დასავლეთ საქართველოს კუთხეთა გეოგრაფიული აღწერა
სახელისათვის
სახელისათვის
ქვეყანისა ამის სახელნი არიან საერთოდ სამი: პირველად ეგრისი, მეორედ აფხაზეთი, მესამედ იმერეთი. რამეთუ ეგრისი ეწოდება ეგროსის გამო, ძისა თარგამოსისა, რომელსაც ძმათა შორის თვისთა ხვდა წილად ქვეყანა ესე, და იწოდებოდა სახელითა ამით, ვიდრე ხოსროვანთა გარდავლინებამდე. ხოლო აფხაზეთი - ლევანის გამო, რომელი, შემდგომად პირველის ლეონისა, მეორე ლევან ერისთაობდა აფხაზეთს ქრისტესსა ღ̃პე (785), ქართულსა ე (5)̃. ესე ლეონ, შემდგომად ხოსროვანთ გარდაცვალებისა, გამეფდა და დაიპყრა სრულიად ეგრისი, და ამან უწოდა აფხაზეთი სამეფოსა თვისსა, და მოიღო საერისთაოსა თვისისა სახელი ეგრისსა ზედა. ბაგრატიონთა რაჟამს დაიპყრეს სრულიად აფხაზეთი და ყოველი საქართველო, უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი, უმეტესად შეერთებისათვის, და აწცა საზოგადოდ უწოდებენ იმერეთსა. ხოლო ესე აფხაზეთი ან იმერეთი განიყოფება ადგილებად, და ეს განყოფით ადგილებთა სახელები დავსწეროთ თვის-თვისთა რიგთა ზედა. მაგრამ ოსმალნი და სპარსნი საყოველთაოდ ამ ქვეყანას უწოდებენ ბაშიაჩუკს, რომელიც არის თავახდილი, უქუდობისათვის, რომელთაც ჰბურავთ მცირე რაიმე ნაჭრისაგან ლართა, როგორცა მდებარედ თავსა ზედა.
ხოლო სიგრძე ქვეყანისა ამისი არის ლიხის მთის თხემიდან შავს ზღვამდე, და მერე კიდევ ეგრისის მდინარიდან ვიდრე ზღვამდე. ხოლო განი ჭოროხის მდინარიდან ალანის კავკასამდე და ლიხის მთამდე, ფერსათის მთის თხემიდან რაჭა-სვანეთის კავკასის მთის თხემამდე. და საზღვრავს ქვეყანასა ამას: სამხრეთიდან ღადოს მთა ანუ ფერსათი; ჩრდილოეთიდან კავკასიის მთა, და მდებარებს ორთა ამათ მთათა შორის, დასავლეთიდან შავი ზღვა; აღმოსავლით მთა მცირე ლიხისა. ხოლო მთა ლიხისა მდებარეობს ჩრდილოეთიდან სამხრეთით, კავკასიიდან ღადომდე, და არის ტყიან-ნადირიან-ფრინვლიანი, და გასდიან მდინარენი, ამიერ - ყვირილა, ძირულა, და ჩხერიმელა, იმიერ - ფაწა, ოთხი ფრონენი და შოლა, და არის ქვეყანა ესე ფრიად ტყიანი, რამეთუ იშვიათად არის ველნი, თუ არ ადგილ-ადგილს მცირენი, გარდა სახვნელთაგან ტყენი ადგილ-ადგილ ხილიან-ვენახიანი, ჰავითა კეთილ-მშვენი, ოღონდ ტყის გამო ზაფხულს იმყოფება სიცხე, ვინაიდან ძნელად იძვრის ქარნი, და არა გაუძლისი სიცხე, გარდა ადგილთა რომელთამე. ზამთარი თბილი, რამეთუ ვერ ოდეს გაჰყინავს მდინარეთა, ვერცა გუბესა, რომელსა ზედა შედგეს უტყვი ან მეტყველი. არამედ თოვლი დიდი, რომლისა სიმაღლე ოდესმე მხარი და უმეტესიცა. თვალთა ქვეშე მშვენიერება ეგოდენ არა მჩენარობს ტყის გამო, გარდა ადგილ-ადგილთა, რამეთუ, უკეთუ დახედო მაღლის მთიდან, იხილავ სრულიადს იმერეთს ტყედ და არასადა შენობასა.
მარცვალთათვის
ხოლო მარცვალნი, რომელნიცა დავწერეთ, ყოველნი ნაყოფიერებენ ფრიად, თუმცა ბრინჯ-ბამბას სთესენ იშვიათ და ეგრეთვე ხორბალსა და ქრთილსა, და ღომსა ფრიად მრავლად და გამოიზრდებიანცა მით. და სხვათა მარცვალთა სიმრავლენი იმყოფებიან, რამეთუ ერთი მხოლოდ მუშაკად მოქმედი კაცი, მხოლოდ წალდთოხისა მქონებელი, დასახლდება, მოიყვანს საზრდელსა ჯალაბთასა და გადაიხდის ბეგარასაცა.
აბრეშუმს აკეთებენ და ქსოვენ ლარს არა დიდფასსა, უოქრომკედოსა, და ხმარობენ სხვებრცა. ეგრეთვე ბამბასა და კანაფთაგან - ტილოსა, მაგრამ სხვათა ქვეყანათაგანი უმჯობესნი არიან.
ხის ნაყოფთა და პირუტყვთათვის
წალკოტნი არ არიან აქა, მაგრამ ვენახის კიდურთა ზედა ხილნი მრავალნი ამისთვის, რამეთუ ტყეთა შინა მრავლობს ყოველნი. აქა არის ხურმა, წაბლი და ვაშლ-ატამი ქართლზე მეტი, და სხვანი, რომელნიც აღვსწერეთ, მრავლად. ეგრეთვე მტილოვანნი ყოველნივე, რამეთუ მელსაპეპონი და პუნპულა უმუშაკოდ ნაყოფიერებენ. სავარდე არა უწყიან, მაგრამ ველთა და ტყეთა შროშანნი ვარდითურთ აურაცხელნი და ფშონი. სოკონი მრავალნი სხვადასხვანი, თუმცა ნიყვი არის, რომელიც აღმოხდება სპეტაკის ბუდიდან, მერე გასკდება, და არის სოკო ნარინჯი მას შინა, ფრიად გემოიანი. პირუტყვნი, გარდა აქლემისა, არიან ყოველნი, და არა ეგდენ მრავალ, როგორცა სხვათა საქართველოთა შინა. თუმცა ცხვარნი უდუმონი და კუდიანნი, მარადის მშობელნი ტყებთა, და ოდესმე სამ-ოთხთა, და არცა ჰყავთ არვედ. არამედ ძროხა, კამბეჩი მროწლედ, ცხენი ჯოგად, რამეთუ არა აქვთ თივა, ვინაიდან ზამთარცა მძოვრად არიან, გარდა არგვეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა. ნადირნი ყოველნი, რომელნიც აღვწერეთ, ფრიად მრავალ არიან გარდა ქურციკისა და აფთრისა. ფრინველნი - წერო, ბატი, სავათი, ლაკლაკი, კაკაბი, დურაჯი, ასკატა, სვავი, ხოლო ყაჯირი არა არის აქა, და სხვანი ყოველნი მრავალნი; მაგრამ სირნი, ჩიტნი და მტრედნი ესეოდენ, რომელსაც იპყრობს კაცი ერთი წამოსაკრავის ბადით ფ (500) ერთგზის, და სხვითა მახეებითა - სირთა და ჩიტთა, და რძეს ბეგრათ გლეხთა ტ (300), უ (400) და უფროსნიცა.
თევზთათვის
მდინარენი არა მრავალნი, არცა ეგოდენ დიდ, არცა თევზთა სიმრავლე მათ შინა, თუმცა რიონსა შინა საკურდღლიამდე იპყრობენ ზუთხსა მაისსა, ივნისსა და ივლისსა შინა და, გარდა ამ თვეთაგან კიდე, არა. სხვანი თევზნი არიან: ლოქო, გოჭა, ბოლო-წითელი, კობრი, მწერი, და წვრილნი თევზნი, და კალმახნი მრავალნი. ხოლო ზღვის კიდეთა შინა იპყრობდნენ ანდაკია და სხვანიცა. და კირჩხიბი ყოველგან მრავალნი და ფრიად გემოიანნი.
მწერთა და მძრომთათვის
მწერნი მრავალნი და გაუძლებნი, მაგრამ ფუტკარი სარგებლობს ფრიად თაფლთა და ცვილთა სიმრავლითა; და თაფლი კეთილი, რამეთუ ზოგიერთ ადგილთა სპეტაკი და შეყინული, სისქით როგორცა შაქარი, რომელსაც უწოდებენ კიპრუჭსა. მძრომნი და გველნი მრავალნი, მაგრამ გველი უწყინარი და უვნო.
კაცთათვის
ხოლო კაცნი და ქალნი, როგორცა ვთქვით, ეგრეთცა იუწყე, თუმცა უმშვენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა, ვინაიდან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა. სუფთანი, სამოსელთ გამწყსონი; ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭურველთა; ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემმართებელნი და ძლიერნი, და არა სულგრძელნი მას შინა და სხვათა შინაცა, უხვნი და მომხვეჭნი, დღეისის მძიებელნი, ხვალისის არა გამომკითხველნი, მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხვათა და სხვათა შემძინებელნი. სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსარებელნი, არამედ უცქვიტესად მოუბარნი. თუმცა უზისთ კათალიკოზი თვისი, და არა საჩინოდ უწყებული ცხორებიდან, თუ როდეს განთავისუფლდა. მწერალი იტყვის ცხორებისაგანვე: ოდეს განდგა ლეონ და იწოდა აფხაზთა მეფედ, მაშინ მოუძლურებულ იყვნენ ბერძენნიცა; და ამ ლევანის მიერ, ან შემდგომთა მისთაგან, განთავისუფლდა თხოვნითა ბერძენთაგანვე, ვინაიდან სახელიცა მისი ესეთვე წარმოაჩინებს, რამეთუ უწოდებენ კათალიკოზსა აფხაზეთისასა, და არა ეგრისისა და იმერეთისასა. ხოლო სხვანი ზნენი იმერთა დავიდუმეთ, ვინაიდან შემთხვევით არიან და არა მტკიცითა ანაგებითა.
ქვეყნის აღწერისათვის
ხოლო აწ ვიწყებთ წერად მთათა, ველთა, ტყეთა და მდინარეთა. არამედ ამ ჟამად, ვინაიდან უწოდებენ ცხენისწყალს-ზევითს იმერეთს, აღმოსავლეთის კერძსა, ვიდრე ლიხის მთამდე, პირველად დავწერთ ამას. და განიყოფა ესე იმერეთი: ვაკედ, ფერსათის კერძოდ, არგვეთად, ოკრიბად, რაჭად და ლეჩხუმად.
რიონის მდინარისათვის
აქ ვინაიდან უდიდესი ყოველთა მდინარეთა არის რიონი, და ამას მიერთვიან ყოველნი მდინარენი იმერეთისანი, პირველად ვიწყებთ ამას და მერე მას შინა შემდინარეთა, ცხენის წყლის შესართავიდან, ვიდრე გლოლა-ღებამდე.
ესე რიონი გამოსდის სუანთა, დიგორისა, ბასიანისა და რაჭის საშორისსა კავკასსა, და დის ესე რიონი: კავკასიდან გლოლის-წყლისამდე აღმოსავლეთს-სამხრეთს შუა; გლოლის-წყლიდან უწერამდე დასავლეთს-სამხრეთს შუა; უწერიდან ხომლის კლდემდე აღმოსავლეთიდან დასავლეთად, მცირედ ჩრდილოს კერძ მიწეულად; ხომლის კლდიდამ ყვირილის შესართავამდე ჩრდილოეთიდან სამხრეთად; ყვირილის შესართავიდან აღმოსავლეთიდან დასავლეთად, მიღწეულად ჩრდილოს კერძოდ, და მიერთვის ფოთს ზღვასა; და გამოივლის რაჭას, ლეჩხუმს, ოკრიბას, ვაკესა და სალომინაო-საჩინოს შუა, და განჰყოფს ოდიშსა და გურიას; და სიგრძე აქვს კავკასიიდან ზღვამდე, ესეთ დაგრეხით დინებითა.
ხოლო სიგრძე იმერეთისა არის ლიხის მთის თხემიდან უნაგირამდე ძველად, და აწ ქართლის საზღვრიდან, რომელიც აღვწერეთ, ცხენისწყლამდე, და განი ფერსათის მთის თხემიდან რაჭა-ლეჩხუმსა და სუანეთს შორის კავკასის თხემადმდე.
ხოლო სახელი მოიგო მდინარემან რიონმან დაბის რიონის გამო, ან ონისაგან - „რაი ონი“, - ან ჩქარად დინებისაგან - „რიონ“ იგი ჩქარა დინებამან, მაგრამ ბერძენნი უწოდებენ ფასონს. და მოდის სათავიდამ ქუთაის-კახნიაურამდე ფრიად ჩქარად და მსწრაფლად. არცა არის თევზი მას შინა, არცა ფონი, ორ-სამთა ადგილთაგან კიდე. ხოლო კახნიაურს ქვევით დამდორდება და ბაჟს ქვევით ფრიად მდორე და განიერი ზღვამდე და უფროს ცხენის წყალს ქვევით გავრცელებული, რამეთუ დადიან ნავებითა ზღვიდან ბაჟამდე, და იპყრობენ აქამდე ზუთხსაცა ჟამად.
ცხენისწყალი
ხოლო ამას რიონს მოერთვის ჩრდილოდან აბაშა-ტეხურის მდინარე, უნაგირას მთის ზევით, ისულეთს. ამას ზევით რიონს, ტყვირში მოერთვის ჩრდილოეთიდანვე ცხენისწყალი. ეს გამოსდის ლეჩხუმისა და სუანეთის შორისს კავკასსა და მოდის აღმოსავლეთს-ჩრდილოს შუადან სამხრეთს-დასავლეთს შუა. მდინარისა ამის სახელი არის პირველ მდინარე თაკვერისა, ხოლო ოდეს დაახრჩო ცხენნი ანაკოფიიდან უკმოქცეულის ყრუს სპათა ჲჩ (60000), ამისთვის უწოდეს ცხენისწყალი. წყალი ესე, ვინაიდან არა უტევებს ხიდსა ქვისასა და ხისასა, ამისთვის შესწვნენ ვაზისაგან და გააბმენ ამიერ კიდით იმიერამდე, და გაუბმენ ვაზისაგანვე სახელურებსა აქეთ და იქით, და დადიან ქვეითნი მას ზედა, და ექანება მკიდარებისაგან ფრიად ხიდი იგი, თუმცა იციან ოდიშსა შინა ხშირად ხიდი ესე, და უწოდებენ ბონდსა.
ლეჩხუმი
ხოლო ისულეთიდამ ხაზი ცხენისწყლის კიდისა, ვიდრე გორდამდე, არის დასავლის მხარე ოდიშისა, და აღმოსავლეთის კერძო - იმერეთისა. ხოლო გორდიდამ ვიდრე კავკასამდე არის ხეობა ლეჩხუმისა, რომელსაც უწოდებენ თაკვერად. მიიღო სახელი ესე გარემოსთა მთათაგან, კვერსავით მდებარისა - იხილე ესე მთა კვერი, - ან ციხისაგან ფრიად მაგრისა იქვე თაკვერისა. ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ხომლის კლდის გამო - ესე არს ლეჩხუმი. ლეჩხუმსა და რაჭას განჰყოფს გველის თავის მცირე მთა აღმოსავლიდან; ჩრდილოეთიდან მთა კავკასი, ლეჩხუმსა და სუანეთს შორისი; დასავლეთიდან მთა კავკასივე და კავკასიდან ჩამოსული სამხრეთად მთა გორდამდე; სამხრიეთიდან რიონი და მთა ხომლის კლდიდან წასული დასავლეთად გორდამდე, ამასა და ოკრიბას შორისი. ხოლო ამ ცხენისწყალს მოერთვის, გორდს ზევით, ჩრდილოეთიდან, კავკასის გამომდინარე ხევი, და ამ ხევზე არის ციხე თაკვერი, მაღალს კლდესა ზედა დიდშენი და ფრიად მაგარი. ამ ხევს ზევით მოერთვის ცხენისწყალს სხვა ხევი აღმოსავლეთიდან; გამოსდის ამასა და ლეჩხუმს შორის მთას, ამ ხევზე არის ციხე ორბეთისა, კლდესა ზედა შენი, ფრიად მაგარი. ამ ხევს ზევით, ლეჩხუმის საშუალს, ცხენისწყლის კიდეზე არის ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი, თავი თაკვერისა, რამეთუ რომელსაც უპყრავს იგი, მორჩილებასა მისსა შინა არიან სრულიად. ამის სამხრეთით და ცხენისწყლის აღმოსავლეთით არის ცაგერს ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ლეჩხუმისა და სუანეთისა. ამას ზევით არის მონასტერი, წოდებული მაქსიმე აღმსარებელისა, და იქ არის მაქსიმე აღმსარებელი დაფლული. არის მშვენიერ-შენი, კეთილს ადგილს და აწ ხუცის ამარად. მას ზევით, ცხენისწყალზე, არის კავკასის ძირს მურის ციხე, არვისგან შემუსრვილ-აღებული. იქიდან გადადის სუანეთს გზა.
ხოლო ამის აღმოსავლით, მთას იქით, არის ხეობა სხვა ლეჩხუმისა, რომლის წყალი გამოსდის მასვე კავკასის მთასა და მოდის ეგრეთვე, როგორცა ცხენისწყალი, და მიერთვის ხომლის კლდესთან რიონს ჩრდილოეთიდან. ამ ხევს მოერთვიან ამიერ-იმიერიდამ ხევნი, და არის შენობიან-დაბებიანი. ამ ხევის აღმოსავლეთით არს, მთას იქით, ჭყვისი, მინდორსა კლდე ამოსულსა ზედა, ციხე დიდშენი, მაგარი. ამ ჭყვისის სამხრეთით, რიონზე, არპანს, ძევს ხიდი, და ამ ხიდს ზევით და ჭყვისის აღმოსავლეთით კავკასის მთიდან, ტოლის დასავლეთად, ჩამოდის მთა მცირე სამხრეთისაკენ რიონამდე, და ეს არის გველისთავად წოდებული. ამ მთის აღმოსავლეთით არის რაჭა და დასავლეთით ლეჩხუმი. თუმცა არის ლეჩხუმი მთის ადგილად თქმული, მაგრამ არის ვენახიანი, ხილიანი, მოდის ყოველნი მარცვალნი, გარდა ბრინჯ-ბამბისა, ოღონდ სივიწროვისა და კლდიანობის გამო არა ეგოდენი სიმრავლით. მოსახლენი არიან აზნაურნი და გლეხნი, თუმცა არ არის მოსახლე, რომელსაც არა ედგას კოშკი ქვიტკირისა და შენობანი ყოველნივე ქვიტკირისანი. და არის მთითა და კლდითა ფრიად მაგარი, და კაცნი იქაურნი მებრძოლნი და შემმართებელნი, ჰაეროვანნი, ტანოვანნი, მხნენი და მორჩილნი უფალთა თვისთა, მაგრამ ბრიყვნი, უზნეონი და უწყალონი. პირუტყვნი, გარდა აქლემისა და ვირისა, არიან ყოველნი და არა ეგოდენ მრავალ. ლეჩხუმი, შემდგომად განყოფისა სამეფოთასა, იყო საკუთრება იმერთა მეფისა, და აწ უპყრავთ ჩიქოვანს, რომელიცა არის დადიანი.
საჯავახო
ცხენისწყლის შესართავს ქვევით რიონს მოერთვის სამხრეთიდან საჯავახოს წყალი. ეს გამოსდის ფერსათს, და არის შენობიანი ხეობა და მოსავლიანი ყოვლითა მარცვლითა, ხილ-ვენახითა, პირუტყვითა, ნადირითა და ფრინვლითა. ხოლო საზღვრის საჯავახოს: აღმოსავლეთიდან მთა მცირე, ფერსათიდან ჩამოსული ჩრდილოეთით, საჯავახოსა და საჩინოს შორისი; სამხრეთიდან ფერსათის მთა; დასავლეთიდან ფერსათიდამვე ჩამოსული მთა, გურიასა და საჯავახოს შორისი; ჩრდილოეთდან რიონის მდინარე. ხოლო კვლავ ცხენისწყლის შესართავს ზევით სამხრეთიდან მოერთვის რიონს წყალდაფანჩულას ხევი, სდის საჯავახოს მთას.
გუბის წყალი
ამას ზევით მოერთვის რიონს ჩრდილოეთიდან გუბის წყალი. გამოსდის ოკრიბასა და ვაკეს მორისს მცირეს მთას, და დის ფრიად ფლატოიანსა და ბარდნალიანს ადგილსა ზედა. ამ წყალზე არის ფოკე. ამას ზედვე, ამასა და ხონს იქით, ქუტირ-ფარცხანაყანევამდე, არის გოჭორაური და არის ხონს ეკლესია დიდი, გუმბათიანი, მშვენიერ ნაგები. ზის ეპისკოპოზი მწყემსი ვაკისა. ეს იყო ერთობასა შინა ქართლის მთავარეპისკოპოზისა. შემდგომად განყოფისა დასვეს აქა ეპისკოპოზი. ამ გუბის წყალს ეწოდა სახელი ესე გუბედ მიმდინარობისათვის.
საჩინო
ამ გუბის წყალს ზევით მოერთვის რიონს სამხრეთიდან, საჩინოს ხევი. გამოსდის ფერსათს. ამ ხევს ეყრება, სებეკას ქვეით, სხვა ხევი. გამოსდის ფერსათსავე. ხოლო სებეკას არის ციხე ნაშენი კარგს ადგილს.
სალომინაო
ამ საჩინოს შესართავის ზევით, საკურდღლიას პირისპირ და როკითს ქვევით, მოერთვის რიონს, სამხრეთიდან სალომინაოს ხევი, გამომდინარე ფერსათისა. ამ ხევსა და როკითს ზევით მოერთვის რიონს, სამხრეთიდან ამაღლების ხევი, გამოსდის ფერსათს. ამასზე არის მონასტერი ამაღლებას დიდი, გუმბათიანი, არის მშვენიერ ადგილს, და აწ ხუცის ამარად. ამ ამაღლების ხევის ზევით მოერთვის რიონს ნოღის ხევი, მომდინარე ფერსათის მთიდან სამხრეთით. ნოღას ზევით არის ვარციხე. ეს ყოფილ არის ციხე დიდი და დიდშენობა, და გამომდინარებს წყარო შიგ კეთილი.
ხანის წყალი
ვარციხეს ზევით ერთვის რიონს ხანის წყალი, გამოსდის ფერსათს, მოდის ჩრდილოეთით და მიერთვის რიონს სამხრეთიდანვე. ამაზე აღაშენეს ოსმალთა ციხე თხმელის ხისაგან ქრისტესსა ჩღგ (1703). ამისთვის უწოდეს იმერთა თხმელის ციხე, და პირველად ეწოდა ადგილსა ამას ბაღდადი. შემდგომად აღაშენეს ქვიტკირისა, და დგანან აწ ოსმალნი იანიჩრებით, და არის სავაჭრო ყოველი, მაგრამ უფრო მეტად ტყვენი. ამ წყალზე, ციხის სამხრეთით, ფერსათის კალთას, არის მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, და აწ უქმი. ამ წყალზევე, მთაში, არის კაკასხიდი, ფრიად მაღალ კლდესა ზედა, და გზად სამცხისა. მიიღო სახელი წყალმა ამან დაბისაგან მას ზედაშე მყოფისა, რომელსაც უწოდებენ ხანსა. ხანის წყლის აღმოსავლეთით და ყვირილის მდინარის სამხრეთით, ფერსათის კალთას, არის დიმი, სადაცა ჰყო პირველმა მეფემან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არის დაბა.
ყვირილა
ხანის-წყლის შესართავის ზევით რიონს მოერთვის ყვირილა, აღმოსავლეთიდან. მდინარემან ამან მიიღო სახელი ესე თვისის ჩქარისა და კლდესა ზედა დინებითა, ვინაიდან ხმოვანებს შორსასმენლად. ხოლო გამოსდის ყვირილა ერწოს ტბას და მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთად ჭალამდე, ჭალიდან ნავარძეთამდე - აღმოსავლეთიდან დასავლეთად, გრეხით; ნავარძეთიდან შორაპნამდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით; შორაპნიდან რიონის შესართავამდე - აღმოსავლიდან დასავლეთად და მცირედ ჩრდილოეთით მიწევით. საჩხერიდან შორაპნამდე - კლდოვანსა და მაღალს ხრამოვანსა შინა და შორაპანს ქვევით - ფლატოვანს-ჭალოვანსა შინა. ამ ყვირილასა შინა იპყრობის თევზნი, რომელნიც დავწერეთ, ყოველნი გარდა ზუთხისა, ხოლო საჩხერეს ზევით არის კალმახთა სიმრავლე და სხვა არარა, და არის სასმისად გემოიანი და შემრგო, და სხვებრ უხმარი.
წყალწითელა და ოკრიბის წყალნი
ხოლო ყვირილას, რიონის შესართავს ზევით, მოერთვის წყალწითელა ჩრდილოეთიდან, რომელმაც მიიღო სახელი წითელი მიწისაგან, რამეთუ მას ზედა დინებითა წითლდება. ეს გამოსდის გაჭრილის მთას და მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთით, სადაც მოერთვის ყვირილას. მის ჩრდილოეთით ერთვის ამ წყალწითელას, კვაცხუთს ზევით მთაში, ცუცხვათის ხევი აღმოსავლეთიდან დასავლეთად მომდინარე, გამოსდის გოგნის მთასა. ამ ხევზე გოდოგანს ზევით არის ცუცხვათის ციხე, რომელიც შეთხრით აიღეს ოსმალთა ქრისტესსა ჩღკა (1721), და უპყრავთ აწცა მათ. ამას ზევით, დასავლეთიდან, ეყრების წყალწითელას მოწამეთას ხევი, გამოსდის კახნიაურს და მის შორის მთასა. აქა არის მონასტერი უგუმბათო, მშვენიერი, კეთილს ადგილს. სხედან აქა ტაგრუცთა (მაღლა ნაგები საფლავი) შინა მოწამენი ქრისტესნი დავით და კოსტანტინე, მდებარენი აწცა ხორცითავე, რომელნიც აწამა მურვან ყრუმ. უზის წინამძღვარი.
გელათი
ამ მთის ჩრდილოეთით და წყალწითელას აღმოსავლეთით გორის კალთას, არის ეკლესია ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, დიდმშვენიერი, დიდნაგები და ქმნილი შიგნით სოფიის ქენჭითა, გუმბათიანი, კეთილ-მშვენიერ ადგილსა. აღაშენა აღმაშენებელმან დავით მეფემან და უწოდა სასუფეველს გენაათი, და აწ უწოდებენ გელათს. აქ არის ყოვლად წმიდის ხატი ხახულის ღვთისმშობელი, ლუკა მახარებლის დახატული, ყოვლად წმიდის ძითვე, და შემკული ძვრფასითა ქვებითა აღმაშენებელისა და თამარ მეფისათი. აქავ არის ვარძიის ჯვარი, შემკული დიდ ფრიად. და არიან ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლითა და ქვითა შემკულნი ძველითვე მრავალნი, და ეკლესია შემკული ყოვლითა საეკლესიო წესითა. ჰკიდავს ზღუდის კარი ბჭესა მისსა, რკინისა, აღმაშენებელის მოტანილი დარუბანდიდან. და ეკლესიის ბჭეს ჰკიდავს კარი მთლად ერთის ვაზისაგან გამოთლილი, უცხოსა ხელოვნებით ქანდაკებული. ამას შინა დაფლულ არიან აღმაშენებელი, გიორგი, თამარ, ლაშა, რუსუდან, დავით, დავით და სხვანიცა, და აწინდელნი მეფენი შემდგომად განყოფისა იფლვიან იმერთანი. პირველად იყო მონასტერი, შემდგომად ჰყო ბაგრატმა (III იმერელი) საეპისკოპოსოდ. ამას მისცა სამწყსოდ არგვეთის ნახევარი და ოკრიბა, ქუთათლის სამწყსონი.
არის გელათის პირისპირ, აღმოსავლეთად, მონასტერი გუმბათიანი, დიდშენი, სოხასტერად ხმობილი. უზის წინამძღვარი. გელათის სამხრეთით, აქავ მთაში, არის ქვაბნი, გამოკვეთილნი კლდესა შინა, მრავალნი, განშორებულთათვის, და აწ ცარიელ არს. გელათს ზევით წყალწითელას მოერთვის, ყურსებს, საწირის წყალი. ეს გამოსდის ნაქერალას მთას და მოდის ჩრდილო-აღმოსავლეთს შუა. ამ წყალზე არის ციხე მიტღოკინისა, როგორც სახელი, ეგრეთ მტკიცე. ამას ზევით, ამავ წყალზე, საწირეს არის ციხე. ამის გარემოს ითხრების რკინა, და არის ლითონი მრავლად. ყურსებს ზეივთ ეყრება წყალწითელას ახალდაბის ხევი. გამოსდის გაჭრილის მთას და მოდის ეგრეთვე. ამ ახალდაბის წყალს ეყრების ჯონიის ხევი, ჩრდილოეთიდან. ყურსებსვე მოერთვის წყალწითელას ოჯოლას ხევი, ჩრდილოთ-დასავლეთს შუადან. ამის სათავის ზევით არის ჯვარისა ციხე, არა მტკიცე.
ყვირილას მომრთველი საჩხეიძო-არგვეთის წყალი
ყვირილას მოერთვის წყალწითელას შესართავს ზევით, აღმოსავლეთისკენ, ეკლარის წყალი. ეს გამოსდის, ჭალის თავს ზევით, ცუცხვათსა და სვიმონეთს შუას მთას და დის ჩრდილოდან სამხრეთით. ამ ეკლარის წყალს ზევით მოერთვის ყვირილას აჯამეთის წყალი, სდის ფერსათს, მოერთვის სამხრეთიდან ყვირილას. აქ, აჯამეთს, არის სანადირო მეფეთა, ავსებული დიდ-მცირითა ნადირითა, საქებელი ფრიად, ზამთარ თბილი, ზაფხულის ცხელი, გაუძლები. ამ აჯამეთის წყალს ზევით ერთვის ძევრის წყალი, დაბის ძევრისაგან სახელდებული, გამოსდის საღორისა და ველევის მთას, დის სამხრეთით და მოერთვის ყვირილას ჩრდილოეთიდან. ძევრს არის ხიდი ქვიტკირისა. სვეტთა ზედა წერილ არის: „არა მამამან, ძემან და არა სულმან წმიდამან, ძემან“ და იტყვიან, განძსა მდებარესა და ნიშნავს ამით. და ამ ძევრის წყალზედ, ხიდს ზევით, არიან ქვაბნი დიდ-დიდნი, გამოკვეთილნი, მრავალნი, კლდესა შინა, დასავლეთით. და არის ქვაბი ერთი დიდ-ფრიად, რამეთუ კაცთა ქმნილად გასაკვირვებლად. ამ ქვაბსა შინა გამოსდის მდინარე ორი ნაკადული წყაროდ, და არის მას შინა კალმახნი მრავალ. ამ ძევრულას, ამ ქვაბს ზევით, ერთვის ხევი ქვევრულა. სდის ოკრიბა-მუხურას შუას მთას და მოდის სამხრეთად. ამ ხევზედ არის ბერ-ციხე, კლდესა ზედა შენი, მაგარი.
ამ ხევს ზევით, ძევრულასვე, ეყრება ტყირბულის ხევი. გამოსდის საღორის მთას და მოდის დასავლეთად. ხოლო კვლავ ყვირილას ერთვის, ძევრის წყლის შესართავს ზევით, ჩრდილოეთიდან, ჩოლაბური. ეს გამოსდის ნაჯიხურევის მთას და დის ჭალატყემდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით, და ჭალა-ტყიდან აღმოსავლეთიდან დასავლეთად. ამას, ჭალა-ტყეს ზევით, მოერთვის ზუსა დასავლეთიდან, და ყვირილიდან აქამდე ეწოდება ჩოლაბური კიდეთა ჩალოვანობის გამო, და მას ზევით - ბუჯა. ამ ჩოლაბურს მოერთვის ჩრდილოეთიდან ჩხარულა. სდის თხილთა-წყაროს მთას, მოსდის ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ამაზე არის გოფანთო. კვლავ ჩხარს მოერთვის მეორე ჩხარულა. გამოსდის ჩხარის ჩრდილოეთით მთას და მოდის სამხრეთით. ამ ხევზე არის მთის ძირს ჩხარი. ეს ყოფილა ქალაქი, მაგრამ აოხრდა ლევან დადიანისაგან. აწ არის დაბა. არის აქა ეკლესია უგუმბათო, რომელსა შინა ასვენია ჯვარი დიდ-ფრიად. მდებარეობს მას შინა ბეჭი მთავარმოწამის წმიდის გიორგისა, მარადის სასწაულთმოქმედი ეს ჯვარი პირველად იყო ყორანთას, შემდგომად სამცხეს, მერე ატოცს და აწ აქა. ჩხარსვე არის წყარო, ორ-ღარად წოდებული და ქებული. ჩხარს ზევით, ჩხარულაზე, არის ციხე მაჭუტაური, მთაში. კვლავ ჩოლაბურს მოერთვის, ჩხარულას შესართავს ზევით, ღვანკითის ხევი. ამ ღვანკითის ხევს ზევით ერთვის ჩოლაბურსვე ზორეთის ხევი. და ხემნი ესენი დიან იქნვე და მოდიან სამხრეთად.
ამას ზევით არის ჭალა-ტყე. არიან მოსახლენი ვაჭარნი სომეხნი და ურიანი, და ვაჭრობენ. ამ ჭალა-ტყის ზევით მოერთვის ბუჯას ზუსა. გამოსდის გარჯილას მთას, მოდის სამხრეთით ჩრდილოეთიდან. ამ ბუჯაზედ არის, ქვა-ციხეს მდინარის კიდურზე, წყარო გამომდინარე, რომელსაც გაზაფხულს მოუდგამენ გოდორსა და აივსება წვრილი თევზითა, წყაროდან გამომავლითა, რადგან ვერ მოასწრებენ ამოღებასა. სამ თვე ოდენ ესეთ, მერე აღარა, და უწოდებენ ამას ღრუდოს. ამას ზევით არის ხრეითი, და ხრეითიდან გადადის გზა რაჭას ნაჯიხურევზე. ამ ხრეითს ქვევით, ბიღას, ითხრება კაჟი ჩახმახისა, ფრიად კარგი. ხოლო ზუსას ერთვის საზანოს წყალი. გამოსდის ხრეითსა და მუხურას შუა მთას, მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთად. ამ საზანოს წყალზე არის საზანოს ციხე, კლდესა ზედა შენი, კარგი. ზუსა გამოსდის გარჯილას მთასა და დის ყამსას ციხემდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით, და ყამსას ციხიდნ აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა, და მიერთვის ბუჯას. ამ ციხეს ზევით, ზუსას მდინარის დასავლეთით, არის ჩიხორი, ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი. ამის სამხრეთით არის, მთის კალთას, სკანდას, სასახლე მეფეთა და ციხე დიდი, დიდშენი. ამათ ზევით, ზუსაზე არის დაბა მუხურა, და მას ზევით, მთაში, არის ციხე მოდამნახე, მაგარი კლდითა და შეუვალი, ნაშენი გარჯილის მთიდან ჩამოსულ კლდესა ზედა. მუხურიდან გადადის გზა, გარჯილის მთაზე, რაჭას.
ყვირილასავე მოერთვის სვირის ხევი და ლომსიათხევის ხევი, ჩოლაბურის შესართავს ზევით. გამოსდის ფერსათს, დის სამხრეთიდან ჩრდილოეთით. ამ სვირის ხევს ზევით მოერთვის სამხრეთიდანვე ყვირილას ტაბაკინის ხევი. გამოსდის ფერსათსავე, მოდის სამხრეთიდამ ჩრდილოეთით. ტაბაკინს ამ ხევს ერთვის გენებერულის ხევი. სდის ფერსათს. და ტაბაკინს არის მონასტერი, კეთილ მშვენიერს ადგილს და აწ უქმად.
შორაპანი
ამ ტაბაკინის ხევს ზევით ყვირილას მოერთვის, შორაპანს, აღმოსავლეთიდან ძირულა, რომელმაც მიიღო სახელი მთათა ძირთა შინა დინებითა. ყვირილასა და ძირულას შორის შესართავს შინა არის შორაპანი, რომელიც აღაშენა ა (1) მეფემან ფარნაოზ, ქალაქი და ციხე, და ჰყო საერისთაოდ, და არის დიდშენობა ფრიადი, ამას ჩრდილო-დასავალეთით უდის ყვირილა, აღმოსავლეთ-სამხრეთით ძირულა. აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით შუა აქვს კლდე გორა მცირე და გვირაბი დიდი, ჩასული წყლამდე. ეს შემუსრვილი აღაშენა გიორგი აბაშიძემ. მაგრამ შეამუსრვინეს მასვე ოსმალთა. მერე მისცა ზურაბ აბაშიძემ ოსმალთა, და აწ უპყრავთ მათ. დგანან იანიჩარნი.
ძირულა
ძირულას მდინარე გამოსდის პერანგის მთასა, და ხეფინისხევის ვერტყვილამდე აღვწერეთ ქართლზე, და ხეფინისხევის ვერტყვილიდან ხარაგაულამდე დის სამხრეთ-დასავლეთ შუა და ხარაგეულიდან შორაპნამდე დის აღმოსავლეთიდან დასავლეთად. არ არის ძირულაში თევზი, გარდა კალმახისა, და კალმახი მრავლად. სასმისად არის შემრგო, გემოიანი. ამ ძირულას, შორაპანს ზევით, მოერთვის ფუთს ვარძიის წყალი სამხრეთიდან. გამოსდის ფერსათს. ამ ხევზე ვარძიას არის მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი. ზის წინამძღვარი. ამ ხევს ზევით ერთვის ძირულასვე მეედნის ხევი სამხრეთიდან. გამოსდის ფერსათს, მოდის ჩრდილოეთით. ამასზე არის მწყერის ციხე, მრავალგზის შემუსრვილი. ამის პირისპირ, ძირულას ჩრდილოეთით და შორაპნის აღმოსავლეთით, არის წევას ეკლესია წმიდის გიორგისა, სასწაულთ-მოქმედი. ვარძიის ხევს ზევით, ძირულაზე, არის ხარაგეულს ციხე შენი. ამ ციხესთან ეყრება ძირულას ჩხერიმელა აღმოსავლეთიდან. და ამ ხარაგეულს ზევით ძირულას მოერთვის შროშის ხევი ჩრდილოეთიდან. ეს გამოსდის ჯარეურთისა და ძირულას შუა გორაკებსა, მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ამას ზევით მოერთვის ძირულასვე კოლბოურის ხევი. ეს გამოსდის ჭალის აღმოსავლეთის მთასა, მოდის მანდაეთამდე აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შუადან სამხრეთ-დასავლეთს შუა. მერე მოუხვევს და მიდის ძირულამდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ამ კოლბეურის ხევის შესართავს ზევით ერთვისვე ძირულას ვაშლების ხევი და ამაშუკეთისა. და ამას ზევით არის ვერტყვილა ხეფინისხევი.
ჩხერიმელა
ხარაგეულს ზევით არის, ჩხერმელაზე მლაშე, ჩრდილოეთით. მლაშეს ზევით, ჩხერიმელაზედვე, არის სამხრეთით ჩხერის-ციხე, მაგარი და მტრისაგან აუღებელი. ამ ციხისაგან ისახელა მდინარე ესე ჩხერიმელად, ან წყლის ჩხერისაგან კლდესა დინებითა. ჩხერს ზევით არის გზა ქართლს მიმავალი, მოსაკიდელი სივიწროვისათვის წოდებული, ვახანამდის. მოსაკიდელს ზევით ერთვის ჩხერიმელას ვახანის ხევი, ფერსათიდან მომდინარე ჩრდილოეთით. ვახანს არის ციხე კარგი. ამ ციხის პირისპირ დაბა ქვაბი. ამას ზევით მებოძირი, რომლის ზემოთი დავწერეთ ქართლზედ, მთას იქითად. მაგრამ ეს ჩხერიმელა მებოძირიდან ხარაგეულამდე მიდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად.
შორაპნის ზევით ყვირილას მომრთველი წყალნი
ხოლო ყვირილას შორაპანს ზევით არის მარტოთუბანი. მას ზევით ბოსლები. მას ზევით მოერთვის ყვირილას კაცხის წყალი. ეს გამოსდის საწალიკეს, მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ყვირილის შესართავს ზევით ამ წყალზე არის კაცხს ეკლესია მაცხოვრისა. გუმბათიანი, დიდ-ფრიად, კეთილშენი. ზის არქიმანდრიტი. ამის დასავლეთით არის ციხე კაცხისა, მთის ძირად, კლდესა ზედა, მაგარი. ციხის აღმოსავლეთით არის კლდე ხრამსა შინა აყვანილი, როგორც სვეტი, ფრიად მაღალი. მის კლდის თხემზე არის ეკლესია მცირე, მაგრამ ვერღარა ადის კაცი, არცა უწყიან ხელოვნება ასლვისა. ამ კაცხის წყალს ზევით ყვირილას მოერთვის აღმოსავლეთიდან სვერის ხევი. გამოსდის კოლბეურის სამხრეთით წასულს გორაკებს და მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად. ამ ხევზე არის ციხე სვერი, არასოდეს ძალით ადებული. ესე დგას კლდესა ზედა და გარეოს მისსა ფრიად დიდ-ხრამოვანსა. თქმულ არის, ჟამსა ყრუსასა დადგა ციხე არგვეთისა სვერი. ამ სვერის ხევის შესართავს ზევით, ყვირილის ჩრდილოეთით კიდურსა ზედა, არის ნავარძეთს ციხე. ამ ნავარძეთს ზევით ყვირილასვე მოერთვის ბჟინევის ხევი სამხრეთიდამ. გამოსდის ბჟინევსვე გორაკებს.
მღვიმე
ამ ბჟინევის ხევს ზევით, ყვირილის ჩრდილოეთით კიდეზე, არის მღვიმე, კლდე დიდი გამოკვეთილი, და მას შინა მონასტერი უგუმბათო, წითლის ბრწყინვალის ქვით ნაშენი, კახაბერ რაჭის ერისთვისაგან აღშენებული. ქვაბსა შინა დის წყარო დიდი და კეთილი. უზის არქიმანდრიტი. სვერის წყლის შესართავიდან მღვიმე-საჩხერემდე, ამ ყვირილას იქით და აქეთ კიდენი არის ფრიად მაღალი კლდე, და არიან მას შინა ქვაბნი მრავალნი, გამოკვეთილნი სახიზრად და შეუვალი მტრისაგან, და საკვირველი, თუ როგორ უქმნიათ. და დადგა ესენიცა ჟამსა ყრუსასა. ამათ ზევით ერთვის ყვირილას ჯრუჭი ჩრდილოეთიდან. გამოსდის კეცების მთასა, მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად, მერე ჩრდილოეთიდან სამხრეთით ყვირილამდე. სადაც მოდრკება, იქ ერთვის ამ წყალს დასავლიდამ სხვა ხევი. გამოსდის საწალიკეკეცებს შუა მთას. ამ ხევსა და კეცებზედ გადადიან გზანი რაჭას. ძველად ყოფილა ამას ზედა შენობანი, და აწ ოხერ არის. კვლავ ჯრუჭის შესართავს ზევით, ყვირილას სამხრეთით კიდეზე, არის საჩხერე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ. ამ საჩხერის პირისპირს, ყვირილის ჩრდილოეთით არის, მაღალს კლდესა ზედა, ციხე მოდიმნახე, მოზღუდვილი კლდითა, მაგარი და უბრძოლველი მტრისაგან. კვლავ ამ საჩხერეს ზევით, ყვირილას კიდეზედვე არის სავანეთს ეკლესია, უგუმბათო, საკვირველად შენებული, რამეთუ არის მთლად ერთის ქვისა კანკლითურთ. ამ სავანეთს ზევით არის ჭალა. მაგრამ ჭალიდან წონამდე აღარ არის შენობა, თუმცა თავდან ყოფილა შენობიანი, სადაცა ჩანან ეკლესიანი და ნადაბარნი.
რიონის შემდინარე მდინარეები
ხოლო აწ კვლავ ვიწყებთ რიონსავე და მას შინა შემდინარეთა. სადაც ერთვის რიონს ყვირილა, მის ჩრდილოეთით და რიონის დასავლეთით არის გეგუთი, სადგური ზამთარს მეფეთა. აქა არს მგზავსი შენებული მეჩეთისა, მრავალ-პალატოვანი, დიდნი და მცირენი, თლილის ქვისა; უწოდებენ ციხე-დარბაზს, იტყვიან აღშენებასა თურქთაგან ნზ (57) მეფის გიორგის (II იმერელი) ჟამსა. ამას ზევით არის, რიონის კიდეზე, კახნიაური აღმოსავლეთით. ესეცა სადგური აწცა მეფეთა ზამთარს. ამას ზევით არის ქალაქი ქუთათისი, რიონის გაღმა-გამოღმა, ჰავითა და წყლითა მშვენიერი, თვალთა ქვეშ მშვენიერი ადგილი, რომელიც აღაშენა ა (1) აფხაზთა მეფემან ლევან და ჰყო ტახტი. არის ციხე, და ციხიდან ხიდი რიონსა ზედა. აქა არის სასახლე მეფეთაგან, დიდ-შენი მშვენიერად, რიონსა ზედა წაკიდებული. ასპარეზი მოზღუდვილი ვარჯად ჭადრით. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი. წელსა ქრისტესსა ჩქჲვ (1666) მისცა ქუთათისის ციხე ოსმალთა სეხნია ჩხეიძემან, და უპყრავთ აწცა მათ. და შემცირდა ფრიად ქალაქი მათგან. აქა აღაშენა ნვ (56) მეფემან ბაგრატ (III იმერელი) ყოვლად წმიდისა ეკლესია მშვენიერი, გუმბათიანი, სრულიად სოფიის კენჭით შინაგან ქმნილი და მარმარილოთა სპეტაკითა, წითლითა და ჭრელითა, და სვეტებითა მისითა, და ყოვლითა შემკობილებითა სრული, და ფრიად დიდი. დასვა ეპისკოპოზი, მწყემსი იმერეთისა და გურიისა, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა. ზის აწცა და არღარა ეგდენითა სამწყსოთი. დაფლულ არიან ნვ (56) მეფე ბაგრატ, ნზ (57) მეფე გიორგი. მაგრამ წელსა ჩქჟბ (1692) შემუსრეს ოსმალთა, და წაიღეს სვეტნი მისნი და მარმარილონი სამცხეს. თუმცა უჩვენა სასწაულნი, მაგრამ არარად შეირაცხეს.
ამ ქუთათისის ჩრდილოეთით და რიონის დასავლეთით არის ქვიშილეთს ციხე ფრიად მაგარი, ქვიშილეთს ჩრდილოეთით არის ჩუნეში. ჩუნეშს ჩრდილოეთით - გუმათი, გუმათის ჩრდილოეთით - საყორნე, საყორნის ჩრდილოეთით არის გოსტიბე, ცხენისწყლის აღმოსავლეთით კიდეზე; ამის გაღმა გორდი, და ძევს აქ ხიდი გოსტიბიდან გორდს ცხენისწყალზე. გოსტიბემდე არის ოკრიბა. და კვლავ ქუთათისს ზევით, დაბას რიონს ზევით, მოერთვის რიონის მდინარეს აღმოსავლეთიდან ძმუისის-მუყელეთის-ხევი. ეს გამოსდის წმიდის გიორგის მთას, მოდის დასავლეთს-სამხრეთს შუა. ამ ხევზე, ძმუისის მთაში, არის ციხე კლდესა ზედა შენი და მაგარი. ამას ზევით, რიონის დასავლეთით, მთის ძირს, არის ხომლის კლდე, ფრიად მაღალი. მიიღო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორობით. ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტრისაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები. აქამდე არის ოკრიბისა, მას ზევით ლეჩხუმისა. ძმუისის ჩრდილოეთით, მთას იქით, რიონის სამხრეთით, არის დღნორს ციხე მაგარი, დიდშენი და შეუვალი. აქამდე არს ოკრიბისა.
რაჭა
ხოლო ამ დღნორსა ზევით არის რიონზე არპანი; არპანს ზევით გველისთავი. გველისთავს ზევით რიონს მოერთვის ტოლისხევი. გამოსდის რაჭა-სვანეთის შუას კავკასის კალთას, მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთად და მოერთვის რიონს ჩრდილოეთიდან. ამ ხევზე, დასავლეთის კიდეზე არის, კავკასიდან ჩამოსულ მთის კლდეზე, ციხე ტოლა, ნაშენი ფრიად მაგარი. და არის ხეობა ესე ხილ-ვენახიანი. ამ ტოლის-ხევს ზევით მოერთვის ბარეულის ხევი რიონს სამხრეთიდან. სდის წმიდის გიორგის მთას. ბარეულს, რიონის კიდეზე, არის ციხე კეთილ-შენი. ამ ბარეულს ზევით მოერთვის სამხრეთიდან ზნაკვის-ხევი. გამოსდის ნაქერალას მთას. ზნაკვას არის ციხე შენი და მაგარი. ამ ზნაკვის-ხევს ზევით მოერთვის რიონს ჩრდილოეთიდან სადმელის-ხევი. გამოსდის კავკასს რაჭა-სვანეთ შორისს და მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთად. სადმელს არის ციხე კლდესა ზედა შენი, შეუვალი მტრისა. სადმელს ქვევით ამ ხევს ერთვის ღვიარას-ხევი, გამოსდის მასვე კავკასს და დის ეგრეთვე. ტოლისა და ამ ხევებიდამ გადადიან სვანეთს გზანი.
ამ სადმელის ხევის შესართავს ზევით რიონს მოერთვის ბუგაულის ხევი სამხრეთიდან. გამოსდის ნაქერალასა და ველევის მთის ქვევით, ლემანაურის მთას. ბარეულს არის ციხე კარგი და მაგარი. ბარეულს ზევით არის საკეცე. ამას ზევით მოერთვის რიონს სამხრეთიდანვე კრიხულას მდინარე, რომელიც ისახელა დაბის კრიხისაგან. გამოსდის საღორისა, ნაჯიხურევისა და საწალიკის მთას. მოდის ჩრდილოეთით. რიონის სამხრეთით და კრიხულის აღმოსავლეთით, ამბროლაურს, ყოფილა სასახლე აწინდელთა მეფეთა, ადგილის შემკობისათვის. ამის დასავლეთით კრიხულას მოერთვის რიონის სამხრეთით ხოტევის წყალი. გამოსდის საღორე-გარჯილის მთას ქვევით, შაორის მცირეს ტბას წყაროდ და ფრიად ცივს. და მოდის გრეხით ჩრდილოთისკენ. კრიხულასა და ხოტევის წყლის შესართავს ზევით, ხოტევის წყლის აღმოსავლეთით კიდესა, მაღალს გორას კლდესა ზედა არის ციხე კვიტაშვილისა, ფრიად მაგარი. ამ ციხეს ზევით, ხოტევის წყლის დასავლეთით, არის ხოტევი და ციხე მისი დიდი, დიდ-შენი და სახლობენ აქა ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ.
ხოტევს ზევით, ამის წყალსვე, ერთვის აგარის ხევი. ამ ხევზე არის ნიკორ წმიდა, ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი გლოლას ქვეითის რაჭისა. ამ ხევის შესართავს ზევით არის შაორი. აქა ყოფილა საზაფხულო სასახლე აწინდელთა მეფეთა ადგილის მშვენიერობისათვის, კეთილ-აგარაკოვანი. კვლავ კრიხულას ერთვის, კრიხს ზევით, სხოვის ხევი, დის სამხრეთიდან ჩრდილოეთით. ამ ხევზე არის ორმო დიდი, ვრცელი და ღრმა, რომელსა შინა დის წყარო, და ვერ განჰყინავს ზამთარს, მაგრამ ზაფხულის ჰყინავს სრულიად, რომელიც ამოულეველი არს, რამდენცა სვას მრავალმან კაცმან, თუმცა თუ ჩავიდეს კაცი უცხო, გარდა იქ მყოფისა, აცივებს წელსა ერთსა. სხოვის სამხრეთით და კრიხის პირისპირ, აღმოსავლეთით კიდურ, მაღალ კლდიან გორასა ზედა არის ციხე კვარასი მტკიცე. ხოლო კვლავ კრიხულას შესართავსა და ამბროლაურ-ხიმშს ზევით მოვიწროვდება რიონი სამხრეთიდამ და ჩრდილოეთიდან კლდითა. იქ ძევს ხიდი რიონზე. ხიდისთავს, კლდის ძირში, არის, რიონის ჩრდილოეთით კიდესა ზედა ციხე და უწოდებენ ხიდისკარს. ხიდისკარს ზევით რიონის კიდეზე გამოდის კლდიდან თბილი წყალი, მაგრამ უხმარი. მას ზევით არის წესი, დაბა კარგი. აქა იტყვიან ვერცხლის ლითონს. აქავ, რიონის კიდეზე, არის ნინიას ციხე, კლდესა ზედა შენი. ამას ზევით მოერთვის რიონს სამხრეთიდან ხევი ბარულა. გამოსდის კეცების მთას, დის ჩრდილოეთით. ამ ხევს ერთვის ჩონისის ხევი დასავლეთიდან. ამავ ბარის წყალს ზევით არის მთაში მრავალძალს ეკლესია წმიდის გიორგისა და ჯვარი დიდი ოქროსი, სასწაულთ-მოქმედი. ამას შესწირა შააბაზ ხმალი ოქროთ მოოჭვილი, აწცა ძევს აქ, არათუ სარწმუმოებით, არამედ სცნან, რამეთუ ხმალი მისი ჰკიდავს აქ. ხოლო ხიდისკარიდან მიდის მცირე მთა კლდიან-ქარაფიანი ჩრდილოეთით, ვიდრე კავკასამდე. ამაზე არის ეკლესია თხემსა ზედა შენი, წმიდის გიორგისა, სასწაულიანი. უწოდებენ მთითურთ ველიეთსა. ამ ეკლესიაზე გადადის გზა სადმელს, გარდა მისა არა სადა, წესიდან.
ბარულას წყლის შესართავს ზევით მოერთვის რიონს ჩრდილოეთიდან მდინარე ლუხუნი, გამომდინარე კავკასისა, რაჭა-სვანეთს შორისისა, და მოდის სამხრეთად. ყოფილა ამ ლუხუნის ხეობაზე შენობა დიდი, მაგრამ აწ მტერობისაგან სვანთა აღარა, და ოხერ არის. ამ ლუხუნის აღმოსავლეთით კიდის მაღალს კლდის გორასა ზედა და რიონის ჩრდილოეთით არის ციხე მინდა, მაგარი და აუღებელი მტრისაგან, და ვის უპყრავს ციხე ესე, არის ერისთავი რაჭისა. ამ ციხისავე ძირს კოშკი დგას ლუხუნის კიდესა ზედა მცველად წყლისათვის. ამ მინდას ზევით მოერთვის რიონს ჩრდილოეთიდან სორის ხევი. ამაზე არის მონასტერი უგუმბათო, დიდი, კეთილ-შენი, აწ ხუცის ამარად. ამ სორის ზევით მოერთვის რიონს სამხრეთიდან ხევი ხეორი. ამ ხევმა მიიღო სახელი ღრმა ხევთა შინა დინებითა. ეს გამოსდის კეცების მთის კალთას, მცირეს ტბასა. პირველად დის აღმოსავლეთიდან დასავლეთად, მერე სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ღრმას ხრამსა და კლდოვანსა შინა. რიონის შესართავს ზევით ხეორს ერთვის ბოყვის ხევი აღმოსავლეთიდან. ხეორის სათავის მცირეს ტბის ქვევით, ჩრდილოეთსკენ, კლდეს გამოსდის წყაროდ დიდი მდინარე, და ამ ორი წყლის შესართავს ქვევით არის შქმერი, დაბა დიდი, უვენახო, უხილო, მგზავსი სხვათა მთის ადგილთა და მშვენიერ ზაფხულის ფრიად. კვლავ ამ ხეორის შესართავს ზევით მოერთვის რიონს ჯეჯორის მდინარე. ეს გამოსდის კედელას კავკასსა და დის კუდაროს ჩასავლის კარგა ქვევითამდე აღმოსავალ-ჩრდილოეთს შუადან სამხრეთს-დასავლეთს შორის, მერე მობრუნდება და დის სამხრეთიდან ჩრდილოეთად რიონამდე და მოერთვის მას სამხრეთიდან. რიონის შესართავს ზევით და ჯეჯორის აღმოსავლეთით კიდურზე არის ციხე, და ამ ციხეს ზევით და ჯეჯორისვე აღმოსავლეთით არის დაბა წედისი, და ციხე მცირე. აქ არის ლითონი რკინისა, და იღებენ იმრავალსა.
ჯეჯორის მდინარეზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთად დინებულზე, არის დაბები ვენახოვან-ხილიანი და მოსავლიანი. მას ზევით მოსახლენი არიან ოვსნი, და უვენახო-უხილო, როგორცა სხვანი მთის ადგილნი. უწოდებენ ამას კუდაროს. გულოვანთას ერთვის ჯეჯორს აღმოსავლეთიდან სხვა ხევი, წონასა და ამის შორის მთის გამომდინარე. ამ წყალში ზის კალმახი: რა მოხარშო, მგზავსი არის ზაფრანიანისა. ხოლო ამ გულოვანთას აღმოსავლეთ-სამხრეთით, მცირეს მთას იქით, არის წონა, ადგილი გარმოხვეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არის მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის, როგორცა აღვწერეთ. არის წონა, როგორცა სხვანი მთის ადგილნი, და მოსახლენი ოვსნი. გადადის აქიდან და კუდაროდან გზა ქცხილვანის ხეობასა ზედა, დვანის ხეობასა ზედა, ქართლში.
ხოლო ჯეჯორის შესართავს ზევით და რიონის სამხრეთით არის ონი. სახლობენ ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ. ონი ჰავით არის მშვენიერი და ზაფხულის ცხელი, ორთა მთათა შინა კლდოვანთა ყოფითა. მაგრამ აგრილებს მდინარე რიონი. ამ ონს ზევით მოერთვის რიონს ღარულას ხევი სამხრეთიდან. გამოსდის კედელის კავკასს. ამაზე არის შენობა მოსავლიანი, როგორცა სხვა მთათა ადგილნი. ამან მიიღო სახელი დაბისაგან ღარისა, იქ რიონის კიდესა დაშენებულისაგან. ხოლო ონის პირისპირ, რიონის ჩრდილოეთით, მთის კალთასა შინა, მაღლა, არის დაბა ძეგლევი. აქა ეკლესიასა შინა არის ზეთი ჭიქითა და მდუღარებს მარადის და, რამდენს იღებენ, არ აკლის ჭიქასა მას. ამას ზევით ერთვის საქორიას ხევი რიონს ჩრდილოეთიდან. ამ ხევის შესართავთან, რიონის კიდეზე არის ციხე მაგარი ფრიად. ამას ზევით არის დაბა უწერა, რიონის ორსავ კიდესა ზედა. აქა, რიონის ჩრდილოეთით, არის ეკლესია სიონი, დიდი. ამ ეკლესიის კამარასა შინა მკიდარებს თმა ერთი ნაწნავი, და იტყვიან თამარ მეფისასასა. აქ არის მიწა, რომელსაც უწოდებენ სასუნებლად, რომელიც დავწერეთ ქართლსაც, მაგრამ ესე უმეტეს ძალიანი, რამეთუ გადაფრენილი ფრინველი მას ზედა ჩამოვარდება სუნისაგან. არის ესე ონსაცა, მაგრამ ესევე უმჯობესი.
ამას ზევით, ჭიდროთას არის ციხე მცირე, რათა ვერ დადიოდნენ მთის კაცნი გარდა მის ციხისა რაჭას. ჭიდროთას ზევით მოერთვის რიონს აღმოსავლეთიდან გლოლის ხევი. აქა ძევს რიონზე ხიდი. ხოლო გლოლის ხევი გამოსდის გლოლასა და ჟღელეს შორის კავკასსა, და მოდის დასავლეთად. ამ ხევს ერთვის სხვა ხევი ორი. ერთი გამოსდის ამასა და დიგორს შორის კავკასს. არის გლოლა დაბა მგზავსი ციხისა, კოშკოვან-გოდლოვან-ზღუდიანი. შიგ ეკლესია, ავსებული ოქრო-ვერცხლის ხატითა და ჯვარითა და წიგნებითა, ძველადვე ხიზნულნი. კვლავ გლოლის ხევის შესართავს ზევით რიონის სამხრეთით არის ჭიორა, დაბა მოზღუდვილი და კოშკოვანი გოდლოვანი. ამას ზევით, ჩრდილოეთით, დაბა არის ღები, ეგრეთვე ნაშენი. ხოლო ჭიდროთას ზევით ეს ადგილნი, რომელნიც დავწერეთ, არიან როგორცა სხვა მთის ადგილნი, მოსავლით, ნაყოფით, პირუტყვით, მაგარი, ვიწრო და შეუვალი მტერთაგან. სარწმუნოებით ქრისტეანენი, ქართველთა თანა, მაგრამ უმეცარნი ამისიცა.
რაჭის საზღვრები
ხოლო რომელნიც აღვწერეთ, სახელიდან ყოფანი ვთქვით, და აწ ვიწყებთ საზღვართა მათთა. რამეთუ საზღვრის რაჭას: აღმოსავლეთით კუდაროსა, წონისა და ფაწის მდინარის შორისი მთა, და კავკასი კედელა, და იქიდან ჩრდილოეთით წასული კავკასივე, ვიდრე დიგორის კავკასამდე, რაჭა გლოლასა და ჟღელეს შორისი; სამხრეთით წონიდან წამოსული მთა დასავლეთად აღმოსავლეთიდან, ვიდრე არპანისა და დღნორამდე, გაჭრილი რიონისაგან იქ. და მთასა ამას საერთოდ უწოდებენ რაჭის მთას, ხოლო განყოფით დღნორს ზევით წმიდის გიორგისას, მერე გაჭრილს, ნაქერალას, ველევს, საღორეს, გარჯილას, ნაჯიხურევს, საწალიკეს და კეცებს. ამ მთათა ჩრდილოეთით კერძი არის რაჭისა და სამხრეთის კერძი - გარჯილა-ნაჯიხურევსა წალიკე-კეცებისა - არის არგვეთისა, და მდინარენიცა ეგრეთვე; დასავლეთით საზღვრის საღორის მთიდან დღნორამდე რომელნი მთანი აღვწერეთ, და მთა გველისთავისა. ხოლო მათ მთათა დასავლეთით არის ოკრიბისა. და არიან მთანი ესენი მაღალნი და განიერნი, თხემთა უტყეონი და კალთათა ტყიანნი, და ზამთარს დიდთოვლიანნი, სადაცა ვერ ივლის ცხენი, და ზაფხულის უთოვლო, წყაროიანი, ბალახიან-ყვავილოვანნი, ნადირიან-ფრინველიანნი. და დაბები რაჭისანი, ამ მთათა კალთათა მყოფნი, არიან, როგორცა შქმერი აღვწერეთ, აგარაკად და მთის ადგილად; და ჩრდილოეთით საზღვრის რაჭას კავკასი, რომელიც განჰყოფს გლოლას, ღებს, ჭიორასა და დიგორსბასიანსა, ლუხუნსა და სვანეთსა, სადმელს, ტოლას და სვანეთსა.
და ამ საღვართ შინაგან არის რაჭა, ფრიად მაგარი მთითა, კლდითა, ხრამითა, ხევითა და ტყითა, შეუვალი გარე მტრისაგან. ჰავით არის კეთილმშვენი, ზაფხულის გრილი, ზამთარ თბილი და უქარო, მოსავლიანი. გარდა ბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი, ვენახნი, ხილნი, მტილოვანნი ყოველნი. რიონის კერძოდ ამიერ და იმიერ, სრულიად რაჭას ესეთ ნაყოფიერებს მთათა კერძონი, როგორცა სხვანი მთის ადგილნი. პირუტყვნი, აქლემს გარდა, ყოველნი, და არა მრავლად. ცხვარი უდუმო, ღორი - სიცოცხლე მათი. მდინარეთა კალმახნი მრავალნი, სხვა თევზნი არარა, არცა რიონსა შინა. კაცნი ტანოვანნი, მხნენი, ბრძოლასა შემმართებელნი, ძლიერნი. უსაქციელო-ბრიყვნი, უშვერ-მქცევნი, სხვათა მაოხარნი, მომხვეჭნი და ძვირნი. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი. ქალნი მშვენიერნი, მქცევნი ეგრეთნივე, რბილნი. პირველად იყო რაჭა შორაპანის საერისთაო, მერე იქმნა თვით საერისთაოდ, და შემდგომად კახაბერის ამოწყვედისა ეპყრათ მეფეთა. მერე ბაგრატ იმერთა მეფემან მისცა ჩხეიძეს ერისთაობა, და აწცა არიან იგინი ერისთავად რაჭას, და არის მესამე სადროშო. ხოლო სახელი მიიღო გარემოსთა დიდროვანთა მთათაგან და შინაგან ღრმის ადგილობისა მიერ: „იხილე, რა ჭაა ადგილი ესე!“
არგვეთი
ხოლო რაჭის სამხრეთით არის, მთას იქით, არგვეთი ანუ მარგვეთი, რომელიც იწოდა ქვეყნის ნაყოფიერებისაგან და მარგველობისა მუშაკობისათვის - მარგველნი იქაურნი და არა აღმომფხვრელნი. ხოლო საზღვარი არგვეთისა არის: აღმოსავლეთით ქართლის საზღვარი, ლიხის მთის დასავლეთით; სამხრეთით ფერსათი, მერე, ხარაგეულს ქვევით, მდინარე ძირულა და შორაპანს ქვევით წყალწითელამდე, ყვირილა; დასავლეთით წყალწითელა კვახჭირის მთამდე და ჩრდილოეთით წინთქმულნი მთანი - კეცები, საწალიკე, ნაჯიხურევი და გარჯილა. კვლავ ჩრდილოეთით და დასავლეთად საზღვრის არგვეთს საღორე-გარჯილიდან ჩამოსული სამხრეთისკენ მთა ჩხარამდე და მერე დასავლეთით წასული კვახჭირამდე, არგვეთსა და ოკრიბას შორისი. და ამ საზღვარს შინაგან არის არგვეთი, ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, მაგრამ ბრინჯს არა სთესენ. ხილნი ტყეთა შინაცა მრავალნი. პირუტყვნი მრავალნი, და არა ქართლისებრ, ვენახი დაბლარი და ღვინო კეთილი, მაგრამ ქართლის კერძო ადგილთა - თხელი. ნადირნი და ფრინველნი მრავალნი, თევზნი მდინარეთა არა ეგდენ, არამედ კალმახნი მთათ-კერძოთა მრავალნი, კირჩხიბნი მრავალნი. კაცნი და ქალნი მშვენიერნი, მებრძოლნი და იმერეთს უმეტეს სხვათაგან შემმართებელად დიდებულნი, მომჭირნე მუშაკნი, სტუმართ-მოყვარენი. სახლობენ მთავარნი, აზნაურნი მრავალნი. ძველად იყო საერისთაო შორაპნისა, და აწ მთავართა თვის-თვისა პყრობითა. არის მეორე სადროშო. ამას შინა დიან მდინარენი ყვირილა, ძირულა, ჩხერიმელა, ჩოლაბური და ამათი შემრთველნი მდინარენი.
საჩხეიძო და სალომინაო
ხოლო არგვეთის სამხრეთით არის საჩხეიძო, პირველად არგვეთადვე წოდებული, მერე ფერსათის კერძოდ. შემდგომად პყრობითა მთავართა ჩხეიძეთაგან საჩხეიძოდ ისახელა. განჰყოფს საჩხეიძოსა და არგვეთს ჩრდილოეთით ჩხერიმელა, ძირულა და ყვირილა, მერე საჩხეიძოსა და ვაკეს - მდინარე რიონი საჩინომდე. ხოლო აღმოსავლეთით საზღვრის საჩხეიძოს ფერსათიდან ჩამოსული მცირე მთა, ჩრდილოეთით ძირულამდე, ხარაგეულს ქვევით; სამხრეთით მთა ფერსათი, ანუ ღადოთ, ანუ ლომსიათ წოდებული. ხოლო დაბისაგან აწ ფერსათად; თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი, მაღალი და განიერი, ზოგან თოვლიანი და ნადირიანი, ფრინვლიანი, ჩრდილოეთით კერძო იმერეთისა, სამხრეთით კერძო სამცხისა; დასავლეთით საზღვრის საჩინო-სალომინაოს საზღვრის ხაზი, რიონიდან ფერსათამდე, მარგამ სვირს ზევით, აღმოსავლეთის კერძოს, უწოდებენ აწ ლომსიათ-ხევს.
და არის ქვეყანა ესე მდინარეთა კიდურნი კლდოვანი, ფლატოვანი, ჭალიანი; მთის კერძო ვაკე და აყრილ-ტყიანი, ნიგვზნარ-ხილიან-ვენახიანი, ხეთა ზედა ასულნი, რომელსაც უწოდებენ მაღლარსა ანუ ბაბილოსა. ღვინო მრავლად და კარგი. აბრეშუმს აკეთებენ, მაგრამ არგვეთში უფრო. ბრინჯს არა სთესენ და ბამბას, სხვანი მარცვალნი ყოველნი ნაყოფიერებენ. პირუტყვთა აქა უმეტეს სიმრავლე არგვეთ-რაჭისაგან, რამეთუ ზამთარცა მძოვარნი არიან აჯამეთიდან გურიამდე. ნადირნი მრავალნი, და ავსებულნი ტყენი მცირე-დიდითურთ. ფრინველნი ურიცხვნი. თევზნი, ფერსათის მომდინარეთა წყალთა შინა, კალმახნი მრავალ და სხვა არარა, და ვაკეთა კირჩხიბნი. კაცნი მგვანენი არგვეთისანი. მსახლობელნი არიან მთავარნი, აზნაურნი. პირველად იყო არგვეთის საერისთაო, და აწ პირველი სადროშო.
საჩიჯავაძეო
ხოლო საჩხეიძოს დასავლეთით არის საჩინო და მის დასავლეთით საჯავახო. საზღვრის ამას იგივე მთა ფერსათი, ჩრდილოეთით რიონი, რომელიც განჰყოფს ვაკესა და საჩიჯავაძოს, დასავლეთით საზღვრის ფერსათიდან ჩამოსული მცირე მთა ჩრდილოეთით, საჯავახო-გურიის განმყოფელი, ვიდრე რიონამდე, და აღმოსავლეთით, რომელიც დავწერეთ სალომინაოს და საჩიჯავაძოს შორისი ხაზი. მაგრამ არის ადგილი ესე, როგორცა აღვწერეთ საჩხეიძო, და უმეტესადცა ნაყოფიერი და ბარი. კაცნი მათგან ურბილესნი, და სადროშო მათივე. და ორთა ამათ ადგილებთა დიან მდინარენი, რომელნიცა გამოსდიან ფერსათის მთასა.
„ვაკე“
ხოლო საჩიჯავაძო-სალომინაოს, რიონს გაღმით, სამხრეთით არის ვაკე, და ისახელება მათ ადგილთა სივაკისათვის. და ამას საზღვრის: აღმოსავლეთით წყალწითელა ყვირილიდან კვახჭირის მთამდე; სამხრეთით საზღვრის ყვირილა და რიონი; დასავლეთით ცხენისწყალი და ცხენისწყლიდან წასული ხაზი ისულეთამდე და რიონამდე; ჩრდილოეთით კვახჭირის მთიდან წასული ხაზი დასავლეთით, კახნიაურს ქვევით, ირიბად, ქუთათისის დასავლეთით, და მაღლარის და ოფიშკვითის აღმოსავლეთით, და გუბისწყლის სათავის გორაკებზე, ვიდრე გვასტიბის ბოლოს ცხენისწყლამდე. და არის სამკუთხედ ადგილი ესე. ამას შინა, ცხენისწყლისა და რიონისაკენ, არის საჭილაო, სამიქელაო. და არის ადგილი ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითავე, რომელნიც დავწერეთ, გარდა ბრინჯისა. პირუტყვნი მძოვარ არიან ზამთარ-ზაფხულს. ფრინველნი ურიცხვნი. თევზნი არასადა, გარდა რიონისა, კირჩხიბი მრავალი. არასადა არის მდინარე, გარდა გუბისწყლისა, და იგიცა მცირე. საზრდოობენ ჭით. მაგრამ ადგილ-ადგილს ჭათა შინა არის ჭია, რომლისა წყლის სმით გამობერავს ყელსა, და დაეკიდება კაცსა და ქალსა, როგორც პარკი დიდი. უწოდებენ ყიყუს. ვენახნი დაბლარნი არიან მრავლად, ხილნი მრავალნი ტყეთა შინაცა. ტყენი აყრილნი, და უწოდებენ ეწერს; და მწერნი არიან არგვეთს, საჩხეიძოს და საჩიჯავაძოსა შინაცა. კაცნი და ქალნი ჰგონე ეგრეთნივე, მაგრამ უმეტეს მსწრაფლ მოუბარნი, ფრიად მუშაკნი, რბილად მქცეველნი. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი. პირველად იყო საერისთაო ციხე-გოჯისა და შემდგომად იქმნა ქუთათისისა, ოკრიბისა თანა. აწ ესეცა პირველი სადროშო.
ოკრიბა
ხოლო ამ ვაკის აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით არის ოკრიბა და არგვეთის ჩრდილო-დასავლეთად, რომელიც ისახელა თვისის ადგილობისაგანვე, რამეთუ გარემოთა ადგილებთა თვისთაგანვე სრულიად მჩენარობს ოკრიბა, და ამისთვის ითქმოდა: „ოო, კრება ესე კეთილ-მშვენიერ ადგილ არს“! ხოლო ოკრიბა ესე ისაზღვრება: აღმოსავლეთით მთით რაჭასა და ამას შორისით, ველევ-საღორის მთით, და საღორის მთიდამნ წასულის სამხრეთით, ვიდრე ჩხარამდე, მთითა ოკრიბა-არგვეთს შორისით; სამხრეთით ჩხარიდან დასავლეთად წასულის მთით კვახჭირამდე, მერე კახნიაურის ხაზით რიონამდე; ჩრდილოეთით ველევი, ნაქერალა, გაჭრილი, წმიდა გიორგის მთანი, ვიდრე დღნორამდე, მერე ხომლის კლდიდან წარსული მთა დასავლეთად, ვიდრე გვასტიბემდე; დასავლეთით კახნიაურიდან წასული ხაზი, ვიდრე გვასტიბემდე, ოკრიბა-ვაკის საზღვარი. და არის ამათ შინა ქვეყანა, გარდა ბრინჯ-ბამბისა, ყოვლითა მარცვლითა ნაყოფიერი ფრიად, ხილითა, ვენახითა. მაგრამ ვენახი მაღლარი, ღვინო მსუბუქი, მხე-გემოიანი. პირუტყვნი არგვეთისამებრ, ფრინველნი და ნადირნი მრავალნი. არის მცირე მთა-გორიანი, ტყიან-ბალახიან-ყვავილიან-წყაროიანი. დის მდინარე წყალწითელა და მისნი შემრთველნი, და ქუთათის ზევით რიონი და მასში შემრთველი ხომლის კლდემდე. თევზნი, გარდა კალმახისა, არარა. კირჩხიბნი მრავალნი. კაცნი და ქალნი ჰგონე როგორც ვაკისანი, მაგრამ უღონო მუშაკნი, ვერ ღონიერნი. სამაგიეორდ მთავარნი და აზნაურნი მხნენი, ზნეობიანნი, შემმართებელნი. ეს ოკრიბა რიონის აღმოსავლეთი პირველად იყო არგვეთისა, და დასავლეთისა ნაქალაქევის საერისთაოსი, შემდგომად იქმნა ქუთათისის საერისთაოსი და აწ - მეოთხე სადროშო ლეჩხუმითურთ, მეფისა თანა მყოფნი. და სახელნი ესენი ადგილებთა ამათ, რომელნიც აღვწერეთ, ან ეწოდათ ესეთ ან ეგროსის ძეთაგან და ძის ძეთაგან, როგორცა სხვათა ადგილებთა. და ვინაიდან დავასრულეთ იმერეთი, აწ ვიწყებთ ოდიშს.
ოდიში (სამეგრელო)
ხოლო ესე ოდიში ისახელა ორითა სახელითა: პირველად მეგრელნი, რამეთუ ეგროსმა აღაშენა ქალაქი და უწოდა ეგრი. ამას სწერენ ევროპელნი კოლხიდად, სადიდამ იაზონ წაიღო ოქროს რუნი, ანუ საწმისი. მაგრამ ჭალაკი იგი აქა არასადა მოიპოვება, არცა მატიანე ჩვენი მოიხსენებს მას, რამეთუ მას ჟამსა ეგრის-წყალს იქითი, დასავლეთისა, ეპყრათ ბერძენთა, აქა არს ადგილი იგი. ამისთვის უწოდეს მეგრელნი. ხოლო ოდიში - განდგნენ რა ეგრისის მდინარის იქითნი და მიერთნენ ბერძენთა, იტყოდიან; „ოდიში იყომე ქვეყანა იგი ჩვენი“, და ისახელნენ აწამდე ესეთ. ხოლო საზღვარი ოდიშისა არს ცხენისწყალი და ხაზი ისულეთამდე, მერე თაკვერსა და ოდიშს შორისი მთა, კავკასიდან ჩამოსული სამხრით და კვლავ თაკვერიდამვე წარსული კავკასი ჩრდილოთ, ვიდრე ეგრისის სათავემდე, ოდიშსა და სვანეთს შორისი; სამხრეთით მდინარე რიონი, გურია-ოდიშს შორისი, და კვლად ეკვრის მდინარის შესართავს დასავლეთით შავი ზღვა; დასავლეთით ზღვა შავივე და კვლავ ანაკოფიის მცირე მთა, კავკასიდან ჩამოსული სამხრით ზღვამდე; ჩრდილოეთით კავკასის მთა. ხოლო ცხენისწყლის დასავლეთის კერძო რომელიც დავწერეთ, ოდიშისა არის. და ცხენისწყლის დასავლეთით არის იქვე ბანძა და ციხე კეთილნაშენი.
ბანძას ზევით და ცხენისწყლის დასავლეთით, და მისი მჭვრეტი, მაღალ ადგილზე, არის ჭყონდიდი, ეკლესია გუმბათიანი, დიდშენი, მარტვილისა. ეს აღაშენა ჱ მეფემან აფხაზთამან გიორგიმ და შეამკო ყოვლითა შემკობილებითა საეკლესიოსათა. დაფლული არის მეფე ბაგრატ. ამანვე დასვა აქ ეპისკოპოზი, და აწცა არის მწყემსი უნაგირის აღმოსავლეთისა ცხენისწყლამდე. ამათთა დასავლეთით დის მდინარე აბაშა, პირველად სხვა სახელით წოდებული. შემდგომად, მობრუნდა რა ანაკოფიიდან მურვან ყრუ, აქ დაბანაკებულთა მოახრჩო ამან პჩ (80000) აბაში, და ამიერიდან იწოდა აბაშა. ამაზე არის სახარია, ციხე და სასახლე დადიანისა. ესე სიგრძით არის ტეხურის შესართავამდე. გამოსდის კავკასს, ოდიშსა და სვანეთს შორის, და დის ჩრდილოეთიდან სამხრეთით. არა არის მას შინა თევზი, გარდა კალმახისა.
ამის დასავლეთით დის მდინარე ტეხური. იწოდა ჩქარად დინებისაგან, რამეთუ შემუსრავს და მტეხარე ჰყოფს ხიდსა თუ სხვასა რას, გამოსდის მასვე კავკასსა, მიერთვის ისულეთს ჩრდილოეთიდან რიონს. ხოლო ტეხურისა და აბაშას შესართავს ზევით, უნაგირას მთის ძირზე და ტეხურის დასავლეთის კიდეზე, არის შხეთს ციხე დიდნაშენი და სასახლე დადიანისა. ამას ზევით, კიდევ ტეხურისავ კიდეზე, არის სენაკს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, საყოფელი აფხაზთა კათალიკოზისა. აწ სენაკს ზევით, უნაგირას ძირში, არს ნაქალაქევი, ციხე გოჯად წოდებული. ეს აღაშენა ა (1) მეფის ფარნაოზის ჟამს ქუჯიმ, ქალაქი და ციხე, და ამისი საერისთოვე იყო სრულიად რიონის დასავლეთი სვანეთით. შემუსრა ყრუმ, მაგრამ იყო კვლავ ქალაქი, და შემდგომად მოოხრდა ქალაქი. აწ არის ციხე კვლავ და სასახლე დადიანისა. ხოლო ამ ტეხურის დასავლის კიდურსა რიონიდან წარმოსდევს მცირე მთა კავკასამდე, ტყიანი და ნადირიანი. ამას უწოდებენ უნაგირას. ამ მთას საზღვრიდენ ოდესმე იმერთა და ოდიშთა საზღვრად და არის ჭყონდიდიდან უნაგირამდე მთის ძირი სალიპარტიანო. არიან ამ ადგილთა შინა მოსახლენი მთავარნი და აზნაურნი. და არის ქვეყანა ესე მგზავსი ვაკისა და უმეტეს ნაყოფიერი და ტყიანი.
ხოლო ისულეთს, ტეხურის შესადინარს ქვევით, სადაცა ერთვის რიონი ზღვას, აქა არის ფოთი. და ამ ფოთის ჩრდილოეთით შესდის ზღვას ხორგის წყალი. მიიღო სახელი დაბის ხორგისაგან, ზღვის კიდესა ზედა შენისა, სადაცა არის სასახლე აფხაზთა კათალიკოზისა. გამოსდის მასვე წინხსენებულს კავკასს და მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად. ამავ წყალზე, მთის ძირში, უნაგირას ჩრდილოეთით, არის ციხე ჭაქვითი და სასახლე დადიანისა. ხოლო ამ წყლის ჩრდილოეთით, მთის ძირს, ველსა ზედა არის ხეთას ციხე და სასახლე დადიანისა. ამის ჩრდილოეთით დის ჭანის წყალი, წოდებული ჭელენჯიხის გამო. გამოსდის მასვე კავკასსა და დის აღმოსავლეთიდან დასავლეთად, და მიერთვის ზღვას ხოფს. ამ მდინარის ჩრდილოეთით კერძოთ, ზღვის კიდეზე არის ხოფი. აქა არის ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული. აქ ეკლესიასა შინა მსვენარებს პერანგი ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, სასწაულთმოქმედი. ამ წყალზე, ჩრდილო კიდესა ზედა და ხოფს ზევით, არის ეკლესია ჩაისს, დიდი, გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ წყლის სამხრეთის კერძოსი უნაგირამდე და რიონა-ზღვამდე. ამავ მდინარის ჩრდილოეთით კერძოდ დიდს ველსა ზედა არის ზუგდიდი, სასახლე დადიანთა, დიდშენი და პალატებიანი, ზღუდე-გოდლიანი.
ამ ზუგდიდის აღმოსავლეთით, მთის ძირზე, არის ჭელენჯიხი. ეკლესია გუმბათიანი, დიდშენობა, მშვენიერი, კეთილს ადგილს. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ჭანის მდინარისა და დადის მდინარის შორისის ადგილთა, კავკასიდან ზღვამდე. ამის ჩრდილოეთით დის მდინარე ენგური, წოდებული დაბის გამო. გამოსდის მასვე სვანეთსა და ოდიშს შორისს კავკასსა, მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად, მიერთვის ზღვას ანაკრიას. ანაკრიას ააშენეს ოსმალთა ციხე, ქრისტესსა ჩღგ (1703), აწცა უპყრავთ მათვე. ანაკრიის აღმოსავლით ამ მდინარეზე არის რუხს ციხე დიდშენი, შიგ წყარო გამომდინარე. აღაშენა ლევან დადიანმან ქრისტესსა ჩქმზ (1647), შემდგომად შემუსრეს ოსმალთა წელსა ჩღკე (1725), და ამის ქვით ააშენეს ანაკრია უმტკიცესად. რუხს ითხრება კაჟი ჩახმახისა ფრიად კეთილი და მრავალი. რუხს ზევით, ამ წყალზე, მთასა შინა არის სააფაციო სათავიდან.
კვლავ ამ ენგურის ჩრდილოეთით დის დადის-წყალი, წოდებული დადის დაბის გამო. გამოსდის მასვე აღმოსავლეთის კავკასსა, და მოდის დასავლეთად, და მიერთვის ზღვას. ამ დადის-წყლის ჩრდილოეთით დის ეგრისის წყალი, წოდებული ეგრისის, თარგამოსის ძის, გამო. გამოსდის მასვე კავკასს, დის დასავლეთად და მიერთვის ზღვას ილორს. ხოლო ზღვის კიდეზე, ამ წყლის დასავლეთ კიდეზე, არის ილორს ეკლესია წმიდის გიორგისა. ამას უდის აღმოსავლეთით ეგრისი, დასავლეთით მდინარე მოქვისა, და უძევს სამხრეთით ზღვა და ჩრდილოეთით ველი. არის ეკლესია უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული. მაგრამ სლით ავსების გამო, რათა არა შეირყეს ეკლესია, მოუტანიათ ქვა დიდ-ფრიადი, ფიქალი და მას ზედა შენი არის სრულიად ეკლესია. აქ მოიყვანს ხარს ყოველწლივ ი (10) ნოემბერს, რომელსაც დაჰკლავენ და გაიყოფენ მეფე დიდებულებითურთ. თუმცა არის ფრიად სასწაულთმოქმედი ჭეშმარიტსა ზედაცა. მაგრამ მოსწვეს ოსმალთა ეკლესია ილორისა ქრისტესსა ჩღლგ (1733).
ხოლო ამ ეგრისის მდინარესა ზედა, მთასა შინა, არის ეგრი, სადაცა მოვიდა პირველად ეგროს, ძე თარგამოსისა, და აქა აღაშენა ქალაქი და დაიპყრა საზღვარი თვისი. მაგრამ ამას შემდგომად უწოდეს ბედია, რომელშიც დასვა ა (1) მეფემან ფარნაოზ ქუჯი ერისთავად რიონის დასავლეთისა, ვინაიდან ჰპოვა ბედი. მერე აფხაზთა მეფის ლევანისაგან გაიყო, და ცხუმის ერისთავი სხვა, ბედიისა სხვა, აფხაზთა სხვა, თამარ მეფემდე ესეთ. შემდგომად რუსუდანისა - ოდიშისა დადიანი, და ბედიელი მას აქეთისა, აღარა ცხუმისა. აქავ, ბედიას, ააშენა ნდ (54) მეფემან ბაგრატ (III) ეკლესია დიდ-მშვენიერ გუმბათიანი და შეამკო სიმდიდრითა დიდითა ფრიად. ამისთვის წერილ არის: „ვისაც გენებოს სიდიდე და სიმდიდრე ბაგრატ ნდ მეფისა, გინიხილე ბედიის ეკლესია და მით სცნობ“. დასვა ეპისკოპოზი ოდიშისა, და აწცა ზის, და მწყემსი არის აწ დადის-წყლისა და მოქვის-წყლის შუათისა ადგილთა. აქავ მოიტანა იგივე მეფე ბაგრატ ზვიად ერისთავმა და დაფლა.
ხოლო ამ ეგრისის მდინარის დასავლეთით დის მოქვის მდინარე ჩრდილოეთიდან სამხრეთით. გამოსდის კავკასს და მიერთვის ილორს ზღვას. ამ მდინარესა ზედა, მთაში, არის მოქვს ეკლესია გუმბათიანი, დიდნაგები. აღაშენა თ (9) მეფემან აფხაზთამან ლეონ (III) შემკობითა დიდითა. ზის ეპისკოპოზი მწყემსი კოდორის მდინარისა და მოქვის მდინარის შორისის ადგილისა. მაგრამ ეს მდინარე მოქვისა დის მოქვამდე აღმოსავლეთიდან დასავლეთად. ხოლო მოქვის მდინარის დასავლეთით დის კოდორის მდინარე. ამ წყალზე არის ეკლესია დრანდას, მთაში, გუმბათიანი, მშვენიერი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კოდორსა და ანაკოფიის შორისისა ადგილთა. მაგრამ აწ აფხაზთაგან აღარა არიან ორთა ამათ შინა ეპისკოპოზნი. მდინარე კოდორი დრანდამდის დის აღმოსავლეთიდან დასავლეთად, გამომდინარე კავკასიიდან, და დრანდიდან ზღვამდე დის ჩრდილოეთიდან სამხრეთით. მიიღო სახელი დაბის კოდორისაგან, რომელიც არის დრანდას ზევით, ამ წყალზე, მთაში.
ხოლო ამ კოდორის დასავლეთად დის მდინარე ცხუმისა, გამომდინარე კავკასისა, და მოერთვის ზღვას ჩრდილოეთიდან. ამ წყალზე, მთაში, არის ცხუმი, და ისახელება მდინარე ესე ამისგან. იყო ცხუმი ქალაქი და საერისთაო, და აწ დაბა. ამ ცხუმის დასავლეთით არის ანაკოფია და მდინარე მისი მცირე, გამომდინარე კავკასისა და მომრთველი ზღვისა ეგრეთვე ჩრდილოეთიდან. ამ მდინარის აღმოსავლეთით და ზღვის კიდეზე არის ქალაქი ანაკოფია. ეს ააშენეს ბერძენთა. აქავ ჰერეკლეოს კეისარმან დასვა ერისთავი აფხაზთა, ეგრისის მდინარის დასავლეთისა ზღვამდე. იყო ქალაქი კეთილი, მშვენიერი, ზღვასა ზედა წაშენებული, და შემდგომად ბაგრატიონთაგან უმეტეს განდიდებული, რომლისა ზღვასა შინა სვეტნი ორმოცამდე დღესაც ჩანან. მაგრამ აწ ოხერ არის; და საზღვარი ოდიშისა და აფხაზეთისა; ამ ანაკოფიის აღმოსავლეთით ზღვიდან მთამდე შეავლო ზღუდე დიდი ლევან (II) დადიანმა, აფხაზთა გამოესლველობისათვის, მაგრამ აწ უქმად არის.
ხოლო სიგრძე ოდიშისა არის კავკასის თხემიდან ზღვამდე და ცხენის წყლიდან ზღვამდევე, და მეორე - ეგრისის წყლიდან ანაკოფიამდე. და განი მისი რიონის მდინარიდან ეგრისის მდინარემდე, და მეორე - ზღვიდან კავკასის თხემამდე. და არის ჰავითა ესე ოდიში მშვენიერი. ზაფხულს ზღვის პირნი და ვაკენი ცხელი და არა გაუძლისი, მთის კერძონი გრილნი, აგარაკოვანნი, კეთილნი. ზამთარ თბილი, მაგრამ ზაფხულივითა სველი, და ნამიანი, და ნოტიო, თუმცა უწყინარუვნო, უქარო და უყინვო, დიდთოვლიანი. მოსავალნი მარცვალთა ფრიად ნაყოფიერნი მრავლად, რამეთუ ბრინჯი ნაყოფიერებს ურწყავად. ნარინჯი, თურინჯი, ზეთისხილი, ბროწეული ადგილ ადგილს და სხვანი ხილნი მრავალნი. ვენახნი მაღლარნი, ღვინო მსუბუქი და კარგი. აქა არის ღვინო ზარდაგი, ფერისათვის ეგრეთ წოდებული, ფრიად კეთილი, ძალიანი და ქებული ყოველთა შინა. აქ ჰყოფენ აბრეშუმს უმეტეს მრავლად იმერეთისაგან. პირუტყვნი - ცხვარნი მცირედ და სხვანი მრავლად, რამეთუ ჰყავთ ჯოგად, ნახირად, და თხა, ცხვარი და ღორი ერთ არვედ. რამეთუ არა ჰყავთ მწყემსი, და მძოვარ არიან ზამთარ-ზაფხულს ბალახთა. ფრინველნი მრავალნი; ფუტკართაგან თაფლი და ცვილნი მრავალნი, ვინაიდან ტყეთა შინა მრავლად არიან. ნადირნი წვრილნი და დიდნი ურიცხვნი, გარდა ქურციკისა, და სანადირო მრავალნი და კეთილნი. თევზნი მთის კერძოდ კალმახნი მრავლად, ხოლო ვაკეთა სხვანი თევზნი და კირჩხიბნი ურიცხვნი. ზღვასა შინა იპყრობა ანდაკია და სხვანი ზღვის თევზნი. მდინარეთ შემდინარეთა ზღვათა შინა უწოდებენ მას ადგილს თვალსა, და არიან ნავსადგურნი. მოდგებიან ნავნი და ვაჭრობენ.
ხოლო არიან კვლავ ამავ ადგილებთა შინა ხევნი და მცირე მდინარენი და წყარონი კეთილ-გემოიანნი, რომელნი სიგრძისათვის დავიდუმეთ. არიან კაცნი და ქალნი მშვენიერნი, მაგრამ იმერთაებრ არა ტანოვანნი, ხორციანნი და მწითურნი, გულმწყრალნი მყისად და მსწრაფლნი, ბრძოლათა შინა იმერთაებრ ვერ ქებულნი, ბრძოლიდან გაბრუნებით ქებულნი. სარწმუნოებითა, რჯულითა, და წესითა, და ქცევითა იმერთათა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი. ენით არიან - დიდნი და წარჩინებულნი ქართულის ენითა, მაგრამ აქვთ თვისიცა ენა, თუმცა წამხდარი ქართულივე, როგორცა: ღმერთი-ღორონთი, ჩემი-ჩქიმი. და აქვთ წიგნი ქართულივე და და არა სხვა. ხოლო აწ ეგრისის მდინარემდე უპყრავთ აფხაზთა, და მას ზევითი სამხრის კერძო დადიანსა. კვლავ ქვეყანა ესე არის ფრიად ტყიანი, მთით ბარამდე, და მცირე ველოვანი. მდინარეთა კიდენი ჭალოვანნი და ვაკეთა აყრილნი ეწერნი, ბარდოვან-ტალახჭანჭრობიანი და ფრიად წვმიანი. ამისგან არის ფრიადი ნოტიობა, თუმცა უვნებელი.
აფხაზეთი
ხოლო ანაკოფიის დასავლეთით არს აფხაზეთი, პირველად წოდებული ეგრეთვე ეგრისი, რამეთუ ვინაიდან წილი ეგროსისა არის ზღვამდე, მის გამო ეწოდა ეგრივე. მაგრამ შემდგომად განდგომისა, დაიპყრეს რა ბერძენთა, მათ უწოდეს აბასა, ხოლო ქართველთა აფხაზეთი. თუმცა უმეტეს საგონებელი არის, ძეთაგან ან ძის ძეთაგან ეგროსისათა ეწოდა სახელი ესე. ხოლო საზღვარი აფხაზეთისა არის: აღმოსავლეთით ანაკოფიის დასავლეთით მცირე მთა, კავკასიდან ჩამოსული ზღვამდე; დასავლეთით ზღვა და კაპპეტის მდინარე. მაგრამ სხვანი საზღვრიან ჯიქეთის დასავლეთის ზღვამდე; ჩრდილოეთით საზღვრის მთა კავკასი, სამხრეთით ზღვა შავი. სიგრძე ამისი არის ანაკოფიიდან კაპპეტის მდინარემდე ანუ ზღვამდე; განი ზღვიდან კავკასის თხემამდე.
ხოლო ანაკოფიის დასავლეთით დის აღაცოს წყალი. გამოსდის კავკასს და მიერთვის ზღვას ჩრდილოეთიდან. ამ აღაცოს წყლის დასავლეთით დის ზუფუს მდინარე, გამოსდის კავკასს, დის სამხრეთით, მიერთვის ჩრდილოეთიდან ზღვას. არის ზუფუ მცირე ქალაქისაებრი, სახლი და საყოფელი შარვაშიძისა, რომელც მპყრობლობს აფხაზთა, არავის მორჩილებასა შინა მყოფი. ამ ზუფუს დასავლეთით დის მუწის-წყალი. გამოსდის კავკასსავე, მოერთვის ჩრდილოეთიდან ზღვას. ამ მუწის-წყლის დასავლეთით არის ბიჭვინთას ეკლესია დიდი, დიდშენი, კეთილ ფრიად, გუმბათიანი, ზღვის კიდესა ზედა. ეს აღაშენა იუსტინიანე კეისარმან შემკობითა დიდითა. პირველად იყო საეპისკოპოზო. ჟამსა აფხაზთა მეფეთათა იქმნა საკათალიკოზოდ, და აწ არის საყდარი აფხაზთა კათალიკოზისა, მაგრამ აწ ხუცის ამარად, ვინაიდან აფხაზნი აღარა მონებენ რჯულსა და სარწმუნოებასა (ამას ვგონებ ნიკოფსიად, და ეკლესიასაცა მასზედ აღშენებულსა მისთვის, ვინაიდან ნიკოფსიას დაფლულ არის მოციქული სვიმონ კანანელი). ამის ბიჭვინთის დასავლეთით დის კაპპეტის მდინარე, დიდი და ჩქარად მდინარე. გამოსდის ესე რაჭის მთას, კავკასსა, გამოვლის სვანეთს, ალანსა და მას ქვეითთა ორს კავკას-შორისთა და მოერთვის აქა ჩრდილოეთიდან ზღვასა.
ხოლო ესე აფხაზეთი შემკული არის ყოვლითა ნაყოფიერებითა და ჰავითა, რამეთუ ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი, ხილნი, ვენახნი, პირუტყვნი და ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი. მაგრამ თხა აქაური ფრიად მშვენიერნი, ბალნითა წმინდა და ჭრელ, კანჭმაღალი, ტანად დიდი, რქანი მაღალნი, როგორც ადლნახევარნი. წვერნი გძელნი, ვიდრე მუხლთ დაბლამდე. არის ესე აფხაზეთი ტყიანი, ჭალიანი, ეწროვანი და მცირე-ველოვანი; მთის კერძონი აგარაკოვანნი. ხოლო კაცნი მგვანენი მეგრელთა და უმეტეს ცქვიტნი და ტანოვანნი, წერწეტნი, მპარავნი, ავაზაკნი, ზღვათა შინა მავალნი ოლეჭკანდარებითა, რომელთა შინა ჩასხდებიან რ (100), ს (200) და ტ (300), დაუხვდებიან ოსმალთა ნავთა და ლაზ-ჭანთა და უფრო მეტად ოდიშ-გურიასა. მაგრამ არიან ბრძოლასა შინა მდედრნი, მალ-მიმდრეკნი, ზღვასა შინა მაგარნი და ძლიერნი. სარწმუნოებით არიან ქრისტეანენი, მაგრამ აღარა რისა მეცნიერნი და ირიცხვიან, როგორცა კერპნ, ვინაიდან არა დაჰფლავენ მკვდართა თვისთა, არამედ მისითავე სამკაულ-იარაღითა და შესამოსლითა ჩასდებენ კუბოთა შინა და შესდგმენ ხეთა ზედა, და უკეთუ შტვენს მკვდარი იგი ეშმაკისა მიერ, სწამთ განსვენებულად მერესა მას. თუმცა უწყიან ნათესაობა, ცოლი ერთი, მარხვა, აქვთ სასოება მღვდელთა ფრიად. არა იქმნებიან მათ შორის სიძვა, მრუშება, რამეთუ დასწვენ შემცოდეთა. უყვართ სტუმარი და პატივსა უყოფენ, და შეიწყნარებენ ფრიად. ენა საკუთარი თვისი აქვთ, მაგრამ უწყიან წარჩინებულთა ქართული, სხდებიან სკამთა ზედა და სჭამენ ტაბლასა ზედა. და არიან ერთგულნი ფრიად თვისთა მეპატრონეთა და მორჩილნი მისნი.
ჯიქეთი
ხოლო ამ აფხაზეთს იქით, კაპპეტის წყლის დასავლეთს, ბაგრატიონთ ჟამს აქეთ აქამომდე უწოდებენ ჯიქეთს, თუმცა გორგასლის ცხოვრება უწოდებს ჯიქეთს ამ ჯიქეთის ჩრდილოეთით, კავკასის მთის იქითს კერძს ზღვამდე. და ამ აწინდელს ჯიქეთს საზღვრის: აღმოსავლეთით კაპპეტის წყალი; დასავლით შავი ზღვა; სამხრეთით იგივე ზღვა; ჩრდილოეთით კავკასი. და არის ადგილი ესე ყოვლითურთ აფხაზეთისა: მოსავლით და ცხოველით, წესით და ქცევითაცა. კაცნი უმეტეს მხეცთ მგზავსნი. ყოფილან პირველად ქრისტეანენი, მაგრამ აწ უცნობელნი მისნი. თუმცა იუწყე აფხაზთა და ჯიქთა სამოსელნი, და იარაღნი, და საჭურველნი, როგორცა ჩერქესთანი, რომელთა ზნეთა ჟამად იმერნიცა ხმარობენ.
სვანეთი
ხოლო სვანეთი ისაზღვრება ყოვლიდან კავკასიის მთით, და არის რაჭა-ლეჩხუმის ჩრდილოეთით და ოდიშის აღმოსავლეთით. და საზღვრის სვანეთს: აღმოსავლეთით სვანეთსა და ბასიანს შორისი კავკასია; ჩრდილოეთით დიდ-ყაბართ-ჩერქესა და ამას სვანეთს შორისი კავკასია; სამხრეთით სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმს შორისი კავკასი; დასავლეთით სვანეთსა და ოდიშს-შორისი კავკასი და ალანის საზღვარი. სიგრძით არის რაჭის კავკასის თხემიდან ოდიშის კავკასის თხემამდე და ალანამდე, და სიგანით რაჭა-ლეჩხუმის კავკასის თხემიდან ჩერქეზის კავკასის თხემამდე, და რაჭისაკენ ვიწრო, ხოლო ლეჩხუმისაკენ განიერი, და მას ქვვეით, ოდიშის კერძოდ, უმეტეს განიერი. ამას უდის საშუალსა მდინარე თვისი, რომელიც იქმნება ბოლოს კაპპეტისა, გამოსდის რაჭის მთას კავკასს და მიდის დასავლეთ-ჩრდილოეთ შორის. ამ მდინარეს მოერთვიან ამიერ-იმიერიდან ხევნი მდინარენი.
ხოლო რაჭა-ლეჩხუმის სამხრეთით არის ლაშხეთი, და ლეჩხუმის სამხრეთით და ოდიშის აღმოსავლეთით არის ეცერი. აქ არს ეკლესია სვეტიად წოდებული, სახიზარი სვეტის ცხოველის სამკაულ-საუნჯისა, რომელსა შინა იტყვიან სვეტის-ცხოველის კანკლის ყოფასა დღესაცა, რომელიც მოიტანა გორგასალმა ინდოეთიდან, წითლის იაგუნდისა ქმნილი. მაგრამ საჩინოდ არიან აწცა ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი და მოოჭვილნი ქვითა, მრავალნი და პატიოსანნი, დიდნი და მცირენი, რომელთა ზედა აქვთ სასოება და პატივ-სცემენ. მაგრამ უმჯობესი ხატი უბიათ ძეწკვითა ოქროსათი და იტყვიან: „უკეთუ აუშვათ, დალეწავს ყოველსავე აქა მყოფსა ხატ-ჯვართა“, და ესოდენ უგუნურ არიან თვისითა უცნობელობითა. მაგრამ თუ შევიდეს იქ სასიკვდინო ან ტყვე, ვერარაისაღა უყოფენ, თუმცა განუტევებენ თავისუფლად. კვლავ აღმთქმელსა ანუ მფიცარს მას ზედა დაურწმუნებიან ფრიად.
ხოლო სვანეთი არის მოსავლითა და პირუტყვითა, როგორცა აღვწერეთ დვალი, ანუ აწინდელი ოსეთი, და უმეტესი მწირიცა. სივიწროვით, მთით და კლდით და მდინარეებით ფრიად მაგარი. მაგრამ სახელი ესე ეწოდა: ოდეს ვერღარა იტევდა ძურძუკეთი კაცთა, ბ (2) მეფემან საურმაგმა აჰყარა იქიდან და მისცა აქა სავანე და დასხნა სულნი დიდძალნი. ამის გამო იწოდა სავანეთი. არიან კაცნი დიდ-ტანოვანნი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი, ბართა შინა რაზმთა ვერ შემმართებელნი, მთათა სიმაგრეთა და ციხეთა შინა მაგარნი, სიკვდილის არა მომხსენენი, ავაზაკნი, მეკობრენი, უწყალონი, ბრიყვნი, უზნეონი. სარწმუნოებით არიან იმერთა თანა ქართულითა და უმეცარნი აწ მისნიცა. ენა თვისი აქვთ საკუთარი, მაგრამ უწყიან ქართულიცა. პირველად იყო ეგრისის საერისთაო, შემდგომად დასვეს მეფეთა მისი ერისთავი, და აწ უზით გელოვანი, როგორცა პატრონი მათი, და არიან თვისად და აღარავის მორჩილებასა შინა.
ალანი
ხოლო ალანი არის სვანეთის დასავლეთით და ბედიის ჩრდილოეთით. აქვს აღმოსავლეთით კავკასი და საზღვარი სვანთა; სამხრეთით კავკასი ბედია-ოდიშს და ამას შორისი; დასავლეთით კავკასი; ჩრდილოეთითაც კავკასი. უდის შუაში სვანეთის მდინარე. მოსავლით და პირუტყვით ისევე როგორცა სვანეთი. მაგრამ კაცნი კერპნი, ურჯულონი. თუმცა პირველად იყვნენ ქრისტეანენი და აწ კერპნი, და რომელნიმე მოჰმადიანი და მისიცა უმეცარნი. ხოლო კავკასნი, რომელნიც აღვწერეთ ამ ადგილებთა შინა, კედელის კავკასის მთიდან, ვიდრე ჯიქეთამდე, არიან ეგრეთივე მყინვარენი მთანი, როგორცა ქართლისანი და ოვსეთისანი, სიმაღლით, მყინვარებით და ყოვლითურთ. მაგრამ სვანეთი და ალანი იყო კავკასისავე წილნი, და მეფეთა ქართველთა თვით განიმკვიდრეს, როგორცა აღვწერეთ.
გურია
ხოლო გურია არა წილი ეგროსისა არის, არამედ ქართლოსისა. მაგრამ როდესაც გამეფდა ლეონ აფხაზთა, მაშინ ამათ აღარა ინებეს მორჩილება ოძრახოს ერისთავისა, რომელნიც იყვნენ ძენი სტეფანოზ ბაგრატიონისანი, ადარნასე და ძე მისი აშოტ. ამათგან განდგნენ და მიერთნენ ლეონს, როგორცა სახელი აცხადებს „გურიობით განდგომილნი“. და ენა მათი, რომელსაც საუბრობენ, მესხურ და არა იმერთაებრ. საზღვრის ამას გურიას: აღმოსავლეთით მთა ფერსათი, სამცხე-გურიას შორისი და საჯავახოს შორისი, სამხრეთით ჭოროხის მდინარე და მთა მცირე, ფერსათიდან ჩამოსული დასავლეთით, აჭარა-გურიას შორისი; ჩრდილოეთით რიონი გურია-ოდიშს შორისი და დასავლეთით შავი ზღვა. ხოლო რიონის თვალზედ, სამხრეთის კიდესა ზედა, არის ფოთის ციხე, რომელიც ააშენეს ოსმალთა წელსა ჩღკე (1725), ნავსადგურობისათვის, და დგანან იქ მჯდომარის ფაშით. აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე, და ამ ფოთის აღმოსავლით, რიონის კიდესა ზედა არის ლანჩხუთი. ამ ლანჩხუთის სამხრეთით მოდის მთა საჯავახოს მთიდან დასავლეთად, და, სადაცა წყდება მთა ესე, არის ამ მთის მაღალს თხემსა ზედა ეკლესია ჯუმათს, დიდი, გუმბათიანი, დიდშენი, მჭვრეტი ზღვისა და გურია-ოდიშისა. ზამთარ არის გაუძლისი და ზაფხული საამო, მშვენიერი, კეთილ-ჰაოვანი; ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა. და არის მთა ესე ჯუმათისა ტყიანი, შენობა-დაბებიანი, ვენახ-ხილ-მოსავლიანი და ნადირ-ფრინველიანი.
კვლავ ფოთის სამხრეთით, ზღვის კიდეზე, არს ტბა პალიასტომისა, დიდი. ამ ტბიდან შესდის ზღვას მდინარე ამისივე. აქიდან შემოდიან ნავნი და დგებიან ტბასა შინა დასვენებისათვის. იპყრობა თევზნი სხვადასხვანი მას შინა ურიცხვნი. ამას იტყვიან ნაქალაქევს და შემდგომად მოცულსა წყლისაგან. კვლავ ამ ტბისა და ჯუმათის მთის სამხრეთით დის მდინარე სუფსი, გამომდინარე სამცხე-გურიის შუას მთისა, მომდინარე ბახვის-წყლამდე ჩრდილო-დასავლეთს შუა, ბახვის წყლიდან ზღვამდე აღმოსავლეთიდან დასავლეთად და მიერთვის ზღვას აღმოსავლეთიდან. არის მდინარე კარგი და თევზიანი. ბახვის წყლის შესართავს ზევით არის ციხე ბერიძისა, სამხრითკენ მას ზევით ხეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი; მოსახლენი მხნენი. სუფსის სამხრეთით და ბაილეთის ჩრდილოეთით არის გურიანთას ციხე, კლდე-გორასა ზედა შენი. ამის სამხრეთით დის აკეთ-ბაილეთის წყალი. გამოსდის სურების მთას, მიერთვის ზღვას აღმოსავლეთიდან.
ამ მთის ძირში არის ციხე ასკანისა. ამისვე სამხრეთით, მთის ძირში, არის შემოქმედი, ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი, შემკული ყოვლითა. იყო ესე საარქიმანდრიტო, აწ არის საეპისკოპოზო. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი მას ქვემო გურიისა. აქა დის მცირე მდინარე, გამოსდის სურებსა და ხინოს შუას მთას, და დის გრეხით, მიერთვის ხინოს წყალს ჩრდილოეთიდან. ამ წყალზე, შემოქმედს ქვევით, არის ოზურგეთი, სასახლე დიდშენი, კეთილ-პალატოვანი, გურიელისა. აქავ სახლობენ ვაჭარნი სომეხ-ურიანი და ვაჭრობენ. ამ ოზურგეთის სამხრეთით დის მდინარე ხინოსი, გამომდინარე აჭარა-გურიის მთის. მოდის აღმოსავალ-სამხრეთს შუადან, ჩრდილო-დასავლეთს შუა, ლეხეურის ციხემდე. მერე დის აღმოსავლეთიდან დასავლეთად, მიერთვის ზღვასა აღმოსავლიდან. ამ მდინარისა და შემოქმედს შუა არის ციხე ლეხეურისა, მთის ძირს. და მას ზევით მთაში, ამ წყალზე ხეობა ხინოსი არის მაგარი და მთებრი, მაგრამ ვენახ-ხილიანი და მოსავლიანი. აქა ხინოს არის ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-დიდშენი, კარგს ადგილს. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ხინოსწყლის სამხრეთისა ჭოროხამდე
გურია იყო სრულიად ქუთათლის სამწყსო, ხოლო შემდგომად გაყოფისა სამეფოთა, გურიელთაგან დაიდგინეს სამნივე ესე ეპისკოპოზნი, თვისისა დიდებისათვის. ამ ხინოს მდინარის სამხრეთით, მთის ძირას, არის აჭვს ციხე კარგი; და ხინოს მდინარის შესართავთან ზღვაზე არის ალამბარი, სასახლე შენი, გურიელთა, ფრიად მშვენიერს ადგილს. კვლავ ალამბრისა და აჭვის სამხრეთით დის მდინარე ქობულეთისა. გამოსდის ხინო-აჭარის მთასა, მოდის დასავლეთით, მიერთვის ზღვასა ეგრეთვე. ზღვის პირს ამ წყალზე არის ქობულეთი, მცირე ქალაქისავით და ნავსადგური ფრიად კეთილი. ამის სამხრეთით დის ჩაქვის-წყალი. გამოსდის აჭარის მთას, მოდის დასავლეთით, ერთვის ზღვას სხვებისავით. ამ წყალზე, ზღვის კიდეს, არის ციხე ქაჯეთისა, მაგარი, მაღალსა კლდესა ზედა შენი. აქვს გვირაბი-კლდე, გამოკვეთილი გზად. ამას ზევით არის ამ წყალზე ჩაქვი. და ამ ჩაქვის სამხრეთით დის ჭოროხის მდინარე. ზღვის შესართავზე და ჭოროხის ჩრდილოეთით კიდურზე არის ბათომი, მცირე ქალაქი და ციხე კარგი, აწ უპყრავთ ოსმალთა. ამას ზევით, ჭოროხის ჩრდილოეთსავე კიდესა ზედა, არის ერგე, და ბათომის პირისპირ, ჭოროხის სამხრეთის კიდეზე, არის გონია, მცირე ქალაქი და ციხე. უპყრავთ ოსმალთა, რომელიც ააშენეს ქრისტესსა ჩფმზ (1547).
ხოლო სიგრძე გურიისა არს სამცხის მთის თხემიდან ზღვამდე და განი ჭოროხიდან რიონამდე. ჰავით არის კეთილი და მშვენი, ზაფხულის ცხელი, წვიმიანი, სველი, ნოტიო. ზამთარი თბილი, დიდთოვლიანი, როგორცა იმერეთი, და უყივნო; მთა-გორიანი, აგარაკიანი, ტყიანი და მცირე-ველოვანი. ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი. კვლავ აბრეშუმი, ბამბა არა ეგდენ. ცხვარნი მცირედ, სხვა პირუტყვნი, გარდა აქლემისა, ჯოგად, ნახირად, მრავალნი, და მძოვარნი ზამთარ-ზაფხულს უმწყემსოთ. ფრინველნი მრავალნი, ხილნი მრავალნი. და ბათომს, გონიას და ერგეს ნარინჯი, თურინჯი, ლიმო, ზეთისხილი, ბროწეული მრავალი და ზღვის კიდესაცა. ვენახნი მაღლარნი, ღვინო კეთილი, მსუბუქი და შემრგო, გემოიან-სუნიანი მრავლად. მაგრამ მდინარეთა წოდებანი აღარა დავწერეთ, ვინაიდან თვისივე სახელნი აუწყებენ დაბებთაგან.
ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრეთვე და მშვენიერებითაცა, მაგრამ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა-ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით (მესხთაებრ), მაგრამ ქართულისავე ენისანი და არა სხვისა. ბრძოლასა შინა შემმართებელნი და იმერთა თანა ვერ შემდარენი, უქურდალნი, უავაზაკონი; როგორცა ოდიშარნი, სტუმრის მოყვარენი და კეთილად შემწყნარენი, კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშვიდნი, მაგრამ მყის გულმწყრალნი. თუმცა გურიელს ეპყრა ოდესმე აჭარა, ჭანეთი, მაგრამ არის სამცხისა. ამისთვის იქვე დავწერეთ.
ხოლო რამდენი ქვეყანანი ან ადგილნი დავწერეთ - მთათა, ბართა ან კავკასთა შინანი - საქართველოსანი თუმცა თუ აქვთ ზოგთა ენა სხვა, თვისნი საკუთარნი, მაგრამ წიგნი არცა ერთსა რომელსავე აქვს, გარდა ქართულის წიგნისა საკუთრად.
ისტორია ეგრისისა და აფხაზეთისა
ძე თარგამოსისა ეგროს, რა მოვიდა წილხდომილსა თვისთა ძმათა შორის თვისსა ქვეყანასა, ამან ეგროს ჰპოვა ადგილი ზღვის კიდის აღმოსავლეთით მთასა შინა. ამან აქა ააშენა ქალაქი და უწოდა სახელითა თვისითა ეგრი, და ამ ეგროსისაგან განითესნენ ქვეყანასა ამას შინა ძენი და ძენი ძეთა ეგროსისანი და აავსეს ქვეყანა ეგროსისა და იყვნენ ესენი მორჩილებასა შინა მცხეთელ მამასახლისისასა, ჟამად და ჟამად განდგომილნი, როგორცა აღვწერეთ. ხოლო მოსლვასა არდამ სპარსთა ერისთვისასა და დაპყრობასა საქართველოსასა, ამისა შემდგომად განდგნენ რა საქართველოსანი სპარსთაგან, მაშინ ეგრის მდინარის დასავლეთისათა მოიმწეს ბერძენნი, განდგნენ საქართველოსაგან და ამოწყვიდეს სპარსნი და შეუერთდნენ ბერძენთა, რამეთუ ძალითა ბერძენთათა ჰყვეს და დარჩნენ და იყვნენ იგინი მორჩილებასა შინა ბერძენთასა. ხოლო ეგრის მდინარის აღმოსავლეთი კვლავ იყვნენ მცხეთელ მამასახლისის მორჩილებასა შინა. ხოლო შემდგომად მოკლა რა პირველმან მეფემან ფარნაოზ აზონ ერისთავი და დაიპყრა ყოველი საქართველო, არცაღა ამას შეუერთდნენ ეგრისის მდინარის დასავლეთისანი. არამედ ემორჩილებოდნენ ბერძენთავე და ეგრის მდინარის აღმოსავლეთისანი დარჩნენ ფარნაოზის მორჩილებასა შინა. ამან ფარნაოზ გაჰყო ეგრისი თვისსა მორჩილებასა შინა მყოფი ორ საერისთაოდ და დასვა ქუჯი ერისთავად ეგრისს, რომელიც ააშენა ეგროს და უწოდა ბედია, ვინაიდან ჰპოვა ბედი და მისცა ქუჯის რიონის დასავლეთი და ჩრდილოეთი ზღვამდე და ეგრისის მდინარემდე სრულიად სვანეთით. და მეორე დასვა შორაპანს და მისცა საერისთაოდ ნეშტი ეგრისისა, რომელიც არის რიონის აღმოსავლეთი და სამხრეთი ზღვამდე და ლიხის მთამდე და იყვნენ ესე ერისთავნი მორჩილებასა შინა და მოხარკეობასა შინა მეფეთა ქართველთასა. მაგრამ სიმცირესა შინა ვახტანგ გორგასლისასა წაართვეს ეგრისისა და ზღვის პირნი ციხე-გოჯამდე ბერძენთა, თუმცა მერე ვახტანგვე წაართვა მკლავითა თვისითა ბერძენთა ჯიქეთი აფხაზეთითურთ, საზღვარი თვისი ოვსეთიდამ შემოსულმან.
ამანვე ვახტანგმა მისცა ლეონს კეისარსა ეგრისის მდინარის იქითი საზღვარი ბერძენთა და მერე ამზითვა კეისარმან ცოლსა ვახტანგისასა ეგრისის მდინარის იქითი და ეპყრათ ხოსროვანთა. ხოლო შემდგომად სტეფანოზ ბაგრატიონის ჟამსა მიუღო ჰერეკლეოს კეისარმან კვლავ ეგრისის მდინარის იქითი და დასვეს ბერძენთა ერისთავი თვისი ანაკოფიას და უწოდეს აფხაზთა ერისთავად, იყვნენ აქა ერისთავნი ცვლილებითა. ხოლო მოსლვასა მურვან ყრუსასა იყო ანაკოფიას ერისთავი ლეონ. ამან ლეონ ისტუმრა მირ მეფე და არჩილ, პატივ-სცა და მსახურებდა მეფებრ და შემდგომად ყრუს უკუნქცევისა ამ ლეონს მისცა კეისარმან მკვიდრად ერისთობა და არჩილ მისცა ასული მირ მეფისა და გვირგვინი კეისრული, აღმთქმელსა მორჩილებისა და მონებისასა. შემდგომად ამ ლეონის სიკვდილისა დაჯდა ძმისწული ამ ლეონისა ერისთავად ანაკოფიას ლევანვე სახელით. ეს ლევან იყო ასულის წული ხაზართა მეფისა და ვინაიდან მოუძლურებულ იყვნენ ბერძენნი აგარიანთაგან, ამან ხაზართა შეწევნითა გაიმკვიდრა საერისთაო თვისი და მორჩილებდნენ სრულიად ეგრისი მათთა მეფისა მოყვრობისათვის და პატივსა უყოფდნენ, და შემდგომად სიკვდილისა იოანესა და ჯუანშერისა განდგა ესე მეორე ლევან და დაიპყრა ძალითვე ხაზართა და მორჩილებითა ეგრისელთათა სრულიად ეგრისი ლიხის მთის იქითი ვიდრე ზღვამდე და ხაზარეთამდე და იწოდა მეფედ აფხაზთა და მოტანა საერისთაოსა თვისისა სახელი ეგრისსა ზედა, ქრისტესა ღპვ (786), და ამათგანნი მეფენი მეფობდნენ აფხაზეთს ია (11) ბაგრატიონამდე ესეთ.
ა. მეფე ლევან, კ (20) წელს იმეფა
ხოლო დაჯდა რა ესე ლეონ მეფედ და დაიპყრა ყოველი ეგრისი, აღარა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი და განყო ესე ეგრისი და აწ აფხაზეთი რვა საერისთაოდ:
ა. დასვა აფხაზთა და მისცა აფხაზეთი, ჯიქეთი, ვიდრე ზღვამდე და ხაზართა მდინარემდე;
ბ. დასვა ცხუმს და მისცა ეგრის-იქითი ანაკოფია ალანითურთ;
გ. დასვა ბედიას და მისცა ეგრისის აღმოსავლეთი ცხენის წყლამდე;
დ. ვინაიდან ამასვე ლეონს მოერთნენ ოძრახოს წილნი, ჭოროხის სამხრეთისანი და განუდგნენ ოძრახოს ერისთავსა, უწოდა გურია და დასვა იქ ერისთავი თვისი;
ე. დასვა რაჭა-ლეჩხუმისა;
ვ. დასვა სვანეთისა;
ზ. დასვა შორაპნისავე, რიონისა და ხანის-წყლის აღმოსავლეთისა ლიხამდე სრულიად არგვეთისა;
ჱ. დასვა ქუთათისს ვაკისა, ოკრიბისა და ხანისწყლის დასავლეთისა გურიამდე და რიონის დასავლით ცხენისწყლამდე.
ამანვე ააშენა ქუთათისი ქალაქი და ციხე და ჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა, როგორცა ანაკოფია ჰყო ტახტად მეორედ ესე ქუთათისი. ამისგანვე საგონებელ არის განთავისუფლება აფხაზთა კათალიკოზისა, ნებითავე ბერძენთათა. ამან ლეონ მოიწყო აფხაზეთი და განაგო ყოვლითავე და შემდგომად კეთილმეფობისა მოკვდა ქრისტესა ყვ (806), და დაუტევა ძენი: თეოდოსე, გიორგი და დიმიტრი.
ბ. მეფე თეოდოსე, ლთ (39) წელს იმეფა
გამეფდა შემდგომად ლეონისა ძე მისი თეოდოსე. ამან დააწყო უმეტესად აფხაზეთი; ესე თეოდოსე იყო სიძე აშოტ კურაპალატისა. ამანვე უშველა კახთა მთავარსა გრიგოლის ზედა აშოტ კურაპალატსა. ესევე ებრძოლა ბაგრატ მეფეს, ცოლის ძმასა თვისსა, და ბუღა თურქს კვერცხობს სპითა თვისითა. შემდგომად ლტოლვილმა გადმოვლო დვალეთი და მოვიდა აფხაზეთს. შემდგომად კეთილმეფობისა მოკვდა ქრისტესა ყმე (845).
გ. მეფე გიორგი, იე (15) წელს იმეფა
შემდგომად თეოდოსე მეფისა დაჯდა ძმა ამისი გიორგი მეფედ. ამან გიორგიმ დაიპყრა ქართლი და დასვა ჩიხას ერისთავად ტინენ, ძე დიმიტრისა ძმისა თვისისა, და შემდგომად კეთილმეფობისა მოკვდა გიორგი მეფე ქრისტესა ყოზ (877).
დ. მეფე იოანე, იდ (14) წელს იმეფა
ხოლო გიორგი მეფისა შემდგომად მეფე იქმნა ძე მისი იოანე. მაგრამ დედოფალმან დედამან იოანე მეფისამან განიზრახა უმეტეს დამტკიცება მეფობა ძისა თვისისა და, ვინაიდან მომკვდარ იყოცა ძმა თეოდოსე და გიორგი მეფისა დიმიტრი, ამისთვის შეიპყრა ძე დიმიტრისა ერისთავი ჩიხისა ტინენ და მოკლა იგი და უმრწემესი ძე დიმიტრისავე ბაგრატ მცირე ჰასაკითა ექსორია ჰყო და მოგზაური ბაგრატ ჩააგდეს ზღვასა შინა. მაგრამ ღმერთმა განარიდა იგი და მიიწია კოსტანტინეპოლს. ხოლო მეფემან იოანე მოგვარა ძესა თვისსა ადარნასეს ცოლი, ასული გურამ აშოტ კურაპალატის ძისა და აქორწინა. და შემდგომად მოკვდა იოანე მეფე ქრისტესა, ყოთ (879).
ე. მეფე ადარნასე, ჱ (8) წელს იმეფა
და იქმნა მეფედ ადარნასე, ძე მეფისა იოანესი. ხოლო ამის მეფობისა შემდგომად ჱ (8) წლისა მოვიდა ბაგრატ ძე დიმიტრისა ექსორია ყოფილი კოსტანტინეპოლიდან სპითა კეისრისათა და დაიპყრა აფხაზეთი. ამან ბაგრატ შეიპყრა მეფე ადარნასე და მოკლა იგი წელსა ქრისტესა, ყპზ (887).
ვ. მეფე ბაგრატ, ით (19) წელს იმეფა
დაჯდა ესე ბაგრატ მეფედ. ამან მოიყვანა ცოლი ადარნასე მეფისა, ასული გურამ მამფალისა და შეირთო თვით ცოლად. ამანვე ბაგრატმა გამოიყვანა ნარსე, ცოლის ძმა თვისი, და მისცა შეწევნა სპითა მეფე ადარნასესა ზედა. შემდგომად მეფობისა მოკვდა ბაგრატ, ქრისტესა შვ (906).
ზ. მეფე კოსტანტინე, იე (15) წელს იმეფა
დაჯდა მეფედ აფხაზთა ძე ბაგრატ მეფისა კოსტანტინე. ხოლო ესე კოსტანტინე და სომეხთა მეფე სუმბატ იბრძოდნენ ქართლსა ზედა. მაგრამ შემდგომად ჰყვეს ზავი და დაიპყრა ქართლი კოსტანტინემ და შემდგომად მოსლვისა აბულ კასიმისა მიუწოდა კვირიკემ კახთა ქორიკოზმან ამ მეფეს კოსტანტინეს. ამან მისულმან შემუსრა ციხენი ჰერეთისანი, მერე დაზავდნენ კვირიკე კახთა, მეფე კოსტანტინე და ჰერთა მეფე და შემოქცეულმა კოსტანტინე მეფემან მოსჭედა ოქროთი ხატი ალავერდის მთავარ მოწამის წმიდის გიორგისა და შეამკო ფრიად და მოვიდა აფხაზეთს შემდგომად მეფობის მმართველი მოკვდა კოსტანტინე მეფე ქრისტესა შკა (921).
ჱ. მეფე გიორგი, ლთ (29) წელს იმეფა
გამეფდა ძე კოსტანტინე მეფისა გიორგი. ამას წინააღუდგა ძმა თვისი ბაგრატ და იშლებოდნენ წელ-ნახევარსა და არა იყო მშვიდობა მათ შორის. შემდგომად მოკვდა ბაგრატ და დაიპყრა სრულიად აფხაზეთი. ესე გიორგი მეფე იყო ღვთისმოშიში და მოყვარული, ჰაეროვანი, მხნე, ახოვანი, მოწყალე, უხვი, ეკლესიათა მაშენებელი და ქვრივ-ობოლთა შემწყნარე. ამან მისცა ასული თვისი გურანდუხტ გურგენს, ბაგრატ მეფის რეგვენის ძესა. ამანვე გიორგი მეფემან შემდგომად მეფის ადარნასე კურაპალატის სიკვდილისა დაიპყრა ქართლი და დასვა ძე თვისი კოსტანტინე. მაგრამ მტერ რა ექმნა მამასა თვისსა ესე კოსტანტინე, გამოიყვანა უფლისციხიდან გიორგი მეფემან და ჰყო საჭურისად. ესევ გიორგი მეფე ჩავიდა კახეთს, შეიპყრა კვირიკე კახთა ქორიკოზი და დაიპყრა კახეთი თვით და იქმნა შემდგომად, როგორცა აღვწერეთ ზემოთ. შემდგომად კეთილმეფობისა მოკვდა ქრისტესა შნე (955).
თ. მეფე ლეონ, ბ (2) წელს იმეფა
მეფე იქმნა ლევან აფხაზეთს ძე გიორგი მეფისა. ხოლო ესე ლევან მძახლობით დაეზავა კვირიკეს ქორიკოზსა, და მისცა ასული თვისი ცოლად დავითს, ძესა კვირიკე ქორიკოზისასა. მაგრამ შემდგომად თვისის ასულის სიკვდილისა კვლავ ემტერა კვირიკე ქორიკოზს ლევან მეფე, და ლაშქრობასა შინა დასნეულდა ბაზალეთს, უკმოიქცა და მოვიდა ქუთათისს და მოკვდა იქ მეფე ლევან ქრისტესა შნზ (957).
ი. მეფე დიმიტრი, კბ (22) წელს იმეფა
შემდგომად ლეონ მეფისა დაჯდა აფხაზთა მეფედ ძმა ლეონისა დიმიტრი: ესე დიმიტრი მეფე იყო მხნე, ახოვანი, შემმართებელი და უღმრთო. ამისთვის ქვეგამხედველ ექმნენ ამას აფხაზნი და მოიყვანეს კოსტანტინეპოლიდან ძმა დიმიტრი მეფისა, თეოდოსი. მაგრამ ვერ შეძლეს შემუსრვა დიმიტრი მეფისა. შემდგომად დიმიტრი მეფემან დაიზავა ძმა თვისი თეოდოსე, კვირიკე ქორიკოზის გამო და შუამდგომელობითა სვეტისცხოველისა და იქ მჯდომის კათალიკოზისათა. თუმცა უარ-ჰყო აღთქმა დიმიტრიმ და დასწვა თვალნი ძმასა თვისსა თეოდოსეს და შემდგომად რაოდენისამე ჟამთა მეფობისა მოკვდა დიმიტრი მეფე, ქრისტესა შოთ (979).
ია. მეფე თეოდოსე, ვ (6) წელს იმეფა
ხოლო შემდგომად დიმიტრი მეფისა უღონო-ქმნილთა აფხაზთა უმკვიდრობისათვის მეფეთა მათთა, ვინაიდან აღარავინ იყო, გამოიყვანეს თეოდოსე უთვალო და დასვეს მეფედ აფხაზთა. მაგრამ შემდგომად ექვსისა წლისა თეოდოსეს მეფობისა, ვინაიდან განირყვნა ყოველნი წესნი აფხაზთანი მეფობასა მისსა, ამის მიერ ითხოვეს დავით მეფის კურაპალატისაგან მეფედ აფხაზთა ბაგრატ ძე გურგენისა, ასულის წული გიორგი აფხაზთა მეფისა. მან მოსცა და მოიყვანეს აფხაზეთს და აკურთხეს ქუთათისს მეფედ ქრისტესა შპე (985), და ამ ბაგრატისა შემდგომად იქმნა აფხაზეთს მეფობა ბაგრატიონთა. ხოლო მეფობდნენ აფხაზთა მეფენი იგინი აფხაზეთს წელთა რჟთ (189). და ამ ბაგრატის პირველის მეფობიდან ვიდრე ლაშას ძის დავით მეფისა და რუსუდანის ძის ნარინ დავით მეფისამდე იყო ერთმეფობისა ქვეშე სრულიად აფხაზეთი, მეფობასა ბაგრატიონთასა და ამ ორთა დავითის განყოფისამდე სამეფოთა გავიდნენ წელნი სოდ (274).
ისტორია იმერეთის სამეფოსა
ა. მეფე ნარინ დავით ა (I), ლვ (26) წელს იმეფა
ხოლო დაჯდა ნარინ დავით მეფედ იმერთა ქრისტესა ჩსნთ (1259), ამიერიდან იწოდა დავით და ამას ქვემოთნი მეფენი იმერთა მეფედ, და აღარა აფხაზთა. და ამ დავითის გამეფებიდან, ვიდრე ბრწყინვალე მეფის გიორგის იმერეთის დაპყრობამდე გავიდნენ წელნი ობ (72) ესეთ, რამეთუ გამეფდა ნარინ დავით ქრისტესა ჩსნთ (1259) და მოკვდა დავით მეფე ქრისტესა ჩსჟგ (1293). და შემდგომად ნარინ დავით მეფისა დაჯდა მეფედ ძე დავითისა უხუცესი კოსტანტინე.
ბ. მეფე კოსტანტინე ა (I), ლდ (24) წელს იმეფა
ამას კოსტანტინეს წინააღუდგა ძმა თვისი მიქელ და არა უტოვებდა მეფობას და პყრობად იმერეთისა და მიქელმა დაიპყრა რაჭა, ლეჩხუმი და არგვეთი და ქონდათ დღეთა მათთა მარადის ბრძოლა-შლილობა და შფოთი და ხდომა ურთიერთთა და იყო ოხრება ქვეყნისა. ამისთვის შეიჭირვებდენ დიდებულნი ამის სამეფოსანი და ვერა რითა ყვეს ზავი მათ შორის. იხილა დადიანმან გიორგიმ ესევითარება მათ შორის, მაშინ მიიტაცა საერისთო ცხუმისაცა და დაიპყრა თვით სრულიად ოდიში ანაკოფიადმდე. ეგრეთვე შარვაშიძემ აფხაზეთი და გურიელმან გურია და სვანთა ერისთავმან სვანეთი და დანიმკვიდრეს თვისად და აღარა ეგოდენსა მორჩილებასა შინა იყვნენ მეფეთასა. ამისა შემდგომად მოკვდა დადიანი გიორგი ქრისტესა ჩტკგ, (1323) და დაჯდა მის წილ ძე მისი მამია და ამან უმეტესად დაიპყრა ოდიში. შემდგომად ამ შფოთებასა შინა მოკვდა მეფე კოსტანტინეცა ქრისტესა ჩტკზ (1327).
გ. მეფე მიქელ, გ (3) წელს იმეფა
და შემდგომად მისა გამეფდა ძმა მისი მიქელ. ამან იღვაწა კვლავ შეერთებად და დამორჩილებად პირველისამებრ მათ მთავართა და ერისთავთა. მაგრამ წართმევითა და ცვალებითა ვეღარა შეუძლო. თუმცა დაიმორჩილა კვლავ ხარკის მოცემითა და მოლაშკრედ თვისად. და სხვასა ვეღარა რაისა ეწია, რამეთუ მოკვდა წელსა ქრისტესა ჩტკთ (1329).
და ამას მეფესა მიქელს დარჩა ძე მხოლოდ ბაგრატ, რომელსას არა ძალედვა მეფობა სიმცირითა ასაკითა და არცაღა შემოუერთდნენ მთავარნი იგინი წინათქმულნი, და იყო ქუთათისს და მიიტაცებდნენ მთავარნი ქვეყანათა და განირყვნებოდნენ ყოველნი წესნი იმერთანი. ხოლო გაძლიერდა რა ბრწყინვალე გიორგი მეფე, ამან გიორგიმ განიხილა ესევითარი იმერთა საქმენი, ეზრახა იმერთა მეფობისა თვისისათვის. მაშინ იმერნი, ვინაიდან შევიწროვებულ იყვნენ ხდომითა და ოხრებითა და არცა გიორგი იყო შორეული მემკვიდრე იმერეთისა, ამისთვის მისცეს პირი მტკიცე, ჩამოვიდა და დაიპყრა იმერეთი მეფემან გიორგი სრულიად ქრისტესა ჩტლ (1330). და იყო მის ქვეშე და შემდგომად მისთა იყო ერთ სამეფოდ ქართლისა თანა, ვიდრე ოჱ (78) გიორგი მეფისა, ზ (7) მეფის ბაგრატისამდე, წელი რლ (130). თუმცა თუ განდგებოდნენ და იწოდებოდნენ მეფედ, მაგრამ ირიცხვის ესეთ, ვინაიდან არა იყო სიმტკიცე.
ბაგრატ ა (I) ერისთავი
ხოლო ამ გიორგი მეფისაგან იქმნა ერისთავად ძე მიქელ მეფისა ბაგრატ, და იყო მორჩილებასა შინა გიორგი მეფისასა შორაპანს. შემდგომად მოკვდა დადიანი მამია ქრისტესა ჩტმე (1345), დასვა მის წილ ბრწყინვალე მეფემან გიორგიმ ძე მამია დადიანისა გიორგი დადიანად. ხოლო ამისა შემდგომად მოიყვანა ცოლად ასული ყვარყვარე ათაბაგისა ბაგრატ მიქელ მეფის ძემან, ქრისტესა ჩტნჱ (1358) და იქორწინა მის თანა ნებითა დავით მეფისათა და ამან ბაგრატ შვნა მისგან ძენი სამნი: ალექსანდრე, გიორგი და კოსტანტინე; შემდგომად მოკვდა ბაგრატ ერისთაობასა შინა ქრისტესა, ჩტობ (1372). ხოლო შემდგომად ბაგრატისა დაადგინა მასვე ერისთაობასა ზედა. დიდმან მეფემან ბაგრატ ძე ბაგრატ ერისთავისა ალექსანდრე, და ესე ალექსანდრე ერისთაობდა მორჩილებასა შინა დიდისა ბაგრატ მეფისასა. შემდგომად მოკვდა დადიანი გიორგი ქრისტესა ჩტპდ (1384). და მიუბოძა დიდმან მეფემან ბაგრატ ძესა გიორგი დადიანისასა ვამიყს დადიანობა. შემდგომად მოსლვისა ლანგ-თემურისასა და შეპყრობისა დიდისა ბაგრატ მეფისა, წავიდა რა გიორგი ძე დიდის ბაგრატ მეფისა ქართლს, რათა განაგოს იქაურნი საქმენი, ვინაიდან იმერეთი ქონდა მშვიდობით სიმტკიცესა შინა.
მეფე ალექსანდრე ა (I), ე (5) წელს იმეფა
მაშინ იცა ჟამი ალექსანდრემ ძემან ბაგრატისამან, ვინაიდან მიეღო ძალი გიორგის ძესა დიდისა ბაგრატ მეფისასა, განდგა და დაიპყრა იმერეთი ქრისტესა ჩტპზ (1387), იწოდა მეფედ და ეკურთხა გელათს (რამეთუ ქუთათისი ჯერეთ ეპყრათ გიორგისავეთა), რათა უმეტესად მოიმტკიცოს იმერნი, და ბრძოდა ციხეთა იმერეთისათა, რომელნიც ეპყრნეს მეფესა ბაგრატს და ძესა მისსა გიორგის. მერე ეზრახა ალექსანდრე დადიან-გურიელსა, შარვაშიძეს და სვანთა. მაგრამ არა ინებეს, რამეთუ შიში ქონდათ ჯერეთ ბაგრატ მეფისა და ეგნენ ერთგულებასა მისსა ზედა. თუმცა აიღო რომელნიმე ციხენი იმერეთისანი ალექსანდრემ, გარდა ქუთათისისა, და მცირედისა შემდგომად მოკვდა მეფე ალექსანდრე ქრისტესა ჩტპთ (1389), და დაუტევა ცოლისა თვისისა ანნა დედოფლისა თანა ძე ერთი დიმიტრი.
ე. მეფე გიორგი ა (I), გ (3) წელს იმეფა
და შემდგომად ალექსანდრე მეფისა დაჯდა ძმა მისი გიორგი მეფედ იმერთა, ამან გიორგი უმეტესად დაიპყრა იმერეთი და აიღო ციხენი ბაგრატ მეფისა და გიორგისანი და უმეტესად მცდელობდა დამორჩილებასა და შეერთებასა მათ მთავართასა. ამანვე გიორგიმ დასვა კათალიკოზად არსენი ქრისტესა ჩტჟ (1390). მაგრამ აღარ ინებეს მთავართა მათ მორჩილება გიორგი მეფისა, ამისთვის განიზრახა ამან გიორგი ბრძოლა ვამიყ დადიანისა, რამეთუ უკეთუ სძლიოს და დაიმორჩილოს იგი, სხვანიცა ყოველნი დაიპყრას. შემოიკრიბა სპანი იმერთანი, წავიდა და ჩავიდა ოდიშს. დღესა ერთსა შეებრძოლა ვამიყ დადიანი და ძლიერისა ბრძოლისა შემდგომად იძლია სპანი იმერთა და მოჰკლეს მეგრელთა მეფე გიორგი ქრისტესა ჩტჟბ (1392), ხოლო ლტოლვილნი იმერნი მოვიდნენ თვის-თვისად. მაშინ განზრახვითა ვამიყ დადიანისათა ჩამოვიდა გიორგი, ძე დიდისა ბაგრატ მეფისა, და დაიპყრა კვლავ იმერეთი. ხოლო კოსტანტინე ძე ბაგრატისა და ძმა ალექსანდრე და გიორგი მეფისა და დიმიტრი ძე ალექსანდრე მეფისა ივლტოდნენ ბასიანს და იყოფებოდნენ წელსა ოთხსა იქ მწირად.
ვ. მეფე კოსტანტინე ბ (II), ე (5) წელს იმეფა
შემდგომად წელსა ქრისტესა ჩტჟვ (1396) ამოსწყდნენ რა იმერნი ბრძოლასა შინა ლანგ-თემურისასა მეფის გიორგისა თანა და ამასვე ქორონიკონსა მოკვდაცა ვამიყ დადიანი და დაჯდა ძე მისი მამია დადიანად. მაშინ ჩამოიყვანეს იმერთა კოსტანტინე, ძე ბაგრატისა, და ყვეს მეფედ იმერთა. ამან კოსტანტინემ დაიპყრა კვლავ იმერეთი და აიღო ციხენი, რამეთუ იყო გიორგი მეფე უცალო თემურლანგისაგან და კოსტანტინე ამით მცდელობდა გამკვიდრებასა იმერეთისასა და შეერთებასა თვისად დადიან-გურიელისასა და სვანთასა.
დიმიტრი ა (I) ერისთავი
მოკლეს მეფე კოსტანტინე ჩალაღანს ან ჩალიანსა შინა ქრისტესა ჩუა (1401), და ამან არა დაუტევა ძე. არამედ დარჩა დიმიტრი ძმისწული კოსტანტინესი და ძე ალექსანდრე მეფისა და მცდელობდა მეფობასა. მაგრამ იყო ყრმა და ვერა ღონიერ და აღარა ვინ დაემორჩილებოდნენ მეფობისათვის.
მაშინ ჟამთა ამათ მოცალე იქმნა გიორგი მეფეცა თემურ-ლანგისაგან და იხილა იმერეთი ესეთ, ჩამოვიდა სპითა თვისითა იმერეთს, მიერთო დადიანი მამია და ყოველნი იმერნი, შეიპყრეს დიმიტრი და მისცეს მეფესა გიორგის: ხოლო მან არა რა ავნო. არამედ წარავლინა ქართლს და დაასადგურა სომხითს სარჩოთი და იმყოფებოდა იქ. და იმერეთი სრულიად დაიპყრა მეფემან გიორგი; შემდგომად გიორგისა ეპყრა მეფესა კოსტანტინეს ნებასა შინა თვისსა. შემდგომად კოსტანტინესა - ალექსანდრეს მეფესა. ხოლო ამას ალექსანდრე მეფესა, ძესა გიორგი მეფისასა, სიჭაბუკესავე თვისსა ესმა ქება და მშვენიერება-სიკეკლუცე დიმიტრის დის თამარისა, ეტრფიალა და მოიყვანა ცოლად და ქმნა ქორწილი მის თანა; ხოლო მოკლეს რა აფხაზთა მამია დადიანი ქრისტესა ჩუიდ (1414), და დაჯდა ძე მისი ლიპარიტ, მაშინ მეფემან ალექსანდრემ სიყვარულითა ცოლისა თვისისა და ვინაიდან უწყოდაცა ვერ შემძლებელობა დიმიტრისა, მისცა კვლავ ერისთაობა იმერეთს დიმიტრის და იყო ერისთავად ესე დიმიტრი მორჩილებასა შინა ალექსანდრე მეფისასა, ვახტანგისა და გიორგი მეფისასა. ხოლო მოკვდა ესე დიმიტრი ერისთაობასა შინა, ძე მეფისა ალექსანდრესი ქრისტესა ჩუნე (1455).
და დასვა მეფემან გიორგიმ ძე მისი ბაგრატ ერისთავად, და იყო მორჩილებასა შინა მისსა. ათაბაგმან ყვარყვარემ შემდგომად გაათაბაგებისა თვისისა გიორგი მეფისაგან, იწყო ქვეგამჭვრეტელობა მეფისა გიორგისა. ამისთვის ეზრახა ბაგრატს ფარულად, რათა განდგეს და აღეთქვას დადიან-გურიელსა განთავისუფლება და მწე ეყოს იგი ბაგრატს. მოეწონა ბაგრატს განზრახვა ესე და ჰყოფდა ეგრეთ. ამისთვის მოსცეს დადიან-გურიელმან აფხაზთა და სვანთა პირი მტკიცე მეფედ ყოფისა იმერეთს.
ზ. მეფე ბაგრატ ბ (II), ივ (16) წელს იმეფა
მაშინ პაემნითა ამით განდგა ბაგრატ და დაიპყრა იმერეთი, და ვინაიდან მეციხოვნენი გიორგი მეფისანი არა ეკრძალოდენ ბაგრატს, რამეთუ ბიძა იყო მეფისა და სანდო, გამოასხა ყოველნი და დაიპყრა თვით და შეაყენა მეციხოვნე გუშაგნი თვისნი. ამისი მცნობელი მეფე გიორგი შეკრებული სპითა ჩამოვიდა იმერეთს და რა აღარა მოერთო ათაბაგი ყვარყვარე, შეებრძოლა სპითა იმერთათა ბაგრატ ჩიხორს, ქრისტესა ჩუჲბ (1462), და ძლიერისა ბრძოლისა შემდგომად იძლია გიორგი მეფე და ივლტოდა ქართლსავე. ხოლო ბაგრატ გამარჯვებული მოვიდა ქუთათისს, აქა მოერთნენ დადიან-გურიელ-აფხაზნი და სვანნი და აკურთხეს, სრულიად იმერთა სათნო-ჩინებითა, მეფედ. ამისთვის აღუსრულა მთავართა მათ აღთქმული თვისი და განთავისუფლდენ, გარდა ლაშქრობისა და ქვეგანწესებისა მეფისა, და იქმნა იმერეთი ამიერიდან ერთ სამეფედ და ოთხ სამთავროდ ან სათავადოდ, რამეთუ მიიღო დადიანმან ოდიში, გურიელმან გურია, შარვაშიძემ აფხაზნი და ჯიქნი და გელოანმან სვანეთი, და ბაგრატ მეფობდა მათ ზედა ესეთ. ხოლო მოვიდა ამ ბაგრატისა თანა ათაბაგი ყვარყვარე, ლტოლვილი გიორგი მეფისაგან, ამან ბაგრატ პატივით შეიწყნარა. არამედ მოვიდა რა თავრიჟ გილაქი და თემურ და მოაოხრეს გიორგი მეფე. მაშინ უშველა ბაგრატ მეფემან ყვარყვარე ათაბაგსა, ჩავიდნენ სამცხეს და დაიპყრა ათაბაგმან სამცხე და ბაგრატ უკმოიქცა იმერეთსავე. არამედ მარადის აძლევდა ნიჯადსა ათაბაგსა, რათა დაიმორჩილოს ყვარყვარემ ერისთავნი გიორგი მეფისანი. შემდგომად შეიპყრა გიორგი მეფე ყვარყვარე ათაბაგმან. მაშინ შეიკრიბა სპანი ბაგრატ მეფემან და ჩავიდა ქართლს და დაიპყრა სრულიად ქართლი, ქრისტესა ჩუჲვ (1466), და დაიწყო პყრობად კახეთისა, მაგრამ განუტევა ბაადურ ათაბაგმან მეფე გიორგი, და მოჰყვა თვით სპითა, რათა დაიპყრას ქართლი და ებრძოს ბაგრატ მეფესა გიორგი მეფემან. იხილა რა ესე ბაგრატ მეფემან, არა ინება ბრძოლა, წამოვიდა და მოვიდა ქუთათისს.
ხოლო მოკვდა დადიანი ლიპარიტ ქრისტესა ჩუო (1470) და დაჯდა ნებითა ბაგრატ მეფისათა ძე მისი შამანდავლე, და წინარე მოკვდა მეფე გიორგიცა ქართლისა და მეფე კოსტანტინე არა უტევებდა ბაგრატ მეფესა ლიხის აქეთს მთის ძირობათა. ამისთვის შეიკრიბა მეფემან ბაგრატ სრულიად სპანი იმერთანი და ჩავიდა ქართლს და დაიპყრა შიდა ქართლის ხოლო კოსტანტინემ განამაგრა ტფილისი და სომხითი და ებრძოდნენ ურთიერთსა. მაშინ ზავჰყო ბაგრატ მეფემან, კახ-ბატონის გიორგის თანა, რათა მომსმენელ იყოს ბაგრატისა და მიიღოს კახეთისა, რომელი უპყრავს კოსტანტინე მეფესა.
შემდგომად მოკვდა დადიანი შამანდავლე, ქრისტესა ჩუოდ (1474) და დაჯდა ბიძა მისი ვამიყ დადიანად, სათნოთივე ბაგრატ მეფისათა. ხოლო ამან ვამიყ დადიანმან აღარა ინება განძლიერება უმეტესად ბაგრატ მეფისა, შემოიკრიბა აფხაზნი და გურიელი და იწყო კირთება, ოხრება და დაპყრობა იმერეთსა.
ესმა ესე ბაგრატ მეფესა, ქართლს მყოფსა, და წავიდა მსწრაფლად სპითა დიდითა, რამეთუ წარიტანნა ქართველნიცა და მისულსა ოდიშს შეებრძოლა დადიანი ვამიყ და იქმნა ბრძოლა ძლიერი ქრისტესა ჩუოზ (1477) და ამოწყდნენ მრავალნი. შემდგომად იძლია დადიანი ვამიყ; მაშინ შევიდა ბაგრატ მეფე ოდიშს, აიღო ციხენი და დაიპყრა ოდიში. ამისი მხილველი დადიანი ვამიყ ევედრა და აღუთქვა ერთგულად მორჩილება ფიცით, რათა ჰყოს იგივე დადიანად და, ვინაიდან ბაგრატ მეფესა ქონდა სხვა განზრახვა ქართლსა ზედა, დაადგინა ვამიყვე დადიანად, ფიცებული ერთგულობასა ზედა. მერე წამოიყვანა დადიანიცა სპითა თვისითა და მოვიდა ქართლს უძლიერესად და ებრძოდა ციხეთა კოსტანტინე მეფისათა, კნინღა დაპყრობად.
წელსა ქრისტესა ჩუოჱ (1478) მოვიდა უზუნ-ასან ყეენი. ამისმან მცნობმან ბაგრატ მეფემან აღარა ინება ბრძოლა უზუნ-ასან ყეენისა, ვინაიდან კოსტანტინე მეფეცა მივიდა მის თანა და მისცა ციხე ტფილისი, უქმოიქცა და მოვიდა რაჭას, დასნეულდა იქ და მოკვდა ქრისტესა ჩუოჱ (1478), და დაფლეს გელათს.
ჱ. მეფე ალექსანდრე ბ (II), ლბ (32) წელს იმეფა
ხოლო შემდგომად ბაგრატ მეფისა დაჯდა მეფედ ძე ამისი ალექსანდრე და ინება კურთხევა. ამისთვის მოუწოდა დადიან-გურიელსა, შარვაშიძეს და გელოვანს. მაგრამ დადიანმან აღარა ინება მოსლვა. ეგრეთვე გურიელმან და სხვათა. იხილა ესე კოსტანტინე მეფემან იმერთა შინა-ვითარებანი, შეკრიბა სპანი და ეზრახა დადიანსა, ჩამოვიდა იმერეთს ქრისტესა ჩუოთ (1479) და მიუერთდნენ ყოველნი იმერნი; ვინაიდან დადიანსა მიეცა პირი მტკიცე, ამისთვის ვერღარა წინააღუდგა ალექსანდრე და წავიდა სიმაგრეთა შინა. ხოლო კოსტანტინე მეფემან დაიპყრა იმერეთი, მოერთო დადიანიცა და მისცეს ციხე ქუთათისისა, რამეთუ არა კეთილ იყო ბაგრატის გამო დადიანი ალექსანდრესი, ვინაიდან დაამდაბლა ბაგრატმა დადიანი.
შემდგომად ამისა მოკვდა დადიანი ვამიყ ქრისტესა ჩუპბ (1482) და დაჯდა ძე შამანდავლე დადიანისა ლიპარიტ დადიანად. მერე მოკვდა გურიელი კახაბერიცა ქრისტესა ჩუპგ (1483) და დაჯდა ძე მისი გიორგი გურიელად. ამასვე წელს იძლია კოსტანტინე მეფე ყვარყვარე ათაბაგისაგან. მაშინ შემოიკრიბა რაჭა-ლეჩხუმი ალექსანდრემ ძემან ბაგრატ მეფისამან, მოვიდა და აიღო ქუთათისი ქრისტესა ჩუპდ (1484), დაჯდა მეფედ, ეკურთხა და დაიპყრა იმერეთი. მაგრამ დადიანმან კვლავ არა ინება მეფობა მისი და მოიწვია მეფე კოსტანტინე დაპყრობად იმერეთისად. უსმინა დადიანსა მეფემან კოსტანტინემ და ჩამოვიდა კვლავ სპითა იმერეთს ქრისტესა ჩუპზ (1487); აქეთ მოვიდა ლიპარიტ დადიანი ოდიშიდან. ამათ ვეღარა ბრძოლა უყო ალექსანდრე მეფემან და წავიდა კვლავ სიმაგრეთა შინა. მაშინ მიერთო დადიანი და სრულიად იმერნი მეფესა კოსტანტინეს. აიღო კვლავ ქუთათისი და მოსცეს სრულიად ციხენი იმერეთისანი და დაადგა ქუთათისს, რამეთუ აღარა ენება წასვლა, რათა განიმაგროს და განიმტკიცოს იმერეთი და ებრძოლოს ალექსანდრეს და მოსპოს იგი. მაგრამ ქუთათისს მყოფსა მოერთვა მეფესა კოსტანტინეს მოსლვა სპასპეტის ასანბეგისა ყეენისაგან და მოდგომა ტფილისისა მისგან სპითა, ქრისტესა ჩუპჱ (1488).
ამისთვის დაუტევა იმერეთი, წავიდა ქართლს და ებრძოდა თათართა. ხოლო ალექსანდრე ეზრახა იმერთა და დადიანსა, ჩამოვიდა და დაიპყრა იმერეთი კვლავ, აიღო ქუთათისი და ყოველნი ციხენი იმერეთისანი, ვინაიდან კოსტანტინე მეფე უცალო იყო. მერე დაეზავა დადიან-გურიელსა. ამით დაიმშვიდა იმერეთი და დაიპყრა უმტკიცესად და დაიმორჩილა აფხაზნი და სვანნიცა. თუმცა არა ეგოდენად, როგორცა ენება.
ხოლო უშვა ალექსანდრე მეფესა დედოფალმან თამარ ძე ბაგრატ ქრისტესა ჩუჟე (1495). შემდგომად ამისა უშვა ძე დავით.
ამან ალექსანდრემ იხილა ბრძოლითა და შფოთებითა ვერა რაი ბედნიერება თვისი და დაიმშვიდა იმერეთი. მერე კოსტანტინე მეფისა თანა ჰყო ზავი და სიყვარული ერთობისა. მერე შესცვალა ურჩნი თვისნი და რომელნიმე მოსპო და უმკვიდროდ ჰყვნა და დაადგინნა ერთგულნი და მისანდონი თვისნი და მოიმტკიცა ამითი იმერეთი. ეგრეთვე დაიმორჩილა დადიან-გურიელი და მთავარნი სხვანი იგინი ლაშქრობათა, ნადირობათა და მეფედ მათთა ხმობითა მსახურებათათა. ხოლო შემდგომად კოსტანტინე მეფის გარდაცვალებისა მოიხსენა ალექსანდრე მეფემან შური პირველი, შემოიკრიბა სპანი, გადაუხდა ქართლს და აიღო გორი, ქრისტესა ჩფთ (1509) და იწყო პყრობად ქართლისა, რამეთუ არავინ წინააღუდგებოდა, ვინაიდან დავით მეფე იყო ლმობიერი და უშფოთველი კაცი, მის გამო. მაშინ ამავე ქორონიკონს მოუხდენ ჩიხნი (ოსმალნი) იმერეთს და მოარბივეს სრულიად. ესე ესმა ალექსანდრეს ქართლს მყოფს, უქმოიქცა და მოვიდა იმერეთს ამოწყვედად მათდა. მაგრამ მათ ვეღარ მიუსწრა და განემზადებოდა შურისგებად და ბრძოლად ჩიხთა ზედა, დასნეულდა სალმობითა ძლიერითა და მოკვდა მეფე ალექსანდრე ქრისტესა ჩფი (1510), დაუტევა ძენი ბაგრატ, დავით და ვახტანგ. ამასვე ქორონიკონსა მოკვდა ცოლი მისი დედოფალი თამარ და დამარხეს გელათს.
„1510 წ. უფლისწულმა სელიმმა, რომელიც ტრაპიზონის ვალი იყო, ერზინჯანი და ბაიბურდი გამოსტაცა ხელიდან ყიზილბაშებს, შემდეგ კი ტრაპიზონიდან დასძრა ლაშქარი და „სამართლიანი საღვთო ომის“ დროშით დასავლეთ საქართველოს შეესია. „ეს თვალწარმტაცი ქვეყანა მთლიანად ააოხრეს და სიგრძე-სიგანით გაავერანეს; ცხენის ფლოქვებით გათელეს, ტყვედ წამოიყვანეს უამრავი ძე და ასული. ქონების მოხვეჭითა და მიტაცებით საღვთო ომი ალაფის მოპოვებისა და გამდიდრების წყაროდ გადააქციეს. ძველი ოსმალური წესების თანახმად ნადავლის მეხუთედი ღაზიებს გაუნაწილეს“.
* * *
როგორც ოსმალო ისტორიკოსი კოჯა ჰუსეინი (გარდ. 1650 წ.) თავის „ოსმალეთის ისტორიაში“ წერს, ეს ყოფილა უფლისწულ სელიმის ლაშქრობა:„1510 წ. უფლისწულმა სელიმმა, რომელიც ტრაპიზონის ვალი იყო, ერზინჯანი და ბაიბურდი გამოსტაცა ხელიდან ყიზილბაშებს, შემდეგ კი ტრაპიზონიდან დასძრა ლაშქარი და „სამართლიანი საღვთო ომის“ დროშით დასავლეთ საქართველოს შეესია. „ეს თვალწარმტაცი ქვეყანა მთლიანად ააოხრეს და სიგრძე-სიგანით გაავერანეს; ცხენის ფლოქვებით გათელეს, ტყვედ წამოიყვანეს უამრავი ძე და ასული. ქონების მოხვეჭითა და მიტაცებით საღვთო ომი ალაფის მოპოვებისა და გამდიდრების წყაროდ გადააქციეს. ძველი ოსმალური წესების თანახმად ნადავლის მეხუთედი ღაზიებს გაუნაწილეს“.
თ. მეფე ბაგრატ გ (III), ლჱ (38) წელს იმეფა
დაჯდა ძე ალექსანდრე მეფისა ბაგრატ მეფედ იმერთა და დაიპყრა სრულიად იმერეთი. მაგრამ დადიან-გურიელს ეპყრათ საზღვარნი თვისნი და იყვნენ მორჩილებასა ბაგრატ მეფისასა, როგორცა ვთქვით.
წელსა ქრისტესა ჩფიბ (1512), მეფობასა ბაგრატისასა მეორესა, გამოვიდა სპასპეტი სულტან სელიმისა სპითა უამრავითა და მოადგა სამცხეს. ამას მიეგება ათაბაგი მზეჭაბუკ, მოუძღვა და ჩამოიყვანა ფერსათსა ზედა იმერეთს. ხოლო ბაგრატ მეფე ვერ წინააღუდგა და უკურიდა სიმაგრეთა შინა და დახიზნა იმერეთი. მოსულთა ოსმალთა დაწვეს ქუთათისი და გელათი. მერე მოაოხრეს, მოწვეს, მოსრეს და მოსტყვევნეს, სადა ვინ ჰპოვნნეს იმერეთსა შინა და უკუნიქცნენ მასვე გზასა ზედა და წავიდნენ.
შემდგომად წასლვისა მათისა ჩამოვიდა ბაგრატ მეფე, განაგო იმერეთი და დააშენნა ხიზანნი იმერნი. ამასვე ქორონიკონსა მოკვდა დადიანი ლიპარიტ და დაჯდა მამია დადიანად ნებითა ბაგრატ მეფისათა. მოკვდა ამასვე ქორონიკონს გურიელი გიორგი და დაჯდა მამია გურიელად, სათნო-ყოფითა ბაგრატ მეფისათა. ამასვე წელსა წავიდა მეფე ბაგრატ დასხმის გვარად სპითა ქართლს, რამეთუ ძმამან მისმან ვახტანგ იკლო რაიმე ბაგრატისაგან და წავიდა ქართლს. ამას ვახტანგს წაჰყვნენ მრავალნი წარჩინებულნი და აზნაურნი. მიუხდა ბაგრატ მეფე მოხისს მყოფს ვახტანგს. შეებრძოლა ვახტანგ და იყო ბრძოლა ძლიერი. მერე იძლია ვახტანგ. მაგრამ შუამდგომელობითა დავით მეფისათა ზავ-ჰყვეს. წამოიყვანა ძმა თვისი და მოვიდა იმერეთს ბაგრატ, და იმყოფებოდა მშვიდობით. შემდგომად შემოიკრიბა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი იმერეთისანი ბაგრატ მეფემან და ჰყო გელათი საეპისკოპოსოდ და დასვა საყვარელიძე მელქისედეკ ქრისტესა ჩფით (1519).
ამისა შემდგომად წავიდა მამია გურიელი ქართლს, რათა ჰყოს დავით მეფესა და კახ-ბატონს ლევანს შორის ზავი. მაგრამ შეებრძოლა დავით მეფე და იძლია მეფე, ქრისტესა ჩფკ (1520). მერე ზავ-ჰყო მათ შორის და მოვიდა გურიას.
ხოლო ესე მეფე ბაგრატ იმერთა, გიორგი ქართველთა და ლევან კახთა წავიდნენ იერუსალიმს, როგორცა აღვწერეთ ყოფილი. შემდგომად შეიკრიბნენ დადიანი მამია და გურიელი მამია და წავიდნენ ჯიქეთს სპითა, რამეთუ ეკირთებოდნენ იგინი ოდიშს და გურიას. ზღვით ნავებითა მისულთა ჯიქეთს, შეებრძოლნენ ჯიქნი სიმაგრით გამო, ჰყვეს ბრძოლა ძლიერი და აოტეს სპანი იმერთა, მოკლეს დადიანი მამია და შეიპყრეს გურიელი მამია და აიღეს ალაფი და იავარი მათი ქრისტესა ჩფლბ (1532). ხოლო ნეშტნი, ლტოლვილნი სპანი, მოვიდნენ და დასვეს ოდიშს დადიანად ლევან და გურიელი მამია დაიხსნა ვერცხლით ძემან მისმან როსტომ და მოვიდა გურიასვე.
ამისა შემდგომად მოკვდა გურიელი მამია ქრისტესა ჩფლდ (1534) და დაჯდა როსტომ ძე მისი გურიელად. ხოლო ამანვე ბაგრატ მეფემან დასვა ერისთავად რაჭას ჩხეიძე შოშიტა და მისცა რომელნიმე სახასო დაბანი და ციხე მინდა, რამეთუ აქამომდე იყო რაჭა სამეფოდ და კვლავ ჰყო საერისთაოდ. შემდგომად შემოიკრიბა ბაგრატ მეფემან სრულიად სპანი იმერთანი დადიან-გურიელითა, ვინაიდან იხილა შეავება სამცხისა შაჰისმაილის დევალისაგან და კვლავ მოიხსენა შური მზეჭაბუკ ათაბაგისა, რაჟამს მოუძღვა ოსმალთა, და ყვარყვარე ათაბაგისა, რამეთუ მიჰყვა გიორგი მეფესა იერუსალიმს და არა ამას, და წავიდა დაპყრობად სამცხისა. მისულს შეებრძოლა მურჯახეთს ათაბაგი ყვარყვარე და იქმნა ბრძოლა ძლიერი, ქრისტესა ჩფლე (1535), იძლია ათაბაგი და შეიპყრა ყვარყვარე ისაკართუ მელაძემან, მეწდემან (ღვინის ჩამომსხმელი) გურიელისამან, და მოართვა როსტომ გურიელსა, და როსტომ მოართვა ბაგრატ მეფესა. ხოლო ბაგრატ მეფემან პატიმარ-ჰყო ათაბაგი და დაიპყრა სამცხე და იმყოფებოდა იქ. მაშინ მისცა გურიელს აჭარა და ჭანეთი, წავიდა და დაიპყრა გურიელმან იგინი და ბაგრატ მეფე განაგებდა სამცხესა. ხოლო მოვიდა რა შაჰსთამაზ ლუარსაბ მეფესა ზედა და უკუნქცეული დადგა ყარაბაღს, წავიდა მეფე ბაგრატ ყარაბაღს და მივიდა წინაშე შაჰსთამაზისა და ითხოვა შეწევნა, და უკეთუ მოსცეს, დაუმორჩილოს მას ბაგრატ ყოველი საქართველო.
მაშინ შაჰსთამაზს არა ქონდა ჟამი, ვინაიდან ქონდა სპარსეთს განდგომილება, მაგრამ აღუთქვა შეწევნა ბაგრატს და მოსცა ნიჭნი დიდნი და წარმოავლინა დიდ-პატივცემული და მოვიდა სამცხესვე, აიღო ციხენი სამცხისანი და დაიპყრა თვისად. ხოლო ქაიხოსროს, ძესა ყვარყვარესასა მოჩივარს მისცა ხონთქარმან მუსტაფა ფაშა სპითა დიდითა და ზარბაზნებითა დიდ-დიდითა.
ამისმან მცნობმან ბაგრატ მეფემან მოუწოდა იმერთა და შემოიკრიბნენ მსწრაფლად და გურიელიცა მათ თანა. მაგრამ დადიანმან ლევან აღარა ინება მოსლვა სპითა თვისითა, ვინაიდან მიიღო გურიელმან ქვეყანა. ამისთვის ამან მიზეზჰყო: „რა ნიჭი არს ჩემდა, რამეთუ ამოვსწყდე სპითა ჩემითა“. თუმცა ბაგრატ მეფე შეებრძოლა ოსმალთა და ბრძოლასა სასტიკ-ფიცხელსა იძლივნენ ოსმალნი და მოსრვიდნენ იმერნი პირითა მახვილისათა, აიღეს ალაფი ურიცხვი და ზარბაზნები წარგზავნა იმერეთს ბაგრატ. ესმა ესე ყოველი ხონთქარსა, განრისხდა ამოწყვედისათვის სპათა თვისთა და წარმოავლინა აზრუმ-დიარბექირის ფაშანი სპითა სუას აქათითა. მაშინ ბაგრატ შეიკრიბა ყოვლითა ძალითა თვისითა. და არცა აწ მოვიდა დადიანი მიზეზითა მითვე; ამისთვის ბაგრატ ევედრა ლუარსაბ მეფესა, რათა მწე ეყოს. უსმინა ლუარსაბ და მოვიდა სპითა თვისითა, გაიხარა ბაგრატ და წავიდნენ ზოგად. ხოლო ოსმალნი დაბანაკებულ იყვნენ ბასიანს. შეებრძოლნენ ურთიერთს სოხოისტასა ზედა ქრისტესა ჩფმე (1545). დაუმორჩილებლობითა და ცილებითა და ღალატითა მესხთათა იძლივნენ საქართველოსანი, როგორცა აღვწერეთ, და მოკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო და ამოწყვიდეს სპანი ურიცხვნი. ხოლო ნეშტნი ივლტოდენ თვის-თვისად და ბაგრატ მოვიდა ქუთათისს.
მერე კვლავ გადავიდა მეორესა წელსა ბაგრატ მეფე სამცხეს, წარმოასვენა აწყუერისა ღვთისმშობელი ციხეჯვარს და ვეღარ დაიპყრა სამცხე, ვინაიდან ციხენი სრულიად დაეპყრათ ოსმალთა; უკმოიქცა და მოვიდა ქუთათისს: შემდგომად მოუწოდა მეფემან ბაგრატ ლევან დადიანსა, რეცა დარბაზობად და შეიპყრა იგი ზაკვით, რამეთუ შური ქონდა მიერ ჟამიდან, რაჟამს არა შეეწია ბრძოლასა ზედა ოსმალთასა, და პატიმარჰყო ქრისტესა ჩფმვ (1546). ესე აუწყა გურიელსა: „შევიპყარ დადიანი, წამოდი და დავიპყრათ ოდიში და კერძონი შენნი მოგანიჭო, შენ დაიპყარ, როგორცა გნებავს“. რამეთუ ენება ბაგრატს ხელთგდება მისიცა და ჰყოს ყოველი იმერეთი ერთ საბრძანებლოდ, როგორცა პირველად იყო. მაგრამ იგრძნა ესე გურიელმან და იფიქრა: „უკეთუ მოსრას ტომი დადიანთა და დაიპყრას ოდიში ბაგრატმა, მაშინ იქმნას ჩემ ზედაცა მოცალედ და წამართვას მეცა გურია“. ამისთვის მოუცნო ბაგრატს: „ოდეს ვებრძოდით ოსმალთა, მიერ ჟამიდან მიზეზობენ და უმეტეს ათაბაგი; აწ უკეთუ დაუტევო ქვეყანა ჩემი, მოვიდნენ და წამართვან. ამით ვერ ძალ მიცს მოსლვა, თუმცა გემხრობი, რათა შემოიმტკიცო დადიანი ფიცით და განუტევო“.
ამისი მსმენელი მეფე ბაგრატ განრისხდა და ინება აღმოხდა თვალთა დადიანისა. მაგრამ შეერთებისათვის გურიელისა და ოდიშართა ვერღარა ჰყო და პატიმარ-ჰყო გელათს სამრეკლოსა შინა. მაშინ ჩხეიძემ ხოფილანდრემ განზრახვითა ათაბაგისათა, რამეთუ შურობდა ქაიხოსრო ბაგრატს, გამოაპარა დადიანი და მოიყვანა ახალციხეს. ამისთვის ათაბაგი ქაიხოსრო ეზრახა გურიელს, ზავ-ჰყო მის თანა, რათა მისცეს გზა დადიანსა. მან აღუთქვა და წამოიყვანა ოდიშს და დაიპყრა თვისივე ლევან დადიანმან. ესე ეწყინა ბაგრატ მეფესა, ვინაიდან ვეღარ ეწია თვისსა ნებასა.
ხოლო შემდგომად მოვიდა სპა ხონთქრისა გურიასა ზედა, რათა შურაგონ, ვინაიდან მიჰყვა ბაგრატ მეფესა და ამოწყვიდა სპანი ოსმალთა; წაართვეს გურიელს ჭანეთი, და უწყეს შენება ციხისა ბათომს. ესე აცნობა გურიელმან ლევან დადიანსა და მეფესა ბაგრატს: „უკეთუ მძლიონ მე, მოიწევიან თქვენზედაცა, ამისთვის შემეწივენით“.
მაშინ დადიანმან კეთილისათვის, რომელიც ჰყო მის ზედა გურიელმან, შეიკრიბა სპანი და წავიდა შეწევნად. მაშინ ბაგრატ მეფესა ეწყინა ესე, რამეთუ არა კეთილობდა მისთვის გაერთიანება მათი. ამანცა წარუვლინა ძმა თვისი ვახტანგ, ფ (500) მხედრითა გურიელსა და ამცნო ვახტანგს, რათა ჰყოს ზაკვა მათ შორის, რათა არა შეითქვნენ დადიან-გურიელი. ხოლო მისლვამდე ამათთა შეებრძოლა გურიელი ოსმალთა და თავდასხმით აოტა ოსმალნი ხმელეთსა ზედა და მოსრნა იგინი, და სხვანი შევიდნენ კატარღებთა შინა და განვიდნენ ჭოროხს იქით. მაშინ მდინარე ჭოროხი მდიდრობდა, რამეთუ მდინარენი განდიდებულ იყვნენ. ამისთვის ვეღარ გავიდა გურიელი. მივიდნენ ოსმალნი, დაუწყეს შენება უმეტესად ციხესა გონიას. ხოლო ვახტანგ მისულმან საჯავახოს უწყო ზრახვად დადიანსა რიონის თვალსა ზედა მდგომს სპითა ოდიშ-აფხაზთათა: „ვინაიდან ვარ ფიცებული შენდა, აწ უწყოდე თუმცა შეიკრიბეთ შენ და გურიელი, აქვს გურიელისაგან პირი ძმასა ჩემსა, დაგესხმის იგი, ან მოგაკვდინებენ და ან შეგიპყრობენ“. მაშინ მეგრელთა აღარ გამოიკითხეს ზაკულება ესე, უკუნ-იქცნენ ფოთიდან და წავიდნენ თვისად და ვახტანგ მივიდა გურიელისა თანა. გურიელს ეწყინა უკუნქცევა დადიანისა, რამეთუ ნავებითა თვისითა არა ძალედვა გასლვა გონიას და ბრძოლა ოსმალთა და გამაგრება გურიისა.
ამისი მხილველი ვახტანგიცა წავიდა იმერეთს. ხოლო ოსმალთა ააშენეს ციხე გონია და შემოვიდნენ, ამოწყვიდნეს და მოსტყვევნეს ჭანეთი და აჭარა, და დაიპყრეს თვისად, რამეთუ ეპყრა იგინი გურიელსა. ამისა შემდგომად მოკვდა მეფე ბაგრატ ქრისტესა ჩფმჱ (1548) და დაუტევნა ძენი ორნი, გიორგი და კოსტანტინე, და დაფლეს გელათს.
ი. მეფე გიორგი ბ (II), ლზ (37) წელს იმეფა
შემდგომად მეფისა ბაგრატისა დაჯდა ძე ამისი გიორგი მეფედ. ამან გიორგიმ მოიწყო იმერეთი და დაიზავა დადიან-გურიელი და იყო მშვიდობით. შემდგომად მოვიდა მეფე ლუარსაბ ლტოლვილი შაჰსთამაზისაგან, ქრისტესა ჩფნე (1555), ხიზნად. შემდგომად მოკვდა ალექსანდრე ძე გიორგი მეფისა ქრისტესა ჩფნჱ (1558). ამისვე შემდგომად იშვა ძმისწული მეფისა გიორგისა და ძე კოსტანტინესი როსტომ, ქრისტესა ჩფჲა (1561). ამასვე წელსა მოკვდა ცოლი გიორგი მეფისა, შემდგომად ზავ-ჰყო გიორგი მეფემან და ათაბაგმან ქაიხოსრომ და მისცა გიორგი მეფემან აწყუერის ღვთისმშობელი, ქრისტესა ჩფჲბ (1562). შემდგომად ამისა მოიყვანა გიორგი მეფემან ცოლად ჩერქეზის ბატონის ასული რუსუდან და იქორწინა მის თანა ქრისტესა, ჩფჲგ (1563). კვლავ შემდგომად ამისა მოკვდა გურიელი როსტომ ქრისტესა ჩფჲდ (1564) და დასვა გიორგი მეფემან ძე როსტომისა გურიელად გიორგი. და იშვა გიორგი მეფესა რუსუდან ძე ბაგრატ, ქრისტესა ჩფჲე (1565).
ხოლო შემდგომად როსტომ გურიელის სიკვდილისა განუტევა ცოლი თვისი ლევან დადიანის ძემან გიორგიმ ასული როსტომ გურიელისა და წაგვარა ბიძასა თვისსა ბათულიას ცოლი სიკეკლუცისათვის და შეირთო თვით და ამით იქმნა მტერობა მათ შორის, და შემდგომად შფოთებისა ზავ-ჰყვეს დადიან-გურიელმან და მისცა ლევან დადიანმან ასული თვისი გიორგი გურიელსა ცოლად და იქმნა ამითი მშვიდობა. შემდგომად განუტევა გურიელმანცა ცოლი თვისი, ასული ლევან დადიანისა, შურისათვის წინათქმულისა და მტერობითა დადიანისათა ემზახლა მეფესა გიორგის, რამეთუ ჰყავდა მეფესა გიორგის მუსადია ქვრივი და მისცა იგი გიორგი გურიელსა ცოლად და დაიმოყვრნენ ამით. ამისთვის მოიმწო ვახტანგის ძის ძემ ხოსრომ დადიანი და ამან იშველა ჭილაძე ვარაზა ლიპარტიანით ოდიშრით. ესენი ყოველნი ღალატად დაესხნენ გიორგი მეფესა იანეთს და იქმნა ბრძოლა ძლიერი. ვერა რა ავნეს გიორგი მეფესა. არამედ ივლტოდნენ იგინივე ქრისტესა ჩფჲჱ (1568) და მოისროდნენ მახვილითა.
მაშინ იწყო მეფემან გიორგი მტერობა გურიელითურთ დადიანსა ზედა. ვეღარა შეუძლო დადიანმან წინააღდგომა და წავიდა სტამბოლს. შევიდნენ და დაიპყრეს ოდიში მეფემან და გურიელმან. მაგრამ მწე ეყო დადიანს ხონთქარი, მოსცა აზრუმ-ტრაპიზონის სპანი და მოვიდნენ სატყეპელასა ზედა. შეშინდა გურიელი სიდიდისათვის სპათათა, და უწყო დადიანსა ვედრება, რათა ზავ-ჰყონ და არა მოუოხრონ ქვეყანა. მაშინ დადიანმან სთხოვა სისხლი განტევებისათვის ასულისა თვისისა და აღუთქვა ზავ-ყოფა. უღონო-ქმნილმან გურიელმან მისცა სისხლად ჵ (10000) დრაჰკანი; ზავ-ჰყო მისთანა, მოუძღვა გურიელი და დაიპყრა ლევან კვლავ ოდიში.
ხოლო მეფემან გიორგიმ მოუწოდა ჯავახს ჭილაძეს, მოკლა იგი შურისათვის წინათქმულისა, რამეთუ მიმდგომიცა იყო დადიანისა და დაიპყრა მამული ჯავახ ჭილაძისა მეფემან გიორგიმ. ესე ეწყინათ დადიან-გურიელსა, შეითქვნენ და მოვიდნენ სპითა და არა აუფლებდნენ გიორგი მეფესა მამულსა ზედა ჭილაძისასა. ნახევარი დაიპყრა დადიანმან და ნახევარი გურიელმან.
ამისა შემდგომად მოკვდა ლევან დადიანი ქრისტესა ჩფობ (1572), რამეთუ ფეხი შეუცდა ცხენსა მისსა ნადირობასა შინა და შემუსრა კისერი მისი; და დაჯდა ძე მისი გიორგი დადიანად.
ხოლო გიორგი მეფემან მოგვარა ძესა თვისსა ბაგრატს ცოლად და დადიანის გიორგისა და ასული ლევანისა და აქორწინა მის თანა ქრისტესა ჩფოგ (1573).
ამასვე ქორონიკონსა იშვა ძე გიორგი მეფისა რუსუდანისაგან ლევან. ესე შეერთება მეფისა და დადიანისა ეწყინა გურიელს და გადაიბირა დადიანის ძმა მამია და მოიყვანა გურიას, შერთო და თვისი ცოლად. მერე შემოიკრიბა სპანი გურიელმან, მიუხდა დადიანს ზუგდიდს, ეკვეთა დადიანიცა. ბრძოლასა იძლია დადიანი გიორგი და ივლტოდა აფხაზეთს. ხოლო დაჯდა დადიანად მამია, ძმა მისი. ეზრახნენ მეფე გიორგის მამია და გურიელი, რათა დათანხმდეს ამას და მოსცეს რომელიც ეპყრა ჭილაძისეული დადიანსა. ესე სათნო იყო გიორგი მეფემან, ვინაიდან მამიაცა იყო მძახალი და მისცათ ნება და ჰყვეს ზავი მეფემან და დადიანმან და გურიელმან.
შემდგომად იშოვა მეშველი ლაშქარი გიორგი დადიანმან აფხაზნი, ჯიქნი და ჩერქეზნი და მოვიდა ოდიშს. ესე აცნობა დადიანმან გურიელსა და გურიელმან წარუვლინა სპანი თვისნი მამიას; შეებრძოლა მამია გიორგი დადიანსა, იძლია კვლავ გიორგი და წავიდა აფხაზეთს.
ხოლო მოკვდა მეფის გიორგის ძე ბაგრატ და დედოფალი დედა მისი რუსუდან ქრისტესა ჩფოჱ (1578). ამასვე ქორონიკონსა მოკვდა კათალიკოზი ევდემონ. ამასვე წელსა გამოვიდა ლალა-ფაშა და ტფილისიდამ ამან ლალა-ფაშამ წარმოავლინა სპანი იმერეთსა ზედა დაპყრობად. ამათ შემოვლეს ქართლი. ამისი მცნობი გიორგი მეფე წავიდა სპითა მოსწრაფედ და შეუკრა მთა ლიხისა და მოვიდნენ ოსმალნიცა, და უწყეს ბრძოლა იმერთა სიმაგრით გამო და მოსრვიდნენ მრავალთა ოსმალთა: შემდგომად იძლივნენ ოსმალნი და ამოსწყვედნენნ იმერნი, აიღეს ალაფი დიდი და მოვიდა გამარჯვებული მეფე გიორგი ქუთათისს. ხოლო დადიანი გიორგი, უღონო-ქმნილი ევედრა გიორგი მეფესა, რათა მწე ექმნას მას, აღუთქვა მეფემან და აუწყა გურიელსა. მაშინ გურიელმან მოუთხრა მეფესა: „როგორცა განუტევე და მისი და მივეც სისხლი, ეგრეთ მანცა განუტევა და ჩემი, მომცეს ნასისხლი ჩემი და მე დავარწმუნო მამიას და ვჰყოთ იგივე დადიანადვე“.
ხოლო ესე ყოველი მიუთხრა მეფემან გიორგი დადიანსა და დადიანმან ყოველნი აღუთქვა, მაგრამ სთხოვა მეფესა ცოლის და თვისი, რომელსაც ზრდიდა მეფე, რათა მისცეს ცოლად და მით იქმნეს სარწმუნოდ. ხოლო უკეთუ არა რით დაერწმუნოს ყოფად ამისა, ამისთვის მისცა მეფემან ცოლის და თვისი გიორგი დადიანსა და ოქრო იგი ნასისხლი დადიანმან უკუნსცა გურიელსა. და ვინაიდან მწირობდა დადიანი და არა ქონდა ეგოდენი, მისთვის მისცა ხოფი, ვიდრე ამოვიდეს ფასი ოქროსა მის. მერე ზავ-ჰყვეს მეფემან და გურიელმან ძმათა შორის, მოიყვანეს გიორგი და დასვეს დადიანადვე. ხოლო მამიას მისცეს ჭილაძისა და რევაზის მამულნი, და იქმნა ამითი სამთავე შორის მშვიდობა.
მაგრამ შემდგომად ამისა მოიხსენა შური ბათულიამ, ბიძამან დადიანისამან, შემოიკრიბა საჯავახო, რამეთუ მას ეპყრა იგი და გადმოიბირა მონამენიცა მეგრელნი, წავიდა, რათა თავსდასხმით ღალატად მოკლას გიორგი დადიანი. იგრძნა ესე გიორგი დადიანმა და შემოიკრიბა სპანი. ესე უთხრეს ბათულიას, უქმოიქცა და მოვიდა საჯავახოსავე. ამისთვის აუწყა ესე მეფესა დადიანმან და ძმამან მისმან მამიამ. ხოლო მეფემან გურიელსა მიუთხრა, რათა მოკლას ბათულია ამის წილ და დაიპყრას თვით საჯავახო ორთავე ნებითა. გაიხარა გურიელმან, შეიპყრა ზაკვით ბათულია. მაგრამ თვით არა მოაკვდინა და პატიმარ-ჰყო ოზურგეთს და დაიპყრა საჯავახო თავისად. მერე კვლავ მოუთხრეს მეფემან და დადიანმან გურიელს მოკლვა ბათულიასი. ხოლო გურიელმან არა მოკლა თვით, არამედ მისცა მათ ნება; და ამათ წარავლინეს კაცი და მოახჩვეს ბათულია და იქმნებოდა ესეთი მშვიდობა.
ხოლო რაჟამს მოსლვასა ლალა-ფაშისასა მოსრა გიორგი მეფემან ოსმალთა სპანი და მერე ქართველთა, მოვიდა აწ სინან-ფაშა ქართლსა ზედა. ამან ფაშამან ჰგონა კვლავ შველა ქართველთა გიორგი მეფისაგან. ამისთვის წარმოევლინა ათაბაგი ყვარყვარე ქრისტესა ჩფპა (1581), გიორგი მეფისა თანა, რათა ემტეროს სვიმონ მეფესა და ქართლსა. მაშინ განზრახვითა ათაბაგისათა შემოიკრიბა გიორგი მეფემან სპანი და მოიყვანა დადიან-გურიელიცა სპითა მათითა; ვინაიდან ქონდათ ერთობა და ბრძანებულიცა იყო ხონთქრისა, მიუხდნენ შიდა ქართლს, ვერა სადა ჰპოვნეს ხიზანნი და დაწვეს სრულიად გაღმა-გამოღმართნი. მერე უკუმოიქცნენ და მოვიდნენ უვნოდ. ამისა შემდგომად მოკვდა დადიანი გიორგი ქრისტესა ჩფპბ (1582) და დაჯდა ძმა მისი მამია დადიანად. მაგრამ გურიელი გიორგი კვლავ არა დასცხრა შურგებად გიორგი დადიანისად, მოიპარა ძე გიორგი დადიანისა მცირე ლევან, პატიმარ-ჰყო ციხესა შინა შხეფისასა, განზრახვითა მამია დადიანისათა. ხოლო ყრმა იგი უთმინოებითა ტყვეობისათა გადმოიჭრა ციხიდან, რეცა განლტოლვად და მოკვდა. მაგრამ ესე მიზეზ ჰყო დადიანმან მამიამ გურიელსა ზედა, შემოიკრიბა სპანი და მივიდა გურიას. ამას ეკვეთა გიორგი გურიელიცა და ბრძოლასა იძლია გურიელი და ივლტოდა სტამბოლს. მაშინ დადიანმა მოიყვანა ტომი გურიელთა ვახტანგ და დასვა გურიელად ქრისტესა ჩფპგ (1583). ამასვე ქორონიკონს შეიპყრა მეფემან გიორგი ძმა თვისი კოსტანტინე ძით მისით როსტომით, ვინაიდან ლევან ძე გიორგი მეფისა მცირე იყო, რათა არა მძლე ექმნას და მცილე ექმნეს მეფობასა, და ჰყო პატიმრად. მოქმედთა ესე-ვითარებათათა შორის ქონდათ მშვიდობაცა ჟამად. შემდგომად მოკვდა მეფე გიორგი ქრისტესა ჩფპე (1585).
ია. მეფე ლევან, ე (5) წელს იმეფა
დაჯდა ძე გიორგი მეფისა ლევან მეფედ და ეკურთხა ქუთათისს. ხოლო ბიძა მისი კოსტანტინე თავისუფალ იქმნა ძით თვისით და დაიპყრა მან რიონის აღმოსავლეთისა კერძონი, რამეთუ ლევან ყრმა იყო წლისა იბ (12). შემდგომად წელსა ქრისტესა ჩფპვ (1586) მოიყვანა ლევან მეფემან ცოლად და მამია დადიანისა და ასული ლევანისა მარეხ და ჰყო ქორწილი შემგზავსებული.
წელსა ქრისტესა ჩფპზ (1587) ნააღდგომევს გაილაშქრა ლევან მეფემან ბიძასა თვისსა კოსტანტინესა ზედა; ვერ წინააღუდგა კოსტანტინე და ლევან წაართვა ციხენი: სკანდა, კაცხი და სრულიად არგვეთი. შემდგომად ზავ-ჰყო მის თანა და მისცა საუფლისწულონი და იმყოფებოდა მის თანა.
ამავ წელს მოკვდა გურიელი ვახტანგ, მოვიდა და დაჯდა გიორგივე გურიელად შეწევნითა ოსმალთათა, რამეთუ მოსულ იყო სტამბოლიდან და იმყოფებოდა გონიას. ხოლო ჟამთავე პირველთა გაძლიერდა მეფე სვიმონ და მოიხსენა შური გიორგი მეფისა, ეზრახა იმერთა მეფე სვიმონ, რამეთუ მომკვდარ იყო ბიძაცა მეფისა ლევანისა კოსტანტინე და ვინაიდან იყო ლევან ყრმა. ამისთვის ზოგიერთმა იმერთა მისცეს სვიმონს პირი მტკიცე. მაშინ წარმოემართა მეფე სვიმონ სპითა თვისითა იმერეთსა ზედა.
ამისმან მცნობმან მეფემან ლევან შემოიკრიბა სპანი იმერთა, მოუწოდა მამია დადიანსა და გიორგი გურიელსა. მაგრამ მათ არა ინებეს მოსლვა, ვინაიდან შურობდნენ ურთიერთსა. ხოლო ლევან მეფე დადგა გოფანთოს სპითა თვისითა. გადმოვლო სვიმონმა ლიხის მთა და მიერთნენ ზემოურნი რომელნიმე, მერე მოვიდა გოფანთოს სვიმონ, ეკვეთა ლევან და იქმნა ბრძოლა ძლიერი ქრისტესა ჩფპჱ (1588); იძლია ლევან მეფე და ივლტოდა ლეჩხუმს. ხოლო სვიმონ მეფემან დაიპყრა იმერეთი, გამოუგზავნა მძევალნი იმერთა, წაიყვანნა იგინი და წავიდა.
შემდგომად მოვიდა ლევან მეფე და დაიპყრა იმერეთი და მტერობდა დადიანსა, ვინაიდან არა მწე ეყო სვიმონსა ზედა. გაძლიერდა მეფესა და დადიანს შორის მტერობა ძლიერად, შეკრიბა ამისთვის დადიანმა მამიამ სპანი თვისნი და მოვიდა ქუთათისს. ამას ეკვეთა მეფე ლევან სპითა თვისითა იმერთათა და ძლიერისა ბრძოლისა შემდგომ სძლია დადიანმან და შეიპყრა მეფე ლევან ქრისტესა ჩფჟ (1590), წაიყვანა ოდიშს და პატიმარ-ჰყო ციხესა შინა შხეფს; და მოკვდა შემდგომად მეფე ლევან პატიმრობასა შინა შხეფს ციხესა შინა.
იბ. მეფე როსტომ, იე (15) წელს იმეფა
ხოლო იმერთა მოიყვანეს ძე კოსტანტინესი ძისა ბაგრატ მეფისა როსტომ და დასვეს მეფედ. მაგრამ ამან როსტომ ვერა მტკიცედ დაიპყრა მეფობა. ამასვე ქორონიკონს მოკვდა მამია დადიანი და დაჯდა ძმა მისი მანუჩარ დადიანად. ესე მანუჩარ ეზრახა და ემძახლა კახბატონს ალექსანდრეს და მოიყვანა ასული მისი ნესტანდარეჯან მზითვითა დიდითა ცოლად და იქორწინა მის თანა.
ამავ ქორონიკონს იხილა გურიელმა გიორგიმ საქმე როსტომისა, შეკრიბა სპანი, მოვიდა და მოიყვანა ბაგრატ ძე თეიმურაზისა ვახტანგის ძისა; ვერ წინააღუდგა როსტომ, წაართვა ქუთათისი და მისცა ბაგრატს, განუმაგრა ციხე ქუთათისი და მოუდგინა ძე თვისი მამია ბაგრატს და თვით მივიდა საჩინოს; მოიყვანა ოსმალთა სპანი. განდევნა ჩიჯავაძე, აიღო ციხე სებეკა, შემუსრა იგი და იქ დასვა სხვა ჩიჯავაძე და მიიქცა გურიასავე.
ამასვე ქორონიკონსა კვლავ მოვიდა სვიმონ მეფე და მიერთნენ იმერნი, მოადგა ქუთათისს, აიღო და გამოიყვანა ბაგრატ და მას შინა შეაყენნა გუშაგნი თვისნი და დამძევლნა კვლავ იმერეთი და წავიდა ქართლს; ხოლო როსტომ ამათ ვითარებათა მხილველი და თვით ვერა რისა მყოფელი წავიდა მანუჩარ დადიანისა თანა და ევედრა მას შეწევნასა. მაშინ დადიანმან შეიკრიბა სპანი, მოვიდა, აიღო ქუთათისი და დაიპყრა იმერეთი როსტომ.
ესმა ესე სვიმონ მეფესა, გამოილაშქრა ძალითა დიდითა, ზარბაზნებითა და აღკაზმულობითა სპათათა, გადმოვლო ლიხი და მიერთნენ კვლავ იმერნი. ამისთვის ვერ წინააღუდგა როსტომ და ივლტოდა ოდიშსვე. ხოლო სვიმონ მეფემან აიღო ციხენი: სკანდა, კვარა, კაცხი, სვერი, შეაყენნა თვისნი და მოადგა ქუთათისს, აიღო იგიცა. მაგრამ რა სცნა მეფემან სვიმონ წასლვა როსტომისა ოდიშს წავიდა მის ზედა, რათა შეიპყრას იგი და დაიპყრას იმერეთი მკვიდრად, ვინაიდან აღარავინ იყო ტომი მათი გარდა როსტომისა და მივიდა ოფშკვითს.
მაშინ დადიანმა მოუვლინა მეტყველმა: „გვიმონე ორნივე და მიეც როსტომს იმერეთი და ვიყვნეთ მორჩილ შენდა საუკუნოდ“. მაგრამ სვიმონ მეფემან მრავალგზის განმარჯვებულობისათვის იამპარტავნა მეგრელთაგან წინააღდგომა და შერისხვით მიუგო: „გნებავს მომეც როსტომ და დავიცვა ქვეყანა შენი უვნოდ, უკეთუ არა, მოვიდე და, თუმცა ძალგიცს, დამხვდი ბრძოლად“. ამის მსმენელსა დადიანს ეწყინა სიამაყე ესე, შემოიკრიბა სპანი და როსტომ მის თანა, რაოდენითამე იმერლითა დაესხა გარიჟრაჟს სვიმონ მეფესა, იძლია მეფე სვიმონ და ივლტოდა ქართლს. ხოლო დადიანმან აიღო ალაფი დიდი და ზარბაზნები წაიღო ოდიშს. მოიყვანა როსტომ და აიღეს ქუთათისი და ყოველნი ციხენი იმერეთისანი და დაიპყრა როსტომ სრულიად იმერეთი ქრისტესა ჩფჟ (1590). შემდგომად ზავ-ჰყვეს როსტომ მეფემან და სვიმონ მეფემან, მისცა ტყვენი და მეციხოვნენი ყოველნი სვიმონს. ხოლო მძევალნი იმერეთისანი უკმოსცა სვიმონ მეფემან და მეფობდა ესე როსტომ მშვიდობით, რამეთუ დადიანი ქონდა მწედ.
შემდგომად მოუხდნენ აფხაზნი გურიას ნავებითა. ამათ ეკვეთა გურიელის ძე მამია, სძლია და ამოსწყვიდა სრულიად ქრისტესა ჩფჟა (1591). ამასვე ქორონიკონს უშვა ნესტან-დარეჯან დადიანს მანუჩარს წული ლევან. მაგრამ შობასვე მოკვდა ნესტან-დარეჯან. ხოლო მანუჩარ დადიანმან შემდგომად გლოვისა მოიყვანა ცოლად ქვრივი ვახტანგ გურიელისა და ასული ათაბაგისა და იქორწინა მის თანა. ხოლო შემდგომად ამისა მოიყვანა ათაბაგის ქალი თინათინ დედოფლად კოსტანტინე მეფემან ქრისტესა ჩფჟზ (1597) და იქორწინა.
ამასვე ქორონიკონს მოითხოვა პაპამან მისმან ალექსანდრემ კახ-ბატონმან აღსაზრდელად მანუჩარ დადიანისაგან ძე მისი ლევან. ამან მანუჩარ წარუვლინა და ზრდიდა იგი მას. ხოლო შემდგომად მოკვდა გურიელი გიორგი ქრისტესა ჩქ (1600) და დაჯდა ძე მისი მამია გურიელად და იყო მშვიდობა სამთა ამათ შორის: მეფისა დადიანისა და გურიელისა თანა, და მეფობდა ესეთ როსტომ. მაგრამ შემდგომად იხილა რა დადიანმან მანუჩარ კახეთს დავითისაგან საქმე იგი, მოითხოვა ძე თვისი ლევან ალექსანდრესაგან; ამან წარმოუვლინა და მოვიდა მამისა თანა ლევან, ქრისტესა ჩქდ (1604). მაშინ იყო ლევან წლისა იგ (13) და გაიხარა მანუჩარ ხილვითა მისითა. შემდგომად მოკვდა მეფე როსტომ ქრისტესა ჩქე (1605).
იგ. მეფე გიორგი გ (III), ლ (30) წელს იმეფა
ხოლო ვინაიდან აღარავინ იყო ტომი მეფეთა, მოიყვანეს ძმა როსტომ მეფისა ნაშობი მხევლისაგან გიორგი, და დასვეს მეფედ და აკურთხეს ქუთათისს, და მეფობდა ესე მშვიდობით ჟამ-რამდენიმე. ჟამთა ამათ შინა იქმნა განტევება ცოლთა, კლვა კაცთა და იდუმალ ტყვის ყიდვა და უჯერონი რჯულსა ზედა მრავალნი იმერეთსა შინა. ამისთვის შეიკრიბნენ ქართლისა კათალიკოზი მალაქია, აფხაზთა კათალიკოზი ევდემონ და ყოველნი ეპისკოპოზნი იმერეთ-ოდიშისანი. ხოლო ეპისკოპოსნი ესენი იყვნენ: ქუთათელი სვიმონ, გენათელი ანტონი, ჭყონდიდელი, ბედიელი, მოქველი, დრანდელი ფილიპე, ცაგერელი კოზმან, ხონელი ზაქარია, ნიკორწმინდელი იოაკიმ, ჩაისელი კვირილე. ამათ განაჩინეს მოქმედთა მათთათვის ჯეროვანი შერისხვანი, დაწერეს და შეაჩვენეს მოქმედნი მისნი, როგორცა გვაუწყებს აღწერილი მათი.
ხოლო შემოიკრიბა მამია გურიელმან სპანი, შევიდა აჭარას, ამოწყვიდა ოსმალნი და დაიპყრა კვლავ თვითვე აჭარა ქრისტესა ჩქთ (1609). შემდგომად მოკვდა დედოფალი თინათინ, ასული ათაბაგისა ქრისტესა ჩქი (1610).
შემდგომად ამისა ნადირობასა შინა ხრომან ირმისამან გაიტაცა დადიანი მანუჩარ და მოკლა იგი ქრისტესა ჩქია (1611) და დასვეს ძე მისი ლევან დადიანად, ნაშობი კახ-ბატონის ასულისა.
შემდგომად ამისა მოვიდნენ ლუარსაბ და თეიმურაზ მეფენი შააბაზისაგან ლტოლვილნი ქრისტესა ჩქიე (1615); ისტუმრა კეთილად გიორგი მეფემან დიდითა პატივითა ქუთათისს. ამათთვის შააბაზს წარმოევლინა დესპანი, რათა მისცეს მას მეფენი და, უკეთუ არა, მოვიდეს სპითა ჩარუხ დაჰრაიანითა და მოსპოს ქვეყანა მისი. მაშინ გიორგი მეფემან ჰკითხა: „რა არს ჩარუხი და დაჰრა“: მიუთხრეს „კოხუნჯი“ და „წალდი“. მიუგო დესპანსა: „ვგონებდი შეშინებასა სარმუზოსანითა. თუმცა კოხუნჯნი და წალდნი აქვთ მრავლად ჩემთა მარგველთაცა“. ხოლო იყვნენ წინაშე გიორგი მეფისა დადიანი ლევან და გურიელი მამია მოწოდებულობით მიცემად მისთვის პასუხთა შააბაზისათა.
ამათ განიზრახეს და წარავლინეს კათალიკოზი ქართლისა მალაქია და აბაშიძე პაატა ვედრებით, რათა მისცეს ორთავ მეფეთა მკვიდრნი თვისნი და ეგრეთ დაიმორჩილოს. ხოლო შააბაზ მოაქცია იგინი დიდითა პატივითა და ნიჭითა. მაგრამ ლუარსაბ მეფემან არა ისმინა გიორგი მეფისა და წავიდა წინაშე შააბაზისა. ხოლო შემდგომად შააბაზის წასლვისა სპარსეთსვე მიიწვივეს ბატონი თეიმურაზ კახთა. შემოიკრიბა მეფემან გიორგი სპანი დადიან-გურიელით და მიჰყვა არაგვამდე თეიმურაზს, რათა არა რა ევნოს ქართველთაგან. მერმე უკმოიქცა და მოვიდა ქუთათისს. შემდგომად კვლავ მოვიდა ბატონი თეიმურაზ ლტოლვილი შააბაზისაგან.
ამ ჟამთა იქმნა შიმშილი დიდი იმერეთს შინა. ხოლო მეფემან გიორგიმ შერისხა რასამე ზედა წულუკიძეს პაატას და წაართვა მამულნი, და პაატა წავიდა ლევან დადიანისა თანა. რამეთუ ესე ლევან იყო ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი და ძვირის მომხსენე და იმარჯვებდა ჟამთა. მაგრამ ამან პაატამ (რომელსა უძახდნენ წუწკად უძლურებისათვის, რამეთუ იყო კუტი) უმეტესად ჩაუდვა ლევანს მტერობა გიორგი მეფისა და მარადის განუზრახვიდა.
ხოლო გიორგი მეფემან მოგვარა ძესა თვისსა ალექსანდრეს ცოლად ასული გურიელისა და აქორწინა იგი ქრისტესა ჩქიჱ (1618). შემდგომად უშვა ალექსანდრეს ძე ბაგრატ; მაგრამ შემდგომად ორისა წლისა შესწამა ალექსანდრემ ცოლსა თვისსა, რეცა სიძვად ქუთათელის ვაჭრისა თანა და განუტევა ცოლი თვისი და წარავლინა ძით თვისით ბაგრატით მამისა მისისა გურიელის მამიას თანა. ესე ეწყინა გურიელს და ეზრახა დადიანს ლევანს და მოითხოვა და მისი მარიამ, ნაშობი ათაბაგის ქალისაგან, ძისა თვისისა სვიმონისთვის. ხოლო ლევანს ვინაიდან ქონდა მანკიერება და იმარჯვიდა საქმეთა და ემეგობრებოდა აფხაზთა, ჯიქთა და სვანთა, რათა მწე ეყონ, გაიხარა მტერობა გურიელისა და მეფისა და მისცა და თვისი სვიმონს ძესა გურიელისასა და ქმნა ქორწილი სვიმონ ქრისტესა ჩქკა (1621).
ეწყინა მეფესა გიორგის შეერთება დადიან-გურიელისა, და დაუწყო მტერობა. შემდგომად შემოიკრიბა სპანი თვისნი გიორგი მეფემან და გავიდა და დადგა გოჭორაულსა ზედა. მოვიდა ლევან დადიანიცა სპითა ოდიშარ-აფხაზ-ჯიქითა და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ამოწყდნენ მრავალნი ქრისტესა ჩქკგ (1623), იძლია მეფე გიორგი და ივლტოდა. მაშინ დადიანმა შეიპყრა მრავალნი წარჩინებულნი და მდაბიურნი, აიღო ალაფი და იავარი და წავიდა ოდიშს. თუმცა შეპყრობილთა განზრახვითა წუწკისათა დაახსნევინა ვერცხლით თავნი, რომელიც არასოდეს ქმნილ იყო იმერეთს შინა, და შემოხდა ამიერიდან ესე ესეთ.
შემდგომად ამისა განირისდხა ღმერთი და მოკლა მამა თვისი მამია გურიელი ძემან თვისმან სვიმონ, მწოლარე სარეცელსა ზედა ძილად, ქრისტესა ჩქკე (1625) და დაიპყრა გურია თვით: ხოლო დადიანს ლევანს ვინაიდან ეძლია გიორგი მეფისთვის, განიზრახა, რამეთუ ჰყო ბოროტი ესე სვიმონ, ნუ თუ ზავ-ჰყოს გიორგი მეფისა თანა და შეითქვნენ ჩემზედა. ამისთვის აირჩია გურიელად დასმად ვახტანგ გურიელისა ძისა ქაიხოსროსი, ძმისა მარიამ დისა თვისისა, შეიკრიბა სპანი და მივიდა ლანჩხუთს, მიზეზ-ჰყო და მიუთხრა სვიმონ გურიელსა: „ვინაიდან მოჰკალ მამა შენი, აღარ მნებავს მოყვრობა შენი, მომეც და ჩემი და უკუნვიქცევი“.
მაგრამ სვიმონ იყო მხნე, ახოვანი, შემმართებელი, ამანაც შემოიკრიბა სპანი, ეკვეთა დადიანს ლანჩხუთს, ფიცხელ სასტიკის ბრძოლისა შემდგომად იძლია გურიელი სვიმონ და სპანი მისნი. შეიპყრეს სვიმონ გურიელი და მოართვეს ლევან დადიანსა. მაშინ ლევან დადიანმან აღმოხადა თვალნი სვიმონს და დასვა გურიელად ქაიხოსრო. წამოიყვანა და თვისი მარიამ და მოვიდა ოდიშს გამარჯვებული.
ხოლო ამის წინა წელსა მოვიდა მოურავი გიორგი სამცხიდან გიორგი მეფისა თანა და მერე მიიწვია ლევან დადიანმან. მაგრამ არა დადგა და წავიდა. ვინაიდან სცა პატივი მეფემან და აღუთქვა კეთილნი მისდა, ამისთვის მოითხოვა სპანი ზემომხრისანი და უთავა მათ ბოქოულთუხუცესი მამუკა და აბაშიძე ამილღაბარ, უკეთუ განძლიერდეს მოიმწოს იგიცა დადიანსა ზედა, რომლისაგან ძლეულ იყო. თუმცა ცუდ იქმნა განზრახვა ესე და მოვიდნენ სპანი ლტოლვილნი.
შემდგომად ამისა იმძახლენ ბატონი თეიმურაზ და გიორგი მეფე, მოსცა ბატონმან თეიმურაზ ასული თვისი ქვრივი ზურაბ ერისთავისა დარეჯან ცოლად ალექსანდრეს, ძესა გიორგი მეფისასა. მივიდა მუხრანს, ჰყო ქორწილი ქრისტესა ჩქკთ (1629), წამოიყვანა და მოვიდა ქუთათისს.
ხოლო დადიანმან ლევან განიწყო სპანი და მოიწვია აფხაზნი, ვიდრე დაპყრობამდე. გამდიდრდა ფრიად, რამეთუ შემუსრა ნავნი ზღვისანი და ჰყავდა მწედ და მორჩილად ქაიხოსრო გურიელი, და განაცხადა მტერობა მეფისა გიორგისა, განზრახვითა პაატა წუწკისათა, და უხდებოდა მარადის დღესასწაულსა შინა იმერეთს და ებრძოდენ მდევრად მრავალგზის იმერნი. თუმცა იგინი მწე ექმნებოდენ და ტყვეთა ან პყრობილთა, რომელთაც წაიყვანდნენ, დაახსნევინებდნენ ვერცხლით თავთა. ამით შემოხდა ცხადად ტყვის ყიდვა, რამეთუ სპათაცა მისთა ფარვით იწყეს თათართა ზედა ყიდვა ტყვეთა ნაშოვართათა; და განმრავლდებოდა ესევითარი ხდომა და უჯერობა იმერეთსა ზედა.
ხოლო ინება როსტომ ქართველთა მეფემან მძახლობა ლევან დადიანისა და მოითხოვა და მისი მარიამ ცოლად, ქვრივი სვიმონ გურიელისა, მისცა დადიანმან. მაგრამ ქონდა შიში გზასა ზედა გიორგი მეფისა. ამისთვის შეითქვნენ და მოვიდა როსტომ მეფე ფერსათსა ზედა და დადიანმან შემოიკრიბა სპანი დიდნი, წამოიყვანა და თვისი მარიამ, გამოვლო სამიქელაო, ფოკე და გავიდა რიონს, შევლო და მივიდა კაკას ხიდსა ზედა. იქ დახვდა როსტომ მეფე, მისცა და თვისი დიდებითა და წავიდა როსტომ.
გიორგი მეფემან ჰგონა ჟამი მარჯვე, შემოიკრიბა სპანი, რათა შეებრძოლოს ან დაესხას დადიანსა და წავიდა მცირითა კაცითა დასათვალიერებად სპათა დადიანისათა, რომ მერე მოქცეულმან აღასრულოს წადილი თვისი. იგრძნა ესე დადიანმან, წარმოავლინა სპანი ფარულად, შემოერტყნენ გიორგი მეფესა, შეიპყრეს და მიგვარეს ლევან დადიანსა. იგი მსწრაფლ აიყარა სპითა, წაიყვანა გიორგი მეფე და წავიდა ოდიშს და პატიმარ-ჰყო იქ მეფე. ამისთვის ალექსანდრემ, ძემან გიორგი მეფისამან, წარუვლინა კაცი, რათა მოსცეს მამა. ხოლო მან მოითხოვა ვაჭარნი ჩიხორისა და ჩხარის სომეხნი და ჰურიანი სახსრად მეფისა გიორგისა. მაშინ ალექსანდრემ უღონო-ქმნილმან მისცა იგინი სრულიად და დაიხსნა მამა თვისი, მოვიდა ქუთათისს და შემდგომად ფრიადითა მწუხარებითა და ესე-ვითარებათათვის და ვერარასა მწეობისა მპოველი მოკვდა მეფე გიორგი ქრისტესა ჩქლთ (1639) და დაუტევნა ძენი: ალექსანდრე, მამუკა და ბერი.
იდ. მეფე ალექსანდრე გ (III), კე (25) წელს იმეფა
ხოლო შემდგომად მამისა თვისისა დაჯდა ალექსანდრე მეფედ იმერთა და ეკურთხა ქუთათისს. მაგრამ ლევან დადიანი არა დასცხრა და უხდებოდა მარადის იმერეთს შობას, ნათლისღებას, აღდგომას და ყოველთა დღესასწაულთა შინა, რამეთუ ეტყოდა პაატა: „არს ძლევა მტერთა შენთა ზედა დღესასწაული შენდა“, ვინაიდან უწყოდა დღესასწაულთა შინა განცხრომა, შვება და მოცალეობა იმყოფის დასვენებისათვის. ამით აოხრებდა სანახებსა იმერეთისასა, რადგან ვეღარ წინააღუდგა ალექსანდრე მეფე, მოავლო ზღუდე ქუთათისს დიდი და მოიყვანა ყოველთა წარჩინებულთა თვისთა ცოლშვილნი და დაადგინა მას შინა და თვითცა იმყოფებოდა მასვე შინა, რათა არა მიერთნენ დადიანსა ჰყო მისთვის. ლევან დადიანმა, სიმდიდრით აღზვავებულმა, ჰყო სასახლე იბ (12) ოდიშსა შინა ყოვლითა მოწყობილობითა, რამეთუ არა წაიღოს ერთიდან მეორესა შინა არარაიმე სახმარნი ან ცხენნი და გარემო წყაროთა უახლოესთა დადგა ფიალანი ოქროსანი და უშორესთა ვერცხლისა, დაბმულნი ძეწკვებითა, რათა სმიდენ მგზავრნი მით, ვინაიდან ვერავინ იკადრებდა ქურდობასა ან პარვა-ავაზაკობასა ქვეყანათა შინა მისთა. მაგრამ იმერთა უყოფდა ესეთ თანამონათესავეთა, ერთრჯულთა და მეფესა თვისსა, კვლავ განზრახვითა პაატა წუწკისათა, რამეთუ სძულობდა ცოლი დადიანისა პაატას და მტერობდა წუწკი მას. ამის გამო შეუთქვა ლევან დადიანმან ცოლსა თვისსა სიძვა მეწდისა თანა თვისისა, შეიპყრა იგი ძეებითურთ, ჩადვა ზარბაზანსა შინა და განტყორცნა, დაიფანტნენ სრულიად. მერე მოიყვანა ლევან სხვა ცოლი და იქორწინა. თუმცა არა უშვა ძე, არცა ასული და ამოწყდა თესლი მისი. მაგრამ არცაღათუ დაცხრა ოხრებად იმერეთისად.
ამ ჟამებთა მოიწიფაცა ძმა ალექსანდრე მეფისა მამუკა; და ესე მამუკა იყო მხნე, ახოვანი, მშვენიერი, კისკასი და შემმართებელი ძლიერი. ამან უწყო ბრძოლა ლევან დადიანსა მცირედ-მცირედ და ამოწყვედდა სპათა მისთა ფრიად. რადგან მრავალგზისცა ამოწყვიდა და ვეღარ დამართვიდნენ მეგრელნი მის წინაშე და მხილველნი მისნი მსწრაფლად ივლტოდნენ. ამისთვის ლევან დადიანი მცდელობდა სიკვდილსა ან შეპყრობასა მისსა ფრიად.
ხოლო ჰყავდა მამუკას ცხენი ზერდაგი (შავყვითელი) დიდი, ძლიერი და ფიცხელი, რომელსაც ვერ უდგმიდა კვეთებასა მისსა მეგრელთა ლაფშა. დღესა ერთსა მოვიდა ლევან დადიანი, სცნა მამუკამ, შეიჭურვა გასლვად. მაგრამ არა უტევებდა გასლვად მეფე ალექსანდრე, რამეთუ ეშინოდა სიკვდილისა მისისა და ამისთვის დაუმალა ზერდაგი მისი, რათა აღარ გავიდეს. მაშინ მამუკა მოუთმინოებითა გავიდა სხვითა ცხენითა და ამისი მხილველნი მეგრელნი ივლტოდნენ. მიეწია მამუკა, სცა შუბი და დასცა კაცი ცხენითურთ მიწასა. მაგრამ დაბრკოლდა ცხენი მამუკასა და დაეცნენ ორნივე. მხილველნი მეგრელნი უკმოიქცნენ, შეიპყრეს მამუკა და მიგვარეს ლევან დადიანსა. მან გაიხარა და წაიყვანა და პატიმარ-ჰყო ციხესა შინა. ხოლო ალექსანდრე მეფემან ვერასადათ შეწევნისა მპოველმან, იხილა გაძლიერება დიდის რუსეთის მეფის ალექსისა; განიზრახა, რათა მოიცეს იქიდან ძალი. ამისთვის წარავლინა ხოსია ჯაფარიძე წინაშე მისსა ძღვნითა და ითხოვა შეწევნა.
შემდგომად ამისა მოვიდა ბატონი თეიმურაზ ლტოლვილი ქრისტესა ჩქმჱ (1648), მიეგება ალექსანდრე მეფე და პატივ-სცა, მაგრამ შემდგომად გლოვისა იწვია დადიანმან ლევან და განუზრახვიდა ალექსანდრე მეფე წასლვასა, რათა ზავ-ჰყოს მათ შორის, რამეთუ ალექსანდრე იყო სიძე და ლევან მამიდის წული, და განატევებინოს მამუკა. ამის მიერ წავიდა ბატონი თეიმურაზ, მან ისტუმრა და პატივ-სცა დიდად. შემდგომად უწყო ზრახვა წინთქმულთათვის ვედრებით, რათა ჰყონ ზავი და დააცადოს ოხრება ქრისტიანეთა და განუტევოს მამუკა შუამდგომელობითა მისითა. ამას ზედა პატივ-სცა ლევან დადიანმან და აღუთქვა ყოფადა ყოველი. მაგრამ არა აუფლა წუწკმან ამის ყოფად დადიანი ესეთ მეტყველმა: „უჯერო არის განტევება მტრისა, რამეთუ, მოიცემს რა ძალსა, კვლავადცა არის მტერი“. ამისთვის ითხოვა შენდობა ბატონის თეიმურაზისაგან დადიანმან ვეღარა ყოფად, როგორცა აღუთქვა, და წამოვიდა ბატონი თეიმურაზ უქმი. ხოლო დიდსა რუსეთის მეფესა კეთილად შეეწყნარა ხოსია და წარმოევლინა თვისნი დესპანად ნიკიფორე პავლესშვილი და მდივანი ალექსი იოანეს შვილი ნიჭითა დიდითა. ესენი მოვიდნენ რაჭას. ამათ მიაგება მეფემან ალექსანდრემ ლომკაცი ჯაფარიძე და გიორგი არეშიძე, მერე მოვიდნენ ქუთათისს წინაშე ალექსანდრესა მეფისა ქრისტესა ჩქნ (1650) და მოართვეს ნიჭნი იქაურნი სამურნი და ლარნი. შემდგომად წარავლინა მშვიდობით და ევედრა კვლავ მწე-ყოფასა. ამისა შემდგომად აივსო შურითა ლევან დადიანი და არა შეიწყალა სიჭაბუკე და მშვენიერება მისი, წარავლინა კაცნი და აღმოხადნა თვალნი მამუკას მეფის ძესა ციხესა შინა პატიმარსა. მერე მცირედისა ხანისა შემდგომად მოკვდა მამუკა ქრისტესა ჩქნდ (1654).
ხოლო ალექსანდრე მეფესა ვინაიდან განეძევებინა ძე თვისი ბაგრატ დედითურთ მისით და არა ესვა დარეჯანისა თანა შვილი, ამისთვის მოიყვანა ძის ძე ბატონის თეიმურაზისა გიორგი და ზრდიდა ძედ თვისად. მაგრამ მოკვდა იგიცა და უღონო-ქმნილმან ალექსანდრე მეფემან მოიყვანა ბაგრატ ძე თვისი, შობილი გურიელის ქალისაგან და ჰყავდა თვისთანა, როგორცა სამეფო ძე.
ხოლო ლევან დადიანთა ვინაიდან არა შეიშინა ღვთისა და სტყვევნიდა, აოხრებდა და კლავდა კაცთა ქრისტეანეთა, მისცა მასცა სოფელმან ნიჭი თვისი და მოკვდა ლევან დადიანი ქრისტესა ჩქნზ (1657) და დასვეს ოდიშართა ლიპარიტ დადიანად ძმა ლევანისა, ნაშობი ათაბაგის ქალისაგან. ამისმან მსმენელმა მეფემან ალექსანდრემ შემოიკრიბა სრულიად სპანი იმერთანი და წავიდა ოდიშს შურისგებად, ამას ვერ წინააღუდგა ლიპარიტ დადიანი, შევიდა ალექსანდრე ოდიშს, ამოწყვიდა, მოტყვევნა, მოაოხრა, აიღო ციხენი, გამოიღო საგანძურნი და ქონებანი ლევან დადიანისანი, შეიპყრა წარჩინებულნი სრულიად ოდიშისანი და დაახსნევინა ვერცხლით ყოველთა თავნი, გამოართა მათვე ძენი მძევლად და დასვა ოდიშს დადიანად ვამიყ, ძე მამია დადიანისა, და თვით დაიპყრა უნაგირას-აქეთი აღმოსავლეთის კერძი და უნაგირას-იქითი დასავლეთისა მისცა ვამიყს. მერე წამოვიდა ნიჭითა, ალაფითა, იავარითა დიდითა და ტყვითა და ნატყვენავითა გამდიდრებული და მოვიდა ქუთათისს გამარჯვებული.
ხოლო ლიპარიტ წავიდა ახალციხეს და ევედრა ათაბაგს როსტომ ფაშას და მეფესა ქართლისასა როსტომს. მათ მოსცეს სპანი, მოვიდა სპითა გურიას, მოჰყვა ქაიხოსრო გურიელიცა სპითა თვისითა, რამეთუ ძმა ლიპარიტისა იყო და ჭილაძე-მიქელაძენიცა მათთანავე, და გამოვიდნენ რიონს.
ამისმა მცნობელმა ალექსანდრე მეფემან შემოიკრიბა სპანი იმერთა და გავიდა ცხენისწყალს. მას ღამესა მოუმცნო ალექსანდრე მეფესა ოტია მიქელაძემ: „მაცნობე ხვალისა კურტაკი და ცხენი შენი, არ თუ ხარ ჯაბან, და მეც ვაცადუნო შუბის წვერი ჩემი სათვალესა ზარადისა შენისასა“. ესენი აუწყა მეფემან და დილასა რაზმთა წყობასა შინა მოუწოდა მეფემან ლევან აბაშიძეს, სიძესა ოტია მიქელაძისასა, შესვა ცხენსა თვისსა ზედა და ჩააცვა კურტაკიცა თვისი, რამეთუ უცნობელ იყო წინთქმულთა და ლევანმა გაიხარა ნიჭისათვის მეფისა, რამეთუ იყო შემმართებელი და ერთგული მეფისა და იქმნა ბრძოლაცა ბანძას სასტიკი, ქრისტესა ჩქნჱ (1658) და მოისროდნენ ორკერძოვე. მაშინ ოტიამ, მეძიებელმან მეფისამან, ჰპოვა იგი და ჰსცა შუბი ზარადის სათვალესა შინა ლევანს და განვლო კეფასა და შესძახა: „მე ვარ ოტია“. ეჰა უცხო, რამეთუ არა გარდაიჭრა ლევან, არამედ მიუგო ოტიას: „რას ეტყვი ასულსა შენსა, უკეთუ შენ ხარ ოტია“. მაშინ იძლივნენ იგინი ბანძას და ლტოლვილთა მოსრვიდნენ ალექსანდრესანი. მაგრამ აღარა ივლტოდა ოტია და დარჩა მეფესა ნებითა თვისითა. თუმცა მასვე ჟამსა იქვე დასწვა თვალნი ზუმბითა. ხოლო შეიპყრეს ქართველნი, მესხნი, გურიულნი და ოდიშარნი და ლიპარიტ დადიანი და ქაიხოსრო გურიელი წავიდნენ ლტოლვილნი სტამბოლს.
მერე დასვა ალექსანდრე მეფემან კვლავ დადიანად ვამიყვე და გურიელად დემეტრე, ძე სვიმონ გურიელისა. შემდგომად დაახსნევინა ქართველთა, მესხთა, გურიულ-ოდიშარღა ვერცხლითა თავნი და განუტევა თვისთა ქვეყანათა შინა; მოვიდა ბანძიდან ქუთათისს და იმყოფებოდა მშვიდობით.
ამის შემდგომად მოვიდა ქაიხოსრო გურიელი სტამბოლიდამ, და ლიპარიტ მომკვდარ იყო, და ამისი ებრძანა ხონთქარსა ათაბაგისათვის, რაღა მწე ეყოს ქაიხოსროს. მოსცა სპანი ფაშამ და ჩამოვიდა გურიას. ხოლო დემეტრე ივლტოდა იმერეთს და დაიპყრა ქაიხოსრომ გურია. ამას შეუჩინეს მაჭუტაძე მეფემან და დემეტრე გურიელმან; მან მოჰკლა ქაიხოსრო გურიელი ღალატად. წავიდა დემეტრე და დაიპყრა კვლავ გურია. ხოლო ძენი ქაიხოსრო გურიელისანი გიორგი და მალაქია წავიდნენ წინაშე როსტომ ფაშისა ახალციხეს და იმყოფებოდნენ იქ მის თანა. შემდგომად ამისა მოკვდა მეფე ალექსანდრე ქრისტესა ჩქჲ (1660).
იე. ბაგრატ დ (IV), კ (20) თვე იმეფა
დაჯდა ბაგრატ მეფედ, ძე ალექსანდრე მეფისა, და აკურთხეს ქუთათისს. ხოლო, დედინაცვალმა მისმა დარეჯან დედოფალმა მისცა ბაგრატს ძმისწული თვისი ქეთევან დავითის ასული ცოლად და აქორწინა დიდებით და ისიძა გერი თვისი. მაგრამ შემდგომად ექვსი თვისა მზაკვართა კაცთა ენითა შეიპყრა ბაგრატ მეფე, გერი თვისი, დარეჯან დედოფალმა, წაგვარა ცოლი ქეთევან და აღმოხადა თვალნი, მოიყვანა ვინმე მეფეთა მონათესავედ წოდებული ვახტანგ, რომელსაც ჭუჭუნიას შვილობითაც უძახდნენ, შეირთო ქრმად იგი და დაიპყრა თვით იმერეთი და ვახტანგს უწოდა მეფედ.
ესე ბაგრატის კერძოთა იმერთა არა მოსწონდათ და აუწყეს ასლან ფაშასა. შემოიკრიბა ასლან ფაშამან სპანი და ჩამოვიდა იმერეთს, მიეგებნენ დადიან-გურიელი და იმერნი, მოვიდა ფაშა, შეიპყრა ვახტანგ და დარეჯან დედოფალი და ქეთევან, ცოლი ბაგრატ მეფისა. ხოლო იმერეთს დასვა ბაგრატვე უთვალო მეფედ და იგინი წაიყვანნა და მივიდა ახალციხეს, იქიდან ვახტანგ, დარეჯან და ქეთევან წარგზავნნა ოლთისს და დაასადგურა იქ. ხოლო ბაგრატ მეფე უთვალობით ვერა ეგოდენ მართავდა იმერეთსა. ამისთვის შეითქვნენ იმერნი დადიანისა თანა და მოვიდა დადიანი იმერეთს. კვლავ აქათ წარმოდგა მეფე ვახტანგ შაჰნაოზ ქართლისა იმერეთსა ზედა. მაშინ ეზრახა დადიანი მეფე ვახტანგს და დაიმძახლენ მეფე ვახტანგ და დადიანი ვამიყ, და დაიპყრა დადიანმან ბუჯის წყლის დასავლეთის კერძონი და აღმოსავლეთის კერძონი მისცა ვახტანგ მეფესა და ბაგრატ მეფე მყოფობდა ციხესა შინა ქუთათისს. განზრახვითა ცოლისა თვისისათა განუტევა მძახლობა ვახტანგ მეფისა დადიანმა ვამიყ და დაწინდული არჩილისა ძისა მისისა ასული თვისი მოსცა ღოღობერიძეს ბეჟანს. ესე ეწყინა ვახტანგ მეფესა, ეზრახა გურიელს დემეტრეს, აბაშიძე პაატას და ზემომხრელთა იმერთა. ხოლო ამათ მოკლეს ბეჟან ღოღობერიძე და მოუწოდეს ვახტანგ მეფესა. იგი წარმოემართა სპითა ძლიერითა, მოვიდა დადიანიცა ვამიყ სპითა თვისითა საჩხერეს და შემოიკრიბა იმერნიცა. მაგრამ რა გადმოვლო ვახტანგ მეფემან მთა ლიხისა, მიერთვნენ სრულიად ზემოურნი იმერნი მას და ლაშხისშვილი ხოსია, თავი ლეჩხუმისა. ესე იხილა ვამიყ დადიანმან, ვეღარ დაუდგა ბრძოლად და წავიდა ოდიშს. შემოვიდა მეფე ვახტანგ, აიღო სვერი და კაცხი. ხოლო სკანდიდან მივიდა ბატონი თეიმურაზ მის თანა და სკანდა დაიპყრა ვახტანგ, მოვიდა, მოადგა ქუთათისს, აიღო ქუთათისი და გამოიყვანა ბაგრატ მეფე. მაშინ მიერთვნენ სრულიად იმერნი და შემოკრებული ყოვლითა ქართველ-იმერელითა ჩამოვიდა ოდიშს. ვერ წინააღუდგა დადიანი ვამიყ, არამედ განივლტო სვანეთს. ხოლო ვახტანგმა მოსრა ურჩნი ოდიშს, მოსტყვევნა, აიღო ციხენი და მოადგა ჭაქვითის (დღევ. ჭაქვინჯი) ციხესა, აიღო იგიცა. გამოიყვანა ცოლშვილი ვამიყ დადიანისა და გამოიღო საგანძურნი მისნი, მოვიდა ზუგდიდს და იქ მოერთო შარვაშიძე ძღვნითა დიდითა და აფხაზითა. მერე დასვა დადიანად ლევან და მისცა ძმისწული თვისი თამარ ცოლად, რამეთუ შეჩენითა ხოსია ლაშხისშვილისათა მოკლეს სვანეთს დადიანი ვამიყ ბრძანებითავე ვახტანგ მეფისათა.
შეიპყრა ვახტანგ მეფემან ჭყონდიდელი ჩიქოვანი, ძმა კაციასი, და წამოიყვანა პატიმრად, მოვიდა ოდიშიდან კვლავ ქუთათისს. აქა მოერთო დემეტრე გურიელი ძღვნითა დიდითა, მოიყვანა ძე თვისი არჩილ წლისა იდ (14) და დასვა მეფედ იმერეთისად და აკურთხა ყოველთა იმერთა სათნოჩენითა ქუთათისს ქრისტესა ჩქჲა (1661). შემდგომ წავიდა მეფე ვახტანგ და წაიყვანა მეფე ბაგრატ ქართლს.
იჱ. მეფე არჩილ, ბ (2) წელი და ნახევარი იმეფა
ხოლო მეფობდა არჩილ და მორჩილებდნენ ყოველნი იმერნი წესისაებრ და ერთგულებდენ სრულიად. მაგრამ ეწყინა ესე ასლან ფაშასა ახალციხისასა, რამეთუ აღარა ნებასა ქვეშე მისსა იყვნენ იმერნი, არამედ არჩილისასა, და ამისთვის იჩივლა წინაშე ხონთქრისა. მაშინ ყაენმა მოუწერა ვახტანგ მეფესა და მან წაიყვანა ძე თვისი არჩილ. ხოლო იმერთა სთხოვეს ვახტანგ მეფესა ბაგრატ მეფე, მან მოსცა და დასვეს კვლავ მეფედ ქრისტესსა ჩქჲგ (1663).
ბაგრატ დ, ზ (7) წელს იმეფა
ხოლო დასვეს რა ბაგრატ, მოადგა ფაშა ჩამოსლვად იმერეთს მთასა, რათა განდევნოს არჩილ. მაშინ იმერთა აცნობეს მეფობა ბაგრატისა და უკუნიქცა მთიდან ფაშა და დარჩა ბაგრატ მშვიდობით. მაგრამ დადიანმან ლევან არა ინება მეფობა ბაგრატისა, ვინაიდან მძახალი იყო შაჰნაოზ მეფისა. ამისთვის ამავე ქორონიკონს შემოიკრიბა სპანი და მოვიდა, მიეგება ბაგრატ სპითა, ეკვეთა და იქმნა ბრძოლა; იძლია დადიანი, შეიპყრეს და მოართვეს ბაგრატს. ხოლო სპანი მისნი მოსრეს და ტყვე-ყვნეს. მაშინ შეამჭირვა მეფემან დადიანი, მოაყვანინა ცოლი თამარ, წარგვარა მას და შეირთო თვით ბაგრატმა ცოლად, და განუტევა თითია, და თამარისა, რომელიც მისცა შანაოზს, რაჟამს წარმოგზავნა იმერეთს, ჯერეთ უქორწინო და ლევან დადიანს მისცა და თვისი გოშაძის ნაცოლარი (რომელსა ესევე დადიანი ლევანმა შესწამოდა, რეცა მრუშებად მის ქალისა თანა), უქმნა ქორწილი და განუტევა დადიანადვე.
ჟამებთა ამათ შინა განდიდნენ მთავარნი და მიიტაცებდნენ თვის-თვისთა მხარეთა და აღარა იყო მორჩილება ეგოდენი მეფეთა; იწყეს ტყვის ყიდვა სააჯმნოდ ქრისტეს მოსყიდულთა მაჰმადიანთა ზედა. კვლავ ხდომა, შფოთი, კირთება ერთმან მეორესა ზედა და ოხრება ქვეყანათა.
ხოლო განდიდდა ჩხეიძე სეხნია სალთხუცესი. ამან იკლო რაიმე ბაგრატისაგან, იწყო ზრახვა და ერთგულება ფაშისა, მოიყვანა სპანი ოსმალთა, მოიპარა ციხე ქუთათისისა და შეაყენა ოსმალნი ქრისტესა ჩქჲზ (1667). ესე ეწყინა ბაგრატს და ყოველთა იმერთა, მაგრამ დაიდუმეს ჯერეთ შიშითა ოსმალთათა.
ამასვე ქორონიკონს მოკვდა კათალიკოზი სვიმონ ჩხეიძე და დაჯდა საყვარელიძე ევდემოზ.
შემდგომად ამისა იცა ჟამი მოურავმან ბეჟან ლორთქიფანიძემან, შეეტყუა ქუთათისს ციხესა, მოსრა ოსმალნი და აიღო ციხე ქრისტესა ჩქჲზ (1667) და მისცა მეფესა ბაგრატს.
ხოლო დარეჯან დედოფალსა წინათვე აღეთქვა კჩ (20000) მარჩილი ფაშისათვის, რათა იგივე ყოს მეფედ იმერეთს და, ვინაიდან არა ქონდა ვერცხლი, დაეწინდა ძმისწული თვისი ქეთევან. ხოლო აწ საქმითავე დარეჯანისათა დაიხსნა შაჰნაოზ მეფემან ქეთევან, წაიყვანა და შერთო ძესა თვისსა. და რა აიღო ფაშამ თეთრი იგი, ევედრა დარეჯან კვლავ ფაშასა და, ვინაიდან ამოწყვიდეს ქუთათისს ოსმალნი იმერთა, ამისთვის აღუთქვა და შემოდგომასა წარმოემართა სპითა, წამოიყვანა დარეჯან და ვახტანგ და ჩამოვიდა იმერეთს: მიეგებნენ დადიან-გურიელი და ჩხეიძე სეხნია. ამისთვის ვეღარ წინააღუდგა ბაგრატ მეფე და წავიდა ქართლს. მაშინ ოსმალთა მოსრეს, მოსტყვევნეს იმერეთი, შემუსრეს მრავალნი ხატნი და ჯვარნი, მოწვეს ქვეყანანი და ეკლესიანი ქრისტესა ჩქჲჱ (1668).
დარეჯან და ვახტანგ ჭუჭუნაშვილი
დასვეს დარეჯან და ვახტანგ მეფედ და წავიდა ფაშა ალაფითა სავსე ახალციხეს. მაშინ დარეჯანს და ვახტანგს ჰყავდათ სანდოდ თვისად ლაშხისშვილი ხოსია თავი ლეჩხუმისა, და სცხო მირონიცა დარეჯანმა ხოსიას, და განაგებდნენ იმერეთსა. შემდგომად შეიზრახნენ იმერნი, გადმოიბირეს ხოსია და შეუჩინეს დარეჯანს და ქუთათისს ციხესა შინა, აღმკაზმელი თავისა თვისისა დილასა დარეჯან დედოფალი მოჰკლა შუბითა ხოსიამ. ხოლო იმერთა ასპარეზსა ზედა მიმომთხველი ვახტანგიცა მოჰკლეს. მოიყვანეს გურიელი დემეტრე და დასვეს მეფედ, ქრისტესა ჩქჲჱ (1668).
დემეტრე ბ (II) გურიელი
შემდგომად მცირედისა ჟამისა შეიპყრეს დემეტრე გურიელი იმერთა, აღმოხადეს თვალნი და გააძევეს. მაშინ ასლან ფაშამ წარმოავლინა ძე ქაიხოსრო გურიელისა გიორგი და დასვა იგი გურიელად. ხოლო შაჰნაოზ მეფესა სთხოვეს იმერთა ბაგრატ მეფე. მან წარმოუვლინათ და დასვეს იგივე მეფედ იმერთა ქრისტესა ჩქჲთ (1669).
იე. ბაგრატ დ, თ (9) წელს იმეფა
კვლავ ამავ ქორონიკონსა ჩხეიძე სეხნიამ არა ინება მეფობა ბაგრატისა და აიღო მოპარვით და ზაკვით ქუთათისის ციხე და მისცა ოსმალთა და ამიერიდან უპყრიათ დღემდე. მერე შეკრიბა იმერნი სეხნიამ და მოიყვანა დადიანი და მოვიდა მეფესა ზედა. ხოლო ბაგრატ მეფემან შემოიკრიბა რაჭა-ლეჩხუმი და ოკრიბელნი. შეიბნენ ჩხარს, იქმნა ბრძოლა და ამოწყდნენ ორმხრითვე, იძლია სეხნია ჩხეიძე, მოკლეს იგი და ამოწყდნენ სპანი მისთანანი.
ხოლო დადიანი ივლტოდა ოდიშსავე, და დაიპყრა ბაგრატ უმეტესად იმერეთი. მაგრამ კვლავ არა დასცხრა დადიანი, რამეთუ შური ქონდა ცოლისა თვისისა თამარისათვის, რომელიც იყო ფრიად კეკლუცი და აღმატებული სიმშვენიერითა სრული უმეტესად, შემოიკრიბა სპანი, მოვიდა და მიერთნენ სრულიად იმერნი. მაშინ მოუხდა ბაგრატ მეფესა ქუთათისს ქრისტესა ჩქოა (1671). ხოლო ბაგრატ მეფე წავიდა რაჭას და დადიანი დადგა გეგუთს, არბევდენ იმერეთსა.
მაშინ ბაგრატ მეფემან შემოიკრიბა რაჭა-ლეჩხუმი და რამდენიმე იმერნი მის თანა, ჩამოვიდა, შეებრძოლა გეგუთს დადიანსა; ბრძოლასა იძლია დადიანი, მოსრეს სპანი მისნი და ლტოლვილი დადიანი შეიპყრეს კვლავ და მის თანა მრავალნი სხვანი, მოართვეს ბაგრატ მეფესა და დაიპყრა იმერეთი. მერე დადიანი აფიცა ერთგულებასა ზედა და განუტევა, ვინაიდან ჰყავდა და ბაგრატ მეფისა ცოლად.
გიორგი გურიელი იყო კაცი მხნე, შემმართებელი, მშვილდოსან-მოასპარეზე რჩეული, უღმრთო, მესისხლე და ტყვის მყიდველი უწყალო. ამან მოსრა მეკობრედ მოსულნი აფხაზნი გურიას მრავალგზის. თუმცა ეტრფიალა ცოლსა ბაგრატ მეფისასა თამარს, მცდელობდა წაგვრასა და თვით შერთვასა და ვერ ეწია. ამისთვის ევედრა ფაშასა, რათა წაგვაროს ბაგრატ მეფესა და მისცეს მას და აღუთქვა ქრთამი დიდი და შეასმინაცა ორგულებასა ზედა ხონთქრისასა ბაგრატ. ხოლო ფაშამ მაჰმადიანობითა და ქრთამისათვის აღარა რა გამოიკითხა და წარმოემართა ბაგრატსა ზედა. ესე სცნა ჩხეიძემ როსტომ და აუწყა ბაგრატ მეფესა. მაშინვე ბაგრატმა წარავლინა თამარ ცოლი თვისი ციხესა შინა კვარას და თვით შეკრიბა სრულიად იმერნი, მოვიდა ფაშაცა და გურიელი მისთანა ქუთათისს; ეკვეთა ბაგრატ სპითა თვისითა და იქმნა ბრძოლა. მაგრამ ივლტოდნენ იმერნი და ბაგრატ უთვალობითა ვეღარა ივლტოდა. შეიპყრეს და მოგვარეს ფაშას ქრისტესა ჩქობ (1672).
გიორგი გურიელი იყო კაცი მხნე, შემმართებელი, მშვილდოსან-მოასპარეზე რჩეული, უღმრთო, მესისხლე და ტყვის მყიდველი უწყალო. ამან მოსრა მეკობრედ მოსულნი აფხაზნი გურიას მრავალგზის. თუმცა ეტრფიალა ცოლსა ბაგრატ მეფისასა თამარს, მცდელობდა წაგვრასა და თვით შერთვასა და ვერ ეწია. ამისთვის ევედრა ფაშასა, რათა წაგვაროს ბაგრატ მეფესა და მისცეს მას და აღუთქვა ქრთამი დიდი და შეასმინაცა ორგულებასა ზედა ხონთქრისასა ბაგრატ. ხოლო ფაშამ მაჰმადიანობითა და ქრთამისათვის აღარა რა გამოიკითხა და წარმოემართა ბაგრატსა ზედა. ესე სცნა ჩხეიძემ როსტომ და აუწყა ბაგრატ მეფესა. მაშინვე ბაგრატმა წარავლინა თამარ ცოლი თვისი ციხესა შინა კვარას და თვით შეკრიბა სრულიად იმერნი, მოვიდა ფაშაცა და გურიელი მისთანა ქუთათისს; ეკვეთა ბაგრატ სპითა თვისითა და იქმნა ბრძოლა. მაგრამ ივლტოდნენ იმერნი და ბაგრატ უთვალობითა ვეღარა ივლტოდა. შეიპყრეს და მოგვარეს ფაშას ქრისტესა ჩქობ (1672).
მაშინ ბაგრატ ევედრა ფაშას და აღუთქვა ქრთამი დიდი, რათა ჰყოს იგივე მეფედ. ხოლო ფაშამან იხილა რა, რამეთუ არა ძალ-ედვა შოვნა თამარისა და შემუსრვა კვარას ციხისა, ამისთვის მიიღო მეფისა და გურიელისაგან ქრთამი დიდი, მისცა იმერეთი ბაგრატსვე და ბაგრატმა ქრთამისათვის მისცა წინდად ძე თვისი ალექსანდრე (რამეთუ ესე ალექსანდრე იყო შობილი ლეჩხუმელი კოჩილას ცოლისაგან, რომელსაც ბაგრატ მეფე თანაეყოფოდა სიძვად, და ვინაიდან არა ესვა სხვა ძე ბაგრატს, ესე მოიყვანა, უწოდა ალექსანდრე და ზრდიდა ძედ თვისად). ხოლო ფაშამ წაიყვანა ალექსანდრე და წავიდა.
შემდგომად ამისა ზამთარსა ამას შეკრიბა ბაგრატ მეფემან სპანი და წავიდა შურგებად გურიელსა ზედა; ვერ წინააღუდგა გურიელი, მოსტყვევნა და მოსწვა გურია და წამოვიდა ალაფითა და იავარითა. ხოლო ვინაიდან კვლავ მოყვრობდნენ დადიანი ლევან და მეფე შაჰნაოზ, და მარიამ ჰყავდა ცოლად შაჰნაოზ მეფესა, ამისთვის განაახლეს მძახლობა და სთხოვა ლევან დადიანს ძე მისი მანუჩარ საქმროდ ძისა თვისისა არჩილის ასულის დარეჯანისათვის. ამან ლევან წარმოავლინა ძე თვისი და მისული მანუჩარ აქორწინეს დარეჯანისა თანა. თუმცა ყრმა და ქალი იყვნენ წლისა ზ (7). ესე იხილა ბაგრატ მეფემან, რამეთუ არა კეთილობდა მისდა, აუწყა მსახურთა ყრმისა მანუჩარისათა: „რამეთუ ჰნებავს შაჰნაოზ მეფესა წარვლინებად მანუჩარ წინაშე ყაენისა ტყვედ“. შეშინდნენ იგინი და აღარა გამოიკითხეს ზაკვა იგი, წამოიპარეს ყრმა იგი და მოგვარეს მამასა თვისსა. შემდგომად მოადგა ბაგრატ მეფე ქუთათისს, აიღო ციხე და გამოიყვანა ოსმალნი ქრისტესა ჩქოდ (1674). ამისთვის მოვიდა დესპანი ასლან ფაშის ახალციხელისა და აღუთქვა მოცემა ალექსანდრესი ძისა ბაგრატისა, რათა მისცეს ციხე ქუთათისისა მათვე. ხოლო ბაგრატმა განზრახვითა იმერთათა მისცა ციხე ოსმალთავე ყოვლითა მათითა, და დაიპყრეს მათვე. შემდგომად უშვა თამარ დედოფალმან ბაგრატს ძე გიორგი ქრისტესა ჩქოე (1675), და გაიხარა ფრიად მეფემან.
ხოლო ჟამებთა ამათ შინა იყო კირთება ოდიშს აფხაზთაგან, რამეთუ ვინაიდან განდიდდა ჭყონდიდელი ჩიქოვანი, რომელიც გამოეპარა ვახტანგ მეფესა შულავრიდან, მოვიდა და დაიპყრა ჭყონდიდლობავე, და იქმნა მისანდო ლევან დადიანისა ყოველსა შინა. ამან მოიყვანა ძმა თვისი კაცია და აზრახა ლევანს მიცემად სალიპარტიანოსი, რამეთუ ამისგან დაიპყრას ლეჩხუმიცა ლევან დადიანმან.
ესე კაცია იყო გორდელი მდაბალი აზნაური, რომლისა მამა სვანეთს ტვირთითა თვისითა ზიდვიდა თაფლსა და გამოიზრდებოდა. და ესე კაცია ძმის ჭდონდიდელის გამო განდიდდა და იქმნა პატივცემულ მეფეთაგან და ამის გამო უსმენდენ ლეჩხუმელნიცა. მერე ლევან დადიანმა მისცა სალიპარტიანო და თვისად მისანდობელ-ჰყო ფრიად, რამეთუ იყო კაცი მხნე და შემძლებელი საქმეთა, თუმცა უღმრთო და მესისხლე; აზრახებდა დადიანს და მოსრვიდნენ წარჩინებულთა ოდიშისათა. ხოლო მივიდა რა არჩილ ახალციხეს და გიორგი გურიელიცა, რომელნიც მცდელობდენ გამეფებად იმერეთს ორნივე, ესე იხილა ბაგრატ მეფემან, ეზრახა გიორგი გურიელსა და მისცა ასული თვისი დარეჯან ცოლად, ნაშობი თამარისგან, რათა დაუტეოს ტრფიალებაცა თამარისა და მცდელობა მეფობისა იმერეთისა. მოიყვანა გურიელი და აქორწინა ქრისტესა ჩქოზ (1677) და მოიმტკიცა ამით გურიელი. ხოლო რა მოვიდა ახალციხიდან არჩილ სურამს, სურამიდან ეზრახა იმერთა და მიერთნენ ყოველნი იმერნი არჩილს და დადიანი ლევან, გაღანამცა მოიყვანეს და დასვეს მეფედ ქუთათისს ქრისტესა ჩქოჱ (1678) სექტემბერში.
ივ. მეფე არჩილ, ა (1) წელს იმეფა
ხოლო ბაგრატ წავიდა გურიას და დედოფალი თამარ დარჩა ციხესა სკანდას. მოადგა არჩილ მეფე, გამოიყვანა თამარ და მისცა დადიანსავე ცოლად და მოიყვანა ძე დადიანისა სიძე თვისი და ჰყავდა თვისთანა.
მაშინ ბაგრატ შეწევნითა გურიელისათა ევედრა ასლან ფაშას და მან აღუთქვა შეწევნა. ამავე ჟამსა გააპარა მეფემან გიორგიმ ძე ბაგრატ მეფისა ალექსანდრე ახალციხიდან და მოსრეს მონანი ალექსანდრესნი. ესმა რა ბაგრატ მეფესა, შეწუხდა, რამეთუ მომკვდარ იყო ძე მისი გიორგი და არა ესვა სხვა ძე, რათა არა მოკლან იგიცა. მაშინ ასლან ფაშამ აუწყა ხონთქარსა ყოველი ყოფილი, განრისხდა და წარმოავლინა აზრუმის ფაშა სუას აქეთითა სპითა, მოსულს ფაშას მიეგება ბაგრატ მეფე და გურიელი.
არჩილ მეფემან შემოიკრიბა სრულიად იმერნი, შეიფიცა და ლამოდა ბრძოლასა. თუმცა ჩამოვიდნენ რა აგვისტოსა შინა ოსმალნი იმერეთს, განევლტვნენ არჩილ მეფესა და მიერთვნენ ბაგრატს. ამისი მხილველი არჩილ მეფე წავიდა რაჭას და რაჭველთა შეკრეს მთა. მიჰყვნენ ოსმალნი არჩილს. მაშინ ხრეითის მთასა ზედა უწყეს რაჭველთა ცემა თოფთა ჯიხურებთ-გამო ოსმალთა და მოჰკლეს საზვერელი ჩიჯავაძე და სხვანი მრავალნი და უმეტეს ოსმალნი ამოწყვიდეს. მაგრამ სიმრავლით სძლეს ოსმალთავე, გადავიდნენ რაჭას, მოწვეს, მოტყვევნეს, უკმოიქცნენ და დადგნენ კვახჭირს. ხოლო არჩილ მივიდა კულბითს და აუწყა საქმე თვისი ყოველი აზრუმის ფაშასა. მაშინ აზრუმის ფაშამ მოჰკვეთა თავი ასლან ფაშასა, მერე მოტყვევნა და მოსრა ურჩნი იმერეთს და დასვა ბაგრატვე მეფედ და წავიდა თვით ქრისტესა ჩქოთ (1679).
იე. ბაგრატ დ, ბ (2) წელს იმეფა
ხოლო ბაგრატმა მოიმტკიცა იმერნი, შემოიკრიბა და წავიდა ოდიშს, შეებრძოლა დადიანი ლევან სპითა და ბრძოლასა იძლია დადიანი, წარგვარა კვლავ ცოლი თვისი თამარ და შეირთო თვითვე, და მოვიდა ქუთათისს გამარჯვებული. მაშინ ლევან დადიანი ეზრახა გურიელს გიორგის და მისცა ძე თვისი მანუჩარ მძევლად, დაიზავა იგი და დაიპყრა ოდიში მანვე. შემდგომად მცირედისა ხანისა მოკვდა დადიანი ლევან ქრისტესა ჩქპ (1680).
მაშინ მოითხოვეს ოდიშართა ძე ლევან დადიანისა მანუჩარ გურიელის გიორგისაგან საყოფლად დადიანად. ვინაიდან არღარავინ იყო მკვიდრი ოდიშისა, ამისთვის ეზრახა გურიელი ოდიშართა, რათა ჰყონ იგი დადიანად. ხოლო წარჩინებულთა ოდიშართა გაამაგრეს ციხენი ყოველნი და მიუთხრეს გურიელსა: „ვიდრემდე ცოცხალი არის მანუჩარ, არავის მივსცეთ ციხენი და ქვეყანანი“. ამისმა მსმენელმა გურიელმან მოკლა ყრმა იგი მანუჩარ, რამეთუ ჰგონებდა შემდგომად სიკვდილისა მისისა დაიპყრას ოდიში, და წავიდა დაპყრობად ოდიშისა. მაგრამ ოდიშართა იცოდნენ რომ იყო იგი მესისხლე თვისი, ვერ შევიდა ოდიშს და მოვიდა გურიასვე.
ხოლო არჩილ წავიდა კულბითიდან დვალეთს და იქ დაასადგურა დედაწულნი თვისნი და თვით მოვიდა ჩხერის ციხესა შინა და ეზრახოდა იქიდან იმერთა რვა თვე. მაგრამ ვერარაისაღა მყოფელი წავიდა დვალეთსვე. მერე მივიდა ფაიქომს და იდგა წელსა ერთსა იქ. შემდგომად უწყებული ძმისა თვისისა გიორგი მეფისაგან წავიდა რუსეთს ქრისტესა ჩქპა (1681), განვლო დედაწულით სპითა რუსთა მეფისათა ჩერქეზი და მივიდა თერგს, იქ ჩაჯდა ნავს და გავიდა ასტარხანსა.
მაშინ მოკვდა მეფე რუსთა თეოდორე და დარჩა არჩილ სამ წელს ასტარხანს. ხოლო დღესა ახალწლისასა აუნთეს ლამპარი დიდი სამსჭვალსა, მოეკიდა ცეცხლი სასვენსა მას, რამეთუ არიან სახლნი სრულიად ხისანი და დაიწვნენ ყოველნი სიწმინდენი და საგანძურნი არჩილისანი. მაგრამ იპოვეს სამსჭვალნი და ნაწილნი უვნოდ, კვლავ დაუჯდომელი, დაუწვავი ცეცხლსა მას შინა. შემდგომად შეამკო სამსჭვალი კვლავ არჩილ მეფემან. მერე მეფემან იოანემ და პეტრემ მიიყვანეს მოსკოვს არჩილ და პატივ-სცეს მეფებრ, და იმყოფებოდა იქ პატივცემული.
ხოლო იმერეთს მოკვდა ბაგრატ მეფე ქრისტესა ჩქპა (1681) და დაფლეს გელათს. და რადგან აღარავინ იყო ტომი მეფეთა, მოიყვანეს გურიელი გიორგი იმერთა და დასვეს მეფედ.
კ. გიორგი დ (IV) გურიელი, ბ (2) წელს იმეფა
ოდიში იყო უპატრონოდ და კაცია ჩიქოვანი იყო თავი და გამგე მათი. ამან მოსრა მრავალნი შემძლებელნი და წარჩინებულნი ოდიშისანი განზრახვითა ძმისა თვისისა ჭყონდიდლისათა, რამეთუ ეტყოდა განზრახვათა შინა: „მას ეყოფა ერთი თოფი“. ესე იგი არის სიკვდილი ვისიცა ნებავთ. ამით მოიყვანა ოდიში ქვეშე თვისსა, ვიდრე პყრობამდეცა თვისად. და იყო ჭირი დიდი ოდიშს, როგორცა აღვწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდნენ ნავებითა და ხმელითა და სტყვევნიდნენ, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე (ღალიძგა), და დაეშენებოდენ თვით აფხაზნი და აღარა იყო დრანდას და მოქვს ეპისკოპოსნი.
ხოლო შემდგომად მოკვდა კაცია ჩიქოვანი და დაიპყრა ლიპარიტიანობა ძემან კაციასამან გიორგიმ უმეტეს მამისა თვისისა, და სრვიდა უწყალოდ და ჰყიდდა ტყვედ ოდიშართა, რამეთუ ემცნო მამასა თვისსა არა დატევება ჩექმიანისა და კოხუნჯიანთა დაიპყრობს.
ხოლო გიორგი გურიელმან განირისხა ღმერთი, განუტევა ცოლი თვისი დარეჯან, ასული ბაგრატ მეფისა, და შეირთო სიდედრი თვისი დედოფალი თამარი ცოლად. ამას ეპყრა იმერეთი და მცდელობდა ოდიშსაცა დაპყრობად.
მაგრამ გიორგი კაციას ძე ლიპარიტიანმა მოიყვანა ძე ლევან დადიანისა, ნაშობი მხევლისაგან ლევანვე, და დასვა დადიანად სათნოებისათვის მეგრელთა და წინააღმდეგად გურიელისად.
ხოლო გიორგი (XI) მეფესა ქართლს ჰყავდა ძე ბაგრატისა ალექსანდრე, ეწყინა პყრობა იმერეთისა გურიელისაგან და არა პყრობა ძმისა თვისისა არჩილისა. ამისთვის ეზრახა უსუფ ფაშას, რათა ჰყოს ალექსანდრე მეფედ იმერთა. გაიხარა ფაშამ და მოითხოვა მისგან ალექსანდრე. მაშინ წარუვლინა გიორგი მეფემან ნიჭითა თვისითა და პატივითა ქრისტესა ჩქპბ (1682). ესე აუწყა ფაშამ ხონთქარსა. ხოლო ხონთქარმან მოსცა ხალათი და ხმალი და იმერეთი ალექსანდრეს და ებრძანა უსუფ-ფაშისად მეფედ ყოფად მისი იმერეთს. მსმენმან ბრძანებისამან ჩამოიყვანა ფაშამ ალექსანდრე. ხოლო გურიელი წავიდა, ვერ წინააღმდგომი, გურიას და დასვა ფაშამ ალექსანდრე მეფედ. შემდგომად წავიდა ახალციხესვე ფაშა და დედოფალი თამარ მივიდა ოდიშს, რათა არა მოერთნენ ოდიშარნი ალექსანდრეს. მაგრამ იქ მოკვდა თამარ დედოფალი ქრისტესა ჩქპგ (1683) (თქმულ არს, რამეთუ იყო მიდგომილ და შობასა შინა შვა ცეცხლი და მოკვდა).
ხოლო შემდგომად კაცია ჩიქოვანის სიკვდილისა ნაცოლარი მისი და დედინაცვალი გიორგი ლიპარიტიანისა, დისწული შოშიტა ერისთავისა, შეირთო გიორგი გურიელმა ცოლად და ამათ გამო მცდელობდა პირველად ოდიშს და აწ უმეტეს იმერეთსაცა.
იზ. ალექსანდრე დ (IV), ზ (7) წელს იმეფა
და დაჯდა ალექსანდრე მეფედ ქრისტესა ჩშპგ (1683). მაშინ განდიდებულ იყო აბაშიძე პაატა და მორჩილებდენ სრულიად მარგველნი. ინება ალექსანდრემ მომტკიცება მისი და მისცა და თვისი დარეჯან ცოლად, ნაცოლარი გურიელის გიორგისა, და მიქელაძე გიორგის დისწული იყო პაატა და მოიმტკიცა იმერნი ამით. მაგრამ გურიელის გამო გიორგი ლიპარიტიანმა, შოშიტა რაჭის ერისთავმა და ბეჟან ლორთქიფანიძემ არა ინებეს მეფობა ალექსანდრესი, შეიკრიბნენ და მიერთნენ ესენი გურიელსა. გურიელმა ბრძოლად წამოსულმა, გასძარცვა ხატი ვლანქერნისა ღვთისმშობელი, და ჰყო სამკაულად თვისად.
შემოიკრიბა გურია, მოვიდა საჩინოს, მიერთნენ ჩიჯავაძენი, მერე ლიპარიტიანი ოდიშარითა, რაჭის ერისთავი რაჭველით, ლორთქიფანიძენი და ლეჩხუმელნი. ხოლო ალექსანდრეს დარჩა აბაშიძენი და ზემოურნი და მიქელაძე გიორგი და მარგველნი. ეწყვნენ როკითს ურთიერთს და იქმნა ბრძოლა ძლიერი ქრისტესა ჩქპდ (1684). დაიკოდნენ და მოისრნენ ომხრითვე უმრავლესნი. შემდგომად მოკლეს გიორგი გურიელი (იტყვიან რომ უცნაურითა კვეთებითა მოკვდა) და ივლტოდნენ სპანი მისნი. მოკლეს კვლავ რაჭის ერისთავი შოშიტა, სხვათა მოსრვიდნენ და შეიპყრობდნენ უამრავთა. ხოლო ლიპარიტიანი ივლტოდა ოდიშს და მოიქცა ალექსანდრე გამარჯვებული. არამედ აქეთ მოკლეს აბაშიძე ლევან და პაატა დაჰკოდეს. შემდგომად პყრობილნი გურიელ-ოდიშარნი და იმერნი დაჰყიდეს ვერცხლსა ზედა. და დაიპყრა ალექსანდრემ კვლავ იმერეთი. ხოლო გურიას დასვეს მალაქია, ძმა გიორგი გურიელისა გურიელად, და ძენი გიორგი გურიელისანი წავიდნენ ახალციხეს. მაშინ ალექსანდრე მეფემან წარუვლინა მახარობელი გიორგი მეფესა: „რამეთუ მექმნეს მე შენ მიერ ყოველნი, აწ მყავ მონად და ძედ შენდა და მომეც ასული შენი ცოლად“. ესმა რა გიორგი მეფესა, გაეხარა. მაგრამ მოემცნო ასულისა თვისისა დაწინდვა დავით ერისთავისაგან.
კვლავ წარუვლინა ალექსანდრემ და მოითხოვა ასული ლუარსაბისა ელენე და ძმისწული გიორგი მეფისა. ესე აღეთქვა მეფესა გიორგის მოცემად. მაგრამ ალექსანდრეს არა ემორჩილებოდა რაჭის ერისთავი პაპუნა, ძე შოშიტასი. ვინაიდან მოყვრობდა გიორგი მეფე და იყო მეგობარ პაპუნასი და სცნაცა ალექსანდრემ, რამეთუ არა ნებავს გიორგი მეფესა მძახლობა ამისი, ამისთვის შემოიკრიბა სპანი იმერთა და წავიდა რაჭას, რათა დაიმორჩილოს, ან წაართვას რაჭა. შევიდა და გადავლო მთა წევისა, ველიეთისა და მოადგა ნინიას ციხესა, და მარბიელთა მოწვეს, მოტყვევნეს დაბები მრავალნი. მაშინ გიორგი მეფემან მოაშველა ზაალ ხერხეულიძე სპითა პაპუნას. იხილა რა პაატა აბაშიძემ მაშველი ჯარი პაპუნასი, რამეთუ მიეწურათ მარგველთა წაღებად ნინიას ციხე, მიზეზ-ჰყო ქართველნი და აღარა ინება მარგველთაგან ციხის აღება და დაპყრობა მეფისაგან. ეტყოდა მეფესა სპათა მოსლვასა, უსმინა მეფემ და ჩამოვიდნენ იმერეთსავე.
შემდგომად მოკვდა პაატა აბაშიძე დაკოდითა მითვე. ხოლო ალექსანდრემ მოიყვანა და თვისი დარეჯან, განატევებინა პაპუნა ერისთავს ცოლი, ასული ბეჟან ლორთქიფანიძისა, და შერთო დარეჯან და თვისი და მოიმტკიცა იგიცა. შემდგომად ძმისა თვისისა სიკვდილისა განდიდდა აბაშიძე მალაქია, რომელიც იყო ნაბერალი და იწოდა გიორგი. ამან მოიყვანა მეორე ცოლად ნაცოლარი გიორგი გურიელისა, და კაცია ჩიქოვანისა, მდიდარი ფრიად, და შეირთო იგიცა და თაობდა ზემო მხარსა ზედა უფროს ძმისა თვისისა. ამას ემძახლა ქაიხოსრო გურიელი და სთხოვა ასული ელენე, რომელიც ჰყავდა პირველ ცოლსა თანა, რამეთუ ესე ქაიხოსრო, ძე გიორგი გურიელისა, რაჟამს მივიდა ახალციხეს, მოსცა ფაშამან სპანი, წამოვიდა და დაიპყრა გურია ქრისტესა ჩქპე (1685).
ხოლო მალაქია, ბიძა მისი, წავიდა ახალციხეს. ესე მალაქია კვლავ ფაშამ შემოაწყნარა და აღუთქვა ქაიხოსრომ უვნებელობა მალაქიასი. მაგრამ მოსული გურიას შეიპყრა ზაკვით ქაიხოსრომ მალაქია და აღმოხადა თვალნი ბიძასა თვისსა. ესმა რა ფაშას, ეწყინა ფრიად და მცდელობდა შურისგებასა ქაიხოსროსასა. შემდგომად წარმოავლინა შავშეთის ბეგი მცირითა სპითა მოკითხვად გურიელისად და ამცნო ბეგსა, რათა მოკლას იგი. მოსული ქაიხოსრომ ისტუმრა ბეგი. შემდგომად ისტუმრა ბეგმან და თავის-წინაობასა შინა მოკლეს ქაიხოსრო გურიელი ქრისტესა ჩქპთ (1689), წაიღეს თავი მისი და წავიდნენ, და გურიელად დაუტევეს მალაქია უთვალო. შემდგომად მცირე ჟამისა მოითხოვეს გურიელთა ძე გიორგისა და ძმა ქაიხოსროსი მამია უსუფ-ფაშისაგან, რომელიც იქვე იყო ახალციხეს, და აღუთქვეს ქრთამი დიდი. ფაშამ წარმოუვლინა და ჰყვეს გურიელად. ამასვე წელსა ამან მამიამ მისცა შემოქმედელობა მალაქიას და ჰყო მონაზონად. მერე ამანცა მოითხოვა ძმისა თვისისა დაწინდული გიორგი აბაშიძის ასული ელენე, მიიყვანა და ქმნა ქორწილი.
ხოლო გიორგი ლიპარიტიანმან იხილა, რამეთუ ამოწყდნენ ძლიერნი იმერეთისანი როკეთის ომსა შინა, იწყო ლევან დადიანისა გამო ღალატით სრვა და კლვა წარჩინებულთა ოდიშისათა, ყიდვა უწყალოდ ტყვეთა მაჰმადიანთა ზედა და ეპყრა სალიპარიტიანო, და ნებითა მისითავე იყო ლევან დადიანად. ამან ლევან მოიყვანა ნებითა ლიპარიტიანისათა ცოლად და ალექსანდრე მეფისა თინათინ, ნაშობი თამარ დედოფლისაგან, რათა მოიმტკიცოს ოდიში ძალითა ალექსანდრესითა. ხოლო ლიპარიტიანმან ამისთვის, რათა აღარა მოინებოს ალექსანდრემ ან გურიელმან თავისად ოდიში, რადგან სახელით ოდენ იყო დადიანი ლევან, და მოქმედი ყოვლისავე იყო ლიპარიტიანი. და იყო ოდიშს ჭირი გიორგი ლიპარიტიანისაგან კლვითა და ყიდვითა ტყვისათა და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდნენ ლაშქრად და აოხრებდნენ ქვეყანათა ავაზაკობით და ცხადად. ხოლო ალექსანდრე მეფემან ცხადად სცნა, რამეთუ არა ნებავს გიორგი მეფესა მოყვრობა მისი, განაცხადა მტერობა მისი და მოყვრობა ერეკლე მეფისა, მიუთხრა პაპუნა ერისთავსა არა შეხიზნვა გიორგი მეფისა. ესე არა უსმინა პაპუნა ერისთავმან.
ამისთვის შემოიკრიბა ალექსანდრემ იმერნი და შევიდა რაჭას, და მოერთვნენ იქ რაჭველნი და ლეჩხუმელნი გარდა ერისთავისა. მაშინ პაპუნამ განამაგრა ციხენი და ადგილნი და წავიდა ონს გიორგი მეფითურთ. და სპათა ალექსანდრესთა მოწვეს რაჭა და მოადგნენ ჯეჯორს; ვერ წინააღუდგნენ გიორგი მეფე და პაპუნა და შევიდნენ გლოლას; მივიდნენ სპანი ალექსანდრესნი და მოწვეს უწერა. იქიდან უკმოიქცნენ, კვლავ მოწვეს რაჭა ქრისტესა ჩქპზ (1687) და ჩამოვიდა იმერეთს ალექსანდრე მეფე. მაგრამ პაპუნამ დაიპყრა უმეტესად კვლავ რაჭა, რამეთუ ამოწყვიდა მტერნი თვისნი და იმყოფებოდა თვისად.
ამავ ჟამთა მოვიდა არჩილ მეფე რუსეთიდან მოწოდებითა ძმისა თვისისა გიორგისათა და მოიყვანა ძენი თვისნი, ალექსანდრე და მამუკა, და იგინი წარავლინა დვალეთს და თვით მოვიდა რაჭას, გაიხარეს ძმათა ხილვითა ურთიერთთა. შემდგომად ეზრახნენ იმერთა, რათა ჰყონ არჩილ მეფედ. კვლავ წარავლინა არჩილმა ყირიმის ხანისა თანა დავით თურქისტანისშვილი, რომელიც შეიპყრა შამხალმან და აწ ნებითა შამხალისათა მოვიდა ჩერქეზსა შინა არჩილ მეფისა თანა. ამას გაატანეს ძღვენი და არმაღანი დიდი და წარგზავნეს.
ხოლო იმერთა მისცეს პირი არჩილს; მოვიდნენ არჩილ და გიორგი მეფენი და რაჭის ერისთავი მათ თანა გველისთავსა ზედა. მიერთო მათ ლიპარიტიანი გიორგი, ჭილაძე-მიქელაძენი და ბეჟან ლორთქიფანიძე. ხოლო გიორგი აბაშიძემ და სვიმონ ქუთათელმან არა ინებეს, რამეთუ ესე სვიმონ იყო ძე სეხნია ჩხეიძისა და განდიდებული. მართალია იყო მღვდელთმთავარი, მაგრამ ტყვის მყიდველი, მეძავმემრუშე, კაცის მკლველი, ცრუ-ფიც, უწირავ-ულოცავი, როგორცა განდგომილი ივლიანე.
ამათ მიერ შემოიკრიბა ალექსანდრემ სპანი და წავიდა გველისთავს მეფეთა ზედა. მაშინ, ვინაიდან ერისთავსა შინაგანმცემნი მრავალნი ჰყავდა რაჭასა შინა, და ლიპარიტიანს ოდიშს, და ლეჩხუმელნი იყვნენ ალექსანდრეს კერძოდ და სპანიცა ალექსანდრესნი მრავლობდნენ, რამეთუ მათ არა შემოჰკრებოდათ ჯერეთ, ვეღარა წინააღუდგნენ ალექსანდრეს, არამედ წავიდნენ ოდიშს. ხოლო შემდგომად ეზრახა ლიპარიტიანს ალექსანდრე მეფე და მისცა თავობა ლეჩხუმისა და, ვინაიდან იყო ლიპარიტიანი უღვთო, ცრუ-ფიც, უპირო, ტყვის მყიდველ, მიერთო ალექსანდრეს.
ხოლო არჩილ მეფემან სცნა, რამეთუ მივიდა დავით შეწევნითა შამხალისათა ყირიმის ხანისა თანა და იგი აღძრულ იყო შეწევნად არჩილისად წინაშე ხონთქრისა. ამისთვის ინება არჩილ წასლვა ყირიმს და მივიდა აფხაზეთს, მოეგება შარვაშიძე, ისტუმრა პატივით, როგორცა მეფე, და იმყოფებოდა ზუფუს ჟამრაოდენმე. შემდეგ ვეღარა მშოვნელი გზისა უკმოიქცა და მოვიდა ოდიშს. მაგრამ ვინაიდან ზავ-ექმნათ ალექსანდრეს და ლიპარიტიანსა, ვეღარა დადგნენ ოდიშს და მოვიდნენ საჭილაო-სამიქელაოს არჩილ და გიორგი მეფენი და ეზრახნენ ალექსანდრეს, რათა მისცეს გზა წასლვისა. მიუგო ალექსანდრემ: „უკეთუ მომცე ფიცი არღარა მეცილო იმერეთსა, განგიტევებ და წადი რუსეთს; უკეთუ არა, არა გცე გზა“. მაშინ ვინაიდან აღარა იყო სხვა რაიმე ღონე, მისცა ფიცი არჩილ და წავიდა რაჭას. მერე მივიდა დიგორს და წაიყვანნა ძმისწულნი თვისნი ძენი ლევანისანი: ქაიხოსრო, ვახტანგ, დომენტი და იმყოფებოდა დიგორს.
ხოლო გიორგი მეფე წავიდა გურიას და გურიელმა მამიამ ისტუმრა პატივითა დიდითა. მაგრამ მთავართა იქაურთა უმეტეს და მეფეცა ნიჭვიდა მათ. ამისთვის აზრახეს მამიას: „ნებავს გურია გიორგი მეფესა თვისად“. და მამია ვინაიდან ყრმა იყო, ისმინა მათი, რომელნიმე შეიპყრა და სხვანი უპატიო ჰყვნა. ამისი მხილველი გიორგი მეფე წავიდა გონიას, მოეგება თადგირიძე აჰმადბეგ, რამეთუ იყო გამაჰმადიანებული და დიდითა პატივითა დაასადგურა და წარსაგებელითა თვისითა უმასპინძლებდა რამდენსამე ჟამსა.
ხოლო ამ ჟამებთა მოვიდა დავით სტამბოლიდან, რამეთუ ეღვაწა ფრიად ყირიმის ხანსა წინაშე ხონთქრისა. ამისთვის ხონთქარს წარმოევლინა ყაფუჩი თვისი და დავით მის თანა: „რათა ჰკითხონ იმერთა, რომელი ჰნებავთ არჩილ თუ ალექსანდრე“. დაუტევა ყაფუჩმან დავით ახალციხეს და თვით მოვიდა ალექსანდრე მეფისა თანა. სცნა ალექსანდრემ ესე-ვითარებანი და ინება მოკლვა ყაფუჩისა. იგრძნა ესე ყაფუჩმან და ივლტოდა ახალციხეს. ამ ჟამთა მოსულ იყო გიორგი მეფეცა ახალციხეს. ამან აღუთქვა ყაფუჩსა ერთგულება ხონთქრისა და მისლვა დედაწულითა თვისითა ახალციხეს და ქრთამი დიდი. მაშინ განუზრახა ყაფუჩმან, რათა მოსჭრან ბეჭედნი ყოველთა წარჩინებულთა იმერთანი და დასხან სვინტატიქოსის წიგნსა ზედა არჩილისათვის: „და მე წარვმართო ყოველნი საქმენი თქვენნი“.
ხოლო გიორგი მეფემან ჰყო ეგრეთ და წარავლინა ყაფუჩი; მოსცა ხონთქარმან ამითი იმერეთი არჩილს, წარმოუვლინა ხმალი და ხალათი და მოიღო მანვე ყაფუჩმან და ებრძანა აზრუმის ფაშისათვის, რათა ჰყოს არჩილ მეფედ. მაშინ აზრუმის ფაშამ წარმოავლინა ქეჰა თვისი სპითა დიდითა და მოვიდა ახალციხეს სალიმ ფაშისა თანა. შეიკრიბნენ ესენი და წამოიყვანეს გიორგი მეფე და დადგნენ მთასა ფერსათსა ზედა. ესე აცნობეს არჩილს დიგორს მყოფს, ჩამოვიდა რაჭას, მიეგება ერისთავი და სრულიად რაჭველნი და წამოვიდა იმერეთს. ხოლო ალექსანდრე, ვერღარა წინააღმდგომი, წავიდა ქართლს ერეკლე (ნაზარ ალი ხანი) მეფისა თანა და მან პატივით დაუსავანა. ხოლო ქეჰამ წამოატანა გიორგი მეფესა მუსალიმი სპითა დიდითა, ჩამოვიდნენ იმერეთს და მოვიდნენ ქუთათისს არჩილ მეფისა თანა, ჩაიცვა არჩილ ხალათი ხონთქარისა, და დაემორჩილნენ იმერნი ქრისტესა ჩქჟ (1690) გარდა გიორგი აბაშიძისა.
ივ. არჩილ მეფე, ა (1) წელს იმეფა
მაშინ გიორგი მეფემან აღთქმისათვის მისცა ძმისწული თვისი ვახტანგ ოსმალთა მძევლად. კვლავ მისცა ელენე ძმის ასული თვისი ფრიად კეკლუცი და დაწინდული ალექსანდრე მეფისა ქაიხოსრო იაშვილსა ცოლად და აქორწინა. და შემდგომად მცირედისა წავიდა თვითცა ახალციხეს და წაიყვანნა დედაწულნი თვისნი რაჭიდან სამცხეს.
ხოლო არჩილმა დაიპყრა იმერეთი. მაგრამ ზამთარსა ამას იხილა აბაშიძემ გიორგიმ, რამეთუ ვერ მწე ექმნება არჩილს ოსმალნი; ეზრახა გიორგი ლიპარიტიანს, მოიყვანა ალექსანდრე ქართლიდან. მაგრამ არჩილ მეფე არა დატოვეს პაპუნა ერისთავმან, სვიმონ ქუთათელმან, მიქელაძე გიორგიმ და ბეჟან ლორთქიფანიძემ შეიკრიბნენ და შეებრძოლნენ გოდოგანს ურთიერთს; იქმნა ბრძოლა ძლიერი, იძლია ალექსანდრე და ივლტოდა ქართლს.
ხოლო არჩილ მოიმტკიცა იმერეთი და მეფობდა მცდელობითურთ უკეთურებისა აღმოფხვრასა. მაგრამ ვინაიდან ძლიერ იყვნენ მთავარნი, ვერ შეუძლო. ხოლო ალექსანდრეს, წედისს ქართლს მდგომს, ესმა სპათა დასხმა გიორგი მეფისაგან, მსწრაფლ აიყარა და შევიდა გორის ციხესა შინა. ევედრა ერეკლე მეფესა, რათა მწე ეყოს. ესე ყოველი ნაზარ-ალიხანმა მიუთხრა ყეენსა, ხოლო ყაენმა დესპანით ხონთქარსა. და იქნა ყოველი, როგორცა აღვწერეთ და შემდგომად შეპყრობისა გიორგი მეფისა მცობმან არჩილ მეფემან შემოიკრიბა სპანი იმერთა და გარმოადგა ციხესა ქუთათისს, შეამჭირვა ფრიად, რამეთუ ჯღანთა ხარშავდნენ და სჭამდნენ შიმშილის გამო და ლამობდენ მოცემასა ციხისასა. მაგრამ ლიპარიტიანი სპითა თვისითა ერთ კერძო მდგომ იყო; ამან მას ჟამსა სთხოვა არჩილს ლეჩხუმი და მონა იქმნეს საუკუნოდ.
ესე ეწყინა არჩილს, თუმცა აღუთქვა მიცემა. იგრძნა ლიპარიტიანმა, რამეთუ არა ნებავს. ამისთვის გამოიყვანა ღამით ოსმალნი ციხიდან, მისცა ყოველნი საზრდელნი თვისნი და გაამაგრა ციხე, და თვით მასვე ღამესა ივლტოდა სპითა ოდიშს.
დილასა იხილა არჩილ მეფემან, ეწყინა ესე არჩილ მეფესა დიდ ფრიად და უმეტესისა განდგომილებისა ყოფისათვის მოეცალა ციხესა და შემოიფიცა კვლავ იმერნი. თუმცა იქმნა საგლოველი, რამეთუ გამოვიდნენ ციხიდან ოსმალნი და შემუსრეს ქუთათისის ეკლესია (ე.წ. ბაგრატის ტაძარი) ყოვლად წმიდისა, დიდ მშვენიერად გებული, ვინაიდან ავნებდნენ ციხესა იქიდან ფრიად. ქრისტესა ჩქჟა (1691).
ხოლო გიორგი მეფემან იავარ-ჰყო რუისს ცოლშვილი ალექსანდრე მეფისა და მიაბარა ძენი მისნი სვიმონ და გიორგი დავითს ქსნის ერისთავს, ნაშობნი დიდებულის ქალისაგან. ალექსანდრე მივიდა ახალციხეს. წამოვიდა ახალციხის ფაშა სპითა და ჩამოვიდნენ იმერეთს. განევლტვნენ არჩილს იმერნი და მიერთვნენ ალექსანდრეს. ხოლო არჩილს ვეღარა მოუსწრა ბარძიმ მდივანბეგმა სპითა ქართლისათა და ამით ვეღარა იკადრა ბრძოლა და წავიდა რაჭას, იქიდან მივიდა ქართლს. ხოლო ალექსანდრე დასვა ფაშამან მეფედ ქრისტესა ჩქჟა (1691).
იზ. მეფე ალექსანდრე დ, დ (4) წელს იმეფა
უკუნ-იქცა ფაშა და წავიდა ახალციხეს. მაშინ არჩილ სცნა, რამეთუ ვეღარ დაიპყრობს იმერეთსა, და კახთა თვით აღარა ინება მათი მეფობა, წავიდა დვალეთს, იქიდან რუსეთს მცირითა სპითა. მაგრამ შამხალმა მოიბირა ყილჩიყო ჩერქეზ-ბატონი ყაენის გამო, რათა შეიპყრას არჩილ და მისცეს ყაენსა, ხოლო ყაენმა აავსოს ორნივე ნიჭითა. მისული არჩილ ჩერქეზს ისტუმრა ყილჩიყომ პატივითა, მერე წარატანა ყოლაუზნი და წარგზავნა. მაგრამ არჩილს ენება ყილჩიყოსი თავისთან მოგზაურობა და ესე არა ინება ყილჩიყომ, რამეთუ ქონდა მანკიერება, შეკრებილი სპითა ეწია არჩილს და თვით ყილჩიყო არა გამოეცხადა. თუმცა სპანი მოვიდნენ და რადგან არარა შიში ქონდა გზისა არჩილს, შეუპყრეს ორთა კაცთა ხელნი არჩილს იმიერ და ამიერ და იწყეს სპათა არჩილისათა პყრობა ჩერქეზთა. მაშინ იხადეს მახვილნი, რომელნიც ქონდათ დაფარულად მონაზონთა აბაშიძე ნიკოლაოზ და შალიკაშვილმა, სცეს კაცთა მათ და გაათავისუფლეს მეფე; იხადა მშვილდ-კაპარჭი მეფემან და მოსრა მრავალნი. მოუხდა მეფესა ჩერქეზი, სცა ოროლი. მაგრამ დაიპყრა გრიგოლმან იკისამან და ვერ ავნო მეფესა. შემდგომად განვლო ბრძოლითა მეფემან რაზმი მათი და წავიდა ლტოლვით. მაგრამ გასივდა ცხენი მეფისა და ვერღა რა რბოდა.
კვლავ მოვიდნენ და მოერტყნენ მეფესა და ბრძოდა ძლიერად. მაშინ მოვიდა წარჩინებული ვინმე ლეკი და ხვეწნით ეტყოდა მეფესა: „რად მოიკლავ უებროსა თავსა, კმარ არის სიმხნე, რომელიც დღეს ჰყავ შენ; აწ დაიმდაბლე თავი და მოდი ჩემთან; ვფიცავ განგარიდო ყოვლისაგან“. ისმინა მეფემან და უთხრა. „არა მივენდო ჩერქეზთა. თუმცა მოვალ შენდა“. და მივიდა მისთანა და წაიყვანეს სახლსა ყილჩიყოსასა. ხოლო ცოლმა ყილჩიყოსამან მასვე ღამესა წარავლინა მეფე ბასიანს და სპანი არჩილისანი დიგორს. ამისი მსმენელი მოვიდა შამხალი, რათა წაიყვანოს მეფე. მაგრამ ვერღარა ეწია ყილჩიყო მიცემად, რამეთუ ბასიანელთა დედათა მოიხადეს საბურველნი თვისნი და ეტყოდნენ ქმართა თვისთა: „ან დაიბურენით ესე და ქუდნი თქვენნი ჩვენ, ან არა მივსცეთ არჩილ ყილჩიყოს“. ამისთვის გამოუტევეს მას ღამესავე არჩილ ყმითა თვისითა, ეგრეთვე დიგორელთა გამოუტევნეს ყოველნი პყრობილნი და წამოსულნი მოვიდნენ ქართლს და იმყოფებოდა არჩილ მეფე ქართლს.
ხოლო ალექსანდრე მეფობდა იმერეთს. მაშინ განუტევა დიდებულის ქალი, როგორცა ცოლად მყოფი, რომლისა თანა ესხნეს ძენი: სვიმონ და გიორგი უქორწინოდ და შეირთო გიორგი აბაშიძის ასული თამარ ი (10) წლისა. ამასვე ქორონიკონსა იქორწინა მის თანა.
გაძლიერდა ლიპარიტიანი გიორგი კლვითა და ტყვისა ყიდვითა, აღარა ინება ლევან დადიანი, გააძევა იგი და წავიდა ქართლს არჩილ მეფისა თანა. შემდგომად წავიდა სტამბოლს და მოკვდა იქ, და დაიპყრა ოდიში ლიპარიტიანმან და არა იწოდებოდა დადიანად, არამედ ლიპარტიანადვე და თავობდა ლეჩხუმსაცა კნინღა დაპყრობად. ხოლო ალექსანდრე თუმცა მეფობდა, მაგრამ არა ეგოდენ ნებასა შინა მისსა იყვნენ, რამეთუ ფრიად განდიდდნენ მთავარნი და ამან კვლავ იწყო მტერობა გიორგი მეფისა და მოყვრობა ერეკლე მეფისა. ამისთვის ენება კირთება ქართლისა. ხოლო მოვიდა რა ქალბალიხან, ეზრახა ნაზარ-ალიხან ალექსანდრე მეფესა, რათა ემტეროს გიორგი მეფესა. მაგრამ წარჩინებულნი იმერნი არა აუფლებდნენ ამას ყოფად ალექსანდრე მეფესა. თუმცა ალექსანდრე უცნობელად წარჩინებულთა მორჩილითა თვისითა სპითა მიუხდა და მოტყვევნა ალი და წამოვიდა.
ესმა რა არჩილს, ტაშისკარს მდგომს, წარმოუდგა. მაგრამ ალექსანდრე მოვიდა იმერეთს და სპათა არჩილისათა დააყრევინეს ტყვენი რამდენიმე იმერთა. შემდგომად ეზრახნენ არჩილ და გიორგი მეფენი წარჩინებულთა იმერთა, არა ჯერყოფასა ესე-ვითარებისასა, ვინაიდან არის ჟამი დიდი, რომელი აღარა ყოფილ არის ჩვენ შორის, და რათა შეანანოს ალექსანდრე მეფესა. რამეთუ იყო ესე ალექსანდრე მხნე, ახოვანი, ჰაეროვანი და უხვი, მაგრამ ხელად-მქცევი, ცუნდრუკი, უღმრთო, ტყვის მყიდველი. ამისთვის სძულობდა ცოლი თვისი თამარ და მიზეზ-უდგა განტევებად, აზრახა მამასა თვისსა, რათა მისცეს გიორგი მეფესა. ხოლო აბაშიძემ სიყვარულითა ასულისათა აღარა მიხედა უჯერობასა და აზრახა იმერთა, რამეთუ ზნითა წინთქმულითა სძულობდნენ ალექსანდრეს წარჩინებულნი, შეიკრიბნენ კათალიკოზი, ეპისკოპოსნი, ერისთავი პაპუნა და სრულიად წარჩინებულნი იმერეთისანი და მოადგნენ სკანდას მყოფსა ალექსანდრეს, შეიპყრეს და წარგზავნეს მღვიმეს, მერე სვერს. შემდგომად მისცეს გიორგი მეფესა, მიიყვანეს რუისს, მოახჩვეს და დაფლეს იქავე ეკლესიასა შინა ქრისტესა ჩქჟე (1695).
ივ. მეფე არჩილ, ა (1) წელს იმეფა
ჩამოიყვანეს არჩილ და დასვეს მეფედ ამასვე ქორონიკონსა მოვიდა გიორგი მეფე საჩხერეს და იყოფებოდნენ მეფენი ზოგად. მაშინ თამარ, ასული აბაშიძისა, ეზრახა გიორგი მეფესა, რათა შეირთოს და დაიპყრას მან იმერეთი. მაგრამ არა ჰყო სათნოთი არჩილისათი. მერე ეზრახა აბაშიძე არჩილ მეფესა შერთვად ასულისა მისისა და დაიმკვიდროს იმერეთი. მაგრამ არა ჰყო არჩილ ურჯულოებისათვის და ეტყოდა მოყვანასა ძისა თვისისა ალექსანდრესასა და შერთვასა მისსა, ხოლო შემდგომად გიორგი მეფის წასლვისა ისპაჰანს განიზრახა აბაშიძემ გიორგი, ლიპარიტიანისა თანა ნებითა ასულისა თვისისათა, და მოიპოვეს მონათესავედ წოდებული ვინმე მეფეთა გიორგი ოდიშს, მოიყვანეს და შერთეს თამარ ასული აბაშიძისა და უწოდეს მეფედ ქრისტესა ჩქჟვ (1696). ხოლო არჩილ წავიდა დვალეთს და იმყოფებოდა იქ.
იჱ. გიორგი ე (V), ბ (2) წელს იმეფა
ხოლო ესე გიორგი იყო უმგზავსო ყოვლითურთ და შეუგვანი მეფობისა, უზნეო, გამოუცდელი, გარდა გლეხთა მუშაკობისა, და იყო ხეიბარიცა. არამედ მართავდა აბაშიძე გიორგი და თაობდა ყოველთა იმერთა ზედა, მორჩილებდნენ დადიანი, გურიელი და წარჩინებულნი სრულიად. ხოლო შემდგომად წლისა ერთისა უშვერებისა მისისათვის შემძულე იქმნა ქმრისა თვისისა თამარ და ინება განტევება მისი. მაშინ არჩილ მეფე მოსრულ იყო ერწოს წარყვანებად ძმისწულისა თვისისა ვახტანგისათვის დედაწულით, რომელი მყოფობდა სახლსა შინა აბაშიძისასა, რათა წარვიდეს რუსეთს. კვლავ მიუთხრა აბაშიძემ არჩილს, რათა შეირთოს ასული მისი თამარ განზრახვითა თამარისათი და იქმნეს მეფედ მარადის. არამედ არა ჰყო არჩილ და წარიყვანა ვახტანგ დედაწულით და წარვიდა დვალეთს და იყოფოდა ზრამაგას ზამთარსა მას, მომლოდნე სპათა რუსთასა, მერმე შეითქვნენ აბაშიძისა თანა ყოველნი იმერნი და რაჭის ერისთავი შოშიტა, რამეთუ პაპუნა მომკვდარ იყო, და განაძეს გიორგი მეფედ წოდებული, რომელსა გოჩიად სახელს სდებდენ კიცხევით და მოუწოდეს არჩილს. მან არა ინება ვინაითგან უწყოდა მცირეს ჟამის მეფობად, რამეთუ არღარა იყო პირმტკიცობა. არამედ განრყვნილნი, ფიცის მტეხელნი, ტყვის-მყიდველნი, მხდომნი, მკრეხელნი, უკეთურნი, არათუ წარჩინებულნი, გარნა მდაბიურნიცა, მოქმედნი ამისნი ყოველთა, რომელთა ვსწერთ. არამედ მაიძულებელთა თვისთაგანვე წარმოვიდა არჩილ, მიეგებნენ სრულიად რაჭველნი, ჩამოვიდა და დაიპყრა იმერეთი ქრისტესა ჩქჟჱ (1698).
მეფე არჩილ, ვ (6) თვე იმეფა
ამისმა მცნობმა სალიმ ახალციხის ფაშამან აუწყა ხონთქარსა. ხოლო ხონთქარმან უბრძანა გაძევება არჩილისა. ამისთვის სთხოვა ერეკლე მეფესა ფაშამ ძე ალექსანდრესი სვიმონ, რამეთუ იგი ზრდიდა მას პატივით, რათა ჰყოს მეფედ იმერთა. მოსცა ერეკლე მეფემან, მერე ჩამოიყვანა სალიმ-ფაშამ იმერეთს. არჩილ ვეღარ წინააღუდგა, ვინაიდან იმერნი მიერთვნენ ფაშასა და სვიმონს და წავიდა მასვე შემოდგომას რაჭას და დაუტევა ვახტანგ ძმისწული თვისი იქ, რამეთუ კავკასი თოვლით შეკრულ იყო და დედაწულით ვეღარ ვიდოდა, თვით არჩილ შევლო ლიახვი, გადავიდა თაგაურს, დაჰყო ზამთარი იგი იქ და გაზაფხულს წავიდა რუსეთს სპითა რუსთ ხელმწიფესა თანა.
მეფე სვიმონ, წელნახევარს იმეფა
ხოლო სვიმონმა დაიპყრა იმერეთი და წავიდა ფაშა ახალციხეს. შემდგომად შეეზრახა აბაშიძე სვიმონ მეფესა, წაგვარა ნასყიდა იაშვილს ცოლად მოთხოვილი ასული თვისი ანიკა და შერთო სვიმონ მეფესა და აქორწინა.
ამავ ჟამებთა მოკვდა ცოლი აბაშიძისა პირველი, განუტევა მეორე ცოლიცა და შეირთო ქვრივი პაპუნა ერისთავისა, ასული ბეჟან ლორთქიფანიძისა და დედა შოშიტა ერისთავისა, და მოიმტკიცა ამით იმერეთი უმეტესად. მაგრამ ასულსა მისსა თამარს მსახურებდნენ იმერნი, ერმორჩილებოდნენ და მარადის იყვნენ წინაშე მისსა. ამას ეწყინა სვიმონისა და დისა თვისისა მფლობელობა, ვინაიდან თვით აღარა ექმნებოდა იგინი და გადაემტერა მათ. ესე იხილა რა სვიმონ მეფემან, შეშინდა და ივლტოდა ქართლსა. ხოლო იმერეთს თაობდა აბაშიძე და დედოფლობდა ასული მისი, და მორჩილებდნენ სრულიად ყოველნი. მაშინ მომკვდარ იყო კათალიკოზი ევდემონ და შეწევნითა აბაშიძისათა დასვეს კათალიკოზად ბეჟან ლორთქიფანიძის ძე გრიგოლი.
ამ ჟამებთა არა ემორჩილებოდნენ რომელნიმე ლეჩხუმელნი ლიპარიტიანსა და ეკირთებოდნენ ოკრიბასაცა. ესე აუწყა ლიპარიტიანმან აბაშიძეს და ვინაიდან იყვნენ მეგობარნი მტკიცენი, შეკრიბა აბაშიძემ იმერნი, გათხარეს მთა რაჭა-ლეჩხუმისა თოვლიანი და შევიდნენ ლეჩხუმს, ურჩნი მოწვეს, მოტყვევნეს და დაუმორჩილა ლიპარიტიანსა. მერე უკმოიქცა და მოვიდა იმერეთს.
ხოლო ასულმა აბაშიძისამან ინება შერთვა ლიპარიტიანისა და სურდა ესე ლიპარიტიანსაცა, რათა განუტეოს ცოლი თვისი, რომლისა თანა ესხნენ ძენი შვიდნი მოწიფულნი, და ამისთვის წავიდაცა თამარ ოდიშს, ისტუმრა მიქელაძე გიორგიმ, რამეთუ აბაშიძე იყო დისწული მიქელაძისა, და გამოიკითხა სადა-მიმავალობა თამარისა. ხოლო სცნა რა, ეტყოდა თამარს: „რად წახვალ ოდიშს. ვინაიდან ხარ ასული ჩვენი, მოიყვანე ლიპარიტიანი და მე გიქმნა ქორწილი ჯეროვანი“. ირწმუნა თამარ და მოუწოდა ლიპარიტიანსა. და იგი მოვიდა მცირითა კაცითა. მაშინ ეტყოდა მიქელაძე: „განდიდდი ეგოდენ ჩიქოვანი, რამეთუ უტევებ დასა ჩემსა, აწვე მოგაკვდინო, უკეთუ არა სცხო მირონი თამარს“. შეშინდა ლიპარიტიანი, სცხო მირონი თამარს. შემდგომად უმასპინძლა, უძღვნა და განუტევა. მაგრამ შემდგომად მცირედისა წავიდა თამარ და შეირთო ლიპარიტიანი და განატევებინა ცოლი პირველი. ამიერიდან უძახდნენ თამარს ოდიშისა და იმერეთის დედოფლად.
შემდგომად განდგნენ რაჭველნი აბაშიძისაგან, შეიკრიბა სპანი იმერეთისა აბაშიძემ, შეუხდა რაჭას, მოსწვა, მოსტყვევნა, დაიმორჩილა და მოვიდა იმერეთს. ხოლო გურიელმა მამიამ განიზრახა მეფობა კვლად სვიმონ მეფისა და ეზრახა ფაშას, რათა მოსცეს სვიმონ და ამან მეფედ ჰყოს იგი. ვინაიდან სანდო იყო ფაშისა გურიელი, მოითხოვა კვლავ სვიმონ ნაზარ-ალიხანისაგან, მოიყვანა და მისცა გურიელსა. მაშინ გურიელმან განატევებინა ასული აბაშიძისა ანიკა სვიმონს და შერთო და თვისი ცოლად და აქორწინა. ესე ეწყინა აბაშიძეს, მოუწოდა ლიპარიტიანსა და შეკრიბნენ საჭილაოს სპითა და ეზრახნენ გურიელსა, რათა მოჰკლას სვიმონ მეფე, და ჰყონ გურიელი მეფედ. ხოლო გურიელმა არა ინება და ნება სცა ამათ. მაშინ წარავლინეს ამათ კაცნი და ცოლისა თვისისა თანა მწოლი სვიმონ; ოდეს გავიდოდა ბუნებასა საჭიროსა ადგილსა, ჰკრეს თოფი და მოკვდა სვიმონ მეფე ქრისტესა ჩღა (1701).
კდ. მამია გურიელი, ა (1) წელს იმეფა
მაშინვე მოიყვანეს მამია გურიელი და დასვეს მეფედ იმერთა. ესმა რა ესე ერეკლე მეფესა, ეწყინა და მოვიდა დაღალულას სპითა ქართველ-კახითა მრისხანედ აბაშიძესა ზედა, რათა შეანანოს და მიუღოს ხეფინის ცევიცა, და წარუვლინა ამისთვის კაცი. ხოლო აბაშიძეს, უკუნმთქმელსა ამისსა, ეტყოდა კაცი იგი: „არა ჯერ არის შენდა ეგე-ვითარნი, რამეთუ გარდა სხვისა დიდებისა უძღვის იბ (12) ჯინიბნი“. მიუგო აბაშიძემ: „არა ძალ-უცს იბ (12) ზედა აღჯდომა მას ერთბამად. ხოლო მე მხოლოსა ჩემსა ცხენსა ვსასოებ, უკეთუ მძლიოს, ვერ მეწიოს, და უკეთუ ვსძლიო, ვერ განმერიდეს“. მაგრამ ვაზირთა ერეკლესთა ეზრახოდა აბაშიძე, მათ მიერ უკუნიქცა ერეკლე მეფე, ვეღარა ჩამოვიდა იმერეთს. ხოლო გურიელი მამია თუმცა იყო მეფედ, მაგრამ დასახარჯავითა თვისითა, რამეთუ ჰყიდდა ტყვეთა გურიელთა და აძლევდა იმერთა. ვინაიდან სამეფონი დაბანი, აგარანი და შემოსავალნი ეპყრა აბაშიძეს და ასულსა მისსა თამარს და მოახლედ მათდა იყვნენ წარჩინებულთა და აზნაურთა ძენი და თვით იგინიცა, ამისთვის წავიდა გურიელი გურიასავე.
კე. გიორგი ვ (VI) აბაშიძე, ე (5) წელს იმეფა
ხოლო მთავრობდა აბაშიძე და განეგებოდა მის მიერ ყოველი იმერეთი. ზამთარსა ამას ევედრა ლიპარიტიანი აბაშიძეს, რათა შეეწიოს აფხაზთა ზედა, რამეთუ დაეპყროთ აფხაზთა ეგრისის მდინარემდე და აოხრებდნენ ოდიშს კლვითა და ტყვეობითა. უსმინა აბაშიძემ, შემოიკრიბა სპანი იმერთა, წავიდა და ჩავიდა აფხაზეთს. ვერ წინააღუდგა შარვაშიძე, მოტყვევნეს აფხაზეთი, აიღო ალაფი დიდი, დააზავა ლიპარიტიანი და შარვაშიძე, გამოართვა ქვეყანა მიღებული და მძევალნი, მერე წამოვიდა და მოვიდა იმერეთსავე.
ხოლო სიკვდილისა შემდგომად სვიმონ მეფისა მოიყვანა ისაყ ახალციხის ფაშამ გიორგი, ძმა სვიმონ მეფისა, ერეკლე მეფიდან და იზრდებოდა ახალციხეს; და როცა განდიდდა აბაშიძე და აღარა ეგოდენ მორჩილებდა ფაშასა და არცაღა ქონდა ქრთამნი ეგოდენი იმერეთისაგან, დამართა წინაშე ხონთქრისა. განრისხდა ხონთქარი მუსტაფა და წარმოავლინა აზრუმის ფაშა სპითა დიდითა ზღვიდან და ხმელეთიდან, რათა დაჰყონ წელი შვიდი იმერეთს და მოაოხრონ სრულიად ციხეებითურთ. წარმოემართა აზრუმის ფაშა კერძოთა გურიისათა. ხოლო ქეჰა თვისი წარმოავლინა სპითა ახალციხეს, რათა შემოიკრიბოს სპანი სამცხისანი და ჩავიდეს იმერეთს.
ამისმან მცნობელმან აბაშიძემ შემოიფიცა სრულიად იმერნი, გურიელ-დადიანითურთ და დახიზნა იმერეთი. მერე შემოიკრიბა სპანი და შეკრა გზანი. მაშინ ფაშამ გამოვლო ჭოროხი ნავის ხიდითა და დადგა გურიას. ხოლო ქეჰა და ახალციხის ფაშა მოადგნენ კაკას ხიდს. ვერ დაუდგეს იმერთა დიდროვანთა თოფთა ცემის გამო, გამოვლეს ოსმალთა, ჩამოვიდნენ და დადგნენ ბაღდადს. კვლავ გამოვიდნენ ზღვით ოდიშს ოსმალთა სპანი. მაგრამ ვერარა სცნა სარასკარმან სპათა თვისთა, ვერცა რა ქეჰამ სარასკარისა, ვინაიდან იყვნენ გზანი ყოვლმხრით შეკრულნი. მერე უარჰყო ფიცი აბაშიძისა გურიელმან და მივიდა წინაშე სარასქარისა და მიქელაძესა გიორგის, ვინაიდან მტერობდა ლიპარიტიანი წინათქმულთათვის, იგიცა მივიდა მიმდგომითა თვისითა წინაშე ქეჰასა. ამან მიქელაძემ ჰყო ყოლაუზობა და აცნობა ამბავი სარასკარსა ქეჰასი. მაშინ წარმოემართა სარასკარი იმერეთსა ზედა და ქეჰას უბრძანა მისლვა არგვეთს. შემოვიდნენ და მოსწვეს არგვეთი ოსმალთა და მოადგნენ ჭალატყის კოშკებთა, რომელიც განემაგრა აბაშიძეს თხრილებითა. განმაგრდნენ მეციხოვნენი და მოსრვიდნენ მრავალთა ოსმალთა.
შემდგომად მოუხდა ისაყ ახალციხის ფაშა სპათა შემოტევებით, აიღო თხრილი და მიუდგინნა ქვეშე მთხრელნი და წამოვიდა თვით. ხოლო შემდგომად შეთხრისა მისცეს ცეცხლი და გადმოაბრუნეს სამნივე იგი კოშკნი ძირითურთ და დაირღვნენ. ეჰა უცხო, რამეთუ მორჩა კაცი ერთი უვნებელად და განუტევეს ოსმალთაცა. ხოლო ოდიშს შემუსრეს ციხე რუხი და დაადგინეს მცველნი თვისნი და მოსტყვევნეს მრავალი დაბები და ააშენეს ანაკრიას ციხე.
მაგრამ შეიწყალა ღმერთმან კვლავ ქვეყანა ესე, მოკვდა სულტანი მუსტაფა და დაჯდა სულტან აჰმად და იქმნა შფოთი დიდი სტამბოლს. ამისთვის მოუწერეს სარასკარსა, რათა უკუნ-იქცეს. მაშინ სარასკარმან უბრძანა ქეჰას, რათა დაეზავოს აბაშიძეს და უკუნიქცეს. ამისთვის ქეჰამ იჩემა ნათესავობა აბაშიძისა და ეგრეთვე აბაშიძემ და მიუთხრა ქეჰამ შემუსრვა შორაპანისა და ნახვა ქეჰასი და მისცეს ძღვენი სარასკარსა და მან აღუსრულოს ყოველი წადილი აბაშიძეს. ხოლო აბაშიძემ აღუთქვა ყოველი და ნახვა ქეჰასი, უკეთუ მომატანოთ სპანი ჩემნი. ამისი ნება სცა ქეჰამ და ამოარჩია იმერთა, რაჭველთა და ლეჩხუმელთა აბაშიძემ ფ (500) მხედარნი შეჭურვილნი და თავ-ჰყო მათდა ქაიხოსრო იაშვილი, მიიტანა და მივიდა ქეჰასსა. მაშინ ნახევარნი შეუძღვნენ და ნახევარნი უკანა ჰყვებოდნენ აბაშიძეს. იხილა ქეჰამ, პატივ-სცა, ჰყვეს პირი, რომელიცა აღუთქვა, მერე ანიჭა ქეჰამ და წარმოვიდა. ამისთვის შემუსრა აბაშიძემ შორაპანი და მისცა მძევალი და ქრთამი. აშვილა ქეჰამ გიორგი, ძე ალექსანდრე მეფისა, აბაშიძეს და ჰყო მოურნედ მისსა და დაუტევა მეფედ გიორგი და თვით უკუნ-იქცა და წავიდა. ხოლო იმერთა ბრძანებითა აბაშიძისათა შეჰკრეს მთა ფერსათი და მოსრვიდენ მრავალთა ოსმალთა. კვლავ ეწივნენ იმერნი, მოკლეს კოლის ფაშა და დაკოდეს ხელსა შინა ისაყ ახალციხის ფაშა, აოტეს ოსმალნი და აიღეს ალაფი ურიცხვი, ცხენნი, ჯორნი და აქლემნი კიდებულნი და მოვიდნენ წინაშე აბაშიძისა. ხოლო სარასკარმან განვლო გურია და წავიდა. ეგრეთვე ოდიშიდანცა წავიდნენ ოსმალნი და დაიპყრა აბაშიძემ კვლავ მთავრობა ქრისტესა ჩღგ (1703)
ხოლო გიორგი, ძე ალექსანდრე მეფისა, რომელიც დაუტევეს მეფედ, შეშინდა აბაშიძისაგან და შევიდა ქუთათისს ციხესა შინა. მაგრამ მიქელაძე გიორგი ერთგულებდა მას და ჰყავდა ასული გიორგი მეფისა, ასულის წული თვისი, რამეთუ, ოდეს წავიდა ისპაჰანს, დაუტევა მის თანა. ამან განუზრახა გიორგის, ქუთათისს მყოფსა: „რამეთუ მოიკლა მამაცა შენი მტერობითა გიორგი მეფისათა და აწ არის მპყრობელი ქართლისა და ძლიერი; მე მოგცე ასული მისი, შეირთე იგი და მწეობითა მისითა დაიპყარ იმერეთი“. ეს მოეწონა გიორგის, მოიყვანა სახლსა თვისსა და აქორწინა როდამის თანა და იყო ქუთათისსვე მწირად ფრიად. მაგრამ შემდგომად ამისა უვლინებდა ვახტანგ განმგებელი ქართლისა საფასესა მრავალსა. თუმცა აბაშიძე უმეტეს განდიდდა და გამდიდრდა, რამეთუ დადიან-გურიელი მოწოდებითა მისითა მის წინაშე იყვნენ მარადის.
ამ ჟამებთა მოიხსენა თამარ ასულმან აბაშიძისამან შური გიორგი მიქელაძისა და ნება მისცა აბაშიძემანცა, ვინაიდან მისცა ასული გიორგი მეფისა გიორგის, ძესა ალექსანდრე მეფისასა; გამოაძევეს მიქელაძე მამულისაგან და დაიპყრა საჭილაო-სამიქელაო ლიპარიტიანმა. ხოლო მიქელაძე წავიდა ქართლს. შემდგომად განევლტო ლიპარიტიანსა ძმა თვისი იესე, რომელსაც ეპყრა ლეჩხუმი ნებითამე ლიპარიტიანისათა, და მივიდა წინაშე გიორგისა ქუთათისს, რამეთუ ამას იესეს ცოლად ჰყავდა მარიამ, მამიდა გიორგისა, ასული ბაგრატ მეფისა. ამისთვის შეშინდა ლიპარიტიანი, მოვიდა ლეჩხუმს, გამოასხა სანდონი იესესნი და დაადგინა თვისნი და მისცა ძესა თვისსა ბეჟანს ლეჩხუმი და უხუცესსა კაციას დადიანობა და შედეგსა გაბრიელს მონაზონსა ჭყონდიდლობა და თვით ლიპარტიანობდა კვლავ და იყვნენ მორჩილებასა შინა მისსა ძენი მისნი.
რადგან პირველითვე წაერთვათ ესოდენთა ბოროტებათა შინა მთავართა კერძონი თვისნი აზნაურნი, დაბანი და ციხენი: ერისთავს რაჭა, გლოლა ჯაფარიძითურთ, იაშვილს კვარა, წულუკიძეს ხოტევი, აბაშიძეს სვერი. სვერი მისცა პაატა აბაშიძეს შანაოზ მეფემან, ლიპარიტიანს ლეჩხუმი და საჭილაო-სამიქელაო, გურიელს საჯავახო და ჩიჯავაძენი მარადის იყვნენ წინაშე მისსა.
რადგან პირველითვე წაერთვათ ესოდენთა ბოროტებათა შინა მთავართა კერძონი თვისნი აზნაურნი, დაბანი და ციხენი: ერისთავს რაჭა, გლოლა ჯაფარიძითურთ, იაშვილს კვარა, წულუკიძეს ხოტევი, აბაშიძეს სვერი. სვერი მისცა პაატა აბაშიძეს შანაოზ მეფემან, ლიპარიტიანს ლეჩხუმი და საჭილაო-სამიქელაო, გურიელს საჯავახო და ჩიჯავაძენი მარადის იყვნენ წინაშე მისსა.
დაამშვიდა აბაშიძემ იმერეთი ხდომა-ოხრებათაგან ფრიად, რამეთუ ვერავინ იკადრებდა პარვად რისამედ, ვერცაღავინ იკადრებდა გაყიდვად ტყვისა, გარდა მისსა. მაგრამ ოდიშს და გურიას იყიდებოდა ტყვენი ფრიად და უმეტეს ოდიშს ლიპარიტიანისაგან. ამ ჟამებთა ეზრახა ვახტანგ, განმგებელი ქართლისა, აბაშიძეს მძახლობასა და სთხოვა ძე მისი ლევან ქართლს, რათა მისცეს სააბაშიო ქართლისა. და ასული თვისი და იყოს სიმტკიცე მათ შორის. ესე განიხარა აბაშიძემ, მაგრამ მიუთხრეს კაცთა მზაკვართა, უკეთუ წარუვლინოს ძე, მან წარგზავნოს წინაშე ყაენისა. ესე ირწმუნა აბაშიძემ, ვინაიდან ჰყავდა გიორგის ასული გიორგი მეფისა და სწერდა ვახტანგს მწეობასა მისსა და აღარა იქმნა მათ შორის მძახლობა. ამისთვის დაუტევა ვახტანგ აბაშიძე და იწყო მწყობა გიორგისა, გარდააბირა კათალიკოზი და გენათელი და ერისთავი შოშიტა, რამეთუ შოშიტას ესვა ცოლად ასულის წული აბაშიძისა ალექსანდრე მეფის ასული, და იყო ქალი იგი ხელ და სულელ და სძულობდა ერისთავი და ენება განტევება მისი, არამედ არა ძალ-ედვა აბაშიძის გამო. ხოლო იხილა რა მიზეზი ესე, შეითქვნენ ამათ მიერ, რომელნიც ვახსენეთ და გამოიყვანეს გიორგი ქუთათისიდან და უწოდეს მეფედ ქრისტესა ჩღზ (1707).
კ. მეფე გიორგი ზ (VII), დ (4) წელს იმეფა
ხოლო დაჯდა გიორგი მეფედ, ძე ალექსანდრე მეფისა; მიუვლინა აბაშიძეს, რათა დაუტევოს სამეფო ყოველი და დაიპყრას მამული თვისი. მაშინ აბაშიძემ წარუვლინა კათალიკოზი და გენათელი, რათა ჰყონ ზავი და მშვიდობა. მაგრამ კათალიკოზისა და გენათელის განზრახვითა აღარა გამოუშვა მეფემან იგინი, რამეთუ ეტყოდნენ: „უკეთუ არა განგვიტეოთ მოგერთნენ ყოველნი იმერნი“, მაშინ დაუტევებდნენ აბაშიძეს და მიერთოდენ გიორგი მეფესა. ამისთვის ეზრახა აბაშიძე ლიპარტიანსა, მოვიდა ლიპარტიანი სპითა შეკრებილი და დადგა ვაკესა შინა. ხოლო ქუთათისს იყო მეფე რაჭის ერისთვით და იმერლით. წარავლინა მარბიელნი, რაჭველნი და იმერელნი რაოდენნიმე მათ თანა და შეესივნენ დაბებთა ვაკისათა. მცნობელმან აბაშიძემ, უბრძანა სპათა თვისთა, მოეტევნენ, მოსრეს და შეიპყრნეს უმრავლესნი რაჭველნი, ტყუე-ჰყვნეს და დაყიდნეს სრულიად. მაშინ ერისთავი წავიდა სპათა განმრავლებისათვის. ამ ჟამებთა მოკვდა ცოლი ლიპარტიანისა და ასული აბაშიძისა თამარ სენითა ბოროტითა. მაშინ მოიხსენეს შური მამისა თვისისა ძეთა ლიპარტიანისათა განტევებისათვის დედისა მათისა, დაუტევეს მამა და მოერთნენ გიორგი მეფესა. ეგრეთვე ძმისწულნი აბაშიძისანი, რამეთუ ვახუშტის მისცა ასული თვისი გამგებელმან ქართლისამან ვახტანგ და უკუბირნა ბიძასა, დაუტევეს და მოერთნენ მეფესა ზურაბ, სვიმონ და ვახუშტი.
თუმცა ჰყვეს მეფედ გიორგი, მაგრამ ვერ გამოვიდა ქუთათისიდან ამ ჟამამდე. ხოლო აწ გამოვიდა და რომელნიც არა მიერთოდნენ იმერნი, ტყვენვიდნენ და ეკირთებოდნენ მამულთა მათთა და წინააღუდგებოდნენ აბაშიძისანი და იყო ხდომა მარადის. შემდგომად მოადგა მეფე კახსა რომელიც ეპყრა აბაშიძეს ციხე. მაშინ ლიპარტიანი, მხილველი ამისი, მივიდა რაჭას ერისთავისა თანა ძაძოსანი, რათა შეეწიოს აბაშიძეს, ეტყოდა: „ძე ხარ მისი და არა ჯერ არს განწირვად შენგან მისი“. უსმინა ერისთავმან, შეიკრიბნენ ორნივე სპითა თვისითა, მოვიდნენ და დადგნენ ფარცხანაყანევს; აქეთ აბაშიძე შეკრებილი სპითა წავიდა მათ თანა, რათა შეოკრობნენ და მოვიდნენ მეფესა ზედა.
ამისთა მცნობთა განაზრახეს მეფე, რათა არა შეიკრიბონ იგინი. მაგრამ მსწრაფლად ვლეს ღამე იგი და დილასა დაესხნენ ლიპარტიანსა და ერისთავსა და იქმნაცა ბრძოლა ფიცხელი, სძლეს მეფისათა და ივლტოდნენ მეგრელნი. მოსრვიდენ და შეიპყრობდნენ, ქრისტესა ჩღთ (1709). აიღეს ალაფი მათი და პყრობილნი დაჰყიდეს ვერცხლთა ზედა. ამის მცნობი აბაშიძე უკმოიქცა და მოვიდა სვერს ციხესა შინა. ხოლო მეფე მოადგა კაცხსავე, მცირესა ხანსა შინა მოსცა პაატამ, ძემან აბაშიძისამან, ციხე. მაგრამ უტეხა პირი, გაყიდა ხიზანნი და დაიპყრა ციხე თავისად. მერე მოადგა აბაშიძეს, სვერს მყოფს; მაგრამ, ვინაიდან მტკიცე არის სვერი, ვერარა ავნო და მოეცალა. შემდგომად შემოიკრიბა იმერნი და წავიდა მეფე რაჭას, ან დაიპყრას, ან დაიმორჩილოს; გადავლო ნაჯიხურევი და დადგა შაორს. მაგრამ წულუკიძე, იაშვილი და ჯაფარიძენი იყვნენ ერისთავისა თანა, ვინაიდან იყო გიორგი წულუკიძე სიძე ერისთავისა. მაშინ ღამით შემოეპარნენ რაჭველნი და მოკლეს ჩხეიძე სალთხუცესი; ეწყინა მეფესა და წავიდა ხოტევსა ზედა. მაგრამ, სცნეს რა სიმტკიცე ხოტევისა, უკმოიქცა მეფე და მოვიდა იმერეთს. ამისა შემდგომად მოადგა მეფე ნავარძეთს ციხესა აბაშიძისასა. ამ ჟამთა განუტევა ერისთავმან შოშიტამ ცოლი და შეირთო ჩიქოვანის იესეს ცოლი მარიამ, მამიდა გიორგი მეფისა, და და განუტევა.
ხოლო მოდგომილს ნავარძეთს მეფეს აზრახეს ძეთა ლიპარიტიანისათა კაცია და ბეჟან, რათა ულაშქროს მეფემ და გადააგდონ მამა მათი და დაიპყრან მათ ოდიში. უსმინათ მეფემ, მოუდგინა ნავარძეთს ქველი წერეთელი და თვით წავიდა ოდიშს; ვერ წინააღუდგა ლიპარიტიანი, არამედ ივლტოდა აფხაზეთს. ხოლო ამათ დაიპყრეს ოდიში და მიჰყვნენ აფხაზეთს, იქ წინააღუდგა შარვაშიძე, ზავჰყვნეს მის თანა, უქმოიქცნენ ოდიშსვე და დასვეს კაცია დადიანად. მერე მოვიდა მეფე იმერეთს. ხოლო ქველმან აიღო ნავარძეთი და წარგზავნა მეფემან ზარბაზნები მისი კაცხს. მეფის ოდიშს ყოფასა შინა მოუხდა ერისთავი ჭალა-ტყეს, რეცა მწე-ყოფისათვის აბაშიძისად, მოტყვევნა სრულიად და წავიდა რაჭასვე. მაშინ, ვინაიდან გურიელი არა მწე-ეყოფოდა მეფეს აბაშიძის გამო, ამისთვის შეკრებილი მეფე წავიდა მის ზედა. მისულს ვერ წინააღუდგა გურიელი გარდა სიმაგრეთა შინა და მოტყვევნეს გურია. მაგრამ აოტეს ბეჟან ლეჩხუმელით საჯავახოსა შინა და მოკვდა კაცია დადიანიც, ძმა ბეჟანისა, ოდიშს ხუნაგითა.
ამისთვის უკმოიქცა მეფე და მოვიდა იმერეთს. მაშინ მოვიდა ლიპარიტიანი და დაიპყრა მანვე ოდიში. ეზრახა გურიელსა და შეირთო ასული გურიელისა თამარ ცოლად. ხოლო აბაშიძეს, სვერს ციხეს მყოფს, მოუვლინა ვახტანგ ქართლის გამგემ კაცნი და ცხენნი და ყოველნი სახმარნი, წავიდა და იმყოფებოდა ქართლს, რამეთუ ვახუშტი წინათვე წაიყვანა და მისცა ყოველნი, რომელიცა აღუთქვა აბაშიძეს. ხოლო შემდგომად ამისა დაიზავა მეფემან ლიპარიტიანი. შემოიკრიბა სპანი იმერთანი ლიპარიტიანითურთ, შევიდა რაჭას, მოწვა, მოტყვევნა სხოვადმდე ქრისტესა ჩღია (1711). მაგრამ ლიპარიტიანი იქმნა შინაგანმცემელ. ამისთვის უკმოიქცა მეფე და ჩამოვიდა იმერეთს, მაგრამ ვინაიდან იყო გიორგი მეფე ცუნდრუკი, მომხვეჭელი, ანგარი, ვერცხლისმოყვარე, შეიზრახნენ გურიელისა თანა ლიპარიტიანი, ერისთავი, და ბეჟან ლეჩხუმის ბატონიცა მოვიდა მამისა თანა. ამას მიჰყვა ზურაბ აბაშიძე, მოიყვანეს და ყვეს მეფედ გურიელი ქრისტესა, ჩღია (1711).
მამია გურიელი, ა (1) წელს იმეფა
ხოლო გიორგი მეფე ვერ წინააღმდგომი წავიდა ქართლს, ისტუმრა ვახტანგმა გორს და პატივ-სცა. იყო აბაშიძეცა იქ მის თანა და გურიელმა დაიპყრა იმერეთი. განუტევა ცოლი თვისი, ასული აბაშიძისა, ელენე. მოიყვანა ერისთავის და თამარ (რომელსა განეტევებინა ქმარი პირველი ფხეიძე პაპუნა), შეირთო იგი და იქორწინა და გურიას დასვა ძე თვისი გიორგი გურიელად.
ხოლო გიორგი მეფემან გორს მოითხოვა ვახტანგისაგან აბაშიძე, რათა მისცეს მესისხლე თვისი. მაშინ ვახტანგ ზავ-ჰყო მათ შორის, გამოართვა აბაშიძეს მძევალნი, ძე და ასული, და აბაშიძე წარმოავლინა იმერეთს და მოვიდა გურიელისა თანა. მერე წარმოუვლინაცა მძევალნი, ძე და ასული, აბაშიძეს ვახტანგ.
ხოლო გიორგი მეფე წავიდა სამცხეს, შეიწყნარა ისაყ ფაშამ და აღუთქვა მწე-ყოფა, და ეზრახა ახალციხიდან ლეჩხუმის ბატონს ბეჟანს, რამეთუ ზურაბ აბაშიძე განლტოლვილი იყო გურიელისაგან და მოვიდა მეფისა თანა. ვინაიდან ეტყოდნენ ზურაბს, რათა განეყოს ბიძასა თვისსა. მაგრამ ზურაბს წილნი თვისი სრულიად გაეყიდა ტყვედ. ესე ეწყინა და წავიდა.
ხოლო ზაფხულს წავიდა მეფე ახალციხიდან ზურაბით, გამოვლეს ღამით არგვეთი, არავის რა ავნეს და მივიდნენ ლეჩხუმს, იქ შემოიკრიბა ბეჟან ლეჩხუმლით და წამოვიდნენ არგვეთსა ზედა. მცნობი ქუთათისს მყოფი გურიელი წამოვიდა არგვეთს აბაშიძით, ერისთვით, იმერლით და გურიელით, რათა არა წაართვან არგვეთი და მოვიდნენ ჩხარს. გადმოვლო მეფემანცა. თხილთაწყაროდან და იქმნა ბრძოლა ძლიერი ჩხარს ქრისტესა ჩღიბ (1712) და მოისრვოდნენ გურიელისანი კნინღა სივლტოლად. იხილა ბეჟან და ზურაბ, მოუხდნენ გვერდით კერძოდ და იწყეს ცემა თოფითა. მოკლეს გიორგი წულუკიძე და ივლტოდა პაატა ფხეიძე და ერისთავი, იძლია გურიელი და წავიდა რაჭას და სხვანი სპანი დაიფანჩნენ არგვეთს შინა. მიჰყვნენ მეფისანი, მოსრვიდნენ და შეიპყრობდნენ უმეტეს გურიელთა და დაიპყრა იმერეთი გიორგიმ.
კ. გიორგი ზ, ი (10) თვე იმეფა
ხოლო პყრობილნი გაყიდეს ოსმალთა ზედა და იმღერდნენ გურიულთა: „ჩვენი თეთრი ჩვენვე შემოგვაქციესო“. და აბაშიძე სვერიდან მივიდა ქართლს და შემდგომად მცირედისა მოადგა მეფე სვერს, ვერ აიღო და მოეცალა. მაგრამ ზურაბმა შეუჩინა მეციხოვნეთა და აღუთქვა ნიჭნი, მისცეს ზურაბს და დაიპყრა მან სვერი. ხოლო გურიელი ეზრახა ბაქარს, ძესა ვახტანგ მეფისასა, რათა მისცეს გზა; მოეგება იგი ქრცხინვალს და დიდითა პატივითა წაიყვანა გორს. თუმცა უფროსად უმასპინძლებდა კათალიკოზი დომენტი, უძღვნეს და წარუძღვანეს კაცნი. მივიდა ჯავახეთს ასან ფაშისა თანა სიძისა თვისისა და იქიდან მოვიდა გურიას. კვლავ აბაშიძეს მისცა ბაქარ სახმარნი გზისანი, წარმოუძღვანა კაცნი, გადმოვლეს კუდარო და მოვიდა რაჭას შემოდგომას. ხოლო გაზაფხულს მეფეს, გეგუთს მყოფს, შეასმინა ზურაბ აბაშიძემ ნიჟარაძე გიორგი, რომელსაც ჰყავდა ასული აბაშიძისა: „რამეთუ დადის მის თანა და აცნობებს საქმესა შენსა აბაშიძეს და უქო ცოლი მისი და ბიძაშვილი თვისი კეკლუცობითა და მშვენიერებითა“. ეტრფიალა გიორგი მეფე, ვინაიდან სძულობდა ცოლსა თვისსა, მაგრამ ვერ იკადრებდა აქამომდე განტევებასა მისსა ვახტანგის გამო. მაშინ შეიპყრა ნიჟარაძე, წაგვარა ცოლი და მას აღმოხადა თვალნი. ხოლო ქალი იგი ჰყავდა და თანაეყოფოდა (მასთან იწვა). ესე სიხარულად სჩნდა ზურაბს მტერობითა ბიძისათა.
ხოლო აქა ნეშტსა არჩილისასა ვიტყოდეთ. ვინაიდან დაუტევა თვისნი იმერეთისათვის და არცა რაი დარჩა იმერეთისა, ამისთვის მიეცა ცხოვრებისა მისისა აღსასრული აღწერად იმერეთსა შინა, რადგან დარჩა მხოლოდ ესე. მისულს ასტრახანს მოეგება ძე თვისი ალექსანდრე, რამეთუ ესე ალექსანდრე წაეყვანა დიდს მეფეს პეტრეს საფრანგეთს და ესწავა ხელოვნება ზარბაზან-ყუმბარისა და საცეცხლოსა. მივიდა არჩილ მეფე მოსკოვს და პატივით შეიწყნარა ხელმწიფემ. მერე მისცა მამული დიდი და ფელცეხმეისტრობა ალექსანდრეს (ესე არის მინდვრის ცეცხლის მარიგებლობა, რომელიც არს ზარბაზან-ყუმბარის უხუცესობა).
შემდგომად ალექსანდრე შეიპყრეს ნარმას შვედთა და წაიყვანეს პატიმრად სტოკჰოლმას და იყოფოდა იქ რაოდენმე წელსა და არჩილ მოსკოვს. მერე გამოუტევეს ალექსანდრე პაემნითა, რათა იხილოს მამა და ცოლი თვისი, რომელიც ჰყავდა მოსკოვს. მაგრამ მოსული რიგას მოკვდა ალექსანდრე შირიმის სენითა ქრისტესა ჩღია (1711) და ამოწყდა უძეოდ. რა მოიტანეს მოსკოვს, მისცა ხელმწიფემ სასაფლაოდ დონის მონასტერი და დაფლეს მას შინა. ხოლო შემდგომად დიდისა მწუხარებისა მიიცვალა არჩილ მეფეცა ქრისტესა ჩღიბ (1712), და დაფლეს დონსავე დიდითა პატივითა და დარჩენ დედოფალი ქეთევან და ასული დარეჯან. ამას ეპყრა ყოველი მამული მამისა თვისისა და იმყოფებოდა პატივით ხელმწიფისაგან აღსრულებამდე თვისისა.
ხოლო იმერეთს შეიზრახნენ კვლავ გურიელი, დადიანი, ერისთავი, აბაშიძე და ბეჟან ლეჩხუმით, შეიკრიბნენ ესენი და მოვიდნენ ნოემბერს ოკრიბას, ხოლო გიორგი მეფე იდგა ქუთათისს, ზურაბ აბაშიძე და იმერნი მის თანა შეკრებილნი. დღესა ერთსა წავიდა სვიმონ აბაშიძე, რათა იხილოს ტალანი. ხოლო ტალათა მათ ბრძოლა უყვეს და აოტა იგინი სვიმონ, მოეშველნენ სპანი გურიელისანი თვისთა და აოტეს სვიმონ. ამას მოეშველა მეფე სპითა, ამისთვის აღმხედრდა გურიელიცა სრულიად თვისითა, ეკვეთნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი; იძლია მეფე და ივლტოდა; ამათ მოსრეს სპანი მათნი და შეიპყრეს უმრავლესნი, და დაჰყიდეს სრულიად ოსმალთა ზედა ქრისტესა ჩღიგ (1713) და იმღერდნენ გურიელნი: „იმერელთა ჩვენი თეთრი ჩვენვე შემოგვაქციესო“. და ამოიღეს გურიელთა ვერცხლნი თვისნი.
მამია გურიელი, ბ (2) თვე იმეფა
ხოლო მეფე წავიდა ქართლს და გურიელმა დაიპყრა იმერეთი და დაიმორჩილა ურჩნი. თუმცა გიორგი მეფე ისტუმრა სვიმონ ტფილისს, უძღვნა და დაასადგურა ქართლს. შემდგომად წავიდა ახალციხეს ისაყ ფაშისა თანა. მაგრამ მოკვდა გურიელი მამია ქრისტესა ჩღიდ (1714) იანვარს ე (5). წაიღეს გურიას და დაფლეს შემოქმედს სამარხოთა მათთა; და დაჯდა ძე მისი გიორგი გურიელად.
მაშინ ვინაიდან ეზრახოდა ბეჟანს მეფე და ზურაბ იყო მის თანა, ამის გამო შეშინდა ერისთავი შეერთებისათვის მათთა, გამოიყვანა ჭყვიშიდან სიძე თვისი ბააკა ჩიქოვანი და მისცა ჭყვიში ბეჟანს, და შეიმტკიცნენ იგინი. მაგრამ ამათ ორთავე ენებათ დანი თვისნი მეფისათვის ცოლად და მეფეს ენება შერთვა აბაშიძის ასულისა, ნიჟარაძის ნაცოლარისა. თუმცაა ამათ ცდუნებითა ურთიერთისათა განატევებინეს მერაბ წულუკიძეს ცოლი და, გარეშე ნებისა აბაშიძისა და ქალისა მის, შერთეს მერაბს ქალი იგი, რამეთუ აბაშიძეს უვლინებდა მეფე, რათა არა გაუთხოვოს ქალი იგი, ამისთვის მოვიდნენ შეკრებილნი ესენი და უქმნეს ქორწილი მერაბს ქალსა მას ზედა.
კ. გიორგი ზ, ბ (2) წელს იმეფა
და გაზაფხულს ჩამოვიდა მეფეცა, დაიპყრა იმერეთი და შესძინა შურს ბოროტი და ბრმა ნიჟარაძე გადმოაგდო კლდესა და მოკვდა. მაგრამ დადიან-გურიელი, ერისთავი და ბეჟან იყვნენ თვისთვისად და ჰგონებდა ბეჟან დისა თვისისა შერთვას მეფისაგან. თუმცა მცირედითა მონითა მივიდა მეფე რაჭას, შეირთო და ერისთავისა, ქვრივი გურიელის მამიასი და განუტევა როდამ გიორგი მეფის ასული, ქართლს მყოფი, ძით და ასულით. მერე ჩამოვიდა მეფე იმერეთს ერისთავით, მოიმტკიცა დადიან-გურიელი. ხოლო ბეჟან და ზურაბ უკუდგნენ და ეკირთებოდნენ ქვეყანათა. ამავ წელს ეზრახა იესე მეფე გიორგის დატევებისათვის ბიძის ასულისა თვისისა და გიორგი მეფემან აღუთქვა კვლავადგებავე მის თანა და ითხოვა ჯვარი ჩხარისა, რომელიც იყო ატოცსა. მან მოსცა როდამ და ჯვარი იგი და კვლავ სთხოვა დედოფალი ვახტანგისა და ძენი მისნი. მაგრამ გიორგი მეფემან დაასადგურა როდამ სავანეთს ძითურთ და ჯვარი დაასვენეს ჩხარსვე. ხოლო დედოფლისა და ძეთა ვახტანგ მეფისათა არა ძალედვა მიცემად.
ხოლო ბეჟანის გამო მეფისაგან განდგომილ იყო პაატა ფხეიძე. ამისთვის მივიდა მეფე და მოადგა ციხესა მისსა საწირეს, შეუთხარეს და მისცეს წამალი, იქიდან მეციხოვნეთა ჩამოსთხარეს, შეიტანეს წამალი ციხესა შინა და მოსრეს შემთხრელნი და მესაფრენი და გამაგრდნენ უმეტესად. იხილა მეფემან და უკმოიქცა გეგუთს. მერე ევედრა ბეჟან მეფესა და მოსცა წ (4000) მარჩილი, რათა გააძეოს მამა მისი ლიპარიტიანი და ჰყოს იგი დადიანად. მაშინ მეფემან აღარა გამოიძია უმჯობესი ვერცხლისათვის, განუტევა ერისთავი და აბაშიძე, შემოიკრიბა იმერნი, კვლავ ბეჟან და ზურაბ მისულთა ოდიშს ვერ წინააღუდგა ლიპარიტიანი და დასვა ბეჟან დადიანად ქრისტესა ჩღიე (1715). მაგრამ ციხენი ეპყრა კვლავ ლიპარიტიანსავე, მოტყვევნა ოდიში და მოვიდა იმერეთს. შემდგომად მეფემ კვლავ განუტევა ბეჟან და ზურაბ; შემოიკრიბა ერისთავი და იმერნი, წავიდა და დასვა კვლავ ლიპარიტიანივე დადიანად; მერე მოვიდა იმერეთს.
შემდგომად მოიყვანა ლიპარიტიანი გეგუთს, რათა დალაშქროს ბეჟან, და განუტევა ლიპარიტიანი ამა პირსა ზედა. ესე იხილა ბეჟან არა კეთილ თვისად და მოიხმო მზაკვრობა და ჰყო კათალიკოზი გრიგოლ შუამდგომელ მამისა თვისისა თანა და აღუთქვა ფიცით: „რათა ზავ-ჰყოს, იხილოს მამა თვისი და დამორჩილდეს მას“. ამის პირითა მიენდო ლიპარიტიანი ძესა კათალიკოზის გამო და მივიდა მის თანა მცირედითა მონითა, ისტუმრა კეთილად მამა თვისი ბეჟან. მაგრამ ღამესა მას შეიპყრა ყოველნი მონანი მისნი და მოჰპარა საჭურველნი მამასა და დილასა შეიპყრა იგიცა და პატიმარ-ჰყო ციხესა შინა. მოიყვანა დედა თვისი, განტევებული და მოუდგინა ქმარსავე, და იყვნენ ზოგად აღსასრულადმდე მათთა, შემდგომად შეიპყრა მისანდონი მამისა თვისისანი, მოსრა და უმკვიდრო ჰყვნა, სხვანი დაჰყიდა დედაწულით და დაიპყრა ოდიში თვით და იწოდა დადიანად.
ხოლო გიორგი მეფე ზამთარსა ამას ერისთავით მოუხდა ზურაბს, მოსტყვევნა მამული მისი და წავიდა. ამისთვის ევედრნენ დადიანი ბეჟან და ზურაბ აბაშიძე ასლანს, ახალციხის ფაშას, და აღუთქვეს ქრთამი დიდი, რათა მწე ეყოს მეფესა ზედა და ჰყოს გურიელი მეფედ. უსმინა ასლან ფაშამან და წამოვიდა სპითა. ამ ჟამსა მოკვდა ცოლი მეფისა თამარ და დაფლეს გელათს; თვით მეფემან შეიკრიბა სპანი; ხოლო ფაშას მიეგებნენ ბეჟან და ზურაბ; მოსულთა ვერ წინააღუდგა მეფე და წავიდა რაჭას, მოვიდნენ ოსმალნი და დადგნენ ქვაციხეს შესლვად რაჭას და იდგნენ იქ თვე ერთი. მერე უკუნიქცნენ და დადგნენ ქუთათისს. ხოლო მეფე სპითა რაჭისათა ჩამოვიდა სვიმონეთს. ამისი მცნობი ფაშა მსწრაფლ წამოვიდა, ეკვეთნენ სვიმონეთს და იქმნა ბრძოლა ქრისტესა ჩღივ (1716). იძლია მეფე და ამოწყდნენ რაჭველნი და მეფე მივიდა ქართლს. ხოლო ფაშა კვლავ დადგა ქუთათისს, მიუხდნენ სავანეთს ბეჟან და ზურაბ დედოფალს როდამს, იავარ-ჰყვეს და წავიდნენ.
გიორგი ჱ (VIII) გურიელი, გ (3) თვე იმეფა
მოიყვანეს გიორგი გურიელი და დასვეს მეფედ და ეზრახოდენ ერისთავსა შეერთებად. მაშინ მისცა ასული თვისი ერისთავმან ძესა ბეჟანისასა ოტიას ცოლად, გულქან, და შეიმტკიცნენ ამითი, და ფაშა წავიდა ახალციხეს.
მაშინ მოვიდოდა ბარგი გურიელისა გურიიდან. ამას დახვდნენ რაჭველნი სალომინაოსა შინა და აიალაფეს სიმდიდრე გურიელისა და ყვნეს ტყვედ მონანი მისნი და დაყიდეს. სცნა ესე გურიელმან, ივლტოდა გურიასავე.
მაშინ სამთა ამათ მთავართა გაიყვეს იმერეთი თვის-თვისნი მხარენი და დაიპყრეს. მაგრამ გიორგი გურიელს აუმხედრდა დედა თვისი ელენე, მოიყვანა მონაზონ-ყოფილი ძე თვისი, გაკრიჭა, უწოდა ქაიხოსრო და ჰყო გურიელად. მოიყვანა ქრთამით დადიანი ბეჟან, ერისთავი და ზურაბ სპითა და გააძევა გიორგი. ამათ მოარბიეს გურია, მიიღეს ქრთამი და წამოვიდნენ. ხოლო გიორგი გურიელი მივიდა ახალციხეს, და იმერეთს ჩამოვიდა გაზაფხულს გიორგი მეფე, ეზრახა სამთა ამათ მთავართა. თუმცა მათ აღარა ინებეს მეფობა მისი. შეშინდა და წავიდა ახალციხეს. იქ იმძახლენ გურიელი და მეფე, რამეთუ შემდგომად შეპყრობისა ლიპარიტიანისა, წავიდა ცოლი მისი, გურიელის ასული თამარ, ახალციხეს და ესე შეირთო გიორგი მეფემან ცოლად. მაშინ, ვინაიდან ისაყ ფაშასა და ასლან ფაშასა ქონდათ მტერობა და შური, ვეღარა შემწე ექმნნენ მეფესა და გურიელსა. ამისთვის წავიდნენ ორივე სტამბოლს.
წავიდა სტამბოლს გიორგი მეფე
მისულთა აზრუმს მოსცა სპანი გურიელსა აზრუმის ფაშამან, მოვიდა და დაიპყრა გურია. ამან გააძევა დედა თვისი ძეებითურთ. ხოლო მეფე წავიდა სტამბოლს ქრისტესა ჩღიზ (1717). მაგრამ გიორგის გურიელობა ეწყინა გურიის რაჭის ერისთავს და ნაკაშიძეს ბეჟანს, რამეთუ ამათით გაწამო დედამან. ამათ მოუწოდეს ბეჟანს დადიანსა, რამეთუ ასული დადიანისა ჰყავდა ბეჟან ნაკაშიძის შვილს გიორგის. მოსულსა დადიანს ვერ წინა აღუდგა გურიელი და წავიდა ბათომს. ხოლო დადიანმან მოტყვევნა გურია და წავიდა. და კვლავ დაიპყრა გიორგიმვე გურია.
ხოლო ზამთარსა ამას მიზეზჰყო დადიანმან ზურაბ აბაშიძესა ზედა. შეიკრიბნენ ბეჟან და ერისთავი და მოუხდნენ ზურაბს. ამათ ვერ წინააღუდგა ზურაბ შევიდა სვერს, ამათ მოტყვევნეს მამულნი მისნი (რამეთუ ამას ბეჟანს ენება ყოფად თავი თვისი, როგორცა იყო აბაშიძე გიორგი. მაგრამ ვერ ეწია). მერე შეუჩინა მსახურნი ერისთვისანი ძმასა თვისსა მანუჩარს, ბეჟან უგრძნეულობისათვის შეიპყრა იგი და პატიმარ-ჰყო დეხვირს ციხესა შინა. მაშინ შეიზრახნენ ზურაბ და ერისთავი მძახლობად, წაგვარეს ცოლი ბააკა ჩიქოვანსა, და ერისთავისა, რომელსაც წაათვა პირველად ჭყვიში და შერთეს ძესა ზურაბისასა დავითს ბიძის ცოლი თვისი, რამეთუ და ბააკასი ზურაბს ჰყავდა ცოლად და შეიმტქიცნენ ამითი სამნივე.
კვლავ ეზრახა გურიელი დადიანსა, რათა მისცეს ასული თვისი მას, რომელიც ჰყავდა ცოლად ნაკაშიძე გიორგის და ზავ-ჰყო. ამით მისცა ნება ბეჟან დადიანმან. მაშინ გურიელმა გააძევა ერისთავი თვისი და მოადგა ციხესა შინა მყოფს ნაკაშიძეს. აიღო და წაგვარა ცოლი. თვით განუტევა ცოლი შარვაშიძის ასული და შეირთო ეს ცოლად და მოიმტკიცა გურია დადიანის გამო. კვლავ ერისთავი მოადგა ციხესა კვარას, აიღო იგი და დაიპყრა თვით, გამოაძევა რაჭიდან იაშვილნი, დაიპყრა მამულნი მისნი მანვე. ზურაბმა ამოწყვიდა ბანაშვილნი, ჩხეიძენი და დაყიდნა დედაწულით მათით, და დაიპყრა მამულნი მათნი; ეგრეთვე ბეჟანცა მოსრვიდა ოდიშარ-ლეჩხუმელთა და დაიპყრობდნენ ესეთ.
მოვიდა სტამბოლიდან მეფე გიორგი
შემდგომად მოვიდა ახალციხეს სტამბოლიდან მეფე გიორგი, ამას ბრძანებითა ხონთქრისათა მოსცა სპანი ისაყ ფაშამან და ჩამოვიდა იმერეთს აგვისტოს ქრისტესა ჩღით (1719), ვინაიდან მარადის ჩამოვიდოდნენ ოსმალნი თვესა ამასა და დადგა ქუთათისს. მაშინ შეიკრიბნენ სამნივე ესე მთავარნი და დადგნენ ოკრიბას და არავინ წარჩინებულთაგანი მიერთვნენ მეფესა, გარდა მდაბიურთა. ამისთვის ეზრახა მეფე სამთა ამათ, რათა ჰყონ მეფედ და დაემორჩილდნენ. მაგრამ მათ არა ინებეს. ხოლო მეფემან აამხედრა ოსმალითურთ და დილასა დაესხა დადიანს, ერისთავს და ზურაბს. იგინი ივლტოდნენ და წავიდა დადიანი ზურაბით ოდიშს და ერისთავი რაჭას.
მაშინ ოსმალთა მოსრეს და შეიპყრეს სპანი მათნი მრავალნი. მერე მოტყვევნეს ოკრიბა, შემუსრეს ციხენი და კოშკნი. შემდგომად წავიდნენ ოდიშს; ვერ წინააღუდგა დადიანი იქცა. უყვეს ეგრეთვე და მოწვეს ეკლესიანიცა. ხოლო უღონო ქმნილმა დადიანმა მისცა ქრთამი დიდი, დაიზავა, უკუმოიქცა მეფე და დადგა ქუთათისსავე. მერე ზავ-ჰყო მთავართა მათ თანა და დაიპყრა იმერეთი. მერე განუტევა ოსმალნი და იმყოფებოდა მშვიდობით.
კ. გიორგი ზ, ვ (6) წელს იმეფა
ხოლო გაზაფხულს შეიზრახნენ სამნი ესე მთავარნი და შეუჩინეს სვიმონ აბაშიძე გიორგი მეფესა, რათა მოკლას იგი. ამან სვიმონ თხმელის ციხეს მყოფი მეფე ისტუმრა და ნადიმსა ზედა მოკლეს მსახურთა სვიმონისათა გიორგი მეფე, თევდორობის (დიდმარხვის პირველი კვირის შაბათი) შაბათს ქრისტესა ჩღკ (1720). და შეიპყრეს სრულიად მისთანანი და დაყიდეს. ხოლო ერისთავმა აიღო ციხე კაცხი და გამოიღო საგანძური მისი. მაშინ კვლავ გაიყვეს იმერეთი სამთა ამათ მთავართა, როგორცა ადრე, იყვნენ მშვიდობით. შემდგომად მოუწოდა ვახტანგ მეფემან იმერთა ლაშქრად, წავიდა ერისთავი, სვიმონ და ლევან აბაშიძენი სპითა. მერე მოვიდნენ უვნოდ ნიჭითა დიდითა.
კვლავ ზამთარსა ამას მოადგა ზურაბ ხარაგეულს და მამუკაშვილი იყო ახალციხეს ალექსანდრეს თანა, რამეთუ ესე ალექსანდრე იყო ძე გიორგი მეფისა, მყოფი მეფის ვახტანგისა თანა ქართლს; რა მოჰკლეს მამა მისი, წარავლინა ისაყ ფაშამან შავშეთის ბეგი და მოითხოვა მეფედ ყოფად იმერეთს ვახტანგ მეფისაგან. მან წარმოუვლინა ნიჭითა და იყო ახალციხეს წელსა ერთსა. ხოლო ზურაბმა ვერ შემუსრა ხარაგეული მწეობითა ქართლის მეფისათა და უკუ-ეცალა, ვინაიდან ფაშამ ჩამოსლვად იყო.
ხოლო ებრძანა ხონთქარს ისაყ ფაშისათვის გამეფება ალექსანდრესი იმერეთს, შემოიკრიბა სპანი და ჩამოიყვანა ალექსანდრე იმერეთს. მაშინ შემდურებულ იყვნენ ერისთავი და ზურაბ ხარაგეულსა ზედა, ამისგან ბეჟან დადიანიცა, და მეგობრობდნენ დადიანი და ზურაბ, და არა ინებეს ამათ ალექსანდრე მეფედ. მიეგება ყოვლითა მიმდგომითა თვისითა ერისთავი ალექსანდრეს და მისცა კაცხი და საგანძურნი მამისა თვისისა. ხოლო ალექსანდრემ საგანძური იგი შესძღვნა ფაშასა ქრთამად და, რადგან აღარ მოერთნენ დადიანი და ზურაბ, განზრახვითა ერისთვისათა მოადგნენ ცუცხვათს ციხესა ზურაბისასა და ებრძოდენ თვე ერთი. შემდგომად შეუთხარეს და მისცეს ცეცხლი და შეგლიჯა მცირედი ზღუდე. მაშინ შეშინდნენ მეციხოვნენი და ივლტოდნენ ყოვლითა თვისითა. დილასა იხილეს ციხე უკაცური, შევიდნენ ოსმალნი და დაიპყრეს ციხე და დაადგინეს მას შინა იანიჩარნი და წავიდნენ ლეჩხუმს ბეჟანსა და ზურაბსა ზედა. შევიდნენ, მოწვეს, მოტყვევნეს. მართალია ებრძოდა ბეჟან, მაგრამ ვერა რა ეგოდენი ავნო. მერე უკმოიქცნენ, გამოვლეს კვლავ რაჭა და მოვიდნენ ქუთათისს და ერისთავი დადგა რაჭას. მაშინ ეზრახა ბეჟან დადიანი ფაშას და მისცა ქრთამი იბ (12) ქესა. მან მიიღო ქრთამი, მოჰკვეთა ოტია ჩხეიძეს თავი, რამეთუ იყო თავმდები ერისთავისა და მტერი დადიანისა. განუტევა ფაშამ ერისთავი, მოიყვანა ბეჟან, ჰყო ალექსანდრე მეფედ იმერთა ქრისტესა ჩღკა (1721), მოუდგინა ბეჟან მოურნედ, თვით წავიდა ახალციხეს.
კა. ალექსანდრე ე (5), ლა (31) წელს იმეფა
ხოლო ალექსანდრემ დაიპყრა იმერეთი, გარდა რაჭის საერისთავისა. მერე ემძახლა ბეჟან დადიანი ალექსანდრეს და მისცა ასული თვისი ცოლად მარიამ და აქორწინა. და თუმცა იყო ალექსანდრე მეფედ, მაგრამ ბეჟან დადიანი იყო მოქმედი ყოვლისავე.
ამისნი მხილველნი თამარ, ცოლყოფილი გიორგი მეფისა, და ჭყონდიდელი გაბრიელ, ძმა ბეჟანისა, რამეთუ არა რაი ძალუძს ალექსანდრეს, აღიშურვებდენ დიდებასა ბეჟანისასა და წავიდნენ წინაშე არზრუმის ფაშისა, და შეასმენდნენ ისაყ ფაშასა, რამეთუ მიიღო ქრთამი და მისცა ალექსანდრე ბეჟანს, რორცა ტყვე. ამისთვის მოუწოდა აზრუმის ფაშამ ისაყ ფაშასა და მრავალი ბოროტი შეაჩვენა თამარ ისაყ ფაშასა, უპატიურობა და პყრობილება. ამისი მსმენელი დადიანი ვერა რაცხდა ამას კეთილად თვისად, განუზრახა ალექსანდრეს და მიუწერეს არზრუმის ფაშას გამართლება ისაყ ფაშისა და ქრთამი დიდი, რათა მოსცეს თამარ და ჭყონდიდელი, ან დააზაონ. უსმინა არზრუმის ფაშამან, მიუღო ისაყ ფაშას ქრთამი და მეფეს. წარმოავლინა ისაყ ფაშა და წარმოატანა თამარ და ჭყონდიდელი, რათა დააზაოს მათ ხოლო მან, მოსულმან ახალციხეს, მოსცა კრულნი იგინი ბეჟან დადიანსა. ამან ტყვე-ჰყო თამარ დეხვირს ციხეში და ჭყონდიდელს მიუღო ჭყონდიდი და განუტევა. ვინაიდან იყო მღვდელმთავარი, არა რაი ავნო. მაგრამ იყო უღვთო, მეძავმემრუშე, სოდომია და ტყვისმყიდველი და სავსე ბოროტითა, ხოლო ესე-ვითარებისათვის წავიდა აბაშიძე გიორგი ქართლს ვახტანგ მეფისა თანა და მოკვდა ტფილისს წელსა ქრისტესა ჩღკბ (1722), ოქტომბერში, წარმოგზავნეს და დაფლეს კაცხს.
წელსა ქრისტესა ჩღკგ (1723), წავიდნენ აბაშიძენი და რაჭველნი სპითა წინაშე ვახტანგ მეფისა მეშველი ჯარისთვის. მეორესა წელსა მოადგა მეფე ალექსანდრე და ბეჟან დადიანი ჯვარის ციხეს ოკრიბას, რომელიც ეპყრა ერისთვის ძმას გედევან გენათელს; შეუთხარეს რა, იწყო რღვევად ზღუდემან, შეშინდნენ მეციხოვნენი და მოსცეს მეფეს ციხე. თუმცა თუ ერთგულებდა ბეჟან დადიანი ალექსანდრეს ზეპირ, მაგრამ მრავალგზის ინება სიკვდილი ალექსანდრესი მუხთლად და ღალატად. თუმცა ვერ შეძლო თვისის ასულის გამო და ოდესმე ყმათა ალექსანდრესაგან, ვინაიდან ერთგულებდნენ. შემდგომად ამისა მოუხდა ალექსანდრე მეფესა, სკანდას მყოფს, ერისთავი შოშიტა. ხოლო ალექსანდრე შევიდა ციხესა შინა სკანდას და ერისთავმან მოსრა, მოტყვევნა, რამდენიცა ჰპოვნა და წავიდა რაჭასვე წელსა ქრისტესა ჩღკე (1725).
გამოვიდნენ ოსმალნი ფოთს, ააშენეს ციხე და დასვეს ფაშა და კვლავ ქმნეს ოდიშს ორნი ციხენი სხვანი. შემუსრეს რუხის ციხე სრულიად და ნარღვევითა მისითა ააშენეს უმჯობესად ანაკრია, და ფაშასა ფოთისასა მიათვალეს სრულიად ზღვის პირნი.
ამასვე წელსა შემოიკრიბა ბეჟან დადიანის გამო ალექსანდრემ სპანი იმერთა და შეუხდა რაჭას, მოწვეს საწულიკიძო, ვინაიდან იყო ერისთვის კერძოდ, ვერ წინააღუდგა ერისთავი. შევიდნენ ესენი სევამდე, შემუსრეს კოშკნი მისნი, მოწვნეს რაჭა და მოტყვევნეს. მერე უკმოიქცნენ და მოვიდნენ იმერეთს შოვებულნი.
კვლავ განზრახვითა ზურაბისათა მოადგნენ მეფე და დადიანი შორაპანს, რამეთუ ეპყრა ლევანს, ძესა გიორგი აბაშიძისასა, და იყო იგი რაჭას, რამეთუ რაჭველთაგან იყო მარადის ხდომა და კირთება იმერეთისა, მაგრამ მცირედისა შემდგომად მოსცეს ციხე. თუმცა ქონება იქაური წაიღო დადიანმა და ციხე მისცა ზურაბს წელსა ქრისტესა ჩღკვ (1724).
მოკვდა გურიელი გიორგი, დაჯდა ძე მისი მამია, ნაშობი შარვაშიძის ქალისაგან, და მომკვდარ იყო ცოლიცა ერისთავისა, მარიამ, მეფის ქალი. იზრახნენ დადიანი და ერისთავი ყოფად ზავისა. მაშინ იმძახლენ და მისცა ბეჟანმა ასული თვისი, გურიელის ცოლყოფილი, ერისთავს ცოლად, დაიზავნენ და ყვეს მშვიდობა.
ესე ეწყინაა ზურაბს და შეასმენდა ისაყ ფაშას. ამისთვის წარავლინა ძე თვისი უსუფ ფაშა და ჩავიდა იმერეთს. ამას მოეგება ალექსანდრე მეფე და დადგნენ გეგუთს. მოუწოდეს ბეჟან დადიანსა. ხოლო იგი მოვიდა ურიდლად ძითა თვისითა, რამეთუ აღეთქვა ფაშას უვნებელობა. შევიდა ბეჟან კარავს ფაშისასა და თაყვანი-სცა; მაშინ დასცა ბეჭსა ხანჯალი მაჰმად-ბეგ მესაჭურჭლემან ფაშისამან. და განგმირა ბეჟან დადიანი და მოკვდა ქრისტესა ჩღკჱ (1728). ხოლო ძე მისი ოტია ივლტოდა. დევნა უყვეს ოსმალთა და მოსრეს მრავალნი ოდიშარნი და თავი ბეჟანისა წარგზავნეს ისაყ ფაშისა თანა და მან წინაშე ხონთქრისა. მერე მოუწოდა ერისთავსა უსუფ ფაშამ, მოვიდა იგიცა სპითა და შეჰყვნენ კარავსა ფაშისასა სპანი თვისნი ერისთავს, პატივ-სცა ფაშამან, დააზავა მეფე და ერისთავი და წავიდა ქართლს ფაშა. ხოლო ოტია ძე ბეჟანისა დაჯდა დადიანად.
შემდგომად მცირედისა შეიშურნენ ოტია დადიანი და ძმა მისი კაცია; შეიპყრა ოტიამ, წარმოუვლინა ერისთავსა და პატიმარ-ჰყვეს კვარას ციხესა შინა კაცია. შემდგომად მოადგა მეფე ციხესა შორაპანს და როცა მისწურა წაღებად, მოიყვანა ზურაბ აბაშიძემ სპანი ოსმალთა და მისცა მათ შორაპანი და დადგნენ მას შინა ოსმალნი, და ალექსანდრე წამოვიდა თვისად. მერე მოადგა ერისთავი სადმელს, ციხესა იაშვილისასა. მაშინ წარუვლინა მეფემან ლევან აბაშიძე, რათა მოეცალოს ერისთავი ციხესა, რამეთუ ლევან დედით ძმა იყო ერისთავისა. ხოლო ერისთავმა შეიპყრა ღალატით ლევან და წარუვლინა დადიანს პატიმარი.
მსმენელმა ალექსანდრემ, შეკრებილმან სპითა, ღამე იდუმალ გადავლო მთა, განვლო რიონის ფონი და დილასა დაესხა ერისთავს სადმელს, ივლტოდა ერისთავი. მოსრეს და შეიპყრეს მრავალნი, გაათავისუფლეს ციხე და წამოვიდა იმერეთსავე მეფე. ხოლო დადიანმა განუტევა ლევან აბაშიძე და გამოართვა მძევალნი. მაშინ მოკვდა ერისთავი შოშიტა და დაჯდა ძე მისი გრიგოლ ერისთავად და ლევან აბაშიძე მოვიდა მეფისა თანა.
გაიპარა კვარეს ციხიდამ კაცია, ძმა დადიანისა, და მოვიდა იგიცა მეფისა თანა. შემდგომად მოკვდა ცოლი მეფისა, ასული დადიანის ბეჟანისა, და გლოვისა შემდგომად შეირთო მეფემან ასული ლევან აბაშიძისა ცოლად და იქორწინა, ქრისტესა ჩღლბ (1732), და მისცა გურიელს მამიას ასული თვისი მეფემან დადიანის ქალის ნაშობი. იხილეს ესე დადიანმა, ერისთავმა და ზურაბ აბაშიძემ, გადაიბირეს მეფის ძმა მამუკა, რომელიც მოიყვანა დადიანმა და შერთო და თვისი ცოლად. შემოიკრიბა ოდიშარნი, აფხაზნი და მოვიდნენ იმერეთს. მიერთოთ ერისთავიცა და შეკრებილნი დადგნენ გეგუთს. იქ მიერთვნენ მარგველნიცა და აოხრებდნენ ქვეყანათა. ხოლო ალექსანდრე ვერ წინააღმდგომი შევიდა ქუთათისს ლევან აბაშიძით და ბარის ერისთავით (რამეთუ ესე ბარის ერისთავი იყო გენათელი და ძმა შოშიტა ერისთვისა. ამან წარგვარა ცოლი ძმისწულსა თვისსა. პაპუნას, ასული ვახტანგ მეფისა, შეირთო თვით და მოვიდა მეფისა თანა. ამან შეიწყნარა შურითა ერისთვისათა და მისცა საერისთაო მამული იმერეთს-შინანი და უწოდეს ბარის ერისთავად).
ხოლო დადიანი შეკრებილი მოადგა ქუთათისს. მაგრამ მეფე არა გავიდა ბრძოლად და მათ ვერ იკადრეს მოსლვა შიშითა ოსმალისათა, გაუჭირდათ და წავიდნენ თვის-თვისად, და ალექსანდრემ მოიმტკიცა იმერნი წულუკიძითურთ. ამავ ჟამთა მოვიდა სხვა ფაშა ფოთს სპითა, რათა დაიპყრას ურჩნი ზღვის-კიდისანი ვიდრე აზოვამდე. ამან მოუწოდა ალექსანდრეს სპითა. ხოლო მეფე აღეკაზმა წასლვად განმზრახი, რამეთუ შემდგომად მსახურებისა ოსმალთა დაიმორჩილოს მათით ურჩნი თვისნი იმერნი და, რა მივიდა ოდიშს, ეტყოდა დადიანი არა წასლვასა: „ვინაიდან არა კეთილ არის დაპყრობა მათგან ზღვის კიდისა ჩვენთვის“.
ესე არა უსმინა მეფემან; რამეთუ იყვნენ ადგილნი ყოველნი დადიანისა, ვინაიდან არა ეემორჩილებოდა დადიანი, და მივიდა ფაშისა თანა, მან პატივსცა და წავიდნენ ოდიშს. თუმცა ოდიშარნი სრულიად დახიზნულ იყვნენ აფხაზეთამდე, ვინაიდან დადიანი არა იყო ფაშისა თანა. არბევდნენ ოსმალნი და იმერნი და ტყვევნიდნენ, სადაც ვის ჰპოვებდნენ. შევიდნენ ოსმალნი ილორს, მაგრამ ხატნი და ჯვარნი და სახმარნი ეკლესიისანი დაეხიზნათ. შეუდვეს ცეცხლი, მოწვეს ეკლესია და გაძარცვეს კრამიტი ბრპენისა და მოსპეს დახატულებანი, და შემდგომად განვლეს და მივიდნენ აფხაზეთს.
მაშინ არა მოენდო შარვაშიძე აფხაზით და ოსმალთა მოარბიეს და ტყვე-ყვნეს, სადაც რაი ჰპოვეს. მაგრამ შემდგომად მოენდო შარვაშიძეცა, ჰყვეს იგი მაჰმადიანად და ყოველნი მისთანა მყოფნი სრულიად. ხოლო რა გადავიდნენ მდინარესა კოდორისასა, ეტყოდა ფაშა მეფესა, რათა წაჰყვეს ჯიქეთს, და მერე აზავს. ესე ეწყინა ალექსანდრეს და იმერთა და ღამესა მას დაუტევეს ყოველნი სამძიმარნი თვისნი, წამოვიდნენ, ვლეს ორი დღე და ღამე და მოვიდნენ ეგრისის მდინარესა ზედა. მაშინ ეწივნენ ოსმალნი აფხაზითურთ და იმერთა გაამაგრეს კიდე მდინარისა.
მერე შემოვიდა მეფე წარჩინებულითა თვისითა და გამოხდნენ მდინარესა და, რამდენი დარჩნენ, წაიყვანეს ოსმალთა ტყვედ. გამოვლეს ამათ ოდიში და მოვიდნენ ციხესა შინა კაციასა და მოგზაურნიცა მოისრვოდნენ ოდიშართაგან. მცნობი ამისი დადიანი მოადგა სპითა ციხესა სამი დღე, მერე ყვეს ზავი; მისცა მეფემან მძევალნი დადიანსა და წამოვიდნენ და მოვიდნენ იმერეთს ქრისტესა ჩღლგ (1733). ხოლო აფხაზთა აიალაფეს ბარგი იმერთა.მაგრამ შემდგომად ოსმალთა და მათ შორისცა იქმნა შფოთი, განევლტნენ აფხაზნი და უწყეს ღამით პარვა, კლვა კაცთა და კირთება ოსმალთა.
იხილა ფაშამ და უკმოიქცა ოდიშსვე, მაშინ დაესხნენ აფხაზნი, მოსრეს ბანაკი ოსმალთა და აოტეს, რამეთუ ფაშა ივლტოდა ზღვით და სხვანი მოსრენ უმეტესნი და დაიხრჩვნენ ზღვასა და მდინარესა შინა, აიღეს ალაფი მათი დიდ-ფრიად და დაუტევეს მაჰმადიანობა და დაიპყრეს აფხაზთა თვისივე რჯული, მაგრამ ძლევასა ამას იტყოდნენ სასწაულსა წმიდის გიორგისა ილორისასა, რამეთუ ღამესა ამას ეტყოდა აფხაზთა გასლვად და განაძლიერებდა მათ ბრძოლად.
ხოლო ამისა შემდგომად დაუპირისპირეს კვლავ მამუკა მეფესა. დადიანმა, ერისთავმა და ზურაბ შეკრიბეს სპანი დიდნი და მოვიდნენ ალექსანდრესა ზედა რათა ან მოკლან, ან გააძეონ. მაშინ ალექსანდრემ, ჩიხორს მდგომმა, შემოიკრიბა გურიელი მამია, აბაშიძე ლევან, ძმა დადიანისა კაცია, ბარის ერისთავი, მერაბ წულუკიძე და იმერნი სხვანი ნეშტნი, დილასა მოვიდნენ იგინი და ეკვეთნენ ურთიერთს, იქმნა ბრძოლა და მოსირნენ ორმხრითვე უმრავლესნი ქრისტესა ჩღლდ (1734). მერე სძლიეს ალექსანდრესთა და მოსრვიდნენ მათ, მიეწივნენ დადიანს, ჰკრეს თოფი და ჩამოვარდა. კვლავ დაჰკოდეს დავით აბაშიძე; აქეთ მოკლეს კაცია, ძმა დადიანისა; მიჰყვნენ ლტოლვილთა, რამეთუ იყო თოვლი დიდი, მოსრეს. შეიპყრეს რაჭველნი და ლეჩხუმელნი და ოდიშარნი უმრავლესნი და დაყიდეს სრულიად ოსმალთა ზედა. ხოლო დადიანი წამოიყვანა მეფემან, დაადგინა მკურნალნი და განკურნა და სთხოვდა ლეჩხუმსა. მაგრამ არა ინება მოცემად. ეზრახა ზურაბის გამო ისაყ ფაშას და მისცა ქრთამი დიდი, რათა მწე ეყოს. მან წარმოავლინა მაჰმადბეგ და გივი ამილახორი სპითა ოსმალ-ქართველისათი და მოვიდნენ ესენი საჩხერეს.
იხილა რა ალექსანდრემ, გამოართვა საჭილაო-სამიქელაო დადიანს, ზავჰყო ამით ლევან აბაშიძის გამო და განუტევა. მოვიდა საჩხერეს მისცა და თვისი, ნაშობი თამარისაგან ცოლად მაჰმადბეგს, დაიზავა და წავიდნენ ქართველ-ოსმალნი ქართლსვე.
ხოლო ამისნი მხილველნი დაეზავნენ მეფესა დადიანი, ერისთავი და ზურაბ და დაიპყრა იმერეთი. მისცა საჭილაო-სამიქელაო ძმასა თვისსა მამუკას. მაგრამ ალექსანდრემ განაახლა საქმე ბეჟან დადიანისა, რამეთუ ოდეს დასჭირდეს თეთრი ოსმალთა ქრთამად ან სხვისა სამჭირნოსათვის, შეაგდის იმერთა თეთრი იგი მთავართა და აზნაურთა. ხოლო მათ დაჰყიდიან ტყვენი და მისციან და თვით, რეცა თუ არა ჰყიდდა ტყვეთა. შემდგომად მოადგა მამუკა ციხესა ბეჟან ჩიჯავაძისასა და მოპარვით აიღო ციხე სებეკისა. მერე აიღო ციხე ბეჟანისა და დაიპყრა საჩიჯავაძო მამუკამ.
ხოლო მოსლვასა ტფილისს თამაზ-ხანისასა ქრისტესა ჩღლე (1735), მოუვლინა მეფესა, რათა დამორჩილდეს. მაგრამ არარა მიუგო, თუმცა შეშინებულნი ოსმალნი, იმერეთს ციხესა შინა მყოფნიცა, განამაგრა არა დატევებად ციხეთა.
შემდგომად ამისა უკუდგა წერეთელი პაპუნა ზურაბ აბაშიძისა გამო, რამეთუ ზურაბმა მოიპარა მამუკაშვილის ციხე ხარაგეულისა, მოკლა მამუკაშვილი და დაიპყრა თვით. ამისთვის მოუხდა მეფე პაპუნას, მოაოხრა საწერეთლო. მაგრამ ციხე მოდამნახისა ვერ წაართვა. უკუნიქცა, ეზრახა ხარაგეულის მეციხოვნესა, რომელმაც მისცა ზურაბს, მანვე მოსცა მეფესა იგივე ციხე, შეიპყრა, მოჰკვეთა მას ხელფერხნი და აღმოხადა თვალნი და ციხე მისცა მეპატრონისა ძესავე. შემდგომად დაიზავა მეფემან ზურაბ და პაპუნა. მაგრამ ზურაბ არა მოვიდა მეფისა თანა, თუმცა ძე მისი დავით, რამეთუ სიძე იყო ალექსანდრესი. ამას დავითს განატევებინა ცოლი, და შოშიტა ერისთავისა, და შერთო და თვისი; ამ ჟამებთა შეუჩინა მეფემან კვარას ციხეს იაშვილი. ხოლო მათ კრიხულის მეთევზურისაგან აიღეს ციხე და დაიპყრეს.
სცნა ერისთავმა ნოღას მყოფმა, წამოვიდა მსწრაფლ და მოადგა კვარას. ღამესა მას მიადგეს კიბე, სადაცა უწყოდენ, შევიდნენ ციხესა შინა, შეიპყრეს სრულიად მას შინა მყოფნი და დაჰყიდეს; და დაიპყრა ერისთავმან ციხე; ამისი მცნობი წარმომართებული შველად კვარას ციხისად უკუნიქცა. შემდგომად მოიყვანა ალექსანდრემ ძე ზურაბისა დავით და პაპუნა წერეთელი ვარციხეს, მოკლა ორივე მუხთლად-ღალატად და წამოვიდა მსწრაფლად, რათა დაიპყრას მოდამნახის ციხე. მაგრამ ცოლმა და ძემ პაპუნასმან გაამაგრეს ციხე და ვერ შეუძლო წაღება. ესე იხილეს წარჩინებულთა, რამეთუ ნებავს ყოველთა ამოწყვედა და დამდაბლება, და უმეტესად ზურაბ ეზრახა ერისთავს გრიგოლს, რამეთუ ამას ჰყავდა ცოლად ასული ვახუშტი აბაშიძისა, ძმისა ზურაბისა. ხოლო ერისთავმა აუწყა დადიანსა და შეიკრიბნენ ალექსანდრე მეფესა ზედა. ამისთვის ალექსანდრემ მოითხოვა ლეკნი შანშესგან ქსნის ერისთვისა. მან წარმოუვლინა კაცითა თვისითა ფ (500) ლეკნი. ამათ წარუძღვა ალექსანდრე და იგინი ვერ წინააღუდგნენ, შემუსრეს ციხენი და მრავალნი კოშკნი, მოწვეს და მოტყევნეს და ჩავიდნენ ოდიშს და უძვირესნი ბოროტნი ყვნეს, მაგრამ განზრახვითა ლევან აბაშიძისათა: „რამეთუ არა კეთილ არის ლეკთაგან შემუსრვა ქვეყანისა ჩვენისა, რაჟამს სცნან ადგილნი, თვითვე მრავალსა ბოროტსა შეგვაჩვენებენ, როგორცა უყვეს სხვათა“. უსმინა მეფემან და უკმოიქცა და განუტევნა ლეკნი შოვებულნი. მაგრამ ტყვენი არა გაატანნა იმერეთისანი.
შემდგომად ამისა წარავლინა ალექსანდრემ ძმა თვისი გიორგი და აბაშიძე ლევან ქართლს, ვახუშტი აბაშიძესა ზედა; უცნობლად დაესხნენ ტეძერს მყოფს და იგი გამაგრდა სახლსა შინა, და იწყო ცემა თოფთა; მაშინ ამათ შეუდვეს ცეცხლი სახლსა მას; იხილა ვახუშტიმ და მოენდო ბიძის ძესა თვისსა ლევანს. მან მოგვარა მეფესა და პატიმარ ყვეს ციხესა შინა ნავარძეთს. სთხოვდა მეფე ფ (500) ქესას თეთრსა და ციხესა ვახანს, და ესენი არა ინება ვახუშტიმ მოცემად. მერე მოვიდა კათალიკოზი დომენტი განტევებისათვის ვახუშტისა და არა პატივ-სცა ალექსანდრემ. კვლავ წარმოევლინა ისაყ ფაშას ცხენი აღკაზმული, ქულქი და ოცი ქესა თეთრი, რათა განუტეოს ვახუშტი და არა ინება მეფემან. ხოლო დადიანმა შურითავე წინათქმულითა იშოვნა სპანი აფხაზთა. მიერთო ერისთავი და ზურაბ სპითა მათითა, ამათ ვერ წინააღუდგა ალექსანდრე, გამოუშვეს მარბიელი ქრისტესა ჩღმ (1740), მოწვეს სასახლე ალექსანდრესი ვარციხეს, მოაოხრეს და მოწვეს იმერეთი და წავიდნენ. კვლავ აღუსრულა აღთქმული ისაყ ფაშამან ანუკა მეფის ქალსა და გაზაფხულსა წარმოავლინა ფირიაღისშვილი, სიძე თვისი სპითა. ამას, ჩამოსულს იმერეთს, მიერთო დადიანი, ერისთავი და ზურაბ. იხილა რა მეფემან, დახიზნა ხიზანნი თვისნი ხარაგეულს და თვით წავიდა ქართლს ქრისტესა ჩღმა (1741). ამას წაყვნენ მამუკა ძმა თვისი, ლევან აბაშიძე და ბარის ერისთავი და ვახუშტიც წაიყვანა, რათა არა შემუსრონ ციხე ნავარძეთისა ოსმალთა და გამოიყვანონ.
მაშინ ოსმალთა მოიყვანეს ძმა ალექსანდრესი გიორგი, ნაშობი გურიელის ქალისა, და დასვეს მეფედ იმერეთს და მოუდგინეს ნებითავე მათითა დადიანი, ერისთავი და ზურაბ, და წავიდნენ ოსმალნი. ხოლო ალექსანდრე მივიდა აწერის ხევს შანშე ერისთვისა თანა. მაშინ იყო შანშე უკუმდგარი შაჰნადირისაგან. მოადგა ხანი შანშეს. ესე იხილა ალექსანდრემ, განუტევა ვახუშტი და თვით მივიდა ხანისა თანა. მან პირველად პატივ-სცა, მერე შეიპყრა.
ამისნი მხილველნი მამუკა და ლევან და სხვანი იმერნი ივლტოდნენ და მოვიდნენ იმერეთს ხოლო ალექსანდრე მიიყვანა ხანმან ტფილისს. წარავლინა ვაკის ერისთავი წინაშე შაჰნადირისა ალექსანდრემ დარუბანდს ვედრებად და თვით იყო ტფილისს, როგორცა პატიმარი. მცნობმან შაჰნადირმა წარმოუვლინა კაცი რაყმით ისაყ ფაშასა, რათა ჰყოს ალექსანდრევე მეფედ იმერთა. წაიყვანეს ალექსანდრე ახალციხეს. უსმინა ფაშამ შაჰნადირს და ამასვე შემოდგომასა ჩამოიყვანეს ალექსანდრე ოსმალთა და ჰყვეს იგივე მეფედ და შეამტკიცეს დადიანი, ერისთავი და აბაშიძე და ყოველნი იმერნი. მერე წავიდნენ ოსმალნი. ხოლო გიორგი ძმა ალექსანდრესი წავიდა ოდიშს და ალექსანდრეს ეპყრა იმერეთი.
მცირე ხანის შემდეგ უკუდგნენ კვლავ დადიანი, ერისთავი და ზურაბ. ამისთვის ალექსანდრემ მოიყვანა დედინაცვალი თვისი თამარ და აბრალა მას ყოველნი ყოფილნი, შეიპყრა და მოჰკვეთა თავი. კვლავ შეიპყრა ბარათაშვილი საჩინო, სანდო გიორგი ძმისა თვისისა, მოჰკვეთა მასცა თავი და დაყიდა დედაწულნი მისნი და იავარ-ჰყო ყოველნი გიორგის მიმდგომნი.
მერე შეიკრიბნენ დადიანი და ერისთავი და მოვიდნენ გეგუთს. ხოლო მეფე მივიდა ქუთათისს და არა გავიდა ბრძოლად მათდა. არამედ წარავლინა ახალციხეს და ევედრა ფაშასა. მან წარმოავლინა მცირე სპანი და, რა მოვიდნენ ბაღდადს, წავიდა ქუთათისიდან ლევან აბაშიძე და ბარის ერისთავი გიორგი, მათ თანა ციხის მცველნი ოსმალნი, რათა სცნან ვითარება მათი, რომელნიც აოხრებდენ ქვეყანათა, თუმცა მათ სმენოდათ მოსლვა ოსმალთა და იყრებოდენ იქიდან. მივიდნენ ესენი, ჰგონეს ტალათა მათთა მისლვა ოსმალთა, აცნობეს დადიანს. მან აღარა გამოიძია და ივლტოდნენ; მიჰყვნენ ესენი და უწყეს ცემა თოფთა და მოსრვიდნენ. მოიქცა ერისთავი, რათა იხილოს ვინაობა მათი. ეცა თოფი და მოკვდა ერისთავი გრიგოლ რაჭისა ქრისტესა ჩღმგ (1743), და სპანი მისნი ივლტოდნენ უმეტესად. ხოლო ამათ აიღეს ალაფი მათი და მოიქცნენ წინაშე ალექსანდრე მეფისა. მაშინ რაჭას დასვეს ერისთავად ძმა გრიგოლისა ვახტანგ. ამას ეზრახა მეფე, ზავ-ყო მის თანა, შემოიმტკიცა დადიანიცა და ყვეს მშვიდობა და დაიპყრა იმერეთი.
ამისა შემდგომად მოიპარა მაჭავარიანის ქალმან ციხე სვერისა, წამოვიდა ლევან, რათა მიიღოს მან. მაგრამ მიუსწრა მეფემან და მისცა მას და დაიპყრა ალექსანდრემ სვერი ქრისტესა ჩღმდ (1744), და გამოიღო საგანძური ზურაბ აბაშიძისა. ხოლო ლევან მოადგა შროშას ციხეს ძესა ზურაბისასა ზაალს, რათა არა იგიცა დაიპყრას მეფემან, მცირეს ხანს მისცეს ლევანს და დაიპყრა ლევან იგი, განუტევა ზაალ და წავიდა ქართლს ზურაბ მამისა თვისისა თანა და იმყოფებოდნენ ნუნისს.
Комментариев нет:
Отправить комментарий