თარგმნა და შენიშვნები დაურთო
რ. კიკნაძემ
მონღოლთა შემოსევებმა დიდად შეაფერხა მეცნიერებისა და კულტურის განვითარება სპარსეთსა და მიმდგომ ქვეყნებში. ამ მხრივ გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ საისტორიო მწერლობა, რომელიც დიდ აღმავლობას განიცდის მონღოლთა ბატონობის ხანაში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არც მონღოლებამდე და არც მათ შემდეგ სპარსულ ენაზე არ შექმნილა იმდენი შესანიშნავი საისტორიო ნაწარმოები, რამდენიც XIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIV საუკუნის პირველ ნახევარში დაიწერა სხვადასხვა ქვეყნებში. საკმარისია გავიხსენოთ ჯუვეინის, ჯუზჯანის, რაშიდ ად-დინის, ვასაფის, ჰამდალაჰ ყაზვინის, შებანგარაის, იბნ ბიბის, ალ-აჰრის, აყსარაის საისტორიო თხზულებები.
მონღოლთა ბატონობის ხანაში შექმნილ ამ საისტორიო ნაწარმოებთა შორის ათა მალიქ ჯუვეინის „თარიხ-ე ჯაჰან-გოშაჲ“ („ქვეყნის დამპყრობის ისტორია“) ყველაზე ადრინდელი და, ამდენად, ყველაზე ორიგინალურიც არის. ჯუვეინის მისი მაღალი სამსახურებრივი მდგომარეობის წყალობით ხელი მიუწვდებოდა ბევრ ისეთ წყაროზე, რომლებიც შემდეგ დაიკარგა. ამიტომ მის თხზულებაში დიდძალი პირველხარისხოვანი მასალა არის მოტანილი როგორც საკუთრივ მონღოლთა ისტორიის, ისე მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში მათი შემოსევებისა და ბატონობის პირველი პერიოდის ისტორიისთვის.
* * *
ჯუვეინიების გვარი ერთ-ერთი ცნობილი და წარჩინებული გვარი იყო სპარსეთში. მათი გენეალოგია მოცემული აქვს სირიელ ისტორიკოსს აზ-ზაჰაბის, რომელიც ათა მალიქ ჯუვეინის ბიოგრაფის აბულ-ფაზლ აბდ არ-რაზაყ ალ-ღუთის ცნობებს ემყარება. ამ გენეალოგიის მიხედვით, ჯუვეინიების გვარი დაკავშირებული ყოფილა ფადლ ბ. არ-რაბისთან, რომელიც ჰარუნ არ-რაშიდის (786–809) ვაზირი იყო, ჩვენი ავტორი კი მის მეთორმეტე თაობას ეკუთვნოდა. ათა მალიქის წინაპრები აბასელი ხალიფების ვაზირები იყვნენ, უფრო ახლო წინაპრები კი დიდი სელჩუკიანებისა და ხორეზმშაჰების სამსახურში იმყოფებოდნენ. ათა მალიქის პაპა, შამს ად-დინი ხორეზმშაჰ მოჰამედის ერთ-ერთი კარისკაცი და საფინანსო მოხელე იყო. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ხორეზმ შაჰმა ის საჰებ-დივანად (ფინანსთა მინისტრად) დანიშნა. იგი თან ახლდა მონღოლების შიშით ბალხიდან ნიშაბურს გაქცეულ მოჰამედ ხორეზმ შაჰს, მისი სიკვდილის შემდეგ კი ემსახურებოდა მისსავე ვაჟსა და მემკვიდრეს სულთან ჯალალ ად-დინს, რომელმაც ასევე საჰებ-დივანის თანამდებობაზე დაამტკიცა შამს ად-დინი. იგი გარდაიცვალა 1230 წელს ხლათის მახლობლად, ჯალალ ად-დინის მიერ ქალაქის გარემოცვის დროს.
ჩვენი ავტორის მამა ბეჰა ად-დინი 630 (1232/3) წლიდან დასავლეთის ქვეყნების გამგებელ მონღოლ მოხელეთა სამსახურში იმყოფებოდა. თემუჩინის (ჩინგიზი) დროს იგი ხორასნისა და მაზანდარანის საჰებ-დივანად დაინიშნა, ხოლო ორი წლის შემდეგ ეახლა უღედეი ყაენს (1229–1241), რომელმაც პატივით მიიღო ბეჰა ად-დინი და საჰებ-დივანის თანამდებობაზე დაამტკიცა იგი.
დასავლეთის სამფლობელოთა გამგებლებს ხშირად უხდებოდათ დიდი ყაენის კარზე მოგზაურობა, ყურულთაიზე დასასწრებლად, ანგარიშის ჩასაბარებლად ან მათ წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად. ასეთ შემთხვევებში ბეჰა ად-დინი ან თან ახლდა მათ, ანდა მათი მოვალეობის დროებით აღმსრულებლად რჩებოდა სპარსეთსა და მეზობელ ქვეყნებში.
მონღოლთა სამსახურში იმყოფებოდა აგრეთვე ათა მალიქის უფროსი ძმა, დიდად განათლებული ადამიანი და თავისი დროის უდიდესი ფინანსისტი, შამს ად-დინ მოჰამედი, რომელიც ჰულაგუ ხანის, აბაღა ხანისა და აჰმედ-თეგუდარის ვაზირი იყო.
ალა ად-დინ ათა მალიქ ჯუვეინი დაბადებულა 623 (ე.ი. 1226) წელს ჯუვეინის ოლქის მთავარ ქალაქ აზადვარში (ხორასანში). 15 წლის ასაკიდან იგი მონღოლთა სამსახურში იმყოფებოდა და გურგუზის შემდეგ დასავლეთის სამფლობელოთა გამგებლად დანიშნული არღუნ ამირის ერთ-ერთი მდივანი იყო. თავისი გამგებლობის 13 წლის მანძილზე (1243–1256)
არღუნს ხუთ-ექვსჯერ მოუხდა მოგზაურობა დიდი ყაენის კარზე. მას მეტწილად თან ახლდა ხოლმე ათა მალიქიც, რომელმაც ამის გამო ათიოდე წელი გაატარა მოგზაურობაში.
649 (1251) წელს, ზაფხულის მიწურულს, არღუნ ამირი გაემგზავრა, რათა დასწრებოდა დიდი ყაენის ასარჩევად (გუიუქ ყაენი 1249 წელს გარდაიცვალა სამარყანდის მახლობლად. მისი სიკვდილის შემდეგ ერთხანს სახელმწიფოს განაგებდა მისივე მეუღლე ოღულ-ყაიმიში, ფაქტიურად კი უმეფობა იყო.) მოწვეულ ყურულთაის. მან თან იახლა ათა მალიქ ჯუვეინიც. სანამ ისინი ყარაყორუმს მიაღწევდნენ, ყურულთაი დამთავრდა და მონღოლთა სახელმწიფოს უზენაესი მბრძანებლის ტახტზე დაჯდა მანგუ ყაენი, ჩინგიზ ხანის უმცროსი ვაჟის თულის შვილი. ამასობაში თოვლმაც მოუსწრო მოგზაურთ და ძალიან გაუჭირდათ სიარული. არღუნ ამირმა და მისმა მხლებლებმა მხოლოდ 650 წლის საფარის 20-ს (1252 წ. 2 მაისს), ე.ი. მანგუს ყაენად არჩევიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მიაღწიეს ყარაყორუმს.
არღუნმა მოახსენა მანგუს დასავლეთის ქვეყნების ეკონომიური მდგომარეობის ამბავი. რასაც მოჰყვა ყაენის მიერ გატარებული საგადასახადო რეფორმები. ამის გამო არღუნ ამირს 651 წლის რაჯაბის თვემდე (1253 წლის სექტემბრამდე) მოუხდა ყარაყორუმს დარჩენას. მონღოლთა სახელმწიფოს დედაქალაქში ხანგრძლივად ყოფნის დროს (1252 წლის 2 მაისიდან 1253 წლის სექტემბრამდე, ე.ი. ერთი წლისა და 4 ან 5 თვის მანძილზე.) მეგობრებმა ურჩიეს თურმე ჯუვეინის, დაეწყო შედგენა საისტორიო თხზულებისა, რომელშიც აღწერილი იქნებოდა მონღოლი ყაენების დიდი საქმეები და მათი დაპყრობითი ომები. ათა მალიქს ჯერ უარი უთქვამს, რადგან ფიქრობდა, რომ არ გააჩნდა საამისო ცოდნა, მაგრამ მახლობლებმა დაარწმუნეს ის, რომ საფუძვლიანად იყო მომზადებული ამ საქმისათვის: კარგად იცნობდა მონღოლთა სახელმწიფოს და მის გამგებლებს, თავისი თანამდებობის გამო ხელი მიუწვდებოდა სანდო წყაროებზე და, რაც მთავარია, თვითმხილველი იყო მრავალი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენისა.
ბოლოს ათა მალიქი დათანხმდა ხელი მოეკიდა ამ საქმისთვის. თავისი საისტორიო ნაწარმოების წერას, რომელსაც „ქვეყნის დამპყრობის (ე.ი. ჩინგიზ ხანის) ისტორია“ უწოდა, იგი შეუდგა 650 (1252/3) წელს და დაამთავრა 658 (1260) წელს.
ყარაყორუმს უკანასკნელი მოგზაურობიდან 1253 წელს დაბრუნებულმა ჯუვეინიმ განაგრძო არღუნ ამირთან თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება. ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა ის სპარსეთში მანგუ ყაენის უმცროსი ძმის ჰულაგუ ხანის მოსვლამდე 654 (1256) წელს. არღუნ ამირი შაბურღანის ველზე შეეგება ჰულაგუს და, მისი ბრძანებით, დიდი ყაენის კარზე გაემგზავრა ყარაყორუმს, რათა თავი დაეცვა მის წინააღმდეგ წამოყენებული ახალი ბრალდებისაგან. ამის შემდეგ სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ჯუვეინი ჰულაგუ ხანსა და მის მემკვიდრეებს ემსახურებოდა.
ჰულაგუ ხანის მეთაურობით დასავლეთისაკენ გამოგზავნილი ლაშქრის პირველი მიზანი იყო ისმაილიანთა განადგურება. 1256 წლის გვიან შემოდგომაზე მონღოლებმა ყოველი მხრიდან ალყა შემოარტყეს ისმაილიანთა მთავარ სიმაგრეს ალამუთის ციხეს. იმავე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ისმაილიანთა ორდენის მეთაურმა როქნ ად-დინმა გადაწყვიტა, დანებებოდა მონღოლებს და ითხოვა დაცვის სიგელი, რომელიც ჯუვეინის შეუდგენია. მასვე მონაწილეობა მიუღია აგრეთვე გამართულ მოლაპარაკებაში და დაუწერია ისმაილიანთა საბოლოოდ დამარცხებისა და განადგურების მაუწყებელი ფათჰ-ნამეს („ძლევის წიგნის“) ტექსტი. ჰულაგუ ხანის ნებართვით ათა მალიქმა გადასინჯა ალამუთის მდიდარი ბიბლიოთეკა, ბევრი ძვირფასი წიგნი გადაარჩია და გადაარჩინა დაწვას.
ალამუთისა და ისმაილიანთა ორდენის სხვა სიმაგრეების აღების შემდეგ ჰულაგუ ხანმა ბაღდადისაკენ დაძრა ლაშქარი. 1258 წლის თებერვალში მან აიღო ბაღდადი, მოაკვლევინა ხალიფა ალ-მუსთასიმი და ბოლო მოუღო აბასელთა სახალიფოს. მომდვენო,
1259 წელს ჰულაგუ ხანმა ათა მალიქ ჯუვეინი დანიშნა ბაღდადისა და არაბეთის ერაყის გამგებლად. ჰულაგუს გარდაცვალების შემდეგაც (1265 წ.) ამავე მოვალეობას ასრულებდა ის, თუმცა აბაღა ხანმა (1265–1282) ბაღდადის გამგებლად მონღოლი ამირი სულუწჩაყი გაამწესა. ხოლო ათა მალიქი მის ნაიბად დანიშნა.
ჯუვეინიების ოჯახს ბევრი მტერი ჰყავდა და ილხანთა კარზე მათი ხანგრძლივი სამსახურის მანძილზე არაერთხელ უცდიათ ძმების დაღუპვა, მაგრამ შამს ად-დინი და ათა მალიქი ყოველთვის ახერხებდნენ უვნებლად გადარჩენას. აბაღა ხანის ილხანობის ბოლო წლებში ვინმე მაჯდ ალ-მულქმა, რომელიც თავის დროზე ჯუვეინიების მიერ იყო დაწინაურებული სახელმწიფო სამსახურში, რამდენიმეჯერ დააბეზღა ათა მალიქი და მიაღწია იმას, რომ მას სახელმწიფო თანხის – 2500000 დინარის მითვისება დაბრალდა. ათა მალიქშა ბაღდადში მიიყვანა ილხანის მიერ გაგზავნილი ამირი და უკლებლივ გადასცა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა სახლში: ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი ქვები, ჭურჭლეული, ტანსაცმელი... მისმა ძმამ, საჰებ-დივანმა შამს ად-დინმაც (იგი თავისი დროს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო) ასევე შეაგროვა თავისი საკუთარი, შვილების და მახლობელთა ქონება და აბაღა ხანს მიართვა, მაგრამ მაინც ვერას გახდა, ვერ გაათავისუფლებინა დაპატიმრებული ათა მალიქი, სანამ თვითონ მონღოლი დიდებულები და აბაღას საყვარელი ცოლი არ გამოესარჩლნენ მას. მაგრამ მაჯდ ალ-მულქმა მაინც არ მოისვენა და ახლა ილხანთა ყველაზე საშინელ მტერთან, ეგვიპტის მამლუქებთან მიწერ-მოწერაში დასდო ბრალი ათა მალიქს. 1282 წლის მარტში ათა მალიქ ჯუვეინი ამ ბრალდებაზე პასუხის გასაცემად ბაღდადიდან ჰამადანს გაემგზავრა. მაგრამ სანამ ადგილზე მივიდოდა, აბაღა ხანის სიკვდილის ამბავი შეიტყო. იმავე წელს ილხანის ტახტზე დაჯდა აბაღას ძმა აჰმედ-თეგუდარი, რომელმაც დაუყოვნებლივ მოხსნა ჯუვეინის ბრალდება. აჰმედის წინააღმდეგ ენერგიული ბრძოლა გააჩაღა აბაღას უფროსმა ვაჟმა არღუნმა, რომელიც ჯუვეინიების მიმართაც მტრულად იყო განწყობილი. მას სჯეროდა ფართოდ გავრცელებული ხმები, თითქოს შამს ად-დინმა მოწამლა მამამისი და ყოველნაირად ცდილობდა ძმების დაღუპვას, არღუნი ბაღდადს მივიდა, კვლავ წაუყენა ათა მალიქს ბრალდება სახელმწიფო თანხების მითვისებაში და მისი მომხრეების დაპატიმრებასა და დასჯას შეუდგა. ათა მალიქშა რომ ეს ამბავი შეიტყო, რაშიდ ად-დინის მიხედვით ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო და მალე მოკვდა (არსებობს მოსაზრება, რომ სისხლი ჩაექცა ტვინში). აზ-ზაჰაბის სიტყვით კი იგი ცხენიდან გადმოვარდნილა და ისე მომკვდარა. ეს ამბავი არანში მოხდა 681 წლის ზულ-ჰიჯჯეს თვის 4-ში (1283 წლის 5 მარტს).
1284 წელს არღუნმა ტახტიდან ჩამოაგდო თავისი ბიძა აჰმედი და თვითონ დაჯდა ილხანად. მან სიკვდილით დაასჯევინა ვაზირი შამს ად-დინი და მისი ვაჟები და მალე ჯუვეინიების ერთ დროს მრავალრიცხოვანი და ძლიერი ოჯახი თითქმის მთლიანად ამოწყდა (სიკვდილს გადაურჩა მხოლოდ შამს ად-დინისა და ავაგ ათაბაგის ასულის, ხვაშაქის ვაჟი, ზაქარია, რომელმაც საქართველოს შეაფარა თავი.).
* * *
თავისი ძირითადი თხზულების „თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ-ს წერა ალა ად-დინ ათა მალიქ ჯუვეინიმ 1252 ან 1253 წელს დაიწყო და 1260 წელს, უკეე ბაღდადის გამგებლობის დროს დაამთავრა. ეს თხზულება ჩინგიზ ხანის, მის მიერ შექმნილი სახელმწიფოსა და მისი მემკვიდრე-შთამომავლების ისტორიას ეძღვნება. გარდა ამისა, ავტორი დაწვრილებით გადმოგვცემს ხორეზმშაჰებისა და ისმაილიანთა ისტორიასაც. რომლებთანაც შეტაკება მოუხდათ მონღოლებს დასავლეთში ლაშქრობისას.
„თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ“ სამი ტომისაგან შედგება, ყოველი ტომი კი თავის მხრით თავებად არის დაყოფილი. პირველ ტომში გადმოცემულია ჩინგიზ ხანის მისი სახელმწიფოს წარმოქმნისა და დაპყრობითი ომების ისტორია. აქვეა მოთხრობილი უღედეი ყაენისა და გუიუქ ყაენის მეფობის ამბები. მეორე ტომში გადმოცემულია ხორეზმშაჰების დინასტიის ისტორია (განსაკუთრებით ვრცლად არის აღწერილი მოჰამედისა და ჯალალ ად-დინის ამბები) და ხორასნისა და მაზანდარანის მონღოლ გამგებელთა თავგადასავალი. მესამე ტომში მოთხრობილია მანგუ ყაენის ამბები და გადმოცემულია ილხანთა სახელმწიფოს წარმოქმნის ისტორია. აქვეა აღწერილი ისმაილიანთა ისტორია, ჰულაგუ-ხანის მიერ ამ ორდენის დამარცხება და მათი მთავარი რეზიდენციის – ალამუთის ციხის აღება.
ათა მალიქ ჯუვეინის „თარიხე ჯაჰანგოშაჲ“ ძირითადად ეძღვნება იმ პოლიტიკური მოვლენების აღწერას, რომელთა დიდი ნაწილი თვით ავტორის სიცოცხლეში მოხდა. იგი პირადად იყო მონაწილე მის მიერ გადმოცემული ბევრი ამბისა. გარდა ამისა, ჯუვეინის საშუალება ჰქონდა მოესმინა თავის უფროს თანამედროვეთა, მონღოლთა პირველი შემოსევების თვითმხილველთა და თანადამხდურთა მონათხრობი. კერძოდ, მას გამოუყენებია მოგონებანი მამამისის, ბეჰა ად-დინისა, რომელიც მონღოლთა დასავლეთის სამფლობელოების საჰებ-დივანი იყო. გამორიცხული არ არის, რომ ზეპირ ნაამბობთან ერთად ჯუვეინის წერილობითი წყაროებიც გამოეყენებინა.
ყოველივე ამის გამო ათა მალიქ ჯუვეინის თხზულებამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა როგორც სანდო საისტორიო წყარომ. მისი მონაცემებით ფართოდ სარგებლობდნენ მონღოლთა ბატონობის ხანისა თუ მომდევნო საუკუნეების ისტორიკოსები. მაგალითად, XIV საუკუნის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი რაშიდ ად-დინი ზოგჯერ სიტყვასიტყვით იწერს მთელ ადგილებს „ქვეყნის დამპყრობის ისტორიიდან“.
ჯუვეინის საისტორიო ნაწარმოებში დიდი ადგილი აქვს დათმობილი მონღოლთა დაპყრობითი ომების აღწერას. ამიტომ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონღოლთა შემოსევების ისტორიის კვლევისათვის. ავტორი ვრცლად გადმოგვცემს მონღოლების ლაშქრობებს მავერანნაჰრსა და ხორასანში, ხორეზმშაჰ მოჰამედისა და სულთან ჯალალ ად-დინის ბრძოლას მათთან და ა. შ. მაგრამ ჯუვეინის შედარებით უფრო მოკლედ და ზოგ შემთხვევაში არაზუსტად აქვს მოთხრობილი ამიერკავკასიის ქვეყნებში მონღოლთა ლაშქრობების ამბები. საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მონღოლების შემოსევებთან დაკავშირებული ცნობები ჯუვეინისა აშკარად ნაკლული და ნაკლებად ზუსტია. მაგალითად, იგი საერთოდ არაფერს ამბობს ჯებესა და სუბუდაის რაზმების მიერ ქართველთა ლაშქრის დამარცხების შესახებ და სხვ. ასევე სრული არ არის ათა მალიქის მოთხრობა სულთან ჯალალ ად-დინის ამიერკავკასიის ქვეყნებში ყოფნის შესახებ.
მიუხედავად ამისა, ათა მალიქ ჯუვეინის ცნობებს ამიერკავკასიის შესახებ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნების XIII საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიის საკითხების დასამუშავებლად. ჯუვეინის ცნობების სხვა წყაროების მონაცემებთან შეჯერება და ურთიერთშევსება საშუალებას იძლევა წარმოვიდგინოთ ამიერკავკასიის ქვეყნებში მონღოლებისა და ხორეზმელების შემოსევებისა და უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ამიერკავკასიის ხალხთა გმირული ბრძოლის ისტორიის რამდენადმე სრული სურათი.
ათა მალიქ ჯუვეინის, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად უხდებოდა მოგზაურობა არღუნ ამირთან ერთად, რომლის პირადი მდივნის მოვალეობას იგი ასრულებდა 1256 წლამდე. ასეთ მძიმე პირობებში იწერებოდა მისი საისტორიო ნაწარმოები და ამ მნიშვნელოვანმა გარემოებამ შესამჩნევი კვალი დაამჩნია „ქვეყნის დამპყრობის ისტორიის“ ტექსტს. ზოგჯერ ესა თუ ის მოვლენა ჯუვეინის არასწორად აქვს დათარიღებული ან სულაც არ მოეპოვება თარიღი. ავტორი ზოგჯერ ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნობებს იძლევა თხზულებაში. ერთ-ერთ უძველეს ხელნაწერში დატოვებულია სუფთა, ადგილები რომელთა შევსებას ავტორი როგორც ჩანს, მერე აპირებდა, მაგრამ ვეღარ განახორციელა ეს. ჯუვეინი რამდენიმეჯერ იმოწმებს თავისი ნაშრომის არარსებულ თავებს და ა.შ. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ „თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ“ არ ყოფილა საბოლოოდ დამუშავებული ან, იქნებ, სულაც დაუმთავრებელი დარჩა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო სამსახურის საქმეებით დატვირთულმა ჯუვეინიმ ვეღარ შეძლო გაეგრძელებინა მუშაობა თავის საისტორიო თხზულებაზე და საბოლოოდ დაესრულებინა ის.
ათა მალიქ ჯუვეინი, ისევე როგორც რაშიდ ად-დინ ვასაფი, ჰამდალაჰ ყაზვინი, მონღოლ ილხანთა ოფიციალური ისტორიოგრაფიის წარმომადგენელია. ამ ისტორიკოსებს ამავე დროს მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები ეჭირათ ილხანთა სახელმწიფოში და თავიანთი კეთილდღეობით მთლიანად დამოკიდებული იყვნენ მონღოლებზე. მათ როგორც კარის ისტორიკოსებს თავიანთ ნაწარმოებებში უნდა შეექოთ ჩინგიზ ხანი და მისი მემკვიდრენი. ამ ისტორიკოსებმა შეასრულეს მბრძანებელთა დაკვეთა – ხოტბა შეასხეს მონღოლებს, მაგრამ, როგორც ი. პეტრუშევსკი შენიშნავს, საკმაოდ უხალისოდ გააკეთეს ეს. ოფიციალური ისტორიკოსების მდგომარეობამ ხელი არ შეუშალა ჯუვეინსა და რაშიდ ად-დინს დაეხატათ მონღოლთა შემოსევების საშინელებანი, ეჩვენებინათ მჭიდროდ დასახლებული ქალაქების დაღუპვის, საყოველთაო ხოცვა-ჟლეტის, მთელი ოლქების განადგურების სურათი თითქმის ისეთივე გულახდილობით, როგორც ამას აკეთებდნენ მონღოლთა მიმართ მტრულად განწყობილი ისტორიკოსები (იბნ ალ-ასირი, ნესავი, ჯუზჯანი).
ცნობილი რუსი აღმოსავლეთმცოდნე ვ. ბარტოლდი, თავის კლასიკურ ნაშრომში „თურქესტანი მონღოლთა შემოსევების ხანაში“ (1900 წ.) გულისტკივილით შენიშნავდა, ჯუვეინის თხზულება აქამდე არ ყოფილაო სათანადოდ დაფასებული. ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ათა მალიქ ჯუვეინის „თარიხ-ე ჯაჰან-ბოშამ“ საბოლოოდ მოიპოვა სპეციალისტთა საყოველთაო აღიარება. საკმარისია აღინიშნოს, რომ ვ. ბარტოლდის ზემოთ მოტანილი სიტყვების შემდეგ ჯუვეინის თხზულების სპარსული ტექსტი მთლიანად გამოიცა სამჯერ და ასევე მთლიანად ითარგმნა ინგლისურ და იტალიურ ენებზე.
საქართველოში ჯუვეინის თხზულება მონღოლთა ბატონობის ხანაშივე გაიცნეს. კერძოდ, გამორკვეულია, რომ XIV საუკუნის შესანიშნავი ქართველი ისტორიკოსი ჟამთააღმწერელი იცნობდა „თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ“-ს და იყენებდა მას თავისი საისტორიო ნაწარმოების შედგენის დროს. აქედან ამოუკრებია ჟამთააღმწერელს ცნობები ჩინგიზ ხანის პერიოდის მონღოლთა შესახებ.
შემდგომ მეცნიერი ისტორიკოსები იყენებდნენ ჯუვეინის მონაცემებს საქართველოში მონღოლთა თუ ჯალალ ად-დინის შემოსევების ისტორიის ცალკეული საკითხების კვლევის დროს, მაგრამ მთლიანად „თარიხ-ე ჯაჰანგოშაჲ“-ს ცნობები საქართეელოს შესახებ პირველად ითარგმნა. ამასთან ერთად, ჩვენ ვცადეთ, რომ მოგვეტანა არა მარტო ის ცნობები, სადაც საქართველო იხსენიება, არამედ უფრო ფართოდ წარმოგვეჩინა ჯუვეინის მასალა და ამასთან, მთელი ამიერკავკასიის ვითარებაც გაგვეთვალისწინებინა. ამავე დროს, საჭიროდ ვცანით, გვეთარგმნა ჯუვეინის მოთხრობა მანგუ ყაენის საგადასახადო რეფორმის შესახებ, რადგან ამ რეფორმის ტალღა საქართველოსაც მოსწვდა. მართალია, ჩეენი ავტორი რამდენადმე გადაჭარბებით აფასებს მანგუს ამ ღონისძიების მნიშვნელობას და შედეგებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სამეურნეო ცხოვრების ერთგვარი გამოცოცხლება ამ რეფორმას მაინც მოჰყვა.
* * *
სპარსული ტექსტი გადმოვწერეთ მირზა მოჰამედ ყაზვინის ცნობილი გამოცემიდან და აშიებზეც ამავე გამოცემის გვერდებია ნაჩვენები.
ენა ჯუვეინის თხზულებისა საკმაოდ მაღალფარდოვანია, თუმცა დიდად არ განსხვავდება კლასიკური სპარსული პროზის ენისაგან. ჯუვეინის თხზულების სინტაქსიც საკმაოდ თავისებურია, რაც იმით აიხსნება, რომ ავტორმა მთელი სიცოცხლე მონღოლთა შორის გაატარა. ჯუვეინი ხშირად მიმართავს სიტყვათა თამაშს და დიდ ოსტატობასაც იჩენს ამ საქმეში (საამისო მაგალითები მითითებული გვაქვს შენიშვნებში). თარგმნის დროს ჩვენ ვეცადეთ, თანამედროვე სალიტერატურო ქართულის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად, ორიგინალის ენის ელფერიც შეგვენარჩუნებინა.
ათა მალიქ ჯუვეინს უხვად აქვს ჩართული თავის თხზულებაში სხვადასხვა ავტორთა სპარსული თუ არაბული ლექსები. ეს ლექსები, ისევე როგორც არაბული საღვთისმეტყველო გამოთქმებიც, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ საისტორიო თხრობასთან, მეტწილად გამოვტოვეთ.
ალა ად-დინ ათა მალიქ ჯუვეინი „თარიხ-ე ჯაჰან-გოშაჲ“
ტომი პირველი
თხრობა იემესა და სუბუდაის წასვლისა სულთან მოჰამედის კვალდაკვალ
ჩინგიზ ხანი რომ სამარყანდს მიადგა (1220 წ. მარტი. აიღეს და გადაწვეს) და ალყა შემოარტყა მას, ამბავი გაიგო, სულთანმა მოჰამედმა (ხორეზმის, 1200-1220) თერმეზის წყალი გადალახა, თავისი ლაშქრის, დიდებულებისა და მხლებელთა დიდი ნაწილი ციხეებსა და სოფლებში დაქსაქსა, მასთან ცოტა ხალხიღა დარჩა და შეშინებული, გულდამძიმებული გადავიდა მდინარეზეო.
ჩინგიზ ხანმა თქვა: „მანამდე, სანამ მის გარშემო ჯამაათი შეიკრიბებოდეს და სხვადასხვა მხრიდან დიდებულნი შეუერთდებოდნენ და შეეწეოდნენ, მისი საქმე უნდა მოვათავოთ და გული გავისუფთავოთ მისგან“. თავის გამოჩენილ ამირთაგან იემე (მონღოლურად - ჯებე) და სუბუდაი აარჩია, რათა მას დადევნებოდნენ. მთელი ლაშქრიდან, რომელიც თან ახლდა, შეფარდებით ოცდაათი ათასი კაცი გამოჰყო, რომ თითოეული მათგანი და სულთნის ლაშქრის ათასი კაცი ისე იყვნენ ერთმანეთის მიმართ, ვით მგელი და ცხვრის ფარა, ანდა როგორც გავარვარებული ნაკვერჩხალი და ხმელი ლერწმიანი.
მონღოლებმა სპარსეთის ერაყის ოლქებისა და ქალაქების მეტი წილი აიკლეს და დაარბიეს და იქიდან არდებილს წავიდნენ, გარემოცვით აიღეს ქალაქი, ხოლო მცხოვრებნი გაჟლიტეს და გაძარცვეს.
რაკი ზამთარი იდგა, იქიდან მუღანს (მდ. არაქსის ქვემო წელზე) მოვიდნენ და ზამთარი იქ გაატარეს. იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა და გზები შეკრული იყო.
ჯემალ ად-დინ აი-აბემ (რაშიდ-ად-დინის ცნობით ხორეზმ შაჰის მონა) ერთ ჯგუფთან ერთად ერაყში კვლავ შფოთი და არეულობა წამოიწყო და აჯანყდა. მათ ჰამადანში მყოფი შეჰნე (დაპყრობილი ქალაქის სამხედრო გამგებელი) მოკლეს, ალა ად-დოვლე შეიპყრეს და გერითის ციხეში (ჩრდ. ლურისტანში) ჩააგდეს მონღოლებისათვის მორჩილების გამოცხადების გამო.
როცა გამოზაფხულდა, იემე შეჰნეს მოკვლის გამო შურის საძიებლად ერაყს მოვიდა. ჯემალ ად-დინ აი-აბე თუმცა მორჩილებით გამოეცხადა, მაგრამ ამან არ უშველა და ისიც სხვებთან ერთად მოკლეს.
იქიდან გაემართნენ და თავრიზი დაიმორჩილეს, მარაღის, ნახჭევნისა და იმ ვილაიეთების მოსახლეობა ერთიანად გაჟლიტეს. ათაბეგი ხამუში (აზერბაიჯანის ათაბაგ უზბეკის - 1210-1225 - ძე) მორჩილების გამოცხადებით ეახლა იემეს და მას სიგელი და ბეჭედი უბოძეს.
იქიდან არანს მოვიდნენ და ბაილაყანი აიღეს, მერე კი შირვანის გზას გაჰყვნენ (შირბანში შემოსვლამდე ჯერ ქართველებს შეებრძოლნენ, შემდეგ შემახა აიღეს და გაანადგურეს) და დარუბანდს გავიდნენ. არავის ახსოვდა, რომ ოდესმე რომელსამე ლაშქარს გაევლო იქ ან საომრად მოსულიყო. მონღოლებმა ეშმაკობა იხმარეს11 და ისე გაიარეს იქ.
თუში (მონღოლურად ჯუჩი, ჩინგიზის ძე) ლაშქარი ყივჩაყთა ველზე და იმ მიდამოებში იდგა. იემესა და სუბუდაის რაზმები იმათ შეუერთდნენ, იქიდან კი ჩინგიზ ხანს ეახლნენ13.
თხრობა გუიუქ-ხანის ტახტზე ასვლისა
იმ წელიწადს, როცა უღედეი ყაენი გამოეთხოვა სიცოცხლის სიმყუდროვეს (1241 წ. 11 დეკემბერი) და უარი თქვა ამ საზიზღარი ქვეყნის სიამოვნებებზე, მან ელჩები გაგზავნა გუიუქის სახმობლად (წასული იყო ბათოსთან ერთად სალაშროდ და გაყაენდა 1246 წ. მანამდე საყაენოს დედამისი თურაქინა განაგებდა), რათა მას დაბრუნების სადავე მოეწია და თავისი განზრახვა და სურვილი მამასთან სასწრაფოდ ხლებისაკენ მიემართა. მიღებული ბრძანების შესაბამისად გუიუქი სიჩქარის უზანგს დააწვა და სისწრაფის აღვირი მიუშვა. როცა მოახლოვდა დრო, ოდეს შეხება უბედურებისა, მანძილის სიშორის გამო რომ წარმოიქმნება, ახლოს ყოფნით უნდა განდევნილიყო, და უთანხმოებისა და განშორების საფარველი ჩამოხსნილიყო, განგების გარდაუვალი მაღალი ბრძანება აღსრულდა და აღარ აცალა, რომ განშორების უდაბნოში მყოფი მწყურვალნი შეერთების ანკარა ცივი წყლის ერთი წვეთით გამძღარიყვნენ და მამასა და შვილს ერთმანეთის მშვენების ხილვით დაეტკბოთ მზერა. როცა ამ უსაშველო შემთხვევის ამბავი გუიუქს შეატყობინეს, აუცილებლად მიიჩნია, უფრო აჩქარებულიყო. მომხდარი ამბის მწუხარებამ ის ცხენიდან მიწაზე არ ჩამოუშვა, სანამ ემელს (ძვ. ქალაქი მდ. ილის აუზში) არ მიაღწია. იქაც არ შეჩერებულა, რადგან ხმა დაირხა ოთეგინის (ჩინგიზის უმცროსი ძმა) მოსვლის შესახებ, და მამის ურდოს მიაშურა. მისი მოსვლით დაიმსხვრა ხელისუფლებას დახარბებულთა იმედები. გუიუქი იქვე მახლობლად დაბინავდა.
სახელმწიფოს მმართველობა კვლავ დედამისს, თურაქინა-ხათუნს ებარა და საქმეების გამგებლობაც მის ხელთ იყო. გუიუქი იასას (მონღოლთა სამართალი) და ადათის მიხედვით სახელმწიფო საქმეებში არ ერეოდა და არც ედავებოდა.
რაკი ელჩები გაგზავნეს ქვეყნის შორეულ თუ მახლობელ მხარეებში უფლისწულების და ნოინთა მოსაწვევად და სულთნების, მალიქებისა და მდივანთა სახმობლად, ბრძანების შესაბამისად ყველა დაიძრა თავისი საცხოვრისიდან და სამყოფელიდან.
როცა გაზაფხული მოვიდა და ფარვარდინის თვე (21 მარტი-21 აპრილი) დადგა, უფლისწულები თითოეული თავისი მხედრებით, მსახურებით, ლაშქრითა და ამალით მოვიდნენ. ადამიანის თვალი გაოცდა მათი წყობით და მტრის სიამოვნების წყარო აიმღვრა მათი ურთიერთთანხმობით. ჯერ სორყოთანი ბიქი და მისი ვაჟები მოვიდნენ ისე აღჭურვილ-შეიარაღებული, რომ არც თვალს ენახა და არც ყურს სმენოდა. აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ქუთანი19 თავისი შვილებით, ოთეგინი ვაჟებით, ელჩითაი და სხვა ბიძები და ბიძაშვილები, ვინც იმ მხარეში ბინადრობდა. ჩაღათაის ურდოდან მოვიდნენ ყარა, იესუ, ბური, ბაიდარი, იესუნ-ბოღა და სხვა შვილიშვილები და შვილთა შვილები20. საყსინისა და ბოლღარის მხარიდან, რაკი ბათო პირადად არ მოვიდა, თავისი უფროსი ძმა ჰორდუ და უმცროსი ძმები – შიბანი, ბერქე, ბერქეჩარი და თოღა-თემური გამოგზავნა. საპატიო ნოინები და წინამძღოლი ამირები, რომლებიც სხვადასხვა დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ, უფლისწულებს ეახლნენ. ხატაეთიდან (ჩრდ. ჩინეთი) მოვიდნენ ამირები და დიდი მოხელენი; მავერანნაჰრიდან და თურქესტანიდან – ამირ მასუდ-ბეგი და მასთან ერთად იმ მხარეთა დიდებულნი; ამირ არღუნთან ერთად – ხორასნის, ერაყის, ლურის, აზერბაიჯანისა და შირვანის სახელმოხვეჭილი და დიდებული პირნი. რუმიდან მოვიდა სულთანი როქნ ად-დინი (რუქნ ად-დინ ყილიჩ არსლანი გასულთნდა 1246/1248 წ.) და თაგავორის სულთანი (კილიკიის არმენიის მეფის ძმა სუმბატი); საქართველოდან – ორივე დავითი; ალეპოდან – ალეპოს პატრონის25 ძმა; მოსულიდან სულთან ბედრ ად-დინ ლულუს (1222/23-1259) ელჩი; მშვიდობის ქალაქ ბაღდადიდან მთავარი ყადი ფახრ ად-დინი; აგრეთვე მოვიდნენ არზრუმის სულთანი27, ფრანკთა ელჩები და, ასევე, ქერმანიდან და ფარსიდან; ალამუთის მბრძანებლის ალა ად-დინისაგან (1221-1255) ყოჰესთანის საპატიო კაცნი – შეჰაბ ად-დინი და შამს ად-დინი.
ეს ხალხი თითოეული იმოდენა ბარგით გამოცხადდა, ასეთ სამეფო კარს რომ შეეფერებოდა. სხვა მხარეებიდან იმდენი ელჩი და დესპანი იყო, რომ დაახლოებით ორი ათასი ხარგა მოამზადეს მათთვის. მოვიდნენ აგრეთვე ვაჭრები მაშრიყისა და მაღრიბის ძვირფასი და იშვიათი საქონლით. როცა შეიკრიბა ეს თავყრილობა, რომლის მსგავსი არც ენახა ვინმეს და არც მატიანეებში წაეკითხა, ხალხის სიმრავლისაგან ფართო ველი ვიწრო შეიქნა და ურდოს მიდამოებში ცხენიდან ჩამოსახდომი და ფეხის დასადგმელი ადგილის შოვნაც გაჭირდა. საჭმელ-სასმელი ძალიან გაძვირდა და ბალახიც კი აღარ დარჩა ცხენებისა და სასაპალნე პირუტყვისათვის.
მთავარი უფლისწულები შეთანხმდნენ, რომ ყაენის ერთ-ერთი შვილისთვის ჩაებარებინათ სახანოს საქმეები და გადაეცათ სახელმწიფოს გასაღებები. ქუთანი ილტვოდა ამ პატივისკენ იმ მიზეზით, რომ პაპამისმა ერთხელ რაღაც ანიშნა. სხვები იმ აზრისა იყვნენ, რომ სირამუნი (გუიუქის ძმის ქუჩუს უფროსი ძე) როცა გაიზრდებოდა, შესაფერისი იქნებოდა იმისათვის, რათა სახელმწიფო საქმეებით აღეჭურვათ. უგედეი ყაენის ვაჟებს შორის გუიუქი განთქმული და ცნობილი იყო სიძლიერით, ულმობლობით, სიმამაცითა და მბრძანებლობით. ის ძმებზე უფროსი იყო, ძნელი საქმეების მოგვარების დიდი გამოცდილება ჰქონდა. ლხინიც ენახა და ჭირიც. ქუთანი ცოტათი ავადმყოფობდა, სირამუნი კი ჯერ ბავშვი იყო. ამასთან, თურაქინა-ხათუნი გუიუქის მხარეს იჭერდა, ბიქიც თავისი ვაეიშვილებით მასთან იყო, ნოინებისა და დიდებულთა უმეტესობაც მათ ემხრობოდა ამ საქმეში. ამგვარად, შეთანხმდნენ, რომ ხანობა გუიუქისთვის მიეცათ და სახელმწიფოს ტახტზე აეყვანათ იგი. გუიუქი წესისამებრ უარზე იდგა და ხან ამას ასახელებდა, ხან იმას. ბოლოს მისანთა მიერ შერჩეულ დღეს, ყველა უფლისწული შეიკრიბა, ქუდები მოიხადეს, ქამრები შეიხსნეს, იესუმ ერთი ხელი დაუჭირა, ჰორდუმ – მეორე და მბრძანებლობის ტახტზე და ფადიშაჰობის სასთაულზე დასვეს და თასები ასწიეს. მერე იქ მყოფმა და სამეფო კარავს გარეთ შეკრებილმა ხალხმა სამგზის მოიყარა მუხლი და გუიუქ ხანი უწოდეს მას. თავისი ადათისამებრ წერილობითი პირობა მისცეს, რომ მის სიტყვას და ბრძანებას არ გადავიდოდნენ. მერე ლოცვა წარმოთქვეს, ამის შემდეგ სამეფო კარვიდან გარეთ გავიდნენ და სამგზის თაყვანი სცეს მზეს. როდესაც გუიუქ ხანი კვლავ დიდების ტახტზე დაბრძანდა, უფლისწულები მის ხელმარჯვნივ დასხდნენ სკამებზე, ხოლო ხათუნები – ხელმარცხნივ, ყოველი მათგანი მომეტებულად სანდომიანი, ვითარცა ძვირფასი მარგალიტი.
დროს ტარებას რომ მორჩნენ, ყაენმა ბრძანა გაეხსნათ ძველი და ახალი ხაზინა და გაემზადებინათ ძვირფასეულობა, ნაღდი ფული და ტანსაცმელი. ამ მნიშვნელოვანი საქმის განბჭობა და იმ საქონლის დარიგება ჩააბარა სორყოთანი ბიქის საზრიანობასა და კეთილგონიერებას, რომელიც იმ ყურულთაიზე ყველაზე უფრო დიდი ხელისუფალი იყო. პირველ რიგში გასცეს წილი ქვეყნის დამპყრობი ჩინგიზ ხანის მოდგმისა და ტომის იქ მყოფი უფლისწული ვაჟების და ქალებისა; ყოველმა კაცმა, ვინც მათ ემსახურებოდა და ახლდა, დიდებულმა თუ მდაბიომ, დიდმა თუ პატარამ, ყველამ ასევე მიიღო საჩუქარი. შემდეგ რიგით მიიღეს ნოინებმა, დუმნის, ათასეულის, ასეულისა და ათეულის ამირებმა, აგრეთვე რაოდენობის მიხედვით, თითოეული მათგანის თანაშემწეებმა და დამხმარეებმა. ასევე მიიღეს სულთნებმა, მალიქებმა, მდივნებმა, დიდმა მოხელეებმა და მათმა ხელქვეითებმა. ვინც კი იყო სხვა ვინმე ყაენის კარზე, თავისი წილის გარეშე არავინ დარჩა და ყველამ მიიღო შესაფერისი სარგო და სრული წილი. ამას რომ მორჩნენ, მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების განხილვას შეუდგნენ.
ამის შემდეგ ლაშქრის საქმეზე და ქვეყნის სხვადასხვა მხარეს მის დაგზავნაზე მოითათბირეს. რაკი გამოირკვა, რომ ხატაეთის სარტყელში მდებარე მანზი (სამხრეთ ჩინეთი), რომელიც იმ მხარის უშორესი ნაწილია, მორჩილებიდან გამოსულიყო და გამგონობის საზღვარს გადასცდენოდა, სუბუდაი ბაჰადური და ჯაღან ნოინი დანიშნა დიდი ლაშქრითა და მრავალრიცხოვანი სპით იმ მხარეს წასასვლელად; ასევე თანგუთისა და სოლანგაის მხარეშიც; დასავლეთისკენ გაგზავნა ელჩიგთაი და დიდი ლაშქარი. ყაენმა ბრძანა, რომ თითოეული უფლისწულის ლაშქრის ათი კაციდან ორი მას (ელჩიგთაის) შეერთებოდა და, ვინც კი იმ საზღვრებში იყო, ყველა ცხენზე შემჯდგარიყო, ათი თაზიქიდან (ანუ ადგილობრივთაგან) ორი გაჰყოლოდა და თავდაპირველად მულჰიდებიდან (ისმაილიტები) დაეწყოთ. შეთანხმდნენ, რომ თვითონ ყაენიც კვალდაკვალ გაჰყვებოდა. თუმცა მთელი ლაშქარი და ხალხი ელჩიგთაის დაუმორჩილა, მაბრამ საგანგებოდ ჩააბარა მას რუმის, საქართველოს, ალეპოს, მოსულისა და დიარბექრის საქმეები, რათა სხვა არავინ ჩარეულიყო და იმ ადგილების სულთნებსა და ჰაქიმებს მის წინაშე ეგოთ პასუხი იქაურ გადასახადებზე. ხატაეთის ქვეყანა მან დიდ საჰებს იალავაჩს ჩააბარა. ხოლო მავერანნაჰრი, თურქესტანი და სხვა ქვეყნები, რომლებიც ამირ მასუდ-ბეგის34 მფლობელობაში იყო, მასვე უბოძა. ერაყი, აზერბაიჯანი, შირვანი, ლური, ქერმანი, ფარსი და ინდოსტანის მხარე ამირ არღუნს ჩააბარა. ყოველ ამირსა და მალიქს, რომლებიც თითოეულ მათგანს ემორჩილებოდნენ, იარლიყი და ფაიზა35 უბოძა მაშინ; მნიშვნელოვანი საქმეები ჩააბარა მათ და ვეფხვისთავიანი ფაიზებისა და იარლიყების ბოძებით გამოარჩია. რუმის სასულთნო სულთან რუქნ ად-დინს გადასცა იმის გამო, რომ ის მორჩილებით ეახლა. მისი უფროსი ძმა (ქეიქაუს II 1245-57) კი გადააყენა. ყიზ-მალიქის (ქალი მეფე) ძე დავითი მეორე დავითის ბრძანებას დაუმორჩილა. თაგავორისა და ალეპოს სულთნებს და აგრეთვე ელჩებს, იარლიყები მიეცათ. ბაღდადის ელჩს ჩამოართვეს იარლიყი, რომელიც პატივით გადაეცათ მისთვის, და ყაენმა რისხვით აღსავსე ეპისტოლე გაუგზავნა მართლმორწმუნეთა მეთაურს იმ საჩივრის გამო, ჩორმაღუნის ვაჟმა სირამუნმა რომ შეიტანა. ალამუთის ელჩები დამცირებით და აგდებულად გაისტუმრა და მათ მოტანილ წერილზე საკადრისი უხეში პასუხი მისწერეს.
რაკი ამ მნიშვნელოვან და დიდ საქმეებს მორჩნენ, ნებართვის მიღებისა და პატივისცემის წესების შესრულების შემდეგ, უფლისწულები წავიდ-წამოვიდნენ და გუიუქ ხანის ნაბრძანებისა და ნათქვამის შესაბამისად ლაშქართა გაგზავნის საქმის მოწესრიგებასა და ამირების დანიშვნას შეუდგნენ.
ტომი მეორე
თხრობა სულთან ჯალალ ად-დინის ბაღდადისკენ წასვლისა
621 წლის დამდეგს (დაიწყო 1224 წ. 24 იანვარს) ჯალალ ად-დინმა გადაწყვიტა თუშთარს წასულიყო და ზამთარი იქ გაეტარებინა. ელჩი ფაჰლავანი ორი ათასი კაცით მეწინავედ გაგზავნა მზვერავად. თვითონ კი უკან მიჰყვა. გზაში სოლეიმან შაჰი (ჰამადანის მახლობლად მდებარე ბაჰარის ციხის პატრონი) ეახლა და თავისი და მიათხოვა. როცა სულთანმა მიაღწია შაბურ-ხასთს40 (შაბურ-ხასთი დიდი, ცნობილი და სახელგანთქმული ქალაქი იყო და იხსენიება მატიანეებში, თუმცა მხოლოდ ნანგრევები იყო მისგან დარჩენილი დღევ. ხორემაბადის ადგილზე), ერთ თვეს დარჩა იქ და ლურის ამირები ეახლნენ. როცა ცხენები მოღონიერდნენ, ბაღდადის გზით დაიძრა იმ იმედით, რომ მართლმორწმუნეთა მბრძანებელი ან-ნასირ ლი-დინ ალაჰი (ბაღდადის ხალიფა 1180-1225) დახმარებას გაუწევდა და მას ზღუდედ აღმართავდა მტრის წინაღმდეგ ჯალალ ად-დინმა შიკრიკი. გაგზავნა, რათა თავისი მისვლა და ჩანაფიქრი ეუწყებინა ხალიფასთვის. მართლმორწმუნეთა მბრძანებელმა ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, რადგან ჯერაც გულში ედო შურისძიების გრძნობა იმის გამო, რაც მისი მამისა და პაპისაგან ეწვნია წარსულში. მან ამირობის ხარისხამდე მიღწეულ ნასყიდ მონათაგან ყოშ-თემური დანიშნა 20000 გულადი ადამიანითა და მამაცი გმირით, რათა სულთანი ჯალალ ად-დინი მისი ქვეყნიდან გაედევნათ. ამავე დროს საფოსტო მტრედები აფრინეს ირბილისკენ, რათა მოზაფარ ად-დინსაც (ირბილის ბატონი 1190-1232), 10000 კაცი გამოეგზავნა, რომ სულთანი შუაში მოექციათ.
ყოშ-თემური, მანამდე სანამ ირბილის ლაშქრის მოსვლის დრო მოაწევდა, თავისი ჯარის რაოდენობის სიმრავლითა და სულთნის შემწე ლაშქრის მცირერიცხოვნებით გათამამებული ადგილიდან დაიძრა. როცა სულთანი მოახლოვდა, კაცი გაუგზავნა ყოშ-თემურს: „ჩვენი ამ მხარეს წამოსვლის მიზანი მართლმორწმუნეთა მბრძანებლის ფართო ჩრდილის ქვეშ თავშესაფრის ძიება არის, რადგან ძლიერმა მტერმა გაიმარჯვა და გაბატონდა ისლამის ქვეყნებსა და ღვთისმოსავ ადამიანებზე; ვერცერთმა ლაშქარმა ვერ გაუწია მათ წინააღმდეგობა. თუ ხალიფასაგან შემწეობას მივიღებ და მისი მხარდაჭერა მექნება, იმ ჯამაათის დამარცხება ჩემი საქმეა“.
ყოშ-თემურმა ამ რჩევას წაუყრუა და ლაშქრის რიგები საბრძოლველად გააწყო. სულთანსაც სხვა გზა არა ჰქონდა, ბრძოლისა და წინააღმდეგობისათვის უნდა მომზადებულიყო. რაკი მისი ხალხი ყოშ-თემურის ლაშქრის მეათედსაც არ შეადგენდა, ერთი რაზმი ჩასაფრებული ჰყავდა, თვითონ კი ხუთასი მხედრით იდგა. ორ-სამჯერ მათ ცენტრსა და ფრთებზე იერიში მიიტანა და ისევ ზურგი აქცია. ყოშ-თემურის ლაშქარს ეგონა, ჯალალ ად-დინის ჯარი გაიქცაო და გამოედევნენ. საფარში ჩამჯდარი ხალხი მათ ზურგში აღმოჩნდა; სულთანიც შემობრუნდა, თავს დაესხა მათ და გააქცია. სულთანი მათ დევნაში ბაღდადის სანახებამდე მივიდა, იქიდან გამობრუნდა და დაყუყისკენ წავიდა და ძარცვა-გლეჯის ცეცხლი დაანთო იმ ოლქში.
იქ რომ ჩაიარა, მსტოვრები მიუვიდნენ: მოზაფარ ად-დინი ახლოვდებაო ირბილის ლაშქრით, წინ ბარგი გამოუგზავნია და უნდა, რომ მოემზადოს და სულთანს საფარიდან შეუტიოსო. სულთანმა თავის აღალს უბრძანა, გზა განეგრძო, თვითონ კი გულოვან მხედართა თანხლებით მთას დაუარა. როგორც კი შეიტყო, მტრის ლაშქარმა ჩაიარაო, მაშინვე ვეშაპის მსგავსი მამაცებით შეუტია და მოულოდნელად თავს დაესხა მოზაფარ ად-დინს როცა ეს უკანასკნელი მის ხელთ აღმოჩნდა. სულთანმა სავალდებულოდ მიიჩნია ხელმწიფეთათვის საპატიო და სასახელო წესი შეწყალებისა და პატიებისა, ოღონდ ნება არ მისცა გზა განეგრძო იქით, საითაც მიდიოდა. მოზაფარ ად-დინი დარცხვენილი იყო თავისი ნამოქმედარის გამო და პატიებას ითხოვდა, თან სინანულს გამოსთქვამდა, რომ დღემდე სულთნის შუქმფინარი აზრების შესახებ არაფერი გამეგო და არც მისი უწყინარობისა და სიმტკიცის ამბავი ვიცოდიო. სულთანმა ამის საპასუხოდ ფადიშაჰური სიტყვები წარმოსთქვა და, რაკი მოზაფარ ად-დინის გამგებლობის დროს, მიუხედავად ლური და ქურთი ქვეშევრდომებისა, რომელთაც მლოცველთა სისხლის დაღვრა ალალ საქმედ მიაჩნდათ, გზები მაინც უშიშარი იყო და შფოთიც დაცხრა, აქო და ადიდა იგი, მრავალი საჩუქარი უბოძა და წყალობა უყო. მოზაფარ ად-დინი სულთნის მითითებითა და ნებართვით თავის ქალაქში დაბრუნდა და სხვადასხვაგვარი სამსახურის გაწევით ყოველნაირად ცდილობდა მისი კეთილგანწყობილება მოეპოვებინა.
იმ მხარიდან სულთანი არანისა და აზერბაიჯანისკენ დაიძრა. იმ დროს ათაბეგი უზბეგი იყო იქაურობის გამგებელი. მას შებრძოლების ძალა არა ჰქონდა, მარტო გაიქცა თავრიზიდან და თავისი მეუღლე მალიქა, სულთან თოღრულის (III, 1177-1194) ასული, ქალაქში დასტოვა.
ერთი სიტყვით, ჯალალ ად-დინი რომ თავრიზის კარს მიადგა და ალყა შემოარტყა, ათაბეგის დიდებულნი და ამალა იქ იმყოფებოდნენ და სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ. როცა მალიქამ დაატყო, რომ სულთნის მოგერიება შეუძლებელი იყო, და თან რაკი გულში ათაბეგისაგან შეურაცხყოფილი იყო, სულთანს საიდუმლოდ კაცი გაუგზავნა და აცნობა ის სიძულვილი, რაც თავისი ქმრის, ათაბეგის მიმართ ჰქონდა. მანვე გაუგზავნა ბაღდადისა და შამის იმამთა ფეთვები45 იმის თაობაზე, რომ სამგზის განქორწინება, რაც აქამდე პირობითი იყო, ნებადართულიაო. თან სულთანთან დაზავების ვადა დათქვეს, რათა მალიქა თავისი ავლა-დიდებით ნახჭევანს წასულიყო. ამის შემდეგ სულთანიც ნახჭევანს მივიდოდა და შეირთავდა. მან ბეჭედი გაუგზავნა მალიქას ნიშნად.
ორი დღის შემდეგ მალიქამ ქალაქის ამირებსა და დიდებულთ უხმო და უთხრა: „დიდი სულთანი ჩამოხდა ჩვენი ქალაქის მახლობლად. ათაბეგს მისი მოგერიებისა და განდევნის ძალა არა ჰქონდა. მაგრამ, თუ მასთან ზავი და მშვიდობა არ დაიდო და ქალაქი ბრძოლით აიღო, იმასვე გვიზამს რაც მამამისმა ქალაქ სამარყანდში მოიმოქმედა. თუ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ყადიები და გამოჩენილი პირები გავუგზავნოთ და შეთანხმება დავდოთ, რომ ზიანს არ მიაყენებს ათაბეგის ჰარამხანას და მის ქვეშევრდომთ და ხელს არ შეუშლის, რომ სადაც უნდათ, წავიდნენ. ქალაქი კი მას გადავცეთ. რაც ჩემმა გონებამ საჭიროდ სცნო, ეს არის. თქვენ ათაბეგის დიდი მოხელენი ხართ, რაც სასარგებლოდ მიგაჩნიათ, უნდა სთქვათ“. ყველამ ერთხმად განაცხადა, მალიქას აზრი მეფური აზრია და ბრძნული ჩანაფიქრიაო. მთავარი ყადი იზ ად-დინ ყაზვინი, რომელიც თავისი დროის მეცნიერ და სწავლულ კაცთა შორის უწარჩინებულესი იყო, კარისკაცთა ჯგუფთან ერთად სულთანს აახლეს და პატიებას და შეწყალებას ეაჯნენ იმ პირობით, რომ მალიქას და ათაბეგის ჯალაბობას წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, რომ სადაც უნდოდათ, წასულიყვნენ. სულთანმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა და ნება დართო, თუკი სურდათ, წასულიყვნენ.
მეორე დღეს, როცა ზეცის ხელმა მზის მახვილი ჰორიზონტის ქარქაშიდან ამოიღო, ათაბეგის დიდებულნი და ამირები და ქალაქის წარჩინებული პირები ერთად ეახლნენ სულთანს მისაღებ კარავში და სხვადასხვანაირი საჩუქრები და მოსაკითხი მიართვეს. ისინი ეამბორნენ ხალიჩას, რომლის თავზე ზეცა ქოლგად იყო გადაშლილი, და სულთნის შუბლზე მხიარულების, სიმხნევისა და კეთილშობილი თვისებების კვალი იხილეს.
მალიქამ თავისი განწყობილების შესაბამისად ხოის გამგზავრება ინება46; სულთანიც 622 წელს (1225 წლის 13 იანვრიდან 31 დეკემბრამდე) დიდებით შევიდა ქალაქში და მცხოვრებნი მის მისვლას მიესალმნენ. სულთანი რამდენიმე დღე დარჩა იქ, მერე კი ნახჭევანს მივიდა, იმამთა ფეთვების თანახმად მალიქას დაეუფლა და ათაბეგის სავალ ბილიკზე შედგა48.
ათაბეგი იმ დროს ალინჯის ციხეში (ნახიჭევანის აღმოსავლეთით) იმყოფებოდა. სულთნის ნახჭევანს მისვლის ამბავი რომ შეიტყო, მიხვდა, რაც ჰქონდა განზრახული, შინაგანი განუკურნავი დარდი ამ გარეგანი მიზეზით გამოაჩნდა და იმავე დღეს სევდისა და მწუხარებისაგან სულიც განუტევა.
გულახდილად რომ ითქვას, უწესო საქციელი, განსაკუთრებით, რაც ოჯახსა და ჰარამხანას ეხება, ყველა ადათის მიხედვით დასაგმობია. ამ საძაგელი მოქმედების და გასაკიცხი საქმეების მსგავსი ქცევა მხოლოდ ზიზღს იწვევს.
თხრობა სულთნის, ქართველებისა და მათი დარბევის შესახებ
როცა განგებამ, როგორც მისი ადათი და წესია, ათაბეგის სახელმწიფო გაანადგურა და მისი სამფლობელო სულთან ჯალალ ად-დინს გადასცა, ხოლო მახლობლებმა და მსახურებმა ყოველი მხრიდან მისკენ იბრუნეს პირი, უგვანო და ურწმუნო ქართველებმა განიმტკიცეს ხარბი სურვილი ვილაიეთის დასაკუთრებისა, რათა პირველ რიგში სულთანი განედევნათ და თავრიზის მხარე დაეპყროთ, შემდეგ ბაღდადს წასულიყვნენ, კათალიკოსი დაესვათ ხალიფას ადგილზე, მეჩეთები ეკლესიებით და ჭეშმარიტება სიცრუით შეეცვალათ. ამ პატივმოყვარე სურვილისა და ამპარტავანი უგუნურების გამო, თავისი ხალხის სიმამაცისა და ბასრი შუბებისა და მახვილების იმედით ჯარი შეკრიბეს, ოცდაათ ათასზე მეტი კაცი გაამზადეს და დაიძრნენ.
სულთანს რომ ეს ამბავი მიუვიდა, თუმცა მისი რაზმი ჯერ მრავალრიცხოვანი არ იყო და მისი აწეწილი საქმეებიც ჯერ არ იყო გამოსწორებული, იმ რაზმით, რაც ჰყავდა, ბევრი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე ქართველებისკენ დაიძრა. იმ დროს, როცა განთიადის შუქი ღამის წყვდიადს სდევნიდა, ჯალალ ად-დინმა ქართველთა ბანაკს50 მიაღწია გარნისის51 ხეობაში, სადაც ისინი ღვინით მთვრალები და გალეშილები იყვნენ.
სანამ ქართველები ხელს აღმართავდნენ საომრად, სულთანი თავს დაესხა და კარგი გამარჯვება მოიპოვა მათზე. გარნისის ვიწრო ხეობაში ერთი გამოქვაბული იყო, ბრძენის ფიქრებივით ღრმა ქართველები როგორც იყვნენ, ისევე ცხენდაცხენ გარბოდნენ და იმ გამოქვაბულს აფარებდნენ თავს.
ეპოქის ყოველგვარი არეულობისა და შფოთის ამტეხთა მეთაურები შალვა და ივანე სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად შეიპყრეს, ბორკილებში ჩასვეს და სულთანს მიჰგვარეს. შალვა ადის ტომის (ძველარაბული ამაყი ტომი) მამაკაცს ჰგავდა ტანის სიდიდითა და წარმოსადეგობით, კეთილშობილი ღირსებითა და ძლიერებით. სულთნის წინაშე რომ წარდგნენ, ჰკითხა: „რა იქნა შენი მძვინვარება, რომ გაიძახოდი, სად არის ზულფაყარის (IV ხალიფა ალის მეტსახელი - ხერხემლის გამკვეთი) პატრონი, რომ ჩემი ბასრი ხმლის დარტყმა იხილოსო?“. შალვამ მიუგო, ეს საქმე სულთნის კეთილმა ბედმა ჰქმნათ. ამის შემდეგ ისლამის მიღება შესთავაზეს. მან უპასუხა: „დეჰყანებს ასეთი წესი აქვთ, რომ ბოსტნებში ავი თვალის წინააღმდეგ სახედრის თავს ჰკიდებენ. შალვაც ვირის თავი იქნება ისლამის ბაღის მწვანეში“. მაგრამ თვითონ კი, უკაცრავად პასუხია, ნამდვილი უკანალი იყო ვირისა.
ერთი სიტყვით, როცა გამარჯვებულმა და ძლევამოსილმა სულთანმა დედაქალაქ თავრიზს მიაღწია, მისი შიშით იმ ოლქებში გულები ძრწოლამ, ხოლო მტრები ელდამ მოიცვა. მისი ლაშქარი წინანდელთან შედარებით გაიზარდა. შალვასა და ივანეს პატივით მოეპყრა და, იმ განზრახვით რომ, საქართველოს დაპყრობაში დამეხმარებიანო, დამატებითი წყალობის სახით მარანდი, სალმასი, ურმია და უშნუ (ქალაქები ურმიის ტბის აუზში) უბოძა.
ჯალალ ად-დინმა ქვეითებისა ღა მხედართაგან შემდგარი დიდი ლაშქარი გაამზადა და შალვა და ივანე მასთან ერთად გაგზავნა55. ისინი მისი განწყობილების შესაფერ სიტყვებს ეუბნებოდნენ, ყოველგვარ ვალდებულებას და მოვალეობას კისრულობდნენ და ცრუ დაპირებებით აქეზებდნენ სულთანს; უნდოდათ მუხანათობის თოკით სიკვდილის ჭაში ჩაეჩეხათ იგი და მელისებური მოქმედებით ის ავაზას ბუნების ლომი თავიანთი მზაკვრობის ბორკილით შეებოჭათ.
სულთანმა გადაწყვიტა მარტო შეხვედროდა თავის ქალს, არა ფულით ნასყიდ მხევალს56, და ხოისკენ დაიძრა. იქიდან საქართველოსკენ წავიდა და დვინში, რომელიც საქართველოს საზღვარია, ერთმანეთს შეუერთდნენ. სულთანმა უპირველეს ყოვლისა მალექ თაშთდარი დესპანად გაგზავნა ყიზ-მალიქთან. ეს ყიზ-მალიქი ქალი იყო და მთელი საქართველოს ფადიშაჰი გახლდათ. მართლმორწმუნეთა მბრძანებელ აბუ ბაქრის (I ხალიფა) შესახებ, – ღმერთი იყოს მისი მწყალობელი, – არსებობს თქმულება, რომ, როდესაც ამბავი მიუვიდა. ირანის შაჰი ქალიაო, უთქვამს: „მდაბალია ის, რომ თავისი საქმეები ქალისათვის ჩაუბარებია“.
ერთ დღეს მალექ თაშთდარი მდინარე მტკვრის ნაპირას იდგა. შალვასგან მომავალი ერთი მთვრალი მღვდელი, რომელსაც ქეშიშს უწოდებენ, მალექ თაშთდარს მიეჭრა და უთხრა: „მალე მალიქი (ყიზ-მალიქი, ე.ი. რუსუდანი) ლაშქარს დაძრავს, რათა მარქაბის ველზე შემოვერტყათ სულთანს ლაშქრიანად და სამაგიერო შურისგება მივუზღოთ მას“. მალექ თაშთდარმა ის მღვდელი მაშინვე მოჰკლა და სწრაფმფრენი ჩიტივით გაეჩქარა სულთანთან. დილა ადრიან, როცა მუეძინების ხმამ მართლმორწმუნენი გააღვიძა, სულთანთან მიაღწია და საქმის ნამდვილი მდგომარეობა და ჭეშმარიტების გზას აცდენილი ხალხის მზაკვრობის ამბავი აუწყა. ჯალალ ად-დინმა ბრძანა, იმისათვის რომ გამოვცადოთ და შევამოწმოთ, შალვა და ივანე აქ მომგვარეთო და სხვა ორმოცი ქართველი ამირიც მოიყვანეთო მათთან ერთად. როცა მოიყვანეს უთხრო „მინდა რჩევა გკითხოთ, რომელი გზა უკეთესია, ყარსისა თუ მარქაბის ხეობის?“ შალვამ და ამირებმა მიუგეს: „ყარსის გზაზე გამაგრებული ქალაქებია, იქ გავლა გაძნელდება. მარქაბის გზა კი შუა გზაა და უფრო ახლოა თბილისთან (როგორც ჩანს იდგა ბამბაკის ხეობაში). როცა იქ მივალთ, სულთნის გამოჩენის ხმაზე იმათი ლაშქარი გაიფანტება და თბილისის ვილაიეთს დავიკავებთ და დავიპყრობთ“.
რაკი სულთნისთვის ამ თვალთმაქცი ადამიანების უხამსი მრწამსის ნამდვილი ამბავი ცნობილი შეიქნა, წამოდგა, ხელში ნაჭერი ხმალი წელზე შემოჰკრა შალვას, შუაზე გაკვეთა და ხმალი შეღება მისი სისხლით. თანაც ბრძანა ყველა დანარჩენიც ჯოჯოხეთში გაგზავნეთო60. მერე თავის ამირებს რჩევა ჰკითხა, რომელი გზით წავიდეო. ყველამ თავისი შეხედულება თქვა. ბოლოს სულთანმა ბრძანა, ჩემი აზრი ასეთია, რომ რაკი იმათ შალვასა და ივანეს შესახებ არაფერი იციან და მათგან ამბავს ელოდებიან, მოულოდნელად უნდა დავესხათო თავს. მისი აზრის თანახმად, ათი ათასი გულოვანი კაცი სასწრაფოდ დაიძრა და იარეს ბანდ-ე ფამბას (ბამბაკის მთები) ხეობის კალთამდე, რომელზე გადაფრენა მხოლოდ არწივს შეეძლო. ჯალალ ად-დინი ცხენიდან ჩამოხდა და ლაშქარიც ფეხდაფეხ მიჰყვა. მთის თხები მის სვლას რომ ხედავდნენ, ქვეითად სიარულის გამო დარცხვენილნი და შეშინებულნი თავდაყირა ცვიოდნენ მთიდან. როდესაც განთიადის ნაკადულები აჩუხჩუხდა, იმ გარყვნილებამდე მიაღწიეს. ორივე მხრით სასტიკი ბრძოლა გაიმართა და ისარსა და ხმალზე იტაცეს ხელი, სანამ ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტებამ არ სძლია სიცრუეს, წარმართთა სექტის დიდი ნაწილი მოსპობის მახეში მოხვდა და ცდომილი ხალხი დამღუპველმა გველებმა დაკბინეს. სულთნის მომხრეებმა გაიმარჯვეს, ხოლო ეშმაკის მეგობრები იძლივნენ.
იმ დღეს დაღამებისთანავე იქვე დაიბანაკეს. მეორე დღეს ლორეს ველზე მივიდნენ. ისეთი მტვერი დადგა, რომ კაცი ვეღარ ცნობდა ერთმანეთს. როცა მტვერი ჩადგა და მზე ამოვიდა, დაინახეს ქართველები, რომლებიც მახეში გაბმული ნადირივით ხუთ-ხუთ და ათ-ათ კაციან ჯგუფებად შეგროვილიყვნენ. ვინც კი დაინახავდა ქართველს იქვე ჰკლავდა, სანამ ამრიგად ბევრი არ გაწყდა და თავისიანებს არ მიჰყვა. ლორეს ამანი უბოძა ჯალალ ად-დინმა. იქიდან ალიაბადის ციხისკენ (მდ. დებედას მიდამოებში) გაემართა. მეციხოვნეებმა შეწყალება ითხოვეს და მათთვისაც არ მიუყენებიათ ზიანი. მოჰარამისა და საფარის თვეების განმავლობაში სულთანი ლაშქართან იმყოფებოდა, მაგრამ როგორც კი რაბი ალ-ავალის ახალი-მთვარე იხილეს (1226 წ. 2 მარტი), სულთანმა ნადირობა ისურვა და მარტო გაემართა რამდენიმე მხედრის თანხლებით. ქართველებმა რომ ეს შეიტყვეს, ხუთასი კაცი, ნაცადი ვაჟკაცები, გაგზავნეს, იქნებ სულთანი მოულოდნელად დავიჭიროთ ეშმაკობის ქამანდით და ისლამის ცეცხლი ჩავაქროთო.
სულთანმა რომ შორიდან დაინახა ისინი, მიხვდა, დიდი წარღვნა მოდისო. მაგრამ იმ იმედით, რომ ბედის ქართა მხრიდან, ძლევამოსილი და დიდებული ღვთის შეწევნით, ნიავი დაბერავს და უბედურების მტვერს შეაყრის თვალებში ამ უმსგავსოებსო, ბრძოლაში ჩაება. იგი პირადად ესხმოდა თავს ისე, რომ ერთი კაცი ხუთასს ერეკებოდა და ყოველ ჯერზე რამდენიმე მათგანს ანარცხებდა ძირს. სულთნის ლაშქარმა რომ ეს ამბავი შეიტყო, ერთი რაზმი მოვიდა მის დასახმარებლად. იმ საძაგლებს ყოველ წამს მოსდიოდათ ხალხი, სანამ ათი ათას კაცზე მეტი არ შეიყარა. ორხანმა (სულთბნის დედის ქმარი, მოკლეს იმავ წელს ასასინებმა) თბილისის მახლობლად შეაფარა თავი და იქაურ ლაშქარს აკავებდა; ამასობაში სულთანი თავისიანების ერთი რაზმით თაქბირის ძახილით თავს დაესხა იმ უგვანოებს და ხმლისა და შუბის მარჯვნივ თუ მარცხნივ ძგერებით ბევრი მათგანი მიწას დაანარცხეს.
ქართველებმა რომ მისი გურზის ცემა იხილეს, გაიქცნენ. რაკი ქალაქის მისასვლელები მეომრებით სავსე დახვდათ, სადავე მდინარისკენ (მტკვრისკენ) შეაბრუნეს და ის მდაბალი ადამიანები შიშისა და ძრწოლვისაგან იარაღითა და ცხენებიანად წყალში ცვიოდნენ და ჯოჯოხეთის ცეცხლში მიემგზავრებოდნენ.
ციხეში მყოფთ რომ ეს ამბავი ნახეს, ხელები საბრძოლველად გაიწვდინეს. მაგრამ როცა ლაშქარი წინ წადგა და ვარსკვლავთა გამგმირავი ისრებისა და ჯიგრის მწველ ბოძალთა ტყორცნით შეაწუხეს და შეავიწროვეს ისინი, ყიზ-მალიქის ხაზინა წყალში ჩაყარეს და მეორე დღეს პატიება ითხოვეს. სულთანმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა და პირადად იდგა, სანამ ის ხალხი მის საგუშაგოებს ჩაუვლიდა და აფხაზის საზღვარს (ე.ი. დას. საქართველოს) მიაღწევდა. ყოველი სოფელი თუ ციხე თბილისის მიდამოებში, რომლებიც ეშმაკის მიმდევრებით იყო სავსე, ერთიანად მოსთხარა და მის ამალას უსაზღვრო და უზომო ნადავლი ერგო. თბილისის ეკლესიები67, რომელთა აშენებაზე ძველთაგან ძვირფასი საუნჯე იყო დახარჯული, დააქცია, მათ ადგილზე კი ისლამის სამლოცველოები დააარსა.
მოულოდნელად მსტოვრები მოვიდნენ, ბარაყმა ერთგულების უღელი გადმოიგდო კისრიდან და ქერმანიდან ერაყის დასაპყრობად დაიძრაო. ბარაყის მოსაგერიებლად სულთანმა ბურაყის მსგავსი ბედაურები დასძრა და ელვისებურად68 გაექანა. ლაშქრიდან, რაც შესძლო, თან წაიყვანა და ქარივით მიწის ზედაპირს ძლივს ეხებოდა, ცეცხლის ალივით მაღლა-მაღლა მიიწევდა. სადგომებსა და გადასასვლელებზე ლაშქარი უკან ჩამორჩა. ჩვიდმეტ დღეში თბილისიდან ქერმანის მიდამოებში მივიდა. ლაშქრიდან სამას მხედარზე მეტი არ ახლდა თან. ბარაყ ჰაჯიბმა რომ სულთნის მისვლა შეიტყო, მრავალი საჩუქარი მიართვა და პატიება ითხოვა.
ცხენების დასვენების მიზნით სულთანი რამდენიმე დღით ისფაჰანს მივიდა და ერაყის დიდებულნი ეახლნენ69.
ამასობაში კვლავ მოვიდა ამბავი, ქართველები ისევ შეიკრიბნენო. ვაზირი იულდუზჩი70, რომელიც სულთანს თავის მოადგილედ დაეტოვებინა თბილისში, იძულებული იყო თავრიზს მოსულიყო, ხოლო მალიქ აშრაფს71 შამიდან ჰაჯიბ ალი ხლათში გაეგზავნა და ყოველ რამდენიმე დღეში არბევდა იქაურობას. მალიქა ხოიდან ხლათს წასულიყო და ჰაჯიბ ალის დანებებოდა. ქართველები თბილისში დაბრუნებულიყვნენ, მეჩეთებს ანგრევდნენ და მუსლიმებს აწამებდნენ. ამ საშინელი ამბების გამო სულთანი შეშფოთდა და შეწუხდა და მაშინვე აზერბაიჯანისკენ გაეშურა.
სულთანმა რომ ხლათის მიდამოებს მიაღწია, ვისაც კი მოიხელებდა მისი ლაშქარი, იქვე ხოცავდნენ და, რასაც თვალს მოჰკრავდნენ, მიჰქონდათ. ასე მიაღწიეს ხლათის კარამდე. მოლაშქრენი ქალაქში შეიჭრნენ და ძარცვასა და ხოცვა-ჟლეტას მიჰყვეს ხელი, ყვირილი და კვნესა აღმოხდათ კაცებსა და ქალებს. სულთანმა თავისიანები გაგზავნა, რათა ის ხალხი ქალაქიდან გარეთ გაეყვანათ. მდაბიო ხალხმაც ამბოხება მოაწყო, მოლაშქრეთა ერთი ჯგუფი დახოცეს, დანარჩენები კი გარეკეს ქალაქიდან. საქმე ვეღარ გამოკეთდა და სულთნის ამალამ რამდენიც არ სცადა, მცხოვრებლებმა გზა არ მისცეს, რომ ქალაქში შესულიყვნენ.
რაკი თაიმასისა და თაინალის (მონღოლი ნოინები) ერაყს მისვლის ამბავი შეეტყო და იქ გაჩერებაც შეუძლებელი იყო, იქიდან ერაყს მიმავალმა სულთანმა თავრიზს მიატანა, ხოლო მერე ისფაჰანში ჩავიდა. საცა კი იყო გაბნეული ლაშქარი ან ცალკე მეომრები, ყველამ სულთანს მიაშურა. ამასობაში მონღოლთა ლაშქარმა რეის მიაღწია. სულთანი ბრძოლისა და შეტაკებისათვის გაემზადა, ყველა დიდებული და ხანი გამოიძახა. კეთილშობილებს უხმო ლაშქრიდან და ასე უთხრა: „მნიშვნელოვანი საქმეა, წინ რომ გვიდევს და დიდი უბედურება მოგვადგა კარს. თუ სისუსტესა და ჯაბნობას მივეცით თავი, ჩვენი არსებობა შეუძლებელია. ერთი სიტყვით, უმჯობესია წინააღმდეგობა გავუწიოთ და მოვითმინოთ. თუ მაღალი ღმერთი შეგვეწია, ჩვენცა და თქვენც გადავრჩებით. ხოლო თუ საქმე სხვაგვარად მოეწყო, ჩვენ მოკლებული არ ვიქნებით წამებულთა ღირსებას და საუკუნო ნეტარების პატივს“... ყველა ერთგულად და ერთხმად დაეთანხმა სულთანს. იმანაც ლაშქარი მოამზადა და ცენტრი და ფრთები გააწყო. ლაშქრის მარჯვენა ფრთა მან თავის ვერაგ ძმასა და სწორს, ულმობელ ყიას ად-დინს ჩააბარა, ხოლო მარცხენა ფრთა74 გაამაგრა. თვითონ ცენტრში დადგა და რიგები გააწყო. უნდოდა მარჯვენა და მარცხენა ფრთებისთვის მბრძანებინა, მასთან ერთად მიეტანათ იერიში მტრის ცენტრსა და რიგებზე, მაგრამ ამ დროს მისმა ძმამ ყიას ად-დინმა ელჩი ფაჰლავანის. თავისი ამალისა და მეომართა ერთი ჯგუფის თანხლებით სადავე შეაბრუნა.
სულთანი ჯალალ ად-დინი ამის გამო შეშფოთდა და ზიზღით აივსო ლაშქრის მიმართ. მიუხედავად ყველაფერი ამისა, მან პირი არ იბრუნა და მოწინააღმდეგის ლაშქრის ცენტრს შეუტია. მონღოლთა ლაშქრის მარჯვენა ფრთა სულთნის მარცხენა ფრთას უწევდა, ხოლო სულთნის მარჯვენა ფრთა – მონღოლთა მარცხენა ფრთას. ორივე ლაშქარი ერთმანეთში აირია. მონღოლთა ლაშქარი სულთნის ჯარის ცენტრის ზურგში აღმოჩნდა; სულთნის ალამი ადგილიდან დაიძრა, ხოლო მონღოლთა მარჯვენა ფრთა მისი მარცხენა ფრთის დევნას განაგრძობდა; ასე რომ, არავინ იცოდა ერთმანეთის ამბავი. სულთანი ლაშქრის ცენტრში იყო და ჯილავდრის მეტი მასთან კაცი არ დარჩენილიყო. მას ყოველი მხრით გარს შემორტყმოდნენ და სულთანი წრეხაზის ცენტრივით იყო შუაში. ერთს რომ ცხენიდან გადმოაგდებდა, მეორეს ხელ-ფეხს მოკვეთდა, სანამ თავი არ დააღწია ალყას და ლურისთანს არ მიაშურა. იქ ერთ ხეობაში დაიდო ბინა და ლტოლვილები თითო-თითოდ თუ ორორნი მოულოდნელად მოდიოდნენ მასთან და მის სამსახურში რჩებოდნენ. ისფაჰანის მცხოვრებთაგან და ლაშქრიდან არავინ იცოდა მისი ამბავი. ზოგს ეგონა, ბრძოლაში მოკლესო, ზოგიც ფიქრობდა ტყვედ ჩავარდაო.
მონღოლთა ლაშქარი ისფაჰანის კარს მიადგა, მაგრამ შეყოვნებისა და შეჩერების გარეშე სასწრაფოდ გააჭენეს ცხენები და სამ დღე-ღამეში რეის მიაღწიეს. იქიდან ნიშაბურისკენ გაემართნენ და უკანვე დაბრუნდნენ.
სულთანმა ისფაჰანს მიაშურა; მაცნეები წინ გაგზავნა, თვითონ კი კვალდაკვალ მიჰყვა. ყველა კაცი და ქალი მის შესახვედრად გამოვიდა და მისი მობრძანება სიხარულის მოსვლად და უბედურების წასვლად მიიჩნიეს.
სულთანი გულმოსული იყო თავისი ამალის დიდებულთა უმეტესობაზე. მან ბრძანა, მოეგვარათ ის ხანები და მეთაურები, ვინც ხელმწიფის მახლობლები და მისი სამეფო კარის სახელმოხვეჭილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ბრძოლის დღეს არაფერი გაუკეთებიათ. მათ ქალის ლეჩაქები დაახურეს თავზე და ქალაქის უბნები შემოატარეს. იმ ხალხს, ვისაც ამირობის ხარისხი არა ჰქონდა, მაგრამ იმ დღეს, რომელიც განკითხვის დღე იყო, ბრძოლის ველზე დაწინაურდა, მაგრად გაიდგა ფეხი და ერთგულად იდგა, ზოგს ხანობის წოდება უბოძა. ზოგსაც – მალიქობისა და საპატიო ხალათები და სხვა საჩუქრები, აღაზევა ისინი და განადიდა.
თხრობა სულთან ჯალალ ად-დინის საქართველოში დაბრუნებისა
625 წელს (1227 წ. 12 დეკემბრიდან - 1228 წ. 29 ნოემბრი) იქიდან საქართველოში წავიდა. რაკი რუმის, შამის, სომხეთისა და იმ მხარეთა სულთნებს ეშინოდათ მისი სიმკაცრის და შურისძიების, მძვინვარე იერიშისა და გაბედული თავდასხმის, ერთმანეთს შეუთანხმდნენ და მის განსადევნად გაერთიანდნენ. ქართველთა, ალანთა, სომეხთა, სარირების, ლეკების, ყივჩაყთა, სვანების, აფხაზთა, ჭანების, სირიელების და ურუმთა ლაშქარი გაერთიანდა იმ ხალხთან ერთად, ვინც განგების ცეცხლზე იყო ნაწრთობი და მებრძოლთა შორის რჩეული.
სულთანი მათს სიახლოვეს მივიდა მინდორზე (ბოლნისის ხევში) და ჩამოხდა. იგი შეშფოთებული იყო შეიარაღების ნაკლებობით და მახვილოსნებისა და შუბოსნების უყოლობით, აგრეთვე მტრის მომრავლებით და თავისი ბედის ცვალებადობით.
ჯალალ ად-დინმა რჩევა ჰკითხა ვაზირ იულდუზჩისა და სხვა დიდებულებს. იულდუზჩიმ მოახსენა: „რაკი ჩვენი ხალხის რაოდენობა იმათ მეასედსაც არ შეადგენს, მინდორიდან წავიდეთ და იმათ გზა მოვუჭრათ წყლისა და საწვავისაკენ, რათა სიცხისაგან თვითონაც დასუსტდნენ და ცხენებიც დაუმჭლევდეთ. ჩვენი სხვა რაზმებიც, რომლებიც სხვადასხვა მხარეს არიან, ამასობაში მოაღწევენ. მაშინ სრული ძალითა და გამჭრიახობით შევუდგებით საქმეს და ომზე ვიფიქრებთ“.
სულთანი უზომოდ განრისხდა ამაზე და, წინ რომ სამელნე ედგა, ვაზირს თავში სთხლიშა. თან ბრძანა, „ეგენი ცხვრის ფარას წარმოადგენენ და ლომს რა აქვს საწუწუნო აქვს სიმრავლის გამო?“
იულდუზჩიმ თავისი უხეირო ნათქვამი მოინანია და ჯარიმად 50000 დინარი გადაიხადა.
სულთანმა ბრძანა: „თუმცა მძიმე და ძნელი საქმეა, მაგრამ ერთადერთი საშველი ბრძოლა და ღვთის წყალობაზე მინდობაა. არავინ იცის ვინ გაიმარჯვებს“.
ხაზინის კარი გახსნეს და ცხენის ჯოგები მორეკეს; ამირებმა და დიდებულებმა, საშუალო და მდაბიო მეომრებთან ერთად, რაც კი შეეძლოთ, აიღეს და მოემზადნენ.
როცა მოწინააღმდეგის რაზმებმა მოაწიეს დაფითა ღა ბუკით, მამალი და დედალი აქლემებით, და ერთმანეთის მიყოლებით დაეწყვნენ მწკრივებად ომისთვის მომზადებულნი, სულთნის ლაშქარი თავის თავთან შედარებით ზღვის მცირე ნაკადულად და თავის მოედანზე ბურთად ეჩვენათ.
როცა ქართველთა ლაშქარი მოვიდა, სულთნის ჯარმაც იარაღი აისხა. სულთანი მათ დასათვალიერებლად ერთ მაღალ გორაკზე ავიდა. მარჯვნივ ყივჩაყთა დროშები და ალმები და 20000 რჩეული კაცი დაინახა. სულთანმა ყოშყარს უხმო, ერთი პური და ცოტაოდენი მარილი მისცა და ყივჩაყებთან გაგზავნა. მან მოაგონა ის ამბავი, რომ მამამისის მეფობაში, იმ დროს, როცა ისინი დამონებული და დამცირებული იყვნენ, სულთანმა თავისი ეშმაკური მახვილსიტყვაობით დაიხსნა ისინი ამისგან და მამასთან უშუამდგომლა. თან დასძინა: „ნუთუ ახლა იმ ამბის სამაგიეროდ მახვილს იშიშვლებთ ჩემს წინააღმდეგნ?“.
ამ მიზეზით ყივჩაყთა ლაშქარმა უკან დაიხია, თავის ადგილს მოშორდა მაშინვე და განზე გადგა.
როცა ქართველთა ლაშქარმა რიგები განაწყო, სულთანმა მოციქული გაუგზავნა ივანეს (ათაბაგი), რომელიც მათი მეთაური იყო, და შეუთვალა: „თქვენ დღეს შორიდან მოხვედით, ცხენებიც დაღლილია და ხალხიც დაქანცული. დღეს ასევე ვიდგეთ და ორივე მხრით ბრძოლას მოწყურებული ახალგაზრდები გამოვიდნენ თითო-თითოდ მოედანზე და თავდასხმისა და მოგერიების გზით შეებან ერთმანეთს, რათა ჩვენ დღეს მათ ვუცქიროთ, საქმე კი ხვალისათვის გადავდოთ“. ივანეს ეს სიტყვები მოეწონა და მამაც ახალგაზრდათა და გულოვან ვაჟკაცთაგან ასპარეზზე გამოვიდა ერთი რაინდი, რომელიც მთას ეჯიბრებოდა ახოვნებით; ამ მხრიდან კი სულთანი, მსგავსად მუნქარისა (საიქიოს ანგელოზი).
ლომივით გაქანდა ლაშქრიდან და ჰუჯირის („შან ნამეს“ გმირი) წინ გამოცხადდა მამაცურად. ხალხი ორივე მხრიდან შესცქეროდა მათს სულთანმა გაჭენებულ ცხენზე თაქბირი („დიდი არის ალაჰი“) დასძახა და შუბი ატაკა სარტყელში, ისე როშ ხიფთანიც გაუგლიჯა და ქამარიც. ის წყეული ცხენიდან ძირს გადმოვარდა და სული ამოხდა. მას სამი ვაჟი ჰყავდა. ისინი რიგრიგად გამოდიოდნენ ცალ-ცალკე; სულთანი მაღალი და დიადი ღმერთის ძლევამოსილებითა და ძლიერებით თითო დარტყმით ჯოჯოხეთში აგზავნიდა მათ მამის კვალდაკვალ.
სხვა აზნაურმა, რომელიც ტანით ბისუთუნის მთას ჰგავდა და ბოძის სიმსხო შუბი ეჭირა ხელში, გამოაჭენა სპილოსოდენა ცხენი. სულთნის ცხენს მეტისმეტი დაღლილობისაგან მოძრაობა აღარ შეეძლო და ის-ის იყო უკანდახევის ხუნდებშიც მოხვდებოდა. აზნაური ყოველ წამს თავს ესხმოდა, სულთანი კი მკვირცხლად იგერიებდა. ამგვარად აზნაური განუწყვეტლივ უტევდა და უშენდა სულთანს, მაგრამ უშედეგოდ. საქმე გაძნელდა და იქამდე მივიდა, რომ წყეული შაითანი სძლევდა მოწყალე სულთანს და შაჰი შავ დევს ჩაუვარდებოდა ხელში. ბოლოს, როცა ერთ-ერთი შეტევის დროს აზნაური მიუახლოვდა, სულთანი გაჭენებული ცხენიდან ჩამოხტა და ერთი შუბი ატაკა თავში აშქაბუსს („შაჰ ნამეს“ გმირი), მაშინ ზეცა ხელზე ეამბორა მას.
ამ დროს მიწიერ ანგელოზთა მოწონების ხმა მაღალ ზეცას მისწვდა და ავი სულებისა და ადამიანთა ყურს ჩაესმა შეძახილი: „დიდება ალაჰს, რომელმაც გამარჯვება მიანიჭა თავის მსახურს“. ორივე მხარე გაოცებული იყო ამ ამბით, რომლის მსგავსი როსტომ ზაალის ძესაც კი არ შეეძლო გაეკეთებინა, და ყოველი კაცი ამბობდა, ეს როსტომი არის, ან არადა ამომავალი მზეაო.
რაკი ის რამდენიმე კაცი, რომელთაგან თითოეული მამაცი გმირი და ლაშქრის საყრდენი იყო, ერთ წამში, ერთი მხედრის მსხვერპლი შეიქნა და ძაღლებისა და აფთართა ლუკმა გახდა. ის უბედურნი სასოწარკვეთილებამ და ძრწოლამ მოიცვა, ისლამის ლაშქარს კი გაუქრა შიში და კრთომა.
სულთანმა იმ ადგილიდან თავისი მათრახის ბოლოთი ნიშანი მისცა, მებრძოლი ვაჟკაცები დაიძრნენ და ქართველთა ლაშქარმა პირი იბრუნა. გამარჯვების პირველი ნიშნები გამოჩნდა და ძლევის მშვენიერმა შუქმა გაანათა მათი სახეები. ერთ წამში გაშლილი ველი დახოცილთა სიმრავლისაგან უსწორმასწორო ბორცვად იქცა და მიწის პირი ატლასისფრად შეღება დაღვრილმა სისხლმა.
რაკი იმ უბედურთა საქმეს ვერაფერი უშველიდა, ხოლო მატყუარებს სიცრუე აღარ გამოადგებოდათ, დროულად გაქცევისა და ღამის კალთებისათვის ხელის ჩაჭიდებით და წყვდიადის ფარდისთვის თავის შეფარების გარდა (ღმერთი არ არის უსამართლო!) სხვა გზა ვერ ნახეს, ველისა და მთების ყოველი მხარე და კუთხე მღელვარებდა მათი კვნესა-ყვირილისგან და მიწა ზანზარებდა მათი გახელებული ცხოველების ჭიხვინისა და ყროყინისაგან.
იმოდენა ნადავლი დარჩათ, რომ წვრილფეხა პირუტყვს ყურადღებას აღარ აქცევდნენ და სიმდიდრე იმდენად ჩვეულებრივი რამ გახდა, რომ მსხვილფეხა საქონელსაც არაფრად აგდებდნენ.
როცა წინასწარმეტყველის სარწმუნოება კვლავ მომძლავრდა, სულთნის ღირსების და სიმკაცრის ამბავი დედამიწის მხარეებს მოედო და ეს სასიხარულო ცნობა სხვადასხვა კუთხეში დაგზავნეს, მალიქებმა და დიდებულებმა ისევ დაუწყეს ანგარიშის გაწევა. იქიდან სულთანი ხლათისკენ დაიძრა.
თხრობა სულთნის ხლათს წასვლისა და მისი აღების შესახებ
როდესაც სულთანი პირველად გამობრუნდა ხლათიდან, რათა ერაყს წასულიყო, ხლათის გამგებლებმა იქაური ციხე აღადგინეს და გალავანი გაამაგრეს. ამჯერად, როცა სულთანი იქაურობას მიუახლოვდა, შიკრიკები გაგზავნა, თავისი მისვლის ამბავი აცნობა და მისასვლელად მოუწოდა.
ქალაქში მყოფმა უცხოელებმა, მათი გამგებლები რომ იყვნენ, უარი თქვეს ამ წინადადების მიღებაზე და წინააღმდეგობის კარს დაუწყეს კაკუნი. მათ ჩაკეტეს ქალაქის კარნი და არ უწყოდნენ, რომ წიხლს კრავდნენ საკუთარ ბედს და ქეჩის საწოლს იმზადებდნენ ნარცეცხლას ეკლებისაგან.
რაკი სულთანმა იმედი დაკარგა, რომ მიიღებდნენ მის რჩევას, ლაშქარს უბრძანა, ალყა შემოერტყათ ქალაქისათვის, კოშკები აეგოთ, გაემართათ ლოდსატყორცნები და სხვა იარაღი – ისრებისა და ცეცხლის სატყორცნი ჩარხები. ქალაქის შიგნითაც გაემზადნენ საომრად. ორივე მხრიდან ამოქმედდა ლოდსატყორცნები, სეტყვასავით წამოვიდა ისრები და ბოძალნი. ომის ცეცხლის დამნთები მეომრები დღისით და ღამით ესხმოდნენ თავს ქალაქის კარებს. ქალაქელებიც იგერიებდნენ მათ და უძალიანდებოდნენ.
ამასობაში დღეები და თვეები გავიდა და ქალაქში შიმშილმა და სიძვირემ იჩინა თავი. იმათ (ხლათელებმა) უჩუმრად მალემსრბოლები გაგზავნეს ბაღდადში, რუმსა და შამში, სულთანთან გვიშუამდგომლეთო. მართლმორწმუნეთა მბრძანებელმა ალ-მუსთანსირ ბილაჰმა (ბაღდადის ხალიფა 1226-1242), რუმისა და შამის სულთნებმა რამდენიმეჯერ გაგზავნეს ელჩები ხლათელებისთვის დანაშაულის პატიების შუამდგომლობით. მაგრამ რაკი მცხოვრებნი დამორჩილებაზე არ ყაბულდებოდნენ, ხლათელ უგუნურებს ზნეობის გახრწნამ ტვინი აურია, პირი გახსნეს აშკარა ლანძღვა-გინებისთვის, ენა დაიგრძელეს საზიზღარი ბოდვით და ცთუნების ეშმაკი ერთბაშად შეუძვრაო ძარღვებსა და გონებაში, მათ დარიგებას წაუყრუეს და ბრძოლაში შეუპოვრები გახდნენ. ამასობაში დაახლოებით ათი თვე გავიდა. ბოლოს ქალაქის მცხოვრებნი უკიდურესობამდე მივიდნენ შიმშილისგან. სულთანმა ლაშქარს უბრძანა, სხვადასხვა მხრიდან მიეტანათ იერიში და ქალაქში შეჭრილიყვნენ. სულთანი და მისი ამირები ძალიან იყვნენ განრისხებული და გულნატკენი მათი მეთაურების ლანძღვა-გინებით. სულთანმა ბრძანა, დილიდან შუადღემდე ეჟლიტათ. მანამდე, როცა მისი რისხვის ცეცხლი შენელდა, შეიწყალა ის საცოდავები და ბრძანა მათთვის სიცოცხლის შენარჩუნება.
სულთანი მალიქ აშრაფის სასახლეში ჩამოხდა. მალიქ აშრაფის ძმა მუჯირ ად-დინი და მისი ნასყიდი მონა იზ ად-დინ აი-ბეგი (ხლათის სულთნად დაინიშნა დასჯილი ჰაჯიბ ალის ნაცვლად) შიდა ციხეში შევიდნენ წყლისა და სანოვაგის გარეშე. მუჯირ ად-დინი გარეთ გამოვიდა, სულთანს ეახლა და წყალობითა და პატივისცემით იქნა მიღებული. მან გადასცა იზ ად-დინის მიმართვა, სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნითა და კავშირის წინადადებით. სულთანი მუჯირ ად-დინს მიუბრუნდა და უთხრა: „სულთნის სახელი რომ გერქვას, ცვედანი ნასყიდი მონისაგან ელჩობის მიღებას როგორ აიტანდა შენი თავმოყვარეობა? იმას რა მოეთხოვება. როგორც უნდა, ისე მოიქცევა, თვითონ იცის“.
რაკი დაინახეს, რომ სულთანი მათ მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, დაატყვეს, ახლა ჯიუტობის დრო არ არისო. აი-ბეგი გარეთ გამოვიდა, თავისიანებს ტანსაცმლის ქვეშ ჯავშანი ჩააცვა და ხელშუბები დააჭერინა რომ შესვლის დროს არეულობა აეტეხა და სულთანს მოუნელებლად დასხმოდა თავს. მცველებმა თვალი ჰკრეს მათ ტანსაცმელს. მიხვდნენ, რომ ქვეშ ბოროტება იმალებოდა, ხელი შეუშალეს მათს შესვლას და აი-ბეგი მარტო მიჰგვარეს სულთანს. მან ყურადღებაც არ მიაქცია და იმ ჯგუფის დაპატიმრების ბრძანება გასცა.
ბოლოს, როცა ზეცის ჯემშიდმა შამისკენ გამგზავრება განიზრახა, მეფეთა მზემ ვახშმის სუფრაზე გაშლილ ტკბილეულს მიაშურა, აივანზე ავიდა და ივანეს ქალიშვილთან (თამთა), რომელიც მალიქ აშრაფის მეუღლე იყო, გაატარა ღამე და დაიცხრო მალიქას გაქცევით გამოწვეული გულისწყრომა.
გამჭრიახი ადამიანი სრული ნდობით მოეკიდება ამ ამბავს. იმ დროს როცა სულთანმა თავისთვის აიყვანა მალიქა, სხვამაც (ჰაჯიბ ალი) აიყვანა მალიქა თავისთვის; ერთი წელიც არ გასულა და მალიქ აშრაფის მეუღლე სულთანს ჩაუვარდა ხელში.
აუარებელი ქონება და სიმდიდრე წამოიღეს მალიქ აშრაფის ხაზინიდან და ორი იმდენი ქალაქის შეძლებულ მოსახლეობაში იშოვეს. სულთნის ხაზინა კვლავ გაიფურჩქნა ფულისა და ძვირფასეულობის სიმრავლით. ლაშქარმაც შემწეობა მიიღო ძარცვითა და გლეჯით.
თხრობა სულთნის წასვლისა რუმის სულთანთან საბრძოლველად
რაკი სულთანმა შესძლო გაემარჯვა ქართველებზე, ისინი კი ისეთი ხალხი იყო, ვინც მათი მხარის მიუვალობისა და სიმაგრეების მიუდგომლობის, დიდი სიმდიდრისა და მეომართა სიძლიერის გამო დაცული იყო ჟამის ცვალებადობისა და ბედის ტრიალისაგან, შამისა და რუმის სახელგანთქმული ბატონები და მამაცნი თანასწორობაზე შეთანხმებოდნენ ბრძოლაში მათი გულოვნების შიშით და პირიც კი იბრუნეს მათგან სუსტად და უღირსად, – ეს ხალხი ახლა ქედს იხრიდა ერთგულებით მის (ჯალალ ად-დინის) წინაშე, ხლათის აღებაც დაემატა ამ გამარჯვებას და საღამოს სმა დილის სმად გადაიქცა. სულთნის შიში იმ ქვეყნებს მოედო. მისი სიმკაცრისა და შეუმთვრობის ამბავი საყოველთაოდ გავრცელდა.
რუმისა და შამის გამგებლებმა მშვიდობის ქალაქის (ბაღდადი) მიბაძვით სასწრაფოდ საჩუქრები და მოსაკითხი გაუგზავნეს ბატონს სულთანს მის დიდებულსა და მშვენიერ სამეფო კარავში. მისი ბანაკი კვლავ გახდა კეთილშობილთა და დიდებულთა თავშესაფარი, ამალა გაიზარდა, საქმეები გამოკეთდა, საგანძური მომრავლდა, ხოლო იქაურობა კეთილმოეწყო მისი სამართლიანობით.
ხლათიდან სულთანი მანასკერტისკენ წავიდა, იქიდან კი ხართაბირთს (დღე. ჰარფუთი, დიარბექრის ოლქში) მივიდა, თავს სუსტად გრძნობდა. სწორედ იმ დროს არზრუმის სულთანი (რუქნ ად-დინ ჯაგჰან შაჰი) სხვადასხვა წყალობითა და გულუხვობით გამოარჩია იმ დახმარების გამო, რაც ხლათის გარემოცვის დროს გაუწია სანოვაგითა და საკლავით. იმან მოახსენა: „(რუმის) სულთანი ალა ად-დინი (ქეიყობად I, 1219-1236) და ალეპოსა და შამის მალიქები დაზავდნენ, სულთნის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ჯარების შეკრებით არიან დაკავებული. თან სულ მსაყვედურობენ: – სულთანს რომ ხლათის კართან არზრუმის სანოვაგე არ მისვლოდა, იმას იქ დადგომის შეძლება და საშუალება არ ექნებოდაო“.
მიუხედავად სენის ძლიერებისა და ძალთა სისუსტისა სულთანი ჯალალ ად-დინი მაშინვე დაიძრა იქიდან. მუშის ველს (ვანის ტბის დასავლეთით) რომ მიატანა ლაშქარმა, 6000 კაცი შემოხვდათ, რომლებიც სირიელთა დასახმარებლად მიეშურებოდნენ. გარს შემოერტყნენ მათ და ერთ წამში ყველა გაჟლიტეს.
რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ჯარები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, რუმის სულთანი, მალიქ აშრაფი და იმ ქვეყნების სულთნები და გამგებლები შეერთდნენ და იმდენი იარაღი, საომარი მოწყობილობა და საჭურველი დააგროვეს და იმდენი კაცი გაამზადეს, რომ ვერც კი დაითვლებოდა. ერთი გორაკის წვერზე გააწყვეს რიგები; ცხენოსანი და ქვეითი ცეცხლმტყორცნელები და მშვილდოსნები წინ წარდგნენ ხარის ტყავის ფარებით.
როდესაც ბრძოლის ცეცხლი დაინთო და იქამდე მივიდა საქმე, რომ იღბლის ნიავს უნდა დაებერა და იმედის კოკორიც უნდა გაფურჩქნილიყო, სულთანმა საკაციდან გადმოსვლა და უნაგირზე შეჯდომა მოინდომა, მაგრამ იმდენი ძალა არა ჰქონდა, რომ სადავის დასაჭერად საკმარისი ყოფილიყო. სადავე ხელიდან გაუვარდა გამარჯვებასავით, ცხენი მისი ნების გარეშე უკან გაბრუნდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მისმა მახლობლებმა თქვეს, ერთი საათით უნდა დავასვენოთ სულთანი, რათა ღონე მოემატოსო. ამის გამო მისი პირადი ალმებიც შეაბრუნეს. მარჯვენა და მარცხენა ფრთამ რომ ეს დაინახეს. იფიქრეს, სულთანი გარბისო, და თვითონაც გამობრუნდნენ. მოწინააღმდეგეს ეგონა, ეს სულთნის ეშმაკობაა, რათა გაშლილ ველზე გაგვიყვანონო, იმათ ლაშქარში მაცნე გადმოდგა ღა გამოაცხადა, კაცი არ დაიძრას ადგილიდან და უკან არავინ დაედევნოსო. რაკი სულთნის ლაშქარი დაიშალა და სხვადასხვა მხარეს გაიფანტა, ვეღარ მოხერხდა სადგომის მოწყობა. გაოგნებული სულთანი იძულებული შეიქნა გამობრუნებულიყო და ხლათისკენ წავიდა, იქაურობის დასაცავად დატოვებული რაზმი გამოიძახა და ხოის მიაშურა.
სულთანი ჯერაც ვერ მოსულიყო გონს ბედისწერისაგან გარტყმული სილის გამო, რომ ამბავი მოუვიდა, ჩორმაღუნ ნოინმა მდინარე ამურდარია გადმოლახაო. ჯალალ ად-დინმა ვაზირი შამს ად-დინ იულდუზჩი გირანის ციხის (მდ. არაქსის მარჯვ. ნაპ) დასაცავად დანიშნა და იქ მყოფი ჰარამხანაც მასვე ჩააბარა. სულთანი თავრიზს მივიდა და, მიუხედავად იმისა, რომ მართლმორწმუნეთა მბრძანებელსა და შამისა და რუმის სულთნებთან უთანხმოება ჰქონდა, მოციქულები გაუგზავნა და ფადიშაჰის (ე.ი. უგედე ყაენი) ლაშქრის მდინარეზე გადმოსვლა აუწყა. თან შეუთვალა: „თათართა ჯარის მრავალრიცხოვანი ლაშქარი სიმრავლითა და სიძლიერით ჭიანჭველისა და გველების მსგავსი არის. ვერც ციხეები გადაურჩება მათ და ვერც ქალაქები. ამ მხარის ადამიანთა გულებში შიშმა და ძრწოლამ დაისადგურა. მე თუ დავიღუპე, თქვენ მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ. მე თქვენთვის ალექსანდრეს კედლად ვარ აღმართული. ყოველმა თქვენგანმა თითო ალმიანი რაზმი მომაშველოს, რათა ამ შეთანხმებისა და პირის შეკვრის ამბავს რომ შეიტყობენ, კბილები მოეკვეთოთ, ჩვენი ლაშქარი კი გამხნევდეს და ჩვენ გადავწყვიტოთ, რა მოვიმოქმედოთ. და თუ ამ საქმეში უყურადღებობას გამოიჩენთ. თვითონვე ნახავთ, რასაც ნახავთ“93.
ქვეყნის ფადიშაჰის ჩინგიზ ხანის (ანაქრონიზმია, 3 წლის გარდაცვლილია) მძლავრმა ბედმა და სასიკეთო ჰოროსკოპმა წინააღმდეგობა ჩამოაგდო მათს მოლაპარაკებაში და სულთანს იმედი გულგატეხილობითა და სასოწარკვეთილებით შეეცვალა. უცებ ამბავი მოუვიდა, მონღოლთა ლაშქარმა სარაბს მიაღწიაო. სულთანიც სწრაფად ბიშქინის ნაჰიისკენ წავიდა. სასახლეში, სადაც მისვლის ღამეს დადგა, სახურავი ჩამოიქცა. სულთანმა ცუდ ნიშნად მიიჩნია და მიხვდა, ეს იმის მომასწავებელი იყო, რომ მისი დიდება ეცემოდა. ხოლო იმედს, რომლითაც ფეხმძიმედ იყო, მუცელი მოსწყდა.
ერთი სიტყვით, მეორე დღეს ჯალალ ად-დინი მუღანს წავიდა. ხუთი დღის იქ ყოფნის შემდეგ მონღოლთა მადევარი ლაშქარი მოახლოვდა, სულთანმა თავისი კარავი აშალა და ერთი დღე ადგილზე დარჩა, მერე ყაბანის მთიანეთს მიაშურა. მონღოლებმა რომ სულთნის ბანაკი ცარიელი ნახეს, მაშინვე სადავეები შეაბრუნეს.
628 წლის ზამთარი (წელი დაიწყო 1230 წ. 9 ნოემბერს და დასრულდა 1231 წ. 28 ოქტომბერს) ჯალალ ად-დინმა ურმიასა და უშნუში გაატარა.
ვაზირ შარაფ ალ-მულქ იულდუზჩის ბრალი დასდეს, ჯალალ ად-დინის არყოფნაში მის ხაზინას და ჰარამხანას დაადგაო თვალი. როცა სულთანი იმ მხარეში მივიდა, ვაზირს შეეშინდა გირანის ციხიდან გამოსვლა და უვნებლობა ითხოვა. ჯალალ ად-დინმა ხელთ იგდო იულდუზჩი და იმავე ციხეში ჩასვა ის, სადაც მალე გარდაიცვალა.
სულთანი დიარბექრისკენ დაიძრა. როცა მონღოლთა რაზმი ჩორმაღუნთან მივიდა, დიდად დატუქსა უკან მობრუნებისა და სულთნის გულმოდგინე და ზედმიწევნით ძიების მიტოვების გამო: „ასეთი მტერი რომ დასუსტდება და დაბნეულობისა და შიშის ფარდა ჩამოეფარება, ამისთანა დროს როგორ შეიძლება მისთვის ვადის მიცემა და ძებნაში უდარდელობის გამოჩენა“. ჩორმაღუნმა თაიმასი და დიდებული ამირები ელვასავით დაადევნა გურგინზე აფრასიაბის („შაჰ ნამეს“ გმირები) შურისმაძიებელთა მსგავსი მოსისხლე თურქების რაზმით.
სულთანმა ბუყუ-ხანი უკან გაგზავნა მსტოვრად, რათა მონღოლთა ლაშქრის წასვლა თუ მოსვლა დაეზვერა. აზერბაიჯანს რომ მივიდა, ამბავი მიუტანეს, ერაყიდან წასვლის დაფდაფსაც დაჰკრეს, ამ მიდამოებში მათი კვალი არ დარჩა და არც ხმა ისმისო. ბუყუ ხანმა გადაუხვია სიფრთხილის გზას, რომელიც აუცილებელი და სავალდებულოა სასახლის მოხელეთა, განსაკუთრებით სახელმწიფოს ამირებისათვის, უკან დაბრუნდა და სულთანს მათი წასვლის სასიხარულო ამბავი აუწყა.
ამ სასიამოვნო ამბების გამო ჯალალ ად-დინი, მისი სარდლები და მეომრები რამდენიმე დღის განმავლობაში დროს ტარებასა და განცხრომაში იყვნენ. მოულოდნელად, შუაღამისას, მათ მონღოლთა ლაშქარი წაადგა თავს. მთვრალი ჯალალ ად-დინი დიდი გაჭირვებით გამოაფხიზლეს ღა გააგებინეს, რაშიც იყო საქმე.
როდესაც სულთანი მცირერიცხოვანი რაზმით დაიძრა, ორხანს უბრძანა, სანამ თვითონ წინ არ წავიდოდა, ალამი ადგილიდან არ დაეძრა და წინააღმდეგობა გაეწია. ამ ბრძანების შესაბამისად ორხანმა ერთ წამს სუსტად გაიბრძოლა. მონღოლთა ლაშქარს ეგონა სულთანიაო, და ზურგი რომ შეაქცია და გაიქცა, არწივივით კვალდაკვალ მიჰყვნენ. როცა მიხვდნენ, რომ „ფეხი ხელიდან გაუშვეს და ნაფეხურს გამოეკიდნენ“ (ე.ი. სულთნის ნაცვლად მის ამირს დაედევნენ), უკან დაბრუნდნენ და ბანაკში მოვიდნენ. აქ მათ ხმლით აკუწეს სახელმწიფოს დიდებულნი, მოლაშქრენი და წარჩინებულნი და ბუზების ლუკმად და მგლების კერძად აქციეს ისინი.
მისი აღსასრულის შესახებ ნაამბობში წინააღმდეგობაა. ზოგნი ამბობენ, რომ ამიდის მთიანეთში (ან ჰაქქარის) მივიდა და ღამით ერთ ადგილას დაიბანაკა. ქურთებს მისი ტანსაცმლის გაძარცვის სიხარბემ სძლია და გული გაუგმირეს ისე, რომ არ იცოდნენ, რა საქმე ჩაიდინეს და რა ნადირი მოინადირეს. გასაკვირი არაფერია. თუ ფასკუნჯი ჩაუვარდა ბუს კლანჭებში, ის საზიზღარია. მაგრამ, თუ ლომი ჩაება ძაღლთან ბრძოლაში, ის გამომცდელია.
ამ ამბის შედეგი ასეთია: იმ ხალხმა სულთნის ტანსაცმელი ჩაიცვა და ქალაქში მიმოდიოდნენ. ზოგიერთმა მახლობელმა იცნო მისი სამოსი და იარაღი. ამიდის პატრონმა ვითარების გარკვევის შემდეგ ის ხალხი დაახოცვინა. მან ბრძანა, აეგოთ აკლდამა და იქ დაემარხათ მოკლული კაცი, სულთანი რომ ეგონათ.
მეორენი ამბობენ: ეგ სხვა ტანსაცმელი იყო, რომელიც მის მხლებლებს ჰქონდათ, თვითონ კი ფალასის სამოსი გადაიცვა, სუფიობა დაიწყო და სხვადასხვა ქვეყნებსა და ისლამის ხალხში დაიარებაო.
ერთი სიტყვით, როგორც არ უნდა ყოფილიყო, საქმე მოუთავდა და ამ ულმობელი და წინდაუხედავი ქვეყნისგან დარტყმა მიიღო98.
თხრობა ამირ არღუნის შესახებ
იგი ოირათის ტომისა არის. მამამისი თაიჯუ ათასეულის ამირი იყო. ოირათის ტომი მონღოლთა შორის ერთ-ერთი ცნობილი ტომია. ჩინგიზ ხანის შვილებისა და შვილიშვილთა დედით ბიძების უმეტესობა ამ ტომს ეკუთვნის. ამის მიზეზი ის არის, რომ მისი (ჩინგიზ ხანის) აღზევების ჟამს ისინი წინ წამოდგნენ, რათა მხარი დაეჭირათ და დახმარებოდნენ მას, ერთმანეთს ექიშპებოდნენ და ასწრებდნენ ერთგულების გამოჩენას. ამ ტომის დამსახურების სანუქფოდ გამოიცა ბრძანება, რათა მათი ამირების ქალიშვილები ჩინგიზ ხანის შთამომავალთა ვაჟებს გაჰყოლოდნენ ცოლად. ამავე დროს, თავისი ქალიშვილი, სახელად ჩეჩექენ ბიქი, ამ ტომის მეთაურს მისცა. ამიტომაც არის, რომ ყველა უფლისწული ოირათის ტომის ქალს ირთავს.
მას შემდეგ, რაც ამირ არღუნი უიღურული წერა-კითხვის სწავლას მორჩა და ბავშვობის ასაკიდან გამოვიდა, ერთბაშად დაატყდა თავს სხვადასხვაგვარი სვე და ბედნიერება. მიუხედავად ასაკით უმცროსობისა, იგი ყაენის კარზე მივიდა და ბითიქჩიების (მდივნები, მწერლები) რიგებში ჩაირიცხა. ყაენი დღითიდღე სულ უფრო მეტი წყალობის თვალით უცქეროდა მას და, ჯერაც მეტად ახალგაზრდა იყო, რომ ყაბანთან ერთად ხატაეთს გაგზავნა მნიშვნელოვანი დავალებით. ერთ ხანს იქ იმყოფებოდა და, როცა ისევ ყაენს ეახლა, ედგუ-თემურისა და გურგუზის100 საქმის გამოსაძიებლად დანიშნეს, რადგან სრული ნდობით სარგებლობდა. მასთან ერთად იყვნენ ყურბაღა და შამს ად-დინ ქამარგარი. არღუნ ამირი ხორასანს მივიდა და გამოძიება დაიწყო, ამის შემდეგ, ბრძანების თანახმად, მთელი ჯგუფი ყაენის კარზე გაგზავნა და თვითონაც იქით გაემართა. მისი უდიდებულესობის კარზე იგი მხარს უჭერდა გურგუზს და ეხმარებოდა მას. როდესაც ხორასნისა და ერაყის ქვეყნების საქმეები გურგუზს ჩააბარეს, არღუნ ამირს მისი ბასკაკობა101 უბრძანეს და საქმეების გამგებლობაში მის ამხანაგად და ნუქერად102 დანიშნეს, რათა ყოველი საკითხი მისი რჩევით და მოსაზრების შეტყობით გადაეწყვიტა და მის გარეშე არაფერში გარეულიყო.
გურგუზი რომ ისევ ხორასანს მივიდა და ამ ქვეყნების ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვას შეუდგა, არღუნ ამირი უკან გაბრუნდა. ულუღეფის103 ურდოს რომ მიაღწია, არღუნ ამირი უკან გამოგზავნეს გურგუზის წასაყვანად და გამოსაძახებლად და ყურბაღა და რამდენიმე შიკრიკი გამოატანეს თან. მათ შეიპყრეს გურგუზი და პატიმრობიდან გაათავისუფლეს შარაფ ად-დინი104, როგორც ეს ამბავი შესავალში იყო აღნიშნული. თურაქინა-ხათუნის ურდოს რომ მიაღწიეს, გურგუზი პატიმრად დასტოვეს მის მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო. თურაქინა-ხათუნმა გურგუზის მფლობელობაში მყოფი ქვეყნები ამურდარიიდან ფარსამდე, საქართველომდე, რუმსა და მოსულამდე არღუნ ამირს უბოძა საგამგებლოდ და ზედამხედველობისთვის, ხოლო შარაფ ად-დინი მის სამსახურში დანიშნა როგორც უღუღ–ბითიქჩი. დივანთა სხვა მოხელეები თავთავის ადგილებზე დაამტკიცა.
641 წელს (1243 წ. 21 ივნისი-1244 წ. ივნისი) არღუნ ამირი ხორასანს მივიდა, იარლიყები წაიკითხა და იქაური საქმეები განამტკიცა. სირაყჩინ ელჩი და თურაქინა-ხათუნის ურდოდან გადასახადთა ნარჩენების106 ასაკრეფად მოსული სხვა შიკრიკები მან ხორასანში დატოვა. ნეზამ ად-დინ შაჰიც მასთან დაარჩინა. თვითონ არღუნ ამირი ერაყისა და აზერბაიჯანისაკენ გაემართა. დეჰისთანს რომ მიაღწიეს, შარაფ ად-დინს ამბავი მოუვიდა, რომ ბათოს კარზე ერთ ჯგუფს მისი საწინააღმდეგო რაღაც წამოეწყო. შარაფ ად-დინი იქით გაეშურა, არღუნ ამირი კი თავრიზისკენ წავიდა და ამირ ჰოსეინი, ხოჯა ფახრ ად-დინი და მდივნების ერთი ჯგუფი თავის ნაიბებად დატოვა ხორასანსა და მაზანდარანში. თავრიზს რომ მივიდა, დიდი ამირების – ჩორმაღუნის, ბაიჩუს და სხვათა სიახლოვის გამო, რომელთაც ის ქვეყნები თავიანთ საკუთრებად მიაჩნდათ, იქაური საქმეები არეული დაუხვდა და მოაწესრიგა. მან დაიცვა იქაური გადასახადები და იმ ხალხს ხელი დაამოკლებინა. ყველა მცხოვრები, დიდებული თუ მდაბიო, ისინიც, ვინც ეძიებდა იმ ხალხის შემწეობას და ისინიც, ვინც გაურბოდა მათს ძალადობასა და მტარვალობას, ყველა დაიხსნა მათი მფლობელობისგან და მოაგვარა იმ მხარის საქმეები. მისი თავაზიანი და კეთილი საქციელის პასუხად დიდიცა და პატარაც მზად იყო დამორჩილებოდნენ და გაჰყოლოდნენ მას. ადამიანთა გულები მსხვერპლად ეწირებოდა მისი ხასიათის კარგ თვისებებს და ყველანი მისი გამგებლობის კეთილისმსურველნი შეიქნენ. რუმის, შამისა და ალეპოს სულთნები ელჩებს უგზავნიდნენ და მის მფარველობასა და კეთილგანწყობილებას ეძიებდნენ. არღუნ ამირმა შიკრიკები დაგზავნა იმ მხარეებში გადასახადთა ასაღებად.
შარაფ ად-დინი რომ ბათოს ურდოდან თავრიზს დაბრუნდა, გადასახადთა ნარჩენის საბაბით დიდი თანხა შეაწერა მოსახლეობას თავრიზშიც და სხვაგანაც. არღუნ ამირი არ ეთანხმებოდა ამას, ის კი უარესს აკეთებდა. ამით არღუნ ამირის სიყვარული და თანაგრძნობა ძალიან განმტკიცდა ხალხის გულში.
როდესაც ელჩები მოვიდნენ მხარეთა მოთასარიფების107, სულთნების და მალიქების სახმობლად, არღუნი დაიძრა ღა შიკრიკები დაგზავნა ყველა კუთხეში მალიქებისა და ნაჰიების ამილების108 წამოსაყვანად. მამაჩემი საჰებ-დივანი მან თავის მოადგილედ დატოვა აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმსა და სხვა ქვეყნებში, ბუღა კი ბასკაკად მიუყენა. ტუსს რომ მიატანა, შარაფ ად-დინი გარდაცვლილიყო. არღუნ ამირმა გააუქმა უკანონო გადასახადები, რომლებიც მას ყველაზე გაეწერა, რათა ჯარიმის სახით აეკრიფათ, და ამოკვეთა ეს სიახლენი. უკვე აკრეფილი გადასახადები მან ხაზინაში გაგზავნა, თვითონ კი ყაენის სადგომისკენ წავიდა და მალიქები, მდივნები და საქმეთა გამგებლები თან იახლა.
ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყოველი უფლისწული ცალკე ნაჰიას თუ ვილაიეთს დაეპატრონა, გადასახადებზე ბარათებსა და ჰვალეებს109 წერდნენ და ფაიზებსა და იარლიყებს იძლეოდნენ, რაც მათს (მონღოლების) ბრძანებულებებსა და იასას ეწინააღმდეგება. ამიტომ ამირმა არღუნმა ბრძანა, შეეკრიბათ ყველა ფაიზა და იარლიყი, რომელიც ყაენის შემდეგ უფლისწულებს ვინმესთვის მიეცათ.
თხრობა ამირ არღუნის წასვლისა დიდ ყურულთაიზე
649 წლის ჯუმადა ალ-ასირის თვეში (1251 წ. 21 აგვისტო-18 სექტემბერი) არღუნმა ყურულთაიზე დასასწრებლად წასვლა გადაწყვიტა და ფირმანის შესაბამისად ელჩები დაგზავნა ყველა მალიქის, ამირისა და მდივნის სახმობლად. თარაზი (დღევ. ყაზახეთის ქალაქი) რომ მიაღწიეს. მანგუ ყაენის ხანოხის ტახტზე ასვლის (ჯუვეინით 1251 წ. 1 ივლისს, რაშიდ ად-დინით იანვარ-თებერვალში) სასიხარულო ამბავი შეიტყვეს.
650 წლის საფარის თვის (1252 წ. მაისი) შუა რიცხვებში არღუნმა ყაენის კარს მიაღწია. მეორე დღეს მისი მხლებლებიც მოვიდნენ და ფეშქაში მიართვეს იგი სახელმწიფოს დიდებულ პირთა შორის ჩარიცხეს. მათ შემდეგ მალიქ სადრ ად-დინი, ხოჯა ფახრ ად-დინ ბეჰეშთი და სხვა სახელოვან და დიდებულ პირთა ჯგუფიც მოვიდა, რომლებიც სიცივისა და თოვლის გამო გზაში ჩარჩენილიყვნენ. მათაც საჩუქრების მირთმევის პატივი მოიპოვეს. როდესაც ყველა მორჩა ძღვნის მიტანას, ფადიშაჰმა ვილაიეთებისა და რაითების მდგომარეობის გამორკვევა ბრძანა, ამირ ბოლღაიმ და სხვა რამდენიმე ამირმა ყველა მოიყვანეს და მალიქებსა და სადრებსაც მოესაუბრენ ამ საკითხზე. ამის შემდეგ არღუნ ამირმა პირადად მოახსენა დამორჩილებული ქვეყნების საქმეების აწეწილი მდგომარეობა და გადასახადთა ნაკლებობის ვითარება, რაც გამოწვეული იყო უკანონო ასიგნობების სიხშირით და თავაწყვეტილი ელჩებისა და გადასახადთა ამკრეფების მონაცვლეობით. მან აღიარა და სცნო აწეწილ-დაწეწილი საქმეების გამო გამოწვეული დანაშაულობანი, რაც თავის მხრით დროის მოთხოვნილებათა შედეგი იყო. რაკი საქმეებში უთაურობის აღიარებასა და მობოდიშებას აშკარა და ნათელი განმარტებანი ახლდა, ქვეყნის ფადიშაჰმა მოიწონა ეს, მისი წარსული სამსახურიც, რაც გარდასულ დროში შეესრულებინა, დავიწყებული არ ჰქონდა, ამიტომ წყალობისა და პატივის მომატებით განადიდა არღუნ ამირი; პატივსა და დაჯილდოებასთან ერთად ყველა მის ტოლსა და სწორში გამოარჩია.
მანგუ ყაენმა ბრძანა, რათა ყველა იქ მყოფი სადრი შეკრებილიყო და თითოეული მათგანის აზრის გამოკითხვისა და მსჯელობის გზით გაერკვიათ, როგორ იქნებოდა შესაძლებელი რაითიების ხვედრის შემსუბუქება და ვილაიეთების ისე მართვა რომ ღარიბები მოსვენებით ყოფილიყვნენ და ქვეყნებიც კეთილმოწყობილიყო. რასაც სრულიად მოეცვა ყაენის გონება, ის იყო, რომ სამართლიანობისა და მართლმსაჯულების ნიავს ქვეყნის ყველა მხარისთვის მოეფინა სურნელი, მჩაგვრელებსა და მტარვალებს ხელი შებოჭვოდათ სახელმწიფოს ქვეშევრდომებზე, რომ ძლიერი და მაღალი ღმერთის მონათა კეთილ ლოცვას მოეცვა მისი დღითიდღე მზარდი ბედნიერება, ხოლო ამ ბედის კურთხევა სვეკეთილ ჟამს შეერთებოდა. ეჭვი და გუმანი არ არის იმაში, რომ ყოველმა ადამიანმა უკეთ იცის თავისი ქვეყნისა და ხალხის სარგებლიანობა, მეტად ესმის მისი ჭირ-ვარამი და, ამის გამო, უკეთ ხედავს როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. ამის შესაბამისად მანგუ ყაენმა ბრძანა, რომ მოსაზრებისა და მოფიქრების შემდეგ თითოეულს ცალცალკე დაეწერა ამბავი და განემარტა, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი მის ვილაიეთში, რა იყო მიზეზი ამისა და როგორ შეიძლებოდა გამოსწორება, რათა როგორც მაღალი აზრი მიიჩნევდა საჭიროდ, მითითებები გაეცა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. დაფარული არ არის, რომ გამოცდილი ექიმი, სანამ მკურნალობას შეუდგებოდეს ჯერ ავადმყოფობის ნიშნებს, მის წარმოშობას სიძლიერეს თუ ზომიერებას გამოარკვევს მაჯისცემას და სხვა მაჩვენებლებს შეიტყობს რადგან, რაკი ავადმყოფობის მიზეზები და ნიშნები ეცოდინება, მკურნალობაც გაადვილდება; მერე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად წამალს შეამზადებს. ფადიშაჰის სამართლიანობაც გულშემატკივარ ექიმისას ჰგავს, იგი მტარვალობისა და უსამართლობის სენს სასჯელისა და სისასტიკის ერთი შარბათით სდევნის ქვეყნიერების სხეულიდან. უფრო მეტიც იგი მესიის სუნთქვაა, სამართლიანობისთვის დახოცილებს ერთ წამში რომ აცოცხლებს.
ბრძანების თანახმად, თითოეულმა შეადგინა განმარტება და ქვეყნის გასაჭირი აღწერეს მეორე დღეს გამოვიდა ბრძანება, რომ ყველა ყაენის კარზე გამოცხადებულიყო. ისინი მისაღებ კარავში მიიყვანეს და იმავე სახით დაიწყო საუბარი ოლქებისა და ქვეშევრდომთა კეთილდღეობის თაობაზე. მათი მოსაზრებების არსი და სიტყვების დედააზრი ის იყო, რომ რაიათებზე გაწერილი სხვადასხვა გადასახადები და მრავალგვარი გამოსაღებლები ძალიან ბევრია და მათი (რაიათების) გაფანტვა ამ მიზეზით არის გაპირობებული. გადასახადები უნდა გაწერილიყო იმ სახით, როგორც საჰებმა იალავაჩმა დააწესა მავერანნაჰრში. მას ყოფჩურს114 უწოდებენ. უნდა განისაზღვროს, თითოეულმა კაცმა თავისი შეძლებისა და სიმდიდრის კვალობაზე რამდენი გადაიხადოს წლიურად. ამ განსაზღვრულ გადასახადს თუ გაიღებს, იმავე წელიწადს მას მეორედ აღარ მიადგებიან და იმ კაცს სხვა გამოსაღებს არ მოსთხოვენ. ამგვარად გადაწყდა და მანგუ ყაენმა ბრძანება გასცა, რომ შეძლებულისათვის ათი დინარი შეეწერათ და ასე, შესაბამისად გაეწერათ ღარიბის ერთ დინარამდე. რაც ამ გზით შემოვიდოდა, ჰაშარის, იამის და ელჩების ხარჯებს უნდა მოხმარებოდა115. ამის ზევით ხალხი არ უნდა შეეწუხებინათ და ყისმათისა და დასთანდაზის116 სახით არაფერი წაეღოთ და ქრთამიც არ აეღოთ. ყოველი საქმისა და გარემოებისათვის ყაენმა იასა გამოსცა, რომელთა ნაწილი მოხსენიებულია მანგუ ყაენის ტახტზე ასვლის შესახებ თხრობაში.
როდესაც ოქმები და იასა გამოიცა და იმ ქვეყნების საქმეები არღუნ ამირს დაუმტკიცდა და იქაური საკითხების გადაჭრა-გადაწყვეტა და საქმეთა გამგებლობაც მას ჩაბარდა, პირველ რიგში მანგუ ყაენმა იარლიყი და ვეფხვისთავიანი ფაიზა უბოძა მას და ნაიმათაი და თურუმთაი ნუქერებად დაუნიშნა, ხოლო ყაენის ყველა ძმის – ყუბილაის, ჰულაგუს, არიღ-ბუქას და მუგას117 მხრით ამირი არღუნი ნუქერად იწოდა. შემდეგ იარლიყი გამოსცა სხვადასხვა იასას თაობაზე, რომელთა მთავარი მიზანი რაიათების მდგომარეობის შემსუბუქება იყო, მის მხლებელ ხალხს კი იარლიყები და ფაიზები უბოძა. მალიქებიდან ნასერ ად-დინ ალი მალიქს, რომელიც ბრძანების თანახმად არღუნ ამირის ამხანაგი იყო, მთელი ქვეყნებიდან განსაკუთრებით ნიშაბურისა და ტუსის თუმანი და ისფაჰანის, ყუმისა და ქაშანის თუმანები ჩააბარა. მალიქ სადრ ად-დინს, რომელიც მთელი არანისა და აზერბაიჯანის გამგებელი იყო, ჰაქიმობა და მალიქობა დაუმტკიცა. ჰერათის, სისთანის, ბალხის და მთელი იმ მხარის მალიქობა ვიდრე ინდოსტანის საზღვრამდე, სადამდეც კი დამორჩილებული იყო, მალიქ შამს ად-დინ მოჰამედ ქართს118 უბოძა, ხოლო ამირ მაჰმუდს ქერმანი და სანყურანი მისცა. ყველას მათ ვეფხვისთავიანი ფაიზები უბოძა, სხვებს კი, თითოეულის მნიშვნელობის შესაბამისად, ოქროსა და ვერცხლის ფაიზები და იარლიყები მისცეს. ამის შემდეგ მათ დაბრუნების უფლება ებოძათ. ვინც კი მათ ახლდა, აღრიცხეს და ყველას ჩინური ტანსაცმელი აჩუქეს, სახედრებისა და აქლემების გამრეკებსაც კი, თან რომ ჰყავდათ. მთელი ჯგუფი დაყვავებით, დიდი წყალობითა და პატივით, მითითებისამებრ არღუნ ამირის სამსახურში დაბრუნდა. ამ მატიანის მომთხრობი და სირაჯ ად-დინ შოჯაი რამდენიმე დღით დარჩნენ. ამის შემდეგ იარლიყი და ფაიზა მიიღეს საჰებ-დივანის თანამდებობის მამაჩემისთვის დამტკიცების თაობაზე და აგრეთვე სირაჯ ად-დინის სახელზე (იგი ბითიქჩი იყო ბიქის მხრიდან, მის შემდეგ კი ეს სახელო არილ-ბუქას ექვემდებარებოდა), და 651 წლის რაჯაბის თვეში (1253 წ. 27 აგვისტო-25 სექტემბერი) იქიდან წამოვიდნენ.
როცა არღუნ ამირი ხორასანს მოვიდა, ყველა დიდებული და სადრი ეახლა; იარლიყები მოასმენინა მათ, ამილებსა და მოთასარიფებს მანგუ ყაენის ბრძანებანი განუმარტა და თითოეულ მათგანს წერილობითი პირობა ჩამოართვა, რომ არ დაარღვევდნენ იმ წესებს და იმ საქმეებსაც არ უგულვებელყოფდნენ. ვინც კი ამის წინააღმდეგ წავიდოდა და რაიათებს დაჩაგრავდა, დამნაშავედ იქნებოდა ცნობილი და დაისჯებოდა. ფირმანის შესაბამისად მან დანიშნა ამირები და მდივნები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში თათბირობდნენ ყოფჩურის გაწერის თაობაზე, როგორც ნაბრძანები იყო. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ როდესაც აღწერას ჩაატარებდნენ, ყოველ ათ კაცზე სამოცდაათი როქნული დინარი120 გაეწერათ, რათა ყოველწლიურად გადაეხადათ. შემდეგ, აღწერის ჩასატარებლად და ყოფჩურის გასაწერად ამირები და მდივნები დანიშნა; ხორასანსა და მაზანდარანში დანიშნა ორი თუ სამი მონღოლი ამირი, რომლებიც შაჰზადეების მხრით იყვნენ აქ მოსული, და აგრეთვე ნაყუ, რომელიც არღუნ ამირის მახლობელი იყო, ხოჯა ფახრ ად-დინ ბეჰეშთი, ულულ ბითიქჩი რომ იყო, და საჰები იზ ად-დინ თაჰერი – სრულუფლებიანი ნაიბი. ერაყსა და იეზდში მან გაგზავნა ნაიმათაი და მამაჩემი, საჰებ-დივანი, თუმცა ბედისწერის ცერ თითს სამოცი ნასკვი გაეკვანძა მის ასაკში121 და მომხვეჭელობისა და სურვილის გრძნობაც შეესუსტებინა. იგი დაქანცული იყო, მობეზრებოდა დივანში სამსახური და სინანულის მორევში გადაშვების წინ გადაწყვეტილი ჰქონდა გასცლოდა კმაყოფილების კალთას და დარჩენილი დღენი სიამოვნებასა და უქმად ყოფნაში გაეტარებინა... მამაჩემი თავისი სურვილის წინააღმდეგ ერაყს გაემართა. ისფაჰანის მიდამოებს რომ მიაღწია, სხვადასხვა საპირისპირო სნეულებანი მოერია ღა სულიც მიაბარა ღმერთს და წარმავალობის სადგომიდან მარადისობის სამყაროში გადასახლდა.
არღუნ ამირმა თურუმთაი და სარიყ-ბუღა მალიქ სადრ ად-დინის თანხლებით გაგზავნა, რათა ხალხის აღწერა და ათასეულებად დაყოფა ჩაეტარებინათ და ყოფჩურიც გაეწერათ ხოჯა მაჯდ ად-დინ თაბრიზისთან ერთად.
თვითონ არღუნ ამირი მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად ბათოს სამეფო კარისკენ დაიძრა და ხოჯა ნეჯმ ად-დინიც მასთან ერთად ბათოს ურდოში მივიდა. საქმეები მანგუ ყაენის ფირმანისა და მისი საკუთარი სახელდახელოდ წარმოთქმული სიტყვის შესაბამისად გადაწყდა. შემდეგ დარუბანდით საქართეელოს, არანისა და აზერბაიჯანისკენ წამოვიდა და აღწერის, ყოფჩურისა და გადასახადთა განსაზღვრის საქმე მოათავა122. იქიდან კი ერაყისკენ გაემართა.
არღუნ ამირის უმაღლეს კარზე არყოფნაში რამდენიმე კაცი გაერთიანდა მის მიმართ მტრობისა და შუღლის გამო და ჯემალ ად დინ ხას-ჰაჯიბმა იარლიყი მიიღო მის შესამოწმებლად. ხორასანს რომ მიატანა და იქაურობა ხალხისაგან გაცლილი ნახა, საქმის შესწავლას შეუდგა და შემოწმება დაიწყო, თანაც მიტაცებისა და მითვისების ხელი გაიხსნა.
როდესაც არღუნ ამირმა ერაყისა და აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი საქმეები მოათავა, იგი ფადიშაჰ ჰულაგუს შესახვედრად გაეშურა და ქეშში123 ეახლა მას.
არღუნ ამირი ხორასანს მივიდა 656 წლის რამაზანის თვეში (1258 წ. სექტემბერი) და რაკი მოწმე იყო ყაენის კარის მნიშვნელოვანი საქმეებისა, იქაური სინატიფეც ენახა და გამოკითხვა-გამოძიების ვითარებაც ესწავლა, ანგარიშგების დაწვრილებით შემოწმება ბრძანა, რამდენიმე მოთასარიფი დასაჯა და თავის ნაიბად სახელმწიფო და სახასო ქონების საქმეებში დანიშნა ხოჯა იზ ად-დინი, რომლის ხასიათი მისი სახელივით უმწიკვლო125 იყო და ვისი უნარიანობა და გონიერება აშკარა იყო ყოველი არსებისათვის. აღთვალვა და გაწერა ყოფჩურისა და მალისა126 თავდაპირველად ყოველთვის ხორასნიდან იწყებოდა, ამჯერად კი გასაადვილებლად ხორასნის აღწერის საქმე შეაჩერეს.
არღუნ ამირი გაემართა ჰულაგუს შესახვედრად, რომელიც არანის საზღვრებში იმყოფებოდა. როცა ეახლა და მდგომარეობაც მოახსენა, საქართველოს მიაშურა და ხალხის აღწერასა და ათასეულებად დაყოფას შეუდგა127. თავდაპირველად ყოფჩური სამოცდაათი დინარი შეეწერათ ყოველი ათი კაცისთვის. მაგრამ იმის გამო, რომ ჰაშარის, იამის, ულაღისა128 და ლაშქრის საჭიროების ხარჯები საზღვრებს აჭარბებდა და დაწესებული ყოფჩური მისთვის საკმარისი არ იყო, გადაწყდა, რომ გადამეტებული მოთხოვნილება ძირითადი გადასახადის შესაბამისად უნდა გაენაწილებინათ. ყოფჩურის შემოღებამდე მიწათმფლობელებსა და შეძლებულთ, იმათ, ვისაც, მაგალითად, ათ ადგილას ჰქონდათ წილი, ან ცალცალკე გაფანტული ქონება გააჩნდათ, ყოველი ამ წილის შესაბამისად აწერდნენ გადასახადს. ასე რომ, ერთ კაცს ხუთასსა და ათას დინარს ახდევინებდნენ. ამ ახალი ნიხრის დროს გადასახადი ათი დინარი დაწესდა, რაც კიდეც რომ გაორკეცებულიყო, შეძლებულთ დიდად არ გაუჭირდებოდათ, ღარიბებს კი მძიმე ტვირთად აწვებოდა. არღუნ ამირმა ეს მდგომარეობა მოახსენა ჰულაგუს და გამოიცა ფირმანი, რომ ხელახლად გაეწერათ ყოფჩური – შეძლებულთათვის ხუთასი დინარიდან შესაბამისად ღარიბების ერთ დინარამდე, ისე რომ ხარჯებს ჰყოფნოდა. ერთი სიტყვით, ეს საქმე მიღებულ იქნა და მის განხორციელებაში სრული გონიერება და საფუძვლიანობა გამოიჩინეს. არღუნ ამირი ამის მერე ჯერ საქართველოში წავიდა, რადგან დავით მეფე, შვილი ყიზ-მალიქისა, აჯანყებულიყო და ჰულაგუს მონღოლებისა და მუსლიმანთა დიდი ლაშქარი გაეგზავნა იქით129.
არღუნ ამირი თავისი ამალითა და ერთი რაზმით თბილისიდან იმ მხარეს გაემართა: ორი ლაშქარი სხვადასხვა მხრიდან შეხვდა ერთმანეთს და ბევრი ქართველი მოკლეს და დაატყვევეს. არღუნ ამირი გამობრუნდა და 657 წლის რამაზანის დამლევს (1259 წ. სექტემბრის შუა რიცხვები), ფადიშაჰის შამისკენ გალაშქრების ჟამს, ჰულაგუს ეახლა თავრიზში და საქართველოს მდგომარეობა მოახსენას ილხანმა მონღოლთა ლაშქარი დანიშნა და ერაყისა და საქართველოს დამორჩილებული ნაწილის დუმენების შეკრება დაავალა. მთელი ეს ლაშქარი მან არღუნ ამირს ჩააბარა. როდესაც იგი კვლავ მოვიდა თბილისში, უფროსი დავით მეფეც გამდგარიყო გადასახადთა ნარჩენის მოთხოვნის გამო და ერთგულების უღელი გადაეგდო კისრიდან131.
ტომი მესამე
თხრობა შვიდი სამეფოს ფადიშაჰის და სამართლიანობის გამავრცელებელი შაჰანშაჰის მანგუ ყაენის ტახტზე ასვლისა. მის მიერ ნუშირვანისებური სამართლიანობის ნოხის გაშლა, მბრძანებლობის წესის აღდგენა და ხელმწიფობის რიგის მოწესრიგება
ბათო საყსინისა (ქ. ვოლგის შესართავთან) და ბოლღარის ფარგლებში მდებარე თავისი ურდოდან132 გუიუქ ხანის სადგომისაკენ დაიძრა. ალაყამაყს 9ალათაუს მთების მახლობლად) რომ მიაღწია, საიდანაც ქალაქ ყაიალიღამდე (მდ. ილის აუზში) შვიდი დღის სავალია, გუიუქ ხანის სიკვდილის ამბავი შეიტყო (1248 წ. გაზაფხული). იგი იქვე გაჩერდა, ნათესავებსა და თავისიანებს ზედიზედ გაუგზავნა ელჩები სხვადასხვა მხარეს, თავისი მიბრძანება ამცნო და მისასვლელად მოუწოდა. ყარაყორუმის (მდებარეობს ცენტრ. მონღოლეთში, მდ. ორხონის ნაპირზე) სანახებიდან მანგუ ყაენი დაიძრა. სირამუნმა და ყაენის სხვა შვილიშვილებმა და ხათუნებმა, რომლებიც იმ მიდამოებში იმყოფებოდნენ, ყარაყორუმის ამირი ყონყურთაყაი ნოინი გაგზავნეს თავიანთ წარმომადგენლად და სიგელი მისცეს: „ბათო ყველა უფლისწულზე უფროსია. მის ჰოქმსა და ფირმანს, რაც არ უნდა ბრძანოს, კანონის ძალა აქეს. ჩვენ ყველანი ვეთანხმებით მას და, რასაც ის ბრძანებს და მართებულად მიიჩნევს, იმაზე უარს არ ვიტყვით“.
1251 წლის ივლისს ყარაყორუმში გამართულ დიდ ყურულთაიზე მონღოლთა სახელმწიფოს ყაენად არჩეულ იქნა თულის უფროსი შვილი მანგუ. ყაენის არჩევის აღსანიშნავი ზეიმი და დროს ტარება ერთ კვირას გაგრძელდა136.
როდესაც უფლისწულები უკან გაბრუნდნენ და მათი მნიშვნელოვანი საქმეები მოწესრიგდა, ყაენი შეუდგა სახელმწიფო საქმეთა მოგვარებას, მრუდის გასწორებას, გაფუჭებულის გამოკეთებას, მჩაგვრელთა დათრგუნვასა და ბოროტგამზრახველთა დამორჩილებას. რაკი მისი ხელმწიფური ზრახვა მიმართული იყო მეამბოხეთა შეუპოვრობის დათრგუნვისა და შეშფოთართა კისრების მოდრეკისაკენ, ხოლო მისი მაღალი ფიქრი ადამიანთა ჯაფის შემსუბუქებით და ქვეშევრდომთა შრომის გაადვილებისაკენ იყო მიპყრობილი, მისი სრულყოფილი გონება ხუმრობას გულმოდგინებას ამჯობინებდა, მიატოვა განუწყვეტელი ლოთობა და სამართლიანობისა და სიკეთის მახითა და სატყუარათი მოინადირა მათი სიყვარული.
თავდაპირველად ყაენმა ბრძანა ჯარების დანიშვნა აღმოსავლეთსა და დასავლეთში, არაბთა და არაარაბთა ქვეყნებში სალაშქროდ. აღმოსავლეთის ქვეყნები და ხატაეთის ოლქები მანზი სოლანგაი და თანგუთი უბოძა ყუბილაი-ოღულს, რომელიც გამოირჩეოდა გონიერებით, გამჭრიახობით, სიმარჯვითა და საზრიანობით; საპატიო ნოინები დანიშნა მის სამსახურში და იმ მხარეში მყოფი ყველა ამირი, მარცხენა თუ მარჯვენა ფრთისა, მის ბრძანებას დაუმორჩილა.
დასავლეთის ქვეყნები მანგუ ყაენმა ჩააბარა თავის მეორე ძმას ჰულაგუ-ოღულს, რომელიც ცნობილი და განთქმული იყო თავისი სიმტკიცით, სიდინჯით, წინდახედულობით, სიფრთხილით, მფარველობით და პატივისა და ღირსებისადმი გულმოდგინე დამოკიდებულებით. ყაენმა გააორკეცა მისი ლაშქარი. ქიდ-ბუღა ბაურჩი (ჰულაგუს გამოჩენილი სარდალი) 650 წლის ჯუმადა ალ-ავალის თვის შუა რიცხვებში (1252 წ. ივლისის ბოლო კვირა) მეწინავედ დასძრა, რათა მულჰიდების საქმით დაეწყოთ.
გადასახადების განსაზღვრისა და ხალხის სახელების ჩასაწერად ჰაქიმები, შეჰნეები და მდივნები დანიშნა ყაენმა. აღმოსავლეთის ქვეყნები, მეხუთე სარტყელის დასაწყისიდან – ამურდარიის ნაპირებიდან, ვიდრე ხატაეთის დასალიერამდე, რომელიც პირველი სარტყელია139, წინანდებურად დიდ საჰებს მაჰმუდ იალავაჩს და მის ღირსეულ მემკვიდრეს მასუდ-ბეგს დაუმტკიცა. რაც ხატაეთის მხარეს არის, – საჰებ მაჰმუდ იალავაჩს, ვისი ადრინდელი სამსახური კეთილგანწყობილების ნიშნებით იყო აღბეჭდილი და მანგუ ყაენის კურთხეულ გამეფებამდე მისულიყო სამეფო კარზე. მავერანნაჰრი, თურქესტანი, ოთრარი, უიღურის, ხოთანის, ქაშღარის, ჯენდის, ხორეზმის და ფერღანის ქვეყნები მასუდ-ბეგს მისცეს. იგი შიშითა და სიფრთხილით მოვიდა და მისი უდიდებულესობის (უგედეი) ერთგულებისა და ძველი დამსახურების გამო დიდი ელდა და განსაცდელი ნახა, სანამ ბოლოს გადაურჩა ამ საფრთხეს და გავლენიანი და პატივცემული შეიქნა. რაკი ისინი ყურულთაიზე ადრე მისულიყვნენ სამეფო კარზე ყაენმა უფრო ადრე გააბრუნა უკან და ყოველი კაცი, ვინც თან ახლდათ, სხვადასხვაგვარი წყალობით გამოარჩიეს.
მათი წასვლის შემდეგ დიდი ამირი არღუნი, რომელსაც საშიშროებითა და საფრთხით აღსავსე შორი გზა გამოევლო, იმის შემდგომ, რაც ყურულთაი დაიშალა და ყველა უფლისწული თავთავის სამშობლოში დაბრუნდა, 650 წლის საფარის თვის 20-ში (1252 წ. 2 მაისი) მოვიდა ხელმწიფის კარზე. რამდენადაც მუდმივი გულმოდგინება და მარადიული უნარიანობა ყოველთვის თან ახლდა მას, სახელმწიფოს სამსახურსა და სამეფო კარის გულწრფელ სიყვარულში მტკიცე ზომებითა და აშკარა საშუალებებით გამოეჩინა თავი, სურვილების აღსრულებითა და მიზნების მიღწევით იქნა გამორჩეული. ხორასნის, მაზანდარანის, ინდოსტანის, ერაყის, ფარსის, ქერმანის, ლურის, არანის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოსულისა და ალეპოს გამგებლობა ხელთ უდევს მას. ვინც კი მას ახლდა, მალიქები, ამირები და ბითიქჩიები, მოწონებისა და მათდამი კეთილგანწყობილების მიხედვით იქნენ გამორჩეული და დასაჩუქრებული. ხსენებული წლის რამაზანის 20-ში (1252 წ. 24 ნოემბერი) ისინი უკან დაიძრნენ იმ ჯგუფიდან ზოგიერთს სხვადასხვა საქმე დარჩენოდა მოსაგვარებელი; რამდენიმე დღეს კიდევ დარჩნენ და შემდეგ მის კვალს გაჰყვნენ მხიარულნი.
ჰაქიმების ხსენებულ ჯგუფს ყაენმა ნუქერები დაუნიშნა და მითითება მისცა, რომ ვილაიეთები აღეწერათ და გადასახადები დაედგინათ. ამას რომ მორჩებოდნენ, დაბრუნების სადავე მიემართათ და კარზე ხლება ეჩქარათ. ყოველ მათგანს ბრძანება მიეცა, აუცილებლად განეხილათ და შეესწავლათ წარსული ვითარება და არავის აერიდებინა თავი საქმის სიძნელეებისათვის. ღმერთი შეგვინდობს, რაც წარსულია. რამდენადაც ყაენს მხედველობაში ჰქონდა ქვეშევრდომთა მდგომარეობის გაუმჯობესება და არა ხაზინის სიმდიდრის გამრავლება, რაიათების გადასახადთა შესამცირებლად იარლიყი გამოსცა, რომლის პირი სამდივანმწიგნობროებშია დაცული. იქიდან ირკვევა, თუ რაოდენ დიდ ზრუნვასა და ყურადღებას იჩენს ხალხის საქმეებისა და მათ მისწრაფებათა მოსაწესრიგებლად.
გუიუქ ხანის სიკვდილის შემდეგ უფლისწულებმა უამრავი იარლიყი გასცეს; ვაჭრობაშიც მონაწილეობდნენ და ქვეყნის სხვადასხვა მხარეს აგზავნიდნენ შიკრიკებს. დიდებული თუ მდაბიო ორტაღობით143 მინიჭებული მფარველობის საბუთს ეძიებდა, ქვეშევრდომები კი გარბოდნენ მათი სიმრავლის გამო მანგუ ყაენმა ბრძანა, რათა თითოეულს, ვისაც კი ჰქონდა თავის კუთვნილ ვილაიეთში ჩინგიზ ხანის, უღედეი ხანის, გუიუქ ხანისა და სხვა უფლისწულთა დროინდელი იარლიყები და ფაიზები, უკან დაებრუნებინა. ამის შემდეგ უფლისწულებს სამეფო კარის ნაიბების რჩევისა და ნებართვის გარეშე არ უნდა გაეცათ ზეპირი ან წერილობითი განკარგულება იმ საქმეებზე, რაც ამ ვილაიეთების გამგებლობას ეხებოდა. დიდ ელჩებს თოთხმეტზე მეტი ცხენი არ უნდა აეყვანათ და იამიდან იამამდე ემგზავრათ; არ უნდა შესულიყვნენ არცერთ სოფელსა თუ ქალაქში, სადაც გარკვეული საქმე არა ჰქონდათ, და თითოეული ადამიანისათვის საჭმელად დაწესებულ ულუფაზე მეტი არ აეღოთ. რამდენადაც ძალადობა და ჩაგვრა ცას მისწვდა, საგანგებო გადასახადებისაგან144 განსაკუთრებით გლეხობა იყო ილაჯგაწყვეტილი და განადგურებული იქამდე, რომ მოწეული მოსავალი იმ გადასახადების ნახევარსაც არ ჰყოფნიდა, რასაც გლეხს ართმევდნენ. მან ბრძანა, რომ უკლებლივ ყველა ორტაღს და მოხელეს ზომიერება დაეცვა ქვეშევრდომებთან ურთიერთობაში. თითოეულმა ადამიანმა მისი დოვლათისა და შეძლების მიხედვით უნდა გაიღოს, რაც განაწილებით დაეკისრება, გარდა იმ ხალხის ვინც ჩინგიზ ხანის და უღედეი ხანის ბრძანებით განთავისუფლებულია გადასახადების სიმძიმისაგან. ესენი არიან: მუსლიმთაგან დიდი სეიდები145 და ღვთისმოსავი იმამები; ქრისტიანთაგან, რომელთაც არქაუნებს უწოდებენ, – ბერები ღა მღვდელმთავარნი, ცეცხლთაყვანისმცემელთაგან, რომელთა მოძღვართ თოინს ეძახიან, სახელოვანი თოინები146. ამ ჩამოთვლილ ჯგუფს ეკუთვნის აგრეთვე ის ხალხიც, ვინც ასაკგადაცილებულია და აღარ შეუძლია შრომა და მუშაობა. ებრაელებმა რომ ეს ბრძანება მოისმინეს და ამ თანრიგსა და რიცხვში თვითონ არ იქნენ შეყვანილი, ძალიან დანაღვლიანდნენ და მოიწყინეს; შეშინებულმა და გაოცებულებმა მწუხარების ხელი წვერზე ჩამოისვეს.
იმისათვის, რომ ყოველ მოხელეს არ შესძლებოდა წილის აღება, წლიური განრიგის შედგენა ბრძანა, რომლის მიხედვით ხატაეთის ქვეყნებში უნდა გამოეღოთ – დიდი შეძლების კაცს თერთმეტი დინარი და ასე შესაბამისად ხელმოკლეს ერთ დინარამდე. მავერანნაჰრშიც ასევე იყო. ხორასანში შეძლებულის ათი დინარიდან ღარიბის ერთ დინარამდე უნდა გადაეხადათ. ჰაქიმებსა და მდივნებს მიკერძოება და პირფერობა არ გამოეჩინათ, ქრთამი არ აეღოთ, ჭეშმარიტება არ გაეყალბებინათ და სიცრუე ჭეშმარიტებად არ გაერიდებინათ. რაც შეეხება საქონლის საბალახე გადასახადს, რომელსაც ყოფჩურს უწოდებენ, ერთი სახის ოთხფეხზე, თუ ვინმეს ასი სული ეყოლებოდა, ერთი სული უნდა მიეცა, ხოლო თუ ნაკლები ჰყავდა, არაფერს იხდიდა. გადასახადის ნარჩენი, საცა არ უნდა ყოფილიყო და ვისაც არ უნდა ჰქონოდა გადასახდელი, ქვეშევრდომთ არ უნდა გადაეხადათ და მოხედვებს არ აეღოთ. ვაჭრებისა და ორტაღებისთვის, გუიუქ ხანთან, მის ხათუნსა და ვაჟიშვილებთან რომ აწარმოებდნენ გაცხოველებულ ვაჭრობას. ახალი შემოსავლიდან უნდა გაესწორებინათ ანგარიში.
თხრობა ქვეყნიერების უფლისწულის ჰულაგუს დასავლეთის ქვეყნებში ლაშქრობის შესახებ
დედამიწის პირის ფადიშაჰი მანგუ ხანი თავისი ძმის ჰულაგუს თვისებებში მბრძანებლობის ღირსებებს ხედავდა და მის ზრახვებში დამპყრობლის ჩვევებს ამჩნევდა. მას შემდეგ, რაც ხანოხის ტახტზე განმტკიცდა და ანგარებიანი და მოშურნე ხალხის საქმეებს მორჩა, დიდ ყურულთაიზე თავისი მაღალი აზრი მსოფლიოს უკიდურესი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპყრობისაკენ მიმართა. თავდაპირველად ყუბილაი გაგზავნა აღმოსავლეთის მხარეს, ხატაეთს რომ შეადგენს. ამის შემდეგ, 650 წელს (1252 წ. 14 მარტი-1253 წ. 2 მარტი), თავისი მეორე ძმის ჰულაგუს საქმეების მოწესრიგებასა და მოგვარებას შეუდგა და დასავლეთის მხარის დასაპყრობად გააპიროვნა იგი148. ყუბილაის გაგზავნის მსგავსად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლაშქრის ყოველი ათი კაციდან ორი გამოიყო. უფლისწულთაგან ერთი თავისი უმცროსი ძმა ხუბუათი-ოდული149 დანიშნა მასთან ერთად. ბათოს მხრით შიბაყანის ვაჟი ბალაღაი, თუთარ-ოღული და ყული გაგზავნა ბათოსეული რაზმებით150; ჩაღათაის მხრით – თეგუდარ-ოღული, მეჯი-ოდელის ძე, ხოლო ჩეჩექენ ბიჭის მხრით – ბუღა-თემური ოირათის ტომის ლაშქრით. ქვედა მხარის სიძეების ამირებისა და ნოინთგან გამოყო ჯგუფი დიდებულებისა, რომელთა სახელების დაწვრილებით ჩამოთვლა ძალიან გაგრძელდება.
ხატაეთს ელჩები გაგზავნეს მანჯანიყების ოსტატებისა და ცეცხლმტყორცნელთა ჩამოსაყვანად. ათასი ოჯახი ჩამოიყვანეს მანჯანიყის ჩინელი ოსტატებისა, რომლებიც ქვის ტყორცნით ნემსის ყუნწს ისე აფართოებდნენ, რომ აქლემი გაძვრებოდა შიგ და ისეთ მაგარ მანჯანიყის ბოძლებს აკეთებდნენ ბამბუკითა და წებოთი, რომ მიწიდან ცაში ნატყორცნი ისრები უკან აღარ ბრუნდებოდა. შიკრიკები გაგზავნეს მეწინავედ, და თიაბის მთიდან151 მოკიდებული, ყარაყორუმსა და ბიშბალიღს152 შუა რომ მდებარეობს, საცა კი ქვეყნიერების ფადიშაჰის ლაშქარს უნდა გაევლო, მთელ სიგრძე-სიგანეზე საძოვრები და მდელოები ყორუღად გამოაცხადეს და აიკრძალა იქ ცხოველთა ძოვება, რათა საძოვრები არ წამხდარიყო, ხოლო მდელოებს ზიანი არ მოსვლოდა153. მთელი მთა და ველი ბაღ-ბოსტანი ვით დაცულად და ნაკრძალად გამოცხადდა და შინაურ საქონელს აღეკვეთა იქ ძოვა. ყველა ქვეყანაში თურქესტანიდან ხორასნამდე და შორეულ რუმსა და საქართველომდე მცენარეულობაზე გავრცელდა გამოთქმა – „მაგრამ არ მიუახლოვდეთ ამ ხეს“ (ყურანი) – იქამდე, რომ ვინც კი ერთ ფოთოლს მოაჭმევდა, იმ საქონელს დაკარგავდა. ამგვარად, მცენარეულობა ცოდვად იქცა, ხოლო სიმწვანეს სიმაძღრე მოჰყვა155. შიკრიკები გაგზავნეს, რათა მთელი ლაშქარი მდელოებიდან და საძოვრებიდან ისეთ ადგილებში გადაეყვანათ, სადაც ფადიშაჰის ამალას არ უნდა გაევლო. ბაიჩუს და ჩორმაღუნის ლაშქარს რუმს წასვლა ებრძანა.
ამალისა და ლაშქრის სანოვაგისათვის (ულუფე156) ბრძანება გაიცა მთელს სახელმწიფოში, რომ თითოეულ სულზე დაემზადებინათ ერთი თაღარი ანუ ასი მანი157 ფქვილი და ერთი ტიკი, ე.ი. ორმოცდაათი მანი ღვინო. ამირები და მხარეთა გამგებლები ყველანი ულუფეს მომზადებასა და თარღუს და ნუზლის158 საქმის მოწესრიგებას შეუდგნენ და გზადაგზა სადგომებში ათავსებდნენ ნუზლს. მონღოლ და მუსლიმან ამირებს ჭაკი ცხენები მოჰყავდათ თავიანთი ჯოგებიდან და კუმისს ამზადებდნენ რიგრიგობით, სანამ ჰულაგუს ლაშქარი სხვა ამირამდე არ მიაღწევდა. იმ ადგილებს, სადაც ქვეყნიერების ფადიშაჰს უნდა გაევლო, ფარსანგ-ფარსანგ (5.5 კმ) ასუფთავებდნენ ეკლებისა და ქვა-ღორღისაგან, მდინარეებსა და არხებზე ხიდებს აგებდნენ და გადასასვლელებთან ნავებს ამზადებდნენ.
მისი ლაშქრის დაძვრის ამბავზე ქვეყანამ სიმშვიდე და მოსვენება დაკარგა. ვინც ურჩი იყო, მისი ძლიერებისა და რისხვის შიში არ ასვენებდა, მორჩილებს კი ლაშქრის, იარაღისა და სანოვაგის მომზადება აწუხებდათ.
როდესაც უფლისწულები და ნოინები დანიშნეს და ლაშქარი ათასეულებად და ასეულებად დაჰყვეს, ქიდ-ბუღა, რომელსაც ბაურჩის თანამდებობა ჰქონდა, მეწინავედ გაიგზავნა. 650 წლის გაზაფხული (1252 წ. გაზაფხული) გაიფურჩქნა ზამთრის კოკრისაგან.
დამშვიდობების წესისამებრ ჰულაგუმ წვეულებები გამართა და ქვეყნიერების ხელმწიფის ურდოს მიაშურა. მეორე მხრიდან არიღ-ბუღაც მოვიდა და უფლისწულები და ნათესავები, ვინც ახლო-მახლო იმყოფებოდა, ყველანი ერთად ხომლის ვარსკვლავებივით შეიყარნენ ყარაყორუმის სამეფო კარზე. ყოველი მათგანი ლხინს იხდიდა რიგრიგობით, გართობის მოედანზე ნებივრობდნენ, ჯამებს სცლიდნენ და ერთი ფერის ტანსაცმელს იცვამდნენო161, თან, შუალულებში საქმეებსაც არ უგულებელყოფდნენ.
ერთი კვირის შემდეგ, როცა ჰულაგუმ თავის საკუთარ ურდოში წასვლა განიზრახა, ქვეყნის მპყრობელმა ხელმწიფემ ცისოდენა სულგრძელობის შესაბამისად ბრძანა, გაეხსნათ ძვირფასეულობის, ნაღდი ფულისა და ტანსაცმლის ხაზინები, ჯოგებიდან და რემებიდან კი რჩეული ცხენები და აქლემები მოერეკათ. ჰულაგუს, მის ცოლებს და ვაჟიშვილებს, თითოეულს ცალ-ცალკე გაუგზავნა ისეთი წილი, რომ დედამიწა დამძიმდა მისი ტარებისაგან და ქვეყანა ამჩატდა. მასთან მყოფი ამირები და ნოინები, მთელ თან მხლებ ლაშქართან ერთად პატივისცემით განადიდა.
651 წლის რაბი ალ-ავალის ორ რიცხვში (1253 წ. 2 მაისი), შაბათ დღეს ჰულაგუმ დიდებისა და ძლიერების რაშის სადავე დაბრუნებისკენ მიმართა. თავის ურდოში რომ ჩამოხდა, ვითარების მოსაწესრიგებლად და ადამიანთა საქმეების გამოსასწორებლად ერთ ხანს იქ შეჩერდა, სანამ სიცხემ არ იკლო. ამ ხნის განმავლობაში უფლისწულები მოდიოდნენ მასთან დასამშვიდობებლად და ნუზლი მოჰქონდათ. უფლისწული ჰულაგუ თითოეულს მისი ღირსების შესაბამისად საბოძვარითა და საჩუქრებით ისტუმრებდა. 651 წლის შაბანის თვის 24-ში (1253 წ. 18 ოქტომბერი), ამომავალი ბედნიერების ვარსკვლავზე, ძლიერების სადგომიდან, თავისი ურდოდან კურთხეული მოგზაურობისათვის დაიძრა; გამარჯვება წინ უძღოდა „გზა მიეცით!“ ძახილით, ძლევა მარჯვნივ და მარცხნივ მიჰყვებოდა, ხოლო წარმატება ფეხდაფეხ მისდევდა.
ჯუმაღარ-ოღული, რომელსაც მაღალი ხარისხი ჰქონდა იმის გამო, რომ დედამისი სხვა ხათუნებზე უფროსი იყო164, თავის მოადგილედ დანიშნა ურდოსა და ლაშქარში. უფროსი შვილებიდან აბაღა და იაშმუთი165 აირჩია თან წასაყვანად. საცა კი იდგა ლაშქარი, ყველა დაიძრა თავთავის ადგილიდან. ამ ამბის საშინელებისაგან მთები აზანზარდა, ხოლო ხელმწიფეთა გულები ძრწოლამ მოიცვა. ფადიშაჰი ჰულაგუ ნება-ნება მიემართებოდა; უფლისწულები ბალაღაი და თუთარი მეწინავედ მიდიოდნენ, სხვები კი მარჯვნივ და მარცხნივ მიისწრაფოდნენ. ზაფხულსა და ზამთარში ასე თანდათანობით მიიწევდნენ წინ. ალმალიღს166 (მდ. ილის აუზში, ჩაღატას დედაქალაქი) რომ მიაღწიეს, ულულ-ეფის ხათუნები და ურყინე-ხათუნი (ჩაღატაის შვილიშვილის და ულუსის ყაენის ყარა-ჰულაგუს - 1242-47; 1252 - ცოლი და ულუსის რეგენტი 1252-1261 წლებში) შემოხვდნენ და წვეულებები გაუმართეს.
როდესაც სამეფო დროშებმა იმ მიდამოებს ჩაუარეს, დიდი საჰები მასუდ ბეგი და მავერანნაჰრის ამირები სამსახურად აღსდგნენ. 652 წლის ზაფხული (1254 წ. ზაფხული) იალაღზე გაატარეს. და, როცა მზის მცხუნვარების ძალამ იკლო, ადგილიდან დაიძრნენ. 653 წლის შაბანის თვეში (1255 წ. სექტემბერი-3 ოქტომბერი) ქან-ე გელის მდელოზე ჩამოხდნენ სამარყანდის ჭიშკართან. საჰებმა მასუდ-ბეგმა ერთი ნაქსოვი კარავი აღმართა, რომელსაც თეთრი ქეჩის გარსაცმი ჰქონდა. დაახლოებით ორმოც დღეს იმ მიდამოებში დარჩნენ და ქეიფსა და დროს ტარებაში იყვნენ.
იქიდან რომ აიყარნენ, ქეშამდე სადავე არ მოუწევიათ. ამ სადგომში ამირ არღუნი და ხორასნის დიდებულთა უმრავლესობა ეახლნენ და საჩუქრები მიართვეს. იმ ადგილას ერთ თვეს იდგნენ, მერე კი მდინარეზე (ამურ-დარია) გადასვლის განზრახვით წასვლის დოლს დაჰკრეს და ამოძრავდნენ. იმ დროს, როცა ბედნიერი ამალა საზაფხულო სადგომიდან დაიძრა, ბრძანება გამოვიდა, რომ ყველა ხომალდი შეეჩერებინათ მეზღვაურებიანად, ნავებისგან ხიდი გაემართათ, რათა, როცა ფადიშაჰის ლაშქარი მოაღწევდა, ამალა დაუბრკოლებლად გადასულიყო წყალზე. ფადიშაჰმა წყალობა გამოიჩინა მათ მიმართ და გადასასვლელებზე რომ ბაჟს ართმევდნენ ნავებზე, აპატია. რაკი ის ბაჟი ამოკვეთილ იქნა, მდინარეზე გადამსვლელთა გულს მძიმე ტვირთი მოსცილდათ (რაშიდ ად-დინის ცნობით ჰულაგუმ მდინარე 1256 წ. 1 იავარს გადალახა).
მეორე დღეს იქიდან აიყარნენ და შაბურღანის (ამურდარიის მკარცხენა ნაპირზე. დღევ. ავღანეთის ქ. შიბირყანი) მდელოზე ჩამოხდნენ იმ განზრახვით, რომ დიდხანს არ დაყოვნებულიყვნენ იქ. ისლამის მსხვერპლის შეწირვის დღესასწაულის (1256 წ. 10 იანვარს) დღეს თოვა დაიწყო და შვიდი დღეღამის განმავლობაში ღრუბელს არ გადაუყრია იმ მიდამოებში. ზამთარი გაჭიანურდა და ჰაერის სიცივემ და სუსხის სიმკაცრემ იქამდე მიაღწია, რომ მთელი მხარე „თოვლის ქვეყანას“ დაემსგავსა და ძლიერი სიცივისაგან დიდძალი პირუტყვი გაწყდა. ამ სადგურში არღუნ ამირმა ნატიფად მოხატული ტილოს დიდი კარავი და მასთან ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლეულით გაწყობილი მისი შესაფერისი საკრებულო კარავი დაადგმევინა და მრავალგვარად მოემსახურა. იქიდან არღუნი ბრძანებისამებრ მანგუ ყაენის კარზე გაეშურა, თავისი შვილი გერაი მალიქი, აჰმედ გითიქჩი და ამ ამბების აღმწერი ფადიშაჰის (ჰულაგუ ყაენი) სამსახურში დანიშნა ხორასნისა და ერაყის საქმეთა საგამგებლოდ.
ამის შემდეგ ჯუვეინის აღწერილი აქვს ჰულაგუ ხანის ირანში შესვლა და ისმაილიანთა ციხე-სიმაგრეების დაპყრობა, მაგრამ ამ ბრძოლებში ქართველთა მონაწილეობის შესახებ არაფერს ამბობს.
ამის შემდეგ ჯუვეინის აღწერილი აქვს ჰულაგუ ხანის ირანში შესვლა და ისმაილიანთა ციხე-სიმაგრეების დაპყრობა, მაგრამ ამ ბრძოლებში ქართველთა მონაწილეობის შესახებ არაფერს ამბობს.
შენიშვნები
1. ჩინგიზ ხანის ლაშქარი 1220 მარტში მიადგა სამარყანდს. მონღოლებმა მოკლე ხანში დაიმორჩილეს ქალაქი, საშინლად გამარცვეს და გადასწვეს ის.
2. სულთანი ალა ად-დინ მოჰამედ ბ. თექეში ხორეზმის სახელმწიფოს მბრძანებელი იყო (1200-1220). მან ვერ გაბედა მონღოლებთან შებრძოლება, თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქარი მცირე რაზმებად დაქსაქსა, თვითონ კი გაიქცა. მალე ხორეზმშაჰს სულ შემოეფანტა მხლებლები და მონღოლთა შიშით აბესქუნის (კასპიის) ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადახვეწილმა უსახელოდ დალია სული.
3. იემე თურქული ფორმაა მონღოლური სახელისა ჯებე. ამავე ფორმას ხმარობენ XIII ს-ის ავტორები ნესავი და ჯუზჯანი. რაშიდ ად-დინს და გვიანდელი ხანის ისტორიკოსებს აქვთ ჯებე. ქართველი ჟამთააღმწერელი, რომელსაც, როგორც ცნობილია, ჯუვეინის თხზულება გამოუყენებია, ამ სახელის ორივე ფორმას იცნობს. იგი აღნიშნავს, რომ ჩინგიზ ხანმა „წარმოავლინა ორნი თავადნი ზემოხსენებულნი, იამა და სალპიანი, რომელთა ქართველნი სება-ჯებობით უწოდიან, რათა მოვლონ ქვეყანა ხვარასნისა და ერაყისა, სადამდის შეძლო სლვად, და განიხილონ ქვეყანა“. ზოგი ავტორი ჩვენში შეცდომით იამას „სებასთან“ აიგივებს, ხოლო „სალპიანი“ ჯებეს ქართული შესატყვისი ჰგონია (ქართლის ცხოვრება, II, საძიებელი; ი. ცინცაძე, მონღოლები და მონღოლთა დაპყრობები).
4. მუღანის ველი (მდ. არაქსის ქვემო წელში) მონღოლთა საზამთრო სადგური იყო. აქედან მიიტანეს მონღოლებმა პირველი იერიში საქართველოზე.
5. რაშიდ ად-დინის ცნობით, ჯემალ ად-დინ აიბე(!) ხორეზმ შაჰის მონა ყოფილა.
6. შეჰნე მონღოლთა მიერ დაპყრობილ ქალაქებსა და ოლქებში დანიშნული სამხედრო გამგებელი იყო, რომელსაც მცირერიცხოვანი რაზმი ახლდა თან. ამ მოხელის სახელწოდება მოხსენიებული და განმარტებული აქვს ჟამთააღმწერელსაც: „მცველნი ქალაქისანი დაუდგინნეს, რომელთა შანად უწოდდეს სიტყვითა მათითა“; „მცველნი ქვეყანისანი, რომელიც არიან შანანი, დაუდგინნეს“. შეჰნეს ინსტიტუტი მონღოლთა შემოსევების წინარე ხანაშიც არსებობდა მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში.
7. როდესაც იემეს (ჯებეს) რაზმი პირველად მიადგა ჰამადანს, სადაც მონღოლებს ხორეზმშაჰი მოჰამედი ეგულებოდათ, ქალაქის გამგებელმა ალა ად-დოვლემ მორჩილება გამოუცხადა მათ, ცხენები, ტანსაცმელი და სანოვაგე მიართვა და მათ მიერ დანიშნული შეჰნეც მიიღო (ჯუვეინი, I, გვ. 115).
8. გერთის ციხე ჩრდილოეთ ლურისთანშია, დღევანდელი ხორემაბადის სამხრეთით.
9. ხამუში აზერბაიჯანის ათაბეგის უზბეგის (1210–1225) შვილი იყო. იგი ყრუ-მუნჯი იყო და თვითონ არ ყოფილა ათაბეგად. რაშიდ ად-დინის ცნობით, როდესაც ჯებე და სუბუდაი თავრიზს მიადგნენ, იქაური გამგებელი ათაბეგი უზბეგი დაიმალა, მონღოლებს კი კაცი გაუგზავნა, ზავი შესთავაზა და დიდძალი ფული და საქონელი მიართვა.
10. შირვანში შესვლამდე მონღოლები ხელმეორედ შეებრძოლნენ ქართველებს და კვლავ დაამარცხეს ისინი (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, თბ., 1965, გვ. 14; ბ. სილაგაძე, XII–XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი., გვ. 132–135). შემდეგ მათ შირვანის მთავარ ქალაქს. შემახას შემოარტყეს ალყა და აიღეს იგი, მოსახლეობა კი გაჟლიტეს ან ტყვედ წაიყვანეს (რაშიდ ად დინი).
11. რაშიდ ად-დინი მოგვითხრობს, რაკი დარუბანდისკენ გასვლა შეუძლებელი იყო, მონღოლებმა შეუთვალეს შირვანშაჰს. რამდენიმე კაცი გამოგზავნე რომ ზავი დავდოთო. შირვანშაჰმა ათი კაცი გაუგზავნა თავის დიდებულთაგან. მონღოლებმა ერთი მათგანი იქვე მოკლეს, დანარჩენებს კი უთხრეს, დარუბანდის გზას თუ გვიჩვენებთ, შეგიწყალებთ, თუ არა და ყველას ასე დაგხოცავთო. იმათაც საკუთარი თავის გადასარჩენად უჩვენეს გზა და მონღოლები დარუბანდისკენ გავიდნენ.
12. თუში თურქული ფორმაა მონღოლური სახელისა – ჯუჩი (ჯოჩი). ქართველმა ჟამთააღმწერელმა ამ სახელის ორივე ფორმა იცის: ჩინგიზ-ხანს „ესუა შვილი, რომელსაც ერქუა თუში, რომელსა ქართველნი ჯოჩიდ უწოდდეს“. ოღონდ მის ტექსტში „თუში“-ს ნაცვლად გვხვდება „თუბის“, რაც შინისა და ბანის მსგავსების შედეგად არის მიღებული.
13. როგორც მხედავთ ჯუვეინის სრულებით არა აქვს ნახსენები აღებული ხანის ამიერკავკასიის ქვეყნების ისტორიის ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა. კერძოდ, იგი არაფერს ამბობს მონღოლების მიერ ქართველთა ლაშქრის ორჯერ დამარცხებაზე, ხშირად არღვევს მოვლენათა თანამიმდევრობას. ამავე დროს მისი ცნობები ზოგჯერ ეწინააღმდეგება სხვა ისტორიკოსთა (იბნ ალ-ასირი, ნესავი, რაშიდ ად-დინი) თხზულებებში დაცულ ცნობებს. აკად. ივ. ჯავახიშვილი ამის გამო შენიშნავს: „სწორედ გასაოცარია, რომ რაშიდ ედ-დინის წინამორბედმა და ერთ-ერთ წყაროთაგანმა სპარსელმა ისტორიკოსმა ჯუვეინიმ (გარდ. 1283 მონღოლთა პირველი შემოსევისა საქართველოში თითქოს არა იცის რა. მისი სიტყვით ჲამა, ანუ ჯებე ჯერ თავრიზში მივიდა და დაიმორჩილა, მერე მარაღა და ნახჭავანი და მთელი მისი სანახები გაწყვიტა, ათაბაგ ხამუშმა რომ მორჩილება გამოუცხადა, იგი იქიდან რანში წავიდა, ბაჲლაყანი აიღო და შირვანის გზით დარუბანდში მოვიდაო. საქართველოში შესევაზე არა არის რა ნათქვამი, თითქოს იქ არაფერი მომხდარიყოს“.
14. უგედეი ყაენი (1229–1241) გარდაიცვალა 1241 წ. 11 დეკემბერსა იმ დროს მისი უფროსი ვაჟი გუიუქი ბათოსთან ერთად ყივჩაყთა ველზე სალაშქროდ იყო წასული. გუიუქის უზენაეს ყაენად არჩევამდე (1246 წ.) სახელმწიფო საქმეებს დედამისი თურაქინა განაგებდა.
15. ემელი ქალაქი იყო მდ. ილის აუზში, თანამედროვე ჩუღუჩაყის მახლობლად. ამჟამად არ არსებობს. ჯუვეინის აღნიშნული აქვს, რომ სატახტო ქალაქი უგედეისა, რომელიც ტახტის მემკვიდრე იყო. მამამისის სიცოცხლეში მისსავე იურთში იყო ემელისა და ყობაყის ქვეყნებში. როცა უგედეი ყაენის ტახტზე ავიდა, სადგომი გადაიტანა თავიანთ სამკვიდრო ქვეყანაში, ჩინეთსა და უიღურეთს შორის რომ მდებარეობს (ჯუვეინი, I, .გვ. 31). ქართველ ჟამთააღმწერელსაც აქვს აღნიშნული, რომ ჩინგიზ-ხანმა „მესამესა შვილს. ოქოთას მისცა თჳთ მისი ტახტი საჯდომად დპ ყარაყურუმი, ჩინმაჩინი, ემელისა და ყუთაყისა ქუეყანა და ხატაეთი“.
16. ოთეგინი ჩინგიზ ხანის უმცროსი ძმა იყო.
17. იასა – მონღოლთა საადათო სამართალი, რომლის კოდიფიკაცია მოხდა ჩინგიზ-ხანის დროს. იასას შესრულება სავალდებულო იყო მონღოლთა სახელმწიფოს ყველა მცხოვრებისათვის, მათ შორის თვით ყაენებისთვისაც.
18. ფარვარდინი პირველი თვეა ირანული მზის კალენდრისა, რომლის მიხედვით ახალი წელი 21 მარტს იწყებოდა.
19. სორყოთანი ბიქი ქერაითების ტომის მეთაურის ონხანის ძმისწული იყო. ქერაითების დამარცხების შემდეგ ჩინგიზ ხანმა ის თავის უმცროს ვაჟს თულის შერთო ცოლად. მისი შვილები იყვნენ მანგუ, ყუბილაი, ჰულაგუ და არიღ-ბუქა. ქუთანი გუიუქის ძმა იყო.
20. ელჩითაი ჩინგიზ ხანის ძმისშვილი იყო. ჩაღათაი ჩინგიზის მესამე შვილი იყო. იესუ და ბაიდარი ჩაღათაის შვილები იყვნენ, ხოლო ყარა, ბური და იესუნ-ბოღა მისივე შვილიშვილები.
21. მონღოლები და მათ მიერ დაპყრობილი ხალხები ხიტაის ან ხატის (ხატაეთი) უწოდებდნენ ჩრდილოეთ ჩინეთს. შემდგომში ეს სახელწოდება თანამედროვე ჩინეთის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა.
22. რუქნ ად-დინი იმ დროს ჯერ არ იყო სულთანი.
23. როგორც ჩანს, ჯუვეინიმ მეფის აღმნიშვნელი სომხური სიტყვა „თაგავორ“ შეცდომით, ქვეყნის, კილიკიის ანუ მცირე არმენიის სახელწოდებად მიიჩნია. ჯ. ბოილის აზრით, აქ უნდა იგულისხმებოდეს არა თვითონ მეფე კილიკიისა ჰეთუმ I, არამედ მისი ძმა სუმბატ კონეტაბლი.
24. იგულისხმებიან დავით ლაშას ძე და დავით რუსუდანის ძე.
25. იგულისხმება ეიუბიანთა დინასტიის წარმომადგენელი ნასირ სალაჰ ად-დინ იუსუფი, რომელიც ალეპოსა (1236–1260) და დამასკოში (1250–1260) მბრძანებლობდა.
26. ბედრ ად-დინ ლულუ მოსულის ათაბეგი იყო 1233–1259 (კ. ბოსვორტის მიხედვით, 1222–1259) წლებში. მან ზენგიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის ნასირ ად-დინ მაჰმუდის სიკვდილის შემდეგ დაიპყრო ხელისუფლება.
27. არზრუმის სულთნის აქ მოხსენიება აშკარა ანაქრონიზმია, რადგან არზრუმის სელჩუკიანი გამგებელი როქნ ად-დინ ჯაჰანშაჰი ტახტიდან გადმოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს 1230 წელს, შამისა და რუმის გაერთიანებული ლაშქრის მიერ ხორეზმშაჰ ჯალალ ად-დინის დამარცხების შემდეგ. მისი ტერიტორია თავის სახელმწიფოს შეუერთა მისმავე ნათესავმა ალა ად-დინ ქეიყობად I-მა, რომელიც რუმის სასულთნოს განაგებდა 1219–1236 წლებში.
28. ალა ად-დინი ისმაილიანთა ალამუთის სახელმწიფოს მბრძანებელი იყო (1221–1255).
29. სირამუნი – უგედეი ყაენის შვილიშვილი, გუიუქის ძმის, ქუჩუს უფროსი ვაჟი.
30. მანზი სამხრეთ ჩინეთს ერქვა,
31. იგულისხმება ადგილობრივი ბინადარი, მუსლიმანი მოსახლეობა.
32. მულჰიდი ურწმუნოს, ერეტიკოსს ნიშნავს, მაგრამ თითქმის მხოლოდ ისმაილიანთა მიმართ იხმარებოდა. ჟამთააღმწერელიც აღნიშნავს, რომ ალამუთის ბინადარნი „არიან კაცის მკლველნი მიპარვითა, რომელთა მულიდად უწოდიან“.
33. მ. ყაზვინის მიერ გამოცემულ სპარსულ ტექსტშია „დიარბექრი“. ჯ. ბოილი „თაგავორს“ ანუ მცირე არმენიას ამჯობინებს, რადგან ზოგიერთ ხელნაწერში გვხვდება.
34. ხორეზმელი ვაჭარი მაჰმუდ იალავაჩი ადრევე მიემხრო მონღოლებს და დიდ გავლენასაც მიაღწია მათ კარზე და ურიცხვი სიმდიდრე შეიძინა. ჩინგიზ-ხანმა და უგედეიმ მას მავერანნაჰრის მხარე მისცეს საგამგებლოდ. 1238 წელს მაჰმუდ იალავაჩი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და გაემგზავრა ყარაყორუმს, სადაც მალე ჩრდილო ჩინეთის (ხატაეთის) გამგებლის თანამდებობა მიიღო უღედეი ყაენისგან. მავერანნაჰრის გამგებლად კი მისი ვაჟი მასუდ-ბეგი დაინიშნა.
35. ფაიზა ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ან ხის ფირფიტა იყო. ეძლეოდა მონღოლთა სამსახურში მყოფ ცალკე პირებს. ადგილობრივი მოსახლეობა ვალდებული იყო სანოვაგით, ცხენებით, ბინით უზრუნველეყო ფაიზის მფლობელი და ყოველნაირად მომსახურებოდა მას.
36. იგულისხმება იზ ად-დინ ქეიქაუს II, რუმის სასულთნოს სელჩუკიანი გამგებელი (1245–1257). როქნ ად-დინ ყილიჩ არსლანი დამოუკიდებელი გამგებელი გახდა მხოლოდ მისი ძმის იზ ად-დინის გარდაცვალების შემდეგ, მანამდე კი ისინი ერთად განაგებდნენ ქვეყანას.
37. ყიზ-მალიქი – „ქალ-მეფე“. საქართველოს მეფე რუსუდანი (1222–1245).
38. ჰიჯრის 621 წელი ჩვენი წელთაღრიცხვით 1224 წლის 24 ინვარს დაიწყო.
39. შეჰაბ ად-დინ სოლეიმან-შაჰი ჰამადანის მახლობლად მდებარე ბაჰარის ციხის პატრონი იყო. შემდეგში მან მონაწილეობა მიიღო მონღოლთა მიერ გარემოცული ბაღდადის დაცვაში.
40. შაბურ-ხასთი აწინდელი ხორემაბადის, ლურისთანის მთავარი ქალაქის, ადგილზე მდებარეობდა.
41. აბასელი ხალიფა ნასირ ად-დინი (1180–225).
42. მოზაფარ ად-დინი (1190–1232) უკანასკნელი წარმომადგენელია ბეგთეგინიანთა დინასტიისა, რომელიც ირბილში ბატონობდა. იგი უძეოდ გარდაიცვალა და თავისი სამფლობელო აბასელ ხალიფებს უანდერძა.
43. მოზაფარ ად-დინ უზბეგი (1210–2225) აზერბაიჯანის ილდეგიზიან ათაბეგთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელია.
44. იგულისხმება თოღრულ III (1177–1194), ერაყის უკანასკნელი სელჩუკიანი გამგებელი.
45. ფეთვა – მუსლიმან სასულიერო პირთა მიერ რაიმე იურიდიულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.
46. სიტყვების თამაში: „ხოი“ ხასიათს, განწყობილებასაც ნიშნავს და ქალაქის სახელწოდებაც არის.
47. ჰიჯრის 622 წელი ახ.წ. 1225 წ. 13 იანვარს დაიწყო და 1226 წ. 1 იანვარს დამთავრდა.
48. იბნ ალ-ასირის ცნობით, ათაბეგ უზბეგს ერთხელ დაუფიცნია, თუ ესა და ეს მონა მოვკალი, ცოლს გავეყრებიო. შემდგომ მაინც მოაკვლევინა ის კაცი. რაკი მან დაარღვია ფიცი, ცოლთან განქორწინებაც მოუხდა.
49. ალინჯის ანუ ალინჯაყის ციხე აზერბაიჯანშია, ქ. ნახჭევნის აღმოსავლეთით.
50. სპარსულ ტექსტშია: (ხ ბგ ჰ), რაც სიტყვასიტყვით „საძინებელ ადგილს“ ნიშნავს.
51. სპარსულ ტექსტშია; ასევე აქვთ გადმოცემული ეს ტოპონიმი ნასავის და რაშიდ ად-დინს ჟამთააღმწერლის ცნობით, „დაებანაკა ხუარაზმელთა სოფელსა, რომელსა ჰქვიან გარნისი“. სომეხი ისტორიკოსებიც აღნიშნავენ, რომ ბრძოლა ქართველებსა და ხორეზმელებს შორის გარნისთან მოხდა (Киракос Гандзакеци; Apмянские историки о монголах). გარნი ან გარნისი სომხეთშია, ერევნიდან 27 კმ აღმოსავლეთით.
52. ადის ტომი არაბული მოდგმის ძველი ხალხი იყო, რომელიც ხშირად იხსენიება ყურანში. ადის ტომი მეტად ძლიერი და, ამის გამო, მედიდური ყოფილა. მართლა არსებობდა თუ არა ეს ხალხი და სად ბინადრობდა იგი, ჯერაც არ არის გამორკვეული.
53. ზულ-ფაყარი („ხერხემლის მალების გამკვეთი“) წინასწარმეტყველ მუჰამედის სიძის, მეოთხე ხალიფა ალის (656–661) ხმლის ეპითეტია. ნესავის ცნობით, ათაბეგ უზბეგის ერთ-ერთ ჰაჯიბს, რომელიც ელჩად იყო გაგზავნილი საქართველოში, უამბნია მისთვის, რომ შალვამ კარგად მიიღო თურმე ის, მაგრამ თითქოს დაიტრაბახა: მინდოდა ჩემს დროში ეცხოვრა მართლმორწმუნეთა ამირს, ალის. მე ვუჩვენებდი იმას ჩემი მკლავის ძალასო.
54. მარანდი, სალმასი, ურმია და უშნუ ურმიის ტბის აუზის ქალაქებია ირანის აზერბაიჯანში.
55. ირანელმა მეცნიერმა ა. ქესრავიმ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სხვა წყაროები (გარდა რაშიდ ად-დინისა, რომელიც ჯუვეინის თხზულებით სარგებლობს) მხოლოდ შალვას დატყვევებაზე მოგვითხრობენ, მართლაც ნესავი და იბნ ალ-ასირი შალვას ტყვედ ჩავარდნას აღნიშნავენ, მის ძმას ივანეს კი საერთოდ არ ახსენებენ გარნისის ბრძოლის აღწერის დროს. ჟამთააღმწერლის მიხედვითაც, ხორეზმელებს შალვა შეუპყრიათ, ხოლო „ივანე, გარნისისა კლდეთა შელტოლვილი, ზენაკერძო მოტევებულითა ქვითა მოიკლა“. ქესრავის აზრით, ჯუვეინის ერთმანეთში უნდა არეოდა (ივანე) და (ივა’ი), რაც ერთ-ერთი თურქმანული ტომის იმას წევრს ნიშნავს. მაგრამ ჯუვეინის თხზულებაში ივას ტომი საერთოდ არ იხსენიება და ამ ტომის მეომართა გარნისის ბრძოლაში მონაწილეობაც არ დასტურდება წყაროებით. ამიტომ ივანეს და ივა’ის აღრევის შესაძლებლობა ჩვენ გამორიცხულად მიგვაჩნია უნდა აღინიშნოს ისიც’ რომ ივა-ს თურქმანებს საერთოდ მტრული ურთიერთობა ჰქონდათ ჯალალ ად-დინთან. XVII ს-ის ქართველ ისტორიკოსს ფ. გორგიჯანიძესაც აქვს ცნობა გარნისის ბრძოლის შესახებ. მისი „საქართველოს ცხოვრების“ ე.წ. მეორე ნაწილი, რომელშიც XII ს-ის მიწურულისა და XIII ს-ის ისტორიაა გადმოცემული, ძირითადად „ისტორიათა და აზმათა“ და ჟამთააღმწერლის თხზულების მიხედვით არის შედგენილი. მაგრამ, ამავე დროს, გორგიჯანიძე სხვა წყაროებითაც სარგებლობდა. როგორც ჩანს, გარნისის ბრძოლის აღწერის დროსაც მას ხელთ ჰქონია რომელიღაც წყარო (შესაძლებელია ჯუვეინის ან რაშიდ ად-დინის თხზულება), სადაც ივანეს დატყვევებაზე იყო საუბარი. „და გამოიქცნენ ქართველნი, – მოგვითხრობს გორგიჯანიძე, – და დაირჩინეს შალვა და ივანე, ძმა მისი, და გარნისის კლდე მათსზედ წამოაქცივეს“. როგორც ვხედავთ, ტექსტი ამ ადგილას არ არის კარგად გამართული. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ გორგიჯანიძემ ვერ გაიგო ჟამთააღმწერლის თხზულების შესაბამისი ადგილი და ასე წარმოიქმნა ცნობა ივანეს დატყვევების შესახებ. მაგრამ ამავე თხრობაში გვხვდება ერთი საყურადღებო დეტალი, რომელიც, ჩვენი აზრით, ადასტურებს ფარსადანის მიერ სხვა წყაროს გამოყენების ფაქტს. ჟამთააღმწერლის ცნობით, შალვა რომ ჯალალ ად-დინს წარუდგინეს, „მან არა მოკლა, არამედ თჳსთა თანა იპყრა დიდითა პატივითა, და მიანიჭა ქალაქნი ადარბადაგანისანი“. ფ. გორგიჯანიძე კი მოგვითხრობს, რომ სულთანმა ჯალალ ად-დინმა შალვა „აღარ მოაკვდინა და დიდის პატივით ინახევდა. სალმასი და ხოის ქალაქი სამამულოთ უბოძა“. როგორც ვხედავთ, ჟამთააღმწერლის ზოგადად ნათქვამი – „ქალაქნი ადარბადაგანისანი“, გორგიჯანიძემ დააკონკრეტა – „სალმასი და ხოის ქალაქი“, „ქართლის ცხოვრების“ არცერთ ხელნაწერში ეს ქალაქები არ იხსენიება. სამაგიეროდ, ჯუვეინის და რაშიდ ად-დინს შესაბამის ადგილას დასახელებული აქვთ მარანდი, სალმასი, ურმია და უშნუ (გორგიჯანიძის მიერ აქ ხოის ხსენება აშკარა შეცდომაა, რადგან ეს ქალაქი ათაბეგ უზბეგის ცოლყოფილ მალიქას ეკუთვნოდა). ა.ქესრავი ფიქრობს, ჯალალ ად-დინი არავითარ შემთხვევაში არ უბოძებდა შალვასა და ივანეს ამ ქალაქებს, რადგან ისინი ისლამის მტრები იყვნენო. მაგრამ ჯუვეინი და რაშიდ ად-დინი ხაზგასმით აღნიშნავენ რომ ხორეზმ-შაჰი ამას აკეთებდა პოლიტიკური მიზნით, რათა შემდეგში საქართველოს დაპყრობის საქმეში გამოეყებინა ტყვე სარდლები.
56. სიტყვების თამაშია: „ხარიდე“ ქალიშვილს, ქალსაც ნიშნავს (იგულისხმება ათაბეგ უზბეგის ცოლყოფილი მალიქა) და ნასყიდსაც.
57. აბუ ბაქრ აბდალაჰ იბნ ოსმანი – პირველი მარიულმორწმუნე ხალიფა (632–634).
58. ალბათ იგულისხმება ყიზ-მალიქი, მეფე რუსუდანი.
59. ჯ. ბოილის აზრით, ამ თათბირის დროს ჯალალ ად-დინი, როგორც ჩანს, უნდ მდგარიყო ბამბაკის მთების სამხრეთით, ალბათ ბამბაკის ხეობაში. იქიდან უმოკლესი გზა თბილისისაკენ ბორჩალოს (დებედას) ხეობაზე გადის. შესაძლებელია, სწორედ ამ გზასა და ხეობას უწოდებს ჯუვეინი „არქაბს“.
60. ჟამთააღმწერლის ცნობით, „შემდგომად წელიწდისა ერთისა შალვა მოიკლა სულტნისა მიერ არა დატევებისავის სჯულისა“. ვახტანგის „სწავლულ კაცთა“ მიერ შესწორებულ-შევსებულ ტექსტში უფრო ვრცელი თხრობა არის ჩართული: „აიძულებდა დატევებასა სჯულისასა, და უქადაგებდა ნიჭთა და პატივთა უმეტესთა. ხოლო მან არა უსმინა, არცა აღირჩია წუთ ჟამისა ამის პატივი, არცა უარყო სახელი ქრისტესი. კუალად სულტანი ლიქნიდა და ეტყოდა უარყოფასა ქრისტესსა, არამედ იგი გარემიაქცევდა სიტყუათა მისთა. კუალად სულტანი უქადოდა მრავალფერითა სატანჯველითა და აშინებდა, არამედ იგი მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა. ხოლო შემდგომად მრავალთა ტანჯვათა მწარითა სიკუდილითა განიყვანა საწუთოსაგან წმიდა შალვა, და მოწამობისა გვირგვინითა შემკული ავიდა წინაშე ქრისტესა“. რაშიდ ად-დინის ცნობით, შალვამ თითქოს თავისი სურვილით აღიარა ისლამი, მაგრამ შემდეგში ორივემ (შალვამ და ივანემ) სულთნის ღალატი გადაწყვიტეს და ამის გამო ჯალალ ად-დინმა ისინი დაახოცვინა.
61. იგულისხმება ბამბაკის მთები.
62. ალიაბადის ციხე, რომელიც მდ. მტკვრის სამხრეთით, დებედას მიდამოებში მდებარეობდა, ნესავის ცნობით, ეკუთვნოდა დედოფალ (მალიქა) თამთას. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ეს თამთა ივანე ათაბაგის ასულია. ზ. ბუნიატოვი ფიქრობს, რომ ალიაბადის ციხე ეკუთვნოდა სხვა თამთას, ივანე ათაბაგის დას. ზ. ბუნიატოვი აქ იმეორებს კირაკოს განძაკეცის თხზულების მთარგმნელის ტ. ტერ-გრიგორიანის შენიშვნას, რომელიც, თავის მხრით, ემყარება მ. ბროსეს ვარაუდს, რომ სტეფანოს ორბელიანის მიერ მოხსენიებული და ივანესი, თამთი, უნდა იყოსო იგივე ხორიშაჰი, ვახტანგ ხაჩენელის მეუღლე. ნ. ბერძენიშვილს დასაშვებად არ მიაჩნია ასეთი გაიგივება.
63. მოჰარამი და საფარი მუსლიმანური მთვარის კალენდრის პირველი და მეორე თვეებია. შეესაბამება 1226 იანვარსა და თებერვალს. ნიშნავს მთვარეს, მთვარის განახლებას, მთვარის თვის პირველ დღეს. 623 წ. რაბი ალ-ავალის პირველი რიცხვი შეესაბამება 1226 წ. 2 მარტს.
64. კირაკოს განძაკეცის ცნობით, ორხანი, რომელსაც სულთნის დედა ჰყოლია ცოლად, ძალიან ავიწროებდა განჯის მცხოვრებთ, ქრისტიანებსაც და მუსლიმებსაც. იგი მულჰიდებს მოუკლავთ იმავე ქალაქში. ნესავისაც აქვს აღნიშნული ორხანის მოკვლა ასასინების მიერ (1226 წ.), მაგრამ: ამავე დროს, ჯუვეინის მსგავსად 1231 წ. ამბებში ისიც კვლავ იხსენიებს ორხანს. ჯ. ბოილის აზრით, შესაძლებელია, აქ ორი სხვადასხვა პიროვნება იგულისხმებოდეს.
65. ტექსტშია: – ჯეიჰუნი, ამუ-დარია. ეს სიტყვა აქ ზოგადად მდინარის მნიშვნელობით არის ნახმარი. იგულისხმება მდ. მტკვარი.
66. ამ შემთხვევაში „აფხაზ“ მთელს დასავლეთ საქართველოს ნიშნავს.
67. ტექსტშია – სინაგოგები, კერპთაყვანისმცემელთა ტაძრები
68. აქაც სიტყვები თამაშია: „ბარაყ“ ადამიანის სახელია, „ბურავ“ ნიშნავს ზეციურ რაშს, რომლითაც წინასწარმეტყველმა მუჰამედმა იერუსალიმსა და ზეცაში იმოგზაურა, ხოლო „ბარყ“ ელეაა.
69. აქ ჯუვეინის მთლიანად აქვს მოტანილი ქემალ ად-დინ ისმაილის (XIII ს-ის პირველი ნახევარი) ვრცელი ყასიდა; რომლის ბოლო ბეითებში პოეტი მიმართავს ჯალალ ად-დინს: ვინ იყო, შენს გარდა, საწუთროს ხელმწიფეთაგან, ვინც თავის ცხენს თბილისის ქერი აჭამა და ინდოეთის ოკეანის წყალი ასვა?
70 ტექსტშია: – რაშიდ ად-დინი მას შამს ად-დინ იულდუზჩის უწოდებს. ჯ. ბოილის ცნობით, მისი სრული სახელი იყო შარაფ ალ-მულქ ალი ბ. აბულ-ყასემ ალ-ჯანდი. ი. პეტრუშევსკი ფიქრობს, რომ შარაფ ალ-მულქმა, რომელიც ჯალალ ად-დინის უკანასკნელი ვაზირი იყო, ტრაგიკული როლი ითამაშა ხორეზმშაჰის ცხოვრებაში და ხელი შეუწყო მის დაღუპვას.
71. აშრაფ მოზაფარ ად-დინ მუსა ეიუბიანთა დინასტიის წარმომადგენელია. სხვადასხვა დროს მბრძანებლობდა დიარბექრსა (1210–1220) და დამასკოში (1229–1237).
72. ტექსტშია: (ღოუღა).
73. თომასი და თაინალი მონღოლი მხედართმთავრები იყვნენ. ტექსტშია: (ნაიმას). ჯ. ბოილი ამჯობინებს „თაიმასს“ თაინალი შეიძლება იყოს გრიგოლ აკნეცისთან მოხსენიებული თენალ ნოინი (გრიგოლ აკანელი, მოისართა ტომის ისტორია).
74. სახელი გამოტოვებულია ტექსტში.
75. ჰიჯრის 625 წელი დაიწყო 1227 წ. 12 დეკემბერს და დამთავრდა 1228 წ. 29 ნოემბერს.
76. ჯუვეინის ქართული სიტყვა „მინდორი“ აქვს ნახმარი სპარსულ ტექსტში. ჟამთააღმწერლის ცნობით, „სულტანი დაბანაკებულ იყო სომხითს, ჴევსა ბოლნისისასა“. შესაძლებელია „მინდორი“ ბოლნისის მახლობლად მდებარე რომელიმე ადგილის სახელწოდება იყო. ყოველ შემთხვევაში. თ. ჟორდანიას მიერ გამოცემულ ამირეჯიბების გუჯრების ერთ ნაწყვეტში ამავე მოვლენასთან დაკავშირებით იკითხება: „მინდორს შევიბენით და ამოვწყვიტეთ“.
77. ჯუვეინი ალბათ გულისხმობს ივანე მხარგრძელს საქართველოს სამეფოს ამირსპასალარსა და ათაბაგს. ჟამთააღმწერლის ცნობით, გარნისის ომის (1225 წ.) „შემდგომად ორისა წლისა მიიცვალა ივანე ათაბაგი და მთავარ ყვეს ძე მისი ავაგ და უბოძეს მას ამირსპასალარობა“.
78. მუნქარი სახელია ანგელოზისა, რომელიც მეორე ანგელოზთან, ნაქირთან ერთად საფლავში დაჰკითხავს მიცვალებულებს მათი ცხოვრებისა და რწმენის შესახებ.
79. ჰუჯირი „შაჰ-ნამეს“ გმირია. იგი დამცველი იყო დიზ-ე საფიდისა (თეთრი ციხის), რომელსაც თავს დაესხა სოჰრაბი თურანელებთან ერთად.
80. თაქბირი – წარმოთქმა სიტყვებისა: – „ დიდ არის ალაჰი“.
81. აშქაბუსი თურანელი მეომარი იყო, იგი როსტომმა მოკლა ბრძოლაში („შაჰ-ნამე“).
82. აბასელი ხალიფა მუსთანსირი (1226–1242).
83. იზ ად-დინ აი-ბეგი ხლათის გამგებლად დაინიშნა შერისხული ჰაჯიბ ალის ნაცვლად.
84. XIII ს-ის პირველ ათეულში ქართველთა ლაშქარმა ზაქარია და ივანე მხარგრძელების სარდლობით ალყა შემოარტყა ხლათს. ქალაქის კედლების დასათვალიერებლად გამოსულ ივანეს ცხენს მოულოდნელად ფეხი თხრილში ჩაუვარდა და ხლათელებმა დაატყვევეს ივანე, რომელიც იძულებული შეიქნა თავის გამოსასყიდად თავისი ასული თამთა მალიქ აუჰადისათვის (1200–1210) მიეთხოვებინა. შემდეგ კი თამთა მალიქ აშრაფის მეუღლე გახდა. (თამთას შესახებ იხ. Киракос Гандзакеци, История, გვ. 87–88, 116, 146; აგრეთვე, ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, თბ., 1965, გვ. 280 – 282. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, III, გვ. 83).
85. ე.ი. ჰაჯიბ ალიმ, როგორც ჯუვეინის ადრე ჰქონდა აღნიშნული.
86. მშვიდობის ქალაქი აბასელთა სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადის ეპითეტია.
87. მანასკერტი ხლათის ჩრდილოეთით მდებარეობს; ხართაბირთი (აწინდელი ჰარფუთი) დიარბექრის ოლქშია.
88. მისი სახელი იყო როქნ ად-დინ ჯაჰანშაჰი.
89. რუმის სასულთნოს სელჩუკიანი გამგებელი ალა ად-დინ ქეიყობად I (1219–1236).
90. მუშის ველი ვანის ტბის დასავლეთით მდებარეობს.
91. გერანის ციხე მდ. არაქსის მარჯვენა ნაპირზეა.
92. ე.ი. უგედეი ყაენის.
93. შდრ. ჟამთააღმწერელი: ჯალალ ად-დინმა „წარმართა მოციქული ხლათის სულტანსა და ხალიფას. ბაღდადის მპყრობელსა, რათა შეეწივნენ მასცა და თავთაცა <და> მათთაცა. ეგრეთვე ერაყის სულტანსა მიუმცნო: „უკეთუ თვით თავითა არა გნებავს ბრძოლა თათართა, ლაშქარნი წარმოავლინენით და ებრძოდე, რამეთუ ვიცი წყობა მათი. თუ არა ისმენთ ჩემსა, ვიდრე მე წინა არა აღუდგები, თქვენ ვერ შემძლებელ ხართ“. ვითარ მივიდა მოციქული სულტნისა და არა ინებეს ბრძოლა თათართა“.
94. აქ ავტორს აშკარა ანაქრონიზმი აქვს დაშვებული, რადგან ჩინგიზ-ხანი, როგორც ცნობილია, 1227 წელს გარდაიცვალა.
95. ჰიჯრის 628 წელი დაიწყო 1230 წ. 9 ნოემბერს და დამთავრდა 1231 წ. 28 ოქტომბერს.
96. აფრასიაბი და გურგინი „შაჰ-ნამეს“ გმირებია.
97. რაშიდ ად-დინთან – ჰაქქარის მთები.
98. როგორც ცნობილია, ქართველ ჟამთააღმწერელსაც მოეპოვება ჯალალ ად-დინის სიკვდილის საკმაოდ ვრცელი აღწერა. ამჟამად გამორკვეულია. რომ ჟამთააღმწერელი იცნობდა ჯუვეინის თხზულებას და გამოუყენებია კიდეც იგი თავისი საისტორიო ნაწარმოების შედგენის დროს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ძნელია თქმა, სარგებლობდა თუ არა ქართველი ავტორი „ქვეყნის დამპყრობის ისტორიით“ ჯალალ ად-დინს შემოსევებთან დაკავშირებული ამბების თხრობის დროს. საქმე ის არის, რომ ამ ორი წყაროს თხრობაში მრავალ მსგავს ადგილთან ერთად არსებითი განსხვავებებიც გვხვდება, რაც იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ჟამთააღმწერელს ხორეზმშაჰ ჯალალ ად-დინის ამბების აღწერისას სხვა წყაროც 'შეიძლებოდა ჰქონოდა ხელთ.
99. ბითიქჩი (თურქ.) – მდივანი, მწერალი.
100. გურგუზი წარმოშობით უიღური იყო, უგედეის მბრძანებლობის ბოლო წლებში ყაენის სახელით განაგებდა ხორასანს და მდ. ამუ-დარიის დასავლეთით მდებარე ოლქებს. მან გარკვეული ღონისძიებები ჩაატარა გაპარტახებული ქვეყნების აღდგენისა და გადასახადების გაწერა-აკრეფის საქმის მოსაწესრიგებლად; რამდენიმეჯერ მოუხდა ყაენის წინაშე თავის მართლება მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებათა გამო.
101. ბასკაკი ის მოხელე იყო, რომელსაც მონღოლები ცალკეულ ოლქსა თუ ქალაქში დანიშნულ გამგებელს მიუყენებდნენ ხოლმე თვალყურის სადევნებლად, რათა მას ზუსტად შეესრულებინა თავისი მოვალეობანი. გარკვეულ შემთხვევებში ბასკაკს ხალხის აღწერა და გადასახადთა გაწერაც ევალებოდა.
102. ნუქერი (მონღ. – მეგობარი, ამხანაგი) თავისუფალი მეომარი იყო, რომელიც საკუთარი ნებით ემსახურებოდა მონღოლ ნოინს ან უფლისწულს. ომის დროს ნუქერი მეომარი იყო, მშვიდობიანობის დროს კი დაახლოებული პირი, მსახური, თანაშემწე.
103. ულულ-ეფი (თურქ. „დიდი სახლი“) ჩაღათაის მემკვიდრეთა სადგომი იყო.
104. შარაფ ად-დინი ხორეზმელი ტვირთის მზიდეელის შვილი იყო. იგი მონღოლთა სამსახურში დაწინაურდა და ულუღ-ბითიქჩის (მთავარი მდივნის) თანამდებობას მიაღწია. იგი მეტად მკაცრი და ანგარებიანი პიროვნება იყო და მრავალ უსამართლობასა და სისასტიკეს ჩადიოდა გადასახადთა გაწერა-აკრეფის დროს.
105. ჰიჯრის 641 წელი 1243 წ.21 ივნისს დაიწყო და 1244 წ. 8 ივნისს დამთავრდა.
106. გადასახადის ნარჩენი (– ბაყაია). როგორც ირკვევა, გაწერილი გადასახადების ოდენობა იმდენად დიდი ყოფილა, რომ მოსახლეობას უჭირდა მათი გაღება და ყოველთვის ვალში რჩებოდა. ამის გამო „ბაყაია“ ფაქტიურად დამატებით მუდმივ გადასახადად იქცა. მისი აკრეფის საბაბით მონღოლი მოხელეები მრავალგვარ ბოროტებას ჩადიოდნენ.
107. მოთასარიფი საფინანსო უწყების მოხელე იყო, რომელიც ამა თუ იმ ოლქის ან მხარის ფინანსებს განაგებდა. საფიქრებელია, რომ მას პირველ რიგში სახელმწიფო თანხების ხარჯვის ანგარიშები ეკითხებოდა.
108. ამილი საფინანსო უწყების მოხელე იყო, მას უშუალო კავშირი ჰქონდა გადასახადების აკრეფასთან.
109. მონღოლებს წესად ჰქონდათ სახელმწიფოს ფულად ვალდებულებათა განაღდება ადგილობრივი ხაზინების სახელზე გამოწერილი ასიგნობებით. ამა თუ იმ პირს კუთვნილი გასამრჯელოს ნაცვლად ეძლეოდა ასიგნობა (ბარათი, ჰაეალე) რომელიმე ოლქის შემოსავლიდან განსაზღვრული თანხის მისაღებად. ასიგნობათა გაცემის უფლება ჰქონდა სახელმწიფო დივანს, მაგრამ ეს წესი ხშირად ირღვეოდა. ჯუვეინის ზემოთ მოტანილი ცნობიდან ჩანს, რომ ცალკეული უფლისწულებიც იძლეოდნენ ბარათებს. რამდენადაც არც საფინანსო მოხელეებს და, მით უმეტეს, არც მონღოლ დიდებულთ ზუსტი წარმოდგენა არა ჰქონდათ ამა თუ იმ მხარის შემოსავალზე, არცთუ იშვიათად იმდენ ბარათს სწერდნენ ერთ ოლქზე, რომ მთელი შემოსავალი არ კმაროდა მათ გასანაღდებლად და აუცილებელი ხდებოდა გადასახადების ხელახალი გაწერა. ამის გამო მოსახლეობაც მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა და ხშირად ბარათის მფლობელიც ხელცარიელი რჩებოდა.
110. ჰიჯრის 649 წ. ჯუმადა ალ-ასირის თვე შეესაბამება 1251 წლის 21 აგვისტოს – 18 სექტემბერს.
111. თარაზი (თალასი, გვიანდელი აულიე-ათა) მდინარე თალასის მარცხენა ნაპირზე მდებარე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და სიმაგრე იყო. ამჟამად ყაზახეთის სსრ საოლქო ცენტრი ქ. ჯამბული.
112. მანგუ ჯუვეინით მონღოლთა სახელმწიფოს ყაენად არჩეულ იქნა 649 წ. რაბი ალ-ახირის თვის 9 რიცხვში ანუ 1251 წლის 1 ივლისს. რაშიდ ად-დინი ამ ამბავს 1251 იანვარ-თებერვლით ათარიღებს.
113. ტექსტშია 649 წ. საფარი, რაც 1251 წლის მაისის თვეს შეესაბამება ეს აშკარა შეცდომაა, რადგან, როგორც ვნახეთ, არღუნმა 1251 წ. აგვისტო-სექტემბერში გადაწყვიტა ყაენის ასარჩევად მოწვეულ ყურულთაიზე წასვლა. ჯუვეინის ქვემოთ აღნიშნული აქვს, რომ არღუნ ამირი 650 წ.საფარის 20-ში, ე. ი. 1252 წლის 2 მაისს მივიდა ყაენის კარზე.
114. ყოფჩური თავდაპირველად საბალახე გადასახადს აღნიშნავდა და მას მომთაბარე მეჯოგეები იხდიდნენ – ას სულ საქონელზე ერთ სულს. როცა მონღოლებმა თავიანთი უზარმაზარი სახელმწიფო შექმნეს, მათ დაპყრობილი ქვეყნების სოფლისა და ქალაქის ბინადარ მოსახლეობაზე გაწერილ პირდაპირ გადასახადებზეც გაავრცელეს მათთვის ცნობილი საგადასახადო ტერმინი. ამიერიდან ყოფჩური სულად გადასახადად იქცა და მისი გამოღება დაეკისრა როგორც არამუსლიმან, ისე მუსლიმან მოსახლეობასაც (მანამდე მუსლიმანები სულად გადასახადს არ იხდიდნენ). მისი ოდენობა, როგორც ჯუვეინის ცნობებიდანაც ჩანს, არ იყო ზუსტად განსაზღვრული და დამოკიდებული იყო ამა თუ იმ ოლქის ხაზინის გასავალზე.
115. ჰაშარი. ამ ტერმინით მონღოლური ხანის წყაროებში ჩვეულებრივ აღინიშნება დაპყრობილი ქვეყნების დატყვევებული მოსახლეობა (უპირატესად მამაკაცები), რომელსაც მონღოლები ყველაზე მძიმე და სახიფათო საქმეზე იყენებდნენ ქალაქების ალყის დროს. ამ შემთხვევაში ჯუვეინი ჰაშარში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთაგან შედგენილ რაზმებს გულისხმობს. იამი. მონღოლები სამხედრო სტრატეგიული მიზნით დიდ ყურადღებას აქცევდნენ სახელმწიფოში მიმოსვლის საშუალებათა მოწესრიგებას. ამ მიზნით, უგედეი ყაენმა 1236 წელს ბრძანა გზებზე საფოსტო სადგურების – იამების დაარსება. თვითეული ასეთი სადგურის ზედამხედველს (იამჩის) მუდმივად უნდა ჰყოლოდა იამში ოცი ცხენოსანი გამყოლი, საკმაო რაოდენობით ცხენები, ხარშებმული ურმები და აუცილებელი სანოვაგე. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გაეღო.
116. ამ გადასახადების რაობა არ არის გარკვეული. ლექსიკონების მიხედვით „ყისმათ“ ნიშნავს გაყოფას, განაწილებას, წილს. ხოლო „დასთანდაზ“ – მძარცველს, მჩაგვრელს, ხელმყოფს. ჯ. ბოილი ყისმათსა ღა დასთანდაზს „უკანონო მოთხოვნებად“ თარგმნის. „ყისმათ“ შეიძლება დაკავშირებული იყოს „ყასამათთან“, რომლის ეტიმოლოგია და მნიშვნელობა ასევე გაურკვეველია. დასთანდაზი XV–XVII სს. სპარსულ დოკუმენტებშიც გვხვდება. ა. ფაფაზიანის აზრით, დასთანდაზის სახით საქმე გვაქვს ზოგიერთ გადასახადთან, რომლებსაც ყოველგვარი საბაბით იღებდნენ რაიათებიდან სახელმწიფო მოხელენი, როცა ისინი ხელყოფდნენ მათს ავლა-დიდებას და ცდილობდნენ წაერთმიათ ფული ღა ძვირფასი ნივთები. ლ. ტიგრანოვის განმარტებით, XIX ს-ის ირანში დასთანდაზი ავარიზის სინონიმი ყოფილა და გულისხმობდა ყოველი გლეხის კომლის მოვალეობას, მიერთმია მიწის პატრონისათვის (მულქდარისთვის) გარკვეული რაოდენობის სანოვაგე (ცხვარი, ქათამი, კვერცხი, ერბო, ყველი და სხვ.). ამ სანოვაგის რაოდენობა ხშირად ბევრად აღემატებოდა მულქდარის მოთხოვნილებას და ბაზარზე გადიოდა გასასყიდად. გლეხებს ევალებოდათ აგრეთვე რომ ასეთივე სანოვაგე მიეწოდებინათ მუბაშირისა და სხვა მოხელეებისათვის. ო. ეფენიევის აზრით, დასთანდაზი სხვადასხვა პირთათვის ფეხის ქირად მიცემული გასამრჯელო იყო.
117. ჩინგიზ-ხანის უმცროს შვილს თულის სულ ათი ვაჟი ჰყოლია მათგან ოთხი (მანგუ, ყუბილაი, ჰულაგუ და არიღ-ბუქა) უფროს ცოლთან, სორყოთანი ბიქისთან შეეძინა. მუგა თულის მერვე ვაჟიშვილი იყო (რაშიდ-ად-დინ).
118. შამს ად-დინ მოჰამედი ქართების (ან, როგორც ადრე კითხულობდნენ, ქორთების, ქერთების) დინასტიის პირველი წარმომადგენელია (1245–1278). ქართების ფეოდალური სახელმწიფო 1245–1389 წლებში არსებობდა ღურის მთიანეთში. სახელმწიფოს დედაქალაქი ჰერათი იყო. ქართები ილხანთა ვასალებად ცნობდნენ თავს, მაგრამ ყოველთვის როდი იჩენდნენ მორჩილებას.
119. ჰიჯრის 651 წ. რაჯაბის თვე შეესაბამება 1253 წლის 27 აგვისტო–25 სექტემბერს.
120. როქნულდინარს ჯუვეინი სხვა დროსაც ახსენებს თავის თხზულებაში. ჯ. ბოილი ფიქრობს, რომ უნდა იგულისხმებოდეს როქნ ად-დინად წოდებული რომელიმე მბრძანებლის მიერ მოჭრილი მონეტა. ვ. ბარტოლდის აზრით, დინარ-ე როქნი სელჩუკური მონეტა იყო. ამასვე ადასტურებს ვახუშტი ბაგრატიონიც. იგი წერს, რომ როდესაც როქნ ად-დინი (ნუქარდინი) საქართველოს წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა, მან „განსცა როქნი“. როგორც ჩანს, ეს მონეტა ოქროსი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, იაგელოს არაბულ-სპარსულ-რუსულ ლექსიკონში განმარტებულია როგორც „წმინდა ოქრო“.
121. სიტყვების თამაშია: შასთ ცერ თითსაც ნიშნავს ნავს და სამოცსაც. გრაფიკულად ასევე გამოისახება ამავე წინადადებაში ნახმარი სიტყვა სოსთ (–სუსტი)
122. ამიერკავკასიის ქვეყნებში 1254 წ. ჩატარებული აღწერის შესახებ სხვა წყაროებშიც მოიპოვება ცნობები. საინტერესოა აღინიშნოს, რომ რაშიდ ად-დინის აზრით, ეს არ ყოფილა პირველი აღწერა.
123. ტექსტშია – მაგრამ თვითონ ჯუვეინის ცნობით, არღუნი ქეშთან შეეგება ჰულაგუს. ქეში გვიანდელი შაჰრესაბზია.
124. 656 წ. რამაზანის თვე 1258 წლის სექტემბერს შეესაბამება.
125. ჯუვეინის ზემოთ აღნიშნული ჰქონდა რომ მისი სრული სახელი იყო იზ ად-დინ თაჰერი. (თაჰერ) ადამიანის სახელიც არის და სუფთას, წმინდას, უმწიკვლოს ნიშნავს.
126. მონღოლთა ბატონობის ხანაში მალი ორგვარი მნიშვნელობით იხმარებოდა: 1. უფრო ხშირად, საერთოდ ყოველგვარი გადასახადისა და 2. შედარებით იშვიათად, მიწაზე დაწესებული გადასახადის (ხარაჯის სინონიმად). ჯუვეინი პირველი მნიშვნელობით, საერთოდ გადასახადების აღსანიშნავად უნდა ხმარობდეს ამ ტერმინს.
127. ამგვარად, ირკვევა. რომ არღუნ ამირს მეორედაც ჩაუტარებია საქართველოს აღწერა. უკვე ჰულაგუ-ხანის დროს, 1258 წლის ბოლო თვეებში ან 1259 დამდეგს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ჟამთააღმწერელიც მონღოლთა მიერ ბაღდადის აღების შემდეგ მოგვითხრობს საქართველოს აღწერის შესახებ. ბაღდადი ჰულაგუს ლაშქარმა აიღო 1258 წ. თებერვალში (რაშიდ-ად-დინ). მართალია, ჟამთააღმწერელს ზოგიერთი უზუსტობაც აქვს დაშვებული თხრობაში. მაგალითად, აღწერის ჩატარების ინიციატივას ის ბათოს მიაწერს, თუმცა ეს უკანასკნელი იმ დროს ცოცხალიც არ არის (გარდაიცვალა 1255 წელს). შეიძლება ქართველი ავტორის შეცდომა იმით აიხსნას, რომ 1254 წელს არღუნი ბათოს ულუსიდან მოვიდა საქართველოში აღწერის ჩასატარებლად. გამორიცხული არ არის აგრეთვე, რომ ჟამთააღმწერელს ერთმანეთში არეოდა ახლო ხანებში ჩატარებული ორი აღწერა და შერწყმულად გადმოსცა ეს ამბავი. ასეა თუ ისე, ვფიქრობთ, არღუნ ამირის დაახლოებული პირისა და ერთ-ერთი თანაშემწის ჯუვეინის ცნობა, საქართველოში აღწერის ორწყებად ჩატარების შესახებ, ანგარიშგასაწევია (ვ. გაბაშვილიც აღნიშნავს რომ ხალხის აღწერა 1254 წლიდან 1260 წლამდე გაგრძელდა).
128. მონღოლთა სახელმწიფოში ყოველდღე მრავალი ელჩი და შიკრიკი მგზავრობდა სხვადასხვა მიმრთულებით მათი მომსახურებისათვის გზებზე დაარსებული იყო საფოსტო სადგურები – იამები, სადაც მუდმივად უნდა ჰყოლოდათ გამზადებული სამგზავრო და სატვირთო ცხენები ანუ ულაღი. ომებისათვის ცხენების მიწოდება ადგილობრივ მოსახლეობას ევალებოდა.
129. დავით რუსუდანის ძის აჯანყების შესახებ დაწვრილებით იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 152–157.
130. ჰიჯრის 657 წ. რამაზანის დამლევი 1259 წლის სექტემბრის შუა რიცხვებს შეესაბამება.
131. ჯუვეინის ამ ცნობის ბამო ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს: „მეტად საყურადღებოა სპარსელ თანამედროვე ისტორიკოსის ჯუვეინის ცნობა: თუმცა არც მისი აღწერილობაა გრძელი და სრული. სამწუხაროდ, ამ ადგილას ხელთნაწერებში ამ ამბავის ბოლო უნდა დაკარგული იყოს ისე, რომ მოთხრობა ისტორიკოსს დაუმთავრებელი რჩება“ (ი ვ. ჯავახიშვილი).
132. ჯუვეინის ცნობით, რაკი ჩინგიზ-ხანის მბრძანებლობის დროს მისი სახელმწიფოს საზღვრები ძალიან გაიზარდა, მან ყველას განუსაზღვრა საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც იურითს უწოდებენ. „უფროს ვაჟს თუშის (ჯუჩის, ბათოს მამას) უბოძა ქვეყანა ყაიალიდიდან და ხორეზმიდან ვიდრე საყსინისა და ბოლღარის უშორეს კიდემდე და იმავე მიმართულებით იქამდე, საცა კი თათართა ცხენს ფეხი დაუდგამს“ (ჯუვეინი. I, გვ. 31). საყსინი მდ. ვოლგის ქვემოწელში, მის შესართავთან მდებარე სავაჭრო ქალაქი იყო. ამ შემთხვევაში ჯუვეინი გულისხმობს არა მარტო ქალაქს, არამედ მთელ მის მიმდებარე ტერიტორიასაც. ბოლღარის სამეფოც ვოლგისპირეთში მდებარეობდა.
133. ქალაქი ყაიალიღი მდ. ილის აუზში მდებარეობდა, თანამედროვე კოპალის მახლობლად. გუილიომ რუბრუკვისი მას კაილაკს უწოდებს (გ. რუბრუკვისი, მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში, თარგმანი ფრანგულიდან გ. ქიქოძისა, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, V, 1942, გვ. 71, 87). ალაყამაყის მდებარეობა არ არის ცნობილი. როგორც ჩანს, ის ალათაუს მთების მახლობლად უნდა ყოფილიყო.
134. 1248 წ. გაზაფხულზე გუიუქ ხანი ბათოს წინააღმდეგ გაემზადა და დიდი ლაშქრით დასავლეთისკენ დაიძრა. სორყოთანი ბიქის მიერ დროულად გაფრთხილებული ბათოც მის შესახვედრად წამოვიდა. მაგრამ გუიუქმა მონღოლეთის ფარგლებიდან გამოსვლაც ვერ მოასწრო. გზაში გარდაიცვალა.
135. მონღოლთა სახელმწიფოს დედაქალაქი ყარაყორუმი მდინარე ორხონის ნაპირზე იდგა. მისი მშენებლობა ჩინგიზ ხანის დროს დაიწყო და 1235 წელს დამთავრდა. ყარაყორუმი შედარებით მცირე ხანს იყო მონღოლი ყაენების რეზიდენცია (1260 წლამდე). ამჟამად დაქცეულია. კათოლიკე ბერმა გ. რუბრუკვისმა პირადად ინახულა ყარაყორუმი მანგუ ყაენის დროს და მისი აღწერილობაც დაგვიტოვა. მისი სიტყვით, „ქალაქში ორი უბანია, ერთი სარკინოზებისა, სადაც არის ბაზრები და მრავლად იმყოფებიან ვაჭრები, რაიცა ერთი მხრივ სასახლის სიახლოვით აიხსნება, ხოლო მეორე მხრივ ელჩების სიმრავლით. მეორე უბანი ეკუთვნის ჩინელებს, რომელნიც გამოუკლებლივ ხელოსნები ადრიან. ამ სასახლეს გარდა იქ რამდენიმე დიდი პალატია. სადაც სასახლის მდივნები ცხოვრობენ. ქალაქში თორმეტი ტაძარია. შეწირული სხვადასხვა ერის კერპებისადმი, ორი მეჩითი, სადაც მაჰმადის რჯულს იცავენ და ერთი ქრისტიანული ეკლესია ქალაქის განაპირის. ქალაქი მიწის გალავნითაა შემორტყმული და მას ოთხი კარიბჭე აქვს. აღმოსავლეთით ფეტვითა და სხვა ხორბლეულით ვაჭრობენ, მაბრამ უნდა ითქვას, რომ ხორბლეული იშვიათია; დასავლეთით ცხვრებისა და თხების აღებ-მიცემობა ხდება, სამხრეთით – ხარებისა და ფორნებისა; ხოლო ჩრდილოეთით – ცხენებისა“.
136. გუიუქის გარდაცვალების შემდეგ მონღოლ უფლისწულთა შორის მძაფრი ბრძოლა გაჩაღდა ყაენის ტახტისათვის. უგედეის სახლის მიმართ მტრულად განწყობილმა ბათომ მხარი დაუჭირა თულის ვაჟიშვილს მანგუს, 1251 წლის ყურულთაიში ძირითადად ჯუჩისა და თულის ულუსების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ყაენად არჩევის შემდეგ მანგუ სასტიკად გაუსწორდა მოწინააღმდეგეებს – უგედეისა და ჩაღათაის შთამომავალთ. ბაურჩი ანუ „ჭამა-სმის თადარიგის დამჭერი“ მაღალი თანამდებობის მოხელე იყო მონღოლთა სამეფო კარზე. ჰულაგუ ხანის ერთ-ერთი გამოჩენილი სარდლის ქიდ-ბუღა ნოინის შესახებ დაწვრილებით იხ. Рашид-ад-дин, Джами ат-таварих, III. 138. ჰიჯრის 650 წ. ჯუმადა ალ-სავალის შუა რიცხვები 1252 წლის ივლისის ბოლო კვირას შეესაბამება.
139. ძველი გეოგრაფები მსოფლიოს დასახლებულ ნაწილს შვიდ კლიმატურ სარტყლად ჰყოფდნენ ეკვატორის პარალელური წარმოსახვითი ხაზებით. მათი წარმოდგენით, ჩრდილო განედის 500-ის ჩრდილოეთით და ეკვატორის სამხრეთით მდებარე რაიონები საერთოდ დაუსახლებელი იყო.
140. ალბათ იგულისხმება უღედეი ყაენი, რომელმაც პირველმა დანიშნა მასუდ-ბეგი მავერანნაჰრის გამგებლად.
141. ჰიჯრის 650 წ. საფარის თვის 20 რიცხვი 1252 წლის 2 მაისს შეესაბამება.
142. 650 წ. რამაზანის 20 რიცხვი 1252 წლის 24 ნოემბერს შეესაბამება. ზემოთ ჯუვეინის აღნიშნული ჰქონდა, რომ არღუნის წასვლის შემდეგ ის და სირაჯ ად-დინ შოჯა’ი რამდენიმე დღით დარჩნენ ყარაყორუმში და 651 წ. რაჯაბის თვეში (1253 წ. 27.VIII –25. IX) ისინიც დასავლეთისკენ დაიძრნენ. (იხ. გვ. 49 და შენ. 119).
143. საქარავნო-სატრანზიტო ვაჭრობა აღმოსავლეთის ქვეყნებში მსხვილი მუსლიმანური სავაჭრო კომპანიების ხელთ იყო. ამ კომპანიების წევრებს ორტაღები ეწოდებოდათ. მონღოლთა არისტოკრატია მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქარავნო ვაჭრობასთან. ორტაღები ხშირად ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელთა კონტრაგენტებად გამოდიოდნენ და მათგან მიღებული თანხით აწარმოებდნენ ვაჭრობას. ცნობილია აგრეთვე, რომ თვითონ მონღოლი ყაენებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მუსლიმანურ სავაჭრო კომპანიებთან.
144. საგანგებო გადასახადს ანუ ავარიზს სახელმწიფო ფულით კრეფდა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობაში. იგი გამიზნული იყო გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარავად. მართალია, ავარიზი მონღოლთა სახელმწიფოში საგანგებო გადასახადად ითვლებოდა, მაგრამ ფაქტიურად მუდმივ გამოსაღებად იყო ქცეული.
145. სეიდები წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლებად ითვლებიან და განსაკუთრებულ პრივილეგირებულ წოდებას შეადგენენ.
146. ჟამთააღმწერელიც აღნიშნავს, რომ „ხუცესთა და მონაზონთა და საეკლესიოთა განწესებათა არა შეაგდო საზღავი, არცა ყალანი, ეგრეთვე შიხთა, და დავრეშთა, და ყოვლისა სჯულისა დცნი საღმრთოდ განჩენილნი განათავისუფლნა“.
147. 650 წელი 1252 წ. 14 მარტს დაიწყო და 1253 წ. 2 მარტს დამთავრდა.
148. ჟამთააღმწერლის ცნობით მანგუ ყაენს ყუბილაი თითქოს დასავლეთში სალაშქროდ დაუნიშნავს, ხოლო ჰულაგუ – აღმოსავლეთში, „გარნა ძნელად აღუჩნდა ყუბილ ყაენს წარმოსლვა დასავლეთით, ულოს წარსლვა ინდოეთის კერძოთა. მაშინ ევედრა ულო ძმასა, რათა განცვალონ ლაშქრობა და ულო დასავლეთით კერძო მოვიდეს და ყუბილ ყაენი ინდოეთს. ვითარ ცნა ყუბილ ყაენმან, სიხარულით შეიწყნარა სიტყვა ულოსი და განცვალეს ლაშქრობა“.
149. რაშიდ ად-დინი ამ უფლისწულს სონთაის უწოდებს, თულის შვილების ჩამოთვლის დროს კი უმცროსად სუბუთაის იხსენიებს. ასეთი სხვაობა წერტილების არასწორად დასმით უნდა აიხსნას.
150. ეს მონღოლი უფლისწულები ჟამთააღმწერელთანაც არიან მოხსენიებული. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ავტორს ბალაღაი („ბოლღა“), თუთარ და ყული სხვადასხვა ულუსების წარმომადგენლებად მიაჩნია.
151. ტექსტშია – ჯ. ბოილის აზრით, იგულისხმება ხანგაის ქედი.
152. ქ. ბიშბალიღი უიღურთა სახელმწიფოს მთავრის – იდიყუთის რეზიდენცია იყო. იგი მდებარეობდა ტიან-შანის ქედის ჩრდილო კალთაზე, მონღოლეთიდან დასავლეთისაკენ მომავალ დიდ სავაჭრო გზაზე.
153. ამ წინადადებაში ავტორი გარითმულ სიტყვებს ხმარობს: ალაფხრ (საძოვარი) – ხრ (აქ: წახდენილი), მარღზრ (მდელო) – აზრ (აქ: ზიანი. ვნება).
154. ყურანი, II. 33.
155. ჯუვეინი აქ ხაზს უსვამს სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე კიტყვების გრაფიკულ მსგავსებას. მცენარეულობა (გიჰ – ) და დანაშაული (გონ ჰ – ). აგრეთვე, სიმწვანე (საბზ –და სიმაძღრე (სრ–) არაბული გრაფიკით ერთნაირად იწერება, განსხვავება მხოლოდ დიაკრიტიკულ წერტილებშია.
156. ულუფე. ამ ტერმინით ჯუვეინი აღნიშნავს ერთი ადამიანის გამოსაკვებად აუცილებელ საზრდოს ან, საერთოდ სურსათ-სანოვაგეს, ხოლო ალაფეს საქონლის საკვების აღსანიშნავად ხმარობს. ასეთივე მნიშვნელობით შემოვიდა ეს ტერმინები ქართულშიც (ულუფა ღა ალაფი). რაშიდ ად-დინსა და, სხვა ისტორიკოსებთან ულუფეს და ალაფეს საპირისპირო მნიშვნელობა აქვთ (ულუფე – საქონლის საკვები; ალაფე – სანოვაგე). ა. ალი-ზადეს აზრით, ეს შეიძლება იმით აიხსნებოდეს, რომ ჯუვეინი ამ ტერმინებს მონღოლთა შემოსევების წინარე ხანაში გავრცელებული მნიშვნელობით ხმარობს. ჟამთააღმწერლის განმარტებით. „ულუფა... არს ძღუენი მიმავალთა გზად“.
157. თაღარი ორგვარი მნიშვნელობით გვხვდება წყაროებში. ის აღნიშნავდა მარცვლეულის საწყაო ერთეულსაც (უდრიდა ას მანს) და ლაშქრის გამოსაკვებად მოსახლეობაში აკრეფილ ნატურალურ გადასახადსაც.
158. „სიასეთ-ნამეში“ (XI ს.) თარღუ ძვირფასი ქსოვილის მნიშვნელობით იხმარება. სპარსული ლექსიკონებით თარღუ ნიშნავს წითელი აბრეშუმის ქსოვილს, ასეთი ქსოვილისაგან შეკერილ ტანსაცმელს, ხოლო ლ. ბუდაღოვის ლექსიკონით – საჭმელ-სასმელს, სანოვაგეს. ა. ალი-ზადეს აზრით, თარღუ, შედგებოდა სხვადასხვა ძვირფასი ნივთების, ტანსაცმლის, ქსოვილისა და სხვა საგნებისაგან, რაც ოლქების გამგებლებს უნდა მიერთმიათ ყაენის, ხათუნების, უფლისწულებისა და სხვა წარჩინებულ პირთათვის. ჯ. ბოილი ფიქრობს, რომ თარღუ (თოზღუ) არაბული ნუზლის ეკვივალენტია და ნიშნავს მოგზაურთათვის მირთმეულ საგზალს. რაშიდ ად-დინის „ისტორიათა კრებულში“ თარღუ მისართმეველს აღნიშნავს და ზოგჯერ ფეშქაშთან ერთად გვხვდება. ა. არენდსი რუსულ თარგმანში რიგ შემთხვევებში უთარგმნელად სტოვებს ამ ტერმინს, ზოგჯერ კი თარგმნის როგორც „სამასპინძლოს“. ჯუვეინის თხზულებაში თარღუ სანოვაგის აღმნიშვნელი ტერმინი ჩანს, მაგრამ იყო თუ არა ის ნუზლის სინონიმი, ამის გადაჭრით თქმა ძნელია. შესაძლებელია, ჩვენი ავტორი გარკვეულ განსხვავებასაც ხედავდეს მათ შორის. ყოველ შემთხვევაში, იგი აღნიშნავს, ამირები და მხარეთა გამგებლები რომ თარღუს და ნუზლის დამზადებას შეუდგნენ, ნუზლს გზადაგზა სადგომებში (მანზელებში) ათავსებდნენო, თარღუს კი აღარ იხსენიებს. ნუზლი (არაბ. – მასპინძლობა, სტუმართმოყვარეობა, ძღვენი, საჩუქარი) ა. ალი-ზადეს განმარტებით, ნატურალური გადასახადი იყო, რომელსაც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა დიდებულთათვის მისართმევი ნაირნაირი ძღვნისა და საჩუქრის სახით იხდიდა. საინტერესოა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებაც: „ნუზლი ესე არს მოყვარემან რა მოგზაურს საზრდო მიუძღვანოს“.
159. ფარსანგი (ფარსახი) მანძილის საზომი ერთეულია, 5–6 კილომეტრს უდრის.
160. ჰიჯრის 650 წელი 1252 წ. 14 მარტს დაიწყო. ამდენად, აქ საუბარია 1252 წლის გაზაფხულზე.
161. სიტყვების თამაშით: „ჯამებს სცლიდნენ (ჯმჰნშ დანდ) და „ტანსაცმელს იცვამდნენ“ (ჯ მეჰ ფ შ დანდ) არაბული გრაფიკით ერთნაირად გამოისახება, განსხვავება დიაკრიტიკულ წერტილებსა და გახმოვანებაშია.
162. ჰიჯრის 651 წლის რაბი ალ-ავალის ორი რიცხვი 1253 წ. 2 მაისს შეესაბამება.
163. ჰდჯრის 651 წ. შაბანის 24 1253 წლის 18 ოქტომბერს უდრის.
164. ჯუმაღარი ჰულაგუს მეორე ვაჟი იყო. რაშიდ ად-დინის ცნობით, დედამისი გუიუქ-ხათუნი ოირათის ტომის მეთაურის ასული ყოფილა. გუიუქ-ხათუნის მამა თურალჩი-გურგენი იყო, ხოლო დედა – ჩინგიზ-ხანის ასული ჩეჩექენი.~
165. ჰულაგუ-ხანს სულ 21 შვილი ჰყოლია მათგან თოთხმეტი ვაჟი და შვიდი ქალი. აბაღა მისი უფროსი ვაჟიშვილი იყო., ხოლო იაშმუთი – მესამე.
166. ალმალიღი მდ. ილის აუზში მდებარეობდა აღმოსავლეთ აზიიდან დასავლეთში მომავალ მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე. მონღოლთა დროს ალმალიღი ჩაღათაის სამფლობელოს ცენტრი გახდა.
167. ურყინე-ხათუნი ჩაღათაის შვილიშვილის ყარა-ჰულაგუს (ჯუვეინისთან – ყარა) ცოლი იყო. ყარა-ჰულაგუს გარდაცვალების შემდეგ ჩაღათაის ულუსი მანგუ ყაენმა უბოძა მის მცირეწლოვან შვილს. რომლის სახელითაც ურყინე-ხათუნი განაგებდა სამფლობელოს 1251–1261 წლებში.
168. ჰიჯრის 653 წელი 1254 წ. 21 თებერვალს დაიწყო და 1255 წ. 11 იანვარს დამთავრდა. ე.ი. იგულისხმება 1254 წლის ზაფხული.
169. 653 წლის შაბანის თვე შეესაბამება 1255 წ. სექტემბერს – 3 ოქტომბერს.
170. იგულისხმება მდ. ჯეიჰუნი (ამუ-დარია).
171. რაშიდ ად-დინის ცნობით, ჰულაგუს ლაშქარმა 653 წ. ზულ-ჰიჯჯეს პირველში ანუ 1256 წლის 1 იანვარს გადალახა ამუდარია.
172. შაბურღანი ამურდარიის მარცხენა ნაპირზეა, ბალხის დასავლეთით თანამედროვე შიბირყანი (ავღანეთში).
173. მსხვერპლს შეწირვის დღესასწაული (ეიდ-ე აზჰა ან ეიდ-ე ყურბან) ისლამის ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია. იგი უკავშირდება წინასწარმეტყველ აბრამის მიერ ქააბის ტაძრის აშენებასა და გაბრიელ მთავარი ანგელოზისაგან „შავი ქვის“ მიღებას. ეს დღესასწაული აღინიშნება ზულ-ჰიჯჯეს თვის 10 რიცხვში. 1256 წელს მსხვერპლის შეწირვის დღესასწაული 10 იანვარს ყოფილა.
174. ე.ი. ჰულაგუ-ხანის.
175. ამის შემდეგ ჯუვეინის აღწერილი აქვს ჰულაგუ ხანის ირანში შესვლა და ისმაილიანთა ციხე-სიმაგრეების დაპყრობა, მაგრამ ამ ბრძოლებში ქართველთა მონაწილეობის შესახებ არაფერს ამბობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий