უვარგისი იქნება. მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მიღებული ინფომაციის სისწორე არის აუცილებელი პირობა, მაგრამის საკმარისი არ არის.
ფაქტორების ან მომხდარი მოვლენების ანალიზის დროს, როგორც წესი, გამოიყენება განზოგადებების, ანალოგიების, ლოგიკის სხვადასხვა მეთოდები. განზოგადება გულისხმობს პარალელების გავლებას მათ შორის, რაც ცნობილია, და იმათ შორის, რასაც აქვს ადგილი. “განზოგადება არის მოცემული სიმრავლიდან იმ სიმრავლეზე გადასვლა, რომელშიც მოცემული სიმრავლე შემადგენელი ნაწილია” – ამბობდა ცნობილი მეთემატიკოსი პოია. მაგალითად, იმის საფუძველზე, რომ ამა თუ იმ პირმა წარმატებით გაართვა თავი გარკვეული კლასის ამოცანებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ანალოგიური ახალი ამოცანების შემთხვევაში ის პირი ასევე წარმატებით იმოქმედებს და ეს იქნება განზოგადების მეთოდების გამოყენება. რა თქმა უნდა ასეთი მიდგომის დროს შესაძლებელია დაშვებული იქნეს შეცდომაც. მაგალითად, თუ ვიმსჯელებთ იმის საფუძველზე, რომ წყალი დუღდება 1000-ზე და რაღაც ნივთერება, რომელიც ადუღდა 1000-ზე წყალია, შეიძლება დაშვებული იქნას შეცდომა. განზოგადების მეთოდისაგან განსხვავებით ანალოგიის მეთოდები დაფუძნებულია ზოგიერთი მსგავსების არსებობაზე. ნათქვამია “წარსული ჰგავს ამჟამინდელს”. ანალოგების მეთოდის გამოყენების ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგალითად, მრავალი ოპერაცია, რომლებიც სტალინმა განახორციელა, აღებული იყო იაკობინელების მიერ განხორციელებული მოქმედებების საფუძვლებზე. მაგალითად, მასობრივი ტერორი, რომელიც შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში სტალინმა გამოიყენა განზოგადების მეთოდებიც, ვინაიდან ტერორის მასშტაბები საბჭოთა კავშირში გაცილებით დიდი იყო. ანალოგიების მეთოდების გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც ხელმძღვანელი თვლის, რომ ორ მოვლენას შორის არის მსგავსება და ახალი მოვლენის შემთხვევაში იყენებს იგივე მეთოდს, რომელიც გამოყენებულ იქნა წარსულში და რომელმაც კარგი შედეგი გამოიღო.
რიგ შემთხვევებში, ამა თუ იმ მოვლენის არსის დასადგენად, ხელმძღვანელმა ან მისმა მრჩევლებმა შეიძლება გამოიყენოს ე. წ. ინდუქციის მეთოდები. ამ შემთხვევაში ცალკეული მოვლენების დაკვირვების შედეგად შეიძლება დადგინდეს კანონზომიერება, რომელიც ხსნის ამა თუ იმ მოვლენას და აღნიშნული კანონზომიერება განიხილება როგორც სხვა, უფრო საერთო კანონზომიერების შედეგი. ასე, მაგალითად, კეპლერის მიერ დადგენილი კანონზომიერება პლანეტების მოძრაობის შესახებ უშუალო კავშირშია ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონთან.
4) ობიექტურობით და სამართლიანობით. ამ თვისებების არსებობა მეტად დიდ ავტორიტეტს უქმნის ხელმძღვანელს ფართო მასებში და, თუ ხელმძღვანელი ამ თვისებების მფლობელია, მისი ქვეშევრდომები უდიდესი პატივისცემის გრძნობით არიან განმსჭვალული მისადმი. ასეთი ხელმძღვანელი მასებს უყვართ ნამდვილი და არა იძულებითი სიყვარულით. ეს კი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დემოკრატიული წყობისაა.
ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწე და არამარტო ხელმძღვანელი ცდილობს აჩვენოს, რომ ის არის ობიექტური და სამართლიანი. მაგალითად, ისეთ სატრაპს, როგორიც იყო სტალინი, გარდაეცვალა თავისი შვილი იაშა, რომელიც ტყვედ ჰყავდათ გერმანელებს, ფელდმარშალ პაულიუსში გაცვლაზე მან უარი განაცხადა. ამით მას უნდოდა ობიექტურობის იმიჯი შეექმნა. სინამდვილეში კი იაშა მას არ უყვარდა და ეს კარგად იყო ცნობილი მაშინ. ამასვე ადასტურებს სტალინის ქალიშვილი სვეტლანა. შუა საუკუნეებში და უფრო ადრეც, ბევრი შემთხვევა იყო შვილების ან ახლო ნათესავების დასჯის, მაგრამ ეს ხდებოდა არა ობიექტურობის, არამედ ტახტის ან ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.
5) დიპლომატიურობით. სახელმწიფოს მეთაურს უნდა ახასიათებდეს დიპლომატიურობა და ის ყოველთვის არ უნდა იყოს პირდაპირი. ინგლისელები ამბობდნენ: “სწორხაზოვანია, როგორც ჩერჩეტი”. ხელმძღვანელმა არ უნდა გაამწვავოს სიტუაცია, თუ ამას არ მოითხოვს რაიმე აუცილებლობა. ასევე უმიზეზოდ ხელმძღვანელმა არ უნდა შელახოს ამა თუ იმ ადამიანის პირადი ღირსება. ხელმძღვანელმა, როგორც წესი, არ უნდა იცრუოს, უკიდურეს შემთხვევაში სჯობია, თუ ის თავს შეიკავებს რაიმე აზრის გამოთქმისაგან, თუ ეს შესაძლებელია. ხელმძღვანელი კარგად უნდა ფლობდეს ე. წ. “ორმაგი თამაშის” მეთოდებს.
6) მომხიბვლელობით. შეძლებისდაგვარად ყველა ხელმძღვანელს უნდა ახასიათებდეს პირადი მომხიბვლელობა და მიზიდულობა. ასევე, თუ რაიმე აუცილებლობით არ არის გამოწვეული, ის უნდა იყოს არამარტო თავაზიანი, ალერსიანიც კი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მან, თუ საჭიროა, არ გამოიჩინოს სიმტკიცე და ნებისყოფა. ხელმძღვანელი, როგორც წესი, არ უნდა იყოს უხეში. ხელმძღვანელის მეტად მნიშვნელოვანი თვისებაა თავშეკავების უნარი. ჩან-კა-იში თვლიდა, რომ ადამიანის ყველა თვისებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია თავშეკავება.
ხელმძღვანელი უნდა იყოს კომუნიკაბელური, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის იყოს ძმაბიჭური. ხელმძღვანელმა არავითარ შემთვევაში არ უნდა წაახალისოს ე.წ. “კარიერიზმი” და პირიქით, დაუნდობლად უნდა ებრძოლოს ასეთ მოვლენას.
ხელმძღვანელი ფართოდ უნდა იყენებდეს წახალისებისა და დასჯის სისტემას. წახალისების, განსაკუთრებით ორდენით დაჯილდოების წინ, ხელმძღვანელი კარგად უნდა დაფიქრდეს, რომ არ დაუშვას ის, რასაც აკეთებდა სტალინი, დღეს აძლევდა უმაღლეს ორდენს, ცოტა ხნის შემდეგ კი ხვრეტდა.
სახელმწიფოს იდეალური ხელმძღვანელის მიზანი უნდა იყოს თავისი ხალხის კეთილდღეობა, ეკონომიკური აღმავლობა, პირადი ძალაუფლების ხელში აღება და მისი განმტკიცება. სამწუხაროდ, ისტორიის მანძილზე ასეთი სახელმწიფოს ხელმძღვანელები იყვნენ ცოტა. კარგ ხელმძღვანელთა კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ უილიამ პიტი, ბისმარკი, ჩერჩილი და რიგი ამერიკელი პრეზიდენტებისა: ვაშინგტონი, ლინკოლნი, რეიგანი.
სახელმწიფოს მართვა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვანაირი პრინციპებით. ზოგიერთი ამ პრინციპებთაგან ჩამოაყალიბეს მიჩიგანის უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ინსტიტუტში.
§ 3-1 ხელმძღვანელის კლასიფიკაცია
ავტორიტარული ხელმძღვანელობა. ხელმძღვანელი არ ენდობა ხელქვეითებს. ამ უკანასკნელებს არა აქვთ უფლება თავისუფლად განიხილონ პრობლემები. ხელმძღვანელი იშვიათად ღებულობს რაიმე იდეებს თავისი თანამშრომლებისაგან ან ხელქვეითებიდან. არის გამეფებული შიშის ატმოსფერო. ფართო განვითარება აქვს დასჯის სისტემას. იშვიათად შეიძლება ჰქონდეს ადგილი წახალისებასაც. თანამშრომლების პასუხისმგებლობის გრძნობა დაბალია. თანამშრომლებს, როგორც წესი, არა აქვთ ერთმანეთს შორის კონტაქტი. დიდად არის განვითარებული ეჭვიანობა. გადაწყვეტილებები მიიღება მაღალ ინსტანციაში და ამ პროცესში არ მონაწილეობენ დაბალი საფეხურების წარმომადგენლები.
კვაზიავტორიტარული ხელმძღვანელობა. ხელმძღვანელი ანგარიშს უწევს ხელქვეითის აზრს და ენდობა კიდევაც მას. მართვის ასეთი სისტემის დროს ხელმძღვანელი იძლევა იდეებს და თვითონვე ღებულობს გადაწყვეტილებებს. პასუხისმგებლობის გრძნობა არც თუ ისე დიდია. როგორც წესი, იერარქიის ქვედა საფეხურებიდან მოდის ისეთი ინფორმაცია, რომელიც სასურველია ხელმძღვანელისათვის, რასაც, რა თქმა უნდა, არა აქვს ადგილი. არის განსაზღვრული კომუნიკაბელობა ხელმძღვანელსა და მის ხელქვეითებს შორის, მაგრამ არასაკმარისი. მართვა ამ შემთხვევაშიც უმაღლეს სფეროშია თავმოყრილი.
სათათბირო ხელმძღვანელობა. ამ შემთხვევაში შემსრულებელი უფრო ნაკლებად არის შეზღუდული და სარგებლობს მეტი თავისუფლებით. მას ხელმძღვანელი უფრო მეტად ენდობა. თანმშრომელს აქვს უფლება მიიღოს აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან თათბირებში, გამოთქვას იქ საკუთარი აზრი და დაიცვას ეს აზრი, მიუხედავად ხელმძღვანელის შეხედულებისა. ხელმძღვანელი კონსულტაციებს და რჩევებსაც კი იღებს თანამშრომლისაგან. უფრო მეტად გამოიყენება წახალისება და უფრო ნაკლებად დასჯა.ძირითადი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები აქაც მიიღება უმაღლეს საფეხურებში. უფრო ნაკლები მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიიღება იერარქიის ქვემო საფეხურებშიც.
კოლექტიური ხელმძღვანელობა. ხელმძღვანელობას აქვს სრული მხარდაჭერა თანამშრომელთა მხრივ. ფაქტიურად ხელმძღვანელობა ხორციელდება არა ერთი პირის, არამედ კოლექტივის მიერ. ასეთი სახის ხელმძღვანელობა განხორციელებული იყო საფრანგეთში ტრიუმვირატის დროს, ყოფილ საბჭოთა კავშირში ხრუშჩოვის მმართველობის დასაწყისში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამას ჰქონდა ფორმალური ხასიათი, საქართველოში გამსახურდიას მმართველობის გაუქმების შემდეგ ჰქონდა ადგილი კოლექტიურ ხელმძღვანელობას.
სახელმწიფოს ხელმძღვანელის მოღვაწეობის შეფასება შეიძლება განხორციელდეს ხვადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე. მაგალითად, იმისდა მიხედვით, თუ რა სამხედრო გამარჯვებები მოიპოვა მან, რა ახალი ტერიტორიები შეუერთა თავის სახელმწიფოს და რამდენად გაავრცელა თავისი ძალაუფლება სხვა ხალხზე, რა სიკეთე მოუტანა მოსახლეობას მთლიანად და არა მარტო მის ცალკეულ ფენებს, როგორ აამაღლა ცხოვრების დონე თავის ქვეყანაში და ა.შ. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელის შეფასება დღევანდლამდე ხდებოდა პირველი ჯგუფის კრიტერიუმების თანახმად. ასე ფასდებოდა, მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობა. იგივე ითქმის რომის იმპერატორებზეც. არც ნაპოლეონის მოღვაწეობაა ამ მხრივ გამონაკლისი. იგივე კატეგორიას მიეკუთვნებიან სტალინი და ჰიტლერი. გამონაკლისს წარმოადგენენ ბისმარკი და ჩერჩილი. დამახასიათებელია პოლ ვალერის სიტყვები: “კლემანსო აღმერთებდა საფრანგეთს და ჭირივით სძულდა ფრანგები” თუ ეს მართლა ასეა, მაშინ აღნიშნული სიტყვები ნიშნავს, რომ ფრანგი ხალხის კეთილდღეობა კლემანსოსათვის არ იყო მთავარი და მთავარი იყო საფრანგეთის სახელმწიფო. მაკიაველი ამბობდა: “ყველაზე უარესი მაინც ისაა, რომ პარტიათა ბელადები და თავკაცები ოსტატურად ნიღბავენ თავიანთ ნამდვილ მიზნებს და მისწრაფებებს. ყველა ისინი ჭეშმარიტი თავისუფლების მტრები არიან, მიუხედავად ამისა, სწორედ თავისუფლების დაცვის საბაბით ძირს უთხრიან რესპუბლიკურ წყობას... ...ხოლო თუ გამარჯვებას მიაღწევენ, მათი ჯილდოა არა ის შეგნება, რომ თავიანთი მცდელობით განამტკიცონ თავისუფლება, არამედ ბილწი სიხარულის გრძნობა. ისინი ყველაზე მეტად კმაყოფილნი არიან იმით, რომ სძლიეს მოწინააღმდეგეებს და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება და რაკი ხელისუფლების სათავეში მოექცევიან, არავითარი საშუალებების წინაშე აღარ იხევენ უკან, რაგინდ სასტიკი, რაგინდ ამორალური და უსამართლოც არ უნდა იყოს იგი. აი ამიტომაა, რომ გამარჯვებული პარტიის მიერ გამოცემული კანონები საყოველთაო სიკეთეს კი არ ისახავს მიზნად, არამედ პარტიის ბელადების პირად გამორჩენას. აი, რატომ დებენ ხელშეკრულებებს: არა იმიტომ, რომ გაადიდონ მამული, არამედ იმიტომ, რომ დააკმაყოფილონ მცირერიცხოვან თავკაცთა პატივმოყვარეობა”. ეს სიტყვები, დაწერილი მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულში, მთლიანად ესადაგება დღევანდელ მდგომარეობას. ძალზე ცოტაა იმ ხელმძღვანელთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა რიცხვი, ვისაც არ ეხება ზემოთმოყვანილი სიტყვები.
სახელმწიფოს მეთაური, იმისდა მიხედვით დემოკრატია ის თუ დიქტატორი, კეთილია თუ ბოროტი, თავის საქმიანობაში აუცილებლად უნდა იყენებდეს ძალას. ფრიად საეჭვოა, უახლოეს მომავალში დადგეს დრო, რომ სახელმწიფოში აღარ იყოს საჭირო ძალის გამოყენება. ძალა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სახელმწიფოს მართვის საქმეში. ცნობილი ფილოსოფოსი პასკალი ამბობდა: “მართებულია დაემორჩილო სამართლიანობას, შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას. სამართლიანობა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, უძლურია. ძალა, რომლის უკან არ დგას სამართლიანობა, ტირანულია. უძლურნი სამართლიანობას ყოველთვის ფეხქვეშ გაიგებენ იმიტომ, რომ ამ ქვეყნად არ დაილევიან უკეთურნი, უსამართლო ძალა კი ყოველთვის აღაშფოთებს კეთილს. მაშასადამე, საჭიროა ძალისა და სამართლიანობის შერწყმა, აი ამიტომ ან სამართლიანობა უნდა გახდეს ძლიერი ან ძალა სამართლიანი”. და შემდეგ: “სამართლიანობა ხშირად სადავოა და საკამათო, ძალა კი უდავო და აუცილებელი. ამიტომაც სამართლიანობა ვერ იქნა და ვერ გახდა ძლიერი. ძალა არ ცნობდა მას და ამბობდა, რომ სამართლიანობა უსამართლოა და მხოლოდ თვითონაა სამართლიანი. რაკი სამართლიანობა ვერასდროს ვერ იქცა ძალად, ხალხმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ძალაა სამართლიანი”.
სახელმწიფოს იდეალური ხელმძღვანელი ყოველთვის ცდილობს ძალა გამოიყენოს სამართლიანობისათვის. სახელმწიფოს ორდინალური ხელმძღვანელი კი ძალას ხშირად იყენებს პირადი პატივმოყვარეობისა და პირადი კეთილდღეობის მოსაპოვებლად. ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე უფრო მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე ზემოთხსენებული პირადი კეთილდღეობა და პატივმოყვარეობა. ამ მხრივ საინტერესოა ისეთი პიროვნების მოღვაწეობა, როგორიც იყო სტალინი. სტალინი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა პირად კეთილდღეობას. თუ მოისურვებდა, მას შეიძლებოდა ჰქონოდა ყველაფერი. იყო რა უაღრესად პატივმოყვარე, ამავე დროს იგი სრულიად არ იყო დაინტერესებული პირად ქონებაში. ვისაც უნახავს მისი აგარაკები დამეთნხმება, რომ ამ აგარაკებს ვერანაირად ვერ შევადარებთ ცნობილ სასახლეებს. რა შედარებაა, ვთქვათ, სტალინის საცხოვრებელ სახლსა კუნცევოში და ცნობილ მილიონერის ჰიუზის სასახლეს შორის კალიფორნიაში. სტალინს არ აინტერესებდა ფეშენებელური სასახლეები, ბრილიანტები, მეტად ძვირადღირებული მანქანები, საკუთარი იახტები და ყველაფერი ის, რაც ასე მიმზიდველია სხვებისათვის. სამაგიეროდ სტალინს ჰქონდა დაუოკებელი მისწრაფება ძალაუფლებისადმი და ამ მხრივ მან არ იცოდა საზღვარი. სტალინი მიდიოდა ნებისმიერ ბოროტებაზე, ოღონდ შეენარჩუნებინა და გაეფართოებინა პირადი შეუზღუდავი ძალაუფლება.
ძალაუფლებისადმი მისწრაფება შეიძლება იყოს ორგვარი. ერთი, როდესაც ესა თუ ის პირი ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება, რათა თავის ნებას დაუმორჩილოს რაც შეიძლება მეტი ხალხი და სახელმწიფო. ეს არის სწრაფვა ძალაუფლებისადმი, რომ გახდე მბრძანებელი, თანაც ერთპიროვნული. მსგავსი ლიდერები და სახელმწიფოს მეთაურები არც თუ ისე ცოტა იყო კაცობრიობის განვითრების ისტორიის მანძილზე, მაგალითად ნერონი, კალიგულა, ნაპოლეონი, ლენინი, სტალინი, ჰიტლერი. პატივმოყვარეობა, პრესტიჟი და მასების დამორჩილების დაუოკებელი სურვილი იყო მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ძალაუფლებისაკენ მისწრაფების მეორე, დიამეტრიალურად საწინააღმდეგო მაგალითებიც არსებობენ, მაგალითად, ავიღოთ გერმანიის კანცლერი ბისმარკი, რომელიც მოღვაწეობდა მე-18 საუკუნეში. ბისმარკის მოღვაწეობის მთავარი მიზანი იყო გერმანელი ხალხისა და სახელმწიფოს კეთილდღეობა.შეიძლება ეს უცნაურადაც გვეჩვენოს, მაგრამ იგივე მიზნები ჰქონდა ჰიტლერსაც, რომელიც გერმანელი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესაბას აპირებდა სხვა ხალხების ხარჯზე, ამიტომ ჰიტლერი ვერ შევიდოდა ისტორიაში, როგორც დადებითი მოღვაწე, კიდევაც რომ მოეგო მეორე მსოფლიო ომი.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მაკკლალნი და ქ. ბოსტონის ერთ-ერთი ფირმის ხელმძღვანელი დევიდ ბერჰემი თვლიდნენ, რომ ხელმძღვანელს უნდა ამოძრავებდეს არა მარტო პირადი მიღწევების მიზნები, არამედ ძალაუფლებისადმი მისწრაფებაც, მაგრამ ეს ძალაუფლება გამოყენებული უნდა იქნეს არა პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არამედ ფირმის საკეთილდღეოდ. ეს სიტყვები თავისუფლად შეგვიძლია გავავრცელოთ სახელმწიფო მოღვაწეებზეც.
არ იქნება ცუდი, რომ გავიხსენოთ ჰენრი ადამსის სიტყვები: “ძალაუფლება ეს არის შხამი”. კაცობრიობის განვითრების მანძილზე ბევრი სისხლი დაღვრილა ძალაუფლებისათვის. კარგი ხელმძღვანელი არის ის, ვინც მიისწრაფის ძალაუფლებისაკენ, მაგრამ ამ ძალაუფლებას ხალხის საკეთილდღეოდ იყენებს. თავისი ხალხისათვის ზრუნვის მხრივ რელიეფურად გამოირჩევიან შეერთებული შტატების პრეზიდენტები. უნდა აღინიშნოს, რომ მათი არჩევის ერთ-ერთი მთავარი პირობაა მიმართოს ქვეყნის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკა ისე, რომ მოსახლეობამ კიდევ უფრო აიმაღლოს ცხოვრების დონე. პრეზიდენტის კანდიდატის შეფასება ხდება იმისდა მიხევდით, თუ რას გააკეთებს მომავალი პრეზიდენტი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების საქმეში. ცნობილია, რომ ამერიკის პრეზიდენტს აქვს ფართო უფლებები, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დარგში. ამერიკაში პრეზიდენტის არჩევისას ძალაშია სამი შეზღუდვა. პირველი, პრეზიდენტი არ უნდა იყოს 35 წელზე ნაკლები ასაკის, მეორე, დაბადებული უნდა იყოს შეერთებულ შტატებში, და მესამე, პრეზიდენტად არ შეიძლება არჩეული იყოს პირი, ვინც არჩევნებამდე ამ ქვეყანაში ცხოვრობდა 14 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში. პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, პრეზიდენტი ხდება ვიცე-პრეზიდენტი. თუ ისიც გამოვიდა წყობიდან, მაშინ სახელმწიფოს მდივანი, ფინანსთა მინისტრი, სამხედრო მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მიწათმოქმედების, ვაჭრობის, შრომისა და ჯანმრთელობის, საბინაო და ქალაქმშენებლობის, ენერგეტიკის და განათლების და ვეტერანთა საქმეების მინისტრები. შეერთებულ შტატებში სამინისტროებს ეწოდებათ სახელმწიფო დეპარტამენტები.
ნებისმიერი ქვეყნის ადმინისტრაცია შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. ძველი საბერძნეთის მმართველობა იყო დემოკრატიული. ძველი რომის იმპერიამ შემოიღო და განავითარა გამოცდილ ადმინისტრატორთა ორგანიზებული სამსახური. ეს სისტემა შემდგომში გადაიღო ბიზანტიის იმპერიამ. ფეოდალურ შუა საუკუნეებში, ევროპაში, ქვეყნის ადმინისტრაციულ მართვაში მონაწილეიობას იღებდა მეტად მცირე რაოდენობის პირები. ამის შემდეგ დადგა აბსოლუტური მონარქიის დრო. ასეთი წყობა იყო ინგლისში, პრუსიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში. მას შემდეგ, რაც ქვეყნის მმართველობის სათავეებში ადგილი დაისაკუთრეს საშუალო კლასების წარმომადგენლებმა და განვითარდა დემოკრატია, შემცირდა ინტერესი სუფთა ადმინისტრაცული სისტემების მიმართ და პოლიტიკურმა დაინტერესებამ კრენი გააკეთა იმისაკენ, რომ ხელმძღვანელობაში მოსულიყო ფართო მასების წარმომადგენლები. თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ სახელმწიფოს როლი და მისი მნიშვნელობა საზოგადოებაში არ არის ერთნაირი და იცვლება, ერთი მხრივ, ადამიანთა მისწრაფებებისა და მეორე მხრივ, იმ პირობების შეცვლასთან ერთად, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ. მთავრობებმა ყოველთვის უნდა გაუწიონ ანგარიში ხალხის სურვილებს.
§ 3-2 ვინ უნდა მართოს სახელმწიფო და როგორ უნდა მოვიდნენ ისინი მმართველობაში
მეტად მნიშვნელოვანია, თუ ვინ უნდა იყოს სახელმწიფოს სათავეში. მონარქიული წყობის შემთხვევაში სახელმწიფოს ხელმძღვანელი განსაზღვრულია, მონარქის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფოს მეთაური ავტომატურად ხდება ტახტის მემკვიდრე, “ხელმწიფე მიიცვალა, გაუმარჯოს ხელმწიფეს”. თუ სახელმწიფოს წყობა არჩევითია, მაშინ დგება პრობლემა, თუ ვინ უნდა იყოს არჩეული სახელმწიფოს ხელმძღვანელად. თუ დიქტატურასთან გვაქვს საქმე, მაშინ ის, თუ ვინ მოვა სახელმწიფოს სათავეში, დამოკიდებულია სიტუაციაზე და დიქტატორის კანდიდატის პირად თვისებებზე. უკვე ითქვა, რომ სახელმწიფოს მეთაური შეიძლება იყოს ორი ტიპის: ერთი რომლის მიზანია ხალხის კეთილდღეობის და ცხოვრების დონის ამაღლება, დემოკრატიული გარდაქმნები, ნოვაციები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში და ამ დარგების განვითარება და მეორე – პირადი ამბიციები, ძალაუფლების განმტკიცება, აგრესიული ომები, დემოკრატიის ჩახშობა, პრივილეგირებული კლანების შექმნა და ა.შ. მეორე კატეგორიის სახელმწიფო ხელმძღვანელი, როგორც წესი, უნდა იყოს დიქტატორი.
სახელმწიფოს მეთაურის წინაშე ხშირად დგას საკითხი, მოახდინოს მსხვილი ობიექტების ნაციონალიზაცია თუ ჩაატაროს პრივატიზაცია ფართო მასშტაბებით და ხელი შეუწყოს მსხვილი კორპორაციების, გაერთიანებების და სააქციო საზოგადოებების შექმნას. სოციალისტების საყვარელი თემა იყო სახელმწიფოების მსხვილი საწარმოების და ობიექტების ნაციონალიზაცია, ვინაიდან ითვლებოდა, რომ კერძო საკუთრების მასშტაბები უნდა შეიზღუდოს, რათა არ მოხდეს მოსახლეობის მნიშვნელოვანი დიფერენციაცია და არ იქნეს დაშვებული დიდი განსხვავება ძალიან მდიდრებსა და ძალიან ღარიბებს შორის. ასეთი ფსიქოლოგია მოდის მარქსიდან. საქმე იმაშია, რომ მარქსის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და მაგალითად, 1960 წლის მონაცემებით შეერთებულ შტატებში ასეთი სურათი იყო. (იხ. ცხრილი) როგორც ეს ცხრილი გვიჩვენებს, განსხვავება უკიდურეს მდიდართა და მცირე შემოსავლიან მოსახლეობას შორის რაოდენობრივად არც ისე დიდია. გარდა ამისა, უკიდურესად ღარიბების, ისევე როგორც უკიდურესად მდიდრების რიცხვი ძალიან მცირეა და უმთავრეს მასას აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავალი. ასეთი შეფარდებითი გათანაბრების ერთ-ერთი მიზეზია ფასიანი ქაღალდებისა და აქციების სისტემის შემოღება. საწარმო რაც მეტ მოგებას ნახულობს, რიგითი თანამშრომლის შემოსავალიც იზრდება. ლეიბორისტების მთავრობამ, რომელსაც ეტლი მეთაურობდა, მოახდინა ინგლისის რიგი საწარმოების და დარგების ნაციონალიზაცია და შედეგი მკვეთრად უარყოფითი იყო. ამის შემდეგ ათეული წლების განმავლობაში, ლეიბორისტები ვეღარ იმარჯვებდნენ არჩევნებში. მხოლოდ უკანასკნელ არჩევნებში მოვიდნენ ისინი სათავეში, მაგრამ ნაციონალიზაციაზე ლაპარაკი აღარ არის. ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ ნაციონალიზაცია ჩაატარა მაროკომ, მაგრამ სწრაფად მოვიდნენ გონს და გააუქმეს დადგენილება ნაციონალიზაციის შესახებ, რის შედეგადაც მაროკოს ეკონომიკამ სწრაფად დაიწყო ზრდა.
კითხვაზე, თუ ვინ უნდა მართოს სახელმწიფო, პასუხი ტრივიალურია: ალბათ, იმან, ვინც ყველაზე უკეთ დაიცავს ხალხის ინტერესებს, გაზრდის სახელმწიფოს შემოსავალს, აამაღლებს ცხოვრების დონეს, შექმნის სტაბილური მმართველობის რეჟიმს, უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, მაღალ დონეზე აიყვანს განათლების, მეცნიერებისა და კულტურული მიღწევების დონეს და ა. შ. მაგრამ ისმება კითხვა: როგორი უნდა გაკეთდეს არჩევანი, რომ შესრულებული იყოს ყველა ზემოჩამოთვლილი პირობა? კომუნისტები ამბობენ, რომ ეს ყველაზე უკეთესად, უფრო სწორედ, ერთადერთი, ვისაც შეუძლია ასეთი მისიის შესრულება და სრულყოფილად განახორციელოს სახელმწიფოს მართვა, არის პროლეტარიატი. მრავალი წლის სისხლიანმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ეს არის აბსურდი. ჯერ ერთი, არსებობს თუ არა პროლეტარიატი და თუ კიდევაც არიან ისეთები, რომლებიც დიდი გაჭირვებით მიეკუთვნებიან ამ კატეგორიას, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა იყვნენ ისინი სახელმწიფოს სათავეში. ცნობილია, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს სახელმწიფოს მართავდა არა პროლეტარიატი, არამედ ბიუროკრატიის წარმომადგენლები. მართვის იერარქიის სხვადასხვა საფეხურებს ესა თუ ის პირი აღწევდა, უმთავრესად, პირფერობით, ტყუილების თუ სხვა უფრო კრიმინალური ხასიათის მეთოდების გამოყენებით. არც ის არის სწორი, რომ ე. წ. კაპიტალისტური სისტემის არსებობის დროს მარტო ექსპლუატატორები და მათი ინტერესების დამცველები შეიძლება მოვიდნენ სახელმწიფოს სათავეებში. ცნება “ექსპლოატატორი” და “ექსპლუატირებული” საერთოდ არ უნდა არსებობდეს. სამუშაოზე მიღება და ხელფასის დანიშვნა როგორც ითქვა ხდება ეკონომიკის ცნობილი კანონის “მოთხოვნილება-მიწოდება”-ს თანახმად და ექსპლუატაცია აქ არაფერ შუაშია. თუ ვინმეს პატარა ანაზღაურება აქვს, ეს ხდება იმიტომ, რომ კვალიფიციური მსურველებია ბევრი. რაც შეეხება დამქირავებელს ის, რა თქმა უნდა, მომსახურე პერსონალს უხდის უფრო ნაკლებს, ვიდრე ეს პერსონალი ღირებულებას ქმნის, მაგრამ სხვანაირად არც შეიძლება. საჭიროა გადასახადების გადახდა, საჭიროა სხვადასხვა ხარჯების გასტუმრება, ადმინისტრაციული პერსონალის შენახვა, თანხების გადადება საწარმოოს მოდერნიზაციისათვის და გაფართოებისათვის და ა. შ. ექსპლუატაცია არსებობდა და ისიც ყოველ შემთხვევაში არა, მარტო მონათმფლობელური წყობის დროს და ამ ცნების მექანიკური გადმოტანა თანამედროვე პერიოდში ხდება სპეციალურად წყლის ამღვრევის მიზნით.
დემოკრატიას ჰყავდა ბევრი მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში. ინგლისელი სოციოლოგი კარლაინი (1789-1891) ამბობდა, რომ “დემოკრატია ეს არის ქაოსი და დაშლა”. კარლაინის აზრით დემოკრატია მომავალში, საერთოდ, არ შეიძლება იყოს განხორციელებული. კარლაინს სძულდა ირლანდიელები, ებრაელები, ზანგები, ლათინური წარმოშობის ერები (აგრეთვე იტალიელები, ფრანგები, ესპანელები და სამხრეთ ამერიკის ყველა ხალხები). ის თვლიდა, რომ მხოლოდ ტევტონები და ანგლო-საქსები არიან დაბადებით პრივილეგური რასა და მარტო ისინი არიან მოწოდებული მართონ სხვა ხალხები. ფაშიზმის და ნაციზმის იდეები მოდის კარლაინის შრომებიდან. კარლაინის აზრით “ადამიანის უფლებები” სხვა არაფერია, თუ არა სამუდამო პრივილეგია, რომელიც ენიჭება სულელებს, რათა მათ იბატონონ ჭკვიანებზე. კარლაინი თვლის, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ნიშნავს რომ ჭკვიანები და კეთილშობილები დაუმორჩილო სულელ მასებს. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მართვა, მბრძანებლობა და დამორჩლება. კარლაინს მიაჩნია, რომ მაღალი რანგის ადამიანებმა უნდა მართონ დაბალი რანგის ადამიანები. საკითხის ამგვარად დაყენების დროს მეტად მნიშვნელოვანია, როგორ განისაზღვრება მაღალი ან დაბალი რანგი, ბიოლოგიურად თუ რასობრივად, ეს რასობრივი თეორიაა და ფაშისტურ იდეოლოგიაში გადავალთ. თუ მაღალ ან დაბალ რანგს დავარქმევთ ადამიანებს, ვისაც უფრო მაღალი ან დაბალი ინტელექტი აქვს და ეს ინტელექტი დაბადებიდან კი არ მოდის, არამედ შემდეგ არის შეძენილი, მაშინ ეს არავითარი რასობრივი და ფაშისტური მიდგომა არ იქნება.
ამჟამად ყველაზე უფრო პოპულარულია და უმთავრესად ორიენტაცია კეთდება კიდეც სახელმწიფოს მართვის დემოკრატიულ ფორმაზე. აღიარებულია, რომ დემოკრატიული სისტემა, როდესაც მმართველი ორგანოების არჩევაში მონაწილეობას იღებს მთელი მოსახლეობა, არის ყველაზე უკეთესი სისტემა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს სისტემები, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ დემოკრატიულ წყობასთან, საღდებოდა როგორც დემოკრატიული.
როგორც უკვე იყო ნათქვამი, დემოკრატიული წყობის დროს არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს მთელი მოსახლეობა, გამონაკლისს წარმოადგენენ სულით ავადმყოფები და ზოგიერთი კრიმინალური დამნაშავეები. არჩევნების დროს სხვა შეზღუდვებიც არსებობს, მაგალითად, ასაკობრივი ცენზი. ეს ცენზი შემოღებულია იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდას და მითუმეტეს მოზარდს არ შეუძლია გააკეთოს სწორი არჩევანი. მართლაც, საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ გააკეთო არჩევანი და აირჩიო ის კაცი, რომელიც შეძლებს გაუძღვეს სახელმწიფოს და ნაციას, ეს არის მეტად სერიოზული პრობლემა. თუ არ შეიძლება ავტომანქანის მართვა მიანდო ნებისმიერ პირს, ალბათ, მითუმეტეს არ შეიძლება ყველას მიეცეს უფლება აირჩიოს სახელმწიფოს მეთაური და ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება დისკრიმინაცია, როგორც არ არის დისკრიმინაცია, არ მიეცეს ნებისმიერ პირს უფლება უმკურნალოს პაციენტს. ერთი სიტყვით, ნებისმიერ მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და აირჩიოს. ამის უფლება უნდა ექნეს იმას, ვისაც აქვს მაღალი ინტელექტი და საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება. ყველას არ შეუძლია გააკეთოს სწორი არჩევანი და მისცეს ხმა ღირსეულ კანდიდატს, დემოკრატიული არჩევნები შედარებით უკეთესად ხორციელდება იქ, სადაც მოსახლეობის ინტელექტი და განათლების საშუალო დონე საკმაოდ მაღალია. ასეთი ქვეყნებია ინგლისი, შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები. უფრო უარესადაა საქმე იტალიაში, სრულიად არადამაკმაყოფილებელად – ალჟირში, სპარსეთში, ლივიაში, საქართველოში, რუსეთში. სამწუხაროდ, ყველა სახელმწიფო და ყველა ხალხი არ არის მზად დემოკრატიული არჩევნებისათვის. ისმება კითხვა: ხომ არ აჯობებდა არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ მარტო იმათ, ვისაც გააჩნია შესაბამისი ინტელექტი. ალბათ, არჩევანი მათ უკეთესი შეიძლება გააკეთონ, ვიდრე მთელმა მოსახლეობამ. თუ გადავხედავთ ისტორიას, რაღაც მსგავს მაგალითებს უკვე ჰქონდათ ადგილი. მთიან რაიონებში ხელმძღვანელებს ან ბელადებს ირჩევენ დიდი გამოცდილების მქონე ჭკვიანი მოხუცები. დღეს, რა თქმა უნდა, ასეთი პრიმიტიული არჩევნების სისტემა არ გამოგვადგება და დაუშვებელიც კია, მაგრამ რაღაც რაციონალური მარცვალი შეიძლება შემჩნეულ იქნეს წარსულ გამოცდილებაში. პრინციპში სავსებით შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური ინტელექტუალური ტესტები, რომელთა მიხედვით ასევე შესაძლებელია დადგინდეს ის ამომრჩევლები, ვინც უნდა გააკეთოს არჩევანი. ინტელექტუალური ტესტები ფართოდ გამოიყენება შეერთებულ შტატებში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. ქ. პრინსტონში (ნიუ-ჯერსი) არსებობს სპეციალური ორგანიზაცია, სადაც 4 000 თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ადგენენ ინტელექტუალურ ტესტებს. ინტელექტუალურ ტესტებს, რომელთა დანიშნულებაა ინტელექტის დონის დადგენა, დიდი ხანია, იყენებენ. ამერიკელი მეცნიერების ვექსლერისა და ბელვიუს მიერ შემუშავებული სისტემის საფუძველზე 1946 წელს შეიქმნა ინტელექტუალური ტესტი, რომლის მიზანი იყო გერმანელი მთავარი სამხედრო დამნაშავეების ინტელექტების დადგენა. ტესტი საშუალებას იძლეოდა დადგენილი ყოფილიყო სამხედრო დამნაშავეების გერინგის, ჰესის, რიბენტროპის, დენიცის, რედერის, კეიტელის, პაპენის, ნეირატის, შპეერის, იოდლის, კალტერბრუნერის, როზენბერგის, შახტის, ზეის-ინკვარტის, ფრანკის, ფრიჩეს, შირახის, ფუნკის, ფრიკის, ზაუკელის და შტრაიხერის ინტელექტის დონეები. ტესტის რამდენიმე შეკითხვა ითვალისწინებდა კანდიდატთა ზეპირი მეხსიერებისა და ცნების გამოყენების დადგენას. ეს შეკითხვები შეიცავენ: 1) სიტყვის სიგრძის მიმდევრობით გაზრდის დროს მეხსიერების სიდიდის ცვლილებას, 2) შეკითხვები ელემენტარული არითმეტიკიდან სირთულის თანდათანობით გაზრდით, 3) შეკითხვები საღ მოსაზრებებზე, 4) მეხსიერების ფორმირება სიტყვიერი მსგავსების მიხედვით. შეკითხვების მეორე სერიალის მიზანი იყო დაკვირვებების და მოტორული კოორდინაციის თვისებების დადგენა. ამ მიზნით ჩამოყალიბებული იყო შეკითხვები: 1) ტესტი კოდების შეცვლაზე (ციფრების შეცვლა სიმბოლოებით), 2) ობიექტების შედგენა სპეციალური ტესტებით, 3) ჩანაფიქრების აღდგენა, 4) სურათების აღდგენა. ტესტების საშუალებით დადგენილი აღნიშნული პირების ინტელექტის დონე აღმოჩნდა შემდეგი: 1 ადგილი – შახტი, 2 ადგილი – ზეის-ინკვარტი, 3 ადგილი – გერინგი, 4 ადგილი – დენიცი, 5 ადგილი – პაპენი, 6 ადგილი – რედერი, შემდეგ მოდიან ფრანკი, ფრიჩე, შირახი, რიბენტროპი, კეიტელი, შპეერი, იოდლი, როზენბერგი, ნეირატი, ფუნკი, ფრიკი, ჰესი, ზაუკელი, კალტერბრუნერი, შტრაიხერი. არჩევნების მონაწილეთა დადგენის შემთხვევაში არ არის საჭირო მსგავსი რანჟირების ჩატარება. უნდა დადგინდეს მხოლოდ არის თუ არა ესა თუ ის ამომრჩეველი განსაზღვრული დონის ზემოთ.
მართალია, შეერთებულ შტატებში საკმაოდ კარგად მუშაობს არჩევნების ამჟამად არსებული დემოკრატიული სისტემა, მაგრამ განა გამორიცხულია, რომ ინტელექტუალურ ტესტებზე აგებული არჩევნების სისტემა კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მოგვცემს?
უეჭველია, რომ ინტელექტის მქონე პირებს, უფრო სწორედ, ინტელიგენციას და არა, რა თქმა უნდა, პროლეტარიატს, აქვს მეტი უფლება განახორციელოს მართვა მასებზე. განახორციელოს მართვა სრულიადაც არ ნიშნავს, დაიცვას მხოლოდ თავისი ინტერესები. მართვა შეიძლება და აუცილებლად უნდა განხორციელდეს ერის ინტერესების დასაცავად, ერის საკეთილდღეოდ.
მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს შეძლებული კლასის ბევრი წარმომადგენელი გამოდიოდა ღარიბების ინტერესების დასაცავად. ამგვარ მოვლენას ყოველთვის ექნება ადგილი, თუ ადამიანს ახასიათებს კეთილშობილება. მთავარი ის კი არ არის, თუ რომელი კლასის წარმომადგენელია სახელმწიფოს სათავეში, არამედ მთავარი ისაა, თუ რა კრიტერიუმებით ხორციელდება მართვა.
§ 3-3 ძალაუფლება და მისი შენარჩუნების საშუალებები
ძალაუფლების აღების ყველაზე უფრო კეთილშობილური გზაა არჩევნები. ძალაუფლების შენარჩუნების ყველაზე უფრო კეთილშობილური გზაა ღირსეული ავტორიტეტის მოპოვება და კარგი იმიჯი. არსებობს ძალაუფლების აღების სხვა გზებიც: შეიარაღებული გადატრიალება, ინტრიგები, ტერორი. ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ასევე შეიძლება ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა: ტერორი, ინტრიგები, ცბიერება, სიცრუე, ვერაგობა, შეპირებები, საჭირო პიროვნებების წახალისება და დაჯილდოება.
ხელისუფლების სათავეში კანონიერი გზით მოსვლა, თუ დემოკრატიულ წყობილებასთან გვაქვს საქმე, დაკავშირებულია საარჩევნო კომპანიის სწორად წარმართვასთან, ამისათვის კი გარკვეული თანხებია საჭირო. საარჩევნო კომპანიის ჩატარების დროს არც თუ იშვიათად მიმართავენ ხოლმე აკრძალულ ილეთებს, როგორიცაა სიცრუე, შანტაჟი და ხანდახან ტერორიც. დიდი გამოყენება აქვს ცრუ დაპირებებს, რომლებიც შედგომში არ სრულდება. ხელისუფლების სათავეში უკანონო გზით მოსვლა, როგორც წესი, დაკავშირებულია სხვადასხვაგვარ პოლიტიკურ ინტრიგებთან ან შეიარაღებულ პუტჩთან. სახელმწიფოს ნებისმიერი ხელმძღვანელი ქმედით და ეფექტურ ზომებს იღებს, რომ შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა. თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ მან ამ საქმეში გამოიჩინოს ინდიფერენტულობა და გულგრილობა. ამ მხრივ ერთ-ერთ მაგალითს, რომელიც, ალბათ, იშვიათია ისტორიაში, წარმოადგენს ხრუშჩოვის გადაყენება თანამდებობიდან. როდესაც ხრუშჩოვი, ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ერთი სიტყვით, ქვეყნის ერთპიროვნული ხელმძღვანელი და დიქტატორი ბიჭვინთიდან გამოიძახეს პოლიტბიუროს სხდომაზე, გზაში მან უთხრა მიქოიანს: “არავითარი საჩქარო საკითხისთვის არ მეძახიან. თუ მაგათ ჩემი გადაყენება აქვთ გუმანში, მე წინააღმდეგობას არ გავუწევ”. ეს იყო გასაკვირი, რადგან, როდესაც წინათ იგი პოლიტბიუროს სხდომაზე ასევე გადააყენეს თანამდებობიდან, მან მოატყუა ოპოზიცია და მოითხოვა, რომ ის გადაეყენებინათ ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე. სანამ ჩატარდებოდა ცენტრალური კომიტეტის სხდომა ხრუშჩოვმა და მისმა მომხრეებმა მოასწრეს ცენტრალური კომიტეტის წევრების დამუშავება და ცენტრალურმა კომიტეტმა დატოვა ხრუშჩოვი თავის თანამდებობაზე. ამჯერად იგი გადააყენეს და მას დიდი წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. საერთოდ სტალინს ისე ჰქონდა უსაფრთხოების აპარატი შექმნილი, რომ თითქმის შეუძლებელი იყო სახელმწიფოს ხელმძღვანელის გადაყენება.
სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტის შენარჩუნებისათვის და ძალაუფლების განმტკიცებისათვის იქმნება მეტად მძლავრი და მრავალრიცხოვანი შინაგან საქმეთა ორგანოები. ეს ორგანოები ძირითადად ორი სახისაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიტიკური პოლიცია, რომლის მოვალეობა, პირდაპირ რომ ვთქვათ, არის არსებული პოლიტიკური რეჟიმის შენარჩუნება და მისი უსაფრთხოება. ავტორიტარულ სახელმწიფოებში ამ უკანასკნელს ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. იყო ქვეყნები სადაც პოლიტიკურ პოლიციას განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა მინიჭებული. გავიხსენოთ მალიუტა სკურატოვის რაზმი, რომელიც უშუალოდ ივანე მრისხანეს განკარგულებაში იყო. ცნობილი უშიშროების კომიტეტი საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად ემორჩილებოდა პირადად სტალინს. შეერთებულ შტატებში პოლიტიკური პოლიცია, როგორც ასეთი, არ არის. არის პოლიცია, რომელიც მუნიციპალიტეტებს ემორჩილება და რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეებს ებრძვის, არის გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელსაც კონტრდაზვერვის ფუნქციები აკისრია და დაზვერვის ცენტრალური სამმართველო, რომლის ფუნქციებია დაზვერვა უცხო ქვეყნებში.
ავტორიტარულ ქვეყნებში სახელმწიფოს ხელმძღვანელისათვის შეუძლებელია ძალაუფლების შენარჩუნება, თუ ქვეყანაში არ მოქმედებს კარგად ორგანიზებული პოლიტიკური პოლიცია. ასე იყო ივანე მრისხანეს დროს, ასე იყო საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში, სადაც პოლიტიკურ პოლიციას ხელმძღვანელობდა ფუშე, ასე იყო მეფის რუსეთში, ასე იყო საბჭოთა კავშირში, სადაც ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ ძერჟინსკი, ეჟოვი, ბერია და ასე იყო ფაშისტურ გერმანიაში, სადაც პოლიტიკური პოლიციის ხელმძღვანელები იყვნენ ჰიმლერი და მიულერი.
ალბათ, არ არის საკამათო ის, რომ სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ყველაზე უფრო კარგად ორგანიზებული და მოქმედი იყო საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტი, როგორც დროში ისე სივრცეში. თითქმის წარმოუდგენელი იყო სტალინზე თავდასხმის განხორციელება მაშინ, როდესაც ასეთი თავდასხმები განხორციელებული იყო როგორც იულიუს კეისრის, ისე ნაპოლეონის, რუსეთის მეფეების, ლენინის და ჰიტლერის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტში გამეფებული იყო უმკაცრესი დისციპლინა, ისეთი მკაცრი, რომელზეც უფრო მეტი წარმოუდგენელიც კია. იმის შემდეგ, რაც სახელმწიფოს სათავეში მოვიდა სტალინი, შეიცვალა უშიშროების ბევრი ხელმძღვანელი და ყველა ისინი გარკვეული დროის შემდეგ სტალინმა ეშაფოტზე გაგზავნა. ვერ მოასწრო მარტო ბერიას განადგურება. როდესაც ეჟოვი მიჰყავდათ დასახვრეტად ის “ინტერნაციონალს” მღეროდა. არა მგონია, რომ ეჟოვი ფიქრობდა, რომ ამით შეაჩერებდა სიკვდილით დასჯის პროცესს. ალბათ, უფრო სწორი იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ეჟოვი არ იყო მთლად ნორმალური. სრულიად ნორმალურად მიიღო სიკვდილი ბერიამ. უშიშროების კომიტეტში გამეფებულ მკაცრ დისციპლინაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი. ცნობილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის საქმე მიჰყავდა ორ გამომძიებელს, ნაცვლიშვილს და ყოფილ ცნობილ ფეხბურთელს ლევან აბაშიძეს. აბაშიძეს დაურეკეს ცენტრალური კომიტეტიდან და უბრძანეს ჯავახიშვილი მიეყვანათ ბერიასთან. ბერიამ ჯავახიშილს წინადადება მისცა ეღიარებინა, რომ ის უცხო ქვეყნის აგენტი იყო. ჯავახიშვილმა უარყო ბრალდება, რის შემდეგ ბერიამ გაარტყა. ეს ამბავი აბაშიძემ მოუყვა თავის კოლეგას, ნაცვლიშვილს. აბაშიძე დახვრიტეს, ვფიქრობ ნაცვლიშვილის დაბეზღების შედეგად. აქ უნდა ყურადღება მივაქციოთ ერთ მომენტს, კერძოდ, რატომ დააბეზღა ნაცვლიშვილმა აბაშიძე. არ არის გამორიცხული, რომ ნაცვლიშვილი ფიქრობდა შემდეგს: თუ ის არ დაასმენდა აბაშიძეს, ხომ შეიძლება ეს ყოფილიყო სპეციალურად ნათქვამი აბაშიძის მიერ, რომ ნაცვლიშვილი დაეხვრიტათ, რამეთუ ის არ ამხელდა აბაშიძეს. მსგავი ურთიერთდასმენები ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ უფრო მოსალოდნელია, რომ ნაცვლიშვილი მოიქცა არა თავის გადასარჩენად, არამედ, როგორც პროფესიონალი ჩეკისტი.
ითვლება, რომ საბჭოთა კავშირში ნებისმიერი ორგანიზაცია და მათ შორის უშიშროების კომიტეტი ემორჩილებოდა კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს. ეს მთლად ასე არაა. უშიშროების კომიტეტი ემორჩილებოდა მხოლოდ სტალინს. ცენტრალური კომიტეტს კი უშიშროება ემორჩილებოდა მხოლოდ ნომინალურად. ამერიკელი პუბლიცისტი ემი ნაითი თავის წიგნში “The KGB” წერს: “კგბ-ს აქვს უფრო მეტი ოპერატიული ავტონომია, ვიდრე საბჭოთა უმრავლეს ორგანიზაციებს”.
უშიშროების კომიტეტს განსაკუთრებით დიდი ძალა ჰქონდა სტალინის სიცოცხლეში. ხრუშჩოვმა, უნდოდა რა თავის თავიდან მოეხსნა ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აწვა რეპრესიების პერიოდში მოსკოვსა და უკრაინაში, მძლავრი დარტყმა მიაყენა უშიშროების კომიტეტს და ამან განსაზღვრული როლი ითამაშა თვითონ ხრუშჩოვის გადაყენების საქმეში. უშიშროების კომიტეტი ის ორგანო რომ ყოფილიყო, რაც იყო სტალინის დროს, ვერავინ ვერ მოახერხებდა და არც ეცდებოდა ეღალატა ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნისათვის და თუ ამას მოინდომებდა, დადგებოდა კედელთან.
დემოკრატიული წყობის დროს სახელმწიფოს მეთაურს უფრო ნაკლები აქვს საფიქრალი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სულ სხვა მდგომარეობაა თუ სახელმწიფოს მართავს დიქტატორი. დიქტატორს დიდი დრო და ენერგია ეხარჯება იმ ღონისძიებების შემუშავებაზე და განხორციელებაზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ძალაუფლების შენარჩუნება. ავტორიტარული რეჟიმის დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილი აქვს ტერორს. ტერორის მასშტაბები დამოკიდებულია დიქტატორის ან მონარქის პიროვნებაზე, ქვეყანაზე და აგრეთვე, დროზე. ტერორის მასშტაბები სტალინის და პინოჩეტის ან ფრანკოს დროს სხვადასხვაა. ჩინეთში, რუსეთში და გერმანიაშიც კი უფრო იოლია ტერორის რეჟიმის შექმნა, ვიდრე ინგლისში ან შვეციაში. ადრინდელ პერიოდებში ტერორი უფრო მძვინვარებდა, ვიდრე მეცხრამეტე საუკუნეში. ყველაზე უფრო მასშტაბური იყო ის ტერორი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ლენინის, სტალინისა და ჰიტლერის დროს. ცნობილია, რომ ლენინმა თავიდანვე აიღო გეზი, ტერორის მეშვეობით შიშის ზარი დაეცა ყველასათვის. რევოლუციის მომდევნო პერიოდში ასობით და ათასობით ინტელინგენციის, თავად-აზნაურობის წარმომადგენლების დახვრიტა. დახვრეტა ხდებოდა მასობრივად, ყოველგვარი სასამართლოებისა და გამოძიების გარეშე. ოფიცრებს ხვრეტენ მარტო იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ოფიცრები. სტალინმა ლენინის ეს წამოწყება აიყვანა ზენიტში. არნახულმა ტერორმა ზენიტს მიაღწია 1937 წელს, თუმცა მნიშვნელოვნად არც შემდგომ შენელებულა ეს ტალღა. ასეთი ტერორი ძალაუფლების განმტკიცების საშუალება იყო. ჰიტლერმა სცადა განემეორებინა სტალინის მიღწევები ამ დარგში, მაგრამ ეს ან შეუძლებელი აღმოჩნდა, ანდა შეიძლება ჰიტლერი უფრო ლმობიერი ტირანი იყო, ვიდრე სტალინი. ხელისუფლების სათავეში მოსვლის პირველსავე პერიოდში ჰიტლერმა ჩაატარა წმენდის ოპერაცია, რომელიც დამთავრდა რემის ორგანიზაციის დარბევით და მასობრივი ხოცვა-ჟლეტით. ამ ოპერაციის დროს, როდესაც რემის ერთ-ერთი მოადგილე, თვითონაც ასევე ჯალათი, ინსი დააყენეს კედელთან, ფიქრობდა რა, რომ გერინგმა მოახდინა გადატრიალება, სიკვდილის წინ დაიძახა: “ჰაილ ჰიტლერ”. მსგავს მოვლენებს ბევრჯერ ჰქონია ადგილი საბჭოთა კავშირშიც. ბევრს ეგონა, რომ მოხდა ფაშისტური გადატრიალება და სიკვდილს ხვდებოდნენ ლოზუნგით “გაუმარჯოს ამხანაგ სტალინს”.
სახელმწიფოს ხელმძღვანელს, როგორც წესი, ახასიათებს ინტრიგების ორგანიზება თავის თანამოაზრეთა შორის. ომის დამთავრების შემდეგ სტალინმა გამოაცხადა, რომ ის უკვე მოხუცდა, აღარ შეუძლია იყოს სახელმწიფოს სათავეში და ორზროვნად მიუთითა, რომ მისი შემცვლელები უნდა ყოფილიყვნენ ვოზნესენსკი და კუზნეცოვი. არ ვიცი, დაიჯერეს თუ არა ეს ვოზნესენსკიმ და კუზნეცივმა, მაგრამ მათ ენერგიულად არ უარუყვიათ ასეთი იდეა. სამაგიეროდ ენერგიული ღონისძიებები ჩაატარეს მალენკოვმა, ხრუშჩოვმა და ბერიამ, დააჯერეს სტალინი, რომ მათ უნდათ შეცვალონ ბელადი. საბოლოოდ ვიზნესენსკი, კუზნეცოვი და სხვები დახვრიტეს. სტალინის ტერორი გავრცელდა მთავრობის სხვა წევრებზედაც. მოლოტოვს დაუჭირეს მეუღლე, ვოროშილოვს – რძალი, კალინინს – მეუღლე, კაგანოვიჩს – ძმა. როდესაც კაგანოვიჩის ძმის მეუღლემ კაგანოვიჩს დახმარება სთხოვა, კაგანოვიჩმა უპასუხა, რომ მას ერთი ძმა ჰყავს და ეს არის სტალინი. ინტრიგებს ადგილი ჰქონდა ჰიტლერის ბანაკშიც. როგორც სტალინის თანამებრძოლთა შორის, ისე ჰიტლერის გარემოცვაში გააფთრებული ფარული ბრძოლა მიმდინარეობდა ჰიტლერის თანამოზრეებს შორის. ჭირივით სძულდათ ერთმანეთი: გერინგს და ბორმანს, ჰიმლერსა და გებელსს. ჰიტლერმა იმპერიის კანცელარიის ეზოში დაახვრეტინა სს-ის გენერალი ფეგელაინი, რომელსაც ცოლად ჰყავდა ევა ბრაუნის და.
შედარებით ჰიტლერი უფრო ლმობიერი იყო, ვიდრე სტალინი. მან ბევრი რამ აპატია გერინგს, ახსოვდა რა ამ უკანასკნელის დამსახურება მის წინაშე. ჰიტლერის სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი, როდესაც მან გადააყენა გერინგი, მისი დაპატიმრების და სიკვდილით დასჯის ბრძანება ბორმანმა გასცა.
მაკიაველის აზრით ხელმძღვანელის ინტელექტზე შეიძლება ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ როგორ თანაშემწეებს ირჩევს ეს ხელმძღვანელი. ამ მხრივ ვერც სტალინი და ვერც ჰიტლერი ვერ დაიკვეხნიდნენ ვერაფერს. სტალინის თანამებრძოლები მოლოტოვი, ჟდანოვი, კიროვი, მალენკოვი, ბერია, ხრუშჩოვი, კაგანოვიჩი და სხვებიც გაუნათლებელი და დაბალი ინტელექტის ხალხი იყო. როგორ შეიძლება ჟდანოვის ინტელექტზე ითქვას რაიმე, როდესაც მან სასტიკად გაკიცხა და დაუწუნა შემოქმედება ისეთ კომპოზიტორს როგორიც იყო შოსტაკოვიჩი. რა უნდა ითქვას ბერიას ინტელექტზე, რომელმაც დაახვრეტინა ისეთი მწერალი, როგორიც იყო მიხეილ ჯავახიშილი და ისეთი მეცნიერი, როგორიც იყო პროფესორი გრიგოლ წერეთელი. სხვა საქმეა ეშმაკობა და ცბიერება. ამაში საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს ყოველი წევრი უმაღლეს ბალს იმსახურებდნენ. უკეთესი მდგომარეობა იყო ჰიტლერის გარემოცვაში. იქ იყვნენ ისეთი პირები, როგორებიც იყვნენ გერინგი, გებელსი, შპეერი, რომლებიც ინტელექტის თვალსაზრისით უფრო მაღლა იდგნენ, ვიდრე საბჭოთა ლიდერები. ეს არც არის გასაკვირი, თუ მხედველობაში მივიღებთ გერმანიის და საბჭოთა კავშირის დონეს კულტურასა და განათლებაში.
სრულიად აუცილებელია, რომ სახელმწიფო ხელმძღვანელი მუდმივად იყოს საქმის კურსში ნებისმიერი მოვლენის შესახებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ამ მხრივ სამაგალითო იყო სტალინის მოღვაწეობა, ისტორიას არ ახსოვს შპიონაჟის ისეთი ფართო ქსელი როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, როგორიც შექმნა სტალინმა. ლაპარაკია არა მარტო პროფესიონალურ შპიონაჟზე, არამედ მოყვარულთა მთელ არმიაზე. ქ. მოსკოვში ნებისმიერი სახლის ლიფტის მომსახურე ფხიზლად ადევნებდა თვალს, თუ ვინ ვისთან მიდიოდა. არ იყო ისეთი დაწესებულება, სადაც რამოდენიმე “სტუკაჩი” მოხალისე არ ყოფილიყოს. ყოველივე ეს საშუალებას აძლევდა სახელმწიფოს განეხორციელებინა ფართო კონტროლი მოსახლეობაზე.
ცნობილია, რომ არც ცალკეულ ინდივიდუუმს და მით უმეტეს არც სახელმწიფოს არ შეუძლია არსებობა ინფორმაციის გარეშე. ამჟამად მსოფლიოში შექმნილია ინფორმაციის დაგროვების, გადამუშავების და გადაცემის მძლავრი საშუალებები. ესენია ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, რადიო-ტელევიზია, ხელოვნური თანამგზავრები, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და, რაც მთავარია, სახელმწიფოსთვის ე.წ. სპეციალური ფოსტა, რომლის საშუალებითაც გადაეცემა დაზვერვის შედეგად მიღებული მასალები. ამ უკანასკნელს ახორციელებენ მეტად მძლავრი და მრავალრიცხოვანი დაზვერვის ორგანოები. საეჭვოა, რომ იყოს მეორე ისეთი სახელმწიფო, როგორც სტალინის იმპერია, რომელსაც დაეხარჯა იმდენი თანხები, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირს. დაზვერვის ორგანოები იძლეოდა საშუალებას, მიეღო შესაბამისი ინფორმაცია, როგორც სამეცნიერო-ტექნიკურ, ისე პოლიტიკურ დარგებში. საბჭოთა კავშირს ჰქონდა ინფორმაცია ატომური იარაღის შესახებ, რამაც საშუალება მისცა მას თავის დროზე შეექმნა საკუთარი ატომური იარაღი. ამ იარაღის შექმნა დამსახურებაა არა მარტო რუსი მეცნიერების, არამედ დაზვერვის ორგანოების ბრწყინვალე მოქმედების. დაზვერვის გარეშე საბჭოთა კავშირი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
დაზვერვას აქვს დიდი ხნის ისტორია. დაზვერვა ყველა ქვეყანაში დაკავშირებულია ნაციონალური უშიშროების უზრუნველყოფასთან, რაც ნიშნავს სახელმწიფოს მეთაურის უშიშროების უზრუნველყოფას. დაზვერვის სახეები შეიძლება იყოს უამრავი. სახელმწიფოს და მის მეთაურს სჭირდება როგორც სამხედრო, ისე სამეცნიერო, ტექნოლოგიური, სამრეწველო და საერთოდ დაზვერვა ნებისმიერ დარგში. 1970 წელს შეერთებულმა შტატებმა დაზვერვის საჭიროებისათვის დახარჯა 5 მილიარდი დოლარი. ინფორმაციის გადაცემის და გადამუშავების ერთ-ერთ ურთულეს სისტემებს წარმოადგენს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემები. სხვადასხვა პუნქტებში განლაგებული სამხედრო დანადგარების საშუალებით მიღებული ინფორმაცია მტრის თვითმფრინავების ან რაკეტების მოძრაობის შესახებ, შუალედი ცენტრების საშუალებებით გადაეცემა ცენტრალურ საკომანდო პუნქტს. პუნქტში ხდება კურსის კოორდინატებისა და სიჩქარის დადგენა და შესაბამისი კოორდინატების გამოთვლა, საით უნდა გაიგზავნოს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა. საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც წესი, ღებულობს სახელმწიფოს მეთაური. ანალოგიური სისტემებია შექმნილი მტრის წყალქვეშა ნავების ადგილსამყოფელის დასადგენად. სადაზვერვო სისტემებმა მიაღწია განვითარების მეტად მაღალ დონეს. სპეციალური თანამგზავრების საშუალებით დედამიწის ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია ძალზე მცირე ზომის საგნების დაფიქსირება. ასე, რომ ფაქტობრივად განხორციელებულად უნდა ჩაითვალოს სანატრელი “ჯადოსნური სარკე”. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონემ მძლავრი შესაძლებლობები მისცა სახელმწიფოებს განახორციელონ გლობალური დაზვერვა, ძველი საშუალებები მაინც რჩება ძალაში და ამ მეთოდებს სახელმწიფოები ამჟამად ფართოდ იყენებენ. როგორც ითქვა, დაზვერვას აქვს დიდი ისტორია. ინფორმაციის მიღების აუცილებლობა ცნობილი იყო უხსოვარი დროიდან. შუა საუკუნეებში შპიონაჟმა სისტემატური ხასიათი მიიღო განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, მაგრამ არც აღმოსავლეთი ჩამორჩებოდა დიდად. ასე მაგალითად, მონღოლთა სარდალმა სუბუთაიმ, მე-13 საუკუნეში, ევროპაში შეჭრის წინ, გამოიყენა დაზვერვის ორგანიზაციის სისტემა და მიაღწია კიდეც მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს. ისტორიკოსი პრავდინი ამბობს, რომ ევროპამ არაფერი იცოდა მონღოლების შესახებ, ხოლო მონღოლები ძალიან კარგად იყვნენ ინფორმირებული ევროპის შესახებ სულ მცირე დეტალებშიც კი, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურების ოჯახების შესახებაც. დაზვერვის ცნობილი სპეციალისტის ალენ დალესის თანახმად, ევროპული ლიდერები შუა საუკუნეებში არ იყვნენ ინფორმირებული ბიზანტიის იმპერიისა და აღმოსავლეთ სლავური და, მით უმეტეს, მაჰმადიანური ქვეყნების შესახებ. ისინი მთლიანად იგნორირებდნენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს. ამ ფაქტმა მეტად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ თურქები მივიდნენ ადრიატიკის ზღვამდე. სადაზვერვო ინფორმაციის ნაკლებობა მიზეზი იყო სხვა ბევრი სტრატეგიული წარუმატებლობისა. მე-15 საუკუნეში იტალიელებმა დაიწყეს საელჩოების გახსნა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა ქვეყნებთან. ვენეციელებმა ასეთი სისტემა გამოიყენეს, როგორც ინფორმაციის მიღების საშუალება. უფრო მეტიც, მათ დაიწყეს კოდებისა და შიფრების გამოყენება, რის საშუალებითაც განხორციელდა მონაცემების გასაიდუმლოება. მე-16 საუკუნეში ვენეციელებს მიბაძეს სხვა სახელმწიფოებმაც.
პოლიტიკური დაზვერვა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა. არავის არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს უცხო ქვეყნების ზრახვანი. დიდ ინტერესს წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის შიგა პოლიტიკური სიტუაცია და საზოგადოებრივი აზრი ამ ქვეყანაში. სამხედრო ხასიათის ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყანაში აგროვებენ სამხედრო ატაშეები. დიდი ყურადღება ეთმობა ეკონომიკური ხასიათის დაზვერვასაც, თუ როგორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სამხედრო პოტენციალი, უმუშევრობის დონე, სურსათით უზრუნველყოფა, ფინანსები, ბუნებრივი რესურსები, მრეწველობის მოცულობა, ნაციონალური შემოსავალი. ფართოდ გამოიყენება ტექნოლოგიური დაზვერვა. განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ახალი განვითარებული ტექნოლოგიები, ახალი მეთოდები და სიახლენი, ტექნიკა, რომლის დანიშნულებაა საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, დაშიფრული ინფორმაციის გაშიფვრის მეთოდები, სპეციალური “ვირუსების” შეგზავნა მოწინააღმდეგის კომპიუტერულ სისტემებში, კომპიუტერული შიფრის დადგენა და ა.შ. ეს ინფორმაციები საშუალებას აძლევენ სახელმწიფოს, იცოდეს სხვა ქვეყნების პოტენციალური შესაძლებლობები სხვადასხვა დარგებში.
დაზვერვა შეიძლება იყოს სტრატეგიული ან ტაქტიკური. სტრატეგიული დაზვერვის მიზანია შეისწავლოს უცხო ქვეყნების პოტენციური შესაძლებლობანი და მათი ძალები. ტაქტიკური დაზვერვის მასშტაბები უფრო შეზღუდულია. თუ ექსკურს გავაკეთებთ ისტორიაში, დავინახავთ, რომ ჯერ კიდევ ელისაბედ დედოფლის პერიოდში მისმა სახელმწიფო მინისტრმა უილსონმა შეიმუშავა და პრაქტიკაში განახორციელა აგენტურის ქსელები სხვადასხვა უცხო ქვეყნებში. მან ამ საქმეში ჩააბა ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. დაამუშავა შპიონაჟის სისტემა, რომლის საშუალებთაც ხდებოდა პოლიტიკური ინტრიგების განხორციელება სხვადასხვა ქვეყნებში. მუშაობა მიდიოდა, აგრეთვე, კოდირების გაშიფვრის პრობლემებზე. პირველი მსოფლიო ომის წინ საკმაოდ სუსტი იყო საფრანგეთის დაზვერვა. გერმანიის სამხედროშეცდომები პირველ მსოფლიო ომში ნაწილობრივ გამოწვეული იყო გერმანიის დაზვერვის სისუსტითაც. უხეში შეცდომები დაუშვა გერმანიის დაზვერვამ მეორე მსოფლიო ომის დროსაც. მათ ვერ შეაფასეს საბჭოთა კავშირის სამხედრო პოტენციალი და ჯარისკაცთა ის თავგანწირვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთის მხრიდან, იმისდა მიუხედავად ეს თავგანწირვა ჯოხის დისციპლინის შედეგი იყო თუ დამყარებული იყო ნამდვილ პატრიოტიზმზე არავინ იცის. შეცდომები დაუშვა გერმანიის სამხედრო დაზვერვამაც მოსკოვზე და სტალინგრადზე შეტევის დროს. მათ ვერ შეძლეს დაედგინათ ფლანგებზე მტრის დიდი შენაერთების თავმოყრის ფაქტი. გერმანიის მხარემ ვერ მოახერხა საიდუმლოდ შეენახა კურსკის შეტევის გეგმა. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გერმანიის დამარცხებისა ამ ომში. დიდი შეცდომა დაუშვა ამერიკის დაზვერვამაც, მან ვერ შეძლო დაედგინა პირლ-ჰარბორზე შეტევის წინ იაპონიის ძალების კონცენტრაცია.
მე-20 საუკუნის შუა წლებში მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ინფორმაციის გარდაქმნისა და გადაცემის თეორიის ჩამოყალიბება. ეს თეორია, რომელიც ამერიკელმა მეცნიერმა კლოდ შენონმა შექმნა, შესაძლებლობას იძლევა რიცხობრივად შეფასდეს ინფორმაციის სიდიდე. აღნიშნული თეორიის საშუალებით შექმნილია ინფორმაციის ზომის სისტემა. ინფორმაციის სიდიდის გაზომვა, თურმე, შესაძლებელია რიცხობრივად. განვიხილოთ მარტივი მაგალითი: დავუშვათ ივლისის თვეში მივიღეთ ამინდის ბიუროს ცნობა, რომ ბათუმში არაა მოსალონდელი, –300 ჰაერის ტემპერატურა. ცხადია, ასეთ ინფორმაციას არავითარი ფასი არა აქვს, ვინაიდან ისედაც კარგად არის ცნობილი, რომ ივლისში ბათუმში ოცდაათგრადუსიანი ყინვა არ იქნება, თუმცა, თეორიულად ეს გამორიცხული არ არის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ასეთი ამინდის ალბათობა ბათუმში ივლისში თითქმის ნულის ტოლია. სხვა საქმეა, თუ ამინდის ბიურო გამოაცხადებდა, რომ ივლისში ბათუმში იქნება მინუსოვანი ტემპერატურა. ამ უკანასკნელ ცნობაში გაცილებით მეტი ინფორმაციაა, ვიდრე პირველში. კერძოდ, ცნობა იმის შესახებ, რომ მოხდება მოვლენა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, ე.ი. თუ გვითხრეს, რომ ივლისის თვეში ბათუმში იქნება ტემპერატურა მინუს ოცდაათი გრადუსი. ასეთ შემთხვევაში მიღებულ ინფორმაციას მეტად დიდი მნიშვნელობა ექნება. გამოდის, რომ ცნობაში რაღაც მოვლენის შესახებ მით მეტი ინფორმაციაა, რაც უფრო ნაკლებად არის მოსალოდნელი ეს მოვლენა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად იცვლება ალბათობა ამ მოვლენის შესახებ მას მერე, რაც მივიღეთ ეს ცნობა იმ ალბათობასთან შედარებით, რაც იყო ცნობის გადაცემამდე. განხილულ მაგალითში პირველ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ბათუმში ივლისში არ იქნება ტემპერატურა მინუს ოცდაათი გრადუსი, თითქმის ერთის ტოლია. თუ ინფორმაციის ან ცნობის მიღების შემდეგ მივიღეთ იგივე, მაშინ ამ მიღებული ინფორმაციის სიდიდე დაახლოებით ნულის ტოლია. მაგრამ თუ მივიღეთ ცნობა, რომ ბათუმში ივლისში იყო ოცდაათი გრადუსი ყინვა, მაშინ მიღებული ინფორმაციის მოცულობა არის ძალზე დიდი.
განვიხილოთ ახლა ინფორმაციის შეფასების ანალიტიკური შესაძლებლობა. დავუშვათ გვაქვს ცნობა, რომ რაოდენობა შეიძლება შეფასდეს შემდეგი გამოსახულებით მიღებული ინფორმაციის სიდიდე.
როგორც წესი, ამ გამოსახულების მრიცხველი უდრის ერთს, ვინაიდან ვთვლით, რომ ცნობა მიღებულია უშეცდომოდ. მაშასადამე მოტანილი გამოსახულება მიიღებს სახეს: მიღებული ინფორმაციის სიდიდე = – ლოგ [ცნობის მიღებამდე ალბათობის სიდიდე]. ასეთი გამოსახულების სამართლიანობა ცხადი გახდება იმის შემდეგ, თუ გავიხსენებთ, რომ, ვინაიდან ჩვენს შემთხვევაში Log N = 0, მივიღებთ ზემოთმოყვენილ გამოსახულებას. მოვიყვანოთ მაგალითი: დავუშვათ, რაღაც ტერიტორიაზე თავმოყრილია მოწინააღმდეგის ძალები. ვიცით, რომ ეს ტერიტორია ერთი მეასედი ნაწილია განსაზღვრული რაიონის. მაშასადამე, ინფორმაციის სიდიდე იმ შეტყობინებისა, თუ რომელ ნაწილშია ეს შეიარაღებული შენაერთი, ტოლი იქნება Log 100 = 6 ორობითი ერთეული.
თუ შეიარაღებული ძალა განლაგებულია ტერიტორიის ერთ მეათასედ ნაწილზე, მაშინ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ძალები განლაგებული არის აქ, ტოლი იქნება Log10.000>13 ორობითი ერთეული.
აქედან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ, რაც უფრო ნაკლები ალბათობის მქონე მოვლენას ექნება ადგილი, მით მეტია მიღებული ინფორმაციის სიდიდე. ამრიგად ინფორმაციის თეორიის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაიზომოს მიღებული ინფორმაციის სიდიდე. რაც ნაკლებია ამა თუ იმ მოვლენის ალბათობა, მით მეტია შესაბამისი ინფორმაცია.
§ 3-4 მოვლენების სიტუაციური ანალიზი და მოდელირება
სახელმწიფოს მართვა დაკავშირებულია სხვადასხვა სიტუაციური მოვლენების შეფასებასთან და დადგენასთან. გავიხსენოთ არისტოტელეს სიტყვები: „შეუძლებელია დავადგინოთ მოვლენის არსი მანამ, სანამ ეს მოვლენა არ დაიწყებს განვითარებას თავისი საწყისი მდგომარეობიდან”. იმისათვის რომ გადაწყდეს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში, საჭიროა დადგინდეს, როგორია მდგომარეობა, ხოლო შემდეგ შეძლებისდაგვარად უნდა გაირკვეს რა ზომები უნდა იქნეს მიღებული. ამის შემდეგ ხორციელდება მართვის პროცესი, რომლის მიზანია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. სიტუაციის შეფასება და დიაგნოზის დასმა წინ უძღვის გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო ეს უკანასკნელი წინ უძღვის მართვის პროცესის დაწყებას. არსებითად სიტუაციის შეფასება უშუალოდ არის დაკავშირებული “მიზეზი და შედეგი” დამოკიდებულებების დადგენასთან. იმ მიზეზების და შედეგების ერთობლიობასთან, რომლებმაც მიგვიყვანა ამ სიტუაცისთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ საქმე გვაქვს რაიმე მოვლენასთან, საჭიროა დადგინდეს ის მიზეზები, რომლებმაც გამოიწვიეს ეს მოვლენა. თუ აღნიშნული მოვლენა არ არის მისაღები და საჭიროა არსებული მდგომარეობის გამოსწორება, უნდა ვიცოდეთ, რა საშუალებებით არის შესაძლებელი ამის განხორციელება. სიტუაციის ანალიზის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დადგენილი იქნეს მომხდარი მოვლენის ანალიზი და მიზეზ-შედეგის დამოკიდებულების განხილვის შედეგად, ასევე დადგენილ იქნეს, თუ რამ გამოიწვია ეს მოვლენა. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ასეთი ამოცანა ძნელი არ არის. მართლაც, თუ ერთი მიზეზია ამ მოვლენის გამომწვევი, ამოცანა შედარებით ადვილია. ამ შემთხვევაში, თუკი ვიცით, რომელმა ფაქტორმა გამოიწვია აღნიშნული მოვლენა, საჭიროა ამ ფაქტორის დადგენა, რაც ყოველთვის არ არის ადვილი. მაგრამ, თუ აღნიშნული მოვლენა დამოკიდებულია ერთ კი არა, არამედ ბევრ ფაქტორზე, მაშინ ამოცანა საგრძნობლად რთულდება.
სტრატეგიული ანალიზი შეიძლება განხორციელდეს სისტემური ანალიზის საფუძველზე, თუ სისტემის ქვეშ ვიგულისხმებთ რაიმე მოვლენას. ვებსტერნის განმარტების თანახმად სისტემა არის გარკვეული ელემენტების ერთობლიობა, რომლებიც ისე არიან ერთმანეთთან შეერთებული, რომ ქმნიან გარკვეულ მთლიანობას. სისტემის ასეთი განმარტება არის განზოგადებული და, აგრეთვე, აბსტრაქტული. სისტემა შეიძლება იყოს ნებისმიერი ბუნების: ბიოლოგიური, სოციალური, ტექნიკური, ადმინისტრაციული და ა.შ. ამ შემთხვევაში სისტემაში ვგულისხმობთ რაიმე მოვლენას, რომელიც შედგება შემადგენელი ელემენტებისაგან. ასე მაგალითად, დავუშვათ, სახელმწიფოში ადგილი აქვს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებას. ეს მოვლენა შეიცავს რამოდენიმე შემადგენელ ელემენტს, ისეთებს, როგორიცაა: ოჯახთა საშუალო შემოსავლის შემცირება, ფასების ზრდა, ინფლაციის ზრდა, სამუშაო ადგილების შემცირება და უმუშევრობის ზრდა, გადასახადების სიდიდე, ეროვნული შემოსავლის სიმცირე და ა.შ. ყველა ეს ელემენტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამ ურთიერთობათა სახე და რაოდენობრივი კავშირები ელემენტებს შორის ქმნის მთლიან მოვლენას, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ ცხოვრების დონე. სისტემური ანალიზი გულისხმობს ყველა მოვლენაში შემავალი ყველა ელემენტისა და მათ შორის კავშირების შესწავლას და შესაბამისი დასკვნის გამოტანას, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რომ ეშველოს ამ სიტუაციას. იგივე შეიძლება ითქვას სხვა რომელიმე სიტუაციის შემთხვევაშიც. ელემენტებს შორის კავშირები შეიძლება იყოს ანალიტური ან ლოგიკური.
ანალიტური დამოკიდებულები შეიცავენ ალგებრულ დამოკიდებულებებს, როგორც წრფივ ისე არაწრფივს, დიფერეციალური ან ინტეგროდიფერანციალური განტოლებების სახით. ლოგიკური დამოკიდებულებები გულისხმობენ ლოგიკურ კავშირებს “და”, “ან”, “თუ”, “ისიც” და სხვა უფრო რთულ სახეებსაც. შეიძლება ელემენტები დაკავშირებული იყვნენ სტატისტიკური და შემთხვევითი პროცესების სახით.
სახელმწიფოს მართვის პროცესების შესწავლისათვის მიზანშეწონილია შეიქმნას შესაბამისი მოდელი, რომელზედაც განხორციელდება ექსპერიმენტები მართვის სხვადასხვა კანონების გამოყენებით, მიღებული შედეგების და შესაბამისი კორექტივების შეტანის მიზნით. მოდელი შეიძლება იყოს ორი სახის: ფიზიკური მოდელი და მათემატიკური მოდელი. ფიზიკური მოდელის შექმნა გულისხმობს შესასწავლი პროცესის ანალოგის შექმნას ფიზიკური ელემენტების გამოყენების საფუძველზე, რომლებსაც მსგავსი მახასიათებლები აქვთ, ე.ი. ისეთივე, როგორც შესასწავლ ობიექტს. მათემატიკური მეთოდი გულისხმობს შესასწავლი ობიექტის პროცესის მათემატიკურ აღწერას. მათემატიკურ მოდელირებას დიდი გამოყენება აქვს ბუნებისმეტყველების ბევრ დარგში. სამწუხაროდ, იგი თითქმის არ გამოიყენება სოციალურ სისტემებში, რომლის ერთ-ერთი დარგია სახელმწიფოს მართვა. სახელმწიფოს ან ადმინისტრაციული პროცესების მოდელირების შესახებ ნაწილობრივ უკვე იყო ლაპარაკი შესავალში. სახელმწიფოს მართვის მათემატიკური მოდელი რომ არსებობდეს, საგრძნობლად გაადვილდებოდა მართვა, შესაძლებელი გახდებოდა შედარებით უფრო სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მათი ცხოვრებაში გატარების მაგივრად მოხდება მოდელზე დაკვირვება და სათანადო კორექტივების შეტანა არა რეალურ ცხოვრებაში, არამედ მოდელში. სამწუხაროდ, დღესდღეობით ეს შეუძლებელია. სოციოლოგებს და პოლიტიკოსებს არ ჰყოფნით შესაბამისი განათლება მათემატიკაში, რომ შესძლონ შესაბამისი მათემატიკური მოდელის შედგენა. მათემატიკოსები არ არიან მობილიზებული ამ პრობლემის გადასაწყვეტად. მიუხედავად ამისა, გვაქვს გამონაკლისი, ეს არის ამერიკელი მეცნიერის უილკოკსის ნაშრომი, რომლის შესახებაც დანართში იქნება საუბარი.
როგორც უკვე ნათქვამი იყო, მართვის განხორციელება დაკავშირებულია შესაბამისი მართვის კანონის განსაზღვრაში, როდესაც სამართი სიდიდე დროის ნებისმიერ მომენტში ღებულობს სასურველ მნიშვნელობას. იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნეს მათემატიკური მოდელი და საქმე არ გვქონდეს რეალურ სისტემასთან, ე.ი. სახელმწიფოს მართვასთან და ამ სახელმწიფოზე ექსპერიმენტების ჩატარებასთან, საჭიროა სხვადასხვა მართვის კანონები შემოწმდეს მოდელზე. მათემატიკური მოდელის შედგენა გულისხმობს მოინახოს მათემატიკური დამოკიდებულებები მართვის კანონსა და სამართ სიდიდეს შორის გარემოს პირობების გათვალისწინებით. მართვის სხვადასხვა კანონების, ვარიაციით აღნიშნულ მოდელზე შეიძლება დადგინდეს მართვის ის კანონი, რომელიც მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. ასეთი მიდგომით ხორციელდება ყველა ტექნიკური სისტემის მართვის პრობლემის გადაწყვეტა. მოდელები რომ არ ყოფილიყო, შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე საავიაციო და კოსმოსური სისტემების შექმნა და განვითარება.
მათემატიკური მოდელირების იდეებმა გამოყენება ჰპოვეს ეკონომიკაში, ბიოლოგიაში, მედიცინაში და ლინგვისტიკაშიც კი. მოდელირების იდეა თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტად შეაღწევს პოლიტიკურ მეცნიერებებშიც. ცნობილმა ფილოსოფოსმა როჯერ ბეკონმა თავის დროზე თქვა “მათემატიკა მეცნიერების ჭიშკარი და გასაღებია”. ბევრი სოციოლოგი, პოლიტიკოსი, ლინგვიტი თვლის, რომ მათემატიკა არის ფორმალური მეცნიერება და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. მათემატიკა, მართლაც, ფორმალური მეცნიერებაა, მაგრამ საკითხი იმაშია, შეიძლება თუ არა ზოგიერთი დარგის ფორმალიზება. ფორმალიზება მოხერხდა ისეთი დარგისაც კი, როგორიცაა ჭადრაკი და მიაღწიეს იმას, რომ კომპიუტერმა მოუგო მსოფლიო ჩემპიონს. ცნობილია, რომ ზუსტმა და, კერძოდ, მათემატიკურმა მეთოდებმა დღევადლამდე ვერ ნახა დიდი გამოყენება სოციოლოგიურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში. ამის ერთ-ერთი და, რასაკვირველია, არა ერთადერთი მიზეზი იყო მათემატიკის არცოდნა. გოეთე ამბობდა: “ჩვენ მივეჩვიეთ აბუჩად ავიგდოთ ის, რაც არ გვესმის”. ისმება საკითხი, არსებობს თუ არა რამე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ წინააღმდეგი წავიდეთ ზუსტი და მათემატიკური მეთოდების გამოყენებისა პოლიტოლოგიასა და სოციოლოგიაში. ცნობილი მეცნიერი ფონ ნეიმანი ამბობდა, რომ რამოდენიმე საუკუნის წინ იგივე მოსაზრება, მათემატიკური მეთოდების გამოყენების საწინაღმდეგოდ, არსებობდა ისეთ მეცნიერებებში, როგორიცაა ფიზიკა, მექანიკა, თბოგადაცემის თეორია. ამჟამად ამ მეცნიერებებში მათემატიკა არის ანალიზის ძირითადი მეთოდი. საქმე იმაშია, რომ იმ დროს არ იყო ცნობილი, როგორ უნდა აღეწერათ ფორმალური მეთოდებით ისეთი სიდიდე, როგორიც არის ენერგია. ამჟამად თითქოს შეუძლებელია ფორმულირების საშუალებით გამოვხატოთ ამა თუ იმ ნაციის პოლიტიკური აქტივობა. იმისათვის, რომ დადგენილი ყოფილიყო ენერგიის არსი და მითუმეტეს მისი ზომა, საჭირო გახდა მთელი რიგი აღმოჩენების განხორციელება, ამისათვის განხორციელებულ იქნა აუარება გამოკვლევები და ფორმულირებული იქნა კანონების მთელი წყება. მათემატიკა სუსტად, ან საერთოდ არ გამოიყენება პოლიტოლოგიაში და სოციოლოგიაში, ვინაიდან ეს დისციპლონები არ არის სათანადო დონეზე შესწავლილი, არ არის სათანადო კვლევები ჩატარებული ისე, როგორც ეს არის, ვთქვათ, ფიზიკაში. ჩვენი ცოდნა ფაქტების არსებობისა და მათ შორის დამოკიდებულობების შესახებ პოლიტოლოგიასა და სოციოლოგიაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო ფიზიკაში ან მექანიკაში იმ დროისათვის, როდესაც დაიწყო ფიზიკის და მექანიკის ფორმალიზაცია და მათემატიკური და ზუსტი მეცნიერებების გამოყენება ამ დარებში.
მათემატიკური მეთოდების ჰუმანიტარულ მცნიერებებში გამოყენების სიძნელე მდგომარეობს იმაში, რომ არ არის იოლი განხორციელდეს, ვთქვათ, პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის სიდიდეების ნორმირება. სახელმწიფოს მართვის შემთხვევაში ძალზე ძნელია გამოისახოს ციფრების საშუალებით ისეთი სიდიდეები, როგორიცაა სამხედრო მოქმედება, დიპლომატიური მეთოდების გამოყენების ფაქტი, დივერსიის გამოყენება, შპიონაჟი და ა.შ. მიუხედავად ამისა, შეიძლება ამ მოვლენებს მიეცეს ციფრებში გამოხატული შეფასება, თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ არის შესაძლებლობა მისცე უპირატესობა ერთ მოქმედებას მეორის მიმართ და ეს უპირატესობა გამოხატო ციფრებით. თუ განხორციელდება ასეთი ოდენობითი შედარებები, ეს მოვლენა უკვე შეიძლება გახდეს გასაღები არანორმირებადი სიდიდეების ნორმირებისა და, მაშასადამე, არაფორმალირებადი ფუნქციების ფორმალიზების განხორციელებისათვის. ვფიქრობ, რომ შორს არ უნდა იყოს ის დღე, როდესაც მეცნიერები, როგორც ჰუმანიტარები, ისე გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტები, დაინტერესდებიან საკითხისადმი ასეთი მიდგომით და შეიქმნება ადმინისტრაციული მართვის უფრო მაღალი რანგის თეორია, ვიდრე ეს ნაშრომია.
თუ მართვის სისტემაში საჭიროა შესწავლილ იქნეს სტატიკა, მაშინ მათემატიკური მოდელი ალგებრული დამოკიდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს. თუ შესასწავლია მართვის დინამიკა, მაშინ მათემატიკური მოდელი დიფერენციალური და ინტეგროდიფერენციალური განტოლებების კომპლექსია.
იმისათვის, რომ აგებულ იქნეს მართვის სისტემის ობიექტის მოდელი, საჭიროა მართვის ობიექტი დავანაწევროთ შემადგენელ ელემენტებად ან კვანძებად, შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ რა დამოკიდებულებაა ამ შემადგანალი ელემენტების შესავალ და გამოსავალ სიდიდებს შორის და ელემენტების შეერთებების ტოპოლოგიის მიხედვით დადგინდება ამ სისტემის მოდელი. იმ შემთხვევაში, როდესაც არ ხერხდება აღნიშნული ელემენტების შესავალ და გამოსავალ სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების დამყარება ანალიზურად, უნდა მივმართოთ ე.წ. აქტიური ექსპერიმენტების მეთოდს, უნდა მივცეთ შესავალზე რაიმე სიდიდე და ვნახოთ, რას მივიღებთ გამოსავალზე. მაშინ აპროქსიმაციის მეთოდების გამოყენებით შეგვიძლია განვსაზღვროთ დამოკიდებულებები ანალიზურად.
მოდელის აგების დროს თუ შევეცადეთ ყველა ფაქტორის მხედველობაში მიღება, მათემატიკური მოდელი იმდენად რთული შეიძლება გამოვიდეს, რომ შეუძლებელი გახდეს მისი გამოყენება თანამედროვე კომპიუტერების არსებობის შემთხვევაშიც კი. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამარტივება, მაგრამ ისე, რომ ძირითადი თვისება სისტემამ არ დაკარგოს. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს მართვის შემთხვევაში მოდელი შეიძლება იყოს მრავალი სახის. მართლაც, თუ ლაპარაკია ქვეყნის სტაბილიზაციაზე და კრიმინოგენული მოვლენების მკვეთრად შემცირებაზე, მოდელი ერთი იქნება, მაგრამ, თუ ამოცანა მდგომარეობს ინფლაციის შემცირებაში, მაშინ მოდელი სულ სხვა გამოვა.
§ 3-5 რისკი, ავანტიურა და ბლეფი
საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაური უნდა წავიდეს რისკზე და არამარტო რისკზე, შეიძლება საჭირო გახდეს ავანტიურაზე წასვლაც კი. ზოგჯერ საჭიროა ბლეფის გამოყენებაც. არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს მეთაურის ესა თუ მოქმედება ერთდროულად შეიცავს რისკს, ბლეფს და ავანტიურასაც. მიუხედავად ამისა, რისკი, ავანტიურა და ბლეფი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და ისინი სინონიმები არ არიან. ბლეფად ითვლება ჰიტლერის მოქმედება 1938 წელს, როდესაც მან პრეტენზიები წამოაყენა ჩეხოსლოვაკიის გერმანელებით დასახლებული რეგიონის – სუდეტის ოლქის შემოერთების შესახებ. ჰიტლერმა თავის განცხადებას მოაყოლა სამხედრო და სამხედრო-საჰაერო ძალების დემონსტრირება, რითაც მან თქვა, რომ ის მზადაა სამხედრო მოქმედებებისათვის. სინამდვილეში კი გერმანია ამ დროისათვის მზად არ იყო ომისათვის და რომ მობილიზაცია გამოეცხადებინათ ინგლისს ან საფრანგეთს, ყველა, მათ შორის გერმანელი გენერლებიც კი, თვლიდნენ, რომ ჰიტლერი უკან დაიხევდა. უფრო მოგვიანებით, როდესაც გერმანიამ ულტიმატუმი წაუყენა პოლონეთს, ეს უკვე იყო რისკი, მაგრამ არა ბლეფი.. ასევე ბლეფის კატეგორიას მიეკუთვნება ხრუშჩოვის მოქმედება 1956 წელს, სუეცის ომის დროს. მან წერილი გაუგზავნა საფრანგეთისა და ინგლისის სახელმწიფოების მეთაურებს, სადაც ის აფრთხილებდა მათ, რომ, თუ ისინი სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტენ, მოსკოვი ბალისტიკურ რაკეტებს გაგზავნიდა პარიზსა და ლონდონის დასაბომბად. სინამდვილეში ხრუშჩოვი არ აპირებდა ამ რაკეტების გაშვებას, ეს ოპერაცია იყო ბლეფი და ეს დახურულ წერილში აღიარა ხრუშჩოვმა. ამ ორივე ბლეფმა, როგორც ჰიტლერის, ისე ხრუშჩოვის, გაამართლა და ჰიტლერმა და ხრუშჩოვმა მიზანს მიაღწიეს. სხვანაირად დამთავრდა იგივე ხროშჩოვის მორიგი ბლეფი კუბის კრიზისის დროს. ამერიკელები არ შეშინდნენ, მობილიზიცაია გაუკეთეს თავის ძალებს და ხრუშჩოვი იძულებული გახდა უკან დაეხია. ჩვენ არა გვაქვს პრეტენზია, ზუსტად განვსაზღვროთ თუ რა არის რისკი, ბლეფი და ავანტიურა, მაგრამ შევეცდებით გავაკეთოდ ეს პირველმიახლოებაში. რისკი არის არსებითი სახელი. რისკზე წასვლა კი ზმნაა. ასევეა ბლეფიც და ავანტიურაც. როდესაც ამბობენ, რომ ბლეფთან გვაქვს საქმე ეს ნიშნავს, რომ ეს მოქმედება ჩაიდინა ამა თუ იმ პირმა.
რისკი ერთია და მასზე წასვლა მეორე. ასე მაგალითად, ვამბობთ, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე წასვლა რისკია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის, ვინც ამას ამბობს, მიდის ჩრდილოეთ პოლუსზე. ავანტიურაც დაკავშირებულია მოქმედებასთან. თუ ადამიანი ავანტიურაზე არ წავა, მაშინ უკვე ავანტიურა აღარ არის. ბლეფი დაკავშირებულია ცრუ ოპერაციასთან რითაც უნდა იმოქმედო ფსიქოლოგიურად მოწინააღმდეგეზე და შეცდომაში შეიყვანო იგი. ბლეფი ისეთი მუქარაა, რომლის განხორციელებას ბლეფის ავტორი სინამდვილეში არ აპირებს და მას მარტო შეშინებისათვის იყენებს.
საჭიროა თავიდანვე განვასხვავოთ რისკი და რისკზე წასვლა. ეს უკანასკნელი უკვე მოქმედებაა. ისმება კითხვა, როდის შეიძლება სახელმწიფოს მეთაური წავიდეს რისკზე და როდის არა. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ თუ რისკზე წასვლა არ არის მიზანშეწონილი, ასეთ წასვლას რისკზე დავარქვათ ავანტიურა.
რისკს არც თუ იშვიათად იყენებენ სახელმწიფოს ხელმძღვანელები. ქვემოთ ვნახავთ როგორ წავიდა რისკზე სირაკუზის მთავარი აგასთოკლე. ამ შემთხვევაში რისკმა გაამართლა. საერთოდ რისკმა შეიძლება არ გაამართლოს და შედეგი შეიძლება მეტად მძიმე იყოს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რისკის შეფასების პრობლემა და გადაწყვეტილების მიღება, წავიდეთ თუ არა რისკზე, მეტად მნიშვნელოვანია.
რისკი დაკავშირებულია გაურკვევლობასთან. როგორც წესი სხვადასხვა სპეციალისტები, რომლებიც რისკის პრობლემებს იკვლევდენ, უმთავრესად ყურადღებას ამახვილებენ თვითონ რისკზე, როგორც მოვლენაზე და ნაკლებ ყურადღებას ან სრულიად არ აქცევენ ყურადღებას, როდის უნდა წავიდეს კაცი რისკზე და როდის უნდა შეიკავოს ამისგან თავი. მართლაც, რისკის ერთი და იგივე მნიშვნელობის დროს, ერთ შემთხვევაში შეიძლება რისკზე წასვლა, მეორეში კი არ შეიძლება.
პრობლემები, დაკავშირებული რისკთან, შეიძლება განხილული იყოს ისეთი მათემატიკური თეორიის გამოყენების საფუძველზე, როგორიცაა თამაშთა თეორია. ლიტერატურაში მოყვანილია ამ თეორიის ძირითადი ელემენტები.
როგორც რისკი, ასევე ბლეფი დაკავშირებულია იმასთან, რომ გვინდა მივაღწოთ უკეთეს მდგომარეობას, შეიძლება აღმოვჩნდეთ უარესში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რისკი და რისკზე წასვლა ერთიდაიგივე არ არის. დავუშვათ, ვთამაშობთ ლატარიას. ვთქვათ, ბილეთის ღირებულება არის 100 დოლარი. მაშასადამე, არის რისკი დავკარგოთ აღნიშნული თანხა.
მოთამაშე შეიძლება წავიდეს რისკზე და მიიღოს მონაწილეობა ლატარიაში. რისკი შეიძლება შეფასდეს ლატარიის ბილეთის ღირებულებით და მოგების ალბათობით. ეს ალბათობა იოლად გამოითვლება, იგი დამოკიდებულია გაყიდული ბილეთების რაოდენობაზე. მოთამაშე შეიძლება წავიდეს რისკზე, თუ მოგება დიდია და ასევე დიდია ამ მოგების ალბათობა. ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმწიფოს მეთაური რისკზე შეიძლება წავიდეს არა მარტო იმისდამიხედვით, თუ როგორია წარუმატებლობის ალბათობა და ამ წარუმატებლობის მნიშვნელობა, არამედ წარმატების მნიშვნელობა და მისი ალბათობის სიდიდე. დავუბრუნდეთ უკვე განხილულ სუეცის კრიზისს. საბჭოთა კავშირის მეთაურმა ხრუშჩოვმა წერილი გაუგზავნა ინგლისის და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრებს, სადაც ის იმუქრებოდა ლონდონისა და პარიზის დაბომბვით, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ სამხედრო მოქმედებებს ეგვიპტის წინააღმდეგ. ხრუშჩოვის მოქმედება იყო ბლეფი, მაგრამ დაკავშირებული იყო რისკთანაც. სინამდვილეში ის არ აპირებდა რაკეტების გაგზავნას ლონდონზე და პარიზზე და წავიდა გარკვეულ რისკზე. განვიხილოთ ცხრილი, სადაც მოყვანილია, ერთის მხრივ, საბჭოთა კავშირის მოქმედება და, მეორეს მხრივ, ინგლისისა და საფრანგეთის შესაძლებელი პასუხები. ხრუშჩოვის წერილის საპასუხოდ ინგლისსა და საფრანგეთს შეეძლოთ განეხორციელებინათ შემდეგი მოქმედებები:
1) არ მიექციათ ყურადღება ხრუშჩოვის მიმართვაზე და გაეგრძელებინათ სამხედრო ოპერაციები;
2) შეეწყვიტათ სამხედრო ოპერაციები, ე.ი. შეესრულებინათ ხრუშჩოვის ულტიმატუმი;
3) გაევრცელებინათ სამხედრო ოპერაციების მასშტაბები და დაეწესებინათ კონტროლი საზღვაო კომუნიკაციებზე;
4) განეხორციელებინათ მთავარი სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა საბჭოთა კავშირში.
რა თქმა უნდა, შესაძლებელი სტრატეგიების რაოდენობა გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ სიმარტივისათვის და თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ მათი შეზღუდუდლი რაოდენობა. ზემოთმოყვანილ სტრატეგიებს შემდეგი სახე ექნება (იხ. ცხრ.): სახეზეა ერთის მხრივ, საბჭოთა მუქარა და მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის შესაძლო პასუხები და მათი ალბათობები. მაგალითად, P1 არის სამხედრო ოპერაციების გაგრძელების ალბათობა, P2 არის ამ ოპერაციების შეწყვეტის ალბათობა, P3 ომის სამხედრო ოპერაციების გავრცელების ე.ი. ექსკალაციის ალბათობა და P4 საბჭოთა კავშირის მთავარი სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა. სავარაუდოდ აღებულია, რომ P1=0.4, P2=0.4, P3=0.15 და P4=0.05, C1, C2, C3 და C4 შედეგებია. C1 არის აღებული უარყოფითი ნიშნით, ვინაიდან საბჭოთა კავშირისათვის არ იყო ხელსაყრელი სამხედრო ოპერაციების გაგრძელება. იგივე მიზეზით არის უარყოფითი ნიშნით C3 და C4 მნიშვნელობები. საბჭოთა კავშირისათვის სასურველი იყო სამხედრო ოპერაციების მხოლოდ შეწყვეტა, ამიტომ C2 მოყვანილია დადებითი ნიშნით. ალბათობების მნიშვნელობების განსაზღვრა საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ მიახლოებით ამის გაკეთება მაინც შეიძლება. მართლაც, იმის ალბათობა, რომ ინგლისი და საფრანგეთი დაიწყებდნენ საბჭოთა კავშირის მთავარი სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას, ძალზე მცირე იყო. ცოტათი მეტი, მაგრამ ასევე მცირე იყო იმის ალბათობა, რომ განხორციელებულიყო ინგლისისა და საფრანგეთის მიერ სამხედრო ოპერაციების ექსკალაცია, იმ პერიოდში იგი არ იყო დიდი, მაგრამ უფრო მეტი იყო, ვიდრე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა, რასაც, ალბათ, ომი მოჰყვებოდა. უფრო მეტი ალბათობა იყო იმისი, რომ ინგლისი და საფრანგეთი ან არ მიაქცევდნენ ხრუშჩოვის ულტიმატუმს ყურადღებას, ან შეწყვეტდნენ ამ ოპერაციებს. მსგავსი მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ, ალბათ, ხრუშჩოვის მრჩევლები და ამიტომ წავიდნენ რისკზე. სიდიდეები C1, C3, C4 საბჭოთა კავშირისათვის არ არის სასარგებლო. მათ შორის ყველაზე უარესია C4, ამიტომ ყველაზე უფრო საბჭოთა კავშირი ამ მდგომარეობას უნდა უფრთხოდეს, მაშასადამე, რისკის განსაზღვრის დროს სწორედ ამ სიდიდეს უნდა მხედველობაში მიღება.
შემოვიღოთ შემდეგი განსაზღვრა: რისკი = ამ ამორჩეულ სტრიქონში მოთავსებული მინიმალური სიდიდის ალბათობა X ამ მინიმალურ სიდიდეზე.
ამ დამოკიდებულებაში მინიმალური სიდიდე აღებულია როგორც მათი აბსოლუტური მნიშვნელობა. მარტო ამ შემთხვევაში შესრულდება ეს პირობა. რისკი არ შეიძლება იყოს უარყოფითი. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში მინიმალური მნიშვნელობის აბსოლუტური სიდიდე ტოლია C4-ის. მაშასადამე, რისკის მნიშვნელობა ტოლი იქნება რისკი = 0.05 C4.
რაც შეეხება რისკზე წასვლის საკითხს, ის გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
GTR=P(max Cj)|max Cj|-R, სადაც GTR არის რისკზე წასვლა, max Cj არის სტრიქონში მაქსიმალური ელემენტი. P (maxCj) არის ამ მაქსიმალური სიდიდის ალბათობა, ხოლო R არის რისკის მნიშვნელობა. ჩვენს მიერ განხილული მაგალითის შემთხვევაში PmaxCj=0.4 C2, ხოლო R=0.05 C4, ვინაიდან ამ სტრიქონში ცხრილის მაქსიმალური ელემენტია C12. მართლაც, საბჭოთა კავშირისათვის ყველაზე უკეთესია სამხედრო ოპერაციების შეწყვეტა, რასაც შეესიტყვება ელემენტი C12. მაშასადამე
რისკზე წასვლა = 0.4 C12-0.05 C14
უფრო სწორი იქნება, თუ რისკზე წასვლას განვსაზღვრავთ ფორმულით:
GTR=?[P(maxCj)maxCj]-R, სადაც ?? არის სიდიდე, რომელიც ასახავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა რისკზე წამსვლელის მახასიათებლები, სახელმწიფოს მდგომარეობა და ა.შ. ასე მაგალითად, ერთი და იგივე სიტუაციაში ერთი ხელმძღვანელი წავა რისკზე, მეორე იგივე სიტუაციაში ამ რისკზე არ წავა. სახელმწიფოს მდგომარეობასაც აქვს მნიშვნელობა. მოყვანილ მაგალითს თუ ავიღებთ, საბჭოთა კავშირის სამხედრო მდგომარეობა ძლიერი იყო, ხრუშჩოვს შეიძლება არ შინებოდა ინგლისის და საფრანგეთის საპასუხო დარტყმის. სამხედრო სისუსტე კი იმის მაჩვენებელია, რომ რისკზე წასვლა არ შეიძლება და ა.შ.
რისკისაგან განსხვავებით რისკზე წასვლის მაჩვენებელი შეიძლება იყოს უარყოფითი სიდიდეც. ეს იქნება მაშინ, როდესაც რისკი მეტია ვიდრე ?[P(maxCj)maxCj].
თუ რისკზე წასვლის მაჩვენებელი არის უარყოფითი სიდიდე და მეთაურმა მაინც გადაწყვიტა რისკზე წასვლა, მაშინ ეს არის ავანტიურა. რაც უფრო მეტია რისკზე წასვლის მაჩვენებელის უარყოფითი მნიშვნელობა, მით უფრო მეტია ხელმძღვანელის ავანტიურული მოქმედება.
დაუშვათ გვაქვს ზემოთმოყვანილი ცხრილი. ამ შემთხვევაში რისკი არ არის მცირე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ C4 სიდიდის ალბათობა მცირეა და P4=0,05, ძალიან დიდია ამ მინიმალური სიდიდის აბსულუტური მნიშვნელობა, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის შესაძლო დანგრევას. ჩვენს პირობებში P2 >P4 მაგრამ |C4 |>>| C4 | და როგორც შედეგი P2| C2|< P4| C4 |. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რისკზე წასვლა უარყოფითი სიდიდით გამოისახება და Gთღ<0. მაშასადამე ხრუშჩევის მოქმედება ავანტიურად უნდა ჩაითვალოს. სხვა საკითხია, რომ ამ რისკმა გაამართლა და ფრანგებმა და ინგლისელებმა შეწყვიტეს საომარი მოქმედება. რა თქმა უნდა რეალურ სინამდვილეში არის შემთხვევები როდესაც ავანტიურა გადის, მაგრამ ასეთ სერიოზულ საკითხში, რომელიც შეეხება ქვეყნის ბედ-იღბალს, როდესაც საკითხი დგას ერისა და ქვეყნის ფიზიკურ განადგურებაზე, ავანტიურა დაუშვებელია.
IV თავი - კონფლიქტური სიტუაციები
§ 4-1 კონფლიქტური სიტუაციების არსი
თანამედროვე ეპოქა ხასიათდება კონფლიქტური სოტუაციების მკვეთრი გამძაფრებით. ეს სიტუაციები ემუქრება არა მარტო სახელმწიფოს მდგრადობას და ზოგ შემთხვევაში ამ სახელმწიფოს არსებობას, არამედ საშიშროებას წარმოადგენენ მთელი მსოფლიოსათვის. კონფლიქტები არსებობენ სახელმწიფოებს შორის და აგრეთვე სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის.
კონფლიკტურ სიტუაციებს სხვადასხვა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს: დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, ტერიტორიული პრეტენზიები, ბრძოლა გარკვეული უფლებების მოსაპოვებლად, სეპარატიზმი და ა. შ. კონფლიქტები შეიძლება აღმოცენებული იყოს პოლიტიკური ან ეკონომიკური მიზეზით. კონფლიქტური სიტუაციები შეიძლება იყოს და არის კიდევაც ცალკეულ ინდივიდუუმებს შორის. სამხედრო ხასიათის მქონე კონფლიქტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ და ხშირად მათგან არის დამოკიდებული სახელმწიფოს არსებობა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ პოლიტიკური ხასიათის კონფლიქტურ სიტუაციებს. ამ სახის კონფლიქტები შეიძლება იყოს როგორც სუვერენულ სახელმწიფოებს, ისე სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს ან პარტიებს შორის. კონფლიქტები შეიძლება წარმოშობილი იყოს რომელიმე მესამე სახელმწიფოს ინტრიგების საფუძველზე, ანდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შედეგად. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი მაგალითია იტალიელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის გარიბალდის მეთაურობით. სახელმწიფოებს შორის კონფლიქტური სიტუაციები მნიშვნელოვნად შემცირდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამაგიეროდ, მკვეთრად გაიზარდა კონფლიქტები სახელმწიფოს შიგნით. გაიზარდა, აგრეთვე, სეპარატისტული მოძრაობა სახელმწიფოდან გამოყოფისათვის, ცალკე სახელმწიფოს დაარსების მიზნით. ცნობილია, რომ სახელმწიფოები არასდროს არ იყო ერთგვაროვანი, მასში შედიოდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და ტომები. იგივე მდგომარეობაა ამჟამადაც. გაერთიანებულ სამეფოში ინგლისელებს და შოტლანდიელებს სხვადასხვა ენა, კულტურა და ტრადიციები აქვთ. იგივე შეიძლება ითქვას საფრანგეთზე, სადაც ბრეტონელები განსხვავდებიან ფრანგებისაგან. ესპანეთში ბასკები და კატალონიელები – დანარჩენი ესპანელებისაგან. აღარაფერს ვამბობთ აფრიკის სახელმწიფოებზე, რომელთაგან ბევრი სხვადასხვა ტომების მექანიკურ გაერთიანებებს წარმოადგენენ. მაშასადამე, ნებისმიერ ან თითქმის ნებისმიერ სახელმწიფოში შეიძლება დაისვას საკითხი არსებული სახელმწიფოდან რაღაც ნაწილის გამოყოფის და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ამგვარად გამოყოფილი და დაარსებული რეგიონი ისევე შეიძლება დაიყოს იგივე მოტივების საფუძველზე და ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. იმისათვის, რომ ამ საკითხში შეტანილი იქნეს სიცხადე, უნდა ჩამოყალიბებულ იქნეს გარკვეული ნორმა. ხომ არ შეიძლება შვეციიდან გამოვყოთ ლოპარები და შევქმნათ ახალი ლოპარების სახელმწიფო, ანდა გამოიყოს ბავარიის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იქნებოდა ქ. მიუნხენი. მეორე მხრივ, არიან სახელმწიფოები, სადაც ასეთი გამოყოფა საჭიროა განხორციელდეს და განხორციელდა კიდეც. ამის მაგალითია ყოფილი საბჭოთა კავშირი, რომელიც სხვისი ტერიტერიების დაპყრობის შედეგად იყო შექმნილი. სწორედ ამიტომ გამოეყო ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვეთი, შუა აზიის რესპუბლიკები და დგას საკითხი ზოგიერთი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების და პირველ რიგში ჩეჩნეთის გამოყოფის შესახებ. სახელმწიფოს სამართლიანი დანაწევრების მაგალითია აგრეთვე, დიდი ბრიტანეთი. არაფერი საერთო ინდუსებს არ ჰქონდათ ინგლისელებთან. ამასთანავე უნდა დაისვას საკითხი აქვთ თუ არა რაიმე საერთო იმათ, ვისაც უნდათ შექმნან ახალი სახელმწიფო და გამოეყონ არსებულიდან, იმის შესაძლებლობა, რომ შექმნან ახალი სახელმწიფო. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს არა იმან, ვისაც უნდა ახალი სახელმწიფოს შექმნა, არამედ რომელიმე კომპეტენტურმა ორგანომ, მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. ახალი სახელმწიფოების შექმნის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ნიშანი არის დამოუკიდებლობა ძირითად ნაციასა და დანარჩენებს შორის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. იმ ხალხთა რაოდენობა, რომელსაც სურს გამოეყოს სახელმწიფოს, ალბათ, 60%-ს მაინც უნდა შეადგენდეს მთელი მოსახლეობის, რომელიც დასახლებულია გამოსაყოფ ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება დაისვას კითხვა, რა საფუძველია იმის, რომ რუსეთიდან გამოეყოს, ვთქვათ, თათართა რესპუბლიკა. იქ, ხომ თათრები შეადგენენ 50%-ს, ხოლო მეორე ნახევარი რუსებია. თუ ვითვალისწინებთ თათართა ინტერესებს, რატომ უნდა უგულვებელვყოთ რუსების ინტერესები? მართალია, რუსებმა იოანე მრისხანეს დროს დაიპყრეს ეს ტერიტორია და ამ დროს იქ არც ერთი რუსი არ ცხოვრობდა, მაგრამ იქ ასევე არ არსებობდა არავითარი სახელმწიფო და მთავრობა. კიდევ უფრო უაზროა აფხაზთა მოთხოვნა, მიეცეს მათ დამოუკიდებლობის სტატუსი. ამ ტერიტორიაზე აფხაზთა რაოდენობა 17-18 პროცენტია, ქართველები შეადგენენ 49%-ს.
გარდა ზემოთმოყვანილისა, დიდი მნიშვნელობა აქვს გამოსაყოფი მოსახლეობის აბსოლუტურ რაოდენობას. უმართებულოა დაისვას საკითხი ისეთი სახელმწიფოს შექმნისა, რომლის მოსახლეობა არ აღემატება ერთ სტადიონზე შემვსებთა რაოდენობას. აქაც უნდა დადგინდეს ნორმა, რა რაოდენობის უნდა იყოს ის ნაცია, რომელიც ითხოვს გამოყოფას. ანდორის, ლიხტენშტეინის და მაროკოს მაგალითები არ გამოდგება. კონფლიქტების აღმოცენების მეორე მაგალითია არა გამოყოფის, არამედ გაერთიანების პროცესი. სხვანაირად კონფლიქტს შეიძლება ადგილი ჰქონდეს არა მარტო დეზინტეგრაციის, არამედ ინტეგრაციის დროსაც. ამჟამინდელ რუსეთს სურს შემოიერთოს ახლად შექმნილი რესპუბლიკები და აღადგინოს რუსეთის იმპერია. იდგა საკითხი არაბთა ინტეგრაციის შესახებ, მაგრამ ამას ხელს უშლიან ამ ქვეყნების ლიდერები. უნდა ითქვას, რომ კონფლიქტური სიტუაციები იქმნება არა მარტო ხალხთა მასების და ნაციონალური ჯგუფების უკმყოფილების დროს, როგორც ამას ადგილი აქვს ქურთთა შემთხვევაში, არამედ სხვადასხვა პირების სურვილის გამო მოვიდნენ სახელმწიფოს სათავეში. ამ მიზნით იყენებენ რა მიმზიდველ ლოზუნგებს, ზოგიერთი ლიდერი ახერხებს თავის მხარეზე მიიზიდოს მასების მნიშვნელოვანი რაოდენობა და მათი საშუალებით ცდილობენ მოვიდენ სახელმწიფოს სათავეებში, შემდეგ ივიწყებენ თავის დაპირებებს. ასე მოხდა რუსეთში, როდესაც ბოლშევიკებმა აიღეს ხელისუფლება, იგივეს ჰქონდა ადგილი კუბაში და, აგრეთვე, მრავალ სახელმწიფოში.
სამწუხაროდ, ცალკეული პიროვნებების ამბიციებიც არის ძირითადი მიზეზი ზოგიერთი კონფლიქტების აღმოცენებისა. ეს ამბიციები დამყარებულია ადამიანის ერთ უსაზიზღრეს თვისებაზე – დაუმორჩილოს თავის ნებას სხვები და რაც შეიძლება მეტად გაავრცელოს თავისი ძალაუფლება. აქ ისევ უნდა გავიხსენოთ ადამსის სიტყვები “ძალაუფლება შხამია”. როგორც წესი, პატივმოყვარეობა უფრო მეტად ახასიათებს დაბალი კულტურის ადამიანებს. ბევრი კონფლიქტის მიზეზია შეურიგებლობის გრძნობა და ტოლერანტობის უკმარისობა. მაგალითად გამოდგება მოვლენები, რომლებსაც ადგილი აქვს ავღანისტანში. ამ ქვეყნის ლიდერები და ხალხი სამართლიან და გმირულ ომში იყვნენ ჩაბმული რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. რუსეთის ჯარებმა დიდი ხანია დატოვეს ავღანეთის ტერიტორია, მაგრამ სისხლისღვრა ავღანისტანში ისევ გრძელდება. ახლა უკვე ლიდერები იბრძვიან ერთმანეთში, რა თქმა უნდა ძალაუფლებისათვის. ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იმისა, თუ როგორ გამოიყენება კონფლიქტი არა ხალხის კეთილდღეობის გაიმჯობეების მიზნით, არამედ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისათვის. ასეთი მაგალითები ბევრია სამხრეთ ამერიკაში, არაბულ ქვეყნებში და აზიასა თუ აფრიკაში. რა თქმა უნდა, აღნიშნულ კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ ჩრდილოეთ ამერიკის ხალხის ბრძოლას ინგლისელ კოლონიზატორებთან, ალჟირის გამანთავისუფლებელ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის და ა. შ.
კონფლიქტური სიტუაციების აღმოცენების კიდევ ერთი, განსხვავებული მაგალითია გარეშე სახელმწიფოების მიერ ორგანიზებული აჯანყებები და გამოსვლები. ასეთი ბუნების იყო კორეის ნახევარკუნძულზე და ვიეტნამში ორგანიზებული სამოქალაქო ომები, მოვლენები ნიკარაგუაში და სხვ.
ვერავინ ეჭვს ვერ შეიატანს იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა დიდ პატივისცემას იმსახურებს და ნებისმიერმა ადამიანმა მხარი უნდა დაუჭიროს მას, მაგრამ ზოგი მოძრაობა არის ინსპირირებული და, ფაქტობრივად, საერთო არაფერი აქვს ნამდვილ ნაციონალურ მოძრაობასთან. ისიც უნდა ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა გადაიზარდოს რასისტულ ან შოვინისტურ მოძრაობაში. პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ებენსტეინი თვლის, რომ ნაცოინალიზმა დასაბამი მისცა ბევრ გმირულ საქმიანობას, მაგრამ, ამავე დროს, ნაციონალიზმი ბევრი ბოროტების, ძალმომრეობისა თუ ფანატიზმის მიზეზი გახდა. უკანასკნელ დროს, ამბობს იგი, ნაციონალიზმი ხასიათდება შეუთავსებლობით, იდეების შეზღუდულობით, ფანატიზმით, უმცირესობის დევნით, რასიზმით და აგრესიითაც კი.
ნაციონალიზმის საშიშიროებას პირველად ინგლისელმა ეკტონმა მიაქცია ყურადღება. მისი აზრით, თუ სახელმწიფოს გავაიგივებთ ნაციონალიზმთან, ეს მიგვიყვანს პოლიტიკურ აბსოლუტიზმთან. ეკტონი თვლის, რომ რიგი ნაციების თანაარსებობა ერთ სახელმწიფოში ამ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის ცივილიზაციაზე მეტყველებს. როგორც ვთქვით ეკტონი ინგლისელი იყო და დიდი ბრიტანეთის იმპერია ბევრ ნაციას აერთიანებდა, მაგრამ არ შეიძლება მეორე უკიდურესობაც, კერძოდ, დავუშვათ ძალზე მცირერიცხოვანი ხალხის დამოუკიდებლობა, რომელსაც არ გააჩნია არც შესაფერისი კადრები, არც შესაბამისი კულტურა, რათა განახორციელონ და გაატარონ დამოუკიდებელი პოლიტიკა და თანაც რიცხვობრივად არიან ძალზე მცირე იმ ტერიტორიაზეც კი, რომლის გამოყოფაც მათ უნდათ. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორია მეზობლად მყოფი სახელმწიფო, განსაკუთრებით თუ ის ძლიერი სახელმწიფოა და თანაც აგრესიული მისწრაფებები აქვს. არიან ისეთი მძლავრი სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ იმპერიალისტური მისწრაფებები. ამ შემთხვევაში არ არსებობს მის მეზობლად მყოფი სუსტი სახელმწიფოებისათვის რაიმე საფრთხე. კარგი მაგალითია ამ მხრივ შეერთებული შტატები და პუერტო-რიკო. პუერტო-რიკო დიდი ხანია აყენებს საკითხს შეერთებული შტატებთან შეერთების შესახებ, მაგრამ შეერთებული შტატები ამისგან თავს იკავებს. უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის არ იყო მშვიდობის მოყვარე, თუ გავიხსენებთ კალიფორნიისა და ტეხასის მიერთებას. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს რეგიონები თავის დროზე მექსიკამ ჩაიგდო ანექსიის მეშვეობით. ახლა უკვე მივედით კონფლიქტების აღმოცენების ისეთ მნიშვნელოვან მიზეზთან, როგორიც არის სეპარატიზმი. სეპარატიზმი ეს არის ამა თუ იმ ხალხის მისწრაფება გამოეყოს სახელმწიფოს მაშინ, როდესაც ამ ხალხს არავითარი საფუძველი არა აქვს იარსებოს დამოუკიდებლად. ამ საფუძვლებში იგულისხმება მცირერიცხოვნება, ამ ტერიტორიაზე დასახლების ძალზე მცირე პროცენტი, ისტორიული მონაცემების არარსებობა, რომ აღნიშნული ტერიტორია მათი იყო წარსულში, ამ ხალხის კულტურის დაბალი დონე, ნაციის დევნის ფაქტორის არარსებობა და ა.შ. სეპარატიზმის დროს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ტოლერანტობის თვისება ან სხვა ერებისადმი სიძულვილი, როგორიც არსებობს არაბებსა და ებრაელებს შორის, პოლონელებსა და რუსებს შორის და ნაწილობრივ თეთრებსა და ზანგებს შორის. იგივე პროფესორი ებენსტაინი ამბობს, რომ, როდესაც ერთ ნაციას ეჯავრება მეორე და ვერ იტანს მას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაციას დაეუფლა ეშმაკი. თუ ნაციამ გამონახა ძალა მოერიოს ამ ეშმაკს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაციამ შეძლო მოეძებნა ძალები ეშმაკის დასათრგუნად. ნაცია პირველ რიგში შეეცადა მოენეხა სიძულვილის საფუძველი. ცხადია, ამ საფუძვლის მონახვა არ არის იოლი საქმე. ამ რამოდენიმე წლის წინათ წინამდებარე ნაშრომის ავტორს ჰქონდა სურვილი ჩაეტარებინა სემინარი, რომლის მიზანიც იქნებოდა დაედგინა აფხაზთა სიძულვილის საფუძველი ქართველთა მიმართ. სამწუხაროდ, ასეთი სემინარი ვერ ჩატარდა. საინტერესო ისაა, რომ, ყოველ შემთხვევაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე, ეს სიძულვილი ცალმხრივი იყო: აფხაზებს, მე ვიტყოდი, უსაზღვროთ სძულდათ ქართველები, ეს უკანასკნელები კი საკმაოდ კეთილი განწყობით იყვნენ აფხაზებისადმი. ქართულ ლიტერატურაში არ იყო არცერთი შემთხვევა, რომ აფხაზებზე რაიმე ცუდი თქმულიყო. პირიქით. აფხაზებს შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა თავისი ნაციონალური კულტურის განვითარებისათვის: აფხაზური უნივერსიტეტი, მწერალთა კავშირი, თეატრი, აფხაზურ პრობლემებზე მნიშვნელოვანი კვლევები ტარდებოდა თბილისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ვერავინ ვერ დაასახელებს ვერცერთ ერს ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელსაც უკეთესი პირობები ჰქონდა თავისი ნაციონალური კულტურის განვითარებისათვის, ვიდრე აფხაზებს.
სახელმწიფოში საერთო ინტერესების მთლიანობა შეიძლება იყოს კონფლიქტების მიზეზი სხვადასხვა ჯგუფებს ან კლასებს შორის. მშვიდობის არსებული ხელშეკრულებები უშლიან ხელს შეიარაღებულ შეტაკებებს, მაგრამ ყოველთვის არა. ფრიად მნიშვნელოვანად უნდა მივიჩნიოთ საკითხი, თუ რატომ უნდა მივცეთ უპირატესობა ინტერესების ჰარმონიას, რათა კონფლიქტი გაქრეს, ან ინტერესების კონფლიქტს, რაც იწვევს მშვიდობის გაქრობას. პასუხს ამ კითხვაზე, იქნება კონფლიქტი თუ თანხმობა, განსაზღვრავს ხალხთა საზოგადოების ნორმა. ამ პრობლემის ანალიზი ჩაატარა ე. კერმა თავის შრომაში “ოცწლიანი კრიზისი” (E.H.Carr - The Crisis 1939). კერმა შექმნა უტოპიური აზროვნების ირეალური თეორია. კერი თვლის, რომ რადიკალები პოლიტიკაში უტოპისტები არიან, კონსერვატორები კი რეალისტები. ფილოსოფოსი მილერ ვან დენ ბრუკი ამბობდა, რომ მემარცხენეები ეფუძნებიან გრძნობას, ხოლო მემერჯვენეები სიბრძნეს. ბევრი ფილოსოფოსი იმ აზრისაა, რომ “ჰარმონია და ინტერესი, როგორც სახელმწიფოში, ისე სახელმწიფოებს შორის, არის უტოპია და ილუზია. იგივე კერის აზრით მორალური ინსტიტუტები პირველ რიგში გამოიყენება პრივილიგირებული საზოგადოების მიერ იმისათვის, რომ გაატაროს გაბატონებული ხაზი. კერის არ სჯერა, რომ ნაციათა საზოგადოება, მისი ინტერესი მსოფლიოში და აყვავება გადაწონიან კონფლიქტებს და რღვევებს. ამ აზრს ბევრი არ იზიარებს. თუ ეს არ არის სითამამე ჩვენი მხრივ და თუ ამის თქმის ნება გვაქვს, არც ჩვენ ვიზიარებთ კერის ამ უკანასკნელ შეხედულებას.
კონფლიქტის აღმოცენების მიზეზები შეიძლება იყოს სუბიექტური ან ობიექტური. ობიექტურ მიზეზს მიეკუთვნება ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის ან თავისი სამშობლოს ან თავისი ნაციის დაცვა აგრესიისაგან. სუბიექტურ მიზეზებს მიეკუთვნება ძალაუფლებისათვის ბრძოლა.
დღემდე კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი ხორციელდება ზეპირი მსჯელობების საშუალებით, საღი აზროვნების გამოყენებით. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომის უგულვებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ საინტერესოა, შეიძლება თუ არა ასეთი ანალიზისათვის გამოვიყენოთ ფორმალური ან მათემატიკური მეთოდები, მითუმეტეს, რომ არსებობს ცნობილი მათემატიკოსის ფონ ნეიმანის მიერ შექმნილი თეორიული აპარატი, რომელიც თამაშთა თეორიის სახელით არის ცნობილი. უფრო დაწვრილებით მკითხველი თამაშთა თეორიის ძირითად ელემენტებს და ამ თეორიის გამოყენების ცდას კონფლიქტური სიტუაციის ანალიზის დროს შეიძლება გაეცნოს ლიტერატურაში.
კონფლიქტური სიტუაციების სრულყოფილი ანალიზი მოითხოვს მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ერთობლივ მუშაობას. ესენია ფილოსოფები, ისტორიკოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, პოლიტიკოსები, იურისტები და, ალბათ, გამოყენებითი მათემატიკის დარგის სპეციალისტები.
როგორც უკვე იყო აღნიშნული, არ არსებობს სახელმწიფო მოსახლეობის გარეშე. ხალხი, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელია, შედგება ერთი ან რამოდენიმე ნაციისაგან. ტერმინები “ნაცია” და “სახელმწიფო” სინონიმები არ არიან. ნაცია იმ ხალხის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გაერთიანებულია სხვადასხვა ფაქტორების საფუძველზე. ამ ფაქტორებში შედის: ეთნიკური წარმოშობა, ისტორიული გაერთიანებები, კულტურა, ენა, რელიგია, ზნეჩვეულებები. როგორც წესი, ნაციები ამ ფაქტორების მიხედვით განისაზღვრებიან, თუმცა არის სახელმწიფოები, სადაც ერთსა და იმივე ნაციას აქვს სხვადასხვა რელიგია, ასეთებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, სირია. ამ სახელმწიფოებში რამოდენიმე რელიგიაა. არის მაგალითები, როდესაც ერთი ნაციის წარმომადგენლებს აქვთ სხვადასხვა ენა, მაგალითად შვეიცარია, კანადა, ინდოეთი, იგივე საქართველო. არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოში ხალხები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფის წარმომადგენლები არიან, მაგალითად, იგივე შეერთებული შტატები, ბრაზილია, აფრიკის სხვადასხვა სახელმწიფოები, ავღანეთი. ნაციები გაერთიანებული არიან სოციალურ-კულტურული ფენომენის საფუძველზე. ზოგ სახელმწიფოში ნაციები აგერთიანებულია ძალით, მაგალითად, ყოფილი საბჭოთა კავშირი, ყოფილი ავსტრო-უნგრეთი, ბრიტანეთის იმპერია.
სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაფიოდ შემოსაზღვრული ტერიტორია, სადაც მოქმედებს ამ სახელმწიფოს იურისდიქცია. ის ხალხები, რომლებიც გაფანტულნი არიან მთელ მსოფლიოში, მაგალითად, ბოშები, არ შეიძლება წარმოადგენდნენ სახელმწიფოს. ნებისმიერი სახელმწიფო ხასიათდება ორგანიზებული მთავრობით.
ზოგ ამერიკელ და ევროპელ მეცნიერს მიაჩნია, რომ ცალკეული ქალაქები და აგრეთვე კოლონიები არ შეიძლება სახელმწიფოს წარმოადგენდეს. ქალაქების მიმართ ეს აზრი შეიძლება სწორიც იყოს მიუხედავად იმისა, რომ იყო მძლავრი ვენეციის სახელმწიფო, იყო უმძლავრესი რომი, მაგრამ, როგორც წესი, ქალაქი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო. რაც შეეხება კოლონიებს ამაში, უკვე მას შემდეგ, რაც ბევრი კოლონია გახდა დამოუკიდებელი, ვერ დავეთანხმებით ასეთ აზრს. გავიხსენოთ, რომ თვით შეერთებული შტატები კოლონია იყო ერთ დროს.
სახელმწიფოს დანაწევრება და რამოდენიმე სახელმწიფოს შექმნა ან პირიქით, რამოდენიმე სახელმწიფოს გაერთანება ერთ სახელმწიფოდ, რთული პრობლემაა თუნდაც იმიტომ, რომ არ არსებობს რაიმე მკაფიო კრიტერიუმები, თუ რის საფუძველზე უნდა განხორციელდეს ასეთი დაყოფა ან გაერთანება.იდგა საკითხი ინგლისის დაყოფის შოტლანდიად და საკუთრივ ინგლისად. შოტლანდიელებს აქვთ თავისი ენა, ზნე-ჩვეულებები, მკაფიოდ გამოყოფილი ტერიტორია, მაგრამ, როცა ამ საკითხის შესახებ ჩატარდა რეფერენდუმი, შოტლანდიელებმა ხმა მისცეს გამოყოფის წინააღმდეგ, ვიმეორებ დანაწევრების ან გაერთიანების რაიმე დასაბუთებული კრიტერიუმები არ არსებობს. უნდა ითქვას, რომ კონფლიქტებს ადგილი აქვს უმეტესად მაშინ, როდესაც დანაწევრებაზე და გამოყოფაზე დგას საკითხი. რაც შეეხება გაერთიანებებს, ამ შემთხვევაში კონფლიქტები უფრო ნაკლებია, მაგრამ მაინც არის. მაგალითად, თითქოს შეიძლებოდა დასმულიყო რამოდენიმე არაბული ქვეყნის გაერთიანების საკითხი, მაგრამ ეს არ ხდება, ვინაიდან როგორც ითქვა, არც ერთ ლიდერს არ უნდა თავისი პოზიციების დაკარგვა. ხშირად სახელმწიფოდან გამოყოფა სეპარატისტული მოძრაობის შედეგია. ყოველთვის არ არის იოლი, გამოითქვას რაიმე აზრი რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფის შესახებ. ავიღოთ, მაგალითად, ბასკი სეპარატისტების მოძრაობა. ბასკები ყოველთვის შედიოდნენ ესპანეთის შემადგენლობაში. ძნელია თქვა, რომ ბასკებს აქვთ თავისი კულტურა, თავისი ენა და ამიტომ ისინი უნდა გამოეყონ ესპანეთს. მაშინ შეიძლება კატალონიის, ანდალუზიის ან კასტილიის გამოყოფაც და ასეთი უძველესი სახელმწიფოდან როგორიც არის ესპანეთი აღარაფერი დარჩება. სხვა საქმეა, ვთქვათ ჩეჩნეთის გამოყოფაზე რუსეთიდან. რუსეთმა ეს ტერიტორია დაიპყრო ძალით და ამ ტერიტორიაზე ჩეჩნები უმრავლესობას წარმოადგენდნენ. სრულიად განსხვავებულია აფხაზეთის საკითხი. აფხაზეთის ტერიტორია ძირითადად დასახლებულია ქართველებით. აფხაზები შეადგენენ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 17-18%-ს. აფხაზეთის ტერიტორიაზე არის უძველესი არქიტექტორული ძეგლები მხოლოდ ქართული წარწერებით. ეს წარწერები არც შეიძლებოდა აფხაზების მიერ ყოფილიყო შესრულებული, ვინაიდან მათ დამწერლობა არ ჰქონდათ. აფხაზეთის პრობლემა პროვოცირებულია რუსეთის მიერ და ამის მიზეზია ამ ტერიტორიის მითვისების სურვილი.
კონფლიქტური სიტუაცია არის პროცესი ორ მხარეს ან ორ დაჯგუფებას შორის, როდესაც მათ აქვთ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები. ასეთი პროცესის განხილვა შესაძლებელია ანალიტიკური მეთოდების საშუალებებით.
§ 4-2 კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი
როგორც უკვე იყო აღნიშნული, კონფლიქტი არის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს ორი ან რამოდენიმე მხარე. ამ მხარეების ინტერესები ურთიერთსაწინააღმდეგო ანუ ანტაგონისტურია. ერთი მხარის წარმატება ნიშნავს მეორე მხარის წარუმატებლობას. თითოეულ მხარეს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს რაიმე მოქმედება. არ არის სავალდებულო, რომ მათ განახორციელონ ერთი და იგივე ხასიათის მოქმედებები, ე.ი. მხარეების მოქმედებების სიმრავლე სულ სხვადასხვა შეიძლება იყოს. ესა თუ ის მხარე თავის მოქმედებას გარკვეული სიმრავლიდან ირჩევს იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს მეორე მხარეს. ასევე იქცევა მოწინააღმდეგე მხარეც, მისი მიზანიც ისაა, რომ მეტი ზიანი მიაყენოს თავის მოწინააღმდეგეს ან, უარეს შემთხვევაში, როგორმე გაანეიტრალოს პირველი მხარის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგი. ქვემოთ ამ მოქმედებებს ვუწოდებთ სვლებს. თუ ერთი მხარე აირჩევს რომელიმე სვლას, მეორე მხარე უპასუხებს თავისი სვლით. ამ ორი სვლის განხორციელებას მოჰყვება გარკვეული შედეგი, რომელსაც თამაშთა თეორიაში თამაშის ფასს უწოდებენ. სიმარტივისათვის ჩვენ მას შედეგი ვუწოდოთ. შედეგი, როგორც წესი, იგი გამოისახება ციფრით. თუ კონფლიქტი ისეთი სახისაა, რომ არ ემორჩილება ფორმალიზებას, მაინც არის შესაძლებელი გამოვარჩიოთ ყველაზე უკეთესი ან უარესი შედეგი მისი მომდევნო შედეგიდან და ამგვარად მოვახდინოთ ნორმირება, ვთქვათ, ყველაზე უკეთესი შედეგი შევაფასოთ ჩმახ-ით, ყველაზე უარესი, ვთქვათ, ჩმინ-ით და შუალედ შედეგებს მივცეთ შესაბამისი შეფასებანი. თუ ერთი მხარე რაღაც მოქმედებაზე წავიდა და მეორემ უპასუხა, ან არ უპასუხა და კონფლიქტი ამით დამთავრდა, ეს იქნება ერთ სვლიანი კონფლიქტი. თუ მოწინააღმდეგის პასუხის შემდეგ პირველმა მხარემ გააგრძელა თავისი მოქმედება, ახალი სვლა გააკეთა და ამას უპასუხა მეორე მხარემ და ასე შემდეგ, ეს იქნება მრავალსვლიანი კონფლიქტი. ის დამთავრდება, როდესაც მოწინააღმდეგენი გაჩერდებიან და სვლებს აღარ გააკეთებენ. ერთსვლიანი კონფლიქტის შემთხვევაში შედეგი დადგინდება ე. წ. კონფლიქტის მატრიცის საშუალებით, რომელსაც ვთქვათ აქვს შემდეგი სახე: ამ მატრიცას თამაშთა თეორიის თანახმად ეწოდება კონფლიქტის მატრიცა. მატრიცის თანახმად, თუ პირველი მონაწილე, დავუშვათ, ირჩევს III სვლას, ხოლო მეორე მონაწილე IV სვლას, მაშინ პირველი მონაწილე მოგებულ სიტუაციაშია და შედეგი უდრის პლიუს სამს. ამავე დროს ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის მეორე მონაწილე წაგებულშია და ეს შედეგი მეორე მონაწილისათვის ფასდება უარყოფითი სამი ქულით. თუ პირველი მონაწილე ირჩევს I სვლას, ხოლო მეორე მონაწილე IV სვლას, მაშინ პირველი მონაწილე აგებს ერთ ერთეულს, ხოლო მეორე მონაწილე იგებს იგივეს.
ძირითადი პრობლემა, რომელიც კონფლიქტის გადაწყვეტის დროს დგას, არის ის, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ აღნიშნულ კონფლიქტურ სიტუაციაში. კონფლიქტის პირველი მონაწილისათვის ყველაზე უკეთესი შედეგი გამოსახულია ციფრით 12, მაგრამ ასეთ შედეგს პირველი მონაწილე მიიღებს მხოლოდ მაშინ, თუ მეორე მონაწილე აირჩევს პირველ სვლას.
მაგრამ პირველი მონაწილისათვის, ალბათ, არა აქვს აზრი აირჩიოს მესამე სვლა, ვინაიდან მეორე მონაწილემ შეიძლება აირჩიოს არა პირველი, არამედ მესამე სვლა და მაშინ პირველი მონაწილე აღმოჩნდება ძალიან მძიმე სიტუაციაში, რომელიც შეფასებულია რიცხვით -15. პირობა ისეთია, რომ არც პირველმა და არც მეორე მონაწილემ არ იციან, თუ რა სვლას აირჩევს მოწინააღმდეგე. იმისათვის, რომ გაირკვეს, თუ რა სვლა ჯობია აირჩიოს მან, უნდა დავაკვირდეთ მოცემულ მატრიცას. პირველი მონაწილის პირველ სვლას, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სვლას აირჩევს მერე მონაწილე, შეიძლებ მოჰყვეს შედეგები: -2; 5; 8 და -1. აქედან ყველაზე უარესია მისთვის -2. პირველი მონაწილის მეორე სვლას მოჰყვება შედეგები: 4; -5; 6 და 7. აქედან ყველაზე უარესია -5. პირველი მონაწილის მესამე სვლას შეიძლება მოჰყვეს შედეგები: 12; 10; -15 და 3. აქედან უარესია -15. ბოლოს პირველი მონაწილის მეოთხე სვლის შედეგად შეიძლება მივიღოთ 6; 1; 9 და 4. აქედან უარესია 1.
ამგვარად ჩვენ გვაქვს შემდეგი ცუდი შედეგები -2; -5; -15 და 1. აქედან ყველაზე უკეთესია 1. მაშასადამე, პირველ მონაწილეს არ ექნება 1-ზე უარესი შედეგი და პირველი მონაწილე არცერთ შემთხვევაში არ აღმოჩნდება უარეს მდგომარეობაში. განხილული მაგალითის შემთხვევაში პირველი მონაწილე ყოველთვის გარანტირებული იქნება მდგომარეობით, რომელიც ფასდება +1 ერთეულით, მაგრამ თუ მოწინააღმდეგე სწორად არ მოიქცა, მაშინ კონფლიქტის პირველი მონაწილე უკეთეს მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდება. მაშასადამე, კონფლიქტის პირველი მონაწილე თავის საუკეთესო სვლას ნახულობს შემდეგი მიმდევრობით: ნახულობს ყველა სტრიქონში მინიმალურ სიდიდეებს და ამ მინიმალურ სიდიდეებს შორის ირჩევს მაქსიმალურ სიდიდეს. ამის შემდეგ ირჩევს იმ სტრიქონს ანუ იმ სვლას, სადაც ეს მაქსიმალური სიდიდეა მოთავსებული. ასეთ მოქმედებას უწოდებენ მინიმაქს-ის ოპერაციას. არის შემთხვევები, როდესაც მინიმაქსი=მაქსიმინის. ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის მეორე მონაწილემ ისეთივე სვლა უნდა აირჩიოს, რაც პირველმა. კონფლიქტის ასეთ მატრიცას, თამაშთა თეორიის ანალოგიურად, დავარქვათ მატრიცა უნაგირა წერტილით. შესაბამისი მაგალითი ქვემოთ მოყვანილი მატრიცაა:
ამ შემთხვევაში მაქსიმუმ-მინიმუმი=3, რომელიც შეესაბამება პირველი მონაწილის მეოთხე სვლას და მეორე მონაწილის მეორე სვლას. აქ მინიმუმ-მაქსიმუმი ასევე უდრის სამს. ე.ი. მაქსიმუმ-მინიმუმი=მინიმუმ-მაქსიმუმი=3. თუ კონფლიქტი არ ხასიათდება უნაგირა წერტილით, მაშინ მეორე მონაწილემ უნდა აირჩიოს ის სვლა, რომელიც განისაზღვრება მაქსიმუმ-მინიმუმით პირველი მონაწილისათვის. თუ მეორე მონაწილემ სხვა სვლა აირჩია, ის უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
არსებობს ისეთი კონფლიქტებიც, როდესაც ერთი მხარე იგებს ან აგებს არა მეორე მონაწილის, არამედ გარეშე გარემოს ხარჯზე.
მოყვანილი მაგალითები მიეკუთვნება ე.წ. დეტერმინირებული კონფლიქტების კატეგორიას, როდესაც სიტუაცია განსაზღვრულია ანუ დეტერმინირებულია, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის, მაგალითად, როდესაც მოწინააღმდეგის პასუხი არ არის ფიქსირებული და მოცემულია რაღაც ალბათური აზრით. ნიმუშისათვის განვიხილოთ შემთხვევა: – დავუშვათ, ქვეყნის ხელმძღვანელმა, რომელიც იბრძვის აგრესორთან, უნდა განსაზღვროს თავისი სტრატეგია იმ შემთხვევაში, როდესაც მოწინააღმდეგის შესაძლებელი სტრატეგიები შეძლება განსაზღვრული იყოს რაღაც ალბათობებით. მაგალითისათვის ავიღოთ კუბის კრიზისი. ვთქვათ, შეერთებული შტატების სტრატეგიები საბჭოთა კავშირის მოქმედებაზე შეიძლება ყოფილიყო შემდეგი სახის:
1) არ მოეხდინა რეაგირება ამ ფაქტზე;
2) განახორციელოს საბჭოთა კავშირის ატომური დაბომბვა;
3) განახორციელოს კუბის საზღვაო ბლოკადა;
4) განახორციელოს სამხედრო ნაწილების შესვლა კუბაზე.
გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირის მოქმედება მდგომარეობდა სტრატეგიული რაკეტების განლაგებაში კუბაზე. შეიძლება სხვა სვლებიც ანუ სხვა სტრატეგიებიც, მაგრამ სიმარტივისათვის შევზღუდოთ სტრატეგიათა რიცხვი.
მოწინააღმდეგეს, ე.ი. საბჭოთა კავშირს შტატების ზემოთ მოყვანილ სვლებს შეუძლია უპასუხოს შემდეგი სტარეტიეგიებით:
1) არ მიაქციოს ყურადღება შეერთებული შტატების რეაქციას და გააგრძელოს კუბაზე რაკეტების განლაგება;
2) გამოუცხადოს ომი შეერთებული შტატებს;
3) უარი თქვას კუბაზე რაკეტების განლაგებაზე.
სიმარტივისათვის არ განვიხილავთ საბჭოთა კავშირის სხვა შესაძლო უამრავ სტრატეგიას. შევეცადოთ ახლა შევაფასოთ საბჭოთა კავშირის შესაძლო სტრატეგიების ალბათობები. მიუხედავად ხრუშჩოვის ავანტიურისტული ხასიათისა, ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რომ იგი ომს დაიწყებდა ამერიკის წინააღმდეგ. დავუშვათ, საბჭოთა კავშირის მიერ ომის გაჩაღების ალბათობა არის 0, 1. რა თქმა უნდა, ხრუშჩოვის ადგილას კადაფი, სადამ ჰუსეინი ან კასტრო რომ ყოფილიყვნენ, აღნიშნული ალბათობა უფრო დიდი სიდიდის იქნებოდა. ალბათობა P1 იმისა, რომ საბჭოთა კავშირს ყურადღება არ მიექცია შეერთებული შტატების რეაგირებაზე, უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე ომის გაჩაღების ალბათობა. დავუშვათ, P1=0, 2. მიუხედავად იმისა, რომ პოსტ-ფაქტუმ ლაპარაკი ადვილია, იმის ალბათობა, რომ საბჭოთა კავშირს უარი ეთქვა კუბაზე რაკეტების განლაგებაზე, ყველაზე მეტი უნდა ყოფილიყო. დავუშვათ, ეს ალბათობა P3=0, 7 გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკის მამამთავრები, რა თქმა უნდა, არ იყვნენ შეურაცხადები. მათ მარტო “ბლეფი” უყვარდათ. შევადგინოთ ახლა კონფლიქტის მატრიცა. ვინაიდან ჩვენ ვიხილავთ შეერთებული შტატების მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას, ამიტომ ამ ქვეყნის სტრატეგიებს არ განვიხილავთ ალბათური კანონების მხედველობაში მიღებით. შესაბამის მატრიცას ექნება სახე: თუ შეერთებული შტატები ირჩევენ პირველ სტრატეგიას, ანუ არ ახდენენ რეაგირებას საბჭოთა კავშირის მიერ კუბაზე რაკეტების განლაგებაზე, შედეგად ვიღებთ სიდიდეს C11, რომელიც საზარალოა ამერიკისათვის და პირიქით, მომგებიანია საბჭოთა კავშირისათვის. ამიტომ ცხრილში ეს შედეგი წარმოდგენილია უარყოფითი ნიშნით. თუ შეერთებული შტატები იგივე პირველი სტრატეგიას ახორციელებს, ხოლო საბჭოთა კავშირი პასუხობს თავისი მეორე სტრატეგიით, მაშინ შედეგად ვღებულობთ C12 მნიშვნელობას, რომელიც ასევე წამგებიანია ამერიკისათვის. ცხადია, რომ აბსოლუტური მნიშვნელობით C12გაცილებით მეტია ვიდრე C11. თუ შეერთებული შტატები ისევ პირველ სტრატეგიას ახორციელებს, ხოლო საბჭოთა კავშირი ირჩევს მესამე სტრატეგიას, მაშინ მივიღებთ შედეგს, რომელიც გამოისახება C13. სიდიდით, ეს შედეგი სასარგებლოა ამერიკისათვის, ამიტომაც მას დადებითი ნიშანი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები აირჩევს მეორე სტრატეგიას, ანუ გადაწყვეტს, რომ განახორციელოს საბჭოთა კავშირის ტერიტორიის დაბომბვა, ხოლო, თუ საბჭოთა კავშირი აირჩევს პირველ სტრატეგიას, ანუ საბჭოთა მხარე გადაწყვეტს, რომ არ მოახდინოს რეაგირება, მაშინ აღმოვჩნდებით მდგომარეობაში, რომელიც ფასდება რიცხვით C21, რომელიც მომგებიანია შეერთებული შტატებისათვის. თუ საბჭოთა კავშირი ძალას დაუპირისპირებს ძალას და ომს გამოუცხადებს შეერთებული შტატებს, ეს მდგომარეობა შეფასდება რიცხვით C22. თუ ვის სასარგებლოდ იქნება სიტუაცია, ეს დამოკიდებულია ძალთა თანაფარდობაზე ორ ქვეყანას შორის. თუ შეერთებული შტატების მეორე სტრატეგიას საბჭოთა კავშირი უპასუხებს მესამე სტრატეგიით, მაშინ საბჭოთა კავშირი აღმოჩნდება ასევე წაგებულ სიტუაციაში, რომელიც C23რიცხვით ფასდება. იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები აირჩევს მესამე სტრატეგიას და კუბის საზღვაო ბლოკადას განახორციელებს, მაშინ საბჭოთა კავშირს შეუძლია, თანახმად მოყვანილი მოდელისა, სამი მოქმედება განახორციელოს. პირველი მოქმედების ანუ სტრატეგიის თანახმად საბჭოთა მხარე არ რეაგირებს. შესაბამისად აღმოვჩნდეებით სიტუაციაში, რომელიც შეფასდება რიცხვით C31, იგი მომგებიანია შეერთებული შტატებისათვის და წამგებიანი საბჭოთა კავშირისათვის. საბჭოთა კავშირის მეორე სვლა, რომელიც ომის გამოცხადებას გულისხმობს შეერთებული შტატების მიმართ, წამგებიანია შეერთებული შტატებისათვის და მომგებიანი საბჭოთა კავშირისათვის. ეს მდგომარეობა ფასდება სიდიდით C32. საბჭოთა კავშირის მესამე სვლა მიგვიყვანს C33 მდგომარეობამდე, რაც მომგებიანია შეერთებული შტატებისათვის და წამგებიანი საბჭოთა მხარისათვის.
შეერთებული შტატების მეოთხე სტრატეგია, რომელიც გულისხმობს კუბაზე შესვლას, იმისდა მიხედვით თუ რას მოიმოქმდებს საბჭოთა მხარე, ორი შედეგი იქნება მომგებიანი შეერთებული შტატებისათვის, ერთი კი საბჭოთა კავშირისათვის.
შევადაროთ ახლა ერთმანეთს კონფლიქტის ცხრილში მოყვანილი შედეგები ერთმანეთს. ეს შედარება გვიჩვენებს, რომ C23 არის ყველაზე უკეთესი შედეგი შეერთებული შტატებისათვის. შემდეგ თავისი მნიშვნელობით მოდის C43. ამის შემდეგ C21; C33; ჩ41 და C31.
იმისათვის, რომ დადგინდეს შეერთებული შტატებისათვის ყველაზე უკეთესი სვლა უნდა გამოითვალოს თვითოეული სვლის ე.წ. მათემატიკური ლოდინი. ლოდინი თითოეული სტრატეგიისათვის ანუ სვლისათვის გამოითვლება როგორც ნამრავლის ჯამი: სტრატეგიის ალბათობა გამრავლებული შედეგის მნიშვნელობაზე. მაშასადამე, შეერთებული შტატების პირველი სტრატეგიის მათემატიკური ლოდინი ტოლია საბჭოთა კავშირის პირველი სტრატეგიის ალბათობა 0, 2 გამრავლებული შედეგზე C11, ამას უნდა დაემატოს საბჭოთა კავშირის მეორე სვლის ალბათობა 0, 1 გამრავლებული შედეგზე C12 და კიდევ დაემატოს საბჭოთა კავშირის მესამე სვლის ან სტრატეგიის ალბათობა 0, 7 გამრავლებული შედეგზე C13-ზე.
ასევე გამოითვლება შეერთებული შტატების მეორე სტრატეგიის მათემატიკური ლოდინი და შესაბამისად სხვა სტრატეგიების მათემატიკური ლოდინი. ის მათემატიკური ლოდინი, რომელიც მეტი იქნება, მიუთითებს იმაზე, რომ უნდა არჩეულ იქნეს ეს სტრატეგია. ასე მაგალითად, თუ კონფლიქტის მატრიცაში შედეგებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობანი: C11 = -15; C12 = -100; C13 = 10; C21 = 25; C22 = ?? 100; C23= 80; C31= 10; C32 = ? 100; C33 = 80; C41= 15; C42 = -70; C43= 40, აღნიშნული მათემატიკური ლოდინის მნიშვნელობანი E შეერთებული შტატების სტრატეგიებისათვის ტოლი იქნება
E1 = -0, 2X15 - 0, 1X100 + 0, 7X10 = -3 - 10 + 7 = -6
E2 = 0, 2X 25 + 0, 1X 100 + 0, 7X 80 = 5 + 10 + 56 = 71
E3 = -0, 2X 10 - 0, 1X 60 + 0, 7X 20 = 2- 6 + 14 = 10
E4 = 0, 2X 15 - 0, 1X 70 + 0, 7X40 = 3 – 7 + 28 = 24
ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა უნდა აირჩიოს მეორე სტრატეგია, რაც ნიშნავს საბჭოთა კავშირის დაბომბვას. C22 = 100 ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დიდი უპირატესობა ერთ-ერთ დაბომბვაზე, მაგრამ თუ საბჭოთა კავშირს ექნებოდა ასეთი უპირატესობა, მაშინ უნდა ავიღოთ C22 = -100. მაშინ შეერთებული შტატების მეორე სვლის მათემატიკური ლოდინი ტოლი იქნებოდა
E2 = 0, 2X 25 - 0, 1X 100 + 0, 7X 80 = 5 - 10 + 56 = 51
და მაინც, მეორე სტრატეგია არის ყველაზე უკეთესი. გამოდის, რომ კონფლიქტური მატრიცის მნიშვნელობები უნდა განისაზღვროს უფრო ზუსტი ანალიზის შედეგად.
§ 4-3 კონფლიქტი ორ მხარეს შორის
უმრავლეს შემთხვევაში კონფლიქტში მონაწილეობს ორი მხარე. მხარე შეიძლება შედგებოდეს რამოდენიმე პირის, ჯგუფის ან ქვეყნისაგან. მხარე, თუ ის შედგება რამოდენიმე მონაწილისაგან, გარკვეული კოალიციის მონაწილეა. ასე მაგალითად, როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომში მხარეებს წარმოადგენდა რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც მოქმედებდნენ გაერთიანებული სტრატეგიით. ნათქვამისაგან განსხვავებით, არის შემთხვევები, როდესაც კონფლიქტში მხოლოდ ორი მონაწილეა. მაგალითად გამოდგება ომი საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის. კონფლიქტი სახელმწიფოს შიგნით, როგორც წესი, არის კონფლიქტი ორ მხარეს შორის.
კონფლიქტურ სიტუაციას ორ მხარეს შორის აქვს ანტაგონისტური ხასიათი. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეების ინტერესები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ანუ ერთის წარმატება ხორციელდება მეორის წარუმატებლობის ხარჯზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარმატებას და წარუმატებლობას განიცდიან მარტო კონფლიქტის მონაწილენი. გარეშე მხარეებმა მარტო მორალური, და არა მატერიალური, წარმატება ან ზარალი შეიძლება განიცადონ. ასე მაგალითად, კონფლიქტში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მატერიალური ზარალი განიცადა მარტო აზერბაიჯანმა, ხოლო რუსეთმა და თურქეთმა მარტო მორალური დაკმაყოფილება და დაუკმაყოფილებლობა მოიპოვეს. კონფლიქტი აფხაზეთში ფაქტობრივად იყო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსეთმა არა მარტო შეაიარაღა აფხაზები, არამედ მოხალისეებიც გაგზავნა იქ. რუსი მაღალი წოდების მქონე სამხედროები უშუალო მონაწილეობას იღებდნენ სამხედრო ოპერაციებში. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გეგმავდა ოპერაციებს. რაც მთავარია, რუსეთმა აიძულა საქართველო გაეყვანა თავისი მძიმე ტექნიკა და შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონიდან და ამის შემდეგ განახორციელა ე.წ. აფხაზთა ძალების შეტევა ჯერ გაგრაზე, ხოლო ამ უკანასკნელის დაკავების შემდეგ, სოხუმზე. ამის შემდეგ ქართველი მოსახლეობა, რომელიც უმრავლესობას შეადგენდა აფხაზეთში, მთლიანად იქნა დეპორტირებული ამ ტერიტორიიდან, დადგა საკითხი აფხაზეთის მიერთებისა რუსეთთან. ეს იქნებოდ ა ყირიმის დაკარგვის კომპენსაცია. გარდა ამისა, რუსეთი მნიშვნელოვნად აძლიერებდა თავის სტრატეგიულ პოზიციებს მთელ კავკასიაში.
ამ პარაგრაფში განხილული იქნება ერთსვლიანი კონფლიქტი ორ მხარეს შორის. გავიხსენოთ, რომ გარდა ერთსვლიანი კონფლიქტებისა, არსებობენ მრავალსვლიანი კონფლიქტები, რომლებიც განხილული იქნება ცოტა მოგვიანებით, ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ერთსვლიანი კონფლიქტების დროს მოწინააღმდეგეები აკეთებენ მხოლოდ თითო სვლას, როგორც ეს იყო სუეცის და კუბის კრიზისების დროს. მრავალსვლიანი კონფლიქტის დროს მოწინააღმდეგეები აკეთებენ მრავალ სვლას მანამ, სანამ კონფლიქტი არ დამთავრდება.
გავიხსენოთ, რომ სტრატეგია არის რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს აქვთ მიზანდასახული, რათა უკეთესად გადაწყდეს კონფლიქტი. კონფლიქტების მონაწილე ირჩევს ამა თუ იმ სტრატეგიას გარკვეული სიმრავლიდან. ზუსტად ასევე მოქმედებს კონფლიქტის მეორე მონაწილე, რომელიც ირჩევს სტრატეგიას სხვა სიმრავლიდან. ორივე მხარის მიერ სტრატეგიების ამორჩევის შედეგად მივიღებთ გარკვეულ შედეგს. კონფლიქტის დამახასიათებელი არის ის, რომ კონფლიქტის მონაწილეებმა იციან ყველა შესაძლებელი სტრატეგიები, როგორც თავისი, ისე მოწინააღმდეგის, მაგრამ არ იციან, თუ კერძოდ რა სტრატეგიას განახორციელებს მოწინააღმდეგე. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ კონფლიქტის მატრიცის ცნობილი მნიშვნელობის დროს შეირჩეს უკეთესი სტრატეგია მაშინ, როდესაც არ არის ცნობილი თუ რა სტრატეგიას აირჩევს მოწინააღმდეგე. მოწინააღმდეგის სვლის გაკეთების შემდეგ, თუ შედეგად მივიღეთ დადებითი ციფრი, მაშინ პირველი მონაწილე იგებს, თუ უარყოფითი – მაშინ პირიქით, მაგრამ თუ შედეგი ნულის ტოლია, მაშინ არცერთი მხარე არ არის მოგებული ან წაგებული.
განვიხილოთ მაგალითი, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტთან აფხაზეთში. საკითხი ეხება იმას, მოვითხოვოთ თუ არა გაყვანილ იქნეს რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები აფხაზეთიდან, უფრო სწორად, დავაყენოთ თუ არა აღნიშნული შენაერთების აფხაზეთიდან გაყვანის საკითხი. დავუშვათ, საქართველოს აქვს მოქმედების შემდეგი ვარიანტები:
1) მოვითხოვოთ რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა;
2) გაუგრძელოთ ამ ძალებს რეგიონის ვადა;
3) არ გაუგრძელოთ ამ ძალებს რეგიონში ყოფნის ვადა.
პირველ სტრატეგიას საქართველოსათვის აქვს შემდეგი დადებითი მხარეები:
ა) ასეთი გადაწყვეტილება აჩვენებს ყველას, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება გადავიდა მკაცრ და აქტიურ პოლიტიკაზე, რომ საქართველო არ ურიგდება თავისი ტერიტორიის დაკარგვას;
ბ) აფხაზეთიდან გამოძევებული 300 000 მოსახლე საბოლოოდ დარწმუნდება, რომ სახელმწიფო მათზე ფიქრობს და არ აპირებს დატოვოს ისინი უსახლკაროდ;
გ) ვინაიდან საქართველომ არ უნდა დაუშვას აფხაზი შეიარაღებული ძალების ყოფნა ამ ტერიტორიაზე და, აგრეთვე, ვაკუუმი, აფხაზეთის ტერიტორიას დაიკავებს ქართული ჯარი. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი კონტროლის დაწესება აფხაზეთის ტერიტორიაზე.
დ) ცხელი წერტილი მნიშვნელოვნად იქნება გადაწეული ნავთობის მაგისტრალებისაგან.
პირველი სტრატეგიის განხორციელებას საქართველოსათვის აქვს შემდეგი უარყოფითი მხარეები:
ა) პირველი სტრატეგიის განხორციელებას შეიძლება მოჰყვეს სამხედრო მოქმედებების განახლება. იმისათვის, რომ დადგინდეს ამ განახლების ალბათობა, სისტემური ანალიზის სპეციალისტებმა უნდა ჩაატარონ შესაბამისი კვლევები, რომლებიც დამყარებული იქნება თანამედროვე მათემატიკური მეთოდებისა და კომპუტერული ტექნიკის გამოყენებაზე.
ბ) რუსეთი შეიძლება წავიდეს ახალი ცხელი წერტილების შექმნაზე საქართველოში.
გ) სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, თუ მოვლენები საქართველოსათვის სასიკეთოდ წარიმართა, რუსეთმა შეიძლება გაატაროს უკიდურესი ღონისძიებები და მიმართოს ყველნაირ მოქმედებას საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.
ისევე როგორც ა) პუნქტის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ბ) და გ) პუნქტების ალბათობანი.
განვიხილოთ ახლა, როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მიერ სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებას.
I. საქართველო თხოულობს გაყვანილ იქნეს რუსეთის საჯარისო ფორმირებები:
1) რუსეთს გაჰყავს ფორმირებები და ისინი იცვლებიან ქართული შენაერთებით;
2) რუსეთს გაჰყავს საჯარისო ფორმირებები და ისინი იცვლებიან აფხაზური ფორმირებებით;
3) რუსეთის ჯარი გადის და ისინი იცვლებიან გაერთიანებული ერების საჯარისო ფორმირებებით;
4) რუსეთის ჯარი გადის და ისინი იცვლებიან გაერთიანებული რესპუბლიკების ჯარებით;
5) რუსეთის ჯარები გადიან და ისინი არ შეიცვლებიან არავითარი სხვა ძალებით;
6) საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხორციელდება პროვოკაციები;
7) ხორციელდება ცდა, მოეწყოს სამთავრობო გადატრიალება;
8) იწყება სამხედრო მოქმედებები საქართველოსა და გარეშე ძალებს შორის;
9) რუსეთს არ გაჰყავს თავისი სამხედრო შენაერთებით.
II. საქართველოს რესპუბლიკა თანსხმაა გააგრძელოს რუსეთის შენაერთების აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა:
1) საქართველოში იწყება მღელვარებები როგორც დეპორტირებულ მოსახლეობაში, ისე მთელ საქართველოში;
2) საქართველოს მოსახლეობა ასეთ გადაწყვეტილებას მშვიდად ხვდება და არავითარ მღელვარებებს არ აქვს ადგილი;
3) აფხაზეთში ძლიერდება პარტიზანული მოძრაობა.
III. საქართველო რუსეთის ჯარების ყოფნის ვადას არ აგრძელებს, მაგრამ არც მათ გაყვანას მოითხოვს.
ამ შემთხვევაში შესაძლებელია იგივე შედეგები გვქონდეს, როგორც II სტრატეგიის დროს.
სტრატეგიის არჩევისათვის საჭიროა შეფასდეს თითოეული სტრატეგიის მოსალოდნელი შედეგების ალბათობები და ამ შედეგების მნიშვნელობების ხვედრითი წონები, რომლებსაც ჩვენ ვუწოდეთ ჩიჯ სიდიდეები. ეს ხვედრითი წონები ჩაიწერება კონფლიქტის მატრიცებში. საქართველოს სტრატეგიის, რომელიც კონფლიქტის მატრიცის სტრიქონებს წარმოადგენს, და შესაძლებელ სვლის, რომელიც იმავე მატრიცის სვეტია, გადაკვეთაზე უნდა შეფასდეს ყველა შედეგის ალბათობები. ამის შემდეგ, როგორც უკვე იყო აღნიშნული, უნდა გამოითვალოს საქართველოს სტრატეგიების მათემატიკური ლოდინები.
სტრატეგიის არჩევანი უნდა მოხდეს იმისდა მიხედვით, თუ რომელი სტრატეგიის მათემატიკურ ლოდინს ექნება მეტი მნიშვნელობა.
§ 4-4 შესაძლებელი სტრატეგიები
როგორც წესი, სახელმწიფოები ან ჯგუფები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილენი არიან, შესაძლებელ სვლებს ანუ სტრატეგიებს იყენებენ. ხანდახან კონფლიქტი იწყება ინფორმაციულ-პროპაგანდისტული შეტევით. ასეთი კატეგორიის კონფლიქტს მიეკუთვნება აფხაზეთის კონფლიქტი. ეს სვლა აფხაზმა სეპარატისტებმა გააკეთეს და ეს იყო კონფლიქტის დასაწყისი. პირველი სვლა მდგომარეობდა პრესაში და ტელევიზიაში აღვირახსნილი პროპაგანდის დაწყებაში. პროპაგანდა კი მდგომარეობდა იმაში, რომ ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თუ როგორ სდევნიან ქართველები აფხაზებს, როგორ წაართვეს ქართველებმა აფხაზებს ისტორია და რომ განახორციელეს ამ ტერიტორიის ოკუპაცია, ყოველნაირად ავიწროებდნენ აფხაზებს. ამას მოჰყვა აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება და ენგურზე საზღვრის დაწესება. ამას ყველაფერს მოჰყვა ქართველთა საპასუხო სვლა, ქართული სამხედრო შენაერთები შევიდნენ აფხაზეთში, რომელიც როგორც არსებითად, ისე ფორმალურადაც საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. ეს საპასუხო სვლა იყო სრულიად მართებული, ნებისმიერი სახელმწიფო მოიქცეოდა ანალოგიურად. შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები გაბედულად ვერ მოქმედებდნენ. არსებობს კონფლიქტები, რომლებიც არ შეიცავენ ძალოვან მოქმედებებს, ასეთია კონფლიქტები მთავრობის წევრებს შორის, კონფლიქტები ოჯახებში, კონფლიქტები სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის. სახელმწიფოებს შორის ასევე არსებობს კონფლიქტები, რომლებიც არ არიან ძალაზე დამყარებული. მაგალითად, კონფლიქტი, ერთი მხრივ, თურქეთსა და, მეორე მხრივ ერაყსა და სირიას შორის. აღნიშნული კონფლიქტი აღმოცენდა იმიტომ, რომ თურქეთმა კაშხალი ააგო მდინარეზე, რომელსაც ერაყი და სირია იყენებდნენ ირიგაციისათვის. რა თქმა უნდა, ყველა კონფლიქტი არ მიმდინარეობს მშვიდობიანად. ასე მაგალითად, 1950 წელს ჩრდილოეთ კორეა შემოერთების მიზნით შეიჭრა სამხრეთ კორეაში და განახორციელა ამ ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია. შემდეგი სვლა განახორციელა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და შეერთებულმა შტატებმა, რის შედეგად განხორციელდა უკვე ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის ოკუპაცია. შემდეგ საპასუხო სვლა გააკეთა ჩინეთის რესპუბლიკამ. გენერალმა მაკ-არტურმა პრეზიდენტ ტრუმენს სთხოვა ატომური იარაღის გამოყენების უფლება. პრეზიდენტი ასეთ სვლაზე არ წავიდა და ომი დასრულდა ისეთ მდგომარეობაში, რაც იყო კონფლიქტის დაწყების წინ. უომრად და სისხლისღვრის გარეშე დამთავრდა ბერლინის კრიზისიც 1948 წელს.
საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა მიიერთებინა დასავლეთ ბერლინის ტერიტორია, რომელიც შეერთებული შტატების, ინგლისისა და საფრანგეთის კონტროლის ქვეშ იყო. საბჭოთა კავშირმა გადაკეტა დასავლეთ ბერლინში მიმავალი გზები, რომლითაც ხორციელდებოდა დასავლეთ ბერლინის მომარაგება. შეერთებულმა შტატებმა, ინგლისმა და საფრანგეთმა მოახერხეს საჰაერო გზით დასავლეთ ბერლინის მომარაგება. საბჭოთა კავშირი აღარ წავიდა კრიზისის შემდგომ გამწვავებაზე და მოხსნა ბლოკადა. ჩვენს მიერ განხილული სუეცის არხისა და კუბის კრიზისები ასევე დასრულდნენ ძალის გამოყენების გარეშე.
როგორც უკვე იყო აღნიშნული კონფლიქტური პრობლემების ერთ-ერთი ძირითადი საკითხია სტრატეგიების არჩევის საკითხი. მოვიყვანოთ შესაძლო სტრატეგიების არასრული ჩამონათვალი. უნდა ითქვას, რომ ვინაიდან არსებობენ გარკვეული შეზღუდვები ყოველთვის არ არის შესაძლებელი ესა თუ ის სტრატეგია გამოყენებული იქნეს.
შესაძლებელი სტრატეგიების ნუსხა:
1. სამშვიდობო მოლაპარაკებები;
2. ინფორმაციული ხასიათის აქტიურობა და პროპაგანდა;
3. ძალის გამოყენება;
4. მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები;
5. დიპლომატიური ზეწოლა;
6. ეკონომიკური ზეწოლა;
7. ემბარგო;
8. ომის გამოცხადება;
9. არმიის მიერ განხორციელებული ბლოკადა;
10. საზღვაო ძალების მიერ განხორციელებული ბლოკადა;
11. საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ბლოკადა;
12. ზემოქმედების ტერორისტული მეთოდები;
13. შპიონაჟი;
14. შანტაჟი;
15. დივერსიული მეთოდები;
16. მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების დეპორტაცია;
17. ულტიმატუმი;
18. საზღვრის ჩაკეტვა;
19. ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლების გამოძახება;
20. დიპლომატიური მისიების დახურვა;
21. მოულოდნელი დარტყმების განხორციელება;
22. დემპინგი;
23. საქონელზე საბაჟო გადასახადების გადიდება ან შემცირება;
24. იარაღის გაყიდვის შეზღუდვა ან შეწყვეტა;
25. იარაღის მიყიდვა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი მოწინააღმდეგის მიმართ;
26. ელექტროენერგიის, აირის ან სხვა რესურსების შემცირება ან შეწყვეტა;
27. იგივე რესურსების მიწოდების გაზრდა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მტრულ დამოკიდებულებაში არიან
მოწინააღმდეგესთან;
28. მძევლების აყვანა ან დაპატიმრება.
თუ შესაძლებელია განხორციელდეს ყველა ან უმეტესი ნაწილი ჩამოთვლილი სტრატეგიებისა, მრავალსვლიანი კონფლიქტის შემთხვევაში სურათი ძალზე გართულდება, ვინაიდან თითოეულ არჩეულ სტრატეგიაზე მოწინააღმდეგემ შეიძლება აირჩიოს სტრატეგია, რომელიც ასევე დიდ სიმრავლეს მიეკუთვნება. ასეთი ანალიზი შეუძლებელია ჩატარდეს თანამედროვე კომპიუტერების გარეშე.
§ 4-5 მრავალსვლიანი კონფლიქტები
მრავალსვლიანი კონფლიქტის ქვეშ ვგულისხმობთ ისეთ კონფლიქტებს, რომლებიც შეიცავენ არა ორ სვლას, არამედ მრავალს. ასეთი ტიპის კონფლიქტს მიეკუთვნება, მაგალითად, ჭადრაკი, რომელიც ხანდახან გრძელდება ასამდე სვლის განმავლობაში. მრავალსვლიანი კონფლიქტის დროს სვლები ხორციელდება მიმდევრობით, ჯერ ერთი მონაწილე აკეთებს სვლას და მეორე პასუხობს, შემდეგ ისევ პირველი მონაწილე აკეთებს სვლას, რომელსაც ასევე პასუხობს ისევ მეორე მონაწილე, შემდეგ ისევ პირველი მონაწილე და ა. შ. ომი, როგორც წესი, არის მრავალსვლიანი კონფლიქტი. მრავალსვლიანი კონფლიქტი შეიძლება გაგრძელდეს დიდ ხანს. ასე მაგალითად, კონფლიქტი არაბებსა და ებრაელებს შორის გრძელდება მრავალ ათეულ წელს და არავინ იცის, თუ როდის დამთავრდება. მრავალსვლიანი კონფლიქტის თითოეულ წყვილ სვლას ვუწოდოთ ეტაპი. პირველი ეტაპი მთავრდება მაშინ, როდესაც პირველი მონაწილე აკეთებს თავის სვლას, რასაც მოჰყვება მეორე მოწინააღმდეგის საპასუხო სვლა. მდგომარეობის შეფასება შეიძლება თითოეული ეტაპის ან თითოეული სვლის დამთავრების შემდეგ, მაგრამ უფრო მართებული იქნება შეფასება განხორციელდეს თითოეული ეტაპის განხორციელების შემდეგ. თითოეული მოწინააღმდეგე თითოეულ ეტაპში წარმოდგენილია გარკვეული სვლით. ამ სვლების ერთობლიობა მთელი კონფლიქტის განმავლობაში განსაზღვრავს კონფლიქტის მონაწილის ე. წ. მარშრუტს. კონფლიქტის მონაწილის მიზანი მრავალსვლიან კონფლიქტში არის ისეთი მარშრუტის ამორჩევა, რომელიც საბოლოოდ მას მოუტანს წარმატებას კონფლიქტში. თუ სტრატეგიების რიცხვი კონფლიქტის მონაწილეებს ერთზე ბევრად მეტი აქვთ, საჭირო მარშრუტის განსაზღვრა უკვე არ არის იოლი ზუსტად ისევე, როგორც ჭადრაკში. არ არის გამორიცხული, რომ მონაწილემ აირჩიოს ისეთი სვლა, რომელიც მომავალ ეტაპზე მას წარუმატებლობას მოუტანს, მაგრამ შემდგომში ეს გამოსწორდება და საბოლოო წარმატება გარანტირებული იქნება. ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში შეიძლება მონაწილე წავიდეს ისეთ სვლაზე, რომელიც ამ ეტაპზე წამგებიანია, მაგრამ შემდეგ ეს დროებითი წარუმატებლობა საბოლოოდ წარმატებით დამთავრდება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ მონგოლების ცნობილი ტაქტიკის გამოყენება, რომლის თანახმადაც პირველი შეტაკების შემდეგ მონგოლები დამარცხების იმიტაციას ახდენდნენ და უკან გარბოდნენ. მოწინააღმდეგე მნიშვნელოვანი ძალებით გამოედევნებოდნენ ხოლმე მონგოლებს და წააწყდებოდნენ მონგოლების მთავარ ძალებს. ბრძოლა მთავრდებოდა მონგოლების გამარჯვებით. იგივე კატეგორიის მაგალითი იქნება რაიმე დროებითი ღონისძიების ჩატარება, რომელიც პირველ ხანებში მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მიიყვანს ქვეყანას, მაგრამ შემდგომში ეს მდგომარეობა შეიცვლება დიდი წარმატებით.
§ 4-6 ტერორიზმთან ბრძოლა
ტერორიზმი შეიძლება იყოს ორი სახის 1) ტერორი, რომელიც მიმართულია რომელიმე ინდივიდუუმის წინააღმდეგ. კლასიკურ მაგალითად გამოდგება იულიუს კეისრის მოკვლა. ტერორიზმის იგივე კატეგორიას მიეკუთვნება პრეზიდენტ ლინკოლნის, იმპერატორ ალექსანდრე II-ის, პრეზიდენტ კენედის მკვლელობანი; 2) ტერორი როგორც სამხედრო ოპერაციის შემადგენელი ნაწილი რომელიმე სახელმწიფოს ან ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ. მაგალითია არაბების მოქმედება ისრაელის წინააღმდეგ, აფხაზ სეპარატისტთა მოქმედება ქართველების წინააღმდეგ და ა.შ. ტერორისტული მეთოდების გამოყენებამ არ შეიძლება მიგვიყვანოს საბოლოო გამარჯვებამდე და გამოდგება მხოლოდ პანიკისა და შიშის შექმნისათვის.
ინდივიდუალურ ტერორს ყოველთვის არა აქვს პოლიტიკური მიზნები. ასე მაგალითად, პრეზიდენტ რეიგანზე თავდასხმას არ ჰქონდა პოლიტიკური მიზნები. ამისაგან განსხვავებით პრეზიდენტობის კანდიდატის რობერტ კენედის მოკვლას პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. ასევე პოლიტიკური მიზნები ჰქონდა პრეზიდენტ სადათის, პრეზიდენტ ზია-ულ-ხანის, პრეზიდენტ განდის და მისი ვაჟიშვილის მკვლელობებს.
ტერორის მეორე კატეგორიას მიეკუთვნება მასობრივი ტერორი. ამ კატეგორიას შედარებით უფრო ხანმოკლე ისტორია აქვს. ასეთი ტერორი არ არის ვინმე ინდივიდუუმის წინააღმდეგ მიმართული. ხშირად ასეთი ტერორი მიმართულია უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის ქალების, მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ. მსგავსი ტერორის მიზანია ყურადღების მიქცევა სხვადასხვა ორგანიზაციების, ხალხების ან სახელმწიფოს ბრძოლისაკენ. ბრძოლის ასეთი სახე არის ყველაზე უფრო არაადამიანური, ანტიჰუმანური და დაუნდობელი. ცივილიზებულ ხალხებს არ შეუძლიათ გამოიყენონ ასეთი მეთოდები. მასობრივი ტერორის ერთ-ერთი მაგალითი იყო ებრაელი სპორტსმენების დახოცვა მიუნჰენის ოლიმპიადის დროს. იგივე კატეგორიას მიეკუთვნება სხვადასხვა თვთმფრინავების, გემების გატაცება, მძევლების აყვანა. მასობრივმა ტერორმა განსაკუთრებით დიდი გავრცელება ჰპოვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთმა ტერორმა არ შეიძლება მიგვიყვანოს საბოლოო მიზნამდე, ხალხი კი ბევრი იღუპება. იღუპებიან თვითონ ტერორისტებიც, რასაც, მაგალითად, ადგილი ჰქონდა არაბი ტერორისტების მიერ თვითმფრინავის გატაცების დროს აფრიკაში. მიუნჰენის ტერორისტული აქტის შემდეგ ისრაელმა განახორციელა ყველა მონაწილის მიმართ ტერორი. ეს ოპერაცია გრძელდებოდა რამოდენიმე წლის განმავლობაში. ტრაგიკულად დამთავრდა იაპონიის საელჩოს დაკავება პერუში, სადაც ლიკვიდირებული იყო ყველა ტერორისტი.
როგორც წესი, ტერორისტები ლოკალურ მიზნებს აღწევენ, მაგრამ არის შემთხვევები, რიდესაც სტრატეგიული მიზნების მიღწევაც ხერხდება. მაგალითისათვის კმარა პალესტინის ავტონომიური რესპუბლიკის ჩამოყალიბება.
სახელმწიფოს მეთაურის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ანტიტერორისტული ღონისძიებების გატარება და, შეიძლება, ტერორისტული საქმიანობის განხორციელებაც, როდესაც საქმე ეხება თავის, დაკარგულ, ტერიტორიის დაბრუნებას.
ტერორიზმთან ბრძოლა, განსაკუთრებით მასობრივთან, მოითხოვს სპეციალურ და საგანგებო ღონისძიებების შემუშავებას და გატარებას. აქ უნდა ითქვას, რომ ტერორიზმთან ბრძოლის დროს ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება დროებით დავივიწყოთ დემოკრატიული აზროვნება მანამდე, სანამ არ მოისპობა ფართო მასშტაბიანი ტერორისტული მოძრაობის აღმოცენების საშიშროება. ტერორიზმთან ბრძოლის საკმაოდ პრიმიტიული სახის ღონისძიება შეიძლება საკმაოდ ეფექტურიც იყოს. ეს ღონისძიება გულისხმობს მოსახლეობის ფართო მასშტაბით მობილიზაციურ მზადყოფნას ყველაზე უფრო საშიშ რეგიონში, ანდა საჭიროების შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბითაც. ეს ღონისძიება, მიუხედავად თავისი პრიმიტიულობისა, იდეის მიხედვით მოითხოვს დიდ ხარჯებს, დიდ ენერგიას და სულიერ და ფიზიკურ დაძაბულობას. უნდა განხორციელდეს დაკვირვება და დაზვერვა ფართო მასშტაბებით, რათა დროულად მოხდეს თვალთვალი საეჭვო პირებზე და საეჭვო მოქმედებებზე. უნდა შეიქმნას სპეციალური მობილური ჯგუფები, განხორციელდეს მორიგეობა საზოგადოებრივ ადგილებში, მაღაზიებში, სკვერებში, გასართობ ადგილებში, აეროპორტებში, სასტუმროებში, რკინიგზის სადგურებსა და საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებშიც კი. პრინციპში ასეთი ღონისძიების ჩატარება შესაძლებელია და ეს განხორციელებული იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, კერძოდ საქართველოშიც. პრაქტიკულად ყველგან იყო ორგანიზებული 24 საათიანი მორიგეობა და ამისათვის მობილიზებული იყო ხალხთა ფართო მასები. ცხადია, ასეთი ღონისძიებების ჩატარება შედარებით იოლია ავტორიტარული წყობის დროს და ძალზე ძნელია დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მაგრამ უდანაშაულო ხალხის მსხვერპლი თხოულობს ამ ზომების მიღებას, რომელსაც ექნება დროებითი ხასიათი.
ტერორიზმთან ბრძოლისათვის უნდა გამოყენებულ იქნეს მეცნიერების და განსაკუთრებით, ტექნიკის ყველა შასაძლებლობები, როგორიცაა სატელევიზიო კამერების დაყენება, ტელეფონით საუბრების კონტროლი, მობილური და კომპაქტური საშუალებები, სხვადასხვა ხელსაწყოები, რომლებსაც შეუძლიათ შენიღბული იარაღის აღმოჩენა და ა. შ. დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას. პროფილაქტიკურ ღონისძიებას მიეკუთვნება ტერორისტების მიერ მოსალოდნელი შეტევისაგან ობიექტების დაცვის განხორციელება. ასეთი ობიექტები შეიძლება იყოს მთავრობის ადგილსამყოფელი შენობები, აეროპორტები, ნავსადგურები, რკინიგზის სადგურები, ელექტროსადგურები, ნავთობსადენები, მსხვილი სამრეწველო ობიექტები. ვინაიდან ტერორისტების თავდასხმის ობიექტები ხშირად არის სამოქალაქო ობიექტები, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს საავადმყოფოების, სკოლების, უნივერსიტეტების, დიდი მაღაზიების, ბანკების და რესტორნების დაცვას. ასეთი ობიექტები მრავალია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა სიფრთხილე, დაკვირვება, სიფხიზლე და, რაც მთავარია, გულგრილობა. როდესაც მოქალაქე ხედავს, რომ ვიღაც ტოვებს ჩანთას, ჩემოდანს ან რაიმე ნივთს, მან უნდა მიიღოს სიფრთხილის გარკვეული ზომები და არ დატოვოს ეს რეაგირების გარეშე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეხებათ სპეციალურ მობილურ ჯგუფებს. ისინი შესაბამისად ნასწავლი და მომზადებულნი უნდა იყვნენ.
V თავი. სახელმწიფოს მეთაურის მოღვაწეობა
§ 5-1 ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა
ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ფასდება სახელმწიფოს მეთაურის საქმიანობა, არის ამ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონე. შეერთებულ შტატებში ასარჩევი პრეზიდენტის კანდიდატურა ძირითადად ამის მიხედვით ფასდება. მოქალაქეთა ცხოვრების დონე, როგორც ცნობილია, დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკაზე. მოსახლეობის ცხოვრების დონე კი წლიური შემოსავლისა და ხარჯების ფარდობაზე. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის ნაციონალურ შემოსავალზე. სახელმწიფოს მეთაურის უპირველესი ვალია ნაციონალური შემოსავლის მაქსიმალური ზრდის უზრუნველყოფა. გარდა ნაციონალური შემოსავლის ზრდისა საჭიროა, გარანტირებული იყოს ე. წ. ვალრასის წონასწორობის პირობის შესრულება. ეს პირობა გულისხმობს, რომ მიღწეული იყოს გამოშვებულ პროდუქციაზე მოთხოვნილებისა და მიწოდების ტოლობა, ოღონდ იმ პირობით, რომ შემოსავალი იყოს რაც შეიძლება მეტი. ცნობილია, რომ ნებისმიერი პროდუქტის გამოშვება დამოკიდებულია არა მარტო ამ პროდუქტის ფასზე, არამედ ყველა სხვა პროდუქტზეც. ამ ორი პირობის დაკმაყოფილება ნიშნავს მაქსიმალური შემოსავლის მიღებას. ვალრასის ტოლობის შესრულება ნიშნავს იმას, რომ არც დეფიციტი იქნება რაიმე საგანზე და არც გაუსაღებელი დარჩება დამზადებული საგნები.
სახელმწიფოს მეთაურმა აქცენტი უნდა გააკეთოს ღია ბაზრის ეკონომიკაზე. ამჟამად უკვე დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ფართო გასაქანი უნდა მიეცეს თავისუფალ ბაზარს. რაც არ უნდა მძლავრი ბიუროკრატიული აპარატი შეიქმნას, მაგალითად, სახელმწიფო საგეგმო კომისიის სახით, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირში და, აგრეთვე, ყოველ სოციალისტურ ქვეყანაში, შეუძლებელია ოპერატიულად დაიგეგმოს პროდუქციის გამოშვება და სათანადო დონეზე განხორციელდეს შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ, თუ სახელმწიფოს მეთაური გადაუხვევს ამ უკვე დაკანონებულ მიმართულებას, ვერ შექმნის ჯანსაღ ეკონომიკას. საბჭოთა კავშირის მარცხის მიზეზი იყო არა შეიარაღების ნაკლებობა, თუმცა ამ საკითხშიც სუსტმა ეკონომიკამ თავისი სიტყვა თქვა, არამედ ქვეყნის ეკონომიკაში არსებულმა ჩავარდნებმა. თავისუფალი ბაზრის პოლიტიკას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. ეს მხარეები მდგომარეობს ეკონომიკის არასტაბილურობაში. თავისუფალი ბაზრის სისტემა ხასიათდება უმუშევრობის საკმაოდ მაღალი დონით, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ერთი სახის საგნების გამოშვება მცირდება და ხშირ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის გაკოტრებასთან გვაქვს საქმე, შეიძლება საერთოდ შეწყდეს კიდეც, გარკვეული პერსონალი, ხანდახან კვალიფიცირებულიც კი, რჩება სამუშაოს გარეშე. უნდა ითქვას, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა დროში კი არ მცირდება, არამედ დიდდება და თუ აქ შემცირდა სამუშაო ადგილი, სხვაგან საქმე გვაქვს ამ ადგილების ზრდასთან. ასეთ შემთხვევაში შედარებით ნაკლებად ზარალდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი რეიგანი გახდა, უმუშევრობის დონე ქვეყანაში იყო მეტად მაღალი, დაახლოებით 12 მილიონამდე.
ანალიზმა აჩვენა, რომ უმუშევართა ძირითად ბირთვს დაბალი კვალიფიკაციის მომუშავეები შეადგენდა. რეიგანმა მოუმატა ფასს ბენზინზე და შემოსული თანხა მთლიანად მოახმარა გზების და ხიდების მშენებლობას და რემონტს. ამით რეიგანმა ორი კურდღელი დაიჭირა: წესრიგში მოიყვანა ამერიკის სატრანსპორტო არტერიები და სამუშაო ადგილები გაუხსნა დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშებს.
ის, რომ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას ამჟამად ეკონომიკის ვერც ერთი სისტემა ვერ უწევს კონკურენციას, ამაში დარწმუნდა მაროკოც, სამხრეთ აფრიკის კავშირიც და სხვა ბევრი შედარებით ჩამორჩენილი ქვეყანაც. თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა გულისხმობს, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ცალკეული ფირმების, კომპანიებისა და ორგანიზაციების საქმიანობაში. სახელმწიფომ მხოლოდ კონტროლი უნდა განახორციელოს ფასებზე, არ უნდა დაადგინოს ფასები. ფასების დადგენა არის ფირმებისა და კომპანიების პრეროგატივა და აღნიშნული ფასები დგინდება მოთხოვნილების და მიწოდების ცვლილების კანონის თანახმად.
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება ეხებოდეს, სხვა პრობლემებთან ერთად, იმას, თუ როგორ უნდა შეჩერდეს ინფლაცია ან უმუშევრობის ზრდა. გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია იზრუნოს მოსახლეობის შემოსავლის ზრდაზე, რეალიზებადი პროდუქციის ზრდის ტემპების გაზრდაზე და ეს ზრდა უნდა უსწრებდეს მოსახლეობის ზრდის ტემპებს. თავისუფალი ბაზრის სისტემის შემთხვევაში ეკონომიკის დარგში ცვლილებების უმთავრესი ნაწილი მთავრობის კომპეტენცია არ არის. ჯანსაღი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი არის ადმინისტრაციული პერსონალის შემცირება, როგორც კერძო, ისე ადმინისტრაციულ სექტორში, განსაკუთრებით ამ უკანასკნელში. ისეთი პატარა და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის, როგორიცაა საქართველო, სრულიად გაუგებარია გადიდებული ადმინისტრაციული შტატები. არ შეიძლება ასეთი ქვეყნისათვის პარლამენტის წევრების რაოდენობა იყოს 230 დეპუტატი და უფრო მეტიც. ადმინისტრაციული შტატების ზედმეტობა იწვევს კოლოსალურ ხარჯებს. ადმინისტრაციული პერსონალის შემცირება და იმ მინიმუმის მიგნება საკმაოდ რთული პრობლემაა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მიაგნო იმ საშტატო განრიგს, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება ამა თუ იმ დაწესებულების წარმატებული მუშაობა.
ეკონომიკის მართვა ხორციელდება სხვადასხვა საშუალებებით. მათ შორისაა: დოტაციები, სახელმწიფო სესხი, ობლიგაციები და ფასიანი ქაღალდები და მათ შორის აქციები, ლიცენზიები, ინვესტიციები. სახელმწიფოს მეთაურის უპირველესი ამოცანაა, არ დაუშვას სახელმწიფოში შტატების დიდი რაოდენობა და ყველა ზომა მიიღოს საშტატო განრიგის მოსაწესრიგებლად.
სახელმწიფომ ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციოს ანტიმონოპოლურ საქმიანობას და არა დაუშვას მონოპოლიების შექმნა რომელიმე დარგში. ცნობილია, რომ მონოპოლია ხელს უწყობს ფასების ზრდას, ვინაიდან ასეთი საქმიანობა კონკურენციის მოსპობას ან ნაწილობრივ შემცირებას ნიშნავს.
ამერიკელი მეცნიერის ვატსონის აზრით ეკონომიკის ზრდა ნიშნავს: 1) პროდუქციის განუწყვეტლივ ზრდას, 2) ცხოვრების დონის ზრდას, 3) ტექნოლოგიების გაუმჯობესებას, 4) ახალი სამუშაო ადგილების ზრდას და უმუშევრობის შემცირებას, 5) შემოსავლის ზრდას, 6) მოსახლეობის დაკმაყოფილებას იაფი და მაღალი ხარისხის მქონე პირველი მოთხოვნილების საგნებით. ამ მაჩვენებლებს შეიძლება დაემატოს ისეთებიც, როგორიცაა საბინაო მშენებლობის მნიშვნელოვანი ზრდა, დადებითი ბალანსი საგარეო ვაჭრობაში, ფასების შემცირება, ინფლაციის შემცირება და ა. შ.
სახელმწიფოს მართვის პრობლემაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფინანსებსა და მონეტარულ პოლიტიკას. პირველი, რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფოს მეთაურმა არის განათლებული და თავის საქმის მცოდნე ეკონომისტების რაზმის მონახვა. ასეთი რაზმი დაეხმარება მას სწორად წარმართოს აღნიშნული მონეტარული პოლიტიკა, რაც არც ისე ადვილია საქართველოს და არა მარტო საქართველოს, ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების შემთხვევაში. საქმე ის არის, რომ საბჭოთა კავშირში ეკონომისტები არ მზადდებოდა. ისინი, ვინც თავისთავს თვლიდნენ ეკონომისტებად, ფაქტობრივად იყვნენ მარქსიზ-ლენენიზმის თეორიის მიმდევრები. ყოფილი საბჭოთა კავშირში, თუ არ ავიღებთ უკანასკნელ პერიოდს, არ არსებობდა ლიტერატურა და სახელმძღვანელოები კლასიკური ეკონომიკის დარგში, ხოლო იმ სახელმძღვანელოების საშუალებით, რომლებიც არსებობდა, არ შეიძლებოდა ეკონომიკის შესწავლა. ამაში ადვილად შეგვიძლია დავრწმუნდეთ, თუ ავიღებთ რომელიმე სახელმძღვანელოს, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთის ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში გადიან ეკონომიკის კურსს და სახელმძღვანელოებს, რომელთა საშუალებითაც სწავლობდნენ სტუდენტები საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირში. თუ შევადარებთ მათ, დავინახავთ, რომ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც ცა და დედამიწა. ამჟამად ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლების კურსს ეკონომიკაში გადის საზღვარგარეთის მოწინავე სასწავლებლებში, მომავალში აქცენტი უნდა გაკეთდეს მათ გამოყენებაზე.
მონეტარიზმი არის საკრედიტო-ფინანსური პოლიტიკა. ასეთი პოლიტიკის ანალიზში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ისეთმა ეკონომისტებმა, როგორებიც იყვნენ რიკარდო, მარშალი, ფიშერი და სხვები. ამ კვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ფულის საშუალო რაოდენობა, რომელიც ბრუნვაშია განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გამრავლებული ფულის ბრუნვის სიჩქარეზე, ტოლია ფულის ინდექსისა, გამრავლებული საერთო მოცულობის მაჩვენებელზე. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ: რაც მეტია ფულის ბრუნვის სიჩქარე, მით ნაკლებია იმ ფულის რაოდენობა, რომელიც ბრუნვაშია გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს კანონზომიერება ჩამოაყალიბა ეკონომისტმა ფიშერმა.
მართვის თეორიის პრინციპების თანახმად, სახელმწიფოს ეკონომიკა არის მეტად მგრძნობიარე სისტემა და ადვილად გადადის არამდგრად რეჟიმში, საკმარისია რაიმე ცვლილება ან, როგორც ამბობენ მართვის დარგის სპეციალისტები, საკმარისია აღმოცენდეს სულ მცირე შეშფოთება, რომ დაიწყოს რხევები ან არამდგრადი პროცესები, რომელთა სტაბილიზაცია მეტად რთული პრობლემა ხდება. ბანკები სახელმწიფოში, მართვის თეორიის ენით რომ ვილაპარაკოთ, სხვა არაფერია, თუ არა თავისებური დემპფერები, რომელთა მოვალეობაა რხევევბის შემცირება ან საერთოდ მოხსნაა.
ნაციონალური შემოსავლის გაზრდა სახელმწიფოს ეკონომიკის გაჯანსაღების საქმეში აუცილებელი პირობაა, მაგრამ საკმარისი სულაც არ არის. უფრო მნიშვნელოვანია მოგების გაზრდა. მართლაც, შემოსავალი შეიძლება გავზარდოთ კიდევაც, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გაიზარდოს ხარჯები, ეს კი სახელმწიფოს არა თუ არაფერს მისცემს, არამედ მისთვის საზიანოც კია, ვინაიდან ამას შეიძლება მოჰყვეს ფულის ნიშნების გაზრდა, ემისია და, მაშასადამე, ინფლაცია.
სუსტი ეკონომიკის კლასიკური სისტემა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირი, სადაც სახელმწიფოს ხარჯები ბევრად აღემატებოდა სახელმწიფოს შემოსავალს. კოლოსალური და გიგანტური ხარჯები იყო სამხედრო მრეწველობაზე და შეიარაღებულ ძალებზე, დაზვერვაზე და კონტრდაზვერვაზე. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც სახელმწიფო ვერაფერს ვერ ქმნიდა ისეთს, რომლის საერთაშორისო ბაზარზე გატანა და ვალუტის შემოტანა განხორციელდებოდა. ერთადერთი რისი გაყიდვაც სახელმწიფოს შეეძლო, ეს მდიდარი ბუნებრივი რესურსები იყო, რომელიც სახელმწიფოს გააჩნდა. ეს იყო ბუნებრივი აირი, ნავთობი, ხე-ტყე, ოქრო, ქვანახშირი და კიდევ უმნიშვნელო რაოდენობით შეიარაღება. ხარჯები კი კატასტროფულად აღემატებოდა შემოსვალს. სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ გამოსავალი ნახა ემისიაში, როდესაც ინფლაცია ზღვრულ სიდიდეს აღწევდა, იცვლებოდა ფულის ნიშნები. ასეთი ოპერაცია საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში რამდენჯერმე განხორციელდა. ცნობილია, რომ მსგავსი ოპერაციები მეტად უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობაზე.
უკვე ითქვა, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ფირმების, კომპანიების და კონცერნების საქმიანობაში, მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს მათ, ისევე, როგორც მეცნიერების და კულტურის განვითარებას. სახელმწიფო შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო გადასახადებია. გადასახადის რაოდენობის განსაზღვრა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ცხადია, რომ გადასახადის გადიდება იწვევს სახელმწიფოს შემოსავლის ზრდას, მაგრამ ეს ხდება გარკვეულ სიდიდემდე. გადასახადის გაზრდა ამ სიდიდის ზევით იწვევს შემოსავლის შემცირებას. ეს ხდება იმიტომ, რომ გადასახადის ზედმეტად გაზრდა იწვევს ზოგიერთი ფირმის დახურვას, ვინაიდან ისინი ვეღარ აუდიან ზედმეტად გაზრდილ გადასახადებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც მაქსიმუმის წერტილი, რომელიც შეესაბამება მაქსიმალურ შემოსავალს. ამ წერტილის მონახვა კი არ არის იოლი საქმე. ვინაიდან არ არსებობს ანალიტიკური დამოკიდებულება შემოსავალსა და გადასახადს შორის. ერთ-ერთი შესაძლებლობა მოინახოს აღნიშნული მაქსიმუმის წერტილი, არის გამოვიყენოთ ე. წ. გრადიენტის მეთოდი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გადასახადს ვაძლევთ რაღაც მნიშვნელობას, შემდეგ ვადიდებთ ან ვამცირებთ მას და ვაკვირდებით, როგორ იცვლება შემოსავალი, ამის შემდეგ ისევ ვცვლით გადასახადს და ისევ ვაკვირდებით, თუ რა მოსდის შემოსავალს. ამგვარად შეიძლება ოპტიმალური ან კვაზიოპტიმალური მნიშვნელობის მონახვა.
დიდი ხნის წინათ ითვლებოდა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასათვის საჭირო იყო ბუნებრივი რესურსების არსებობა ქვეყნის შიგნით. იაპონიის მეორე მსოფლიო ომში ჩაბმის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ამ ქვეყანას არ გააჩნდა არც ნავთის, არც ბუნებრივი აირის, არც ქვანახშირის და არც ძვირფასი ლითონების საბადოები. ეს იყო იაპონიის ექსპანსიის მიზეზი ჩინეთსა და ინდოჩინეთისაკენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოირკვა, რომ თავისუფალი ბაზრის არსებობის შემთხვევაში სულ არ არის საჭირო წიაღისეული რესურსების ქონა, თუ ხალხი შრომისმოყვარეა და აქვს ტალანტი. დღეს იაპონია, რომელსაც ბუნებრივი სიმდიდრეები არა აქვს, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.
§ 5-2 მრეწველობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა
სახელმწიფო შეიძლება იყოს უპირატესად მრეწველობის მიმართულების ან უპირატესად სოფლის მეურნეობის ქვეყანა. არ არის ისეთი სახელმწიფო, რომელიც მარტო მრეწველობის ან მარტო აგრარული მეურნეობის ქვეყანა იყოს. თანახმად თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა, მრეწველობის განვითარება და საქმიანობა ფირმების, კომპანიებისა და კორპორაციების პრეროგატივაა და სახელმწიფო და მისი მეთაური არ უნდა ჩაერიონ მათ ფუნქციებში და მხოლოდ ხელი შეუწყონ მათ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მეთაური უნდა ერკვეოდეს მრეწველობის საკითხებში და ჰქონდეს გარკვეული აზრი, თუ მრეწველობის რომელ დარგს ან მიმართულებას უნდა მიეცეს უპირატესობა. როდესაც საკითხი დგას უპირატესობის მიცემაზე, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს არჩევა. პირველ რიგში უპირატესობა უნდა მიეცეს ისეთ დარგს, რომელიც იძლევა უფრო მეტ შემოსავალს და, რაც მთავარია, მეტ მოგებას. მეტად მნიშვნელოვანია ენერგოტევადობისა და მეტალოტევადობის საკითხები. ასე, მაგალითად, ელექტრომეტალურგიული წარმოება არის მეტად ენერგოტევადი და სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში მას არ უნდა მიეცეს უპირატესობა. მეტად მეტალოტევადია ელექტრომავლების წარმოება. უფრო ნაკლებად, მაგრამ ასევე მეტალოტევადია თვითმფრინავების მშენებლობა, განსაკუთრებით დიდი თვითმფრინავების ქარხნები. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ თვითმფრინავების მშენებლობა დაკავშირებულია მეტად ძვირფასი ლითონების გამოყენებასთან. თვითმფრინავების წარმოებასთან შედარებით უფრო მეტალოტევადია გემთმშენებლობა. მეტალოტევადობის კრიტერიუმის თანახმად გაცილებით ნაკლებად მეტალოტევადია მიკროელექტრონიკის წარმოება, განსაკუთრებით ინტეგრალური სქემების მრეწველობა. სამაგიეროდ ამ დარგს აქვს ისეთი მხარე, როგორიცაა მეტად მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის აუცილებლობა და ეს მაჩვენებელი ხშირად პრინციპული სახის სიძნელედ იქცევა. ამგვარი ფაქტორი იყო მიკროელექტრონიკის წარმოების ფაქტობრივი ჩაშლის მიზეზი საბჭოთა კავშირში. საქმე იყო არა მარტო იმაში, რომ საბჭოთა კავშირის ინტეგრალური სქემები ვერავითარ კონკურენციას ვერ უწევდა შეერთებული შტატებისა და იაპონიის ნაკეთობებს, არამედ შიდა ბაზრის მოთხოვნებსაც რომ ვერ აკმაყოფილებდნენ. ცხადია, ვთქვათ, თვითმფრინავი, რომელიც რამდენჯერმე უფრო მძიმე, უფრო დიდ გაბარიტების მქონე და უფრო ნელად მომუშავე კომპიუტერით ან მოწყობილობით არის დაკომპლექტებული, ვერავითარ შედარებაში ვერ მოვა უცხოეთის საუკეთესო ნიმუშებთან.
მრეწველობის ამა თუ იმ დარგისათვის პრიორიტეტის მიცემის დროს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია შესაბამისი რესურსების არსებობა სახელმწიფოში, მაგრამ ეს საკითხი არ არის გადამწყვეტი. თავისუფალი ბაზრის არსებობა საშუალებას იძლევა ნებისმიერი რესურსი შემოტანილი იქნეს უცხოეთიდან. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, რომ უცხოეთიდან რესურსის შემოტანა უფრო იაფი დაჯდეს ვიდრე ადგილზე ამ რესურსის მოპოვება. ცხადია, ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიეცეს უცხოეთიდნ შემოტანილ მასალას.
მეტად მნიშვნელოვანი საკითხია მრეწველობის ამა თუ იმ ობიექტის მშენებლობის ადგილის შერჩევა. ადგილის შერჩევა დამოკიდებულია მუშახელის არსებობაზე, სატრანსპორტო ხარჯებზე, სატრანსპორტო მაგისტრალების არსებობაზე, ენერგეტიკის წყაროების დაშორებაზე ასაშენებელი ობიექტისაგან და სხვ. დიდად არის დამოკიდებული სამრეწველო ობიექტის მშენებლობის ადგილის არჩევა იმისაგან, თუ როგორი საბინაო ფონდი არსებობს ამ პუნქტში და არამარტო საბინაო ფონდი, არამედ როგორია კადრებით უზრუნველყოფის პრობლემა. თუ დადგება საკითხი სხვა რეგიონებიდან კადრების მოზიდვაზე, მაშინ უნდა გადაწყდეს შესაბამისი რაოდენობით სკოლების, საავადმყოფოების და სავაჭრო ცენტრების მშენებლობის საკითხი. მომსახურეობის სფეროს შექმნა დაკავშირებულია ბევრი რთული პრობლემის გადაწყვეტასათან. ამ პრობლემების გადაწყვეტისათვის უნდა განხორციელდეს შესაბამისი ორგანიზაციების შექმნა და ჩამოყალიბება. თუ სამრეწველო ობიექტების შექმნა, პროდუქციის გამოშვება, ბაზრის შესწავლა, რეკლამა, ნაწარმის ხარისხი, ნედლეულით მომარაგება და თითქმის ყველა პრობლემის გადაწყვეტა თვითონ ფირმების, კორპორაციების და კომპანიების პრეროგატივაა, საჭირო კადრებით უზრუნველყოფა და ხარისხი უკვე ეხება სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, რომელმაც უნდა ორგანიზაცია გაუკეთოს შესაბამისი განათლების სისტემის შექმნას.
სახელმწიფოს არსებობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა განვითარებული სატრანსპორტო სისტემის არსებობა. სატრანსპორტო სისტემების ქვეშ იგულისხმება როგორც მოძრავი შემადგენლობები, ისე სატრანსპორტო ტრასები და მაგისტრალები. შეუძლებელია ფუნქციონირებდეს თანამედროვე მძლავრი ცივილიზებული ქვეყანა, თუ ამ სახელმწიფოში არ არის ავტომაგისტრალები, ავტოსტრადები, ხიდები, რკინიგზების სისტემა, აეროპორტები, ავტომანქანები, ლოკომოტივები და რონოდები, თვითმფრინავები, გემები. სახელმწიფოს ამოცანაა გაზარდოს სატრანსპორტო საშუალებებით ტვირთზიდვის სიდიდე. განსაკუთრებით აქტუალურია ეს ამოცანა საქართველოსათვის, რომელსაც მიზნად აქვს დასახული გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი მაგისტრალი. ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა ტრანსპორტის ყველა სახეობის ტვირთზიდვის მაქსიმუმამდე გაზრდა. საქართველოსათვის ტვირთის გადაზიდვის ძირითადი საშუალებებია რკინიგზა, საავტომობილო ტრანსპორტი, საავიაციო ტრანსპორტი, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მაგისტრალები და რესპუბლიკის ნავსადგურების ტერმინალები.
სახელმწიფოსათვის აუცილებელია განსაზღვროს თავისი ქვეყნის ტვირთგადაზიდვის საშუალებები. საქართველოსათვის, მაგალითად, საჭიროა განისაზღვროს, თუ რა ტვირთბრუნვა შეიძლება განხორციელდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიართულებით. ტვირთბრუნვის სიდიდის განსაზღვრა არც თუ ისე ძნელია. მაგალითად, თუ ავიღებთ რკინიგზის გამტარუნარიანობას და იმ სიმძლავრეებს, რომელიც საჭიროა ამ ტვირთის გადასატანად, უნდა გამოვდიოდეთ იქიდან, რომ ორ უკიდურეს პუნქტს შორის, ვთქვათ, თბილისსა და ბათუმს შორის მანძილი დაახლოებით 450 კილომეტრია. ვინაიდან ბათუმისა და თბილისის შემაერთაბელი რკინიგზა ორლიანდაგიანია და აღჭურვილია ბლოკირების შესაბამისი ავტომატური დაანადგარებით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მატარებლებმა შესაძლებელია იმოძრაონ ყოველი სამი წუთის ხანგამოშვებით. ეს არის ზღვრული ციფრი, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს მაგისტრალი უნდა დატვირთული იყოს მაქსიმალურად. თუ ამ მანძილის გავლას მატარებელი საშუალოდ 8 საათს უნდება, ანუ 480 წუთს, ტრასაზე იქნება 480:3=160 შემადგენლობა. თითოეული შემადგენლობა მიჰყავს ორ ელექტრომავალს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 10 მეგავატია. ვინაიდან მატარებელი ყოველთვის არ თხოულობს ასეთ სიმძლავრეს, ავიღოთ 5 მეგავატი. ვინაიდან გზაზე 160 შემადგენლობაა, სულ საჭირო იქნება 160ხ5=800 მეგავატი, მაგრამ 160 შემადგენლობა მარტო ერთი მიმართულებითაა, ორივე მიმართულებით მოძრავი შემადგენლობისათვის საჭირო იქნება 1600 მეგავატი. თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში სულ 3000 მეგავატი დადგმული სიმძლავრეა, ცხადი გახდება ენერგიის როგორ დეფიციტთან გვექნება საქმე, ამ მაგისტრალის მიერ მოზღვავებული ტვირთების გადაზიდვისას. ამ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ საქართველოს მთაგორიანი პროფილი არ მოგვცემს საშუალებას, გადავიტანოთ ერთი შემადგენლობის საშუალებით 2 000 ტონაზე მეტი ტვირთი, გამოდის, რომ დღე-ღამეში შეიძლება გადატანილ იქნას 320 X 2000 = 640000 ტონა ტვირთი. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ თუ საქართველო გახდება მაგისტრალი, საჭირო იქნება ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრეების მნიშვნელოვნად გაზრდა, სასურველია ჰიდროსადგურების ხარჯზე, რომელიც 4-5-ჯერ უფრო იაფ ენერგიას იმუშავებს. გარდა ამისა, საჭირო გახდება სალიანდაგო და მოძრავი შემადგენლობების მოდერნიზაციის განხორციელება. მოსალოდნელია არსებული საშუალებები შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, თუ ტვირთბრუნვის მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა იმ სიდიდეს, რისი გატარებაც შეუძლია ამჟამად არსებულ საშუალებებს. უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ მშრალი ტვირთის გადასაზიდად საქართველოში ფაქტობრივად მარტო რკინიგზა რჩება, ვინაიდან გამორიცხულია სამდინარო ტრანსპორტი და ავიაციაც.
მართლაც, თბილისის აეროპორტის ტვირთგამტარიანობის გაზრდის შემთხვევაშიც კი მეტად უმნიშვნელო ნაწილი შეიძლება გადაიზიდოს ჰაერის გზით და, თუ გადაზიდვის ფასსაც მივიღებთ მხედველობაში, დავრწმუნდებით, რომ ტვირთგადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებით. საქართველოს შემთხვევაში საავტომობილო ტრანსპორტს არ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, თუ არ განხორციელდა გამტარუნარიანი ავტოსტრადების მშენებლობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ეს კი უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ალბათ დღეს ამაზე ფიქრი არარეალურია.
წარმოუდგენელია ნებისმიერი სახელმწიფოს არსებობა, თუ არ არის ეს ქვეყანა უზრუნველყოფილი ენერგეტიკით და უპირველეს ყოვლისა ელექტროენერგეტიკით.
ელექტრული ენერგიის მისაღებად სხვადასხვა სახის რესურსები შეიძლება იქნას გამოყენებული. ეს რესურსებია წყლის პოტენციალური ენერგია, ნახშირი, ნავთობი ან მაზუთი, ბუნებრივი აირი, ატომური, ქარის, მზის, ოკეანის ენერგია და ა. შ.
აღნიშნული რესურსებიდან ყველაზე უფრო მეტად არის გამოყენებული ჰიდრო ანუ წყლის ენერგია, ქვანახშირი, ნავთობის პროდუქტები და ბუნებრივი აირი. მეტად პერსპექტიულია ატომური ენერგია, მაგრამ მისი გამოყენება შეზღუდულია უსაფრთხოების მოსაზრებებით და აგრეთვე იმით, რომ დიდია გარემოს გაჭუჭყიანების მაჩვენებლები. გარემოს გაჭუჭყიანების მხრივ შეიძლება ითქვას სრულიად უსაფრთხოა ქარისა და მზის ენერგია. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ამ სახის ენერგია ვერ გამოიყენება მძლავრი ელექტროსადგურების ასამუშავებლად. მზის ენერგიის გამოყენების მარგი ქმედების კოეფიციენტი მეტად დაბალია. ძალზე დიდი ფართობები უნდა ავაგოთ, რომ მივიღოთ თუნდაც რამოდენიმე კილოვატის სიმძლავრეები, მეგავატებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ღამით ელექტროენერგიის მიღება შეუძლებელია, ენერგიის აკუმულატორების საშუალება მნიშვნელოვანი სიმძლავრეების შემთხვევაში არ არსებობს. ამ ტიპის ენერგია დიდად არის დამოკიდებული ამინდზე და დროზე დღე-ღამის განმავლობაში. აქედან შეიძლება ის დასკვნა გაკეთდეს, რომ მზის ენერგია შეიძლება გამოყენებული იქნეს ამა თუ იმ ინდივიდუუმის მიერ, ვთქვათ, წყლის გასაცხელებლად მზიანი დღის დროს. ანდა საჭმლის მოსამზადებლად იგივე პირობებში და იგივე შეზღუდული რაოდენობით. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ქარის გამოყენების შესაძლებლობაზე იმ განსხვავებით, რომ ღამე ამ ენერგიის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ სიმძლავრეები ასევე შეზღუდულია. შეერთებულ შტატებში ქარის ენერგიის წვლილი საერთოდ ელექტროენერგიის გამომუშავებაში დაახლოებით 2%-ს შეადგენს.
მძლავრი ენერგოსისტემის შესაქმნელად, ალბათ, უნდა გამოყენებული იქნეს ჰიდრო ან თბოსადგურები. ისეთი ქვეყნებისათვის როგორიცაა საქართელო, იტალია, რუსეთი, ბრაზილია და სხვა წყალუხვი ქვეყნები, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ჰიდროენერგიის გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და მიახლოებითი ანგარიშის თანახმად საქართველოში ჰიდროსადგურებმა შეიძლებ მოგვცეს 12000 მეგავატი სიმძლავრე, ამჟამად საქართველოში აშენებული ჰიდრო და თბოსადგურების სიმძლავრეები დაახლოებით თანაბარია. როგორც უკვე აღნიშნული იყო, ჰიდროსადგური იძლევა გაცილებით უფრო იაფ ელექტროენერგიას, ვიდრე თბოსადგური, მაგრამ ჰიდროსადგურის აშენება ჯდება უფრო ძვირი, გარდა ამისა, თბოსადგური შენდება უფრო სწრაფად. ამგვარად, საკითხი დადის იმაზე, რა ჯობია, დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი. ძირითადად ეს არის იმის მიზეზი, რომ ამჟამად მწყობრში უფრო მეტად შედიან თბოსადგურის ბლოკები, ხოლო ჰოდროსადგურების მშენებლობა საერთოდ შეჩერებულია, ეს მაშინ, როდესაც საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ საქართველო არის ჰიდროენერგიის ქვეყანა. არის კიდევ ერთი მომენტი, საქართველოში მეტისმეტად დიდ ფარგლებში იცვლება მდინარეების წყლის ხარჯი, თუმცა ამას მოევლება ჰიდროაკუმულირებისა და ელექტროაკუმულირების საშუალებით. ელექტროაკუმულირება გულისხმობს გაზაფხულზე და ზაფხულში უფრო მეტი ენერგიის გამომუშავებას ვიდრე საჭიროა, ამ ენერგიის გაყიდვას ან გაცემას და შემდეგ, როდესაც წყლის დეფიციტი შეივსება აღნიშნული ელექტროენერგიის უკან დაბრუნებით. ჰიდროსადგურებს აქვთ კიდევ ერთი უპირატესობა თბოსადგურებთან შედარებით, ისინი გაცილებით უფრო ნაკლებად მოქმედებენ გარემოზე. ჰიდროსადგურების მოქმედება გარემოზე მდგომარეობს გარკვეული ფართობების წყლით დაფარვაში. რაც შეეხება შექმნილი წყალსაცავებიდან წყლის აორთქლებას და ვითომდა ნესტის შექმნას, ეს მოტივი მეტისმეტად არის გაზვიადებული, მით უფრო, რომ საქართველოს წყალსაცავები მთებშია მოთავსებული და წყლის რაოდენობა განისაზღვრება არა სარკის ზედაპირით, არამედ სიღრმით, რუსეთისაგან განსხვავებით, სადაც საპირისპირო მოვლენას აქვს ადგილი. რაც შეეხება თბოსადგურებს, მათი ხვედრითი წონა გარემოს გაჭუჭყიანებაში გაცილებით უფრო მეტია.
ცნობილია, რომ ენერგია აძლიერებს ადამიანის შესაძლებლობებს. ენერგიის საშუალებით ხდება ადამიანის გადაადგილება, ათბობს და აცივებს საცხოვრებელ ადგილს, არის სამრეწველო ობიექტების მუშაობის წყარო. ცხოვრების მაღალი დონის მიღწევა წარმოუდგენელია ენერგიის გამოყენების გარეშე. სახელმწიფომ და მისმა მეთაურმა გამუდმებით უნდა იზრუნოს ენერგიის ზრდაზე მის ქვეყანაში. ამასთანავე ერთად ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ენერგიის გამოყენების ზრდა არის საშიშროება გარემოსათვის. ნავთობისა და აირის წვა იწვევს ე. წ. ჟანგბადის “წვიმებს”, რაც საფრთხეს უქმნის ტბებს, ტყეებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. ატომური ენერგეტიკის პროდუქტია რადიოაქტიური ნარჩენები, რომლებიც არსებობენ განუსაზღვრელად დიდ ხანს. ავტომობილები წამლავენ ატმოსფეროს. ყოველივე აქედან გამომდინარე, თანამედროვეობა სვამს საკითხს, შემცირდეს ენერგიის გამოყენება, მაგრამ არ შემცირდეს არც პროგრესი და არც მრეწველობის განვითარების მასშტაბები. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებიდან ერთადერთი გამოსვალია ნაკლებად ენერგოტევადი პროდუქციის შექმნა და ენერგიის ახალი სახეობების გამოყენება. ამგვარად, საკითხი დგას ენერგოშემნახველი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ამჟამად საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე დომინირებს ნავთობი, რომლის ხვედრითი წონაა 38%. ბუნებრივი აირის ხვედრითი წონა არის 20%. რაც შეეხება ატომური ენერგიის გამოყენებას, ატომური ელექტროსადგურების ხვედრითი წონა ელექტროენერგიის გამოყენებაში შეადგენს 17%-ს. ჩერნობილის ავარიის შემდეგ მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა ამ ტიპის სადგურების მშენებლობის შემცირება. თვით ჩრდილოეთ შეერთებულ შტატებშიც კი 1978 წლიდან შეწყდა ახალ ატომურ ელექტროსადგურებზე დაკვეთების მიცემა.
სახელმწიფო და მისი მეთაური ვალდებულია თვალყური ადევნოს პროგრესს ენერგეტიკის დარგში და იმ ტექნოლოგიების შექმნას, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ენერგოდანადგარების მარგი ქმედების კოეფიციენტის მკვეთრი ზრდა და, მაშასადამე, კარგვების შემცირება. ეს კი საშუალებას გვაძლევს საგრძნობლად იქნეს შემცირებული ენერგორესურსების გამოყენება.
§ 5-3 სოფლის მეურნეობა
ამჟამად მწვავედ დგას საკითხი შეძლებს თუ არა კაცობრიობა ახლო მომავალში თავისთავის გამოკვებას. იმისათვის, რომ გაზრდილმა მოსახლეობამ შეძლოს თავისთავის გამოკვება, საჭიროა გაიზარდოს მოსავალი. მოსავლის გაზრდისათვის არსებობს ორი გზა: ნათესების ფართობების გაზრდა და ახალი ტექნოლოგიების შექმნა და დანერგვა. ბევრ ქვეყანაში ფართობების გაზრდა შეზღუდულია და მაშინ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაზრდელად რჩება ახალი ტექნოლოგიების შექმნის გზა. სამწუხაროდ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას შედეგად, როგორც წესი, მოჰყვება ნიადაგის გამოფიტვა, მარილიანობის გაზრდა ნიადაგში.
ბევრ ადგილას ნიადაგები ქარის და წყლის გავლენით განიცდიან ეროზიას. ამის გამო მცირდება მოსავლიანობა და ხდება საძოვრების დეგრადაცია. ადგილი აქვს დაჭაობიანებასაც. ეს მოვლენები მეტად დიდ საშიშროებას ქმნის კაცობრიობისათვის. უნდა ითქვას, რომ ნიადაგების გამოფიტვა არ არის კარგად შესწავლილი. ნიადაგების გამოფიტვას განსაკუთრებულად ადგილი აქვს საძოვრებზე. საბედნიეროდ, არის შესაძლებელი მიღებული იქნეს შესაბამისი ზომები და აღდგეს გამოფიტული ნაიდაგები, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც. ნიადაგების გამოფიტვის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყოს ნიადაგების მდგომარეობის კონტროლითა და აღრიცხვით. ეს უნდა დაევალოს სპეციალურ ორგანიზაციებს ან ლაბორატორიებს. ნიადაგებისათვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს დამარილიანება. იქ, სადაც ხორციელდება ხელოვნური მორწყვა, თუ წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მარილებს, თუ არ აქვს ადგილი მორწყვის სწორ ტექნოლოგიას, ან თუ არ არის დრენაჟი, ნიადაგში ადგილი აქვს მარილების დალექვას. ცნობილია, რომ 1000 კუბური მეტრ წყალში შეიძლება იყოს 3,5 ტონა მარილები. მაშასადამე, თითოეულ ჰექტარზე შეიძლება მოვიდეს მხოლოდ 33 ტონა მარილი. დამარილების წინააღმდეგ საჭიროა ნიადაგი გაიბანოს სუფთა წყლით.
გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს სავარგულების შემცირება და გადაცემა ქალაქის მეურნეობისათვის და მშენებლობისათვის. გარდა ნიადაგისა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს წყლის რესურსები. რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის მონაცემების თანახმად სარწყავი ფართობების გადიდებამ უზრუნველყო მოსავლიანობის 50-60%-ით გაზრდა.
სასოფლო-სამურნეო პროდუქციის ზრდა დიდად არის დამოკიდებული, თუ როგორ ხორციელდება თესლბრუნვა და ადგილი აქვს თუ არა მონოკულტურის გამოყენებას. ჯერ კიდევ ასეული წლის წინათ გლეხებმა იცოდნენ, რომ, თუ ერთ წელიწადს ისინი თესდნენ ერთ კულტურას, მაგალითად, სიმინდს, მეორე წელიწადს უნდა დათესილიყო სხვა კულტურა, დავუშვათ, ხორბალი. ამ ტექნოლოგიას ამჟამად ხშირად არღვევენ, რაც იწვევს მოსავლიანობის მკვეთრ შემცირებას. სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის გადიდებისათვის ამჟამად ფართოდ გამოიყენება სასუქები, სამწუხაროდ, – ხელოვნური სასუქები. ამ უკანასკნელის შედეგად არამც თუ უარესდება ნიადაგის ხარისხი და ადგილი აქვს გარემოს გაჭუჭყიანებას, არამედ მკვეთრად უარესდება პროდუქციის ხარისხიც. ბუნებრივი სასუქების გაზრდა კი დამოკიდებულია მსხვილფეხა საქონლის არსებობასთან. აქედან გამომდინარე, და არა მარტო აქედან, ვინაიდან ეს თავისთავად გვაძლევს მეტად ძვირფას პროდუქტს, საჭიროა მესაქონლეობის დარგის შესაბამისად განვითარება. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია საძოვრების გაზრდასთან, რაც ალბათ, მოხდება სავარგულების ან ტყის ხარჯზე. ამგვარად, საქმე გვექნება ურთიერთ საწინააღმდეგო პრობლემებთან. ამ საკითხის სწორად გადაწყვეტა მიგვიყვანს რთული მეთოდების გამოყენებასთან, რაც ამჟამად არც თუ ისე მიღებულია. ფაქტობრივად ზემოთაღნიშნული პრობლემა არის “დაბალანსებული მეურნეობის პრობლემა”.
სოფლის მეურნეობა დაკავშირებულია მძიმე ფიზიკურ შრომასთან, ხშირად – მეტად მძიმე მეტეროლოგიურ პირობებში. მართალია, ბოლო დროს ბევრი გაკეთდა სოფლის მეურნობის მექანიზაციის საქმეში, მაგრამ ეს პრობლემა პრობლემად რჩება, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებისთვის. ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობა ტოვებს სოფელს და მიისწრაფის ქალაქისაკენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის არამარტო მძიმე პირობები, არამედ ეკონომიკა – გლეხი ვერ ყიდის თავის ნაწარმს იმ ფასად, რაც მან შეიძლება მიიღოს ქალაქში. ე. ი. სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, არ არის რენტაბელური. ეს უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ. შეერთებულ შტატებში, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებულია ფასების კონტროლი, ამავე დროს, იმისათვის, რომ ფერმერები არ გაიქცნენ ქალაქში, მათ ეძლევათ სპეციალური დახმარება, რაც საშუალებას იძლევა მოსახლეობის 4-5%-მა გამოკვებოს მთელი მოსახლეობა.
§ 5-4 სახელმწიფოს მეთაური და სამხედრო მოღვაწეობა
სახელმწიფოს მეთაური, იქნება ეს ქვეყანა აგრესიული თუ მშვიდობის მოყვარე, კარგად უნდა ერკვეოდეს სამხედრო საქმეში. დავიწყოთ იქედან, რომ სახელმწიფოს მეთაური, როგორც წესი, არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ამიტომაც იყო, რომ მონარქები ტახტის მემკვიდრეებს აბარებდნენ სამხედრო სასწავლებელში და აძლევდნენ შესაბამის სამხედრო განათლებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახელმწიფოს მეთაური არ არის უმაღლესი მთავარსარდალი, ფაქტობრივად ის წარმოადგენს უმაღლეს ინსტანციას და საკვანძო საკითხები სამხედრო საქმეში მის გარეშე ვერ გადაწყდება. ეს განსაკუთრებით ძალაშია, თუ დიქტატურასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, არა მარტო სახელმწიფოს ხელმძღვანელებს, არამედ პროფესიონალ სამხედროებს შორისაც ყველა არ არის სამხედრო ნიჭით დაჯილდოებული და ყველას არც შეუძლია უხელმძღვანელოს შეიარაღებულ ძალებს და მით უმეტეს სახელმწიფოს, ომის პერიოდში. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას საკმაოდ კარგი განათლება აქვს მიღებული. ისტორიას არც ისე ბევრი შემთხვევა ახსოვს, რომ სახელმწიფოს მეთაურმა გაართვა თავი ომებთან დაკავშირებულ პრობლემებს და გამარჯვება მოუტანა ხალხს და სახელმწიფოს. ასეთები იყვნენ ჰანიბალი, აგასთოკლე, იულიუს კეისარი, ფრიდრიხ დიდი, ნაპოლეონი. მხედრობის დიდი ნიჭით გამოირჩეოდნენ ქართველი მეფეებიც: დავით აღმაშენებელი, ერეკლე II. სამხედრო სქმის ისტორიაში შევიდა ჰანიბალის გამარჯვება რომის ლაშქარზე ქალაქ კანთან. რომაელთა დამარცხება მეტად მძიმე იყო, მათ დაკარგეს 48 000 მეომარი. კართაგენელებმა ტყვედ წაიყვანეს 20 000 რომაელი მხედარი. სირაკუზის მეფე აგასთოკლე გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ცბიერებით. როდესაც კართაგენის ჯარმა ალყა შემოარტყა სირაკუზს, აგასთოკლემ ქალაქის დაცვაზე კი არ დაიწყო ფიქრი, არამედ მან ჯარი გადასხა აფრიკაში და თვითონ დაემუქრა კართაგენის სახელმწიფოს. ამ მანევრმა გაჭრა და კართაგენმა მოხსნა ალყა ქ. სირაკუზზე. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო საკმაოდ მნიშვნელოვან რისკთან, მაგრამ ამ რისკმა გაამართლა. ომი შეიძლება იყოს თავდაცვითი ან დამპყრობლური ანუ აგრესიული. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ამ ორი სახის ომი გავარჩიოთ ერთმანეთისაგან. ასე მაგალითად, ძალზე ძნელია ითქვას პირველი მსოფლიო ომის შესახებ ვისთვის იყო ის თავდაცვითი და ვინ იყო აგრესორი. ნაწილობრივ ეს ეხება ე. წ. სამამულო ომსაც. რუსები თვლიან, რომ ისინი იცავდნენ თავს აგრესორისაგან, რომელიც გერმანია იყო. გერმანიის მხარე თვლიდა, რომ მათთვის ეს იყო თავდაცვითი ომი, ვინაიდან საბჭოთა კავშირი აპირებდა გერმანიაზე თავდასხმას და მათ დაასწრეს. იგივე აზრისაა აგრეთვე საბჭოელი მზვერავი სუვოროვი. 1940 წლის რუსეთ-ფინეთის ომი ცალსახად იყო თავდაცვითი ფინეთისათვის და ამას რუსებიც კი ვერ უარყოფენ. იტალია-აბისინიის ომი ასევე იყო თავდაცვითი, აბისინია თავს იცავდა იტალიისაგან. როგორც თავდაცვითი, ისე აგრესიული ომის შემთხვევაში სახელმწიფო მზად უნდა იყოს ომისათვის. სახელმწიფო, ეწევა ის თავდაცვით თუ თავდასხმით ომს, უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი. ეკონომიკურად სუსტი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ომს, როგორი ხასიათისაც უნდა იყოს ეს უკანასკნელი. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე აუცილებელი პირობაა არა მარტო სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით.
ავიღოთ 1967 წლის ომი ისრაელსა და არაბებს შორის. იყო თუ არა ამ ომში ისრაელი დამპყრობელი და იყო თუ არა ისრაელი აგრესორი, როგორც ამას ამტკიცებენ. მართალია ის, რომ ომი დაიწყო ისრაელმა. მართალია ისიც, რომ ომი დამთავრდა ისრაელის მიერ იორდანიის, ეგვიპტისა და სირიის ტერიტორიების გარკვეული ნაწილის დაკავებით და ანექსიით. ამგვარად ყველა პირობაა, რომ ისრაელს გამოეცხადოს აგრესორის ვერდიქტი. ფაქტობრივად ასეთი ვერდიქტი კიდევაც იყო გამოტანილი. განვიხილოთ ისრაელ-არაბების კონფლიქტი უფრო დაწვრილებით. ამ ომის დაწყების წინ ეგვიპტემ, იორდანიამ და სირიამ სერიოზულ სამხედრო ძალებს მოუყარეს თავი ისრაელის საზღვარზე. ვიდრე სამხედრო შეტაკებამდე მივიდა საქმე, ინფორმაციულმა ომმა მიაღწია თავის მაქსიმუმს. გამოვიდა არაბული პარტიის “ბაას”-ის გენერალური მდივანი, რომელმაც კორესპოდენტის შეკითხვაზე, თუ როგორი იქნება ომის შემდეგ გადარჩენილ ებრაელთა ბედი, უპასუხა, რომ იმ ებრაელებს, რომლებიც გადარჩებიან ხმელთაშუა ზღვაში მოუწევთ ჭყუმპალაობა, მაგრამ არა მგონია რომ ვინმე გადარჩესო. ამის შემდეგ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ისრაელმა დაასწრო ეგვიპტის, იორდანიის და სირიის შეიარაღებულ ძალებს, მიაყენა მათ ძლიერი დარტყმა, მთლიანად მოსპო არაბთა გაერთიანებული ძალების სამხედრო-საჰაერო ფლოტი და ტანკები. ებრაელებმა ელვისებური შეტევა განახორციელეს კაიროსა და დამასკოს მიმართულებით და რომ არა საბჭოთა კავშირი, ომის შედეგები არაბებისათვის ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა. ყოველივე ამის შემდეგ, უმჯობესი იქნება ამ კითხვაზე მკითხველებმა გასცენ პასუხი. სამართლიანი თუ აგრესიული ომების კლასიფიცირების დროს ხშირად კურიოზებამდეც კი მიდის საქმე. ასე მაგალითად, რუსეთის აგრესიას ავღანეთის წინააღმდეგ რუსეთის ელიტა “ძმურ დახმარებას” უწოდებდა. ჩრდილოეთ ვიეტნამის ან ჩრდილოეთ კორეის აშკარა აგრესიას სამხრეთ ვიეტნამისა და სამხრეთ კორეის მიმართ უწოდებდნენ პარტიზანულ მოძრაობას, ერთ შემთხვევაში და მეორეში სამხრეთ კორეის აგრესიას ჩრდილოეთის მიმართ. ასეთი თავხედური ხასიათის შეფასებები, სამწუხაროდ, არ იყო იშვიათი. კომუნისტებისაგან განსხვავებით ისეთი უზურპატორებიც კი, როგორიც იყვნენ ფაშისტები, უხეშ ტყუილებს ერიდებოდნენ. ასე მაგალითად, აგრესიები ავსტრიის, საბერძნეთისა თუ იუგოსლავიის მიმართ გერმანიას არ განუცხადებია, რომ ამ ხალხებმა სურვილი განაცხადეს დაეპყრო ისინი გერმანიას და რომ, ვთქვათ, ნორვეგიამ აგრესია წამოიწყო გერმანიის წინააღმდეგ. მართალია, იყო გამონაკლისი პოლონეთის შემთხვევაში, მაგრამ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართლიანი თუ აგრესიული ომების განსაზღვრა არ არის ადვილი იურიდიულად, თუმცა საზოგადოებამ მშვენივრად იცის, ესა თუ ის ომი სამართლიანი იყო, თუ არა. თუ სამართლიანი ომები არის რაღაც სიმრავლე, მაშინ ეს სიმრავლე, ცნობილი მეცნიერის, ზადეს თეორიის თანახმად ე.წ. არამკაფიო სიმრავლეა. სახელმწიფოს მეთაურისათვის სამხედრო და თავდაცვითი საქმიანობის დროს, ისევე როგორც სხვა პრობლემების გადაჭრის დროს, ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პრობლემაა გადაწყვეტილების მიღება. სწორი გადაწყვეტილების მიღება, როგორც წესი, საწინდარია სახელმწიფოს წარმატებით მოღვაწეობის საქმეში. მთელი რიგი სამხედრო ხასიათის წარუმატებლობა, კატასტროფა და სახელმწიფოს კოლაფსი შედეგი იყო იმ შეცდომებისა, რომლებიც მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობდა. რა თქმა უნდა, ადვილია პოსტ-ფაქტუმ მსჯელობა და შეცდომების ანალიზი მომხდარი მოვლენების შემდეგ, მაგრამ ასეთი ანალიზები მაინცაა საჭირო, რათა მომავალში იყოს გათვალისწინებული შეცდომები. ისიც უნდა აღნიშნოს რომ, შეცდომების ანალიზიც არ არის ყოველთვის ადვილი და ერთჯერადი. მაგალითისათვის ავიღოთ უკანასკნელი მსოფილო ომი. ბევრი რუსი სამხედრო მიმომხილველი ანალიზს უკეთებს რა ომის დროს მომხდარ მოვლენებს, ყველა წარუმატებლობაში ადანაშაულებს უმაღლეს მთავარსარდალს ი. სტალინს და ყველა წარმატებებს მიაკუთვნებს რუს გენერლებს და პირველ რიგში, მარშალ ჟუკოვს. ასეთ პრიმიტიულ მიდგომას საფუძვლად უდევს არა მეცნიერული, არამედ ნაციონალისტური მოსაზრებები. როგორ შეიძლება მარტო უმაღლესი მთავარსარდალი იყოს დამნაშავე იმაში, რომ სახელმწიფო არ იყო მზად ომის დასაწყისში და არ იყო დამნაშავე, ვთქვათ, გენერალური შტაბის უფროსი – ჟუკოვი? თუ საკითხი ეხება სამხედრო შენაერთების ოპერატიულ მოქმედებებს, აქ უკვე პირველ რიგში დამნაშავე იყვნენ სამხედრო მეთაურები და გაცილებით ნაკლებად უმაღლესი მხედართმთავარი. თუ ავიღებთ ომის საწყის ფაზას, ძირითადი ბრალდება მდგომარეობს იმაში, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირი ომისათვის არ იყო მზად. აქ საჭიროა ზოგიერთი შესწორების შეტანა. ზემოთ ნახსენები სუვოროვი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირს ომის დასაწყისში ჰქონდა 24 000 ტანკი. ეს ინფორმაცია, მაგალითად, ჩემთვის, როგორც ამ ომის მონაწილისათვის, სენსაციურია. როგორც ცნობილია, გერმანიის სამხედრო შენაერთები ომის დასაწყისიდან რამოდენიმე დღეში მოადგა ქ. მინსკს მაშინ, როდესაც ომის დასაწყისში გერმანიას ჰქონდა 3000-მდე ტანკი. იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ვიქტორ სუვოროვი, რომელიც გაიქცა საზღვარგარეთ და გამოცხადებული იყო მოღალატედ, არის განაწყენებული პიროვნება და იძლევა არასწორ ინფორმაციას. მაგრამ სუვოროვის აზრს ადასტურებს გენერალი გუდერიანი. თავის მოგონებებში ამბობს, რომ 1933 წელს საბჭოთა კავშირში დღეში ამზადებდნენ 24 ტანკს. მარტივი გათვლები აჩვენებენ, რომ 1941 წლისათვის საბჭოთა კავშირს უნდა ჰქონოდა 20 000 ტანკზე მეტი. ისმება კითხვა, მაშინ თუ ეს ასეა, რა იყო იმ კატასტროფის მიზეზი, რომელსაც ჰქონდა ადგილი ომის დასაწყისში? შემიძლია ვთქვა, რომ ამის მიზეზი იყო ოფიცრების და გენერლების კომპეტენცია და გერმანელ სამხედრო ხელმძღვანელებთან შედარებით მათი მეტად დაბალი დონე. ამის ცოცხალი მოწამე მეც ვარ. ბევრი სამხედრო თუ პოლიტიკური პირი ამას, მართალია, არაპირდაპირ, მაგრამ მაინც ეთანხმება. ეთანხმება, მაგრამ ამაშიც ადანაშაულებენ სტალინს, რომელმაც ჩაატარა დიდმასშტაბიანი დამსჯელი ოპერაციები და გაანადგურა წითელი არმიის იმჟამინდელი ხელმძღვანელობა. რა თქმა უნდა, ეს იყო ვანდალური აქტი. აქვე უნდა ითქვას, რომ რეპრესიის ქვეშ მოხვედრილი სამხედრო მეთაურები არ იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირები. რეპრესირებულ სამხედროთა შორის ნომერ პირველი მარშალი ტუხაჩევსკი ასევე არ იყო ისეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე, როგორც ფიქრობდნენ სამხედრო კომენტატორები. ტუხაჩევსკი, ისევე როგორც სხვა რეპრესირებულები, მეფის არმიაში ფაქტობრივად არაფერს არ წარმოადგენდა. რა ბრძოლებში მონაწილეობდა ტუხაჩევსკი შემდგომ და რა მიღწევები ჰქონდა მას? ტუხაჩევსკი ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს პოლონეთის წინააღმდეგ. აქ მან შედარებით სუსტი ქვეყნის მიმართ განიცადა კატასტროფული მარცხი. შემდეგ ტუხაჩევსკიმ სისხლში ჩაახშო კრონშტატის და ტამბოვის გლეხების აჯანყებები. რეპრესირებულ სამხედრო მეთაურთა კვალიფიკაცია დაახლოებით იყო ისეთივე, როგორც ბუდიონის, კულიკის თუ ოკა გოროდოვიკოვის. რა თქმა უნდა, იყვნენ გამონაკლისებიც, მაგალიათად მარშალი ეგოროვი. ისიც ფაქტია, რომ ომის პერიოდში დაიხვეწნენ და მაღალი კვალიფიკაციის სარდლები გახდნენ. ასეთები, იყვნენ იგივე ჟუკოვი, ვასილევსკი, როკოსოვსკი, კონევი თუ ჩუიკოვი. მათ წამოწევაში სტალინს უარყოფითი კი არა დადებითი როლი ჰქონდა.
ჰქონდა თუ არა შეცდომები ი. სტალინს? რა თქმა უნდა ჰქონდა და საკმაოდ სერიოზულიც. მაგალითად, ხარკოვის ოპერაცია 1943 წელს. როგორც სამხედრო მოღვაწე, თუ ვინმე იყო გენიალური, ასეთივე გენიალური იყო ი. სტალინიც. არავის მსოფლიო ისტორიაში არ მოუგია ასეთი ომი. მის გენიალობაში დიდი როლი ითამაშა მისმა არაჩვეულებრივმა ცბიერებამ და ორგანიზატორობამ. მას არავითარი სამხედრო განათლება არ ჰქონია და სხვათაშორის, არც სამხედრო გამოცდილება, ვინაიდან სამოქალაქო ომში მას თითქმის არ ეკავა რაიმე მნიშვნელოვანი როლი. ეს ომი მოიგეს ტროცკიმ და სხვებმა. ისიც ფაქტია, რომ სტალინმა ომი გერმანიასთან მოიგო რუსი ხალხის საშუალებით. იმ ხალხმა გამოიჩინა უნახავი გაბედულება და კოლოსალური ამტანობა. მეორე მხრივ, რითი გათავდებოდა მეორე მსოფლიო ომი, რომ არ ყოფილიყო სტალინი? ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირი ომს წააგებდა.
ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურის წინაშე შეიძლება დადგეს საკითხი, თუ როგორი სამხედრო მოქმედების რომელი სახე უნდა აირჩიოს მან მომავალ სამხედრო ოპერაციებში, პოზიციური ომის თუ მანევრული. გერმანიის მხარეს ეს საკითხი არ ჰქონდა ცალსახად გადაჭრილი და არჩევანი საბოლოოდ გაკეთებული არ იყო. ასე მაგალითად, სახმელეთო შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ბოკი უპირატესობას აძლევდა პოზიციურ ომს, გამოდიოდა რა პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებიდან. ითვლებოდა, რომ საფრანგეთმა და ინგლისმა ეს ომი მოიგეს პოზიციური ომის ხარჯზე. სხვა გენერლები: ფელდმარშალი რუნდშტეტი, ფელდმარშალი მანშტეინი, ფელდმარშალი რომელი და განსაკუთრებით გენერალი გუდერიანი, რომელიც მეორე სატანკო არმიის სარდალი იყო, მანევრული ომის მომხრენი იყვნენ. გენერალი გუდერიანი თვლიდა, რომ, როგორც წესი,არ უნდა დაიხარჯოს დიდი დრო ცალკეული პუნქტის აღებაზე, თუ ეს პუნქტი დიდ წინააღმდეგობას უწევს შემტევ ძალებს, უნდა გვერდი აუაროთ მას და სწრაფად უნდა გავიჭრათ შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელოვანი პუნქტის ასაღებად მანამ, სანამ მოწინააღმდეგე მოასწრებს ამ პუნქტის გამაგრებას. ომის დასაწყისში გერმანიის ჯარებს უნდა გადაელახათ ზედ საზღვარზე განლაგებული საკმაოდ სერიოზული ციხე-სიმაგრის ბრესტის წინააღმდეგობა. გენერალმა გუდერიანმა, რომლის ზონაშიც იყო ეს ნაგებობა, არ დახარჯა დრო და ენერგია, შემოუარა მას და განაგრძო შეტევა ისე, რომ ზურგში დაიტოვა საკმაოდ სერიოზული სამხედრო ძალა. ციხე-სიმაგრეს ბლოკირება გაუკეთეს მცირე ძალებმა. ცხადია, მაშინ, როდესაც გერმანიის არმიის დივიზიები მინსკს მიადგნენ, ციხისგარნიზონს დაეკარგათ ყოველივე იმედი და ამ სიმაგრის აღება უკვე აღარ წარმოადგენდა რაიმე პრობლემას. იგივე განმეორდა რამდენჯერმე, მაგალითად, ქ. მოგილევთან. შეხვდნენ რა დიდ წინააღმდეგობას გერმანიის ჯარმა შემოუარა მოგილევს, ალყაში მოაქცია საბჭოთა შენაერთები და განაგრძო შეტევა. მანევრულ ომს სჭირდება მაღალი რანგის ორგანიზაცია, წინგაჭრილი შენაერთების მომარაგების უწყვეტი განხორციელება და მოქმედების კოორდინაცია. ყოველთვის ასე მოქმედება არ შეიძლება და ეს დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა ალყა-შემორტყმული ძალების სიდიდეზე. გერმანელმა გენერლებმა ეს იცოდნენ და ქ. სმოლენსკის აღების შემდეგ, გენერალ ლუკინის არმიის ალყის შემორტყმის შემდეგ გერმანელები წინ აღარ წასულან, შეუდგნენ ამ ალყაშემორტყმული არმიის განადგურებას. შეტევა განხორციელდა მას შემდეგ, როდესაც ლუკინის არმიის განადგურება დამთავრდა და თვითონ ლუკინი ტყვედ იქნა აყვანილი. ამ შეყოვნებას ფატალური შედეგი ჰქონდა გერმანელებისათვის, დაიკარგა დრო და მკვეთრად მოახლოვდა ზამთრის პერიოდი. მარშალი კონევი თვლიდა, რომ მოსკოვი გადაარჩინა ლუკინმა. ალყაში მოქცეული ჯარის წინააღმდეგობის გაგრძელება და იარაღის არდაყრა ახალი მოვლენა იყო და გერმანელები ამ სიახლეს არ მოელოდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ თუ სამხედრო შენაერთი ალყაში მოექცა, წინააღმდეგობას აზრი აღარ აქვს და ჯარი უნდა დანებდეს. ყველა შემთხვევაში ბრძოლის გაგრძელება უკანასკნელ ვაზნამდე, ასეთი იყო სტალინის გადაწყვეტილება. ასეთ ტაქტიკას ჰქონდა ის აზრი, რომ ძალები გამოეფიტათ მოწინააღმდეგისათვის ძირითადი ბრძოლის წინ, რომელიც შემდგომში უნდა მომხდარიყო. ხშირად ისმის კითხვა: რის ხარჯზე მოახერხა საბჭოთა კავშირმა გერმანიის დამარცხება? ფაქტობრივად, ამ კითხვაზე სრული პასუხი არავის გაუცია და ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა ალბათ პრინციპში შეუძლებელიც კია, იმდენად რთულ პროცესთან გვაქვს საქმე. უკვე ითქვა, იმ სქემის შესახებ, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ნებისმიერი და მათ შორის სახელმწიფოს ხელმძღვანელი თავისი მოღვაწეობის დროს. იგივე ძალაში რჩება სამხედრო პრობლემების გადაჭრის საქმეში. თანახმად ამ სქემისა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის გადაწყვეტილების მიღების პრობლემა. მას დროის მიხედვით წინ უნდა უძღვოდეს შესაბამისი ინფორმაციის მოგროვება. საჭირო ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია არამცთუ კარგი, დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღებაც კი. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საჭიროა დაისახოს ამ გადაწყვეტილების შესრულების გზები. თუ ეს გზები და გადაწყვეტილების შესრულების საშუალებები არ დაისახა, გადაწყვეტილება ვერ განხორციელდება ცხოვრებაში და დარჩება ქაღალდზე. შემდეგი საკითხია გადაწყვეტილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს გააწყვეტილების გატარებას რეალურ ცხოვრებაში. და ბოლოს ინფორმაციის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარების შედეგად მიღებული ეფექტის შესახებ. ასეთი ინფორმაცია ხელმძღვანელს აძლევს საშუალებას თუ საჭირო გახდება, მოახდინოს მიღებული გადაწყვეტილების კორექტირება. ნებით თუ უნებლიეთ ნებისმიერი სახელმწიფოს ხელმძღვანელი ამ სქემით მოქმედებს. მთელი პრობლემა იმაშია, თუ რა ინფორმაცია არის დაგროვილი, როგორ ანალიზს ატარებს ხელმძღვანელი პირი და რა დასკვნები გამოაქვს არსებული ინფორმაციის საფუძველზე. შემდეგ როგორ ახერხებს გადაწყვეტილების მიღებას, მის ცხოვრებაში გატარებას და ბოლოს კონტროლს და გადაწყვეტილების კორექტირებას. ეს ყველაფერი ცალკე დიდი პრობლემაა და მის შესახებ იქნება საუბარი ცალკე.
აღნიშნულ საკითხთან არის დაკავშირებული საკითხი ჰიტლერის და სტალინის შეცდომების შესახებ, რის შესახებაც ბევრი დაიწერა და, ალბათ, ბევრი დაიწერება მომავალში. ყველა ანალიტიკოსის აზრი ვერ იმსახურებს ნდობას ან ინტერესს. მე მინდა ნება მივცე ჩემს თავს გამოვთქვა ზოგიერთი მოსაზრება, რომელსაც საფუძვლად უდევს უამრავი ლიტერატურული წყაროების ანალიზი და ნაწილობრივ პირადი გამოცდილება და პირადად ნანახი თუ განცდილი. ადოლფ ჰიტლერი მეტად რთული ფიგურა იყო არამარტო გერმანიის, არამედ მსოფლიოს ისტორიაშიც. მასში შეთავსებული იყო გენიაც და უმეცრებაც. მას შეეძლო ჩაეტარებინა უმნიშვნელოვანესი და ურთულესი აქციები და მასვე შეეძლო მიეღო უბრალოდ უჭკუო გადაწყვეტილებები. მისი მოღვაწეობის პირველი პერიოდი დაკავშირებულია განსაცვიფრებელ წარმატებებთან. მან ჩაიბარა გაღატაკებული გერმანია და მილიონობით უმუშევართა არმია. გერმანიას ახრჩობდა მაღალი რეპარაციები. ქვეყნის ეკონომიკა იყო მისული განადგურების პირას და ეს ჩვენ ვიცით თუნდაც რემარკის რომანებიდან. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ დაკარგა არამარტო კოლონიები, არამედ, რაც მთავარია, თავისი ტერიტორიების ნაწილიც. სულ მოკლე ხანში ჰიტლერმა მიაღწია იმას, რომ უმუშევრობა მოსპო, დაიბრუნა საარისა და რურის ოლქები და დაიწყო მძლავრი არმიის მშენებლობა სახელმწიფოში. დაამყარა წესრიგი. მან დაუშვა შეცდომებიც. როგორც სხვა ქვეყნების, ისევე თვითონ გერმანიის პოლიტიკოსები თვლიან, რომ ჩეხოსლოვაკიის ანექსია უკვე ზედმეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანექსიას უშუალოდ ომი არ გამოუწვევია. ასე ვთქვათ, იარაღი ჩახმახზე შედგა და შემდეგ ასეთ ქმედებას აუცილებლად ომი მოჰყვებოდა. შემდეგი კი იყო პოლონეთი. სხვათაშორის ვერ ვიტყვით რომ, დანცინგის დერეფნის შესახებ მოთხოვნილების წაყენება იყო უსამართლო მოთხოვნა, ჩეხოსლოვაკიის მიერთებისაგან განსხვავებით. დანცინგის დერეფანმა გერმანია გაყო ორად და ქვეყანას მოუსპო საშუალება ჰქონოდა სახმელეთო კავშირი აღმოსავლეთ პრუსიასთან. მეორე მხრივ აშკარად ილახებოდა პოლონეთის ინტერესები, პოლონეთს დანცინგის დერეფნის საშუალებით ჰქონდა ერთადერთი გასასვლელი გზა ზღვაზე. მე არ ვაპირებ ვიყო მოსამართლე და გავარჩიო ვინ მტყუანი იყო და ვინ მართალი, მინდა მხოლოდ დავადასტურო ფაქტი: როგორც გერმანიის, ისე პოლონეთის მოთხოვნებს ჰქონდათ საფუძველი. პოლონეთის ომის დაწყებით ჰიტლერმა დაუშვა შეცდომა, მან ვერ გაითვალისწინა თავისი გადაწყვეტილების შედეგი. ის ფიქრობდა, რომ ინგლისი და საფრანგეთი არ მოახდენდნენ მკვეთრ რეაგირებას და პოლონეთის მთლიანობისათვის არ დაიწყებდნენ ომს. ჰიტლერს არ სურდა ომი ინგლისთან. ჰიტლერის ეს შეცდომა გამოწვეული იყო შესაბამისი ინფორმაციის არარსებობით. მეორე მხრივ, არც ის არის გამორიცხული, რომ ინფორმაცია საკმარისი იყო, მაგრამ ჰიტლერმა ვერ შეძლო ამ ინფორმაციის გადამუშავება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. და ბოლოს, შეიძლება იმის დაშვებაც, რომ ინფორმაციაც იყო გადაწყვეტილებაც სწორი იყო მიღებული და გერმანიას კატასტროფა განაპირობა შემდგომმა მოვლენებმა. რომელ სიტუაციასთან გვაქვს საქმე საკამათოა. სამაგიეროდ სრულიად დარწმუნებით და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის წინ ჰიტლერს არა მარტო არ ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია მოწინააღმდეგის შესახებ, არამედ უბრალოდ სიფრთხილის გრძნობაც კი. ჰიტლერმა ვერ შეაფასა ტერიტორიის სიდიდისა და რუსეთის არმიის არა მარტო ცოცხალი ძალის რესურსების და ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის, არამედ საბჭოთა მეომრების ბრძოლის უნარიანობის მნიშვნელობაც. ასევე ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ჰიტლერმა დაუშვა შეცდომა, როდესაც გადაწყვიტა ეწარმოებინა ომი, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე დროს აფრიკაში, იუგოსლავიაში, საბერძნეთში, ნორვეგიაში. მართალია, ამ ოპერაციებს შორის იყო ინტერვალები, მაგრამ ეს ინტერვალები იყო მეტად მცირე, ჰიტლერის დიდი შეცდომა იყო ის, რომ მას არ ჰყავდა სტრატეგიული ავიაცია, რომელიც საშუალებას მისცემდა მას დაენგრია ურალზე განლაგებული სამხედრო ქარხნები. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მოუმზადებელი შეხვდა რუსეთის ზამთარს.
ჰიტლერის შეცდომა იყო ისიც, რომ მოსკოვისა და სტალინგრადის ოპერაციების დროს ყურადღება არ მიაქცია ფლანგებს. ელემენტარული შეცდომა იყო ისიც, რომ გერმანიის მესვეურთ გამოეპარათ საბჭოთა სამხედრო შენაერთების დაგროვების ფაქტი მოსკოვთან და სტალინგრადთან. რაც შეეხება ისეთ შეცდომას, როგორიც იყო გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის წინ ამ უკანასკნელის სამხედრო სპეციალისტებისათვის გერმანიის შეიარაღების უახლესი ნიმუშების ჩვენება და, უფრო მეტიც, ამ ნიმუშების რამოდენიმე ეგზემპლიარის ჩუქება, ეს უკვე შეცდომა კი არ იყო, იყო დიდი სისულელე. რუსებმა სასწრაფოდ მიიღეს ზომები და დაამზადეს თვითმფრინავები მესერშმიტ9 და ფოკე-ვულფ190, ანალოგები ЯК-1 და Ла-5.
ვიმეორებ, ჰიტლერის მთავარი შეცდომა იმაში იყო, რომ მან სათანადოდ ვერ შეაფასა სიტუაცია, თუ რას ნიშნავდა რუსეთის ვეებერთელა ტერიტორია და რუსეთის გამოულეველი რესურსები ცოცხალი ძალისა. მართალია, ომის დასაწყისში რუსეთმა 1 მილიონზე მეტი ოფიცერი და ჯარისკაცი დაკარგა, მაგრამ რუსეთმა ამ ომში 12 მილიონი კაცი გამოიყვანა. ისიც სწორია, რომ რუსეთის დანაკარგები გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე გერმანიის, მაგრამ გერმანია უფრო მალე დავიდა კატასტროფულ დონეზე, ვიდრე რუსეთი, კატასტროფულ დონეზე დასვლა კი ომის წაგებას ნიშნავს. ამის მიზეზი იყო ის, რომ რუსეთს გაცილებით უფრო მეტი რესურსები ჰქონდა ცოცხალი ძალის სახით. რუსეთს ძალიან უჭირდა სტრატეგიული მნიშვნელობის მასალები, მაგალითად, ალუმინი, მაგრამ რუსეთს მოეხმარნენ მოკავშირეები. მოკავშირეებმა დიდ დახმარება გაუწიეს რუსეთს შეიარაღებაში, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. რუსებს ხარისხობრივი უპირატესობა ჰქონდათ ტანკებში. გერმანული ტანკები თ-III და თ-IV საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ რუსულ ტანკს თ-34. მართალია, გერმანელებმა მალე შექმნეს ახალი ტიპის ტანკი ე. წ. “ვეფხვი”, მაგრამ ამასობაში ამოქმედდა ინგლისისა და ამერიკის სტრატეგიული ავიაცია და გერმანიის მრეწველობას შავი დღე დაადგა. როდესაც მოკავშირეებმა პირველად დაბომბეს აახენი და ამის შესახებ გენერალმა გალანდმა მოახსენა გერინგს, საჰაერო ძალების მთავარსარდალს, გერინგმა ის მასხრად აიგდო, “ეს სიცრუეა”თქვა მან. “მიბრძანდით აახენში და თქვენი თვალით ნახეთ” – უპასუხა გალანდმა. საინტერესოა ის, რომ მოკავშირეები განსაკუთრებული ინტენსივობით ბომბავდნენ საკისრების ქარხნებს. გასაგებია რატომაც. საკისარი ხომ ნებისმიერი მექანიზმის შემადგენელი ნაწილია. გერმანიის ყველა ასე თუ ისე მნიშვნელოვანი ქალაქი და განსაკუთრებით ბერლინი ფაქტობრივად აღგვილი იყო პირისაგან მიწისა. ჩვენ რომ შევედით ბერლინში, ქალაქი აღარ იყო. ჩემთან ტყვედ იყო ქ. ბერლინის საჰაერო თავდაცვის უფროსი, რომელმაც მითხრა, რომ პირველ ხანებში ამერიკელები თავდასხმას აწარმოებდნენ 1000 და მეტი თვითმფრინავის საშუალებით. ესენი იყვნენ ბოინგ-29 ტიპის ბომბდამშენები. ჩვენ ვერაფერს ვუხერხებდით მტერსო. შემდეგ გერმანელებმა თავიანთი ბომბდამშენი იუ-88 გაავსეს ბომბებით, ზემოდან დაამაგრეს გამანადგურებელი, სადაც იმყოფებოდა მფრინავი და ასეთ კომპლექსს მიუშვებდნენ ხოლმე მოკავშირეების თვითმფრინავების ჯგუფში. ამის შემდეგ გამანადგურებელი თავისი მფრინავით მოშორდებოდა ხოლმე იუ-88‑ს და ეს უკანასკნელი შევარდებოდა რა ამერიკელ თუ ინგლისელ თვითმფრინავთა განლაგებაში, იწვევდა დიდ ნგრევას. ამის შემდეგო – თქვა გენერალმა, – მოკავშირეებმა თავი დაანებეს ჯგუფურ თავდასხმას დღისით და გადავიდნენ ღამით თავდასხმაზე ე. წ. “ვარსკვლავურად”, ანუ სხვადასხვა მხრიდან.
რუსებს, როგორც წესი, არავითარი მადლიერების ან რაინდული გრძნობა არა აქვთ და არაფრად არ აგდებენ მოკავშირეთა მონაწილეობას ამ ომში. რა თქმა უნდა, ცოცხალი ძალის დანაკარგების მხრივ და უშუალოდ ფრონტის ველზე ბრძოლების თვალსაზრისით რუსების როლი გაცილებით მეტია მოკავშირეების წვლილზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი ამ ომს ვერ მოიგებდა, თუ არა მოკავშირეები.
სახელმწიფოს მეთაურმა და, აგრეთვე, ნებისმიერმა ხელმძღვანელმა თავისი უახლოესი ხელქვეითები უნდა შეარჩიოს მათი ინტელექტისა და მორალური თვისებების მიხედვით და არა იმის მიხედვით, ვინ ესიმპათიურება ან არ ესიმპათიურება, არც იმის მიხედვით, თუ ვინაა უსიტყვო მონა-მორჩილი მისი და არაფერში არ ეწინააღმდეგება მას. ამ მხრივ ჰიტლერი ვერ იდგა სათანადო სიმაღლეზე. ის საერთოდ არ ენდობოდა თავის გენერლებს და უფრო ჩჩ-ის შენაერთების იმედი ჰქონდა. ჰიტლერს ჩრდილში ჰყავდა ისეთი გენერლები, როგორიც იყვნენ მანშტეინი, გუდერიანი, ნაწილობრივ რუნშტეტიც, ხოლო ფელდმარშალი რომელი აიძულა რომ თავი მოეკლა. სამაგიეროდ ფავორში ჰყავდა ისეთი გენერალი როგორიც იყო კეიტელი, იგი თავის დაქნევის გარდა ვერაფრით ვერ გამოირჩეოდა.
როგორც სტალინი, ისე ჰიტლერი ფართოდ იყენებდნენ მართვის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა თათბირები. განსხვავება ის იყო, რომ სტალინი თათბირის მონაწილეებს ეკითხებოდა აზრს, თვითონ, როგორც წესი, არ გამოთქვამდა თავის მოსაზრებას, ვიდრე ეს თათბირი არ დამთავრდებოდა და შემდეგ ღებულობდა გადაწყვეტილებას. ჰიტლერი თათბირებზე ხშირად აწყვეტინებდა გამომსვლელებს და თუ მათ მიერ გამოთქმული აზრი ეწინააღმდეგებოდა ფიურერის აზრს, იგი საკმაოდ მკვახედ რეაგირებდა. ერთ-ერთ თათბირზე, რომელიც გენერალ რომელისათვის ბოლო გამოდგა, როდესაც გენერალს ჰიტლერმა მიმართა გამოეთქვა თავისი აზრი მოკავშირეების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომელმა გადაუხვია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს და გამოთქვა აზრი, რომ ომი ფაქტობრივად წაგებულია და საჭიროა ზავის დადება. მცირე, მაგრამ მკაცრი შეხლა-შემოხლის შემდეგ ჰიტლერმა დაატოვებინა რომელს თათბირი. სტალინი ამას არასოდეს არ იზამდა, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, რომ მოკამათე უკვე კარებში აეყვანათ.
თუნდაც აქედან ჩანს, სტალინი უფრო მაღალი რანგის ტირანი იყო, ვიდრე ჰიტლერი. რაც შეეხება ჯარისკაცების სიცოცხლის შეძლებისდამიხედვით დაზოგვას, აქ როგორც სტალინს, ისე ჰიტლერს ერთი და იგივე მოსაზრება ჰქონდათ. ასეთი პრობლემა მათთვის არ არსებობდა. როდესაც გენერალმა გუდერიანმა ჰიტლერს შესთავაზა ოპერაციის ის, სამხედრო მიზნის თვალსაზრისით, ვარიანტი, რომელიც უფრო ნაკლებ მსხვერპლთან იყო დაკავშირებული, ამ უკანასკნელმა მას უთხრა: – “გენერალო, თქვენ როდესმე გსმენიათ, რომ ფრიდრიხ დიდი ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრთხილდებოდა?” სტალინი კი სწორედ ჯარისკაცთა და მეომართა დანაკარგების ხარჯზე მოქმედებდა. ასეთი ტაქტიკის გამოყენება, თუ არ ჩავთვლით მორალურ მხარეს, მაშინ შეიძლება, როდესაც შენს უკან დიდი ტერიტორიული სივრცეები და ცოცხალი ძალის დიდი რეზერვებია. სულ სხვა იყო, როდესაც იგივე ტაქტიკის გამოყენება სცადა ჰიტლერმა. მაშინ, როდესაც ომის ბოლოს, საბჭოთა ჯარმა ალყაში მოაქცია გერმანიის დივიზიები ჩრდილოეთში, ბალტიის ზღვის პირას, გენერალმა გუდერიანმა ურჩია ჰიტლერს, მოეხდინათ ალყაშემორტყმული ნაწილების ზღვით ან ალყის გარღვევის გზით გაყვანა, ჰიტლერმა უარი განაცხადა და უბრძანა ალყაშემორტყმულ შენაერთებს, ებრძოლათ ბოლომდე. ამას მოჰყვა უაზრო მსხვერპლი. უაზრო იმიტომ, რომ გერმანელთა ჯარის უკან არ იყო საჭირო სივრცეები ახალი თავდაცვის ზღუდეების ასაგებად და, რაც მთავარია, გერმანიას აღარ ჰქონდა ცოცხალი ძალის რესურსები. საქმე იმაშია, რომ ამ დროს ომი ძირითადად უკვე წაგებული იყო, ხოლო მოსკოვთან და სტალინგრადთან ომი ჯერ კიდევ არ იყო წაგებული. რეზერვში იყო ციმბირიდან ჩამოყვანილი არმიები და ვოლგის იქითა უზარმაზარი ტერიტორია. ჰიტლერს ახასიათებდა კონფრონტაცია საკუთარ გენერლებთან, ის, როგორც წესი, არ უჯერებდა გენერლებს. სტალინს საერთოდ არავინ არაფრად მიაჩნდა, თუმცა სასარგებლო რჩევებს ყურს უგდებდა.
ცნობილია, რომ სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანას არ შეუძლია ომი და მით უმეტეს ხანგრძლივი ომი აწარმოოს. ჰიტლერმა შეძლო თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. სტალინმა თავისი ქვეყნის ძლიერების განვითარებისათვის მიმართა ძველი ეგვიპტისა და რომის მეთოდებს. მან შექმნა მონათმფლობელური სახელმწიფო და მონები იყვნენ საკუთარი მოქალაქენი, რომლებიც საპატიმროებში, ბანაკებში მოათავსა. სტალინმა გამოიჩინა ისტორიაში არნახული ორგანიზაციული მეთოდები და სიმტკიცე, როდესაც მრეწველობა დასავლეთ რაიონებში დაშალა და გადაიტანა აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც უმოკლეს ხანში ყინვაში და თოვლში აამუშავა ეს ქარხნები. ეშელონებიდან პირდაპირ მიწაზე გადმოტვირთული ჩარხებს და დანადგარებს უშუალოდ უერთებდნენ ელექტროდანადგარებს და იწყებდნენ მუშაობას. მხოლოდ ამის შემდეგ შენდებოდა კედლები და სახურავები. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს.
შემიძლია განვაცხადო, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სტალინი იყო ნომერი პირველი ჯალათი და ნომერი პირველი მხედართმთავარი. ჰიტლერი ჩამორჩებოდა მას როგორც ჯალათი და საგრძნობლად ჩამორჩებოდა როგორც მხედართმთავარი. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჰიტლერი საერთოდ არ იყო მხედართმთავარი. ის იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ორგანიზატორი, მაგრამ საშუალო რანგის მხედართმთავარი. გერმანიის გენერალიტეტი ჰიტლერს არ შეუქმნია. ეს გენერალიტეტი იყო მეტად მაღალი რანგის მის გარეშეც. ამას ამტკიცებს როგორც პირველი ომი, ისე მეორეც. საბჭოთა კავშირის გენერალიტეტი კი, შეიძლება ითქვას, სტალინის პირმშოა. ძველი რუსეთის გენერალიტეტი სამოქალაქო ომის პერიოდში მოისპო ფიზიკურად. ვინც გადარჩა, რეპრესიებმა მოუღო ბოლო, სამოქალაქო ომის მეთაურთა შემადგენლობა გაანადგურა იოსებ სტალინმა. 37 წლის შემდეგ შექმნილი მეთაურთა შემადგენლობა სტალინის უშუალო შერჩევით მოხდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსი ფალსიფიკატორები სამამულო ომში გამარჯვებებს მიაწერდნენ უმთავრესად ჟუკოვს და ნაწილობრივ სხვა გენერლებსაც. ამ სხვა გენერლებს კი, ჟუკოვისგან განსხვავებით, არ მიაჩნდათ ჟუკოვის შეფასება მართებულად.
გერმანიასთან ომი დაიწყო წარუმატებლად. ცნობილია და ამას არც ჟუკოვი უარყოფს თავის მოგონებებში, რომ დივიზიების და ტანკების რაოდენობით საბჭოთა კავშირს ომის დაწყების მომენტში ჰქონდა უპირატესობა. მაშ რაში იყო საქმე? მარტო საბჭოთა ჯარების სარდლების დაბალ კვალიფიკაციაში. აქ სტალინი სარდლების შერჩევის საკითხში პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მაგრამ თვითონ სარდლები ხომ პირველ რიგში იყვნენ პასუხისმგებლები? ჟუკოვი მაშინ იყო ფრონტზე მოქმედ არმიაში და ხელმძღვანელობდა ოპერაციებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ე. ი. უკრაინის მიმართულებით. რატომ განიცადა მან ასეთი კატასტროფა, როდესაც სამხედრო ძალის უპირატესობა მის მხარეზე იყო? ჟუკოვი იყო კარგი სარდალი. არც მეტი, არც ნაკლები. ის შორს იყო გენიალობიდან. გარდა ომის პირველი ფაზისა, როდესაც იგი სულმოუთქმელად გამორბოდა, სხვა ფაქტებიც არსებობენ, რომლებიც ადასტურებს ჟუკოვის, როგორც სარდლის შეზღუდულობას. ავიღოთ ბერლინის აღების ოპერაცია. შეტევის დაწყების წინ ჟუკოვმა ფრონტის წინა ხაზთან განალაგა პროჟექტორები, რომლებსაც ვითომ უნდა დაებრმავებინა მოწინააღმდეგე. ეს არის გულუბრყვილო და, ალბათ, სულელური იდეა და ასეთი ოპერაციის შესახებ უარყოფითი აზრი ბერლინის შტურმის მონაწილე გენერალმა ჩუიკოვმაც გამოთქვა. რაც მთავარია, გერმანელებს თურმე შეტევის წინ უკან დაუხევიათ და მათი მთავარი ძალები განლაგებული იყო 20 კილომეტრის მანძილზე იქედან, სადაც პროჟექტორები ანათებდნენ, კერძოდ, ქ. ზველოვის სიმაღლეებზე. ფრონტის სარდალს უნდა სცოდნოდა ეს ამბავი. ბერლინის აღებას მიაწერენ ჟუკოვს. ეს მთლად ასე არ არის. როგორც მეთაური, მე თვითონ ვარ ამ ბრძოლის მონაწილე და ჩემი ნაცნობი ოფიცრები ჟუკოვის შტაბშიც იყვნენ. მათგან ვიცი, რომ ჟუკოვი ტელეფონის ყურმილს არ მოსცილებია, წვრილმანებზეც კი ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებდა. პირველ ხანებში პირველი უკრაინის ფრონტს ძალიან გაუჭირდა. ეს მაშინ, როდესაც ჟუკოვის განკარგულებაში იყო 11 არმია, 14 ათასი თვითმფრინავი და დაახლოებით ამდენივე ტანკი, აუარებელი საარტილერიო დანადგარი, უპირატესობა გერმანელებთან შედარებით იყო დაახლოებით ერთი ათთან შეფარდებით. მიუხედავად ასეთი უპირატესობისა, შეტევის ტემპი პირველ ხანებში იყო მეტად დაბალი. ამ დროს მარშალმა კონევმა, რომელიც პირველი უკრაინის ფრონტს ხელმძღვანელობდა, წამოიწყო შეტევა ჟუკოვის მარცხენა ფლანგზე. კონევს ფაქტობრივად წინააღმდეგობა არ შეხვედრია, ვინაიდან მთელი ძალები გერმანელებმა ჟუკოვის წინააღმდეგ განალაგეს. კონევი სულ ადვილად მივიდა ბერლინის ცენტრამდე. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა. სტალინმა დაზოგა ჟუკოვის თავმოყვარეობა და უბრძანა კონევს, დაენებებინა ბერლინისათვის თავი და შეტევა განეხორციელებინა ელბის მიმართულებით. მართალია ქ. მოსკოვის დაცვაში ჟუკოვმა დიდი როლი შეასრულა, მაგრამ იქაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ციმბირიდან გადმოსროლამ, რაც სტალინის და არა ჟუკოვის, ბრძანებით მოხდა.
პირველ მსოფლიო ომში პოზიციურმა ომმა განვითარების ზენიტს მიაღწია. მანევრულმა ომმა უფრო მეტი გავრცელება მეორე მსოფლიო ომში მიიღო. არსებითად პოზიციური ომი უფრო თავდაცვითი ღონისძიებაა. მანევრული ომი უმეტესად შეტევის დროს გამოიყენება. არსებობს კიდევ მანევრული თავდაცვითი ომი. ასეთი ომის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგის ძალებს, რომლებმაც გაარღვიეს ფრონტის ხაზი და მიიწევენ წინ სხვადასხვა სტრატეგიული პუნქტების დასაკავებლად, ეწინააღმდეგება მოძრავი სატანკო და მექანიზებული შენაერთები, რომლებიც შემხვედრი ომის ტაქტიკას იყენებენ და ცდილობდენ ზურგში შეჭრილი შენაერთების ლიკვიდირებას. ამ დროს ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობს წინანდელი გაგებით ფრონტის ხაზი და ზურგი. მოწინააღმდეგეების შენაერთები თუ შეიძლება ითქვას, დასდევენ ერთმანეთს და ცდილობენ მტრის მოსპობას. ინგლისელები ასეთ ომს ეძახიან Dog fight და ფართოდ იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომში
მხოლოდ ჰაერში. ხმელეთზე ასეთი ტაქტიკის გამოყენება უნდოდა გენერალ გუდერიანს, მაგრამ ჰიტლერმა არ მისცა ამის ნება. მსგავსი ტაქტიკის გამოყენების დროს მთავარია შენაერთების გადაადგილების სიჩქარე და იმის უნარი, რომ მოცემულ მომენტში და მოცემულ ადგილას მიღწეულ იქნეს რიცხობრივი და მატერიალური უპირატესობა. სხვათაშორის, ამას სამოქალაქო ომის დროს აკეთებდა მახნო, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრიმიტიულ დონეზე.
მომავალში თუ გამოყენებული იქნა ატომური იარაღი და ავიაცია, რომელიც ცხადია, გამოყენებული იქნება ფართო მასშტაბით, ომს ექნება სხვა ხასიათი. დიდ შესძლებლობებს ქმნის ზუსტი დამიზნების იარაღი და, აგრეთვე, ტანკები. ამ ბოლო დროს საქართველოს პრესაში გამოითქმება მოსაზრება, რომ საქართველოს რელიეფის შემთხვევაში ტანკების გამოყენება არ არის საჭირო და ის უნდა შეცვალოს ტანკსაწინააღმდეგო იარაღმა. ჯერ ერთი თუ ეს ასეა, მაშინ ტანკსაწინააღმდეგო იარაღიც არ არის საჭირო, ვინაიდან, თუ ჩვენ მთაგორიან პროფილის გამო ვერ გამოვიყენებთ ტანკებს, მაშინ ვერც მოწინააღმდეგე გამოიყენებს მათ და თუ მოწინააღმდეგე იყენებს ტანკებს და ამისათვის ჩვენ ვემზადებით და ვქმნით ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, მაშინ ჩვენ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე სახმელეთო ომების ძირითადი იარაღი? მეორეც, მთაგორიანი პროფილი მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაშია და ამის გამო არავის არ უთქვამს უარი ტანკების გამოყენებაზე, პირიქით, პერმანენტულად ხდება ამ სახის იარაღის სრულყოფა. ასე, რომ მოსაზრება, რომ საქართველოს არ სჭირდება ტანკები, რბილად რომ ვთქვათ, ვერ უძლებს კრიტიკას. დაახლოებით ანალოგიური მოსაზრება გამოითქვა თვითმფრინავების გამოყენების შესახებ, რომ ვითომ ჩვენს შემთხვევაში საჭიროა ვერტმფრენები და არა თვითმფრინავები.
არც ეს მოსაზრება არის სწორი და ამ ორივე მოსაზრების გაზიარება და, მით უმეტეს, რეალიზება კატასტროფული იქნება საქართველოსათვის.
ავიაციის ფართომასშტაბიან გამოყენებაზე პირველად მიუთითა გენერალმა დუემ. ის თვლიდა, რომ ავიაციას შეუძლია ომში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ეს მოსაზრება გამოითქვა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. დუეს მოსაზრება რევოლუციური იყო იმ დროს, ვინაიდან პირველ მსოფლიო ომში ავიაციას მეტად შეზღუდული გამოყენება ჰქონდა. დუე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში, სადაც ბუდიონისა და ვოროშილოვის მოსაზრებები დომინირებდა. რუსები, და არამარტო რუსები, თვლიდნენ, რომ ავიაციას არ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მომავალ ომში და მარტო სახმელეთო ჯარებს აქვთ მნიშვნელობა. მეორე მსოფლიო ომმა დაამტკიცა, ვინ იყო მართალი. ინგლისი გადაარჩინა ავიაციამ. ამერიკა არავითარ შეტევას არ წამოიწყებდა ბრძოლის ველზე, სანამ მოწინააღმდეგის ყველა საცეცხლე წერტილს არ მოსპობდა. რუსები შეტევის დროს ცოცხალი ძალის იმედად იყვნენ, უამრავი მსხვერპლის ხარჯზე ხდებოდა ამა თუ იმ პუნქტის აღება. სტალინს ესმოდა ავიაციის როლი და ამიტომაც კოლოსალურ ღონისძიებებს ატარებდა მძლავრი ავიაციის შესაქმნელად. მიუხედავად ამისა, როგორც სტალინმა, ისე ჰიტლერმა დაუშვეს დიდი შეცდომა, რომ არ შექმნეს სტრატეგიული ავიაცია. ის შენაერთები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში ეძახდნენ შორეული მოქმედების ავიაციას, სინამდვილეში არ იყვნენ ასეთები. საბჭოთა ბომბდამშენების მოქმედების რადიუსი შედარებით მცირე იყო და ტვირთმზიდობაც ასევე უმნიშვნელო. საბჭოთა თვითმფრინავები ამ მხრივ ვერ შეედრებოდნენ B-29 ტიპის ამერიკულ ბომბდამშენებს. არ არის საკმარისი სამხედრო საქმიანობაში სწორი გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა დაისახოს და შემდეგ უზრუნველყოფილი იყოს ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარება. ასე მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიამ ფრანგებს და ინგლისელებს შეუტია როტერდამის მიმართულებით. გერმანიის მხედართმთავრობა დარწმუნებული იყო, რომ ფრანგები მთელი ძალებით უპასუხებდნენ, რათა ლიკვიდირებული ყოფილიყო გერმანელების აღნიშნული გარღვევა. ამას ელოდნენ გერმანელები და როდესაც საფრანგეთის შენაერთები დაიძრნენ შემოჭრილი გერმანელების გასანადგურებლად გერმანელებმა გენერალ ლეების ხელმძღვანელობით განახორციელეს გარღვევა უფრო მარცხნივ, კალეს, ბულონის და აბვილის მიმართულებით. ამის შედეგად საფრანგეთის შეიარაღებული ძალები თითქმის მთლიანად და ინგლისის საექსპედიციო კორპუსი მოექცნენ ალყაში. ასეთი გეგმა შედგენილი იყო ცნობილი გერმანელი გენერლის მანშტენის მიერ. დავანებოთ თავი იმას, ჰქონდათ თუ არა ფრანგებს, ინგლისელებს და ბელგიელებს შესაძლებლობა არ მოხვედრილიყვნენ დაგებულ ხაფანგში. ჩვენ გვინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ წარმატების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა მარტო მაშინ, თუ ყველა შენაერთის მომარაგება თავის დროზე განხორციელდებოდა საწვავით, სურსათით, ტყვია-წამლით, კავშირგაბმულობის საშუალებებით და სხვა ღონისძიებებით. თუ ეს ყველაფერი არ გაკეთდებოდა, ვერ შესრულდებოდა სტრატეგიული გეგმაც. მაშასადამე, მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად ჩასატარებელი ოპერაციების დასახვა და განხორციელება აუცილებელია გადაწყვეტილების განხორციელებისათვის. იგივე უნდა ითქვას სხვა ნებისმიერი ოპერაციის განხორციელების დროს ნებისმიერ ფრონტზე და ნებისმიერ არმიაში. გადაწყვეტილების რეალიზაციის პრობლემა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გადაწყვეტილების ხარისხი. არანაირი კარგი გადაწყვეტილება თავისთავად არაფერია, თუ ის პრაქტიკულად არ იქნა განხორციელებული. მეორე მხრივ კარგი და კარგად განხორციელებული ღონისძიება ასევე უშედეგო იქნება, თუ გადაწყვეტილება არ ვარგა. 1942 წელს ინგლისელებმა ლიბიაში მოუგეს გერმანელებს არა იმიტომ, რომ ინგლისელების მხედართმთავარი უფრო უკეთესი იყო, ვიდრე გენერალი რომელი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მომარაგების ხარჯზე. ინგლისელებმა თავის ჯარებს ჩაუტანეს 500000 ტონა ტვირთი, გერმანელებმა მხოლოდ 13000, ტანკები ინგლისელებს ჰყავდათ 700, გერმანელებს – 200. იგივე მდგომარეობა იყო არტილერიის დანადგარების მხრივ. გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის, სტალინგრადის ბრძოლის დროს რუსებმა შეტევისათვის თავი მოუყარეს 1 მილიონზე მეტ ჯარს, მაშინ როდესაც გერმანიის მხარეზე იყო 500000 კაცი. რუსებს ჰყავდათ 900 ტანკი, გერმანელებს გაცილებით ნაკლები.
Комментариев нет:
Отправить комментарий