ჟამთააღმწერლის „ასწლოვანი მატიანით“ სრულდება „ქართლის ცხოვრების“ კრებული. მის შემდეგ, 3 საუკუნის მანძილზე კრებულში ახალი თხზულებები აღარ შეჰქონდათ. XVIII ს-ში ვახტან VI-ის ბრძანებითა და ბერი ეგნატაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა „სწავლულ კაცთა კომისიამ“ აღნიშნული პრობლემა დიდი შრომის შედეგად მოაგვარა. „ქართლის ცხოვრების“ გაგრელების შედგენის დროს „სწავლულმა კაცებმა“ ისარგებლეს ზეპირი და წერილობითი წყაროებით. კერძოდ, მათ გამოიყენეს გადმოცემები და თვითმხილველითა მონათხრობი, ქართული მატიანეები, ისტორიული პოემები და სიგელ-გუჯრები, აგრეთვე სპარსული და სომხური საისტორიო თხზულებები.
ბერი ეგნატაშვილი
ჟამამდე, ღმრთივ გვირგვინოსნისა მეფისა გიორგისამდე ძისა თავდადებულისა მეფისა დიმიტრისამდე, ეწერათ ცხოვრებანი ქართველთანი. ხოლო ძისა მეფისა გიორგისა, მეფისა ბაგრატისა, არღარა წერებულ იყო, ვიდრე მეფისა გიორგისა ძისა ბაგრატისამდე. ხოლო ამის ბაგრატისა და ძისა მისისა კოსტანტინესი დაეწერათ და ვპოვეთ ძველთა
წიგნთა
შინა
და ქვემორე რიგსა მისსა ზედა დაგვიწერია.
და ესე ამბავნი მის-ზემოთნი გუჯართა და სპარსთა და სომეხთა ცხოვრებისაგან გამოვიღეთ და აღვწერეთ, ხოლო მეფისა ალექსანდრესა და ძისა მისისა მეფისა კოსტანტინესი და შემდგომი ძველთა
კაცთა
და სპარსთა ცხოვრებისა, და ქორანიკონთა და გუჯართაგან აღგვიწერია
ვიდრე
მეფისა
როსტომისადმდე.
ხოლო
მეფისა
როსტომის-აქათი თვით თვალითა
მნახველთა
და მისთა ომებთა შინა მყოფთა კაცთაგან აღგვიწერია. და, რაოდენი საეჭველი
იყო, უხმარ ვყავით, ხოლო მართალი აღგვიწერია
ცხოვრებისა
ბაგრატ
მეფისითგან.
ცხოვრება მეფე ბაგრატ (V) ბაგრატოვანისა, ჲ~ჱ
ჟამსა მას ოდეს განაგებდა ღმრთივ-გვირგვინოსანი მეფეთ-მეფე ბაგრატ, ეპყრა ყოველი საქართველო საბრძანებელსა თვისსა ქვეშე.
მას. ჟამსა იჯდა კათალიკოზი ელიოზ, კაცი საფერი საქმისა.
და ჟამსა მას გამოჩნდა კაცი ერთი თურქეთის ქვეყანასა, სახელით თემურ, ხოლო ეწოდაცა ლანგი, და იყო ესე მკელობელი, და სპარსთა ენათაგან „ლანგ“ მკელობელსა ეწოდების, ამად ეწოდა ლანგ-თემურ. და ესე ლანგ-თემურ იყო გვარად ჩინყიზი; და ამისთვის ეწოდა ჩინყიზი, რომე თურქეთისა ქვეყანისა მკვიდროანთა იყოფებოდა ქალი ერთი, და იყო ქალი ესე მრავლისა ერისა და ულუსისა უფროსი, და იქმნა მის ზედა საქმე ესევითარი: დაორსულდა დედაკაცი იგი, და არა ესვა ქმარი. და შეუძნდა საქმე ესე ერსა და ულუსსა მისსა და შეიკრიბნენ სრასა მის დედაკაცისასა და მიუვლინეს მოციქული და ესრეთ ეტყოდნენ: „ვინათგან მთავარ და უფალ ქენილ ხარ ჩვენ ზედა, რასათვის შეამთხვიე თავსა შენსა საქმე ესე საკიცხელი“. ხოლო იგი უარჰყოფდა და ესრეთ ეტეოდა: „უკეთუ ირწმუნებთ სიტყვათა ჩემთა, უწყოდეთ, რამეთუ ჩემ თანა მამაკაცი არა ყოფილა და არცა მივდგომილვარ ხორციელთა კაცთაგან, და, უკეთუ არა რწმუნო ხართ, დაადგინეთ ჩემ თანა მსტოვარნი კაცნი სარწმუნონი თქვენნი და მე ცხადად უჩვენო, ვინ მოვალს ჩემ თანა“. და დაადგინეს ერმან და ულუსმან მისმან მცველნი და იხილეს მსგავსი ნათლისა და ხელოვანება ელიარისა რომელი მივიდა ღამე დედაკაცისა მის თანა და მსგავსმან განისვენა მსგავსისა თანა. ვითარცა სცნეს საქმე ესე, ირწმუნეს ერმან და ულუსმან მისმან, ღამე ყოველ მოვიდოდეს დედაკაცისა მის თანა და იყოფებოდა, და იტყოდეს: საქმე ესე ჭეშმარიტ არს. და რაჟამს მიუდგა დედაკაცი იგი და იშვა მისგან ყრმა წული, აღიზარდა და უწოდეს ყრმასა მას ძედ ნათლისად და გაახელმწიფეს და ყვეს პატრონად თვისად. და ამიერითგან უწოდეს ჩინყიზი და სწამს მათ ვიდრე აქამომდე დიდ გვარად. ამიერითგან მეფობენ ძენი მისნი.
და ესეც ლანგ-თემურ თესლისაგან მათისა იყო და პატრონობდა ულუსსა რომელსამე ზედა. და პოვა ჟამი რამე ნებისა თვისისა და მოკლა მეფე თურქთა და მოსრნა ყოველნივე ძენი მისნი და თვით დაიპყრა სრულიად თურქეთი და პატრონობდა ყოველთავე ზედა.
და ამიერითგან გაძლიერდა ლანგ-თემურ და პოვა ჟამი წარმართებული საქმისა თვისისა და დაიპყრა რომელიმე ქვეყანა და წარემართებოდა საქმე მისი კეთილად, ვითარცა არს ჩვეულება საწუთოსა ამის სოფლისა, და იყო რჯულითა სუნი.
წარმოემართა და მოიწია სომხითად. და მოაოხრა სომხითი და ტყვე-ყო, და ჭირი დიდი მოწია მათ ზედაო, რამეთუ თვისად მიიმძლავრნა იგინი და ჰყო საბრძანებელსა ქვეშე თვისსა.
და წარვიდეს იქითგან და მიიწივნეს კარსა, და იპყრნა და მოსრნა ყოველნივე, რამეთუ ვერვის ძალ-ედვა წინააღდგომა მისი სიმრავლისაგან სპათასა. და დაიბანაკა და დაიზამთრა იქვე.
და იყო ზამთარი ფიცხელი. ამას ჟამსა შინა მიერთო ათაბაგიცა და პატივ-სცა დიდად ათაბაგსა.
და შემდგომად ზამთრისა წარმოემართა ქართლსა ზედა, რამეთუ ესე იყო წადილი მისი. გარდამოვლო აბოცი და მოაოხრა და იავარ-ყო ყოველივე, ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ. ჩამოვლო თრიალეთი და ვერა აღუდგეს წინა. რომელცა აწ საბარათიანოდ უწოდენ იქებურნი, და იგინიცა მოსრნა და მკვიდრნი მის ადილისანი და შემუსრნა სიმაგრენი და ციხენი მის ადგილისანი.
და ვითარცა ესმა მეფესა ბაგრატს, გამაგრდა ციხესა ტფილისისასა. და, რა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, უფროსად განძვინდა და დაუმძიმდა წინააღდგომა მეფისა ბაგრატისა. წარვიდა და მოადგა ციხესა ტფილისისასა, უბრძანა სპასპეტთა, სპასალართა და მებრძოლთა მისთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და მრისხანებით მიეტევნეს ციხესა ტფილისისსა. და გამოვიდა მეფე ბაგრატ და სრულიად ქართველნი, მიეტევნეს ურთიერთას, და ებრძოდეს ქართველნი ფიცხად. და იქმნა იმიერ და ამიერ ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სიმრავლე კაცთა ფრიადი, და უფროისად მოსწყდეს. სპანი თემურისანი და ვერღარა აღიღეს ციხე ტფილისისსა. და შემდგომად ამისა მოიპოვა ლანგ-თემურ ღონე ესევითარი: ქმნეს ჩელტები რკინისა, და იფარეს სპათა მისთა, და სიმრავლისაგან ლაშქართასა მიეტევნეს ციხესა და მძლავრებით შემუსრეს და აღიღეს ციხე. და შეიპყრა მეფე ბაგრატ და ყოველივე მყოფი ციხესა მას შინა, და თვით დაიპყრა ციხე და ტყვე-ყო მეფე ბაგრატ. ხოლო დაჰპატიჟა ლანგ-თემურ რჯული მაჰმადისა, ხოლო მეფემან არა უსმინა და ჰყვა პატიმრად.
მაშინ წარვიდა ლანგ-თემურ ყარაიაში ნადირობად: მოინადირეს, შეექცეს და დახოცეს მრავალი. და ამიერითგან წარვიდეს ყარაბაღსა და მეფე ბაგრატცა თანა წარიყვანეს პატიმარი, და ვითარცა მიიწივა ბარდას, დაყო იქ ჟამი რაოდენიმე.
მაშინ ლანგ-თემურ ყო ვინმე სარდლადა ერთი მოყმეთა თვისთაგანი რჩეული, და მისცა მას ლაშქარი მრავალი, და წარგზავნა შიდა ქართლსა ზედა, რამეთუ თვით ლანგ-თემურ არა მოსრულ იყო შიდა ქართლსა, და უბრძანა შემუსრვა ციხეთა და ქალაქთა, მოსრვა პირითა მახვილისათა ყოველთავე იქ მკვიდრთა, მამაკაცისა და დედაკაცისა. და ჟამსა მას იყო ქორონიკონი ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ.
და მოიწივნეს ლაშქარნი მისნი და იავარ-ყვეს და მოაოხრეს ყოველივე საქართველო, შემუსრეს და დაარღვივეს წმიდა კათოლიკე ეკლესია მცხეთისა, და მიიწივნეს იქით ქვაბთა-ხევს, და შეიპყრეს იქ მყოფნი კაცნი, მამანი და დედანი, მღდელნი და დიაკონნი და მონაზონნი, და შეამწყუდიეს ტაძარსა წმიდისა ქვაბთა-ხევისა ღმრთის-მშობელისასა. და შეუგზნეს ცეცხლი შინაგან ეკლესიისა და დაწვეს რომელიცა იყოფებოდეს ეკლესიასა მას შინა და ვიდრე დღეინდელად დღედმდე იხილვების შინაგანიატაკსა ზედან წმიდისა ეკლესიისასა და დამწვარნი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხედან.
და აიყარნენ იქიდან და წავიდნენ ზედა და, სადაცა ვინ იხილეს კაცნი და შენობა, მოსრეს და ააოხრეს ყოველივე. და მიიწივნეს რუისსა და მოიცვეს იგიცა, და იავარ-ყვეს და ეკლესია წმიდისა ღმრთაებისა ძირითურთ აღმოფხვრეს, და მოაოხრეს ყოველივე ქვეყანა. და წარმოვიდეს იქითგან, და ჩამოვლეს კახეთი და იგიცა აღაოხრეს და დაწვეს და წარვიდენ.
და იყო იქ ჟამ რაოდენმე, ხოლო წარვიდა იქითგან და მივიდა შაქის. და მიერთნეს ყოველნივე მკვიდრნი მის ადგილისანი, დიდებულნი და მცირენი, კავკასიანნი და ლეკნი, შირვანელნი და გილან-მაზანდარელნი.
და თანა ჰყავდა მეფე ბაგრატ, ტყვედ პყრობილი. და კვლავ ღონე-ჰყოფდა ლანგ-თემურ მიქცევად მეფისა ბაგრატისა რჯულსა ზედა მაჰმადისასა ლიქნითა და მრავალთა ნიჭთა ქადებითა. მაშინ გულისხმა-ჰყო წინააღრჩევით მეფემან ბაგრატ, და მოიხელოვნა განზრახვა ესევითარი, და მიჰყვა ნებასა მათსა არა გულითა ჭეშმარიტითა, არამედ საქმისა ამისთვის, რომელი წინამდებარემან სიტყვამან გაუწყოს, და მორჩილ -ექმნა ლანგ-თემურს და მიიქცა რჯულსა ზედა მაჰმადისასა. მაშინ ლანგ-თემურმა გაიხარა სიხარულითა დიდითა, და შეიტკბო მეფე ბაგრატ და პატივსცა დიდად, და ძუძღუნა საბოძვარი და შესამოსელი სახელმწიფო, საგებელ-სახურავი, მსგავსი სიდიდისა მათისა, დიდად ითვისა და მრავალსა კეთილს-უყოფდა. მაშინ მრავალთა ქართველთა დაუტევეს რჯული თვისი და მივიდეს რჯულსა ზედა მაჰმადისასა. ხოლო მაშინ დიდად მწუხარე იყო მეფე ბაგრატ და იტყოდა გულსა შინა თვისსა: „არა ვსცე ძილი თვალთა, არცა განსვენება ხორცთა ჩემთა, ვიდრემდის არა ვიძიო მათ ზედა შური“, და საქმე ღმერთსა მიანდო. და უმეტესადღა ზრუნვიდა დატევებისა რჯულისა თვისისათვის და მიდრეკისა ქართველთათვის. მაშინ მოიპოვა ღონე ესევითარი: ვინაითგან დიდად სარწმუნო უჩნდა ლანგ-თემურს და მორჩილობდა სიტყვასა მეფის ბაგრატისასა, და უთხრა ლანგ-თემურს: „ვინათგან ვსცან კეთილად სიმტკიცე რჯულისა შენისა, აწ მეცა მოქენე ვარ, რათამცა სრულიად მორჩილ ვყვნე რჯულისა თქვენისა მკვიდრნი საქართველოსანი სრულიად. უკეთუ გნებავს მოქცევა მათი სჯულსა თქვენსა ზედა, აწ მომეც სიმრავლენი სპათა თქვენთანი, და წარვალ თემთა და სამეფოთა ჩემთა, და მოვხადო კაცთა მყოფთა მთის ადგილისათა: მთიულთა, ოვსთა, დვალთა, სვანთა, აფხაზთა და ყოველთავე იქ მყოფთა, და მე დავარწმუნებ სჯულსა თქვენსა“.
და ვითარცა ესმა ლანგ-თემურს განზრახვა ესე მეფისა ბაგრატისა, განიხარა სიხარულითა დიდითა, და მოსცა საბოძვარი ურიცხვი, და სპანი, ვითარ თორმეტი ათასი, და სარდალი უჩინა, და წარმოაჩინა მეფე ბაგრატ საქართველოსა ზედა.
როცა მოიწივნეს კერძოთა და არეთა საქართველოსათა, მაშინ გაგზავნა ჩინებული და სარწმუნო აზნაური რუს ეგნატაანთაგანი, და საიდუმლოდ მიუწერა მეფემან ბაგრატ ძესა თვისსა გიორგის ესრეთ, ვითარმედ: „მე მოვალ სპითა ლანგ-თემურისათა და თქვენცა შეიყარეთ სპანი საქართველოსანი და მზირად წინა შეგვეეთხვიენით ერთსა სიმაგრესა და ვიწროთა გზათა ზედა, და მეცა მოვალ თქვენ თანა, და უქმნათ წინაუკანა, და მოვსრათ პირითა მახვილისათა, და ვიძიოთ შური პირველი, რომელ ჰყვეს მათ ჩვენ ზედა“.
და ყო ეგრე, ვითარცა მიუწერა მამამან ძისმან, და შემოიყარნა სპანი საქართველოსანი რჩეულნი, და დაუმზირდა გიორგი ერთსა ვიწროთა გზათა და სიმაგრეთა ზედა. რა მიიწივნეს მეფე ბაგრატ და სპანი ლანგ-თემურისანი, მაშინ მიივლტოდა მეფე ბაგრატ ძისა თვისისა თანა. და განეწყვნეს წინა-უკმო, და მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა ლომნი, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. მოსრეს და ამოსწყვიტეს სრულიად თათარნი. და მოკვდა კაცი თორმეტი ათასი თათართაგანი, და არარა ევნო სპათა საქართველოსათა. და იძიეს შური პირველი. და წარვიდა თვისად მეფე ბაგრატ და ძე მისი გიორგი გამარჯვებული.
და ვითარცა მიიწია ამბავი ესე ლანგ-თემურისა, დიდად შეუძნდა და მწუხარე იყო საქმისა ამისთვის, და დაიბანაკა იქვე ზამთარსა მას. და ვითარცა მოიწია თვე მარტისა, შემოიკრიბა სიმრავლე ლანგ-თემურ და წარმოემართა კვლავ ქართლად, განძვინებული ფრიად. და დაუტევა შაქისი და მოიწივა ბარდავს, და იქ დაუტევა ბარგი სამძიმარი, რომელიც არა ეხმარებოდა. და დაარჩივა მეომარი სპა, და თვით წარმოემართა სიმრავლითა ურიცხვითა სპათათა, და მოიწია მდინარესა ზედა მტკვარსა. და მტკვარსა ზედა გასდვა ხიდი ნავებითა და განვლეს მას ზედა. მოვიდა შირვანშა, და შემოეყარა ჯარითა ლანგ-თემურს, და წარმოემართა საქართველოსა ზედა.
მას ჟამსა იყო გაზაფხულის პირი და ციოდა დიდად და მოსწვიმდა და სთოვდა. და ვითარცა მოიწია ლანგ-თემურ საქართველოსა შიგან, დახვდეს მეფე ბაგრატ და ქართველნიცა შეყრილნი. და მიეტევნეს ერთმანერთსა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრა იმიერ და ამიერ კაცი ურიცხვი და უფროსად თათარნი ორი ზომა მოისრა ომსა მას შინა. და სპათა სიმრავლისაგან თათართასა მძლე ექმნენ; თათარნი, მიიქცეს. და ივლტოდეს ქართველნი სიმაგრეთა და ხიზანთა თვისთა თანა, და რომელიმე შეიპყრეს, დახოცეს და ამოსწყვიტეს, და ყოველივე მოსრეს პირითა მახვილისათა. ხოლო ქართველნი წინავე უწყოდეს მოსვლა ლანგ-თემურისა და ყოველივე შელტოლვილ იყვნეს მთასა კავკასიისასა. და მოჰყვნენ თათარნი თანა, შემოვიდეს საქართველოში, მოითარეშეს, მოაოხრეს და დაწვეს წმიდანი ეკლესიანი და აღაოხრეს ქვეყნები, და ხიზანი ვერა დაახელეს.
და შემდგომად ამისა შეიქცა ლანგ-თემური თვისადვე. და ამისად შემდგომად წარვიდა კვლავ ყარაბაღსავე, დაყო იქ ხანი რაოდენიმე.
და ჟამსა ამასვე მიიცვალა მეფე ბაგრატ და დაჯდა მის წილად ძე მისი გიორგი მეფედ. და იყო კათალიკოზი ელიოზ. და მიიცვალა კათალიკოზი ელიოზ და დაჯდა მის წილ კათალიკოზი გიორგი.
მეფე გიორგი (VII), ჲ~თ
და დაიპყრა მეფემან გიორგი ყოველი საქართველო, და იმერნი და ამერნი. და რა ესმა ლანგ-თემურს დაპყრობა საქართველოსი მეფისა გიორგისაგან, იწყინა დიდად ამისთვის, რომე მეფემან ბაგრატ იძია მას ზედა შური, მომსრველმან სპათა მისთამან. ამისთვის დიდად მტერ ექმნა, და წარმოგზავნა სარდალი თვისი ყარალათი სპითა მრავლითა მოწინავედ, და თჳთცა უკანა გამოუდგა და წარმოემართნეს საქართველოსა ზედა სპითა ურიცხვითა. და გასცა საბოძვარი მრავალი სპათა თვისთა ზედა, და დაიერთგულა. მოვიდა და დადგა ყარაბაღს და აღივსო ყარაბაღი სპითა. და მოიწია საზღვარსა ქართლისასა, და მიუწერა მეფესა გიორგის წიგნი, და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: „მე ვარ მეფე შენი და მოვედ ჩემდა და შემომრიგდი, და მოგცემ საბოძვარსა მრავალსა და დიდად პატივ-გცემ; და უკეთუ არა მორჩილ მექმნები, უბრძანებ ლაშქართა ჩემთა და მოვაოხრებ სრულიად ქვეყანასა შენსა“.
და ვითარცა მიიწია მოციქული მეფისა გიორგისა წინაშე, და ესრეთ უპასუხა მეფემან გიორგი მოციქულსა მას, ვითარმედ: „მე მეფისა შენისა უმცირესი არა ვარ, და არცა ძალ-უც მოოხრება ქვეყანისა ჩემისა და, ვინათგან უთქვამს, უკეთუ არა აღასრულოს საქმე ეგე, იყოსმცა დიაცი და არა კაცი“.
წარვიდა მოციქული იგი ლანგ-თემურისა და მიართვა ამბავი ესე და მოახსენა ქება დიდი მეფისა გიორგისა, სიმხნე და სიკეთე მისი და სპისა მისისა. და რა ესმა, სიტყვა ესე ლანგ-თემურს, განძვინდა დიდად და აღიყარა და წარმოვიდა ლაშქრითა ურიცხვითა.
და რა ესმა მეფესა გიორგის, მაშინ თანა ახლდენ იმერნი და ამერნი და მესხნი და ყოველივე საქართველო, - აღიყარა იგიცა და წარმოვიდა; და ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და იყო ქარი ძლიერი და აყრიდა მტვერსა პირსა ლაშქარსა ლანგ-თემურისასა, და განმხნდეს ძლიერად ქართველნი და მიეტევნეს, ვითარცა ცეცხლი თივასა, და მოსრნეს და ამოსწყვიტეს სპანი მრავალნი ლანგ-თემურისანი ესრეთ, რომე ამისთანა მარცხი და ზიანი არაოდეს შემთხვევია სპათა ლანგ-თემურისათა. და შეაძრწუნეს დიდად ლანგ-თემურ და ლაშქარნი მისნი, არამედ სიმრავლისაგან ლაშქართასა ვერღარა დაიძრნეს, და იდგნენ იქვე შეწუხდა ლანგ-თემურ და გამოიმეტა თავი, აღუძახა ლაშქართა თვისთა. მაშინ განმხნდენ სპანი ლანგ-თემურისანი, და განიწირნეს თავნი, და არღარა ძალ-ედვათ ქართველთა, დიდის ომისა და სიმაშვრალისაგან განდრკეს ქართველნი და ივლტოდეს. და წარვიდეს მთათა და სიმაგრეთა.
ხოლო ლანგ-თემურ მიადგა ციხესა ტფილისისასა. და განამაგრეს ციხე, რამეთუ იდგნენ რაოდენნიმე ქართველნი შინაგან ციხესა. და მოადგნენ გარე, აღიღო ციხე და გალავნები ციხისა და გარემო სიმაგრენი ყოველნივე ქართლისანი, და შეაყენა შიგან სპანი თვისნი და თვისად იპყრა. შეაყენნა შიგან კაცნი ხორასნელნი და თვით აღიყარა, და წარვიდა და დადგა მუხრანს. და რაოდენნიცა ნახეს სპათა მისთა ეკლესიანი, ანუ შენობანი, ყოველნივე მოაოხრნეს.
მაშინ რომელნიმე ქართველთაგანნიცა მოუვიდეს. აღიყარა და მიადგა ადგილსა ჯანიბეგისასა, რომელი იყო მთავარი ქართლისა, ჩადგა და დაუწყო მოოხრება, და ვერღარა დაუდგა ჯანიბეგ და მოუვიდა იგიცა. და დადგა ხანსა რაოდენსამე ლანგ-თემურ, და მოაოხრა სრულიად საქართველო, და ენება ხელთ-გდება მეფისა გიორგისა და ვერ შეუძლო შეპყრობა მისი.
და რაჟამს მოუვიდა ჯანიბეგ, აღიყარა იქითგან და წარვიდა; და მივიდა, სადაც ჰქონდა ბარგი და სამძიმარი თვისი. მაშინცა არავე დასცხრა მოოხრებისაგან საქართველოსა, წარგზავნა ხოჯა შიხალი და წარატანა თანა სპანი მრავალნი. და ერთსა მხარესა, ჯანიბეგის მამულის კერძო, გაგზავნა ამირჯანშა და გაატანა სპა ურიცხვი და თითო-თითოს მხარესა გააყენნა სარდლები და სპანი ურიცხვნი და უბრძანა, რაოდენიცა ნახონ ურჩნი და განდგომილნი თვისნი, ყოველივე მოსრან და მოაოხრონ ადგილიცა მისი. და უბრძანა ესრეთ: „რომელნიცა შეიპყრობთ მეფესა გიორგისა და მოიყვანს ჩემ თანა, მივანიჭებ წყალობასა და საბოძვარსა ურიცხვსა“.
და წარვიდენ სპასალარნი და სპანი მისნი და მოაოხრეს ყოველი ქვეყანა და ვერ შეიპყრეს მეფე გიორგი. და რომელნიმე შეიპყრნეს ყმანი მეფის გიორგისანი და ჰკითხვიდენ, თუ სადა არს გიორგი მეფე. ხოლო მათ არარა იცოდენ, და ვერა გაიგეს რა მეფის გიორგისა, შემოიქცენ და მოვიდნენ ლანგ-თემურისა თანა და მოახსენეს ვერ-შეპყრობა მეფისა. დაჭმუნდა ლანგ-თემურ დაჭმუნვებითა დიდითა და აღიყარნეს და წარმოვიდეს იქითგან და მოვიდეს ყარაბაღად.
მაშინ იყო თაირ სულტანი ქვეყანისა ჯალაისა, სჯულითა მაჰმადიანი. ოდეს მოვიდა ლანგ-თემურ ქვეყანასა მისსა, აღუდგა წინა ესე თაირ სულტანი და მრავალი ზიანი უყო სპათა ლანგ-თემურისათა; და მერმე ვერღარა დაუდგა, წარმოვიდა და მოვიდა მეფესა გიორგის თანა. ხოლო მეფემან გიორგი მიუპყრო პატივი დიდი და ჰკითხევდა და უსმენდა თქმულთა მისთა.
და რაჟამს იხილა მეფემან გიორგი მძლავრება ესევითარი ლანგ-თემურისა, განიგულა შერიგება და მორჩილება ლანგ-თემურისა. წარავლინა კაცი და მოუწოდა კაცსა მას, რომელი მოსრულ იყო რჯულითა მაჰმადიანი, სახელით ისმაილ, ესე განაგო მოციქულად ლანგ-თემურისა თანა. ხოლო რაჟამს შეიგნა საქმე ესე სულტანმან თაირ, ფრიად დაუშალა მისვლა და შერიგება ლანგ-თემურისა თანა. ხოლო მეფემან არა უსმინა და წარგზავნა კაცი იგი და შესთვალა სიტყვა მორჩილობისა ესრეთ, ვითარმედ: „მოვალ შენდა და დაგემონები და მორჩილ ვიქმნები შენი, ვყოთ მშვიდობა და მოგცემ ხარაჯასა“.
და რა მივიდა მოციქული ლანგ-თემურისა თანა და ესმა სიტყვანი ესე, ფრიად განიხარა და სათნო უჩნდა. გააბრუნა მოციქული იგი და შეუთვალა ესრეთ: „უკეთუ მოხვიდე წინაშე ჩემსა და შემომრიგდე, მეცა მიპატივებია დანაშავები შენი“.
მაშინ განიზრახა თვისგან და თქვა ესრეთ, ვითარმედ: მატყუებს მეფე გიორგი და არა მოვალსო ჩემ თანაო. და მაშინ წარმოემართა ივანე ათაბაგსა ზედა ამისთვის, რომ მორჩილობდა მეფესა გიორგის მორჩილებითა დიდითა; და რაჟამს ეწყო ლანგ-თემურს მეფე გიორგი, მაშინ ივანე ათაბაგი თან ახლდა, და ამისთვის დიდად მტერ იყო მისთვის. და წარემართა ზემო ქართლსა ზედა. ჩადგა და აღაოხრა ქვეყანა და ამოსწყვიტა მრავალი სული. დაარღვივნა წმიდანი ეკლესიანი, ხატნი და ჯვარნი და, რაოდენნიცა შეიპყრნა კაცნი ქრისტეანენი, დაჰპატიჟნა სჯული მაჰმადისა და, რომელიცა მორჩილ ექმნა, თანა წარიყვანა და, რომელიცა არა მორჩილ იქმნეს, მოსრნა პირითა მახვილისათა.
გარდმოვლო იქიდან და ჩამოდგა მანგლისს და დადგა თვესა ორსა იქ. და მოვიდნენ კაცნი სჯულითა მაჰმადიანნი, რომელნი ესახლნეს საზღვართა ქართლისათა, რამეთუ, რაჟამს მოიცლიდიან ქართველნი ლანგ-თემურისაგან, ჩაუდგიან თათართა, რომელნი ესახლნეს საზღვარსა ქართლისასა მაჰმადიანნი, და მოაოხრებდიან. მათ შემოსჩივლეს: „ქართველთაგან მრავალნი ჭირნი გამოგვივლიან, რომელნიც არიან მახლობელად ჩვენსა ქართველნი, მათგან შეგვემთხჳვა ჭირი დიდი და აოხრება და აწ ამაზედ მოგვეხმარენით“. და შეეწყალა ლანგ-თემურს და მოიყვანა სარდალი ერთი, რომელსაც ეწოდა სახელად ამირ შიხ ნურადინ, და უბრძანა სპითა თვისითა წარსვლა. და რაჟამს წარვიდა იგი, შემდგომად ორისა დღისა უბრძანა კვლავ სხვასა სპასპეტსა წარსვლად და მიშველებად მისა. და რა მივიდა იგიცა ადგილთა ქართველთასა, რომელნი უხმობდეს თათართა, და თემთა მათა, და იბრძოდენ დღესა ხუთსა და სძლეს. სიმრავლისაგან ჯართასა სპათა ლანგ-თემურისათა. და აღიღეს ადგილნი და ციხენი და სიმაგრენი, და ტყვე ვერა მოიხელეს, და სხვანი შენობანი მის ადგილისანი მოაოხრეს ყოველივე და დაწვეს და წარმოვიდეს ლანგ-თემურისა თანა.
და ამას ჟამსა შინა მოვიდა ელჩი ფრანგისა, რამეთუ შეეპყრათ შვილი კეისრისა და მოართვეს იგიცა ლანგ-თემურს. ეტრფიალა და შეეწყალა შვენიერება და სიჭაბუკე მისი და მისცა საბოძვარი და სამეუფო სამოსელი და განუტევა თვისსა სამეფოსა.
და შემდგომად ორისა თვისა აღიყარა მანგლისითგან, და წარვიდა და მივიდა ხევსა არაგვისასა, შევიდა მას შინა, დაამსხვრია და მოაოხრა და აღიღო სიმაგრენი ყოველივე არაგვისა, და კაცი ვერა მოახელა, დაწვა და წარმოვიდა. და დაიპყრა ქვეყანა სიასი და სხვანი ქვეყანანი მრავალნი. მაშინ არავე დააცხრო გულისწყრომა ქრისტიანეთა ზედა.
ხოლო მეფემან გიორგი კვლავ დაიპყრა ქართლი. და რა ესმა კვლავ ლანგ-თემურს, განიგულა წარმოვლინება ლაშქრისა თვისისა. წარმოავლინა ძე თვისი სულტან უსეინ, ფირ მაჰმად ამირ შიხი, აბუბექირ და თავადთა მისთაგანი ჯანშა და თემურ ხაჯა აღბუღა, სეიდ ხაჯა, შიხ ალის შვილი, და სხვანი მრავალნი თავადნი და სპანი ურიცხვნი. და წარმოვიდნენ, მოვიდნენ და მოადგნენ ერინჯაგსა, რომელ არს ციხე, არამეთუ მას ჟამსა ეპყრა იგი მეფესა ქართლისასა. და დადგნენ ხანსა მრავალსა და ხანსა რაოდენსამე შეწუხდენ ციხესა შინა მყოფნი, გამოვიდეს და დაანებეს ციხე. მოვიდნენ მრავალნი იგი ციხისანი და შემოეხვეწნენ. და წარმოიყვანეს ციხისა თავი და უფროსი მეციხოვნე და მოჰგვარეს ლანგ-თემურს. ხოლო ძენი ლანგ-თემურისანი წარმოემართნეს ქართლად და მივიდნენ მანგლისს.
და რა სცნა ესე მეფემან გიორგი, წარმოუგზავნა მოციქული, შემოუთვალა ხვეწნა და მშვიდობის ყოფნა და ითხოვა შერიგება და შუამავლობა მამისა მათისაგან. ხოლო ძეთა ლანგ-თემურისათა უსმინეს და შემოუთვალეს ლანგ-თემურს ხვეწნა ესე მეფისა გიორგისი, ხოლო ლანგ-თემურ უსმინა და ყო მშვიდობა და შემოუთვალა ძეთა მისთა და ივიმნა ძენი მისნი. წარმოვიდნენ და მოვიდნენ ლენგ-თემურისა თანა და ჩამოესხნენ ქართლსა.
და კვლავ წარვიდნენ ძენი ლანგ-თემურისანი ბაღდადსა ზედა. მივიდეს და აღიღეს ბაღდადი და დაიპყრეს არაბისტანი მრავალი თემი და აღივსნეს საშოვრითა. და ინება ლანგ-თემურ თავრიზის მოდგომა და წარმოვიდა სანახავად ციხისა მის, რომელი პირველ აღიღეს ალინჯა. და წარმოემართა სპითა ურიცხვითა და კარვებითა მრავალფერითა, მოვიდა და ნახა ციხე ალინჯა. და წარვიდა და მივიდა ტბასა გელაქუნსა.
და სცნა რა მეფემან გიორგი, წარმოუგზავნა ძმა თვისი და ძღვენი მრავალი და მოუმცნო ესრეთ, ვითარმედ: „სადაცა გვიბრძანებთ, გილაშქრებთ და ვიქმნებით მორჩილნი თქვენნი. და ამიერითგან დააცხრვე გულისწყრომა შენი ჩუენ ზედა“. და შეეწყალა ლანგ-თემურს, აღიღო ძღვენი მისი და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: „მიპატივებია დანაშავები შენი და ამიერითგან, რომელნიცა არიან მაჰმადიანნი საზღვარსა საქართველოსასა, ნუღარა იკადრებთ რბევად და წყინებად მათდა და იყოს მშვიდობა ჩვენსა და თქვენს შუა“. და იქითგან აღიყარნენ და მივიდნენ ბარდასა და დადგა იქ.
და რა გამოჰხდა წელიწადი ერთი, მოივარგა ყოველივე საქმე თვისი ლანგ-თემურ და განიზრახა გულსა შინა თვისსა და თქვა: „შარშან რომ მეფე გიორგი დამპირდა, ვნახოთ აღმისრულებს იმ პირობას თუ არაო. და თუ აღმისრულებს, ვსცნა ახლა“. წარმოვიდა და დადგა მანგლისს. და იყო თავადი ადგილსა მას, რომელსა ეწოდება მარტიანა, და თავადსა მას ეწოდებოდა სახელად ესაია. და მას პირობა დაედვა ლანგ-თემურისათვის მისვლად მის თანა და არღარა მისულიყო. და რა მივიდა ლანგ-თემურ, შეწუხდა თავადი იგი და არღარა ჰქონდა ღონე მისვლის მეტი. და მოიპოვა ღონე ესე და შეეხვეწა ძესა ლანგ-თემურისსა შარუხს და ჩამოუშვა შუამავლად. წარვიდა და წარუღო ძღვენად ლარნი მრავალნი და მივიდა ძესა თანა ლანგ-თემურისასა, ხოლო მან მიიყვანა თავადი იგი ლანგ-თემურისა თანა. და და ნახა ლანგ-თემურ, უთხრა სიტყვანი წყრომისანი, თუ ვითარ იკადრე შენ ჩემი ურჩობაო. მაშინ მოეხმარა ძე მისი და იპატივა და შეაწყალა მამასა თვისსა და უშოვა ხალათი. და ჰყვანდა თავადსა მას ასული ერთი და გამოართუა ძემან ლანგ-თემურისმან აბუბექირ და შეირთო ცოლად. და იყვნენ მიერითგან მოყუარენი და მიენდო ლანგ-თემურცა.
მაშინ ათაბაგმან, აღბუღას შვილმან ივანე, აღიღო მანცა ძღვენი ტურფა და მივიდა ლანგ-თემურისა თანა. მაშინ შეიწყალა ლანგ-თემურ და მისცა ხალათი და უყო წყალობა. და მოუვიდეს გარემონი თავადნი სომხითისა, სამცხისა და კარისანი.
და რა სცნა ესე მეფემან გიორგი, წარმოავლინა ძმა თვისი კოსტანტინე ძღვნითა მრავლითა და მიუმცნო სიტყვა მდაბალი მორჩილებისა. და იამა დიდად ლანგ-თემურს და შეიწყალა. და წარვიდა იქითგან მხარესა მას ქურთისტანისა სადა დაიპყრა ქურთისტანი.
და მაშინცა არავე დააცხრო ბოროტმან ამან გულისწყრომა თვისი ქართლსა ზედა და სწადოდა ქვეყანა გასათათრებელად, და იგონებდა ძვირსა და ბოროტსა ქართლისათვის და უფროსად მეფის გიორგისათვის, ჯავრისა მისთვის, რომელი უყო მეფემან ბაგრატ. ხოლო წარმოგზავნა პირველად პატრონი შირვანისა სახელად შიხ ბარაიმ. ესე წარმოგზავნა, რათა შეიტყოს გამოსავალი საქართველოსი გლეხისა და ბეგარა და სარგო მეფისა გიორგისა. და თვითცა წარმოვიდა და მოვიდა კარს.
და რა სცნა ესე გიორგი მეფემან, წარმოუგზავნა კაცი იგი, სახელად ესაია, რომელი იყო თავადი სომხითისა, და მოუმცნო ესრეთ, ვითარმედ: „რომელიცა პირობა მოგვიცემია, ყველა აღგვისრულებია და ურჩობა არა გვიქმნია რა, და რომელსაცა ამიერითგან გვიბრძანებთ, არა ურჩ გექმნებით. და აწ ისმინეთ აჯა ჩვენი და შეიწყალეთ ქვეყანა ესე ჩვენი, ნუ მოხვალ და ნუცა წაახდენთ ქვეყანასა ამას, რამეთუ მოსავლისა პირი არის რა, თუ ახლა თქვენ მოხვალთ, წახდება სულად ქვეყანა ესე“. რამეთუ თავადი ესე ესაია იყო ყმა მეფისა გიორგისა, წარგზავნა ესე და ფეშქაშიცა გაატანა მეფემან.
და რა მიართვა ფეშქაში, არა აღიღო ლანგ-თემურ, რამეთუ სწყრებოდა ფრიად, და შეუთვალა ესე: „უკეთუ გინდა წაუხდენლობა ქვეყანისა ამის, მოდი ჩემ თანა და გათათრდი, და თუ გათათრდები, არცა გთხოვ ხარკსა და მოგცემ ხელშევალად ქვეყანასა მაგას და სხვასაცა მრავალსა საბოძვარსა. და უკეთუ არა გათათრდები, დაიდევ ხარკი ჩემი და მოდი ჩემ თანა და მოგცემ ქვეყანასა მაგას. და, როგორც განუტევე შვილი კეისრისა, ეგრეთვე შენცა არას გავნებ და განგიტევებ მშვიდობით, რამეთუ იგიცა შენის სჯულისა იყო. და უკეთუ არა მოხვალ, დავასრულებ ჯავრსა ჩემსა შენ ზედა და ქვეყანასა შენსა ზედა, ანუ დავასრულო ცხოვრება შენი და ქუეყანაცა, და უკეთუ მოხვიდე, მიფიცავს თავსა მაჰმადისასა, რამეთუ უკეთესი პატივი მოგცე შენ კეისრისაგან და მშვიდობით განგიტევო, და უკეთუ არა, მიეცნენ ძენი და ასულნი შენნი ტყვეობად“.
და რა წავიდა მოციქული, ლანგ-თემურ განიზრახა თვისაგან: „ესე უწყი, აღიღებენ მოსავალსა, და განიგულვენ სიმაგრეთა. და არღარა მოვლენ ჩემ თანა“. და ამისთვის არა უსმინა ხვეწნა მათისა გიორგისი და წარემართა სპითა მრავლითა, რამეთუ სწადოდა მიზეზით შეპყრობა მეფისა გიორგისი.
და რა სცნა საქმე ესე მეფემან გიორგი, დაიხიზნა ყოველივე ქართველი და მოიმკეს მოსავალი და წარიღეს თვისთა თანა. წარვიდა ლანგ-თემურ და ჩადგა შიდა ქართლსა და იდგა ხანსა რაოდენსამე, და ვეღარა მოახელეს რა, მისჭირდა. და წარმოვიდა.
და მოადგა ციხესა ბირთვისისასა. და იყო მაშინ ციხისთავად სახელით ნაზალ და ოცდაათნი თავადნი ჩინებულნი და სხვანი მრავალნი აზნაურნი და მსახურნი ქართლისანი. და მაშინ სპანი ლანგ-თემურისანი ზარობდეს ციხისა მისგან, რამეთუ მრავალგზის მრავალი ჭირი ენახათ ქართველთაგან და, ვითარცა კანჯარი ლომთაგან ეგრეთ თრთოდენ ქართველთაან რამეთუ ერთი ქართველი ათსა მათგანსა წარიქცევდა და იცოდნენ ციხისა მის სიმაგრე და საზრდელთა სიმრავლე.
მაშინ განმზრახთა თვისთა თანა არჩივა ლანგ-თემურ, და ცდილობდნენ, თუ რამ ეყო ციხისა მისთვის. ესე ურჩიეს მათ, რამეთუ იციან სულად ყოველმან კაცმან, უკეთუ შემოადგება ლანგ-თემურ ციხესა რომელსამე, არა მოეშვების, რომელ არა აღიღოს. და დაასკვნეს შემოდგომა ციხისა მის და აღება. მაშინ მიუდგნენ სპანი ლანგ-თემურისანი ციხესა მას და გამოვიდნენ სპანიცა ციხოსანნი და შემოუტივეს სპათა ლანგ-თემურისათა.
ჰყვანდა ლანგ-თემურს უკან ჯარი დამალული და უკ-მოეცალნენ თათარნი. მაშინ მიეტევნეს ციხოვანნი და მოსწყვიტეს და ყვეს მრავალი ზიანი. მაშინ დიდად განძვინდა ლანგ-თემურ და ბრძანა ორისავე კუთხის ციხის აგება. და თვით მიადგა კარსა ციხისასა და იქცა ბრძანა აგება ციხისა. და რა გამოვიდა კვირა ერთი, და შეიგნეს დიდად სიმაგრე ციხისა და ვერა აღება შინაგან ციხისა მის და უშიშრობა ციხოვანთა. და იყო იქ კლდე ერთი და იქიდან პოვეს მცირე რამე აღსავალი.
მაშინ იყო სპათა ლანგ-თემურისათა კაცი ერთი, სახელად ბეგიჯაგ, მისრელი, და მან მოიხელოვნა და აღვიდა ღამე მალვით შინაგან ციხისად, აღიყვანა თხა ერთი და დაკლა იქ ამისთვის, რომე ესე შეეტყო ქართველთა ციხოვანთა, რომე შემოპარულან ციხესა ამას ლაშქარნი ლანგ-თემურისანი. და მაშინ იყვნეს ქართველნი უშიშრად. მაშინ უჩვენა კაცმან მან აღსავალი ციხისა. მაშინ განიხარა ლანგ-თემურ და ბრძანა ხელოვანებით დაწნა კიბისა ბანბისა და აბრეშუმისა, და აგზავნეს კაცი იგი პირველაღსრული და მან კაცმან მოაბა წუერი ერთი კიბისა ადგილსა მაგარსა მის კლდისასა, და ღამე შევიდა ჯარი ლანგ-თემურისა და აღივსო ციხე იგი ჯარითა. და მაშინ წარვიდა ზოგი რამე ჯარი და განუღო ციხის კარი ლანგ-თემურს და სპათა მისთა.
და რა სცნეს ქართველთა საქმე ესე, მაშინ შეებნენ გულ-მესისხლედ და ებრძოდეს თავ-გამომეტებით. და იყო ბრძოლა ძლიერი და მოსწყვიტეს ჯარი ლანგ-თემურისანი მრავალნი, და ბოლოს დარჩა გამარჯვება ლანგ-თემურს სიმრავლისაგან ლაშქართასა და აღიღო ციხე იგი. და მოართვნეს მრავალნი დიდებულნი აზნაურნი დარჩენილნი ლანგ-თემურს და წარკვეთნეს ყოველთავე თავნი; და ციხისთავსა მას, რომელსა ერქვა ნაზალ, მასცა წარკვეთა თავი, და ცოლი მისი მისცა მპყრობელსა შირვანისასა. და ციხისა ამის ამღებსა მისცა წყალობა მრავალი, და შეაყენა ჯარი თვისი ციხესა მას შინა, და დაუყენა ციხისა მის თავად სახელად მაამადი დაუყენა მცველნი მრავალნი. და უბრძანა გარეშემოთა წმიდათა ეკლესიათა დარღვევა და მოოხრება და, რაოდენიცა პოვონ, მოსრვა და სრულიად ამოწყვეტა. და წარვიდა მიერითგან და არღარა შესძინა ლანგ-თემურ მოსვლად საქართველოსა შინა.
და მოვიდა კვლავ მეფე გიორგი და დაიპყრა სამკვიდრო თვისი ქართლი და იყო უშიშრად.
და დაასრულა ლანგ-თემურ მოოხრება ქართლისა და წარვიდა სხვათა ქვეყნისა დაპყრობად. და ქმნა მრავალნი საქმენი დიდძალნი ლანგ-თემურ, რომლისა ცხოვრება მისი ვრცელად წერილ არს ცხოვრებასა შინა სპარსთასა, ხოლო ჩვენ აღვწერეთ ყოველივე მოსვლა მისი ქართლად და აოხრება ქართლისა, რომელი არა სადა მოწევნილ არს ქართლსა ზედა ჭირი ესევითარი, რაოდენი ამან მოაწივა.
ხოლო, შემდგომად წარსვლისა ლანგ-თემურისა, კვლავ დაიპყრა ქართლი მეფემან გიორგი. და ამან ლანგ-თემურ დაიპყრა ქურთისტანი, ინდოეთი, სპარსეთი, შირაზის ადრაბაგანი და დაიჭირა ბურსას მჯდომი ხონთქარი, რომელსა სახელად ეწოდებოდა ბაიაზით. ესე იყო თესლი ოსმანისა და, შემდგომად მაჰმადის გამოჩენისა, გამოჩნდა კაცი ერთი ოსმან სახელითა და სჯულითა სუნი. ამან იწყო მეკობრობა, განიმრავლა მრავალი საქონელი მეკობრობითა და მით შემოიყარა მრავალი კაცი. და დაიპყრა არაბისტანი და ტახტად ჰქონდა ბურსა და დაჯდა მუნ და ვიდრე ბაიაზით ხონთქრადმდე ძეთა მისთა ეპყრათ ბურსა. და ესე ბაიაზით ხონთქარი დაიპყრა ლანგ-თემურ და ჩასუა რკინის ყაფაზაში და რკინის ყაფაზით ატარებდა, და თემი მისი ლანგ-თემურ დაიპყრა. და კეისარმანც მოართო ძღვენი და მისცა ხარაჯა ლანგ-თემურს. და დაიპყრა რუსეთი, წარმოვიდა და მოვიდა თურქისტანში და იქ მოკვდა, და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა.
და მაშინ განუყო ძეთა თვისთა თემნი და ქვეყანანი: რომელსამე მისცა ინდოეთი, რომელსამე ხორასანი და რომელსამე ადრაბაგანი. და ამიერითგან ვერღარა შესძინეს ძეთა მისთა ქართლად მოსვლა, რამეთუ იყო ურთიერთას შინა შური და ხდომა. და დაიწყო ქართლმან შენობა. და ხანსა რაოდენსამე უკან მოკვდა მეფე გიორგი.
მეფე დავით. ო~
და დაჯდა მის წილ ძე მისი დავით, ქრისტეს აქათ ჩ~ტნე (1355). მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი ბასილი. და იმეფა კეთილად ამან დავით მეფემან ხანსა რაოდენსამე შინა მშვიდობით და მოკვდა.
მეფე ალექსანდრე. ო~ა
და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე, ქრისტეს აქათ ჩ~ტნიბ (1362). და ამავე ჟამსა შინა იჯდა კათალიკოზი ბასილივე. და მოკვდა კათალიკოზი ბასილი და დაჯდა დორათეოზ. და იმეფა კეთილად ამან ალექსანდრე მშვიდობით და ხანსა რაოდენსამე უკან მოკვდა.
მეფე გიორგი. ო~ბ
და დაჯდა მის წილად ძე მისი გიორგი, ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ (1393). ამა ჟამსა შინა იჯდა კათალიკოზი გიორგი. და მოკვდა კათალიკოზი გიორგი და დაჯდა კათალიკოზი ელიოზ. და მოკვდა კათალიკოსი ელიოზ და დაჯდა მიქაელ. და მოკვდა კათალიკოზი მიქაელ და დაჯდა დავით. და იმეფა ამან გიორგი მეფემან კეთილად და მშვიდობით და ხანსა რაოდენსამე შინა მოკვდა.
მეფე ალექსანდრე (I), ო~გ
და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე ქრისტეს აქათ ჩ~უიბ (1410). და იყო მას ჟამსა შინა კათალიკოზი დავით. და მოკვდა კათალიკოზი დავით და დაჯდა ელიოზ. მოკვდა ელიოზ კათალიკოზი და დაჯდა თეოდორე. და მოკვდა კათალიკოზი თეოდორე და დაჯდა შიო.
და ამა ალექსანდრე მეფემან მატა სხვათა მეფეთა ქართლისათა სიკეთითა, რამეთუ იყო კაცი მეცნიერი და მოშიში ღმრთისა, და ესმოდა გული მოოხრებისათვის წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა, და არა აქონდა ღონე აღშენებისა, ამისთვის რომე ქვეყანა ლანგ-თემურისაგან მოოხრებული იყო, საუნჯე არღარა ჰქონდა. მოიპოვა ღონე ესევითარი და დასდვა იმერთა და ამერთა, ზემო ქართლსა და კახთა, კომლზედ ექვსი შაური. ყოველსა წელიწადსა ამა მალს გამოართმევდა და ამით იწყო შენებად მცხეთისა და რუის ღმრთაებისა საყდრისა, და დაშვრებოდა დიდად და ხანსა რაოდენსამე შინა აღასრულა და შეამკო ყოვლითა სამკაულითა. და შესწირნა სოფელნი და აგარაკნი იმერთა და ამერთა, ზემო ქართლსა და კახთა. და იმეთა კეთილად და მშვიდობით და ხანსა რაოდენსამე შინა გარდაიცვალა ამიერ სოფლით.
მეფე ვახტანგ (IV), ო~დ
და დაჯდა მის წილად ძე მისი ვახტანგ ქრისტეს აქათ ჩ~უით (1419). მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი შიო. და მოკვდა ვახტანგ მშვიდობასა შინა და არა ესვა ძე.
გიორგი მეფე (VIII), ო~ე
და დაჯდა მის წილად ძმა მისი გიორგი ქრისტეს აქათ ჩ~უმე (1445). და იჯდა ამას ჟამსა შინა კათალიკოზი დავით.
და ამას, ჟამსა შინა განრისხნა ღმერთი ქრისტეანეთა ზედა და დაიპყრა კოსტანტინიპოლ ოსმალთა ქრისტეს აქათ ჩ~უმე, ხოლო შემდგომად სიკვდილისა ლანგ-თემურისა კვლავ დაიპყრეს ხვანთქრის ბაიაზითის ძეთა სამკვიდრო მამული თვისი და მიერითგან გაძლიერდენ და იწყეს ბრძოლა კოსტანტინოპოლისა და დაიპყრეს კოსტანტინოპოლი. და ცხოვრება მათი ვრცელად წერილ არს ცხოვრებასა მათსა. და ჟამსა ამას ოსმალნი ებრძოდეს კოსტანტინოპოლის.
და სპარსთა შინა იყო ურთიერთას შური და ხდომა. და იყო საქართველო მშვიდობით და მოსვენებით.
და მოკვდა მეფე გიორგი და დაჯდა მის წილად ძე მისი ბაგრატ.
მეფე ბაგრატ (VI), ო~ვ
და ამა მეფისა ბაგრატისა ჟამსა შინა წარმოავლინა ყაენმან უზუნ-ასან სპა თვისი, რამეთუ ესე უზუნ-ასან ყაენი იყო თესლი თურქმანისა. და შემდგომად გარდავლენისა ლანგ-თემურისა ძეთასა, ამან დაიპყრა თავრიზი და მრავალნი სხვანი თემნი და მრავალი ოხრება და ჭირი შეამთხვია თემთა სომხითისათა, და ქართლსა ზედაცა მოაწიეს სპათა მისთა.
და, თუ რაცა იქმნა ჟამსა მას, ანუ რა ქმნა მეფემან ბაგრატ, ანუ რაცა იქმნა, ყოველივე ძველის ქართლის ცხოვრებიდამე აღგვიწერია, ვიდრე მეფის ალექსანდრესამდე, ქვემორე დაგვიწერია. ცხოვრება მეფის ალექსანდრესი და მის ჟამისა ყოველივე ძველთა გუჯართა და სპარსთა ცხოვრებიდამე გარდმოგვიწერია.
სახელითა ღვთისითა ვიწყოთ ცხოვრება ბაგრატის მეფობისა, ო~ვ
იყო მეფობასა შინა მეფეთ-მეფისა ბაგრატისასა კათალიკოზი დავით, ქრისტეს აქათ ჩ~უნე (1455). და იყო ჟამსა ამას შინა დიდი მოსვენება ქრისტეანეთა ზედა. და ამისა ჟამსა შინა იყო ყაენი ასანბეგ მორჭმული, ორისავე საყაენოსა მპყრობელი. არასოდეს დარბეულ იყო ქართლ დიდისა თემურის უკანის, შენობა და გამოსვენება იყო. ამას ჟამსა შინა არა იყო ხარაჯა, არცა მალი ქართლსა შინა, არამედ განთავისუფლდეს ყოველნი სამყოფნი და არენი ქართლისანი მონებისაგან თურქთასა. ესე მეფე ბაგრატ იყო მორჭმული სახელოვანი. ამასა ჰქონდა ქართლი, სომხითი, და ჰმონებდენ პატიახშნი ლორისა, კახეთისა, შირვანისა და სამცხისა, და ჰყვეს იმერელნი, ოდიშარნი, გურიელნი, აფხაზნი, ჯიქნი, სვანნი, მთიულნი კავკასიანნი.
ამას შინა უკუდგნეს დადიანი, გურიელი და უკუიტანნეს ოდიშარნი და აფხაზნი, შეიყარნეს ერთად და არღარა მსახურებდეს ბაგრატ მეფესა. იწყინა მეფემან და შეიყარა და მივიდა და დადგა ცხენისწყალზედა; იქით ისინი მოდგეს რაზმითა და შეიბნეს. იპრიანა ღმერთმან და გაიქცნენ დადიანი, ოდიშარნი, დაჴოცეს და დაატყუევეს და ამოსწყვიტნეს ქართველთა, მიჰყვნეს თანა, ჩაუდგნენ შინა, დაწვეს და დააქცივეს ციხენი, სიმაგრენი. მობრუნდეს გამარჯვებულნი და წარმოიყვანეს თანა ტყვე, მძევალი ამაზედ არღარა ჰქონდა თავი ხელთა მეფესა.
შეიყარა ყაენი უზუნ ასან, მოვიდა სომხითს, და მეფე ლიხთ იქით იყო, ქართველნი თან იახლნენ. მოადგეს ბარათიანთა და ორბეთისა ძირსა. დიდად კარგად დახვდეს ბარათიანნი. დამაგრდენ და ვერა უყვეს რა. მოვიდეს ტფილისსა და აღიღეს. და თვით ყაენი მუხრანს დადგა. აღივსო ქართლი ლაშქრითა, მოაოხრეს სრულიად ქართლისა ადგილი. იხმნა ყაენმან ბარათიანნი, მიინდვნა, ნახნა და შეიწყალნა, მოსცნა მრავალნი და აღავსნა პირთამდინ. ამას ზედან ღმერთმან იპრიანა, იწყინა ამოწყვეტა საქრისტიანოსა, შეედვა ყაენსა სენი სასიკვდინე, აიყარა და წარვიდა, და გამოუშვნა ბარათიანნი შეწყალებულნი და უბოძნა მრავალნი მოსაცემელნი.
ამაზედა კოსტანტინე წავიდა თათრებშიგან, და სხვამან ვერავინ გაბედნა ქართველმან დარბაისელმან წასვლა თათრებშიგან და ბატონის ხლება, - დიდად ერთგულად და კარგად იყვნენ ბარათას შვილნი. იგინივე წარყვნეს თანა და მსახურეს.
იპრიანა ღმერთმან და მოკვდა ყაენი. დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი, და დაიჭირა მეფემან ბაგრატ. ჩაუხდეს ბარათიანნი, დაიფორაქეს ელი და დაჴოცეს მრავალი თათარი ყაენისაგან შეწყალებულნი.
მას შემდეგ დაჯდა ყაენად ასანბეგის შვილი იაღუბეგ.
ამას შინა გამოხდა ხანი და სოფელმან თვისი ბეგარა არ დაიკლო და მიიცვალა მეფე ბაგრატ რაჭას, იყო დიდი გლოვა და მწუხარება სამეფოსა ზედა. წაიღეს და დამარხეს გელათს, მათსა სამარხოსა შიგან.
მეფე კოსტანტინე (II), ო~ზ
ხოლო შემდგომად გარდაცვალებისა ბაგრატისა დაჯდა მის წილად ძე მისი კოსტანტინე, ქრისტეს აქათ ჩ~უჲა (1461). ამას ჟამში იყო კათალიკოზი დავით. და მეფობდა მეფობითა კეთილითა და არღარა იყო წყენა თათართაგან. მოიმორჩილნა იმერელნი, ოდიშარნი, აფხაზნი, ესახურებდა ათაბაგი და მორჩილებდეს კახნიცა. არა სადა იყო წყენა ქრისტიანეთა: იყო მოსვენება და დაწყნარება.
მერმე, ვითარცა წესი არს და ჩვეულება ეშმაკისა, აღძრნა ეშმაკმან, მოძულემან კეთილისამან, თათარნი ქრისტიანეთა ზედან. და შეკრბა სიმრავლე ურიცხვი თურქმანთა და მომართეს სამცხეს. მოვიდეს და მოადგეს ტაშირზედა. მოუმცნეს მეფესა ქართლისასა, რათა ქვემოთ ქართველნი შეუხდენ სამცხესა. და აახლო ყაენმანცა ერთი თავადი და მისი ლაშქარი. ჩაუდგეს სამცხეს და იავარყვეს ქვეყანა მათი. მოადგეს ციხესა ახალციხესა, ებრძოდეს დიდხანს და ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან, გატეხეს და დაწვეს ქალაქი და დაიპყრეს ხელთა მესხნი დარბაისელნი ციხოვანნი.
და მერმე აიყარნეს და მოაიგნენ ციხესა და ქალაქსა აწყვერისასა. ეზრახნეს ციხოვანთა და უხადეს მშვიდობა და არა დაქცევა საყდრისა და ციხისა, ამას ზედა გამოვიდნენ და მიენდვნენ.
ამას შინა ბრძანა ყაენმან, რათა სომხითი მოარბიონ, ბარათაშვილი გაუძახა და მისი უკეთესი ლაშქარი მალვით მივიდნენ და დაესხნენ შეუგებრად დმანისს და ქვეშის ხევსა და წარმოიღეს ტყვე, ალაფი უამრავი, გავარდა ხმა ბარათიანთა, გარდაუდგეს. წინა ცოტას ლაშქრითა. იპრიანა ღმერთმან და ასრე გაემარჯვათ, რომე ერთისა ქართველისაგან ასი და ორასი მოიკლა. დახოცეს და ამოსწყვიტეს და დაატყვევეს და ცოტა რამე გარდმოეხვეწნეს ცხენ-კეთილნი. და თავად კარგი კარგად იყო სულხან ბარათასშვილი. ერთი ასეთი დარბაისელი მოკლა, ყაენის კარზედ მისთანა არა იყო, და სხვის დანახოცის ანგარიში არა იქმნებოდა, და რანიცა გარდაიხვეწნეს, მივიდეს ყაენთანა. ერთობ ეწყინა და დაუმძიმდა ლაშქართა ამოწყვეტა. ამაზედ აიყარა ყაენი, წარვიდა და დაატყვევა აწყვერისა ღმრთისმშობელი, მოქალაქენი და, რანიცა ციხესა შიგან იყო, დიადი სული წაასხეს. და წავიდა ყაენი თვისსა საყაენოსა.
ამას შიგან გამოხდა ცოტა ხანი, და გამოგზავნა ყაენმან ხალიბეგ და დაუწყო შენობა ქაოზიანსა და არჯაყალის ციხესა. იწყინეს ბარათიანთა და არა დაანებეს: დაუწყეს მისარჩელი წყენა და მტერობა. გაგულისდა ყაენი, აშველა ლაშქარი ხალიბეგის შეიყარნენ და მოადგნენ ტფილისს. ებრძოდეს მრავალ-დღე და ვერარა ავნეს, რამეთუ სიმტკიცესა ზედა ეგნეს. და იყვის ყოველთა დღეთა ომი, და არა იყო ღონე ციხის წაღებისა.
მერმე შეიყარნეს ბარათიანნი და შემოუთვალეს მეფესა კოსტანტინეს და ითხოვეს მისგან შეწევნა. მეფემან გაგზავნა ციციშვილი ქაიხოსრო და ჯავახისშვილი ჯავახი ცოტათა აზნაურშვილითა და ლაშქრითა. წაუძღვეს წინა ბარათიანნი, მივიდეს და დაესხნეს ჭანდართა მდგომთა მონაპირეთა თათართა, გააქცივნეს და დახოცნეს ასრე, რომე თუ-არ მაცნე წავიდა სადამე, ვერცა ერთი წაუვიდათ. აივსნეს აბჯრითა, ალაფითა და ბარგითა პირთამდის.
ხოლო ვითარცა ესმა ესე ქალაქსა მდგომთა თურქმანთა, უკუ-ეყარნეს ციხესა ტფილისისასა და წავიდეს ჩაღმა. გარდაუდგენ კუმისისა ბოლოსა, შეებნეს წინამავალსა ლაშქარსა, გაექცნეს და დახოცნეს ასე, რომე თათრებსა თავსა სჭრიდეს და ვენახიცა ღობესა და მარგილზედა ააცვემდეს. მერმე გარისხდა ღმერთი და მოუხდა ზემოთ ბუხუნი და შუა შეეყარნეს, და, რაც ბარათიანთა ქაიხოსრომ ქნა და ჯავახმა არც წინა გმირთა უქნიათ, ასრე რომე ულუსსა ლაშქარსა ომითა ხმლითა წამოვიდეს, და ცოტა ლაშქარი დაზიანდა, და თვით მორჩნენ ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა. ამას ზედან თურქმანი ლაშქარი შერცხვენილი ორბეთისა ძირსა დადგნენ, და ეცადნეს თათარნი, და მუდამ ბარათიანთა და ორბეთის-ძირელთა გაემარჯვის.
ამაზედა ადგა ხალიბეგ და სხვანი ყაეის თავადები, მივიდეს და შეეხუეწნეს ყაენსა, რამეთუ გამოხდა წელიწადი ერთი. აშველა ლაშქარი, მოირთო ძალი და წარმოემართა სომხითსა და ორბეთის-ძირზედა. მომართა ციხესა კოჟრისასა, მოადგა გარე, დაუწყეს ომი და თოფის სროლა, აწყვდინეს შიგან სოლაღაშვილნი დიდხან. და იყო ომი დიდხან და შეაწუხნა მეტმან თოფის სროლამან, და ცოტა ციხეცა დააქცივეს, და ვეღარ-დაუდგნეს, ამისთვის რამეთუ მეშველი არღარა ჰყვათ. ერთსა ღამესა თოვლმან უკუყარნა და გამოვიდნენ ციხით, და ციხე დაუდგეს ცარიელი და თვით მიმართეს მთათა და სიმაგრეთა. ხოლო ვითარცა გათენდა, ნახეს თათარ ციხე უკაცური შევიდეს შიგან და კაცი არა პოვეს. მიჰყვეს ხელი და დააქცივეს. ვითარცა ესმა მეფესა აღება ციხისა, დაუმძიმდა, რამეთუ შეყრილი ნიჩბისის წყალზედ იდგა.
ამას ზედა ადგეს თათარნი და მოადგეს ტფილისის ციხეს. და იყო ყოველთა დღეთა ომი და ესროდეს თოფსა, და არა იყო ღონე წაღებისა ციხისა, რამეთუ მხარი ბარათიანთაგან ჰქონდა. ეუბნებოდა მეფე კახთა და არა უშველეს იმერელნი უკუდგომილნი იყვნეს და არცარა მესხთ უშველეს, ამისთვის ომი ვერ გაბედა მეფემან. ადგეს დიდს ხანსა ქალაქსა და შეეწყინა ომი თათართა, ციხეს ვერა უყვეს რა; მერმე ჰკაზმნეს ლაშქარნი და გამოარჩივეს დარბევა ორბეთისა ძირსა. აარჩივეს ათას ხუთასი კაცი და სხვა წურილი კაცი ლაშქრისა მრავალი, და ცისკრისა ჟამსა შეუგებრად ორბეთის-ძირსა დაესხნეს, და აიფორიაქეს და ამოსწყვიტეს მთის სოფლები, განძი, ტყუე, ალაფი ურიცხვი.
ამას ზედან ესმა ბარათიანთა, და იგინი იყვნეს ენაგეთს, და მათ თანა იყვნეს ქაიხოსრო თურმანის-ძე და სხვანი მეფის ყმები ცოტაოდენი. დავარდა ხმა და მომართეს ასე, ვითა ვეფხთა. და წამოვიდა აქეთ სულხან ბარათაშვილი და მისნი ძმანი, და აქეთ სხვანი ბარათიანნი, მოეწივნეს უკანა, შეიბნეს და გააქცივნეს და მისჯარნეს ხევსა ხირხალასა, ასე ხოცა დაუწყეს, ვითა ქათამთა მართვეთა. ხოლო მოსცა ღმერთმან ძლევა ქრისტეანეთა, დახოცეს ურიცხვი, რამეთუ არა იყო განცდა მკვდრისა, სისხლისა რუ დიოდა. რაცა სიკვდილსა მორჩეს ხელთა დაიპყრეს. ერთი ასეთი თავადი დარჩა ბარათაშვილს მერაბს, რომე ყაენის კარზედ მას ვერავინ სჯობდა და მეყვისიც იყო ყაენისა. ასეთი ძლევა მოსცა ღმერთმან ბარათანთა, რომელ ერთი ტყვისა დედაკაცისაგან სამი და ოთხი მუსულმანი მოიყვანებოდა ყელ-დოლბანდიანი, რამეთუ პირველსა ომსა ვეღარ მოესწრნეს ქაიხოსრო, ჯავახი და ქავთარ სოლაღაშვილი და სხვანი დარბაისელნი. მოუხდეს უკანა მდევარნი დარჩეულნი ჩაღდაულად დიდნი და ლაშქარნი, აქათ არცა ამათ დაუგდეს გზა. შეიბნეს ოცი კაცნი, სამასამდი სპასა თათარსა ხმლითა წინა დაუდგა. იპრიანა ღმერთმან და მორჩეს. და ორჯელ და სამჯერ ცხენები დაუჭრეს, ჩამოყრილნი ზედვე შესხდეს. ჩვენი ქართვლთაგანი, ერთისა თურმანიძის მეტი, არა დაგვაკლდა: იგიცა ჯარმან ფეხითა გაიტანა. დიდისა ულუსისა ჯარისაგან ცოტანი ჩაღთაულნი მაცნედ წარვიდეს, და სხვა ყველა ხელთ დარჩა.
რა ესმა ესე ქალაქს მდგომთა, შეშინდეს და ადგეს და უკუეყარნეს ციხესა და თუმცა ბარათიანთა არ გამარჯვებოდა, ძალად ქალაქსაც წაართმევდენ და ქართლსაც შემოეჭრებოდნენ. ამას ზედან იპრიანა ღმერთმან, წყალობით მოხედნა ბარათიანთა მოჭირვებასა და მას უკანით თათართა ძალი ვეღარა უკადრებია და არცა რბევა; გატყდეს და შეშინდეს შეწევნითა ღმრთისათა.
ესე მეფე კოსტანტინე იყო ძე ბაგრატისი და იმეფა ამანცა კეთილად, ვითარცა ცხოვრება მისი მოგვითხრობს, და მოკვდა კონსტანტინე მეფე ქრისტეს აქათ ჩ~უდ ().
მეფე ალექსანდრე, ო~ჱ
და დაჯდა ძმა მისი ალექსანდრე ქრისტეს აქათ ჩ~უჲჱ (1468). და მას ჟამსა იყო კათალიკოზი დავით და მოკვდა და დაჯდა ნიკოლოზ. და იმეფა კეთილად, რამეთუ მას ჟამსა თათართა ძალა არა აქუნდათ, და იმეფა მშვიდობით, და შემდგომად ხანსა რაოდენსამე მოკვდა.
მეფე კოსტანტინე, (II) ო~თ
და დაჯდა მის წილად ძე მისი კოსტანტინე ქრისტეს აქათ ათას ოთხას ოთხმოცდა თორმეტსა. ამას ჟამსა შინა იჯდა კათალიკოზი აბრამ. ამანცა იმეფა კეთილად, რამეთუ მაშინ ათაბაგი ყვარყვარე იჯდა და არა ემრჩილებია მეფესა კოსტანტინეს.
ხოლო ამა ყვარყვარე ათაბაგისა ვაჭარი მივიდა ქვეყანასა არეშისასა სყიდვად აბრეშუმისა. და რომელიმე იქნებური ვაჭარი და ესე ყვარყვარეს ვაჭარი წაიკიდნენ, და სძლო არეშელმან ვაჭარმან და კიდეც გალახა და აბრეშუმიც წაართვა, და ესრეთ კადნიერებით ეტყოდა: „წარვედ პატრონისა შენისა და აუწყე ჭირი შენიო, და ესე არ მიყოს ბატონმა შენმაო, დუქანი არ დამიქციოსო და ჩემს დუქანზედ ყურით არ მიმაკრასო“. და რა ესე უყვეს ვაჭარსა მას, წარმოვიდა მსწრაფლ და მოვიდა ათაბაგისად და აუწყა ყვარყვარეს ყოველივე საქმე მისი ვაჭარმან მან.
და რა ესმა ესე ყვარყვარეს, წამოვიდა განრისხებული ხუთასითა რჩეულითა სპითა, გარდმოვლო ფარავახი და ჩამოვლო დმანისი. უმასპინძლეს ორბელიანთა და წარვიდა, ჩამოვლო ხუნანი, განვიდა მტკვარსა და მივიდა არეშს. მიიძღვანა ვაჭარი სახლსა მის არეშელისა ვაჭრისსა, შეუხდუნნა კაცნი. გამოიყვანეს კაცი იგი და მიიყვანეს თავის დუქანზედა და ყურითა მიაჭედეს და წიხლიცა უკრა დუქანსა, და ეგრეთვე უყო ყოველივე, როგორც მას ეთქვა. და აბრეშუმიც გამოატანინა ვაჭარსა. მას და წარმოვიდა უშიშრად.
და შემოვლო კახეთი, და შემოიარა ყარაიაზეთა, შევლო მცხეთაზედა და მივიდა შიდა ქართლსა. ხოლო შიდა-ქართველთა არა ინებეს გზისა დანებება. და მეფემან კოსტანტინე არა უწყოდა საქმე ესე და არცა გამოვლა მისი, და ამისთვის არა ინებეს შიდა-ქართველთა უდასტუროდ განტევება მისი. შეიყარნეს გაღმართელნი, და გამოღმართელნი ციციშვილები, და უფროსად ზაზა ციციშვილი თაობდა. მაშინ დახუდნენ ათაბაგსა და აუწყეს ქართველთა გაუშვებლობა.
მაშინ რა ესმა ესე ათაბაგსა, მოუგზავნა მოციქული და შემოუთვალა ესე: „მე თქვენს მამულში არა წამიხდენია რაო და თქვენი არა მიმაქვს რაო, ჩვენსა და თქვენსა მტერობა ხომ არა არის რაო, ძმობისა და მეზობლობის მეტი თქვენთან საქმე არა მაქვს რაო. ჩემს მტერს პასუხი უყავ და ჩემს გზაზედ მივალო, თქვენ რას სამართლით მიდგებით, წინაო“. ხოლო ქართველთა არა უსმინეს და ეწყვნეს ურთიერთას. იქმნა ბრძოლა ძლიერი ქრისტეს აქათ ჩ~უპდ (1484), თვესა აგვისტოსა იბ (12), არადეთს, რომელსა გორასა მას მიერ დღითგან ეწოდების სისხლის ჯვარი და ვიდრე დღეინდელად დღედმდე სისხლის ჯვარად სახელ-სდებენ. და იქენა ეგრეთი ომი, რომე ყოველივე საჭურველები და საომარი იარაღები დაამტვრივეს და დაშვრენ იმიერ და ამიერ ომითა და დაიხოცნენ ორგნითვე მრავალნი კაცნი, და სძლო ათაბაგმან, ამისთვის რომ არას ემართლებოდენ და სამართალი იმისი სჯობდა.
მაშინ შალიკაშვილი რომელიმე იჯდა ურასა კვიცსა ზედა. იგი შალიკაშვილი და მაჩაბელი მიხვდენ ერთმანერთსა. შემოსცა შუბი შალიკაშვილმან და გაუხეთქა კუბო ფარისა და განავლო მხარსა შიგან და გარდმოაგდო ცხენიდამა; შეუძახა ესრეთ: „აწყუერისა ღმრთისმშობეის მადლმა, თუ ურას კვიცსა არა ვმჯდარიყავ, შიგ გაგაგდებინებდიო“. მაშინ წარმოიჩოქა მაჩაბელმან, გაიკრა ხრმალს ხელი, შემოუკრა ცხენსა, ცხენს თავი გაუგდებინა და ტახტაზედ დაასო და შესძახა მაჩაბელმან: „სპარსმა წმიდა გიორგიმა! თუ გადმოგდებული არ ვყოფილიყავ, შუა გაგკვეთდიო“. მაშინ სძლია ათაბაგმა და შეიქცნენ ქართველნი და მრავალნი იქითაც ამოსწყდნენ.
მაშინ წარვიდნენ მესხნი და ჩამოხდა ათაბაგი ერთსა ადგილსა, სიახლოვესა ნაომრისასა მოსასვენად. მაშინ მესხი ამილახორი მოწყენით იჯდა ათაბაგთანა. ჰკითხა ათაბაგმან: „რასათვის მოიწყენიაო, ნუთუ ომში კაცი ვერ იშოვნეო“. მოახსენა ამილახორმან: მე ერთსა კაცსა ხრმალი შემოვკარ და სამკლავიანი ხელი გავაგდებინეო, და თუ გინდა, წამოდით და გიჩვენებო“. წარმოვიდნენ და ნახეს, სამკლავიანი ხელი ძეძვში ეგდო. მაშინ დასჯერდა ათაბაგი და წარვიდა თვისდა ადგილად.
და როცა ესმა მეფესა კოსტანტინესა საქმე ესე, დაუმძიმდა დიდად, მაგრამ ვერღარა გააწყო რა, ხანსა რაოდენსამე შინა იმეფა კეთილად და მოკვდა.
მეფე დავით (X), პ~
და დაჯდა მის ნაცვლად ძე მისი დავით. აქა არღარა იცვალებოდა ერისთავნი და არცა თავადნი, ყოველნივე ხევსა და სანახებსა და თემთა და ადგილთა მკვიდრ ქმნილიყვნენ, და, ვისცა მამულსა მისცემდა, მკვიდრად მიეცემოდა. და ყოველნივე ძლიერ იყვნეს: მთავარნი, ერისთავნი და თავადნი.
ხოლო ამა ალექსანდრესა და კოსტანტინესა ჟამში განდგნენ იმერელნი, ოდიშარნი და გურიელნი, და არღარა მორჩილებდა ათაბაგი, და განდგა კახეთი. რამეთუ თვით ძველად ნაწერი რომელიმე ვპოვეთ კოსტანტინეს ცხოვრება, მაშიგან დაგვიწერე, არღარა შეეწევნიან მოსლვასა სპარსეთის ლაშქრისა.
ხოლო ესე ვერა ვსცანით, თუ ბატონი იმერეთისა და კახეთისა რომლისა თესლისაგან არიან, და ანუ ვითარ უპყრიესთ ქვეყანანი იგი.
ხოლო იმერეთისა რომელთამე თქვეს: „ოდეს მამა ალექსანდრესი ბაგრატ მეფე ჩავიდა იმერეთს, მაშინ თვისნი მისნი დაუტევა და მიერითგან ძენი მისნი არიან. ამა ბაგრატისა შემდგომად რაოდენნი მამანი გარდაიცვალნენ არა უწყით ხოლო იმერეთისა მპყრობელისა ბაგრატის ამბავი ქვემორე დავსწერეთ.
ხოლო კახეთისა მებატონეთა მამა იყო დავით. და ამა დავითის მამა, არა უწყით თუ ვინ იყო. ესე დავით დიდოეთადამე ჩამოიყვანეს და კახთა გაიბატონეს.
მოკვდა დავით და დაჯდა ძე მისი ლევან და შემდგომად ლევანისა ძე მისი ალექსანდრე.
ამა კახთა ბატონთა მას ჟამსა ეპყრა: გარდმოღმართი ლეკის მთისა ეპყრა თუშეთი, ხოლო დიდონი არა მორჩილობდეს ნებისაებრ მისისა; ზემოთ ფშავი და თიანეთი, სადა შეერთვის ფშავისწყალი არაგვსა; ამიერითგან ვიდრე არაგვს გაღმართი ხევ-ძმორამდის; ხევ-ძმორიდამე გაყოლილი ლილოს სერამდის, რაოდენი სერსა წყალი გასდის და გაერთვის მარტყოფის წყალსა; გაყოლით ამართულამდე, გაყოლით ვიდრე აჯი-სუმდე, აჯი-სუს ვიდრე მტკვრის შესართავამდე, მას ქვემოთი მტკვარს გაღმართი ვიდრე შაქისის საზღვრამდე.
ხოლო ძესა კოსტანტინესასა, მეფესა დავითს, ეპყრა: აჯი-სუს ზეით უდაბნონი, და სამგორს-ქვემოთი. ლილო და ლილოს ქვემოთი, და ხევძმორას-ქვემოთი, და არაგუს-აქათი, და ფშავისწყალს-აქათი, გუდამაყარი, და ხევხილაკას-აქათი, და კასრისვევს აქათი; და წედისის მთის გადმოღმართი, და კუდარო, და ჭალის მთას გარდმოღმართი, ერწო, და მშვილდაურსა და პერანგას გარდმოღმართი, გორასძირს-აქათი, ლიჩი, ღოდორა, ქეფინისხევი, და ჩხერის ციხე, და მას-ზემოთი ისრე გაყოლით მთის-აქათი; ხეობა ვიდრე დვირამდის, კოდიანს გარდმოღმართი, ნინოსხევი რომ ჩამოივლის, - გაღმით სამგორისკენ, ცივწყაროს ხევ-ხევ გაჰყვება, გახშული - ბარშიამის მთა ჩამოივლის ჯანელის ციხე საღამოს თავსა, ბორცვს ზემოთი წაივლის სერ-სერ სათხე ქუნცელის თავსა, გარდავლითა ხენჭურის თავსა, პალაკაციოს მთამდე, რომელსა თურქნი იელდოღდის ეძახიან; პალაკაციოდამე სერ-სერი ჩამოვლის, კარის სოფლის აქათი ერევნის საზღვრამდის, ჩამოყოლით ბანბაკი და ლორე, ვიდრე ყაზახის საზღვრამდე, ეპყრა მეფესა ქართლისასა.
ხოლო მპყრობელსა იმერეთისასა: წყდისის მთის-აქათი, დიგორის მთის-აქათი, ლენტეხი და თაკვერი, რომელსა აწ რქვიან ლეჩხუმი, - ცხენისწყალსა ჩაყოლით გამოღმართი, და საჯავახოს-აქათი, გაყოლით ფერხათის მთას-აქათი, ვიდრე ქართლის საზღვრამდის.
ხოლო დადიანს ეპყრა: ცხენისწყალს ჩაღმართი ლეჩხუმს ქუემოთი, სუანეთი მთის გარდმოღმართი. აფხაზეთის ზემოთი. და აფხაზეთი ჯიქეთამდის შარვაშიძეს ეპყრა, და ესე შარვაშიძე მორჩილობდა არა ყოველსავე ბრძანებასა დადიანისასა. კვლავ ეპყრა დადიანს ზღვას შემოღმართი და რიონს გაღმართი.
ხოლო გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი, საჯავახო, იმას-აქათი გამოსწურივ ღომისციხეს გარდმოღმართი, ერგე აჭარა, და ჭანეთი რკინისპალოს აქათი.
ხოლო ათაბაგს ეპყრა: გურიელის საზღვარს ზეითა, ფერხათის მთის გარდაღმართი, დვირს ზეითი, აქათ, ქართლის საზღვრამდის, იქით კარის საზღვრამდის, აზრუმისაკენ გურჯი-ბოღაზს აქათი.
ხოლო ამას გარდა საქართველონი, რომელნიმე თავისუფალ შექმნილიყვნენ, რომელნიმე სპარსთა მიეტაცნეს, რომელსამე ხონთქარსა და რომელსამე ხაზართა.
ხოლო ამან ძემან ალექსანდრესმან კოსტანტინე შვა ხუთნი ძენი. სახელები მათ ხუთთა ესე არს: უხუცესსა დავით, გიორგი, ბაგრატ, ალექსანდრე და მეხუთესა მონაზონი მელქისედეკ, რომელიც იყო კათალიკოზი კათოლიკე მცხეთისა. და ქრისტეს აქათ ჩ~ფდ (1504).
დავით მეფე (X)
და დაჯდა ძე მისი დავით მეფედ. ამ ჟამში წარმოგზავნა ხონთქარმან სპასპეტი თვისი ლაშქრითა თვისითა უამრავითა საქართველოსა ზედა ქრისტეს აქათ ჩ~ფიდ (1514), და ააოხრეს სამცხე; ჩამოვიდეს იმერეთს და დაწვეს ქუთაისი. და მივიდეს გელათსა და დაწვეს გელათი, და აღიღეს ალაფი მრავალი, და ვერღარა დაუდგა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა. და წარვიდენ და შეიქცენ თვისდავე ადგილსა. და შემდგომად შექცევისა მათისა ჩამოვიდა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა და დაიპყრა კვლავ იმერეთი.
ხოლო ეპყრა კახეთი ალექსანდრესა. და იყო კაცი კეთილი და ესვა ორი ძე. და ძემან მისმან უხუცესმან გიორგი უღალატა მამასა თვისსა ალექსანდრეს ჭალასა შინა საფურცლისასა და მოკლა მამა თვისი, და ძმასა თვალები დასწვა, და ამიერითგან უწოდეს ავ-გიორგი, და იქმნა პატრონი კახეთისა.
ხოლო იყო მეფე ქართლისა დავით, და ამის ჟამში იყო კათალიკოზი ბასილი. და მოკვდა ბასილი, და დაჯდა კათალიკოზი დორათეოს. და იყო ესე დავით კაცი ლმობიერი, მშვიდი და მოშიში ღმრთისა.
და აღდგა ავ-გიორგი დავითზედა და ვერღარა დაუდგა დავით: საზღვრამდის იმერეთისამდე მოარბევდის ქართლსა მრავალგზის. და თვით მეფე დავით შეამწყუდია ციხესა ატენისასა, მრავალდღე ბრძოდა, და ვერ წაუღო ციხე და მიიქცა თვისდავე ადგილსა. მაშინ თქვეს ძმათა დავით მეფესა ესრეთ ვითარმედ: „მამათა ჩვენთა კახეთი მიუღეს და აწ ქართლისაცა ჰნებავს მიღება, აწ ჩვენცა აღვდგეთ მის ზედა და ვბრძოდეთ მათ“. ხოლო მეფემან დავით არა ინება. მაშინ თქვა ძმამან მისმან უმრწემესმან ბაგრატ: „მომეც მე მუხრანი საუფლისწულოდ ჩემდა და დროშა, დარაჯად ჩემდა იყოს ერისთავი ქსნისა და ხეობა არაგვისა, და შევიწიო ძალი ქრისტესი და თემიცა მისი იავარ ვყო“. უსმინა ძმამან მისმან დავით მეფემან და მისცა ყოველი თხოვილი მისი. მოვიდა ბაგრატ და აღაშენა ციხე მტვერისა, რომელ არს ციხისძირის თავსა, და დადგა იქ.
ხოლო, რაჟამს სცნა პატრონმან კახეთისამან ავ-გიორგი, იხმო სპა თვსი, რაოდენ ძალ ედვა, ძალითა თვიკლითა წარმოემართა და მიადგა მტვერის ციხესა, ადგა ვიდრე სამ თვემდე. მერმე მიუვლინა კაცი ერთი ავ-გიორგი და გაუგზავნა ღვინო ერთითა საღვინითა და შეუთვალა, ვითარმედ: „ძე ხარ მეფისა, ნუ უკვე უღვინობითა მიგჭირდეს, და სუი ესე“. და ვითარცა მიართვეს ბაგრატს სიტყვა ესე, მას ჰქონდა ორაგული ახალი და ღვინისა წილ თევზი გამოუგზავნა და შემოუთვალა: „ხანია, რომე დგახარ პირსა ქსნისასა, და ვერ გიშოვნია ორაგული, და აწ ესე იხმიე და წარვედ ქვეყანასა შენსა“. და რაჟამს მოართვეს ავ-გიორგის, მაშინ სცნა სიმრაველე საზრდელისა მათისა. და შესწუხებოდა ჯარი მრავალდღე დგომისაგან, მაშინ წარვიდა თემთა თვისთა.
და ხანსა რაოდენსამე უკანა შეიყარა სპა თვისი ავ-გიორგი და წარმოვიდა დარბევად ზემო ქართლისა, მივიდა, დაარბია ზემო ქართლი და დაბრუნდა გამარჯვებული და წარმოემართა. და რაჟამს. ესმა ბაგრატს, მპყრობელსა მუხრანისასა, შეიყარა სპა თვისი და დაუმზირდა ხევსა მას შინა, რომელ არს ძალისსა და ჭაპურს შუა. და ლაშქარნი ავ-გიორგისანი წინა წარმოვიდენ ნაშოვრისა მისთვის, რომელი წარმოეღოთ. ხოლო ავ-გიორგი მცირითა კაცითა უკანა მოვიდოდა და მონადირობდა და არავისი ფიქრი ჰქონდა.
და რაჟამს დაუახლოვდა, სადა მდგომარე იყო ბაგრატ, მაშინ შეუტივა გულითა სრულითა და შეიპყრა ავ-გიორგი და სპანიცა, რომელნი მის თანა იყვნენ. პატიმარ-ყო ავ-გიორგი მტვერის ციხესა, რომელ არს მუხრანს, ქრისტეს აქათ ჩ~ფიდ (1514).
მაშინ მიუმცნო ძმასა თვისსა მეფესა დავითს საქმე ესე. და რა ესმა საქმე ესე, განიხარა ფრიად. და ხანსა მცირედსა მოკვდა ავ-გიორგი; და რომელნიმე იტყვიან დაარჩვესო, და რომელნიმე იტყვიან თავისის დღით მოკვდაო. აღაშენა მცხეთას მცირ ეკლესია მთავარ-ანგელოზისა ჩრდილოთ კერძო და იქ დამარხეს. და ამიერითგან იტყვიან კახი ბატონნი, რომე მცხეთა სამარხო არისო ჩვენიო.
ხოლო შემდგომად ავ-გიორგის დაჭერისა, დაიპყრო კახეთი მეფემან დავით. და დარჩა ძე გიორგისა, რომელსა ეწოდა ლევან, მცირედ. და წამოიყვანა [...] ყრმა იგი დედითურთ და დამალა პატივითა სახლსა ჩოლაყაშვილისა გარსევანისასა, რომელი იყო სახლთუხუცესი, რამეთუ ეყოდა დედასა მისსა. და რა სცნა მეფემან დავით, წარავლინა ძმა თვისი ბაგრატ და ერისთავი ქსნის და ამილახორი, რათა დასჩხრიკონ კახეთს მსახლობელნი დიდით ვიდრე მცირემდი, რათა იპოვონ ყრმა იგი. მაშინ წარვიდენ საძებნელად, დასდვეს შიში და ზარი ყოველთავე კაცთა ზედა და დააფიცეს, რათა არა უწყოდენ ყრმა იგი თუ სადა არს, და ყოველთავე შეჰფიცეს, რომე არა ვიცითრაო. შემდგომად მოვიდნენ სახლსა ჩოლაყაშვილის სახლთუხუცესისასა გარსევანისასა. და მოეპოვა გარსევანს საქმე ესე, რამეთუ მოიყვანა ყრმა იგი ლევან მონისა თვისისა ძია მსგავსად, და მას დღესა მეღვინედ იმსახურებდა ყრმასა მას, ვითარცა მონასა. და დღესა მეორესა შეფიცა ფიცითა საშინელითა ბაგრატს, ვითარმედ: „რაოდენიცა თქვენ ჩემსა სახლში არ იხილენით და არც თქვენმან თვალმან არა ნახა, იმის მეტი არა მყვანდეს, არა დიდის კაციშვილი და არც ცოტასი“. შეიჯერა ფიცითა ამით.
და ესენი რა წამოვიდნენ, ბაგრატ და ერისთავი და ამილახორი მაშინ ჩოლაყაშვილმან გარსევან ვეღარა თავს იდვა სახლსა თვისსა დაფარვა ლევანისა და წარმოიყვანა და შეიყვანა ციხესა მას ოჩონისასა, რომელ არის თავსა ივრისასა. შემოეხვივნენ ზემოურნი და გარემონი კახნი და მიერთნენ ლევანს. წარმოემართა და ჩამოვიდა კახეთად.
და ესმა ესე დავით მეფესა, შეიყარა სპა თვისი და წარემართა კახეთად. და გარდავლო გომბორი, და ჩავიდა კახეთად. და შემოყარნენ კაცნი ისრევე მეფესა დავითს, და ვეღარა აღდგა ლევან წინა, ივლტოდა და შევიდა ციხესა, რომელ არს თავსა მაღნარისასა. ხოლო მოიცვა მეფემან გარემონი ციხისა და დაუწყო ბრძოლა ძლიერად. მას ჟამსა მოვიდა ოსმალუ და მოეოხრებინა სამცხე, და ვერავინ წინააღსდგომოდა სამცხესა და მოვიდენ შიდა ქართლსა; და ვერავინ წინააღუდგა ქართველი, ამისთვის, რომე კახეთს იყვნენ ლაშქრად.
ხოლო მეფესა დავითს მოართვეს ამბავი ესე კახეთს. და რა ესმა ესე, მას ჟამად დაფარა, რამეთუ ციხესა მყოფნი ლევან და დედა მისი შეეჭირვებინა, საქმისა ამისთვის იქ დგომა აღარ ეძლო; და წარუვლინა დედასა მისსა მოციქული. ამილახორი და მთავარეპისკოპოსი და სთხოვა ციხე, და რა ესმა დედასა ლევანისასა და მეციხოვნეთა მოსვლა მოციქულისა, ღონე აღარა ჰქონდათ, და შეწუხებულ იყვნენ მიცემისაგან კიდე. მისვლასა მთავარეპისკოპოზისასა აღდგა დედა ლევანისა შემთხვევად მთავარეპისკოპოზისა, - იდუმალ თქვა მთავარეპისკოპოზმან: „მაგრად იყავ, ამაღამე წავალთ“. რა ესმა დედასა ლევანისასა, განიხარა და თვისთა ყოველივე აუწყა, და ყოველთა თქვეს სიმაგრე და მიუცემლობა. და რა ესმნეს მოციქულთა ესე, წარმოვიდენ და მოახსენეს მეფესა დავითს და ესევითიარი ციხეს მაგრობა. და ვეღარა დადგა მეფე და წარმოვიდა.
და მოვიდა ზემო-ქართლად და შეება ოსმალუს ჯარსა. მისცა ძლევა ღმერთმან მეფესა დავითს და ამოსწყვიტა ოსმალუ და გაემარჯვა, და შეიქცა ოსმალუ თვისდავე ადგილად. ხოლო მცირესა ჟამსა უკან გაილაშქრა კახეთად მეფემან დავით.
რაჟამს წამოსულიყო მეფე დავით, გამოსულ იყო ლევან და მისვლოდეს კახნი და ექმნა პატრონად მათდა. და იყო ლევან მაშინ წლისა შვიდისა. და რაჟამს მივიდა მეფე დავით საგარეჯოსა, შემოეყარნენ საგარეჯოელნი და მას-აქეთნი კახნი და წარვიდა მეფე დავით ქისიყსა, და იყო ლევან იქ და ახლდა მცირე ჯარი. რა მივიდა მეფე დავით, ეწყვნეს ურთიერთას ქისიყსა. დაუმარცხდა მეფესა დავითს და წარმოვიდა თვისთან, ხოლო ლევან დაიპყრა კახეთი და მოიყვანა ცოლად ასული გურიელისა თინათინ.
ამა თინათინისასა იტყვიან, სიყრმესა შინა ნახა ჩვენება ესე: „შეგირთავს მთავარი ვინმე და მისვლასა შენსა ადგილსა ერთსა“, უჩუენა ადგილი ნიშანი და თქვა ესრეთ: „და იქ იქმნება შინდი თეთრი ერთი. და უშენე მონასტერი ერთი დედასა ღმრთისასა“. ხოლო რაჟამს მოიყვანეს შუამთასა და ჩამოახდინეს განსასვენებელად, და რაჟამს იხილა თინათინ ადგილი იგი, იყო ყოველივე ნიშნეული ჩვენებისა და შინდი თეთრიცა. რაჟამს იქორწინეს, შემდგომად აღაშენა ეკლესია შუამთისა და დაადგინა მოძღვართ-მოძღვარი. და შვა ორ ძე: ალექსანდრე და ვახტანგ. და მიიცვალა თინათინ და დაემარხა ეკლესიასა თვისსა შენებულსა. ამისთვის არა დაეფლა ქმრისა მისისა თანა, რამეთუ იყო ლევან კაცი მეძავი. და შემდგომად ისუა ლევან სხვა ცოლი, ყარა მუსალის შამხლის ასული, მანცა უშვა ძე სამი: გიორგი, ელიმირზონ და ქაიხოსრო.
ხოლო მეფე ქართლისა დავით იყო თვისთა, ხანსა რაოდენსამე უკანა იქმნა მონოზან და ჰყვანდა სამნი ძენი: ლუარსაბ, დემეტრე და რამაზ, მისცა მეფობა თვისი ძმასა თვისსა უმრწემესსა გიორგის. მეფე დავით ხანსა რაოდენსამე უკანა მიიცვალა ქალაქსა ტფილისისასა, ქრისტეს აქათ ჩ~ფკზ (1527).
მეფე გიორგი, პ~ა
ხანსა რაოდენსამე მეფობდა გიორგი და მას ჟამსა შინა იყო კათალიკოზი მელქისედეკ, ძმა მისი.
ხოლო ამას ჟამს წარმოუგზავნა კაცი ხონთქარმან მეფეს გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა ბაგრატს, და მპყრობელსა კახეთისასა ლევანს, ვითარმედ: „საფლავი ქრისტესი და ადგილნი წმიდათანი სჯულისა თქვენისანი დაიპყრეს უსჯულოთა და შეაბილწეს, მოვედით სპითა თქვენითა და განაძეთ ესენი და თქვენდა მიმიცემიაო“.
ხოლო, რა ესმა მეფესა გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა და კახეთისასა, და ყოველთავე მორჩილთა ბრძანებისა მათისასა, განიხარეს და შეიყარეს სპა და გაემართნენ. და რა მივიდნენ იერუსალემსა და ესმა იქა-მყოფთა მისვლა ამათი, წარმოუგზავნა კაცი და ესრეთ შემოუთუალა: „უკეთუ სტუმარი ხართ, მაშ მტერობა რა არისო, და სტუმრად ბევრნი ხართო, და უკეთუ ბრძოლად მოსრულხართ, მცირენი ხართო“. ხოლო ამათ მიუმცნეს ბრძოლად მისვლა. რა ესმა მათ საქმე ესე, გამოვიდნენ და ეწყვნენ ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერად. და მოსცა ღმერთმან ძლევა ქართველთა და საფლავმან ქრისტესმან და გაემარჯვათ. და მეოტნი შევიდნენ ქალაქსა შინა და გაამაგრეს. ხოლო მიჰყვნეს ქართველნი და აართვეს ციხე და ქალაქი და მოსრნეს იქა-მყოფნი მრავალნი ყოველნივე და განათავისუფლეს ქრისტეს საფლავი და ყოველნი წმიდანი ადგილნი. და მიუმცნეს ხვანთქარსა საქმე ესე და წარმოუგზავნა ხალათი და წყალობა მრავალი: და მოსცა ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯვარის მონასტერი და სხვანი მონასტერნი ყოველნივე ხონთქარმან მათ სიგლითა მტკიცითა. ხოლო განიხარა მეფემან გიორგი და ბატონმან ბაგრატ და ლევან, და წარმოვიდნენ თვისსა ადგილსა და მოვიდნენ მშვიდობით გამარჯვებულნი და გაიხარეს.
და შემდგომად ამისა ათაბაგი ყვარყვარე მიუდგა ხონთქარსა, და რა სცნა ესე მპყრობელმან იმერეთისამან ბაგრატ, შეიყარა სპა თვისი იმერელნი და მიუვლინა კაცი კახაბერსა გურიელსა, და მოყვა იგიცა ბაგრატს, გარდავლეს მთა და მიუხდენ ყვარყვარე ათაბაგსა მუჯახეთს. და დახუდა ათაბაგიცა და შეიბნეს და ეწყვნეს ურთიერთას, და იოტნეს ბანაკნი ათაბაგისნი. და მერიქიფემან კახაბერის გურიელისამან, ისაკ ართუმელაძემან, ჩამოაგდო ათაბაგი ყვარყვარე, დაიჭირა და მიართვა გურიელსა და გურიელმან მოართვა ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა. და დაიპყრა ბაგრატ საათაბაგო ქრისტეს აქათ ჩ~ფლდ (1534) - და გარდაეხვეწა ოთარი შალიკაშვილი, და წარიყვანა შვილი ათაბაგის ყვარყვარესი ქაიხოსრო.
მას ჟამსა გამოჩნდა შაჰ-ისმაელი, ძე შიხისა. და რაჟამს გამოჩნდა ლანგ-თემურ და დაატყვევა შამი, იქიდან მოვიდა არდაველს, იქ იყო ერთი ვინმე შიხი, მოქმედი გრძნებისა, რომელსა მაჰმადიანნი ესევდენ დიდად, უჩნდათ სასწაულად მოქმედად.
მაშინ თქვეს ქება მის შიხისა ლანგ-თემურთანა, და თვით მივიდა ხილვად მისდა. და ქმნა გრძნება რამე წინაშე ლანგ-თემურისა. ხოლო სათნო უჩნდა ლანგ-თემურს საქმე მისი: უბრძანა, რაცა გნებავს მოგცეო. მაშინ ჰყვანდა ლანგ-თემურს შამელნი დედაწულნი მრავალნი სულნი და სთხოვა შისმან სიმრავლენი მათნი სიტყვითა ესევითარითა, ვითარმედ: „შამელნი, რომელნი ტყვედ გიყოფიეს, ესენი არიან მუსურმანი; არა არს ბრძანებული მაჰმადისა, ვითარმედ მუსურმანი ტყვე ყოს მაჰმადიანმან. ესენი მომეც, რათა თავისუფალ ვყო“. მაშინ ისმინა ვედრება შიხისა ლანგ-თემურ და მისცა ყოველი დედაწული და ტყვენი იგი, და უბოძა არდაველი ქალაქიდა გარემო სანახები არდაველისა ყოველივე მისი.
ხოლო შიხმან განათავისუფლნა ტყვენი შამისანი: რომელიმე დადგა თვისთა თანა და რომელიმე წარვიდა ქვეყანასა შამისასა. ხოლო გარდაცვალებასა ლანგ-თემურისასა ქვეყანა ერანისა თვითოეულად განიყვნენ, და დაიპყრეს მას ქვეყანისა მთავართა თვითოეულად და რომელიმე ამბავი მათი ცხოვრებასა სპარსთასა ვრცელად წერილ არს.
ხოლო ესე შიხი იყო არდაველს და იყო ბრძოლა ყოველსა სპარსეთსა შინა.
ხოლო ამა შიხის შვილისშვილი მპყრობელმან შირვანისამან მოკლა. დარჩა ძე ერთი და მან იპყრა არდაველი და იგიცა უკეთურებისათა თვისითა მოიკლა, რომელი სპარსთა ცხოვრებასა შინა ვრცელად წერილ არს.
დარჩა ძე ყრმა თვისი შვიდისა წლისა შაჰ-ისმაელ. და დაუწყეს დევნა სასიკვდინედ მეფემან თავრიზისამან. ხოლო შაჰ-მლუ რომელიმე იყვნენ და წარიყვანეს და დამალეს.
და, რაჟამს მოიწიფა, მოიყვანეს, და დაიპყრო სამეფო თვისი არდაველი და ამიერითგან დაუწყო ბრძოლა ყოველთავე და ყოველივე სპარსეთი დაიპყრო.
მეფე ლუარსაბ (I)
ჟამსა ამას მონაზონ იქმნა მეფე ქართლისა გიორგი, და არა დარჩა ძე თვისი, და მისცა მეფობა ძმიწულსა თვისსა ლუარსაბს, კაცსა ღმრთის-მოყვარესა, მტერთა ურჯულოთა მომსრველსა და წყობათა შინა უშიშსა, ქრისტეს აქათ ჩ~ფმბ (1542).
და ჟამსა ამას მონაზონ იქმნა ბაგრატცა, მპყრობელი მუხრანისა, და დარჩა ოთხი ძე: ვახტანგ, ერეკლე, არჩილ და აშოთან.
და დაიპყრა ქვეყანა ქართლისა ლუარსაბ. მას ჟამსა იყო კათალიკოზი გერმანე, ტფილელი დომენტი, მროველი გედევან რაჟამს დაიპყრა ქვეყანა სპარსისა შაჰ-ისმაელ, ეწადა მოსვლა ქვეყანასა ქართლისასა და მოვიდა აღჯაყალას.
რაჟამს სცნა მოსვლა შაჰ-ისმაელისა. შეიყარა სიმრავლე სპისა თვისისა და დადგა ტფილისს, და გამაგრდა ტფილისი. და რაჟამს ესმა შაჰ-ისმაელსა წყობად მოსვლა მეფის ლუარსაბისა, წარმოავლინა სარდალი თვისი ყარაფირი ლაშქრითა მრავლითა, და შემდგომად განიზრახა და მიაშველა მისკარბაში ელიასბეგ ლაშქართა მრავლითა, და შემდგომად განიზრახა თვისგან, ნუ უკვე დაუმარცხდეს ლაშქართა მისთა, თვითცა აღიძრა და წარმოვიდა.
რა სცნა ესე მეფემან ლუარსაბ, გამოვიდა ტფილისით სპითა თვისითა და მოვიდა ღელესა თელეთისასა და იქ განაწყო სპა თვისი. და რაჟამს მოვიდა ყარაფირი, ეწყვნენ. ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. ესევითარად ეწყვნენ ქართველნი, რომე სიმხნე მათი სპარსთა ცხოვრებასა დიდად წერილ არს. მოისრა ყიზილბაში ხელითა ქართველისათა ურიცხვი, და სძლიეს ქართველთა და იოტნეს ყიზილბაშნი. და ოტებასა მათსა მოვიდა მისკარბაშიცა ელიასბეგ და ოტებულიცა სპა იგი დააბრუნა და თვისითაცა სპითა შეუტივა ქართველთა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი უდიდეს პირველისა და მოსრეს კვლავ ქართველთა ყიზილბაში ურიცხვი.
და ოტებასა ყიზილბაშთასა აღმოვიდა შაჰ-ისმაილ მთასა თელეთისასა, რომელი არს კერძოთა ტაბახმელეთისათა, გარდმოხედა და იხილა სპა თვისი. მოსრვილი და ოტებული, და განლაღებულნი ქართველნი მათ ზედა ვითარცა ლომნი შეწუხნა და უბრძანა სპათა თვისთა ყარა ყოინლუსა, ჩამოვიდეს, და შემოუტივეს ყარა ყოინლუსღა ქართველთა ზურგით კერძოთა. და ქართველნი დამაშურალ იყვნენ დიდად ომისაგან და იძლივნეს სპა ქართველთა და უკუნ იქცენ.
და წავიდა მეფე ლუარსაბ ზემო-ქართლად და ენება კვილავ შემოყრა ლაშქრისა და მოსვლა შაჰ-ისმაილზედა. ხოლო ვერღარა შეუძლო, რამეთუ დაფანტულნი იყვნენ ქართველნი და ჯარი ვეღარ იშოვნა.
მაშინ წარვიდა შაჰ-ისმაელი და შემოადგა ციხესა ტფილისისასა და აღუთქვა ნიჭი დიდი ციხისთავსა ტფილისისასა. და მოენდო ციხისთავი და მოსცა ციხე და შევიდა ციხესა შინა, და დაიპყრა ტფილისიცა შაჰ-ისმაელ. და მოაოხრა და შემუსრნა ხატნი და ჯვარნი ხელითა თვისითა და აღაშენა ყურესა ხიდისასა მეჩითი რჯულისა თვისისა, შეიქცა და წარვიდა თვისა და დაუტევა ციხესა მცველნი. ხოლო უკეთუ არა მიეცა ციხისთავსა ციხე და მცირესა ხანსა გამაგრებულიყო, მოვიდოდა მეფე ლუარსაბ შაჰ-ისმაელზედა და, უკეთუმცა ღმერთსა ენება, შეამთხვევდა ჭირსა დიდსა.
ხოლო შექცევასა შაჰ-ისმაელისასა მოვიდა მეფე ლუარსაბ და კვლავ დაიპყრო ქართლი.
და ამა ჟამსა მოკვდა შაჰ-ისმაელ და დაჯდა მის წილად შაჰ-თამაზ. ხოლო შაჰ-ისმაელი იყო კაცი ჭკვიანი და სავსე ხონჯითა. ამან გამოაჩინა სჯული შიასი და დაუწყო სჯულთა ოსმანთასა გინება, და აღამაღლა სახელი ალიასი, და თვით თავი თვისი ძედ ალისა თქვა. და ამიერითგან ირწმუნეს ყიზილბაშთა ძედ იმამისა, არა ხოლო მეფობისათვის, არამედ ძეობისა მისთვის იმამისა სწამთ სალოცავად და პატივ-სცემენ მღთაებრ დღეინდელად დღედმდე.
ხოლო ძეთა მისთა, რაჟამს გამეფდა მის წილ ძე მისი შაჰ-თამაზ ესე გამდიდრდა ფრიად: უმეტეს დაიპყრა ქვეყანანი, რომელნი დაუშთა შაჰ-ისმაელს. და ამა ჟამში აეღო მეფესა ლუარსაბს ციხე ტფილისისა და გაამაგრა თვისად. და სმენოდა ყარაბაღს მდგომსა შაჰ-თამაზსა საქმე ესე და შეეყარა იდუმალ სპა თვისი რჩეული და წარმოემართა მეფესა ლუარსაბსა ზედა.
ხოლო მას ჟამსა მოჰკვდომოდა მეფესა ლუარსაბს ძე ყრმა მცირე და წარეღო მცხეთას დასამარხავად, და სიყვარულისათვის მეფე და დედოფალი გაჰყოლოდა. ხოლო მას ღამესა შემოვიდა შაჰ-თამაზ ტფილისად და, უკეთუმცა არა დაეცვა განგებასა ღმრთისასა მეფე ლუარსაბ და არა. გაჰყოლოდა ძესა თვისსა, ხელთ დარჩებოდა თვით დედოფლითურთ.
ხოლო სცნა მეფემან მისვლა შაჰ-თამაზისა, წარვიდა სიმაგრესა, და ჯარი ვეღარა შემოიყარა, ამისთვის შაჰ-თამაზ იყო ტფილისად, და ყოველნი ხიზნად განემზადნეს, ხოლო ქალაქი ტფილისისა. დაიპყრა შაჰ-თამაზ, მოსრნა ყოველნი დედაწულნი.
და რაჟამს იხილა ციხისთავმან ტფილისისამან გულბად, სცნა უგრძნობლად შესვლა შაჰ-თამაზისა, შეშინდა მეფისა ლუარსაბისგან ამისთვის, რომე უგრძნობლად მოსვლისათვის არა იავარ მყოს, გარდმოვიდა ზემო-ციხით და მოუვიდა შაჰ-თამაზს. რა სცნეს ციხის მცველთა საქმე და წარვიდა ციხისთავი, მათგანიცა რომელიმე წარვიდა თვის-თვისად, და რომელიმე მივიდეს შაჰ-თამაზთანა. და შაჰ-თამაზ მისცა ნიჭი დიდი და დაატევებინა სჯული ქრისტიანობისა და დაიპყრა ციხე ტფილისისა და გაამაგრა და თვით წარვიდა ყარაბაღად.
და რა სცნა მეფემან კახეთისამან ლევან, შეურიგდა იგიცა. და წარვიდა შაჰ-თამაზ ნახჩევანს სომხითისასა და ურჩნი სომხითისანი დაიმორჩილნა.
და მპყრობელი იმერეთისა ბაგრატ იყო მაშინ სამცხესა, მოვიდა მას თანა ამა მიზეზისათვის, რომე ოთარი შალიკაშვილი და ძე ყვარყვარესი ქაიხოსრო რომ ხონთქართანა წასულიყვნენ და ამათგან ძალი და ზურგი მოეცათ, ესეცა ბაგრატ ამისთვის მოვიდა შაჰ-თამაზთანა, რომე ამისგან ზურგი და ძალი მოეცა.
ხოლო თვით უცალო იყო შაჰ-თამაზ და ჯარი ვერ აშველა, მისცა ნიჭი დიდი და გაისტუმრა და თვით წავიდა ქვევით. და რა მივიდა ბაგრატ სამცხესა, ოთარ შალიკაშვილისა და ყვარყვარეს, შვილისა ქაიხოსროსათვის ხუანთქარს მოეცა ლაშქარი დიდი, სპასპეტად გამოეგზავნა მუსტაფა ფაშა და გამოეტანებინა ზარბაზანი დიდროანი და მოვიდნენ ზემო ქართლსა.
და რა სცნა ბაგრატ, შემთვალა გურიელსა, და მოვიდა გურიელი და ეწყვნენ სპასა ხუანთქრისასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და იოტნეს ბანაკნი ოსმალთანი და მოსრნეს და ივლტოდეს ოსმალნი. და მოკლეს მუსტათა ფაშა და დარჩათ საგანძური და თოფები მათი.
და შემდგომად ამისა წარვიდნენ ხონთქართანა ოთარი შალიკაშვილი და ქაიხოსრო ყვარყვარეს შვილი, და დიდად დაუმძიმდა ხუანთქარსა დამარცხება ჯარისა თვისისა და გამოუსია აზრუმისა დადიარბექირის ფაშა და ჯარი ურიცხვი.
და რა ესმა ბაგრატს მპყრობელსა იმერეთისასა დაჰპატიჟა მეფესა ქართლისასა ლუარსაბს და დადიანსა და გურიელსა.
ხოლო მეფესა ქართლისასა ლუარსაბს დაღაცათუ არავინ ეშველებოდა უსჯულოთა ზედა, არამედ თვით რაოდენ ძალ-ედვა არა დაზოგის თავი და წარვიდის და მიეშუელის, რამეთუ ეძვინებოდა საქართველოსათვის, ვითარცა მამასა შვილთათვის, და შეიყარა სპა თვისი და წარვიდა ბაგრატთანა.
მაშინ ბაგრატს არა შემოეყარა დადიანი, და მოსულიყო გურიელი ჯარითა თვისითა და შემოეყარნენ იმერელნი და მესხნი. და ხუანთქრის ჯარიც მოსრულიყო ბასიანს და მივიდნენ ესენიცა.
მაშინ ქართველთ მოინდომეს მეწინავეთ მისვლა და მესხთა არა თავს-იდვეს საქმე ესე ამისთვის, რომე პირველადცა ჩვენ ვყოფილვართ და რიგი გვაქუს მეწინავეობისაო, და აწცა მართებულია, რომ ჩვენ ვიყვნეთ.
ხოლო ქართველთა არა უსმინეს და მიეტევნეს, ქრისტეს აქათ ჩ~ფმე (1445). და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე, და მესხთა, წინა მისვლისათვის ქართველთა, ადრიკეს ზურგი და არა მიჰყვნენ ქართველთა. და მოკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო. და შემუსრეს ყოველი საჭურველი და საომარი ქართველთა, და არღარა ჰქონდათ საბრძოლველი და დამარცხდა ჯარი საქართველოსი, და ივლტოდენ და წარვიდენ ყოველნივე თვის-თვისად. და წარვიდა ბაგრატ იმერეთს და მეფე ლუარსაბ ქართლისა.
და მაშინ ჩამოდგნენ ურუმნი და, რომელიცა შეიპყრეს, სრვიდენ უწყალოდ. და წარვიდა გურიელი თვისად სამყოფად და ყოველნივე თვის-თვისად წარვიდენ.
ხოლო ურუმნი დადგნენ სამცხეს და დაიპერეს ციხეები სამცხისა განზრახვითა ოთარ შალიკაშვილისათა. ესრეთ ეტყოდა ოთარი: „უკეთუ დაიპყრობთ სიმაგრეთა სამცხისათა, ესე ქვეყანა მკვიდრად თქვენდა იქმნებისო“.
და ჟამსა ამას შიგან მესხთა ათაბაგ ყვეს ქაიხოსრო ძე ყვარყვარესი. და დაემძახლა პატრონსა მუხრანისასა, და მოიყვანა ცოლად აშოთან მუხრანის ბატონისა ასული და ეწოდა სახელად დედისიმედი. და იყო ქალი ესე გლისპი და შეუპოვარ და ლაღი. და რაჟამს სცნეს საქმე ესე ათაბაგმან და ოთარ შალიკაშვილმან, რომე დაიპყრეს ოსმალთა სიმაგრენი და ციხეები სამცხისანი და ფრიად მძლავრობდენ და უსამართლობენ ქვეყანასა სამცხისასა, მაშინ განიზრახნეს ათაბაგმან და ოთარ საქმე რამე სარგებელი ქვეყანისა თვისისა: წარავლინეს მოციქული შაჰ-თამაზთანა და ესრეთ მიუთხრეს, ვითარმედ: „ძველითგან ქვეყანა ესე სამცხისა მკვიდრად სპარსთა მეფეთა ყოფილ არს, და აწ, თუცა გნებავსთ, გაქვს შეწევნა და უფლება საქმისა ამის, რათა თქვენდა იყოს. მოგვეც შეწევნა და ნურღარა აუფლებ ჩემ ზედა ოსმალთა და თქვენდავე იყოს ქვეყანა ჩვენი, და გმორჩილობდეთ შენ, ვითარცა პირველად“.
ხოლო ესმა რა ესე შაჰ-თამაზს, განიხარა და წარმოვიდა სამცხედ სიმრავლითა ჯარისათა.
და რაჟამს ესმა ესე სულთანს სულეიმანს, წარმოვიდა იგიცა ლაშქრითა მრავლითა და ესრეთ განიზრახა: ვინათგან შემიორგულდა ოთარიცა და ათაბაგიცა და არღარა ნებავს უფლება ჩემი მათ ზედა, აწ მეცა იქ წარვალ და შევმუსრავ და იავარვყოფ ციხესა მათსა, რომელ არს ქაჯეთი; და არა მივსცე სპარსთა ქვეყანა იგი.
და ვითარცა სცნა შაჰ-თამაზ წარმოსვლა ხონთქრისა, ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა შაჰ-თამაზს სულთან სულეიმანისა, მოიპოვა ღონე ესევითარი და შემოუთვალა ოთარსა, ვითარმედ: „ესე უწყოდე, არას კეთილისათვის და არას საქმითა არას ფერობით მე შენ მოუკლავს არ გაგიშუებო“. და, რა ეს წიგნი ოთარს მოუვიდა, ოთარმა სულთანს გაუგზავნა და ესრეთ მიუწერა: „თქვენცა მიწყრებითო და უფრო მეტად ყაენი მიწყრებაო: რა ვქნა აწ მეო, მოსამართლე ღმერთი იყოს შუა თქვენსა და ჩვენშიაო“. და იპრიანა ღმერთმან. და შეიბრალა სულთანმან და უკუნ-იქცა, და არღარა წავიდა სამცხეს და შეიქცა თვისად.
ხოლო მპყრობელი იმერეთისა ბაგრატ რაჟამს შეიქცა საბატონოსა თვისსა, მოიწვია დადიანი ლევან ჭალასა ხონისასა, უღალატა და შეიპყრა დადიანი ლევან ამის მიზეზისათვის, რომ მაშინ ურუმზედ დადიანმან არ ულაშქრა. და ესე რა შეიპყრა, გაუგზავნა გურიელსა კაცი და ესრეთ შეუთვალა: „დადიანი დავიჭირე და ხელთ მყავსო, წარვიდეთ ოდიშს, ვილაშქროთო, ნახევარი შენი იყოსო და ნახევარი ჩემიო“.
და რა ესმა ესე გურიელს, იფიქრა და თქვა ესრეთ: „დადიანი შეუპყრია და ოდიშს დაიპყრობს და მერმე ჩემს ქვეყანასაც წამართმევსო და სულ გაიერთებსო“, - და ეგრეთაცა სწადდა ბაგრატს და აღარ მიუდგა გურიელი.
და მეფემანც ასე განსაჯა; არამც გურიელი და ოდშარნი გაერთდენო და მერმე ჩემზედ ბოროტნი გაიზრახონო, დადიანის თვალების დაწვა სწადოდა, აღარ დასწვა და გელათს სამრეკლოში დაატყვევა.
სცნა რა ესე ათაბაგმან ქაიხოსრო დადიანის ტყვეობა, შემოვყვნა ჩხეიძე ხოფილანდრო, გააპარა იქითგან და მიიყვანა ათაბაგთანა. მოიმხრო ათაბაგმან გურიელი და ჩაიყვანა ოდიშს და გააბატონა.
ამას ჟამსა გურიელს გაუწყრა ხონთქარი ამისთვის, რომ მაშინ ბასიანს, თუ შენ ბაგრატს არ მოჰყოლოდი, იმდენს ჯარს ვერ ამომიწყვეტდაო ბაგრატიო. გამოუსია ჯარი და მოვიდნენ ბათომს და დაუწყეს ციხეს შენება კატარღებითა და ნავებითა.
შეყარა გურიელმან სპა თვისი და წარვიდა ოსმალთა ზედა. მოუმართა ღმერთმან ხელი და გაემარჯვა, ხმელეთიდამ გააგდო და ზღვაში შევიდნენ ნავებითა, და აღუდგა ღელვა და ჭოროხს გაღმა გავიდნენ. მაშინ იყო წყალდიდობა და ჭოროხს ცხენით ვეღარ გავიდნენ და მივიდნენ გონიასა და ციხეს დაუწყეს შენება. დაიწყეს სიმაგრე ოსმალთა და ჭანეთი ამოსწყვიტეს, წაართვეს გურიელსა და თვით დაიჭირეს.
მაშინ ჰპატრონობდა ბაგრატ იმერეთს და ეპყრა იმერეთი. მიუვლინა კაცი გურიელმან დადიანს ლეონსა და როსტომს: „უკეთუ ამათ მიერ წამახდინეს, მას უკან თქვენზედაც მოიწევა ამათ მიერ დიდი ვნება“.
მაშინ დადიანმან შემოიკრიბნა სპანი თვისნი და აფხაზნი, წარმოვიდა, რიონის ლიმონში დაისაიგურეს.
სცნა რა ესე ბაგრატ, ვინაითგან დადიანმან გურიელს უშველა, უფროსად გაერთებიანო, გაეგზავნა ძმა თვისი ვახტანგ ხუთასის კაცითა შემწედ გურიელისა, ესრეთ დავედრა, ამას ეცადე, რომ დადიანი გურიელს არ მიეშველოსო.
და წავიდა ვახტანგ და მივიდა საჯავახოს და მაშინ შეუთვალა დადიანს: „მე ხომ შენი ფიცი ვარო, ესე უწყოდე, რომე ჩემს ძმას ბაგრატს და გურიელს ერთი პირობა აქვსთ, და რაჟამს მოხვალ გურიას, დაგესხმიან თავსა და მოგკვლენო“. სცნეს რა ესე მეგრელთა, მოშიშართა არღარა წარმოვიდნენ რიონითგან, და მივიდა ვახტანგ გურიელთანა ბათომსა, როსტომ გურიელი და გურიელნი იქ დახვდენ. ვინაითგან დადიანი ვეღარ მოეშველა, კატარღა და ნავები ვეღარ იშოვნეს და ვერცაღა განვიდენ გაღმა. მაშინ ოსმალთა სცნეს რა ესე, აღაშენეს ციხენი და დაიპყრეს ჭანეთი.
და შემოიქცა ვახტანგ თვისად სამყოფსა და ამას ჟამსა შინა მიიცვალა ბაგრატ. და დამარხეს გელათს. და დაჯდა მის წილად ძე მისი გიორგი.
და ეპყრა როსტომს გურია წელსა იბ (12), და მიიცვალა იგიცა და დაეფლა შემოქმედს. და ესვა როსტომს ძე სამი, და უმრწმესსა ეწოდა გიორგი და დასვეს გურიელად. და ერთი დაჲ მისი დადიანის შვილს ჰყვანდა ცოლად, და, რა მოკვდა როსტომ გურიელი, მაშინ განუტევა ქალი მისი დადიანის შვილმან და წაართვა ბიძასა თვისსა ცოლი და თვით შეირთო, და განრისხდა ღმერთი.
და გამოხდა ხანი რამე, და კვლავ გაერთდენ გიორგი გურიელი და დადიანი. შეირთო ასული დადიანისა გურიელმან, და მცირეთა ჟამთა შინა განუტევა გურიელმანცა ქალი დადიანისა ამისთვის, რომე პირველ ამისი დაჲ იმისმან შვილმან განუტევა.
სცნა რა ესე გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, ვინაითგან მტერ ექმნეს ურთიერთას დადიანი და გურიელი, ამ გიორგის ჰყვა ერთი ქვრივი რძალი და მისცა გურიელსა თვისის ქალის მაგიერად და ესენიცა...
მაშინ იწყეს შურობად და ლაშქრობად დადიანისა და ვერ ეძლო წინააღდგომა მათი დადიანსა, გარდაიხვეწა და წარვიდა სტამბოლს, მივიდა და შეეხვეწა სულთანსა. მაშინ შემწე ეყო სულთანი დადიანსა და მისსა ჯარი აზრუმისა და ტრაპიზონისა. წარმოვიდნენ და მოიწივნეს სატყეპელას.
ხოლო, სცნა რა საქმე ესე გურიელმან, ვინათგან შემწე ეყო სულთანი და გამოგზავნა დადიანი დიდის ჯარითა, მაშინ მოიპოვა. ღონე რამე და იწყო ხვეწნად დადიანისა, და წარავლინა მოციქული, და მისი სისხლად ფლური ათასი დადიანსა. და შერიგდენ.
მაშინ გიორგი, მპყრობელი იმერეთისა, ვინაითგან ახალი ბატონი იყო, სუსტად ეპყრა საბატონო თვისი. მაშინ მოიხმო გიორგი ჯავახ ჭილაძე. და უღალატა და მოკლა. სცნა ესე გურიელმან გიორგი, დიდად ეწყინა: შერიგდენ დადიანი და გურიელი და დაანებეს, და ნახევარი გურიელმან დაიჭირა და ნახევარი დადიანმან. ხოლო მას ჟამსა შინა დადიანი მოკვდა ესრეთ, რომე ნადირობაში ჯაიანმან ცხენი შეაძგერა და მოაკვდინა დადიანი. მაშინ დასვეს დადიანად უფროსი ძე მისი გიორგი.
სცნა რა ესე გურიელმან გარდმოიბირა უმცროსი ძმა მისი მამია, მიიყვანა გურიას. და შერთო დაჲ თვისი ცოლად. მაშინ ულაშქრა გურიელმან და წარვიდა თვითცა და მივიდეს ზუგდიდს. შეიბნეს და გაემარჯვა გურიელსა და გარდააგდეს. დადიანი გიორგი და დასვეს ძმა მისი მამია დადიანად, და თვით გურიელი წარვიდა თვისადვე.
მაშინ დადიანმან გიორგი იშოვა ლაშქარი აფხაზისა, ჯიქისა და ჩერქეზისა. და ათხოვა კვლავ გურიელმან ჯარი სიძეს. თვისსა მამიას და შეიბნენ. კვილავ გაემარჯვა მამიას და გაექცეს გიორგი დადიანი.
მაშინ დაუწმო ლაპარაკი გიორგის, მპყრობელს იმერეთისასა გიორგი დადიანმან და პატრონმან იმერეთისამან პირი მისცა შველისა. და გიორგი დადიანმან ასე შემოუთვალა: „რათგან ჩერქეზის ქალი ერთი თქვენ გყავსო და ერთი გურიელსაო, მესამე დაჲ გაუთხოვარი, თქვენ რომ ზრდით, ეგ მე მომეცითო, თუარამ რით გენდოო“. ბატონმან გიორგი გურიელს ჰკითხა: „მივსცე, თუ ნუო“? გურიელმან ესრეთ უთხრა: „მე იმას ქალი დაუგდე და სისხლი გამომართვაო, იმან მე დაჲ დამიგდო და სისხლი მომცესო“. და ეს სიტყვა შეუთუალეს გიორგი დადიანსა. დადიანი დაჰყვა სისხლის მიცემასა, და თეთრი არა ჰქონდა - გადავარდნილი იყო - და ხოფი, რაც გურიელს სისხლი მიეცა, იმთონის გირაოდ მისცა. და მისცეს მესამე ჩერქეზის ქალი გიორგი დადიანსა, და სამნივ ქვისლნი შეიქმნენ და დამოყვრდენ, და მამა დადიანმანც ნება დართო: რათგან უფროსი ძმა არის, მისი წესია დადიანობა და მანცა დაანება. მამია დადიანს ლომკაცი ჭილაძისეული და რევაზისეული დაანებეს და შეირიგეს, და იქმნა მიერითგან მშვიდობა სამსა საბატონოსა შუა.
სცნა რა ესე დათულიამ, ბიძამან დადიანისამან, შეიყარა საჯავახოელნი და წარმოვიდა საღალატოდ გიორგი დადიანისა. იგრძნა საქმე დადიანმან და ვეღარ უღალატა და წარვიდა თვისად საჯავახოდ დათულია. მაშინ დადიანმან გიორგი და ძმამან მისმან მამია და ბატონმან გიორგი შეუთვალეს გიორგი გურიელსა, მიუწერეს ესრეთ: „რადგან დათულიას ღალატი შეაჩნდაო, აწ შენ მაგას უღალატე და მოკალო და საჯავახო შენ დაიპყარო“.
მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭირა დათულია და დაატყვევეს ოზურგეთს, და საჯავახო თვითონ დაიპყრა. კვლავ შეუთუალეს გურიელსა, რომე მოკალო, და გურიელმან არა მოკლა. და მას უკან ამათ გაგზავნეს კაცი და მოაშთვეს დათულია.
ჟამსა ამასა შინა მიიცვალა გიორგი დადიანი, და დაიპყრა კვლავ დადიანმან მამია ოდიშს და გადადიანდა. მაშინ დარჩა დადიანს ესეთი შვილი ვაჟი და ეწოდა ლევან. და განარისხა ღმერთი გურიელმან გიორგი, და წაართვა დედასა მისსა და წარმოიყვანა ყრმა იგი და შხეფის ციხეში დაატყვევა. და ვეღარ გასძლო ყრმამან მან ტყვეობა და გალავნიდან გარდმოვარდა და მოკვდა. და იყო იმერეთისა მპყრობელსა და დადიანსა და გურიელს შუა მშვიდობა და ერთობა.
და რაჟამს შეიქცა სულთანი სულეიმან, მაშინ შაჰ-თამაზ ქვეით იყო, უწყეს ქართველთ მეფემან კახმან ბატონმან და ათაბაგმან რბევა ადრაბაგანსა და ოხრება.
მაშინ განუდგა შაჰ-თამაზს მპყრობელი შაქისა, ძე ასან-ბეგისა. სახელით დავრიშ მაჰმად. და რაჟამს გაბრუნდა სულთან სულეიმან, შემოიყარა ჯარი ყარაბაღს შაჰ-თამაზ. რამეთუ მორჩილებდა ასანბეგ შაჰ-თამაზსს. ხოლო ძემან მისმან დავრიშ მაჰმად არღარა მორჩილ ექმნა და უკუდგა. ამისთვის შემოიმარა ჯარი შაჰ-თამაზ ყარაბაღს და მოუგზავნა კაცი კახ-ბატონს ლევანს და ითხოვა მისგან შეწევნა.
წარმოვიდა და მოვიდა ლევან, და დაემორჩილა შაჰ-თამაზს, რამეთუ ოდეს მორჩილობდა ასან-ბეგ დევრიშ მაჰმადის მამა შაჰ-ისმაილს, მაშინ ეს ლევან მიუხდა ასან-ბეგს შაქის და მოკლა ასანბეგ, და მოარბია შაქი, შემდგომად ამისა მოიყვანეს შაქელთა ძე მისი დევრიშ მაჰმად და დასვეს ბატონად. და მიერ ჟამითგან მტერ იყვნენ ბატონი ლევან და დევრიშ მაჰმად. და რა შეიყარნენ ესენი, მაშინ წარავლინა შაჰ-თამაზ ლაშქარი თვისი შირვანს.
რა სცნა დევრიშ მაჰმად, დაესხა თავსა და მოსრა ლაშქარი მრავალი. ხოლო, სცნა რა ესე შაჰ-თამაზ დევრიშ მაჰმადისაგან საქმე ესე, ქრისტეს აქათ ჩ~ფმვ (1546), შეიყარა და წავიდა შირვანს. რა სცნეს შაქელთა მისვლა შაჰ-თამაზისა, შეშინდეს ფრიად. მაშინ მისწერა შაჰ-თამაზ წიგნი დევრიშ მაჰმადს, ვითარმედ: „მოდი ჩემ თანა და მიპატივებია დანაშაული შენი“. და მან არა ისმინა, და გაამაგრნა ციხენი და სიმაგრენი თვისნი და დადგა მტკიცედ.
და ესმა შაჰ-თამაზს საქმე მისი, წარავლინა ბატონი ლევან და სხვა ხანნი, ორი თვისი სარდალი და სპა. და, რა მივიდნენ შაქის, მოაოხრეს შენი და უშენი, და მოადგნენ ციხესა მას, რომელსა შინა იყო დევრიშ მაჰმად. ვერღარა ეძლო ხანსა რაოდენსამე გამაგრება ციხისა მის და განვიდა ღამე და ენება იდუმალ განრინება. და რაჟამს განვიდა დევრიშ მაჰმად, სცნა ბატონმან ლევან, წარვიდა და მიეწია, შეიბნენ და გაემარჯვა ბატონს ლევანს: და მოკლეს ლაშქართა ლევანისათა დევრიშ მაჰმადი. და მოართვა თავი მისი ლევან შაჰ-თამაზს და მისცა მრავალი წყალობა ბატონს ლევანს შაჰ-თამაზ და წარავლინა ბატონი ლევან თვისსა ალაგსა და თვით წარვიდა ყარაბაღს.
და რაჟამს მივიდა ყარაბაღად, არა დაცხრა მტერობად მეფისა ლუარსაბისა და მოიქცა კვლავ ტფილისად და ააოხრა ტფილისი და გარემონი ტფილისისანი, და აღიღო ციხე ტფილისისა, და შეაყენნა მცველნი თვისნი.
ხოლო ლუარსაბს ვერარა უყო, და ენება მტერობა ქართლისა ამისთვის, რამეთუ მეფემან ლუარსაბ ჟამსა თვისსა არცა ჰმონა ყაენსა და არცა ხონთქარსა ამისთვის, რომე თუცა დამორჩილებოდა, სხვანი ყოველნი მონობდენ და, თუმცა ესეცა დამორჩილებოდა ქვეყანა გათათრდებოდა და სახარკოდ შეიქნებოდა; ამისთვის მრავალჯერ ამოსწყვიტა ხუანთქრისა და ყაენის ჯარი მეფემან ლუარსაბ.
ხოლო ამას ჟამსა შინა მოიპოვა ღონე ესე შაჰ-თამაზ: ეზრახა ათაბაგს ქაიხოსროს და სთხოვა ცოლად ტომისაგან თვისისა. ხოლო ათაბაგს თვისი არა ჰყვანდა რა, და ენათესავებოდა ოთარი შალიკაშვილი ათაბაგსა, ამისთვის ნებამყოფლობით გამოართვა ქალი და ნათესავად თვისად გაუგზავნა ყაენს და ყაენმან შეირთო ცოლად.
და რაჟამს შეირთო, ესე იყო საყვარელ ყაენისა, შეიქმნა წყობა შაჰ-თამაზსა და ათაბაგს შუა. რა სცნა ლუარსაბ მეფემან ათაბაგის შაჰ-თამაზის დამორჩილება, ეზრახა ლუარსაბ იჯუსა და შერმაზენს, შეიყარა ესენი და მიუხდა ათაბაგს ქაიხოსროს, და წაუღო თემი მრავალი და აუოხრა. ხოლო ქაიხოსრომ მიუწერა შაჰ-თამაზს, ვითა: „მოვიდა მეფე ლუარსაბ და ააოხრა ქვეყანა ჩემი, და ისკანდარ ფაშა აზრუმისაც მომავალი არის“.
რა სცნა ესე შაჰ-თამაზ, შაქისი რომ დაიპყრა, ჯარი ისევ ჰყვანდა მოუშლელად, წარმოემართა. და მოეგება ათაბაგი ქაიხოსრო წინა წარუძღვა და მიიყვანა სამცხედ. ხოლო შაჰ-თამაზ ძე მისი მირზა-ისმაილ გაგზავნა კარსა. და მივიდა მირზა-ისმაილ და დაიპყრნა სიმაგრენი და ამოსწყვიტა კარი და, რაოდენნი ოსმალნი იყვნენ, განსდევნა. და შევიდა სამცხეს შაჰ-თამაზ და დაიპყრა ციხენი და განასხნა ოსმალნი. და რომელნიმე განდგომილნი ათაბაგისნი ციხესა შინა იყვნენ, აღიღო ციხე და ტყვე ყვნა, და ეკლესია, რომელი იყო მას შინა, ააოხრა, ხატნი და ჯვარნი დაამტვრივნა. და რაჟამს სცნეს ომან და შერმაზან, შეშინდენ და მივიდნენ შაჰ-თამაზისა თანა, ივჯუზაცა მივიდა. და შეაბეზღეს ივჯუშ და შერმაზან შაჰ-თამაზს, ვითარმედ ესენი არიან უარისმყოფელნი თქვენნი. მოაკვლევინა შაჰ-თამაზ ივჯუზ და შერმაზ. ან და მამული მათი მისცა ათაბაგს ქაიხოსროს.
და რაჟამს განაგო ყოველი საქმე ზემო ქართლისა. წარმოემართა მეფესა ლუარსაბზედა, ჩამოვლო თრიალეთი და მოაოხრა და წარმოვიდა საბარათაშვილოზედა და იგიცა ააოხრა, მივიდა და მოადგა ციხესა ბირთვისისასა. და დადგა ხანსა მცირესა და, რა სცნა სიმაგრე ციხისა, ეზრახა ციხეს მყოფთა ბარათიანთა და აღუთქვა ნიჭი და გამოინდო ისინი. ხოლო არღარა დაინდო: რომელნიმე ტყვე ყო და რომელნიმე დაადგინნა თვისსა მამულსა ზედა.
ხოლო მეფისა ლუარსაბისა ჩვეულება ესრეთ იყვის: უკეთუ ჰყვანდის ჯარი, პირდაპირ არ დარიდის, რაგინდ რომ დიდი ჯარი იყვის, და, უკეთუ ჯარი არა ჰყვანდის, დააცალოს და უყურებდის და, სადაც რომ დაახელის თარეში, ანუ მცირე რამე ჯარი, შემართის და ეწყვის, და ბრძოდა ძლიერად და ამოსწყვეტდა მცირითა კაცითა ფრიადსა ჯარსა თათართასა.
მაშინ გარდავიდა შაჰ-თამაზ და ჩავიდა გორსა და აღიღო ციხე გორისა, და ციხე ვერისა და გარემონი ციხენი ყოველივე, და მიადგა ციხესა ატენისასა, რომელ არს თავსა საცივისასა, რამეთუ მას შინა დედა ლუარსაბისა და მრავალნი თავადთა ჯალაბნი და თავადნი იყვნენ, და ამისთვის იწყო ბრძოლა ძლიერად. და ხანსა რაოდენსამე შინა აღიღო და ტყვე-ყო დედა ლუარსაბისა, ქრისტეს აქათ ჩ~ფნვ, და მრავალნი თავადთა ჯალაბნი და მრავალნი სხუა ტყვენი ყოველნივე ტყვე ყვნა და წარვიდა.
ხოლო, რა სცნა მეფემან ლუარსაბ ტყვეობა დედისა მისისა და თავადთა მისთა, განუდგა კვალსა მისსა, დაეწია უკანა ჯარსა და მოსრა მრავალნი ყიზილბაშნი და წარუღო მრავალნი ბარგნი, ხოლო დედა თვისი ვერღარა იხელთა.
და რა მივიდა ერევანს შაჰ-თამაზ, მასინ სცნა დედამან ლუარსაბისამან გაუპატიავება თავისა თვისისა; და შესხა წამალი სასიკვდინე, და მოიკლა თავი თვისი, და არა შეიმთხვია უპატიობა თავსა თვისსა.
მაშინ მოიქცა მეფე ლუარსაბ მწუხარედ დატყვეებისა დედისა თვისისათვის და ქვეყნის აოხრებისათვის.
ხოლო შაჰ-თამაზცა წარვიდა ადგილსა თვისსა და ციხესა ტფილისისა ეპყრა შაჰ-თამაზს. და მაშინ დასვა ყაზახის ადგილსა და შამშადილუსა ხანი თვისი, ხოლო პირველად ეწოდა რანი ქვეყანასა ამას. და დასვა სულთანი განძას, ბარგუშათს და შაქისს, და უთავა სულთანი განძისა. და ამცნო მათ: „უკეთუ ემტეროს ლუარსაბ ციხესა ტფილისისასა, რათა ესენი მწე ექმნებოდეს ტფილისის ციხესა შინა მყოფთა თათართა“.
და შემდგომად ამისა ეძვინდბოდა ლუარსაბს პყრობა ციხისა თათართა მიერ და გარემოს ქვეყნებისა, შეიყარა სპა და წარმოემართა მას ზედა, რაოდენიცა ეპყრათ თათართა კერძონი საბარათაშვილოსანი, ქვეყანა და ციხე, ყოველივე წაართვა და თვით დაიპყრა გარდა ტფილისის ციხისა.
და რა ესმა ესე სულთანს შავერდის განძისასა, შეიყარა სპა ყარაბაღისა და, რომელიცა ჩინებულ იყო შაჰ-თამაზისა მიერ, ყოველგვე შემოიყარა და წარმოემართა მეფესა ლუარსაბსა ზედა. და რა დაახლოვდენ პირისპირ, მეფემან ლუარსაბ პირისპირ მინდვრად ომი არა ინება და მივიდა გარისს.
ხოლო ესხნეს მეფესა ლუარასბს სამ ძე: სვიმონ დავით და ვახტანგ. და გაუდგნენ ყიზილბაშნი კვალსა მისსა. მაშინ ლუარსაბ მოუძლურებულ იყო დღითა, და ძე თვისი სვიმონ თან მოიყენა. მაშინ აახლნა სპანი თვისნი სვიმეონს და თვით უკანა დადგა, და იახლნენ თან ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისგანნი. მოვიდნე ყიზილბაშნი და რა იხილა ბატონიშვილმან სვიმონ და ქართველთა, შემოუტივა ვითარცა ლომმან ჯოგთა კანჯრისათა. მიეტევნენ და ბრძოდენ ფიცხლად ქართველნი, და მოსრეს ყიზილბაში ურიცხვი, და იოტეს ბანაკი მათი. და ივლტოდა სულთანი შავერდი და სხვანი სპანი ყიზილბაშისანი და დაიფანტნენ ტყეთა შინა. ხოლო მაჰმად სულთან დაიარებოდა შეშინებული ტყეთა შინა, მაშინ იხილა მეფე ლუარსაბ მცირედითა კაცითა მდგომარე; და უღონო იქმნა სულთან მაჰმად, ხოლო არღარა ჰქონდა გზა წარსვლისა, შემოუტივა მეფესა ლუარსაბს. მაშინ განმხნდენ ეპისკოპოზნი და მხცოვანნი იგი ერისკაცნი, რომელნიცა ახლდეს მეფესა, და ვითარცა იქმნენ წლისა ოცდაათისა, და მიეტევნენ ყიზილბაშთა, და შეიქმნა ომი ძლიერი. და იოტნეს ბანაკნი მაჰმად სულთნისა და მოსრნეს მრავალნი მათგანნი.
და იხილა მეფემან ლუარსაბ მაჰმად სულთანი. მაშინ შუბი გატეხილი ჰქონდა მეფესა ლუარსაბს. და ყოველი საბრძოლო იარაღი დაემტვრია, შეუტია ცხენითა და შეაძგერა ცხენი მაჰმად სულთნისა ცხენსა და ქვე დაახეთქა ცხენ-კაცითურთ. შემდგომად ამისა სხვასა შეუტივა და გზასა ზედა შეხვდა თხრილი რამე და ჩავარდა ცხენის ფეხი დანახეთქსა მიწისასა და წაექცა ცხენი მეფესა ლუარსაბს. მოუხდა ყიზილბაში ერთი, რომელსა ერქვა ზაქირ, და სცა მახვილი და სწელა სასიკვდინოდ მეფე ლუარსაბ, და შეჯდა თვით მეფის ლუარსაბის ცხენსა და ივლტოდა. მაშინ დევნა დაუწყეს ქართველთა და მიეწივნენ; და მოკლეს იგიცა და სულთან მაჰმადცა და, რაოდენნიცა იხილეს ყიზილბაშნი, მოსრნეს პირითა მახვილისათა.
მაშინ სვიმონ სდევდა ყიზილბაშთა და სრვიდა. და მიართვეს ამბავი ბატონიშვილი და მოვიდა მამისა თვისისა თანა, ხოლო ყიზილბაშნი წარვიდნენ განძას.
ხოლო ლუარსაბ იცოცხლა დღენი რაოდენნიმე და მიიცვალა მეფე ლუარსაბ მოწამე, მსგავსი ვახტანგ გორგასალისა. უკეთუმცა მეფესა ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არა ექმნა, ახალამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ და, რაოდენნიცა დღეს. სახელნი არიან საქართველოსანი, ყოველნივე ხრმლისა მისისაგან არიან: რამეთუ ესე ლუარსაბ იყო კაცი ბრძენი და გონიერი მოშიში ღმრთისა და მორწმუნე სჯულიერად, ღვაწლ-მრავალი და ბრძოლასა შინა მხნე და ახოვანი და მბრძოლი, ლომებრ ძლიერი და სარდალი კეთილი. და აღიღო პატიოსანი გვამი მისი და დაფლეს სამარხოსა მისსა მცხეთას ღვთივ-აღმართებულსა სვეტსა ცხოველსა. და იქმნა გლოვა დიდი და მწუხარება ქართველთა მიერ. მიიცვალა მეფე ლუარსაბ ქრისტეს აქათ ჩფნზ (1557).
მეფე სვიმონ (I)
და დაჯდა მეფედ მამისა მისისა წილად მეფე სვიმონ და ეკურთხა იქვე მცხეთას. და ამას ჟამსა შინა იყო კათალიკოზი ნიკოლოზ. და მოკვდა კათალიკოზი ნიკოლოზ და დაჯდა დომენტი.
და მაშინღა დაემძახლა მეფე სვიმონ კახს ბატონსა ლევანსა. და მოსცა ბატონმან ლევან ქალი თვისი, ნაშობი შამხლის ქალისაგან, და ყვეს ქორწილი სახელოვანი. და იყვნენ წელსა ხუთსა განსვენებით. და დაიპყრა საქართველო და პატრონობდა კეთილად.
ამისა შემდგომად იწყო ამანცა მტერობა. შემოიყარა სპა თვისი და ჩამოვიდა ციხედიდს. და მიუმცნო ცოლის ძმასა თვისსა კახ-ბატონიშვილს გიორგის, ითხოვა მისგან შეწევნა. და მოვიდა გიორგი, ცოლის ძმა მისი, და შემოეყარა ციხედიდს.
მაშინ სცნეს სპარსთა და წარმოვიდეს მსწრაფლ იდუმალ რამეთუ მაშინ ხუნანი, ღვინჭრობი და ვაშლოვანი, და თელეთები აოხრებული იყო, მოვიდნენ და დადგნენ იაღლუჯას. იქითგან წარმოვიდნენ იდუმალ. რამეთუ მაშინ ტფილისის ციხე თათართა ეპყრა და მათ არა განთქვეს, და ღამე წარმოვიდენ. და ვერა აგრძნა მეფემან სვიმონ ამისთვის, რომე ფარეშად გერმანოზის-შვილი ყარაულად იდგა მუხათგვერდს, და ის ღამე აღდგომის ღამე იყო. და ასულიყო სოფელსა მუხათგვერდისასა ამისთვის, რომ აღდგომის სასწაულსა და წირვას გარდიხდიდა და მერმე წარმოვიდოდა და გზის მცველად დადგებოდა. ამაშიგან შემვლოთ ყიზილბაშთა, და ვერა ეგრძნა ფარეშადს, და დაესხნეს მეფესა სვიმონს.
მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი, ქრისტეს აქათ ჩ~ფო (1570), რამეთუ იბრძოდეს ქართველნი მხნედ და მეფე სვიმონ, და მაშინ მოიკლა ძე ბატონის ლევანისა გიორგი, და მოსწყდა თავადნი და აზნაურნი და მრავალნი მსახურნი, და მოსწყდა ყიზილბაშნი ორი წილი. მაგრამ ბოლოს იძლივნეს ქართველნი, და ივლტოდა მეფე სვიმონ და სპანი მისნი, ხოლო ყიზილბაშნი შეიქცენ გამარჯვებულნი, და წარვიდენ თვისად. და იქმნა გლოვა დიდი ძისათვის ბატონის ლევანისა; და წარიღეს და დამარხეს სამარხოსა თვისსა ალავერდს. და რა იხილა ძმამან მეფის სვიმონისამან დავით საქმე ესე (და ესე დავით იყო კაცი უღმრთო, მოყვარე სოფლისა, მეძავი და მემრუშე, რომლისა გულსა არარა იყო ზრუნვა სულისა და ქვეყნისა ამის, თქმულ არს, ვითარმედ მამის სიკვდილშიაც ერივაო, მეფის ლუარსაბისაშიაო) - და ამან განცა ძმა და ქვეყანა თვისი და წარვიდა ყაენთან, და მივიდა შაჰ-თამაზთანა ყაზმინს, და გაჰყვნეს რომელნიმე თავადნი აზნაურნი და მსახურნი, გათათრდა და უწოდეს დაუთხან. და იქ დიდად პატივ-სცა შაჰ-თამაზ, და უწოდა ძმად თვისად, და ასწავლა სჯული მაჰმადისა. და გაგზავნა ტფილისსა და რაოდენი ადგილი ეპყრა საქართველოსანი. და მოუმცნო სულთანსა განძისასა შემწეობა მისი. და მოვიდა დაუთხან ტფილისსა, და დაიპყრა ტფილისი.
ეძვინებოდა მეფესა სვიმონს და ყოველსა საქართველოსა საქმე ესე შეიყარა ჯარი მეფემან სვიმონ და წარვიდა დაუთხანზედა, ქრისტეს აქათ ჩ~ფჲჱ. და მოვიდა მეფე სვიმონ დიღვამს; და რა სცნა დაუთხან, მოიცა ძალი ყაენისაგან და, რაოდენი ჯარი ჰყვანდა ტფილისსა და გარეშემო საქართველოსნი, შემოიყარა და წარმოვიდა და მოეგება წინა მეფესა სვიმონს დიღვამს. და ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრა დაუთხანის სპისაგან მრავალი. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა სვიმონს, და ივლტოდა დაუთხან და შევიდა ციხესა ტფილისისასა, და მოადგა მეფე სვიმონ გარე, და დაიპყრა ყოველნივე გარემონი, და დადგა მრავალხან. და შეაწუხეს, და ადგნენ ხანსა რაოდენსამე.
და რა შეწუხდა დაუთხან, გაგზავნა კაცი სარდალს უსეინ ბეგთანა ყარამანლუსა, და აუწყა შეწუხება თვისი და ითხოვა მისგან შეწევნა. და რაჟამს ესმა უსეინ ბეგს, მსწრაფლ წარვიდა. და ვერა სცნა მეფემან სვიმონ მოსვლა მისი, და შემოვიდა ციხესა ტფილისისასა, დაუდვა იმედი დაუთხანს, განიხარა.
და რა სცნა სვიმონი, უკუ-ეცალა, და ავიდა ტაბახმელასა. და რა სცნა დაუთხან საქმე ესე, განლაღდა და განვიდა ბრძოლად. და ეწყვნეს ურთიერთას ტაბახმელას. შეიქმნა ბრძოლა ძლიერი. და გალომდა მეფე სვიმონ და ქართველნი, და მოსრეს სპა დაუთხანისა ურიცხვი და იოტეს ბანაკი მისი. და შემოადგა ციხესა მეფე სვიმონ და შეაწუხა დაუთხან, და უზრახა სვიმონ მეფესა, რომელნი მას თანა ჰყვნეს ქართველნი, ხოლო მათ არა ინებეს მოსვლა მის თანა. და სცნა მეფემან სვიმონ სიმაგრე ციხისა და უკუ-ეცალა.
და მიუმცნო დაუთხან შაჰ-თმაზს საქმე ესე. მაშინ მოუწერა შაჰ-თამაზ ჩერქეზს შამხალს სულთანსა შაქისასა, რათა წარვიდეს ლაშქრითა შაქელითა და ყარაბაღელისათა. და წარმოემართა შამხალ-სულთანი სპითა მრავლითა და მოვიდა ქართლად.
რა სცნა სვიმონ მეფემან, შეიყარა სპა თვისი და მოვიდა აწუფისს, და ისინი მოვიდეს ფარცხისს. ხოლო წარვიდა კახაბერი ყორღანაშვილი და მიეგება განჯას და ამიერითგან მოუძღოდა იგი და ეტიკობდა. და ეძვინებოდა ყიზილბაშთა მოსვლა ქართლად, და ამან ყორღანაშვილმან გაუადვილა და ესრეთ უთხრა: „სისხლი თქვენი ჩემსა ქედსაო, უკეთუ გევნოსთო რამეო“. და მან წარმოიყვანა.
და რა სცნა მეფემან სვიმონ მოსვლა მათი ფარცხისს, ჩავიდა და ეწყო იქ. და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოსწყდეს ორგნითვე მრავალი. შეუტივა მეფემან სვიმონ ყიზილბაშსა ერთსა და სცა ოროლი და მოკლა იგი. და შეუტივა სხვათა და განშორდა სპასა თვისსა. მაშინ უთხრა კახაბერ ყორღანაშვილმან ყიზილბაშთა, ვითარმედ მეფე სვიმონ განშორდა სპასა თვისსა, და აცნობა. და რა სცნეს ყიზილბაშთა, შემოეხვივნეს მეფესა სვიმონს და შეიპყრეს მეფე სვიმონ და ივლტოდეს სპანი ქართველთანი.
და წარიყვანეს მეფე სვიმონ შაჰ-თამაზთანა და რა მივიდა შაჰ-თამაზ დიდად პატივ-სცა მეფესა სვიმონსა და მიანიჭა ნიჭი მრავალი და ხანსა მრავალსა აიძულა დატეობა სჯულისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა დაუტევა სჯული ქრისტესი და ეგო სიმტკიცესა ზედა, ამისთვის შეიპყრა და ტყვე-ყო ციხესა ალამუთისასა.
ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა ბატონი ლევან, მპყრობელი კახეთისა, წელსა ქრისტეს აქათ ჩ~ფოვ (1576). და დაჯდა მის წილად კახეთს ძე მისი პირმშო ალექსანდრე. ხოლო ნაშობნი შამხლის ქალისანი, ელიმირზონ ძე ლევანისა და ხოსრო-მირზა, უწინ სვიმონ მეფის მოყურობით გათამამებულნი იყვნენ და განძლიერებულნი. არა უმდაბლეს ალექსანდრესა. და მიერთნენ რომელნიმე კახნი და - რამეთუ ჩვეულებაცა არს კახთა, - და მივიდეს თორღას ელიმირზონ და ხოსრო-მირზა.
და რა სცნა ბატონმან ალექსანდრე, შეიყარა მანცა სპა თვისი და წარვიდა მათ ზედა. მივიდა და ეწყვნენ ურთიერთას. და ქმნა ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სპანი მრავალნი და მოიკლნეს ელიმირზონ და ხოსრო-მირზა ორნივე ძმანი.
და დაჯდა ბატონი ალექსანდრე. და ჰყვა ნაშობი დედისა თვისისა გურიელის ქალთან ძმა ერთი, და მოკვდა სენითა თვისითა იგიცა. და დარჩა ბატონი ალექსანდრე მარტოდ.
ხოლო დაიპყრა დაუთხან საბარათიანო და დაჯდა დმანის-ხევსა ციხესა ქვეშე. და ცოლი მეფისა სვიმონისა დედოფალი ნესტან-დარეჯან, ასული კახის ბატონისა, იყო კავთისხევს და ჰყვა ძე მისი მცირე გიორგი. და რა ნახეს ქსნის ერისთავმან და ამილახორმან, ნესტან-დარეჯან დედოფლის ქმარი ალამუტის ციხეში დაატყვევეს, და ძმანი მისნი მოსრნა ალექსანდრე. და ალექსანდრეც არ იყო კარგი იმისთვის, ამისთვის რომე არ იყო ნაშობი დედისა თვისისა, ამაზედ დრო იცეს ამილახორმან და ქსნის ერისთავმან, და შეესივნეს დედოფალს ნესტან-დარეჯანს და აიფორაქეს და წარიღეს საქონელი ყოველივე, რაცა ჰქონდა რამე. თუ დაუთხანსა არ ენაღვლებოდა. და ამიერითგან ითქვა: „ვაი ბატონის სვიმონის საქონელიო“, რომელსა აწცა იტყვიან ქართველნი.
ხოლო საჩინო ბარათაშვილი იყო სპასპეტი, კაცი ყოვლის კეთილით შემკული და არა მორჩილი დაუთხანისა და არცა ყიზილბაშთა, სიყვარულისათვის სვიმონისა. ხოლო დღესა ერთსა მოვიდოდა კოჯრისაკენ და, რა მოვიდა ხევის თავსა გელიყარისასა, იქ კახაბერი ყორღანაშვილი შემოეყარა წინა, რომელმან უწინამძღვრა ყიზილბაშთა და დააჭერინა მეფე სვიმონ. და რა იცნა საჩინომ კახაბერი ყორღანაშვილი, შეიპყრა და გარდააგდო კლდესა მას გელიყარისასა. და რა მიგორევდა ჩაღმა, იტყოდა თვითვე ლექსსა ამას: „ყორღან-ოღლი ქარაფინდა, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა“.
ხოლო კახსა ბატონსა ალექსანდრეს ესვა ცოლად ასული ამილახორისა. და ესხნეს ხუთი ძე: დავით, ერეკლე, გიორგი, კოსტანტინე, როსტომ, ასული ერთი ნესტან-დარეჯან. ხოლო ესე ნესტან-დარეჯან მიათხოვა დადიანსა მანუჩარს, ძესა მამიასასა, ზითვითა დიდითა. ხოლო ძე მისი ერეკლე გაუარშივდა ალექსანდრეს და წარვიდა სტამბოლს.
და რა ესმა შაჰ-თამაზს წარსვლა მისი სტამბოლს, განრისხდა შაჰ-თამაზ და ჰგონებდა ბატონის ალექსანდრესაგან საქმესა ამას. და წარემართა შაჰ-თამაზ სპითა ურიცხვითა ალექსანდრესა ზედა და მოვიდა შაჰ-თამაზ ყარაბაღს.
შეწუხდა ბატონი ალექსანდრე. ხოლო იყო სახლთუხუცესი ჩოლაყაშვილი და მან უთხრა კახთა და ბატონს ალექსანდრეს, რომე „რაც ამაზედ ცოდვა იქნას ყველასი იყოსო და მე მოვარჩენ კახეთსაო ამოწყვეტისაგანო“. და მაშინ მისცეს ხელით-წერილი ყოველთავე მკვიდრთა კახეთისათა, რაც მაშიგ ცოდვა იქმნას, ჩვენი იყოსო.
მაშინ განიზრახა ესრეთ: ქაისოსრო ათაბაგი მომკვდარიყო და ძე მისი მანუჩარ მცირე დარჩომილიყო, არა ეძლო პყრობა ზემო ქართლისა მანუჩარს და დედისიმედი პატრონობდა. ესე არჩია კახ ბატონის სახლთუხუცესმა ჩოლოყაშვილმა, რომ დედისიმედი უღვთო ქალი არისო და გლისპიო, და მიუმცნოთ ესრეთ: „ვარაზას შაჰ-თამაზ ყაენი მანდ მოჰყავსო, ნებავს ამოწყვეტა სამცხისაო და ძისა შენისაო მანუჩარის სიკვდილიო, და მრავალგზის მოგაყივნა ქვეყანასა ზედაო და თვითონ უნდა ეგ ქვეყანა დაიჭიროსო. და მანდ გაბატონდესო. და დაიჭირე ვარაზა, მოჰკალ და მერმე შაჰ-თამაზ ყაენი ვეღარ მოვა და გაბრუნდება და წავა და მორჩება ქვეყანაო“.
და რა ესმა დედისიმედსა, დაიჯერა ამისთვის, რომ იყო უჭკუო და უმეცარი, გლისპი და ღმრთის უშიშარი ქალი იყო, და შეიპყრა ვარაზა შალიკაშვილი ღალატითა და მოკლა. ესე ვარაზა იყო შვილი ოთარ შალიკაშვილისა და ცოლის-ძმა შაჰ-თამაზ ყაენისა.
და რა ესმა შაჰ-თამაზს სიკvდილი მისი, განწერა შაჰ-თამაზ და წარვიდა სამცხეს და დაუტევა კახეთი. და შევიდა სამცხეს, და მოაოხრა და ამოსწყვიტა სამცხე და მრავალი ბოროტი შეამთხვია სამცხესა, და შემდგომად ამისსა შემოიქცა და წარმოვიდა.
მაშინ გაუგზავნა კაცი სულტანსა ოსმალისასა და მიუწერა ესრეთ: „ვყოთ მშვიდობა ურთიერთას, რამეთუ სჯულითა ვართ მოსავნი მაჰმადისანი“, რამეთუ მაშინ ბრძოლა იყო მათ შორის. უსმინა სულტანმან და შერიგდენ. მაშინ განყვეს ქვეყანანი და დარჩა სულტანს იმერეთი, ოდიში, გურია, ზემო ქართლი საზღვრამდე ქართლისა, და კარი საზღვრამდე აბოცისა და ერვნისა, სომხითი, რომელსა აწ ქურთისტანად სახელსდებენ, ვიდრე ბაღდადამდე. ხოლო შაჰ-თამაზს დაუგდო ქართლი კახეთი, ერევანი და ქურთისტანს აქათი. და მშვიდობა ჰყვეს ურთიერთას და ამიერითგან იყო შაჰ-თამაზ მოსვენებით, აღარავინ უძლო მტერობად მისად, და იყო ხანსა რაოდენსამე განსვენებით.
ხოლო ბატონმან ალექსანდრე გაუგზავნა ძე მისი კოსტანტინე და მრავალი ძღვენი და თავის-მართლება შეუთვალა, რომე ძე ჩემი ერეკლე ჩემად უნებურად წავიდა სტამბოლსო, და შეეხვეწა და წავიდა. ისმინა ვედრება ბატონის ალექსანდრესი, შესჯერდა და წარვიდა ადგილსა თვისსა.
და ხანსა რაოდენსამე შინა მოკვდა შაჰ-თამაზ და დაჯდა მის წილ ძე მისი ისმაილ-მირზა. ამან გამოიყვანა მეფე სვიმონ ალამუტის ციხიდამე და მოიყვანა მის თანა. და ესე ისმაილ-მირზა იყო კაცი მესისხლე და მრავალნი კაცნი დახოცნა. და შეიძულეს ყიზილბაშთა და რჯულით სუნობასაც ეწამებოდენ, და ექვს თვეს იბატონეს და მოკლეს. და დასვეს მის წილად ძმა მისი შაჰ-ხუდაბანდა. და ესე იყო შაჰ-ხუდაბანდა კაცი უღონო და თვალითა ბრმა, და ვერა იპყრა მეფობა ყიზილბაშთა წესისაებრ.
ამას ჟამსა შინა გამოვიდა ხონთქარის ჯარი, და თავრეზი, ერევანი, განჯა და ყარაბაღი და ვიდრე სულთანიამდე დაიპყრეს ყოველივე ადგილი ადარბაგანისა. და ხანსა რაოდენსამე უკანა გამოვიდა ლალა ფაშა, რომელი იყო გამზრდელი ხონთქრისა, ქრისტეს აქათ ჩ~ფოთ. მაშინ დახვდა მანუჩარ ათაბაგი, ძე ქაიხოსროსი და დედისიმედისა, - და ამას ესვა ცოლად დაჲ სვიმონ მეფისა, - და დახვდა ესე მანუჩარ ათაბაგი და დაესხა რომელსამე თარეშსა და ნაწყვედსა ჯარისასა, და მოსრა რაოდენიმე, და მერე ვეღარა დაუდგა და გადმოვარდა ქართლს თავის სიდედრთანა.
ხოლო ლალა ფაშამ ამოსწყვიტა ყოველი სამცხე და დაიპყრა ციხე და სიმაგრენი. ხოლო მიესმა შაჰ-ხუდაბანდას საქმე ესე და შაჰ-ხუდაბანდას დედამ მოიყვანა, ოთარ შალიკაშვილის ქალმან, მეფე სვიმონ, ვითარცა წესი არის, ქართველთა დედანი ლეჩაქს მოიხვევენ, - და იგიცა ქართველი იყო, - მანცა ეგრეთვე ყო და წარმოუგზავნა ლეჩაქი თვისი და მოუმცნო: „მეფე სვიმონ, გწადდეს ლეჩაქი ესე აიღეო და გწადდეს ხრმალიო, ჩვენც მოგვეხმარე და შენს საბატონოსაცა“. და მისცა ნიჭი მრავალი და სამოსელი სამეფო და წარმოგზავნა თვისსა ქართლად და წარმოვიდა.
რა სცნა დავით, უღონო იქმნა, რამეთუ ყიზილბაშთ იგი გაუშვეს და მეფეს სვიმონს მოეკიდნენ, და ქართველნიც არა ჰყვარობდნენ და თვით მეფესი სვიმონისა ერჩივნათ. და ვეღარც დადგებოდა ქართლსა და ვეღარც ენდობოდა ყიზილბაშთა. და მიუგზავნა კაცი ლალა ფაშას, და მისცა რაოდენი ციხენი იყვნენ ქართლსა შინა; და შეაყენნა მცველნი მათნი, და თვითან წარვიდა სტამბოლს ხონთქარსა თანა.
ხოლო სვიმონ მოვიდა ქართლსა, ქრისტეს აქათ ჩ~ფოთ (1569), და აიღო ციხე გორისა და დაიჭირა ქართლი და სომხითი, საბარათაშვილო და ლორე და ყოველნი სიმაგრენი, ტფილისის ციხეს გარდა.
და შეუშინდა ქსნის ერისთავი და ამილახორი დედოფლის ურიგოს კადრებისათვის. ხოლო დაუწყეს ხვეწნა, და ქსნის ერისთავმან მიართვა საუპატიოდ მეჯუდისხევი და ახალგორი, და ამილახორს გამოართვეს კარბი და კასპი. ხოლო ყორღანაშვილის კახაბერის ცოლი და შვილი და სახლეულნი დაიპყრნეს და გარდაყარეს კლდესა გელიყარისასა და იტყოდენ პირველსავე მას ლექსსა. ხოლო სხვანი ნათესავნი მისნი ივლტოდნენ და წარვიდეს რომელნიმე ყიზილბაშად და რომელნიმე ზემო ქართლად.
ხოლო დარჩა დაუთხანს მეუღლესა მისსა თანა ძე ერთი, სახელით ბაგრატ.
შემდგომად ამისსა ჰქონდა შური კახს ბატონს ალექსანდრეს, ცოლის ძმები რომ დაუხოცა სვიმონ მეფესა, - და ალექსანდრე დავითის ცოლის ნათესავიც იყო, - ამ ორის საქმისათვის ემტერებოდა მეფეს სვიმონს. და რაჟამს იდგა მეფე სვიმონ დიღვამს დედოფლითა ხუბათა, მოუხდა კახი ბატონი ალექსანდრე, დაესხა თავსა და თვით მეფე სვიმონ თავკაცად ძლივ გარდაესწრა; საქონელი და თუ რამე ჰქონდა ყოველივე აუფორაქა. და საფარველი ცოლისა, რომელ არს სამოსელი წვისისა, შუბის წვერზედ მოახვია და ესე წაიღო.
და მეფე სვიმონ წავიდა ლტოლვილი და შემოიყარა სპა ქართლისა. და ალექსანდრეს დაებანაკებინა მარტყოფს ზეით, ადგილსა ჭოტორსა. და რაჟამს შეყრილი წარმოვიდა მეფე სვიმონ, მიუგზავნა ალექსანდრეს მოციქული და ესრეთ შეუთვალა: „შენ რომ შეუტყობრად, ქურდულად მოხველ და თავს დამესხი, მე ხომ მაგას არა ვიქ და თუ კაცი ხარ, დამხვდი, ამა და ამ დღეს მოვალო“.
და მივიდა იმავ თქმულსა სიტყვასა ზედა მეფე სვიმონ, ქრისტეს აქათ ჩფპბ (1482), შეიბნეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯვა მეფესა სვიმონს და ივლტოდა ალექსანდრე და კახნი თავადნი სულ ერთპირად ხელად დარჩა მეფესა სვიმონს. და წარმოვიდა გამარჯვებული მეფე სვიმონ და მოვიდა მცხეთას. და იქ დააფიცნა კახნი დარბაისელნი ესრეთ, ვითარმედ: „ღმერთმან კახს კაცს მის დღეში ქართველს კაცზედ ნუ გაუმარჯოსო“. და მისცა ხალათებს და გაისტუმრა.
შემდგომად ამისა გამოვიდა სარდალი ხვანთქრისა მაჰმად ფაშა, და ჩამოვლო ზემო ქართლი, და აიღო გორის ციხე, და შეაყენნა მცველნი შინა; თვით წარმოვიდა და მოვიდა მუხრანს. დახვდა იქ მეფე სვიმონ შეყრილი სპითა თვისითა. ეწყვნენ ურთიერთას. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღვთით გაემარჯვა მეფესა სვიმონს, და ფაშა ლტოლვილი წარვიდა და შეეხვეწა ქალაქს ციხეში, ქრისტეს აქათ ჩფპბ (1482).
ჩამოვიდა მეფე სვიმონ დიღვამს და დადგა იქ, შეჰყარნა თავადნი თვისნი ჯალაბობრივ (ე.ი. ოჯახებით) და წარვიდა თვით დედოფალით და დარბაისელნი და დარბაისლის ცოლნიც თან წარიყვანნა, წარვიდა, დადგა ტბასა ლილოსასა, თავსა, რომელი არს გორა მაღალი, და თან ახლდა ჯარი და სპა თვისი. და რაჟამს გამოვიდა ქალაქის ციხიდამე მროწეული ურუმთა, გაუსია მეფემან სვიმონ მცირე ჯარი და დაატაცებინა მროწეულნი, და რა იხილნეს მემროწლეთა, ივლტოდენ და ამცნეს ციხესა მყოფთა ურუმთა, და გამოვიდა სიმრავლე ჯარი ურუმთა. და რა იხილა ესე მეფემან სვიმონ, თვითცა შემოუტივა სპითა თვისითა და ეწყვნენ ურთიერთას. და მაშინ უყურებდენ დედოფალი და დარბაისლის ცოლები, და ამოწყვიტა მეფემან სვიმონ ურუმნი და დახოცნეს მრავალნი და ციხის კარამდი მიჰხოცდენ, ამოსწყვიტეს, და ციხე ვერა აიღეს.
მაშინ გამობრძანდა მეფე სვიმონ გამარჯვებული და განისვენა და იხარებდა მცირეთა ჟამთა. და მაშინ კვლავ შეჰყარა სპა თვისი და წარემართა ლორესა ზედა. რა მივიდა, გამოვიდა ფაშა იქებური და ეწყვნენ ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღვთით გაემარჯვა მეფესა სვიმონს, და ამოწყდა ურუმი მრავალი, კაცი ოთხას სამოცდაცამეტი, ქრისტეს აქათ ჩფპვ (1486). და აიღო ქვაბები ლორისა, დაიპყრა ლორე, და ციხე მათვე ურუმთ ეჭირა.
და გამოვიდა ხანი, მცირედთა ჟამთა შეისვენა და კვლავ შეიყარა და წამოვიდა და მოადგა ციხესა ლორისასა, დაუწყო ბრძოლა და აიღო ციხე ლორისა აპრილსა ერთსა, და დაიპყრა ლორე და გამობრუნდა იქითგან, დადგა სახლად თვისად.
და ხანსა რაოდენსამე უკანა გამოვიდა და დადგა ტაბახმელასა. და რა სცნა ასან ფაშამან, რომელი იყო ქალაქის ციხეშიგან, შეიყარა და გამოვიდა, სწადდა თავს-დასხმა მეფისა სვიმოინისა. შეიბნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღვთით გაემარჯვა მეფესა სვიმონს, და შეუტია ერთსა კაცსა მეფემან სვიმონ და გაიქცა კაცი იგი ძლიერად, გამოუდგა მეფე სვიმონ და იგი გაქცეული კაცი გარდავარდა ხევსა მას ტაბახმელისასა. და ეგრეთ თქმულ არს, ვითარმედ არა მოკვდა კაცი იგი ცხენ-კაციანად გარდავარდნილი. და მოისრა იქ ურუმნი ვითარ ხუთასნი.
მაშინ წარმოვიდა მეფე სვიმონ და მოადგა ციხესა ტფილისისასა და აღიღო ციხე ტფილისისა და ქალაქი დაიპყრა თვითან და მოსრა ყოველივე, რაოდენიცა იყვნეს ციხესა ტფილისისასა ურუმნი.
და რა ესმა ესე ხონთქარსა, წარმოგზვნა ლაშქარი და სარდალი ერთი. წარმოემართა და მოვიდა ლორეს და აღიღო ციხე ლორისა და დაიპყრა. მოვიდა და დადგა ხატის-სოფელის ბოლოს.
რა სცნა ესე მეფემან სვიმონ, შეიყარა სპა თვისი, მივიდა და დადგა ხრამის გამოღმა. მაშინ მოიხელოვნა და მოირთო ელჩად მეფე სვიმონ და მივიდა ფაშასთანა. სვიმონ მეფის მაგიერად წარმოუთხრნა სიტყვანი ესრეთ, ვითარმედ: „სჳმონ მეფემან მოგახსენათ: მეყოფა ამდენის ხრმლის ქნევა და ომი ყაენის გულისათვისო; თუ გინდათ თქვენ იყავით ჩემი ბატონი, თუ ენდა ისი. აწ თქვენთვისაც სჯობს და ჩვენთვისა, შევრიგდეთ და მოვისვენოთ ამდონის ლაშქრობისაგან“.
მაშინ, რა ესეა ფაშას სიტყვანი ესე, განიხარა და შემოუთვალა ესრეთ, რომე კარგად შემოგითვლია და სჯობს, რომ შევრიგდეთო. და წარმოგზავნა მეფე სვიმონ და მოვიდა თვისსა ჯარში. მაშინ მეფემან სვიმონ გასჩხრიკა ყოველივე ძალი და დგომა და საქმე მათი, და მოუარა ხატის-სოფლის გორებიდამე ღამე; და დაესსა თავსა ურუმთა, ამოსწყვიტა და გაემარჯვა მეფესა სვიმონს და რომელიმე დახოცეს, რომელიმე შეიპყრეს და რომელიმე ლტოლვილი წარვიდეს.
მოვიდა მეფე სვიმონ გამარჯვებული ტფილისს, და შეიყარა სპა თვისი, და მიადგა დმანისს. რამეთუ მაშინ დმანისი ეპყრათ ურუმთა. და მოსრნა ყოველნივე დმანისს მყოფნი ურუმნი, და დაიპყრნა ყოველნივე გარემონი. და განასხნა ყოველნივე ურუმნი საქართველოსაგან და თვით დაიპყრა, გარდა ერთი გორისა და ლორის მეტი.
და წარვიდა მანუჩარ ათაბაგიცა თვისსა ადგილსა და დაიჭირა ზემო ქართლი და საათაბაგო და ვეღარ შესძინეს ურუმთა მოსვლად.
რამეთუ მას ჟამსა ყიზილბაშთ შაჰ-ხუდაბანდა ყაენი გარდაეგდოთ თავის ხელმწიფობიდამე თავის ყმათა, და მის წილად დაესვათ ძე მისი შააბაზ. და ამან შააბაზ დაიპყრა თავრიზი და, რაოდენი ადრაბაგანი იყო, ყოველივე დაიპყრა, გარდა ერევნისა და ბაღდადისა.
და ჟამსა ამას შინა გადიდდა მეფე სვიმონ და მოირჭმო ძლიერად. ყაენი აძლევდა მრავალსა, და სხვაცა მრავალი ეშოვნა ომითა, და თავისის ქვეყნებიდამ შესდიოდა მრავალი, და მტერი არღარა სადა ჰყვანდა, რამეთუ კახ-ბატონს მოესწრა ძე თვისი და ამასაც მოესწრა შვილები. ამისი შვილები და კახის ბატონის შვილი თვით ეყოდენ ერთმანერთს და ნათესავნი იყვნენ ერთმანერთისა და, რათგან ორისავე ძენი ერთმანერთს არას ეცილებოდენ და იყვნენ სიყვარულითა, მამებმაც მშვიდობა ყვეს და იყვნეს მოსვენებით და თავის მამულის მჭირველნი მშვიდობით.
და ჟამსა ამას შინა მტერი აღარავინ ჰყვანდა მეფესა სვიმონს, განძლიერდა და იწადა დაპყრობა იმერეთისა, შეიყარა სპა და გაემართა იმერეთსა ზედა.
ამას ჟამსა მომკვდარიყო პატრონი იმერეთისა გიორგი და ძე მისი კოსტანტინე გაბატონებულ იყო. იგიცა მომკვდარიყო და ძმა მისი ლეონ გაბატონებულიყო. დადიანს მანუჩარსა და იმას შუა მტერობა იყო. და ამა მანუჩარს ჰყვანდა კახი-ბატონის ალექსანდრეს ქალი ნესტან-დარეჯან, რომელი მიათხოვა დიდის მზითვითა და დიდებითა. ჰყვანდა მასთან ძე ერთი, რომელსა სახელად ეწოდა ლეონ. შემდგომად შობისა ყრმისა ამის მომკვდარიყო ქალი იგი და შეერთო ათაბაგის ქალი ქვრივი, ცოლ-ყოფილი ვახტანგ გურიელისა, დედა ქაიხოსროსი, რომელიც შემდგომად გურიელ იქმნა, და ოდიშს იგი ბატონობდა. და გურიას გიორგი გურიელი მოკვდარიყო და ვახტანგ, ძე მისი დამჯდარიყო გურიელად.
ხოლო არცა ერთი, ემწენ მეფესა სვიმონზედა იმერეთის ბატონსა ლევანს. შეჰყარა რაოდენნი ჰყვანდა, და დადგა გოფანთოს. და მეფე სვიმონიცა წავიდა მის ზედა, შემოიყარა ზემოური იმერლები და მივიდა გოფანთოს. შეიბნეს იქ გოფანთოსა და იქმნა ბრძოლა ძლიერი. გაემარჯვა მეფესა სვიმონს, ქრისტეს აქათ ჩ~ფჟბ (1592), და გაიქცა ლევან, მპყრობელი იმერეთისა, და ივლტოდა ხოლო სვიმონ მეფემან დაიპყრა იმერეთი, რომელთამე. მძევალი გამოართვა. რომელიმე ვერა ჩაიგდო ხელში. და ქართლისაც ფიქრი ჰქონდა, გორის ციხეში რომ ურუმნი იდგნენ მისგან, და წარმოვიდა მეფე სვიმონ ქართლსავე. გარდმოვლო მთა ლიხისა და ჯარიც შემოეცალა, დასტური მისცა.
და რა გარდმოვიდა მეფე სვიმონ ქართლად, კვლავ ჩამოვიდა პატრონი იმერეთისა ლევან და დაიპყრა იმერეთი მაშინ ლევან და დადიანი მდურობდენ ამისთვის, რომე. მეფე სვიმონ რომ შეება ლევანს, დადიანი არ მოჰხმარებოდა, და უწინდელი სამდურავიც იყო. დაუწყო სამდურავი და მტერობა ჩამოვარდა ორთავეს შინა ესრეთ ვითარი, რომე აქეთ ეს შეიყარა და იქით ისი, და შეიბნენ. და გაემარჯვა დადიანსა, და ბატონი ლევან ხელთ დარჩა, წარიყვანა და პატიმრობაში მოკვდა ამავე ქრონიკონსა ჩ~ფჟბ (1592).
რა სცნა მეფემან სვიმონ, კვლავ შეიყარა სპა თვისი და გარდავლო იმერეთი, ქრისტეს აქათ ჩ~ფჟგ (1593), ჩავიდა ქუთაისს, და ძმისწულსა იმერლის ბატონისასა, ბაგრატს, გაემაგრებინა ციხე. და მიადგა ციხესა და წაართვა ციხე და გამოიყვანა თვითცა, დამძევლა იმერეთი და დაიპყრა თვით და წარმოვიდა.
ხოლო ლევან, იმერელი ბატონი, უძეო დარჩა და ძმისა მისისა ძე, კოსტანტინესი, როსტომ დარჩომილიყო და სხვა აღარავინ იყვნენ. და დაუწყო როსტომ მანუჩარ, დადიანს ლაპარაკი შეწევნისა და შერიგებისა. და უსმინა დადიანმან და მოვიდა, დააპყრობინა იმერეთი. და მოადგენ ციხესა ქუთაისისასა იმერელნი. შემდგომად ამისა აიღეს იგიცა.
და რა ესმა მეფესა სვიმონს საქმე ესე, შეიყარა სპა, გარდავიდა და აიღო ციხე კუარისა, კაცხისა და სკანდა, და მოვიდა ქუთაისს და აიღო ციხე. ხოლო როსტომ ვერა წინააღუდგა და ივლტოდა, და წავიდა დადიან მანუჩართანა. და წარვიდა მეფე სვიმონ ოდიშზედა, ჩავიდა და დადგა ოფიშკვითს დიდებითა დიდითა და ძალითა მრავლითა.
ხოლო მანუჩარ დადიანმან მოუგზავნა კაცი და შემოუთვალა: „შეირიგე როსტომ და და მეც შენ ყმად ვიქმნები, ამას იმერეთი დაანებე და დაგვიმონე და დაგრჩება ქვეყანა“. რა მოუსმინა მოციქულსა მეფემან სვიმონ, გაჯავრდა და ასე შემოუთვალა: „მოვალ და დამხუდიო“. და რა ესმა დადიანს მანუჩარს საქმე ესე, შემოიყარა მანცა ჯარი თვისი და, რომელნიმე იმერელნი გარდაჰყოლოდნენ როსტომს თანა, იგინიცა თანა წარმოიყვანა, მოვიდა, დაესხა თავსა გარიჟრაჟზედ მეფეს სვიმონსა. შეჯდა მეფე სვიმონ და სპა თვისი.
ხოლო მეფესა სვიმონს ჰყვა ორი რჩული ცხენი: ერთსა ერქვა ფალავანი და მეორესა შურდანი. უკეთუ შეჯდის ფალავანსა, გაემარჯვებოდა: იცოდა და იყო ომში გამოცდილი, და მრავალი ომი ენახა და გარდახდოდა, და შეატყობდა და, თუ გაემარჯვებოდა, ფალავანზედ შეჯდებოდა. და, უკეთუ შეატყვის ომსა და გამარჯვება მისკენ არ იყვის, მაშინ შეჯდებოდა შურდანსა და წამოვიდოდა.
ხოლო ესე ყოველივე ზნე და საქციელი მისი უწყოდა ერთმან ვინმე თურქისტანისშვილმან, რომელი იყო შეზრდილი მეფისა სვიმონისი. და რაჟამს გაჭირდა ომი და შეატყო მეფემან, რომე გამარჯვება დადიანს დარჩებოდა, მაშინ მოითხოვა მარქაფა შურდანი მომგვარეთო.
მას ჟამსა მოახსენა თურქისტანიშვილმან: „მეფევ, წასვლის დრო თუ არ არისო, რასთვის მოითხოვე შურდანიო“. წარდგა თურქისტანისშვილი და თქვა: „აქედამ შუბმოუქნეველი არ წავალო. შეუტივა და ჩამოაგდო კაცი და იყო გულსრულად დამარცხებულს ომში თურქისტანიშვილი.
ხოლო მეფე სვიმონ წამოვიდა მარტო. მაშინ მეფემან სვიმონ რომ გარდმოვლო კოლბეურის მთა, მივიდა ერთი დედაკაცი კოლბეურელი და მოახსენა მეფესა სვიმონს და შეეხვეწა, რომე ჩემი შვილი იახელითო. ხოლო მეფემან ასე უბრძანა: „დედაკაცო, მე კაცითა მთვრალი ვარო. კაცი არ მეჭირებაო“. და ოდეს დაუმარცხდა მეფესა სვიმონს და წარმოვიდა მარტო, რომ ერთი კაცი აღარ ახლდა, მაშინ დედაკაცი იგი სთოხნიდა ახოსა. და განგებით მოჰხდა, რომე მეფე სვიმონ იმავ დედაკაცსა შეეყარა. და იცნა დედაკაცმან და სცნა, რომ დამარცხებიაო. მაშინ მოახსენა: „მეფეო, ვეჭობ, მაშინ რომ კაცით მთვრალი იყავ, გამოგნელებიაო“. და რა ესმა ესე მეფესა, მისცა მადლობა ღმერთსა და წამოვიდა მსწრაფლ და გარდმოვლო მთა და მიიწია ქართლად.
ხოლო შეიბა თურქისტანისშვილი და წამოვიდა იგიცა. და მეფე მოვიდა კავთისხევს და მიადგა ერთისა კაცისა სახლსა, რომელი იყო მდაბალი გლეხი, რამეთუ მეფე დამაშვრალ იყო და ითხოვა მისგან განსვენება. და გამოვიდა ქალი ერთი და ვერა იცნა, შეუძღვა და დააყენა კარგად, რამეთუ ქმარი მის ქალისა ლაშქარში იყო. და რაჟამს მოუმზადა სერი და მოართვა და იხმია მეფემან, შეატყო არღარა ნდომა საჭმლისა. მაშინ ჰკითხა ამბავი მეფისა და სპისა მისისა, თუ მეფე რა იქმნაო. ხოლო სვიმონ მეფემან ესრეთ თქვა: „არა უწყი მეფისა, თუ რა იქმნა“. და რაჟამს ესმა დედაკაცსა მას სიტყვა ესე, დიდად იწყინა და იმწუხარა და იტირა. და შემდგომად ამისა ჰკითხა ქმრისა მისისა, ნიშნეულად ანიშნა, რომე ამგვარი და ამისთანა კაცი იყო, და ის რა იქმნაო. მეფემან მისიცა უთხრა, არა უწყიო. მაშინ დედაკაცმან უთხრა, რომე, თუ ღმერთმან იპრიანა და მეფე მორჩაო და ის მშვიდობით არისო, ჩემი ქმარიც იმისი ჭირის სანაცვლო იყოსო, და სხვანი, რომელნიცა მყვანანო, იგინიცაო. მაშინ დიდად იამა მეფესა სვიმონს სიტყვა ესე ერთგულობისა დედაკაცისა მისგან, და შემდგომად ხანსა რაოდენსამე დაუწყო წყალობა მეფემან სვიმონ დედაკაცსა მას და ქმარიცა მოუვიდა და განააზნაურიშვილა. და არიან ახლაც გაკეთებულნი კაცნი იგი, რომელნი არიან ქვლივიძენი.
და რაჟამს სმენოდა ლორეს მყოფთა ურუმთა დამარცხება მეფისა, მას ჟამსა გამოსულიყვნენ ურუმნი ციხიდამე და მოერბიათ კერძონი რამე ქართლისანი და დამდგარიყვნენ ტაშირზედა და იხარებდენ. მაშინ მეფემან სვმონ შემოიყარა ჯარი მცირე, სპა თვისი, რომელიცა დარჩომილიყვნენ ქართლსა შიგან. წარვიდა მეფე და მიუხდა ლორეს ურუმთა და გაემართა, და ამოსწყვიტა. და აღიღო ციხე იგი და გამარჯვებული წარმოვიდა. კვლად დაიპყრა ციხე ლორისა, შემოიქცა და მოვიდა თვისად სახლად.
ხანსა რაოდენსამე უკანა წარვიდა ზემო ქართლად და რა მიიწია გორისჯვარს, - და მას ჟამსა ეჭირა გორის ციხე ურუმთა, - მაშინ დაჯდა სვიმონ მეფე გორიჯვარსა და დაუწყო ღვინოს სმა, რამეთუ, რაჟამს დაეტყვევებინა ყაენსა სვიმონ მეფე ციხესა ალამუტისასა, მაშინ გასწყობოდა თრიაქის ჭამასა და ღვინის სმასა და ამიერითგან ეწეოდა თრიაქსა. და მაშინცა, გორისჯვარს რომ მივიდა, მოწია თრიაქი და გამხიარულდა. გახედა გორისაკენ და ნახა, რომე ახალი მწვანილი ამოსულიყო და გაზაფხულის პირიც იყო. ოდეს გამხიარულდა, მოუნდა აფიონი, ვითარცა წესია აფიონისმჭამელთაგან მონთომება საჭმლისა რისამე.
მაშინ ქართველნიცა თანა ახლდენ და თქვა მეფემან: „ესე როგორ გეკადრებათ ქართველთა, რომე მე მწვანილი მინდა და თქვენ გორიდამ მწვანილს არ მომიტანთო“. მაშინ გავიდნენ ქართველნი და ჩავიდენ გორის ბოსტნებში და დაგლიჯეს მწვანილი. და დაუშინეს ციხიდამ ურუმთა და ისროლეს მრავალი და ამოსწყვიტეს ქართველნი მრავალნი, დიდნი და მცირენი, და მაშინ მოკლეს ბატონიშვილი გოჩა, რომელიც იყო პაპის ძმისწულის შვილი მეფისა სვიმონისა, და სხვანიცა მრავალნი თავადნი ამოსწყვიტეს. და მაშინ დაგმეს მეფე სვიმონ უჭკუობაზედ, რომ მწვანილისათვის ამდენი კარგი კაცი ამოსწყვიტეს, და ამას ურუმნიცა და ყიზილბაშნიცა დელუ-სვიმონს ეძახდენ, რომელი ითარგმანების ხელი სვიმონ ხელმწიფე.
ხოლო რა ნახა სვიმონ მეფემან საქმე ესე ურუმთაგან, ეწყინა და შეიყარა სპა და მცირეცა ხანსა შემოადგა გორსა და აიღო ციხე და მოსრა ყოველი ოსმალი, რომელი იყო ციხესა გორისასა.
და ესმა რა საქმე ესე ხვანთქარს, იწყინა და წარმოავლინა სარდალი ჯაფარ ფაშა და სხვა სპა მრავალი. და მოვიდნენ და დადგნენ ნახიდურის მინდორშია და დაიბანაკეს. იქ შეყარა მეფემან სვიმონცა სპა თვისი და მივიდა, დადგა თავსა საღირაშნისასა. და მცირეთა ხანთა შინა წარვიდა თვით მარტო დასახედავად ჯარისა ათი-ოდენის ცხენოსნითა და წარიყვანა თანა ერთი მექანარე. და მივიდა და გარდადგა თავსა ნახიდურისასა; რომელიც არს მცირე ეკლესია, იქითგან უჭურეტდა და სჩხრეკდა ჯარსა ოსმალთასა, რომელსა იდგა ურუმნი, რათა დასხმოდა თავსა. და, რა დახედა, უთხრა მექანარესა დაძახება ქანარისა, რათა შეეტყო მეფესა, თუ ვითარ, უშიშრად არიან. და რა ესმა ხმა ქანარისა ურუმთა, უთუოდ მეფე სვიმონ მოვიდაო, დაიწყეს კაზმა და შესხდენ ცხენებსა.
ხოლო რაჟამს იხილა მეფემან სვიმონ, წარმოვიდა თვისისა ჯარისაკენ. ოსმალნიცა მის ქანარის ხმისაკენ გამოუდგნენ უკანა. და მოვიდა ფარცხისსა, და მომავალსა დახვდა ლია და დაეფლა ცხენი ლიაშიგან. და ვიდრემ ცხენსა შეჯდებიდა და ანუ გაარჩევდა საქმესა მისსა, ამაზედან ოსმალნიცა მიესწრნენ და იცნეს რა მეფედ, შემოესვივნეს გარე. და მეფე, ვითარ სიკეთესა მისსა ჰფერობდა, ეგრე იყო, მაგრამ მარტოობით ვეღარა გააწყო რა და შეიპყრეს მეფე, ქრისტეს აქათ ჩ~ქ (1600). ხოლო ძე მეფისა სვიმონისა, გიორგი ლაშქართა შინა იყო და ამიერითგან აღიყარნეს და წარვიდენ, და მეფეცა თანა წარიყვანეს და წარვიდეს მსწრაფლ, რამეთუ ეშინოდათ ქართველთაგან და ძისა მისისა გიორგისგან, რომე ამას არ გაგვატანებენო უსიკვდილოდო.
ხოლო სცნეს რა ესე ქართველთა და გიორგი, გამოუდგნენ უკანით და სდიეს მოჭირვებით და ვერღარა მიეწივნენ. ხოლო ურუმნი მივიდეს ლორეს და აღიღეს ციხე ლორისა და შეაყენეს შიგან ჯარი თვისი, და წარვიდეს და წარიყვანეს მეფე სვიმონ და მიიყვანეს სტამბოლს.
მეფე გიორგი (X)
ხოლო ძე მისი გიორგი პატრონობდა ქართლსა ზედან და წარგზავნა კაცი სტამბოლს და შეუკვეთა სახსარი მამისა თვისისა. და ესეცა თქმულ არს, რომე ხონთქარმან მრავალი წყალობა და დიდება აძლია მეფესა სვიმონს რომე ქართლს ბეგარა დასდეო და მეყმეო, მაგრამ არა ქმნა მეფემან. ქართლს ყაენის ბეგარა სვიმონ მეფემ დასდვა კვამლის თავს მარჩილი გლეხსა, და იმ თეთრითა იყიდდა შვიდს ტყვესა და გაუგზავნიდა ყაენსა, - ამიერითგან დადებულ არს ტყვე ქართველთა ზედა, - და არა დასდვა ხვანთქრისა. და სახსარი შეუკვეთა და გამოგზავნა ძესა თვისსა თანა გიორგისსა კაცი და რაოდენი მათთვის სახსარი ეთქვა, იგი თეთრი სთხოვა. და მაშინ გაუგზავნა გიორგი საქონელი, რაოდენიცა ან მამისა დარჩომოდა, და ან თვისი ჰქონდა გიორგის, და ან რაოდენიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ. ანუ საყდრისა და მონასტრისა იყო საქონელი, ყოველივე გაუგზავნეს. და სანამდის საქონელი ესე მივიდოდა, მანამდი მეფე სვიმონ მომკვდარიყო პატიმრობაში და საქონელიც იქ დარჩა.
ხოლო მეფე გიორგი მოადგა ციხესა ლორისასა და აიღო ციხე და დაიპყრა ლორე.
შემდგომად ამისა მოკვდა მპყრობელი იმერეთისა როსტომ, ქრისტეს აქათ ჩ~ქიდ (1614), და არა დარჩა ძე. ხოლო მხევლისა ნაშობი ჰყვა ძე ერთი გიორგი და დასვეს მის წილად პატრონად იმერეთისა.
ხოლო მოკვდა დადიანიცა მანუჩარ და ჰყვა მას ძე ერთი სახელად ლევან, ნაშობი კახის ბატონის ქალის ნესტან-დარეჯანისაგან. და ესე ლევან წარმოეყვანა კახეთს კახს ბატონს ალექსანდრეს, პაპასა მისსა, და გაეზარდა. და რაჟამს მოკვდა მანუჩარ დადიანი, გამოგზავნეს ოდიშართა კაცი და სთხოვეს იგი და წარიყვანეს, მიიყვანეს და იქ დადიანად დასვეს და გაძალიანდა.
ხოლო კახეთს იჯდა ალექსანდრე. მაშინ მოვიდა ყაენი შააბაზ აღებად ერევნისა და იხმო მან მეფე გიორგი და პატრონი კახეთისა ალექსანდრე შველად და აღებად ერევნისა. და წარვიდენ ორნივე ესენი სპითა თვისითა. და სამს კუთხეს თვითან თავისის ჯარით ადგა და ერთს კუთხეს ესენი დააყენა. და, რაჟამს ბრძანა ყაენმან იერიში, მაშინ უმეტესად ყოველთა ქართველთა მოიჭირვეს და გარდავიდენ გალავნებში და იომეს დიდად და, სანამდი ყიზილბაშნი შევიდოდეს, ქართველთა აიღეს სიმაგრენი, უჩვენეს ძალი და მოჭირვება ყაენსა და აიღეს ციხე.
მაშინ დაიპყრა ერევანი, და მერმე დაუწყო ყაენმან მეფეს გიორგის ლაპარაკი: „რადგან ხვანთქარი ჩემი მტერიც იყო და შენიცაო და ახლა რადგან მე გავრჯილვარ და აქ მოველო, ლორე ჩემი იყოსო“. მაშინ მეფემან გიორგი ჯერეთ შორს დაიჭირა და, რადგან მოჭირვებით სთხოვა, სხვა ღონე აღარა ჰქონდა და დაანება. მაშინ დაიპყრა ციხე ლორისა შააბაზ და შეაყენა ჯარი თვისი ციხესა მას შინა. შეიქცა და წარვიდა თვისსა სამეფოსა. და ესე უყო შააბაზ მეფესა გიორგის მამისა მისისა სამსახურისა და თვისისა სამსახურისა მაგიერად, რამეთუ ესე შააბაზ იყო კაცი მცბიერი და მოყვარე მზაკვარებისა, მცთუნებელი კაცთა და მატყუარი.
და როცა მოვიდენ მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სამყოფსა თვისსა, მაშინ ინებეს ხილვა და სტუმრობა მეფის გიორგისა ბატონის ალექსანდრეს ძეთა, დავით და გიორგი, რამეთუ მეფის გიორგის ბიძაშვილნი იყვნენ დედით. და, რა მიიწივნენ, მიეგება მეფე ავლაბარში და შემოუძღვა და დააყენნა. დიდად იამათ შეყრა ერთმანერთისა და ილხინნეს დღესა როდენსამე. და მერმე კვლავ უხმო შიგან თვისსა სერსა ზედა და წარვიდა დავით. ხოლო გიორგი მიზეზ იყო ღვინის უსმელობა და წყენა ღვინისაგან და არა წარვიდა, და წარვიდენ იგინი. მაშინ გიორგი მოუწოდა მის თანა მყოფთა კაცთა იდუმალ, რამეთუ წინათვე განეგულვა აღრჩევით საქმე ბოროტი, შურითა ბელზებულთათა სიკვდილი ძმისა თვისისა უხუცესისა დავითისი. რამეთუ ესე დავით იყო კაცი მრისხანე და ამაყი, ხოლო გიორგი იყო კაცი მშვენიერი ხილვითა და კეკლუცი, და ყმათათვის კეთილი და უხვი. და ამისთვის უმეტეს მისდა მიივლტოდენ, ვიდრე დავითისა.
და ჰგონებდა გიორგი, ვითარმედ მთვრალ იქმნების ღვინითა იგიცა და მისთანანი კახნიცა და მაშინ აღასრულებს ხენეშთა გულის-ნებასა თვისსა. და აუწყა ყოველივე იქ მყოფთა და შემოიფიცნა კახნი და იმარჯვებდა ჟამსა მარჯვესა და უთხრობდა ყმათა: „მომყევით და მოვკლავ ძმასა ჩემსა და დავიპყრობ კახეთსა“.
და რა შეფიცნა ყმანი თვისნი, მაშინ იყო ვინმე ჩოლაყაშვილი, კაცი ღმრთის მოშიში, სახელით ბარამ. ესე წარვიდა მსწრაფლ და აუწყა ყოველივე დავითს და მოახსენა საიდუმლოდ, რაცა განეგო მისთვის გიორგის ძმასა მისსა. და, რა ესმა საქმე ესე დავითს, მყის წარმოდგა სერისაგან და წარმოვიდა და გამოჰყვნენ ყოველივე კახნი; და ვითარცა მოიწია ძმისა კარავსა შინა, მაშინ იხილა გიორგი, რამეთუ იჭურვოდა საჭურველით მაშინ უთხრა: „ძმაო, რას საქმეზედ იჭურვებიო“ და ვერარა სიტყვა უგო. მაშინ შეიპყრა ძმა თვისი გიორგი და რაოდენიცა იყვნენ კახნი შეფიცულნი მის თანა. და ვეღარც მეფემან გიორგი უსაყვედურა საქმე ესე დავითს ამისთვის, რომ უმართლე იყო. და წარმოიყვანა ძმა თვისი და თორღას ციხეში პატიმარ ყო, და თორმეტნი ყმანი, მისნი შეფიცულნი, ჭოეთის ციხიდამე გარდმოყარნა და დახოცნა, სხვანი შეფიცულნი მისნი პატიმარ ყვნა. და თვით ბატონობა მისი მიუღო მამასა თვისსა და თვით გაბატონდა. და თვესა ექვსსა იბატონა და მოევლინა რისხვა ღმრთისა მამისა უსამართლობითა და მოკვდა.
და კვლავ დაიპყრა მეფობა მამამან მისმან ალექსანდრე და გამოიყვანა ძე მისი გიორგი ციხიდამე, რამეთუ არღარა ჰყვანდა ძე მის მეტი, და ამყოფა თვისთა თანა.
ხოლო ამა დავითს ჰყვანდა ცოლად ასული აშოთან მუხრანის ბატონისა ქეთევან, და დედისიმედისა, რომელიც შემდგომად მოწამე იქმნა, და. ესე ქეთევან იყო გონიერი; და მაშინ სცნა, ოდეს მოკვდა ქმარი მისი დავით, დარჩა კახეთი გიორგის. და ამას ქეთევანს ჰყვანდა ძე ერთი დავითთან, თეიმურაზ, და შეეშინა ქეთევანს ახსოვდა, ოდეს დაიჭირა დავით ძმა მისი გიორგი და დაატყვევა ციხესა შიგან, ეშინოდა ქეთევანს ძმისა მისა მისთვის, და წარგზავნა ყრმა თვისი ყაენთან შიშისათჳს გიორგისა. რამეთუ ეშინოდა გიორგისგან, მაზლისა თვისისა, და მისთვის გამოგზავნა ყაენთანა და თანაგამოატანა შერმაზან ჩოლაყაშვილი. და მივიდნენ შააბაზთან, და შააბაზ ვითარცა ძე ეგრეთ შეიტკბო.
ხოლო ამას შააბაზს სწადოდა დაპყრობა საქართველოსა, და მრავალი ღონე და ხერხი იხმარა და ცდილობდა, რათამცა დაეპყრა საქართველო, და ვერ შეუძლო. მოიპოვა ღონე ესევითარი: რომელი მიეცა კახ-ბატონს ალექსანდრეს ძე თვისი კოსტანტინე ესე გაეზარდა შააბაზს და გაეწვრთა სჯულსა ზედა მაჰმადისასა. და ამა კოსტანტინეს ხელით გაუგზავნა ხალათი მამასა მისსა ალექსანდრეს, და გაატანა თანა ჯარი და შირვანელი, და ესრეთ დააბარა კოსტანტინეს: „დავით ხომ მომკვდარა და სხვა აღარავინ დარჩომილა მამის შენის მეტი, წადი და მოკალ მამა-შენი და ძმა-შენი, და კახეთიც შენ დაიჭირე“.
და წარვიდა და წარიტანა ჯარიცა თანა და რა მიახლოვდა გაუგზავნა კაცი მამასა თვისსა და ესრე შეუთვალა, ვითარმედ: „ყაენმან ხალათი გამოგზავნა და მეც დასტური მომცა და გამომგზავნა შენად სანახავად“. და რა მოუვიდა მახარობელი, ესრეთ განიხარა დიდად, რამეთუ მაშინ იდგა გრემს, წარმოვიდა და მოეგება ბაზარს ძესა თვისსა და შეიყარნენ იქა. და იქ ჩააცვა ალექსანდრე ხალათი და დიდად განიხარა შეყრა და ნახვა ძისა თვისისთ. და დღესა რაოდენსამე იყვნენ ლხინითა და მოსვენებითა.
დღესა ერთსა მოიწვია თვისსა კარავსა მამაცა და ძმაცა თვისი და უთხრა ესრეთ, ვითარმედ: „ყაენის საქმე მაქვს“, და დაითხოვნა კაცნი და წარვიდენ კარვად თვისად, და დარჩა მას თანა რუსთველი და ძმა მისი. და რაჟამს ესრეთ დაახელა, მაშინ დაპირებული ჰყვანდა ყიზილბაშის ჯარი და შემოცვივდენ კარავშია და უღალატა და დახოცეს. მაშინ მოკლა მამა და ძმაცა თვისი და რუსთველი, ყორჩიბასიცა ძმა მისი, ქრისტეს აქათ ჩ~ქიე (1615).
ხოლო რაჟამს აღასრულა ესევითარი უკეთურება და კვლავ შესძინა უკეთურება უკეთურებასა ზედა: და მაშინ მიუგზავნა რძალსა თვისსა ქეთევანს კაცი, რომელი იყო ცოლი დავითისა და დედა თეიმურაზისა, და შეუთვალა, ვითარმედ: „შეგირთავ ცოლად და შენცა მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისა“.
და რა ესმა საქმე ესე ქეთევანს, და შეწუხდა დიდად და მოუწოდა რაოდენთამე კახთა და უთხრა საქმე და შეეხვეწა მოდგომასა საქმესა ამას ზედა. მაშინ მისცეს კახთაცა პირობა და შეჰფიცეს, რომე შენს მეტი ბატონი ჩვენ არ გვინდაო. და შეიყარნენ და წარვიდენ და შეებნენ. და მისცა ღმერთმან ძლევა ქეთევანს და განემარჯვა კოსტანტინესა ზედა: და მოკლეს კოსტანტინე კახთა და გამოაქცივეს ჯარი ყიზილბაშთა.
და რა გამოაქცივეს ჯარი ყიზილბაშისა, მოართვეს ამბავი ესე შააბაზს. და რა ესმა საქმე ესე, მაშინ მოიხმო შააბაზ თეიმურაზ, ძე კახის ბატონისა, რომელი წარეგზავნა დედასა მისსა ქეთევანს ყრმა მცირე, და აგინა დიდად კოსტანტინეს, დაგმო და უთხრა თეიმურაზს: „კოსტანტინეს დაუხოცია მამა და ძმა თვისი და აწ იგიცა მოუკლავთ, ახლა შენთვის მომიცემია კახეთი და წადი ჩაფრად და დაიჭირე კახეთი“. რამეთუ ამისთვის ქმნა საქმე ესე შააბაზ, რომე დიდად ეშინოდა ქართველის მეფისაგან, ნუუკვე კახეთი მან დაიპყრასო, და ამისთვის გამოგზავნა თეიმურაზ ჩაფრად.
მაშინ წარმოვიდა თეიმურაზ ჩაფრად და მოვიდა კახეთს. და მივიდა დედისა თვისისა თანა. და იქმნა სიხარული დიდი და მხიარულ იქმნენ კახნი ფრიად. და გაბატონდა თეიმურაზ, და მაშინ იყო წლისა ცამეტისა.
მეფე ლუარსაბ (II)
და მას ჟამსა მოკვდა მეფე გიორგი და დაჯდა მის წილად ძე მისი ლუარსაბ პატარა. და ამას ჟამსა შინა იყო ქართლი ფრიად გლახაკი და სახმართაგან უღონო: ლაშქრობისა და ოხრებისაგან პირველად იავარ ქმნილიყო ურუმთაგან, და უფროსად, სვიმონ მეფე რომ ურუმთ ტყვედ ჰყვეს, მაშინ გამოიღეს სახსარი მრავალი და არღარა დაზოგეს რა ქართველთა თავისის ბატონის გამოხსნისათვის. და ამაში მეტად გლახაკ და უპოვარ იყო ქართლი, ხოლო კახეთი იყო ფრიად მორჭმული და მდიდარი.
ოდეს მოკვდა გიორგი მეფე, დარჩა ორი ასული მშვენიერი და სატრფიალო: სახელი ერთსა ხორაშან და მეორესა თინათინ. და რაჟამს გამეფდა პატარა ლუარსაბ, მაშინ სთხოვა ყაენმან შააბაზ დაჲ თვისი ცოლად. და მისცა დაჲ თვისი თინათინ და ესვა ცოლად შააბაზს.
და მაშინ კეთილად პატრონობდა ბატონი თეიმურაზ კახეთსა. და რა იქმა წლისა ათხუთმეტისა, მაშინ ითხოვა ქალი გურიელისა და ქმნა ქორწილი პატიოსანი დიდად გამოჩვენებით. და ხანსა რაოდენსამე უკანა მიეცა ძე ორი: სახელი ერთისა მის ალექსანდრე, მეორისა ლევან. და ამისა შემდგომად მიიცვალა ცოლი ბატონის თეიმურაზისა, ასული გურიელისა. და იყო მწუხარება და გლოვა დიდი ბატონმან თეიმურაზ და სრულიად კახთა, და იყვნენ დიდსა ურვასა შინა.
მაშინ მიესმა საქმე ესე შააბაზს, გლოვა და მწუხარება კახის ბატონისა, წარმოგზავნა კაცი და შემოუთვალა, ვითარმედ: „მესმა შენი მაგგვარი მწუხარება და შეჭირვება, და წარმოვედ ჩემდა, და მნახე და განიხარე, და მოგცემ წყალობასა და საბოძვარსა მრავალსა“.
წარვიდა თეიმურაზ და მივიდა ყაენთანა და დახვდა ყაენი დიდად კარგად და მისცა მრავალი და გამოიყვანა გლოვისაგან. დიდად ლხინობდენ და შეექცეოდენ. და შემდგომად ხანსა რაოდენსამე მიიხმო ბატონი თეიმურაზ საიდუმლოდ და უთხრა ყაენმან ესრეთ, ვითარმედ: „მეფესა ლუარსაბს სთხოვე დაჲ მისი ხორაშან და შეირთე ცოლად, რამეთუ იქმნები ქვისლი ჩემი და მოყვარე ლუარსაბისა და არღარა იქმნება თქვენსა და იმას შუა მტერობა და შური“. ხოლო მეფემან თეიმურაზ უთხრა უარი, რამეთუ ეყოდენ და ნათესავნი იყვნენ, პაპიდაშვილი იყო, და ამისთვის უთხრა დიდი უარი. მაშინ არა უსმინა შააბაზ და უწყინა და, რადგან დაუჟინა, ნება დართო თეიმურაზ და მორჩილ ექმნა და ჩამოჰყვა შერთვასა ხორაშანისასა. და წარმოგზავნა თვისსა ადგილსა და მოვიდა თეიმურაზ კახეთსა. ხოლო ყაენმანც მოსწერა ლუარსაბს მოყვრობა თეიმურაზისა. და სთხოვა ქალი თეიმურაზ, და ყაენის სიტყვას ვერცა ლუარსაბ გარდავიდა და მისცა დაჲ თვისი ხორაშან. და წარიყვანა ქალი და ქმნა ქორწილი პატიოსანი თეიმურაზ.
ხოლო ამა ჟამსა შინა ხონთქარი სულთან მურად ბაღდადს მიწევნულიყო და ყირიმის ჯარი თან ახლდენ. და რაჟამს ხვანთქარს სულთან მურადს ბაღდადის საქმე გაერიგებინათ, მაშინ ყირიმის ჯარისათვის დასტური მიეცა. მაშინ ერთსა ვისმე თათარხანთათვის ერჩია, რომე, რადგან წავალთ, ქართლის გზა დიაღ კარგი არის და ჩვენზედაც მარჯვე არის, და იმაზედ გავიაროთ და საშოვარიც მრავალი ვიშოვნოთ და წარვიდეთ უზიანოთ. და წარმოემართნენ ქართლზედ ვითარ სამოცი ათასი კაცი. და მას ჟამსა მეფე ლუარსაბ იდგა ქრცხინვალს. და ამ ჟამში გამდიდრებულ იყო ქართლს მოურავი სააკაძე გიორგი, რომელი იყო მოურავი ტფილისისა, და ესრეთ გამდიდრებულიყო, რომელიც შემდგომად მეფისა იგი იყო. და ამას უთხრეს ქვეყნის არევის მოყვარეთა და მეჩხუბართა კაცთა, ვითარმედ: „მეფე სიკვდილს გიპირებს, რამეთუ სძაგს სიმდიდრე და მორჭმა შენი“. ხოლო მოურავს რა ესმა საქმე ესე, დაიწყო რჩევა და ლაპარაკი. მაშინ მიუგზავნა მეფემან კაცი და შეუთვალა, ვითარმედ: „რა გნებავს. ყოფად, რომე დღითი-დღე არა დასცხრები ლაპარაკისაგან და ჩურჩულისაგან“. ხოლო მოურავმან მიუგზავნა მროველი ავალიშვილი დომეტი და შეუთვალა ესრეთ, ვითარმედ: „სიკვდილსა და ღალატს მიპირებო და რას მემართლები, დანაშაული რა მაქვსო, რომ მიწყრებიო და გნებავს სიკვდილი ჩემიო“. ხოლო მეფემან უარყო და ფიცით შეიჯერა, ვითარმედ: „არა მწადს სიკვდილი შენიო“.
და ამა ჟამსა შინა მოუვიდათ ამბავი, რომე თათარხანი თრიალეთზედ მოვიდაო. მაშინ გუნება ვერ დაასერეს მართლა და გაგზავნეს იარალი, რომე წადი და მართალი შეიტყევო, და გზები შეკარო, და ადრე გვაცნობეო ამბავი, თუ მოსულანო. რამეთუ მაშინ მეფე იყო სუბათს და არავინ ახლდენ დარბაისელნი ქართველნი, რამეთუ იყვნენ თავისა, და წარმოვიდა და დადგა მეფე ცხირეთს.
მაშინ წარვიდა იარალი და დახერგა გზები და ერთსა მოსავალსა ალაგსა დადგნენ თვითან. და თვით უგრძნობლად თავს წამოადგენ თათარნი და მძინარენი ამოსწყვიტეს და დახოცეს, და ერთიცა მათგანი არავინ განერა.
და წარმოვიდნენ თათარნი და მოვიდეს და დაწვეს მანგლისი და კველთა. და იქ კუელთას შეიპყრეს მღვდელი ერთი, სახელით თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღმრთისა და ერთგული მეფისა თვისისა. და რა მოვიდენ გოსტიბის თავსა, დაუწყეს მღვდელს თევდორეს ლახტითა ცემა და ეტყოდენ, ვითარმედ: „მიგვიძეღ მეფეზედა“, და სწადდათ სიკვდილი მეფისა. და მღვდელმან გულში ასე თქვა: „ჩემის ორის დღის სიცოცხლისათვის ამას რატომ ვიქ, აწ მიუძღვე და მეფე მოვაკვლევინო და ქართლიც გააოხრონ, მე რაღა მეშველებაო და ან ჩემს სულსაო“. მაშინ მღდელი წამოუძღვა და ქვენადრისის გზაზედ ჩამოუძღვა, ერთაწმიდასა და ცხირეთზედ დიაღ შორს დარჩნენ; და მაშინ სცნეს ყირიმთა, რომ მეფეზედ შორს იყვნენ, და გააგდებინეს თავი მღვდელს თევდორეს. და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა.
და რა მოიცვეს ერთაწმიდა, ახალქალაქი, მაშინ წამოხედეს ცხირეთიდამ მეფემან და სპათა მისთა, რამეთუ ქრცხინვალიდამ წამოსულიყო მეფე და ცხირეთს მოსულიყო, და ნახეს ჯარისა სიმრავლე. მაშინ თანა-ახლდა მოურავი გიორგი და ციციშვილი ზაზა. მაშინ მოახსენა მოურავმან მეფესა ვითარმედ: „ნუ ასჩქარდებითო და ვნახოთ ღმერთმან რა მოახდინოსო“. რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი სარდალი, ჭკვიანი და გონიერი. და წარვიდა მოურავი, და რომელიმე იყვნენ გარემონი ჯარნი, მოვიდა და შემოეყარა მეფესა, და სხვანიცა ბარათიანნი და რომელნიცა იყვენ მის-კერძონი ქართველნი; შეიყარა ჯარი თვისი, რაოდენიცა ჰყავდა, და ზაზაცა თანა-ახლდა. და წარვიდა მოურავი ყირიმის ჯარზედ და ჩავიდა ნიაბთ ბოლოსა სხერტის ჭალაზედა და იქ დახვდენ ყირიმნი. მაშინ შეუტივეს მოურავმან და დახოცა ჯარი მრავალი და ყვეს მრავალი მარცხი და ზიანი. ხოლო ზაზა ციციშვილმან მოკლა ერთი დიდი ფაშა და ჩამოხდა, თავსა სჭრიდა. ამაზედან წამოადგნენ მრავალნი ყირიმნი და, რა სცნა, ზაზამან მოჭრილი თავი წვერით კბილში დაიჭირა და მოახტა ცხენსა და წარმოვიდა. და სხვანიცა მრავალნი სახელნი ქმნეს იმ დღესა. მოვიდენ და მოართვეს მეფესა მრავალნი თავნი და ნატყვენავი.
შემდგომად ამისა აიყარნენ თათარხანნი და წავიდენ საციციანოსაკენ. ხოლო მისწერეს მეფემან წიგნი ერისთავებსა და მუხრანის ბატონსა და შიდა ქართლელთა ყოველთავე, რათა შეყარონ ჯარი თვისი და სურამის ბოლოს დახვდენ. ხოლო ყირიმნი წარვიდენ, მივიდენ დოესს. და, რა მივიდოდენ, მაშინ ერთი ტერტერა გორელი გორიდამ მოვიდოდა თავლსთვის უგრძნობელად. და მიმოიხედვიდა იმიერ და ამიერ ტერტერა იგი და იხილა დოესი და ველნი იგი დოესისანი აღვსებულნი ჯარითა. და მაშინ სცნა ტერტერამან, რომე არა იყვნენ ქართველთაგანნი, და სცნა, რომე უსჯულოთაგანნი არიან ვინმე და მარბეველნი ქვეყნისანი. და მსწრაფლ უკუნიქცა ტერტერა იგი, და მიივლტოდა გორის-კერძო; განვლო ხიდი მტკვრისა, და გარდაყარა ფიცრები ხიდისა სრულიად, და ჩაყარა წყალსა შიგან, და აშალა ხიდი; და მივიდენ ყირიმნიცა ზედა-მიწევნით, და დახვდა ხიდი აყრილი და შეუძნდათ ფრიად და ვეღარა გაიარეს ხიდზედა.
მაშინ დაჭმუნებულნი მიიქცენ და წავიდენ გზასა საციციანოსასა და შევლეს საციციანოსა ზედა, დაწვეს და დადაგეს საციციანო. და წარვიდეს და მივიდეს ბრბონას და დაიბანაკეს იქ. მაშინ დააქციეს სახლები, გადვეს ხიდი და გავიდენ მტკვარსა, მივიდენ და დადგნენ ტაშისკარის ბოლოს ნახვეტაში.
ხოლო მეფე ლუარსაბ და მოურავი წარმოვიდენ და მოვიდენ ახალდაბას. მაშინ იყო მტკვარი დიდი, რამეთუ თვე იყო ივნისი, და არა იყო ფონი. მას ღამესა ათივეს ღამე ვედრებითა და ლოცვითა მხურვალითა, და მიანდვეს საქმე ღმერთსა და დაასკვნეს. შესვლა მტკვარშია ფონად, და ეგრეთ განვლად მიერ წიაღად. და ვითარცა გათენდა, შევიდეს წყალსა მას შინა. და იყო მაშინ მტკვარი სავსე და არა ეტეოდა კალაპოტში. და იყო ღმრთისა საფარველი მათ ზედა და განვიდეს უვნებელად ესრეთ, რომე არაფერისთანა არა წამხდარა რა, არცა კაცი და არც ბარგი, და ეგრეთ განვიდეს, ვითარცა ძენი ისრაელისანი ზღუასა მას მეწამულსა, და ჩამოვლეს იდუმალ მათ, და უგრძნობელად მტკვრის პირ-პირ ასე ჩამოვლეს, რომე მათ ყირიმთა ვერა უგრძნეს რა, გამოიარეს და მოვიდენ და შემოიყარეს ქართველნი, რომელნი იდგეს სურამის ბოლოს.
მაშინ არჩივა მოურავმან: „თხრილის პირს გარეშემო მეთოფეები შემოვახვიოთო და ცხენოსანი მინდვრად მივიდეთო“. და დაუჯერეს მოურავსა და მივიდენ ეგრეთ, როგორადაც არჩივა. მაშინ იქმნა ომი დიდი იქით და აქეთ, და დიდად მოჭირვებით და გულსრულად შეიბნენ, ძველთა გმირთაგა ცა ძნელად შესაძლებელად საგონებელ იყო, რომე მაშინ მეფე და მოურავი და სრულად ქართველნი იბრძოდენ. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა ლუარსაბს, ვითარცა პირველ აბრაჰამს და გედეონს. და აღსრულდა წინასწარმეტეველისა მოსეს მიერ თქმული ლევიტელთათჳს ბრძანება უფლისა, ვითარმედ: „ხუთმან თქვენგანმანო წარიქციოს ასი და ასმან თქვენგანმან ბევრეულ“, და მოციქულისა პავლეს მიერ თქმული: „ძმანო, ღმრთის-მოყარეთა ყოველივე განუმარჯვოს კეთილად“. ეგრეთვე ამათ სასოებითა ღმრთისათა მიეცა ძლევა დიდი და ესრეთ განემარჯვა ურჯულოთა ზედა და მოსრეს სრულიად, ბანაკი მათი იავარ ყვეს: „რაცა ოდენ ქართლიდამ ეშოვნათ, ტყვე თუ საქონელი იგიცა ყოველივე წამოიღეს და მათიცა მრავალი წაართვეს. და რაც ოდენ შეიპყრეს ყირიმნი მოსრნეს პირითა მახვილისათა.
კნინღა მცირედი რამე ნეშტი განერნენ. იხმიეს სივლტოლა და წარვიდნენ მოსაკიდელზედა შეშინებულნი და დანქრეულნი. შევიდენ ტყესა და სიმაგრესა მოსაკიდლისასა, არა აქუნდათ ღონე გზის გაგნებისა. და მაშინ ჰპოვებდენ დედანი მოსაკიდლის სოფლისანი ტყეთა შინა დამალულთა ყირიმთა კაცთა, შეიპყრობდენ, მოჰხდიდნენ დოლბანდსა და, თუ რამე ჰქონდათ, წაართმევდენ და კაცთა შეიწყალებდენ და განუტევებდნენ. ესეთი გამარჯვება მოსცა ღმერთმან ქართველთა. და შემოიქცენ გამარჯვებულნი და აღსავსენი საქონლითა და ჰქონდათ ლხინება და სიხარული.
მაშინ არჩივეს, რაოდენცა კაცნი დაეხოცათ ყირიმთაგანი, დასჭრეს თავები და წარმოუგზავნეს ყაენსა და მიულოცეს გამარჯვება. და გაუძღვანეს წინა გარასპი ფავლენისშვილი და, რა მივიდა და მიართვეს ყაენსა თავები, იამა დიდად და დაუმადლა მეფესა. გამოუგზავნა მრავალი წყალობა და მოულოცა მანცა გამარჯვება.
და ამას შინა უფროსად გამდიდრდა მოურავი: მოიპოვა ღონე ესე, რამეთუ ცოლი არა ესვა მეფესა ლუარსაბს, ყმაწვილიცა იყო, არჩივა მოურავმან, დაჰპატიჟა მეფესა და დახვდა კეთილად. და გამოჩვენებით. და სმაშიგან გამხიარულდა დიდად მეფე ლუარსაბ. მაშინ ჰყვანდა მოურავსა დაჲ ერთი მეტად მშვენიერი და კეკლუცი და დააყენა მეღვინედ თავს მეფესა. და მოეწონა მეტად დიდად და ეტრფიალა.
მაშინ მოურავს წინათვე განეგულა გულსა შინა, რამეთუ წინათ რომ მოურავმან ღალატი დასწამა მეფეს, ჰგონებდა არ დამინდობსო, ესრეთ განიზრახა, ვითარმედ მოეწონება დაჲ ჩემი მეფესა და ეტრფიალება და მაშინ მოინდომებს დასა ჩემსა და მივცემ ცოლად, და, უკეთუ არა ინდომებს ცოლად, მაშინ ვინცა-ვინ ჩემნი მოკიდებულნი კაცნი არიან, უფროსად ყოველნივე მე მომიდგებიან, და მეფეს შეუორგულდებიან და ამით წავახდენო, და თუ ცოლად შეირთავს, მტერნი ჩემნი გაუორგულდებიან და მეფეს ჩემის მეტი ღონე არ ექნება, და რა ხელთ ჩამივარდება, რასაც მინდა ვიქო. დაასკვნა რჩევა ესე.
და იყვნენ ლხინზედა დიდად მხიარულნი და მოეწონა მეფესა ქალი იგი. დღესა მეორესა მიუგზავნა კაცი მეფემან. და სთხოვა ცოლად დაჲ თვისი მოურავსა.
მაშინ მოურავმან მოახსენა ხერხით: „მეფეო, მე ვარ ერთი მდაბალი ყმა შენი, დაღაცათუ ჟამსა ამის წყალობითა და თქვენის მრავლი კეთილის ბოძებითა განმდიდრებულ ვარ და დიდად არს სახელი ჩემი, არამედ მტერნი ჩემნი დასა ჩემსა დედოფლად არავინ მიიჩნევს და არცავინ განდომებს თავსა ჩემსა, დაგიწყებენ ბეზღობასა და გამიწყრომობენ თქვენს თავსა“.
და ამისი რა მოციქული გაუგზავნა, მაშინღა კვლავ აცნობა მოურავმან დედასაცა მეფისასა, კვლავ ხერხით, და შეეხვეწა, რომე თქვენი შვილი, მეფე ლუარსაბ, ჩემს დას მთხოვსო ცოლად, და მე ჩემის ნებით არ ვაძლეო და მაზედ მომეხმარენით, რომე კაის საქმით მომარჩინოთო“.
მაშინ სცნა რე ეს საქმე მეფემან, არა უსმინა და შეირთო დაჲ მოურავისა. ხოლო დედა მეფისა იყო ქალი ლიპარტიანისა, სახელითა მარიამ. მაშინ, რა სცნა ქორწილი, დაუმძიმდა დიდად, მაგრამ ვეღარა გააწყო რა. და მოიყვანა ქალი ტურფად მშვენიერი და ჰყვანდა თვესა როდენსამე.
მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არა იყო მოურავის მოყვარე იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა. და ეტყოდეს მეფესა მტერნი მოურავისანი, ვითარმედ: „მოურავი კაცი დიდად კარგი არისო, მაგრამ ჩვენზედ დიდადუმცირესი არისო და უმრწემესი გვარითაო. ჩვენ იმათ ცოლნი და შვილნი და თავნი ყმად რად მივსცეთო, და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან დაუცადებლად დაუწყო ბეზღობა მოურავსა.
დაღაცათუ არა ენება მეფესა მოურავის გამომეტება, არამედ დიდად აიძულეს სიტყვითა და ჟამ ყოველ განზრახებდეს მეფესა განტევებასა სჯულიერისა მის წმიდასა ქორწინებისაგან, და დიდად უარის ყოფასა და არა რწმუნებასა წმიდისა სახარებისასა, ვითარმედ: „რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ“, და ამისთვის დიდად უბრალო იყო მეფე და სწადოდა განტევება ღმრთისაგან მოცემულისა მეუღლისა დიდად მიაჭირვეს სიტყვითა, და დაჰყვა მეფე რჩევასა მათსა და ებრძანა განტევება.
და რა ამაზედ დაიყოლიეს მეფე, კვლავ იკადრეს სრულიად ამოწყვეტა და გათავება მოურავისა. და შეატყუეს მეფესა, რომ ყრმა არისო, და რასაც მოვახსენებთ, ვერ ურჩ გვექმნებაო. კვლავ შესძინეს ბოროტი ბოროტსა ზედა და მოახსენეს: „ვინაითგან დაუტეობ და დაუგდებ მოურავსა დასა, ესე უწყით, რომე ამას მოურავი არ დასთმობს, დიდად სახელოვანი კაცი არის, გაგიორგულდება და ბევრი ავი მოხდებაო“. მაშინ ურჩიეს ღალატი და სიკვდილი მოურავისა.
და იდგა მეფე ლუარსაბ მას ჟამსა წავკისის თავსა. და მაშინ იხმეს მოურავი და აწვიეს, ვითარმედ ყარაიას ვინადირებთო, მოდით და შევექცეთო. მაშინღა მსწრაფლ მოვიდა მოურავი უაზროდ და არა უწყოდა საქმე გაგებული მას ზედა. და სწადდა მეფესა ხვალისა დღე სიკვდილი მოურავისა ღალატითა.
დაასკვნეს რა საქმე ესე. არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იხსნა მეფე ლუარსაბ უბრალოს კაცის სიკვდილისაგან და სისხლისაგან; და მოვიდა მოურავთანა ფარეშთუხუცესი, ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე.
ხოლო სცნა რა ესე მეფემან ფარეშთუხუცესისაგან რომელ არასოდეს უყოფიეს კაცსა გონიერსა განთქმა საიდუმლო მეფისა თვისისა, შეიპყრა ფარეშთუხუცესი და დააჭრეს ცხვირ-პირი. და, რაც ოდენ ამას ქვემოთ წერილ არს, მოთხარა სახლისა მეფისა და აოხრება საქართველოსი, ყოველივე სიტყვითა ბააკასითა იქმნა.
ხოლო სცნა რა მოურავმან საქმე ესე, გარდიხვეწა შიშველა სახურავიანის ცხენითა და განვლო გზა გელიყარისა და მივიდა ნოსტევს, აჰყარა ცოლშვილი თვისი და მივიდა დიდგორის მთასა. გაჰყვნენ ყმანი თვისნი.
ხოლო გამოუსია მეფემან სპა და მოვიდენ ნოსტევს და მოიცვეს ნოსტევი და შეკრეს გზები ყოველგნით. მაშინ მოურავი შეჯდა და წარმოვიდა ცოლშვილიანად მთა-მთა, ჩამოვლო უგზოდ მთები, უგრძნობელად ყოველთა მდევართაგან, და ჩამოვიდა მცხეთას. და დახვდა საბაჟოს გზა შეკრული და ხიდიცა. და მაშინღა განვლო უგრძნობელად მცველთა, და განვიდა არაგვს ზვეით ღამით ადიდებულსა მტკვარსა ცხენის ცურვითა ცოლშვილიანად უზიანოდ, რომე არარა წახდენია წყლითა.
მაშინ გასრულმან თაყვანის-ცა მხურვალად სვეტსა ცხოველსა ღვთივ-აღმართებულსა და წარვიდა არაგვის ერისთვის ნუგზარისასა.
ხოლო ესე ნუგზარ არაგვის ერისთვის მამა-პაპათა ამოწყვიტეს პატრონი ხევისა თექთურმანისძე და დაიჭირეს ხევი, და ამიერითგან მისცა მეფემან რომელთამე ხადა, რომელთამე მთიულეთი და რომელთამე დუშეთი და ანანური. და იქმნეს ხევისა მის ერისთავად.
და ამა ნუგზარ ერისთვისა ქალი ედგა მოურავსა. და რა სცნა ნუზარ საქმე მოურავისა და მოსლვა მისი სახლად მისა, მიეგება წინა მისაქციელსა, სოფელსა მუხრანისასა, და წარუძღვა წინა და წარიყვანა სახლსა თვისსა დუშეთს.
და ესე მოურავი იყო კაცი მცდელი და ილათიანი, და ურჩია ნუგზარს გაყოლა თვისთა თანა მრავლითა რჩევითა, საქმისა ჩვენებითა. და დაუჯერა ნუგზარ ერისთავმანცა და დაასკვნეს წარსვლა ყაენთანა, და იქ მეფისა გამაგრება არა შეეძლოთ, და გაჰყვა ნუგზარიცა. და წარვიდენ იქიდან და განვიდენ ლილოსა, და იქიდან გაჰხდეს ყურყუთას მტკვარს ფონად, და განვიდენ და მივიდენ აღჯაყალასა.
და რა ნახეს მისვლა მათი აღჯაყალას მყოფთა თათართა, განიხარეს და მიაპყრეს. პატივი დიდი. ხანსა რაოდენსამე იქ იყვნენ და მოურავმან ცოლშვილი იქ დააგდო, და თვით წარვიდა შააბაზ ყაენთანა. და რა ნახა შააბაზ, განიხარა დიდად, მრავალი ნიჭი და საბოძვარი უბოძა.
მას ჟამსა წარვიდა შააბაზ აღებად ყანდაარისა. იქ იახლენ, ბრძოლასა და ციხის აღებაში დიდად კარგად და სახელოვნად იყვნენ. და იქიდან დაბრუნდა შააბაზ და წარვიდა ბაღდადს, იქცა თანა ახლდენ, კარგად, მხნედ და მამაცად იყვნენ და გულოვნად. და რა გაარიგა შააბაზ იქნებური საქმე, წარმოვიდა და მოვიდა ისპაანს.
მაშინ მოურავი დაჰპირდა ქართლის დაჭერასა და კახეთისასა, და თვითანც უნდოდა შააბაზს, და დართო ნება შააბაზ წამოსვლისა.
და ხანსა რაოდენსამე უკან მოვიდა განჯას, უგრძნობლად და უცნაურად მეფისა და კახის ბატონისა. და, რა მოვიდა განჯას, მოუგზავნა კაცი კახ-ბატონს თეიმურაზს და შემოუთვალა, ვითარმედ: „შენი შვილი მომეცო“. და რა სცნა საქმე ესე თეიმურაზ, იცოდა, რომ შააბაზ კაცი ხვანჯიანი და დაუნდობარი და ილათიანი იყო. და ესეცა უწყოდა, რომ არც მე დამინდობსო, იმასთან გაზრდილი კაცი ვარო, და არა უნდოდა გაგზავნა შვილისა, რამეთუ უწყოდა, რომ არც შვილს დაინდობდა, არცა მას. მაგრამ დაუჟინეს კახთა და არა დაეხსნენ, რომ მეტად ძალა უყვეს, მაშინ გაუგზავნა ძე თვისი ალექსანდრე, ნაშობი გურიელის ქალისაგან, და დედაცა თვისი ქეთევან თან გაატანა ამისთვის, რომე უფრო პატივს დამდებს და არას აწყენს შვილსა ჩემსაო, და შეეხვეწა გაუწყრომლობასა.
და რა მივიდა დედოფალი ქეთევან, სცნა პატივი დიდი. და რა ნახა შვილიშვილი მისი ალექსანდრე, უთხრა „ძიძა ხომ არა ვარო - ყაენმან - რომ ასეთი პატარა ყმაწვილი გამოუგზავნიაო, რასთვის უფროსი შვილი არ გამომიგზავნაო. თუ ჩემი შერიგება უნდაო, უფროსი შვილი გამომიგზავნოსო“. და გამოუგზავნა კაცი და სთხოვა უფროსი შვილი.
არ უნდოდა კახ-ბატონს თეიმურაზს გაგზავნა უფროსისა შვილისა, და დედოფალსაც ქეთევანს შემოეთვალა, ნუ გამოუგზავნიო. და არა სწადდა გაგზავნა თეიმურაზს, მაგრამ არა დაესხნეს კახნი და ეტყოდეს: „არც შენც იქ იყაო, რა დაგიმარცხდაო, ქვეყანასა რასთვის წაახდენინებო?“. რადგან არ დაეხსნენ კახნი, მაშინ გაუგზავნა უფროსიცა შვილი ლევან. და რა მიუვიდა ესეცა, მაშინღა გაუგზავნა კიდევ კაცი შააბაზ თეიმურაზს: „რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარო, შენცა მოდი და მნახეო და მრავალს წყალობას გიზამო“. და რა მოუვიდა ამბავი ესე, მაშინ ბატონმან თეიმურაზცა დააჯერა გული და კახთაც შეიტყვეს, რომ უნდოდა ამოსავარდნელად.
მაშინ ეზრახნენ მეფესა ქართლისასა ლუარსაბს, რომე „რადგან მოყვარენიცა ვართ და სჯობს ქვეყანისათვის, ამ საქმეზედ გავერთდეთ, რამეთუ შენცა უწყი შააბაზ ყაენი საქართველოსათვის ავი არის, და მოურავიც ხომ მტერი არს შენი, და იმას მოჰყავს ყაენი და უნდათ ქვეყანის წახდენა, გავერთდეთ“. და მაშინ გაერთდენ და მისცეს ფიცი მტკიცე ერთმანერთსა. და შემოიყარა თეიმურაზ კახნი და დადგა მაგრად.
და რა სცნა საქმე ესე შააბაზ, წარმოვიდა თვით და მოვიდა კახეთს. და შეიყარა თეიმურაზცა ჯარი და შააბაზ ყაენმანც წარგზავნა სპა თვისი წინა და გარდაუყენა ჟალეთს, და თვით შააბაზ მივიდა ბატონს თეიმურაზზედა. და ვერღარა დაუდგა თეიმურაზ და წარმოვიდა. და მოუხდა წინა გარდაყენებულთა ჟალეთს მდგომთა ყიზილბაშთა შემოება მხნედ. მისცა ღმერთმან ძლევა, გაემარჯვა ბატონს თეიმურაზს: ამოსწყვიტა და მოსრა პირითა მახვილისათა ყოველნივე. წარმოვიდა და მოვიდა მუხრანს და შემოეყარა მეფესა ლუარსაბს.
პირველ თურმე ერჩივა მოურავს შააბაზ ყაენისათვის ესრეთ, ვითარმედ: „ქართლში ზამთარ მიდიო, ხიზანი მთაში ვერ შევაო და, რასც გინდა იქო, და თუმცა მთაში შევიდენო თოვლი და სიცივე ამოსწყვეტსო. და ესმინა შააბაზს სიტყვა მოურავისა და მოვიდა თვესა იანვარსა ხუთსა, ქრისტეს აქათ ჩ~ქკდ (1624), და აიღო ციხე თორღისა შააბაზ და გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა. და შემუსრა ხელითა თვისითა წმიდა გიორგი ალავერდისა, და შემუსრნა პატიოსანნი ხატნი და ჯუარნი, და შემოსძარცუნა პატიოსანნი თვალნი და მარგალიტი, მისცა მეძავთა, ცოლსა და ხარჭათა მისთა, და იყო სამკაულად მათდა. და შეაგინნა წმიდანი ეკლესიანი კახეთისანი, და წარმოემართა ქართლსა ზედა.
მაშინ ინებეს ქართველთა ომი, მაგრამ ვეღარა გააწყვეს რა და ვერცა დაუდგენ სიმრავლისაგან ჯართასა.
მაშინ წავიდა მეფე ლუარსაბ და კახ-ბატონი თეიმურაზს იმერეთს. და მოეგება მპყრობელი იმერეთისა გიორგი, ითვისა კეთილად და მიუჩინა ალაგები და დააყენა.
ხოლო შააბაზ მოვიდა გორსა და დადგა იქ. და წარუგზავნა მპყრობელსა იმერეთისასა კაცი შააბაზ და შეუთვალა ესეთ: „მომეც ეგევე ორნივე მეფენიდა აღგავსებ მრავლითა ნიჭითა და საბოძვრითა“. ხოლო მპყრობელსა იმერეთისასა რა ესმა საქმე ესე, გაუგზავნა კათალიკოზი აფხაზეთისა მალაქია და აბაშიძე ლევან მოციქულად და გამოუგზავნა ფეშქაშიცა მრავალი და შემოუთვალა ესრეთ, ვითარმედ: „ამათი მოცემა ჩემგან არ იქნებისო და ხელმწიფემან ამდენი წყალობა გვიყოს და დაგვდვას პატივი, რომე ესენი ისევ შეირიგოს და თვითონ წაბრძანდეს და დაანებოს ამათ ამათი მამული და საბატონო“.
და რა მოვიდა კათალიკოზი მალაქია და აბაშიძე ლევან, - და თანა ახლდათ ყაენის გაგზავნილი კაცი, - და რა მივიდა, დიდად პატივ-სცა ყაენმან და დახვდა კარგად.
და რა სცნა მოუცემლობა მეფისა და თეიმურაზისა იმერეთის ბატონის გიორგისაგან, ვეღარა გააწყო რა შააბაზ, და მაშინღა მოიპოვა ხელოვნება და ღონე ილათისა, რათამცა ხერხით მოაგვაროს. და მოიხმო კათალიკოზი მალაქია და აბაშაძე ლევან და შეუთვალა ესრეთ მპყრობელსა იმერეთისასა გიორგის: „რადგან შუა ჩამოსულხარო, მე მეფე ლუარსაბთანა არცა რა საქმე მაქვსო და არცა რას ვემდურვიო და არცა მაგის წასახდენად მოვსულვარო ბატონი თეიმურაზ ჩემი მტერი არისო მაგას არც შევირიგებ და არც მინდა. მეფეს ლუარსაბს კიდეც შევირიგებ და, თუ მოვა და შემომირიგდება, წყალობასაც უზამ“.
და, რა მათ ესე სიტყვა დააბარა და გაისტუმრა, მოიხმო შადიმან სუფრაჯი რომელი იყო გამზრდელი ლუარსაბისა, და დაიწყო ტირილი შააბაზ ყაენმან და თქვა: „მე მეფეს ლუარსაბს როგორ წავახდენო, მეფის სიმონის შვილისშვილსა და მეფის გიორგის შვილსა მე ავსა და ურიგოს როდის ვკადრებო, მაგრამ ეს თეიმურაზ მიცდინაო და მომიტყუაო. ესე იცოდე, თუ მეფე ლუარსაბ მოვა და შემომრიგდებაო, დიდს წყალობას უზამო და გავამდიდრებო. და მისცა ფიცი საშინელი და საფიცარი და იტირა ბევრი.
და რა ნახა შადიმან ესევითარი ტირილი. და საფიცარი შააბაზისა, მაშინ დააჯერა გული, რომ მეფეს ლუარსაბს ყაენი დიდს წყალობას უზამსო და კიდეც შეირიგებსო, ამაზედ დიდად დააჯერა გული.
ხოლო ამას ყოველსავე ხერხითა და ილათითა იქმოდა შააბაზ. მაშინ გაუგზავნა შადიმან სუფრაჯი და გაატანა ერთი გულის სანდო ერთგული ხოჯა ყაენმან და მისწერა წიგნი და საფიცარი და გაუგზავნა მურასა ხმალი.
მაშინღა ჰყვანდა შააბაზს ცოლად დაჲ მეფისა ლუარსაბისა და მასცა მიაწერინა წიგნი და იხმო მეფე ლუარსაბ, რამეთუ მოატყუა დაცა მეფისა. და მისცა მრავალი საბოძვარი და საჩუქარი კათალიკოზს მალაქიას და აბაშიძეს ლევანს და აღავსო პირთამდი.
რა მივიდნენ ესენი მეფესა ლუარსაბსა თანა და გიორგის იმერეთის მპყრობელი თანა, მოახსენეს ამბავი ესე, ყაენისაგან დანაბარები, და აუწყეს ყოველივე. და შადიმანმაც საფიცარი აჩვენა, და ხოჯამან ხრმალი მიართვა. და მიართვეს დისა მისისაგან მიწერილი წიგნი. მაშინღა დააჯერა გული მეფემან ლუარსაბ და გაემზადა წამოსასვლელად.
და პატრონმან იმერეთისამან გიორგი შეატყობინა დადიანს ლევანს და გურიელს მამიას, რომელი იყო ესე გურიელი მამია ძე ვახტანგ გურიელისა. მაშინ მოვიდენ ისინიცა და შეიყარნენ ერთად. ურჩევდეს ბატონი თეიმურაზიცა და სრულიად იმერელთა, რომე ყიზილბაშთ მრავალი ტყუილი იციანო და დაუნდობარნი კაცნიც არიანო, არც შენ დაგინდობენო, ნუ წახვალო. ხოლო მან არა უსმინა და წამოვიდა. გამოყვნენ გზასა რაოდენსამე თანა და გამოესალმნენ და დაბრუნდენ, ისინი იქით წავიდენ და მეფე ლუარსაბ წარმოვიდა და მოვიდა შააბაზ ყაენთანა გორს.
და ყაენმან არც იჩემა წინამიგებება, არამედ სანადიროდ ცხენს შეჯდა და წინ შემოეყარა პატივი-სცა ლუარსაბს და მოიყვანა თვისთა თანა და დიდად განიხარა ყაენმან შააბაზ და სცა დიდი პატივი. ხოლო ხანსა რაოდენსამე იყვნენ შექცევაშიგან. ხოლო შემდგომად ამისა თქვა გულსა შინა ყაენმან შააბაზ და ეშინოდა, ნუ უკვე ქართველთა არავინ გამოუცვალოს გულიო და არა აღადგინოს შფოთიო. ხანსა რაოდენსამე უკანა შააბაზ ინება წარსვლად ტფილისად, და უთხრა მეფესა ლუარსაბს: „წარვიდეთ ტფილისსაო და ვილხინოთ იქნცაო და შევექცეთო, შენ იქ დაგაგდებ და მე წავალო“.
და რა ჩავიდენ ივლისს, იქ უთხრა: „წარვიდეთ ყარაიაზედ და ვინადიროთ შევიქცეთ ნადირობითა და ლხინითა, შენ დაგაბრუნებ და მე წავალო“. რა მივიდენ ყარაიაში, შემოავლეს ჯელგა დიდი და არამიცა თანა ახლდენ. მაშინ არმისათვის კარავი და შუაში შემოავლეს თეთრი, და თვით შააბაზ და ლუარსაბ დაკარდენ და მოემზადნენ სასროლად.
რამეთუ ესე მეფე ლუარსაბ იყო კაცი მშვენიერი და კეკლუცი და სანახავად სატრფიალო, და არსად გამოსულა ამისთანა მშვენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო-საკაცობოთ ზნეობით გათავებული და უკლები.
მაშინ მოინადირეს ყარაია. და მოკლა მეფემან ლუარსაბ კარზედა ცხრამეტი. და რა ნახა ესე შააბაზ, უფროსად აღეგზნა გულსა მისსა შური მისი და გაუმტერდა, დაღაცათუ პირისპირ დიდს ქებას ეუბნებოდა და ეფერებოდა არამედ გულში დიდად ემტერებოდა და არჩევდა ამისთვის ბოროტსა.
მაშინ დამან მეფისამანცა გაუგზავნა საიდუმლოდ წიგნი და ასწავლა: „ამას ასე გამოჩვენებით, სიკეთით და მშვენიერებით ნუ ეჩვენებით, მე ვიცი ამისი ამბავი, რომ შურიანი და ხვანჯიანი კაცი არისო, და ეწყინებაო შენი სიკეთე გულშიაო. პირად კი ვერას გეტყვისო, მაგრამ ერიდე და ფრთხილად იყავო“. მაშინ მეფემან ლუარსაბ უთხრა: „აწ რა ვქნა, რაგინდ რომ ავად ვაჩვენო და ხელი შეუწყო, ეს ხომ ვიცი, აღარ გამიშვებსო და, რადგან კი აღარ გამიშვებსო, ისევ-ისევე კარგად ვეჩვენებიო, ის სჯობსო“.
და ჰქონდა შური დიდი მისთვის იდუმალ. მაშინ უთხრა შააბაზ: „რადგან ამისთანა მონადირე კაცი ხარო და უებრო მშვილდოსანიო, ყარაბაღი დიაღ კარგი სანადირო და შესაქცეველი ადგილი არისო და წარვიდეთ იქაცაო და შევიქცეთო, მოვინადიროთ და ვილხინოთო. და წარიყვანა იქცა.
და ხანსა რაოდენსამე უკანა კვლავ უთხრა: „გილან-მაზანდარა და მისი გარემონი ქვეყნებიცა კარგი სანადირო არისო, წარვიდეთ იქცაო და შევექცეთო.
და რა მიიყვანა აშრაფს, მაშინ დაჰპატიჟა სჯულზე. ხოლო მან არა უსმინა და არცა უარყო სჯული თვისი. მაშინ განრისხნა შააბაზ და იგონებდა ბოროტსა მეფის ლუარსაბისათვის: და აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და სიტყვითა ლიქნისათა ზაკვით ჰგონებდა ცთუნებად და მიქცევად სჯულსა მისსა ზედა, რეცათუ დაარწმუნოს ვერაგობითა თვისითა, და ვერ მძლე ექმნა, არამედ ამაო იქმნა სიცბილი მისი, და ვერ ეწიფა ნებასა გულისა თვისისასა. უმეტესად აღივსო შურითა, ვითარცა იტყვის დავით: „უმზირინ ცოდვილი მართალსა და იღრჭინის მის ზედა კბილნი მისნი, ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინასწარ ხედავს მას“, და შემდგომნი ამისნი.
მაშინ ესმნეს სიტყვანი ესე მძლავრსა მიერ მეფესა ლუარსაბს, არად შერაცხა რისხვა მძლავრისა, არამედ ეგო ვითარცა ანდამატი, და შეუძვრელ ვითარცა კლდე, და უშიში იყო ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა. და არა იგონებდა წარმავალსა ქვეყნიერსა ზრუნვასა, არამედ ზეცად მიმართ აღაფრენდა გულსა და გონებასა თვისსა. ვითარცა ორბი ზეაღმფრინვალე ეთერისა მიმართ, ეგრეთ განახლებად ისწრაფდა და შემოსად სულიერისა სამოსლისასა და განგდებად. თმისა ამის მოკვდავისა და შემოსად უკვდავისა მის, რომელი მოსიეს წმიდასა მხნეთა მოწამეთა, და წარმომთქმელი სიტყვისა მოციქულისა, ვითარმედ: გული მითქვამსო განსვლად და ყოფად ქრისტეს თანა“. განიცდიდა სიმხნესა და ღვაწლსა წმიდათა მოწამეთასა გვირგვინსა და მოსაგებელსა მათსა, და უფროსად მობაძავ და საღვთოდ მოშურნე ქმნილიყო მეფეთა შორის წარჩინებულისა და მოწამისა მეფისა არჩილისა და ვახტანგისა და იტყოდა მიციქულისა მიერ თქმულსა მას: „უკეთუ მოვკვდე ქრისტესთვის, მრწამს, რამეთუ მის თანაცა ვსცხონდეთ და, უკეთუ მან სახიერმან სიკვდილითა თვისითა გვიხსნა ჯოჯოხეთისაგან ქვესკნელისა, ჩვენცა თანა-გვაც; რათამცა დავსთხივნეთ სისხლი მისთვის და არა ვრიდოთ თავთა ჩვენთა მისთვის. ნეტარ თუმცა ღირს მყოს სახიერმან მან, რათამცა არა ერთგზის და ორგზის მივსცე თავი ჩემი სიკვდილსა, არამედ მრავალგზის, რომელმან მიბრძანა ხმითა მით საუფლოთა: „ნუ გეშინინ, რომელთა მოგწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოწყვედად“, და კვლავ, „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“. ვინაითგან იგი ესრეთ აღმითქვამს გვირგვინსა მას დაუჭნობელსა და მოსაგებელსა, რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, ხოლო გულსა კაცისასა არა მოუხდა; და ესეცა უწყი, ვითარმედ სიკვდილისა თანამდებ ვარო და უვნებელად თანა-მაც განსვლა სულისა და განშორება ხორცთაგან, მეგულვების გარდაცვალება თიხოანთა ამათ თბეთა და დახსნად ნასხამთა ამათ და ანაქვსთა ჩემთა; ნამდვილ კეთილ არს ჩემდა, რათა მოსწრაფედ ვრბიოდე ასპარეზსა მას ზედა ძლევისასა და მოვაკვდინო ასონი ქვეყანისანი და შეიმოსო უკვდავი, ვინაითგან უეჭველად ესე ყოფად არს. რაღა ყენება არს ჩემდა და არა ვისწრაფი შესვლად ქორწილსა სიძისა მის მშვენიერისასა და უკუდავისსა? და მზა არს. ჩემდა მოცემად ხმლითა თვისითა გვირგვინსა მას უხრწნელებისასა. აჰა ჟამი შეწყნარებული და დღე სათნო უფლისა“.
და უწყოდა წინასწარვე არა შეწყალება და ულმობელობა მძლავრისა მის შააბაზისა, მაშინ ევედრებოდა გულითა მხურვალითა და ცრემლითა ნაკადულითა და ზედასაზედა მიწევნითა გარდაიხდიდა დღეთა მარხვითა.
კვლავ აიძულა შააბაზ დატევება სჯულისა და არა ისმინა. მაშინღა განაჩინა ტყვეობა ციხესა მას, რომელსა ჰქვიან გულაბყალა. და იქ განეგულა აღსასრული მისი.
მაშინ აუწყა მეფემან ლუარსაბ ქართველთა, რომელნიცა ჰყვეს თანა, და წარმოუთხრა ყოველივე ანდერძი თვისი და უბრძანა ესრეთ: „ესერა დაუტეობ საწუთოსა ამას სოფელსა და განგეშორები თქვენგან და წარვალ მეუფესა ჩემისა ღვთისა წინაშე, რომლისათვისცა მსუროდა, გარნა ნუ დამივიწყებთ და ესე-მებრ სიტყვა გეხსენედ და აღზრდილნი და რომელნიმე ხართ გამზრდელნი ჩემნი, და ნუ უგულებელს ჰყოფთ ტკბილად პატრონს ყმურებრ მეგობრობასა და სიყვარულსა. ჩემსა, რამეთუ მნებავს თქვენ მიერ, რათა წესისაებრ საქართველოსა აღუტეოთ ზარი და ხმა დაფლვისა ჩემისა და ეგრეთ სტიროდეთ ჩემ ზედა, რამეთუ ამირითგან არღარა მეგულების სმენა ხმისა თქუენისა არამედ მეგულვების სმენა ხმისა მის ანგელოზებრივისა სიხარულისა და ზატიკობისა“.
მაშინ აღუტევეს ქართველთა ხმა რა მათ გოდებისა და ტირილისა, ვითარცა რაქაელ სტიროდა შვილთა თვისთა და არა ნუგეშინისცემის, და ტიროდენ ზარითა წესსა ზედა საქართველოსასა. და თჳთ მწოლარე იყო მეფე ლუარსაბ და მიუტირებდენ ქართველნი ხმითა საზარელითა. და ტირილითა უნუგეშისცემოთა, და ეგრეთვე მეფე ლუარსაბ მიუგებდა და მეტყუელება სიტყუასა მწარესა განშორებისა მათისათვის. და ესრეთ აღასრულეს წესი ცხედრისა, და იყო ხმა ტირილისა და გლოვისა.
მაშინ მოუწოდა ეპისკოპოზსა, რომელი ჰყავდა თანა, მღვდელთა და დიაკვანთა და უბრძანა მოღება წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა ხორცსა და სისხლსა ცხოველს-მყოფელსა. მაშინ აღიპყრნა ხელნი თვისნი ზეცად მიმართ და შემჭვალნა თვალნი გონებისა მისისანი მსგავსად მწყურნებითა ნეკტარობდა და მცნებლობდა თვალთაგან ნაკადულსა ცრემლთასა, და ნილოსისაებრ რწყვიდა ორნატთა ჯეჯილთა სულისა თვისისათა და მეტყველებდა ფსალმუნსა ამას: „შენთვის მოვწყდები ქრისტე ღმერთო ჩემო, ვითარცა ცხვარი კლვადი, და აწ ღირს მყავ ზიარებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა“. და მაშინღა ეზიარა შიშითა და კრძალულებითა.
და ოდეს ეზიარა, მაშინ მადლობდა ღმერთსა და იტყოდა: „შენ უწყი, უფალო ჩემო იესო ქრისტე, ვითარ არცა ანგარებითა, არცა სიმდიდრის მოყვარებითა დაუტევე მამული და საყოფელი ჩემი და ვერცავინ შემძლებელ იყო შეპყრობად ჩემდა. და ვერცა გამოყვანებად სიმაგრეთა მათგან, რომელსა მე ვიყოფოდი, არამედ მანქანებითა და ხელოვნებითა მძლავრისა ამის ბოროტისათა და ზაკვითა ეშმაკისა, მოყვარეთა და მსახურთა მისთა, ბოროტთა კაცთათა, წარმოვედ და მოვედ მძლავრისა ამის. და უფროსად მწუხარე ვიყავ და მელმოდა გულსა იავარ-ყოფა საქართველოსი, შერევა წმიდათა ხატთა და ჯვართა და დარღვევა წმიდათა ეკლესიათა. და უკეთუმცა ხოლო მე განვერე ხელთაგან მათთა, მაშინღა განრყვნილ იყო ხელთაგან მათთა და მოოხრებული, ვითარცა იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის მიერ, ეგრეთვე სურდა საქართველოსათვისცა მძლავრსა მას და სწადოდა სრულიად იავარ-ყოფა, მაგრამ აღძრულმან და ბრძანებისა შენისა მსმენელმან ვყავ წინააღრჩევით საქმე ესე, რომელმან ბრძანე წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: „მწყემსმან კეთილმან დადვის სული თვისი ცხოვართა თვისთათვისო“. და არა ვიქმენ სასყიდლით დადგინებულ, რათამცა დაუტევე ცხვარი ჩემი და ვივლტოდი, და მხეცთა განსარყვნელად და შესაჭმელ იყო სიწმიდენი და ალაგნი ქართლისანი, არამედ მინდობილმან ბრძანებისა შენისამან დავსდევ თავი ჩემი ქვეყანისათვის და განერა თემი ჩემი მოოხრებისაგან. ესე ყოველივე შენ უწყი, რამეთუ მეცნიერ ხარ გულის-სიტყვასა და გონებათა. არა მეწყალვის მეფობა და შარავანდედობა ჩემი, არცა მშვენიერობა, ჰაეროვნება და და ახოვნება სიჭაბუკისა ჩემისა, არცა უებრობა და ყვავილი სიორძილისა ჩემისა, არცა კისკასად მორბედობა ასპარეზობისა და ქველ-ყოფილობა ჰასაკობისა ჩემისა, არცა ბრძოლასა შინა მხნეობა და სიმაგრე მკლავისა, და არცა თეატრონსა შინა მორბენადობა ცხენითა და მსწრაფლმალვობა და მარჯვედ სრვა მხეცთა, დაუშრომლობა მკლავთა და ყოველთა მოსავთა ჩემთა უზეშთაეს ყოფა, არცა დიდება, პატივი და სანოვაგენი მრავალფერი ტაბლანი და გამოჩვენებითი ლხინნი და მხიარულითა პირითა მეტყველებანი, ზმანი და მღერანი და მეფობრივი ცხედარი და ტახტ-გვირგვინოსნებანი. ესე ყოველივე დამიტევებიან სიყვარულისა შენისათვის, და აწ გევედრები მეუფეო, სული, გული და გონება ჩემი შენდა მომართ აღამაღლო, რამეთუ საშვებელნი და გემონი სოფლისანი არარად შემირაცხიეს, ქვესკნელად შტამხდელნი და ამაონი, რამეთუ შენდა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“.
და ვითარცა დაასრულნა სიტყვანი ესე, მაშინ მიავლინა მტარვალნი თვისნი მძლავრმან შაჰაბაზ და წარგზავნეს იგი ტყვედ ციხესა მას გულაბყალისასა და იქ ტყვედ ყვეს. და შემდგომად მცირედისა ჟამისა კვლავ წარავლინა კაცი და მიუმცნო ხანსა იქ მყოფსა, რომელსაცა ჰყვა პყრობილად მეფე ლუარსაბ, რათამცა მოაშთოს.
და ვითარცა ესმა ხანსა მას სიკვდილი მეფისა ლუარსაბისა, დიდად მწუხარე იქმნა, რამეთუ ეწყალოდა სიჭაბუკე და ახოვანება მისი. და მაშინღა შევიდეს მტარვალნი და აუწყეს სიტყვანი მძლავრისა შააბაზიანისანი მეფესა ლუარსაბს. და რა ესმა, იტყოდა ფსალმუნსა ამას: „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“, და ევედრებოდა მრავალ-მოწყალესა ღმერთსა. შემდგომად ამისა უთხრა წმიდამან ლუარსაბ მტარვალთა მათ: „აღასრულეთ ბრძანებული თქვენი“. და მოიღეს საბელი მშვილდისა, მოაბეს ყელსა და მით მოაშთვეს. და ესრეთ სრულ ყო წამება თვისი და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა კრებულთა თანა, და აწ იხარებს სიხარულსა მას მოუკლებელსა და გამოუთქმელსა. და აწ სხედან წმიდანი ნაწილნი მის მეფისა და მოწამის ლუარსაბისანი იქ ციხესა გულაბყალისასა.
ხოლო დედა ბატონის თეიმურაზისა, ქეთევან, და ორნი ძენი თეიმურაზისანი ალექსანდრე და ლევან, გაგზავნა შირაზს და იქ ტყვედ ყვეს.
ხოლო რაჟამს მოიქცა შააბაზ, ვერცავინ დასვა ქართლსა ბატონი და ვერცა კახეთსა, რამეთუ ამას ლუარსაბს არცა ჰყვანდა შვილი და არცა ძმა. და მიაბარა შააბაზ კახეთი ნოდარ ჯორჯაძესა და დავით ასლანის-შვილსა, და ქართლი იყო უბატონოდ, რამეთუ თავადნი თვის-თვისად მხარესა მთავრობდენ და ბატონობდენ ურთიერთას იგინი.
ხოლო ნოდარ და დავით ქნეს ერთგულობა და ჩამოიყვანეს ბატონი თეიმურაზ იმერეთიდამე და გააბატონეს კახეთშია. და თანა მოჰყვნენ ბატონს თეიმურაზს არაგვის პირამდი გიორგი, იმერეთის მპყრობელი, დადიანი და გურიელი. და რა ჩავიდა ბატონი თეიმურაზ კახეთშია, ესენი გამობრუნდენ და წარვიდენ იმერეთს, თვისსა სამყოფსა შინა. და დაჯდა ბატონი თეიმურაზ კახეთს და ბატონობდა.
და, რა ესმა შააბაზს მოსვლა თეიმურაზისა, განრისხდა, ვითარცა ვეშაპი განძვინებული, და ალიყულიხან წარმოგზავნა მრავლითა ჯარითა და ესე დავედრა, რათა შეუკრას გზები ყოველგნით და არა წარუვიდეს. და თვითცა წარმოემართა, რამეთუ სწადოდა თვით მისვლა იმაზედა. და წარვიდა ალიყულისან და გაჰკრა არაგვზედა გზები.
და რა ესმა ბატონს თეიმურაზს საქმე ესე, შეიყარა სპა, მივიდა და დაესხა თავსა წიწამურს ზეით, დაესხა ჟამსა შუადღისასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯვა ბატონს თეიმურაზს დიდად. და მისცა ღმერთმან ძლევა და შუადღითგან მოკიდებული ხოცეს თათარნი ვიდრე ბინდამდე, გაემარჯვა ბატონს თეიმურაზს და კახთა და გააქცივეს.
და ესმა ამბავი ესე შააბაზსს და უმეტეს განძვინდა და წარმოემართა თვით. და მოვიდა შააბაზ, და ვერღარა დაუდგა თეიმურაზ და წარვიდა იმერეთს. და რომელნიმე კახნი აიყარნენ და გაჰყვნენ ცოლშვილიანად თეიმურაზს.
მეფე ბაგრატ (VII)
ხოლო შემოვლო კახეთი შააბაზ და მოვიდა ქართლად და დასვა იქ ქართლში ბატონად ძმისწული მეფის სვიმონისა ბაგრატ, მაშინ ქრისტეს აქათ ჩ~ქით (1619), ნაშობი კახის ბატონის გვარის ქალისაგან.
მაშინ ეზრახა შააბაზ ლეკთა და გაუგზავნა კაცი და შეუთვალა ესრეთ, ვითარმედ: მნებავს წარმოტყვენვა და იავარ-ყოფა სრულიად სანახებისა ამის, კახეთს მე ავყრი და, რაც მანდ ხიზანი კაცი და ქალი შემოვიდეს, დაატყვევეთო. და წარვიდა და ჩავლო კახეთი და ამოსწყვიტა. და წავიდა და მოაოხრა, და სხვანი აჰყარნა და თანა წაასხნა. და რომელნიმე ლეკთა ამოსწყვიტეს და დაატყვევეს და რომელნიმე მორჩეს თუშეთს, ფშავს და ხევსურეთს, და სხვანი ააოხრეს და ამოსწყვიტეს, და რაც-ოდენნი შეიპყრეს, ცოლშვილიანად აჰყარეს და წაასხეს რომელიმე ფერიასა, რომელნიმე ახლანან თანა აწცა წინამძღოლ-მეთოფედ და არიან დღეინდელად დღედმდე მეთოფედ, წინა უძღვებიან ყაენსა. მაშინ შემუსრა და დაამტვრია, რაოდენნი დაუშთა პირველ, ხატნი და ჯვარნი და წარმოიღო ნაცარცვი და ნატყვენავი მისი.
და დასვა იქ პატრონად ფეიქარხან და მოუყენა რომელიმე ჯარი და ელი, და თვით წარვიდა განრისხებული და მივიდა ისპაანს.
მაშინ გაუგზავნა კაცი შირაზის ხანსა და იხმო ბატონის თეიმურაზის შვილი ალექსანდრე და ლევან და, რა მოიყვანა, გამოასაჭურისნა ორნივე და ამყოფა თვისთა თანა. და ერთი ძმა შეიშალა, ლევან, და ისრე იარებოდა შეშლილი, და მეორე, ალექსანდრე, მოკვდა. ხოლო ქეთევანისთვის გაგზავნა კაცი და შეუთვალა იმამყულიხანს, ვითარმედ: „ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენო და, თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალო“. ხოლო იმამყულიხანს რა ესმა ესე, გამოუბრუნა მოციქული და მოახსენა ესრეთ: „ბერი დედაკაცი არისო და ახლა ეს არ გათათრდებისო, და რას აქნევთ ამის გათათრებასაო, დაეხსენითო, თქვენთვის სირცხჳლი არისო ამისი სიკვდილი“. ხოლო შააბაზ იწყინა და გაუგზავნა კაცი, ვითარმედ არ იქნებისო.
მაშინ იმამყულიხან დაუწყო ლაპარაკი ქეთევანს და აუწყა ყაენს შემოთვლილი და უთხრა გათათრდიო. ხოლო ქეთევან არა უსმინა. მაშინ შეიპყრეს და დაუჭირეს მხლებლები და წინა გაუთათრეს. და ახლდა თან მღვდელი ვინმე იმერელი და იგიცა გაუთათრეს. ხოლო გაუბეს ხელ-ფეხი და გააშიშცლეს წმიდა ქეთევან დედოფალი და განხურვებულის გაზებით დაგლიჯეს ძუძუები და გახურვებული საჯები ნაგლეჯს ხორცზედან შემოაწყვეს და დაგლიჯეს. გაახურვეს ლურსმები და დაუყარეს ქვეშე და ზედ გაატარეს. დააწვინეს და შიშველაზედ ზედ შემოაყარეს ლურსმანი გახურვებული. კვლავ განხურვებული შამფურები გაავლეს მუცელსა და ძუძუ-მკერდშიგან, განხურვებული ქვაბი დაარქვეს თავსა ზედან. კვლავ განხურვებულს ქვაბსა შიგან შიგ ჩასვეს და თავსაც დახურეს და შემოაწყვეს გახურვებული ბარები შუბლსა ზედა და ახეთქა თავის კეფა და ყვეს მრავალი სატანჯველი, და ესრეთ შევედრა წმიდა სული თვისი უფალსა და შეირაცხა წმიდათა ქალწულთა მოწამეთა კრებულთა თანა. და მოვიდა სამხილებელად ყოველთა და დაადგა ნათელი ხოლო იქ დაესწრნენ ფრანგნი და აიღეს წმიდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისნი ფრანგთა და წარიღეს თვისთა თანა ნაწილად, ხოლო ხელი და მკლავი ბატონს თეიმურაზს გამოუგზავნეს.
და ესრეთ სრულ-ყო წამება მისი და ღვაწლი წმიდამან ქეთევან, რომლისა ცხოვრება მისი ვრცელად წერილ არს მეტაფრასსა მისსა. და რომელსა მიწასა ზედან აწამეს, ადგილსა მას არღარა მოვა მწვანე და ჩანს ადგილი იგი ესრეთ, ვითარმედ უნახველნი სცნობენ აქა ქმნილა რამეო.
ხოლო დაჯდა ქართლსა ბაგრატ, რომელი გარდაქცეულიყო სჯულსა მაჰმადისასა, და არცა იყო ღირსი მეფობისა, და ზურგად განჯის ხანი და მისნი შემდგომნი ჰყვეს. და მაშინ ამან ბაგრატ ვერ დაუჭირა თავი ქართველსა და ვერცა ეუფლა ქალაქს ზევით ზემო ქართლსა და არცა ჰყვარობდენ ქართველნი და არცარად ახსენებდენ თათრობისათვის და ეძახდენ საბარათაშვილოს ბატონსა და იმყოფებოდა ეგრეთ.
ხოლო რაჟამს იყო ბატონი თეიმურაზ იმერეთს მას ჟამსა შეიქმნა სიყმილი დიდი იმერეთს. და მაშინ გაუგზავნა ბატონმან თეიმურაზ ხონთქარსა კაცი, შეეხვეწა და სთხოვა სარჩო. ხოლო ხონთქარმან სხვა ვეღარა გააწყო რა და მისცა გონიასა და ახალციხესა და გარეშემო მისსა მამული სარჩოდ. და სანამდისინ ხვანთქრის კაცი მოუვიდოდა ბატონს თეიმურაზს, ვეღარ გასძლო იმერეთს, წარვიდა და მივიდა მამია გურიელთან. მაშინ მოვიდა ხონთქრიდამ კაცი და წარვიდა, მივიდა ხონთქრიდამ მოცემულს მამულში.
მაშინ იჯდა ათაბაგად ძე მანუჩარ ათაბაგისა, სახელით მანუჩარ, რომელი იყო დისწული სვიმონ მეფისა. და დააყენა ოლთისს ბატონმან თეიმურაზ ცოლშვილი იქ და მოუყენა გვერდსა კახი სახლთუხცესი ნოდარ, და თვით წარვიდა ხონთქართანა შვიდასი კაცითა. და რა ესენი წარვიდენ. მაშინ შეეტყო ყაენს ბატონის თეიმურაზისა ხვანთქართან წასვლა და მისის ცოლისა და შვილის საათაბაგოს დაგდება. მაშინ შემოუთვალა ერევნის ხანს, ამირგუნა-ხანს, და მოსწერა წიგნი ესრეთ: „ბატონი თეიმურაზ ხონთქართან წასულა და მისი ცოლი და შვილი საათაბაგოში დაუგდია, შეყარე ჯარი, წადი, დაესხი თავსა, აიფორაქე მისი ცოლშვილი და საქონელი, და ცოლშვილი აქ გამომიგზავნე“.
მაშინ წარვიდა ამირგუნა-ხან, - ზამთარი იყო და დიდი თოვლი მთაზედ, - გადასთხარა მთა და წარვიდა. ხოლო მას ღამესა სიზმარი ენახა ბატონის თეიმურაზის ცოლს ხორაშანს, ვითამ სიზმარში ყიზილბაშნი თავს დასხმოდენ და აეფორაქათ მისი ხიზანი და საქონელი. და რა გამოღვიძებოდა ბატონს ხორაშანს, ღამესა მასვე აყრილიყო და შესულიყო ოლთისის ქალაქიდამ ციხეში, რაც რამ ჰყვანდა და ჰქონდა, იგიცა ყველა ციხეში შეხიზნა, რამეთუ უწინ ციხეს დაბლა იდგნენ. და წარვიდა ამირგუნა-ხან ღამესა მას, მივიდა, სადაც ბატონის თეიმურაზის ცოლი და შვილნი იდგნენ, იმ სოფელს თავს დაესხნენ. და მოარბია სოფელი იგი და იავარ-ყო და სხვა ვერა მოახელა-რა, გაბრუნდა და წარვიდა. მაშინ სცნა ნოდარ სახლუხუცესმან, შემოიყარა ცოტა რამ საათაბაგოს კაცნი და, რაც თჳთან ჰყვანდა, იგიცა, და გამოუდგა უკანა, მიეწია ამირგუნა-ხანს, მრავალი კაცი ამოუწყვიტა, თვით გამოაქცივა და იშოვნა მრავალი საშოვარი, გამობრუნდა და მოვიდა გამარჯვებულ ბატონის თეიმურაზის ცოლშვილთანა.
ხოლო რაჟამს მივიდა ბატონი თეიმურაზ სტამბოლს, მაშინ იჯდა ხონთქარი სულთან-იბრაჰიმ. და სცა დიდი პატივი ბატონს თეიმურაზს. შეეხვეწა ბატონი თეიმურაზ და სთხოვა ჯარი. ხოლო მაშინ ყიზილბაშთა და ურუმთა შუა საფიცარი იყო და შერიგებულიყვნენ, როდეს გაეყოთ ქვეყნები, პირობა დაედვათ რომე არღარა იყოს ბრძოლა ერთმანერთშია, და ამისთვის არ აჰყვა ხონთქარი და მოსცა სარჩოდ სანჯახები, და მრავალი წყალობა უყო და გამოისტუმრა და წარმოვიდა ბატონი თეიმურაზ. მას ჟამსა იყვნენ ხონთქრის მამულში მრავალნი ჯალალნი. განდგომილნი ხონთქრისანი, დახვდენ ბატონს თეიმურაზს წინა. და ამას ახლდა შვიდასი კაცი, და იგინი იყვნენ ურიცხვნი, და მრავალნი შემოებნენ ბატონს თეიმურაზს. მისცა ღმერთმან გამარჯვება და ბატონს თეიმურაზს გაემარჯვა. და ამოსწყვიტა მრავალი ჯალალი.
ერთსა დღესა შვიდჯერ შეებნენ და შვიდჯერვე ამას გაემარჯვა: ასე მოუმართა ღმერთმან ხელი, რომე შვიდასი კაცი ახლდა, არც ერთი არ დაჰკლებია, და მათი მრავალი ამოსწყვიტა. და მოვიდა გამარჯვებული ცოლსა და შვილშია. და მცირესა ხანსა უკანა წარვიდა გონიას და იქ იყოფებოდა.
და ამა ჟამსა შინა მოკვდა ბატონი საბარათიანოსი ბაგრატ, ძე დავითისი, ქრისტეს აქეთ [....] და მიესმა შააბაზს სიკვდილი მისი, რამეთუ არა ჰქონდა იმედი ფეიქარხან, რომელი იჯდა კახეთს, რათამცა მას კეთილად გაერიგებინა საქმე კახეთისა და საქართველოსი.
მაშინ მოურავი დიდს ხანს ახლდა შააბაზს გვერდსა და მრავალი ემსახურებინა მოურავსა. და დაანდო გული და წყალობაც მრავალი ექნა, იცოდა, რომ მოურავმან ჩემს იქით არა იცის რაო. და უბრძანა მოურავს: „მნებავს წარსვლა შენი საქართველოში და თანა წარგატან ყარჩიხა-ხანს სპითა მრავლითა და ძესა ბაგრატისასა, პატარა სვიმონ-ხანს, წარვედ და მივედ პირველად და მოაოხრე სრულიად კახეთი და იავარ-ყავთ და მოსარ პირითა მახვილისათა ქართლი, აჰყარე და ჩამომისხი აქა“. აღუთქვა ნიჭი დიდი და საბოძვარი მრავალი.
ამას შინა გამოხდა ხანი მრავალი და იყო მოურავი იქვე. მას ჟამსა იყო ვინმე ისპაანს, ხოსრო-მირზა სახელით, და ესე ხოსრო-მირზა იყო ხარჭისაგან ნაშობი დავით მეფისა, ძმისა დიდის სვიმონ მეფისა.
ოდეს წარსულ იყო ესე დავით შააბაზ ყაენთანა, მაშინ წარიყვანა წავკისიდამე ქალი ერთი და ეპყრა ხარჭად. და ვითარცა მიდგომილ იქმნა დედაკაცი იგი დავითის მიერ, შვა ძე და უწოდა სახელად ხოსრო-მირზა. ხოლო ოდეს წარმოგზავნა ყაენმან დაუთხან საქართველოში, იქ დაშთა ყრმა იგი მცირე ხოსრო-მირზა და დედა მისი. და იყო ობლად ესე ხოსრო-მირზა და არავინ იყო მწედ მისა, გარდა დედისა მისისა. და შექმნილიყვნენ ორნივე დედა-შვილნი სჯულითა მაჰმადიანნი და იყოფებოდენ დიდად გლახაკად და უღონოდ ყოვლისავე საქმარისაგან.
მაშინ მოვიდა ესე ხოსრო-მირზა მოურავთანა და მცირედი რამე მოართვა მოურავსა. ხოლო მოურავმან რა იხილა ხოსრო-მირზა, წარმოუდგა ფერხზედ, დაუცალა ადგილი თვისი, მიიყვანა და დასვა იგი და პატივ-სცა დიდად. ხოლო იყო მოურავი მაშინ ყაენისაგან დიდად პატივცემული და მორჩილებდენ სულად ყიზილბაშნი და გვერდს ახლდენ მრავალნი იხილეს რა ყიზილბაშთა ესევითარი პატივისცემა ხოსრო-მირზასი, ჰკითხეს მოურავსა: „ვინ არს კაცი ესე, რომელსა ესრე დიდად პატივ-ეცო“. ხოლო მოურავმან აუწყა მათ, ვითარმედ: „ესე არსო ძე დაუთხანისა, პატრონისა ჩემისაო“. მაშინ სცნეს ყიზილბაშთა ესე და უპყრობდენ დიდსა პატივსა ხოსრო-მირზას. მაშინ დიდად კეთილსა უყოფდა ყაენი ხოსრო-მირზას და მისცა მოურაობა ისპაანისა და ჰყვანდათ ესე მეტოქად ქართლის ბატონისა.
მეფე სვიმონ (II)
და გაემზადა მოურავი, წარმოვიდა და გამოატანეს მეფე სვიმონ პატარა თანა. და მოვიდენ ქართლსა ლაშქრითა მრავლითა და იღწვიდა მოურავი საქმესა მას რომელ ჰქონდა უწყებული ყაენისაგან. და ოდეს გამოგზავნა მეფე სვიმონ ყაენმან, მაშინ მისცა ყაენმან ასული ყორჩიბაშისა ცოლად და წარმოატანა თანა. და იყო ქალი ყორჩიბაშისა, შვილისშვილი ყაენისა, სახელით ჯანბანუმ. და ოდეს მოვიდეს საქართველოშია, და შემოეყარნენ ქართველნი, და რა ნახეს ქართველთა ჯარისა სიმრავლე, მაშინ იფიქრეს და თქვეს: „ესე საქმე მიზეზი რამე არის ამდენის ურიცხვის ჯარისა გამოგზავნა“. ხოლო მოურავმან დაუფარა და შეიჯერა ფიცითა დიდითა, ვითარმედ: „ამა ჯარისა სიმრავლე საქართველოსათვის არ არის საზიანო, ნურცარა ფიქრი გაქვსთ, თქვენი საქმე მე დამადევითო. მაშინ დააჯერეს გული ქართველთა, წარვიდენ და დადგნენ მუხრანს.
ხოლო გაგზავნეს კაცნი და იხმნეს კახნი. და შემოეყარნენ კახნი ღართისკარზედა. ქმნა მოურავმან ბოროტი დიდი: გამოავლო ყარჩიხან თეჯირი კარავსა თვისსა და დაჰპატიჟა: „მოვიდენ კახნი და ხალათებს მივსცემო“. და მიადგნენ კარსა კახნი, შეიყვანდენ კახთა და მოსჭრიდენ თავსა, ხოლო გარეთ-მდგომთა კახთა ეგონათ ხალათის ძლევა და იქ დასხდომა მათი. მრავალთა მოსრვისა შემდგომად სცნეს კახთა საქმე ესე და გაიკრეს ხრმალს ხელი, და თათარნი კი დაერიდნენ. და გამოიქცენ კახნი და კნინღა და მცირედნი განერნენ.
ხოლო შემდგომად ამისსა იყვნენ ხანსა რასმე მუხრანსა და იყვნენ მზადებაშია, რამეთუ სწადდათ აყრა ქართლისა. ჰქონდა მოურავს ჩვეულება, წარვიდოდა და მოუტევდა ქორსა. დღესა ერთსა კვლავ განვიდა ქორის მოსატევად ხევსა ლოჭინისასა და ნახა, რომე ერთი შათირი მოვიდოდა, და იცნა ყაენის შათირობაზედ. უხმო მოურავმან შათირსა მას მისვლად მის თანა, ხოლო შათირმან არ უსმინა, და, ვინათგან არამორჩილ ექმნა შათირი იგი, მიეწია ცხენითა და შეიპყრა იძულებით გაჩხრიკა და უნახა წიგნი. წაიკითხა და ესრეთ ეწერა ყარჩიხავხანთანა ყაენისაგან, ვითარმედ: „რაჟამს მოსრათ კახნი, აჰყარეთ ქართლი და წამოასხით, ხოლო მოურავს უღალატე, მოსჭერ თავი და გამომიგზავნე“. და რა წარიკითხა მოურავმან ესე, მაშინ შათირი იგი მოკლა. აღუხდა სიცრუე მისი თხემსა მისსა ზედა. შეწუხდა დიდად და ეძიებდა ღონესა რასმე. მას ჟამსა იყო ნუგზარ ერისთავი მოყვარე და მოყვასი მოურავისა. და ეპყრა ძესა მისსა ზურაბს ერისთობა, და ცოლი ზურაბ ერისთავსა ისპაანს დარჩომოდა და შვილი პაატა მოურავსა იქ ისპაანს დარჩომოდა. მაშინ მოურავმან უთხრა რჩევით ზურაბს, რომე „მოდი ქართლს ნუ ამოვსწყვეტთო, თორემ სულიც დაგვეკარგვისო და არც ჩვენ დაგვინდობენო; მრავლის ლიქნითა და სიტყვის რჩევითა და მრავლის ცდილობით დასთმო ზურაბ ცოლი თვისი და მოურავმან შვილი თვისი პაატა დასთმო.
მაშინ, ოდეს შეიჯერა ზურაბ მოურავმან, ურჩია მოურავმან ყარჩიხა-ხანს, ვითარმედ: „გავგზავნოთ ანდუყაფარ ამილახორი და ზურაბ ერისთავი და დავიბაროთ სრულიად ქართველნი, დავიპყრათ და გაუგზავნოთ ყაენსა“. მაშინ დაჰყვა ყარჩიხა-ხან და გაგზავნეს ანდუყაფარ ამილახორი და ზურაბ ერისთავი და სხვანი ქართველნი და დაიბარეს ქართველნი და იქმნეს იქ. ხოლო არავინ უწყოდა, გარდა მოურავისა და ზურაბ ერისთავის მეტმან. და წარმოვიდა ზურაბ ერისთავი და ამილახორი ანდუყაფარ, დააყენა თვისთა თანა მოურავმან პაატა ხერხეულის-ძე და ძე მისი ავთანდილ, ელია დიასამიძე და პაპუნა ვაშაყის შვილი, ხოლო ზურაბ და ანდუყაფარ მოვიდნენ და დადგნენ პირსა არაგვისასა. მაშინ გაგზავნეს კაცნი და იხმნეს სრულიად ქართველნი იქ, და ვითარცა მოვიდნენ ქართველნი, მაშინ ზურაბ ერისთავმან იდუმალ მოიხმო ქართველნი და უთხრა რა ესრეთ, ვითარმედ: „ჩვენ შააბაზ ყაენისაგან ასრე გვაქვს დაბარებულობა, რომე კახნი ხომ დავხოცეთ და ქართველნი ვინცავინ ხართ, აგყაროთ და ყაენს გაუგზავნოთ. და აწ ჩვენ ამას ვარჩევთ, რომ ქვეყნის გაოხრება სწადიანთ ყიზილბაშთა და მოდი შევიფიცნეთ, მივიდეთ და ამოვსწყვიტოთ ყიზილბაშნი და ნუ წავახდენთ საქართველოსა“. ხოლო ანდუყაფარს არ ენდობოდნენ, რამეთუ ცოლად ჰყვანდა დაჲ სვიმონ მეფის ცოლისა და ნათესავი ყაენისა, და თვითცა მაჰმადიანის სჯულზედ მისულიყო და დიდად იჭირვოდა ყიზილბაშთათვის და დიდად ერთგული იყო. და რა ესმა ქართველთა, განცვიფრდენ დიდად და შეწუხდენ და მისცეს ზურაბ ერისთავსა პირობა და შეჰფიცეს საშინელად, რომ „რასაც თქვენ გვიბრძანებთ, იმას ვიქთო“. და რა შეიფიცნენ, რადგან არ ენდობოდნენ ამილახორს დაიჭირეს და ცოლშვილით არშის ციხეში გაგზავნეს და იქ დაატყვევეს.
და მაშინ შეიყარნენ ქრთველნი და ზურაბ ერისთავი, აცნობეს დიდს მოურავსა და მივიდნენ გათენების ხანსა. დაესხნენ ყიზილბაშთა. ხოლო მოურავი დიდად სახელოვნად იყო მას ღამესა: მივიდა მოურავი და მოკლა თვით შუბითა ყორჩიხა-ხან, და შვილმან მისმან ავთანდილ მოკლა ყორჩიბაშის შვილი. და დაუშინეს, ამოსწყვიტეს ქართველთა სრულიად ყიზილბაშნი. ესრეთ მისცა ძლევა ღმერთმან ქართველთა და გაემარჯვათ: ამოსწყვიტეს, გააქცივეს და იქმნა გამარჯვება დიდი. და რა გაიქცნენ ისინი, მაშინ გამარჯვებულნი ქართველნი წარვიდენ ფეიქარხანზედ, რომელი იჯდა კახეთს, რამეთუ ამას ფეიქარ-ხანს ჰყვანდა ცოლად ბატონიშვილი ლელა. და უნდოდათ დასხმოდენ თავსა ფეიქარ-ხანს და ის მოეკლათ, და ბატონიშვილი ლელა გამოერთმიათ და ზურაბ ერისთავისათვის მიეცათ. და რა წარვიდენ, მაშინ იგრძნა ფეიქარ-ხან და წარვიდა გაქცეული გამოუდგნენ და სდივეს ბარდამდი და ვერღარა მოეწივნენ. მაშინ მოარბივეს ქართველთა ბარდა და განძა, და იავარ-ყვეს და იშოვეს მრავალი, და წარმოვიდნენ და წარმოიღეს. და გაუგზავნეს ბატონს თეიმურაზს კაცი გონიას და იხმეს თეიმურაზ. მოიყვანეს და კახეთს გააბატონეს.
ხოლო მაშინ განმგედ ქართლისა დაადგინეს დავით მეფის ძის შვილისშვილი ქაიხოსრო, მუხრანის ბატონი, და არც განმგეობითა ემორჩილებოდენ მათ, არამედ თვის-თვისად უფლობდენ ქართლის თავადნი.
და იყო მაშინ თავი და უფროსი კაცი მოურავი და ყოველნივე ქართველნი მას მორჩილობდენ, რამეთუ თვით ზურაბ ერისთავი და ვინცავინ დიდი კაცნი იყვნენ ქართლისანი, დიდს მოურავს ქეშიკში უწვებოდნენ და ყმურად მონებდენ მას.
და ამის ჟამსა შინა დაემძახა ზურაბ ერისთავი ბატონს თეიმურაზს. და მისცა ასული თვისი დარეჯან ზურაბ ერისთავსა ცოლად. რამეთუ ესე ზურაბ ერისთავი გაეზარდა მოურავსა პატარა ყმაწვილი და იყვნენ ერთმანერთისათვის დიდად ერთგულნი და უწყოდენ, უკეთუ ესენი ერთმანეთს გაეყრებოდენ, მაშინ წახდებოდა საქმე ამათი და ამისთვის მორჩილობდენ ერთმანერთსა.
და რა მიესმა საქმე ესე შააბაზს, დაჭერა ამილახორისა ანდუყაფარისა და ცოლისა მისისა და ციხეში შეგზავნა, განრისხდა ფრიად და წარმოავლინა ისახან ყორჩიბაში დიდითა მძლავრობითა წარმოვიდენ, მოვიდენ და დაიბანაკეს ალგეთზედა. მაშინ შეიყარნენ ქართველნიცა და კახი ბატონი თეიმურაზ შეყრილი კახითა და მოვიდნენ და დადგენ კოჟორზედა და წარვიდენ ქართველნი.
და მას ჟამსა შინა ხვანთქარი გასწყრომოდა მანუჩარ ათაბაგსა და ვეღარ დაუდგა ურუმსა. მაშინ წარდმოვიდა ახალდაბას სამასის კაცითა. და რა სცნა საქმე ესე მანუჩარ ათაბაგმან, მაშინ წარმოვიდა სამასისა რჩეულისა კაცითა და შემოყარა. და განიხარეს ქართველთა და კახთა სიხარულითა დიდითა, წარვიდნენ და მივიდნენ, განთიადს დაესხნენ ყორჩიბაშსა. და შეეტყო მათცა და წინათ თოფხანა გამოეყენებინა და, რა მივიდნენ ქართველნი, დაუშინეს თოფი და ასეთი კვამლი დადგა, რომ იმათი ჯარი ვეღარ დაინახეს. რა გარდიყარა კვამლი, შეუტივეს ქართველთა და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და მოისრა ყიზილბაშნი თოთხმეტი ათასი, ქართველნი და კახნი ცხრა ათასი და მოუკვდა ზურაბ ერისთავს ცხრაასი. თავთაგან მოკვდა მაშინ აღათანგი ხერხეულიძე და მისი სახლისკაცნი შვიდნი და ბაადურ ციციშვილი, და კახი დავით ჩოლაყაშვილი შვიდი მოკვდა და ცხრა მაჩაბელი და სხვა აზნაურშვილი და მსახური და გლეხი მრავალი ამოსწყდა. და გაემარჯვა ქართველთა და გაიქცნენ ყიზილბაშნი, და სდიეს ვიდრე გატეხილ-ხიდამდე, დახოცეს ურიცხვი. ხოლო მაშინ ზურაბ ერისთავი შუბლზედ დაკოდილი იყო, თოფსა გარდაეკრა, და უსუსტდებოდა გული მეფემან და მოურავმან და სხვათა თავადთა ნახეს იგი და მოუცადეს.
მაშინ შაბადა-ხან თავისის ჯარითა წინწყაროს მდგარიყო და წარმოსრულიყო და მოვიდა ნაომარზედა, დახედა და ნახა, რომე ესე მცირედი კაცი ერთს ადგილს. შეყრილიყვნენ და იდგნენ ქართველთაგანი, და იცნა შაბადა-ხან. მაშინ შემოუტია და შეექნათ ბრძოლა ძლიერი, უმეტესი პირველისა, და იბრძოდენ ქართველნი ფიცხად. და მას დღესა ბატონმან თეიმურაზ დაამტურია ყოველი საბრძოლო იარაღი და აღარა შერჩომოდა რა და ბეჭდებიცა დაემტურია კაცზედა, და იმდღინდელი მოურავის ნაქმარი ომი და საქმეები პირველთა გმირთაგანცა არა თქმულ არს, რაც იმ დღეს მოურავმან სახელი და ომი ქმნა. და ძლიერად შეიბნენ მან აღათანგი ხერხეულიძე და კახი ასლანისშვილი დავით და ორნივე დაიხოცნენ იქ. და შემდგომად ამისა ძლიერად შეიბა მუხრანის ბატონი თეიმურაზ, ძმა ქაიხოსროსი, და მოკლეს იგიცა იქ და რა მოკლეს თეიმურაზ მუხრანის ბატონი, დაიძახეს თეიმურაზ მოკლესო. და მაშინ რა ესმა ესე ქართველთა, ეგონათ თუ ბატონი თეიმურაზო მოკლესო, და მაშინღა დამაშვრალნი ქართველნი ივლტოდენ და გაიქცენ.
ხოლო ათაბაგი და ყმანი მისნი დიდად მხნედ და ძლიერად ომობდენ. და ნახა ათაბაგმან ამირგუნა-ხან ერევნის ხანი, გამზრდელი თვისი, შეუტია და დაჰკრა თავსა თაჯიანსა ხრმალი, თაჯი გაუპო. თავსა დიდი შეჰკუეთა და ჩამოაგდო. შემოსძახა ამირგუნა-ხან: „ნამაქაფარმო, რასთვის მომკლაო, ხომ მე გამიზრდიხარო“. მაშინ, რა ესმა ათაბაგსა, გაუშვა, წარვიდა და ივლტოდა. და რა ეს ნახეს ყიზილბაშთა, მაშინღა გამობრუნდენ და თვით ყორჩიბაშიცა გამობრუნდა და მოვიდა პირველსავე მას ნაომარსა.
ხოლო ბატონი თეიმურაზ და ქართველნი შეიქცეს თვის-თვისად, და რა მივიდა მოურავი ნოსტევს. მაშინ შემოიყარა, რაღაც გარდარჩომოდა, ჯარი თვისი. და მას ჟამსა გამოსულიყვნენ ქალაქის ციხიდამე მარბეველნი თარეშნი თათარნი და ლისი მოერბიათ. მაშინ წარვიდა მოურავი, რამეთუ ლისი იმისი იყო, ბატონის წყალობა, მივიდა მოურავიცა სამოცის კაცითა და შეება გულ-მესისხლედ, და ამოსწყვიტა. ღმერთმან გამარჯვება მისცა და მოსრა კაცი შვიდასი, გააქცია და ამოსწყვიტა და ცოლშვილს კაცი უჩინა და სამცხეს გაგზავნა. თვით განვიდა, წიწამურის გზები ჩახერგა და ღართის კარიცა შეუკრა თვით და იქ მომავალნი ყიზილბაშნი დახოცა და ამოსწყვიტნა და ამის ცდაში იყვნენ ყიზილბაშნი, რათა, ანდუყაფარ ამილახორის ცოლი რომ არშას ციხეში იყო, ის ქალი ყაენის შვილისშვილი იყო, სვიმონ მეფის ცოლის დაჲ იყო, და იმისი გამოყვანა უნდოდათ და დაუწყეს ზურაბს ლაპარაკი, რომ ის ქალი მოგვეცო; რამეთუ მაშინ ის ქალი არშას ციხეში ჰყვანდათ, რომელ არს ციხე ხევისა, და დაუწყო ყორჩიბაშმან ზურაბ ერისთავს ლაპარაკი: „გზა მომეცო, ჯარს გავგზავნი და იმ ქალს გამოვიყვან და წავალ ჩემთვინაო“. მაშინ საფიცარი მისცა ზურაბ ერისთავმან, რომ გზას დაგანებებ და არას დაგიმარცხებო, შევლით ჩემს მამულზედ შეიარეთო და ჩამოვლით ქსანზედ წამოდითო, რომ ჩემს მამულს დიაღ ძალი დაემართებაო.
მაშინ ყორჩიბაშმან უთავა ჯარს ხოსრო-მირზა, რომელი პირველ ვახსენეთ წარვიდენ, შევლეს. და გამოიყვანეს და გარდმოვლეს ლომისა და ენება ქსანზედ ჩამოვლა.
მაშინ პირობა მისცეს ზურაბ ერისთავმან, იესე ერისთავმან და მოურავმან გიორგ და ერისთავის ძმამან, და შეკრეს ქსანზე გზები, დაუხვდენ და ამოსწყვიტეს ასე, რომე იმისთანა გამარჯვება არა თქმულ არს. მოსრეს ესრეთ, რომე ქსანი შეიღება სისხლითა და სისხლის ფერად დიოდა. და მაშინ კარგად იყო ხოსრო-მირზა: ხოლო ქალი ვერ წაართვეს, სხვანი ჯარნი და სპანი ამოსწყვიტნეს და სძლად წაართვეს სალარო და ბარგი. მოვიდა ხოსრო-მირზა და მოიყვანა ქალი ყორჩიბაშთანა.
მაშინ მოურავი წავიდა სამცხეს, ცოლსა და შვილს მიეპატრონა. წარმოვიდა ყიზილბაშის ჯარი და მოიცვეს საბარათაშვილო და სომხითი, მოითარეშეს და იყვნენ.
ხანსა რაოდენსავე უკანა გაგზავნა ყორჩიბაშმან ჯარი მოურავის თავს დასასხმელად. მაშინ მოურავი მთაზედ იყო სანადიროდ და გარდმოხედა და ნახა ყიზილბაშის ჯარი, რამეთუ ასპინძა ავსილიყო ჯარითა. მაშინ შემოუტივა მოურავმან და მისცა ძლევა ღმერთმან და ამოსწყვიტა თათრის ჯარი, მრავალი იმათიც დააყრევინა, თვარემ ამათი ვერა წაიღეს რა და წავიდნენ გაქცეულნი.
მაშინ ხერთვისის ციხე და სხვანი რაოდენნიმე სამცხის ციხენი ყიზილბაშთა ეჭირა, მივიდა მოურავი და აღიღო ციხე ხერთვისისა და სხვანი ციხეები და შინამყოფნი ყოველნივე ამოსწყვიტა. და მაშინ გაგზავნა ქავთარის შვილი გიორგი ხვანთქართანა და შეუთვალა, ვითარმედ: „ესე ციხეები ყიზილბაშს ეჭირაო და აწ მე წამირთმევიაო, გამოგზავნეთ ჯარი თქვენი და დააყენეთ ციხეებსა ამას შინაო“. ხოლო ხონთქარმან დიდად დაუმადლა და მრავალი წყალობა გამოუგზავნა და გამოგზავნა ენიჩრები და დააყენა ციხეებსა მას შინა.
ხოლო ყორჩიბაშმან გაამაგრა ციხე ტფილისისა და დააგდო იქ სვიმონ მეფე, ქრისტეს აქათ ჩ~ქკჱ, და თვით ყორჩიბაში გაბრუნდა, წარვიდა და წარიყვანა ქალი თანა. და ვითარცა წარვიდა ყორჩიბაში, სვიმონ მეფე ვერ გამოვიდოდა ციხიდამე და ვერცა პატრონობდა ქართლსა.
მაშინ კვლავ მოვიდა მოურავი და ზურაბ ერისთავმან კვლავ დაიპყრეს ქართლი და დასვეს კვლავ მუხრანის ბატონი ქაიხოსრო უფროსად, და იგინივე პატრონობდენ და და უფროსობდენ ქართლსა.
და ამა ჟამში მოკვდა შააბაზ. მაშინ ხოსრო-მირზა, ქართლში რომ კარგად ყოფილიყო და ბევრს გარჯილიყო, მისად მაგიერად მიეცათ ყულარაღასობა და იყო ყულარაღასი, ხოლო, და შააბაზ მოკვდა მაშინ აირივნენ ყიზილბაშნი და კარის ბეგლარებს სწადოდათ ერანის აშლა. ხოლო ამა ხოსრო ყულარაღასმან გაამაგრა კარი და გამოიყვანა შვილი შააბაზისა შაჰ-სეფი და დასუა ყაენად, და მოუდგა თვით და გაუმაგრა კარი და დარჩა დიდად ერთგულად ყაენზედა. და იყო ყაენი მწყალობელი მისი.
ხოლო განდიდნა ზურაბ ერისთავი და არღარა უდებდა მოურავსა თავსა და სიძეცა იყო ბატონის თეიმურაზისა, ამისთვინცა დიდობდა. იწყინა მოურავმან მისი თავს-დაუდებლობა და ამანაც აღარა ახსენა. და ამაში შეექნათ შური დიდი და მტერობა: ზურაბ ბატონს თეიმურაზს მიუდგა, და მოურავი ქაიხოსროს, გამგებელსა ქართლისასა, და ქართლი სულად შემოუყარა ქაიხოსროს მოურავმან. და არა მორჩილ ექმნეს ესე ორნი ერისთავნი ზურაბ და ამილახორი იოთამ, და იყო განდგომილება ურთიერთას შორის. ხოლო წარგზავნა მოურავმან კაცი და ითხოვა შეწევნა იმერეთის მპყრობელის გიორგისაგან. შემწე ექმნა და წარმოსცა გიორგი სპანი თვისნი.
მაშინ საათაბაგოს საფარ-ფაშა იჯდა, რამეთუ მანუჩარ ათაბაგი ოდეს ქართლად იყო, მაშინ წარვიდა ხონოქართანა. და შეეწყალებინა ხონთქარსა და მიეცა საათაბაგო თავისის სულითა, და ოდეს გაბრუნებულიყო, მაშინ წინ დახდომოდა საფარ-ფაშა მანუჩარ ათაბაგსა, და იყო ნათესავიცა მანუჩარისა. ხოლო მალვით მოეწამლა და მოეკლა ათაბაგი და თვით წარსულიყო საფარ-ფაშა და გათათრებულიყო. და მოეცა საათაბაგო საფარ-ფაშისათვის. წარმოვიდა და მოვიდა საათაბაგოში. რომელნიმე მაშინ თავადნი გათათრებულიყვნენ ათაბაგისანი, და, რა ესე საფარ-ფაშა მოვიდა, სრულიად გაათათრა, რანიცა თავადნი იყვნენ ქრისტიანენი. ამიერითგან იყვეს თათრობა და ამას. საფარ-ფაშას სთხოვა მოურავმან ჯარი და ათხოვა.
მაშინ ბატონი თეიმურაზ და ზურაბ ერისთავი ერთად იყვნენ დუშეთს სახლსა ზურაბ ერისთავისასა. და შემოიყარა მოურავმან ჯარი, მივიდა დუშეთს ბატონს თეიმურაზზედ, რამეთუ იყვნენ კახნი სრულიად იქ და ზურაბ ერისთავის ლაშქარი და საამილახორო. და შეიბნენ ბაზალეთს ფიცხელად ასრე, რომე არა დარჩა კაცი, რომ არ დაიჭრა, და მრავალნი თავადნი დაიხოცნენ და თვით ბატონი თეიმურაზიცა დაიჭრა მას დღესა. და დაუმარცხდა მას დღესა მოურავსა და თვით მოურავიც დაიჭრა, წარმოვიდა ცოლი ქაიხოსროს გამგებელისა, ძმისა მისისა თეიმურაზისა, და ძე მათნი იმერეთს გავიდენ. ცოლი მოურავისა და ძენი მისნი სამცხეს გარდავიდნენ და თვით მოურავი და ქაიხოსრი, გამგებელი ხონთქართან წარვიდენ.
და უყო მოურავს ხონთქარმან წყალობა და მისცა სანჯახები. და დააყენა მოურავმან ცოლი და შვილი მისი იორამ იქ სანჯახშია. ხოლო მოურავმან გმო სჯული თვისი და იქმნა მაჰმადიან და სთხოვა ჯარი ხონთქარსა და დააპირა, რომ წავალ და დავიჭერ ქართლსაო და სულ გავათათრებო და დაგამონებ ყმათაო, ხონთქარი მაშინ ყაენის გარიგებული იყო და უთხრა ხონთქარმან: „ერთი ქვეყანა მაქვსო დამდგარიო და იმაზედ გაგაყენებო და, თუ იმაზედ გაგემარჯვება და დაიჭერო, მას უკან მაგასაც გაგირიგებო“. გაგზავნა და გაატანა აზამ ვეზირი თანა დიდის ჯარითა. რა მივიდნენ, მუნცა დიაღ კარგად იყო მოურავი: შეება და გაიმარჯვა.
აზამ ვეზირს ხონთქრის დაჲ ჰყვანდა ცოლად, და, რა ესე ამბავი მოუვიდა ხონთქარსა, იამა დიდად და დიდი სახელი და ხმა დაუვარდა მოურავს. მაშინ იწყინა ხონთქრის დამან, რომელი ედგა ვეზირსა, და მისწირა წიგნი: „როგორი საქმე არის და ან როგორ გეკადრებაო, სულ მოურავის სახელი მოდის და შენი არაო“. მაშინ უღალატა ვეზირმან: დაჰპატიჟა და ღალატით მოკლა მოურავიცა და შვილებიცა და გამგებელი ქაიხოსრო და, რაცა ჰყვანდა, ყოველივე ამოუწყვიტა. ერთი შვილი ახლდა თანა ავთანდილ, მოუკლეს იგიცა მაშინ თან ახლდა გორგასალ და შვილი მისი ბეჟან, და წააყენეს ბეჟან სასიკვდილოდ. მაშინ შეეხვეწა და ქრთამი მისცა იასაულს, რომ მაგ ჩემს შვილს კი ნუ მოკლავ და მე მომკალო, ჩემი თავი ანგარიშში გაგეთულებაო და მაგას ნუ მომიკლავო. მაშინ ისმინა მტარვალმან და არღარა მოუკლა შვილი, თვით გორგასალ მოკლა: თავი მოსჭრა, მიიტანა და ანგარიშში გააროინა. ბეჟან მორჩა და წარმოვიდა.
ხოლო ცოლი მოურავისა და შვილი მისი იორამ დარჩა აზრუმს ქვეყანსა, ხოლო ძენი მუხრანის ბატონის თეიმურაზისანი და ქაიხოსროსანი წარმოვიდნენ იმერეთიდამე და მოვიდნენ. მუხრანს რა სცნა ბატონმან თეიმურაზ ამათი მოსვლა მუხრანს დაუწყო მტერობა და არა დაანებეს მშურანი, და იყვნენ ერთს გლახაკის კაცისა ღარიბად და გლახაკობითა. ამა ჟამსა შინა უფრო განდიდნა ზურაბ ერისთავი და არღარა დაუდვა ბატონს თეიმურაზს თავი და ამას შინა დაუწყო საქმობა სვიმონ მეფეს პატარასა და იყო სვიმონ მეფე ციხესა შინა ტფილისისასა. და მისცა ზურაბ ერისთავმან საფიცარი დიდი და გამოიყვანა ციხიდამე და მოუდგა ზურაბ ერისთავი და გააბატონა და მოუყენა ქართლი. და წამოიყვანა ზემო ქართლს და იქ იყოფებოდა. მაშინ სვიმონ მეფე მამასა ეძახდა ზურაბს და იყო მისი მორჩილი და არას იქმოდა მის გარდავალსა.
და რა ნახა ბატონმან თეიმურაზ საქმე და განდგომილება ერისთვის ზურაბისა, მოკლებულ იქმნა ძალისაგან და არა სადა ჰქონდა მისალტოლველი. მაშინ წინა. აღრჩევით განიგულა წარსვლა ყაენთანა, განემზადა და წარვიდა, და შთავიდა უფადარს, იქითგან აღწერა ქარტასა ზედა წარმომთქმელმან ესრეთ: „არა ჯერ არს განწირვა სიძისა მიერ სიმამრისა, ვინათგან შვილი ხართ და სიძე ჩემი. და აწ მე წარვსრულვარ ყაენთან, ამიერითგან ვიხილო ერთობა თქვენი და მეფის სვიმონისა“.
და ვითარცა ესმა ზურაბ ერისთავსა სიტყვა ესე და წარსვლა ბატონის თეიმურაზისა ყაენთანა, განიზრახა თვისაგან, რამეთუ ესრეთ იყო წადილი ზურაბ ერისთვისა, რათამცა ბატონი თეიმურაზ კახეთსა ზედან უფლებდეს, და სვიმონ მეფე ქართლსა ზედა; და თვითონ ორთავე ზედა კადრებდეს და ვერარას მოქმედებდენ გარდა მისსა, და მოსწრაფე იყო წარმართებასა საქმისა თვისისასა, და, უკეთუ რომელიმე არა იყოს ნებისმყოფელი მისდა, იგი მეორე მეტოქად ეპყრას, და, რომელიცა არს მორჩილ მისდა, იგიცა იყოს უფალ მისა და არს საქმე ესე წინააღმდგომი ბრძანებისა ღმრთისა, ვითაცა იტყვის: „ვერ ხელ ეწიფების ორთა უფალთა მონებად“.
და ვითარცა სარწმუნო იქმნა წარსვლასა ბატონის თეიმურაზისასა, მაშინ იზრახა ზრახვა ბოროტი, წარსაწყმედელი თავისა თვისისა, შურითა ეშმაკისათა, და აღდგა მკვლელდ მეფისა სვიმონისა: და მძინარე სარეცელსა ზედა ღალატად მოკლა იგი, წარკვეთა თავი და წარსცა ბატონს თეიმურაზს, და აქა დასრულდა თესლი დიდის მეფის ლუარსაბისა. ხოლო ზურაბ ერისთავმან, რა წარგზავნა თავი მისი, და მიიყვანა ბატონი თეიმურაზ და უფალ-ყო ქართლსა და კახეთსა ზედა.
და ვითარცა გამოჰხდა, მცირედი ხანი რამე, მაშინ მოიხსენა ძვირი იგი წახეთისა სულთნისა ბატონმან თეიმურაზ, რამეთუ მას ჟამსა ოდეს შააბაზ ყაენი მოიწია იავარყოფად კახეთისა და მოაოხრა სრულიად კახეთი, მაშინ თანა-მწე ეყო სულთანი იგი წახეთისა და ქმნა მრავალი ბოროტი მან კახეთსა ზედა. ამისთვის იდუმალ მოუწოდა სპათა ქართლისა და კახეთისათა ბატონმან თეიმურაზ, განილაშქრა და წარემართა წახეთსა ზედა, და, ვითარცა მიიწია ალონსა შინა, უბრკმამჯდომარე იყო ბატონი თეიმურაზ, და იქმნა მომტეხელ ხელისა და თვით ვერღარა ეძლო და უთავა ზურაბ ერისთავი და გაატანნა სპანი თანა. და წარვიდეს და მიიწივნეს უგრძნობელად და დაესხნეს თავსა სულთანსა წახეთისასა, და მოსრეს პირითა მახვილისათა ყოველნი იქ მყოფნი, მოაოხრეს და იავარ-ყვეს ყოველივე სანახები და თემნი სულტანისანი და თვით იგიცა სულტანი შეიპყრეს და მოკლეს და წარმოიღეს. მრავალი ნატყვენავი და იავარი მათი, შემოიქცეს გამარჯვებულნი და მოვიდეს ბატონს თეიმურაზსა თანა. და იამა ბატონს თეიმურაზს და დიდად მხიარულ იქმნა.
და ამას შინა გამოჰხდა ჟამი რამე და მოიქცნა პირველი ძვირი ზურაბ ერისთვისა და ჰქონდა შურია მისთვის ფრიად და იმარჯვებია ჟამსა, რათამცა ბოროტი რამე შაჩვენა და განიგულა სიკვდილი მისი, და არა რიდა სიყვარულსა სიძისასა და არც ქვრიობასა ასულისა თვისისასა დარეჯანისსა. მაშინ ბატონი თეიმურაზ იყო მუხრანსა და იქ ლამობდა ღალატსა ზურაბ ერისთვისასა; მაშინ მოუწოდა ბატონმან თეიმურაზ სარწმუნოთა მონათა თვისთა და განუცხადა საიდუმლო გულისა თვისისა, წარმომთქმელმან ესრეთ: „ვინათგან ესრეთ განდიდნა ერისთავი ზურაბ და არავისი ნებავს უფლება ქართლსა და კახეთსა ზედა და, რომელი უნებს, დააყენებს და, რომლისაცა არა უნებს, რომელსამე მკვლელ ექმნების და რომელსამე განაძებს, და აწ მნებავს სიკვდილი მისი და თქვენ დაიდუმეთ საიდუმლო ესე და, რომელსა მე ჟამსა გამცნო სიკვდილი მისი თქვენ ნუ ურჩ მექმნებითო“.
და ესრეთ განამტკიცნა მონანი თვისნი და წარავლინა კაცი და უხმო ზურაბ ერისთავსა. და მოვიდა იგი, იშვებდენ და ლხინობდენ, და ვერა აგრძნა ერისთავმან. და დღესა ერთსა მსხდომარე იყვნენ მონანი მისნი, მაშინ წამ-უყვნა ბატონმან თეიმურაზ. ხოლო მათ აღიღეს მახვილები უგრძნობელად ერისთვისა და ინახით მჯდომარესა უღალატეს და მოკლეს. და აღსრულდა ბრძანება უფლისა მის ზედა, ვითარმედ: „რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითაცა წარწყმდეს“. და იძია შური ბატონმან თეიმურაზ, წარვიდა დუშეთს და წარმოიყვანა ასული თვისი დარეჯან, მოვიდა და დადგა მუხრანს.
მაშინ განიზრახა მზახობა იმერეთის მპყრობელსა გიორგის ძის ალექსანდრესათვის, რამეთუ გიორგის, იმერეთის მპყრობელს ესხნენ სამნი ძენი: ალექსანდრე, მამუკა, და უმრწამესი იყო ბერი. და მისცა ასული თვისი დარეჯან, ცოლყოფილი ზურაბ ერისთვისა, ალექსანდრეს, იმერეთის მპყრობელის ძესა. იხმო იმერეთიდამე და მოიყვანა მუხრანს, სოფელსა ქინძარასა, და უკურთხა გვირგვინი მცირესა ეკლესიასა ქინძარისასა და გარდაიხადა ქორწილი. რამეთუ ამა ალექსანდრესა პირველად ედგა გურიელის ასული ცოლად, მაშინ დაეწამა ცილი რამე ქალსა მას გურიელისა და მისთვის იგი განუტევა ალექსანდრე და ესე დარეჯან ისვა ცოლად მისცა და წარიყვანა იმერეთს.
ხოლო ჟამსა ამას მპყრობელი იმერეთისა გიორგი და დადიანი შურად ედგნენ ერთმანერთსა და იყო ხდომა და შური ურთიერთას, აოხრებდენ ქვეყანასა ურთიერთას. მაშინ ბატონმან თეიმურაზას შემოიყარნა სპანი თვსნი, წარვიდა და მიუხდა ულიკოსორს ლეკსა, რამეთუ იგინი უხდებოდენ კახეთს ავაზაკობდენ და სრვიდენ კაცთა და ტყვე-ჰყოფდენ და ჰყიდდენ, და ამისთვის შური იძია ბატონმან თეიმურაზ, მიუხდა და გაემარჯვა და მოსრა პირითა მახვილისათა ყოველივე იქ მკვიდრნი. და წარმოვიდნენ იქითგან ეძლეველნი მტერთანი, შემოიქცეს კახეთს.
და ვინაითგან არღარავინ ჰყვათ ქართველთა მკვიდრი არცა მეფე არცა ძენი მეფისანი, მცირედ ოდენ მორჩილ იყვნენ კახის ბატონის თეიმურაზისა და ჭმუნვიდენ უმკვიდროებისათვის მეფისა საქართველოსათა. ამისთვის არა მსასოებელნი მკვიდრობისა, არამედ ჟამადმდე მგებელნი საქმისა, ერჩდეს ლაშქარ-ნადირობასა შინა და არარას მზრუნველნი მკვიდრობისა მისისათვის, გარდა მისა მეტყველნი: „დღეს არს და ხვალე არაო“. და მას ჟამად დაეპყრა ქართლიცა კახს ბატონს თეიმურაზს და ამისთვის ლაშქრობდა, ვინათგან ჰყვა სპათა სიმრავლე მით მძლავრობდა ყოველთა წინააღმდგომთა ოვსთა და იძია შური პირველი მტერთაგან მისთა.
მაშინ კვლავ მრუწოდა ქართველთა და კახთა, შემოეყარნეს ყოველნივე და წარვიდა წარტყვენვად და მოოხრებად ყარაბაღისა და, უგრძნობელად თავსა დამსხმელთა, იავარ-ყვეს და მოაოხრეს სრულიად ყარაბაღი, წარმოსტყვენვეს და წარმოიღეს მრავალი ნატყვენავი და შემოიქცეს ძლევა-მემოსილნი, მოვიდეს კახეთს.
ხოლო ჟამსა ამას იყო გვარეულად უნდილნძე სახელით დაუთხან, და ესე უფლებდა განჯას, თვით აღზრდილი ყიზილბაშსა შინა. და იყვნენ ძმანი და სახლეულნი მისნი მრავალგუარად ნამსახურნი და ცნობილნი შააბაზ ყაენისა მიერ და იყვნენ თანამდგომნი და ერთგულნი ყაენისა. და უყოფდა მრავალსა კეთილსა შააბაზ ყაენი მათ, არამედ კვლავ სძლია ჩვეულებამან მიუნდობელობისა მათისამან და სიბოროტისამან, ვითარცა თქმულ არს: „ჩვეულება სჯულსა უმტკიცე არსო“, და არსცა ჭეშმარიტად ჩვეულება მათი სჯულსა მათსა უმტკიცე. ამან შაჰ-სეფიმ შეიპყრა ძმა დაუთხანისა და წარკვეთა თავი და შვილსა მისსა დასთხარა თვალები და ექვსი ძმისწული მოუკლა.
და რა ესმა დაუთხანს საქმე, წარმოვიდა განჯიდამე და მოვიდა ბატონს თეიმურაზთანა კახეთს და თან ჰყვა ჯარი ყაჯრისა ცოლიან-შვილიანად და დაასახლა იორზედა. და რა ესმა ესე შაჰ-სეფი ყაენსა, ძესა შააბაზისასა, საქმე ესე, ეწყინა დიდად.
როსტომ მეფე
მაშინ იყო ვინმე სააკაძე როსტომ, რომელი აღზრდილიყო ყაენის კარზედა. და იყო ესე სააკაძე როსტომ კაცი გამოჩენილი და დიდად პატივცემული ყიზილბაშთაგან. და მისცა მას სპასალარობა და გამოაყენა ქართლსა ზედა და წარმოატანა თანა ბატონად ქართლისა ხოსრო-მირზა, ძე დაუთხანისა, რომელი პირველ ვახსენეთ, რამეთუ ამა ხოსრო-მირზას მისცა ყაენმან ქართლი და უწოდა როსტომ-ხან და წარმოგზავნეს ორნივე ზოგად როსტომ-სან და როსტომ სპასალარი სააკაძე.
ხოლო კახეთი მისცა სალიმ-ხანს და იგიცა თანა წარმოატანა. წარმოემართნეს და მოვიდეს ხუნანს და დაიბანაკეს იქ ხუნანს, რომელ არს გატეხილი-ხიდი. მაშინ ბატონმან თეიმურაზ, სცნა რა საქმე ესე, შემოიყარა სპანი თვისნი, მოვიდა და დადგა საფურცლეს და მოუწოდა ბარათიანთა ცოლშვილიანად და მოასხა მუხრანს და იყვნენ იქ. და რა სცნეს ბარათიანთა მოსვლა როსტომ მეფისა ხუნანს, დაუტევეს ცოლშვილი და წარვიდენ როსტომ მეფეს თანა. და რა სცნა ბატონმან თეიმურაზ წასვლა ბარათიანთი, განრისხნა ფრიად და ინება ცხვირ-პირის დაჭრა ბარათიანთ ცოლშვილისა, ხოლო ხორეშან დედოფალმან აღარ დაანება. და ვეღარა დადგა ბატონი თეიმურაზ მუხრანსა და არცაღა ძალ-ედვა წინააღდგომა როსტომ მეფისა. მაშინ წარვიდა ცოლშვილით იმერეთს და თან წარყვნენ რომელნიმე კახნი.
და, რა ესენი წარვიდენ, მაშინ ეპყრა მუხრანი ვახტანგს, ძესა თეიმურაზისასა, წარვიდა ესე ვახტანგ და მივიდა როსტომ მეფეს თანა. და რა სცნეს ყიზილბაშთა წასვლა ბატონის თეიმურაზისა, გამოუყენეს უკანა თარეში. ბატონმან თეიმურაზ და რომელთამე კახთა გარდაასწრეს იმერეთს, ხოლო რომელთამე მოეწივნეს პერანგაზედა, რომელიმე მოსრეს, რომელიმე შეიპყრეს და ტყვე-ყვეს ხიზანი, წარმოვიდნენ და მოვიდნენ როსტომ სპასალართანა.
ხოლო იყვნენ მრავალნი და ურიცხვნი ყიზილბაშნი, როსტომ მეფე ქართლში და შემოეხვივნენ ქართველნი, ხოლო სალიმ-ხან ჩაიყვანეს. და დასვეს კახეთშია. მაშინ აღაშენეს ციხე გორისა და შეაყენნეს მცველნი, და კვლავ შეაყენნეს მცველნი სურამის ციხეშიაცა.
მაშინ როსტომ მეფეს მოსცეს მაშველებლად ლორის ხანი, ყაზახის ხანი და შამშადილოს ხანი, ხოლო სალიმ-ხანს უჩინნეს მაშველებლად განჯის ჯარი და ყაჯარისა.
და იყო მეფე როსტომ დიდად მორჭმული და საქონლით სავსე ამისთვის, რომ ყაენი აძლევდა მრავალსა და იყო ყულარაღასი და ტარუღა ისპაანისა. და იყო დიდად მწყალობელი ყაენი როსტომ მეფისა და უგზავნიდა მრავალსა.
ხოლო როსტომ მეფე აძლევდა ქართველთა ლეინის ხალათებსა და მცირესა მისაცემსა, რამეთუ მაშინ ქართველთა არ იცოდნენ კაბა და არცა ჰყვარობდნენ მორთვასა. და ამა მცირედითა მისაცემითა დაიერთგულნა და შემოიყარნა ქართველნი, რამეთუ მაშინ იყვნენ ქართველნი გულწრფელნი და გამოუცდელნი ყიზილბაშის ხერხისა და ტყუილისაგან, და ესე როსტომ მეფე იყო კაცი ხერხიანი და ილათიანი და მცდელი საქმისა. და მას ჟამსა ვინცავინ ქართველნი იყვნენ ყიზილბაშში დატყვვებულნი და გათათრებულნი, ყოველნივე წარმოიყვანა ქართლში და სწადოდათ გათათრება ქართლისა. და იყო წესსა ზედა ყიზილბაშისასა და გაარიგა რიგი სახლისა თვისისა ყიზილბაშურად და განაწესა მოხელენი და გამრიგენი თათარნი, და არცა მოშალა ქართველი მოხელე, და იქცეოდა დიდებულად.
და მაშინ მეფეთა ქართლისათა სასახლე იყო ციხესა შიგან, წმიდისა ნიკოლოზისა, და ამან როსტომ დაუტევა და იქ დასვა მიმბაში ყიზილბაშისა, თვით გამოვიდა და დასახლდა პირსა მტკვრისასა ანჩის საყდარსა და სიონს შუა. იქ ციხეშიაც აღაშენა მეჩეთი აბანოს პირდაპირ და ხევს გამოღმა და თვისსა სასახლეშიაც აღაშენა მეჩეთი, და კვლავ აღაშენა ბაღი სიშიტურტუქს ქვემორე და იქცა აღაშენა მეჩეთი.
და ამა ჟამსა შინა იჯდა ერისთავად დათუნა ერისთავი არაგვისა და არა უდებდა თავსა როსტომ მეფესა, და ესაქმებოდა ბატონს თეიმურაზს და როსტომ მეფესაც ემსახურებოდა. შეუტყო ხერხი ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და მივიდა მუხრანს, შეუთვალა დათუნა ერისთავსა: „პირობა მომეც, რომ ყაენთან წახვიდე, მოგიმართავ ხელსა და გაგგზავნი, თუ არა და, შემოგიხდები და შენს ქვეყანას ავაოხრებო“. და არა ძალ-ედვა წინააღდგომა მეფის როსტომისა და წარმოვიდა მეფეს თანა და მოვიდა. უღალატა მეფემან როსტომ და მოსჭრა თავი და გაუგზავნა ყაენსა, შეუთვალა, რომ ეს მჩხუბევდა ბატონს თეიმურაზთანა, და თვით საერისთაოს შეუხდა.
მაშინ იყო ძმა დათუნა ერისთვისა ზაალ შემოიყარა ამან ზაალ ჯარი თვისითა დაუხვდა წინა, გაემარჯვა და გამოაბრუნა, მაშინ გაუგზავნა ზაალ კაცი ბატონს თეიმურაზს და შეუთვალა ფიცი საშინელი და გაუგზავნა მძევალი და საფიცარი: „მოდი და გაგაბატონებო“. რა მიუვიდა ბატონს თეიმურაზს კაცი, მაშინ ვერ ძალ-ედვა ქართლზედ მოსვლ და წარვიდა იმერეთიდან დვალეთზედ, გარდმოიარა და მოვიდა ანანურს და იქ დადგა.
მაშინ შემოუჩინეს კაცები და ემტერებოდენ როსტომს მეფესა, მაგრამე ვერსად მოახელეს: ფრთხილობდა და იყო ქალაქის ციხეშია. მაშინღა ერთგულად მოუდგნენ რომელნიმე წვრილნი კაცნი ქართველნი, ციხეში იჯდა და ვერას უმტერებდენ.
სალიმ-ხან, რომელი იჯდა ქვეყანასა კახეთისასა, მოსაბრუნს, და იქ აშენებდა სახლსა, და რა ნახეს ესე რომე როსტომ მეფეს ვეღარა უმტერეს, მაშინ მიუხდენ სალიმ-ხანს, დაესხნეს თავსა. და თვით სალიმ-ხან გარდაუსწრა, ვერ დაიჭირეს და სხვანი, რომელნიც ყმანი მისნი თათარნი მოახელნეს, დახოცეს და ზოგი დაიჭირეს.
და წარმოვიდა ბატონი თეიმურაზ და დაიჭირა კახეთი. მაშინ კახეთი დამცრობილი იყო და ვერ დადგა როსტომ მეფის შიშით, მივიდა და დადგა ანანურთან და იქითგან ქართლსაცა ცდილობდა, ამა ჟამსა შინა ინება როსტომ მეფემან და დადიანმან ერთმანერთის მოყვრობა. მაშინ დადიანი ლევან და იმერეთის მპყრობელი ერთმანერთს უხდებოდენ და იყო შური დიდი ერთმანერთშია. და ამისთვის მოინდომა დადიანმან როსტომ მეფის მოყვრობა და როსტომ მეფემანც ამისთვის მოინდომა დადიანის მოყვრობა, რომე ბატონი, თეიმურაზ ამისი მტერი იყო და იმერეთში მაგრობდა და დადიანს იმისთვის ემტერებინა.
მაშინ არა ჰყვანდათ რა, რომ ერთმანერთისათვის მიეცათ. დადიანს ჰყვანდა დაჲ, სახელით მარიამ, ესე ესვა ცოლად სვიმონს გურიელს. ესე მარიამ იყო ნაშობი ათაბაგის ქალისა. მაშინ სვიმონ გურიელმან გმო ღმერთი, შურითა ეშმაკისათა აღბორგებულმან, მოკლა მამა თვისი მამია გურიელი: სარეცელსა ზედა მწოლარეს უღალატა. და ვითარცა სცნა ლევან დადიანმან, მიზეზ-ყო საქმე ესე, შეუთვალა სვიმონ გურიელსა: „ვინაითგან ჰყავ საქმე ეგე ბოროტი, მე ჩემს დას შენ აღარ მოგცემო“. შეიყარა დადიანმან ლევან ჯარი და მიუხდა ლანჩხუთს. შეიყარა იქიდამ სვიმონ გურიელმან ჯარი. ესე სვიმონ გურიელი იყო კაცი მხნე და გულოვანი და მივიდა ესეც ლანჩხუთს, შეიბნენ, და გაემარჯვა ლევან დადიანსა, შეიპყრა სვიმონ გურიელი და დასწვა თვალები და გამოართვა დაჲ თვისი მარიამ. და დასვა გურიელად ქაიხოსრო, გურიელის სახლისკაცი. და ესე ქაიხოსრო გურიელი იყო მარიამ დედოფლის დედით ძმა.
და წარმოუგზავნა როსტომ მეფეს კაცი და აღუთქვეს ქალის მიცემა. იამა როსტომ მეფესა და გაემზადა წარმოსაყვანელად ქალისა. შემოიყარნა ქართველნი და წარმოემართა.
მაშინ იყო დადიანი ლევან დიდად მდიდარი საქონლითა და სპითა. აქედამ როსტომ მეფე წარვიდა სპითა მრავლითა და იქიდამ დადიანი წარმოვიდა შეყრილი და თანა წარმოიყვანა დაჲ თვისი მარიამ, რამეთუ მაშინ ეშინოდათ იმერეთის მპყრობელისა გიორგისაგან და წარმოვიდა სამიქელაძეოზედა, გამოიარა ფოკე, გამოხდა რიონს და ამოვლო საჩხეიძო და მოვიდა კაკას-ხიდსა დადიანი. და წარმოვიდა როსტომ მეფეც სამცხეზედ და შეიყარნენ როსტომ მეფე და დადიანი კაკას-ხიდსა დადადგნენ პირდაპირ სიახლოესა. მაშინ იმერეთის მპყრობელი გიორგი შეიყარა სპითა მისითა და წარვიდა იგიცა მათ ზედა, რამეთუ გაუბედა ხრმალი და არა უტევებდა, მივიდა იგიცა სიახლოვესა მათსა და დადგა. არჩია გიორგიმ და განიზრახა თვისგან, წარვალ სუბად და დავხედავ ჯარსა მათსა, და წარვიდა. ურჩიეს იმერელთ, მარტო ნუ წახვალო, და არა დაიშალა, და წარვიდა ათის კაცითა და დახედა მაღლიდამე ჯარსა მათსა. და შეუტყო საქმე ესე დადიანმან ლევან, წარმოგზავნა სპანი თვისნი. და ნახეს გიორგი რომ სუბად იყო, შეუტივეს და შეიპყრეს და მიიყვანეს დადიანთანა. ამა ჟამს იყო ქრისტეს აქათ ჩ~ქლბ. ხოლო დადიანს იამა და გამხიარულდა დიდად და ტყვე-ყო, ხოლო მოსცა ქალი როსტომ მეფესა და წარმოვიდა როსტომ მეფე და წარმოიყვანა.
მაშინ გაბრუნდა დადიანი და წარიყვანა გიორგი თანა და დაატყვევა ციხეშია და ჰყვანდა ტყვეთა. ხოლო ძემან გიორგისმან ალექსანდრე დაიპყრა მამისა წილ თვისისა.
და წარმოვიდა როსტომ მეფე მასვე გზაზე, რომელსაცა მისულიყო. მას ჟამსა თათრად იყო ათაბაგი და არღარა სახელსდებდენ ათაბაგად, არამედ ოსმალის ენითა ფაშად სახელსდებდენ. და მაშინ იჯდა ფაშად საფარ-ფაშის ძე უსუფ-ფაშა. ამან დაანება გზა როსტომ მეფესა, გარდმოვლო ოცხე და ჩამოვიდა ქართლსა და ქნა ქორწილი ხელმწიფური და სახელოვანი. მაშინ სთხოვა ალექსანდრე, ძემან გიორგისამან, დადიანს მამათვისი და შეუკვეთა სახსარი. ხოლო დადიანმან სთხოვა ჩიხორსა და ჩხარს სომხები სახსრად. აჰყარა და მისცა, რაც შემოუკვეთა, და გამოიხსნა მამა თვისი და მოიყვანა იმერეთს. და იცოცხლა გიორგი ხანსა რაოდენსამე შინა და მოკვდა. და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე.
ამიერითგან მძლავრობდა დიდად დადიანი იმერეთზედა: ესრეთ გაუჭირა საქმე ალექსანდრეს, რომე ქუთაისს გალავანი შემოივლო და იჯდა მას შინა და ვერა წინააღუდგებოდა დადიანს. ხოლო დადიანი მოუხდებოდა ყოველს საუფლოს დღეს, შობასა, ახალწელიწადსა, ნათლისღებასა და აღდგომასა და აოხრებდა ქვეყანასა იმერეთისასა: რომელსამე ხოცდა და რომელსამე ტყვე-ჰყოფდა და ჰყიდდა და დაირჩენდა და თავს დაახსნევინებდა. და ამას ჟამსა შემოიღო ლევან დადიანმან ტყვის სყიდვა და თავის დახსნა, რამეთუ არა იყო მანამდი სყიდვა ტყვისა. და იყო დადიანი მდიდარ ფრიად და ემორჩილებოდენ სრულად აფხაზნი და შარვაშიძენი ყმობდენ და ულაშქრებდენ დადიანსა.
ხოლო როსტომ მეფე განდიდნა ფრიად და ვერღარა დააკლეს რა მტრებმან.
ამას შინა გარდახდა წელიწადნი სამნი. მაშინ უკუდგნენ არაგვის ერისთავი ზაალ და ქსნის ერისთავი ბატონს თეიმურაზს. და აბატონებდენ კახეთსა შინა და ესენი ეკერძებოდენ მას. და იყო მას ჟამსა კახეთი გაოხრებული, და ჩავიდნენ ლტოლვილნი კაცნიცა და რაც იქ იყვნენ, მცირედ ოდენ იწყო შენობად და მოსახლეობად. მაშინ ზოგჯერ გაუგზავნის ყაენს ფეშქაში და შეურიგდებოდის ბატონი თეიმურაზ და ხან აეშლებოდა, იყო კახეთშია და ესრეთ ბატონობდა.
მაშინ ბატონმა თეიმურაზ იზრახა და განიგულა დაპყრობა დიდოეთისა და სწადდა იქიდამე რუსეთის გზის შოვნა და ზურგის მობმა რუსეთის ხელმწიფისაგან და იქითგან რუსის ჯარის მოსვლა, რამეთუ ესე იყო წადილი მისი. შეიყარა ჯარი და წარვიდა დიდოეთზედა, ენება მოქცევა დიდოეთისა და მიუხდა დიდოეთსა და აღიღო რომელიმე კოშკები და ალაგები.
ხოლო დიდოთა ითხოვეს შეწევნა ლეკთაგან, რამეთუ მაშინ დიდად ემტერებოდენ ლეკნი კახთა, რამეთუ ბატონი თეიმურაზ მიხდომოდა და მრავალი ბოროტი შეემთხვია ლეკთათვის, და პირველითგანაც მტერ იყვნენ, ამისთვის მტერობდენ ლეკნი კახთა. მოეშველნენ ლეკნი დიდოთა და შემწე ეყვნენ. და დახვდენ სიმაგრეშია ბატონს თეიმურაზს, დაუშინეს საგორავები, ქვა და ისარი, და ამოსწყვიტეს მრავალი. და გამოაქცივეს ბატონი თეიმურაზ, და, რომელნიცა ჰყვანდა გამოჩენილი ეპისკოპოზნი, დარბაისელნი, ყოველივე იქ ამოსწყვიტეს. და ჩამოვიდა კახეთს და იტირა: „ვაი ეპისკოპოზ - დარბაისელ - ამოწყვეტილს“.
ამაში გამოხდა ხანი რამე, შეკრეს პირობა ზაალ ერისთავმან, იოთამ ამილახორმან, ნოდარ ციციშვილმან, კათალიკოზმან დიასამიძემან ევდემოზ, გოჩაშვილმან გიორგი და ზოგმან რომელმანმე ქართველმანცა, ამათ ინებეს განდგომა როსტომ მეფისა. და უფროსღა ცდილობდა კათალიკოზი ევდემოზ ამისთვის, რომე ამისი ძმის ასული დათუნას, ბატონი თეიმურაზის შვილს, ცოლად ესვა. ამათ გაუგზავნეს ბატონს თეიმურაზს კაცი და მისცეს საფიცრები და პირობა დიდი და იხმეს: „კვლავ მოდი ქართლში და გაგაბატონებთო“. ამაში ნოდარ შემოიყარა ჯარი და წარვიდა.
რა სცნა საქმე ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და წარმოემართა იგიცა ნოდარზედა, მოვიდა და დადგა საჯავახიანოს. ვითარცა ესმა ნოდარსა წარმოსვლა როსტომ მეფისა, გაიქცა და წავიდა, დევნა უყო როსტომ მეფემან უკანა. მაშინ ახლდა ნოდარს ორნი ძმანი ჩხეიძენი გარდმოვარდნილნი და იყვნენ ნოდართანა. რა მიეწივა როსტომ მეფე ნოდარს, გამოუბრუნდენ ორნივ ძმანი ჩხეიძენი, შემოებნენ, იომეს და დახოცნეს იგინიცა. ხოლო ნოდარ ივლტოდა და შევიდა ციხესა ატენისასა. მივიდა როსტომ მეფე და შემოადგა გარს და ვერცაღა იქ გამაგრდა ნოდარ და წარვიდა ზემო ქართლად, რომელ არს საათაბაგო.
ხოლო როსტომ მეფემან აღიღო ციხე, დაამტვრია და წარმოვიდა იქითგან, და დადგა ცხირეთს, და იქ იხმო დედოფალი მარიამ და იყოფოდენ იქ. ხოლო კათალიკოზი ევდემოზ იყო იქვე როსტომ მეფეს თანა. კვლავ შეუთვალა ბატონს თეიმურაზს კათალიკოზმან, : „ნოდარ რომ წასულიყოს, მაგისთვის საქმეს რატომ წაახდენ და ან რატომ გაბრუნდი?“ მაშინ ბატონს თეიმურაზს შეეყარა ზაალ ერისთავი, მოვიდენ და დადგნენ მუხრანს. კვლავ გაუგზავნა კათალიკოზმან კაცი - „ნუღარ ჰყოვნითო, მოდითო, და რაც გინდა გაქნევინებო“.
მაშინ, სცნა რა საქმე ესე მუხრანის ბატონმან ვახტანგ, წარმოავლინა კაცი მსწრაფლ და ამცნო საქმე ესე როსტომ მეფესა. მაშინ დედოფალი წარავლინა გორის ციხეშია და თვითცა უკან ჩამოუდგა და მივიდნენ გორის ციხეშია და იქ გამაგრდენ.
ხოლო ბატონი თეიმურაზ მივიდა უფლისციხესა და ვერღარა გააწყო რა, გამობრუნდა და წარმოვიდა. და დახვდა წინა ვახტანგ მუხრანის ბატონი და უყო მრავალი ზიანი. და წარვიდა კახეთს.
ხოლო შეიპყრა კათალიკოზი ევდემოზ როსტომ მეფემან და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყვე-ყო და, ხანსა რაოდენსამე უკანა, იქვე ციხეში მოაშთობინა. ხოლო გოჩაშვილი გიორგი შეიპყრა და დასთხარა თვალები, და სხვანი, რომელნიცა იყვნენ როსტომ მეფის ორგულნი, რომელნიმე გაახეიბრა და რომელიმე მამულით გააღარიბა და განაძო თვისისა ქვეყნიდამე, გარდა ზაალ ერისთვისა და იოთამ ამილახორისა. ხოლო იოთამ ამილახორი ხან მოუდგებოდა როსტომ მეფესა და ხან ბატონ თეიმურაზს და, სითკენაც დრო დაახელის, იქითკენ იყვის.
და ამისგან რა მოიცალა როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი ქართველთა და, რომელნიცა ყიზილბაშნი იყვნენ მიჩენილნი ყაენისაგან, იგინიცა შემოიყარა, და წარვიდა კახეთს ბატონს თეიმურაზზედა, რამეთუ მაშინ ბატონი თეიმურაზ მაღაროს იდგა სუბათა და კახნი თავ-თავისთვის იყვნენ. მიუხდა როსტომ მეფე, და დაუწყო სროლა ვიწროებში ბატონმან თეიმურაზ და, რაც ოდენ შეეძლო, იომა ბატონმან თეიმურაზ. და ვერღარა დაუდგა როსტომ მეფე, გაიქცა და წარვიდა ტფილისს. და აღარა დევნა უყო ბატონმან თეიმურაზ, იშოვა მრავალი ბარგი მისი, აიკლო და წამოიღო და წამოვიდა და მოვიდა თვისსა სახლსა.
და რა ნახა ესე ზაალ ერისთავმან და იოთამ ამილახორმან, რომ ვეღარცა რა ამ დამარცხებით დააკლეს რა, დაუწყეს როსტომ მეფეს ლაპარაკი და ხვეწნა: „შეგჳრიგე და გვიმსახურეო“. ხოლო როსტომ მეფემან ესე უპასუხა ზაალ ერისთავსა: „უკეთუ წარხვალ ყაენთან, შეგირიგებ და, უკეთუ არა წახვალ, ჩემთან ხელი არა გაქვს“. მაშინ დაჰყვა ზაალ ერისთავი: მოიყვანა და შეირიგა. და გაგზავნა ყაენთანა და მისწერა ყაენთანა კაი წიგნები.
და რა მივიდა ზაალ ერისთავი ყაენთანა, სცა პატივი დიდი და კეთილად მიიჩნივა სიტყვითა როსტომ მეფისათა და უყო წყალობა მრავალი: გაუჩინა წელიწადში სამასი თუმანი ჯამაგირი, გაათათრა და გამოისტუმრა ქართლში. და მოვიდა როსტომ მეფესთანა და ამიერითგან იყო ერთგული როსტომ მეფისა.
და მას ჟამსა იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება, და ყოველთავე შეიყვარეს ანგარება და სიმდიდრის-მოყვარება, ჯამაგირი და სოფლის მიცემა ყაენისაგან, და განმრავლდა ტანთ-ცმა ყიზილბაშურად, და საქართველოს დიდებულნი და თავადნი ყაენისაგან განმდიდრდებოდენ და რაყმით იშოვნიდენ მამულებსა.
და თვით როსტომ მეფის წადილი და ნება ესე იყო, რომ უყაენოდ არავის რა მისცემოდა, და, თუ ვინმე გასაკეთებლად უნდოდა, ყაენს შეეკითხვოდა. და იყო მეფე როსტომ მორჩილი ყაენისა და მოყვარე სჯულისა მაჰმადისასა.
ამან აღაშენა სახლი ყიზილბაშური, კეკლუცად და ტურფად ნაგები შემოიღო მოფენილობა, სმა-ჭამა, გამოჩვენება და კეკელაობა. და მიიქცნენ სრულიად წესსა ზედა ყიზილბაშისასა, და განმრავლდა სახლსა შინა მისსა სიძვა და არა-წყინდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა.
კვლავ ინება სიმაგრე ციხისა და თავისუფლობა ციხესა შინა მყოფთა თათართა: განძლიერდენ თათარნი და კადნიერებდენ ქართველთა ზედა. და რომელნიცა იყვნენ ქართველნი, მოყვარენი წესისა მათისა, მეძავნი და ბილწების მოქმედნი, დიდად პატივსცემდა მეფე როსტომ და ჰკითხევდა და უსმენდა მათსა, და, რომელნიცა იყვნენ სიმართლის-მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი, მათ არას პატივსცემდა და ცუდს კაცს ეძახდენ და შეუძლებელსა.
და იყვნენ დღითი-დღე სმასა და განცხრომასა შინა, ხოლო სულისათვის არარას ზრუნვიდენ: მოიყვანა მეჩანგენი და მუტრიბნი, და აქებდენ ქართველნი დარბაისელნი, და მათცა ეგრეთვე იყოლიეს მუტრიბნი და მრავალნი მხევალნი და არღარა იყო სირცხვილი სიძვისა და მეძაობისა. და ქართველთაცა ისწავეს სმა და ჭამა ყიზილბაშური და დიდად სირცხვილ უჩნდათ სერსა ზედა უფლაობა და არა-კეკელაობა. და, რომელსაცა არა შეეძლო ამ წესისა ქმნა და უღონო იყვნენ მონაგებთაგან, განყიდეს მამაპაპათაგან დაგდებული მამული და აგარაკები და იცვემდენ ტანთა და სჭამდენ და სმიდენ და არარას ზრუნვიდენ შვილისათვის
და ამიერითგან შემოვიდა ზოგ-ზოგან ტყვის სყიდვა თავადებისაგან და, რომელნიცა იყვნენ ობოლნი და ქვრივნი, გამოიყვანებდენ და გაჰყიდდენ, და განმრავლდა ცოდვა.
ხოლო სამღვდელონი ეპისკოპოზნი ამითი დაიერთგულნა, რომე ყოველთავე ჯამაგირი განუწესა, თავდაბლად და ტკბილად ექცეოდა. ამისთვის არღარას ზრუნვიდენ სამღვდელონი კრებულნი. ხოლო აღაშენა წმიდა კათოლიკე ეკლესია, მცხეთის გუმბათი და სხვანიცა რომელნიმე მოოხრებულნი ეკლსიანი აღაშენნა. და კვლავ აღაშენა გატეხილი-ხიდი.
და იყო სმისა და ჭამისა მოყვარე და გასცემდა არა-მცირედსა საბოძვარსა სმასა ზედა. და ამისა ჟამსა შინა არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ, იყვნეს ფუფუნეულ და ხორცთ-მოყვარე, რამეთუ თვით სამღვდელონიცა და მღვდელთმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიასა, რამეთუ იყვნეს მოყვარე ღვინისა და სმისა და შვებისა და განცხრომისა, უმღერდენ ურთიერთას სიძვა-მრუშობასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყვნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდენ ყოველნივე.
ხოლო რაჟამს მოკლა კათალიკოზი დიასამიძე ევდემოზ, მაშინ მისცა როსტომ მეფემან წინასწარ აღრჩევითა თვისითა და მოწამებითა ყოველთავე საქართველოსა მღვდელთ-მთავართა და სამღდელოთა დასთა მიერ გამორჩევითა მისცეს კათალიკოზობა ურდუბეგაშვილს ქრისტეფორეს.
ესე ქრისტეფორე კათალიკოზი იყო კაცი მოყვარე სიმართლისა, მშვიდი, მდაბალი, გულ-ტკბილი, ყოველთათვის მოწყალე, სიწმიდის მოყვარე, სახითა მშვენიერ და ღირს ხარისხ-მპყრობელობისა თვისისა, კვლავ აღზრდილი და გამოცდილი საეროსა სამამაცოსა ლაშქარ-ნადირობასა შინა. და არა ჰქონდა გამოცდილობა წერილთა, მცირედ ოდენ წვრთილ იყო. ხოლო განაგებდა კეთილად წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა.
და ამან როსტომ მატა ყოველსა ფეშქაშსა და მეტადრე სიტყვისასა. რაჟამს დაიდვა სვიმონ მეფემან, ამ წესით იქმოდა: ანუ ძესა ურიისასა, ანუ ნასყიდსა და ანუ ოსთასა გაგზავნიდა, ხოლო ამან გამოიყვანა ქართველთა გლეხთა, აზნაურთა, დიდებულთა ასულნი და ძენი და მას გაუგზავნიდა, ამიერითგან დაიდვა ესე და ყოველნი მეფენი საქართველოსანი ესრეთ ჰყოფდენ, ვიდრე მოდღეინდელად დღედმდე.
მაშინ დაიმორჩილა როსტომ მეფემან სრულიად ქართველნი და იყვნენ დიდად ერთგულნი, შემოიყარნა სპანი თვისნი, მივიდა და დადგა აფურცლეს და იქითგან მოუწოდა ყიზილბაშის ხანებსა, რომელი იყო ყაენისაგან მის ზედა ჩენილი. მოვიდეს და შემოეყარნეს იგინიცა და წარვიდა ბატონს თეიმურაზზედა, რამეთუ მაშინ ბატონი თეიმურაზ იდგა თიანეთს.
და ურჩია ბიძინა სუფრაჯმან ბატონს თეიმურაზს, ვითარმედ: „წარგზავნე ძე შენი დავით და მე თანა ვიახლები და რომელნიმე კახნიცა გამოგვატანე, წარვალთ ქისიყსა და ვემტერებით როსტომ მეფეს იქიდამე და უსმინა ბატონმან თეიმურაზ და წარგზავნა ძე თვისი დავით. ხოლო რა ესმა როსტომ მეფესა, მანცა წარგზავნა ყიზილბაშის ჯარი იმათზედა, და თვით წარვიდა ბატონს თეიმურაზზედა. და უთავა სარდლად ვახტანგ მუხრანის ბატონი და ზაალ ერისთავი და გაატანა სპანი ქართველთანი. მივიდნენ ესენი უღლისს, იქიდამ ბატონი თეიმურაზ მოვიდა და შეიქმნა ომი და თოფის სროლა ძლიერი.
მაშინ ჰკრეს თოფი რევაზ სახლთუხუცესსა ჩოლაყაშვილსა, რომელი იყო კაცი კეთილი და რჩეული სარდალი. ესე იყო ბატონის თეიმურაზის მოწინავე ამას ჰკრეს თოფი და დაკოდეს სასიკვდინედ. და რა სცნა სიკვდილი თვისი, არა აშალა ჯარი და იქცა დაუტევა ძენი თვისნი, და თვით გაბრუნდა სახლთუხუცესი და მივიდა ბატონს თეიმურაზთანა. მაშინ დალოცა ბატონი თეიმურაზ ესრეთ, ვითარმედ: „მე მომკვდარვარ შენის სამსახურისა და ერთგულობისათვის, ჩემი თავი თქვენის ჭირის სანაცვლო იყოს“. გამოესალმა და აკოცა ლელსა და იტირეს ორთავე მრავალი. წარვიდა და მივიდა სახლთხუცესი იქვე ადგილს, სადაც დავიდოდა, და იქ მოკვდა.
და რა ნახეს სიკვდილი მისი კახთა მოეშალა თავი, შეშინდენ და უკუნ იქცენ და წარვიდნენ, უკუნ იქცა ბატონი თეიმურაზცა და წარვიდა.
ხოლო იქცა შებმულ იყვნენ ყიზილბაშნი და დავით, ძე ბატონის თეიმურაზისა, გამარჯვებოდა ყიზილბაშთა და მოეკლათ დავით და ჯარიცა მისი ამოეწყვიტათ. მაშინ ბატონი თეიმურაზ შეწუხდა დიდად: არას გზით ღონე აღარა ჰქონდა დადგომისა და შემაგრებისა. წარმოგზავნა ხორაშან დედოფალი, რომელი იყო მამის ძმის შვილისშვილი როსტომ მეფისა. ესე მოვიდა როსტომ მეფესთანა და შემოეხვეწა. ხოლო როსტომ მეფემანი რა სცნა მოსვლა მისი, სცა პატივი დიდი და აღუსრულა სათხოვარი: დაანება გზა, გაუმძღვანა კათალიკოზი ქრისტეფორე წინა და ბარგიცა ამან გარდაუტანა იმერეთსა. ბატონმან თეიმურაზ გაუშვა კახეთი და ჩავიდა იმერეთს. მოეგება სიძე მისი ალექსანდრე, მპყრობელი იმერეთისა, ჩაუძღვა და დააყენა და ისტუმრა კეთილად. მაშინ განუმჟღავნეს ბატონს თეიმურაზს ძე მისი დავით და იქმნა მათ შორის ტირილი და გლოვა დიდი.
ხოლო როსტომ მეფემან დაიპყრა სრულიად კახეთი და პატრონობდა ქართლსა და კახეთსა, გაუგზავნა თავი დათუნასი ყაენსა და მიულოცა გამარჯვება და არღარა ჰქონდა ფიქრი როსტომ მეფესა, იშვებდა, ლხინობდა.
ხოლო ამა ჟამსა შინა მომკვდარიყო სამცხეს უსუფ-ფაშა და იჯდა მის წილად ძე მისი როსტომ-ფაშა, ნაშობი მხევლისა, მაშინ იქმნა რისხვა ღმრთისა საათაბაგოსა ზედა, სიმრავლისათვის ცოდვათა მათთა. გამოგზავნა კაცი ხონთქარმან და დაპატიჟეს სჯული მაჰმადისა ცოლსა როსტომ ფაშისასა. ხოლო ქალსა მას რა ესმა, შეძრწუნდა ფრიად და ზარი დაეცა და განიგულა სიკვდილი თავისა თვისისა და არა დატევება სჯულისა, და ენება გარდავარდნა თავისა თვისისა კლდესა შინა, და არავინ უტევა. კვლავ განიზრახა მოშთობა თავსა, და ვერცა იგი აღასრულა, რამეთუ ჰყვანდათ შეპყრობილი და სულს იქით ღონე აღარა ჰქონდა. და რა მისჭირდა ქალსა მას, მაშინ უთხრა: „უკეთუ ყოველსავე საათაბაგოში შინა-მყოფსა ქალსა და კაცსა, ყველას გაათათრებ, მეცა გავთათრდებიო, და უკეთუ არა, თავს მოვიკლავო და არა ვიქო. მაშინ დაათათრეს ყოველივე და იგიცა გათათრდა. და ყოველთავემ იქ მყოფთა დაუტევეს სჯული ქრისტიანობისა და იქმნეს მაჰმადიან.
ამიერითგან იქმნა რისხვა ღმრთისა საათაბაგოსა ზედა: განირყვნა წმიდანი ეკლესიანი, შეირია და იავარ-ყვეს ყოველივე უსჯულოთა თათართა, დაიპყრეს და ყველაწმინდანი მონასტერნი სამროწლედ და ცხვართა სადგურად და დაუტევეს მნეთა ეკლესიისათა და სამღვდელოთა კრებულთა, ეპისკოპოზთა და მოწესეთა კაცთა, საყოფელი თვისი, წარიღეს თანა წმიდანი ხატნი და ჯვარნი და ნაწილნი, და წარმოვიდეს რომელნიმე საქართველოსა შინა და რომელიმე გურიას და იმერეთს, და დაემკვიდრნენ იგინი სანახებთა ქართლისათა და იმერეთისათა. და რომელნიცა დაშთეს იქ ნეშტნი ქრისტიანენი, იგინიცა მძლავრებით და იძულებით მიიზიდნეს თვისათ და მცირედ-მცირედ ვიდრე აქამომდე მიდრკეს ქრისტიანობისაგან, და აწ სრულიად არღარა იპოებიან იქ მორწემუნეთაგანი, გარდა კლარჯეთისა მსხემთა, რომელ არს ჯავახეთი.
ხოლო როსტომ მეფესა არა ესვა ძე. ფრიად მზრუნველმან უძეობისამან, წინააღრჩევითა რომელთამე განმზრახთა თვისთათა, წარავლინეს კაცი ისპაანს და მოიყვანეს სპარსეთით ძისა ვახტანგისა თეიმურაზის ლუარსაბ, რომელი დაშთა სპარსთა შინა. ესე იყო სჯულითა მაჰმადიანი და ესე ისვა ძედ თვისად მეფემან როსტომ. ხოლო იყო სულელ და ხელ და აღტაცებულ გონებითა, რომელი არა შვენის ძეთა მეფისა საქართველოსათა, და ზრდიდენ და სწვრთნიდენ კეთილად, და საყვარელ იყო მეფისა მიერ.
ხოლო ბატონი თეიმურაზ იყოფოდა სანახებსა იმერეთისასა. მას ჟამსა იყო დადიანი ლევან მდიდარი საუნჯითა აურაცხითა და სპითა მრავლითა დიდად მძლავრობდა მპყრობელსა იმერეთისასა ალექსანდრე: ესრეთ იყოფებოდა ქუთათისს აღმშენებელი ზღუდისა, და მჯდომარე იყო მას შინა თვით და ძმანი მისნი და თავადნი ჩინებულნი იმერთანი დედაწულითურთ, ყოველნივე თანა ჰყვეს გარე-შეზღუდვილსა მას შინა შიშისათვის დადიანისა, რამეთუ ფრიად მძლავრობდა შურით მხდომი და იავარ-მყოფელი სანახებსა იმერთასა ზემოთა და ქხემოთა; არასადა დაშთა დაბასი და შენობანი და სიმაგრენი. რომელ არა მიემძლავრა. და არარას ჟამსა მოქმედებდა, გარდა დღესასწაულსა მას საუფლოსა შობა-ნათლისღებასა, ახალწელიწადსა.
ამათ შინა არა დასცხრებოდა მოოვრებად ქვეყანისა, სრვიდა და ტყვე-ჰყოფდა მრავალთა და ჰყიდდენ ნაშოვართა ტყვეთა და დარჩენილთა კაცთა.
ეჰა, რისხვა ღმრთისა ულხინებელი მოქმედთა ამის ბოროტისათა, რამეთუ მან განაწესა ბოროტისა მის მტერისა მიერ წარმოთხეული გესლი იგი იუდაებრივი, რომელმან განყიდა ვეცხლად შემოქმედი და მოძღვარი თვისი. ამიერითგან განეთესა განსყიდვა უსჯულოთა-ზედა ტყვეთა ქრისტეს-ნათლისღებისათა და წინააღმდგომთა ღმრთისათა კაცთა მყოფთა სანახებთა იმერთა, ოდიშართა და გურიელთასა, რომელი ნუ ყოს ღმერთმან საქმე ქართლსა ზედა ბოროტი იგი. ხოლო მან უფროსად და უმეტესად განმრავლდა და გარდაემატა ცოდვა იგი ვიდრე დღეისამდე. ჵი ჩემდა, რამეთუ თვით იქ-მყოფნი მღდელთ-მთავარნიცა და სამღდელოთაგანნი შეირინნეს ბოროტითა მით სენითა, რამეთუ არა იყო პირველ ლევან დადიანისა და ალექსანდრესა, ამათთა ჟამთა შინა შემოვიდა წარსაწყმედელად სულთა მათთა, რამეთუ ესე ესრეთ იქმნა და აწ მივილტოდეთ პირველსავე სიტყვასა ზედა.
ხოლო მიიმძლავრა დადიანმან ლევან სრულიად იმერეთი და ვერ ეძლო წინააღდგომა და შემთხვევა ალექსანდრეს, მპყრობელსა იმერეთისასა, და ვერცა გამოვიდოდა ზღუდისა მისგან.
ხოლო მამუკა, უმრწამესი ძმა მისი, იყო ყრმა ჰასაკად მიწევნული, მშვენიერი და ახოვანი, მსგავსი მამისა თვისისა, განთქმული რაინდობასა შინა, კისკასად და უებროდ მორბედი, რამეთუ კნინღა და ჟამსა მას არასადა აღზრდილ არს ესევითარი მოასაკეთაგანი ზნე-სრული და გულოვანი გოლიათებრივი. ესე მამუკა მცირედითა სპითა თვისითა გამოვიდოდა ზღუდისა მისგან, განმსტრობელმან თარეშთამან სპათა მათ დადიანისათა შეემთხვევის მზირად მცირედითა სპითა და მრავალი მოსრის და მრავალი დარჩენით შეიპყრის და ტყვე-ყვის და შემოიქცის გამარჯვებული, და მსგავსად მათსა ჰყიდდენ დარჩენილთა კაცთა თათართა ზედა. და ვითარცა კვლავ მოუხდა დადიანი და მოაოხრა ქვეყანა, დღესა ერთსა ჩვეულებრივ გაუხდა მცირითა სპითა თარეშსა დადიანისასა, მიეტევა მხნედ, და მაშინ წარმოექცა ცხენი სისწრაფისაგან და დაეცა ქვე. მაშინ შეუტივეს ოდიშართა და შეიპყრეს და წარიყვანეს და მიჰგვარეს დადიანს, და დადიანი მსიარულ იქმნა შეპყრობისა მისისათვის, წარიყვანეს და ტყვე-ყვეს ოდიშს ციხესა შინა.
ხოლო რა ესმა ესე ალექსანდრეს, მპყრობელსა იმერეთისასა, დაუმძიმდა ფრიად, მოიპოვა ღონე ესევითარი და აწვია ბატონი თეიმურაზ წარსვლად ოდიშად დადიანსა თანა. ხოლო მორჩილ ექმნა ბატონი თეიმურაზ სიძესა თვისსა ალექსანდრეს და წარვიდა. და, ვითარცა მივიდა, მიეგება დადიანი ლევან წინა, ისტუმრა კეთილად, დაუმზადა სერი დიდი და ხელმწიფური და მხიარულ იქმნეს ურთიერთას ხილვითა, რამეთუ მეყვისნიცა იყვნეს ესრეთ: ძე იყო ლევან თეიმურაზის მამის დისა. დღეცა რაოდენსამე უკანა წარმოუთხრა მიზეზნი მისვლისა მისისა და მოქენე იყო გამოხსნისათვის მამუკასა და განტევებად მისა, და არღარა შურობდა და ხდომად ურთიერთას.
ხოლო იყო იქ წულუკიძე პაატა წუწკი, მკელობელი, მეყვისი და თანა-განმზრახი დადიანის ლევანისა. და ესე, პირველვე განძებული მეფის ალექსანდრესაგან სამყოფთაგან თვისთა, ლტოლვილი წარვიდა ოდიშსა და ამიერთ დადიანსა ლევანსა და დიდად მტერ იყო იმერეთის მპყრობელისა ალექსანდრესი: რამეთუ ენება დადიანს პატივის დადება ბატონის თეიმურაზისა და განტევება მამუკასი, ხოლო იგი სავსე შურითა არა უტევებდა, რამეთუ ესრეთ იყო დამორჩილებულ დადიანი, რამეთუ არარას მოქმედებდა, გარდა მისსა. მაშინ მოიმტკიცა დადიანი პაატა წუწკმან ენითა მზაკვარითა და უარყო დადიანმანცა არა განტევება მამუკასი აუწყეს ბატონს თეიმურაზსა მეტყველთა ესრეთ: „ვერ ეგების ჩვენგან განტევება მისი“. და იყო ხანსა რაოდენსამე იქ ბატონი თეიმურაზ და არც ბატონმან თეიმურაზ დაუჟინა და წარმოვიდა, მოვიდა იმერეთს სიძესა თვისსა თანა.
მაშინ არავე დასხრა ბოროტისაგან საქმისა და არცა შეიშინა რისხვისაგან ღმრთისა კვლავ შესძინა შურსა თანა სიკვდილი მართლისა მის, წარავლინა კაცი და დასწვა თვალები მამუკას ციხესა შინა და მოკვდა. ხოლო ჟამსა მას მოკვდა და იქმნა დიდად სალმობიერ სენითა სასიკვდინეთა გიორგი შვილისშვილი თეიმურაზისა, რომელსა ზრდიდა ალექსანდრე, მოკვდა და მიიცვალა იგიცა და ყვეს გლოვა დიდი და მწუხარება და აღასრულეს წესი გლოვისა. და იყო იქ ბატონი თეიმურაზ, ვიდრე შვიდ წლამდე.
ხოლო როსტომ მეფე მეფობდა მშვიდობით, არარას მზრუნველი, გარდა ლხინისა და შვებისა და მოსვენებისა, და გარდაიხდიდა დღეთა თვისთა სიხარულით, ნადირობდა და შეექცეოდა. და მას ჟამსა მოვლო რომელნიმე სანადირონი და იყვნენ ხუნანს, რომელ არს გატეხილი-ხიდი, და თანა ჰყვა ძედ მისა წოდებული ლუარსაბ. მაშინ დაეთხოვა როსტომ მეფესა ყარაიის სანადიროდ ხოლო მეფემან დართო ნება და წარვიდა. და გაჰყვნენ თანა ყრმანი, მსგავნი მისნი, ახლ-მოასაკენი ვითარცა მიიწივნეს იქ, მოირკეს ტყე და მოვიდა ჯოგი ირემთა და შეექნათ სროლა ძლიერი. და აღირივნეს ურთიერთას და ისროდენ ურთიერთას ყოველნივე დიდნი და მცირენი, განირყვნეს სანადირონიცა. და სროლასა მას შინა მოხვდა თოფი ლუარსაბს. და მოკვდა იქ. ვითარცა ესმა როსტომ მეფესა, მწუხარე იქმნა და იყო გლოვა და ტირილი წესისებრ.
მაშინ ბატონი თეიმურაზ იყო იქვე იმერეთს დიდად გლახაკად, უღონოდ საჭურჭლითა და საზრდელითა, მოუძლურებული წლისა სამოცდაათისა და ვერღარა ძალედვა წინააღდგომად როსტომ მეფისა ფრიადისა უძლურებისაგან. და დიდად მოკლებულ იქმნა საზრდელთა და საჭიროთა სახმართაგან.
მაშინ წარგზავნა შვილისშვილი თვისი ერეკლე რუსეთის ხელწიფესთანა და შეემთხვივნეს წინა ავაზაკნი და მათ მოსრეს პირითა მახვილისათა ყმანი ერეკლესნი და კნინღა თვით განერა, რამეთუ ერეკლე ყრმა იყო, მათგან მოუწყვლელად, და დასტაცეს მხევალნი და ბარგნი. და წარიყვანეს თვით რუსეთს, და მივიდა ხელმწიფეს თანა. ამაში გამოჰხდა ხანი რამე და თვით ბატონი თეიმურაზცა წარვიდა რუსეთს რამეთუ წლისა იყო სამოცდა თორმეტისა, მივიდა და დიდად პატივ-სცა რუსეთის ხელმწიფემან. სთხოვა შეწევნა და ჯარი ქართლზედა, და უთხრა ხელმწიფემან მიზეზი: „ჯერეთ მოცლა არა გვაქვსო“. და რა სცნა ბატონმან თეიმურაზ, რომ შემწე არა ეყო, ხანსა რაოდენსამე უკანა დაეთხოვა და წარმოვიდა. და აჩუქა მრავალი ხელმწიფემან. ამა ჟამსა შინა დიდად მოუძლურებულიყო ბატონი თეიმურაზ, წარმოემართა და მოვიდა ასტარხანს.
ხოლო ამა ჟამსა მომკუდარიყო იმერეთს შვილისშვილი მისი ლუარსაბ, ყრმა კეთილ-მოასაკე, მშვენიერი და მჭვრეტელთათვის სატრფიალო. მოვიდა კაცი ასტარხანს, და გაუმძღავნეს იქ, და იყო გლოვა იქ დიდი და მწუხარება. ხოლო ერეკლე დაუტევა რუსეთის ხელმწიფესთანა.
და ამა ჟამსა შინა მომკვდარიყო დადიანი ლევან ხოლო შემოიყარა ალექსანდრე, მპყრობელმან იმერეთისამან, ჯარი, ჩავიდა ოდიშსა. და ვერა წინააღუდგენ, და დაიპყრა ოდიში და მრავალი ბოროტი მოაწივა ოდიშსა და იძია შური პირველი, რომელი ყო დადიანმან მათ ზედა, ვითარცა ბრძანებს წმიდა სახარება: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოსო თქვენ, და ზედა დაგერთოსო“. აიკლო საქონელი დადიანისა და საუნჯენი მისნი ყოველნი მისნი ყოველნივე თვით დაიპყრა და ტყვედ ყო მრავალნი ოდიშარნი. მრავალნი იყვნეს სრულიად ოდიშიდან იმერელთა. და გამოართვა დიდებულთა ოდიშართა შვილები მძევლად და თვით დიდებულნიცა შეიპყრნა, დაახსნევინა თავი, ხოლო ძენი მათნი მძევლად წამოასხა და დასვა იქ დადიანად ვამიყ, ძმისწული ლევან დადიანისა და წარმოვიდა ალექსნდრე ნაშოვნითა მრავლითა და მოვიდა იმერეთს.
ხოლო განუყო ქვეყანა დადიანს: დაიპყრა უნაგირას აქეთი ალექსანდრე და უნაგირას ჩაღმართი დადიანს მისცა.
ხოლო ესე ვამიყ დადიანი იყო კაცი შეუფერებელი სიდიდისა და შეუგვანი. კვლავ იყვნენ დადიანის ძმისწულები მამუკა და ლიპარიტ, ესენი არა უდებდენ თავსა დადიანსა და არცა მორჩილებდენ. რამეთუ არა თავს იდვეს დადიანობა მისი, წარვიდენ და შეეხვეწნენ ათაბაგს როსტომს ფაშასა და კვლავ როსტომ მეფესაცა დაუწყეს ლაპარაკი და შემწედ იხმიეს, რამეთუ მარიამ დედოფალი ახლოს ნათესავი იყო ამათი, და სთხოვეს ჯარი.
ხოლო როსტომ მეფემან გაატანა ავალიშვილი და ციციშვილები და სხვანი ჯარნი მრავალნი და როსტომ ფაშამანც გაატანა საათაბაგოს ჯარი. წარმოვიდნენ და ჩავიდნენ გურიას, და წაჰყვა გურიელი ქაიხოსრო თანა ჯარითა და მივიდნენ ოდიშსა და შემოყარნეს ოდიშარნიცა.
და ვითარცა სცნა საქმე ესე იმერეთის მპყრობელმან ალექსანდრე, შემოიყარა სპანი თვისნი, წარვიდა და განვიდა ცხენისწყალსა. ხოლო მიქელაძე და ჭილაძე უწინაც ლევანს დადიანს ახლდენ და წარვიდნენ და მივიდნენ მამუკასა და ლიპარიტისა თანა, და მოვიდნენ იგინიცა. და შეიყარნენ ბანძას და შეიბნენ მენ და იქმნა ომი ძლიერი. და გაემარჯვა მპყრობელსა იმერეთისასა ალექსანდრეს და დახოცნა მრავალნი ოდიშარნი თავადნი. და მაშინ დანირჩინეს ქართლის თავადები და აზნაურები და მესხნი და ყოველთავე დაახსნევინა თავები, და, რომელნიც იყვნენ ოდიშარნი განდგომილნი, ყოველივე დაიმორჩილა და შემოირიგა. და კვლავ მტკიცედ დაიპყრა ოდიში და დასვა იქვე ვამიყ დადიანად. და მიადგა ქაიხოსრო გურიელსა და ვეღარ დაუდგა ქაიხოსრო გურიელი, მოვიდა და შემოეხვეწა იგიცა ალექსანდრეს. და შეირიგა გურიელიცა და მისცა შვილისშვილი ბატონის თეიმურაზის, ქეთევან, ცოლად გურიელს ქაიხოსროს და მოიმოყვრა. ესე ქაიხოსრო გურიელი იყო კაცი მხნე და ახოვანი და ბრძოლასა შინა გამოცდილი.
ამას შიგან მოვიდა ბატონი თეიმურაზსა, და მას ჟამსა მიცვლილიყო ბატონი დედოფალი ხორაშან და არღარა ჰყვანდა რა, რამეთუ ერეკლე რუსეთს გაეშუა.
და ამა ჟამსა მოკვდა მეფე როსტომცა. და ამა როსტომ მეფესა, ლუარსაბის შვილი რომ მოუკვდა, მას უკან მუხრანის ბატონის ვახტანგისათვის მოეკიდნა ხელი და ეშვილებინა, და უყვარდა როსტომ მეფეს დიდად. და იყო საქმის ხელ-გამომავალი, მხნე და ახოვანი და გამარჯვებული. მას. ჟამსა მოუძლურდა როსტომ მეფეცა და არღარა ეძლო შემოვლა ქართლისა და მაშინ გაგზავნა ვახტანგ მუხრანის ბატონი ყაენთანა და მისწერა წიგნი ყაენს. და უჯერებდა ყაენი დიდად როსტომ მეფესა და უშოვნა ჯანიშინობა ქართლისა.
და რა ჩავიდა ყაენთანა ვახტანგ, სცა დიდი პატივი და დიდად მიიჩნივეს. და შეუკუეთეს სჯული მაჰმადისა. და უთხრა პირველად ბევრი უარი, და არღარა ღონე ჰქონდა, მაშინ მორჩილ ექმნა. გაათათრეს და წარმოგზავნეს ჯანიშინად ქართლისა და მოვიდა ქართლსა.
მაშინ მოუძლურებულ იყო როსტომ მეფე და არღარა ეძლო და სრულიად სარეცელზედ მწოლარე იყო, ლხინობდა და განისვენებდა, ქართლს ესე არიგებდა.
ესე ვახტანგ იყო თესლი კოსტანტინე მეფისა: თვით კოსტანტინედამ თავი მეოთხე, რამეთუ კოსტანტინემ შვა დავით მეფე, გიორგი, მეფე ალექსანდრე, ბაგრატ და მელქისედეკ კათალიკოზი. ამან მეფემან დავით მისცა მუხრანი ძმასა თვისსა ბაგრატს. და ამან ბაგრატ შეიპყრა ავ-გიორგი, და ამან ბაგრატ შვა ვახტანგ, აშოთან, მამა მოწამის ქეთევან დედოფლის და დედისიმედისა, რომელი იყო ცოლი ათაბაგისა, არჩილ და ერეკლე. ხოლო სამნი ესე ძმანი უძეო ესხნენ, და ვახტანგ შვა თეიმურაზ და ქაიხოსრო, გამგებელი ქართლისა, ხოლო თეიმურაზ შვა ვახტანგ, რომელსა სპარსთა უწოდეს შანავაზ, და კოსტანტინე.
ხოლო როსტომ მეფემან განვლო სოფელი ესე დიდითა შვებითა და განცხრომითა, და მაშინ მოუძლურდა სიბერითა და სალმობიერ იქმნა. ხოლო ვახტანგ ჯანიშინმან წარავლინა კაცი და ამცნო ყაენსა სალმობიერება და მოუძლურება მეფისა როსტომისა.
ხოლო მას ჟამსა მომკვდარიყო შაჰ-სეფი ყაენი და დაჯდა მის წილად ძე მისი შააბაზ. ამან შააბაზ წარმოავლინა კაცი და მოვიდა ტფილისს და ნახა როსტომ მეფე მოუძლურებული და სალმობიერი.
და ამა ჟამსა შინა მოკვდა როსტომ მეფე, წაიღეს და დამარხეს ყუმსა. ხოლო დედოფალი მარიამ შეიყვანეს ტფილისის ციხეში ქრისტეს აქათ[...] ყაენის ბრძანებითა. მაშინ მოვიდა ზაალ ერისთავი შეყრილი და დადგა ავლაბარში.
მას ჟამსა ეპყრა კახეთი მურთუზალ ყულიხანს და ზაალ ერისთავსა. და მურთუზალ ყულიხან იმისის ზურგით იდგა: ზაალ ერისთავის შეუკითხავი არა იქნებოდა რა კახეთში, რამეთუ როსტომ მეფეს დაედგინა იგი კახეთის გამგებელად და ეპყრა ზაალ ერისთავსა ერწო-თიანეთი.
ხოლო ქართლსა განაგებდა ვახტანგ, შანავაზ წოდებული, და ესე არიგებდა საქართველოსა.
ხოლო თათართა ეპყრა მონასტერი ალავერდი ციხედ და იყვნენ შიგა და სხვაცა მრავალი ადგილი კახეთისა დაეპყრათ, ბახტრიანი ციხედ ჰქონდათ. და მრავალი ელი ცოლშვილით ჩამოსახლდენ კახეთშია და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკვიდრთა კახეთისათა, რამეთუ ენებათ სრულიად კახეთი გასათათრებლად და ელის დასახლება. და ყარაღაჯში მურთუზული-ხან იჯდა.
და მას ჟამსა იდგა ზაალ ერისთავი შეყრილი ავლაბარში, რამეთუ ესე ვახტანგ მოყვარე იყო ზაალ ერისთვისა. ამა ვახტანგის ასული ზაალ ერისთვის ძის ზურაბისათვის თხოვილი იყო, არამედ ვერცა მოყვრობით მოიყენა და დიდად შურობდა და მტერ იყო საქართველოს გამგებლისა ვახტანგისა ზაალ ერისთავი.
ხოლო რაჟამს მიიცვალა როსტომ მეფე, გაგზავნა კაცი ვახტანგ, განმგებელმან საქართველოსმან, ყაენთანა და სთხოვა საქართველოს ბატონობა, მაშინ ზაალ ერისთავმანცა - ძვინად შურობდა მისა, - წარგზავნა მანცა კაცი და ითხოვა თავისუფალ-ყოფა თვისი ყაენისაგან, რამეთუ ჟამსა მას ფრიად მიემძლავრა საქართველო ყაენსა და ვერვის ძალ-ედვა თვითფლობით პყრობა საქართველოსი, გარდა ყაენისა.
ხოლო მოსცა ყაენმან ვახტანგს მეფობა საქართველოსი. ამას ჟამსა იყო ზაალ ერისთავი ფრიად განმდიდრბული და მორჭმული საუნჯითა. ამას შინა მოუვიდა ყაენისაგან რაყამი და ბატონობა ქართლისა შანავაზს. ხოლო რა ესმა საქმე ესე, წარვიდა ხევსა არაგვისასა, განუდგა და არა მორჩილ ექმნა მეფესა შანავაზს.
შანაოზ მეფე (ვახტანგ V)
ხოლო ამა შანავაზ მეფესა ესვა ცოლად ასული ყაფლანისა, სახელით როდამ, ქალი ფრიად პატიოსანი და შემკული ყოვლითავე საქმითა კეთილითა, სრული სწავლითა სამღთოთა და საეროთა, მშვენიერი და პირის-წყალი დედათა. ხოლო ოდეს უბოძა ყაენმან ქართლი მეფეს შანავაზს, მაშინ მოსწერა შერთვა მარიამ დედოფლისა და ვერღარა ურჩ ექმნა ყაენსა და არღარა ღონე ჰქონდა: შეირთო მარიამ დედოფალი. და ქმნეს ქორწილი სახელოვანი და ესვა ორივე ცოლად. რამეთუ ესხნეს როდამთანა ძენი და ასულნი.
და გაბატონდა შანავაზ. თვით ესე შანავაზ მეფე იყო კაცი საკვირველი, ძლიერი საქმითა და გამარჯვებული. და ამას სჭირდა ოთხნი ესე საქმენი: ბრძენ იყო უპოველი, ბედნიერ იყო საკვირველი, სარდალი და მამაცი უამხანაგო, პირად შეუბედავი და გულით მოწყალე უცხოდ.
და მისცნა ღმერთმან ძენი და ასულნი მსგავსნი მისნი: არჩილ იყო უხუცესი. ესე იყო კისკას, მშვენიერ, მობურთალი, მოისარი. ყოველის კაცის ისარზედ ერთი ხელის დადება ისარი უგრძე ჰქონდა. და არა იყო მსგავსი მისი. მეორე შვილი გიორგი ძლიერი გოლიათებრ, სამხედროთა საქმეთა სრული და ხელგამომავალი. და ასეთი სიტყვა ჰქონდა, მტერნი მოყვრად შეცვალის.
და ალექსანდრე გაეზარდა ყაენსა. ესეთი იყო, რომ ყოველნი ყმანი ყაენისანი. ვითარცა ყაენსა, ეგრეთ პატივს სცემდენ.
ლევან იყო ბრძენი და მეცნიერი, შორდამნახავი საქმისა და განსწავლული სამეცნიეროთა წიგნითა. ლუარსაბ იყო მხედრობის რიგის მცოდნე და სულეიმან კაცი პატიოსანი. მაგრამ ძმათა სიკეთე ჰფარევდა ასულთაგან: ანუკა ყაენმან ცოლად წაიყვანა და სულ ერანში მისი სიკეთე ასე განფენილიყო, რაც ქალი კარგს იქმოდა რასმე, იტყოდენ, ანუკა ბატონისშვილისაგან უსწავლიაო. და მშვენიერი დიდად თამარი იყო მსგავსი დედისა, მოღვაწე, მართალი, ღმრთისა და კაცთა მოსაწონი, მაკეთებელი სამღთოსა და ეკლესიათა.
მაშინ, ვითარცა ესმა შანავაზ მეფის განძლიერება და წყალობა ყაენისაგან ზაალ ერისთავსა ეწყინა ფრიად და ყაენისაგანაც გულკლებულ იქმნა და შანაოზ მეფესაც შეუორგულდა, უკუდუდგა. და იყოფებოდა დუშეთსა, ეპყრა მტკიცედ საერისთაო და განაგებდა კახეთსასა. და გული უთქმიდა მხოლოდ თვითპყრობად კახეთისა, არა მრწმუნებელი მეფობასა შანავაზისასა. ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა მპყრობელი ალექსანდრე და მოიყვანეს ძე მისი ბაგრატ, ნაშობი გურიელის ასულისა მიერ, რომელი ცილ-წამებულიქმნა მემრუშედ. ესე ბაგრატ იყო ოდიშს, მოიყვანეს იმერელთა და გააბატონეს.
ხოლო ბატონი თეიმურაზ დაშთა სკანდას ციხეში [...] ალექსანდრესი და დედის ნაცვალი ბაგრატისა. ამან დარეჯან მოიყვანა ძმიწული მისი ქეთევან, მამიდამან მისმან, და მისცა ბაგრატს, გერსა თვისსა, და ისიძა. ამას ჟამსა შინა ქაიხოსრო გურიელი მოეკლა ყმასა მისსა მაჭუტაძესა, და გააბატონა განაყოფი მისი დიმიტრი გურიელი. და ძე ქაიხოსრო გურიელისა გიორგი ლტოლვილი წარვიდა ახალციხის ფაშას თანა და იქ შეინახა ფაშამან და მისცა ბაგრატსა გერსა თვისსა და იყვნენ მშვიდობით.
ხანსა რაოდენსამე უკანა მაშინ იმერლებმა დასჩხუბეს დარეჯან და გერი თვისი ბაგრატ, და ჩამოუგდეს შური დიდი ურთიერთას. და რომელნიმე იმერელნი მიერჩდეს დარეჯანს და რომელნიმე ბაგრატს, რამეთუ პირველად იმერელნი იყვნენ გულწრფელნი და ბატონისა თვისისა ერთგული. და რაჟამს ჩავიდნენ კახნი იმერეთს, და იყოფოდეს მრავალჟამ იქ. ხოლო კახნი ჩვეულებისაებრ იყვნენ ერთმანერთისა მეშურნენი და მტერნი და მრავლის ზაკვისა და ჩხუბის მოქმედნი, ლაღნი და ამპარტავანნი, ტანთ-ჩაცმისა და სილამაზის გამომკიდენი და მოყვარენი, რამეთუ ესრეთცა იყო პირველითგან ჩვეულება მათი. და წაბაძეს მათ იმერელთაცა, ისწავეს კახთა წესი და კადეც გარდაამატეს. ამიერითგან დამკვიდრდა იმერეთს ჩხუბი და დაუნდობრობა.
და ესრეთ დასჩხუბეს დარეჯან და გერი მისი ბაგრატ იმერელებმა, გმო ღმერთი დარეჯან. მოიპოვა ჟამი რამე, უღალატა გერსა და სიძესა თვისა ბარგრატს: შეიპყრა და დასწვა თვალები. მოიყვანა შორეული ტომი ბატონის ალექსანდრესი ვახტანგ, რომელსა უწოდდენ ჭუჭუნასშვილად, და იგი შეირთო ქმრად.
ხოლო მას ჟამსა მოკვდა როსტომ ფაშა და დაჯდა ძე მისი ასლან ფაშა, რამეთუ ხონთქარი მით ჰკითხევდა და მათის შეკითხულობით იპყრობდა იმერეთს. და იგინი განაგებდენ და არიგებდენ. მაშინ წარმოემართა ასლან ფაშა ლაშქრითა და ჩამოვიდა იმერეთს. ვერვინ წინააღუდგა, წარმოიყვანა თანა ჭუჭუნაშვილი, ქეთევან და დარეჯან, მამიდა და ძმისწული. ესენი წარიყვანა ასლან ფაშამან და დააყენა ოლთისს პატივითა დიდითა. ხოლო ბაგრატ თვალდამწვარი გააბატონა იქვე იმერეთს.
და გამოჰხდა ხანი რამე, მაშინ იმერლებმა დაუწყეს მეფეს შანავაზს ლაპარაკი და დადიანმანც, რამეთუ არა მორჩილ ექმნეს ბაგრატს, იქიდამ დადიანი მოუხდა და დაიპყრა იმერეთი. ხოლო მეფე შანავაზ წარვიდა და მივიდა ფცისწყალზედა.
და მას ჟამსა ზაალ ერისთავი არა მორჩილებდა მეფესა შანავაზს და იყო განდგომილ, ამისთვის ვერღარა წარვიდა იმერეთს. ხოლო ძენი არაგვის ერისთვის გიორგისა ოთარი ედიშერ და იასონ ახლდენ მეფეს შანავაზს თანა. ხოლო გიორგი, მამა ამ ოთარისა, ძმა იყო ზურაბ ერისთვისა. ესე გიორგი იყო კაცი ამაყი და უარშიო და არა მორჩილებდა ძმასა თვისსა ხოლო შეიპყრა ზურაბ ერისთავმან და ბატონმან თეიმურაზ და დაკლებულ-ყო ორთავე თვალთაგან. ხოლო ამა გიორგის ესვა ცოლად და შანავაზ მეფის და ამა ქალისაგან ჰყვანდა გიორგის ძენი: ოთარი, ედიშერ, იასონ, პაპუა და დათუნა. ამათ მოახსენეს მეფეს შანავაზს: „ვინათგან ბიძა ჩვენი ესრეთ თქვენი ორგული დაურჩი არის და ჩვენთვისაც მრავლის ავის მქნელი არის, დაგვჩაგრა და ჩვენის სამკვიდროს მამულის პური არ გვაჭამაო, გვიბოძე დასტური, წავალთ და მოვკლავთო. ხოლო მეფემან შანავაზ მისცა დასტური და მივიდნენ დუშეთს.
მაშინ უსჯულოთა აგარიანთა მიიმძლავრეს სრულიად კახეთი და მრავალსა ბოროტსა უყოფდენ მკვიდრთა კახეთისათა, მოაოხრეს და განრყვნეს წმიდანი ეკლესიანი. მაშინ მგზავრი ვინმე ერთი კახი ხუცესი მარტო მივიდოდა გზასა თვისსა კახეთში, ხოლო დამთხვევით შეემთხვივა გზაზედა მღვდელსა მას თათარნი რაოდენნიმე. და შეიპყრეს უსჯულოთა მათ ხუცესი იგი მტერთა მათ და მოშურნეთა ქრისტეს სჯულისათა. შეკრეს ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხვიეს საქმე სიბილწისა, რომელ არს ცოდვა სოდომურ და განუტევეს. ხოლო წარვიდა ხუცესი იგი და მივიდა დუშეთს. ზოგად ისხდენ ზაალ ერისთავი და ცოლი მისი, დაუჩოქა ხუცესმან და შესჩივლა: „შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის გამგებელიო, გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზედ შემიპყრეს და შემამთხვივეს საქმე უშვერი და ხელშეკრულ განმხრწნეს და ყვეს ჩემ ზედა საქმე სათქმელადაც უშვერი. და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინაითგან უძნდა რწმუნებულ არს კახეთი“.
ხოლო, რა ესმა საქმე ესე ზაალ ერისთავსა, დიდად მწუხარე იქმნა, და იყო მას ჟამად ზაალ ერისთავი ყაენის მომდურავი. მაშინ შემოიფიცა ქსნის ერისთავი შალვა და ელიზბარ და კახი სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყაშვილი. და შემოიფიცეს მთის კაცნი თუშნი, რამეთუ შალვა ქსნის ერისთავი სიძე იყო მისი. ამათ გაატანა თანა ზურაბ, ძე თვისი, და წარვიდენ ღამესა ერთსა, დაესსნენ თავსა სულტანსა ბახტრიანს და ამოსწყვიტეს, და მოსრნეს ბახტრიანის ციხეში მდგომნი ელნი, და რაც იყვნენ, მიჰყვნენ იქიდამე ხოცითა, ჩავიდნენ ალავერდს და, რომელნიცა იქ იყვნენ, თათარნი და ელი, რაც ესახლა, ყოველი მოსრეს პირითა მახვილისათა. და ამოსწყვიტეს დედაწულითურთ და, აკვანში რომელნიც ყრმანი იწვნენ, იგინიცა დახოცნეს. სადაც კახეთს თათარი და ელი ესახლა, ყოველივე ამოსწყვიტეს და არა სადა დაშთა, რომ ყოველივე არ მოკლეს. და რომელნიმე ივლტოდეს. წარვიდეს და განაძეს. კახეთში თათარნი აღარსად იპოებოდენ, გარდა ყარაღაჯისა. მაშინ ყარაღაჯს იჯდა მურთუზალი-ხან, და გაემარჯვათ და იშოვეს მრავალი საშოვარი. და განათავისუფლე კახეთი თათართაგან და არა სარა იპოვებოდა თათარი. წარმოვიდნენ და მოვიდნენ გამარჯვებულნი ზაალ ერისთავთანა.
ხოლო ესმა რა ესე ამბავი შააბაზს ყაენსა, იწყინა დიდად. მაშინ ყაენმანცა მოსწერა წახდენა და სიკვდილი ერისთვისა ზაალისა და, რომელნიცა ერივნეს თათართა სისხლსა შინა, იგინიცა დახოცეთო.
მაშინ ოთარი და მისი ძმები იმარჯვებდენ საქმესა და ცდილობდენ ღალატსა ზაალ ერისთვისასა. დღესა ერთსა იყო ზაალ ერისთავი დუშეთს, სუბად ფანჩატურში იჯდა, არავინ ახლდა. მოიპოვეს დრო და მივიდნენ. ერისთავი ნარდს შეექცეოდა. მაშინ უღალატეს ოთარმან და ძმებმან მისმან და მოკლეს ზაალ ერისთავი, ხოლო ძენი მისნი ივლტოდეს და წარვიდენ სამცხეს. ხოლო მეფემან შანავაზ გაუყენა უკანა კაცები. მოეწივნეს ტბისყურზედა, კაცები დაუხოცეს და ორნი ძმანი, ზურაბ და ნაბერალი, შეიპყრეს და მოჰგვარეს მეფესა, და მან გაუგზავნა ყაენსა.
ხოლო შალვა ერისთავი და ელისბარ, ძე მისი, და სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყასშვილი არა მივიდეს მეფესა შანავაზთანა, არამედ წარვიდეს ყარაღაჯში მურთუზალ ყული ხანთანა. მან შეიპყრა და ყაენს გაუგზავნა.
ხოლო ზურაბ ძემან ზაალ ერისთავისამან დაჰყო რამე მცირედი ხანი ისპაანს და მოკვდა. უმცროსი ძმა მისი გაათათრა ყაენმან და ამყოფა თვისთა თანა.
მაშინ ჩოლაყაშვილი ბიძინა, სუფრაჯი შალვა და ელისბარ ესენი მისცეს მკვდრის პატრონთა, ვითარცა წესი და ჩვეულება არს თათართა, რამეთუ მკვლელს ხელში მისცემენ მოსისხარსა, და ყვეს სამართალი ჩვეულებისაებრ მათისა. ხოლო დაჰპატიჟეს სჯული მაჰმადისა ბიძინა სუფრაჯს ჩოლაყაშვილსა და შალვასა და ელისბარს. მაშინ დიდად მხნედ გამოჩნდეს სამნივე ესე მოწამენი და უმეტესად ბიძინა ჩოლაყაშვილი სუფრაჯი წადიერად იღვწიდა წამებისათვის: განბასრეს მათ და გინებულ ჰყვეს სჯული მაჰმადისა. მაშინ ბიძინა ჩოლაყაშვილი განამხნობდა შალვასა და ელისბარს, და ეტყოდა: „ნუ მოვმედგრდებით და ნუ შეუშინდებით, არამედ მივსცეთ თავი ჩვენი ქრისტესთვის სიკვდილსა, რამეთუ სიკვდილი უნებელად თანაგუაც და ვერვინ წინააღუდგების სიკვდილსა. აჰა, ჟამი ესე არს შესვლად სასუფეველსა შინა“. ერთხმობით სამთავე აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება და უარჰყვეს სჯული მაჰმადისა, ხოლო მათ მახვილებითა დაჭრეს იგინი ასოეულად და დახვრიტეს რომელიმე თოფითა და რომელიმე მახვილებითა დაჭრნეს. და აღსასრული სარბიელი წამებისა მიიღეს და იქმნეს, ვითარცა სხვანი პირველნი მოწამენი, გვირგვინოსან და აწ იხარებენ ზეცისა სასურველსა შინა.
ხოლო რაჟამს მოკლეს ზაალ ერისთავი, მაშინ მისცა ერისთაობა ოთარსა მეფემან შანავაზ და მსაჯულობა საქართველოსი მისცა ედიშერს, ხოლო ქსნის ერისთაობა მისცეს იესეს. და დაიპყრა მეფემან შანავაზ მტკიცედ საქართველო და იყვნენ დიდად ერთგულნი ოთარ ერისთავი, ედიშერ ქართლის მსაჯული, ქსნის ერისთავი იესე და სრულიად ქართლის დიდებულნი, და დაიერთგულნა სრულიად ქართველნი და მრავალსა კეთილსა უყოფდა მათ.
და ამათ ჟამთა შინა შერიგდენ მეფე შანავაზ და ვამიყ დადიანი: ამათ განიყვეს იმერეთი და დაანება ბუჯას გაღმართი დადიანს ვამიყს, და ბუჯას გამოღმართი თვით მეფემან დაიპყრა. და მეფობდა მეფე შანავაზ სამთავე სამეფოთა: ქართლსა, კახეთსა და იმერეთსა ზედა, ესრეთ განდიდნა და აღემატა მეფობა და სიმდიდრე მისი საქართველოსა შინა.
და განამდიდრნა ყოველნივე მკვიდრნი სამეფოთა თვისთანი: უკეთუ ვინმე იყო გლახაკი და უპოვარი მონაგებთაგან, აღივსნეს უხვად წყალობითა და სახმართა ბოძებითა მისითა, და უკეთუ იყო ვინმე ნაკლულოვან აგარაკთაგან, ანუ მონათაგან, ანუ საჭურჭლეთაგან, ყოველნივე განმდიდრდეს, და გარდაემატათ სიმდიდრე და მორჭმულობა მკვიდრთა საქართველოსათა.
და სადაცა იყო იატაკი მთათა შინა, ანუ ბართა უხმად მყოფი, ყოველივე სახმარად კაცთა შერაცხილ იქმნა: უშენნი აღშენდეს და მრავალნი დაბანი და დიდ-დიდნი თემნი შესძინნა სამეფოსა საქართველოსასა. და სადაცა იყვნენ თანამდებნი, მევახშეთაგან განათავისუფლნა. და წმიდანი ეკლესიანი ზეშთა აღმატებულ-ყო შესაწირავითა აგარაკთა და ყოველთა სამკაულთა მიერ განაშშენა, გლახაკთა და უღონოთათვის ფრიად მოწყალე და ქველის-მოქმედი იყო: ტყვენი გამოხსნილ იქმნეს.
იყო ქვრივთა და ობოლთა მოწყალე, მართლ-მსაჯულ და ძელის-ამპყრობელ, და იყო ყოველთათვის მოსამართლე და მოწყალე, მსჯავრსა შინა პირ-უთნებელ, უქრთამო და სწორის სამართლის მოქმედ, უხვი, უშურველ-უტყუარ, ერთგულთათვის უხვად წყალობის მიმნიჭებელ, ურჩთა და ორგულთა ძლიერად შემრისხველ, დიდებისა და სახელის მეძიებელ, მტერთა მიმართ უძლეველ და ახოვნად წინა-განმწყობ, წინააღმდგომთა თვითა უშიშრად შემმართველ, რაზმთა და წყობათა შინა კეთილად განმზრახი სარდალი, რაინდობათა შინა უებროდ მორბედი და ყოველსავე სამამაცოსა ზნეობასა შინა უსწორო. და ესრეთ კეთილად მართებდა სამთავე სამკვიდროთა სამეფოთა თვისთა და თვით სვე-სრულობით მეფობდა და განაგებდა განსაგებელთა თვისთა.
და ამა ჟამსა შინა მიიცვალა კათალიკოზი ქრისტეფორე და დასვა მის წილად ბიძაშვილი თვისი დომენტი, კაცი სრული საქმითა, რამეთუ ამან მატა სჯულსა და წესსა ეკლესიისასა.
ხოლო ეხსნეს ფრიად პატიოსნისა სჯულიერის მეუღლისა თვისისა როდამისაგან ძენი ექვსნი და ასულნი ორნი. სახლი ასულთა მათ: ანუკა და თამარი, ხოლო ძეთა მათ სახელები: პირმშო და საყვარელი არჩილ, გიორგი, ლუარსაბ, ალექსანდრე, ლევან და სულეიმან.
აღზარდნა მეფემან ესენი დიდად სახელოვანნი და პატიოსანნი ძენი და ასულნი თვისნი მრავლითა ფუფუნებითა და სახელმწიფოსა სწავლითა და სიბრძნე-მეცნიერებითა. პირველად განსწავლნა სამღთოთა წერილთა სწავლა-თარგმანებათა და განმარტებათა მიერ, ხოლო უმეტესად საეროთა და სავაჟკაცოთა მხედრობითა გამოცდილობითა ყოვლითურთ, სამამაკაცო ზნეობითა ესრედ სახედ, რომე არაოდეს არა აღზრდილ არს საქართველოსა შინა მათებრივ არცა ძენი მეფეთანი და არცა დიდებულთანი.
რამეთუ ჟამთა შინა მეფისა როსტომისათა ფრიად მიდრკა ქვეყანა ქართლისა სწავლისაგან სამღთოთა წერილთასა, რამეთუ კნინღა და თვით სამღვდელონიცა კრებულნი და დასნი არღარა მზრუნველ და მეძიებელ იქმნეს სამღთოთა სწავლათათვის, არამედ უფროსღა და უმეტეს აღმრჩეველთა საქმეთა მსოფლიოთა და ხორციელებრთა მიერ უხმარ და უდებ ყვეს სრულიად ღვთივ-სულიერნი და სამღთონი სწავლანი, რომელ ესე ფრიად უმეტეს ჯერ-იყო შეწყნარებად და აჰა დატევებად, რამეთუ ამათ ჟამთა შინა კუალად იწყეს მოქცევად ბოროტისაგან და ქვეყნად კეთილისა: სწავლად და გულს-მოდგინედ წვრთად ღვთივ-სულიერთა საქმეთა მოქმედებად. და განშვენდეს წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი და ყოველნივე წესნი ეკლესიათანი განმრავლდეს საქართველოსა შინა მიზეზითა ძეთა მეფისათა შანავაზისათა ვითარმედ ესე სიტყვანი ძველითგან თქმულ არს: „ჟამნი მეფენი არიანო“. და დედოფალმან მარიამ შეამკო ეკლესიანი შესამოსლითა ხატითა, ჯვარითა და წირვის იარაღითა, ნაკერითა მარგალიტითა და თვალითა. და ედვა ამა დედოფალსა პატივი დიდი ყაენისაგან და ყოველთა საქართველოსა კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთაგან, იყო ყოვლითურთ შემკული კეთილითა, რომლისა მსგავსი თამარ მეფისა შემდგომად არღარავინ [...]
თამაზ სარდალი და სხვანიცა მივიდეს და დაეგნეს ნაზარალი ხანს. ხოლო ჟამსა ამას დიდად მძლავრობდეს ლეკნი კახეთს და მტერობდეს ურიცხვითა ავაზაკობითა და პარვითა, ამისთვისცა განილაშქრეს მათ ზედა კახთა. და მისცა ქალბალი ხანცა ნება და შეკრა სრულიად მკვიდრნი კახეთისანი და შეუხდეს ჭარსა, ხოლო ლეკნიცა განეწყვნეს სიმაგრეთა შინა და დიდად იზღვივნეს კაცნი ლეკთა მიერ: მოისრნეს მრავალნი თავადნი, აზნაურნი და უფროსად გლეხნი, მოსწყვიდნეს პირითა მახვილისათა და იოტნეს იგინი და იავარ-ყვეს ხვასტაგნი და ქონებანი მათნი, და ესრეთ ოტებულნი წარმოვიდეს.
მაშინ ნაზარალ იხან განაზრახა ქალბალი ხანს და წარგზავნეს წინაშე ყაენისა მუხრანის ბატონი პაპუა, ქსნის ერისთავი დავით და სარდალი თამაზ ძისა თვისისა მამუკათურთ. ხოლო ოდეს შთავიდეს ისპაანს პაპუა მუხრანის ბატონი და თამაზ სარდალი დახსნის ერისთავი, პყრობილნი წარგზავნეს ქირმანს, ხოლო ქაიხოსროს, ძმისწულსა მეფისასა, არა კეთილად შემწყნარებელმან ნაზარალი ხან მიუღო დაბანი და მამულნი, რომელნიც ეპყრა მას, და ამისთვის აღარ დაიმდაბლა თავი და წარვიდა წინაშე ყაენისა, რამეთუ თანაშემწედ აქუნდა ქალბალი ხან, და მემანდრითა და პატივითა წარგზავნა იგი. და ვითარცა შთავიდა ისპაანს ქაიხოსრო, განიხარა ყაენმან და პატივ-სცა მამასაცა მისსა და თვით მასცა, ხოლო ერევნის ხანი და ქალბალი ხან მოშურნე იყვნეს ურთიერთას და ამისთვის განიზრახა ერევნის ხანმან და მოსწერა წიგნი მეფესა გიორგის, რათა პირობითა და თავდებობითა მისითა დაეგოს იგი ყაენსა, რამეთუ ეტეოდა, ვითარმედ: „არარა ბოროტი გიქმნიესო სპათა მისთა ყიზილბაშთა ზედა, ამისთვისცა მე ვიყო თავსმდები შენი, რათა არა გეყოს შენა ზღვევა, არამედ უფროსად სარგებელი და წყალობა და მრავალწილად კეთილის ყოფა ყაენის მიერ“. კვლავ ამასვე პირობასა აღუთქმიდა და დიდად წადიერებით ეზრახებოდა მეფესა ქალბალივ ხან და იღწვიდა პირითა მისითა დაგებასა ყაენისასა, არამედ არა ინება მეფემან მის მიერ, არამედ მიერჩდა ერევნის ხანსა და იქმნა მეგობარ მისსა. ხოლო ერევნის ხანმან აუწყა ესე ყაენსა და განიხარა სიხარულითა დიდითა შაჰსულთან უსეინ ყაენმან დაგებად მეფისა გიორგისა და მისცა ერევნის ხანსა წყალობად თოფანჩგიაღასობა, რომელ არს ყოვლის მეთოფის ბატონობა და უფროსობა, და წაიყვანეს კარსა ზედა ყაენისასა მაშინ მეფემან გიორგი წარავლინა ზურაბ ზურაბიშვილი ყაენთანა და მივიდა თოფანგჩიაღასთანა. და ვითარცა შთავიდა ისპაანს, განიხარეს თვით მან ყაენმან და ყოველთავე დიდებულთა მისთა შთასლვა მეფის გიორგისა და მსწრაფლ აღუსრულეს ყოველივე სათხოველი მეფესა: და მოსწერეს რაყმები და წყალობა და წარმოგზავნეს მალემსრბოლი. და მოვიდა იმერეთს სახლსა შინა წერეთლისასა საჩხერეს და ერევნის ნაიბი და სხვანიცა დიდებულნი ყაენის ბრძანებითა წარმოგზავნეს, რათა მრავლითა დიდებითა და პატივითა ხელმწიფურად ხელისა წარმართებითა მსახურ ექმნენ მეფესა და მიართვიდენ შემსგავსებულსა ულუფთა და სანოვაგეთა განწესებითა. და განემზადა წარსლვად.
მაშინ იყო ვინმე იმერელ ბატონის ბაგრატის ნაბიჭვარი და მას მიერთნეს რომელნიმე თავადნი იმერელთანი და აუწყეს ხვანთქრის ვეზირ-აზამსა და ქრთამითა მოიმადლეს იგი. და მისცეს ბატონობა და შეამოიყვანეს იგი და გააბატონეს, რამეთუ იყო ესე კაცი შეუგვარი და უღირსი ბატონობისა, ხოლო არჩილ მეფე გარდააგდეს. და მისცა აბაშიძემან გიორგი ცოლად ასული თვისი, ცოლყოფილი ალექსანდრესი. და წარვიდა არჩილ მეფე ზრამაგას. ამას ზედა მოუვიდა მეფესა გიორგის მემანდარი ყაენისა და გარდავლო მთა და მივიდა ალს. მაშინ დაუტევა ქართლს სულაიმან ძმა თვისი ცოლშვილითა და კათალიკოზი ნიკოლოზ, რამეთუ ჟამსა ამას შინა გარდაცვალებულიყო ამილახორი გივი, კაცი პატიოსანი ყოვლითურთ, იმერეთს, და ძე მისი ანდუყაფარ და ესენი ყაენის ბრძანებითია დააყენეს ქართლს, და წარიყვანა თანა ისპაანს არაგვის ერისთავი გიორგი და წარვიდა მეფე და მოართვეს ყიზილბაშთა არმაღანი მრავალი და დიდისა დიდებითა ჩავიდა ისპაანს.
Комментариев нет:
Отправить комментарий