ა
აგნესა – ორგვარად შეიძლება აიხსნას: ან „წმინდა “, „უმანკო “ (ბერძნული), ან „კრავი“ (ლათინური)
აგრაფინა (ლათინური) – „აგრიპას კუთვნილი“, „აგრიპასი“. აგრიპა რომაული საგვარეულო სახელია, თავის მხრივ უკავშირდება ბერძნულს და ნიშნავს „ფეხებით წინ დაბადებულს“. ამ სახელს დაერთვის „ინ“ სუფიქსი, რომელიც მნიშვნელობით უახლოვდება ქართულ იან-ს (დავითიანი, ვაჩნაძიანი და სხვ.).
აზა (არაბული) – „ძვირფასი“, „საყვარელი“.
აია (ქართული) – ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც ძველი კოლხეთის ერთ-ერთი სახელწოდება. ამავე ძირიდან არის ნაწარმოები კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის სახელიც. როგორც ქალის სახელი გავრცელებულია აგრეთვე ბალტიისპირეთში. აღსანიშნავია, რომ აია ერქვა იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დედას.
აიშე (არაბული) – „ცოცხალი“.
ალა – ახალი ნასესხები სახელია, რომლის ეტიმოლოგია საეჭვოა: ზოგი გერმანულიდან მომდინარედ თვლის, მნიშვნელობის დაუდგენლად, ზოგი ბერძნულს უკავშირებს („გაცვლილის“, „სანაცვლოდ მიღებულის“ მნიშვნელობით).
ალისა – აგრეთვე ახალი ნასესხებია დასავლეთ-ევროპული ენებიდან. ნაწარმოებია კაცის სახელ ალექსისაგან.
ანა (ძველი ებრაული) – „სასურველი“, „სანდომიანი“, „საამო“. ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): „იყო ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანუველისი“ (DE ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი.
ანანა (ძველი ებრაული) – „გულკეთილი“, „გულმოწყალე“. ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ვაჟის სახელადაც (XVI-XVII ს-ში) ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა ანანო (მხოლოდ ქალის სახელად).
ანასტასია (ბერძნული) – „მკვდრეთით აღმდგარი“, „სიცოცხლეს დაბრუნებული“. იგივე ფუძე გვხვდება ვაჟის სახელადაც (მათ შორის არიან მოწამენიც). ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია... სხვა ენებში ეს განსხვავება ზოგან შენარჩუნებულია, ზოგან – არა. ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია.
ანგელინა – ამ სახელის ფუძე ბერძნულია: ანგელ, ანგელოს თავდაპირველად ნიშნავდა „ამბის მომტანს“, „მოამბეს“, შემდეგ მნიშვნელობა დაუვიწროვდა და ნიშნავდა მხოლოდ „ღვთის მოამბეს“, „ღვთის მახარობელს“ (ანგელოზს). ამ სიტყვას ლათინურში დართული აქვს „ინ“ სუფიქსი (იხ. ზემოთ – აგრაფინა) და ამ გზით მიღებულია საკუთარი სახელი ანგელინა.
ანეტა – მიღებული ჩანს ანა-ს ფრანგული კნინობითი ფორმისაგან (ანეტ).
ანისია, ანუსია (ბერძნული) – „დამთავრება“, „დასრულება“.
არეთა (არაბული) – „ორბი“, „არწივი“, სხვაგვარი ახსნით: „მიწის მუშა“, „მხვნელი“ (შეად. გიორგი). ასეთი მნიშვნელობა კაცის სახელს უფრო შეშვენის და, მართლაც, არეთა გვხვდება კაცის სახელადაც.
არიადნა (ბერძნული) – „ძლიერ მოსაწონი“. ანტიკურ მითოლოგიაში ეს სახელი ჰქვია მეფე მინოსის ასულს, რომელასც შეუყვარდა ეგეოსის შვილი – გმირი თეზევსი და დაეხმარა მას დაემარცხებინა კაციჭამია ურჩხული მინოტავრი და მშვიდობიანად დაეღწია თავი ლაბირინთისათვის, სადაც ურჩხული იმყოფებოდა.
ასია (არაბული) – „მანუგეშებელი“, „მკურნალი“.
ასინეთ – ძველი ებრაული სახელია, მომდინარე კოპტურიდან. ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. განმარტავენ როგორც „ნეითისა“ („ნეითისადმი შეწირული“ ან „ნეითის მსახური“. ნეითი და ნეითა ეგვიპტელთა სიბრძის ღვთაების სახელწოდებაა).
ასმათ (არაბული) – „უმწიკვლო“, „უმანკო“, „პატიოსანი“. არაბულში იხმარება ქალის დასახასიათებლად, საპატიო ეპითეტად. საკუთარ სახელად პირველად „ვეფხისტყაოსანში“ გვხვდება და მისი მეშვეობით შემდგომში ფართოდ გავრცელდა.
აღათი (ბერძნული) – „სიყვარული“, „სიკეთე“.
აშექალი (ხევსურეთში) – ქართულ მითოლოგიაში ღვთისშვილთა ერთ-ერთი დობილი, რომელიც ქაჯთა ქვეყნის დალაშქვრის შემდეგ თან წამოიყვანეს.
ბ
ბაბალე (ბერძნული) – „უცხოელი“, „არაბერძენი“. ბერძნულსა და ზოგ სხვა ენაში გვხვდება როგორც ქალის, ისე ვაჟის სახელად. ამ სახელით ცნობილია რამდენიმე წმინდანი. მრავალ ენაში ეს სიტყვა ნასესხებია საზოგადო სახელის მნიშველობითაც („ბარბაროსი“, რუსული варвар). ქართულში ქალის სახელად ბერძნულიდან ნასესხები პირველადი ფორმაა ბარბარე, მისი დისიმილაციით მიღებულია ბარბალე, რ-ს დაკარგვით – ბაბალე, შემოკლებით – ბაბი. გვხვდება აგრეთვე ნაირფეროვანი საალერსო ფორმები: ბაბე, ბაბული, ბაბულია, ბაბუცი, ბაბუცა. ამავე სახელის რუსული გზით შემოსული ფორმებია: ვარვარა, ვარა, ვარიჩკა. ზოგი მკვლევარის აზრით, ეს სახელი უკავშირდება არა ბერძნულს, არმედ შუმერული ქალღმერთის სახელს.
ბაბილინა (ლათინური) – „ბაბილოსი“. ვაჟის სახელს ბაბილოს, რომელიც წარმოშობით სირიულია და „აჯანყებულს“ ნიშნავს, დართული აქვს ლათინური სუფიქსი -ინ(ა) და ქცეულია ქალის სახელად (შეადარეთ აგრაფინა, ანგელინა). საალერსო ფორმებია: ბაბი, ბაბილა.
ბაია – როგორც ჩანს, ქართული მინდვრის ყვავილის სახელია ქცეული ქალის სახელად (შეადარეთ: ია, ვარდო, ენძელა...). ბაია გვხვდება ვაჟის სახელადაც, საიდანაც მიღებულია გვარი ბაიაშვილი (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XIII ს-დან), მაგრამ ეს ვაჟის სახელი სულ სხვა წარმოშობისა უნდა იყოს.
ბაისო (არაბული) – „თეთრი“.
ბედისა (ქართული) – ამავე სახელის კოლხური ვარიანტია ბედიშა.
ბეატრისა (ლათინური) – „ბედნიერი“.
ბელა (ლათინური) – „ლამაზი“.
ბორენა – მკვლევართა ვარაუდით, სკვითურ-ალანური სახელია და ნიშნავს „წაბლისფერთმიანს“. ეს სახელი ერქვა საქართველოს დედოფალს XI ს-ში, ბაგრატ IV-ის მეუღლეს, რომელიც ოსთა მეფის ასული იყო. ზოგი მას აიგივებს პოეტ ქალთან, რომელიც ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ იამბიკოში თვითონვე ახსენებს თავის სახელს: „ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირმრავალი“. ბორენა ერქვა აგრეთვე ცოტნე დადიანის მეუღლეს (XIII ს.). შეადარეთ შორენა.
ბროლა (ქართული) – აქედანაა გვარები: ბროლაშვილი, ბროლაძე (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XVII ს-დან).
გ
გაიანე (ბერძნული) – „მიწიერი“. საეკლესიო კალენდრის მიხედვით ნიშნავს „მწვანეს“ (ეტიმოლოგიები საეჭვოა). წმინდა მოწამის სახელია.
გალინა (ბერძნული) – „წყნარი“, „მშვიდი“, „აუღელვებელი“.
გედია (ქართული) – გვხვდება ვაჟის სახელადაც, რასაც მოწმობენ ისტორიული საბუთები (XVII ს.) და გვარი გედიაშვილი.
გვანცა (ქართული) – სვანურად გვანც – „ჭინჭრაქა“, გადატანით ნიშნავს „ცელქს“, „მოუსვენარს“.
გვრიტია (ქართული) – წარმოქმნილია მტრედისებრთა ოჯახის ფრინველ გვრიტისგან.
გიული – (სპარსული), ნიშნავს ვარდს.
გოგოლა (ქართული) – მნიშვნელობა დაუდგენელია. საეჭვოა, რომ გოგონა-ს ფონეტიკურ ვარიანტს წარმოადგენდეს, რადგან წინათ კაცის სახელიც ყოფილა (შეადარეთ გვარები გოგოლაძე, გოგოლაშვილი, გოგოლაური).
გოგუცა (ქართული).
გუგული, გუგულა (ქართული) – წარმოქმნილია ფრინველის სახელისგან.
გულდა (სპარსული) სრული ფორმაა გულანდამ||გულანდარ („ვარდისტანა“, „ვარდსხეულა“). იხ. ვაჟის სახელი გულდამ, გულდა.
გულვარდი – ქართული სახელია, სადაც შერწყმულია სპარსული სიტყვა გულ და მისი ქართული შესატყვისი ვარდი. ამ სახელისაგან ნაწარმოებია გვარი გულვარდაშვილი (წარმოების მხრივ შეადარეთ შერლომ, ხვარამზე).
გულთამზე (ქართული).
გულია (ქართული) ისტორიულ საბუთებში (XVI–XVII ს-ში) გვხვდება ვაჟის სახელადაც, აქედანაა გვარი გულიაშვილი.
გულიზარ, გულიზა (სპარსული) – „ვარდნარი“, „ყვავილნარი“.
გულიკო (ქართული) – ნაწარმოებია გულ სიტყვისაგან საალერსო იკო სუფიქსის დართვით, გვხვდება კაცის სახელადაც. მის სრულ ფორმად ითვლება გულისა.
გულისა (ქართული) – აქედანაა გვარი გულისაშვილი. ამავე სახელის კოლხური ვარიანტია გულიშა.
გულისვარდი (ქართული).
გულნაზ (სპარსული) – „კოხტა ყვავილი“.
გულნარა (სპარსული) – „ბროწეულის ყვავილი“.
გულო (ქართული) – გვხვდება კაცის სახელადაც.
გულსუნდა (ქართული).
გულქან (სპარსული) – „მოწყვეტილი ვარდი“. მოფერებითი ფორმაა გუქა.
გულჩინა (სპარსული) – „მოკრეფილი ვარდი“.
გულჩორა (სპარსული) – „ვარდის სახის მქონე“, „პირვარდა“.
გურანდუხტ (სპარსული) – „გურამის (გვარამის) ასული“. საქართველოს სამეფო კარზე ძველთაგანვე ძალიან გავრცელებული სახელი იყო. ეს სახელი ერქვა, მაგალითად: ვახტანგ გორგასლის დას, დავით აღმაშენებლის მეუღლეს და ბევრ სხვას.
გურანდა – გურანდუხტის შემოკლებული ფორმაა.
დ
დავარ (სპარსული) – „სამართლის მქნელი“, „მსაჯული“ (წარმოადგენს მეფეთა ეპითეტს და მიღებული აქვს ზოგადად „მეფის“ მნიშვნელობაც). „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი პერსონაჟის, ნესტან-დარეჯანის მამიდის სახელია. არსებობს გვარი დავარაშვილი.
დალი (ქართული) – ნადირობის ქალღმერთის სახელია.
დარეჯან – წარმოადგენს მეორე ნაწილს სახელისა ნესტან-დარეჯან („სწორუპოვარი“). მისი მოფერებითი ფორმებია დარია, დარო, დარიკო. დარეჯან-ისაგან ნაწარმოებია გვარი დარჯანია. დარია დამოუკიდებელი სახელიც არის, ნიშნავს „მფლობელს“.
დაფინე (ლათინური) – „დაფნა“. ხალხში გავრცელებული ფორმაა დოფინა. მნიშვნელობის მხრივ იგივეა, რაც ლაურა.
დედიკა (ქართული) – მისივე ვარიანტული ფორმებია: დედუკა, დედუნა.
დედისიმედი (ქართული) – საეკლესიო კალენდრით მას შეეფარდება ელპიდა („იმედი“). დედისიმედი ერქვა საქართველოს ისტორიიდან ცნობილ რამდენიმე ქალს, – მაგალითად, ყვარყვარე ათაბაგის მეუღლეს, ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლეს (ქეთევან წამებულის დას) და სხვ.
დენოლა (ქართული) – სვანურად ნიშნავს „გოგონას“.
დესპინე (ბერძული) – „ქალბატონი“. მოფერებითი ფორმაა დესი. ეს სახელი ჰქვია ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მთავარ გმირ ქალს.
დიანა (ლათინური) – მთვარის, ტყის, ნადირობის ქალღმერთის სახელია. ბერძნულში მისი შესაფარდია არტემიდა. ბერძნული მითოლოგიით, ის იყო იუპიტერის შვილი და გამოხატავდნენ ხელში მშვილდით, თავზე ნახევარმთვარით. მისი დღესასწაული საბერძნეთში აზიიდან შევიდა.
დილავარდისა (ქართული).
დიელო (ქართული) – ქართული მისამღერი.
დინა – ებრაული სახელია (სვანურად „ქალიშვილს“, „გოგონას“ ნიშნავს).
დინარა – წარმოადგენს ქართული თამარ-ის სახეცვლილ ფორმას რუსულში (ცნობილია რუსული „თქმულება დინარაზე“, ე.ი. ქართველ თამარზე).
დოდო (ქართული) – მოფერებით: დოდონა, დოდიკა, დოდიკო. წარმოადგენს გოგო-ს სახეცვლილ ფორმას, როგორც მას გამოთქვამენ ჩვილი ბავშვები. დოდო გვხვდება აგრეთვე კაცის სახელად, რომელიც სულ სხვა წარმოშობისაა (ებრაული სახელია და „ღვთის მეგობარს“ ნიშნავს).
დომნა (ლათინური) – „ქალბატონი“, „დიასახლისი“ (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მატრონა). დომუს ლათინურად ნიშნავს „სახლს“ (შეადარეთ რუსული дом). ამ ფუძეზე „ინ“ სუფიქსის დართვით (დომ-ინ-ა) მას ეძლევა „დიასახლისის“ მნიშვნელობა. აქედანვეა სიტყვები: დომინიონი, დომინირება, ესპანელ აზნაურთა ტიტული დონ და სხვა.
დომინიკა, დომნიკა (ლათინური) – „უფლისა“ (უფლის, ბატონის საკუთრება), ანდა „კვირისა“ (კვირას დაბადებული).
დუდანა (ქართული).
დუდუხანა, დუხუნა (ქართული) – „ჩასუქებული“.
ე
ევა (ძველი ებრაული) – „ცოცხალი“. ბიბლიის მიხედვით, ეს სახელი ერქვა ქვეყნად პირველ ქალს, რომელიც ღმერთმა პირველი კაცის – ადამის ნეკნისაგან შექმნა და მის მეუღლედ აქცია. მისი კნინობითია ევროპულ ენებში გავრცელებული ეველინა.
ევდოკია (ბერძნული) – „წყალობა“, „სათნოყოფნა“. ხალხში გავრცელებული ფორმებია ედუკია, ედუკი, შემოკლებული – ევდო (აქედანაა პოეტ იროდიონ ხოსიტაშვილის ფსევდონიმი ევდოშვილი).
ეპრაქსია (ბერძნული) – „კეთილდღეობა“, „კეთილმოქმედება“. ხალხური ფორმებია: ეპრაქსია, ეპრასია, ეპრასი (შეადარეთ სიტყვა პრაქტიკა - „მოქმედება“, „საქმიანობა“).
ეთერ (ძველი ებრაული) – „ვარსკვლავი“, ან (ბერძნული) „ჰაერი“, „ეთერი“. აქედანაა გვარი ეთერია. ქართულ ხალხურ ლეგენდაში ეთერი ჰქვია ულამაზეს მწყემს ქალიშვილს, რომელიც შეუყვარდა მეფისწულ აბესალომს. ამ ლეგენდის სიუჟეტზეა აგებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.
ეკატერინე (ბერძნული) – „წმინდა“, „უმწიკვლო“. შემოკლებული ფორმაა ეკა.
ელდინო - ეტიმოლოგია უცნობია.
ელენე – ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული სხვადასხვა ფორმით (ელა, ელია, ლესია, ლენა, ნელი და სხვა). წარმოშობით წინარებერძნულია და დაახლოებით განმარტავენ როგორც „ნათელს“, „მანათობელს“. ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით ცნობილია ულამაზესი დედოფალი – ელენე. ქართულში ამ სახელის მოფერებითი ფორმებია: ელო, ელიკო, ლენა, ნელი, ლელიკო.
ელეონორა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც იგი შესაძლოა მომდინარეობდეს ძველი ბერძნულიდან და ნიშნავდეს „მოწყალებას“, „თანაგრძნობას“. მისი შემოკლებული ფორმაა ნორა.
ელზა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც იგი ელისაბედ-ის კნინობით ფორმას წარმოადგენს.
ელიკო – ელენე-ს კნინობითი ფორმაა, რომელიც მხოლოდ ქართულში გვხვდება და ცალკე სახელად ქცევის ტენდენცია ახასიათებს.
ელისაბედ (ძველი ებრაული) – „ღვთის მოფიცარი“ (სიტყვა-სიტყვით: „ღმერთს ვფიცავ“, „ღმერთის ფიცი ჩემი“). მისი მოფერებითი ფორმებია: ლიზა, ლიზიკო.
ელისო – ქართული სახელია, შესაძლოა მიღებული იყოს ელისაბედ-ის შემოკლების გზით. ელისო ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირს.
ელო – ელენე-ს შემოკლებული ფორმაა.
ელპიდე (ბერძნული) – „სასოება“, „იმედი“ (შეადარეთ ქართული იმედა, დედისიმედი, რუსული ნადეჟდა). ხალხში გავრცელებული ფორმაა ელპიტე.
ენძელა (ქართული).
ესმა – შესაძლოა მოდიოდეს არაბულიდან და ნიშნავდეს „ამაღლებულს“ (ზ. სიხარულიძის ეტიმოლოგიით).
ეფემია (ბერძნული) – „ღვთისმოსავი“, „ღვთისმოყვარე“. მის კნინობით ფორმად ითვლება ქართულში: ფეფო, ფეფიკო, ფეფენა, ფეფელა (თუმცა წარმოშობით ესენი დამოუკიდებელი სახელები ჩანს).
ეფროსინე (ბერძნული) – „სიხარული“, „მხიარულება“. შემოკლებული ფორმაა ეფრო.
ეშხა (ქართული) – ვარიანტული ფორმებია: ეშხანა, ეშხია. თვით სიტყვა ეშხი არაბულია.
ვ
ვალენტინა (ლათინური) – „ძლიერი“, „ჯანმრთელი“ (ნაწარმოებია ვალენტის კაცის სახელისაგან. დაწვრილებით იხ. ვალერი). მისი კნინობითია ვალია. ვალენტი, ვალენტოსი, ვალენტინი, ვალენტინე, ვალენტიანე, ვალენტინა წნმინდა მოწამეთა სახელებია.
ვალიდა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.
ვანდა (სლავური).
ვარდო (ქართული) – კნინობითი ფორმებია: ვარდუა, ვარდიკო. ვარდიკო გვხვდება ვაჟის სახელადაც: ვარდო ჰქვია დანიელ ჭონქაძის მოთხრობის „სურამის ციხის“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟ ქალს.
ვარვარა იხ. ბაბალე
ვარსკვლავისა (ქართული) – მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბერძნული ასტერი, სომხური ასტღიკ.
ვასასი – ეტიმოლოგია უცნობია
ვენერა (ლათინური) – ანტიკურ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის სახელია. იგივე სახელი ჰქვია პლანეტას (შეადარეთ ამ პლანეტის ქართული სახელწოდება ცისკარი და მისგან ნაწარმოები სახელი ცისკარა).
ვერა (რუსული) – „რწმენა“. ბერძნული სახელის პისტი-ს თარგმანია. ქართულში გავრცელებული მოფერებითი ფორმაა ვერიკო.
ვინარი (ქართული) – ახალი ნაწარმოები სახელია. შედგება ორი სიტყვისაგან: ვინ არი.
ვინელი (ქართული) – ესეც ორსიტყვიანი კომპოზიტია.
ვიოლა, ვიოლეტა (ფრანგული) – „ია“. ახალი შემოსული სახელია, მის გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ვერდის ოპერა „ტრავიატამ“, რომლის გმირ ქალსაც ჰქვია ეს სახელი.
ზ
ზაირა – თურქული სახელია, მომდინარეობს არაბული ზეჰრა-საგან; „ყვავილს“ ნიშნავს.
ზანდა – ეტიმოლოგია უცნობია.
ზეინაბ (არაბული) – „მსუქანი“. ეს სახელი ერქვა მუჰამედის ქალიშვილს, ამიტომ ძალზე გავრცელდა.
ზიზი (ქართული) – „ლამაზი“ (ბავშვის ენაზე). მისი ვარიანტული ფორმებია: ზიზო,
ზიზიკო, ზიზილა, ზიზილო.
ზინა, ზინაიდა (ბერძნული) – ნაწარმოებია ძველ ბერძენთა უზენაესი ღვთაების, ზევსის სახელისაგან და ნიშნავს „ზევსისა“, „ღვთისა“ (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ქართული ღვთისია, ღვთისავარი). ზინა წინათ იხმარებოდა კაცის სახლად, მისგან კი ნაწარმოები იყო ქალის სახელი ზინაიდა. ამჟამად ორივე მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება და ზინა ითვლება ზინაიდა-ს შემოკლებულ ფორმად.
ზინათი (არაბული) – „სამკაული“.
ზოია (ბერძნული) – „სიცოცხლე“.
თ
თათია, თათული (ქართული).
თალიკო – ქართული სახელია, მიღებული თამარ-ის კნინობითი ფორმისგან: თამრიკო.
თამარ – ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184–1210 წლებში). წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი „ფინიკის პალმას“ ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული; გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი.
თამთა – მიღებული ჩანს თაჰამთა-საგან, რომელიც გვხვდება როსტომის და ზოგი სხვა ირანელი გმირის ეპითეტად და ნიშნავს „ღონიერს“, „გოლიათს“, „ძლიერს“, „მამაცს“, „გმირს“. სპარსეთში და ძველ საქართველოშიც ვაჟის სახელი იყო.
თამილა (ძველი რუსული) – „ტანჯული“, „წამებული“.
თაფლო (ქართული).
თეა (ბერძნული) – „ღვთაება“
თებრონე (ბერძნული) – მნიშვნელობა დაუდგენელია. ძველი ფორმაა თებრონია, ქართულში გავრცელებული ფორმაა თებროლე (გავიხსენოთ ხალხური ლექსი: „თებროლე მიდის წყალზედა“). მისი კნინობითია თებრო.
თეთრუა (ქართული).
თეკლე (ბერძნული) – „ღვთის დიდება“. მისივე ვარიანტებია თეკლა (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლე-ბიჭს ეძახდნენ). ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს – „ღმერთი“, რომელიც შედის აგრეთვე მრავალ სხვა საკუთარ სახელში (იხ. თედორე), მეორე ნაწილია კლეოს – „დიდება“, რომელსაც შეიცავს აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი კლეოპატრა – „მამის დიდება“.
თეო (ბერძნული) – „ღმერთი“, „ღვთაება“. თეო-ს (ასევე თეკლე-ს) კნინობითია ქართულში თეკო.
თეოლინე – წარმოადგენს ბერძნული თეონილა-ს ქართულ ფონეტიკურ ვარიანტს, ნიშნავს „ღვთის გონებას“ ან „საღვთო ფიქრს“.
თეონა (ბერძნული) – „ღვთის ფიქრი“, „ღვთის გონება“. ადრე კაცის სახელი იყო და შემდგომ იქცა ქალის სახელად.
თვალჩინა (ქართული).
თინათინ (ქართული) „მზის სხივის ანარეკლი“, „მოციმციმე სხივი“. „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.
ი
ია – ადრეული გაზაფხულის ყვავილის ასხელია; ბერძნულად მას ჰქვია იონ. მისი მრავლობითი რიცხვის ფორმაა ია, რომელიც ქალის სახელად არის ქცეული და შესულია ევროპულ ენებშიც. მაგალითად, რუსულში, ფრანგულში (იხ. ვიოლა, ვიოლეტა). იგივე სიტყვა ნასესხებია ყვავილის სახელადაც (შეადარეთ რუსული фиалка – „ია“, фиолетовый – „იისფერი“). ასევე ქართულშიც ია შემოსულია ყვავილის აღსანიშნავადაც და ქალის სახელადაც. ია ქალის სახელად გვხვდება ბორჯომის ხეობაში მარიამწმინდის ეკლესიის ფრესკაზე (XII–XIII სს.), რომელზეც გამოსახული არიან ქალი და ვაჟი (ჩანს, დედა-შვილი) იაი და შოთა. შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ ესენი შოთა რუსთაველი და დედამისი იყვნენ.
იადონ (ბერძნული) – „მგალობელი“, „ბულბული“. გვხვდება ვაჟის სახელადაც.
იათამზე (ქართული).
იამზე (ქართული).
ივდით (ძველი ებრაული) – „იუდეველი“, „ებრაელი“.
ივეტა (ფრანგული).
ივლიტა, ივლიტე (ლათინური) – იგივეა, რაც იულია (იხ).
იზაბელა – ძველი ებრაული სახელის ელისაბედ-ის ვარიანტია, გავრცელებული ევროპულ ენებში. მისი შემოკლებული ფორმებია იზა, ბელა.
იზოლდა (ანგლოსაქსური) – „გამოჩენილი მეომარი“. მისი შემოკლებული ფორმაა იზო.
ინა – ახალი ნასესხებია ევროპულიდან, სადაც ადრე გავრცელებული ყოფილა კაცის სახელადაც. უკავშირდება ლათინურს და თარგმნიან როგორც „ნიაღვარი“, მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა და წარმომავლობა უცნობია.
ინგა (სკანდინავიური) – უკავშირდება ძველი ისლანდიელების ღმერთის სახელს ინგვე-ს ქართულში ახალი ნასესხებია.
ინეზა, ინესა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან. ესპანური ვარიანტია აგნესა-სი.
ინოლა (ქართული) – ირინეს ან მარინეს შეკვეცილი მოფერებითი ფორმაა, დამახასიათებელი სვანური ენისათვის.
ირინე (ბერძნული) – „მშვიდობა“. მისი შემოკლებული ფორმაა ირა (ეს უკანასკნელი შეიძლება მიღებული იყოს ირაიდა-ს შემოკლებითაც, რომელიც აგრეთვე ბერძნული სახელია და ნიშნავს „გმირ ქალს“ ან „ჰერას ასულს“).
ირმა – ქართული სახელია; გარეგნულად ემთხვევა გერმანულ სახელს, რომელსაც სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და „ირმინისადმი (ომის ღმერთისადმი) შეწირულს“ ნიშნავს.
იულია (ლათინური) – „იულიუსის კუთვნილი“, „იულიუსისა“, ან „ივლისისა“.
კ
კაკალა (ქართული).
კატო – (ქართული), მიღებულია ეკატერინე-ს შემოკლებით.
კეკელა – შემოკლებით კეკე, ქართული სახელია, ნიშნავს „მშვენიერს“, „ლამაზს“, „ტურფას “ (შეადარეთ კეკლუცი). წინათ იგი გავრცელებული ყოფილა როგორც ქალის, ასევე კაცის სახელადაც (აქედან მოდის გვარები: კეკელაშვილი, კეკელიძე, კეკელია). ახლა ეს სახელი თითქმის აღარ გვხვდება, რადგან კეკელამ უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა („პრანჭია“).
კესანე – ქართული სახელია, შერქმეული მინდვრის ყვავილის სახელწოდების მიხედვით.
კესარია (ბერძნული) – „დედოფალი“. შემოკლებული ფორმაა კესო, რომელიც ვრცელდება ქართულში როგორც დამოუკიდებელი სახელი. ეს სახელი ჰქვია ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს. გვხვდება აგრეთვე მეორე შემოკლებული ფორმაც – კესა.
კლავდია (ლათინური) – ნაწარმოებია კაცის სახელისაგან: კლავდიუს – „კოჭლი“. კლავდიუსს უწოდებდნენ კოჭლ ღვთაებას – ჰეფესტოსს ანუ ვულკანს.
კლარა (ლათინური) – „ნათელი“. ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.
კმარა (ქართული) – არქმევენ, როცა მეტი ქალიშვილი აღარ სურთ. ასეთივეა აღმოსავლური სახელები: ბასაკ („ კმარა“), ბასგულ („კმარა ყვავილი“, ე.ი. „კმარა ქალიშვილი, გოგონა აღარ გვინდა“). შეადარეთ აფრეთვე ნამეტი, მეგრული მეტვარი („მეტი არა!“).
კრავაი (ქართული) – თამარ მეფის დროს გამოჩენილი დარბაისელი ქალი იყო კრავაი ჯაყელი. ეს სახელი კრავის ფორმით გვხვდება. უფრო ადრეც – „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“: „და ვითარცა განთენა, [მირიან აზნაურმან] შემიყვანნა წინაშე მეუღლისა თვისისა, რომლისაი არს სახელი კრავი, რამეთუ არს იგი მხევალი ქრისტესი“.
ლ
ლალი – წარმოშობით ძველი ინდურია, აღნიშნავდა წითელი ფერის ძვირფას თვალს – ლალს, აქედანაა კი საერთოდ წითელ ფერს. როგორც ერთი, ისე მეორე მნიშვნელობით იგი ისესხა არაერთმა აღმოსავლურმა ენამ. სხვადასხვა გზით ამ სიტყვას უკავშირდება სახელები ლალი, ლალა, ლალე, ლოლა. ზოგი მათგანი აღმოსავლეთის ხალხებში გვხვდება კაცის სახელადაც. აქედანაა გვარები: ლალაშვილი, ლალიაშვილი, ლოლაშვილი.
ლამარა – ახალი წარმოქმნილი ქართული სახელია. სვანეთში, უშგულის თემში, არის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარი, რომელსაც ლამარა ჰქვია („მარიამისა“). აქედან არის მიღებული ლამარა. პირველად გვხვდება გრ. რობაქიძის ამავე სახელწოდების პიესაში.
ლამზირა (ქართული) – სვანურად ნიშნავს „სალოცავს“. ნაწარმოებია ლამარა-ს მსგავსად.
ლანა (სლავური) – მოფერებითი ფორმაა, მიღებული სვეტლანა, რუსლანა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლების გზით.
ლარისა (ბერძნული) – „თოლია“.
ლატავრა (სპარსული) – „რატის ასული“. მისი ადრინდელი ფორმაა ლატავრი, რომელიც მემატიანის ცნობით, ქალის სახელად გვხვდება ჯერ კიდევ VII სუკუნეში: „ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი, ნათესავი ბაგრატიონთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი“. ეს სახელი გვხვდება X საუკუნეშიც - „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“. ძველად გვხვდებოდა აგრეთვე ანალოგიურად ნაწარმოები ქალის სახელები: გვარამავრი და პეროჟავრი. ლატავრა ჰქვია სანდრო შანშიაშვილის ამავე სახელწოდების დრამისა და ზაქარია ფალიაშვილის ოპერის მთავარ მოქმედ გმირს.
ლაურა (ლათინური) – „დაფნა“ (დაწვრილებით – იხ. ლავრენტი).
ლეილა (არაბული) – „ღამე“, გადატანით – „შავი“, „შავგვრემანი“. სხვაგვარი ეტიმოლოგიით, არაბულში შესულია ძველი ებრაულიდან, სადაც ლილია, ლილი ნიშნავს „შროშანს“. ებრაულიდან ეს სიტყვაც და საკუთარი სახელიც ნასესხებია აგრეთვე ლათინურში და მთელ რიგ ევროპულ ენებში.
ლელა (ქართული) – „სწორთმიანი“ (მცენარის სახელისაგან). XVII საუკუნიდან ცნობილია თეიმურაზ მეფის ასული – ლელა ბატონიშვილი.
ლენა (სლავური) – მოფერებითი სახელია, მიღებული ელენა, ელეონორა, ვილენა, ლეონინა და სხვა მსგავსი სახელების შემოკლებით გზით.
ლია (ძველი ებრაული) – ეტიმოლოგია დაუზუსტებელია; არსებობს რამდენიმეგვარი ვარაუდი, რომელთა მიხედვით შეიძლება ნიშნავდეს „დეკეულს“, ან „ანტილოპას“, ან კიდევ „დაქანცულს“, „დაღლილს“.
ლიანა – ევროპული სახელის ლილიანა-ს შემოკლებული ფორმაა.
ლილიანა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც მას უკავშირებენ ყვავილის ლათინურ სახელს: ლილია – „შროშანი“ (თავის მხრივ ეს ლათინური სახელწოდება ძველი ებრაულიდან მოდის).
ლიდა, ლიდია (ბერძნული) – „ლიდიელი“ (ლიდია მცირე აზიის ერთ-ერთი ქვეყნის სახელწოდებაა).
ლილი (ძველი ებრაული) – „შროშანი“.
ლიუდმილა (სლავური) – „ხალხის საყვარელი“. სლავურ ენებში არის ვაჟის სახელი ლიუდმილ, რომლისაგანაც ნაწარმოებია ქალის სახელი ლიუდმილა.
ლოლა (ირანული) – „იასამანი“.
ლონდა – ეტიმოლოგია უცნობია.
ლუბა, ლიუბა (სლავური) – შემოკლებული ფორმაა სახელისა ლიუბოვ, რომელიც ბერძნულის კალკს (პირდაპირ თარგმანს) წარმოადგენს. ლეგენდის მიხედვით, იყვნენ წამებული დები: ქარისი ანუ აგათე („სიყვარული“), პისტის („რწმენა“) და ელპის ანუ ელპიდე („იმედი“). მათ დედას ერქვა სოფიო („სიბრძნე“). ეს სახელები (სოფიო, აგათია, პისტი, ელპიდე) უთარგმნელადაც გავრცელდა ქრისტიან ხალხებში, ზოგან კი ითარგმნება კიდეც. ამგვარი თარგმანის ნიმუშია რუსული ვერა („რწმენა„), ლიუბოვ („სიყვარული), ნადეჟდა („იმედი“), რომლებიც ბოლო საუკუნეებში შემოვიდა ქართულშიც.
ლუიზა – ფრანგული სახელია, ნაწარმოები მამაკაცის სახელისაგან: ძველი ფრანგული „ხლოდვიკ“ ნიშნავს „სახელოვან მეომარს“. აქედან მომდინარეობს ვაჟის სახელი ლიუდვიგ (ლიუდვიკ), რომლისგანაც მივიღეთ ლუი, ამ უკანასკნელისაგან კი – ქალის სახელი ლუიზა.
მ
მაგდალინა (ლათინური) „მაგდალელი“, „მაგდალინელი“ – ერთ-ერთ წმინდანს, სახელად მარიამს, რომელიც პალესტინის ქალაქ მაგდალიდან იყო, სხვა მარიამებისაგან გასარჩევად ეწოდა მარია მაგდალინა. შემდგომში მისი ზედწოდება კათოლიკურ წრეებში ცალკე სახელად იქცა. ამ სახელის შემოკლებული ფორმებია: მაგდანა, მაგდა, მადინა, მადი. ამჟამად ისინიც დამოუკიდებელ სახელებად არის ქცეული. ამავე სახელმა ფრანგულ ენაში მიიღო ფორმა მადლენა, რომელიც ამ სახითაც შევიდა სხვა ენებში, მათ შორის ქართულში.
მაგული (ქართული) – მეგრულად ნიშნავს „მსგავსს“ (შეადარეთ ქართული „მაგვარი“).
მადლენა – წარმოადგენს მაგდალინა-ს ფრანგულ ფორმას, ჩვენში ახალი ნასესხებია (შეადარეთ მაგდა, მაგდანა).
მადონა (იტალიური) – „ჩემო ქალბატონო“. ასე უწოდებენ კათოლიკეები ღვთისმშობელს. ასეთივე იყო ქალისადმი ზრდილობიანი მიმართვის ფორმა, რომელიც შემდგომში პიროვნულ სახელად იქცა.
მავრა (ბერძნული) – „შავი“, „შავგვრემანი“. ამოსავალია ვაჟის სახელი მავრი (ფრანგული გამოთქმით – მოვრის). მოწამეთა სახელია.
მათიკო – ქართული სახელია, მიღებული მართა-ს მოფერებითი ფორმისაგან.
მაია – ძველი ინდური ღვთაების – ბუდას დედის სახელია. ასევე ეწოდება მერკურის ანუ ჰერმესის დედას ბერძნულ მითოლოგიაში.
მაიკო – მაია-ს, მარიამ-ის ან მაკრინე-ს საალერსო ფორმაა. ამ სახით მხოლოდ ქართულში წარმოგვიდგება.
მაისა, მაისო (ქართული) – „მაისისა“, „მაისში დაბადებული“. ადრე გვხვდებოდა ვაჟის სახელადაც. აქედანაა გვარი მაისაშვილი.
მაკა – ევროპულ ენებში დამკვიდრებული ფორმაა, მიღებული ისეთი სახელების შემოკლების გზით, როგორიცაა მაკრინე, მარია, მარგარიტა და სხვ.
მაკრინე (ლათინური) – „ხმელი“, „გამხდარი“. მისი მოფერებითი ფორმებია ქართულში დამოუკიდებელ სახელებად ქცეული მაიკო და მაკა, აგრეთვე მაკო.
მალი (ქართული) – მოფერებითი ფორმაა მალიკო.
მამისა (ქართული) – წინათ გვხვდებოდა ვაჟის სახელადაც (შეადარეთ მამია). აქედანაა გვარი მამისაშვილი.
მანანა (ძველი ებრაული) ბიბლიური სახელია, ნიშნავს „მცირეს“, „ცით მოვლენილს“, გადატანით „ზეციურ პურს“ (რომელსაც ღმერთი უგზავნიდა სამშობლოდან დევნილ ებრაელებს). ქალის სახელად განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა საქართველოში ბოლო დროს.
მანონ – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, უცნობი ეტიმოლოგიისა. ჩვენში მის გავრცელებას ხელი შეუწყო აბატ პრევოს რომანის „მანონ ლესკოს“ თარგმნამ (მთარგმნელი ქეთევან ირემაძე).
მარადი (ქართული).
მარგალიტა (ლათინური) „მარგალიტი“. პირველადი ფორმაა მარგარიტ(ა), შემოკლებული – მარგო.
მარეხ (არაბული) „მარსი“. პარალელური ფორმაა მარიხ. პიროვნულ სახელებად გვხვდება ამ პლანეტის ლათინური სახელწოდებაც – ვენერა, ქართულიც – ცისკარა.
მართა (არამეული) – „ქალბატონი“, „დიასახლისი“. მისი მოფერებითი ფორმაა ქართულში მათიკო. მართა ერქვა ქრისტეს მეგობრის ლაზარეს დას, მენელსაცხებლე დედას, რომელიც იხსენიება სახარებაში: „ხიყო ვინმე დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ (=სახლში) თვისა“.
მარი (ძველი ებრაული) – „მწარე“.
მარია – ბერძნული ფორმაა ძველი ებრაული სახელისა მარიამ (იხ. აქვე, ქვემოთ). ეს ფორმა ქართულისათვის ნაკლებ დამახასიათებელია, თუმცა გვხვდება ჯერ კიდევ XI ს-ში: „ბრძანებისა მიერ მარადის სახსენებელისა დედოფლისა უფალა მარიამისი“ (A 52, იოვანეს თავის თარგმანების სათაურში). როგორც აკადემიკოსი ელენე მეტრეველი ფიქრობს, ეს ფორმა უთუოდ ბერძნული დედნიდანაა გადმოსული.
მარიამ (ძველი ებრაული) – მოეპოვება რამდენიმეგვარი განმარტება: 1. „შეუპოვარი“, „დაუმორჩილებელი“, „უარმყოფელი“; 2. „მწარე“; 3. „ქალბატონი“; 4. „საყვარელი უფლისა“. უფრო სარწმუნოდ ითვლება პირველი მნიშვნელობა. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამის მოფერებითი ფორმებია ქართულში: მარო, მარიკო, მაიკო, მაშო, მაშიკო. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა, მარუსია. გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული.
მარიანა – იხ. მარინა, მარინე.
მარიკა – იხ. მარიამ.
მარინა, მარინე (ლათინური) – „ზღვისა“. ლათინურად ზღვას ეწოდება მარე, რომელიც საფუძვლად უძევს ვაჟის სახელებს: მარიან, მარინ, მარი, ხოლო ამათგან შემდეგ წარმოქმნილია ქალის სახელები: მარინა||მარინე, მარიანა და სხვანი (შეადარეთ რუსული море – „ზღვა“; მარინისტი ჰქვია მწერალს ან მხატვარს, რომლის შემოქმედების მთავარი თემაა ზღვა). ხსენებულ პარალელურ ფორმათაგან ქართულში ამჟამად ყველაზე პოპულარულია მარინა (ნასესხები სლავურიდან), თუმცა ისტორიულად უფრო ძველი და ლათინურთან ახლოს მდგომი ფორმაა მარინე.
მარო, მაშიკო, მაშო – იხ. მარიამ.
მატრონა (ლათინური) – „ქალბატონი“, „დიასახლისი“.
მაყვალა (ქართული) აღნიშნავს – „შავტუხას“, „შავგვრემანს“. მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მელანია.
მეგი – მაგდას ინგლისური ფორმაა.
მედეა – ძველი ქართული სახელია, გაურკვეველი მნიშვნელობისა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს სახელი შეიძლება უკავშირდებოდეს ზმნას „მინდა“ (შდრ. ვაჟის სახელი მინდია) ე.ი. ნიშნავდეს „სასურველს“, თავდაპირველად კი – „გრძნეულს“ (გ. როგავა). მისი მოფერებითი ფორმაა მედიკო. ცნობილი ბერძნული მითის მიხედვით, მედეა ერქვა კოლხეთის მეფის ასულს, არგონავტების წინამძღოლ იაზონის მეუღლეს (ძვ.წ. VIII ს.). არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ სახელისაგან მომდინარეობდეს მეცნიერების დარგის სახელწოდება – მედიცინა.
მელანია (ბერძნული) – „შავი“ (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მაყვალა. მასვე უკავშირდება სიტყვა მელანი – საწერი სითხე, რომელიც თავდაპირველად შავი ფერისა მზადდებოდა). ამავე სახელის ვარიანტებია ქართულში: მელანა, მელანო. შემოკლებით – მელო.
მელიტა (ბერძნული) – „თაფლიანი“. ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან (შეადაერთ კაცის სახელი მელიტონ, საიდანაც ნაწარმოებია ქალის სახელი მელიტონა, ამ უკაბნასკნელის შემოკლებით კი მიღებულია მელიტა).
მერი – მარიამ-ის ინგლისური ფორმაა, რომელიც ქართულში ახალი შემოსულია. ეს სახელი ჰქვია გალაკტიონ ტაბიძის პოეტური ოცნების ქალიშვილს, რომელსაც პოეტმა მიუძღვნა რამდენიმე შესანიშნავი ლექსი.
მზაღო – ჩერქეზულად ნიშნავს „მოუსვენარს“, ყაბარდოულად - „სინათლეს“, „შუქს“ (შეადარეთ შუქია, ნათელა, სვეტლანა, ფოტინე). ქართულში გავრცელდა ალექსანდრე ყაზბეგის „ელგუჯას“ გავლენით, რომლის მთავარ გმირ ქალსაც მზაღო ჰქვია.
მზევინარი (ქართული).
მზეონა (ქართული) – „მზიანი“.
მზეხათუნ (ქართული) – „მზე-ქალბატონი“, „მზის მსგავსი ქალბატონი“. ამ კომპოზიტი სახელის მეორე ნაწილი ხათუნ თურქულია და „ქალბატონს“ ნიშნავს. ის ქართულში ცალკეც გვხვდება ქალის სახელად. მზეხათუნ-ის შემოკლებული ფორმაა მზეხა (ახალი გააზრებით - „მზე ხარ“).
მზია (ქართული).
მზიანა (ქართული).
მზისადარ (ქართული) – მისი შემოკლებული ფორმაა მზისა.
მზიულა (ქართული) – მისი ვარიანტული ფორმებია: მზიული, მზიური.
მთვარისა (ქართული).
მიმოზა – თბილ ქვეყნებში გავრცელებული ყვავილოვანი მცენარის სახელწოდებაა, ქცეული პიროვნულ სახელად (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ია, ვარდო, ეძნელა...)
მინადორა (ბერძნული) – „თვის ნობათი“, „თვის საჩუქარი“. იშვიათად გვხვდება პარალელური ფორმა – მინადარი.
მირანდა – შემოკლებული ფორმაა მირანდუხტ-ისა, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და „მირიანის ასულს“ ან „ამირის (ბატონის) ასულს“ ნიშნავს (შეადარეთ გურანდუხტ||გურანდა „გურამის ასული“). ვახტანგ გორგასლის ერთ დას გურანდუხტი ერქვა, მეორეს – მირანდუხტი. ეს სახელები სრული ფორმით დღეს აღარ იხმარება, მაგრამ გვხვდება შემოკლებული სახით: გურანდა, მირანდა. ეს უკანასკნელი ემთხვევა ევროპულ სახელს.
მოკონა (ქართული) – მეგრულად ნიშნავს „სასურველს“ (სიტყვა-სიტყვით „გვინდა“) შეადარეთ ვაჟის სახელი მოკოდია („მინდოდი“).
მცინარა – იხ. – ცინარა.
ნ
ნადეჟდა (სლავური) – „იმედი“. ბერძნული ელპიდეს თარგმანია (დაწვრილებით იხ. ელპიდე, ლიუბა). მოფერებითი ფორმებია: ნადია, ნადო, ნადიკო.
ნაზი (ირანული) – „კოხტა“. ძველ ირანულში ამ სახელს ატარებდნენ კაცები, ახალ სპარსულში დაუკავშირდა ქალს. ქართულში მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება. მისი მოფერებითი ფორმებია: ნაზია, ნაზო, ნაზიკო.
ნაზიბროლა (ქართული) – აკაკი წერეთლის პოემა „გამზრდელის“ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია.
ნათელა (ქართული) – ერთ-ერთი ძალზე გავრცელებული სახელია ქალისა, წინათ კაცის სახელადაც გვხვდებოდა (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ: ლუკა, ლუკინა, ფოტინე, როქსანა, კლარა, ლუცია, ლუჩია, სვეტლანა და სხვანი) აქედანაა გვარები: ნათელაშვილი, ნათელაძე, ნათელაური. ნათელა ჰქვია აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების პოემის მთავარ გმირს.
ნათია (ქართული) – ნათელას პარალელური ფორმაა. გვხვდება ჯერ კიდევ XV ს. დამდეგს: როგორც „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს, მეფე გიორგი VII-ს ცოლად ესვა ქუცნა ამირეჯიბის ასული ნათია. ნათელას მსგავსად ნათია (ნათაი) გვხვდება კაცის სახელადაც (იხსენიება, მაგალითად, სვანეთის კრების მატიანეში, რომელსაც XIII ს. მეორე ნახევრით ათარიღებენ). მისგან ჩანს მიღებული გვარები: ნათაძე, ნათიძე, ნათიშვილი.
ნაია (ბერძნული) – „ალი“, „წყლის ნიმფა“.
ნაილი (არაბული) – „საჩუქარი“. არაბულში კაცის სახელია. ქალის სახელად ქცეულია აზერბაიჯანულში ნაილია-ს ფორმით.
ნაირა (არაბული) – „ნათელა“.
ნამი (ქართული) – თვით სიტყვა ნამი სპარსულიდან არის შემოსული.
ნამეტი (ქართული) – როცა მშობლებს ქალიშვილები უკვე ჰყავთ და ვაჟი სურთ, მაგრამ ისევ ქალიშვილი შეეძინებათ, მაშინ არქმევენ ამ სახელს. ნახეთ აგრეთვე კმარა.
ნანა (ბერძნული) – „პაწაწინა“. ეს სახელი ერქვა ქართლის დედოფალს, მირიანის მეუღლეს, მოციქულთა სწორს, რომლის დროსაც ქრისტიანობა დამკვიდრდა საქართველოში (IV ს.). არსებობს ვარაუდი, რომ ნანა შესაძლოა უკავშირდებოდეს ძველი ხეთური ღვთაების სახელწოდებას. მასთან კავშირშია მომდევნო რამდენიმე სახელიც.
ნანამზე (ქართული).
ნანი (ქართული) – გვხვდება სვანეთის კრების მატიანეში (XIII ს.). ნანასა და ნანის მოფერებითი ფორმებია: ნანია, ნანო, ნანიკო, ნანუკა.
ნანული (ქართული) – ესეც ნანის საალერსო ფორმაა, ქცეული დამოუკიდებელ სახელად.
ნარგიზა (ბერძნული) – პარალელური ფორმაა ნარგიზი. ანტიკური მითის მიხედვით, ნარკისი ანუ ნარცისი ერქვა თავის თავზე შეყვარებულ ლამაზ ჭაბუკს, რომელიც თავისი სილამაზის საჭვრეტად სულ ერთთავად წყალში იყურებოდა და ღმერთებმა ყვავილად აქციეს. ამ ყვავილის სახელი ქართულად გადმოიცემა ნარგიზის ფორმით და იგი ქალის სახელად გამოიყენება. იგი საერთოდ აღმოსავლეთში გავრცელებულია ქალის სახელად, თვით ბერძნულში კი ნარკისი ანუ ნარცისი ვაჟის სახელია, ნარკისა – ქალისა. სახელის ფუძეა ბერძნული ზმნა ნარკაო - " ვაშეშებ " (შეადარეთ სიტყვა ნარკოზი).
ნარგული (სპარსული) – იგივეა რაც გულნარა – „ბროწეულის ყვავილი“.
ნატალია (ლათინური) – „ბუნებრივი“, „მშობლიური“. დიეს ნატალის ლათინურად „დაბადების დღეს“ ნიშნავს. ნატალი კაცის სახელია, რომლისგანაც ჩვეულებრივ სუფიქსის დართვით ნაწარმოებია ქალის სახელი ნატალია. მისი შემოკლებული ფორმებია ნატა, ნატო. რუსული მოფერებითი ფორმაა ნატაშა.
ნატო – ნატალიას შემოკლებული ფორმა – ქართულში ქცეულია დამოუკიდებელ სახელად. გაიხსენეთ, მაგალითად, გამოჩენილი მსახიობი ქალები – ნატო გაბუნია და ნატო ვაჩნაძე.
ნატრისი (ქართული).
ნატრული (ქართული).
ნელი – ელენე-ს (ან კიდევ მადლენა-ს) მოფერებითი ფორმაა. ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.
ნენე (ქართული) – „დედისა“.
ნეოლინა (ბერძნული) – „ახალგაზრდა“, „ახალი“. გახალხურებული (ბგერათგადასმით მიღებული) ფორმაა ერთ-ერთი მოწამის სახელისა – ნეონილა.
ნესტან – ნესტან-დარეჯან-ის პირველი ნაწილია, ქცეული ცალკე სახელად. ნესტან-დარეჯან მომდინარეობს სპარსული გამოთქმისაგან: ნესთ ანდარე ჯაჰან - „სწორუპოვარი“, უფრო ზუსტად: „არ არის ქვეყნად (მისი ტოლი)“. ეს სახელი ჰქვია „ვეფხისტყაოსნის“ მთავარ გმირ ქალს. სრული (კომპოზიტიური) ფორმა, გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, დადასტურებულია ისტორიულ ძეგლებში. ამჟამად როგორც ნესტანი, ისე დარეჯანი გვხვდება ცალ-ცალკე სახელებად (იხ. დარეჯან).
ნინელი (რუსული) – ახალი წარმოქმნილი სახელია, რომელშიაც ბოლოდან იკითხება ლენინი.
ნია (ბერძნული) – „ახალი“.
ნინო – ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქალის სახელია საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, მოციქულთა სწორს, IV საუკუნეში. ამ სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრის, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგანვე მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ყოველ შემთხვევაში, ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართულ სახელს წარმოადგენს, მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ ენათა ნინა-სთან, რომელიც ანინა, კატარინა, ჯოვანინა და სხვა მისთანა სახელთა შემოკლებით არის მიღებული. ნინოს მოფერებითი ფორმებია: ნინიკო, ნინუცა, ნუცა, ნუციკო. მისგან ნაწარმოებია გვარი ნინოშვილი.
ნონა (ეგვიპტური) – „ღვთისადმი მიძღვნილი“, „ღვთისადმი შეწირული“. სხვაგვარი ეტიმოლოგიით, ლათინურად ნიშნავს „მეცხრეს“ (ნაწარმოებია ნონუს ვაჟის სახელისაგან). ბოლო დროს ამ სახელის ფართოდ გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი სახელოვანი მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის პოპულარობამ.
ნისა (არაბული) – „ქალი“.
ნორა – ელეონორა-ს შემოკლებული ფორმაა.
ნუგეშა (ქართული).
ნუნუ – შესაძლოა უკავშირდებოდეს ძველ ეგვიპტურს, სადაც „ნუნ“ მთავარი წარმართული ღვთაების სახელია. ის იყო ყველა სხვა ღვთაების სათავე, მარადიული წყლის ქაოსი.
ნუშია (ქართული) – მოფერებითი ფორმებია: ნუშა, ნუშო, ნუშიკო.
ნუცა – ნინო-ს მოფერებითი ფორმის – ნინუცა-ს შემოკლებული ვარიანტია, ამჟღავნებს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენციას (გაიხსენეთ ცნობილი მსახიობი ნუცა ჩხეიძე). ამის ნიშანია ისიც, რომ ამ მოფერებითი სახელისაგან კვლავ იწარმოება კნინობითი ფორმები: ნუციკო, ნუცკია.
ო
ოლიმპიადა (ბერძნული) – „ოლიმპიელი“ (შეადარეთ სხვადასხვა სახის შეჯიბრის აღმნიშვნელი სიტყვა ოლიმპიადა, მთის სახელი ოლიმპო, რომელიც ბერძნებს ღმერთების ადგილსამყოფლად მიაჩნდათ, და ქალაქის სახელი ოლიმპია, სადაც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა შეჯიბრებანი იმართებოდა). საფუძვლად უძევს ბერძნული წარმოშობის რამდენიმე სახელს, როგორც ვაჟისას, ისე ქალისას. ერთ-ერთი მათგანია ვაჟის სახელი ოლიმპიადოს (ოლიმპიადი), რომლისგანაც წარმოქმნილია ქალის სახელი ოლიმპიადა.
ოლღა, ოლგა, ოლია (სკანდინავიური) – „წმინდა“. რუსულში ადრეულ ხანაში არის ნასესხები ვაჟის სახელი ოლეგ და მისგან ნაწარმოებია ქალის სახელი ოლგა. ქართულში გვხვდება როგორც ოლეგი, ისე ოლგა, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო გავრცელებულია ოლღა-ს ფორმით. მისი კნინობითია ოლია, ოლიკო და ოლა. ამათგან ოლია ქცეულია დამოუკიდებელ სახელად.
პ
პასიკო (ქართული) – ეტიმოლოგია უცნობია.
პატკუ (ქართული) – ეტიმოლოგია უცნობია.
პელაგია (ბერძნული) „ზღვისა“. შემოკლებული ფორმაა პელო. შეადარეთ გეოგრაფიული ტერმინი არქიპელაგი („ ერთმანეთის ახლოს მდებარე კუნძულთა ჯგუფი“). მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მარინე. პელაგია ერქვა რამდენიმე მოწამეს.
პეპელა (ქართული).
პირიმზე (ქართული) – კომპოზიტიურად ნაწარმოები, ეტიმოლოგიურად გამჭირვალე სახელია. ასეთივე კომპოზიტიური სახელებია პირიმზისა და პირმთვარისა, რომლებიც დღეს თითქმის აღარ გვხვდება. ეს სახელები ჰქვიათ აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ პერსონაჟებს, ტყუპ დებს.
პისტი (ბერძნული) – „რწმენა“, „ერთგულება“. მოწამეთა სახელია. მისი თარგმანია რუსული ვერა (იხ. აგრეთვე ელპიდე, ლუბა).
პიღასი (ბერძნული) – ბერძნულ მითოლოგიაში პეგასი ჰქვია ფრთიან ცხენს. აქედანაა ნაწარმოები პიღასი, რომელიც გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. ქართულში ცნობილია მხოლოდ ქალის სახელად (ამჟამად იშვიათია).
პოლინა, პოლინე – ანტიკურ მითოლოგიაში მზის, სიბრძნის, ხელოვნების ღმერთად აღიარებულია აპოლონი, რომლის სახელიც, როგორც ვარაუდობენ, ბერძნულია და „დაღუპვას“ ნიშნავს. აქედან ნაწარმოებია კუთვნილების აღმნიშვნელი ზედსართავი აპოლინარის („ აპოლონისა“), საიდანაც შემდეგ ლათინურ ენაში წარმოიქმნა ვაჟის სახელი აპოლინარი და ქალისა – აპოლინარია. ამ უკანასკნელის გამარტივების გზით სლავურ და სხვა ევროპულ ენათა სასაუბრო მეტყველებაში გაჩნდა ფორმები პოლინე და პოლინა, რომლებიც ბოლო ხანებში ქართულშიც შევიდა.
ჟ
ჟანეტა – ფრანგული ფორმაა არაბული სახელისა ჟანეტ („ სამოთხე“) იხ. ჯანეტა.
ჟენია – ევგენია-ს არაზუსტი ფრანგული ფორმაა, შემოსული რუსულის გზით (ფრანგულად გამოითქმის ეჟენი). იხმარება კაცის სახელადაც, როგორც ევგენი-ს საალერსო ფორმა. ოფიციალურ სახელს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს.
ჟუჟუნა (ქართული) – „თვალციმციმა“. არსებობს გვარებიც: ჟუჟუნაშვილი, ჟუჟუნაძე.
რ
რაისა (ბერძნული) – „მსუბუქი“; ან: (არაბული) „ქალბატონი“.
რიმა (ბერძნული) – მნიშვნელობა არაა ნათელი. წინათ კაცის სახელი იყო, შემდეგ კი ქალის სახელად იქცა.
რიფსიმე (ბერძნული) – „მსროლელი“, „დამგდები“, „ერთის დამტევებელი“.
როდამ (სპარსული) – „მდინარის წყალი“, „მდინარის ელვარება“. გვხვდება კაცის სახელადაც. ეს სახელი (რუდაბე||როდაბე – როდამ) ჰქვია ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“ ერთ-ერთ გმირს.
როენა – ეტიმოლოგია უცნობია.
როზა (ლათინური) – „ვარდი“ (შეადარეთ ქართული ვარდო, ვარდუა). ქართულში იშვიათად გვხვდება, შემოსულია ბოლო დროს რუსულის მეშვეობით.
რუსუდან (სპარსული) – „დღიანი“, „დღეგრძელი“ (რუზ – „დღე“, „დან“ სპარსული სუფიქსია, რომელიც აწარმოებს აგრეთვე ფარსადან, სარიდან და სხვა სახელებს). მოფერებითი ფორმაა ქართულში რუსიკო. რუსუდანი ერქვა თამარ მეფის ასულს, რომელიც ერთხანს თვითონაც იჯდა საქართველოს სამეფო ტახტზე. ეს სახელი ჰქვია ქართული მწერლობის თვალსაჩინო ძეგლის „რუსუდანიანის“ მთავარ გმირს.
ს
საბედა, საბედო (ქართული) – „ვისაც ბედი ელის“, „საბედნიერო“ (შეადარეთ ბედისა). როგორც არაკალენდარული სახელი, მიჩნეული იყო ელისაბედ-ის შემოკლებულ ფორმად.
სალომე (ძველი ებრაული) – „მშვიდობა“. ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათაგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლე, სომეხთა მეფის თრდატის (298–330) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმინდა ნინოს ცხოვრება: „რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქვა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქვა რევ“.
სამაია (ქართული) – წარმართობის დროინდელი ქართული რიტუალური საფერხულო ცეკვა. ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები „ძეობის“ დღესასწაულზე. ტერმინი „სამაია“ ანუ „სამა“ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, აღნიშნავს „როკვას, შუშპარს“.
სამძივარი, სამძივარა (ქართული) – როცა ანდრია მოციქული, პირველწოდებული, მოვიდა საქართველოში, მესხეთში, და შეუდგა ქრისტეს მოძღვრების ქადაგებას, „მთავრობდა მაშინ დედაკაცი ვინმე ქვრივი სამძივარი“ („ქართლის ცხოვრება“, I). შეიძლება იმავე სახელის ფონეტიკური ვარიანტი იყოს სამძიმარა, რომელიც ძველი ქართული წარმართული ღვთაების სახელად გვხვდება ფოლკლორულსა და წერილობით წყაროებში. მთის კილოებში დასტურდება მისი ვარიანტული ფორმები: სამძიმი, სამძიმა, სამძიმარი, სამძიმარო. დღეს კი ეს სახელი თუ სახელები თითქმის მივიწყებულია.
სანდუა (ქართული) – „სანდომიანი“ ან „სანდო“.
სანათა (ქართული) – მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ნათელა, სვეტლანა, ფოტინე. სანათა ჰქვია ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“ ერთ-ერთ პერსონაჟს, გმირი ვაჟკაცების დედას.
სარა (ძველი ებრაული) – „ქალბატონი“, „ჩემი მბრძანებელი“. ეს სახელი ერქვა ბიბლიური აბრაამის ცოლს, საიდანაც სათავე დაედო ებრაელთა მოდგმას.
სევდია – სიტყვა წარმოშობით არაბულია (სავდა – „მწუხარება“, „ნაღველი“), ქალის სახელად ქცეულია აზერბაიჯანულში (სევდა – „წუხილი სიყვარულის გამო“). ქართულში ცნობილია სევდია-ს ფორმით, მაგრამ თავისი „სევდიანი“ მნიშვნელობის გამო ამჟამად იშვიათად გვხვდება.
სვეტლანა (სლავური) – „ნათელისა“. ნაწარმოებია კაცის სახელისაგან: „სვეტლან“ – „ნათელი“. შეადარეთ ქართული ნათელა, სანათა, ბერძნული ფოტინე.
სიდონია – შემოკლებით სიდო – ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია, შესაძლოა უკავშირდებოდეს გეოგრაფიულ სახელს სიდონ-ს, ე.ი. ნიშნავდეს „სიდონელს“ (სიდონი ებრაულად ნიშნავს „სათევზაო ადგილს“). სიდონი ერქვა ფინიკურ ქალაქს.
სილვა – ახალი ნასესხებია დასავლეთ ევროპის ენებიდან, წარმოადგენს სილვია-ს შემოკლებულ ფორმას, რომელიც მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს „ტყისას“ (დაწვრილებით იხ. სილიბისტრო).
სოფიო (ბერძნული) – „სიბრძნე“. თვით ბერძნულში პირველადი ფორმაა სოფია. შეადარეთ მეცნიერების სახელწოდება ფილოსოფია. სოფისტები ერქვათ ერთ-ერთი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის მიმდევრებს. ბულგარეთის დედაქალაქში არის წმინდა სოფიოს სახელწოდების ტაძარი, რომლისგანაც მთელ ქალაქს მიუღია სახელი – სოფია. სოფიოს მოფერებითი ფორმებია ქართულში: სოფო, სოფიკო.
სულიკო (ქართული).
სურათა (არაბული) – „სურათი“, „ნახატი“, „სახე“.
სუსანა (ძველი ებრაული) „შროშანა“ (შეადარეთ ყვავილის სახელწოდება სოსანი). ამ სახელის სომხური ფორმაა შუშანიკ. სუსანა მენელსაცხებლე დედისა და რამდენიმე მოწმის სახელია.
ტ
ტასო – ანასტასია-ს მოფერებითი ფორმაა, ამჟღავნებს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენციას.
ტატიანა (ბერძნული) – „მომწყობი“, „დამფუძნებელი“. განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული სახელია რუსულში. ეს სახელი ჰქვია პუშკინის „ევგენი ონეგინის“ გმირ ქალს. მისი მოფერებითი ტორმებია ტანია, ტატა.
ტერეზა – ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. უკავშირებენ ძველ ბერძნულს, რომლის მიხედვითაც ნიშნავს „დაცვას“ ან „მონადირეს“ (უფრო ზუსტად: „სანადიროდ სიარულს“); სხვაგვარი ვარაუდით, ძველი გერმანული სახელია და ნიშნავს „სიყვარულს“ ან „ძლიერს“.
ტრედონა (ქართული).
ტურფა (ქართული) – ჰქვია აკაკი წერეთლის ისტორული დრამის „პატარა კახის“ გმირ ქალს. დღეს შედარებით იშვიათი სახელია. საეკლესიო კალენდრის მიხედვით მას შეეფერება ლათინური „პულხერია“– „ლამაზი“. ტურფა წარმოშობით არაბული სიტყვაა, ნიშნავს „სიახლეს“, „უცხოს, საუცხოოს, იშვიათ რამეს“, „საჩუქარს“.
ფ
ფატი – ფატმან-ის შემოკლებული ფორმაა, რომელიც ქცეულია ოფიციალურ სახელად.
ფატმან (არაბული) – „ძუძუს მოსხლეტილი“. „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია. მისი შემოკლებული ფორმაა ფატი. მასვე უკავშირდება ფატიმა, ფატმა. ეს სახელი ერქვა მაჰმუდ წინასწარმეტყველის ქალიშვილს პირველი ცოლისაგან.
ფაცია (ქართული) – მნიშვნელობა უცნობია. პარალელური ფორმაა ფაცა. მსგავსი ფორმები დასტურდება ხურიტულ წარწერებში, რაც მათ შორის შესაძლო კავშირს გვავარაუდებინებს.
ფედოსია (ბერძნული) – „ღვთისადმი შეწირული“, „ღვთისადმი მიძღვნილი“. ძველი ფორმაა თედოსია, თედოსი (დაწვრილებით იხ. თედორე).
ფერიდე (თურქული) – „ერთადერთი“, „შეუდარებეული“, „ობოლი მარგალიტი“.
ფეფელა, ფეფენა – შემოკლებით ფეფო, ფეფიკო – ქართული სახელებია, უცნობი მნიშვნელობისა. ითვლება ეფემიას მოფერებით ფორმებად, მაგრამ ასეთი დაკავშირება გვიანდებლი მოვლენა ჩანს. მსგავსი ფორმები მოიპოვება ხურიტულში: ფაფა, ფაფალა, ბაბალე.
ფიქრია (არაბული) – „ფიქრიანი“ არაბულში გვხვდება როგორც ქალის, ისე კაცის სახელად. მნიშვნელობით იგივეა, რაც „ფიქრი“.
ფოთოლა (ქართული).
ფოტინე (ბერძნული) – „ნათელი“, „ბრწყინვალე“ (შეადარეთ ნათელა, სანათა, სვეტლანა). ერქვა რამდენიმე მოწამეს.
ფუნდუ – გვხვდება კოლხურში. ეს სახელი ჰქვია დემნა შენგელაიას მოთხრობა „განძის“ ერთ-ერთ გმირს.
ქ
ქაბატო (ქართული) – „ქალბატონი“ (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ დომნა, ვილა, კირა, რაისა, სარა, ხათუნა).
ქალთამზე (ქართული).
ქეთევან (სპარსული) – მნიშვნელობა უცნობია. „შაჰ-ნამეს“ ერთ-ერთი პერსონაჟი ქალის სახელი ქეთაიონ ქართულში გადმოტანილია ქეთეონ-ის ფორმით, საიდანაც შემდეგ მიღებულია ქეთევან. მოფერებითი ფორმებია: ქეთო, ქეთინო, ქეთეთო. ამ სახელით საქართველოში ცნობილია რამდენიმე ისტორიული პიროვნება, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თეიმურაზ პირველის დედა ქეთევან დედოფალი, რომელიც ტყვედ ჰყავდა შაჰ-აბაზს. ქეთევანმა არ უარყო ქრისტეს სჯული და წამებით მოკლეს. ამის გამო ეწოდა ქეთევან წამებული, შერაცხილ იქნა წმინდანად და მისი სახელიც შეტანილ იქნა საეკლესიო კალენდარში. ქეთევან წამებულის შესახებ არსებობს რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები.
ქიონია (ბერძნული) – „თაღი“ (საეკლესიო კალენდრის მიხედვით „თოვლიანი“). ერქვა რამდენიმე მოწამეს.
ქორდიკო (ქართული) – „იყავ“ (მეგრული ზმნის ფორმას დართული აქვს მოფერებითი სუფიქსი „იკო“).
ქრისტინე (ბერძნული) – „ ქრისტესი“, „ქრისტიანი“. პარალელური ფორმაა ქრისტინა. ერქვა რამდენიმე მოწამეს.
ქსენია (ბერძნული) – „სტუმართმოყვარე“, ან: „უცხო“, „უცხოელი“. ერქვა რამდენიმე მოწამეს.
ღ
ღაბუა (ქართული) – „ჩასუქებული“, „ყელღაბაბიანი“.
ღაღანა (ქართული) – „მოელვარე“, „ხასხასა“, ან „მოღუღუნე“.
ყ
ყამარ (არაბული) – „მთვარე“. სხვაგვარი ეტიმოლოგიით: „ცის თაღი“, „კამარა“.
შ
შვენა (ქართული).
შორენა (ქართული) – მიღებულია ბორენა-სგან გრაფიკული ცვლილების გზით (ძველ ქართულ ანბანში შ და ბ ასოები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ამიტომ ბორენა შეიძლება შეცდომით წაეკითხათ როგორც შორენა), გააზრებულია როგორც „შორეული“ (ძნელად მისაწვდომი). ეს სახელი ერქვა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“ მთავარ გმირ ქალს, დიდოსტატ კონსტანტინე არსაკიძის სატრფოს.
შუქია (ქართული).
შუშანიკ, შუშანა – სომხური ფორმაა სუსანა-სი, რომელიც წარმოშობით ებრაულია და „წყლის შროშანს“ ნიშნავს. ცნობილია სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული, ვარსქენ პიტიახშის მეუღლე შუშანიკ დედოფალი, რომლის წამებაც აღწერა იაკობ ცურტაველმა V საუკუნეში.
ჩ
ჩიორა (ქართული).
ჩიტო (ქართული) – მისი კნინობითია: ჩიტუნა, ჩიტუნია, ჩიტოლია. გვხვდება ვაჟის სახელადაც. მისგანაა წარმოქმნილი გვარები: ჩიტიშვილი, ჩიტაშვილი, ჩიტაიშვილი, ჩიტეიშვილი, ჩიტიაშვილი, ჩიტუაშვილი, ჩიტუკაშვილი, ჩიტოშვილი, ჩიტაძე, ჩიტაია, ჩიტია, ჩიტაური, ჩიტიანი.
ც
ცაბუ (ქართული) – მოეპოვება მრავალფეროვანი ვარიანტები: ცაბა, ცაბო, ცაბუა, ცაბული, ცაბურა... ამოსავალი მნიშვნელობა გაურკვეველია. ამავე ტიპის სახელებია: ცაგო, ცარო, ცაცა, ციცა, ცუცა (იხ. ქვემოთ)
ცაგო (ქართული) – მისი ვარიანტებია: ცაგუ, ცაგული, ცაგუნია...
ცარო (ქართული) – მისი ვარიანტებია: ცარუ, ცავრინა, ცარინა...
ცაცა (ქართული) – მისი ვარიანტებია: ცაცო, ცაცალა, ცაცანა, ცაცუნა...
ცეცილია – ძველი რომაული სახელია, რომლის მნიშვნელობაც არ არის ნათელი. ზოგი უკავშირებს ლათინურ კიკილია-ს, რომელიც „ბეცს“, „ახლომხედველს“ ნიშნავს. ქართულში ეს სახელი გაიგივებულია ზემოხსენებული ტიპის სახელებთან.
ციალა (ქართული).
ციკო (ქართული) – ეს სახელი ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირ ქალს.
ცინარა (ქართული) – „მოცინარი“. ვარიანტული ფორმებია: მცინარა, ცინარი, ცინუკი, ცინო...
ცირა (ქართული) – მეგრულად ნიშნავს „ქალიშვილს“ (შეადარეთ აგრეთვე გურული ციცა, ცა). მისივე ვარიანტია ცირუ. საეკლესიო კალენდარი, როგორც ჩანს, მის მნიშვნელობას უკავშირებს „მცირეს“ და ამიტომ უფარდებს მას ამავე მნიშვნელობის ლათინურ სახელს პავლა (შეადარეთ პავლე).
ცისანა (ქართული).
ცისია (ქართული).
ცისმარა (ქართული) – ვარიანტული ფორმაა ცისმარი.
ცისნამი (ქართული).
ციური (ქართული).
ციცია (ქართული) – ეს სახელია ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირ ქალს. ამ სახელის ვარიანტებია: ციცა, ციცანა, ციცინა, ციცკა, ციცო...
ციცინო (ქართული).
ცოქალა (ქართული) – „სხვა, უცხო ქალი“ (ცხო ქალ-ა), „სხვა ოჯახიდან მოსული (პატარძალი)“. ეს სახელი ერქვა ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატი სურამელის დედას, თამარ მეფის თანამედროვე დარბაისელ ქალს.
ცუცა (ქართული) – მისი ვარიანტული ფორმებია: ცუცია, ცუცკა, ცუცქა, ცუცნა, ცუცუნა, ცუცუ...
ძ
ძაბული (ქართული) – განსაკუთრებით გავრცელებულია სამეგრელოში, მიღებული ჩანს „ძღაბი“ („გოგო“) სიტყვის მოფერებითი ფორმისაგან: ძაბი, ძაბა→ძაბული.
ძაძუ – გავრცელებული სახელია დასავლეთ საქართველოში, ყაბარდოულად ნიშნავს „ჩვილს“, “ძუძუმწოვარს“. მსგავსი სახელი გვხვდება აგრეთვე ხურიტულში.
ძიძია (ქართული) – ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის „ხევისბერი გოჩას“ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია.
ხ
ხათუთა – იგივეა რაც ხათუნა.
ხათუნა – თურქულ და ირანულ ენებში ნიშნავს „ქალბატონს“, „მანდილოსანს“. ქართულში საკუთარ სახელად პირველად გვხვდება ფუზნარის ტაძრის წარწერაში (ივრის ხეობაში), რომელიც XIII–XIV საუკუნეებით თარიღდება.
ხატია (ქართული) – „დახატული“ , ე. ი. „ძალიან ლამაზი“ (შეადარეთ გამოთქმა „კალმით ნახატი“). ეს სახელი ჰქვია ნოდარ დუმბაძის რომანს „მე ვხედავ მზეს“ ერთ-ერთ მთავარ მოქმედ გმირს.
ხატიჯე (არაბული) – „ნაადრევად დაბადებული“, „დღენაკლული“.
ხატული (ქართული).
ხვარამზე (სპარსული) – „მზისა“, „მზიანი“. ძველი ფორმაა ხუარანძე. ასე იხსენიებს მემატიანე ვახტანგ გორგასლის დას „ქართლის ცხოვრებაში“: „მიუდგა დედოფალი საგდუხტ და შვა ასული, და უწოდა სახელი მისი ხუარანძე“ („ ქართლის ცხოვრება“, I). ჰვარ//ხვარ ირანულ ენებში „მზეს“ ნიშნავს, ასე რომ ხვარა-მზე თითქოს ერთად, სინონიმურად წარმოდგიდგენს მზის ირანულ და ქართულ სახელებს.
ხვაშაქი (ირანული) – „კარგი“, „ლამაზი“. ცნობილია თამარ მეფის დროინდელი დარბაისელი ქალი ხვაშაქ ცოქალი.
ხორეშან (სპარსული) – „ბედნიერი“. გავრცელებული სახელი იყო განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. სხვათა შორის, ეს სახელი ერქვა მეფე-პოეტის თეიმურაზ პირველის მეუღლეს, გიორგი X-ის ასულს.
ჯ
ჯამილა (არაბული) „მშვენიერი“. იგივეა, რაც კამილა. შეადარეთ აგრეთვე ვაჟის სახელი ჯემალ.
ჯანეტა (არაბული) – „სამოთხე“, შეადარე ჟანეტა.
ჯახანა (სპარსული) – „სამყარო“.
ჯავარა – მომდინარეობს არაბული ჯავარ სიტყვისაგან, რაც ნიშნავს „ძვირფას ქვას“, „თვალმარგალიტს“, აქედან კი – „ბრწყინვას“, „მომხიბლაობას“. ამრიგად, ჯავარა (იგივე ჯავაირა) მნიშვნელობით შეესატყვისება მარგალიტა-ს, ანდა ნიშნავს „მომხიბვლელს“, „ტურფას“.
ჯანიკო – სპარსულ სახელს „ჯან“ („ სული“, „საყვარელი“) დართული აქვს ქართული სუფიქსი „იკ“-ო. ამრიგად, ჯანიკო იგივეა, რაც „სულიკო„ ან „საყვარელა“.
ჯულიეტა – იულიას იტალიური ფორმაა (იულია იტალიურად გამოითქმის როგორც ჯულია, ფრანგულად ჟიული. ამ უკანასკნელის საალერსეო ფორმაა ჟულიეტ).
Комментариев нет:
Отправить комментарий