суббота, 12 августа 2017 г.

კონსტანტინე II-ის ელჩობა ევროპაში. ესპანური მასალები XVI ს-ის საქართველოზე (ე. მამისთვალიშვილი)

1. ქართული დიპლომატია ევროპაში მოკავშირის ძიებაში (XV . 90 წლები).
ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ისეთმა ცდამ, რომელშიც გაერთიანდებოდნენ, როგორც დასავლეთის ისე აღმოსავლეთის სახელმწიფოები, ახლო აღმოსავლეთისა და ამიერკავკასიის ქვეყნები, მარცხი განიცადა. ანტიოსმალური კოალიციის შექმნის საკითხს განსაკუთრებით გულგრილად ევროპაში მოეკიდნენ. მიზეზი მდგომარეობდა მაშინდელი ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში. იმ ქვეყნებმა, რომლებიც უშუალოდ არ განიცდიდნენ ოსმალეთისაგან თავდასხმის საშიშროებას, ან რომელთა ეკონომიკური ინტერესები აღმოსავლეთთან ვაჭრობაში არ ილახებოდა (საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია), ოსმალების წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის დაწყებას მხარი არ დაუჭირეს. არსებობდა ერთი საყურადღებო მომენტიც: XV საუკუნის ევროპაში ჯერ კიდევ არ დასრულებულიყო ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესი. ამიტომ მათი საგარეო პოლიტიკა, ძირითადად, საკუთარი სახელმწი ფოებრივი ინტერესების განხორციელებას ემსახურებოდა.
აღმოსავლეთის იმ ქვეყნებმა, რომლებიც სისხლხორცეულად იყვნენ დაინტერესებულნი ოსმალეთის წინააღმდეგ საერთო ომით, ევროპიდან დახმარების მიღების მოლოდინში ის მოიმკეს, რომ ზოგი მათგანი (ბიზანტიის და ტრაპიზონის იმპერიები, ყარამანიის საამირო) ოსმალებმა მოსპეს, ხოლო ზოგი კი (მაგ.: აყ-ყოიუნლუს სახელმწიფო) იმდენად დასუსტდა, რომ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
როგორც ვნახეთ, უშედეგოდ არც საქართველოსთვის დამთავრდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ღონისძიებებში მისი მონაწილეობა. ისედაც დაქუცმაცებული საქართველო ამის შემდეგ კიდევ უფრო დაქვეითდა. მისი ოპტიმისტურად განწყობილი მბრძანებლები არ კარგავდნენ ქრისტიანული სახელმწიფოებისგან დახმარების მიღების იმედს. ამ მიზნით ისინი მიმართავდნენ ხან დასავლეთ ევროპას და ხან მოსკოვის სახელმწიფოს, მაგრამ რეალური მხარდაჭერა ვერსად ჰპოვეს.

უზუნ ჰასანის სიკვდილის შემდეგ, ქართველებმა თბილისი დაიბრუნეს, მაგრამ ქვეყანას არც ამის შემდეგ ეწერა მოსვენებით ცხოვრება. თითქმის გაუთავებლად მიმდინარეობდა შინაბრძოლები და გარეშე მტრების თავდასხ მები. მართალია, ძლეული იქნა გარეშე მტერი, უზუნ ჰასანის მემკვიდრემ ია ყუბ-ყაენმა მარცხი განიცადა საქართველოს დამორჩილების საქმეში, მაგრამ ქვეყნის დაშლის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა. 1489 წელს ქართლისა და კახეთის სამეფოების გვერდით შეიქმნა კიდევ ერთი - იმერეთის სამეფო.
ქართლის მეფე კონსტანტინე არ კარგავდა ქვეყნის ერთიანობის აღდგენის იმედს. 1490 წ. მან დარბაზი მოიწვია, მგრამ ფეოდალებმა მხარი არ დაუჭირეს და იძულებული გახდა არსებულ მდგომარეობას შეგუებოდა ქვეყნის დაშლის შედეგად ბოლო მოეღო ერთიანი საგარეო პოლიტიკის გატარებასაც, რაც გამოკვეთილად გამოჩნდა XV ს. 90-იანი წლების დასაწყისში: კახეთის სამეფო თავის გადარჩენის საშუალებას მოსკოვის სახელმწიფოში ხედავს, ქართლი კი - დასავლეთ ევროპაში. 1483 და 1491 წლებში კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა (1476-1511) ელჩები გაგზავნა მოსკოვის მთავარ ივანე III-ის (1462-1505) კარზე და ამით საფუძველი ჩაუყარა კახეთის სამეფოსა და მოსკოვის სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობას, რომელმაც ხანგრძლივი და ტრადიციული ხასიათი შეიძინა. საქართველოში და, კერძოდ, კახეთში მხედველობიდან არ გამორჩენიათ მოსკოვის სამთავროს წარმატებები. 1491 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ მოსკოვში გააგზავნა ელჩი მურატი, რომელიც 1492 წელს მივიდა მოსკოვში1 და ივანე III-ს კახეთის სამეფოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება შესთავაზა. სამწუხაროდ, უცნობია მოლაპარაკების მსვლელობა და მისი შედეგიც.
ქართლის მეფე კონსტანტინემ პოლიტიკური ორიენტაცია აიღო იმ ქვეყნებზე, რომლებიც განსაკუთრებით დაინტერესებულნი იყვნენ ოსმალეთის დასუსტებით. იგი უპირველეს ყოვლისა დაუკავშირდა ეგვიპტის მამლუქ მბრძანებელ ალ-აშრაფ საიდ ად-დინ კაიტბეის (1468-1496). როგორც ჩანს კონსტანტინე ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ მამლუქებს თავიანთ უმ თავრეს მტრად ოსმალეთის სახელმწიფო მიაჩდათ და მათთან ანტიოსმალური კავშირის დამყარების მიზნით 1493-1494 წლებში თავისი კარის ეკლესიის მოძღვარი კირ-ნილოსი მიავლინა2. კაიროში წარმოებული მოლაპარაკების შესახებაც არავითარი ცნობა არ გაგავაჩნია. მაგრამ კირ-ნილოსის მისია როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო, მას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიის შესასწავლად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართლის სამეფოსა და მამლუქთა ეგვიპტეს შორის დიპლომატი ური ურთიერთობა, აღნიშნული დროიდან მოყოლებული, ორივე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა შეწყვეტილიყო ოსმალების მიერ ეგვიპტის დაპყრობამდე.
1. Тивадзе Т. Г., Об использовании армянских купцов на дипломатической службе грузин скими царями. ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები, თბ., 1991, გვ. 239.
2. ამ საკითხზე დაწვრილებით იხ. ცინცაძე ი. მასალები პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, თბ., 1965.
კაიროდან წამოსულმა კირ-ნილომ იერუსალიმში გაიარა, სადაც ესპანეთის ელჩებს შეხვდა და მან ისინი საქართველოში წამოიყვანა. ესპანეთის ელჩების ამგვარი გაბედული მოქმედება (ისინი თავიანთი მეფის დაუკითხავად საქართველოში წამოვიდნენ) მიუთითებს ესპანეთის სამეფო კარის აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური ვითარებისადმი დიდ ინტერესზე. როცა მათ ქართველმა დიპლომატმა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის პერსპექტივა გადაუშალა, როგორც ჩანს, ისინი იოლად დათანხმდნენ საქართველოში მიპატიჟებაზე.
ესპანეთის ელჩები საქართველოში დიდხანს არ დარჩენილან. კონსტანტინე მეფემ მათ კირ-ნილოც გააყოლა თავისი წერილით ესპანეთის მეფესთან. კირ-ნილოს სხვა საგანგებო დავალებაც მიეცა: ესპანეთიდან წამოსული მოძღვარი რომის პაპს უნდა ხლებოდა და კონსტანტინეს წერილი და სიტყვი ერად დანაბარები უნდა გადაეცა. მასვე გაატანეს პაპისათვის გადასაცემი საჩუქრები. ელჩებმა გადაცურეს შავი ზღვა, აჰყვნენ მდ. დნეპრს და ლიტვა-პოლონეთის სამ ფლობელოებზე გავლით ესპანეთისაკენ გაეშურნენ. ლიტვა-პოლონეთში ქართველმა ელჩმა მთავრობას ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის ქართული გეგმა გააცნო. ამ საკითხზე პოლონეთში თათბირი რომ ყოფილა, ამის დამამტკიცებლად ი. ცინცაძეს, სავსებით სამართლიანად, მიაჩნდა ქართლის მეფე კონსტანტინეს მიერ ესპანეთის მეფისათვის გაგზავნილი წერილის თარგმანის შეტანა „ლიტვის მეტრიკაში“1.
1. იქვე, გვ. 39.
კონსტანტინე მეფის წერილი ესპანეთის მეფისადმი მუსლიმანთა გაძლიერებით ახლო აღმოსავლეთში შქმნილი მდგომარეობის ჭკვიანურად მოფიქრებული ანალიზია. ქართლის მეფე ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მას უმთავრესად საერთო საქრისტიანოს საქმეები აწუხებს და მოუწოდებს დასავლეთ ევროპის გაერთიანებული ძალებით აღადგინონ ბიზანტიისა და ტრაპიზონის სახელმწიფოები. კონსტანტინემ და მისმა კარისკაცებმა კარგად იცოდნენ, რომ დასახელე ბული სახელმწიფოების აღდგენა ოსმალეთის მოსპობის გარეშე არ შეიძლებოდა. თუკი ეს მოხდეოდა, საქართველოსაც თავისთავად ეშველებოდა. წერილში გაკვრით ნათქვამია მაშინდელი საქართველოს მდგომარეობის შესახებ. დაწვრილებით კი ელჩი სიტყვიერად გადასცემდა ესპანეთის ხელისუფალთ. „წერილებს გარდა სხვა სიტყვიერ ჩვენ გულის ნადებსაც გაიგონებთ მისგან, რადგანაც გზაზე მრავალი მტერია, როგორც თქვენმა მეუფებამაც იცის. უღვთო სპარსთაგან მარად ჟამს წამე ბულნი ვართ და მრავალი ბოროტება მოგვაგეს ჩვენ. სამ რამეს ითხოვენ ისინი ჩვენგან: ან უზომო დიდი ხარკი გვაძლიეთო, ან ჩვენ გვებრძოლეთო, ანდა ჩვენ სარწმუნეობაზე მოექეცითო. ისინი მრავალი არიან. კონსტანტინოპოლისა, ტრაპიზონისა და სხვა ქრისტიანულ ქვეყანათაგან ხომ მარტო დავრჩით, ძალიან მცირენი ვართ. ამჟამად მთელი სიმრავლე აგარიანთა, თურქთა და არაბთა შეძრწუნებული და შეშინებულია1. ახლა დრო დაგვიდგა ღვთის მეოხებით და გთხოვთ შენ კონსტანტინოპოლზე გაემართო, არ დაიზარო... ხოლო მე, ჩემი ვაჟიშვილით და ჩემი ლაშქრით, რამდენიც შემეძლება, როგორც კი თქვენი მეუფების მიერ გამოგზავნილი დესპანი ჩემამდე მოაღწევს, დაუზარელად ამ საქმეზე თქვენ მოწყალებას თან გამოგყვებით“2.
1. იგულისხმება 1492 წელს ესპანეთის ჯარების მიერ გრენადის განთავისუფლება არაბთა ბატონობისაგან, რითაც საბოლოოდ დასრულდა ესპანეთის გაერთიანება.
2. იქვე, გვ. 83.
კონსტანტინეს წერილიდან, თავისი პათოსითა და საკითხების დაყენების მიხედვით, შეიძლება გამოვყოთ ორი მნიშვნელოვანი მომენტი: 1. ქართველი მეფე ადრესატს აცნობს თავის დამოკიდებულებას ოსმალეთის მიერ, საერთოდ, საქრისტიანოსთვის შექმნილ პრობლემებზე, რომლის მოგვარებაში თავისი წვლილის შეტანას პატარა საქართველო მთელი თავისი შესაძლებლობების მობილიზებით პირდება და სხვებთან ერთად საბრძოლველად მზადყოფნას გამოხატავს. 2. ქართველი მეფე ესპანეთის კარს თავისი ქვეყნისა და ხალხის სატ კივარზეც აცნობებს: თქვენ ერთი მტერი გყავთ ოსმალეთის სახით, მაშინ, როდე საც ჩვენთვის განსაკუთრებით საშიში და შემავიწროებელი მტერი ირანიაო. კონსტანტინემ კარგად იცის, რომ ირანი დასავლეთ ევროპაში მოიაზრება როგორც პოტენციური მოკავშირე ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ ის პირდაპირ ვერ ითხოვს ირანის წინააღმდეგ შეიარაღებულ დახმარებას. ადრესატს აგებინებს რა თავისი ქვეყნის უბედურებას, იქვე გაისმის მისი მუდარა, ჩვენი მდგომარეობაც გაითვალისწინეთ და იქნებ რაიმეთი დაგვეხმაროთო.
კონსტანტინეს მიმართვას ესპანეთის სამეფო კარისადმი სასურველი შედეგი არ ექნებოდა. მაშინდელი ესპანეთის ინტერესები ახლო აღმოსავლეთში მცირე იყო. მხოლოდ საქრისტიანოს სიყვარულის გამო კი ასეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯს იმდროინდელი არც ერთი ქრისტიანული სახელმწიფო არ გადადგამდა. ფერდინანდმა და იზაბელამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველ ელჩს მხოლოდ გაურკვეველი დაპირებები მიცეს: ესპანელები მზად არიან აფრიკაში ებრძოლონ კათოლიკური სარწმუნოების მტრებს და რომ ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ მეფე კონსტანტინეს წინადადებას დამყარდეს ურთიერთობა ესპანეთ-საქართველოს შორის და საქართველოს მეფეს მატერიალურ დახმარებასაც დაპირდნენ1.
1. ესპანეთის მეფე-დედოფლის საპასუხო წერილს მიაკვლია ლ. ტარდიმ ბურგოსას ხელნაწერთსაცავში, მაგრამ, სამწუხაროდ, მან თავის წიგნში საქართველოს ისტორიისათვის ამ ფრიადმნიშვნელოვანი დოკუმენტის მხოლოდ მოკლე შინაარსი გადმოსცა. ტარდი ლ., უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, თბ., გვ. 33-34.
ესპანეთიდან წამოსული ნილო რომის პაპს ალექსანდრე VI-ს (1492-1503) ეწვია და მასაც თავისი მეფის წერილი და სიტყვიერად დანაბარებიც გადასცა. კონსტანტინეს წერილმა ჩვენამდე არ მოაღწია, მაგრამ მისი შინაარსი ნაწილობრივ მაინც ცნობილია პაპის საპასუხო წერილის წყალობით. პაპს მოს წონს ქართველი მეფის გულმოდგინება ქრისტეს სარწმუნოების მტერთა წინააღმდეგ გასალაშქრებლად. მაგრამ პაპი ვერ მალავს, რომ ევროპის სახელმწიფოებისგან დახმარების მიღება ამჟამად შეუძლებელია, რადგან მათ შორის განხეთქილებაა. როცა ისინი ერთმანეთს შეურიგდებიან და დაირაზმე ბიან საერთო მტერთან საბრძოლველად, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. „თუმცა ჩვენ ყოვ ელთვის ვიღწოდით ასეთი სურვილით, მაგრამ ახლა შენი მზადყოფნა და ქრისტეს დიდებისაკენ შენი კეთილსინდისიერი მისწრაფებით დარწმუნება ჩვენ გვაიძულებს, ეს საქმე დავაჩქაროთ“. ამასობაში თქვენი ქვეშევრდომნი დარაზმეთ და მზად იყავითო.
პაპის წერილიდან ერთი გარემოება განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. როგორც ჩანს, მეფე კონსტანტინემ ქართული მართლმადიდებლური ეკ ლესიის კათოლიკური ეკლესიისათვის დაქვემდებარება და ფერარა-ფლორენციის კრების (1437-1439) გადაწყვეტილებათა აღიარება შესთავაზა, რის გამოც პაპმა უპასუხა:
„ჩვენ უაღრესად მოხარული ვართ, რომ შენი უდიდებულესობა მიისწრაფის ნამდვილ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ჩასწვდეს და ჩვენი სახით სთხოვს ჩვენს უწმინდეს სამოციქულო ტახტს, მთელი ქრისტიანობის მეთაურს, ჩამოაყალიბოს ყველაფერი რაც კი შეეხება ამ სარწმუნოების სწორ დაცვას“. ამიტომ კონსტანტინეს პაპისათვის უთხოვია ნილოს ხელით გაეგზვნა ფლორენციის საეკლესიო კრების გადაწყვეტილება. პაპმა მეფეს ეს თხოვნა დაუკმაყოფილა:
„ამიტომ ჩვენ ახლა გიგზავნით კრების დადგენილებას, წერილში ჩადებულს და ჩვენი ბეჭდით დალუქულს, და ვთავაზობთ შენს თავდადებულობას, უბრძანოთ: გაავრცელონ და მიიღონ იგი შენი ქვეყნის ყველა პროვინციაში, როგორც ქრისტეზე, უფლის ჭეშმარიტ შვილზე, მითითე ბები და დადგენილებები... მაშინ ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთიანნი და ახლობელნი... მაშინ ვერც ერთი მტრული იარაღი ვერავითარ ზიანს ვერ მოგვაყენებს, ვინაიდან მჯერა, რომ მათზე გაიმარჯვებს მეუფება“.
პაპი ქართველ მეფეს დიდ მადლობას უხდის საჩუქრებისათვის და იმასაც აცნობებს, რომ მან მის ელჩს, თავისი მეფის სახელით დასმულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ზეპირად გასცა1.
1. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), თბ., 1984, გვ. 217-219. იხ. აგრეთვე, თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ.64-66; ცინცაძე ი., დასახ. ნაშრ., გვ. 83.
ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება ითვლება რომის კათოლიკური და ბერძნულ-მართლმადიდებლური ეკლესიების გამაერთიანებლად. ამ კრების მუშაობაში სხვა მართლმადიდებელი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ორი წარმომადგენელი მონაწილეობდა. უნიის აქტს ხელი მოაწერა ყველამ, გარდა ქართველებისა1. ქართველების ამგვარი დამოკიდებულება აღნიშნული საეკლესიო კრებისადმი მშვენივრად მოეხსენებოდა, როგორც პაპს ალექსანდრე VI-ს, ისე მეფე კონსტანტინეს. ქართველი მეფის ეს ნაბიჯი (ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რომის კათოლიკური ეკლესიისადმი დაქვემდებარება და ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებათა აღიარება) პოლიტიკური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. მისმა ელჩმა ნილომ რომშივე მიიღო კათოლიკობა და სამშობლოში დაბრუნდა, როგორც წმინდა ბასილის წესის მონაზონი. ამით ქართველ პოლიტიკოსებს სურდათ მიექციათ კათოლიკური ევროპის ყურადღება. მაგრამ ხომ ცნობილია, რომ იმავე ფერარა-ფლორენციის კრების გადაწყვეტილებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების გაერთიანების შესახებ ბიზანტიის კეისარმა იოანე VIII პალეოლოგმა იმიტომ მოაწერა ხელი, რომ ოსმალეთისაგან თავდასაცავად დასავლეთისგან დახმარება მიეღო. სინამდვილეში მან ამ მიზანს ვერ მიაღწია. ეს კი საგულისხმო მაგალითი უნდა ყოფილიყო კონსტანტინესათვის, მაგრამ სხვაგვარად როგორ მოქცეულიყო? კონსტანტინე II-მ დასავლეთიდან მხოლოდ ფლორენციის კრების გადაწყვეტილება მიიღო პაპის ტყვიით დაბეჭდილ წერილთან ერთად.
1. დაწვრ. იხ. ჟუჟუნაძე ო., XV საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის. „ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან“, I, თბ., 1970, გვ. 5-28.
2. ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას: ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს მამაპაპური რწმენის შეცვლა სერიოზულად არასოდეს არ უფიქრიათ. კათოლიკობაზე ქვეყნის მოქცევის დაპირება მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის ფანდი იყო. ქართველ პოლიტიკოსთა ამგვარ მოქმედებაზე სპეციალურად და ვრცლად იხ. მამისთვალიშვილი ე., საქართველოში კათოლიციზმის გავრცელების ცდები და ქართველთა დიპლომატია. „ქართული დიპლომატია“, წელიწდეული, #8, თბ., 2001, გვ. 33-64.
2. ქართველი დიპლომატი _ ხუცესი ნილო ესპანეთსა და რომში
   აყ-ყოინლუს სახელმწიფოს მბრძანებლებისაგან შეწუხებულმა ქართლის მეფე კონსტანტინე II-მ (1478-1505), რომელსაც საქართველოს გამაერთიანებლის პრეტენზია ჰქონდა, ევროპაში პოპულარული ლოზუნგის თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის გამოყენება განიზრახა. ევროპასთან დიპლომატიური ურთიერთობის განახლებას იმპულსი ერთმა შემთხვევამ მისცა.
   1493-1494 წლებში, კონსტანტინე მეფემ თავისი კარის ეკლესიის მოძღვარი ხუცესი ნილო ელჩად გაგზავნა ეგვიპტეში. უნდა აღინიშნოს, რომ გვიანფეოდალური საქართველოს მეფე-მთავრები ელჩებად უმეტესწილად სასულიერო პირებს აგზავნიდნენ, რაც განპირობებული იყო მათი განათლებით, ენების ცოდნით, ამტანიანობით, ხელისუფლისადმი ერთგულებითა და ფსიქიკის მდგრადობით.
   ხუცესი ნილო ცნობილია კირ-ნილოსის სახელითაც, რაც, ქართველი მეფის მიერ ევროპაში გაგზავნილი ბერძნულად დაწერილი სიგელების გავლენა იყო. ჩვეულებრივ, ქართველი მეფეები დასავლეთ ევროპასა და რუსეთში ბერძნულად დაწერილ სიგელებს აგზავნიდნენ. ნილო, ზოგიერთ დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც წმინდა ბასილის ორდენის წევრი.
   ნილოს კაიროში მოლაპარაკების შესახებ არავითარი ცნობა არ გაგავაჩნია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი ეგვიპტის სულთანთან გაგზავნის უმთავრესი მიზანი, იერუსალიმში გოლგოთაზე ქართველთა ინტერესების დაცვის საქმეში სულთნის მხარდაჭერის მოპოვება იყო.
   აღსანიშნავია, რომ საუკუნენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველ ბერმონაზვნებს ბრძოლა ჰქონდათ გოლგოთაზე პირველობისათვის ჯერ სომხებთან, შემდეგ კი კათოლიკებთან. 1492 წელს მათ მიაღწიეს იმას, რომ ადგილობრივმა სასამართლომ გოლგოთის თხემი გაყო ორ ნაწილად, ჩრდილოეთი ქართველებს დარჩათ, სამხრეთი კი ფრანცისკანელებს. ქართველები იერუსალიმის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი იყვნენ და გოლგოთაზე თავიანთი სტატუსის აღდგენას ცდილობდნენ. ვფიქრობ, საკითხის მოგვარება დაევალა მამლუქ მბრძანებელ ალ-აშრაფ საიდ ად-დინ კაიტბეისთან გაგზავნილ ხუცეს ნილოს. ქართლის სამეფო კარისათვის ცნობილი იქნებოდა ის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ეგვიპტის სულთანსა და ფრანცისკანელებს შორის არსებობდა და კონსტანტინე II ამ მდგომარეობის გამოყენება სცადა.
   ქართველი მეფეების მიერ, იერუსალიმის სიწმინდეების გამო, ეგვიპტის სულთნებისათვის ელჩების გაგზავნის ეს პირველი შემთხვევა არ იყო, მაგრამ ეგვიპტესთან ურთიერთობის მხოლოდ ფრაგმენტული ცნობები გაგვაჩნია. გავიხსენოთ თამარ მეფისა და გიორგი V ბრწყინვალის მიერ ელჩების გაგზავნა იერუსალიმის ეკლესია-მონასტრების გამოსახსნელად. ტრადიციის გამგრძელებლად გვევლინება ქართლის მეფე კონსტანტინე II. რაც შეეხება, ამ უკანასკნელის მიერ ეგვიპტეში ხუცესი ნილოს გაგზავნა ანტიოსმალური კოალიციის შესაქმნელად, როგორც მიღებულია ჩვენს ისტორიოგრაფიაში, არ მგონია, რომ სიმართლეს შეეფერებოდეს.
   მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ XV ს. 80-90-იან წლებში ოსმალეთი საქართველოს პრობლემებს ჯერ არ უქმნიდა. აღმოსავლეთი საქართველო, ირანის ტერიტორიაზე არსებული თურქმანების აყ-ყოინლუს სახელმწიფოს აგრესიას განიცდიდა. მაგრამ ქართველი დიპლომატები ოსმალეთის საწინააღმდეგო გეგმებზე თუ ლაპარაკობდნენ, ამით უნდოდათ საქართველოს სატკივარი (ირანი) ქრისტიანული ევროპის სატკივართან (ოსმალეთი) მიებათ და ანტიისლამური ბრძოლის ინტერესი გაეღვივებინათ როგორც ეგვიპტეში, ისე ევროპაში. საქართველო, რა თქმა უნდა, თვითონაც, როგორც ქრისტიანული ოჯახის წევრი, აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა მუსლიმანთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველი ელჩი, სულთანთან მოლაპარაკების დროს თუ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მზადყოფნას გამოსთქვამდა (რაზეც არავითარი ცნობა არ გაგავაჩნია), მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეგვიპტის სახელმწიფო ინტერესებისათვის აქტუალური იყო და სულთანი უნდა წაეხალისებინა, რათა ქართველებს იერუსალიმის ეკლესია-მონასტრების დაბრუნება-შენარჩუნებაში დახმარებოდა. იერუსალიმის სიწმინდეების გამო ეგვიპტის სულთანთან ნილოს გაგზავნის მიზანი რომ პოლიტიკური ხასიათის მოლაპარაკება არ უნდა ყოფილიყო, ნათლად ჩანს კონსტანტინე მეფის მიერ ესპანეთის მეფეებისათვის გაგზავნილ წერილში: `ჰოი, რაოდენ მადლს მოკლებულია ჩვენი ნათესავი (ქრისტიანები)... ახლა კი გავიგეთ და მტკიცე იმედიც გვაქვს, რომ ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი, უღვთო აგარიანელებზე გამარჯვებას მოგვანიჭებს. რომელ საქმისთვისაც ჩვენ ჩვენი მოძღვარი მღვდელ-მონაზონი კირნილო ეგვიპტის სულთანთან ქაიროში წარვგზავნეთ, რომელმაც იგი დიდი სიხარულით მიიღო. (იცოდეთ, რომ) ჩვენ სხვა მხრივ უწმინდურებთან საერთო არაფერი გვაქვს~.
   ეჭვს არ იწვევს, რომ `აგარიანებში~, შუა საუკუნეებში, როგორც ქართველები, ასევე ევროპელები, ზოგადად, მუსლიმებს გულისხმობდნენ და არა მხოლოდ თურქებს. Kკონსტანტინე მეფე იმასაც ნათლად ამბობს, რომ მან ნილო ქაიროში სხვა საქმისთვის (უეჭველია, ქართული მონასტრების საკითხის მოსაგვარებლად) გაგზავნა. ჩვენ სხვა მხრივ უწმინდურებთან (მუსლიმებთან, მათ შორის ეგვიპტელებთანაც) საქმე არა გვაქვსო.
   წმინდა მიწაზე შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებით დაინტერესებულმა მეფე კონსტანტინემ ნილოსი რომში პაპ ალექსანდრე VI-სთანაც გაგზავნა, `რათა განეცხადებინა მისთვის თავისი მორჩილება, როგორც წმინდა მიწებზე ქრისტეს ნაცვალის მიმართ და ეთხოვა მისთვის შეეგულიანებინა დასავლეთის მეფეები საღვთო ომისათვის სარკინოზების წინააღმდეგ~. კონსტანტინე რომის პაპს პირდებოდა, რომ აღმოსავლეთის სხვა ქრისტიანებთან ერთად ისიც მონაწილეობას მიიღებდა მუსლიმების წინააღმდეგ ომში.
   კონსტანტინე II ესპანეთში გაგაზავნილ წერილში სრულიად გარკვევით აღნიშნავს, ვინ მიაჩნია მას თავისი ქვეყნის მტრად: `როგორც თქვენმა მეუფებამაც იცის, უღვთო სპასთაგან მარად ჟამს წამებული ვართ და მათ მრავალი ბოროტება მოგვაგეს ჩვენ~. მეფის ამ სიტყვების შემდეგ ესპანელებისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, ქართველები სპარსელებისა თუ თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში ითხოვდნენ დახმარებას.
   ხუცესი ნილოს მისია ეგვიპტეში რა მიზნითაც არ უნდა ყოფილიყო, მას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიის შესასწავლად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართლის სამეფოსა და მამლუქთა ეგვიპტეს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, აღნიშნული დროიდან მოყოლებული, ორივე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეწყვეტილა ოსმალების მიერ ეგვიპტის დაპყრობამდე.
   ამ ელჩობის ისტორიული მნიშვნელობა იმაშიც მდგომარეობს, რომ კაიროდან წამოსულმა საქართველოს ელჩმა ნილომ იერუსალიმში გაიარა, სადაც ესპანეთის ელჩს მარტინ დიას დე აუქსშს, მეფის პაჟს, შუბოსანს შეხვდა, რომელიც წმინდა ქალაქში იყოფებოდა გარკვეული დავალებით: ესპანეთის მეფეების ფერდინანდისა და იზაბელას ელჩს წმინდა ქალაქის ქრისტიანებისათვის ეცნობებინა სასიხარულო ამბავი _ მუსლიმთა ხელიდან გრანადას განთავისუფლება. ამ უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობის ფაქტმა, სავარაუდოა, ქართველი ელჩს ჩააგონა ესპანეთის ეს დიდი წარმატება თავისი ქვეყნის ინტერესებისაათვის გამოყენებინა და მან მარტინ დიას დე აუქსში საქართველოში წამოიყვანა.
   მხოლოდ გაკვირვების გამოხატვა შეიძლება ამ ორი, საქართველოს და ესპანეთის, ელჩის საქციელის გამო: როგორ შეძლო ნილომ ესპანეთის ელჩის დაყოლიება, რომ ამ უკანასკნელს ასეთი გაბედული ნაბიჯი გადაედგა და თავისი მეფეების, ფერდინანდისა და იზაბელას, ნებართვისა გარეშე საქართველოში წამოსულიყო. შეიძლება ვარაუდი, რომ ელჩმა გაითვალისწინა რა ესპანეთის სამეფო კარის დიდი ინტერესი ახლო აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური ვითარებისადმი, მიიღო საქართველოში მიპატიჟება. სავარაუდოა, იგი გარკვეულ ცოდნას ფლობდა საქართველოს შესახებ, მისთვის ეს ქვეყანა არ იყო ტერრა ინკოგნიტა.
   ელჩის საქართველოში წამოსვლა, შეიძლება, იმ გზაზე შექმნილი საშიშროებითაც იყო გამოწვეული, რომლითაც იგი ესპანეთიდან იერუსალიმში ჩავიდა. Mმან არჩია საქართველოსა და ევროპისაკენ მიმავალი გზით ესარგებლა.
   ესპანეთის ელჩი საქართველოში დიდხანს არ დარჩა. მან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ქართლის სამეფო კარზე და იმდენად დააინტერესა ესპანეთთან ურთიერთობის სარგებლიანობით, რომ კონსტანტინე მეფემ მას თავისი ორი ელჩი _ ძმა ნილო და ძმა ზაქარია გააყოლა. მათ ახლდათ ორი მსახური. მეფემ თავის ელჩებს გაატანა წერილები, რომელთაგან ერთი განკუთვნილი იყო ესპანეთის მეფე-დედოფალ _ ფერდინანდისა და იზაბელასათვის, მეორე კი რომის პაპ ალექსანდრე VI-ისათვის. Mმეფემ თავის ელჩებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სიტყვიერადაც დააბარა. მათ სხვა საგანგებო დავალებაც მიეცათ: ესპანეთიდან წამოსული ქართველი სასულიერო პირები რომის პაპს უნდა ხლებოდნენ და მისთვისაც კონსტანტინე მეფის ეპისტოლე და სიტყვიერად დანაბარები უნდა გადაეცათ. მათვე გაატანეს პაპისათვის მისართმევი საჩუქრები. ელჩებმა გადაცურეს შავი ზღვა, აჰყვნენ მდ. დნეპრს და ლიტვა-რეჩ პოსპოლიტის სამფლობელოებზე გავლით ესპანეთისაკენ გაეშურნენ. კონსტანტინე მეფის ესპანეთის მეფისათვის განკუთვნილ წერილში, გაანალიზებული იყო მუსლიმთა გაძლიერებით შქმნილი მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. ქართლის მეფე ესპანეთის მეფეს აგრძნობინებდა, რომ მას, უმთავრესად, საერთო, საქრისტიანოს საქმეები აწუხებდა და მოუწოდებდა დასავლეთ ევროპის გაერთიანებული ძალებით აღედგინათ ბიზანტიისა და ტრაპიზონის სახელმწიფოები (პაპისადმი გაგზავნილ წერილში კი, როგორც ქვემოთ გამოჩნდება, იგი კონსტანტინოპოლსა და წმინდა მიწაზე ამახვილებს ყურადღებას).
   მეფე კონსტანტინეს მოწოდებას წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის და არა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის შესახებ, პაპი შემდეგნაირად გამოეხმაურა: `სრული აღფრთოვანებით შევხვდით თქვენს შესანიშნავ განზრახვას და გეგმას იესო ქრისტეს სარწმუნოების მიმართ ამბოხებულთა წინააღმდეგ ლაშქრობის შესახებ. ასეთი ლაშქრობა ყველგან მომზადდება და ის, რომ შენ ამ მხსნელი წამოწყებისათვის გვთავაზობ ლაშქარს შენი შვილის მეთაურობით, პატივახდილი საფლავების გაწმენდისა და ქრისტესათვის ჩაგრული ხალხის განთავისუფლების მიზნით, ძნელია გამოითქვას, რამდენად აღგვაფრთოვანა ამ ცნობამ და როგორ ღირსეულ მადლობას ვწირავთ ყოვლისშემძლე უფალს იმისათვის, რომ მან შენს უდიდეს გონებაში ჩასახა ასეთი მისწრაფება და მოვალეობის გრძნობა სარწმუნოების წინაშე; შენ იმდენად ამშვიდებ ჩვენს სულს და სურვილს ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისათვის და მისი მოძღვრებისათვის ზრუნვით, რომ გვახარებს ქრისტიანთა წარმატება~. ამონარიდი სრულიად ნათელს ხდის, რომ ქართლის მეფე ოსმალეთის სახელმწიფოს და მისგან შექმნილ საშიშროებაზე არ წერს რომის პაპს.
    კონსტანტინეს წერილში მხოლოდ ერთი წინადადებაა საქართველოს, კერძოდ, მისი სამეფოს, ქართლის მდგომარეობის შესახებ. ამავე წერილში გამოსჭვივის ირანის აგრესიით შეწუხებული ქვეყნის მეთაურის არაპირდაპირი თხოვნა მტრისაგან დასაცავად დახმარების შესახებ. სამაგიეროდ, თუ ესპანელები კონსტანტინოპოლის განთავისუფლებას შეეცდებიან, მაშინ კონსტანტინე მეფე მთელი თავისი ჯარით შეუტევს ოსმალეთს, რომელიც ქართველების კი არა, ევროპელთა თავის ტკივილი არის. ქართველი მეფე ესპანეთის ხელისუფლებას ელჩების დონეზე ურთიერთობის გაგრძელებას სთავაზობს.
   ქართველი ელჩები ესპანეთში ჩავიდნენ 1495 წლის იანვარში და იქ დარჩნენ დეკემბრამდე. მათი ესპანეთში ყოფნის შესახებ გვაქვს უაღრესად მწირი, მაგრამ საინტერესო ცნობები, რომელთა მსგავსი დასავლეთ ევროპაში გაგზავნილი არც ერთი ქართული ელჩობის შესახებ არ გაგვაჩნია.
ცნობილი ხდება, რომ ესპანეთის მთავრობამ ელჩებს გამოუყო ფული ტანისამოსის შესაკერად და ხუთი ჯორი მოგზაურობისათვის. მათ ემსახურებოდათ ერთი გამყოლი, ვინმე გარსია დე ბადახოსი. ელჩებს სამგზავრო ხარჯებისათვის გამოუყვეს 300 დუკატი ანუ 112.500 მარავედი.
   1495 წლის მარტში ელჩები სევილიაში ჩავიდნენ და ცხოვრობდნენ პედრო დე ჰუვარილიოს სახლში. ქალაქის სასტუმროების პატრონმა, მუნიციპალური საბჭოსა და გრაფი დე სიფუენტესის ბრძანებით, თავის თავზე აიღო ელჩების ამ ქალაქში ცხოვრების ხარჯები.
   ნილო და ზაქარია, იმავე წლის ივლისში, იმყოფებოდნენ ქ. ბურგოსში. აქ დაიწერა ესპანეთის მეფეების საპასუხო წერილი ქართველი მეფისადმი.
   წერილის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა ელჩებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს ესპანეთის სამეფო კარზე. ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც `შესანიშნავი, ღვთისმოსავი და ბრწყინვალე ორატორები~.
   ყურადღებას იპყრობს ნილოს და ზაქარიას მოხსენიება ორატორებად. ძველი რომის დიპლომატიურ სამსახურში იყვნენ სპეციალური ელჩები, რომლებსაც დანიშნულების ადგილას ზეპირად უნდა გადაეცათ ესა თუ ის დავალება. რადგან ქართველმა ელჩებმა, ფაქტობრივად, დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის უმთავრესი საკითხები წერილობითი სახით კი არ წაიღეს, არამედ ზეპირად უნდა მოეხსენებინათ, ამიტომ ესპანეთის დიპლომატიურმა უწყებამ მათ მიმართ გამოიყენა გარკვეული კატეგორიის ელჩებისათვის განკუთვნილი ეს სახელწოდება _ ორატორი.
   როგორც ჩანს, მეფე კონსტანტინემ გაითვალისწინა პაპის კურიის ინტერესი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკური ეკლესიისადმი დაქვემდებარების შესახებ და მას, დახმარების სანაცვლოდ დაპირდა, რომ თუ ფერარა-ფლორენციის კრების (1437-1439) გადაწყვეტილებს გაუგზავნიდა, მათ გაეცნობოდა და შესაბამის დასკვნას გამოიტანდა. ამ თხოვნით მეფე და მისი დიპლომატები პაპს გარკვეულ იმედს უსახავდნენ ეკლესიათა შეერთების შესახებ. Aამგვარად, ქართლის მეფე პაპს იმ გადაწყვეტილებების გაგზავნას სთხოვდა, რომლებიც, ერთ დროს, იმავე საეკლესიო კრების ქართველმა დელეგატებმა უარყვეს. აღფრთოვანებული პაპი, როგორც მისი ეპისტოლედან ჩანს, კონსტანტინეს პასუხობს: `ჩვენ უაღრესად მოხარული ვართ, რომ შენი უდიდებულესობა მიისწრაფის ნამდვილ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ჩასწვდეს და ჩვენი სახით სთხოვს ჩვენს უწმინდეს სამოციქულო ტახტს, მთელი ქრისტიანობის მეთაურს, ჩამოაყალიბოს ყველაფერი რაც კი შეეხება ამ სარწმუნოების სწორ დაცვას... ამიტომ ჩვენ ახლა გიგზავნით კრების დადგენილებას, წერილში ჩადებულს და ჩვენი ბეჭდით დალუქულს, და ვთავაზობთ შენს თავდადებულობას, უბრძანოთ: გაავრცელონ და მიიღონ იგი შენი ქვეყნის ყველა პროვინციაში, როგორც ქრისტეზე, უფლის ჭეშმარიტ შვილზე, მითითებები და დადგენილებები... მაშინ ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთიანნი და ახლობელნი... მაშინ ვერც ერთი მტრული იარაღი ვერავითარ ზიანს ვერ მოგვაყენებს, ვინაიდან მჯერა, რომ მათზე გაიმარჯვებს მეუფება~. რამდენადაც ცნობილი არ არის როდის ან როგორ დაბრუნდა ნილო სამშობლოში (დაბრუნდა კი?), ამდენად არც ის ვიცით როგორი რეაქცია ჰქონდა კონსტანტინე I-ს ფლორენციის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებზე.
   ესპანეთის კათოლიკე მეფეები (ასე უწოდებდნენ ფერდინანდსა და იზაბელას) დიდ სიხარულს გამოხატავენ ქართველი მეფის კათოლიკური სარწმუნოებისადმი `ერთგულებისა, მისდამი სამსახურისა და პატივისცემის გამო~. საინტერესოა რას გულისხმობდა კონსტანტინე მეფე კათოლიციზმისადმი გამოთქმულ სიტყვებში? მისი გარკვევა საჭიროა იმიტომაც, რომ გააზრებული იქნეს ხუცესი ნილოს მიერ კათოლიკობის `აღიარება~ ესპანეთში ან რომში. ქართველმა საეკლესიო და საერო მოღვაწეებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ 1245 წელს (ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებამდე დიდი ხნით ადრე) პაპმა ინოკენტი IV-მ (1243-1254), აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანების გასაერთიანებლად, ლიონში მოიწვია XIII მსოფლიო საეკლესიო კრება. კრების დაწყების წინ პაპს უნდოდა ამ ქალაქში შეეკრიბა აღმოსავლეთის ეკლესიების იერარქები, რათა ისინი შეერთებოდნენ რომის ეკლესიას და ერთობლივად ებრძოლათ მონღოლთა საშიშროების წინააღმდეგ. 25 მარტს პაპმა თავისი წარმომადგენლების ხელით გაუგზავნა წერილები ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მათ შორის `ივერიელებისა~ და `ქართველების~ იერარქებს. წერილებში ხაზგასმული იყო რომის უპირატესობა, გამოთქმული იყო დიდი მწუხარება ქრისტიანთა გაყოფის გამო და ადრინდელი ერთობისაკენ მოუწოდებდა.
   საეკლესიო კრების შემდეგ, იმავე წლის 15 ივლისს, ინოკენტი IV-მ კვლავ მოუწოდა საქართველოს პატრიარქს (არსენ IV, 1241/2-1249/50), `დაუბრუნდეს ერთიან ეკლესიას~. პაპის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იყვნენ კათოლიკური სახელმწიფოები, მათ შორის ესპანეთის ის სამეფოებიც, რომლებიც კათოლიციზმის გამარჯვების ლოზუნგით ჯერ კიდევ არაბებს ებრძოდნენ. ესპანეთის გაერთიანების შემდეგ კი, ფერდინანდი თავგამოდებული კათოლიკე იყო (რად ღირს იმის აღნიშვნა, რომ მან და ისაბელმა 1480 წელს კასტილიაში შემოიღეს ინკვიზიციის ტრიბუნალი). Yყოველივე ეს ქართლის სამეფო კარზე ცნობილი იყო იერუსალიმიდან პერიოდულად მიღებული ინფორმაციებით, ბევრ რამეს ნილოსთან ერთად საქართველოში მოსული ესპანეთის ელჩისგანაც შეიტყობდნენ. Kკონსტანტინეს მიერ კათოლიციზმისადმი გამოხატული დამოკიდებულება მხოლოდ ესპანეთის კათოლიკე მეფეების გულის მოგებისათვის იყო და მას რეალური საფუძველი არ ჰქონდა. ამას მათქმევინებს შუა საუკუნეების საქართველოს დასავლეთ ევროპასთან ხანგრძლივი ურთიერთობის ანალიზი. Aარ გაგვაჩნია არც ერთი დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი, რომელიმე მეფის, კარისკაცის ან სასულიერო პირის მიერ კათოლიკობის მიღებისა, გარდა პოლიტიკური მოსაზრებით `აღიარებისა~ და შემდეგ მონანიების ორიოდე შემთხვევისა.
   ესპანეთისMმეფეების წერილიდან ჩანს, რომ მათთვის ცნობილია საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ საიმედოს არაფერს პირდებიან. მთავარია ქართველებმა კათოლიციზმის გამარჯვებისათვის იბრძოლონ: `როგორც გვიამბეს, ყოველდღიურად უსიამოვნებები გაქვთ და საფრთხე არ გშორდებათ, რასაც დიდი გულისტკივილით განვიცდით და მაინც ყველაფრისათვის მადლი უნდა შევწიროთ უფალს და შევევედროთ, რომ თქვენცა და მთელი საქრისტიანო, ურწმუნოთა ძალისა და ბატონობისაგან გამოიხსნას, დაიცვას და გამარჯვებული ატაროს. ეჭვი არ არის, უფალი ღმერთი ამ საქმეში თავის ღვთიურ წყალობას არ მოგვაკლებს, თუ თქვენი ბრწყინვალება კათოლიკური სარწმუნოების დაცვისა და განახლებისათვის ძველებური შემართებით იბრძოლებს და მტერს შეაჩერებს. ამის განსახორციელებლად აუცილებელია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რისთვისაც კვლავ თხოვნით მივმართავთ თქვენს ბრწყინვალებას და უფლის გულისათვის ვევედრებით... დანარჩენ წინადადებებს, თქვენი სიტყვები რომ გადმოგვცეს ზემოხსენებულმა ორატორებმა, ვიწონებთ და ასეთი სიკეთისათვის დიდ მადლობას გწირავთ... სხვა რამეებზეც გულწრფელი პასუხები გავეცით ხსენებულ ორატორებს; ისინი რასაც იტყვიან, თქვენი ბრწყინვალება ინებებს მათთვის მფარველობის გაწევას~.
   წერილიდან არ ჩანს კონკრეტულად რა მოთხოვნები ჰქონდა მეფე კონსტანტინეს, რომლებზე პასუხიც ესპანეთის მეფეებმა ასევე ზეპირად გამოუგზავნეს. კონსტანტინე მეფის და ესპანეთის მეფეების წერილებს როდესაც ვეცნობით, ნათელი ხდება, რომ 130 წლის შემდეგაც კი (გავიხსენოთ ცნობილი სასულიერო მოღვაწისა და დიპლომატის ნიკიფორე ირბახის _ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ელჩობა ესპანეთსა და რომში), თითქმის არაფერი შეიცვალა ქართველი მეფის ესპანეთის სამეფო კარისადმი სათხოვარსა და ამ უკანასკნელის პასუხში. შინაარსობრივად რამდენად ახლოსაა წერილები ერთმანეთთან, როგორ ნაცნობია ქართველი მეფის პათოსი ქრისტიანობის მტრებთან ბრძოლის შესახებ, შეპარვით თხოვნა ირანის აგრესიისაგან თავდაცვაში დახმარების შესახებ და ესპანეთის მთავრობის დინჯი, დამრიგებლური ტონი. რა თქმა უნდა, იმ შორეულ წარსულში იმ მანძილს რითაც საქართველო და ესპანეთი ერთმანეთისაგან დაშორებული იყო გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ეს მომენტი მაინც გადამწყვეტი არ იყო, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს. უბრალოდ, XV საუკუნის 90-იან და XVII საუკუნის 20-იან წლებშიც ესპანეთის სახელმწიფოს ინტერესებს არ შეესაბამებოდა საქართველოსათვის დახმარება და მისი გულისათვის არც ირანისა და არც ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ხომ ცნობილია, ესპანელები, როცა მათი სახელმწიფოს ინტერესებისათვის საჭირო იყო, მანძილსა და ხიფათს არ უშინდებოდნენ. ეს განსაკუთრებით ითქმის XVII ს. I ნახევარის ესპანეთზე. ასე, რომ ესპანეთის მიერ საქართველოსათვის დახმარების არ გაწევა ამ ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი მანძილის გამო გამართლება, სწორად არ მიმაჩნია.
   როგორც ითქვა ესპანეთში ორი ქართველი ელჩი _ მღვდლები ნილო და ზაქარია იმყოფებოდნენ, რომში კი მივიდა მხოლოდ ნილო. ამის შესახებ აღნიშნულია პაპი ალექსანდრე VI-ის საპასუხო წერილში კონსტანტინე მეფისადმი. გამოთქმულია ვარაუდი, თითქოს ზაქარია გზაში გარდაიცვალა. შეიძლება ეს მართლაც ასე მოხდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ზაქარია, მეფის სხვა დავალებასაც ასრულებდა, ან იგი ესპანეთიდან პირდაპირ სამშობლოში დაბრუნდა.
  ნილომ რომიდან წამოიღო ალექსანდრე VI-ის საპასუხო წერილი, რომელშიც ავტორი იწონებს მეფე კონსტანტინეს წერილში დასმულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს: 1. მეფის მიერ სამოციქულო ტახტისადმი პატივისცემისა და ერთგულების გამოხატვას; 2. მუსლიმანთა წინააღმდეგ ლაშქრობის მოწყობის მოწოდებას; 3. წმინდა მიწის განთავისუფლებისათვის ზრუნვას; 4. მისწრაფებას, ჩასწვდეს ნამდვილ მართლმადიდებლურ (ამ შემთხვევაში კათოლიკურ) სარწმუნოებას და პაპს სთხოვს `ჩამოაყალიბოს ყველაფერი, რაც კი შეეხება ამ სარწმუნოების სწორ დაცვას~; 5. პაპმა გაუგზავნოს `სარწმუნოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ჩამოყალიბებულია ფლორენციის კრებაზე~. პაპმა კონსტანტინე II-ს მხოლოდ ბოლო, მეხუთე თხოვნა შეუსრულა: მან კონსტანტინეს გაუგზავნა ფლორენციის კრების გადაწყვეტილება და ტყვიით დაბეჭდილი წერილი.
   ი. ცინცაძემ პაპის მიერ ხუცესი ნილოსთვის მიცემულ სარეკომენდაციო ბარათის მიხედვით დაასკვნა, რომ იგი ევროპიდან სამშობლოში კათოლიკედ დაბრუნდა. ამის დაჯერება შეუძლებელია, რადგან პაპის მიერ გაცემულ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია. მასში ნილო მოხსენიებულია მხოლოდ წმ. ბასილის ორდენის წევრად. Aამ დროს ბასილიანობის მიმართ რომის დამოკიდებულება კომპრომისული იყო, რადგან აღნიშნული მიმდინარეობის წევრობა, როგორადაც ევროპაში ელჩებად გაგზავნილი ქართველი სასულიერო პირები თავიანთ თავს აცხადებდნენ ხოლმე, რაღაც საშუალო რგოლი იყო მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის. ისიც უნდა ითქვას, რომ XV საუკუნეში რომის ეკლესია გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა ქართული ეკლესიის მიმართ. შეიძლება გავიხსენოთ ერთი ფაქტი: ნილოს რომში ყოფნის დროს პაპის ალექსანდრე VI-ის კანცელარიაში 1496 წელს სპეციალურად ქართლის მეფე კონსტანტინე მეორესათვის შეიქმნა საინტერესო დოკუმენტი _ `სამახსოვრო~. მასში ნაბრძანებია, რომ სიტყვა-სიტყვით გადაწერონ ალექსანდრე VI-ის წინამორბედი პაპის ევგენიუს IV-ის (1431-1447) ერთი წერილი, აღმოჩენილი მის რეესტრში (ჩანაწერების წიგნი). წერილი შეიცავდა ევგენიუს IV-ის იმ დათმობებს ქართული ეკლესიის მიმართ, `რომელიც გადმოცემულია (ეხლა, 1496 წელს) ჩვენს მიერ ქრისტეს უსაყვარლესი შვილის ქართველთა უბრწყინვალესი მეფის კონსტანტინეს მიმართ. წერილი ამტკიცებს, რომ მეფე საჭიროებს ასეთ დათმობას მის ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების არსებობისათვის. მეფის ასეთი დაჟინებითი თხოვნის გამო ჩვენ ვუბრძანეთ გადასცენ (წერილის) შინაარსი, რომელიც გამოიხატება შემდეგში...~. ალექსანდრე VI-ის წერილში სამი წერტილია დასმული და აღარ ჩანს რაში მდგომარეობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისადმი დათმობები. მხოლოდ ნათქვამია, რომ `ქართველი მეფე უერთდება რომის ეკლესიას. ქართველები... რომის ეკლესიასთან მათი ერთიანობის აღდგენა. 1496 წელი~.
   კონსტანტინეს კათოლიკურ ეკლესიასთან `შეერთებასა~ და `ერთიანობის აღდგენაში~, ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და რომის ეკლესიას შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების გაბათილება იგულისხმება. რამდენად გაიზიარა საქართველოს ხელისუფლებამ ევგენიუს IV-ის წინადადებები თუ დათმობები, ამის გარკვევა დღეს შეუძლებელია. Mმაგრამ გვაქვს ზოგიერთი მინიშნება, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის რომსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე.
   საქართველოს წარმომადგენლის არგუმენტირებულმა პროტესტმა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებების გამო, აიძულა პაპი ევგენიუს IV დათმობებზე წასულიყო ქართული ეკლესიის მიმართ. სამწუხაროდ არ გვაქვს ის დოკუმენტი, რომელშიც კონკრეტულად აისახა ის დათმობები, რომლის საფუძველზე ნახევარი საუკუნის შემდეგ, პაპის ალექსანდრე VIის ბრძანებით, სპეციალურად ქართლის მეფე კონსტანტინე მეორესათვის 1496 წელს `სამახსოვრო~ შეადგინეს.
   ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების შემდეგ რომ საგრძნობლად შესუსტდა ურთიერთობა საქართველოსა და რომს შორის, ამის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ 1328 წელს თბილისში გადმოტანილმა კათოლიკე ეპისკოპოსის კათედრამ, კრების შემდეგ არსებობა შეწყვიტა. კარგა ხანს თბილისში კათოლიკე ეპისკპოსები აღარ იყვნენ. კათედრა აღსდგა მხოლოდ 1493 წელს.
   აღნიშნულიდან გამომდინარე, საეჭვოა, რომ რომში იმგვარი ზემოქმედება მოეხდინათ ხუცეს ნილოზე, რომ იგი კათოლიკობის აღიარების აუცილებლობის წინაშე დამდგარიყო, რასაც შემდგომ პერიოდში რომის პაპები ქართველებისაგან კატეგორიულად მოითხოვდნენ.
   მართალია, მღვდელ ნილოს ელჩობის შედეგებზე ცნობები არ გაგვაჩნია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რაიმე სერიოზულის მიღწევა შეუძლებელი იყო. იმ სახელმწიფოებს (ეგვიპტე, ესპანეთი, რომი), რომელთა მეთაურებთანაც მან მოლაპარაკებები აწარმოვა, თავიანთი პრობლემები და ინტერესები ჰქონდათ.
3. ესპანური მასალები XVI საუკუნის საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიის ზოგიერთი ეპიზოდის შესახებ.
   გადის თითქმის ნახევარი საუკუნე და ესპანურ წყაროებში ჩნდება მცირე ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ვიდრე უშუალოდ დოკუმენტს გავეცნობოდეთ, მანამადე უნდა ითქვას შემდეგი: დოკუმენტის შინაარსი მიგვანიშნებს, რომ ესპანეთის სამეფო კარი რეგულარულად იღებდა ცნობებს ახლო აღმოსავლეთიდან. იგი საქართველოში მიმდინარე ამბებისა საქმის კურსში იყო. ასე იყო ყოველთვის, როდესაც ახლო აღმოსავლეთშო მწვავდებოდა ვითარება ოსმალეთისა და ირანის დაპირისპირების შედეგად. სამეფო კარის აღმოსავლეთის საკითხებით დაინტერესების მაჩვენებელია იმ კორესპონდეციების ნაკადი, რომელიც მისი ელჩებისა და აგენტების მიერ აღმოსავლეთიდან ესპანეთში იგზავნებოდა.
   1548 წლის მაისით დათარიღებულ დოკუმენტში, რომლის სათაურია `იბერიის მეფის წინადადება კარლოს V-ს1~, არის მოკლე მიმოხილვა იმ მასალისა, რომელიც ერთჯერად შევიდა სამეფო კანცელარიაში. სავარაუდოა, იქ მსგავსი წერილები მცირე რაოდენობით არ იყო, მაგრამ ისინი მკვლევართათვის მიუწვდომელი დარჩა. დოკუმენტში ვკითხულობთ: `კონსტანტინოპოლის პატრიარქმა2 კაპადოკიის მიტროპოლიტის ხელით კარლოს V-ს გაუგზავნა თავისი და იბერიის მეფის წერილები. ეს წერილები დაწერილი იყო 1548 წლის მარტში. ისინი იქ მიიტანა ხსენებულმა ეპისკოპოსმა. ამ წერილებში ნათქვამი იყო, რომ თუ მისი დიდებულება მოისურვებს წამოიწყოს ლაშქრობა აღმოსავლეთში, ეს მეფე [იბერიის მეფე] მას დაეხმარება 30 ათასი კაცით და მასთან ერთად გაგზავნის თავის ერთ ვაჟიშვილს3. პატრიარქი ადასტურებს, რომ ყველა ქრისტიანი, რომელიც იმყოფება კონსტანტინოპოლში, მზად არის იმისათვის, რომ ხელთ აიღოს იარაღი და მოკვდეს მისი უდიდებულესობის სამსახურში~.
   დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ოსმალეთთან დაპირისპირებული ქვეყნების ტრადიციული საგარეო პოლიტიკის გაგრეძელებასთან. კერძოდ, 1547 წელს ოსმალეთმა ზავი დასდო ჰაბსბურგების სახელმწიფოსთან და უნგრეთთან და მაშინვე ომი განაახლა ირანთან. ოსმალეთმა ომის დასაწყისშივე დიდ წარმატებასაც მიაღწია.
შენიშვნები
1. კარლ V ჰაბსბურგი, საღვთო რომის იმპერატორი ჰაბსბურგების დინასტიიდან 1519-1556 წლებში.
2. ამ დროს კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო დიონისიუს II (1546-1555).
3. ლუარსაბ მეფის შვილებიდან ცნობილია მხოლოდ ორი _ სვიმონი და დავითი. სვიმონი (შემდეგში ქართლის მეფე სვიმონ I, 1556-1569, 1578-1600) დავითზე უფროსი იყო. სვიმონი 1548 წლისთვის უნდა ყოფილიყო მხოლოდ 11 წლის, იგი დაიბადა 1537 წელს. დავითის დაბადების წელი უცნობია.
*   *   *
   ოსმალეთის მიერ აგრესიული ომის წარმართვა აღმოსავლეთის მიმართულებით არ აწყობდათ ამ რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ირანსა და საქართველოს. რაც შეეხება ომის მსვლელობით დაინტერესებულ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და მის პატრიარქს, ოსმალების მიერ სამხედრო ოპერაციების წარმართვა ირანისა და საქართველოს საწინააღმდეგოდ, მიუღებელი იყო იმ უბრალო მიზეზით, რომ ამის შემდეგ ევროპის სახელმწიფოები შეწყვეტდნენ დასავლეთიდან ოსმალეთზე სამხედრო ზეწოლას და, მათი ვარაუდით, დიდ ხნით გადაიდებოდა კონსტანტინოპოლისა და საბერძნეთის გათავისუფლება და ბიზანტიის სახელმწიფოს აღდგენა. აღნიშნულით იყო განპირობებული კონსტანტინოპოლის პატრიარქის აქტიურობა. აღმოსავლეთის პოლიტიკოსების გაგებით, ოსმალეთის დაძლევა მხოლოდ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ერთდროული შეტევით შეიძლეოდა.
   ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ლაშქრობა დაიწყო 1548 წლის 29 მარტს. სავარაუდოა, `იბერიის მეფე~ ლუარსაბ I და კონსტანტინოპოლის პატრიარქი დიონისიუს II თვალს ადევნებდნენ ოსმალეთის სამზადისს ირანის წინააღმდეგ, რაც საქართველოსათვისაც (ქართლისა და კახეთის სამეფოები, სამცხე-საათაბაგო) საშიშროებას შეიცავდა. ამიტომ 29 მარტამდე, ვიდრე ირან-ოსმალეთის ომი გაჩაღდებოდა, ესპანეთის მეფესთან გააგზავნეს თავიანთი წერილები, რომლებიც ანოტირებულია მაისის თვეში, კარლ V-ის კანცელარიაში.
   საინტერესოა, რომ ქართველი მეფე ლუარსაბის წერილის ველზე იყო მინაწერი: `თავის დროზე, ამბების მსვლელობის დროს, მოიგონებენ ამ მეფის (ლუარსაბ I-ის _ე.მ.) წინადადებას და მხარს დაუჭერენ მას~. სამწუხაროდ ცნობილი არ არის, როდის და ვინ დაუჭირა მხარი ლუარსაბ მეფის წინადადებას.
   1551 წელს სომხების, ქართველების და სირიელი მარონიტების სახიფათო მდგომარეობის ამსახველი და მათთვის დახმარების აუცილებლობაზე თხოვნის წერილი გაუგზავნია სომხების პატრიარქს სტეფანე V-ს1 (1545-1567). წერილის მიხედვით დასახელებულ ხალხებს ხიფათს უქმნიდა ირანსა და ოსმალეთს შორის მიმდინარე ომები. წერილის ადრესატი არის ესპანეთის მეფის კარლ V-ის მრჩეველი ანტონიო პერენოტი, გრანველის მბრძანებელი.
   ბუნებრივია, ირან-ოსმალეთის ხანგრძლივი ომების შედეგად, დასახელებული ხალხები ზარალდებოდნენ. წერილის ესპანეთში გაგზავნის წინ ოსმალებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. მათ თავრიზიც აიღეს 1548 წლის 27 ივლისს. ირანის ჯარმა მარცხი განიცადა სომხეთშიც. 1549 წლის ზაფხულში ოსმალებმა შეტევა დაიწყეს საქართველოზე, კერძოდ მის სამხრეთ ნაწილზე, სამცხე-საათაბაგოზე და მნიშვნელოვანი ციხეები დაიპყრეს. სამცხეში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. დასაშვებია, რომ სამცხის ათაბაგი მანუჩარ I-იც იყო ესპანეთში წერილის გაგზავნის ინიციატორთა შორის.
   24 აპრილის წერილში კვლავ მეორდება ქართველებისა და სპარსელების ანტიოსმალური გაერთიანების შესახებ: `ქართველები გაერთიანდნენ სპარსელებთან; მათ ჰყავთ ბევრი მძევალი, გააჩნიათ დიდი რწმენა; არის ქვეითი ჯარი, რომლის დახმარებითაც შაჰს იმედი აქვს, რომ გაიმარჯვებს~.
   იმავე წლის 4 ივლისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უკვე იცოდნენ სამცხის ათაბაგთა ოჯახის წევრის, ყვარყვარე IV ათაბაგის (1573-1582) უმცროსის ძმის მანუჩარის გამუსლიმების შესახებ. ხუან სორნოსა კონსტანტინოპოლიდან აცნობებდა, რომ `იმ ქართველმა, რომელიც წარსულში გამაჰმადიანდა2, საზეიმოდ გაიარა წინდაცვეთის წესი და გახდა თავისი ქვეყნის ბეგლარბეგი. მისი ძმა _ მისი უფროსი, ჯერ რჩება თავისი რელიგიის ერთგული და იგი აიძულეს წასულიყო სოფელში, რათა ჩაკეტილიყო თავის სახლში შავი ჭირის საშიშროების გამო~. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ყვარყვარე IV-ისა და მანუჩარის კონსტანტინოპოლში ყოფნის შესახებ საკმაო ცნობებია შემონახული სხვადასხვა ენაზე. ამჯერად ციტირებული ცნობის სიახლეს წარმოადგენს ის, რომ ყვარყვარეთი უკმაყოფილო ოსმალეთის ხელისუფლებას, იგი ძმისაგან ჩამოუშორებია და სადღაც სოფელში ჩაუკეტია.
შენიშვნები
1. დოკუმენტის ანოტაციაში შეცდომით დასახელებულია სტეფან III, რომელიც X საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწე იყო.
2. 1579 წლის 25 ივნისი.
*   *   *
   ფრიად საყურადღებო ცნობას მანუჩარ II-ის და მისი დედის _ დედისიმედის შესახებ ვნახულობთ კრისტობალ დე სალასარის მიერ ვენეციიდან მეფე ფილიპე II-სთან გაგზავნილ წერილში. მართალია, იგი ვენეციაშია დაწერილი, მაგრამ მოცემული ამბის შესახებ ინფორმაცია კრისტობალს კონსატანტინოპოლიდან უნდა მიეღო, რაზეც მისი შინაარსი მიგვანიშნებს. მასში ნათქვამია: `მოვიდა ერთი ქართველი. რომელიც ამბობდა, რომ იგი არის ამ ხალხის ელჩი და ჩამოვიდა თურქებსა და სპარსელებს შორის საზავო მოლაპარაკების მიზნით. ამის გამო მის მიმართ გამოიჩინეს დიდი ყურადღება: მის შესახვედრად გაგზავნეს ბევრი ჯარისკაცი, ხოლო მოსაყვანად _ ორი გალერი. სინამდვილეში კი იგი გაგზავნილი იყო ერთ-ერთი ქართველი მმართველი ქალბატონის მიერ, რომლის სამფლობელო ესაზღვრება თურქეთის მიწებს ერზერუმის მხრიდან.
   ამ მმართველ ქალბატონს ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თურქებთან (ამბობენ, რომ ეს ქართველი იყო ამ ქალბატონის ვაჟი), რათა ამ ქართველი ქრისტიანისათვის _ მისი ვაჟიშვილისათვის მიეცათ ზოგიერთი პრივილეგია და ასევე მოეხსენებინა, თუ რა გაკეთდა მისი მმართველობის დროს~. ის, რაც წერილშია ნათქვამი მანუჩარის კონსტანტინოპოლში ჩასვლის მიზეზთან დაკავშირებით (ირან-ოსმალეთს შორის ზავის დადებაში შუაკაცობის შესახებ) სრულიად უცნობი ფურცელია მანუჩარის მოღვაწეობიდან და არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ჯერ ერთი, 8 ივლისს, წერილის დაწერის დროს, მანუჩარი კონსტანტინოპოლში აღარ იმყოფებოდა. მანუჩარი და ყვარყვარე 1579 წლის 15 ივლისს სამშობლოში დაბრუნდნენ. მეორეც, ძმების კონსტანტინოპოლში მისვლა და მანუჩარის წინდაცვეთა დიდი ზეიმით აღინიშნა და წერილის დაწერის დროისათვის სულ ახალი მომხდარი ამბავი იყო. ძმების სამშობლოში გამომგზავრების შემდეგ, ალბათ, ამ ქალაქში სხვა რომელიმე ქართული სამეფოს წარმომადგენელი ჩავიდა, რომლის ვინაობა ესპანელმა დროულად ვერ გაარკვია და თავის მეფეს არასწორი ინფორმაცია გაუგზავნა.
   ხუან დე მარლიანის Aანტონიო პერესისადმი გაგზავნილ წერილებში (21, 23, 24 აპრილი), რომლებიც ადრესატმა 9 ივლისს მიიღო, ნათქვამია, რომ დასახელებული ხუან დე მარლიანი ვინმე ჯაკომო მორმორაისა და ვენეციელ ბაილოს შეხვედა. საუბარი იყო მრავალ საკითხზე, მაგრამ ყურადღება განსაკუთრებით გაუმახვილებიათ ირან-ოსმალეთის ომზე. ბაილოს უთქვამს, რომ ის წარმოადგენს ინფორმაციას, რომელიც მას პატრიარქმა გაუგზავნა, მაგრამ რომელმა პატრიარქმა, ამას არ აღნიშნავს, ალბათ იმიტომ, რომ მოსაუბრეთათვის ცნობილი იყო ვის გულისხმობდა ვენეციელი ბაილო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელსაც სხვა პატრიარქებთან შედარებით სანდო და სწორი ინფორმაციის მოპოვების მეტი საშუალება ჰქონდა. უსაუბრიათ იმ სამხედრო ძალაზე, რომელიც გააჩნდათ ქართველებს; განუხილავთ ის საშუალებები, რომლებიც ოსმალეთის ჯარის სარდალმა ლალა Mმუსტაფა ფაშამ გამოიყენა საქართველოში შესაჭრელად; ბოლოს ისიც უთქვამთ, რა გზით შეიძლებოდა ცნობების მოპოვება ომის მსვლელობაზე.
   საკითხის განხილვის დროს თქმულა, `რომ ქართველთა ქვეყანაში არის ოთხი მმართველი, რომ მათგან ყველაზე პატარას ჰყავს 5 ათასი ფეხოსანი და ცხენოსანი მებრძოლი, მეორეს _ 10 ათასი, მესამეს _ 40 ათასი და მეოთხეს _ 60 ათასი; და რომ მათი გაერთიანებული ძალები საკმარისი იქნება, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ თურქების ჯარების წინსვლას. ამას ხელს შეუწყობს კიდევ ორი ფაქტორი: ქვეყნის ძნელი გასასვლელი ადგილები და ის, რომ ქართველი ჯარისკაცები უკეთესები არიან, ვიდრე თურქები~. იმავე თათბირზე აღნიშნეს ქართველთა სუსტი მხარე, კერძოდ, სამხედრო ძალის ოთხ ნაწილად დაქსაქსვა. აღნიშნეს, რომ როდესაც მუსტაფამ პირველ-ორ სამფლობელოში გაიარა (მოთათბირენი გულისხმობდნენ სამცხე-საათაბაგოსა და ქართლის სამეფოს), ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოსმალებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია ძალის უკმარისობის გამო. ოსმალებს მათთვის საჩუქრები და რაღაც დაპირებებიც მიუციათ. `მესამემ (კახეთის მეფემ) დაინახა, რომ მუსტაფა ფაშა იმყოფება მის მიწაზე, მიხვდა, რომ ორის ძალა არაა საკმარისი წინააღმდეგობის გასაწევად, ხოლო დახმარებას არ უწევს მათ, ვინაიდან მტერი მის სამთავროში კი არ შეიჭრა. ამიტომ მისცა მათ უფლება გაევლოთ მის ტერიტორიაზე~. ისიც თქვეს, რომ Mმუსტაფა ფაშას აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში წარმატებების მოპოვებაში ხელი შეუწყო საქართველოს დაქუცმაცებულმა მდგომარეობამ. შემდეგ ქართველი მბრძანებლები გონს მოეგნენ და მუსტაფა ლალა ფაშას ხელს უშლიდნენ ჯარის მომარაგებაში, `თვლიდნენ, რომ მათ უკვე დაუშვეს შეცდომა, რომ მისცეს მუსტაფას ხსენებულ ქალაქში შესვლის უფლება და ახლა ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მისი შემდგომი გადასვლისათვის~. ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ოსმალებისათვის საშიში იყო საქართველოში ყოფნა, რადგან ამ ქვეყნის ოთხი მმართველი გაერთიანდა და ახლა წინააღმდეგობის გასაწევად საკმაო ძალა გააჩნიათ. ის ცნობაც დაუზუსტებიათ, რომლის მიხედვითაც სპარსელებს თითქოს თბილისი აუღიათ, ბეგლარბეგი და მრავალი თურქი მოუკლავთ. მაგრამ ყოველივე ეს მართალი არ აღმოჩნდა. წერილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ესპანეთის წარმომადგენლები აღმოსავლეთიდან სწორ ინფორმაციას უგზავნიდნენ თავის მთავრობას. მართლაც, თუ ჩავუკვირდებით წერილების შინაარსს, მათში ძირითადად, სწორადაა გადმოცემული საქართველოში ოსმალების შემოჭრის, საომარი ოპერაციების მიმდინარეობის, სვიმონ I-ის მეთაურობით ოსმალების წინააღმდეგ დაწყებული განმათავისუფლებელი ომის შესახებ. განხილული საკითხები მოიცავს 1578 წ. აგვისტოდან, ე. ი. ოსმალეთის ჯარების საქართველოში შემოჭრის დროიდან _ 1579 წლის აპრილამდე მომხდარ ამბებს.
   1579 წლის აგვისტოში შედგენილ `მოხსენებაში Mმუსტაფა ფაშას სამხედრო ოპერაციების შესახებ~, ყურადღება გამახვილებულია უმთავრესად საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და აქ მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. დოკუმენტში გამოკვეთილად ჩანს ესპანეთის სამეფო კარის სოლიდარობა ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მიმართ და მისი დაინტერესება საქართველოს გაერთიანებით, რათა მან უფრო ეფექტურად იბრძოლოს ესპანეთის სამეფო კარის ავსტრიელი ნათესავების _ ჰაბსბურგების ინტერესებისათვის, რომლებიც ესპანეთსა და მის სამფლობელოებს განაგებდნენ 1516-1700 წლებში.
   `მოხსენება~ იწყება ოსმალო სარდლის საქართველოს საზღვრებში შეჭრის და სამცხე-საათაბაგოს გამგებლებთან _ ალფაიეტ ბეისა (ყვარყვარე IV) და მანუჩართან მისი შეთანხმების გადმოცემით. იქიდანვე ვიგებთ, რომ სარდალმა მათ აღუთქვა `მნიშვნელოვანი ღირსებები და მმართველობა~.
   განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ერთი ცნობა სამცხის უმსხვილესი ფეოდალის კოკოლა შალიკაშვილის შესახებ. აი რას ვკითხულობთ `მოხსენებაში~: `იმ (საათაბაგოს _ე.მ.) საზღვრებში იყო კიდევ ერთი ქართველი ბატონი, რომელიც ატარებდა სახელს _ კოკოლა ბეი, რომელიც შვიდი თუ რვა წლის წინ, სეფიანების ერთგული, ქრისტიანობიდან ირანის სექტის მაჰმადიანი გახდა.
   იგი თავიდანვე წინააღმდეგობას უწევდა მუსტაფას, მაგრამ მიხვდა, რომ უკვე ვერ გაუმკლავდებოდა მას, თავის დედასთან, ცოლთან, ბავშვებთან და ყველა თავისიანთან ერთად შაჰთან გაიქცა~. კოკოლა1 შალიკაშვილი იყო ყვარყვარე IV-ისა და მანუჩარის დედის დედისიმედის მიერ მოკლული ვარაზა შალიკაშვილის ძე. კოკოლა, შაჰ თამაზის ცოლის ძმა იყო და აღნიშნული მკვლელობის შემდეგ იგი ათაბაგის ოჯახის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების მეთაური გახდა. მას სპარსელებიც ეხმარებოდნენ. ამიტომაც იყო, რომ საქართველოს საზღვრებში შემოჭრილმა ოსმალებმა პირველად კოკოლას სამფლობელოები დაიპყრეს, რომლის ერთი ნაწილი (მაგ. ახალქალაქი), მანუჩარს გადასცეს. ესპანურ წყარო იმ სიახლეს შეიცავს, რომ კოკოლას ოსმალების სამცხეში შეჭრის შემდეგ ცოლშვილიანათ თავი შეუფარებია ირანში. როგორც ჩანს, იგი შემდეგში ირანიდან დაბრუნდა და ოსმალებთან მორიგება შეძლო.
შენიშვნა
1. წყაროებში იგი სხვადასხვა სახელით გვხვდება: კიკოლა, აჰმუდ ხან დირაზის ძე, ვარაზა ოღლუ კაიკუდ-ხანი.
*   *   *
    `მოხსენებაში~ კვლავ ლაპარაკია საქართველოს დანაწევრების იმ უარყოფით შედეგებზე, რამაც ოსმალებს ამ ქვეყნის დამორჩილება და მასზე დაუბრკოლებლად გავლის შედეგად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ლაშქრობა გაუადვილა. კონკრეტულად დასახელებულია კახეთის მეფე ლევან ბეი (ლევან კახთა მეფე. სინამდვილეში ამ დროს მეფე იყო ალექსანდრე II), რომელსაც ირანის შაჰმა უსაყვედურა იმის გამო, რომ მან თავისი სამეფოს ტერიტორიაზე გაატარა ოსმალეთის ჯარი, რაც, მართლაც, ალექსანდრესა და ლალა Mმუსტაფა ფაშას შორის შეთანხმების შედეგად მოხდა3. ყურადღებას იქცევს ესპანელი მოხელეების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის იმ მნიშვნელობის მინიჭება, რომელსაც შეეძლო სერიოზული გავლენა მოეხდინა ირანოსმალეთის ომის მსვლელობაზე მის საწყის ეტაპზეც კი. ისინი ამიტომაც ამახვილებენ ყურადღებას საქართველოს გაერთიანების აუცილებლობაზე, მის დიპლომატიასა და შეიარაღებულ ძალებზე.
   ესპანური წყაროს მიხედვით, ალექსანდრე II არ ღებულობდა შაჰის მიერ გამოთქმულ საყვედურს. მისი პასუხი იყო, რომ მას არ შეეძლო ოსმალებისათვის წინააღმდეგობა გაეწია, რადგან სხვა ქართველმა მეფე-მთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. კახთა მეფე შაჰს დაჰპირდა, მომავალში, თუ სპარსელები დაეხმარებოდნენ ოსმალებს, წინააღმდეგობას გაუწევდა და თავის ტერიტორიაზე არ გაატარებდა. `უნდოდა, რა დარწმუნებულიყო სხვა ქართველ მმართველთა განზრახვაში, _ ვკითხულობთ `მოხსენებაში~, _ ლევან ბეიმ ჰკითხა მათ ამის შესახებ, ხოლო მხარი დაუჭირეს რა მის სურვილს, მათ დაიფიცეს თავიანთ შვილებთან და ცოლებთან ერთად ერთგულებაზე. ამიტომ შეუძლებელად წარმოგვიდგება, რომ მუსტაფა დაბრუნდეს ირანში ბრძოლის გარეშე, რამდენადაც თურქებსა და სპარსელებს შორის ძევს მეტად ძნელად გასასვლელი გზა _ საქართველო, სადაც იგი წინააღმდეგობას შეხვდება. მუსტაფამ ეს იცის.
   ხედავდა რა ამ შეუძლებლობას, მუსტაფამ გაიარა გასულ წელთან შედარებით, სამჯერ უფრო გრძელი გზა. ქართველ მმართველთ მიწებზე იგი ვერ გაივლიდა, ვინაიდან ისინი უეჭველად გაერთიანდებოდნენ, ხოლო ეს საკმარისი იყო, რომ იგი ვერ გასულიყო ამ ტერიტორიაზე~1.
   `მოხსენების~ ავტორს მოყვანილი აქვს ციფრები ქართველთა იმ შეირაღებული ძალისა, რომელსაც ისინი ოსმალებთან საბრძოლველად გამოიყვანდნენ: მანუჩარი _ 10 ათას ცხენოსანსა და ქვეითს, ყვარყვარე (ალფაეტ ბეი) _ 3 ათასამდე, ალექსანდრე II (ლეონ ბეი) _ 40 ათას ცხენოსანსა და 10 ათასი ფეხოსანს. `ყველა ისინი შედგებოდნენ რჩეული მებრძოლებისაგან და იყვნენ უფრო მამაცნი, ვიდრე თურქი ან სპარსელი~.
   `მოხსენების~ ავტორისათვის ცნობილია, რომ არის კიდევ ერთი ქართველი `მმართველი~, რომლის ტერიტორიაზე Mმუსტაფა ლალა ფაშას არ გაუვლია და მას არ დაემორჩილა. იგი მეფეთა მეფის ტიტულს ატარებს. მას შეუძლია გამოიყვანოს 50-60 ათასი მეომარი. ამას გარდა მას შეიძლება დაეხმარონ სხვა ქართველი მმართველები2.
შენიშვნები
1. სინამდვილეში, ლალა Mმუსტაფა ფაშა იმავე გზით _ კახეთი-ქართლი-სამცხე _ დაბრუნდა არზრუმში.
2. `მოხსენების ავტორს, რა თქმა უნდა მხედველობაში ჰყავს იმერეთის მეფე, რომელიც, მართლაც უცხოურ წყაროებში ხშირად `მეფეთ მეფედ~ იწოდებოდა.
*   *   *
   `მოხსენების~ ავტორს არც ქართველების მოკლე დახასიათება დავიწყებია. იგი წერს: `ქართველები არიან ბერძნული წესის ქრიატიანები და მათ აქვთ საკუთრი ენა, რომელიც არ არის არც თურქული და არც ბერძნული. მათი მცირე ნაწილი ხარკს უხდის თურქებს, ხოლო მეტი ნაწილი _ სპარსელების დიდი მეგობრები არიან. მათ არა აქვთ ციხე-სიმაგრეები, ხოლო ისინი, რომლებიც დანგრეულია, არ სარგებლობენ არტილერიით, რათა უფრო ადვილი იყოს მოქმედება შეტევისა და უკან დახევის დროს~.
  ესპანელებს თავიანთი ინფომატორები ჰყავდათ აღმოსავლეთში, კერძოდ, ყარსში დისლოცირებულ ოსმალეთის ჯარში, უშუალოდ მუსტაფას ბანაკში. ერთ-ერთი მათგანისათვის დასმული კითხვებიდან ჩანს, რომ მათ განსაკუთრებით აინტერესებდათ თბილისში არსებული მდგომარეობა: იგი კვლავ ოსმალების მიერ იყო ოკუპირებული, თუ სვიმონ მეფის მიერ ისევ ალყაშემორტყმულია? ინფორმატორმა მოკლედ დაახასიათა თბილისის დახმარებისათვის Mმუსტაფა ფაშას მიერ გატარებული ღონისძიება: მთავარსარდალმა ჰასან ფაშას გაატანა პროდუქტები ქალაქის მომარაგების მიზნით, რაც მან წარმატებით შეასრულა. ეს ცნობა სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავდა. ოსმალებს თბილისის მომარაგება საკმაოდ ძვირად დაუჯდათ სვიმონ მეფის მოქმედების შედეგად.
  საინტერესოა ინფორმატორის ნათქვამი, რომ მუსტაფამ არზრუმში იმიტომ გაატარა ზამთარი, რომ ქართველები იძულებული გაეხადა მიეღოთ ზავის ისეთი პირობები, როგორსაც იგი მათ შესთავაზებდა. მუსტაფას ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ინფორმატორს ძლიერ ეეჭვებოდა. როგორც მისი ნათქვამიდან ჩანს, მართლაც მიმდინარეობდა მოლაპარაკება, მაგრამ მას არ დაუსახელებია ის ქართული სამეფო, რომლის წარმომადგენლებთან განიხილებოდა ზავის პირობები. სავარუდოა, ეს იყო იმერეთის სამეფო. ამაზე მიგვანიშნებს ქართველთა მხრიდან `საზღვაო კაპიტანის~ მონაწილეობა (შეიძლება იგი ქართული დელეგაციის ხელმძღვანელიც იყო) საზავო მოლაპარაკებაში. `საზღვაო კაპიტანი~ სულთანთან კავშირის მომხრე იყო, რამდენადაც მისი ქვეყანა შავი ზღვის ნაპირას მდებარეობდა და ის ოსმალეთის სახელმწიფოსთან შედარებით სუსტი იყო. მათ ირანისაგან დახმარების მიღების იმედი არ ჰქონდათ. ინფორმატორის აზრით, `საზღვაო მეთაური~ ვერ შეძლებს ქართველები დაიყოლიოს ხარკი გადაიხადონ სულთნის სასარგებლოდ, თუ მათზე ზემოქმედებას არ მოახდენს ოსმალეთის ფლოტი~. სწორედ ამ მიზნის რეალიზაციასაც ემსახურებოდა ოსმალების მიერ რიონის შესართვთან, ფოთში ციხის ჩადგმა, რასაც სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ ქართველები.
   გვაქვს ესპანელების მიერ 1580-1582 წლებში, ძირითადად, თბილისთან დაკავშირებული ისეთი ფრაგმენტული ხასიათის ცნობები, რომლებიც სხვა ევროპულმა წყაროებმაც შემოგვინახეს და, ამდენად, რაიმე სიახლეს არ შეიცავენ. სხვა წყაროებისაგან განსხვავებით, მხოლოდ 1580 წლის 18 და 20 სექტემბერს ხუან მარლიანის მიერ გაგზავნილი წერილებიდან ვიგებთ, რომ ოსმალეთის ჯარების მთავარსარდალი სინან ფაშა ქართველებთან ბრძოლებში დაიჭრა, რომ ქართველებმა და სპარსელებმა უკუაქციეს ოსმალები. საკმაოდ კარგად ცნობილია სინან ფაშას საქმიანობა საქართველოში, მაგრამ მისი დაჭრის ცნობა სხვა წყაროებით არ დასტურდება.
   1582 წლის ივნისში ბარტოლომეო პუსტერლას მიერ კონსტანტინოპოლიდან გაგზავნილ წერილში კვლავ აღნიშნულია ოსმალების მიერ ალყაშემორტყმულ თბილისთან მიმდინრე ბრძოლებში მომხვდურის მიერ განცდილ მარცხზე. იმასაც ვიგებთ, რომ ოსმალებს ყირიმიდან ჯარის გადმოყვანაში ხელს უშლიდნენ რუსები, მეგრელები და ჩერქეზები, რომლებიც გზებს კეტავდნენ.
   მოგვიანებით კონსტანტინოპოლში კვლავ მიიღეს ცნობა, რომ `მეგრელები და რუსები მოულოდნელად შევიდნენ ტანაში, ქალაქში მდ. ტანაისის შესართავთან, დახოცეს რა ყველა ქრისტიანი, ებრაელი და თურქი, გამაგრდნენ იქ, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ თურქეთის სხვადასხვა ნავსადგურებიდან ნაპირზე ადამიანების გადმოსვლას და პროდუქტების გადმოტვირთვას~. შემდეგ გადმოცემულია თურქების სამზადისზე ქ. ტანას გასათავისუფლებლად.
   ფრიად საინტერესოა 1583 წლის 12 ივლისს კონსტანტინოპოლიდან გაგზავნილი, იტალიურად დაწერილი ანონიმური წერილი. ავტორი უნდა იყოს ესპანეთის საელჩოს თანამშრომელი, თარჯიმანი. წერილი ასახავს სვიმონ I-ისა და მანუჩარ II-ის ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის ცნობილ და უცნობ მომენტებს. წერილი მომყავს მთლიანად:
   `გუშინ ვიყავი კეისრის ღრმად პატივცემულ ელჩთან, როგორც თარჯიმანი ბერძნულიდან ფრანგულ ენაზე, სადაც მიტროპოლიტმა, რომელიც უკვე ათი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოდან, თქვა, რომ გაგზავნილი იყო საქართველოში კონსტანტინოპოლის ღვთისმოსავი პატრიარქის მიერ Dჩვეულებრივი მოწყალების შესაგროვებლად1, რამდენადაც ეს ქართველები ემსახურებიან ქრისტიანული სარწმუნოების ბერძნულ წესებს.
   გასულ აგვისტოს მე ვიყავი ტრაპიზონში, სადაც ცნობილი გახდა, რომ თურქებმა ერზერუმში შეაგროვეს მრავალი ხალხი, რათა გაეგზავნათ დასახმარებლად და პროდუქტებით მოემარაგებინათ თბილისი, გამოეყენებინათ ყველა საშუალება, რათა აღნიშნულ დღეებში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა სწრაფად (ამან კი დაიკავა 15 დღე) მიეღწიათ სიმონის სამფლობელოებამდე, რომელიც არის მთავარი უფროსი მოსაზღვრე ქვეყანაში.
   ხსენებულ მხარეში ასევე არის სპარსელთა სარდალი. სიმონი არის წინდახედული ადამიანი ყველა მოქმედებაში, ხოლო იარაღით ხელში _ უმამაცესი. მან უკვე იცოდა თურქებმა რა გადაწყვიტეს და რისი გაკეთებაც უნდოდათ.
შენიშვნა
1. საინტრესოა, რომ მიუხედავად აღმოსავლეთ საქართველოში არსებული საომარი ვითარებისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საქართველოდან მაინც მიჰქონდა ტრადიციად ქცეული მოწყალება. საერთოდ, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოების და სინის მონასტრის წარმომადგენლების საქართველოში მოწყალების შესაგროვებლად მოგზაურობაზე.
*   *   *
  როდესაც სიმონმა ხსენებულ მიტროპოლიტს და მის თანამგზავრებს ჰკითხა რის გაკეთებას ფიქრობენ თურქები? მათ კარგად იცოდნენ იმ დაძაბულ მზადებაზე, რაც თურქეთში მიმდინარეობდა, მაგრამ ერთმანეთს შორის წინდაწინ შეთანხმდნენ იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ ასეთ შეკითხვას მისცემდნენ, ეთქვათ, რომ არაფერი იციან.
   ხსენებული სიმონი კი ელოდებოდა, რომ თურქები წავიდოდნენ თბილისისაკენ. მან ამის შესახებ აცნობა სპარსელებს, რათა მათ გამოეგზავნათ ჯარის ნაწილები და იმედოვნებდა, რომ მისი საქმისათვის ეს კარგი იქნებოდა.
   სპარსელებმა მასთან გაგზავნეს ტოკმაკ სულთან ყარახანი და ორი სხვა ბარონი 3 ათასი მებრძოლით. ისინი გაემართნენ ერთ-ერთი მთის გადასასვლელისაკენ, სადაც თურქებს უნდა გაევლოთ და განლაგდნენ მთის ერთ მხარეზე. მაშინ, როდესაც სიმონი თავისი 5 ათასი ფეხოსანი მშვილდოსნებით და 5 ათასი ცხენოსნით, წავიდა და განლაგდა მთის მეორე მხარეს. ხსენებულმა მიტროპოლიტმა თქვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში იგი სიმონთან იყო მთაზე, საიდანაც შეეძლო მოხერხებულად ენახა ყველაფერი.
  როდესაც ამ ადგილამდე მოვიდა თურქების 2 ათასი საპალნე ბრინჯი, პატარა კასრები, გოგრები და სხვა პროდუქტები თბილისში წასაღებად და 60 შეკვრა ფული, სპარსელებმა დაჰკარგეს მოთმინების უნარი, რომ დალოდებოდნენ დანარჩენის მოსვლას, ისინი აღმოჩნდნენ შუაში თურქების ერთ რაზმსა და სიმონის რაზმს შორის, შეუტიეს, დახოცეს 3 ათასი თურქი და ხელთ იგდეს ყველა პროდუქტი და ფული. თურქეთის ჯარების სხვა ნაწილებმა გაიგეს რა ამის შესახებ, დაბანაკდნენ ველზე მდინარის ახლოს, ხოლო ერზერუმის ფაშამ და სხვა მეთაურებმა შეაგროვეს საკუთარი ფულების სოლიდური თანხა და თბილისში გაგზავნეს.
   მიტროპოლიტის საინტერესო განცხადებაა: ქვეყანა, რომელიც უაღრესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია, სადაც ქრისტიანული თანამეგობრობის მოტივით იგი მოწყალებას აგროვებს, ამ დროს კი მის მეფეს იმ ცნობებს უმალავს, რომელსაც იგი ფლობს მისი მასპინძელი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ოსმალების მზადებაზე. აღნიშნული ნადავლის ხელში ჩაგდების შემდეგ, ერთ-ერთმა სპარსელმა მეთაურმა მოისურვა სიმონს მისთვის ცოლად მიეცა ერთ-ერთი თავისი ქალიშვილი. ეს ქალიშვილი იყო ქრისტიანი, ხოლო სპარსელი კი _ მაჰმადიანი და ამიტომ სიმონმა უარი უთხრა. ამის გამო მათ შორის წარმოიშვა უთანხმოება.
   შემდეგ ერზერუმის ფაშამ გაგზავნა თბილისში კიდევ ფული და სხვაც რაც კი შეეძლო და გასცა განკარგულება ეთხოვათ სიმონისათვის მიეცა მისთვის გასასვლელი გზა. ეს გზა სიმონს ყოველთვის თავისი დაცვის ქვეშ ჰქონდა. ფაშა სამაგიეროდ დაჰპირდა სიმონს მფარველობას და ბევრი სხვა რამეს, რაც თურქებს შეეძლოთ გაეკეთებინათ მისი საჭიროებისათვის. სიმონმა მას უპასუხა, რომ მან უნდა დაუბრუნოს მას ყველა ტერიტორია, რომელიც მას წაართვეს და ასევე ფული და პროდუქტები, რაც მათ საქართველოდან მოიტაცეს და ამის შემდეგ იგი მას უეჭველად მისცემდა გასასვლელს. ამაზე სიმონს უპასუხეს, რომ დიდი ბატონის ნებართვის გარეშე მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ მათ მისწერეს და გაგზავნეს თხოვნა, რათა დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნა და რომ იმედი აქვთ, რომ ეს გაკეთდება.
   ამასთანავე, სიმონმა უკვე აცნობა თურქებს, რომ რამდენადაც მათ არ უნდათ მისცენ ის, რასაც იგი მოითხოვს და რომ მათ უნდათ გაიარონ თავიანთი სურვილის მიხედვით, თვითონ, თავის მხრივ, გააკეთებს რასაც შეძლებს.
   თურქებმა დაიწყეს გადასვლა და როდესაც ისინი აღმოჩნდნენ განსაზღვრულ ადგილას, რომელიც არც ისე შორს მდებარეობდა იმ ადგილიდან, საიდანაც სიმონის არტილერიას შეეძლო მიეყენებინა მათთვის ზიანი, საღამოს სიმონმა ანიშნა თავის ხალხს, რომლებმაც მაშინვე ალყა შემოარტყეს თურქების ყველა რაზმს და ორ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში დახოცეს რვა ათასზე მეტი თურქი, რომლებმაც თავიანთი უმოქმედობით, ქართველებს მისცეს ამის საშუალება, თითქმის ვერ დაიცვეს რა თავი, როგორც დაკოდილებმა.
  დაგვიანებით სიმონმა გასცა განკარგულება მიეცათ უკან დახევის ნიშანი და მისი ხალხი გამარჯვებით გასცილდა თურქებს, მეტად მცირე რაოდენობითი დანაკარგით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელოდ; ხოლო როდესაც თურქების მთავარი ნაწილი მდინარემდე მივიდა, სიმონი თავისი ძალებით კვლავ თავს დაესხა მათ ისეთი წარმატებით, რომ 60 ათასიდან თუ მეტიდან, გაიარა მხოლოდ 3 ათასმა, დანარჩენნი სიმონის ძალებმა დახოცეს ან ტყვედ ჩაიგდეს ან კიდევ წყალში დაიხრჩო. მოკლული იყო იმდენი, რომ სიმონი შეწუხდა და ბრძანა მეტი არ მოეკლათ, არამედ ტყვედ აეყვანათ.
   სიმონმა გასცა განკარგულება დაეჯილდოებინათ ისინი, ვინც დაჭრილებს განკურნავდა. სიმონის მებრძოლებმა დახოცილებისაგან ხელთ იგდეს შესანიშნავი კარვები, უნაგირები, ვერცხლის აკაზმულობა, მოოქრული სამოსები, ძვირფასი ტანისამოსი, საჯდომები, სხვადასხვა სახის დანები. ყოველივე ეს იმდენი იყო, რომ მათ არ იცოდნენ რა ეყოთ მათთვის.
  გარდა ამისა, ქართველებმა თან წაიღეს 2 ათასი არკებუზი, 160 ჭოგრიტი, 6 სათვალთვალო, წაიყვანეს ურიცხვი რაოდენობის ცხენები, წაიღეს მრავალი სახის იარაღი და 17 საარტილერიო ქვემეხი. სხვა საგნებს შორის იყო ოქროთი მორთული ორი ხანჯალი, რომლებიც შეფასებულიქნა 6 ათას ცეხინად. სიმონმა აირჩია თავისთვის იარაღი, ტანისამოსი, დანები, ცხენები და აღჭურვილობა თავისი სრული სურვილის მიხედვით. დანარჩენი კი დაუთმო თავის ჯარისკაცებს. ბევრი ფეხით მოსული ხელოსანი, რომელიც ამ მთაზე თოკით შეკრული ფეხსაცმელით ამოვიდა, ჩაიცვა მოოქრული ტანისამოსი, და უკან კვერნისა და სიასამურის ბეწვებიანი სამოსით დაბრუნდა.
   სხვა ტყვეებს შორის, რომლებიც აქედან წაიყვანეს, იყო ამ ბანაკის მემატიანე, რომლის წიგნებში მოცემული იყო იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დასახმარებლად მივიდნენ. ამან საშუალება მისცა სიმონს ზუსტად დაედგინა თურქების დანარკარგების რიცხვი ამ გამანადგურებელი ბრძოლის დროს.
   ეს მემატიანე სიმონმა ირანის შაჰს გაუგზავნა, თხოვნით, რომ მისთვის მფარველობა აღმოეჩინა და სიკვდილით არ დაესაჯა, რადგან იგი დიდი კაცი იყო. ამ პიროვნების სამაგიეროდ შაჰს შეეძლო თავისი ელჩი გამოეხსნა, რომელიც კონსტანტინოპოლში იყო დაკავებული. შემდეგ სიმონმა შაჰს გაუგზავნა დახოცილთა თავები შვიდი ტვირთის ოდენობით და ბევრი სხვა რამ და მოახსენეს, რომ ერზერუმის ფაშა სხვა მეთაურებთან ერთად, რომელთა საერთო რიცხვი დაახლოებით 3 ათასი იყო, ძლივს გა იქცნენ ბრძოლის ველიდან და დაბრუნდნენ იქ სადაც ცხოვრობდა მოხუცი ქალბატონის შვილი, რომელიც ადრე გამაჰმადიანდა და რომელიც დანიშნულ იქნა იმავე ადგილას მმართველად _ ბეგლარბეგად, რომელსაც ადრე სიმონი ერქვა, ხოლო ამჟამად თურქულად Mმუსტაფა ფაშა ჰქვია1.
   თურქებმა გადაწყვიტეს მისი მოკვლა. როცა თურქებმა იგი დაიბარეს, იგი მოვიდა. მას უთხრეს, რომ არის დიდი ბატონის ბრძანება, რომ მან უნდა დატოვოს ის ადგილი, რომელიც უკავია, თუ არა და მას მოკლავენ და წაუკითხეს სულთანის ყალბი ბრძანება. ერთ-ერთმა ფაშამ მას ხმალი ჰკრა გვერდზე, მაგრამ, რამდენადაც მას ორმაგი ჯავშანი ეცვა, ამან ვერაფერი ავნო, ხოლო მან კი თავისი ხმლით მოკლა…ეს ფაშა და დაჭრა ერზერუმის ფაშის სამი კაცი. მოქმედებდა რა თავის რამოდენიმე კაცთან ერთად, რომლებიც დარჩნენ ჯანმრთელი და ხელუხლებელნი. ამის შემდეგ იგი გავიდა თავისიანებთან ერთად მას შემდეგ, რაც ფაშას ხალხს მოუწყო დიდი ცემა-ტყეპა, მათ შორის თბილისიდან დაბრუნებულ ჯგუფსაც. მან (მანუჩარმა) თქვა, რომ დაუბრუნდა ქრისტიანობას, რომ სიმონმა იგი თავისი სიძე გახადა და შაჰისაგან უდიდესი პატივი მიიღო. ამბობენ, რომ შაჰმა ბევრი ვერაგობა და სიკეთე ჩაიდინა, რათა გაეკეთებინა ისე, რომ ლევანი (ალექსანდრე II კახთა მეფე) და სიმონი გაერთიანებულიყვნენ, კეთილი მეგობრობითა და მშვიდობით2. მას სწამდა, რომ წარმატება შესაძლებელია სანამ არსებობს შუამავალი ორივე მხარეს შორის და რომ მან დატოვა საქმეები კარგად დაბოლოებისათვის. მან (მიტროპოლიტმა) თქვა, რომ როდესაც მუსტაფა ფაშა გადავიდა შირვანში, სიმონის მდგომარეობა რომ მტკიცე ყოფილიყო, როგორც ახლა, იგი არასოდეს არ დაუშვებდა მის გავლას თავის ტერიტორიაზე. მაგრამ სიმონი დიდხანს იყო ირანში ტყვედ. ხოლო მაშინ თურქებს შეეძლოთ დამშვიდებით შესულიყვნენ მის სამფლობელოში, პირველ რიგში ლევან ბეის3 შემწეობით. მაგრამ ამჟამად თურქებზე ხუმრობით ამბობენ, რომ თბილისის გარეუბანი ძალიან სასიამოვნო ადგილიაო და, რომ ქართველებმა მიწასთან გაასწორეს და ახლაც იგივეს უშვრებიან თბილისის ციხე-სიმაგრეს, რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა ბრძოლის გაგრძელება. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ თურქებმა იქ იპოვეს კალათებში ორცხობილა შაქრით და ბევრი სხვა დელიკატური საჭმელი, სპარსელებისა და ქართველების მიერ დატოვებული და დასცინოდნენ მათ, რომ მათ დიდ სიამოვნებას ჰგვრის ასეთი ხელსაყრელობა და დელიკატესები მაშინ, როდესაც ომის დროს მათ ჰქონდათ ძალიან ცოტა რაოდენობის საჭმელი და თავისუფალი იყვნენ ყოველგვარი სალაშქრო ქონებისგან. ასევე ამბობენ, რომ სიმონს ჰყავს ლითონის ჩამომსხმელები არტილერიის მოსამზადებლად და, რომ მან უკვე ჩამოასხა შვიდი ზარბაზანი და, რომ სპარსელები შესანიშნავად ისვრიან არკებუზებიდან. ხოლო მშვილდებისა და ხმლების საშუალებით სასწაულს ახდენენ ქართველები და ასევე ამ მხარეებიდან ჩამოტანილიქნა მოწყობილობა _ 200 ათასი წმინდა წონის სხვადასხვა საქონელი. მან (მიტროპოლიტმა) თქვა ასევე, რომ სიმონმა გაიგო, რომ სპარსელებსა და მის შვილს შორის ჩაისახა უთანხმოება, მაგრამ მისმა ბარონებმა ეს მაშინვე მოაგვარეს. მან (მიტროპოლიტმა) თქვა ასევე, რომ როდესაც ქართველები ერთად გაერთიანდებიან, მათ თავიანთ სამფლობელოებში არ შეეშინდებათ არც თურქებისა და არც სპარსელების ერთად აღებულთ და თქვა, რომ იგი წავიდა იბერიიდან მარხვის მესამე კვირას. მან ასევე თქვა, რომ თბილისში დიდი შიმშილობაა და ბევრი (თურქი) ხშირად ეძებს შველას სიმონისაგან.
   კონსტანტინოპოლიდან, 1583 წლის 15 ივლისი~4.
   ოსმალეთის იმპერიის სატახტოდან გაგზავნილ იმავე წლის 18 ოქტომბრის და 1 ნოემბრის წერილებში ნათქვამია სიმონ მეფის მიერ თბილისის დასახმარებლად წასული თურქების კვლავ განადგურებაზე.
შენიშვნები
1. მოხუცი ქალბატონი, რა თქმა, უნდა ქაიხოსრო II ათაბაგის ქვრივი დედისიმედია. სიმონში მანუჩარ II ათაბაგი, დედისიმედის შვილი იგულისხმება.
2. ქართლისა და კახეთის სამეფოების ერთმანეთთან შერიგება და მათი ერთობლივი გამოსვლა ოსმალეთისა წინააღმდეგ, ოსმალეთის ყველა მოწინააღმდეგის სურვილი იყო. პერიოდულად თითქოს ჩნდებოდა კიდეც შერიგების პირობები და დიპლომატიურ წრეებში ამის თაობაზე მაშინვე აღნიშნავდნენ ხოლმე, მაგრამ, სინამდვილეში XVI საუკუნის მეორე ნახევრის ეს ორი დიდი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ მათი მორიგება ვერ მოხერხდა.
3. ირან-ოსმალეთის ომის დაწყების დროს, როდესაც ოსმალებმა თავიანთი აგრესიის მთავარ სამიზნედ აღმოსავლეთ ამიერკავკასია გაიხადეს, სვიმონ I ტყვეობაში იყო ირანში. ამ დროს კახეთში მეფობდა ალექსანდრე II.
4. გაუგებარია წერილის ორმაგი თარიღი. სავარაუდოა, წერილი კანცელარიაში დაათარიღეს იმავე წლის 12 ივლისით მაშინ, როდესაც მას ბოლოში უზის 15 ივლისი.
*   *   *
4. ესპანური ცნობები სვიმონ I-ის დიპლომატიის შესახებ
   სვიმონ მეფე ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა იარაღით და დიპლომატიით. ესპანელ დამკვირვებლებს ქართველი მეფის ამგვარი საქმიანობა მხედველობიდან არ გამორჩენიათ. 1588 წლის 5 თებერვალს ფილიპე II-ის ელჩი ვატიკანში გრაფი დე ოლივარესი (დონ ენრიკე დე გუსმანი) კარდინალ სანკტა სევერინას (ჟულიო ანტონიო სანტორო დი კასერტა) მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით თავის მეფეს აცნობებდა ერთი ქართველის, სახელად ალექსანდრეს, თანმხლებ პირებთან ერთად რომში ჩამოსვლის შესახებ. სვიმონ მეფემ ერთდროულად ორი ელჩობა გაგზავნა რომში, იმ ვარაუდით, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც მიაღწევდა დანიშნულების ადგილამდე. ერთი ელჩობა, რომელსაც სათავეში ედგა ვინმე ქართველი თუ სომეხი ალექსანდრე (დაწვრ. ქვემოთ) გაემგზავრა კონსტანტინოპოლზე გავლით, ხოლო მეორე ელჩი `მეტად საიმედო ადამიანი, გარეგნულად მწირის შეხედულებით შემოსილი, მაგრამ იგი თურქებს ჩაუვარდათ ხელში მეფის წერილით, რომელიც მას მოჰქონდა~. ეს განაცხადა ელჩმა ალექსანდრემ გრაფ დე ოლივარესთან საუბარში.
   საქართველოს წარმომადგენლებს თავიანთი ვინაობის დამადასტურებელი არავითარი საბუთი, მეფის წერილიც კი არ ჰქონდათ. მაგრამ თავისი ქცევით ელჩი მაინც ნდობას იმსახურებდა, რასაც აძლიერებდა მის მიერ რომში მიტანილი აბრეშუმის ბარდანები (სვიმონ მეფეს პაპისა და ესპანეთის მეფისათვის სხვა საჩუქრებიც გაუგზავნია). მაგრამ ყველაზე დამაჯერებლად ჟღერდა ელჩის ნათქვამი ოსმალეთის წინააღმდეგ დასავლეთიდან ომის დაწყების შესახებ. ამის გამო გრაფი დე ოლივარესი დაასკვნიდა და მეფესაც მოახსენებდა, რომ `ამ წამოწყებით არ იქნება არაფერი დაკარგული, ხოლო მოგება იქნება დიდი~.
   ამავე წერილიდან ვიგებთ, რომ XVI ს. 80-იანი წლების დასაწყისში ესპანეთის მეფეს ჰქონებია მცდელობა ინდოეთის გავლით დაკავშირებოდა ირანს და ეს მოლაპარაკება მიმდინარეობდა პაპისათვის საიდუმლოდ. ესპანეთ-ირანის ეს მოლაპარაკება გასაგებს ხდის, რატომ ცდილობდნენ შემდეგში თეიმურაზ I და მისი ელჩი ნიკიფორე ჩოლოყაშვილი ესპანეთს დაკავშირებოდნენ რომის პაპის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე.
   გრაფმა დე ოლივარესმა კარგად მიიღო მეფე სვიმონის ელჩი ალექსანდრე, რომელთან საუბარშიც გაირკვა ქართველების სუსტი ცოდნა ესპანეთის სამეფოს შესახებ. მათ ისიც კი არ სცოდნიათ სად იყო ესპანეთის მეფის რეზიდენცია. მათ ის ეგულებოდათ რომში, სადაც ფილიპე II საერო საქმეებს განაგებდა, ხოლო პაპი _ სასულიეროს. ელჩმა ალექსანდრემ `დაინახა რა, თუ რაოდენ დიდი მანძილია აქაედან ესპანეთამდე, მას სურს დაბრუნდეს სამშობლოში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისმა ბატონმა არ დაჰკარგოს იმედი მისი მეტად დაგვიანების გამო და არ დაემორჩილოს თურქეთის სულთანს~.
   გრაფ დე ოლივარესს განუზრახავს დაერწმუნებინა პაპი ყოველმხრივ შეეწყო ხელი თეიმურაზის ელჩისათვის, აღეთქვა დახმარება თურქეთის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან; რათა სიმონმა კვლავ გააგრძელოს კავშირი ირანის შაჰთან; შეიძლებოდა ისიც მოხერხებულიყო, რომ ქართველ ელჩთან ერთად ან მისი გამგზავრების შემდეგ გაეგზავნათ ელჩი ქართველ მეფეებთან _ სვიმონთან, ალექსანდრესთან და ბაშიაჩუკთან (იმერეთის მეფესთან1), მათი ერთობლივად დარაზმვისათვის. გრაფმა თავის მეფესაც სთხოვა, იმავე მიზნით, თავისი წარმომადგენელი გაეგზავნა, რომელიც გაივლიდა რეჩ პოსპოლიტასა და რუსეთზე და მათ რეჩ პოსპოლიტის მეფეს, მისი დისწულს და მოსკოვის მეფეს სთხოვოს გაერთიანდნენ `დიდი~ მტრის წინააღმდეგ.
შენიშვნა
1. ამ დროს იმერეთის მეფე იყო ლევანი (1583-1590). დოკ. #28-ში უკვე დასახელებულია იმერეთის მეფე ლევანი.
*   *   *
   კარდინალ სანკტა სევერინასაც, თავის მხრივ განუზრახავს ორი ელჩის გაგზავნა: ერთის კონსტანტინოპოლის, მეორესი კი _ რეჩ პოსპოლიტისა და მოსკოვის გავლით. გრაფი ოლივარესი იმასაც შეახსენებდა ესპანეთის მეფეს, რომ გზა რეჩ პოსპოლიტაზე უფრო გრძელი იქნებოდა, მაგრამ თუ მას განზრახული ჰქონდა თავისი კაცის საქართველოში ამ გზით გაგზავნა, მაშინ შეეძლო სანკტა სევერინას კაცისთვის გაეყოლებინა.
   იგი ფილიპე II-ს პირდება, რომ `თქვენი უდიდებულესობის სახელით მე ვიზრუნებ ამ ქართველ ალექსანდრეზე (ლუის ხილ ფერნანდესს და ხოსე მანუელ ფლორისტანს და სვიმონ მეფის ელჩი ალექსანდრე რატომღაც გადაწყვეტით სომეხად ჰყავთ გამოცხადებული.) და გადავცემ თქვენს დიდებულებას ყველაფერს, რაც ქართველი მეფის მხრიდან მოვიდა თქვენი უდიდებულესობისათვის გადასაცემად და მე რადგან მაშინ არ ვიცნობდი ამ საინტერესო დოკუმენტებს. საერთოდ, გასარკვევია სვიმონ მეფის ელჩის ეროვნება, რადგან ზოგიერთ დოკუმენტში არის ალეხანდრო Gეორგიანო _ ქართველი ალექსანდრე, ზოგგან კი ალეხსანდრო Aრმენიო _ ალექსანდრე სომეხი. ძნელია იმის თქმა რატომ არის დოკუმენტებში ამგვარი სხვაობა. კიდევ უფრო გაუგებრობას იწვევს ის, რომ, ვითომდაც, ალექსანდრეს უთქვამს, სომეხი იყო სვიმონ მეფის ის ელჩი, რომელიც იერუსალიმის გზით წავიდა და თურქებმა დაატყვევეს. მან შემდეგ თავი დაიხსნა, მაგრამ ცნობილი არ არის რა საშუალებით. როცა დოკუმენტი #29 იწერებოდა, სვიმონის სომეხი ელჩი, ავადმყოფობის გამო, ვენეციის ლაზარეთში იმყოფებოდა. ჩავთვლი, რომ თქვენი დიდებულება გონივრულად, კარგი სულისკვეთებით მიიღებს მას და მფარველობას აღმოუჩენს ყველა მის (სვიმონ მეფის) საქმეებს: მხედველობაში მიიღებს მის პატივისცემას კათოლიკური სარწმუნოებისადმი, მისი მტრების წინააღმდეგ ბრძოლას და მის მხრიდან თქვენი უდიდებულესობისადმი პატივისცემას~.
   ყურადღებას იპყრობს პაპის დამოკიდებულება სვიმონ მეფის ელჩისადმი. კარდინალი სანკტა სევერინა მძიმე ფიქრებში ყოფილა იმის გამო, რომ პაპს არ უნდოდა რაიმე მიეცა ელჩისათვის სვიმონისათვის გადასაცემად. ამიტომ კარდინალს განუზრახავს ელჩის მიერ ჩამოტანილი ესპანეთის მეფისათვის მისართმევი აბრეშუმი შეეფასებინა და ფილიპეს სახელით სვიმონ მეფისათვის ადეკვატური საჩუქარი გაეგზავნა. კარდინალი გრაფ ოლივარესს აიძულებდა მეტი გადაეხადა აბრეშუმში, რათა სვიმონისათვის ძვირფასი საჩუქარი გაეგზავნათ.
   6 თებერვალს გრაფ ოლივარესს საუბარი ჰქონდა პაპთან ქართველი ელჩის მიერ ჩამოტანილი საჩუქრების შესახებ, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ. გრაფმა დე ოლივარესმა მის ხელთ არსებული მასალების საფუძველზე ჩამოაყალიბა სვიმონ მეფის ელჩობის მიზანი და მის მიერ გამოგზავნილი საჩუქრების ნუსხა და მეფეს წარუდგინა შემდეგი სახით: სვიმონ მეფე დარწმუნებული იყო, რომ მარტო ვერ გაუმკლავდებოდა ოსმალების შეიარაღებულ ძალებს და გადაწყვიტა თავისი ელჩი გაეგზავნა ესპანეთის მეფესთან დახმარების სათხოვნელად. იგი ითხოვს ესპანეთის მთავრობამ თავისი კაცი გაგზავნოს ქართლის სამეფოს მდგომარეობის შესასწავლად. სვიმონ მეფე კი, თავის მხრივ შეეცდება გაერთიანდეს საქართველოს სხვა მეფეებთან და ისინი შეკრებენ 100 ათას კაცს. სვიმონის მოთხოვნები გარაფმა დე ოლივარესმა ჩამოაყალიბა ოთხ მუხლად:
   „_ სიმონი ითხოვს, რათა დასავლეთიდან წამოიწყონ ომი თურქეთის სულთნის წინააღმდეგ; აღნიშნულია, რომ მას არ გააჩნია ამისათვის საკმაო ჯარი და ადამიანი.
   _ რომ, როდესაც იგი [სიმონი] იძულებული იქნებოდა გამხდარიყო სხვა მმართველის ხარკის გადამხდელი, მას ერჩია ყოფილიყო მისი უწმინდესობისა და თქვენი უდიდებულესობის ვასალი და მორჩილი.
   _ სიმონი ითხოვს მისი უწმინდესობის წმინდა ლოცვა-კურთხევას და ასევე დაავალოს სხვებს ლოცვები თავისი ჯარისა და ვასალებისათვის (სვიმონ მეფის მოთხოვნები ვრცლად მოცემულია ქვემოთ მარკო Aანტონიო აბანიოს მოხსენებაში კარდინალ სანტა სევერინასათვის).
   _ სიმონი უგზავნის მის უწმინდესობას და თქვენს დიდებულებას შემდეგ საჩუქრებს:
   მისი უწმინდესობისათვის:
    _ ძაფით ნაქსოვი დიდი ხალიჩა ოქროთი და აბრეშუმით მორთული.
   _ ბალიშის გადასაფარებელი უძვირფასესი ფარჩა.
   _ საუნაგირე ბალიშის ფარჩა მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით მორთული.
   მისი უდიდებულესობისათვის:
  _ დაშნა ოქროს გრავიურით მორთული, ძვირფასი ქარქაშით.
   _ ძვირფასი ქვებით მორთული ოქროს დიდი ბროში, მეფის ცხენის კისერზე ჩამოსაკიდებელი.
   _ კისერზე ჩამოსაკიდებელი შესანიშნავი ფარჩა.
   _ მეტად ფაქიზი ნამუშევარი ექვსი რულონი აბრეშუმი საქართველოდან~.
  ალექსანდრეს მიერ მონათხრობის მიხედვით, მარკო Aანტონიო აბანიომ სვიმონ მეფის დაკარგული წერილების შინაარსი ასე ჩამოაყალიბა:
  `1. ეთხოვოს დახმარება მის უწმიდესობას (პაპს) და მის დიდებულებას ესპანეთის მეფეს ფილიპეს თურქეთის წინააღმდეგ; მოაგონონ მათ, რომ ახლა ყველაზე უფრო ხელსაყრელი დროა ჯვრის მტრის გასანადგურებლად, რამდენადაც მათ არ ჰყოფნით ჯარი და მამაცი ადამიანები.
   2. ელჩი ამბობს, რომ აღმოსავლეთში სიმონ მეფე არ წყვეტს ბრძოლას თურქეთთან და აი უკვე 12 წელია განუწყვეტლივ, ყოველგვარი შესვენების გარეშე, ეწევა ომის სიმძიმეს და რომ თუ მისი უწმიდესობა და მისი კათოლიკური დიდებულება სხვა ქრისტიან მეფეებთან ერთად ისურვებდნენ მსგავსად იმოქმედონ, მაშინ ეს შევიწროება მოკლედ, ღმერთის წყალობით, მათ მსოფლიო ხსოვნაში აღდგებოდა და დაუბრუნდებოდა იმას, რომ წმიდა ჯვრის დროშა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ხოლო კონსტანტინოპოლში ქრისტიანული იმპერია აღედგინათ.
   3. სიმონ მეფე დაჟინებით თხოვდა ხსენებულ ბატონებს, რომ გაგზავნონ მასთან რამდენიმე კაცი, რათა ასწავლონ მის ხალხს წმიდა კათოლიკური სარწმუნოება და მიიღონ უფრო სრული ინფორმაცია მის საქმეებზე და მდგომარეობაზე, რათა განიხილონ ასევე ხსენებულ ბატონთა სახელით მათი კავშირი და კონფედერაცია ორ სხვა ქართველ მეფეებთან ერთად, სახელდობრ: ალექსანდრესთან და ბაშიაჩუკთან ერთად თურქების წინააღმდეგ.
   4. სიმონ მეფე აცნობებს თქვენს უწმინდესობას და მის უკეთილშობილებას ესპანეთის მეფეს, რომ თუ მას აიძულებენ დაემორჩილოს სხვა მეფეს და უხადოს მას ხარკი, იგი უფრო მოისურვებდა ყოფილიყო მისი ხარკის გადამხდელი, ვასალი და ქვეშევრდომი, ვიდრე სხვისი, მაქსიმუმიც რომ მიიღოს ურწმუნოებისაგან. იგი პირდება, რომ ყოველთვის, როცა საჭირო იქნება, იომოს თქვენთვის, როგორც იგი ამას აკეთებს დღემდე ირანის გვირგვინისათვის.
   5. სიმონ მეფე ითხოვს მისი უწმინდესობის ჩვენი ბატონის ლოცვა-კურთხევას და მის საუკეთესო ლოცვას ყველასთვის, თავისი ჯარისა და საპატიო ვასალებისათვის~.
   მოხსენების დასასრულს ჩამოთვლილია ის საჩუქრები, რომლებიც სვიმონ მეფემ პაპსა და ესპანეთის მეფეს გაუგზავნა. ასეთი იყო სვიმონ I-ის ესპანეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის პირველი პერიოდი და ის ცოდნა, რაც ესპანეთის სამეფო კარს ჰქონდა საქართველოს შესახებ. ამის შემდეგ, 1595 წლამდე, მხოლოდ 1591 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლიდან მადრიდში გაგზავნილი ერთი ცნობა გვაქვს, რომლიდანაც ჩანს, რომ დაზავების შემდეგაც (1590 წ.), ოსმალეთი და ირანი როგორ ცდილობდნენ თავიანთ მხარეს გადაეყვანათ და შემოემტკიცებინათ, მათი გაგებით, მერყევი იმერეთისა და კახეთის მეფეები. რაც შეეხება სვიმონ I-ს, იგი მტკიცედ იდგა ირანის მხარეს. კონსტანტინოპოლელი ინფორმატორის თქმით, ოსმალებს ელჩები გაუგზავნიათ დასახელებულ საქართველოს ორ მეფესთან, რათა გაეგოთ ისინი კვლავ გადაუხდიდნენ ხარკს სულთანს თუ არა. ირანის შაჰის ელჩებიც იმავე მეფეებს ეწვივნენ მდიდრული საჩუქრებით და ოსმალების წინააღმდეგ მოკავშირეობა სთხოვეს. მაგრამ ინფორმატორი შიშობს, რომ ისინი შაჰის წინადადებაზე დათანხმებას არ ისურვებენ.
   სვიმონ მეფის ესპანეთთან დიპლომატიური კონტაქტის დამყარების ახალ მცდელობას ვხედავთ 1590 წელს, როდესაც მან სომხურ და ბერძნულ ენებზე დაწერილი წერილები სომეხ ტერიაკობს (მარქარიანს) გაატანა. ქართლის მეფე ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს აცნობებდა, რომ ჰაბსბურგების იმპერატორმა რუდოლფ II-მ `პატივი დაგვდო და გამოგვივგზავნა ეპისტოლე და სიყვარულისა და კავშირის წერილი, იმის შესახებ, რომ ქრისტეს ყველა მორწმუნის მიმართ ეს უცხო თესლი და ქრისტიანული სარწმუნოების მტერი, თურქი ერი უნდა აღმოფხვრილ იქნეს~. ამის შემდეგ სვიმონ I-ს, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს1 და შაჰ აბას I-ს უთათბირიათ, უმსჯელიათ და შეთანხმებულან, რომ ოსმალებს გაანადგურებდნენ და წმ. იერუსალიმს გაათავისუფლებდნენ. მაგრამ ამ უმნიშვნელოვანესი წამოწყების ბოლომდე მიყვანისათვის, სვიმონ მეფის აზრით, აუცილებელი იყო იმპერატორს მშვიდობა არ დაემყარებინა ოსმალებთან და ოსმალეთი იძულებული გაეხადათ ებრძოლა ორ ფრონტზე. რათა იმპერატორსა და სულთანს შორის შეთანხმება არ მომხდარიყო, სვიმონ მეფე ფილიპე II-ს იმპერატორის წინაშე შუამდგომლობას სთხოვდა2. საინტერესოა, რომ სომხური წერილის კასტილიურ თარგმანში კარგად ჩანს სვიმონ მეფის დიპლომატიური მოღვაწეობა ანტიოსმალური კოალიციის შესაქმნელად.
    იმავე დროს კარგად ჩანს მისი ინფორმირებულობა ფილიპე II-ისა და რუდოლფ II-ის ახლობლობისა და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, სვიმონს ესპანეთის მეფისათვის ადრეც მიუწერია რუდოლფ მეორესთან თავისი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ. მას წინათაც უთხოვია ესპანეთის მეფისათვის ეშუამდგომლა ირანის შაჰთანაც, რათა ერთობლივად გამოსულიყვნენ ოსმალეთის წინააღმდეგ, რაც კარგად ჩანს ფილიპეს წერილში სვიმონისადმი. იგი წერს: `თქვენი დიდებულება ყოველთვის ეხმარებოდა ტრანსილვანიის იმპერატორს, როგორც კათოლიკურ მეფეს. იცის თქვენმა დიდებულებამ, რომ ტრანსილვანიის იმპერატორმა ჩვენ მოგვწერა წერილი და დაგვპირდა, რომ თუ იგი ჩვენ ხელს შეგვიწყობს, გამოუცხადებს რა [თურქეთს] ომს ერთი მხრივ და ჩვენ მეორეს მხრივ. წერილები, რომლებიც მე მივწერე თქვენს დიდებულებას, იყო ამ კავშირის შესახებ, რომელიც შეიქმნა ჩვენს შორის, რათა ვიცოდეთ თქვენი უდიდებულესობის ნება-სურვილი.
შენიშვნები
1. სომხური წერილის კასტილიურ თარგმანში სვიმონი ალექსანდრეს თავის ცოლისძმად მოიხსენიებდა, რაც სიმართლე იყო.
2. სულ სხვა ტონშია სვიმონ მეფის ეს თხოვნა ფილიპე II-ისადმი ბერძნულად დაწერილი წერილის კასტილიურ თარგმანში: `ამიტომ მივმართავ თხოვნით თქვენს სამეფო ძლიერებას, რათა თქვენ გაერთიანდეთ კეისართან და არ დართოთ ნება ზავი დადოს თურქეთის სულთანთან იმის გამო, რომ ამის შემდეგ აღფრთოვანებული და ულმობელი (თურქები) არ წამოვიდეს ჩვენსა და ჩვენი ერის წინააღმდეგ და საერთოდ ქრისტიანობის წინააღმდეგ~.
*   *   *
   ტრანსილვანიის იმპერატორის ნება-სურვილი ჩვენ უკვე ვიცით და დიდად დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ გაგვიწევთ მფარველობას ამ საქმეში, რაც ნათქვამია. ამავე მიზეზით ჩვენ მივწერეთ ერთი წერილი მის უწმიდესობას და მეორე გერმანიის იმპერატორს... დე თქვენმა დიდებულებამ მისწეროს წერილი იმპერატორს და დარწმუნდეს მისი დიდებულება, რომ სიმართლეა, რასაც ჩვენ ვამბობთ...~
    ესპანეთის მეფის წერილობით პასუხს ქართველი მეფე თავისივე ელჩის ხელით ელოდა. სვიმონ მეფის ამავე წერილში გაჟღერდება მისი, როგორც დიპლომატის ის თხოვნა, რომელიც 30 წლის შემდეგ, განსაკუთრებულ აქტუალურობას შეიძენს თეიმურაზ I-ის ესპანეთთან ურთიერთობაში: ამ უკანასკნელმა ირანის შაჰს ურჩიოს, რომ იგი სვიმონს შეუთანხმდეს, რათა მათ ქრისტიანთა კეთილ საქმეებზე იზრუნონ.
   ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ სვიმონ მეფეს წერილით უპასუხა, რომელიც დაიწერა ლათინურად 1598 წლის 25 ივლისს სანლორენცოს სამეფო მონასტერში. ამ დღეს არის შედგენილი იმავე წერილის ესპანური, ხოლო 27 ივლისს კი _ ბერძნული ვერსიები.
   წერილიდან კიდევ ერთხელ ირკვევა, რომ სვიმონ მეფესა და ფილიპე II-ს შორის მიწერ-მოწერა ადრეც მიმდინარეობდა, რომლის ამსხველი მასალები ჯერჯერობით უცნობია. ლათინურად შედგენილ წერილში ნათქვამია:
   `ფილიპე, ღვთის წყალობით კასტილიის, ლეონის, არაგონის, ორივე სიცილიის, იერუსალიმის, პორტუგალიის, ნავარის და ინდოეთის და სხვათა მეფე... საქართველოს სახელგანთქმულ მეფეს სალამს და ყოველგვარ სიკეთეს უძღვნის.
   დიდად მოხარული ვარ შენი წერილებისა, რომლებითაც დასტურდება, რომ კათოლიკური სარწმუნოების დაცვის საკითხში სიმტკიცესა და შეურყეულობას ავლენ, უზენაესი უფალი გამოავლენს თავის ნებას, დაგიცვას შენ. ჭეშმარიტად ყველა სიკეთე მოგეცემა შენ. შენი სურვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრჯერ შევასრულე და ირანის მეფე არაერთიგზის შევაგულიანე. თუ კიდევ გახდება საჭირო, კიდევ ვიკისრებ ამ მოვალეობას1. სხვა საქმეებიც მოგვარდება, რაკი ღვთის სიყვარულით შეკავშირებულხართ მეფენი, რომ რწმენის შენარჩუნებასა და გავრცელებაზე იფიქროთ, აღწევთ კიდევაც მიზანს უფლის შეწევნით.
   რაც ჩემგან არის საჭირო, ყველაფერს ვიღონებ, დაწყებულ საქმეს არ ვუღალატებ, არავითარ მოვალეობაზე უკან არ დავიხევ რომის პაპთან და უბრწყინვალეს იმპერატორთან, ჩემს უძვირფასეს დისწულთან ერთად ამ საქმის სასარგებლოდ2.
   ყოველი მხრიდან თავმოყრილ ლეგატებს მინდობილი აქვთ ამის განხორციელება. უზენაესი უფალი გფარავდეს დიდხანს.
  თარიღი, ღვთაებრივი ლავრენტის დღე, 25 ივლისი, 1598 წელი.
   ფილიპე, ქართველთა ქებულ მეფე სიმონს~.
შენიშვნები
1. ბერძნული ვერსია: `რაც შეეხება შენს თხოვნას ჩემს შესახებ, მე უკვე მივწერე სპარსელ მეფეს არაერთხელ და გავაკეთებ ამას დიდი სიამოვნებით კიდევ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება~.
ესპანური თარგმანი: `რაც შეეხება ჩემს სურვილს (უნდა იყოს `შენს სურვილს~) ამ საკითხის შესახებ, მე მაშინვე შევაგულიანე სპარსელთა მეფე, ეს გავაკეთე არაერთხელ, ხოლო ამას გავაკეთებ დაჟინებით ოფიციალური წერილით დიდი სიამოვნებით, რამდენჯერაც საჭირო იქნება~.
2. ბერძნული ვერსია: `აღმოგიჩენთ როგორც კი საჭირო იქნება მხარდაჭერას რომის პაპთან და უბრწყინვალეს იმპერატორთან, ჩემს საყვარელ დისწულთან, რათა მათაც აღმოგიჩინონ დახმარება; რამდენადაც მათ ორივეს ჰყავთ სრულუფლებიანი წარმომადგენლები, რომლებმაც იციან, თუ რა საშუალებით შეიძლება ყველაფერი ეს გაკეთდეს~. ესპანური თარგმანი: `არც ერთ საკითხს არ გადავწყვეტ რომის პაპის შეთანხმების გარეშე და ბრწყინვალე იმპერატორის გარეშე, ჩემი მეტად საყვარელი დისშვილის, რათა აღმოუჩინონ დახმარება. მათ ორივეს ჰყავთ სრულუფლებიანი წარმომადგენლები, რომლებმაც იციან, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება~.
*   *   *
   სვიმონ მეფის დიპლომატიური საქმიანობის ამ მოკლე მიმოხილვით დასრულდა საქართველოს ევროპასთან დიპლომატიური ურთიერთობის კიდევ ერთი პერიოდი, რომელსაც ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი შედეგი: სვიმონ მეფე და მისი სამეფო დასავლეთ ევროპაში სცნეს, ირანთან ერთად, აღმოსავლეთში ოსმალეთის მოწინააღმდეგე მნიშვნელოვან ძალად.
   არ გაუვლია დიდხანს და სვიმონ მეფე ოსმალებმა დაატყვვეს. ამის შემდეგ არც ალექსანდრე II-ს უმეფია დიდხანს. ამ ორი მეფის პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლით დამთავრდა ქართველი პოლიტიკოსების დიპლომატიური საშუალებებით და იარაღით გმირული ბრძოლის ერთ-ერთი საინტერესო ეპოქა.
   შეიძლება ითქვას, რომ იმ ესპანურმა წყაროებმა, რომლებსაც უკვე გავეცანით საგრძნობლად შეავსო და გააფართოვა ჩვენი ცოდნა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიის შესახებ, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპასთან მიმართებაში. ისინი, ასევე, გასაგებს ხდის რომთან და ესპანეთთან ურთიერთობის მთელ რიგ იმ საკითხებს, რომლებიც თეიმურაზ I-ის და ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის (ნიკიფორე ირბახის) სახელებთან არის დაკავშირებული.
* * *
  ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის დამყარების მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. გაძლიერდა ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს განსაკუთრებით ითქმის სვიმონ I-ის დროინდელ საქართველოზე. დღეისათვის ცნობილი დოკუმენტური თუ ნარატიული მასალა უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ XVII ს. 20-იან წლებში თერიმურაზ I-ის ესპანეთის მეფე ფილიპე IV-სთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების დროს ესპანეთში საკმაო წარმოდგენა ჰქონდათ საქართველოზე.
   სვიმონ მეფის პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლის შემდეგაც, რომში მისი პიროვნებისა და საქართველოს მიმართ დიდი ინტერესის მაჩვენებელია მარკო ანტონიო აბანიოს (წარმოშობით სომეხის) მიერ, სვიმონ I-ის ელჩის ალექსანდრეს მეშვეობით მოპოვებული ცნობების კარდინალ სანტა სევერინასათვის საკმაოდ ვრცელი დოკუმენტის სახით წარდგენა.
   დოკუმენტში ლაპარაკია სვიმონ მეფის მიერ ერთი წლის წინათ ორი ელჩის კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმზე გავლით რომში გაგზავნაზე. ამას მოსდევს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების მოკლე აღწერა, ჩამოთვლილია ქართლის სამეფოს ქალაქები, რომლებიც განუწყვეტელი ომების შედეგად ძლიერ დაზიანდა. ალექსანდრეს უთქვამს, რომ `ქვეყნის მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია სამხედრო სამსახურით, ასევე სოფლის მეურნეობით და ვაჭრობით. მოსახლეობას აწუხებს ზედმეტი სიცივე, რაც გამოწვეულია ზედმეტი თოვლით, რომლითაც დაფარულია ზემოხსენებული მთები. მაგრამ ისინი სარგებლობენ სხვადასხვა ცხოველის ტყავისაგან შეკერილი ტანისამოსით და ასევე ატარებენ ბამბაზიას და სვამენ ღვინოს თითქმის წყლის ნაცვლად, მათთვის ყოველგვარი ზიანის გარეშე, აღმოსავლეთის სხვა ხალხებისაგან განსხვავებით. ქართველი ქალები იცვამენ მდიდრულად ოქროთი და აბრეშუმით მორთულ სხვადასხვა სახის ქსოვილებს. ისინი ძალიან ლამაზები არიან და ფლობენ მამაცურ სულისკვეთებას~.
   ალექსანდრეს ისიც უთქვამს, რომ საქართველო მდიდარია აბრეშუმით, რომელიც სომეხ და თურქ ვაჭრებს გააქვთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში.
   საყურადღებოა ქართველთა შეიარაღებისა და ბრძოლისუნარიანობის ალექსანდრესეული დახასიათება: `ქართველები ომში, ბრძოლების დროს სარგებლობენ მშვილდით და ისრით, ფარით, შუბით, მოღუნული თურქული ხმლით, ხმლებით, მორკინული კომბალით, ხოლო ამ ბოლო დროიდან _ სხვადასხვა სახის არკებუზებით. ისინი თავიანთ ცხენებს და მხედრებს აღჭურავენ თეთრი იარაღით ისევე, როგორც წმინდანებს, მრგვალი შლემით, სამკერდე ფარებით და ხელთათმანებით სპარსულ ყაიდაზე. ქართველები მეტად მარჯვენი არიან, როგორც ფეხოსანთა, ისევე ცხენოსანთა ბრძოლაში; შეუკავებელი არიან შეტევის დროს და შიშს ჰგვრიან მტერს თავიანთი ყვირილით. ისინი მთელი რწმენით ერთგულნი არიან მათი ბატონებისადმი და ბრძოლის დროს ემორჩილებიან მათ ბრძანებას სანამ ცოცხალნი არიან. ისინი საგანგებოდ დახელოვნებულნი არიან ომში სამხედრო ხერხების გამოგონებაში და მათ გამოყენებაში, სხვანაირად თითქმის არ იბრძვიან მტერთან. იშვიათად ან არასოდეს არ ჰყრიან იარაღს, განუწყვეტლივ რჩებიან ბრძოლის ველზე, კარვის ქვეშ და იძინებენ მიწაზე~.
   ძალზე საინტერესოა ალექსანდრეს მიერ აღწერილი ქართული დროშა: `იმ მრავალ დროშათა შორის, რომლებიც ომში მიაქვთ, ქართველთა მეფის დროშა ჩვეულებრივზე უფრო მდიდარია და ლამაზი. ის გაკეთებულია ოთხი განის თხელი წითელი ქსოვილისაგან, ოქროთი მდიდრულად მორთული ულამაზესი ჯვრით, ყოველ განზე ორნამენტებით მორთული უძვირფასესი ქვებით და მარგალიტებით, მწვერვალზე გამოხატულია მეფის გვირგვინი~1. მოკლედ მოთხრობილია სამი ქართველი მეფის ვინაობისა და მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, რომ ქართლის მეფე სვიმონი _ ირანის, ხოლო კახეთის და იმერეთის _ ალექსანდრე და ლევანი _ ოსმალეთის მომხრენი არიან. მათი გაერთიანების შემთხვევაში შეგროვდებოდა 100 ათასი მეომარი2 და ისინი ოსმალეთის დამარცხებას შეძლებდნენ.
შენიშვნები
1. ძმა მელშიორ დუშ ანჟოშის და ძმა ხოან დე სან ხოსეს მოხსენებით ბარათში ქართველების შესახებ ნათქვამია, რომ `შტანდარტად ისინი ატარებენ ვერცხლის დიდ ჯვარს, რომელზეც გადაკრულია მუქი ლილის იისფერი ქსოვილი. კახეთის მეფე ალექსანდრე II თავისი შვილით და სამი თუ ოთხი ათასიანი არმიით შაჰ აბასთან ყოფილა (სადაც ქართველთა ლაშქარი სპარსელებთან ერთად წინ მიიწევდა 3 ჯვრისა და წითელი ტილოს წინამძღოლობით).
2. ნიკიფორე ირბახმაც, 30 წლის შემდეგ, მადრიდში, თეიმურაზ I-ის განკარგულებაში მეომართა იგივი რაოდენობა დაასახელა.
*   *   *
   ამ მოკლე შესავლის შემდეგ, დოკუმენტში, ძირითადად, მოთხრობილია სვიმონ მეფის შესახებ: შაჰ თამაზს უნდოდა სვიმონიისათვის შეერთო ვინმე `იშვიათი სილამაზით დაჯილდოვებული და კეთილშობილი ქალი, სახელად დოდუა. მაგრამ სვიმონმა უარი თქვა რელიგიური მოტივით. სვიმონი 12 წლის განმავლობაში ებრძოდა სპარსელებს და პროთურქული ორიენტაციისა იყო. სპარსელებმა იგი დაატყვევეს და იმ ციხეში ჩასვეს, სადაც დაპატიმრებული იყო შაჰ თამაზის შვილი ისმაილი. ისინი დამეგობრდნენ და როდესაც ისმაილი შაჰი გახდა, მან სვიმონი გაანთავისუფლა, დაცვისათვის 500 ჯარიკაცი მისცა და სამშობლოში გაისტუმრა. `წასვლის წინ ისმაილმა მას საზეიმოდ მიაცემინა პირობა, რომ იგი არასოდეს არ გამოიყენებდა თავის იარაღს ირანის გვირგვინის წინააღმდეგ, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით ყოველთვის მის მხარეზე იქნებოდა~. დაიწყო ოსმალეთის აგრესია საქართველოსა და ირანის წინააღმდეგ. ქართლში ახლადდაბრუნებული სვიმონი ლალა Mმუსტაფა ფაშამ თავისთან, გორში მიიწვია და აგრძნობინა, რომ თუ იგი ოსმალების მომხრე გახდებოდა, მაშინ სულთნის მხარდაჭერა არ მოაკლდებოდა. სვიმონი ოსმალებს არ ენდო, 5 ათასი მებრძოლი შეაგროვა და მის წინააღმდეგ გაგზავნილი 18 ათასი ოსმალო ჯარისკაცი გაანადგურა. 15 დღეზე ნაკლებ დროში მან დაიბრუნა თავისი სამეფოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი: `ახალდაბა, სურამი, ალი, ტუილისი (?), გორი და ბევრი სხვა, დაუტოვა მტერს, მხოლოდ ქალაქი და ციხე-სიმაგრე ტფილისი, რათა ჰქონოდა შესაძლებლობა ერთხელ თუ ორჯერ წელიწადში ხელთ ეგდო მთლიანად ნადავლი იმ საგანძურიდან, რომლებსაც თურქები აგზავნიდნენ თბილისში ამ ქალაქის შენახვის მიზნით~. ელჩმა ალექსანდრემ თავისი ნათქვამის დასადასტურებლად ჩვენს ისტორიოგრაფიაში კარგად ცნობილი ის მაგალითი გაიხსენა, როდესაც ფერჰად ფაშა და მანუჩარ ათაბაგი თბილისის დასახმარებლად ფულითა და მეომრებით მიდიოდნენ და სვიმონ მეფე რომ ჩაუსაფრდათ და ოსმალთა ჯარი სასტიკად გაანადგურა. `ამრიგად გაანადგურა რა თურქები და უკუაქცია ისინი, (სვიმონმა) ფარჰად ფაშას წაართვა ცოლი მთელი თავისი მსახურებით და ასობით სამხედრო მეთაური ტყვედ წამოიყვანა~. როგორც ცნობილია, ფერჰად ფაშამ განიზრახა თავისი მარცხი მანუჩარისათვის გადაებრალებინა და იგი მოეკლა, მაგრამ მანუჩარმა დაასწრო, `იმოქმედა სწრაფად და იქვე მიწაზე დააგდო რამდენიმე კაცი: მოკლა კადუმ ფაშა და დიარბეგი, რომლებიც მის გვერდით იდგნენ, ხოლო რამდენიმე კაცი დაჭრა~. ამის შემდეგ ის შეუერთდა სიმონ მეფეს, მისი ქალიშვილი შეირთო და ქრისტიანობას დაუბრუნდა. შურისძიების გრძნობით შეპყრობილი ფერჰად ფაშა თავისი ცოლის განთვისუფლებას ცდილობდა. იგი, თბილისისათვის დახმარების საბაბით, თვითონ ჩაუდგა ჯარს სათავეში და წინ გაგზავნა ოთხი ფაშა 40 ათასი კაცით. თვითონ ფერჰად ფაშა კი რამდენადმე მოშორებით 60 ათასი მებრძოლით მისდევდა ავანგარდს. სიმონი თავისი 25 ათასი ქვეითითა და მხედრით თავს დაესხა ოასმალთა მოწინავე ჯარს, 10 ათასი კაცი მოუკლა და როდესაც ფერჰად ფაშა თავისი ძირითადი ჯარით გამოჩნდა, სიმონმა უკან დაიხია მთებში. მას დაეღუპა მხოლოდ 150 კაცი, `რომელთა შორის იყო 30 ცნობილი ქართველი მებრძოლი~1. ფერჰადმა ახლა სხვა გზას მიმართა. ალექსანდრეს თქმით, `მან შესთავაზა სიმონ მეფეს ქალაქ იერუსალიმის მმართველობა საქართველოს უფლისწულის, მისი უფროსი ვაჟიშვილისათვის, ხოლო თბილისი და ბევრი სხვა ადგილი, თვითონ მისთვის, როდესაც იგი ისურვებს და დაჰყაროს იარაღი, გაჰყვეს ლაშქრობაში დიდ ბატონს, ხოლო მას დაუბრუნებს თავის ცოლს და სხვა ტყვეებს, რომლებიც მას თან ჰყავს~.
შენიშვნა
1. ესპანურ წყაროში მოტანილი ეს ამბავი 1581-1582 წლებში მოხდა. იგი ჯოვანი ტომაზო მინადოის საკმაოდ განსხვავებულად და უფრო ვრცლად აქვს გადმოცემული და ოსმალეთის სარდლათაც მეჰმედ ფაშას ასახელებს, რაც სინამდვილეს შეეფერება.
*   *   *
   სვიმონ მეფემ უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე. ამავე დროს ცნობილი გახდა ირანის უფლისწულის ჰამზა მირზას სამზადისზე საქართველოში შესვლისა და თავისი ძალების სვიმონის ძალებთან გაერთიანების შესახებ. ამ ამბავმა ძლიერ შეაშფოთა ოსმალეთის მომხრე ქართველი მეფეები _ ალექსანდრე და ლევანი და მათ ქართლის მეფე სვიმონს მოკავშირეობა შესთავაზეს. მაგრამ ჰამზა მირზას მკვლელობის გამო მათ გეგმა შეცვალეს და კვლავ ძველ პოზიციაზე დარჩნენ.
   როგორც ელჩმა ალექსანდრემ სთქვა, ჰამზას სიკვდილის შემდეგ, ირანის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. სვიმონ მეფე გრძნობდა, რომ ოსმალეთის შემოტევის შეჩერებას მარტო თავისი ძალით ვეღარ შეძლებდა და ამიტომ მან თავისი ელჩების პაპთან და ესპანეთის მეფესთან გაგზავნა და რჩევისა და დახმარების თხოვნა გადაწყვიტა.
   რას ფიქრობდნენ XVII ს. დასაწყისში დასავლეთ ევროპაში საქართველოს შიდა პოლიტიკური მდგომარეობის, რელიგიური ცხოვრების, კათოლიკობის გავრცელების პერსპექტივების შესახებ, ყოველივე ამაზე საინტერესო ცნობებს ვხვდებით ძმა მელშიორ დუშ ანჟოშის და ძმა ხოან დე სან ხოსეს მოხსენებით ბარათში, რომელიც გაგზავნილია ირანიდან მადრიდში 1614 წ. 16 იანვარს. ფრიად საინტერესოა ანონიმური `საქართველოს აღწერა~, რომელშიც გადმოცემულია მისი ბუნებრივი პირობები, კლიმატი, ნიადაგის ნაყოფიერება, ფლორა და ფაუნა, ნაგებობები, ქართველების ფიზიკური აღნაგობა, სიმამაცე; მაღალი და დაბალი წარმოშობის ქართველი ქალების გარეგნობა, მათი საქმიანობა; ქართველების ჩაცმულობა; სტუმართმოყვარეობა; განსაკუთრებით ხაზგასმულია ქართველთა რელიგიური რწმენა.
    ყოველივე ზემოაღნიშნული საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ დასავლეთ ევროპაში საკმაო ინფორმაციას ფლობდნენ საქართველოს წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობაზე მაშინ, როდესაც თეიმურაზ I-მა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი იქ ელჩად გაგზავნა.

Комментариев нет:

Отправить комментарий