пятница, 18 августа 2017 г.

„საქართველოს მეფის ირაკლის ძე ლევან“

ალექსანდრე ორბელიანი (1802–1869) იყო პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი. ალექსანდრეს დედა თეკლე ბატონიშვილი ერეკლე მეფის ასული იყო.
ალექსანდრე სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში ეწეოდა თვითგანვითარებას. 1828 წელს აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. ალექსანდრე მონაწილეობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1829 წელს მსახურობდა მრჩეველის თანამდედობაზე გუბერნიის სამმართველოში. იგი იყო 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე 1840 წელს ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ აღდგენაში (რომელშიც აქვეყნებდა თავის თხზულებებს), ზრუნავდა ქართული თეატრის აღორძინების, ჟურნალ-გაზეთების დაარსების, სკოლების გახსნაში.
ალექსანდრე ორბელიანის ისტორიული ხასიათის ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: „1829 წლის არეულობა საქართველოში“, „საქართველოს მეფის ირაკლის ძე ლევან“, „დაღესტნიდან ლეკების გადმოსვლა საქართველოში“, „შეთქმა მეფის ირაკლის მეორეზე საქართველოში“, „მოგონებანი“, „აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ. ტფილისში“ – რომელშიც, მართალია, ზოგიერთი ტენდენციურობით, მაგრამ საყურადღებო ფაქტების მითითებით, აღწერილია კრწანისის ბრძოლა და იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ საქართველოში.
რაც შეეხება ალექსანდრეს ნაშრომს „საქართველოს მეფის ირაკლის ძე ლევან“, იგი ერთგვარ მემუარულურ ნაწარმოებს წარმოადგენს.
„საქართველოს მეფის ირაკლის ძე ლევან“
ლევან, მეფის ირაკლის ძე მესამე ცოლს დედოფალს დარეჯანთან ნაყოლი, დარეჯან დედოფლის შვილებში ყველაზე უფროსი იყო. ეს ლევან ასეთი რამ ყოფილა, თუ რომ იმისი სიცოცხლე გრძელი ყოფილიყო, საქართველო დღეს ამაღლებული იქნებოდა ბაგრატიონების გვირგვინს ქვეშა! მეფე ირაკლიმ დიდი ანტონ კათალიკოზი და ეს თავისი შვილი ლევან, ორნი გონიერები რუსეთში გაგზავნა, ეკატირინა ხელმწიფეს კარზედ, შეიტყონ და გამოიკვლიონ იქაური დაწყობილობა, როგორც ადმინისტრაცია, ისე მხედრობის რიგი, რომ იქაურს კვალობაზედ საქართველოშიაც ისე დააწყონ. მართლა ისეც იყო.
როდესაც რომ საქართველოში მოვიდნენ, მაშინვე სამი ესე სახელოვანი კაცი: მეფე ირაკლი, ანტონი კათალიკოზი და ბატონიშვილი ლევან შეუდგნენ საქართველოს დაწყობილობასა წესიერად. მოიგონეს მორიგე წესიერი ჯარი და გაამაგრეს საქართველოს საზღვრები ამით, რომლისაგანაცა საქართველომ ხელმეორეთ შენობა დაიწყო. მოიგონეს ჩამოსასხმელი ზარბაზნებისა1 და სადაც კი წაიღებდენ ხოლმე, უეჭველად კიდეც იმარჯვებდენ, რომლებიცა ამისა შემდგომ მეფე ირაკლი ქვეყნის გამართვას მოჰყვა, ანტონი კათალიკოზი ეკლესიების გამშვენიერებასა და ლევან ბატონიშვილმა მტერს დაუწყო დევნა, რომელიცა ყოველს ადგილს სწყლავდა და მარადის იმარჯვებდა იმათზედ.
ეს სამი საკვირველი კაცი: მეფე ირაკლი, ანტონი კათალიკოზი და ბატონიშვილი ლევან სამნიმ ხშირათ იყვნენ ერთად და საქართველოს საქმეს აწყობდნენ. მაგრამ ეს მეფის ირაკლის საიდუმლოს მტრებს არ იამებოდათ, რა ქნან როგორა ქნან, რომ მოშალონ იმათი თათბირობა? აი მოიგონეს: ლევან ბატონიშვილი მოწამლეს, საწამლავით საიდუმლოთ მოკლეს და ამის შემდგომ ანტონ კათალიკოზიც სამი თუ ოთხის წლისა შემდგომ აღარ იყო, მგონია, ისიც საწამლავით გაათავეს2.
ეს ლევან ყველას დიდი საყვარელი იყო, როგორც მთელი საქართველოს ხალხისა, ისე სულერთიან თავადაზნაურობისა და უკანასკნელად მთელის მეფის სახლეულობისა, ნამეტნავად ბატონიშვილს გიორგის შემდგომ მეფეს უფრო ძალიან ჰყვარებია, ასე რომ მეტი სიყვარული აღარ იქნება, როგორც იმას უყვარდა თავისი ძმა ლევან3. ამ ლევანმა ორი ათასზე მეტი ამალა შეიკრიბა, სულერთიან თავისავით ყმაწვილკაცობა, გამოჩენილი ვაჟკაცები, სადაც ყოველს ომში პირველი მეომრები ისინი იყვნენ და გამმარჯვებელიც ისინი4.
ის ამალა ასე რიგათ ჰყოლია გაწყობილი თითქმის რეგულსავით, როგორც საუცხოვოს ცხენებითა, ისე იარაღებითა და სრულიად ის ამალა ვერცხლის ყაწიმებში პრიალებდა თურმე. მთელი საქართველოს ხალხი შეჰყურებდა ლევანს საქართველოს იმედათა და ყველანი ერთობითა მოელოდნენ იმისაგან ბევრსა კარგსა. კვლავ ვიტყვი, ნამეტნავად ბატონიშვილი გიორგი უფრო ყველაზედ საიმედოდ ხედავდა ლევანს და დიდი სასოებაც ჰქონდა იმაზედ დადებული.
ერთხელ ლევან ბატონიშვილის გამოგზავნილი მახარობელი მოუვიდა მეფეს ირაკლის ქ. ტფილისში: ყარაიას ლეკოსმალოს დიდს ჯარზედ გავიმარჯვე, ძალიან დავამარცხე ისინი და მეც ეხლა ჩემის ამალით გიახლები, ჩემო ხელმწიფეო. ამაზედ მთელი ქალაქი გაეგება ლევანს და დიდის დღესასწაულით შემოიყვანეს, სადაც მეფის სასახლის მოაჯირზედ ბატონიშვილი გიორგი თავის გონიერის ცოლის ქეთევანით და სულერთიან მთელი დიდკაცობა ცოლებითა იქ ელოდნენ ლევანს მეფის ირაკლითურთ და დედოფლის დარეჯანით. ამ დროს დაიძახეს: ბატონიშვილი ლევან მოვა თავის ამალითა გამარჯვებული მტერზედ აგერ მეიდანზედაო. ყველამ მოუთმენელის სიხარულით ყურება დაუწყეს მოაჯირიდგან, საიდგანაც დაინახეს რომ თავის საუცხოვოს ამალის შუაში, წითელს ბედაურს ცხენზედ, წითელის ტანისამოსით, რომელსაცა აქეთიქით დიდი კაცის შვილები სულ ყმაწვილი კაცნი ბედაურის ცხენებითა, წითელისა ტანისამოსებით, ვერცხლის კრიალისა ყაწიმებით თან მოსდევდენ ლევანს გამარჯვებულები და ამაყად მოდიოდნენ ერთად შეჯგუფილი. ბატონიშვილის გიორგის გულმა ვერ გაუძლო, მაშინათვე ქვემოთ კიბეზე ჩამოვიდა და იქვე კარებიდგან ორივ ხელები განუბყრო ლევანს და მაღლის ხმით დაუძახა:
– ძმაო ლევან, ძმაო ლევან! მამილოცავს გამარჯვება იმ ჩვენს უსვინდისოს მტრებზედ. შენმა გაზდამ ჩემო სიცოცხლეო ლევან, ადრევეც ხომ ბევრჯელ მამილოცავს გამარჯვება და ეხლა უფრო კიდევ გულმხურვალედ გილოცავ გამარჯვებას, ამიტომ რომ ეს ყველაზედ დიდი მტერი იყო – და თვალებიდგან ცრემლები გადმოყარა.
იქიდგან ლევან ცხენიდგან გადმოიჭრა, გამოექანა და ეს საყვარელი ძმები სიყვარულით ერთმანეთს გადაეხვივნენ. იქიდგან ხელი დაუჭირა თავის ძმას ლევანს გიორგიმ, ზევით მაღლა მოაჯირზედ ამოიყვანა და სიხარულის ხმითა დაიძახა:
– ჩემო ხელმწიფენო, მეფე დედოფალო! აი ჩვენი ოჯახის ბედნიერება ეს არის ჩვენი შეურყეველი მკვიდრი საფუძველი ჩვენი სახლეულობისა. ყველამ ერთიანათ ამის დღეგძელობისათვის ვილოცოთ ღვთისადმი.
დიდი ენა მჭევრიც იყო გიორგი ბატონიშვილი და ყოვლის კარგის სიტყნებით აავსო მეფე დედოფალი.
მასუკან მეფე ირაკლიმ:
– შენმა გაზდამ, ჩემო გიორგი, შენის გვირგვინისთვის თავს დასდებს ლევან.
მერეთ დედოფალმა დარეჯანმა:
– არამც თუ მაგის გვირგვინისთვის მხოლოდ თავი უნდა დასდოს, ლუკმა ლუკმათ უნდა დაიკუწოს. რაც მე ბატოიშვილს გიორგიზედ ჭინახული მაქვს, ის იმდენი დიდი ჭინახული, რომელსაც არცერთს ჩემს შვილებზედ არა მაქვს, ის ჩემი ჭინახულის სიყვარული უნდა ლევან ჰქონდეს ყოველთვის თვალწინ და ისეთიც ერთგული იყოს ამ ჩემის სიცოცხლის გიორგისა.
ამასთან დედოფალი და ბატონიშვილი გიორგი გულმობიელად ცრემლით ერთმანეთს გადაეხვივნენ. რომელიცა ამ ამბავსა ქეთევან ბატონირძალი ბატონიშვილის გიორგის მეუღლე შორიდგან უყურებდა და მეტის სიხარულით ტიროდა ამისთანა სიყვარულისათვის მეფის სახლეულობისა მიერ. ვინც და რომელმაც იმათ ამისთანა სიყვარული დაურღვია ყოვლის ეშმაკურის ცბიერობით, ღმერთმა იმისთანა სამართალი მისცეს იმის სახლსა.
ზევით რომ ვთქვი: ლევან ბატონიშვილი მოწამლეს მეთქი, დროა, ეხლა ის უნდა გავარკვიოთ, რომ ეს ამბავი სიბნელეში არ დარჩეს, მაგრამ ამისთანა ამბავი აქედგან რომ დავიწყოთ ყველას უფრო რიგზედ დავინახავთ და ავკარგობა ნათლად გამოჩნდება.
ბატონიშვილი გიორგის ცოლის ქეთევანის ნათესავი თვით ანდრონიკაანთ ქალი ელენე მშვენიერი თვალტანადი, ასე ეგონა: როგორც მე ვარ კარგი დედაკაცი, ისე ის ჩემი გვარეული და ის ჩემი ნათესავი ელენეც ისეთი კარგი დედაკაცი იქნებაო. რომელმაცა ამისგამო მოინდომა, რომ თავის მაზლს ბატონიშვილს ლევანს მისცეს, რომლისაცა იმის სიტყვა მეფის ირაკლის სახლისათვის ბეჭედი იყო და კიდეც მოახდინა მაშინათვე, მაგრამ შესცდა იმისთანა გონიერი დედაკაცი: თავისთანა კარგი დედაკაცი ის არ გამოვიდა, მეფის ირაკლის სახლის საკადრისი რძალი.
ბატონიშვილს ლევანს ის ძლიერ ჰყვარებია, იმ ქალს ისიც, მაგრამ ქარიანი ქალი ყოფილა და მსუბუქი ჭკუისა. მეფის სასახლეში ბევრს რაღაც სულელობას თურმე წამოროშავდა, მაგრამ მაინც კიდევ დიდათ ჰყვარებია ლევანს. მეფე ირაკლი და დედოფალი დარეჯანი ისე არა სწუხდნენ იმის არეულის ხასიათისათვის, როგორც ბატონიშვილი გიორგი და ნამეტნავად უფრო კიდევ იმის ცოლი ქეთევან. თურმე ეტყოდა ბატონიშვილი გიორგი თავის ცოლსა:
– გამიგონე რა გითხრა, ქეთევან, შენ ასეთი საქმე უყავ ჩემს ძმას ლევანს, რომ საუკუნოთ გაუბედურე იმ შენი ნათესავის შერთვით.
– მართალს ბძანებ, მაგისთვისა ჯოჯოხეთიც ცოტა არის ჩემთვის. – ცრემლით მიუგებდა ისიც.
ესენი აი საიდგან ვიცი:
ერთხელ დედიდა ჩემი ქეთევან ბატოიშვილი5 და დედაჩემი ამაებს ასე ლაპარაკობდნენ, სადაც მეც იქ ვიყავ იმ დროს და მერეთ ძალიან გმობა დაუწყეს ლევან ბატონიშვილის ცოლსა. მე იმათ ლაპარაკსა მხოლოდ ყურს უგდებდი: ვნახოთ რისთვის გმობენ, ეგება მიზეზი თქვან მეთქი. მაგრამ მიზეზი არა თქვეს, არა ექნა იმას იმისთანა რომ ისე ჰგმობდნენ და ბოლო დროს ამ სიტყვით გაჩუმდნენ: საძაგელი ისა. მე მაშინ ყმაწვილი კაცი ვიყავ და ამ გვარების ძალიან ცნობის სიყვარული მქონდა, რომელმაცა გაუბედე და ორთავ ვკითხე:
– ბატოიშვილებო, შეინჭემე, არა უქნია იმ თქვენს რძალსა, რომ აგრე ჰგმობთ იმას?
დეიდა ქეთევან ბატონიშვილმა წარბშეკრულმა შემომხედა და ცოტაოდენის მრისხანებით მითხრა:
– როგორც გამოკითხვაში ხარ ძველი ამბებისა, კიდევ ისა გკითხე, მაგას თავი დაანებე, ეგ შენი საქმე არ არის – და მრისხანეს სახით გაჩუმდა. მასუკან დედა ჩემა მუთაქა მიართვა, ახალ სადილ მირთმეულნი იყვნენ, ერთი ერთს მუთაქაზე წამოწვა, მეორე მეორეზე და მოსვენებას მიეცნენ. მეც ავდექ და ფეხაკრეფილი დაფიქრებით მეორე ოთახში გამოველ. ეს ამბავი ჩვეთან იყო, ჩვენს სახლში, სადაც იმ დროს ჩვენ სამის მეტი სხვა არავინ ყოფილა იქა.
ეს კიდევ არაფერი, აი ეს უფრო გასაგონი არის, რომელსაცა ვიტყვი ეხლა. ამ ლაპარაკის შედგომ ორი თუ სამი წელიწადი გამოვიდა რომ ერთს დილაზედ ჩემი ნათესავის თავადის თომა ანდრონიკაშვილის კაცი მომივიდა, შემოეთვალა: ავლაბარს ამ და ამ სახლში მოდი, ბატონირძალი გარდაიცვალა, უნდა დავმარხოთო. მე იმ დროს ჩაცმულიც ვიყავი და ვემზადებოდი სადმე წასვლას. ეს რომ მითხრა, მაშინვე გავეშურე, რომ სახლში აღარ შევტრიალდი და იმ ბიჭსა ვკითხე გზაზედ:
– ბიჭო, რომელი ბატონირძალი გარდაიცვალა?
– რა მოგახსენო, ასე ამბობდნენ: ბატონირძალი გარდაიცვალაო და ის კი აღარ ვიცი, ვინ ბატონირძალი.
მივიდოდი გზაზედ და გაკვირვებაში ვიყავი: ის იმისთანა რომელი ბატონირძალია, რომ მე იმას არ ვიცნობდი? ამ ფიქრში კიდეც მივედი, ვნახე, რომ ბევრი თავადაზნაურობა და ამქარი შეყრილიყვნენ და სამღვდელოს მოელოდნენ, იმისი ცხედარი გამოესვენებინათ. თომა ანდრონიკაშვილი კარზე დამხვდა, ვკითხე:
– რომელი ბატონირძალი გარდაიცვალა, რომ მე იმას არ ვიცნობდი? ხელიდამიჭირა, ცალკე გამიყვანა და მითხრა:
– ლევან ბატონიშვილის ცოლი.
– როგორ თუ ლევან ბატოიშვილის ცოლი, რომელი ლევანისა?
– მეფის ირაკლის შვილი რომ იყო, იმ კარგი ლევანის ცოლი.
რაღამაც გაყინულმა ჟრუანტელმა დამიარა ტანში თომას ამ სიტყვაზე და ძლივს სული მოვიბრუნე. ვკითხე:
– რას მეუბნები, თომავ, აქამდისინ ლევან ბატონიშვილის ცოლი ცოცხალი იყო, აქ ქალაქშიაც ცხოვრობდა და მე იმისი არა ვიცოდი რა?
– აი, ჩემო ალექსანდრე, ასე. არამც თუ შენ, არც ერთი თავის მული ბატონიშვილები და არც ნათესავები არასდროს არ იკითხავდნენ, არამც თუ სანახავათ მოსულიყვნენ. ერთი მე მოვიდოდი ხოლმე, ისიც ხანდისხან, ასე ქვეყნისგან იყო დავიწყებული.
– ერთხელ ლაპარაკში როგორ არ მითხარი მაგ ბატონირძალის ამბავი?
– როგორ არ გეტყოდი, მაგრამ ლაპარაკი არ ჩამოვარდნილა იმაზედ.
მაშინ მამაგონდა ბატონიშვილი ქეთევანის სიტყვა და ვკითხე:
– რაო, რისთვის იყო ისე მოძაგებული ყველასაგან ისა?
– დრო არ არის, აგერ სამღვდელონი მოვიდნენ, უნდა ცხედარი გამოასვენონ, წავიდეთ.
ამასთანავე გაეშურა. იმის ხარჯი იყო იმ ბატონირძლის დამარხვა, ახლო ნათესავი იყო იმისი.
ცხედარი რომ გამოასვენეს და ზევიდგან დავხედე, ეტყობოდა იმის გამხდარს და სანთლის ფერს სუფთას სახესა, რომ იმასაცწილი სდებოდა მშვენიერებაში. ერთი ფჩხილი გაყოფილი შავი წარბები ბრტყელს შუბლზე მოხროდა შვილდურადა და თხელი წმინდა ცხვირი ბალახთ ბაგებით ცოტათ გრძელს პირის სახეს მეტად აშვენებდა, რომელსაცა ის თავისი მოდიდო თვალები სამუდამოდ დახუჭვილი, იმის ქვემოთ ბაიაზედ იმ თვალების შავი გძელი წამწმები ასე გაჰფენოდა გაყოფითა, რომ თვითეულად დაითვლებოდა. ის ქალი, როგორცა თქვეს, მთავარანგელოზის ეკლესიაში დაემარხათ. იმ ცხედარსა მე ყველას უკან მივდევდი მწუხარებით და ჩემს თავსა ვგმობდი: როგორ არ შევიტყვე იმისი სიცოცხლე, რომ იმისგან ბევრს ძველს ამბებს შევიტყობდი, ნამეტნავად თავის ქმრის ლევანის, რომელიცა ისტორიისათვის გამოსადეგი იქნებოდა მეთქი? ამ ფიქრში და მწუხარებაში რომ ვიყავი, როგორღაც მოწყვეტილსავით შევიქენ, იქვე ავლაბრის ერთს დუქნის დაზგაზე დავჯექ, წყალი მოვატანინე, დავლიე და პატარა ხანს უკან შინათკენ წამოველ. ეს დრო მგონია ზაფხული იყო.
შინ რომ მოველ, ბატონიშვილს დედაჩემთან უკმაყოფილოდ შეველ და დაფიქრებული ცოტა მოშორებით დივანზე დავჯექი. დედამ მკითხა:
– ალექსანდრე, რატომ აგრე ხარ, რათა ხარ დაფიქრებული?
– შეინჭიმე, იმ თქვენი სახელოვანის ძმის ლევანის ცოლი გარდაიცვალა, იმის გამოსასვენებლად გახლდით – მე უკმაყოფილოდ მოვახსენე.
– მომკვდარა? ცივათ მითხრა.
– დიახ, შეინჭიმე.
ამ სიტყვაზე აღარა მითხრა რა, გაჩუმდა. მე მაინც გავბედე და მოვახსენე:
– მიკვირს, შეინჭიმე, ასე მოძაგებული რათა გყვანდათ თქვენი მული, იმისთანა კაცის ცოლი?
დორზე იყო მიყუდებული. მე, რომ ეს მოვახსენე, მაშინვე გასწორდა, სათაკილოდ ხელი გამამიშვირა, პირი იქით მიიღო და გაჯავრების გულით მიბრძანა:
– კარგი, კარგი, ნუღარას მეტყვი იმისას.
დორზე მიესვენა და ჩაფიქრდა. ბოლოს თავი აიღო და მედიდურის სიტყვით მითხრა:
– ალექსანდრე ყმაწვილი კაცი ხარ, შენს ნათესავებში წადი სადმე ან არა და გაიარ გამოიარე, მინდა ვილოცო დღეს დილით ლოცვა ვერ შევასრულე, ეხლა მინდა შევისრულო.
ამისთანა ზრდილობიანისა სიტყვებითა დამითხოვა, თორემ იმან ადრე იცოდა ლოცვა, დილაზედ რომ ადრე გაიღვიძებდა, ისევ ქვეშაგებში. მე მაშინვე ავდექ და გამოველ. ვამბობდი: ახა ღმერთო ჩემო, რა ამბავი უნდა იყოს, რა მიზეზი იმ ქალზედ, რომ ასე მოძაგებული ყოფილა არამც თუ მულებისაგან, თითქმის ყველასაგან? მასუკან ვთქვი: უნდა შევუდგე, ამდენი ძველი კაცები არიან, იმათგან შევიტყობ მეთქი. დედაჩემს ხომ ვეღარ გავუბედე მეკითხა და ახლა სხვებთან დავიწყე გამოკითხვა, მაგრამ ახლა უფრო ფრთხილად, კიდევ გაუფრთხილებლობით ისეთივე საქმე არ მომვსლოდა.
გაიგონეთ. ეს ხომ გაიგონეთ, ბატონიშვილი ლევანი როგორი გამოჩენილი ყმაწვილი კაცი იყო, ამაზედ რაღა ვილაპარაკოთ, ისევ ამ საგანზედ დავიწყოთ უბნობა როგორ და ვითარ? ბატონიშვილმა ლევანმა ალაზნის პირზედ ლეკის ჯარი დაამარცხა, იქიდგან გამობრუნებული მოვიდა და სოფელს ველისციხეში გადახდა, იქ კიდევ ლეკის ჯარსა მოელოდა, ალაზანში უნდა გამოსულიყვნენ და ქართველის სოფლებისთვის დაეკრათ. ამ დროს სადილზედ ლევან ბატონიშვილი მძიმეთ ავად გახდა და საღამო ჟამს კი გარდაიცვალა. ყველას გაუკვირდათ იმისი ასე უეცრათ სიკვდილი და რასაკვირველია იმაზედ დიდი გლოვა იქნებოდა, მაგრამ ამით რისთვის შეგაწუხოთ, ისევ საქმეს მოვუყვეთ.
მაშინდელმა მეფის ირაკლის ოჯახობის მტრებმა მითამ ამით ისარგებლეს, რომ იმ უსვინდისოებმა ხმები დაყარეს: ლევან ბატონიშვილზედ მისწრობია ერთი კაცი და იმ კაცსა თავის ცოლზედ ხანჯლით გაუგმირამსო ლევან. ეს ამბავი მაშინვე მეფეს ირაკლის მოხსენდა, და რომელმაცა აღარც თვითონ და აღარც სხნები აგლოვა, უბძანა: იქ ტფილისში ჩამოიტანეთ იმისი გვამიო, რომელთაცა მოასვენეს და დარიის ეკლესიაში6 დაასვენეს ავლაბარს. ამის მეორე დილაზედ სასულიერო წოდება, ბატონიშვილები, დიდრონი კაცები და თვით მეფე ირაკლი ავლაბარში წასასვლელად რომ ემზადებოდნენ, იმათში ბრძანა მრისხანებით მეფემ:
– თუ მართლა ჩემი შვილი ლევან ხანჯლით გაგმირულია დედაკაცზე ქმრისაგან, ჭეშმარიტებას ვფიცავ, სახალხოთ ვათრევინებ.
ამასთანავე გამოვიდნენ და ცხენებით გაეშურნენ ავლაბრისკენ, მაგრამ დიდათ დაღონებულები. იმ ლევანის სიკვდილს ხომ აღარ სწუხდნენ, იმას სწუხდნენ, უთუოდ ათრევინებს და საგანგაშო შეიქნება ყოველს ქვეყანაშიო.
როდესაც მივიდნენ და ეკლესიაში შევიდნენ, უბრძანა: ეგ ცხედარი კარზედ გაიტანეთო. გაიტანეს და იქ სრულიად ცხედრის გატიტვლება უბრძანა. როდისაც რომ გაატიტვლეს, კიდევ უბრძანა: კარგად გაჩხრიკეთ, რომელს ადგილს არის გაგმირულიო და თვითონ თავზედ დაადგა. კარგა ხანი ჩხრიკეს, მაგრამ არსად არა იყო რა, მხოლოდ ამის მეტი, რომ მთელი სხეული ძალიან გალურჯებული ჰქონდა და სიშავე დასცემდა. მაშინ მეფე ირაკლიმ დაუჩოქა და როგორც რიგია მოთქმით ტირილს მოჰყვა. ეს ამბავი მაშინვე დედოფალს აცნობეს, სადაც მთელ სასახლეში და ქალაქში შეიქნა გლოვა. მეფის ირაკლის ოჯახობის მტრები ამით რომ ვერა გახდნენ რა, ახლა ეს ხმები დაყარეს: ვითამ ლევან ბატონიშვილს ბევრი ორაგული ეჭამოს და უეცრათ ჯდომით მომკვდარიყოს. მაგრამ რას იფიქრებდნენ, ამ დროს თავადმა ლუარსაბ ონანაშვილმა ვაჩნაძემ თავადი შერმაზან აფხაზი დააბეზღა მეფეს ირაკლისთან, რომ შერმაზან აფხაზმა ბატონიშვილი ლევან მოწამლაო. მოწამლაო და სულერთიან იმისი ოჯახი აიკლო მეფე ირაკლიმ, ყმა და მამულიც სულერთიან ჩამოართო და იმასაც სიკვდილს უპირებდნენ, მაგრამ შერმაზანი შეევედრა მეფეს: უბრალოების სისხლს ნუ დაიდებ, სწორეთ გამოიკითხე და ისე მომკალიო. ამაზედ მეფე ირაკლი დამშვიდდა, მაშინვე საიდუმლოთ გამოკითხვაში შევიდა, ნახა, რომ ის დაბეზღება სულ სიცრუე იყო, თავისი ყმა და მამული ისევ დაუბრუნეს, ის აკლებულიც სულ ერთიან და შედგომ პატივითაც მოებყრა მეფე.
ახლა მოკლეთ მოვჭრი და მეტს ვეღარას ვიტყვი, რომ მეფის ირაკლის საიდუმლოს მტრების მოწყალებით ლევან ბატონიშვილის ცოლი ზრდილობიანის მოქცევით სასახლედგან გაიყვანეს და ცალკე მისცეს ცხოვრება. ეს ამბავი ეხლა არ შეიძლება ითქვას, იქნება ოდესმე, მაგრამ გონიერი კაცი კი მაინც ყველას მიხვდება, თუნდა ის ამბავი ვეღარ აღიწეროს.
     თ῀ა ა. ვახ. ძე ჯ. ორბელიანი, 27 აგვისტოს 1865-სა წელსა, დიდ ყაბართოს ნალჩიკში.
ჩემი სიძე დავით ქობულოვი იქ ნაჩალნიკად რომ გაგზავნეს, ბოლოს მე და ჩემი ცოლიც იმათთან წავედით.


შენიშვნები
1. რუსეთში გაზდილი იყო პაატა ანდრონიკაშვილი იმის ხელოვნებით. მაშინდელი ორი მოხუცებული კაცი იყო დარჩენილი კიდევ: ნინია მზექალაშვილი ყოფილიყო მაშინდელი არტილერიის ბარაბანშიკი და ივანე ბაჩიშვილი თოფჩი ზარბაზნის მსროლელი მეფიტილე. ორივ ესენი მეზობლათ იდგნენ ერთი მეორესთან ახლო და ჩვენზედაც მოახლოვოთ იდგნენ, რომლებთანაც ხანდისხან მივიდოდი ხოლმე. მე შუაში ჩამისვამდენ, თვითონ აქეთ-იქით დამისხდებოდნენ და მაშინვე ძველს ამბებს მოჰყვებოდნენ.
2. ლევან ბატონიშვილს 1782-სა წელსა დაუმარცხდა, ესე იგი მინამ რუსეთთან მეფე ირაკლი ტრაქტატს შეჰკრავდა, წელიწად ნახევრის წინათ და ანტონ კათალიკოზსაც ტრაქტატის ორისა წლისა შემდგომად დაუმარცხდა. მე ესენი აქ სქოლიოში იმისთვის დავწერე, რომ ეს წელიწადები ხსოვნისათვის იყოს.
3. ეს ძმები მამით ერთნი იყვნენ და დედით ცალკე. უფროსი გიორგი აბაშიძის ქალთან იყო და უმცროსი ლევან – დადიანის ქალთან.
4. პაპა ჩემი დიმიტრი ანუ დემეტრე მამიჩემის მამაც იმას ხლებია და იმასთანავე მოუკლავთ საგურამოს ომში ლეკოსმალებთან.
5. ივანე მუხრანბატონის მეუღლე.
6. ის დარიის ეკლესია დარეჯან დედოფლის აშენებულია, ახლა ფერისცვალებისა არის.








Комментариев нет:

Отправить комментарий