суббота, 12 августа 2017 г.

ლევან II დადიანის კაცის - გაბრიელ გეგენავას ელჩობა რუსეთში 1636-39 წლ.

1636 წლის ზაფხულში ლევან II დადიანის მიერ თავისი კარის ეკლესიის მღვდლის გაბრიელ გეგენავას მოსკოვში ელჩად გაგზავნა საქართველოს რთული შიდაპოლიტიკური და მეტნაკლებად მომგებიანი საერთაშორისო მდგომარეობით იყო განპირობებული. ქართველ მეფე-მთავრებს შორის XVII საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისამდე არსებული ერთგვარი ერთობა, რომელიც საგარეო აგრესიის ერთობლივად მოგერიებისა და ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში ოსმალეთთან თანამშრომლობის პოლიტიკურ პლატფორმას ეფუძნებოდა, თანდათანობით დაირღვა. 1618 წელს ირანმა და ქართველთა მაშინდელმა „მოკავშირე“ ოსმალეთმა ხელი მოაწერეს სერაფის საზავო ხელშეკრულებას (რატიფიკაცია 1619 წელს მოხდა), რომლის ძალითაც ფაქტობრივად განახლდა 1555 წლის ამასიის ზავის პირობები საქართველოს ტერიტორიების გადანაწილების შესახებ (ამჯერადაც დასავლეთ საქართველო ოსმალეთს ერგო, აღმოსავლეთი-ირანს). ახალ ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებებიც იქნა შეტანილი - სხვა ტერიტორიების სანაცვლოდ ირანმა სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს დაუთმო. ამიერიდან ოსმალეთი არ, განიხილებოდა ქართველთა საიმედო მოკავშირედ ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. კახეთის მეფის თეიმურაზ პირველის ინიციატივით, იმერეთის მეფემ გიორგი მესამემ (1605-1639წწ.), გურიის მთავარმა მამია გურიელმა (1600-1625წწ.) ორიენტაცია რუსეთისაკენ აიღეს. მათ მიერ 1618 წელს ქართველი ელჩის იღუმენ ხარიტონის ხელით რუსეთის ხელმწიფისადმი გაგზავნილ წერილებში ლევან II დადიანიც ზემოხსენებულ მეფე-მთავართა მოკავშირედ მოიხსენიება. სამეგრელოს მთავარი ესწრებოდა თათბირს, რომელშიც თეიმურაზ I, გიორგი III და მამია გურიელი მონაწილეობდნენ. ოთხთა ამ თათბირმა რუსეთის ქვეშევრდომობის მიღება გადაწყვიტა (Материалы по истории грузино-русских взаимоотношений, с. 43-48). მიუხედავად ამისა, აღნიშნულის თაობაზე პირადად ლევან მეორეს რუსეთის ხელმწიფისთვის წერილი არ მიუწერია, რაც იღუმენი ხარიტონის ელჩობის (1618 წლის 17 ოქტომბერი - 1621 წლის 5 მაისი) მასალების მიხედვით, ახსნილია იმით, რომ „ის მთავარი (ლევან II - ჯ.გ.) მათი თათბირის შემდეგ მყისვე ომში წავიდა“ (Материалы по истории грузино-русских взаимоотношений, გვ. 48). სინამდვილეში, ამ ფაქტით დაფიქსირდა მცირე ბზარი თეიმურაზ პირველისა და მისი მამიდაშვილის ლევან II დადიანის ურთიერთობაში.
საერთო პოლიტიკური პლატფორმის მოშლას ხელი შეუწყო აგრეთვე დინასტიური ქორწინებების შედეგად ჩამოყალიბებული და გამყარებული ნათესაური კავშირების რღვევამ. იმერეთის უფლისწული (შემდგომში მეფე) ალექსანდრე გიორგის ძე მეუღლეს, მამია გურიელის ქალიშვილს თამარს გაეყარა და მოგვიანებით (1629 წელს) თეიმურაზ I-ის ასული შეირთო. შეურაცხყოფილი მამია გურიელი ლევან II დადიანს დაუმოყვრდა სიმონ მამიას ძე გურიელმა ცოლად ლევანის და მარიამი შეირთო. თვითონ ლევან II აფხაზთა თავადის სეტემან შერვაშიძის ქალიშვილზე დარეჯანზე იყო დაქორწინებული. დასავლეთ საქართველო ორ ბანაკად დაიყო (ერთის მხრივ, სამეგრელოს სამთავრო აფხაზეთიანად და გურია, მეორეს მხრივ, იმერეთი), რაც ლევან მეორემ საკუთარი ჰეგემონისტური მიზნებისთვის გამოიყენა. 1622 თუ 1623 წელს მან სასტიკად დაამარცხა იმერეთის მეფე გიორგი მესამე; ამის შემდეგ სამეგრელოს მთავარმა ქმრის ღალატში ეჭვმიტანილი აფხაზი მეუღლე დასაჯა, მას გაეყარა, აფხაზეთიც დალაშქრა და იგი კვლავ საკუთარ იურისდიქციას დაუმორჩილა. აფხაზეთიდან მობრუნებულმა ლევან მეორემ თავისი აღმზრდელი ბიძის გიორგი ლიპარტიანის ახალგაზრდა მეუღლე ნესტან-დარეჯან ჭილაძე შეირთო, რასაც მალე გიორგის გარდაცვალება მოჰყვა. მოვლინების შემდგომ განვითარებაზე გავლენა იქონია ლევან II-ის წინააღმდეგ მოწყობილმა წარუმატებელმა შეთქმულებამ. მისი მთავარი მონაწილეები, მათ შორის ლევანის უმცროსი ძმა იესე და სიძე გურიის მთავარი სიმონი (რომელმაც 1625წ. საკუთარი მამა სიცოცხლეს გამოასალმა და ამ გზით ტახტს დაეუფლა) სასტიკად იქნენ დასჯილნი - ორივეს თვალები დათხარეს; სიმონი იძულებით ბერად აღიკვეცა და სამი წლის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა; გურიის სამთავრო ტახტი კი აფხაზეთის კათალიკოსმა მალაქია II გურიელმა შეითავსა. ამ აქტით გურია ხანგრძლივი დროით ლევან II დადიანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. სამეგრელოსა და გურიის ერთიანობა კი დასავლეთ საქართველოში ლევან II დადიანის ჰეგემონიას უზრუნველყოფდა.
იმავე ხანებში აღმოსავლეთ საქართველოშიც საკმაოდ რთული, მაგრამ ამავე დროს ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა. ირანის მმართველმა შაჰ აბას პირველმა (1587-1629წწ.) ისარგებლა თურქეთის რთული საშინაო პრობლემებით და 1623 წელს მას ბაღდათი წაართვა, 1624 წელს - სამცხე. 1625 წელს ის მარტყოფის ველზე ქართველებთან ომში დამარცხდა, თუმცა იმავე წელს მარაბდასთან რევანში აიღო. ოსმალეთთან ომში ჩაბმულ ირანს ქართველებთან ომის გაგრძელება არ აწყობდა, ამიტომ თეიმურაზს შეურიგდა და იგი ქართლ-კახეთის მეფედ სცნო.
თეიმურაზ პირველის ირანთან შერიგებამ, ხოლო შაჰ აბას პირველთან ომების გმირის გიორგი სააკაძის თურქეთთან დაახლოებამ ამ ორ დიდ მოღვაწეს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გარდაუვალი გახადა. 1626 წელს გარედან ინსპირირებულ ბაზალეთის ძმათამკვლელ ომში გიორგი სააკაძე დამარცხდა. თეიმურაზ პირველმა პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა. 1629 წელს, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მან თავისი ქალიშვილი იმერეთის უფლისწულს ალექსანდრეს შერთო ცოლად. აღნიშნული აქტის შედეგად ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებს შორის მჭიდრო კავშირი დამყარდა, რომელსაც იზოლაციის თავიდან აცილების მიზნით დროებით ლევან II დადიანიც შეუერთდა. შაჰ აბას პირველის გარდაცვალების (1629წ.) შემდეგ ვითარება საქართველოში რამდენადმე შეიცვალა. თეიმურაზ პირველმა ირანისაგან სრული განთავისუფლება მოინდომა, მაგრამ ამ მამულიშვილური მიზნის მისაღწევად 1632 წელს დაწყებულ ომში იგი დამარცხდა. თეიმურაზ პირველი იმერეთში გადავიდა. გამაჰმადიანებული უფლისწული როსტომი ქართლის „ვალად“ დაინიშნა, კახეთის მმართველიც გამაჰმადიანებული ქართველი სელიმ-ხანი გახდა. ამ ახალ ვითარებაში ლევან II დადიანმა როსტომთან და, შესაბამისად, ირანთან დაახლოება გადაწყვიტა. სამეგრელოსა და ქართლის კავშირი დინასტიური ქორწინებითაც განმტკიცდა - 1634 წელს ირანის შაჰ სეფის (1629-1642წწ.) ნებართვით როსტომმა ცოლად შეირთო ლევან მეორის და, შემდგომში ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მარიამ დადიანი. ამ ქორწინებით მეტად კმაყოფილმა შაჰ სეფიმ ლევან მეორეს საჩუქრად 50 ათასი მარჩილი გამოუგზავნა და ათასი თუმნის ოდენობის ყოველწლიური ჯამაგირიც დაუნიშნა.
როსტომისა და მარიამის ქორწინებისთვის ხელის შეშლა გიორგი მესამემ შეიარაღებული რაზმის მეშვეობით სცადა, მაგრამ ბაღდათთან მომხდარი შეტაკებისას ლევან მეორეს ტყვედ ჩაუვარდა და ორი წელი პატიმრობაში გაატარა. ქართული სამეფო-სამთავროები კვლავ ორ ბანაკად დაიყვნენ - ერთის მხრივ, სამეგრელო-გურია-აღმოსავლეთ საქართველო, მეორეს მხრივ, იმერეთი და აღმოსავლეთ საქართველოდან დევნილი მეფე თეიმურაზ პირველი. დაპირისპირება მათ შორის ირანიდან და ოსმალეთიდან იმართებოდა. ერთმანეთთან მოქიშპე ამ ორ ურჩხულს შორის ლავირებისას ქართული სამეფო-სამთავროები ხან ერთ ბანაკში აღმოჩნდებოდნენ, ხან მეორეში, ხან ერთიანდებოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხან კიდევ იმავე მტრის ანკესზე წამოგებულები, ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ასე მოხდა ამჯერადაც. ქართველთა ბუნებრივი ლტოლვა ერთიანობისაკენ მუდმივად ირან-ოსმალეთის წინააღმდეგობასა და მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა ხრიკებს აწყდებოდა.
1635 წელს ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები წამოიწყო, აიღო სამცხე, ერევანი და აზერბაიჯანში შევიდა. კონტრ-შეტევის შედეგად ირანმა ერევანი დაიბრუნა, მაგრამ სამცხის აღება ვერმოახერხა. ამასობაში აჯანყებულმა კახელებმა თეიმურაზ პირველი მეფედ მიიწვიეს, რასაც დროის მოგების მიზნით იძულებით შაჰ სეფიც დაეთანხმა. ამან ირანის პრესტიჟი შელახა და მისი ხელდასხმული ქართლის მეფის როსტომის პოზიციებიც შეარყია.
ტახტის დაბრუნების შემდეგ იმავე 1635 წლის მიწურულს თეიმურაზმა საკუთარი ელჩი ბერძენი მიტროპოლიტი ნიკიფორე მოსკოვს მიავლინა. შექმნილ ვითარებაში, როგორც ქართულ ისტორიოგრაფიაშია აღნიშნული (Н.Т. Накашидзе. Грузино-русские политические взаимоотношения с. 141 და ა.შ.), ლევან II დადიანი პოლიტიკური იზოლაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. იგი ყოველი მხრიდან მტრებით იყო გარშემორტყმული. გარკვეული გადაჭარბების მიუხედავად, სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც მოსკოვში მყოფმა თეიმურაზ პირველის ელჩმა ნიკიფორემ რუსეთის ხელმწიფეს 1636 წლის 2 აპრილს მიაწოდა: „ამბობენ, თითქოს, დადიანმა ერევნისკენ გაილაშქრა, ეს ყველაფერი სიცრუეა. დადიანი ერთი ისეთივე ბეგია, როგორიც ჩერქეზებს ჰყავთ; არსაიდან გზა ერევნისკენ მას არა აქვს, ყველა მხრიდან ჩაკეტილია. თუ ის საკუთარ ქვეყანას დატოვებს და ერევნისკენ წავა, თურქები მაშინათვე მის ქვეყანას დაიკავებენ და ტერიტორიის გარეშე დარჩება. აფხაზები და სვანები მისი მტრები არიან, ფაშა ჩიუკი ხანი - მტერია, კონინ ბეი - მტერია, სეფერ ფაშა - ასევე მტერია, ტრაპიზონის ბეი - ასევე მტერია. დადიანი კი იმ ტერიტორიებს შორისაა მოქცეული. ხოლო რასაც დიდ და აღმატებულ მეფეს ყიზილბაშები ეუბნებიან, ეს ყოველივე სიცრუეა, არავის არასოდეს არ დაუჯერო“ (Материалы по истории грузино-русских взаимоотношений, с. 134). ასეა თუ ისე, ლევან მეორისთვის საფრთხეს ნამდვილად წარმოადგენდა იმერეთ-კახეთის კავშირი, აგრეთვე ჩამოსახლებული აფსუა-აფხაზები, განსაკუთრებით კი ოსმალეთი. ამ უკანასკნელის უკმაყოფილების საფუძველი ირანთან და რუს კაზაკებთან ლევან მეორის კავშირი იყო. შეუძლებელია, სამეგრელოს მთავარი არ შეშფოთებულიყო თეიმურაზ პირველის ზემოაღნიშნული დიპლომატიური ნაბიჯითაც - 1635 წელს თავისი ელჩის მოსკოვში გაგზავნით. ლევან მეორემ, ალბათ, ისიც იცოდა, რომ კახეთის მეფის ვრცელ სიგელში რუსეთის ხელმწიფისადმი სამეგრელოს მთავარი ირანის მოკავშირედ და კახეთ-იმერეთის მტრად იყო წარმოჩენილი (Материалы по истории грузино-русских взаимоотношений, с. 116).
ქართული ისტორიოგრაფიის შეფასებით, ის შიდაქართული და საგარეოპოლიტიკური ფონი, რომელმაც ლევან მეორეს მოსკოვში ელჩის გაგზავნისკენ უბიძგა, ასეთი იყო: 1. სამეგრელოს წინააღმდეგ მიმართული ოსმალური აგრესიის ზრდა (იგულისხმება 1637 წლის 18 მაისს თურქების მიერ დრანდაზე განხორციელებული თავდასხმა); 2. ირანის ერთგვარი დასუსტება; 3. ქართლის მეფის როსტომის არამყარი მდგომარეობა; 4. კახეთის ტახტზე ხელახლა დამკვიდრებული თეიმურაზ პირველის მიერ 1635 წლის დეკემბერში რუსეთში ელჩის გაგზავნა; 5. ყოველივე ამის შედეგად ლევან მეორის პოლიტიკური იზოლაციის საფრთხე (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 334-337; ილია ანთელავა. ლევან II დადიანი, გვ. 93-95, 100; Н. Накашидзе. Грузино-русские политические взаимоотношения, с. 141 და ა.შ.). იმ მიზეზთა შორის, რომლებმაც სამეგრელოს სამთავროდან რუსეთში ელჩის გაგზავნა განაპირობეს, ოსმალური და ირანული ფაქტორების მნიშვნელობა, როგორც გვეჩვენება, მთლად სწორად არ არის შეფასებული. მეცნიერთა განკარგულებაში არსებული წყაროები 1636 წლისთვის ოსმალური აგრესიის ზრდაზე სულაც არ მიუთითებენ. რაც შეეხება დრანდაზე თავდასხმას, ის განხორციელდა არა 1634 (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, გვ. 335; З.В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии. VI-XVIIIвв. Сухуми, 1959, с. 273, и т.д.), არამედ 1637 წელს, როგორც ეს რუსი ელჩების ანგარიშებშია მითითებული. ამიტომ გაბრიელ გეგენავას მოსკოვში გაგზავნასთან თურქეთის ამ აგრესიულ აქტს კავშირი არა აქვს. ამასთანავე, ეს იყო მხოლოდ ერთჯერადი, შედარებით მცირე მასშტაბის ლოკალური სადამსჯელო ოპერაცია. იმ დროისთვის არც ირანი ჩანდა დიდად დასუსტებული. პირიქით, მან მოიგერია თურქეთის აგრესია და წარმატებული კონტრშეტევის შედეგად ერევანიც კი დაიბრუნა. უფრო სწორი უნდა იყოს დასკვნა ორი მეომარი სახელმწიფოს ძალების გამოფიტვის შესახებ; იმის თაობაზე, რომ 1636 წლისთვის ორივე აგრესორ ქვეყანას შორის გარკვეული წონასწორობა, ძალთა ბალანსი დამყარდა. არც ერთ მხარეს მოწინააღმდეგის განადგურების უნარი არ შესწევდა; არც ერთს და არც მეორეს სამეგრელოსთვის და სხვა ქართული პოლიტიკური ერთგულებისთვის მაშინ არ ეცალა. სწორედ ამ ხელსაყრელი საგარეო პირობებისა და ქართულ ისტორიოგრაფიაში მითითებული სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, მიიღო ლევან II დადიანმა მოსკოვში ელჩის გაგზავნის გადაწყვეტილება. ოსმალური აგრესიის საფრთხე რომ ყოფილიყო რუსეთში ელჩის გაგზავნის ერთ-ერთი მიზეზი, მაშინ ლევან II ასეთ ელჩობას მოსკოვში 1639 წელს მიავლენდა, როდესაც თურქეთ-ირანის ხანგრძლივი ომი საქართველოსათვის დამღუპველი ზავით დასრულდა და ოსმალური აგრესიის საფრთხე სავსებით რეალური გახდა. იმ ზავის დადებისა და ოსმალური აგრესიის საფრთხის გაზრდის პირობებში ლევან მეორემ, პირიქით, ზურგი შეაქცია რუსეთს, რაც სამეგრელოში ჩამოსული რუსი ელჩებისადმი დამოკიდებულებაში, მომავალში კი მოსკოვთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტაში გამოიხატა. გარდა ამისა, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში რუსეთთან ურთიერთობის დამყარების გარდა, ლევან მეორეს ოსმალური აგრესიის თავიდან აცილების ყველა სხვა გზა თითქოს მოჭრილი ჰქონდა. ახალ ვითარებაში მას შეეძლო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, საგარეო ორიენტაციის ვექტორი ირანიდან კვლავ ოსმალეთისაკენ შემოეტრიალებინა და ამით საკუთარი თავიც გადაერჩინა და სამთავროც. ეტყობა, ქრისტიანული რუსეთისაგან, რომლისკენაც ასე ისწრაფოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები, ლევან მეორის ბაბუა ალექსანდრე II (1587 წელს რუსეთის მეფის თევდორე ივანეს ძის ერთგულებაზე დაიფიცა), ბიძა - დავით ალექსანდრეს ძე (1602 წელს რუსეთის მეფის ბორის გოდუნოვის ერთგულებაზე დაიფიცა), ბიძაშვილი - თეიმურაზ I (1602 წელს მამასთან, დავით ალექსანდრეს ძესთან ერთად მეფის ბორის გოდუნოვის, 1639 წელს კი მეფის მიხეილ თევდორეს ძის ერთგულებაზე დაიფიცა), აგრეთვე სამღვდელოება და მოსახლეობა (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 144 - 146, 244, 320 და ა.შ), სამეგრელოს მთავარს თვითგადარჩენაზე ბევრად უფრო მეტის მიღება სურდა, ვიდრე მიიღებდა თუნდაც მტკიცე ოსმალური თუ ირანული ორიენტაციის შემთხვევაში. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს „თვითგადარჩენაზე ბევრად უფრო მეტი“?
როგორც ცნობილია, ლევან II დადიანის მიერ საკუთარი ელჩის რუსეთში მივლინებამ თეიმურაზ პირველი უკიდურესად შეაშფოთა, რაც კარგად ჩანს 1639 წლის 25 აპრილს მისი ელჩის მიტროპოლიტ ნიკიფორეს ხელით მოსკოვში ხელმწიფის სახელზე გაგზავნილი წერილიდან. თეიმურაზ პირველი თავის მამიდაშვილს უმძიმეს ბრალდებებს უყენებდა; არც მეტი, არც ნაკლები, ქრისტიანობის მტრად, საქართველოში არსებული არეულობების მოთავედ, სულთანთან და შაჰთან თეიმურაზის ურთიერთობების გაფუჭების მიზეზად აცხადებდა. ის აგრეთვე წერდა, რომ ახლა, როცა დადიანის ელჩი მოსკოვში ჩავიდა, „თქვენი მეფური უდიდებულესობის ჩემთან წაკიდება დაიწყო“. თავისი ელჩი კი ლევან მეორემ, თითქოს თეიმურაზ პირველის მიერ მოსკოვში ელჩის გაგზავნის შემდეგ „დიდი სიძულვილისა და შურის გამო“ რუსეთში მიავლინა; ამიტომ ხელმწიფე ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რათა სამეგრელოს ელჩს იგი არ მოეტყუებინა. გარდა ამისა, მეფე თეიმურაზი რუსეთის ხელმწიფეს ლევან II დადიანის ნამდვილი მიზნების შესახებ აცნობებდა: „დადიანს სურს ივერიის ქვეყანაში მეფის ხელისუფლება მოსპოს და ივერიის ქვეყნის ერთადერთი მეფე თვითონ იყოს“.
ლევან მეორის, მისი მიზნების შესახებ ზუსტად იგივე შეფასებები და მოსაზრებებია განმეორებული თეიმურაზ პირველის 1640 წლის 22 იანვრის წერილშიც რუსეთის ხელმწიფისადმი (Переписка…, с. 22-23, 42-43.). არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზნის მიღწევაც სურდა ლევან მეორეს, როდესაც რუსეთში თავის ელჩს აგზავნიდა.
ასეთ შემთხვევაში ისმის კიდევ ერთი კითხვა: რამდენად შეესაბამება რეალობას, რომ ლევამ II დადიანი სწორედ საქართველოს გაერთიანებისთვის იბრძოდა? ამ კითხვაზე თუნდაც ჰიპოთეზის დონეზე პასუხის გასაცემად უპრიანი იქნება გავიხსენოთ ლევან II დადიანისა და გიორგი სააკაძის ურთიერთობები. ჩვენი ვარაუდით, საკუთარი ბიძაშვილის თეიმურაზ I-ის წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოს გაერთიანების იდეა იყო ის საერთო პლატფორმა, რომელიც სამეგრელოს მთავარს თავის დროზე გიორგი სააკაძესთან აკავშირებდა. ილია ანთელავამ, მიმოიხილა რა დიდი მოურავისა და ლევან II დადიანის ურთიერთობების ისტორია, გამოთქვა საკმაოდ საინტერესო მოსაზრება: „ყველა მონაცემია ვიფიქროთ, რომ დიდ მოურავს სიცოცხლის ბოლო ხანებში ოდიშის მთავარი უნდა მიეჩნია რეალურ დასაყრდენ ძალად. თვით ლევანი, პატივმოყვარე, ფართო პრეტენზიებისა და გეგმების მქონე პიროვნება, უეჭველად დაინტერესებული იქნებოდა გამოჩენილ სარდალთან პოლიტიკური თანამშრომლობით“ (ი. ანთელავა. ლევან II დადიანი, გვ. 79). არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მომავალ გაერთიანებულ საქართველოში, ამ ორი დიდი მოღვაწის გეგმის მიხედვით, კახთა მეფის ალექსანდრე II-ის ერთი შვილიშვილის თეიმურაზ I-ის იმავე მეფის მეორე შვილიშვილით ლევან II დადიანით ჩანაცვლება ყოფილიყო გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში თეიმურაზ პირველის მონაწილეობის გარეშე და მაშინდელი საერთაშორისო ვითარების პირობებში ასეთი გეგმის, თუ ის ნამდვილად არსებობდა, რეალურობა-არარეალურობაზე, კანონიერებაუკანონობაზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
ლევან II დადიანის გეგმების მიმართ ილია ანთელავას ზოგად მოსაზრებას მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) ავითარებს. ქართულ სამეფო დინასტიაში შექმნილი ვითარების (წმ. მეფის ლუარსაბ მეორის მკვლელობა და ქართლის კანონიერი სამეფო დინასტიის მმართველობის შეწყვეტა, თეიმურაზ პირველის კახეთიდან პერიოდულად გაძევება, იმერეთის სამეფო დინასტიის შერყევა და ა.შ.) მიმოხილვის შემდეგ იგი ასკვნის: „რადგანაც აღმოსავლეთ საქართველოს, ვითარცა სპარსეთის ხელდებულ ქვეყანას, არ შეეძლო ყოფილიყო საქართველოს პოლიტიკური გამაერთიანებელი, ხოლო იმერეთის სამეფო დასუსტებული იყო, ლევან II დადიანი საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს გაერთიანებას ჩაუდგა სათავეში“ (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. „ხელმწიფე ივერიისა“ - ლევან II დადიანი, ქართული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის, „ქართველობის“ დამცველი. თბ., 2006, გვ. 3-4). მიტროპოლიტ ანანიას აზრით, იმ პერიოდისთვის სამეგრელო ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული თვალსაზრისით დაწინაურებული რეგიონი იყო მაღალი ზოგადქართული თვითშეგნების მქონე მოსახლეობითა და მთავრით; ლევან მეორემ მოახერხა მთელი დასავლეთ საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. „მაშასადამე, - ასკვნის მიტროპოლიტი ანანია, - სუვერენული საქართველოს ერთადერთი ფაქტიური მეპატრონე იყო ლევან დადიანი“, რომელიც ცაიშურ გულანში თავის თავს ასე მოიხსენიებდა: „ხელმწიფეთა ხელმწიფე დადიანი ლეონ ყოვლისა საქართველოთა პატრონი“ (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. „ხელმწიფე ივერსიისა“, გვ. 4). აღნიშნული მინაწერი ლევან მეორის ამბიციებზე და მიზნებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

ყოველივე ამის შემდეგ უსაფუძვლო არ უნდა იყოს მოსაზრება, რომ XVII საუკუნის 30-იან წლებში, როცა ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ლევან მეორემ თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან დაკავშირებით ნიადაგის მოსინჯვა გადაწყვიტა, რისთვისაც ახალი ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა. ცხადია, იგი დარწმუნებული იყო, რომ ირანი და ოსმალეთი საქართველოს გაერთიანების საქმეში მისი მხარდამჭერები არასოდეს იქნებოდნენ. საქართველოს ორად გაყოფისა და მისი შემდგომი დაქუცმაცების მთავარ შემოქმედთა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება, ეტყობა, ლევან მეორემ ივერიის გაერთიანებისთვის ხელსაყრელ მომენტად ჩათვალა და ნიადაგის მოსასინჯად თავისი ელჩი მოსკოვს მიავლინა. სამეგრელოს მთვარის მიერ გაბრიელ გეგენავას ხელით რუსეთის ხელმწიფისათვის გაგზავნილი სიგელი, რომელიც წინამდებარე კრებულში ქვეყნდება, აღნიშნულ ვერსიას ამყარებს.
ამასთანავე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ირგვლივ განვითარებული საერთაშორისო ურთიერთობები, აგრეთვე ლევან მეორის შიდაქართული პოლიტიკის ცალკეული ასპექტები (საქართველოსთვის თავდადებულ და კანონიერ მეფესთან თეიმურაზ პირველთან მტრული დამოკიდებულება, აგრესია იმერეთის წინააღმდეგ, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი საზღვრებისადმი არასათანადო ყურადღება და ა.შ.) საქართველოს გაერთიანებას ხელს არ უწყობდნენ.
მასალა რუსული საარქივო დოკუმენტების მიხედვით მოამზადა ჯემალ გამახარიამ
* * *
მღვდელ გაბრიელ თევდორეს ძე გეგენავას ელჩობა სადადიანოს ქვეყნიდან მოსკოვში. 1636 წლის 24 ივლისი - 1639 წლის 24 მაისი.
1. ცნობა სამეგრელოს სამთავროს ელჩის გაბრიელ გეგენავას ციხე-ქალაქ თერგში(1) ჩამოსვლის შესახებ (1636 წლის 24 ივლისი - 11 აგვისტო)
ხელმწიფეს, მიხეილ თევდორეს ძეს(2), შენი ყმები ვასკა რომოდანოვსკი, ივაშკო ბესტუჟევი და კალისტრატკო ჟეხოვი(3) უმორჩილესად მოგიკითხავთ. მიმდინარე 144 {1636} წლის 24 ივლისს, ხელმწიფევ, ჩვენთან, შენს ყმებთან, ყაზის ყაბარდოდან ალეგუკასა(4) და მისი ძმებისგან უზდენები ბეშტაჩკო და ბატარხანკო ჩამოვიდნენ. გამოკითხვისას კი, ხელმწიფევ, ჩვენ, შენს ყმებს, გვითხრეს: ალეგუკო მურზამ თავის ძმებთან ერთად ჩვენ, შენს ყმებს, რომ მის, ალეგუკას, ყაბარდოში სადადიანოს ქვეყნის ელჩი მისულა, რომელიც თურმე შენთან, მიხეილ თევდორეს ძევ, მოემართება. ჩვენ, შენმა ყმებმა, სტრელეცთა ასისთავი რომან ლიხაჩევი ამხანაგებთან ერთად გავგზავნეთ და ვუბრძანეთ მას, ხელმწიფევ, ყაზის ყაბარდოში მისვლისას ის ელჩი გამოკითხოს, ვინ არის იგი, რომელი ქვეყნიდანაა და რა ჰქვია მას. ვუბრძანეთ, რომ გამოკითხვის შემდეგ იგი თან წამოიყვანოს და ციხე-ქალაქ თერგში ჩამოვიდნენ. 11 აგვისტოს, ხელმწიფევ, ჩვენთან, შენს ყმებთან, კაზის ყაბარდოდან სტრელეცთა ასისთავი რომან ლიხაჩევი, მასთან ერთად კი, ხელმწიფევ, სადადიანოს ქვეყნის ელჩი და მასთან, ხელმწიფევ, მისი კაცი და მათთან ერთად ალეგუკას უზდენი ტოშოვკა ჩამოვიდნენ. ჩვენ, ხელმწიფევ, შენმა ყმებმა, ბრძანება გავეცით, ელჩი დაებინავებინათ და მოვითხოვეთ ასევე იგი ჩვენს წინაშე ვოევოდას კანცელარიაში წარმოედგინათ. სადადიანოს ელჩი, ხელმწიფევ, ჩვენ, შენი ყმების, წინაშე ვოევოდას კანცელარიაში წარმოსდგა. გამოკითხვისას კი, ხელმწიფევ, ჩვენ, შენს ყმებს, გვითხრა: მას თურმე გაბრიელი ჰქვია, ხოლო გამოგზავნილი ყოფილა სადადიანოს ქვეყნიდან თავისი ხელმწიფის, იმ ქვეყნის მფლობელის ლევანის(5) მიერ შენთან, მიხეილ თევდორეს ძევ, ბარათით. მათი ქვეყნის მფლობელი ლევანი კი ბერძნული აღმსარებლობის ყოფილა; მათი და საქართველოს სარწმუნოება თურმე ერთია. მათი ქვეყანა კი დაპყრობილია და თურქეთის მეფეს ხარკს უხდისო. ჩვენ, შენმა ყმებმა, გამოვკითხეთ რა ის ელჩი, ვბრძანეთ საკვების მიცემა შენი წინანდელი ხელმწიფებრივი ბრძანებულების მიხედვით, ხოლო შენთან, მიხეილ თევდორეს ძევ, მისი გამოშვების უფლება შენი ხელმწიფებრივი ბრძანების გარეშე არა გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, შენი ყმები, როგორც შენ გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით.
145 {1636} წლის 18 დეკემბერს ხელმწიფემ, მოისმინა რა ეს ამონაწერები, ხელმწიფის სიგელის თერგში გაგზავნა ბრძანაო, რათა დადიანის ელჩი მოსკოვში გამოეშვათ.
1.1. საქართველოს ელჩის მიტროპოლიტ ნიკიფორეს(6) ჩვენება სადადიანოს ქვეყნის შესახებ (საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სახელმწიფო არქივი. საქართველოს საქმეები. ს. კ2/6 ს. #1-1636 წ. დეკემბერი -1639 წ. მაისი)
ხელმწიფის, მიხეილ თევდორეს ძის, ბრძანებით სათათბიროს დიაკებმა თევდორე ლიხაჩევმა და მაქსიმე მატიუშკინმა ჭეშმარიტების დასადგენად პრისტავს თევდორე შიშკინსა და თარჯიმანს ივანე დმიტრიევს უბრძანეს, დადიანის იმ ელჩის შესახებ ქართველი ელჩი მიტროპოლიტი ნიკიფორე გამოეკითხათ: სად მდებარეობს ის სადადიანოს ქვეყანა, რომელ სახელმწიფოებს ესაზღვრება, ვინ არის იქ მმართველი, დამოუკიდებლები არიან თუ რომელიმე ხელმწიფის ქვეშევრდომები, რომელი სარწმუნოება აქვთ, რა ხარობს იქ, რა საქონელი აქვთ, რამდენად დიდია ის ქვეყანა, რა ზნის ხალხია და რამდენია მოსახლეობა. პრისტავი თევდორე შიშკინი და თარჯიმანი ივანე ქართველ ელჩთან მიტროპოლიტ ნიკიფორესთან მივიდნენ და გამოკითხეს. ქართველმა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ კი გამოკითხვისას თქვა, რომ სადადიანოს სამფლობელო თბილ ქვეყანაში, აღმოსავლეთსა და სამხრეთს შუა მდებარეობს; ერთი მხრიდან შავი ზღვა ესაზღვრება, მეორე მხრიდან - თურქეთის მეფის ქვეყანა, მესამე მხრიდან - ყიზილბაშთა შაჰის ქვეყანა, ხოლო მეოთხე მხრიდან - მთიული ჩერქეზეთი. სატახტო ქალაქი არა აქვთ, დაბებში ცხოვრობენო. მათ მმართველ მთავარს ლევანს ეძახიან, საცხოვრებლად ადგილმონაცვლეობით სხვადასხვა დაბაში გადადისო. რწმენა მათი ბერძნულია, საერთოა ქართულ სარწმუნოებასთან, მაგრამ რამდენადმე შერყვნილიაო; ენა განსხვავებულია(7), დამკვიდრებულია ერთცოლიანობა. აქვთ ეკლესია-მონასტრები, ჰყავთო ეპისკოპოსები, შავი და თეთრი სამღვდელოება. თურქეთის მეფის დაქვემდებარებაში იმყოფებიან, ხოლო როდიდან ექვემდებარება, ეს მან არ იცის. ხარკად თურქეთის მეფეს ყოველწლიურად ორივე სქესის ას-ასი ადამიანი მიჰყავს და 80 000 სხვადასხვა ქსოვილი მიაქვსო. მათი ქვეყანა დიდი არ არის, მამაკაცები მათ ქვეყანაში 60000-მდე იქნებიანო; საომრად არსად დადიან და ამიტომ არავითარი ზარბაზნები და თოფები არა აქვთ. მათგან ახლოს ქართული ქვეყნები(8) მდებარეობს, მათ შორის კი ბაშიაჩუკთა ქვეყანაა (იმერეთი-ჯ.გ.), რომელიც ასევე ქართული სარწმუნოებისაა, მაგრამ დამოუკიდებელიაო. იმათი წესის მიხედვით, მათი მთავარი, ლევანი, ან სხვა, ვინც იქნება, იმ ქვეყნიდან ვისაც უნდა, იმას გაყიდის სხვა ქვეყანაში ან გააჩუქებსო. ასეთი უფლება იქ არა მხოლოდ მთავარს აქვს, - მამასაც შეუძლია შვილი გაყიდოს, ძმას - ძმა, ქმარს - ცოლი და ცოლს - ქმარი, ანდა ჩამოსულ ვაჭრებს საქონელში გადაუცვალონო. ფული მათ არა აქვთ, ქსოვილითა და სხვადასხვა საქონლით ვაჭრობენო. შიშვლები დადიან, მარტო სასირცხო ადგილებს იფარავენ. როდესაც მიტროპოლიტი ნიკიფორე თავისი ქვეყნიდან წამოვიდა, მისი ხელმწიფე, საქართველოს მეფე თეიმურაზი(9), სადადიანოს მთავართან, ლევანთან უბრად იყოო იმის გამო, რომ ამ ლევანმა თავის სიძეს თვალები დათხარა(10), მკვიდრი და კი ყიზილბაშთა შაჰს(11) მიათხოვა. მანვე მოკლა ბიძამისი - მამამისის მკვიდრი ძმა, იგი სიკვდილით დასაჯაო(12); იმისი ცოლი, თავისი ბიცოლა კი, თვითონ მოიყვანა ცოლად, ხოლო საკუთარი ცოლი სიკვდილით დასაჯა(13). მათ ქვეყანაში მარცვლეულებიდან ხორბალი, შვრია, ქერი, ფეტვი, კანაფი მოდისო, ჭვავი კი არ არისო; ღვინო სხვადასხვანაირი აქვთ; უმთავრესად ფეტვის ფაფას [ღომს] ჭამენ, პურს კი არ აცხობენ. უცხო ქვეყნებიდან მათთან შავი ზღვით სხვადასხვა საქონელი შემოდის, ამათგან კი ყიდულობენ ცვილს, ფრიასულ ღვინოს, ნაქსოვ ტილოს, რომელსაც რუსეთში კოლენსკიეს უწოდებენ, ნაქსოვს, რომლისგანაც მეთევზეები ბადეს აკეთებენ. ამ ტილოს და ნაქსოვს ისინი კანაფისგან ამზადებენ და არა სელისგანო. ეს კანაფი კი, თურმე მათთან, სადადიანოს ქვეყანაში, ხარობს.
2. შიკრიკი ათანასე იევსკის ჩვენება საელჩო პრიკაზში
147 [1638] წლის 15 ნოემბერს სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფესთან და დიდ მთავართან მიხეილ თევდორეს-ძესთან თერგიდან შიკრიკი, ურიადნიკი ათანასე იევსკი საჩქაროდ ჩამოვიდაო. საელჩო პრიკაზში გამოკითხვისას მან თქვა, რომ იგი თერგიდან გასულ 146{1638} წელს, პეტრე-პავლობის მარხვის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე, ხუთშაბათს ხელმწიფესთან წერილებით გამოგზავნეს. მასთან ერთად ხელმწიფესთან გამოგზავნილია სადადიანოს ქვეყნის ელჩი გაბრიელი, რომელსაც ერთი კაცი ახლავსო. ის ელჩი მოსკოვის გარეუბანში, მოსკოვიდან ოცდახუთიოდე ვერსში მდებარე ხუპავნაში დარჩა და ხელმწიფესთან მას დღეს საღამოსთვის უნდა ველოდოთო. თან მოაქვს წერილი ხელმწიფესთან, ხოლო რა საქმეზე მოდის, ეს მისთვის, ათანასესთვის, უცნობია. არც საუბარში გაუგონია მისგან რაიმე სახელმწიფო საქმის შესახებ, თუ რა საქმეზეა გამოგზავნილი ხელმწიფესთან. რუსული არ იცის, თავის ენაზე საუბრობს; აცხადებს, რომ ქრისტიანული რჯულისაა, ღმრთისადმი ჩვენი რწმენისაებრ ლოცულობს. სურსათი მას ქალაქებში საგზაო წერილის მიხედვით ეძლეოდა. საგზაო წერილში კი ამ შიკრიკს უწერია: გაბრიელ ელჩს დღეში ოთხი ალტინის საჭმელი, ხუთი თასი ღვინო და ნახევარი ვედრო თაფლი მიეცეს. მის კაცს დღეში 6 ფული (ერთი ალტინი - ჯ.გ.) და ორი თასი ღვინო ეძლეოდა; შიკრიკს, ურიადნიკს, ათანასე იევსკის კი რვა ფული, თარჯიმან ოსიპკა ოსიპოვს, რომელიც მას სათარჯიმნოდ გამოაყოლეს, 6 ფული დღეში. ამჟამად ის თარჯიმანი იმ ელჩთან დარჩა ხუპავნაში. თევდორე ვოლკონსკის შესახებ კი, რომელიც ხელმწიფის ბრძანებულებით საქართველოში იყო გაგზავნილი, შემდეგი გვიამბო: თავადი თევდორე საქართველოში 146{1637} წელს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის (14) შემდეგ გამგზავრებულადა უკანვე დაბრუნებულა (15). გზაში ვიღაც უცნობ ჯარისკაცებს მისთვის საქართველოსკენ წასვლის უფლება არ მიუციათ. მერე კი, როცა იგი, ათანასე, იმ ელჩთან ერთად თერგიდან გამოუმგზავრებიათ და როცა ისინი ასტრახანში ჩამოსულან, მისთვის, ათანასესთვის, ცნობილი გამხდარა, რომ იმ თავად თევდორე ვოლკონსკის წასაყვანად საქართველოს მეფეს თერგში თავისი ხალხი გამოუგზავნია. მარიამობის მარხვის დღეებში იმ ხალხს თევდორე თერგიდან საქართველოში წაუყვანია.
ყალმუხები კი მის იქ ყოფნაში ასტრახანს არ მიახლოებიან და გზაშიც არაფერი სმენია არც ყირიმის მეფის ჯარისკაცებზე, არც ნოღაელ მურზებზე(16). ხოლო მას, ათანასეს, თერგიდან ასტრახანამდე სანაოსნო გზით, ხომალდით უმგზავრია; ასტრახანიდან სარატოვამდეც ასევე სანაოსნო გზით უმგზავრია; სარატოვიდან სტეპების გავლით ტემნიკოვამდე, ტემნიკოვიდან კასიმოვამდე(17), ასევე კასიმოვიდან ვლადიმირამდე - ცხენებით. გარდა ამისა, საკუთარი თავის შესახებ მას არაფერი მოუყოლია.
მოსკოვში სადადიანოელი ბერძნულ მეტოქში დააბინავეს, რომელიც ბაზარში მეორადი ტანსაცმლის გასაყიდი ადგილის შემდეგ მდებარეობს. თევდორე ბასკაკოვს ნაბრძანები აქვს იყოს მის პრისტავად; ნაბრძანებია, მასთან დაცვისთვის ხუთი მოსკოველი სტრელეცის, შიკრიკის მოვალეობის შესასრულებლად კი საერობო სასახლის დარაჯის დაყენება.
3. ელჩ გაბრიელ მღვდლის დაკითხვა საელჩო პრიკაზში
სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფემ და დიდმა მთავარმა მიხეილ თევდორეს-ძემ ბრძანა, სადადიანოს ქვეყნის ელჩი გაბრიელი 147{1638} წლის 16 ნოემბერს საელჩო პრიკაზში სათათბიროს დიაკებთან თევდორე ლიხაჩევთან, მაქსიმე მატიუშკინთან, გრიგოლ ლვოვთან გამოცხადებულიყო და მათ შემდეგზე დაეკითხათ: ვისგან არის ხელმწიფესთან გამოგზავნილი, აქვს თუ არა თან სიგელი და სიტყვიერად გადმოსაცემი ბრძანება, ვინ არის მათი ქვეყნის მთავარი და რა ხდება მათთან?
იმ დღეს სადადიანოს ელჩი საელჩო პრიკაზში დიაკებთან გამოცხადდა. მასთან საელჩო პრიკაზის თარჯიმანი ფედოტ ელჩინი გაიგზავნა.
როდესაც საელჩო პრიკაზის დარბაზში ელჩი შევიდა, დიაკებმა ის მოიკითხეს: გზაში მშვიდობით თუ იმგზავრა და დიდი ხანია თუ არა, რაც თავისი ქვეყნიდან გამოემგზავრა?
გაბრიელ ელჩმა მიუგო: ღმრთის წყალობითა და ხელმწიფის შეწევნით მან მშვიდობიანად იმგზავრა. თავისი ქვეყნიდან კი იგი გასულ 144 [1636] წელს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების მარხვის დღეებში გამოემგზავრა და თერგში ორი წელი შეყოვნდა(18); ხელმწიფესთან ვოევოდებმა იგი დიდხანს არ გაუშვეს. დიაკებმა ჰკითხეს: რა საქმეზეა იგი თავისი ხელმწიფისგან მის მეფურ უდიდებულესობასთან გამოგზავნილი და აქვს თუ არა თან სიგელი და, სიგელის გარდა, სიტყვიერი ბრძანება?
გაბრიელ ელჩმა თქვა: თავისი ხელმწიფის მიერ მის მეფურ უდიდებულესობასთან ის სიგელით და სიტყვიერი თხოვნით არის გამოგზავნილი. მას ნაბრძანები აქვს სიგელი და სიტყვიერი თხოვნა ხელმწიფეს პირადად გადასცეს; ნაბრძანები აქვს, რომ დანაბარები მხოლოდ ხელმწიფეს უთხრას; ხელმწიფის გარდა კი სხვა ვინმესთვის სიგელის გადაცემის, ან საქმეზე საუბრის უფლება არა აქვს.
დიაკებმა მას უთხრეს, რომ ის სიგელი მათთვის ეჩვენებინა; მას ისინი არ გამოართმევდნენ, მხოლოდ ნახავდნენ, რათა შეძლებოდათ მისი მეფური უდიდებულესობისათვის ამის შესახებ მოეხსენებინათ. ხოლო როცა იმის დრო დადგება, რომ მისი მეფური უდიდებულესობა პირადად ინებებს ელჩის მიღებას, მაშინ ხელმწიფეს თვითონ გადასცემს სიგელსაც და სიტყვიერ დანაბარებსაც, რაც თავისი მეფისაგან აქვს დავალებული.
ელჩმა გაბრიელმა სიგელი აჩვენა; სიგელი ფურცლის ორივე გვერდზეა დაწერილი, ერთ გვერდზე ბერძნულად, მეორეზე - ქართულად. დიაკებმა ელჩს ჰკითხეს: რატომ არის სიგელი ასეთნაირად შედგენილი?
ელჩმა მიუგო: სიგელი ორ ენაზე იმიტომ არის დაწერილი, რომ მის მეფურ უდიდებულესობას მისი გადათარგმნა შესძლებოდა, რათა ხელმწიფე გაეცნოს იმას, რაც მასში წერია. დიაკებმა თქვეს: ჩვენი ხელმწიფე დიდია და მის მეფურ უდიდებულესობას ყველანაირი ხალხი ჰყავს, რომელ ენაზეც არ უნდა ყოფილიყო დაწერილი, მაინც გადათარგმნიდნენ.
სიგელი დაათვალიერეს, ელჩს უკან დაუბრუნეს და ჰკითხეს: მისი ხელმწიფე წერილში თავს როგორ მოიხსენიებს - მეფედ თუ მთავრად; რა სარწმუნოებისაა და რომელი ეროვნების; დამოუკიდებელია თუ ვინმეს ქვეშევრდომი და თუ ქვეშევრდომია, უხდის თუ არა ხარკს იმ ხელმწიფეს, რომლის ქვეშევრდომიცაა; თუ უხდის, მაშინ რით უხდის; მათი სახელმწიფო რომელ სახელმწიფოებს ესაზღვრება და საქართველოს მეფე თეიმურაზი მათგან შორს არის თუ არა; აქვს თუ არა მის ხელმწიფეს ქალაქები და თუ აქვს, როგორი - ქვის თუ ხის, ქალაქებში არის თუ არა სამხედრო შეიარაღება, დენთი და ტყვია; ვისთან უხდებათ ომი; როგორ პურს თესენ და რა მოდის მათ მიწაზე, რა ბოსტნეული და საქონელი აქვთ, რომელ ქვეყნებთან და რით ვაჭრობენ, რას აწარმოებენ მათ ქვეყანაში, რა მხატვრული ნაწარმი აქვთ და რანაირ ტანსაცმელს იცვამს მათთან სხვადასხვა ფენის ხალხი?
გაბრიელ ელჩმა თქვა: მათი ხელმწიფე მათივე ენაზე ხანტიპა (ხელმწიფე - ჯ.გ.) ლევანად იწერებაო, რუსულად კი - მეფე ლევანად. რწმენა მათ ქრისტიანული აქვთ - იგივე, რაც [აღმოსავლეთ] საქართველოში და წიგნებიც იგივეა, რაც ქართული, თუმცა ერთმანეთში სასაუბრო თავისი ენა აქვთო(კომენტ.7-ჯ.გ.). საღმრთო ეკლესიები და მონასტრებიც ბევრი აქვთ. უმაღლესი საეკლესიო იერარქი კი მათი პატრიარქი მალაქია(19) არისო; მიტროპოლიტებიც, მთავარეპისკოპოსებიც, ეპისკოპოსებიც, არქიმანდრიტებიც, იღუმენებიც და მღვდლებიც ჰყავთო. პატრიარქი მალაქია კი პინჩიუსკის მიძინების მონასტერში(20) ცხოვრობს, ასევე მონასტრებში ცხოვრობენო მიტროპოლიტებიც, ეპისკოპოსებიც, არქიმანდრიტებიც და იღუმენებიც. ეს გაბრიელი თვითონ მღვდელია და მეფე ლევანის კარის ეკლესიაში მსახურობს; იგი თურმე სასახლეში, კარის ეკლესიაში ღვთისმსახურებასაც ასრულებსო. მათი სადადიანოს ქვეყანა დიდია და ფართო, მეფე ლევანი - დამოუკიდებელიაო. ადრე კი მათი ქვეყანა თურქეთის დაქვემდებარებაში ყოფილა, როცა ქვეყანას ლევანის ბაბუა და მამა მართავდნენ. მამის გარდაცვალების შემდეგაც, როცა ის პატარა დარჩენილა, თურქეთს უხდიდნენ ხარკს ქსოვილებით. ახლა კი უკვე ოცი წელია, რაც მეფე ლევანი სადადიანოს ქვეყანას დამოუკიდებლად მართავს, არავისი ქვეშევრდომი არ არის და თურქეთს ხარკს აღარ უხდისო(21). მათ ქვეყნას ესაზღვრება თურქეთი, საყიზილბაშო და ქართლი. თეიმურაზ მეფე მათთან ახლოს არ არის, მათ შორის ორი სახელმწიფოა - იმერეთისა და ქართლის. მის (სამეგრელოს - ჯ.გ.) ხელმწიფეს ქვეყნის შიდა ნაწილში ქვისგან ნაგები ხუთი ქალაქი (ციხე-სიმაგრე-ჯ.გ.) ჰქონია და კიდევ ბევრი - ქვეყნის განაპირა ადგილებში. მთავარ ქალაქს, სადაც მეფე ლევანი ცხოვრობს, ზუგდიდი ჰქვიაო. მათი სამხედრო შეიარაღებაა ზარბაზნები და სიათები. დენთს მათ ქვეყანაშიც ამზადებენ, მაგრამ დიდი რაოდენობით არა, უმეტესად გემით ზღვით ჩამოაქვთო. ომები ხშირი არა აქვთ; რომელი მეფეც ომით წამოვა, იმას ებრძვიან, თვითონ კი არავის ერჩიან. ამჟამად ომი არავისთან აქვთ. ჰქონდათ მათ ომი იმერეთის მეფესთან, მაგრამ ამჟამად მასთანაც მშვიდობაა. მარცვლეულიდან მათთან მოდის: ხორბალი, ქერი, ფეტვი, ბრინჯი და კანაფი; ყურძენი, სუფთა თაფლი და ცვილი, ყველანაირი ბოსტნეულიც აქვთ; ცხენიც, ძროხაც, ცხვარიც და სხვა ყველანაირი პირუტყვიც ბევრი ჰყოლიათ. მათ ქვეყანაში ამზადებენ, თურმე, აბრეშუმსა და ტილოს. ვაჭრობას სადადიანოს წინანდელი მეფეები არავისთან აწარმოებდნენ; ამჟამინდელი მეფის, ლევანის, დროს კი ვაჭრობას აწარმოებენ. ვაჭრობენ თურქებთან, ყიზილბაშებთან და სხვა ქვეყნების ვაჭრებთან, რომლებიც მათთან ზღვით ჩამოდიანო; ისინი აბრეშუმს, თაფლს, ცვილს, ტილოს, სხვა საქონელს ყიდულობენ, რაც მათ აქვთ. ისინი გრძელ ტანსაცმელს ატარებენო, კეთიშობილნი - მაუდის, აბრეშუმისა და მოქარგული ბამბის ქსოვილისაგან; ძვირფასს და უბრალო წარმომავლობის ყმაწვილები - რუხი ფერის მაუდს, მუშა ხალხი კი, სამუშაო დროს, პერანგის ამარა დადის.
დიაკებმა ელჩს ჰკითხეს: მისი ხელმწიფე მეფე ლევანი ამჟამად რამდენი წლის არის, ცოლიანია თუ არა, ჰყავს თუ არა შვილები და რამდენი, რა ჰქვიათ და რა ხნისანი არიან?
ელჩმა უპასუხა: მათი ხელმწიფე მეფე ლევანი დიდი ხნის დაოჯახებულიაო, ჰყავს ორი ძე და ორი ასული. უფროსი უფლისწული ალექსანდრე 13 წლის არის, მეორე უფლისწული მანუჩარი - 6-ის. ასულები კი, ერთი უფროს ვაჟზე უფროსიაო, მეორე - 11 წლის არის, სახელები კი, მათი, მან არ იცის.
დიაკებმა ჰკითხეს: თურქეთის სულთანს ან სხვა ვინმეს რამე ხარკს თუ უხდიან და თუ უხდიან, რითი აძლევენ - ადამიანებით, ფულით თუ სხვა რაიმეთი?
ელჩმა უპასუხა: სადადიანოს წინანდელი მეფენი თურქეთის სულთანს ხარკს ტილოთი უხდიდნენ, ხოლო რამდენს აძლევდნენ, ეს არ ახსოვს, ადამიანებით არასოდეს იხდიდნენ. ამჟამინდელი მეფე ლევანი კი არავითარ ხარკს არ იხდისო.
4. მეფე ლევან დადიანის სიგელი მეფე მიხეილთან, გაგზავნილი ელჩ გაბრიელ მღვდლის ხელით
ასეთი სიგელი გამოგზავნა სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფესთან და დიდ მთავართან მიხეილ თევდორეს-ძესთან მეფე ლევან დადიანმა თავისი ელჩის, კარის ეკლესიის მღვდლის გაბრიელის ხელით 12 დეკემბერს [147//1638 წ.].
უუმაღლეს, კეთილმსახურს, ღმრთივდაცულ თვითმპყრობელს, ქრისტიანული სარწმუნოების ერთმთავარს, ხელმწიფე მეფეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა, მრავალჟამიერ მეფეს მიხეილს და მეუფებას შენსას.
ქვეშევრდომი შენი სადადიანოს ხელმწიფე სახელად ლევანი მორჩილი სახით გიკრავს თავს, თაყვანს გცემს და ღმერთს ევედრება, მრავალჟამიერ ჰყოს დიდი მეფის ხელმწიფებრივი ძლევამოსილება. შემდგომ ამისა, გევედრება და გთხოვს მთელი აქ, ივერიის ქვეყანაში, მცხოვრები მართლმადიდებლებითურთ, რომლებიც ქრისტეს სჯულის, მოციქულთა მოძღვრებისა და შვიდი კრების ერთგული არიან, გვწამს წმიდა სამებისა, ყოვლადწმიდა ქალწულისა ღმრთისმშობელისა, ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისა, ერთისა წმიდისა ნათლისღებისა და მოველით აღდგომასა მერმისა მის საუკუნესასა. როგორც ვსასოებთ მომავალ საუკუნეს, ასევე ვსასოებთ წყალობას მისი დიდი მეუფებისაგან, რადგან ქრისტემ გამოარჩია იგი, დიდი ხელმწიფე, და დაადგინა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის მეფედ. მას [ლევანს] და მთელს მის სამეფოს ეგების თაყვანისცეს მას, დიდ ხელმწიფეს. ივერიის ქვეყანაში 5 ხელმწიფე იყო და მათგან 2 სპარსეთის შაჰმა დახოცა. დანარჩენი 3 ხელმწიფის ქვეყნებს, ღმრთის შეწევნითა და მისი მრავალწლოვანი სამეფო ბედნიერებით, თვითონ, მეფე ლევანი ფლობსო(22). დიდი ხანია, მას სურდა, ყოფილიყო მისი დიდი მეუფების სამსახურში, მაგრამ შესაფერისი დრო ვერ შეარჩია, რათა ამის შესახებ მისთვის, ხელმწიფისათვის, ეთხოვა. ამჯერად, მის დიდ მეუფებასთან გაგზავნა თავისი კარის ეკლესიის მღვდელი სახელად გაბრიელი, თაყვანს სცემს მის მეფურ უდიდებულესობას იგი, მისი ქვეშევრდომი, წმინდა საღმრთო ეკლესიებითა და წმინდა ნაწილებით; თავისივე მეთაურობით, მთელი თავისი სამთავროთი და მთელის თავისი სახელმწიფოთი მისი დიდი მეუფების სამსახურში დგება; ითხოვს, რომ მან, დიდმა ხელმწიფემ, მასზე წყალობა გაიღოს, თავისი ელჩი სამეფო სიგელებით გამოგზავნოს და ისინი თავისი მაღალი მეფური ხელის მფარველობის ქვეშ მიიღოს, რათა ყოველთვის მისი მეფური უდიდებულესობის მაღალი ხელის ქვეშ იყვნენ, ხელმწიფის სხვა ქვეშევრდომებივით მის მეუფებას ემსახურონ; მისგან, დიდი ხელმწიფისაგან, დახმარება და შემწეობა ჰქონდეთ, რათა ქრისტეს სარწმუნოებაში იდგნენ.
4.1. საელჩო პრიკაზის მასალები რუსეთის ხელმწიფის მიერ ელჩ გაბრიელ გეგენავას მიღების შესახებ. 1638 წლის 12 დეკემბერი, 1639 წლის 24 მაისი.
146{1638} წლის 12 დეკემბერს მიხეილ თევდორეს ძეს უბრძანებია, სადადიანოს ქვეყნის ელჩი გაბრიელი მიღებაზე მასთან, ხელმწიფესთან, სასახლეში გამოცხადებულიყო.
მანამდე კი ხელმწიფესთან უნდა გამოცხადებულიყვნენ პირველი გილდიის ყიზილბაშელი ვაჭრები ალიგულა და რეჟაპი, შაჰის ხაზინადარი და სათათბიროს დიაკის უსეინ ხან ბეგის(23) პირველი გილდიის ვაჭრებთან ერთად; პირველი გილდიის ვაჭრების შემდეგ კი ხელმწიფესთან ის, გაბრიელ ელჩი, გამოცხადდებოდა. იმ დღეს ყიზილბაშელი ვაჭრები და სადადიანოელი ხელმწიფესთან იყვნენ.
და როგორც კი პირველი გილდიის ყიზილბაშელი ვაჭრები ხელმწიფისგან თავისთან, მეტოქში, წავიდნენ, ხელმწიფემ ბრძანა სადადიანოს ელჩი გაბრიელი მასთან, ხელმწიფესთან, გამოცხადებულიყო. მეფესთან ელჩს სათათბიროს დიაკი თევდორე ლიხაჩევი „წარადგენდა“. მან მეფის სახელით უთხრა მას შემდეგი: გაბრიელ, მიხეილ თევდორეს ძემ მიბრძანა შენთვის მეთქვა: ჩვენ დავავალებთ იმ სიგელის გადათარგმნას, რომელსაც ჩვენს მეფურ უდიდებულესობას ლევან მეფისგან მიართმევ და მოვისმენთ; მასზე პასუხის გაცემას კი სხვა დროს ჩვენი პრიკაზის მოხელეებს დავავალებთ.
1639 წლის 24 მაისი(24). მიხეილ თევდორეს ძემ ბრძანა, შენთვის გვეთქვა: ჩვენს მეფურ უდიდებულესობასთან სადადიანოს მფლობელმა ლევან მეფემ შენ სიგელით გამოგაგზავნა. ჩვენმა მეფურმა უდიდებულესობამ ბრძანა, შენგან სიგელი მიგვეღო და მოწყალებით მოვისმინეთ. ლევან მეფე თავის სიგელში ჩვენს დიდ ხელმწიფეს წერს, რომ იგი ბერძნული რჯულის მართლმადიდებელი ქრისტიანობის მიმდევარია და ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, მისთვის ლევან მეფისთვის, გვეწყალობა, ჩვენი მაღალი სამეუფეო მფარველობის ქვეშ მიგვეღო და კეთილმზრუნველობა გაგვეწია, ურჯულოთა თავდასხმებისაგან დაგვეცვა და დაგვეფარა, მასთან ელჩი ჩვენი სამეფო სიგელით წარგვეგზავნა და მისი სახელმწიფოს დათვალიერება გვებრძანებინა. ჩვენ, დიდ ხელმწიფეს, მეფე ლევანი და მთელი მისი ქვეყანა მართლმადიდებელი ქრისტიანობის გამო გვინდა ჩვენი მაღალი მეფური მფარველობის, მოწყალებრივი მზრუნველობისა და დაცვის ქვეშ ავიყვანოთ, რათა მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოება ურჯულოთაგან შეგინებული არ იყოს. შენ, მის ელჩს, გაბრიელს, მეფე ლევანთან გიშვებთ და ასევე შენთან ერთად ლევან მეფესთან ჩვენი სამეფო სიგელით ფედოტ ელჩინს ვაგზავნით და ვუბრძანებთ, მას ჩვენი მეფური წყალობა გამოუცხადოს. ლევან მეფემ კი ჩვენი მეფური წყალობის, მფარველობისა და მზრუნველობის პასუხად ერთგულება გამოიჩინოს. მომავალში კი, მისი წერილის თანახმად, საბოლოოდ დასამტკიცებლად მასთან, ლევან მეფესთან, ჩვენს ელჩს წარვგზავნით.
5. გაბრიელ მღვდლის ზეპირი მოხსენებები (იქვე, საქ. #3-1639 აპრილი - 1640 ივლისი)
დადიანის ელჩის გაბრიელ მღვდლის მიერ მისი მეფური უდიდებულესობის სულიერ მოძღვართან, ხარების ეკლესიის დეკანოზ ნიკიტასთან გაკეთებული ზეპირი მოხსენება.
ჩვენმა დიდმა და კეთილმსახურმა ხელმწიფე მეფემ და დიდმა მთავარმა მიხეილ თევდორეს-ძემ, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელმა და მრავალი სახელმწიფოს ხელმწიფემ და მფლობელმა მიბრძანა მე, მისთვის ღმრთისადმი მლოცველს, გამოგკითხო შენ, წარჩინებული უფალი მღვდელმსახური გაბრიელი, ბერძნული ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ: [1]. როგორ იმარხავს თქვენი სადადიანოს ხელმწიფე ლევანი და, საერთოდ, მთელი სახელმწიფო ქრისტეს რწმენას? [2]. უვნებლად და შეურყვნელად ხომ იცავენ მას ბერძნული მართლმადიდებლობისაგან განუშორებლად, როგორც ჩვენ ვიცავთ ჩვენს დიდ რუსეთში? [3]. ხომ იცავთ მას ურიათა ბოროტ რწმენასთან, ელინთა საძაგელ უკეთურებასთან, ლათინურ მწვალებლობასთან, მაჰმადიანობასთან, არიანელებისა (კომენტ.49-ჯ.გ.) თუ ყოველგვარ მწვალებლურ გარყვნილებასთან შერევის გარეშე? მითხარი: [4]. როგორ აღმსარებლობთ წმიდა სიმბოლოს, ანუ: მწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა და ასე შემდეგ. გამოთქვი ბერძნულად ყველაფერი ბოლომდე. [5]. მას, მხოლოდშობილ ძეს და სიტყვას როგორ აღიარებთ და მის ხორცშესხმას, სულიწმიდისა და ქალწულ მარიამისაგან განკაცებას როგორ აღიქვამთ? [6]. როგორ აღიარებთ სულიწმიდის, უფლისა და ცხოველსმყოფელის გამოსვლას; როგორ იღებთ, თქვენი აზრით, მამისაგან გამომავალია? ამის პასუხიც ბერძნულად უნდა გვითხრა. [7]. შემდეგ მსოფლიო საეკლესიო კრებების (კომენტ.61-ჯ.გ.) შესახებ გამოიკითხა იგი. [8]. თაყვანს სცემთ თუ არა უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს გაღმერთკაცების, ყოვლადწმიდა მისი ღმრთისმშობლისა და ყველა წმინდანის ხატებს? [9]. ასევე წმინდანთა ნაწილებისა და მაკურნებელ სასწაულთმოქმედებისა თუ გწამთ ყოველგვარი ეჭვის გარეშე? [10]. თქვენთან, წმინდა საღმრთო ეკლესიებში არის თუ არა წმინდა და პატიოსანი ხატები? [11]. იწერება თუ არა წმინდა ხატები კედლებზე, კრეტსაბმელებზე, გადასაფარებლებზე და საეკლესიო ჭურჭლებზე? 12. წმიდა ლიტურღიის დროს საღმრთო საიდუმლო მსხვერპლშეწირვას როგორი პურით აღასრულებთ - აფუებულით თუ უფუარით? 13. ჩვილისა თუ, საერთოდ, ყველა ადამიანის მონათვლისას ხდება თუ არა ზეთისა და წმინდა მირონის ცხება და მოსანათლის სამგზის შთაფლვა, ან იქნებ მხოლოდ წყლის გადავლება და რას წარმოთქვამენ თქვენი მღვდლები შთაფლვისას? 14. მთელი წლის განმავლობაში რამდენ მარხვას იცავთ და რომელი მარხვა რამდენ კვირას გრძელდება? 15. უფლის, ღმრთისმშობლის, ზეციური ძალების, მოციქულების, წინასწარმეტყველების, მოწამეების, ღირსი მამების, მღვდელმთავრებისა და სხვა წმინდანების ხსენებებს ბერძნებთან ერთად დღესასწაულობთ თუ არა? 16. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას იუდეველებთან და ლათინებთან ერთად ხომ არ დღესაწაულობთ და ახალ გრიგორიანულ კალენდარს(25) ხომ არ აღიარებთ? 17. მღვდელმთავრები - მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები და ეპისკოპოსები თქვენი ქვეყანის ქალაქებში არიან თუ არა? ასევე მონასტრები და მათში არქიმანდრიტები, იღუმენები და სხვა მონოზვნები არიან თუ არა თქვენთან? უმაღლესი იერარქი ხელდასხმას სად იღებს, რომელ ქალაქებში - იერუსალიმში, ანტიოქიაში, ალექსანდრიაში თუ ცარგრადში? რომის პაპის მიერ საეკლესიო ხარისხში აყვანილ პირს თუ აღიარებთ?
7147 [1639] წლის 17 მაისს დაკითხვაზე, ხარების ტაძრის დეკანოზ ნიკიტას სადადიანოს ხელმწიფის ელჩმა, კარის ეკლესიის მღვდელმა გაბრიელმა ასე უპასუხა: მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ჩვენი ხელმწიფე ლევანი და მთელი მისი ქვეყანა კვლავაც სრულად შეურყვნელად იცავს ბერძნული სჯულისამებრ, როგორც წინაპრებისაგან მიგვიღია; შვიდი წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრების კანონების მიმდევრები ვართ. წმინდა სიმბოლოს, ანუ - მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი,... - გამოთქმა კი ბერძნულად არ შემიძლია, მაგრამ ყველანი წარმოვსთქვამთ მას დადიანურად, ბერძნულიდან თარგმნილსო. სულიწმიდის გამოსვლა კი მხოლოდ მამისგან უნდა ვაღიაროთ თუ ძისგანაც, თარჯიმნებმა ვერ თქვეს, მხოლოდ მისი სიტყვები გვითხრეს: ქრისტე მამისგან არისო. ამის შემდეგ თქვა, დეკანოზი სარწმუნოების შესახებ დაკითხვას მიწყობსო? დიდ ხელმწიფესთან მე სარწმუნოების საკითხებზე სასაუბროდ კი არ ვარ გამოგზავნილი, არამედ იმის სათხოვნელად, რომ ხელმწიფემ წყალობა გამოიჩინოს და თავისი ელჩი ჩვენს ხელმწიფესთან გააგზავნოსო. ის ელჩი ადგილზე თავადვე ნახავს ჩვენს სარწმუნოებას და ყველაფერს იქვე გაარკვევს. მე კი თან არც წიგნები მაქვს და, საერთოდ, რატომ ბრძანაო ხელმწიფემ ჩემი დაკითხვა სარწმუნოების თაობაზე?
დეკანოზმა თქვა: მეფურმა უდიდებულესობამ იმიტომ ბრძანა შენი დაკითხვა, რომ წუხს თქვენზე, რადგან თქვენმა ხელმწიფემ მის მეფურ უდიდებულესობას მოსწერა: ამჟამად ორ ურწმუნო ხალხს შორის ვართ მოქცეულნი და ყოველ დღე მათთან ქრისტეს რწმენისა და ქრისტეს სჯულისათვის ვომობთო. ამიტომაც ბრძანა ხელმწიფემ დაკითხვა, ხომ არ შერყვნესო თქვენი სარწმუნოება ურიებმა ან პაპისტებმა და მწვალებლებმა?
გაბრიელ მღვდელმა უპასუხა: ღმერთმა ჰყოს მრავალჟამიერ დიდი ხელმწიფე იმისათვის, რომ ჩვენზე წუხს და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე ზრუნავს. ქრისტესა და ღმრთისმშობლის ხატებს, პატიოსან ჯვარსა და ყველა წმინდანის ხატს თაყვანს ვცემთ და მათი წმინდა ნაწილების მიმართაც კეთილკრძალულებას ვიჩენთ, ეკლესიებში ხატებიც გვაქვს და მარხვებსაც ვიცავთ, როგორც თქვენ, ბერძნების სჯულისამებრ, დღესასწაულებსაც ასეთივე წესით აღვნიშნავთო. უმაღლეს სასულიერო იერარქად ჩვენ პატრიარქი გვყავს; ხოლო ადგილს, სადაც იგი ცხოვრობს, ბიჭვინთა ეწოდებაო. მონასტრებიც არის, სადაც ის ცხოვრობსო. ხოლო როცა გარდაცვლილის ადგილზე ახალი პატრიარქი დგინდება, მაშინ ჩვენი ხელმწიფე იერუსალიმის პატრიარქს წერს კურთხევის შესახებ. ისიც კურთხევის სიგელს აგზავნის, რის საფუძველზეც [ჩვენი პატრიარქი] მღვდელმთავრობს, იერუსალიმში კი ხელდასხმისათვის არ მიდისო(26). ნათლისღებისას ჩვენთან ჩვილებს ზეთსა და წმინდა მირონს ცხებენ; ზამთარში ემბაზში, ეკლესიაში, გამთბარ წყალში ნათლავენ, ზაფხულში კი - მდინარეში; ნათლობა წყალში ჩაფლვით ხდება და არა წყლის გადავლებითო.
დეკანოზმა ნიკიტამ ჰკითხა: თქვენთან ყველა ქრისტიანი გულზე ჯვარს ატარებს?
გაბრიელ მღვდელმა უპასუხა: ჩვენთან გულზე ჯვარს არ ატარებენ, ამაში მისი მეფური უდიდებულესობის მოტყუება არ მინდაო: ღმერთი ზეცაშია, მეფე კი დედამიწაზეო. როცა მონათლავენ, ჯვარს მაშინ კისერზე აცმევენ, ხოლო როცა იზრდება და კაცდება, ჯვარს აღარ ატარებს იმიტომ, რომ უწმინდურების ეშინიათო. მაგრამ როცა ვინმეს ბერად აღკვეცენ, მაშინ მას ისევ გულზე ჯვარს კიდებენო. წმინდა ლიტურღიისას მსხვერპლშეწირვის საღმრთო საიდუმლოებას კი აფუებული პურით აღვასრულებთ და არა უფუარით.
აბა, რომელი ქრისტიანი წირავსო უფუარით?
იმ ადგილს, სადაც ჩვენი ხელმწიფე ცხოვრობს, ზუგდიდი ეწოდებაო; ზღვიდან ერთი დღის სავალზეა, ადგილზე კი პატარა მდინარეები ყოფილა. იარაღჩინს [სკუფია] მღვდლები ჩვენთან არ ატარებენ, ჩვენთან ასეთი წესი არ არისო.
მეფეს, მიხეილ თევდორეს ძეს, უმორჩილესი თხოვნით მიმართავს სადადიანოს ქვეყნის ელჩი გავრილკო თევდორეს ძე გეგენევი.
შენი ხელმწიფებრივი ბრძანების თანახმად, გაშვებული ვარ მოსკოვიდან ჩემს ქვეყანაში; შენი ხელმწიფებრივი წყალობით თერგიდან ჩერქეზეთის პიატიგორსკამდე ურემი მომეცა. ხოლო ჩერქეზეთის პიატიგორსკიდან ჩემს ქვეყანამდე ურემი ჩემთვის გამოყოფილი არ არის. მოწყალეო მიხეილ თევდორეს ძევ, წყალობა მიქენი; უბრძანე, ხელმწიფეო, მიბოძონ ფული ცხენებისთვის, რომ ცხენები შევიძინო და ჩერქეზეთის პიატიგორსკიდან ჩემს ქვეყანაში ჩავიდე. საჭიროა, ხელმწიფევ, სამი ურემი. მიწყალე მე, ხელმწიფევ, ისე, როგორც შენ, კეთილმოწყალე ხელმწიფეს, ღმერთი შეგაგონებს. მეუფეო, ხელმწიფევ, წყალობა მიყავ.
კომენტარები
1. ციხე-ქალაქი თერგი დაფუძნებულია რუსების მიერ 1588 წელს. იგი წარმოადგენდა პლაცდარმს კავკასიაზე შეტევის განსახორციელებლად; ამჟამად ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის რაიონული ცენტრია.
2. მიხეილ თევდორეს ძე რომანოვი (1596-1645წწ.), რუსეთის პირველი მეფე (1613-1645წწ.) რომანოვთა დინასტიიდან.
3. დასახელებულია ისტორიული პიროვნებები, ციხე-ქალაქ თერგის ვოევოდები და თავადები ვასილ გრიგორის ძე რომოდანოვსკი (რომელიც მოგვიანებით მეფე ალექსი მიხეილის ძის მეგობრებს შორის იხსენიება), ივანე ნიკიფორეს ძე ბესტუჟევი და დიაკი კალისტრატე ჟოხოვი. მეფის გვერდით ისინი კნინობით ფორმაში არიან მოხსენიებული (В.Н. Татищев. История Российская, т. VII. Л., 1968, с. 170; Материалы по истории грузино-русских взаимоотношений, с. 142, 217-218).
4. ალეგუკა მურზა - ყაბარდოს ერთ-ერთი გავლენიანი მფლობელი, ლევან II დადიანის მძახალი.
5. ლევან II დადიანი - სამეგრელოს (ოდიშის) მთავარი 1611-1657 წლებში, კახეთის მეფის ალექსანდრე მეორის (1574-1605წწ.) შვილიშვილი, დასავლეთ საქართველოს ჰეგემონი. რუსი ელჩები მას ლევონტეის, ლეონტეის, ლეონის, ლევის სახელით მოიხსენიებენ.
6. მიტროპოლიტი ნიკიფორე - კახეთის მეფის თეიმურაზ პირველის (1606-1648წწ.) ელჩი მოსკოვში 1635-1637 და 1639-1641 წლებში, ბერძენი მიტროპოლიტი. სარგებლობდა რა თეიმურაზისა და მისი გარემოცვის მიერ ბერძნული ენის არ, ან სუსტი ცოდნით, რუსეთის მეფის სახელზე ადგენდა ისეთ წერილებს, რომლებიც ყოველთვის არ გამოხატავდნენ თეიმურაზ I-ის პოზიციას (იხ. Переписка на иностранных языках…, с. 3-21, და ა.შ.). მიტროპოლიტ ნიკიფორეს დიპლომატიურ საქმიანობას უარყოფითად აფასებდნენ ივანე ჯავახიშვილი და სხვა ცნობილი მეცნიერები (ივანე ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. IV. თბ., 1967, გვ. 385-394; სამეგრელო.... რედ. ი. ანთელავა, გვ. 196; Н.Т. Накашидзе. Грузинорусские политические отношения, с. 108-109, 123-124). ტენდენციური იყო მიტროპოლიტ ნიკიფორეს ჩვენებები სადადიანოს ქვეყნისა და მისი მთავრის შესახებაც (ი.ანთელავა. ლევან II დადიანი, გვ. 98). მიტროპოლიტის მოღვაწეობას დადებითად აფასებს ე. მამისთვალიშვილი (ზურაბ პაპასქირი-60. თბ.,2010-2013, გვ. 220-242).
7. მიტროპოლიტ ნიკიფორეს მხედველობაში აქვს მეგრული მეტყველება.
8. იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველო.
9. თეიმურაზ I - კახეთისა (1606-1648წწ.) და ქართლ-კახეთის (1625-1632წწ.) მეფე, შესანიშნავი პოეტი. რუსეთის დახმარებით ქვეყნის გათავისუფლებისა და მისი გაერთიანების ყველა მცდელობა თეიმურაზ მეფის მხრიდან უშედეგო აღმოჩნდა.
10. იგულისხმება ლევან მეორის დის ქმარი, გურიის მთავარი სვიმონ გურიელი. სამეგრელოს მთავრის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის სვიმონს მართლაც თვალები დასთხარეს, ტახტი ჩამოართვეს და ცოლსაც გააშორეს.
11. ლევან მეორემ თავისი და, ცნობილი საზოგადო მოღვაწე მარიამი მიათხოვა არა ყიზილბაშთა შახს, არამედ გამაჰმადიანებულ ქართლის მეფეს როსტომს (1633-1658წწ.; 1648-1658 წლებში - ქართლ-კახეთის მეფე), რომელიც ირანის დანიშნული იყო.
12. იგულისხმება ლევან მეორის ბიძა (მამის ძმა) გიორგი (იური) ლიპარტიანი, რომელიც 1611-1616 წლებში - ლევანის მცირეწლოვნობის პერიოდში სამეგრელოს რეგენტი - დროებითი მმართველი იყო. დაახლოებით 1622 წელს ლევან მეორემ ბიძას ცოლი წაართვა და ახალგაზრდა ბიცოლა ნესტან-დარეჯანი (ელენე) ჭილაძე ცოლად შეირთო. მალე გიორგი ლიპარტიანი გარდაიცვალა (იხ. კომენტ. 90).
13. XVIIს. 20-იანი წლების დასაწყისში ლევან მეორემ თავისი პირველი მეუღლე, აფხაზეთის ერთ-ერთი მფლობელის სეტემან შარვაშიძის ქალიშვილი დარეჯანი ღალატში დაადანაშაულა, დაასახიჩრა და მამას დაუბრუნა (იხ.კომენტ. 131).
14. მართლმადიდებელმა სამყარომ 1637 წელს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული 9 აპრილს იზეიმა.
15. თევდორე ვოლკონსკი - რუსეთის ელჩი, გაიგზავნა კახეთში 1637 წლის ივნისში, აგრეთვე 1649 წელს.
16. ყირიმის სახანოს გირეი-ს გვარის მეფეები მართავდნენ; მურზები (მირზები) ეწოდებოდათ თურქული მოდგმის ხალხების (ნოღაიელების, თათრების) ცალკეული ურდოების თუ გვარების წინამძღოლებს (იხ. აგრეთვე კომენტ. 37 და 41).
17. ტემნიკოვი - ამჟამად ქალაქი მორდვეთის რესპუბლიკაში; კასიმოვი - ამჟამად ქალაქი რიაზინის ოლქში მდ. ოკაზე. ქალაქის სახელწოდება თათართა (იქ დასახლდნენ XIV საუკუნეში) უფლისწულის კასიმის სახელს უკავშირდება.
18. იხ. ამის შესახებ ვრცლად გაბრიელ გეგენავას ელჩობის მასალებში (თავები 1 და 2-ე), აგრეთვე ფედოტ ელჩინის მუხლობრივ აღწერილობაში (თავი 15-ე, 1640 წლის 18 მაისი). 1613 წლიდან, როცა რუსები მდ. თერგის შესართავთან გამაგრდნენ, ციხე-ქალაქ თერგიდან ამყარებდნენ პოლიტიკურ კავშირებს ყაბარდოსთან, დაღესტანთან, საქართველოსთან და ა.შ.
19. მალაქია II გურიელი - 1614-1639 წლებში აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი, გურიის მთავრის გიორგი მეორის (1566-1600 წწ.) ძე. 1625 წლიდან ითავსებდა გურიის მთავრის ტახტსაც.
20. ბიჭვინთის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი - საქართველოს უძველესი საეკლესიო ცენტრი, დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსთა საბრძანებელი დაახლოებით VIII საუკუნიდან XVI-XVII საუკუნეებამდე (აფსუა-აფხაზთა ჩამოსახლებამდე), რის შემდეგაც მან დიდი ხნით ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა XVIII საუკუნის ბოლომდე თავის სტატუსს ფორმალურად ინარჩუნებდა; განახლდა 1869 წლის 28 სექტემბერს, როცა იგი იმერეთის ეპისკოპოსმა და აფხაზეთის ეპარქიის მმართველმა წმინდა მღვდელმთავარმა გაბრიელმა (ქიქოძე) სამრევლო ეკლესიად აკურთხა.
21. ლევან II დადიანი, წინამორბედებისაგან განსხვავებით, თურქეთის მიმართ მართლაც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, რასაც იმდროინდელი თურქეთისთვის არახელსაყრელი საერთაშორისო ვითარება და გამწვავებული შიდა პრობლემები უწყობდნენ ხელს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სულთანის ოსმან მეორის (1618-1622 წწ.) დამხობამ, 1623 წელს ტახტზე მცირეწლოვანი მურად IV-ის აყვანამ თურქეთის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება გამოიწვია; აბაზა ფაშას აჯანყებამ (1622წ.) თურქეთის სახელმწიფო კიდევ უფრო შეარყია. 1624 წელს ირანმა წაართვა თურქეთს ქურთისტანი და ერაყი; მას მოსვენებას არ აძლევენ კაზაკები, რომლებიც მუდმივად თავს ესხმოდნენ ზღვისპირა ქალაქებს. ყოველივე ამას ლევან II საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა. თურქეთს იგი ხარკს უხდიდა მხოლოდ „იმისათვის, რომ გემებმა სავაჭროდ იარონ. ხოლო რომელ წელსაც გემები არ მოვლენ, იმ წელიწადს მარილისა და რკინის უკმარისობა ექნებათ“, - ჩაიწერა თავის ანგარიშში ფედოტ ელჩინმა 1640 წლის 4 იანვარს.
22. ლევან მეფე რეალურად მხოლოდ სამეგრელოსა (რომლის შემადგენლობაში აფხაზეთიც იგულისხმებოდა) და გურიის სამთავროებს ფლობდა, იმერეთს კი მუდმივად აწიოკებდა, მაგრამ საკუთარი ძალაუფლების გავრცელება მასზე ვერ მოახერხა.
23. უსეინხანბეგი (ხოსეინბეგი) - 1618 წლისმონაცემებით,შემახიის მმართველის იუსუფ ხანის ვეზირი; რუსებისთვის ის იყო „დიაკი“ (П.П. Бушуев. История посольств и дипломатических отношений русского и иранского государств в 1613-1621 гг. М., 1987, с. 189, 190, 229).
24. ქვემოთ მოტნილ ტექსტს მისმა გამომცემელმა მ.პოლიევქტოვმა ასეთი შენიშვნა წარუმძღვარა: „ელჩი გაბრიელი პირველი გილდიის ყიზილბაში ვაჭრების შემდეგ კვლავ იქნა მიღებული. წასვლისას, სათათბიროს დიაკმა თევდორე ლიხაჩევმა მეფის სახელით მას შემდეგი პასუხი მისცა“... (Материалы по истории грузино-русских взаимоотношений, с.152). ქვემოთ, სწორედ, ეს პასუხია მოტანილი.
25. გრიგორიანული (გრიგოლის) კალენდარი (ახალი სტილი); წელთააღრიცხვის სისტემა, რომელიც რომის პაპმა გრიგოლ XIII-ემ 1582 წელს შემოიღო. მაშინ ის კათოლიკურ ქვეყნებში გავრცელდა, შეცვალა რა იულიუსის (ძველი სტილი) კალენდარი. დროის ათვლა მზის ირგვლივ დედამიწის ციკლურ მოძრაობას ეფუძნება. ერთი ციკლის ხანგრძლივობა 365,245 დღე-ღამეს უდრის. რუსეთში გრიგორიანული კალენდარი, 1918 წლის 29 იანვრის დეკრეტის საფუძველზე, იმავე წლის 1 თებერვლიდან (რომელიც 14 თებერვლად გამოცხადდა) შემოვიდა; საქართველოში კი 1918 წლის 18 აპრილი 1 მაისად გამოცხადდა. გრიგორიანული კალენდრის შემოღების დროს განსხვავება იულიუსის კალენდართან 10 დღე-ღამეს შეადგენდა. 1900 წლის 1 მარტიდან 2100 წლის 29 თებერვლამდე სხვაობა იყო და არის 13 დღე-ღამე, 2100 წლის 1 მარტიდან 2200 წლის 29 თებერვალმდე - 14 დღე-ღამე იქნება, და ა.შ
26. ასეთი წესი არსებობდა 1470-1474 წლების შემდეგ, როდესაც იმჟამად საქართველოში მყოფმა იერუსალიმ-ანტიოქიის პატრიარქმა მიხეილმა დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსად ცაიშ-ბედიის ეპისკოპოსი იოვაკიმე აკურთხა.

Комментариев нет:

Отправить комментарий