среда, 23 мая 2018 г.

აბოს წამება (იოანე საბანისძე)

წამება წმინდა მოწამე აბოსი
წინათქმა
[წიგნი სამოელ კათალიკოსისა იოვანეს მიმართ საბანის ძისა]
მე, სამოელ ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზი, უფალსა იოვანეს საბანისძესა, სულიერად შვილსა წმიდისა კათოლიკე (ე.ი. მსოფლიო) ეკლესიისასა და საყვარელსა ჩვენსა, ლოცვით უფლისა მიერ მოგიკითხავ! მშვიდობა იყავნ შენ ზედა და ყოველთა სახლისა შენისა კრებულთა ქრისტეს მიერ! ჩვენ თვით უწყით წადიერება შენი ღმრთისმსახურებისათვის და ღმრთივმიმადლებული შენი მეცნიერება საღმრთოთა წიგნთა და გულსმოდგინება შენი კეთილთა საქმეთა მოღვაწებისათვის. შენ თვით უწყი სანატრელისა ამის ახლისა მოწამისა ჰაბოსი, რომელიც დღეთა ამათ შინა იმარტვილა მეოხად ქრისტეს მიმართ ჩვენდა და ყოვლისა ამის სოფლისა ჩვენისა ქართლისათვის.
მნებავს, რათა დაიწეროს სანატრელისა ამისცა მარტვილობა, ვითარცა პირველთა მათ ქრისტეს მოწამეთა, და დაიდვას იგიცა წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა შინა მოსახსენებელად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩვენსა. ამისთვისცა მოვავლინო წიგნი ესე ჩემი ხელითა ხსართან მღვდელისა ჩემისათა. აწ მიიღე წიგნი ესე ჩემი და ლოცვა ჩემი და ჯვარისა დაწერა ხელითა ჩემითა და შეწევნითა ღმრთისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა და წმიდათა მოციქულთა და მოწამეთათა ხელ-ყავ გამოთქმად სრულიად ჭეშმარიტად, ვითარ იყო და ვითარ შენ თვით უწყი, და აღწერე მარტვილობა წმიდისა მოწამისა ჰაბოსი და აღწერილი ჩვენ მოგვიძღვანე, რაჲთა უმეტეს ლოცვა-ვყოთ შენთვის. მადლი უფლისა იყავნ შენ ზედა, ამენ!
პასუხი წიგნისა იოვანეს მიერ
მარადის საწადელი და თავყვანისსაცემელი ბრძანება ღმრთივპატიოსნისა მამფლისა და უფლისა ჩემისა მოვიღე ხელითა სიწმიდისმოყვარისა ხსართან მღვდელისათა, რომლისათვისცა აღპყრობითა ხელთა ჩემთაჲთა მადლი შეწირა უღირსებამან ჩემმან ყოვლად ძლიერისა და ქველისმოქმედისა ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა, რომელმან არა დავიწყებულ-ყო სიმდაბლე ესე ჩემი ღმრთისა შემწყნარებელთა წმიდათა ლოცვათა თქვენთა, რომელთაცა-ესე ღირს-ვიქმენ მე მიმთხვევად; და უფროსღა ვაქებ და ვაკურთხევ მე მოწყალებასა ღმრთისასა, რომელმან დაჰნერგა გულსა მამფლისასა ესევითარისა ამის ბრძანებად, რომელი სარგებელ და ნაყოფ სულისა და სიქადულ და სიხარულ ხორცთა მექმნების მე საუკუნოდ მიმართ და სოფელსა ამასცა. აწ რაი-მე მოვახსენო უფლებასა თქვენსა? მძიმე არს ჩემდა ორკერძოვე. უკუეთუ ურჩ ვექმნე ბრძანებასა თქვენსა, წერილ არს: „შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცესო“(იგავ. 13.1), და თუ ვისწრაფო მორჩილებად, მისთვისცა იტყვის: „უღრმესსა შენსა ნუ გამოეძიებ და უძლიერესსა შენსა ნუ გამოიკითხავო“(ზირ. 3.22). ამისთვის შიშმან და ზრუნვამან შემიპყრა მე, და შეაშფოთა გონება ჩემი და დავეცი და მოვაკლდი მეცნიერებისაგან. არამედ უმჯობესად შევჰრაცხე მორჩილყოფად თავი ჩემი ბრძანებასა უფლისა ჩემისასა, რომლითა კვლავ განვძლიერდი და აღვიმართე ღმრთისსათნოთა წმიდითა ლოცვითა თქვენითა და მარადის ძღვნისმიმპყრობელისა ღმრთისა მარჯვენისა თქვენისა ჯვარისა დაწერითა ჩემ უღირსსა ზედა, და რამეთუ ვისწავეცა ბრძენთმთავრისა მის სოლომონის მიერ თქმული: ჰბაძევ ჯინჭველსა, მედგარო, და იქმენ მუშაკ მსგავს მისა“ (იგავ. 6.6-9). რადგან მან თვისსა უდიდესსა მარცვალსა მას იფქლისასა შებმა-უყვის გულსმოდგინედ, ვიდრემდის აღიღის და წარიღის საზრდელად თვისა, მეცა გულსმოდგინე ვიქმენ უძლიერესსა ჩემსა აღებად და წადიერება გულისა ჩემისა აღავსო უფალმან.
და აღვწერე უღირსისაგან გონებისა ჩემისა შემოკლებული მარტვილობა, ჭეშმარიტი და უტყუელი, წმიდისა მოწამისა, მადლითა და მეოხებითა მისითა, და მოგიძღვანე უფალსა ჩემსა, რომლისათვის კვლავ ვითხოვ ვედრებით: სათნო-ყავნ უფალმან გულსა თქვენსა და გულსა ყოვლისა ქრისტესმოყვარისა ერისა მორწმუნისასა, რომელნი აღმოიკითხვიდენ, რათა ზიარ ლოცვათა თქვენთა იქმნეს კვლავ და მერეცა უღირსება ჩემი.
თვესა იანვარსა: (7):
წამება წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა ჰაბოსი, რომელიც იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ხელითა სარკინოზთათა, გამოთქმული იოვანე ძისა საბანისი ბრძანებითა ქრისტეს მიერ სამოელ ქართლისა კათალიკოზისათა
პირველი თავი: ღმრთისმსახურთა და მარტვილთმოყვარეთა კრებულისათვის თხრობა და უწყება [და] მოძღვრება და ახლისა ამის მოწამისა ჰაბოს ხსენება.
მეორე თავი: ქართლად შემოსლვა და ნათლისღება წმიდისა და ნეტარისა ჰაბოსი.
მესამე თავი: მარტვილობა წმიდისა ჰაბოსი.
მეოთხე თავი: ქება სანატრელისა მოწამისა ჰაბოსი.
პირველი თავი
ღმრთისმსახურთა შეკრებულთა მათ უწყება და მარტვილთმოყვარეთა მათ სწავლა და ახლისა ამის მოწამისა მოხსენება წმიდისა ჰაბოსი
საყვარელნო მამისანო და მეგობარნო და მონანო ქრისტეს, ძისა ღმრთისანო, და სამკვიდრებელნო სულისა წმიდისანო! გხედავ თქვენ, ვითარცა ღმრთივცნობილთა და ღმრთისმცნობელთა, ამისთვისცა გარქვი თქვენ მონად და მეგობრად ქრისტესა, არამედ მონად ამისთვის, რამეთუპატიოსნითა სისხლითამისითასყიდულ ხართთქვენ (I კორ. 6.20), ხოლო მეგობრად ამისთვის, რამეთუ მისნი შექმნილნი ვართ და მისნი დაბადებულნი და სიყვარულითა მისითა ნათელ-გვიღებიეს.
აწ გლოცავ თქვენ ქრისტეს მიმართ, სურვიელითა გულითა მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქვენნი და უფროსღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქვენისანი განმარტენით სმენად და მასპინძელ-ექმნენით სიტყვათა ამათ ჩემთა, რამეთუ ქრისტესთვის არიან და სანატრელთა ამისთა მოწამეთათვის. შეიწყნარეთ კარავსა გვამისა თქვენისასა და სავანე განუმზადეთ, რამეთუ უფალსა ჰნებავს დამკვიდრებად ასოთა შინა თქვენთა, ვითარცა თქვა წმიდამან მოციქულმან პავლე, მოძღვარმან ეკლესიათამან, ვითარმედ: „ტაძარნი ხართ ღმრთისანი და სული წმიდა დამკვიდრებულ არს თქვენ შორის“(I კორ. 3.16); და უფალი იტყვის წინასწარმეტყველისა მიერ: „მე მოვიდე და დავემკვიდრო თქვენ შორის“(ზაქარ. 2.10), და წმიდასა სახარებასა იტყვის, ვითარმედ: „სასუფეველი ღმრთისა გულთა შინა თქვენთა არს“(ლკ. 17.21).
ამისთვის, საყვარელნო, ნუ გეწყინებინ სმენად სიტყვათა ამათ, რათა არა ცუდად დავშურეთ: მე სიტყვითა და თქვენ სმენითა, – რათა ერთობით მოგვცეს ჩვენ უფალმან სასყიდელი შრომათა ჩვენთა.
და არათუ ჩემდა ხოლო მარტოსა საძიებელ არს სმენად საწადელი ესე მარტვილობა წმიდისა ამის მოწამისა, არამედ ყოველთა ჯერ-არს თქვენდა დაკვირვებად ჩემ თანა, რომელნი-ესე შემოკრებულსა ამას ჟამსა მეშვიდესა დარსა ზედა ჰსდგათ, რომლისა ჟამისათვის უფალი იტყვის, ვითარმედ: „მრავალნი სცთებოდიან და მრავალთა აცთუნებდენ“(მთ. 24.5.11), და მოციქული პავლე მიჰსწერს ტიმოთესა, ვითარმედ: „მოვალს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღვრებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულისთქმისაებრ თვისისა თავით თვისით შეიკრებდენ მოძღვრებასა ქავილითა ყურთათა და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი მათნი გარემიაქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ“(II ტიმ. 4.3-4), რომელიცა-ესე აწ ჟამსა ამას აღესრულების ჩვენ შორის. რამეთუ რომელნი-ესე ვართ ყურესა ამას ქვეყანისასა, სასტიკებისაგან და სივერაგისა, მანქანებითა მით საცთურებისათა ზედამდგომელთა ამათ ჩვენთა, მფლობელთა ამის ჟამისათა, ზაკულებითა მოძღვრებისათა თვით თავით თვისით შჯულისდებისათა, განდგომილთა ქრისტესგან მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სიმართლისა, და ჭეშმარიტებასა ქრისტეს სახარებისასა შეეცოდნეს, რომელნი ხუთასის წლისა ჟამთა და უწინარესღა შჯულდებულ ყოფილ არიან წმიდითა მადლითა ნათლისღებისათა. იმიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს, რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით და რომელნიმე მზაკვარებით. და სხვანი, რომელნი-ესე ვართ-ღა მორწმუნენი, მძლავრებასა ქვეშე დამონებულ[ნი] და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქვეშე მათსა გვემულნი და ქენჯნილნი, ძვირ-ძვირად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი, ქარისაგან ძლიერისა აღძრულნი. არამედ ქრისტეს სიყვარულითა და შიშითა, ჩვეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა არა განეშოვრებიან მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა.
ესევითარსა შინა ჟამსა გამოჩნდა ახოვნად წმიდა ესე მოწამე; არათუ პირველითგანვე ჩვენგანი იყო, არამედ უმეცარი სარწმუნოებისაგან ჩვენისა, უცხო უცხოთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა, შეემეცნა (ე. ი. ცნობიერად შეეთვისა, გონებით შეესაკუთრა), რომლისათვის დღეს კვლავ ახალმან ამან დღესასწაულმან და კრებამან წმიდისა და ახლისა მოწამისამან გვირგვინოსან-ყო ეკლესია, და ყოველი კრებული ქრისტეანეთა ერთბამად განანათლა; ყოველნივე პირნი ღირს-იქმნნეს ამას დღესა გარდამატებულისა მადლისა შეწირვად ქრისტეს მიმართ, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩვენისა. რამეთუ გაორმაგდა დღესასწაული ესე ღმრთისგამოცხადებისა (6, ახ. სტილით 19 იანვარი) და მადლმან ღმრთისა მამისამან გამოჩინებითა მით ჩვენდა საყვარელისა ძისა თვისისათა და გარდამოსლვითა სულისა წმიდისა მისისათა სარწმუნოებითა შეთხზული იგი გვირგვინი მარტვილთა თვისთა დადგა თავსა ეკლესიასასა, რომლისაგანცა სიმრავლე იგი დღესასწაულთა, ვითარცა გვირგვინი, გარემოადგს, და ღმრთისმოყვარეთა მათ ჩვეულება აქვს მარადის შემოკრებად მას შინა საღმრთოსათვის დიდებისა. რამეთუ ერთად შეკრებითა მით მათითა მრავალი ღმრთისმსახურება აჩვენიან, არათუ ცუდთა განცხრომათა და ჭამადთა ნაყროვნებისა უძღებება შორის მათსა იპოვის არამედ ყოველთა წილ საჭმელთა გემოვანთა ძალი იგი საღმრთოთა სიტყვათა ტკბილად გამოვალნ პირით, რამეთუ სიტყუა იგი წინაწარმეტყველისა ოხრინ შორის მათსა, ვითარმედ: „ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი შენნი, უფალო, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა“(ფს. 118.103), რამეთუ შეკრებასა მას ჭამადთასა განძღებაცა აქვს, ხოლო ღმრთისა სიტყვათა ხსენებასა არა აქვს განძღება ღმრთისმოყვარეთა სულთა და კვლავ „წმიდათა მათ მარტვილთა ხსენებითა ვინმემცა განძღა მარტვილთმოყვარე“? და ერთგულებაცა აქვს უფლისა მიმართ, რამეთუ ეტყვის უფალი წმიდათა მისთა: „რომელმან თქვენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარა“(მთ. 10.40). ამისთვის უფროს გულსმოდგინედ საღმრთოთა მათთვის არს შეკრება იგი მათი: იქ შუვა-წარმოიხვნიან სიტყვანი იგი ცხოვრებისანი, იქ სამებისა წმიდისა იგი სარწმუნოება აღორძნდებინ, იქ სწავლანი იგი სიტკბოებისანი, მოძღვრებანი იგი მადლისანი, მამათმთავართა იგი მშვენიერება, წინაწარმეტყველთა იგი დიდება, მოციქულთა ქადაგებანი, მოწამეთა მათ მოღვაწება, ქრისტესი იგი თავსდება ჩვენთვის – ვნება, რამეთუ სიმტკიცე და სიხარულ ექმნის ჭაბუკთა მოთხრობითა მით სიმხნე იგი ქრისტეს მოღვაწეთა და სიქადულ და მხიარულება მოხუცებულთა ხსენება იგი ღვაწლისა მის მარტვილთასა, და საწადელ და სასურველ მღვდელთა და ყრმათა მათ, მოწაფეთა და შვილთა ეკლესიასათა კრება იგი დღესასწაულისა მის წმიდათასა და ემსგავსნიან შორის ეკლესიასა ხმანი იგი მათნი ანგელოზთა მათ გალობისა შემსხმელთა და სული წმიდა იხარებნ შორის მათსა თავყვანისცემული, და მამა იდიდებინ და კაცთმოყვარება იგი და ქველისმოქმედება ძის იქადაგებინ. რამეთუ ყოვლისა-მპყრობელმან ღმერთმან და დიდად-უხვმან უფალმან, რომელმან არა უგულებელს-ყო ურვა კაცთა და სიყვარულისათვის კაცთასა ქალწულისაგან წმიდისა ხორცნი შეიმოსა და წმიდითა მით ხორცითა მისითა სამოთხით გამოვრდომილსა მას კაცსა, დაცემულსა, ზეცად აღუწოდა და მიუწდომელსა მას საიდუმლოსა ღირს-ყო (რომელი-იგი არა იყო, და დაადგრა, რომელი-იგი იყო, – დიდება მაცხოვრისა ჩვენისა) იესუ ქრისტესსა მას დამდაბლებასა ჩვენთვის, რამეთუ დამდაბლდა და გვიხსნნა ჩვენ, აღმაღლდა ზეცად, ვინაცა გარდამოხდა, და მიწისაგანი ესე კაცება თანააღიყვანა და მარჯვენით მამისა მჯდომარე არს, რომელი-იგი საკვირველად განგებულებით შეიერთა ღმრთეებამან, რომელიცა-იგი ორითავე მით სახითა, ერთი ძე, ღმრთად და კაცად გარეშე განყოფათა, იქადაგების იგივე „სახელით ენმანუელ – ჩვენ თანა ღმერთი“ (შდრ. მთ. 1.23) და კაცი, რაჲთა „სახელისა მიმართ მისისა ყოველი მუხლი მოდრკეს, ზეცისათანი და ქვეყანისათანი და ქვესკნელთანი, და ყოველმან ენამან მან აღუაროს“ სახელსა მისსა (შდრ. ფილიპ. 2.10-11), რამეთუ საშინელ და წმიდა და ყოვლადძლიერ და საკვირველ და უფალ და ყოვლისამპყრობელ არს სახელი მისი; ვერ შემძლებელ ვართ ჩვენ მიწდომად სიმდიდრესა მას სახელისა მისისასა, არამედ უძლურებისაებრ ჩემისა და გულსმოდგინებისა თქვენისა ვიწყო თხრობად თქვენდა, საყვარელნო: კარ, გზა, ტარიგ, მწყემს, ლოდ, მარგალიტ, ყვავილ, ანგელოზ, კაც, ღმერთ, ნათელ, ქვეყანა, მარილ, მატლ, მარცვალ მდოგვის, მზე სიმართლის, ძე მამის უკუდავის და ერთ ღმერთ გარდაუქცეველ და განუქარვებელ და უცვალებელ, რამეთუ უქცეველ და განუქარვებელ არს შემდგომად ხორცთშესხმისა და შეერთებისა ღმრთეებისა იგი ბუნება, რომლისათვის უკუეთუ შემძლებელ – ვიქმნე თითოეულისა ამის სახელისდებისათვის ჭეშმარიტი უწყებად თქვენდა, თუმცა კი მადლითავე მისითა გაუწყო თქვენ, ქრისტესმოყვარეთა.
„კარი“ ეწოდა რამეთუ თქვა: „მე ვარ კარი ცხვართა“ (ი. 10.7), რამეთუ ჭეშმარიტად მორწმუნენი მისნი მის გამო, ვითარცა კარსა მას სასუფევლისასა, შევალთ.
„გზა“ ეწოდა, რამეთუ თქვა, ვითარმედ: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება“, (ი. 14.6) რამეთუ ზეცად აღმავალთა გვექმნების ჩვენ გზა.
„ტარიგი“ ეწოდა, „რამეთუ ჩვენთვის დაიკლა“, (I კორ. 5.7) და მარადის ცხოველ არს და ხორცთა და სისხლთა მისთა ჩვენდა განყოფითა ცხოვრებასა საუკუნესა მოგვანიჭებს.
„მწყემსი“ ეწოდა, რამეთუ თქვა: „მე ვარ მწყემსი კეთილი“ (ი. 10.14). ჭეშმარიტად, რამეთუ ცხვარნი შეცთომილნი მოგვაქცია და მტერი იგი ჩვენი ლომი არგნითა მით ჯვარისათა მოკლა და მისგან დახსნილი იგი გვუამი პირველშექმნილისა მის ძალითა ღმრთეებისა თვისისათა კვლავ განაცოცხლა და ნაკბენი გესლეანისა მის მგლისა წყლულებითა თვისითა განკურნა და გესლი იგი მომაკვდინებელი წამლითა მით ღმრთეებისა თვისისათა განაქარვა და აღასრულა სიტყვა იგი წინაწარმეტყუველისა მიერ თქმული, ვითარმედ: „იწყლა იგი ცოდვათა ჩვენთათვის და წყლულებითა მისითა ჩვენ განვიკურნენით“ (ეს. 53.5).
„ლოდი საკიდური“ ეწოდა წინაწარმეტყველისა მიერ (ფს. 117.22), რამეთუ ესე არს, რომელი-იგი შეურაცხ და განგდებულ იქმნა მღვდელთმოძღვართა მათგან და მწიგნობართა, ნათესავისაგან ჰურიათასა იერუსალემს, არამედ ესე თავ ყოველთა ცისკიდეთა იქმნა.
„მარგალიტი“ ეწოდა (შდრ. მთ. 13.45-46), რამეთუ იგი, ვითარცა მარგალიტი შორის ორთა მათ ფიცართა, სულისა და ხორცთა, ღმრთეებით გამობრწყინდების, რომელსა ღმრთისმოყვარენი იგი ვაჭარნი სასუფეველისანი, ვითარცა ღმერთსა არა შიშველსა და კაცსა არა ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა და კაცსა, სარწმუნოებითა ეძიებენ და მოიყიდიან მხოლოსა მას მრავალსასყიდლისასა ყოვლისა საფასისა წარგებითა და სისხლთა თვისთაცა დათხევითა.
„მარილი“ ეწოდა, რამეთუ ცოდვითა განრყვნილთა ამათ ხორცთა ჩვენთა მოგვეახლა და სიმყრალე იგი კერპთმსახურებისა განგვაშოვრა და სულნი ჩვენნი სარწმუნოვებითა ღმრთისმსახურებისათა სულნელად შეჰზავნა.
„ყვავილი“ ეწოდა, რამეთუ ძირისაგან იესესისა ყვავილად აღმოსცენდა (ეს. 11.1) ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან ხორციელად, ხოლო სულნელებითა მით ღმრთეებისათა სული იგი მადლისა მოჰფინა ჩვენ ზედა.
„ანგელოზი“ ეწოდა, რამეთუ ერქმის მას წინაწარმეტყველისა მიერ „დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკვირველი“ (ფს. 9.6), რომელი მამისა მიერ ჩვენდა მხსნელად მოივლინა.
„კაცი“ ეწოდა, რამეთუ თქვა წინაწარმეტყველმან: „კაც არს და ვინ იცნას იგი“ (იერ. 17.9). ჭეშმარიტად სრული კაცება შეიმოსა, გარეშე ცოდვისა, და ღმრთეება თვისი ჩვენ გამოგვიცხადა.
„ღმერთი“ ეწოდა, ვითარცა თქვა ნეტარმან იოვანე მახარებელმან, ვითარმედ: „ღმერთ იყო სიტყვა იგი და ყოველივე მის მიერ შეიქმნა, რომელი რა იქმნა“ (ი. 1.3).
„ნათელი“ ეწოდა მის მიერვე, რამეთუ თქვა: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (ი.1.9).
„ქვეყანა“ ეწოდა, ვითარცა თქვა დავით: „ქვეყანამან გამოსცა ნაყოფი თვისი, მაკურთხენ ჩვენ, ღმერთო, ღმერთო ჩვენო!“ (ფს. 66.7) ჭეშმარიტად ქვეყანისა დამბადებელი იგი ქვეყანად მოვიდა და ქვეყანით მიწისაგან შექმნილთა მათგან მიწისა ბუნებისა იგი ხორცი, ვითარცა მშვენიერი ჯეჯილი, აღმოსცენდა ქვეყანით და ნაყოფად გამოიხუნა წმიდანი თვისნი მოციქულნი და მოწამენი და მართალნი, და დაწყეული იგი ქვეყანა ნაყოფითა  კურთხევისათა აღავსო.
„მარცვალი მდოგვისა“ ეწოდა, რამეთუ დაიკნინებს თავსა თვისსა და მოგვემსგავსების ჰასაკსა ჩვენსა, რათა ურნატსა სულისა ჩვენისასა დაენერგოს და ღრმად ძირნი დაიბნეს და რტოთა მათ ზედა ჯვარისა მისისათა შეგვკრიბნეს და აღმაღლდეს და ჩვენ აღგვამაღლნეს მისთანა.
„მატლი“ ეწოდა, რამეთუ თქვა: „მატლი ვარ და არა კაცი“ (ფს. 21.7) გამობრწყინვებითა ღმრთეებისათა, ვითარცა სამჭედური მატლსა შინა, ეგრეთ ხორცთა შინა თვისთა დაფარა ღმრთეება იგი თვისი და უფსკრულთა ამის სოფლისათა შთააგდო და აღმოიქვა, ვითარცა კეთილმან მეთევზურმან, რომლისათვისცა იტყვის: „შეიპყრას ვეშაპი იგი სამჭედურითა და განიღო დანდალი ყბასა მისსა და ხრატუკი ცხვირსა მისსა“ (შდრ. იობ. 40.20-21), ესე იგი არს ეშმაკი, რომელ შეიპყრა, და შემუსრა მანქანებანი მისნი, რომლისათვის წამებს მეფსალმუნე დავით: „შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპისა მის“ (ფს. 73.13-14).
„მზე სიმართლის“ ეწოდა, რამეთუ თქვა წინაწარმეტყველმან: „და გამოგიბრწყინდეს თქვენ, მოშიშთა სახელისა მისისათა, მზე იგი სიმართლისა, რომელსა აქვს კურნება ქვეშეფრთეთა მისთა“ (მალაქ. 4.2), რამეთუ იგი არს, რომელი ჰფარავს და განატფობს და „არარა არს, რომელი დაეფაროს სიცხესა მისსა“.
ხოლო ესე არათუ რამე თავით თვისით განგიმარტე თქვენ, საყვარელნო და ქრისტესმოყვარენო და სწავლისმოღვაწენო, არამედ წამებითა წიგნთაგან საწინაწარმეტყველოთა და მოციქულთა ქადაგებისაებრ და წმიდათა სახარებათა წერილნი და ნეტართა მამათა მოძღვართა მიერ განსაზღვრებული სარწმუნოება. რამეთუ უეჭველი სარწმუნოვება საუნჯე დიდ არს მორწმუნეთათვის, ესე, მამაო ზეცათაო, ღმერთო და უფალო ცხოვრებისმომცემელო, შენ მიერ მოღებითა მადლისათა, რამეთუ ქრისტეანეთა სარწმუნოვება დიდ მოძღვრება არს, ამით მადლითა თავყვანისგცემენ შენ მართალნი, გაკურთხევენ შენ წმიდანი, აღგიარებენ შენ მარტვილნი და შენთვის დევნილებად ღირს-იქმნებიან, რომელმან ივნე ჩვენთვის, ქრისტე ღმერთო, მოწამე არიან შენდა და შენ გევედრებიან და ცთომასა მას ეშმაკისასა და მსახურთა მისთა მძლავრებასა შეურაცხ-ჰყოფენ, რამეთუ არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოვება ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ – ჩვენცა, შორიელთა ამათ მკვიდრთა, ვითარცა წამებს უფალი და იტყვის: „მოვიდოდიან აღმოსავალით და დასავალით და ინახ-იდგმიდენ წიაღთა აბრაჰამისთა, ისაკისთა და იაკობისთა“ (შდრ. მთ. 8.11).
აჰა ესერა ქართლისაცა მკვიდრთა აქვს სარწმუნოვება და წოდებულ არს დედადწმიდათა, რომელთამე თვით აქა მკვიდრთა და რომელთამე უცხოთა და სხვით მოსულთა ჩვენ შორის ჟამადჟამად, მოწამედ გამოჩინებითა ქრისტე იესუს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მეორე თავი
ქართლად შემოსლვა და ნათლისღება წმიდისა მოწამისა ჰაბოსი
რამეთუ იყო ჟამი, ოდეს ერისმთავარი იგი ქართლისა, სახელით ნერსე, ძე ადარნესე კურაპალატისა და ერის-მთავრისა, მოწოდებულ იქმნა ქვეყანად ბაბილოვნისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთასა ამირა მუმნისა აბდილასგან (აბუ ჯარაფ ალ-მანსური 10 ივნისი 754–6 ოქტომბერი 775), რომელიც იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელიცა-იგი მან აღაშენა. ხოლო შესმენითა ბოროტთა კაცთათა საპყრობილესა შეაგდო მან ნერსე, ერისთავი ქვეყანისა ამის ქართლისა, და პყრობილ იყო იგი იქ ჟამადმდე სამისა წლისა (772–775), ვიდრემდის ნებითა ღმრთისათა მოკვდა აბდილა ამირა მუმნი და დაჯდა მის წილ ძე მისი მაჰდი (ალ-მაჰდი ბი ილაჰი, 6 ოქტომბერი 775–24 ივლ. 785). ხოლო ქველისმოქმედმან ღმერთმან არწმუნა გულსა მაჰდი ამირა მუმნისასა განტევება ნერსესი. და გამოიყვანა იგი მწარისა მისგან საპყრობილისა და განუტევა იგი კვლავ ერისმთავრობით აქა, ქვეყანადვე თვისა.
მნებავს აწ, ქრისტესმოყვარენო, ამიერითგან წმიდისა და სანატრელისა ამის მოწამისა ჰაბოსთვის, რათა გაუწყო, ვითარ ან რაბამ იყო, ან ვინა მოიწია აქა.
ესე ნაშობი იყო აბრამეანი ძეთაგან ისმაელისთა, ტომისაგან სარკინოზთასა, და არათუ უცხოსაგან თესლისა, არცა ხარჭისაგან შობილი, არამედ ყოლადვე არაბიელთა თესლი, მამულად და დედულადცა, რომლისა მამა მისი და დედა მისი და ძმანი და დანი მისნი იყვნეს იქვე ქალაქსა მას შინა ბაღდადს ბაბილოვნისასა. და ესე იყო ყრმა ჭაბუკ, ვითარ ათრვამეტის წლის, გინა უკნინეს აჩვიდმეტის წლის. ამან ინება წამოსლვა თვისი აქა ერისმთავრისა მის ნერსეს თანა და შეეყო იგი მსახურად მისა, რამეთუ იყო იგი ხელოვან, კეთილადშემზავებელ სულნელთა მათ საცხებელთა, და სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთათა, ძეთა ისმაელისთა, ძეთა აბრაჰამისთა, ნაშობთა აგარისთა.
ხოლო ამიერ ჩვენდა სოფლად გამოსლვა იგი მისი არათუ თვით თავით თვისით განიზრახა, არამედ ვითარცა-იგი უფალმან უთხრა ნეტარსა მას აბრაჰამს მასვე ქვეყანასა შინა ქალდეველთასა, ვითარმედ: „გამოვედ ქვეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქვეყანასა მას, რომელი მე გიჩვენო შენ“ (შესაქ. 12.1). ეგრეთვე ესე კვლავ, ნაშობი აბრაჰამისი, არათუ თვისით გონებით, არამედ წამისყოფითა ღმრთისამიერითა იწვია ესეცა და დაუტევა მამა და დედა და ძმანი და დანი და ნათესავნი და მონაგებნი და აგარაკები, ვითარცა-იგი უფალი იტყვის წმიდასა სახარებასა შინა (მთ. 19.29), და წარმოვიდა აქა ნერსეს თანა მგზავრ ქრისტეს სიყვარულისათვის. და რაჟამს მოვიდა იგი ქართლად, ცხონდებოდა იგი ნერსე ერისთვისა თანა. და თვისითა სათნოებითა იქმნა იგი საყვარელ ყოვლისა ერისა და შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრებისა და ზრახვისა ხსნილად.
მაშინ იწყო ზედამიწევნად და სწავლად წმიდათა საღმრთოთა წიგნთა ძველისა და ახლისა შჯულისათა, რამეთუ უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას, და მოვიდის იგი წმიდად ეკლესიად და მარადის ისმენნ წმიდათა სახარებათაგან და საკითხავთა მათ საწინაწარმეტყველოთა და მოციქულთა. და მრავალთაგან შჯულისმეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ, ხოლო რომელთამე რეცა-თუ ცილობით წინააღუდგებინ, არამედ მიზეზ სწავლისა ექმნებინ მას.
და ესეთ სრულ-იქმნა იგი ყოვლითა მოძღვრებითა, რომელიც აქვს წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა ქრისტეს მიერ. მაშინ უდებ-ყო შჯული იგი მაჰმედისი და წესი იგი მამულისა მის ლოცვისა დაუტევა და შეიყვარა ქრისტე ყოვლითა გულითა და გამოირჩია იგი სიტყვითა ამით, ვითარმედ: „მითხრეს მე უშჯულოთა ზრახვა, ხოლო არა ეგრე იყო, ვითარ შჯული შენი“ (ფს. 118.85). არამედ ვერ განიცხადებდა თავსა თვისსა სრულად ქრისტეანედ, ხოლო ფარულად ილოცავნ და იმარხავნ ქრისტეს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა, სადამცა მოიღო ნათელი ქრისტესი, რამეთუ ეშინოდა სოფლისმპყრობელთა ამათ ზედამდგომელთა ჩვენთა სარკინოზთაგან.
და იყო, მათ დღეთა შინა კვლავ იყო განრისხება ხელმწიფეთა მათგან სარკინოზთა ნერსე ერისთვისა ზედა და ივლტოდა იგი (781 წ.), რამეთუ სასტიკად ებრძოდა მას სარკინოზთა ერი; და უფალმან დაიცვა იგი ხელთაგან მათთა, და განვლო მან კარი იგი ოვსეთისა, რომელსა დარიალან ერქმის. და რაჟამს განვიდა იგი, იყო მის თანა ერისაგან მისისა ვითარ სამას ოდენ მამაკაც. და მათ თანავე იყო სანატრელიცა ესე მონა ქრისტესი ჰაბო. ხოლო ნერსე, ლტოლვილი ქვეყანით თვისით, შევიდა ქვეყანასა მას ჩრდილოჲსასა, სადა-იგი არს სადგური და საბანაკე ძეთა მაგოგისთა, რომელ არიან ხაზარნი – კაც ველურ, საშინელ პირითა, მხეცის ბუნება, სისხლისმჭამელ, რომელთა შჯული არა აქვს, გარნა ღმერთი ხოლო შემოქმედი იციან.
და რაჟამს მივიდა ნერსე ერისთავი მეფისა მის ხაზართასა, შეიწყნარა იგი უცხოებისა და სივლტოლისათვის მტერთა მისთასა და ჰსცა მას და ყოველსა ერსა მისსა საზრდელი და სამოსელი.
მაშინ, ვითარცა იხილა ნეტარმან ჰაბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა სარკინოზთასა, იწრაფა მან მიახლებად ქრისტესა და ნათელ-იღო სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისაჲთა ხელითა პატიოსანთა მღვდელთაჲთა, რამეთუ მადლითა სულისა წმიდისაჲთა მრავალ არს ქალაქები და სოფლები ქვეყანასა მას ჩრდილოსასა, რომელნი სარწმუნოვებითა ქრისტესითა ცხონდებიან უზრუნველად.
ამიერითგან უფროსღა სავსე მადლითა ქრისტესითა ნეტარი ჰაბო შეეყო მარხვა სადა ლოცვასა დაუბრკოლებელად.
მაშინ, შემდგომად რამდენისამე ჟამისა, ევედრა ნერსე მეფესა მას ჩრდილოსასა, რათა განუტევოს იგი მიერ ქვეყანად აფხაზეთისა, რამეთუ პირველადვე წარეგზავნნეს დედა და ცოლი და შვილნი და მონაგებნი და ყოველნი სახლისა მისისანი, რამეთუ კრძალულ იყო ქვეყანა იგი შიშისაგან სარკინოზთასა. ხოლო ღმერთმან მოამშვიდა პირი მეფისა მის ჩრდილოსა და განუტევა ნერსე მრავლითა ნიჭითა. და წარემართნენ იგინი სიხარულითა და მადლობითა ღმრთისათა და განვლეს ქვეყანა იგი წარმართთა, რომელთა ყოლადვე არა იციან ღმერთი, და უშიშად დადიოდეს დღე და ღამე სამისა თვისა გზასა ხოლო ნეტარი ჰაბო ეგოდენთა მათ გზათა მგზავრ ილოცვიდა და იმარხვიდა და არა დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა.
და ვითარცა მიიწინეს იგინი ქვეყანად აფხაზეთისა, მთავარმან მის ქვეყანისამან შეიწყნარა ნერსე ყოვლით ერით მისითურთ. და ვითარცა იხილა ნერსე დედოფალი, დედა თვისი, და ცოლი და ძენი თვისნი, სიხარულითა ყოველნივე აკურთხევდეს ღმერთსა ცოცხლებით და მშვიდობით შეკრებისა მათისათვის.
მაშინ, ვითარცა ეუწყა მთავარსა მას აფხაზეთისასა ნეტარისა ჰაბოსთვის, რამეთუ ახალნათელღებულ არს, განიხარა ფრიად ყოვლით ერით მისითურთ; და მოუწოდეს მას მთავარმან მან და ეპისკოპოსმან და მღვდელთა და აკურთხევდეს და ნუგეშს-სცემდეს და უთხრობდეს მას სიტყვათა მათ ცხოვრებისათა და ახარებდეს მას ქრისტესთვის და საუკუნოსა მის ცხოვრებისათვის. ხოლო იგი თავით თვისით მიუგებდა მათ მადლობით სიტყვათა მათ ჭეშმარიტისა სარწმუნოვებისათა, ვიდრემდის უკვირდაცა მათ და ადიდებდეს ღმერთსა. და ნეტარი ჰაბო უფროსღა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქვეყანა იგი სავსე ქრისტეს სარწმუნოვებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკვიდრად იპოვების საზღვართა მათთა. რამეთუ საზღვარ მათდა არს ზღვა იგი პონტოსა, სამკვიდრებელი ყოლადვე ქრისტეანეთა, მისაზღვრადმდე ქალდიასა; ტრაპეზუნტია, იქ არს, საყოფელი იგი აფსარეასა და ნაფსას ნავთსადგური. და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტეს მსახურისა იონთა მეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კოსტანტინეპოვლისასა.
ხოლო წმიდამან და ნეტარმან ჰაბო, ვითარცა იხილა კაცთა მათ მის ადგილისათა გარდამატებული ღმრთისმოყვარება და ლოცვა ყოვლისა მის ერისა დაუცადებელი, შური საღმრთო აიღო, რამეთუ მოიხსენა მან სიტყვა იგი წმიდისა მოციქულისა, ვითარმედ: „კეთილ არს ბაძვა კეთილისათვის მარადის“ (გალ. 4.18), იწყო მანცა დღეთა მათ ზამთრისათა თვესა მას იანვარისასა ათჩვიდმეტსა (782 წ.) მის თვისასა, ხსენებასა წმიდისა მამისა ანტონისსა, აიღო მანცა ფიცხელი იგი შრომა და შორის ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა ზედა, ეწყვებოდა მტერსა მას ეშმაკსა; და დუმილითა და მარხვითა მოაუძლურებდა იგი ხორცთა მათ სიჭაპუკისა თვისისათა, „რათა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა გახურვებულთა დაშრეტად“ (ეფეს. 6.16). მოიხსენა მან მაცხოვრისა ჩვენისა, ვითარ-იგი შემდგომად წმიდისა მის ნათლისღებისა უდაბნოდ გასულმან, მზაკვარსა მას განმცდელსა სძლო ეშმაკსა ლოცვითა მით და მარხვითა მით წმიდითა ორმეოც დღე. ეგრეთვე ნეტარი ესე ჰაბო არცაღა ერთსა რას სიტყვასა იტყოდა კაცთა შორის, გარნა ღმერთსა ხოლო ჰზრახავნ წმიდასა შინა ლოცვასა თვისსა. ესე განვლო სამი თვე და დაადგა მარხვით და დუმილით. ხოლო წმიდათა მათ დღეთა დიდისა მის მარხვისათა, შვიდთა მათ შვიდეულთა, კვირიაკესა და დღესა შაფათსა ხოლო მი-რა-იღის წმიდა იგი საიდუმლო, ხორცი და სისხლი ქრისტესი, მაშინღა ნაკლულევანად მიიღის საზრდელი, ვიდრემდის მიიწია იგი წმიდასა მას დღესა, დიდსა დღესასწაულსა აღვსებასა, აღდგომასა ქრისტეს ღმრთისა ჩვენისასა. მაშინღა დააცადა ფიცხელი იგი მარხვა და გახსნა ენაცა თვისი უტყუებისაგან და ადიდებდა ღმერთსა. ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსესისა ქართლით, წარმოავლინა მაჰდი ამირა მუმნმან ბრძანებითა ღმრთისათა სტეფანოს, ძე გურგენ ერისთავისა, დისწული ნერსესი, ნაცვალად დედისა ძმისა თვისისა ნერსესა, ერისმთავრად ქვეყანასა ამას ქართლისასა. მაშინ მხიარულ-იქმნა ნერსე, რამეთუ უფლება იგი სახლისა მისისა არა განიშოვრა უფალმან. ესეცა წადიერ იქმნა უფროსღა გულსმოდგინედ და წარმოავლინნა მოციქულნი და ითხოვა ხელმწიფეთაგან ამირათა ამის ქვეყანისათა, რათა უშიშ-ყონ იგი ბოროტისაგან და გამოვიდეს ხსნილად ყოვლით ერითურთ მისით. და ვითარცა წარმოემართნეს იგინი ქვეყანით აფხაზეთით, მაშინ ნეტარსა ჰაბოს მიუწოდა მთავარმან მან აფხაზეთისამან და უთხრა მას: „ნუ განხვალ შენ ამიერ ქვეყანით, რამეთუ ქვეყანა იგი ქართლისა სარკინოზთა უპყრიეს და შენ ხარ ბუნებით სარკინოზ, და არა გიტეონ შენ ქრისტეანებით მათ შორის; და მეშინის მე შენთვის, ნუუკვე კვლავ გარდაგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ნეფსით, გინა უნებლებით, და ესოდენი შრომა შენი წარსწყმიდო. ხოლო ნეტარმან მან ჰაბო უთხრა მას: „სადაღა შემიწყნარა მე ქრისტემან და განმაშორა ჩემგან ბნელი იგი პირველისა მის უმეცრებისა ჩემისა და ღირს-მყო მე ნათელსა მას მისსა, არასადა უვარ-ვყო მე სახელი მისი; დაღაცათუ ბევრეული ოქროსა და ვეცხლისა მომცენ მე, გინა თუ ტანჯვითა და გვემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშოვრონ მე სიყვარულსა ქრისტეს უფლისა ჩემისასა. და აწ შენ ნუ დამაყენებ მე, ღმრთისმსახურო, რამეთუ რა მადლ არს ჩემი აქა ყოფა, სადა არა არს შიში, არცა სიკვდილი ქრისტესთვის? აწ გევედრები, განმიტევე მე, რათა ეუწყოს განცხადებულად ქრისტეანობა ჩემი ქრისტესმებრძოლთა მათ, რამეთუ მესმა მე წმიდისაგან სახარებისა თქმული იგი მაცხოვრისა ჩვენისა მიერ, ვითარმედ: „არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქვეშე ხვიმირსა, არამედ ზედა სასანთლესა დადგიან, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა; ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა“ (მთ. 5.15-16). და აწ მე რასათვის დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი, რომლითა განმანათლა მე ქრისტემან? არასადა დავემალო მე შიშისათვის სიკვდილისა, რამეთუ ვისწავე წმიდისა მისგან მოციქულისა, ვითარმედ: „არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ“ (I კორ. 6.9-10); ამისთვის არა მეშინის მე სიკვდილისაგან, რამეთუ მე სასუფეველსა ვეძიებ ქრისტესგან“.
და ესეთ არწმუნა მთავარსა მას და განუტევა. და გამოვიდა იგი ნერსეს თანა ქვეყანად ქართლად და შემოვიდა ქალაქსა ტფილისს და იქცეოდა იგი განცხადებულად ქრისტეანედ. და ვითარცა იხილეს იგი ქრისტეანედ იქ მყოფთა მათ სარკინოზთა, რომელთა იცოდეს იგი პირველად, რომელნიმე ჰყვედრიდეს, რომელნიმე აგინებდეს, რომელნიმე აშინებდეს, რომელნიმე სდევნიდეს, რომელნიმე მშვიდობისა სიტყვითა შეაჯერებდეს, ხოლო იგი განმტკიცებულ იყო ქრისტეს მიმართ და არავისგან შეძრწუნდებოდა, არამედ სამისა წლისა ჟამთა (782–785) იქცეოდა ქალაქსა მას შინა და გარემოს ყოველსა სოფლებსა განცხადებულად ქრისტეანედ, არამედ „ვერვინ მიყვნა ხელნი მის ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულიყო ჟამი მისი“,(ი. 7.10) ხოლო კაცთა ქრისტესმოყვარეთა, რომელთა იცოდეს ღმრთისა მიმართ კეთილი სათნოვება მისი, იღწვიდეს მას საზრდელითა და სამოსლითა.
მესამე თავი
წამება წმიდისა ჰაბოსი
რომელნი ხართ ქრისტეს მოყვარენი და მარტვილთმოყვარენი, მიიღეთ ჩემგან სანატრელი ესე სმენა წმიდისა მოწამისა და ქრისტესმოღვაწისა, რომლითა სიმხნითა და დიდებითა გვირგვინოსან იქმნა ქრისტეს მიერ!
„სუფევასა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, წელიწადსა ვნებითგან და მკვდრეთით აღდგომითგან რვაას ორმეოც და ექვსსა, მეფობასა კოსტანტინეპოლის, ქალაქსა მას დიდსა, ქრისტეანეთა ზედა კოსტანტინესსა (VI 780–797), ძისა ლეონისსა, და სარკინოზთა შორის მეფობასა მოსე ამირა მუმნისასა (აბუ მუჰამად მუსა ალ-ჰადი 24 ივლისი 785–14 სექტემბერი 786), ძისა მაჰდისსა, ქართლს შინა კათალიკოზობასა სამოელისსა, ერისმთავრობასა სტეფანოზისსა, ძისა გურგენისსა, დასაბამითგან გარდასრულთა ექვს ათას სამას ოთხმეოც და ცხრა წელსა (კლიმენტი ალექსანდრიელის დასაბამითგანით, რომელიც უდრის 5624 წელს), თვესა იანვარისასა ექვსსა; დღესა პარასკევსა (=786 წლის 6 იანვარი), განცხადებასა, შევისწავეთ მარტვილობა წმიდისა და ნეტარისა ამის მოწამისა და კეთილად მოღვაწისა ჰაბოსი ქალაქსა ტფილისს“.
ხოლო იყო ესე სახედ:
რამეთუ მცირედ უწინარესრე დღეთა ამათ შეიპყრეს ნეტარი ესე მოწამე ქრისტესი და მიიყვანეს იგი მსაჯულისა მის, რომელიც იყო ამირად ქალაქსა ტფილისს, და ქრისტეს აღსაარებისათვის შეაყენეს იგი საპყრობილესა. ხოლო შემდგომად რაოდენთამე დღეთა გამოითხოვა იგი სტეფანოზ ერისთავმან ქართლისამან, და გამოიყვანა საპყრობილით და განუტევა. და შემდგომად მცირედთა დღეთა კვლავ აღიძრნენ შემასმენელნი წმიდისა ამის მოწამისანი, განრისხებულნი და აღბორგებულნი, სავსენი შურითა ქრისტეანეთათა; შეიზრახნეს შეთქმით ურთიერთას წმიდასა მას ზედა და შევიდეს წინაშე მსაჯულისა, რამეთუ სხვა მსაჯული ამირა შემოსულ იყო ქალაქსა ტფილისს, და უთხრეს მას: „არს ქალაქსა ამას შინა ჭაბუკი ერთი, რომელიც იყო ბუნებით სარკინოზ და გაზრდილ და ცხოვრებულ შჯულითა მით, რომელიც მოგვცა ჩვენ მაჰმედ, მოციქულმან ჩვენმან; და აწ დაუტევებიეს შჯული ესე ჩვენი და იტყვის თავსა თვისსა ქრისტეანედ და უშიშად ვალს ქალაქსა შინა და მრავალთა ასწავლის ჩვენგანთა ქრისტეანე ყოფად. აწ ბრძანე შეპყრობა მისი და შეაგდე იგი ტანჯვასა და გვემასა, ვიდრემდის არა აღიაროს შჯული მაჰმედ მოციქულისა ჩვენისა; უკუეთუ არა, მოკვედინ იგი, რათა არა მობაძავ იქმნენ მისა მრავალნი სიტყვითა მისითა“.
და ამას რა შეასმენდეს, ესმა ვიეთმე ქრისტეანეთა კაცთა და მივიდეს მწრაფლ და უთხრეს ნეტარსა ჰაბოს, ვითარმედ: „აწ ესერა გეძიებენ შენ შეპყრობად და ტანჯვად და გვემად“. და შეაჯერებდეს მას, რათამცა მიჰრიდა და დაემალა. ხოლო მან უთხრა მათ: „მე არა ხოლო თუ ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკვდილისთვისცა“. და გამოვიდა იგი სიხარულით და იქცეოდა შორის უბანთა განცხადებულად.
მაშინ მსახურნი იგი მის მსაჯულისანი შეემთხვიეს და შეიპყრეს ნეტარი ჰაბო და შეიყვანეს იგი წინაშე მსაჯულისა მის.
და უთხრა მას მსაჯულმან მან: „რა არს რომელი-ესე მესმის შენთვის, რამეთუ ხარ შენ ნათესავით და ტომით სარკინოზ და დაგიტევებიეს მამული შჯული და ქრისტეანეთა თანა შეცთომილ ხარ? აწ განემზადე და ილოცე შჯულითა მით, რომლითა განგზარდეს მშობელთა შენთა“. ხოლო ნეტარი ჰაბო განძლიერდა ქრისტეს მიერ და აღივსო სულითა სარწმუნოებისათა და უთხრა მსაჯულსა მას ამირასა: „ეგე კეთილად სთქვი, რამეთუ ვარ მე ბუნებით სარკინოზ, შობილვე მას შინა მამულად და დედულად; განსწავლულ ვიყავ შჯულითა მით მაჰმედისითა და ვცხონდებოდე მას შინა, ვიდრე უმეცრებასა შინა ვიყავ, ხოლო ოდეს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე ძმათა და ნათესავთა შორის ჩემთა და მიხსნა მე იესუ ქრისტეს მიერ, ძისა მისისა და ღმრთისა ჩემისა, და გულისხმა-მიყო მე უმჯობესი იგი კეთილი, მაშინ დაუტევე მე პირველი იგი კაცთა ხელოვნებითა შეთხზული შჯული და ზღაპრობისა სიბრძნითა ღონისძიებული რწმუნება, და აწ შეუდეგ მე ჭეშმარიტსა ქრისტეს მიერ მომადლებულსა სარწმუნოებასა სამებისა წმიდისასა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, და მე ამით ნათელ-მიღებიეს და ამასცა თავყვანის-ვსცემ, რამეთუ ესე არს ღმერთი ჭეშმარიტი, და აწ ქრისტეანე ვარ გარეშე ყოვლისა ცილობისა“.
უთხრა მას მსაჯულმან მან: „დაუტევე სიცოფისა ეგე განზრახვა შენი და უკუეთუ ნაკლულევანებისა შენისათვის შედგომილ ხარ შენ ქრისტეანეთა, მე უფროსღა ნიჭი და პატივი აწვე მიგცე შენ“. უთხრა მას ნეტარმან ჰაბო: „ოქროდა ვეცხლი შენი შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა; მე პატივსა კაცთაგან არა ვეძიებ, რამეთუ მაქვს მე ნიჭი ქრისტესმიერი, გვირგვინი ცხოვრებისა და უხრწნელებისა და პატივი საუკუნო ცათა შინა“.
მაშინ უბრძანა მსაჯულმან მან ხელით და ფეხით შეკრვა მისი ბორკილითა რკინისათა და ეგრეთ ჩააგდეს იგი საპყრობილესა. ხოლო ნეტარსა მას უხაროდა და ჰმადლობდა ღმერთსა და იტყოდა: „გმადლობ შენ, უფალო ღმერთო და მაცხოვარო ჩემო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს-მყავ მე განსაკითხავსა და პყრობილობასა სახელისა შენისათვის წმიდისა“. და იყო ესე თვესა დეკენბერსა ოცდაშვიდსა, დღესა სამშაბათსა (785 წ.), ხსენებასა წმიდისა ქრისტეს მოციქულისა და პირველდიაკონისა და პირველმოწამისა, ერისმთავრისა მის ყოველთა მოწამეთასა, წმიდისა სტეფანესსა. წესვე და შვენიერ ესეთ იყო, რათა იღწვიდეს მისთვის ერისთავი იგი ყოველთა მარტვილთა მისთანათა მათ თანა ყოველთა მოწამეთა, რაჲთა არა დაბრკოლდეს უკუანასკნელიცა ესე მოწამე ქრისტესი თანაშერაცხად ახოვნებასა მას მათსა.
და იყოფოდა ნეტარი ჰაბო საპყრობილესა შინა მარხვითა და ლოცვითა და ფსალმუნებითა დღე და ღამე განუსვენებელად და ჰყოფდა იგი ქველისსაქმესა, რამეთუ გაყიდა მან ყოველი, რაცა ქონდა მას, და ჰზრდიდა იგი მშიერთა და ნაკლულევანთა მის თანა პყრობილთა მათ. ხოლო ცრუმოძღვარნი იგი და შემასმენელნი შევიდოდნენ მისა და ეტყვოდნენ რომელნიმე რეცა სიტყვითა ლიქნისათა: „შვილო, ნუ განიწირავ თავსა შენსა, ნუცა სიჭაბუკესა შენსა განჰვაჭრი ქრისტეანებად და ნუცა ძმათა და ნათესავთა შენთა განეშორები, რათა არა შეამთხვიო ძვირი თავსა შენსა და შეგვაწუხე ჩვენ ყოველნი“. და რომელნიმე მათგანნი აშინებდნენ მას და ეტყოდნენ: „რა სარგებელ გეყოს შენ ქრისტე იგი შენი, ან ვინ გიხსნის შენ ხელთაგან ჩვენთა, რამეთუ ცეცხლი და სატანჯველი აწვე განგვიმზადებია შენთვის, არათუ მოიქცე ჩვენდავე“. ხოლო ნეტარი იგი არა ისმენდა მათსა, არამედ ილოცავდა და უღარღილოდ ფსალმუნებდა გონებითა თვისითა. და შემდგომადღა მრავლისა სიტყვისა მათისა უთხრა მათ: „ჩემდამო რასა იტყოდეთ, რამეთუ მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თვისი, ვიყავ მე, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყვა, რამეთუ მე უფალსა ვესავ“ (ფს. 37.14-16). „განმეშოვრენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი“ (ფს. 118.115). და ვითარცა ვერ შეძრეს მართალი იგი, გამოვიდეს მიერ სირცხვილეულნი.
და იყო ნეტარი ესე საპყრობილესა შინა ცხრა დღე, და დღე ყოველ იმარხავნ და ღამისთევით დაადგრის განთიადმდე. ხოლო დღესა მას მეცხრესა უთხრა ყოველთა მათ მის თანა პყრობილთა ქრისტეანეთა და სხვათაცა, ვითარმედ: „ხვალე განსლვა არს ჩემი ხორცთაგან და მისლვა უფლისა ჩემისა და ღმრთისა იესუ ქრისტეს თანა“. რამეთუ ესე უფალმან გამოუცხადა თვისსა მას მოწამესა. და მაშინ განიძარცვა მან სამოსელი თვისი და გასცა იგი სავაჭროდ, რათა უყიდონ მას სანთელად კერეონები და საკმეველი, და წარჰსცა ყოველთა მათ ეკლესიათა ქალაქისათა, რათა აღანთონ; და მიავლინა ყოველთა მღვდელთა ვედრებით, რათა ლოცვა-ყონ მისთვის, რომლითა არა დაბრკოლდეს სარწმუნოვებისაგან ქრისტესისა და ღირს-იქმნეს მოღვაწებასა მას ქრისტეს მოწამეთასა. ხოლო მან ღამესა მას წმიდისა მის დღესასწაულისასა, ღამისთევასა მოიხუნა ორნი სანთელნი დიდნი ხელითა თვისითა და დადგა იგი შორის საპყრობილესა მას შინა, და დაადგრა მდგომარე ზედა ფეხთა თვისთა, ვიდრე განთიადამდე, ყოლადვე დაუჯდომელად, ვიდრემდის აღასრულნა ფსალმუნნი და სანთელნი იგი დაიწვნენ ხელთა მისთა, რკინითა შეჭედილთა ზედა ქედსა მისსა, რამთუ იტყოდა მდგომარე იგი შეუძრველად, ვითარმედ: „წინასწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა“ (ფს. 15.8), და შემდგომნი სიტყვანი.
და რაჟამს განთენა მეათე იგი დღე დღესასწაულისა მის მაცხოვრისა ნათლისღებისა, რომელიც არს თვესა იანვარსა ექვსსა, იყო დღე იგი პარასკევი. და თქვა ნეტარმან მან: „დიდ არს ჩემდა დღე ესე, რამეთუ ვხედავ ორკერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესსა, რამეთუ დღესასწაულსა ამას ჩახდა მდინარესა მას იორდანისასა გაშიშვლებული ნათლისღებად და სიღრმესა მას შინა წყალთასა დამალულისა მის ვეშაპისა თავები ძალითა ღმრთეებისათა შემუსრა. ჯერ-არს ჩემდაცა დღესა ამას, რათა განვიძარცო შიში ხორცთა ამათ ჩემთა, რომელნი სამოსელ არიან სულისა ჩემისა და ჩავხდე, ვითარცა სიღრმესა წყალთასა, შორის ქალაქსა ამას და ნათელ-ვიღო სისხლითა ჩემითა და ცეცხლითა და სულითა, ვითარცა ქადაგა წინამორბედმან იოვანე, და მერე კვლავ ჩავხდე წყალთაცა და კვლავ განვნათლდე (რამეთუ დღეს გარდამოსლვა არს სულისა წმიდისა ყოველთა ზედა წყალთა, რომლითა ნათელ-იღებენ ქრისტეს მორწმუნენი სახედ იორდანისათა მათ მდინარეთა), და გაშიშვლებითა ხორცთა ჩემთათა მტერისა მის მზაკვარისა მანქანებანი, რომელნი იზრახნა ჩემთვის, განვბასრნე და დავტკებნნე ფეხითა ჩემითა შორის ქალაქსა ამას. და კვლავ დღესა ამას პარასკევსა ვნებითა მით თვისითა უფალმან ჩემმან იესუ ქრისტემან ჯვარსა მას ზედა განპყრობითა ხელთა თვისთათა განაქიქა და თითისსაჩვენებელ ყო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა მტერი იგი ყოვლისა სოფლისა. აწ მეცა თანა-მაც, რათა განუხდე ბრძოლად მტერსა მას ქრისტეანეთასა და ქრისტესთვის დათხევითა სისხლთა ჩემთათა საცინელ და საკიცხელ ვყო იგი ყოველთა ქრისტეანეთა, რამეთუ ჰგონებდა იგი, ვითარმცა შიშითა სიკვდილისათა განმაშორა მე სიყვარულსა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესსა, ხოლო მე საყვედრელ-ვყო განზრახვა იგი მისი და ვჰსძლო მას ქრისტესმიერითა შეწევნითა და ორკერძოვე იგი თანანადები უფლისა ჩემისა გადავიხადო“.
მაშინ მოითხოვა წყალი და განიბანა პირი თვისი და იცხო ზეთი თავსა თვისსა და თქვა: „მაშინ სადამე ვიყავ თვით მენელსაცხებლე, კეთილადშემზავებელ სულნელთა მათ ნელსაცხებელთა, ხოლო ესე საცხებელი დღედ დაფლვისა ჩემისა არს, ამიერითგან არღარა ვიცხო განქარვებადი ესე მწირობისა ჩემისა ზეთი, არამედ ვითარცა „ქებასა შინა ქებათასა“ ბრძენმან სოლომონ მასწავა მე: „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბოდი“ (ქებ. 1.3), ქრისტე, რომელმან აღმავსე მე განუქარვებელითა მით სულნელებითა სარწმუნოებისა და სიყვარულისა შენისათა. იცი შენ, უფალო ჩემო, რამეთუ შეგიყვარე შენ უფროს თავისა ჩემისა!“
და ესე რა თქვა, წარავლინა წმიდად ეკლესიად და მოჰგვარეს მას წმიდა საიდუმლო, ხორცი და სისხლი ქრისტესი. იყო ჟამი იგი მესამე დღისა მის დიდისა დღესასწაულისა, და ვითარცა მიიღო მან ჭეშმარიტი იგი და განმაცხოველებელი საიდუმლო, თქვა: „გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრებისმომნიჭებელი ხორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებელად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევო მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერითგან არღარა მოვიღო მე სხვა საზრდელი, რომლითა კვლავ მშიოდის, და არცა სხვა სასმელი, რომლითა კვლავ მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხორებად საუკუნოდ. აწ „დაღაცათუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკვდილსათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი ჩემ თანა ხარ“.(ფს. 22.4)
და ესე ვითარცა თქვა, მყის მოიწინეს მსახურნი იგი მსაჯულისანი და იჯმნა მან ყოველთა მათგან პყრობილთა ქრისტეანეთა და უთხრა მათ: „ლოცვასა მომიხსენეთ მე, რამეთუ არღარა მიხილოთ მე საწუთროსა ამას სოფელსა!“ და გამოიყვანეს იგი ეგრეთვე ბორკილითა ფეხთა და ხელთათა; და მიჰყვანდა იგი შორის ქალაქსა, და რომელნი ჰხედავდნენ მას ქრისტეანენი და მეცნიერნი მისნი, ცრემლოდნენ მისთვის, ხოლო წმიდამან ჰაბო უთხრა მათ: „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ; ლოცვით წარმგზავნეთ და მშვიდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქვენ!“ ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ-ექმნის მკვდარსა, ეგრე ჰხედავდა თვისსა მას გვამსა. და სულითა თვისითა მოგზაურქმნილი თვით იტყოდა ფსალმუნსა ამას ას და მეათრვამეტესა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნიც ვლენან შჯულსა უფლისასა“ (ფს. 118.1), და საგალობელად მუხლისა მის თქვის შემდგომად სიტყვა იგი ნეტარისა მის ავაზაკისა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლკ. 23.42).
და ესე მიიწია იგი წინაშე კარსა მას მსაჯულისა ამირისასა; და რაჟამს მივიდა, კადნიერად ჯვარი დასწერა კარსა მას და თვითცა დაიბეჭდა, და წარადგინეს იგი წინაშე ამირისა მის, და უთხრა მას მსაჯულმან: „რა არს ჭაპუკო, რა განიზრახე თავისა შენისა, კეთილი ან ბოროტი?“ ხოლო წმიდა მოწამე აღივსო სულითა წმიდითა და უთხრა მას: „მე განვიზრახე და ქრისტეანე ვარ!“ უთხრა მას მსაჯულმან მან: „არღარა დაგიტევებიესა სიცოფე იგი და უგუნურება შენი?“ უთხრა მას ნეტარმან ჰაბო: „უკუეთუმცა უმეცრებასა და უგუნურებასა შინა ვიყავ, არამცა ღირს-ვიქმენ შემდგომად ქრისტესა!“ უთხრა მას მსაჯულმან მან: „არა გიცნობიესა, რამეთუ სიტყვანი ეგე შენნი მომატყუებელ სიკვდილისა გექმნებიან შენ?“ უთხრა მას წმიდამან ჰაბო: „უკუეთუ მოვკვდე, მრწამს მე, რამეთუ ქრისტეს თანა ვცხონდე, ხოლო შენ რასა განაგრძობ? რჲ გეგულების ჩემ ზედა, იქმოდე, რამეთუ მე ვითარცა კედელსა მაგას, რომელსა მიყრდნობილ ხარ, ეგრეთ არა მესმიან ცუდნი ეგე სიტყვანი შენნი, ხოლო გონება ჩემი ქრისტეს თანა არს ზეცას!“ უთხრა მას მსაჯულმან მან: „რა ეგოდენი სიტკბოება გაქვს ქრისტეს შენისაგან, რომლითა სიკვდილადცა არა გეწყალის თავი შენი?“ ხოლო უთხრა მას წმიდამან ჰაბო: „უკუეთუ გნებავს ცნობად სიტკბოება მისი, შენცა გრწმენინ ქრისტე და ნათელ-იღე მისა მიმართდა მაშინღა ღირს-იქმნე სიტკბოებასა მისსა ცნობად“.
მაშინ განრისხა ამირა იგი და უბრძანა გაყვანება მისი კართა და თავისა მოკვეთა. ხოლო მსახურთა მათ გამოიყვანეს გარეშე კართა, ეზოსა მას ტაძრისასა. და გახსნეს იგი ხელითა და ფეხითა საკრველთა მათგან რკინისათა. ხოლო ნეტარმან მან მწრაფლ თავით თვისით გახეთქა სამოსელი იგი, რომელიც ემოსა მას, და გაშიშვლებულმან დაიბეჭდა ჯვარითა პირი და გვამი თვისი და თქვა: „გმადლობ და გაკურთხევ შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს-მყავ მე მიმთხვევად ღვაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა!“ და ესე რა თქვა, უკუნ-ისხნა ხელნი თვისნი ჯვარისსახედ ზედა ზურგსა თვისსა და მხიარულითა პირითა და კადნიერითა სულითა ღაღად-ყო ქრისტეს მიმართ და მოუდრიკა ქედი თვისი მახვილსა. და ჰსცეს მას მახჳლითა სამგზის, რამეთუ ჰგონებდეს, ვითარმედ შიშითა მახვილისაჲთა განაშოვრონ იგი ქრისტესა. ხოლო წმიდა იგი მარტვილი დუმილით მხნედ მიითვალვიდა მახვილსა, ვიდრემდის შეჰვედრა სული თვისი უფალსა.
და ვითარცა იხილეს ქრისტეს მბრძოლთა მათ შემასმენელთა წმიდისა მის მოწამისათა, რამეთუ სრულ იქმნა ნეტარი იგი ქრისეს მიმართ და ღვაწლი კეთილი მოიღვაწა და სარწმუნოებითა და მოთმინებითა სძლო მათსა მას სიბორგილსა, უფროსღა აღივსნენ შურითა და შევიდენ წინაშე ამირისა მის და უთხრეს: „ჩვენ ვიცით, რამეთუ ჩვეულება არს ქრისტეანეთა ესე სახედ: თუ ვინმე თავი თვისი მოიკლას ქრისტეს მათისათვის, მოიპარიან გვამი მისი და პატივ-სციან მას დაფლვითა, და ტყუილით რეცათუ სასწაულსა და კურნებასა რასმე განსთქმიდიან ერსა შორის, და სამოსელსა და თმასა თავისა მისისასა და ძვალთა მისთა განიყოფედ რეცა საცოდ სნეულთათვის და ამით სახითა მრავალნი უცებნი შეიტყუვნიან. აწ ბრძანე გვამი მისი მოცემად ჩვენდა, რათა წავიღოთ და დავწვათ იგი ცეცხლითა და განვაქარვოთ იგი და აღვხოცოთ საცთური ქრისტეანეთა, რათა იხილონ ყოველთა და შეეშინოს და რომელნიმე მათგანნი მოიქცენ ჩვენდა და ჩვენგანთა ეშინოდის და არღარა შეუდგენ სწავლასა ქრისტეანეთასა“. ამას დაღაცათუ შურისათვის ქრისტეანეთასა იტყოდეს, არამედ ჭეშმარიტსა და მართალსა წამებდეს, ვითარცა – იგი არიან ქრისტესმოწამენი მკურნალ და მეოხ ყოველთა, რომელნი მიეახლნენ მათ ქრისტესმიერითა სიყვარულითა და სარწმუნოებითა. მაშინ უთხრა მათ მსაჯულმან მან: „წაიღეთ, ვიდრეცა გნებავს და ყავთ, ვითარცა თვით იცით!“
ხოლო იგინი მოვიდენ და აიღეს ქვეყანით პატიოსანი იგი გვამი ქრისტესმოწამისა მის და ჩადვეს იგი გუალაგსა მას აღსაკიდებელსა სამოსლით მისითურთ, და სისხლი იგი დათხეული მართლისა მის აღმოთხარეს ქვეყანით და რაითურთით არა დაუტევეს ქვეყანასა და იგიცა ჩადვეს ჭურჭერსა შიდა. და დადვეს წმიდა იგი ურემსა ზედა, მსგავსად მხნეთა მათ წმიდათა ორმეოცთა, რამეთუ სადაცა მოჰკვეთეს თავი წმიდასა მას მოწამესა, კართა ზედა იყო წმიდისა ეკლესიისათა, რომელი სახელად წმიდათა მათ ორმეოცთა დაფუძნებულ იყო, წესვე ეგრე იყო, რათა ემსგავსოს იგი ახოვანთა მათ წმიდათა ორმეოცთა.
და ვითარცა გამოიღეს წმიდა იგი გვამი მისი გარეშე ქალაქსა და აიღეს ადგილსა, რომელსა საღოდებელ ეწოდების, რამეთუ იქ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათა, და იქ გარდამოიღეს ურმისა მისგან და დადვეს იგი ქვეყანასა. და მოიღეს შეშა და თივა და ნავთი და დაასხეს გვამსა მას ზედა წმიდასა და აღაგზნეს ცეცხლი, ვიდრემდის დაწვეს ხორცნი წმიდისა მოწამისანი ადგილსა მას, რომელიც არს აღმოსავალით-კერძო ციხესა მას ქალაქისასა (რომელსა „დილეგი“ ქვია), პირსა ზედა კლდისასა, რომელიც არს კბოდემდინარისა მის დიდისა, რომელიც განჰვლის აღმოსავალით ქალაქსა, ესე არს სახელით მტკვარი. ხოლო ადგილსა მას მათ თანა არავინ აუფლეს მისლვად ქრისტეანეთაგანი, ვიდრემდის აღასრულეს დაწვა იგი ხორცთა მათ მოწამისათა, ხოლო ძვალთა მათ წმიდისათა, რომელთა ვერღარა უძლეს დაწვად, ჩაკრიბეს ტყავსა ცხვრისასა და შეკრეს მტკიცედ და მოიხუნეს და ჩაყარნეს დიდსა მას მდინარესა, ხიდთა ქვეშე ქალაქისათა, რომელთა ზედა აღმართებულ იყო პატიოსანი ჯვარი ხიდისა. და იქმნა წყალი იგი მდინარისა მის წმიდათა მათ ძვალთა სამოსელ გარეშეხვევითა მით და სიღრმე იგი წყალთა საფლავ წმიდისა მის მარტვილისა, რათა არავინ უდებად მიეახლოს მას.
ქრისტესმბრძოლთა მათ ესე ყვეს და ესე ღვაწლი კეთილი მოიღვაწა ნეტარმან მან.
მაშინ იწყო სიმრავლემან მან ქალაქისა ქრისტეანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთა მათ და გავიდნენ ყოველნი ადგილსა მას, სადა დაწვეს ხორცნი წმიდისა მოწამისანი; მოხუცებულნი მორბოდნენ კვერთხებითა თვისითა, მკელობელნი ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭახუკნი სირბილით, ყრმანი ხდომით ურთიერთას, დედანი მსგავს იყვნეს წმიდათა მათ დედათა მენელსაცხებლეთა, რომელთა სრბით მიაქუნდა სულნელი იგი წმიდასა მას ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა საფლავსა; ნამდვილვე იყვნეს ესენიცა მსგავს მათა, რამეთუ რბოდნენ ცრემლითა და მიქონდათ მათ თანა სანთლები და საკმეველი ხელითა თვისითა. ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტესითა მივიდოდნენ და აიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა, და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს და მასვე დღესა შინა განიკურნებოდნენ. ხოლო ყოვლადძლიერმან ღმერთმან უფროს გამოაჩინა ძალი თვისი და პატივ-ჰსცა თვისსა მას მარტვილსა და აჩვენა სასწაული საკვირველი, რათა უწყოდნენ ყოველთა, რამეთუ ქრისტესმოწამე არს. ვითარცა შემწუხრდა დღე იგი და იყო ჟამი პირველი ღამისა მის, გარდამოავლინა უფალმან ადგილსა მას ზედა ვარსკვლავი მოტყინარე, ვითარცა ლამპარი ცეცხლისა, რომელიც მყოვარჟამ იდგა ადგილსა მას, სადა დაწვეს ნეტარი იგი მოწამე ქრისტესი. და დგა იგი ზე ჰაერთა ვიდრე სამ ჟამადმდე, გინა უმეტეს, ღამესა მას, რომელიც გამოუტევებდა ბრწყინვალებასა, არათუ ვითარცა ცეცხლი ესე ქვეყანისა, არამედ ვითარცა საშინელება ელვისა, რომელსა ჰხედავდნენ ყოველნი მოქალაქენი, მსაჯულიცა იგი და ყოველიერი და მკვიდრნი იგი ქალაქისანი ქრისტეანეთანი და ყოველნი სარკინოზნი და მწირნი, სხვით მოსულნი; მყოვარჟამ ხედავიდნენ გუგათა თვალისათა, ვიდრემდის ჰკდემებოდაცა მძლავრთა მათ და მი-ვინმე-ვიდეს ხილვად ადგილსა მას მსახურთაგანნი მსაჯულისა მის ამირისანი, რამეთუ ჰგონებდეს, ნუუკვე ქრისტეანეთა აღანთეს სანთელი ადგილსა მას. და ვითარცა მიეახლებოდეს ადგილსა მას, იხილეს, რამეთუ აღმაღლდებოდა ვარსკვლავი იგი ზე ჰაერთა, და ვერ მიეახლნეს ადგილსა მას, რამეთუ შიშმან შეიპყრნა იგინი საღმრთომან.
კვლავ მეორესა ღამესა უმეტესღა წყალთა გამოსცეს განსაკვირვებელი ნათელი; რომელთა-იგი საუცარ ეგონა ქვეყანასა ზედა და ჰაერსა ქვეშე ცეცხლი იგი ზეცისა, უნდა დაფარვად საკვირველებათა მათ, კვლავ წყალთა ვერვე დააყენეს და ვერცა დაშრიტეს ფიცხელთა მათ ღელვათა და მფოფინარეთა სიღრმეთა, სადა-იგი შთაყარნეს ღმრთივპატივცემულნი იგი ძუალნი სანატრელისა მის მოწამისანი, ხიდთა მათ ქვეშე, აღმობრწყინდეს ნათელნი სვეტისა მსგავსად, ვითარცა ელვანი, რომელნი კვლავ მყოვარჟამ დგეს და განათლებულ იყო გარემოს კიდესა მის მდინარისასა კლდე იგი და კბოდენი და ხიდნი იგი, ზეთგან ვიდრე ქვედმდე, რომელსა ეგრეთვე ყოველი სიმრავლე ქალაქისა მის ჰხედვიდა, რათა ყოველთა ჰრწმენეს, რამეთუ ჭეშმარიტად იესუ ქრისტეს, ძისა ღმრთისა, მარტვილ არს და გულისხმა – ყონ ყოველთა ქრისტესმორწმუნეთა და ურწმუნოთა, რამეთუ ჭეშმარიტ არს სიტყვაჲ იგი უფლისა, რომელმა თქვა, ვითარმედ „მე თუ ვინმე მმსახურებდეს, პატივ-ჰსცეს მას მამამან ჩემმან, რომელიც არს ცათა შინა“ (ი. 12.26). უკუეთუ ხორცთა მათ გახრწნადთა ესოდენი პატივი აწვე აჩვენა, რავდენ უფროს უხრწნელად აღდგომასა მას მართალთასა დიდებითა და პატივითა გვირგვინოსანი იხილონ შორის ანგელოზთა და ჰრცხვენოდის უგუნურად სიბორგილისა მათისათვს, რომელთა ქრისტე უვარ-ყვეს და წმიდათა მისთა ჰგვემდეს და სდევნიდეს და მოსრვიდეს, ხოლო უფალი შეიწყნარებდა ცათა შინა!
ხოლო აწ, საყვარელნო, ჯერ-არს ჩვენდაცა ამიერითგან უმეტესად-ღა შეწყნარებად პირველთა მათ სანატრელთა მოწამეთა, რაჲთა ხილულისა ამისგან ახლისა მოწამისა პირველთაცა მათი გვრწმენეს და ვთქვათ სიტყვა იგი ნეტარისა დავითისი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა“ (ფს. 115.6), რამეთუ მისა შვენის დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!
მეოთხე თავი
ქება წმიდისა მოწამისა ჰაბოსი
აწ მოვედით, ქრისტესმორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ ხსენებასა ახლისა ამის წმიდისა მოწამისასა, რომელი ყოველსა ამას სოფელსა ჩვენსა ქართლისასა მეოხად ჩვენდა ქრისტემან მოგვანიჭა, და სიხარულითა მრავლითა განვახუნეთ საუნჯენი გულისა და გონებათა ჩვენთანი და მხიარულითა პირითა და განმარტებულითა ენითა ვაქებდეთ კეთილადმოღვაწებასა მისსა და ვიტყოდით:
გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ, უკუანასკნელი ესე მუშაკი მაცხოვრისა ჩვენისა მეათერთმეტისა ამის ჟამისა მდღევრთა მათ თანა აღმსთობილთა მიეწიფე და მათ თანა სასყიდელსა მათსა არა დააკლდი!.
გიხაროდენ უფლისა მიერ, მოწამეო, რამეთუ შენ მიემსგავსე უკუანასკნელსა მას მოციქულსა პავლეს მამულთა მათ შჯულთა და მოძღვრებათა განგდებითა, და ქრისტეს, ძისა ღმრთისა, აღსაარებისათვის მსგავსადვე მისა თავი მოგეკვეთა.
აწ ვინ-მე ღირსად გაქებდეს შენ, ჭეშმარიტად საქებელსა? მნებავს ქებად შენდა, ყოვლადქებულო ქრისტესმოწამეო, არამედ ვერ ვიკადრებ, რამეთუ უფროს გონებისა ჩემისა აღმაღლდა ქება სათნოვებისა შენისა, და კვლავ მეშინის მე დადუმებად, რამეთუ სანატრელითა მით ქრისტესმიერითა სიყვარულითა შემიყვარე მე, ვიდრე იყავ-ღა სოფელსა ამას შორის ჩვენსა. აწ ნუუკვე დაყენებითა ენისა ჩემისათა ქებასა შენსა დაეყენოს ჩემთვისცა მოღვაწება მეოხებისა შენისაჲ ქრისტეს მიმართ, არამედ შენ მიერვე მოღებითა მადლისა მის ქრისტესისაჲთა, მსგავსად ძალისა ჩემისა, გაქებდე შენ, მშვენიერებითა შემკულო უფლისა მიერ!
გიხაროდენ, მოწამეო, უფლისა მიერ სანატრელო! რამეთუ შენ თვალითმხილველთა მათ და ხელითმსახურთა წმიდათა მოციქულთა ქრისტესთა უხილველად სარწმუნოვებითა და სიმხნითა აღსაარებითა ნეტარება მოიგე.
რამეთუ შენ მამამან ზეცათამან მხოლოდშობილისა ძისა თვისისა მიერ გვირგვინოსან-გყო და სულისა წმიდისა მადლითა აღგავსო!
შენ ძემან მამისა მიერ შეგიწყნარა და სულმან წმიდამან გადიდა!
შენ სულმან წმიდამან შეგიწყნარა და მამისა და ძისა თანა ერთობითა თვისთა პატივ-გცა და ღვაწლისამძლედ გამოგაჩინა!
შენ ზედა განუკვირდა ანგელოზთა წესსა, რამეთუ ვითარცა უხორცომან დაითმინე სიკვდილი ქრისტესთვის.
შენთვის მამათმთავარნი იხარებენ, რამეთუ ნეტარმან აბრაჰამ თვისთა ნაშობთაგანი შეიწყნარა წიაღთა თვისთა ქრისტესთვის, რომელი-იგი კარავსა თვისსა შეიწყნარა და მისგან მრავალთა ნათესავთა გამოჩნდა მამად.
შენ ქრისტესმოწაფეთა მათ ნაყოფ-ექმენ და მოციქულთა მოწაფე!
შენ მოწამეთა მათ თანა ზეცისა მეუფისა მას მატიანსა სახელით დაიწერე და მარტვილთა თანა გვირგვინოსან-იქმენ!
შენ აღმსაარებელთა თანა განეწესე და მართალთა თანა დიდებულ ხარ!
შენთვის ფრიად დამიკვირდების ჩვენ, წმიდაო მოწამეო, რამეთუ ჟამსა ამას მეფობისა ისმაიტელთა დიდებასა შენ ნეფსით სიმდაბლე ქრისტესთვის აღირჩიე და მახვილითა პყრობილი იგი შჯული განაგდე და ჭეშმარიტი იგი აღიარე და ჯვარცმულსა მას თავყვანის-ეც უფლად და ღმრთად!
ვისგან ისწავე ქრისტესთვის ესთენი ესე ცნობა? რომელმან საკვირველებამან აღგიყვანა შენ დიდებასა მას სასუფეველისასა?
შენ ჭეშმარიტად მარჯვენითსა მას ავაზაკსა მიემსგავსე, რამეთუ გქონდა შენცა ერთი შენთანა პყრობილთაგანი, ნაშობი ქრისტეანეთა, რომელიც განდრეკილ იყო ქრისტესგან და მიდევნებულ შჯულსა უცხოსა, ხოლო კვლავ ქრისტჱს აღსაარებისათვის შენ თანა განიკითხვოდა, არამედ საწყალობელსა მას კვლავცა უბრკუმა დადაეცა, რამეთუ შიშისაგან სიკვდილისა საწუთრო ესე შეიყვარა და საუკუნო იგი წარწყმიდა, მტერმან ბოროტმან აღიტაცა და ცხვარი იგი ქრისტესი ნამგლევ-იქმნა, რამეთუ მწყემსსა მას კეთილსა განეშორა და არგანი იგი ქრისტეს ძლიერებისა განაგდო ხელთაგან თვისთა; ამისთვისცა იძლია და გავარდა სამწყსოსაგან პირმეტყველთა მათ ცხვართაჲსა. ხოლო შენ, სანატრელო მოწამეო, კვერთხითა მით ჯვარისა თვისისაჲთა დაგიცვა ქრისტემან მსგავსად ძლიერისა მის სარწმუნოვებისა შენისა მისა მიმართ.
შენ ავაზაკსა მას ესწორე სარწმუნოებითა და სამოთხესა განეწესე!
შენ კარი იგი სამოთხისა განაღე ჯვარითა ქრისტესითა და მცველთა მათ ქერაბინთა ცეცხლისმსგავსთა ვერ განგიკითხეს შენ, ვითარმედ: „ვინ ხარ?”
და რაღამე უფროს ვთქვა, რამეთუ „უფალმან ივნო ჩვენთვის, უბრალომან ბრალეულთათვის“ (I პეტრე 3.18) დასთხია უბიწო სისხლი თვისი, ხოლო შენ გადაიხადე თანანადები იგი, რამეთუ შენცა დასთხიე სისხლი სიყვარულისათვის მისისა. ამისთვისცა ძლევისა გვირგვინითა შეგამკო შენ და სასუფეველსა მას მამისა მისისასა მკვიდრად გამოგაჩინა.
შენ გამო, წმიდაო მოწამეო, სიყვარული იგი ქრისტესი ჩვენდამო და სარწმუნოება იგი ჩვენი მისა მიმართ კვლავ განახლდა, რამეთუ აღვერიენით ერსა უცხოსა, შჯულისა განდგომილსა ქრისტესგან, ნათესავსა საწუთროსა ამის მოყვარესა. თესლსა ურწმუნოსა ძისაღმრთისასა, სარწმუნოვებისა ჩვენისა მაგინებელთა, რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქმასა გულთა ჩვენთასა მიბაძვებითა მათითა ვითარცა უსასონი ქრისტესგან და დამვიწყებელნი საუკუნოსა ცხოვრებისანი, ხოლო აწ შენ მიერ მოგვეახლა ქრისტე და ჩვენ გულისხმა-ვყავთ კვლავ შიში მისი და სიყვარული მისი და მადლსა მისსა ღირს-ვიქმნენით და და წყალობასა, დღითი-დღედ მრავალთა სასწაულთა და კურნებათა ჩვენ შორის გამოჩინებითა.
შენ უგუნურთა მათ შემწირველთა შენთა მახვილითა და ცეცხლითა, უმეტეს ალისა, განგაბრწყინვეს. ვერ გულისხმა-ყვეს უგულისხმოთა მათ სიტყვა იგი უფლისა, ვითარმედ: „იყოს ყოველმან, რომელმან მოგწყვიდეს თქვენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხვერპლი შეწირა ღმრთისა“ (ი. 16,2). ჰოი უგუნურება და უმეტეს უგუნურება იგი მათი, რამეთუ რომელი-იგი პირველად არავინ გიცოდა, ვითარმედ ვინ ხარ, ან რომლისა ნათესავისაგან, ან რომლისა ერისაგან, ან რომლითა შჯულითა სცხონდებოდე, აწ ესერა უნებლებით წარმოგაჩინეს საცნაურად ქრისტეს აღმსაარებელად, და მარტვილად ყოველთა შეგისწავეს.
შენ ყოველთა დაბადებულთა პატივ-გცეს, რამეთუ ცა მოწამე არს სიმართლესა შენსა უცხოსა ცეცხლისა გარდამოვლინებითა ადგილსა მას ზედა, რომელსა, ვითარცა კრავი უმანკო, შეიწირე, შემწვარი ცეცხლითა.
შენ ქვეყანამან მსხვერპლად წმიდად და სათნოდ მიგიპყრა ღმერთსა მას ზედა დაწვითა პატიოსნისა გვამისა შენისათა, რამეთუ გექმნა შენ, ვითარცა საკურთხეველი იგი აბელისი, ენუქისი, აბრაჰამისი და ელიასი, რომელნი-იგი მრგვლად დასაწველთა მათ ტარიგთა შესწირვიდეს ღმრთისა, და კვლავ ადგილი იგი სამსხვერპლოჲსა შენისა ემსგავსა ბერვარსა აჰრონისსა და ზაქარიასსა მღვდელთასა, რამეთუ ნაკვერცხალსა მას ზედა ცეცხლისასა აღვიდოდა, ვითარცა სულნელება საკმეველთა ხორცთა მაგათ შენთა წინაშე უფლისა, წმიდასა მას წმიდათასა, ზეცისა საკურთხეველსა!
შენ მდინარეთა მაგათ შეგიწყნარეს, ვითარცა ქრისტესმარტვილი, ხოლო ქრისტემან ღმერთმან სიღრმეთა მათ სიბნელე ზეცისა ნათლითა განაბრწყინა.
შენ ნათესავთა შენთა უცხო და განგდებულ გყვეს, ხოლო ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან, გამოგირჩია და მიგიპყრა თვისსა მას ეკლესიასა!
შენ ველური ეგე ზეთისხილი მოგიღო ქრისტემან და მტილსა მას შინა, თვისსა სამკვიდრებელსა, ნაყოფად კურთხევისად დაგნერგა, და ნაყოფითა მით სარწმუნოებისა შენისათა ახარა ეკლესიასა, რომელსა შინა იშვებენ ქრისტესმორწმუნენი და ჰნატრიან შენსა მას დიდებულებასა, შენსა მას მოღვაწებასა, შენსა მას სიმხნესა, შენსა მას მარტვილობასა, შენსა მას გვირგვინოსნებასა!
ვითარ-მე გაქებდე შენ, ღვაწლისამძლეო წმიდაო მოწამეო? რამეთუ შენ, ახალი ეგე ქრისტესმორწმუნე, მოძღვარ ჩვენდა იქმენ; სწავლულნი უფროს გულისხმიერ-ჰყვენ, შერყეულნი უფროს განამტკიცენ, განმტკიცებულნი განამხიარულენ, წარმართნი წადიერ-ჰყვენ ქრისტეს მონებად, სახსენებელი მარტვილობისა შენისა ჩვენ დაგვიტევე, სახელისა შენისა მითხრობად ყოველთა ქადაგ-ვიქმნენით!
აწ ვევედრებით ყოველნი შენსა ქრისტესმოწამებასა, მეოხმცა ხარ წინაშე მაცხოვრისა ყოველთასა ჩვენ ყოველთათვის, რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა და ვადიდებთ მამასა და ძესა და წმიდისა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ!


Комментариев нет:

Отправить комментарий