вторник, 29 августа 2017 г.

ვახუშტი: საქართველო 1308-1466 წლებში

მეფე გიორგი (VI) დავით მეფის ძე, გ (3) წელს იმეფა

ხოლო მისცა ყაენმა ამ მცირესა გიორგის მეფობა და ტფილისი, და უჩინა აღმზრდელად და მეურვედ ძე დიმიტრი მეფისა გიორგი. ესენი წამოსულნი მოვიდნენ ტფილისს ქრისტესა ტჱ (1308). ამასვე წელსა მოკვდა მთავარი სამცხისა ბექა, საღმრთო-საეროთი, სათნოებითა და მოწყალებითა აღმატებული და უმეტეს ვახახი მეუღლე მისი ყოვლითა კეთილითა და დაუტოვა ძენი სამნი: სარგის, ყვარყვარე და შალვა და ამათ სამთა დაიპყრეს სამცხე.
ამისა შემდგომად მესამესა წელსა მოკვდა დავით მეფე მწარისა სენითა გარჯილი ქრისტესა ტი (1310), და დაუტევა ძე თვისი გიორგი ორის წლისა მეფედ ქმნილი.
შემდგომად ინება ყაენმან აღმხედრებად შამს ციხესა ზედა რაბაშანს, რომელიც ქონდა სულტანსა მისრისასა (ე.ი. ეგვიპტის). მივიდა და მიადგა ყოვლითა ძალითა თვისითა ხუთი თვე და ვერარა ავნო მას. მერე უკმობრუნდა და მოგზაურ ჰყვანდა ექვსნი არწივნი დამართულნი, რომლისა ძალი ესეოდენი იყო და მოვიდა შინ თავისად. მან ამიერიდან არა სადაც ილაშქრა ცამეტ წელს ყაენად მყოფმან.
ამისა შემდგომად კვლავ წარმოავლინა ულჯათ-სულტანმა იგივე მცირე გიორგი, ძე დავით მეფისა, მეფედ და ზაალ მელიქი ხორასნელი და ხარუნჩი ბიძა ჩოფან-ნოინისა, რათა შეკრიბონ საქართველო გიორგი მეფისად, და ამათ აჩინეს მხარგრძელი შანშე და ზაქარია ავაგის ასულის ხუაშაგის ნაშობი. ესენი მოვიდნენ კოხტას-თავს და აწვიეს სარგის და ყვარყვარე, მაგრამ ამათ არა ინებეს გამოსლვა.
ამავ ჟამს განდგა საბერძნეთს კომსი ქალაქი დიდი და ფარსმანის შვილი. ამისმან მცნობელმან ყაენმან წარავლინა ჩოფან და გაატანა მას ქართველნი და წაჰყვა გიორგიცა ძე დიმიტრი მეფისა; მაგრამ გოგზალ მელიქ შანშე და ზაქარია არა წაჰყვნენ და შევიდნენ ტფილისს. ხოლო ჩოფანს მისულსა ვერ წინააღუდგნენ ფარსმანის ლაშქარნი. მაშინ ჩოფანმა მოსცა ყოველნი იქ მყოფნი ქართველნი გიორგის, ძესა დიმიტრი მეფისასა, ჯავახნი და თორელნი; და სადაცა ბრძოლა ყო გიორგიმ სპითა თვისითა, მძლეველად გამოჩნდა ყოველთა ზედა. ხოლო ჩოფანმა დაიმორჩილა ურჩნი ერთსა ოდენ წელსა და მერე მოიქცა და ჟამსა სთულისასა (შემოდგომა) მოვიდა წინაშე ყაენისა ჩოფან და დაყო რა თვე ერთი, მოკვდა ყეენი ულჯათ-სულტანი (1316 წლის 16 დეკემბერი). ამან დაუტევა ძე მუსაით (აბუ საიდ ბაჰადური) შვიდისა წლისა და ჰყვეს იგი ყაენად (1317 წლის გაზაფხულ-ზაფხული). ესე ესმა რა გიორგის, ძესა დიმიტრი მეფისასა, წავიდა წინაშე ყაენისა. მისული ურდოსა იხილა და გაიხარა ფრიად ჩოფან-ნოინმან და შეიტკბო, როგორცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი და შვილნი დავით მეფისანი და ძენი ბექა სამცხისანი და მესხნი და წარმოგზავნა ტფილისს. ესე გიორგი მოვიდა და შემოიკრიბნენ კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და დიდებულნი წარჩინებულნი და ძენი ბექასნი სამცხე-ტაო-კლარჯ-შავშეთითურთ და აკურთხეს ტფილისს მეფედ ქრისტესა ჩტიჱ (1318)1.
მეფე გიორგი (V) კჱ (28) წელს იმეფა
დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დიმიტრი მეფისა თავდადებულისა, და დაიწყო მთებმან აღმობრწყინება. ხოლო მე ენასა ვერ ძალ-მიცს საკვირველებათა და საშინელებათა თქმად. თუ რაოდენ მშვენიერად და გონიერად განაგებდა და ქმნა წყობანი და ბრძოლანი, შემატებანი სამეფოსანი და ქვეყანისანი. ამან ბრწყინვალემან გიორგი დაიპყრა საქართველონი, სომხითი, ჰერ-კახნი, ქართლი, მესხნი, ტაო, შავშ-კლარჯნი და ვიდრე სპერამდე და ზღვამდე. თუმცა ძენი ბექასნი ფრიად განდიდებულნი იყვნენ და დაეპყრათ სრულიად სამცხე-კლარჯეთი, მაგრამ ვინაიდან მოეცა მეფესა გიორგისთვის ყაენისაგან, ამისთვის ვეღარა ურჩ-ექმნენ ძენი ბექასნი; თუმცა ბიძის ძენიცა მეფისანი იყვნენ ამისის გაძლიერებისა მცდელნი პირველითვე და სიხარულით შეუერთნენ და მორჩილებდნენ მონებრივითა მსახურებითა, რამეთუ ვინაიდან ურჩთა ჩოფან-ნოინის გამო, რომელიც მწედ ჰყავდა, მომრევი ექმნებოდა და სიბრძნე-გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა დაიმორჩილებდა. მაშინ იჯდა კათალიკოზად ეფთვიმე, მაგრამ დიდებულნი და ერისთავნი ვერ სცვალა ჟამამდე რიდითა ყეენისათა. ხოლო მძლავრებდნენ ოვსნი ქართლს და დაეპყრათ ადგილ ადგილთა დაბნები და ციხენი, ამან მეფემან განასხა ძლიერებითა თვისითა და წაართვა ციხენი და დაბები. მერე შევიდა და შემუსრა კავკასიასა შინა მყოფნი, ურჩნი მოსრა და დაიმორჩილა და მოხარკე ჰყვნა ყოველნი იგინი და დაამშვიდა ქართლი ოვსთაგან, ვინაიდან გზანი ყოველნი თვით დაიპყრა.
ხოლო შემდგომად სიკვდილისა ჩოფან-ნოინისა იკლეს რაიმე ნოინთა მუსაით-ყაენისაგან სიყრმისათვის მისისა; რამეთუ მოკლეს მუსაით-ყაენი და განდგნენ ნოინნი თვის-თვისად და რომელთამე დაიპყრეს სპარსეთი, სხვამან ხორასანი, სხვამან ერაყი, სხვამან ადრაბაგანი და სხვათა საბერძნეთნი.
მაშინ იპოვა ჟამი ბრწყინვალე გიორგი მეფემანცა და განასხა თათარნი საქართველოსაგან, რომელნიმე გონიერებითა, რომელნიმე ბრძოლითა და ძლიერებითა და მოსპო ყოველნი საზღვართაგან თვისთა. მერე მოიყვანა ყოველნი ამის ქვეყანს ერისთავნი და წარჩინებულნი, რეცა დარბაზობად ცივსა ზედა ჰერეთისასა და ამოსწყვიდა იქ ურჩნი თვისისა მეფობისანი და დაადგინა ყოველთა ადგილთა წარვლინებულნი ერისთავნი თვისნი მორჩილებისანი და დაიპყრა ამით უმეტეს ყოველნი. მაშინ მიუბოძა სარგის ჯაყელსა ათაბაგობა და ამირსპასალარობა. კვლავ შემოიკრიბნა სპაი და შევიდა რანს; ვერავინ წინააღუდგა და იქიდან შევიდა შირვანს და დაიმორჩილა იგინიცა და მოხარკე-ჰყვნა დარუბანდამდე ქურდის ლეკითურთ. შემდგომად მოიქცა ტფილისს გაძლიერებული.
ხოლო იმერეთს, შემდგომად ნარინ-დავით მეფისა, იყო აშლილობა ძმათა შორის მრავალთა წელთა და ამის მიერ განდიდნენ მთავარნი და განმკვიდრდნენ ერისთავნი მის ქვეყანისანი. ხოლო შემდგომად მოკვდა კოსტანტინეცა და არა დაუტევა ძე, არცა ასული და დაჯდა მის წილ მეფედ ძმა მისი მიქელ. მოკვდა მიქელცა და დაუტევა ძე ყრმა ბაგრატ. ამან ბაგრატ სიყრმით თვისით და დაუმორჩილებლობითა მთავართათა ვერ იკადრა მეფობა, რამეთუ აღარა შეუერთნენ ერისთავნი.
მაშინ იხილა ესევითარება იმერთა ბრწყინვალემან მეფემან გიორგი და ეზრახა იმერთა. ხოლო ამისთვის სათნო იჩინეს მათცა მეფობა მისი, ვინაიდან გაძლიერდებოდა. მერე შემოიკრიბა სპანი თვისნი ძლიერნი, გარდავლო მთა ლიხისა სპითა და ამისი მხილველნი იმერნი ყოველნი შეუერთდნენ სიხარულითა.
ხოლო ბაგრატ ძე მიქელ მეფისა შეიყვანეს აღმზრდელთა და ერთგულთა მისთა ქუთათისს და გაამაგრეს ციხე. მცნობი გიორგი მეფე მოადგა ქუთათისს. მაშინ ბაგრატ ვეღარა წინააღმდგომი და შემჭირვებელი რამდენსამე ჟამსა ევედრა მეფესა გიორგის, რათა არა-რა ევნოს სიკვდილითა ან პატიმრობითა და სცეს სარჩო იმერეთსავე მეფემან, მივიდენ წინაშე მისსა და მისცეს ყოველნი ციხენიცა იმერეთისანი მეფესა, ვინაიდან მოგცა ღმერთმან ძლევა. ამისმან მსმენელმან მეფემან გაიხარა და აღუთქვა ყოველნივე აღსრულებად საწადელნი მისნი. მსმენელი პირისა ამის გამოვიდა ბაგრატ და მოვიდა წინაშე გიორგი მეფისა და მისცა ყოველნი ციხე-ქალაქნი და სიმაგრენი იმერეთისანი. ხოლო გიორგი მეფემან პატივ-სცა, როგორცა მონათესავესა თვისსა, და შეიწყნარა იგი ფრიად სიყვარულითა და აიღო ყოველნი ციხენი და ქალაქნი და სიმაგრენი იმერიეთისანი ბრწყინვალემან მეფემან გიორგი ქრისტესა ჩტლ (1330), და დასხა ერისთავნი თავისი; ხოლო ბაგრატს მისცა საერისთაო შორაპნისა და ჰყო იქ ერისთავად.
ამისნი მხილველნი დადიანი მამია და გურიელი და სუანთა ერისთავი და აფხაზეთისა შარვაშიძე შეუერთნენ ნიჭითა დიდითა და დაულოცეს მეფობა იმერეთისა და ყოვლისა საქართველოსა. მერე ჩავიდა ოდიშს, იქიდან აფხაზეთს, განაგნა იქაური საქმენი და დაიპყრა ციხენი თვისად და მისცა ცხუმის საერისთაო ბედიელს, რადგან პირველად ცხუმისა იყო, უკმობრუნდა, შემოვლო გურია, განაგნა იქაური და მოვიდა სამცხეს. სამცხეს ყოფასა შინა მეფისასა მოკვდა ათაბაგი სარგის ქრისტესსა ჩტლდ (1334), ხოლო მეფემან მიუბოძა ძესავე მისსა ყვარყვარეს ათაბაგობა და დასხა ერისთავნი თვისნი კლარჯეთს, სპერს კალმახს, არტანუჯს და სამცხეს არტანისა და წუნდისა და ამ საერისთაოთაგან რომელიმე მიუბოძა ბიძათა და ბიძის ძეთა ყვარყვარე ათაბაგისათა და იყვნენ ესენი მორჩილებასა ათაბაგისასა. ხოლო განაგნა იქაურნი, როგორცა კეთილმა ხუროთმოძღვარმა, ყოველნივე და წამოვიდა და მოვიდა ტფილისს. მერე კვლავ განიხილა მეფემან მთიულთა და კავკასთა საქმენი, რამეთუ მრავალნი უჯერონი იქმნებოდნენ. რომლისათვისცა შემოიკრიბა სპანი, შევიდა და დაიმორჩილა ყოველნი, უმეტეს პირველისა კავკასსა შინა მყოფნი. ხოლო იქიდან ჩამოვლო ცხრაზმასა ზედა, მოვიდა მუხრანს და ჩამოიყვანა იქ რომელნიც კავკასიასა შინა ქრისტიანენი იყვნენ, თავნი მათნი და ხევისბერნი. შემოვიდა ტფილისს და შემოიტანა იგინიცა და გაუჩინა მათ სამართალი და წესნი მისცა წიგნით, რათა ჰყოფდნენ წაღმართ ეგრეთ.
შემდგომად მოკვდა კათალიკოზი ეფთვიმე და დასვა ბასილი. რომელმა ნოინთაგანმა დაიპყრა ადრაბაგანი, ამანვე იწყო დაპყრობად სომხითისა, რანისა და მოვაკანისა და მოვიდა განჯას, რათა დაიმორჩილოს გიორგი მეფეცა. ამისი მცნობელი მეფე მიეგება სპითა თვისითა, ეწყო და ბრძოლა ძლიერი; ძალითა ღვთისათა მოსრა მეფემან ბანაკნი მათნი და ივლტოდნენ და ამოწყვედდნენ სპანი მეფისანი მახვილითა და შემოიქცა გამარჯვებული ალაფითა დიდითა. კვლავ ეგრეთვე საბერძნეთის სულტანმან ორხანმა ინება, რათა დაიპყრას კლარჯეთი და მიმდგომნი მისნი. მცნობმან გიორგი მეფემან მიუვლინა მას ზავისა პირი, ხოლო მან არა ინება და შეკრებილი სპითა მეფე განეწყო წინაშე სულტანსა, მოსცა ღმერთმან ძლევა და მოსრა ურიცხვი თურქნი და ივლტოდნენ სულტნითურთ. ხოლო მეფე მხიარული ალაფითა მათითა სავსე შემოიქცა გამარჯვებული და მოვიდა კვლავ ტფილისს. ამისა შემდგომად უმეტესად დაიმორჩილა მან რანი და მოვაკანი და სომხითი და მარადის მოსცემდნენ ხარკსა და არცაღა იყვნენ თათარნი საბრძანებელსა მისსა. ხოლო ვინაიდან დაიმორჩილა და დაიმონა ყოველი საქართველო ნებასა შინა თვისსა და კავკასნიცა მორჩილებასა მისსა იყვნენ ნოკოფსიიდამ დარუბანდამდე; კვლავ რანი, მოვაკანი და შარვანში მოხარკედ ქონდა და არღარავინ იყო წინააღმდეგი და ურჩი მისი, შემოიკრიბა კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ივერიისანი და განაახლეს წესნი და რიგნი საეკლესიონი და სამღვდელონი გამართეს, და დაადგინეს მოწესენი წესსა ზედა თვისსა და უწესურნი განკვეთეს. ხოლო კვლავ ამის მეფობასავე შინა მოკვდა დადიანი მამია და მიუბოძა მეფემან გიორგი ძესა მისსავე გიორგის დადიანობა ქრისტესა ჩტმე (1345).
ხოლო ამისთვის ეწოდა მეფესა ამას გიორგი ბრწყინვალე, რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, მშვენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე, უხვი, ობოლთა და ქვრივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაიდან იყო საქართველო დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე-გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა კვლავ შემოიკრიბა და იგონა, როგორცა აღმაშენებელმა, გაავსო და აღაშენა ქვეყანანი, რჯული და სამოქალაქო წესნი გააბრწყინვა, ეკლესიანი დარღვეულნი და მოოხრებულნი აღაშენა, განაახლა და გაანათლა; ხოლო რანი, შარვანში და მოვაკანი მოხარკედ ჰყვნა თავისად; სძლია ყოველთა, სადაც ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადაც საჭირო იყო სიბრძნე-გონიერებითა და მეცნიერებითა თვისითა დაამშვიდა, და მეფობდა მეფობითა კეთილითა საქართველოსა ზედა კჱ (28) წელსა. შემდგომად გარდაიცვალა ყოვლითა კეთილითა და ღვთისმსახურებითა სავსე ტფილისს ქრისტესსა ჩტმვ (1346), ქართულსა ლდ.
მეფე დავითი (IX) იდ (14) წელს იმეფა
ხოლო შემდგომად მეფის გიორგისა დაჯდა ძე მისი დავით მეფედ. შეიკრიბნენ კათალიკოზ-ეპისკოპოსნი და დიდებულნი ნიკოფსიიდან და სპერიდან დარუბანდამდე და აკურთხეს მეფედ. ამან დავით მეფემან დაიპყრო ყოველნი საბრძანებელნი მამისა თვისისა და მატა უმეტეს შენებასა ეკლესიათა და ციხე-სიმაგრეთა, რომელნიც მოოხრებულ იყვნენ და დაურჩა ბრწყინვალესა მეფესა გიორგის, ვინაიდან მოსცა ღმერთმა ჟამნიცა მშვიდობისანი. ამის ჟამს მოკვდა კათალიკოსი ბასილი და ამან დასვა კათალიკოზად დორათეოს და ამისვე ჟამსა წელსა ქრისტესსა ჩტნზ (1357), დაბნელდა მზე. კვლავ ამავ დავით მეფის ნებითა შეირთო ბაგრატ ერისთავმან მიქელ მეფის ძემან ასული ყვარყვარე ათაბაგისა. ხოლო ამან დავით მეფემან იმეფა კეთილად დღეთა მისთა მშვიდობით და ღვთისმსახურებით, ვინაიდან მეფესა გიორგის დაემორჩილნენ და დაემშვიდნენ ყოველნი, და მოვლიდა ესე დავით მეფე სამეფოსა თვისსა ზემო-ქვემოსა, ამერ-იმერთა და განაგებდა, ნადიმობდა, ნადირობდა და იშვებდა; მაგრამ გეგუთს ყოფასა შინა გარდაიცვალა ქრისტესა ჩტჲ (1360), დაუტევა დედოფალი ცოლი თვისი სინდუხტარ და ძე ბაგრატ. მეფე წაიღეს და დაფლეს გელათს.
მეფე ბაგრატ (V) ლე (35) წელს იმეფა
გამეფდა შემდგომად დავით მეფისა მე მისი ბაგრატ. შეიკრიბნენ კათალიკოზ-ეპისკოპოზნი, დიდებულნი და წარჩინებულნი და აკურთხეს ქუთათისს. ამან დაიპყრა ყოველი ივერია საბრძანებელსა შინა თვისსა, რამეთუ იყო მხნე, ახოვანი, ტანითა ძლიერი, მშვენიერებითა ჰაეროვანი, უცთური მოისარი, სამხედროთა სრული, სამღვდელოთა პატივისმცემელი, მშვიდი, მოწყალე, შემმართებელი ძლიერი. ამის მეფობისა მეორესა წელსა დაბნელდა მზე და უკუ-დგნენ სუანნი, გადმოვიდნენ, მოსტყვევნეს ქუთათისი და მოწვეს. გაიგო რა ესე ბაგრატ მეფემან, მსწრაფლ მოვიდა ქუთათისს. იქ შემოიკრიბა სრულიად სპანი საქართველოსანი და ჰერ-კახთა, წარუმძღვანა რაჭველნი და უბრძანა მათ მისლვა რაჭიდან და დადიანი, გურიელი და აფხაზნი და სომხითარნი მოგზავნა ოდიშიდან ეცერსა ზედა; ხოლო თვით წარიმძღვანა ლეჩხუმელნი და მიაყოლნა მესხნი, კლარჯნი და იმერით-ამერით მიჰყვა თვითცა და შევიდა ესეთ. მხილველნი სუანნი ძლიერებისა მისისანი ვერღარა წინააღუდგნენ. მაშინ მეფემან ურჩნი და შემცოდენი თვისი ამოწყვიდა, მოსტყვევნა და დაიმორჩილა ნებასა შინა თვისსა, აიღო ციხენი და სიმაგრენი მათნი და უმეტესად ადრეულისა მორჩილ ჰყვნა (ხოლო იტყვიან, მაშინ იყო ერისთავი სუანთა ვარდანისძევე. შეიპყრა იგი მეფემან და პატიმარ ჰყო. შემდგომად რაოდენთამე ჟამთა შეიწყალა და მისცა გურია საერისთაოდ და სუანთა ერისთავად დასვა სხვა, როგორც იტყვიან გელოვანსა), მოხარკედ და მსახურ სასახლისა თვისისა და უქ-მოიქცა გამარჯვებული ქუთათისს.
ამავ ჟამთა მოერთვა ამბავი, რამეთუ თურქთა მოარბიეს სამცხე. მსმენელი მეფე მსწრაფლ წავიდა იბჩ (12000) რჩეულითა მხედრითა, გადავლო ფერსათი და სამ დღე-ღამე მსვლელი მიეწია რახსს იქით; ხოლო თურქთა მათ ემცნოთ ტყვეთაგან მეფისა და სპათა შორს ყოფნა და მიდიდოდნენ უშიშად; მაგრამ რა იხილეს სპანი მიმწეველნი მათნი, მოიქცნენ ფიცხლად და ეკვეთნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი. შემდგომად ძალითა ღვთისათა სძლია მეფემან ბაგრატ, ამოსწყვიდა ესეთ, რომ მცირედი გადაიხვეწნენ, დაიბრუნა ტყვენი და ალაფნი მათნი და მოვიდა სამცხეს.
ამასვე წელსა მოკვდა ათაბაგი ყვარყვარე და მიუბოძა ათაბაგობა მეფემან ბაგრატ ძესა მისსა ბექას, რომელიც იყო პირველად მანდატურთ-უხუცესი. შემდგომად მოვიდა მეფე ბაგრატ ტფილისს. მაგრამ რა იხილეს სიმხნე და მომჭირნეობა მეფისა, დამშვიდდა ქვეყანა შიშითა მისითა და არღარა-ვინ იყო მავნებელი, და შენდებოდა და აღშენდებოდა ქვეყანა. თუმცა მშვიდობასა ამას შინა იქმნა მომსრველი ჟამი, სრვა და სიკვდილი ძლიერი. და მოისპნენ სულნი ურიცხვნი და მოკვდა ცოლი მეფისა ბაგრატისა დედოფალი ელენე და დაუტევა ძენი გიორგი და დავით ქრისტესა ჩტჲე (1365). შემდგომად კვლავ დაბნელდა მზე ქრისტესსა ჩტობ (1372). ესეოდენი დაბნელება მზისა მოაუწყებდა ქვემო-თქმულთა ბოროტთა საქართველოსა ზედა.
ამასვე წელსა მოკვდა ბაგრატ ერისთავი იმერთა. ხოლო მეფემან ბაგრატ დაადგინა მის წილ ძე მისვე ბაგრატისა ალექსანდრე ერისთავად. ამისა შემდგომად ქონდა მეფესა იდ (14) წელნი მშვიდობისა და იყო ყოველი საქართველო შენებასა შინა, შვებასა, ნადიმობასა და ნადირობასა. ხოლო მეფე მოვლიდა ყოველსა საბრძანებელსა თვისსა ჟამთა ქვეყანათა და, თუმცა ვინმე წინააღმდეგ იქნებოდნენ, მცირედითა შერისხვითა დაიმორჩილებდა. ქონდა მას მოხარკედ რანი, მოვაკანი და დვინი. ხოლო მოკვდა კათალიკოსი დოროთეოს და ამან მეფემან დასვა გიორგი.
შემდგომად წელსა ქრისტესსა ჩტოე (1375), მოსრა ლანგთემურმა თურქთა მეფე და დაიპყრა ყოველი თურქეთი. ესე თემურ იყო ჩინგიზთავე გვარისა და ტომისა. ამან განიმრავლა სპანი, დაიპყრა თურქეთი, ინდოეთი, სპარსეთი და მოისმა რა ძლიერება მისი, იწყო მეფემან ბაგრატ ციხეთა, ქალაქთა და სიმაგრეთა განმაგრება და სპათა განმრავლება. ხოლო მოკვდა დადიანი გიორგი და ამან მეფემან დასვა ვამიყ. თემურმა დაიპყრა რა სრულიად სპარსეთი, და წარმოემართა ჩვენ კერძოდ და შემოვიდა სომხითს, მოსრა, ამოწყვიდა, შემუსრა სიმაგრენი და მოსტყვევნა. მერე ნოენბერსა შინა მოადგა კარს, შემუსრა იგიცა და დაადგრა იქ ზამთარსა მას, რამეთუ იყო მყინვარება ძლიერი და თოვლი დიდ-ფრიად. მაშინ მეფემან ბაგრატ მყინვარებითა ჰაერისათა და სიმრავლისათვის სპათა თემურისათა ვერღარა იკადრა გარე საზღვართა ბრძოლა. ამაგრებდა ქვეყანათა და ხიზნვიდა თემთა და თემთა გაზაფხულ ბრძოლისათვის მზამყოფელი, მაგრამ ათაბაგმან ბექამ იხილა რა ძლიერება თემურისა, შეუშინდა, უარ-ჰყო მეფე თვისი და მივიდა თემურის წინაშე; ხოლო მან პატივითა შეიწყნარა, მოსცა ნიჭნი და განუტევა, რათა არღარა მიერთნენ მესხნი ბაგრატ მეფესა. ამისი მსმენელი მეფე დამძიმდა ფრიად; წარავლინა ძე თვისი გიორგი იმერეთს, რათა არა იქმნეს იქცა განდგომილება, და თვით შემოიკრიბა სპანი იმერთა, ამერთა ჰერ-კახთა და რომელთამე მესხთა; განამაგრა და განამტკიცა ტფილისი და გაავსო სპითა და დაადგა მათ შინა.
ესმა ლანგ-თემურს მეფისაგან მაგრება და ბრძოლისა მზადება, გაბრაზდა და წარმოემართა გაზაფხულს; გამოვლო აბოცი და მოგზაური მოსრვიდა და მოსტყვევნიდა ყოველთავე გარემოთა; მოვიდა და მოადგა ტფილისს. მაშინ გაუხდა თვით მეფეცა და უმრავლესად სპანი მარადის ქალაქისა და ციხისაგან. იყო ბრძოლანი ძლიერნი თვეთა ექვსთა დღე ყოველ და მოისრვოდნენ თემურისანი უამრავნი, ვინაიდან საქართველოსანი მარადის გამარჯვებულნი და გალაღებულნი შემოვიდოდნენ. ეწყინა ესევითარი თემურს და ვერარისაღა ღონის-მძიებელმან ბრძოლისამან მოიხელოვნა და ბრძანა შექმნად ჩელტნი რკინისანი მრავალნი და მოუმძღვანა სპათა თვისთა და მოვიდა. მხილველნი სპანი ბაგრატისანი მიეტევნენ კადნიერად; მაგრამ ჩელტის გამო ვერღარა შეუძლეს მიახლოებად სპათა თემურისათა; ხოლო სპანი თემურისანი მოსრვიდნენ უწყალოდ ქართველთა, აოტეს და მოჰყვნენ და ვეღარ დაუდგნენ სიმრავლეთა მათთა; შემოვიდნენ ქალაქსა შინა, ამოწყვიდეს მრავალნი და სხვანი მოსტყვევნეს. სპანი რომელნიმე ივლტოდნენ, როგორცა განივლტო ალექსანდრე, ერისთავი იმერთა. შემდგომად მოადგნენ ციხესა და მცირესა ხანსა შინა გამოიყვანეს მეფე ბაგრატ დედოფალით თვისით ანნათი ქრისტესა ჩტპზ (1387). ხოლო თემურ ტყვე-ჰყვნა მეფე და დედოფალი, შეაყენა ციხესა შინა მცველნი გუშაგნი თვისნი და წავიდა თვით, ჩავლო ყარაია ნადირობითა და მივიდა ბარდავს. იქ აიძულებდა მეფესა ბაგრატსა, რათა დაუტეოს ქრისტე და იქმნას მაჰმადიან, რამეთუ თვით იყო სუნი. თუმცა შეიყვარა მეფე ჰაეროვნებისა და სიმხნისა მისისათვის, და არა ენება ბოროტის-ყოფა მის ზედა; მაგრამ შიშისათვის, რათა იქმნას მაჰმადიან, აქადებდა ტანჯვასა და უპატიობასა და კვლავ, თუ ჰყოს ნება მისი, ნიჭსა დიდსა და თავისუფლებასა აღუთქმიდა სამეფოსავე თვისსა; მაგრამ მეფემან არა ინება, არცა მორჩილებდა.
შემდგომად გავიდა თემურ ბარდავიდან შირვანს, დაიპყრა იგი და შემუსრა ლეკნი და დასხა მთის ძირთა ზედა და კალთათა ელნი მაჰმადიანნი ვიდრე თერგის მდინარემდე. უკმოიქცა იქიდან, ჩავლო და დაიპყრა გილანი და მაზანდარანი და თანა ჰყავდა ბაგრატ მეფე.
ხოლო ძე მეფის ბაგრატისა გიორგი დამძიმდა ფრიად სმიენითა ესეთისა ამბებითა, წამოვიდა იმერეთიდან და მოვიდა ქართლს. ვერ ებრძოდა ტფილისს, რამეთუ ეშინოდა ვნებისათვის მამისა თვისისა; განაგნა და განამაგრა იქაურნი; შემოიკრიბა სპანი, რათა მივიდეს და შემოიმტკიცოს კვლავ ათაბაგი ბექა. თუმცა ალექსანდრემ, იხილა რა გიორგის წამოსლვა იმერეთიდან და ვითარებანი ესე, განდგა თვითცა და ეკურთხა მეფედ იმერთა, და ბრძოდა ციხეთა ბაგრატ მეფისათა. და ვინაიდან არა შეუერთდნენ ერისთავნი, დადიანი, გურიელი, აფხაზთა და სუანთა, ვერ აიღო ქუთათისი. თუმცა სხვანი რომელნიმე ციხენი აიღო.
შემდგომად მოკვდა ალექსანდრე და დაჯდა მის წილ ძმა მისი გიორგი მეფედ. ხოლო ძე მეფისა ბაგრატისა გიორგი ვერც ეკურთხა, ვინაიდან ჰყავდა მამა პყრობილი და ვერცა ებრძოდა მტერთა და განდგომილთა თვისთა და ეპყრა ნეშტნი ქვეყანანი; ამისთვის ეზრახებოდა, რათა არა ჰყონ განდგომილება, რამეთუ არს მტერი ძლიერი და მძვინვარე და შეუერთებელნი მოვისრვით ყოველნი. შემდგომად მოკვდა ათაბაგი ბექა ქრისტესა ჩტჟა (1391) და ნებითა მეფის ძის გიორგისათა დაჯდა ათაბაგად ძე ბექასი იოვანე. გიორგი იმერთა მეფესა არ შეუერთდნენ მეგრელნი ერთგულებითა ბაგრატ მეფისათა; ამისთვის შეკრებილითა სპითა მიუხდა გიორგი მეფე ოდიშს. დაუპირისპირდა მას დადიანი აფხაზთა შეწევნითა და მოკლეს მეგრელთა მეფე გიორგი და ივლტოდნენ სპანი მისნი.
მაშინ მოუწოდა დადიანმან გიორგის, ძესა ბაგრატ მეფისასა, იმერეთს; ხოლო გიორგი წავიდა სპითა და დაიპყრა იმერეთი სრულიად. შემდგომად მოკვდა კათალიკოზი გიორგი და ამან გიორგიმ დასვა კათალიკოზად ელიოზ. ხოლო ბაგრატ მეფე ჰყავდა თემურს და მარადის აიძულებდა მაჰმადიანობად. მაშინ უღონო-ქმნილმან ბაგრატ სხვისა ვერარისადა ღონისა მძიებელმან, ვინაიდან ჰყავდა დედოფალიცა იქ, ჰყო ბოროტი ესე და იქმნა მაჰმადიან, რათა დააღწიოს თავი თემურს და შურ-აგოს ამათთვის. გაიხარა თემურმა ფრიად და პატივსცა, როგორცა ძესა თვისსა და მიანიჭა ნიჭნი დიდ-დიდნი და ჰყო განმზრახი და მისანდობელი თვისი. მერე ეტყოდა ბაგრატ თემურს: „ვინაიდან ვსცან რჯულთა შენთა კეთილობა, აწ მნებავს, რათა მომცნე სპანი შენნი, მე წავიდე და ვჰყო ყოველნი სამეფონი ჩემნი მაჰმადიან“.
მოეწონა ესე თემურს ფრიად და ჰმადლობდა ბაგრატს, აავსო ნიჭითა დიდ-დიდითა, მოსცა დედოფალი და ტყვენი ყოველნი საქართველოსანი და სპანი თვისნი იბჩ (12000) მხედარნი და წარმოავლინა ქართლს, თვით თემურ უკუნიქცა და წარვიდა სპარსეთად. ხოლო ბაგრატ მოვიდა რა მდინარესა არეზსა ზედა, აცნობა ძესა თვისსა გიორგის: „მომყავს სპანი თემურისანი და ტყვენი ყოველნი საქართველოსანი. აწვე შეკრიბე სპანი და მზირ-გვექმნე, რათა ამოვწყვიდოთ ესე ყოველნი“. მაშინ იმერეთს მყოფს გიორგის ესმა რა ესენი, შემოიკრიბა სპანი იმერთა, გადმოვლო ლიხი, იქ შემოერთო ათაბაგი იოვანე სპითა სამცხისათა (არა მგონებელი ვნებად თემურის სპისა, არამედ მალისა მომქონი ბაგრატ მეფისაგან), კვლავ ქართველნი და ჰერ-კახნი. ხოლო ბაგრატ მოვიდა და დადგა ხუნანის პირისპირ აღმოსავლით კიდესა ბერდუჯისასა. რიჟრაჟს შემოერტყა გიორგი სპითა საქართველოსათა, თუმცა შინათ გამო ბრძოდა ბაგრატ ფიცხელად; მოსრეს სრულიად, რამეთუ ვერ განერა მატყობელი ამბისა ერთი და აიღო ალაფი მათი და მოვიდა გამარჯვებული და მოადგა ტფილისს ქრისტესა ჩტჟგ (1393), და ჟამსა მცირესა აიღო ციხე, მოსრა თათარნი და დაიპყრა თვით, და იძია შური თემურისა ესეთ ბაგრატ მეფემან. იწყო მაგრებად ციხე-სიმაგრეთა და დახიზნვად ყოველთა მდაბიურთა, რამეთუ მოელოდა თემურს.
შემდგომად მიესმა რა თემურს ამოწყვედა სპისა თვისისა, განრისხებული მოვიდა ბარდავს და დაუტევა იქ სამძიმონი და წარმოემართა ბაგრატსა ზედა, გამოვლო ხიდის განმდებელმან მტკვარი; ხოლო ბაგრატს დაებანაკა მარტყოფიდამ ავჭალამდე სპითა თვისითა ამერ-იმერითა, მესხ-კლარჯითა, ჰერ-კახითა და სომხითარითა მგონებელსა თემურისაგან ტფილისის მოდგომისასა. თემურ მოვიდა პირისპირ ბაგრატ მეფისა. მაშინ გავიდა ბაგრატ ყოვლითა ძალითა თვისითა და ეწყვნენ ომანის-ხევს ზემორე და იქმნა ბრძოლა ძლიერი და სასტიკი ქრისტესა ჩტჟდ (1394), ვიდრე შუადღემდე, და მიდრეკასა მზისასა სძლიეს ქართველთა და მოსრეს თემურისანი მრავალნი რაზმნი და მწყობრნი, და სხვანი ურიცხვნი ივლტოდნენ.
იხილა რა თემურ ძლევა ესე თვისი, გამძინვარებული გავიდა საკუთრითა სპითა თვისითა და მოუხდა მარცხენეთა კერძოთა ქართველთა, მოსრა მკვირცხლნი და შემოეხდა გვერდით მხედართაცა შინა. ამით კვლად მოჰხედა რისხვამან ზენამან ქართველთა, იძლივნენ და ივლტოდნენ; უმეტეს მორჩებოდნენ და განერიდონენ ხელთაგან მათთა ტყეთა, ღრატეთა და სიმაგრეთა სიახლოვითა და ბაგრატ მეფეცა წამოვიდა ზემოთვე. ხოლო თემურმა შემოუსია ლაშქარნი. შემუსრეს მცხეთა და ყოველნი ეკლესიანი, ციხენი და სიმაგრენი ქართლისა და სომხითისანი და რომელნიმე მოწვნეს ცეცხლითა, როგორცა მჩენარებს დღესაცა ქვაბთა-ხევს ეკლესიისა იატაკი. მაგრამ კაცთა ეგოდენ ვერ ავნეს სრვითა და ტყვეობითა, რამეთუ გამზადებულ იყვნენ ბრძოლად.
ამისი მყოფელი ლანგთემურ უკუნიქცა, ჩავლო ჰერ-კახნი, მოაოხრა იგინიცა ყოვლითა შენებულებითა; მერე კვლავ მივიდა და დაიმორჩილა დაღისტანი უმეტეს პირველისა. იტყვიან, რომ მიერ ჟამიდან იქმნა იქ მაჰმადიანობა დასხმულითა მისგან ელითა, რამეთუ პირველ იყვნენ შერეულნი ქრისტიანენი, როგორცა სხვანი კავკასიელნი. და იქიდან წავიდა სპარსეთადვე.
ხოლო ბაგრატ მეფემან იწყო კვლავ შენებად მოოხრებულთა ციხეთა და სიმაგრეთა მაგრებად და კვლავ ეგრეთვე გებად. წარავლინებდა სპათა თვისთა და ოდესმე თვითცა წავიდოდა და ამოწყვედდა გარემოთა თათართა თემურის დასხმულთა ამის საზღვართა შინა და გარე. შემდგომად ამისა გარდაიცვალა დიდი მეფე ბაგრატ ქრისტესა ჩტჟე (1395). ხოლო ამას დიდი მეფე ბაგრატ იმისთვის ეწოდა, რამეთუ იყო მძლეველი და გამარჯვებული, გარდა თემურისა, ყოველთა წინააღმდგომთა თვისთა ზედა, რამეთუ ორასითა მხედრითა არა ჰრიდებდა ათასთა და უმეტესთა და ამოწყვედდა სრულიად. კვლავ არა დაჰმორჩილდა მძლავრსა და იღვაწა ქვეყნისა თვისისათვის; არა გახეთქა სამეფო თვისი, თუმცა თუ მცირედ იკადრეს, მაგრამ შიშითავე მისითა ეგნენვე მორჩილებასა ქვეშე მისსა. კვლავ იტყვიან, ვინაიდან ბაგრატ მიქელ მეფის ძე იგიცა მეფეთა ჩამომავალი იყო, ამის გამო ეწოდა დიდი ბაგრატ მეფესა ამას.
მეფე გიორგი (VII) იბ წელ იმეფა
შემდგომად ბაგრატისა იქმნა ძე მისი გიორგი მის წილ მეფედ. შეიკრიბნენ დიდებულნი კათალიკოზნი, ეპისკოპოზნი და აკურთხეს. ამან უკვე გიორგიმ პირველად დაიპყრო ყოველნი საბრძანებელნი მამისა თვისისანი მორჩილებასა შინა თვისსა. ხოლო ამის მეფობის მეორესა წელსა მოკვდა დადიანი ვამიყ და ამან მეფემან დასვა მამია დადიანად. ამანვე მეფემან მიუბოძა საერისთაო ცხუმისა დადიანს მამიას ერთგულობისათვის თვისისა, რამეთუ არა მორჩილ ექმნა ძეთა ბაგრატისთა. შემდგომად მოკვდა კათალიკოზი ელიოზ და ამანვე მეფემან დასვა კათალიკოზად მიქელ.
ხოლო ესმა რა თემურს გამეფება გიორგისა გარდა მისსა, ეწყინა ფრიად და წარმოავლინა სპასპეტი თვისი ყარალათი და შემდგომად შეუდგა იგიცა კვალსა მისსა და მოვიდა რანს, აწ ყარაბაღად წოდებულსა; მოუვლინა დესპანი გიორგი მეფესა და მოუმცნო: „მე დავიპყარ აღმოსავლეთი და მეფენი მისნი და ვარ მეფეცა შენ ზედა. აწ მოვედ და მორჩილ მექმენ, მოგანიჭებ ნიჭსა დიდსა და ქვეყანასაცა შენსა უვნოდ. უკეთუ არა ჰყო, მოვსრა ყოველნი მკვიდრნი ქვეყანისა შენისანი და ტყვე ვჰყო შენითურთ“. მიუგო მეფემან გიორგი: „უკეთუ ხარ მეფე, მაგრამ წარმავალი, დღეს მყოფი და ხვალე არღარა, და მე ვარ მკვიდრი. ამისთვის პატივ-გცემ, მოგცემ ხარკსა, რათა დაიცვა ქვეყანა მშვიდობით და მე არა მოვიდე წინაშე შენსა. გნებავს ესე არს, უკეთუ არა, ჰყავ რა ძალ-გიძს და გნებავს“. მსმენელი ამისი თემურ განრისხდა და მოვიდა შიდა ქართლს. ხოლო გიორგი მეფემან პირველვე გამოიყვანა დარიელიდან ოვსნი დიდძალნი და კავკასნი. და დაჰხვდა თემურს შეკრებილი სპითა თვისითა. ეკვეთნენ ურთიერთს ქრისტესა ჩტჟვ (1396), და გაძლიერდნენ საქართველოსანი ძლიერად, რამეთუ ვინაითგან მტვერნიცა სპათა თემურისთა პირთა ეყრებოდა და იყო ბრძოლა მწუხრადმდე. ხოლო მისდრიკნეს ქართველთა: სძლევდნენ და ივლტოდნენ მრავალნი. იხილა რა თემურ სპანი თვისნი, ესეთ აღუძახა თვისთა თანა მყოფთა სპათა: „აჰა დღე სიკვდილისა ჩემისა“ და მოვიდა, როგორცა გრიგალი, დაღლილთა ქართველთა ზედა. მაშინ კვლავ რისხვით მოხედა ღმერთმან ცოდვათა ჩვენთა და გარე უკუნ-იქცნენ ქართველნი და ივლტოდნენ სიმაგრეთა შინა, რამეთუ უსწრათ სიღამემან და განერიდნენ უფრო მეტი, ვიდრე მოისრნენ. მიბრუნდა თემურ, მოადგა ტფილისს, ვერ დაუდგა ქალაქი და აიღო; შეაყენა მცველად ხორასნელნი. იქიდან მოვიდა და დადგა მუხრანს და მოაოხრა ნეშტნი. იქ მიუერთდნენ თემურს რომელნიმე ქართველნი და ჯანდიერ წარჩინებული. ფრიად მცდელობდა თემურ შეპყრობას მეფისა გიორგისასა და მიინდობდა ყოველთა, მაგრამ ვერ შეძლო შეპყრობა; ამისთვის თვით უკუნ-იქცა ყარაბაღსვე და იქიდან წარმოავლინა ხოჯა შეიხი და ამირჯან სპასპეტნი თვისნი სპითა დიდითა მოოხრებად ურჩთა და განდგომილთა და აღუთქვა ნიჭნი დიდნი, უკეთუ ვინმე შეიპყრობს მეფესა გიორგის. შემოვიდნენ ესენი და მოაოხრეს სადა-ვინ ჰპოვნეს ქვეყანათა შინა. მერე უკუნქცეულნი მივიდნენ თემურის წინაშე; დაჭმუნდა თემურ, ვინაიდან არა პყრობილი მიჰგვარეს მეფე გიორგი.
ამ ჟამად განდგა კვლავ ძე ბაგრატისავე კონსტანტინე, დაიპყრა იმერეთი და იწოდა მეფედ. ხოლო გიორგი მეფემან არა მიჰხედა მას, არამედ გამოიყვანა კვლავ ოვსნი, კავკასნი და ძურძუკნი. წარუძღვა შეკრებული სპითა თვისითა და მიუხდა ციხესა ალიჯანს, შემუსრა იგი და გამოიყვანა სულტანი თირ ჯალათისა პატიმარ-ყოფილი თემურისაგან, მოაოხრა და ამოსწყვიდა გარემონი მაჰმადიანნი, აიღო ალაფი დიდძალი და მოვიდა გამარჯვებული შინავე და განუტევნა ოვსნი, კავკასნი და ძურძუკნი შოვებულნი ალაფითა ფრიადითა.
შემდგომად ამისა განიხილა მეფემან გიორგი განდგომილება კვლავ იმერთა და ქვეყანათა თვისთა შეავება ესეთი ოხრებისა, განიზრახა დიდებულთა თვისთა თანა, რათა ზავ-ჰყოს თემურისა თანა. მაშინ დაუმტკიცეს დიდებულთა სიხარულით, მაგრამ თირ სულტანი ჯალადისა უარს თქმიდა ზავსა, რომელიცა ჰყავდა მეფესა პატივით. მაგრამ აღარ უსმინეს სულტანსა და წარავლინა მეფემან სახელით ისმაილ მაჰმადიანი ვინმე წინაშე თემურისა, აღმთქმელი მორჩილებისა პირსა ზედა და ხარქისაცა მიცემად, და აღარა იყოს ქვეყანათა ოხრებანი. მსმენელმან თემურ გაიხარა და მოუმცნო მეფესა: „უკეთუ მოხვიდე ჩემდა, პატივითა და ნიჭითა დიდითა მიგითვალო და დავიცვა ქვეყანა შენი უვნოდ“. მაგრამ მრისხანებდა ალიჯანის ციხის შემუსვრისათვის და იტყოდა: „მაცთუნებს გიორგი მეფე მოსლვად წინაშე ჩემსა და ამისთვის წარმოემართა ათაბაგსა იოანეს ზედა, რომელიც მტკიცედ იდგა მეფესა ზედა, რათა შემუსროს იგი და ჩამოდგა სამცხესა შინა, მოაოხრა ქვეყანა და ეკლესიანი ყოველნი, ხატნი და ჯვარნი შემუსრა, სადაც რა ჰპოვნა მოსტყვევნა და მოვიდა მანგლისს და დაადგრა იქ თვე ორი.
აქა ევედრნენ მაჰმადიანნი მესაზღვრენი ქართლისანი თემურს, რომელსაც აოხრებდნენ ქართველნი, რამეთუ რა ჟამი იციან ამოწყვედდნენ და ალაფობდნენ. უსმინა თემურმა და მისცა სპანი, მოვიდნენ და მოაოხრეს კვლავ ქართლი. ხოლო მანგლისს ყოფასა შინა თემურს მოართვეს ძე კეისრისა. ამან პატივით შეიწყნარა, მისცა ნიჭი და განუტევა თვისადვე მშვიდობით.
შემდგომად წარმოემართა თემურ შესლვად მთიულეთს, რამეთუ გამოჰყავს გიორგი მეფესა იქიდან შემწენი და კვლავ ჰგონებდა მეფესაცა იქ. შეუხდა არაგვს, შემუსრა სიმაგრენი და მოაოხრა, მაგრამ ავნებდნენ დიდ-დიდსა მთიულნი და სპანი მეფისანი იქ მყოფნი სპათა თემურისათა, რომელთაც ვერა-რა ტყვე-ჰყვეს და უკმობრუნდნენ.
კვლავ წარავლინა თემურმა ძენი თვისნი: სულტანი უსეინ, ფირმაჰმად, ამირ-შეიხ და აბუბექირ და სპასპეტნი სხვანი. ესენი მოადგნენ ერიჯანს, რომელიც ეპყრა მეფესა გიორგის. ხანსა მცირესა შინა შემუსრეს და მცველნი ციხისანი მოართვეს თემურს მანგლისსავე. მაშინ მეფემან შუამდგომელ ჰყვნა ძენი თემურისანი მამისა თანა. უსმინა მათ თემურმა ჟამამდე და წარავლინნა ძენი თვისნი ბაღდადს და დაიპყრა ბაღდადი; და თვით თემურ მოვიდა თავრიზს ხილვად ციხისა ალიჯანისა. შემდგომად მოვიდა გელაქუნს და იქ ყოფასა შინა წარუვლინა თემურს მეფემან ძმა თვისი კოსტანტინე ძღვნითა დიდითა, ითხოვა შენდობა და აღუთქვა მორჩილება. სათნო იყო თემურ და შეიწყნარა ძღვენი, პატივ-სცა კოსტანტინეს და გამოუტევა ნიჭითა და მოუმცნო მეფესა: „იყავ მშვიდობით და ნურღარასამცა ავნებთ მაჰმადიანთა“. ხოლო თვით თემურ მოვიდა ბარდავს; იქიდან წარავლინნა სპანი ოვსეთად. განვლეს სპათა მათ დარუბანდი, ლეკეთი და მივიდნენ ოვსეთს, ამოსწვიდენ, ტყვე-ყვნეს და მოიქცნენ წინაშე თემურისადვე. ესე ჰყო თემურ რამეთუ უწყოდა, მეფე ძალს-იცემს იქიდან. ხოლო კვლავ იტყვიან, ამიერიდან იწოდა ჩერქეზი და იქმნა მაჰმადიანობა მათ შორის.
შემდგომად ამისა მოქცევასა წლისასა მოვიდა თემურ მანგლისსვე, რათა სცნას აღთქმული მეფისა მტკიცე არსა, ან არა. ხოლო იყო იქ წარჩინებული ვინმე სახელით იესე, რომელსაც აღეთქვა მისლვა წინაშე თემურისა და აღარა მისულ იყო. მაშინ უღონოქმნილმან იესემ აიღო ძღვენი დიდი და ასული თვისი ქმნულ-კეთილსახოვანი და კეკლუც-მშვენიერი და მივიდა თემურის ძის აბუბექირისა თანა და შესძღვნა ყოველნი, ხოლო აბუბექირ შეიყვარა ქალი იგი ფრიად და უურმა მამისა თანა და შეაწყნარა თემურსაცა. იხილა რა ესე ათაბაგმან იოვანე, მივიდა იგიცა ძღვნითა წინაშე თემურისა. მან პატივით შეიწყნარა იგიცა. ამისნი მხილველნი მიერთოდიან თემურს სომხითარ-ქართველნი. ამისთვის მეფემან კვლავ წარავლინა ძმა თვისი კოსტანტინე წინაშე თემურისა და ევედრა მას მშვიდობასა. უსმინა თემურ, უკუნ-იქცა და დაიპყრა ქურთისტანი.
მაგრამ კვლად არა დასცხრა გულის-წყრომად. ვინაიდან ენება მოოხრება და მაჰმადიანობა საქართველოსი, წარმოავლინა შიხ-ბარამ შირვანშა, რათა სცნას დებულება გლეხთა და შემოსავალი მეფისა და თვით თემურ მოვიდა კარს. ამისმან მხილველმან მეფემან წარუვლინა მთავარი იესე სომხითარი ვედრებით, რათა არა მოაოხროს ქვეყანა, რამეთუ რაცა იგი აღგვითქვამს, აღგვისრულებიეს. განრისხდა თემურ და აღარა მიითვალა ძღვენი მეტყველმან: „შეიკრებს მოსავალთა და მიენდობიან სიმაგრეთა“. მაგრამ ამისთვის მოუმცნო მეფესა: „გნებავს თუ რათა იქმენ მაჰმადიან, მაშინ მოგცე ქვეყანანი და განგათავისუფლო. უკეთუ არა ჰყო, დავასრულო სპანი და ძლიერება ჩემი შენ ზედა, მოვაოხრო ქვეყანა შენი და ტყვე-ვყვნა ყოველნი სახლეულით შენითურთ და შენცა. მაგრამ თუ მოხვიდე ჩემდა და ყო ესე, ვფიცავ მაჰმადსა, პატივით განგიტევო ქვეყანითურთ შენით, როგორცა განვუტევე ძეცა კეისრისა“. და წარმოუვლინა მეფესა და მოუდგა თვითცა უკან. ხოლო მეფემან უბრძანა შემოტანად ნაშრომთა, მომკად და დახიზნვად ყოველთა.
მაშინ მოვიდა თემურ და ჩამოდგა შიდა ქართლს, არამედ რა ვეღარა ჰპოვა, შეიქცა და მოადგა ბირთვისის ციხესა. რამეთუ იქ იდგნენ მრავალნი წარჩინებულნი და აზნაურნი დედაწულითურთ და მრავალგზის ამოეწყვიდათ სპანი თემურისანი, როგორცა ლომთა თხანი. მოეტევნენ ციხიდან სპათა თემურისათა და ამოწყვიდეს ურიცხვნი და მიაქციეს ლტოლვად. არამედ იქ მზირ-ეყო თემურს და რა მიიწივნენ მეციხოვნენი სპათა სრვითა, მოეტევა თემურ, იქმნა უფიცხესი ბრძოლა; არამედ აოტა თემურ მეციხოვნენი და ამოწყვიდა მრავალნი; ხოლო ნეშტნი შევიდნენ ციხესა შინა და განამაგრეს ციხე. მომხილველმან ციხისამან თემურ სცნა სიმტკიცე ციხისა და ბრძანა უკუნ-ქცევა ციხისაგან. მაშინ გამოჩნდა კაცი ვინმე მისრელი სახელით ბეგიჯან, რომელიც იტყოდა აღებასა ციხისასა. გაიხარა თემურ და აღუთქვა ნიჭი დიდი. ხოლო კაცმან მან შექმნა კიბე საბლისა და ჰპოვა კლდესა ზედა აღსავალი. ავიდა ღამე კლდესა მას ზედა და აიყვანა თხა ერთი და მოაბა წვერნი კიბისანი კლდესა ზედა და დააძახა თხა სამგზის მერმე დაკლა თხა იგი. მაშინ კიკინის მსმენელნი სპანი თემურისანი ავიდნენ კიბესა მას ზედა; ხოლო სისხლის მხილველნი მეციხოვნენი ჰგონებდნენ მოსრვასა იქ მყოფთა მეციხოვნეთასა და იწყებდნენ თვისთა მაგრებათა. მაგრამ აივსო რა ციხე სპითა თემურისათა, დაუწყეს ბრძოლა ქვემო-მეციხოვნეთა; მაგრამ მოსრვიდნენ მათ მეციხოვნენი, მერე სიმრავლითა მძლე-ექმნენ და გააღეს კარნი ქვემორე ციხისანიცა და შემოვიდნენ სპანი ურიცხვნი, მოსრეს და მოსტყვევნეს ციხოვანნი და მოართვეს ციხისთავი ნაზარ დედაწულით თემურს და სხვანიცა მრავალნი მთავარნი და აზნაურნი. ხოლო თემურ ყოველთა მათ წარჰკვეთა თავნი და ცოლი ნაზარისა მისცა შირვანის მპყრობელსა და ბირთვისს შეაყენა სპანი თვისნი და ამცნო ციხისთავსა აჰმადს მოოხრება ყოველთა გარემოთა ეკლესიათა და ქვეყანათა და თვით წავიდა თემურ, და ამან ლანგთემურ შეიპყრა ბრძოლასა შინა სულტანი ბაიეზით და ჩასვა რკინის გალიასა შინა და დაჰყავდა ეგრეთ სადაცა დადიოდა.
ხოლო ესე ბაიეზით იყო ძის ძის ძე ოთმანისა და ესე ოთმან იყო, როგორც თვით იტყვიან, ჩინგიზთა ტომისა, რამეთუ საგონებელ არს ერინჯი-ნოინისაგან ყაენის ონხანის გვარისა, რომელმაც დაიპყრა სულტნობა ყიასდინისა, და ოთმანმა დაიპყრა აღმოსავლეთი ქრისტესა ჩტგ (1303), და შემდგომად მოკვდა ქრისტესა ჩტკზ (1327) და დაჯდა ძე მისი ორხან. ესე უმეტეს გაძლიერდა და აიღო ტარსუ. შემდგომად მოკვდა ქრისტესა ჩტჲჱ (1368) და დაჯდა ძე მისი მურად. ესე გავიდა ნებითა ბერძენთათა კალიოპოლის და აიღო ადრიანეპოლი და ფილიპეპოლი. შემდგომად მოკვდა ქრისტესა ჩტოთ (1379) და დაჯდა ძე მისი ბაიეზით. ესე მოადგა კოსტანტინეპოლს და იქ ესმა მას აღება თემურისაგან აღმოსავლეთისა, დაუტევა იგი, მოვიდა და დაუპირისპირდა თემურს, იძლია და შეპყრობილ იქმნა ბაიეზით თემურისაგან ქრისტესა ჩტჟა (1391).
ხოლო ლანგთემურმა დაიპყრა ყოველი აღმოსავლეთი და წავიდა სამარყანდს, რათა შევიდეს ჩინეთს, მაგრამ მოკვდა სამარყანდსვე. ხოლო შემდგომად წასლვისა თემურისა, დაიპყრა მეფემან გიორგი ქართლი, სომხითი, ჰერ-კახნი და იწყო შენებად მოოხრებულთა და ებრძოდა ციხოვანთა. ხოლო შემდგომად მოკლეს მეფე კოსტანტინე იმერეთს და არა დარჩა ძე, არამედ ძმისწული დიმიტრი. ამისი მხილველი მეფე გიორგი ჩავიდა სპითა და დაიპყრა ყოველი იმერეთი. მოერთვნენ ყოველნი წარჩინებულნი: დადიანი მამია, გურიელი, შარვაშიძე და სუანნი. ხოლო მოსცეს მეფესა დიმიტრი ძე ალექსანდრე მეფისა უმეტეს გულდებისა და ერთგულებისათვის; მაგრამ მეფემან არარა ავნო, წარმოავლინა ქართლის სომხითს და მისცა საზრდო და ყოველნი საჭირონი მისნი.
შემდგომად მეფემან გიორგი განაგნა იმერეთი ყოვლითა დამორჩილებითა თვისითა. იქიდან გადმოვლო ლომსია და მოვიდა სამცხეს. მოეგება ათაბაგი იოვანე და ყოველნი მესხნი და კლარჯნი; განაგნა მეფემან იქაურნიცა, როგორცა განეგნეს ბრწყინვალესა მეფესა გიორგის და უბრძანა მოოხრებულთა შენებად ეკლესიათა, ციხეთა, ქალაქთა და სიმაგრეთა; მერე მოვიდა ქართლს და ებრძოდა მეფე ციხეთა ქართლისათა და უმეტეს ტფილისს. რამეთუ შემდგომად თემურის სიკვდილისა იწყეს ბრძოლანი ძეთა მისთა ურთიერთთა ზედა და დარჩა ქვეყანა და მეფე მათგან მშვიდობით. ხოლო მეფემან განასხა თათარნი და აიღო ციხენი ქართლ-სომხითისანი სრულიად; ჩავიდა კახეთს და ჰერეთს, აღაშენნა მოოხრებულნი იაურნიცა და განაგნა ყოველნი მშვიდობასა და შენობასა შინა.
შემდგომად თემურის წასლვისა დაადგა ექვსი წელი ქვეყანა მშვიდობით და მეფე მოვლიდა, განასხმიდა თათართა საზღვართა თვისთაგან და მოსრვიდა მათ და ადიდებდა ალაფთა მათთა დიდ-დიდთა. კვლავ მოკვდა კათალიკოზი მიქელ, ამანვე მეფემან დასვა კათალიკოზად დავით. ხოლო როცა იყო ჭირი დიდი გიორგი მეფისაგან ყოველთა გარემოთა მაჰმადიანთა ზედა, ვიდრე რახსისა კიდემდე მოსრვითა და ალაფობითა, ამისთვის შეიკრიბნენ ყოველნი თურქთა ლაშქარნი დიდძალნი, უკეთუ არა ესვათ ყეენი, არამედ ბილწისა რჯულისა მათისა მხურვალებითა წარმოემართნენ ქართლსა ზედა. მოესმა რა მეფესა მოსლვა მათი და რადგან გამარჯვებული იყო მათ ზედა მრავალგზის, სისწრაფითა აღარა მოუცადა სხვა სპასა თვისსა, მხოლოდ რამდენი ესწრნენ თვისთანა, მიეგება წინა და იქმნა ბრძოლა ძლიერი და სასტიკი, რამეთუ მოისრნენ თურქნი უმრავლესნი; მაგრამ ძლიერსა ბრძოლასა მოიკლა მეფე გიორგი თურქთაგან ქრისტესა ჩუზ (1407), და მოსრეს სრულიად სპანი მისნი. შემოვიდნენ და მოაოხრეს ქართლი მარბიელობით და წავიდნენ, ვინაიდან იხილეს მცირეთა სპათაგან ბრძოლა ძლიერი და უგონებელცა იყვნენ სიკვდილსა მეფისასა, რათა არა ეწიონ სხვანი სპანი სიდიდითა.
მეფე კონსტანტინე (I) ზ (7) წელს იმეფა
შემდგომად გიორგი მეფისა დაჯდა მეფედ ძმა მისი კოსტანტინე და დაიპყრა ყოველი საქართველო. ამან მოიღო გვამი გიორგი მეფისა და დაფლა მცხეთას. ამან კვლავ იწყო უმეტესი კირთება და სრვანი მაჰმადიანთა და მამრებად ციხეთა, ქალაქთა, სიმაგრეთა და ქვეყანათა და აღშენებად ეკლესიათა. მაგრამ რადგან განამრავლა მან მოსრვითა იავარი მაჰმადიანთა და მრავალგზის დიდ-დიდთა შეკრებულთა ლაშქართა მათ სძლია და ამოწყვიდა, წავიდნენ და აუწყეს ვეზირსა ანუ ბეგლარ-ბეგსა ანატოლისასა. ხოლო მან მიუწერა სულტანსა მუსას, რომელიც იყო ძის ძე ბაიეზითისა. ხოლო ძემან ბაიეზითისამან სულეიმან ანუ კალეპინ იწყო მეფობად შემდგომად მამისა თვისისა ქრისტესა ჩუგ (1403) და დაიპყრა მან ედირნე და ფილიპეპოლი და ყოველი აღმოსავლეთი, რომელნიც ეპყრნენ მამასა მისსა.
ხოლო მოკვდა კალეპინ ქრისტესა ჩუი (1410) და დაჯდა მის წილ ძე მისი მუსა. ესე გაძლიერდა და დაიპყრა თესალონიკე. ამანვე მოუწერა ბეგლარბეგსა, რათა წავიდენ სპითა ძლიერითა და დაიპყრას ყოველნი ქართველნი. მცნობელმან მეფემან კოსტანტინე განამაგრა ციხე-სიმაგრენი და შემოიკრიბა სპანი სრულიად საქართველოსანი და მიეგება მას ბრძოლად. ეკვეთნენ ურთიერთსა და ამოსყდნენ ორმხრითვე, მაგრამ უმეტეს უმრავლესნი თურქნი, რამეთუ მისდრიკეს სივლტოლად. მაშინ მეფე სიფიცხითა გულისათა შევიდა გუნდთა შინა მათთა და ამოწყვედდა უშიშად, მაგრამ მოიკლა მათგან იქ ბრძოლასა შინა თურქთაგან ქრისტესა ჩუიდ (1414) და იძლივნენ საქართველოსანი. მოჰყვნენ თურქნი, შემოვიდნენ კლარჯეთს, ვერ ჰპოვნეს ხიზანნი, მოარბიეს ქვეყანანი. მარამ ციხენი ვერ შემუსრეს, ვინაიდან გამაგრებულნი იყვნენ; ამისთვის უკუნ-იქცნენ და წავიდნენ ფიცლხად, ვინაიდან ამოწყდნენ მრავალნი მათგანნი ბრძოლათა და რბევათა შინა.
მეფე ალექსანდრე (I) კჱ (28) წელს იმეფა
შემდგომად მეფის კოსტანტინეს წილ დაჯდა მეფედ ძმისწული მისი და ძე გიორგი მეფისა ალექსანდრე. ამან მოიტანა გვამი კოსტანტინესი და დაფლა ვარძიას. მაგრამ იხილა რა მამია დადიანმან ესე-ვითარებანი, ინება დამორჩილება აფხაზთა, ამასვე წელსა შეიკრიბა სპანი ოდიშარნი მეგრელნი და წავიდა. მისულს აფხაზეთს დაუპირისპირდა შარვაშიძე აფხაზით სიმაგრით გამო. ამოწყვიდეს მეგრელნი და მოკლეს დადიანი მამია და ნეშტნი სპანი აოტეს და ლტოლვილნი მოვიდნენ ოდიშს.
ესმა რა ესე ალექსანდრე მეფესა, შემოიკრიბა სპანი თვისნი და წავიდა; ხოლო ჩასულსა ოდიშს მოეგება მეფესა ძე მამია დადიანისა ლიპარიტ და ითხოვდა შენდობასა, უკეთუ სცოდა რა მამამან მისმან. შეუნდო მეფემან, რამეთუ იყო ტკბილ და მოწყალე და არარა ვის ავნო და ლიპარიტ აიყვანა პატივსა მამისასა.
მერე წავიდა აფხაზეთს და წაიყვანა ლიპარიტ დადიანი. მოეგება შარვაშიძე და დაემორჩილა ბრძანებასა მისსა, როგორცა პირველთა მეფეთასა; განაგნა იქაურნი და დაამშვიდა იგინი და მოვიდა ქუთათისს. შემოკრებული იმერ-ამერთა დიდებულთა და კათალიკოზთა და ეპისკოპოსთაგან ეკურთხა მეფედ იქ. მაგრამ ვინაიდან ათაბაგი მიზეზობდა თურქთაგან ძალ-ყოფასა, და აღარა მოვიდა. ამისთვის განაგნა საქმენი იმერთანი. კვლავ მოიყვანა დიმიტრი ძე ალექსანდრესი და მისცა ერისთაობა იმერეთისა, რამეთუ ამის დიმიტრის და კოსტანტინე ბიძისა თვისისა სიცოცხლესა შინა მოეყვანა ალექსანდრეს ცოლად თამარ და ექმნა ქორწილი და ამით დაამშვიდა იმერნი, და დიმიტრი ერისთაობდა მორჩილებასა შინა ალექსანდრესსა.
მერე შემოიკრიბა სპანი იმერთანი, წამოვიდა და ქართლს შეუერთდნენ ქართველნი, სომხითარნი და ჰერ-კახნი, მივიდა და დადგა თავსა კოხტასასა. ამცნო ათაბაგს, რათა არა ჰყოს განდგომილება; მაგრამ ათაბაგმა არა ინება და შემოიკრიბა მიმდგომნი თვისნი და დაუპირისპირდა მეფესა კოხტას-თავს. მაშინ შემდგომად ფიცხელისა ომისა იძლია ათაბაგი და ამოწყდნენ სპანი მისნი. შეიპყრეს ათაბაგი იოვანე და მოართვეს მეფესა ქრისტესა ჩუიე (1415). ხოლო მეფემან პატიმარ-ჰყო ათაბაგი და შევიდა სამცხეს და დაიპყრა ყოველნი ციხენი და გააძევა ურჩნი და რომელნიმე უმკვიდრო-ჰყვნა და დასვა ერისთავნი თვისნი. მერე ევედრა ათაბაგი შენდობასა შეცოდებისასა, რათა იყოს საუკუნოსა მონებასა შინა, ხოლო მეფე ვინაიდან იყო მოწყალე და შემნდობელი და კვლავ წინა ერთგულობისა მისისათვის აფიცა მონებრივსა ერთგულობასა ზედა და აიყვანა ათაბაგობასავე; განაგნა და დაამშვიდა იქაურნი სიბრძნე-მეცნიერებითა თვისითა და მოვიდა ტფილისს.
ხოლო მაშინ ვინაიდან დაემშვიდნენ ყოველნი თვისნი ქვეყანანი, შემოიკრიბა კათალიკოზ-ეპისკოპოზნი და ყოველნი დიდებულნი და თანა აღშენებისათვის კათოლიკე ეკლესიისა მცხეთისა და რომელთამე მოოხრებულთა ეკლესიებთა, რამეთუ ვინაიდან განმკვიდრებულ იყვნენ მთავარნი, როგორცა ათაბაგი, დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სუანთა. ხოლო დაღათუ გამოსცვლიდნენ და იყვნენ მორჩილებასა ქვეშე მეფეთასა, მაგრამ მონათესავეთავე აჰყვადათ პატივთა ზედა მათთა.
ხოლო მთავართა ესმათ რა ბრძანება ესე მეფისა, გაიხარეს ყოველთა და დაავალეს ყოველთა საბრძანებელთა თვისთა, გარდა სამეფოსა გამოსაღებისა, ყოველსა გლეხსა ერთსა კვამლსა ზედა სამი კირმანაული, რომელიც არის ექვსი შაური აწინდელი, და მოჰკრებდნენ ამას წლითი-წლად და ამით იწყო შენებანი მცხეთისა, რუისს ღვთაებისა ეკლესიისა და სხვათა ეკლესიათა. როცა მოეცაცა მას მშვიდობა ღვთისაგან თხუთმეტსა წელსა და შეასრულა განზრახვანი თვისნი.
გარდაიცვალნენ ჟამსა ამისსა კათალიკოზნი სამნი: დავით, ელიოზ და თეოდოსი, და ამანვე მეფემან დასვა შიო. ხოლო წელსა ქრისტესა ჩულ (1430) იყო მეფე იმერეთს.
მოვიდნენ სარკინოზნი და ანაზდის უცნობლობით აიღეს ლორე და თვით დაიპყრეს, მოარბიეს სომხითისანი სამცხემდე, უკუნიქცნენ და წავიდნენ, ავნეს დიდი ქართველთა და აცნობეს მეფესა. წარმომართებული მეფე მოვიდა ქართლს წელსა ქრისტესა ჩულა (1431). შემდგომ შემოიკრიბა მეფემ სპანი და მოვიდა ამბერდს, განაგნა იაურნი და დაიმორჩილა თვისად. კვლავ წელსა ქრისტესა ჩულბ (1431) მოადგა მეფე ლორეს, აიღო იგი და მოსრა სარკინოზნი და დაიპყრა თვისად ლორე. კვლავ მოხარკე ჰყავდა რანი, მოვაკანი და შარვანი; მოვლო სამეფო თვისი და მოვიდა კვლავ ტფილისს.
ხოლო აქამომდე ვინაიდან სპარსეთი იყო უმეფო და მრავლად გაყოფილი, მაგრამ წელსა ქრისტესა ჩულ (1430) გამოჩნდა კაცი, შარუხ და ამან დაიპყრო რომელნიმე სპარსეთისანი. მოვიდა და დაიპყრა ადრიბეჟანიცა და შემოვიდა სომხითს. მაშინ ამისთვის განიზრახა მეფემან ალექსანდრე შემოკრებულთა დიდებულთა თვისთა თანა რა ჰყონ: ბრძოლა ან ზავი. დაამტკიცეს პირველად ზავი და უკეთუ არა ინებოს, მერე ვებრძოლოთ შეწევნითა ღვთისათა. ამისთვის აიღო მეფემან ძღვენი დიდი და ძე თვისი დიმიტრი წარავლინა ქრისტესა ჩულე (1435) და მოითხოვა მშვიდობა. ხოლო შარუხმა სიხარულით შეიწყნარა და პატივ-სცა ძისავით დიმიტრის. შემდგომად ანიჭა ნიჭნი დიდ-დიდნი და წარმოუვლინა მამასვე მშვიდობით ზავისა მყოფელმან და თვით შარუხ უკუნ-იქცა და წავიდა.
იხილეს ესე რა განძელთა და შირვანელთა მეფობა სპარსეთისა, აღარა ინებეს მათ ხარკისა მოცემა ალექსანდრე მეფისად. განრისხდა მეფე ალექსანდრე, შემოიკრიბა სპანი თვისნი რჩეულნი და ჩავიდა ყარაბაღს ქრისტესა ჩულზ (1437). ვერ წინააღუდგნენ მას განძელნი; მოსრა ურჩნი და ჰყვნა კვლავ მოხარკედვე. ამისნი მხილველნი შირვანელნი და დარუბანდელნი შეშინდნენ ძლიერებითა მისითა და შეუერთდნენ ყარაბაღსავე ძღვნითა დიდითა. ხოლო მეფემან დაამშვიდა და გაუჩინა მათ ხარკი და დაიმორჩილა ყოვლითამე. მერე უკმობრუნდა და მოვიდა ტფილისს გამარჯვებული. ამისთვის წარუმართა მას ღმერთმან, რამეთუ იყო მშვიდი, მოწყალე, შემნდობელი, მიმტევებელი ქვრივთა და ობოლთა და დავრდომილთა შემწყნარე, სამღვდელოთა პატივისმცემელი, ეკლესიათა მაშენებელი და შემამკობელი, მხნე-ახოვანი, შემმართებელი, მშვენიერ-ჰაეროვანი. ესე ალექსანდრე მეფე მოვლიდა ყოველსა სამეფოსა თვისსა, ზამთარს იმერეთს, ზაფხულს სამცხეს, კლარჯეთს და თრიალეთს, შემოდგომა-გაზაფხულს სომხითს, ქართლს, ჰერ-კახეთს და იყო შვება ნადირობა-ნადიმობასა შინა და განგებასა შინა ქვეყანისასა. ამისა შემდგომად მოკვდა მეფე ალექსანდრე ქრისტესა ჩუმბ (1442) და დაფლეს მცხეთას.
მეფე ვახტანგ (IV) გ (3) წელს იმეფა
შემდგომად მეფის ალექსანდრეს წილ გამეფდა ძე მისი ვახტანგ. შემოკრებითა კათალიკოზ-ეპისკოპოზთათა და დიდებულ-წარჩინებულთათა ეკურთხა მცხეთას და დაიპყრა ყოველნი საბრძანებელნი მამისა თვისისანი. რამეთუ იყო ძლიერი, ტანითა ახოვანი, შემმართებელი, ჰაეროვან-მშვენიერი, მრისხანე საშინელი, უხვი, მდაბალი და სამხედროთი სრული. მეფესა ამას უთხრეს მშვენიერება და სიკეკლუცე ფანასკეტელის ასულის სითი-ხათუნისა. ეტრფიალა მეფე და მოიყვანა ცოლად და ჰყო მისთანა ქორწილი ჯეროვანი და შეიყვარა ფრიად.
ხოლო სპარსეთს მოკვდა შარუხ და დაჯდა მის წილ ჯაანშაჰ ქრისტესა ჩუმ (1440). ესე ჯაან-შა მცდელობდა დაპყრობასა სრულიად სპარსეთისასა და გარემოთა ყოველთა. წარმოემართა და უგრძნეულოდ მოვიდა სამცხეს, მოუხდა ახალციხეს და ებრძოდა ძლიერად ქრისტესა ჩუმდ (1444). ამისმან მსმენელმა მეფე ვახტანგმა მოსწრაფედ შემოიკრიბა სპანი იმერ-ამერთა, ჰერ-კახთა, სომხითართა და მივიდა სამცხეს და იქ შემოუერთდნენ მესხნი სრულიად. დაუპირისპირდა ჯაან-შას და იქმნა ბრძოლა ძლიერი დილით მწუხრადმდე და ამოწყდნენ მრავალნი ორმხრითვე, მაგრამ უმრავლესნი ჯაან-შასნი, მაგრამ სწორი ძლევა იქმნა და ვერცა ერთმან სძლია და სიღამით უკუდგნენ ბრძოლისაგან და ხვალისად ორნივე მემუქარენი. თუმცა მასვე ღამესა აიყარა ჯაან-შა ყაენი სპითა თვისითა იდუმალ, რომ ვერავინ უგრძნა და წავიდა ფიცხელად. ხოლო დილას იხილა რა მეფემან, ინება დევნა მისი, მაგრამ დიდებულნი აღარა აუფლებდნენ მეტყველნი: „აწ ჯერ-არს მადლობა ღვთისა, ვინაიდან არა რა წარაქვს ჩვენი, არამედ თვისისაცა დამტევებელი ივლტის“. უსმინა მეფემან და მოიქცნენ გამარჯვებულნი. შემდგომად მცირედისა ჟამისა ამავ ქორონიკონსა ზედა მოკვდა იოვანე ათაბაგი და ამანვე მეფემან აიყვანა ძე იოვანე ათაბაგისა აღბუღა პატივსა ათაბაგობისასა. კვლავ ამასვე წელსა მოკვდა დედოფალი სითი-ხათუნ და დაფლა მეფემან ბანას. ამისა შემდგომად იმეფა ვახტანგ წელი ერთი მწუხარებით ცოლისა თვისისათვის. მეფობდა კეთილად განგებითა ქვეყნისათა, მერე გარდაიცვალა ქრისტესა ჩუმე (1445) და არა დაუტევა ძე, არცა ასული, და დაფლეს ბანასავე ცოლისა თვისისა თანა.
მეფე გიორგი (VIII) კდ (24) წელს იმეფა
დაჯდა მეფედ ძმა ვახტანგ მეფისა და ძე ალექსანდრე მეფისა გიორგი. ხოლო შემოკრებულთა კათალიკოზ-ეპისკოპოზთა და დიდებულთა აკურთხეს მეფედ. ხოლო იყო ესე გიორგი მეფე ყოვლითა სიკეთითა და სამღთო-სამხედროთი სრული და აღმკული, დასაწყისსა მეფობასა ბედნიერი და წარმატებული და წარმართებული. მაგრამ შემდგომად დაბრკოლება ექმნა ბრძოლისა სვიანობამან შარავანდედობისამან და გასკდა ჟამსა ამისსა სამეფო სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ. დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, ამან დაიპყრა ყოველნი საბრძანებელნი მამისა და ძმისა თვისისანი და მართავდა კეთილად. ამას უკვე მოსცემდნენ ხარკსა შარვანდი, რანი და შირვანი.
ათაბაგი აღბუღა იყო კაცი მშვიდი და უშფოთველი და სამართლის-მოქმედი, როგორცა გვაუწყებს მის მიერ აღწერილი სამართლის წიგნი, რომელიც დაუდვა მესხთა ბრძანებითა მეფისათა. ხოლო ბიძასა მისსა ყვარყვარეს ქონდა გულსა მანკიერება, რომელიც ქვემორე გამოიცხადდება. ამან ყვარყვარემ იხილა რა ესევითარნი აღბუღას მოქმედებანი, იწყო გადაბირებად მესხთა. იგრძნა ესე აღბუღამ და მივიდა, რათა შეიპყრას ყვარყვარე. მაშინ ყვარყვარე დაუპირისპირდა ძლიერად ქრისტესა ჩუმზ (1447), და იძლია აღბუღა ათაბაგი და მოვიდა წინაშე გიორგი მეფისა. განრისხნა მეფე, წარვიდა და მივიდა სამცხეს. ხოლო ყვარყვარე მოეგება მეფესა და იტყოდა უცოდველ-ყოფასა. მაგრამ მეფემან აიყვანა კვლავ აღბუღავე პატივსა ათაბაგობისასა და ყვარყვარე დაიჭირა კარსა თვისსა ზედა. მაგრამ ამიერიდან იქმნა ყვარყვარე ქვეგამხედველი მეფისა.
შემდგომად წელსა ქრისტესა ჩუნა (1451) გამოვიდნენ ორმოცდა ათნი კატარღანი სავსენი სპითა სულტან მურადისა მაჰმადის ძისა, და ააოხრეს და ამოწყვიდეს ცხუმი და აფხაზეთი და ზღვის პირნი. უკუნ-იქცნენ და წავიდნენ. ამისი მცნობელი მეფე გიორგი წავიდა მოსწრაფედ, მაგრამ ვერა რაისაღა ეწია. თუმცა მკვიდრნივე დასხა და უქმნა სიმაგრენი და განაგნა იქაურნი და მოვიდა გეგუთს.
ხოლო ამასვე წელსა მოკვდა ათაბაგი აღბუღა და შემდგომად მისსა ამან მეფემან გიორგი მიუბოძა ბიძასა მისსა ყვარყვარეს მობირებითა ვეზირთათა ათაბაგობა. შემდგომად ნადირობასა შინა მოკლა ცხენმან დიმიტრი ძე ალექსანდრე მეფისა და ძმა გიორგი მეფისა ქრისტესა ჩუნბ (1452). კვლავ უკუ-დგნენ შირვანელნი და აღარა მოსცეს ხარკი. ამისთვის შეიკრიბა მეფემან სპანი და მივიდა ყაბალას. წარავლინა სპანი და მოსრა ურჩნი და დაამშვიდა სხვანი, შეჰკვეთა ხარკი და მოვიდა თვისად.
კვლავ ამის ჟამსა წინა განრისხდა ღმერთი ქრისტიანეთა ზედა ცოდვათა ჩვენ ქრისტიანეთათვის და აიღო სულტანმა მაჰმად კოსტანტინეპოლი ქრისტესა ჩუნგ (1453), რამეთუ მოკვდა კალეპინ ქრისტესა ჩუი (1410) და დაჯდა ძე მისი მუსა. მოკლა მუსა ძმამან თვისმან მაჰმად ქრისტესა ჩუიგ (1413) და დაჯდა თვით მაჰმად. მოკვდა მაჰმად ქრისტესა ჩუკბ (1422) და დაჯდა ძე მისი მურად, რომლისა კატარღებმა მოსტყვენეს ზღვის პირნი. მოკვდა მურად ქრისტესა ჩუნა (1451) და დაჯდა შემდგომად მისა ძე მისი მაჰმად. ამან მაჰმად მეორესა წელსა მეფობისა თვისისასა წაიღო სამეფო ქალაქი. და წაღება ესე დაუსახვიდა საქართველოს დიდსა ბოროტსა, რომელიცა ქვემორე შეუდგება. ხოლო მოკვდა იმერთ ერისთავი დემეტრე და მეფემან დასვა ბაგრატ ძე მისი, და კვლავ გარდაიცვალა ამის გიორგის მეფობისა ჟამსა შინა კათალიკოზი შიო და ამან მეფემან დასვა კათალიკოზად დავით.
ხოლო წელსა ქრისტესა ჩუჲბ (1460) განზრახვითა ყვარყვარე ათაბაგისათა იწყო ზრახვად იმერთა ერისთავმან ბაგრატ ძემან დიმიტრისამან, რათა ჰყონ იგი მეფედ, და აღუთქვა თავისუფლება დადიანსა, გურიელსა, შარვაშიძეს და სუანთა. ესე სურდათ მთავართა მათ ამისი ესეთ ყოფა და მისცეს მას პირი მტკიცე და ჰყვეს მეფედ იმერთა. ესმა რა ესე გიორგი მეფესა, ეწყინა ფრიად და შემოიკრიბა სპანი ქართლ-სომხითისა და ჰერ-კახთა და უბრძანა ათაბაგსა ჩამოსლვა სპითა სამცხისათა ფერსათიდან იმერეთსა შინა. და მეფე გიორგი ჩავიდა იმერეთს სპითა თვისითა. ხოლო ათაბაგი აღარა მოვიდა მჭვრეტელი საქმისა. თუ რა იქმნება, და არცა უშველეს ბაგრატს დადიანმა, გურიელმა, აფხაზთა და სუანთა. ხოლო მეფე გიორგი და ბაგრატ ეწყვნენ ჩიხორს ურთიერთასა და ძლიერისა ბრძოლითა ამოწყდნენ მრავალნი იმერნი და ამერნი. შემდგომად იძლია მეფე გიორგი და ივლტოდა ქართლს.
მაშინ ბაგრატ დაიპყრა იმერეთი, აიღო ქუთათისი და ეკურთხა იქ მეფედ. შემდგომად მცირედისა ჟამისა შემოიკრიბა მეფემან გიორგი სპანი და მოვიდა სამცხეს, რათა შურ-აგოს ათაბაგსა; ხოლო ათაბაგი ყვარყვარე ვერ წინააღუდგა იქაურთა ერისთავთა ერთგულობისა გამო და წავიდა იმერეთს ბაგრატისა თანა ლტოლვილი. მაშინ სამცხეს ყოფასა შინა მეცადინეობდა გიორგი მეფე, თუ როგორ განაგოს იქაურნი განსამტკიცებლად თავისად.
ჟამებთა ამათ მომკვდარიყო ჯაან-შა ყაენი და სპარსეთს იჯდა ასანბეგ ყეენად. ამან ასანბეგ წარმოავლინა სპანი და სპასპეტნი ქართლსა ზედა. მაშინ მოერთო ამბავი გიორგი მეფესა სამცხეს ყოფასა შინა: „მოვიდა თავრიჟ გილაქი და თემურ, მოუხდნენ ქართლს და აოხრებენ სომხითსაცა“. მსმენელი მეფე უკმოიქცა სამცხიდან და ებრძოლა მათ ძლიერად; მაგრამ იძლია მეფე გიორგი მათგან ცოდვათა ჩვენთათვის და ამოწყდნენ უმრავლესნი სპანი მისნი ქრისტესა ჩუჲგ (1463). ხოლო თავრიზ გილაქმან და თემურ მოაოხრეს ქართლი და საგანძურნი მეფისანი, უკუნ-იქცნენ და წავიდნენ.
ამისნი მხილველნი აღარა მოსცემდნენ რანი, მოვაკანი და შარვანდი ხარკთა. კვლავ ამისმან მხილველმან ბაგრატ უშველა ყვარყვარე ათაბაგსა, მოვიდნენ და დაიპყრა ყვარყვარემ კვლავ სამცხე. ამისთვის მისტაცა ყვარყვარემ აჭარა და რომელნიმე ჭანეთისა გურიელს კახაბერს, რათა მწე ექმნას ერისთავთა ზედა სამცხისა და კლარჯეთისათა. ხოლო გურიელმან კახაბერ სიხარულით მიიღო ქვეყანანი და მოჰყვა ყვარყვარეს სპითა, მოსპობდნენ და განასხამდენ ერისთავთა გიორგი მეფისათა და რომელთამე დაიმორჩილებდა და ქონდა ბაგრატცა მარადის მწედ.
კვლავ შემდგომად ამისა შემოიკრიბა მეფემან გიორგი სპანი ქართველნი, სომხითარნი და ჰერ-კახნი, მივიდა და დადგა ფარავანსა ზედა, რათა დაიმორჩილოს სამცხე ყვარყვარე ათაბაგითურთ ქრისტეს ჩუჲე (1465).
არამედ აქა დგომასა შინა შემოუჩინნეს განდგომილთა მეფისათა გიორგი მეფესა მოღალატენი, რათა მოკლან იგი და ტაძრეულნივე თვისნი. ხოლო სცნა ესე იოთამ ზედგინიძემ და ამხილა მეფესა ყოველივე; მაგრამ მეფემან არა ირწმუნა, ვინაიდან უგონებელ იყო მათგან ღალატი მეფისა. მაშინ იოთამ ეტყოდა მეფესა: „უკეთუ ვცდები და არა ჭეშმარიტ არის სიტყვა ჩემი, აწ გევედრები, რათა არა მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე საგებელსა შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, მაგრამ ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა“.
უსმინა მეფემან და ჰყვეს ეგრეთ, როგორც იტყოდა იოთამ. ხოლო ღამესა მას შემოვიდნენ გადმობირებულნი იგი და მოკლეს იოთამ და განერიდა მეფე მათგან. დილისად შეიპყრა მეფემან მტერნი თვისნი და ამოწყვიდა ყოველნი. და შფოთსა და ძიებასა ამას შინა დაესხა ყვარყვარე ათაბაგი ყოვლითა შემწითა თვისითა გიორგი მეფესა და აოტა სპანი მეფისანი და შეიპყრა მეფე გიორგი, წაიყვანა სამცხეს და ჰყო პატიმრად პატივითა დიდითა.
ამისა შემდგომად მოკვდა ათაბაგი ყვარყვარე ქრისტესა ჩუჲვ (1466), იანვარსა შინა, და დაჯდა ძე მისი ბაადურ. ამასვე ქორონიკონსა იხილა რა შეპყრობა გიორგი მეფისა ბაგრატ იმერთა მეფემან, შემოიკრიბა სპანი თვისნი, გადმოვლო ლიხი და დაიპყრა ქართლი თებერვალსა შინა. ამისი მხილველი განდგა დავითცა ნებითა ჰერ-კახთათა, რათა არა დაიპყრას ბაგრატ ჰერ-კახნიცა და იწყო წოდებად მეფედ კახთა დავითმა.
მაშინ ამათი განმხილველი ათაბაგი ბაადურ განიზრახვიდა, უკეთუ დაიპყრას ბაგრატმა ქართლი, კვლავ ეძიოს თვისად დაპყრობად სამცხისასაცა და დამორჩილებასა შინა თვისსა. ამისთვის ეზრახა მეფესა გიორგის, რათა არღარა მოიხსენოს შური მას ზედა და არა ეცილოს სამცხეს ათაბაგსა; ხოლო მეფემან დაიპყრას ქართლი, სომხითი, ჰერკახნი და განუტეოს და მიჰყვეს თვით ათაბაგი ამათთა დაპყრობისათვის. მაშინ მეფემან უღონო ქმნილმან აღუთქვა ყოველნი ნებისაებრ მისისა და გულ-პყრობილმან ათაბაგმან ბაადურ გიორგი მეფისაგან შემოიკრიბა სპანი სამცხისანი და კლარჯეთისანი სრულიად და ჩამოიყვანა მეფე გიორგი სომხითს. იქ მიერთვნენ ყოველნი სომხითარ-ქართველნი მეფესა. ხოლო ესე რა იხილა ბაგრატ მეფემან, აღარა ინება ბრძოლად და წავიდა იმერეთს. მაშინ დაიპყრა გიორგი მეფემან ქართლი და სომხითი; მერე გავიდა კახეთს, მიჰყვა ბაადურ ათაბაგიცა. ამისნი მხილველნი ჰერ-კახნი მოერთვნენ მეფესა გიორგის. ხოლო დავით ვერ წინააღმდეგი და მოშიშარე მეფისაგან ივლტოდა დედაწულით დიდოეთს და გიორგი მეფემან კვლავ დაიპყრა კახეთი და ჰერეთი. და როგორც პირველ იყო ერისთავთა მიერ, ეგრეთვე განაგნა. კვლავ ეზრახა დიდოთა, რათა მოსცენ დავით და მიიღონ ნიჭი დიდი, მაგრამ მათ არა ინებეს დავითის მოცემა მეფისა. ხოლო მეფემან ვერღარა იკადრა შერისხვა დიდოთა მათ, რათა არა შეუდგეს უდიდესნი ბოროტნი სიმაგრეთა შინა მათთა. ამისთვის განიმტკიცა ჰერ-კახნი სარწმუნოდ ერთგულობასა ზედა თვისსა და განაგნა იქაურნი და მოვიდა ტფილისს; ხოლო ათაბაგი ბაადურ წავიდა სამცხეს.
ხოლო ამისა შემდგომად ეპყრა და განაგებდა მეფე გიორგი ქართლსა, სომხითსა და ჰერ-კახთა. მაშინ მოიყვანა ძე იოთამისა, მიუბოძა მას ციხენი და მამულნი და სპასპეტობა ქართლისა, მოურაობა გორისა და სასაფლაო სამთავისი და კარისა თვისისა ამილახორობა მსახურებისათვის მამისა მისისა, როგორცა აჩენენ გუჯარნი მათნი. მაგრამ მეფე გიორგი ამათი მყოფელი და განმგე ნეშტთა ქვეყანათა იყო ფრიად მწუხარე განხეთქილებისათვის სამეფოსა ესევითარითა. კვლავ მცდელობდა შეერთებასა და ეგრეთვე გებასა საქართველოსა; მაგრამ ვერღარა ღონის-მძიებელი და მპოვებელი გარდაიცვალა წელსა ქრისტესა ჩუჲთ (1469) მეფე გიორგი. დაფლეს მცხეთას.
ხოლო ძისა მეფისა გიორგის კონსტანტინესასა და მის ქვემორეთა მეფეთა ქმნილებათა ვიწყებთ წარწერასა თვისთა ქარტათა ზედა, ვინაიდან იქმნენ განყოფილებანი.
შენიშვნა
1. ბორჯომის ხეობაში სოფელ დაბის მახლობლად მდებარე ქვით ნაგებ ტაძრის მახლობლად კლდეში ნაკვეთ ქვაბულში არის ასომთავრული წარწერა: „ინდიქტიონსა მეფეთ-მეფისა გიორგისა, ძისა დიმიტრისა, მეცხრამეტესა. სიტყვისა ღვთისა ხორც-შესხმისა მიზეზო! აღვაშენე ტაზარი ესე ჟამსა მეფეთ-მეფისა გიორგისა მე მათმან მოლარეთ უხუცესმან ------ ------------
ქორონიკონსა კა (21= 1333 წელს).“
ე.ი. ტაძარი აგებულ იქნა გიორგის მეფობის მეცხრამეტე წელს, რომელიც უდრიდა 1333 წელს. ამ წარწერით გამოდის რომ გიორგი ბრწყინვალე გამეფდა 1314 წელს.





Комментариев нет:

Отправить комментарий