суббота, 12 августа 2017 г.

ფ. ელჩინისა და პ. ზახარიევის ელჩობა ლევან II დადიანთან 1639-40 წლ.

1. მღვდელ ევდოკიმეს ჩვენება საელჩო პრიკაზში
მღვდელი წარმოშობით პერემიშლიდან აღმოჩნდა, პერემიშლის გარეუბანში ბორისისა და გლების სახელობის საკრებულო ტაძარში მღვდლად იყო; თხუთმეტიოდე წლის წინ დაქვრივებულა და მას შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა. ბოიარისა და თავადის დანიელ ივანეს-ძე მეზეცკის(27), მის მერე კი თავად ანდრია ანდრიას-ძე ხოვანსკის(28) კარის ეკლესიებში ღვთისმსახურებას აღავლენდა. შემდეგ, როდესაც საყიზილბაშოში ანდრია პლეშჩეევი და დიაკი მიკ. ტალიზინი(29) ელჩებად გააგზავნეს, ისიც მათთან ერთად საყიზილბაშოში გაემგზავრა და იქაც კარის ეკლესიაში მსახურობდა. იქიდან ჩამოსული, ასტრახანში სამების მონასტერში ცხოვრობდა. მიმდინარე 147{1639} წელს კი დიდმარხვაში თავის საქმეებზე და ნათესავების მოსანახულებლად ასტრახანიდან მოსკოვში ჩამოვიდა. თუკი სადადიანოს ქვეყანაში ფედოტ ელჩინთან ერთად მის გაგზავნაზე ხელმწიფის ნება იქნება, იგი სიხარულით გაემგზავრებოდა. თავდებობას ხელმწიფისაგან, გასამრჯელოსა და ყოველგვარი უკანონობისაგან დაზღვევას მოსკოვში მისცემენ.
2. ფედოტ ელჩინისთვის მიცემული წერილობითი განაწესი
ხელმწიფისაგან ფედოტ ელჩინს წერილობითი განაწესი მიეცა.
7147 {1639} წლის 30 მაისს სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის ბრძანებულებით ფედოტ ელჩინისთვის მიცემული სამახსოვრო. იგი სადადიანოს ქვეყანაში მეფე ლევან დადიანთან ხელმწიფის სიგელით გაემგზავროს. მასთან ერთად მეფე ლევან დადიანის ელჩი, მისი კარის ეკლესიის მღვდელი გაბრიელი და მისი კაცი გაიგზავნა. ფედოტთან ერთად პავლე მღვდელი და მწერალი, პოდიაჩი ფედკა ბაჟენოვი გაიგზავნა. ფედოტი სადადიანოს ელჩთან ერთად მოსკოვიდან კოლომნაში, პერესლავლ-რიაზანში, კასიმოვში, მურომში, ნიჟნინოვგოროდში, ყაზანში და და ასტრახანში გემით გაემგზავროს; ასტრახანიდან თერგში კი - სანაოსნო გზით ან ხმელეთით, როგორც უკეთესი იქნება და როგორც ეს წინათ ხდებოდა. ყაზანამდე და ასტრახანამდე გაბრიელ ელჩის პრისტავად მის მიერ თერგიდან ჩამოყვანილი იგივე პრისტავი ათანასე იევსკი და თარჯიმანი ოსკა ოსიპოვი გაიგზავნა. 2 კვირის მარაგი საკვები ნიჟნი-ნოვგოროდამდე ელჩსა და მის კაცს მოსკოვში მიეცა; ხოლო ნიჟნიდან ყაზანამდე, ყაზანიდან ასტრახანამდე და ასტრახანიდან თერგამდე, ნაბრძანებია, საკვები განაწერის მიხედვით, იმის გათვალისწინებით მიეცეთ, თუ რამდენ დღეში რომელ ქალაქამდე შეიძლება ჩავიდნენ; ხოლო განაწერი, რომლის მიხედვითაც საჭმელ-სასმელი ელჩს თავის კაცთან ერთად უნდა მიეცეს, დიაკის ხელმოწერით მოსკოვში მის პრისტავზე გაიცა. დაცვის მიზნით მოსკოვიდან კოლომნამდე ელჩის გამცილებლად 3 სტრელეცი იგზავნება, კოლომნიდან კი ნაბრძანებია, გამცილებლები ქალაქიდან ქალაქამდე გაჰყვნენ, ხოლო ასტრახანიდან თერგამდე ისინი სანაოსნო გზით ან ხმელეთით გაემგზავრონ, როგორც ბოიარინი და ვოევოდები გაუშვებენ. თუკი სახმელეთო გზით წასვლა გადაწყდება, ცხენები მათ ასტრახანში შეიძინონ, ხოლო თუ თერგამდე სანაოსნო გზით წავლენ, მაშინ ცხენები თერგში იყიდონ. ამისათვის მათ ხელმწიფის ჯამაგირი და ყოველგვარი დახმარება მიეცა.
როგორც კი ყაზანში ჩავლენ, ფედოტმა ბოიარინს და ვოევოდებს ივანე ვასილის-ძე მოროზოვსა(30) და მის ამხანაგებს თავისი მივლინების შესახებ ხელმწიფის სიგელი წარუდგინოს და უთხრას, რომ მათ, ხელმწიფის ბრძანების თანახმად, ევალებათ გამზადებული გემის გამოყოფა მესაჭეებითა და ნიჩბოსნებით; სადადიანოს ელჩს კი თავის კაცთან ერთად, განაწერის მიხედვით, საგზალი გამოუყონ; დაუყოვნებლივ გააყოლონ ისინი ქარავანს ყაზანიდან ასტრახანამდე ან, ხელმწიფის ბრძანების თანახმად, მათ გამცილებლები მისცენ, როგორც ამის შესახებ მათთვის განკუთვნილ ხელმწიფის სიგელში წერია, და როგორც იქაური მდგომარეობა გვიჩვენებს, რათა უზრუნველყონ ასტრახანამდე მათი უსაფრთხო და მშვიდობიანი მგზავრობა. თუკი გემი, რომლითაც ისინი მოსკოვიდან წავლენ, გაუმართავი აღმოჩნდება და მასზე ასტრახანამდე მგზავრობა ან მისი შეკეთება შეუძლებელი გახდება, მაშინ გემის გამოცვლა ებრძანებათ, მის ნაცვლად მათ სხვა გამართული გემი მიეცეთ და ყაზანიდან გაამგზავრონ, თანაც დაუყოვნებლივ. როდესაც მათ ყაზანიდან გაამგზავრებენ, ფედოტმა სადადიანოს ელჩთან ერთად უსაფრთხოდ და ფრთხილად უნდა იაროს, ქარავანს არ ჩამორჩეს, თუ მათ ქარავანს გააყოლებენ; ხოლო თუკი ყაზანიდან მათ ქარავნით არ გაამგზავრებენ და სპეციალურ გამცილებლებს გამოუყოფენ, ამ შემთხვევაშიც მათ უსაფრთხოდ და ფრთხილად იმგზავრონ, განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ, რათა ვოლგაზე მათ ყაჩაღთა ბანდა არ დაეცეს თავს და რაიმე ხიფათს არ გადაეყარონ. გემზეც ძლიერი დაცვა უნდა გამოიყოს; ქალაქებში სამარაში, სარატოვში, ცარიცინში და ჩორნი იარში(31) კი ვოევოდები და გზად მიმავალი ყოველგვარი ხალხი უნდა გამოიკითხოს და ზუსტად დადგინდეს: ხომ არ არიან სადმე ვოლგაზე კაზაკი ყაჩაღები ან სხვა რომელიმე ყაჩაღური ჯგუფი? და თუ გაიგეს სადმე კაზაკთა ან სხვათა ყაჩაღური ჯგუფის ყოფნის შესახებ, ფედოტმა მათგან თავი მკაცრად უნდა დაიზღვევოს, რომ ისინი მოულოდნელად თავს არ დაესხნენ და რაიმე უბედურება არ დამართონ. ხოლო თუ მიღებული ცნობების თანახმად, იმ ყაჩაღთა გამო გზაზე გასავლელად ყაზანელი გამცილებლები საკმარისი არ იქნებიან, მაშინ ფედოტმა, დამატებით ყაზანელი გამცილებლებისა, საელჩო პრიკაზში მასზე გაცემული ხელმწიფის საგზაო სიგელის საფუძველზე აიყვანოს გამცილებლები იმ ქალაქების ვოევოდებისგან, რომელ ქალაქებშიც ყოფნა მოუხდება; აიყვანოს რამდენი კაციც დასჭირდება იქაური მდგომარეობისა და მიღებული ცნობების გათვალისწინებით, რის შესახებაც ადგილობრივი ქალაქების ვოევოდებს მოახსენოს, რათა მან ელჩთან ერთად ყაჩაღებისაგან უვნებლად მგზავრობა შეძლოს.
როდესაც ასტრახანში ჩავლენ, მან, ფედოტმა, ბოიარინსა და ვოევოდას, თავად იური ანდრიას-ძე სიცკის(32) და მის თანაშემწეებს, ხელმწიფის სიგელი გადასცეს და უთხრას, რომ სადადიანოს ელჩთან ერთად ისინი ასტრახანიდან თერგში სანაოსნო ან სახმელეთო გზით დაუყოვნებლივ გაამგზავრონ, როგორც ეს უკეთესი და უსაფრთხო იქნება; გამცილებლებიც გააყოლონ, როგორც ამის შესახებ ხელმწიფის სიგელში არის ჩაწერილი. ხოლო, როცა ბოიარინი და ვოევოდა თავადი იური ანდრიას-ძე და მისი თანაშემწეები მათ ასტრახანიდან თერგისკენ გაუშვებენ, ფედოტი სადადიანოს ელჩთან და გამცილებლებთან ერთად ასტრახანიდან თერგისკენ გაემგზავროს ზღვით ან სტეპით, რა გზითაც გაუშვებენ; დიდი სიფრთხილით უნდა იარონ და ყველაფერში ყურადღებით იყვნენ, რათა თერგამდე მშვიდობიანად ჩავიდნენ.
როდესაც თერგში ჩავლენ, ფედოტმა სტოლნიკს და ვოევოდას ივანე ხილკოვს მის თანაშემწეებთან ერთად მეფის სიგელი გადასცეს და უთხრას, რომ მათ ხელმწიფის ბრძანებისა და სიგელის თანახმად თერგში ყველანაირი ხალხი გამოკითხონ: საით, რა გზით შეიძლება სადადიანოს მეფესთან ჩავიდნენ? რა გზითაც ჯობია, იმ გზითვე გაუშვან; საით, რომელი სამფლობელოების გავლითაც გაემგზავრებიან, იქნება ეს მთიანი ჩერქეზეთი თუ ყუმიკეთი, ჩერქეზეთის მთავრებთან, მურზებთან და ყუმიკთა შევკალთან(33) ან მურზებისთვის მისაღებ სხვა პირებთან, ვის სამფლობელოებზეც და მამულებზეც, გამოკითხვის თანახმად, ფედოტს გავლა მოუწევს, ხელმწიფის ბრძანებულების თანახმად და როგორც ეს მათდამი ხელმწიფის სიგელშია გაწერილი, ვინც ჯერ არს მიაგზავნონ დავალებით, რომ მოელაპარაკონ გაცილებისა და ურმების თაობაზე, რათა ფედოტმა და ელჩმა ხელმწიფისადმი დაუმორჩილებელ დამნაშავეებს უსაფრთხოდ და უვნებლად თავი დააღწიონ.
თერგში ფედოტმა თვითონაც დანამდვილებით გამოკითხოს ყველანაირი ხალხი - ადგილობრივი ვითარების გათვალისწინებით, რომელი სამფლობელოებისა და ადგილების გავლით ჯობია სადადიანოს ქვეყნისკენ უკეთესად, უსაფრთხოდ და ადვილად მგზავრობა, რათა ხელმწიფის საქმე წარმატებული იყოს და დაჩქარდეს. ასევე თერგში სტოლნიკი და ვოევოდა თავად ივანე ხილკოვისაგან და მისი თანაშემწეებისაგან სადადიანოს ქვეყანაში თან წაიყვანოს ვინმე ისეთი კაცი სტრელეცთა, კაზაკთა, თავისუფალ ადამიანთა, ტყვეთა რიგებიდან ან უცხოელთაგან, ვინც მანამდე საქართველოში და სადადიანოს ქვეყანაში ნამყოფია, ფლობს ქართულ და სადადიანოს ენებს და გზაც საკმაოდ კარგად იცის. ყველაფერ ამის შესახებ ხელმწიფის მიერ მათ მიმართ მიწერილია. როდესაც ცხენებიცა და გამცილებლებიც მოიძებნება და ყოველმხრივ გაემზადებიან, ფედოტი და დადიანის ელჩი თერგიდან სადადიანოს ქვეყანაში უმჯობესი გზით გაემგზავრონ, რაც იქაურების ზედმიწევნითი გამოკითხვით დადგინდება და რომლითაც მათ ვოევოდები გაუშვებენ. თუკი ყაბარდოს ან ყუმიკეთის გზით წავლენ და ყაბარდოს მთავართან მივლენ, ანდა წავლენ ყუმიკეთით და ყუმიკეთის შევკალთან ან მუნდარის ყაბარდოში, ან კიდევ ხოტოჟუკისა და ალეგუკოს ყაბაკებში(34) მივლენ, იმ მთავარსა და მურზას ან შევკალს ფედოტმა მასთან სათადარიგოდ გაგზავნილი ხელმწიფის სიგელი გადასცეს. ხოლო თუ ისე მოხდება, რომ სხვა ჩერქეზი მთავრის ან მურზის ყაბაკებში ჩავლენ, რომელ მთავართან ან მურზასთან მეფის სპეციალური სიგელი თან არა აქვთ, მაშინ ფედოტმა იმ მთავარს ან მურზას ხელმწიფის საგზაო სიგელი აჩვენოს, რომელიც მას მიეცა და უთხრას მათ, რომ მეფურ უდიდებულესობას სამსახური გაუწიონ; მეფის შიკრიკი და დადიანის ელჩი მათ თანმხლებ პირებთან ერთად სადადიანოს ქვეყანაში ან იქამდე გააცილონ, სანამდეც საჭიროება მოითხოვს, რათა უსაფრთხოდ გაიარონ; გამცილებელი და ურმები მისცენ, ხოლო ხელმწიფის წყალობა მომავალში მათ მიმართ ისეთი იქნება, როგორსაც დაიმსახურებენ. თერგელი გამცილებლები კი მან თან წაიყვანოს იმ ადგილებამდე, სანამდეც დასჭირდება მიღებული ცნობებიდან გამომდინარე, რომ თვითონაც უვნებლად გაიარონ და ხელმწიფის ხალხიც შორს არ შეიყვანონ, რათა გზას არ აცდნენ. სადადიანოს ქვეყნისკენ ისინი დიდი სიფრთხილით უნდა გაემგზავრონ, რომ სრულიად უვნებლად ჩავიდნენ.
როგორც კი ღმრთის წყალობით სადადიანოს ქვეყანაში ჩავლენ და მეფე ლევანი ფედოტს თავისთან მიიწვევს, ფედოტმა მოითხოვოს, რომ იმ დროს მას სხვა სახელმწიფოთა ელჩები და დესპანები არ ჰყავდეს და ფედოტი მასთან მარტო უნდა დარჩეს. როცა მას ეტყვიან, რომ მეფესთან სხვა ელჩები და დესპანები არ იქნებიან, ამის შემდეგ ეახლოს მეფეს. ხოლო თუ იმ დროს მეფე ლევანთან თურქეთის სულთანის ან ყიზილბაშთა შაჰის ელჩები და დესპანები ან შიკრიკები იქნებიან, მაშინ საკუთარი პასუხისმგებლობით ფედოტი მათთან ერთად არ მივიდეს. თუკი მეფის სასახლეში მივა და გაიგებს, რომ მეფე ლევანს თურქეთის სულთანის ან ყიზილბაშების შაჰის ელჩები ან წარგზავნილები ჰყავს, მაშინ ის მეფესთან არ მივიდეს და მისთვის განკუთვნილ სახლში დაბრუნდეს. პრისტავს კი უთხრას, რომ მეფე ლევანმა მასთან შესახვედრად მარტო მისვლა უბრძანოს სხვა სახელმწიფოს ელჩების, დესპანებისა და შიკრიკების გარეშე. თუკი მეფე ლევანს სხვა ქვეყნების ელჩები, დესპანები და შიკრიკები არ ეყოლება, მაშინ ფედოტი ლევან მეფესთან საელჩო მიღებაზე მივიდეს. ლევან მეფესთან მისულმა კი თაყვანი სცეს და თქვას: სამებაში განდიდებული ღმრთის წყალობით სრულიად რუსეთის დიდმა ხელმწიფე მეფემ და დიდმა მთავარმა მიხეილ თევდორეს-ძემ, თვითმპყრობელმა ვლადიმირის, მოსკოვის, ნოვგოროდის, მეფემ ყაზანის, მეფემ ასტრახანის, მეფემ ციმბირის, ხელმწიფემ ფსკოვის და დიდმა მთავარმა ტვერის, იუგორსკის, პერმის, ვიატკის, ბულგარეთისა და სხვათა; ხელმწიფემ და დიდმა მთავარმა ნოვაგოროდის ქვემორე მდებარე მიწებისა, რიაზანის, როსტოვის, იაროსლავის, ბელოოზიორის, უდორის, ობდორის, კონდინის და სრულიად ჩრდილოეთის მხარის(35) მბრძანებელმა და მრავალი სხვა ქვეყნის ხელმწიფემ და მფლობელმა მიბრძანა, შენ, ლევან მეფეს, თაყვანი გცე. როცა მეფე ლევანი იკითხავს სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის ჯანმრთელობის შესახებ, ფედოტმა უნდა უპასუხოს: როდესაც ჩემი ხელმწიფისაგან და მისი მეფური უდიდებულესობისაგან წამოვედი, ღმრთის წყალობით, ჩვენი დიდი ხელმწიფე მეფე და დიდი მთავარი მიხეილ თევდორეს-ძე სრულიად რუსეთის თვითმპყრობელი და მრავალ სახელმწიფოთა ხელმწიფე და მფლობელი თავის დიდ და სახელოვან სახელმწიფოებში სავსებით ჯანმრთელი დავტოვე. მერე გადასცეს მეფე ლევანს ხელმწიფის სიგელი.
ამის შემდეგ კი სიტყვა ფედოტმა წარმოთქვას და უთხრას: ღმრთის წყალობით დიდმა ხელმწიფე მეფემ და დიდმა მთავარმა მიხეილ თევდორეს-ძემ, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელმა და მრავალ სახელმწიფოთა ხელმწიფემ და მფლობელმა მიბრძანა შენ, მეფე ლევანს, გადმოგცე: გამოგიგზავნია ჩვენს მეფურ უდიდებულესობასთან შენი ელჩი, კარის ეკლესიის მღვდელი გაბრიელი სიგელით და ჩვენ, დიდმა ხელმწიფემ, შენი ელჩი წყალობით მივიღეთ, საელჩოდ მეფესთან პირისპირ შესახვედრად მოვიწვიეთ, მისგან თქვენი სიგელის მიღება ვბრძანეთ და მას სულგრძელად მოვუსმინეთ. შენს სიგელში ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, გვწერდი, რომ შენ, მეფე ლევანი, და მთელი შენი სახელმწიფო, რომელიც ივერიის ქვეყანაშია, არის მართლმადიდებლური და ჭეშმარიტად ქრისტიანული, ცხოვრობთ ქრისტეს სჯულისამებრ, მოციქულთა სწავლების მიმდევრები ხართ; მრავალი წელია, სურვილი გაქვს ემსახურო ჩვენს მეფურ უდიდებულესობას, მაგრამ ისეთი დრო ვერ გამონახე იმისათვის, რომ ჩვენთვის, დიდი ხელმწიფისათვის, ამის შესახებ თხოვნით მოგემართა. ამჯერად კი ჩვენთან, დიდ ხელმწიფესთან, ის შენი კარის ეკლესიის მღვდელი გაბრიელი ელჩად გამოგზავნე და თაყვანს სცემ ჩვენს მეფურ უდიდებულესობას, მთელი შენი სამფლობელოთი და სახელმწიფოთი მზადყოფნას აცხადებ, მთელი შენი სამფლობელოებით გვემსახურო ჩვენ, დიდ ხელმწიფეს; უმორჩილესად გვთხოვ ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, გვევედრები და გვთხოვ, რომ შენ გიწყალობოთ და შენთან სამეფო სიგელებით და ბრძანებით ჩვენი ელჩი გამოვაგზავნოთ, რომ მან შენი სახელმწიფო დაათვალიეროს და ჩვენ, დიდმა ხელმწიფემ, შენ ჩვენი მეფური უდიდებულესობის მაღალი ხელის მფარველობის ქვეშ მიგიღოთ; შენ კი ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, გვემსახურები ისე, როგორც გვემსახურებიან ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, სხვა ჩვენი ქვეშევრდომები. ჩვენ, დიდმა ხელმწიფემ, შენი წერილი და უმორჩილესი თხოვნა, რომელიც ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, შენი ელჩის, გაბრიელის, ხელით გამოგვიგზავნე, უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია - შენ, მეფე ლევანი და მთელი შენი ივერიის ქვეყანა ჩვენი მაღალი სამეფო ხელის მფარველობის ქვეშ გვინდა ავიყვანოთ. გიქებთ საქციელს, რომ ჩვენი სამეფო წყალობა მოძებნე და შენი ელჩი ჩვენთან თხოვნით გამოაგზავნე; ვიწყებთ შენი და მთელი შენი ქვეყნის ჩვენი მეფური წყალობის მფარველობის ქვეშ მიღებას და მასზე ზრუნვას. ამჟამად კი შენი ელჩი, გაბრიელ მღვდელი, ჩვენი მეფური წყალობით შევიწყნარეთ და თქვენთან უკან გამოვუშვით, ხოლო ჩვენი მეფური უდიდებულესობის სიგელით გამომაგზავნეს მე, ფედოტ ელჩინი, და დამავალეს ყველაფერ ამის შესახებ თქვენ, მეფე ლევანს, მოგახსენოთ: რა პირობითა და სანდოობით გინდა შენ, მეფე ლევანს, ჩვენი მეფური მოწყალებრივი მზრუნველობისა და მორჩილების ქვეშ ყოფნა, რა მტკიცებულებას მოგვცემ, რომ ჩვენი მეფური უდიდებულესობისთვის ყველაფერი ცხადი იყოს. თქვენ კი ყველაფერ ამის შესახებ ჩვენს მეფურ უდიდებულესობას საკუთარი ხელით და ბეჭდით დამოწმებული წერილი მიწერეთ ზუსტად, რომ ჩვენთვის, დიდი ხელმწიფისათვის, სარწმუნო და საიმედო იყოს და მომავალშიც გამოვაგზავნოთ ჩვენი ელჩი ყველაფრის დასამტკიცებლად.
როცა ლევან მეფე საელჩო მიღებაზე იქნება ან საელჩო მიღების შემდეგ უბრძანებს მას თავისთან ხლებას და დაიწყებს საუბარს იმის შესახებ, რომ მას სურს მეფურ უდიდებულესობას ემსახუროს მთელი თავისი ქვეყნით ერთგულად და პატიოსნად, ხელმწიფის ნებისამებრ; იმიტომაც გააგზავნა თავისი ელჩი მეფურ უდიდებულესობასთან, რომ ხელმწიფეს წყალობა გამოეჩინა და ის თავისი ქვეყნით მიეღო საკუთარი მაღალი მეფური ხელის მფარველობის ქვეშ, ჰყოლოდა იგი თავისი მეფური წყალობისა და მზრუნველობის ქვეშ და მის მეფურ უდიდებულესობას როგორც მისი, ასევე მისი ქვეყნის თავისი მეფური წყალობის ქვეშ ყოლა და მტრებისაგან დაცვა სურს, მაშინ ფედოტმა უთხრას: რის შესახებაც მან მეფურ უდიდებულესობას მისწერა და თხოვნით მიმართა, იმის შესახებ წერია მის მიმართ მეფური უდიდებულესობის ხელმწიფებრივ სიგელში; მას კი, მეფე ლევანს, რა პირობით უნდა მეფური უდიდებულესობის მოწყალებრივი მზრუნველობისა და მორჩილების ქვეშ იყოს და რა მტკიცებულებას იძლევა. ყველაფერ ამის შესახებ მის მეფურ უდიდებულესობას ზუსტად აღუწეროს საკუთარი ხელით, ბეჭდით დაამოწმოს და იგი, ფედოტი, მის მეფურ უდიდებულესობასთან დაუყოვნებლივ დააბრუნოს, რომ მეფური უდიდებულესობისათვის ყველაფერი გარკვეული და საიმედო იყოს და მეფურმა უდიდებულესობამ თავისი ელჩი დარწმუნებით გამოუგზავნოს ყველაფრის დასამტკიცებლად.
თუკი მეფე ლევანი დაიწყებს საუბარს, რომ იგი მოხარულია მეფურ უდიდებულესობას თავისი ქვეყნითურთ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ემსახუროს და მისი მაღალი ხელმწიფებრივი ხელის მფარველობაში შედის, ხოლო იმის შესახებ, თუ რა პირობით ფიქრობს ის და მისი ქვეყანა ხელმწიფის მოწყალებრივი მზრუნველობისა და მორჩილების ქვეშ ყოფნას, მეფურ უდიდებულესობას თავისი ხელით მისწერს და ბეჭდით დამოწმებულს გაუგზავნის, ან ფედოტთან ერთად მის მეფურ უდიდებულესობასთან ელჩად თავის ახლობელ და ერთგულ კაცს გამოგზავნის, რათა მისთვის, ხელმწიფესთვის, სანდო იყოს; ხოლო მათ, ფედოტს თავისი თანაშემწეებით, მეფურ უდიდებულესობასთან მალევე, დაყოვნების გარეშე დააბრუნებს, მაშინ მეფური უდიდებულესობა წყალობას გამოიჩენდა და მასთან თავის ელჩს გამოაგზავნიდა ყველაფრის დასამტკიცებლად, რათა მას ხელმწიფის წყალობის იმედი მისცემოდა; როცა მეფური უდიდებულესობის ელჩი მასთან იქნება, იგი იმ ელჩის წინაშე ხელმწიფეს ერთგულების ფიცსა და მტკიცებულებას მისცემს, ჯვარს ემთხვევა და მთელ ამ საქმეს გააკეთებს და დაამტკიცებს ისე, როგორც მეფურ უდიდებულესობას სურს. მერე ფედოტმა უთხრას, რომ მან, ლევან მეფემ, ისე გააკეთოს, როგორც მას სურს, ყველაფრის შესახებ მეფურ უდიდებულესობასთან თავისი ხელით დაწეროს, ბეჭდით დაამოწმოს და ისინი მეფურ უდიდებულესობასთან დაყოვნების გარეშე გაუშვას და ეს ყველაფერი მეფური უდიდებულესობისათვის ცნობილი გახდება. ხოლო თუ ლევან მეფე მოისურვებს, რომ მის, ფედოტის, წინაშე, ხელმწიფეს ახლავე ერთგულების ფიცი მისცეს და ჯვარს ემთხვიოს იმის ნიშნად, რომ მთელი თავისი ქვეყნით ხელმწიფის ხელის მფარველობის ქვეშ ყოფნა სურს, მაშინ ფედოტმა ლევან მეფე ჯვარს მიაახლოს იმ წერილის თანახმად, რომელიც მასთან ერთად სათადარიგოდ არის გაგზავნილი. ხოლო როგორც კი ლევან მეფე ამ წერილის თანახმად ჯვარს ემთხვევა, მაშინ ფედოტმა უთხრას, რომ მან, ლევან მეფემ, იმ წერილს ხელი მოაწეროს და ის წერილი მისი ხელმოწერით ფედოტმა ხელმწიფესთან ჩამოიტანოს. თუკი ლევან მეფე თავად არ დაიწყებს ამის შესახებ საუბარს და ჯვარზე მთხვევას არ მოისურვებს, მაშინ ფედოტმაც ამის შესახებ საუბარი არ დაიწყოს. როდესაც მეფე მათ გამოუშვებს, სიგელსა და საკუთარი ხელით დაწერილ ბეჭედდასმულ წერილს გამოატანს, ან თავის ელჩს გამოაყოლებს ხელმწიფესთან, მაშინ თანაშემწეეებთან ერთად ფედოტი მოსკოვისაკენ ხელმწიფესთან გამოეშუროს ხელმწიფის ამ განაწესის თანახმად და მეფის სიგელი და წერილი, რასაც მას მისცემენ ან ელჩთან ერთად გამოატანენ, მოსკოვში ჩამოიტანოს.
თუკი სადადიანოს მეფე იკითხავს: ამჟამად სრულიად რუსეთის დიდ ხელმწიფე მეფეს და დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძეს მეზობელ მეფეებთაგან ვისთან აქვს მშვიდობა და ვისთან აქვს მას, ხელმწიფეს, ომი? ფედოტმა უნდა თქვას: დიდი ხელმწიფე ჩვენი, მისი მეფური უდიდებულესობა ყველა მეზობელ ხელმწიფესთან მეგობრობაში და თანხმობაშია, ხოლო მტერი მას, ხელმწიფეს, არავინ ჰყავს. თუკი სახელდობრივად იკითხავს: როგორ დამოკიდებულებაშია ხელმწიფე თურქეთის სულთანთან, საყიზილბაშოს შაჰთან და ყირიმის მეფესთან? ფედოტმა უნდა უთხრას: თურქეთის სულთანებთან რუსეთის წინანდელ ხელმწიფეებს, მეფეებს, დიდ მთავარებს და ჩვენს დიდ ხელმწიფეს, მის მეფურ უდიდებულესობას ურთიერთობა ჰქონდათ. ის დიდი ხელმწიფე, რომელიც თავის დიდ ქვეყანაში დადგინდებოდა, თურქეთის სულთანებს გახელმწიფების შესახებ ცნობას უგზავნიდა. თურქეთის სულთანებიც, როცა თავის ქვეყანაში დადგინდებოდნენ, ჩვენი ქვეყნის დიდ ხელმწიფეებს იგივე ცნობას უგზავნიდნენ. ამჟამადაც მეფურ უდიდებულესობასა და თურქეთის სასულთანო უდიდებულესობა მურადს(36) შორის ელჩები და დესპანები მშვიდობისა და თანხმობისათვის დადიან. ორივე სახელმწიფოს მოვაჭრენი კი, ორივე მხარეს სავაჭროდ, ელჩებად დადიან. გარდა ამისა, არავითარი სხვა ურთიერთობა თურქეთთან არა გვაქვს. ყირიმის მეფე ბაგადირ გირეისთან კი, მეფურ უდიდებულესობას ურთიერთობა აქვს და ჩვენს დიდ ხელმწიფეს, მის მეფურ უდიდებულესობას, ყირიმის ბაგადირ გირეიმ, კალგამ და ნურადინმა ყურანზე ერთგულება შეჰფიცეს, რომ ისინი მეფურ უდიდებულესობასთან მეგობრულ ურთიერთობაში იქნებიან და არავითარი ბოროტების ჩადენა არ სურთ(37).
თუკი იკითხავენ: რა დამოკიდებულებაშია ამჟამად ხელმწიფე პოლონეთის მეფესთან? ფედოტმა უნდა თქვას: ადრე სრულიად რუსეთის თვითმპყრობელს, ჩვენს დიდ ხელმწიფესა და დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძესა და პოლონეთის წინანდელ მეფე სიგიზმუნდსა(38) და მის ძეს - უფლისწულ ვლადისლავს(39) შორის, რომელიც ახლა თავად არის პოლონეთის მეფე, მტრობა და ომი იყო; ამჟამად კი ჩვენი დიდი ხელმწიფის, მისი მეფური უდიდებულესობისა და პოლონეთის მეფის ვლადისლავის მხრიდან მაღალი რანგის ელჩები ერთმანეთს საზღვარზე შეხვდნენ და თავიანთ დიდ ხელმწიფეთა შორის სამუდამო სამშვიდობო შეთანხმება დადეს. ახლა მის მეფურ უდიდებულესობასა და პოლონეთის მეფეს შორის მტრობა აღარ არის(40).
თუკი დიდი ნოღაის(41) შესახებ იკითხავენ, ფედოტმა უნდა თქვას: დიდი ნოღაი და ყაზის ულუსი(42) მეფის მოწყალებრივი მზრუნველობის ქვეშ არიან და მას, ხელმწიფეს, ემსახურებიან; დიდი ნოღაიელები კვლავინდებურად ასტრახანთან ახლოს, მისი, მეფური უდიდებულესობის სამფლობელოებში მომთაბარეობენ; ხოლო რომლებიც ურჩობდნენ, ასტრახანიდან შორს მდებარე ადგილებში მომთაბარეობდნენ, იმათაც კი წყალობისათვის ხელმწიფეს მიმართეს და ასტრახანთან ახლოს თავის ძველ სამომთაბარეო ადგილებს დაუბრუნდნენ. მისმა მეფურმა უდიდებულესობამ ისინი შეიწყალა და ბრალი მიუტევა. ყაზის ულუსი კი მეფის ნებართვით თერგთან მომთაბარეობს.
ხოლო, თუ იკითხავენ: გაუგონიათ, რომ მის მეფურ უდიდებულესობას თავისი, ხელმწიფის, ჯარები ყაზის ულუსში გაუგზავნია და ხელმწიფის იმ ჯარებს ყაზის ულუსი დაულაშქრავთ, ფედოტმა უნდა თქვას: მეფურმა უდიდებულესობამ ორგულობის გამო ყაზის ულუსში თავისი ვოევოდები ჯართან ერთად მათ დასაშოშმინებლად გააგზავნა; მათ დადებული პირობა და ფიცი დაარღვიეს, დაკისრებულ გადასახადზე უარი თქვეს და მეფური წყალობა დაკარგეს, სახელმწიფოს განაპირა მხარეებს ზარალი მიაყენეს. ამიტომ ხელმწიფის ჯარმა ისინი დაამარცხა, აოხრება კი საკუთარ თავზე მათ თვითონვე მოიწიეს. ამჟამად მეფური უდიდებულესობა მათ თავისი მეფური მოწყალებრივი მზრუნველობის ქვეშ იფარავს.
თუ ციმბირის შესახებ იკითხავენ, ფედოტმა უნდა უთხრას: ციმბირის მხარე ჩვენი დიდი ხელმწიფის მეფური უდიდებულესობის ძალაუფლების ქვეშ არის და ყველა იქაური მაცხოვრებელი ძველებურად მის მეფურ უდიდებულესობას ემსახურება, როგორც ეს წარსული წლებიდან არის დაწესებული. თუ ლევან მეფე იკითხავს: როგორ დამოკიდებულებაშია ამჟამად მისი მეფური უდიდებულესობა ყიზილბაშთა შაჰთან? ფედოტმა უნდა თქვას: მისი მეფური უდიდებულესობა წინანდელ შაჰ აბასთან(43) ძმურად და მეგობრულად იყო, აგრეთვე შემდგომშიაც ახლანდელ შაჰ სეფისთან(44) მისი მეფური უდიდებულესობა ძმობაში, მეგობრობაში და თანხმობაშია, მათ, ხელმწიფეთა, შორის ელჩები და დესპანები დადიან. თუ სადადიანოს მეფე ლევანი დაიწყებს საუბარს იმის შესახებ, რომ ყიზილბაშთა შაჰის მხრიდან იგი შევიწროებას, დევნას განიცდის, მის ქვეყანას აოხრებენ და ხელმწიფეს იქნებ ენება მისი დაცვა შაჰისაგან, ან ამის თაობაზე შაჰისათვის მიწერა ებრძანებინა, რომ მისთვის და მისი ქვეყნისთვის შაჰს შევიწროება და წყენა აღარ მიეყენებინა, მაშინ ფედოტმა უნდა უთხრას: ამის შესახებ მისი მეფური უდიდებულესობისაგან არაფერი აქვს ნაბრძანები; იქნებ მას, ლევანს, თავად მიეწერა მეფური უდიდებულესობისათვის - ამაშიც ხელმწიფის ნებაა, როგორც ის, დიდი ხელმწიფე, მოისურვებს; იმედი აქვს, რომ მეფური უდიდებულესობა მის თხოვნას და უმორჩილეს მიმართვას უყურადღებოდ არ დატოვებს, რადგან შაჰი მის მეფურ უდიდებულესობასთან ძმობაში, მეგობრობაში და თანხმობაშია. თუკი რაიმე საკითხის შესახებ კონკრეტულად არ ჰკითხავენ, ფედოტმა თავისით იმაზე საუბარი არ უნდა დაიწყოს, ხოლო თუ რაიმე მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეზე დაუწყებენ გამოკითხვას, ფედოტმა უნდა უთხრას, რომ მას იმ საქმის შესახებ არაფერი სმენია. სამახსოვრო ფედოტს. როცა ის სადადიანოს ქვეყანაში იქნება, გამოარკვიოს: როგორ დამოკიდებულებაშია ამჟამად სადადიანოს მეფე ლევანი თურქეთთან და საყიზილბაშოს შაჰთან; ამ ბოლო დროს მასთან ხომ არ ყოფილან ელჩები, დესპანები თუ შიკრიკები თურქებისა და ყიზილბაშებისაგან? და თუკი იყვნენ, - რა საქმეზე? სადადიანოს მეფე ლევანს თურქეთისა და საყიზილბაშოს შაჰებთან რაიმე საქმეზე ელჩები ხომ არ გაუგზავნია? და თუ გაუგზავნია, სახელდობრ, ვინ და რისთვის? როგორ დამოკიდებულებაშია ამჟამად თურქეთის სულთანი საყიზილბაშოს შაჰთან, ელჩები და დესპანები თურქებისაგან და ყიზილბაშებთან ხომ არ ყოფილან, ან ყიზილბაშებს თურქებთან ელჩები და დესპანები ხომ არ გაუგზავნიათ? თუ გაუგზავნიათ, რა საქმეზე? ამ წელს ომი ხომ არ ყოფილა თურქებსა და ყიზილბაშებს შორის? თუ იყო, რა ადგილებში და ვისი მხრიდან დაიწყო? ყიზილბაშებმა დაიკავეს თურქების ქალაქები თუ თურქებმა - ყიზილბაშებისა? რას მოელიან მომავალში მათ შორის - მშვიდობას თუ ომს? თურქეთის გარდა, ყიზილბაშებს ვინმესთან ომი აქვთ თუ არა?(45) ამჟამად როგორ დამოკიდებულებაშია მეფე ლევანი შევკალთან და ყუმიკებთან, აქვს თუ არა მათთან მშვიდობა და მომავალში მათ შორის რას მოელიან? როცა სადადიანოს ქვეყანაში იქნები, ყველაფერ ამაზე, სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის საქმეებზე უნდა იფიქრო და ყოველგვარი ცნობები შეაგროვო ხელმწიფის ამ განაწესის თანახმად. სამახსოვრო ფედოტს. სადადიანოს ქვეყნის მეფე ლევანმა ხელმწიფეს მოსწერა და მისმა ელჩმაც თქვა, რომ ხელმწიფემ წყალობა გაიღოს, მასთან, ელჩთან, ერთად [მეფე ლევანთან] თავისი ელჩი გამოგზავნოს იქაური ადგილების, ქრისტიანობის, წმინდა ეკლესიებისა და მთლიანად სადადიანოს ქვეყნის მოსანახულებლად. ფედოტმა მეფე ლევანს არ უნდა უთხრას იმის შესახებ, რომ იგი გაგზავნილია მისი ქვეყნის გამოსაკვლევად მღვდელ პავლესთან ერთად, რომელიც მასთან ერთად გაიგზავნა მათი რწმენის შესასწავლად, უფრო იმის გამოსაძიებლად, თუ როგორია მათი რწმენა - არის თუ არა ჭეშმარიტი და ბერძნულ კანონებთან პირდაპირ თანხმობაში, ყველაფერს იცავენ თუ არა მოციქულთა გადმოცემებისა და წმინდა მამების განწესებების თანახმად, ხომ არა აქვთ რაიმეში განსხვავება, ხომ არა აქვთ რაიმე მუხლი სხვა სარწმუნოებიდან შემომატებული წმინდა საღმრთო ლიტურღიისა და სხვა საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულებისას;ვინ არიან მათთან მაღალი რანგის სასულიერო პირები - მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები თუ ეპისკოპოსები, სად ცხოვრობენ და როგორ მართავენ თავიანთ სამწყსოებს, აქვთ თუ არა მონასტრები და როგორ ცხოვრობს მონოზონთა დასი, ეკლესიებში ღმრთისმსახურება როგორ სრულდება? ყველაფერ ამის შესახებ მან გაიკითხოს და ყველა ძალა იხმაროს, რომ ზუსტად გამოიძიოს: როგორია სადადიანოს ქვეყანა და რამდენად დიდი, რამდენ ვერსზეა, რამდენი ქალაქია მასში, რამდენად ხალხმრავალია, როგორია იქ ხალხი, უყვართ თუ არა მეფე ლევანი და ეთაყვანებიან თუ არა მას, რით არის ეს მიწა ხვავრიელი, რომელი მარცვლეული მოდის, რა მხატვრულ ხელსაქმეს ფლობენ, რა ფასობს მათთან ძვირად და რა - იაფად. რომელი ქვეყნები უპყრია ამჟამად მეფე ლევანს? იგი თავის სიგელში ხელმწიფეს სწერდა, რომ ივერიის ქვეყანაში ხუთი ხელმწიფე იყო, ორი სახელმწიფო ყიზილბაშთა შაჰმა წაართვა, ხოლო დანარჩენ სამ სახელმწიფოს იგი, მეფე ლევანი, განაგებს. ამის შესახებაც ზუსტად არის დასადგენი: რომელი ხუთი სახელმწიფო იყო წინანდელი სადადიანოს მეფეების ხელში და რამდენად დიდი ხანი გავიდა, რაც მათი ორი ხელმწიფე სპარსეთის შაჰმა დახოცა და სახელდობრ ვინ, და ახლა ვის ეკუთვნის ის ქვეყნები, შაჰმა რომ დაამარცხა; კერძოდ, რომელი ქვეყნებია ამჟამად მეფე ლევანის მმართველობის ქვეშ, როგორ დამოკიდებულებაშია სადადიანოს მეფე ლევანი საქართველოს მეფე თეიმურაზთან - მეგობრულ თუ არამეგობრულ, აქვთ თუ არა მათ რაიმე განსხვავება სარწმუნოებაში; ვისი - თურქეთის თუ შაჰის - ვასალია მეფე ლევანი, ან იქნებ დამოუკიდებელია და ხარკს არავის უხდის? Yყველაფერ ამის თაობაზე დაათვალიერეთ, გამოიკითხეთ, გამოიკვლიეთ სწორად და ყველაფერი მუხლობრივ აღწერილობაში ჩაწერეთ.
ფედოტმა თვითონ გამოიძიოს და მღვდელ პავლესაც დაავალოს ყველა ზომის გამოყენებით გულდასმით გამოიძიოს, არის თუ არა სადადიანოს ქვეყანაში სიწმინდეთა საგანძური: ცხოველმყოფელი ძელი უფლის ჯვრისა, რაზეც უფალი ჩვენი იესო ქრისტე გააკრეს, ან პერანგი, ან კვართი, ან სამოსელის ნაწილი, მისი, მაცხოვრისა, ან ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საფარველი, ანდა სარტყელი(46), ან რომელიმე ღმრთისსათნო მოღვაწის წმინდა ნაწილები, ან მირონი და სხვა ყველანაირი სიწმინდე. თუკი ვინმე რაიმეს განაცხადებს რომელიმე სიწმინდის შესახებ, ან თვითონ სადმე მიაკვლევენ და ფედოტს პავლე მღვდელთან ერთად იმ სიწმინდეების ხილვის საშუალება მიეცემათ, გამოიკითხონ რა სიწმინდეებია ეს, რომელი წლიდან და საიდან აღმოჩნდა იქ. ვინც რაიმეს იტყვის რომელიმე სიწმინდის შესახებ, მათ ყველაფერი აღწერილობაში კონკრეტულად ჩაიწერონ და თან ჩამოიტანონ. რაც შეეხება მართლმადიდებლური რწმენის შესახებ შემოწმებას და იმას, თუ როგორ უნდა დაისვას კითხვები და რა პასუხები გაეცეს, ამის შესახებ პავლე მღვდელს ეძლევა წერილი და მან მის შესაბამისად იმოქმედოს. იქნება რა სადადიანოს ქვეყანაში, ფედოტმა ყველაფერი გააკეთოს ხელმწიფის ამ ბრძანებულების თანახმად და იქაური მდგომარების მიხედვით, რათა ხელმწიფის საქმეს წარმატება მოუტანოს, მისი ხელმწიფებრივი პატივის ამაღლებასა და სახელმწიფოს სივრცის გაფართოებას ხელი შეუწყოს. სამახსოვრო ფედოტს. როგორც კი ისინი თერგში მივლენ და თერგიდან სადადიანოს ქვეყანაში წავლენ, როცა გზად ყუმიკეთში ან სხვაგან გაივლიან, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, სადადიანოს ქვეყნის შესახებ გაარკვიონ: კვლავ მეფე ლევანი ფლობს მას თუ სხვა ვინმე და სად არის მეფე ლევანი? თუ შეიტყობენ, რომ ღმრთის განჩინებით მეფე ლევანი ცოცხალი აღარ არის ან ბერად აღიკვეცა, მის ადგილზე კი სადადიანოს ქვეყანაში მისი ძე გამეფდა, რომელი უფლისწულიც დადგენილია არა შაჰის ან თურქეთის ნებით, არამედ მამის კურთხევითა და მთელი სადადიანოს ქვეყნის ხალხის სურვილით, და თუ ახალი მეფე მას საელჩო მიღებაზე მისვლას უბრძანებს, მაშინ ფედოტი იმ ახალ უფლისწულთან მივიდეს. მასთან მისულმა კი უთხრას: სრულიად რუსეთის თვითმპყრობელმა და მრავალ სახელმწიფოთა ხელმწიფემ და მფლობელმა, დიდმა ხელმწიფე მეფემ და დიდმა მთავარმა მიხეილ თევდორესძემ მე, ფედოტი, შენს მამასთან, მეფე ლევანთან, გამომაგზავნა; ამასთან მისი მეფური უდიდებულესობისგან მაქვს ბრძანება: თუკი ღმრთის განჩინებით მეფე ლევანი ცოცხალი აღარ იქნება და მის ადგილზე ვინმე მის შვილთაგან დადგინდა, ამ შემთხვევაში მევალება ახალ მეფესთან ხლება და ელჩობის აღსრულება. მე, სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრისაგან მიხეილ თევდორეს-ძისაგან ახალ მეფეს თაყვანი უნდა ვცე და, ხელმწიფის ბრძანებისამებრ, სიგელი გადავცე. ამის შემდეგ უნდა წარმოსთქვას სიტყვა: სრულიად რუსეთის თვითმპყრობელს, მრავალ სახელმწიფოთა ხელმწიფესა და მფლობელს, დიდ ხელმწიფე მეფესა და დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძეს შენმა მამამ ლევან მეფემ თავისი ელჩი, კარის ეკლესიის მღვდელი გაბრიელი გაუგზავნა სიგელით. ჩვენმა დიდმა ხელმწიფემ თქვენი მამის ელჩის მიღება ბრძანა და პირისპირ შეხვედრის ნება დართო, მისგან სიგელის მიღება ინება და სულგრძელად მოუსმინა. თავის სიგელში თქვენი მამა, მეფე ლევანი, ჩვენს დიდ ხელმწიფესთან წერდა და, გარდა ამისა, მისმა ელჩმაც მის მეფურ უდიდებულესობას უმორჩილესად მოახსენა, რომ მამათქვენმა ლევანმა იგი მის მეფურ უდიდებულესობასთან ელჩად გამოაგზავნა იმის თაობაზე, რომ იგი, მეფე ლევანი, და მთელი მისი ივერიის ქვეყანა არის მართმადიდებელი და ჭეშმარიტად ქრისტიანული, ქრისტეს სჯულის თანახმად, მოციქულთა სწავლების მიხედვით ცხოვრობენ და მას უკვე მრავალი წელია სურდა, რომ მეფური უდიდებულესობისათვის ემსახურა, მაგრამ ამისათვის შესაფერისი დრო ვერ გამონახა, რათა ამის თაობაზე დიდი ხელმწიფისათვის უმორჩილესად ეთხოვა; ამჯერად კი მასთან, დიდ ხელმწიფესთან, თავისი კარის ეკლესიის მღვდელი გაბრიელი ელჩად გამოაგზავნა; თაყვანს სცემს და მსახურად ეძლევა მის მეფურ უდიდებულესობას მთელი თავისი სამთავროთი, მთელი თავისი ქვეყნით, ევედრება და სთხოვს რომ მან, ჩვენმა დიდმა ხელმწიფემ, წყალობა გამოიჩინოს და მასთან საკუთარი ელჩი სიგელებით წარგზავნოს, მისი ქვეყნის დათვალიერება უბრძანოს და იგი თავისი მეფური უდიდებულესობის მაღალი ხელის მფარველობის ქვეშ აიყვანოს; ის კი დიდი ხელმწიფის მსახურებას შეუდგება ისე, როგორც მას სხვა ქვეშევრდომები ემსახურებიან. ჩვენმა დიდმა ხელმწიფემ, მისმა მეფურმა უდიდებულესობამ შენი მამის, მეფე ლევანის, წერილობითი თხოვნა და უმორჩილესი მიმართვა არ უგულვებელყო, საკუთარი მაღალი სამეფო ხელის მფარველობის ქვეშ მისი და მისი ქვეყნის აყვანა ნებავს. ხოლო იმისათვის, რომ მან, მეფე ლევანმა, თავისთვის მისი მეფური წყალობა მოიძია და თავისი ელჩი მასთან, ხელმწიფესთან, სათხოვნელად გააგზავნა, უქებს და, შეიწყალა რა მისი ელჩი თავისი მეფური წყალობით, მის მამასთან დააბრუნა. მასთან ერთად კი მისმა მეფურმა უდიდებულესობამ მეფე ლევანთან, მისი წერილისა და თხოვნის თანახმად, მე, ფედოტი, გამომაგზავნა. ნაბრძანები მქონდა მე მეფური უდიდებულესობისაგან მეფე ლევანისათვის მეკითხა - რა პირობით და სანდოობით სურდა შენს მამას, მეფე ლევანს, ყოფილიყო მეფური უდიდებულესობის მოწყალებრივი მზრუნველობისა და მორჩილების ქვეშ და რა მტკიცებულებას მისცემდა ამის შესახებ? გარდა ამისა, დავალებული მაქვს შევისწავლო თქვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება, წმინდა ეკლესიები, სასწაულთმოქმედი წმინდა ნაწილები და თქვენი ქვეყანა, რომ ხელმწიფისათვის ყველაფერი ცხადი იყოს. რახან ღმრთის განჩინებით, ჩვენს მოსვლამდე შენი მამა, მეფე ლევანი, გარდაიცვალა, მის ადგილზე კი ქვეყანაში დადგინდი შენ - ეს და ეს - მეფედ, ამიტომ შენც, მეფეო, მოიძიე მისი მეფური უდიდებულესობის წყალობა ისე, როგორც ეს შენმა მამამ, მეფე ლევანმა, გააკეთა და იქნები მისი მეფური უდიდებულესობის მფარველობის ქვეშ მთელი შენი სადადიანოს ქვეყნით; მეფურ უდიდებულესობასთან დაუყოვნებლივ გაგვამგზავრე და ყველაფერ ამის შესახებ შენი ხელით ზუსტად დაწერე, ბეჭდით დაამოწმე და ჩვენი ხელით გააგზავნე: რა პირობით და სანდოობით მოგინდებათ მის მაღალ მეფურ ხელქვეშ ყოფნა, რომ ეს დიდი ხელმწიფისათვის სარწმუნო და საიმედო იყოს და შემდეგში ყველაფრის დასამტკიცებლად თავისი ელჩი შენთან გამოაგზავნოს.
თუკი ახალი მეფე - მეფე ლევანის ძე - მოისურვებს მეფური უდიდებულესობის მაღალი მფარველობის ქვეშ შემოსვლას და მათ სიგელით გამოუშვებს ან თავისი ხელით დაწერილ და ბეჭდით დამოწმებულ წერილს გამოატანს, მაშინ ისინი დაბრუნდნენ ხელმწიფესთან, სიგელი და წერილი კი თან ჩამოიტანონ.
თუკი არმისულნი სადადიანოს ქვეყანამდე შეიტყობენ, რომ მეფე ლევანი სადადიანოს ქვეყანაში არ არის, ყიზილბაშთა შაჰმა ან თურქეთის სულთანმა ის გააძევა, მის ადგილზე კი თავისი ხალხიდან რომელიმე ხანი ან ფაშა, ან თუნდაც მეფე ლევანის ძე დასვა, რომელიც მამის წინააღმდეგ გალაშქრებისთვის შაჰმა ან თურქეთის სულთანმა სადადიანოს ქვეყანაში გაამეფა - ყველაფერ ამას ზუსტად რომ დაადგენენ, ფედოტი იმ ახალ მეფესთან არ მივიდეს და სადადიანოს ქვეყანაში არმისული უკან დაბრუნდეს; როცა თერგში მივლენ, ამის შესახებ ხელმწიფეს სასწრაფოდ მოწერონ.
თუკი სადადიანოს ქვეყანაში ჩასვლამდე ამის შესახებ ვერ შეიტყობენ და გაიგებენ მხოლოდ მაშინ, როცა სადადიანოს ქვეყანაში მივლენ, და მათ შაჰის ან თურქეთის სულთანის დასმული ახალი მეფე შემოუთვლის, რომ მას საელჩოდ ეახლონ, ფედოტმა უნდა უთხრას: წარგზავნილები არიან მეფური უდიდებულესობის მიერ წინანდელ მეფესთან მისივე თხოვნით, მაგრამ ღმრთის განჩინებით მეფე ლევანი ცოცხალი აღარ არის, ან სადადიანოს ქვეყანაში არ იმყოფება - ასე თქვან, მის ადგილზე კი ის არის, ახალი მეფე; მეფურმა უდიდებულესობამ მის შესახებ არაფერი იცოდა და ამიტომ ახალ მეფესთან მათ არავითარი ბრძანება არა აქვთ. მან კი ისინი მეფურ უდიდებულესობასთან დაყოვნების გარეშე გაუშვას და როცა მოსკოვში ჩავლენ, ამის თაობაზე მეფური უდიდებულესობის პრიკაზის მოხელეებს მოახსენებენ და მის შესახებაც აცნობებენ, რომ იგი სადადიანოს ქვეყანაში გამეფდა. პრიკაზის მოხელეები კი ამის თაობაზე მეფურ უდიდებულესობას აცნობებენ.
თუკი ახალი მეფე შაჰის ან სულთანის დასმული იქნება,... მათ შეიპყრობენ და მოლაპარაკებით ვერაფერს გააწყობენ, ფედოტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ ახალ მეფესთან გაჰყვეს, მაგრამ სიგელი თან არ იქონიოს, მეფეს თაყვანი არ სცეს, სიგელი არ წარუდგინოს და იგივე უთხრას, რომ მის შესახებ მეფური უდიდებულესობისათვის არაფერი იყო ცნობილი და არაფერი მასთან არ დაუბარებიათ, ამიტომ გაუშვან ისინი დაუყოვნებლივ. ხოლო თუ ახალი მეფე სიგელისა და განაწესის ძალით წართმევას დააპირებს, ფედოტმა უნდა უთხრას, რომ მეფე არასწორად იქცევა, როცა სიგელის ძალით ჩამორთმევას ცდილობს. ამით ის მეფური უდიდებულესობის მიმართ უპატივცემულობას იჩენს. ასე არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება, რომ ელჩებს ან დესპანებს სიგელი ძალის გამოყენებით წაართვან. ხოლო როცა დაინახავს, რომ გაძარცვას უპირებენ, მან განაწესი და სიგელი დახიოს, ან დაწვას, ან წყალში ჩაძიროს, რომ ის ახალ მეფეს ხელში არ ჩაუვარდეს და ის საქმე, რისთვისაც იგი გაგზავნილია, იმ მეფისათვის ცნობილი არ გახდეს. თუკი ახალი მეფე მათთან ერთად თავისი ელჩების ხელმწიფესთან გამოგზავნას მოისურვებს და ეტყვის მათ, რომ მეფურ უდიდებულესობასთან მეგობრობა და ურთიერთობის დამყარება სურს, ამ მიზნით მასთან თავის ელჩებს აგზავნის და იქნებ მათ ისინი თან წაიყვანონ, მაშინ ფედოტმა უნდა უთხრას: თუ უნდა მას თავისი ელჩების მეფურ უდიდებულესობასთან მათთან ერთად გაგზავნა და ამაში ღმრთისა და მისი ნებაა, მაშინ ისინი მათთან ერთად გაემგზავრონ; ხოლო თუ რა პირობით მოისურვებს მისი მეფური უდიდებულესობა მასთან, მეფესთან, ურთიერთობას, მათ ეს არ იციან. ამაში ღმრთისა და მისი მეფური უდიდებულესობის ნებაა - როგორც დიდი ხელმწიფე ინებებს, ისე იქნება. სთხოვოს, რომ ხელმწიფესთან დაუყოვნებლივ გამოუშვას, ხოლო რასაც მეფე მასთან ისაუბრებს, ყველაფერი მან აღწერილობაში უნდა ჩაწეროს.
3. „აღსარება მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ“
მართლმადიდებელ ქრისტეანეთა გასაცნობიერებლად ფედოტის ხელით გაიგზავნა მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ აღსარება მოკლე კითხვა-მიგების სახით. კითხვები ბოროტისაა, პასუხები კი კეთილმორწმუნისა.
1. კითხვა: ვინა ხარ შენ?
პასუხი: დაბადებით ადამიანი, მადლით კი ღმრთის შვილი.
2. რატომა ხარ ღმრთის შვილი?
პასუხი: რადგან ნათელვიღე საბანელით სულიერი განახლებისა, ანუ ვიშევ წყლითა და სულითა და ვეზიარე ქრისტეს ხორცსა და სისხლს.
3. კითხვა: რა არის ნათლისღება?
პასუხი: ნათლისღება პირველშობილი ცოდვისაგან განბანვაა; სხვაგვარად ასე შეიძლება განვმარტოთ: ნათლისღება არის საიდუმლო, რომელსაც ღმრთის შვილობამდე მივყავართ და მარადიული სიცოცხლისათვის გვშობს.
4. კითხვა: ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარება რაღა არის?
პასუხი: ზიარება არის ქრისტესთან ჩვენი შეერთება, მის კეთილქმედებებში თანამონაწილეობა და გაცხადება მარადიული სიცოცხლისა.
5. კითხვა: ღმრთის შვილია ყოველი, ვინც კი რწმენით მოინათლება?
პასუხი: ყოველი არა, მხოლოდ მართლმადიდებელი, ანუ ვინც მართლმადიდებლური სარწმუნოების შესაბამისად მოინათლა.
6. კითხვა: რას ნიშნავს მართლმადიდებლური სარწმუნოება?
პასუხი: მართლად გწამდეს და ადიდებდე მამა ღმერთს და ძე ღმერთს - უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს - და ერთ სულიწმიდას, როგორც ამას მრწამსი, ანუ პირველ და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული რწმენის სიმბოლო იტყვის, „მრწამს ერთი ღმერთი მამა...“ (47) და ასე ბოლომდე.
7. კითხვა: რა არის ღმერთი?
პასუხი: ღმერთი არის არსება უმიზეზო, მაგრამ მიზეზი ყოველთა, ყოვლად ძლიერი, ყოვლის შემძლებელი, ყოველგვარი არსის და ბუნების დამბადებელი.
8. კითხვა: რას ნიშნავს არსება?
პასუხი: არსება ეს არის თვითმყოფადობა, რომელიც არაფრის დამატებას აღარ საჭიროებს.
9. კითხვა: რამდენ არსებას აღიარებ ღმერთში?
პასუხი: ერთარსება ღმერთს ვაღიარებ.
10. კითხვა: რამდენ ნებას ანუ სურვილს?
პასუხი: ერთ ნებას. ამის შესახებ ეძიე წმიდა კირილე ალექსანდრიელის(48) კითხვარებში.
11. კითხვა: რამდენ პირს ანუ ჰიპოსტასს?
პასუხი: სამს - მამას და ძეს და სულიწმიდას.
12. კითხვა: როგორია შენი მართლმადიდებლური რწმენა ერთ ღმერთთან დაკავშირებით?
პასუხი: მწამს ერთი ღმერთი სამებაში განდიდებული - მამა უშობელი, მისგან შობილი ძე ღმერთი და სულიწმიდა ღმერთი მამისაგან გამომავალი.
13. კითხვა: როგორ შეიძლება ერთი ღმერთი სამებით იყოს?
პასუხი: ღმრთეებრიობის ერთბუნებრიობიდან გამომდინარე, ღმერთი ერთია, ხოლო სამპიროვნულად - წმიდა სამებაა. ამიტომ ყოველი ადამიანი თავის თავში წმიდა სამების ხატებას შეიცავს გონების, სიტყვისა და სულის სახით.
14. კითხვა: რითი განსხვავდებიან მამა, ძე და სულიწმინდა?
პასუხი: პირისა და სახელის თვისებებით, რადგან სხვა არის ჰიპოსტასურად მამა, სხვა არის ძე და სხვა კიდევ სულიწმიდა.
15. კითხვა: სამ ჰიპოსტას-ღმერთს რა აქვს საერთო და რა - განსხვავებული?
პასუხი: განსხვავებული ის არის, რომ მამას ახასიათებს შობოს, ძეს - იშვას, სულიწმინდას კი - გამოვიდეს. საერთო კი მათთვის არის ღმრთეებრიობა და მეუფება.
16. კითხვა: როცა მწამს წმიდა სამება, რას უნდა ვიცავდე, რომ მწვალებლობაში არ ჩავვარდე?
პასუხი: ძალიან აუცილებელია ორი რამის დაცვა, ანუ არსება განუყოფელია, ხოლო სამი პირი - შეურევნელი.
17. კითხვა: წმიდა სამებაში რომელ ჰიპოსტასს რა ხარისხი აქვს და რომელი ჰიპოსტასი რომლისგანაა?
პასუხი: როგორც ერთია ღმერთი, ასევე ერთია ჰიპოსტასი, რომლისგანაც ორი სხვა წარმოიქმნება: ჰიპოსტასი ძე ღმერთი მამა ღმრთისაგან იშვება და ჰიპოსტასი სულიწმიდა მამა ღმრთისაგან გამოდის.
18. კითხვა: ძისაგან რატომ არ შეიძლება სულიწმიდა გამოდიოდეს?
პასუხი: იმიტომ, რომ არ არსებობს ორი დასაბამი და ორი მიზეზი სულიწმიდის გამოსვლისათვის.
19. კითხვა: იქნებ ერთია ძე ღმერთი მამაში და მამა ძეში და არა ორი?
პასუხი: ღმერთი ერთია, მაგრამ ჰიპოსტასი ორია.
20. კითხვა: რადგან ორ ჰიპოსტასს ღმრთეებრივი ერთიანობა გააჩნიათ, არ შეიძლებოდა ორივე მათგანიდან, როგორც ერთი დასაბამიდან, სულიწმიდა გამოსულიყო?
პასუხი: არ შეიძლება, რამეთუ, საბელიოსის(49) მსგავსად, წმიდა სამებაში ჰიპოსტასებს არ ვურევთ და არსს არ ვაცალკევებთ, როგორც ამას არიოზი(50) აკეთებს.
21. კითხვა: მაშინ, როდესაც ვამბობთ, რომ მამამ, ძემ და სულიწმიდამ შექმნეს ცანი და ქვეყანანი, არ ვგულისხმობთ სამ შემოქმედს, ასევე აქაც არ უნდა ვიგულისხმოთ ორი დასაბამი, როცა მამა და ძე სულიწმიდას გარდამოავლენენ?
პასუხი: რადგან ერთია მათი სიმტკიცე და ძალი და ამით არის შექმნილი ცა და დედამიწა, ამიტომ ერთია შემოქმედი; რადგანაც მათი თვისებების ანუ ჰიპოსტასების საზღვრები არ არის ერთი იდიომა, როგორიცაა ხელისუფლება, არამედ რაღაც განსაკუთრებული, ამიტომ ორისგან, როგორც ერთისგან, მესამე არ შეიძლება გამოდიოდეს.
22. კითხვა: შენ თვითონაც ამბობ, რომ ერთია შემოქმედი, თუმცა სამია ჰიპოსტასი, არ შეიძლება, რომ ორი ჰიპოსტასისგან, როგორც ერთისგან, სულიწმიდა გამოდიოდეს?
პასუხი: ვხედავ, შენ სულიწმიდას ქმნილებასავით აღიქვამ, როგორც სულიწმიდის მგმობელი მაკედონიოსი(51); ან იქნებ არ იცი, რომ სხვა ძალა აქვთ ღმრთეებრივ პირებს და სხვა - ქმნილებებს წმიდა სამებაში თითოეული ჰიპოსტასის თვისებების შესაბამისად, ხოლო მათში ეს ძალა შემოქმედის ნებითაა დაცული.
23. კითხვა: თუკი მათ ერთი სიმტკიცე და შემოქმედებითი ძალა აქვთ და მამას შეუძლია სულიწმიდა გამოუშვას, მაშინ ძეს რატომ არ შეუძლია?
პასუხი: თუკი შენ მიგაჩნია, რომ სულიწმიდის გამოსვლა მხოლოდ ღმრთეებრივ ძალაზეა დამოკიდებული, მაშინ სულიწმიდასაც შესძლებია ძე შობოს, რამეთუ ძალა და უფლება ისეთივე გააჩნია, როგორიც მამას.
24. კითხვა: მართლაც, სულიწმიდისგან რატომ ვერ იშვება ძე, თუკი ერთი ღმრთეებრიობა გააჩნიათ და რახან მამა შობს ძეს, მაშინ იქნებ - სულიწმიდაც?
პასუხი: არც სულიწმიდა შობს ძეს და არც ძისგან გამოდის სულიწმიდა; როგორც უჯეროა ძისათვის ორი პირისაგან შობა, ასევე უჯეროა სულიწმიდისათვის ორი პირისაგან გამოსვლა.
25. კითხვა: რადგან წმიდა წერილი გვამცნობს, რომ სულიწმიდა ძის მიერ მამისაგან გამოდის, ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ძისგანაც?
პასუხი: არავითარ შეთხვევაში. სხვადასხვაა ძის მიერ და ძისგან. ბერძნულ ენაშიც დია (დია) და ეკ (ეც) სხვადასხვას აღნიშნავს.
26. კითხვა: სულიწმიდა ძისმიერია, ხომ არ ნიშნავს, რომ ძისგანაც გამოდის?
პასუხი: არ გამოდის, რადგან ერთია ვის მიერ და სულ სხვაა ვისგან; ხოლო იწოდება სულიწმიდა ძისმიერად იმიტომ, რომ ის უცხო არ არის, არამედ ისეთივე ღმრთეებაა.
27. კითხვა: თუკი ძესაც იგივე ღმრთეებრიობა გააჩნია, როგორიც მამას, ხოლო ღმრთეებისაგან სულიწმიდა გამოდის, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ძისგანაც?
პასუხი: ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ სულიწმიდა საკუთარი თავისგან გამოვიდოდა, რადგან იგივე ღმრთეებრიობისაა, ამიტომ უჯეროა ასეთი საუბარი.
28. კითხვა: თუკი ღმრთისგან გამოდის სულიწმიდა, ძე კი ღმერთია, ე. ი. სულიწმიდა ძისგანაც გამოდის?
პასუხი: სულიწმიდაც ღმერთია და, მაშასადამე, რა, საკუთარი თავისგან გამოდის?
29. კითხვა: ვიცით, რომ ის, რაც მამას გააჩნია, ძესაც გააჩნია; რადგან მამას სულიწმიდის გამომავლობის უნარი გააჩნია, ე. ი. ეს უნარი ძესაც გააჩნია?
პასუხი: რაც კი შეიძლება არსებას ეკუთვნოდეს - მეუფება, ძალი, დიდება, თაყვანისცემა და სხვა, აქვს არა მხოლოდ ძეს, არამედ სულიწმიდასაც; ხოლო ის, რაც მამას, როგორც ჰიპოსტასს, ახასიათებს, არც ძეს და არც სულიწმიდას გააჩნია: შობადობა და გამომავლობა; იმავე მამას არ გააჩნია ისეთი თვისება, როგორიცაა იყოს შობილი, რომელიც მხოლოდ ძეს ახასიათებს, და იყოს გამოსული, რაც სულიწმიდას ახასიათებს; მამა არც ძე ყოფილა არასდროს და არც სულიწმიდა.
30. ქრისტემ თავის მოწაფეებს სული შეუბერა და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ იგი მისგანაც გამოდის?
პასუხი: ეს არის შებერვა და არა ჰიპოსტასის გარდამოსვლა; სულიწმიდის ერთ-ერთი ნიჭის, ცოდვების მიტევების მიმადლება და არა - თავად ნუგეშინისმცემლისა, რომელსაც მისი ბრძანებით მოწაფეები უნდა დალოდებოდნენ.
31. არის თუ არა რომელიმე ჰიპოსტასი პირველი, ვიდრე სხვები, ან უკანასკნელი?
პასუხი: არც წარმომავლობის და არც ღირსების მიხედვით ჰიპოსტასთა შორის პირველობა და უკანასკნელობა არ არსებობს; დაუსაბამობით, პატივითა და ძალით ისინი თანაბარნი არიან; როცა იყო მამა, მაშინვე იყო ძე და მაშინვე იყო სულიწმიდა, ანუ არ ყოფილა ისეთი დრო, რომ წმიდა სამების შემადგენელი რომელიმე წევრი, იგივე - ჰიპოსტასი, არ ყოფილიყო. უფლის განკაცების შესახებ.
32. პირველი კითხვა: მოვისმინეთ, როგორია მართალი სარწმუნოება ერთსამება ღმერთის შესახებ; ახლა მოგვითხრე: ვინ არის ქრისტე?
პასუხი: ქრისტე არის მესია, ანუ ცხებული, ძე ღმრთისა, ჭეშმარიტი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი.
33. მეორე კითხვა: რამდენ ბუნებას აღიარებ ძე ღმერთში?
პასუხი: ორს - ღმრთეებრივსა და ადამიანურს.
34. მესამე კითხვა: რამდენ შობას?
პასუხი: ორს - ერთი მამა ღმერთისგან, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, მეორე კი - ღმრთისმშობელ მარიამისაგან, დროში.
35. მეოთხე კითხვა: ქრისტეში რამდენი ჰიპოსტასია?
პასუხი: ერთი; ერთია ძე ღმრთისა და ძე ქალწულისა.
36. მეხუთე კითხვა: რამდენია ნება ანუ სურვილი?
პასუხი: ორი ნება, ღმრთეებრივი და ადამიანური; [ღმრთეებრივ ნებას ავლენს], როცა მას სურს და განწმენდს (მათე. 8, 3-ჯ.გ.) და [ადამიანურს] - როდესაც დარწყულებას ითხოვს (იოანე. 4, 6.-ჯ.გ.).
37. მეექვსე კითხვა: რამდენი ქმედებაა [ქრისტეში]?
პასუხი: ორი ქმედება - ღმრთეებრივი და ადამიანური; [ღმრთეებრივია], როცა ის კაცთა მოდგმის გამოსახსნელად იღვწის, [ხოლო ადამიანურია], როდესაც იგი შრომობს.
38. მეშვიდე კითხვა: რა უნდა დავიცვათ და დავიმარხოთ განკაცებული უფლის მიმართ, რათა მწვალებლობაში არ ჩავვარდეთ?
პასუხი: ორი უმთავრესი რამ. პირველი ეს არის, ბუნებანი არ შევურიოთ, ანუ არ ვიგულისხმოთ მასში ერთი ბუნება, არც მხოლოდ ღმრთეებრივი, როგორც ამას ევტიქი(52) და დიოსკორე(53) აკეთებენ, და არც მხოლოდ ადამიანური, როგორც წყეული მწვალებლები არიოზი (კომენტ. 50-ჯ.გ.) და ევიონი(54) აღმსარებლობენ. მეორე კი - არ გაყო ჰიპოსტასი, ანუ არ იგულისხმო ორი ძე: ერთი - ღმერთი, ძე ღმრთისა, მეორე კი - კაცი, ძე კაცისა, - როგორც ამას წყეული (კომენტ.47-ჯ.გ.) ნესტორიანელი მწვალებლები აღმსარებლობენ. პირჯვრის გამოსახვის შესახებ(55). ქრისტეს ჯვარი ჩვენი კეთილმორწმუნეობის სრულ საიდუმლოს შეიცავს, გვასწავლის წმიდა სამების აღმსარებლობას, მხოლოდშობილი ძე ღმერთის ზეციდან მიწაზე ჩამოხდომას, მის ჯვარცმას, ამაღლებასა და სამსჯავრო დღეს კვლავ ზეციდან მის მეორედ მოსვლას. ცერა თითის ორ სხვა [საჩვენებელ და შუა] თითთან შეერთება, წმიდა სამების აღმსარებლობას გამოხატავს, ხოლო ამ დროს მოხრილი ორი დანარჩენი, ნეკა და არათითი, ქრისტეში ორი ბუნების აღიარების გამომხატველია. ასეთ მდგომარეობაში მარჯვენა ხელის შუბლთან მიდება ორი რამის მანიშნებელია: უფალი იესო ქრისტე იშვა ღმერთისგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და რომ, ღმრთეებრივი სიტყვისამებრ, ზეციდან ჩამოხდა: მოდრიკა ცანი და ჩამოხდა ( 2 მეფ. 22, 10.-ჯ.გ.). ხელის მუცელზე მიდება აღნიშნავს, რომ იგივე ძე ღმრთისა მიწაზე ჩამოხდა, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან განკაცდა და ადამიანებთან ერთად იცხოვრა, ჯვარს ეცვა, მოკვდა, აღდგა მესამე დღეს, ამაღლდა ზეცად და ამჟამად მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, მაგრამ ეს ჯერ დასასრული არ არის. იქიდან მარჯვენა ხელის მარჯვენა მხარზე გადატანა, შემდეგ კი - მარცხენაზე, ნათლად უჩვენებს, რომ სამსჯავრო დღეს მართალნი ღმრთისაგან მარჯვნივ დადგებიან, ხოლო ცოდვილნი - მარცხნივ; კიდევ იმას, რომ სამსჯავროზე მართალნი ცოდვილებს განსჯიან; სამსჯავრო დღეს მართალი ცოდვილს დაამარცხებს და არა ცოდვილი - მართალს; ამჟამად ცოდვილი მართალს ამარცხებს, მაშინ კი მართალნი არამცთუ ცოდვილ ადამიანებს, აგრეთვე ცოდვილ ანგელოზებსაც განსჯიან, როგორც ეს არის ნათქვამი: „არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაიცა?“ (ამის შესახებ იხილე მათეს სახარების 19-ე და ლუკას სახარების 22-ე თავებში, კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეს 6-ე თავში, „სიბრძნე სოლომონისა“(56) წიგნის 3-ე თავში).
4. ელჩინისადმი განაწესის დამატებითი მუხლები
ფედოტს განეწესა:
თუკი ღმერთი თავისი წყალობით სადადიანოს სახელმწიფომდე მიგაცილებთ, საჭირო იქნება გამოკვლევა იმისა, რამდენად იცავენ ბერძნული სჯულის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას სრულად და უვნებლად; ბერძნულ მართლმადიდებლობას ხომ არ დაშორებიან, ურიათა და ელინთა უკეთური რწმენა ხომ არ შერევიათ, ან ლათინთა ერესითა და სხვა ყოველგვარი ერეტიკული ცდომილებებით ხომ არ შეუბილწავთ რწმენა და შეურყევლად თუ იცავენ, შვიდი მსოფლიო კრების (კომენტ. 62-ჯ.გ.) განწესებებს კვლავაც ზუსტად თუ მისდევენ? ეკლესიებშიც უნდა ნახოთ, როგორი წესი აქვთ, ლიტურღიას როგორ აღასრულებენ, მსახურებისას რანაირი შესამოსელით იმოსებიან, წირვისას რომელ პურს ხმარობენ, ანუ აფუებულს თუ ხმიადს? ნაბრძანებია აგრეთვე, მოუსმინოთ ბერძნულად როგორ გამოთქვამენ: მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა? სული წმიდას, უფალს ჭეშმარიტს და ცხოველსმყოფელს როგორ აღმსარებლობენ და მის გამომავლობას როგორ აღიარებენ, ერთი მამისაგან გამომავალს ბრძნობენ თუ ძესაც ამატებენ? აქვთ თუ არა მათ საღმრთო ეკლესიებში ხატები, საკურთხეველი ტაძრის სივრციდან გამოყოფილია თუ არა და საეკლესიო ჭურჭლებზე ხატწერას ასრულებენ თუ არა? საუბრებში ისიც უნდა გამოკითხოთ: წლის ყველა წმინდა მარხვას ჩვენთან თანხმობაში იცავენ თუ არა და აღდგომას ბერძნული პასქალიით ჩვენთან ერთად თუ დღესასწაულობენ? ხოლო თუ რაიმეს წელთააღრიცხვის შესახებ იკითხავენ: რამდენი წელიაო ადამის სამყაროს შექმნიდან წარღვნამდე და სხვა, მეშვიდე ათასწლეულის განსრულებამდე...
მოკლე წელთაღრიცხვა.
ადამიდან წარღვნამდე 2242 წელია. წარღვნიდან ხალხების გაყოფამდე 530 წელი. ხალხების გაყოფიდან აბრაამამდე - 550 წელია, ადამიდან კი - 3322. აბრაამის პირველი წლიდან მეწამული ზღვის გადასვლამდე - 505, ადამიდან კი - 3827. ისრაელის ძეთა გამოსვლიდან დავით მეფის(57) სიკვდილამდე 630 წელია, ადამიდან კი - 4457 წელი. დავითის აღსასრულიდან ქრისტეს შობამდე 1043 წელია. სოლომონის (კომენტ. 56-ჯ.გ.) მეფობის დასაწყისიდან იერუსალიმის აღებამდე(58) 448 წელია, ადამიდან კი - 4907. იერუსალიმის დაპყრობიდან ალექსანდრე მაკედონელის(59) სიკვდილამდე 261 წელია, ადამიდან კი - 5168 წელი. [იერუსალიმის] დაპყრობიდან ქრისტეს შობამდე - 530. ალექსანდრეს სიკვდილიდან ავგუსტინეს მეფობამდე 228 წელია. ავგუსტინეს(60) მეფობის დაწყებიდან ქრისტეს შობამდე კი 42 წელია. ალექსანდრედან კი - 270. ადამიდან ქრისტეს შობამდე კი 5500 წელია. ქრისტეს შობიდან მის ვნებამდე და აღდგომამდე - 33. აღდგომიდან კონსტანტინე მეფის(61) პირველ წლამდე 279 წელია, ადამიდან კი - 5812. კონსტანტინე მეფის პირველი წლიდან პირველ კრებამდე 12 წელია. პირველი [კრებიდან] მეორემდე - 60 წელი, მეორედან მესამემდე - 50 წელი, მეოთხედან მეხუთემდე 100 წელია, მეხუთედან მეექვსემდე - 130 წელი, მეექვსედან მეშვიდემდე(62) -122. მეშვიდე კრებიდან 796 წელია გასული. ადამიდან ბულგარეთის ნათლისღებამდე(63) 6377 წელია. [ბულგარეთის] ნათლისღებიდან წმინდა კირილეს(64) მიერ სლავურ ენაზე წიგნების გადმოთარგმნამდე 30 წელია, ადამიდან კი - 6407 წელი. მეშვიდე კრებიდან კი წიგნების გადმოთარგმნამდე 77 წელია. რუსეთში კი რიურიკმა(65) მთავრობა 6370 წელს დაიწყო. წიგნების გადმოთარგმნიდან რუსეთის მიწების მონათვლამდე(66) 123 წელია. მონათვლიდან მეშვიდე ათასწლეულის ბოლომდე კი - 504 წელი.
ხოლო თუ კიდევ სარწმუნოების შესახებ დაგკითხავენ: როგორ გწამს კათოლიკე სარწმუნოება, ანუ ბერძნული კანონის საყოველთაო სამოციქულო ეკლესია? ამის შესახებ წაიკითხე ალექსანდრიის პატრიარქ ყოვლადუსამღვდელოეს ათანასეს(67) სიმბოლო (მრწამსი - ჯ.გ.). ალექსანდრიის პატრიარქ ყოვლადუსამღვდელოეს ათანასეს სიმბოლო ფედოტს გადაეცა.
გადარჩენის მოსურნეს, უპირველეს ყოვლისა, ეგების მიჰყვეს კათოლიკურ სარწმუნოებას; ვინც მას უვნებლად და შეუბილწავად არ დაიცავს, ყოველგვარი გაუგებრობების გარდა, სამუდამოდ დაიღუპება. კათოლიკე სარწმუნოება კი შემდეგია: ერთ ღმერთს სამებაში და სამებას ერთში ვაღიარებთ არც როგორც შერეულ შემადგენლობას, არც როგორც გაყოფილ არსებას; მართალია, ის შედგება მამისაგან, ძისაგან და სულუწმიდისაგან, მაგრამ მამას, ძეს და სულიწმიდას აქვთ ერთი ღმრთეებრიობა, თანაბარი დიდება, სამარადჟამო ბრწყინვალება; როგორიც მამაა, ისეთივეა ძე და ისეთივეა სულიწმიდა. არ არის ქმნილი მამა, არ არის ქმნილი ძე, არ არის ქმნილი სულიწმიდაც. მიუწვდომელია მამა, მიუწვდომელია ძე, მიუწვდომელია სულიწმიდაც. მარადიულია მამა, მარადიულია ძე, მარადიულია სულიწმიდაც. თუმცა, ამასთანავე, არა სამია მარადიული, არამედ - ერთი; ასევე არა სამია მიუწვდომელი, არც სამია არაქმნილი, არამედ ერთია არაქმნილი და ერთია მიუწვდომელი. მსგავსადვე, ყოვლისმპყრობელია მამა, ყოვლისმპყრობელია ძე, ყოვლისმპყრობელია სულიწმიდა, მაგრამ არა სამია ყოვლისმპყრობელი, არამედ ერთია ყოვლისმპყრობელი. ასევე, ღმერთია მამა, ღმერთია ძე, ღმერთია სულიწმიდაც, თუმცაღა, არა სამია ღმერთი, არამედ ერთია ღმერთი. ზუსტად ასევე, უფალია მამა, უფალია ძე, უფალია სულიწმიდაც, თუმცა არა სამია უფალი, არამედ ერთი. მაგრამ ზოგჯერ ქრისტიანული ჭეშმარიტებით იძულებული ვხდებით, რომ ღმერთის შემადგენლობა და უფალი ცალკე ვაღიაროთ; ასე რომ, სამი ღმერთისა და სამი უფლის გამოთქმა კათოლიკური კეთილკრძალულებით დაუშვებელია. მამა არავის მიერ არ არის შექმნილი, არც შედგენილი, არც შობილი. ძე მამისგან არ არის შექმნილი, არც შედგენილი, არამედ შობილი. სულიწმიდა მამისგან არ არის შექმნილი, არც შედგენილი, არც შობილი, არამედ გამომავალი. მაშასადამე, ერთი არის მამა, არა სამი მამა; ერთია ძე, არა სამი ძე; ერთია სულიწმიდა, არა სამი სულიწმიდა. მთელ სამებაში არავინაა პირველი ან უკანასკნელი, არავინაა მეტი ან ნაკლები, არამედ ყველა სამი შემადგენელი წევრი თანაარსია და თანასწორი. ყველაფერ ამის გამო, როგორც უკვე ვთქვით, სამება ერთში და ერთი სამებაში თაყვანისიცემების. ვისაც ცხონება სურს, წმიდა სამებაზე ასე უნდა იმსჯელოს. მაგრამ სამარადისო ცხოვრებისათვის საჭიროა უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს განკაცების შესახებ სწორად გვწამდეს. როგორც არის მართალი სარწმუნოება, გვწამს და ვაღიარებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა, ღმერთი და კაცი. ღმერთი ერთარსი მამისა, შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და ადამიანი მშობლის არსებიდან დროში შობილი, სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი, სიტყვიერი სულისა და ადამიანური ხორცისაგან შემდგარი, თანასწორი მამისა ღმრთეებრიობით, ნაკლები მამისა ადამიანურობით. ის, ვინც არის ღმერთიც და ადამიანიც, არის არა ორი, არამედ ერთი ქრისტე, ერთი ხორცში გარდაუქცეველი ღმრთეებრიობით, მაგრამ ღმრთეებრიობაში შეთავსებული ადამიანობით; ერთი, თუმცა შეურევნელი ბუნებით, მაგრამ ერთი შემადგენლობით, როგორც სიტყვიერი სულისაგან და სხეულისაგან შედგება ერთი ადამიანი, ასევე ღმერთი და ადამიანი ერთია - ქრისტე, რომელიც ჩვენი გამოხსნისათვის ევნო და შთახდა ჯოჯოხეთს, მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა და ამაღლდა ზეცად, მჯდომარე არს მარჯვენით მამა ღმრთისა ყოვლისმპყრობელისა, სანამ კვლავ არ მოვა განსჯად ცოცხალთა და მკვდართა; მისი მოსვლით ყველა ადამიანი თავის სხეულში აღდგება და თავიანთი საქმეებისათვის პასუხს მისცემენ. კეთილის მოქმედნი მარადიულ ცხოვრებაში წავლენ, ბოროტისმოქმედნი კი - ჩაუქრობელ ცეცხლში. ეს არის კათოლიკე სარწმუნოება. ვინც მას ერთგულად და ჭეშმარიტად არ იწამებს, მისთვის გადარჩენა შეუძლებელია.
5. მეფე მიხეილის სიგელი სადადიანოს მეფე ლევანისადმი
ერთ ღმერთს, დაუსაბამოს, უსასრულოს და უხილავს, საშინელსა და მიუდგომელს, უმაღლეს ცათა დამკვიდრებულს, ზეციურ ძალთა მფლობელს და თავისი სიბრძნის ერთი უკვდავი სიტყვით ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედს, თვითმპყრობლური საღმრთო სულით ყველას განმაცხოველებელს, თვალით დაუძინებელით დედამიწის მიმომხილველს და მასზედ ყველაფრის მაშენებელს და ყველა კაცთათვის სახიერი ნუგეშის მიმნიჭებელს, მასვე სამ სახელში იხსენიებენ, ძრწიან და შიშობენ ზეცაში, ქვეყანაზე და ქვესკნელში; იმ ერთ ღმერთს სამებაში პატივს ვცემთ და თაყვანს ვცემთ, მისი სამბრწყინვალე საღმრთო ყოვლადძლიერების გამოუთქმელი წყალობით ვდგავართ, ვმოძრაობთ და ვმყოფობთ; დიდმშვენიერებას მისას ქებას აღვუვლენთ და ამ სამებაში განდიდებულის ჩვენი ღმერთის წყალობით სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფე და დიდი მთავარი მიხეილ თევდორეს-ძე, თვითმპყრობელი ვლადიმირის, მოსკოვის, ნოვგოროდის, მეფე ყაზანისა, მეფე ასტრახანისა, მეფე ციმბირისა, ხელმწიფე ფსკოვისა და დიდი მთავარი ტვერისა, იუგორისა, პერმისა, ვიატკისა, ბულგარეთისა და სხვათა, ხელმწიფე და დიდი მთავარი ნოვაგოროდის ქვემორე მიწებისა, რიაზანისა, როსტოვისა, იაროსლავისა, ბელოოზიორისა, უდორისა, ობდორისა, კონდინისა და მბრძანებელი მთელი ჩრდილოეთ ქვეყნებისა, ხელმწიფე და მფლობელი სხვა მრავალ სახელმწიფოთა სადადიანოს ქვეყნის მეფე ლევანს ჩვენს კეთილ მეფურ სიტყვას გადმოგცემთ დიდი წყალობით და ჩვენი მეფური ხელისუფლების ძალით ყველა შენი მტრისაგან მტკიცე დაცვას გპირდებით შენ, მეფე ლევანს და მთელ შენს ქვეყანას. ჩვენს მეფურ უდიდებულესობასთან შენი ელჩი, შენი კარის ეკლესიის მღვდელი გაბრიელი სიგელით გამოგიგზავნია და ჩვენ, დიდმა ხელმწიფემ, იგი წყალობით მივიღეთ, საელჩოდ ჩვენთან პირისპირ შეხვედრაზე მოვიწვიეთ, მისგან თქვენი სიგელის მიღება ვბრძანეთ და სულგრძელად მოუსმინეთ. შენს სიგელში კი ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, გვწერდი, რომ შენ ჩვენ მეფურ უდიდებულესობასთან შენი ერთგული კაცი, შენი კარის ეკლესიის მღვდელი გაბრიელი ელჩად გამოგზავნე იმ მიზეზით, რომ შენ, მეფე ლევანი, და მთელი შენი სახელმწიფო, რომელიც ივერიის ქვეყანაშია, არის მართლმადიდებლური და ჭეშმარიტად ქრისტიანული, ცხოვრობთ ქრისტეს სჯულისამებრ, მოციქულებისა და შვიდი კრების სწავლებების თანახმად, გწამთ წმიდა სამება და ყოვლადწმიდა, ყოვლადუბიწო ღმრთისმშობელი, ერთი წმიდა სამოციქულო ეკლესია, ერთი წმიდა ნათლისღება, მოელით აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა. როგორც სასოებთ მერმისა მის საუკუნესასა დადგომას, ასევე სასოებთ ჩვენგან, დიდი ხელმწიფისაგან, წყალობის მიღებას, რამეთუ ღმერთმა გამოგვარჩია ჩვენ, დიდი ხელმწიფე, და დასაბამი დაუდო ჩვენს ხელმწიფობას ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანზე. ივერიის ქვეყანაში კი ხუთი სახელმწიფო ყოფილა და სპარსეთის შაჰს მათგან ორი ხელმწიფე დაუხოცავს, ხოლო სამი დანარჩენი ხელმწიფის სახელმწიფოები ღმრთის შეწევნითა და ჩვენი მეფური უდიდებულესობის მრავალწლიანი ბედნიერებით შენს, მეფე ლევანის, მფლობელობაშია; მრავალი წელია უკვე, რაც დიდი სურვილი გაქვს, ემსახურო ჩვენ მეფურ უდიდებულესობას, მაგრამ სათანადო დრო ვერ გამონახე იმისათვის, რომ ჩვენთვის, დიდი ხელმწიფისათვის, ამის შესახებ თხოვნით მოგემართა. ამჯერად კი ჩვენთან, დიდ ხელმწიფესთან, ის შენი კარის ეკლესიის მღვდელი გაბრიელი ელჩად გამოგზავნე, თაყვანს სცემ ჩვენს მეფურ უდიდებულესობას, მთელი შენი სამფლობელოთი და სახელმწიფოთი მზადყოფნას აცხადებთ გვემსახუროთ ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, თვითონ შენ, ლევან მეფე, წმინდა საღმრთო ეკლესიებით, მის მეთაურთან ერთად და მთელი შენი სამფლობელოებით. უმორჩილესად გვთხოვ ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, გვევედრები და გვთხოვ, რომ შენ გიწყალობოთ და შენთან სამეფო სიგელებითა და ბრძანებით ჩვენი ელჩი გამოვაგზავნოთ, რომ მან შენი სახელმწიფო დაათვალიეროს და ჩვენ, დიდმა ხელმწიფემ, შენ ჩვენი მეფური უდიდებულესობის მაღალი ხელის მფარველობის ქვეშ მიგიღოთ; შენ კი, ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, გვემსახურები ისე, როგორც სხვა ჩვენი ქვეშევრდომები, რომლებიც ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, გვემსახურებიან. შენ კი ჩვენგან, დიდი ხელმწიფისაგან, დახმარება და მხარდაჭერა გექნებოდა, რათა ქრისტიანულ სარწმუნოებაში მტკიცედ და ურყევად მდგარიყავი. ჩვენ, დიდმა ხელმწიფემ, შენი წერილი და უმორჩილესი თხოვნა, რომელიც ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, შენი ელჩის, გაბრიელის, ხელით გამოგვიგზავნე, უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია - შენ, მეფე ლევანი, და მთელი შენი ივერიის ქვეყანა ჩვენი მაღალი მეფური ხელის მფარველობის ქვეშ გვინდა მივიღოთ. გიქებთ საქციელს, რომ ჩვენი მეფური წყალობა მოძებნე და შენი ელჩი ჩვენთან თხოვნით გამოაგზავნე; ვიწყებთ შენი და მთელი შენი ქვეყნის ჩვენი მეფური წყალობის მფარველობის ქვეშ აყვანას, მასზე ზრუნვას. ამჟამად კი შენი ელჩი, გაბრიელ მღვდელი, ჩვენი მეფური წყალობით შევიწყნარეთ და თქვენთან უკან გამოვუშვით; ჩვენი მეფური უდიდებულესობის ამ სიგელით კი შენთან ფედოტ ელჩინი გამოვაგზავნეთ და მას დავავალეთ თქვენ, მეფე ლევანს გითხრათ; რა პირობით და სანდოობით გინდა შენ, მეფე ლევანს, ჩვენი მეფური მოწყალებრივი მზრუნველობისა და მორჩილების ქვეშ ყოფნა და რა მტკიცებულებას მოგვცემ, რომ ჩვენი მეფური უდიდებულესობისათვის ყველაფერი ცხადი იყოს. თქვენ კი, მეფე ლევანს, ყველაფერ ამის შესახებ ჩვენი მეფური უდიდებულესობისათვის საკუთარი ხელით და ბეჭდით ზუსტად მოგეწერათ, რათა ჩვენი მეფური უდიდებულესობისთვის, სარწმუნო და საიმედო ყოფილიყო და მომავალშიც გამოგვეგზავნა შენთან ჩვენი ელჩი ყველაფრის დასამტკიცებლად. ფედოტ ელჩინი კი თანაშემწეებთან ერთად ჩვენთან, დიდ ხელმწიფესთან, დაუყოვნებლად გამოუშვით.
დაწერილია ჩვენი სახელმწიფოს სამეფო კარზე სამეფო ქალაქ მოსკოვში სამყაროს შექმნიდან 7147 [1639] წლის 30 მაისს.
6. ფიცის ტექსტი, რაზეც უნდა დაიფიცოს სადადიანოს მეფე ლევანმა, თუ თვითონ მოისურვა ხელმწიფის ერთგულებაზე დაფიცება
დიდ ხელმწიფე მეფეს და დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძეს, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელს და მისი მეფური უდიდებულესობის შვილებს კეთილმსახურ უფლისწულ მთავარ ალექსი მიხეილის-ძეს და რომელ შვილებსაც მას, დიდ ხელმწიფეს, მომავალში ღმერთი მისცემს, მე, ლევან მეფე, ჩემი და ჩემი შვილების, შვილიშვილების, ყველა ჩემი ახლობელი ადამიანის და მთელი სადადიანოს ქვეყნის სახელით ამ წმიდა და ცხოველსმყოფელ საუფლო ჯვარზე ფიცს ვაძლევ იმის შესახებ, რომ დიდ ხელმწიფე მეფესთან და დიდ მთავართან მიხეილ თევდორეს-ძესთან, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელთან გაგზავნილი მყავდა სათხოვნელად ჩემი ელჩი გაბრიელი, რათა მან, დიდმა ხელმწიფე მეფემ და დიდმა მთავარმა მიხეილ თევდორეს-ძემ, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელმა მე, ლევან მეფე, ჩემი შვილები და მთელი სადადიანოს ქვეყანა შეიწყალოს და თავისი მაღალი მეფური ხელის მფარველობის ქვეშ აიყვანოს, თავისი მეფური მოწყალებრივი მზრუნველობის ქვეშ იყოლიოს და ურწმუნოთაგან დაიცვას. დიდმა ხელმწიფე მეფემ და დიდმა მთავარმა მიხეილ თევდორეს-ძემ, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელმა გამოიჩინა წყალობა ჩემდამი, ჩემი შვილებისა და მთელი ჩემი სადადიანოს ქვეყნის მიმართ და თავისი მაღალი მეფური ხელის მფარველობის ქვეშ აგვიყვანა; მე, მეფე ლევანს, ჩემს შვილებს და მთელ ჩემს სადადიანოს ქვეყანას ამიერიდან დიდი ხელმწიფე მეფე და დიდი მთავარი მიხეილ თევდორეს-ძე, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელი და მისი ხელმწიფების შვილები - კეთილმსახური უფლისწული ალექსი მიხეილის-ძე და რომლებიც მას, ხელმწიფეს, მომავალში ღმრთისგან მიეცემა, მათი მეფური უდიდებულესობა გვმფარველობს. მისგან, დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძისგან, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელისგან და მისი მეფური უდიდებულესობის შვილებისაგან კეთილმსახურ უფლისწულ მთავარ ალექსი მიხეილის-ძისგან და რომლებსაც მათ, ხელმწიფეებს, მომავალში ღმერთი მისცემს, არ განვდგები. მე, ჩემი შვილები და მთელი ჩემი სადადიანოს ქვეყანა, დიდ ხელმწიფე მეფეს, დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძეს, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელს, მისი მეფური უდიდებულესობის შვილებს ცუდს არ გავუკეთებ და არც გავიფიქრებ. დიდ ხელმწიფე მეფეს, დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძეს, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელს, მისი მეფური უდიდებულესობის შვილებს არ განვუდგები და სხვას არ შევუდგები. ჩემს ხალხს ომში დასახმარებლად დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელისა და მისი მეფური უდიდებულესობის შვილების ქვეყნის წინააღმდეგ არსად გავუშვებ. მისი, ხელმწიფის, მეგობრისათვის მეგობარი ვიქნები და მისი, ხელმწიფის, მტრისათვის - მტერი. ხოლო ვინც იქნება დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელისა და მისი მეფური უდიდებულესობის შვილების მეგობარი, ის ჩემი, ლევან მეფისა, და ჩემი შვილების მეგობარიც არის, ხოლო ვინც დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელისა და მის მეფური უდიდებულესობის შვილების მტერია, ის ჩემი, მეფე ლევანისა, და ჩემი შვილების მტერია. თუკი ვინმე ჩემი ხალხიდან, სადადიანოს ქვეყნიდან, ხელმწიფის ხალხის მიმართ, რომლებიც ხელმწიფის ქალაქებში თერგზე ან ასტრახანში, ან სხვა ქალაქებში იქნებიან, რაიმე ცუდს განიზრახვენ და, ჩავლენ რა იმ ქალაქებში, კანონს დაარღვევენ ანდა რაიმე ღალატს ჩაიდენენ, მაშინ მე იმ ჩემს ხალხს სადადიანოს ქვეყანაში მოვძებნი, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის დავსჯი და კანონდარღვევას მოვაშლევინებ. მე და ჩემი შვილები, მთელი ჩემი სადადიანოს ქვეყანა დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელისა და მის მეფური უდიდებულესობის შვილების მორჩილების ქვეშ ვიქნებით. მათგან, ხელმწიფეთაგან, არ განვდგები არც რაიმე ხერხით, არც რაიმე მზაკვრობით. ხელმწიფეთა მიმართ გულწრფელი ვიქნები და, ამ ფიცის თანახმად, სიცოცხლის ბოლომდე ყველაფერში სიკეთე მენდომება, როგორც ამ ტექსტშია დაწერილი.
7. სადადიანოს ქვეყანაში გაგზავნილი ხელმწიფის დოკუმენტების აღწერა
დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორესძის სრულიად რუსეთის თვითმპყრობელისაგან სიგელი სადადიანოს მეფე ლევანისადმი, დაწერილია ბერძნულად. ხელმწიფის განაწესი, რომლის მიხედვიდაც მან, ფედოტმა, სადადიანოს ქვეყანაში ხელმწიფის საქმენი უნდა წარმართოს. სამგზავრო სიგელი, რომლითაც მათ გზად უნდა იარონ და საბარგულები, ნიჩბოსნები, დღიური საკვები და სასმელი იქონიონ. სიგელი ყაზანში მათი გამგზავრების შესახებ. სიგელი ასტრახანში მათი გამგზავრების შესახებ. სიგელი თერგში მათი გამგზავრების შესახებ. სიგელი თერგში საელჩო ხალხის შესახებ. სიგელი ყაბარდოელ მულდარ მურზასთან (კომენტ. 34-ჯ.გ.) მათი გატარების შესახებ და მისი ასლი. სიგელი ოლეგუკა მურზა ილბაკოვთან (კომენტ. 4,34 - ჯ.გ.) მათივე გატარების შესახებ. სამგზავრო სიგელი თერგში მთავრებთან და მურზებთან მათი გატარების შესახებ და მისი ასლი. ფიცის ტექსტი, რომლის მიხედვითაც ლევან მეფის დაფიცება უნდა მოხდეს; სათადარიგოდ იგზავნება იმ შემთხვევისათვის, თუკი ლევან მეფე დაფიცებას მოისურვებს.
8. სადადიანოს მეფე ლევანის სიგელი მეფე მიხეილისადმი.
1640 წლის 15 მაისი.
თარგმანი სიგელისა, რომელიც სადადიანოს ქვეყნის მფლობელმა ლევანმა სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფესა და დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძეს ფედოტ ელჩინის ხელით გამოუგზავნა.
ჭეშმარიტ ღმერთს მამასა და ძესა და სულსა წმიდასა თაყვანს ვცემთ და ვადიდებთ; ერთია ძალა, ერთია არსება, ერთია ღმრთეება სამ ჰიპოსტასში, სამ პირში, წმიდა სამებას თაყვანს ვცემთ და ვადიდებთ მცხოვრებნი ივერიის ქვეყანაში ლევან დადიანის კუთვნილ სამეგრელოს ოლქში. თაყვანს ვცემთ და ვევედრებით ყოვლადუდიდებულეს მტკიცე და ძლევამოსილ თქვენს დიდმპყრობელურ მეფობას დიდ ქალაქ მოსკოვში, რუსეთის მთელი ჩრდილოეთი მხარისა და სხვათა მფლობელს, ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ მზეს, ყოვლადნათელ დიდ ხელმწიფე მეფეს და დიდ მთავარს სახელად მიხეილს. ქრისტიანული სარწმუნოების [ხალხების] მმართველად და ზედამხედველად ქრისტეს შენ დაუდგენიხარ; შენ ხარ გვირგვინი და თავი ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისა, თვით საღმრთო მარჯვენით გამორჩეული ყველა ქრისტიანთა მფარველად და გამგებლად.
ვთხოვთ, ვევედრებით და ვმადლობთ უფალ ღმერთს იესო ქრისტეს, ყოვლადუბიწო მის მშობელს და ყველა წმინდანს იმიტომ, რომ შენ ხარ დიდი მეფე და მართლმადიდებლობის დამცველი დიდ ქალაქ მოსკოვში; მთელ მსოფლიოში თქვენი დიადი ხმა და სახელი ელვარედ ანათებს, თავისი ტკბილი, მოწყალე სიტყვითა და საქმით ყველას იცავს და მფარველობს. თქვენმა დიადმა სახელმა ჩვენამდეც მოაღწია და, ვითარცა კაშკაშა მზემ, მთელი ჩვენი სამთავრო გაანათა. ამის შესახებ განუწყვეტლივ ვხარობთ და ვმხიარულობთ, როცა ვიხსენებთ შენს დიდებულ სახელს, ყოველდღიურად ვლოცულობთ და ვითხოვთ ყველა, რომ მრავალჟამიერ დიდმპყრობელობა მოგმადლოს ღმერთმა შენ, მეფე მიხეილს. რახან ჩვენთან, დიდო მეფეო, ელჩად შენი კაცი, ერთგული ფედოტი თანაშემწეებთან ერთად სიგელით გამოაგზავნე, ჩვენც იმ შენს მეფურ სიგელს გავეცანით და ქვეშევრდომულად მორჩილის მდგომარეობაში მყოფმა დიდი პატივით მივიღეთ; ვემთხვიე მას დიდი ქვეშევრდომული სიყვარულით და აღვიქვით იგი, როგორც ქრისტეს ბრძანება, რადგანაც ვსასოებთ ღმერთს, გვწამს ქრისტე, წმინდა მოციქულთა მოძღვრება და შვიდი კრება (კომენტ. 62-ჯ.გ.), ვსასოებთ მომავალ აღდგომას, გვწამს ერთი წმინდა სამოციქულო ეკლესიისა და ერთი ნათლისღებისა. როდესაც თქვენი კეთილკრძალული მეფური სიგელი ელჩ ფედოტისგან მივიღეთ, ამ სიგელში თქვენი მეფური უდიდებულესობა მწერდა მე, რომ როგორც თავიდანვე ვიყავით მართლმადიდებელი ქრისტიანენი, ისევ ისე თუ ვდგავართ მართლმადიდებლობაში და ჭეშმარიტებაში, როგორც თავიდან გვქონდა და როგორიც მართებს და შეეფერება კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას; მაშინ ჩვენ მივიღებთ მისაგებელს და მადლს უფლის სასუფევლიდან, მისი ყოვლადუზენაესი მარჯვენის საფარველს, დიდ მფარველობასა და მადლს. ჩვენ კი, მოვისმინეთ რა თქვენი მეფობის ასეთი წყალობა, თქვენი სამეფოს ხალხი წავიყვანეთ, მათ ჩვენი ეკლესიები, წმინდა ნაწილები და მთელი ჩვენი სამთავრო ვაჩვენეთ. თქვენს სიგელს და მეფურ სურვილს გავეცანით. რაც ინებეთ, ჭეშმარიტად და კეთილი განწყობით აღვიქვით, როგორც ქრისტესთვის არის სათნო. რასაც გვწერ, იმაზე უარი არ გვითქვამს. ჩვენ გვმართებს, ასეთ დიდ მართლმადიდებელ მეფეს მადლობა მოგახსენოთ, გთხოვოთ და გევედროთ, როგორც თქვენს მეფობას შეეფერება, რადგანაც ქრისტეს სარწმუნოება გიყვარს, ამიტომ საჭიროა ყველა ქრისტიანს დაეხმაროთ. ჩვენ გამოვავლინეთ სრული გულისხმიერება თქვენი მეუფების ელჩის მიმართ, ვაჩვენეთ მას ქრისტეს სისხლი, ქრისტეს სამსჭვალი და თოკი, რომლითაც შეკრული იყო ქრისტე, ასევე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის კვართი და სხვა წმინდა ნაწილები. თქვენი მეუფებისთვის ცნობილია, რომ ივერიის ქვეყანაში ბევრი ხელმწიფე იყო და მტრებისგან, თურქებისგან აოხრდნენ. ჩვენ კი კვლავ ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მადლით კეთილად ვართ. ამჟამად კი თქვენმა დესპანმა ნახა ჩვენი ეკლესიები, რომ მათი კედლები მოუწერელია და იქნებ თქვენ გენებათ, გამოგეგზავნათ ხატმწერები ყოველგვარი საღებავებითა და ოქრო-ვერცხლით, რომ ეს ეკლესიები მოხატონ; თქვენი სამეფო კი მისაგებელს მიიღებს. შენ კი გევედრებით, რახან ასეთი დიდი და მართლმადიდებელი მეფე ხარ, არ გვკრა ხელი, რათა ყოველთვის გვქონდეს შენი მფარველობა და წყალობა, ჩვენ კი გემსახურებით როგორც ჯერ არს. ამჯერად კი უცებ ვერ მოვასწარით ჩვენი ელჩის გამოგზავნა თქვენი მეფური უდიდებულესობის ელჩთან ერთად, რადგან რაღაც უბედურება დაგვატყდა თავს, რაც თქვენმა ელჩმაც ნახა, ამიტომ არ გამოვაგზავნეთ. ხოლო როგორც კი ამის დრო მოვა, თქვენი მეუფების თაყვანსაცემად კაცს გამოვაგზავნი; გვაქვს თქვენი დიდი მეუფებისგან დიდი წყალობის იმედი, რომ ვინმეს გამოაგზავნი ჩვენთან. დაწერილია ქრისტეს შობიდან 1640 წლის 15 მაისს. სიგელის ქვევით კი წერია: დაწერილია მეგრელთა ქვეყანაში, ზუგდიდში.
სიგელის უკან კი ქართულად წერია, ხოლო რა წერია, უცნობია.
9. საქმე მღვდელ პავლე ზახარიევის საჩივარზე თარჯიმან ფედოტ ელჩინის წინააღმდეგ.
147 [1639 წ. ] წლის 29 მაისს სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის მიერ სადადიანოს ქვეყანაში სადადიანოს მეფე ლევანთან სამეფო სიგელით გაიგზავნა საელჩო პრიკაზის თარჯიმანი ფედოტ ელჩინი და მასთან, ფედოტთან, ერთად სადადიანოს ქვეყანაში გაგზავნილი იყო პავლე მღვდელი იმისათვის, რომ მას სადადიანოს ქვეყანაში საეკლესიო კეთილკრძალულება და წესი შეესწავლა. მიმდინარე 149 {1640} წელს, როცა ისინი, ფედოტი და პავლე მღვდელი, სადადიანოს ქვეყნიდან უკან, ხელმწიფესთან ბრუნდებოდნენ, გზიდან, ასტრახანიდან, სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფესა და დიდ მთავართან მიხეილ თევდორეს-ძესთან პავლე მღვდელმა ასტრახანელი სტრელეცის ვასკა კალუჟანინის ხელით ფედოტ ელჩინზე მოიწერა. 23 ოქტომბერს საელჩო პრიკაზში სათათბიროს დიაკებს თევდორე ლიხაჩევს, მაქსიმე მატიუშკინსა და
გრიგოლ ლვოვს სტრელეცმა ვასკამ შემდეგი ნაწერი გადასცა:
სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფესა და დიდ მთავარ მიხეილ თევდორეს-ძეს შენთვის, ხელმწიფისათვის, ღმრთისადმი მლოცველი მღვდელი პავლიშე თხოვნით მოგმართავს. გასულ 147{1639} წელს, ხელმწიფეო, შენი ხელმწიფებრივი ბრძანებულებით მე, შენი ღმრთისადმი მლოცველი, ფედოტ ელჩინთან ერთად სადადიანოს ქვეყანაში ვიქენი გაგზავნილი. როცა, მეფეო, თერგიდან გავედით, ფედოტმა მდინარე ბისტრაიაზე ატამან ოსიპ მალოვის დასახლებაში შეიარა. ოსიპის სტანიციდან ფედოტმა კაზაკი ალექსანდრე ივანოვი შენი ხელმწიფებრივი ბრძანებულების გარეშე სადადიანოს ქვეყანაში წაიყვანა; ის კაზაკი ალექსანდრე კი საქართველოს მკვიდრია(68). მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: ხელმწიფის ბრძანებულების გარეშე სახიფათოა იმ კაზაკის სადადიანოს ქვეყანაში წაყვანა, რათა იმ კაზაკისაგან რაიმე ცუდი არ მომხდარიყო. ფედოტმა კი მითხრა: ხელმწიფის ბრძანებულების გარეშე ჩემთან ერთად თუნდაც ასი კაზაკი წამოსულიყო, მე ყველას თან წავიყვანდიო. როგორც კი ალეგუკას ყაბარდოში ალეგუკას ძმასთან - ხაპუკასთან მივედით და ხაპუკამ ფედოტი და მე, შენი ღმრთისადმი მლოცველი, გამოგვიშვა, თავის უზდენს, პშუკას უბრძანა, პირდაპირი გზით სვანეთამდე გამოვეცილებინეთ. ხაპუკიდან სვანეთამდე კი ... და ფედოტი, ხელმწიფეო, იმ პირდა[პირი გზით კი არა], არამედ სხვა გზით წავიდა... ხაპუკას{გან წამოვედით და} ყარაჩაიში მეხუთე დღეს მივედით. ყარაჩაიში, ხელმწიფეო, ფედოტი ვაჭრობდა, ყარაჩაეველ მურზებთან და სხვა ჩერქეზებთან წვეულებებზე დადიოდა, მათთან და მათ ცოლებთან საჩუქრები დაჰქონდა. ვაჭრობის გამო, ხელმწიფეო, ფედოტი ყარაჩაიში თხუთმეტი დღე ცხოვრობდა და იმ ვაჭრობიდან მონაგები.... აძლევდა აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილს... მე, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი:.... საქმეზე უნდა ვიზრუნოთ და ვიჩქაროთ, წვეულებებზე კი არ ვიაროთ და შენი ვაჭრობისათვის აქ არ უნდა დავრჩეთ. ყარაჩაიდან სვანეთამდე ხუთი დღე მივდიოდით, სვანეთიდან სადადიანოს ქვეყანამდე ხუთი დღე ვიარეთ. ფედოტს, ხელმწიფეო, შენი სიგელი ყარაჩაიდან სადადიანოს ქვეყანამდე უკან დამაგრებული მიჰქონდა. მე, ხელმწიფეო, ვეუბნებოდი, ცოდვაა ხელმწიფის სიგელის უკანალზე ქამრით დამაგრება. მისი ტარება შენ, ფედოტს, თავზე ან მხრებზე და მკერდზე გმართებს, რადგან იმ სიგელში სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორის-ძის სახელი წერია. ხელმწიფეო, როგორც კი სადადიანოს ქვეყანაში მივედით, ფედოტმა მე, შენს ღმრთისადმი მლოცველს, ქაღალდი, მელანი და კალამი წამართვა, შენს სახელმწიფო საქმეებზე წერა ამიკრძალა და მე, შენს ღმრთისადმი მლოცველს, საშინელი მუქარით დამემუქრა; ხოლო იმ კაზაკმა, რომელიც ფედოტმა მდინარე თერგიდან სადადიანოს ქვეყანაში წამოიყვანა, რაც სმოლენსკთან უფლისწულთან დაკავშირებული იყო (კომენტ. 40-ჯ.გ), რაც ყირიმის მეფესთან (კომენტ. 37-ჯ.გ.) და სხვა მუსულმანურ ურდოებთან დაკავშირებით მოხდა, იმ კაზაკმა სადადიანოს ქვეყანაში ყველაფერ ამის შესახებ ილაპარაკა. როდესაც მეფე ლევანმა ფედოტს შენი ხელმწიფებრივი სიგელით მასთან საელჩოდ მისვლა უბრძანა და ფედოტი გაემგზავრა, შენი ხელმწიფებრივი სიგელის წაღება ოსიპ თარჯიმანს უბრძანა. როცა, ხელმწიფეო, შენი ხელმწიფებრივი სიგელი მეფე ლევანისათვის უნდა გადაეცა, შენი ხელმწიფებრივი სიგელი ფედოტმა ოსიპ თარჯიმანს გამოართვა. მე კი, ხელმწიფეო, შენი ხელმწიფობის ღმრთისადმი მლოცველი, მეფე ლევანთან ხელზე სამთხვევად გამგზავნა, მაგრამ შენი ხელმწიფებრივი სიგელი არ მოუცია და მე, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: ჯერ შენ გმართებს, ფედოტ, ხელმწიფებრივი სიგელით ლევან მეფესთან მიახლება, ჩვენ კი შენს შემდეგ... ფედოტმა მითხრა: როგორც გიბრძანებენ, ისე მოიქეციო. და მე... ფედოტის ბრძანებით მეფე ლევანთან... ჩემს შემდეგ, ხელმწიფეო, ოსიპ თარჯიმანი, ოსიპის მერე ფედოტის კაცი, ივაშკა, მიდიოდა მეფე ლევანის ხელზე სამთხვევად; ფედოტი კი თავისი კაცის, ივაშკას, შემდეგ შენი, ხელმწიფებრივი, სიგელით მიდიოდა მეფე ლევანის ხელზე სამთხვევად და შენი ხელმწიფებრივი სიგელი გადასცა, ტიტული მოახსენა, ტიტულის შემდეგ სხვა სიტყვასაც ამბობდა თურქულად, ხოლო მეფე ლევანს თარჯიმნობას ეპისკოპოსი ნიკოლოზი(69) უწევდა. შენი, ხელმწიფებრივი, ბრძანებულებით კი ფედოტს განაწესში უწერია: თუკი მეფე ლევანი საუბარს არ დაიწყებს ან კიდევ მისი ახლობლები, მაშინ ფედოტმა მეფე ლევანს სხვა სიტყვა არ უნდა უთხრას.
22 მაისს სადადიანოს ქვეყნიდან წავედით. 9 ივლისს თერგში მივედით. მე კი, ხელმწიფეო, ღვთისადმი მლოცველი შენი, თერგში სტოლნიკს და ვოევოდებს თავად ივანე ანდრიას-ძე ხილკოვს და ტიმოთე დენისის-ძე ოლადინს უმორჩილესად ვთხოვდი, რომ, ხელმწიფევ, სტანიცა მოსკოვისკენ გავეშვი, მაგრამ თავად ივანე ანდრიას-ძე ხილკოვმა და ტიმოთე დენისის-ძე ოლადინმა მე, შენი ღმრთისადმი მლოცველი, სტანიცაში (მოსკოვში - ჯ.გ.) არ გამიშვეს.... და მე, ხელმწიფეო, დავიქირავე რა ცხენი, ასტრახანში ჩამოვედი და ხელმწიფის ბოიარინს თავად ნიკიტა ივანეს-ძე ოდოევსკის(70) უმორჩილესად ვთხოვე და საგზაოც მივართვი. შენი, ხელმწიფებრივი, საგზაო სიგელი, რომელიც მე მოსკოვიდან თერგამდე და თერგიდან მოსკოვამდე მომეცა, მან დაათვალიერა და დამიბრუნა, მაგრამ არც მენიჩბეები მომცა, არც გზა უჩვენებია; ფედოტს კი, ხელმწიფეო, გემი გამოუყო პოდიაჩ ივანე ხანენევთან ერთად; მათ აგრეთვე 15 კაცი მენიჩბე და მესაჭე მისცა. მე კი, ხელმწიფეო, შენი ღმრთისადმი მლოცველი, ფედოტს გემზე აშვებას ვთხოვდი, რომ ასტრახანიდან თან წამოვეყვანე, მაგრამ ფედოტმა თავის გემზე არ ამიშვა; ფედოტმა მითხრა: შენ, ხელმწიფის ბრძანებით შენი საგზაო გაქვს და შენი გზა გაქვს მითითებული, მე კი წასაყვანი უშენოდაც მეყოფაო. მე, შენს ღმრთისადმი მლოცველს, სტანიცაში (მოსკოვში - ჯ.გ.) წამოსვლის საშუალება არ მქონდა; ცხენების საყიდელი ფულიც მე, შენს ღმრთისადმი მლოცველს, აღარ გამაჩნდა. მე, ღმრთისადმი მლოცველი შენი, წამოყვანაში პირობის წერილს ვაძლევ, მოსკოვისკენ... კი ხალხთან ერთად მოვჩანჩალებ. ხოლო იმ შენი ხელმწიფებრივი საქმეების თაობაზე, ხელმწიფეო, რომელთა შესახებაც ამ ბარათში არ წერია, როგორც კი, ხელმწიფეო, მოსკოვში საელჩო პრიკაზში ვიქნები, შენი ხელმწიფებრივი საქმეები, შენთვის, დიდი ხელმწიფისათვის, ცნობილი გახდება.
უკანა მხარეს: სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფესა და დიდ მთავარ მიხეილ თევდორეს-ძეს. 149[1640]-ის 23 ოქტომბერი... ასტრახანელ ვასკა კალუჟენინის ხელით.
შენიშვნა: დაკითხვა 149[1640] წლის 13 დეკემბერს შედგა.
როგორც კი ფედოტ ელჩინი და პავლე მღვდელი მოსკოვში ჩამოვიდნენ, ხელმწიფის ბრძანებულებით, 13 დეკემბერს სათათბიროს დიაკებმა თევდორე ლიხაჩევმა, მაქსიმე მატიუშკინმა და გრიგოლ ლვოვმა საელჩო პრიკაზში ფედოტ ელჩინი და პავლე მღვდელი პირისპირ ერთმანეთს შეახვედრეს და იმ პავლე მღვდლის წერილის ორივესათვის ხმამაღლა წაკითხვა უბრძანეს. წერილი მათ წაუკითხეს. როდესაც პავლე მღვდელმა წერილი მოისმინა, იმავე ფედოტზე ასეთი ღია საჩივარი წარმოადგინა:
სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფესა და დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძეს შენი ხელმწიფობის ღმრთისადმი მლოცველი მღვდელი პავლიშე მდაბლად თავს გიკრავთ და ფედოტ ელჩინის შესახებ გაცნობებთ. ხელმწიფეო, გასულ 147[1639] წლის 2 ივნისს შენი ხელმწიფებრივი ბრძანებულების თანახმად, ფედოტ ელჩინი სადადიანოს ქვეყანაში იქნა გაგზავნილი. მასთან, ფედოტთან, ერთად შენი, ხელმწიფის, საქმისათვის გაგზავნილ ვიყავით მე, შენი ღმრთისადმი მლოცველი, და პოდიაჩი თევდორე ბაჟენოვი. თერგიდან 25 სექტემბერს გაგვიშვეს. როგორც კი, ხელმწიფეო, თერგიდან გავედით, ფედოტმა მდინარე ბისტრაიაზე კაზაკთა დასახლებაში, ოსიპ მალოვის სტანიცაში შენი ხელმწიფებრივი ბრძანებულების გარეშე კაზაკი ალექსანდრე ივანოვი აიყვანა; ის კაზაკი კი წარმოშობით საქართველოდან ყოფილა. მე კი, ხელმწიფეო, შენი ღმრთისადმი მლოცველი, ფედოტს ვეუბნებოდი: ხელმწიფის ბრძანებულების გარეშე სადადიანოს ქვეყანაში კაზაკის თან წაყვანა არ შეიძლება იმიტომ, რომ ის კაზაკი ალექსანდრე ივანოვი წარმოშობით საქართველოდან ყოფილა და რომ იმ კაზაკისაგან რაიმე ცუდი არ მოგვწეოდა. ფედოტმა კი მითხრა: ხელმწიფის ბრძანებულების გარეშე სადადიანოს ქვეყანაში ჩემთან ერთად თუნდაც ასი კაზაკი წამოსულიყო, მე ყველას წავიყვანდიო. 5 ოქტომბერს ალეგუკას ძმასთან - ხაპუკასთან მივედით და ხაპუკამ, ხელმწიფეო, თავის უზდენს პშუკას უბრძანა, პირდაპირი გზით სვანეთიდან სადადიანოს ქვეყანაში გავეცილებინეთ. ხაპუკასაგან სვანეთამდე კი სამი დღის სავალია. ფედოტი კი, ხელმწიფეო, იმ გზით არ წავიდა და ყარაჩაიში თავისთვის სავაჭროდ წავიდა; ოქტომბერშივე ყარაჩაიში მივედით და ფედოტი, ხელმწიფეო, ყარაჩაიში ... 15 დღე იდგა ... მაუდს და აბრეშუმს ცვლიდა...ბამბის ქსოვილს და სხვას... ყიზილბაშურ აბაზებზე და ოქროზე ... ყოველგვარ ვერცხლის საქონელს - ჭურჭელს ... თასებს, საყურეებს, ბეჭდებს. იგივე, ფედოტი, ხელმწიფეო, ყარაჩაიში საქეიფოდ დადიოდა ყარაჩაელ მურზებთან - ელბუზდუკთანაც, გალისტანთანაც, იმათ დედასთან და სიძესთან, ნოღაიელ მურზა ურისტიამ-ბეკთან, ასევე სხვა ჩერქეზებთანაც საქეიფოდ დადიოდა. ხელმწიფეო, მურზებთან და ჩერქეზებთან, მათ ცოლებთან, აგრეთვე ვაჭარ-შუამავლებთან, რომლებიც... შეხვედრებს უწყობდნენ, ფედოტს საჩუქრებიც მიჰქონდა. ბამბის ქსოვილს, აბრეშუმის ქსოვილს და ირანულ ბამბის ქსოვილს აძლევდა მათ. რაც... საქეიფოდ დადიოდა მურზებთან, ჩერქეზებთან და ცოლებთან... ვაჭარ-შუამავლებს ფედოტი საჩუქრებს აძლევდა, მუხლობრივ აღწერილობაში კი წერდა, თითქოს ის, ფედოტი, მთავრებს... ყველაფერს გასამრჯელოდ აძლევდა. მანვე, მე, შენს ღმრთისადმი მლოცველს, მაუდი, დანები და არწივის კუდები გამომართვა, ყველაფერ ამას მთავრებს და მურზებს გზაზე გატარებისთვის პატივისცემის ნიშნად აძლევდა. მას კი, ფედოტს, ხელმწიფეო, სამგზავრო ხარჯისთვის შენი ხელმწიფებრივი ხაზინიდან ორმოცი სიასამურის ბეწვი მიეცა და ის ორმოცი სიასამური ფედოტმა თერგში გაყიდა. ყარაჩაიში კი პოდიაჩი თევდორე ბაჟენოვი შეუძლოდ გახდა და ფედოტმა პოდიაჩისთვის საჭმელ-სასმელის მიცემა აუკრძალა და პოდიაჩი მოკვდა. მე, ხელმწიფეო, შენი ღმრთისადმი მლოცველი, ფედოტს ვეუბნებოდი: შენ, ფედოტ, ხელმწიფის საქმეებისათვის ხარ სადადიანოს ქვეყანაში გამოგზავნილი და არა ყარაჩაიში ქეიფებზე სასიარულოდ და სავაჭროდ. კეთილი გვენება და ხელმწიფის საქმეზე გვეზრუნა, ხოლო საქეიფოდ და სავაჭროდ არ მმართებს მე... [აქ] ყოფნა. ფედოტმა კი, ხელმწიფეო, მითხრა: .... [როგორც] მინდა, ისე ვაკეთებ ჩემებურად. როგორც კი, ხელმწიფეო, წავედით... ყარაჩაიდან 28 ოქტომბერს, ფედოტს შენი, ხელმწიფებრივი, სიგელი უკან წელზე მიმაგრებული მიჰქონდა; მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: მართებულია, ხელმწიფის სიგელის მკერდზე, მხრებზე, ან თავზე ტარება. ფედოტმა კი, ხელმწიფეო, მითხრა: მე თურქეთის მეფესთან და ყიზილბაშებთანაც ვიყავი გაგზავნილი, ხელმწიფის სიგელებს კი სულ ასე ვატარებდიო.
როგორც კი, ხელმწიფეო, 18 ნოემბერს სადადიანოს ქვეყანაში სოფელ ჯვარში მივედით, ფედოტმა, ხელმწიფეო, მე, შენს ღმრთისადმი მლოცველს, ქაღალდი, მელანი და კალამი ჩამომართვა, ხოლო შენი ხელმწიფებრივი საქმეების შესახებ წერა მე, შენს ღმრთისადმი მლოცველს, ამიკრძალა. 25 დეკემბერს კი, ხელმწიფეო, ფედოტთან მეფე ლევანის სტოლნიკი მოგელი მოვიდა და ფედოტს უთხრა: სურსათის მოწოდება როგორ გირჩევნიათ - ცხვრები და ღორები ცოცხლად თუ დაკლულიო? ფედოტმა უპასუხა: მეფე ლევანს მოელაპარაკე, რომ მეფე ლევანმა თავისი მზარეულები გამომიყოს, ვინც საჭმელს მომიმზადებს; მე კი ხალხი და მზარეულები ჩემი არა მყავს და ვერავინ მომიმზადებსო. მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: არ არის მიღებული, რომ ელჩებისა და დესპანებისთვის კერძები მეფის მზარეულებმა მოამზადონ. ამის შემდეგ კი მეფე ლევანმა ფედოტს თავისი მზარეულები გამოუგზავნა და მეფის მზარეულები ფედოტთან იყვნენ და ფედოტისთვის საჭმელს ამზადებდნენ მეფე ლევანის მიერ ფედოტის გასტუმრებამდე. ფედოტმა პრისტავს თხოვნით მიმართა... [რათა] მეფე ლევანს, ებრძანებინა... ფედოტი სავაჭროსთან ახლოს... მოახსენებს, რადგან... საელჩო მიღებაზე არ.. სახელმწიფო საქმეები არ გაგიმართავს, ან იქნებ, შენ, ფედოტ,... სავაჭროდ მოხვედი და არა ხელმწიფის საქმეზე ხარ გამოგზავნილი? მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: გამოგზავნილი ხარ, შენ, ფედოტ, ხელმწიფის საქმეზე მეფე ლევანთან და არა სავაჭროდ; ჯერ გმართებს უმორჩილესად სთხოვო, რომ მეფე ლევანმა შენი, ფედოტის, ხელმწიფის სიგელით თავისთან საელჩო შეხვედრაზე მიწვევა ინებოს. ფედოტმა კი, ხელმწიფეო, მითხრა: შენს სიტყვებს არ ვუსმენ, ჩემებურად ვაკეთებო. იანვარში ფედოტმა, ხელმწიფეო, თავის კაცს უბრძანა დარაჯი გაელახა; ის დარაჯი კი ფედოტის დასაცავად და საყარაულოდ მეფე ლევანისგან იყო გამოგზავნილი. ფედოტის კაცმა მისი, ფედოტის, ბრძანებით დარაჯი მოგელკა გალახა და მისი, ფედოტის, მხრიდან ცემისა და თავგასულობის გამო ის დარაჯი პრისტავ მოგელთან გაიქცა. პრისტავი ფედოტთან მოვიდა და ფედოტს უთხრა: მეფე ლევანმა შენთან, ფედოტთან, შენს დასაცავად და საყარაულოდ დარაჯები გამოგზავნა, შენ კი შენს ხალხს ყარაულების ცემის ბრძანებას აძლევო; თუ შენთვის, ფედოტისთვის, დარაჯები საჭირო არ არის, დარაჯები გაუშვი და ისინი მეფე ლევანთან წავლენო. ფედოტმა თქვა: რადგან დარაჯები ჩემს ხალხს სცემენ, მე შენთან საჩივრად.... დავდივარ. მოგელმა კი ფედოტს უთხრა: ჩვენ ის არ გაგვიგონია, რომ დარაჯებს შენი ხალხი გაელახოთო... მეფე ლევანის ბრძანებით შენ დაცვა მოგიჩინეს, შენ კი თვითნებურად ხელმწიფის ხალხს სცემ, ახლა კი შენს უსაქციელობას ამართლებო. ფედოტმა კი მოგელს უმორჩილესად სთხოვა, ამის შესახებ მეფე ლევანს არ მოახსენო, ის მე სიმთვრალით ჩავიდინეო.
8 თებერვალს, ხელმწიფევ, მე და ფედოტი მოქვის მონასტერში ეპისკოპოს მაქსიმესთან ვიყავით და ფედოტმა, ხელმწიფეო, თერგელ კაზაკთან იჩხუბა, ის კაზაკი გალახა და ის კაზაკი ალექსანდრე ფედოტთან ჩხუბის შემდეგ [სადადიანოს]... ქვეყანაში და ჩერქეზეთის ყაბარდოში და სვანეთში [ყვებოდა, რომ] გაუგზავნია ხელმწიფეს,... მრავალ ხალხთან ერთად სმოლენსკთან [პოლონეთის] მეფემ სმოლენსკთან ხელმწიფის ხალხი [დაამარცხა] ... არსენალიდან საბრძოლო იარაღი და თოფის წამალი გაიტაცა... ხელმწიფე მეფესთან შერიგდა და.... ხელმწიფემ თავისი სხვა ქალაქები მეფეს (კომენტ.40-ჯ.გ).... ყირიმელს ხელმწიფე ხარკს აძლევს (კომენტ. 37-ჯ.გ.) და ნოღაელი მურზები... ულუსები ხელმწიფის დაქვემდებარებიდან გამოვიდნენ და სხვაგან გადაბარგდნენ... ნოღაელები ომით მოდიან და საზღვრისპირა ქალაქებს უტევენ, სოფლებს... და ბევრი ადამიანი ტყვედ მიჰყავთ. 13 თებერვალს, ხელმწიფევ, ეპისკოპოს ანდრიასთან ფედოტმა და მე, ვიტრაპეზეთ. როცა მაგიდასთან ვისხედით, ფედოტი, ხელმწიფეო, და ეპისკოპოსი ანდრია ერთმანეთს ქათმის უმ კვერცხებს ესროდნენ. მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: გამოგზავნილი ხარ შენ, ფედოტ, ხელმწიფის საქმეზე და არა ეპისკოპოსთან კვერცხების სასროლად. 17 თებერვალს სოფელ ლეჯიქეში ჩავედით, ხოლო ბინად ჯგირკოჩასთან დაგვაყენეს. იქ დიდმარხვის ორი კვირა, მარტის პირველ რიცხვამდე დავყავით; მთელი იმ დღეების განმავლობაში, როცა ფედოტი ჭამას დაიწყებდა, მაშინვე ქალებს, გოგოებს, ბიჭებს აიძულებდა მის წინ ეცეკვათ და ემღერათ. ეს ხდებოდა დიდმარხვის პირველ და მეორე კვირაში. მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: ამ წმინდა დღეებში მართლმადიდებელი ქრისტიანენი მარხვასა და თავშეკავებას ეძლევიან და ღმერთს ლოცვებს აღუვლენენ, შენ კი, ფედოტ, უცხო ქვეყანაში უკეთურ საქმეებს სჩადიხარ და უწესობას ამჟღავნებ. ფედოტი კი მეუბნებოდა: როგორც მინდა, ისე ვაკეთებ, შენს სიტყვებს კი არ ვისმენო.
1 მარტს კი, მე, შენი ხელმწიფობის ღმრთისადმი მლოცველი, ცისკრისა და პარაკლისის დროს ღმრთისმსახურებას ვასრულებდი; შენი, სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორისძის კეთილდღეობისათვის, აგრეთვე კეთილმორწმუნე დედოფლისთვის და დიდი მთავრინას ევდოკია ლუკიანეს ასულისთვის(71), კეთილმსახურ უფლისწულ მთავარ ალექსი მიხეილის-ძისთვის(72) და კეთილმორწმუნე მეფის-ასულ მთავრინა ირინე მიხეილის ასულისათვის, კეთილმორწმუნე მეფისასულ ანა მიხეილის ასულისთვის, კეთილმორწმუნე მეფისასულ და დიდი მთავრინა ტატიანა მიხეილის ასულისათვის(73) ღმერთს ვევედრებოდი; იმ დროს კი ფედოტთან ქოხში გლეხი, სახელად ჯგირკოჩი, ქალებთან და გოგოებთან ერთად თამაშობს და სიმღერებს მღერის. მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი... ქოხში შენ, ფედოტს, გებრძანა იცხოვრო, ხოლო გლეხი... ქალებთან ერთად შენთან თამაშობს და მღერის... რწმენას... შენ კი, ფედოტ... გამოვედით... [მოვიდა] სახელად მახუტია და თხოვდა ფედოტს, რომ მასზე, მახუტიაზე, ფედოტს მეფე ლევანისთვის ეთხოვა; მახუტიამ კი ფედოტს უთხრა... მეფე ლევანმა ბრძანა მთელი ჩემი ქონების წართმევა. ფედოტმაც მეფე ლევანთან თხოვნა გაგზავნა და მახუტიას გამო სთხოვა; ფედოტის თხოვნით მეფე ლევანმა მახუტია შეიწყნარა. ფედოტმა ასევე მეფე ლევანთან გააგზავნა ჯგირკოჩი ჭადრ[აკის] სათხოვნელად... [რათა] მას, ფედოტს, თავშესაქცევი ჰქონოდა და მეფე ლევანმა ფედოტს ჭადრაკი გამოუგზავნა. მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: აგზავნი შენ, ფედოტ, სათხოვარს მეფე ლევანთან მუხუტიასა და ჭადრაკის შესახებ, ეს კი შენ, ფედოტს, ნაბრძანები არა გაქვს. ჯერ შენ, ფედოტს, ხელმწიფის საქმეების მოგვარება გმართებს და მეფე ლევანთან თხოვნის გაგზავნა, რომ შენ ხელმწიფის სიგელით საელჩო შეხვედრაზე მიგიწვიოს და ხელმწიფის სიგელი შენგან, ფედოტისგან, მიიღოს; რომ შენ ნაბრძანები გაქვს, მეფე ლევანს ესაუბრო, მან შენ, ფედოტს, მოგისმინოს.
27 აპრილს, მეფე ლევანთან საელჩო შეხვედრაზე მივიდა, ხოლო შენი, ხელმწიფის, სიგელის თან წამოღება ფედოტმა თარჯიმან ოსიპს უბრძანა; მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: ხელმწიფის სიგელის წამოღება გმართებს შენ, ფედოტ; ფედოტმა კი შენი ხელმწიფებრივი სიგელი არ წამოიღო. როგორც კი, ხელმწიფეო, მეფე ლევანთან საელჩო შეხვედრაზე მივედით და ფედოტმა შენი, ხელმწიფებრივი, სიგელი.... [გამოართვა] თარჯიმანს და ხელის სამთხვევად, ხელმწიფეო, მეფე ლევანთან... მე და ოსიპ თარჯიმანს და კაცს... გრიგორიევს, ხოლო იმ კაცს..., გრიგორიევს, პოდიაჩი უწოდა; ფედოტი კი შენი... სიგელით მეფე ლევანის ხელზე სამთხვევად თავისი კაცის ივაშკა გრიგორიევის მერე მიდიოდა. მე კი, ხელმწიფეო, შენი ღვთისადმი მლოცველი, ფედოტს ვეუბნებოდი: შენ, ფედოტს, ხელმწიფებრივი სიგელით წინ წასვლა გმართებს, ჩვენ კი - შენს უკან, ხოლო შენს კაცს მეფის ხელთან მიახლება საერთოდ არ შეეფერება. ფედოტმა კი, ხელმწიფეო, დიდი რისხვითა და სიმკაცრით მომიგო: როგორც გიბრძანებენ, ისე გააკეთეო.
5 მაისს ანდრია ეპისკოპოსთან ფედოტმა და მე, შენმა ღმრთისადმი მლოცველმა, ვიტრაპეზეთ. სმა-ჭამისას, ხელმწიფეო, ფედოტმა თავისი გარდაცვლილი მშობლები მოიხსენია, მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: რუსეთის სახელმწიფოში მართლმადიდებელი ქრისტიანენი დღევანდელ დღეს პანაშვიდს არ იხდიან და საკურთხი მშობლებისთვის ეკლესიაში არ მიაქვთ, არამედ დღევანდელ დღეს ღმერთს ევედრებიან სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის კეთილდღეობისათვის, აგრეთვე კეთილმორწმუნე დედოფლისა და დიდი მთავრინა ევდოკია ლუკიანეს ასულისთვის, კეთილმსახურ უფლისწულ მთავარ ალექსეი მიხეილის-ძისთვის, კეთილმორწმუნე მეფისასულ და დიდი მთავრინა ირინე მიხეილის ასულისათვის, კეთილმორწმუნე მეფისასულ და დიდი მთავრინა ანა მიხეილის ასულისათვის, კეთილმორწმუნე მეფისასულ და დიდი მთავრინა ტატიანა მიხეილის ასულისათვის (კომენტ.72,73 - ჯ.გ). დღეს კეთილმორწმუნე მეფისასულ და დიდი მთავრინა ირინე მიხეილის ასულის ანგელოზის დღეა(74). ფედოტმა კი, ხელმწიფეო, თქვა: ვის როგორც სურს, ისე გააკეთოსო; მე კი როგორც მინდა, ისე, ჩემებურად ვაკეთებო. მე კი, ხელმწიფეო, შენთვის ღმრთისადმი მლოცველი, ღმერთს შევსთხოვდი შენი, სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის კეთილდღეობისათვის, კეთილმორწმუნე დედოფლისა და დიდი მთავრინა ევდოკია ლუკიანეს ასულისათვის, შენი კეთილშობილი შვილებისათვის - კეთილმსახურ მეფისწულ მთავარ ალექსი მიხეილის-ძისთვის, კეთილმორწმუნე მეფისასულ და დიდი მთავრინა ირინე მიხეილის ასულისათვის.... და დიდი მთავრინა ანნა მი[ხეილის ასულისათვის]..., მეფისასულ დიდი მთავრინა [ტატიანა მიხეილის ასულისათვის]... (კომენტ.72,73-ჯ.გ). იმ...…… დროს ფედოტმა მე, [შენთვის] ღმრთისადმი მლოცველს, [მიყვ] ირა..: რისთვის დგები, ჩვენ ჯდომას [გვიშლიო]... ფედოტი კი იმ დროს შენთვის, სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის, შენი სამეფო სახელისა და მრავალჟამიერ ჯანმრთელობისათვის არ წამოდგა და ქუდი არ მოიხადა. 12 ივნისს ალეგუკას ყაბარდოში ფედოტთან ჩერქეზი კაცები და ქალები ლოცვების შესახებ თხოვნით მოვიდნენ, რომ მათთვის ფედოტს ლოცვები დაეწერა. ფედოტმა კი თავის კაცს ივაშკა გრიგორიევს უბრძანა ლოცვები დაეწერა, რა ლოცვაც მითითებულია ავადმყოფებისათვის, ქაღალდს კი სვეტებად ხევდა... მთლიანად და იმ სვეტებს ადამიანის ზომამდე წებავდა... მისი, ფედოტის, კაცი ივაშკა გრიგორიევი ნაბრძანებ ლოცვებს წერდა... მათ ქალებს და ბავშვებს [აძლევდა]... ჭამდნენ და..., კაზაკი ალექსანდრე ფედოტისგან წავიდა. მე კი, ხელმწიფეო, შენი ღმრთისადმი მლოცველი, საქმის კურსში არა ვარ, სად გაუშვა ფედოტმა ის კაზაკი. მე, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: ის კაზაკი მოსკოვში დაბრუნებამდე მეფის ბრძანების გარეშე არ გაუშვა, იმიტომ, რომ იმ კაზაკს ხელმწიფის საქმე აწევს კისერზე. მან კი, ფედოტმა, თავისი ხალხი, რომლებიც მასთან ერთად სადადიანოს ქვეყანაში იყვნენ, რუსეთში როგორც კი გამოიყვანა, მაშინვე თავიდან მოიცილა. სრულიად რუსეთის გულმოწყალე ხელმწიფე მეფეო და დიდო მთავარო მიხეილ თევდორეს-ძევ! შემიწყალე მე, შენი ღმრთისადმი მლოცველი, უბრძანე, ხელმწიფეო,.... ფედოტს ის კაზაკი ალექსანდრე, რომელიც თერგიდან შენი ხელმწიფებრივი ბრძანების გარეშე წაიყვანა და მისი, ფედოტის... რომელი ხალხიც იყო მასთან, ფედოტთან, ერთად სადადიანოს ქვეყანაში... შენთან, დიდ ხელმწიფესთან დააყენონ, თხოვნა კი... ღიად უბრძანე, ჩაიწერონ. მეფე ხელმწიფევ, მიწყალობე! დიაკებმა პავლე მღვდლის იმ წერილისა და ღია საჩივრის მიხედვით ფედოტ ელჩინი ყველა მუხლის შესახებ ცალ-ცალკე გამოკითხეს, ხოლო რაც პავლე მღვდლის წერილში და განცხადებაში წერია და რაც რომელიმე მუხლის წინააღმდეგ ფედოტმა თქვა, ეს ყველაფერი ამ საქმეში, სახელდობრ, მუხლების მიხედვით ცალ-ცალკე წერია. მღვდელ პავლეს წერილში და ღია საჩივარში წერია, [რომ] სადადიანოს ქვეყანაში და სვანეთში...[კაზაკი ალექსანდრე ივანოვი ჩერქეზ]თა ყაბაკებში სმოლენსკის სამსახურის, ხელმწიფის მეფესთან მშვიდობისა და ყირიმის ლაშქრობის (კომენტარი 37,40 - ჯ.გ.) შესახებ უწესო სიტყვებს ამბობდა. მან კი [ფედოტმა] ეს არ იცის და იმ ადგილების შესახებ პავლე მღვდლისაგან არაფერი სმენია. არც კი იფიქრებდა, თურმე, იგი, ფედოტი, იმ კაზაკისგან რაიმე ქურდობას, იმიტომ, რომ ის, ალექსანდრე კი, წარმოშობით ბაშიაჩუკის (იმერეთის-ჯ.გ) ქვეყნიდანაა და ყუმიკეთში ტყვედ იყო, ყუმიკეთიდან კი თერგს გაღმა მდებარე კაზაკთა დასახლებებში გამოვიდა; კაზაკთა დასახლებებში ცხოვრობდა და მათი მოსვლისას... რუსეთში კი ის არ ყოფილა, რუსული ენა არ იცის და უკვირს, ასეთი სახელმწიფო საქმეების შესახებ მას სად უნდა მოესმინა... იმას პავლე მღვდელი მასზე თხზავს... ის, პავლე მღვდელი მის შესახებო... ალექსანდრეს ასეთი უკანონო საქციელი... ფედოტი კი ამბობდა: ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად მოსკოვიდან გამგზავრებულან, ყველანი... ახალმონათლული თათრები იყვნენ და მას თურმე სადადიანოს ქვეყანაში მათი თან წაყვანა ვერ გადაუწყვეტია და თერგში მეგობრებთან დაუტოვებია. თავისთან კი უცხო ადამიანები წაუყვანია, რომლებიც მას, ფედოტს, გზაში შემოუერთდნენ და ის ხალხი გზაში ჩამორჩა - ერთი დონისკენ წავიდა, ხოლო მეორე... კანონის დარღვევისთვის ჩასვეს...[სარა]ტოვის ციხეში... პავლე მღვდელი ამბობდა: ცხენებისთვის კი არ გაჩერდა ყარაჩაიში, არამედ თავისი ვაჭრობისათვის, ხელმწიფის საქმეებისთვის კი არ ზრუნავდა... უნდა იმის გაშვებაც სამ დღეში... ფედოტმა თქვა: მურზებს ვერავინ უბრძანებს, როცა ისურვებენ, მაშინ გაუშვებენო.
წერილში და მღვდლის ღია საჩივარში წერია, რომ ფედოტმა მას, პავლე მღვდელს, მაუდი, დანები და არწივის კუდები ჩამოართვა, რომლებიც გზაზე გატარებისთვის პატივისაცემის ნიშნად მთავრებისა და მურზებისთვის მიუცია. მას კი, ფედოტს, იმ გასავლელი გზის ხარჯებისათვის სახელმწიფო ხაზინიდან ორმოცი სიასამურის ბეწვი, ჰქონია გამოყოფილი და მან, ფედოტმა, თითქოს ის ორმოცი ბეწვი თერგში გაყიდა; ყარაჩაიში კი, პოდიაჩი თევდორე ბაჟენოვი შეუძლოდ გამხდარა და ფედოტს პოდიაჩისთვის საჭმელ-სასმელის გაცემა აუკრძალავს და პოდიაჩი მოკვდა. ფედოტი კი ამბობდა: მაუდი, დანები და არწივის კუდები მისთვის, პავლე მღვდლისათვის, მას არ ჩამოურთმევია. ამაში მას, ფედოტს, პავლე მღვდელი ცილს სწამებს.Gგზის ხარჯებისთვის მასზე გაცემული იყო 30 მანეთის 40 სიასამურის ბეწვი, რათა მას გზაში გატარების სანაცვლოდ გასამრჯელოს სახით გასაცემი ჰქონოდა და სიასამურის ბეწვები გაეცა... ჩერქეზებს არა ხელი, არამედ წითელი ფერის უბრალო ბამბის ქსოვილი უყვართო... ბამბის ქსოვილი და ის იმისთვის[მისცა]... იგივე ფასი აიღო...……30 მანეთი... წითელი ფერის უბრალო ბამბის ქსოვილს... აბრეშუმით... ...[ურისტ]ამბეკს...…საჩუქრები კი მურზებთან, ჩერქეზებთან და მათ ცოლებთან მიიტანაო და ერთ ფერში მოქარგული ბამბის ქსოვილი, უბრალო ბამბის ქსოვილი, უხეში ირანული ბამბის ქსოვილი ვაჭრობაში შუამავლებს მისცაო. ხოლო ის, რომ, დადიოდა რა საქეიფოდ, საჩუქრებს არიგებდა, ამაზე მუხლობრივ აღწერილობაში ჩაწერა, თითქოს ყველაფერი ეს გზაზე გატარებისათვის პატივისცემის ნიშნად მისცა.
ფედოტი კი ამბობდა: ხელმწიფის განაწესში მას, ფედოტს, იმის შესახებ ზუსტად უწერია; მას ნაბრძანები ჰქონდა სადადიანოს ქვეყანაში იმ გზით წასულიყო, რომელიც უფრო მშვიდობიანი და უხიფათო იქნებოდა. მან, ფედოტმა, კი სვანეთის გზით წასვლა ვერ გაბედა, რადგან ის მხარე ხელმწიფეს არ ემორჩილება. ხაპუკას ძმებმაც ოტოჟუკმა და კალისტანმა სვანეთის გზით იგი, თურმე, არ გაუშვეს, რადგან სვანეთი მათთან ომობდა. ხაპუკა კი იმ დროს ყაბაკებში არ ყოფილა, იყო აბაზაში... და საითკენაც ხაპუკას ძმებს იგი, ფედოტი, გაუშვიათ, ისიც იქით წასულა. ყარაჩაიში სავაჭროდ კი არ წასულა და ყარაჩაიში მას ვაჭრობა არ გაუმართავს, მაუდი, აბრეშუმი, ერთ ფერში მოქარგული ბამბის ქსოვილები და არავითარი რუსული საქონელი მას ყიზილბაშურ აბაზებზე და ოქროზე არ გაუყიდია და ვერცხლის... არ გადაუცვლია და შუამავლების[თვის]... არ მიუცია და მიცემაც.... სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფესა და დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძეს უმორჩილესად მოიკითხავს შენი ხელმწიფობის ღმრთისადმი მლოცველი გლახაკი, უმწეო მღვდელი პავლიშე.
147[1639] წელს შენი ღმრთისადმი მლოცველი ფედოტ ელჩინთან ერთად შენი, ხელმწიფებრივი, საქმეებისათვის სადადიანოს ქვეყანაში ვიყავი გაგზავნილი და როგორც კი, ხელმწიფეო, სადადიანოს ქვეყნიდან მოსკოვში დავბრუნდით, მე, ხელმწიფეო, საელჩო პრიკაზში ფედოტ ელჩინზე ღია საჩივარი შევიტანე შენი, ხელმწიფებრივი, საქმეების შესახებ. სათათბიროს დიაკმა თევდორე თევდორეს-ძემ ჩემი ღია საჩივრის თანახმად ფედოტი დაჰკითხა. ფედოტმა შენი, ხელმწიფებრივი, საქმეების შესახებ [ბრალდებები] უარყო, სხვა კი ვერ უარყო. რომელი საქმეებიც ფედოტმა უარყო, იმაზე მე, შენი ღმრთისადმი მლოცველი, ოსიპ თარჯიმანს და მის, ფედოტის, ხალხს, რომლებიც მასთან ერთად სადადიანოს ქვეყანში იყვნენ - როდიო ოფანასიევსა და ივაშკა გრი[გორიევს] ვიმოწმებდი... მათ ხელმწიფის საქმეებში ჩემს საწინააღმდეგო... და თავისი ხალხი როდია ოფონასიევი... და ივაშკა [გრიგორიევი]...… [ფედოტს] არასგზით დაუმოწმებია და თერგიდან მან, ფედოტმა, კაზაკი ალექსანდრე სადადიანოს ქვეყანაში [წაიყვანა]. მანვე, ფედოტმა, მეფე ლევანს მზარეულები სთხოვა და მეფე ლევანს ვაჭრობის, აგრეთვე ჭადრაკისა და სადადიანოს ხალხის შესახებ თხოვნები გაუგზავნა, სანამ საელჩო შეხვედრაზე იქნებოდა მასთან. როცა, ხელმწიფეო, ფედოტი მეფე ლევანთან საელჩო შეხვედრაზე მიდიოდა, მან, ფედოტმა, თავისი კაცი ივაშკა თავისზე წინ მეფე ლევანთან ხელზე სამთხვევად გაუშვა, ფედოტი კი თავისი კაცის ივაშკა გრიგორიევის შემდეგ მივიდა მეფე ლევანთან ხელზე სამთხვევად.
ასევე, კეთილმორწმუნე მეფის ასულისა და დიდი მთავრინა ირინე მიხეილის ასულის სახელობის დღესასწაულზე (კომენტ. 74-ჯ.გ.) ფედოტმა თავისი გარდაცვლილი მშობლები მოიხსენია. ეს საქმეები, ხელმწიფეო, ფედოტს არ უარუყვია. ჩემი საჩივრის შემდეგ ფედოტმა ჩემზე, შენს ღმრთისადმი მლოცველზე, განცხადება შეიტანა, ის კი არ წერია, რომელ წელს და რა ადგილას. იმაში, ხელმწიფეო, რაც ფედოტს ჩემზე დაუწერია, ყველაფერში ოსიპ თარჯიმანს იმოწმებს, ხოლო ჩემი საჩივრის წინააღმდეგ არც ერთ საქმეში არ იმოწმებს. როგორც კი, ხელმწიფეო, თერგში მივედით, ფედოტის წინააღმდეგ საჩივრის გამო თავადმა ივანე ანდრიას-ძე ხილკოვმა მე, შენი ღმრთისადმი მლოცველი, თავისთან გამომიძახა და ფედოტის თხოვნით მითხრა, რომ ფედოტთან შევრიგებულიყავი. როგორც კი... ასტრახანიდან მოსკოვისკენ და ფედოტის თხოვნით... [ასტრახ]ანის სამების მონასტრის არქიმანდრიტი ვარლაამი მე მეუბ[ნება, რომ] ფედოტთან შევრიგებულიყავი. როცა სარატოვში მოვედით, თავადი ნიკიფორე ივანეს-ძე ბელოსელსკი და საელჩოს პრიკაზის პოდიაჩი ივანე ხანენევი მე მეუბნებოდნენ, რომ ფედოტთან შევრიგებულიყავი. თავადმა ნიკიფორე ივანესძემ, ფედოტის ნათქვამი მითხრა: თქვი, რა გინდა ფედოტისგან აიღო და ფედოტი შენ მოგცემსო, ოღონდ ხელმწიფესთან ფედოტზე საჩივარი არ შეიტანოო. როგორ მეუბნებოდა მე თავადი ნიკიფორე ივანეს-ძე, რომ მე ფედოტთან შევრიგებულიყავი, ამის შესახებ იცის ვასილ შორინის(75) დისწულმა ანდრია ოლფერიევმა. როგორც კი, ხელმწიფეო, ნიჟნიში მივედით, ფედოტმა ნიჟნიში ჩემთან საფოსტო სადგურის პრიკაზჩიკი ნიკიტა ფეფილოვი, საფოსტო სადგურის სტაროსტა კლიმენტი მატვეევი და პოდიაჩი კირილე შემოაგზავნა; ფედოტის თხოვნით ისინი მეუბნებოდნენ, რომ ფედოტთან შევრიგებულიყავი. მე კი, ხელმწიფეო, ფედოტის მიერ თაღლითური გზით შემოთავაზებული ქრთამი არ მიმიღია და შენი ხელმწიფებრივი ბრძანების გარეშე ფედოტს არ ვურიგდებოდი. შენი, ხელმწიფებრივი, საქმეები კი არ დამიმალავს და ღია საჩივარი საელჩო პრიკაზში შევიტანე. მე, ხელმწიფეო, საჩივრის შესახებ ბრძანება არ მაქვს. მე კი, ხელმწიფეო, ეზო-ეზო მშიერი დავწანწალებ და სამარცხვინო სიკვდილით ვკვდები. გულმოწყალე ხელმწიფეო და სრულიად რუსეთის დიდო მთავარო მიხეილ თევდორეს-ძევ! შემიწყალე მე, შენი ღმრთისადმი მლოცველი; ბრძანე, ხელმწიფეო, თავად ივანე ანდრიას-ძე ხილკოვის, თავად ნიკიფორე ივანეს-ძე ბელოსელსკის და ივანე ხანენევის, შენს, დიდი ხელმწიფის, წინაშე დაკითხვა შენი ხელმწიფობის წინაშე დაფიცებით, როგორც შენ, ხელმწიფეო, ფიცს გაძლევდნენ; აგრეთვე ბრძანე, ხელმწიფეო, სამების არქიმანდრიტი ვარლაამი სამღვდელო და სამონოზვნო აღთქმის ფიცით დაკითხონ იმის შესახებ, რომ ისინი მე მეუბნებოდნენ ფედოტთან შევრიგებულიყავი. უბრძანე, ხელმწიფეო, ფედოტმა თავისი ხალხი როდია და ივაშკა მოსკოვში საელჩო პრიკაზში მოიყვანოს და შენი, ხელმწიფებრივი, საქმეების შესახებ ფედოტის ხალხი დაკითხონ. უბრძანე, რომ ჩემზე, შენთვის ღმრთისადმი მლოცველზე, ბრძანება გაიცეს; უბრძანე, ხელმწიფეო, ჩემი ეს საჩივარი განსახილველად მიიღონ, რათა, ხელმწიფეო, მე, შენი ღმრთისადმი მლოცველი, ფედოტისგან ტყუილუბრალოდ შენი, ხელმწიფებრივი, საქმისთვის საბოლოოდ არ დავიღუპო, მშიერი და სამარცხვინო სიკვდილით არ მოვკვდე. მეფე ხელმწიფევ, მიწყალობე, გევედრები!
შენიშვნა: 149[1641] წლის 6 იანვარი. ხელმწიფემ ინება და ბრძანა, საქმე მისთვის, ხელმწიფისათვის, მოეხსენებინათ.
სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფეს და დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძეს უმორჩილესი თხოვნით მოგმართავს შენი ღმრთისადმი მლოცველი, ღატაკი უმწეო მღვდელი პავლიშე. გასულ 147[1639] წელს ხელმწიფეო, შენი ხელმწიფობის ბრძანებულებით ფედოტ ელჩინი და მე, შენი ღმრთისადმი მლოცველი, გაგზავნილ ვიქენით სადადიანოს ქვეყანაში შენი ხელმწიფებრივი საქმეების გამო. როცა, ხელმწიფეო, თერგიდან გავედით, ფედოტმა მდინარე ბისტრაიაზე ოსიპ მალოვის სტანიცის კაზაკთა დასახლებიდან სადადიანოს ქვეყანაში კაზაკი ალექსანდრე შენი ხელმწიფების ბრძანების გარეშე წამოიყვანა; ხოლო ის კაზაკი წარმოშობით საქართველოდან იყო. მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი: ის კაზაკი თან არ წამოიყვანო, რომ იმ კაზაკისაგან რაიმე უბედურება არ დაგვმართნოდა. როდესაც, ხელმწიფეო, სადადიანოს ქვეყანაში მივედით, იმ კაზაკმა შენს სამეფო დიდებულებაზე უკეთური სიტყვები ილაპარაკა: ხელმწიფემ სმოლენსკთან თავისი ბოიარინი და ვოევოდა მრავალრიცხოვანი ხალხით გააგზავნაო და სმოლენსკთან ახლოს ლიტვის მეფემ ხელმწიფის ხალხი დაამარცხაო, საბრძოლო იარაღები, დენთის საწყობი და მრავალი სხვა რამ მიიტაცაო, რის შემდეგაც ხელმწიფე მეფეს შეურიგდაო, მრავალი თავისი ქალაქი ხელმწიფემ მეფეს დაუთმოო (კომენტ. 40-ჯ.გ.); ყირიმელს კი ყოველწლიურად ხელმწიფე ძღვენს აძლევსო (კომენტ.37-ჯ.გ.); ხოლო ნოღაიელი მურზები თავიანთ ულუსებიანად ხელმწიფის დაქვემდებარებიდან გავიდნენ, სხვაგან მომთაბარეობენ და ყოველ წელს ხელმწიფის საზღვრისპირა ქალაქებს თავს ესხმიანო, დაბებსა და სოფლებს ცეცხლს უკიდებენ, ხალხს მრავლად ჩეხავენ და ტყვედაც მიჰყავთო; მთიული ხალხიც - ყუმიკები და ჩერქეზები თერგთან მდინარეებზე თევზჭერით დაკავებულებს, ლელქაშში ჩასაფრებულ მონადირეებს, აგრეთვე ყველანაირი რეწვით დაკავებულებს იჭერენ და ტყვედ მიჰყავთ. როდესაც, ხელმწიფეო, ყარაჩაიში მივედით, ყარაჩაიში ფედოტმა ვაჭრობა გააჩაღა და ყველანაირ რუსულ საქონელს ყიდდა და ცვლიდა; მურზებთან და ჩერქეზებთან საქეიფოდ დადიოდა და საჩუქრები მიჰქონდა, თავისი ვაჭრობისა და ქეიფების მიზეზით ყარაჩაიში თხუთმეტი დღე ვიდექით. მე კი, შენს ღმრთისადმი მლოცველს, მაუდი და ყველანაირი საქონელი გამომართვა; ის ჩემი მაუდი და საქონელი ყარაჩაეველ მურზებსა და სვანეთის მფლობელებს გზის ჩვენებისთვის გასამრჯელოს სახით მისცა. მას კი, ფედოტს, სამგზავრო ხარჯებისთვის შენი, ხელმწიფებრივი, ხაზინიდან ორმოცი სიასამური მიეცა და ის ორმოცი სიასამურის ბეწვი თერგში გაყიდა; მუხლობრივ აღწერაში კი წერდა, თითქოს თვითონ, ფედოტი მფლობელებსა და მურზებს გასამრჯელოს სახით გზაზე გატარებისთვის ყველაფერს თავისას აძლევდა. როგორც კი, ხელმწიფეო, ყარაჩაიდან და სვანეთიდან სადადიანოს ქვყანაში წავედით, ფედოტს შენი, ხელმწიფებრივი, სიგელი უკანალთან მიბმული მიჰქონდა და როგორც კი სადადიანოში მივედით... სოფელ ჯვარში შენი, ხელმწიფებრივი, საქმეების შესახებ წერა მე, შენს ღმრთისადმი მლოცველს, ფედოტმა ამიკრძალა და საშინელი მუქარითა და ცემით დამემუქრა. მე კი შენი, ხელმწიფებრივი, საქმეების შესახებ ფარულად ვწერდი. მეფე ლევანის სტოლნიკი მოგელი ფედოტს ეუბნებოდა: სურსათი როგორ გირჩევნია, ცხვრები და ღორები ცოცხლად თუ დაკლული მოგცეთო? ფედოტმა კი უთხრა: მეფე ლევანს მოელაპარაკე, რომ თავისი მზარეულები მომცეს, ვინც კერძებს მომიმზადებსო; მე კი ხალხი არა მყავს, არავინაა, ვინც მომიმზადებს და მომხედავსო. მეფე ლევანმაც ფედოტს თავისი მზარეულები გამოუგზავნა. ფედოტს მზარეულები ჰყავდა და საჭმელს უმზადებდნენ, სანამ ლევან მეფემ ფედოტი სადადიანოს ქვეყნიდან არ გამოუშვა. ფედოტი, ხელმწიფეო, რომელიც ჯერ საელჩო შეხვედრაზე არ იყო ნამყოფი მეფე ლევანთან და შენი, ხელმწიფებრივი, სიგელი წარდგენილი არ ჰქონდა, ვაჭრობის, ჭადრაკისა და დასჯილი ხალხის შესახებ მეფე ლევანს სთხოვდა და თხოვნებს უგზავნიდა; მეფე ლევანმა თავისი შერისხული ხალხი ფედოტის თხოვნით შეიწყალა და ფედოტს ჭადრაკიც გამოუგზავნა, რითაც ის, ფედოტი, თავს იქცევდა. ფედოტმა, ხელმწიფეო, თავის ხალხს უბრძანა ის მცველები გაელახათ, რომლებიც მეფე ლევანისგან მისი, ფედოტის, უსაფრთხოების დასაცავად იყვნენ გამოგზავნილნი; ის დარაჯები კი ფედოტის მხრიდან თავგასულობისა და ცემისგან პრისტავ მოგელთან გაიქცნენ. მოგელი კი ფედოტთან სამჯერ მოვიდა და ეუბნებოდა: რისთვის აცემინებ მცველებს? ფედოტი მოგელს შესთხოვდა: ამის შესახებ მეფე ლევანს არ მოახსენო, სიმთვრალით გავაკეთეო. როცა, ხელმწიფეო, ფედოტი მეფე ლევანთან საელჩო შეხვედრაზე მიდიოდა,შენი, ხელმწიფებრივი, სიგელის წამოღება თარჯიმან ოსიპს უბრძანა, ფედოტმა კი შენი, ხელმწიფებრივი, სიგელი არ წამოიღო.
როცა მეფე ლევანის წინაშე წარვსდექით, მაშინ ფედოტმა შენი, ხელმწიფებრივი, სიგელი ოსიპ თარჯიმანს გამოართვა და მეფის ხელზე სამთხვევად, ხელმწიფეო, ფედოტმა თავისზე წინ თავისი კაცი ივაშკა გრიგორიევი გაუშვა, ფედოტი კი შენი, ხელმწიფებრივი, სიგელით მეფე ლევანს თავისი კაცის ივაშკა გრიგორიევის შემდგომ მიეახლა და იმ ივაშკას პოდიაჩი უწოდა. ხოლო კეთილმორწმუნე მეფის ასულისა და დიდი მთავრინა ირინე მიხეილის ასულის სახელობის დღესასწაულზე (კომენტ. 74-ჯ.გ.), სმა-ჭამისას ფედოტი თავის გარდაცვლილ მშობლებს იხსენიებდა. მე კი, ხელმწიფეო, შენი ღმრთისადმი მლოცველი, შენთვის, სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს ძის და კეთილმორწმუნე დედოფლისა და დიდი მთავრინა ევდოკია ლუკიანეს ასულისა და შენი კეთილშობილი შვილების ჯანმრთელობისათვის ღმერთს შევსთხოვდი. მაშინაც კი, ხელმწიფეო, მე, შენს ღმრთისადმი მლოცველს, ფედოტმა დიდი მრისხანებითა და სიმკაცრით მიყვირა: რისთვის დგები, ჩვენ ჯდომას გვიშლიო? ფედოტი კი შენთვის, სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძისთვის, კეთილმორწმუნე დედოფლისა და დიდი მთავრინა ევდოკია ლუკიანეს ასულისათვის და შენი კეთილშობილი შვილებისათვის არ წამოდგა და ქუდი არ მოიხადა. როცა, ხელმწიფეო, სადადიანოს ქვეყნიდან მოვდიოდით და მუნდაროვის ყაბაკიდან გამოვედით, მდინარე თერგამდე ორი დღის სავალზე ფედოტმა ალექსანდრე კაზაკი გაუშვა. ის კი, ხელმწიფეო, არ ვიცი ფედოტმა ის კაზაკი თერგში, ყუმიკეთში, ჩერქეზეთში თუ სხვა მუსულმანურ ქვეყნებში გაუშვა. მე კი, ხელმწიფეო, ფედოტს ვეუბნებოდი, რომ ის კაზაკი მოსკოვში წამოეყვანა, რადგან იმ კაზაკს ხელმწიფის საქმე ევალება. როგორც კი, ხელმწიფეო, თერგში მივედით, ფედოტმა თავად ივანე ანდრიას-ძე ხილკოვს თხოვნით მიმართა, რათა მასთან შევერიგებინე; თავად ივანე ანდრიას-ძემ თავისთან დამიძახა და მითხრა, რომ ფედოტთან შევრიგებულიყავი, შენთვის კი, დიდი ხელმწიფისთვის, ფედოტის შესახებ არ მეცნობებინა და საჩივრით არ მომემართა. როცა ხელმწიფეო, ასტრახანიდან მოსკოვისკენ მოვდიოდით, ფედოტის თხოვნით, ასტრახანის სამების მონასტრის არქიმანდრიტმა ვარლამმა მითხრა, რომ ფედოტს შევრიგებოდი, შენთვის კი, დიდი ხელმწიფისათვის, ფედოტზე შენი, ხელმწიფებრივი, საქმის შესახებ არ მომემართა. როცა ხელმწიფეო, სარატოვში ჩავედით, ფედოტის თხოვნით თავად ნიკიფორე ივანესძე ბელოსელსკიმ თავისთან გამომიძახა და იმის შესახებ მითხრა, რომ ფედოტს შევრიგებოდი, ხოლო შენთვის, დიდი ხელმწიფისათვის, ფედოტზე შენი, ხელმწიფებრივი, საქმეების შესახებ არ მომეხსენიებინა. მანვე, ფედოტმა, საელჩო პრიკაზის პოდიაჩი ივანე ხანენევი მომიგზავნა, რომ მე ფედოტს შევრიგებოდი. როცა ნიჟნიში მივედით, ფედოტმა ნიჟეგოროდსკის საფოსტო სადგურის პრიკაზჩიკი ნიკიტა ფეფილოვი, საფოსტო სადგურის პოდიაჩი კირილე და უფროსი კლიმ მატვეევი მომიგზავნა; ისინი მეუბნებოდნენ, რომ ფედოტს შევრიგებოდი. ფედოტისვე თხოვნით, თავადი ნიკიფორე ივანეს-ძე მეუბნებოდა, რომ რაც მოგიხერხდება ფედოტისგან აიღე, ხელმწიფეს კი ფედოტზე საჩივრით ნუ მიმართავო. ეს ამბავი იცის ვასილ შორინის ძმისწულმა, ანდრია ოლფერიევმა. მე, ხელმწიფეო, ფედოტის მიერ თაღლითური გზით შემოთავაზებული ქრთამი არ მიმიღია, შენი, ხელმწიფებრივი, საქმეები არ დამიმალავს და ღია საჩივარი ფედოტზე საელჩო პრიკაზში შევიტანე. ჩემი ღია საჩივრის თანახმად, ხელმწიფეო, თევდორე თევდორეს-ძემ ფედოტი შენი, ხელმწიფებრივი, საქმეების შესახებ დაჰკითხა, თუ რომელი კაზაკი ჰყავდა შენი სამეფო ბრძანების გარეშე თერგიდან სადადიანოს ქვეყანაში წაყვანილი; იმის შესახებ, რომ მეფე ლევანთან საელჩო შეხვედრამდე, მზარეულებს ითხოვდა, აგრეთვე ვაჭრობის, ჭადრაკისა და დასჯილი ხალხის შესახებ მეფე ლევანთან თხოვნებს აგზავნიდა და მეფე ლევანთან ხელზე სამთხვევად ფედოტი თავისი კაცის ივაშკა გრიგორიევის შემდგომ მივიდა; აგრეთვე კეთილმორწმუნე მეფის ასულისა და დიდი მთავრინა ირინე მიხეილის ასულის სახელობის დღესასწაულზე (კომენტ. 74- ჯ.გ.) თავის გარდაცვლილ მშობლებს რომ იხსენიებდა, - და ყველა ეს საქმე ფედოტს არ უარუყვია; ხოლო ყველა იმ ხელმწიფის საქმის შესახებ, რომლებიც ფედოტმა უარყო, მე, შენი ღმრთისადმი მლოცველი, მოწმეებად ოსიპ თარჯიმანს და ფედოტის ხალხს როდია ოფანასიევს და ივაშკა გრიგორიევს ვასახელებდი, რომლებიც მასთან, ფედოტთან, ერთად სადადიანოს ქვეყანაში იყვნენ. ფედოტი კი ჩემი ღია განცხადების საწინააღმდეგოდ ოსიპ თარჯიმანს და სხვა თავის ხალხს არც ერთ საქმეში მოწმეებად არ ასახელებს. ხოლო თევდორე თევდორეს-ძის წინაშე ფედოტმა თქვა: მე ჩემი ხალხი როდია ოფანასიევი ასტრახანიდან დონისა და აზოვისაკენ გავუშვიო, ივაშკა გრიგორიევი კი - სარატოვისკენო. ის კი, ხელმწიფეო, არ არის ცნობილი, თავიდან მოიშორა ისინი ფედოტმა თუ თავისი ანგარებისათვის გაუშვა სადმე, ან იქნებ იცოდა რა, რომ ხელმწიფებრივი საქმეებისათვის პასუხს მოსთხოვდნენ, ზედმეტი ენები მოიშორა და სხვა გემზე გადასვა. მერე კი, ხელმწიფეო, ჩემი საჩივრის შემდგომ, ფედოტმა ჩემზე, შენ ღმრთისადმი მლოცველზე, წერილი შეიტანა. ის კი, ხელმწიფეო, არ წერია - რომელ წელს და სად. რაც, ხელმწიფეო, ფედოტს ჩემზე აქვს დაწერილი, იმაში, ყველაფერში ფედოტი ოსიპ თარჯიმანს იმოწმებს, ხოლო ჩემი ღია განცხადების წინააღმდეგ ფედოტი ოსიპ თარჯიმანსა და თავის ხალხს არც ერთ საქმეში არ იმოწმებს. ხოლო ის, რაც, ხელმწიფეო, ამ საჩივარში შენი, ხელმწიფებრივი, საქმეების შესახებ არ წერია და რაც... ხელმწიფებრივი საქმეები შენი, ხელმწიფებრივი, ბრძანების გარეშე... რომელ თვეში და რომელ რიცხვში, ყველაფერი წერია ღია განცხადებაში, რომელიც, ხელმწიფეო, შეტანილია საელჩო პრიკაზში. ამჟამად კი, ხელმწიფეო, იმ საქმეებისათვის, ფედოტს დანიშნული აქვს დიდი სარჩო - სამ-სამი მანეთი თვეში; მე კი, ხელმწიფეო, სირცხვილისა და შიმშილისაგან ვკვდები მშიერი სიკვდილით. შენ, დიდ ხელმწიფეს, მოგმართე თხოვნით და სათხოვარი შევიტანე დახმარების შესახებ თქვენი ბრძანების გასაცემად ქრისტესშობაზე, ნათლისღებაზე, კეთილმორწმუნე მეფის ასულისა და დიდი მთავრინა ტატიანა მიხეილის ასულის სახელობის დღესასწაულზე (76), შემოწირულობისათვის და დიდი სასწაულთმოქმედის ალექსი მიტროპოლიტის ხსენების დღისთვის (კომენტ. 156-ჯ.გ.), მაგრამ მე, ხელმწიფეო, შენს ღმრთისადმი მლოცველს, არავითარი ხელმწიფებრივი განკარგულება არ მიმიღია და არც ჩემი საჩივრებისა ვიცი რაიმე. ის კი, ხელმწიფეო, არ ვიცი, იქნებ ვინმე ფედოტის წაქეზებით იმ საჩივრებს მალავს, ან იქნებ ფედოტს აძლევს და მისგან ძღვენს იღებს. ხელმწიფეო, გლახაკი ვარ და პატარა ქოხიც კი არ გამაჩნია, მდგურადაც რომ დავდგე - მისაცემი არაფერი მაქვს. ხოლო მწირად კარდაკარ რომ ვიარო, მეშინია ფედოტი მუქარით, თავგასულობითა და ცემით არ გამიმასპინძლდეს. სრულიად რუსეთის გულმოწყალე ხელმწიფე მეფეო და დიდო მთავარო მიხეილ თევდორეს-ძევ! გამოიჩინე წყალობა ჩემდამი, შენი ღმრთისადმი მლოცველისადმი, უბრძანე, ხელმწიფეო, რომ თავადი ივანე ანდრიას-ძე ხილკოვი და თავადი ნიკიფორე ივანეს-ძე ბელოსელსკი, პოდიაჩი ივანე ხანენევი, ნიჟეგოროდსკის საფოსტო სადგურის პრიკაზჩიკი ნიკიტა ფეფილოვი, პოდიაჩი კირილე და უფროსი კლიმი დაჰკითხონ შენი ხელმწიფობის წინაშე დაფიცებით, როგორც შენ, ხელმწიფეს, ფიცს გაძლევდნენ; აგრეთვე ასტრახანის სამების არქიმანდრიტი ვარლაამიც თავისი სამღვდელო და სამონოზვნო ფიცით, იმის თაობაზე, რომ ისინი მე მეუბნებოდნენ, ფედოტს შევრიგებოდი, შენთვის კი, დიდი ხელმწიფისათვის, საჩივრით არ მომემართა. უბრძანე, ხელმწიფეო, ფედოტმა თავისი ხალხი როდია და ივაშკა შენს, დიდი ხელმწიფის, წინაშე წარმოადგინოს და შენი, ხელმწიფებრივი, საქმეების შესახებ ბრძანე, ისინი დაჰკითხონ; ჩემი ღია საჩივარი, რომელიც საელჩო პრიკაზშია შეტანილი, უბრძანე შენს, ხელმწიფის, წინაშე წარმოადგინონ; ჩემს, ღმრთისადმი შენზე მლოცველის, საქმესთან დაკავშირებით, უბრძანე, ხელმწიფეო, გაიცეს ბრძანება, რათა, ხელმწიფეო, ფედოტისგან ტყუილუბრალოდ და საბოლოოდ არ დავიღუპო და მისი, ფედოტის, მუქარისა და თავგასულობის შედეგად მშიერი და სამარცხვინო სიკვდილით არ მოვკვდე. მეფეო, ხელმწიფეო, მიწყალობე, კეთილინებე!
შენიშვნა: 149[1641] წლის 27 თებერვალს ხელმწიფემ კეთილინება და სათათბიროს დიაკს თევდორე ლიხაჩევს ამხანაგებთან ერთად უბრძანა, წინამდებარე საჩივრის საფუძველზე გამოძიება წარმართონ და ...., ისინი დაკითხონ და გამოკითხვა ჩაატარონ იმ ხალხის დაპირისპირებით და ყველაფერ ამის შესახებ ებრძანათ, რომ მოახსენონ პირადად ხელმწიფეს.
2 მარტს პავლე მღვდელმა შემოიტანა. ხელმწიფის ბრძანებულების თანახმად საქმე მიღებულ და გამოძიებულ იქნეს.
10. ფედოტ ელჩინის მუხლობრივი აღწერილობა (1639 წლის მაისი-1640 წლის აგვისტო)
(აღნიშნულ დოკუმენტის სრული ტექსტი არ არსებობს და ნაკლული ადგილები შევსებულია დოკუმენტის სხვადასხვა ხელნაწერებიდან)
7147[1639] წლის 29 მაისს სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის ბრძანებულებით1 ხელმწიფემ ფედოტ ელჩინს2 და მასთან პავლე მღვდელსა და პოდიაჩ ფედკა ბაჟენოვს უბრძანა, თავისი3 ხელმწიფის სამსახურისთვის სადადიანოს ქვეყანაში4 წასულიყვნენ.
29 მაისს მეფესთან მიახლებულნი ვიყავით. მოსკოვიდან 2 ივნისს გაგვიშვეს. კოლომნაში(77) 6 ივნისს ჩავედით. იმავე დღეს გაგვიშვეს. რიაზანის პერესლავში 8 ივნისს ჩავედით. პერესლავიდან 10 ივნისს გაგვიშვეს5. კასიმოვში (კომენტ.17-ჯ.გ.) 13 ივნისს ჩავედით. 14 ივნისს გაგვიშვეს. მურომში(78) 16 ივნისს ჩავედით. იმავე დღეს გაგვიშვეს. ნიჟნიში(79) 18 ივნისს ჩავედით. ნიჟნიდან 21 ივნისს გაგვიშვეს.
1. სხვა გასწორებულ ტექსტში: ბრძანებულებით ნაბრძანებია, წავიდნენ.
2. მისი, ხელმწიფის, საქმისათვის.
3. მისი.
4. ხოლო, რა სახელმწიფო საქმისათვის იყო გაგზავნილი და სადადიანოს ქვეყანაში რისი გაკეთება ჰქონდა ნაბრძანები, ყველაფერი ეს მას, ფედოტს, კონკრეტულად აქვს ჩაწერილი ხელმწიფის განაწესში, და რაც ამ მგზავრობაში მას, ფედოტს, გადახდა, ესეც ყველაფერი მას ზუსტად აქვს დაწერილი ამ მუხლობრივ აღწერილობაში. 2 ივნისს სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს ძისგან, მოსკოვიდან სადადიანოს ქვეყანაში ფედოტ ელჩინი, პავლე მღვდელი, პოდიაჩი ფედკა და თარჯიმანი წავედით. მასთან, ფედოტთან და მის თანმხლებ პირებათან, ერთად მოსკოვიდან გაშვებულია სადადიანოს ელჩი გაბრიელი თავის კაცითურთ, კოლომნაში კი...
5. ორი დღე დავყავით იქ ნიჩბოსნების გამო...
გამცილებელი სტრელცების გამო გაგვაჩერეს6. კუზმოდემიანსკში(80) 22 ივნისს ჩავედით. იმავე დღეს გაგვიშვეს. ყაზანში 24 ივნისს ჩავედით7. ყაზანიდან 3 ივლისს გაგვიშვეს8. ტეტიუშში(81) 6 ივლისს ჩავედით. ტეტიუშში ყიზილბაშელ ვაჭრებს 10 ივლისამდე ველოდეთ. სამარაში 16 ივლისს ჩავედით. სამარიდან 18 ივლისს გაგვიშვეს. სარატოვში 23 ივლისს ჩავედით. სარატოვიდან 24 ივლისს გაგვიშვეს. ცარიცინში (ვოლგოგრადი - ჯ.გ) 28 ივლისს ჩავედით. ცარიცინიდან 30 ივლისს გაგვიშვეს. ჩორნი იარში (კომენტ.31 - ჯ.გ.) 2 აგვისტოს ჩავედით. 3 აგვისტოს გაგვიშვეს. ასტრახანში 7 აგვისტოს ჩავედით9. 19 აგვისტოს გაგვიშვეს. თერგში 29 აგვისტოს ჩავედით10. თერგიდან 22 სექტემბერს გაგვიშვეს. ალეგუკას ყაბარდოში 2 ოქტომბერს ჩავედით11. საჩუქრების დარიგებისას ხაპუკა მურზას ოთხი არშინი ინგლისური წითელი მაუდი და გერმანული დიდი მოვარაყებული სარკე გადაეცა. ატაჟუკ მურზას ოთხი არშინი ინგლისური წითელი მაუდი და გერმანული დიდი მოვარაყებული სარკე მიეცა. ალეგუკას ცოლს გერმანული დიდი მოვარაყებული სარკე12 მიეცა. ხაპუკაის გამცილებლებს, მის უზდენ პშუკას თავისი ხალხით, რომლებმაც ყაბარდოდან ყარაჩაიში გაგვაცილეს, ორი არშინი წითელი ინგლისური მაუდი მიეცათ.
6. გაგვაჩერა ვოევოდამ და დიაკმა.
7. ყაზანში 8 დღე ვიცხოვრეთ. ქარავანს და გაშვებას ველოდებოდით.
8. დიდი ქარავნით, ასტრახანში.
9. ცხენების საყიდლად ასტრახანში 12 დღე ვიცხოვრეთ; ცხენებს კი ჩვენი ფულით ვყიდულობდით, ხოლო როცა ცხენები ვიყიდეთ და სრულიად მზად ვიყავით, ცხენებიც მთით გავუშვით, ისინი კი ბოიარინმა და ვოევოდამ იური ანდრიას ძე სიცკოიმ თანაშემწეებთან ერთად 19 აგვისტოს გემით ზღვაზე გაუშვა. თერგში კი...
10. თერგში კი 3 კვირა-ნახევარი დავყავით იმიტომ, რომ თერგის იქით, იმ გზაზე, საითაც ჩვენ უნდა წავსულიყავით, პატარა ქალაქ ჩერლენში, თერგიდან 2 დღის სავალზე, ყუმიკებმა თერგელი კაზაკები დაჩეხეს, რომლებიც მდინარე თერგზე ცხოვრობენ და ამ ცნობების გამო ვოევოდა ივანე ანდრიას ძე ხილკოვმა თავის თანაშემწეებთან ერთად მისი გაშვება ვერ გაბედეს; ხოლო როდესაც ის ამბავი მოძველდა, ისინიც თერგიდან ალეგუკას ყაბარდოში 22 სექტემბერს გაუშვეს და მათთან ერთად გამცილებელი სოტნიკი 20 კაცი თერგელი სტრელცებით. მაგრამ ალეგუკას...
11. მაგრამ ალეგუკა ყაბარდოში არ დაგვხვდა; იგი აბაზებში იყო. ყაბაკებში კი მისი ძმები ხაპუკა და ატაჟუკა იყვნენ. მან, ფედოტმა, ხელმწიფის სიგელი, რომელიც გაგზავნილი იყო ალეგუკასთან მისი, ფედოტისა, და ფედოტის თანმხლებ პირთა გასაშვებად მურზებს - ხაპუკასა და ატაჟუკს მისცა. თავის მხრიდან პატივისცემის ნიშნად აჩუქა მათ 4-4 არშინი ინგლისური წითელი მაუდი...
12. ხაპუკამ და ატაჟუკმა გაუშვეს ისინი ყარაჩაევის ყაბარდოში 6 ოქტომბერს, მათთან ერთად კი გამცილებლად თავისი უზდენი პშუკა გააგზავნა და მათ იმ უზდენს პატივისცემის ნიშნად გაცილებისათვის მისცეს...
ყარაჩაის ყაბარდოში 13 ოქტომბერს მივედით13. ყარაჩაელ მთავრებს, ორ ძმას - ელბუზდუკსა და ელისტანს ოთხი არშინი წითელი ინგლისური მაუდი და რვა - ერთ ფერში მოქარგული ბამბის ქსოვილი გადაეცათ.
29 ოქტომბერს ალეგუკამ აბაზადან(82) თავისი უზდენი ურანბა გამოაგზავნა და ჩემგან, ფედოტისგან, მოითხოვა, ოთხი არშინი წითელი ინგლისური მაუდი14 მიმეცა.
ყარაჩაიდან15 28 ოქტომბერს წავედით. წასვლისას ცხენები ყარაჩაიში დავტოვეთ,16 ჩვენს შემდეგ კი ჩერქეზმა ხაპუკა მურზამ ცხენები თავისთან წაიყვანა.
სვანეთში სოფელ ვლეშქარაშში 1 ნოემბერს მივედით. ვლეშქარაშიდან 2 ნოემბერს წავედით.
იმავე დღეს ესკერში მივედით. იმათ საპალნე ყარაჩაევიდან მოჰქონდათ. საპალნედან ლაჟვარდისფერი ათი არშინი მაუდი, ორი დიდი გერმანული მოვარაყებული სარკე, თორმეტი დანა და უბრალო წითელი ფერის ბამბის ქსოვილი გამოიღეს. მათაც წამოღების საფასურად ორი არშინი მაუდი მიეცათ.
სვანეთიდან 9 ნოემბერს წავედით. სადადიანოს ქვეყანაში 13 ნოემბერს სოფელ ხუდონში მივედით. სვან გამცილებლებს, რომლებმაც სადადიანოს ქვეყანამდე გაგვაცილეს, ოთხი არშინი ინგლისური მაუდი, რვა გერმანული დანა და ოთხი სარკე მივეცით; ხოლო გვაცილებდა ურანკანელი მფლობელი ობეზისა(83).
13. და აჩვენეს ყარაჩაეველ მფლობელებს, ორ ძმას - ელბუზდუკსა და ელისტანს ხელმწიფის საგზაო სიგელი, პატივსაცემად კი მათ...
14. და მან, ალეგუკა რომ არ განერისხებინა, მის უზდენს ბარანბას 4 არშინი ინგლისური მაუდი მისცა. ყარაჩაის ყაბარდოში მოკვდა პოდიაჩი თევდორე, რომელიც მასთან, ფედოტთან, ერთად მოსკოვიდან იყო გამოგზავნილი.
15. სვანეთში ფეხით თოვლიანი მთებით...
16. რადგან ცხენებით წასვლა შეუძლებელი იყო, გზა კი მშვიდობიანი გვჭირდებოდა. მთელი გზა მთებთან ახლოს და ფერდობებზე ვიარეთ. ხარახურის სატარებლად ყარაჩაეველი გლეხები დავიქირავეთ; ქირას კი, სვანეთამდე ტარებისთვის, ნახევარ არშინ ინგლისურ მაუდს ვაძლევდით.
18 ნოემბერს17 მღვდელი გაბრიელი მოვიდა და ფედოტს უთხრა: ჩვენს მეფე ლევანს ჩემთან სიგელი გამოუგზავნია და სიგელი ფედოტის წინ წაიკითხა. სიგელში კი გაბრიელისადმი მეფე ლევან დადიანისგან წერია კეთილგანწყობა და საქებარი სიტყვები: მოხარული ვარო, გაბრიელ, რომ ასეთი შორეული ქვეყნიდან ღმერთმა ჩემთან მოგიყვანა. ასევე გამიხარდა, როცა გავიგე, რომ შენთან ერთად არის სრულიად რუსეთის თვითმპყრობლის, დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს ძის დესპანი და შენ მას ჩემგან თაყვანისცემა გადაეცი და გამოკითხე ჯანმრთელობის შესახებ - უვნებლად იმგზავრა თუ არა. ფედოტმა მისი მეფური სიტყვის საპასუხოდ მდაბლად თაყვანისცა18.
21 ნოემბერს მეფე ლევან დადიანისგან ეპისკოპოსი ანდრია არქიმანდრიტ არტემონთან ერთად მოვიდა; ფედოტი და პავლე მღვდელი თავისთან სადილად მიიწვია. დასაპატიჟებლად კი მოსკოვში ელჩად ნამყოფი გაბრიელ მღვდელი მოვიდა და მასთან ერთად პრისტავი, რომელიც პირველი ღამისთევისას შეგვხვდა. მისი სახელია მანუილო. როცა მასთან მივედით, ვერცხლის მოოქროვილი ჯვარი ედგა, ჯვარზე კი ქრისტეს ჯვარცმაა გამოსახული, მარჯვენა მხარეს ღმრთისმშობლის ხატია, მარცხნივ კი - იოანე წინამორბედის(84), ხოლო თავთან მთავარანგელოზი მიქაელის, ფერხთით - იოანე ღმრთისმეტყველის(85). ჯვრის ქვეშ - ოთკუთხა საყრდენია, საყრდენის წინ, ძირთან - ღმრთისმშობლის ოდიგიტრია, მარჯვნივ - დიდმოწამე გიორგის(86), მარცხნივ კი - თევდორე სტრატილატის(87), საყრდენის უკანა მხარეს - მოწამე დიმიტრი თესალონიკელის(88) ხატებია; საყრდენი კვერთხზეა დამაგრებული.
ჩვენ ჯვარს თაყვანი ვეცით, ეპისკოპოსისგან კურთხევა ავიღეთ და მასთან ერთად მაგიდასთან დავსხედით. ეპისკოპოსმა სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორესძისა და მისი ხელმწიფებრივი მრავალჟამიერ ჯანმრთელობის შესახებ იკითხა. ფედოტმა უპასუხა: როცა მისი სამეფო უდიდებულესობისაგან წამოვედით, ღმრთის წყალობით ჩვენი ხელმწიფე და დიდი მთავარი მიხეილ თევდორეს ძე სრულიად რუსეთის თვითმპყრობელი და მრავალ სახელმწიფოთა ხელმწიფე და მფლობელი თავის, მეფის, დიდ და მეტად სახელოვან სახელმწიფოებში კეთილად და ჯანმრთელად იყო.
17. ლევან მეფისგან მათთან აზნაური, რუსულად კი მეფის დვორიანინ, მოვიდა სიგელით და უბრძანა მას, მანუილს, მასთან პრისტავად ყოფილიყო; იმ სიგელს მღვდელი გაბრიელი, რომელიც მოსკოვში ელჩად იყო, მის, ფედოტის, წინაშე კითხულობდა.
18. ეს სიტყვა არ არის.
კვლავ შეგვეკითხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ იოსაფის(89) შესახებ. ფედოტისავე სიტყვებია: როცა მე ხელმწიფის ბრძანებულებით მოსკოვიდან წამოვედი, დიდი მეუფე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი უწმინდესი იოსაფი ღმრთის წყალობით ხელმწიფის საბრძანებელში ჯანმრთელად იყო.
23 ნოემბერს ჩვენთან ეპისკოპოსი და არქიმანდრიტი არტემონი მოვიდნენ და ჩამოსხდნენ. არქიმანდრიტმა დაიწყო საუბარი, გამოკითხა პავლე მღვდელი: რწმენა ჩვენ ერთი გვაქვს, ქრისტიანული, ოღონდ ღმერთმა სხვადასხვა ენები მოგვცა19. პავლე მღვდელმა და არქიმანდრიტმა დაიწყეს საუბარი, როგორ შექმნა უფალმა ცა და ქვეყანა, შემდეგ ადამიდან როგორ წამოვიდა შთამომავლობა და ვისგან ვინ იშვა. იქამდე მივიდა, რომ არქიმანდრიტმა თქვა: ენოქზე წინ ილია იყოო; პავლე მღვდელმა დაიწყო საუბარი: ენოქი წარღვნამდე იყო, ილია კი წარღვნიდან მრავალი წლის შემდეგო. ამის გამო მათ შორის კამათი დაიწყო, გადაჭრა კი ვერ შეძლეს და საუბარი შეწყვიტეს.
იმავე დღეს მწუხრზე ეპისკოპოს ანდრიასთან ვიყავით და ეპისკოპოსს დავუწყეთ გამოკითხვა. როცა მწუხრიდან ვბრუნდებოდით, კითხვებით იმავე საკითხებზე მისი გაღიზიანება დავიწყეთ, რათა კვლავ გვესაუბრა მასთან. ანდრია ეპისკოპოსმა გვითხრა: ვიცით ჩვენ თვითონ, რომ თქვენი ქრისტიანული სარწმუნოება მტკიცეა, ჩვენ კი ამჟამად დიდი გლოვა გვაქვს. ფედოტმა ჰკითხა: ასეთი რა გლოვა გაქვთ? ეპისკოპოსმა უთხრა: წარსულ 147[1639] წლის 1 ივნისს ჩვენი დედოფალი(90) აღესრულაო20.
2 დეკემბერს მეფე ლევანისგან გაბრიელ მღვდელი მოვიდა და ფედოტს უთხრა: მეფე ლევანმა მიბრძანა შენი ჯანმრთელობა მოვიკითხოო21.
19. და პავლე მღვდელი მასთან წიგნებიდან საუბრობდა. არქიმანდრიტი ყვებოდა ცისა და ქვეყნიერების შექმნაზე, ადამიდან დაწყებული რამდენი მოდგმა იყო, ვინ ვისგან იშვა, ილიასა და ენოქზე. საუბრით გაეშურნენ მწუხრზე სამლოცველოში. მწუხრის შემდეგ კი მათ ეპისკოპოსს გამოკითხვა დაუწყეს იმავე საკითხებზე, რათა მასთან საუბარი გაეგრძელებინათ. და ეპისკოპოსმა...
20. ამის შემდეგ დაიშალნენ.
21. ამის შემდეგ ანდრია ეპისკოპოსმა ფედოტისა და პავლე მღვდლის მონასტერებსა და წმინდა ადგილებში ტარება დაიწყო. მეფე ლევანთან კი ისინი დიდი ხნის განმავლობაში არ მიჰყავდათ იმიტომ, რომ მეფე ლევანმა თავისი დედოფლის გლოვის ნიშნად, წესჩვეულებისამებრ, სულ გაიპარსა - წვერი, ულვაში, წარბები, და მას არ შეეძლო ამ სახით მათ ჩვენებოდა; ამიტომაც ბრძანა, ისინი წმინდა ადგილებში მოეტარებინათ, რომ ამით დრო მოეგო, სანამ თმები გაეზრდებოდა. 3 დეკემბერს...
იმავე დღეს გაბრიელ მღვდელმა საუბარი დაიწყო: ჩვენ შობის მონასტერში ღმრთისადმი სალოცავად წავალთ, ღმრთის სიწმინდეებს დავათვალიერებთ და წმინდა ნაწილებს ნახავთო.
3 დეკემბერს კი ეპისკოპოსი ანდრია, ფედოტი და მღვდელი პავლე შობის მონასტერში წავედით, ღამეც იქ გავათიეთ. ცისკრის შემდეგ გვაჩვენეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ხატი კიოტში და ის ხატი კიოტიდან ამოიღეს; კიოტში, ხატის ქვეშ ბევრი წმინდანის ნაწილებია, სახელები კი ჩვენთვის არ უთქვამთ, რომელი წმინდანის ნაწილებია. სხვა ხატიც გვაჩვენეს კიოტით; კიოტს შესაწევი კარი აქვს, კიოტზე კი არის ბევრი წმინდანისა და მოწამის ვერცხლის გამოსახულება. იმ ხატის ქვეშ, იმავე კიოტში წვრილი ჭადრაკული უჯრედებია დატანებული და იმ უჯრედებში იმ წმინდანთა ნაწილები ჩანს, რომლებიც ხატებზეა გამოსახული, სახელები კი ისევ არ უთქვამთ. იმავე კიოტში ხატის უკან ჯვარია და, ამბობენ, რომ ის ჯვარი იმავე ჯვრისგან არის, რომელზედაც ქრისტე იყო გაკრულიო. იმ ჯვარში პატარ-პატარა წმინდა ნაწილებია ჩასმული. ტაძარში ხატები, დეისუსი და ადგილობრივი ხატები კი ვერცხლით არის მოჭედილი, მოოქროვილია და ირგვლივ მარგალიტებითაა შემკული. კედლების ხატწერა წესისამებრ არის, გუმბათზე კი საბაოთი ეხატა. საკურთხეველში ერთი სამეუფო კარი შედის, ჩრდილოეთის კარი კი არ არის. საყდარზე ხატი და ვერცხლით მოჭედილი დიდი ჯვარი დგას, ჯვრის გარშემო კი წმინდანებია გამოსახული. ტაძარში შესასვლელის მარცხენა მხარეს განთავსებული ეგვტერი ცარიელია, ხატები მასში არ არის. იმავე ეგვტერში დიდი ლოდი დევს, ლოდის შუაგულში რკინის რგოლია გამობმული; იმ ლოდის ქვეშ კი, ამბობენ, მღვიმეა, ხოლო იმ მღვიმეში, როგორც ამბობენ, წინა მეფეთა საფლავებია.
იმავე დღეს ყოვლადმოწყალე მაცხოვრის მონასტერში გავემგზავრეთ22. ეკლესიაში ხატები, დეისუსი და ადგილობრივი ხატები - ყველაფერი წესისსამებრაა, ჩარჩოები კი - ძალიან ძვირფასი. ადგილობრივი ხატის შუაში მაცხოვრის ხატია ამოტვიფრული; მათ იგი ამოიღეს და გვიჩვენეს. კიოტი შესაწევი კარითაა; იგი ორივე მხრიდან ვერცხლითაა მოჭედილი და მოოქროვილია. კიოტი გავხსენით23; მაცხოვრის ხატში ცხოველსმყოფელი ჯვარია ჩამაგრებული და, როგორც ამბობენ, იმ ჯვრისგან არის, რომელზედაც ქრისტე გააკრესო; გვერდებზე მეფე კონსტანტინესა და მისი დედის-ელენეს(91) ხატებია დაწერილი. იმავე დაფაში წმინდანთა მცირე ზომის ნაწილებია ჩამაგრებული, რომელთა ბუდეების ქვემოთაც წარწერებია გაკეთებული. ამ წარწერების მიხედვით, ანდრია ეპისკოპოსმა გვითხრა, რომელ წმინდანებს ეკუთვნოდათ ისინი: წმ. ნაწილები კოზმასი და დამიანესი, წმ. ნაწილები აზარისა და მისაილისა, წმ. ნაწილები პანტელეიმონისა, წმ. ნაწილები დანიელ მესვეტესი და კვირიკესი, წმ. ნაწილები იოანე დამასკელისა, წმ. ნაწილები ბარბარე ქრისტესათვის წამებულისა, წმ. ნაწილები ანასტასიასი, ანასი, წმ. ნაწილები წმ. მოწამე ანნასი, წმ. ნაწილები წმ. მოწამე მარინესი, წმ. ნაწილები წმ. მოწამე თეკლასი, წმ. ნაწილები წმ. მოწამე ეკატერინესი, წმ. ნაწილები დიმიტრი თესალონიკელის, წმ. ნაწილები წმინდა მოწამე ხარლამპისა, წმ. ნაწილები ანდრია კრეტელისა, წმ. ნაწილები თეოდორე ტირონისა, წმ. ნაწილები გიორგი დიდმოწამისა, წმ. ნაწილები გრიგოლ ღვთისმეტყველისა, წმ. ნაწილები წმ. მათე მოციქულისა, წმ. ნაწილები წმ. მოწამე პროკოფისა, წმ. ნაწილები დიდი სასწაულთმოქმედი ანტონისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილი, ასევე იმ ღრუბლის პატარა ნაწილი, რომლითაც ჯვარზე გაკრულ ქრისტეს ღვარძლს ასმევდნენ. აგრეთვე, წმ. ნაწილები მოწამე კვიპრიანესი, წმ. ნაწილები მღვდელმოწამისა ვლასისა, წმ. ნაწილები იაკობ სპარსისა, წმ. ნაწილები თევდორე სტრატილატისა, წმ. ნაწილები იოანე მოწყალისა, წმ. ნაწილები ბასილი კესარიელისა, წმ. ნაწილები წმინდისა სასწაულთმოქმედისა ნიკოლოზისა, წმ. ნაწილები წმინდისა სპირიდონისა, წმ. ნაწილები მოციქულისა მათესი(92).
22. მონასტერში მრავალმოწყალე მაცხოვრის სახელობის ქვის ტაძარია. ეკლესიაში კი...
23. უკნიდან.
სამეუფეო კარის მარცხენა მხარეს პატარა სტოაა, სტოაში გვიჩვენეს წმინდა ნაწილები, ოღონდ წარწერები, თუ რომელი წმინდანებისაა ისინი, არ არის. ხატის ქვედა ნაწილში მარჯვენა მხარეს - პატარა სტოაა, სტოაში კი უფლის ნათლისმცემლის იოანეს ხელია. ჩვენ დავუწყეთ გამოკითხვა: საიდან არის ის ხელი ჩამობრძანებული და ვის მიერ? მათ გვითხრეს: ის ხელი იერუსალიმის პატრიარქმა ას სამოცდაათი წლის წინათ ჩამოაბრძანა, ხოლო პატრიარქის სახელი არ გვახსოვსო. ჩვენ სხვა წმინდა ნაწილებზეც ვეკითხებოდით, იქ რომ ეწერა. ისინი ამბობდნენ: ის წმინდა ნაწილები წინანდელი მეფეების დროს იერუსალიმიდან არის ჩამოტანილი; მატიანე კი ამის შესახებ არა გვაქვს, ხოლო ზეპირად რომ გითხრათ, არ გვახსოვსო.
მეფე ლევან დადიანის მამის მანუჩარის [ნაქონი] ადგილობრივი ხატი ვედრება ვერცხლით არის მოჭედილი, მოოქროვილია და ქვაშია ჩასმული. მარცხენა მხარეს პატარა სტოა აქვს, სტოაში კი წმინდა ნაწილებია, ხოლო რომელი წმინდანებისაა, ამის აღმნიშვნელი წარწერები არ არის. მეფე ლევან დადიანის შეკვეთით გაკეთებული სახარება პერგამენტზეა დაწერილი, ორივე მხრიდან ვერცხლით, ოქროთი და მარგალიტებითაა გამშვენებული, ხოლო სახარების შიგნით წმინდანების ხატებია დაწერილი ოქროთი, ჯვარი კი იმ სახარებაზე არ იყო; მეორე სახარება გამოიტანეს სულ ოქროში, ერთი მხრიდან ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებით.
3 დეკემბერს ეპისკოპოსი ჩვენგან წავიდა და მასთან ერთად გაბრიელ მღვდელიც.
იმავე დღეს მაცხოვრის მონასტრიდან ოთხი ვერსის მანძილზე სოფელ ჟახარში24 გადაგვიყვანეს.
7 ნოემბერს(93) ოსიპმა თქვა: გურიის სამეფო სადადიანოს მეფეს ემორჩილება, მანამდე კი მას გურიელის მთავარი სვიმონი ფლობდა; მას ცოლად მეფე ლევანის და ჰყავდა. 148 [1639] წელს ის მთავარი სვიმონი მეფე ლევანმა დაატყვევა, მისი სამეფო დაიმორჩილა, მას კი თვალები ამოწვა, ერთი წელიწადი თავისთან საპყრობილეში ჰყავდა, შემდეგ იგი გაიქცა და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია (კომენტ. 10 - ჯ.გ.). ქართველ მეფეთა სამეფო კი თბილისია; ამჟამად მას შაჰი ფლობს, შაჰისგან კი ტახტზე ქართველი უფლისწული ზის, მისი სახელია როსტომი (კომენტ. 11 - ჯ.გ.). ამჟამად მას მეფე ლევან დადიანმა ცოლად თავისი და შერთო.
12 დეკემბერს ლევან მეფემ ფედოტს მოსამსახურეებად ორი მეძაღლე გამოუგზავნა.
ახალ წელს ბასილის დღიდან (1 იანვრიდან-ჯ.გ.) იწყებენ. ფედოტთან ადრე დილიდან მოდიოდნენ მოსალოცად, მოჰქონდათბრინჯი25, ბრინჯზე კი დევს ყურძენი26, კვერცხი27, მოიტანეს შამ24. მათთან მოსამსახურედ მეფე ლევანმა ორი მეძაღლე გააგზავნა და უბრძანა მათ განკარგულებამდე იქ მდგარიყვნენ. ისინი იდგნენ 1 იანვრამდე. საკვებად მათ სამზარეულოდან ფაფას და ხორცს დღეში ორჯერ აძლევდნენ, სასმელად კი ჭაჭის არაყი საკმარისად ჰქონდათ. პირველი იანვრიდან მათთან ახალი წელი იწყება და მათთან, ფედოტთან და პავლე მღვდელთან, პრისტავები ადრე დილიდან მოდიოდნენ... ფურზე აცმული ბეჭის ხორცი და ვაშლი; თითოეულ კაცს ხელში ყველანაირი ჯიშის ხილის ნაყოფით მორთული ტოტი ეჭირა და გვითხრეს: ჩვენთან ასეა მიღებული, დღეიდან ახალი წელი იწყებაო.
25. მშრალი.
26. ყურძნის მტევანი.
27. ქათმის, აგრეთვე ვაშლი, შამფურზე შემწვარი ბეჭის ხორცი და ...
4 დეკემბერს28(94) ლევან მეფემ აზნაური გამოგვიგზავნა, მისი სახელი ყოფილა თავეი, კუჩილიას გვარიდან29. ფედოტს მან უთხრა: მეფე ლევანმა ბრძანა, თქვენი ჯანმრთელობის ამბავი გამომეკითხა; ფედოტს ჰკითხა: ხომ არ მოიწყინეთ? ფედოტმა თქვა: ღმრთის მადლით, სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძისა და მეფე ლევან დადიანის ხელმწიფებრივი წყალობით მოწყენილი არ ვართ. მხოლოდ ერთი საზრუნავი გვაქვს - ის, რომ დიდი ხანია მეფე ლევანმა პირისპირ შეხვედრის ნებართვა არ მოგვცა30, რათა სრულიად რუსეთის თვითმპყრობლის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის ბრძანება შევასრულოთ. აზნაურმა კი თქვა: თქვენ რომ წყალობა არ მოგაკლდეთ, არ იჯავროთ - ამჟამად ჩვენს მეფე ლევანს დედოფლის გამო მწუხარება აქვს, ხოლო როგორც კი დრო ექნება, იგი უბრძანებს, რომ თქვენ მის წინაშე წარგადგინონ31.
მეფე ლევანი კი თურქეთის მეფეს რვაას არშინ ქსოვილს, ოცდაათ-ორმოც სულ ტყვეს ხარკად აძლევს იმისთვის, რომ გემებმა სავაჭროდ იარონ. ხოლო რომელ წელსაც გემები არ მოვლენ, იმ წელიწადს მარილისა და რკინის უკმარისობა ექნებათ. ისინი ჩვენთან 144 [1636] წლიდან არ ყოფილან; ყველა ამბობს, რომ ისინი ჩვენთან გემებით იმიტომ არ დადიან, რომ კაზაკების ეშინიათ, იმ დროიდან ჩვენ მათ ხარკს არ ვუხდით.
31 იანვარს სოფელ ჟახარიდან წავედით, ღამის გასათევად კი სოფელ ბოჯში მივედით. ბოჯში კი ანდრია ეპისკოპოსს შევხვდით. 1 თებერვალს სოფელ კეძში ჩავედით, კეძიდან კი 2 თებერვალს სოფელ პუდცკურში (ფუწყურში - ჯ.გ.) წავედით. სოფელ ფუწყურში, მეფის სასახლის გვერდით, სვიმეონ ღმრთისმიმრქმელის სახელობის ხის ეკლესია დგას.32
28. იანვარს.
29. მეფე ლევანისგან ფედოტის ჯანმრთელობა მოიკითხა და უთხრა, რომ არ დამწუხრებულიყო, ამის გამო, მათი მეფე ლევანი დიდხანს ვერ მიიღებდა მათ საელჩო შეხვედრაზე.
30. არ მოგვცემს.
31. კვლავ დაიწყეს მათი მონასტრებში ტარება. 31 იანვარს გაემგზავრენ.
32. 6 თებერვალს.
5 თებერვალს მდინარე მორგულის ნაპირს შავი ზღვისკენ ცხენებით გავყევით. ანდრია ეპისკოპოსი საუბრობდა და კარის ეკლესიის მღვდელმა გაბრიელმაც თქვა: არის ჩვენთან მდინარე რიონი. მოდიოდნენ33 ჩვენთან კაზაკები, მდინარის შესართავთან დგებოდნენ, ჩვენი სამეფოს ხალხი გამოდიოდა და მათთან ვაჭრობდა. ეს გაიგო თურქეთის მეფემ, 16 კატარღა გამოგზავნა და კაზაკები გაანადგურეს. იმიტომაც განრისხდა34 თურქეთის მეფე ლევან მეფეზე, რომ თქვენ რუსებთან ერთი ქრისტიანული რწმენა გაქვთ, ამის გამო კაზაკებთან ერთად ჩემს ქვეყანას აოხრებთო35. თუკი რუსებთან ერთად მოქმედებაზე უარს იტყვით, მაშინ მე ხალხს მოგცემ და მდინარეთა შესართავები ჩახერგე, რათა იმათ ნავთსაყუდელი არ ჰქონდეთო. ჩვენმა მეფე ლევანმა ეს არ მოისურვა. ის კი, თურქეთის მეფე, ამაზე განრისხდა, 145 [1637] წლის 18 მაისს კატარღები გამოგზავნა და [დრანდის] მონასტრის დარბევა-განიავება ბრძანა. მონასტერი კი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის სახელობისაა. ჩვენი მეფე ლევანი ამ დროს შინ არ იმყოფებოდა, ბაშიაჩუკთა მთავრის წინააღმდეგ საომრად იყო წასულიო. ჩვენს მეფე ლევანს კი ღმრთის, ასევე სრულიად რუსეთის თვითმპყრობელის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს ძის თანადგომის იმედი აქვს. თუკი თანადგომა ჩვენს მეფე ლევანს ექნება, მას თვითონაც უნდა თურქეთის მეფეს შეეწინააღმდეგოს. ხელმწიფე მეფეს კაზაკებისთვის სხვა ადგილებზე სიარული რომ ებრძანებინა, მაშინ ჩვენი მეფე ლევანისთვის კაზაკების დახმარება მოსახერხებელი იქნებოდაო: როდესაც ისინი თურქეთის განაპირა ქალაქებს დალაშქრავდნენ, ხოლო თუ უკან დაბრუნებულებს თავს ქარბუქი დაატყდებოდათ, ან36 ზღვაზე [თურქთა] კატარღების ფლოტილია დაედევნებოდა, მაშინ ისინი ჩვენს სამეფოს მოადგებოდნენ იქ, სადაც ჩვენი სამეფოს მდინარეები ზღვაში ჩაედინებიან და ჩვენი მეფე ლევანი მათ დაიცავდა. მაჰმადიანი ხალხების წინააღდეგ კი ერთად გავილაშქრებდითო(95).
33. შავი ზღვით.
34. გაბრაზდა.
35. რუსებთან ერთად.
36. თურქების.
6 თებერვალს ფედოტი და პავლე მღვდელი ეპისკოპოს ანდრიასთან ერთად [დრანდის] მონასტერში ვიყავითო. იმ მონასტერში ქვის ტაძარია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის სახელზე აგებული. იმ ტაძარში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ადგილობრივი ხატია კიოტში, ხოლო მეორე მხარეს - ჯვარი ქრისტეს ჯვარცმით; იმ ჯვარში კი წმინდა ნაწილებია: ორი ხელის ძვალი იდაყვიდან მტევნამდე. ეპისკოპოსმა გვითხრა, რომ წმინდა ნაწილები წმინდა მოწამე ბარბარესი(96) არისო. გვაჩვენეს აგრეთვე ხატი კიოტში, იმ ხატზე ქრისტეს ჯვარცმაა დაწერილი; ჯვრის ფერხთით 6 მცირე ზომის სანაწილეში წმინდა ნაწილებია ჩასმული. ჩვენ ისინი გამოვკითხეთ იმ წმინდა ნაწილთა შესახებ: რამდენი ხანია ეს წმინდა ნაწილები თქვენთან, ვის მიერ არის ჩამობრძანებული და რომელ წმინდანებს ეკუთვნით? მათ გვითხრეს: მატიანეები, არა გვაქვს, რადგან თურქები მოვიდნენ, მონასტერი დაგვირბიეს და მატიანეები დაგვიწვესო. ზეპირად რომ გითხრათ, არ გვახსოვსო. იმავე დღეს სხვა გზით უკან დავბრუნდით. 7 თებერვალს ღამე სოფელ პშეხაპში გავათიეთ. 8 თებერვალს ღამე სოფელ კვიტოულში გავათიეთ. 9 თებერვალს მოქვის მონასტერში(97) ეპისკოპოსებთან ანდრიასთან და მაქსიმესთან(98) ერთად ვიყავით. ჩვენ, ფედოტსა და პავლე მღვდელს, გვიჩვენეს მოწამე არქიდიაკონ სტეფანეს(99) ორივე მრთელი ხელი, ფეხის ძვლები, აგრეთვე, ჯვარი იმ ჯვრისაგან, რომელზეც ქრისტე გააკრეს. ჩვენვე გვიჩვენეს მცირე ზომის ცალკეული სანაწილეები, რომლებშიც იყო წმინდა ნაწილები მოწამე ირინესი, წმინდა ნაწილები ღირსმოწამისა მელანიასი, წმინდა ნაწილები ღირსმოწამისა ევგენიასი, წმინდა ნაწილები მოწამისა ნიკიტასი, წმინდა ნაწილები მოწამისა მერკურის, წმინდა ნაწილები მოწამეთა პროვოსისა და ანდრონიკესი, წმინდა ნაწილები ღირსისა ლარიონისა, წმინდა ნაწილები ვლასისა, წმინდა ნაწილები წმინდა სასწაულთმოქმედისა ნიკოლოზისა, წმინდა ნაწილები ლაზარესი, წმინდა ნაწილები ამბროსი მედიოლანელისა, წმინდა ნაწილები ლუკა მახარებლისა, წმინდა ნაწილები მოწამისა ამბერკისა(100).
9 თებერვალს ფედოტი და პავლე მღვდელი [ილორის] წმ. გიორგის მონასტერში (კომენტ. 125-ჯ.გ.) ვიყავით, სადაც ეპისკოპოს ანდრიასთან ერთად მივედით. ეკლესიის შუაგულში სამეუფეო კარების წინ ტრაპეზი დგას, ტრაპეზზე კი - დიდი ჯვარი; ჯვარზე სასწაულმოქმედი დიდმოწამე გიორგის სასწაულები და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ხატია გამოსახული; მეორე ხატზე კი - ქრისტეს დიდმოწამე გიორგი ჯვრით არის გამოსახული. მონასტრის ირგვლივ ქვის ზღუდეა ერთი ორსაგდულიანი რკინის კარით. მოწამე გიორგის სასწაულების შესახებ ყვებოდნენ: 3 ნოემბერს ჩვენი მეფე ლევანი მის დღესასწაულზე მოსალოცად ჩამოდის და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი აქ იკრიბებაო. ღმრთის ნებით37 ხდება, რომ აქ უჩუმრად ხარი მოჰყავთ და მეფე ლევანი იმ ხარის დაკვლასა და მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის პატარ-პატარა ნაწილების დარიგებას ბრძანებს, ვისაც რა შეხვდებაო. ხოლო [ერთ] ბეჭს გურიელის მთავარს უგზავნის, მეორე ბეჭს კი - ბაშიაჩუკის მთავარს38.
10 თებერვალს ჩვენ, ფედოტი და პავლე მღვდელი, [ბედიის] მონასტერში ვიყავით, სადაც ანდრია ეპისკოპოსთან ერთად გავემგზავრეთ. მონასტერი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის სახელობისაა, იმის გარკვევის საშუალება კი, ღმრთისმშობლის რომელი დღესასწაულის სახელობისაა, არ მოგვცეს; გვითხრეს - ღმრთისმშობელი ხომ ერთიაო. აქვე მონასტერში ანდრია ეპისკოპოსი შეიმოსა და მასთან ერთად - მღვდელიც. საკურთხევლიდან, საუფლო ტრაპეზიდან გამოიტანეს39 თავივით მრგვალად შეკერილი შავი ხავერდის ტომარა. ხავერდზე კი ქრისტეს ჯვარცმაა ამოქარგული. ქრისტეს ჯვარცმის გვერდით ღმრთისმშობლის ხატია ამოქარგული, მეორე მხარეს - იოანე წინამორბედი; თავს უკან კი ჯვარია ამოქარგული, რომელიც მეფე კონსტანტინესა(101) და მის დედას, ელენეს, უკავიათ. ამაში მეფის ბეჭდის ქვეშ სამსჭვალები40, თოკი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი41 თმები და წვერები ინახებაო; ჩვენების უფლება კი მეფის გარეშე არ გვაქვს, მეფე თავად გაჩვენებთო(102). ეპიკისკოპოსს იმ მონასტერში ევტიქი ჰქვია.
37. იმ ღამით ხარი მიჰყავთ და ეკლესიის კარებთან ტოვებენ, მონასტრის კარიბჭე კი ამ დროს ჩაკეტილია და ძლიერი დაცვაც დგას. ის ხარი კი გაუგებარია, იქ საიდან ჩნდება. მეფე ლევანი ბოიარებთან და ყველა დამსწრე ხალხთან ერთად იმ ხარს თავად ათვალიერებს. თუ ხარი სველი იქნება და მასზე ბევრი სილა აღმოჩნდება, მაშინ იმ წელიწადს საკმაოდ ბევრი პური და ღვინო უნდა მოვიდეს. იმ ხარს...
38. იმ ხორცს მხოლოდ მამაკაცები ჭამენ, დედაკაცებს კი არ აძლევენ და თვით დედოფალსაც არ ჰქონდა ის ხორცი ნაჭამი. წინა წლებში კი თურმე ქრისტეს მოწამე გიორგი თავის დღესასწაულზე ირემს აგზავნიდა; ვიღაც კაცს იმ ირმის ხორცი თავისი ცოლისთვის მიუცია საჭმელად და წმინდა გიორგიმ მათ ირმის მიცემა შეუწყვიტა და ხარის გამოგზავნა დაიწყო. მას შემდეგ ისინი მკაცრად ფრთხილობენ, რათა იმ ხორცს ქალი არ ეზიაროს, რომ ასეთი წყალობა საბოლოოდ არ დაკარგონ.
39. შავი ხავერდის პატარა ტომარა, მასზე კი ამოქარგულია.
40. და კანაფის თოკი, რასაც ისინი გრეხილს უწოდებენ, რითაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეკრეს, და თმები.
41. ეს სიწმინდენი მეფე ლევანმა წამოიღო, როცა მან ბაშიაჩუკთა ქვეყანა დაამარცხა. ბაშიაჩუკთა მთავარს კი საქართველოდან, მეფე თეიმურაზისგან შეხვედრია...
14 თებერვალს ეპისკოპოს ანდრიასთან [ცაიშის] სამების მონასტერში მივედით. მონასტრიდან 17 თებერვალს წამოვედით და სოფელ დეჯიხში42 მივედით.
23 მარტს (უნდა იყოს 23 თებერვალს - ჯ.გ.) ფედოტს მეფე ლევანის სასახლის ეკონომოსი დომენტი ესაუბრა: ჩვენი ცოდვებით მოვიწიეთ, რომ ჩვენ დედოფალი აღარ გვაყვსო. ხოლო სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორესძის ხელმწიფებრივი წყალობის ძიება მისი, დედოფლის, განზრახვა იყო. მან უთხრა მეფე ლევანს, რომ გაეგზავნა ელჩი ხელმწიფის წყალობის გამოსათხოვად და მოსკოვის სახელმწიფოს სანახავად, მართლმადიდებელი ქრისტიანული რწმენის გამოსაკვლევად;43 დონის კაზაკებისგან დიდი ზეწოლა აქვთ და მათ ქვეყანას არბევენო44; უნდათ ხელმწიფებრივი წყალობა მიიღონ, რომ კაზაკებმა მათთან არ იარონ და ზიანი არ მიაყენონ. მანვე45 თქვა: ამჟამად ჩვენთან მეფე ლევანი დიდად დამწუხრებულია, შავი სამოსელით დადისო. მას შემდეგ, რაც დედოფალი გარდაიცვალა, იქიდან მოყოლებული მეფე არც თევზს, არც ხორცს, არც ყველს, არც კვერცხს, არაფერს უმარხულოს არ ჭამს. მეფე ლევანთან ახლობელი ხალხი შეიკრიბა და მღვდელმთავრები, ეუბნებოდნენ მას იმის შესახებ, რომ მწუხარება სიხარულით უნდა შეეცვალა, სამოსელი გამოეცვალა, დედოფალი კი პურითა და მარილით მოეგონებინა, უმარხო საჭმელი კი ეჭამა; ღმრთის ნებით, ხან ქმარს მოუკვდება ცოლი და ხან ცოლს - ქმარი, ამიტომ მწუხარებას სიხარული ენაცვლებაო. მანამდე კი მის მამას და ბაბუას ასეთი გლოვა არ ჰქონიათ. მან მწუხარების დატევებაზე იმათ უარი უთხრა: ის არავინ იცის, რაც მე გულზე მაქვსო; არ გეჩქარათ და ეს წლისთავის შემდეგ რომ გეთქვათ, მაშინაც ისე ვიტყოდი, როგორც ღმერთი ინებებდაო.
42. 26 მარტს, ბაიაობის კვირას(106) მორდულში (მარტვილში - ჯ.გ.) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მონასტერში მივედით.
43. აგრეთვე იმისთვისაც, რომ.
44. დარბევა. მათ უნდათო ხელმწიფებრივი...
45. ამჟამად, კი მეფემო.
ლევან მეფეს მამა ჰყავდა - მანუჩარი, ირმის დევნით ერთობოდა, ცხენიდან ჩამოვარდა და ტრავმა მიიღო(103). სახლში იგი ცოცხალი მოიყვანეს. მას ძმა ჰყავდა, იური (გიორგი-ჯ.გ.); იგი თავისთან მიიწვია და დააფიცა, რომ სამეფოს თვითონ არ დაეუფლებოდა და მეფედ მის შვილს, ლევანს დასვამდა. მეფე ლევანი კი ყრმა იყო და უბრძანა მას ემეფა, სანამ მეფე ლევანი დავაჟკაცდებოდა. იგი სამართლიანად მოიქცა: როგორც კი მეფე ლევანი დავაჟკაცდა, იგი მეფედ დასვა. მან კი, როცა მეფე გახდა, თავის მკვიდრ ბიძას, იურის (გიორგის-ჯ.გ.) ცოლი წაართვა და იმ დროიდან, თურმე, ცოლად ჰყავს; ის კი ჯავრით გარდაიცვალა. მის ცოლს იმასთან ორი ვაჟი ჰყოლია - ერთი იური (გიორგი- ჯ.გ.)46, მეორე კი მელხეი47(ვამეყი-ჯ.გ.). ჩვენ ისინი მეფესთან ახლოს ვნახეთ. მეფე ლევანთან კი მას ორი ვაჟი და ორი ქალი ჰყავდა. ვაჟები ახლაც ცოცხლები არიან, ერთი ქალიშვილი კი გარდაიცვალა, მეორე კი გურიელის მთავარს - ვახტანგს(104) მიაბარა.
ანდრია ეპისკოპოსისაგან 17 თებერვალს წამოვედით და იმავე დღეს ლეჟიხის თემში მივედით (ეს წინადადება მეორდება - ჯ.გ.).
1 მარტს მეფე ლევანმა ყაბარდოში ალეგუკა მურზასთან საკუთარი უფროსი ვაჟიშვილის, ალექსანდრესთვის, მისი ქალიშვილის სათხოვნელად კუჩალიას გვარის აზნაური თავის ელჩად გააგზავნა, მისი სახელია თავეი.
23 მარტს ფედოტთან ყიზილბაში მოვიდა; მისი სახელია ბეისრიაკუმლი და ფედოტმა იგი გამოკითხა: დიდი ხანია აქა ხარ? მან უპასუხა: მე აქ 5 წელია ვარ, ყიზილბაშის ელჩთან ერთად მოვედიო. სპილოს მომვლელი ვიყავი, სპილო კი გასულ 146[1637] წელს მოკვდაო და მას შემდეგ მეფე ლევანი არ მიშვებს, თავისთან ვყავარო. იმიტომ არ მიშვებს, რომ როცა შაჰიდან სიგელი მოდის, მე ვკითხულობ, ხოლო როცა მეფე ლევანისგან არის რაიმე გზავნილი, მე ვწერო. ფედოტმა მას ჰკითხა: ბაღდადი ამჯერად ვის დარჩა, თურქეთის მეფეს თუ ყიზილბაშთა შაჰს? მან კი თქვა: თურქეთისას. თურქეთისამ როგორც კი ბაღდადი აიღო(105), მაშინვე ყიზილბაშთა შაჰს ელჩი გაუგზავნა იმის შესახებ, რატომ ვჩხუბობთო? ჩვენ ერთი მაჰმადიანური რწმენა გვაქვსო48. შაჰისა და თურქეთის მეფე მურად სულთანს შორის ზავის (კომენტ. 45-ჯ.გ.) თანახმად, ყიზილბაში მორწმუნენი, მათი მაჰმადიანური რწმენის თანახმად, ბაღდადში სიწმინდეების მოსალოცად უნდა დაეშვათ, შაჰი კი წელიწადში 300 საპალნე აბრეშუმის ნედლეულს მისცემდა49. ამით მათ შორის მშვიდობა დამყარდა. მას შემდეგ კი, 147 [1638] წელს, თურქეთის მეფე მურად სულთანმა ყიზილბაშის შაჰთან ხალხი გააგზავნა, რომ შაჰს ის ხარკი გამოეგზავნა. მას უარი შემოუთვლია, არ გადაგიხდიო. მიმდინარე, 148 [1640] წელს კი თურქეთის მეფეს მის წინააღმდეგ ომის დაწყება უნდოდა.50 მეფე ლევანის შესახებ თქვა, რომ იგი ორივე მხარეს ემორჩილება, თურქეთსაც და ყიზილბაშებსაც. ყიზილბაშთა შაჰისგან კი მას ჯამაგირის სახით წელიწადში 1000 თუმანი51 მოსდის. ამ ფულის მიცემით შაჰი სოფე მას სახელს უთქვამს; აგრეთვე შაჰისგან მეტი თავისუფლება აქვს: თუ მას მხედრები დასჭირდება, შაჰმა ნება მისცა მდინარე მტკვარზე ყველა მსახური გამოიყენოს, რომლებიც შაჰს ემსახურებიან. მეფე ლევანი თურქეთის მეფესთანაც და მის ვეზირებთან ტყვეებს აგზავნის და უფიცებს, შენი, მეფის, მორჩილი ვარო.
46. 18 წლის, ხოლო
47. 16 წლის. უფლისწულ იურის (გიორგის-ჯ.გ.) ისინი გაუჩენია იმ თავის ცოლ ელენესთან, რომელიც მას მეფე ლევანმა წაართვა. მეფე ლევანს კი ორი ვაჟი ჰყავს; ერთს ალექსანდრე ჰქვია - 10 წლის, მეორეს მანუილი ჰქვია - 8 წლის, და ორი ქალიშვილი, ერთი გარდაიცვალა.
48. და მოილაპარაკეს, რომ ბაღდადში მოსალოცად დაუშვებდნენ ყიზილბაშელ აბიზებსაც. ყიზილბაშის შაჰს კი მისცემდნენ...
49. თურქეთის სულთანმა ყიზილბაშელი აბიზები ბაღდადში ლოცვისათვის დაუშვა. ამის შემდეგ 147[1639] წელს...
50. მაგრამ მოკვდა და საქმე ჩაეშალათ. ბაისრამმა (ბეისრიაკუმლმა - ჯ.გ.) ფედოტს უთხრა, რომ მეფე ლევანი თურქებსაც ემორჩილება და ყიზილბაშებსაც, უფრო მეტად კი ყიზილბაშებს ემსახურება. ყიზილბაშთა შაჰი კი მეფესთან...
51. თიუმენი.
ჟეჟიხიდან 23 მარტს წავედით. ჟიუგიდან კი 26 მარტს წავედით და მარტვილის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მონასტერში მიტროპოლიტ მიტროფანესთან მივედით. იგი ჩვენ, ფედოტს, ეკლესიაში შემოსილი და სახარებით ხელში შეგვხვდა; შემდგომ თვითონ დააყენა წირვა. წირვის შემდეგ თავისთან სუფრაზე მიგვიწვია. როცა ჩვენ მასთან სატრაპეზოში მივედით, მან სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის შესახებ გამოგვკითხა. ფედოტმა უთხრა, როცა ჩემი ხელმწიფისაგან და მისი სამეფო უდიდებულესობისაგან წამოვედი, ღვთის წყალობით სრულიად რუსეთის თვითმპყრობელი, ჩვენი ხელმწიფე მეფე და დიდი მთავარი მიხეილ თევდორეს ძე მრავალ სახელმწიფოთა ხელმწიფე და მფლობელი თავის სამეფოს დიდ და სახელოვან სახელმწიფოებში კეთილად და ჯანმრთელად იყო. მიტროპოლიტმა ჰკითხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის იოსაფის (კომენტ. 89-ჯ.გ.) ჯანმრთელობისა და გამოხსნის შესახებ, აგრეთვე ჰკითხა მართლმადიდებელი ქრისტიანობისა და მთელი საეკლესიო დასის შესახებ. ფედოტმა უპასუხა: ღვთის წყალობით სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფისა ჩვენისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის52 საბედნიეროდ და მისი ხელმწიფებრივი ღმრთისსათნო ლოცვებით მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტეს სჯულის თანახმად და მოციქულთა სწავლებისამებრ ცხოვრობენ მის სახელმწიფოში.
დიდ ხუთშაბათს იმავე მონასტერში წირვას დავესწარით. წირვაზე ორი53 მაზიარებელი იყო. ღვთის საიდუმლოს ისე მიეახლენ, რომ პირჯვარი არ გადაუსახავთ, ასევე გადგნენ გვერდზე ზიარების შემდგომ - ბარძიმთან ჯვარს არ ემთხვივნენ54. დიდ პარასკევს მიტროპოლიტმა ეკლესიის შუაში დიდი ჯვარი55 დადგა, ორივე მხარეს კი წმინდა ნაწილები ელაგა და იქვე, ჯვრის წინ, სახარება იდო. ჯვარზე სუდარა იყო გადაფარებული. მწუხრის შემდეგ ჯვარი და წმინდა ნაწილები საკურთხეველში შეაბრძანეს. მწუხრის დასრულების მერე ტახტზე დასვენებული გარდამოხსნა მოიტანეს, რომელზეც ახატია, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვრიდან როგორ გარდამოხსნეს; სამეუფეო კარების წინ დაასვენეს თავით ჩრდილოეთისკენ, ფეხებით კი სამხრეთისკენ. ცისკარზე კი, დიდ შაბათს, გარეთ გამოაბრძანეს და ეკლესიის ირგვლივ წმინდა ნაწილებით ლიტანიობა ჩაატარეს, ტაძარში უკუღმა შეაბრძანეს და საკურთხეველში ტრაპეზის წინ დაასვენეს. მიტროპოლიტი ამ დროს სახარებით ხელში წინ მიდიოდა, წინ მიმავალნი გალობდნენ, კმევა კი არ ყოფილა.56 ცისკრის შემდეგ მიტროპოლიტს ჩვენ ვუთხარით, რომ შენ წმინდა ნაწილების უკან წასვლა გმართებდა, დიაკვნები კი წინ უნდა წასულიყვნენ და ეკმიათ-თქო. მიტროპოლიტმა გვითხრა, მე თვითონაც ვიციო, მაგრამ ჩემი მარტოობის ბრალიაო.
თებერვლის თვეში თურქეთის მეფე მურად სულთანი (კომენტ. 36-ჯ.გ.) გარდაიცვალა; მის ადგილზე მისი უმცროსი ძმა, სულთანი იბრაიმი(107) დაჯდა.
52. თავისი ხელმწიფეობრივი ღვთისსათნო ლოცვებით პატრიარქი იოასაფი და მთელი მართლმადიდებელი საქრისტიანო მისი ხელმწიფოებრივი წყალობის ქვეშ სიმშვიდეში, სიწყნარეში და კეთილდღეობაშია. ამის შემდეგ მიტროპოლიტმა მიტროფანემ ისინი ერთ მაგიდასთან თავისთან ერთად დასვა. საჭმელად თევზეული იყო, სასმელად კი შარაფი. საჭმელ-სასმელი ბლომად იყო, სიტყვები კი, მიტროპოლიტისგან, არავითარი. სუფრის შემდეგ ფედოტი და პავლე მღვდელი თავ-თავიანთ კელიებში წავიდნენ, რომლებიც მათ დასაბინავებლად გამოუყვეს და გაჩერდნენ ისინი იმ მონასტერში 10 დღე. დიდ ხუთშაბათს კი...
53. ორი მაზიარებელი მონოზონი იყო - ერთი მეფის და, მეორე კი მისი თანაკელიელი, ხოლო
54. წირვაზე, განტევების წინ, მან, მიტროპოლიტმა, ფეხების ბანვის რიტუალი ჩაატარა: ეკლესიის კარების წინ სატრაპეზოში სკამებზე 12 კაცი დასვა - მღვდლები, დიაკვნები, იპოდიაკვნები და ისე იქცეოდა, როგორც პატრიარქი იქცევა ხელმწიფესთან მოსკოვში.
55. ფარდაგზე, მასზე კი ტილოზე გამოსახული ქრისტეს ჯვარცმაა არბეჭდილი; ფარდაგი ტახტზე დაასვენეს, ტახტის გვერდზე კი, ხალიჩაზე წმინდანთა წმინდა ნაწილები დააბრძანეს - ფარდაგის ორივე მხარეს. ხალიჩაზევე წმინდა სახარება დააბრძანა და არდაგზედ და წმინდა ნაწილებზედ თავის ენაზე სწირა, წყალი კი არ აკურთხა. მწუხრის შემდეგ კი...
56. 5 აპრილს
5 აპრილს მიტროპოლიტთან ფედოტი და პავლე მღვდელი მაგიდასთან ვსადილობდით. მიტროპოლიტი რუსეთის სახელმწიფოს შესახებ გვეკითხებოდა: დიდი ხანია სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ნათელიღო? ჩვენ ვუთხარით: რუსეთის სახელმწიფო 652-ე წელს, კიევის დიდი მთავრის ვლადიმერის(108) დროს მოინათლა. ჩვენ კი ამის საპირისპიროდ შევეკითხეთ: დიდი ხანია თქვენი სამეფო მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებაში მოინათლა? მიტროპოლიტმა გვითხრა: ჩვენი სამეფო ანდრია პირველწოდებულმა მონათლა, ზეპირად კი არ მახსოვს რომ გითხრათ, დიდი ხანია თუ არა სამეფო მოინათლაო. ამის შემდეგ, ჩვენმა სამეფომ სამჯერ დაკარგა სარწმუნოება და შემდეგ სინას მთიდან მეფე კონსტანტინეს დახმარებით სარწმუნოება კვლავ გამოასწორესო. ის ქართული ქვეყნები კი - თეიმურაზის, ბაშიაჩუკის, თბილისის და გურიელის - ჩვენი, სადადიანოს, ქვეყნის შემდგომ მოინათლნენ. მოსანათლად კი იერუსალიმიდან ერთი წმინდა ქალწული მოვიდა57, მისი სახელია ნენილა(109) (წმ. ნინო - ჯ.გ.). მისი მოსვლით ის ქვეყნები მონათლულან. წარსულ 141 [1633] წელს ჩვენთან რომის პაპმა საცდურად ექვსი ბერი(110) გამოგზავნაო58. ასევე მე, მიტროპოლიტს, საეკლესიო სამოსი და მიტრა გამომიგზავნა და ასე გვითხრა, რომ ქრისტიანული რწმენა დაკარგეთ, ჩვენ პაპმა გამოგვაგზავნა, რათა განგასწავლოთ და რწმენაში განგამტკიცოთო. ჩვენ ისინი გამოვკითხეთ: თქვენთან როგორ არის მიღებული? მათ დაიწყეს მოყოლა: როცა აბანოდან გამოხვალ და კაბის ჩაცმას დაიწყებ, მოგიწევს59 შესამოსელზე ფეხით დადგე და მიტრა ფეხქვეშ ამოიდო. ჩვენ კი ამის შესახებ შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ. ვხედავთ, რომ ისინი ჩვენთან საცდურად მოვიდნენ და უარი ვუთხარით: არ გვინდა ჩვენ თქვენი სარწმუნოება და მოძღვრებაო.
57. მოსანათლად
58. მათთან საცდურად
59. დადგე
7 აპრილს მარტვილის მონასტრიდან წავედით და იმავე დღეს [სუჯუნის] დიდმოწამე გიორგის მონასტერში მივედით. 23 აპრილს წმ. გიორგის მონასტერში ცისკარზე ვიყავით. ცისკარს პატრიარქი მაქსიმე, მიტროპოლიტი მიტროფანე, გურიელთა მთავარი ვახტანგი ესწრებოდნენ და, საერთოდ, აქ ყველა მეფის ახლობელი ხალხი და მთელი ქვეყნის თავყრილობა იყო. ცისკრის შემდეგ, წირვამდე მოედანზე პატრიარქი, მიტროპოლიტი და ყველა სხვა მრავალი ხალხი გამოვიდა; ქრისტეს დიდი მოწამის გიორგის ადგილობრივი ხატი გამოაბრძანეს, სვეტზე დაამაგრეს სახით ჩრდილოეთისაკენ. ხატის საპირისპიროდ ტაძრის სახურავზე60 მამაკაცი ჩამოჯდა, გულზე დიდმოწამე გიორგის სხვა ხატი ჩამოიკიდა და დაიწყო საუბარი ქვეყნიერების გასაგონად. ყველას კი ამ დროს ლაპარაკი აუკრძალა: მე მომისმინეთო. ეს ღამე ტაძარში გავათიე და გიორგიმ მითხრა: ჩემს ხალხს არ აწყენინოთ, ვისაც ჩემი სახელისა სწამსო. უთხრა იმათ ის, რომ მთელი წლის განმავლობაში პური მოვიდოდა თუ არა, საქონელი გამრავლდებოდა თუ არა, ვინ ცოცხალი დარჩებოდა და ვის კიდევ სიკვდილი ელოდა. ამას61 საათზე მეტ ხანს ყვებოდა, ამ დროს ხატთან მსახურება არ მიდიოდა და არც აკმევდნენ. ჩვენ კი იმის შესახებ ვიკითხეთ: ის კაცი რატომ წინასწარმეტყველებს: წმინდანია თუ ღმრთის მხედარი და წერა-კითხვის მცოდნეა თუ არა? მათ გვითხრეს: წერა-კითხვის უცოდინარია; ეს კი მათ მთელ გვარს მოსდევს, თუ ვინმე გარდაიცვალა, მათივე გვარიდან სხვა კაცი გააგრძელებს - გიორგის სიტყვები ქვეყნიერებას უნდა ამცნოს. ისინი ფედოტს ეკითხებოდნენ: თქვენ ამისი გწამთ? ჩვენ მათ პასუხი მივეცით: ჩვენ ამისი არ გვჯერა, ეს სიცრუეა62, იმიტომ, რომ ქრისტეს შობის შემდეგ63 წინასწარმეტყველები მატყუარები არიან. როგორც კი ის კაცი ეკლესიიდან ჩამოვიდა, [ხალხი კედლებს] ჯოხებსა და ხის უროებს64 ურტყამდა. ამ დროს მათთან დიდი ხმაური ატყდა. ჩვენ მათ ამის შესახებ ვკითხეთ: რა ხდება ეს თქვენთან, არაქრისტიანულად რომ იქცევით? მათ გვიპასუხეს: ესენი ქრისტეს დიდმოწამე გიორგის ამგვარად ევედრებიან, ხოლო წყევლიან იმათ, ვინც მათ რაიმეს მოპარავს ან ძალადობას მიაყენებსო.
60. ეკლესიის თავზე
61. წინასწარმეტყველებას.
62. ეს კაცი მასხარაა და წმინდანს ცილს სწამებს, რადგან
63. აღდგებიან
64. ტაძარზე
ჩვენთან მიტროპოლიტი მიტროფანე მოვიდა და ასე გვითხრა: ხომ ხედავთ თქვენ თვითონ, რომ ისინი ქრისტიანები არ არიან, სატანურად იქცევიანო. მიტროპოლიტი წარმოშობით თეიმურაზის ქვეყნიდანაა, თბილისიდან. იქვე იყვნენ ბერძენი ბერები და იქ მომხდარის შესახებ ამბობდნენ: ჩვენ ასეთი სარწმუნოება არსად გვინახავსო. თავად ის მიტროპოლიტი 12 წელი წმინდა მთაზე მოღვაწეობდა და ბერძნულ განათლებას იღებდა65.
27 აპრილს სადადიანოს მეფე ლევანმა ფედოტს მასთან, ძიგურაში66 საელჩო მიღებაზე მისვლა უბრძანა. როცა საელჩოდ წავედით, მეფე ლევანი სასახლიდან ერთ-ნახევარ ვერსზე შემოგვეგება. მასთან იყვნენ პატრიარქი, მიტროპოლიტი, ეპისკოპოსები და ცხენოსნები 500 კაცამდე; მის წინ ჯვარს და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს მოაბრძანებდნენ. როცა მათ შევხვდით, ცხენებიდან ჩამოვხდით, ხელზე ვემთხვიეთ და ხელმწიფის სიგელი ფედოტმა მეფე ლევანს გადასცა. შემდეგ განაწესის თანახმად დაიწყო ტიტულების ჩამოთვლა და მან უთხრა: ცხენზე დაჯექი, სასახლეში წავიდეთ და სიტყვაც იქ თქვიო. ჩვენც ავმხედრდით და სასახლისკენ მეფეს უკან გავყევით. მეფემ ფედოტს უბრძანა მის მარჯვნით ევლო67. გზაში არავითარ საუბარს ადგილი არ ჰქონია. არმისული სასახლის საზღვრამდე, მეფე წინ წავიდა68, ჩვენ კი გვიბრძანა ნელა გავყოლოდით. გავიგეთ, რომ მას თბილისიდან ელჩი ჰყავდა, ამიტომ ჩვენ წასვლა აღარ გვინდოდა, რადგან ყიზილბაშთა ან თურქეთის ელჩებთან ერთად საელჩო შეხვედრაზე მისვლის თაობაზე ხელმწიფის ბრძანებულება არ გვაქვს. მათ გვითხრეს:69 არც ყიზილბაშების ელჩები არიან და არც თურქების, ჩვენი მართლამდიდებელი ქრისტიანენი და მეგობრები არიან, მათგან არაფერს ვმალავთ. ფედოტი ერთი საათი ადგილზე იდგა და გზის გაგრძელება არ უნდოდა, უკან გაბრუნებას აპირებდა. მათ არ გამოგვიშვეს. ჩვენი სიტყვებით მეფესთან სამჯერ წავიდნენ და მეფემ თავის მხრიდან არქიმანდრიტი ნიკოლოზი(111) გამოაგზავნა. არქიმანდრიტმა გვითხრა: წამოდით, გეთაყვა, მეფე არ შეარცხვინოთ, რადგან მეფე პატრიარქთან, მიტროპოლიტთან და ეპისკოპოსებთან ერთად თავად გამოგეგებათო. იმისი კი ნუ შეგეშინდებათ, დაუჯერეთ ჩემს ბერმონაზონის სამოსს, რომ70 ის ადამიანები ყიზილბაშები არ არიან, შაჰისგან არ არიან გამოგზავნილები. გარდა ამისა, ლევან მეფემ გიბრძანათ, რომ ილაპარაკოთ შემდეგის შესახებ: როცა ჩემ წინაშე წარსდგებით,71 მაცნობებთ სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის მრავალჟამიერ ჯანმრთელობის შესახებ, ხოლო ხელმწიფის სიტყვას რაც შეეხება, მას მე მოვისმენ პატრიარქთან და დიაკთან ერთად, სხვა ხალხი კი არავინ იქნებაო. ჩვენ მეფესთან მივედით და მეფესთან მისულებმა72 ღმერთს შევევედრეთ. ფედოტმა განწესების მიხედვით ტიტულების ჩამოთვლა დაიწყო, რომელიც მას საელჩო პრიკაზში დიაკის ხელმოწერით მიეცა. სიტყვის წარმოთქმის შემდეგ თაყვანი სცა. ამ დროს მეფე იჯდა და ქუდი არ მოუხდია. შემდეგ ლევან მეფემ დამჯდარმა იკითხა სრულიად რუსეთის თვითმპყრობლის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის ჯანმრთელობის შესახებ73. ფედოტმა ამის პასუხად უთხრა: როცა მე ჩემი ხელმწიფისა და მისი სამეფო უდიდებულობისაგან წამოვედი, ღმრთის წყალობით სრულიად რუსეთის თვითმპყრობელი, მრავალი სახელმწიფოს ხელმწიფე და მფლობელი ხელმწიფე ჩვენი, მეფე და დიდი მთავარი მიხეილ თევდორეს-ძე თავის დიდ და მეტად სახელოვან სახელმწიფოებში, კეთილად და ჯანმრთელად იყო. მეფე ლევანმა თქვა: დიდება შენდა, უფალო, რომ ღმრთის ნებით სრულიად რუსეთის თვითმპყრობელის, ასეთი დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის მრავალჟამიერ ჯანმრთელობის შესახებ მოვისმინე. შემდგომ ამისა გვიბრძანა მის წინ შორიახლო დავმსდარიყავით.74 სიტყვები კი არაფერი თქმულა. დიაკის გამოგზავნილმა კაცმა ფედოტს ჩუმად ჰკითხა: ხელმწიფის სიგელის წაკითხვა ყველას თანდასწრებით შეიძლება თუ არა? ფედოტმა უპასუხა: ღმრთის ნებაა და როგორც მეფე ლევანი ინებებს, ისე წაიკითხავს75; ჩემთვის კი ეს უცნობია, მეფის ზრახვა ღმრთის ხელშია. მეოთხედი საათის განმავლობაში კარავში ვისხედით, ამ დროს კი კარავიდან მეფე ლევანის ყველა ხალხი წავიდ-წამოვიდა. ფედოტი ადგა და განაწესის თანახმად სიტყვა წარმოთქვა, როგორიც მას საელჩო პრიკაზიდან დიაკის ხელმოწერით მიეცა. ამ დროს მეფე ლევანი პატრიარქთან და თავისი სათათბიროს დიაკთან ერთად76 სიტყვას ისმენდა.
65. და ამჟამადაც იგი გამორჩეული და ფრიად ნაკითხი ადამიანიაო
66. სოფელ ძიგურაში, სატახტო ქალაქი კი მას არა აქვს
67. პატრიარქი კი მარცხნით მიდიოდა. მეფის წინ ცხოველმყოფელი ჯვარი და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი უჭირავთ; ხოლო სიტყვებს...
68. ჩქარა
69. ისინი ელჩები არ არიან, ჩვენი ხელმწიფის ლევან მეფის სიძის, თბილისელი მთავრის ხალხია და ისინიც ჩვენი ქვეყნიდან არიან, რადგანაც მეფე ლევანის მკვიდრი და თბილისელ მთავარზეა გათხოვილიო. სარწმუნოება კი ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანულია და მეგობრები...
70. მეფეს არა ჰყავს თურქი და ყიზილბაში ელჩები, ისინი კი ჩვენი ხალხია.
71. მხოლოდ
72. განაწესის თანახმად თაყვანისცა, როგორც მას ხელმწიფის განაწესში ეწერა. მეფე ლევანმა ჰკითხა
73. ჯანმრთელობა დიდი სიხარულით. ფედოტი თავის დიაკს ჩუმად შეეკითხა: სიგელი, რომელიც მისი მეფური უდიდებულესობის სიგელში წერიაო. მეფე კარავშია.
74. მეფე ლევანმა ფედოტს უბრძანა
75. მეფის ზრახვა კი საიდან უნდა ვიცოდე
მიტროპოლიტ მიტროფანესაგან, წმ. გიორგის მონასტრიდან 29 აპრილს წავედით. მეფის ეკონომოსი დომენტი ჩვენგან 29 აპრილს მეფესთან წავიდა, მის ნაცვლად კი მწდე პოტაპი ჩამოვიდა.
30 აპრილს ხონის (ხობის - ჯ.გ.) მონასტერში არქიმანდრიტ ნიკოლოზთან (კომენტ.69, 111,160 - ჯ.გ.) ჩავედით და მონასტერში მივედით. არქიმანდრიტი საღმრთისმსახურო სამოსელში საძმოსთან ერთად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატით, ჯვრითა და სახარებით შემოგვხვდა. ჩვენ ხატს თაყვანი ვეცით, სახარებასა და ჯვარსაც ვემთხვიეთ. შემდეგ ტაძარში შევედით და წირვა მოვისმინეთ. წირვის შემდეგ არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის კვართი და მოწამე კვირიკეს(112) მარცხენა ხელი მაჯამდე, აგრეთვე ქრისტეს მოწამის მარინეს(113) მარჯვენა ხელი გვიჩვენა. მისი ძვალი ხელისგულიდან იდაყვამდე გაპობილია. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის კვართის საყელო77კი პატარაა - სამი გოჯის ოდენა და ამის შესახებ ვიკითხეთ: რატომაა საყელო პატარა? არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა გვიპასუხა: ღმრთის ნებით, საყელო წლიდან წლამდე ვიწროვდებაო. კვართი კი ფართეა, ხოლო სახელოები მოკლე და ფართე. ის დაჩითულია და მეწამული ფერისაა. ჩვენ ვიკითხეთ კვართისა და წმინდა ნაწილების შესახებ: საიდან და ვის მიერ არის ჩამობრძანებული? არქიმანდრიტმა გვიპასუხა: მე აქ დიდი ხანი არ არის რაც ვარ; არ ვიცი, საიდან და ვის მიერ არის ჩამობრძანებული. მატიანე კი ამის შესახებ არ მინახავსო. წირვის შემდეგ არქიმანდრიტმა სატრაპეზოდ მიგვიწვია და ჩვენ მასთან მივედით და მაგიდასთან საუბარი გაიმართა. არქიმანდრიტმა გვკითხა: დიდი ხანია რუსეთი მოინათლა? ჩვენ ვუთხარით: რუსეთის ქვეყანა მეშვიდე ათასწლეულის დამთავრებამდე 504 წლით ადრე მოინათლა და რუსეთის ქვეყნის მონათვლიდან დღემდე 652 წელი გავიდა (კომენტ. 65-ჯ.გ.). ამის შემდეგ არქიმანდრიტს ფედოტი და პავლე მღვდელი შეეკითხნენ: ადამიდან აქამომდე ბევრი წელი გავიდა? არქიმანდრიტმა უპასუხა: ადამიდან დღემდე 7152 წელია გასული. პავლე მღვდელმა თქვა: ჩვენს წიგნებში 7148 წელი წერიაო. არქიმანდრიტმა წიგნის მოსატანად კაცი გააგზავნა და წიგნში ჩახედვის შემდეგ თქვა: ჩვენს წიგნში 7152 წელი წერიაო და ამის შემდეგ არქიმანდრიტმა საუბარი შეწყვიტა78.
76. საელჩო მიღების დამთავრების შემდეგ წმ. გიორგის მონასტერში იმავე დღეს წავედით და იქ 6 დღე დავყავით. 30 აპრილს კი...
77. კვართის
1 მაისს ალეგუკას ყაბარდოდან მეფე ლევანის წარგზავნილი დაბრუნდა, მისი სახელია თავეი. მასთან ერთად ალეგუკასგან მეფე ლევანთან ელჩი ჩამოვიდა, მისი სახელია ელბუზდუკი. ელჩებმა მეფე ლევანთან იმის შესახებ მოილაპარაკეს, რომ ალეგუკას ქალიშვილს მეფის ძის საცოლედ წამოიყვანდნენ. მეფე ლევანი კი ალეგუკას 100 სულ ტყვეს, 100 ვერცხლის ჭურჭელს, 100 ოქროთი ნაქარგ ქსოვილს, 100 ფაშატს, 100 ხარს, 100 სიათას მისცემდა. ამაზე შეთანხმდნენ. მეფე ლევანმა თავის სათათბიროს დიაკსა და ახლობელ კაცს რამაზანს უბრძანა, რომ ხატზე დაეფიცათ იმის შესახებ, რაც მას ამ შეთანხმების თნახმად უნდა მიეცა.
18 მაისს მეფე ლევანმა შუაის79 მონასტრიდან თავისთან ზუგდიდში წაგვიყვანა და იქ მიყვანილებს სახლი გამოგვიყვეს. გამოგვიგზავნა ანდრია ეპისკოპოსი, ნიკოლოზი, თავისი სტოლნიკი რამაზან კუჩულია, რომლებმაც გვითხრეს: თქვენთან მეფე ლევანმა80 გამოგვაგზავნაო. ეპისკოპოსი და რამაზანი მეუბნებოდნენ: მეფე ლევანს თქვენთან შეხვედრის რცხვენია, რადგან დედოფლის გამო მწუხარების ნიშნად წვერ-ულვაში მოპარსული აქვს და გვიბრძანა თქვენთვის გადმოგვეცა: გავუგზავნეო მე, სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფესა და დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძეს ჩემი ელჩი მღვდელი გაბრიელი და იგი სამი წელიწადი ტყვეობაში ამყოფესო. ფედოტმა უპასუხა: ამას გაბრიელი ტყუილს ყვება, ტყვეობაში იგი არც ერთი დღე არ ჰყოლიათ. მას ჩვენი ხელმწიფისაგან, სრულიად რუსეთის მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძისგან სრული81 წყალობა და დღიური82 კვება ჰქონდა. თუმც კი გააჩერეს იგი თერგში, მაგრამ ამის შესახებ სრულიად რუსეთის დიდ ხელმწიფე მეფესა და დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს-ძეს მოსკოვში განკარგულების მისაღებად მისწერეს, რადგან თქვენი სამეფოს შესახებ დიდი ხელმწიფისათვის მანამდე ცნობილი არ იყო. მეფის ბრძანების გარეშე კი თერგის ვოევოდებმა მისი გაშვება ვერ გადაწყვიტეს. ხოლო, როცა ამის შესახებ თერგში ხელმწიფის ბრძანებულება მოვიდა, ხელმწიფის ბრძანებულების თანახმად, ვოევოდებმა იგი მოსკოვისაკენ გაამგზავრეს და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გაუშვეს. თერგი მოსკოვიდან უახლოესი ადგილი არ არის, ხოლო სრულიად რუსეთის, ჩვენი დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორის ძის, სახელმწიფო დიდია. თქვენი ელჩი გაბრიელ მღვდელი როგორც კი მოსკოვში ჩამოვიდა, ხელმწიფის ბრძანებულებით, მას მეტოქი გამოუყვეს, მეორე დღეს კი სათათბიროს დიაკმა მისი საელჩო პრიკაზში მოყვანის განკარგულება გასცა; ხელმწიფის ბრძანების თანახმად კი, საელჩო პრიკაზში მეფე ლევანის შესახებ და თქვენი სამეფოს შესახებ სათათაბიროს დიაკმა გამოკითხა და გამოკითხვის შედეგები სრულიად რუსეთის დიდ ხელმწიფე მეფესა და დიდ მთავარ მიხეილ თევდორეს-ძეს ამცნო. ამის შემდეგ კი, სადღაც ათიოდ დღეში, ხელმწიფემ მას უწყალობა, პირისპირ საელჩო შეხვედრა დაუნიშნა. როცა ის [უკან დაბრუნების] დრო მოვიდა, ჩვენი ხელმწიფის სახელმწიფოში მდინარეები გალღვა, რადგან ზამთარი ცივია და მდინარეები იყინებიან, ამიტომ დიდმა ხელმწიფემ თქვენი ელჩის გაბრიელ მღვდელის გაშვება 30 მაისს ბრძანა83. ხოლო, რასაც ლევან მეფე დიდ ხელმწიფეს თავის სიგელში წერდა, დიდ ხელმწიფე მეფეს ლევან მეფის თხოვნა არ უგულებელუყვია84. თქვენს ელჩს მღვდელ გაბრიელსაც თავისი მეფური წყალობა უბოძა. ეპისკოპოსმა და რამაზანმა თქვეს: ჩვენ თვითონაც ვხედავთ, რომ დიდი ხელმწიფე ქრისტიანია. მანამდე დიდი ხელმწიფე რომში იყო, მაგრამ ამ დროისთვის ეს მოისპო და85 ღმერთმა [ის პატივი] თქვენს სრულიად რუსეთის თვითმპყრობელ დიდ ხელმწიფესა და დიდ მთავარ მიხეილ თევდორეს-ძეს უბოძა. ჩვენი მეფე ლევანი კი ქართულ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდია და მოსკოვში იმიტომ გაგზავნა თავისი კაცი, რომ თქვენი ქრისტიანული სარწმუნოება ნახოს და განისწავლოს. ჩვენც გაჩვენეთ თქვენ ჩვენი მონასტრები, სანახავად გამოგიბრძანეთ ყველა სიწმინდე და წმინდა ნაწილებიო.86 ახლა კი, როგორც დიდი ხელმწიფე ინებებს, ისე გამოაგზვნის ჩვენთან ვინმესო. ფედოტმა ანდრია ეპისკოპოსსა და რამაზანს ჰკითხა: ვისი გამოგზავნის შესახებ ლაპარაკობთ ასე ძალიან? მათ ამის პასუხად არაფერი უთქვამთ. იმ დროს სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის სახელზე სიგელი87 გადმოგვეცა. ამჟამად კი ჩვენს მეფე ლევანს დიდი გლოვა აქვს88, ხოლო როგორც კი გლოვა დასრულდება, იგი დიდ ხელმწიფესთან ელჩს გააგზავნისო -, თქვეს ეპისკოპოსმა ანდრიამ და რამაზანმა. ამჟამად კი მეფე ლევანი თქვენ ალეგუკას ელჩთან ერთად გიშვებთ იმიტომ, რომ ალეგუკას ელჩმა ელისტანმა მეფე ლევანს უთხრა, რისი თქმაც ალეგუკამ უბრძანა: გაუშვით სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს ძის ყმები - ჩემი ყონაღები. მეფე ლევანიც იმათი თხოვნით გიშვებთ თქვენ ალეგუკას ელჩთან ერთად. ალეგუკას ელჩის თხოვნა რომ არა, თქვენ იმდენივე ხანი მოგიწევდათ ჩვენთან ცხოვრება, რამდენიც თქვენთან რუსეთში გაბრიელმა იცხოვრაო89. ფედოტს იქვე ვერცხლის თასი, 56 ვერცხლის მონეტა, მოხატული და სახეებიანი ყიზილბაშური აბრეშუმის ქსოვილი და თურქული აბრეშუმის ქსოვილი მისცეს.90 ფულად კი მათ დაინგარიშეს და თქვეს, 80 მონეტის არისო. პავლე მღვდელს მეწამული ფერის ხავერდი და ნაცრისფერი მოხატული და სახეებიანი აბრეშუმის ქსოვილი მისცეს. თარჯიმანს აბრეშუმის ქსოვილი მისცეს; ჩემს კაცსაც, რომელიც აღწერილობას სწერდა, აბრეშუმის ქსოვილი მისცეს. აგრეთვე ფედოტმა მათ ჩამოტანილი 4 ვერცხლის მონეტა მისცა.
19 მაისს მეფე ლევანმა გამოგვისტუმრა(114), ურემი და საკვები კი არ მოუცია.
78. 18 მაისს ლევანმა
79. ხონის ( უნდა იყოს ცაიშის- ჯ.გ.)
80. იმით, რაზეც ვისაუბრეთ
81. დიდი
82. სრული
83. ელჩობასთან დაკავშირებული ჩვეულებისამებრ, უკან დასაბრუნებლად საკვებიც, გემებიც და ურმებიც მიეცა საზღვრისპირა ქალაქებამდე.
84. თავისი მოწყალე სიტყვითა და თავისი ხელმწიფებრივი სიგელით გამომიშვა მასთან, მეფე ლევანთან, მე, თავისი დესპანი. და ეპისკოპოსი...
85. ის პატივი
86. ნახეთ. ფედოტს გადასცეს დიდ
87. ლევან მეფის სიგელი. ფედოტმა სიგელი არ აიღო და ანდრია ეპისკოპოსსა და რამაზანს მიმართა: მაგას როგორ ვიზამ, რომ მეფე ლევანის სიგელი ისე ავიღო, რომ მას, მეფე ლევანს, პირისპირ არ შევხვდე? მეფური უდიდებულესობის სიგელი მათ თავად მეფე ლევანს გადასცეს, ხოლო მეფური უდიდებულობისათვის მეფე ლევანის სიგელის მიღება მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. არქიეპისკოპოსმა უთხრა: ამჟამად ჩვენს...
88. თმები სულ გაიპარსა და თქვენთვის მისი ნახვაშეუძლებელია, ხოლო როგორც კი...
89. და ფედოტმა უნებლიედ აიღო სიგელი; ხოლო წასვლისას მისცეს მას, ფედოტს
90. მღვდელს კი.
სადადიანოს ქვეყანა91 სიგრძეზე ზღვის სანაპიროს გასწვრივ92 150 ვერსზეა გადაჭიმული, სიგანეზე კი მთიდან ზღვამდე - 50 ვერსზე93. მათ ქვეყანაში დიდი სიშიშვლეა, მამაკაციც და დედაკაციც შიშვლები დადიან. სავაჭროები არა აქვთ. ერთი სავაჭროა ორმოცი სომხური კომლით და ათი ებრაელური კომლით. ტყვეებს ყიდიან მეფეც, მღვდელმთავრებიც და ყველა მემამულე, ვინ სადაც გამგებლობს. ყველანი მაჰმადიანებში ყიდიან. თუკი ტყვეებს არ გაყიდიან, მაშინ თავიანთ საჭიროებას ვეღარ დაიკმაყოფილებენ. პურის ყანას ბარით ამუშავებენ, მთებსა და ფერდობებს ხისგან და ქვისგან წმენდენ და ღომს თესენ. ხორბალი აქვთ, ორმაგ მოსავალს იძლევა. ღომის ფაფას ქვაბში ხარშავენ, მაგიდასთან ღატაკნი და გლახაკნი, ყველა ჯურის ხალხი ერთად სხდებიან. მაგიდის ნაცვლად კი გრძელი, გათლილი ფიცრები აქვთ, რომლებსაც მიწაზე დაალაგებენ, თვითონ კი ფეხებშეკეცილნი მიუსხდებიან. ეს ფიცრებია მათი მაგიდაც, გადასაფარებელიც და სინიც. ფაფას მზარეული არიგებს - ჩოგნით ქვაბიდან იღებს და ყველას ცალ-ცალკე ურიგებს. პირუტყვს ყველნაირს კლავენ; უკანა ფეხით ხეზე ჩამოკიდებენ, ხმალს ამოიღებენ და თავს გააგდებინებენ. ჩამოატყავებენ, ნაწლავებს გადააგდებენ, [ხორცს] ნაწილებად არ ჭრიან, ისე ჩადებენ ქვაბში. მერე ნახარშ ცხიმიან წყალს მიწაზე დაღვრიან, ხორცს კი ჯალამბარზე დადებენ, სუფრასთან მიიტანენ და ინაწილებენ, ვინ რამდენს შეჭამს. ხალხი, ყველა ტყეში ცხოვრობს, ხოლო სადაც ტყე არ არის, იქ ხალხიც არ არის. ღვინო საკმაოდ ბევრი აქვთ, აბრეშუმის ნედლეულიც მოდის მათთან. საჭმელი ჩვენ განსაზღვრული არ გვქონდა; ჩვენთან თემებიდან ამოღებული პროდუქტები მოჰქონდათ. ნახარშ წყალს კი ისინი თავიანთ სამზარეულოში ღვრიდნენ. ჩვენთვის კი მაგიდაზე უკვე მზა საჭმელ-სასმელი მოჰქონდათ. ღვინო საკმარისად გვქონდა, დღეში ორგზის გვკვებავდნენ. ალეგუკას ყაბარდოდან სადადიანოს ქვეყანაში ვიწრო გზაა, გაუვალი მთები, საცხენო გზა სრულიად არ არის; მთებზე ფეხით დადიან94. ქედებს შორის კი დასაბამიდან თოვლი დევს. რომელ წელსაც თოვლი მოდის, ის თავის ფენას იკეთებს და გაყინული დევს, ხოლო რომელი თოვლიც ძველია, წინა წლების, ისინი გამწვანებულები დევს, როგორც თურქული კვიპაროსები95.
91. დიდი არ არის.
92. შავი.
93. მარცვლეულთაგან მათ მიწაზე ფეტვი და ხორბალი ითესება; არცთუ ბევრი, სხვა არაფერ მარცვლეულს არ თესენ. მიწა ქვიანია, ყურძენი კი საკმაოდ ბევრი აქვთ. ქალაქები - ქვის, ხის ან მიწური შენობებით არა აქვთ. ხის სასახლეები კი ნახევრად მიწაშია; დარბაზები არა აქვთ, მხოლოდ მეფეს აქვს ორი დარბაზი სოფელ ზუგდიდში, სადაც თავად მეფე ცხოვრობს. საერთოდ, ყველანი ტყიან ადგილებში ცხოვრობენ, სუფთა ადგილებში კი არ ცხოვრობენ, იმიტომ რომ ტყეში ვენახი აქვთ, ბაღის ვენახი კი - არა. ვაჭრობას ისინი ადრე არ ეწეოდნენ და არავითარ საქონელს აქამდე არ ყიდდნენ. ხოლო რაღაც ხუთიოდე წელია, რაც მეფე ლევანი ბაშიაჩუკთა მთავარ ალექსანდრეს ომით მიადგა და დაატყვევა იგი. ის მთავარი ალექსანდრე (ლევან მეორემ დაატყვევა ალექსანდრე მესამის ძმა გიორგი მესამე - ჯ.გ.) თავისმა შვილებმა გამოისყიდეს და მის სანაცვლად მისცეს მოვაჭრე სომხები და ებრაელები 50 კაცი(115). მეფე ლევანმა ისინი ცალკე დაბაში დაასახლა და იმ ხალხმა ვაჭრობა გააჩაღა. სავაჭროდ ყიზილბაშებთან გადადიან, მოაქვთ მათთან ბამბის ქსოვილი და შალი - ისიც უხარისხო, და სხვა საქონელი; მათთან კი მხოლოდ აბრეშუმის ნედლეულს ამზადებენ და იმასაც ბევრს არა. ჭამენ მხოლოდ ფაფას ყურძენთან და მოხარშულ ლობიოს; პური არა აქვთ, მხოლოდ უმარილო მჭადებს აცხობენ, ისიც დიდ პატივად ითვლება, ყველას არც მაგის საშუალება აქვს. სელი ბევრი აქვთ, თესავენ შემოდგომაზე საზამთროდ და იმ სელისაგან ტილოებს ქსოვენ და თურქებისაგან თავის გამოსასყიდად ინახავენ. ტანსაცმლის ნაკლებობას განიცდიან, ტანშიშველნი და ფეხშიშველნი დადიან, მხოლოდ საჭირო ადგილებს იფარავენ ქსოვილის ნაჭრით ან თხის ტყავით, სხვა მხრივ კი შიშვლები არიან. სადადიანოს მეფე, პატრიარქი, მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები და ადგილობრივი აზნაურები თავის ხალხს და გლეხებს თურქეთში, ყიზილბაშეთში და სხვა ქვეყნებში ყიდიან; ამას ცოდვად არ თვლიან და ამბობენ: ეს ხალხი ან გლეხები რომ არ გავყიდოთ, ჩვენ მოთხოვნილებას ვერ დავიკმაყოფილებთო. შობის, მარიამობის და პეტრეპავლობის მარხვებში, ასევე ოთხშაბათობით და პარასკევობით საერო ხალხი უმარხულო საჭმელს იღებს, გარდა დიდმარხვისა. მცირეწლოვანობიდან ბერად აღიკვეცებიან, ხოლო როცა გაიზრდება და დაკაცდება, თუ მოისურვებს გახდეს მღვდელმთავარი - გახდება, თუ არ მოისურვებს, გაიპარსავს და დაქორწინდება. დიდმარხვაში საერონი ზიარებისათვის არ მარხულობენ თავიანთი სურვილით და სულიერ მოძღვართან არ მიდიან, ეზიარებიან სიკვდილის წინ, როდესაც ადამიანი კვდება. ქორწილების გადახდა დიდმარხვაში არ ეკრძალებათ; ნეფე დედოფალთან კი არ მიდის, დედოფალი მიჰყავთ ნეფესთან. ჯვარს ტაძარში იწერენ თუ ტაძარი ახლოს არის, თუ არადა ჯვარს სახლში იწერენ. სადადიანოში ალეგუკას ყაბარდოდან...
94. დიდი გაჭირვებით
95. კვიპაროსი. ეუბნებოდა მას, ფედოტს, მეფის სასახლის ეკონომოსი დომენტი: როცა ცოცხალი ყოფილა მათი დედოფალი ელენე, ის თურმე ბევრს ცდილობდა, რომ სრულიად რუსეთის თვითმპყრობელის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის წყალობა მოეპოვებინათ, და ამის შესახებ იგი მეფე ლევანს მრავალჯერ ეუბნებოდაო, და მისი, დედოფლის, თხოვნით გაუგზავნია მეფე ლევანს ელჩი ხელმწიფის წყალობის მოსაძიებლად... ვახტანგს. ალექსანდრე უფლისწული მან, ფედოტმა ნახა - სახე სუფთა აქვს, თვალები ნათელი და თავადაც კეთილია; უფლისწული მანუჩარი კი არ უნახავს, მაგრამ მეფესთან დაახლოებული პირები ძალიან აქებენ - წმინდაა და გონიერიო. ეს ბავშვები მეფე ლევანმა იმ დედოფალ ელენესთან გააჩინა, რომელიც მან თავის ბიძას, უფლისწულ იურის (გიორგის-ჯ.გ.) წაართვა. თავისი გერისთვის, უფლისწულისთვის ჩერქეზი მურზის ალეგუკის ქალიშვილი შეიგულა და მის წამოსაყვანად შემდეგ გადასახადზე დათანხმდა: 100 ტყვე, 100 ვერცხლის ჭურჭელი, 100 ოქროთი ნაქარგი ქსოვილი, 100 სიათა, 100 ცხენი, 100 ხარი, ხოლო იმის ნიშნად, რომ მეფე ლევანი ოლეგუკას ქალიშვილს თავისი გერისთვის - უფლისწულ იურისთვის (გიორგისთვის-ჯ.გ.) წამოიყვანს და ამ სასყიდელს გადაიხდის, მეფე ლევანის ახლობელმა კაცმა რამაზანმა და სათათბიროს დიაკმა პოტაპმა ფიცი დადეს. მეფე ლევანის ელჩები ალეგუკასთან იმ სარძლოსათვის მივიდნენ ფედოტთან ერთად, როცა ფედოტი უკან ბრუნდებოდა; ის სარძლო კი, მურზა ალეგუკას ქალიშვილი, სულ 8 წლისაა. ლევან მეფეს იმიტომ უნდა მისი წაყვანა, რომ ალეგუკამ მას მხარი დაუჭიროს და არავის დააჩაგვრინოს, რადგან ალეგუკას ყაბაკები მის, ლევანის, სამეფოს ესაზღვრება(116). ფედოტთან მივიდა ყიზილბაში ბეისრიამკული და ფედოტმა იგი გამოკითხა: დიდი ხანია აქა ხარო? მან უპასუხა, რომ ლევან მეფესთან ხუთი წელია ცხოვრობს, ხოლო იქ ყიზილბაშების ელჩს ჩამოჰყვა; თვითონ სპილოს მომვლელი იყო, სპილო კი მოკვდაო და მეფემ... მსახურეული ხალხი, რომელიც შაჰს ემსახურება. მეფე ლევანი თურქეთის მეფეს ხარკის სახით 800 არშინ ტილოს უხდის და 30-40 სულ ტყვეს აძლევს, ხოლო აძლევს იმიტომ, რომ სავაჭროდ გემები შემოვიდნენ; იმ წელიწადს, როცა გემები არ შემოდიან, მათთან მარილისა და რკინის უკმარისობაა. მათთვის ანდრია ეპისკოპოსსა და კარის ეკლესიის მღვდელს გაბრიელს, რომელიც ელჩად იყო მოსკოვში, უთქვამთ: არისო მდინარე რიონი... დაიცავდა და მუსულმანების წინააღმდეგ ერთად გაილაშქრებდნენ. 22 მაისს სადადიანოს ქვეყნიდან წასულან...
წირვაზე მღვდელმთავრები და მღვდლები მსახურებენ. პირველ სეფისკვერს იღებენ, როგორც კრავისას; მეორე სეფისკვერიდან იღებენ, როგორც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სეფისკვერიდან იღება; მესამე სეფისკვერიდან 9 მცირე ნაწილს იღებენ; მეოთხე სეფისკვერიდან კი დანაწევრებულ ნაწილებს იღებენ იმათი მშობლების საჯანმრთელოდ, ვინც სამსხვერპლოსთან მივა და მათ დაასახელებს. სახარებას მღვდელმთავრები წირვაზე პატრაქალის გარეშე კითხულობენ.
პავლე მღვდელი მიტროპოლიტ მიტროფანეს ეკითხებოდა, შესამოსელისა და ეპიტრაქილის გარეშე მღვდელმთავრებსა და მღვდლებს აქვთ თუ არა სახარების კითხვის უფლება? მიტროპოლიტმა თქვა: არა; წიგნებში არსად შემხვედრია, რომ სახარება შესამოსელისა და ეპიტრაქილის გარეშე იკითხებოდესო. ფედოტმა და პავლე მღვდელმა თქვეს: ჩვენ ეპისკოპოს ანდრიასთან ერთად მონასტრები შემოვიარეთ, ვნახეთ, რომ იგი ყველგან ეკლესიაში თავის სამღვდელმთავრო ადგილზე მდგომი სახარებას შეუმოსავი და უეპიტრაქილოდ კითხულობსო. მიტროპოლიტმა გვითხრა: ეს წესის მიხედვით არ გაუკეთებიაო. წირვისას სახარებით გამოდიან, სამეუფეო კარების წინ დადგებიან და დიდხანს ხმამაღლა გალობენ. რას გალობენ, ჩვენ წესიერად ვერც გავიგეთ. გალობით საკურთხეველშიც შედიან და საკურთხეველშიც არცთუ მცირე ხანი ხმამაღლა გალობენ. ტაძარში კი ზოგი დგას, ზოგიც ზის. მწუხრისა და ღამისთევის ლოცვების შემდეგ და წირვის წინ, შენდობის გამოთხოვა არ ხდება, მიტევება კი უბრალოა. შესამოსელსა და სტიქარზე სამხრე, ჯვარი, ვარსკვლავები და არშიები(117) არა აქვთ. „შიშითა ღვთისათა“-ს შემდეგ არ დადიან და მცირე ეკტენიებს არ ამბობენ; ამბიონის ლოცვას ამბობენ, მაგრამ სეფისკვერი არ გამოაქვთ. შობის, მიძინებისა და პეტრე-პავლობის მარხვებს, ასევე ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვებს საერონი არ იცავენ, მხოლოდ დიდმარხვას იცავენ. ბერად აღიკვეცებიან, ხოლო როცა დავაჟკაცდებიან, თუ მოისურვებს, მღვდელმთავარი იქნება; თუ არა და გაიკრიჭება და ცოლს შეირთავს. დიდმარხვაში საერონი ზიარებისათვის თავისი ნებით არ მარხულობენ და სულიერ მოძღვართან არ მიდიან; სიკვდილის წინ კი აზიარებენ, როცა კაცი კვდება. დიდმარხვაში ქორწილებსაც იხდიან. სარძლო სასიძოსთან მიჰყავთ, სასიძო კი საცოლესთან არ მიდის. მოიყვანენ მას მეგობარი და შუამავალი ქალი. თუ ისე აღმოჩნდა, რომ სადმე ახლოს ტაძარია, ისინი ტაძარში ჯვარს დაიწერენ, ხოლო თუ ახლოს ტაძარი არ აღმოჩნდა, მაშინ ჯვარს სახლში იწერენ.
22 მაისს სადადიანოდან წავედით და 26 მაისს სვანეთში ჩავედით. გამცილებლებს - ელისტანსა და ბილშუკს გაცილებისთვის 5 არშინი მაუდი, ოთხი აბრეშუმის ქსოვილი და 2 ვერცხლის მონეტის ფული მივეცით. პავლე მღვდელმა სიათა და ერთი არშინი ლაჟვარდისფერი ინგლისური მაუდი მისცა. სვანეთიდან 8 ივნისს გავედით და ჩერქეზეთში ხაპუკას ყაბარდოში 12 ივნისს მივედით. ხაპუკამ ოთხი ცხენი არ მოგვცა96 - ორი ფედოტის, მღვდლის ცხენი და და პოდიაჩის ცხენი. ფედოტის ერთი დაეცაო, ხოლო სხვა სამი თქვენი ცხენი მოიპარესო.
28 ივნისს ხაპუკადან წავედით; 29 ივნისს ილდარის ყაბარდოში მივედით. ხოლო ილდარის ყაბარდოდან 30 ივნისს გავედით. იმავე დღეს ანზორის(118) ყაბაკში მივედით. ანზორის ყაბაკიდან 4 ივლისს წავედით, ხოლო თერგში 11 ივლისს ჩავედით. თერგიდან 21 ივლისს წავედით, ასტრახანში 31 ივლისს ჩავედით, ასტრახანიდან კი 13 აგვისტოს წავედით97.
96. გამოსაკვებად რომ მასთან ორი დავტოვეთ.
97. მოსკოვში კი 149 [1640] წლის 4 დეკემბერს ჩამოვედი. უკანა მხარეს შეწებებულ ადგილზე: ამ მუხლობრივ აღწერილობას ფედოტ ელჩინის ნაცვლად მისი ბრძანებით ხელი მასთან მცხოვრებმა ემელიანე ვასილის-ძე ელჩინმა მოაწერა.
ს. ბელოკუროვის მინაწერი: როგორც ელჩინის სიტყვებიდან ჩანს - „ჩემს კაცს, რომელმაც აღწერილობა დაწერა“(119) - ელჩინის „მუხლობრივი აღწერილობის“ გაუსწორებელი ეგზემპლარის დამწერი იყო მისი კაცი, რომელსაც, ცხადია, „აღწერილობაში“ შენიშვნები შეჰქონდა თუ კარნახით არა, ელჩინის ბრძანებით მაინც. ასე რომ, ელჩინი უნდა ჩაითვალოს, ასე ვთქვათ, ავტორად და რედაქტორად „მუხლობრივი აღწერილობის“ გაუსწორებელი ეგზემპლარისა.
11. მღვდელ პავლე ზახარევის მუხლობრივი აღწერილობა (1639წ. 2 ივნისი - 1640წ. ივლისი)
7147 წლის 2 ივნისს სრულიად რუსეთის ხელმწიფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდოდორეს-ძის ბრძანებით მოსკოვიდან სადადიანოს ქვეყანაში ფედოტ ელჩინი და მასთან ერთად მღვდელი პავლე გაიგზავნა. შენი მეფური ბრძანებულებით ჩვენ გვებრძანა დაგვედგინა, სადადიანოს ქვეყანაში რამდენად იცავენ ბერძნული რჯულის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, სრულად და უვნებლად; ბერძნულ მართლმადიდებლობას ხომ არ დაშორებიან, ურიათა და ელინთა უკეთური რწმენა ხომ არ შერევიათ, ან ლათინთა ერესით, სხვა ყოველგვარი ერეტიკული ცდომილებით ხომ არ შეუბილწავთ რწმენა და შეურყევლად ნამდვილად თუ იცავენ? შვიდი მსოფლიო კრების განწესებებს კვლავაც ზუსტად თუ მისდევენ? ეკლესიებში როგორი წესი აქვთ, ლიტურღიას როგორ აღასრულებენ, მსახურებისას რანაირი შესამოსელით იმოსებიან, წირვისას რომელ პურს ხმარობენ, ანუ აფუებულს თუ ხმიადს? აქვთ თუ არა საღმრთო ეკლესიებში ხატები, საკურთხეველი ტაძრის სივრციდან გამოყოფილია თუ არა, საეკლესიო ჭურჭლებზე ხატწერას ასრულებენ თუ არა, სამეუფეო კარები ორსაგდულიანები თუ არის და კრეტსაბმელი თუ აქვთ?... საუბრებში უნდა გამოგვეკითხა, წლის ყველა წმიდა მარხვას ჩვენთან თანხმობაში იცავენ თუ არა და აღდგომას ბერძნული პასქალიით ჩვენთან ერთად თუ დღესასწაულობენ?
13 ნოემბერს სადადიანოს ქვეყანაში, ლამაზ სოფელ ხუდონში ჩავედით და ხუდონშივე მეფე ლევანის დავალებით აზნაური მანუჩარი შემოგვეგება. როგორც კი ხუდონში მღვდელი გაბრიელი მოვიდა, რომელიც მოსკოვში მეფე ლევანისგან ელჩად იყო წარმოგზავნილი, მოვიდა თუ არა ხუდონში, მღვდელმა გაბრიელმა თითებზე ბეჭდები გაიკეთა.
15 ნოემბერს, ფილიპეს(120) მარხვის პირველ დღეს, ხალხი სადადიანოს ქვეყანაში რძეს, კვერცხსა და ძროხის ერბოს მიირთმევდა. პავლე მღვდელმა გაბრიელ მღვდელს ჰკითხა: რა ხალხია ესენი, მარხვაში რომ ყველს, რძესა და კვერცხს ჭამენ - მონათლულები თუ არიან? გაბრიელ მღვდელმა თქვა: აქ, სადადიანოს ქვეყანაში, კეთილშობილი ადამიანები მარხულობენ და რძეს, ყველსა და კვერცხს არ ჭამენ, მდაბიონი კი... მიწის მუშები ყველს, კვერცხსა და რძეს ჭამენ, მათ მარხვა არ იციან. პავლე მღვდელი გაბრიელ მღვდელს [კითხვას უსვამს]: თქვენ, მღვდლებს, ვინ გასწავლათ ბეჭდების ტარება? წმინდა მოციქულების მცნებებითა და წმინდა მამების სწავლების მიხედვით, მღვდლებსა და დიაკვნებს ხელებზე ბეჭდების ტარების ნება არა აქვთ. გაბრიელ მღვდელმა თქვა: აქ, სადადიანოს ქვეყანაში, ხელებზე ბეჭდების ტარება ეპისკოპოსებსაც კი არ ეკრძალებათო.
17 ნოემბერს სოფელ ხუდონიდან წავედით და იმავე დღეს სოფელ ჯვარში მივედით. 20 ნოემბერს ჯვარიდან წავედით; იმ დღესვე იმავე თემის სხვა სოფელში ჩავედით.
21 ნოემბერს სოფელ ჯვარში მეფე ლევანის დავალებით ეპისკოპოსი ანდრია შეგვხვდა, რომელსაც თან ახლდნენ არქიმანდრიტი არტემონი, ეკონომოსის თანაშემწე დემაგონია ბოგუჩინი, სტოლნიკი მოგელი და სასმელების მწდე გულიკაკო. იმავე დღეს ეპისკოპოსმა ანდრიამ ფედოტი და მღვდელი პავლე თავისთან სატრაპეზოდ მიიწვია. დასაპატიჟებლად გაბრიელ მღვდელი მოვიდა, მოსკოვში რომ ელჩად იყო. მას მეფე ლევანის აზნაური მ[ანუჩარი] ახლდა თან. ფედოტი და პავლე მღვდელი ეპისკოპოსს ესტუმრნენ. როგორც კი ეპისკოპოს ანდრიასთან მივიდნენ, [ნახეს, რომ] ეპისკოპოს ანდრიას ვერცხლის მოოქროვილი ჯვარი ედგა, ჯვარზე ქრისტეს ჯვარცმაა გამოსახული; მის მარჯვნივ ღმრთისმშობლის ხატი იდგა, მარცხნივ - იოანე წინამორბედის (კომენტ. 84- ჯ.გ.), თავთან - მთავარანგელოზ მიქაელის, ფერხთით კი - იოანე ღვთისმეტყველის (კომენტ. 85-ჯ.გ.). ჯვარს მომრგვალებული ოთხკუთხა სკამი ჰქონდა, რომლის წინა მხარეზეც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ხატია გამოსახული, მარჯვენა მხარეს - დიდმოწამე გიორგის, მარცხნივ - თევდორე სტრატილატის (კომენტ. 87 - ჯ.გ.), უკანა მხარეს კი - მოწამე დიმიტრის (კომენტ. 88-ჯ.გ.). კიოტში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ხატი ძვალზეა ამოკვეთილი. ჩვენ ქრისტეს ჯვრისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის წინაშე ლოცვა აღვავლინეთ და ეპისკოპოს ანდრიას კურთხევის ასაღებად მივეახლეთ. ანდრია ეპისკოპოსმა რუსულად კურთხევა არ იცოდა და საკურთხ ადგილზე ხელი გამოგვიწოდა სამთხვევად; მას გაბრიელ მღვდელი რუსულად კურთხევას ასწავლიდა. იმ დროს, როცა ფედოტი და მღვდელი პავლე ანდრია ეპისკოპოსთან სატრაპეზოდ იყვნენ, ანდრია ეპისკოპოსს სუფრასთან ორი ყარაჩაეველი ჩერქეზიც ეჯდა: მურზა ხოძიაკა და ხაპუკინის უზდენი პშ[უკა]. ანდრია ეპისკოპოსი კერძებს ჯვარს გადასახავდა და ისე აწვდიდა ყარაჩაეველ მურზას და ხაპუკას უზდენს. ორივე ჩერქეზი კი მოუნათლავი იყო. ეპისკოპოს ანდრიას ალუბლისფერი ანაფორა ეცვა, მის ქვეშ კი - აბრეშუმის კაფთანი; მანტიის გარეშე იყო, ფეხსაცმელები კი დაღრეცილი, მაგრად შეკრული ეცვა.
22 ნოემბერს სოფელ ჯგალში მივედით. იმ სოფელში ტაძარი ქვისგან არის ნაგები, მაგრამ ეკლესია უჯვაროა. საკურთხეველი კანკელითაა გამოყოფილი. ტაძარში და საკურთხეველში ხატები არ არის, კედლებიც მოუხატავია. საკურთხეველში ორი კარი შედის, ორსაგდულიანი კარი და კრეტსაბმელი არ არის. ქვის ტრაპეზი კედელზეა მიშენებული, ტრაპეზზე ოდიკი, ინდიქტი და საფარველი არ დევს. როგორც კი ანდრია ეპისკოპოსი ჯგალში ჩამოვიდა, ეკლესიაში ჯვარისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ხატის დასვენება ბრძანა... მის, ეპისკოპოს ანდრიას, წინ ჩამოატარებენ და ... ეპისკოპოსმა ანდრიამ ბრძანა იმავე ეკლესიაში... მოპირკეთება.
იმავე დღეს ეპიკოპოსი ანდრია არქიმანდრიტ არტემონთან ერთად ჩვენთან მოვიდნენ. არქიმანდრიტმა პავლე მღვდელს ჰკითხა: ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანი, თქვენს ენაზე რა ჰქვია მას და მის მოდგმას? მღვდელმა პავლემ უპასუხა: პირველი ადამიანი, რომელიც ღმერთმა შექმნა, ადამი იყო და მთელი კაცობრიობა დღემდე მისი მოდგმაა. პავლე მღვდელმა დაიწყო სახელების ჩამოთვლა, ვინ რომელი შვა და ვინ ვის შემდგომ იყო. როცა ენოქამდე მივიდა, არქიმანდრიტმა არტემონმა თქვა: ილია წინასწარმეტყველი ენოქამდე იყოო. მღვდელმა პავლემ კი თქვა: შენ, არქიმანდრიტო, დაგვიწყებია, ენოქი წარღვნამდე იყო, ილია წინასწარმეტყველი კი წარღვნიდან მრავალი წლის შემდეგო. არქიმანდრიტმა თქვა: პირველი ის იყოო; მაგრამ ახლა მეტი დრო არ არის, მწუხრის ლოცვაზე წავიდეთო. ამით ეს საუბარი შეწყდა. ანდრია ეპისკოპოსმა თქვა: მწუხრის ლოცვას დაესწარით და ჩვენს გალობას მოუსმინეთო. ჩვენც დავესწარით მწუხრს და გალობაც მოვისმინეთ. მწუხრის ლოცვის შემდეგ პავლე მღვდელმა არქიმანდრიტს უთხრა: გინდა, არქიმანდრიტო, იცოდე ადამიდან წარღვნამდე, წარღვნიდან აბრაამამდე, აბრაამიდან დავით მეფემდე და დავით მეფედან (კომენტ. 57-ჯ.გ.) ქრისტეს შობამდე ვინ რომელი შვა და რამდენი წლისა იყო, გინდა ყველაფერი ეს მოგიყვე? ანდრია ეპისკოპოსმა თქვა: ვიცით, რომ თქვენი რუსული სარწმუნოება მტკიცეა და ყველა ჩვენს ერთმორწმუნეთა თავი, ჩვენ მასზე რაღა უნდა ვისაუბროთო.
23 ნოემბერს არქიმანდრიტმა არტემონმა წირვა იმ ეკლესიაში აღასრულა, სადაც ხატები არ იყო. მასთან ერთად მსახურებაში ორი მღვდელი და დიაკონი მონაწილეობდნენ. როცა სტიქარითა და სამოსელით იმოსებიან, შესამოსელს მხრებზე დაიდებენ, მხრებიდან კი კალთებს ძირს არ უშვებენ. როგორც კი სეფისკვერს ამოიღებენ, ამის შემდეგ შესამოსელის კალთებს მხრებიდან ძირს უშვებენ. შესამოსელს სამხრე, ჯვარი, ვარსკვლავები და არშიები არა აქვს. დიაკვნების ოლარი ვიწრო, მოქსოვილ სარტყელს წარმოადგენს, ერთი ფოჩით, ან ზოგჯერ ფოჩის გარეშეც. სეფისკვერები არქიმანდრიტმა არტემონმა ამოიღო: პირველ სეფისკვერზე ლახვარი ოთხივკუთხით დაუსვა, სეფისკვერის ნაწილი არ ამოუღია და იმავე ჭურჭელზე დადო, რითაც მოიტანეს. მეორე სეფისკვერიდან ნაწილი ამოიღო, როგორც ზვარაკი ამოიღება, და ის ნაწილი პირქვე დადო, მაგრამ ჯვრის სახით არ დაუსერავს და არც წმინდა ლახვარი უკრავს მარჯვენა მხარეს - იქ სადაც იესოა. ბარძიმში კი ჯერ წყალი ჩაასხა, შემდეგ - ღვინო. წყალსა და ღვინოს არქიმანდრიტი ცალი ხელით ასხამდა და არა დიაკონი. მესამე სეფისკვერიდანაც ამოიღო ნაწილი, როგორც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სეფისკვერიდან იღებენ. იმავე მესამე სეფისკვერიდან ცხრა მცირე ნაწილი ამოიღო და წმიდა პურის გვერდით, მარჯვენა მხარეს, სამ რიგად დაალაგა; თითო რიგში კი სამ-სამი ნაწილი დააწყო. მეოთხე სეფისკვერიდან მრავალი ნაწილი მოციცქნა და, ციცქნიდა რა, მეფის, პატრიარქისა და კიდევ სხვა მრავალი პირის ჯანმრთელობას იხსენიებდა - ვინც თავის სახელს ეტყოდა ან თვითონ ვისაც გაიხსენებდა; სეფისკვერი სულ ოთხი იყო. ბარძიმზე, ფეშხუმზე, საეკლესიო ჭურჭლებზე ცხოველსმყოფელი ჯვარი, ყოვლისმპყრობელისა და ღმრთისმშობლის ხატები გამოსახული არ ყოფილა. როგორც კი მოამზადა წმინდა... ბრძანა, ეკლესიაში სიარულით ეკმიათ ეკლესიისთვის, ეპისკოპოსისა და ყველა იქ მყოფთათვის; ტრაპეზისა და საკურთხევლისთვის არ უკმევია. ეკლესიაში კმევა უწირავმა მღვდელმა ჩაატარა, რომელიც იყო უეპიტრაქილოდ და შეუმოსავი; ტრაპეზის თავზე ღმრთისა და ღმრთისმშობლის ხატები, აგრეთვე კედლის მხატვრობა არ არის. ანთებულ სანთლებს ცარიელ კედლებზე აწებებენ და არა ხატების წინ. წირვის წინ შენდობის ლოცვა არ იციან, ხოლო, როცა დიაკონმა დაიძახა: „გვაკურთხენ, მეუფეო“, არქიმანდრიტი დასავლეთისკენ მიტრიალდა, თვალები ეპისკოპოს ანდრიას მიაპყრო და წარმოთქვა: „კურთხეულ არს მეუფება...“; შემდეგ ტრაპეზისაკენ მიბრუნდა. კვერექსებზე „უფალო შეგვიწყალენ“-ს ამბობენ და არ გალობენ. კვერექსის შემდეგ არქიმანდრიტი ასამაღლებელს ამბობს, რის შემდეგაც „ამინ“-ს თვითონვე ამბობს; მგალობლები კი „ამინ“-ს არ ამბობენ და არც გალობენ. როდესაც სახარება გამოაბრძანეს, უწირავი მღვდელი საცეცხლურით ხელში წინ წაუძღვა, მას დიაკონი მიჰყვა სახარებით, შემდეგ არქიმანდრიტი, მწირველი და უწირავი მღვდლები, იპოდიაკვნები - ყველანი საკურთხევლიდან გამოვიდნენ და სახარებას უკან გაჰყვნენ. სახარებისა და სიწმინდეთა გამობრძანებისას, წინ კანდელებსა და სანთლებს არ ატარებენ. როცა საკურთხევლიდან სახარებით ხელში ეკლესიაში გამოვიდნენ, ეპისკოპოსი ანდრია თავისი ადგილიდან წამოდგა და ტაძრის შუა ადგილას დადგა. მისგან ორივე მხარეს არქიმანდრიტი, მღვდლები და დიაკვნები განლაგდნენ. ასე ფეხზე მდგარნი და სახარებით ხელში ისინი თითქმის მთელი საათი გალობდნენ. პავლე მღვდელს სურდა ეკითხა, თუ რას გალობდნენ სახარების გამოსვენებაზე ფედოტმა კი თარჯიმანს თარგმნის ნება არ მისცა. ხოლო სამოციქულოს ეპისკოპოსი ანდრია ეპიტრაქილისა და შესამოსელის გარეშე კითხულობდა, იდგა რა თავის ადგილზე და არა სამეუფეო კარების პირდაპირ; არქიმანდრიტი კი დასავლეთისკენ პირით სამეუფეო კარებში იდგა და ხელები ზეცად ჰქონდა აღპყრობილი. სამოციქულოსა და სახარების წაკითხვის შემდეგ ეპისკოპოსი ანდრია თავის ადგილზე დაბრძანდა. სიწმინდეთა გამოსვენების დროსაც ტრაპეზს, საკურთხეველს, სიწმინდეებსა და სამეუფეო კარებს არ აკმევენ. სიწმინდეთა გამოსვენებისას ეპისკოპოსი ანდრია თავისი ადგილიდან წამოდგა და ქერუბიმთა საგალობელი დაიწყეს. გალობენ არა კრილოსზე, არამედ ტაძარში, საკურთხეველში და ვინ სადაც დგას, იქ ფეხზე მდგომი გალობს. სიწმინდეთა წინ მღვდელი მიდის საცეცხლურით, შესამოსელისა და ეპიტრაქილის გარეშე; უკან სახარებით ხელში სტიქარშეუმოსავი დიაკონი მიჰყვება. მწირველ დიაკონს წმინდა ფეშხუმი მიჰქონდა, არქიმანდრიტს - ბარძიმი. არქიმანდრიტის უკან მიმავალ მღვდელს ხელში მოოქროვილი ვერცხლის კოვზი თავზემოთ ეკავა, მეორე მღვდელს კი - პერგამენტის გრაგნილი; ამბობდნენ, იმ გრაგნილში იოანეს (კომენტ. 85-ჯ.გ.) მსახურება წერიაო. უკან-უკან სვლით სიწმინდეთა წინ წირვის შესრულებით მიმავალი მღვდელი შეუჩერებლივ აკმევდა არა ისე, როგორც რუსეთში, სადაც დიაკვნები, მიდიან რა, შემობრუნდებიან და აკმევენ. როდესაც სიწმინდეებით სამეუფეო კარებთან მივიდნენ, არქიმანდრიტმა ბარძიმი დიაკონს გადასცა, თვითონ საცეცხლური აიღო, მერე მიბრუნდა და წმინდა ფეშხუმს უკმია; ამის შემდეგ უბრალოდ ტრაპეზზე დადგა - მოიხსენოს უფალმან ღმერთმან, არ უთქვამს; ხოლო, როცა წარმოთქვა: უმეტესად, მაშინ ტრაპეზსაც უკმია, მაგრამ ხელები ზეცად არ აღუპყრია და ამ დროს არც მეტანია ცოდნიათ; ღირს არს-ის შემდეგაც არ გვინახავს მეტანია. როცა მამაო, ჩვენო დაამთავრა, [არქიმანდრიტმა] წარმოთქვა: თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით. ამ დროს მთელი მრევლი იჩოქებს და ასე რჩებიან იმდენ ხანს, რა დროც სჭირდება გამოთქმას: შემინდევ მე, მამაო. ზიარება არქიმანდრიტმა მიიღო და დიაკონსაც მიაღებინა, მსახურ მღვდლებს კი ზიარება არ მიაღებინა... შიშითა-ს რომ იტყვიან ან აკმევენ, [მარჯვენა] ხელზე შემოტრიალდებიან. როცა ამბობენ: შიშითა ღვთისათა, - სიწმინდეებს არ უკმევენ. ზიარება კი დიაკონმა სამსხვერპლოსთან კი არა, ტრაპეზთან მიიღო. განსატევებელზე მრავალჟამიერ-ს არ გალობენ, მხოლოდ ეპისკოპოსს ეუბნებიან: მრავალჟამიერ, მეუფეო. წირვაზე, საღმრთო გალობისას, ტაძარში აქეთ-იქით დადიან; წამდაუწუმ უკმევს ნებისმიერი წოდების პირი, - მღვდელი იქნება ის, დიაკონი თუ ერისკაცი, - მათ შორის უწიგნურებიც. როდესაც ღმრთის მსახურება სრულდება მწუხრის, ცისკრის თუ წირვის დროს, ზოგიერთები ქუდით, ყავარჯნებზე დაყრდნობილნი დგანან, ზოგნი იდაყვზე თავდაყრდნობილნი სხედან; ეკლესიაში ბევრი მამაკაცის ზედა სამოსით, ხმლითა და ყველანაირი სხვა იარაღით შემოდის.
24 ნოემბერს იმავე ეკლესიაში არქიმადრიტმა არტემონმა წყალი აკურთხა. ეკლესიის შუაში მაგიდის ნაცვლად ტყავის სკამი დადგეს, რომელზედაც ეპისკოპოსი ანდრია დაბრძანდება ხოლმე. სკამზე არაფერი დაუფარებიათ, ზედ წყალჩასხმული ვერცხლის თასი შემოდგეს..., ორი სანთელი დაანთეს და თასზე მიაწებეს. თასის მარცხენა მხარეს ჯვარი უბრალო სკამზე დაასვენეს და არა ლამბაქზე. ჯვარი ხისაა, ზედ ნათლისღებისა და წმიდანთა ხატებია ამოჭრილი. ჯვრის ფერხთით ხელის მოსაკიდი ტარია გამოთლილი, ტარის ბოლო კი მომრგვალებულადაა გამოყვანილი რათა ხელი არ დაცურდეს. წყალი არქიმანდრიტმა აკურთხა, წაიკითხა ფსალმუნები და აიაზმის ლოცვები, სამოციქულო და სახარება, კვერექსიც და ლოცვაც - ყველაფერი მან ერთმა, არქიმანდრიტმა, წაიკთხა. ლოცვისას მან ორი თითი წყალში ორჯერ აქეთ-იქით გაავლო, მესამედ კი თასიდან ორი სანთელი ააძრო, შეაერთა და სანთლებით ორჯერ ჯვარი გამოსახა, მესამედ კი სანთლები წყალში ჩაძირა. შემდეგ ჯვარი წყალში ჩადო: ჯერ წყალში ჯვარი ფეხზე დააყენა, ხელები გვერდებზე მოჰკიდა და ჯვარი წყალზე ორჯერ აქეთ-იქეთ გაუსვა, მესამედ კი ჯვრის ტარს ხელი მოავლო, პირჯვარი გადაისახა... [შემდეგ] ჯვრით თავისგან მოუსვა. ამ დროს ჯვარს წყალი ესხმებოდა. ანდრია ეპისკოპოსი მაშინ იქვე შეუმოსავი იდგა. ჯვრით წყლის კურთხევისას მრევლისთვის არც ჯვარი გადაუსახავთ, არც ნაკურთხი წყალი უპკურებიათ. წყლის კურთხევის შემდეგ წირვა ჩაატარა. წირვის დამთავრების შემდეგ ანდრია ეპისკოპოსმა ფედოტი და პავლე მღვდელი სატრაპეზოდ მიიწვია. როცა სუფრა გააწყვეს, მამაო, ჩვენო ერთმა მღვდელმა ფეხზე დამდგარმა წარმოთქვა, ხოლო ყველანი - ანდრია ეპისკოპოსი, აზნაურები, ბოქაულები და ერისკაცნი ამ დროს ისხდნენ და სუფრაც ეპისკოპოსმა მჯდომარემ აკურთხა. საუბრისას პავლე მღვდელი ეპისკოპოსს შეეკითხა: რატომ არის, რომ სადადაიანოს ქვეყანაში ხალხს სხვადასხვა სახელები ჰქვიათ, ზოგს რუსული, ზოგს კი ვერ გაიგებ, რა სჯულის სახელი? ანდრია ეპისკოპოსმა თქვა: ჩვენთან კეთიშობილნი მღვდლებს სახლში იწვევენ მშობიარესთან ლოცვის წასაკითხად და სახელის დასარქმევად. ამათ სახელებს რუსულ ყაიდაზე არქმევენ. რაც შეეხება სოფლის ხალხს, ისინი მღვდლებს სახლში მშობიარესთან ლოცვების წასაკითხად არ იწვევენ და დედ-მამა საკუთარ შვილებს სახელებს თვითონვე არქმევს არა წიგნების მიხედვით. ამიტომაც მათ სხვადასხვა, არარუსული სახელები ჰქვიათ. პავლე მღვდელმა ჰკითხა: ის ბავშვები, რომლებსაც დედ-მამა აძლევს სახელებს, მონათლულები თუ არიან? ეპისკოპოსმა ანდრიამ უპასუხა: ჩვენში იმ ბავშვებსაც ნათლავენ, მაგრამ სახელებს არ უცვლიან.
26 ნოემბერს ფედოტი და პავლე მღვდელი ანდრია ეპისკოპოსს ქრისტესშობის მონასტერში წაჰყვნენ. იმ მონასტერში ტაძარი ქვისგან არის ნაგები, ტაძარზე ორი ჯვარია. ერთი ჯვარი ხის არის და ეკლესიის წინა კედელზეა მიმაგრებული, მეორე ჯვარი კი რკინისაა - საკურთხევლის უკანა კედელზე დგას. საკურთხეველი ტაძრისაგან გამოყოფილია. საკურთხეველში მხოლოდ სამეუფეო კარი შედის, ჩრდილოეთისა კი არ არის; ტრაპეზი არის წესისამებრ. არ არის ყოვლისმპყრობელის დეისუსი, მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის, ღმრთისმშობლის, იოანე წინამორბედის (კომენტ. 84-ჯ.გ.), მოციქულების, აგრეთვე წმიდანთა და ღირსთა ხატები; მაგრამ არის ქრისტეს ჯვარცმის, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ადგილობრივი ხატები. იმ დღეს იმ ეკლესიაში ეპისკოპოსი ანდრია წირავდა, მასთან ერთად კი არქიმანდრიტი არტემონი, ოთხი მღვდელი და სამი დიაკონი მსახურებდნენ. როგორც კი ეკლესიაში შევიდნენ, შუაში ხალიჩა დააგეს და მასზე ომფორი, შესამოსლები, ეპიტრაქილი, სტიქარი, სამკლავე დაალაგეს და ჟამნობა დაიწყეს. როცა ჟამნები დაამთავრეს, არქიმანდრიტი, მღვდლები და დიაკვნები შეიმოსნენ და სიწმინდე უკვე შემოსილებმა მოამზადეს. მერე საკურთხევლიდან ყველა ერთად გამოვიდა, ხალიჩის ორთავ მხარეს დადგნენ, რის შემდეგაც ეპისკოპოსი ანდრია თავისი ადგილიდან წამოდგა, ხალიჩასთან მივიდა და შეიმოსა. სტიქარზე და სამოსზე სამხრე, ჯვარი, ვარსკვლავები და არშია არ არის, ეპიტრაქილს კი ზემოთ სამი გოჯისოდენა ყელსაბამის მსგავსი გადმოსაკეცი საყელოა წამატებული. როდესაც შეიმოსა, მას სამეუფეო კარის პირდაპირ სკამი დაუდგეს, რომელზეც იგივე ხალიჩა გადააფარეს. ეპისკოპოსიც იმ სკამზე დაბრძანდა. სახარების გამოსვენებაზე ეპისკოპოსიც სახარებას საკურთხეველში გაჰყვა. როდესაც სამოციქულოს კითხვა დაიწყეს, ეპისკოპოსი სამეუფეო კარებში პირით დასავლეთისაკენ დადგა და ხელები ისე აღაპყრო, როგორც კურთხეულ არს მეუფება-ს დროს. დიდი გამოსვლისას ფეშხუმს ზემოთ სიწმიდეს აქეთიქით სამწერობლებით ურხევენ. შუა ეკლესიაში რომ გამოვიდნენ, ეპისკოპოსი საკურთხევლიდან გამოვიდა, ფეშხუმს და ბარძიმს უკმია, შემდეგ ისინი დიაკვნისაგან მიიღო და ტრაპეზზე დადგა. მოიხსენოს უფალმან ღმერთმან, არ უთქვამს; ამის შემდეგ არც სამეუფეო კარები დაუკეტავთ და არც ფარდა ჩამოუშვიათ. პავლე მღვდელმა იკითხა: გამოსვენების შემდეგ რატომ არ კეტავთ სამეუფეო კარებს და ფარდას არ უშვებთ? რუსეთის სახელმწიფოში სიწმიდის გამოსვენების შემდეგ სამეუფეო კარებსაც კეტავენ და ფარდასაც ჩამოუშვებენ. ეპისკოპოსმა ანდრიამ უპასუხა, ჩვენში ოდითგან ასეა დადგენილიო. გამოსვენების შემდეგაც ტრაპეზს ზემოთ სამწერობლებს არხევენ განუწყვეტლად იმ ადგილამდე, სანამ იტყვიან შიშითა ღვთისათა. ჩვენი ქრისტე ღმერთის სისხლსა და ხორცს ეპისკოპოსი ანდრია არ ზიარებულა. მხოლოდ არქიმანდრიტსა და ერთ დიაკონს მისცა ზიარება, ხოლო ოთხ მღვდელს და ორ დიაკონს, რომლებიც ასევე თანამწირველები იყვნენ, არ მისცა და ისინი არ ზიარებულან. ჩვენ ვერ გვითხრეს ეს ტაძარი ქრისტესშობის თუ ღმრთისმშობლის შობის სახელზეა. ქრისტესშობის ან ღმრთისმშობლის შობის ადგილობრივი ხატი კი ტაძარში არ არის. 3 დეკემბერს ეპისკოპოსმა ანდრიამ და მღვდელმა გაბრიელმა შობის მონასტერში ღმრთისმშობლის ხატის ქვეშ კიოტში ჩასმული მრავალ წმიდანთა წმიდა ნაწილი გვიჩვენეს. სხვა ადგილზეც, მაცხოვრის ხატის ქვეშ, გაკეთებული სანაწილეები ვერცხლის ჭადრაკული უჯრედებითაა დამაგრებული და უჯრედების ქვეშ ეპისკოპოსმა ანდრიამ [გვითხრა], იმ უჯრედების ქვეშ წმიდა ნაწილები არისო. ეპისკოპოს ანდრიას და მღვდელ გაბრიელს უნდოდათ იმ წმიდანების სახელებიც ეთქვათ, მაგრამ ფედოტმა უთხრა, სახელების ჩაწერის დრო ახლა არა მაქვსო. იმავე კიოტში ჯვარი იყო ჩასმული და მის შესახებ ეპისკოპოსმა გვითხრა: ის ჯვარი იმ ჯვრისგანაა, რომელზედაც ქრისტე აცვესო. იმ ჯვარში ექვს ადგილას პატარ-პატარა წმიდა ნაწილებია ჩასმული. იმავე ტაძრის მარცხენა ნაწილში ცარიელი ეგვტერია, ხატების გარეშე. ეგვტერის შუაგულში მიწაზე ლოდი დევს, ლოდს კი შუაში რკინის რგოლი აქვს დამაგრებული. ეპისკოპოსმა გვითხრა: ამ ლოდის ქვეშ ქვაბულია, იმ ქვაბულში კი სადადიანოს სამეფოს უწინდელი მეფენი ასვენიაო. შობის მონასტრიდან იმავე დღეს წამოვედით. იმავე დღეს {წალენჯიხის} მაცხოვრის მონასტერში მოვედით. იმ მონასტერში ეკლესია ქვისგან არის ნაგები. ეკლესიაში არის ყოვლისმპყრობელის, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის, მთავარანგელოზების-მიქაელისა და გაბრიელის, აგრეთვე იოანე წინამორბედის დეისუსის ხატები. საკურთხეველში და ეკლესიაში კედლებზე ხატწერაა შესრულებული. ეკლესიაში ზემოთ [გუმბათზე] საბაოთ არის გამოსახული, საკურთხეველში ზემოთ კი - ქებათა შესხმა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, მრავალი სხვა წმიდანი, ასევე სადადიანოს მეფენი, დედოფალნი და ნათესავნი მათნი. საკურთხეველი ტაძრისგან გამოყოფილია; ტრაპეზი და სამსხვერპლო წესისამებრაა. ადგილობრივი ხატიდან არის ქრისტეს ჯვარცმა, მის გარშემოა უფლის ვნებანი, აგრეთვე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შეუწველი მაყვალის ხატი. იმ ხატის კედელში მცირე ზომის კიოტია ჩატანებული. კიოტში ხელი გვიჩვენეს და გვითხრეს, რომ ის ხელი იოანე წინამორბედისაა. ჩვენ ვიკითხეთ: საიდან, ვის მიერ იყო ეს ხელი ჩამოტანილი და როდის? ვინმე იოანემ გვითხრა: ის ხელი იერუსალიმის პატრიარქის მიერ არის ჩამოტანილი; იმ პატრიარქის სახელი კი არ ვიცი, ვინაიდან დიდი დრო არისო გასული; რაც ეს ხელი ჩამოსვენებულია, ას ოთხმოცი წელიწადიაო. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შეუწველი მაყვალის ხატზე გამოსახულია აგრეთვე ღმრთისმშობლის დღესასწაულები, მარჯვენა ფერხთით კი - სოფლის მპყრობელი ბნელისა ამის საწუთროისა.
პავლე მღვდელი ანდრია ეპისკოპოსს შეეკითხა: სულთმოფენობის დღესასწაულის ხატზე ვინ არის გამოსახული.....? ეპისკოპოსმა ანდრიამ თქვა: ეს სულიწმიდაა. იმის გვერდით მანუჩარის [ნაქონი] მაცხოვრის ხატია. სახე დაწერილია, თითები, ხელები და მკლავები კი - [გამოქანდაკებული, მაგრამ] არა ვერცხლისგან, დგას კიოტში; ის ხატი კიოტიდან ამოიღეს. მაცხოვრის ხატის უკან ჯვარია ამოჭრილი. ეპისკოპოსმა ანდრიამ თქვა, რომ ეს ჯვარი იმ ჯვრისგანაა, რომელზედაც ქრისტე აცვესო. გვერდებზე იმპერატორ კონსტანტინესა და მისი დედის ელენეს... ჯვრებია გამოსახული... იმავე დაფაში ჩასმულია წმიდანთა ნაწილები... ეპისკოპოსმა ანდრიამ ჩამოგვითვალა იმ წმინდანთა სახელები, ვისიც არის წმინდა ნაწილები: იოანე დამასკელისა, წმ. ნაწილები ქრისტეს მოწამე ბარბარესი, მოწამე ანასტასიასი, ანასი - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დედისა, მოწამე მარინესი, დემეტრე თესალონიკელისა, მოწამე თეკლასი, მოწამე ეკატერინესი, მოწამე ხარლამპისა, ანდრია კრეტელისა, თეოდორე ტირონისა, დიდმოწამე გიორგისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, მოციქულისა [მა]თესი და მოციქულისა არქიპოსი, მოწამე პროკოფისა. ეპისკიპოსმა ასევე ანტონი დიდის წმიდა ნაწილებიც დაგვისახელა. პავლე მღვდელმა თქვა: რომელია ანტონი დიდის ნაწილები? ანტონი მისმა მოწაფემ დაკრძალა, დაკრძალვის ადგილი და მისი წმიდა ნაწილები ჯერ მოპოვებული არ არის. ეპისკოპოსმა კი თქვა: ჩვენ არ ვუწყით ვინ დაკრძალა ანტონი და სად არის მისი წმიდა ნაწილები, მაგრამ ამ ნაწილებზე გვიწერია, რომ ის ანტონი დიდის ეკუთვნისო. გვითხრეს, აქვეაო ღმრთისმშობლის პერანგის პატარა ნაჭერი, იმ ღრუბლის პატარა ნაწილი, რომლითაც ურიების მიერ ჯვარზე გაკრულ ქრისტეს ნაღველი და ძმარი ასვეს, წმიდა ნაწილები მოწამისა კვიპრიანესი, მღვდელმოწამისა ვლასისა და იაკობ სპარსისა, თევდორე სტრატილატისა, იოანე მოწყალისა, ბასილ კესარიელისა, წმიდისა ნიკოლოზ სასწაულმოქმედისა, წმიდა სპირიდონისა(121). თქვეს, რომ ვინც აქ წერია, იმ წმინდანების წმინდა ნაწილებიაო. პავლე მღვდელს უნდოდა ეპისკოპოსისათვის ეკითხა, რა ნაწილები იყო ეს - სხეული, ძვალი თუ თმა? მაგრამ ფედოტმა მღვდელ პავლეს ასეთი შეკითხვის უფლება არ მისცა. ეპისკოპოსმა ანდრიამ გვიჩვენა ადგილი, სადაც ეს ნაწილები ესვენა, მაგრამ არ უჩვენებია, თუ რა ნაწილები იყო ეს - სხეულის, ხელისა თუ ფ[ეხ]ის ნაწილები, სხვა რომელიმე ძვალი თუ თმები. იქვე, სამეუფეო კარებთან ახლოს, ადგილობრივი ხატების მარცხენა მხარეს არის პატარა სტოა. გვითხრეს, რომ პატარა სტოაში წმიდა ნაწილებია დასვენებული, მაგრამ არ უთქვამთ, რომელი წმიდანების. აქვე მაცხოვრის ხატი დგას კიოტში, ხოლო სტოაში - ღმრთისმშობლის ხატი, მეორე სტოაში - იოანე წინამორბედი (კომენტ. 84-ჯ.გ.). როცა მეფე ლევანი ბაშიაჩუკთა მეფეს გიორგის(122) ეომებოდა, მას დროშა ჩამოართვა და იგი მაცხოვრის ხატს მიამაგრა. დროშაზე კი დიმიტრი თესალონიკელის (კომენტ. 88-ჯ.გ.) ხატია ამოქარგული, დროშის ირგვლივ [არშიაზე] კი სიტყვები ოქროთია ამოქარგული. იმ ეკლესიაში, ტრაპეზზე, ორი სახარებაა. ერთი ტყავზეა დაწერილი და ვერცხლით, ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტითაა გამშვენებული. დაფაზე ცხოველმყოფელი სამებაა გამოსახული, მახარებელთა ხატები კი არ არის. იმავე ეკლესიაში წინა მარჯვენა მხარეს ეგვტერია, იმავე ეგვტერში საკურთხეველი და დაფაზე ხატები არ არის, ტრაპეზი კი კედელზეა მიდგმული; ტრაპეზის თავზე - კედელზე ღმრთისმშობლის ქებათა შესხმის, ასევე მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის ხატებია; მთავარანგელოზის გვერდით მეფეთა მეფე ლევანი, მეფე ლევანის დედოფალი და მათი შვილებია გამოსახული; მეორე მხარეს კი უწინდელი მეფენი და დედოფალნი არიან გამოსახულნი. ამავე ეგვტერში მეფე ლევანის დედოფალი და ასული არიან დაკრძალულნი. დედოფლის საფლავიდან ტრაპეზამდე სამი მეოთხედი არშინია. იმ ეგვტერში წირვას და პანაშვიდს ბერძენი ბერი ასრულებს, ღმრთისმსახურებაზე დასასწრებად კაცები, ქალები და ყოველნაირი ხალხი შემოდის.
იმავე დღეს მაცხოვრის მონასტრიდან სოფელ წალენჯიხაში გადაგვიყვანეს. 8 დეკემბერს ფედოტი და პავლე მღვდელი მაცხოვრის მონასტერში წირვაზე დასასწრებად მოვიდნენ. იმ დღეს მწირველი იოანე მღვდელი იყო. პავლე მღვდელი საკურთხეველში შევიდა, რათა ენახა როგორ წირავს. იმ დროს საკურთხეველში სამეუფეო კარებთან სიათა იყო მიყუდებული. ამის შესახებ პავლე მღვდელმა მეფე ლევანის აზნაურ მანუჩარს, რომელიც მონასტერს განაგებდა, პრისტავ მოგელს და მღვდელ იოანეს უთხრა. მათ უპასუხეს, რომ ბავშვმა იცელქა და საკურთხეველში სიათა შეიტანაო. ერისკაცი სიათას გამოსატანად გაგზავნეს. ის ადამიანი საკურთხეველში სამეუფეო კარით შევიდა, სიათა აიღო და იმავე კარით საკურთხევლიდან გამოიტანა. წირვის შემდეგ მღვდელმა იოანემ თარჯიმან ოსიპს ტყვია-წამალი სთხოვა.
25 დეკემბერს ქრისტესშობის დღესასწაულზე იმავე ეკლესიაში ფედოტი და მღვდელი პავლე წირვას დაესწრნენ. მათ ნახეს, როგორ მოდიოდა სადადიანოს ქვეყნის ხალხი ეკლესიაში ხატზე სამთხვევად; ხატზე მთხვევის შემდეგ მარცხენა მხარეს ტრიალდებოდნენ. მღვდლები, დიაკვნები და იპოდიაკონები ვისაც მოტანილ შესაწირავს გამოართმევდნენ, იმ ადამიანს მარცხნიდან მარჯვნივ სამგზის თავზე შემოავლებდნენ და მერე ფეხზე მდგომნი მათთან საუბრობდნენ. რის შესახებ საუბრობენ, არ ვიცი. პავლე მღვდელს უნდოდა გაეგო, იმ დროს ისინი რაზე საუბრობენ, მაგრამ ფედოტმა მღვდელ პავლეს ამის თაობაზე მათთვის კითხვის დასმის ნებაარ მისცა. წირვის დამთავრების შემდეგ ხალხი ტაძარში დასხდა დადამსხდარნი ფაფას, ხორცს ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ. 31 იანვარს წალენჯიხიდან წავედით.
1 თებერვალს სოფელ კეძში ჩავედით. ტაძარი იქ ქვისგან არის ნაგები, ეკლესიაში კი მწყალობელი ღმრთის ხატები არ არის. კეტზიდან იმ დღესვე წავედით. იმავე დღეს სოფელ ბოჯში მივედით. სოფელ ბოჯში ეპისკოპოს ანდრიას შევხვდით. იმ დღეს პავლე მღვდელი გაბრიელ მღვდელს შეეკითხა: ამ ხსნილ შვიდეულში თქვენი ხალხი თევზს, რძეს, ერბოს, კვერცხსა და ხორცს რატომ არ ჭამს? მართლმადიდებლური რწმენის თანახმად, რუსეთში ჩვენ, მართლმადიდებლები, ხსნილში თევზს, რძეს, კვერცხსა და ხორცს ვჭამთ, მაგრამ ამისათვის სომხებად არ გვთვლიან და არც ჩვენ ვუწოდებთ ამ კვირას სომხებისამებრ ალაჯორის კვირას. გაბრიელ მღვდელმა თქვა: ჩვენც მართლმადიდებელი ქრისტიანენი ვართ. წარსულ წლებში ქრისტესშობაზე და მთელი ამ ხსნილი კვირის მანძილზე, ასევე ბრწყინვალე შვიდეულში და სხვა მსგეფსის კვირიაკეებში არ ვმარხულობდით, რძესა და ხორცს ვჭამდით; წელს კი დედოფალი, ლევან მეფის მეუღლე, აღესრულა, ამიტომ მეფე, ბოიარებიდა ნებისმიერი წოდების ხალხი, ვისაც დედოფალი უყვარდა, ყველანი მარხულობენ და მთელი წლის განმავლობაში თევზის, რძისა და ხორცის ნაწარმს არ ჭამენ. მეფე ლევანმა აღთქმა დადო, რომ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ პირველ წელს თევზის, რძისა და ხორცის ნაწარმს არ მიიღებს. დედოფლის წლისთავის შემდეგ მეფე ლევანი თევზით გაიხსნილებს, დედოფლის გარდაცვალებიდან მესამე წელს კი მეფე ლევანი თევზს, რძეს, ერბოსა და კვერცხს მიიღებს, ხოლო დედოფლის გარდაცვალებიდან მეოთხე წელიწადს მეფე ლევანი მსგეფს დღეებში ყველაფერს შეჭამს, რაც მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის არის დაწესებული.
2 თებერვალს, უფლის მირქმის დღესასწაულზე, ეპისკოპოსმა ანდრიამ ფედოტი და პავლე მღვდელი წირვაზე მიიწვია. იმ სოფელში, ბოჯში, ეკლესია ხისგანაა ნაშენი, დიდმოწამე გიორგის სახელზეა, ჯვარი კი ეკლესიაზე არ არის საკურთხეველი გამოყოფილია, მაგრამ შესასვლელი ერთი კარითაა. არც ტაძარში და არც საკურთხეველში ხატები არ იყო. ეპისკოპოსმა ანდრიამ ტაძარში ჯვარი და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი დააბრძანა, რომლებსაც ღმრთისმსახურების შესრულებისას მის, ეპისკოპოსის, წინ დაატარებენ. ეკლესიაში წირვაზე ფედოტისა და პავლე მღვდლის მოსვლის შემდეგ ეპისკოპოსმა წირვის დაწყება ბრძანა. თანამწირველებად მღვდელი და დიაკონი ჰყავდა. წირვაზე სამოციქულო და სახარება ეპისკოპოსმა ანდრიამ წაიკითხა. ამ დროს იგი თავის ადგილზე, მარცხენა მხარეს იდგა და არა სამეუფეო კარების პირდაპირ; არ შეუმოსავს და ეპიტრაქილის გარეშე იყო. იმავე ეკლესიაში ტილოთი შემოხვეული სამი ჭოკი იდგა. ზომით ჭოკები ორსაჟენიანი სიმაღლისა და მეოთხედარშინიანი სისქისაა. ჭოკებს ყურები და თითები აქვს გაკეთებული, ჭოკების მეორე ბოლოში კი - ფიწალივით რკინები. პავლე მღვდელი ანდრია ეპისკოპოსს შეეკითხა, თუ რატომ იდგა ეს ჭოკები ეკლესიაში. ეპისკოპოსმა მიუგო: ეს დიდმოწამე გიორგის ისრებია; ამით ის ურწმუნოებს გმირავს, ჩვენ კი გვიცავს. ამ დროს გაბრიელ მღვდელს თითებზე ბეჭდები ეკეთა.
ბოჯიდან 2 თებერვალს წავედით. იმავე დღეს სოფელ პისკურში (ფუწყურში - ჯ.გ.) მივედით. იქ არის ხის ეკლესია საკურთხევლით; ხატები კი ტაძარში და საკურთხეველში არ არის. პავლე მღვდელი გაბრიელ მღვდლის კაცს - სავკას შეეკითხა, რატომ არ არის ეკლესიაში ხატები? სავკამ აუხსნა, რომ როცა მეფე აქ არ არის, ეკლესიაში ხატებს არ აჩერებენ, ხოლო მეფე ლევანი როცა მობრძანდება, ხატებსაც მაშინ მოაბრძანებენ და ეკლესიაში დაასვენებენო.
3 თებერვალს ჩვენთან დაბა პისკურიდან მეფე ლევანის ხაზინის მცველი ვასილი ბელორუსი მოვიდა და მოგვიყვა, რომ ის ვასილი ზაპოროჟიეში იყო და დონელ კაზაკებთან ერთად შავ ზღვაზე ლაშქრობა გადაწყვიტა. ისინი რვა ნავით ყოფილან. უამინდობით გამოწვეულმა უბედურებამ სადადიანოს ქვეყანაში გამოგვრიყა. ამ დროს თურქთა თექვსმეტი კატარღა მოგვადგა, ხმელეთიდან კი - მეფე ლევანის ხალხი. თურქები, კაზაკებს უსწორდებოდნენ, დადიანის ხალხმა კი კაზაკებს შეჰფიცა, რომ დარტყმას და ვნებას არ მიაყენებდნენ. კაზაკებმაც მათ დაუჯერეს და ნავებიდან მათთან გადავიდნენ, მაგრამ ამ დროს თურქებმა და სადადიანოს მეფის ხალხმა ერთობლივად კაზაკები გაწყვიტეს, ნაწილი ტყვედ წაასხეს(123). მას შემდეგ თორმეტი წელი გავიდა. მეფე ლევანმა ვასილი თავისთან წაიყვანა. შემდეგ, მეფე ლევანმა და დედოფალმა დარეჯანმა მის მიმართ წყალობა გამოიჩინეს და მას ჰკითხეს: რომელი სარწმუნოებაა უფრო სწორი, რუსული თუ ლიტვური და სად გაეგზავნათ ელჩი - მოსკოვის რუს ხელმწიფესთან თუ ლიტვის მეფესთან? მეფესა და დედოფალს ვასილმა უპასუხა: მოსკოვის რუსული სარწმუნოება როგორც მნათობი მთელ ცისქვეშეთში ანათებს და ყველა ხალხში რწმენით, ჭეშმარიტებითა და სიდიადით წმიდა და ნაქებია. ლიტველთა სარწმუნოება კი იგივეა, რაც ლათინთა. ვინც მართლმორწმუნე იყო, მეფემ იქ ძალით გაალათინა. რუსეთის სახელმწიფოში კი რწმენა კეთილია და შენთვის, მეფე ლევანისთვის, ახლობელია. ამიტომაც გადაწყვიტეს მეფე ლევანმა და დედოფალმა ნესტან-დარეჯანმა სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფესთან და დიდ მთავართან, მიხეილ თევდორეს-ძესთან ელჩის გაგზავნა.
4 თებერვალს ფუწყური დავტოვეთ და სოფელ გამბლში ჩავედით. ეკლესია იქ ქვისგან არის ნაგები, სტოა კი ხისაა და ჩალით დაფარული. ის ეკლესია წმიდა ნიკოლოზის სახელობისაა. გაბრიელ მღვდელმა მითხრა, რომ ამჟამად აქ ხატები არ არის და მსახურებანიც არ ტარდებაო, როცა მეფე ლევანი მოდის ხოლმე, ხატებსაც მაშინ მოაბრძანებენო. იმ დღესვე ღამბლიდან წავედით. იმავე დღეს სოფელ მერკულაში მივედით. იმ სოფელში ტაძარი - ქვის, სტოა კი ხისაა. გაბრიელ მღვდელმა გვითხრა, რომ ეკლესია წმიდა სამების სახელობისაა, მაგრამ ხატების გარეშე და უმოქმედოაო. იმ ეკლესიაში ჩვენ არც მივუწვევივართ.
5 თებერვალს მერკულადან წამოვედით და შავ ზღვასთან გამოვედით. ეპისკოპოსმა ანდრიამ გვითხრა: სრულიად რუსეთის დიდ ხელმწიფე მეფესთან და დიდ მთავართან მიხეილ თედორესძესთან ლევან მეფემ თავისი ელჩი მღვდელი გაბრიელი იმისათვის გააგზავნა, რომ დიდ ხელმწიფეს მეფე ლევანის მიმართ თავისი მოწყალების გაღებაზე უარი არ ეთქვა და მტკიცე მაღალი მარჯვენის ქვეშ იგი და მისი სამეფო შეეფარა. თურქეთის მეფისა და სხვა მეზობელი ბუსურმანული ურდოების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის მტრებად ითვლებოდნენ, თუკი სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფე და დიდი მთავარი მიხეილ თევდორეს-ძე მოისურვებდა და ვინმეზე გაილაშქრებდა, მეფე ლევანიც მასთან, დიდ ხელმწიფესთან, ერთად გამოვიდოდა. თუკი დიდი ხელმწიფის ბრძანებით, კაზაკები თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდოდნენ და ღმრთის ნებით მათ ზღვის ტალღები მეფე ლევანის სამეფოში გამორიყავდა, მაშინ მეფე ლევანი კაზაკებს სიამოვნებით აჭმევდა, ასმევდა, მათზე ყველანაირად იზრუნებდა. თუკი თურქეთის მეფე კაზაკებს რაიმე ბოროტებას მოუწყობს, მაშინ სრულიად რუსეთის დიდი მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის, მისი მეფური უდიდებულესობის გულისთვის ლევან მეფე მოხარული იქნება კაზაკებს გვერდში ამოუდგეს და უსჯულოების წინააღმდეგ მათთან, კაზაკებთან, ერთად იბრძოლოს. ამასთან, იგი სრულიად რუსეთის დიდ ხელმწიფე მეფესა და დიდ მთავარს მიხეილ თევდორეს ძეს სთხოვდა, რომ მას წყალობა გამოეჩინა და კაზაკებისათვის მის ქვეყანაში საომრად მოსვლა, ასევე ნავსაყუდლებში სავაჭრო კატარღებისა და გემების დარბევა დაეშალა, რადგან კაზაკების შიშით სამი წელიწადია ჩვენთან სავაჭრო გემები აღარ შემოსულანო. იმ წლებში კი, როცა სავაჭრო გემები და კატარღები ჩვენთან არ მოდიან, მარილის, რკინისა და სხვა მრავალი საჭირო საქონლის ნაკლებობას განვიცდითო.
6 თებერვალს დრანდის მონასტერში(124) მივედით. ეპისკოპოსმა ანდრიამ და გაბრიელ მღვდელმა თქვეს: ეს მონასტერი თურქებმა დაარბიესო. 145 [1637] წლის მაისში თურქები სამოცი კატარღით ნაპირს მოადგნენ და მონასტერი ააოხრესო. მონასტერში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ქვის ტაძარია, მაგრამ ის არ უთქვამთ - ხარების, შობის თუ მიძინებისა იყო; ასე ამბობენ: ღმრთისმშობელი ერთიაო. ტაძარში საკურთხეველი გამოყოფილია, ასევე ტრაპეზიცა და სამსხვერპლოც წესისამებრაა; ტრაპეზზე ინდიქტიონი და საფარველი არ არის. დეისუსში სამი ხატია - ყოვლისმპყრობლის, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და იოანე წინამორბედის. ხოლო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ადგილობრივი ხატი ისეთივეა, როგორიც დეისუსში წერია. მეორე მხარეს, კიოტში, ჯვარია; ჯვარში, რომელიც კიოტიდან ამოასვენეს, წმინდა ნაწილებია - ხელის ორი ძვალი იდაყვიდან მაჯამდე. ეპისკოპოსმა ანდრიამ გვითხრა, რომ ეს ხელის ძვლები მოწამე მარინესი (კომენტ. 158-ჯ.გ.) არისო. მეორე ჯვარი ვერცხლისაა მოოქროვილი; ჯვრის ფერხთით ექვს პატარა უჯრაში სხვადასხვა წმინდანის წმინდა ნაწილია მოთავსებული. რომელი წმინდანებისაა ეს წმინდა ნაწილები, ვინ და საიდან ჩამოიტანა, ჩვენთვის არ უთქვამთ, მაგრამ გვითხრეს: რომ როცა ტაძარი აშენდა, მაშინ ჩამოაბრძანეს აქ სიწმიდეებიო. ვინ და საიდან ჩამოიტანა, რომელ წმინდანთა ნაწილებია, ამის შესახებ წერილობითი საბუთები არ გვაქვსო. იმ დროს ეპისკოპოსმა ანდრიამ იქ ჟამნის წაკითხვა ბრძანა. ჟამნზე სამოციქულოსა და სახარებას ეპიტრაქილისა და შესამოსელის გარეშე ეპისკოპოსი ანდრია კითხულობდა, იდგა რა ტაძარში თავის ადგილზე და არა სამეუფეო კარების პირდაპირ.
8 თებერვალს მოქვის მონასტერში (კომენტ. 97-ჯ.გ.) ვიყავით. იმ მონასტრის ტაძარი ქვისგანაა ნაგები; საკურთხეველი გამოყოფილია, ტრაპეზი, სამსხვერპლო, დეისუსი და ადგილობრივი ხატები წესისამებრ არის. ადგილობრივი მაცხოვრის ხატი კიოტშია დაბრძანებული. ხატი კიოტიდან ამოიღეს, ხატის უკანა მხარეს წმინდანთა სახელებია ჩამოწერილი. მათ ქვეშ იმათი წმინდა ნაწილებია მოთავსებული, ვინც აქ წერია. სულ ოთხმოცდაათი წმინდანის სახელი ეწერა. ფედოტმა პავლე მღვდელს მათი სახელების ჩაწერის უფლება არ მისცა, მხოლოდ უბრძანა ეთქვა, თუ ვინ იყო იმათგან მღვდელმთავარი, ვინ ღირსი და ვინ მოწამე, ან ღირსი და მოწამე დედა. მე, პავლე მღვდელმა, არ ვიცი, ყველა მათი სახელი ფედოტმა ჩაიწერა თუ არა, რადგან ჩემთვის წასაკითხად არ მოუცია, არც ნება დაურთავს, რომ მე ჩამეწერა.
იმავე ტაძარში მაქსიმე ეპისკოპოსმა (კომენტ. 98 - ჯ.გ.) ჯვარი გვაჩვენა. ეპისკოპოსებმა ანდრიამ და მაქსიმემ გვითხრეს, რომ იგი უფლის ცხოველმყოფელი ჯვრისაგანაა, რომელზედაც ქრისტე გააკრეს. ჯვარზე უფლისა და ქრისტეს ჯვარცმის ხატი არ წერია. ჯვარი ქვებითაა შემკული. იმავე მაქსიმე ეპისკოპოსმა ასევე თეთრი ქვის პატარა თითისტარი გვიჩვენა და გვითხრა, რომ ის თითისტარი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის არისო. იმავე მაქსიმე ეპისკოპოსმა გვიჩვენა წმინდა ნაწილები - ორი უხრწნელი ხელი თითებით, რამდენიმე ცარიელი ძვალი, ფეხის ორი ნაწილი და სხვა ძვლები, სულ ათამდე წმიდა ნაწილი. ეპისკოპოსმა მაქსიმემ თქვა: ის ხელები, ფეხის ნაწილები და ძვალი არქიდიაკონ სტეფანეს (კომენტ. 99) ეკუთვნისო, ხოლო სხვა წმინდა ნაწილები რომელი წმიდანებისა იყო, არ უთქვამთ. ჩვენ ვიკითხეთ, საიდან ჩამოიტანეს ეს წმინდა ნაწილები, ვინ ჩამოაბრძანა? ეპისკოპოსმა მაქსიმემ გვიპასუხა: არქიდიაკონ სტეფანეს წმიდა ნაწილები ცარგრადიდან (კონსტანტინოპოლი - ჯ.გ.) იმპერატორმა კონსტანტინემ ჩვენს მეფეს გამოუგზავნაო. ხოლო პირადად ვინ და როდის ჩამოიტანა, არ ვიცით, რადგანაც ამის შესახებ მატიანეები არა გვაქვსო.
იმავე დღეს იმ ეკლესიაში ეპისკოპოსმა (კათოლიკოსმა - ჯ.გ.) მაქსიმემ თავის მღვდლებს წირვის აღსრულება უბრძანა. წირვას ხუთი მღვდელი და ერთი დიაკონი ატარებდა. როცა სახარებით გამოვიდნენ და ეკლესიის სამეუფეო კარებთან მივიდნენ, პირველმა მღვდელმა, რომელიც მთელს ტაძარში დადიოდა, ხატებს, ეპისკოპოსსა და მრევლს კმევა დაუწყო. როდესაც სახარებით ხელში საკურთხეველში შევიდნენ, გაბრიელ მღვდელმა დიაკონს ტრაპეზის გარშემო სახარებით წასვლა და ჩრდილოეთის კარებით ტაძარში გასვლა უბრძანა. დიაკონიც სახარებით ხელში ტრაპეზის გარშემო, ტაძარშიც და საკურთხეველშიც მარტო მიდიოდა. როცა სამოციქულოს კითხვის დრო დადგა, იმავე დიაკონმა ტრაპეზიდან იგივე სახარება აიღო, საკურთხევლიდან ჩრდილოეთის კარით ტაძარში გავიდა და იმ სახარებაშივე სამოციქულო წაიკითხა. სამოციქულოს შემდეგ გაბრიელ მღვდელი და მისი თანამწირველი მღვდლები საკურთხეველში სამეუფეო კარებთან შეჯგუფულნი ფეხზე დგომით ალილულიას გალობდნენ. ალილულიას შემდეგ დიაკონმა იმავე წიგნიდან სახარება წაიკითხა იმ ადგილიდან დაუძვრელად, სადაც სამოციქულო წაიკითხა. წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა მაქსიმემ (კომენტ. 98-ჯ.გ.) ეპისკოპოსი ანდრია, ფედოტი და პავლე მღვდელი სატრაპეზოდ მიიწვია.
9 თებერვალს მოქვის მონასტრიდან, ეპისკოპოს მაქსიმესგან (კომენტ. 98-ჯ.გ.) წავედით. იმავე დღეს [ილორის] წმ. გიორგის მონასტერში(125) მოვედით. ეკლესია იმ მონასტერში ქვისგან არის ნაგები, თავზე ვერცხლის ჯვარი ადგას; ეკლესიის კარებზე საკეტებიც ვერცხლისაა. დეისუსი და ხატები ტაძარში და საკურთხეველში არ არის. შუა ტაძარში ტრაპეზი დგას, ზედ ხის ჯვარია დამაგრებული; იგი წინა მხრიდან ვერცხლითაა მოჭედილი, შუაში კი დიდმოწამე გიორგის ვნების ამსახველი ხატია ამოკვეთილი. იმავე ტრაპეზის მეორე მხარეს ბროლის დიდი ჯვარი დგას, ჯვრის მხრები სამი მეოთხედი არშინის ზომისა იქნება. შუაში გოჯისოდენა ვერცხლის დაფაა დამაგრებული და იმ დაფაზე სამების ხატია გამოსახული. ეპისკოპოსმა ანდრიამ და მღვდელმა გაბრიელმა კი გვიამბეს: როცა ლევან მეფემ იმერეთის მეფის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაშინ თეიმურაზ მეფე იმერეთის მეფის მოკავშირე ყოფილა მეფე ლევანის წინააღმდეგ და ეს ბროლის ჯვარი თურმე თეიმურაზის დროშის თავზე ყოფილა მიმაგრებული. ღმრთის შეწევნით, ლევან მეფემ იმერეთისა და [აღმოსავლეთ] საქართველოს მეფეები დაამარცხა, იმ დროს ის ბროლის ჯვარი დროშასთან ერთად ხელში ჩაუგდია. ასევე ეპისკოპოსმა ანდრიამ გვითხრა: როცა სამ ნოემბერს დიდმოწამე გიორგის დღესასწაული აღინიშნება, მონასტერში მეფე ლევანი მობრძანდება. მწუხრის შემდეგ კი მეფე ლევანი მონასტრიდან მიდის და მთელს მრევლთან ერთად მონასტერს დატოვებს თუ არა, მონასტრის ჩარაზვას, დაკეტვას ბრძანებს და სამეფო ბეჭდით მეფე ლევანი პირადად ბეჭდავს. მეორე დილით კი ცისკარზე მეფე ლევანი, ბოიარები, მათთან ერთად პატრიარქი, მღვდელმთავრები, მყველა ხარისხის პირი მოდის. მეფე ლევანი ბეჭედსა და საკეტს შეამოწმებს და უბრძანებს გახსნას, შევლენ მონასტერში, ტაძარში და იმ დროს ეკლესიის სტოაში გვერდით კარებთან ხარი დგას. ყოველ წელიწადს, თავის დღესასწაულზე დიდმოწამე გიორგის უხილავად ხარი მოჰყავს. სტოას საკეტი არა აქვს, მონასტრის ზღუდე კი არც თუ ისე მაღალია. ხოლო ვისი ხარიც სტოაში დიდმოწამე გიორგის ზეიმზე აღმოჩნდებოდა, თურმე იგი პატრონმა გიორგობამდე თექვსმეტი დღით ადრე დაკარგა. გაბრიელ მღვდელმა გვითხრა: წინათ დიდმოწამე გიორგი თავის დღესასწაულზე თეთრ ირემს გვიგზავნიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა დედაკაცმა იმ ირმის ხორცი ჭამა, ჩვენი ცოდვების გამო წმიდა გიორგის ზეიმზე ირემი აღარ გამოჩენილაო. პავლე მღვდელი ეპისკოპოს ანდრიას შეეკითხა: დიდი ხანია, რაც წმიდა გიორგი თავის დღესასწაულზე ირემს აღარ აგზავნის? ეპისკოპოსმა ანდრიამ მიუგო: ჩვენთან ასეთი ზეპირი გადმოცემა არსებობს, სინამდვილე კი არ ვიცით, ხოლო მატიანეები ამის შესახებ არა გვაქვსო. დიდმოწამე გიორგის იმავე ტაძარში, კედელთან რკინის მშვილდია მიყუდებული; ზომით საჟენზე მეტი იქნება. იმ მშვილდის გვერდით თორმეტი ჭოკია მიყუდებული. ამ ჭოკებს ისრებივით ყურები და თითები აქვთ; მეორე ბოლოში კი რკინები აქვთ ფიწალივით გაყრილი. პავლე მღვდელი ეპისკოპოს ანდრიას შეეკითხა: რკინის მშვილდი რისთვის გაკეთდა და ჭოკები ეკლესიაში რისთვის ინახება? ეპისკოპოსმა ანდრიამ უპასუხა: ეს მშვილდი და ისრები დიდმოწამე გიორგის ეკუთვნის, ამ მშვილდით და ისრებით წმ. გიორგი ურწმუნოებს მუსრავს და მორწმუნეებს იცავსო. პავლე მღვდელმა ეპისკოპოს ანდრიას ჰკითხა: დიდი ხანია, რაც დიდმოწამე გიორგის ტაძარი აშენდა, რომელი მეფის ზეობის დროს და მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა? თქვენ ამბობთ, დიდმოწამე გიორგი რკინის მშვილდით და იმ ჭოკებით ურწმუნოებს ებრძვისო. რომელმა თქვენგანმა იცის, სად შემუსრა გიორგიმ თქვენთან ურწმუნოები და რომელი ურწმუნო მეფე შემუსრა, გიორგი თქვენთან საიდან მოვიდა, ან თუ დიდმოწამე გიორგი თქვენთან დაიბადა და ეწამა, მაშინ მისი წმიდა ნაწილები სად განისვენებს? ეპისკოპოსმა ანდრიამ და გაბრიელ მღვდელმა უპასუხეს: როგორ აშენდა დიდმოწამე გიორგის ტაძარი, ამის შესახებ ჩვენ ცნობები არ გვაქვს და არ ვიცით ის რამდენი წლისაა და რომელი მეფის დროინდელია, რადგან ამის შესახებ ჩვენ მატიანეები არა გვაქვსო; დიდმოწამე გიორგის დაბადებისა და წამების შესახებ - როდის დაიბადა და ეწამა, სად არის მისი წმიდა ნაწილები, ჩვენ არ ვიცით; სად აჩვენა დიდმოწამე გიორგიმ სასწაულები და რომელი ურწმუნო მეფე სად, რომელ წელს, რომელი მეფის დროს დაამარცხა, ჩვენ ყველაფერ ამის შესახებ არაფერი ვიცით და არც რაიმე საბუთი მოგვეპოვება. წმიდა გიორგის მონასტერი იმავე დღეს დავტოვეთ და იმ დღესვე ბედიის(126) ეპისკოპოსთან მივედით. ბედიის ეპისკოპოსმა ფედოტი და პავლე მღვდელი თავისთან სატრაპეზოდ მიიწვია. სუფრის შემდეგ ბედიის ეპისკოპოსმა იაშმის ქვაზე ამოკვეთილი დიდმოწამე გიორგის პანაღეა გვაჩვენა. იაშმის ქვა ყველა მხრიდან ოქროშია ჩასმული, მაგრამ პანაღეას საკეტი არა აქვს; [ეპისკოპოსი მას] ბამბის ქსოვილს გადააფარებს და შემდეგ ნაჭერში ახვევს. პანაღეას გარეთ არ ატარებენ, გრძელი ჯაჭვი აქვს პანაღეას შებმული. ბედიელ ეპისკოპოსს ჯიბეებიანი აღმოსავლური აბრეშუმის კაფთანი ეცვა და კაფტანზე ოქროს ყიზილბაშური ნაქარგია; ეპისკოპოსს სარტყელად ქ. კაშანში დამზადებული გრძელი ვიწრო აბრეშუმის ქსოვილი ეკრა; კაფტანს ზემოთ ხავერდით გაწყობილი კვერნის ქურქი ეცვა ჯიბეებით, ხელების გასაყრელითა და ზონარიანი შესაკრავით; მეორე ქურქი ცხვრისაა, ორმაგი ხავერდით გაწყობილი. მარჯვენა ხელის ნეკა თითზე მას, ბედიის ეპისკოპოსს, ორი ოქროს ბეჭედი წამოეცვა, ერთ მათგანში ფირუზის ქვაა ჩასმული. შემდეგ ეპისკოპოსმა ანდრიამ ბედიელის კაცს ცეკვა და სამფეხა სკამზე დაკვრა, თავის მსახურებს კი ტაშისცემა და სიმღერა უბრძანა. ამის მერე ბედიის ეპისკოპოსმა ხმალი გვიჩვენა, ეპისკოპოსმა ანდრიამ კი ეს ხმალი თავის გარშემო შემოღუნა და აქეთ-იქით იქნია.
10 თებერვალს ეპისკოპოს ანდრიასა და ბედიელ ეპისკოპოსთან ერთად ბედიის მონასტერში ვიყავით. ეკლესია ქვისაა, ხოლო ეკლესიაზე ჯვარია; ეკლესიაში კი დეისუსი, ადგილობრივი ხატები, საკურთხეველი, საკურთხეველში ტრაპეზი და სამსხვერპლო, - ეს ყველაფერი წესისამებრ არის. იმავე ეკლესიაში ბედიის ეპისკოპოსმა სამღვდელმთავრო კვერთხი გვაჩვენა. კვერთხის ზემოთ თავის მსგავსი აქვს გაკეთებული, [რომელიც] შავი ხავერდითაა გადაკრული. ხავერდზე ჯვარია ამოქარგული. მეორე მხარეს კი მეფე კონსტანტინესა და მისი დედის ელენეს (კომენტ. 91-ჯ.გ.) ხატებია ამოქარგული. თავსქვემოთ, კვერთხის გვერდით, იმ ხავერდოვანი საფარველის ბოლოები შეკრული და დაბეჭდილია. ეპისკოპოსებმა ბედიელმა და ანდრიამ, აგრეთვე გაბრიელ მღვდელმა თქვეს: ამ ხავერდით ქრისტეს ეკლიანი გვირგვინია დაფარულიო, როცა ებრაელებმა ქრისტე აწამეს, ის ეკლის გვირგვინი ქრისტეს თავზე წამოაცვესო; ასევე [თოკი], რითაც ქრისტე შეკრეს და [სამსჭვალი, რომლითაც] ჯვარზე მიამსჭვალეს (127). [თოკი], რითაც უფალი შეკრეს, და სამსჭვალები ეკლის გვირგვინთან ერთად თავმოკრულია და მეფე ლევანის ბეჭდითაა დაბეჭდილი. ეპისკოპოსებმა ბედიელმა და ანდრიამ თქვეს: მეფე ლევანის ბრძანების გარეშე ბეჭდის მოხსნის, მისი გახსნის, ქრისტეს გვირგვინის, თოკისა და სამსჭვალების ჩვენების უფლება არ გვაქვსო. მას შემდეგ, რაც მეფესთან საელჩო მიღებაზე იქნებით, მეფე თავად მობრძანდება აქ და მაშინ ეკლის გვირგვინს, თოკს, სამსჭვალებს და სხვა ყველაფერს გიჩვენებთ. იმ ტაძარში მაშინ ჟამნი წაიკითხეს; ეპისკოპოსი ანდრია ჟამნობაზე ეპიტრაქილისა და შესამოსელის გარეშე იყო; როცა სახარებას კითხულობდა, იგი ტაძრის მარჯვენა მხარეს იდგა და არა სამეუფეო კარების პირდაპირ. ბედიის მონასტერი იმავე დღეს დავტოვეთ.
13 თებერვალს ცაიშში, სამების მონასტერში(128) ეპისკოპოს ანდრიასთან მივედით. იმ მონასტერში ქვის ეკლესიაა საკურთხევლით. საკურთხეველში ტრაპეზი და სამსხვერპლო, ასევე დეისუსი და ადგილობრივი ხატები, ყველაფერი წესისამებრ არის. კედლები მოხატულია დღესასწაულთა და წმინდანთა ფრესკებით. მათ გვერდით გამოსახულია სადადიანოს მეფენი, დედოფალნი, უფლისწულები, მათი ახლობელი ბოიარები და სათათბიროს დიაკები. ცხოველმყოფელი სამების ხატი კი ტაძარში არ არის, სამეუფეო კარები არაა ორსაგდულიანი. ეკლესიაში ჩვენი მისვლისთანავე ეპისკოპოსმა ანდრიამ მღვდელმონოზონს ჟამნი წააკითხა. ჟამნობაზე სამოციქულო და სახარება ეპიკოპოსმა ანდრიამ წაიკითხა, იდგა რა ეკლესიაში თავის ადგილზე - მარცხენა მხარეს, ჩრდილოეთის კართან ახლოს - შესამოსელისა და ეპიტრაქილის გარეშე.
16 თებერვალს სამების მონასტერში სალოცავად მეფე ლევანის ორი ბოიარი მოვიდა. ერთ მათგანს როსტომი ერქვა, მეორეს - მეფლი. გაბრიელ მღვდელმა გვითხრა: მეფე ლევანის დედოფლის ნესტან-დარეჯანის მკვიდრი და როსტომზეა გათხოვილი, ხოლო როსტომის და მეთოლას ცოლიაო. წირვის ჩატარება იმ დროს ეპისკოპოსმა ანდრიამ მღვდელმონოზონს დაავალა. წირვაზე სახარება კი ეპისკოპოსმა ანდრიამ უეპიტრაქილოდ და შეუმოსავად წაიკითხა, იდგა რა ეკლესიაში თავის ადგილზე და არა სამეუფეო კარის პირდაპირ. დიდი გამოსვლის შემდეგ ბოიარმა როსტომმა მწირველს საცეცხლური გამოართვა, საკუთარი საკმეველი თავის ირგვლივ სამჯერ შემოივლო და ის საკმეველი საცეცხლურში ჩაყარა, სამეუფეო კარებთან მივიდა და ტრაპეზს უკმია, შემდეგ მარცხენა მხარეს ხატებსა და ეპისკოპოსებს უკმია, ასევე მარჯვნივაც მთელ მრევლს ტაძარში უკმია. ამ დროს როსტომს წელზე ხმალი ერტყა. წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა ანდრიამ ბოიარები, ფედოტი და პავლე მღვდელი სატრაპეზოდ მიიწვია. ტრაპეზის წინ მამაო, ჩვენო გაბრიელ მღვდელმა წაიკითხა. ამ დროს ეპისკოპოსი ანდრია, ბოიარები და ყველა, ვინც იქ იყო, ისხდნენ; ეპისკოპოსმა ანდრიამ სუფრა მჯდომარემ აკურთხა. როცა სმაჭამას შეუდგნენ, ეპისკოპოსმა ანდრიამ ორ კაცს ვიოლინოზე დაკვრა უბრძანა, სხვა რამდენიმეს - სიმღერა და ტაშისცემა; იმ დროს, დგებოდნენ რა, ბოიარები ცეკვავდნენ, სამფეხა სკამებზე ურტყამდნენ და ტაშს უკრავდნენ. მონასტერში ეპისკოპოს ანდრიას ბერების საძმო არ ჰყავს, მხოლოდ ერთი მღვდელმონოზონი და დიაკონია, ისინიც მონასტერს გარეთ ცხოვრობენ. მონასტერში მონოზვნები ჰყავს, რომელთა ქალიშვილები და მსახურნი ქალებიც იქვე ეპისკოპოსთან ცხოვრობენ.
17 თებერვალს ეპისკოპოს ანდრიასგან, ცაიშის სამების მონასტრიდან წამოვედით. იმავე დღეს ლეტჩიხაში მოვედით. იქ ორი კვირა დავყავით. ყოველდღე ჩვენთან პრისტავი დემოგენია ბოგუჩინი მოდიოდა.
23 თებერვალს პრისტავმა დემოგენიამ ქრისტეს ეკლიანი გვირგვინის, სამჭვალისა და თოკის შესახებ გვიამბო, რითაც ურიებმა ქრისტე შეკრეს და რითაც ჯვარზე მიამსჭვალეს: თბილისელმა მეფე სიმონმა იმერეთის სამეფო დაამარცხა და ეკლიანი გვირგვინი, თოკი და სამსჭვალები სიმონმა ხელში ჩაიგდო. ამის შემდეგ კი სადადიანოს მეფემ სიმონის წინააღმდეგ გაილაშქრა და სადადიანოს მეფემ სიმონის სამეფო დაამარცხა(129). იმ დროს ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი, თოკი და სამსჭვალები იქიდან წამოიღო და იმ დროიდან დღემდე ქრისტეს ეკლიანი გვირგვინი, თოკი და სამსჭვალები მეფე ლევანის სამეფოშია დაბრძანებული.
იმავე დღეს, იმავე დემეგენიამ მოგვითხრო: როცა მეფე ლევანის დედოფალი ნესტან-დარეჯანი ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა, მეფე-დედოფალს ერთმანეთისთვის შეუფიცავთ: პირველი თუ მეფე ლევანი მოკვდებოდა, დედოფალი მას კუბოში ცოცხალი ჩაჰყვებოდა. ცოცხლად კუბოში ჩაყოლა თუ ვერ მოხერხდებოდა, მაშინ ლევანის შემდეგ მას უბრალო ტანისამოსი უნდა ეტარებინა, ნაცარზე მჯდარიყო, მეფე ლევანზე ცრემლები ეღვარა და თავზე თიხა მოეყარა; პირველ წელიწადს თევზი, ხორცი და რძის ნაწარმი მთელი წელი არ უნდა მიეღო. თუ ადრე დედოფალი მოკვდებოდა, მეფე ლევანს იგივე უნდა გაეკეთებინა. როგორც კი დედოფალი გარდაიცვალა 147 [1639] წლის მაისში, მეფე ლევანი მას შემდეგ ხორცეულის დღეებში, მსგეფსის შვიდეულში, სამების დღეს, ქრისტესშობის დღეს, შობიდან ნათლისღებამდე, შვიდეულის ნებისმიერ დღეს და ყოველ ხორციელ დღეს, თევზს, რძესა და ხორცს არ ჭამს. მეფე ლევანი მგზავრობს და დადის უბრალო ტანსაცმელში, შიშველ ფეხებზე ქალამნებს იცვამს და არა წაღებს. მასთან იყვნენ პატრიარქი, მიტროპოლიტი, ბოიარები, ეპისკოპოსები და ეუბნებოდნენ: შეწყვიტე, მეფეო, გლოვა, ყველაფერი ღმრთის ნებით ხდება - თუ ცოლი მოკვდა, ქმარი დარჩება; ვინც რჩება ღმერთს სასოებს, მიცვალებულს იხსენიებს, გლოვას წყვეტს.
მეფე ლევანმა პატრიარქს, ბოიარებს და მღვდელმთავარს მიუგო: ვისაც როგორ სურს, ისე აკეთებს, მე კი ჩემს სიტყვას არ მინდა გადავიდე, რაზეც აღთქმა დავდე იმას ვასრულებ; გარდა ამისა, არავინ იცის, კიდევ რა მაქვს ჩაფიქრებული.
იმავე დღეს მეფე ლევანის ბოქაულმა სახელად ხახუტამ გვიამბო: წინათ მაცხოვრის მონასტერში ეპისკოპოსი ყოფილა, რომელიც სამონასტრო მამულების გლეხებს, მათ ცოლებსა და შვილებს უცხო ქვეყნებში - სვანეთში, ჩერქეზეთში, ყაბარდოში, ყუმიყეთში და სხვა ბუსურმანულ ქვეყნებში ყიდდა. მეფე ლევანმა ის ეპისკოპოსი ჩადენილი უსამართლობისათვის შაჰის ხანს, როსტომს(130) გაუგზავნა და მისი მოშთობა სთხოვა. როსტომმა ის ეპისკოპოსი მოაშთო. როსტომს კი ლევანის და ჰყავსო ცოლად.
1 მარტს ლეტჩიხიდან წავედით და იმავე თემის სხვა სოფელში მივედით. ვისთანაც ვიყავით, იმ ადამიანს მახუტია ერქვა. 1 მარტს პავლე მღვდელი მიხეილ ბელორუსს შეეკითხა: მეფე ლევანისთვის დედოფალი ნესტან-დარეჯანი პირველი იყო, ქალწული მითხოვდა მას თუ ქვრივი? მიხეილმა უპასუხა: მეფე ლევანს პირველ დედოფლად აბაზინთა თავადის ქალი ჰყავდა, ქალწული იყო, მას ცეტანურია(131) ერქვა. ლევან მეფეს ტანურიასთან ორი შვილი შეეძინა, ერთს მამია ერქვა, მეორეს-მანუჩარი; ის ორივე მისი შვილი გარდაიცვალაო. მეფე ლევანისგან მალულად დედოფალ ტანურიას ლოგინის სხვა მეგობარი ჰყოლია. როცა ლევან მეფემ მისი უწესობა შეიტყო, განრისხდა, ამისთვის მას ცხვირი და ყურები დააჭრა და ის დედოფალი ობაზებში დააბრუნა; ის დედოფალი ობაზებში გარდაიცვალა. პირველი დედოფლის, ტანურიას, შემდეგ მეფე ლევანმა თავის ნათესავ ბოიარს, გიორგი ლიპარტიანს, ცოლი დარეჯანი, წაართვა და მასზე დაქორწინდა. იმ დედოფალ დარეჯანთან მეფე ლევანს ოთხი შვილი შეეძინა - ორი ძე და ორი ასული. უფროს ვაჟს ალექსანდრე ჰქვია, მეორეს - მანუჩარი. ხოლო უფროს ქალიშვილს გული ჰქვია; მეფე ლევანის ის ქალიშვილი გარდაიცვალა, მეორე ქალიშვილის სახელია ძილუხანი. ის თავისი ქალიშვილი მეფე ლევანმა გურიის მთავარს, ვახტანგს, მისცა, რადგანაც ძილუხანი ვახტანგის შვილზეა დანიშნულიო. ნესტან-დარეჯანს, როცა იგი გიორგი ლიპარტიანის ცოლი იყო, გიორგი ლიპარტიანს და დარეჯანს ორი ვაჟი ჰყავდათ. ლიპარტიანის უფროსი ვაჟის სახელია ვამეყი(132), უმცროსი შვილის - გიორგი. ლიპარტიანის ის შვილები დღესაც ცოცხლები არიან. გიორგი ლიპარტიანი კი ლევან მეფის მკვიდრი ბიძაა. იმ დღეს პავლე მღვდელმა მიხეილ ბელორუსს ჰკითხა: აქ, სადადიანოს ქვეყანაში, პარაკლისებს თუ კითხულობენ, აქაური ხალხი მარხვას თუ ინახავს, მოძღვართან აღსარებაზე თუ დადის და უფლისა ჩვენისა ქრისტეს სისხლსა და ხორცს თუ ეზიარება? მიხეილმა თქვა: სადადიანოს ქვეყანაში მე თორმეტი წელიწადია ვარ და ასეთი არც მინახავს და არც მსმენია, რომ პარაკლისს კითხულობდნენ; არც მარხულობენ და არც ეზიარებიან. კეთილშობილნი კიდევ ეკრძალებიან ხორცსა და რძეს მარხვაში. მიწათმოქმედი გლეხები და სხვა მდაბიონი კი მარხვის დროს რძეს, კვერცხს და ერბოს ჭამენ. პატრიარქი, ეპისკოპოსები და მღვდელმთავრები იმ ადამიანებს სიკეთეს არ ასწავლიან, მარხვაში რძის, კვერცხისა და ერბოს ჭამას არ უკრძალავენ. მიხეილ ბელორუსს კი ცოტათი რუსული განათლება ეტყობა.
როცა მონასტრების დასათვალიერებლად დავყავდით, სენაკებშიც, საცხოვრებელ სახლებშიც, სახელმწიფო დაწესებულებებშიც და ზოგიერთ საზოგადოებრივ სამლოცველოშიც არსად გვინახავს ჯვარი უფლისა, ხატები - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ერთარსი ყრმით ხელში და ღვთივსათნო წმიდანებისა. ხოლო ეპისკოპოსები, ბოიარები, იღუმენები, მღვდლები, დიაკვნები და სხვა წოდების ადამიანები პირჯვარს წესიერად ვერ ისახავენ. 23 მარტს ლეტჩიხი დავტოვეთ და იმავე დღეს აზუბში მივედით. 25 მარტს მეფე ლევანმა ფედოტს და ყველა რუსს, რომლებიც მას ახლდნენ, 8 თოხარიკი ცხენი გამოუგზავნა.
აზუბიდან 27 მარტს გავედით. 28 მარტს ბანძაში მივედით; ბანძიდან 29 მარტს წავედით. იმავე დღეს ჭყონდიდის მონასტერში(133) მიტროპოლიტ მიტროფანესთან მივედით. იმ მონასტერში ქვის ეკლესია დგას. ეკლესიაში დეისუსის ძველი მხატვრობაა, სახე არ ჩანს; ადგილობრივი ხატები კი წესისამებრ არის. ეკლესია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის სახელობისაა. საკურთხეველი ტაძრიდან გამოყოფილია; ტრაპეზი წესისამებრაა, სამსხვერპლო კი ცალკეა და საკურთხევლიდან სამსხვერპლოსკენ კარი არ გადის. სამსხვერპლოს თავზე ხატები და კედლის მხატვრობა არ არის. როცა სეფისკვერს იღებენ და წირავენ, მაშინ საკურთხევლიდან სამსხვერპლოში სამეუფეო კარებით შედიან. როცა ეკლესიაში მივედით, მიტროპოლიტი წირვისათვის ჩვენი თანდასწრებით იმოსებოდა. სტიქარის სიგრძე წესის მიხედვითაა, მაგრამ საბეჭურის, ვარსკვლავებისა და არშიების გარეშე; ეპიტრაქილი, სამკლაური, სარტყელი და ენქერი წესისამებრ იყო. შესამოსელის ნაცვლად ბისონს იცვამს, ბისონი კი კაფთანის ზედაპირის ქსოვილისგან ხიშტაკითა და სახელოებითაა შეკერილი; სახელოები და გვერდები გაუკერავია. სახელოებზე და გვერდებზე ღილების ნაცვლად თხუთმეტ-თხუტმეტი ვერცხლის მოოქროვილი პატარა ეჟვანია დაკერებული. როცა მიტროპოლიტი ბისონს იცვამს, ბისონის ეჟვნებს შეუბნევენ და მასზე ბისონი როგორც კაფთანი, ისე გამოიყურება, და თანაც - ჯიბით, რადგან ბოლო ეჟვანი ქვედა პირიდან ექვსი გოჯით არის დაშორებული. ბისონის სიგრძე ცოტათი მუხლს ქვემოთ სცილდება.
პავლე მღვდელი მიტროპოლიტ მიტროფანეს შეეკითხა: რა ჰქვია იმ სამოსელს, რომელსაც სტიქარზე ფელონის ნაცვლად იცვამ და სახელოებითა და ჯიბეებით არის? მიტროპოლიტმა მიტროფანემ უპასუხა: ეს სამოსელი მე იერუსალიმის პარტიარქმა თეოფანემ(134) მაჩუქა და მითხრა, ეს ბისონია და ფილონის ნაცვლად ჩაიცვიო. დიდიგამოსვლის წინ მიტროპოლიტი საკურთხევლიდან სამეუფეო კარებით სამსხვერპლოში შევიდა. მას, მიტროპოლიტს, უკან თანამწირველი მღვდლები და დიაკვნები მიჰყვებოდნენ. როცა მიტროპოლიტი სამსხვერპლოსთან მივიდა, თავისთან პავლე მღვდელი მოიხმო და სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორის-ძისა და დიდი მეუფის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის იოსაფის სახელები გამოკითხა და იმ დროს მათი ჯანმრთელობისთვის სეფისკვერი ამოიღო. გამოსვენებისას მიტროპოლიტი ჯერ სამეუფეო კარებით საკურთხეველში შევიდა. როცა სამეუფეო კარებთან სიწმინდეებით მოვიდნენ, მიტროპოლიტმა ფეშხუმი აკმია და ტრაპეზზე დადგა. მოიხსენიოს უფალმან ღმერთმან, არ უთქვამს, მაგრამ თქვა უმეტესად და იმ დროიდან აკმევდა.
წირვის შემდეგ მიტროპოლიტმა მიტროფანემ ფედოტი და პავლე მღვდელი სატრაპეზოდ მიიწვია. ტრაპეზზე მან გვიამბო: წარმოშობით ქართველი ვარ, თეიმურაზის (კომენტ. 9-ჯ.გ.) სამეფოდან. თორმეტი წელი წმიდა მთაზე ვიყავი, ბერადაც იქ აღვიკვეცე, შემდეგ მიტროპოლიტობა ცარგრადის პატრიარქის კირილეს(135) ხელდასხმით მომეცა. როცა დიდი ხელმწიფის ხალხმა აზოვი აიღო, მაშინ თურქებმა პატრიარქი კირილე წყალში ჩააგდეს. პატრიარქი კირილე მართალი და წმიდა იყო. მიტროპოლიტმა მიტრიფანემ თქვა: წმიდა მთაზე ოცი მონასტერია და თითოეულ მათგანში ათასამდე ძმა მოღვაწეობს. იმ მონასტერთა სახელები არ უთქვამს. დიდ ხუთშაბათსაც მიტროპოლიტმა მიტროფანემ ფედოტი და პავლე მღვდელი სატრაპეზოდ მიიწვია. მღვდელმა პავლემ მიტროპოლიტს ჰკითხა: ამ დღეს რისი ჭამა და სმა შეიძლება? მიტროპოლიტმა თქვა: დღეს მურაბა ზეთით და სამი თასი ღვინო შეიძლებაო. პავლე მღვდელმა თქვა: მთაწმიდის ტიპიკონში ასეც არის მითითებული. სტუდიტში(136) და იერუსალიმის ტიპიკონშიც მურაბა ზეთი და ღვინოა მითითებული, თუმცა უცნობია, ეს საიდან მოდისო. ამიტომ სინდისი რომ სუფთა გვქონდეს და ორმოცდღიანი დიდი მარხვა არ წავბილწოთ, ჩვენ მათ ვეკრძალებითო. დიდ პარასკევს, როცა მეცხრე ჟამს კითხულობდნენ, მიტროპოლიტმა მიტროფანემ შუა ეკლესიაში ხალიჩის დაგება ბრძანა. ხალიჩაზე ჯვარი და ჯვრის გვერდით კი სახარება დააბრძანა. იქვე ხალიჩაზე კაცის ორი თავის ქალა, ხელისა და ფეხის მრავალი ძვალი და ჩვილი ბავშვის პერანგი დაასვენეს. პავლე მღვდელმა მიტროპოლიტს ჰკითხა: ეს თავის ქალები, ძვლები და ბავშვის პერანგი რომელ წმინდანებს ეკუთვნითო. მიტროპოლიტმა თქვა: მსახურება მე აქ ახლახან დავიწყე, მატიანები ვერ ვიპოვე და წარწერაც ვერ ვნახე თუ რომელი წმინდანისაა. ბავშვის პერანგი კი ქრისტეს ძებნისას ჰეროდეს(137) მიერ მოწყვეტილი ყრმებისაა. იმავე დღეს მწუხრის შემდეგ მიტროპოლიტმა ტაძრის შუაგულში გარდამოხსნის დასვენება ბრძანა. გარდამოხსნა სკამზეა მიჭედებული. სკამი ამისთვისაა დამზადებული, მისი სიგრძე ერთი საჟენია, სიგანე - ორი ადლი. გარდამოხსნის ერთ მხარეს მიტროპოლიტმა სახარება დააბრძანა და სახარებასაც და გარდამოხსნასაც ემთხვია. მიტროპოლიტის შემდეგ ჩვენც ვემთხვიეთ. მთხვევის მერე გარდამოხსნა იმ ადგილზევე დატოვეს. დიდ შაბათს, ცისკრის შემდეგ, მიტროპოლიტმა გარდამოხსნით ეკლესიას შემოუარა. ეკლესიიდან რომ გამოვიდნენ, წინ დიაკონი მიუძღოდა, დიაკონის მერე მიტროპოლიტი სახარებით ხელში მიდიოდა, გარდამოხსნას კი მიტროპოლიტის უკან მიაბრძანებდნენ. როცა ეკლესიას შემოუარეს, გარდამოხსნით ტაძარში შევიდნენ და იგი საკურთხეველში გვერდულად შეაბრძანეს, რადგან სკამი განიერი იყო და სამეუფეო კარებში ვერ შეეტია. პავლე მღვდელმა მიტროპოლიტს უთხრა: ჯერ არს პირველად გარდამოხსნის მიბრძანება, გარდამოხსნის წინ კი დიაკვნები შემოტრიალებით უნდა მიდიოდნენ და უკმევდნენ, მგალობლები გალობდნენ, შენ კი, მიტროპოლიტი, გარდამოხსნას უკან უნდა მიჰყვებოდე. მიტროპოლიტმა თქვა: მარტო ვარ, მგალობლები და მთქმელი არა მყავს, დიდი გაჭირვების გამო ვაკეთებ ასეო. მგალობელთა გუნდი მათ არა ჰყავთ.
იმ ეკლესიაში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის წინაშე სპილენძის სასანთლე იდგა, სასანთლეზე კი ქალწული იყო გამოკვეთილი, რომელსაც გველივით კუდი ჰქონდა. პავლე მღვდელმა მიტროპოლიტს უთხრა: ასეთი შანდლის დადგმა ხატის წინ ცოდვაც არის და სიმახინჯეც. მიტროპოლიტმა უპასუხა: ეს შანდალი ჩემამდე იდგა აქ და გამოცვლა ვერ გავბედეო. მწუხრს, ცისკარსა და წირვას მრავალი სხვადასხვა წოდების კაცი ესწრება, რომლებიც ღმრთისმსახურებისას სხედან, ან იატაკზე წვანან. პავლე მღვდელმა მიტროპოლიტს უთხრა: გმართებს შენ, მიტროპოლიტს, განსწავლა და ჭეშმარიტების გზაზე დაყენება ადამიანებისა, რომლებიც უწესობას სჩადიან, ღვთისმსახურების დროს სხედან და წვანან; ეს ცოდვა შენს, მწყემსმთავრის, სულს მოეკითხება. სახარებაში წერია: მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდლით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის რა მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ,.... რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარა სჭირნ მას ცხოვართათვის (იოანე, 10; 11,12-ჯ.გ.). შენი მოქმედება სასყიდლით დადგინებულს ჰგავს და არა ჭეშმარიტი მოძღვრისას. შენ ხომ მოძღვრად იწოდები, ეს მრევლი კი შენი ფარის პირ უტყვი (გაუნათლებელი - ჯ.გ.) ცხოვარია, შენ კი მათ სახარების, სამოციქულოს სიტყვითა და წმიდა მამათა ღმრთივსათნო ცხოვრების წესებით არ განსწავლი, ეს ტვირთიც შენს კისერზეა. მიტროპოლიტმა თქვა: მე აქ ცოტა ხანი ვარ; როცა სადადიანოს ქვეყანაში მოვედი, თავიდან ვმოძღვრავდი ხალხს, მაგრამ ჩემთან მრავალი სხვადასხვა წოდების კაცი მოვიდა და ლანძღვა დამიწყო, რომ უცხო სწავლება შემოგაქვს, ჩვენთან კი დიდი ხანია ასეა დანერგილი და შენ არ მოგისმენთ, ჩვენებურად მივიქცევითო. ლევან მეფის მონაწილეობით ჩემ გამო ორჯერ შედგა კრება. პატრიარქი, ეპისკოპოსები და ბოიარები იგივეს მეუბნებოდნენ და ახლა უკვე დამოძღვრას ვეღარ ვბედავო.
ბრწყინვალე აღდგომას [5 აპრილს], როგორც კი გათენდა, მიტროპოლიტი ცისკარზე მოვიდა. ეკლესიიდან ხატების გამობრძანებისას წინ სანთლებით დიაკონი წავიდა, მაგრამ საცეცხლურის გარეშე; მის უკან ანალოგიაზე დასვენებულ სახარებას მიაბრძანებდნენ. კარიბჭეში ანალოგია სახარებით დადგეს. მიტროპოლიტმა სახარებას სამი მიტანია გაუკეთა და გალობა დაიწყო: ქრისტე აღდგა; იგი ამ დროს უჯვაროდ, საცეცხლურის გარეშე იდგა და ხატებისათვის არ უკმევია. შემდეგ ტაძარში შევიდნენ და კანონის გალობა დაიწყეს, პირველი და მესამე ძლისპირი იგალობეს, დიაკვნებს კი მცირე [კვერექსი] არ უთქვამთ და ხატებისთვის არ უკმევიათ. პავლე მღვდელმა მიტროპოლიტს უთხრა: რუსულ წიგნებში - ტიპიკონში და ზატიკში ამ ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს ნაჩვენებია, რომ ყველა საგალობელზე პირველის, მესამის, მეოთხის, მეხუთის, მეექვსის, მეშვიდის, მერვის, მეცხრის შემდეგ დიაკვნებმა ხატებს უნდა უკმიონ და სხვადასხვა ასამაღლებელი თქვან; რუსეთის სამეფოში ასე აკეთებენ. ცისკრის შემდეგ ტაძრიდან არ გამოსულან, ისე მიაყოლეს წირვა. ბრწყინვალე აღდგომას ტაძარში ძროხისა და ღორის ხორცი და საერთოდ ყველაფერი შემოაქვთ, რისი საშუალებაც აქვთ. პავლე მღვდელმა მიტროპოლიტს ჰკითხა: გამოსვლის შემდეგ თქვენში სამეუფეო კარებს რატომ არ ხშავენ? მიტროპოლიტმა მიუგო: როდესაც პატრიარქი, მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი ან ეპისკოპოსია მწირველი, მაშინ სამეუფეო კარს არ ხშავენ, რათა მან მრევლისაკენ პირმიბრუნებით მისი კურთხევა შეძლოს. პავლე მღვდელმა უთხრა: წიგნში მოცემულია, მღვდელმთავარმა როდის უნდა აკურთხოს, თანაც არა განუწყვეტლივ. მიტროპოლიტმა უთხრა: ჩვენთან მღვდელმთავრები ყოველ ასამაღლებელზე აკურთხებენ. შემდეგ იგივე მიტროპოლიტი მიტროფანე პავლე მღვდელს შეეკითხა: რუსეთის სახელმწიფოში ბრწყინვალე აღდგომას ეკლესიაში საკურთხეველთან სამეუფეო კარებს აღებენ თუ არა? მღვდელმა პავლემ უპასუხა: წირვისას, გამოსვლის შემდეგ, სამეუფეო კარებს ხშავენ, ხოლო როცა შიშითა შენითა-ს დრო მოდის, - აღებენ. წირვის დამთავრების შემდეგ კი, მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე სამეუფეო კარი არ იხურება. წირვის შემდეგ მიტროფანე მიტროპოლიტმა ფედოტი და პავლე მღვდელი სატრაპეზოდ მიიწვია. ფედოტმა და პავლე მღვდელმა მიტროპოლიტ მიტროფანესთან იტრაპეზეს. მიტროპოლიტმა მიტროფანემ პავლე მღვდელს ჰკითხა: მოსკოვის რუსეთის ქვეყანა ვინ მონათლა და გაანათლა და რუსეთის ქვეყანაში პირველი ვინ მოინათლა? პავლე მღვდელმა თქვა: რუსეთში პირველად დიდი მთავარი ვლადიმერი, წმიდა ნათლისღებაში ბასილად სახელწოდებული, მოინათლა; რუსეთის ქვეყანაც მან, დიდმა მთავარმა ვლადიმერმა, მოაქცია და წმიდა ნათლისღებით ნათელჰყო (კომენტ. 108-ჯ.გ.). მიტროპოლიტმა იკითხა: ის დიდი მთავარი ვლადიმერი რომელი ტომისაა, წარმოშობით რუსეთის სამეფოდანაა? პავლე მღვდელმა მიუგო: დიდი მთავრის ვლადიმერის მამა იყო სვიატოსლავი(138), ხოლო დიდი მთავრის ვლადიმერის ბაბუა - იგორი(139), ძველ სლავთა ქვეყანაში დაიბადა. დიდი მთავრის ბაბუის მამა კი, რიურიკი(140) იყო - ავგუსტინე კეისრის შთამომავალი; სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძემდე [მეფეთა] წარმომავლობა იმ ტომიდან მოდის“(141).
მიტროპოლიტი შეეკითხა: რამდენი ხანია, რაც რუსეთის ქვეყანა მოინათლა? პავლე მღვდელმა თქვა: რუსეთის ქვეყანამ მეშვიდე ათასწლეულის დამთავრებამდე 504 წლით ადრე ნათელიღო. მიტროპოლიტმა ჰკითხა: მიმდინარე წლამდე რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი მოინათლა? პავლე მღვდელმა თქვა: რაც დიდი მთავარი ვლადიმერი მოინათლა და რუსეთმაც ნათელიღო მიმდინარე 148 [1640] წლამდე 652 წელი გავიდა, ხოლო ადამიდან - 7148 წელი(142). ამის შემდეგ მიტროპოლიტ მიტროფანესთან საუბარში პავლე მღვდელმა იკითხა: ვინ მონათლა სადადიანოს ქვეყანა და ქართული ქვეყნები, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები მოინათლა? მიტროპოლიტმა მიტროფანემ თქვა: სადადიანოს ქვეყანა ანდრია პირველწოდებულმა მონათლა, მაგრამ ანდრიასეული ნათლობის შემდეგ ორჯერ გადაუხვია ჭეშმარიტების გზას; როცა ცარგრადში კონსტანტინე მეფობდა, სადადიანოს ქვეყანაში მან რწმენა განამტკიცა, მრავალი მღვდელმთავარი და წმიდა ნაწილები გამოუგზავნა სადადიანოს წინანდელ მეფეებს(143) და რწმენა განამტკიცა; იმერეთის სამეფო და თეიმურაზის საქართველო კი შემდგომ მოინათლა. ის ქვეყნები წმინდა ნეონილამ მონათლაო. პავლე მღვდელმა იკითხა: ეგ ის ნეონილაა, რომელიც წმიდა მოწამე ტერენტისთან ერთად წმიდა მოწამედ მოიხსენიება, თუ სხვა წმინდა ნეონილაა?(144) მიტროპოლიტმა უპასუხა: ჩვენთან თქმულია, რომ თითქოს ნეონილამ მონათლა. პავლე მღვდელმა ჰკითხა: ის მოწამე ნეონილა სად ეწამა, როგორი სიკვდილით აღესრულა და მისი წმიდა ნაწილები სად განისვენებს? მიტროპოლიტმა მიუგო: ეს მე არ ვიცი, ის ნეონილა როგორი სიკვდილით აღესრულა და მისი წმინდა ნაწილები სად განისვენებენ(145), მაგრამ ჩვენში ამბობენ: ჩვენი ქართული ქვეყნები იმ წმინდა ნეონილამ მონათლა, ხოლო როდის მოინათლა ჩვენი ქართული ქვეყნები, ამის შესახებ მატიანეები ჩვენ არა გვაქვსო. პავლე მღვდელი მიტროპოლიტს შეეკითხა: ადამიდან ქრისტეს შობამდე რამდენი წელი გავიდა; ქრისტე რომელ ათასეულში, რომელ წელს დაიბადა და ქრისტეშობიდან მიმდინარე წლამდე რამდენი წელია გასული? მიტროპოლიტმა წიგნის გამოსატანად კაცი გაგზავნა, მერე წიგნში ჩაიხედა და თქვა: მე არ ვუწყი, რომელ ათასეულში და რომელ წელს იშვა ქრისტე და ქრისტეს შობიდან რამდენი წელი გავიდა; ჩემს წიგნში ეს არ წერიაო.
იმ დღეს მიტროპოლიტი მიტროფანე მოგვიყვა: როცა წმიდა მთიდან სადადიანოს ქვეყანაში მოვედი, რომის პაპმა ლევან მეფეს, პატრიარქსა და ყველა ჩვენგანს საეკლესიო ტიპიკონი, სტიქარი, ეპიტრაქილი და მთელი საეკლესიო შესამოსელი გამოგვიგზავნაო. მიტროპოლიტმა თქვა, მაშინ ჩვენ კრება მოვიწვიეთ, ის სტიქარი, ეპიტრაქილი და შესამოსელი ჩაგვეცვა თუ არა? კრებაზე გადაწყდა, რომ ვინც აბანოში წავიდოდა, იმ სამოსელზე დამჯდარიყო და ისე ებანავა; ჩვენც ასე მოვიქეცითო.
მიტროპოლიტის საუბრის დასრულების შემდეგ პავლე მღვდელმაც მიტროპოლიტ მიტროფანეს მოუთხრო, კონსტანტინოპოლში კეთილმსახურ მეფე მიხეილ პალეოლოგის(146) მმართველობის პერიოდში რომის პაპის(147) წარგზავნილები, თორმეტი კაცი, ფრიად ბრძენნი და ბოლომდე განსწავლულნი თავიანთ მკრეხელურ ლათინურ სარწმუნოებაში როგორ ეახლნენ სასაუბროდ მეფესა და პატრიარქს(148) და ეკლესიების გაერთიანებაზე ალაპარაკდნენ: ერთმანეთს რატომ უნდა დავშორდეთ და დავარღვიოთ თანამოაზრეობა? ღმერთი ხომ ერთია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც. ამიტომ ყველას გვმართებს ჩვენი მოძღვრის, რომის პაპის მორჩილება და მისგან სწავლა, რომელიც ყველა პატრიარქთა თავია. მეფემ და პატრიარქმა მათ მშვიდად მიუგეს:
- ო, ლათინებო! გაიხსენეთ ჩვენი ღმრთისა და უფლის ბრძნული ქმნილება, მასზე შესაქმის წიგნებში წერია: უწინარეს შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა და მსახურებისათვის შექმნა ათი ხარისხი, ანუ ანგელოზთა ძალნი, რომ ათი ხარისხი იყოს. ახლა შეგვეკითხეთ, მოციქულთა მიერ დედამიწაზე რა ხარისხებია შექმნილი და ჩვენ თავაზიანად გიპასუხებთ: პირველია წიგნის მკითხველი და მგალობელი, მეორე - წმიდა ნაწილების შემომტანი, მესამე - იპოდიაკონი, მეოთხე - დიაკონი, მეხუთე - მღვდელი, მეექვსე - იღუმენი, მეშვიდე - ეპისკოპოსი, მერვე - მიტროპოლიტი, მეცხრე - პატრიარქი, მეათე - პაპი. ის იქიდან აქამომდე ყველასათვის უპირველესად არის დადგენილი. ჩვენ კი კვლავ შემოთავაზებულ წინადადებას დავუბრუნდებით და სიტყვას ზეცას აღვავლენთ: ზეციური ხარისხებისათვის უპირველესი იყო სატანა და ღმრთის წინაშე სისაძაგლე სწორედ მან ჩაიდინა, აზრით გაამპარტავანდა: თქვა, საყდარს ღრუბლებზე დავიდგამ და უზენაესს დავემსგავსებიო, და მას რა მოუვიდა? ზეციდან დაამხეს და ეწოდა სატანა და ეშმაკი; მისი მიმდევრებიც ეშმაკებად იქცნენ. ასეთად იქცა შემდგომში დედამიწაზე რომის პაპი, რომელსაც ყველას შორის უპირველესობა მოუნდომებია. პაპი ფორმოზუსი კი კარულოსის მწვალებლობას გაჰყვა, ღმერთს განუდგა და მთელი რომის სახელმწიფო გარყვნა(149). დღემდე იმავე წარსაწყმედელში იმყოფებით თქვენც, ლათინებო. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანენი ვართ, ვადიდებთ რა ღმერთს, გვწამს და ნათელს ვიღებთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. განვეშორებით სატანას და ყველა მის საქმეს, ასევე რომის პაპსა და ყველა თქვენ, ლათინებს, მის თანამოაზრეთ.
მეფემ ეს სიტყვა წარმოთქვა, ადგილიდან წამოდგა და თავის სამეფო დარბაზში გავიდა. პატრიარქი კი წმიდა ეკლესიაში წაბრძანდა. [პაპის] წარგზავნილებთან დიალოგის გაგრძელება კეთილშობილ და მეტად ბრძენ, წმიდა წიგნების მცოდნე ნიკიფორე, პანეოთად წოდებულს(150) დაავალა. ნიკიფორემ თქვა: ო, ლათინებო! მრავალი სხვადასხვა ერესის მატარებელნი ხართ, რით არ გინდათ შეინანოთ? ლათინები შეეპასუხნენ: გვითხარი ჩვენი ერესი. ნიკიფორემ თქვა: წმიდა ღმრთისმშობელს რატომ არ უწოდებთ ღმრთისმშობელს და უწოდებთ წმიდა მარიამს? თქვენ ხომ ამით მას სხვა წმიდა დედებთან ერთ რიგში აყენებთ? ჩვენ კი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრიასტიანენი, ჩვენი გამომხსნელი ღმრთის მშობელს ჭეშმარიტ ღმრთისმშობლად ვაღიარებთ, ვადიდებთ და თაყვანს ვცემთ მას, რამეთუ მისგან იშვა უფალი ღმერთი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, შემოქმედი ცისა და ქვეყნიერებას. მეორე თქვენი ერესი პირველის მსგავსია - საღმრთო ჯვარს უჯეროდ სახავთ და არა ისე, როგორც ამას წმიდა მამები გვასწავლიან. თქვენ ეშმაკიდან გაქვთ ნასწავლი და გარეთ სახავთ ჯვარს და არა საკუთარი თავისკენ, რაც ჯვარზე ასვლის ნიშანი იქნებოდა, თქვენ კი ჯვრიდან ჩამოდიხართ. წმიდა ხატებსაც თაყვანს არ სცემთ, სამაგიეროდ ეკლესიაში მუხლებზე ეცემით და იმას ჩურჩულებთ, რაც თქვენმა მამამ - სატანამ შთაგაგონათ; ჯვარს კი მიწაზე სახავთ და კოცნით, მერე, წამომდგარნი, ფეხით თელავთ, შეურაცხყოფთ და განზე გადიხართ. ამრიგად, ქრისტეს მტრები და მაგინებელნი ხდებით და არა მისი თაყვანისმცემელნი. ჩვენ კი, მართლმადიდებელი ქრისტიანენი, როცა ჯვარს ვისახავთ, თვალწინ ნამდვილი ჯვარცმა წარმოგვიდგება და როცა შუბლს, მუცელს, მარჯვენა და მარცხენა მხრებს მარჯვენათი ვეხებით, მისი ძალით ვიმოსებით და რწმენითა და შიშით ვღაღადებთ: ძალითა ჯვარისა შენისა, გვიხსენ ჩვენ, უფალო.
თქვენ, ლათინებმა, არა მხოლოდ მცნება შერყვენით, არამედ მთელი მადლმოსილი ქრისტეს მოძღვრება უარყავით, რომელიც წინასწარმეტყველებმა იქადაგეს, საღმრთო მოციქულებმა გადმოგვცეს და წმიდა მამებმა, რომელთა რაოდენობაც 2000 იყო, შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაამტკიცეს და [წერილობით] აღბეჭდეს. სწორედ მათგან გამოიცადა და განიბრძნო ჩვენი ღმრთისმოსავი ქრისტიანული მართლმადიდებელი სარწმუნოება და ჭეშმარიტი მტკიცებულება მიიღო. მსოფლიო საეკლესიო კრებების არსი საღმრთო სიბრძნის შვიდი სვეტია, მათზე ააგო სულიწმიდამ თავისი სავანე. ის ჩვენი მართლმადიდებელი მამები კი, რომლებიც იმ წმიდა კრებებზე იყვნენ წარმოდგენილნი, ჭეშმარიტად პეტრე მოციქულის ღირსეული მემკვიდრენი იყვნენ. ამასვე დავამატებ: რატომ, წყეულო ლათინებო, თეოდორეს კვირაში ხორცს არ ეკრძალებით, როცა მარხვით დემონები განიდევნებიან, იკარგებიან და ანგელოზები ხარობენ? ჩვენ კი, ჭეშმარიტი ქრისტიანენი, იმ წმიდა დღეებში მარხვას ვინახავთ, თქვენ ამ დროს ხორცსა და რძის ნაწარმს მიირთმევთ და ცხოვრებას იღუპავთ, თქვენი მარხვა კი უსარგებლოა. მარხვაში დიდ პარასკევამდე ალილუიას არ გალობთ; ჯვრებს მიწაში ფლავთ და ამბობთ: ქრისტე იერუსალიმში გაიქცაო. მერე კი დიდ პარასკევს ჯვრები მიწიდან ამოგაქვთ და ამბობთ: ქრისტე უკვე მოვიდაო და შემდეგ იწყებთ ალილუიას გალობას. გარდა ამისა, მთელი მარხვის პერიოდში თქვენი ქალები რძესა და კვერცხს მიირთმევენ, ხოლო თუ ავადა ხართ, მაშინ დიდმარხვაში ხორცსა და რძეს თქვენც მიირთმევთ. თქვენი მღვდლები კი შებილწულ და უწმიდურ ქალებს თავისთან არ იჩერებენ, მაგრამ მორჩილებს იჩერებენ და მათთან შემდეგნაირად იქცევიან: სანთელს ჩააქრობენ და კაბის ქვეშ შეუძვრებიან, დილით კი ეს ღვთის საძაგელი ადგება, თავის საძმოსთან მივა და ეტყვის: შემინდეთ, შევცდი და კვლავ თავის საზიზღარ საქმეს აგრძელებს. მეძავეებთან მეძავეობს და თავის თავში ცოდვას ვერ ხედავს; ხოლო მსახურება თუ მოუწევს, წავა და იმსახურებს. გარდა ამისა, თითოეულ თქვენგანს შეუძლია ერთ დღეს სამი-ოთხი ლიტურღია ჩაატაროს. შეიძლება ასევე, ერთმა დაიწყოს მსახურება და მიატოვოს, მერე მეორე მოვიდეს და გააგრძელოს და ასე - მეათემდე; როდესაც მღვდელი თქვენთან ლიტურღიას ატარებს და გასვლა მოუნდება, სამოსელს გაიხდის და გავა ისე, რომ ლიტურღიას არ დაამთავრებს, მერე კი დაბრუნდება და გააგრძელებს.
თქვენი მსახურება კი, შემდეგნაირად ტარდება: სადაც უნდათ, იქ წირავენ - ეზოში ან მინდორში, სადაც თავისი, ღმრთისგან განდგომილი და მართლმადიდებელ ქრისტიანეთაგან შეძულებული პაპი უბრძანებს. და კვლავ გკითხავთ თქვენ, წყეულო ლათინებო: ქრისტიანებად რომ იწოდებით, საინტერესოა, რომელი ნათლობით ინათლებით და რომელ მირონს იცხებთ და ვისი სახელით იდებენ პირში თქვენი მღვდლები მარილს, ნერწყვით მარილწყალს აკეთებენ და იმით ადგილებზე ცხებენ. თანაც ისე კი არ აკეთებენ, როგორც ეს წმიდა მამებისაგან გადმოგვეცა: ინათლება მონა ღვთისა - სახელი თქვი - სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა; თქვენ კი ამბობთ: გნათლავ შვილო – ეს და ეს. თქვენი მღვდლები თითქოს ღმრთის სახელით მოქმედებენ, მაგრამ არც ღმერთი ჰყავთ და არც მისი სახელი იციან. მითხარით, საიდან მოდის სახელწოდება ფრანგი (კათოლიკე - ჯ. გ.) და ლათინი? თვითონვე გეტყვით ორივე თქვენი სახელის შესახებ. კათოლიკედ იმიტომ იწოდებით, რომ როცა ხედავთ ვნებულ ძე ღმრთისას, მაშინ ეკლიან გვირგვინს წნავთ და ჩვენ გამომხსნელ ღმერთს თავზე ადგამთ. ლათინებს კი იმიტომ გიწოდებენ, რომ ჭეშმარიტი რწმენა გათელეთ, ცდომილებაში შეხვედით, ღმრთის დიდებას მოკლებულხართ, ნამდვილად დაბრმავებულხართ, წყეულნო, და ეშმაკს შედგომიხართ. მან კი ღორების სამწყესავად გაგგზავნათ, - მაშ, აღასრულეთ ყველაფერში ნება მისი. ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვწამს ერთი ყოვლადწმიდა ცხოველსმყოფელი და ერთარსი სამება - მამა, ძე და სულიწმიდა. თქვენ კი, წყეულო ლათინებო და კათოლიკებო, ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან დაცლილხართ და ვერ შეგისმენიათ წმიდა მოციქულთა მოძღვრებანი, წმიდა მამათა კანონები კი შეგირყვნიათ და საკუთარი ნებისამებრ გადაგიკეთებიათ. მამა ღმრთისგან და ძისგან შებრუნებულხართ და წმიდა სამება გაგიყვიათ, არც გწამთ, არც ადიდებთ და, საერთოდ - ღმრთის სიტყვას არაფრად აგდებთ. ო, წყეულო ლათინებო და კათოლიკებო, თქვენი ურწმუნოების გამო დაწყევლილნი ხართ უფლისა ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტესაგან, ასევე წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათაგან და ყველა ქრისტიანთაგან წყეულიმც იყავთ და თქვენთან ერთად ყველა მწვალებელი, და შთაგდებულ ყოფილიყავთ ჩაუქრობელ ცეცხლში და მარადიულ წამებაში. მიტროპოლიტმა თქვა: როგორ ითმენს ღმერთი ასეთ უწესობას.
7 აპრილს ჭყონდიდის მონასტრიდან, მიტროპოლიტ მიტროფანესაგან წავედით. იმავე დღეს [სუჯუნის] წმიდა გიორგის მონასტერში მივედით, რომელიც იმავე მიტროპოლიტ მიტროფანეს სამწყსოა.
10 აპრილს მიტროპოლიტი მიტროფანე მოგვიყვა: ცარგრადში ერთ დროს საღმრთო ეკლესიის მდევნელი მეფე და მისი თანამზრახველი პატრიარქი იყოო. მათი წარგზავნილები მართლმადიდებელ ქრისტიანებს მკაცრად დევნიდნენ... როგორც ეკლესიებში, ასევე სახლებში. ყველგან, სადაც კი უფლის, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და წმიდანთა ხატებს წააწყდებოდნენ, მეფისა და პატრიარქის ბრძანებით, ჩეხავდნენ და ამტვრევდნენ(151). ერთხელაც ის წარგზავნილები ქალაქ ტრაპიზონში ქვრივ ქალთან მივიდნენ, ქვრივს კი ჰყავდა შვილი იოანე. როდესაც მეფის წარგზავნილები ქვრივთან მოვიდნენ, იმ დროს ქვრივის შვილი იოანე შინ არ აღმოჩნდა. ქვრივის სახლში წარგზავნილებმა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ხატი შენიშნეს და მეფეპატრიარქისთვის მისი წაღება დააპირეს. ის ქვრივი მათ შეევედრა: ხატი არ წაიღოთ და როცა ჩემი ვაჟი იოანე დაბრუნდება, იმ ხატის სანაცვლოდ ოქრო-ვერცხლს გადაგიხდითო. იმ წარგზავნილებმა მოითათბირეს და თქვეს: მის შვილს იოანეს დაველოდებით, მისგან ოქრო-ვერცხლს მისგან ავიღებთ, შემდეგ კი ხატსაც მეფესთან წავიღებთო. ეს სიტყვები ქვრივის მოახლემ მოისმინა, თავის ქვრივ ქალბატონთან მივიდა და იმ საუბრის შესახებ ქვრივს უამბო. ქვრივმა და მისმა შვილმა იოანემ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის წინაშე მრავლად ღვარეს ცრემლი. შემდეგ ხატს ფერხთით ყუთი გაუკეთეს, იმ ყუთში ექვსი ოქროს მონეტა ჩადეს, ყუთი დახურეს, შეღებეს და შეწებეს, რომ ხატთან ის ყუთი არ გამოჩენილიყო. ის ხატი ლოცვებითა და ტირილით ზღვაზე მიასვენეს და ზღვის ნაპირთან ახლოს დაასვენეს, ქვრივი და მისი შვილი კი სახლში დაბრუნდნენ. წარგზავნილები ქვრივთან და მის შვილთან მოვიდნენ და მათ ჰკითხეს: სად არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი? ქვრივმა და მისმა ვაჟმა უპასუხეს: ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ის ხატი ზღვაზე წავიღეთ და ზღვის ნაპირთან ახლოს დავასვენეთ. წარგზავნილებმა ზღვის ნაპირს მიაშურეს, რათა ის ხატი წამოეღოთ. ზღვის სანაპიროზე ღმრთისმშობლის ხატთან ახლოს მივიდნენ. ღმრთისმშობლის ხატი თითქოს ჰაერში აიწია, ზღვაში შევიდა და გაცურა; ხატის თავსზემოთ შავი ღრუბლის სვეტი დადგა. მეფის წარგზავნილებმა სირცხვილით უკან დაიხიეს და წავიდნენ. ხატმა იცურა და ათონის წმიდა მთის წინ გაჩერდა. დიდი ლავრიდან ღრუბლის სვეტი შეამჩნიეს და ამბის გასაგებად ნავებით მიაშურეს. ღმრთისმშობლის ხატთან ახლოს მიცურეს, მაგრამ ვერ მიუახლოვდნენ, რადგან ხატი თითქოს ჰაერში აიწია და მათ განერიდა. იმ წმიდა მთის დიდ ლავრაში ერთი დაყუდებული ბერი აღმოჩნდა, სახელად იროდიონი(152); წარმომავლობით ის საქართველოდან - თეიმურაზის სამეფოდან იყო. იმ დიდი ლავრის იღუმენმა და საძმომ იროდიონს სთხოვეს, რომ ხატის შესახვედრად წასულიყო. იმ იროდიონმა იღუმენისა და მთელი საძმოს თხოვნით ნავით ზღვაში შეცურა. ზეცად ხელაღპყრობილი, იგი ლოცვას მიეცა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი იროდიონთან მივიდა და უხილავად იროდიონის ხელებში ჩაესვენა. იროდიონმა ის ხატი დიდ ლავრაში დაასვენა. იღუმენმა და საძმომ უმწიკვლო, რწმენაში განმტკიცებული ორი ბერი შეარჩია და ხატს მცველად და მზრუნველად მიუჩინა, რათა იმ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატს მათი ლავრა არ დაეტოვებინა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი კი იღუმენსა და ძმებს ძილში მრავალჯერ გამოეცხადა: რატომ დამამწყვდიეთ და მიცავთო? ჩემი სურვილი რომ არ იყოს აქ ყოფნა, ვინ დამეწეოდა და დამამწყვდევდა? მე თვითონ მოვედი, რათა ეს ადგილები გავანათლო და თქვენ ყოველგვარი ბოროტებისგან დაგიფაროთო.
ცოტა ხნის შემდეგ ფრანგებს და თურქებს ერთმანეთში ომი მოუხდათ. ფრანგების დიდი ფლოტი წმიდა მთას ამ მონასტრის, დიდი ლავრის, მხრიდან მოადგა. უცხოელები მონასტერში შევიდნენ და იმ მონასტერში, დიდ ლავრაში, სადაც ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ხატი იყო დაბრძანებული, თავიანთი ლათინური წირვის ჩატარება მოინდომეს. იღუმენმა და საძმომ ერთად ლათინებს განუცხადეს: გეუბნებით, რომ ჩვენს ქრისტიანულ ეკლესიაში ლათინური წირვის ჩატარებას არ დავუშვებთ და არც ლათინური გალობის მოსმენა გვინდა. ამის გამო ფრანგებმა ბერებს სცემეს, ძალადობა ჩაიდინეს და იმ ეკლესიაში, სადაც ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ხატი ბრძანდებოდა, თავიანთი ლათინური წესებით სწირეს. იმ დროს ეკლესია ჩამოიქცა და უცხოელები ქვეშ მოიყოლა. მხოლოდ ერთი უცხოელი გადარჩა ცოცხალი, იგი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ხატის წინ იდგა. ის ხატზე განრისხდა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს ყელში ხანჯალი გაუყარა. ხატიდან სისხლმა იფეთქა. ის სისხლი დღემდე არის იმ ხატზე, - თითქოს ახლა დაიღვარაო. ამის შემდეგ მონასტერში იმ ქვრივის ვაჟი იოანე მივიდა. ხატის დანახვამ იგი აატირა და იღუმენს უთხრა: ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ეს ხატი წინათ დედაჩემის სახლში იყო, დედაჩემი და მე მასზე ერთად ვლოცულობდითო. იღუმენმა იოანეს ჰკითხა: რატომ არის ეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი დედაშენისა და შენი სალოცავი? რა ნიშანი აქვს ამ ხატს და საიდან იცი, რომ ეს არის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის ოდიგიტრიის ხატი? იოანემ მიუგო: იქიდან ვიცი, რომ დედასთან ერთად ეს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი ზღვის ნაპირზე მივასვენე და მის ფერხთით ექვსი ოქრო დავდე. იღუმენმა ძმები შეკრიბა, ძმები იოანესთან ერთად ყოვლადწმინდა ოდიგიტრიის ხატს მიეახლენ და ყუთში ექვსი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს. იმის მერე იოანე იმ დიდ ლავრაში იღუმენად დაწესდა... იმ დროიდან დღემდე... იმ ხატის ხსენებას ბრწყინვალე შვიდეულში [სამშაბათს] დღესასწაულობენ(153). პავლე მღვდელმა თქვა: საკვირველ არიან საქმენი უფლისანი! რასაც ინებებს, იმას იქმს. მიტროპოლიტის საუბრის დამთავრების შემდეგ პავლე მღვდელმა მიტროპოლიტ მიტროფანეს უამბო: ეს მოხდაო რომში. კეთილმორწმუნე პაპი აღესრულა, მისი მემკვიდრე კი უკეთური პაპი აღმოჩნდა. მან საღმრთო ეკლესიისა და წმიდანთა დევნა დაიწყო. იმ უკეთური პაპის დევნას ვინმე ღირსი ანტონ რომაელი(154) გამოექცა, ზღვასთან მივიდა და ზღვასთან ახლოს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისა და თავისი სულისათვის უფალ ღმერთს ევედრებოდა, რათა უფალ ღმერთს [ისინი] უკეთური და ღმრთის მოძულე მტრისგან - რომის პაპისაგან გამოეხსნა.
ამ დროს, ღმრთის ნებით მოვარდნილმა ზღვის ტალღამ იმ ქვამდე მიაღწია, რომელზედაც ანტონი იდგა და ქვა აიტაცა. ანტონი ლელქაშის ლერწამს ჩაეჭიდა, მაგრამ ლერწამი მოწყდა, იმ ადგილზე თავი ვერ შეიმაგრა და ღმრთის ძალა მას, ქვაზე მდგარს მიაქანებდა. ლელქაშის ის ლერწამი კი ანტონს ხელში შერჩა. ორი დღე-ღამე ანტონი ამ ქვაზე მიცურავდა, ზღვიდან ზემოთ მდინარე ვოლხოვით ნოვგოროდთან აღმოჩნდა; ნოვგოროდში მოვიდა და ნოვგოროდში მრავალი სასწაული მოახდინა. მის კვალდაკვალ რომიდან ნოვგოროდში კასრი ჩამოვიდა საეკლესიო ჭურჭლებითა და ანტონის სხვა პირადი ნივთებით.
17 აპრილს მიტროპოლიტი მიტროფანე მოგვიყვა: როცა წმიდა მთაზე ვიყავი, მაშინ შახს საქართველო დაულაშქრავს, ჩემს ნათესავ ძმათაგან ზოგი მოუკლავთ, ზოგიც ტყვედ წაუსხამთ. როცა წმიდა მთიდან ჩამოვედი და ეს ამბავი შევიტყვე, შახს უმორჩილესი თხოვნით ვეახელი, რათა ჩემი ცოცხალი ნათესავები ჩემთვის დაეთმო. შახის ქვეყანაში მე წმიდა კაცად მთვლიდნენ და შახსაც მრავალჯერ უკითხავს: ვინ არის ქრისტე? თქვენ მას ღმერთს უწოდებთ. მე მას ვუამბე, როგორ განკაცდა და იშვა უფალი, როგორ მოინათლა, ჯვარს ეცვა და აღდგა. შახი და მისი ყეენები ამბობდნენ: ჩვენ მათ ურწმუნოებს ვეძახით, მაგრამ, თურმე, მათი სარწმუნოება საუკეთესოაო. შახმა მითხრა: შეიმოსე ისე, როგორც ღმრთისმსახურებისას იმოსები. შახს კი ვუთხარი: შახო, თუ შენ ყეენების, სულთანებისა და ყველა სხვა შენი ყიზილბაშების არ გეშინია, მაშინ შევიმოსები; როგორც კი შევიმოსები, ჩემ შესაფერის ადგილზე დავჯდები, შენ მომეახლე, მიწამდე თაყვანი მეცი და ხელზე მეამბორე. შახმა მითხრა: როგორც გინდა, ისე მოიქეცი, მე კი ამას ვერ გავაკეთებ, რომ მიწამდე თაყვანი გცე და ხელები დაგიკოცნო, რადგანაც ამას ყიზილბაშები გაიგებენ და ამისთვის მომკლავენო. ამის შემდეგ შახმა გამომიშვა და მიწყალობა: გამომატანა ქართველი ტყვეები, ნათესავები და ყველა სხვაც, სულ სამასი კაცი. ამის შემდეგ პავლე მღვდელი მიტროპოლიტ მიტროფანეს მოუყვა: ეს იყოო მოსკოვის რუსეთის სახელმწიფოში დიდი მთავრის დიმიტრი ივანეს-ძის(155) დროს. იმჟამად დიდი სასწაულთმოქმედი მიტროპოლიტი ალექსი(156) ცხოვრობდა. ოქროს ურდოს მეფის დედოფალი ბრმა იყო. იმ მეფემ დიდ მთავარს დიმიტრი ივანეს-ძეს ელჩი გამოუგზავნა თხოვნით, ის კაცი გამოუშვი ჩემთან, ბრმებს რომ კურნავსო. დიდი მთავარი დიმიტრი ივანეს ძე მიტროპოლიტ ალექსის შეევედრა, რომ იგი ოქროს ურდოში მეფესთან წასულიყო. როგორც კი ალექსი სასწაულმოქმედი მოსკოვიდან გაემგზავრა, იმ დედოფალს ის სიზმარში უნახავს ისეთ შესამოსელში, როგორშიაც ლიტურღიას ატარებდა. დედოფალმა მისთვის ისეთივე საეკლესიო შესამოსელი გაამზადა, როგორიც სიზმარში იხილა. როგორც კი სასწაულთმოქმედი ალექსი ოქროს ურდოში მეფესთან ჩავიდა, დედოფალს ლოცვა წაუკითხა და მხედველობა აღუდგინა. ამისათვის ოქროს ურდოს მეფემ და დედოფალმა დიდი სასწაულთმოქმედი ალექსი მიტროპოლიტი თავისი სასწაულებრივი ლოცვებისათვს დიდძალი ოქრო-ვერცხლით დააჯილდოვეს, პატივისცემის ნიშნად მას, მღვდელმთავარს, დიდი მიწის ფართობი აჩუქეს, მრავალი ქრისტიანი ტყვე გაათავისუფლეს. გარდაცვალების შემდეგაც დიდი სასწაულმოქმედი მიტროპოლიტი ალექსი მრავალ სასწაულს ახდენს. მისი დაუზიანებელი და უხრწნელი გვამი კი მოსკოვში, ჩუდოვოს მონასტერშია დასვენებული. მიტროპოლიტმა იკითხა: რუსეთის სახელმწიფოში მიტროპოლიტი ალექსი რამდენი წლის წინ ცხოვრობდა? პავლე მღვდელმა უპასუხა: მიტროპოლიტი ალექსი ექვსი ათას რვაას ოთხმოცდახუთი წლის ზაფხულში აღესრულა.
19 აპრილს წმიდა გიორგის ტაძარში მღვდელი მახარებელი წირავდა; სტიქარში შეიმოსა, ხოლო ტრაპეზიდან გადასაფარებელი აიღო და შესამოსელის ნაცვლად ჩაიცვა. საკურთხევლიდან სამეუფეო კარებით ჯვრითა და სანთლით ხელში გამოვიდა, შუა ეკლესიაში დადგა, ჯვრითა და სანთლით ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა და ხელმარცხნივ შემოტრიალდა. შემოზღუდული ადგილის იქით ხელი დაიბანა, სტიქარზე შეიწმინდა და ერთ სეფისკვერზე დაიწყო მოქმედება. ერთი სეფისკვერიდან პირველი ნაწილი ამოიღო, როგორც ზვარაკი ამოიღება, იმავე სეფისკვერიდან სამი ნაწილი ამოიღო, პირველზე უფრო მომცრო და კიდევ იმავე სეფისკვერიდან ცხრა მცირე ნაწილი ამოიღო. პავლე მღვდელმა ფედოტი და თარჯიმანი ოსიპი მოიხმო სეფისკვერისა და მღვდლის მოქმედების სანახავად; ფედოტმა და ოსიპმა ყველაფერი ეს ნახეს. წირვა ჯვრითა და სანთლით დაიწყო. სახარებით გამოსვლაზე, სახარების ნაცვლად პერგამენტის გრაგნილი გამოიტანა, მეორე ხელში საცეცხლური ეკავა. სამოციქულო და სახარება საკურთხევლიდან გამოსულმა ჩრდილოეთ კარის წინ წაიკითხა. მარტო მსახურებდა და გალობდა, დიაკვნები და მგალობლები კი არ ჰყავდა. როცა შიშითა ღვთისათა-ს ამბობდა, არ უკმევია; კვერექსი და ამბიონის ლოცვა არ უთქვამს, არც იყავნ სახელი უფლისა უთქვამს. ეკლესიის შესასვლელთან მეფე ლევანის ცოლისძმა პეპუკა იდგა და წირვას უსმენდა. იმ დღეს დემოგენია ბოგუჩინის კაცმა პავლე მღვდელს უთხრა, რომ ლევან მეფის ცოლისძმა პეპუკა ეპისკოპოსი იყო, მაგრამ პეპუკამ მერე ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, ამიტომ მან, პეპუკამ, გაიკრიჭა და ცოლი შეირთოო.
21 აპრილს დიდმოწამე გიორგის ტაძარში მრავალმა ხალხმა მოიყარა თავი. ტაძართან ორი სპილენძის საყვირი და ზარი იყო აღმართული. მწუხრის დროს ბუკები ჩაბერეს და ააყვირეს, ატყდა ზარების რეკვა, ხალხმა მთელი ხმით ყვირილი მორთო და ეკლესიის გარშემოვლა დაიწყო. ორი დღე-ღამე ეკლესიის ირგვლივ დადიოდნენ და განუწყვეტლივ ყვიროდნენ. როცა ეკლესიას გარს შემოუვლიდნენ და ეკლესიის კარების წინ აღმოჩნდებოდნენ, თითოეული მათგანი ეკლესიის კარებთან ხელმარცხნივ შემოტრიალდებოდა.
22 აპრილს, მწუხრზე, წმიდა გიორგის ტაძარში პატრიარქი მაქსიმე, მიტროპოლიტი მიტროფანე, ტრაპიზონის მიტროპოლიტი კირილე, გურიის მთავარი ვახტანგი (კომენტ. 104-ჯ.გ.) - მეფე ლევანის ქვისლი (მზახალი-ჯ.გ.), ბოიარი როსტომი, თავად-აზნაურები და ბოქაულები მობრძანდნენ. მწუხრი მღვდელმა და დიაკონმა ჩაატარეს; პატრიარქი და მიტროპოლიტები არ შემოსილან. გოირგობის დღეს, ცისკრის შემდეგ, ბუკები ააყვირეს, ზარებს ჩამოკრეს და მაშინ ტაძრიდან დიდი დროშა გამოიტანეს; ხოლო პატრიარქმა და მიტროპოლიტებმა კი დიდმოწამე გიორგის ხატი გამოასვენეს და ტაძრის გვერდზე დააბრძანეს. ამ დროს ეკლესიაზე ვიღაც მამაკაცი ავიდა, მასთან ერთად სხვებიც. ეკლესიასთან და ხატის ირგვლივ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. გაუთავებელი უზარმაზარი ხმაური ყველამ შეწყვიტა. იმ მამაკაცმა, ეკლსიის თავზე ავიდა თუ არა, ხმამაღლა დაიყვირა, მერე წინა მხრიდან ეკლესიის კიდეზე ჩამოჯდა და სამი საათი ილაპარაკა. პატრიარქი, მიტროპოლიტნი, თავადები, ბოიარები, ყველა წოდების პირი, მამაკაცნი, დედაკაცნი, ყმაწვილები, ქალიშვილები, მოხუცნი და ყრმანი იმ კაცს ყურადღებით უსმენდნენ. თუ ვიმე დაახველებდა ან ცხვირს დააცემინებდა, ყველანი მას შეჰყვირებდნენ: იმ კაცის სიტყვა გაგვაგონეო. როცა იმ კაცმა ლაპარაკისას ერთი ხმამაღლა შეჰყვირა, იმ მომენტიდან ადამიანები, რომლებიც ეკლესიაზე იყვნენ ასული თუ ძირს ეკლესიის გვერდით იდგნენ, ყველანი ტაძრის სახურავზე და კედლებზე ურახუნებდნენ და ურტყამდნენ - ერთნი კომბლებით ურახუნებდნენ, სხვები შუბებითა და ისრებით ჩხვლეტდნენ; ზოგიერთები რატომღაც ტაძრის სახურავზე და კედლებზე ჩაქუჩებით, ხის უროებითა და ცულების ყუით ურტყამდნენ, ზოგიც კედლებზე ცხენის უნაგირებსა და ცალუღებს ლურსმნით აჭედებდა. დიდი ხმაური იდგა - ერთნი ყვიროდნენ, სხვები კვნესოდნენ, ზოგიც ხარხარებდა, ტიროდა, ცეკვავდა და ხტუნავდა. ის კი ვერ გავიგე, რა თქვა ასეთი იმ ეკლესიის თავზე მჯდარმა კაცმა და ტაძრის კედლებს კომბლებითა და სხვადასხვა იარაღებით რატომ ურტყამდნენ. იმ დროს თარჯიმანი ჩვენთან არ იყო და ვერავინ გვითარჯიმნა. იმ დღეს, როდესაც ცისკრის წირვის შემდეგ ეკლესიიდან მივდიოდით, თარჯიმანი ოსიპი ჰოროლით დაჩხვლიტეს, იმ ჭრილობით იწვა და თარჯიმნობა სხვას არავის შეეძლო. პავლე მღვდელმა იმავე დღეს დემოგენია ბოგუჩინის კაცი - თარჯიმანი გამოკითხა, თუ რას ყვებოდა ეკლესიაზე მჯდარი კაცი, აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიის თავზე ისხდნენ ან ეკლესიასთან იდგნენ თუ ისხდნენ, ხმამაღლა რაზე ყვიროდნენ, ეკლესიის თავზე და კედლებზე ყოველგვარი იარაღით, ხის უროებით, ჩაქუჩებით რატომ ურახუნებდნენ და ურტყამდნენ, უნაგირებსა და ცალუღებს ლურსმნებით რატომ აჭედებდნენ? დემოგენია ბოგუჩინის კაცმა-თარჯიმანმა უპასუხა, რომ იმ კაცს, რომელიც ეკლესიის თავზე იჯდა და ლაპარაკობდა, ღამით წმინდა გიორგი მოევლინა და ამცნო, როგორი წელიწადი იქნებოდა ქვეყანაში, პურისა და ბოსტნეულის როგორი მოსავალი მოვიდოდა, მშვიდობა თუ ომი იქნებოდა, მეფე ლევანის, პატრიარქისა და ყველა დიდი კაცის, ყველა წოდების ადამიანის შესახებ - ვინ ცოცხალი დარჩება და ვინ მოკვდება. ის კაცი, იჯდა რა ეკლესიის თავზე, ყველა იქ შეკრებილთ - პატრიარქს, მიტროპოლიტებს, ეპისკოპოსებს, დიდგვაროვანთ და ყველა წოდების ადამიანს - წმიდა გიორგის სიტყვებს გადასცემდაო. მანვე თქვა: წმინდა გიორგიმ ლევან მეფეს იმერეთის მეფის წინააღმდეგ ომი დაუშალაო. წმიდა გიორგის თითქოს უთქვამს: როცა მგელი ცხვრების დაჭერას დაეჩვევა, - ორჯერ დაიჭერს, მესამედ კი თვითონ მგელს დაიჭერენო; ასევე მეფე ლევანიც - ადრე ლაშქრობდა იმერეთის მეფეზე და იმარჯვებდა, ახლა კი თუ წავა, - მოკლავენო. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის თავზე და კედლებზე კომბლებით, ჩაქუჩებით, ხის უროებით ურახუნებდნენ და ყოველგვარი იარაღით ურტყამდნენ, ლურსმნებით უნაგირებსა და ცალუღებს ეკლესიაზე აჭედებდნენ, იმ ადამიანებს ქურდებმა ცხენები, ხარები და სხვა რამ მოჰპარესო. ამიტომ ისინი დიდი გულისწყრომითა და სიმკაცრით ეკლესიის კედლებს ყოველგვარი იარაღით ურტყამენ და წმინდა გიორგის ხმამაღლა ევედრებიანო. ის ადამიანები წმინდა გიორგის ეუბნებიან: შენც ასე ურტყი და მოკალი ის ქურდებიო. ამის შემდეგ პატრიარქი მაქსიმე, მიტროპოლიტი კირილე, თავადები, ბოიარები, მღვდლები, დიაკვნები და ყველა წოდების ხალხი დიდმოწამე გიორგის ხატით ტაძრის გარშემო ლიტანიობას შეუდგა. მიდიოდნენ რა, პატრიარქი კრებულთან ერთად საღმრთოს გალობდა, ხოლო მდაბიონი, ვინც უწიგნურია - მამაკაცნი, დედაკაცნი, მოხუცნი და ყრმანი და საერთოდ ყველანი, მთელი ხმით ჰყვიროდნენ; მათი სიტყვების მოსმენა და გარჩევა შეუძლებელია. მიტროპოლიტი მიტროფანე კი განაწყენდა, პატრიარქს ეკლესიის გარშემო ლიტანიობაზე არ გაჰყვა, არც წირვა შეუსრულებია და არც მოუსმენია. მიტროპოლიტმა მიტროფანემ თქვა: ვფიქრობ, იმ მამაკაცს ის სიტყვა ეშმაკმა შთააგონა და არა წმიდა გიორგიმო. წირვა ოთხმა მღვდელმა და ორმა დიაკონმა აღასრულეს, პატრიარქსა და მიტროპოლიტებს არ უწირავთ და არც შემოსილან. იმ დროს პატრიარქს შავი ბარტყულა ეხურა, შავი ატლასის მანტია ეცვა პატარა მარგალიტებჩასმული სამხრეებით, თასმები ზედ ოქროსი იყო, ყიზილბაშურად ვერცხლით კიდეებმოქარგული. ქვედა კუთხეები კი მანტიას ოქროსი ჰქონდა, ფეხსაცმელები - ცხვირაპრეხილები ეცვა.
25 აპრილს გაბრიელ მღვდელი მოვიდა, რომელიც მოსკოვში დესპანად იყო. პავლე მღვდელი გაბრიელს შეეკითხა: თქვენში წირვაზე რამდენ სეფისკვერს იღებენ? გაბრიელ მღვდელმა უპასუხა: ზოგჯერ ოთხს, ზოგჯერ კი ხუთსაც და ექვსსაც. პავლე მღვდელმა უთხრა: მღვდელმა მახარებელმა 19 იანვარს სწირა, ერთ სეფისკვერზე მოქმედებდა და ერთი სეფისკვერიდან ყველა ნაწილი ამოიღო. გიორგობა დღეს კი პატრიარქის თანდასწრებით ჩატარდა წირვა და მაშინ ყველა სამი სეფისკვერი იყო. გაბრიელ მღვდელმა თქვა: აქ, სადადიანოს ქვეყანაში, ვისაც რამდენი სურს, იმდენ სეფისკვერს იყენებს. გაბრიელ მღვდელმა თქვა: გიორგობა დღეს ეკლესიაზე კაცი რომ ავიდა, მოჰყვა როგორი წელიწადი იქნება, ან სხვა რამე? გაბრიელ მღვდელმა ილაპარაკა: უკვე მრავალი წელია, რასაც ის კაცი გიორგობაზე იტყვის, სრულდება. შარშან მან თქვა, მეფე ლევანს დედოფალი მოუკვდებაო და ასეც მოხდა.
27 აპრილს ფედოტი მეფე ლევანთან ელჩობაზე მიდიოდა. სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის ხელმწიფებრივ სიგელს მეფე ლევანი პატრიარქთან, მიტროპოლიტთან, მღვდელმთავრებთან და ბოიარებთან ერთად თავისი სასახლიდან ერთ ვერსზე მიეგება. მეფის წინ ცხოველსმყოფელი ჯვარი აღემართათ; ჯვრის გვერდით ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ქებათა შესხმის ხატი ეკავათ. ფედოტმა და პავლე მღვდელმა ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე ილოცეს, ფედოტმა მეფე ლევანს ხელმწიფის სიგელი გადასცა, მეფე ლევანს ხელზეც ემთხვივნენ. ფედოტმა ტიტულის მხოლოდ ნახევარი მოახსენა თუ არა, მეფე ლევანმა ცხენი შემოაბრუნა და თავის სამეფო სასახლისკენ გაეშურა; ჩვენი გაყოლაც ბრძანა. როცა მეფე ლევანი თავის სასახლეში მივიდა, ფედოტმა სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის სხვა ტიტული მოახსენა. მიღებაზე მეფე ლევანის ხელმარჯვნივ მისი ძე - ალექსანდრე იჯდა; ალექსანდრეს გვერდით პატრიარქი, მიტროპოლიტი და მღვდელმთავრები ისხდნენ. მეფის ხელმარცხნივ ვამეყ ლიპარტიანის ძე იჯდა, ვამეყის გვერდით - სათათბიროს დიაკი პაატა და პაატას გვერდით -ლიპარტიანის უმცროსი ძე გიორგი. ლიპარტიანის ძენი ვამეყი და გიორგი ლევან მეფის გერები არიან.
3 მაისს ხობში ყოვლადწმიდათას მონასტერში ეპისკოპოს ნიკოლოზთან მივედით. იმ მონასტერში ქვის ტაძარია, საკურთხეველი გამოყოფილია; ტაძარში დეისუსი და ადგილობრივი ხატები - წესისამებრ არის. იმ ეკლესიაში ჩვენი თანდასწრებით წირვა ჩატარდა. წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პერანგი გვაჩვენა. ის პერანგი დაჩითული ქსოვილისგანაა შეკერილი; ხოლო არც ისე თხელი დაჩითული ქსოვილი მეწამული ფერისაა. პერანგი ზომით გრძელია და ფართო, სახელოებიც ფართო აქვს, - როგორც მამაკაცისას, საყელო კი საკმაოდ პატარა - სამი გოჯისოდენა. პავლე მღვდელმა ეპისკოპოს ნიკოლოზს ჰკითხა: რატომ აქვს ამ პერანგს ასეთი პატარა საყელო? ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა თქვა: ღმრთის განგებით პერანგის საყელო ყოველ წელიწადს კლებულობს. წმიდა ნაწილები კი გვაჩვენა - მოწამე კვირიკეს (157) მარცხენა ხელი მაჯამდე და მოწამე მარინეს მარჯვენა ხელი იდაყვამდე. პავლე მღვდელმა თქვა: დრანდაში ორი ხელის ძვალი გვიჩვენეს მაჯიდან იდაყვამდე და ეპისკოპოსმა ანდრიამ გვითხრა, წმიდა მარინესიაო, ახლა კი მესამე ხელი აღმოჩნდა - მოწამე მარინეს სამი ხელი ჰქონდა? ნიკოლოზ ეპისკოპოსმა თქვა: ეპისკოპოს ანდრიას უცოდინარობით უთქვამს, რომ ის ხელის ძვლები წმიდა მარინესია; ის ხელის სწორი ძვლები კი მოწამე ბარბარესიაო(158). ამის შემდეგ ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ფედოტი და პავლე მღვდელი სატრაპეზოდ მიიწვია. საუბარში პავლე მღვდელი ეპისკოპოს ნიკოლოზს შეეკითხა: რამდენი წელია ადამიდან აქამომდე? ეპიკოპოსმა ნიკოლოზმა წიგნში ჩაიხედა და უთხრა: ეს ბერძნული წიგნია და მასში წერია, რომ ადამიდან აქამომდე 7152 წელია გასული.
ის ეპისკოპოსი ნიკოლოზი კი წარმომავლობით საქართველოდან, თეიმურაზის ქვეყნიდანაა. ნიკოლოზი ოცდაათი წელიწადი იერუსალიმში მოღვაწეობდა, იქიდან კი ევროპის ქვეყნებში და მერე ლიტვაში მოხვდა. ლიტვიდან ნიკოლოზი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მას ნეტარხსენებული მოსკოვისა და სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფისა და პატრიარქის ფილარეტ ნიკიტას-ძისა(159) და სრულიად რუსეთის დიდი წმინდა ხელმწიფე მეფისა და დიდი მთავრის მიხეილ თევდორეს-ძის წყალობა ჰქონია; ნიკოლოზს კურთხევაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის დიდი ხელმწიფის, უწმიდესი პატრიარქის ფილარეტისაგან მიუღია. რომელ წელში იყო ის, ნიკოლოზი, მოსკოვში, არ უთქვამს; ნიკოლოზს ბერძნული და ლათინური განათლება აქვს მიღებული(160).
4 მაისს ხობიდან და ეპისკოპოს ნიკოლოზისგან წამოვედით. 6 მაისს ცაიშის მონასტერში ეპისკოპოს ანდრიასთან მივედით. ეპისკოპოსი ანდრია კი მთაზე ცხოვრობდა, კარავი მონასტრიდან ორ ვერსზე დაუდგამს, მონასტერში კი მხოლოდ სადღესასწაულო წირვებზე ჩამოდიოდა. 5 მაისს ეპისკოპოსმა ანდრიამ ფედოტი და პავლე მღვდელი თავისთან სატრაპეზოდ მიიწვია. 14 მაისს პავლე მღვდელი მღვდელმონოზონ მაქსიმეს შეეკითხა: მეფე ლევანის დედოფალს რა ერქვა? მაქსიმე მღვდელმა თქვა: ნესტან-დარეჯანს ეძახდნენ, ნამდვილი სახელი კი მისი ელენე იყოო.
16 მაისს ცაიშის მონასტრიდან, ეპისკოპოს ანდრიასგან წამოვედით. იმავე დღეს ზუგდიდში მივედით, სადაც მეფე ლევანი ცხოვრობს. მეფე ლევანის სახელით სტოლნიკმა რამაზ ჩიჩუამ მიგვიღო. იმავე დღეს მეფე ლევანის დავალებით ჩვენთან ორი ეპისკოპოსი - ნიკოლოზი და ანდრია, აგრეთვე სტოლნიკი რამაზი მეფე ლევანის სიგელით მოვიდნენ. სიგელი ფედოტს გადასცეს. ფედოტმა მათ უთხრა: მეფე ლევანი სრულიად რუსეთის დიდ ხელმწიფე მეფესთან და დიდ მთავართან მიხეილ თევდორეს-ძესთან თავის ელჩს ჩვენთან ერთად აგზავნის თუ არა? ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა უპასუხა: მეფე ლევანი ამჟამად მგლოვიარეა და დიდ ხელმწიფესთან ელჩს არ აგზავნის, მაგრამ, მეფე ლევანი დიდ ხელმწიფესთან შენი, ფედოტის, ხელით თავის სიგელს აგზავნის. სხვა რაზე ჰქონდათ საუბარი ფედოტსა და ეპისკოპოს ნიკოლოზს, ამის შესახებ ფედოტი მუხლობრივ აღწერაში თავად წერს; პავლე მღვდელმა კი იმიტომ არ დაწერა, რომ ისინი თურქულად საუბრობდნენ, პავლე მღვდელმა კი ეს ენა არ იცის.
18 მაისს მეფე ლევანმა ზუგდიდიდან გამოგვისტუმრა. 22 მაისს ხუდონში მოვედით. იმავე დღეს სადადიანოს ქვეყანა და სოფელი ხუდონი დავტოვეთ (კომენტ. 114-ჯ.გ.). 26 მაისს სვანეთში ჩავედით; 8 ივნისს სვანეთიდან წავედით, 12 ივნისს ყარაჩაი დავტოვეთ. იმავე დღეს ალეგუკას ყაბარდოში მის ძმასთან - ხაპუკასთან მოვედით. 26 ივნისს ალეგუკას ყაბარდოდან, ხაპუკასაგან წამოვედით; 28 ივნისს ილდარის ყაბაკში ილდარ სუნჩელის სიძესთან მივედით. 29 ივნისს ილდარისგან წამოვედით. 3 ივლისს მუნდართან მივედით.
მუნდარისაგან იმავე დღეს წამოვედით. 5 ივლისს ფედოტმა თერგის კაზაკი ალექსანდრე გაანთავისუფლა. 9 ივლისს თერგში მოვედით. შეწებების ადგილზე: ამ თავის მუხლობრივ აღწერას მღვდელმა პავლე ზახარიევმა ხელი მოაწერა.
შენიშვნა: პავლე მღვდელმა ეს 149 წლის 4 დეკემბერს წარმოადგინა.
კომენტარები
27. თავადი დანილო ივანეს ძე მეზეცკი - მეფე ბორის გოდუნოვთან (1598-1605წწ.) დაახლოებული პიროვნება, 1610 წლიდან ოკოლნიჩი (სათათბიროს ბოიარზე დაბალი რანგი), 1618 წლიდან ბოიარი. მონაწილეიობდა ომებში შვედებისა (1614წ.) და პოლონელების წინააღმდეგ. ამ უკანასკნელებთან აწარმოებდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს (1618წ.); მონაწილეობდა პოლონელებთან ტყვეების გაცვლაში (პოლონელთა მიერ დატყვევებულთა შორის იყო მეფის მამა მიტროპოლიტი ფილარეტი), სხვადასხვა სახელმწიფო ღონისძიებებში და ა.შ. (В.Н. Татищев. История Российская, т. VII. Л., 1969, с. 159, 166, 167; С.М. Соловьёв. Сочинения, кн. V. М., 1990, с. 15, 72-74, 84, 85, 103-105, 116, 262, 271).
28. ანდრია ანდრიას ძე ხოვანსკი - თავადი და ვოევოდა, 1613 წელს მონაწილეობდა ლიტვასთან ომში, 1615-1620 წლებში იყო ვოევოდა ასტრახანში, 1626-1628 წლებში - ტობოლსკში, 1629 წლიდან - ნიჟნი-ნოვგოროდში.
29. რუსული ელჩობა ანდრია ოსიპის ძე პლეშჩეევისა და ნიკიფორე ტალიზინის შემადგენლობით ირანში 1629 წელს გაემგზავრა (В.Н. Татищев. История Российская, т. VII, с. 168).
30. ივანე ვასილის ძე მოროზოვი შემდგომში მსახურობდა მოსკოვში; მისი შვილი ბორის ივანეს ძე მოროზოვი იყო მეფე ალექსი მიხეილის ძის ქვისლი (В.Н. Татищев. История Российская. т. VII, с. 170; С.М. Соловьёв. Сочинения, кн. V, с. 462, 463, 564, 615 და ა.შ.).
31. ჩიორნი იარი (ყალმუხთა ენაზე - იანკალა) - დასახლებული პუნქტი მდ. ვოლგის მარჯვენა მხარეს, ამჟამად ასტრახანის ოლქის შემადგენლობაშია.
32. თავადი და ბოიარი ი.ა. სიცკის შესახებ იხ.: С.М. Соловьев. Сичинения, кн. V, с. 224-225, 231, და ა.შ.
33. შევკალი (შავკალი, შამხალი) - აზოვისპირა (დარუბანდის ჩრდილოეთით) თურქული მოდგმის ხალხის ყუმიკების მფლობელის ტიტული.
34. 1557 წლიდან რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფი ყაბარდო XVII საუკუნეშიც ცალკეულ ფეოდალურ სამფლობელოებად იყო დაყოფილი. მას მართავდნენ უფროსი მთავრის კუდენეტის შვილები მუნდარები, აგრეთვე ალეგუკა შეგანუკი და ხოტაჟუკო ყაზი (დიდი ყაბარდოს მფლობელები). არსებობდნენ უფრო წვრილი სამფლობელოებიც - ყაბაკები (История Кабарды. М., 1957, с. 48-49).
35. იმჟამინდელი რუსეთის შემადგენლობაში წარმოდგენილი ცალკეული რეგიონების ლოკალიზაცია დასაზუსტებელია. კერძოდ, გასარკვევია, სად მდებარეობდნენ და მდებარეობენ დღეს იუგორსკის, ბულგარეთის, ბელოოზიორსკის, უდორის, ობდორისა და კონდინის პროვინციები, აგრეთვე „სრულიად ჩრდილოეთის მხარე“ და „ნოვაგოროდის ქვემორე მდებარე მიწები“. ცნობილია უგორის რუსეთი - იმიერკარპატის უკრაინა. XIს. ბოლოდან ეს ტერიტორია უნგრეთის ნაწილია, ამიტომ, საეჭვოა, იუგორის რეგიონში უგორის რუსეთი იგულისხმებოდეს. რუსეთის შემადგენლობაში უკრაინა არ არის დასახელებული, იმიერკარპატის მხარეს რუსეთის ნაწილად მით უფრო არ გამოაცხადებდნენ. უგორის (იუგორის) რეგიონის შესახებ ცნობას გვაწვდის XVIII საუკუნის რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე და გამოჩენილი მეცნიერი ვ.ნ. ტატიშჩევი (1686-1750 წწ.). მისი აზრით, „უგორია“, რომელსაც ადრე ერქვა „გორი“ (горы - მთები), მერე კი „პოიასს“ უწოდებდნენ, სარმატული წარმოშობის ხალხით იყო დასახლებული, მოიცავდა ვერხნაია ტურასა და ეკატერინბურგის პროვინციებს, ანუ ურალსა და დასავლეთ ციმბირის ნაწილს (В.Н. Татищев. Избранные труды по географии России. М., 1950, с. 131, 159, 164, 182). ბულგარეთში შუავოლგისპირეთში მდებარე ბულგარეთი იგულისხმება. არსებობა მან XIV ს. 90-იან წლებში შეწყვიტა, მაგრამ კიდევ არაერთი საუკუნის მანძილზე ეს სახელწოდება გამოიყენებოდა. მაგალითად, იგივე ვ.ნ. ტატიშჩევი წერდა: „გოგირდი ქალაქ სამარასთან ახლოსაა, ბულგარეთში, და მთებს თხრიან“; „ალუბალი.... უზარმაზარი რაოდენობითაა, განსაკუთრებით ბულგარეთისა და დონის გუბერნიებში“ (В.Н.Татищев. Избранные труды по географии России, с. 127, 129). ბელოოზიორის რეგიონი - XIII-XV საუკუნეებში არსებული იმავე სახელის მატარებელი სამთავროს ტერიტორიაა, რომელიც ადრე ნოვგოროდის გუბერნიაში შედიოდა, ამჟამადკი ვოლოგდისოლქის ნაწილია. ცნობას უდორის, ობდორისა და კონდინის შესახებ ასევე ვ.ნ. ტატიშჩევი გვაწვდის, თუმცა საგანგებოდ აღნიშნავს - „ცოტა ვინმემ თუ იცის, ისინი სად ვეძებოთ“ (В.Н. Татищев. Избранные труды по географии России, с. 205). მიუხედავად ამისა, იგი წერს: „ოსტიაკები - ციმბირის უმთავრესი და ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია....ისინი სამ ნაწილად იყოფა: უდორები - მდ. ობის ზემოთი, მდინარეების ტომისა და ნარიმის ნაპირებზე; ობდორები - მდ. ობის ქვემოთი ზღვამდე; კონდინის - ობის მარცხენა მხარეს მდ. ირტიშის ზემო დინებისკენ“. ვ.ნ.ტატი\შჩევი კიდევ უფრო აკონკრეტებს მათ მდებარეობას: კონდინის ოსტიაკები - ტობოლის პროვინციაში მდ. კონდაზე; ობდორები - მდ. ობის სანაპიროზე, მათი სახელი მდ. ობზე მცხოვრებს ნიშნავს, ისინი ირტიშიდან ქვემოთ ზღვამდე არიან; უდორები - ოსტიაკის ხალხია, რომელიც სურგუთიდან მდ. ობის ზემოთკენ, მდინარეებზე უდეზე, ჩულიმზე და ტომზე ცხოვრობენ“ (В.Н. Татищев. Избранные труды по географии России, с. 178, 179,182; В.Н. Татищев. История Российская, т. VIII. Л., 1968, с.64). ისტორიული უდორის, ობდორისა და კონდინის მხარეები დღეს ხანტი-მანსისა და ტაიმირის ანუ დოლგან-ნენების ავტონომიური ოკრუგებია. ხანტი - მანსის ავტონომიურ ოკრუგში არსებობს ქალაქი კონდინსკოე (რაიონული ცენტრი); ქალაქ ობდორსკს დღეს სალეხარდი ჰქვია (ტაიმირის ოკრუგის დედაქალაქი). „ სრულიად ჩრდილოეთის მხარეში“, ალბათ, აღმოსავლეთ ციმბირისა და შორეულ აღმოსავლეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ანუ დღევანდელი იაკუტიის რესპუბლიკა, აგრეთვე ჩუკოტკისა და კორიაკთა ავტონომიური ოკრუგები იგულისხმება. „ნოვაგოროდის ქვემორე მდებარე მიწები“ ეს არის ნიჟნინოვგოროდის სამხრეთით მდინარე ვოლგისა და მისი შენაკადების შუაწელში მდებარე ტერიტორიები.
36. თურქეთის სულთანი 1623-1640 წლებში მურად IV.
37. ყირიმის ხანები, რომლებიც თურქეთის ვასალები და მოკავშირეები იყვნენ, მუდმივად თავს ესხმოდნენ რუსეთს. ამ თავდასხმების შედეგად მხოლოდ XVII საუკუნის პირველ ნახევარში მათ დაატყვევს და ყირიმში წაიყვანეს 150-200 ათასამდე რუსი. 1633 წელს ყირიმელმა თათრებმა ტულამდე, კაშირამდე, კალუგამდე და მოსკოვის შემოგარენამდე მიაღწიეს. 1637 წელს დანიშნულმა ყირიმის სახანოს ახალმა მმართველმა - მეფემ ბეგადირ გირეიმ, კალგამ (ვიცე ხანი და მეფის მემკვიდრე) ისლამ გირეიმ და ნურადინმა (უმაღლესი სასულიერო ხელმძღვანელი) საფატ გირეიმ თავიანთი მოღვაწეობა რუსეთზე მორიგი თავდასხმით (1637 წლის სექტემბერი) დაიწყეს. კაზაკების მიერ აზოვის აღებამ (1637წ.) ისინი აიძულა, რუსეთთან დროებით კომპრომისზე წასულიყვნენ. ყირიმის დესპანმა თოხთამიშმა 1638 წლის 25 მაისს მოსკოვში, საელჩო პრიკაზში რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარების შესახებ ყურანზე დაიფიცა, ხოლო იმავე წლის 22 სექტემბერს იგივე ფიცი ბეგადირ გირეიმ დადო. მშვიდობისთვის რუსეთი გაზრდილ ხარკს - აღაპს უხდიდა ყირიმის სახანოს, რომლის მმართველები რუს მეფეებს მხოლოდ დიდი მთავრების სტატუსში აღიარებდნენ (А.А. Новосельский. Борьба Московского государства с татарами в первой половине XVII века. М., - Л., 1948, с. 245-282).
38. პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III (1566-1632 წწ.)
39. ვლადისლავ IV (1595-1648წწ.) - პოლონეთის მეფე 1632 წლიდან, სიგიზმუნდ მესამის ვაჟი.
40. 1610 წლის აგვისტოში რუსეთის მაშინდელმა მთავრობამ, ე.წ. „სემიბოიარშჩინა“-მ რუსეთის სამეფო ტახტი პოლონელ უფლისწულს ვლადისლავს შესთავაზა, მაგრამ მეფედ მისი კურთხევა არ მომხდარა. რუსეთის ტახტზე თავისი პრეტენზიების განხორციელება ვლადისლავმა 1617-1618 წლების რუსეთ-პოლონეთის ომის დროს სცადა. ეს ომი დეულინოს 14,5 წლიანი ზავით და რუსებისთვის სმოლენსკის, დოროგობუჟის, ჩერნიგოვის, პუტივლის, ნოვგოროდის, სევერსკის, სხვა ქალაქების დაკარგვით დასრულდა. 100 ათასიანი არმიისა და დიდძალი შეიარაღების დაკარგვით დასრულდა რუსებისთვის 1632-1634 წლების ომიც, რისთვისაც ჯარების საერთო ხელმძღვანელი ბოიარი მ.ბ.შეინი და აკოლნიჩი ა.ვ. იზმაილოვი 1633 წ. 28 აპრილს მოსკოვში სიკვდილით დასაჯეს (В.Н.Татищев. История Российская, т.VII, с.168). პოლიანოვოს ზავის თანახმად, პოლონეთმა შეინარჩუნა ადრე დაპყრობილი ქალაქები, მაგრამ ვლადისლავმა რუსეთის ტახტზე უარი თქვა. ამიტომაც მეტი „დამაჯერებლობით“ ჟღერდა „განაწესში“ ნათქვამი სიტყვები: „ახლა მის მეფურ უდიდებულესობასა და პოლონეთის მეფეს შორის მტრობა აღარ არის“.
41. დიდი ნოღაი - სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც ნოღაელთა ურდოს დაშლის შედეგად XVI საუკუნის შუახანებში წარმოიშვა (თვითონ ნოღაელთა ურდო, რომელსაც ეკავა ჩრდილოეთკასპიისპირეთი, ურალისწნეთი მდ. კამამდე, ვოლგიდან ირტიშამდე, ოქროს ურდოს XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე გამოეყო). მას ეკავა კასპიისპირეთი, ქვემო ვოლგის მარცხენა სანაპირო მდ. ურალამდე. 1660 წლიდან დიდი ნოღაი ფორმალურად მოსკოვს დაექვემდებარა.
42. ყაზის ულუსი - მცირე ნოღაი, არსებობდა XVI საუკუნის 50-იანი წლებიდან მდ. ყუბანიდან დონამდე ტერიტორიაზე; დააფუძნა მურზა ყაზიმ (გარდაიცვალა 1577 წელს). XVII საუკუნის პირველ ნახევარში მცირე ნოღაი უფრო წვრილ-წვრილ ურდოებად დაიშალა.
43. სპარსეთის შაჰი აბას I (1587-1629 წწ.).
44. სპარსეთის შაჰი სეფი I (1629-1642 წწ.).
45. XVI-XVII საუკუნეებში ირანსა და თურქეთს შორის ხშირი ომები მიმდინარეობდა ძირითადად ახლო აღმოსავლეთისთვისა და ამიერკავკასიისთვის. მხოლოდ XVII საუკუნის პირველ ნახევარში ისინი ერთმანეთს დაეტაკნენ 1603-1612, 1616-1619 და 1623-1639 წლებში. უკანასკნელი ომი დასრულდა 1639 წლის 18 მაისის ზოჰაბის ზავით, რომელიც 1555 წლის ამასიის ზავის უკანასკნელ ვარიანტს წარმოადგენდა. თურქეთმა და ირანმა კვლავ გადაინაწილეს საქართველო, სომხეთი და ქურთისტანი. თურქეთს დარჩა ბაღდადი (დავით კაციტაძე. ირანის ისტორია. III-XVIII სს. თბ., 2009, გვ.388, 411, 460 და ა.შ.).
46. ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი სარტყლის ნაწილი 1031 წელს კონსტანტინოპოლიდან ჩამოიტანა საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) მეუღლემ, ბიზანტიის იმპერატორის რომან მესამის (1028-1034 წწ.) ძმისშვილმა ელენემ. მრავალი საუკუნის განმავლობაში ის სარტყელი ვლაქერნის ხატზე იყო მიმაგრებული, ინახებოდა ბედიის ტაძარში და დადიანების მთავარ სიწმინდეს წარმოადგენდა. 1806 წელს პეტერბურგში მყოფმა სამეგრელოს დელეგაციამ ვლაქერნის ხატი მასზე მიმაგრებული ღმრთისმშობლის სარტყლით იმპერატორ ალექსანდრე პირველს საჩუქრად მიართვა. იმპერატორმა იგი დროებით კარის ეკლესიაში მოათავსა და იმავე წლის მაისში, საქართველოს მთავარმართებლის პ. ციციანოვის რეკომენდაციით, სამეგრელოს დელეგაციას დაუბრუნა. ამასთანავე მან გამოყო 2000 ჩერვონეცი ვლაქერნის ღმრთიმშობლის სახელზე ზუგდიდის ცენტრში ტაძრის ასაშენებლად. XIX ს. 20-იან წლებში ტაძარი მართლაც აშენდა და დღემდე მოქმედებს. 1921 წლამდე - საქართველოს გასაბჭოებამდე - ვლაქერნის ხატი და ღმრთისმშობლის სარტყელი ამ ტაძარში ინახებოდა. ამჟამად ვლაქერნის ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა, ღმრთისმშობლის ქამარი კი გასაბჭოების შემდეგ დაკარგულია.
47. პირველი, მეორე და სხვა მსოფლიო საეკლესიო კრებების შესახებ იხ.: კომენტ. 62. ნიკეის პირველ წმინდა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325 წ) მიღებული სარწმუნოების სიმბოლო იხ. წიგნში: მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოსს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით. I ტომი. თბ.,2007, გვ.148.
48. კირილე ალექსანდრიელმა (V ს.) გაილაშქრა ნესტორკონსტანტინოპოლელის ერესის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ქალწული მარიამი არის არა ღმრთისმშობელი, არამედ „ადამიანისმშობელი“; ნესტორის აზრით, ქრისტე მხოლოდ ადამიანია, რომელშიც წმინდა სამების მეშვეობით ღმრთის სიტყვა ჩასახლდა. კირილე ალექსანდრიელმა ნესტორიანელთა წინააღმდეგდაწერა მიმართვა „განდეგილებს“. მისი ძალისხმევით, მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებამ ეფესოში (431 წელი) დაგმო ნესტორი და მისი მიმდევრები. ისინი დაგმეს აგრეთვე V მსოფლიო საეკლესიო კრებაზე კონსტანტინოპოლში (553 წ.).
49. სებელიოსი - წმინდა სამების შესახებ მოძღვრების ერთ-ერთი შემქმნელი, III საუკუნეში ლიბიაში ცხოვრობდა.
50. არიოზი - პრესვიტერი, რომლის სახელს უკავშირდება 315-320 წლებში ალექსანდრიაში არიანელობის სახელით ცნობილი ერესის წარმოშობა.
51. მაკედონიოსი (IV ს.) - კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი (360 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს), რომელიც ამტკიცებდა, რომ სულიწმიდა არ მონაწილეობს მამისა და ძის ღვთაებაში. ამიტომაც მას სულიწმიდის მგმობელს უწოდებენ.
52. ევტიქი (378 წ. - 458 წლის შემდეგ) კონსტანტინოპოლთან ახლოს მდებარე მონასტრის წინამძღვარი; გამოდიოდა ნესტორიანული ერესის წინააღმდეგ; თავად გახდა საპირისპირო ერესის - მონოფიზიტობის მიმდევარი.
53. დიოსკორე (გარდაიცვალა 454 წელს) - 444-451 წლებში ალექსანდრიის არქიეპისკოპოსი. ისევე როგორც ევტიქი, მონოფიზიტობის მიმდევარი იყო; დაგმეს IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (451 წ.).
54. ევიონი - პირველი საუკუნეების ებრაელ-ქრისტიანთა სექტის (ევიონისტები) დამაარსებელი; მათ იწამეს ქრისტე, მაგრამ ებრაული რელიგიური წესების ერთგულები დარჩნენ.
55. ს.ა. ბელოკუროვი აქ შემდეგ შენიშვნას აკეთებს: „ზედმეტად არ მიგვაჩნია შევნიშნოთ: საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარ არქივში დაცულია სურათი გრავიურიდან, რომელიც ვისბადენის მუზეუმს ეკუთვნის და შეიცავს „ჭეშმარიტ გამოსახულებას ელჩობისა თუ ელჩებისა მოსკოვის დიდი მთავრისა მის რომის იმპერატორობით უდიდებულესობასთან, აგრეთვე როგორ ტანსაცმელში და როგორი სახით თითოელი გამოცხადდა სადარბაზოდ...1576 წლის 18 ივლისს“. ამ გრავიურის მარჯვენა მხარე წარმოადგენს „საეკლესიო წესების გამოსახულებას, რომელსაც თავიანთი ღმრთისმსახურებისას მოსკოვიტები იყენებენ, როგორც ეს რაგენსბურგის ამჟამინდელ საიმპერატორო სეიმზე გამოჩნდა“. აქ რუსები მლოცველთა მდგომარეობაში არიან გამოსახული ორი თითის შეერთებით პირჯვრის გადასაწერად. სოლოვიოვი ზაქ. სუგორსკისა და დიაკი არციბაშევის ამ ელჩობის შესახებ იმპერატორ მაქსიმილიან მეორესთან ახსენებს ისტორიის VI ტომში, გვ.340.
2) ოლეარიუსი თავისი მოგზაურობის აღწერის მეორე გამოცემაში, შლეზვიგი, 1656, გვ. 294, ამბობს: რუსები პირჯვარს ისახავენ ზუსტად ისე, როგორც ამის შესახებ წერს გერბერშტეინი: ამისათვის ისინი იყენებენ მარჯვენა ხელის პირველ სამ თითს და სხვ. იხ. მიხაილოვის თარგმანი ნ.კალაჩევის „ისტორიული და პრაქტიკული ცნობების არქივში“, 1859წ., წ. VI, გვ.6. - ბარსოვის თარგმანი, გვ. 330. პირველ გამოცემაში ამის შესახებ არაფერს ამბობს“. ს. ბელოკუროვის ეს შენიშვნა თავად საჭიროებს გარკვეულ კომენტარებსა და განმარტებებს: - გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი ს.მ.სოლოვიოვი (18200- 1879წწ.) გერმანიის იმპერატორ მაქსიმილიანე მეორესთან (1527-1576 წწ.) ზ.ი.სუგორსკისა და დიაკ ა.პ.არციბაშევის ელჩობის შესახებ ახსენებს თავის წიგნში: История России. Кн.III.М., 1960, с.637; ამ ელჩობის შესახებ იხ. აგრეთვე: Путешествия русских послов в XVI-XVII веках, с.349-351; - ადამ ოლეარიუსი (1599-1671 წწ.) მოგზაური, დიპლომატი, მეცნიერი; შლეზვინგ-ჰოლშტაინის ჰერცოგის ფრიდრიხ მესამის (1597-1659 წწ.) მიერ რუსეთსა და ირანში გაგზავნილ ელჩობათა შემადგენლობაში 1634,1636 და 1639 წლებში მოსკოვში იმყოფებოდა. თავისი მოგზაურობის შესახებ გამოსცა წიგნი, რომელსაც რუსული ისტორიოგრაფიისთვის დიდი წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობა აქვს (იხ. А.Олеарий. Описание путешествия в Московию и Персию и обратно. СПБ., 1906, და ა.შ.) ადამ ოლეარიუსის მოგზაურობათა წიგნი გარკვეულ ცნობებს შეიცავს საქართველოს ისტორიის შესახებაც (ბეჟან ჯავახია. საქართველო და ქართველები ადამ ოლეარიუსის მოგზაურობის წიგნში. თბ., 2005); - სიგიზმუნდ გერბერშტეინი (1486-1566 წწ.) - გერმანელი დიპლომატი, 1517 და 1526 წლებში სპეციალური დავალებით რუსეთში იმყოფებოდა; გამოსცა წიგნი „ჩანაწერები მოსკოვიის შესახებ“, რომელმაც ავტორს მთელს ევროპაში, აგრეთვე რუსეთში დიდი პოპულარობა მოუპოვა; იმის შესახებ, თუ რუსები პირჯვარს როგორ ისახავენ, იხ.: С. Герберштейн. Записки о Московии. М., 1988, с. 101; - ნ.ვ.კალაჩევი (1818-1885წწ.), მეცნიერ-ისტორიკოსი და იურისტი, სენატორი, „ისტორიული და პრაქტიკული ცნობების არქივი“-ს გამომცემელი; - ე.ვ.ბარსოვი (1836-1917 წწ.)- ეთნოგრაფი და არქეოლოგი; - ადამ ოლეარის თხზულების პირველი გამოცემა განხორციელდა გერმანიაში 1647 წელს.
56. მათე - ერთ-ერთი 12 მოციქულთაგანი, რომელიც ქრისტეს ამაღლების შემდეგ იუდას ადგილზე იქნა არჩეული; მანამდე ქრისტეს 70 მოწაფეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა; ევანგელისტი ლუკა - იყო ქრისტეს 70 მოწაფეთა შორის. სოლომონ ბრძენი, დავითის ძე, მეფობდა ისრაელში ძვ.წ. 965-928 წლებში. ზოგიერთი მონაცემით, სოლომონი ძვ.წ. 972-932 წლებში მეფობდა (От античности до средних веков. Арт-Родина, 2002, с. 23,25,27).
57. დავითი - მეფობდა ისრაელში, რომლის დედაქალაქი იყო იერუსალიმში (ძვ.წ. XI ს. დასასრული - ძვ.წ. 950 წ.). ზოგიერთი მონაცემით, დავითი ძვ.წ. 1005 -972 წლებში მეფობდა (От античности до средних веков. Арт-Родина, 2002, с. 23,25,27).
58. ძვ.წ. 586 წელს იერუსალიმი აიღო და დაანგრია ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორ მეორემ; ქალაქის მოსახლეობა დაატყვევეს (ბაბილონის ტყვეობა), მაგრამ ძვ.წ. VI საუკუნის უკანასკნელ მესამედში განთავისუფლდა და ხელახლა იერუსალიმში დასახლდა.
59. ალექსანდრე მაკედონელი (ძვ.წ. 356-323 წწ.).
60. ავგუსტინე გაი იულიუს კეისარი ოქტავიანე, რომის იმპერატორი (ძვ.წ. 43 წ.- 14 წ.), რომელმაც ძლევამოსილი იმპერია შექმნა.
61. კონსტანტინე I დიდი, რომის იმპერატორი 306-337 წლებში(იხ. კომენტ. 101).
62. მსოფლიო საეკლესიო კრებები გაიმართა: პირველი - 325 წელს ნიკეაში, მეორე - 381 წელს კონსტანტინოპოლში, მესამე - 431 წელს ეფესოში, მეოთხე - 451 წელს ქალკედონიაში, მეხუთე - 553 წელს კონსტანტინეპოლში, მეექვსე - 680-691 წლებში კონსტანტინეპოლში, მეშვიდე - 787 წელს ნიკეასა და კონსტანტინოპოლში. შვიდივე საეკლესიო კრებისა და მათ მიერ მიღებული კანონების შესახებ იხ.: მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები ეპისკოპოს ნიკოდიმის (მილაში) განმარტებებით, ტ.1. თბ., 2007
63. ბულგარეთის ნათლისღება 865 წელს მოხდა.
64. სლავი განმანათლებლები, საღმრთისმსახურო წიგნების პირველი მთარგმნელები წმ. კირილე (827-869 წწ.) და მეთოდე (820-885 წწ.), რომლებმაც 863 წელს სლავური დამწერლობა შექმნეს.
65. რიურიკოვიჩების დინასტია 912 წლიდან იწყება (იხ. კომენტ.140-141).
66. რუსეთი 988 წელს მოინათლა (988+652=1640). იხ. კომენტ. 142.
67. ალექსანდრიელი არქიეპისკოპოსი ათანასე (298-373 წწ.); მყარად იცავდა დოგმატს მამა ღმერთის და ძის ერთობის დოგმატს, რისთვისაც მას მართლმადიდებლობის მამად მოიხსენიებენ.
68. თერგის კაზაკთა შორის არც თუ ისე ცოტანი იყვნენ ქართველებიც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დატოვეს ქვეყანა. კაზაკთა რიგებს ავსებდნენ აგრეთვე დაღესტნელთა ტყვეობას გამოქცეული ქართველები (ს. როდონაია. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVII ს. პირველ ნახევარში. თბ., 1961, გვ. 30).
69. ცნობილი ქართველი სასულიერო და სახელმწიფო მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი - ნიკიფორე ირბახი (1585-1658 წწ.); იმჟამინდელ საქართველოში ერთ-ერთი განათლებული ადამიანი. წლების განმავლობაში იერუსალიმის ივერთა მონასტერში მსახურობდა; XVII ს. 20-იან წლებში თეიმურაზ პირველის დავალებით დიპლომატიურ მისიას ასრულებდა ევროპის ქვეყნებში; იტალიაში მონაწილეობა მიიღო პირველი ქართული წიგნის გამოცემაში. XVII ს. 30-იანი წლებიდან ლევან II დადიანის კარზე იმყოფებოდა. 1657-1658 წლებში იყო დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსი, თუმცა ქართული ეკლესია ამ სტატუსში მას ჯერ-ჯერობით არ აღიარებს. რუსი ელჩები ეპისკოპოს ნიკოლოზს შეხვდნენ ლევან მეორესთან მიღებაზე, ხობის მონასტერში და ზუგდიდში (კომენტ. 160)).
70. ნიკიტა ივანეს ძე ოდოევსკის შესახებ იხ.: В.Н.Татищев. История Российская, т. VII, с. 170; С.М.Соловьев. Сочинения, кн.V, с. 224-225.
71. მეფე მიხეილ თევდორეს ძე 1626 წელს მეორედ დაქორწინდა (პირველი მეუღლე მარია დოლგორუკოვა 1625 წელს, ქორწინებიდან 4 თვეში, გარდაიცვალა) ევდოკია ლუკიანეს ასულ სტრეშნევაზე (გარდაიცვალა 1645 წელს).
72. ალექსი მიხეილის ძე რომანოვი (1629-1676 წწ.) - რუსეთის მეფე 1645-1676 წლებში.
73. მეფე მიხეილ თევდორეს ძესა და ევდოკია ლუკიანეს ასულ სტრეშნევას ათი შვილი შეეძინათ: ირინა, პელაგია, ალექსი (მომავალი ხელმწიფე), ანა, მართა, ივანე, სოფია, ტატიანა, ევდოკია, ვასილი.
74. რადგანაც 5 მაისი დიდმოწამე ირინეს (კომენტ. 100) ხსოვნის დღეა, იგი მეფის ასულ ირინეს ანგელოზის დღედ ითვლებოდა.
75. ვასილ გრიგორის ძე შორინი - მსხვილი ვაჭარი, მის შესახებ იხ.: В.Н.Татищев. История Российская, т.VII, с. 170; С.М.Соловьев. Сочинения, кн.IV, с. 189, 463.
76. მეფისასულ ტატიანას დღესასწაული მოწამე ტატიანა რომაელის (III ს.) ხსენების დღეს - 12 (25) იანვარს ემთხვეოდა.
77. კოლომნა - ქალაქი მოსკოვის ოლქში, მდებარეობს მდინარეების მოსკოვისა და კალომენკას შესართავთან.
78. მურომი - ქალაქი ვლადიმირის ოლქში, მდებარეობს მდ. ოკას ქვემო წელზე მდ. ვოლგასთან მის მიერთებამდე.
79. ქალაქი ნიჟნი ნოვგოროდი.
80. კუზმოდემიანსკაია - ქალაქი მდ. ვოლგაზე რესპუბლიკა მარი ელ-ის შემადგენლობაში.
81. ტეტიუში - ქალაქი თათრეთის რესპუბლიკაში.
82. დიდი ყაბარდოს ერთ-ერთი მფლობელი ალეგუკა მურზა (კომენტ.3 და 34), ეტყობა აბაზეთში იმყოფებოდა (Путешествия русских послов XVI-XVII веков, с.420).
83. რუს ელჩებს, ალბათ, აცილებდა ალეგუკა მურზას მიერ აბაზეთიდან გამოგზავნილი უზდენი (ყაბარდოში ასე იწოდებოდა უმაღლესი ფენა, რომელიც ადიღეს ტომის უძველესი გვაროვნული უხუცესებისაგან მომდინარეობდა) ურანბა, ანუ „ურანკანელი თავადი ობეზისა“.
84. იოანე წინამორბედი - იგივე იოანე ნათლისმცემელია.
85. იოანე ღვთისმეტყველი -იგივე იოანე ევანგელისტი, ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე და 12 მოციქულთაგანი.
86. ძლევაშემოსილი დიდმოწამე გიორგი - რომის იმპერიის ერთერთი მხედართმთავარი. იმპერატორმა დიოკლიტიანემ (285-305 წწ.) ქრისტიანობისთვის აწამა, მაგრამ ღმრთის მადლმა უვნებელი დატოვა. იმავე იმპერატორის ბრძანებით 303 წელს მას თავი მოკვეთეს.
87. თევდორე სტრატილატი - ჰერაკლეას სტრატილატად მსახურობდა. როგორც ქრისტიანი, წამების შემდეგ, 319 წლის 3 თებერვალს რომის იმპერატორ ლიკინიუსის (307-324 წწ.) ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
88. დიმიტრი თესალონიკელი - როგორც ქრისტიანი, რომის იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311 წწ.) ბრძანებით, 306 წლის 26 ოქტომბერს მხეცურად მოკლეს საპყრობილეში.
89. იოსაფ I - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი 1634-1641 წლებში. პატრიარქად არჩევამდე ფსკოვის არქიეპისკოპოსად მსახურობდა.
90. ლევენ II დადიანის მეუღლე ნესტან-დარეჯან (ელენე) ჭილაძე 1639 წლის 31 მაისს თუ 1 ივნისს გარდაიცვალა, რის გამოც მთელი სამთავრო გლოვობდა.
91. ელენე - ფლავიუს იულიუს ელენე ავგუსტოსი (248/57-327/8, 337 წლამდე); მოციქულთა სწორი, იმპერატორ წმ. კონსტანტინე დიდის დედა (იხ.კომენტ.101).
92. კოზმა და დამიანე, ღვიძლი ძმები, უვერცხლო მკურნალნი, ქრისტიანობისათვის რომში წამებულნი 284 წელს; ასეთი სახელებით ცნობილი არიან III საუკუნის სხვა წმინდანებიც - ძმები არაბეთიდან და მცირე აზიიდან; აზარი და მისაილი (მათთან ერთად ანანიაც) - ბაბილონელი ყრმები (ძვ.წ.600წ.), რომლებსაც უძველესი ქრისტიანული ეკლესია წამებულებად მოიხსენიებდა; პანტელეიმონი (IIIIV სს.) - დიდმოწამე მკურნალი, წამებით მოკლეს რომის იმპერატორ მაქსიმიანეს (285-305 წწ.) დროს; დანიელ მესვეტე (409-493 წწ.), 12 წლის ასაკიდან მონაზონი გახდა, თავის ცხოვრების 32 წელი მის მიერ აშენებულ სვეტზე გაატარა (461 წლიდან), მოახდინა რა მრავალი სასწაული; კვირიკე - უნდა იყოს IV საუკუნის იერუსალიმელი წმინდანი, რომელიც ქრისტიანობის დიდი მოამაგე იყო (ცნობილია II-IV საუკუნეების კიდევ ხუთი წმინდანი ასეთი სახელით); იოანე დამასკელი (VII-VIII საუკუნეები), ღმრთისმეტყველი, ჰიმნოგრაფი, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მასწავლებელი; ბარბარე-დიდმოწამე, რომელიც საკუთარი მამის ხელით მოწამეობრივად აღესრულა დაახლოებით 306 წელს; ანასტასია - უნდა იყოს I საუკუნის მეორე ნახევრის მოწამე ქალი რომიდან, რომელიც იმპერატორ ნერონის დროს (54-68 წწ.) დასაჯეს; ანა - ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისდედა; ანა - უნდა იყოს 304 წელს რომში ქრისტიანობისთვის დასჯილი მოწამე ან IV საუკუნეში დასჯილი გოთელი ანა (ამ სახელით კიდევორი მოწამეაცნობილი); მარინე ანტიოქიელი - დიდმოწამე, სიკვდილით დაისაჯა ქრისტიანობისთვის იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს; თეკლა (I ს.) - პირველმოწამე, რომელიც ქრისტეს მადლმა უვნებელი დატოვა; მოციქულთასწორი, მოციქულ პავლეს კურთხევით ქადაგებდა ქრისტიანობას კერპთაყვანისმცემელთა შორის; ეკატერინე - დიდმოწამე ალექსანდრიიდან, საშინელი წამების შემდეგ 305 წელს სიკვდილით დასაჯეს; დიმიტრი თესალონიკელი - იხ. კომენტ. 88; ხარლამპი - ეპისკოპოსი საბერძნეთიდან, ქრისტიანობისთვის მოწამეობრივად აღესრულა 202 წელს; ანდრია კრეტელი - არქიეპისკოპოსი, წმინდა ხატებისთვის სიკვდილით დაისაჯა ბიზანტიის ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე V კოპრონიმის (741-775 წწ.) მმართველობის დროს; თევდორე ტირონი - სამხედრო პირი მსახურობდა პონტოს ამასიაში განლაგებულ პოლკში, ქრისტიანობისთვის სასტიკი წამების შემდეგ აღესრულა (დაწვეს) 306 წ. 17 თებერვალს; დიდმოწამე გიორგი - იხ. კომენტ. 86; გრიგოლ ღვთისმეტყველი (325/30 - 389/90 წწ.) - კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მამა და მასაწავლებელი; მათე ევანგელისტი - იხ. კომენტ. 56; პროკოფი - წმ. მოწამე, დაიბადა იერუსალიმში (III ს.), სამხედრო ნაწილის უფროსი, 303 წელს ეწამა ქრისტიანობისთვის; ანტონ დიდი - დაიბადა ეგვიპტეში 251 წლის ახლოხანებში, ითვლება მონაზვნობის მამამთავრად, ცნობილია მრავალრიცხოვანი სასწაულებრივი განკურნებებით; კვიპრიანე - ეპისკოპოსი, რომელიც იმპერატორ კლავდიუს მეორის (268-270 წწ.) მმართველობის წლებში სიკვდილით დასაჯეს; ვლასი - მღვდელმოწამე, სევასტიის ეპისკოპოსი, რომელიც 316 წელს სიკვდილით დასაჯეს; იაკობ სპარსი - დიდმოწამე, ეკავა მაღალი თანამდებობები სპარსეთში, ქრისტიანული სარწმუნოებისთვის მოწამეობრივად აღესრულა 421 წელს; თევდორე სტრატილატი - იხ. კომენტ. 87; იოანე მოწყალე - ალექსანდრიის პატრიარქი 610 წლიდან, გარდაიცვალა 619/20 წლის 11 ნოემბერს; ბასილ კესარიელი (329/30-370 წწ.), კესარიის ეპისკოპოსი, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მასწავლებელი; ნიკოლოზ სასწაულმოქმედი - ქრისტიანული ეკლესიისდიდი წმინდანი, ლიკიელი არქიეპისკოპოსი, ცხოვრობდა IV სასუკუნეში, სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგაც სახელი გაითქვა სასწაულებით, თაყვანს სცემენ როგორც ქრისტიანები, ისე ერეტიკოსები, წარმართები, ზოგიერთი მაჰმადიანიც კი; სპირიდონი - დაიბადა კუნძულ კვიპროსზე III ს. დასასრულს, კონსტანტინე დიდის (306-337 წწ.) დროს გახდა ქ. ტრიმიფუნტის ეპისკოპოსი; პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325 წ.) დაგმო არიოზის ერესი, გამოირჩეოდა სამართლიანობითა და სიწმინდით, იყო სასწაულმოქმედი; მოციქული და ევენგელისტი მათე მეორედ სახელდება
93. დოკუმენტში შეცდომაა - 7 ნოემბრის ნაცვლად უნდა იყოს 7 დეკემბერი.
94. დოკუმენტში შეცდომაა - 4 დეკემბრის ნაცვლად უნდა იყოს 4 იანვარი.
95. შავ ზღვაზე მოთარეშე რუსი კაზაკები სამეგრელოს მთავრისა და მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდნენ, მაგრამ ზოგჯერ ისინი მტრული განზრახვით მოდიოდნენ, თავს ესხმოდნენ ხომალდების ნავმისადგომები. როგორ ი.ანთელავა ვარაუდობს, გაბრიელ გეგენავას ელჩობის ერთ-ერთი მიზანი კაზაკებთან ურთიერთობის დარეგულირებაა (ი.ანთელავა. ლევან II დადიანი, გვ.102), თუმცა საელჩოს მოსკოვურ მასალებში ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი.
96. დიდმოწამე ბარბარეს წმ. ნაწილები წალენჯიხის მაცხოვრის მონასტერშიც ინახებოდა. - კომენტ. 92.
97. მოქვის საკათედრო ტაძარი, აშენებულია დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) მეფის ლეონ მესამის (957-967 წწ.) მიერ, შუასაუკუნეების ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი. როგორც მ. სელეზნიოვი წერდა, მოქვის ტაძართან ძველად დადიანისა და ეპისკოპოსის ორი სასახლე იდგა, მაგრამ ისინი 1678 წელს ტაძართან ერთად აფხაზებმა გაანადგურეს (М.Селезнёв. Руководство к познанию Кавказа, кн.I. СПБ., 1847, с.31; кн. II. СПБ., 1847, с.162-163.).
98. მაქსიმე I მაჭუტაძე - დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსი 1639-1657 წლებში.
99. სტეფანე - არქიადიაკონი, ქრისტიანული ეკლესიის პირველმოწამე, მიეკუთვნება ქრისტეს 70 მოწაფეთა (მოციქულთა) რიცხვს. სინაგოგებში ქადაგებისთვის ფანატიკოსებმა, რომელთა შორის იყო სავლეც (მომავალი მოციქული პავლე), წამებით მოკლეს.
100. ირინე - I საუკუნის დიდმოწამე მაკედონიიდან; ღირსმოწამე მელანია გარდაიცვალა კონსტანტინეპოლში 439 წელს (მისი ბებია, ასევე ღირსმოწამე მელანია 390 წელს აღესრულა); ღირსმოწამე ევგენიაცხოვრობდა ალექსანდრიაში, 262 წელს მოწამებრივადაღესრულა ქრისტიანული სარწმუნოებისათვის; ნიკიტა - გოთელი მეომარი, მოწამებრივად აღესრულა დაახლოებით 372 წელს; მერკური - დიდმოწამე, წარმოშობით სკვითი, მსახურობდა რომის არმიაში, სიკვდილით დაისაჯა ქრისტიანობისთვის იმპერატორ დეიკუსის (249-251 წწ.) მმართველობის დროს; პროვოსი და ანდრონიკე - აწამეს ქრისტესთვის 304 წელს; ლარიონ (ილარიონ) ღირსი - 291-371/2 წწ. დაიბადა პალესტინაში, სწავლობდა ალექსანდრიაში, სადაც ქრისტიანობას ეზიარა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უდაბნოში დამკვიდრდა და ხალხს მოძღვრავდა. სიცოცხლის ბოლო წლები კვიპროსში გაატარა; ვლასი - იხ. კომენტ. 92; სასწაულმოქმედი ნიკოლოზი (კომენტ. 92); ლაზარე - უფალმა მკვდრეთით აღდგინა, შემდეგ გახდა კვიპროსის ეპისკოპოსი, მისი წმ. ნაწილები ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ბრძენმა (886-911 წწ.) 898 წელს კონსტანტინოპოლში გადაასვენა და ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინა ადგილი; ამბროსი მედიოლანელი (340-397წწ.), 374 წლიდან მედიოლანის (იტალია) ეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი, მკურნალი, ზრუნავდა ობლებზე და გლახაკებზე, იყო პრინციპული და მკაცრი თვით იმპერატორის მიმართ, ეპიტემია დაადო იმპერატორ გრაციანეს (367-383 წწ.); ლუკა ევანგელისტი - იხ. კომენტ. 56; ამბერკი (II ს.) - რომის ერთ-ერთი პროვინციის ეპისკოპოსი, კერპთაყვანისმცემელთა შორის მისიონერული მოღვაწეობისთვის მოციქულთასწორს უწოდებენ.
101. რომის იმპერატორი კონსტანტინე I დიდი (306-337 წწ.), ქრისტიანული ეკლესიის წმინდანი; ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, 325 წელს ნიკეაში მოიწვია პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება (იხ. კომენტ. 61).
102. რუსი ელჩების მუხლობრივი აღწერილობიდან არ ჩანს, რომ ლევან მეორემ აღნიშნული სიწმინდეები მათ აჩვენა. ამავე დროს 1640 წლის 15 მაისის სიგელში მეფე მიხეილ თევდორეს ძისადმი ლევან II წერს, რომ რუს ელჩებს უჩვენეს „ქრისტეს სისხლი, ქრისტეს სამსჭვალი და თოკი, რომლითაც შეკრული იყო ქრისტე“....
103. ლევან II-ის მამა მანუჩარ I მართლაც ნადირობისას მიღებული ტრავმისგან 1611 წელს გარდაიცვალა.
104. ვახტანგ II გურიელი, გურიის მთავარი 1639-1640 წლებში, ლევან მეორის მძახალი.
105. თურქებმა 1639 წელს აიღეს ბაღდადი, რომელსაც 1623 წლიდან ირანი ფლობდა.
106. ფედოტ ელჩინი ცდება. 1640 წლის ბაიაობა (ბზობა) 29 მარტზე მოდიოდა, რასაც პ.ზახარიევის ანგარიშიც და თანდართული კალენდარიც ადასტურებენ.
107. თურქეთის სულთანი იბრაიმი (1640-1648 წწ.).
108. კიევის რუსეთი, როგორც ითქვა, 988 წელს დიდი მთავრის ვლადიმერის (980-1085 წწ.) მმართველობის პერიოდში მოინათლა.
109. მოციქულთასწორი ნინო კაპადოკიელი (IVს), საქართველოს განმანათლებელი.
110. მიტროპოლიტ მიტროფანეს, ალბათ, მხედველობაში აქვს 1633 წელს არქანჯელო ლამბერტის ხელმღვანელობით სამეგრელოში კათოლიკე მისიონერების ჩამოსვლის ფაქტი; მათი შემადგენლობა პერიოდულად იცვლებოდა და ისინი XVIII საუკუნის დასაწყისამდე აგრძელებდნენ საქმიანობას. კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობას სამეგრელოში მათთვის სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.
111. ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). - იხ. კომენტ. 70,
112. IV საუკუნეში ქრისტიანობის დიდი ქომაგის კვირიკეს წმ. ნაწილები წალენჯიხის მონასტერშიც ინახებოდა. - იხ. კომენტ. 92.
113. დიდმოწამე მარინეს წმ. ნაწილები დაცული იყო წალენჯიხის მონასტერშიც. - იხ. კომენტ. 92.
114. „მეფე ლევანმა გამოგვისტუმრა“ არ ნიშნავს, რომ ლევან II დადიანმა რუსი ელჩები მათი გამგზავრების წინ უშუალოდ მიიღო (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.IV, გვ.337). წინადღით სამეგრელოს მთავრის წარმომადგენლების, თუ ასე შეიძლება ითქვას, არადიპლომატიური საუბარი რუს ელჩებთან ასეთი მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს. ელჩები წუხდნენ იმის გამო, რომ მათ ლევან II-ის სიგელი მასთან (ლევანთან) პირისპირ შეხვედრის გარეშე წაიღეს.
115. ლევან II დადიანმა 1634 წელს დაატყვევა იმერეთის მეფე გიორგი III (1609-1639 წწ.); მისი მემკვიდრე იყო ალექსანდრე III (1639-1660 წწ.). ტყვეობიდან მამის გათავისუფლების სანაცვლოდ 1635 წელს ლევან მეორეს მან მოვაჭრე სომხები და ებრაელები, აგრეთვე ხელოსნები გადასცა, რომლებიც რუხში დაასახლეს.
116. თავის მუხლობრივ აღწერილობაში ფედოტ ელჩინი (პ. ზახარიევისგან განსხვავებით) დიდ ყურადღებას უთმობს ლევან მეორესა და ალეგუკა მურზას შორის დინასტიური კავშირების დამყარებას, რაც კარგად ჩანს მისი 1640 წლის 1 მარტის, 1 და 19 მაისის ჩანაწერებიდან.
117. ლ. შეპელევას მიერ სოტყვა „омет“ განმარტებულია როგორც „მხრებზე მოსასხამი ტანსაცმელი“ (Путешествия русских послов XVIXVII веков, с.426, 445). სინამდვილეში აღნიშნულ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს (იხ.თანდართული ლექსიკონი); ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არშიას ნიშნავს (Словарь русского языка XI-XVII веков. Вып. XII. М., 1987, с.366).
118. ანზორები, ისევე როგორც ტამბიები და კუდენეტები, ყაბარდოში ყველაზე გავლენიანი უზდენები იყვნენ.
119. იხ. წინამდებარე კრებული, გვ. 309
120. ფილიპე - ქრისტეს მოციქულთაგან ერთ-ერთი, რომელიც იყო ბეთსაიდელი, „ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე“ (იოანე, 1, 45). მისი ხსენების დღეა 14 ნოემბერი.
121. წალენჯიხის მაცხოვრის მონასტრის აღწერისას დასახელებული წმინდანების შესახებ იხ. კომენტარები 61, 84, 87, 92, 100, 101. წმინდანებს შორის პირველად სახელდება მოციქული არქიპო, რომელიც იყო მოციქულ პეტრეს თანამოღვაწე. ეკლესია მათ პატივს მიაგებს, როგორც წარმართთა მიერ წამებულებს.
122. იმერეთის მეფე გიორგი III (1604-1639 წწ.). იხ.კომენტ. 115.
123. უნდა იგულისხმებოდეს 1629 წელს ლევან II დადიანის მიერ თურქებისთვის (ამ უკანასკნელთა მკაცრი მოთხოვნით) სამეგრელოს შეფარებულიოთხასი კაზაკიდან 48 კაცის გადაცემა (ს. როდონაია. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 41-42). ამ ფაქტის შესახებ ლევან II დადიანი დრანდელი ეპისკოპოსის თანდასწრებით ესაუბრა ჯოვანი ლუკას, რომელიც 1630 წლის მაის-ივნისში აფხაზეთ-სამეგრელოში იმყოფებოდა დადაახლოებით იმავე წლის 8 ივნისს სამეგრელის მთავარს შეხვდა. „მთავრის სანახავადწავედით. მიგვიღო, ვისაუბრეთ, - წერდა ჯოვანი ლუკა. - ამ საუბრის დროს მთავარმა მკითხა: რა უყოს იმ 400 კაზაკს, რომლებიც თურქეთის კატარღას გამოექცნენ, მიატოვეს რა მათი ნავები და მის სახელმწიფოში მოვიდნენ. აქციოს ისინი ტყვეებად და გაყიდოს მისი ქვეყნის ჩვეულების მიხედვით, თუ დასაჯოს ისინი, რადგან წარსულში მათ არაერთხელ გაუძარცვიათ მისი საუნჯე. მე ვუთხარი: რამდენადაც ისინი იგივე სარწმუნოებისა არიან, როგორც თვითონ, მას უფლება აქვს ისინი დასაჯოს (და არა გაყიდოს). მაგრამ, თქვა მთავარმა, გალერების კაპიტნებმა მოითხოვეს ისინი მათ დავუბრუნოო. ამ მთავარს ბევრი რამისთვის სჭირდება თურქები. ძირითადად იგი თურქეთიდან ღებულობს მარილს, რკინას და მისთვის საჭირო საქონელს... მთავარმა თურქებს მისცა 48 კაზაკი და მათ უთხრა: სიმართლე რომ ითქვას, მას არშეუძლია გაყიდოს თავისი ვასალი მონები ტყვეებივით, რადგან მათი შთამომავლობა მის ყმებად ითვლებოდნენ...“ (ილია ტაბაღუა. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XX საუკუნეების პირველი მეოთხედი). წ.III. (1628-1633 წწ.). თბ., 1987, გვ. 164-165). ეტყობა, რუს ელჩებს ამ მოვლენების შესახებ უყვება მათი უშუალო მონაწილე ვასილ ბელორუსი).
124. დრანდის საკათედრო ტაძარი, აშენებულია VIII საუკუნეში და ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს; აფსუა-აფხაზთა შემოსევის გამო, XVIII ს. 70-იან წლებში ფუნქციონირება შეწყვიტა, როგორც სამრევლო ეკლესია განაახლა და 1871 წლის 21 ოქტომბერს წმინდა მღვდელმთავარმა გაბრიელმა (ქიქოძე) აკურთხა. 1881 წლის 9 მაისს რუსეთის ეკლესიის უწმინდესმა სინოდმა, ათონელი რუსი ბერების შუამდგომლობით, დრანდის მონასტრის დაფუძნების გადაწყვეტილება მიღო, რომელიც იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ 1883 წლის 9 მაისს დაამტკიცა. 1886 წლის 27 სექტემბერს დრანდის მონასტერი აფხაზეთში უკანასკნელად ჩასულმა წმინდა მღვდელმოწამე გაბრიელმა (ქიქოძე) აკურთხა. 1891 წლიდან დრანდის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობას სოხუმის ეპისკოპოსები ითავსებდნენ. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მან ფუნქციონირება შეწყვიტა (წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) და აფხაზეთი. კრებული შეადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ჯემალ გამახარიამ. თბ., 2007, გვ. 142, 504).
125. საუბარია ილორის წმ. გიორგის სახელგანთქმული ტაძრის (XI ს.) შესახებ. დაარსებიდან დღემდე მას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.
126. ბედიის საკათედრო ტაძარი, გაერთიანებული საქართველოს მეფემ ბაგრატ მესამემ (975-1014 წწ.) 999 წელს ააშენა; ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, რომელმაც ფუნქციონირება XVIII ს. ბოლოს შეწყვიტა.
127. პავლე ზახარიევის მუხლობრივ აღწერილობაში (1640 წლის 23 თებერვლის ჩანაწერი) მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა აღნიშნული სიწმინდეები ლევან II დადიანის ხელში (კომენტ. 129).
128. ცაიშის სამონასტრო კომპლექსი და დღემდე მოქმედი ტაძარი უფრო ძველი ტაძრის ადგილზე აშენებულია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე.
129. 1590 წელს ქართლის მეფემ სიმონ პირველმა (1556-1569, 1578-1599 წწ.) იმერეთის მეფე როსტომ კონსტანტინეს ძე (1590-1605 წწ.) დაამარცხა და სამეფოს მიერთება გადაწყვიტა. იმერეთის მეფემ მანუჩარ დადიანის (1590-1611 წწ.) დახმარებით სოფელ ოფშქვითთან (წყალტუბოს რ-ნი) გამართულ ბრძოლაში სიმონ I დაამარცხა. მანუჩარ დადიანს სწორედ მაშინ ჩაუვარდა ხელში ის სიწმინდეები, რომლებიც ბედიის მონასტერში ინახებოდა.
130. ქართლის მეფე როსტომი. იხ. კომენტ.11.
131. თამუნია (ცენატურია, ტანურია, დარუნდია) - როგორც ჩანს, ასე ეძახდნენ დარეჯან შარვაშიძეს სამეგრელოში. იხ. კომენტ. 13.
132. ლევან II დადიანის გარდაცვალების (1657 წლის მარტი) შემდეგ მთავრის ტახტი მისმა ძმისშვილმა ლიპარიტმა დაიკავა, რომლის წააღმდეგ გიორგი ლიპარტიანის შვილმა ვამეყმა (ლევან II-ს ბიძაშვილი და შვილობილი) გაილაშქრა. ამ ვითარებით ისარგებლა იმერეთის მეფემ ალექსანდრე მესამემ (1639-1660 წწ.). იგი თავისი ჯარებით ოდიშში შეიჭრა, განდევნა ლიპარიტი და ტახტზე ვამეყი (1658-1662 წწ.) აიყვანა.
133. ჭყონდიდის კათედრა დაარსებულია X საუკუნეში დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) მეფის გიორგი მეორის (922-957 წწ.) მიერ; საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული საეკლესიო ცენტრი.
134. იერუსალიმის პატრიარქები საკმაოდ ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში მოწყალების შესაგროვებლად. მათ შორის იყო თეოფანეც. საქართველოში მისი ყოფნის შესახებ გარკვეულ ცნობებს შეიცავს კახეთში თევდორე ვოლკონსკის (კომენტ. 14) ელჩობის მასალები (1637-1639 წწ.). ელჩთან ერთად მოსკოვიდან ჩამოსულმა მღვდლებმა შეიტყვეს, რომ პატრიარქი თეოფანე საქართველოში 20 წლის წინ, ანუ XVII ს. 10-იან წლებში ჩამოსულა (Материалы по истории грузинорусских взаимоотношений, с.66,97, 371, 393, 405). 1619 წელს ის უკვე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც იმავე წელს პოლონელთა ტყვეობიდან დახსნილი მიტროპოლიტი ფილარეტი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აკურთხა. იხ. აგრეთვე კომენტ. 159).
135. კონსტანტინოპოლის პატრიარქი კირილე ლუკარისი (1621-1638 წწ.). მისი მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის ეკლესიის ისტორიასთან. დონის კაზაკების მიერ 1637 წელს აზოვის აღების შემდეგ თურქებმა პატრიარქი კირილე ერთმორწმუნე კაზაკებთან კავშირში დაადანაშაულეს და სულთან მურად IV -ის განკარგულებით დაახრჩვეს, მისი ცხედარი კი ზღვაში გადააგდეს.
136. იოანე წინამორბედის სახელზე იმპერატორ ლეონ I-ის (457-474 წწ.) კარისკაცის სტუდიოსის მიერკონსტანტინოპოლშიდაფუძნებული მონასტერი; არსებობდა კონსტანტინოპოლის დაცემამდე (1453 წ.) და ცნობილი იყო მთელს ქრისტიანულ სამყაროში. მონასტრის ტიპიკონი, რომელიც IX საუკუნის დასაწყისში შემუშავდა, გარკვეული ცვლილებებითა და დამატებებით მრავალ ქვეყანაში დაინერგა. მასში მეტი ყურადღება მონაზვნური ცხოვრების მოწყობას ეთმობოდა, ვიდრე ღმრთისმსახურებას, რომელიც მოკლე და ნაკლებად საზეიმო უნდა ყოფილიყო.
137. ჰეროდე (ძვ.წ. 62 წელს - ახ.წ. 4 წელი) - იუდეველთა მეფე, რომელსაც მომავალი „იუდეველთა მეფის“ (ქრისტეს) მოკვლის მიზნით, ბეთლემში 14 ათასი ბავშვის მკვლელობა მიეწერება. ჰეროდეს ერთ-ერთი შვილი ანტიფა იოანე ნათლისმცემლის მკვლელია.
138. კიევის დიდი მთავარი სვიატოსლავ იგორის ძე (945-972 წწ.).
139. კიევის დიდი მთავარი იგორი (912-945 წწ.) - რიურიკების დინასტიის ფუძემდებელი.
140. რიურიკი და მისი ძმები (სინეგუსი და ტრუვორი) იყვნენ ვარიაგთა რაზმების მეთაურები, რომლებიც ნოვგოროდელებმა შინა ომების აღსაკვეთად „ზღვის იქიდან მოიწვიეს“. ძმების გარდაცვალების შემდეგ რიურიკი ნოვგოროდის ერთპიროვნული მმართველი გახდა. რუსეთს მისი შთამომავლები (რიურიკოვიჩები) მართავდნენ.
141. რიურიკოვიჩების და რომანოვების (რომლებიც რუსეთს 1613 წლიდან მართავდნენ) რომის კეისრებთან (მათ შორის ავგუსტოს გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანესთან - ძვ.წ. 43 - ახ.წ. 14 წწ.) ნათესაური კავშირის შესახებ ცნობები არ არსებობს. პავლე ზახარიევი ცდილობს რუსეთის სამეფო დინასტიების მნიშვნელობის „ამაღლებას“და ამით „მესამე რომის“ თეორიის „გამაგრებას“.
142. ბიზანტიურ-რუსული დასაბამის (ძვ.წ. 5508წ.) მიხედვით, მეშვიდე ათასწლეულის დასასრული 1492 წელს შეესაბამება (7000 - 5508=1492). Aამიტომ სწორია, რომ რუსეთი 1492 წლის ბოლომდე 504 წლით ადრე, ანუ 988 (1492-504=988) წელს მოინათლა. 988 წლიდან 1640 წლამდეც ნამდვილად 652 წელი იყო გასული. ზემოხსენებული ბიზანტიურ-რუსული დასაბამის თანახმად, 1640 წელი ადამიდან მართლაც 7148 (7148-5508=1640) წელს შეესაბამებოდა. ამ საკითხებზე მღვდელმა პავლემ 1640 წლის 3 მაისს ხობის მონასტერშიც ისაუბრა.
143. ქართულ სამღვდელოებაშიცოცხლობდა ხსოვნა კონსტანტინე დიდის მმართველობის პერიოდში (306-337 წწ.) საქართველოში სასულიერო პირებისა და ქრისტიანული სიწმინდეების გამოგზავნის შესახებ. თუმცა წმინდა ნაწილების უდიდესი ნაწილი საქართველოში, მათ შორის სამეგრელოშიც, კონსტანტინოპოლისდაცემის (1453 წ.) შემდეგ თურქულ ძალადობას გამოქცეულმა სასულიერო პირებმა ჩამოიტანეს (იხ.აგრეთვე: ჯემალ გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა. თბ., 2005, გვ. 223-226).
144. ცოლ-ქმარი ტერენტი და ლეონილა შვიდ შვილთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოებისთვის დასაჯეს რომის იმპერატორ დეკიუსის (249-251 წწ.) მმართველობის ჟამს. შესაბამისად, იმ ნეომილას საქართველოს განმანათლებელ წმინდა ნინო (ნეონილა) კაპადოკიელთან კავშირი არა აქვს.
145. მოციქულთა სწორი წმ. ნინო 335-340 წლებს შორის პერიოდში გარდაიცვალა, დაკრძალულია ს. ბოდბეში (სიღნაღის რაიონი).
146. იგულისხმება მიხეილ VIII პალეოლოგი - ნიკეის იმპერატორი 1252- 1261 წლებში და ბიზანტიის იმპერატორი 1261-1282 წლებში. 1274 წელს მან რომის პაპს გრიგოლ X-ს (1271-127 წწ.) ეკლესიების გაერთიანება შესთავაზა. იმპერატორის წინადადება სიამოვნებით იქნა მიღებული, მაგრამ გაერთიანების წინააღმდეგ მართლმადიდებელმა სამღვდელოებამ გაილაშქრა. მიხეილ VIII პალეოლოგი უნიის მოწინააღმდეგეებს გაუსწორდა. მისმა მემკვიდრემ ანდრონიკ II პალეოლოგმა (1282-1328 წწ.) მამის შეცდომა გამოასწორა. როგორც ცნობილია, საბოლოო განხეთქილება ქრისტიანულ ეკლესიაში 1054 წელს მოხდა, როდესაც ბიზანტიის იმპერატორი იყო კონსტანტინე მონომახი (1042-1055 წწ.), კონსტანტინოპოლის პატრიარქი - მიხეილ კერულარიუსი (1043 - 1058 წწ.), ხოლო რომის პაპი - ლეო IX (1049-1054 წწ.). რომისა და ბიზანტიის ეკლესიებს შორის დაპირისპირებაში რუსეთი იმთავითვე იქნა ჩართული. პაპმა გრიგოლ VII-მ (1073-1085 წწ.) ღიად განაცხადა პრეტენზიები რუსეთზე, რის შემდეგაც რომის ეკლესიის ექსპანსიონისტურ გეგმებში „რუსულმა მიმართულებამ“ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. XIII საუკუნიდან ეს მიმართულება განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებასთან იყო დაკავშირებული. კათოლიკური აგრესიის წინააღმდეგ მაშინ დაწყებული ბრძოლა მხოლოდ 1410 წელს ტევტონთა ორდენის განადგურებით (გრიუნვალდის ბრძოლა) დასრულდა. რუსული მართლმადიდებლობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ფლორენციის უნია (1439 წ.). ფლორენციის კრებას რუსეთიდან ესწრებოდა 200 დელეგატი სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის ისიდორეს ხელმძღვანელობით. უნიის მხარდამჭერი მიტროპოლიტი ჯერ კიევიდან, შემდეგ კი მოსკოვიდანაც განდევნეს. მოსკოვის დიდი მთავრის ვასილ II -ის (1425-1462 წწ.) მტკიცე პოზიციამ გადაარჩინა მაშინ მართლმადიდებლობა რუსეთში. მიუხედავად ამისა, ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთდასავლეთ რეგიონებში კათოლიკები საკმაოდ ძლიერ პოზიციას ინარჩუნებდნენ, რაზეც 1597 წლის ბრესტის უნიაც მეტყველებს (Б.Н.Рам. Папство и Русь в X-XV веках. М.,-Л., 1959). მღვდელი პავლე ზახარიევი და მიტროპოლიტი მიტროფანე ერთმანეთს უყვებოდნენ მათთვის ბუნდოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ.
147. მიხეილ VIII პალეოლოგის მმართველობის წლებში (1261-1282 წწ.) რომის პაპის ტახტზე რვა ადამიანი შეიცვალა; მათ შორის იყვნენ ურბან IV (1261-1264 წწ.), კლიმენტი IV (1265-1268 წწ.), გრიგოლ X (1271-1276 წწ.), ნიკოლოზ III (1277-1280 წწ.), მარტინ IV (1281-1285 წწ.).
148. გაუგებარია, რომელ მეფესა და პატრიარქს გულისხმობს პავლე ზახარიევი: მიხეილ VIII პალეოლოგსა და მის თანამედროვე კონსტანტინოპოლის პატრიარქებს (არსენი, იოსები და იოანე ბეკა) თუ რუსეთის (ვლადიმირის) იმჟამინდელ დიდ მთავრებს ალექსანდრე ნეველიდან (1252-1263 წწ.) დაწყებული დიმიტრი ალექსანდრეს ძეთი (1276-1281, 1283-1294 წწ.) დამთავრებული? ალბათ, არც ერთ მათგანს. ეტყობა, რუსი ელჩი ყვება ყურმოკრული ლეგენდის და არა კონკრეტული ისტორიული ფაქტის შესახებ; ამასთანავე ეშლება ქრონოლოგია, ისტორიული პიროვნებები, რაზეც მიუთითებენ კომენტარები 146, 147, 149, 150.
149. რომის პაპი ფორმოზი (891-896 წწ.). მას ადანაშაულებდნენ არა ერესში (ერეტიკოსი კარულოსი ჩვენთვის უცნობია, შეცდომით, ალბათ, კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიხეილ კერულარიუსი იგულისხმება), არამედ პაპის ტახტის უკანონოდ დაკავებაში. ამისათვის სიკვდილის შემდეგ იგი პაპმა სტეფანე VI-მ (896-897 წწ.) გაასამართლა, მაგრამ ამ უკანასკნელის მემკვიდრემ იოანე IX-მ (898-900 წწ.) ფორმოზს ყველა ბრალდება მოუხსნა (М.М. Шейнман. Папство. М., 1961, с.17; К.А.Иванов. Средневековое папство и его представители. Петроград, 1915, с.112).
150. სავარაუდოდ, საუბარია კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტ ნიკიფორეს (1104-1121 წწ.) შესახებ, თუმცა ის არ იყო არც მიხეილ VIII პალეოლოგის (1261-1282 წწ.) და არც რომის პაპის ფორმოზის (891-896 წწ.) თანამედროვე. მიტროპოლიტ ნიკიფორეს ეკუთვნის „ეპისტოლე ლათინთა შესახებ“, რომელიც მან კიევის დიდ მთავარს ვლადიმერ მონომახს (1113-1125 წწ.) გაუგზავნა. მასში საუბარი იყო ლათინებთან ურთიერთობის, აგრეთვე მათთან ერთად ჭამის, სმის დაუშვებლობაზე. უფროადრე კათოლიკების წინააღმდეგ ილაშქრებდა კიევ-პეჩორის ლავრის იღუმენი თეოდოსი, რომელმაც დაწერა „სიტყვა ქრისტიანული და ლათინური სარწმუნოების შესახებ“. რომის ეკლესიას ებრძოდა აგრეთვე კიევის მიტროპოლიტი გიორგი (1062-1079 წწ.), რომელიც ყურადღებას აქცევდა საკითხის როგორც საეკლესიოსაკულტო, ისე პოლიტიკურ მხარეს (Б.Я.Рам. Папство и Русь X-XV вв., с.60-62, 76).
151. იგულისხმება ხატმებრძოლობა, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ ლეონ III ისავრიელის (717-741 წწ.) დროს წარმოიშვა და 843 წელს იმპერატორ მიხეილ მესამის (842-867 წწ.) დროს დასრულდა.
152. შემდგომში წმინდანად შერაცხული იმ ქართველი ბერის სახელი იყო გაბრიელი.
153. საუბარია ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდის - ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის შესახებ. ვრცლად ამის თაობაზე იხ.: Православная Энциклопедия, т.XXI, с.8-22
154. იგულისხმება რუსული ეკლესიის წმინდანი ანტონ რომაელი (გარდაიცვალა 1147 წელს), ნოვგოროდის მონასტრის დამფუძნებელი და მისი პირველი წინამძღვარი. ლეგენდის მიხედვით, ქვაზე მცურავი ანტონი რომიდან ნოვგოროდში 1106 წელს ჩამოსულა. ის იყო მკურნალი როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგაც; კანონიზებულია 1597 წლის 5 აგვისტოს. 1927 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ წმ. ანტონ რომაელის საფლავი გახსნა, რის შემდეგაც მისი წმ. ნაწილების ადგილმდებარეობა უცნობია.
155. მოსკოვის დიდი მთავარი დიმიტრი ივანეს ძე დონელი (1362-1369 წწ.).
156. წმინდა ალექსი (1304-1378 წწ.), სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი; ხსენების დღე - 12 თებერვალი.
157. წმ. კვირიკეს წმინდა ნაწილები დაცული იყო წალენჯიხის მაცხოვრის მონასტერში. იხ. კომენტ. 92.
158. ეპისკოპოსმა ანდრიამ დრანდის მონასტერში ფედოტ ელჩინს სწორედ მოწამე ბარბარეს ხელები უჩვენა; ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შეცდა არა ეპისკოპოსი, არამედ პავლე ზახარიევი. ეპისკოპოს ანდრიაზე მითითებით, მან შეცდომით ჩაიწერა, რომ 1640 წლის 6 თებერვალს დრანდაში ნახა „ხელის ძვლები მოწამე მარინესი“.
159.1619-1633 წლებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ფილარეტი (თევდორე ნიკიტას ძე რომანოვი) - მეფის მიხეილ თევდორის ძის (1613-1645 წწ.) მამა. იხ.აგრეთვე კომენტ. 134.
160. ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი) მეფე თეიმურაზ I-ის დავალებით 1626-1628 წლებში დიპლომატიური მისიით ევროპაში იმყოფებოდა (კომენტ. 70). საქართველოში 1629 წლის ივლისში დაბრუნდა (გ. აკოფაშვილი. ქართველი დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი - ნიკიფორე ირბახი (XVI ს.). თბ., 1977). უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსკოვში ის 1629 წლის პირველ ნახევარში ჩამოვიდა.
თარგმნა და შენიშვნები დაურთო ჯემალ გამახარიამ

 

Комментариев нет:

Отправить комментарий