კართაგენი
გრანი ქავთარიას „ჰანიბალი“-ს მიხედვით
გრანი ქავთარიას „ჰანიბალი“-ს მიხედვით
კართაგენი ფინიკიელებმა ქალაქის ტვიროსიდან დაარსეს ძვ.წ. IX ს-ის ბოლოს, 825 თუ 814 წელს აფრიკის ჩრდ. სანაპიროზე, დღევანდელი ტუნისის ყურეში. კარხადაშტ (ბერძნულად კარხედონ, ლათინურად კართაგოს) ფინიკიურად ახალ ქალაქს ნიშნავს.
თავდაპირველად კართაგენი როგორც ტვიროსის კოლონია მეტროპოლიის სრულ კონტროლს ემორჩილებოდა და გარესამყაროსთან დამოუკიდებელი ურთიერთობის დამყარების უფლება წართმეული ჰქონდა, ამის გამო დიდხანს ისიც ჩვეულებრივ რიგით ახალშენად რჩებოდა.
VIII ს-ის II ნახევარში დას. ხმელთაშუაზღვისპირეთში დაარსებული ფინიკიური კოლონიების მდგომარეობა შეიცვალა. ასურეთის მეფემ სალმანასარ V-მ ფინიკია დაიპყრო. შედეგად ტვიროსი დასუსტდა, რითაც ისარგებლეს ხმელთაშუა ზღვის დას. აუზში არსებულმა მისმა ახალშენებმა და თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ფინიკია კიდევ უფრო დაასუსტა და დააუძლურა აქემენიდური სპარსეთის გაძლიერებამ VI საუკუნეში, როდესაც მთელმა სანაპირომ საბოლოოდ დაკარგა დამოუკიდებლობა.
მეტროპოლიის დაცემამ ხელი შეუწყო კართაგენის სწრაფ დაწინაურებას. VII ს-ის შუახანებისთვის იგი სათავეში ჩაუდგა აფრიკაში არსებულ ფინიკიურ ქალაქებს და ზოგი ძალით, ზოგი ნებით თავის ხელისუფლებას დაუმორჩილა. კართაგენი ამითაც არ დაკმაყოფილდა, შეუდგა ფართო საკოლონიზაციო ქსელის გაბმას როგორც აფრიკის კონტინენტზე ისე მის გარეთ, ურთიერთობა დაამყარა სიცილიისა და იბერიის (ესპანეთში) ტომებთან და თანდათან გააფართოვა თავისი გავლენის სფერო. მალე კართაგენი ერთ-ერთ თვალსაჩინო პოლიტიკურ ძალად იქცა მთელ დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მის ხელქვეით აღმოჩდნენ აფრიკის ძველი ფინიკიური ქალაქები უტიკა, ლეპტისი, ჰადრუმენტუმი და სხვები. მალე დაიმორჩილა ესპანეთის სანაპიროზე არსებული ახალშენები და ხმელთაშუა ზღვის დას. აუზში მდებარე კუნძულები, მათ შორის სიცილიის მნიშვნელოვანი ნაწილი. დროის მოკლე მონაკვეთში ჩამოყალიბდა დიდი და ძლიერი მონათმფლობელური სახელმწიფო, რომლის გავლენამ ატლანტის ოკეანემდეც მიაღწია.
VI ს-ის მიწურულს კართაგენმა გააძლიერა აგრესია ახალი ოლქების მისატაცებლად. ამ მხრივ განსაკუთრებული როლი შეასრულა ცნობილმა სარდალმა მალხუსმა. მან წარმატებით სძლია აფრიკულ ტომებს, დაამთავრა კართაგენ-კირენას ომი და ზუსტი საზღვარი დაადგინა აფრიკის ბერძნებთან. იგივე მალხუსი იბრძოდა კუნძულ სარდინიაზეც, მაგრამ დამარცხდა და მრავალი დამსახურების მიუხედავად სამშობლოდან გააძევეს.
მალხუსის განდევნის შემდეგ კართაგენის უმაღლეს ხელისუფლებას სათავეში მაგონი მოექცა. მან დახვეწა კართაგენის სახელმწიფო წყობილება. მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა საფუძველი ჩაუყარა კართაგენის ძლიერებას. ისტორიკოსი პომპეუს სტრობუსი გადმოგვცემს, რომ მაგონმა მოაწესრიგაო ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაც, შეადგინა რა ოლიგარქიის ძირითადი დასაყრდენი დაქირავებული არმია. ამიერიდან არმია ხდება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ძალა, რომელსაც კართაგენის ხელისუფლება უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
ქალაქის პლებსიც ჩამოშორდა სამხედრო სამსახურს და მისი გავლენა სახელმწიფოებრივ საქმიანობაზე საგრძნობლად შემცირდა.
VI-V ს-ში კართაგენში დამყარდა სამხედრო დიქტატურა. მაგონიდების დინასტიამ მტკიცედ აიღო ხელთ ძალაუფლება. ბერძნული წყაროები მაგონიდებს მეფეებად მოიხსენიებენ. სულ ცნობილია ამგვარი 3 თაობა.
V ს-ის II ნახევარში მაგონიდებმა ხელისუფლება დაკარგეს. ამის მიზეზად მათი მეტისმეტად გაძლიერება მიაჩნიათ. პომპეუს სტრობუსის გადმოცემით მთავარსარდალთა ამ ოჯახის საქმიანობის ატანა თავისუფალი სახელმწიფოსათვის სამძიმო გამხდარა. მაგონიდების პოლიტიკით უკმაყოფილო მონათმფლობელურმა ოლიგარქიამ ბრძოლა დაიწყო ქვეყნის მართვა-გამგეობაში მონაწილეობის მისაღებად. მათი ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდა და მაგონიდების ბატონობა დაემხო. ოლიგარქიამ მიზანს მიაღწია და კართაგენში საბოლოოდ დამყარდა ოლიგარქიული მონათმფლობელური წყობილება. მთელი ძალაუფლება მსხვილი მონათმფლობელებისა და მდიდარი ვაჭრების ხელში მოექცა.
ოლიგარქიული წყობილების განმტკიცებამ შეცვალა ყველა ადრინდელი მაგისტრატის ფუნქცია და მოვალეობა. კართაგენის რესპუბლიკაში თანამდებობის უმაღლესი პირი იყო სუფეტი. ბერძენი ავტორები სუფეტებს მეფეებს უწოდებენ. ყოველწლიურად კართაგენის სახალხო კრება ორ სუფეტს ირჩევდა. სუფეტი (ფინიკიურად შოფეტი) მოსამართლეს ნიშნავს. რომაელი მწერლები დიდ მსგავსებას ხედავდნენ კართაგენის სუფეტებისა და რომის კონსულების უფლებამოსილებას შორის. მათი მმართველობის ვადაც ერთგვაროვანი იყო 1 წელი, რათა ერთ გვარს უპირატესობა არ მისცემოდა.
კართაგენის მთავარ პოლიტიკურ ორგანოს უხუცესთა საბჭო – სენატი წარმოადგენდა, რომლის შემადგენლობაც რესპუბლიკური გადატრიალების შემდეგ ასი წევრიდან სამასამდე გაიზარდა. სენატის შემადგენლობაში შედიოდნენ მსხვილი მონათმფლობელები, ფინანსისტები და ვაჭრები. სენატი სუფეტებთან ერთად საბოლოოდ წყვეტდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს. რესპუბლიკური გადატრიალების შემდეგ რეორგანიზაცია განიცადა ათის საბჭომაც. მისი შემადგენლობა ოცდაათ წევრამდე გადიდდა და იგი რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოდ იქცა. ოცდაათის ანუ მცირე საბჭო წინასწარ იხილავდა იმ საკითხებს რომლებიც დიდ საბჭოზე, სენატის სხდომებზე უნდა გასულიყო.
განუსაზღვრელი უფლებები შერჩა მთავარსარდალს, რის გამოც რომაელები მას დიქტატორსს უწოდებდნენ. ბერძენთა დახასიათებით მშვიდობიანობის დროს სარდალი ქვეყანას მართავდა ოლიგარქიულად, ომიანობის დროს მონარქიულად. კართაგენში ყველა მაგისტრატის უფლება-მოვალეობის ვადა მკაცრად იყო განსაზღვრული, გარდა მთავარსარდლის თანამდებობისა.
მართვა-გამგეობის საქმეში თვალსაჩინო როლს ასრულებდა კოლეგიალური კომისიები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხუთის კოლეგია – პენტარხია. პენტარხია კართაგენის ოლიგარქიული ხელისუფლების ბურჯი იყო. მის წევრებს კოოპტაციის წესით ნიშნავდნენ და თანამდებობაზე ყველა მაგისტრატზე მეტხანს რჩებოდნენ. პენტარხიის ფუნქციებში შედიოდა ასოთხის კოლეგიის წევრთა დანიშვნა, რომელსაც ფართო უფლებები გააჩნდა. თავდაპირველად V საუკუნეში იგი სპეციალურად მთავარსარდალთა მოვალეობის განსაზღვრისათვის შეიქმნა. საბჭოს ევალებოდა მუდმივი მეთვალყურეობა გაეწია სარდლის საქმიანობისათვის, არ მიეცა მისთვის მეტისმეტად გაძლიერების საშუალება. საბჭო არ იყო არჩევითი ორგანო და მის წევრებს პენტარხია ნიშნავდა ოლიგარქიული წარმომავლობის ოჯახთა წრიდან. ასოთხის კოლეგიის საკონტროლო ფუნქციები შემდგომში სხვა მაგისტრატებზედაც გავრცელდა.
რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო ფორმალურად სახალხო კრება იყო, იგი ირჩევდა მაგისტრატებს, იხილავდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მაგრამ კართაგენში არჩევნები წარჩინებისა და სიმდიდრის პრინციპით ტარდებოდა და ცხადია ქალაქის პლებსი ვერ წამოაყენებდა თავისი რიგებიდან პიროვნებას რომელიმე თანამდებობის დასაკავებლად. ამგვარი შეზღუდულობის გამო კართაგენის სახალხო კრება უმეტესად ცალკეული პარტიებისა თუ პირების ნება-სურვილის აღმასრულებელი ორგანო იქნებოდა. სახალხო კრება სრულ უფლებას მხოლოდ მაშინ იძენდა, როდესაც ოლიგარქიულ ორგანოთა შორის უთანხმოება წარმოიშვებოდა. ასეთ შემთხვევაში სახალხო კრება ფაქტიურად უმაღლეს განმკარგულებელ დაწესებულებად გარდაიქმნებოდა ხოლმე. იგი არა მარტო იხილავდა სუფეტების მიერ შეტანილ საკითხებს, თავის მხრიდანაც აყენებდა წინადადებებს და იღებდა გადაწყვეტილებებს. მაგრამ ასეთი რამ კართაგენის ცხოვრებაში საკმაოდ იშვიათად ხდებოდა.
V ს-ში ჩამოყალიბებული სახელმწიფო წყობის ამ სისტემით ხელმძღვანელობდა პლუტოკრატია ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. არც ერთ სახელმწიფოში სიმდიდრეს ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონია როგორც კართაგენში, აღნიშნავენ ანტიკური ავტორები.
კართაგენის ეკონომიური ძლიერების საფუძველი დაწინაურებული სოფლის მეურნეობა და საშუამავლო ვაჭრობა იყო. ფინიკიური წარწერები და უამრავი არქეოლოგიური მასალა რომლითაც ასე მდიდარია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები, იმაზე მეტყველებენ რომ კართაგენელები საუკუნეთა მანძილზე ამ სანაპიროზე მცხოვრებ ხალხთა დამაკავშირებელნი იყვნენ. კართაგენელი ვაჭრები ფართოდ ავრცელებდნენ მთელს ხმელთაშუაზღვეთში როგორც საკუთარი ქალაქის პროდუქციას, ისე მეზობელი თუ შორეული ხალხების ნიმუშებს, მაგრამ ვინაიდან თვით კართაგენული ხელოსნობის ნაწარმი დიდი ორიგინალობით არ გამოირჩეოდა, იგი მცირე რაოდენობით გაჰქონდათ და ძირითად როლს საშუამავლო ვაჭრობას აკისრებდნენ.
საშუამავლო ვაჭრობა კართაგენმა ფინიკიისაგან მიიღო მემკვიდრეობით და წარმატებით ემსახურებოდა მას მთელი თავისი არსებობის მანძილზე. ხმელთაშუაზღვისპირეთის ეკონომიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ კართაგენელი მონათვაჭრები, რომლებიც ვაჭრობის გარდა თავიანთი წინაპრების ფინიკიელების მსგავსად თავს ესხმოდნენ სანაპიროს ქალაქებსა და სოფლებს, იტაცებდნენ მოსახლეობას და მონებად ჰყიდდნენ. ფინიკიელი ვაჭარ-მეკობრენი ადამიანებს ასეთი ხერხით იტაცებდნენ: უცხოური საქონლით დატვირთული ხომალდით მიადგებოდნენ ნაპირს და მოსახლეობას სავაჭროდ მიიწვევდნენ, გაივსებოდა თუ არა გემი ხალხით აფრებს აუშვებდნენ, უმწეო ადამიანებს ბორკილებს დაადებდენ და სწრაფად გაუჩინარდებოდნენ ზღვაში. კართაგენელმა ვაჭრებმა მონების მოპოვების ასეთი ხერხი მიიღეს ფინიკიელებისაგან. მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო კართაგენი დიდი რაოდენობით იზიდავდა სხვადასხვა ტომის ვაჭრებსა და ხელოსნებს, რასაც შედეგად ქალაქის სწრაფი ზრდა მოჰყვა.
VII ს-ის ბოლოსათვის კართაგენი მთელს ხმელთაშუაზღვეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ცენტრი იყო. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას ვიცით, რომ კართაგენელებმა ჩრდ. აფრიკის ნაყოფიერი მიწების მიტაცებასა და დამუშავებას ადრიდანვე ინტენსიურად მოჰკიდეს ხელი და სანიმუშო მეურნეობაც შექმნეს. ისინი მარტო პრაქტიკული მეურნეობით როდი შემოფარგლულან, მათ სპეციალური სამიწათმოქმედო ხასიათის ლიტერატურაც შეუქმნიათ, რომელიც იმდენად საყურადღებო ყოფილა, რომ ანტიკურ ხანაშივე უთარგმნიათ ბერძნულად და ლათინურად.
დაარსების დღიდან კართაგენი განსაზღვრული რაოდენობის გადასახადს უხდიდა აფრიკის ადგილობრივ მოსახლეობას. გამოხდა ხანი და მოღონიერებულმა კართაგენმა შეუტია აფრიკელებს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გატეხა მათი წინააღმდეგობა, დაიმორჩილა ისინი და შექმნა ხელქვეითი პროვინცია ლიბია. აფრიკელ ტომთა დიდი ნაწილი გააძევეს მამა-პაპისეული სამკვიდროდან. ვინც დარჩა ხარკის გადახდა დაეკისრა. აფრიკის ნაყოფიერი მიწები კართაგენელმა მონათმფლობელებმა მიიტაცეს, მათ მოთმინებით შემოიმტკიცეს მიმდებარე ტერიტორია, რასაც შედეგად ჩრდ. აფრიკის მრავალრიცხოვან ტომთა სრული დამორჩილება მოჰყვა.
კართაგენის დიდება საზღვაო ფლოტი იყო. მისი სავაჭრო და სამხედრო ხომალდები დაუბრკოლებლად სერავდნენ ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროებს. ფინიკიელები ხოლო შემდეგ მათი მემკვიდრე კართაგენელები თავისი დროისათვის საუკეთესო ზღვაოსნები იყვნენ, ვარაუდობენ, რომ პირველად ფინიკიელ – კართაგენელები გავიდნენ ატლანტის ოკეანეში და შეუდგნენ მისი ნაპირების შესწავლას. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სიტყვა ოკეანე მომდინარეობს ფინიკიური სიტყვისაგან „ოგენ“, რაც ყველაფრის მომცველს ნიშნავს.
კართაგენელები ხომალდის აგებისა და მისი მართვის ხელოვნებით ბერძნებს უსწრებდნენ. კართაგენულ სამხედრო ხომალდს 5 ბაქანი ჰქონდა და გაცილებით სწრაფად ცურავდა ვიდრე ბერძნული გემი. ხომალდებზე მენიჩბეებად შესანიშნავად გაწვრთნილი სახელმწიფო მონები იყვნენ, რომელნიც მთელ სიცოცხლეს გემზე ატარებდნენ.
კართაგენელი გემის კაპიტნები საქმის კარგი მცოდნე და საოცრად გამბედავები იყვნენ. მათ სახელთან ბევრი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული აღმოჩენაა დაკავშირებული. ანტიკური წყაროები გადმოგვცემენ, რომ კართაგენელ ზღვაოსან ჰანონს ატლანტის ოკეანეში უმოგზაურია აფრიკის სანაპიროს კოლონიზაციის მიზნით. მას 60 გემით 30000 კაცი წაუყვანია და ახლადდაარსებულ ახალშენებში ჩაუსახლებია. მისია ბრწყინვალედ დამთავრდა და ატლანტის ოკეანის სანაპიროები კართაგენის საყრდენი პუნქტებით დაიფარა. დღეისათვის ზუსტად არ არის დადგენილი კერძოდ აფრიკის რომელ ნაწილამდე მიაღწია ჰანონმა. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერის ვარაუდით ჰანონის მოგზაურობის უკანასკნელი პუქტი გვინეის ყურე უნდა ყოფილიყო, ზოგის კამერუნი.
გეოგრაფი პომპონიუს მელა გვაუწყებს, რომ, ჰანონმა აფრიკის დიდ ნაწილს შემოუარა და უკან ზღვის დასრულების გამო კი არა სურსათის უკმარისობის გამო დაბრუნდაო.
ატლანტის ოკეანის სანაპიროზე აღმოჩენილი ფინიკიური წარმომავლობის არქეოლოგიური ძეგლების ხანდაზმულობის გარკვევის შედეგად ფიქრობენ, რომ ჰანონის ექსპედიცია VI ს-ის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო. ჰენიგი დაახლოებით 525 წელს ვარაუდობს, ტომპსონი 500 წელს.
ფინიკიელები და კართაგენელები მარტო აფრიკის სანაპიროს კოლონიზაციით არ იფარგლებოდნენ. ისინი თავიანთ ახალშენებს ნაპირიდან მოშორებით მდებარე კუნძულებზეც აარსებდნენ. მაგალითად კარგად იცნობდნენ კანარისა და აზორის კუნძულებს.
კართაგენელი ზღვაოსნები უფრო ღრმადაც შეჭრილან ატლანტის ოკეანეში. უკანასკნელ ხანებში კანადის ტერიტორიაზე კვებეკის პროვინციაში აღმოაჩინეს ლიბიური წარწერები, რომელთა გაშიფვრამაც მეცნიერები დაარწმუნა, რომ კართაგენელები კოლუმბამდე თითქმის 2000 წლით ადრე იცნობდნენ ამერიკის კონტინენტს. ქრონოლოგიურად ჰანონის მოგზაურობის მახლობელ ხანებში უნდა იყოს გაგზავნილი II ექსპედიცია ბრიტანეთის კ-ების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავდა კალით მდიდარი კუნძულებისაკენ საზღვაო გზის დაზუსტებას. პლინიუსის თანახმად ექსპედიციის მეთაურს ჰიმილკონს ევროპის სანაპიროს გამოკვლევაც ევალებოდა.
ხმელთაშუა ზღვის დას აუზის სანაპიროზე და კუნძულების კოლონიზაციამ კართაგენის ხელში მოაქცია მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები და მდიდარი ნედლეულის წყაროები.
კართაგენული ახალშენები აწონასწორებდნენ ადგილობრივი ტომების ურთიერთობას გარესამყაროსთან. დიდი ყურადღება ექცეოდა ქალაქის დასაარსებელი ადგილის შერჩევას. კართაგენის თითქმის ყველა ახალშენი ნავსადგურების მოსაწყობად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობდა, თუმცა კოლონისტები ქვეყნის სიღრმეშიც იჭრებოდნენ და საკოლონიზაციო ქსელს თავიდან აფართოებდნენ. ამ ტიპის ახალშენები ძირითადად ბორცვებზე ეწყობოდა, რაც ერთის მხრივ მოახალშენეებს უადვილებდათ თავდაცვას, ხოლო მეორეს მხრივ კი საშუალებას აძლევდა კართაგენის ხელისუფლებას მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა ადგილობრივი მოსახლეობა.
კართაგენის კოლონიზაცია არსებითად განსხვავდებოდა ფინიკიურისაგან, რომლებიც მხოლოდ სავაჭრო ფაქტორიების მოწყობის და ადგილობრივ მოსახლეობასთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარებით კმაყოფილდებოდნენ, რის გამოც ხშირად უჭირდათ ადგილობრივი მოსახლეობის შემოტევების მოგერიება. კართაგენული კოლონიზაცია კი წმინდა პოლიტიკური ხასიათისა იყო. თავიანთი წინაპრებისაგან განსხვავებით ისინი ჯერ პოლიტიკურ უფლებებს ართმევდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, სხვა სახის საქმიანობას კი მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდნენ.
კართაგენი ჩრდ. აფრიკის მნიშვნელოვან ნაწილს ფლობდა, აფრიკის გარეთ არსებულთაგან კი ყველაზე თვალსაჩინო ოლქი იბერიის ნახევარკუნძული იყო. აქ მდებარეობდა კართაგენის ძირითადი დასაყრდენი ტვიროსის უძველესი ახალშენი ჰადესი. კართაგენი ფლობდა იბერიის სანაპიროს უამრავ ფაქტორიას. თავიდანვე მის ხელში მოექცა ნკ-ის სიღრმეში არსებული ვერცხლის საბადოებიც.
კართაგენის გავლენის სფერო უფრო ვრცელი ხდებოდა. კართაგენს სავაჭრო და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთთან, ეგვიპტესთან, მცირე აზიასთან.
ცალკე აღნიშვნის ღირსია კართაგენსა და ეტრუსკებს შორის არსებული ურთიერთობა. კართაგენის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავი ეტრუსკული ძეგლი და პირიქით ეტრურიაში მატერიალური კულტურის ნიმუშებთან ერთად მიკვლეულია ფინიკიური წარწერები. კართაგენ-ეტრურიის სიახლოვე ასახულია ანტიკურ წყაროებშიც.
ბერძენ-რომაელი ავტორები მრავალ ცნობას გვაწვდიან ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ არა მარტო სავაჭრო არამედ სამხედრო კავშირის შესახებაც.
კართაგენისა და ეტრურიის პირველ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ანტიკური ტრადიცია VI ს-ით ათარიღებს. კავშირი როგორც ჩანს მიმართული უნდა ყოფილიყო ბერძნების წინააღმდეგ, რომელთაც ამ დროისათვის ძლიერ გაააქტიურეს ხმელთაშუა ზღვის აუზის კოლონიზაცია. ხელშეკრულების ძირითადი მიზანი ახალი კონკურენტის წინსვლის შეჩერება იყო. ამ კავშირის შედეგი იყო 535 წ. ალალიასთან გამართული ბრძოლა. ბერძნები დამარცხდნენ და მათი წინსვლა დროებით შეფერხდა. ამით ისარგებლა კართაგენმა და ახლა სარდინიას შეუტია. ბრძოლა გაჭიანურდა, შევიწროებულმა სარდინიელებმა მიატოვეს სანაპირო ზოლი და კუნძულის სიღრმეში მიუდგომელ მთიანეთში გადაიხვეწნენ, მაგრამ სარდინიის სრული დამორჩილება კართაგენმა მაინც ვერ მახერხა,
კართაგენელების და ბერძნების ურთიერთობა ალალიასთან ბრძოლით არ დამთავრებულა. ალალიასთან ბრძოლის შემდეგ VI-V ს-ის მიჯნაზე ესპანეთის ნაპირებთან მასალიოტებმა კართაგენის ფლოტი გაანადგურეს. გამარჯვების მიუხედავად ბერძნები გიბრალტარის სრუტეს მაინც ვერ მიუახლოვდნენ. სრუტე კართაგენელებს მტკიცედ ჰქონდათ ჩაკეტილი და ფხიზლად დარაჯობდნენ.
VI ს-ის ბოლოსათვის ეტრუსკები საგრძნობლად დასუსტდნენ. ეს მოხერხებულად გამოიყენეს ბერძნებმა და შეტევა ახალი ძალით განაახლეს. კართაგენელები და ეტრუსკები კვლავ მოკავშირედ დარჩნენ. დასავლეთის ბერძნულ ქალაქებს სათავეში სირაკუზი ჩაუდგა. ბრძოლაც ბერძნებსა და კართაგენელებს შორის ძირითადად სიცილიაზე გაგრძელდა, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ კართაგენმა კუნძულის დას. ნაწილის მიტაცება შეძლო, აღმოსავლეთი კი ბერძნებმა შეინარჩუნეს.
საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ სიცილიამ კართაგენის ისტორიაში საბედისწერო როლი შეასრულა.
ბერძენ-სპარსელთა ომების დროს (499-449 წლ) კიდევ უფრო გამწვავდა კართაგენისა და ბერძნული ქალაქების ურთიერთობა. შეიქმნა პირობები, რომ ერთდროულად დაერტყათ ბერძნებისათვის აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, მაგრამ ჯერჯერობით საფრთხე კართაგენს უფრო ემუქრებოდა ვიდრე საბერძნეთს.
ჰეროდოტე ამ ფაქტთან დაკავშირებით გვაუწყებს „დაიპყრო თუ არა კამბიზმა ეგვიპტე 525 წელს, გადაწყვიტა კართაგენიც დაემორჩილებინა მაგრამ გადაიფიქრაო, თურმე კართაგენი ფინიკიელ მეზღვაურებს უხსნიათ, მათ უარი უთქვამთ მეფის ბრძანების შესრულებაზე თითქოს იმ მოტივით, რომ ფიცით აკრძალული ჰქონდათ საკუთარი შვილების წინააღმდეგ ბრძოლა“, მაგრამ ამგვარი მოტივით ლაშქრობის შეჩერება სარწმუნოდ არ ჩანს, ფინიკიელები ასე ადვილად ვერ აღუდგებოდნენ წინ სპარსეთის მეფის გადაწყვეტილებას, უფრო დასაჯერებელია ის ვარაუდი, რომ კამბიზი ჯერ კიდევ არ იყო მზად ასეთი შორეული ლაშქრობისათვის.
შემდეგაც ხშირად დასმულა კართაგენის საკითხი სპარსეთის სამეფო კარზე, მაგრამ იგი ყოველთვის ბედნიერმა შემთხვევამ იხსნა, ბოლოს განსაცდელი კართაგენის სასარგებლოდ შემობრუნდა, ბერძენ-სპარსელთა ომში ბერძნებმა მრავალგზის სძლიეს მტერს და მიწასთან გაასწორეს მისი არმია.
სპარსეთის ახალმა მეფემ ქსერქსემ საბერძნეთთან ბრძოლის განახლებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დადო კართაგენთან ბერძნების წინააღმდეგ გაერთიანებული ძალით ბრძოლის შესახებ. ხელშეკრულების მიხედვით სპარსეთს ბალკანეთის, ხოლო კართაგენს დასავლეთის ბერძნების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, ამ შეთანხმების შედეგი იყო კართაგენის ჩარევა სიცილიის საქმეებში, რასაც ჰიმერას ცნობილი ბრძოლა მოჰყვა 480 წ. ბრძოლა ბერძენთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა, ჰიმერას ბრძოლას სამართლიანად ადარებდნენ სალამინისა და პლატეას ბრძოლას, სალამინმა და პლატეამ ბალკანეთის, ხოლო ჰიმერამ დასავლეთის ბერძნებს შეუნარჩუნა დამოუკიდებლობა.
ჰიმერასთან მარცხის მიუხედავად კართაგენმა მაინც შეინარჩუნა სიცილიის საკმაო ნაწილი. სიცილია კართაგენმა და სირაკუზმა გაიყვეს და 70 წლის განმავლობაში მათ შორის სერიოზული შეტაკება აღარ მომხდარა. 409 წლიდან კი კართაგენმა კვლავ განაახლა ომი სიცილიაში რომელიც შუალედებით 241 წლამდე გაგრძელდა.
310 წელს სირაკუზის ტირანმა აგათოკლემ კართაგენთან ბრძოლის ფრონტი სიცილიიდან აფრიკაში გადაიტანა, მაგრამ ამ ლაშქრობას პოლიტიკურ რუკაზე ცვლილებები არ შეუტანია, სიცილიელებმა მარცხი განიცადეს.
დიდ წარმატებებს მიაღწია კართაგენის წინააღმდეგ ბრძოლებში ეპირის მეფე პიროსმა 278-277 წელბში, მაგრამ სიცილიიდან მისი წასვლის შემდეგ კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი ბერძნულ ქალაქ აკრაგანტთან ერთად კართაგენის ხელში აღმოჩნდა. პიროსის შემდეგ სირაკუზში ტირანი ჰიერონ II განმტკიცდა. ისიც თავისი წინამორბედების მსგავსად სიცილიიდან კართაგენელთა განდევნას ისახავდა მიზნად, მაგრამ თუ ადრე კუნძულის ხელთგდებას 2 მოქიშპე კართაგენი და სირაკუზი ცდილობდა ახლა მათ მესამეც დაემატა რომის სახით.
რომაელთა საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლამ არსებითად შეცვალა ხმელთაშუა ზღვის აუზში არსებულ ძალთა თანაფარდობა.
III ს-ის დამდეგისათვის რომმა იტალიის დაპყრობა დაამთავრა. პიროსის მოგერიების შემდეგ აპენინის ნახევარკუნძულზე მას შემაფერხებელი ძალა აღარ ჰყავდა და მზად იყო მიეღო ნებისმიერი ქვეყნის გამოწვევა.
სიცილიის საქმეებში რომაელთა ჩარევა შემთხვევით მოხდა, სირაკუზის ტირანს აგათოკლეს თავის დროზე მოქირავნეებად ჰყავდა კამპანიელი მეომრები მამერტინელები (მარსის შვილები), ტირანის გარდაცვალების შემდეგ მოქირავნეები დაითხოვეს. სამშობლოსაკენ მიმავალმა მოქირავნეებმა დაიკავეს სიცილიის ქ. მესანა და მისი შემოგარენი 284 წ. გავიდა საკმაო ხანი, სირაკუზში არეულობა გრძელდებოდა და მას მესანისათვის არ ეცალა, ბოლოს როგორც იქნა მდგომარეობა მოწესრიგდა და ახალმა ტირანმა ჰიერონ II-მ განიზრახა მესანის დაბრუნება. მან მამერტინელები დაამარცხა და მესანას ალყა შემოარტყა. ალყა 5 წელი გაგრძელდა, გაჭირვებაში ჩავარდნილმა კამპანიელებმა რაკი ხსნის ყოველგვარი იმედი ამოეწურათ დახმარებისათვის რომს და კართაგენს მიმართეს. კართაგენის ფლოტი სწრაფად შევიდა მესანის ყურეში და თავისი მომხრე მესანის პროკართაგენული პარტიის დახმარებით ქალაქი ადვილად აიღო. რომის ხელისუფლებამ დახმარების გაგზავნა დააყოვნა. რომაელები მესანასთან მაშინ გამოჩდნენ როცა ქალაქი უკვე კართაგენელთა ხელში იყო. რომის სარდალმა აპიუს კლავდიუსმა გადაწყვიტა სენატის შეცდომა გამოესწორებინა და ქალაქი ხელში ჩაეგდო. იგი მოქმედების ასეთ გზას დაადგა: კართაგენის სარდალს ჰანონს აცნობა, რომ მამერტინელებს რომაელებიც ჰყავდათ მიწვეული, ამიტომ საკითხი ორივე მხარეს ერთად უნდა გადაეწყვიტათ. ჰანონი დათანხმდა, აპიუს კლავდიუსმა იგი მიიწვია, ჰანონი ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე გამოცხადდა რომაელთა ბანაკში, კლავდიუსმა კართაგენის სარდალი დააკავა და აიძულა ბრძანება გაეცა კართაგენის არმიას მესანა დაეტოვებინა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ ჰანონს სხვა გზა აღარ ჰქონდა და კართაგენელებმა ქალაქი დატოვეს.
ჰანონი სამშობლოში შერცხვენილი დაბრუნდა. კართაგენელებმა ჩადენილი წინდაუხედაობისათვის იგი ჯვარზე გააკრეს, რომს კი ომი გამოუცხადეს.
რომისა და კართაგენის ურთიერთობას ომის დაწყებამდე საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა. ანტიკური ავტორების გადმოცემით ეს ურთიერთობა VI ს-ის მიწურულიდან დაიწყო. I ხელშეკრულება რომსა და კართაგენს შორის ჯერ კიდევ რომის I კონსულების - ლუციუს იუნიუს ბრუტუსისა და პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლას მმართველობის ხანაში 509 წელს დადებულა. 348 წელს გაფორმდა II ხელშეკრულება, რომელიც მხოლოდ ვაჭრობის საკითხებს აწესრიგებდა.
უკვე 279 წელს იტალიაში პიროსის შეჭრასთან დაკავშირებით რომსა და კართაგენს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება ურთიერთდახმარების თაობაზე. ხელშეკრულების ერთერთი პუნქტი იმასაც ითვალისწინებდა, რომ არ დაზავებოდნენ ბერძნებს ურთიერთშორის წინასწარი შეთანხმების გარეშე, მაგრამ ეს კავშირი დღენაკლული აღმოჩნდა.
აპენინის ნკ-ს დაპყრობის შემდეგ რომმა პირველივე ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენა და აპენინის ზღურბლი გადალახა. მესინის ამბებთან დაკავშირებით მან მიიღო თავისი ადრინდელი მოკავშირის კართაგენის გამოწვევა, დაიწყო ომი რომსა და კართაგენს შორის, რომელიც I პუნიკური ომის სახელწოდებითაა ცნობილი. პუნებს რომაელები კართაგენელებს უწოდებდნენ, აქედან მიიღო ამ ომმაც ასეთი სახელი.
პირველივე წელი კართაგენელთა მარცხით დაიწყო. სიცილიის ბერძნული ქალაქები რომის მხარეზე გადავიდნენ, კართაგენელებს მხოლოდ სირაკუზი შერჩათ, მაგრამ, როდესაც ქალაქს რომაელებმა ალყა შემოარტყეს ტირანი ჰიერონ II იძულებული გახდა რომთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაედო. სირაკუზის ჩამოშორებამ კართაგენის მდგომარეობა გაართულა. რომაელებმა შეტევები განაგრძეს.
262 წ. ექვსთვიანი ალყის შემდეგ რომაელებმა აიღეს ქ. აკრაგანტი, მაგრამ ამ წარმატების მიუხედავად მათი საქმე სახარბიელო მაინც ვერ იყო: ხმელეთზე თუ რომის არმია აქტიურობდა სამაგიეროდ ზღვა კართაგენის ფლოტს ეპყრა, იგი ყოველი მხრიდან ავიწროებდა რომის ახალბედა ფლოტს.
პირველი დიდი საზღვაო ბრძოლა 260 წ. გაიმართა ლიპარის კუნძულებთან, კართაგენის ფლოტმა გაიმარჯვა. დამარცხებამ რომის ხელისუფლება აიძულა ზღვისათვის მეტი ყურადღება მიექცია. სასწრაფოდ შეუდგნენ ხომალდების აგებას და შეიარაღებას, შედეგმაც არ დააყოვნა, კონსულმა გაიუს დუილიუსმა ახალგაზრდა ფლოტით მილესთან გაანადგურა კართაგენის ძლიერი ფლოტი და დაკარგული პოზიციები დაიბრუნა. ზღვაზე წარმატებამ რომაელებს ბრძოლის გაგრძელების ახალი ასპარეზი გადაუშალა, მათ სცადეს ეს გამარჯვება კიდევ უფრო განემტკიცებინათ და ომი აფრიკაში გადაეტანათ, განზრახვა მალე მოიყვანეს სისრულეში.
256 წ. რომაელთა ფლოტი კარგა დიდი არმიით აფრიკისაკენ გაემართა. კართაგენის ფლოტმა სცადა მათი წინსვლის შეჩერება და მტერს ეკნომის კონცხთან დახვდა, მაგრამ დამარცხდა და რომის არმია აფრიკაში გადავიდა. მან ააოხრა კიდეც კართაგენის აფრიკული სამფლობელოები, მაგრამ ზურგს მოწყვეტილმა ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო და დამარცხდა, ომის ასპარეზი კვლავ სიცილიაში გადავიდა. ამის შემდეგ უფერულად და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, რასაც შედეგად ომის გაჭიანურება მოჰყვა.
კართაგენელთა პოზიციები გამოსწორდა 247 წლიდან, როცა კართაგენის არმიას სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა სარდალი ჰამილკარ ბარკა (ელვა), მაგრამ ეს წარმატებაც დროებითი აღმოჩნდა, კართაგენმა კვლავ უკან დაიხია და თავდაცვით ბრძოლებზე გადავიდა.
I პუნიკური ომის უკანასკნელი ბრძოლა 241 წ. გაიმართა ეგატის კუნძულებთან, სადაც რომის ფლოტმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დამარცხებამ კართაგენის ხელისუფლება აიძულა ზავზე ეფიქრა, შესთავაზა კიდეც მოწინააღმდეგეს ზავი, რომი დათანხმდა. კართაგენმა დათმო სიცილია, რომს ტყვეები დაუბრუნა და კონტრიბუციის გადახდაც იკისრა. ეს იყო პირველი სერიოზული მარცხი კართაგენის ისტორიაში.
I პუნიკური ომი დამთავრდა. რომი იმკიდა გამარჯვების ნაყოფს, კართაგენის საშინაო საქმეები კი ომის შემდეგ მეტისმეტად დაიძაბა, ქვეყანაში დაიწყო აჯანყება, რამაც კართაგენის ყოფნა არყოფნის საკითხი სასწორზე დადო. კართაგენის არმიის ერთ-ერთ მთავარ ბირთვს მოქირავნეები შეადგენდნენ, მეომართა შეგროვება სენატის გადაწყვეტილებით ხდებოდა, საჭიროების შემთხვევაში სენატორები მიემგზავრებოდნენ სხვადასხვა მხარეს, დებდნენ ხელშეკრულებას ტომის ბელადებთან, უთანხმდებოდნენ მეომართა რაოდენობაზე, გასამრჯელოსა და სამსახურის ხანგრძლივობაზე. ძალიან ხშირად კართაგენის ლაშქარი თითქმის მთლიანად დაქირავებული მეომრებისაგან შედგებოდა, მეთაურთა შემადგენლობა კი ყოველთვის ადგილობრივი იყო. საერთოდ კი კართაგენის არმიის ძირითად ბირთვს ქვეითი ე. წ. წმინდა რაზმი შეადგენდა, რომლის წევრებიც წარჩინებული კართაგენელები იყვნენ, ისინი რომლებიც სამხედრო მოღვაწეობისათვის სიყმაწვილიდან ემზადებოდნენ. წმინდა რაზმში გადიოდნენ მომზადებას კართაგენის არმიის მომავალი სარდლები, მდიდრები მსახურობდნენ კავალერიაშიც, მაგრამ როდესაც ქალაქს საფრთხე დაემუქრებოდა ყველა მოქალაქე ვალდებული იყო იარაღი აესხა. კართაგენის ლაშქარში შედიოდნენ აგრეთვე აფრიკის დაპყრობილი და მოკავშირე ტომებიდან გამოყვანილი რაზმები, მაგრამ მათზე დანდობა სახიფათო იყო და კართაგენის ხელისუფლება ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა აფრიკელებთან ურთიერთობის საკითხს.
კართაგენის არმია შეიარაღებითაც და აღნაგობითაც მრავალფეროვანი იყო: ქვეითები, ცხენოსნები, საბრძოლო ეტლები და გაწვრთნილი სპილოები არმიას საოცრად მრისხანე იერს აძლევდა. ამას ემატებოდა კართაგენის ფლოტი, რომელიც მთელ ხმელთაშუა ზღვაზე სანიმუშოდ ითვლებოდა. თუ კართაგენისა და რომის არმიათა შემადგენლობას ერთმანეთს შევუდარებთ მათ შორის არსებით განსხვავებას ვიხილავთ, რომის არმიას რომაელი მოქალაქეები და იტალიელი მოკავშირეები ავსებდნენ, რომაელ მოლაშქრეთა ინტერესები სულ სხვა იყო და ამის გამო მისი ბრძოლისუნარიანობა აღემატებოდა კართაგენის დაქირავებული არმიის ბრძოლისუნარიანობას. დაქირავებული მეომრისა და სამშობლოს ინტერესებისათვის მებრძოლი ჯარისკაცის მიზნები მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სწორედ ამ მომენტმა განსაზღვრა პირველ პუნიკურ ომში კართაგენის დამარცხება.
საზავო პირობების თანახმად კართაგენს კონტრიბუციის სახით საკმაოდ დიდი თანხა უნდა გადაეხადა. მას გადასახდელი ჰქონდა აგრეთვე წლების განმავლობაში დაგროვილი მოქირავნეთა ჯამაგირი, ამ თანხის გადახდა კი მის შესაძლებლობას საგრძნობლად აღემატებოდა, მოქირავნეები ჯამაგირს მოითხოვდნენ, მათი მღელვარება დღითიდღე მატულობდა, ბოლოს და ბოლოს უკმაყოფილება გადაიზარდა დიდ აჯანყებაში რომელიც კართაგენის ისტორიაში მოქირავნეთა აჯანყების სახელითაა ცნობილი. აჯანყება მიმდინარეობდა 241-238 წლებში. აჯანყებულ მოქირავნეებს მიემხრენ მონები და კართაგენის პოლიტიკით უკმაყოფილო ტომები, აჯანყებულთა რაოდენობამ 40000 კაცს მიაღწია, მოძრაობას სათავეში ჩაუდგა დაქირავებულ ლიბიელთა არმიის მეთაური მაიოსი და კამპანიელი მონა სპენდიუსი, აჯანყებაში დიდ როლს ასრულებდა აგრეთვე დაქირავებულ გალ მეომართა სარდალი ავტარიტი. აჯანყება მთელ ჩრდ. აფრიკას მოედო, კართაგენი დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, ქალაქი თითქმის სავსებით მოწყდა ხმელეთს, ამ დროს კი კართაგენის შინაგან ძალებს პარტიათა ბრძოლა ღრღნიდა.
კართაგენის ხელისუფლებამ აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლის ხელმძღვანელობა I პუნიკური ომის გმირს ჰამილკარ ბარკას დააკისრა. მან არმიას აღუდგინა საკუთარი ძალის რწმენა და თავისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით დაქსაქსა აჯანყებულნი, ზოგი ძალით, ზოგიც დაპირებებით ჩამოაშორა საერთო საქმეს. გამოცდილი და წინდახედული სარდლის მიერ დაგებულ მრავალ გონებამახვილურ მახეს აჯანყებულებმა ვერ გაუძლეს და ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ სასტიკად დამარცხდნენ.
ჰამილკარ ბარკას ავტორიტეტი ძალიან გაიზარდა და ახლა მას თავისუფლად შეეძლო კართაგენის სენატისათვის თავისი ნება-სურვილი ეკარნახა. I პუნიკური ომის დროინდელი კართაგენის გაბატონებული ოლიგარქიის საჭესთან 2 პიროვნება იდგა ჰამილკარ ბარკა და ჰანონი.
ჰამილკარისა და ჰანონის პარტიებს განსხვავებული მიზნები ამოძრავებდათ, ჰანონის მომხრეებს სურდათ კართაგენის ხელისუფლებას მთავარი ყურადღება აფრიკისათვის მიეპყრო და საბოლოოდ დაემორჩილებინა იგი, ჰამილკარის პარტია მდიდარი ვაჭრების ინტერესებს გამოხატავდა. მას სურდა კართაგენს პირველ პუნიკურ ომში განცდილი ზარალი ევროპაში ახალი ლაშქრობით აენაზღაურებინა. აფრიკაში სიმშვიდის დამყარების შემდეგ ჰამილკარი შეუდგა თავისი გეგმების განხორციელებას.
237 წ. კართაგენის არმიით იგი იბერიაში გადავიდა და მრავალრიცხოვანი ესპანელი ტომების დამორჩილებას შეუდგა. ძველი ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები ერთხმად მიუთითებენ რომ პირენეს ნკ-ზე კართაგენელთა გადასვლა იყო რომთან II ომის ფარული სამზადისი. იბერები მთელ ხმელთაშუაზღვეთში იყვნენ განთქმულნი როგორც საუკეთესო მებრძოლები, მაგრამ მრავალრიცხოვანი იბერი ტომების წინააღმდეგობა ჰამილკარმა ადვილად დასძლია და ნკ-ს მოსახლეობის დამორჩილებას მიჰყო ხელი. მალე ესპანეთის ზღვისპირა ნაწილი კართაგენს დაემორჩილა. ჰამილკარი 9 წელი იბრძოდა პირენეს ნკ-ზე, მისმა წარმატებებმა სერიოზულად შეაშფოთა რომი, სენატმა ესპანეთის საკითხების მოსაგვარებლად სპეციალური ელჩობა გაგზავნა, მაგრამ ჰამილკარმა რომაელები დაარწმუნა კართაგენი პირენეს ნკ-ზე იბრძვის იმ ფულის მოსაპოვებლად რაც 241 წლის ზავის თანახმად აქვსო გადასახდელი. რომის ელჩობა ამ პასუხით დაკმაყოფილდა, ჰამილკარმა კი მეტი მონდომებით განაგრძო ესპანეთის ძარცვა.
იბერიაში მოღვაწეობის მეცხრე წელს ქ. ილიცეს ალყის დროს ჰამილკარი მოულოდნელად დაიღუპა 229 თუ 228 წელს.
ესპანეთში მყოფი არმიის მოთხოვნით კართაგენის სენატმა მთავარსარდლად ჰამილკარის სიძე ჰასდრუბალი დანიშნა. ახალი მთავარსარდალი ერთგულად იცავდა და ახორციელებდა ჰამილკარის გეგმას. ჰასდრუბალმა კიდევ უფრო გააფართოვა კართაგენის სამფლობელოები იბერიაში, დააარსა ქალაქი „ახალი კართაგენი“, რომელიც კართაგენელთა მთავარ დასაყრდენ ბაზად იქცა პირენეს ნკ-ზე, ხოლო შემდგომ ცენტრალური ადგილი დაიჭირა იბერთა კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ჰასდრუბალის წარმატებების შესახებ რომში საგანგაშო ცნობები მოჰქონდათ. საჭირო გახდა კართაგენელთა სამოქმედო ასპარეზის განსაზღვრა. ამის შედეგი იყო ახალი ხელშეკრულება 226 წ. რომლის თანახმად რომისა და კართაგენის გავლენის სფეროთა საზღვრად მდ. იბერი გამოცხადდა. ამ ხელშეკრულებით ჰასდრუბალმა მდ. იბერის დასავლეთით განუსაზღვრელი ძალაუფლება მოიპოვა, მაგრამ მისი წარმატებები ხანმოკლე აღმოჩნდა, მანაც თავისი წინამორბედის ბედი გაიზიარა. 221 წ. ერთმა იბერმა პირადი მტრობის ნიადაგზე არმიის თვალწინ მოკლა იგი. ჰასდრუბალის სიკვდილით დამთავრდა ესპანეთში კართაგენის ბატონობის ადრინდელი პერიოდი.
221 წლის შემდეგ იბერია-კართაგენის ურთიერთობა სულ სხვა გზით წარიმართა. ჰასდრუბალის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ იბერიაში მყოფმა კართაგენის არმიამ ახალ მთავარსარდლად ჰამილკარ ბარკას უფროსი ვაჟი ჰანიბალი აირჩია და კართაგენის სენატმაც უყოყმანოდ დააკმაყოფილა ლაშქრის გადაწყვეტილება.
კართაგენისა და საერთოდ ხმელთაშუა ზღვის აუზის ისტორიაში დაიწყო ახალი ეპოქა, რომელიც დიდი კართაგენელი სარდლის ჰანიბალის სახელთანაა დაკავშირებული.
ჰანიბალის პიროვნება
ცნობილ სარდალსა და პოლიტიკურ მოღვაწეს ჰამილკარ ბარკას 3 ვაჟი ჰანიბალი, ჰასდრუბალი, მაგონი და რამდენიმე ასული ჰყავდა. მის მრავალრიცხოვან შთამომავალთა შორის ისტორიაში წარუშლელი კვალი მხოლოდ მისმა ვაჟებმა დატოვეს. ბიჭები პატარაობიდანვე განსაკუთრებული ნიჭითა და უნარით გამოირჩეოდნენ; განათლებული მამაც ყოველნაირად უწყობდა ხელს რათა ბავშვებს რაც შეიძლება მეტად გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა.
ჰამილკარის ვაჟთა შორის უფროსი ჰანიბალი იყო, რომელიც დაიბადა 247 თუ 246 წელს, ხოლო უმცროსი მაგონი. ჰამილკარი თავის ვაჟიშვილებს სიამაყით ლომის ბოკვერებს უწოდებდა. ლომის ბოკვერებს ბავშვობიდანვე დაამახსოვრდათ კართაგენის დაკარგულ დიდებაზე გლოვა, რომელიც ჰამილკარის ოჯახში სუფევდა. ისინი დედის რძესთან ერთად მშობლიური ქალაქის სიყვარულითა და რომისადმი სიძულვილით იკვებებოდნენ. ბავშვებმა ყრმობა უმეტესად მამის სამხედრო ბანაკებში გაატარეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს თითქოს მკაცრი სამხედრო ბანაკი იყო ბარკიდთა მთავარი სკოლა და უხეში ჯარისკაცები იყვნენ მათი პირველი მასწავლებლები. ჰამილკარი თავისი დროისათვის განათლებული ადამიანი იყო და ცდილობდა შვილებისათვისაც შესაფერისი ცოდნა მიეცა, რა მიზნითაც იგი ფართოდ უღებდა თავისი ოჯახის კარს უცხოელ სწავლულებს.
ცნობილია, რომ მაშინდელ კულტურულ სამყაროში ყოველგვარი ცოდნის გამავრცელებელნი ბერძნები იყვნენ. მათ ყველგან ნახავდით ძველ სამყაროში ინდოეთიდან ჰერკულესის სვეტებამდე. აქ ისინი უამრავ სამუშაოს ასრულებდნენ, ძირითადად კი გვევლინებიან როგორც მასწავლებლები, ინსტრუქტორები და სამხედრო საქმის სპეციალისტები. ჰამილკარის ოჯახში ბერძენი სწავლულები ლომის ბოკვერებს გადასცემდნენ ელინისტური სამყაროს მიღწევებს კულტურისა და მეცნიერების დარგში. ცნობილია, რომ ჰანიბალი არა მარტო სწავლობდა ბერძენი სწავლულებისაგან, არამედ მეგობრობდა კიდეც მათთან. ჰანიბალის მასწავლებლები იყვნენ მაგ. სიზერნა და სოზილა ლაკედემონელი. სოზილა ბავშვობაში ბერძნულ ენას ასწავლიდა ჰანიბალს, შემდეგში კი მისი მეგობარი გახდა და დიდი მხედართმთავრის ბიოგრაფიაც კი დაწერა. სოზილას ნაშრომს ისტორიკოსი პოლიბიოსი ანეგდოტების კრებულს უწოდებს ტენდენციურობის გამო.
ჰანიბალი ისე კარგად დაუფლებია ბერძნულ ენას, რომ ამ ენაზე მას წიგნებიც კი დაუწერია. გარდა ამისა ის თავისუფლად ფლობდა რამდენიმე ენას.
თანამედროვეთ ჰანიბალი ხიბლავდა არა მარტო სამხედრო საიდუმლოებათა ამოცნობის გასაოცარი უნარით, არამედ თავისი ფართო განათლებითაც. ეს მრავალმხრივი ჰარმონია უნდა მივიჩნიოთ მისი დიდების ერთერთ საფუძვლად, წინააღმდეგ შემთხვევაში რომისადმი ესოდენ საძულველი პიროვნება ანტიკურ მწერლებთან ასე ბრწყინვალე შარავანდედს ვერ დაიმკვიდრებდა. საინტერესოა ციცერონთან დაცული ერთი ეპიზოდი, რომელიც ჰანიბალის ცხოვრების ბოლო წლებს შეეხება: სირიის მეფის ანტიოქეს კარზე შეფარებულ დიდ სარდალს მეგობრებმა ურჩიეს შეხვედროდა მთელ აღმოსავლეთში ცნობილ ფილოსოფოსს ფორმიონს, ისიც დათანხმდა, ფილოსოფოსი რამდენიმე საათი მსჯელობდა მხედართმთავრის მოვალეობასა და საერთოდ სამხედრო საქმეებზე, მსმენელები აღტაცებულნი უსმენდნენ ორატორს. შეხვედრის შემდეგ მეგობრებმა ჰანიბალს ჰკითხეს როგორ მოგეწონა ფილოსოფოსიო, კართაგენელ სარდალს გულწრფელად უპასუხია „ცხოვრებაში ბევრ სულელ მოხუცს შევხვედრივარ, მაგრამ ისეთი როგორიც ფორმიონია არასდროს მინახავს“. ციცერონი იქვე ამბობს, „ვფიცავ ჰანიბალი მართალი იყო, როგორ შეიძლება ასეთი თავხედური ყბედობა, ვიღაც ბრძენი, რომელსაც არასდროს უხილავს არც მტერი, არც ბანაკი, არასდროს შეუსრულებია უმნიშვნელო საზოგადოებრივი თანამდებობაც კი თავს უფლებას აძლევს ბრძოლის საიდუმლოებანი ასწავლოს ჰანიბალს, იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ძალაუფლებას ეცილებოდა ყველა ტომზე გამარჯვებულ რომაელ ხალხს“.
9 წლისა იყო ჰანიბალი როცა მამამ ესპანეთში წაიყვანა. გამგზავრების წინ მხლებლებით გარშემორტყმული ჰამილკარი ღმერთებს მსხვერპლს სწირავდა, ბავშვიც იქვე იდგა, როდესაც მსხვერპლმა სასურველი ნიშნები მისცა და დამკვიდრებული წესები შესრულდა მამამ დამსწრეებს უბრძანა გასცლოდნენ, ჰანიბალი კი თავისთან მიიხმო, მოუალერსა და ჰკითხა სურდა თუ არა მასთან ერთად იბერიაში წასვლა. ყმაწვილი ხალისით დასთანხმდა. მამამ სამსხვერპლოსთან მიიყვანა იგი და უბრძანა მსხვერპლს შეხებოდა და შეეფიცა, რომ სიკვდილამდე რომაელთა მტერი იქნებოდა. ჰანიბალმა დაიფიცა. იგი სიკვდილამდე ერთგული დარჩა ბავშვობაში დადებული ამ ფიცისა. ჰანიბალის ფიცი მომდევნო ეპოქამ მხატვრულ გამოთქმად აქცია და იგი მტრისადმი მტკიცე, ურყევი შეურიგებლობის სინონიმი გახდა.
ჰანიბალი ბავშვობიდანვე შეეზარდა სამხედრო ბანაკს, სასურველ ნიადაგზე ფართოდ გაიშალა მისი თანდაყოლილი მონაცემები და ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა თანატოლთაგან უკვე ძალიან გამოირჩეოდა. როდესაც ჰამილკარი გარდაიცვალა 18 წლის ჰანიბალი კართაგენში იმყოფებოდა, ზოგიერთი წყაროს თანახმად ის ესპანეთში გადასვლის შემდეგ სამშობლოში 203 წლამდე არ დაბრუნებულა.
ახალმა მთავარსარდალმა ჰასდრუბალმა იგი სასწრაფოდ გაიწვია. რა თქმა უნდა ჰანიბალს ყოყმანი არ დაუწყია, მაგრამ იბერიაში მის გამგზავრებას წინ აღუდგა ანტიბარკიდული პარტია.
ჰანონი კართაგენის სენატს მოაგონებდა გამოეჩინა სიფრთხილე და წინდახედულება, კარგად შეესწავლა საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმებულიყო ახალგაზრდა ჰანიბალის ესპანეთში წასვლაზე. სენატში წარმოთქმული სიტყვა ჰანონმა ასე დაასრულა „არ შეგვფერის დავეთანხმოთ ახალგაზრდობის გაგზავნას თითქოსდა სამხედრო საქმის შესასწავლად, მაშინ როდესაც ისინი მხედართმთავრის პირად ინტერესებს უნდა ემსახურონ, მე მოვითხოვ ეს ახალგაზრდა დარჩეს აქ, დაემორჩილოს კანონებს, დაექვემდებაროს სახელმწიფო მაგისტრატებს, მიეჩვიოს კანონიერების ფარგლებში ცხოვრებას მსგავსად სხვა ახალგაზრდებისა და ემსახუროს სახელმწიფოს ინტერესებს, წინააღმდეგშემთხვევაში ამ უმნიშვნელო კოცონიდან შეიძლება უზარმაზარი ხანძარი აინთოს“. ჰანონს სენატორთა უმცირესობამ დაუჭირა მხარი და სენატის დადტგენილების საფუძველზე ჰანიბალი ესპანეთში გაემგზავრა. ჰანონის სიტყვაში ერთი საინტერესო მომენტის შემჩნევა შეიძლება. როგორც ჩანს ჰასდრუბალი ჰანიბალთან ერთად იბერიაში კართაგენის ახალგაზრდობასაც იწვევდა, ამან განაპირობა ჰანონის მკაცრი რეაქცია აღნიშნული ფაქტისადმი. ჰანონის სიტყვიდან ჩანს, რომ მას აშინებდა ახალგაზრდობის მიმხრობა ბარკიდების წამოწყებული საქმისადმი, ჰამილკარის მემკვიდრეთა ბატონობა და სახელმწიფო საქმეებში თვითნებური ხელყოფის გაზრდა.
ჰანონი კარგად გრძნობდა რას წარმოადგენდა მათთვის იბერია და ყოველი საშუალებით ცდილობდა ხელი შეეშალა კართაგენის ახალგაზრდობისათვის მიმხრობოდა ბარკიდულ ორიენტაციას.
ჰანიბალი გადავიდა ესპანეთში და დანიშნულების ადგილას გამოცხადდა. ისტორიკოს ტიტუს ლივიუსს აღწერილი აქვს ის საყოველთაო აღტაცება რაც მისმა გამოჩენამ გამოიწვია იბერიაში მყოფ კართაგენის არმიაში, იგი წერს: „ძველ მეომრებს მოეჩვენათ, რომ დაბრუნდა ჰამილკარი, ოღონდ ისეთი როგორიც თავისი აყვავების წლებში იყო. ჰანიბალში დაინახეს ჰამილკარისეული ძლიერი სიტყვა, მსგავსი მბრძანებლური გამოხედვა, ჰანიბალის სახის ნაკვთებშიაც კართაგენის არმიის ვეტერანებმა მამის ნაკვთები ამოიცნეს. ჰანიბალი არმიას საკუთარმა გარეგნობამ წარუდგინა“.
ჰასდრუბალმა 18 წლის ჰანიბალი კავალერიის უფროსად დანიშნა. ძველი მწერლების გადმოცემით ჰანიბალი მხოლოდ სამხედრო საქმისათვის იყო დაბადებული, ამ მხრივ იგი თანამედროვეებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. ლივიუსი გვთავაზობს რა ჰანიბალის პორტრეტს, იგი ფერებსა და საღებავებს არ იშურებს მისი ღირსებების შესამკობად, ლივიუსის თანახმად ჰანიბალი საფრთხეში ძალიან მამაცი და წინდახედული იყო. არ არსებობდა საქმე რომელსაც მისი დაღლა შეეძლო, ერთნაირი მოთმინებით იტანდა სიცხესა და სიცივეს, ჭამდა და სვამდა ზომიერად, სიფხიზლესა და ძილს შორის დროს ისე ანაწილებდა, რომ ყურადღებას არ აქცევდა დღესა და ღამეს, მოსასვენებლად იყენებდა იმ დროს რაც სამუშაოსაგან თავისუფალი რჩებოდა, არ სარგებლობდა რბილი საწოლით და არც სიწყნარეს მოითხოვდა, რომ ადვილად დაეძინა. ხშირად უნახავთ ჩაძინებული საომარ მოსასხამში გახვეული საგუშაგოზე მებრძოლთა შორის. ჩვეულებრივი მეომრისგან ტანსაცმლით არ განსხვავდებოდა, მხოლოდ იარაღითა და ცხენით შეიძლებოდა მისი გამოცნობა, ბრძოლაში შეუდარებელი იყო, შეტაკებაში პირველი ჩაებმებოდა, ბრძოლის ველს კი უკანასკნელი ტოვებდა, მაგრამ ყველა ამ ღირსებასთან ერთად მას ბევრი ნაკლიც ჰქონდა, ლეგენდად იყო ქცეული მისი სიმკაცრე, ხოლო ვერაგობა ბევრად აღემატებოდა ყბადაღებულ პუნიკურ ვერაგობას, იგი არ ცნობდა სამართალს, პატიოსნებას, არ ეშინოდა ღმერთების, არ იცავდა ფიცს, პატივს არ სცემდა რელიგიას. ლივიიუსს ჩამოთვლილი აქვს ყველა უარყოფითი მხარე რაც კი შეიძლება ერთ ადამიანში იყოს თავმოყრილი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სხვანაირად სამშობლოს პატრიოტ ისტორიკოსს არც შეეძლო რომის დაუძინებელი მტრის დახასიათება.
უდიდესი და უსაოცრესი ძალა და ჭკუა იყო თავმოყრილი ამ ერთ ადამიანში წერს პოლიბიოსი. ჰანიბალის პოლიბიოსისეული შეფასება უფრო კონკრეტულ მასალაზეა დაფუძნებული და ნაკლები მაღალფარდოვანება ახასიათებს. ისტორიკოსს ჰანიბალის შესახებ არსებული ცნობები აღებული აქვს თვით კართაგენელებისაგან. განსაკუთრებით საინტერესოდ მიიჩნევს ის ჰანიბალის თანამედროვის ნუმიდიის მეფის მასინისას მონათხრობს. ჰანიბალი და მისი მსგავსი პირები მსოფლიო ისტორიაში გამონაკლისის სახით დგანან იმ მხრივაც რომ მათ შესახებ მხოლოდ მათი მტრების ცნობებია მოღწეული, ჩვენ არ გვაქვს საშუალება გავეცნოთ კართაგენელის თვალით დანახულ ჰანიბალის მოღვაწეობის ვრცელ აღწერას, მაგრამ ანტიკური ავტორები მისი სიდიადის წინაშე ქედს იხრიან და როდესაც მის საქმიანობას ეხებიან ავიწყდებათ სიძულვილი მრისხანე ფინიკიელის მიმართ.
ესპანეთში გადასული ჰანიბალი მთელი არსებით ჩაება სამხედრო ოპერაციებში. ჰასდრუბალის ხელქვეით სამსახური მისთვის სერიოზული სკოლა გახდა. მთავარსარდლის ყოველ დავალებას იგი გულმოდგინედ ასრულებდა, რითაც საგრძნობლად უწყობდა ხელს კართაგენის არმიის წინსვლას.
დიდი სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვა მან მეომართა შორისაც. სამხედრო საქმის ჩინებულმა მცოდნემ, მოუსვენარმა და მაძიებელმა ჭაბუკმა თავიდანვე საერთო ყურადღება და პატივისცემა დაიმსახურა.
226 წელს არმიამ მთავარსარდლად ჰანიბალი დაასახელა, კართაგენის სენატმა დაადასტურა ლაშქრის გადაწყვეტილება.
სამოღვაწეო ასპარეზზე ჰანიბალის გამოსვლით ახალი ეპოქა დაიწყო კართაგენის ისტორიაში, ეს იყო ყველაზე საინტერესო და დაძაბული დიდებითა და მწუხარებით აღსავსე ეპოქა კართაგენ-რომის ურთიერთობაში.
221 წლიდან ჰანიბალი იწყებს პირენეს ნკ-ს მოსახლეობის საბოლოო დამორჩილებას. იგი თავიდანვე ფართო მასშტაბის საომარ სამზადისს შეუდგა, ვინაიდან მისი აზრით დაყოვნებას მხოლოდ ზიანის მოტანა შეეძლო.
221 წელი მან ბრძოლებში გაატარა: აიღო ოლკადების დედაქალაქი კარტავა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახლომახლო მცხოვრებ ტომებზე, ბევრმა მტრის სიძლიერით დამფრთხალმა ნებაყოფლობით ცნო კართაგენის ბატონობა, ჰანიბალი დიდი ნადავლით დაუბრუნდა ქ. ახალ კართაგენს ზამთრის გასატარებლად.
220 წლს გაზაფხულზე მან ბაკცეებზე ილაშქრა, მოულოდნელი თავდასხმით გატეხა მათი წინააღმდეგობა და აიღო ქ. ჰერმანტიკა, დღევანდელი სალამანკა, ბაკცეების მეორე ქალაქი. არბოკალა მტერს ღირსეულად აღუდგა წინ, მრავალრიცხოვანი მოსახლეობა დიდი თავგანწირვით იბრძოდა, მაგრამ გამარჯვება მაინც კართაგენელებს დარჩათ. სისხლისაგან დაცლილი ქალაქი მტერს დანებდა.
ამ დამარცხებათა მიუხედავად ოლკადასა და ბაკცეებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, ისინი სწრაფად გაერთიანდნენ და იერიში მიიტანეს კართაგენელებზე, აჯანყებულებმა კარპეტანებიცც მიიმხრეს და უზარმაზარ სამხედრო ძალას მოუყარეს თავი.
ლივიუსის ცნობით გაერთიანებულ იბერთა არმია ასი ათას მეომარს ითვლიდა. ჰანიბალი თავისი ლაშქრით მდ. ტაგუსის ნაპირთან იდგა, მან პირდაპირი შეტაკების გეგმა უარყო, არმია მოხერხებულ ადგილას გაამაგრა და მხოლოდ თავდაცვაზე ზრუნვას შეუდგა. იბერები და კართაგენელები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, დაღამდა, ორივე ბანაკში სიჩუმემ დაისადგურა, ჰანიბალიც ამას უცდიდა, მან თავის მეომრებს უბრძანა უხმაუროდ გადაელახათ ტაგუსი და მდინარის მეორე ნაპირზე გამაგრებულიყვნენ, ასეც მოხდა, არმიამ მშვიდად დატოვა ბანაკი და მდინარე დაუბრკოლებლად გადალახა. დილით კი იბერებმა დაინახეს, რომ კართაგენელებს ბანაკი მიეტოვებინათ, მათ ეს იოლი გამარჯვების მაუწყებლად მიიჩნიეს და სასწრაფოდ შეუდგნენ მდინარის გადალახვას, ჰანიბალს ეს გათვალისწინებული ჰქონდა, იცოდა, რომ კართაგენელთა გაქცევა ესპანელ ტომებში გამარჯვების იმედს აღძრავდა, აჩქარდებოდნენ და მახეში ადვილად გაებმებოდნენ.
ჰანიბალმა იბერები ტაგუსის შუაგულამდე შეუშვა და იქ შეაგება ცხენოსნები, შეტევაზე გადმოსულ ქვეით იბერებს უჭირდათ წყალში მოძრაობა დარაც მთავარია იარაღის ხმარება. მაშინ როცა ჰანიბალის ცხენოსნებს მთელი აღჭურვილობით ბრძოლა სულაც არ ეძნელებოდათ, წყალში მდგომთათვის უბრალო შეხებაც კი საკმარისი იყო, რომ მაშინვე დაცემულიყვნენ, ისინი ტალღას მიჰქონდა, ხოლო თუ ცხენოსნებს ვინმე დაუსხლტებოდა ჰანიბალს ესეც გათვალისწინებული ჰქონდა, ნაპირის გასწვრივ 40 სპილო ჩაემწკრივებინა, ნაპირზე გასული იბერები ამ სპილოთა მსხვერპლნი ხდებოდნენ, იბერები შედრკნენ და უკან დაიხიეს. ჰანიბალმა თავის არმიას შეტევაზე გადასვლა უბრძანა, ლაშქარი კვლავ მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანა და დემორალიზებული მოწინააღმდეგის ძირითად ძალებს შეუტია, იბერებმა შეტევას ვერ გაუძლეს და უწესრიგოდ გაიფანტნენ. კართაგენის არმია ლტოლვილებს დაედევნა, კარპეტანიაში შეიჭრა და კარპეტანთა ველ-მინდვრების აოხრებას შეუდგა. ამრიგად იბერთა გამოსვლა მარცხით დამთავრდა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა, აჯანყებულებმა თავი დამარცხებულად სცნეს და მორჩილება აღიარეს. ამ გამარჯვებამ არსებითი როლი შეასრულა პირენეს ნკ-ზე კართაგენის პოზიციების განმტკიცების საქმეში. მდ. იბერის დასავლეთით არსებული ყველა ქალაქი და ტომი რა თქმა უნდა არა მთელი ესპანეთი არამედ ნკ-ს სამხრეთი ხმელთაშუაზღვისპირა ნაწილი ჰანიბალს დაემორჩილა, გამონაკლისი იყო მხოლოდ ბერძნული ქალაქი საგუნტი.
ჰანიბალმა კარგად იცოდა, რომ საგუნტის საქმეებში ჩარევა კართაგენს უშუალოდ რომთან დააპირისპირებდა ვინაიდან ქალაქი რომაელთა მოკავშირე იყო. იბერი ტომების დაპყრობით საგრძნობლად განთავისუფლდა რომისაკენ მიმავალი გზა. საგუნტის გარდა ჰანიბალს წინ არავითარი დაბრკოლება აღარ ეღობებოდა, ამავე დროს მისი აზრით სწორედ საგუნტი იყო საუკეთესო ასპარეზი რომთან ომის წამოსაწყებად. მიზნის მისაღწევად მიზეზის გამონახვა ადვილად შეიძლებოდა, მაგრამ ჰანიბალის ვარაუდით ყველაზე კარგი იყო საგუნტსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობის გამწვავება, ყოველნაირად უწყობდა ხელს საგუნტელებსა და ტურდეტანებს შორის მტრობის გაღვივებას. დაწყებული საქმე ჩინებულად წარიმართა, კრიტიკულ მომენტში ჰანიბალმა საგუნტის მოსახლეობას აუწყა, რომ ისინი არღვევენ მეზობლების საზღვრებს და აოხრებენ კართაგენის მოკავშირე ტომების მიწებს, ეს აშკარა ცილისწამება იყო.
საგუნტის საკითხმა გადამწყვეტი როლი შეასრულა II პუნიკური ომის დაწყებაში. ჰანიბალი ცდილობდა პატარ-პატარა კონფლიქტებით დაეძაბა კართაგენ-რომის ურთიერთობა და ანტირომაულად განეწყო კართაგენის გაბატონებული ოლიგარქია, რომელზედაც ისედაც განუზომელი იყო ბარკიდების გავლენა.
როდესაც საგუნტთან დამოკიდებულება უკიდურესად გამოწვავდა ჰანიბალმა კართაგენის სენატს აცნობა რომაელები აგულიანებენ კართაგენის მორჩილებაში მყოფ იბერებს და მოუწოდებენ მათ განუდგნენ კართაგენს, ხოლო ამ საქმეში რომაელებს საგუნტელები უწვდიან დახმარების ხელსო. ასეთმა ინფორმაციამ კართაგენის სენატი მთლიანად ჰანიბალის გავლენის ქვეშ მოაქცია, ბოლოს მოვლენათა განვითარება ისეთნაირად წარიმართა, რომ კართაგენის ხელისუფლებამ ჰანიბალს დაავალა საგუნტის მიმართ ისე ემოქმედა როგორც თვითონ მიიჩნევდა მიზანშეწონილად.
მართალია ბარკიდები ესპანეთში დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, მაგრამ რომთან ურთიერთობის საკითხში სენატის დაუკითხავად სიფრთხილეს იჩენდნენ, რომ მოწინააღმდეგე პარტიისათვის ლაპარაკის საბაბი არ მიეცათ, ჰანიბალიც ასე მოიქცა, მან ჯერ მოამზადა ნიადაგი და შემდეგ დაიწყო მოქმედება.
219 წელს მისი ბრძანებით კართაგენის არმია ქ. საგუნტის მიმართულებით დაიძრა, ის სამი მხრიდან უტევდა ქალაქს, მაგრამ საგუნტის დამცველები ღირსეულად იგერიებდნენ მტრის თავდასმხმას. მოალყეებმა დიდი ზარალი განიცადეს, ისრების სეტყვამ კართაგენელებს ქალაქთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ალყაში მყოფნი მოულოდნელად გამოიჭრებოდნენ ქალაქიდან და მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ მტერს, თვით ჰანიბალი ერთერთი შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა, ბრძოლა შეწყდა.
ახალი შეტევა უფრო მძაფრად დაიწყო ჰანიბალის გამოჯანმრთელების შემდეგ. საგუნტელებმა ჯერ კიდევ 220 წ. აცნობეს რომს მოახლოებული საფრთხის შესახებ და დახმარება სთხოვეს, მაგრამ რომაელებმა საგუნტის თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს, ასეთმა გულგრილობამ ჰანიბალს ქალაქის ალყაში მოქცევა გაუადვილა.
რომში მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ საგუნტის საკითხით, როდესაც გაიგეს ქალაქი უკვე ალყაში იყო მოქცეული. სენატმა დიპლომატიური გზით სცადა საქმის მოწესრიგება, ჰანიბალთან ელჩობა გაგზავნა რათა კართაგენის სარდლისათვის 226 წ. დადებული ხელშეკრულების დაცვა მოეთხოვა, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ელჩობა კართაგენში უნდა გადასულიყო და ჰანიბალისთვის ეჩივლა.
რომის წარმომადგენლები გამოცხადდნენ ესპანეთში, მაგრამ საგუნტის ალყით გართულმა ჰანიბალმა ისინი არ მიიღო, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია კრიტიკულ მომენტში მოლაპარაკების გამართვაო.
ასეთი არაფრისმთქმელი პასუხით განაწყენებულმა ელჩებმა კართაგენს მიაშურეს. რომაელებმა კართაგენის სენატს მოსთხოვეს შეეწყვიტათ საომარი მოქმედება საგუნტის წინააღმდეგ და ჰანიბალიც დაესაჯათ. კართაგენში რომის ელჩების გამოცხადებამ დიდი მღელვარება გამოიწვია, გამოცოცხლდა ანტიბარკიდული პარტია, ჰანიბალისა და საერთოდ ომის მომხრეთა წინააღმდეგ კვლავ შეუდგა ქადაგებას ჰანონი, მან სენატს მიმართა „ადრევე გაგაფრთხილეთ არ მიგეშვათ არმიასთან ჰამილკარის მოდგმაო, ჰანიბალი რომს უნდა გადავცეთ როგორც განსაწმენდელი მსხვერპლი ხელშეკრულების დარღვევის გამო თუნდაც ამას არავინ გვთხოვდეს, იგი ან გაყვანილ უნდა იქნეს ჩვენთვის ცნობილი მხარეების გარეთ ანდა ჩამწყვდეული ისეთ ადგილას საიდანაც არც სახელი, არც რაიმე ცნობა მის შესახებ ჩვენამდე ვერ მოაღწევს, არც შესაძლებლობა ექნება შეაწუხოს ჩვენი მშვიდობისმოყვარე ქალაქი, საბოლოოდ ჩემი აზრი ასეთია, სასწრაფოდ გაიგზავნოს ელჩობა რომში რათა სენატს ბოდიში მოუხადოს, მეორე ელჩობამ ჰანიბალს უნდა უბრძანოს გაიყვანოს არმია საგუნტიდან, დააკმაყოფილოს ხელშეკრულების პირობები და სარდალიც რომაელებს გადასცეს, მოვითხოვ აგრეთვე მესამე ელჩობა გაიგზავნოს საგუნტში მოსახლეობისათვის ზარალის ასანაზღაურებლად“. ჰანონის სიტყვა დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, სენატმა კატეგორიულად უარყო ჰანონის წინადადება. რომის ელჩებს ასეთი პასუხი გასცეს „ვინაიდან ომი საგუნტელებმა დაიწყეს, რომის მოქმედება სწორი არ არის, როცა იგი საგუნტის გულისათვის სწირავს ძველ მოკავშირეს კართაგენს, კართაგენის სენატს არ შეუძლია რომის მოთხოვნების დაკმაყოფილებაო“. ელჩობა გაწბილებული გაბრუნდა, ხოლო საგუნტი წინააღმდეგობას განაგრძობდა, ჰანიბალსაც მტკიცე სალტეში ჰყავდა იგი მოქცეული.
ანტიკური ავტორები ვრცლად აღწერენ საგუნტელთა გმირობას. აპიანეს გადმოცემით ქალაქის მცხოვრებლები შიმშილით სიკვდილს იარაღით ხელში დაღუპვას ამჯობინებდნენ, ქალებიც კი რომელთა ქმრებიც ბრძოლაში დაეცნენ სახლების სახურავებიდან ვარდებოდნენ, იხრჩობდნენ თავს, ზოგიერთები ჯერ საკუთარ შვილებს ხოცავდნენ შემდეგ კი იმავე მახვილით იგმირავდნენ მკერდს, კართაგენისათვის მსგავსი წინააღმდეგობა იბერიის არც ერთ ქალაქს არ გაუწევია, მიუხედავად ასეთი საარაკო თავგანწირვისა 8 თვის ალყის შემდეგ ქალაქი დაეცა. საგუნტის დაცემის შემდეგ რომმა კვლავ გაგზავნა მისია კართაგენში, ელჩობას კატეგორიულად უნდა მოეთხოვა ჰანიბალის დასჯა, ხოლო თუ კართაგენი მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა ომი გამოეცხადებინა.
ელჩები ჩავიდნენ კართაგენში და თავიანთი პრეტენზიები ჩამოაყალიბეს, კართაგენელები თავს იმართლებდნენ საგუნტის შემთხვევაში ჩვენი სარდალი მართალი იყოო, მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და ამიტომაც ვერ დავსჯითო. რომაული მისიის მეთაურმა უსმინა კართაგენელ სენატორებს და რაკი დარწმუნდა მოლაპარაკება დროის დაკარგვა იყო წამოდგა და განაცხადა „კართაგენელებო მე თქვენ მოგიტანეთ ომი და მშვიდობა, ამოირჩიეთ რომელიც გსურთ“, სენატორებმა მიუგეს „თქვენ თვითონ აირჩიეთ“, რომაელმა ომი შესთავაზა, სენატორთა უმრავლესობამ შესძახა „ვიღებთ“, მოლაპარაკება დამთავრდა, ორივე მხარემ ბედი მარსს მიანდო.
კართაგენის ხელისუფლებამ ჰანიბალს აცნობა, რომ ომი უკვე ოფიციალურად გამოცხადებულია და იგი შენი შეხედულებისამებრ წარმართეო.
ჰანიბალს ლაშქარი გამოსაზამთრებლად ახალ კართაგენში ჰყავდა, ომის ნებართვაც ჰქონდა, ბარკიდთა ოცნებას ფრთები ესხმოდა, საჭირო იყო სისწრაფე. ჰანიბალს ცეცხლი უკვე დანთებული ჰქონდა, მას მხოლოდ გაღვივება სჭირდებოდა.
კართაგენის არმია საომრად მზად იყო, არც რომაელები ისხდნენ გულხელდაკრეფილნი. რომის სენატმა ბრძოლის გეგმა შეადგინა, რომლის თანახმად ესპანეთში სასწრაფოდ უნდა გაეგზავნა კონსული კორნელიუს სციპიონი 2 ლეგიონით, რომელშიც შედიოდა 8000 ქვეითი და 600 მხედარი, ამას გარდა სციპიონს ახლდა 16000 მოკავშირე და 1800 მხედარი, სულ რომის არმია 26 ათას ოთხას მეომარს ითვლიდა.
მეორე კონსული ტიბერიუს სემპრონიუს ლონგუსი 160 ხომალდით აფრიკაში უნდა გადასულიყო, პირველს ესპანეთში ჰანიბალის შეჩერება ევალებოდა, მეორეს კი კართაგენის აფრიკულ სამფლობელოებზე იერიშის მიტანა.
ჰანიბალს წინასწარ ჰქონდა გათვალისწინებული, რომ იტალიაში ლაშქრობისას მოსალოდნელი იყო აფრიკაზე რომის თავდასხმა, ამიტომ კართაგენის გარნიზონი უნდა გაეძლიერებინა, ამ მიზნით აფრიკელი მეომრები ესპანეთში გადაიყვანა, ხოლო იბერები აფრიკაში. სამშობლოდან დაცილებულ მებრძოლებს უფრო ერთგულად რომ ებრძოლათ. ესპანეთის საქმეების მოწესრიგება, კართაგენის სამფლობელოების დაცვა და გაფართოება ჰანიბალმა თავის ძმას ჰასდრუბალს მიანდო, დაუტოვა მრავალრიცხოვანი არმია, მასვე ემორჩილებოდა ესპანეთში მყოფი კართაგენის ფლოტიც, ჰასდრუბალს ომის მსვლელობაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა, ჰანიბალის იტალიაში გადასვლის შემდეგ ახალი ლაშქრით უნდა შეჭრილიყო აპენინის ნკ-ზე და გაეხსნა II ფრონტი.
ლაშქრობის დასაწყისი
ჰანიბალმა მთელი ზამთარი საომარ სამზადისში გაატარა, დადგა თუ არა 218 წლის გაზაფხული მან უზარმაზარი არმიით, ანტიკური ავტორების მოწმობით მისი ლაშქარი 90000 ქვეითით, 12000 ცხენოსნითა და ორმოცამდე საბრძოლო სპილოსაგან შედგებოდა, დატოვა ახალი კართაგენი და გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო, დაუბრკოლებლად გადალახა მდ. იბერი და შეუდგა იბერსა და პირენეს მთებს შორის მცხოვრები ტომების დამორჩილებას, სძლია ისინი და კართაგენის ხელისუფლებას დაუქვემდებარა ივერგეტები.
ივერგეტები ერთერთი ძლიერი და განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი ტომი იყო მაშინდელ ესპანეთში. ივერგეტების ბელადებმა ძმებმა ინდიბილისმა და მანდონიუსმა თვალსაჩინო როლი შეასრულეს ანტიკური იბერიის ისტორიაში, როგორც დამოუკიდებლობისთვის თავდადებულმა მებრძოლებმა. ბარგუსიები, ალდეტანები და პირენეს თების მისადგომებთან მცხოვრები ლაცეტანები. ამ ტომების მმართველად თავისი ერთერთი სარდალი ჰანონი დანიშნა, დაუტოვა მას 10000 ქვეითი და 1000 ცხენოსანი რათა ზურგი მტკიცედ ჰქონოდა დაცული და განაგრძო გზა პირენეს მთებისაკენ.
ჰანიბალის გეგმის თანახმად კართაგენის არმია იტალიაში ჩრდილოეთიდან უნდა შეჭრილიყო, ამ მიზნით მის ლაშქარს უნდა გაეარა მთელი გალია და ალპების მთები გადაელახა, თანაც აპენინის ნკ-ს იგი თავს იმ მხრიდან უნდა დასხმოდა საიდანაც რომაელები ნაკლებ ელოდნენ, გზაში მას არმია უნდა შეევსო გალებით ვინაიდან მთელი იტალიის დასაპყრობად თავისი ძალები ეცოტავებოდა, გარდა ამისა ის დიდ იმედს ამყარებდა აპენინის ნკ-ს მოსახლეობაზე, მისი ვარაუდით კართაგენის არმიის იტალიაში გამოჩენა ადგილობრივ მოსახლეობას ანტირომაული მოძრაობის სულს შთაბერავდა და ჰანიბალის ბანაკს გააძლიერებდა, ამაში ის ღრმად იყო დარწმუნებული, იტალიკების სულისკვეთება მისთვის კარგად იყო ცნობილი.
ჰანიბალის არმია ძლევამოსილად მიიკვლევდა გზას პირენეს მთებისაკენ, ვიდრე ლაშქარი ესპანეთში იმყოფებოდა სარდალი მეომრებს ლაშქრობის გეგმას არ აცნობდა, მაგრამ პირენეს მთებთან მიახლოებამ იგი აიძულა საიდუმლო გაემჟღავნებინა.
შეუდგა თუ არა არმია მთის ფერდობებს იბერ მეომართა ნაწილი უკმაყოფილებამ მოიცვა, შორეული ლაშქრობის ამბავმა ბარბაროსი მეომრები აღაშფოთა, 3000-მა კარპეტანმა თვითნებურად მიატოვა არმია, დაპირებებით მათი დაბრუნების ცდა სახიფათო იყო რადგან უარის შემთხვევაში ჰანიბალის პრესტიჟი მეომართა თვალში დაეცემოდა და შესაძლოა მღელვარება დანარჩენ მებრძოლებსაც გადასდებოდათ, ამიტომ სარდალმა კარპეტანებს 7000 იბერიც გააყოლა და ისეთი პოზა მიიღო თითქოს კარპეტანებიც საკუთარი სურვილით გაათავისუფლებინა სამხედრო სამსახურისაგან. ამრიგად მან არმიის მთლიანობა შეინარჩუნა, ავტორიტეტი კიდევ უფრო განიმტკიცა და შთააგონა მათ იტალიის მიმართულებით დაწყებული ლაშქრობა ნებაყოფლობითი არისო.
არმიამ გზა განაგრძო, ჰანიბალმა გადალახა პირენეს მთები, შემდეგ მის ლაშქარს მრავალრიცხოვანი გალებით დასახლებული ვრცელი ტერიტორია უნდა გაევლო, ადგილობრივი მოსახლეობა რომ კართაგენელებს მომზადებული დახვედროდა და ისინი დამპყრობლებად არ მიეღო ჰანიბალმა წინასწარ ელჩები გააგზავნა მათთან, ელჩობას გალებთან კავშირის დამყარება და უხიფათო გატარების მოწესრიგება ევალებოდა.
იბერიიდან იტალიაში მგზავრობა იმ დროისათვის გრანდიოზული ნაბიჯი იყო. უამრავ შემხვედრ დაბრკოლებას რომ თავი დავანებოთ ძნელი იყო ასე შორეულ და უცნობ გზაზე არმიის გამოკვება, მართალია ჰანიბალი ლაშქრობის გეგმას საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ ეს საიდუმლო მისი უახლოესი მეგობრებისათვის თავიდანვე ცნობილი იყო, იგი ხშირად ბჭობდა მათთან ერთად გადასალახავი სიძნელეებისა და დაბრკოლებების შესახებ. ერთერთი თათბირის დრომს მისმა მეგობარმა სიტყვა ითხოვა და სარდალს მიმართა, რომ იტალიამდე მისაღწევად საუკეთესო საშუალება არსებობსო, ჰანიბალმა შესთავაზა გამოეთქვა თავისი მოსაზრება, მეგობარს დიდი ფიქრი არ დასჭირვებია და უპასუხა „აუცილებელია მეომრებმა ადამიანის ხორცის ჭამა ისწავლონ თანაც რაც უფრო დროულად შეეჩვევიან ამ საკვებს მით უფრო უკეთესიაო“. ჰანიბალის მეგობრის ასეთი გამოსვლა შემთხვევითი არ არის, ლაშქრობას მთავარსარდლის შტაბის გარკვეული ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა მაგრამ ჰანიბალი ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და თამიმდევრულად ისწრაფვოდა დასახული გეგმა როგორმე სისრულეში მოეყვანა.
კართაგენის არმიამ დაუბრკოლებლად გაიარა გალია პირენეს მთებიდან მდ. როდანუსამდე (რონა), მდინარის გადალახვა კი საკმაოდ გაუძნელდა.
როდანის ნაპირას მცხოვრები ვოლკები კართაგენელებს საოცრად მტრულად შეხვდნენ, მათ მტკიცე ზღუდე შექმნეს მდინარის აღმ ნაპირზე, რამაც გადალახვის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანა. ჰანიბალმა აქაც იპოვა გამოსავალი, თავის სარდალს ჰანონს ბომილკარის ძეს გამოუყო მეომრები, ძირითადად ესპანელები და დაავალა მთელი 1 დღის განმავლობაში მდინარის აღმა ევლო შემდეგ შეუმჩნევლად გადაელახა იგი და როდანის ნაპირზე ჩასაფრებულ მტერს ზურგში მოქცეოდა. ჰანონმა დავალება შეასრულა, რაზმი ჩრდილოეთით წაიყვანა, გადალახა მდინარე, 1 დღე დაასვენა მეომრები, შემდეგ კი ჰანიბალს აცნობა, რომ მიზანი მიღწეული იყო. ჰანიბალიც შეუდგა მდინარეზე გადასვლას, ქვეითები ნავებში ჩასვა, ცხენოსნები გემებში და გაღმა ნაპირისაკენ დაიძრა. ვოლკები საომრად მოემზადნენ, მთელი მათი ყურადღება მდინარისაკენ იყო მიპყრობილი, ვინაიდან ზურგიდან საფრთხეს არ ელოდნენ, მიუახლოვდა თუ არა ჰანიბალი ნაპირს ჰანონმაც ზუსტად ამ დროს დაარტყა ვოლკებს, მათ სცადეს ორივე მხარეს გამკლავებოდნენ მტერს მაგრამ ამის ძალა არ აღმოაჩნდათ, ხანმოკლე ორმხრივი შეტაკების შემდეგ ვოლკები გაიქცნენ და თავის სოფლებში შეიხიზნენ.
კართაგენის არმიის ძირითადი შემადგენლობა დაბრკოლების გარეშე გადავიდა მეორე ნაპირზე. მდინარის გადალახვასთან დაკავშირებით ისტორიკოსი ფრონტინი შემდეგ ცნობას გვაწვდის, ჰანიბალს თურმე გასძნელებია დინარეზე სპილოების გადაყვანა, მას არც დიდი ხომალდები გააჩნდა და არც საჭირო მასალა გემების ასაგებად, ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ბრძანა ყველაზ მრისხანე სპილო მდინარესთან მიეყვანათ და ჭრილობა მიეყენებინათ, ასეც მოიქცნენ, დაჭრილი ცხოველი სწრაფად გადაეშვა მდინარეში და გასცურა, მას მიყვნენ დანარჩენი სპილოებიც და რამდენიმე წუთში ჰანიბალის მძიმე შეიარაღება მდინარის მარცხენა ნაპირზე იყო.
რომაელებმა ჰანიბალის გეგმის და მისი არმიის მოძრაობის შესახებ არაფერი იცოდნენ, მათი გეგმით რომის არმიას კართაგენის ძალებისათვის ორმაგი დარტყმა უნდა მიეყენებინა.
კონსული სციპიონი ესპანეთში დაგვიანებით გაემგზავრა, იგი დააყოვნა ჩრდ. იტალიაში მცხოვრები გალების აჯანყებამ. თან მისი ძალები საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო. ის იყო რომის არმიამ მასილიას, (დღევ. მარსელი) მიაღწია, რომ სციპიონმა გაიგო ჰანიბალმა პირენეს მთები გადალახა და მდ. როდანს უახლოვდებაო, კონსულმა გადაწყვიტა მტერს აღდგომოდა და როდანის ზემო დინებისაკენ გაეშურა, აქ კი შეიტყო რომ ჰანიბალი 3 დღის წასული იყო ჩრდილოეთის მიმართულებით, სციპიონისთვის ნათელი გახდა ჰანიბალის მიზანი, ასეთ შემთხვევაში კონსულს სამშობლოს დასაცავად უნდა ეზრუნა. თავისი ისედაც მცირე ჯარი ორ ნაწილად გაყო, ნახევარი გადასცა თავის ძმას გნეუსს და იბერიაში ლაშქრობის გაგრძელება დაავალა, თვითონ კი სასწრაფოდ რომში დაბრუნდა, რომ იტალია ჰანიბალთან შესახვედრად მოემზადებინა.
უფრო ადრე ჰანიბალმა როდანის შესართავთან რომის ფლოტის გამოჩენა გაიგო, მზვერავი რაზმი 500 ნუმიდიელი ცხენოსანი გაგზავნა მტრის ზუსტი ადგილმდებარეობის გასარკვევად და დაახლოებითი გეგმის გამოსაცნობად, ამ დროს თურმე 300 რომაელი მხედარიც მიჰყვებოდა როდანს სციპიონის დავალებით, მზვერავები შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა, რიცხობრივი სიმცირის მიუხედავად გამარჯვება რომაელებს დარჩათ, რა თქმა უნდა ჰანიბალს ესეც უბიძგებდა სწრაფად გასცლოდა როდანს.
ამ დროს ჰანიბალთან გამოცხადდნენ ჩრდილო იტალიაში მცხოვრები გალი ტომების ბოიების ელჩები ბელადის მაგალუსის მეთაურობით და კავშირი შესთავაზეს, ჰანიბალმა სიამოვნებით მიიღო მათი წინადადება. ბოიებმა ის დაარწმუნეს, რომ იტალიის გარეთ ძალების დახარჯვა არ ღირდა, მათ მეგზურობაც შესთავაზეს არმიას იტალიაში უმოკლესი და უხიფათო გზით გადავიყვანთო.
ჰანიბალს შეეძლო შებმოდა სციპიონს და გაენადგურებინა ის მაგრამ ეს რამდენიმე დღეს წაართმევდა, დაყოვნება კი სახიფათო იყო, შემოდგომა ახლოვდებოდა, ალპებზე თოვლს დადებდა და ლაშქარს ზამთრის გატარება გალიაში მოუხდებოდა, ხოლო ეს რომს კარგად მომზადების საშუალებას მისცემდა და მგზავრობით დაქანცულ კართაგენის არმიას ალპების ვიწროებიდან გამოსვლისთანავე დაარტყავდა. მოვლენების ასეთი განვითარება ჰანიბალის გეგმას არ შეესაბამებოდა, მას სიჩქარე მართებდა, მხოლოდ სწრაფი მოქმედება გადაწყვეტდა მომავალი წარმატებითი ბრძოლის საკითხს, ისიც არ აყოვნებდა და ფეხის ყოველ ნაბიჯზე მამაცობის არნახულ მაგალითს აჩვენებდა მებრძოლებს, ცდილობდა სიტყვითაც და საქმითაც საგმირო საქმეების ჩასადენად აღეგზნო თავისი მებრძოლები. გალიაში მყოფ ჰანიბალს როცა მის მეომრებს ალპები დაუნახავთ სიტყვით მიუმართავს ლაშქრისათვის: „მას შემდეგ რაც მდინარე ებრო გადმოვლახეთ, არც ერთ თქვენგანს ჩაფიქრებული გზა გრძლად არ მიაჩნდა, ამჟამად როცა გზის უმეტესი ნაწილი გავიარეთ როცა თქვენ გადმოიარეთ ველური ხალხებით დასახლებული პირენეს ტყიანი ხეობები, გადმოლახეთ ფართო როდანი მრავალრიცხოვან გალთა წინააღმდეგობის მიუხედავად, როცა თქვენს თვალთა წინაშე აღმართულია ალპები რომლის მეორე ფერდობი იტალიად იწოდება თქვენ ღონემიხდილი შესდექით მტრის მიწის კარიბჭესთან, თქვენ ფიქრობთ ალპები ძალიან მაღალია, ვთქვათ ის პირენეს მთიანეთზე მაღალია, მაგრამ არ არსებობს მთა რომელიც ზეცას ებჯინებოდეს და ადამიანთა მოდგმისათვის გაუვალი იყოს, ალპები კი დასახლებულია, მას ამუშავებენ, მისდევენ მესაქონლეობას და მოჰყავთ საკვები, თვით ეს ელჩები, მიუთითა ბოიებზე რომელთაც თქვენ ხედავთ ფრთებით კი არ ასულან ალპებში რომ ალპებზე გადმოსულიყვნენ, ხოლო თუ იგი მისადგომია ადამიანთა მცირე რიცხვისათვის მისადგომი გახდება არმიისთვისაც, ამ ელჩების წინაპრები იტალიის ოდინდელი მცხოვრებლები კი არ არიან, არამედ მისულებია, მათმა წინაპრებმა არაერთხელ გადაიარეს ცოლიან შვილებიანად ალპები, მაგრამ არავითარ განსაცდელში არ ჩავარდნილან, ნუთუ მებრძოლისათვის რომელსაც თან იარაღის გარდა არაფერი აქვს არსებობს გაუვალი და დაუძლეველი ადგილები, რამდენი ხიფათი გადაიტანეთ, რამდენი ოფლი ღვარეთ თქვენ 8 თვის განმავლობაში ვიდრე საგუნტს აიღებდით, ახლა კი განა ისეთი რა დაბრკოლება უნდა იყოს რომ თქვენი ლაშქრობის საბოლოო მიზანი რომი ეს სამყაროს დედაქალაქი ისე მკაცრად მოგეჩვენოთ, რომ გაიძულოთ შეჩერდეთ, ოდესღაც აკი დაეუფლნენ გალები იმ ქალაქს რომელთან მიახლოებას თქვენ შეუძლებლადაც კი თვლით, ამიტომ ორიდან ერთი ამოირჩიეთ, ან აღიარეთ, რომ ჩამორჩებით სიმამაცითა და გამბედაობით იმ ტომებს რომლებიც თქვენ სულ ახლახანს დაამარცხეთ, ანდა გადაჭრით შთააგონეთ თქვენს თავს ლაშქრობა დამთავრებულად არ სცნოთ მანამ სანამ ტიბრსა და რომის კედლებს შორის გაშლილ ვაკეზე არ დადგებით“. ჰანიბალმა კარგად იცოდა პროფესიონალი მეომრების მტკივნეული ადგილი, იგი მებრძოლებს აქებს, ადიდებს, მიაწერს ბევრ ისეთ რამეს რაც არ გაუკეთებიათ, ეფერება კიდეც, ამით ნამუსზე აგდებს, რომ მეტი თავგანწირვით იმსახუროს ისინი, თანაც ბრწყინვალე ცოდნას ამჟღავნებს ისტორიის, გეოგრაფიის და საერთოდ ევროპის ტომთა ადგილმონაცვლეობის შესახებ, მან იცის რომ მდ. პადუსის (დღევანდელი პო) სანაპიროზე მცხოვრები გალები ალპების ჩრდილოეთიდან არიან გადმოსული, მისთვის იდსიც ცნობილია, რომ გალებმა ოდესღაც რომი აიღეს.
ჰანიბალის მიმართვამ შედეგი გამოიღო, მეორე დღესვე მეომრები სალაშქროდ მზად იყვნენ, უზარმაზარი არმია აღმოსავლეთის მიმართულებით დაიძრა, მდ. როდანის გადალახვიდან 4 დღის განმავლობაში კართაგენის არმიას არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მეოთხე დღეს მოლაშქრენი როდანსა და მის შენაკად მდ. იზარას შორის მცხოვრებ ალობროგებს მიადგნენ, ჰანიბალმა შეიტყო რომ ალობროგებში დინასტიური ომი მიმდინარეობდა, 2 ძმა ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ებრძოდა, ჰანიბალი ჩაერია ამ ტომის საშინაო საქმეებში, დაიცვა უფროსი ძმის ბრანეულსის მხარე, მოულოდნელად თავს დაესხვა უმცროს ძმას და დაამარცხა, სამაგიეროდ ბრანეუსისაგან დიდი დახმარება მიიღო, კერძოდ მან მისი არმია მოამარაგა სურსათით, მოძველებული იარაღი შეუცვალა ახლით, მეომართა უმრავლესობას მისცა ტანსაცმელი და ფეეხსაცმელი.გამარჯვებულმა ბრანეუსმა იკისრა კართაგენელთა ზურგის დაცვა ალობროგთა მოათესავე გალატების თავდასხმისაგანაც, ვიდრე ჰანიბალი ალპების მისადგომებს არ მიაღწევდა, მთელი დაბლობი კართაგენის არმიამ დაუბრკოლებლივ განვლო, მაგრამ როგორც კი ალპების ფერდობები დაიწყო ჰანიბალის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ვიდრე არმია გზას გალიის ბორცვებზე მიიკვლევდა საფრთხეც არაფრის ჰქონდათ ერთის მხრივ ბრანეუსის იმედით და მეორეს მხრივ ადგილობრივ ტომთა დაქუცმაცცებულობით, მაგრამ ალობროგების წვრილ წვრილი ტომები მტრის შიშით ბოლოს გაერთიანდნენ და ალპების ვიწრო გადასასვლელები დაიკავეს. პოლიბიოსი წერს „თუ ბარბაროსები თავიანთ ჩანაფიქრს საიდუმლოდ შეინახავდნენ მოსალოდნელი იყო კართაგენის არმიის განადგურებაო, მაგრამ კართაგენელებმა დროულად გაიგეს მათი განზრახვა და ჰანიბალიც შეუდგა საფრთხის უვნებელყოფას“. ციცაბო კლდეებში ჩასაფრებული ალობროგები საგრძნობ ზიანს აყენებდნენ კართაგენელებს ყველა გადასასვლელი მათ ეჭირათ, მდგომარეობის გასარკვევად ჰანიბალმა გამყოლი გალები გაგზავნა, რომ ალობროგთა გეგმები დაეზუსტებინა, მალე მათ ჰანიბალს მეტად საინტერესო ცნობა მიაწოდეს, ალობროგები მთელი დღის განმავლობაში თურმე ძალიან მკაცრად იცავდნენ დაკავებულ ადგილებს, ხოლო შებინდებისას ახლომდებარე ქალაქში მიდიოდნენ ღამის გასათევად, გაიგო თუ არა ეს ჰანიბალმა ასეთ ეშმაკობას მიმართა, არმია დაძრა, ჩასაფრებულებს მიუახლოვდა და მათ პირისპირდაბანაკდა, როცა დაღამდა მან ცეცხლის დანთება ბრძანა, ალობროგებმა რომ დაინახეს დაბანაკებულები ეჭვიც არ შეპარვიათ რომ კართაგენელები ღამეს ბანაკში გააატარებდნენ და დამშვიდებულებმა დატოვეს ხეობა, ჰანიბალიც ამას ელოდა, ლაშქრის დიდი ნაწილი ბანაკში დატოვა, მცირე რაზმის თანხლებით დაუბრკოლებლად გაიარა ვიწრო გასასვლელი, სწრაფად დაიკავა ხეობა და გამაგრდა.ბაგაუცებმა მხოლოდ დილით გაიგეს რაც მოხდა, ისინი ერთობ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, მცირე ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტეს კართაგენელებს შებრძოლებოდნენ, შეტაკებამ ჰანიბალს დიდი ზარალი მიაყენა. მართალია მის არმიას გასასვლელი ხელთ ეპყრა, მაგრამ ალობროგები ფლანგებიდან უტევდნენ, განსაკუთრებით გაუძნელდა ცხენებისა და სხვა პირუტყვის გატარება, დამფრთხალი ცხოველები უფსკრულში იჩეხებოდნენ, მსუბუქად შეიარაღებული ალობროგები ადვილად მიიწევდნენალპების სიღრმეში და თანდათან საშიშნი ხდებოდნენ. კვლავ ჰანიბალი ს მოსაზრებულობამ იხსნა ჰანიბალის არმია, იგი რჩეული მეომრებით გაემართა მთის მწვერვალისაკენ რათა მტერს ზურგში მოქცეოდა და მაღლიდან დაერტყა, ასეც მოხდა გაიმართა უთანასწორო შეტაკება, რომელშიც ორივე მხარემ საგრძნობი დანაკლისი განიცადა, საბოლოოდ გამარჯვება ჰანიბალს დარჩა, კართაგენის არმიას და აღალს ვიწრო ხეობის გავლის საშუალება მიეცა.
პირველი წარმატების შემდეგ ჰანიბალმაგადაწყვიტა გაელაშქრა იმ ქალაქის წინააღმდეგ რომელიც ალობროგთა თავშესაფარი იყო. კართაგენელებს ქალაქი თითქმის დაცარიელებული დახვდათ, ქალაქის აღებამ კართაგენის არმიის ეკონომიური მდგომარეობა ცოტათი გააუმჯობესა. გამარჯვებამ კართაგენელთა ავტორიტეტი ახლომახლო მცხოვრებ ტომებშიც განამტკიცა, მათ დაინახეს რა ძალის იყო კართაგენის არმია და შიშით თავდასხმას ვეღარ უბედავდნენ, ლაშქარმა გზა განაგრძო.
კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეემთხვა ჰანიბალის ჯარს რამდენიმე დღის შემდეგ, სულ სხვა ტომები მათ სახელს წყაროები არ გვაწვდიან რომლებიც მთებში ცხოვრობდნენ კართაგენელებს რტოებითა და გვირგვინებით ხელში შემოეგებნენ, ჰანიბალმა იცოდა, რომ ასეთი დახვედრა მშვიდობისა და მეგობრობის ნიშნად ითვლებოდა, მაგრამ მაინც ფრთხილობდა, იცოდა ამ ხალხისათვის პირობის გატეხვა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ამიტომ უნდა გამოერკვია მათი განწყობილება. გალებმა სრული ერთგულება და მეგობრობა აღიარეს და განაცხადეს ვიცით კართაგენის არმიის მთელი საბრძოლო გზა და მის მიერ ჩადენილი გმირობანი, ამიტომ გვსურს ვიყოთ თქვენი მეგობრებიო, თავიანთი ერთგულების დასამტკიცებლად მძევლებსაც კი სთავაზობდნენ, კართაგენელებმა ირწმუნეს მათი სიტყვები და მეგზურობა მიანდვეს, 2 დღე ისინი მართლაც ემსახურებოდნენ კართაგენის არმიას, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად გაუჩინარდნენ, გავიდა ცოტა ხანიც და გალები ჰანიბალის არმიას ზურგში მოექცნენ, ეს მოხდა ზუსტად მაშინ როცა არმია ყველაზე ძნელ გადასასვლელს მიადგა, საფრთხემ მეტად საშიში ხასიათი მიიღო. დაიწყო შემოტევა, ჰანიბალი იძულებული გახდა არმია გადაეჯგუფებინა, მან ცხენოსნები და აღალი წინ გაუშვა, ხოლო მძიმედ შეიარაღებული მეომრები არიერგარდში დააყენა, რომ მოულოდნელი დარტყმა შეეკავებინა. ამგვარი გადანაცვლებით ზარალმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ საშიშროების სრული ლიკვიდაცია მაინც არ მოხერხდა და გალები მთელი გზის მანძილზე მოულოდნელი თავდასხმებით ავიწროვებდნენ კართაგენელებს. რაც უფრო მაღლა მიდიოდა ჰანიბალის ჯარი ადგილობრივ ტომთა აქტიურობა მით უფრო იზრდებოდა, ხშირად მეომრები აღალთან ერთად ღამეს ციცაბო კლდეებზე ათევდნენ, რომ მტრისგან უფრო მეტად დაცული ყოფილიყვნენ. თუ ადრე გალები პატარა რაზმებად დაწყობილნი უტევდნენ კართაგენელებს ახლა უკვე ერთიანდებოდნენ და ისე მიჰქონდათ იერიში. ალპების ტომების შემოტევა უფრო ყაჩაღურ თავდასხმებს ჰგავდა.
კართაგენის არმიას უდიდესი სამსახური გაუწიეს სპილოებმა რომელთა დანახვაც კი მტერს შიშის ზარს სცემდა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვიწრო, მიუდგომელ ხეობებში სპილოების მანევრირება და ბრძოლისუნარიანობა საგრძნობლად დაბალი იყო.
დიდი მსხვერპლის ფასად მიიკვლევდა კართაგენის არმია გზას ალპებში. მეცხრე დღეს ჰანიბალმა როგორც იქნა მიაღწია უღელტეხილს, მეომრები ისე იყვნენ დაქანცული რომ აუცილებელი იყო მათი დასვენება. მთავარსარდალმა 2 დღით შეასვენა მძიმე გზით დაქანცული მებრძოლები რათა ძალა მოეკრიბათ და უკანასკნელი დაბრკოლება დაეძლიათ, შემოდგომა იდგა და ალპები უკვე თოვლს დაეფარა, არმიას რაც შეიძლება მალე უნდა დაეღწია თავი ყინულის ბორკილებისაგან რაც გაცილებით საშიში იყო ვიდრე გალების თავდასხმები. თოვლის დანახვამ მებრძოლებზე ძალიან იმოქმედა, მათ უკვე მობეზრდათ ეს დაუსრულებელი მგზავრობა, ისინი აშკარად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, ეს ამბავი სათანადოდ აქვთ აღწერილი ბერძენ - რომაელ ავტორებს, მათი გადმოცემით ჰანიბალს ახლაც სიტყვით მიუმართავს მეომრებისათვის, დაუნახვებია მათთვის პადუსის ველი და ალპებზე შემოფენილი სოფლები, შორეული მაგრამ ადვილად მისაღწევი სივრცე და მოუწოდებია ძალა მოეკრიბათ და დაეძლიათ უკანასკნელი დაბრკოლება. ის მოაგონებდა მათ რომ ახლოს იყო აღთქმული ქვეყანა და დაყოვნებას ლაშქრობისათვის მხოლოდ ზიანის მოტანა შეეძლო, „მეომრებო, – მიმართავდა იგი, ალპების გადალახვით თქვენ გადიხართ არა მარტო იტალიის, არამედ რომის კარიბჭეზეც, ამიერიდან ყველაფერი ისე წარიმართება როგორც გვსურს, 1 ან 2 ბრძოლა დააჩოქებს იტალიას და მის დედაქალაქს“.
არმია უყოყმანოდ შეუდგა ალპების კალთებზე დაშვებას და იტალიის მიმართულებით წინსვლას. მეტისმეტად გაუჭირდა კართაგენის ლაშქარს ალპების სამხ კალთების დაძლევა, მართალია ადგილობრივ ტომთა თავდასხმები მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ თოვლისა და ცუდი გზის გამო მეომართა დანაკლისი იმდენივე იყო რამდენიც ამოსვლისას. ანტიკურ ავტორთა გადმოცემით ეს იყო უსაშინლესი მოგზაურობა, მეომრებს თოვლზე ფეხი უსხლტებოდათ და უძირო უფსკრულებში იჩეხებოდნენ. ასევე ემართებოდათ ცხენებს, სპილოებს და სხვა სატვირთო ცხოველებს.
დიდი მოთმინებით იგერიებდნენ ჰანიბალის მებრძოლები პირქუში ალპების უკანასკნელ შემოტევას. სექტემბრის ბოლოსათვის ჰანიბალმა ჩაათავა ალპების უკანასკნელი საფეხურები და პადუსის ველზე გაივაკა, არმიამ თავისუფლად ამოისუნთქა, მაგრამ ეს იყო იმ არმიის აჩრდილი, რომელიც მას ესპანეთში ჰყავდა. ლაშქრობის დაწყების პირველივე დღიდანვე მისი არმია თანდათან მცირდებოდა, მეომართა ნაწილი დაკარგა უზარმაზარ სივრცეზე განფენილ ტომებთან ბრძოლაში, ნაწილი მდინარეთა ტალღებში, დიდი ნაწილი ალპების უფსკრულებში. ყველაზე მეტი დანაკლისი მაინც საომარ და სატვირთო ცხოველებზე მოდიოდა.
ჰანიბალის ჯარმა მთელი გზა ახალი კართაგენიდან მდ. პადუსის ნაპირამდე ხუთ თვეში გაიარა, აქედან ალპების გადალახვას დასჭირდა 15 დღე, მაგრამ გზის ეს ნაწილი ყველაზე მძიმე და რთული იყო, ზარალის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ მონაკვეთზე მოდიოდა. 5 თვის განმავლობაში არმიამ გაიარა 1600 კმ პირდაპირი მანძილი, მდ. იბერის შესართავიდან პადუსის დაბლობამდე უმოკლესი გზა კი არის 850 კმ, მაგრამ კართაგენის არმიამ ყველა დაბრკოლება დაძლია და თანაც იტალიაში შევიდა.
პადუსის ველზე გადასული კართაგენის არმია 12000 აფრიკელს 8000 იბერსა და 6000 ცხენოსანს ითვლიდა, სულ ჰანიბალის ჯარი 26000 კაცისაგან შედგებოდა. ლაშქრობის დაწყებისას მის არმიაში 102000 მეომარი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, მეომართა ნაწილი კერძოდ იბერები ესპანეთიდანვე გაბრუნდა უკან 10000 კაცი, საკმაო რაოდენობით დაუტოვა მებრძოლები ჰანონსაც 11000,. ას ორ ათასში იგულისხმებოდა ჰანიბალის ძირითადი რეზერვები 20000 მეომარი, რომელსაც კართაგენის დაცვა ევალებოდათ და ჰასდრუბალის არმია 15000 კაცის რაოდენობით ე.ი. 102000 მეომრიდან ჰანიბალთან ერთად ესპანეთი დატოვა 46000 კაცმა, აქედან პადუსის ველამდე მხოლოდ 26000-მა კაცმა მიაღწია.
ჰანიბალის გზა რომის სარდლობისათვის თითქმის უცნობი იყო, რომაელებმა იცოდნენ, რომ მდ როდანსა და ალპებს შორის გაშლილ უზარმაზარ სივრცეზე ცხოვრობდნენ მრავალრიცხოვანი გალი ტომები, რომლებიც ცნობილნი იყვნენ თავიანთი ბრძოლისუნარიანობით, ამის გამო გალიის გავლა მათ თითქმის შეუძლებლად მიაჩნდათ და აქედან გალების გარდა სხვა მტერს არც მოელოდნენ, ამას ემატებოდა ისიც, რომ აპენინის ნკ-ს გალიასთან საზღვრავდა საკმაოდ მიუდგომელი ალპების მთები, კართაგენის სარდალმა კი სწორედ ეს გზა აირჩია იტალიაში სალაშქროდ, იგი ითვალისწინებდა გზის სირთულეს, მაგრამ იმედოვნებდა, რომ ეს მოახდენდა არნახულ ეფექტს ლაშქრობის შემდგომ გაგრძელებაზე, იგი არც შემცდარა.
მთელი გალიისა და იტალიის მოსახლეობაზე ამ ლაშქრობამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
ჰანიბალი იტალიაში
დიდი მსხვერპლი გაიღო ჰანიბალმა ვიდრე აპენინის ნკ-ს მიაღწევდა, მაგრამ შედეგი განუზომელი იყო, კართაგენის არმიამ ფეხი დაადგა იტალიის მიას, ბარკიდების ოცნების პირველ ეტაპს ხორცი შეესხა.
ჰანიბალის ლაშქრობამ გრანდიოზული მასშტაბის გამო უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მის თანამედროვე რომაელებზე ისე შემდგომი პერიოდის მოღვაწეებზე. საყოველთაო გაოცება ყველაზე ნათლად გამოხატა ისტორიკოსმა ფლორუსმა „ჰანიბალმა გადმოლახა მარადიული თოვლით შემოსილი ალპების მწვერვალები და იტალიას ზეციდან მოევლინაო“, წერს იგი.
იტალიაში კართაგენის არმიის შემოჭრამ მთელი ნახევარკუნძული ააფორიაქა, რომაელები ასეთ მოულოდნელ დარტყმას არ ელოდნენ, ვერც წარმოედგინათ თუ შეიძლებოდა მსგავსი რამ მომხდარიყო.
ჰანიბალი თავიდანვე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ იტალიაში მისი გამოჩენა აპენინის ნკ-ს მრავალრიცხოვან მოსახლეობაში არეულობას გამოიწვევდა, ისიც იცოდა, რომ იტალიკებს ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარი ანტირომაული სულისკვეთება და მცირე ნაპერწკალიც კი საკმარისი იყო დიდი ხანძრის ასანთებად.
ჰანიბალის არმიის მოძრაობის შესახებ რომში არაფერი იცოდნენ, ქალაქი არავითარ საფრთხეს არ გრძნობდა, სენატი დამშვიდებით ელოდა სასიხარულო ცნობას ესპანეთიდან და აფრიკიდან. ამ სიმშვიდეს ბოლო მოუღო კორნელიუს სციპიონის სასწრაფოდ უკან დაბრუნებამ, რომელმაც რომაელებს აუწყა ალპების მხრიდან მოახლოებული საფრთხის შესახებ, ამ საგანგაშო ცნობამ სენატი აიძულა კართაგენთან ომის გეგმა შეეცვალა, სიცილიიდან სასწრაფოდ გამოიწვიეს კონსული ლონგუსი, რომელიც აფრიკაში სალაშქროდ იყო გამზადებული. რომის ხელისუფლებას ერთბაშად უამრავი საზრუნავი გაუჩნდა, მტერთან დასახვედრად დროული თადარიგი უნდა დაეჭირა რათა ჰანიბალს ალპების გადმოლახვისთანავე შეხვედროდნენ და მისთვის აპენინის ნკ-ს შუაგულში შეჭრის შესაძლებლობა არ მიეცათ. რომის სენატისათვის ცნობილი იყო აგრეთვე ციზალპიელი გალებისა და იტალიკების ნაწილის ანტირომაული განწყობილება, ამიტომ მთელი ენერგიის დაძაბვა იყო საჭირო, რომ ადგილობრივი ძალები კართაგენელებს არ შეერთებოდნენ.
იტალიაში გადმოსვლისთანავე ჰანიბალი შეუდგა ალპების ძირას მცხოვრები გალი ტომებით არმიის შევსებას, ამ ტომთა ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო გამორკვეული რა ხდებოდა მის გარშემო და ვერც ის გადაეწყვიტა რა გზას დასდგომოდა, ჰანიბალმა ეს იცოდა და ისწრაფოდა მათთან საერთო ენა გამოენახა და რომზე საერთო ძალებით შეეტია.
გალების ზოგი ტომი სწრაფად გადავიდა კართაგენის მხარეზე და ანტირომაულ კოალიციაში ჩაება, ზოგი კი უნდობლად შეხვდა ჰანიბალის არმიას და მის ყოველ ნაბიჯს ეჭვით უყურებდა, მათი მხრიდან თავდასხმაც კი იყო მოსალოდნელი, ამ ტომთა უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლებოდა, საქმე იარაღს უნდა გადაეწყვიტა.
ანტიკური ავტორები განსაკუთრებით ბევრს ლაპარაკობენ ჰანიბალის ურთიერთობაზე გალთა ტომ ტავრინებთან, რომლებიც თავიანთ მეზობლებს ინსომბრებს ებრძოდნენ, ჰანიბალმა ტავრინებს კავშირი შესთავაზა, მსაგრამ მათ არ მიიღეს მისი წინადადება, კართაგენის სარდალმა გადაწყვიტა რაც ტკბილი სიტყვით ვერ შეძლო იარაღით მოეპოვებინა, მოულოდნელად ალყა შემოარტყა მათ მთავარ ქალაქს და 3 დღის ალყის შემდეგ აიღო, დამარცხებულები სასტიკად დასაჯა. ჰანიბალის სიმკაცრემ დიდი გავლენა მოახდინა იმ ტომებზე რომლებიც ყოყმანობდნენ და ვერ გადაეწყვიტათ როგორ მოქცეულიყვნენ. ტავრინების განადგურების შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ ეცნოთ კართაგენის ხელისუფლება, ამრიგად ციზალპურ გალთა უმრავლესობა ჰანიბალს დამორჩილდა.
პადუსის მარცხენა სანაპიროზე მყოფმა ჰანიბალმა შეიტყო, რომ სციპიონი უკვე პადუსის ველზე იდგა, იგი არ ელოდა რომაელთა ასე სწრაფ მობილიზებას, დაყოვნება შეიძლება საბედისწერო გამხდარიყო. ამას ემატებოდა იმ გალთა ჩამოშორების საფრთხეც რომლებიც სულ ახლახანს იარაღით დაიმორჩილა, საჭირო იყო სწრაფი წინსვლა, რომ რომაელებისათვის დაესწრო და სციპიონს ციზალპური გალიის სიღრმეში შეხვედროდა.
კართაგენის არმია ჯერ კიდევ ალპების მძიმე ლაშქრობის შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა, ჰანიბალი კი მოხერხებული შეგონებებით უღვიძებდა მეომრებს ბრძოლის ჟინს, განუმტკიცებდა საკუთარი თავისადმი რწმენას, დიდი სარდალი ფსიქოლოგიურ მომზადებას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა, იგი არა მარტო სიტყვებით, საქმითაც არწმუნებდა თავის მეომრებს საკუთარი ძალების უპირატესობაში. ამ მიზნით მოაწყო მან ერთერთი სანახაობა, რომელსაც მისი აზრით დამრიგებლური ხასიათი უნდა ჰქონოდა.
მგზავრობითა და კლდე-ღრეებში ხეტიალით დასუსტებული მეომრები ერთ ადგილას შეკრიბა, შემდეგ გამოაყვანინა გალი ტყვეები, რომელთა რიცხვი კართაგენის არმიაში საკმაოდ დიდი იყო, ტყვეები საკმაოდ დაუძლურებულნი იყვნენ, მათ საკვების მინიმუმსაც კი არ აძლევდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ და აიძულებდნენ ბორკილებდადებულებს ევლოთ კართაგენის არმიის კვალდაკვალ. ჰანიბალმა ამ გაწამებულ ადამიანებს წინ იარაღი დაუყარა და მიმართა, შეებრძოლეთ ერთმანეთს და ვინც თავისსავე მდგომარეობაში მყოფ მეორე გალს დაძლევს ტყვეობიდან გავათავისუფლებო. სისუსტის მიუხედავად ყველა ტყვე დათანხმდა, დაიწყო ბრძოლა და ჰანიბალის მეომრებმა საშინელი სურათი იხილეს, შედარებით ძლიერი კლავდა სუსტს, ბედს ცდიდენ ისეთებიც რომელთაც იარაღის ხელში დაჭერაც ძლივს შეეძლო, სულ მოკლე ხანში გალებმა თითქმის ამოჟლიტეს ერთმანეთი, მხოლოდ რამდენიმე წყვილი დარჩა. ამის შემდეგ ჰანიბალმა ბრძანა ბრძოლა შეეწყვიტათ და ლაშქარს მიმართა: „ეს არის თქვენი მდგომარეობის სურათი დამარცხების შემთხვევაში, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ზღვებს შორის ხართ ჩაკეტილი, 1 ხომალდიც კი არა გვაქვს რომ თავს ვუშველოთ, ჩვენს წინ მიედინება როდანზე უფრო ფართე და სწრაფი მდინარე პადუსი, ზურგიდან გემუქრებათ ალპები, რომელიც დიდი გაჭირვებით გადმოლახეთ მაშინ როცა თქვენი ძალები ყვაოდა, უკან დასახევი გზა არა გვაქვს, აქ გველოდება ან გამარჯვება ან სიკვდილი, გამარჯვების შემთხვევაში მიიღებთ უმაღლეს ჯილდოს, დამარცხების შემთხვევაში ამ ტყვე გალთა ბედი არ აგცდებათ“, შემდეგ ჰანიბალმა შეაქო თავისი მეომრები: „საითაც არ უნდა გავიხედო ყველგან გამბედაობასა და ძალას ვხედავ, ვხხედავ ბრძოლებში გამოწრთობილ მებრძოლებს, უკეთილშობილეს ტომთა მხედრებს, აქ არიან ჩვენი ერთგული და მამაცი მოკავშირენი და კართაგენელი მოქალაქენი, ჩვენ დავიწყებთ ომს და მალე მკერდშენგრეული რომი ჩვენს წინაშე დაიჩოქებს“. ჰანიბალი ამავე დროს ადანაშაულებდა რომაელებს, ჯერ კიდევ მაშინ როცა საგუნტზე ალყა ჰქონდა შემორტყმული, ჯერ ჩემს გადაცემას მოითხოვდნენ დასასჯელად ხოლო შემდეგ თქვენსას. ამ სისხლისმოყვარე და ქედმაღალ ხალხს წარმოუდგენია, რომ ყველაფერი მას ეკუთვნის, ყოველივე მის ნებას უნდა დაემორჩილოს, რომი თავის თავს უფლებამოსილად თვლის განუსაზღვროს კართაგენს ვის ეომოს და ვისთან იმეგობროს, იგი გვინიშნავს საზღვრებს, გვკეტავს მთებსა და მდინარეებს შორის, არ გვაძლევს მათი გადალახვის უფლებას, თვითონ კი პირველი არღვევს თავის დადგენილ საზღვრებს, არ გადალახოთ იბერი, ჩვენც დავეთანხმეთ, ხელი არ ახლოთ საგუნტს, განა საგუნტი იბერის ნაპირზეა, რომმა წაგვართვა ოდინდელი პროვინცია სარდინია და სიცილია, გადავიდნენ ესპანეთში და ემუქრებიან აფრიკას, 2 კონსულიდან ერთი აფრიკაში გაგზავნეს, მეორე ესპანეთში, ჩვენთვის არსად დატოვეს ადგილი, მხოლოდ ის იქნება ჩვენი რასაც დავიპყრობთ დაასრულა სიტყვა ჰანიბალმა.
დაახლოებით მსგავსი შინაარსის სიტყვა წარმოთქვა კორნელიუს სციპიონმა რომის არმიის წინაშე, იგი მოუწოდებდა მეომრებს რომ ერთგულად დაეცვათ სამშობლო რომ მათ ხელში იყო რომის ბედი. მთავარსარდლის გამოსვლამ მეომრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მოლაშქრეთა განწყობილება არსებითად შეიცვალა, მხოლოდ ამის შემდეგ უბრზანა ჰანიბალმა არმიას წინსვლა განეგრძო.
კართაგენის ჯარი პადუსის ნაპირს მიუახლოვდა, დგებოდა გადამწყვეტი მომენტი, 2 ძალა ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს უნდა შეხვედროდა, ჰანიბალი ვარაუდობდა ადრე თუ გვიან პადუსის მიდამოებში აღუდგებოდნენ წინ მის არმიას, მაგრამ იგი იმასაც ითვალისწინებდა, რომ დროის ასე მცირე მონაკვეთში რომის ხელისუფლება დიდი ლაშქრის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ხოლო ნაჩქარევად შეკრებილი მეომრებისაგან სერიოზული წინააღმდეგობა მოსალოდნელი არ იყო.
ტიცინუსი
მასილიიდან დაბრუნებულმა კორნელიუს სციპიონმა რომში შემაშფოთებელი ამბავი მოიტანა, მთელი ქალაქი ფეხზე დადგა. კონსული აპენინის ნკ-ზე გადმოსვლისთანავე შეუდგა არმიის შეკრებას, რომ მტერს მომზადებული დახვედროდა. რომში იცოდნენ, რომ ჰანიბალის ლაშქართან გამკლავება ადვილი საქმე არ იყო და ამიტომ საკითხის მოწესრიგებაში თითქმის მთელი სენატი მონაწილეობდა, სწრაფად შეგროვდა ლაშქარი. სციპიონი მაშინვე სათავეში ჩაუდგა არმიას და პადუსის მიმართულებით გაეშურა, ჩქარობდა, ჰანიბალისთვის მდინარის ნაპირთან მისვლა უნდა მიესწრო, იგი ფიქრობდა, რომ ალპებიდან ახლადჩამოსულ დაღლილ მეომრებთან ბრძოლა უფრო ადვილი იქნებოდა ვიდრე მაშინ, როცა ომის ხანძარი მთელ იტალიას მოედებოდა და რომაელებით უკმაყოფილო იტალიკები ჰანიბალს შეუერთდებოდნენ.
სციპიონმა ძალიან სწრაფად ატარა მეომრები, შევიდა პადუსის ველზე და არმია მდინარის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანა, ჰანიბალი პადუსის მარცხენა შენაკადის ტიცინუსის ნაპირას იყო დაბანაკებული.
სციპიონმა მაშინვე გაიგო კართაგენის არმიის ადგილსამყოფელი, სახელდახელოდ გადებული ხიდებით ლაშქარი ტიცინუსზე გადაიყვანა და კართაგენელთა პირისპირ დაბანაკდა, დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, ორივე მხარეს ინიციატივის ხელში ჩასაგდებად უნდა ეზრუნა, ჰანიბალმა და სციპიონმა საომარი პოზიციები დაიკავეს, ბრძოლის ადგილი განსაზღვრული იყო.
პირველი შეტაკება რომაელებსა და კართაგენელებს შორის 218 წლის ოქტომბერში მოხდა მდ. ტიცინუსის ნაპირზე. რომის კონსულისა და კართაგენის სარდლის ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის დიდი განსხვავება იყო. სციპიონი დინჯად ცდილობდა შეეკრა რომისაკენ მიმავალი გზები, ჰანიბალი პირიქით ცდილობდა სწრაფი მოქმედებით რომაელებისათვის ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცა.
ბრძოლა დაიწყო, ორივე მხარე თავგანწირვით ეკვეთა ერთმანეთს. ჰანიბალი თავისი ტაქტიკის ერთგული დარჩა, თუ რომაელები ბრძოლის ერთ რომელიმე უბანზე მიაღწევდნენ წარმატებას ჰანიბალის ნუმიდიური კავალერია ზურგიდან ესხმოდა თავს და სციპიონის ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს აცამტვერებდა. კართაგენელთა დარტყმა ელვისებური იყო, სწრაფ შემოტევას რომის არმიამ ბრძოლის საკუთარი ტაქტიკა ვერ დაუპირისპირა.
პირველი არევ-დარევის შემდეგ თითქმის თანაბარი ბრძოლა გაიმართა. შეტაკება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდებოდა ჰანიბალს ნუმიდიელი ცხენოსნები რომაელების ფლანგებისათვის რომ არ მიესია, ამან მოწინააღმდეგის პოზიციები შეასუსტა და სულ მოკლე ხანში რომის ლაშქარი ალყაში მოექცა.
რომაელები ბრძოლას ჯერ კიდევ წაგებულად არ თვლიდნენ და კართაგენელთა მოგერიებას ცდილობდნენ, მაგრამ ხელჩართულ შეტაკებაში სციპიონი დაიჭრა, იგი გადაარჩინა მისმა 17 წლის ვაჟმა, შემდეგ სციპიონ აფრიკელად წოდებულმა, ამ ფაქტმა რომაელებზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა, ისინი შედრკნენ და იძულებული გახდნენ საკუთარი თავისა და სარდლის გადარჩენაზეღა ეფიქრათ, მათ დიდი წვალებით გაარღვიეს ალყა და ბანაკში დაბრუნდნენ.
პირველმა ბრძოლამ ჰანიბალს დაუმტკიცა, რომ ფინიკიური კავალერია რომის ცხენოსნებზე გაცილებით მოქნილი იყო, ეს კი უპირატესობის გარანტიას იძლეოდა და შეეძლო მას ყოველთვის დაყრდნობოდა.
ტიცინუსთან ბრძოლა კართაგენის არმიამ მცირე დანაკარგითა და დიდი ნადავლის ხელში ჩაგდებით დაამთავრა.
რომაელები ასე სწრაფსა და მოულოდნელ დამარცხებას არ ელოდნენ, სციპიონი გრძნობდა, რომ მისი არმია მტრის ხელახალ თავდასხმას ვერ გაუძლებდა და ლაშქრის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. იგი იმასაც უწევდა ანგარიშს, რომ კართაგენის კავალერია გაშლილ ველზე თავისუფლად დანავარდობდა და ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო შემოტევა, ამიტომ რომის არმიის უშიშროებისათვის აუცილებელი იყო უფრო საიმედო თავშესაფარი გამოენახა, სციპიონმა მეორე ღამესვე აჰყარა ლაშქარი და პადუსი ფარულად გადაალახვინა.
ჰანიბალმა რომაელთა გაქცევის ამბავი მხოლოდ მაშინ გაიგო როდესაც მოწინააღმდეგის ძირითად ნაწილებს პადუსი უკვე გადალახული ჰქონდათ, მან სასწრაფოდ დაადევნა რაზმები და რამდენიმე ათასი ლტოლვილი რომაელი მეომარი ხელთ იგდო.
სციპიონმა თავი ქ. პლაცენციას შეაფარა, ჰანიბალმაც სასწრაფოდ გადალახა პადუსი და რომაელთა კვალს მიჰყვა.
ტიცინუსის ველზე ბრძოლის მოგება კართაგენელთა დიდი მორალური გამარჯვება იყო. პადუსის ნაპირზე მყოფ ჰანიბალთან გამოცხადდნენ ციზალპელი გალების წარმომადგენლები და მეგობრობა და თანამშრომლობა შესთავაზეს, ეს იყო ჰანიბალის გეგმის I სერიოზული წარმატება იტალიაში, გალების მხრიდან მსგავს მოქმედებას იგი თავიდანვე ითვალისწინებდა, ჰანიბალის არმიის რიგები დღითიდღე ახალი მეომრებით ივსებოდა და ის დანაკლისი რაც ესპანეთიდან იტალიამდე განიცადა სულ მოკლე ხანში თითქმის ანაზღაურდა.
ანტირომაული კოალიცია ფრთებს შლიდა, აპენინის ნკ-ს ჩრდილოეთში შეყრილი მრისხანე ღრუბლები ძლიერ სეტყვას უმზადებდა მარადიულ ქალაქს და მთელ იტალიას წალეკვით ემუქრებოდა.
გალებს კართაგენელებისათვის შემთხვევით არ დაუჭერიათ მხარი, მათ რომაელები ძლიერ ავიწროებდნენ. სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით გალები ამ დროს დაბალ საფეხურზე იდგნენ, მათთან ჯერ კიდევ გვაროვნული წყობილება იყო, მისდევდნენ პრიმიტიულ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას, ბინადარ ცხოვრებაზე მთლიანად გადასულიც არ იყვნენ. მათი მთავარი ქონება იყო პირუტყვი და ოქრო, რადგან საკუთრების ეს სახეობა ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილი გადასატანია.
მნიშვნელოვან საარსებო საკუთრებას წარმოადგენდა ომი და მთელი საზიც ამ მიმართულებით ვითარდებოდა. გალები ერთიანდებოდნენ ტომთა კავშირებად, ხელისუფლების უმაღლესი ორგანო სახალხო კრება იყო, რომელიც ირჩევდა მეფეს ტომის ბელადთა რიგებიდან. გალები ბრძოლას ეწეოდნენ ძარცვის მიზნით. თუ ადრეულ ხანაში ისინი შიშის ზარს სცემდნენ რომს III ს-ის დასაწყისიდან მდგომარეობა არსებითად შეიცვალა, 225–222 წლებში გალები დამარცხდნენ და რომაელთა მოხარკენი გახდნენ, ამას დაემატა ნაყოფიერი მიწებიდან მათი განდევნა. ცხადია თავისუფლებისმოყვარე ბარბაროსი ტომები, რომლებსაც ადრე არ განეცადათ უცხო ძალის ბატონობის უღელი აღფრთოვანებით შეხვდნენ ჰანიბალს რომელიც მათ თავისუფლების დაბრუნებას ჰპირდებოდა.
რომში მონათმფლობელური საზი არსებობდა. რომის სამფლობელოთა გაფართოებასთან ერთად ეს საზიც ვითარდებოდა.
რომაელთა აგრესიამ გალი ტომები აიძულა ნაყოფიერი მიწები მიეტოვებინათ. ბრძოლის პროცესში გალთა საგრძნობი ნაწილი მონებად მოევლინა რომის მეურნეობას, ყოველივე ეს გალებს მტრულად განაწყობდა რომაელებისადმი. როცა ვეხებით გალთა გადასვლას ჰანიბალის მხარეზე ისე არ უნდა გავიგოთ თითქოს მთელი ციზალპური გალია მთლიანად კართაგენელებს მიემხრო, არა, ანტიკური ავტორები ასახელებდნენ გალ ტომებს სენომანებს და ანამარებს, რომლებიც ბოლომდე რომაელთა მეგობრებად დარჩნენ.
პირველმა გამარჯვებამ ჰანიბალის მდგომარეობა განამტკიცა და მის არმიას მოქმედების ახალი გეგმები გადაუშალა.
ტრებია
ტიცინუსთან არ გამოჩენილა მეომარ მხარეთა სრული შესაძლებლობანი. მოწინააღმდეგეებმა შეიძლება ითქვას მხოლოდ დაზვერეს ერთმანეთის ძალები. ჰანიბალი ცდილობდა რომაელები კვლავ ბრძოლის ველზე გამოეწვია რათა მათთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ბრძოლას შეუდგებოდა საჭირო იყო გადამწყვეტი შეტევებისათვის კარგი მომზადება.
უპირველეს ყოვლისა იგი შეუდგა რომაელთა ძალების მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემების აღნუსხვას.
ჰანიბალის მრავლალრიცხოვანი მსტოვრები ადვილად ახერხებდნენ რომის არმიის სიღრმეში შეღწევას და მისი გეგმის შეტყობას. ყოველ წვრილმანს ჰანიბალი უდიდესი ყურადღებით ითვალისწინებდა, თან ჩქარობდა პირველ შეტაკებაში უკუქცეული რომაელებისათვის გამოფხიზლების საშუალება არ მიეცა, გამოეყენებინა ის დიდი შთაბეჭდილება რომელიც იტალიაში მის გამოჩენას მოჰყვა.
გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ კართაგენის არმიის შემადგენლობა შეცვლილი იყო, და ეს ცვლილება დღითიდღე იზრდებოდა.
გალები ყოველი მხრიდან აწყდებოდნენ კართაგენის ბანაკს, ამის შესახებ 1 ასეთი ფაქტი აქვს აღწერილი ანტიკურ ავტორებს, როდესაც რომაელთა ლაშქარში მყოფმა გალებმა დაინახეს რომ უპირატესობის სასწორი კართაგენის მხარეს გადაიხარა მაშინვე შეუდგნენ ღალატისათვის მზადებას და ეს განზრახვა მალე სისრულეში მოიყვანეს, ერთ ღამეს როდესაც რომაელთა ბანაკს მშვიდად ეძინა შეთქმულები მძინარე მეომრებს ვერაგულად დაესხნენ თავს, ბევრი მოკლეს და დაჭრეს, ბანაკმა გამოფხიზლება და ფეხზე წამოდგომა დაიწყო, გალებმა იგრძნეს თუ არა საფრთხე რომაელთა რიგები სასწრაფოდ მიატოვეს და კართაგენელებს მიაშურეს, ჰანიბალმა გულთბილად მიიღო მამაცი მეომრები 2000 ქვეითი და 200 მხედარი შეაქო ისინი და ყველას ღირსეულ საჩუქარს დაჰპირდა. შემდეგ კი ასეთი წინადადებით მიმართა მათ, დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ ქალაქებში, თანატომელთათვის მომხდარი ამბავი ემცნოთ და დაერწმუნებინათ ისინი კართაგენელთა მხარეზე გადასულიყვნენ, ამის თაობაზე პოლიბიოსი წერს: „შემდეგ რომის ერთგული გალებიც იძულებულნი გახდნენ ჰანიბალს მიმხრობოდნენ, რადგან თავიანთი თანამოძმეების მუხანათობას რომაელები დაუსჯელად არ დატოვებდნენ“.
ჰანიბალი ანგარიშს უწევდა იმას, რომ უცხო ქვეყნის მიწაზე იმყოფებოდა, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მისმა გულთბილმა დამოკიდებულებამ დიდი ბზარი გააჩინა გალებსა და რომაელებს შორის.
რომაელებმა საკმაო სამზადისი ჩაატარეს, პირველი მარცხის შემდეგ კონსულმა სციპიონმა პლაცენციაში დარჩენის გეგმა უარყო და უფრო საიმედო თავშესაფრის ძებნას შეუდგა სანამ რომის მეორე კონსული ლონგუსი არ შეუერთდებოდა. მისი არჩევანი მდ ტრებიას პადუსის მარჯვენა შენაკადის ნაპირზე შეჩერდა, რომლის გამაგრებაც მისი აზრით შედარებით ადვილი იყო. გაიგო თუ არა ჰანიბალმა რომაელთა არმიის ამბავი სასწრაფოდ დაადევნა ნუმიდიური კავალერია, მაგრამ დააგვიანა, სციპიონს ტრებია უკვე გადალახული ჰქონდა, ნუმიდიელებმა მხოლოდ ჩამორჩენილი მეომრები შეიპყრეს, სციპიონმა გაამაგრა ერთი მიუდგომელი ბორცვი და შეუდგა ლოდინს.
ამასობაში ჩრდ. იტალიას როგორც იქნა მიაღწია რომის მეორე კონსულმა სემპრონიუს ლონგუსმაც და ტრებიასთან შეუერთდა სციპიონს, მაგრამ ლონგუსის მეომრები საოცრად იყვნენ დაღლილნი სიცილიიდან ჩრდ იტალიამდე გზის უმოკლეს დროში გავლით, დასვენება აუცილებელი იყო და რომის ლაშქარიც ტრებიას ნაპირას დაბანაკდა, ვინაიდან სციპიონი ჯერ კიდევ ავადმყოფობდა უმაღლესი მთავარსარდლობა ლონგუსმა იკისრა.
ჰანიბალი ჩქარობდა, იგი გენერალური ბრძოლის გამართვას ესწრაფვოდა, დაყოვნება რომს მდგომარეობიდან გამორკვევის საშუალებას მისცემდა და უკეთ მოემზადებოდა, რაც კართაგენელთათვის კარგის მომასწავებელი არ იქნებოდა.
218 წლის დეკემბრის დასაწყისში კართაგენის არმია მდ. ტრებიას მარცხენა ნაპირს მიადგა, ჰანიბალი მაშინვე შეუდგა ადგილმდებარეობის შესწავლას, შეათვალიერა რომის არმიის განლაგება, გალებმაც მრავლად მიაწოდეს სარწმუნო ცნობები, სასწრაფოდ შედგა ბრძოლის გეგმა, ჰანიბალმა თავის უმცროს ძმას მაგონს დაავალა 1000 ქვეითითა და 1000 მხედრით ტრებიას აღმა აჰყოლოდა და მის ზემო წელზე ჩასაფრებულიყო, ნუმიდიელ ცხენოსნებს კი უბრძანა განთიადისას ტრებია გადაელახათ, თავს დასხმოდნენ რომაელთა ბანაკს და მტერი ბრძოლაში გამოეწვიათ, ხოლო როდესაც ბრძოლა გაღვივდებოდა ნელნელა უკან დაეხიათ და მდინარის მეორე მხარეს სადაც კართაგენელთა ბანაკი იყო გამოეტყუებინათ, დანარჩენ მეომრებს კი საომრად მზადყოფნისაკენ მოუწოდა.
ნუმიდიელებმა დილაადრიანად გაცურეს მდინარე, მიეჭრენ მტრის ბანაკს და ჯერ კიდევ მძინარე რომაელებს ისრები დაუშინეს, ლონგუსმა სწრაფად აჰყარა არმია და ბრძოლაში ჩაბმის ბრძანება გასცა.
რომაელმა მეომრებმა ბანაკი ისე დატოვეს არ უსაუზმიათ, საბრძოლველად ამინდიც მეტად არახელსაყრელი იყო, თოვდა და ყინავდა, გაჩაღდა ბრძოლა, ნუმიდიელებმა შენიშნეს თუ არა რომის მთელი არმია ბრძოლაში იყო ჩაბმული ჰანიბალის მითითების თანახმად ნელნელა უკან დახევა იწყეს, რომაელებიც კვალდაკვალ მიჰყვნენ, ნუმიდიელები მიადგნენ ტრებიას და მცირე ყოყმანის შემდეგ მდინარეში გადაეშვნენ, რომაელებიც წინდაუხედავად გადაჰყვნენ, ტრებია ზამთრის წვიმებისა და თოვლისაგან ადიდებული იყო, მდინარის ცივი ტალღები მეომრებს მკერდამდე სცემდათ და როდესაც მეორე ნაპირზე გადავიდნენ აკანკალებულნი ხელში იარაღს ძლივს იჭერდნენ, ჰანიბალის ძირითადი ძალები კი ამ დროს კოცონებთან არხეინად თბებოდნენ, დანაყრებულნიც კარგად იყვნენ.
გადმოლახეს თუ არა მდინარე რომაელებმა კართაგენელებიც მაშინვე ეკვეთნენ, ჰანიბალმა ჯერ ბალეარელები ჩააბა ბრძოლაში, მათ მიჰყვნენ მძიმედ შეიარაღებული ქვეითები, ფლანგებზე კი სპილოები იდგნენ. მშიერ და შეციებულ რომაელებს ბრძოლა უჭირდათ, პირველმა შეტაკებამ ცხადყო კართაგენელთა უპირატესობა, მაგრამ საბოლოოდ ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი ვის დარჩებოდა გამარჯვება. ბრძოლა შეიძლებოდა გაჭიანურებულიყო, მაგრამ ამ დდროს მდინარესთან ჩასაფრებულმა მაგონმა მოწინააღმდეგეს ზურგიდან დაარტყა, ეს რომაელებისათვის სრულიად მოულოდნელი იყო, ფლანგებიდან გააქტიურდა სპილოთა მოქმედებაც, რომაელები რკალში აღმოჩდნენ, კონსულს ბრძოლის ველიდან არმიის გაყვანაზე უნდა ეზრუნა მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან მის მეომრებს ძალა აღარ შესწევდათ ტრებიას ხელახლა გადასალახად, საქმეს ისიც ართულებდა, რომ მდინარის დონემ უფრო აიწია. მახეში გაბმულმა რომის არმიის ნაწილმა დიდი თავგანწირვით მოახერხა კართაგენელთა ცენტრის გარღვევა და ალყიდან თავის დაღწევა. ლტოლვილებმა დაახლოებით 10000 კაცი ქ პლაცენციას მიაშურეს.
ლონგუსის არმია ბრძოლის დასაწყისში 36000 მეომრისგან შედგებოდა, პლაცენციას კი მხოლოდ 10000 კაცმა მიაღწია.
ტრებიასთან ბრძოლაში კარგად გამოჩნდა ჰანიბალის როგორც დიდი სარდლის ღირსებანი, ძირითადად ესაა მისი სამხედრო ვერაგობა, რომელმაც რომაელები აქაც და შემდეგაც ბევრჯერ შეიყვანეს შეცდომაში.
კართაგენელთა უკანდახევამ იმედი მისცა რომაელებს, რომ ადვილად გაიმარჯვებდნენ. ლონგუსი საოცრად წინდაუხედავად მიჰყვა მტერს, კართაგენელმა სარდალმა თვითონვე უკარნახა მოწინააღმდეგეს ბრძოლის საკუთარი ტაქტიკა, ბრწყინვალედ გამოიყენა ადგილმდებარეობის თავისებურება და რომაელებს კართაგენის არმიისათვის ხელსაყრელ ადგილას შეხვდა.
ჰანიბალმაც დიდი ზარალი განიცადა, უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა მრავალი მეომარი, სატვირთო პირუტყვი, ცხენები და რაც მთავარია დაკარგა თითქმის ყველა სპილო. ამ დანაკლისის მიუხედავად ჰანიბალის გამარჯვების ნაყოფი განუზომლად დიდი იყო. კართაგენის არმია ზამთრის გასატარებლად ტრებიას ნაპირზე დარჩა. ჰანიბალ საშუალება მიეცა ლაშქარი საბოლოოდ დაესვენებინა და გულდასმით დაემუშავებინა იტალიის დაპყრობის გეგმა.
მდ. ტრებიასთან გამარჯვებამ მას რომისაკენ მიმავალი გზა გაუხსნა, წარმატებამ განამტკიცა მისი პოლიტიკური და სტრატეგიული მდგომარეობა, ანტირომაული კავშირი გაფართოვდა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჰანიბალის დამოკიდებულება ტყვეებისადმი. გამარჯვების შემდეგ მან თავი მოუყარა რომის არმიაში მებრძოლ ტყვე იტალიკებს და ყველანი გაათავისუფლა, თანაც ასეთი სიტყვებით დაშორდა მათ: „აპენინის ნკ-ზე მოვედი არა იტალიკებთან საომრად არამედ რომაელთა ბატონობის დასამხობად, იტალიაში ვიბრძვი უპირველეს ყოვლისა იმისათვის რომ აღვადგინო იტალიკების ადრინდელი თავისუფლება და დავუბრუნო მათ რომაელთა მიერ წართმეული მიწებიო“. რაც შეეხება ტყვე რომაელებს ყველას ბორკილები დაადო.
ტყვე იტალიკთა განთავისუფლებამ კიდევ უფრო გაზარდა მისი დასაყრდენი და შეასუსტა რომაელთა ზურგი. აპენინის ნკ-ს სიღრმეში შეჭრის შემთხვევაში მას უკვე საიმედო მოკავშირე ჰყავდა. ტრებიას შემდეგ მთელი ციზალპური გალია რამდენიმე უმნიშვნელო ტომის გამოკლებით ჰანიბალის მხარეზე გადავიდა, ზედიზედ 2 დამარცხების შემდეგ რომში საყოველთაო შიშმა და მღელვარებამ დაისადგურა, მოსახლეობას დღედაღამ მტერი ელოდებოდა. შიშს ისიც აძლიერებდა, რომ ორგზის დამარცხებული არმია რომაელთა წარმოდგენით ქალაქის დაცვას ვეღარ შეძლებდა. 218 წელი მიიწურა.
217 წლისათვის რომში კონსულებად აირჩიეს სერვილიუსი და ფლამინიუსი, დაიწყო არმიის ახალი შეკრება და მზადება მტერთან ანგარიშის გასასწორებლად.
სამზადისში იყო ჰანიბალიც. პირველი წარმატების მიუხედავად მისთვის კარგად იყო ცნობილი რომაელთა ძალა, ამიტომ ამჭიდროვებდა თავისი არმიის რიგებს, ფართოდ უღებდა კარს ყველა გალსა და იტალიკს, თუმცა უცხოტომელებთან დამოკიდებულებაში იგი მაინც სიფრთხილეს იჩენდა, მას ეშინოდა როგორც გალებისა და იტალიკების მოულოდნელი შეთქმულების ისე რომაელი შურისმაძიებლების.
ჰანიბალმა კარგად იცოდა რომაელთა თავგანწირვის ამბავი, ამიტომ სიფრთხილე იყო საჭირო. ისტორიკოსი პოლიბიოსი წერს, რომ ტრებიასთან ზამთრის სადგომებზე მყოფი ჰანიბალი თურმე ხშირად მიმართავდა ფინიკიელთათვის დამახასიათებელ ეშმაკობას, უსიამოვნო შემთხვევისაგან რომ დაცული ყოფილიყო გააკეთებინა სხვადასხა ასაკის შესაფერისი პარიკები, ჩაიცვამდა ხოლმე ამ პარიკის შესატყვის ტანსაცმელს და ისე დადიოდა არმიაში. იგი თავის მეომრებს ხან ახალგაზრდის, ხანაც მოხუცის სახით ჩამოუვლიდა, ამგვარი ხერხის წყალობით ჰანიბალი გამოუცნობი რჩებოდა არა მარტო ადგილობრივი წარმომავლობის მეომრებისათვის არამედ იმათთვისაც რომლებიც დიდი ხანია იცნობდნენ სარდალს, ცხადია ამ ხერხით ის თვითონვე იღებდა სარწმუნო ცნობებს თავისი მეომრების განწყობილებისა თუ მოთხოვნილებების შესახებ.
როცა მას არმიის ჩამოვლა სურდა პარიკით ყოფნა უსაფრთხოების სრულ გარანტიას აძლევდა. ჰანიბალი კარგად გრძნობდა რომ პირველი გამარჯვება დიდი ომის მხოლოდ შესავალი იყო და წინ კიდევ დიდი ბრძოლები ელოდა, ამიტომ მთელი ზამთარი სამზადისში გაატარა. არც რომაელები ისხდნენ გულხელდაკრეფილი, ისინიც მთელი მონდომებით ემზადებოდნენ მტერთან ახალი შეხვედრისათვის.
ტრაზიმენის ტბა
217 წლის გაზაფხულზე ჰანიბალმა არმია აპენინის მთის მიმართულებით დაძრა. რომი მარცხის შემდეგ მალე გამოერკვა და საკმაოდ მრავალრიცხოვან არმიას მოუყარა თავი. ახლადარჩეული კონსულები გნეუს სერვილიუს ჰემინუსი და გაიუს ფლამინიუსი დაუყოვნებლივ გაემართნენ ჩრდილოეთისაკენ შეიერთეს სციპიონისა და ლონგუსის ლეგიონთა ნარჩენები და აპენინის გადასასვლელების ჩაკეტვას შეუდგნენ.
ცენტრალურ იტალიაში შესვლა მხოლოდ 2 გზით შეიძლებოდა არიციითა და არიმინუმით. ფლამინიუსი არიციაში დაბანაკდა, სერვილიუსი არიმინუმში. რომის სარდლობას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჰანიბალი ამ გზებით შეეცდებოდა იტალიის მიმართულებით გაჭრას და რაკი კართაგენის არმიას ამ დაბრკოლების დაძლევა არ შეეძლო დამშვიდებულნი ელოდნენ მტრის გამოჩენას.
ჰანიბალმა მაშინვე გაიგო რომის სარდლობის გადაწყვეტილება, მიხვდა რომ არიციისა და არიმინუმის გავლა მეტად ძნელი იყო, მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ რომაელებს ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე ჰქონდათ დატოვებული მდ არნოს ჭაობიანი ნაპირები ეტრურიაში. ხსნის მთელი იმედი მან ამ გაუვალ ჭაობებზე გადაიტანა, შეადგინა გეგმა და ლაშქარი გრძელი, მაგრამ რომაელთათვის უცნობი გზის დასაძლევად წაიყვანა, ყოველივე ეს ელვისებურად მოხდა.
რომაელებს აზრადაც არ მოსვლიათ თუ კართაგენის არმია ამ გზას დაადგებოდა ვინაიდან მისი გავლა წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ჭაობის გავლა ჰანიბალს მძიმე პირობებში მოუხდა, დაქანცული მეომრები ჭაობში ძლივს მიათრევდნენ ფეხებს, ეცემოდნენ და იღუპებოდნენ სატვირთო ცხოველებთან ერთად. მთელი გზა პირუტყვით იყო მოფენილი, ყველაზე მეტად უძილობა აცლიდა ღონეს არმიას, მშრალ ადგილს ვერ პოულობდნენ, რომ ცოტათი მაინც დაესვენათ, ფუთებს კრავდნენ და ზედ სხდებოდნენ რომ ამოესუნთქათ, დიდ ბედნიერებად ითვლებოდა თუ ვინმე დამღრჩვალი პირუტყვის ლეშზე მოიკალათებდა. საოცარი მოგზაურობა 4 დღე და 3 ღამე გაგრძელდა, ყველაზე მეტად ჰანიბალის ჯანმრთელობა დაზარალდა, გაზაფხულის ცვალებადმა ამინდმა ავად გახადა, ერთადერთ სპილოზე ამხედრებული მძიმე ავადმყოფი მიუძღვოდა არმიას სიმწრისაგან არც მოსვენება შეეძლო, არც დაძინება, სულს უხუთავდა ჭაობის სიმყრალე, ამას დაემატა თვალების ანთება, სამკურნალოდ კი არც დრო ჰქონდა და არც საშუალება, ამიტომ ცალ თვალში სავსებით დაკარგა მხედველობა.
მიუხედავად ამისა კართაგენის არმიამ გაუძლო გზის სიმკაცრეს და ჭაობის ბორკილებს თავი დააღწია. ხმელეთზე გასულმა ჰანიბალმა ბანაკი გაშალა და არმია დაასვენა, დააზუსტა საფრთხე ხომ არსაიდან ემუქრებოდა, დაგზავნა მსტოვრები, მალე შეიტყო რომ რომის არმიამ მისი მოძრაობის შესახებ არაფერი იცოდა და კვლავ ძველ ადგილზე იმყოფებოდა.
ჰანიბალი შეუდგა ადგილმდებარეობის შესწავლას, ზუსტი ცნობები შეაგროვა გარშემო მდებარე ოლქის სიმდიდრის, გზების, მდინარეების, გადასასვლელების შესახებ და ახალი გეგმის შედგენას შეუდგა. სწრაფად გამოიკვეთა უახლოესი მიზანი, სანამ რომის არმიები გაერთიანდებოდნენ არეციაში მდგარი ფლამინიუსი უნდა აეძულებინა ბრძოლაში ჩაბმულიყო, ამ მიზნით მცირე შესვენების შემდეგ ჰანიბალმა ლაშქარი სამხრეთისაკენ დაძრა, შეიჭრა ეტრურიაში და გეზი რომის მიმართულებით აიღო. არეციაში მდგომი ფლამინიუსისათვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია.
გზაზე ყველაფერს წვავდა და ანადგურებდა. რომაელებმა როგორც იქნა გაიგეს, რომ ისინი არეციაში ამაოდ იდგნენ და ფლამინიუსი ზუსტად ისე მოიქცა როგორც ჰანიბალს სურდა, მან ვერ მოითმინა ეცქირა მდიდარი ეტრურიის აოხრებისათვის და იმით აღელვებული, რომ მტერი იტალიის შუაგულში ხეტიალობდა და დღეს თუ ხვალ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე რომსაც მიადგებოდა საოცრად აჩქარდა, უარყო სამხედრო საბჭოს წინადადება დაეცადათ მეორე კონსულისათვის და გაერთიანებული ძალით შებრძოლებოდნენ მტერს, ხოლო მანამდე მოულოდნელი და წვრილი თავდასხმებით დაკმაყოფილებულიყვნენ.
ფლამინიუსმა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შებმოდა მტერს და საომარი ბრძანების ნიშანი მისცა, თანამებრძოლებს განუცხადა: „ჰანიბალი ანადგურებს იტალიას, მიემართება რომისაკენ, ცეცხლს აძლევს ყველაფერს და სამშობლოს დასახსნელად სენატის ნებართვას ვერ დაველოდებიო“.
ფლამინიუსი საბრძოლველად გაემართა, ჰანიბალიც ამას ელოდა, მან წინასწარ განსაზღვრა ადგილი სადაც ბრძოლა უნდა გამართულიყო. არჩევანი შეჩერდა ტრაზიმენის ტბის სანაპიროზე, იმ ადგილზე სადაც ტბასთან ძალიან ახლოს ეშვება კორტონის მთის ციცაბო კალთები, მოედანი ტბასა და მთას შორიდს საოცრად მცირე იყო, ჰანიბალმა თავისი მეომრები ბუნებრივ სიმაგრეებში ჩაასაფრა და რომაელებს დაელოდა. ფლამინიუსი დამშვიდებული მიადგა ტბის ნაპირს, ზუსტად არც იცოდა კართაგენელთა ადგილსამყოფელი, აქ გაიელვა ჰანიბალის გენიამ, შემოვიდნენ თუ არა რომაელთა ძირითადი ძალები ვიწროებში მან შეტევაზე გადასვლის ბრძანება გასცა, კართაგენელები ყოველი მხრიდან ეკვეთნენ რომაელებს, რომის არმია ასეთ მოულოდნელ შეხვედრას არ ელოდა, შედრკა და დაიბნა. ფლამინიუსი მიხვდა თავის შეცდომას, მაგრამ უკვე გვიან იყო, თავისი წინდაუხედაობით მთელი არმია მან ჰანიბალის მიერ მოწყობილ სასაკლაოზე შერეკა, რომაელთა მდგომარეობას ტბაზე და მთაზე ჩამოწოლილი ნისლიც ართულებდა, არმია ალყაში იყო მოქცეული. ბრძოლა მეტად ხანმოკლე გამოდგა, ფლამინიუსი გაცეცხლებული დარბოდა რაზმიდან რაზმში და მეომრებს აგულიანებდა, ყველაზე ფიცხელი ბრძოლა კონსულის ირგვლივ წარმოებდა, მტერი ცნობდა მას ბრწყინვალე იარაღით, საუკეთესო რომაელი მეომრები ფხიზლად იცავდნენ კონსულს, მაგრამ მისი სიცოცხლე მაინც ვერ იხსნეს, ერთერთი ინსუუმბრი სახელად უკარიუსი პირისპირ მიეჭრა კონსულს, ჯერ მისი საჭურველმტვირთველი განგმირა, შემდეგ კი თვით სარდალი.
კონსულის სიკვდილმა რომის ლეგიონერები აიძულა ბრძოლის ველი მიეტოვებინათ, მაგრამ ყველა გზა ჩაკეტილი იყო, სასოწარკვეთილმა მეომრებმა როცა გასაქცევი გზა ვერ მონახეს ტბას მისცეს თავი და საფლავიც იქ ჰპოვეს.რომაელთა ნაწილი ერთმანეთს ხოცავდა რომ სამარცხვინო ტყვეობა აეცილებინათ, მათი აზრით ეს იყო ხსნის ერთადერთი გზა. მალე ყველაფერი დამთავრდა, ბრძოლის ველის მეუფე კართაგენის არმია გახდა, 33000 მეომრიდან 15000 ბრძოლის ველზე ესვენა, ნაწილი ბორკილდადებული იყო, მხოლოდ 6000-მა მოახერხა ალყის გარღვევა და მახლობელ სიმაგრეში თავის შეფარება, მაგრამ კართაგენელებმა ადვილად მოახერხეს ლტოლვილთა შეპყრობა რადგან თავშეფარებულებს სურსათის არავითარი მარაგი არ გააჩნდათ.
ტრაზიმენის ტბასთან გამართული ბრძოლა რომაელთა სრული კატასტროფით დამთავრდა, ჰანიბალმა ტყვე იტალიკები ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლა, ამგვარი მოქმედებით მან ერთხელ კიდევ დაანახა რომაელთა მოკავშირეებს რომ მისი მიმართვა ლიტონი სიტყვები არ იყო, იტალიკებთან თბილი ურთიერთობის დამყარებით ჰანიბალი კეთილშობილი რაინდის როლს თამაშობდა, ამიტომ რომთან მიახლოებასთან ერთად მისი მომხრეების რიცხვი იზრდებოდა.
ტრაზიმენთან გამარჯვების შემდეგ მისი არმია აღარ ჰგავდა ალპებიდან ახლადდაშვებულ მის ჯარს.
გაასწორა თუ არა ტყვეებთან ანგარიში ჰანიბალმა ბრძანა ყველა დაღუპული თანამებრძოლი მოეძებნათ და დაესაფლავებინათ, ასეთი კი 1500 იყო.
ლივიუსი გადმოგვცემს, რომ ჰანიბალის ბრძანებით დიდხანს ეძებდნენ კონსულ ფლამინიუსის გვამს, რათა ღირსეული პატივით დაესაფლავებინათ, მაგრამ ვერ იპოვეს.
იმ დროს როდესაც ფლამინიუსი ტრაზიმენის ტბასთან განადგურდა, რომის მეორე კონსული სერვილიუსი არიმინუმში იდგა. გაიგო თუ არა ჰანიბალის ეტრურიაში შესვლის ამბავი გადაწყვიტა შეერთებოდა ფლამინიუსს, მაგრამ შეიტყო რომ ფლამინიუსი უკვე წასულიყო საომრად, მანაც გეზი იმავე მიმართულებით აიღო, წინასწარ გაგზავნა 4000 ცხენოსანი ცენტენიუსის მეთაურობით, რაზმმა ეტრურიას ტრაზიმენის ბრძოლის დამთავრების შემდეგ მიაღწია, ჰანიბალმა როგორც კი რომაელი ცხენოსნების გამოჩენა გაიგო სასწრაფოდ გაგზავნა რაზმი მაჰარბალის მეთაურობით, რომაელთა კავალერია განადგურდა, ნახევარი ბრძოლაში დაიღუპა, ნახევარი კი მტერს დანებდა.
ამასობაში სერვილიუსიც მიუახლოვდა მტერს, მაგრამ ჰანიბალთან შებმა ვერ გაბედა და ბრძოლას თავი აარიდა, ამან კართაგენელებს შუა იტალიის დაპყრობა გაუადვილა.
ტრაზიმენთან ტრიუმფის შემდეგ რომისაკენ გზა გაკვალული იყო, მაგრამ ჰანიბალმა ბრძოლის გაგრძელების სულ სხვა გზა აირჩია, რომზე პირდაპირ შეტევას თავი აარიდა და იტალიის საბოლოო და სრულ აოხრებას შეუდგა, მისი აზრით ეს გარესამყაროსაგან რომის იზოლაციას გამოიწვევდა და დაასუსტებდა მას, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ფიქრი ქალაქზე საიერიშოდ.
ეტრურიიდან კანემდე
ტრაზიმენთან გამარჯვებამ დიდებით შემოსა ჰანიბალის იტალიაში ლაშქრობა, კართაგენის საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა, მაგრამ სულ სხვაგვარად ესახებოდა ჰანიბალს ბრძოლის გაგრძელება. იგი ღრმად იყო დარწმუნებული რომის დიდ საომარ პოტენციალში და ამიტომ ქალაქთან მიახლოებას ერიდებოდა, იცოდა გაჭიანურებული ალყა მის მეომრებზე უარყოფით გავლენას მოახდენდა, არ იყო გამორიცხული დამარცხებაც, ამის გამო ტრაზიმენთან ბრძოლის შემდეგ ისე მოიქცა, რომ არავინ ელოდა, იმის ნაცვლად რომ მეორე კონსულს შებმოდა ან პირდაპირ რომზე გაელაშქრა ქალაქს გვერდი აუქცია და აღმოსავლეთის მიმართულებით ადრიატიკის ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა გაიარა უმბრებისა და ტიცენების მხარე, გზადაგზა ანგრევდა ყველაფერს, თუმცა თავს იტალიის მოსახლეობის მეგობრად და კეთილმოსურნედ აცხადებდა. უმბრიის აოხრება იმას უნდა მივაწეროთ, რომ აქაურმა ქალაქებმა მას მხარი არ დაუჭირეს, უმბრების ასეთი პოზიცია კი გამოწვეული იყო იმით, რომ რომაელთა ბატონობა ამ მხარეში ადგილობრივი მოსახლეობისათვის მძიმე არ იყო, რომაული კოლონიებიც აქ შედარებით მცირე იყო, ალბათ მთაგორიანი უმბრია ნაკლებად აინტერესებდათ რომაელებს. დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს კართაგენელებს ტიცენებმაც. აურაცხელი სიმდიდრე იგდო ხელთ კართაგენის არმიამ, პოლიბიოსი წერს: „ჰანიბალს თავისი მეომრებისათვის უბრძანებია მოეკლათ ყველა სრულასაკოვანი მოქალაქე, გაეძარცვათ ქალაქ-სოფლები, გადაეწვათ მთელი ოლქი, მისი ნაკვალევი ნახანძრალს ჰგავდა“.
ჰანიბალი გავიდა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე და არმია დაასვენა, არნოს ჭაობებში მისმა ჯარმა ცხენების დიდი ნაწილი დაკარგა, რაც დარჩა ისიც დაავადებული იყო, ამიტომ ჰანიბალი შეუდგა ამ დანაკლისის შევსებას, წყაროთა მიხედვით იგი დაავადებულ ცხენებს ტიცენუმის ძველ ღვინოებში აბანავებდა, რაც პირუტყვთა განკურნებას აჩქარებდაო, არმია ნადავლი რომაული საჭურვლით შეიარაღდა.
ადრიატიკის ზღვაზე გასულ ჰანიბალს საშუალება მიეცა კართაგენთან კავშირი დაემყარებინა და მოპოვებული გამარჯვებანი ეცნობებინა, მანამდე მას კავშირი არ ჰქონია სამშობლოსთან.
დასვენების შემდეგ მან დაამარცხა ცენტრალური იტალიის ტომები მარსები, მარუცინები, ტელიგნები და შეიჭრა აპულიაში, ააოხრა და იქვე დაბანაკდა.
ტრაზიმენის ტბასთან არმიის განადგურებამ რომის სენატი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, 2 კონსულიდან 1 შორეულ ჩრდილოეთში იმყოფებოდა, მეორე უგზოუკვლოდ დაიკარგა, სენატი უკიდურესი საფრთხის წინაშე იდგა, მას ქვეყნის გადარჩენისათვის უნდა ეზრუნა რომის მმართველი წრეების აზრით ორდინალურ მაგისტრატს აღარ შეეძლო სამშობლოს დაცვა, მხოლოდ ექსტრაორდინალური მაგისტრატი დიქტატორი თუ მოახერხებდა ქვეყნის შველას (დიქტატორს რომში რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში ირჩევდნენ, რომელიც 6 თვის განმავლობაში უზენაეს ხელისუფლად ითვლებოდა) ამ ხნის მანძილზე მას ემორჩილებოდა სახელმწიფო მმართველობის ყველა კვანძი.
სენატმა დიქტატორად აირჩია ქვინტუს ფაბიუს მაქსიმე, მის მოადგილედ, კავალერიის უფროსად მარიუს მინუციუს რუფუსი. რომაელთა აზრით ეს იყო ერთადერთი გზა რომელსაც ხსნა შეეძლო.
ფაბიუს მაქსიმე მოვალეობის შესრულებას შეუდგა, იგი 4 ლეგიონით გაემართა ჰანიბალის წინააღმდეგ, გზაში შეიერთა არიმინუმიდან მომავალი სერვილიუსის არმია. ფაბიუსმა სწრაფად გაიარა გზა მიუახლოვდა ჰანიბალს და მისგან 50 სტადიონის დაახლოებით 10 კმ-ს დაშორებით დაბანაკდა.
ჰანიბალმა გაიგო თუ არა რომაელთა გამოჩენა არმია საბრძოლო წესრიგში მოიყვანა და მტერთან შესახვედრად დაიძრა, მიუახლოვდა კიდეც, მაგრამ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა დაინახა, რომ რომაელთა ბანაკი მშვიდად იყო, ჰანიბალი საბრძოლო გამოწვევას ელოდა, მაგრამ რომის სარდალს არც უფიქრია ბრძოლის დაწყება. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ჰანიბალი დარწმუნდა, რომ ფაბიუსი ბრძოლაში ჩაბმას არ აპირებდა და იძულებული გახდა ბანაკს უკანვე დაბრუნებოდა, სამაგიეროდ რომაელთა მოთმინებიდან გამოყვანას შეურაცმყოფელი სიტყვებით შეუდგა, კართაგენელები დასცინოდნენ რომაელებს, ომი დამთავრებულიაო ეძახდნენ, თქვენ კი არარაობანი ხართო, რომაელი მეომრები ღელავდენ, მაქსიმე კი მათ ლანძღვას ყურადღებას არ აქცევდა. ჰანიბალისათვის ნათელი გახდა, რომ მოწინააღმდეგემ საომარი ტაქტიკა შეცვალა და ეს ცვლილება მოხუცი დიქტატორის სახელთან იყო დაკავშირებული.
ფაბიუსის საბრძოლო გეგმა მიზნად ომის გაჭიანურებას ითვალისწინებდა, მისი აზრით რომს ყოველთვის შეეძლო ახალი ძალებით არმიის შევსება, კართაგენელები კი თავიანთ ძირითად ბაზას მოწყვეტილი იყვნენ, მართალია ჰანიბალს კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული მეომრები ჰყავდა განსაკუთრებით კავალერია, მაგრამ თუ ეს არმია ახალ შევსებას არ მიიღებდა წვრილი შეტაკებებითაც კი დასუსტდებოდა და გამოიფიტებოდა, ეს იყო პირველი შემთხვევა როცა რომაელი სარდალი არ აჰყვა ჰანიბალს.
ჰანიბალი შეწუხდა, მან იგრძნო რომ საქმე ჰქონდა ისეთ პიროვნებასთან რომელიც სულაც არ ჰგავდა ფლამინიუსსა და სემპრონიუსს.
ამდენი უბედურების შემდეგ რომაელებმა როგორც იქნა გამონახეს შესაფერისი სარდალი. დიქტატორის წინდახედულებამ ერთობ ჩააფიქრა ჰანიბალი, თუ ასე გაგრძელდებოდა მისი გეგმა განწირული იყო, მაგრამ სხვაგვარად უყურებდნენ ფაბიუსის მოქმედებას რომაელები. ისინი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ დიქტატორის მისამართით და ადანაშაულებდნენ კიდეც. თანამემამულეებმა მაქსიმეს შორსმჭვრეტელობა ვერ გაიგეს და დიდ სარდალს კუნქტატორი (დამყოვნებელი) უწოდეს. განსაკუთრებით სულსწრაფობას იჩენდა დიქტატორის მოადგილე მინუციუსი, რომელიც გამოდიოდა არმიის წინაშე და მაქსიმეს არა დამყოვნებელს არამედ ზარმაცს და მშიშარას უწოდებდა. იგი სარდლის დამცირებით ცდილობდა საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებას და ჰანიბალთან გენერალური ბრძოლის დაუყოვნებლივ გამამრთვას მოითხოვდა.
ფაბიუსი მოთმინებით იტანდა დაცინვას დადასახულ გეგმას ურყევად იცავდა, ჰანიბალი კი აპენინის ნკ-ს რბევას განაგრძობდა. ფაბიუსიც კვალდაკვალ დაჰყვებოდა კართაგენის არმიას და მოულოდნელი წვრილი თავდასხმებით დიდ ზიანს აყენებდა, უსპობდა აღალს, უსაფრდებოდა მიუდგომელ ადგილებში და თავისულფალი მოქმედების საშუალებას ართმევდა.
ფაბიუსი იტალიელი მოკავშირეების შენარჩუნებასაც ითვალისწინებდა, რომისათვის დიდი დანაკლისი იყო ციზალპელი გალების არა მარტო ჩამოშორება არამედ კართაგენის ბანაკში მათი გადაბარგება, ამიტომ რომის სარდლობას უპირველეს ყოვლისა ეს საკითხი უნდა მოეგვარებინა, თუ რომი ამას თავის სასარგებლოდ ვერ გადაჭრიდა ყველაფერი დაკარგული იყო. მართალია ჰანიბალი იტალიკებს ლოიალურად ეპყრობოდა, მაგრამ იტალიკთა გარკვეული ნაწილი კართაგენელებს მაინც მტრულად ხვდებოდა. ჰანიბალის სახით მათ დამპყრობი დაინახეს და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე განაგრძობდნენ რომაელთა მხარდამხარ ბრძოლას.
ფაბიუსის დაყოვნების ერთერთი მიზანი წერს პოლიბიოსი, იმაშიც მდგომარეობდა რომ წვრილი შეტაკებებით ცდილობდა აღედგინა რომაელ მეომართა მხნეობა, რაც ადრინდელი დამარცხებებით საგრძნობლად იყო გატეხილი.
ჰანიბალის ყველა ცდა დიქტატორი ბრძოლაში გამოეწვია მარცხით დამთავრდა, ამიტომ ის გაათკეცებული ენერგიით შეუდგა იტალიკთა რბევას, ყველაფერ ამას ჩადიოდა მაქსიმეს თვალწინ რასაც რომაელი მეომრები დიდი გულისტკივილით ხვდებოდნენ.
ჰანიბალმა ბრძოლის ასპარეზი აპულიიდან სამნიუმში გადაიტანა, გაანიავა აყვავებული და ნაყოფიერი ველები, გაატიალა ბენევენტუმის ოლქი, რომაელთა კოლონია ქ. ბენევენტუმის ჩათვლით, აიღო ქ. რენუზია. იგი ისევ იწვევდა რომაელებს საომრად, მაგრამ დიქტატორი თავს იკავებდა.
ფაბიუსი გენერალურ ბრძოლას გაურბოდა, მაგრამ კართაგენის არმიას მეთვალყურეობის გარეშე არ ტოვებდა. ჰანიბალმა ამაო ლოდინს წინსვლის გაგრძელება ამჯობინა, გადაწყვიტა დაელაშქრა იტალიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ოლქი კამპანია. ეს იდეა მას ტრაზიმენის ტბასთან შეპყრობილმა ტყვეებმა მიაწოდეს, მათი განმარტებით კართაგენელთა გამოჩენა კამპანიის მოსახლეობას საშუალებას მისცემდა რომაელთა უღლისათვის თავი დაეღწიათ და ისინიც ჰანიბალს შეუერთდებოდნენ. ჰანიბალი ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა, კამპანიელებს მძევლები მოსთხოვა, ისინიც დათანხმდნენ და გაფორმდა ხელშეკრულება.
კამპანიაში გადასასვლელად აუცილებელი იყო კაზინუმის გზის ჩაკეტვა რათა რომი კამპანიელებს ვერ დახმარებოდა. ჰანიბალმა მებრძოლებს უბრძანა კაზინუმისაკენ გაძღოლოდნე, ლაშქარი გზას გაუდგა, დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ ისინი კაზინუმის ნაცვლად კაზილინუმში აღმოჩდნენ, ლივიუსი ამ აღრევის მიზეზად ჰანიბალის ფინიკიურ აქცენტს მიიჩნევს თითქოს მეგზურებს კაზინუმის ნაცვლად კაზილინუმი მოესმათ.
როცა ჰანიბალმა დაინახა საქმე კარგად ვერ მიდიოდა გამცილებელს ჰკითხა სად ვიმყოფებითო, მან უპასუხა მალე კაზილინუმში შევალთო, სარდლისათვის ყველაფერი ნათელი გახდა, არმია სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა, შესაძლებელია მეგზურთ მართლაც მოესმათ და შეცდენ მაგრამ ჰანიბალს გამოძიება არ დაუწყია ისინი ჯვარზე გააკრა და იმას ცდილობდა არმია როგორმე გაეყვანა კაზილინუმის ვიწრო ხეობიდან.
მაქსიმეც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მას და მისი ყოველი ნაბიჯი იცოდა, ჰანიბალმა ბანაკი გაამაგრა, დაგზავნა მზვერავები. ფაბიუსი კი ყურადღებით ადევნებდა თვალს მტრის მოძრაობას.
იგი არ ღალატობდა დაყოვნების პოლიტიკას, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა საკუთარ მეომართა უკმაყოფილებას და მეთაურთა მიერ არმიაში გავრცელებულ ცილისმწამებლურ ხმებს, ჯაშუშებისაგან უკვე იცოდა, რომ ჰანიბალს ზამთრისათვის საკმარისი მარაგი არ ჰქონდა და იგი აუცილებლად აპულიაში უნდა გადასულიყო, ამიტომ მოხერხებულად ჩაუკეტა უკან დასაბრუნებელი გზა. მეომართა ძირითადი შემადგენლობა ბორცვებზე გამაგრდა, ამრიგად ჰანიბალის მთელი ძალები ალყაში მოექცა. ჰანიბალმა ისევ სცადა რომაელთა ბრძოლაში გამოწვევა, ამჯერად დიქტატორმა მიიღო გამოწვევა, კართაგენის სარდალმა დაძრა მსუბუქად შეიარაღებული მეომრები და ცხენოსნები, მაგრამ გენერალური ბრძოლა მაინც არ გამართულა, რამდენიმე წვრილი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგენი თავიანთ ბანაკებს დაუბრუნდნენ.
ჰანიბალი აშკარა საშიშროების წინაშე იდგა, მას ხეობაში ზამთრის გატარების საფრთხე ელოდა. არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და რომაელების სრული გარემოცვა კართაგენის არმიას სრული განადგურებით ემუქრებოდა, თითქოს ხსნა არსაიდან ჩანდა, მაგრამ ჰანიბალმა მაინც გამონახა გამოსავალი, იგი ისეთ გზას უნდა დასდგომოდა რომელიც ფაბიუსსაც კი შეიყვანდა შეცდომაში.
კართაგენის სარდალს სურსათის მარაგის სახით ჰყავდა კამპანიიდან გამორეკილი 2000 ხარი, დიდმა სარდალმა პირუტყვსაც გარკვეული როლი დააკისრა რომის წინააღმდეგ ბრძოლაში, მან ბრძანა ხარების რქებზე ჩირაღდნები დაემაგრებინათ, ასეც მოიქცნენ, დაღამდა, აანთეს ჩირაღდნები, ჰანიბალმა თავის ერთერთ მეთაურს ჰასდრუბალს უბრძანა ხარები მწვერვალებისაკენ გაერეკა, რქებზე ალმოდებული ხარები მთის ფერდობს შეეფინენ, სიბნელეში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა თითქოს მეომრები გარბოდნენ, გადასასვლელის ჩამკეტმა რომაელმა მეომრებმა რომ მოძრავი აალებული ფიგურები დაინახეს იფიქრეს კართაგენელები ნამდვილად შეტევაზე გადმოვიდნენო, შეშინებულებმა საგუშაგო მიატოვეს და პირდაპირ ცეცხლოვან ფიგურებს მიაშურეს, როდესაც ახლოს მივიდნენ დაინახეს რაშიც იყო საქმე, პირუტყვს უკან მსუბუქად შეიარაღებული კართაგენელები მოჰყვებოდნენ, შეტაკებაც მოხდა, მაგრამ ბრძოლა სწრაფად შეწყდა სიბნელის გამო, ორივე მხარე გათენებას დაელოდა.
რომაელებს საგუშაგო მიტოვებული ჰქონდათ, ამით ისარგებლა ჰანიბალმა და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიარა უმეთვალყუროდ დატოვებული ხეობა, ბანაკში დარჩენილ მეომრებს სარდალმა მეორე დილითვე დამხმარენი გაუგზავნა, ძირითადად იბერები, რომლებიც სამთო ბრძოლაში გამოცდილებით გამოირჩეოდნენ, იბერები სულ იოლად შეუერთდნენ თანამებრძოლებს და ასევე ადვილად დააღწიეს თავი რომაელთა წინააღმდეგობას.
ასე მოხერხებულად დააღწია თავი ჰანიბალმა შექმნილ სიტუაციას და ეს მოხდა მაშინ როცა რომაელებს იგი თითქოს მტკიცედ ჰყავდათ ჩაკეტილი.
კართაგენის არმიამ კაზილინუმის ხეობა ისე გაიარა არაფერი დაშავებია, ჰანიბალი სამნიუმში გადავიდა და მის რბევას შეუდგა, აიღო და გაძარცვა მრავალი სოფელი და ქალაქი, ზამთრის გასატარებლად კვლავ აპულიას მიაშურა, კართაგენელებმა ააოხრეს პენინგთა მხარე შემდეგ მიადგნენ აპულიის ქალაქ გელომიუმს. ქალაქის მცხოვრებლებმა უარი უთხრეს მას დანებებასა და რომაელთა წინააღმდეგ ძალების გაერთიანებაზე, გელომიუმმა ალყას ვერ გაუძლო, მოსახლეობა ერთიანად განადგურდა, თვით ქალაქი კი არ დაუნგრევიათ რათა იგი ზამთრის გასატარებლად გამოეყენებინათ. აპულია, სამნიუმი და კამპანია რომაელთა ერთგული რჩებოდა.
აპულიაში ჰანიბალის გადასვლამ კიდევ უფრო გააღრმავა მაქსიმესადმი უკმაყოფილება, რომაელი მეომრები უკვე აშკარად აცხადებდნენ, რომ დიქტატორმა მეტად ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, მაგრამ მათ ავიწყდებოდათ მთავარი დამნაშავის სახელი, დანაშაული იმ რაზმის მეთაურმა ჩაიდინა რომელსაც კაზილინუმის გადასასვლელის დაცვა ევალებოდა, სწორედ მან გაუღო კართაგენის არმიას თავისი წინდაუხედაობით ფაბიუსის მიერ მტკიცედ ჩაკეტილი კარები.
კაზილინუმის კლანჭებისგან თავდახსნილ ჰანიბალს კვლავ აერიდა დიქტატორი, რაც შეეხება კართაგენის ჯარს იგი ყოველთვის მზად იყო გადამწყვეტი ბრძოლისათვის.
დიქტატორი ითვალისწინებდა იმ გარემოებას რომ ჰანიბალი კვლავ მოწყვეტილი იყო ზურგს და არსაიდან არავითარ დახმარებას არ ღებულობდა.
ჰანიბალის მთელი ყურადღება მიქცეული იყო იბერიისაკენ სადაც მისი ძმა ჰასდრუბალი იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ, მაგრამ ჯერჯერობით ჰასდრუბალი ესპანეთში შექმნილ რთულ სიტუაციას ვერ აუდიოდა ვერ შეძლო იბერიაში რომაელთა დაძლევა რომ პიტანიისაკენ მიმავალი გზა გაეთავისუფლებინა.
ესპანეთიდან დახმარება იგვიანებდა, გარესამყაროს მოწყვეტილ ჰანიბალს სანამ მის არმიას სული ედგა აუცილებლად უნდა გაეწვია რომაელები ბრძოლის ველზე. რომაული დიპლომატია მაქსიმეს მეთაურობით კარგად ხვდებოდა ჰანიბალის ამ გასაჭირს და მოხერხებულად უქმნიდა მათ უომრად დამარცხების საფრთხეს.
ამ ფაქტის ბრწყინვალე დადასტურებაა რომაელ დიპლომატთა გარკვეული ნაწილის მთელი ყურადღების ესპანეთზე გადატანა, რათა ჰასდრუბალისათვის იტალიაში შეჭრის შესაძლებლობა მოესპოთ. გამოცდილმა სარდალმა თავისი საქმე გააკეთა, მისი მოწინააღმდეგენი აცხადებდნენ დიქტატორმა მთელი 6 თვე სრულ უმოქმედობაში გაატარაო, სინამდვილეში ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი II პუნიკური ომის მსვლელობაში, რომმა პირველად იგრძნო საკუთარი ძალა და აუჩქარებელი მოქმედების ნამდვილი ფასი.
კანე
ამასობაში ფაბიუს მაქსიმეს დიქტატორობის ვადა გავიდა. რომში ბრძოლა გაჩაღდა უმაღლესი ხელისუფლების დასაკავებლად, რამდენიმე კანდიდატი ესწრაფოდა კონსულის თანამდებობის დაკავებას, დემოკრატები და არისტოკრატები ერთმანეთს ებრძოდნენ, ბოლოს ისინი შეთანხმდნენ და კონსულებად აირჩიეს გაიუს ერენციუს ვარონი დემოკრატიის წარმომადგენელი და ლუციუს ემილიუს პავლე არისტოკრატთა ლიდერი.
კონსულები განსხვავებული ხასიათისა და შეხედულებების ადამიანები იყვნენ და განსხვავებული თვალთახედვითაც განიხილავდნენ ჰანიბალთან ურთიერთობის საკითხს.
ვარონი მოითხოვდა კართაგენელებს დაუყოვნებლივ შებმოდნენ, პავლე კი ფაბიუს მაქსიმეს ტაქტიკის მომხრე იყო, ფაბიუსსაც ის მიაჩნდა ღირსეულ სარდლად, ამას ადასტურებს მისი მიმართვა თუ დარიგება ემილიუსისადმი რაც დაცული აქვს ლივიუსს: „ცდები პავლე თუ ფიქრობ, რომ ტერენციუსთან ნაკლები ბრძოლის გადატანა მოგიხდება ვიდრე ჰანიბალთან, ჰანიბალთან შებმა მოგიწევს ბრძოლის ველზე, ვარონთან კი ყოველ ნაბიჯზე, ყოველგვარ შემთხვევაში. ჰანიბალის და მისი ლეგიონების წინააღმდეგ მოკავშირეებად გეყოლებიან ჩვენი ცხენოსნები და ქვეითები, ტერენციუსი კი შენს წინააღმდეგ იმოქმედებს შენივე მეომრების დახმარებით. ერთადერთი საშუალება ჰანიბალთან ომის საწარმოებლად ის არის რასაც მე მივმართავდი, ჩვენ ვომობთ იტალიაში,ჩვენს სახლში, ჩვენს ქვეყანაში, ირგვლივ ჩვენი მოქალაქენი და მოკავშირენი არიან, ისინი გვეხმარებიან იარაღით, მეომრებით, ცხენებით და სურსათით, ჰანიბალი კი უცხო ქვეყანაშია, გარშემორტყმულია მტრებით, შორსაა სამშობლოდან, არც ერთი ქალაქი მას არ ღებულობს, ცხოვრობს ძარცვით, იმ არმიიდან რომლითაც იბერი გადმოლახა ნაშთიღა შემორჩა, შიმშილით უფრო მეტი მეომარი დაეღუპა ვიდრე ხმლით, მას არ გააჩნია არც სურსათი, არც დამხმარე რაზმები, არც ფული. ხსნის ერთადერთი გზა ჩემი გზაა პავლე, აუცილებლად მხოლოდ შენ ერთმა უნდა გაუწიო წინააღმდეგობა ორივე სარდალს, მე მიმაჩნია რომ უმჯობესია გონიერ მტერს შენი ეშინოდეს ვიდრე გაქებდნენ ბრიყვი თანამოქალაქენი“. ასე დაარიგა გამოცდილმა ფაბიუსმა კონსული პავლე, ეს არ იყო შემთხვევითი ლამაზსიტყვაობა, ფაბიუსი ასრულებდა ყოველივე მისგან თქმულს, ფაბიუსმა და პავლემ იცოდნენ ჰანიბალის აქილევსის ქუსლი, ყველაზე უკეთ ეს თვით ჰანიბალმა იცოდა და ამიტომაც ცდილობდა და ისწრაფვოდა გაემართა გენერალური ბრძოლა, ისწრაფვოდა რაც შეიძლება მალე გაენადგურებინა რომის არმია და თან საბოლოოდ დაერწმუნებინა იტალიკები ზურგი შეექციათ რომისათვის.
216 წლის გაზაფხულზე რომის კონსულები კართაგენის არმიისაკენ დაიძრნენ. აპულიაში შეიერთეს იქ მდგარი ლეგიონები და მიუახლოვდნენ მდ აუფიდიუსს, იმ ადგილს სადაც კართაგენის ლაშქარი იყო დაბანაკებული.
ვარონის დაჟინებული მოთხოვნით კონსულები შეთანხმდნენ რიგრიგობით ესარდლათ, რომის უზარმაზარი არმია 80000 ქვეითი და 6000 ცხენოსანი აუფიდიუსის ნაპირას დაბანაკდა. კართაგენელები რიცხობრივად თითქმის ორჯერ ნაკლები იყვნენ, 40000 ქვეითი, 10000 ცხენოსანი.
კართაგენელებმა მოწინააღმდეგის ასეთი სიმრავლე პირველად იხილეს, როდესაც ჰანიბალი თავის მახლობლებთან ერთად შორიდანზვერავდა რომაელთა პოზიციებს მისმა ერთერთმა თანამებრძოლმა ჰისკონმა მამაცმა და დამსახურებულმა მეომარმა გაკვირვება გამოთქვა მტრის სიმრავლის გამო, რაც გულგატეხილობას უფრო ჩამოჰგავდა, ჰანიბალმა ეს შენიშნა და მიუგო: „მაგრამ არის უფრო საოცარი რამ ჰისკონ“, - მაინც რა? - შეეკითხა ჰისკონი, - „ის რომ მრავალრიცხოვან ადამიანთა შორის ერთ კაცს ვერ ნახავ სახელად ჰისკონი ერქვას“ - მიუგო ჰანიბალმა. ხუმრობა ყველასათვის მოულოდნელი იყო, ანტიკური მწერლების სიტყვით იგი სწრაფად მოედო არმიას და მეომრებს გამარჯვების რწმენა შთაუნერგა.
ჰანიბალი რომაელთა გამოჩენას აღფრთოვანებით შეხვდა, მან კარგად იცოდა, რომ მოწინააღმდეგეთა ჯარს ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულების კონსულები სარდლობდნენ, მისთვის ისიც იყო ცნობილი რომ მეომართა ორ მესამედს ახალწვეულები შეადგენდნენ, ყოველივე ეს წარმატების გარანტიას იძლეოდა, მაგრამ ვიდრე ბრძოლას დაიწყებდნენ რაიმე ისეთი ხერხი უნდა გამოეყენებინათ რაც რომის სარდლობას შეცდომაში შეიყვანდა და ბრძოლის დაწყებას დააჩქარებდა, ამ მიზმით მეომრებს უბრძანა ღამით ბანაკი ხელუხლებლად დაეტოვებინათ და ადგილი შეეცვალათ, ორივე ეს სწრაფად მოხდა, ჰანიბალმა ბანაკი აჰყარა და ლაშქარი უფრო ხელსაყრელ ადგილას განალაგა.
მეორე დილით რომაელებმა დაინახეს, რომ კართაგენელი გუშაგები აღარ იდგნენ და ნელი სვლით მიუახლოვდნენ ბანაკს, ახლოს მივიდნენ კიდეც მაგრამ იქ ძეხორციელი არავინ დახვედრიათ. რომის არმიამ დაიკავა კართაგენის სადგომი, ვარონი ამტკიცებდა შეშინებულმა ჰანიბალმა ბრძოლის ველს გაცლა ამჯობინაო, დადასტურდა მაქსიმეს შიში ვაითუ კონსულები აჩქარდნენო.
ვარონი ზუსტად გამოხატავდა წინდაუხედავ მეომართა სულისკვეთებას, პავლე წინადადებას აყენებდა კარგად განესაჯათ შექმნილი მდგომარეობა და ისე ემოქმედათ, მაგრამ ყველაფერი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ წარიმართა, რაც გამოწვეული იყო სარდლობის კოლეგიალური სისტემით.
ვარონი ცდილობდა ყველაფერი თავისი სარდლობის დროს გაეკეთებინა, მან ყურად არ იღო პავლეს წინადადება რომ ლოდინი უფრო მეტს მისცემდა რომის არმიას ვიდრე დაუყოვნებლივ ბრძოლის გამართვა.
ჰანიბალის კავალერია დროდადრო უახლოვდებოდა რომის ბანაკს მაგრამ სწრაფადვე უკუიქცეოდა, ვარონის სიტყვით მტერს შეტაკებისა ეშინოდა და მეომრებში ამაყად უწევდა აგიტაციას თავისი წინადადების სისწორეს, ადანაშაულებდა პავლეს, არმიაც ძირითადად ვარონის მხარეზე იყო. პავლე ცდილობდა როგორმე შეეკავებინა ლაშქრის აჩქარება და ხელი შეეშალა ვარონისათვის რათა იგი ჰანიბალის ავანტიურას არ აჰყოლოდა.
მაგრამ გადამწყვეტ მომენტში როდესაც ვარონის მთავარსარდლობის რიგი დადგა იგი არც შეკითხვია თავის კოლეგას ისე უბრძანა არმიას აუფიდიუსის გადალახვა, პავლეც დაემორჩილა, რადგან ვარონის მიტოვება არ შეიძლებოდა. პავლეს აზრით აუფიდიუსის მარცხენა ნაპირი რომის არმიისათვის ხელსაყრელი არ იყო. ფართო სივრცე მანევრირებისათვის კარგ საშუალებას მისცემდა კართაგენის კავალერიას, რომელიც ყოველთვის ჰანიბალის გამარჯვებათა ძირითადი დასაყრდენი იყო, ამიტომ იგი ვარონს ურჩევდა ბრძოლას მორიდებოდა, მაგრამ ვარონი მტკიცედ ადგა გადაწყვეტილებას, მისი შეჩერება შეუძლებელი გახდა.
ჰანიბალმაც გადასხა არმია აუფიდიუსის მარცხენა ნაპირზე კანეს ველზე და საბრძოლველად მოემზადა, კართაგენის სარდალმა კარგად გაითვალისწინა კანეს ველის გეოგრაფიული მდებარეობა, ადრიატიკის ზღვიდან მონაბერი ქარი აუფიდიუსის ნაპირზე მტვრის კორიანტელს აყენებდა, კართაგენელები ზღვისკენ ზურგით იდგნენ, რომაელების სახით. კატრთაგენელთა მოძრაობით გამოწვეულ მტვრის კორიანტელს ქარი პირდაპირ სახეში აფენდა რომის არმიას და ხილვადობას უსუსტებდა. ჰანიბალი ცდილობდა რომაელთა რიცხობრივი უპირატესობა ეშმაკობით და ბუნებრივი მოვლენების გამოყენებით დაეძლია.
ორივე მხარე ბრძოლაში ჩაება, ჰანიბალმა მოწინააღმდეგეს ბრძოლის საკუთარი ტაქტიკა შესთავაზა, რომის სარდლობაც აჰყვა.
ჰანიბალის არმია ნახევარმთვარისებურად განლაგდა, შეტაკება მოწინავე რაზმებმა დაიწყეს. კართაგენელთა მარცხენა ფლანგს გამოეყო 500 ნუმიდიელი ცხენოსანი და რომაელთა მხარეს მიაშურა, მიუახლოვდნენ თუ არა ცხენოსნები მოწინაარმდეგეს ჩამოქვეითდნენ, იარაღი ფეხებში მიაყარეს და უყოყმანოდ გადავიდნენ მათ მხარეზე, რომაელებმა სიხარულით მიიღეს ისინი, გაატარეს მთელი ცენტრი და ზურგში გადაიყვანეს, ნუმიდიელი მოღალატეები დამშვიდებულები შეჰყურებდნენ ბრძოლის ველს, რომაელები მათ არავითარ ყურადღებას აღარ აქცევდნენ, ამით ისარგებლეს ნუმიდიელებმა, იძრეს ჯავშნის ქვეშ დამალული ხანჯლები, აკრიფეს დაღუპულ მეომართა მკერდზე მიმობნეული ფარები და მოულოდნელად ზურგიდან დაარტყეს რომაელებს.
რომაელები ახლაღა მიხვდნენ თავიანთ შეცდომას, მაგრამ გვიან იყო, მოღალატეებმა ცენტრს შეუტიეს და გეზი თავისიანებისაკენ აიღეს, ჰასდრუბალის გაძლიერებული შეტევის წყალობით მათ მოწინააღმდეგის ხაზი გაარღვიეს და კვლავ ჰანიბალს შეუერთდნენ.
ასეთმა მოულოდნელმა ხიფათმა რომაელთა სიმტკიცეს საგრძნობი ზიანი მიაყენა, ბრძოლას მეტი სიმძაფრე შემატა იბერი და გალი ცხენოსნების გამოყვანამაც. რომაელები თანდათანობით აძლიერებდნენ ცენტრს ახალი მეომრების გამოყვანით, კართაგენელების ცენტრმა კი როცა ბრძოლა გახურდა უკან დახევა იწყო, ნახევარმთვარე გაწყდა და რომაელებიც მიყვნენ, ჰანიბალს არმიის სუსტი ნაწილები ცენტრში ჰყავდა განლაგებული. გარდა ამისა ცენტრის უკანდახევა წინასწარ ჰქონდა შემუშავებული და ღრმად შეტყუებული რომაელებისათვის დარტყმა ჰანიბალის ყველაზე მტკიცე აფრიკელ მეომრებს უნდა მიეყენებინათ, ფლანგებზეც გამოცდილი მებრძოლები იდგნენ.
ცენტრის უკანდახევამ რომაელები კართაგენის არმიის სიღრმეში შეიყვანა, ჰანიბალსაც ეს უნდოდა, მალე რომის უზარმაზარი არმია ალყაში აღმოჩნდა კართაგენელები მათ ჩეხვას შეუდგნენ, სიფრთხილის მიუხედავად მძიმე განსაცდელში ჩავარდა რომის არმიის მარჯვენა ფლანგიც რომელსაც პავლე სარდლობდა, ბრძოლაში პავლეს ცხენი დაიჭრა და მხედარი ძირს გადმოაგდო, კონსულის მახლობლად მყოფმა მეომრებმა დაინახეს თუ არა სარდლის ჩამოქვეითება თვითონაც ჩამოხტნენ და ისე ეკვეთნენ მტერს, მაგრამ საქმე უკვე განწირული იყო.
ბრძოლა მეტისმეტად გამძაფრდა, ალყაში მოქცეულ რომაელთა რიგები აირია, დაირღვა ლეგიონთა სიმტკიცე, კართაგენელები კი წრეს თანდათან ავიწროებდნენ, რომის არმიის მოქმედება თვითდინებას მიენდო, სარდლობას არმიის გადარჩენაზე უნდა ეფიქრა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო. კართაგენელთა ალყა მტკიცედ სალტავდა მას და უკანდახევის საშუალებას არ აძლევდა. ბრძოლა წაგებული იყო, ირგვლივ სისხლის ნიაღვარი იდგა, დაიწყო მეომართა უწესრიგო ლტოლვა, კართაგენის არმია ტრიუმფით იმკიდა მარსის წყალობას. კანე რომაელთა სასაფლაო გახდა, მეომართა მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა კონსულ ვარონის მეთაურობით ალყიდან დასხლტომა და სამშვიდობოს გასვლა.
მეორე კონსული პავლე კანეს ემსხვერპლა, ისტორიკოსი ლივიუსი აგვიწერს პავლეს უკანასკნელ წუთებს, მძიმედ დაჭრილი ის ქვაზე ჩამომჯდარი ელოდა სიკვდილს, მას მოძრაობის უნარი წართმეული ჰქონდა, სისხლში ისე იყო ამოსვრილი მეგობრებიც ვერ ამჩნევდნენ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ერთმა ახალგაზრდა რომაელმა პატრიცმა კორნელიუს ლენტულუსმა იცნო, სასწრაფოდ ჩამოხტა ცხენიდან კონსულთან მიიჭრა და თავისი ცხენი შესთავაზა, მაგრამ ემილიუსმა დახმარება არ მიიღო, ცრემლმორეულმა ლენტულუსმა ხვეწნა დაუწყო, შეებრალებინა რომაელები და გაქცეულიყო, ახალგაზრდა პატრიცის აზრით რომაელ ხალხს როგორც არასდროს ისე სჭირდებოდა ამ მძიმე დროს კარგი კონსული. ემილიუსმა ყურადღება არ მიაქცია ახალგაზრდის ცრემლებს და აიძულა ის ბრძოლის ველს გასცლოდა, ბოლოს ეს დააბარა ლენტულუს უამბე ფაბიუს მაქსიმუსს რისი მოწმეც ხარ, გადაეცი რომ ემილიუს პავლე თავიდანვე ერთგულად იცავდა მის დარიგებას და არც არასდროს დაარღვევდა მაგრამ ჯერ ვარონთან ბრძოლაში დამარცხდა, შემდეგ კი ჰანიბალმა დააგვირგვინა რომის არმიის განადგურება.
კანეს ბრძოლაში რომაელთაგან უმრავლესობა დაიღუპა, 86000 კაციდან 48000 დაიღუპა, ჰანიბალი შეუდგა გაფანტულ რომაელთა დევნას და შეპყრობას.
კანეს ბრძოლაში ყველაზე ნათლად გამოვლინდა ჰანიბალის სამხედრო გენია, მას გაცილებით ნაკლები ძალები ჰყავდა და რომაელებს ყველაზე დიდი მარცხი სწორედ ამ დროს მიაყენა, 48000 რომაელი დაიღუპა, მაშინ როდესაც ჰანიბალმა სულ 8000 კაცი დაკარგა.
სამხედრო ისტორიაში კანე მოწინააღმდეგის სრულ განადგურებას ნიშნავს. კართაგენის არმიამ უბრწყინვალესი გამარჯვება მოიპოვა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა თითქოს ჰანიბალს არავითარი დაბრკოლება აღარ ეღობებოდარომის საბოლოოდ დამორჩილების გზაზე, მაგრამ იგი მაინც აყოვნებდა, კანესთან გამარჯვების შემდეგ გადაწყვიტა არმია დაესვენებინა, ძალები მოეკრიბა, რომი სრულ იზოლაციაში მოექცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიეტანა მასზე იერიში.
იგი დარწმუნებული იყო რომის დიდ საომარ და თავდაცვით რეზერვებში, ამიტომ თავს იკავებდა, მას ჯერ რომისათვის მოკავშირეები უნდა ჩამოეცილებინა და მხოლოდ შემდეგ ეფიქრა სერიოზულად ქალაქის აღებაზე.
დამთავრდა კანეს ბრძოლა, რომი არნახულ განსაცდელში ჩავარდა, სენატმა საყოველთაო გლოვა გამოაცხადა, ხალხის მსხვერპლს ახალი, უფრო დიდი საშიშროება დაემატა, ყოველდღე მოსალოდნელი იყო ქალაქის გარემოცვა.
სენატის აზრით ჰანიბალს შეეძლო კანედან რომის მისადგომებამდე გზა ტრიუმფით გაევლო, ასე ვარაუდობდნენ რომის სახელმწიფო მოღვაწენი, ასე ფიქრობდნენ კართაგენის დანარჩენი სარდლებიც.
მაგრამ თვით ჰანიბალი თავს იკავებდა მარადიული ქალაქის ალყაზე, ამ მხრივ საინტერესოა ანტიკურ ავტორებთან დაცული ცნობა, რომელშიც ჩანს ჰანიბალისა და მისი თანამებრძოლების დამოკიდებულება ბრძოლის შემდგომი გაგძელებისადმი.
კანეს ბრძოლა დამთავრდა, სარდლები შემოეხვივნენ ჰანიბალს, ულოცავდნენ გამარჯვებას, ეუბნებოდნენ ასეთი გამარჯვების შემდეგ დაყოვნება ზედმეტიაო, ლტოლვილთა კვალდაკვალ რომისკენ უნდა დაიძრაო, განსაკუთრებით აქტიურობდა კავალერიის მეთაური მაჰარბალი. აღფრთოვანებულმა მაჰარბალმა ჰანიბალს მიმართა «დაყოვნება უადგილოა, ასეთი გამარჯვების შემდეგ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მეხუთე დღეს ჩვენ გამარჯვებას კაპიტოლიუმში იზეიმებ, მომყევით უკან, მე გაგიძღვებით ჩემი ცხენოსნებით და საბოლოოდ დავუსვამთ წერტილს რომის არსებობას.
ჰანიბალს მოეწონა თანამებრძოლის გაბედული გამოსვლა და გამარჯვებისაკენ ლტოლვა, შეაქო მაჰარბალი, მაგრამ განაცხადა წინადადების განსახილველად აუცილებლად დროა საჭიროო,ბრძოლას მოწყურებულ მაჰარბალს არ ესიამოვნა ჰანიბალის სიტყვები და უკმაყოფილოდ განაცხადა: „რა თქმა უნდა ერთ ადამიანს არ აძლევენ ღმერთები ყველაფერს, შენ ჰანიბალო მტრის დამარცხება შეგიძლია, გამარჯვების გამოყენება კი არა“.
კართაგენის სარდლობის დასკვნით ამ დღის მოქმედებამ გადაარჩინა რომი სრულ დაღუპვას. პლუტარქე გაკვირვებულია ჰანიბალის ქცევით, იგი აღნიშნავს: „ძნელია თქმა რა მოსაზრების გამო შეიკავა თავიო, ყველაზე სწორი იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებდა არა გონება არამედ რომელიღაც გენია თუ ღმერთი, რომელმაც შთააგონა მას გაუბედაობა. საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების შესახებ ყველაზე უფრო კარგად თვით ჰანიბალმა იცოდა, თავისი გამარჯვებების ზენიტში მყოფს ერთხელაც არ გამოუთქვამს სურვილი რომზე საიერიშოდ, მისი აზრით რომი ისეთი მტკიცე ციხე-სიმაგრე იყო, რომლის აღებაც კართაგენის არმიას არ შეეძლო, უნაყოფო ალყა კი მის პრესტიჟს დასცემდა როგორც საკუთარ მეომრებში ისე იტალიკებში“.
ამრიგად ჰანიბალმა უარყო რომზე შეტევა და ნადავლის შეგროვებას შეუდგა, ლივიუსი აღწერს კანეს ველს ბრძოლის დამთავრების შემდეგ, ცოცხლები და მკვდრები თურმე არეული იყვნენ ერთმანეთში, დაჭრილნი რომელთაც წამოდგომა არ შეეძლოთ აღსასრულს მისვენებულნი ელოდნენ, სიკვდილი ნადიმობდა მდ. აუფიდიუსის ნაპირზე, ზოგი მეომარი მიწაში თავით ჩასობილი იხილეს, ცხადი იყო მათ ფრჩხილებით ამოეთხარათ ორმო, სახით ჩამხობილიყვნენ შიგნით და ასე დაეხუთათ თავი.
ნადავლის შეგროვება დამთავრებული არ ჰქონდათ, რომ კართაგენელები რომაელთა მცირე ბანაკს მიადგნენ, რომაელები ისე იყვნენ დასუსტებულნი,რომ მოწინააღმდეგეს უსიტყვოდ დანებდნენ, დაიდო პირობა, ჰანიბალი ათავისუფლებდა მათ თუ იარაღს დაყრიდნენ და გადაიხდიდნენ გამოსასყიდს, რომაელი სამას დენარს, მოკავშირე ორას დენარს, ხოლო მონა ათ დენარს, ტყვეები დათანხმდნენ, მათ რომში ელჩები გაგზავნეს დათქმული თანხის მოსატანად. ჰანიბალის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც წარმომადგენლები ხელცარიელნი დაბრუნდნენ, მათ კართაგენის სარდალს აუწყეს რომაელებმა უარი განაცხადეს ტყვეთა გამოსყიდვაზეო, ერთერთ ელჩს გადაეწყვიტა აღარ დაბრუნებულიყო ტყვეობაში, მაგრამ რომაელებს იგი ძალით გამოეგდოთ. ჰანიბალი კიდევ უფრო გააკვირვა რომაელთა სხვა საქციელმაც, კერძოდ ტყვეების წარმომადგენლებთან ერთად მას რომში გაუგზავნია წარჩინებული კართაგენელი კართალონი იმ განზრახვით თუ რომაელები დაზავებაზე სურვილს გამოთქვამდნენ დათანხმებულიყო, მაგრამ რომთან მიახლოებულ კართალონს წინ დაუდგა ლიქტორი და აუწყა სასწრაფოდ გასცლოდა რომის საზღვრებს, ჰანიბალისათვის ყველაფერი ნათელი გახდა, დამარცხებულ რომაელებს ზავის გაგონებაც არ უნდოდათ.
დავუბრუნდეთ კანეს ველს, ჰანიბალმა ბრძოლაში დაღუპული საკუთარი მეომრები დაასაფლავა, მისივე ბრძანებით მოძებნეს და მიწას მიაბარეს კონსული პავლე.
როცა კართაგენელები ამ ამბით იყვნენ დაკავებულნი რომაელთა მთავარი ბანაკიდან ვისაც ძალა და გამბედაობა შესწევდა გაიქცა, გაქცეულებმა 4000 ქვეითი და 200 მხედარი თავი კანიზიონს შეაფარეს, ლტოლვილებმა მეთაურად აირჩიეს ახალგაზრდა კორნელიუს სციპიონი და კლავდიუს პულხერი, გაიმართა სახელდახელო თათბირი, ბჭობდნენ როგორ დაეღწიათ თავი შექმნილი მდგომარეობიდან, წარჩინებული რომაელების აზრით ყველაფერი დაკარგული იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბრძოლის გაგრძელების მომხრეებმა გაიმარჯვეს.
ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა ცალკე მოითათბირა, მათ გადაწყვიტეს სამშობლო მიეტოვებინათ და უცხოეთში გადახვეწილიყვნენ, ეს რომ სციპიონმა შეიტყო მცირერიცხოვანი ამალით მიეჭრა იმედდაკარგულ ახალგაზრდებს და მუქარით განუცხადა მათ, ვფიცავ არც მე ვუღალატებ სამშობლოს და არც სხვა რომაელს მივცემ ამის ჩადენის უფლებას, მუქარამ გაჭრა, ახალგაზრდებმა უარყვეს მცდარი გზა და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგნენ.
კანეს შემდეგ
რომის მდგომარეობა კანესთან ბრძოლის შენდეგ გაუარესდა. სენატში დაისვა საკითხი ახალი დიქტატორის არჩევის შესახებ, აირჩიეს კიდეც მარკუს იუნიუსი. ქალაქი ძალების მოკრებასა და ბრძოლისათვის მზადებას შეუდგა, არმიაში გაიწვიეს 17 წლის ახალგაზრდებიც, გამალებით იჭედებოდა იარაღი. თავისუფალ მოქალაქეთა სიმცირის გამო სახელმწიფო იძულებული გახდა მონები ეყიდა და ლაშქარში ჩაერიცხა.
ჰანიბალიც ცდილობდა არმია ახალი მეომრებით შეევსო, ამ მიზნით მან თავისი ძმა მაგონი აფრიკაში გაგზავნა რომ სენატისათვის დახმარების საჭიროება შეეხსენებინა.
მაგონი გამოცხადდა კართაგენში და ხელისუფლებას აუწყა იმ გამარჯვებათა შესახებ რასაც ჰანიბალის მებრძოლებმა მიაღწიეს იტალიაში, მაგონი სენატს მოახსენებდა, რომ ბრძოლის ველზე რომის 4 კონსულიდან 2 დაიღუპა, 1 მძიმედ დაიჭრა, მოწინააღმდეგის 200000 მეომარი განადგურდა, 50000 დატყვევებულია, რომის კავალერია საერთოდ აღარ არსებობს, იტალიის დიდი ნაწილი ჰანიბალის ხელშია. თავისი სიტყვების დასამტკიცებლად მაგონმა ბრძანა გამოეტანათ და სენატორთა წინაშე დაეყარათ ოქროს ბეჭდები, შთაბეჭდილების გასაძლიერებლად მან დაუმატა ბეჭდებს მხოლოდ წარჩინებული რომაელები ატარებენო.
მაგონი სენატს უმტკიცებდა, მართალია რომის სრული განადგურება ახლოსაა, მაგრამ ამის მისაღწევად არმია ახალი მეომრებით უნდა შეივსოსო, ჰანიბალი სენატს ფულსა და დახმარებას სთხოვს, დაამთავრა სიტყვა უმცროსმა ბარკიდმა.
მაგონის გამოსვლამ აღტაცებაში მოიყვანა ბარკიდული პარტია, იგი გამარჯვებას ზეიმობდა, ჰანიბალის ერთერთმა თაყვანისმცემელმა ჰამილკონმა რაკი ასეთი ხელსაყრელი მომენტი დაინახა შეეცადა ჰანონი გამოეწვია და ასეთი სიტყვებით მიმართა მას: „ჰანონ, მოსანანიებელი გაქვს რაიმე რომაელებთან ომის დაწყებით, აბა ახლა წამოაყენე წინადადება ჰანიბალი რომს გადაეცითო“. ჰანონი თავდასხმას არ დაუბნევია და ასეთი პასუხი გასცა ჰამილკონს: „მე ეხლაც ვნანობ რომაელებთან ომის დაწყებას და ყოველთვის დავადანაშაულებ თქვენს დაუმარცხებელ ჰანიბალს, მანამდე ვიდრე არ დავინახავ რომ ომი დამთავრდა ასე თუ ისე მისაღები პირობებით, ჩემს დასს წინა ზავის გამო ახალი ზავი დაამშვიდებს, ყველაფერი რითაც მაგონი ტრაბახობს ახარებს ჰიმილკონსა და ჰანიბალის სხვა კუდებს, მე კი მახარებს იმდენად რამდენადაც მიღწეული წარმატებები მოგვცემს უფრო სასურველ ზავს თუკი მოვისურვებთ ვისარგებლოთ ჩვენი ბედნიერებით, ახლა კი ვნახოთ როგორია ეს გამარჯვება, სვამს კითხვას ჰანონი, მე გავანადგურეო მტრის არმია, გამომიგზავნეთ მეომრები, რომ დამარცხებულიყო მაშინაც ამას ითხოვდა, მე ავიღეო მტრის ბანაკი რა თქმა უნდა ნადავლითა და სურსათით სავსე, მომაწოდეთ პური და ფული, სხვას რას ითხოვდა რომ გაეძარცვათ და ბანაკიც წაერთმიათ, ახლა მე მაქვს შეკითხვა და მიპასუხოს ჰამილკონმა ან მაგონმა, თუ კანესთან ბრძოლას შედეგად რომის სახელმწიფოს დაღუპვა მოჰყვა, და თუ ცნობები მთელი იტალია მზადაა ჩამოშორდესო რომაელებს სანდოა მაშინ დამისახელეთ 1 ხალხიც კი ლათინური წარმომავლობისა, რომელიც ჩვენთან გადმოვიდა, ან 36 ტრიბუნიდან 1 მაინც თუ იმყოფება ჰანიბალის მხარეზე“. მაგონმა უარყოფითი პასუხი გასცა, ჰანონმა კი განაგრძო: „მე მსურს ვიცოდე ჩვენი მტრის განწყობილება, რას ფიქრობენ ისინი“. მაგონმა უპასუხა ამის შესახებ არაფერი ვიციო, მაშინ ჰანონმა უთხრა ამაზე ადვილი გასაგები არაფერია, გამოაგზავნეს რომაელებმა ჰანიბალთან ელჩები დაზავებისათვის, ან თქვენამდე მოაღწია ხმებმა, რომ რომში საერთოდ ზავს ახსენებენ, მაგონი კვლავ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა და უპასუხა, არც ზავის შესახებ იცის რაიმე. ჰანონი რომელიც ძალად გამოიწვიეს კამათში აგვირგვინებს თავის ანტიბარკიდულ სიტყვას და ამბობს «ამრიგად ომი ისევე გაურკვეველია ჩვენთვის როგორც იყო იგი ჰანიბალის იტალიაში გადასვლის დღეს, ჩემი აზრით თუ გამარჯვებულნი არიან არ უნდა გავგზავნოთ დახმარება, ხოლო თუ ამაოდ გვატყუებენ მოჩვენებითი იმედებით მაშინ უფრო არ უნდა დავეხმაროთ“.
მიუხედავად ბრწყინვალე გამოსვლისა ჰანონის სიტყვამ ყველა სენატორზე ვერ მოახდინა შთაბეჭდილება, მართალია სენატორთა უმრავლესობა აღფრთოვანებული არ იყო ჰანიბალის საქმიანობით, მაგრამ ჰანონის დარიგებისათვის ყურადღება არ მიუქცევია. სენატმა ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა, იტალიაში გაეგზავნა 4000 ნუმიდიელი, 40 სპილო და ფული, მაგონს დაევალა იბერიაში გადასულიყო ჰასდრუბალთან, ერთად შეეგროვებინათ მეომრები და შეერთებოდნენ ჰანიბალს.
ამ დროს რომშიც გამალებული სამზადისი მიმდინარეობდა, სენატი უკანასკნელ ძალას იკრეფდა. 215 წლისათვის კონსულებად სემპრონიუს გრაკხუსი და პოსტიმიუსი აირჩიეს. პოსტიმიუსი მოვალეობის შესრულებას არც შესდგომია ერთერთ ბრძოლაში დაიღუპა, მის ნაცვლად კონსული გახდა კლავდიუს მარცელუსი.
არსებითად შეიცვალა მდგომარეობა კანეს ბრძოლის შემდეგ, იტალიკები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ რომი მათ ვერ დაიცავდა, დამოუკიდებლად კი მტერს ვერ მოიგერიებდნენ, ამიტომ მათი ნაწილი თითქმის უომრად ჩაბარდა ჰანიბალს. ჰანიბალი თითქმის მთელი იტალიის მეუფე გახდა. კართაგენელთა მხარეზე გადავიდნენ ატელანები, კალატინები, ჰირპინები, აპულიელთა ნაწილი, სამნიტები, ბრუტიუმელები, ლუკანები, უზენტინები, თითქმის მთელი ბერძნული სანაპირო და ციზალპური გალია, იტალიკთა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეინარჩუნა სიმტკიცე და არ შეუშინდა იმ რისხვას რაც ჰანიბალისაგან იყო მოსალოდნელი, მაგალითად კანეს ველიდან 8 კმ-ს დაშორებით მდებარე ქ. კანუზიუმმა ბრძოლაში გადარჩენილ რომაელებს დახმარება აღმოუჩინა.
გაზაფხულზე ბრძოლა კვლავ განახლდა, ჰანიბალმა ტირენეს ზღვის სანაპიროზე გადასვლა და დამკვიდრება სცადა, რომ აფრიკასთან მუდმივი საზღვაო კავშირი დაემყარებინა, ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ქ ნეაპოლის ხელში ჩაგდებას, მაგრამ რომაელებს ეს ოლქი მიუხედავად მრავალი სერიოზული მარცხისა და მოკავშირეთა ჩამოშორებისა ისევ ეპყრათ, სულიერი სიმშვიდე არ დაუკარგავთ და დაზავებაზე წუთითაც არ უფიქრიათ. სიმტკიცე შეინარჩუნეს მაშინაც კი როდესაც დამარცხებული კონსული რომში დაბრუნდა, უფრო მეტიც, რომაელთა დიდსულოვნება იმდენად მეტი იყო, რომ ურიცხვი ადამიანი გაეშურა დამარცხებულ კონსულთან შესახვედრად და ეს მაშინ როდესაც მარცხი კონსულის დაუდევრობით იყო გამოწვეული. რომის მოქალაქენი მადლობას უხდიდნენ კონსულს იმის გამო რომ ამ უმძიმესი განსაცდელის ჟამს ისინი არ მიატოვა და კვლავ სამშობლოს ხსნას ცდილობდა. ლივიუსი წერს: „მსგავსი მარცხის შემთხვევაში კართაგენელები თავიანთ სარდალს ჯვარზე გააკრავდნენო“.
ნეაპოლი რომაელებს იმდენად მტკიცედ ჰქონდათ დაცული, რომ ჰანიბალმა იქ შეღწევა ვერ მოახერხა, სამაგიეროდ ქ. კაპუამ მიიწვია ჰანიბალი და დანებდა მას. ამის შემდეგ კართაგენის არმიამ იერიში მიიტანა ქ. კაზილინუმზე და აიღო, იქვე ახლოს მდგომმა რომის არმიამ კართაგენელებთან შებრძოლება ვერ გაბედა, ჰანიბალი სასტიკად გაუსწორდა კაზილინუმის მცხოვრებლებს.
კონსული მარცელუსი ქ. ნოლაში იდგა და გამუდმებით თავს ესხმოდა ჰანიბალის მოკავშირე ჰირპინებსა და კავდინელ სამნიტებს, საგულდაგულოდ აოხრებდა მათ მიწა-წყალს, მოკავშირეებმა ჰანიბალს ელჩები გაუგზავნეს და პირობის შესრულება მოსთხოვეს, მათი სიტყვები კარგად გამოხატავს საერთო იტალიკურ სულისკვეთებას: „ჰანიბალო, - აუწყებდნენ ისინი, ჩვენ მარტონი ვებრძოდით რომაელ ხალხს ვიდრე შეგვეძლო საკუთარი ძალებით დაცვა, შემდეგ შევუერთდით მეფე პიროსს, მაგრამ ამ კავშირმა ჩვენი იმედები არ გაამართლა და იძულებული გავხდით რომაელებს დავზავებოდით, ამ ზავს ვიცავდით 50 წლის განმავლობაში იტალიაში შენს მოსვლამდე, იმ ლმობიერებამ და კეთილგანწყობილებამ რაც შენ ჩვენი ტყვე მოქალაქეების მიმართ გამოიჩინე მეგობრულად განგვაწყო შენდამი და ვიდრე შენ მეგობრად გთვლიდით არა მარტო რომაელების, ღმერთების რისხვისაც არ გვეშინოდა, შენ გაიმარჯვე რომაელებზე, შენ ძლიერი ხარ და თუ შენს მეგობრად გვთვლი არ გეპატიება ის ამბავი რომ დგახარ ჩვენს ახლოს, გესმის ჩვენი ცოლ-შვილის ტირილი, ხედავ როგორ იწვის ჩვენი სახლები, მაგრამ მშველელი არ ჩანს, რომაელებმა ისე შეგვავიწროვეს ამ ზაფხულს, რომ კალესთან გამარჯვებულად შეიძლება ჩაითვალოს მარცელუსი და არა ჰანიბალი, რომაელები ამაყად აცხადებენ, რომ შენ მხოლოდ 1 დარტყმისათვის გყოფნის ძალა, ხოლო შემდეგ კარგავ მას. ჩვენ გადავიტანეთ მძიმე უღელი, მაგრამ წარსული უბედურებანი დღევანდელთან შედარებით მცირეა, დიქტატორები თავიანთი კავალერიის უფროსებით, კონსულები არმიებით შემოვიდნენ ჩვენს მხარეში, ამჯერად ჩვენ ვართ ნადავლი 1 პრეტორისა, რომელიც დანიშნულია ნოლას დაასაცავად, რომაელები უკვე ყაჩაღებივით დაუსჯელად დაეხეტებიან ჩვენს მიწაზე, ეს გამოწვეულია იმით, რომ შენ არ გვიცავ, ხოლო ჩვენი ახალგაზრდობა რომელიც მოვალეა და კიდეც შესწევს უნარი დაიცვას სამშობლო შენს დროშას ემსახურება“. ჰანიბალმა ელჩებს ასეთი პასუხი გასცა: „მე ჩემს არმიას ვერ შევიყვან ჰირპინებისა და სამნიტების ოლქში, ვინაიდან კართაგენის ლაშქრის გამოჩენას რომაელები უფრო მრავალრიცხოვანი არმიის გამოყვანით უპასუხებენ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას, მოკავშირენი რომ ვიხსნა გადავალ მეზობელ რომაელთა ერთგულ მხარეში, დავიწყებ მის აოხრებას და ამით ვაიძულებ რომაელებს მოადუნონ ყურადღება ჰანიბალის მეგობრებზე“.
ჰანიბალი მართლაც გაემართა ნოლას მიმართულებით, ბრუტიების ოლქში შეიერთა კართაგენიდან მოსული დამხმარე ძალები და შეუდგა ნოლას გარემოცვას, მარცელუსმა შორიდანვე შენიშნა მტრის მოახლოება და თავისი არმიით ქალაქის კარიბჭესთან დახვდა, მაგრამ წვიმისა და ნისლის გამო იმ დღეს ბრძოლა არ გამართულა, თუმცა მალე შეეჯახნენ ერთმანეთს, მარცელუსმა ბრწყინვალედ უსარდლა თავის არმიას და არა მარტო მოიგერია მტრის შემოტევა მნიშვნელოვანი ზარალიც მიაყენა მას და უკუაქცია.
ჰანიბალმა ზამთრის გასატარებლად აპულიას მიაშურა და ქ არპთან დაბანაკდა.
214 წლისათვის რომში კონსულებად ფაბიუს მაქსიმე კუნქტატორი და მარკუს კლავდიუს მარცელუსი აირჩიეს, ამ საპატიო თანამდებობის შესრულებას ფაბიუსი მეოთხედ შეუდგა, მარცელუსი მესამედ, ისინი მართლაც ღირსეული და დამსახურებული კონსულები იყვნენ, ეს ნათლად ჩანს მათი ღვაწლის დაფასებაში, ფაბიუს მაქსიმეს რომაელმა ხალხმა სამშობლოს ფარი უწოდა, კლავდიუს მარცელუსს კი სამშობლოს მახვილი.
თანამოქალაქეთა აზრით ფაბიუსის სიმტკიცემ და წინდახედულებამ შეერთებულმა მარცელუსის გულმოდგინეობასთან იხსნა რომი.
214 წლის გაზაფხულზე ჰანიბალი კვლავ შეუდგა სამხრეთ იტალიის დალაშქვრას, რომაელთა აქტიურობაც უფრო შესამჩნევი გახადა.
ფაბიუსმა და მარცელუსმა უზარმაზარი არმია შეაიარაღეს და ანტიჰანიბალური წინააღმდეგობის ორგანიზებას შეუდგნენ. შეიმჩნეოდა რომ რომაელებმა წონასწორობა აღიდგინეს, უფრო ფგამბედავად უტევდნენ კართაგენელებს, შეშინებულმა კაპუელებმა თხოვნით მიმართეს ჰანიბალს ეზრუნა ქალაქის დაცვაზე, რადგან იცოდნენ რომაელები კაპუას მოქმედებას დაუსჯელად არ დატოვებდნენ, ამჯერად ჰანიბალმა საჭიროდ ჩათვალა მოკავშირის დაცვა, დატოვა არპი და კაპუის მახლობლად დაბანაკდა, რითაც ქალაქის უსაფრთხოება უზრუნველყო.
კართაგენის არმიამ კაპუასთან მცირე ხანს დაჰყო, ჰანიბალმა ქალაქის დაცვა ნუმიდიელებსა და ესპანელებს დაავალათვითონ კი ავერნის ტბის მიმართულებით ქ. პუტეუმზე სალაშქროდ გაეშურა.
ფაბიუსმა გაიგო ჰანიბალის არპიდან წასვლა და სასწრაფოდ აიღო გეზი იმავე მიმართულებით, ტიბერიუს გრაკხუსს კი უბრძანა ლუცერიიდან ბენევენტუმში გადასულიყო, ლუცერია კუნქტატორის შვილს პრეტორ ფაბიუს მაქსიმეს უნდა დაეკავებინა.
ჰანიბალმა მიაღწია ავერნის ტბას, აქ მასთან გამოცხადდნენ ბერძნული ქალაქის ტარენტუმის ახალგაზრდები, რომლებიც ტრაზიმენთან და კანესთან ჩაიგდეს ტყვედ კართაგენელებმა და როგორც არარომაელები გაანთავისუფლეს.
ტარენტუმელებმა ამცნეს ჰანიბალს ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი თქვენს მხარეზეა და საკმარისია კართაგენის არმია ტარენტუმთან გამოჩნდეს ქალაქი უბრძოლველად ჩაგბარდებათო.
ჰანიბალმა მოუსმინა მათ, დაარიგა როგორ მოქცეულიყვნენ და უკან დააბრუნა, მან განსაზღვრა რაოდენ ხელსაყრელი იქნებოდა მისთვის ტარენტუმის დასაკუთრება იმ შემთხვევაში თუ მაკედონიის მეფე ფილიპე V პირობას შეასრულებდა და არმიას იტალიაში გადმოსხამდა.
მაკედონიის მეფე ფილიპე V-ს და ჰანიბალის კავშირის შესახებ ვისაუბრებთ ცალკე ქვეთავში.
ჰანიბალმა პუტეონის აღება ვერ შეძლო, სამაგიეროდ ააოხრა მისი შემოგარენი. ვიდრე იგი ამ საქმეებით იყო გართული ფაბიუსმა ალყა შემოარტყა ქ. კაზილინუმს სადაც კართაგენის გარნიზონი იდგა, ამავე დროს ბენევენტუმს მიადგნენ ჰანონი და ტიბერიუს გრაკხუსი, ცნობილი რეფორმატორების ტიბერიუსისა და გაიუსის წინაპარი.
გრაკხუსის მეომრები ძირითადად მონები იყვნენ, ამიტომ ბრძოლის დაწყების წინ გრაკხუსმა მათ გამოუცხადა: „მონა, რომელიც მტრის თავს მიუტანდა თავისუფლად ცხადდებოდა, ამას იგი კონსულისა და სენატის სახელით ამბობდა“. მისმა სიტყვებმა მონა-მეომრებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, ისინი ერთსულოვნად მოითხოვდნენ ბრძოლის სასწრაფოდ დაწყებას.
დაიწყო ბრძოლა, მონები გასაოცარი მონდომებით იბრძოდნენ, ისინი პირველ რიგში მოკლულის თავის მოკვეთაზე ზრუნავდნენ, ამას კი საკმაო დრო სჭირდებოდა და უარყოფითად მოქმედებდა რომაელთა წინსვლაზე, სულ მალე მონა-მეომრები მარჯვენა ხელში მტრის თავებს ვეღარ იტევდნენ, მამაცმა მებრძოლებმა დაკარგეს ადრინდელი შემართება, შეყოვნდა რომის არმიის შეტევა.
სამხედრო ტრიბუნებმა გრაკხუსს მოახსენეს მეომრებს მარჯვენა ხელში მახვილის ნაცვლად ადამიანთა თავები უპყრიათ და მხოლოდ იმაზე ზრუნავენ რაც შეიძლება მეტი შეაგროვონო, გრაკხუსმა ბრძანება გასცა დაუყოვნებლივ გადაეყარათ მტრის თავები და ისე შეეტიათ მოწინააღმდეგისათვის, თან ისიც დაუმატა, ამ მეომრებმა თავიანთი სიმამაცით უკვე დაამტკიცეს რომ თავისუფლების ღირსნი არიანო. ამან მეომრები კიდევ უფრო გაამხნევა და ბრძოლის დამთავრებაც დაჩქარდა. მეორე დღესვე გრაკხუსმა მონა-მეომრებს თავისუფლების მიღება მიულოცა.
ვიდრე ბენევენტუმთან ეს ამბები ხდებოდა ჰანიბალმა ააოხრა ნეაპოლის შემოგარენი და ქალაქ ნოლასაკენ გაემართა, მაგრამ მარცელუსმა არა მარტო მოიგერია მისი შემოტევა არამედ სერიოზული მარცხი მიაყენა მას და აიძულა ნოლას მისადგომებს გასცლოდა.
ჰანიბალმა არმია ტარენტუმისაკენ მიმართა, ფაბიუსი კართაგენელების რკალში მოსაქცევად ემზადებოდა, რომ შეიტყო კამპანიელები მონების დიდ არმიას ამზადებენ რომაელებზე თავდასასხმელადო, ნოლაში მყოფ მარცელუსს მან შეუთვალა თუ შეძლებდა კაზილინუმთან დახმარებოდა. მარცელუსი მაშინვე გაემართა კაზილინუმისაკენ, კნსულთა გაერთიანებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ იზეიმა გამარჯვება, მარცელუსი კვლავ ნოლაში დაბრუნდა, ფაბიუსი კი სამნიუმის განდგომილ ქალაქთა დასჯას შეუდგა, რომმა საგრძნობლად გაიუმჯობესა მდგომარეობა.
ტარენტუმის გზას დამდგარი ჰანიბალი საფუძვლიანად არბევდა სამხ იტალიას, მაგრამ მიუახლოვდა თუ არა ტარენტუმს პოლიტიკა შეცვალა, მისმა მსვლელობამ მშვიდობიანი ხასიათი მიიღო, იგი ქალაქთან ახლოს დაბანაკდა.
სანამ კართაგენის ჯარი ტარენტუმს მიაღწევდა რომაელებმა ქალაქის გასამაგრებლად ბრუნდიზიუმიდან პროპრეტორი ვალერიუსი გაგზავნეს, რომელიც ენერგიულად ჩაუდგა სათავეში ტარენტუმის დაცვას, შეკრა ყველა კარიბჭე, გალავნის გასწვრივ გუშაგები ჩააყენა და ტარენტუმელებს საშუალება არ მისცა ჰანიბალთან კავშირი დაემყარებინათ.
ჰანიბალმა რამდენიმე დღე დაჰყო ტარენტუმთან, დიდად ნანობდა, რომ ასე მოუფიქრებლად ენდო ქალაქის ახალგაზრდებს, ვინაიდან იძულებული იყო ტარენტუმის ოლქი მიეტოვებინა და უკან გაბრუნებულიყო.
მომავალი ზამთრის გატარება მან სალაპიაში გადაწყვიტა, ბრძანა, მეტაპონტისა და ჰერაკლეას შემოგარენი გაეძარცვათ რომ სურსათი მოემარაგებინათ, ამავე მიზმით სალენტინის ოლქსა და აპულიის მთიანეთშიც გაგზავნა ნუმიდიელები.
214 წელი მიიწურა, 213 წლისათვის რომის კონსულებად აირჩიეს კვინტუს ფაბიუს მაქსიმე კუნქტატორის შვილი და ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსი. კონსულები შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას, გრაკხუსი ლუკანიაში გაემგზავრა, ფაბიუს უმცროსი კი აპულიაში.
ფაბიუსის არმიაში როგორც ლეგატი გამოცხადდა სახელგანთქმული ფაბიუს უფროსი. ლივიუსი მამა-შვილის შეხვედრის სცენას ასე გადმოგვცემს: „ფაბიუს უმცროსი გამოვიდა მამის შესახვედრად, ლიქტორებმა პატივისცემის ნიშნად კონსულისაკენ მიმავალი ფაბიუსი არ შეაჩერეს, ცხენზე ამხედრებულმა მოხუცმა ჩაუარა თერთმეტ ლიქტორს, დაინახა რა ყოველივე ეს კონსულმა ლიქტორს უბრძანა შეესრულებინა თავისი მოვალეობა, ლიქტორიც მაშინვე აღიმართა კუნქტატორის წინაშე, მიუთითა ჩამოქვეითებულიყო და ისე ხლებოდა კონსულს. ფაბიუსი მაშინვე ჩამოხტა ცხენიდან და კონსულს ამაყად მიმართა, მე მსურდა გამომეცადე შვილო შეიცნე თუ არა საკმარისად რომ კონსული ხარ“.
ფაბიუს უმცროსმა შეადგინა მოქმედების გეგმა. ამ დროს მის ბანაკში გამოცხადდა ქ. არპის მოქალაქე დარძიუს ალპინიუსი და ფაბიუსს ქალაქის გადაცემა შესთავაზა, კონსული სამხედრო საბჭოს დაეთათბირა, საკითხმა დიდი კამათი გამოიწვია, ერთნი იძახდნენ დარძიუსი როგორც მოღალატე დაესაჯათ ვინაიდან კანეს ბრძოლის შემდეგ ჰანიბალის მხარეს გადავიდა და დაეხმარა მას ქალაქის აღებაში, ახლა კი როცა რომაელთა მდგომარეობა გამოსწორდა უკვე მზადაა ჩაიდინოს ახალი ღალატი, დარძიუსი არასასიამოვნო მოკავშირეაო ასკვნიდნენ ისინი. ფაბიუს უფროსი არ დაეთანხმა მათ, მან აღელვებულ თანამებრძოლებს მიმართა: „აუცილებელია ლმობიერად მოვეპყრათ ჩვენს მხარეზე გადმოსულ მოღალატეებს, რადგან ეს ჰანიბალის მომხრე იტალიკების გაორგულებას გამოიწვევსო“. შემდეგ რომაელებს შესთავაზა დაეკავებინათ საშუალო ხაზი, ალპინიუსი არც მეგობრად ეცნოთ არც აშკარა მტრად, ჰყოლოდათ იგი როგორც საპატიო პატიმარი მთელი ომის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ დაეწყოთ გამოძიება რა დანაშაული ჰქონდა მას ჩადენილი.
კუნქტატორის ავტორიტეტს წინ ვეღარავინ აღუდგა. კონსული ფაბიუსი არპის საალყო მზადებას შეუდგა, არმია ქალაქთან ახლოს განალაგა, ლაშქრის ძირითადი ნაწილი კი იმ მხარეს მიმართა რომელიც მოწინააღმდეგეს კარგად ჰქონდა გამაგრებული. ყველაფერი მოკლე ხანში მოაგვარა, წინასწარ შეარჩია საუკეთესო ცენტურიონები, სათავეში ჩაუყენა გამოცდილი სამხედრო ტრიბუნები და დაუქვემდებარა 600 მებრძოლი, ამ რაზმს დაავალა შუაღამისას მისდგომოდნენ ქალაქის გალავანს, სპეციალურად მომზადებული კიბეებით გადასულიყვნენ ქალაქში და გაეღოთ ან ჩაემტვრიათ კარიბჭე, მახლობლად ჩასაფრებული რომის არმიაც მაშინვე შეიჭრებოდა არპში. ბრძანება შესრულდა, რაზმმა გადალახხა ქ არპის გალავანი და რომის არმიას კარები გაუღო, ღამით ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ქალაქი კვლავ რომაელებს დაუბრუნდა.
ომის გაჭიანურებამ კართაგენის ხარეზე გადასული იტალიკებიც დაარწმუნა რომ ისინი შეცდნენ, ნელნელა იწყეს ცოდვების მონანიება და რომაელებთან დაბრუნება, იტალიკთა ასეთი მოქმედება კარგს არას მოასწავებდა ჰანიბალისათვის.
რომის სარდლობამ არმიის რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. 212 წელსაც ჰანიბალის ყურადღება ტარენტუმისაკენ იყო მიპყრობილი, რომაელებიც არანაკლები მონდომებით მეთვალყურეობდნენ ტარენტუმს, რადგან იცოდნენ ჰანიბალისა და ტარენტუმის მოსახლეობის საიდუმლო ურთიერთობის ამბავი, ღალატს რომ ადგილი არ ჰქონოდა მრავლად მოუყარეს თავი მძევლებს.
ჰანიბალი ვარაუდობდა, რომ ტარენტუმელები ადრე თუ გვიან მოახერხებდნენ რომის მეთვალყურეობიდან თავის დაღწევას და მასთან შეერთებას, საქმე შემთხვევითმა ამბავმა დააჩქარა, რომში მყოფმა მძევლებმა ვილეუსის მეთაურობით მოახერხეს გაქცეულიყვნენ, მაგრამ ლტოლვილნი შეიპყრეს, უკან დააბრუნეს და მკაცრად დასაჯეს, ტარპეიას კლდეზე გადაჩეხეს, რომაელთა ასეთმა სიმკაცრემ მკვეთრად შეცვალა ტარენტუმელების პოლიტიკური შეხედულებანი, დაღუპულთა ნათესავები და მეგობრები აშკარა ანტირომაული მოქმედების გზას დაადგნენ, გავლენიანი ოჯახის შვილებმა ნიკონისა და ფილემენეს ხელმძღვანელობით მოაწყვეს შეთქმულება, უპირველესად მათ განიზრახეს ჰანიბალთან შეხვედრა, შეთქმულებმა შეიმუშავეს გეგმა როგორ გასულიყვნენ ქალაქიდან, საბაბიც ადვილად გამონახეს ნადირობის სურვილი. რომაელებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, შეთქმულები ღამით გავიდნენ ქალაქიდან და გაემართნენ ჰანიბალისაკენ, რომელიც ტარენტუმიდან 3 დღის სავალზე იმყოფებოდა. მიუახლოვდნენ თუ არა კართაგენელთა ბანაკს ნიკონმა და ფილემენემ თანამგზავრები ტყეში ჩაასაფრეს გზის პირას, თვითონ კი ჰანიბალს მიაშურეს, ეახლენ და გააცნეს თავიანთი განზრახვა. ჰანიბალმა მოუწონა ჩანაფიქრი და ასეთი დავალება მისცა დაერწმუნებინათ რომაელები და თანამოქალაქენი ძარცვის მიზნით გამოსულიყვნენ ქალაქიდან და გაერეკათ კართაგენელთა პირუტყვი რომელიც დათქმული დღისათვის უმეთვალყურეოდ იქნებოდა გაშვებული საძოვრებზე ტარენტუმის მახლობლად.
ჰანიბალი მძარცველებს უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, ახალგაზრდობამ შეასრულა დავალება, მეორე შეხვედრისას დაიდო ხელშეკრულება ჰანიბალსა და ტარენტუმს შორის, ჰანიბალი ტარენტუმს თავისუფალ ქალაქად დატოვებდა, მას ხელუხლებლად დარჩებოდა თავისი კანონები, ქალაქი გათავისუფლდებოდა ყოველგვარი გადასახადისაგან, სამაგიეროდ ტარენტუმელებს ჰანიბალისათვის უნდა გადაეცათ რომაული გარნიზონი, მოლაპარაკება დამთავრდა.
შეთქმულების ერთერთმა მეთაურმა ფილემენემ ჰანიბალთან მუდმივი ურთიერთობის მიზნით ტარენტუმში მყოფ რომის ხელისუფლებას ქალაქის შემოგარენში ნადირობის უფლება გამოსთხოვა, რომაელები დათანხმდნენ, ფილემენე სისტემატურად ტოვებდა ქალაქს იარაღითა და მეძებარი ძაღლებით, ასეთ ხშირ გასვლას იგი ნადირობის ტრფიალით ასაბუთებდა, ქალაქში ყველამ იცოდა რომ იგი მანამდეც ნადირობის ტრფიალი იყო, ამიტომ მის მოქმედებაში ოდნავადაც არავინ დაეჭვებულა, ფილემენე ხელცარიელი არასდროს ბრუნდებოდა, მას ნანადირევით ჰანიბალის მეომრებიც ამარაგებდნენ. ნადირობიდან დაბრუნებული ფილემენე ყოველთვის მიართმევდა საჩუქარს პრეფექტ გაიუს ლივიუსს ან გუშაგებს, ფილემენეს სანადიროდ სვლამ იმდენად ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო, რომ მის ნიშანზე რა დროც არ უნდა ყოფილიყო ქალაქის კარიბჭე იღებოდა, მან რომაელთა თვალში ნდობა განიმტკიცა.
ჰანიბალმაც შორს დგომითა და უმოქმედობით რომაელთა ეჭვები გაფანტა და მათი ყურადღება საგრძნობლად მოადუნა, ამას დაემატა ისიც რომ ხმა გაავრცელეს ჰანიბალი ავად არისო, ჭორი რა თქმა უნდა კართაგენელთა მომხრე ბერძნების მიერ იყო გავრცელებული.
ჰანიბალი კი ამ დროს გამალებული ემზადებოდა და ქალაქის აღების გეგმას ამუშავებდა. მან დათქმულ დღეს დაძრა არმია ქალაქის მიმართულებით, წინ ნუმიდიელი ცხენოსნები გაუშვა, რომ გზის ორივე მხარეს ეთარეშათ, ამით რომაელებს მხოლოდ ისინი უნდა სცემოდათ თვალში და დაეცვათ მათ უკან მიმავალი მეომრები, წინასწარი მოლაპარაკების თანახმად ჰანიბალი ტარენტუმს აღმოსავლეთიდან უნდა მისდგომოდა, ქალაქში მისი შეყვანა ნიკონს ევალებოდა, დასავლეთის კარიბჭის გაღებას კი ფილემენე კისრულობდა.
დანიშნულ დღეს შეთქმულებმა ნიკონის მეთაურობით პრეფექტი გაიუს ლივიუსი უგრძნობლად დაათვრეს, შემდეგ ნიკონმა რაზმი შეადგინა და ჰანიბალის ნიშანს ელოდა, ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა, ჰანიბალმა აანთო სასიგნალო კოცონი, ნიკონმაც მსგავსივე ნიშნით უპასუხა და მაშინვე რაზმიც კარიბჭისაკენ გაეშურა. შეთქმულებმა უცბად ამოჟლიტეს გუშაგები და კარი გააღეს, კართაგენელებმა დაუბრკოლებლივ გადალახესქალაქის კარიბჭე.
მეორე შესასვლელთან ფილემენე მოქმედებდა, ნადირობიდან დაბრუნებულმა შორიდანვე ანიშნა გუშაგს კარი გამიღე და ნადავლის შემოტანაში მომეხმარეო, გუშაგიც გაუფრთხილებლად გაემართა მისკენ, ფილემენე მას ხანჯლით გაუმასპინძლდა, კართაგენელთა ათასკაციანი რაზმი ამ მხრიდანაც შეიჭრა ქალაქში, ტარენტუმი შიგნიდან გატყდა, ის სწრაფად გადავიდა კართაგენელთა ხელში.
ჰანიბალის ბრძანებით მეომრები ადგილობრივ მოსახლეობას თავაზიანად მოექცნენ, რომაელები კი უმოწყალოდ ამოჟლიტეს, მცირერიცხოვან შეთქმულთა გარდა არავინ იცოდა რა მოხდა.
რომაელები ფიქრობდნენ ტარენტუმელები თუ აჯანყდნენო, ტარენტუმელები კი გამაყრუებელი ხმაურის გამომწვევად რომაელებს მიიჩნევდნენ, სიბნელეში ვერავინ გარკვეულიყო რა მოხდა, მეორე დილით ჰანიბალმა შეკრიბა ქალაქის მოსახლეობა და სიტყვით მიმართა, მისმა გამოსვლამ ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა, სიტყვის დამთავრების შემდეგ ჰანიბალმა მოქალაქეებს უბრძანა დაშლილიყვნენ და ყველა ტარენტუმელს სახლისათვის გაეკეთებინა წარწერა ტარენტუმელი, რათა გაადვილებოდა რომაელთა გამოცნობა, ვინც მოტყუებას შეეცდებოდა სიკვდილით დასჯა ელოდა, კართაგენის არმიამ რომაელთა სახლები ჯერ გაძარცვა, შემდეგ კი მიწასთან გაასწორა, ტარენტუმელები ერთმანეთს ულოცავდნენ თავისუფლების დაბრუნებას.
ტარენტუმში მყოფმა რომის გარნიზონმა თავი აკროპოლისს შეაფარა, ეს ერთობ საშიში იყო კართაგენელებისათვის, რადგან რომაელებს ყოველთვის შეეძლოთ გამოსულიყვნენ აკროპოლისიდან და ზიანი მიეყენებინათ მოწინააღმდეგისთვის, ამასთანავე გარნიზონს შეეძლო მომარაგება ზღვიდან მიეღო რადგან აკროპოლისი ზღვას ემიჯნებოდა.
ჰანიბალმა ზღვასა და ტარენტუმის აკროპოლისს შორის კედელი აღამართვინა და რომის გარნიზონი სავსებით მოწყვიტა გარე სამყაროს, მიუხედავად ამისა რომაელები წინააღმდეგობას განაგრძობდნენ.
ტარენტუმის კართაგენელთა მხარეზე გადასვლამ სანაპიროს ბერძნულ ქალაქებს თავისუფლების დაბრუნების იმედი აღუძრა.
ჰანიბალმა ზამთარი ტარენტუმის შემოგარენში გაატარა, მსას კამპანიიდან არასასიამოვნო ცნობები მოსდიოდა, კაპუა იტყობინებოდა რომაელთა მოახლოებას, მოსახლეობა პურის ნაკლებობას განიცდიდა და შველას ითხოვდა, ჰანიბალმა შეაგროვა სურსათის საჭირო მარაგი და ჰანონის მეთაურობით რაზმი გაგზავნა კაპუის დასახმარებლად, ჰანონი ბენევენტუმთან დაბანაკდა.
კართაგენელთა გამოჩენას რომის სარდლობა მომზადებული დახვდა. კონსული ფულვიუსი მაშინვე ბენევენტუმისაკენ გაეშურა და ბრძოლა გაუმართა ჰანონს, პირველმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მაგრამ შემდეგ ორ შეტაკებაში კართაგენის ჯარი დამარცხდა, ჰანონმა გაქცევით უშველა თავს.
კამპანია კვლავ დახმარებას ითხოვდა, აუცილებელი იყო მოკავშირეთა დაცვა, ამ მიზმით ჰანიბალმა კამპანიაში 2000 ცხენოსანი გაგზავნა, თვითონ კი განაგრძო ბერძნული ქალაქების შემომტკიცების საქმე რასაც შედეგად ბევრ მნიშვნელოვან პუნქტში კართაგენელთა დამკვიდრება მოჰყვა, ბერძნულმა ქალაქებმა მეტაპონტმა და თურიუმმა გაიმეორეს ტარენტუმის გამოცდილება და უმტკივნეულოდ გადავიდნენ ჰანიბალის მხარეზე.
რომის სარდლობამ განიზრახა ქ. კაპუა უკანვე დაებრუნებინა, ამ მიზნით კონსულებმა არმია ბენევენტუმიდან კაპუისაკენ დაძრეს.
ჰანიბალის მდგომარეობა მეტად არასახარბიელო იყო, არც რომაელები იყვნენ დამშვიდებულნი, მათაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მარცხი განიცადეს, ყველაზე მძიმე ის იყო რომ ლუკანიელი მოღალატის დახმარებით კართაგენელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ტიბერიუს გრაკხუსი, ეს ასე მოხდა.
რომაელთა მოკავშირე ლუკანებს სათავეში ედგა ვინმე ფლავუსი, მან შეიცვალა შეხედულებანი და გადაწყვიტა ჰანიბალის მხარეზე გადასულიყო, იგი ფარულად გამოცხადდა ბრუტიუმში მაგონთან და სამსახური შესთავაზა, თავის მხრივ მაგონს რომაელთა მთავარსარდლის ტიბერიუს გრაკხუსის გადაცემას ჰპირდებოდა, იგი მცირე ამალით გრაკხუსის ბანაკიდან გამოყვანას კისრულობდა.
დათქმული დღისათვის მაგონი უნდა ჩასაფრებულიყო და მცირერიცხოვანი რომაელებისათვის ალყა შემოერტყა. მოღალატე ფლავუსმა გრაკხუსს აუწყა კართაგენის მხარეზე გადასულ იტალიკთა ნაწილს კვლავ რომაელთა მხარეზე გადმოსვლა სურთ და ამისათვის აუცილებელია მათ შეხვდეო, გრაკხუსი საფრთხეს არ ელოდა და უყოყმანოდ დათანხმდა, თითქმის შეუიარაღებელი ამალით გაეშურა იგი ფლავიუსის მითითებული ადგილისაკენ, იქ კი მოულოდნელად ალყაში აღმოჩნდა და თავის ამალიანად სიცოცხლეს გამოასალმეს.
კაპუის მარტო დატოვება აღარ შეიძლებოდა და ჰანიბალი დაიძრა კამპანიისაკენ. რომის არმია სხვადასხვა მიმართულებით გაეცალა კამპანიას, ჰანიბალმა გადაწყვიტა აპიუს კლავდიუსს დადევნებოდა, ასეც მოიქცა, კართაგენის ლაშქარი აპულიაში სრულიად შემთხვევით შეეჯახა ცენტურიონ ცენტენიუსის 8000-ან არმიას, შეტაკებამ ჰანიბალს გამარჯვება მოუტანა, მხოლოდ ათასმა რომაელმა დააღწია თავი კართაგენელთა მახვილს, თვით ცენტენიუსი დაიღუპა, ასევე გამანადგურებელი მარცხი განიცადა ფულვიუსის 20000-ანმა არმიამ, იგი გართული იყო კართაგენის მხარეზე გადასული წვრილი ქალაქების დასჯით, შემთხვევით შეხვდა ჰანიბალს და სასტიკად დამარცხდა, 20000 მეომრიდან მხოლოდ 2000-მა მოასწრო გაქცევა.
ჰანიბალი კვლავ ტარენტუმს მიუბრუნდა რათა როგორმე აეღო ქალაქის აკროპოლისი, სადაც შემალულნი მტკიცედ იცავდნენ თავს. ტარენტუმის შიდა ციხე კვლავ რომაელებს რჩებოდათ.
ჰანიბალმა თავისი ძალები ახლა ბრუნდიზიუმისაკენ მიმართა, ბარაუდობდა რომ ქალაქს აიღებდა მაგრამ დრო ამაოდ დაკარგა. რომაელები ისევ მიუახლოვდნენ კაპუას, კამპანიელებმა კვლავ საჩივრითა და თხოვნით მოუხმეს კამპანიელებს, ჰანიბალი აიმედებდა მოკავშირეებს, კამპანიაში კართაგენელთა შესვლას შედეგად რომის სრული განადგურება მოჰყვებაო. ჰანიბალის პოზიციები უკვე შერყეული იყო, რომს კი რამდენიმე სერიოზული მარცხის მიუხედავად მდგომარეობა გაუუმჯობესდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა რომის სარდლობა არ ჩქარობდა გადამწყვეტი ბრძოლის გამართვას ომის გაჭიანურება კი ჰანიბალს ბრძოლაზე ძვირი უჯდებოდა, მისი ავტორიტეტი იტალიკებში შეირყა, კაპუის დაკარგვასთან ერთად კი ყველა მოკავშირე ჰანიბალს როგორც ხელმოცარულს ზურგს შეაქცევდა. ნებისყოფისა და გონების დიდი დაძაბვა იყო საჭირო წონასწორობის შესანარჩუნებლად, ჰანიბალი ჯერჯერობით კიდევ ახერხებდა ამას.
მოდით ჰანიბალის ფართო საომარი გეგმის გასაცნობად რამდენიმე წლით უკან დავიხიოთ რათა იგი უფრო ნათლად წარმოჩნდეს როგორც არა მარტო სარდალი არამედ როგორც დიდი დიპლომატი, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ურთიერთობა მაკედონიასთან.
მაკედონია და სიცილია
კანესთან გამარჯვებამ ჰანიბალს ფართოდ გაუღო იტალიის ქალაქთა კარიბჭენი, პირველ რიგში მას მიემხრო უდიდესი ქალაქი კაპუა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით აპენინის ქალაქთა შორის მეორე ადგილზე იდგა რომის შემდეგ.
კაპუას მიბაძა სხვა ქალაქებმაც. ანტირომაული კოალიცია კიდევ უფრო განმტკიცდა, მაგრამ ჰანიბალის გეგმის თანახმად იტალიკებს გარდა რომთან საბრძოლველად საჭირო იყო ისეთი მოკავშირე რომელიც ახალი არმიით ჩაებმებოდა ომში და გათიშავდა რომაელთა ძალებს, ამ მხრივ იგი ყველაზე მეტ იმედს მაკედონიის მეფე ფილიპე V-ზე ამყარებდა, რომელიც ელინისტურ აღმოსავლეთში ძლიერ მეფედ ითვლებოდა.
თვით ფილიპე V ესწრაფვოდა ჰანიბალთან კავშირს. ანტიკურ ავტორთა გადმოცემით კართაგენელებმა დადგეს თუ არა ფეხი იტალიაში მაკედონიის მეფე განუწყვეტლივ თვალს ადევნებდა საომარ მოქმედებას და ხელსაყრელ მომენტს ელოდა თვითონაც ჩაბმულიყო ომში.
ფილიპეს ძალიან აფიქრებდა ბალკანეთში რომაელთა გაძლიერება, ამიტომ იგი კართაგენელებზე უკეთეს მოკავშირეს ვერც ინატრებდა. როცა დარწმუნდა, რომ კართაგენელთა გამარჯვება საეჭვო აღარ იყო გადაწყვიტა მაკედონიაც ჩაერთო ომში, ამ მიზნით მან 215 წელს იტალიაში ელჩები გაგზავნა რომ მოესინჯა ჰანიბალის დამოკიდებულება მაკედონიისადმი.
ელჩობა გადავიდა იტალიაში, საკმაო სიფრთხილეც გამოიჩინა, მაგრამ რომაელთა საგუშაგოს ვერ აცდა, ელჩები შეიპყრეს და ლუცერიაში მდგარ პრეტორს მიჰგვარეს, მისია თითქმის განწირული იყო, მაგრამ მისმა მეთაურმა ქსენოფანემ გამოსავალი გამონახა, მან რომის პრეტორს განუცხადა, რომ გამოგზავნილი არიან მაკედონიის მეფე ფილიპე V-ს მიერ რომაელ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად, აქვთ საგანგებო დავალება რომელიც უნდა გადასცენ კონსულებსა და სენატს, გახარებულმა პრეტორმა ელჩები გულთბილად გააცილა, გააყოლა მეგზური, დაარიგა როგორ უნდა წასულიყვნენ, რომ კართაგენელებს არ ჩავარდნონდენ ხელთ. ქსენოფონემ უმტკივნეულოდ დააღწია თავი რომაელთა ტყვეობას, გაითვალისწინა პრეტორის მითითება და სულ ადვილად მიაღწია კართაგენელთა ბანაკს.
ჰანიბალმა სიხარულით მიიღო ფილიპეს წარმომადგენლები, გაფორმდა კავშირი, ხელშეკრულების თანახმად ფილიპეს იტალიის ნაპირებისაკენ უნდა გაეგზავნა ფლოტი და უნდა ებრძოლა როგორც ზღვაზე ისე ხმელეთზე. მაკედონია ვალდებული იყო ებრძოლა რომის საბოლოო განადგურებამდე, მაგრამ რომსა და ტერიტორიაზე პრეტენზია არ უნდა განეცხადებინა, სამაგიეროდ იტალიის დაპყრობის შემდეგ ჰანიბალი კისრულობდა თავისი არმიით ბალკანეთში გადასულიყო და იქ ებრძოლა ფილიპეს სასარგებლოდ, ამრიგად იტალია დარჩებოდა კართაგენს, საბერძნეთი კი მაკედონიას.
ურთიერთობის განსამტკიცებლად ჰანიბალმაც გაგზავნა ელჩები მაკედონიაში, მაგრამ უკან დაბრუნებისას კართაგენის წარმომადგენლები რომაელებმა შეიპყრეს, ელჩებმა წამებას ვერ გაუძლეს და აღიარეს თავიანთი მისიის მიზანი, რომისათვის ნათელი გახდა საიდუმლო მოლაპარაკების არსებობა, იტალიაზე თავდასასხმელად ახალი ძალა ემზადებოდა, სენატი არ დაბნეულა, რომის ხელისუფლებამ სასწრაფო ღონისძიება მიიღო, გააძლიერა ადრიატიკის ზღვის სანაპიროს დამცველი ფლოტი რათა მაკედონიისათვის იტალიაში გადასვლის საშუალება არ მიეცათ, ამას გარდა თვალყური უნდა ედევნებინათ მაკედონიის საომარი სამზადისისათვის და საჭიროების შემთხვევაში არმიაც გაეგზავნათ ბალკანეთის ნკ-ზე.
მაკედონიის მეფემ ომში ჩაბმა ვერ გაბედა, თავისი სისუსტე რომ დაეფარა და ჰანიბალისათვის მიცემული პირობა შეესრულებინა ეპირში შეიჭრა, მაგრამ რომაელებმა აიძულეს ეპირი დაეტოვებინა.
ჰანიბალის მოწოდების მიუხედავად ფილიპემ რამდენიმე წელიწადს ხელი არ გაანძრია. მის საქმიანობას ოდნავი გამოცოცხლება დაეტყო 212 წელს, როდესაც კართაგენელებმა ქ. ტარენტუმი აიღეს, იგი შეუდგა სამზადისს მაგრამ რომაულმა დიპლომატიამ მაკედონიას თვით ბალკანეთში შეუქმნა საფრთხე, კერძოდ რომმა ხელი შეუწყო ეტოლიის მეთაურობით ანტიმაკედონური კოალიციის ჩამოყალიბებას, რამაც ფილიპე აიძულა საკუთარი სამფლობელოების დაცვაზე ეზრუნა.
საბერძნეთის არეულობა საკმაოდ გაჭიანურდა, მხოლოდ 10 წლის შემდეგ დამშვიდდა ქვეყანა საბოლოოდ.
ჰანიბალთან კავშირის გამო რომაელთა მიერ წაქეზებულმა ეტოლიელებმა და სპარტელებმა ხმელეთიდან და რომის ფლოტმა ზღვიდან საფუძვლიანად ააოხრა მაკედონია.
ჰანიბალის იმედები არ გამართლდა, მისი გეგმა ჩაიფუშა, მაკედონიას კართაგენისათვის არავითარი დახმარება არ გაუწევია, ფილიპეს ნეიტრალიზება რომაული დიპლომატიის დიდი გამარჯვება იყო, განცდილი წარუმატებლობისა და ბერძენთა არეულობის გამო ფილიპე იძულებული გახდა 205 წელს რომს დაზავებოდა, ზავის თანახმად აღდგა ომამდელი მდგომარეობა.
II პუნიკურ ომში საკმაო ყურადღება დაეთმო სიცილიის საკითხსაც. თუ I პუნიკური ომი რომ-კართაგენს შორის სიცილიის გამო დაიწყო, II ომის დროს იგი როგორღაც განზე რჩებოდა, ომის დასაწყისში სიცილიის ქალაქთა მეთაური სირაკუზი რომის მოკავშირედ გამოდიოდა, მაგრამ ჰანიბალის პირველი გამარჯვებანი საკმარისი გახდა სირაკუზის ტირანს ჰიერონიმეს რომთან კავშირი გაეწყვიტა და კართაგენს მიმხრობოდა, მან ურთიერთობა დაამყარა ჰანიბალთან და შედგა სიცილიიდან რომაელთა განდევნას. ჰიერონიმე ისე იქცეოდა როგორც ბერძნულ ქალაქთა სრული ბატონ პატრონი, რაც დემოკრატიული ტრადიციების მომხრე ბერძნებმა ვერ აიტანეს და მმართველობის 1 წლის თავზე იგი სიცოცხლეს გამოასალმეს.
ჰიერონიმეს სიკვდილის შემდეგ სირაკუზშიკარგახანს ვერ გადაწყვიტეს მოქმედების როგორი გზა აერჩიათ.
რომი სიცილიას დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა და ყოველნაირად ცდილობდა არ დაეშვაკართაგენის იქ დამკვიდრება. კუნძული როგორც სტრატეგიული პუნქტი უპირველეს როლს ასრულებდა ხმელთაშუა ზღვის ცენტრში, მისხელში ჩაგდებაზე დიდად იყო დამოკიდებული ომის შემდგომი გაგრძელება.
სირაკუზში არეულობა გრძელდებოდა, მოსახლეობის ნაწილი დემოკრატიული წყობილების აღდგენას მოითხოვდა, ნაწილი ტირანიის მომხრე იყო.
ამ შინაომით ისარგებლეს კართაგენული ორიენტაციის მქონე ძმებმაჰიპოკრატემ და ეპიდიკემ და ძალაუფლება მიიტაცეს, მათ პირველი დღიდანვე ფართოდ გაშალეს ანტირომაუოლი აგიტაცია და შეუდგნენ საომარ სამზადისს.
კართაგენის ხელისუფლება დიდ კმაყოფილებას გამოთქვამდა სირაკუზის ასეთი მოქმედებების გამო, აგულიანებდა მას და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარებასაც ჰპირდებოდა.
სიცილიის საკითხმა ერთობ სერიოზული ხასიათი მიიღო, რომის სენატი იძულებული გახდა იქ თავისი კონსული მარცელუსი გაეგზავნა.
214 წელს მარცელუსი დიდი ფლოტით და არმიით გადავიდა სიცილიაში და შეუდგა სირაკუზის წინააღმდეგ ბრძოლას. რომის არმიის გამოჩენა მოულოდნელი იყო, მარცელუსმა მტკიცედ ჩაკეტა ყველა ქალაქი და ალყა შემოარტყა სირაკუზს.
ბრძოლა სირაკუზის კედლებთან საკმაოდ გაჭიანურდა, ქალაქი ბრწყინვალედ იცავდა თავს და რომაელთა იერიში მოიგერია.
სირაკუზის თავდაცვას სათავეში ედგა ძველი სამყაროს უდიდესი მეცნიერი მათემატიკოსი და ფიზიკოსი არქიმედე.
8 თვის უნაყოფო ბრძოლის შემდეგ რომაელები სირაკუზის სრულ ბლოკადას შეუდგნენ როგორც ხმელეთიდან ისე ზღვიდან, კართაგენმა სასწრაფოდ გაგზავნა არმია სირაკუზის დასახმარებლად ჰიმილკონის მეთაურობით. სიცილიაში გადასულმა ჰიმილკონმა აიღო ქ. აკრაგანტი, სირაკუზის დამცველებს იმედი მიეცათ, გაბედულმა ჰიპოკრატემ გაარღვია რომაელთა ალყა და კართაგენელებს შეუერთდა, რომაელები ორმხრივ ცეცხლში მოექცნენ, მაგრამ მათი მდგომარეობა ახალმა მაშველმა რაზმებმა გამოასწორეს.
მარცელუსმა სირაკუზის ალყა განაგრძო, ჰიმილკონი და ჰიპოკრატე ისევ უტევდნენ რომაელებს, ქალაქის დამცველებიც დროდადრო მოულოდნელად გამოუხდებოდნენ ხოლმე, მაგრამ მარცელუსი მტკიცედ იგერიებდა მათ.
მაგრამ მოალყეთა მდგომარეობა მეტად სერიოზული იყო, სრულიად შემთხვევითმა ამბავმა იხსნა მარცელუსი საფრთხისაგან.
კართაგენ-სირაკუზის არმიას რომელიც ქალაქის მახლობლად დაჭაობებულ ადგილში იდგა ციება დაერია და თითქმის მთლიანად შეიწირა.
ავადმყოფობამ ჰიმილკონი და ჰიპოკრატეც იმსხვერპლა, უსარდლოდ დარჩენილი მეომრები კი მახლობელ ქალაქებში გაიფანტნენ. ამის შემდეგ მარცელუსმა უფრო გააძლიერა სირაკუზის გარემოცვა მაგრამ ქალაქი არქიმედეს წყალობით საიმედოდ იყო გამაგრებული, ხოლო ალყაში მოქცეულები დროდადრო სერიოზულ ზიანსაც აყენებდნენ რომაელებს.
არქიმედემ სირაკუზი მიუდგომელ სიმაგრედ აქცია, მეცნიერს განცვიფრებაში მოჰყავდა თანამედროვენი თავისი პრაქტიკული საქმიანობით, მის სახელთან მრავალი მნიშვნელოვანი გამოგონებაა დაკავშირებული, ლივიუსი მის შესახებ წერს: „მეცნიერი ცასა და ვარსკვლავებზე უბრწყინვალესი დამკვირვებელი იყო, მაგრამ სახელი უფრო საომარი მანქანებითა და იარაღების გამოგონება-მოწყობით გაითქვაო“. ცხადია არქიმედეს წმინდა მეცნიერული დაკვირვებები უცნობი და ნაკლებ პოპულარული იქნებოდა ხალხისათვის ვიდრე მის მიერ შექმნილი საომარი მანქანები.
არქიმედემ კარგად გამოიყენა ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა და იგი ისე საიმედოდ გაამაგრა რომ კარგა ხანს რომაელთათვის მიუდგომელი იყო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია არქიმედეს პროექტით აგებული თავდაცვითი მანქანები, რომელთაც ზღვიდან შემოჭრილი ფლოტის მოგერიება ეკისრებოდა, ეს მანქანები შიშის ზარს სცემდნენ რომაელებს, ქალაქის კედლებზე განლაგებული ქვის სატყორცნი მოწყობილობანი უზარმაზარ ლოდებს უშენდნენ გემებს, ეს მანქანა 350 მეტრზე ისროდა ქვას.
დიდ მეცნიერს გათვალისწინებული ჰქონდა რომ ქვის სატყორცნით გემის დაზიანება მხოლოდ შორს მანძილზე შეიძლებოდა, მაგრამ ახლოს მისულს ნაკლებად ვნებდა, ამიტომ ქალაქის გალავნის შიგნით სირაკუზი ზღვას პირდაპირ ეკვროდა მოაწყო ამწე-მანქანა, ზედ დაჰკიდა სათანადო ზომის ჯაჭვი რომელზეც მოხრილი ჩანგალი იყო ჩამოკიდებული, გემის მოახლოებისას ჩანგლიან ბოლოს დაუშვებდნენ, მეორე ბოლოს კი მართავდნენ ამ საქმეში დახელოვნებული მეომრები, როდესაც გემი მიადგებოდა კედელს მეომრები ჩაუშვებდნენ ჩანგალს, გამოსდებდნენ გემის ქიმს, მეორე ბოლოს შემოაწყობდნენ სიმძიმეს, ხომალდი აყირავდებოდა და ქალაქის გალავანს შეასკდებოდა.
არქიმედეს სირაკუზი ხმელეთიდან მტკიცედ ჰქონდა დაცული, მაგრამ ქალაქის შესაძლებლობანი მაინც განსაზღვრული იყო, მტრის ჭარბი ძალების შემოტევას მან ვერ გაუძლო და 212 წელს ქალაქი რომაელებს დანებდა, რომაელებმა იგი გაძარცვეს, მათი მსხვერპლი შეიქმნა არქიმედეც.
პლუტარქეს მარცელუსის ბიოგრაფიაში არქიმედეს სიკვდილის 3 ვარიანტი აქვს დაცული, ერთში ნათქვამია რომ ქალაქის დაცემის მომენტი მეცნიერს არ გაუგია, იგი მთელი გულისყურით მუშაობდა ნახაზზე, იმდენად ყოფილა გატაცებული და დაძაბული, რომ ვერაფერს მიმხვდარა, ამ დროს მის წინ აღმართულა რომაელი მეომარი და განუცხადებია მარცელუსი გიხმობსო, არქიმედეს უთქვამს, ვიდრე ამოცანას არ ამოვხსნი და პასუხს არ მივიღებ ვერ გამოგყვებიო, მეომარი გაბრაზებულა, უძვრია მახვილი და მეცნიერი მოუკლავს, მეორენი მოგვითხრობენ რომ არქიმედეს მივარდნია ხმალამოწვდილი მეომარი, მეცნიერს დაუნახავს რომაელის განზრახვას წინ ვერაფერი აღუდგებაო და ხვეწნა დაუწყია ცოტა დამაცადე დასმული საკითხი გადავწყვიტოო, მას კი მაინც მოუკლავს, მესამენი გადმოგვცემენ თითქოს არქიმედეს მარცელუსთან მიჰქონდა თავისი მათემატიკური ხელსაწყოები მზის საათები, სფეროები, კუთხედები, რითაც მზის სიდიდეს ზომავდა, შემხვედრმა მეომრებმა იფიქრეს ყუთში ალბათ ოქრო აქვსო და მოაკვდინეს, მარცელუსი დიდად დაუმწუხრებია არქიმედეს სიკვდილს, მას მოუძებნია მეცნიერის ნათესავები და შესაფერისი პატივი უცია მათთვის.
სირაკუზი საბოლოოდ რომის ხელისუფლებას დაექვემდებარა, ამ გამარჯვების შემდეგ რომმა კუნძული სიცილია შემოიმტკიცა.
ჰანიბალის ლაშქრობამ ადრინდელი ეფექტი დაკარგა, გაქრა ძლევამოსილი სარდლის ბრწყინვალება, იგი თავის მოკავშირეებს ვეღარ იცავდა და ვერც ეხმარებოდა, განსაკუთრებით გამოვლინდა მისი სისუსტე ქ. კაპუის მიმართ, კაპუა ომის ცენტრალურ პუნქტად იქცა, რომის სარდლობამ გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა ქალაქი დაებრუნებინა და მთელი ძალები მის გარშემო განალაგა, ქალაქი ალყაში მოექცა და კავშირი გარე სამყაროსთან გაწყდა. ჰანიბალი ყოველ ღონეს ხმარობდა კაპუა შეენარჩუნებინა, მას სწამდა თუ ქალაქი რომს დაუბრუნდებოდა კართაგენი დაკარგავდა ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას.
რომის სენატმა ყოფილი კონსულები ფულვიუს ფლაკუსი და აპიუს კლავდიუსი პროკონსულის უფლებებით აღჭურვა და უბრძანა იმავე არმიებით განეგრძოთ კაპუის ალყა.
თუ ადრე ჰანიბალს ვაკე ადგილები ეპყრა ხოლო რომაელები მიუდგომელი ციცაბოებიდან უთვალთვალებდნენ მისი არმიის მოძრაობას 211 წლისათვის მდგომარეობა შეიცვალა, რომაელებს ეჭირათ კაპუის შემოგარენი, ხოლო შევიწროებული ჰანიბალი აქეთ-იქით აწყდებოდა და ცდილობდა რომაელები როგორმე ბრძოლაში ჩაეთრია რომ კართაგენელებს შელახული პრესტიჟი აღედგინათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, მან რამდენჯერმე სცადა მოწინააღმდეგესთან შებმა, მაგრამ რომაელები არიდებდნენ ბრძოლას თავს.
პროკონსულები ითვალისწინებდნენ რომის სარდლების ყველა ადრინდელ შეცდომას და არ ჩქარობდნენ, გულდაგულ იცავდნენ ფაბიუს მაქსიმეს ტაქტიკას.
ადრინდელ ბრძოლებში ჰანიბალის კავალერია აშკარად სჯაბნიდა რომაელ ცხენოსნებს, თითქმის ყველა ბრძოლაში მხედრები წყვეტდნენ საკითხს, მაგრამ კაპუასთან კართაგენის ცხენოსნებს მოქმედების ასპარეზი არ შეექმნათ და ჰანიბალის უპირატესობა გამოუყენებელი დარჩა რომის არმია კი ღია ბრძოლაში ჩაბმას გაურბოდა.
ჰანიბალს უნდა გაეთვალისწინებინა ისიც, რომ კაპუის გარშემო რომაელებს ყოველგვარი სრუსათი განადგურებული ჰქონდათ, კართაგენის არმიის მიახლოებამ მართალია შეაშფოთა რომის მხედრობა, მაგრა პროკონსულებს საბრძოლო გეგმა არ შეუცვლიათ.
მათ 1 წუთითაც არ უფიქრიათ ქალაქზე ალყის მოხსნა. რომაელები ერთდროულად შეუდგნენ ქალაქის ალყასაც და ჰანიბალის მოგერიებასაც, აპიუს კლავდიუსს კაპუისათვის სალტე არ უნდა მოეშვა, ხოლო ფულვიუს ფლაკუსს ჰანიბალის თავდასხმისაგან დაეცვა მოალყენი.
თითქმის ყველა წვრილ შეტაკებას კართაგენელები იგებდნენ, მაგრამ რომაელები დიდ ბრძოლას ერიდებოდნენ და სწრაფად აფარებდნენ თავს კარგად გამაგრებულ ბანაკს. ჰანიბალის სწრაფი ნუმიდიელები ბრძოლისაკენ ეწეოდნენ რომის ცხენოსნებს, მაგრამ ამაოდ, ფლაკუსი ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას არ გადადიოდა.
ჰანიბალი კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდა, არავითარი ძალა აღარ არსებობდა რომაელთა მოთმინებიდან გამოსაყვანად,კაპუას სურსათი აკლდა, ამის გამო შეიძლებოდა მოსახლეობას ხსნის იმედი დაეკარგა და მტერს ჩაბარებოდა, ჰანიბალი უფრო დიდ საშიშროებასაც ხედავდა, მოსალოდნელი იყო 211 წლის კონსულების ფულვიუს ცენტუმალუსისა და სულპიციუს გალბას ახალი არმიებით გამოჩენა და კაპუასთან განლაგებული კართაგენის ლაშქრის შემორკალვა.
ჰანიბალს გეგმა უნდა შეეცვალა, იგი ისეთ გზას უნდა დასდგომოდა რომელიც კაპუასაც შეუნარჩუნებდა და რომაელებშიც არეულობას შეიტანდა, ასეთად მას რომის მიმართულებით გაჭრა ესახებოდა.
თუ ადრე ჰანიბალი რომზე გალაშქრების წინააღმდეგი იყო კაპუასთან გამწვავებული მდგომარეობის შემდეგ პოზიციების შენარჩუნების მიზნით ავანტიურულ გზას დაადგა. არმიას გამოუცხადა რომ იწყებს შეტევას ლაშქრობის ბოლო პუნქტის მიმართულებით, ალყაში მოქცეულ კაპუელებს თავისი განზრახვა აცნობა და მოუწოდა მტკიცედ განეგრძოთ წინააღმდეგობა.
ჰანიბალმა ელვისებურად მოამზადა არმია, დაუყოვნებლივ აიღო გეზი სამნიუმისაკენ და გადავიდა ლათინურ გზაზე, რომელიც პირდაპირ რომისაკენ მიემართებოდა.
ფლაკუსმა მაშინვე აცნობა სენატს ეს ამბავი, ჰანიბალი არ იყო სულსწრაფი და წინდაუხედავი სარდალი, მან კარგად იცოდა, რომ რომის აღება არ შეეძლო, ეს ლაშქრობა მიზნად მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენას ითვალისწინებდა, ჰანიბალის ავანტიურა ბრძენმა ფაბიუს მაქსიმემ გაიგო, მარტო იგი ინარჩუნებდა სულიერ სიმშვიდეს და მღელვარე სენატს ანუგეშებდა: „ვინც კალესთან გამარჯვების შემდეგ არ წამოვიდა რომზე, ამჟამად კაპუიდან უკუქცეულს რომის ხელთგდების იმედი არა აქვს, ჰანიბალი მოდის არა რომის საალყოდ, არამედ კაპუის ალყის მოსახსნელადო“.
რომის სარდლობას კაპუისთვის ალყა არ მოუხსნია, მაგრამ არც უყურადღებოდ დაუტოვებია რომისაკენ მიმავალი ჰანიბალი, აპიუს კლავდიუსმა ალყა განაგრძო, ფულვიუს ფლაკუსი კი დედაქალაქისაკენ გაეშურა, რომ მტრისათვის რომის მისადგომებთან მისვლა დაესწრო, ფლაკუსი ისე სწრაფად დაიძრა, რომ იგი სულ მოკლე ხანში რომში იყო და თავდაცვისათვის მზადება დაიწყო.
ჰანიბალის ვარაუდი გამართლდა, რომის მოსახლეობა საყოველთაო მღელვარებამ მოიცვა, მარადიულ ქალაქს მძიმე დღეები დაუდგა რადგან უსაშინლესი მტერი მის კარიბჭეს უახლოვდებოდა.
კართაგენის არმია რომის გარეუბანში შევიდა და ქალაქის მახლობლად დაბანაკდა, ლაციუმი დაარბია და ააოხრა.
ჰანიბალი პირველად იმყოფებოდა რომთან ასე ახლოს, გადაწყვიტა დაეთვალიერებინა, 2000 მეომრის თანხლებით მიეჭრა სანუკვარ ქალაქს, დაზვერა მისი კედლები, გაეცნო მდებარეობას და კიდევ უფრო ღრმად დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, რომ კართაგენის არმია იმ ძალებით რაც მას გააჩნდა ვერასოდეს აიღებდა რომს.
ყველა რომაელი ვისაც კი ბრძოლა შეეძლო ქალაქის დამცველთა რიგებში ჩადგა, მოსახლეობა ცდილობდა ქალაქთან მისასვლელი გზები ჩაეკეტა. რომის კედლებთან ლეგენდარული ჰანიბალი იდგა. „ჰანიბალი კართანაა“, რომაელთა ხსოვნაში დარჩა, როგორც ყველაზე დიდი საშიშროება რომლის მსგავსი მარადიულ ქალაქს მანამდე არ განეცადა, ჰანიბალი კართანაა, მომდევნო საუკუნეებში იხმარებოდა და დღესაც ხმარობენ მოახლოებულ საშიშროებასთან დაკავშირებით.
ჰანიბალმა ცოტა ხანი დაჰყო რომის მახლობლად, მას არც უცდია ქალაქზე თავდასხმა, დაინახა თუ არა მოწინააღმდეგის მზადება შეუდგა რომის შემოგარენის საფუძვლიზან აოხრებას, ყველაფერს წვავდა და ანადგურებდა, რომის სარდლობა კვლავ ერიდებოდა მტერთან შეხვედრას.
ჰანიბალი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რომაელები კაპუას ალყას არ ხსნიდნენ, ხოლო მისი ამჟამინდელი ლაშქრობის გაგრძელება არაფრისმომცემი არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა ლაციუმი მიეტოვებინა და სამხრეთით გადაენაცვლებინა.
რომის არმია საფარიდან გამოვიდა და მტერს დაედევნა, ჰანიბალი მოულოდნელად შემოუბრუნდა რომაელებს, ბრძოლა გაუმართა და საგრძნობი ზიანიც მიაყენა, შემდეგ კვლავ უკუიქცა.
ჰანიბალისათვის კაპუის საქმეებში ჩარევამ აზრი დაკარგა, მან ქალაქი ბედის ანაბარა მიატოვა, კამპანიასაც გაეცალა და თავი ბრუტიუმს შეაფარა.
ლაციუმიდან ჰანიბალის წასვლამ რომს საშუალება მისცა კაპუისათვის უფრო მტკიცედ მიეხედა, ფლაკუსმა კვლავ კაპუას მიაშურა, ქალაქის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა, კაპუელებს აღარ შეეძლოთ მეტის ატანა, რომაელა სალტე ვიწროვდებოდა, განსაცდელში მყოფი მოსახლეობა ორად გაიყო, ნაწილი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლას მოითხოვდა, ნაწილი ცოდვების მონანიებას და რომთან შერიგებას. კაპუის ზოგიერთმა წარჩინებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ბოლოს ძალაგამოცლილმა მოსახლეობამ მოწყალების იმედით ქალაქის კარები გააღო, რომის არმია კაპუაში შეიჭრა, ფლაკუსმა ბრძანა ყველა კარიბჭე ჩაეკეტათ, რომ არავინ გაპარულიყო, შემდეგ კი რომის სარდლობამ უმკაცრესი სასამართლო მოაწყო.
სენატორთა ნაწილი სიკვდილით დასაჯა, ნაწილი სატუსაღოში ჩაყარა, მოსახლეობის უმრავლესობა მონად გაიყიდა, ქალაქს ჩამოერთვა დამოუკიდებელი თვითმმართველობა.
კაპუის აღება რომის უდიდესი გამარჯვება იყო, მართალია ჰანიბალი კვლავ საკმაო ტერიტორიას ფლობდა და მისი სახელის ხსენება ჯერაც შიშის ზარს სცემდა რომაელთა ერთგულ იტალიკებს, მაგრამ რომის კონტროლის სფერო ამ გამარჯვებით საკმაოდ გაფართოვდა.
209 წლისათვის კონსულებად აირჩიეს ფაბიუს მაქსიმე მეხუთედ და ფულვიუს ფლაკუსი მეოთხედ. სარდლობამ მოქმედების სფერო გაინაწილა, ფაბიუსს იერიში უნდა მიეტანა ტარენტუმზე, ფლაკუსსა და პროკონსულ მარცელუსს კი ჰანიბალის დევნა განეგრძოთ.
ფაბიუსი ტარენტუმს მიადგა, ფლაკუსი და მარცელუსიც გულმოდგინედ მეთვალყურეობდნენ ჰანიბალს. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მარცელუსმა, საინტერესოა კანუზიასთან გამართული ბრძოლა, პირველ შეტაკებაში რომის არმია დამარცხდა, მარცელუსს 2700 მეომარი დაეღუპა, მაგრამ სამშობლოს მახვილმა სასწრაფოდ შეაჩერა ლტოლვილნი, აღადგინა წონასწორობა, ბრწყინვალე სიტყვით საბრძოლველად განაწყო იმედგატეხილი მეომრები და არმია კვლავ წესრიგში ჩააყენა.
როცა ჰანიბალს მარცელუსის განზრახვა გაუგია გაოცებულს უთქვამს: „ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ მტერთან, რომელსაც არც წარმატებასთან შეუძლია შერიგება და არც მარცხთან, გამარჯვების შემთხვევაში იგი მკაცრად ავიწროებს დამარცხებულს, ხოლო დამარცხებისას თავიდან ანახლებს ბრძოლას“.
რომაელები შემოუბრუნდნენ კართაგენელებს, ბრძოლა ელვისებურად და თავგანწირულად წარიმართა, რომაელთა სიმამაცემ და გამბედაობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, კართაგენის არმია დამარცხდა, ჰანიბალმა ღამით ბანაკი აშალა და ბრძოლის ველს გაერიდა. მარცელუსს სურდა მტერს დადევნებოდა, მაგრამ თვითონაც უამრავი დაჭრილი ჰყავდა და ამიტომ განზრახვაზე ხელი აიღო.
ამ მარცხის შემდეგ ჰანიბალს თითქმის ერთბაშად ჩამოშორდნენ ადრინდელი მოკავშირეები ჰირპინები, ლუკანები და ვუციენტები.
ჰანიბალმა გადაწყვიტა ტარენტუმი მაინც შეენარჩუნებინა, დაიძრა კიდეც იქით, მაგრტამ გზაში გაიგო, რომ ის უკვე რომაელთა ხელში იყო.
რომაელებსაც ჰყავთ თავიანთი ჰანიბალი, ეშმაკობით ავიღეთ ქალაქი და ეშმაკობითვე ჩამოგვერთვაო უთქვამს ჰანიბალს ფაბიუს მაქსიმეზე.
ჰანიბალმა გადაწყვიტა ტარენტუმის სანაცვლოდ რომაელებისათვის ხაფანგი დაეგო, მან ასეთ თვალთმაქცობას მიმართა, ტარენტუმში მაქსიმესთან გაგზავნა 2 მეტაპონტელი წარჩინებული, რომელთაც რომის სარდალს აუწყეს მეტაპონტი მზად არის რომაელებს ჩააბარონ ქალაქიც და კართაგენის გარნიზონიც, მაგრამ იმ პირობით თუ შეცდომას აპატიებენ და არავის დასჯიანო, ფაბიუსი დათანხმდა და დაუთქვა დღე როდის მოვიდოდა ქალაქთან.
ჰანიბალმა არმია მეტაპონტთან მოხერხებულ ადგილას ჩაასაფრა და შეუდგა ლოდინს როდის გამოჩნდებოდნენ რომაელები. ფაბიუსი დანიშნულ დღეს პაემანის ადგილას არ გამოცხადდა, მეტაპონტიდან კვლავ ეახლნენ წარმომადგენლები, ამჯერად კონსულმა ისინი შეიპყრო და დაიწყო საქმის გამოძიება, მეტაპონტელებმა წამებას ვერ გაუძლეს და ყველაფერი აღიარეს.
ჰანიბალს კიდევ ერთხელ მოეცარა ხელი. 209 წელს მან კიდევ რამდენიმე მარცხი განიცადა, თითქმის დათმო პოზიციები, მისმა მოქმედებამ დაკარგა შეტევითი ხასიათი, ამავე დროს იტალიკებიც თანდათან დაუბრუნდნენ თავიანთ ადრინდელ მოკავშირეს, ეს ფაქტი ჰანიბალის გეგმას კატასტროფის წინაშე აყენებდა.
208 წლისათვის რომში კონსულებად აირჩიეს მარცელუსი მეხუთედ და კვიკციუს კრისპინუსი. მარცელუსს კართაგენელებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა, თუ ადრე იგი ერიდებოდა მტერთან პირისპირ შეხვედრას ახლა უკვე თვითონ ესწრაფვოდა გადამწყვეტ შეტაკებას და გაჭიანურებული ომისთვის ბოლოს მოღებას, მან დააზუსტა სად იმყოფებოდა კართაგენის ლაშქარი და შესახვედრად გაეშურა, მიუახლოვდა აპულიაში მდგარ ჰანიბალს და შეუდგა მტრის პოზიციების შესწავლას.
რომისა და კართაგენის ბანაკს შორის აღმართული იყო ტყით დაფარული ბორცვი, თავიდანვე ეს ბორცვი არავის დაუკავებია. მარცელუსმა გადაწყვიტა მაღლობი დაეკავებია და გამაგრებულიყო, მან თავის კოლეგას შესთავაზა მოდი მაღლობი დავათვალიეროთ და მტრის ბანაკიც დავზვეროთო, ორივენი 220 ცხენოსნის თანხლებით გაეშურნენ ბორცვისაკენ.
ჰანიბალს რომაელებზე ადრე ბორცვის გარშემო ტყეში ნუმიდიელები ჩაესაფრებინა, რომლებიც დღისით ადგილიდან არ იძვროდნენ და არ ხმაურობდნენ რათა რომაელებს არ შეემჩნიათ, ნუმიდიელებმა ახლოს მიუშვეს რომაელები და შეუმჩნევლად ყოველი მხრიდან ალყა შემოარტყეს, გაიმართა შეტაკება, რომაელები მტერს ელოდნენ და რიცხობრივად ბევრად ჩამოუვარდებოდნენ მათ. უთანასწორო ბრძოლაში მარცელუსმა რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიიღო და ბრძოლის ველზე დაეცა. მეორე კონსული კრისპინუსიც დაიჭრა და გადარჩენილ მეომრებთან ერთად თავს გაქცევით უშველა.
ჰანიბალმა ხელსაყრელი მომენტი რომ არ გაეშვა ბანაკი ბორცვზე გადაიტანა, იმ ადგილზე სადაც შეტაკება მოხდა, უსარდლოდ დარჩენილმა არმიამ რომელსაც დაჭრილი კრისპინუსი ედგა სათავეში ბრძოლის გაგრძელება ვერ გაბედა და იქაურობას გაშორდა, გამარჯვება კართაგენელებს დარჩათ. ჰანიბალი უმცირეს მომენტსაც კი არ უშვებდა ხელიდან რომ თავის სასარგებლოდ არ გამოეყენებინა, მას ხელთ ჩაუვარდა მარცელუსის ბეჭედი და სცადა ამ ბეჭდის გამოყენება. კრისპინუსი იცნობდა კართაგენელ სარდალს და მიხვდა, რომ მარცელუსის ბეჭდით იგი რაიმე ზიანს მიაყენებდა რომს, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით სადამდეც კი მისწვდა სასწრაფოდ დაგზავნა მაცნეები, ყველას ატყობინებდა სამწუხარო ამბავს და აფრთხილებდა არ ენდოთ არაფერს რაც მარცელუსის სახელით იქნება ბეჭედდასმულიო.
კრისპინუსის ვარაუდი გამართლდა, ჰანიბალმა მრავლად დააგზავნა წერილები, ის მარცელუსის სახელით მოსახლეობას დანებებისაკენ მოუწოდებდა, მაგრამ გაფრთხილებული იტალიკები ცნობას მომზადებული დახვდნენ. არც ამჯერად გაუმართლდა ჰანიბალს, შემდეგ იგი ქ. ლოკრის მიმართულებით გაემართა რათა ქალაქის დამცველებს დახმარებოდა. ჰანიბალის გამოჩენამ რომაელები აიძულა ქალაქს გასცლოდნენ. აქედან კართაგენის არმია ბრუტიუმში შეიჭრა, რომის არმია ვენუზიაში იყო გამაგრებული, კრისპინუსმა სენატს შეატყობინა მძიმე ჭრილობების გამო არმიის ხელმძღვანელობა არ შემიძლია და შემცვლელი გამომიგზავნეთო, ვენუზიაში სარდლად ფაბიუს მაქსიმე უმცროსი გაიგზავნა. თვით კრისპინუსი კი იმავე წლის ბოლოს გარდაიცვალა.
ჰანიბალი ისევ განაგრძობდა სამხ იტალიის აოხრებას, მაგრამ მისმა ლაშქარმა ადრინდელი ელვარება დაკარგა. უზარმაზარი ნიაღვარი, რომელიც ადრე წალეკვით ემუქრებოდა მთელ აპენინის ნკ-ს იშრიტებოდა, სუსტდებოდა და უძლურდებოდა.
რომის მისადგომებიდან დაბრუნებული მისი ლაშქარი რამდენიმე გამარჯვების მიუხედავად აღარ ჰგავდა ტრაზიმენის ტბასთან და კანესთან ნატრიუმფალ არმიას, მას იტალიკთა დიდი ნაწილი ჩამოსცილდა და არც აფრიკიდან სჩანდა დახმარება.
ლაშქარი, რომელიც 218 წლიდან მოყოლებული მთელი 10 წელი შიშის ზარს სცემდა რომს, ლაშქარი რომელმაც რამდენიმე რომაული ლეგიონი და კონსული შეიწირა ახლა უბრალო მარბიელ არმიად გადაიქცა, რომელსაც წარმატების იმედი თითქმის გადაწურული ჰქონდა.
ჰანიბალის ერთადერთი იმედი იყო ჰასდრუბალი, მას შეეძლო ძმის გაადარჩენა, მაგრამ ისიც არანაკლებ მძიმე ომს ეწეოდა იბერიაში. რომაელებს წლების განმავლობაში მტკიცედ ჰყავდათ მიჯაჭვული შუათანა ბარკიდი პირენეს ნკ-ზე და მისი დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ.
ჰასდრუბალი
II პუნიკურ ომში დიდი როლი შეასრულა ესპანეთის ფრონტმა. იქ რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა ჰასდრუბალ ბარკა. რომი თავიდანვე დიდი ყურადღებით მოეკიდა ესპანეთს, საგუნტის დაცემისთანავე მან პირენეს ნკ-ზე გაგზავნა კონსული კორნელიუს სციპიონი. ჩვენთვის ცნობილია, რომ კონსული მასილიიდან უკან დაბრუნდა, ხოლო ესპანეთში გამიზნული ლაშქრობის გაგრძელება თავის ძმას გნეუსს დაავალა.
გნეუს სციპიონი გადავიდა ესპანეთში და კართაგენელთა წინააღმდეგ ბრძოლას შეუდგა. ჰასდრუბალს მდ იბერის დასავლეთით მდებარე ტერიტორია ექვემდებარებოდა, ხოლო კართაგენის მეორე სარდალს ჰანონს იბერსა და პირენეს მთებს შორის მოქცეული პროვინცია. სციპიონი სავსებით მართებულად თვლიდა, რომ კართაგენის ორივე სარდალთან ერთდროულად ბრძოლას ვერ შეძლებდა, ცალცალკე კი შეეძლო ორივეს გამკლავებოდა, იგი ასეც მოიქცა, დაიწყო ჰანონის პროვინციიდან, კართაგენელები მტკიცედ აღუდგნენ წინ რომაელებს, მაგრამ დამარცხდნენ, თვით სარდალი ჰანონი კი ტყვედ ჩავარდა, დატყვევებულთა შორის მრავალი წარჩინებული იბერი აღმოჩნდა. ამრიგად პირველი შეტაკება რომაელთა გამარჯვებით დამთავრდა, ჰანონის განადგურების შემდეგ სციპიონი შეეცადა მტკიცე დასაყრდენი შეექმნა და საერთო ენა გამოენახა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მიემხრო ისინი საჩუქრებითა და ლმობიერი მოპყრობით, რათა ამ გზით რომის საზღვრები გაეფართოვებინა.
ჰასდრუბალი ჰანონის სრულ განადგურებას არ ელოდა, კართაგენმა მთელი მხარე დაკარგა, იტალიისაკენ მიმავალი გზის მნიშვნელოვანი ნაწილი რომაელებმა დაიკავეს.
ჰასდრუბალმა ჰანონის განადგურებისათვის შური იძია, მოულოდნელად დაესხა თავს მდ იბერის შესართავში მდგომ რომის ფლოტს და თითქმის მთლიანად მოსპო, მაგრამ შემდგომში წინსვლა ვეღარ შეძლო, პოზიციები დათმო და ძალების მოსაკრებად კვლავ თავის პროვინციაში დაბრუნდა.
რომაულმა დიპლომატიამ თავიდანვე სწორად შეაფასა ესპანეთის ფრონტის მნიშვნელობა, მას არ უნდა დაეშვა, რომ ჰასდრუბალს იბერია დაეტოვებინა და ახალი არმიით შეჭრილიყო აპენინის ნკ-ზე.
სენატმა 217 წელს გამოჯანმრთელების შემდეგ იბერიაში გაგზავნა პუბლიუს სციპიონი, რომ უფრო გაეძლიერებინა თავისი ძალები. პუბლიუსი გადავიდა ესპანეთში, შეუერთდა თავის ძმას, შეადგინა მოქმედების გეგმა და შეუდგა კართაგენელთა შევიწროებას. სციპიონებმა გადალახეს იბერი, შეიჭრნენ ჰასდრუბალის სამფლობელოებში და მნიშვნელოვანი წარმატებებიც მოიპოვეს.
კართაგენელთა გავლენის სფერო თანდათან დავიწროვდა, რომაელები კი დაუახლოვდნენ ადგილობრივ არისტოკრატიას და ამ მხრივაც განიმტკიცეს მდგომარეობა.
მომდევნო 216 წელს რომის სარდლებმა არმია ორად გაჰყვეს, გნეუსი სახმელეთო ლაშქარს ჩაუდგა სათავეში, პუბლიუსი ფლოტს. ჰასდრუბალი თავის ხელქვეით მყოფ არც ერთი სახის არმიას არ თვლიდა ისე ძლიერად, რომ მოწინააღმდეგეს შებრძოლებოდა, ამან იგი აიძულა კართაგენის ხელისუფლებისათვის დახმარება ეთხოვა, აფრიკაში ყურად იღეს მისი მოთხოვნა და გაუგზავნეს ახალი არმია, რამაც კართაგენელების პოზიციები საგრძნობლად განამტკიცა.
ბარკიდულმა პარტიამ კარგად იცოდა, რომ ჰასდრუბალის ესპანეთში დაყოვნება არ იყო მათი გეგმის საბოლოო მიზანი, ამიტომ ჰანიბალის გამარჯვებათა ზენიტშიც კი მითითებებს აძლევდა მას როგორმე მოეხერხებინა ესპანეთის დატოვება და იტალიაში გადასულიყო.
ჰასდრუბალი იცნობდა იბერთა ბუნებას, იცოდა, რომ ესპანელი ტომების მორჩილება შიშსა და იარაღის ძალაზე იყო დამოკიდებული, ამიტომ კართაგენიდან მიღებულ ყოველგვარ მითითებას ასე პასუხობდა: „მდ იბერი არ მექნება დატოვებული, რომ მთელი ესპანეთი რომაელთა ხელში გადავა, მე მარტო ვარ, მოადგილეც კი არა მყავს, ხოლო მებრძვის რომის 2 სარდალი, თუ გვსურს ყველაფერი კარგად დამთავრდეს გამომიგზავნეთ გამოცდილი სარდალი და ახალი არმია რომელიც ჩემი წასვლის შემდეგ შეძლებს რომაელთა შეკავებას და იბერიის შენარჩუნებას“.
კართაგენის ხელისუფლებამ ესპანეთში გაგზავნა ჰიმილკონი რეგულარული არმიითა და ფლოტით, რომელიც ჩავიდა ახალ კართაგენში და ჰასდრუბალს აცნობა იბერთა ჩამოშორების შიში ნუ გექნება შეგიძლია იტალიაში ლაშქრობის სამზადისს შეუდგეო.
ჰასდრუბალმა მაშინვე დაიწყო მზადება, აგროვებდა მეომრებსა და ფულს ქვეშევრდომ ტომებში, იცოდა, რომ იტალიისაკენ მიმავალმა ჰანიბალმა გზა მრავალი ტომისაგან ფულით იყიდა.
მეომრებისა და საჭირო თანხის შეგროვების შემდეგ ის მდ. იბერისაკენ გაემართა. მისი სალაშქროდ მზადების ამბავი რომაელებმაც კი გაიგეს და სციპიონები მაშინვე შეუდგნენ ძალთა გაერთიანებას, რომ მტრისათვის იტალიისაკენ მიმავალი გზა გადაეჭრათ.
ამას მოითხოვდა რომის სასიცოცხლო ინტერესები, სციპიონებმა გადალახეს იბერი და ამ ადგილებში მცხოვრები კართაგენელთა ერთეული ტომების აოხრებას შეუდგნენ, სამაგიეროდ ჰასდრუბალმა რომის მხარეზე გადასულ ესპანურ ქალაქებს შეუტია. რომაელებმა თავი ანებეს იბერებს და იარაღი ჰასდრუბალის წინააღმდეგ მიმართეს, რომელმაც გამოწვევა მიიღო, გაიმართა უთანასწორო შეტაკება, თავგანწირვისა და სიმამაცის მიუხედავად კართაგენელები დამარცხდნენ. ჰასდრუბალი ბრძოლის ველიდან უკანასკნელ წუთებში გაიქცა, სციპიონებმა ხელთ იგდეს კართაგენელთა ბანაკი. ამ გამარჯვებით რომაელები კიდევ უფრო განმტკიცდნენ იბერიაში, მრავალი ტომი რომელიც ადრე ყოყმანობდა შეუერთდა გამარჯვებულთ.
ჰასდრუბალმა იტალიაში შეჭრის იმედი დაკარგა, მისი არმიაც განადგურდა, ესპანეთის მარცხს ახალი საშიშროებაც დაემატა, კართაგენს განუდგა ნუმიდიის ერთერთი ტომის მასაელების მეფე ბელადი სიფაქსი, რომელმაც აფრიკული სამფლობელოების აოხრება დაიწყო. სციპიონთა დიპლომატიამ მას ადრინდელი მოკავშირეების წინააღმდეგ იარაღი აღამართვინა. რომაელთა მხარდაჭერით იმედმიცემული 213 წელს თავს დაესხა კართაგენს, კართაგენის ხელისუფლება იძულებული გახდა ჰასდრუბალი ესპანეთიდან გაეწვია, ისიც დაუყოვნებლივ გადავიდა აფრიკაში და დაიწყო ბრძოლა სამშობლოს დასაცავად.
ჰასდრუბალის გამოჩენამ სწრაფად გამოასწორა კართაგენის მდგომარეობა, გამარჯვება კართაგენს დარჩა, სიფაქსმა კვლავ მორჩილება იკისრა.
აფრიკის საქმეების მოწესრიგების შემდეგ ჰასდრუბალმა არმიითა და 30 სპილოთი ისევ ესპანეთს მიაშურა. ამჯერად მას 2 სარდალი ახლდა მაგონი და ჰასდრუბალ ჰისკონის ძე. კართაგენის ახალმა ლაშქარმა სციპიონების წლების განმავლობაში მოპოვებული წარმატებანი გააუფერულა, ინიციატივა თანდათან ჰასდრუბალის ხელში გადავიდა, მან აღიდგინა დაკარგული მდგომარეობა და შეუდგა რომაელთა შევიწროებას.
ახლა კართაგენს ესპანეთში 3 არმია და 3 სარდალი ჰყავდა. გარდა ამისა დიდ ძალას წარმოადგენდა აღმ ნუმიდიის ტომების მასილიების ახალგაზრდა მეფე მასინისა თავისი განთქმული კავალერიით.
სციპიონებმა ბრძოლის გეგმა შეიმუშავეს, გადაწყვიტეს არმია ისევ გაეყოთ და ცალცალკე ეომათ. კართაგენელებიც არ იყვნენ უქმად, ჰასდრუბალი გნეუსის წინააღმდეგ უნდა წასულიყო, ხოლო მაგონი და ჰასდრუბალ ჰისკონის ძე პუბლიუსს შებმოდნენ.
ჰასდრუბალი რომაელებთან საბრძოლველად ემზადებოდა, რომ ბრძოლის დაწყების წინ შენიშნა გნეუსის არმიაში კელტიბერები ჭარბობდნენ რომაელებს. იგი კარგად იცნობდა ადგილობრივთა ბუნებას და საიდუმლო მოლაპარაკება გამართა რომაელთა მხარეზე მებრძოლ ესპანელებთან, დიდძალ ფულს დაჰპირდა თუ ბრძოლის ველს მიატოვებდნენ, მათ სიამოვნებით მიიღეს ეს წინადადება, გადამწყვეტ მომენტში აღმართეს თავიანთი დროშები და გაეცალენ რომაელებს, გნეუსის ძალები თითქმის განახევრდა, რომის სარდალმა განსაზღვრა რომ მრავალრიცხოვან მტერთან შეხვედრას ვერ გაუძლებდა და უკან დახევას შეუდგა, ცდილობდა ბრძოლა თავიდან აეცდინა, ჰასდრუბალმა კი გადალახა მდინარე რომელიც მოწინააღმდეგისაგან ყოფდა და ლტოლვილ რომაელებს დაედევნა.
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა პუბლიუსი, მასთან შეხვედრას ესწრაფვოდნენ მაგონი, ჰასდრუბალ ჰისკონის ძე და მასინისა. სციპიონმა ისიც შეიტყო რომ კართაგენელებთან შესაერთებლად მოემართებოდა ივერგეტების ბელადი ინდიბილისი, მან გადაწყვიტა მოულოდნელად დახვედროდა ინდიბილისს და გაენადგურებინა ბანაკში დატოვა ლეგატი ტიბერიუს ფონტეუსი მცირე გარნიზონით, თვითონ კი ინდიბილისისკენ გაეშურა.
ივერგეტებთან ბრძოლაში იბერები თითქმის განადგურდნენ, მაგრამ სრულიად მოულოდნელად რომაელებს ფლანგებიდან დაარტყა მასინისამ, რომაელები ჩაებნენ ნუმიდიელებთან ბრძოლაში მაგრამ მთავარი უბედურება სწორედ ახლა ელოდათ, კართაგენელთა მთავარი ძალები მაგონისა და ჰასდრუბალ ჰისკონის ძის მეთაურობით სულ სხვა მხრიდან მიადგნენ ბრძოლის ველს, რომაელებმა ყოველმხრივ დარტყმას ვერ გაუძლეს, პუბლიუსი ბრძოლის ველზე დაეცა, უსარდლოდ დარჩენილმა მეომრებმაც ასპარეზი მიატოვეს, კართაგენელები დაედევნენ ლტოლვილებს და პუბლიუსის არმია თითქმის მთლიანად ამოხოცეს.
ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ კართაგენის არმიის მეთაურებმა მთავარსარდალ ჰასდრუბალს მიაშურეს და კართაგენის გაერთიანებულმა არმიამ ახლა იერიში გნეუსზე მიიტანა, რომის არმია ყოველმხრივ ალყაში მოექცა, ხანმოკლე შერკინების შემდეგ რომაელთა ეს არმიაც დამარცხდა, პუბლიუსის დაღუპვიდან 29 დღის შემდეგ გნეუსმაც თავისი ძმის ბედი გაიზიარა. მისი არმიიდან მხოლოდ ნაშთი გადარჩა.
გამარჯვებამ ჰასდრუბალი თითქმის მთელი ესპანეთის პატრონი გახადა, მას უკვე შეეძლო ეფიქრა ლაშქრობის შემდგომ გაგრძელებაზე და ჰანიბალთან შეერთებაზე, ისიც შეუდგა იტალიაში გადასასვლელად მზადებას.
რომის სენატმა სციპიონთა დაღუპვის ამბის შეტყობისთანავე ახალი არმია გაგზავნა ესპანეთში კლავდიუს ნერონის სარდლობით. ის სწრაფად გადავიდა ტარაკონესთან, შეიერთა პუბლიუსისა და გნეუსის არმიათა ნაშთები და შეუდგა გზების ჩაკეტვას. კართაგენის სარდლობა რომაელებს არ ელოდა. ჰასდრუბალს საშიშროება დაძლეული ეგონა და მოწინააღმდეგესთან შესახვედრად მზად არ იყო, ის თავის არმიით ავდეტანების მიწაზე შავ ქვებთან იდგა, ამ დროს მიადგა მას ნერონი, რომაელებმა ყველა გადასასვლელი დაიკავეს და მტკიცედ ჩაკეტეს კართაგენის არმია, ჰასდრუბალი განსაცდელში ჩავარდა, მიხვდა, რომ ბრძოლით თავს ვერ დააღწევდა და გადაწყვიტა არმია მოლაპარაკების გზით გადაერჩინა, ამ მიზნით ნერონთან ელჩები გაგზავნა, წინადადებას აძლევდა თუ რომის სარდალი თავისუფალ გასასვლელს მისცემდა კართაგენის არმია საერთოდ გაეცლებოდა ესპანეთს, ნერონი დათანხმდა, ჰასდრუბალმა მოლაპარაკებისათვის მეორე დღე დანიშნა რომ თათბირში პირადად მიეღო მონაწილეობა, მიაღწია თუ არა ასეთ შეთანხმებას ჰასდრუბალმა დაღამდა თუ არა დაიწყო მცირე რაზმებად დაყოფილი არმიის ხეობიდან ვიწრო ბილიკებითგაყვანა, მეორე დღეს ის ნერონთან გამოცხადდა, მაგრამ საქმეთა მსვლელობა განგებ გააჭიანურა და თათბირი მეორე დღისათვის გადაიდო, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდა მოლაპარაკება, ამასობაში ჰასდრუბალმა ლაშქრის ძირითადი ნაწილი რომაელებისაგან შეუმჩნევლად სამშვიდობოს გაიყვანა, გაისტუმრა თუ არა მთელი ქვეითი არმია, ის ერთ ნისლიან დილას ცხენოსნების გაყვანასაც შეუდგა, დღის მეორე ნახევარში როცანისლი გაიფანტა რომაელებმა კართაგენელთა დაცარიელებული ბანაკი დაინახეს, ნერონი მხოლოდ ახლა მიხვდა ჰასდრუბალის ცბიერებას სწრაფად გამოუდგა მტერს, მაგრამ მცირე შეტაკების მეტი არაფერი მომხდარა.
ამ პატარა ეპიზოდში კარგად ჩანს, რომ ჰასდრუბალი ბარკიდთა სამხედრო ხელოვნების ღირსეული მემკვიდრე იყო და კარგად ფლობდა მოხერხებული სარდლისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას, სადაც იარაღი უძლური იყო სხვა საშუალებას მიმართავდა და მიზანს აღწევდა.
ანტიკურ ავტორებთან ხშირად ხმარებულ პუნიკურ ცბიერებას ჰასდრუბალიც ბრწყინვალედ ფლობდა.
პირველი წარუმატებლობის შემდეგ რომის სენატისათვის ნათელი გახდა რომ ნერონი კართაგენელთა წინააღმდეგ ბრძოლას ვერ წარმართავდა, საჭიროიყო ახალი სარდალი, რომელიც ბოლოს მოუღებდა საშიშროებას ესპანეთის მხრიდან, საკითხი სენატის სხდომაზე დაისვა, მაგრამ ყველას გასაოცრად ესპანეთის მთავარსარდლის პოსტზე თავისი კანდიდატურა არავის წამოუყენებია, სახალხო კრება ისე შეიკრიბა კანდიდატი ცნობილი არ იყო, შიში და დუმილი სუფევდა კრებაზე, დამწუხრებულნი ელოდნენ რა მოხდებოდა. საერთო დუმილი დაარღვია პუბლიუს კორნელიუს სციპიონმა, ესპანეთში დაღუპული პუბლიუს სციპიონის 24 წლის ვაჟმა, მას კარგად იცნობდნენ რომში, როგორც განათლებულსა და მტკიცე ნებისყოფის ყმაწვილს, მისი მამაცობა ჯერ კიდევ ტიცინუსთან გამოჩნდა, მის ავტორიტეტი უფრო განმტკიცდა კანეს ბრძოლის შემდეგ, იგი რომაელ ახალგაზრდებს შორის ყველაზე ნათელი ფიგურა იყო.
მან სახალხო კრებას მიმართა „მე ვარ უახლოესი მემკვიდრე შური ვიძიო მამისა და ბიძის სიკვდილისათვის, ვალდებული ვარ სამშობლოს აოხრებისათვის სამაგიერო მივუზღო მტერს, მე ვკისრულობ უმაღლეს მთავარსარდლობას, სიახალგაზრდავემ არ უნდა შეუშალოს ხელი სარდლად ჩემს დანიშვნას, შემდეგ დაუმატა, თუ უფროსობა ვინმეს სურს არმიის ხელმძღვანელობა იბერიაში მზად ვარ დავუთმო, ოღონდ მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი სალაშქროდ წასვლა და როგორც ლეგატი ისე გავემგზავრებიო“.
რადგან სხვა კანდიდატი არ გამოჩენილა სახალხო კრებამ მთავარსარდლობა მას მიანდო. 209 წელს გაზაფხულზე 10000 ქვეითითა და 1000 ცხენოსნით ის იბერიაში გადავიდა, შეიერთა იქ მყოფი ჯარი და მდგომარეობის შესწავლას შეუდგა.
კართაგენელებს გაცილებით მეტი ძალები ჰყავდათ, მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან შორს იდგნენ, სციპიონმა გადაწყვიტა სწრაფი მოქმედებით მტრისათვის გაერთიანების საშუალება არ მიეცა.
პირველი შეტევა მან ქ. ახალ კართაგენზე მიიტანა, მას მცირერიცხოვანი გარნიზონი იცავდა და რომაელებმაც იოლად აიღეს, დიდი ნადავლი და უამრავი მძევალი გადავიდა მათ ხელში. ახალგაზრდა სარდალმა მძევლებისადმი ლმობიერი მოპყრობით ბევრი იბერი ჩამოაშორა კართაგენელებს.
ახალი კართაგენი დიდი დანაკარგი იყო ჰასდრუბალისათვის, ქალაქი ძალიან მოხერხებულ პლაცდარმს წარმოადგენდა ნკ-ზე კონტროლის გასაწევად, ახლა კი ეს უპირატესობა რომაელთა ხელში გადადიოდა.
სციპიონის ამ წარმატებამ დასაბამი მისცა იბერთა მასობრივ ლტოლვას რომაელებისაკენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ივერგეტების ბელადების ძმების ინდიბილისისა და მანდონიუსის ანტიკართაგენულ მოძრაობაში გადასვლას.
სციპიონმა ახალ კართაგენში გარნიზონი ჩააყენა და ტარაკონაში დაბრუნდა, შიშობდა ჰასდრუბალს არ გაესწრო იტალიისაკენ, აქედან კი მეთვალყურეობას გაუწევდა თითქმის მთელ აღმ ესპანეთს.
209-208 წლებში ზამთარი მან სამზადისში გაატარა, ფლოტის მეომრები ხმელეთზე გადაიყვანა და ამით ქვეითი ჯარი გააძლიერა, მისთვის ცნობილი იყო, რომ გემების სიმცირის გამო კართაგენელებს ზღვით იტალიის მიმართულებით წასვლა არ შეეძლოთ, ამიტომ მან მთელი ყურადღება სახმელეთო გზების დაცვაზე გადაიტანა.
მისმა ენერგიულმა მოქმედებამ ჰასდრუბალს ბევრი თავსატეხი გაუჩინა, რომაელები კვლავ მის წინ იდგნენ და ესპანეთიდან არ უშვებდნენ, ბოლოს კართაგენელი სარდალი ასეთ გზას დაადგა, გადაწყვიტა მოეკრიბა მთელი ძალები, შებრძოლებოდა მტერს და თუ გაიმარჯვებდა მშვიდად განესაჯა შემდგომი მოქმედებების გეგმა, მარცხის შემთხვევაში კი გადარჩენილი მეომრებით გაჭრილიყო გალიაში, თავისი არმია დაქირავებული მებრძოლებით შეევსო, გადაელახა ალპები და იტალიაში შესულიყო.
იქ ჰანიბალს შეერთებოდა და დაემთავრებინა ბარკიდული გეგმის ერთერთი უმთავრესი პუნქტი, რომლის დაძლევაც კართაგენის მხედრობას ასე გაუძნელდა.
ჰასდრუბალი შეუდგა რომაელებთან გადამწყვეტი შეხვედრისათვის მზადებას. არმია მოამარაგა და გაემართა რომაელებისაკენ, ბრძოლა მოხდა ქ. ბეკულის მახლობლად 208 წელს. ბრძოლის პროცესში მან დაინახა, რომ რომაელთა დაძლევა კართაგენის არმიის ძალებს აღემატებოდა ამიტომ მთელი ყურადღება აღმოსავლეთის მიმართულებით გაჭრაზე გადაიტანა, დიდი დანაკარგის ფასად შეძლო რომის არმია უკან ჩამოეტოვებინა და პირენეს მთებისაკენ დასდგომოდა გზას, მას ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე ჰყავდა წარმომადგენლები გაგზავნილი გალიაში მეომრების შესაგროვებლად.
სციპიონმა დადევნება ვერ გაბედა კართაგენელთა მოულოდნელი თავდასხმის შიშით, მხოლოდ მცირე რაზმი გაგზავნა პირენეს მთების გადასასვლელების ჩასაკეტად, მაგრამ ამ ნაბიჯს წარმატება არ მოჰყოლია.
პირენეს მთებისაკენ მიმავალ ჰასდრუბალს შეუერთდნენ მაგონი და ჰასდრუბალ ჰისკონის ძე, კართაგენის სარდლობის გადაწყვეტილებით ფუნქციები შემდეგნაირად გადანაწილდა, ჰასდრუბალ ჰისკონის ძე იბერიის უკიდურეს დას ნაწილში ლუზიტანიაში უნდა გადასულიყო თავისი არმიით და იქიდან ებრძოლა, მაგონს ბალეარის კუნძულებზე წასვლა და მოქირავნეთა შეგროვება ევალებოდა, მასინისას ნუმიდიელი ცხენოსნებით იბერიაში უნდა ეთარეშა და რომაელთა მფლობელობაში მყოფი ოლქები აეოხრებინა, ხოლო ჰასდრუბალს გზა უნდა განეგრძო იტალიისაკენ, ასე დასცილდნენ სარდლები ერთმანეთს.
ჰასდრუბალმა გეზი ჩრდილოეთისაკენ აიღო, იგი ერიდებოდა რომაელებთან შეხვედრას, ამ მხრივ ეს გზა ყველაზე საიმედო იყო, გზადაგზა კრებდა დამხმარე მეომრებს და არმიის შემადგენლობას ზრდიდა.
თუ ჰანიბალი თავის დროზე ბრძოლით მიიკვლევდა გზას იტალიისაკენ ჰასდრუბალს თითქმის არავითარი დაბრკოლება არ შეხვედრია, ადგილობრივებმა არა მარტო გაატარეს ის, არამედ მათი ნაწილი ნებაყოფლობით შეუერთდა კართაგენელებს. გალთა კეთილგანწყობილებამ ჰასდრუბალს გაუადვილა ძნელი გზის მოკლე დროში დაძლევა, მან გაიარა მთელი გალია და შეუდგა ალპების ფერდობებს, აქაც ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდა, მშვიდად დაეშვა მის კალთებზე და 207 წლის ზაფხულში იტალიაში შედგა ფეხი.
ესპანეთიდან რომში საგანგაშო ცნობები მოდიოდა. ამაში მალე რომაელებიც დარწმუნდნენ. იტალიაში გადასული ჰასდრუბალი თავის ძმას უნდა შეხვედროდა, საჭირო იყო არმიების გაერთიანება.
ამ მიზნით ჰასდრუბალმა მაცნეები გაგზავნა რათა ჰანიბალისათვის იტალიაში მოსვლის ამბავი ეცნობებინა, იგი ძმას შეხვედრის ადგილს უნიშნავდა, მაცნეებმა მთელი იტალია გაიარეს, მაგრამ გზები კარგად არ იცოდნენ და ბოლოს რომაელებს ჩაუვარდნენ ხელში, წარგზავნილები დიდხანს იცავდნენ საიდუმლოს, მაგრამ როდესაც რომაელებმა წამება დაუწყეს ყველაფერი აღიარეს.
ჰასდრუბალი ძმას პაემანს უნიშნავდა უმბრიაში ქ. ნარმიის მახლობლად, კონსულმა კლავდიუს ნერონმა მაშინვე ყველაფერი სენატს აცნობა, ამრიგად რომაელებს შეეძლოთ წინასწარ შემუშავებული გეგმით ემოქმედათ.
რომი კიდევ ერთხელ დადგა საფრთხის წინაშე. თუ ადრე მარტო ჰანიბალი აოხრებდა იტალიას ახლა კართაგენის 2 არმია წალეკვით ემუქრებოდა ნკ-ს. რომაელთა შიში შემთხვევითი არ იყო თუ გავითვალისწინებთ იმ მაღალ შეფასებას რასაც ანტიკური ავტორები შუათანა ბარკიდის საბრძოლო საქმიანობას აძლევენ.
ლივიუსი წერს: „ამ დროისათვის კართაგენის სათავეში ორი ჰანიბალი იდგაო“. ეს შეიძლება გადაჭარბებული იყოს მაგრამ ცხადია არც მთლად უსაფუძვლო იმ შთაბეჭდილებების ფონზე რაც ჰასდრუბალმა ესპანეთის ბრძოლებიდან დატოვა, შემდეგ ისტორიკოსი წერს: „ჰასდრუბალის მეთაურობით ესპანეთში რომის ორი არმია განადგურდა, ბრძოლის ველზე დაეცა ორი გამოჩენილი სარდალი. ესპანეთიდან სწრაფი გადმოსვლითა და გალების ახალი შეიარაღებით, მას შეუძლია იამაყოს თავის ძმაზე მეტად ვინაიდან მან შეაგროვა მეომართა დიდი ნაწილი იქ სადაც ჰანიბალმა უფრო მეტი დაკარგაო“.
ჰასდრუბალის იტალიაში გამოჩენამ რომაელებს ახალი საზრუნავი გაუჩინა, ხელისუფლებას უნდა ეჩქარა, რომ ძმების გაერთიანება არ მომხდარიყო. რომაელები შეუდგნენ თავდაცვას, ყველაფერს ითვალისწინებდნენ, რომ ადრინდელი შეცდომანი არ გამეორებულიყო, ამ მხრივ ყველაფერი მათ სასარგებლოდ იყო მიმართული, მათთვის ცნობილი იყო ჰასდრუბალის მოძრაობის გზა.
ჰანიბალი მაცნეს ელოდა ძმისაგან, ხოლო ჰასდრუბალი დარწმუნებული რომ მისმა შიკრიკმა დავალება შეასრულა გულდამშვიდებული იდგა ჩრდ იტალიაში. რომს ამ დროისათვის იტალიაში უზარმაზარი ლაშქარი ჰყავდა – 23 ლეგიონი, კართაგენის არმია კი შედარებით მცირერიცხოვანი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ ჰანიბალი სამხრეთში იდგა, ჰასდრუბალი კი ჩრდილოეთში. თანაც ჰასდრუბალის მეომრები მოგზაურობით დაღლილნი იყვნენ. რომაელები ფხიზლად უთვალთვალებდნენ კართაგენელთა საქმიანობას. რომის კონსულ ნერონს დავალებული ჰქონდა ჰანიბალის პირისპირ დგომა და მისი მოულოდნელი წინსვლის შეჩერება, მაგრამ იმის გამო, რომ ჰანიბალმა ჰასდრუბალის იტალიაში შემოსვლის შესახებ არაფერი იცოდა რომის კონსულმა გეგმა შეცვალა. მისი აზრით ჰანიბალის დატოვება შეიძლებოდა, მაგრამ ყოველივე ეს ფარულად უნდა მომხდარიყო. რომმა ჰანიბალის სადარაჯოდ დატოვა 6000 ქვეითი და 1000 ცხენოსანი და თვითონ ძირითადი ძალებით ჩრდილოეთისაკენ გაეშურა. იგი ესწრაფვოდა შეხვედრას თავის კოლეგა სალინატორთან, რათა ერთიანი ძალებით შებმოდნენ ჰასდრუბალს. ნერონის გადაადგილება სწრაფად და საიდუმლოდ მოხდა. მან გაიარა ცენტრალური იტალია, გზადაგზა მისი არმია მოხალისეებით ივსებოდა და იმ დროს მიაღწია მდ. მეტავრის ნაპირს, როცა მეორე კონსულ სალინატორს ბანაკი გამართული ჰქონდა. მდინარის მეორე მხარეს ჰასდრუბალი იდგა, კონსულებმა მოილაპარაკეს და ღამით მტრისაგან შეუმჩნევლად გააერთიანეს არმიები, ოპერაცია ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩატარდა.
მეორე დილით ჰასდრუბალმა რომაელთა განლაგება შორიდან დაათვალიერა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მოწინააღმდეგის არმიას მთელი სანაპირო დაეფარა, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა.
მოწინააღმდეგის სიმრავლით შეშფოთებულმა ჰასდრუბალმა ბრძოლის გამართვას გაცლა ამჯობინა, დაღამდა თუ არა მეომრებს უბრძანა აშლილიყვნენ და ბანაკი უხმაუროდ დაეტოვებინათ, ლაშქარი მეტავრის ზემო დინებას აუყვა, რომ ფონი მოენახა და მდინარე გადაელახა. ამის შემდეგ არმიას გეზი უმბრიისაკენ უნდა აეღო, სადაც მთავარსარდლის აზრით ჰანიბალს შეუერთდებოდა, მაგრამ რაც უფრო ზემოთ მიიწევდნენ მდინარის ნაპირი მით უფრო ციცაბო ხდებოდა, ფონი კი არსად ჩანდა.
უქმად დაიკარგა რამდენიმე დღე, რომაელები კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ კართაგენის არმიას და გზის გაუარესების გამო მალე წამოეწივნენ კიდეც.
რომის კონსულებმა კარგად განსაზღვრეს კართაგენელთა მდგომარეობა, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჰასდრუბალმა ბანაკი იძულებით მიატოვა და არავითარ სტრატეგიულ გეგმას მისი ლტოლვა მიზნად დაისახავდა, რომის ლაშქარმა გზის გაგრძელების ყოველგვარი საშუალება წაართვა მას.
კართაგენელები კვლავაც ცდილობდნენ გზის გაკვლევას, ჰასდრუბალს დამარცხების აჩრდილი უკვე თავს დასტრიალებდა და მისი კლანჭებიდან დაძრომა მხოლოდ სასწაულს შეეძლო, რომაელები ყოველი მხრიდან შემოერკალნენ მის არმიას.
კართაგენელები შედრკნენ, ჰასდრუბალი იძულებული გახდა არმია შეეჩერებინა და ბანაკი გაემაგრებინა, შეტაკება გარდაუვალი იყო, ორივე მხარე გადამწყვეტი ბრძოლისათვის მზადებას შეუდგა.
მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა ჰასდრუბალმა გამოწვევა მიიღო, ჯარი საბრძოლველად გაამზადა, გადააჯგუფა ვეტერანები და ახალწვეულები, ბრძოლა დაიწყო, მოწინააღმდეგენი დიდი თავგანწირვით ეკვეთნენ ერთმანეთს, ბრძოლის დასაწყისში მდგომარეობა გაურკვეველი იყო, მრავალბრძოლაგამოვლილი კართაგენელები ღირსეულად იგერიებდნენ რომაელებს, ჰასდრუბალი სიმამაცის მაგალითს აძლევდა თანამემამულეებს, მაგრამ მოწინააღმდეგის სიმრავლემ თავისი გაიტანა, კართაგენელთა რიგები შეთხელდა, რომაელებმა სულ უფრო შეავიწროვეს სალტე, ჰასდრუბალის არმია სისხლისგან იწრიტებოდა, ხსნის იმედი გაქრა.
კართაგენის მეომართა დიდი ნაწილი მეტავრის პირას ესვენა, ჰასდრუბალი ამხნევებდა და აქებდა სისხლში ამოსვრილ მებრძოლებს გაქცეულებს აბრუნებდა და ბრძოლაში რთავდა, რამდენიმე ადგილას აღადგინა კიდეც შეწყვეტილი შერკინება, მაგრამ ყველაფერი დამთავრებული იყო, ბოლოს როცა დარწმუნდა ბედისწერამ უკვე განაჩენი გამოუტანა თავისი სიცოცხლეც და უკანასკნელი ბრძოლაც გმირის შესაფერისად დაასრულა, ცხენს დეზი ჰკრა, რომაული კოჰორტის ცენტრში შეიჭრა დიდხანს იბრძოდა ყოველი მხრიდან მტრის ალყაში მოქცეული და მხოლოდ მაშინ დაეცა როდესაც რომაელებმა თითქმის აკუწეს და სისხლისაგან დაიცალა, მისი არმიაც განადგურდა.
რომის ცაზე კიდევ ერთი მრისხანე ღრუბელი გაიფანტა, კლავდიუს ნერონის ბრძანებით ჰასდრუბალის გვამი მონახეს, თავი მოჰკვეთეს და საგულდაგულოდ შეინახეს.
რომის არმიამ სამხრეთისაკენ გადაინაცვლა და კვლავ მიუახლოვდა ჰანიბალს, კონსულმა ნერონმა ორი აფრიკელი ტყვე გაანთავისუფლა და ჰანიბალის ბანაკში გაგზავნა, რომ მათ მომხდარი ტრაგედიის ამბავი მიეტანათ.
მეორე გადმოცემით რომაელებმა ჰასდრუბალის თავი ისარზე წამოგებული გადაისროლესო კართაგენელთა ბანაკში. ძმის მოკვეთილი თავის დანახვისას ჰანიბალს წამოუძახია „რომი დაიპყრობს მსოფლიოს“.
ჰანიბალის უკანასკნელი იმედიც ამოიწურა. ოჯახურმა და სახელმწიფო დარდმა მისი სულიერი მდგომარეობა შეარყია. ძმის სიკვდილით გამწარებულს თავისი მეომრებისთვის უთქვამს: „კართაგენის ბედი ჩემთვის უკვე ცნობილიაო“. დიდი სარდალი არ ცდებოდა, ჰასდრუბალის სიკვდილით კართაგენს ყველაზე მტკიცე ბურჯი გამოეცალა.
ჰასდრუბალის არმიის განადგურებამ რომი არნახული სიხარულით აღავსო, ქალაქი გამარჯვებას ზეიმობდა, ტაძრები და წმინდა ადგილები მორთეს. ჰანიბალის იტალიაში ყოფნა აღარ იყო ძველებურად საშიში, მტრის საბოლოო განდევნის ჟამი მოახლოებულიყო.
რომაელები აფრიკაში
ჰანიბალის იტალიაში ყოფნას რომაელები თითქოს შეურიგდნენ. თუ ადრე კართაგენის სარდალი ბრძოლას ესწრაფვოდა ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა, რომაელები შეტევაზე გადასვლას იწყებდნენ, ჰანიბალი კი მოწინააღმდეგესთან შეხვედრას გაურბის და თავდაცვითი ბრძოლებით კმაყოფილდება.
ძლევამოსილი სარდლის დიდება გაუფერულდა, მან თითქმის ყველა მონაპოვარი დაკარგა, ერთადერთ იმედს ჰასდრუბალზე ამყარებდა, მაგრამ მეტავრასთან განცდილმა ტრაგედიამ თვალნათლივ დაანახა, რომ ომი უკვე წაგებული იყო, მდგომარეობის გამოსწორება სასწაულს შეეძლო, მისი ერთგული თანამებრძოლებისა და სახელოვანი ძმის თავი და ტანი სხვადასხვა ადგილას განისვენებდა, მესამე ძმა მაგონი ბალეარის კუნძულებზე აგროვებდა არმიას, რომ გასაჭირში ჩავარდნილ ძმას დახმარებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანდა.
206 წელს ჰანიბალმა სრულ უმოქმედობაში გაატარა, მის წინააღმდეგ რომაელებს არავითარი ზომები არ მიუღიათ, არც იგი ართულებდა საქმეს.
მარცხის მიუხედავად კართაგენის არმია ერთიანობას ინარჩუნებდა და სარდლის მოწოდებაზე ყოველთვის ერთდსულოვნად გამოდიოდა.
ლივიუსი გაოცებულია ჰანიბალის ჭრელი ლაშქრის სარდლისადმი ერთგულებით, იგი წერს: „იტალიაში ხანგრძლივად ყოფნისა და მარცხის მიუხედავად მის არმიაში უბრალო გაუგებრობა ან არეულობა არ მომხდარა, რაც ხშირად მოსალოდნელი არისო. ჰანიბალის მეომრები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან კულტურით, ტრადიციებით, კანონებით, ენით და შესაბამისად გარეგნობით, ტანსაცმლით, იარაღით და რელიგიით, მაგრამ ჰანიბალმა ყველანი ისე საოცრად დააკავშირა ერთმანეთთან, რომ სრულიად უცხო ტომის წარმომადგენლებს უბრალო უთანხმოებაც არ მოსვლიათ, ერთხელაც არ გამოუთქვამთ უკმაყოფილება მთავარსარდლის მიმართ, თუმცა ჰანიბალს ხშირად არც ფული ჰყოფნიდა და არც სურსათი. ვის არ მოეჩვენება გასაოცრად ის გარემოება, რომ ჰასდრუბალის არმიის განადგურების შემდეგ ჰანიბალის ბანაკში არავითარი მღელვარება არ მომხდარაო“.
ჰასდრუბალის დაღუპვამ ჰანიბალი აიძულა საიმედო თავშესაფარი ეძებნა, იგი დადიოდა იტალიის მიწაზე როგორც ტრაზიმენისა და კალეს აჩრდილი, გამოფიტული და განადგურებული, თვალი სამშობლოსაკენ ეჭირა, მაგრამ კართაგენიდან კვლავ არაფერი ისმოდა, რომმა აქტიურ შეტევაზე გადასვლა დაიწყო.
კორნელიუს სციპიონმა იბერიიდან განდევნა იქ დარჩენილი კართაგენელები და 206 წელს რომში ტრიუმფით დაბრუნდა.
205 წლისათვის იგი კონსულად აირჩიეს, ის კართაგენელთა საბოლოო განადგურების გეგმას ადგენდა, მან მეტად გაბედული წინადადება წამოაყენა, ბრძოლის ასპარეზი აფრიკაში გადავიტანოთო.
მის გეგმას რომის სახელმწიფო მოღვაწეები სკეპტიკურად შეხვდნენ, ასეთი მოქმედება მათ აშკარა ავანტიურად მიაჩნდათ და კონსულს ურჩევდნენ განზრახვაზე ხელი აეღო, განსაკუთრებით მტრული პოზიცია დაიკავა ფაბიუს მაქსიმემ,იგი აფრიკაში ლაშქრობას ახალგაზრდა კაცის წინდაუხედაობად თვლიდა.
ის თანამემამულეებს მიმართავდა: „ჰანიბალი ჯერ კიდევ იტალიაშია, კართაგენის სარდალს ჯერ კიდევ საკმაო ძალები ჰყავს და რაც მთავარია მას რომაელებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს, თანაც მოსალოდნელია ბალეარის კუნძულებიდან მაგონის შემოჭრა, ყოველივე ეს ახალ განსაცდელს შეუქმნის რომს, აფრიკაში ლაშქრობა განწირულია, ჩვენ რომაელებს ამის გაკვეთილი I პუნიკური ომიდან გვაქვს, როდესაც გრეგულუსის ექსპედიცია სრულად შეეწირა აფრიკას“. შემდეგ ფაბიუსი მიმართავდა სციპიონს: „შენ არ შეგიძლია არ აღიარო, რომ სადაც ჰანიბალია იქაა ომის ცენტრი, აფრიკაში გადასვლით შენ გსურს მისი ყურადღება სამშობლოსაკენ მიაპყრო, მაგრამ გავიწყდება სადაც არ უნდა იყოს იგი აფრიკაში თუ იტალიაში ყოველთვის ჰანიბალთან გექნება საქმე და ბოლოს შენ აფრიკაში უფრო ძლიერი იქნები თუ აქ, სადაც შენს მხარდამხარ იბრძვის შენივე კოლეგა, არ მესმის რა გეგმაა ეს, უპირატესობა მიანიჭო ბრძოლის ველს იქ სადაც შენი არმია გაცილებით მცირერიცხოვანი და სუსტი იქნება და არა იქ სადაც უპირატესობა გაქვს, იმ დროს როცა ჰანიბალი ჯერაც იტალიაშია. შენ გადაწყვიტე დატოვო სამშობლო და ეს გინდა ჩაიდინო არა სახელმწიფოს სასარგებლოდ, არამედ იმიტომ რომ შენის აზრით ეს მოგიტანს პატივსა და დიდებას, მე ვფიქრობ კონსული უნდა ემსახუროს სახელმწიფოს ინტერესებს პირად განდიდებაზე ზრუნვა კი გვერდზე გადადოს, არმია შეგროვებულია რომისა და იტალიის დასაცავად და არა იმისათვის რომ კონსულებმა მეფეთა მსგავსად ქედმაღლურად ახეტიალონ საითაც მოესურვებათ“.
ფაბიუსის ავტორიტეტმა სენატის უმრავლესობა სციპიონის წინააღმდეგ განაწყო, მაგრამ არც სციპიონი დაბნეულა და შეეცადა გაებათილებინა ფაბიუსის მოსაზრებანი, იგი რეალურ გეგმას აყენებდა, მისი აზრით რომის არმიის აფრიკაში გადასვლა ჰანიბალს აიძულებდა იტალიას გასცლოდა და საკუთარი სამშობლოს დაცვაზე ეზრუნა, თავის შეხედულებას სციპიონი შემდეგნაირად ასაბუთებდა, კართაგენს არ ყავს საკუთარ მოქალაქეთაგან შემდგარი ლაშქარი, იგი დამოკიდებულია მოქირავნეებზე, გარშემორტყმულია არასაიმედო მოკავშირეებით, რომელთაც თვალი ღალატისაკენ უჭირავთ, აფრიკაში რომაელთა გამოჩენა საკმარისი იქნება რომ ეს დიდი ძალა ჩვენს მხარეზე გადმოვიდეს, უხსნიდა სციპიონი სენატს, ნუ ვაყოვნებთ, გადავალ თუ არა აფრიკაში მაშინვე გაიგებთ სასიხარულო ცნობას, რომ ჰანიბალმა იტალია დატოვა, იგი იძულებული გახდება დაიცვას საკუთარი ქალაქი, ბოლოს და ბოლოს იტალიამ უნდა დაისვენოს, ჰანიბალთან დროებით გამკლავებას თავისუფლად შეძლებს ჩემი კოლეგა ლიცინიუსი, რომელსაც იტალიის დატოვების უფლება არა აქვს იმის გამოც რომ არის უმაღლესი ქურუმი, უმჯობესია რომის არმია ემუქრებოდეს კართაგენის კარიბჭეს ვიდრე საკუთარი ქალაქის კედლებთან ელოდებოდეს მტერს, ჩემს სიტყვებს საქმით დავამტკიცებო აცხადებდა სციპიონი.
სენატორთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ თუ სენატი სციპიონის წინადადებას უარყოფდა კონსული საკითხს სახალხო კრებაზე გაიტანდა, ხოლო მაშინ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იძულებით მოუხდებოდა, ეს იყო სენატის თანხმობის მიზეზი, თუმცა სციპიონის უფლებათა და მოქმედებათა არე შეკვეცა, მას მხოლოდ სიცილია გადასცეს, სენატი ლაშქრობას არ აფინანსებდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სციპიონისათვის, მოხალისეებმა მრავლად მოიყარეს თავი მის გარშემო, სციპიონმა დაიწყო არმიის შეგროვება.
ვიდრე სციპიონი ამ ამბებით იყო გართული კართაგენელებმა რომს ახალი საფრთხე მოუმზადეს.
205 წელს ჰანიბალის უმცროსმა ძმამ მაგონმა ბალეარის კუნძულებიდან იტალიას მიაღწია, იტალიის სანაპირო დაუცველი იყო, იგი თავისუფლად გადავიდა ნაპირზე და დაუბრკოლებლად აიღო გენუა, მერე დაუყვა სამხრეთით და ქ. სავრონაში გაიგო სციპიონის გადაწყვეტილების ამბავი.
მაგონმა თავისი ძალების დიდი ნაწილი აფრიკაში გაგზავნა კართაგენის დასაცავად, ხოლო თვითონ ადგილობრივ გალ ტომებთან შეკავშირებას შეუდგა. მის მოწოდებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გალები ყოველი მხრიდან მიაწყდნენ კართაგენელთა ბანაკს, მაგონის არმია საგრძნობლად გაიზარდა. მისმა გამოჩენამ ახალი მღელვარება გამოიწვია რომში, ჰასდრუბალის დაღუპვით განცდილი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.
ჰანიბალი ამ დროს ბრუტიუმში იდგა, კართაგენელთა და რომაელთა ბანაკში შავი ჭირი მძვინვარებდა, ამიტომ 205 წელს არაფერი ღირსშესანიშნავი არ მომხდარა.
ჰანიბალმა მთელი ზაფხული უქმად გაატარა, მისი სურვილით აღმართეს სამსხვერპლო და შესწირეს ქალღმერთ იუნონას ტაძარს მსხვერპლი, სამსხვერპლოზე ამოკვეთეს წარწერა ფინიკიურ და ბერძნულ ენებზე რომელშიც ვრცლად იყო მოთხრობილი მთელი მისი ლაშქრობის ამბავი, ეს წარწერა უნახავს და წაუკითხავს პოლიბიოსს.
რომაელი ხალხის მთელი ყურადღება სციპიონისაკენ იყო მიპყრობილი, ის გადავიდა სიცილიაში და უპირველესი ღონისძიება რაც მან ჩაატარა მეომართა ბრძოლისუნარიანობის შემოწმება იყო, მებრძოლთა ნაწილი რომელთაც ხანგრძლივი ომი მობეზრებული ჰქონდა დაითხოვა, ოღონდ იმ პირობით, რომ მთელი თავისი საომარი აღჭურვილობა უიარაღო მებრძოლებისათვის გადაეცათ, ამასთანავე დაავალდებულა დროებით დარჩენილიყვნენ არმიაში და ახალწვეულები გაეწვრთნათ, ვეტერანები სიამოვნებით დათანხმდნენ.
სციპიონმა უმტკივნეულოდ ჩამოიშორა საეჭვო მეომრები და მათ ნაცვლად არმიაში ენერგიული და ბრძოლასმოწყურებული ახალგაზრდები ჩარიცხა, ის დიდ იმედს ამყარებდა მარცელუსის მეომრებზეც, ვინაიდან მათ ნიჭიერი სარდლის ხელმძღვანელობით კარგი სკოლა ჰქონდათ გავლილი, მხედართმთავრის აზრით მათ კართაგენის მისადგომებთან დიდი საქმის შესრულება შეეძლოთ.
სციპიონმა არმია სიცილიის ქალაქებში გაანაწილა და მოსახლეობას დაავალა ლაშქრისათვის განსაზღვრული რაოდენობით მიეწოდებინათ სურსათი. შემდეგ თავის მეგობარ გაიუს ლელიუსს უბრძანა დაეზვერა აფრიკის სანაპირო, ის დაუყოვნებლივ შეუდგა დავალების შესრულებას.
რომის ფლოტი მიადგა ჰიპონ რეგიუმის შემოგარენს და შეუდგა მის აოხრებას. ლელიუსის გამოჩენამ საოცრად ააფორიაქა კართაგენი, მაცნეები იტყობინებოდნენ სციპიონი უზარმაზარი ფლოტით აფრიკის წალეკვას აპირებსო, ქალაქი შიშმა და გულგატეხილობამ მოიცვა, მას მტერთან შეხვედრის ძალა არ შესწევდა.
ჰანიბალი უმოქმედოდ იდგა იტალიაში, გალიაში მყოფი მაგონი ძმასთან შეერთებას ვერ ახერხებდა, ყოველივე ამას ერთვოდა საშიშროება თვით აფრიკელ მოკავშირეთა მხრიდან, სიფაქსმა და მასინისამ აშკარად მტრული პოზიცია დაიკავეს.
კართაგენმა ცოტათი ამოისუნთქა, როცა გაირკვა რომ ჰიპონ რეგიუმთან იდგა ლელიუსი და არა სციპიონი. იგი შეუდგა საშინაო და საგარეო საქმეების მოწესრიგებას, უპირველესად ელჩები გააგზავნა აფრიკის განდგომილ მეფეებთან კავშირის აღსადგენად. ელჩობა გაიგზავნა მაკედონიის მეფე ფილიპესთან 200 ტალანტით რათა ის აუცილებლად შეჭრილიყო ან იტალიაში, ან სიცილიაზე.
აპენინზე მყოფ სარდლებს კი შეუთვალეს ყოველი ღონე ეხმარათ რათა სციპიონი სიცილიაზე დაეყოვნებინათ იმ მიზნით, რომ მაგონს რომისათვის ახალი საფრთხე შეექმნა საკმაოდ დიდი თანხა გაუგზავნეს მოქირავნეთა ასაყვანად, გარდა ამისა მაგონთან უნდა გამოცხადებულიყო 25 გემი, 6000 ქვეითი, 800 მხედარი და 7 სპილო, მასვე ებრძანა ახალი არმიით მიახლოებოდა რომს და შეერთებოდა ჰანიბალს.
სამხედრო დახმარება მაგონმა გენუის მახლობლად შეიერთა და მიიღო დავალებანი, შემდეგ სასწრაფოდ თავი მოუყარა საკუთარ არმიაში მყოფ გალებს და მიმართა წინადადებით, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, შეეგროვებინათ მოქირავნეები და მათთან ერთად გამოცხადებულიყვნენ, გალები დათანხმდნენ.
კართაგენელთა განზრახვას რომმა ახალი სამზადისით უპასუხა, სენატმა მოზრდილი არმია გადაიყვანა ჩრდ იტალიაში რომ მაგონის სიღრმეში შემოჭრა შეეკავებინა. ლელიუსმა სციპიონის დავალება შეასრულა, გაძარცვა აფრიკის სანაპირო, შეაგროვა საჭირო ცნობები და როცა კართაგენის ფლოტის მიახლოება შეიტყო ბრძოლას თავი აარიდა და სიცილიაში დაბრუნდა.
მას სხვანაირად არც შეეძლო მოქცეულიყო, სციპიონის დავალების თანახმად მას ევალებოდა აფრიკის დაზვერვა და არა ბრძოლის გამართვა, ამ მხრივ მისი მოქმედება სავსებით კანონზომიერი იყო.
მან დააზუსტა აფრიკის ტომთა განწყობილება და სციპიონს მოახსენა, რომ კართაგენისადმი მათი დამოკიდებულება კარგი არ იყო. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სციპიონისათვის მასინისას პოზიციის გარკვევას, რომელიც რომაელებს მოუწოდებდა სწრაფად გადმოსულიყვნენ აფრიკაში და კართაგენისათვის ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცათ.
აფრიკის ტომებმა თვალსაჩინო როლი შეასრულეს II პუნიკურ ომში. ხანგრძლივი ბრძოლის მანძილზე კართაგენელთა უპირატესობას ნუმიდიური კავალერია განაპირობებდა, მაგრამ სციპიონთა დიპლომატიამ კართაგენის ეს ძლიერი დასაყრდენი საგრძნობლად შეასუსტა.
ჯერ კიდევ ადრე როდესაც კართაგენ-რომის წინააღმდეგობის საკითხი გაურკვეველი იყო სციპიონი ნუმიდიელებთან კავშირის დასამყარებლად აფრიკაშიც კი გადავიდა.
ამ ნაბიჯმა ნუმიდიელები კართაგენელთა მოწინააღმდეგის ბანაკში გადაიყვანა, მოსყიდული ნუმიდიელი ბელადები აქტიურად ჩაებნენ ბრძოლაში, ეს ყველაზე რეალური საშიშროება იყო კართაგენისათვის აფრიკის კონტინენტზე.
რომის პოზიციები განსაკუთრებით გააძლიერა ადრე კართაგენის ერთგულმა მოკავშირემ მასინისამ, რომელიც დინასტიური წინააღმდეგობის გამო რომაელთა მხარეს გადავიდა და ბრძოლა გამოუცხადა კართაგენსა და დას. ნუმიდიის მეფე სიფაქსს.
ის წინათ რომაელთა ერთგულებაზე დებდა თავს, მაგრამ როდესაც კართაგენის ხელისუფლებამ ნუმიდიაში გაჩაღებულ დინასტიურ ომში მისი მხარე დაიკავა ისიც უყოყმანოდ გადაბარგდა კართაგენის ბანაკში, თავის მხრივ სიფაქსთან დაახლოებას კართაგენელებიც ესწრაფოდენ ამის დამადასტურებელია ის რომ კართაგენელმა სარდალმა ჰასდრუბალმა თავისი ასული სოფონიბე რომელიც ადრე მასინისაზე იყო დანიშნული მას მიათხოვა. მასინისა პირობის გატეხისათვის საბოლოოდ ჩამოშორდა ადრინდელ მოკავშირეებს და კართაგენელთა დაუძინებელი მტერი გახდა.
კართაგენის დახმარებით სიფაქსმა ხელთ იგდო ძალაუფლება აღმ ნუმიდიაშიც და ახლა ცდილობდა ამ მხარის კანონიერი მემკვიდრე მასინისა როგორმე გზიდან ჩამოეცილებინა.
ტახტისათვის გამართულ ბრძოლაში მასინისა დამარცხდა, თუმც მას იარაღი არ დაუყრია, იმედით შეჰყურებდა რომის გამარჯვებას და განსაკუთრებით სციპიონის განზრახას. თავის მხრივაც დახმარებას ჰპირდებოდა რომის სარდალს. ყოველივე ამას თუ გავითვალისწინებთ სციპიონის გეგმის სისწორე საფუძველს მოკლებული არ იყო.
სციპიონი თითქმის მზად იყო აფრიკაში გასამგზავრებლად, რომ გაიგო ჰანიბალი ქ ლოკრს უახლოვდებაო.
კონსული სიცილიიდან სასწრაფოდ გაეშურა იტალიისაკენ, ზღვიდან მიადგა ლოკრს, გადასხა მეომრები, გააძლიერა ქალაქის გარნიზონი და ამრიგად ლოკრი ჰანიბალისათვის მიუწვდომელი გახადა. ამის შემდეგ სციპიონი დაბრუნდა სიცილიაში და აფრიკაში გადასვლის თადარიგს შეუდგა.
რომის სენატში კი კამათი არ ცხრებოდა სციპიონის მოქმედების გამო. მის მოწინააღმდეგეთა სულისჩამდგმელი ფაბიუს მაქსიმეს წინადადებით სენატში ასეთი გადაწყვეტილების გამოტანასაც კი აპირებდნენ ძალით დაებრუნებინათ და როგორც ურჩისათვის პასუხი მოეთხოვათ, მაგრამ სციპიონი უკან არავის დაუბრუნებია.
204 წ. გაზაფხულზე რომის არმია აფრიკაში გადავიდა. ლაშქარმა ბანაკი ქ. უტიკასთან დასცა. კართაგენელებმა რომაელთა ძალების დასაზვერად რაზმი გაგზავნეს ჰანონის მეთაურობით. რაზმს რომაელები არ უნდა გადმოეშვა ნაპირზე, მაგრამ რომაელებთან პირველსავე შეტაკებაში ეს რაზმი განადგურდა, თვით ჰანონი კი დაიღუპა.
სციპიონის პირველი ნაბიჯი აფრიკაში იყო უტიკის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქის აღება, რომლის სახელიც არ ვიცით. რომაელებმა აქ 8000 კაცი დაატყვევეს, ამ დროს სციპიონის ბანაკში გამოცხადდა მასინისა. სციპიონი აფრიკის მნიშვნელოვანი ქალაქის უტიკის საიერიშოდ ემზადებოდა, რომ ჰასდრუბალ ჰისკონის ძისა და სიფაქსის გამოჩენამ აიძულა ქალაქს გასცლოდა.
რომის არმია დაბანაკდა მიუდგომელ კონცხზე, რომელიც ვიწრო ყელით უერთდებოდა კონტინენტს. სციპიონმა დაკავებული ბორცვი ხმელეთიდან და ზღვიდან გაამაგრა და აქ გადაწყვიტა ზამთრის გატარება.
რომის ყურადღება აფრიკისაკენ იყო მიმართული, პირველი გაბედული ნაბიჯით სციპიონმა ყველას თანაგრძნობა მოიპოვა, სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი აფრიკაში მყოფი არმიის მომარაგება იყო, აწვდიდნენ ტანსაცმელს, სურსათს იარაღს.
მთელი ზამთარი სციპიონმა სამზადისში გაატარა, თან ცდილობდა სიფაქსიც გადაებირებინა, ნუმიდიელი ბელადი ასეთ წინადადებას აყენებდა, კართაგენელებს დაეტოვებინათ იტალია, ხოლო რომაელებს აფრიკა, მისი აზრით ზავის ასეთი პირობები მისაღები უნდა ყოფილიყო ორივე მხარისათვის, მაგრამ სციპიონს ზავის გაგონებაც არ სურდა, მისი საბოლოო მიზანი კართაგენის დაჩოქება იყო.
რომის სარდალი დარწმუნდა, რომ სიფაქსი თავის გასდაწყვეტილებას არ შეცვლიდა, მასთან ურთიერთობა მხოლოდ დროის დაკარგვა იყო, მაგრამ დიპლომატიური მოსაზრებით მოლაპარაკებას მაინც განაგრძობდა, ახალგაზრდა სარდალმა მეტად გონებამახვილური გეგმა შეიმუშავა, სიტუაციის გასარკვევად სიფაქსთან ელჩების გაგზავნას მოუხშირა თითქოს შეთანხმების მიღწევა სურდა, ელჩობას თან აყოოლებდა მონის ტანსაცმელში გადაცმულ გამორჩეულ ცენტურიონებს, იმ დროს როცა ელჩები სიფაქსთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ცენტურიონებს დრო არ უნდა დაეკარგათ და კარგად შეესწავლათ ნუმიდიის მეფის ბანაკის განლაგება, შეეგროვებინათ ზუსტი ცნობები რა მანძილით იყო ერთმანეთს დაცილებული ჰასდრუბალისა და მეფის არმიები, ენახათ სად იყო საყარაულო პუნქტები, როდის იცვლებოდნენ გუშაგები, ყოველივე ამის გათვალისწინებით სციპიონისათვის მიეწოდებინათ ცნობები დილით უმჯობესი იქნებოდა თავდასხმა თუ ღამით.
სციპიონი მოლაპარაკებას განგებ აჭიანურებდა, ყოველთვის სხვადასხვა პირებს აგზავნიდა მის ჯაშუშებს საკმაო დრო რჩებოდათ ყველა წვრილმანის დასაზუსტებლად, ვინაიდან სიფაქსთან ელჩების გამოცხადებისთანავე ნუმიდიის მეფე კავშირს ამყარებდა ჰასდრუბალთან რასაც გარკვეული დრო სჭირდებოდა, ჯაშუშები კი ლოდინს კარგად იყენებდნენ, მათზე როგორც მონებზე ეჭვი არავის მიჰქონდა.
ამგვარი გზით სციპიონმა ძვირფასი ცნობები დააგროვა, ყველაფერი აწონ-დაწონა, არმია მოამზადა და სიფაქსს შეუთვალა, ზავს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებ თუ კართაგენელებს მიატოვებ, სიფაქსმა ეს უარყო.
სციპიონმა მოქმედების გეგმა შეადგინა, მოწინააღმდეგის პოზიციების წვრილმანები გაითვალისწინა და თავისი არმია ორად გაყომ, ნახევარს გაიუს ლელიუსი და მასინისა უსარდლა და გაუშვა სიფაქსის ბანაკზე თავდასასხმელად, მეორე ნაწილს კი თვითონ წარუძღვა ჰასდრუბალისაკენ.
ლელიუსი და მასინისა ცენტურიონთა კვალდაკვალ შუაღამისას უნდა შეჭრილიყვნენ სიფაქსის ბანაკში და სიბნელეში კარვები ცეცხლისთვის მიეცათ თვითონ კი კართაგენელებს მაშინ დასხმოდნენ როცა სიფაქსის სადგომი ცეცხლში გაეხვეოდა, ეს იყო სიგნალი.
ლელიუსისა და მასინისას არმია გაეშურა ოპერაციის განსახორციელებლად, მათ მართლაც არავითარი დაბრკოლება არ შეხვედრიათ, უხმაუროდ შეიპარნენ მეფის ბანაკში და შეუდგნენ დავალების შესრულებას. ხის კარვებს ცეცხლი ადვილად მოედო, ნამძინარევი ნუმიდიელები უიარაღოდ გამორბოდნენ თავშესაფრიდან, ეგონათ ხანძარი შემთხვევით იყო გაჩენილი და მის ჩაქრობას ლამობდნენ, სწორედ აქ ისახელა თავი მასინისამ, იგი თავისი ნუმიდიელებით მიეჭრა უიარაღო თანამოძმეებს და შეუბრალებლად დაუწყო ჟლეტა, ბევრმა კარვიდან გამოსვლაც ვერ მოასწრო ცეცხლმა შთანთქა, უმრავლესობამ კარს მომდგარი ცეცხლი რომ დაინახა გადაწყვიტა სიცოცხლე მახვილით შეენარჩუნებინა, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევდა თავს სასაკლაოს.
ჰასდრუბალის ბანაკიდან დაინახეს, რომ სიფაქსის ასადგომს ცეცხლი წალეკვას უქადდა და განგაში ატეხედს იფიქრეს ხანძარი ნუმიდიელთა დაუდევრობით არის გამოწვეულიო, ვერ წარმოედგინათ თუ სტიქიაში რომაელთა ხელი ერია, ამიტომ ჰასდრუბალის მეომრებიც უიარაღოდ გაიქცნენ მისაშველებლად, მათ წინ გადაუდგა სციპიონი, გაჩაღდა უიარაღო მეომრების ჟლეტა, რომაელები მიეჭრნენ ჰასდრუბალის ბანაკს და ისიც ცეცხლწს მისცეს, ბანაკები გაანადგურეს. ჰასდრუბალმა და სიფაქსმა არმიის ნარჩენებით მოახერხეს გაქცევა.
5000 კაცი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის 11 სენატორი, ხელთ იგდეს 2700 ნუმიდიიური ცხენი და 6 სპილო.
პოლიბიოსი რომაელთა გამარჯვებაზე წერს: „არც ერთ მოკვდავს არ შეუძლია წარმოიდგინოს ამის მსგავსი რაც ამ დროს მოხდა, ყოველივე აღემატებოდა ადრე მომხდარ ყველა უბედურებას, უამრავ მამაცობათა შორის რაც სციპიონებს ჩაუდენიათ ეს ყველაზე ბრწყინვალე იყო“.
მეორე დღეს სციპიონმა გადაწყვიტა დადევნებოდა გაქცეულებსს, ჰასდრუბალიც ცდილობდა შებმას, მან იცოდა რომ ქ უტიკის გარშემო სციპიონს მცირე რაზმი ჰყავდა, მაგრამ გადაიფიქრა. მას ნუმიდიელებზე დანდობა აღარ შეეძლო, ჰასდრუბალი გაეცალა ბრძოლის ველს.
კართაგენმა პირველად განიცადა მტრის სიახლოვე, შექმნილი მდგომარეობა მას აიძულებდა არსებობის შესანარჩუნებლად ახალი საშუალებები ეძებნა, სენატში დიდი დავა გაიმართა, ერთნი მოითხოვდნენ ჰანიბალის გამოწვევას, მეორენი სციპიონთან მოლაპარაკების მომხრენი იყვნენ და ზავი სურდათ, მესამენი ახალი არმიის შეგროვებას, სიფაქსთან კავშირის განმტკიცებას და ბრძოლის გაგრძელებას მოითხოვდნენ, გაიმარჯვა მესამე წინადადებამ, თადარიგს შეუდგა სიფაქსიც.
მალე ჰასდრუბალის და სიფაქსის ძალები გაერთიანდნენ, მათი დროშის ქვეშ 30000 მებრძოლი დაირაზმა, ისინი რომის არმიისაკენ გაემართნენ.
სციპიონი უტიკის ალყით იყო გართული როცა კართაგენის არმიის მოახლოება შეიტყო, მან ქალაქის გარშემო კვლავ მცირე რაზმი დატოვა და ძირითადი ძალებით მტერთან ესახვედრად გაემართა.
მეხუთე დღეს მიაღწია სციპიონმა დიდ ვაკეს, სადაც დაბანაკებული იყო კართაგენის ამია. 3 დღის განმავლობაში მხოლოდ მსუბუქ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. მოწინააღმდეგეებმა მთელი ძალები მხოლოდ მეოთხე დღეს გამოიყვანეს ბრძოლის ველზე. კართაგენის სახელდახელოდ შეკრებილმა უმეტესწილად ახალწვეულებისაგან შემდგარმა არმიამ ვერ გაუძლო ბრძოლაში გამოწრთობილ რომის ლეგიონერებს, აქაც გამარჯვება რომაელებს დარჩათ, კართაგენის არმია მთლიანად განადგურდა, ჰასდრუბალმა და სიფაქსმა თავს კვლავ გაქცევით უშველეს, სციპიონმა ლტოლვილებს ლელიუსი და მასინისა დაადევნა, თვითონ კი ხელი მიჰყო კართაგენსა და უტიკას შორის არსებული მდიდარი ქალაქების ძარცვას.
ჰასდრუბალი კართაგენში დაბრუნდა, სიფაქსი ნუმიდიაში, კართაგენის უკანასკნელი იმედიც ამოიწურა.
ამ გამარჯვების შემდეგ სციპიონი ახლოდან ზვერავდა კართაგენის მისადგომებს, მისი არმია ტუნესში იდგა 110 სტადიონის დაშორებით კართაგენიდან დაახლოებით 25 კმ.
კართაგენის მოსახლეობას ქალაქის დასაცავად უნდა ეზრუნა, საშიშროება რომელიც ადრე რომს ემუქრებოდა ახლა კართაგენის წინაშე აღიმართა, საფრთხე კარს იყო მომდგარი. სენატი გრძნობდა, რომ სციპიონი კართაგენის გარშემო მდებარე ქალაქების დაპყრობით მიზნის უკანასკნელი პუნქტისაკენ მიმავალ გზას წმენდდა. კართაგენის მოსახლეობა ერთხმად მოითხოვდა სასწრაფოდ გამოეწვიათ ჰანიბალი იტალიიდან, მათი რწმენით ერთადერთი მთავარსარდალი რომელსაც შეეძლო ქალაქის ხსნა ის იყო, ხელისუფლება იძულებული გახდა მოქალაქეთა სურვილი დააეკმაყოფილებინა, დაუყოვნებლივ გაიგზავნა იტალიაში მაცნეები ჰანიბალთან სამშობლო საფრთხეშია და მოეშველეო.
პირველი სერიოზული წარმატებების შემდეგ სციპიონის აზრით აუცილებელი იყო სიფაქსის ნეიტრალიზება, მან იცოდა, რომ იგი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ძალას ფლობდა, სციპიონმა ლელიუსსა და მასსინისას დაავალა დამარცხებული სიფაქსის საბოლოო განადგურება, ისინი დაუყოვნებლივ კვალში ჩაუდგნენ ლტოლვილ მეფეს, მეთხუთმეტე დღეს მიადგნენ ნუმიდიის იმ ნაწილს რომელიც მასინისას სამემკვიდრეო სამეფო იყო. მასინისას გამოჩენას დიდი აღფრრთოვანებით შეხვდნენ მისი კანონიერი ქვეშევრდომები, მდევრებმა აქ გაიგეს, რომ დამარცხებული სიფაქსი მათ მისვლამდე განედევნათ მასინისას მომხრეებს, თუმცა მარცხის მიუხედავად მას იარაღი არ დაუყრია და ბედს არ შერიგებია.
სიფაქსი კვლავ საომრად ემზადებოდა, ბრძოლისკენ უბიძგებდა მეუღლე სოფონიბე და სიმამრი ჰასდრუბალი.
სიფაქსის არმიაში მასინისასთან შედარებით მეომართა მეტი რაოდენობა მოგროვდა. მან ფართოდ შემოიკრიბა ბრძოლისუნარიანი მებრძოლები, კარგადაც აღჭურვა ისინი იარაღით, დღე და ღამეს ასწორებდა, წვრთნიდა ახალწვეულებს რომ ღირსეულად დახვედროდა რომაელებსა და მასინისას.
სციპიონის წარგზავნილები სიფაქსის სამფლობელოებს მიადგნენ, ბრძოლაც მაშინვე გაიმართა, უთანასწორო შეტაკებაში სიფაქსი დამარცხდა, ბრძოლის ველს თავი ვერ დააღწია და ტყვედ ჩავარდა, მასინისამ თითქმის უბრძოლველად აიღო ნუმიდიის დედაქალაქი ცირტა. იგი ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა როგორც საკუთარი სამემკვიდრეოსი, ისე მთელი ნუმიდიისა.
მასინისამ საბოლოოდ შეისრულა საწადელი, ტყვეთა შორის იყო სიფაქსის მეუღლე სოფონიბე, ბერძენ-რომაელი მწერლების ცნობით ულამაზესი ქალი, რომელიც ცოლად შეირთო.
ნუმიდიის მეფის ასეთმა მოქმედებამ რომაელთა გულისწყრომა გამოიწვია, სციპიონმა მოსთხოვა მასინისას სოფონიბე სიფაქსთან და სხვა ტყვეებთან ერთად გადაეცა, ამ ამბავმა მასინისა დიდად დაამწუხრა, რადგან ჰასდრუბალის ასული ძლიერ უყვარდა, მაგრამ რომაელთა წყენინებას ისევ დათმობა ამჯობინა, მეფემ ქალისაგან იცოდა, რომ მტრის ხელში ჩავარდნას სიკვდილი ერჩია, ასეც ეხვეწებოდა მასინისას თავიდანვე, მასინისამ ეს თხოვნა შეუსრულა ახლადშერთულ მეუღლეს, გაიგო რა სციპიონის მტკიცე გადაწყვეტილება რომ ქალს სამარცხვინო ტყვეობა არ ასცდებოდა ერთგული მონის ხელით სოფონიბეს საწამლავი გაუგზავნა. ნუმიდიის ამაყმა დედოფალმა სიამოვნებით მიიღო საქორწინო საჩუქარი.
სოფონიბეს დაღუპვის შემდეგ სციპიონს ეშინოდა მასინისა მტრის მხარეზე არ გადასულიყო, მაგრამ თბილი დამოკიდებულებითა და ძვირფასი საჩუქრებით ადვილად მოიგო პატივმოყვარე და ჯიუტი მეფის გული, მასინისა რომაელთა მოკავშირედ დარჩა, ხოლო სიფაქსი რომის გზას გაუყენეს.
ომის საბოლოოდ დამთავრების შემდეგ სციპიონის ტრიუმფი რომ დაემშვენებინა. ამ გამარჯვების შემდეგ მთელი ნუმიდია რომის სამსახურში ჩადგა, განთქმული ნუმიდიური კავალერიაც ამიერიდან რომაელთა მხარდამხარ შეუტევდა კართაგენს, რომლის ძლიერებას ძირითადი ბირთვი უკვე გამოეცალა აფრიკაში, ყველაზე ძლიერი მეზობელი მისი დაუძინებელი მტრის რომის დროშის ქვეშ იბრძოდა.
სიფაქსის განადგურებამ რომის პოზიციები კიდევ უფრო მეტად განამტკიცა, სციპიონს მშვიდად შეეძლო შეეტია კართაგენისათვის, რომელიც ნუმიდიის ჩამოშორებით სრულ იზოლაციაში ექცეოდა.
სციპიონი მასინისასთან კავშირს და მეგობრობას იმდენად საჭიროდ თვლიდა, რომ ზოგჯერ ეფერებოდა კიდეც, რომაელებმა მასინისა ნუმიდიის მეფედ გამოაცხადეს.
სიფაქსის განადგურების შემდეგ სციპიონი უფრო მტკიცედ დადგა აფრიკის მიწაზე და იმედი მიეცა თავისი გეგმის ხორცშესასხმელად.
ბრძოლები აფრიკაში რომისათვის სასურველად წარიმართა, რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება კართაგენის სრული განადგურების გარანტიას იძლეოდა. რომის სენატი საბოლოოდ დარწმუნდა სციპიონის გეგმის სისწორეში, სენატი იწონებდა მის მიერ გატარებულ ყველა ღონისძიებას და აქებდა მას.
ზამა
გატყდა ომის მომხრეთა პარტიის წინააღმდეგობა, აფრიკაში მრავალგზისმა დამარცხებამ კართაგენი დაარწმუნა რომ სახელმწიფოს ბრძოლის გაგრძელება არარ შეეძლო, ქვეყანას ზავი თუ გადაარჩენდა.
შედგა მეტად საპატივცემულო მისია 30 საპატივცემულო კართაგენელის შემადგენლობით, ელჩები გამოცხადდნენ რომაელთა ბანაკში და სულ ცოტა ხნის წინათ ამაყმა და მედიდურმა კართაგენელებმა მორჩილად მოიყარეს მუხლი სციპიონის წინაშე. ელჩებს თავის მართლება არ დაუწყიათ, მაგრამ ცდილობდნენ ომის მთელი პასუხისმგებლობა ჰანიბალისა და მისი მომხრეებისათვის დაებრალებინათ, მათი აზრით მხოლოდ ამით შეიძლებოდა ხსნა, ელჩები ევედრებოდნენ რომის სარდალს შეეწყნარებინა ქალაქი, რომელიც მათივე სიტყვებით მოქალაქეთა უგუნურობამ დაღუპვის პირას მიიყვანა, დაე რომაელმა ხალხმა იბატონოს დამარცხებულ მტერზე, მაგრამ მიწასთან ნუ გაასწორებს, გვიბრძანეთ რაც გსურთ, როგორც ერთგული მონები ყველაფერს შევასრულებთ, გამოიჩინე ლმობიერება, დაინდე კართაგენის სვეგამწარებული მოსახლეობა.
სციპიონმა ელჩებს მიუგო: „აფრიკაში მოვედი გამარჯვებისათვის და არა დასაზავებლად, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება უკვე ხელთა მაქვს უარს არ ვამბობ ზავზე,დაე ყველამ იცოდეს, რომ რომაელი ხალხი კიდეც იწყებს და კიდეც ამთავრებს ომს და ამას ჩადის სამართლიანობის პრინციპით“. ამრიგად სციპიონიც დაზავებაზე დათანხმდა, მაგრამ საოცრად მძიმე პირობები შესთავაზა კართაგენელებს. კართაგენს რომისათვის უნდა დაებრუნებინა ტყვეები, ემიგრანტები, გაქცეული მონები, დაუყოვნებლივ გამოეყვანა არმია იტალიიდან და გალიიდან, უარი ეთქვა ესპანეთზე და ყველა იმ კუნძულზე, რომელიც იტალიასა და აფრიკას შორის მდებარეობდა, რომისათვის გადაეცა ყველა სამხედრო გემი ოცის გარდა, გადაეხადა 500000 საწყაო ხორბალი, 300000 საწყაო ქერი და კონტრიბუცია 5000 ტალანტის ოდენობით, ახლა თავად განსაჯეთ მისაღებია თუ არა თქვენთვის ეს პირობები, მოსაფიქრებლად გაძლევთ სამ დღეს განუცხადა მან ელჩებს.
მოლაპარაკება შეწყდა, ელჩები უკან გაბრუნდნენ, რომ სენატისათვის რომაელი სარდლის პირობები ეცნობებინათ.
კართაგენის ხელისუფლებამ უარყო სციპიონის მოთხოვნები, მაგრამ მოლაპარაკება მაინც განაგრძო, მას ელჩობათა მისვლა-მოსვლით დროის მოგება სურდა, იქნებ ამასობაში იტალიიდან გამოწვეულმა ჰანიბალმაც მოგვისწროსო.
კართაგენელები კვლავ გზავნიდნენ ელჩებს სციპიონთან, გაიგზავნა მისია რომშიც, მაგრამ კართაგენის წარმომადგენლები ქალაქში არ შეუშვეს, სენატორები მათ ქალაქგარეთ ბელონას ტაძარში შეხვდნენ, ელჩებმა იმავე სიტყვებით მიმართეს რომაელებს რაც სციპიონის წინაშე წარმოთქვეს, ომის დაწყება ისევ ჰანიბალს დააბრალეს, მათი სიტყვებით მან სენატის ნებართვის გარეშე გადალახა არა მარტო ალპები არამედ მდ იბერიც, მან საკუთარი ინიციატივით დაიწყო ომი, კართაგენელ ხალხს თუ საქმეს სამართლიანად შევხედავთ რომაელებთან დადებული ხელშეკრულება ჯერ არ დაურღვევიათ, ბოლოს ელჩები მოითხოვდნენ ზავის ისეთ პირობებს როგორიც დადებული იქნა I პუნიკური ომის შემდეგ.
რომაელებმა კართაგენელთა წინადადება არ მიიღეს, სენატმა სციპიონს შეუთვალა ომი განეგრძო, ხოლო ელჩები ისე დაითხოვეს მათთვის არავითარი პასუხი არ მიუციათ.
კართაგენში მოუთმენლად ელოდნენ ჰანიბალისა და მაგონის დაბრუნებას, მაგონი ამ დროს ჩრდ. იტალიაში ინსუმბრების ოლქში იმყოფებოდა, ძალიან ეცადა, მაგრამ ცენტრალურ იტალიაში შეჭრა და ძმასთან შეერთება ვერ შეძლო. რომაელები თავიდანვე დიდი ყურადღებით მოეკიდნენ ჩრდილოეთიდან შექმნილ საფრთხეს და რომისაკენ მიმავალი ყველა გზა შეკრეს. გადამწყვეტი ბრძოლა რომაელებს და მაგონს შორის ინსუმბრების ოლქში მოხდა, რომის არმიას კონსული მარკუს კორნელიუსი და პრეტორი ქვისტილიუს ვარუსი სარდლობდნენ, რაოდენობრივი უპირატესობა რომაელთა მხარეზე იყო, თავიდან მათ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ კრიტიკულ მომენტში მაგონმა ბრძოლაში ჩართო სპილოები და ამით რომის კავალერია საგრძნობლად შეასუსტა.
რომაელები შედრკნენ, თითქოს ყველაფერი კართაგენელების სასარგებლოდ უნდა წარმართულიყო, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მაგონი ბარძაყში დაიჭრა და ცხენიდან გადმოვარდა, გრძნობადაკარგული სარდალი ბრძოლის ველიდან გაიყვანეს. მაგონის დაჭრამ არსებითად შეცვალა ბრძოლის ბედი, კართაგენის არმია დაიბნა, რომაელებმა უფრო გაბედულად შეუტიეს მტერს, კართაგენელებმა უკან დახევა დაიწყეს, დაღამდა, მაგონს ბრძოლის გაგრძელება აღარ შეეძლო, სიბნელით ისარგებლა, გადასასვლელი გადალახა და ლიგურიაში ზღვის ნაპირას დაბანაკდა. რომაელები არ დადევნებიან, მაგონი ჭრილობის მოშუშებას დაელოდა, ამ დროს მასთან გამოცხადდნენ კართაგენის მაცნეები, რომლებმაც სენატის გადაწყვეტილება აცნობეს დაუყოვნებლივ აფრიკაში დაბრუნდიო. მაგონმა სასწრაფოდ ჩასხა მეომრები გემებში და სამშობლოსაკენ გამოემართა, მაგრამ კართაგენამდე ვერ მოაღწია, სარდინიის ნაპირებთან გარდაიცვალა 203 წელს. ჰანიბალის უმცროსი ძმაც უცხო მხარეში გამოეთხოვა წუთისოფელს.
ჰანიბალთანაც გამოცხადდნენ სენატორთა წარმომადგენლები აფრიკაში დაბრუნების ბრძანებით, სარდალს მეტი გზა არ ჰქონდა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას უნდა დამორჩილებოდა და მშობლიური ქალაქის კედლები დაეცვა. სენატის აზრით ეს იყო სარდლის უპირველესი მოვალეობა, ჰანიბალს ძალიან არ უნდოდა იტალიის დატოვება, მაგრამ ბრძანებას დაემორჩილა და სამშობლოს გზას გაუდგა.
ლივიუსი ამ სცენას ასე აგვიწერს «ჰანიბალმა კბილების ღრჭენით, ოხვრით ისე რომ ცრემლებს ძლივს იკავებდა მოისმინა ელჩების სიტყვები, შემდეგ კი გაბრაზებულმა თქვა, ახლა უკვე არა გადაკვრით არამედ დაუფარავად მიწვევენ უკან ისინი რომელთაც დიდი ხანია სურთ ჩემი აქედან გაყვანა, ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ, უარს ამბობდნენ მაშველი ძალებისა და ფულის გამოგზავნაზე, ამრიგად ჰანიბალი დაამარცხა არა რომაელმა ხალხმა არამედ კართაგენის სენატის უკუქმედებამ და შურმა, ახლა კი ჩემი სამარცხვინო დაბრუნება სციპიონს ისე არ გაუხარდება როგორც ჰანონსო.
გადმოგვცემენ რომ ჰანიბალმა წასვლის წინ შეკრიბა იტალიური წარმომავლობის მებრძოლები და აფრიკაში ლაშქრობის გაგრძელებისაკენ მოუწოდაო, იგი მათ ახალ პერსპექტივებს სთავაზობდა, მაგრამ მხედართმთავარი სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა, იტალიკებს მობეზრებული ჰქონდათ სასტიკი ომი და ამიტომ იტალიის გარეთ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვეს. ჰანიბალმა თხოვნით დაიწყო, მაგრამ როცა თხოვნამ არავითარი შედეგი არ გამოიღო გადაწყვიტა უმკაცრესი ზომები მიეღო ურჩთა დასათრგუნავად, თავის მებრძოლებს უბრძანა იერიში მიეტანათ თითქმის უიარაღო იტალიკებზე და გაენადგურებინათ ისინი, დაიწყო საშინელი ხოცვა-ჟლეტა, დამფრთხალი მეომრები ტაძრებსაც აფარებდნენ თავს მაგრამ განრისხებულ კართაგენელს ღმერთის პატივსაცემად არ ეცალა, მისი ბრძანებით წმინდა ტაძრებიც სისხლით შეიღება იტალიკები ერთიანად აკუწეს. ეს იყო ჰანიბალის მიერ დაღვრილი სისხლის უკანასკნელი ნიაღვარი იტალიის მიწაზე, მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა ის აფრიკაში გადასვლის სამზადისს.
იშვიათად თუ უნახავს ვინმეს სამშობლოდან გაძევებული ისე დამწუხრებული როგორც ჰანიბალი იყო მაშინ, როდესაც იტალიას ტოვებდაო, გადმოგვცემენ ანტიკური ავტორები.
რომმა ჰანიბალისა და მაგონის წასვლით ამოისუნთქა. 15 წელი აოხრებდნენ კართაგენელები აპენინის ნკ-ს, ამ ხნის განმავლობაში მისი ბედი მრავალჯერ ბეწვზე ეკიდა, ბოლოს როგორც იქნა მტერი გაეცალა, ამის აღსანიშნავად ხუთდღიანი საყოველთაო ზეიმი და მსხვერპლშეწირვა გამოცხადდა ქალაქში.
ჰანიბალმა პირდაპირ კართაგენში მისვლა ვერ გაბედა, რადგან შეიძლებოდა ის ადგილი რომელსაც მისი ფლოტი მიადგებოდა რომაელებს სჭეროდათ, ამიტომ კართაგენის ნაცვლად მისი არმია ქ დიდ ლეპტისს მიადგა.
აფრიკაში მის დაბრუნებას კართაგენელები მოუთმენლად ელოდნენ, რომაელებს კართაგენის შემოგარენი თითქმის აოხრებული ჰქონდათ.
რომის ხელისუფლება ზეიმობდა ჰანიბალის იტალიიდან წასვლას, მაგრამ მას ერთობ აფიქრებდა სციპიონის არმიის ბედი.
სენატის აზრით ბრძოლის ასპარეზი კი შეიცვალა, მაგრამ საფრთხე საფრთხედ დარჩა, რომში აგონდებოდათ უკვე გარდაცვლილი ფაბიუს მაქსიმეს წინასწარმეტყველება, რომ საკუთარ მიწაზე ჰანიბალი უფრო მრისხანე იქნებოდა ამიერიდან სციპიონს საქმე ექნებოდა არა სიფაქსთან უხეშ ბარბაროს მეფესთან ან მშიშარა ჰასდრუბალ ჰისკონის ძესთან არა ნაჩქარევად შეკრებილ არმიასთან არამედ ჰანიბალთან, რომელიც გაზრდილი იყო თავისი მამის სამხედრო კარავში, რომელიც ბრძოლის ველზე გამარჯვებათა ტრიუმფში გაჭაღარავდა და რომელმაც თავის მოღვაწეობას უბრწყინვალესი ძეგლი დაუდგა ესპანეთში, გალიასა და იტალიაში, სციპიონმა იცოდა ეს და გრძნობდა კიდეც რომ ძნელი იქნებოდა ჰანიბალთან ბრძოლა, ამიტომ გულმოდგინედ შეუდგა მზადებას. მას მაშველი ძალები ჩაუვიდა იტალიიდან და მასინისამაც გააძლიერა რომაელთა რიგები.
ჰანიბალი დიდი ლეპტისიდან ჰადრუმენტუმისაკენ დაიძრა. 203–202 წლის ზამთარი მან ლაშქრის შეგროვებას მოანდომა.
ჰადრუმენტუმში კართაგენიდან საგანგაშო ცნობები მოდიოდა, ჰანიბალმა არმია ქვეყნის სიღრმეში საიმედო ადგილას გადაიყვანა და ქ ზამასთან დაბანაკდა, ის ემზადებოდა გადამწყვეტი ბრძოლისათვის, აიარაღებდა და წვრთნიდა ახალწვეულებს, აგროვებდა ცნობებს სციპიონის არმიის განლაგების შესახებ, იყენებდა მრავალგზის ნაცად ხერხს ჯაშუშობას, ამ მიზნით გაგზავნა კიდეც მზვერავები, მაგრამ რომაელებმა მათი განზრახვა ადვილად გამოიცნეს, შეიპყრეს და სციპიონს მიჰგვარეს, რომელმაც დასჯის ნაცვლად სამხედრო ტრიბუნს უბრძანა ჯაშუშები ბანაკში ჩამოეტარებინა, ყველაფერი ეჩვენებინა და უკანვე გაებრუნებინა, რომ ჰანიბალისათვის რომაელთა სიძლიერის ამბავი მიეტანათ, ყველაფერი ასეც მოხდა.
ჰანიბალი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო რომაელი სარდლის თვითდაჯერებულებამ და გამბედაობამ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს სციპიონი არავითარ შიშს არ გრძნობდა, წარგზავნილთაგან ჰანიბალმა შეიტყო რომ მასინისაც რომაელთა ბანაკში იყო. სციპიონის არმია ყოველდღე ახალი ძალებით ივსებოდა და უფრო საშიში ხდებოდა. მაშინ როცა კართაგენის ჯარი სისხლისგან დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბრძოლის გაგრძელება შეიძლებოდა საბედისწერო გამხდარიყო, მაგრამ ჰანიბალს უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდა, მას ყველა წვრილმანი უნდა გაეთვალისწინებინა და უნდა მოესინჯა ნიადაგი რას აპირებდა სციპიონი.
ამ მიზნით ჰანიბალმა სცადა მოლაპარაკებით გამოესწორებინა რთული სიტუაცია და სციპიონს შესთავაზა ერთმანეთს შეხვედროდნენ, რომაელმა მაშინვე თანხმობა განაცხადა მოლაპარაკებაზე.
ჰანიბალი იმყოფებოდა ზამასთან, კართაგენიდან 5 დღის სავალზე, სციპიონიც თავისი არმიით იქით გაეშურა მიუახლოვდა მას და ქ ნარაგარას მახლობლად დაბანაკდა, აქ განსაზღვრეს მათ შეხვედრის ადგილი.
სციპიონმა და ჰანიბალმა თანაბარი მანძილით დატოვეს მეომრები და თითო თარჯიმნის თანხლებით მიაშურეს ერთმანეთს, შედგა იმ დროის 2 უდიდესი სარდლის შეხვედრა, ისტორიკოსი ლივიუსი ასე გადმოგვცემს ამ შეხვედრის ამბავს: „ისინი მიუახლოვდნენ ერთმანეთს და შეჩერდნენ, თავდაპირველად ორივენი გაკვირვებულნი მდუმარედ შეჰყურებდნენ ერთმანეთს, ბოლოს დუმილი ჰანიბალმა დაარღვია, მან სციპიონს მიმართა, რადგან ბედმა ასე ინება, რომ მე რომაელებთან ომის ამტეხი, რომელსაც გამარჯვება რამდენჯერმე ხელში მეპყრა ზავის სათხოვნელად თვით გამოვცხადდი, კმაყოფილი ვარ რომ თხოვნა შენთან მიხდება, შენ მრავალ წარჩინებათა შორის ქებას იმსახურებ იმითაც, რომ დაგითმო ჰანიბალმა, რომელსაც ღმერთებმა მრავალ რომაელ სარდალზე გამარჯვება აჩუქეს, შენ დაუსვი წერტილი ამ ომს, რომელიც დასაწყისში თქვენი დამარცხებებით უფრო გამოირჩეოდა ვიდრე ჩვენით, ბედმა საოცრად დამცინა, იარაღს ხელი მოვკიდე მამაშენის კონსულობისას, იმავე რომაელ მხედართმთავარს შევებრძოლე პირველად და დავამარცხე, ამჟამად კი მის შვილთან ზავის სათხოვნელად უიარაღოდ მოვედი, რა თქმა უნდა ყველაზე კარგი ის იქნებოდა, რომ ღმერთებს ჩვენი მამებისათვის ჩაენერგათ აზრი თქვენ დაკმაყოფილებულიყავით იტალიაზე ბატონობით, ჩვენ კი აფრიკას დავჯერებოდით, განა თქვენთვის სიცილია და სარდინია იმად ღირს რაც მან ფლოტი, არმია და სახელოვანი ადამიანები შეიწირა, წარსული შეიძლება გაკიცხო, მაგრამ მისი გამოსწორება შეუძლებელია, თქვენ ხედავდით მტრის არმიას იტალიაში, ახლა კი ჩვენც იმავე მდგომარეობაში ვართ, თქვენ საკუთარი ქალაქის კარიბჭესთან ხედავდით მტრის დროშებსა და იარაღს, დღეს კი კართაგენში გვესმის რომის ბანაკის ხმაური, ამრიგად მოლაპარაკება დაზავების შესახებ იწყება მაშინ როცა თქვენ იმყოფებით საუკეთესო მდგომარეობაში, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდი განწყობილება, რომლის გარეშეც გამორიცხულია მშვიდი განსჯა, რაც შემეხება მე სამშობლოდან წავედი პატარა ბიჭი და მოხუცი დავბრუნდი, ჩემმა წლებმა, გამარჯვებებმა და მარცხმა ისე აღმზარდეს, რომ უპირატესობას გონებით განსჯას ვანიჭებ, მაგრამ მე შენი ახალგაზრდობისა და ბედის მეშინია ვაითუ დინჯად ვერ განსაჯო ყოველივე, თუ ღმერთები საღ გონებას გვიწყალობებენ ჩვენ შეგვეძლო გაგვეთვალისწინებინა არა მარტო რაც მოხდა არამედ რაც უნდა მოხდეს, შენი მდგომარეობა ბრწყინვალეა, ჩვენთვის საეჭვო, შენთვის ზავის დადება საპატიოა, ჩვენთვის აუცილებელი“. შემდეგ ჰანიბალი ურჩევს სციპიონს: „სარწმუნო ზავი ჯობია ვერმიუღწეველ გამარჯვებას, აქედან პირველი შენს ხელშია, მეორე კი ღმერთების, გონებით განჭვრიტე არა მარტო შენი ძალები არამედ ბედისწერის სიძლიერე და გარდამავალი სამხედრო ბედნიერება, ორივე მხარეს ექნება იარაღი, იქნებიან ადამიანები, დროებით მოპოვებულმა წარმატებამ შეიძლება ადამიანი გაანებივროს და წაართვას ბრძნული განსჯის უნარი, პუბლიუს კორნელიუსო ზავის დადების შემთხვევაში ყველაფერი შენს ხელთ იქნება, სხვა შემთხვევაში კი მოგიწევს იმ ბედით კმაყოფილება რასაც ღმერთები გიწყალობებენ, ჩვენ უარს ვამბობთ სიცილიაზე, სარდინიაზე და ესპანეთზე, აგრეთვე ყველა იმ კუნძულზე რომელიც აფრიკასა და იტალიას შორის არის, თანახმა ვართ ფლობდეთ ხმელეთსა და ზღვას, მე არ ვუარყობ რომ ფინიკიური გულწრფელობა საეჭვოა თქვენთვის, იმის გამო რომ ახლახანს სავსებით არაგულწრფელად ვითხოვეთ ზავი, მაგრამ მის გაფორმებას არ დაველოდეთ, სიმტკიცის თვალსაზრისით მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმას ვინ ითხოვს ზავს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თქვენმა მამებმა უარყვეს ზავი იმის გამო რომ ელჩობა არ იყო საკმარისად პატივდებული, ახლა კი მე ჰანიბალი გთხოვ ზავს, არც მოვითხოვდი რომ სასარგებლოდ არ ვთვლიდე, ხოლო იმის გამო რისთვისაც მოვითხოვ მტკიცედაც დავიცავ მას“ - დაამთავრა ჰანიბალმა.
სციპიონის სიტყვა მოკლე იყო, იგი მოაგონებდა ჰანიბალს, რომ ბრძოლა დაიწყეს კართაგენელებმა და არა რომაელებმა, თქვენ გვაიძულეთ რომ დაგვეწყო წმინდა და სამართლიანი ომი, თქვენ რომ გამოგვიწვიეთ არც შენ უარყოფ ამას, ადრე ჩემს მიერ შემოთავაზებულ პირობებს ახალი დანაშაული დაუმატეთ რასაც თქვენი მხრიდან ახალი ვალდებულებები დაემატა, მშვიდობიან ცხოვრებას თქვენ ომი არჩიეთ, მიუხედავად ამისა თქვენს წინადადებას მე მოვახსენებ სამხედრო საბჭოს, მაგრამ მისი თანხმობის იმედი ნაკლებად მაქვს, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან საზავო პირობებს ახლავე გაცნობებთ და თუ მძიმედ მიიჩნევთ მოემზადეთ საომრად.
სციპიონს თავისი მიზნები არ დაუმალავს და ყველაფერი აშკარად და ნათლად მოახსენა ჰანიბალს, მან თავისი მოთხოვნები ასე დაასრულა გადმოგვეცით კართაგენი წინააღმდეგობის გარეშე, თუ არა და ბედი კვლავ ბრძოლის ველს მივანდოთ, რა თქმა უნდა ჰანიბალს ასეთ წინადადებაზე დათანხმება არ შეეძლო. მოლაპარაკება შეწყდა, სციპიონის მოთხოვნებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჰანიბალს უკანასკნელი ძალები უნდა დაეძაბა რომ მტერს შეხვედროდა, სარდლები დაუბრუნდნენ ბანაკებს, ბრძოლის ადგილი გარკვეული იყო ზამა-ნარაგარა.
მომავალ ბრძოლას უნდა გადაწყვიტოს საბოლოოდ ვს უნდა ებატონა ხმელთაშუა ზღვაზე, ზამა-ნარაგარა ბოლო პუნქტი იყო ხანგრძლივი II პუნიკური ომისა, ეს იყო ჰანიბალის უკანასკნელი იმედი, ბრძოლის ველზე გამოდიოდნენ გამარჯვებებით იმედმოცემული რომაელები და მრავალი სერიოზული მარცხით გულგატეხილი კართაგენელები, გამარჯვებულის ჯილდო იქნებოდა არა მარტო ახალი ტერიტორია არამედ უფლება იმისა თავისი ნება-სურვილი ეკარნახა მსოფლიოს გარკვეული ნაწილისათვის.
ჰანიბალის და სციპიონის შეხვედრის მეორე დღესვე არმიები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ბრძოლის დაწყების ნიშანს ელოდნენ, სარდლებმა ჩვეულებისამებრ სიტყვებით მიმართეს თავიანთ მეომრებს, ჰანიბალმა თავის არმიას მოაგონა ის საგმირო საქმეები რაც მან იტალიაში წლების განმავლობაში ჩაიდინა, შეეცადა მებრძოლებისათვის ჩაენერგა საკუთარი თავისადმი რწმენა, სციპიონმაც მოაგონა მებრძოლებს განვლილი ბრძოლები, უთხრა რომ მტერი უკვე ძალაგამოცლილია, შიშმა აიძულა კართაგენელები ზავი ეთხოვათ, მაგრამ თანდაყოლილმა ვერაგობამ საშუალება არ მისცათ ბოლომდე მიეყვანათ დაწყებული საქმე.
სციპიონი აიმედებდა მეომრებს ომის დასასრული მოახლოვდა, კართაგენი სრული განადგურების პირასაა მისული, მისი სიმდიდრე უკვე რომაელთა ხელშია, ერთი ბრძოლაც და სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდებითო.
სარდლებმა საბრძოლველად დააწყვეს არმიები, ჰანიბალმა წინა ხაზზე 80 სპილო გამოიყვანა, ლივიუსის თქმით ამდენი სპილო ბრძოლაში ჯერ არავის გამოეყვანაო, სპილოებს მოჰყვებოდნენ ლიგურების, ბალეარების, გალებისა და მავრიტანების დამხმარე ნაწილები, მოქირავნეები სულ 12000 მეომარი, მეორე რიგში იდგნენ კართაგენელები და აფრიკელები, მათვე ამაგრებდა მაკედონელთა რაზმიც, შემდეგ მცირე მანძილის შემდეგ იდგნენ იტალიელები უმეტესად ბრუტიუმელები, რომლებმაც ჰანიბალთან ერთად დატოვეს აპენინის ნკ, კავალერია ფლანგებზე განლაგდა, მარჯვენა მხარე დაიკავეს კართაგენელებმა, მარცხენა ნუმიდიელებმა.
რომის არმია მანიპულებად განლაგდა და არა კოჰორტებად, ამრიგად მანძილი დანაყოფებს შორის იმდენი რჩებოდა რომ სპილოებს სამოძრაო დერეფანი ჰქონოდათ და შემოტევის დროს რომის არმიის წყობა არ დაერღვია, მარცხენა ფლანგს იტალიელ მეომრებს სათავეში ლელიუსი ედგა, მარჯვენა ფლანგს მასინისა თავისი ნუმიდიელებით, მანიპულებს შორის დატოვებულ გასასვლელებში სციპიონმა ჩააყენა ველიტები, მსუბუქად შეიარაღებული მეომრები და უბრძანა თუ სპილოები შემოუტევდნენ გზა დაეთმოთ პირუტყვისათვის, სიღრმეში შეეშვათ და შემდეგ გვერდიდან ან ზურგიდან დაეშინათ შუბები, დანარჩენი მეომრებიც ჩცვეულებრივ ჩაბმულიყვნენ ბრძოლაში.
მოწინააღმდეგეებმა მისცეს ბრძოლის ნიშანი, შეტევა რომაელებმა დაიწყეს, ხმაურითა და ყიჟინით შეუტიეს კართაგენელებს, ხმაურმა ჰანიბალის მთავარი იმედი სპილოები დააფრთხო, მათ უკან დაიხიეს და თვით კართაგენის რიგებს შეუქმნეს საშიშროება, მარცხენა ფლანგზე შეიჭრნენ, მასინისამ კარგად გამოიყენა სპილოების დახმარება, დაარტყა მტერს, მისი ძირითადი ბირთვი გაფანტა და მარცხენა ფლანგს კავალერია მთლიანად ჩამოაშორა, კართაგენელებმა სპილოები დიდი გაჭირვებით დაამშვიდეს, მოაწესრიგეს და რომაელებისაკენ მიმართეს, ძველი სამყაროს ტანკები ღრმად შეიჭრნენ სციპიონის განლაგებაში და დიდი ზარალიც მიაყენეს მაგრამ ველიტები როგორც წინდაწინ გააფრთხილეს სწრაფად გაიფანტნენ და პირუტყვებს გვერდიდან გაუხსნეს ცეცხლი, სპილოები შედრკნენ და უწესრიგოდ გაბრუნდნენ უკან, ამჯერად მათ კართაგენელთა მარჯვენა ფლანგს შეუტიეს და იქაც არევ-დარევა შეიტანეს, ლელიუსმა ეს კარგად შეამჩნია, მთელი ძალები მოიკრიბა და ჰანიბალის მარჯვენა ფლანგს კავალერია ჩამოაშორა, ამრიგად სულ მალე კართაგენის არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარმა სპილოებმა გაანადგურეს, ის უპირატესობა რასაც ყოველ ბრძოლაში კავალერიის სახით ფლობდა ჰანიბალი აღარ არსებობდა, ორივე ფლანგი გაშიშვლებული იყო და არმია ყოველგვარი დაცვის გარეშე იდგა.
წარმატებას მიაღწიეს რომაელმა ქვეითებმაც, პირველივე დარტყმით გატეხეს კართაგენის მოწინავე რაზმები, მოქირავნეების სიმტკიცე და აიძულეს ისინი უკან დაეხიათ, ლეგიონერები ღრმად შეიჭრენ მტრის განლაგებაში, უკან დახეული მოქირავნეები ერთმანეთს ავიწროებდნენ, მეორე რიგში მდგომმა კართაგენელებმა და აფრიკელებმა ბრძოლაში ჩაბმა დააყოვნეს, ამასობაში უკან დახეულნი კართაგენის არმიის ზურგში აღმოჩდნენ და თავისიანებს ეკვეთნენ, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა, კართაგენელთა ძირითად ძალებს ახლა ორმხრივი შემოტევა უნდა მოეგერიებინათ, საკუთარი მეომრებისა და რომაელებისა, ჰანიბალმა მალე ფლანგებისაკენ გაინაპირა, მოქირავნეები გზიდან ჩამოიშორა და რომაელთა პირისპირ აღმოჩნდა, გაიმართა მოწინააღმდეგეთა ძირითადი ძალების შერკინება.
ჰანიბალის ვეტერანები რომელთაც სარდალთან მხარდამხარ ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდათ ბრწყინვალედ უმკლავდებოდნენ რომაელებს, შეტაკება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე მხარე თითქმის თანაბარი ძალით იბრძოდა, ბრძოლის ბედიც კარგა ხანს გაურკვეველი იყო, მაგრამ კრიტიკულ მომენტში კართაგენის არმიას ზურგიდან დაარტყეს კავალერიის დევნიდან დაბრუნებულმა მასინისამ და ლელიუსმა, ორმხრივ ფრონტს ჰანიბალის ლაშქარმა ვეღარ გაუძლო, შედრკა და უკან დაიხია.
ზამა-ნარაბარას ველი კავალერიისთვის კარგი საბრძოლო ასპარეზი იყო, რამაც სციპიონს გაუადვილა ჰანიბალის ძალების ყოველმხრივი შემოზღუდვა, კართაგენის არმია ალყაში მოექცა, წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა, რომაელები უწყალოდ ჩეხდნენ მტერს, კართაგენელთა რიგები თხელდებოდა, ყოველგვარი იმედი გადაიწურა, ჰანიბალს ალყიდან გასვლაზე უნდა ეზრუნა, ეს ასეც მოხდა, სარდალმა პირველად თავის სიცოცხლეში დამარცხებულმა მიატოვა ბრძოლის ველი, მცირერიცხოვან ცხენოსანთა თანხლებით მოახერხა ალყის გარღვევა, ზამას ველი რომაელებს დარჩათ, კართაგენი უკვე დაჩოქებული იყო.
ლტოლვილმა ჰანიბალმა პირდაპირ დედაქალაქში მისვლა ვერ გაბედა და თავი ჰადრუმენტუმს შეაფარა, იგი მოგვიანებით დაბრუნდა კართაგენში, თავისივე სიტყვებით მხოლოდ 36 წლის შემდეგ იხილა მან მშობლიური ქალაქი.
კართაგენის უკანასკნელი იმედი ჰანიბალის არმია განადგურდა, 20000 მეომარი ზამას ველზე ესვენა, ცოტა ნაკლები ტყვედ ჩავარდა, დაიღუპა 11 სპილო. ნადავლის სახით რომაელებმა ხელთ იგდეს 132 საბრძოლო დროშა, სციპიონის არმიამ გაძარცვა ჰანიბალის ბანაკი, რომელსაც თავის დაცვის საშუალება აღარ ჰქონდა.
სციპიონმა 5000 მებრძოლი დაკარგა, ზამას ბრძოლის შემდეგ იტალიიდან ახალი მაშველი რაზმები მოვიდა. სციპიონმა ლელიუსი რომში გაგზავნა სასიხარულო ცნობის საუწყებლად, თვითონ კი პანიკაში მყოფი კართაგენის ალყაში მომწყვდევას შეუდგა როგორც ხმელეთიდან ისე ზღვიდან. კართაგენის სიამაყე გაცამტვერდა. კართაგენის გაბატონებული წრეები ხსნას მხოლოდ ზავში ხედავდნენ, მათი აზრით ეს იყო ერთადერთი რეალური გზა რომელსაც ქალაქის გადარჩენა შეეძლო.
როდესაც რომის არმიამ ხმელეთიდან დაიკავა კართაგენის მისადგომები და ახალი ფლოტით გაძლიერებული სციპიონი ზღვიდანაც მიადგა ქალაქს კართაგენის ხელისუფლებამ საბოლოოდ გადაწყვიტა ყოველგვარ დათმობაზე წასულიყო, შეადგინა ელჩობა და წარგზავნეს სციპიონთან, ზავის დადება და ომის დამთავრება სციპიონსაც ეჩქარებოდა, მან იცოდა, რომ კართაგენის აღება ადვილი საქმე არ იყო, ალყა აუცილებლად გაჭიანურდებოდა რაც მის ავტორიტეტზე უარყოფით გავლენას მოახდენდა, თუ ბრძოლა გაგრძელდებოდა მოსალოდნელი იყო აფრიკაში სხვა მთავარსარდალი გამოეგზავნათ, რაც სციპიონს პირველობის გვირგვინს ჩამოართმევდა, მის გამარჯვებას სხვა მიითვისებდა, ეს იყო ერთერთი მიზეზი რამაც სციპიონის მხრიდანაც დააჩქარა ზავის დადება.
ძალღონეგამოცლილ კართაგენს სციპიონმა უმძიმესი პირობები შესთავაზა, ხელშეკრულების თანახმად ქალაქი თითქმის ერთიანად ჩანაგდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჩანდა.
საზაო პირობებით ქალაქი დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, მაგრამ რჩებოდა მხოლოდ აფრიკულ სახელმწიფოდ, ვალდებული იყო რომისათვის დაებრუნებინა ყველა სამხედრო ტყვე, მონა და გაქცეული მოღალატე, გამარჯვებულისთვის უნდა გადაეცა მთელი საზღვაო ფლოტი, იტოვებდა მხოლოდ ათ გემს, უნდა მიეცა სპილოებიც და ეკრძალებოდა საომარ სპილოთა წვრთნა, უფლება ერთმეოდა აფრიკაში და აფრიკის გარეთ რომის ნებართვის გარეშე ეწარმოებინა საომარი მოქმედება. კართაგენს მასინისასათვის უნდა დაებრუნებინა წართმეული საკუთრება და დაედო მასთან ხელშეკრულება.
ვიდრე რომის სენატი ზავის პირობებს დაამტკიცებდა, რომის არმია მოემარაგებინა სურსათით, კონტრიბუციის სახით რომისათვის გადაეხადა 10000 ტალანტი, სციპიონის არჩევით გადაეცა 14-30 წლის ასაკის 100 მძევალი.
ელჩებმა მშვიდად მოისმინეს რომაელი სარდლის გადაწყვეტილება და კართაგენში დაბრუნდნენ, ასეთმა მძიმე საზაო პირობებმა აღაშფოთა კართაგენის მოქალაქენი, წარჩინებულთა ერთი ნაწილი ზავის უარყოფას და ბრძოლის გაგრძელებას მოითხოვდა, ისინი ანგარიშს არ უწევდნენ იმას, რომ საამისოდ ქალაქს არავითარი შესაძლებლობა არ გააჩნდა.
ჰანიბალი ამ დროს კართაგენში იყო, მას კარგად ესმოდა, რომ ზავი აუცილებელი იყო, რომ კართაგენს უნდა აღედგინა ხანგრძლივი ომით მიყენებული ჭრილობები, ამიტომაც იგი ყველას მოუწოდებდა ზავის მომხრეთათვის დაეჭირათ მხარი, ანტიკურ ავტორებს საინტერესო ეპიზოდი აქვთ აღწერილი.
ზავის საკითხი კართაგენის სახალხო კრებაზე ირჩეოდა, სიტუაცია მძიმე და გაურკვეველი იყო, ამ დროს სიტყვა აიღო ომის გაგრძელების მომხრე ჰისგონმა, მან ისედაც აღელვებულ ხალხს იარაღისა და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლისაკენ მოუწოდა, ჰანიბალმა ვერ მოითმინა ჰისგონის წინდაუხედაობა, საშინლად გაბრაზდა, მიეჭრა მას და ტრიბუნიდან ხელის კვრით ჩამოაგდო. ჰანიბალის ასეთი მოქმედება იმდენად უცხო იყო დემოკრატიული სახალხო კრებისათვის, რომ დამსწრეთა საერთო უკმაყოფილება გამოიწვია. ჰანიბალი იმწამსვე მიხვდა თავის შეცდომას და მორიდებით ბოდიში მოიხადა თანამოქალაქეთა წინაშე. თავისი აღელვებისა და უდანაშაულობის დასაფარავად სახალხო კრებას გამოუცხადა, 9 წლის წავედი სამშობლოდან, დავბრუნდი 45 წლისა, ბავშვობიდანვე ჩემი მდგომარეობა მაიძულებდა შემესწავლა სამხედრო ხელოვნება, ვფიქრობ კარგადაც შევისწავლე, მაგრამ როგორც ხედავთ ქალაქისა და სახალხო კრების წესების ცოდნაში მოვიკოჭლებ და ეს თქვენ უნდა მასწავლოთ. მობოდიშების შემდეგ მან ბრწყინვალედ დაახასიათა კართაგენის მდგომარეობა და დაუმტკიცა თანამოქალაქეებს რამდენადაც ზავი მძიმეა იმდენად აუცილებელიაო, კართაგენის სენატმა მისი წინადადება ყველაზე ბრძნულად მიიჩნია და შეთავაზებულ საზაო პირობებს დათანხმდა.
სასწრაფოდ შედგა ახალი ელჩობა და რომში გაიგზავნა, რომელსაც ჰასდრუბალ ჰედუსი მეთაურობდა ანუ თიკანი.
ის თავიდანვე მშვიდობის მომხრე იყო და ბარკას პარტიის წინააღმდეგ იბრძოდა, ამდენად მისი გაგზავნა ყველაზე საიმედო იყო კართაგენის ხელისუფლებისათვის. იგი საჭიროების შემთხვევაში არ მოერიდებოდა ბარკიდების აუგად მოხსენიებას და რომს გადაუშლიდა იმ შინაგან წინააღმდეგობას რასაც კართაგენის გაბატონებულ წრეებში ჰქონდა ადგილი I პუნიკური ომის შემდეგ.
კართაგენის ელჩობას რომში უნდობლად შეხვდნენ, მიუხედავად ამისა საქმეს მსვლელობა მაინც მიეცა და საკითხი დადებითად გადაწყდა, მაგრამ როდესაც ფიცის დადების ჟამი დადგა რომის ერთერთმა სენატორმა გაბრაზებულმა დაუყვირა კართაგენის ელჩებს: „ახლა რომელ ღმერთებსღა მოუხმობთ შეთანხმების მოწმედ, თქვენ ხომ მოატყუეთ ყველანი რომელნიც წინა შეთანხმებას ესწრებოდნენ“. ჰასდრუბალ ჰედუსი არ დაბნეულა და სენატორს უპასუხა: „მოვუხმობთ იმ ღმერთებს რომლებიც ასე მკაცრად სჯიან ხელშეკრულებათა დამრღვევებს“.
201 წელს რომსა და კართაგენს შორის ზავი დაიდო, რომაელთა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კართაგენი შეუდგა დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებას, ხანგრძლივი ომით გამოფიტული მოსახლეობა დიდი გაჭირვებით აგროვებდა ფულს, ქალაქში საყოველთაო გლოვა და მწუხარება სუფევდა, ჰანიბალი ამშვიდებდა და ანუგეშებდა იმედდაკარგულ მოქალაქეებს, ყველაფერს აკეთებდა მათ გასამხნევებლად, მისი აზრით ეს იყო ნთავარი და არა ხარკის გადახდა, საჭირო იყო წონასწორობის შენარჩუნება, კართაგენისათვის მეტად მძიმე დღეებში ჰანიბალი გაცინებულიც კი უნახავთ, ეს იმდენად მოულოდნელი ყოფილა, რომ ანტიკური ავტორები სპეციალურად ჩერდებიან ამ ფაქტზე.
თურმე ჰასდრუბალ ჰედუსს რომ ეს დაუნახავს გაუკიცხავს ამ საერთო გლოვის დროს რა გაცინებსო, ჰანიბალს უპასუხია: „ადამიანის სულის დანახვა რომ შეიძლებოდეს ისე როგორც სახე ჩანს გაიგებდით ჩემი სიცილის მიზეზია არა მხიარულება არამედ უბედურება რაც კართაგენმა განიცადა, ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ისე შეუსაბამო როგორც თქვენი უაზრო ცრემლები, როდესაც ჩვენ იარაღი ჩამოგვართვეს, დაგვიწვეს გემები და აგვიკრძალეს საგარეო ომები სამწუხარო და სატირალი მაშინ გვქონდა, ჩვენი ურთიერთშეუთანხმებლობა მტერმა კარგად გამოიყენა, ამ გათიშულობამ დაგვღუპა კიდეც, არავითარი საფუძველი არა გვაქვს ვირწმუნოთ, რომ თითქოს რომაელები ზავის დადებით ჩვენდამი კეთილად განეწყვნენ, ზავი მათთვისაც საჭირო იყო და აუცილებელი. არც ერთ დიდ სახელმწიფოს უმოქმედოდ დარჩენა არ შეუძლია, თუ მტერი არა ჰყავს მაშინ მას სახლში ნახულობს, ძლიერი სხეული როცა მას გარეგანი გამღიზიანებელი არა ჰყავს დუნდება, ეშვება და საკუთარი სიმძიმისაგან ეცემა. საზოგადოებრივი უბედურებისადმი ჩვენ მგრძნობიარენი ვართ იმდენად რამდენადაც ეს ეხება კერძო ინტერესებს და არაფერი ისე არ გვაღელვებს როგორც ფულის დაკარგვა, ამის გამო როდესაც დამარცხებული კართაგენი აფრიკის მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ტომთა შორის უიარაღოდ დატოვეს არავინ ქვითინებდა, ახლა კი როცა საქმეა გასაკეთებელი დამსხდარხართ და ტირით რაც საფლავს უთხრის სახელმწიფოს, ახლა საქმეა საჭირო და არა ცრემლები“.
ჰანიბალი ცდილობდა პირადი მაგალითით გაემხნევებინა თანამოქალაქენი, იგი კვლავ ბარკიდული პარტიის მეთაურად დარჩა, მოსახლეობაც იმედით შეჰყურებდა სარდალს. სამაგიეროდ მისი ავტორიტეტი მოსვენებას უკარგავდა კართაგენის ოლიგარქიას, მისი ყოველი ნაბიჯი აღიზიანებდა ანტიბარკიდულ პარტიას. ჰანიბალის გზიდან ჩამოსაშორებლად ეს პარტია საკუთარ ძალებს არასაკმარისად თვლიდა და თავისი ქვეყნის დაუძინებელ მტერს რომს სთხოვდა დახმარებას.
რომიც სიამოვნებით ერეოდა კართაგენის საშინაო საქმეებში და თავისი შეხედულებისამებრ აწესრიგებდა.
რომის სენატისათვის ცნობილი იყო ჰანიბალის თითქმის ყოველი ნაბიჯი, ვინაიდან ანტიჰანიბალური ოპოზიცია სისტემატურად ატყობინებდა რომს კართაგენის ამბებს. კართაგენი განაგრძობდა თავის მღელვარე ცხოვრებას. ძლევამოსილი სციპიონი კი მანამდე არნახული ნადავლით დაბრუნდა რომში, გამარჯვების შესაფერისი ტრიუმფიც გადაიხადა, მთელი იტალია აღფრთოვანებული ხვდებოდა მძლეთამძლე სარდალს, რომაელებმა ჰანიბალის დამმარცხებელ პუბლიუს კორნელიუს სციპიონს აფრიკელი უწოდეს.
ჰანიბალი აღმოსავლეთში. აღსასრული.
კართაგენი დამარცხდა, ბოლო მოეღო თექვსმეტწლიან სისხლისღვრას (218–202 წ). ერთ დროს მდიდარი ქალაქი II პუნიკური ომის დროს რომის კონტროლს დამორჩილებულ სახელმწიფოდ იქცა, ზავის თანახმად კართაგენი მხოლოდ აფრიკულ სახელმწიფოდ რჩებოდა, მაგრამ მას აფრიკაში სამოქმედოდაც შეკვეცილი ჰქონდა ფრთები, რომის დაუკითხავად და ნებადაურთავად მას 1 ნაბიჯის გადადგმაც არ შეეძლო. ამით სარგებლობდა რომაელთა მხარდაჭერით წაქეზებული ნუმიდიის მეფე მასინისა და ხშირი თავდასხმებით აოხრებდა კართაგენის სამფლობელოებს.
ასეთ მძიმე მდგომარეობას ცხადია ვერ შეურიგდებოდა ჰანიბალი, რომელიც ახალი ნახტომისათვის ემზადებოდა. თუ ბარკიდული პარტიის თავდაპირველი გეგმა იბერიის ანტირომაულ კოალიციაში ჩართვას ვარაუდობდა, ახლა ეს გეგმა შეიცვალა, ჰანიბალმა მთავარი ყურადღება აღმოსავლეთზე, კერძოდ სირიაზე გადაიტანა.
სირიის მხარდაჭერის იმედით ის ბრძოლის ახალი გეგმის შემუშავებას შეუდგა, იგი 1 წუთითაც არავის უხილავს მოსვენებული და იმედდაკარგული. მუდამ საქმით იყო გართული, ვერ იტანდა სიმშვიდეს და ამბობდა: „სახელმწიფო თვლემს, მისი გამოფხიზლება მხოლოდ იარაღის ჟღარუნს შეუძლიაო“.
რომიც უთვალთვალებდა მას. საზავო ხელშეკრულების დადებისთანავე გამარჯვებულის კატეგორიული მოთხოვნით სარდალი სამხედრო საქმეს ჩამოშორდა, მაგრამ მისი სამოქალაქო საქმიანობა არანაკლებ საჭირო იყო კართაგენის სასიცოცხლო ინტერესებისათვის. ჰანიბალის აზრით ჯერ ფინანსურად უნდა მომაგრებულიყო ქვეყანა და მხოლოდ შემდეგ ეფიქრათ რომისთვის ანგარიშის გასწორებაზე.
მაგრამ კართაგენში მმართველობის ეს სფერო მთლიანად მოწინააღმდეგე პარტიის ხელში იყო, რომელიც ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა ძალაუფლების შენარჩუნებას.
იმდროინდელ კართაგენში ოლიგარქიის იარაღს 104-ს საბჭო წარმოადგენდა. საბჭოს წევრები ქვეყანაში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად შეუცვლელნი იყვნენ რაც მის ძალას და გავლენას კიდევ უფრო ზრდიდა, ამიტომ საჭირო იყო ამ საბჭოზე იერიშის მიტანა.
ჰანიბალს თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო საშუალება არ ჰქონდა რაიმე გადამჭრელი ზომები მიეღო, მაგრამ მისმა ენერგიულმა მოქმედებამ მალე ამ დაბრკოლების გადალახვის საშუალებაც მისცა.
გადიოდა დრო, ჰანიბალმა კარგად გამოიყენა მოსახლეობაში თავისი ავტორიტეტი, მართალია სახელმწიფო საქმეებს ჩამოცილებული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა მთელი რიგი ორიგინალური წინადადებების გამო დღის წესრიგში მისი კვლავ აღზევების საკითხი დადგა, შედეგსაც არ დაუგვიანებია, 196 წ კართაგენის სახალხო კრებამ ის სუფეტის თანამდებობაზე აირჩია. დიდმა სარდალმა, რომელმაც სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლის ველზე გაატარა ნიჭი და უნარი საშინაო საკითხების მოგვარებაშიც გამოამჟღავნა, მან ოლიგარქიასთან ბრძოლის ახალი გეგმა შეადგინა, მისი პირველი ღონისძიება იყო 104-ს საბჭოზე შეტევა, ჯერ დაიბარა ქვესტორი, რათა მისთვის ანგარიში მოეთხოვა, მაგრამ იმის გამო რომ ქვესტორი მოწინააღმდეგე პარტიას ეკუთვნოდა სუფეტთან არ გამოცხადდა, გაბრაზებულმა ჰანიბალმა შეიპყრო იგი და ისე მოაყვანინა სახალხო კრებაზე, წაუყენა მას მრავალი ბრალდება და სათანადოდ დასაჯა. შემდეგ ჰანიბალი თავს დაესხა 104-ს საბჭოს და მოსამართლეთა მთელი შემადგენლობა დაადანაშაულა: „თქვენმა ქედმაღლობამ განაპირობა სახელმწიფოს სრული უღონობაო“. მან სახალხო კრებაზე დაყრდნობით წამოაყენა კანონპროექტი, რომლის თანახმად მოსამართლეთა არჩევა უნდა მომხდარიყო ყოველწლიურად. ერთი და იგივე პიროვნება არ შეიძლებოდა ორი წელი ზედიზედ ყოფილიყო არჩეული, კართაგენის მოსახლეობამ რომელსაც მობეზრებული ჰქონდა მოსამართლეთა თვითნებობა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ჰანიბალს, სამაგიეროდ წარჩინებულთა დიდი ნაწილი აუმხედრდა.
კართაგენის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც ფინანსური საკითხების მოგვარებას ჰქონდა. ჰანიბალის რეფორმამდე საზოგადოებრივი შემოსავლის დიდი ნაწილი გაუფრთხილებლობით და უკონტროლობით უმიზნოდ იფლანგებოდა, თანამდებობის პირნი იტაცებდნენ, ამის გამო კართაგენი ყოველწლიურად გაჭირვებით იხდიდა კონტრიბუციას, თუ ასე გაგრძელდებოდა მოსალოდნელი იყო კერძო პირებისთვის გადასახადის გადიდება, ეს კი მოქალაქეებში უკმაყოფილებას გაზრდიდა. ამ საკითხის მოსაგვარებლად ჰანიბალმა საფუძვლიანად შეისწავლა რამდენს შეადგენდა კართაგენის ყოველწლიური შემოსავალი, რამდენი იხარჯებოდა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის და რამდენს ითვისებდნენ თანამდებობის პირები. მან ზუსტად დაადგინა რამდენი ჰქონდათ მითვისებული მედროვეებს, შეიმუშავა საქმიანი გადაწყვეტილება და სახელმწიფო ქონების დამტაცებლები სახალხო კრებას წარუდგინა. სუფეტი მოითხოვდა თავნება მოხელეებს ფული უკანვე დაებრუნებინათ, მან სახალხო კრება დაარწმუნა სახელმწიფოს აქვს იმდენი შემოსავალი რომ კონტრიბუცია გადაიხადოსო, კრებამ სუფეტს ერთპიროვნულად დაუჭირა მხარი, ჰანიბალმა სიტყვა საქმედ აქცია,ამ გზით ხაზინაში საკმაო რაოდენობით შემოვიდა თანხა. ის პირები რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონებას იტაცებდნენ და პასუხს არავის წინაშე აგებდნენ სუფეტის ამ ღონისძიებას ისე განიცდიდნენ თითქოს პირადი საკუთრება დაკარგესო. ჰანიბალმა მტკიცედ აიღო ხელთ მმართველობის სადავეები და თავის კონტროლს დაუქვემდებარა და დაუმორჩილა ყველა მაგისტრატი, თითქმის ყველაფერი სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ გაბატომებული ოლიგარქია პოზიციებს არ თმობდა, ანტიჰანიბალური მოძრაობა გაიზარდა, გაბატონებული ზედაფენა შეუდგა შეთქმულებისათვის მზადებას, მას მხოლოდ რომის დახმარების იმედი ჰქონდა, რომი აღუდგენდა ადრინდელ უფლებებს, ხოლო სუფეტს საბოლოოდ ჩამოაშორებდა გზიდან.
ჰანიბალის პოლიტიკით უკმაყოფილონი მაცნეს მაცნეზე გზავნიდნენ რომში საგანგაშო ცნობებით ჰანიბალს საიდუმლო ურთიერთობა აქვს სირიის მეფე ანტიოქესთან, გზავნის ელჩებს აზიაში და იქიდანაც ჩამოდიან ფარულად წარმომადგენლებიო. რომის სენატი საკმაო ყოყმანის შემდეგ დათანხმდა კართაგენში გაეგზავნა მისია, რომელსაც უნდა დაეზუსტებინა ჰანიბალის საქმიანობა. რომის წარმომადგენლები გამოცხადდნენ კართაგენში, ჰანიბალის მტრებმა რომის ელჩები დაარიგეს როდესაც კართაგენში ჩავიდოდნენ და მისვლის მიზეზს ჰკითხავდნენ ეპასუხათ კართაგენსა და ნუმიდიას შორის არსებული უთანხმოების მოსაწესრიგებლად გამოგვგზავნესო. ელჩები ასეც მოიქცნენ, მოსახლეობას ოდნავადაც არ შეპარვია ეჭვი მათი სიტყვების სინამდვილეში.
ჰანიბალი კი მაშინვე მიხვდა მოწინააღმდეგე პარტიისა და რომის სენატის განზრახვას, იგი კარგად გრძნობდა რომ ელჩობას ნუმიდიის საკითხის მოგვარება არ აინტერესებდა, იგი სუფეტის პოლიტიკით უკმაყოფილო სულმდაბალ კართაგენელებს ჰყავდათ მოწვეული. საფრთხე კარზე იყო მომდგარი, ჰანიბალმა დაასკვნა, რომ კართაგენი მისთვის საიმედო თავშესაფარი აღარ იყო, საფრთხეს აუცილებლად უნდა გასცლოდა. მართლაც გამოჩდნენ თუ არა რომაელები კართაგენში ჰანიბალი გასაქცევად მზადებას შეუდგა, მაგრამ ისე, რომ ეჭვი არავის აეღო, მან ყველაფერი წინასწარ განსაზღვრა, სასწრაფოდ შეადგინა სამშობლოს დატოვების გეგმა. კართაგენიდან წასვლის დღეს რომ არავინ დაეჭვებულიყო მთელი დღე ქალაქის მოედანზე გაატარა საზოგადოებრივ საქმიანობაში. რომაელებს ყურადღებასაც არ აქცევდა, არც კართაგენელები და რომაელები დაეჭვებულან, არავის მოსვლია აზრად თუ ჰანიბალი მტერს განზრახვას მიუხვდებოდა, მაგრამ დიდ სარდალს ყველაფერი კარგად ჰქონდა გათვალისწინებული.
დაღამებისას ჰანიბალი უგზოუკვლოდ გაჰქრა, მას ქალაქის კარიბჭესთან ელოდებოდნენ ერთგული ადამიანები, არც მათ იცოდნენ მისი ჩანაფიქრი.
ჰანიბალი სწრაფად მოახტა ცხენს და მივიდა თავის ციხე-სიმაგრეში ქ. ტაპსთან, აქვე გამოცხადდა ყოველმხრივ აღჭურვილი ხომალდი, ჰანიბალი რამდენიმე თანამგზავრით ავიდა გემზე და გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო.
ანტიკური ავტორების მოწმობით იგი ამ დროს საკუთარ თავზე როდი ფიქრობდა, მისი ფიქრი მიწაზე გართხმულ სამშობლოს დასტრიალებდა, რომელსაც შინაური თუ გარეშე მტრები უმოწყალოდ უღებდნენ ბოლოს.
ზღვაში გასული გემი პატარა კუნძულისაკენ გაეშურა, ნავსადგურში ჰანიბალს რამდენიმე კართაგენული სავაჭრო გემი შეხვდა, ამის გამო იძულებული გახდა კუნძულზე გადასულიყო, მოსახლეობა აღფრთოვანებით შეეგება სახელგანთქმულ სარდალს, ჰანიბალს ეშინოდა კართაგენელი ვაჭრების და თავისი თანამგზავრები დაარიგა თუ ვინმე მგზავრობის მიზეზს შეეკითხებოდა ეპასუხათ დიპლომატიური მისიით მიემგზავრება ქ. ტვიროსშიო.
კუნძულზე დიდხანს დარჩენაც არ შეიძლებოდა, იგი ახლოს იყო ტაპსთან და ჰადრუმენტუმთან და თუ რომელიმე გემი აფრიკაში მიიტანდა ჰანიბალის ადგილსამყოფელის ამბავს მდევარს შეეძლო ლტოლვილი უკან დაებრუნებინა.
ჰანიბალი კუნძულიდან უხიფათოდ წასვლის ასეთ გზას დაადგა, თანამგზავრებს უბრძანა მსხვერპლშეწირვისათვის მომზადებულიყვნენ, ცერემონიაზე მიიპატიჟა კართაგენის ხომალდების ყველა ეკიპაჟი, მონადიმენი რომ მცხუნვარე მზეს არ შეეწუხებინათ სთხოვა გემებიდან იალქნები აეხსნათ და ნაპირზე გაეჭიმათ, კართაგენელი ვაჭრები სიამოვნებით დათანხმდნენ, ნადიმი გვიან ღამემდე გაგრძელდა, შუაღამისას ჰანიბალმა თავისი თანამგზავრები აჰყარა, ჩასვა გემში და შეუმჩნევლად დატოვა კუნძული, მისი გემი თვალს მიეფარა.
მთვრალ კართაგენელებს ღრმად ეძინათ, მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს რომ ჰანიბალი წასულიყო, მაგრამ ვერ მიმხვდარიყვნენ ასე რატომ მოიქცა.
სანამ ვაჭრები სამშობლოში ჰანიბალთან შეხვედრის ამბავს მიიტანდნენ კართაგენის მოსახლეობა ღელავდა და შფოთავდა, სარდლის გაუჩინარება ყველას აოცებდა. კეთილისმყოფელები დამწუხრებულები ეძებდნენ, ქალაქში ხმები დადიოდა ჰანიბალი რომაელებმა მოკლესო, ხოლო იმათ რომლებიც ჰანიბალს კარგად იცნობდნენ ეჭვიც არ ეპარებოდათ რომ იგი გაქცეული იყო. მათი ვარაუდი დაადასტურეს კიდეც კართაგენელმა ვაჭრებმა, რომლებმაც მოქალაქეებს აუწყეს ჰანიბალი ტვიროსისკენ მიმავალი ვნახეთო, ყველაფერი ნათელი გახდა, წინდახედულმა სარდალმა მოხერხებულად დააღწია თავი მოსალოდნელ საფრთხეს და აღმოსავლეთს მიაშურა.
რომის ელჩებისათვის მოულოდნელი იყო ჰანიბალის ასე სწრაფი გაუჩინარება, მათ ჰანიბალი დაუსჯელი გადაურჩა, უფრო მეტიც, დიდი კართაგენელის აღმოსავლეთში გაქცევა რომს ახალი საფრთხით ემუქრებოდა.
ელჩობამ გადაწყვიტა ჰანიბალისთვის უკან დასახევი გზა მოესპო, ისარგებლა კართაგენელთა მორჩილებით და სენატს ასეთი სიტყვებით მიმართა: „რომაელები დარწმუნებული არიან, რომ ადრე მაკედონელთა მეფე ფილიპე საომრად ჰანიბალმა აღძრა. შემდეგაც მსგავსადვე იქცეოდა სირიის მეფე ანტიოქესთან და ეტოლიელებთან დაკავშირებით, აგზავნიდა მათთან ელჩებსა და წერილებს. ამჟამად სურს ახალი ომის წამოწყება, ამ მიზმით გაემგზავრა იგი აღმოსავლეთში. ჰანიბალი მანამ არ დამშვიდდება ვიდრე დედამიწის ყველა კუთხეში ომის ხანძარს არ დაანთებს, მისი ასეთი მოქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს თუ კართაგენის სენატს სურს დააკმაყოფილოს რომაელი ხალხის ყველა მოთხოვნა, თუ ასე მოიქცევა დაამტკიცებს რასაც მათ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ყველაფერი მათი ნების გარეშე ხდებოდა“.
კართაგენის სენატმა ჰანიბალის წინააღმდეგ წამოწყებული ყველა მოთხოვნა უსიტყვოდ დააკმაყოფილა, კერძოდ ჰანიბალი სამშობლოდან გაძევებულად გამოაცხადა, მისი მამული აღწერა, ხოლო სახლი მიწასთან გაასწორა, სასწრაფოდ გაგზავნა მდევარი, რომ ლტოლვილი უკანვე დაებრუნებინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჰანიბალმა დაუბრკოლებლად მიაღწია ფინიკიის ქ. ტვიროსს.
ტვიროსმა სახელგანთქმული შთამომავალი პატივითა და დიდებით მიიღო. მშობლიური ქალაქიდან გაძევებული რამდენიმე დღეს დარჩა მეორე სამშობლოში, უფრო დიდხანს დაყოვნება მას არავითარ სარგებლობას არ მოუტანდა, უბრალოდ დროს დაკარგავდა, იგი სირიაში გაემგზავრა, გამოცხადდა მეფე ანტიოქესთან და თავისი სამსახური შესთავაზა.
ანტიოქემ სიამოვნებით მიიღო ღვთაებრივი საჩუქარი სახელოვანი სარდალი. ყინული დაიძრა, აფრიკა და სელევკიდური აღმოსავლეთი გაერთიანდნენ რომის წინააღმდეგ. ხანგრძლივი თათბირის შემდეგ ანტიოქესა და ჰანიბალს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის ძირითადი პუნქტი რომთან ომის გაგრძელება იყო. ანტიოქე რომთან ომის დაწყებას ვერ ბედავდა, თუმცა ადრე ამის მრავალი მიზეზი ჰქონდა. ვერ გადაეწყვიტა რა გზას დადგომოდა. ჰანიბალის აზიაში გადასვლამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი მის ყოყმანს, ჰანიბალს საკუთარი მიზნები და ამოცანები ამოძრავებდა, მას დადებული ფიცი 1 წუთითაც არ დავიწყებია, ანტიოქეს მხარდაჭერით დაიმედებულმა რომთან ბრძოლის ახალი გეგმა შეადგინა და მეფეს წარუდგინა.
გეგმის თანახმად აუცილებელი იყო ბრძოლის ველის კვლავ იტალიაში გადატანა, ჰანიბალი არწმუნებდა ანტიოქეს, რომ ეს იყო ყველაზე რეალური გზა რომის დასაჩოქებლად. იგი მოაგონებდა ანტიოქეს, რომაელ ხალხს ვერავინ შეედრება იტალიის გარეთ ბრძოლაში, ამიტომ არ უნდა მივცეთ რომაელებს საშუალება ბრძოლის ასპარეზი სხვა ქვეყანაში გადაიტანონო.
ჰანიბალი შეუდგა ანტირომაული კოალიციის შექმნას, მასში სირიასთან ერთად უნდა ჩაბმულიყო აზიის ყველა ელინისტური სამეფო, დიდ როლს აკისრებდა იგი ბალკანეთსა და კართაგენს.
კართაგენის მხარდაჭერის იმედი მას ყველაზე მეტად ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო სარდლის ადრინდელი მდგომარეობის აღდგენა, ეს კი მას საკმაოდ ძნელად მიაჩნდა, მთელი ხელისუფლება კართაგენში მოწინააღმდეგე პარტიის ხელში იყო.
კართაგენის ანტიჰანიბალური პარტიის გასანადგურებლად ჰანიბალმა ანტიოქეს სთხოვა 100 გემი, 10000 ქვეითი და 1000 მხედარი, ამ ძალებით იგი აპირებდა აფრიკაში დაბრუნებას, ოპოზიციის განადგურებას და ახალი ომის დაწყებას.
როდესაც იგი ამ ნაბიჯს გადადგამდა სირიის მეფეს საბერძნეთი უნდა დაეკავებინა და იტალიაზე თავდასხმის მუდმივი საშიშროებით რომის ხელისუფლება აეძულებინა მისთვის ყურადღება არ მოეშორებინა, ამასობაში ჰანიბალი კართაგენიდან შეიჭრებოდა აპენინის ნკ-ზე და მრავალგზის ნაცადი ხერხებით აიძულებდა რომაელებს კვლავ საკუთარი სამშობლოს დაცვაზე ეფიქრათ, ასე ესახებოდა ჰანიბალს მომავლის გეგმები რა თქმა უნდა თუ ანტიოქე აუბამდა მხარს.
ვიდრე კართაგენს საქმეში ჩართავდა საჭირო იყო კართაგენელთა გაფრთხილება რომ ჰანიბალის გამოჩენას მომზადებული შეხვედროდნენ, წერილის გაგზავნა არ შეიძლებოდა, შეიძლებოდა ბარათი მოწინააღმდეგეებს ჩავარდნოდათ ხელში და საიდუმლო გახმაურებულიყო, უნდა მოენახა ისეთი ვინმე რომელიც სარდლის განზრახვას კართაგენის ბარკიდულ პარტიას შეატყობინებდა, საპასუხისმგებლო მისიის შესრულება სანდო პირისთვის უნდა დაევალებინა რათა მოსალოდნელი ჩავარდნის შემთხვევაში ის საიდუმლო მასთან ერთად ჩასულიყო საფლავში. ამ მიზნით მან ეფესოში მოძებნა ერთი ტვიროსელი სახელად არისტონე, შეამოწმა იგი და როცა მის მოხერხებულობასა და სიმტკიცეში დარწმუნდა გაგზავნა კართაგენში.
ჰანიბალმა ტვიროსელ ელჩს დაუსახელა კართაგენის ის მოქალაქენი რომლებსაც აუცილებლად უნდა დაკავშირებოდა და გადაეცა მათთვის სარდლის განზრახვა. არისტონე გამოცხადდა კართაგენში, მტრებმაც და მოკეთეებმაც თითქმის ერთდროულად გაიგეს მისი მოსვლა, განსაზღვრეს კიდეც ის მიზნები რისთვისაც უნდა ყოფილიყო იგი გამოგზავნილი, ჰანიბალის მტრები აღელვებულნი აცხადებდნენ გაძევებული ჰანიბალი სახელმწიფოს არ ასვენებს, ახალი ჩანაფიქრით ცდილობს მოქალაქეების აფორიაქებასო, გამოგვეცხადა ვიღაც ტვიროსელი არისტონე, რომელიც ჰანიბალისა და ანტიოქეს დავალებით ჰანიბალის მომხრეებთან ყოველდღიურად აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას, გაბოროტებულმა მტრებმა სენატში წინადადება წამოაყენეს სასწრაფოდ დაებარებინათ არისტონე, გამოერკვიათ რისთვის მოვიდა კართაგენში და თუ საიდუმლოს არ გასცემდა რომში გაეგზავნათ.
არისტონე დაიბარეს, ისიც გამოცხადდა და როცა ბრალდებანი წაუუყენეს შეუდგა თავის დაცვას, აცხადებდა არავისგან არავითარი წერილი არ მქონია და არც გადამიციაო, ამის მიუხედავად მან სენატის აზრით დამაკმაყოფილებლად ვერ ახსნა რა იყო კართაგენში მისი მოსვლის მიზანი. სენატისათვის აშკარა იყო ბარკიდულ პარტიასთან მისი ურთიერთობა, დაიწყო კამათი როგორ მოქცეოდნენ ჰანიბალის ელჩს, სენატორთა ნაწილი მის დაუყოვნებლივ შეპყრობას მოითხოვდა, ნაწილი უფრო წინ იხედებოდა და აცხადებდა რომ არ ღირდა ასეთ უმნიშვნელო რამეზე განგაშის ატეხა, მათი აზრით მოსაწონი არ იქნებოდა უცხოელი სტუმრის შეპყრობა, თავიანთ მოსაზრებას ისინი იმითაც ასაბუთებდნენ, რომ არავითარი ხელშესახები ფაქტი მის წინააღმდეგ არ გააჩნდათ. თუ სტუმარს უკანონოდ დასჯიდნენ ეს კართაგენის ავტორიტეტს შელახავდა, მერე კი ასევე მოექცეოდნენ კართაგენელებს ტვიროსსა და სხვა სავაჭრო ქალაქებში, კამათი გადაიდო, აქ გამოჩნდა არისტონეს მოხერხებულობა, მან ბარათი დაწერა და ყველაზე ხალხმრავალ ადგილას გააკრა, მერე კი საიდუმლოდ მიაღწია ნავსადგურამდე, ფარულად ჩაჯდა გემში და სასწრაფოდ გაეცალა კართაგენს.
მეორე დილით ნახეს წერილი, რომელიც ასეთი შინაარსისა იყო, არისტონეს დავალებული ჰქონდა ურთიერთობა დაემყარებინა არა რომელიმე კერძო პირთან არამედ ყველა სენატორთან, ამგვარი ცნობის შემდეგ კართაგენის სენატმა ჰანიბალთან კავშირში ეჭვმიტანილ მოქალაქეებზე ბრალის დადება უსაფუძვლოდ მიიჩნია და საქმის გამოძიება ამით დამთავრდა.
არისტონიკე სირიაში დაბრუნდა, მის ელჩობას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, ჰანიბალმა ვერ შეძლო სამშობლოსთან კავშირის დამყარება. ანტიოქეც ჰანიბალის გეგმას ეჭვით უყურებდა, მეფეს იტალიაში შეჭრა მეტისმეტად გაბედულად და ამასთანავე უიმედოდ ეჩვენებოდა, მისი ინტერესები საბერძნეთს არ სცილდებოდა, ბალკანეთზედაც უამრავი მიზეზი არსებობდა რომისა და სირიის დასაპირისპირებლად.
რომი საბერძნეთს განმათავისუფლებლის ლოზუნგით მოევლინა, მაგრამ მალე გამომჟღავნდა, რომ ეს თავისუფლება არ იყო სრულყოფილი. ელინთა მოთხოვნა ოდნავადაც ვერ იქნა დაკმაყოფილებული, ბერძნები მალე დარწმუნდნენ რომ ახალი მბრძანებლები მაკედონელებისაგან არაფრით განსხვავდებოდნენ, განხეთქილების ვაშლის როლი საბერძნეთმა შეასრულა 192 წელს რომის პოლიტიკით განაწყენებულმა ეტოლიელებმა დახმარება სთხოვეს ანტიოქეს, მეფეც სასწრაფოდ გადავიდა ევროპაში. მის საბერძნეთში გადასვლას მდგომარეობა არ შეუცვლია, მნიშვნელოვანი შეტაკება ელადაში არ მომხდარა, რომაელებს არც უცდიათ ბრძოლის გამართვა ბალკანეთზე, მათ საბერძნეთის ნაცვლად ლაშქარი სირიაში გაგზავნეს, არმიის სათავეში ლუციუს სციპიონი იდგა, რომლის ლეგატადაც იმყოფებოდა მისი ძმა სახელგანთქმული პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი, II პუნიკური ომის გმირი.
რომაულმა დიპლომატიამ ომის ასპარეზი აზიაში გადაიტანა, ანტიოქე რასაც ერიდებოდა იმის მსხვერპლი გახდა, მაგრამ უკან დახევა აღარ შეიძლებოდა. საბერძნეთში გადასვლამდე მან საკმაო სამზადისი ჩაატარა, ეს კარგად დაინახეს რომაელმა ელჩებმა, რომლებიც ომის დაწყებამდე გამოცხადდნენ აზიაში, მათ ისიც შეამჩნიეს რომ მეფე ეტოლიელების მიმართ დიდ თანაგრძნობას ამჟღავნებდა. ანტიოქეს გააქტიურების მიზეზი რომისათვის უკვე საიდუმლო აღარ იყო, ჰანიბალი აგულიანებდა. რომაელთა აზრით სანამ ლტოლვილი კართაგენელი ანტიოქესთან იქნებოდა სირიასთან მდგომარეობა არასდროს გამოსწორდებოდა, ამიტომ საჭირო იყო განხეთქილება ჩამოეგდოთ მეფესა და ჰანიბალს შორის, განსაკუთრებული ინტერესით ეკითხებოდნენ ანტიოქეს ჰანიბალის ამბავს რასაც მათი აზრით ანტიოქეს დაეჭვება უნდა გამოეწვია, გადმოცემის თანახმად რომაელები ხშირად ხვდებოდნენ ჰანიბალს, მერე ეს ამბავი თვითონ რომაელებს მიჰქონდათ სირიის მეფესთან რაც ჰანიბალისადმი უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებდა.
ისტორიკოსი ლივიუსი როცა იგი სირიაში რომაული ელჩობის ანტიჰანიბალურ საქმიანობაზე ლაპარაკობს ამბობს, რომ ერთერთ ელჩობაში სციპიონ აფრიკელიც შედიოდა, ჰანიბალი ამ დროს ეფესოში იმყოფებოდა, სციპიონი ესწრაფვოდა მასთან შეხვედრას, რადგან ეს კართაგენელ ლტოლვილს მეფის თვალში ნდობას დაუკარგავდა, შეხვედრა მართლაც მომხდარა და ჰანიბალს და სციპიონს შორის ასეთი საუბარი გამართულა: „ვის თვლი პირველ სარდლად?“ - ეკითხება სციპიონი. – „ალექსანდრე მაკედონელს, იგი მცირე ძალებით ანადგურებდა მრავალრიცხოვან ურდოებს და გაიარა სივრცენი სამყაროს კიდემდე, რაც მანამდე წარმოუდგენელი რამ იყო“. „შემდეგი ვინაა“? - მიმართავს სციპიონი. „პიროსი - უპასუხებს ჰანიბალი, მან პირველმა შემოიღო ბანაკის მოწყობა, არავინ საქმის ისეთი ცოდნით არ ირჩევდა ადგილს და არ აწყობდა არმიას, არავის შეეძლო ადამიანთა განწყობა თავის სასარგებლოდ ისე როგორც მას“. – „მესამე?“ ჰანიბალი არც დაფიქრებულა, მესამე ადგილზე თავისი თავი დაასახელა. სციპიონს გაეცინა და ჰკითხა: - „მაშინ რაღას იტყოდი მე რომ დაგემარცხებინე“. – „მაშინ ჩემს თავს დავაყენებდი ალექსანდრეზე, პიროსზე და დანარჩენ სარდლებზე მაღლაო“ - უპასუხა ჰანიბალმა.
რომაულმა დიპლომატიამ თავისი საქმე გააკეთა. ანტიოქე დაეჭვდა ჰანიბალის გულწრფელობაში, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ლტოლვილი იძულებული გახდა მეფის წინაშე წარმდგარიყო და თავი ემართლებინა, დაემტკიცებინა რომისადმი შეურიგებლობა, მაგრამ ნახა, რომ მეფეზე მისი სიტყვები არავითარ გავლენას არ ახდენდა, მაშინ თავისი სიტყვა ასე დაამთავრა: „იმ დროს, როცა მამაჩემი იბერიაში გადასასვლელად ემზადებოდა 9 წლისა ვიყავი, წასვლის წინ როცა მამაჩემმა მსხვერპლშეწირვა შეასრულა მეც იქ ვიდექი და ვუყურებდი როგორ ასრულებდა ჰამილკარი ცერემონიას. როცა ყველაფერი დამთავრდა მამამ დამსწრეთ უბრძანა გასცლოდნენ, მე კი დამიძახა და სიყვარულით მკითხა მსურდა თუ არა მასთან ერთად ლაშქრობაში წასვლა, მე ბავშვური სიხარულით განვუცხადე თანხმობა და ვთხოვე წავეყვანე, მაშინ მამამ მომკიდა ხელი, მიმიყვანა სამსხვერპლოსთან, მიბრძანა შევხებოდი მსხვერპლს და შემეფიცა, რომ არასოდეს ვიმეგობრებდი რომაელებთან, მუდამ მათი მტერი ვიქნებოდი, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ იტყობინებიან ანტიკური ავტორები ანტიოქეს ეჭვები გაფანტვია და ჰანიბალისათვის უშიშროების სრული გარანტია მიუცია, თავის მხრივ ჰანიბალმაც სთხოვა რომ ენდოს მშვიდად, ჩათვალოს მოკავშირედ.
ჰანიბალის ფიცის ანტიკური ტრადიცია მაინცდამაინც ლოგიკური ვერ არის, ანტიოქე ძალიან უსუსურად გამოიყურება როცა თითქმის ბავშვურ მსჯელობას დიდ ნდობას უცხადებს, მაგრამ ეს ისე როგორც ჰანიბალისა და რომაელების ურთიერთობის ამსახველი მრავალი მომენტი შემდეგი დროის ჩანამატად უნდა მივიჩნიოთ, რითაც რომაული ორიენტაციის მწერლებს სურდათ ხაზგასმით აღენიშნათ კართაგენელი სარდლის რომისადმი სიძულვილი.
ამრიგად რომაელებმა საბოლოოდ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს, ჰანიბალი და ანტიოქე კვლავ მოკავშირეებად დარჩნენ, ანტიოქე ჰანიბალის გულწრფელობასა და სიმართლეში ამის შემდეგ აღარ დაეჭვებულა. მაგრამ მოვლენათა განვითარება ისე წარიმართა, რომ ლტოლვილ სარდალს აღარც სირიაში დაედგომებოდა და ბედისწერა მას ყოველთვის ხმალამოწვდილი დასდევდა.
რომაელების აზიაში გადასვლამ ანტიოქე აიძულა საბერძნეთი დაეტოვებინა და უმეთვალყურეოდ დატოვებული თავისი სამფლობელოს დაცვაზე ეფიქრა, სირიის არმია ორჯერ აღემატებოდა რომისას, გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 190 წელს მაგნეზიასთან. ანტიოქეს სარდლობამ უყურადღებოდ დატოვა ჰანიბალის საქმიანი შეგონებანი, არ გამოიყენა რომაელებთან ბრძოლის ასეთი დიდი სპეციალისტის აზრი, ლაშქარი საკუთარი გეგმით გამოიყვანა და ამან რომაელთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ანტიოქე სასტიკად დამარცხდა, მისი უზარმაზარი არმია თითქმის განადგურდა, იძულებული იყო ზავი ეთხოვა. ხელშეკრულება გაფორმდა 188 წ ქ. აპამეაში. საზავო პირობები ლუციუს სციპიონმა განსაზღვრა, ერთერთი პუნქტის თანახმად ანტიოქეს ჰანიბალი რომისათვის უნდა გადაეცა.
ბრძოლა დამთავრდა თუ არა ლტოლვილი სარდალი ზავის გაფორმებას არ დალოდებია, იცოდა რასაც მოითხოვდნენ რომაელები და ვინაიდან ისიც კარგად უწყოდა მშიშარა ანტიოქე მას არ დაიცავდა რომაელთა მოთხოვნამდე მალულად მიატოვა სირია და გაიქცა.
ის გადავიდა კუნძულ კრეტაზე და ქალაქ გორტინში დაისადგურა, რომ მშვიდად მოეფიქრებინა რომელ ქვეყანაში მოეძებნა თავშესაფარი. მართალია სამშობლოდან ლტოლვილი ჰანიბალი კარდაკარ დაეხეტებოდა, მაგრამ საწყალობელი არაფერი ჭირდა.
იგი თან დაატარებდა უზარმაზარ სიმდიდრესა და ფულს, რომლის დაცვა და შენახვა საკმაო საფრთხეს უქმნიდა. განსაკუთრებით სარისკო იყო ამ სიმდიდრით კრეტაზე მისვლა, რაიმე უნდა ეღონა რომ ანგარების მოყვარული გორტინელები გაეცურებინა, მან ასეთ ხერხს მიმართა, უამრავი ჭურჭელი გაავსო ტყვიით, თავზე თხელ ფენად მოაყარა ოქრო და ვერცხლი, მოუხმო ქალაქის წარჩინებულებს და მათი თანდასწრებით საიმედოობის მიზნით ოქრო-ვერცხლი არტემიდას ტაძარს მიაბარა, თანაც მოქალაქეთა თანდასწრებით განაცხადა, რომ მთელს ჩემს სიმდიდრეს თქვენს პატიოსნებას ვანდობო, სინამდვილეში მთელი თავისი სიმდიდრე ჰანიბალს ბრინჯაოს ქანდაკებებში ჰქონდა შენახული, რომ არავინ დაეჭვებულიყო ქანდაკებები თითქმის უყურადღებოდ იყო მიმოფანტული სახლის წინ სადაც ცხოვრობდა.
გორტინელები ტაძრისადმი დიდ ზრუნვას იჩენდნენ, იცავდნენ მას არა იმდენად სხვებისაგან არამედ ჰანიბალისაგან რომ მოულოდნელად არ წაეღო თავისი სიმდიდრე, ჰანიბალმა კარგად აწონ-დაწონა მოქმედების მომავალი გეგმა, კრეტაზე დარჩენა საშიში იყო, მას უფრო საიმედო თავშესაფარი სჭირდებოდა, მართლაც ერთ მშვენიერ დღეს იგი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მთელი თავისი ავლა-დიდებით საიდუმლოდ გაეცალა კრეტას, ამჟამად მისი არჩევანი ბითინიაზე შეჩერდა.
ჰანიბალი გამოცხადდა ბითინიის მეფე პრუსიასთან და რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლის ადრე შემუშავებული გეგმა გადაუშალა. პრუსია სიამოვნებით დაეთანხმა, მაგრამ ჰანიბალი კარგად ხედავდა, რომ იმ მიზნის განსახორციელებლად რაც მას ჰქონდა დასახული ბითინიის ძალები საკმარისი არ იყო, სწრაფად შეუდგა მეზობელ მეფეთა და მეომარ ხალხთა მიმხრობას, პრუსია ანტიოქეზე სუსტი მეფე იყო და ჰანიბალი ადვილად ითანხმებდა.
დაიწყო ჰანიბალის აქტიური სამზადისი ახალი კოალიციისათვის, რომელშიც მთავარ როლს ბითინია თავისი სისუსტის გამო ვერ შეასრულებდა, მაგრამ ახალ მზადებას მრავალმა წვრილმა სამთავრომ დაუჭირა მხარი და ეს აიმედებდა.
ჰანიბალის პოლიტიკას მტკიცედ აღუდგა წინ პერგამოსის მეფე ევმენი, რომელიც რომაელთა დიდ მეგობრად ითვლებოდა. ევმენმა მაგნეზიასთან ბრძოლაში თვალსაჩინო სამსახური გაუწია რომს და ახლაც ადრინდელ პოზიციაზე იდგა. პერგამოსთან ბრძოლა გარდაუვალი შეიქმნა, საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო ევმენის პოზიციის საკითხი, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საკითხი იყო, რადგან პერგამოსის ძალები ბითინიისას საგრძნობლად აღემატებოდა. მიუხედავად ამისა პრუსიამ ომი გამოუცხადა პერგამოსს, ბრძოლა გაიმართა როგორც ხმელეთზე ისე ზღვაზე. ევმენმა რომაელთა დახმარებით გაანადგურა ბითინიელები, რასაც ომის დამთავრება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ჰანიბალი არ ისვენებდა, მისი ღრმა რწმენით ბითინია ვერასოდეს გაუმკლავდებოდა პერგამოსს მხოლოდ იმ ძალებით რაც მას გააჩნდა, სარდალმა კარგად შეაფასა ორივე ქვეყნის შესაძლებლობა და ასეთი დასკვნა გამოიტანა, სამხედრო ვერაგობის გამოუყენებლად ბითინიის არმიას ნაბიჯის გადადგმის საშუალებასაც არ მისცემდნენ პერგამოსელები.
ჰანიბალი კვლავ შეუდგა მზადებას, დაიწყო ხომალდების აგება და განახლება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მის მიერ ისეთი იარაღის გამოყენება რომლის მსგავსი ადრე არც ერთ სარდალს არ გამოუყენებია. საომარ სამზადისში მყოფმა სარდალმა ბითინიელ მეომრებს უბრძანა დაეჭირათ შხამიანი გველები, ჩაესვათ თიხის დოქებში და შეენახათ, მეომრებმა ქვეწარმავალთა საკმაოდ სოლიდური რაოდენობა შეაგროვეს.
დაამთავრა თუ არა ჰანიბალმა სამზადისი კვლავ შეუტია პერგამოსს, კრიტიკული მომენტი მოახლოვდა, ბედი გაშლილ ზღვაში შეტაკებას უნდა გადაეწყვიტა, ჰანიბალმა დაავალა ბითინიელ ზღვაოსნებს ყველანი პერგამოსის მეფის ევმენის გემს დასხმოდნენ, ის ვინც თავს გამოიჩენდა სარდალი დიდ საჩუქარს ჰპირდებოდა, ოღონდ წინასწარ საჭირო იყო მეფის გემის გამოცნობა, ჰანიბალმა ესეც ადვილად შესძლო, როდესაც საბრძოლო ხაზი განეწყო და ყველანი ბრძოლის დაწყების ნიშანს ელოდნენ მან თავისი რიგებიდან გამოჰყო ნავი და პერგამოსის ფლოტის მიმართულებით გაუშვა, ნავი მიუახლოვდა ევმენის გემს, მაცნემ აუწყა პერგამოსელებს, რომ აქვს წერილი რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს მეფეს, პერგამოსელებმა სიამოვნებით მიასწავლეს თუ რომელი იყო ევმენის გემი, ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ბარათში ზავის თხოვნა იქნებოდა, მაცნემ გადასცა წერილი მეფეს მაგრამ ევმენი ფრიად გაოცდა როცა წერილში დაცინვის მეტი ვერაფერი აღმოაჩინა.
ნავის მოძრაობას ჰანიბალი ყურადღებით უთვალთვალებდა, მან უკვე იცოდა ევმენის ადგილსამყოფელი. დაიწყო ბრძოლა, წინასწარი გაფრთხილების თანახმად ბითინიელები ევმენის გემს მივარდნენ, მეფემ ვერ გაუძლო თავდასხმას და იძულებული გახდა ბრძოლის ველს გასცლოდა, ამის მიუხედავად პერგამოსის ძლიერმა ფლოტმა საგრძნობლად შეავიწროვა ბითინიელები, დაიწყო ჰანიბალის მეომართა უკანდახევა. ამ დროს მთავარსარდალმა ბრძანება გასცა მოწინააღმდეგის ხომალდებისათვის გველებით სავსე თიხის დოქები დაეშინათ. პერგამოსელებმა ჯერ ვერ გაიგეს რას მოასწავებდა ბითინიელთა ასეთი მოქმედება, მაგრამ როცა დაინახეს გემბანზე შხამიანი გველები დასრიალებდნენ ყველანი შიშმა მოიცვა.
პერგამოსის ფლოტში არევ-დარევა დაიწყო, ბითინიის ფლოტი კი გააქტიურდა. ევმენის მეომრები ერთდროულად მახვილთან და გველებთან ბრძოლას ჩვეულნი არ იყვნენ და პანიკური შიშით შეპყრობილნი ანგარიშმიუცემლად ცვიოდნენ ზღვაში. ფლოტმა ბრძოლის ველს ზურგი აჩვენა, ჰანიბალმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
ძლიერი პერგამოსის დამარცხება ყველასათვის მოულოდნელი იყო, რომაელები მიხვდნენ ბრძოლაში პრუსიას ხელი არ ერია, არც გასჭირვებიათ გამოცნობა ვინ იყო ბითინიის წარმატების სული და გული. ყველა ერთხმად ჰანიბალს მიაწერდა ახალი სამხედრო ხერხის გამოყენებას.
ამას დაემატა უფრო ზუსტი ცნობებიც რომში ბითინიის ელჩობის ერთმა წევრმა ყოფილი კონსულის ფლამინიუსის ოჯახში გამართულ ნადიმზე განაცხადა ჰანიბალი თავს პრუსიასთან აფარებსო.
ფლამინიუსმა ეს ამბავი მეორე დღესვე მოახსენა სენატს. სენატში ამ ამბის გაგებამ ცხარე კამათი გამოიწვია, აღელვებული რომაელები აცხადებდნენ ვიდრე ჰანიბალი ცოცხალია რომში სიმშვიდე არ იქნებაო.
სენატმა გადაწყვიტა ლტოლვილი კართაგენელი საბოლოოდ ჩამოეცილებინა გზიდან, სასწრაფოდ შეადგინეს ელჩობა და გაგზავნეს ბითინიაში.
ფლამინიუსის მეთაურობით ელჩობა გამოცხადდა პრუსიასთან და მეფეს სენატის მკაცრი გადაწყვეტილება წარუდგინა დაუყოვნებლივ გადაეცა რომაელებისათვის ჰანიბალი თუ თავის სამეფოში სიმშვიდე სურდა. აზიის ყველა მეფეზე უბადრუკმა პრუსიამ ფლამინიუსის წინადადებაზე უარი ვერ თქვა, მაგრამ განაცხადა დაჟინებით ნუ მოითხოვენ შებღალოს სტუმარ-მასპინძლობის სიწმინდე, ჰანიბალი თვითონ შეიპყრონ, ხოლო ადგილს თუ სად იმყოფება იგი ბითინიაში ადვილად მიაგნებენ.
პრუსიას სიტყვები გამართლდა, რომაელებს ჰანიბალის ადგილსამყოფელის მიკვლევა არ გასძნელებიათ. ლტოლვილი კართაგენელი პრუსიას ნაჩუქარ კოშკში ცხოვრობდა, კოშკი მას საგულდაგულოდ ჰქონდა გამაგრებული, მრავალი საიდუმლო გასასვლელიც გაუკეთა რომ საშიშროების შემთხვევაში სამშვიდობოს უვნებლად გაეღწია, მაგრამ მისი წინდახედულება ამ შემთხვევაში არ გამართლდა.
რომაელები ყოველი მხრიდან შემოადგნენ კოშკს და ყველა გასასვლელი ჩაკეტეს, მცველმა შენიშნა თუ არა სეჭვო მდგომარეობა მაშინვე სარდალს მოახსენა კოშკის გარშემო შეიარაღებული მეომრები დგანანო, ჰანიბალმა უბრძანა სასწრაფოდ შეემოწმებინა ციხე-კოშკის ყველა საიდუმლო გვირაბი და ენახა იდგნენ თუ არა უცნობი მეომრები. ამასთანავე შედგომოდნენ გასაქცევად მზადებას, მაგრამ ხელქვეითებმა მალევე მოახსენეს ყველა გასასვლელი მტკიცედ არის ჩაკეტილიო.
ჰანიბალისათვის ყველაფერი ნათელი გახდა, იგი დარწმუნდა რომაელებმა საბოლოოდ მიაკვლიეს მის თავშესაფარს და მოალყენიც რომაელები იყვნენ, იგი ხაფანგში იყო მომწყვდეული, კოშკიდან გაღწევაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. ჰანიბალს არც უცდია ალყიდან გასვლა, იგი თავის სიცოცხლეში პირველად შეურიგდა ბედს, ყოველთვის მებრძოლმა პირველად თქვა უარი ბრძოლის გაგრძელებაზე, ბედისწერამ ბითინიის მიუვალ კოშკში გამომწყვდეულს მოუსწრო და ისიც იძულებული გახდა მოულოდნელ განაჩენს დამორჩილებოდა.
ჰანიბალი უკვე აღარ ჰგავდა იმ გამძვინვარებულ ლომს რომელიც 15 წელი წვავდა და აოხრებდა იტალიას, საბოლოოდ ჩაჰქრა ის ცეცხლი რომელიც 15 წელი შიშის ზარს სცემდა ყველა რომაელს.
განსაცდელში მყოფმა წინასწარ განსაზღვრა ტყვეობის სიმძიმე, გაითვალისწინა შეურაცყოფა და მთელი სისასტიკე რაც ელოდა თუ რომაელები ხელთ ჩაიგდებდნენ და სასოწარკვეთილმა გადაწყვიტა ანგარიში საკუთარ სიცოცხლესთან თვითონ გაესწორებინა, მახვილის ნაცვლად ხსნა საწამლავს მიანდო და 182 წელს წუთისოფელს გამოესალმა 65 წლის ასაკში.
ჰამილკარ ბარკას უფროსმა შვილმა ღირსეულად დაიცვა ბავშვობაში ნელკასტის ტაძარში დადებული ფიცი. ძველი სამყაროს უდიდესი სარდალი სამშობლოდან გადახვეწილი უთვისტომოდ გარდაიცვალა უცხო მხარეში.
Комментариев нет:
Отправить комментарий