суббота, 19 августа 2017 г.

სეხნია ჩხეიძე (1670-1745) „ცხოვრება მეფეთა“ (საქართველო 1653-1739 წლ.)

ძლიერებითა ღვთისათა, ვიწყოთ ცხოვრება მეფეთა, მსმენელთათვის არა უნდომითა ამბითა უცხოთა ქვეყანისათა, არა მარტივად ქართლისა, ჩემის თვალითა ნახული, და ზოგიერთი მნახავთაგან სმენითა:
იყო მეფე მეფეთა ესე, სახელდიდებული, სვე-ამაღლებული, ხელმწიფობითა სფადარი, ამილბარობით სპასპეტი, ლაშქარ-ჰაეროვნებითა ზე-აღმატებული, ოთხთავე კიდეთა ქვეყნისათა ზარგანხდით ხმა განფენილი, ყოველთავე მებრძოლთა ზედან დიდად მძლეველი და თვით არა ვისგან ძლეული, თვითმპყრობელი საქართველოსი, რომელიცა არის ახოვანი ტანითა, ძლიერი ძალითა, უძლიერესი სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადილეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ-ლმობიერ მკრთომელობითა, ბრძენ ცნობითა, უბრძნეს გამორჩევითა, მარტივ სახითა მრავალსახე მართებითა, შემრისხვენ მყუდროებითა, მაამებელ განსწავლულებითა და არცა ერთისა კეთილი საგანისა შემაშფოთებელი, უზომეობითა თვით მათ მტერთაცა საწადელ და საყვარელ, სათნოებითა მისთაგან შეკდიმებულთა და როგორცა ვინ აღრიცხეს, რამდენი საქმენი ეთხოვებიან მეფესა მეფეთასა, რამდენი მართებანი და გასაგებელნი, კიდეთა პყრობანი, ნაპირთა ჭერანი, განხეთქილებათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარობანი, ლაშქართა მეცნიერებანი, მთავართა ზაკვისა ცნობანი, მხედართა განწესებანი, სახლთა ნაბოჭთა სააჯონი, საჭურჭლეთა შემოსულთანი, მოციქულთა შემთხვევანი, მეძღვნეთა ჯეროვანი, შემცოდეთა წყალობათა წვრთანი, მსახურებელთა ნიჭის მრავლობანი, მთავართა მართვანი, განმგებნი მოსაკითხავთა, შესატყვისნი შემთხვევანი, სპათა აწყობანი, ღონიერთა მიმართებანი.
იყო მეფე ესე ძირისაგან იესესა და თესლისაგან დავითისა აღმოცენებული, სოლომონისა ნაყოფი, მისად შედარებული, ბაგრატიონად წოდებული, ვახტანგ, სპარსთა სპარსთა ენითა შაჰნაოზ წოდებული, თვით მდიდარი გაძლიერებული, უხვი და მოწყალე, ყოველთა ზედა მართლად მოსამართლე, განსვვნებასა და მოცალებასა შინა მყოფი, შემხედველთა შემაზარავი.
რა მოვიდა ბრძანა ღვთისა და გაფინა უშურველი მისი წყალობა და მიანიჭა მეფეს შაჰნაოზს პატრონობა საქართველოსი, ქოროკონსა ტმზ: ხოლო ქრისტეს აქეთ 1658: წინად ამისად იყო მეფე როსტომ, რა მიიცვალა, მოვიდა ბრძანება შააბაზ ყაენისაგან და უბოძა ქართლი შაჰნაოზს და შეირთო როსტომ მეფის მეუღლე, ასული დადიანისა, დედოფალი მარიამ. წინათ ამისა ჰყავდა ასული ყაფლანისა როდამ დედოფალი და ამასთან ესხა ძენი შაჰნაოზს მშვენიერნი არჩილ, გიორგი, ალექსანდრე, ლევან, ლუარსაბ და სულაიმან და ასულნი ორნი ანუკა და თამარ; ესენი იყვნენ მშვენიერნი, ლომ-გულოვანნი, კაცთაგან ქება მიუწდომელნი: იყო სიხარული დიდი, ნადიმობა, ნადირთა სვრა, ზენარმა ღვთისამან, ამას ბრძანებდით, ამათთანა ყოფა ქვეყანაზე კაცთა არ ექმნებაო. გამოხდა ხანი მცირედი და დაიბარა შააბაზ ყაენმა ბატონიშვილი არჩილ, მემანდარი ებოძა, რაყამი დიდი წყალობისა. „და დამორჩილდესო ბრძანებასა ხელმწიფისასა“; წაბრძანდა, თან გაატანა მეფემ ამილახორი გივი, რადგან სიძე იყო და ერთგული; მას ჟამსა ოდეს ხელმწიფე მაზანდარას მობრძანებულ იყო, მივიდა. რა ხელმწიფემ მისულა შეიტყო, მოაგება ჯარი, ნახა მასვე დღესა, მოეწონა სიმხნე და სიკეთე არჩილისა, დასდვა პატივი როგორცა შვილი მამას მისლოდა, უბოძა საბოძვარი მრავალი და კახეთის ბატონობა, რჯული მისი და დაარქვა სახელად შაჰ-ნაზარ-ხან; არად ინება კახეთი, ამისათვის რომ ბატონი თეიმურაზის შვილისშვილი, ძე დავითისა ერეკლე ყმაწვილი დარჩენილიყო, და არჩილს და ედგა მისი. მაგრამ ყაენი უწყრებოდა, წინათ ამისად ებრძანა მეფის შაჰნაოზისათვის დაჭირვა ერეკლესი და გაგზავნა; მიუხდა კახეთს, შემოადგა თორღას და გააპარეს კახთ ერეკლე და წავიდა რუსეთს. რადგან კახეთი უპატრონო იყო, აღარ მოეშვნენ მეფეს არჩილს, დამორჩილდა ბრძანებასა ხელმწიფისასა, უბოძა საბოძვარი მრავალი და გამოისტუმრა დიდის პატივითა, მობრძანდა კახეთს, შეიქმნა სიხარული დიდი და დასვენება. ხან ქართლში მობრძანდებოდა, ხან ესენი კახეთსა; თქვენმა მზემა და თავმან ამათმან, რა ესენი ერთად შეიყრებოდნენ მნახავთაგან გასახარელი იყვნენ, განისვენებდნენ, იბურთავებდნენ, ინადირებდნენ, ნადირთა სვრიდნენ, ლხინობდნენ, უხვად გასცემდნენ, სამართლობდნენ, მტერი არსაით აუჩნდიან, ერთგულთა წყალობა უყვიდნენ, ორგულნი მოსვრიდნენ, ქართლი და კახეთი მსახურებდიან.
ამაში გამოხდა ხანი, ქ~კონს :355 ხოლო ქ~ეს აქეთ წელსა 1666 მოკვდა შაჰაბაზ (II) ყაენი და დაჯდა შაჰ სულაიმან. მოუვიდა წყალობა აურაცხელი მეფეს შაჰნაოზს, ეთხოვნა ძე და ასული: აახლა ძე თვისი ალექსანდრე და ასული თვისი ანუკა. რა ისპაანს ჩავიდნენ მიაპყრა ყაენმა უშურველი წყალობა ალექსანდრეს, მისცა ისპაანის ტარუღობა და ასული მეფისა ანუკა შეიყვანა ჰარამ ხანაში; მრავალი და აურაცხელი წყალობა მეფისათვის გამოეგზავნა ყაენსა.
ამავ ქ~რიკონს 355, ხოლო ქ~ეს აქეთ წელსა 1666 მეფემან არჩილმა აღარ ინება კახეთი, არცა მეფობა მისი, და აღარცა თათრის რჯული მათი, გაუშვა კახეთი, აღარ არა ისმინა მამისა, აღარცა ძმებისა, აღარც ოჯახის წახდენისა, წავიდა იმერეთს და დაიჭირა ხმლით იმერეთი, და სრულიად დაიმონა მცირესა რას ჟამსა შინა. და შემდეგად მოვიდა ხონთქარისაგან ბრძანება და მიუცემლობა იმერეთისა. დააგდო იმერეთი და გადავიდა ოსეთს მეფე არჩილ და დედოფალი ქეთევან, და ორნი ძენი ამათნი ალექსანდრე და მამუკა, ასული ერთი დარეჯან. წაბრძანდა რუსეთს, დახვდა ხელმწიფე რუსეთისა დიდითა პატივითა, მიაპყრა წყალობა აუარებელი, მიიჩნია როგორცა ძმად თვისად და ძენი მისნი ძედ თანა თვისთად დაიჭირა. მოუვიდა ყაენისაგან ბრძანება მეფესა შაჰნაოზს ერეკლეს დაჭერისა. მიუხდა კახეთს, ერეკლე ვეღარ დაუდგა, გაეცალა, ჩავიდა შირვანს და იქიდან წავიდა ყაენთანა. ამას შიგან იბატონა მეფემ შაჰნაოზ და დაუწყეს ბეზღობა მეფის არჩილის წასვლისათვის და დაიბარა ყაენმა მეფე შაჰნაოზ, და ისმინა ბძანება ხელმწიფისა და წაბძანდა დიდითა და მცირითა დარბაისლითა და დააგდო ძე თვისი, ბატონიშვილი გიორგი გამგებლად საქართველოსა. იარა დღენი რაოდენიმე, მუხანათმა და მოუნდობელმა სოფელმა მოაბრუნა უკუღმა ბორბალი. რა ხოშკაროს მივიდნენ ქარვასლაში, ამ სოფლისაგან გარდაიცვალა. შექნეს ქართველთა გლოვა საშინელი, აახლეს კაცი ხელმწიფესა და ბატონიშვილს ალექსანდრესა, შეიქმნათ წყენა უმრავლესი და დაიბარეს ქართველნი, და წაიღეს ცხედარი მეფისა, მიიტანეს და დაფლეს ყუმს. ჩავიდნენ ქართველნი და შემოეხვივნენ ალექსანდრეს.
ქ~კონს ტნივ (1676), დაიბარა ყაენმა ძე შაჰნაოზისა გიორგი, მოვიდა რაყამი და მემანდარი, წაბრძანდა, და ძმა თვისი ლეონ დატოვა მოადგილედ თვისად გამგებლად ქართლისა. ჩაბრძანდა ისპაანს, დახვდა ხელმწიფე მხიარული პირითა და მოეწონა სიკეთე და სიმხნე მისი. გამოხდა თვენი ხუთი, უბოძა ქართლის ბატონობა და მრავალი საბოძვარი; და თავსა ზედა მისსა დაასო თავს ხელით ჯიღა მურასა, გამოისტუმრა აუარებელი წყალობითა და მოვიდა ქართლში წელიწადზედ, შეიქნა სიხარული დიდი და განცხრომა, და აახლა ყაენსა ძმა თვისი ლუარსაბ. იბატონა მეფე გიორგიმ და დედოფალმა თამარ. ესე თამარ დედოფალი იყო ასული დავით დავითის ელისბარის შვილისა.
მიიცვალა დედოფალი თამარ ქ~კონს 364, ქ~ეს 1676: დარჩა ძე ერთი ბაგრატ და ასული ერთი მარიამ, ესე შერთეს ქსნის ერისთავს დავითს. გამოხდა ხანი რამდენიმე, ითხოვა მეფემან გიორგიმ ასული მიქელაძისა გიორგისა და გადმოიყვანა. ხორაშან იქმნა დედოფლად. შექნეს სიხარული დიდი და ქოსთა და ნაღართა ცემა. ამა სიხარულსა შინა მოვიდა ყაენისაგან ბრძანება, და ეთხოვნა ძე მეფისა სასურველი და სიკეთითა სრული და ებძანა: „გამომიგზავნე ძე შენიო, მივსცე წყალობა აუარებელიო“. ამას ზედა შეექნა ჭმუნვა მეფეს გიორგის, შეეხვეწა შვილის უთხოვნელობასა, რომ ერთის შვილის მეტი არ მყავსო. იმისი თხოვნა არ ესმინა, კიდევ მოვიდა ბრძანება და ეთხოვნა ძმა მეფისა ლეონ და ძე მეფისა ბაგრატ. შეიქნა შეჭირვება დიდი. ამიტომ აღარც ძე რჩებოდა და აღარც ძმა, მაგრამ თავის წახდენას ხედავდენ, რათგან დამნაშავე არაში იყვნენ, სხვა ღონე აღარ იყო და გაგზავნა ორივენი, და თან აახლა ქართველნი არა მცირედნი, ხუთასი ოდენ. აქა შეექმნათ რჩევა მეფეს გიორგის, რათგან უკუმდგარი იყო არაგვის ერისთავი იასონ. ესე ერისთავი იასონ თავის სახლის კაცმა დაახრჩო, დაუწყეს ლაპარაკი შერიგებისა, აღარ ინება შერიგება, გასწყრა მეფე, შეყარა ქართველნი და შეუხდა საერისთაოსა, გადაიარა მჭადის ჯვარი, დავებჯინენია ტინსა, და დაგვიწყეს სროლა, შეგვექნა ცემა და სროლა თოფთა, თავმა თქვენმა, ასე მოდიოდა ფინდიხისაგან ფოთოლი, როგორცა ხშირი წვიმა ყოფილ იყო. მას ჟამსა გაიხტუნა ცხენი მეფემან, მზემან ღვთისამან, ამას ბრძანებდით ამისთანა არა ნახულა რაო. იყო მორთული ყვითლისა კურტაკითა და თავსა ზედა ესვა მურასა ჯიღა მარგალიტისა ქუდსა ზედა, ჩამოაგდებდა კაცს, როგორცა კატა. გადავიარეთ ტინი, და დავდექით კანჭის ქედსა. მოვიდა ერისთავი ქსნისა დავით დიდი ჯარითა, შევქენით წვა და დაგვა; ვიდექით სამსა დღესა. მოვიდა ისპაანიდან ამბავი და წყრომა ყაენისა, ძმებისა და შვილისა დაჭერვა, ლევანისა და ბატონიშვილის ბაგრატისა და გაეგზავნათ ბაგრატ და ლევან ჰერათსა და ლუარსაბ ქირმანსა. და მიეცათ ქართლი მეფეს ერეკლესათვის, ბატონი თეიმურაზის შვილიშვილისათვის. რა ეს ამბავი მოუვიდა მეფესა, მაშინვე წამოვიდა მეფე გიორგი და მოვიდა კოჯორზე; და აიყარა და წაბრძანდა ზემო ქართლს; და დადგა ყორნისსა. ამას შიგან ყაფლანიშვილი, სარდალი თამაზ საბარათიანოს ხალხით უკუმდგარიყო. რა სცნა მეფის ერეკლეს მომავალობა, მოსვლოდა ამბავი მეფისაგან და ჯანიშინობა, შევიდა ციხესა ტფილისისასა.
მოვიდა მეფე ერეკლე ქ~კონს ტოე (1687), შემოეყარნენ ქართველნი და დაჯდა ქალაქსა ტფილისისასა, შექნა სიხარული და დასვენება. მეფე გიორგი გადავიდა იმერეთს, და ამ ცოტა ხანში მოვიდა რუსეთიდან მეფე არჩილ. ბატონობდა იმერეთსა ძე ბაგრატ მეფისა ალექსანდრე და ჩავიდა იმერეთს მეფე არჩილ, იქ დახვდა მეფე გიორგი იმერეთს; წაართვეს იმერეთი ალექსანდრეს და გამოაგდეს ქართლში და შევიდა გორს ციხეში. ამას მოუდგა მეფე ერეკლე, დიდისა პატივითა ამყოფა. შემდეგ გავიდა გორიდან მალვით მეფე ალექსანდრე და მოუდგნენ ზოგნი იმერელნი; შეიყარა მეფემან არჩილ ჯარი, შეიბნენ. თავმან თქვენმან, გენახათ მეფე არჩილ, ამას ბრძანებდით, თუ არ ღვთისაგან, თვარა კაცთაგან ამას არა ევნება რაო. შეუტია ჯარითა. ასე ამოწყვიტა, გაემარჯვა, თავმან მისმან იმისთანა შუბი რამდენსაც კაცს მოსდებდნენ, ისე დარჩებოდნენ. გამოექცა მეფე ალექსანდრე, და შევიდა ისევ გორს. წავიდა მეფე გიორგი იმერეთიდან და დადგა ოშორასა. ამ ხანსა შინა გაეგზავნა ელჩი ხვანთქართან ყაენსა და ეთხოვნა მეფე გიორგი. „რათგან ჩვენში წყობა არ არისო, ჩემი ყული შენს საბატონოში არისო, მიბოძეო“.
ესმინა ხონთქარს მოხსენება ყაენისა და მოცემა მეფის გიორგისა. რა სცნა მეფემან შევიდა ახალციხეს ციხეში და მოუდგნენ იენიჩარნი და აღარ დაანებეს. წავიდა ელჩი ცარიელი. დაუწყეს ქართველთ ლაპარაკი მეფეს გიორგის და აღარ ინებეს მეფის ერეკლეს ბატონობა. მისცეს პირი და ახსენა ღმერთი, მოიბა წელთა საბელი, ჩამოეშვა ციხიდან, ძირს ცხენები და კაცნი შემოპირებული ჰყავდა, ჩამოვიდა, დასხდნენ ცხენებზე და მოვიდა ოშორას, აჰყარა დედოფალი ხორაშან და რძალი თვისი, ბატონის შვილის ლევანის მეუღლე, ასული ავალიშვილი გიორგისა თინათინ, ძენი ლეონისანი ქაიხოსრო, ვახტანგ, დომენტი, იესე, სვიმონ და თეიმურაზ, მოიყვანა და დააყენა სადგერს, თვითონ ჩამობრძანდა ქართლში.
რა ჰსცნეს პატრონისა მათისა ჩამოსვლა, შეიყარნენ ზემო ქართველნი, ჩაუხდა რუის, აიკლო ქორიანი. ესე იყო იმერეთიდან იმერელი მეფის ვეზირი და მოვიდა ჭალას ამილახორის გივისასა. რათგან ამილახორს გივის მეფის და თამარ ედგა, ნახვა მისი და სიხარული დიდი, აღარ დადგა, მიბრძანდა თიანეთს, არაგვის ერისთავი იყო გიორგი და ძმა მისი მდივანბეგი ბარძიმ. რა ჰსცნეს პატრონისა მათისა მისვლა, გაიხარეს სიხარულითა დიდითა და მოეგებნენ, წინა დაუხვდენ, როგორცა მართებდათ, მოართვეს მოსართმევი მრავალი, წამოუძღვნენ წინა და შემოყარეს ქართველთ ჯარი. მოუვიდა მეფეს ერეკლეს ამბავი გადმოსვლა მეფის გიორგისა და ქართველთ შეყრა, შექნა ჭმუნვა. მას ჟამს იდგა კოჟორსა, აიყარა და ჩაბრძანდა ქალაქს ციხეში და შემოიყარა საბარათაშვილო. ჩამოვიდა მეფე გიორგი კოჯორსა, რა კოჯორს ჩასლვა შეიტყვეს ბარათიანთა, წამოვიდა სარდალი თამაზ და ჯარი საბარათაშვილოსი, შემოეყარნენ მეფე გიორგის, შეიქნა სიხარული თავისის გამზრდელს პატრონის ნახვისათვის. დაუწყეს ყაენს ლაპარაკი და შეეხვეწა ქართლის მოცემისათვისა. რა ყაენმა მეფის გიორგისა ქართლში ჩამოსლვა შეიტყო, გაგზავნა ჩაფარი, დაიბარა ძმები და ძე მეფისა, მაგრამ ძე მეფისა ჰერათს დამარცხებულ იყო და ბატონიშვილი ლევან მოიყვანეს და ლუარსაბ ქირმანიდამე, მიაპყრეს პატივი, მოვიდა ამბავი მათის კარზე მოყვანისა და იმედის წყალობისა.
ამა შიგან გამოხდა ხანი წელნი ერთი, გადმოვიდა მეფე არჩილ იმერეთიდან, ებოძა ხვანთქარს იმავ ალექსანდრესთვის იმერეთი, გადავიდა, დაიჭირეს იმერელთ მეფე ალექსანდრე და გამოუგზავნეს მეფე გიორგის, მიიცვალა და დამარხეს რუისს. გადავიდა მეფე არჩილ და დაჯდა იმერეთს. შეიყარა ჯარი მეფემ გიორგიმ, მივიდა ლილოზე, დაუწყო კახთ ლაპარაკი, მოსცეს პირობა. მას ჟამსა ბატონობდა კახეთს აბაზყულიხან, გაგზავნა მეფემ მდივანბეგი ბარძიმ, ამილახორი გივი, თამაზ სარდალი, ამორჩევით ქართველნი. მივიდნენ ნინოწმიდას, რადგან კახთ პირობა მოეცათ, იმათის შესაყრელად, მოვიდნენ. ერთი თარაფნი სახლთუხუცესი კახეთისა რევაზ, ამისი მოკიდებულნი მოელოდენ დურმიშხანს და მის თარაფს. თურმე ისინი ხერხში იყვნენ. წამოადგნენ ნინოწმიდის თავს, შეექნათ სროლა, მოკლეს მდივანბეგი ბარძიმ, დამარცხდა ქართველნი, მოვიდნენ ლილოზე, წამოვიდა მეფე, მოვიდა მცხეთას.
ამას შიგან მიიცვალა ყაენი შაჰსულეიმან, დაჯდა ძე მისი შაჰსულთან ჰუსეინ, თვით ყმაწვილი იყო და მტერნი ამათნი ავად გამსინჯველნი, იწყინა ძალად დაჭერა ქართლისა, გამოუსია ჯარი და სარდალი ქალბალიხან, ესე იყო განჯის ხანი, ხვანთქართან ელჩიც ეს იყო და კახეთიც იმას მისცეს. იბატონა ქართლში მეფემ გიორგიმ წელნი სამნი და მოვიდა ქალბალიხან ურიცხვითა ლაშქრითა, გამოვიდა მეფე ერეკლე ციხიდან და შემოეყარნენ კახნი, და ვინცავინ ქართველნი ციხეში ახლდა, სარდალი ლუარსაბ და ამილახორი ავთანდილ შეეყარნენ სარდალს ჭაპალას, მეფე გიორგი იდგა დიდგორზე, შემოიარეს საბარათაშვილო და დადგნენ თრიალეთზე, აქეთ ქართველნი დადგნენ კლდეკარს, ეცემოდნენ ჩვენი ჯარისკაცნი, იმათ მონაპირეს კაცსა გააქცევდნენ, დახოცდნენ. შეიქნა რჩევა შებმისა, თავის ხელმწიფის ხმლის კვრა აღარ აჯობინეს; მაგრამ აღარც ქართველთ მოინდომეს. წაბრძანდა მეფე გიორგი, ჩაიარა კრკონს, ერთი ამას წინ დამარცხდა ამავ კრკონს დედოფალი ხვარაშან, მოასვენეს ქვაბთახევს, აჰყარა რძალი, ბატონიშვილი ბაგრატის ნათხოვნი იყო ჩერქეზის ბატონის ასული, რუსუდან. წაბრძანდა და თვითონ გადავიდა იმერეთს და ბატონიშვილი გიორგი, ვახტანგ და რძალი გაგზავნა ჩხეიძის ქაიხოსროს სახლში, რადგან ერთგული იყო და შვილი ქაიხოსროსი თეიმურაზ ისპაანს ბატონი შვილს ლევანს შერჩომოდა, და ერეკლე მეფეს არ გამოჰყოლოდა. მეფეს გადაჰყვა ერთპირად ერისთავი გიორგი; ამილახორი, გივი, ძმა ამილახორისა, კათალიკოზი ნიკოლაოზ, ყორბიჩაში მუხრანის ბატონიშვილი დათუნა, ზურაბიშვილი ზურაბ, სხვანი თავადნი და აზნაური მრავალნი.
რა ჩხეიძეს მეფის ერეკლეს წყრომა მოუვიდა, ვეღარც ბატონიშვილები დადგნენ, აიყარნენ, წაუძღვა სეხნია, ერთპირად მოყვარე იყო აბაშიძე გიორგი, ციხე ჰქონდა მაგარი, ხარაგეულს დააყენა ბატონიშვილი ვახტანგ, რძალი მეფისა რუსუდან, ბატონი თინათინ ქვაბს დააყენეს, დადგა ბატონიშვილი ქაიხოსრო წიფას. ამა შიგან გადმოვიდა მეფე ერეკლე და ქალბალიხან გორსა და შემოიყარეს ქართველი და დააფიცეს. შეექნა რჩევა მეფეს გიორგის, რათგან ძმები ყაენის კარზედა ჰყავდა, გამოგზავნა ძმისწული ქაიხოსრო ამ ხერხითა, ეგება ყაენთან მიეწია და საქმე წარემართა. რა შეიტყო მეფე ერეკლემ და ქალბალიხან ქაიხოსროს მონდობა, აახლეს ციციშვილი ქაიხოსრო და საფიცარი მტკიცე, ჩამობძანდა გორს დასდვეს პატივი უსაზომო და მოართვეს მოსართმევი მრავალი, გაგზავნეს ყაენთან ჩაფარი, აუარენ ქართლს, არა ივნეს რა, ჩავიდნენ ქალაქსა ტფილისსა, შემოირიგეს ერისთავი ქსნის დავით, მუხრანის ბატონი პაპუნა, სარდალი თამაზ. რა ესენი ხელში ჩაიყარეს სამნივ ისპაანს გაგზავნეს. მაგრამ თამაზ სარდალი ორი ვაჟითა და ორი ქალით. რა ისპაანს ჩავიდნენ გაუწყრა ყაენი და ყველა ქირმანს დაატყვევეს. გამოხდა ხანი მცირედი, მოვიდა ყაენისაგან მემანდარი და წყალობის რაყამი ბატონიშვილის ქაიხოსროს, გაისტუმრეს პატივითა მაგრამ კაცნი მცირედი გაატანეს, გაჰყვა ჩხეიძე სეხნია და მცირედი აზნაურნი და მსახურნი თან წაიყვანა და ჰყავდა ხარჭა.
რა ისპაანს ჩავიდა იმავ დღეს ეთხოვნა და ბატონიშვილისა, მიართვა, დააყენა მამასთან, ჯერ ყაენს არც ბატონიშვილი ლევან ენახა, არც ლუარსაბ. მესამე დღეს იხმო ხელმწიფემა, ნახა სამნივე, დასდვა პატივი უშურველი, მოეწონა სიმხნე და სიკეთე ამათი, მისცეს სასახლე მშვენიერი და დადგნენ მამაშვილნი ერთად. რაც იმ დღეს გაეწყობოდა ნახევდნენ ლხინსა, ქ~კონს ტპდ (1696), მკათათვის, ვიყვენით ამა განცხრომაშია, არც მისცეს ულუფა, შევსძვირდათ ხარჯზედა, მისცა ვინცავინ ქართველნი ახლდნენ დასტური, მაგრამ სეხნია ჩხეიძემ არად ინება მოშორება მათი, თავად ლევანის გაზრდილი იყო და მერე ქაოხოსროს თან შეზრდილი, მოხდა სიღარიბე დიდი და გამოხდა ხანი და გამოეგზავნა მეფეს გიორგის, ხელმწიფეს შემოხვეწოდა, ზურაბიშვილი ზურაბ, რა სცნა ყაენმა მეფის გიორგის შემოძლევა და ხლება გაიხარა სიხარულითა დიდითა, მაგრამ არ ჯერ იყო, რადგან ისე სახელოვანი კაცი იყო დიდად უნდოდა ნახვა მისი, გაუგზავნა მემანდარი და წყალობის რაყამი: „თუმცა მნახო, ჩემგან აურაცხელი წყალობა მოგანიჭო“. მივიდა ზურაბ იმერიდან და მემანდარი ალს, გადმობრძანდა მეფე და ვინცავინ დარბაისელნი ახლდნენ. ამილახორი იმერეთს დამარცხებულიყო, სხვანი თავთავის მამულებში დააყენა მეფემ ერეკლემ. რადგან ყაენს ებრძანა თავ თავის მამული მიეციო. დააყენეს ცოლ-შვილნი და თვითონ მეფეს გიორგის გაჰყვნენ, გადმოაიარეს თრიალეთი და მივიდნენ ერევანს, აცნობეს ყაენს. იამა სიამოვნითა დიდითა და მოაგება წინ თუმანი ხუთასი, ხალათი და ოქროთ შეკაზმული ცხენი: ჩაბრძანდა ისპაანს, ქ~კნს ტპე (1697), მარტს ე (5): მიეგებნენ ძმანი და ძმისწული. რა ნახეს ერთმანეთი, გარდაეჭვდენ ერთმანეთსა, შეიქნა სიხარულის ტირილი, მზემა ღვთისამა და თავმან ამათმან, ეს ოთხნივ ერთად გენახათ ამის ბრძანებდით, ამათთანა კაცთა შვილი უკეთესი არ იქნებაო. შევედით, მოგვცეს სარაია ტურფა და დარბაისელთ ცალცალკე. დღესა მეოთხესა ნახა ყაენმა, დახვდა ტკბილად და საყვარლად, როგორცა მამასა და დასდვა პატივი მისად შესაფერად, მოეწონა სიკეთე მეფის გიორგისა. ამაშიგან გამოხდა თვენი ოთხიღა, მოახსენა მეფემ გიორგიმ ხელმწიფესა რათა უყოს წყალობა და დაიხსნას ქირმანიდან ერისთავი დავით, მუხრანის ბატონი პაპუა და სარდალი თამაზ. უყო წყალობა და გაგზავნეს ჩაფარი და მოვიდნენ ესენიცა. გამოხდა მცირედი დღენი და დაჰპატიჟეს ქართველთ: „თუ რჯული არ დააგდონ ქართლში წავიდენო“. შეექნათ ჭმუნვა დიდი, თავად რჯულის დაგდებისათვინ, მერე პატრონის გაყრისათვის, არა ცოტანი იყვნენ, ქართველნი იყვნენ ექვსასი. შექნეს რჩევა, აღარა გაეწყობოდა-რა, მისცა დასტური ქართველთა. მაგრამ ზოგი არ გაუშვეს, გაათათრეს არაგვის ერისთავი გიორგი, ერისთავი დავით, ციციშვილი ვახტანგ, ციციშვილი პაპუნა, აბაშიშვილი დავით, ზურაბიშვილი ზურაბ, წინათ თათარი იყო თამაზ სარდალი და მისი შვილი კაცია, ყანდაარის ხანი ამისავ გვარისა იყო - ყაფლანიშვილი. ამისთვის გამოითხოვა და თან წაიყვანა მამუკა, ამისივე შვილი ქართლში გაისტუმრეს და დარჩნენ მეფეს გიორგისთან ეს გათათრებულნი და სხვანი თავადნი ორასიოდენ კაცნი. რა ნახავდა მეფეს გიორგის ყაენი, პატივსა და წყალობის სიტყვასა არ დააკლებდა, უნდოდა ხელმწიფეს წყალობა. მაგრამ დრო და სოფელმა არ მოახდინა. გამოხდა წელნი სამნი და მიიცვალა ბატონიშვილი ლუარსაბ, შეექნათ ძმებს მწუხარება და ჭმუნვა დიდი.
იქმნა წყალობა ღვთისა და განადიდა უშურველი წყალობა მისი. დაუძახა მეფე გიორგის ხელმწიფემა, ქ~კონს ტპზ (1701), გიორგობის თვის კ (20). დაუწყეს სმა და დახვდა ხელმწიფე მოცინარითა პირითა, დაისვა ახლოს თავისა და უბოძა ღვინო თავისა ხელითა, ილაღობეს მხიარულად თვით ხელმწიფე კარგი აზნაურშვილი იყო, მაგრამ მეფის ხუმრობას და სიტყვის მარჯვეობას არა გაეწყობოდა-რა. უბოძა ქირმანის ბეგლარ ბეგობა და დაარქვა სახელად მამისის, შაჰნაოზ. არად ინება მეფემ გიორგიმ ქირმანი, რომ საქართველოს პატრონი იყო და ქირმანი იუკადრისა, მოახსენა უარი, მაგრამ არ მოეშვა ხელმწიფე, დაუჭირა ხელი ხელითა და აღარა გაეწყობოდა-რა, აკოცა მუხლსა, იამა ხელმწიფეს დამორჩილება მისი, ორნივე დიდად დათრვნენ. ხან ყაენი დაუსხამდა ღვინოსა, ხან მეფე. წამოვედით მხიარულად, შეგვექნა სიმხიარულე, არა ქირმანისათვის, არამედ საქმისა და წყალობის გამობრუნებისათვის. მეორე დღესა მოვიდნენ ბეგლარნი და მოულოცეს წყალობა ხელმწიფისა და მოართვეს მოსართმევი მრავალი, ვის უნდოდა და ვის არა. მესამესა დღესა დაუძახა ბატონიშვილს ლევანს, უყო წყალობა და ნაიბობა ქირმანისა და გაგზავნა ჩაფრათ. თურე ქირმანის ქვეყანა ბულუჯთაგან აოხრებული იყო, რადგან ეს მტერი ჰყვანდათ, მაშ, ღმერთო, არ ავად მოიგონეს ქირმანისა ამათი მიცემა.
წაბრძანდა ბატონიშვილი ლევან, თან იახლა ჩხეიძე სეხნია. გაატანა მეფემ გიორგიმ აბაშიშვილი დავით და ათიოდ სხვანი. ვიარეთ ოცისა დღისა სავალი, ჩავედით ქირმანსა. ქალაქი იყო მშვენიერი და მოგვეგებნენ წინა ჯარი და მოქალაქენი, შეექმნათ სიხარული შველისა მათისათვინ. გამოხდა დღენი თორმეტი, მოვიდა ამბავი ბელუჯთა ჯარისა: „წამოვიდა მირ-ხოსრო-შაჰ ჯარითა მძლავრითაო, მოვა დასარბევლად ბანდარისა ქვეყანისასო“, რა ვისმინეთ ამბავი ესე, ჰკრეს ნაღარასა, შევსხედით, ვიარეთ მცირისა ჯარითა, ვიარეთ სახელსა ზედა ღვთისასა, ვლეთ დღე და ღამე, მეათექვსმეტსა დღესა მივედით ქანუ დინარსა, სამძღვარსა ბანდარისასა. დავდექით. დღესა მეორესა მოვიდა ყარაული ჩვენი და მოგვითხრო ამბავი: „დაარბია ბანდარის მამულები ხოსრომაო“. უკანვე საშოვრად დამდგარიყო და ორი მისი სარდალი და ნაშოვარი გამოესტუმრებინა. მოვიდა ამბავი ჩამოხდომისა მათისა ადგილსა კლდოვანსა. გვიამბეს ლაშქრისა სიმცირე, ორი ათასითა კაცითა ორნი სარდალნი არიანო. ჰკრეს ქნარისა, ვახსენეთ სახელი ღვთისა, დარჩენილ იყო დღისა ორი საათი, შეჯდა ბატონიშვილი ლევან, მზემან ღვთისამან, ასე სიხარულით მივდიოდით, როგორცა ქორწილსა შინა წვეული ვყოფილვიყავით, მაგრამ ჩვენის ჯარის სიმცირე გვიმძიმდა. ახლდა თათარი ავ-კარგათ ექვსასი ოდენ, ქართველნი ორმოცნი. ბრძანა პატრონმა ჩვენმა ლექსი: „უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებან ხმელთა სპანი“. გვესწრა ღამე და მოვადეგით, სადა ბელუჯნი ჩამომხდარ იყვნენ, ადგილსა კლდოვანსა და გარე აქლემი შემოეწვინათ და თვითონ კლდე იყო მაღალი, იმაზე იდგნენ. რა შემოვადექით გარე და დავაწყვეთ რაზმი ღამე იყო. რა შეიტყვეს მისვლა ჩვენი, არად გვახსენეს და არც დაიძრნენ, თავად ჯარის სიმცროსათვის და მერე მრავალჯერ ამოეწყვიტათ და გაექციათ ყიზილბაშნი. რიჟრაჟსა ოდენ ჟამსა გამოხდა ხმა მათ ყარაულთაგან, უხმეს ჩვენ ყარაულთა: „თქვენ საბრალოთ აშენებულნო, ვის მოუცთუნებიხართო, თუ კიდევ მამადალი ხან მოსულაო, სამჯერ ჩვენგან გაქცეულაო, წამოსულაო, ჯარი მისი ამოგვიწყვეტიაო, საქონელი გაგვიყვიაო. იშალა, კიდევ აგრე იქნებაო, თუ გათენდაო“. მისცა პასუხი ჩვენმა ყარაულმა გინებით: „მოვიდა რისხვა ღვთისა თქვენ ზედაო, მობრძანდა საქართველოს ვალი ლევან, ახლავს ქართველნი ჯარი კაცის მჭამელნიო“. შექნეს თურმე დიდი ჭმუნვა, ეს კი არ იცოდენ, არც ოცი ქართველნი გვახლდა, თითოს ქათმის შეჭმაც არ შეგვეძლო, მაგრამ ჩვენმა ყარაულმა კარგი ტყუილი გამოიყენა. შეგვექნა ჩვენ აქ სიცილი. რაც ცამან სინათლე გამოავლინა, ვილოცეთ და დავსხედით უკეთესსა ცხენსა, სეხნია შესვა თავისა წინა სძღოლსა ტაიჭსა, არ ავად მოიხმარა. რა გავიცანეთ ერთმანერთი, შეგვექნა სროლა, თურე ღამით ასე ახლოს მივსდგომოდით თოფი გვწვდებოდა. მოახსენა სეხნიამ პატრონსა მისსა: „ცოტა სადავის აწევა და ცხენის უკან უკუდგომა“. გაუცინა: „აღარ ეგებისო“. რა არ დაიშალა, დაუდგა გარდიგარდმო, გადაივლო ხელი ქარგადანსა, ფარსა და მიიცა ღლიასა, მოუხდა თოფი ფარსა, გავარდა შიგან, მოხვდა ბატონთან მდგომელს ცხენისა კისერსა და დაეცა ცხენი. დიდსა კლდესა ქვეით გორა იყო მომცრო, სამი კაცი იმაზე ჩამოგვეპარნენ, იმათ თურმე გვესროლეს. გაიხტუნა ჯაფარ ბეგ ცხენი, გაჰყვა მსახური ერთი, მიუხდა ძირსა, გაუშვეს ცხენები, აუხდენ ორნი, პატრონ-ყმანი, დასჭრეს ორთა თავები, ერთი გაექცა, სანამდის ცხენს დავძრავდით. მოართვეს პატრონსა ჩვენსა თავები. ის ჯაფარ ბეგ იყო მეფის შაჰნაოზის ვეზირისა შვილი, ვაჟკაცობის იადგარი. უბრძანა მადლიერობა და წყალობისა სიტყვები. გაჭირდა ომი, ვიდრე შუადღემდე, გვიბძანა პატრონმა ჩვენმა: „აწ ვნახოთ ვაჟკაცობა თქვენი“. მოვქუსლეთ ცხენი, შევერიენით შიგა, თქვენმა მზემა და თავმან პატრონისა ჩემისამან, სანამდის პატრონი მოუსწრებდა ჩხეიძემ სამი მოკლა შუბით... იჯდა თეთრსა ტაიჭსა ბატონი, შემოერია შიგა, ზენარმა ღვთისამან, ასე შეერია შიგა, როგორც ლომი თხასა შიგა გარეულიყო. გაიკრა ისარს ხელი, მოკლა სამი კაცი. მოუხდა ერთი ბელუჯი, შემოტყორცნა თოფი იღლიას, თურმე კაბაში გავარდა. მოუხდა სეხნია, შემოსცა შუბი მარცხენას ღლიასა და თქვენმა მზემა, მარჯვენა იღლიაში გაავლო. ძლიერებითა ღვთისათა გაგვემარჯვა, გაგვექცნენ, ცოტა რამე კლდე და სიმაგრე იყო, შეგვესწრენ იმას ზედან. ავივსეთ ნაშოვრითა, მრავლითა საქონელითა. მოიჭრა თავი მათი ათას ხუთასი, ჩვენი ჯარიდან დაგვკლებოდა ას ორასი. თუმცა გენახავნით მცირე პატრონ-ყმანი, არ ავად ვიყავით. წამოვედით გამარჯვებულნი, მოვედით იქავ ქანუდინარსა, მოლოდინი გვქონდა. ხოსროშას თურმე ამბავი მისვლოდა ჩვენისა გამარჯვებისა და გვერიდებოდა და წასულიყო მანიჟავის ღელეზედა. გზა საჭირო და გრძელი იყო, თვით პატრონმა ჩვენმა აღარ ინება გამოდგომა მისი, უთავა ჩხეიძე სეხნია და აღარ (წაბძანდა თვით), გაატანა ორასი ამორჩეული თათრის ჯარი, გადაუსწრეს მანიჟავის ღელესა, შეექნათ სროლა, გაიქცა ხოსრო, დარჩა ნაღარახანა. მოიჭრა თავი მათი ასი. მოვიდა გამარჯვებული პატრონთა მისთა, შეიქნა სიხარული დიდი, უბოძა საბოძვარი უშურველი და შემოსა ყვითლითა ზარბაბითა, მიანიჭა საშოვარნი ლაშქართა და გაუყო მცირესა და დიდებულსა. გაგზავნა ჯაფარბეგ მახარობლად ყაენთანა და ძმას მისთან მეფეს გიორგისთან ისპაანს.
ქ~კონს ტპჱ (1700), თებერვალს ია (11), წამოვედით ქალაქსა ქირმანისასა, მივიახლენით ერთისა დღისა სავალსა, მოუვიდა ხელმწიფის წყალობა უშურველი, ხალათი, ხმალი, მურასა ცხენი ოქროთა შეკაზმული, ინამი და წყალობა და სიმხიარულე აუარებელი, მოლოცვა გამარჯვებისა. მივედით, მოგვეგებნენ მოქალაქენი, შეასხეს ქება, ღვთისა თაყვანის ცემა: „კურთხეულ არის ღმერთი, რომ ჩვენად მეშველად გამოგაჩინაო და დაგვიხსენ მტერთა ხელთაგანო“. დავყავით ხანი სიხარულსა შინა, ინადირებდა, გასცემდა, სამართლობდა. გამოხდა ხანი მცირედი, წამობრძანდა მეფე გიორგი ისპაჰანიდან და მობრძანდა ქირმანს მაისის ე (5), შეგვექნა სიხარული დიდი და მიგებება ჯარისა ორისა დღისა სავალსა. შეიყარნენ ძმანი, მოულოცა გამარჯვება. ამას ბძანებდი თვალი კაცისა ამათთანას რას ნახავსო. ჩამოვედით ქალაქსა, ჩამოჰყვნენ ქართველნი თანა არაგვის ერისთავისა და პაპუას გარდა. გამოხდა ხანი რამდენიმე, მოვიდა ჩაფარი ხელმწიფისა, ეთხოვნა ქსნის ერისთავი, თურმე ქართლში ქსნის ერისთავი მოეკლათ თავის ყმათა, ძმისწული ამ ერისთავისა, რა მივიდა, უყო ხელმწიფემ წყალობა, უბოძა საბოძვარი და მაჯმა ოქროსი და ერისთაობა, გაისტუმრა ქართლში.
გამოხდა თვე ერთი. მოვიდა ამბავი: „ბელუჯნი და ავღანნი შეიყარნენო და მოდიანო“. თურმე ბიაბანსა შიგან ასე გაევლოთ, ვერა ვცანით რა ამბავი, წასულიყვნენ ქვეყანასა ქაშანისასა, დაარბიეს გარეშემო ქაშანისა, პასუხის მიმცემი არავინ ჰყავდათ. გასწყრა ყაენი და გაუსია ჯარი, ვერ ევნოთ-რა, გაექციათ და მოეწყვიტათ ჯარი ყაენისა. დაყვეს ბელუჯთა თვე ოთხი ქვეყანასა ქაშანისასა, არბიეს და ამოწყვიტეს მრავალნი სული და წამოვიდნენ ჩვენისა ქვეყანისაკენ. მოვიდა ყაენისაგან ბრძანება და მოეწერა წიგნი მეფეს თანა: „დამირბიეს ქვეყანანი და ამომიწყვიტეს ლაშქარი, წამოვიდნენ ქვეყანისა შენისაკენ, გამოაჩინე ლომგულობა შენიო, ნუ გაუშვებ მაგათ უზიანოთო“. როგორცა ბრძანებაც არ მოსულიყო, წესი მისი იყო, საითკენაც მტერი გამოჩნდებოდა უომარს არ გაუშვებდა. გაგზავნა ყარაულნი, მოვიდა ყარაულთაგან ამბავი: „წამოვიდნენ და მიდიან გზასა სისტანისასაო“. შეგვექმნა სიხარული და გააყენა ბატონიშვილი ლევან და შეიყარა ჯარი ქირმანისა, ჩავედით ბამს, იყო ქირმანიდან ექვსი დღისა სავალი. რა სცნა მეფემან იმა გზაზე ჩამოვლა, წამობრძანდა ქართველთ ჯარითა, ჩამობრძანდა ბამსა, ვიარეთ თავმან თქვენმან, ხან ოცს აღაჯს გავივლიდით, ხან უფროსსა, ვიარეთ და მეოცესა დღესა მივეწივენით, ფირიქეს თურმე ჩამომხდარ იყვნენ. იყო ბიაბანი, შენობა არსადა, წყალსა სადაცა ვნახავდით, ამას ბრძანებდით მლაშე თევზის წვენი არისო. მოვიდა ბძანება ღვთისა, დავადასტურეთ მათი დგომა, გაისტუმრა მეწინავეთ მეფემან ძმა და აახლო ქირმანის ჯარი და ზოგნი ქართველნი. მეოცესა დღესა, რა ქვეყანის მამშვენებელმა ცამა სინათლე მოგვცა, ვილოცეთ, ვახსენეთ ღმერთი, ვეზიარეთ ქართველნი, შევსხედით უკეთესთა ცხენთა, მოვადექით წინადამე. რა სცნეს მისვლა ჩვენი, აიყარნენ და მოვიდნენ სიმაგრესა, კლდე იყო მაგარი, მის კლდესა ზედან ნაშენები ყორე ქვისა, მის დაბლა გორა ორი, მისგან უმცროსი. ვახსენეთ სახელი ღვთისა და შემოვადექით, ვკარით ქოსსა და ნაღარასა, ქვევით ბატონიშვილი და ზევით მეფე, შეგვექნა სროლა, და ამა სროლასა შიგან მოვიდა ხანი სისტანისა, შემოეთვალა: „ბრძანება თქვენი ვისმინეთ და რომელსა მხარსა ბრძანო მიხვედო“. გვიამა მოსულა მისი, არა ავ დროს მოვიდა. უბრძანეს მარცხენასა მხარისა შემოდგომა. არ ავად მოვიდნენ, თუმცა ბოლო გაეტარებინათ. თქვენმა მზემან ამას ბრძანებდით უთუოდ სიმაგრე აიღესო, დაუძრეს ცხენთა, მოადგნენ კლდესა, გადაიჭრნენ ცხენიდან, გაიკრეს ხელი ხმალთა, შეებჯინნენ ქვეითათ. შეგვექმნა ჩვენ ქართველთ ჭმუნვა, შეჰვქენით წევა, როგორცა იმათი ჯობნა გვეთაკილა. დაგვტუქსეს პატრონთა ჩვენთა. რა მიეწურნენ, წამოეშალნენ ბელუჯნი, თავმა თქვენმა და მზემან პატრონისა ჩვენისამან, როგორც მაღლიდან ხელით ქვა კაცმა ჩამოაგდოს, ყველანი ისე ძირს ჩამოცვივდნენ, შეგვექნა ზოგთა სიხარული, ზოგთ წყენა ლაშქრისა დამარცხებისათვის. იყო ომი დიდი და იხოცებოდნენ თვით ისინიცა და მცირედნი ჩვენიცა. გაჭირდა ომი, გაიყვანა ცხენი მეფემან, დაიგრგვინა, როგორცა ცამან. დაუძახა ქართველთა: „აწ ვნახო ჭაბუკობა თქვენიო“, ეგრეთვე ბატონიშვილმა. თავმა თქვენმა ომად კმა იყო. მივქუსლეთ და დავერიეთ შიგას, არ ავად იყვნენ ისინიცა, არც ხმალ მოუქნეველნი დაგვრჩენიან, გაგვემარჯვა, ამოვწყვიტეთ, ავივსეთ ნაშოვარითა მათითა. წამოდგა ერთსა გორასა მეფე და ერთსა ლევან და შუაში გვქონდა ცემა, თავის-ჭრა. იყო იმათში ერთი მხნე და მომაღლო კაცი, შერჩენოდა ხმალი ერთი, გადმოიჭრა მაღლიდან, მოუხდა სეხნია ჩხეიძესა, შემოკრა ქარქაშსა, გაუწყვიტა ბოლო ქარქაშისა, მაგრამ მუხლს ვერა ავნო რა. აიჭრა როგორცა ვეფხვი და ჩამოაგდო ხმლით ორი თათარი. ვინ უყურებდა ერთს კაცს, აქ ცემა იყო, წავიდა მინდორსა შიგან. ამას შიგან მოვიდა ზურაბიშვილი ზურაბ, მოულოცა ბატონიშვილს გამარჯვება. იმათ ნახვა უბრძანა ერთმანეთსა: „უყურე იმ ერთს კაცს ლამის მოგვრჩესო“. მოახსენა ზურაბ: „მე მზად ვარ სამსახურად“. უშალა ბატონისშვილმა „თავად დაღლილი ომისაგან და მერე შორს დარჩენისაგან“. არ აიშალა. იარა, რა მიწევის დრო შეიქმნა, თურმე ერთი ქირმანელი კაცი წამოსდგომოდა, მოუხდა მოგანებით, შეკაზმული ქარქაშითა, ცხენითა მალითა. მოიცადა იმა კაცმა, რა მიეახლა, შემოუტია, ჰკრა ხმალი მარცხენასა მხარსა, ასწია ფეხსა, თქვენმა მზემა, როგორც კატა ისე ცხენიდან ჩამოიღო, არა დაჭრილობა ჰქონდა. ეს გვიკვირდა, თუ ისე ჯაბანი კაცი იყო, რას მისდევდა. შეგვექმნა გინება და ზრახვა მის კაცისა, შეჯდა ბელუჯი ცხენსა მის კაცისასა, ასე ბრძანებდით შევარდენისავით გაფრინდაო, დარჩა ზურაბ მიუწევარი, როგორცა ცხენი დაღლილიყო და აღარა გაეწყობოდა-რა. რა გამობრუნდა, თურმე კიდევ ჩვენგან ოთხნი ბელუჯნი წასულიყო და თხუთმეტი თათარი ცხენკეთილნი უკან მისდევდა, თავმან თქვენმან და მზემან პატრონისა ჩემისამან, რომ ეს ოთხნი გამოუბრუნდებოდნენ ამ თხუთმეტს გამოიქცევდა ისინი ქვეითნი მისდევდნენ და ვერა ავნეს რა. რა ნახა ზურაბ ამ ყოფაში არიან, შემოუტია, ჰკრა ერთსა შუბი და მეორეს-ზე იცა, ორნივ წაიქცნენ, ჰკრა მესამესა შუბი, თქვენმა მზემა, გავლო შიგა და მიწას დააბა იგი კაცი, გატყდა შუბი და გაიკრა ხმალსა ხელი, მიჰმართა მეოთხესა, არა ავად იყო იგი კაცი, შემოუვარდა ცხენს ქვეშ, შემოჰკრა ხმალი ზურაბს ავჟანდასა, გაუჭრა ავჟანდა, ფეხს ვერა ავნო-რა. გაიხტუნა ცხენი, შემოჰკრა თავსა ბელუჯისასა და ჩაჰკვეთა კისრამდე, დაჭრეს ამ თხუთმეტმა კაცმან თავები და მიართვეს ზურაბს და მიულოცეს გამარჯვება. არად ინდომა: „თქვენი იყოსო, მე მოგეხმარეო“, იმათვე მისცა. მოვიდა წინაშე მეფისა, იამა ნახვა მისი და გამარჯვება. გადავხედეთ ნაომარსა ადგილსა, მაგრამ დაღლილი უწყლობითა. მას ადგილსა წყალი არა იყო. შევსხედით ცხენსა იმავე საღამოსა. ხანი სისტანისა ბელადი იყო და ადგილი მისი, გვითხრა წყარო არის აღაჯსა ორსაო, იქ უნდა დავდგეთო. გვიამა და შეგვექმნა სიხარული წყაროსა მისთვის, გვეგონა ქართლის წყაროს მსგავსი იქნებაო. ვიარეთ აღაჯი ორი და დაეცა ბინდი, მივედით ადგილსა მას, საცა წყარო გვითხრეს, შევქენით ძებნა წყაროსი. გვაჩვენეს, ვნახეთ, ღმერთმან თქვენ მტერს მისცეს ის წყარო იყო, ასეთი მარილი ედვა ნადინარსა მის წყლისასა, თავმან თქვენმან, კურდღელი მოიკლვოდა. წყალი იყო მწარე მარილისაგან, შეგვექნა ზოგთა სიცილი და ზოგთა მის ხანისა გმობა, მაგრა რა ღონე იყო, დავდექით მას ღამესა იქ და რა გათენდა დაჯდა მეფე კარავს შიგან, მოართვეს ნაშოვარი და თავი ბელუჯთა შვიდას სამოცი. იმ ერთის კაცის მეტი არ მოგვჩომიაო. უბოძა ნაშოვარი ლაშქართა მისთა.
მოვიდა ყარაული ჩვენი და გვიაბო ამბავი: „უკან კიდევ ჯარი მოდისო“. თურმე ესენი გაყოფილიყვნენ და ნაშოვარი გაეყოთ, ესენი ბელუჯნი იყვნენ და უკან ავღანი დამდგარიყვნენ. რა ვსცანით შეგვექნა სიხარული, ვახსენეთ სახელი ღვთისა, ჰკრეს ქანარასა, შევსხედით, დავაწყევით რაზმი, მინდორი იყო თვალთ უწვდომელი, შემოვიარეთ წინა ერთსა უდაბურსა ადგილსა და იმავ მინდორსა შიგა გორა კლდიანი დიდი და გრძელი და გარეშემო მინდორი. ძირსა მას კლდისასა დააყენეს ნაშოვარი და შემოვადექით გარე. შეგვექნა სროლა წინასაგან უმწარესი. დარჩენილ იყო დღისა სამი საათი, ოდენ დაეწურა მზე, გვიბრძანეს პატრონთა ჩვენთა: „ლაღობა ნუ გგონიათო“. დავქვეითეთ, შევუცვივდით, ზენარამან ღვთისმან, არც ერთი კაცი არ მოგვირჩომია, ამოვწყვიტეთ, ავიფორიაქეთ ნაშოვარი მათი, გადაედით მოსვენებად. დავჰყავით მას ღამესა იქა, რა გათენდა, მიართვეს თავი ხუთას ორმოცი. აქაცა და იქაცა ააშენებინა თავების მინარა, თითო ოც-ოცი წყრთა. ავიყარეთ და წავედით. დახვდა ხანი სისტანისა. გვიმასპინძლა, რაც ოდენ ბიაბანს გაეწყობოდა. მაგრამ წყალი ჰქონდა. უბოძა მეფემან შესამოსი მძიმე და გამოგვესალმა. თურმე სისტანი ორისა დღისა სავალი დარჩენილიყო. ჩვენ წავედით დიდისა სიხარულითა, ვიარეთ ბიაბანი. თავმან თქვენმან თხუთმეტს დღეს ცხენს ბზე არა ჰქონია. ბიაბანსა შიგან სიარულმა შეგვაწუხა, თვარა სასიხარულო დიდი გვქონდა, თავად გამარჯვებისა და მერე ამიტომ იმ ალაგების ნახვისათვის, ის ალაგები გზათაც არავის გაევლო, არათუ საომრად ვინ წავიდოდა. ვიარეთ თვე ერთი, გაგზავნა მახარობელი ყაენთანა და შემოვიქეცით ქალაქსა ქირმანისასა. შეექნათ სიხარული დიდი და ჯარითა მის ქალაქისათა შეექმნათ ჯართაგან მეფისა ნახვისათვის. ამისთვის ასხემდენ ქებასა და ლოცავდენ: „კურთხეულ არის ღმერთი, რომ თქვენ მაგისთანა კაცნი დაუბადებიხართ და ჩვენთვინ გამოგარჩივათო“. შეიქნა იმა ქვეყანასა სიმშვიდე და ნაოხართა შენობა, განისვენებდა მეფე ჩვენი სიმხიარულითა დიდითა, მეჯლიშითა და ლხინითა.
გამოხდა დღენი რამდენიმე, მოვიდა ხელმწიფიდან წყალობა და დამადლება დიდი და ებოძა თაჯი და ჯიღა მურასა, ხმალი და ხანჯალი, შემკული თვალითა და მარგალიტითა. ცხენი ოქროს უნაგირითა, თეთრათ ორი ათასი თუმანი, ხალათი მძიმე სიამურის ქათიბითა რაც დარბაისელნი იყვნენ თავ თავისთვინ ინამი და ხალათი ორმოცდაათი, გვქონდა მორჭმა და მოვლენა, ლხინი და ნადირობა, ბურთობა და ყაბალაზედ სროლა. ამავ ქორონიკონს ამათზე გაგვემარჯვა გიორგობის თვეს ით (19).
როცა გამოხდა თვენი ხუთიღა მოსულიყვნენ ავღანნი და დაერბიათ ბაღდადი. მოგვივიდა ამბავი, ვახსენეთ ღმერთი, ვიარეთ და ჩავედით ბამს, აღარ ინება მეფემ წაბრძანება, აღარც ქართველთ, ამიტომ ცოტანი იყვნენ. უბრძანა ბამელსა ჰუსეინ ბეგს, კაცი გამოცდილი და მხნე იყო, აახლო ქირმანის ჯარი. გაევლოთ ავღანთ გორგი ბიაბანი, მიეწივნენ რუდმაისის, ასე ამოეწყვიტათ, მზემან პატრონისა ჩემისამან, არცა ერთი ცოცხალი ვერ მორჩომოდათ.
გაგზავნა მეფემ გიორგიმ კაცი ხოსრო შაჰთან მოსულისა და შერიგებისათვის. უბოძა წიგნი და ფიცი: „არა გევნოს ჩემგანაო წყალობის მეტიო“, ისმინა ბრძანება მეფისა, მოვიდა ჯარითა კარგითა, მოჰყვა მელიქი ბუფულისა, დასდვა პატივი მეფემ მირხოსროს. არა ავი კაცი იყო, მობერკაცო მშვენიერი, ეტყობოდა ჭაბუკობაში გაზდილობა, შეჰფიცა მეფეს ფიცითა მტკიცითა, უბოძა შესამოსი მძიმე და ზარბაბი ხუთი, ცხრა და მსახურთა მათთა თავთავისად, მოვედით ჩვენსა ქალაქსა.
ქ~კს ტპთ (1701), ებრძანა ყაენსა და დაებარებინა ბატონიშვილი ლევან. წაბრძანდა ქირმანიდან, რა მივიდა ისპაჰანს მასვე დღესა ნახა ყაენმა, დახვდა მხიარულისა პირითა, ჰკითხა ამბავი ძმისა და გამარჯვებისა. მოახსენა რაც ოდენ ხელმწიფეს მოეხსენებოდა, დაჯდა ნადიმად და შექნა სიმხიარულე, უბოძა თავისის ხელით ღვინო და მდივანბეგობა ერანისა და დაარქვა სახელი შაჰყულიხან.
გამოხდა მცირედი ხანი, მოახსენა ხელმწიფესა: „ჩემი შვილი შენი ყულიაო, სხვის საბატონოში პურს რატომ ითხოვდესო, მიყავ წყალობა და რაც ქართლში საუფლისწულო მქონია, მიბოძეო“. ისმინა მოხსენება ყაენმა და მისწერეს რაყამი მეფეს ერეკლეს. ისმინა ბრძანება ხელმწიფისა, აახლეს კაცი ბატონიშვილს ვახტანგს. იქავ იმერეთს, ხარაგეულს ექნა ქორწილი ჩერქეზის ბატონის ასულს რუსუდანზედა და ესვა ძე ერთი ბაქარ, გარდმოვიდა სურამს, შეექნათ მათ ერთგულთა სიხარული და ორგულთა წყენა. დაჰპატიჟა მეფემ ერეკლემ, იდგა მეფე კოჯორზედან. რა ნახა დასდვა პატივი შვილურად და შეიყვარა ძმათ და შვილად. უბოძა საბოძვარი მრავალი და ხმალი მურასა, შეარტყვა წელსა მისსა. ნახევდიან ლხინსა და უკუჰყრიდიან.
გამოხდა ხანი რაოდენიცა. მოავლინა ღმერთმან უშურველი მისი წყალობა, უბოძა ყაენმა შაჰ სულთან უსეინ მეფეს გიორგის ქართლი და ერანის სპასალარობა, ყანდაჰარის ბეგლარბეგობა, გირიშკი. გაუგზავნა კაცი ქირმანს, უბრძანა ყანდაჰარის გარიგება, იქაც ებრძოდა მირ სამანდარ და აეოხრებინა ყანდარის ქვეყანა და მოეკლა თამაზ სარდალი ომში და გამოქცეულ იყო ხანი ყანდაარისა მასულ-ხან სარდალი, რომ გაჰყვა ბრძანებასა ხელმწიფისასა, რა გაეწყობოდა. შეგვექნა სიხარული ქართლის შოვნისათვის, მაგრამ ყანდაარს წასულის მოწყენა.
დაიბარეს ქართლიდამ მეფე ერეკლე. წაბრძანდა ისპაანიდამ საქართველოს ნაიბად ბატონი მდივანბეგი ქ~კს ტჟა (1703), და დააგდო ძე მისი ქაიხოსრო ნაიბად მდივანბეგისა კარსა ხელმწიფისასა. თვით ყმაწვილი იყო, მაგრამ ცოდნის იადგარი. თქვენმა მზემა და თავმან მისმან, ასე გაუძღვა ერანის მდივანბეგობას, რომე დიდი და მცირე გააკვირვა. შეიქნა ხელმწიფისა კარგი ყმა და სდევდა პატივსა უშურველსა.
იარა მდივან ბეგმა დღენი რაოდენიმე. რა თავრიზს მიბრძანდა, ქართლიდამ მოვიდა მეფე ერეკლე. შეიყარნენ ერთად, გარდაეჭვდენ ერთმანეთსა, დახვდენ ძმურად. დაპატიჟეს ერთმანეთსა, ნახეს ლხინი სიმხიარულისა, მიართვეს ერთმანეთსა მისართმევი, გაიყარნენ, ჩაბრძანდა მეფე ერეკლე ისპაანს, დახვდა ხელმწიფე მხიარულად, მიაპყრა წყალობა და უბოძა ყულარაღასობა და ძესა მისსა იმანყული ხანს, წინათ ერქვა დავით, მისცა კახეთი, მეორესა ძესა მისსა ხარჭას, კონსტანტილეს უბოძა ისპაანის ტარუღობა, ამასაც წყალობაები უყო. დაუნაშავებელი იყო და ნამსახური, რადგან სამკვიდრო კახეთი მიეცა, ქართლს არას ნაღვლობდა, თავ-თავისი სამკვიდრო და საბატონო ორთავ დარჩათ.
აქეთგან მიბრძანდა ბატონიშვილი მდივან ბეგი შაჰ ყულიხან. რა სცნა ბატონიშვილმა ვახტანგ, შეიყარა ქართველთ ჯარი, მიეგება ტაშირზედა, დადგა იქით მდივანბეგი და აქეთ ძე მისი, შეიქნა მისალმება, მივიდიან ერთმანეთსა დარბაისელნი, აკოციან მუხლსა და თავთავის ალაგს დადგიან. რა გათავდა ჯართ სალამი, მიბრძანდა ძე მისი, გარდახდა ცხენიდამე, მოეჭდო ყელსა ძისასა. შეიქნა ტირილი, თქვენმა მზემა და თავმან ამათმან, ასე ბრძანებდით არც სანახავი და არც დღე ამის უკეთესი იქნებისო.
მობრძანდა ქალაქსა ტფილისს მკათათვის კ (20). მოეგებნენ მოქალაქენი სიხარულითა დიდითა, შექნეს სიხარული დიდი და გარიგება ქართლისა, როგორცა თვით პირველად ყოფილიყო.
გამოხდა ხანი მცირედი და მოუვიდა ქირმანიდამ მეფის გიორგის ამბავი ძმასა და დაებარებინა ქართველთ ჯარი. შეყარა ქართლის დარბაისელის შვილები და უთავა ყაფლანის შვილი ვახუშტი და გაგზავნა ჯარი ათასამდე. ენკენისთვის ი (10) ჩავიდა ჯარი ქირმანს, მოაგება მეფემ გიორგიმ ვინცა ვინ ქართველნი დარჩომილ იყვნენ, ქმნა მეჯლიში თალარსა ქირმანისასა, ნახა ლხინი და გასცა საბოძვარი მრავალი.
გამოხდა თვენი ათიღა და ქ~კს ტჟბ (1704) აახლო მდივანბეგმან ძმასა მისსა მეფეს გიორგის ფეშქაში. გაგზავნა ჩხეიძე სეხნია, ვითაც ბევრს გარჯილი იყო და თან მოყოლილი იცოდა ამბავი მის ქვეყანისა. წავიდა აპრილის კგ (23). ამა მისვლაზედ დახვდა ტკბილად და მისად უღირსად მეფე.
ამავე ქ~კსა მაისსა ბ (2). წაბძანდა მეფე გიორგი ქირმანიდამ ყანდაარს. გავებით ბიაბანსა გიორგისასა. მაგრამ სიცხის ამბავი რის შესადარებელი მოგახსენო, ან გაძლება ქართველთა. მზემან ღვთისამან და თავმან პატრონისა ჩემისამან, ზარბაზანი იდვა სევანს წინა, ტყვია გააბტყელეს და დასდვეს ზარბაზანსა ზედა და ორ საათს შუადღეს უკან ტყვია დაადნო. თვით მეფე იჯდა სევანსა შიგან და შიგან იდგა ალაჩუხი საიისა, ედგა გვერდსა საწერელი, მიახლო ხელი და ამოიღო მაკრატელი, ასე გაცხელებულიყო, თავმან მისმან, ხელი ვეღარ გაუყარა ქაღალდის წასაჭრელად. ამა სიცხისა გაძლებასა მეფისაგან, ზენარმან ღვთისამან და მზემან მისმან, ამას ბრძანებდით, იმის სილომე კაცი, რაც ფერმან შეაწუხოს. იყო წესი მისი, როიცა სამწუხარო საქმე იყვის, მაშინ უფრო გამხიარულდის. ჩემგან ქება არ გაეწყობოდა, რადგან ქება მიუწდომელი იყო, მაგრამ მე ასე ვჰგონებ, დედათა ნაშობი მჯობი ამისი არა იყოს ქვყანასა ზედან.
ჩაბრძანდა ყანდაჰარს თიბათვის კდ (24). მოეგება ჯარი ყანდაარისა და მასულ ხან. შეექნათ სიხარული დიდი ამისთვის, როგორც ქირმანის ქვეყანა მოარჩინაო მტერთა ხელთაგანაო, ღვთით ჩვენცა ისე გვიშველისო. მიბრძანდა ციხესა ყანდაარისასა. ციხე იყო მაღალი და ძირს გალავანი ევლო, სამი კარი ჰქონდა ოთხს კუთხესა. შიგან ქალაქი, სასახლე და ბაღები მშვენიერი, ჩანგიყალა მაღალსა კლდესა ზედან აყვანილი, ციხისა ქება და სიმაგრე თუ არ ნახვით, თუარა დაუჯერებელი. ერთის მხრისაკენ წინ ხანდაკი, ზურგით კერძო სულ მინდორი, კლდე გრძელი და სიგრძე აღაჯი ერთი, სიმრგულე, ადგილი კარგი, გარეშემო სანადირო და უკუსაყარი. მაგრამ ქალაქი ცხელი, საღამო ჟამს ასეთი ქარი მოვიდის ცხელი, რომ პირს ვერ შეაქცევდენ, და მინახავს აქაურის სიცხისაგან კვერცხი სპილენძის თეფშზე გათქვეფილი და დასხმული მზისაგან შემწვარ იყოს და ციხის სალს კლდეზე პური მიეკრათ და გამომცხვარ იყოს. სხვა ქება რა მოგეხსენებათ. ამაშიგან გაარიგა ყანდაარის მამული ვინც ურჩი იყვნენ დაიმონა და ერთგულს წყალობა უყვის.
გამოხდა წელნი ერთიღა. დაიბარა ყაენმა ქართლიდამ მდივანბეგი შაჰ ყულიხან და წაბრძანდა, ძე მისი იესე თან წაიყვანა, ძე ბატონიშვილი ვახტანგ გამგებლად საქართველოსად დაადგინა. რა ჩავიდა ყაენთან იამა მისი ნახვა და ძისა მისისა, მოეწონა სიმხნე და სიმშვენიერე მისი, გამოხდა მცირედი ხანი და ხელმწიფემ გაუგზავნა ბიძას მეფე გიორგის ბატონიშვილი იესე, რა მიეახლა ყანდაარს, მოეგება ქართველთ და ყიზილბაშთ ჯარი დიდისა დიდებითა, შეიყვანა, დახვდა მამაშვილურად, რა ნახა გადაეხვია. თავმან თქვენმა ერთი სასიამოვნო მისთანა არ იქნებოდა. ქნა მეჯლიში და ნახა ლხინი, უბოძა საბოძვარი მრავალი, იყო ამ განცხრომასა და სიხარულსა შიგან. სამართლობდის, განისვენებდის, ყოველსა შაფათსა ქნის მეჯლიში ქართველთა, სამშაფათს თათრისა, სხვას დღეებსა გავიდის სანადიროდ, შეექცეოდის, საითკენაც ურჩნი იყო გაუსევდის ჯარსა და უყვის ყათლამი, ზოგი კლდესა გარდაყარის, ზოგი ცოცხალი დამარხის, ზოგს კბილები დააძვრის და თავზე დაარჭვის. შეშინდა ყანდაარის ქვეყანა და შეიქნა უშენოთა შენება.
დღესა ერთსა მოვიდა მირ სამანდარისაგან ფეშქაში და ხვეწნა: „რახან ღმერთსა შენთვის ძლევა მოუცია და სახელოვანი ხელმწიფე ამ ქვეყანას გამოჩენილ ხარ, მიყავ წყალობა და ნახვა შენი მაღირსეო, რაც ოდენ შენაცოდვარი მაგ ქვეყანას მიქნია, შემინდევ. მოგართვა ხარჯი, რაც ოდენი დამკლებია“. შეიწყნარა პატრონმან ჩვენმან, მოვიდა ჯარითა სრულითა სამანდარ ხან და ბიძა შვილი მისი ქალიხან, კარგ სანახავნი, მხნე ვაჟკაცნი, მოართვეს მოსართმევი აურაცხელი. ნახა მეფემან, დასდვა პატივი, უბოძა საბოძვარი მრავალი, შემოსა მძიმითა შესამოსელითა, დაჰყო თვე ერთი, უბოძა დასტური და საბოძვარი და მსახურებდა როგორც ყმანი მისნი.
გამოხდა ხანი. იყო ერთი ქვეყანა ავღანთა უკუმდგარი. არა ინებეს სამსახური მეფისა. გაუსია ძმის წული თვისი იესე და აახლო ქართველთ ჯარი, მიუხდენ ორად, ქვეით თათრის ჯარი და ზეით ქართველნი, შეიქნა ომი ფიცხელი. თქვენმა მზემა და თავმა მისმან, იმ დღეს ბატონის შვილი იესე გენახათ, ამას ბრძანებდი, კაცთა შვილი იმისთანა რა ინახებოდა. გაიმარჯვეს, ამოსწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, გამობრუნდნენ გამარჯვებულნი. რა ბიძამ იხილა, შექნა სიამოვნე უსაზომო, უყო მეჯლიში, შეარტყა წელთა ხმალი მურასა და დამოსა დიდნი და მცირენი ვინცა ვინ იახლა, მისცა ვექილობა ძმისწულსა მისსა.
იყო სულთანი ყანდაარისა მირვეისი. გაუსია სულთანსა აზარისასა. გაემარჯვა და მოიყვანა მხარ შეკრული. იამა მეფეს და უბოძა საბოძვარი და შემოსა სამოსლითა კარგითა. გამოხდა ხანი და შექნა ამან სულთანმა უარშიობა, გაგზავნა ჩაფრად ყაენთანა და მისწერა სხვის ჩაფრით არზა და მოახსენა: „ესე სულთანი უარშიობსო და უნდა არევა ამა ქვეყნისა, ნუღარ გამოუშვებთ თვარამ ერთი რასმე მოახდენს“. შეინახა ყაენმა.
ქ~კს ტჟე (1707) ფებერვალს დ (4) გაისტუმრა ჩხეიძე სეხნია, ფეშქაშის მაგიერად აახლო ძმასა მისსა მდივანბეგს შაჰ ყულიხანს თეთრათ თუმანი ათასი, ფარჩას გარეათად, ძმისწულსა, საქართველოს გამგებელს ორი ყათარი აქლემი აკიდებული, მოფენილობა და ფარჩა, თოფი ოქროსა ზარნიშანით შემკული, ოქროსა იარაღით, საპირისწამლე მურასა, სეხნიას უბოძა საბოძვარი მრავალი და ქართლის მოლარეთ ხუცობა. მას დღესა მოვიდა ყაენი მაშათს, თან ახლდა მდივან ბეგი და ძე მისი ქაიხოსრო და მიართვა მისართმევი, გიორგი მეფისაგან გამონაგზავნი ჩხეიძემა.
ამავ ქ~კს თიბათვის თ (9). მოვიდა მაშათს ისპაანიდამ ჩაფარი. ისპაანის ხალხის უკუდგომა და შიმშილით შეწუხება, ხელმწიფის ალაყაფის კარის ქვით ჩაქოლვა, მონდომა მათგან ყაენის ძმის გამოყვანისა. რა ეს ამბავი მოვიდა, შექნეს ჭმუნვა და მისცეს ბატონის შვილს ნაიბობა ყაენისა და ტარუღობა და ნასაღი, გაისტუმრეს, ჩაფრად თან წაიყვანა სეხნია, ვიარეთ ორმოცისა დღისა სავალი თორმეტს დღეს. მივედით, რა შევიდა ქალაქსა შინა, შეიქნა სიხარული დიდი, რა სცნეს ქაიხოსროსი მისულა. წინად ამისსად კიდევ ბევრი ნასაღი ექმნა და დაეცათ შიში დიდი. შეიყარა ქალაქი და მოეგებნენ წინა და ლოცვიდენ შიმშილის მორჩენისათვის, გამოსულ იყო დღისა ორი საათი დარვზისა კარით თოხჩის შევიდა, თავმან თქვენმან, შუადღე გარდაიყარა, ძლივ ალაყაფის კართა ზედა მივაწივეთ, განა სიშორით. მაგრამ ჯარისა სიმრავლისაგან ადგილს ვერ ვშოობდით. წაიკითხეს რაყამი კარსა ხელმწიფისასა, ჩავიდა სადგომსა, შეჯდა მეორესა დღესა ცხენსა და ქმნა ნასაღი უცხო და საკვირველი. ზოგი დახივა მუცელზედა, ზოგი ყურით მიაბა დარაბასა, ზოგი დასჭედა ნალ-ლურსმნითა. თქვენმა მზემა, მეორეს დღესა გენახათ ქუჩა და ქუჩა ხვაბლით აივსო, დააღებინა ღამით ყაისარა. თხუთმეტს ღამეს სულ ბაზარი ღია იყო, რომ მცველი კაცი არ უდგათ, იყო ჩირახოვანი. იარებოდა სარდასტასა შიგან ქვეითათ მალვით, არათუ ვინმე დააშაოს რამე. შეიქნა ისპანში სიმშვიდე და იეფობა. აახლო ხელმწიფესა ჩაფარი და დამშვიდება ქალაქისა. ებოძა შესამოსი მძიმე და მადრიელობა.
გამოხდა თვენი შვიდნი. მაშათიდამ გაეგზავნა მეფეს გიორგისათვის ყაენს ხალათი და მირვეზისა საშუამავლო წიგნი: „შეირიგეო, და მიიჩნივე მის მართებულადაო“. წამოვიდა მაშათიდამ ყაენი, რა მიახლოვდა ისპაანს, მოეგება ბატონიშვილი ქაიხოსრო დიდითა ჯარითა, იამა ხელმწიფეს ნახვა მისი და გარიგება ტახტისა მისისა, უბოძა შესამოსი მძიმე, თუმანი ათასი, იყო მშვიდობა და მორჭმა-მოვლენა.
ამა ხანთა შინა ქართლიდამ შემოსძლეოდა ბატონისშვილი, კათალიკოზი დომენტი, დაიბარა, ჩამოვიდა, დახუდა უშურველითა წყალობითა, უბოძა საბოძვარი და კახეთსა შინა, რაც ძველადგან მამულები ჰქონდა. ამა დროთა შინა განაგებდა გამგებელი საქართველოსი, ზნე სრული და მხნე, ძლიერი, ჯანიშინად თქმული, მაგრამ მეფედ წოდებული, ბატონიშვილი ვახტანგ.
იყო განსვენებასა და სიხარულსა შიგან და განაგო საქმე საქართველოსი, განაჩინა წიგნი სამართლისა, ოთხშაბათსა და პარასკევსა დაჯდის სამდივნოსა სახლსა, განაგებდა სამართალსა მცირეთა და დიდებულთა თანა, კვირესა და სამშაბათსა განაგებდა მეჯლისა, ნახევდის ლხინსა, გასცემდის უშურველსა საბოძვარსა და როცა სამართლისა და ლხინისაგან მოიცალის, ინადირის და გავიდის მოედანსა აბურთის და ესროდენ ყაბახთა. იყო ამა განცხრომასა შიგან, თვით ქრისტიანე იყო და ქრისტეს სარწმუნოებაზე აღზრდილი, ინება საქართველოს სარწმუნოებაზე გაძლიერება, ააშენა ქალაქს სიონისა გუმბათი და სამხრო და შეამკო ყოვლითურთ სიპატიოსნითა, განაპატიოსნა ცხოველმყოფელი სვეტი და დაასვენა კარსა სვეტისასა ხატი პატიოსანი, შემკული ყოვლითურთ სიპატიოსნითა, შემოავლო სვეტსა ფარდა მძიმისა ზარბაბისა, გამოუცვალა კანკელსა ზეთი, სვეტები თლილისა ქვისა აღაშენა ურბნისის სამრეკლო და გალავანი, განაპატიოსნა შიგნით გარემდინ, მოიყვანა ვლახის მთავრიდამ მესტამბე და გამოიღო სტამბა, განამრავლა საღთო წერილი, განიღო რუ ნახიდურითგან ვიდრე ყისყალამდის, და ააშენა ხუნენი, სოფლები უშენსა ადგილებსა და გააღო რუ ნაგებიდამ ბოლოსა ყარაიისასა და ააშენა სოფლები და ააშენა ქალაქსა სახლი პატიოსანი მიჭვრიტნისა და ოქროსა ვარაყითა შეთხზნული, მზემან მისმან, ამის უმშვენიერესი სახლი არცაღა ერანს შიგან მინახავს. აღაშენა ქართლი, იქმნა მოსვენება და სიმხიარულე.
დღესა ერთსა ინება ნადირობა მთისა და წაბრძანდა თრიალეთსა და შანბიანსა მთასა, ვითარცა არას ხელმწიფისაგან არ ნადირებულ იყო ამ რიგათ და დაიბარა ქართველი დარბაისელნი და შემოადგენ კეჩუტსა და ინადირა სარბევითა და შეიქმნა ირემთა მოდენა, იყო სარბევი ძნელი და ქვიანი, მოვიდა ხარი ერთი და გარდაიხტუნა მართალსა მხარსა განმგებელმან საქართველოსამან. ვითმცა სირი იყო, ეგრე მოკლა. ეგრევე დარბაისელთა ამოსწყვიტეს, დაჯდა ნადიმად, რაც ოდენი პატრონსა ჩვენსა მოართვეს, იყო სამოცი-ოდენი. მეორესა დღესა შემოვადექით შანბიანსა, შემოარტყა ირგვლივ ჯელგა, დადგნენ სახუნდარსა შინა და გააკრეს არყნალისა ხევი და მოვიდა ნადირი უანგარიშო, შეიქნა სროლა, თქვენმა მზემა, ამას ბძანებდით ერთ ომში ამდენი სროლა არ ეგებისო. ამოსწყვიტეს, დაბალთეს. თვით პატრონმა ჩვენმა თოფით სამი მოჰკლა, შეგვექნა სიხარული დიდი, დაჯდა ნადიმსა ზედან. მოართვეს მას დღესა ირემი ას სამოცი და სხვას ნადირსა ვინ დასთვლიდა. ნახა ლხინი და გაცემა უშურველი და ჩამობრძანდა თავსა ახალ ქალაქისასა და ბრძანა დასაგულა ქციის და მოახსენეს ყოველთა: „თავმან თქვენმან, არას ოდეს არ ქნილა და ან ვინ ჩავა ამა კლდესა შიგან“. კლდე იყო ძნელი და მას კლდესა ქვეშე მორევი დიდი. ახსენა ღმერთი და სახელი ქრისტესი, დადგეს კარავი თავსა კლდისასა, დაჯდა ნადიმად, ჩაუშვეს კირი, იახლა დარბაისელნი, შეიქნა ჭერა ორგულისა, ზენარმა ღვთისამან და მზემან პატრონისა ჩემისმან, ერთი დღე უკუყრისა. ამას ვერა სჯობდა, იჭერდნენ და მოჰქონდათ გაუწყვეტლად, შეექნა სიმხიარულე, გაცემა უშურველი, მოვიდა წინაშე ორგული ორას სამოცი, გარდა ვინც სხვათ მჭერელთ წეეღო, იმას გარდა, იტყოდიან ოთხასი დაიჭირესო. შეგვექნა სიხარული ამა შექცევისათვის, ერთი ამისთვის, რასაც საქმეს ძნელსა ბძანებდის, ადვილად იქნებოდის.
ჩამობრძანდა ქალაქსა ტფილისისასა, დაჯდა ნადიმად სახლსა პატიოსანსა, შემოისხა თავადნი. მზემან ღვთისამან და თავმან მისმან, ასე გასცა საბოძვარი არც მჯდომი და არც მდგომი უბოძვარი არ გაუშვია, გარდა ერთის კაცის მეტი.
გამოხდა ხანი მცირედი, შეიყარა ქართველთ ჯარი, გარდუხდა დვალეთს, გაემარჯვა, დასწვა და დააქცია ციხე ოცდა ათი ძირითურთ, დაიმონა ზემო ნარიდამ ქვემო კუდარომდის, დასდვა ბეგარა და მსახურებდენ.
ქ~კს ტჟვ (1708), ყანდაარიდამ გამოისტუმრა მეფემ გიორგიმ ძმის წული თვისი იესე, მისცა ნაიბობა ქირმანისა და ძმის წული მისი, ძე ლუარსაბისა ხარჭა, ჩაიყვანა ყანდაარს.
ქ~კს ტჟზ (1709) აპრილის კა (21), უღალატა მეფეს გიორგის ყანდაარის სულთანმა მირვეისმა, რათგან გალაშქრებულიყო მეფე გიორგი ყანდაარიდამე ორს მანძილზე და ძმისწული ალექსანდრე და ქართველთ ჯარი გაუსია უკუმდგარსა ავღანსა, ჯარი აღარ ახლდა. მოუხვდა განთიადსა, დაესხა თავსა. რა სცნა მეფემან, ედვა ქარქაში სარჩისა გვერთსა მისსა, გაიკრა ხელი, თავმან მისმან, სანამდის ისარი ჰქონდა, არც ერთი არ დააცდინა, რა ისარი დაელია, გაიკრა ხელი ხმალსა, როგორც დევი ისე იბრძოდა, ჰკრეს თოფი ამა მორჭმა დიდების პატრონსა და მოკლეს, ვინცავინ ქართველნი დარჩენილ იყო ამოსწყვიტეს. შევიდა ციხესა ყანდაარისასა, აიფორაქეს საქონელი, რაც ქართველი იყო ციხეს შიგან, ამოწყვიტეს.
მიუვიდა ამბავი ალექსანდრეს და ქართველთა. იქ თურმე იმათ გამარჯვებოდათ, შექნეს თავსა ცემა და წამოვიდნენ. რა ყანდაარს მოვიდნენ, შეექნათ ომი ფიცხელი, გამოეგზავნა მირვეის კაცი ალექსანდრესათვის და ფიცი საშინელი: „წაიყვანე მეფის ქულფათიო“. შევიდა ციხეში, მოსცეს ვინცავინ იყვნენ, საქონელს გარდა. ამაშიგან გამოეცალნენ ქართველნი, დაუწყეს უკან დევნა და ომი ფიცხელი, თავმან თქვენმან, თორმეტჯერ ქართველთ გაემარჯვა, მოკლეს იმათი ჯარი ორიათასი და შეწევნითა ღუთისათა ამათ არა რა ევნოთ. იარეს და შევიდნენ ციხესა გარიშკისასა.
მოუვიდა ამბავი გამგებელსა საქართველოს ვახტანგს, მას ჟამსა შინა იდგა კოჯორსა, ჩავიდა ქალაქსა, განაგო გამჟღავნებისა საქმე, დაჯდა სამეჯლიშოსა სახლსა და აივსო დარბაისლითა, გარეთ მოედანი მოქალაქითა, შემოვიდნენ ეპისკოპოზნი, მიუჩოქეს, ჰკადრეს მეფესა სიკვდილი; შეიქნა თავსა ცემა, აქ ამათგან და გარეთ ჯართაგან, განაგო რიგი, დაჯდა იმავე სახლსა ჭირისუფლად, დადგეს კარავი ფილაქანსა ზედან, დაფინეს თავსა კარვისასა სუზანი და დორი, მიაფარეს დორსა ბაყალბანდი სიასამური, დაუსხდნენ იქით აქეთ დიდროვანი კაცნი თუ მცირედნი, სამღვდელონი, გაშალეს ნიშანი, დაფინეს ქვეშაგები, ქეშიყ ხანაში იდგნიან თითო თითო დარბაისელნი, იტირიან მცხედარი და მიტირიან ჭირისუფალთა, მზემან ღვთისამან, არა მწუხარება ამას არ შეედარებოდა, ორმოც დღემდინ ტირილი გაუწყვეტელი იყო.
მეორმოცესა დღესა ისპაანს დამარცხებულიყო მდივანბეგი ლევან, ამავ ქორონიკონსა, მკათათვის იგ (13), მოვიდა ამბავი და შეექნათ მგლოვარობა. ებოძა ყაენს ბატონის შვილის ქაიხოსროსათვის ქართლი, ერანისა სპასალარობა, თავრიზი და ბარდა. მოვიდა ხელმწიფისაგან ხალათი და ისევ ნაიბობა. დაებარებინა ხოსროხანს ქართველნი ჯარი და შეჰყარა ბატონის შვილმა ვახტანგ ჯარი, უთავა მუხრანის ბატონი პაპუა და თითო სახლის დარბაისლის შვილები, ჩავიდნენ მაშათსა. იქიდამ მობრძანდა მეფე ხოსრო, მისცეს ბატონისშვილს იესეს ქირმანის ბეგლარბეგობა, დაარქვეს ალიყულიხან. როსტომს, ძესა ლევანისასა ხარჭას, მისცეს ისპაანის ტარუღობა. იარა მეფემ ხოსრო და ჩავიდა ყანდაარს, ახლდა ქირმანთ ჯარითა ალი ყულიხან და ალექსანდრე, მივიდა ციხესა ყანდაარისასა, შემოება მირვეისი, გაემარჯვა მეფესა, ამოსწყვიტეს მრავალი.
ქ~კს ტჟჱ (1710) გაიქცა მირვეისი და შევიდა ციხეში. გამოვიდა ციხიდამ მირვეისი, დაესხა მეფეს ხოსროს თავს; მაგრამ ადრე შეუტყვეს და დაემზადნენ. შექნეს ომი ძლიერი, მოჰკლეს მირვეისის ძმა და ძმისწული, ამოსწყვიტეს, გაიმარჯვეს ქართველთა, მირვეის გაიქცა.
ქ~კს ტჟთ (1711) ენკენის თვის კზ (27), დაუმარცხდა ბატონის შვილს ალექსანდრეს, მეწინავედ იდგა, სანამდი აქედამ ჯარი მიესწრებოდა, მოკლეს ბატონიშვილი ალექსანდრე, ჩხეიძე თეიმურაზ, თარხანი და ზოგნი სხვა ვინმე თათარნი. გამოხდა მცირედი დღენი, გამოვიდა ციხიდამ მირვეისი ჯარითა სრულითა, აქეთ სპასალარი, შეიქნა ომი ფიცხელი, თავმან თქვენმან მნახავთათვის საზარო იყო, გამოექცა თათარის ჯარი მეფესა, დარჩნენ ზოგნი ვინმე ქართველნი. მოახსენა ცალქალამიძემ იასემ: „ხელმწიფეო გაგვეცალა ჯარი და აღარცა ჰსჩანს ძმა თქვენი, ნუ მოიკლავ თავსა“. უბრძანა მეფემ: „ჩემისა სიცოცხლისათვის არა მოვაყივნო თავი, არცა გვარი ჩემი“. მიქუსლა ცხენი, შეერია შიგა, ვითარცა ქორი კაკაბსა გუნდისასა, ჩამოაგდო შუბითა ორი კაცი, დახვდა ნათხარი რუ, წაექცა ცხენი. წამოეხვივნენ, დაჩეხეს ხმლითა, ცალქალამიძე იესე წინ მოუკლეს, გამოიქცა ჯარი და ძმა მეფისა ალი-ყული-ხან, მოვიდნენ ფარასა, აცნობეს ყეენსა, შეექნათ შეჭირვება დიდი, დაიბარეს ალი-ყული-ხან, რა მივიდა უბოძა ყეენმა თოფჩიბაშობა, ვინცავინ ქართველნი დარჩომილ იყო ჩხეიძე, ურბნელი ფარაზ მამკვდარ იყო, სხვათ მისცეს მემანდარი და ხარჯი.
მოვიდა ამბავი საქართველოს გამგებელთანა ვახტანგისათვის ებოძა ყაენსა ხალათი და სამძიმარი, შექმნეს შეჭირვება და გლოვა. ამავ ქ~კნსა ქრისტეს შობისთვის კდ (24) მის ჟამთა შინა იდგა გორსა, წამობრძანდა, მობრძანდა ქალაქს, გაგზავნა ჩაფარი ყაენთან და აახლო არზა შეძლევისა: „რათგან შენს სამსახურზე ამოვსწყდი, გიახლო და მეცა მოვიკლა თავი ჩემი შენთვის“, რა მოისმინა ხელმწიფემ, იამა სიხარულითა დიდითა, ებოძა რაყამი წყალობისა და მემანდარი ქ~კს უ (1712), თებერვალს კჱ (28).
შემდეგ წაბძანდა აპრილს კბ (22), დიდითა პატივითა და ხარჯითა, იახლნენ ქართველნი დარბაისელნი, მცირე და დიდი იყო სამასი კაცი. ჩავედით ისპაანს დახვდა ხელმწიფე მხიარულად. მეორესა დღესა უყო მეჯლისი, დაჯდა ნადიმად, სვეს ხუთსა საათსა, უბოძა თასი მურასა, წამოვედით მხიარულად. შეგვექნა სიამხიარულე, ვიყავით განსვენებასა და ლხინს შიგან. გამოხდა დღენი რაოდენიმე და დაიძახა ღამესა ერთსა ხელმწიფემან, იჯდა თალარსა მშვენიერსა, დახვდა ხელმწიფე მხიარულითა პირითა, უბრძანა წყალობისა სიტყვები, დაალევინა აზარფეშა დიდი, თქვენმა მზემა, ჩავიდოდა ღვინო ლიტრა ერთი, შესვა უტყუვრათ. უბრძანა ყმათა მისთა შეყვანა. იყო ავალიშვილი ზაზა, მოლარეთ ხუცესი სეხნია, ციციშვილი ბაგრატ, მდივანი გიორგი. ასვა ღვინო და უბოძა ოთხასი თუმანი, წამოვედით მხიარულად. გამოხდა ხანი და შემოუკვეთეს თათრობა, და ქართლის მიცემა. არა უგულებელს ჰყო რჯულისა მისისა დაგდება, გაათახსირეს ბატონიშვილი ვახტანგ. ქ~კს უბ (1714), მარტს ი (10) მისცეს ძმასა მისსა ალიყულიხანს ქართლის ბატონობა, და ბატონიშვილი ვახტანგ გაგზავნეს ქირმანსა. უკუყარნეს ქართველნი, აახლეს მეფეს იესეს.
რა მივიდა ამბავი საქართველოსა, ჯანიშინად დააგდო ძმა თვისი ბატონიშვილი სვიმონ და აღარა ინება ქართლში დადგომა დედოფალმან რუსუდან, თან გაიტანა ძე მისი ბაქარ და გიორგი. მოვიდა ქართლში მეფე იესე ოკდომბრის კ (20). მიეგება ძმა სვიმონ და ქართველნი გატეხილს ხიდს გაღმა. შეიქნა მისალმება, როგორც წინათ ყოფილიყო, გარდაეხვივნენ ძმები ერთმანეთსა, შექნეს ლხინი და უკუყრა, გაცემა საბოძვარისა, დამოსა ქართველთ დარბაისელნი, შექნა ლხინი და განსვენება.
გამოხდა ხანი რაოდენიმე, შეირთო ასული ყაფლანისშვილის ერასტისა მარიამ, ესვა ძე ამასთან გიორგი.
გამოხდა ხანი ქ~ნს უგ (1715), მეფეს იესეს წინათ ნათხოვნი იყო მეფის ერეკლეს ასული ბეგუმ, გაშვება მისი არ ეგებოდა, წაბძანდა მარტყოფს, ქნა ქორწილი, მოიყვანა ქალაქს თვისსა, შეიქნა ქორწილი, სიმხიარულე, გამომჩვენება დიდი. რვასა დღეს და ღამეს ჩირახუანი, ბურთაობა და ფარჩათა ხევა, დედოფალ იქნა ელენე. იყო განსვენებისა და სიხარულისა შიგან.
ამავ ქ~კს დაუმარცხდა კახთ ლეკთაგან, ამოსწყვიტეს კახნი. მას ჟამსა ბატონობდა კახეთს მეფის ერეკლეს ძე დავით, სპარსთა ენითა იმანყულიხან. მიაშველა მეფემ იესემ ქართველთ ჯარი და სარდალი ლუარსაბ, შეიბნენ ლეკნი და ქართველნი წინა მინდორსა, დაუმარცხდა ქართველთა მოვიდნენ დამარცხებულნი.
ქ~კს უდ (1716), თიბათვის ა (1), მოიყვანეს ქირმანიდამ ბატონიშვილი ვახტანგ, მისცა ყაენმა პატივი და უშურველი წყალობა, გაათათრეს და დაარქვეს უსეინ-ყულიხან. უბოძა ქართლი, ერანის სპასალარობა, თავრიზი და ბარდა. გამოეგზავნათ ქართლში რაყამი დ (4) ბრძანება ბატონის შვილისათვის ბაქარისათვის ნაიბობა ქართლისა.
რა სცნა მეფემ იესემ, მას ჟამსა იდგა კოჯორსა, აიყარა და მივიდა მცხეთას. გადმოვიდა რაჭიდამ ბატონიშვილი ბაქარ ენკენისთვეს იზ (17). რა ჰსცნა მეფემ იესემ ძმისწულისა მისისა მოსვლა, აიყარა და გავიდა კახეთს. მოვიდა ძე მეფისა მცხეთას, ამავე თვესა გადმობრძანდა რაჭიდამ დედოფალი რუსუდან. შექნეს მხიარულება.
გამოვიდა დღენი და მოვიდა ყაენისაგან ბრძანება და ყული. გაათახსირეს მეფე იესე კახეთსა, აუწერეს საქონელი, მოიყვანეს ქალაქსა ტფილისისასა, დააყენეს შიგნით ერთს სახლში მეფე იესე და დედოფალი ელენე და ამსახურეს ერთი მხევალი.
ქ~კს უე (1717) მოუვიდა შაჰსულთან უსეინისაგან ბატონისშვილს ბაქარს ხალათი და ორი ლომი, ერთი ვეფხვი იყო, კოჯორსა ზედან, მკათათვის ე (5). იჯდა თალარსა შიგან, ახლდნენ ქართველნი. რა მოიყვანეს სხვათა უკითხავთ ჩამოგება წინა ლომებსა, შესტაცა ყია და აკოცა შუბლსა ლომისას, გაგვიკვირდა საკვირვეელობითა, თავად მინდობა ლომისა, მერმე ყმაწვილისაგან ამისი გაბედვა, დაჯდა ნადიმად, შექნა ლხინი და გაცემა უშურველი.
ქ~კს უე მარიამობისთვის ა (1) მოუვიდა ბაქარს ყაენისაგან საქართველოს ბატონობა, თაჯი, თომარი, ხმალი მურასა, ხანჯალი მურასა, მარგალიტითა და თვალით შემკული, საბუხარი, სურა და თასი ოქროსი, ყალიონი მურასა ოქროთ შეკაზმული, ცხენი ბედაური, სახელით სპარსთა ენითა შაჰნაოზ წოდებული ექმნა, უსუნათოთ რჯულსა მათსა მიჰყვა უნებლიეთ.
ამავ ქ~კს, ენკენისთვეს კე (25), თავრიზს მოვიდა მეფე ვახტანგ და ყაენი მოვიდა ყაზმინს. ქ~კს უვ (1718), დაიბარა ყაენმა მეფე ვახტანგ, ჩაბძანდა ყაზვინს, გამოხდა მცირედი ხანი და მისცეს ქართლის ბატონობა, დაუდვა სპასალარობა. მისცეს ძმასა მეფისასა როსტომს ყულარაღასობა და ქირმანი. ამავ ყაზვინს ჩამოვიდა ქსნის ერისთვის შვილი შანშე ყაენთანა, ვითარცა მეფეს ბაქარს შემოსწყრომოდა, ცოტა რამე სამდურავი გამორეოდათ, იწყინა მეფემ ვახტანგ და მოახსენა ყაენს, გაუწყრენ და მოსცეს, ვითაც ბიძაშვილი იყო შანშე და უპატიური არა უყო-რა, გამოატანა მოლარეთ ხუცესის სეხნიას შვილი, გამოგზავნა ქართლში. რა მიიყვანა ქალაქსა, დააყენეს ერთს სახლში და შეინახეს მცველთა, რათა არა სადა წასულა ჰყოს.
ქ~კს უზ (1719), აგვისტოს ზ (7), წამობძანდა ყიზვინიდამ მეფე ვახტანგ, მობრძანდა აიდარბეგსა სამზღვარსა ლორისასა, აქედან გაეგება ძე თვისი მეფე ბაქარ ჯარითა ქართველთა, იქით დადგა მეფე, აქეთ ძე მისი, მიესალმნენ წინათ საბარათაშვილოს დროშა, სარდალი ლუარსაბ; მეორე დროშა საამილახვაროსი - გიორგი და ზემო ქართველნი; მესამედ მუხრანის ბატონის, არაგვისა და ქსნის ერისთავისა; მერმე სამღვდელო დასნი, კათალიკოზი, ბატონისშვილი, ძმა მეფისა დომენტი და სრულიად ეპისკოპოზნი და ბოლოსა ჟამსა ჩამოვიდა ზნე სრული, მხნე, მშვენიერი მეფე ბაქარ, გადეხვია მამა, თქვენმა მზემან და თავმან, ამათმან მნახავთათვის უამესი აღარ იქნებოდა რა. შექნეს სიხარული და განცხრომა, მობრძანდა ქალაქსა ტფილისისასა, შეიქნა მიგებება და სიხარული. დაჯდა სამეფოსა ტახტსა და დაისვა გვერთსა მნათობი, მზეებრ ბრწყინვალე დედოფალი რუსუდან. შექნეს მილოცვა, აყრიდენ ოქროსა და ვერცხლსა ქვიშისაებრ, იყო სიხარული და განსვენება. განიგო საქმე საქართველოსანი, რა გვარად წინათ თვით განგებულ ექმნა, განისვენებდა, ლხინობდა, გაიცემოდა, ინადირის და სამართლობდის.
გამოხდა მცირედი ხანი, ქ~კს უჱ (1720), მარტს იე (15). უღალატა იმერელ მეფეს გიორგის აბაშიძემ სვიმონ და მოკლა. მოუვიდა ამბავი მეფეს ვახტანგს, შექნა წყენა და გლოვა, ვითაცა სიძე იყო და ასული მეფის გიორგისა მემცხედრე იყო როდამ დედოფალი იმერეთისა და ძე მისი ალექსანდრე, მეფის ვახტანგისაგან გაზდილი და თვით ჰყვანდა ქართლში. რა იქმნა ამბავი ესე, გაგზავნა კაცი მეფემ ახალციხის ფაშას ისაყ ფაშასთანა და შეუთვალა მართებული სიტყვანი და მიცემა იმერეთისა ალექსანდრესათვის და დაიბარეს ალექსანდრე. მოუმართა ხელი მეფემან და უბოძა საბოძვარი მრავალი, შეიყარა ფაშამ ჯარი და ჩავიდა იმერეთსა, დასვა მეფედ იმერეთისად ალექსანდრე, და შეირთო ქალი დადიანის ბეჟანისა.
ქ~კს უთ (1721), ამა ჟამსა იდგა ყაენი შაჰსულთან უსეინ თეირანსა და შეაჩნდა ყაენის ღალატი ეთიმადოვლეს ფათალი ხანს. ესე იყო გვარით ლეკი, შამხლისა სახლის კაცთაგან, მაგრამ ხელმწიფისაგან გაზრდილი დიდითა პატივითა, უნდოდა თვით გახელმწიფება, მაგრამ ბრძანებითა ღვთისათა და მოუვლინაცა რისხვა მისი და დაიჭირა და დასთხარა თვალები და იავარ ჰყო ქონება მისი. მოუვიდა მეფეს ვახტანგს წყალობა უშურველი და ებრძანათ ლეკთ მიხდომა და მოწყვედა. შეიყარა სპა-ლაშქარი ურიცხვი, წაბრძანდა კახეთზე და მიბრძანდა მაღაროს. კახეთს ბატონობდა ძე მეფისა იმანყულიხან, თვით სნეულობით შეპყრობილ-იყო და აახლო ძმა თვისი თეიმურაზ, სიძე მეფის ვახტანგისა, ედგა ასული მეფისა, მშვენიერი და ქება მიუწვდომელი თამარი. და შემოეყარათ კახთ ჯარი. ამა ამბავთა ზედა მოუვიდა მეფესა ბძანება ყაენისაგან და ხალათი, დაბრუნება და შირვანის ხანისაგან ლეკზე ლაშქრობა, წყენა მეფისაგან და სიმხიარულე ლეკთაგან: „რათგან ლომის ხელისაგან მოვრჩითო, ყიზილბაშთ ხმალი ჩვენ ვიცითო“. მაგრამ რა ღმერთი კაცს გაუწყრება, ჭკუაც დაეფანტება, თუარა რა საბრუნებელი იყო ეს ეფიქრებინათ: „თუ მეფემ ვახტანგ ჭარი დაიჭირაო, ქვეყანასაც ის დაიჭერსო“; მობძანდა საბატონოსა თვისსა. წამოვიდა შირვანის ხანი, მოვიდა, სანამდის კახნი შეეყრებოდნენ დაესხნენ ლეკნი, მოკლეს ხანი შირვანისა, ამოსწყვიტეს, იავარ ჰყვეს საქონელი მათი, მოუხდენ კახეთსა და დაიმონეს და გაალეკეს კახეთი.
მცირესა ჟამსა ქალაქიდამ გაიპარა ერისთავის შვილი შანშე და მივიდა თვისსა მამულსა. იწყინა მეფემ ვახტანგ, გაილაშქრა, მიუხვდა ახალგორსა, დასწვა სასახლე მისი და დაუხვდა ზებეყურს და შემოეხვეწა და შემოირიგა ჩამოიყვანა მცხეთას და შეფიცა ფიცითა საშინელითა და უბოძა ერისთობა ქსნისა და საბოძვარი უშურველი და გაისტუმრა თვისსა საბატონოსა. მობძანდა მეფე თვისსა ქალაქსა, გამოიყვანა ძმა თვისი ტყვეობისაგან, მეფე იესე და უბოძა ბატონობა მუხრანისა, მდივანბეგობა, და საქონელი თვისი სრულად.
ქ~კს უი (1722), თებერვლის ე (5), მოუხდა ისპაანს შვილი მირვეისისა ყანდაარიდამ მაჰმუდ, მირვეისი მამკვდარ იყო. რა მოუვიდა ამბავი ყეენსა მოსულა მათი, გააგება ჯარი ისპაანისა აღაჯსა სამსა, შეიბნენ, დაუმარცხდა ყიზილბაშთა, მოკლეს ყულარაღასი როსტომ, ძმა მეფისა ვახტანგისა და ამოსწყვიტეს, გამოექცენ, შემოადგნენ ისპაანს, დადგა ჯულფას, შეუკრა ყოვლით გზა და შეწუხდა ისპაანი შიმშილითა. ამა ამბავსა შიგან გამოუგზავნა ყაენმან ხალათი და ყულარაღასობა მეფის ბაქარისათვის და ხვეწნა მიშველებისა. მოინდომა მეფემ ბაქარ წასულა და დადგა ტაშირზედ. მაგრამ არ ამჯობინა მეფემ ვახტანგ წასულა ძისა თვსისა, დააბრუნა. და მცირესა ჟამსა მიეცა კახეთი, ერევანი, შამშადილო და ყაზახი მეფის ერეკლეს შვილის კოსტანტილესათვის, სპარსთა ენითა მამადყულიხან წოდებული. იყო მეფის ერეკლეს ძე ხარჭა. და მოვიდა შამშადილოს, გაუგზავნა მეფემ ვახტანგ მოლარეთხუცესი სეხნია, ფეშქაში შერიგებისათვის, ვითარცა ერთმანეთზე გულძვირად იყვნენ, დაიფიცა ფიცითა საშინელითა და აახლო მეფეს ვახტანგს საფიცარი და რათა ერთმანეთისათვის იყვნენ და შეყრა ერთმანერთისა. გავიდა კახეთს ბატონი და შეყრა აღარ მოუხდინეს, უქცია პირი და ეწყინა მეფეს ვახტანგს ფიცისა გატეხა.
ამა ამბავსა შინა მოუვიდა ყაენიდამ მეფეს ვახტანგს ხალათი და ლახტი მურასა და სარდლობა და შირვანზე ლაშქრობა, ვითაცა შირვანი ლეკთ ეჭირათ. შეიყარა სპა ლაშქარი ქართველთა. ამა ამბავთა შიგან მოვიდა ელჩი რუსეთის ხელმწიფის პეტრესაგან მეფეს ვახტანგთანა და ებოძა ქარტა წყალობისა და ხლება მის თანა: „ძალითა ქრისტესითა, აღვსდეგ ტახტით ჩემითგან და მოვსრე მტერნი ჩემნი და წამოველ ადგილთა შირვანისათა. ნახე ბრწყინვალება და სპათა სიმრავლე“. იამა მეფეს სიხარულითა დიდითა, ვითაცა ქრისტეს მოყვარე იყო, ქრისტიანე ხელმწიფე იპყრობდა ქვეყანასა. იარა მეფემ ვახტანგ, ჩაბძანდა მამულსა განჯისასა, დადგა შანქორსა, შეიქმნა დაყოვნება, თურე ხელმწიფე აშტრახანიდამ დაბრუნებულ იყო. შეექნა მეფე ჭმუნვა დიდი, აუტყდა ზურგით კერძო ბატონი კახთა კოსტანტინე, რადგან ყაზახი და შამშადილო იმისი იყო, შექნეს ნუზლის ჭერა და კაცთა სურა, ვეღარ წავიდა შირვანისკენ.
ამა ამბავთა ზედან ამავ ქ~კნსა, თვესა ოკდომბერსა ი (10), აიღო ისპაანი მამუდ, დაიპყრა ყაენი შაჰსულთან უსეინ და საქონელი მისი, შევიდა, დაჯდა ყაენად, დაამწყვდია ყაენი ერთსა სახლსა შინა და იავარ ჰყო ცხოვრება მათი. ამა არეულობასა შიგან გამოაპარეს ერთი შვილი ყაენისა შაჰ თამაზ და მოვიდა ყაზმინს და დასვეს ყაენად, შეიქნა შაჰ თამაზ, იყო წლისა იჱ (18).
მოვიდა ამბავი ისპაანის დაპყრობისა და ყაენის შვილის ყაზმინს მოსვლისა. ამავ განჯიდამ გაგზავნა ყაენთან მეფემ ვახტანგ ჩხეიძე სეხნია. ჩავიდა ყაზმინს, წამოვიდა ყაენი თავრიზს და უყო წყალობა მეფეს ვახტანგს და გამოეგზავნა მამა შვილთა ხალათი და ოქროს სურა და თასი და ხუთი ათას თუმანი დაგასკარის ქალაქი და დაიბარა მეფე ბაქარ მისაშველებლად მამისა.
გამოხდა მცირედი ხანი და დაბრუნდა განჯიდამ მეფე ვახტანგ. იწყინა ყაზახთაგან მტერობა, მოუხდა, ამოსწყვიტა, დაარბია, აივსო ქართველთა ჯარი ნაშოვრითა, მობძანდა ქალაქსა ტფილისასა. ამა ამბავთა შინა გამოუსია ჯარი მალვით, მოუხდენ კახთ ბატონის ჯარი წინწყაროს და იავარ ჰყვეს და დაატყვევეს. გაგზავნა კახმა ბატონმა ყაენთანა კაცი და შეასმინა მეფე ვახტანგ: „ამაზე არის მტერი შენიო და ეყმო ხელმწიფესა რუსეთისასა, ამოსწყვიტა რჯულსა თქვენისა მოსავნიო. მიბოძე საქართველო, გიახლო ქართლისა და კახეთისა ჯარითა და ვსძლიო მტერთა შენთაო“. თვით ყმაწვილი იყო და რა იცოდა ან მეფის ვახტანგისა ან კახის ბატონისა, კარის კაცნიც ამ გვარნი, თურმე მართალი ეგონა. გაუწყრა მეფეს ვახტანგს ქ~კს უია (1723) იანვარის ათს და მისცა მამად ყულიხანს და დაუბრუნეს წყალობა მეფეს ვახტანგს თავრიზიდამ და დაუჭირეს ჩხეიძე სეხნია, დაატყვევეს. მოუვიდა კახს ბატონს რაყამი კახეთს საგარეჯოს, მოვიდა ღამით ავლაბარსა შინა, თურე ციხის კაცთა იცოდენ და მეფე ვახტანგ უმეცარ იყო. რა ჰსცნა ამბავი აჰყარა დედოფალი და ბარგი მძიმე და გაგზავნა გორს, შეიქნა იმათგან სროლა და ციხიდამ ზარბაზნისა. ეჭირა ციხე და ავლაბარი კახ ბატონსა და დაიბარა ჯარი მეფემ ვახტანგ, შემოეყარნენ ქალაქსა შიგან. რამდენჯერ იმათი ჯარი გამოვიდოდის, შესხდიან ქართველნი და ძლიერებითა ქრისტესითა გაემარჯვის ბაქარსა, დაიჭირეს კახთ მცხეთა და დადგნენ შიგა. უჩინა მეფემ ვახტანგ ძმა თვისი სვიმონ და შეუჩინეს დეკანოზი მცხეთისა დანიელ, რათა შევიდნენ რა კახნი საყდართა შინა, დაუკლიტეს კარი. იყო მარხვა დიდი, და დიდსა ხუთშაბათსა ცისკრად შევიდნენ კახნი საყდართა შიგან. რა სცნა დეკანოზმა აღარავინ დარჩა შეუსვლელი, გამოვიდა საყდრიდამ, დაუგდო კარი მცხეთისა, დარჩა კახნი შიგან საყდართა. მოვიდა ჯარი მეფისა, თურე კოდმანს დამალულ იყვნენ, მოადგნენ კარსა მცხეთისასა, გამოიყვანიან თითო თითო, დაუკრეს ხელები კახთა და ჩაიყვანეს მეფეს ვახტანგთანა. იყო სიხარული და გამარჯვებისა, სიცილი მათის ეგრე მოყვანისათვის. შეექნა კახს ბატონს ჭმუნვა მათისა დარბაისელთა დაპყრობისათვის. იყო სროლა უწყვეტელი და მოუმართეს ზარბაზანი ხიდსა ავლაბრისასა, და ჰკრეს ხიდისა ძელსა, გასწყვიტა ძელი ხიდისა, და ჩაცვივდა წყალსა შიგან. გამოვიდა კახი ბატონი და დადგა სეითაბადსა და გასდვა ხიდი ხალვათ გარსა ბოლოსა, დაიჭირეს თაბორი და იყო ყოვყლდღე ომი. შეეპარნენ თაბორსა ჯარი ქართველთა, აიღეს თაბორი, დაესხა მეფე ვახტანგ დილასა განთიადისასა კახს ბატონსა, ბრძანებითა ღვთისათა გაემარჯვა, ამოსწყვიტეს, გაიქცა კახი ბატონი, გავიდა მტკვარსა, მიჰმართა ლეკთა ჭარელთა. აქა ციხესა შიგან დარჩა ძმა კახბატონისა თეიმურაზ, სიძე მეფისა, შეეხვეწა შემორიგებასა, არად ისმინა, გაუსია ჯარი მარტყოფსა და იავარყვეს და დაატყვევეს, მიუხდენ ხატს ღვთაებას, იდგა აქა ასული მეფის ვახტანგისა თამარ, მეუღლე თეიმურაზისა. გამოიყვანეს და დააყენეს ქალაქსა.
გამოხდა დღენი მცირედი. ეშოვნა ლეკთა ჯარი და აღეთქვა მისაცემი მრავალი კახთა ბატონსა. მოუვიდა ამბავი მეფეს ვახტანგს ჯარის შოვნისა, არად ჩააგდო მოსულა მისი, არცა ხიდთა აყრა. მოვიდა დილა ბინდ ზედა სამ პირად, ერთი ავლაბარსა ზედა, ერთი ხიდის პირსა. რა ჰსცნეს მოსულა მათი, ხიდის აყრა ვეღარ დაასწრეს, ქნეს იერიში, გამოვიდნენ ხიდზე და ციხიდამ გამოვიდნენ ბატონიშვილი თეიმურაზ და იქი მყოფნი თათრები. შეიქნა ცემა, გაემარჯვათ, მრავალი დარბაისელი ამოსწყდენ, ამილახორი გიორგი, სხვანი მრავალნი.
წამოვიდა მეფე ვახტანგ შვილითა და ძმებითურთ, გამოიარეს ქალაქთ გარე, ჩამოხდა ქაშუეთს, შემოეყარნენ მოქალაქენი და დაუწყვეს წვევა ქალაქსა შიგან, მაგრამ სპათა სიმრავლე აღარა იყო რა, არც ეგებოდა დაყოვნება ხანისა, იარეს. მეფე ვახტანგ წაბძანდა გორსა. ძე მისი ბაქარ წავიდა დუშეთს, არაგვის ერისთავი იყო გიორგი, სიმამრი ბაქარისა და მივიდა, სთხოვა ლაშქარი და მოხმარება თავისა, არად ისმინა და არც გაჰყვა. წაბრძანდა მეფე ბაქარ გულ ტკივნეული, მივიდა ქცხინვალსა მამასთანა. ხოლო კახი ბატონი შეუხდა ქალაქსა, ააოხრა, ამოსწყვიტეს მოქალაქენი, აიკლეს საქონელი ურიცხვი, შეუხვდენ სიონსა, დასწვეს, შეაგინეს სიწმინდე, ხატი სიონისა ღვთის მშობლისა წაიღეს, დღესაც არ ვიცით რა უყვეს, ზოგი ვინმე დამსხვრევას იტყვიან, ზოგნი დამალვასა.
დაჯდა მამად ყულიხან ქალაქსა თბილისისასა. შემოეყარნენ ქართველნი. შექნეს რჩევა, ვახტანგ წინათად ნალაპარაკევი იყო ურუმთა თანა და იდგა სარასკარი იბრეიმ-ფაშა ყარს მრავლითა ჯარითა, გაუგზავნა შალიკაშვილი ნაზირი ედიშერ, შესთვალა სიტყვა რომელიცა იმათი გულის ნება იყო: „მობრძანდი და საქართველო დავამონო ხელმწიფესა თქვენსა და ვიფიცო მზე ბედნიერისა ხონთქრისა“, რა მივიდა ამბავი, შეექნათ სიხარული დიდი და შესხდნენ მასვე წამსა შინა, მოვიდნენ ტაშირზედ. აქედამ მიეგება მეფე ბაქარ და ბიძა მისი მეფე იესე. რა ნახეს მისცა პატივი ამათი შესაფერი სარასკარმა და მოვიდნენ სონღალუხს. რა ჰსცნა მაჰმად ყული ხან მოსლვა ურუმთა და მიგებება ბაქარისა, ღონე აღარ იქნებოდა, წავიდა ქალაქიდამ, მიეგება სარასკარს სონღალუხს, მიართვა კლიტენი ციხისანი, აიყარნენ მასვე წამსა, შემოვიდნენ ციხესა ქალაქისასა, ურუმთ მაჰმად ყული-ხან დაატყვევეს, მისცეს მეფეს ბაქარს ქართლი და შექმნეს რჯულისა მისისა მოსავი და დახურეს ყაუხი და დაარქვეს იბრეიმ ფაშა.
გამოხდა მცირედი დღენი და გაიპარა მაჰმად ყული ხან ციხიდამ, გავიდა კახეთს. დაიჭირა მეფემ ბაქარ არაგვის ერისთავი გიორგი, სიმამრი თვისი და მოაგონა მიდგომა კარსა მისა და მოუხმარებლობა და გააგდებინა თავი.
წავიდა სარასკარი იბრეიმ ფაშა დასამონებლად განჯისა, დაუწყეს ლაპარაკი, დართვეს ნება განჯის მოქალაქეთა. შექნეს რჩევა: „თუცა ვძლიოთ ღვთითა და ხერხითა“. შეუშვეს ჯარი ურუმისა, მივიდნენ მოედანსა განჯისასა, შეუკრეს ქუჩები განჯელთა, დაუწყეს ბრძოლა, ამოსწყვიტეს ურუმნი. გაიქცა სარასკარი, გაამაგრეს ქალაქი განჯისა.
ამა ამბავსა შიგან მოუვიდა ხონთქრისაგან ბძანება და დაბარება იბრეიმ ფაშას და გამოეცალა განჯას, წავიდა და მოკვდა გზაზე და მოვიდა ქალაქს დიარბეგის ფაშა სარასკარად. ამა მცირისა ხანსა იყო მეფე ბაქარ ქალაქსა შიგან, შექმნა ჭმუნვა და შეუძლებლობა ურუმთ შიგან, ვითაცა ჩვეული იყო ლხინსა და ნადირობასა, ბურთაობასა და სიმხიარულესა. ამათ შიგან არც ერთი არ ეგებოდა, ახსენა ღმერთი და მოიმხრო ქართველნი, შეჯდა ცხენსა და გავიდა სანადიროდ, აღარ დაბრუნდა, მივიდა ციხესა სამშვილდისასა, შემოიყარა საბარათაშვილო, დაუწყო მონაპირესა ჯარსა მათსა ბრძოლა, მრავალი ამოსწყვიტეს, წაბძანდა მამასთან ცხინვალს, შეიყარნენ ერთად ძმები და შვილები, შექნეს რჩევა, აღარ ენდუნენ ურუმთა. მაგრამ მეფემ იესემ აღარ გაჰყვა ძმასა, ჩავიდა ქალაქს, შეიქნა ოსმალის რჯულის და დაარქვეს მუსტაფა.
ამა ამბავთა შიგან წავიდა სარასკარი ერევანსა ზედა და მოვიდა ქალაქს რაჯა ფაშა ქ~კს უიბ (1724), გაუსია ჯარი მეფეს ვახტანგს ფაშა ახალციხისა ისაყ და ძმა მეფისა იესე, მიუხდენ ქცხილვანს, ააოხრეს ურუმთ ის ხეობა და გაეცალა მეფე ვახტანგ ძითა და ძმითა, მრავლის დარბაისლით და გადავიდა რაჭას და წაბრძანდა რუსეთს.
ამავე თვესა მივიდა სარასკარი, აიღო ციხე ერევნისა და გამოიყვანეს ხანი ერევნისა ალი-ყულიხან. ესე იყო ციცისშვილი, დასდვა პატივი ფაშამ და მოსცა დასტური და აჩუქა და გაისტუმრა ყაენთან. მას ჟამსა იყო ყაენი არდაველს. ამავ ქორონიკონს გაგზავნა რაჯა-ფაშამ კათალიკოზი დომეტი, ძმა მეფის ვახტანგისა, ხვანთქართან.
ქ~კს უიგ (1725), ებოძა ხვანთქარს ქართლი ისაყ ფაშისათვინ და ერევანი რაჯა ფაშისათვინ, სარასკრობა სარი მუსტაფა ფაშისათვინ. ამან აიღო ციხე ლორისა, ჩავიდა განჯასა, შეებნენ განჯელნი. ორგნითვე ამოსწყდა მრავალი, ბოლოს სძლეს ურუმთა და აიღეს განჯა და დაიმონეს.
ამავ ქ~კს წაბრძანდა მეფე ვახტანგ რაჭიდამ ჩერქეზის ბატონის სახლში, ვითამც მოყვარე იყო და დახვდა მართებულად, რომელი იმ ქვეყანას გაეწყობოდა. მარიამობა იქ გარდაიხადა, წაბრძანდა და მოეგება ნოღა და კალმუხი და ყაზახი, იყო ათასი კაცი, წაუძღვნენ წინა. მეორეს დღეს რუსის ჯარი ქვეითი და ცხენოსანი, ხელმწიფისაგან განსწავლული, მშვენიერნი და მხნენი ათას ორასი, იმათი უფროსი ბელუღადრის ეძახოდნენ, სარდალს შედექი კაცი იყო ფრანგი. ახლდა შვიდი ზარბაზანი, დაიწყეს სროლა ზარბაზნისა და ვარჯიში თოფითა, ერთი სიამოვნე არ შეედრებოდა, ჩაიარეს დაღისტნის პირი და სოლაღის სიახლოეს მიეწურნენ ორს აღაჯზე, მოეგება სარდალი კალასკით, შექნეს ზარბაზნის სროლა. მიბრძანდა მეფე, სადაც სავანე მოემზადათ. დაჰპატიჟა სარდალმა, დაუხვდა დიდ გამომჩვენებით, მოართვა მოსართმევი, დაჰყო თვე ერთი და წაბრძანდა აშტრახანს ღვინობის თვეს, ჩასხდენ ხომალდსა ბრძანებითა ღვთისათა. ერთსა დღესა და ღამეს ზღვას გავიდენ, მაგრამ ედილში ავის ქარისაგან ოცდა შვიდ დღეს დაჰყვეს, დაიფანტა ხომალდი, ბატონი გაბძანდა ცხრას გიორგობის თვეს, ზოგნი მეორესა და მესამეს დღესა დახვდა იქაური სარდალი მასპინძლობითა დიდითა, დაჰყო მცირედი ხანი, მოვიდა რუსეთის ხელმწიფიდამ ამილახვარი ვახტანგ. ეს ბატონს სოლაღიდამ გაეგზავნა ხელმწიფესთან.
დაებარებინა მეფე ვახტანგ, წაბძანდა მეფე და ძე მისი ბაქარ, ძმა მეფისა სვიმონ დარჩა აშტრახანს. რა აშტრახნიდამ ათის დღის სავალი გაიარა, მიბძანდა ცარიცინს, ქალაქი იყო, იქ მჯდომი ღუბერნატორი, ვითამ ბეგლარ ბეგი, დაჰპატიჟა, დახვდა კარგათ და გაუმჟღავნა: პეტრე ხელმწიფე, თურმე ოცდა რვას იანვარს ამიერ სოფლით მიფარულ-იყო. შეექნათ მწუხარება და გლოვა, მაგრა ბრძანებასა ღვთისასა არა გაეწყობოდა რა, იარეს და მიბრძანდა ქალაქსა დიდსა მოსკოვს, მოეგება ჯარი და კალასკები, თითოს კალასკაში ექვს-ექვსი ცხენი ება, დააყენეს დიდითა პატივითა, იყო იმა ქალაქსა ვეზირი, მჯდომარე ადგილსა სახელმწიფოსა. ამისთვის რომ ხელმწიფე პეტრებურხს ბრძანებულ იყო და იქ დამარცხებულიყო. დაჰყო მეფემ ორი თვე და აცნობეს ხელმწიფეს მოსლვა და ებოძა სამასი თუმანი და დაებარებინა. წაბრძანდა მაისს, რა მიიახლა სამის დღის სავალს პოლკოვნიკი მემანდარს მოაგებეს, ათასისთავს ჰქვია, მოაგებეს ხომალდები საკვირველი, მნახავთათვის სასიამოვნე. გაბრძანდა და მოაგებეს ჯარი, შეიქნა სროლა ზარბაზნისა, რომე ყურთა ხმა აღარ იყო, მიიყვანეს სადგომსა, სადაცა სავანე მოემზადათ, ებრძანა ხელმწიფეს წყალობა, სამს დღეს იყო მასპინძელი თავისის მოხელეებითა, რაც მოუნდებოდათ, ლხინი მათად შესაფერად.
მას ჟამსა ხელმწიფობდა დედოფალი, ამისთვის რომ ხელმწიფეს პეტრეს ძე არ ესვა და შვილის შვილი ყმა იყო მომცრო. დაჰპატიჟა მეფე ვახტანგ დედოფალმა და მიბრძანდა სამეჯლიშოსა სახლსა, იყო გარიგება დიდი და დარბაისელთა მორთვა მძიმითა მოკაზმულობითა და იჯდა ხელმწიფე სანდალსა ზედა. იყო სანდალი მურასა უცხოსა მორთულობითა, მიიწვნეს მეფე და მიბრძანდა პირსა ტახტისასა. მოახსენა ხელმწიფესა სამძიმარი უცხოსა რიტორისა ენითა, რა ქება და მიმტკივნება მდუღრისა ცრემლითა, დაჰყოვნდა ცოტას ხანსა და ხელმწიფობისა და ტახტისა მილოცვა ჰკადრა. მოეწონათ სიბრძნე და სიტყვამჭევრობა. უბრძანა ხელმწიფემ მადლი და წყალობისა სიტყვები და წამობრძანდა თვისსა სადგომსა.
გამოხდა მცირედი ხანი, ბძანა მეჯლიში ბაღთა შიგან, იჯდა ხელმწიფე, მარჯვენით უჯდა ხელმწიფეს სიძე და ელჩი შვეთისა, მიიწვიეს მეფე ვახტანგ და მათთან დასვეს და ძე მეფისა ბაქარ, ამათი დარბაისელნი და ქართველნი შიგან ჩარევით. ნახეს ლხინი უამესი რაღა ითქმოდა კიდე, სმისა და საზთა მღერისა. გაიყარა მეჯლიში და მიბრძანდა სამყოფსა თვისსა.
გამოხდა ხანი რაოდენიმე და უყო წყალობა მეფეს ვახტანგს ხელმწიფემა, უბოძა საბოძვარი მრავალი და გამოისტუმრა ჯარითა უთვალავითა გილანის დასაჭერად. დააგდო ძე მისი ბაქარ და გიორგი, დედოფალი რუსუდან, წამობრძანდა მეფე ვახტანგ, დღესა მეხუთესა ებოძა ხელმწიფეს კავალერია, სპასალარის დასაკიდებელი არის, ანდრია მოციქულის ჯვარი, დიდად მურასად შემკული ძვირფასისა. ჩაბძანდა გილანს, დაიმონა და აღაშენა ციხენი.
ქ~კს უიე (1727), თვესა აგვისტოსა, ისაყ ფაშის შვილი უსუფ ბეგ გადვიდა იმერეთს. შემოირიგა აფხაზი და მოვიდა გუგუთს იასშვილის სასახლეში. უღალატა დადიანის ბეჟანს და მოჰკლა.
ქ~კს უივ (1728), მარტს ი (10), მოუვიდა მეფეს ვახტანგს ბრძანება რუსეთის ხელმწიფისა და დაბარება, ვითარც რუსეთის ხელმწიფე დედოფალი ბატონობდა და ის მიცვლილ იყო და წაბძანდა გილანიდამ და დააგდო ჯარი გილანსა. დასვეს ხელმწიფედ პეტრე ხელმწიფის შვილიშვილი.
ქ~კს უიზ (1729) სომეხთ აღდგომა კვირაცხოვლობას გაითენეს და თევდორობის კვირას ხორცი ჭამეს. ამავ ქ~კსა ყაენმა შაჰთამაზ თავისი ტახტი ისპაჰანი დაიჭირა, ამადანი და თავრიზი.
ქ~კს უიჱ (1730), თიბათვის ი (10), გამოვიდა ლეკის ჯარი გულხადარადამ, ააოხრეს ზემო ქართლი, საციციანო, აბუხალა, გუჯარეთი, თრიალეთი, ჯავახეთი, სამსრები, საბარათაშვილო თავით ბოლომდი, ქციის გაღმართი, დმანისისა ქვეითი, წავიდნენ უზიანოდ.
ამავ ქ~კს გამოვიდნენ ჭარელნი, ააოხრეს ბოლნისები და სომხითი ამოსწყვიტეს, წაასხეს მრავალი ტყვე თუ საქონელი. მოვიდა ქალაქს ამბავი, წავიდა ისაკ ფაშა და იახლა ჯარი ურუმთა და ქართველთა, მიეწია ბაიდარში, შეიქნა ომი ფიცხელი, ბრძანებითა ღვთისათა გაემარჯვა ფაშასა, ამოსწყვიტეს ლეკნი.
ქ~კს უით (1731), თვესა ივლისსა, შეუხდნენ ქსნის ერისთავს შანშეს კახი ბატონი, ურუმთა ჯარი და ქართველნი, მრავალი სული დაატყვევეს, დასწვეს სოფლები, კლდე თუ კოშკი და მესერი, საცხენისი და ქვაბები, დააქციეს ციხე ვანათისა, ბოლოს შემოეხვეწა ერისთავი შანშე და შეირიგეს, შეუხდნენ სამაჩაბლოს, აიღეს ციხე სვერისა და დააქციეს გაღმა გამოღმა ორივ ციხე. გადაიარეს მთა ოსეთისა, მიუხდნენ მუგუთსა. კოშკი იყო მაგარი და ადგილი კლდოვანი, შეექნათ სროლა, დაიხოცა თათარი არა მცირედი. იყო სროლა დილიდამ ბინდამდი, უსწრო ღამემა, გაიპარა კოშკიდამ მაჩაბელი თემურაზ თავისის ხალხითა. რა იგრძნეს ურუმთა, აანთეს მაშხლები, შეუხვდნენ, აიფორაქეს საქონელი და მრავალი სული დატყვევდა.
ამა ამბავსა შინა მიუხდნენ ლეკნი ჯავახეთს. ააოხრეს ხეობა ზანავი, გადავიდნენ მთასა ნუნისისასა აოხრეს ხარაგეული ნუნის ქვეითი, გადმოიარეს ქვიშეთს, წაახდინეს ციხისძირი, ააოხრეს საციციანო. კიდევ მეორედ გადმოიპარნენ მთას იქით, დაწვეს მზვარე და ჩრდილი, იშოვეს მრავალი. შეიყარნენ მთას იქით კაცნი სააბაშიო და საჩხეიძო, უყვეს წინა უკანა, შეექნათ ცემა, ამოწყვიტეს ლეკნი, დააყრევინეს ნაშოვარი, ვინც მორჩა დაიფანტნენ მთაში გზისაგან უცოდინარი, რომელიც ქართლში გადმოვიდნენ, ყველა დაიჭირეს და ამოსწყვიტეს.
თვესა სეკდემბერსა კდ (24), მოუხვდნენ ლეკნი სურამს, გარეშემო ააოხრეს, დასწვეს ოსიაური, ახალსოფელი, სატივე, ლუბრმაცედანი, ოძისი, წაიღეს ნაშოვარი ტყვე თუ პირუტყვი, გავიდნენ ყრისისხევს, ჩაიარეს წრომს, დაამსხვრივეს გალავანი, შეუხვდნენ, უყვეს ყათლანი, ამოსწყვიტეს შიგ საყდარში, გავიდნენ გაღმა, მიუხდნენ ჭალას, ამილახორის სასახლეში იყო გამაგრებული, იდგა შიგ ერასტი, ამილახორის ბიძაშვილი. შეექნათ სროლა დილითგან ბინდამდის, მოკლეს ლეკნი ას სამოცნი, ბოლოსა ჟამსა მოკლეს ერასტი, აიღეს გალავანი, უყვეს ყათლანი, წაიღეს ტყვე თუ საქონელი.
ქ~კს უკ (1732) მოვიდა ამბავი და გათახსირება ხონთქრისაგან ისაყ ფაშისა. მის შვილს, უსუფ ფაშას, რა ყაფუჩის მოსვლა შეიტყო, ღამე დაამსხვრევინა კარი ქალაქისა და გამოვიდა გარეთ უბანსა, დაახვედრა წინ ყაფუჩს კაცნი და დაიჭირა და წაიყვანა თანა და წავიდა ერევანს. იყო სარასკარი ალი ფაშა, ამის მისულაზე მოუვიდა წყალობა ხონთქრიდამ და აზან-ვეზირობა, წავიდა სტამბოლს, თან წაიყვანა უსუფ ფაშა, ისაყ ფაშას მისცა ახალციხე, წაართვეს ალსან ფაშას.
ქ~კს უკ (1732) მოვიდა ქართლში ბატონად როსტომ ფაშა, სენისაგან შეპყრობილი აპრილს იდ (14), მიიცვალა მაისის იზ (17). ამავ ქ~კს დაანება ხვანთქარმან ყაენს არეს იქითი და რუსეთის ხელმწიფემ გილანი.
ამავ ქ~კს გამოვიდა ლეკნი სომხითს და შემოადგა სამშვილდეს. იყო მეპატრონე სამშვილდისა მეფის იესე შვილი აბდულა ბეგ. მას ჟამსა იყო სომხითს, რა სცნეს ჯარით მოსულა, მოეშველა ყაფლანისშვილი ქაიხოსრო, სარდალი საბარათაშვილოსი და მათნი სახლის კაცნი და ჯარი სომხითისა, მოუხვდენ კრწანისის მხრისაკენ, შეიქნა ომი და სროლა ძლიერი, ბძანებითა ღვთისათა გაემარჯვა და ამოწყვიტეს ლეკნი, ვინც მორჩა - გაიქცა.
ამავ ქორონიკონს მოვიდა ლეკის ჯარი. ტეზერი, ბეკამი, გვერდის უბანი აღაოხრეს, წავიდნენ ნაშოვრიანი, გავიდნენ წრომს, შეება გორის ფაშა, მოკლეს ლეკთა, დახვდა მეჯვრისხევს ამილახორი გივი, გაემარჯვა, ამოწყვიტეს ლეკნი და დარჩათ ნაშოვარი.
ამავ ქ~კს მკათათვის ჱ (8), მოვიდა ლეკის ჯარი ღამით. ამოიარეს ბეკამი ღამით, გადაიარეს წიფის მთა, ჩაუხდენ წიფას, ზოგი ვინმე წაახდინეს, გადმოიარეს იტრია და ჩუმა თელეთი წაახდინეს.
ამავ ქ~კს მკათათვის კა (21) შემოადგნენ ლეკნი ქვიშხეთს. ერთი ღამე ვინცა ვინ სააბაშიო კაცნი ციხეში იყო კარგათ იყვნენ, მოკლეს ლეკი მცირედი და დარჩათ ლეკის ბაირახი ორი. შეიარეს ლეკთა ხეობა, მიუხვდნენ დვირს, წაახდინეს ასპინძა, ოშორა, სხვა ბევრი სოფლები, გადმოიარეს ციხისჯვარი და შემოადგნენ სადგერს, ზევით თედიასშვილის ციხესა, თერთმეტი დღე ადგნენ. ამა შეჭირვებასა შინა მოვიდა ოსმან ფაშა ახალ ქალაქს ჯავახეთისასა, ებოძა ხვანთქარს ქართლი, შეესმა ამბავი ლეკთა, გამოუსია ჯარი და აქედამ ავალისშვილები მოადგნენ, განთიადისასა დაესხნენ ლეკთა, ამოწყვიტეს ლეკნი, ვინც მორჩა - გაიქცნენ, გადაიარეს საციციანო და გავიდნენ იკორთას, დახვდა გორიდამ ჯარი და ამილახორი გივი, მოეშველა ასლან ფაშა ქალაქიდამ და აქედან ქართველნი, ამოსწყვიტეს ლეკნი, გაემარჯვა დიდად.
ამავე ქ~კს მკათათვის კჱ (28) ქალაქს მოვიდა ოსმანფაშა. ესე იყო აზან ვეზირი ხვანთქრისა.
ამავ ქ~კს მისცეს ისაყ ფაშას ქართლი, ამის შვილს უსუნ ფაშას ახალციხე და ოსმან ფაშას აზრუმი. წავიდა ოსმან ფაშა ქალაქიდამ ღვინობისთვის ი (10), მოვიდა ქალაქს ისაყ ფაშა ღვინობისთვის იე (15).
ქ~კს უკ (1732) ქრისტესშობისთვის თ (9) მოუხდენ ლეკნი, ააოხრეს გომარეთის ხეობა, ჩამოიარეს გომი-ჯვარზედ, გავიდენ ქსოვრისს. ეწია წლევის ბოლოს ამილახორი გივი, თარხანი ლუარსაბ, მცირე ურუმთ ჯარი. ლეკთაც ბევრი ზიანი ჰქმნეს, მაგრამ ბოლოს დიდათ გაემარჯვათ და ამოსწყვიტეს ლეკნი.
ამავ თვესა დაარბიეს ლეკთა სომხითი. მოვიდა ამბავი ქალაქსა, შეჯდა ისაყ ფაშა, ჯარი ურუმთა და ქართველთა, დახვდენ ნიჩბისსა. მოვიდენ ლეკნი ხეკორძის თავს, წვერზე საყდართა. დიდი სიმაგრე იყო და იქვეითეს ქართველთა და ურუმთა იენიჩართა, იყო სროლა დილითგან შუაღამემდინ. დამარცხდა ლეკნი, ამოსწყვიტეს, გაიქცნენ ლეკნი უკანვე დიდგორისაკენ და ღამე კოწახურის ფონს გავიდნენ.
ამავ თვეს იე (15) ლეკთ ზემო-ქართლი დაარბიეს, აქავ ხეკორდიდამ ღამე წაბძანდა ფაშა, მიეწივნენ იკორთის ბოლოს, გაიქცნენ ლეკნი, დარჩათ ნაშოვარი. ამავ თვესა მოვიდა სტამბოლიდამ უსუფ ფაშა ქალაქს და გაილაშქრა კახეთს ქრისტეშობისთვის კზ (27).
ამავე თვესა კგ (23) უკუდგა იმერეთს მეფეს ალექსანდრეს ძმა მამუკა, წავიდა დადიანთანა. ვითაც და ედგა დადიანისა, ერთი და მეფეს ალექსანდრეს ედგა, დაუმარცხდა და მეფემ შეირთო ასული აბაშიძისა ლევანისა. და ვითაც დადიანის ქალი აქ მეფის სახლში დასთან გაზრდილი იყო, მოყრობაზე ხელი აიღო მეფემა და ძმას შერთო. მაგრამ დანდობა არ მოახდინეს, დადიანმა მამუკას ბატონობა მოინდომა. შეიყარნენ დადიანი ოტია, რაჭის ერისთავი გრიგოლ, აბაშიძე ზურაბ. მაგრამ მეფემ შვილი გაგზავნა დავით ჯარითა, შეიბნენ ჩიხორს, ამა შებმაზე დადიანი და ძმა მისი კაცო მოჰკლა და კაცოს მსახურმა დადიანს თოფი ჰკრა და დაჭრა. ბძანებითა ღვთისათა გაემარჯვა მეფეს ალექსანდრეს, დარჩათ იმათი კაცი მეფეს ჯარს ათას შვიდასი, სიკვდილს გარდა. წაიყვანა მეფემ დადიანი დაჭრილი და უჩინა ექიმები და გაამთელა.
ამავ თვეს კჱ (28) შემოეყარა კახი ბატონი უსუფ ფაშასა ბეჟან ბაღის იქით ის, იქით ეს, ცხენით გარდახდა კახი ბატონი, აქეთ ფაშა ჩამოხდა, მიესალმენ ერთმანეთს, გარდეხვია ფაშა, შეჯდა ცხენს, გაბრუნდა კახი ბატონი. ამის დროს უღალატეს და მოკლეს ოსმალთა კახ ბატონი, წაესივნენ კახთა, ამოწყვიტეს კახნი, ვინც გაიქცა - მორჩა. ჩავიდა ფაშა ყარაჯაღში, შემოეყარა სურხავი. ესე იყო ლეკი და ხლმით დაიჭირა შირვანი, გავიდენ გაღმა მხარსა ააოხრეს გავაზი და შილდა.
ამავ ქ~კს დაიჭირა ყეენი შაჰ თამაზ ისპაანს და გაგზავნა მაშათს თამაზ ხან. ეს იყო, ჯერ მოუდგა ყაენსა და მერმე უღალატა და გაილაშქრა ბაღდად ზედა. ქ~კს უკა (1733) დამარცხდა თამაზ ხანს ბაღდადს, გაემარჯვა ოსმან ფაშას. ეს ფაშა რომ ქართლში მოვიდა იმას სარასკარობა მისცეს და იმან გაიმარჯვა. ბოლოს ავათ შეექცა, ამავ ქ~კს გაემარჯვა თამაზ ხანს ბაღდადს, მოკლეს სარასკარი ოსმან ფაშა, აიკლეს და ამოწყვიტეს ურუმნი. შემოადგა ციხესა ბაღდადისასა, შეწუხდენ შიმშილითა მყოფი ციხისა, შეურიგდა ბაღდადის ფაშა, მისცა პირი და ფიცი და მძევლები. დაანება რაც ყაენს მამული წართმეული ჰქონდა და გაგზავნა ხვანთქართან კაცი და ხონთქარმან აღარ დაანება.
ამავ ქ~კს ააშენა ციხე მუხრანისა ისაყ ფაშამ აპრილიდამ თიბათვის კ (20), იყო მუშა ექვსასი, ქართლი თუ სომხითი თუ საბარათაშვილო.
ქ~კს უკბ (1734), მოუხუდენ ჭარელნი ელსა, წაიღეს საქონელი მრავალი. მოვიდა ამბავი ქალაქს, გაუსიეს ჯარი ქალაქიდამ და უთავეს მაჰმადბეგ. ესე იყო მხნე ვაჟკაცი და ხაზინადარი უსუფ ფაშისა, წაეწივნენ შირაქს იქით, გაექცნენ ლეკნი, დახოცეს ასი ოდენ, დარჩათ საქონელი, მოვიდა ქალაქს. გაეგებნენ ორნივე მამა-შვილნი და ნახეს სიხარულითა დიდითა, დაასვეს ჯიღა მურასა თავსა და ჩააცვეს ქურქი, უყვეს წყალობა. ამავე ქ~კსა ააშენა ისაყ ფაშამ ციხე ავჭალისა, კოშკები დიღმის ბოლოდამ ატენის წყლამდის თორმეტი, სადაცა ფონი იყო ლეკთ გამოსავალი.
ქ~კს უკბ (1734) მკათათვეს აიღეს ყიზილბაშთ შამახია თამაზხან.
ამავე ქ~კს აგვისტოს, წავიდა ქალაქიდამ უსუფ ფაშა მცირე ქართველთ ჯარი კახეთს, დაესხნენ თავს კახნი, ამოწყვიტეს ურუმნი, დარჩათ საქონელი ურიცხვი, გამოიქცნენ ფაშა და ვინცა ცხენს შეასწრეს, ახლდა ერისთავი შანშე, ამილახორი გივი, ყაფლანისშვილი ქაიხოსრო, თარხანი ლუარსაბ.
ამავ ქ~კს სეკდემბერს შეიყარა ჯარი სერასკარისა, მიეშველა განჯიდამ ურუმთ ჯარი, მოვიდნენ შირვანს. გამოვიდა თამაზ ხან. შეიქნა ომი ფიცხელი, გაემარჯვა თამაზ ხანს. ამოსწყვიტეს ლეკნი და ურუმნი გაიქცნენ.
ამავ ქ~კსა ღვინობის თვეს შემოადგა თამაზხან ციხესა განჯისასა, მოუვიდა ქართველთ ბძანება და აშლა ურუმთა. დაუწყეს ბრძოლა, შეიყარა ჯარი ამილახორმა გივმა, მოვიდა ბერბუკს ღამით, დაიქვეითა თვითონ და მუხრანის ბატონმა მამუკამ, გორელთ მისცეს პირობა, შევიდნენ ღამით და დაიმალა ჯარი სახლებშია, ვერ იგძნეს ურუმთ. ციხეებში მიუჩინეს ოთხნი გამორჩეული ვაჟკაცი, მისცეს საბოძვარი, ვითაცა ურუმნი ხეებსა ზიდევდნენ, ვინცა აუტანდათ არას უკითხევდენ. გათენდა, ამ ოთხმა კაცმა შეიდვეს ძელები მხართა, იყო ნიშანი ამათი, რომ ციხის კარზე ერთი იქით დაუდვან, ერთი აქეთ, რომ ციხის კარი ვეღარ მოუგდონ, გააღეს კარი ციხისა და გამოვიდნენ ციხიდამ ურუმნი, ჩამოვიდნენ ქალაქსა გორისასა, აიტანეს ძელები და დააგდეს კართა ზედა. იდროეს, გამოვიდა დამალული ჯარი, თუმრე ყარაულმან იგრძნა, მოასწრეს კარი ქვევით გალავნისა, შეიქნა ცემა გორში. ამ ოთხთა კაცმა გაიკრეს სატევარებს ხელი, თუმრე დამალული ჰქონდათ, შეუხდენ ციხეში, მოკლეს ერთი ურუმი, მიუხუდნენ იენიჩართ აღას, დასჭრეს, გამოვიდნენ მშვიდობით, ჩამოვიდნენ კარსა გალავნისასა მოკლეს მცველი კარისა დალეწეს კლიტენი გამოვიდნენ უზიანოთ და ვინცა ვინ ციხიდამ ურუმნი ჩამოვიდნენ ამოსწყვიტეს, დაიჭირეს. დააყენა ჯარი გორსა და წავიდა თვითან გაგზავნა მახარობელი და თავები სარდალთან. ეს სარდალი გამოეგზავნა თამაზ ხანს. მოვიდა კახეთს ასლამაზ ხან. ესე იყო ყაფლანიანთ სახლის კაცი. მოვიდა საგარეჯოს, წავიდა ამილახორი და ქართველთ ჯარი, მიეგებნენ წინა, მოვიდნენ და დადგნენ გლდანს. გამოვიდნენ ურუმნი, მოვიდნენ გლდანის ბოლოს, აქეთ გავიდნენ ყიზილბაშნი და ქართველნი, დამარცხდნენ ყიზილბაშნი და ქართველნი, მოვიდნენ მცხეთას თვესა სეკდემბერსა თ, აიღეს გორი სულუხი და მიუხდნენ ქართველნი ახალციხის ქვეყანასა, მრავალი სოფლები ააოხრეს. შემოადგა ურუმთ ჯარი სადგერსა, გამოვიდნენ ავლიშვილები და გააქციეს ურუმნი და ამოწყვიტეს.
ქ~კს უკგ (1735), მოვიდა თამაზ ხან ყარსის ქვეყანასა და იქით სარასკარი, ჯარი ხონთქისა ქოფრულის შვილი, შეიბნენ, გაემარჯვა თამაზ ხანს, მოკლეს სარასკარი, დარჩათ თოფხანა და საქონელი ურიცხვი, იტყოდენ ორმოცი ათასი კაცის სიკვდილსა.
ამავე თვესა იგ (13), მივიდა სარდალი ასლან ხან და სულ ქართველნი დადგნენ კოჟორს იქით სერზედა, გამოვიდნენ ციხიდამ ურუმნი, მოვიდნენ კოჟორსა, აქედამ ქართველნი და ყიზილბაში, გაიქციეს ურუმნი, ამოსწყვიტეს, წაჰყვნენ წაკვისის ბოლომდინ, ვინც მორჩა, შეასწრეს ქალაქსა.
ამავ ქ~კს მკათათვის ი (10), დაარბიეს ლეკთ სომხითი, წამოიღეს ნაშოვარი, წამოუდგა სარდალი ყაფლანისშვილი ქაიხოსრო და ბარათიანი, გაასწრეს, ავჭალას შევიდნენ ციხეში, შემოადგა გარს და დაუწყეს ლეკთ ხვეწნა, გამოიყვანა ციხიდამ, მოიყვანა შინდისს, იდგა ჯარი და უყვეს ყათლანი ლეკთა, იყო სამოცი ლეკი.
დაებარებინა თამაზ ხანს ამილახორი, გავიდა, წავიდა, ჩავიდა, გაუწყრა და დაიჭირა. ამისთვის ქალი ეთხოვნა, ვერ მისცა. რა დაიჭირა და უპატიოდ გახადა, დაიბარა და ჩაგვარა ქალი, მაგრამ აღარ გამოუშვა.
ამავ ქ~კს მარიამობის თვესა ა (1), დაუწყეს ურუმთ ლაპარაკი შერიგებისა ქალაქიდამ ისაყ ფაშამ და უსუფ ფაშამ. ებძანა თამაზ ხანს გზისა დანებება და ურმების თხოვნა, ათხოვეს ურმები სამასი ოდენ, გაუმძღვანეს მემანდარი და წავიდნენ უვნებურად და შევიდნენ ყიზილბაშნი და ქართველნი ქალაქსა ტფილისისასა. რა შეიტყვეს განჯას სარასკარის დამარცხება, დაანებეს და წავიდნენ ხანის დასტურით ურუმნი.
ქ~კს უკგ (1735), დაიბარა თამაზ ხან კახი ბატონი თეიმურაზ, ძმისწული ამისი ალი მირზა, კახნი და ქართველნი. დამორჩილდნენ ბძანებასა მისსა, წავიდნენ. მას ჟამსა იდგა თამაზ ხან ერევნის ყირბულახს შეეყარნენ თამაზ ხანს, დაყვეს დღენი სამი და მისცა ალი მირზას ქართლი და კახეთი, იქ შეინახა თეიმურაზ კახი ბატონი, ქიზიყის მოურავი აბელი, მუხრანის ბატონი მამუკა, ამილახორი გივი, ავალისშვილი ქაიხოსრო. მოვიდნენ ქალაქ მეფე ალექსანდრე, სარდალი ასლამაზ-ხან და ამირეჯიბი ალი-ყული-ბეგ ქართველნი, წაართვეს ქალაქს რვა ათასი თუმანი, სახასოს სოფლებს სამი ათასი თუმანი, პური ათასი ხარვარი (ერთი ხარვარი ათი კოდი) ქართლში და კახეთში ორი ათასი მოლაშქრე კაცი.
დაანებეს ერევანი ურუმთა და არა ავნეს რა ურუმთა. მიეცა დასტური თამაზ ხანს თეიმურაზ კახი ბატონისათვის, რომ ცოლითა და შვილით კახთ დარბაისლით ქალაქს ჩამოსულ იყო. რა კახეთს მივიდა, კახთა ეს არა ჰქნეს ცოლ-შვილით ჩასულა, აიყარნენ და წავიდნენ ფშავში.
ღვინობისთვის ვ (6) მოვიდა თამაზ ხან დიდისა დიდებითა, გაუშალეს მოქალაქეთ ფიანდაზი ციხეს კარიდამ ალაყაფის ჩარდახამდის დადგა ჩარდახში და შიგნით არამი დააყენა. გაჰპაროდა სომხითიდამ ამილახვარი გივი, მუხრანის ბატონი, ავალისშვილი ქაიხოსრო, მივიდნენ თავთავისად. ამილახვარი წავიდა იმერეთს, მუხრანის ბატონი რუსეთს. იწყინა ეს თამაზ ხან, დააქცია ციხე გორისა, ქალაქს თაბორი. გაუსია ჯარი არაგვის ერისთავს ბარძიმს, ოთხი ათასი ზემო ქართლს, ოთხი ათასი საციციანოს. არაგვის ერისთავის ანანური და იმას აქეთ ქსნის ერისთვისა, მონასტერს ქვეით აწერის ხევს ქვევით დაატყვევეს, დასწვეს, ზემო ქართლისა ვახანიდამ დაწყებული მუხრანამდი ააოხრეს, დაატყვეს, დასწვეს, შეაბილწეს ეკლესია, ყოვლგნით გააოხრეს მღვიმე ხატითა და მორთულობითა, წაიყვანეს ქართლიდამ რვაასი კომლი, ვინ იცის სახლში რამდენი სული იყო. ეს ტყვე ხუთი ათასი საავალისშვილოსი და საციციანოსი, ხუთასი კომლად და ათასი ტყვე, საერისთოსი ხუთასი ტყვე, მოსრეს ყმაწვილნი ეროდეს მსგავსად, ჩვილს ყრიდენ და დიდი, რომელიც დავარდის ცხვირსა და ყურებს აჭრიდიან.
ოკტომბერსა კე (25) წავიდა თამაზ ხან ქალაქიდამ კახეთს, გაუწყრა კახეთს, აჰყარა სულ კახეთი გაღმა მხარი და გამოღმა, შეაბილწეს ალავერდი, ქიზიყს გარდა და ქართლისა და კახეთისა გაგზავნა ხორასანს, თვითონ გავიდა ალაზანს, გავიდა ჭარზედ, ააოხრა ჭარი, მივიდა შამახიას, რაც კახნი და ქართველნი იყვნენ, რა ქალაქიდამ გადგნენ ყველას იარაღი შემოსხნეს. რა ალაზანს ხანი გავიდა, ესენი განჯისკენ გაგზავნა. რა მიახლენ მტკვარსა გასასვლელად შეკრეს პირი და ქართველთ და კახთ, ერთ ღამეს დასცეს ყიჟინა, მრავალი სული მორჩა და გამოვიდა უზიანოდ.
ქ~კს უკგ (1735), მიიცვალა კათალიკოზი ბესარიონ თვესა ნოემბერსა. აჰყარა განჯა, ყარადაღი, ერი ქართლისა და კახეთისა, ერევანი, ყარსი, ყაიყული, ბამბაკი, რაც თოფხანა დარჩა ურუმთა გაგზავნა ხორასანს, თვითან წავიდა თათარხანზე, გაემარჯვა და მოვიდა მუღამში. ქართლიდამ დაიბარა მეფე ალექსანდრე, მეფის იასეს ძე აბდულა ბეგ, ამირეჯიბი ალი-ყული-ბეგ, სარდალი ქაიხოსრო და წავიდნენ მუღამში.
ამავ ქ~კს უკდ (1736), მუღამში შეიყარა ერანის ჯარი, ეს ვინც ქართლიდან წავიდნენ, ჰქმნეს ყრილობა და ყაბული თამაზხანის ყეენობისა და დაჯდა ყაენად შაჰ თამაზ ხან. ქართლში ესენივე გამოისტუმრა და დასდვეს ქართლს სამი ათასი სამასი თუმანი და ხუთასი ნოქარი ცოლშვილით ქალაქსა უნდა დამდგარიყო კაც-ცხენ-იარაღითა. ზემო ქართველთ ეს ვერ შესძლეს, უკუდგა ქსნის ერისთავი შანშე, ამილახვარი გივი, აბაშიძე ვახუშტი და სულ ზემო ქართლი, გაღმით თარხანი ლუარსაბ და მისი სახლის კაცნი. დაუწყეს ხვეწნა სეფი ხანს სულთანს: „როგორც სხვის ყაენისათვის გვიმსახურია, ან სამსახური გუდებია, ისე გვიმსახურეთ, ხელმწიფის დიდი ხნის ყმანი ვართო“. ეს იმათ არა ქნეს. ამაში გაეცალა ამხანაგებს არაგვის ერისთავი ბარძიმ, სულ ციციანი, სულ საბარათაშვილო მიუდგნენ ყიზილბაშთა. წამოვიდა ჯარი, დადგა ფხვენის, დაიწყეს იქიდამ თარეშის გასევა, მიუხდნენ ქსნის ერისთავსა, რამდენჯერაც მივიდნენ, ბრძანებითა ღვთისათა, იმდენჯერ გაემარჯვა საერისთოელთ. კეხვს მიუხვდნენ სამჯერ ამილახვარს გივსა, სამჯერვე გაემარჯვა და ამოსწყვიტეს ყიზილბაში. ამაში გამოუსია თარეში, მოუხდენ დილაბინდზე სააბაშიოსა და საჩხეიძოსა და სურამის ხეობასა, ბევრი სული წაახდინეს და დაწვეს საფალავანდისშვილო და გამოყოლება ააოხრეს, დაწვეს, სადაცა სიმაგრე იყო ღვთით ვერა ავნეს რა.
ამავ ქ~კს მკათათვის ორსა, რიჟრაჟზედ შეუტყობლად მოვიდა ჯარი ორი ათასი კაცი. თითვან სულთანი აბდულა ბეგ, ვინცავინ ქართველნი იმათ თან იყო ციხის ძირს დაუწყეს ბრძოლა და გარდ მოვიდნენ, ნუნის ჩამოვიდნენ, თარეში ჩრდილსა იდგა, აბაშიძე ვახუშტი ვახანს. რა მოვიდა ამბავი, იარა და შემოეყარა თავისი საყმო, შეიქნა სროლა, ბძანებითა ღვთისათა, ნუნისა ღვთისმშობელის ძლიერებითა გაიქცნენ და ამოსწყდა მრავალი სული, ჩაჰყვნენ ციხის ძირამდის ცემითა და ხორცითა. ამისთანა გამარჯვება ერთსა და ორს არვის უნახავს, თან პირიქითი ჯარი, თქვენმა მზემა, სხვას გარდა ორასი ასეთი ცხენი შეკაზმულობითა, ზოგი ვერცხლისა რახტითა აბაშიძეს მოართვეს. სხვა რაც ვინმე დამალა, ის ღმერთმან იცის. ასე ღმერთმან წყალობა მოუვლინა, ერთი კაცი არ მოჰკდომია, მოვიდა და დაჯდა ნადიმად და გასცა საბოძვარი, ან ვინც თავი მოიტანა და ვინც კარგათ ყოფილიყო. მორჩა სეფი ხან გაქცეული და ვინცა ვინ მორჩათ, იმავ დღეს ფხვენის წავიდნენ. დაუწყო ლაპარაკი, ვინც უკუმდგარნი ქართველნი იყვნენ შეურიგდნენ ფიცითა საშინელითა. აიყარა სულთანი ფხვენისიდამ, ჩავიდა ხელთ-უბანს. რას მოტყუებითა დაუძახა კახს ბატონს თეიმურაზს, არაგვის ერისთავს ბარძიმს, ამილახვარს გივს, თარხანს ლუარსაბს, კახთ სახლთხუცეს ჩოლაყაშვილს გივს, ქისიყის მოურავის ძმას თამაზს, ჩერქეზისშვილს ქაიხოსროს. ესენი ერთ პირით დაიჭირეს, გაგზავნეს ქალაქს ციხეში. იმათი აქ დაჭერა და ქსნის ერისთავზე ჯარის გასევა იკორთას და ბრძანებითა ღვთისათა, გაემარჯვა ერისთავსა, გამობრუნდენ და ჩავიდნენ გორს, წავიდა ქალაქს და დააგდო გორს ნაიბად აბდულაბეგ, ძე მეფის იესესი.
გამოხდა მცირე ხანი და გამოვიდა ლეკის ჯარი გულხადარადამ თვესა ოკდომბერსა ქ~კს უკდ (1736), წაახდინეს გვერდის ძირი და ზემო ქართლი, ვიდრე სურამამდის და დადგენ დირბს. წავიდა გორიდამ აბდულაბეგ, აახლო ჯარი ქართველთ და ყიზილბაშთა, პირველსა მისვლაზე გამოვიდნენ ლეკნი და შეიბნენ ყელ-ქცეულს. ბძანებითა ღვთისათა, გაემარჯვა აბდულა ბეგს. ზოგი დახოცეს, გაიქცნენ და შევიდნენ დირბს, ღამემ გაყარა. ღამით გაიპარა ლეკი და გავიდა ხვედურეთს. ამაში მოვიდა ქალაქიდამ სულთანი სეფი ხან დიდის ჯარითა გორს, გავიდნენ გორიდამ, რა მივიდნენ ღულევის ბოლოს, გამოვიდნენ სამ დაფათ. რა ნახეს მძლავრი ჯარი, ვეღარ შემოებნენ, გაიქცნენ ლეკნი, მცირედი დახოცეს, შევიდნენ სიმაგრეში, ღამით გაიპარნენ, გავიდნენ ბებნის, მცირე ყარაულნი გაუდგნენ უკან, ზოგი ცოცხალი დაეჭირათ, მცირე დაეხოცათ, გაიარეს, დუშეთი წაახდინეს.
ამა ამბავსა შიგან მოვიდა ყაენისაგან ბძანება და წყალობა: ქართლი ებოძა აბდულაბეგისათვის, იქმნა მეფედ საქართველოსი და დაარქვეს არჩილ; კახეთი ალი მირზისათვინ, რომ მცირესა ჟამსა მეფედ იყო ქართლისა; ერევანი სულთნის სეფის ხანისათვინ. წავიდა ერევანს და კახი ბატონი კახეთს, დაჭერილი თავადები გაგზავნეს ისპაანს: კახი ბატონი თეიმურაზ, არაგვის ერისთავი ბარძიმ, ამილახორი გივი, თარხანი ლუარსაბ. რა ჩავიდნენ, უყო წყალობა ყაენმა, მოსცა ხალათები და ინამი, თითვონ წავიდა ყანდაარს საბრძოლად და ესენიც თან წაიყვანა.
ქ~კს უკე (1737), აპრილს გასულს, კიდევ მოვიდა სეფიხან დიდის ჯარით ქართლში. მივიდა, ქსნის ერისთავს შიგნით შეუხდა, აიღეს ციხე იკორთისა, ციხე ვანათისა, ციხე კულბითისა. მიუხვდნენ აბაშიძეს ვახუშტის, აიღეს ციხე ციხისძირისა და ციხე სურამისა, შეუხვდა ქსნის ერისთავსა აიღო ციხე აწყვერისა, ციხე ბეშო და მონასტერი. გაეცალა ქსნის ერისთვის ძმა იესე ცოლშვილით კახეთს, დახვდნენ წინა, გაექცა ერისთვისშვილი, დარჩათ ცოლ-შვილ და საქონელი ყიზილბაშთ. წავიდა შანშე ცოლ-შვილით იმერეთს, იქიდამ ჩავიდა რუსეთს. ჩავიდა სეფიხან ქალაქს და დაიჭირა მეფე არჩილ და აიყვანეს ციხეში.
დაებარებინა ყაენს მეფე არჩილ, წავიდა გიორგობის თვესა ი (10). წავიდა, შეიყარა ქსნის ერისთვის ოსნი და საერისთაო, აიღეს ციხე ანანურისა, მონასტერი და ახალგორი. გაუგზავნეს კახეთს ქსნის ერისთავის ძმას იესეს, მოვიდა და შეიყარნენ.
დაებარებინა ყაენს ყანდაარს ქართველნი: ამილახვარი ოთარი, სარდალი საბარათასშვილოსი ყაფლანისშვილი ქაიხოსრო, ციციშვილი ქაიხოსრო, ციციშვილი მთავარეპისკოპოზი კირილე, ქაიხოსრო ჯავახისშვილი, ავთანდილ ფალავანდისშვილი, ფეშანგი, ლორის მელიქი ფარსადან, სომხითის მელიქი ბადურ, ალიყულიბეგ ამირეჯიბი.
ქ~კს უკე (1737), მარტს კე (25), აშტრახანს დამარცხებულ იყო მეფე ვახტანგ.
ქ~კს უკვ (1738), მარტს ია (11), წავიდა სეფიხან, დაებარებინა ყაენს ყანდარს. მოვიდა ქართლში განჯის ხანი უღული ხან, ძე ქალბალის ხანისა სარდლად. ამავ ქ~კს მარტს დ (4), აიღო ყანდაარი ამავ ყაენმა და წავიდა ინდოეთზე, აიღო შვიდი ქალაქი, შემოებნენ ინდოეთის სპასალარი ინდოთ, დაიჭირეს სპასალარი.
ამავ ქ~კს მაისს ზ (7): ყანდაარიდამ გამოისტუმრა ყაენმან ვინცავინ ქართველნი იყვნენ. წინდაწინ ჩაფრად მოვიდნენ ხანჯან ქართლის ბატონად, ალიყული ბეგ ისევ ვექილად.
ამავ ქ~კსა მოვიდა ქსნის ერისთავი რუსეთიდამ თავის მამულში. მოვიდა კახი ბატონი თეიმურაზ კახეთსა.
ქ~კს უკვ (1738), წამოვიდა სპარსეთიდან სპასალარი იბრეიმ ხან ყაენისა, დაიბარა ქართველნი და ხანჯანხან. შეიყარნენ კაკს, შეუხვდნენ ჭარს, დასწვეს, დააქციეს, გამობრუნებაზე წამოეწივნენ ლეკნი, უყვეს წინ უკან, გაემარჯვათ ლეკთა, ამოსწყვიტეს ყიზილბაში და ქართველნი, მოკლეს სპასალარი იბრეიმ ხან, უღულიხან განჯის ხანი, სხვანი გამოიქცნენ. თეიმურაზ კახი ბატონი კახეთს და ხანჯახან ქართველნი ქალაქს.
ამავ ქ~კოსა მაისს კე (25). სტამბოლიდამ მოვიდა კ~ზი დომენტი ძმა მეფის ვახტანგისა.
ქ~კს უკზ (1739), თვესა მაისსა, პირველსა ღამესა, ერთი საკვირველი და კაცთაგან ჭკუა მიწვდომელი აჩნდა შუა ციდამ, ცა მოწმენდილზე, ნათელი დიდძალი, რომ მთვარის შუქი აღარა ჩნდა, ვიდრე დასავლეთამდე განათლდა ყოველი ქვეყანა, რა განქარდა, ერთი ასეთი დაიქუხა, რომ ქვეყანა შესძრა, არც ცის გახსნა იყო, მაგრამ ნათლით ნახევარ ცა ეჭირა, მთა და ბარი სულ განათდა. ეჰა საკვირველთ მოქმედსა ღმერთსა.
ამავ ქ~კს, მარტში, ინდოეთზედ გაემარჯვა ამავ ყაენსა, დამორჩილდა ინდოეთის ხელმწიფე და მოართვა მრავალი...


Комментариев нет:

Отправить комментарий