გურჯი მეჰმედ ფაშა წარმოშობით პირველი ქართველია, რომელიც ოსმალეთის დიდი ვეზირი გახდა. იგი ბავშვობაში დაუტყვევებიათ და ოსმალეთში მონად გაუყიდიათ. სულეიმან I-ის (1520-1566) მეფობის ბოლო წლებში, როდესაც დიდი ვეზირი სემიზ ალი ფაშა (1561-1565) გახდა, მან თავისი თეთრი საჭურისი მონა გურჯი ჰადიმ მეჰმედი სულთნის სასახლეში მიიყვანა, სადაც იგი სხვადასხვა სამსახურს ასრულებდა, შემდეგ კაფი აღად დაინიშნა და სულთნის სასახლის თეთრკანიან საჭურისთა უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა სულთნის სასახლის გამგებლობა და ამასთან დაკავშირებული საქმეების სულთნისათვის მოხსენება, აუდიენციაზე სულთანთან უცხო სახელმწიფოთა ელჩებისა და წარმომადგენლების წარდგენა, სახელმწიფოში მოგზაურობის დროს ფადიშაჰებისა და უფლისწულის თანხლება და სხვ.
იმ დროს, როდესაც ჰადიმ მეჰმედი სულთნის სასახლეში მსახურობდა, ოსმალების მიერ დატყვევებული სიმონ I ქართლის მეფე სტამბოლში ჩაიყვანეს და იედიკულეს ციხეში მოათავსეს (1600 წ.). სიმონ I-ის დატყვევებისა და იედიკულეს ციხეში მოთავსების შემდეგ მისმა შვილმა გიორგი X-მ სტამბოლში დელეგაცია გაგზავნა სიმონის ტყვეობიდან განთავისუფლების მიზნით. საფიქრებელია, რომ ქართველები დაუკავშირდნენ გურჯი მეჰმედ ფაშას, რომელსაც, როგორც ზევით აღვნიშნეთ, უშუალოდ ევალებოდა უცხო სახელმწიფოების დელეგაციების მიღების ორგანიზაცია და მათი სულთნისათვის წარდგენა. ცხადია, ქართველები ამ საქმეში გურჯი მეჰმედ ფაშას დახმარებას თხოვდნენ. საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ 1603 წელს ირანმა ოსმალეთის წინაამდეგ ომი დაიწყო და სიმონ მეფის ტყვეობიდან განთავისუფლება ჩაიშალა, რადგან ქართლ-კახეთის მეფეები ირანის მოკავშირეებად გამოდიოდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ომში.
1603
წლის დეკემბერში ტახტზე ავიდა აჰმედ I (1603-1617). მის დროს განსაკუთრებით სწრაფად წინაურდება გურჯი მეჰმედი. აჰმედის გამეფების ორი კვირის შემდეგ, 1604 წლის 4 იანვარს იგი ჰასოდაბაშად დაინიშნა. ჰასოდაბაში სულთნის სასახლის მსახურთა უხუცესი იყო და მას ემორჩილებოდა სასახლის მთელი მომსახურე პერსონალი, რომელსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ სულთანთან. ამ თანამდებობაზე მყოფი მოხელე სულთნის ერთ-ერთ უახლოეს პიროვნებად ითვლებოდა. რვა თვის შემდეგ, 1604 წლის აგვისტო-სექტემბერში მას სულთნის უავგუსტოესის დივანის მესამე ვეზირის წოდება მიენიჭა. 1604 წლის 22 სექტემბერს გურჯი მეჰმედ ფაშა ეგვიპტის ვალად დანიშნეს. იგი ეგვიპტეში ჩავიდა, თავისი წინამორბედი ჰაჯი იბრაჰიმ ფაშა, რომელმაც აჯანყება მოაწყო, დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა. ეგვიპტეში წესრიგი დაამყარა და ხაზინის საქმეებიც მოაგვარა. 1605 წლის მაისს-ივნისში იგი ეგვიპტის ვალის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და სტამბოლში დააბრუნეს.
1606
წლის 25 მაისს გურჯი მეჰმედ ფაშა გახდა რუმელიის ვალი; იმავე წელს ბოსნიის ბეგლარბეგად დანიშნეს და ბელგრადისა და დუნაისპირეთის სანახების დაცვა დაავალეს 1016 წელს (1607); გადაყენებულ იქნა 1017 წელს (1608-1609) და მას დამასკოს ვალის თანამდებობა ეკავა.
1609
წლის 11 მაისს, როდესაც დიდმა ვეზირმა მურად ფაშამ სტამბოლი დატოვა და ირანის წინააღმდეგ სალაშქროდ გაემგზავრა, გურჯი მეჰმედ ფაშას პირველად დაევალა დიდი ვეზირის მოვალეობის შესრულება (კაიმაკამობა).
მურად ფაშას სიკვდილის შემდეგ (1611 წ.) დიდ ვეზირად დაინიშნა ნასუჰ ფაშა და მისი ლაშქრობიდან სტამბოლში დაბრუნებამდე, დიდი ვეზირის მოვალეობას კვლავ გურჯი მეჰმედ ფაშა ასრულებდა და 1021 წ. (1612-1613) ერზურუმის ვალის თანამდებობა მიიღო. შემდგომ კუბეშანი გახდა, მესამე ვეზირობა ებოძა და დედაქალაქში იმყოფებოდა.
1612
წლის 20 ნოემბერს სტამბოლში ოსმალეთსა და ირანს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ ამ ზავის დადებაში გარკვეული წვლილი მიუძღოდა ქართველ დიპლომატ ქალს გულჩარა ბაგრატიონს.
ირანთან ზავის დადების შემდეგ, სულთანი ედირნეში გაემგზავრა, ხოლო გურჯი მეჰმედ ფაშა 1613 წლის 25 ნოემბერს სტამბოლის კაიმაკამად დაინიშნა. ოსმალეთთან ზავის დადების შემდეგ, 1613 წლის ოქტომბერში შაჰ-აბასი საქართველოს წინააღმდეგ გამოემართა. ქართლ-კახეთის მეფეები მტერს მოუმზადებელი შეხვდნენ და იძულებული შეიქმნენ იმერეთში გაქცეულიყვნენ. აქედან მათ სტამბოლში ელჩები გაგზავნეს და სულთანს საქართველოზე თავდასხმა შეატყობინეს.
საფიქრებელია, რომ სტამბოლში ჩასული ქართველები დახმარებისათვის გურჯი მეჰმედ ფაშას მიმართავდნენ. მართალია, ჩვენ ამის დამადასტურებელი რაიმე საბუთი არ მოგვეპოვება, მაგრამ შემდგომი მოვლენათა სვლა ამის სასარგებლოდ მეტყველებს. სტამბოლში ჩასულმა ქართველებმა სულთანს სრული ინფორმაცია მიაწოდეს შაჰის საქართველოში ლაშქრობასთან დაკავშირებით და დახმარება სთხოვეს.
ოსმალეთმა ირანს 1612 წლის ზავის პირობების დარღვევა დააბრალა. აღსანიშნავია, რომ ოსმალო ისტორიკოსები ზავის დარღვევის ერთ-ერთ მიზეზად შაჰის საქართველოში ლაშქრობას ასახელებენ.
ოსმალეთის დიდი ვეზირი ნასუჰ ფაშა გადააყენეს და სიკვდილით დასაჯეს. სულთანმა გადაწყვიტა ირანის წინააღმდეგ ომი დაეწყო. 1615 წლის 22 მაისს ოსმალეთის დიდმა ვეზირმა ოქუზ მეჰმედ ფაშამ სტამბოლი დატოვა და ირანის წინააღმდეგ სალაშქროდ გაემგზავრა, ხოლო მეორედ დიდი ვეზირის მოვალეობის შესრულება კვლავ დაევალა გურჯი მეჰმედ ფაშას.
ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ომში წარმატებას ვერ მიაღწია. სულთან აჰმედ I-ის სიკვდილის (1617 წ. ნოემბერი) შემდეგ ოსმალეთის სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის დაიწყო ბრძოლა სახელმწიფოში თავიანთი სასურველი კანდიდატის გამეფებისათვის. 1617-1623 წლებში რამდენჯერმე მოხდა სასახლის კარის გადატრიალება, ამ ხნის განმავლობაში სულთანი ოთხჯერ შეიცვალა.
ოსმალეთის საშინაო და საგარეო მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია ცალკეულ ფეოდალურ ჯგუფებს შორის ბრძოლის გამწვავება. სწორედ ეს იყო მიზეზი სასახლის გადატრიალებებისა. ოსმალეთის სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულება იყო იენიჩარების კორპუსის ბრძოლისუნარიანობისა და დისციპლინის კატასტროფული დაქვეითება. ერთმანეთის საწინააღმდეგო დაჯგუფებანი ძალაუფლებისათვის ბრძოლაში რეგულარულად იყენებდნენ იენიჩართა მისწრაფებებს – განემტკიცებინათ თავიანთი პრივილეგიური მდგომარეობა, უბიძგებდნენ რა ამბოხებისაკენ არასასურველი სულთნების, დიდი ვეზირებისა ან ცალკეული დიდმოხელის ჩამოგდება-გადაყენებისაკენ.
ერთ-ერთმა დაჯგუფებამ, რომელთაც იენიჩარები უჭერდნენ მხარს, მოითხოვა, რომ ტახტი გადაცემოდა მეჰმედ III-ის (1595-1603) ვაჟს მუსტაფას, რომელიც გონებასუსტი იყო. მათ თავისი გაიტანეს და მუსტაფა I გაამეფეს. ამ დაჯგუფების ფარფაში დიდხანს არ გაგრძელდა. მუსტაფა I-მა სამ თვესა და ათ დღეს იმეფა. იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და 1618 წლის 26 თებერვალს აჰმედ I-ის უფროსი ვაჟი ოსმან II (1618-1622) გაამეფეს. ოსმანი საკმაოდ ენერგიული იყო და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.
ოსმან II-მ გადაწყვიტა პოლონეთის წინააღმდეგ ომი დაეწყო და მისი წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში, აემაღლებინა თავისი ავტორიტეტი. მას იმედი ჰქონდა, რომ პოლონეთთან ომში დიდ წარმატებებს მიაღწევდა და ამიტომ თვითონ ჩაუდგა სათავეში ოსმალეთის ლაშქარს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის წინააღმდეგ ლაშქრობის დროს ოსმან II-ის ამალაში იმყოფებოდა გურჯი მეჰმედ ფაშა და სულთნის ხაზინის საქმეებს განაგებდა.
1621
წლის სექტემბრის დამდეგს ოსმალეთის ლაშქარი მდ.დნესტრის ნაპირებს მიადგა და ციხე-ქალაქ ხოტინის წინ დაბანაკდა. თითქმის მთელი თვის განმავლობაში ხოტინისათვის მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები, მიუხედავად არა ერთი იერიშისა, ოსმალებმა ვერ შესძლეს ხოტინის აღება. სულთანი იძულებული იყო ალყა მოეხსნა და პოლონეთს დაზავებოდა.
1622
წლის 25 იანვარს ოსმან II სტამბოლში დაბრუნდა. სულთანი განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო იენიჩარებითა და დაქირავებული სიფაჰიებით. დაბრუნებისთანავე მან გასცა ბრძანება მრავალი იენიჩარისა და სიფაჰიებისათვის ხელფასი დაეკავებინათ და რეესტრებიდან ამოერიცხათ. მათი დაბალი ბრძოლისუნარიანობისა და უდისციპლინობის გამო, მან ვერ შესძლო პოლონელებზე ერთი გამარჯვების მოპოვებაც კი.
ოსმან II-მ, დაახლოებული პირების რჩევით, გადაწყვიტა შეეცვალა იენიჩართა კორპუსი ახალი სამხედრო შენაერთით. ამ მიზნით ანატოლიაში გლეხების ოჯახებიდან უნდა შეედგინათ რეკრუტი და დაეკომპლექტებინათ ახალი სამხედრო შენაერთი.
ოსმან II ემზადებოდა სტამბოლიდან აზიაში გასამგზავრებლად. მას განზრახული ჰქონდა დედაქალაქი დამასკოში ან ალეპოში გადაეტანა. მთელი სიმდიდრე, ოქრო-ვერცხლი, რომელიც სტამბოლში ინახებოდა, შეკრიბა და მოამზადა წასაღებად. ეს გეგმა რომ არ გამხდარიყო ცნობილი, ოსმან II-მ გაავრცელა ხმა, თითქოს იგი მიემგზავრებოდა მექაში მუჰამადის საფლავის მოსანახულებლად. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დროს ოსმან II-მ გურჯი მეჰმედ ფაშა დანიშნა ადრიანოპოლის (ედირნეს)
კომენდანტად.
ოსმანის გეგმების შესახებ შეიტყვეს ფაშებმა, მუფტიმ და სასულიერო წოდების პირებმა. მათ სთხოვეს სულთანს ხელი აეღო თავის განზრახვაზე, მაგრამ ამაოდ. რეაქციულმა დაჯგუფებამ იენიჩარები და დაქირავებული სიფაჰიები აამხედრეს, მუსტაფა I 19 მაისს ხელახლა გაამეფეს, ხოლო ოსმან II ტახტიდან ჩამოაგდეს და მოკლეს.
მდგომარეობა მეტად დაძაბული იყო. სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა ხელისუფლებისათვის. ამის გამოხატულება იყო დიდი ვეზირების ხშირი ცვლა. დაუდ ფაშა, რომელიც ერთ-ერთი მოთავე იყო ამ სახელმწიფო გადატრიალებისა, ამის შემდეგ დიდი ვეზირი გახდა. მან ამ თანამდებობაზე მხოლოდ 26 დღე დაჰყო. იენიჩარებმა იგი გადააყენეს და მისი ადგილი დაიკავა მეორე ჰუსეინ ფაშამ. მან 35 დღე მართა ქვეყანა, ისიც გადააყენეს და დანიშნეს ლეფქელი მუსტაფა ფაშა, რომელმაც დიდი ვეზირის ბეჭედი 27 დღეს ატარა. მალე ისიც აღარ მოისურვეს და 1622 წლის 21 სექტემბერს დიდვეზირად დანიშნეს გურჯი მეჰმედ ფაშა და მას ეს თანამდებობა ეკავა 1623 წ. 5 თებერვლამდე. მას ამ თანამდებობაზე მოღვაწეობა მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა.
სულთან მუსტაფა I-ის მეფობის ხანაში დიდ ვეზირად დანიშნულ პირთაგან ყველაზე ძლიერი და გამოჩენილი პიროვნება გურჯი მეჰმედ ფაშა იყო. სანამ მას ამ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, მას სხვადასხვა საპასუხისმგებლო დიდი თანამდებობები ეკავა, სამჯერ იყო დიდი ვეზირის მოვალეობის შემსრულებელი და ამიტომ მან სახელმწიფო საქმეების წარმოება მშვენივრად იცოდა. დიდ ვეზირად ყოფნისას მან შესძლო ქვეყანაში არსებული კრიზისისა და არეულობის დაძლევა, რაც საწინდარი იყო ქვეყანაში მშვიდობის დამყარებისა და მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის. ცენტრალური ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მოშლილი იყო, ღამღამობით ქურდობები და მკვლელობები ხდებოდა. გურჯი მეჰმედ ფაშამ ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით თანამდებობის პირები და ულემები შეკრიბა და ზომები მიიღო. თვალშისაცემი უწესრიგობა და უდისციპლინობა, მხოლოდ წესრიგის საკითხს როდი ეხებოდა.
სწორედ გურჯი მეჰმედის დროს გამოიძიეს ოსმან II-ის მკვლელობა. გამოძიების შედეგად გამოირკვა, რომ მუსტაფა I არ გაუცია ბრძანება ოსმან II მკვლელობის შესახებ. ეს ჩაიდინა იენიჩართა ასეულმა (ორთა), დაუდ ფაშას მითითებით, იენიჩართა ეს ასეული დაშალეს და შემდგომ აღარ აღუდგენიათ, ხოლო დაუდ ფაშა 1623 წლის 5 იანვარს სიკვდილით დასაჯეს.
სულთან მუსტაფა I-ის გამეფებასა და ოსმან II-ის ტახტიდან ჩამოგდებასა და მის მკვლელობაში გარკვეული წვლილი მიუძღოდა დერვიშ აღას, რომელიც მუსტაფას გამეფების შემდეგ იენიჩართა აღად დანიშნეს. გურჯი მეჰმედ ფაშამ დერვიშ აღა გაანთავისუფლა თანამდებობიდან და მის ადგილზე იენიჩართა უფროსად დანიშნა მუსტაფა აღა.
გურჯი მეჰმედ ფაშამ აგრეთვე მიიღო ზომები ფულის კურსის განმტკიცებისათვის, მაგრამ მძიმე ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში შეუძლებელი იყო რაიმე წარმატების მიღწევა.
გურჯი მეჰედ ფაშამ გადადგა ნაბიჯები დონისა და ზაპოროჟიელი კაზაკების თავდასხმების ასალაგმავად. XVI ს-ის II ნახევრიდან და განსაკუთრებით XVII ს-ის I ნახევარში მნიშვნელოვნად გახშირდა დონისა და ზაპოროჟიელი კაზაკების თავდასხმები. ისინი კარგი მეზღვაურები იყვნენ და თავიანთი ნავებით „ჩაიკებით“ სერავდნენ შავ ზღვას და ძარცვავდნენ ოსმალეთის სავაჭრო ხომალდებს, აღარ კმაყოფილდებოდნენ ზღვაზე მოპოვებული ნადავლით და აწყობდნენ თავდასხმებს ოსმალეთის შავი ზღვის სანაპირო ქალაქებზე – ტრაპიზონზე, სამსუნზე, სინოპსა და თვით სტამბოლზედაც კი. ეს თავდასხმები იმდენად საშიში შეიქმნა, რომ ბოსფორზე კაზაკების გამოჩენამ დიდად შეაშფოთა ოსმალეთის მთავრობა. სულთანმა ბრძანება გასცა ოქროს ყურეში რკინის ჯაჭვი გაებათ და ამით თავი დაეცვათ დედაქალაქზე კაზაკების მოულოდნელი თავდასხმებისაგან.
პოლონეთთან დადებული დროებითი ზავის პირობების მიხედვით, კაზაკებს შავი ზღვის სანაპიროებზე თავდასხმა აკრძალული ჰქონდათ. ოსმალეთის სასახლის კარზე მომხდარი ამბების გამო, კაზაკებმა თავიანთი ხასიათი კვლავ გამოამჟღავნეს. მათი თავდასხმების საპასუხოდ გურჯი მეჰმედ ფაშამ შავი ზღვის ფლოტის სარდალი დამად რეჯებ ფაშა გაგზავნა 600 ბარჟით. ბრძოლაში კაზაკ მეზღვაურების ბარჟების უმეტესობა ჩაძირეს, თურქებმა 18 ბარჟა დააკავეს და 1622 წლის 1 ოქტომბერს სტამბოლში დაბრუნდნენ.
ავად თუ კარგად გურჯი მეჰმედ ფაშას მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას. გურჯი მეჰმედ ფაშას დიდვეზირობის დროს სტამბოლში ჩავიდნენ სხვადასხვა სახელმწიფოების ელჩები, რომლებთანაც მან აქტიური დიპლომატიური ურთიერთობა გააბა.
1622
წლის 8 ოქტომბერს სტამბოლში ჩავიდა ირანის შაჰის ელჩი აღა რიზა ხანი. მან ახალ ფადიშაჰს ტახტზე ასვლა მოულოცა და ძვირფასი საჩუქრები გადასცა. ოსმალო მემატიანე შენიშნავს, რომ ასეთი ძვირფასი საჩუქრებით ოსმალეთში ადრე არავინ ჩამოსულა. საფიქრებელია, რომ შაჰ აბასის ელჩი სტამბოლში დაზვერვის მიზნით იყო ჩასული, რადგან ამ დროს შაჰი ოსმალეთის წინააღმდეგ ომისათვის ემზადებოდა. ცხადია, იგი ეცდებოდა გარკვეულიყო ოსმალეთის შინაპოლიტიკურ მდგომარეობაში.
დაახლოებით ამ დროს უნდა ჩასულიყო თეიმურაზ მეფე სტამბოლში. როგორც ზემოთ ითქვა, ოსმალეთის საშინაო მდგომარეობა მეტად მძიმე იყო და ოსმალეთისაგან რაიმე დახმარების მიღება გამორიცხული იყო. პირიქით, ამ დროს ოსმალეთი დაინტერესებული იყო ირანთან ზავის შენარჩუნებით. ყოველივე ამის გამო, თეიმურაზის ელჩობას რაიმე რეალური შედეგი არ მოჰყვა.
1622
წლის ნოემბერში სტამბოლში ჩავიდა რუსეთის ელჩი. ამ დროს რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა გამწვავებული იყო. საფიქრებელია, რუსეთის ელჩის ერთ-ერთ მიზანს შეადგენდა აემხედრებინა ოსმალეთი პოლონეთის წინააღმდეგ და ჩაეშალა სტამბოლში დაწყებული ოსმალეთ-პოლონეთის მოლაპარაკება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
1622-1623
წლებში სტამბოლში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩი კ. ბრაჟევსკი. მას დავალებული ჰქონდა 1621 წელს პოლონეთსა და ოსმალეთს შორის დადებული დროებითი ზავის შემდეგ ხელმოწერილი ყოფილიყო საბოლოო საზავო ხელშეკრულება. სწორედ გურჯი მეჰმედ ფაშას დიდვეზირობის დროს შემუშავებულ იქნა ამ ხელშეკრულების ძირითადი მუხლები.
ამ მოლაპარაკებაში იგი უშუალოდ მონაწილეობას იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მეტად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, პოლონელი დიპლომატი ძალზე მაღალ შეფასებას აძლევს გურჯი მეჰმედ ფაშას. „საერო აზრით, წერს, – კ. ბრაჟევსკი, – იგი იყო არაჩვეულებრივი ჭკუის ადამიანი“. როგორც ჩანს, გურჯი მეჰმედ ფაშას გარკვეული დიპლომატიური ნიჭი და ალღო გამოუჩნდა უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს.
სასახლის დიდმოხელეების ერთ ნაწილსა და იენიჩარებს არ მოსწონდათ გურჯი მეჰმედ ფაშას მოღვაწეობა, რომლის საქმიანობაც მიმართული იყო ქვეყანაში წესრიგის დამყარებისა და სახელმწიფოს განმტკიცებისაკენ. მათი მოთხოვნით, იგი გადააყენეს დიდი ვეზირის თანამდებობიდან და კუნძულ როდოსზე გაგზავნეს.
მუსტაფა I-ის გარშემო მოკალათებული დაჯგუფებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მეორე ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ დიდმოხელეები, უმაღლესი სასულიერო პირები, ზოგიერთი პროვინციის გამგებელი, დიდად იყვნენ შეშფოთებული სულთნის სასახლის კარზე იენიჩართა გავლენის ზრდით. მართალია, მათ შესძლეს დაეშალათ იენიჩართა ასეული, რომელიც მონაწილეობას იღებდა ოსმან II-ის მკვლელობაში, მაგრამ ამ სასჯელმა იენიჩარებს წესრიგი ვერ შემატა. ამ დაჯგუფებას მიაჩნდა, რომ ქვეყანაში საჭიროა ძლიერი ხელისუფლების დამყარება, რომელსაც უნარი ექნებოდა მკაცრი და გადამჭრელი საშუალებებით შეეჩერებინათ ოსმალეთის სახელმწიფოს დაცემა-დაქვეითების პროცესი. მათ რიცხვს ეკუთვნოდა გურჯი მეჰედ ფაშა.
ამ ჯგუფის ულემებმა მუსტაფა I-ის დედას აცნობეს, რომ მათ განზრახული აქვთ მუსტაფას, შარიათის წესის შესაბამისად, დაუსვან რამდენიმე შეკითხვა: „რა ჰქვია მას“, „ვისი შვილია“, „დღეს რა დღეა“ თუ ამ კითხვებზე პასუხს გასცემს, იგი ჩვენი ფადიშაჰი იქნებაო. სულთნის დედას უთქვამს, „ჩემი შვილი ვერ შესძლებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემასო“.
მეორე დღეს მოიწვიეს დივანის სხდომა. დიდმა ვეზირმა და შეიხულ-ისლამმა მუსტაფას დედას განუცხადეს, რომ შარიათის წესით, მუსტაფა ტახტიდან უნდა გადადგეს. დედამისმა განაცხადა, რომ მისთვის შარიათის წესი კანონია – მხოლოდ თხოვეს მის შვილს შეუნარჩუნონ სიცოცხლე. ამის შემდეგ გადაწყვიტეს ტახტზე აეყვანათ აჰმედ I-ის შვილი მურად IV (1623 წ. 10 სექტემბერი).
მურად IV-ის გამეფების შემდეგ გურჯი მეჰმედ ფაშა სტამბოლში დააბრუნეს და იგი მეორე ვეზირად დანიშნეს. ამ დროს ოსმალეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ერზურუმის გამგებლის აბაზა მეჰმედ ფაშას დამორჩილება. როდესაც ოსმან II ტახტიდან ჩამოაგდეს, აბაზა მეჰმედ ფაშამ განაცხადა, რომ იგი არ ცნობს იმ მთავრობას, რომელმაც იენიჩარებთან ერთად კანონიერი სულთანი ოსმან II მოკლა, ოსმანის მკვლელებზე შურისძიება ოფიციალურად თავს იდვა და დაიწყო აჯანყება ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. აბაზა ფაშამ გაწყვიტა ერზურუმში განლაგებული იენიჩარები. ამასთანვე მან წერილი გაუგზავნა იენიჩარებს და შეუთვალა, რომ „მთლიანად მათი მოსპობა სურს“. აბაზა ფაშამ სასწრაფოდ შეადგინა 30-40 ათასიანი ლაშქარი და ხელთ იგდო სივასი, ყარაჰისარი, ანკარა, ბურსა და სხვა ქალაქები, აჯანყება მოედო აღმოსავლეთ და ცენტრალური ანატოლიის დიდ ნაწილს, აბაზამ ეს რეგიონი თავის კონტროლს დაუქვემდებარა. აღსანიშნავია, რომ აბაზა ფაშა წარმოშობით ასევე ქართველი იყო. ოსმალეთის ცდა, დაემორჩილებინა აბაზა ფაშა, უშედეგოდ დამთავრდა.
როდესაც მურად IV გამეფდა, ჩანს, აბაზა ფაშას სურვილი ჰქონდა სულთნისათვის მორჩილება გამოეცხადებინა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, რომ მას დანაშაულს აპატიებდნენ და ამიტომ განაგრძობდა წინააღმდეგობის გაწევას.
1624
წლის აპრილის დამდეგს ჩერქეზი მეჰმედ ფაშა დიდ ვეზირად დანიშნეს. მას დაევალა აბაზა მეჰმედ ფაშას მორჩილებაში მოყვანა. 1624 წლის 28 მაისს მან დატოვა სტამბოლი და აბაზა ფაშას დასამორჩილებლად გაემგზავრა, ხოლო დიდი ვეზირის მოვალეობის შესრულება ამჯერადაც მესამედ დაევალა გურჯი მეჰმედ ფაშას. ეს თანამდებობა მას ეკავა სიკვდილამდე – 1626 წლის 13 ივლისამდე.
1624
წლის ზაფხულში დონისა და უკრაინის კაზაკებმა კვლავ განაახლეს თავდასხმები შავი ზღვის სანაპიროზე. ასე მაგალითად, 20 ივლისს კაზაკები 150 ჩაიკით თავს დაესხნენ ბოსფორის სრუტესთან მდებარე სოფელ იენიკოის და სასტიკად დაარბიეს იგი. სტამბოლიდან გაგზავნილი ფლოტის დახმარებით, ოსმალებმა ძლივს შესძლეს თავიდან აეცილებინათ მათი დედაქალაქზე თავდასხმა.
საქმე ისაა, რომ სტამბოლი უმთავრესად მარაგდებოდა შავი ზღვის რეგიონიდან შემოტანილი სურსათ-სანოვაგით და კაზაკთა თარეში შავ ზღვაზე აფერხებდა დედაქალაქის პროდუქტებით მომარაგებას. ეს კი აუარესებდა მოსახლეობის მდგომარეობას და იწვევდა ხალხის მასების უკმაყოფილებას.
მეჰმედ ფაშამ ოსმალეთის ფლოტი კაფუდან ფაშას (ფლოტის ადმირალ) რეჯეტ ფაშას სარდლობით გაგზავნა კაზაკების წინააღმდეგ საბრძოლველად. ოსმალეთის ფლოტი თავს დაესხა ჩრდილო-დასავლეთ შავი ზღვის საზღვაო ქალაქებსა და მდინარეების შესართავებს, სადაც თავს აფარებდნენ კაზაკები და დიდი ზარალი მიაყენა მათ.
შაჰ აბასმა ისარგებლა ოსმალეთში შექმნილი მძიმე მდგომარეობით, დაარღვია მასთან დადებული ზავი და მის წინააღმდეგ ომი განაახლა. 1623 წლის 28 ნოემბერს სპარსელებმა ბაღდადი დაიკავეს, ხოლო 1624 წელს მთელი ერაყი და ქურთისტანის ნაწილი. საქართველოში გიორგი სააკაძის მეთაურობით ირანის წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო. 1625 წლის 25 მარტს ქართველებმა მარტყოფის ველზე ყიზილბაშების ლაშქარი ამოჟლიტეს და მათ წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ.
ოსმალეთის დიდ ვეზირს ჰაფიზ ფაშას, რომელიც ამ დროს დიარბექირში იმყოფებოდა და ბაღდადის წინააღმდეგ სალაშქროდ ემზადებოდა, მოურავმა ელჩი გაუგზავნა და ოსმალებს ამიერკავკასიაში ყიზილბაშთა წინააღმდეგ სალაშქროდ მოუწოდა. დიდმა ვეზირმა ჰადიზ ფაშამ ქართველებს განუცხადა, რომ მას სულთნისაგან დავალებული აქვს ბაღდადის დაპყრობა. როდესაც ქართველებმა დიდ ვეზირისაგან გადამჭრელი პასუხი ვერ მიიღეს, მათ გადაწყვიტეს სტამბოლში ჩასულიყვნენ და სულთნისათვის ეთხოვათ დახმარება.
1625
წლის ნოემბერში გიორგი სააკაძის ელჩი სტამბოლში ჩავიდა. თურქული და ევროპული წყაროების ცნობით, ქართველებმა ყიზილბაშთა მოკვეთილი თავები, დროშებთან, იარაღთან ერთად სტამბოლში ჩაიტანეს და სულთანს მიართვეს.
ამ დროს, როგორც ვიცით, სტამბოლში დიდი ვეზირის მოვალეობას ასრულებდა გურჯი მეჰმედ ფაშა, რომელიც მთელი სახელმწიფოს საქმეებს განაგებდა. ცხადია, ქართველები მას მიმართავდნენ დახმარებისათვის. ჩანს, ქართველების თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. ამასთან დაკავშირებით მოიპოვება მურად IV-ის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემული სიგელი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სულთანი დახმარებას პირდებოდა გიორგი სააკაძეს ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. საფიქრებელია, რომ სულთნის ამ დოკუმენტის მომზადება-შედგენაში დიდი წვლილი მიუძღვის გურჯი მეჰმედ ფაშას.
გურჯი მეჰმედ ფაშას მოღვაწეობა არ მოსწონდათ რეაქციულ ძალებს, გან- საკუთრებით იენიჩარებს, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებული ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებით. ამ ძალების წაქეზებით, იენიჩარები აჯანყდნენ და მოითხოვეს გურჯი ფაშას სიკვდილით დასჯა და განახორციელეს კიდეც ეს 1626 წლის 13 ივლისს.
ოსმალო მემატიანე მუსტაფა ნაიმა გურჯი მეჰმედ ფაშას მოღვაწეობას დიდად აფასებდა: „გურჯი მეჰმედ ფაშა, წერს იგი, ბედნიერების დედაქალაქს კაიმაკამობისას დიდხანს სრული დამოუკიდებლობით, სიძლიერითა და დიდებით მართავდა. მან აგრეთვე დიდი მზრუნველობა გამოიჩინა ფულის გამყარების საქმეში.
გურჯი მეჰმედ ფაშას სიკვდილთან დაკავშირებით ორი ცნობა მოიპოვება: პირველის მიხედვით, გურჯი მეჰმედ ფაშა იენიჩარებმა სიკვდილით იმის გამო დასაჯეს, რომ მან დახმარება არ აღმოუჩინა ბაღდადის წინააღმდეგ მიმავალ ოსმალეთის ლაშქარს. ეს ნაკლებად დამაჯერებელი გვეჩვენება. უფრო სწორი უნდა იყოს ვენეციის კონსულის (ბაილოს) ცნობა. მისი გადმოცემით, იენიჩარებს ხელთ ჩაუვარდათ საბუთი, რომლის მიხედვითაც გურჯი მეჰმედ ფაშა აპირებდა იენიჩარების უფლებების შეზღუდვას. ამის გამო იენიჩარები შეიკრიბნენ მეჰმედ ფადიშის მეჩეთის წინ და მოთხოვეს მურად IV გურჯი მეჰმედ ფაშას სიკვდილით დასჯა. სულთანი მერყეობდა, არ უნდოდა 90 წლის მოხუცი ვეზირის სიკვდილით დასჯა, მაგრამ იენიჩარებმა თავისი გაიტანეს.
ოსმალური და ევროპული წყაროები ერთხმად აღიარებენ, რომ გურჯი მეჰმედ ფაშა იყო ჭკვიანი, ღირსეული, ერთგული და მტკიცე ნებისყოფის სახელოვანი ადამიანი. გურჯი მეჰმედ ფაშა მთელი თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე იცავდა სახელმწიფოს ინტერესებს და იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისათვის.
1625 წელს სტამბოლში ჩასულ საქართველოს წარმომადგენლებს, რომლებმაც გურჯი მეჰმედ ფაშას სთხოვეს დახმარება ოსმალთა ძალმომრეობის წინააღმდეგ, იგი დადებითად შეხვდა, რადგან ყიზილბაშების აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ოსმალეთის სულთნის ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა.
მ. სვანიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий