დაჯდა მეფე ადარნასე, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. მას ჟამსა უკ.ე მოკუდა ქსანთა ერისთავი ვირშელი, და დარჩა ძე მისი შალვა სამისა წლისა, და აღზარდა იგი მეფემან პატივითა მამათათა.
და ამისა შემდგომად მოკვდა მეფე ადარნასე, დარჩა ძე მისი ვახტანგ ექვსისა წლისა, და დაჯდა მეფედ დავით ძმა ადარნასესი, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. მაშინ მამის ძმამან მისმან დავით მეფემან არა რაჲ მისცა ძმისწულსა თვისსა ვახტანგს. მაშინ შალვა, გაზრდილი მამისა მისის, არა განეშორა, არამედ ზრდიდა ყრმასა მას. მაშინ დავით მრავლითა სიტკბოებითა და მრავლისა დიდებისა მინიჭებითა ევედრებოდა შალვას. ხოლო მან არა ისმინა, არამედ განამაგრნა ციხენი, და შევედრნა ერთგულთა მონათა. და თვით წარყვა ძესა მეფისასა ურდოს.
მაშინ მეფემან დავით შეკრიბა ყოველი ლაშქარი თვისი, და თათარნი შირვანელნი, და ყოველნი მყოფნი კახეთს და მუხრანს, და მოადგა ცხრასავე ხევსა შალვას საერისთავოსა, და ჩამოასხნა დვალანი და ხადელ-ცხვატელნი, და ყოველნი მთიულნი ქვემონი.
და დაწვეს და მოაოხრეს ყოველი ცხრაძმის ხევი, გარეშე ციხეთა, და ციხეთა ებრძოდნენ ქვენიფნევს,
ქარჩოხს, ქოლოთს და ისროლის. თუმცა ასე ვერ აიღეს, და შვიდ წელ გაგრძელდა ომი მათი. ხოლო ციხანთა ესოდენ შესჭირდა და იწყეს ჭამა ღვედისა. და ესევითართა ზედა მოვიდა ვახტანგ და შალვა სპარსთა ლაშქართა ურიცხვითა სპითა.
მაშინ დავით იდგა ბაზალეთს და, ვითარცა სცნა მოსვლა მათი, მიმართა ციხესა დარიელისასა. და მიუდგა უკანა სპა ყოველი და შეიარეს არაგვი, და გარდავლეს ჯვართა ყელი, და ჩავიდნენ დარიელს, და მოადგნენ დავითს ციხესა გველეთისასა.
ხოლო შალვა დადგა ხადას, და ესოდენ ძლიერად ებრძოდა, რომელ ერთსა დღესა აიღო ცხრა ციხე, და დაარღვივა. და მას ერთსა კარასა დაარღვივა ციხე ოცდახუთი, თხუთმეტი იქით არაგვისა. მაშინ მისცა ვახტანგ დავითს ჯავახეთი და ალასტანი, და გამოიყვანა გველეთიდან. ხოლო შალვა მიმართა ხევთა დვალეთისათა, და მოაოხრნა ყველანი.
და მოუხდნენ ბოვდაელნი ღამესა ბნელსა, დაუხვდნენ მომლოდენი, რამეთუ ესმა შალვას მოსლვა მათი.
მაშინ მიაწყვდივნეს იგინი მთხრებლსა კლდისასა და ერთიცა მათგანი ვერღარა წარვიდა და მოსრეს სიმრავლე არა მცირედი დვალთა. მაშინ მოწვნეს და მოაოხრნეს ყოველნი ხევნი დვალეთისანი და შემუსრნეს და დაარღვივნეს ყოველნი ციხენი, თრუსოით აჩაბეთამდის. მაშინ წარვიდა ყოველი სპა სპარსთა და მეფემან მიუბოძა შალვას თრუსოი, ღუდა, გაგასძენი, მლეთე, არახუეთი, ქანდო, ყანჩაეთი, აბაზას ძეთა მამული, ძაგნაკორანი, დიღუამი, გავაზი, აწერის ხევი, ბექუშე, და ყოველთა დიდებულთა მისთა უმჯობეს ხედვიდა. მაშინ მოკვდა დავით მეფე, და მასვე წელსა მოკვდა ვახტანგ მეფე.
დაჯდა მეფედ ძე დავითისი გიორგი და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. ხოლო აბაზას ძე ნავროზ წარვიდა სპარსეთად. მაშინ მეფემან უბრძანა შალვას მოდგომად ციხესა ლოწობნისასა. მაშინ შალვა მოადგა ლოწობანს და ებრძოდა სასტიკად ოთხ დღე. და მეხუთესა დღესა აღიღო იგი. მაშინ მოიყვანნა ორნი იგი ხატნი ფრიად მშვენიერნი.
მაშინ მეფემან გიორგი განილაშქრა მაღაროს და დიდად ევნო მათგან ვიწროთა მათ ხევთა სიმრავლითა საგორავისათა და დიდად მწუხარე მოვიდა. და კვლავ მეორედ წარვიდა დღეთა ყველიერისათა და იყო სიცივე დიდი. და შიშისაგან საგორავისა წარმოვიდეს გზასა მთისასა, რომელი იყო განყინევულ. მაშინ უმეტეს ევნო, რამეთუ ინქრეოდა ცხენები, და კაცნი იგი მსგავსად მხეცთა შესვარულნი სისხლისა მოსდევდეს. ხოლო შალვა მისა ამას ლაშქრობასა არა იყო იქ, თუმცა ძენი ხოლო მისნი იყვნენ. რამეთუ ესხნეს ძენი ცამეტნი, ქველნი და გონიერნი.
მაშინ შალვა წარვიდა ლაშქრითა თვისითა, მივიდა და დასხა უმჯობესი ლაშქარი მზირად ღამე, და განთიად მივიდა მცირედითა ლაშქრითა. და მოწვა და მოაოხრა ქვეყანა მათი, და არა-რა აიღო ლაშქარმან ალაფი გარდა აბაჯრისა და წარმოვიდნენ. მაშინ მოუდგნენ უკანა ლაშქარნი იგი მის ქვეყანისა
და წარხდეს მზირთა. და აღდგა ყოველი ლაშქარი დამალული, და მოუბრუნდა შალვა და შეიწყვდინეს ადგილსა იწროსა. და მოკლეს ორმეოცდათხუთმეტი კაცი და მრავალი შეიპყრეს. მაშინ კვლავ ჩავიდნენ და დადგნენ, და მოაოხრეს და დაწვეს ყოველი ქვეყანა მათი, და წარმოვიდნენ გამარჯვებულნი ალაფითა დიდითა, ქორონიკონსა ი~ზ, ქრისტეს აქეთ ჩ~სპდ.
ამას ჟამსა მოვიდა ამბავი: კლიტენი იერუსალიმისანი სპარსთა დაიპყრესო
და დიდად შეწუხნა მეფე გიორგი. მაშინ წარგზავნა ძე შალვა ერისთავისა, რომელსა ერქვა პიპა, გზასა ხმელთასა მრავლითა ძღვნითა წინაშე ნისრელისა. და მივიდა პიპა წინაშე ნისრელისა. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღვენი იგი და მისცნა კლიტენი იერუსალიმისანი. მივიდა პიპა ზედა საფლავსა ქრისტესსა და შეემთხვივა, ჟამი აწირვინა და ეზიარა, და მოილოცნა წმიდანი ადგილნი, და შეკრიბნა ნაწილნი წმიდათანი და ხატნი მშვენიერნი,
და წარმოვიდა მასვე გზასა ხმელით და მოვიდა წინაშე მეფისა, და მოიღო იერლაყი შეწყალებისა და აღსრულება ყოვლისა სათხოველისა მისისა. ფრიად განიხარა მეფემან გიორგი, რამეთუ მოეცნეს კლიტენი ქართველთა.
მაშინ მოადგა ოვსთა გორს მყოფთა და ბრძოდა სამ წელ. ხოლო ვირშელი და ლაშქარი მისი უმჯობეს ბრძოდა სპისა ყოვლისაგან, და აქებდეს ქებითა დიდითა, რომელი ესე შეიშურეს მთიულთა არაგვისათა და თქვეს: „უკეთუ ომსა გარეგანსა უმჯობეს არიან, არამედ მივიდეთ მთასა ლომისისასა და იქ შემებნენ ჩვენ, და იხილოთ რომელნი უმჯობეს ვართ“. მაშინ შექმნეს პაემანი და დაიმუქარნეს. და შემდგომად გორისა აღებისა აუწყეს ერთი-ერთსა, და შევიდეს ვირშელი და ყოველი ლაშქარი მისი მთასა ლომისისასა, ხოლო არაგვისა მთისნი დადგეს ღოჯის-თავს, და აწვევდნენ ლომისასა, ხოლო იგინი ტყესა ციხესა ღოჯის-თავისასა და ქარაფსა კლდეთასა არა განეშორნენ.
მაშინ მივიდა დავით ძე გიორგისი და არა ჩაუშვნა ომად, არამედ განყარნა ყოველნი თავის-თავ, და წარვიდნენ ყოველნი აზნაურნი ქართველნი გარდა სამთა მათ ხევთა. მაშინ წარმოვიდა ვირშელი და ჩამოვიდა ვაჩედ. ხოლო ლაშქარი წყაროთა, მუხათა და წისქვილთა თანა გვერდსა მას ჩამოვიდოდა. და ვითარცა ესმა ესე მთიულთა არაგვისათა, წარმოუდგნენ უკანა მათსა და გამოვიდნენ ლომისას. ხოლო დავით ძე მეფისა მუხლთა დაუყრიდა, და ლომისას მყოფნი ხატთა დაუსვენებდნენ და ევედრებოდნენ, რათა არა სდევდენ. ხოლო მათ არა ისმინეს, არამედ მრავლითა გინებითა მოსძახდეს და საგორავისა სიმრავლესა ჩამოჰყრიდეს. მაშინ ვირშელმან შეკრიბნა მცირედნი იგი ლაშქარნი სამისა ამის ქვეყნისანი და უთხრა: „მათ აწ არღარა იქმნების ომი, რამეთუ გაიყარა ლაშქარი ჩვენი, როდესაც კვლავ შევყაროთ ლაშქარი ჩვენი და მაშინ ვებრძოლნეთ მათ“. ხოლო არა ინებეს ესე მცირეთა მათ ლაშქართა და თქვეს: „მამანი ჩვენნი მცირედნი მძლავრობდიან მამათა მათთა დიდთა და მრავალთა, და უკეთუ არა ვართ შვილნი მამათა ჩვენთანი, რასათვის გვაქვს მამული მათი?“.
მაშინ განიშიშვლეს ფერხები მათი და წარიძღვანეს დროშა და აღმართეს ორსა მას ქედსა მთასა ლომისისასა. და ჩამოეგებნენ ერთსა მას ქედსა ცხავატელ-გარეთნი და ყოველნი მიმდგომნი მათნი. მაშინ ჩამოყარეს ეს საგორავი ურიცხვი, და აღვიდნენ კვლავადცა, რამეთუ დაბურვილ იყვნეს ფარითა, ვითარცა სიპითა, და დაასხეს ქვა და შუბი მსგავსი წვიმისა. მაშინ შეიქმნა სიმრავლე ისრისა, ვითარცა სეტყვა ხშირი. და ფუცვიდეს ღმერთსა, რომელ ქვემოთ ნასროლმან ისარმან ფარი და ჯაჭვიანი კაცი გაიარის და მიწასა ნახევრად დაესვის. აღმოიწვადეს ხმლები, და შეუხდნენ, და აიხუნეს, და აემართნეს აღმა მთასა, და გორვიდეს ჩამოღმა. და იგი იყო უმჯობესი მათ შორის, რომელმან დაყარის აბჯარი და ტანისამოსი და შიშველი მირბოდის.
მაშინ ვირშელმან ერისთავმან, იხილნა რა ესრეთ უღონო ქმნილნი მებრძოლნი მისნი, უბრძანა არა ხოცად მათდა, არამედ პყრობად და დევნად. და მიუდგეს უკანა, და გაჰყვეს იქით არაგვისა. და მოვიდა ერისთავი ლომისას და გაუშვნა ყოველნი, რომელნი ხელთა დარჩომოდეს, და შეწირა ლომისას არა მცირედი. და ისტუმრა შინა დავით ძე მეფისა.
ამისა შემდგომად გარდახდა წელნი რაოდენნიმე. ვითარცა წესი არს ჩვეულება ეშმაკისა, აღძრა ეშმაკმან, მოძულემან კეთილისამან, თურქნი ქრისტიანეთა ზედა. შეიკრიბა ერი ურიცხვი და მოვიდა ქართლს წინაძღომითა ბაედარის მის ხოსიასითა. ეწყვნენ ქართველნი და თურქნი, მოკლეს მეფე გიორგი და მის თანა ქვენიფნეველი იოანე და ყოველნი მთავარნი დიდებულნი ქართლისანი, და ლაშქარნი სრულიად დახოცნეს, საქართველო მოარბიეს და წარტყვენეს თვესა. აგვისტოსა რვასა, ქ~კსა ჲ~ა. და დაჯდა მის წილ ძე მისი დავით და განაგებდა ყოველსა სამეფოსა ქართლისასა.
აღესრულა დავით და დაჯდა მის წილ ძე მისი გიორგი.
დაჯდა მეფედ ბაგრატ, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. ხოლო მჯდომარე იყო წმიდასა კათოლიკე ეკლესიისა ხარისხსა ზედა ჟამსა მას და მწყსიდა კეთილად მწყემსი იგი კეთილი სანატრელი და ყოვლად წმიდა კათალიკოზ-პატრიარქი ელიოზ.
და ამას ჟამსა შინა გამოჩნდა მძლავრი ლანგ-თემურ, პირველად ქვეყანასა თურქეთისასა. რამეთუ ეწოდა სახელად თემური და მკელობელ იყო, და სპარსთა ენათა მიერ მკელობელსა ლანგ ეწოდების. ხოლო ესე ლანგ-თემურ გვარტომობით იყო ჩინყის სამარყანელი. ამისთვის უწოდეს ჩინყიზად.
რამეთუ პირველთა ჟამთა შინა იყო ვინმე ქვეყანასა თურქთასა ასული ერთი მდიდრისა რომლისამე, იქ მკვიდრთაგანისა კაცისა. და იყო ქალი ესე მდიდარ ფრიად. საჭურჭლეთა და მონათა სიმრავლითა გარდარეულ. და უფლებდა რომელსამე ელსა და სპათა ზედა. ესრეთ განაგებდა ელსა და სპათა თვისთა ქალი ესე, და არა ესვა ქმარი.
ხოლო იქმნა მის ზედა ხელოვნება რამე ბელიარისა, და მიდგომილება ანტესებრივი, და ეგრეთვე ქალი იგი მიდგომილ იქმნა თვინიერ ქმრისადა დაწინდებისა. ხოლო საცნაურ იქმნა მიდგომილება იგი მისი ყოველთა მიერ. და მცნობელთა საქმისა ამის სპათა მისთა მიერ, ფრიად შემძნობელ. განსაქიქებელ და საკიცხელ უჩნდათ რამეთუ დიდად წარჩინებულ იყო მკვიდრთა მის ადგილისათა. ხოლო ვერღარა თავს იდვეს სირცხვილი იგი მისი სპათა და მონათა მისთა. დღესა ერთსა შეიკრიბნენ ვანად მისსა, მიუვლინეს და ეტყოდნენ: „ვინაითგან მთავარ და უფალ ქმნილ ხარ ჩვენ ზედა, რასათვის ჰყავ საქმე ესე, და შეამთხვიე თავსა შენსა ესევითარი სირცხვილი“. ხოლო მან უარ-ყო ფრიად და ეტყოდა მათ: „უკეთუ სარწმუნო ხარო სიტყვათა ჩემთა, ესე უწყოდეთ, რამეთუ მე კაცთაგან არა მიდგომილ ვარ. და უკეთუ არა სარწმუნო გიჩნსთ, დაადგინეთ სრასა ამას ჩემსა მსტოვარნი, და მათ ცნან, თუ ვინა მოვალს ჩემდა, და მით გულ-სავსე იქმნეთ“. და მათ ჰყვეს ეგრეთ, განაწესნეს მცველნი და განმსტრობელთა საქმისა მის იხილეს მსგავსი ნათლისა მზაკვარება მთავრისა მის ბნელისა, რომელი ხელოვნებათა თვისთა მიერ რეცა ნათლად შეიცვალების, და უფროსღა ნებისმყოფელთა თვისთა ზედა ესრეთ მოქმედებს. ხოლო მცველთა მათ იხილეს ნათლისა სახე იგი, რომელი მივიდა ქალისა მის თანა, და მსგავსმან განისვენა მსგავსისა თანა. და ეგრეთვე ღამე ყოველ მოქმედებდა. და აუწყეს მცველთა ცხადად ხილული იგი მათ მიერ. მაშინღა სარწმუნო იქმნნეს საქმესა მას.
ხოლო მიუდგა ქალი იგი და შვა ყრმა-წული, და აღიზარდა იგი, და უწოდეს მას ძედ ნათლისად, და ამიერითგან უწოდეს ჩინყიზი. და ვითარცა აღიზარდა იგი, იქმნა მეფედ თურქთა ზედა, და ამიერითგან მეფობდენ იქ ტომნი მისნი.
და ესეცა ლანგ-თემურ იყო ტომობით თესლი ჩინყიზისა მის, და იყო თურქთა მეფისა ყმა საყვარელი და მხედართ-მთავარი, და მიანიჭა ქალიცა თვისი. ამისთვისცა განძლიერდა ფრიად, და უძლებდა სპათა თვისთა ზედა, და სხვანიცა მრავალნი მიიმძლავრნა და დიდად სახელოვან და განთქმულ იქმნა მკვიდროანთა მის ადგილისათა. ხოლო ხელოვნებითა თვისითა მოიპოვა ჟამი რაჲმე ნებისა თვისისა, და მოკლა მეფე თურქთა, და ძენიცა მისნი ყოველნივე მოსრნა პირითა მახვილისათა, და თვით და. იპყრა სრულიად ქვეყანა თურქეთისა, და მერმე ინდოეთი და ერანი. და კვლავ უმეტესად განძლიერდა, და ვერღარა-ვინ აღუჩნდეს წინააღმდგომად მისსა, რამეთუ ვრცელად ცხოვრება მისი წიგნთა შინა სპარსთასა განმარტებით წერილ არს, და სომეხთაცა სხვებრ რადმე აღუწერიათ.
ხოლო ამიერითგან უფროსად განძლიერდა ლანგ-თემურ, რამეთუ კნინღა სრულიად დაიპყრა პირი ყოვლისა ქვეყანისა, და ესრეთ წარემართებოდა საქმე მისი, ვითარცა ალექსანდრე მაკედონელისა. და ესე არა თუ კეთილ-მოქმედებისა მისისათვის, არამედ ესრეთ არს სოფლისა მის ჩვეულება. და იგი მპყრობელი ყოვლისა ქვეყანისა აწ ესე-რა იგიცა ნაცარ და მტვერ ქმნილ არს, და სულითა ქვესკნელად ჩასულ არს.
ხოლო აწ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ.
მაშინ დაიპყრა ლანგ-თემურ ყოველივე ქვეყანა აღმოსავლეთისა, და წარმოვიდა ძლიერებითა მრავლითა და სპითა ურიცხვითა, რომელი ჰფარვიდა ყოველთა ველთა ქვეყანისათა, და ესრეთ მოიწია სომხითად, და მოიცვა სრულიად სომხითი. რამეთუ მოაწია მათ ზედა ჭირი, სრვა, ტყვენვა და სრულიად იავარ ჰყო სომხითი, ესრეთ ვითა ცხოვრებასა სომეხთასა განმარტებით წერილ არს.
ხოლო დაიპყრა სრულიად სომხითი და მრავალი ტყვე ჰყო, და უმრავლესნი მათნი მოსრნა პირითა მახვილისათა, და სხვანი ყოველნივე თვისად მიიმძლავრნა, და ჰყო საბრძანებელსა ქვეშე თვისსა. და წარვიდა იქითგან, და დაიპყრა კარი, და აღიღო ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი მათნი, ხოლო წინააღმდგომნი და ურჩნი ყოველნივე მოსრნა პირითა მახვილისათა. და დაიბანაკა იქ ზამთარსა ერთსა. რამეთუ იყო ზამთარი ძლიერი და ფიცხელი.
ხოლო წარვიდა ათაბაგიცა და მორჩილ ექმნა მას, რამეთუ ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა მისი, და დიდად პატივ-სცა ათაბაგსა.
მაშინ წარვიდა შერდიას-შვილი ვირშელი, და წარმოუძღვა წინა ყოვლითა სპითა ჩაღნელ - ქვეშნელ - სიყალშელ - ნალროელ - ინდუსტანელითა, და ყოვლისა სპარსეთისა და აღმოსავალისა ლაშქრითა, დიდითა რისხვითა და გულისწყრომითა.
ხოლო შემდგომად ზამთრისა წარმოემართა ქართლსაცა ზდია. ვითარცა ღელვანი ზღვისანი. განძვინებულნი, რამეთუ წადიერ იყო დაპყრობა საქართველოსა, და ესრეთ იყო ნება სვინიდისისა მისისა. გარდამოვლო აბოცი, წარმომტყვენველმან და სრულიად იავარ-მყოფელმან ყოვლისა სანახებისამან. არა ჰყოვნა იქ, არამედ წარმოვიდა, გარდმოვლო თრიალეთი და საბარათიანო, საშინელებითა და ზარითა დიდითა, ქრონიკონს ქრისტეს აქეთ ჩ~ტჟგ.
რამეთუ არვის ძალ-ედვა წინააღდგომად მისა, რამეთუ ჰყავდა ბანაკი და სიმრავლე სპათა ურიცხვი, რომელსა ვერ იტევდენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და სანახებნი საქართველოსანი, და მოსრნა ყოველივე თრიალეთი, საბარათიანო, და გარემონი, მკვიდრნი მათ ადგილთანი წარმოსტყვენნა, და შემუსრნა ყოველნივე სიმაგრენი, ციხენი და გოდოლნი. და არა დარჩა დაბანი, რომელნი სრულიად არა აღაოხრნა.
რამეთუ არაოდეს მოწევნულ არს ჭირი ესევითარი საქართველოსა ზედა, რომელი მან მოაწია.
მაშინ სცნა რა საქმე ესე მეფემან ბაგრატ, მწუხარე იქმნა ფრიად, და ეძიებდა ღონესა რასამე საქმისასა, რამეთუ ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა მისი. ხოლო შევიდა ციხესა ტფილისისასა.
მაშინ გიორგი მეფე წარვიდა და მივიდა სამწევრისს და ოდეს ესმა მოსლვა ტფილისს თემურისა, მაშინ აღიყარა მეფე გიორგი ლიხთიმერეთით.
მაშინ ერისთავი ვირშელი უკუდგა ციხესა ბეხუშისასა დედაწულითა და ჯოგითა, და თანა ჰყვა კათალიკოზი ელიოზ ყოვლითა საყდრის შვილითურთ, და ხიზნითა და ჯოგითა და ცხვრითა, და გამაგრდა მას შინა.
და ვითარცა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, წინააღდგომა და სიმაგრე, ეგრეთ ჰმონებდა თვით მისლვასა და მორჩილებასა მეფისა ბაგრატისასა, ვითარცა მორჩილ ექმნა ათაბაგი და სხვანიცა მრავალნი. მაშინ ფრიად განრისხნა მძლავრი იგი ზვავი და ამპარტავანი. მივიდა და გარე მოადგა ციხესა ტფილისისასა, და უბრძანა სპასპეტთა და სპასალართა თვისთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და განწირვა თავთა მათთა.
ხოლო რომელნიმე დიდებულნი თავადნი ქართლისანი არა იყვნენ ციხესა მას. შინა მეფისა ბაგრატის თანა, არამედ წარსულ იყვნეს თვის-თვისად სახიზარსა და სიმაგრესა შინა, და რომელნიმე თანა ჰყვეს რჩეულნი ჭაბუკნი, რომელნი სამარადისოდ თანა ჰყვებოდეს მეფესა.
ხოლო მოისვა მძლავრმან ლანგ-თემურ სრულიად გარემონი ტფილისისანი, და უბრძანა სიმრავლესა ბანაკთა თვისთასა აღება ციხისა და შემუსრვა ზღუდეთა ციხისათა.
მაშინ მეფემან ბაგრატ, დიდად მინდობილმან და მსასოებელმან მოწყალებათა ღმრთისათამან, განიგულა წინაგანწყობა მათი, მეტყველმან ესრეთ: „ფრიად უმჯობეს არს და სანატრელ სიკვდილი სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, ვიდრეღა-რა მორჩილებასა და იძულებით შეპყრობასა მძლავრისა მის მიერ“ და ესრეთ შეიჭურა ჯაჭუ-ჭური ქრისტეს სარწმუნოებისა, და გამოვიდა შემთხვევად და ბრძოლად ლანგ-თემურისა. და მიმტევნეს ბანაკსა მათსა მეფე ბაგრატ და სპანი ქართველთანი ესრეთ ვითარცა გავაზი გუნდსა წეროთასა და ვითარცა ლომი მროწეულსა ძროხათასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი იმიერ და ამიერ, და მოისრა ორ-კერძოვე სიმრავლენი სპათანი, და უფროსღა უმრავლესნი მოსწყდეს სპანი ლანგ-თემურისანი. და ვერა უძლეს ოტებად მათდა სიმრავლისაგან ბანაკთასა; და დაშვრეს ფრიად ქართველნი ფიცხელთა ბრძოლათა მიერ და სრვათა, და მოისრნეს ქართველნიცა მრავალნი. და ესრეთ უკუნ იქცეს. იქვე ციხესა ტფილისისასა.
ამისა შემდგომად ფრიად განძვინებულმან ლანგ-თემურ და ვერ მიმთხვეულმან ნებასა გულისთქმისასა მოიპოვა ღონე ესევითარი, და ქმნეს ჩელტები რკინითა შემზადებული. ესე აღიფარეს და მიეტევნეს ციხესა მას ტფილისისასა. და ესრეთ მძლავრობით შემუსრეს და აღიღეს ციხე იგი, და იავარ ჰყვეს სრულიად შინაგან მყოფნი ციხესა მას შინა: და რომელნიმე მოსრნეს, და რომელნიმე ტყვე ყვეს.
მაშინ შეიპყრეს თვით მეფე ბაგრატ და დედოფალი ანნა, და მის თანა მყოფნი ქართველნი ყოველნივე. და განიხარა ლანგ-თემურ შეპყრობისა მისისათვის, და პყრობილ ჰყო მეფე ბაგრატ, და სრულიად მის თანა მყოფნი ქართველნიცა. და თვით დაიპყრა ციხე, და შეაყენნა მას შინა სპანი თვისნი. ხოლო აიძულა მეფესა ბაგრატს სჯული მაჰმადისა ლანგ-თემურ, და აღუთქმიდა ნიჭთა დიდთა, და პატივსა ძმებრივსა, და კვლავადვე მინიჭებასა სამეფოსა თვისისასა. ლიქნითა სიტყვათათა მოქენე იყო პყრობა სჯულისა მისისა, და არა მორჩილ ექმნა ყოვლადვე, რამეთუ მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა თვისსა ზედა მეფე ბაგრატ.
და დაყო მცირედ-რამე იქ ლანგ-თემურ. და მერმე აუწყეს ნადირთა სიმრავლე და შექცევა ყარაიასა, და წარვიდა ყარაიასა შინა. მოინადირეს და შემოსეს კეთილად, მოსრეს სიმრავლე ნადირთა, და იშვებდნენ უზრუნველად და განსცხრებოდნენ. მაშინ განიზრახა წარსლვად ყარაბაღს, და აღიყარა და წარვიდა, და თანა წარიყვანა მეფე ბაგრატ პყრობილი. და ჩასრულმან ყარაბაღს დაიბანაკა იქ რაოდენთამე ჟამთა, და იგონებდა ბოროტსა, რამეთუ სავსე იყო შორითა და ხდომითა, რომლისა თხლე არა წარმოიცალიერა, და გარდამოეცემოდა გესლი ასპიტისა ბაგეთაგან მისთა, რამეთუ სრულიად ეგულვა და მოქენე იყო იავარ-ყოფისათჳს საქართველოსა, ვინათგან მეფე ბაგრატ პატიმრად ჰყვა, და სხვა არავინ საეჭულ უჩნდა წინააღმდგომი მისი. ხოლო განაწესა სპასალარი ერთი ვინმე წარჩინებულთა თვისთაგანი და მისცნა სიმრავლენი სპათანი ურიცხვნი, წარმოგზავნა საქართველოსა ზედა, და ამცნო სრულიად მოოხრება და დასრულება ქართლისა; და უმეტესად წმიდათა ეკლესიათათვის, ციხეთა და შენობათათვის ეტყოდა: „დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა. ხოლო მხცოვანთა მამათა და დედათა, და უფროსღა სამღდელოთაგან რომელნიცა შეიპყრან, მოსრან ყოველნივე პირითა მახვილისათა, და სხვანი წარტყვენონ და ტყვე ჰყონ, და მოწვან ცეცხლითა წმიდანი ეკლესიანი, და ყოველნივე დაბანი და შენობანი ქართლისანი“. და ესრეთ ამცნო და განამტკიცნა სარდალნი და ყოველნივე სპანი თვისნი მძლავრმან უწყალომან ლანგ-თემურ. მაშინ წარმოვიდენ და მოიწივნეს მსწრაფლ მყისსა შინა არეთა ქართლისათა, ქრონიკონს ქრისტეს აქეთ ჩ~ტჟგ.
და ვითარცა მოიწივნნეს, მაშინ მოიცვეს ტფილისი და სრულიად ყოველნივე სანახებნი ქართლისანი, და სრვიდეს უწყალოდ, ვითარცა პირველ ეგვიპტელთა ღმრთისა მიერ რისხვით მივლინებული იგი მომსრველი სენი. რამეთუ ესრეთ თქმულ არს: ორგზის ჟამიც აღარ მოექცევისო. ნამდვილვე ფრიად უბოროტეს ჟამისა გამოჩნდნენ იგინი, რამეთუ მომსრველი იგი ჟამი ზეგარდამოითა ბრძანებითა ყოვლად მოწყალისა ღმრთისათა მიივლინების კაცთა ზედა განმრავლებისათვის ცოდვათა ჩვენთასა, და სწვრთნის ვითარცა საყვარელსა ძესა მამა იგი მოწყალე. რათა შეინანონ და მოიქცენ სინანულად, და განგებითა ღმრთისათა მის მიერ აღსრულებელნი გვამნი მკვდართანი ყოველნივე მღვდელთა მიერ შეიმუსრვის და იმსახურების, და წმიდათა ეკლესიათა შინა განწესებულ არს სამარხო მათი პატივად და ლხინებელად აღსრულებულთა სულთათვის. და მომსრველი იგივენი ვერ მიეხების მღვდელთა რათურთით.და ესრეთ განთავისუფლებულ არიან მღდელნი მომსრველთა სენთა მიერსა, და წმიდათა ეკლესიათა მიერ ფრიად შიშნეულ არს, და მძრწოლარე ჭირი იგი მომსრველი, არამედ მაშინ ფრიად უბოროტეს გამოჩნდეს მომსრველისა მისგან ჟამისა სპანი იგი ლანგ-თემურისანი საქართველოსა შინა.
ხოლო არა თუ ყოველთა კაცთა სრვა კმა ვყოთ, არამედ წმიდანი ეკლესიანიცა და მას შინა მყოფნი სამღვდელონი კრებულნი ცეცხლითა დამწვარ იქმნნეს მათ მიერ.
მაშინ დაუტევეს ქვემო-კერძონი იგი სანახებნი ქართლისანი, და წარვიდეს ზემოთ კერძო შიდა ქართლად, რომელსა აწ ზემო ქართლად უწოდენ. რამეთუ პირველ მოსლვასა მათსა დარჩა შიდა ქართლი წარუტყვენველად. მაშინ მივიდნენ უსჯულონი იგი წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა მცხეთას, უფროსღა და უმჯობეს სავსენი შურითა მისითა. ეჰა, ვაჲმე დღისა მისთვის და ჟამისა, რომელი მოიწია ჩვენდა სიმრავლისათვის ცოდვათა ჩვენთასა. აჰა წარმოდეგინ ჩვენდა გოდებისა მთხზველად ხმა ჰრამათ მტირალი საღმრთო იერემია, მეტყველი ესრეთ: „განიშორა უფალმან საკურთხეველი თვისი, განაბნია სიწმიდე თვისი, შემუსრა ხელითა მტერისათა ზღუდე ტაძართა მისთა, ხმა ბრძოლისა მოსცა სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა დღესა შინა დღესასწაულისასა, და ეკვეთნეს ქვეყანასა ბჭენი მისნი, წარწყმიდნა და შემუსრნა ბოქლონნი მისნი, მეფე მისი, და მთავარნი მისნი წარმართთა შორის. და არა არს სჯული, და წინასწარმეტყველთაცა მისთა არა ჰპოვეს ხილვა უფლისა მიერ“.
რამეთუ ესრედ სახედ ყოველივე ჰყო მძლავრმან უწყალომან ლანგ-თემურ საქართველოსა შინა, ვითარცა მეფემან ბაბილოვნისამან ნაბუქოდონოსორ მოაწია იერუსალიმსა ზედა, ამან უფროსღა გარდამატა მას, რამეთუ მან არა იკადრა დარღვევა ტაძრისა მის სოლომონისა, თვინიერ წარღებისა მრავალთასსა მას პატიოსანთა ჭურჭელთა ტაძრისათა, არამედ ამან ლანგ-თემურ ესეოდენი ბოროტი ქმნა რომელ წარიღო, სრულიად პატიოსანი სამკაული და შემკობილნი რომელნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი, და იგი არა ჯერ უჩნდა კმაყოფად, არამედ თვითცა შეჰკადრა და ბილწითა ხელითა წარმდებად ხელ-ჰყო დარღვევად და მოოხრებად სვეტისა ცხოველისა შინაგან, და გარეთ ზღუდენი და პალატნი. და ყოველნივე შენობანი სრულიად იავარ ჰყვეს სპათა ლანგ-თემურისთა.
ამისა შემდგომად აღიყარნენ და წარვიდნენ და, სადაცა განვლეს, დაწვეს და მოაოხრეს დაბანი და შენობანი ზემო-კერძოთა სანახებთანა. და ესევითარითა სიბოროტითა მიიწივნეს ქვაბთა ხევს, და იგიცა მოიცვეს და წარმოსტყვენეს. და უყვეს მრავალი ბოროტი გარეშე წმიდისა ეკლესიისა, და ინებეს წმიდისა მის ეკლესიისა ცეცხლითა დაწვა და დარღვევა, რამეთუ შინაგან ტაძრისა მის შევტოლვილ იყვნენ ყოველნივე იქ მყოფნი, წმიდანი მღვდელნი, დიაკონნი და ფირჩოსანნი, მღვდელ-მონაზონნი, გლახაკნი და უღთონი დავრდომილნი, და დედანი მონაზონნი, რომელნი მდგომ იყვნეს. აზნაურთა და თავადთა ასულნი და დედანი.
ხოლო ესე ყოველნივე მონაზონნი გამოიყვანნა და შეასხნა სამეჩანგო შესასხმელნი, და დაჰკიდნა ეჟვანნი და ზარნი და ფერხისა დააბმევინა, ათამაშა და ამღერა. და ერთმან ვინმე მონაზონმან აღმოთქვა: „ვაჲ ჩვენს დედაბრობასა, ეს რა გუეძღარუნებიან“. ამისა შემდგომად რომელნიცა ინებეს, წარიყვანეს, და რომელთა არა დაუტევეს სჯული ქრისტესი და ურჩ ექმნენ მათ და გლახაკნი და დავრდომილნი რომელნიცა იყვნეს, მათ ყოველთა შეუკრნეს ხელნი და ფერხი, და დააწყვეს საშუალ ეკლესიისა, რამეთუ იყო ხმა მათი ვაებისა და ოხრებისა, ვითარცა ქუხილი ცისა. ხოლო მათ ყოველთა, უკეთურებითა აღსავსეთა, აღაგზნეს შიგან და გარეშე ტაძრისა მის აღატყინეს ცეცხლი მძლაფრი, და დაწვეს ტაძარი იგი ქუაბთახევისა ღმრთისმშობელისა, და მას შინა მყოფნიცა იგი წმიდანი და სამგზის სანატრელნი სამღვდელოთა დასნი, რომელნი მას შინა ცეცხლითა აღესრულნეს და წამებისა ღვაწლითა და გვირგვინითა შემკულნი აწ იხარებენ წანაშე ღმრთისა და ჩვენთვის ჰყოფენ ვედრებასა. ხოლო დამწვარნი იგი წმიდათა გვამთა მათთა აჩრდილნი ვიდრე დღეინდელად დღედმდე მსგავსად კაცთა სახედ იხილვების იატაკსა მას შინაგან წმიდისა ტაძრისასა. და ესენი სურვილითა წამებისათა და ტრფიალებითა ზესთა სასურველისათა შეთქმულ იქმნეს, რათა ღირს იქმნენ იგინი ქრისტესთვის სიკვდილსა და ტანჯვასა, და აქა მცირედ მოითმინნეს და იქ საუკუნოდ იშვებენ, და იმოთხვენ ზეცათა შინა ყვავილთა მათ დაუჭნობელთა.
ხოლო უსჯულოთა მათ მოვლეს გარემონი მათ ადგილთანი, და წარტყვენეს ყოველნივე. და ამისა შემდგომად წარვიდნენ და მიიწივნენ რუისს და დაიბანაკეს იქ. მოიცვეს სრულიად შიდა ქართლი, დაწვეს და აღაოხრეს, და მოვლნეს ყოველნი არენი და სანახებნი შიდა ქართლისანი, და აღიღეს ციხენი, გოდოლნი და სიმაგრენი ყოველნივე გარდა მთისა კავკასიისა. მაშინ ძირითურთ აღმოფხვრეს დიდი ეკლესია იგი რუისისა, რომელ არს საყდარი ღვთაებისა, ვიდრე საფუძველითურთ დაარღვივეს, და არა-სადა დაშთა დაბანი და შენობანი მათ მიერ წარუტყვენველად.
და ესრეთ სრულ ჰყვეს ბრძანებული იგი ლანგ-თემურისა სპათა მისთა, ვითარცა პირველ ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარმან მეფესა ნაბუქოდონორისმან ჰყო იერუსალიმს შინა იუდიანთა ზედა, მოქმედმან ესევითარისა უკეთურებისამან, რომელმან განასახლნა იერუსალიმით ბაბილოვნად იუდიანნი, ძენი სიონისანი, სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა იერემიასსა: „მოვიდაო ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარი და წინაშემდგომი მეფისა ბაბილოვნისა იერუსალიმად, და დაწვა სახლი უფლისა, და სახლი მეფისა, და ყოველნი სახლნი ქალაქისანი, და ყოველი სახლი დიადი მოცეცხლა ცეცხლითა“. ესე ყოველივე ჩვენდა მომართ აღასრულა უწყალომან ლანგ-თემურ და სპათა მისთა, რამეთუ სრულ ჰყვეს ყოველივე ბრძანებული მისი.
ამისა შემდგომად აღიძრნეს და წარვიდეს იქითგან და ჩავლეს კახეთი. იგიცა წარმოსტყვენეს და იავარ ყვეს, და მრავალნი ტყვე ყვეს. და რომელნიმე მოსრნეს პირითა მახვილისათა, და შენობანი ყოველნივე მოცეცხლეს და წარვიდეს ლანგ-თემურისა თანა, მიულოცეს გამარჯვება.
ხოლო ჟამსა მას მივიდა ლანგ-თემურ შაქის, და მიერთნეს ყოველნივე მკვიდრნი მის ადგილისანი, მიიმძლავრნა და ვერვის ძალ-ედვა. წინააღდგომად მისა, და ყვნა ყოველნივე საბრძანებელსა ქვეშე თვისსა. მაშინ შემოიკრიბა და მიერთნეს ყოველნივე კავკასიანნი და ლეკნი, შირვანელნი და გილან-მაზანდარელნი, და თანა ჰყვა პყრობილად მეფე ბაგრატ, და ყოველნივე მის თანა მყოფნი ქართველნი, რამეთუ დიდად მოქენე იყო და ღონე-ჰყოფდა ლანგ-თემურ მიქცევად სჯულსა მისსა ზედა მეფისა ბაგრატისსა, და აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და პატივსა დიდძალსა და კვლავ მინიჭებასა საქართველოსასა, და უკეთუ არა სარწმუნო მექმნა და არა ისმინო ჩემი, ვბრძანო სიკვდილითა ბოროტითა სიკუდილი შენი და ყოველთავე ქართველთა, რომელნიცა პყრობილ არიან ჩემ მიერ“.
ხოლო მეფემან ბაგრატ, არარას მზრუნველმან თავისა თვისისამან და ვითარცა სურვიელმან მწარისა სატანჯველისა და სიკვდილისამან ქრისტეს სარწმუნოებისათვის, არა ინება და არცა სათნო უჩნდა მორჩილება მათი და დატევება სჯულისა თვისისა, არამედ გამოხსნისათვის ქართველთასა, რათა არა მიზეზითა მისითა იქმნას აღსასრული მათი მის უწყალოსა მძლავრისა მიერ. ამისთვისცა მოიპოვა ღონე რაჲმე ხელოვნებით ძვინად მათდა აღმრჩეველმან, რეცა-თუ პირ-მორჩილ ქმნილმან ნებასა მათსამან, ხლო გულითა შორად განშორებულმან მცირედსა ჟამსა შინა უმჯობესისა საქმისა წარმართებისათვის, რათამცა ხსნილ და განტევებულ იქმნენ მათ მიერ, და ამისთვისცა მიჰყვა ნებასა. ლანგ-თემურისსა. ხოლო ლანგ-თემურს რა ესმა მორჩილება მეფისა ბაგრატისა, განიხარა სიხულითა დიდითა და მსწრაფლ წარავლინა კაცი, და თავისუფალ ჰყო პყრობილებისაგან, და მიიყვანა სახიდ თვისად. და შეიტკბო და დიდად პატივ-სცა, და ეგრეთვე ქართველნიცა განათავისუფლნა კრულებათაგან. მაშინ მიანიჭა მეფესა ბაგრატს წყალობა, და უბოძა საბოძვარი მრავალი, და მოფენილობა სახლთა, და სარეცელნი და სხვანი მრავალნი სახმარნი და სამკაულნი, ყოველივე შემსგავსებული სიმდიდრისებრ ხელმწიფობისა მისისა, და მრავლითა ნიჭითა და საბოძვართა სიმრავლითა აღუსრულა გული, და უყოფდა ძმებრივსა პატივსა და სიყვარულსა ყზომოსა მიქცევისათვის მისისა სჯულსა მაჰმადისსა. ხოლო მეფე ბაგრატ. დაღაცათუ პირითა აღიარებდა სჯულსა მათსა, არამედ მტკიცედ ეგო გულითა მხურვალითა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და საიდუმლოდ თვისგან ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა მდუღარითა, რათა განტევებულ იქმნეს მათ მიერ.
მაშინ ქართველთა ყოველთავე დაატყვებინეს იძულებით სჯული მათი და მიიქცეს სჯულსა მათსა, და უფროსღა მას ზედა მწუხარე იყო მეფე ბაგრატ მიდრეკისათვის და დატევებისა ქართველთა სჯულსა ქრისტეანობისასა. და ჟამსა მას დიდად სათნო უჩნდა ლანგ-თემურს მეფე ბაგრატ, და უსმენდა და მორჩილებდა სიტყვასა მისსა, და არღარა უფარვიდა საიდუმლოსა სვინიდისისა თჳსისასა, და იყო თანა-განმზრახი ლანგ-თემურისა. ხოლო ჟამსა მას დაეპყრა ყოველივე აღმოსავლეთი ლანგ-თემურს, და არღარავინ საეჭველ უჩნდა წინააღმდგომი, ვინათგან მეფე ბაგრატ თანა-ჰყვა და სრულიად საქართველო საბრძანებელსა მისსა ქვეშე იყვნეს, და ესრეთ მოქადულ იყო დაპყრობისათვის საქართველოსა და მეფისა ბაგრატისა, რათამცა ხელეწიფა პყრობად პირი ყოვლისა ქვეყანისა, და ამისთვის დიდად პატივცემულ იყო მის მიერ.
ხოლო დღესა ერთსა, ოდეს იყვნეს მხოლოდ თვისაგან თვითმპყრობელი მძლავრი ლანგ-თემურ და მეფე ბაგრატ და ზრახვიდენ ურთიერთას, მაშინ უთხრა მეფემან ბაგრატ ლანგ-თემურს სიტყვითა ლიქნითა: „ვინაითგან ესრეთ ვსცან სიმტკიცე სჯულისა თქვენისა, და აწ მეცა სარწმუნო მიჩნს და ესრეთ მნებავს, რათამცა სრულიად მორჩილ იყვნე სჯულისა თქვენ სამკვიდრნი საქართველოსანი. და უკეთუ გნებავს მოქცევა მათი სჯულსა თქვენსა ზედა, აწ მომეც სიმრავლენი სპათა თქვენთანი და მე წარვალ სამეფოსა ჩემსა საქართველოსა, და მე მოვხადო ყოველთავე მკვიდრთა ქართლისათა: დიდებულთა და მცირეთა, მთიულთა, ოვსთა, დვალთა, სვანთა და აფხაზთა - ამათ ყოველთავე მე დავარწმუნო სჯული თქვენი, და იგინი ვყვნე მოხარკე და მორჩილ ბრძანებისა თქვენისა“.
მაშინ ვითარცა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, დიდად მხიარულ იქმნა, და სარწმუნო იქმნა განზრახვასა მისსა ზედა კვლავ უმეტესად პატივ-სცა და მიანიჭა საბოძვარი დიდძალი, განძი და სახელმწიფო საჭურჭლე. და აღამზადა სპანი, რჩეული კაცი თორმეტი ათასი და უჩინა მათ სარდალი და ათასისთავნი. და ამცნო მათ ლანგ-თემურ, რათა მორჩილებდენ მეფესა ბაგრატსა და არა ურჩ ექმნენ სიტყვასა მისსა. ხოლო წარმოვიდა მეფე ბაგრატ, და მის თანა მყოფნი ქართველნიცა, და სპანი ლანგ-თემურისნი თორმეტი ათასი. და ესრეთ იქმნა წინაუკმო აღრჩევა ესე მეფისა ბაგრატის, ვითარცა. პირველ აქიტოფელი აბესლომისათვის და ესე არათუ თანა-განმზრახ იქმნა საქმედ სიბილწისა, არამედ შურის ძიებისათვის პირველთა მათ სიბოროტეთა და უკეთურებათა ლანგ-თემურისათა, რომელი ჰყო საქართველოსა შინა. მაშინ წარმოემართა და მიიწია არეთა და მზღვართა საქართველოსათა და იმარჯვებდა ჟამსა, თუ ვითარძი საბრხე უდგას სპათა ლანგ-თემურისთა. ხოლო ჟამსა მას დაეპყრა სრულიად საქართველო გიორგის, ძესა პირმშოსა ბაგრატისასა. მაშინ წინააღრჩევით იდუმალ წარავლინა მეფემან ბაგრატ კაცი ერთი მხედართაგანი, სარწუნო გულისა თვისისა, მალემსრბოლად წინაშე ძისა თვისისა გიორგისა, და მიუწერა ესრეთ: „განვერი საბრხისა მისგან ლანგ-თემურისა ძალითა ყოვლად ძლიერისა ღმრთისათა; და აწ მოვალ შურისგებად და ძიებად პირველთა სიბოროტეთა, რომელი ჰყო მან ჩვენ ზედა და საქართველოსა ზედა. აწ ესერა მომყავს სპანი ლანგ-თემურისნი, კაცი ვითარ თორმეტი ათასი, დიდად რჩეულნი და წარჩინებულნი მისნი, სავსენი განძითა და საჭურჭლითა მრავლითა. და ესე იყო წადილი და სურვილი სვინიდისისა ჩემისა ესრეთ“.
და ვითარცა მიუმცნო ძესა თვისსა გიორგის, მაშინ მოვიდა მეფე გიორგი ლიხთიმერეთით, და ესმა დვალთაგან ღალატი ქსანთ ერისთვისა. განრისხნა და განილაშქრა მათ ზედა, და შემოვიდა გზასა აჩაბეთისასა, და იწყო ტყვენვა და აოხრება მათი, და მოაოხრა სრულიად დვალეთი.
მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და შემოკრიბნა ყოველნივე, და წარმოემართა და მოვიდა და დაიბნაკა ერთსა ვიწროთაგანსა გზასა სიმაგრისასა, სადაცა წინასწარ ბირებულ იყო მეფისა ბაგრატის მიერ. ხოლო ოდეს მოიწია მეფე ბაგრატ ადგილსა მასა სადა-იგი მზირად განწყობილ იყვნენ უქმნეს წინაუკანა სპათა ლანგ-თემურისთა. მაშინ მიეტევვეს ქართველნი ვითარცა ხანძარი აღტყინებული ქართა მიერ განძვინებული მდელოთა ველისათა ანუ მაღნართა შინა. და ვითარცა ხე ცულითა, დაკოდნეს ბეჭნი მათნი და პირითა მახვილისათა მოსრნეს იგინი.
და მოიწია მათ ზედა რისხვა ღმრთისა საშინელი, ვითარცა-იგი ილოცა ეზეკია მეფემან ღმრთისა მიმართ სენექერემისთვის, და გამოვიდა ანგელოზი უფლისა და მოსრა ბანაკისა მისგან ასურასტანელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასი კაცთაგან მთავართა. ესევითარი რისხვა ღმრთისა მოიწია სპათა ზედა ლანგ-თემურისთა, და მიუწყვეს მათცა საწყაული იგი, რომელიცა მოუწყეეს საქართველთსა, ვითარცა იტყვის დავით: „ასულო ბაბილოვნისაო უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგის შენ მისაგებელი იგი, რომელ შენ მომაგე ჩვენ“ და შემდგომი.
ხოლო მოსრეს ყოველნი სპანი ლან-თემურისნი ვითარ თორმეტი ათასი, და ერთიცა მათგანი არა განერა. და წარიღეს ქართველთა ნატყვენავი და იავარი მათი. და იყვნენ სიხარულით და შვებით განმარჯვებულნი და უფროსღა მოხარულ იყვნენ ხილვისათვის მეფისა ბაგრატისა და მის თანა მყოფთა ქართველთასა, რამეთუ ესრეთ გამარჯვება მისცა ღმერთმან ქართველთა, რომელ თორმეტის ათასის რჩეულის ლანგ-თემურისა სპისა მომსრველთა თორმეტი კაცი არა დააკლდა მათ მიერ საქართველოსა ამა წყობათა შინა.
მაშინ ვითარცა მიესმა ლანგ-თემურს ამბავი ესრეთი, შეუძნდა ვითარმცა სრულიად მიღებულ ქმნილიყო მისთვის ყოველივე სახელმწიფო და განსაგებელი თვისი, იშთვებოდა სულითა და განიხერხებოდა შურითა, და იმძლავრებოდა ბოროტთა გულის სიტყვათაგან. მაშინ დაღაიდუმა საქმე იგი. და დაიზამთრა იქვე შაქის ბანაკითურთ თვისით, და იყო იქ ჟამსა რაოდენსამე. და ვითარცა მოიწია თვე მარტისა, შემოკრიბნა სიმრავლენი სპათანი, უმრავლესნი ზღვისა ქვიშისა და უმეტესნი პირველთასა.
მაშინ მოუწოდა შარვან-შაჰს ბანაკითურთ თვისით, და მოვიდა იგიცა სპითა ურიცხვითა, და წარმოვიდა ლანგ-თემურ ძალითა მრავლითა და საშინელებითა ზარის-სახდელითა, საყვირითა და დაბ-დაბთა ცემითა და ბუკთა ტკრციალითა. და ესრეთ მოიწია ბარდავს, და იქ დაუტევნა საჭურჭლენი და ბარგნი, სამძიმარი, რომელი არა ეხმარებოდა, და დაარჩინნა სპანი მეომარნი. და ესრეთ წარმოემართა და მოიწია მდინარესა მას ზედა მტკვარსა, და გასდვა ხიდი ნავებითა, და განვლეს მას ზედა, რამეთუ მას ჟამსა იყო გაზაფხულის პირი, და წვიმდა, და მოსთოვდა მთათა ჰაეროვნებისაგან, და არღარა ჰყოვნეს იქ, არამედ მოისწრაფეს შენობათა შინა.
ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი შემოიკრიბა სპანი საქართველოსანი, რომელთა მინდობითა და სარწმუნოებისა ღმრთისათა არა ჰრიდეს სიკვდილს განწირვად თავთა მათთა, დაღაცათუ უმრავლეს იყვნეს იგინი უმეტეს ასითა ათასითა ზომითა, არამედ არა შეშინდეს, არცა მომედგრდეს. ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი და ერთგულთა სპათა მისთა ქართველთა მყის მიისწრაფეს მათდა მიმართ.
აწ მიხედეთ მაშინდელსა მას სიქველესა და მხეცქმნილობასა და სჯულისა სიმტკიცესა, მკვიდრნო საქართველისანო, ჩინებულნო და რჩეულნო, და თუ ვითარი ახოვნება და გულსმოდგინება აჩვენეს უსჯულოთა ზედა არა დაკნინებისათვის საქართველოსა, რამეთუ ესრეთ ჯერ უჩნდათ მაშინ ბრძოლა მათი, ვითარმცა მხეცთა სრვა და შექცევა ჯარაიასა შინა.
მაშინ მივიდეს ქართველნი სადა-იგი დაბანაკებულ იყვნეს პირველ შემოსლვადმდე მათსა შენობათა შინა ქართლისათა. ესენი მიეგებნეს წინა, და მიეტევნეს სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომი ჯოგთა მიმართ კანჯართასა, და ვითარცა მგელი ჯარათა მიმართ თხათასა; და ეკვეთნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი იმიერ და ამიერ.
აჰა, მიხედეს რჩეულებსა და ქებულსა ჭაბუკთა ქართველთასა დღე და ღამე სიხარულისა და განცხრომისა, და პირველსავე კვეთებასა ზედა მიდრიკნეს იგინი და შეანარცხეს ურთიერთას, ვითარცა შავარდენთა მიერ განქრეული გუნდი ჭილყუავთა, ეგრეთ საგონებელ იყვნეს ბანაკნი ლანგ-თემურისნი. არამედ სიმრავლისაგან მათისა ვერა აგრძნეს ბოლოდ კერძოთა მყოფთა ბანაკთა მისთა ესევითარი ძლიერი ბრძოლა თხემსა რაზმთა წყობისა მათისასა. რამეთუ მაშინ ფრიად სანატრელ საგონებელ იყო შორით მჭურეტელთა. კაცთა მიერ ახალმოასაკეთა მათ მოყმეთა ქართველთა ჭაბუკთა სიქველე და მკვირცხლ-მორბედობა, რომელი კმა იყო ძველთაგანცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მათ მიერ მივიდოდეს სიმწვავენი, და მკვეთებელნი ისართანი, მფეთებელნი ხმალთანი, და მხეთქებელნი ოროლთანი, და უშრომელობანი, და სიმაგრენი მკლავთანი. და ამას შინა განგრძელდა ომი.
ხოლო ლანგ-თემურისა მიერ პირველვე განწესებულ იყვნეს მცველნი რათა არავის უტევებდენ მლტოლვარეთაგანსა. და მაშინღა შეკრბეს ზოგად ერთ გუნდად, რამეთუ სიფიცხისაგან ომისა ფრიად შეძრწუნებულთა ეგულვებოდათ სივლტოლა და უკუნ ქცევა. ხოლო ლანგ-თემურ აღირჩია განწირვა თავისა თვისისა და სიკვდილი და არა უკუნ ქცევა.
მაშინ იხადა მახვილი და თვით განვიდა წინაგანწყობად, აღიზახა ხმითა დიდითა სპათა მიმართ თვისთა. და გამხნევდნენ სპანიცა მისნი, და მიეტევნეს მიმყოვრებასა თანა ომისასა. რამეთუ სპანი ქართველთანი ფრიად დამაშვრალ იყვნენ და დაელეწნეს აბჯარნი საომარენი, მაგრამ კვლავადცა ფიცხლად იბრძოდეს და სრვიდეს სიმრავლესა მათსა, და დასთხევდეს სისხლსა მათსა, რომელ ყოველნივე მეწამულად იხილვებოდეს სპანი ქართველთა, ცხენით კაცითურთ. და მოისრა ორკერძოვე ბანაკი ურიცხვი, და უფროსღა ხუთი ზომა სპანი ლანგ-თემურისნი მოისრნეს, რამეთუ განგრძობასა თანა ომისასა ვერღარა ძალ-ედვათ ქართველთა წინაგანწყობა მათი დიდსა სიმაშვრალისაგან, და არცაღა იარაღი შერჩომოდათ, არცაღა ცხენთა მათთა ძალედვა სრბა. რამეთუ მე ეგრეთ ვერ ძალ-მიძს აღწერად, და შესხმა ქებისა სიმხნე-ახოვნებათა მათ ჭაბუკთა ქართველთასა, ვითარ-იგი სპარსთა წიგნთა შინა წერილ არს; ქება სპათა ქართველთასა. მაშინ უკუნ იქცა მეფე ბაგრატ და ქართველნი და მიჰმართეს სიმაგრესა მთათასა, და დევნა უყო უკანა მათსა ლანგ-თემურ და სრულიად სპათა მისთა.
ხოლო წინათვე წარსულ იყვნეს ხიზანნი საქართველოსანი სიმაგრეთა შინა, რომელნიმე მთათა შინა კავკასიისათა, რომელნიმე სხვათა სიმაგრეთა მიმართ იმერთასა, და არღარავინ დაშთა საქართველოსა, არცა იპოვებოდა ხიზანი შენობათა შინა, ყოველნივე შელტოლვილ იყვნეს მთათა მიმართ.
ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი მიისწრაფეს სიმაგრეთა შინა, და წარვიდეს ქართველნიცა თვის-თვისად. მაშინ შემოვიდა საქართველოსა შინა რისხვითა დაუპყრობელითა და, ვითარ იგი ჰგონებდა, ვერ მიემთხვივა ნებასა გულისთქმისა თვისისასა, ვერ პოვნა ხიზანნი. და მოვლეს სრულიად ქართლი, მოაოხრეს და დაწვეს. ყოველნივე შენობანი, და უფროსღა წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი დააქცინნეს და დაწვეს ცეცხლითა. ესე მეორე ბოროტი მოაწია წმიდათა ეკლესიათა ზედა, და შემდგომად მცირედისა ჟამისა წარვიდა ლანგ-თემურ და მიიქცა მუნვე ყარაბაღს, და დაჰყო იქ ჟამ რაოდენმე.
ხოლო მეფემან ბაგრატ კვლავ იპყრა სამეფო თვისი და განაგებდა კეთილად. და მცირედსა ხანსა შინა მიიცვალა სარწმუნოებასა და სინანულსა შინა მეფე ბაგრატ, და დაჯდა მის წილად მეფედ გიორგი ძე მისი ქრისტეს აქეთ [...]
და ამასვე ჟამსა მიიცვალა ყოვლად სანატრელი კათალიკოზი ელიოზ და დაჯდა მის წილად კათალიკოზად გიორგი.
და ყო გლოვა დიდი მეფემან გიორგი, და აღასრულეს წესი დაფლვისა. და შემდგომად ამისა დაიპყრა მეფემან გიორგი ყოველივე საქართველოს იმერნი და ამერნი, და მეფობდა ერთობით სრულიად საქართველოსა ზედა. და ვითარცა ესეა საქმე ესე მძლავრსა მას ლანგ-თემურს სიკვდილი მეფისა ბაგრატისა და გამეფება ძისა მისისა გიორგისა, კვლავ აღივსო შურითა და რისხვითა დაუპყრობელითა, რამეთუ ესეოდენი ბოროტი და უკეთურება არა მოეწყინა, და არცა დააცხრო გულისწყრომა თვისი; მაშინ გამოაყენა მეწინავეთ სარდალი თვისი სახელით ყარალათი, და შემდგომად თვითცა წარმოვიდა სპითა ურიცხვითა.
ხოლო განსცა საბოძვარი მრავალი სპათა თვისთა ზედა და დასცალნა სალარონი და საჭურჭლენი თვისნი ყოველნივე, და ესრეთ დაიერთგულნა სპანი თვისნი. და აღაზრზინნა იგინი, ვითარცა მხეცნი, განრყვნად ქრისტეს სამწყოსთა, და იღრჭენდეს შეგინებულთა კბილთა მათთა ქრისტეს შემოსილსა მეფესა ზედა. მაშინღა წარმოემართა და მოიწია ყარაბაღს საშინელებითა და დიდძალითა ბანაკთა სიმრავლითა, რამეთუ ვერ იტევდა ვერცა ქალაქნი და ვერცა დაბანი სპათა მისთა, არამედ სიმრავლისაგან სპათასა არა იყო რიცხვი. და ესრეთ წარმოვიდა გულისწყრომით აღძრული, და მოიწია საზღვართა საქართველოსათა, და დაიბანაკა იქ. ხოლო წარავლინა კაცი ერთი და მიუწერა მეფესა გიორგის ესრეთ, ვითარმედ: „მამამან ძენმან მეფემან ბაგრატ, არა სარწმუნო ქმნილმან მორჩილებისა ჩემისამან, ქმნა ბოროტი და ზაკვით განხეთქა ზოგი მეფობისა ჩემისა, და ვითარცა ქურციკი საბრხით განერა მახეთაგან ჩემთა, და მოსრა პირითა მახვილისათა სპანი ჩემნი რჩეულნი, რიცხვით თორმეტი ათასი, რომელ არცაღათუ ერთი განერა. და უკეთუ შემდგომად ამისა სარწმუნო თუმცა ქმნილიყო მორჩილებად ჩემდა, არამცა მეძიებელ ვიყავ შურისა მის პირველისა, არამედ, ვინათგან აწ შენ დაგიპყრიან საქართველო გარეშე ბრძანებისა ჩემისა, რამეთუ ქვეყანა ესე ხმლითა ჩემითა დამიპყრიეს და ბრძანებელსა ქვეშე ჩემსა არს, აწვე მოვედ ჩემდა და იყავ მორჩილ ბრძანებისა, ეგრეთ, ვითარცა არს წესი მონათა თვისთა უფალთა ზედა. და მეცა კეთილის-მოქმედ ვიყო შენდა მომართ, და იყოს მშვიდობა ურთიერთას შორის ჩვენსა. ხოლო უკეთუ არა ინებო მორჩილება ჩემი ვყო მრავლი ბოროტი შენ ზედა და თემთა შენთა ზედა უძვირეს პირველისა, და ესრეთ სრულიად იავარ ვყო სამეფო შენი“.
მაშინ, ვითარცა ესმა ესე მეფესა გიორგის, განბასრა ამპარტავანება და ქედმაღლობა მისი, და შეითვალა მეტყველმან ესრეთ: „დაღაცათუ სარკინოზ ხარ და ბარბაროს სჯულითა, და არა უწყი წინასწარმეტყველთა მიერ თქმული, თუ ვითარ იტყვის: უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი ესე უწყოდე, რამეთუ მე მეფობისა შენისა არა უმცირეს ვარ, არცა უდარეს. არა უწყია, რამეთუ ძირთაგან დავით წინასწარმეტყველისათა აღმოცენებულ ვართ, და მის გამო ღმრთისა მიერ ცხებით განმგების მეფობა ჩვენ ბაგრატოანთა და ტომნი ვართ დავით მეფისა და წინასწარმეტყუელისა? რომლისათვის ბრძანა ღმერთმან, ვითარმედ: „ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს, და მე არა ვეცრუო მას, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთაო“. და ესე დავით იგი არს, რომელმან ერთითა შურდულითა მოკლა გოლიათი და შემუსრა ქედმაღლობა მისი. ამისთვისცა განგებითა მრავალმოწყალისა ღმრთისათა მეფე დამკვიდრებულ ვართ სრულიად საქართველოსა ზედა, და ესრეთ განთავისუფლებულ ვართ, და სხვა მეფე არა უფლებულ არს ჩვენ ზედა. გარდა მეუფე იგი ზეცათა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
ხოლო მეფობა შენი აქაცა მწრაფლ წარმავალ არს და უმკვიდრო, და იქ საუკუნოდ გეგულების ცეცხლი უშრეტი, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათვის და შენებრ მსახურთა ყოველთათვისვე. და მზაკვარებითა მაგით და ხელოვნებითა ბელზებელთათა დაგიპყრიეს სრულიად აღმოსავლეთი და გვყავს სიმრავლე ბანაკთა და სპანი ურიცხვნი. და ესე სამგზის მოსრულ ხარ და იავარ გიყოფიეს სამკვიდრებელი ესე სამეფო ჩემი, და წილხდომილი ესე სამყსო წმიდასა დედოფლისა ჩვენისა ღმერთისმშობელისა, და ესე არათუ ძალისა შენისა მოქმედება არს, არამედ ცოდვათა ჩვენთა განმრავლებისათვის სამართლად გვწვართნა ჩვენ ღმერთმან. რამეთუ ესეოდენი ბოროტი გიყოფიეს და არა განსძეღ სისხლთა ჩვენთაგან, და კვლავ გნებავს შეჭმად ხორცთა ჩვენთა ძვალთა თანა, და აწ, ვინაითგან ეგევითარითა სილაღითა მოქადულ ხარ ჩვენდა მომართ მომავალი. მოვედ, თუმცა არა ხარ სეფექალი და დიაც, და თუ შენ არა მოხვალ, მე მოვალ ძალითა ღმრთისათა რჩეუილითა სპითა-ჩემითა.
რამეთუ სამგზის შენცა გიხილავს, და სიმრავლეთა სპათა შენთათა უწყიან მხეცქმნილობა და გამოცდილება ომსა შინა ჭაბუკთა ქართველთასა. დაღაცათუ სიმრავლითა ძალისა შენისათა მრავალი ბოროტი გიყოფიეს ჩვენდა მომართ, არამედ უვნებელად არცა ჩვენ მიერ წარსრულ ხარ. და ესრეთი წარგზავნა მოციქული ლანგ-თემურისა.
ხოლო მეფემან გიორგი მსწრაფლ შემოკრიბა სრულიად სამეფო თვისი, სპანი რჩეულნი იმერნი და ამერნი, და მესხნი და კახნი, და ყოველივე საქართველო, და წარმოვიდა.
მაშინ მივიდა მოციქული იგი წინაშე ლანგ-თემურისა, და წარმოუთხრა ყოველივე თქმული მეფისა გიორგისა, და დიდად აქო სიმხნე და სიქველე მეფისა გიორგისა და სპათა მისთა. და სიტყვათა მათ ზედა უფროსღა განძვინდა, ვითარცა მხეცი ბოროტი, და აღიყარა სიმრავლითა ძალისა თვისისათა, და წარმოვიდა იგიცა.
და შეემთხვივნეს რა ურთიერთას, მაშინ ფიცხად მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა. ცეცხლი თივათა. და აჰა, შეიქმნა ომი ძლიერი იმიერ და ამიერ. და დიდად სახელოვნად გამოჩნდეს სპანი ქართველთანი, სრვიდეს და იპყრობდეს. და განგრძელდა ომი, და შეაძრწუნნეს სპანი ლანგ-თემურისნი, გარნა სიმრავლისაგან ბანაკთა მათთასა ძრვა ვერ ძალ-ედვათ. რამეთუ ესეოდენი სიმხნე აჩვენეს სპათა საქართველოსათა, ვითარმედ, შეჰხდიან კისკასად შუასა შინა რაზმთა მათთასა, და ეგრეთ მახვილ-წვდილნი სრვიდეს, და განვიდიან თავითგან ვიდრე ბოლომდე, და კვლავ მათგან უვნებელად უკმოქცეოდიან შორის ბანაკისა მის ისმაიტელთასა. და ესრეთ სახელოვნად გამარჯვებულნი მოვიდიან ღვთივ-გვირგვინოსნისა მეფისა გიორგის წინაშე და მოულოცევდიან განმარჯვებასა.
მაშინ ფრიად შეწუხნა მძლავრი ლანგ-თემურ, ესრეთ რომე ამისთანა მარცხი და ზიანი მას არაოდეს შემთხვევია. და ესევითარითა სიმხნითა ლომებრივითა გულითა შებმა უყვეს, და ურიცხვნი სპანი მოისრნეს პირითა მახვილისათა ქართველთა მიერ, არამედ სიმრავლისაგან მათისა არა აკლდებოდათ. ხოლო ლანგ-თემურ გამოცდილ იყო, და უწყოდა ქართველთა ომისა სიფიცხლე და ადრე სიმაშვრალე. ამისთვისცა დაღაითმინა, ვიდრემდის დიდად დაშურეს ომისაგან ქართველნი.
ხოლო ოდეს მიმყოვრდა ომი და მზეცა მიდრკა ჩასასვლელად, სცნა ლანგ-თემურ ფრიადი სიმაშვრალე, და დაღალვა მკლავთა, და დალეწა აბჯართა საომართა სპათა ქართველთასა. მაშინღა განიწირა თავი თვისი მოსიკვდიდ და აღუზახა ხმითა დიდითა სპათა თვისთა. და განამხნევა იგინიცა, და ესრეთ მიეტევნენ სპათა ქართველთასა და, რაც ოდენ ძალ-ედვაო, კვლავ შებმა უყვეს, არამედ ვერღარა ძალ-ედვაო წინადადგრომად ფრიადისა სიმაშვრალისა და მოჭირვებისაგან. და მაშინღა სძლეს ბანაკმან ისმაიტელთამან, ლანგ-თემურ და აგარიანთა, და მიდრკეს ქართველნი, და ივლტოდეს მთათა მიმართ და სიმაგრეთა.
მაშინ ლანგ-თემურ წარმოვიდა პირველად და მოადგა ციხესა ტფილისისასა. მაშინ დიდად განმაგრებულ იყო ციხე იგი ტფილისისა, რამეთუ მდგომარე იყვნეს შინაგან ციხისა სპანი ქართველთანი; და ბრძოლა უყო ძლიერად, და აგრეთვე ძლიერად ებრძოდეს მეციხოვნენი. და მოიცვა ლანგ-თემურ სრულიად გარემონი ტფილისისანი, და მაშინღა მძლავრებით ინებეს შემუსრვა ციხისა. და ეგრეთცა შემუსრნეს ზღუდენი, და ხანთა რაოდენთამე შინა აღიღეს ციხე იგი ტფილისისა და ეგრეთვე ყოველნივე სიმაგრენი ქართლისანი აღიღეს და დაიპყრა ქართლი, და შეაყენა ციხესა შინა ტფილისისანა სპანი ხორასნელნი, და თჳთ აღიყარა და წარმოვიდა და დადგა მუხრანს. და შემუსრნეს კვლავ წმიდანი ეკლესიანი და მონასტრები, და შენობანი ყოველნი აღაოხრეს და დაწვეს ვეცხლითა. და მაშინღა მოუვიდეს ზოგი რომელიმე ქართველთაგანიცა, რომელთა არა ჰქონდათ ძალი სიმაგრესა.
ხოლო იყო ვინმე მთავარი და დიდად წარჩინებული ქართლსა შინა სახელით ჯანიბეგ. ამა ჯანიბეგისა მამულსა ჩაუდგა ლანგ-თემურ და აღაოხრა, დაწვა და დააქცია. მაშინ მოუვიდა იგიცა და შეურიგდა, და იყო ხანსა რაოდენსამე შინა იქ. და მოვლეს სრულიად ქართლი და მოაოხრეს და დაწვეს, და დიდად ღონე ჰყოფდა და წადიერ იყო შეპყრობად მეფისა გიორგისა, და ვერ შეუძლო.
ხოლო რაჟამს მოუვიდა ჯანიბეგ, აღიყარა და წარვიდა, და მივიდა სადაცა ჰქონდა ბარგი და სამძიმარი თვისი. ხოლო არცაღა მაშინ დასცხრა ბოროტისა მისგან შურისა და გულისწყრომისაგან მეფისა გიორგისთვის, რამეთუ ჰგონებდა კვლავ ჩამოსვასა ქართლად და დაპყრობასა. ამისთვისცა გამოაყენა ამირსპასალარად ხოჯა შიხალი და ამირჯანშა, ესენი წარმოავლინა საქართველოსა ზედა, და წარმოატანნა თანა სპანი რიცხვნი, და უბრძანა თვითოეულსა თვითოსა არესა მტკიცედ დგომა და სრულიად მოოხრება, დაწვა და დაქცევა ყოველთავე, რათა არღარა დაემკვიდრნენ მკვიდრნი საქართველოსანი იქ.
და წარმოვიდნენ იგინი და მოვიდნენ ქართლსა შინა, კვლავ იწყეს უკეთურებად და ბოროტის-ყოფად, წვად და ქცევად ტყვენვად და სრვად, და უფროსღა წმიდათა ეკლესიათა ზედა ყვეს მრავალი ბოროტი. მაშინ დიდად წადიერ იყვნეს ხელგდებად და შეპყრობად მეფისა გიორგისა, არამედ ვერ შეუძლს და ესრეთ ყოველს დიდითა ოხრებითა ქართლი. მაშინ შეიპყრეს რომელნიმე მეფისა გიორგისანი, და ეკითხვიდეს სადა ყოფასა მისსა, და მათ არა-რა, უწყოდეს, და ვერცაღა შემძლებელ იქმნნეს მათგან ცნობისა საქმისა.
ხოლო მაშინღა წარმოვიდენ, და მოვიდენ წინაშე ლანგ-თემურისა, და აუწყეს ვერ-შეპყრობა მეფისა გიორგისა. და მაშინ დაჭმუნდა და დიდად მწუხარე იქმნა. და შემდგომად მცირედისა აღიყარა და მივიდა ყარაბაღს, და დაიბანაკა იქ.
ხოლო იყო ვინმე იქ კერძოთა არეთასა სახელით სახელით თირ-სულთან, ქვეყანისა ჯალალისა, და ასე იყო სჯულითა მაჰმადიანი. მაშინ ოდეს მოვიდა ლანგ-თემურ ყარაბაღს, ესე თირ-სულთან ფრიად წინააღუდგა ლანგ-თემურს, და მრავალი ბოროტი შეამთხვივა თვით ლანგ-თემურს და სპათა მისთა, და იყო განდგომილ მათგან, და არა ჰმორჩილებდა ლანგ-თემურს და, რაოდენ ძალ-ედვა, ებრძოდა მათ. ხოლო ვერღარა შეუძლო წინააღდგომად მისსა, და ესრეთ ლტოლვილი წარმოვიდა და მოვიდა მეფისა გიორგისა თანა.
ხოლო მეფემან დიდად პატივ-სცა და კეთილად ისტუმრა იგი, და იყო თანაგანმზრახ მისსა, და ისმენდა მისსა. და იყო მის თანა ჟამ რაოდენმე. და ამას შინა კვლავ უფროსად განმძლავრდა ლანგ-თემურ. სცნა ესე მეფემან გიორგი, და დიდად მოურნეობდა საქმის წარმართებასა საქართვეოლოსასა, და მაშინღა უმჯობესისა წარმართებისათვის ინება მორჩილებად ლანგ-თემურისა, და ჰკითხვიდა დიდებულთა თანაგანმზრახთა თვისთა. და განიგულეს წარგზავნად კაცისა მშვიდობის ყოფისათვის. მაშინ სცანა რა ესე სულთან-თირ, რაც ოდენ ძალ-ედვა, დიდად წადიერ იყო არა ქმნად და დაშლად საქმისა მის, რამეთუ არა ენება მორჩილებად ლანგ-თემურისა, არამედ არა უსმინა მეფემან და წარავლინა კაცი, და იხმო პირველ მოსრული იგი მოციქული, რომელი წარმოევლინა ლანგ-თემურს მეფისა გიორგის თანა. ხოლო ესე იყო შემეცნებულ და ცნობილ მეფისა მიერ, ესე იყო სრულითა მაჰმადიანი, სახელით ისმაილ, და თანაგანმზრახი ლანგ-თემურისა; ამას მოუწოდა და წარავლინა შერიგებისათვის და მშვიდობის ყოფისა წინაშე ლანგ-თემურისა, და შეუთვალნა სიტყვანი მორჩილებისანი.
ხოლო ვითარცა ესმა ლანგ-თემურს, განიხარა სიხარულითა დიდითა, და მართლ-უკუნ აქცია იგივე მოციქული, და ესრეთ მიუმცნო მეფესა გიორგის, ვითარმედ: „ფრიად კეთილი საქმე აღგირჩევიეს თავისა შენისათვის და სამეფოსა შენთათვისცა, და კმა არს დაცადება ესოდენისა სიბოროტისა. ამიერითგან ვყო მშვიდობა და, უკეთუ მოხვალ ჩემდა, არცაღა მე მოვიხსენებ გარდასრულთა მათ ჭირთა, რომელნი გიქმნიან ჩვენ ზედა, არამედ ნაცვლად სიმდაბლისა და მორჩილებისა შენისა მეცა მრავალი კეთილი ვყო შენ ზედა, და მიიღო ჩემ მიერ მრავალი საბოძვარი და ძმებრივი პატივი“.
და ვითარცა წარავლინა კაცი იგი. მაშინ განიზრახა თვისაგან და თქვა, ვითარმედ: „ესე უწყი, რომელ საქმე ესე ხელოვნებითრე განუზრახავს, და ჰნებავს ცნობა ჩემი, ვითარცა ჰყო პირველ მამამან მისმან მეფემან ბაგრატ, და მოსრნა პირითა მახვილისათა რჩეულნი სპანი თორმეტი ათასი; ესე ვერ ეგების და არცა სარწმუნო მიჩნს საქმე ესე, არამედ ზაკვით ჰნებავს ცთუნება ჩემი“.
მაშინ გაემზადა, და წარმოვიდა სპითა ურიცხვითა საათაბაგოსა ზედა, ამისთვის რომელ პირველსა ომსა შინა ახლდა სპითა რჩეულითა ათაბაგი ივანე მეფესა გიორგის და იყო მორჩილ მისა. ამა პირველსავე შურსა იგონებდა მძლავრი იგი, და წარმოემართა ძვირის-ყოფად ივანე ათაბაგსა ზედა, და მიიწია და ჩაუდგა შიგან ზემო ქართლსა, რომელ არს საათაბაგო, და ვერღარა წინააღუდგა ათაბაგი და ივლტოდა სიმაგრეთა შინა.
მაშინ მრავალი ბოროტი მოაწია, და მოსრა პირითა მახვილისათა სულნი მრავალნი, მრავალი ტყვე ჰყო, და დააქცინა წმიდანი ეკლესიანი, და დაწვნა ცეცხლითა ყოველნივე შენობანი, თემნი და დაბანი. და სრულიად იავარ ჰყვეს ზემო ქართლი. და წარმოტყვენა და წარიღო მრავალნი სახმარნი წმიდათა ეკლესიათანი, ხატნი და ნაწილნი ყოველნივე შერიეს და უხმარ ჰყვეს. და რაოდენნიცა შეიპყრნეს კაცნი ქრისტიანენი, რომელნიმე მოკლეს და, რომელთაცა დაუტევეს სჯული თვისი, იგინი თანაწარმოიყვანნეს.
მაშინ წარმოვიდა იქითგან, გარდმოვლო მთა კლარჯეთისა და მოიწია მანგლისს. და დაიბანაკა იქ თვესა ორსა, ხოლო მოვიდნენ კაცნი, რომელნიცა მსხდომარე იყვნენ საზღვართა საქართველოსათა ისმაიტელნი, სჯულითა მაჰმადიანნი. ესენი მოვიდნენ ლანგ-თემურისა თანა ძვინად მეფისა გიორგისა და სპათა საქართველოსათა მეტყველთა ესრეთ, ვითარმედ: „ამიერითგან ვერღარა ძალ-გვიძს მკვიდრ-ყოფად საზღვართა საქართველოსათა, განგვასახლეთ სხვათა ქვეყანასა და იქითგან ვიქმნებით მოხარკე თქვენდა. რაოდენიცა ბოროტი თქვენ მიერ ქმნილ არს მათ ზედა, იგინი უმრავლესისა ბოროტისა მყოფელ არიან ჩვენდა მომართ. და აწცა, რაჟამს წარხვალთ ამიერ, უეჭველად იგინი ჩვენდა მომართ მხდომ არიან და იღრჭენენ ჩვენ ზედა კბილთა თვისთა“.
ხოლო ვითარცა ესმა ესე, შეეწყალნა იგინი ლანგ-თემურს დიდად. მაშინ უბრძანა ამირსპასალარსა თვისსა ამირშიხს ნურადინს და წარატანა თანა სპანი მრავალნი, და უბრძანა სრულიად მოოხრება კერძოთა მათ საქართველოსათა, რომელნიცა იყვნეს მოსაზღვრენი ისმაიტელთანი, და წარავლინა ესენი მათ ზედა ბოროტის ყოფა. და ვითარცა მივიდა იქ, ბრძოლა უყვეს ურთიერთას, და დიდად კარგად შემოებნეს ქართველნი, და მრავალი მოკლეს და ამოსწყვიდეს. კვლავ წარავლინა სხვა ამირსპასალარი თვისი ლანგ-თემურ, და გაატანა მრავალნი სპანი. და მივიდეს იგინიცა, და შეიბნეს და სძლეს სპათა ლანგ-თემურისთა სიმრავლითა, რამეთუ ძლიერად წინაგანეწყვნეს ქართველნი, და იბრძოლეს დღესა ხუთსა, და ვერღარა დაუდგეს, და აართვეს სიმაგრენი და ციხენი, რამეთუ არა იყვნეს იქ სხვანი ქართველნი, არცა მეფე გიორგი, არამედ იგინი იბრძოდნენ, რომელნი იყვნეს მოსაზღვრენი თათართანი, და იგინი უხდებოდეს მათ. ხოლო რაჟამს წარვიდეს იგინი სიმაგრეთა შინა, ვერცაღა ჰპოვეს ხიზანი, და დაწვეს შენობანი ყოველნივე და მოვიდეს წინაშე ლანგ-თემურისა. და ამას შინა მოვიდა ლანგ-თემურისათანა ელჩი ფრანგისა, და მოართვეს ძღვენი სახელმწიფო. და კვლავ ამათვე ხანთა შინა სპათა მისთა ძლევა მოეღო ბერძენთა ზედა. და მაშინ შეეპყრათ ძე პირმშო კეისრისა, და მოართვეს ძე იგი კეისრის ლანგ-თემურს, და განიხარა დიდად, და უბოძა საბოძვარი მრავალი სპათა მისთა. და რაჟამს იხილა ძე იგი კეისრისა, იგიცა დიდად შეიყვარა და ითვისა, და შეიწყალა სიჭაბუკე და მშვენიერება მისი, და მასცა მიანიჭა საბოძვარი მრავალი და სამოსელი სახელმწიფო. და ეგრეთვე წარგზავნა იგი სამყოფსა თვისსა და მშვიდობით განუტევა.
ხოლო შემდგომად ორისა თვისა აღიყარა იგიცა მანგლისით, წარვიდა და მივიდა იგი ხევსა არაგვისასა, და დაიპყრა იგი, და დაამტვრია და აღიღო ციხენი და სიმაგრენი, და ყოველნივე ადგილნი იავარ-ჰყო, და მოაოხრა, და ხიზანი ვერა იპყრა, რამეთუ ყოველნივე შელტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა შინა მთათასა. და ამისა შემდგომად წარმოვიდა იქითგან. და ხანსა რაოდენსამე უკან განილაშქრა და დაიპყრა ქვეყანა სიასი, და სხვანიცა მრავალნი ქვეყანანი თვისად მიიმძლავრნა, და ყოველნივე მოხარკე ყვნა.
ამისა შემდგომად კვლავ იპყრა მეფემან გიორგი საქართველო. და ვითარცა ესმა ლანგ-თემურს, არავე დასცხრა შურისა და ბოროტისა გულისწყრომისაგან. კვლავ აღამზადა სპანი ურიცხვნი და წარმოგზავნნა ძენი თვისნი სულთან უსეინ, ფირ-მაჰმად ამირშის, აბუბექირ და სხვანი თავადთა მისთაგანნი, ჯანშა და თემურ-ხოჯა, აღბუღა, სეიდ-ხოჯა, შიხალის შვილი, და სხუანი მრავალნი თავადთაგანნი, და სპანი ურიცხვნი. წარმოვიდენ და მოვიდენ ერინჯანგს, და შემოადგნენ ციხესა მას ერინჯანგისასა, რამეთუ მას ჟამსა ეპყრა იგი მეფესა ქართლისასა, და ბრძოლა უყვეს ძლიერად მეციხოვანთა მათ და პირველად ვერა აართვეს ციხე, და იყვნენ იქ ხანსა რაოდენსამე, და შემდგომად ხანსა რაოდენსამე აღიღეს, ამით რომე არავინ ჰყვა თანამწე, და დიდად შეწუხდენ, და თვითვე დაანებეს, გამოვიდეს მეციხოვანნი და ციხისთავი, და მოაჯე ექმნეს. და მაშინ წარმოიყვანეს ციხისთავი და უფროსნი მეციხოვანნი და მიგვარეს. ლანგ-თემურს. ხოლო ძენი ლანგ-თემურისნი წარმოემართნეს საქართველოსა ზედა, მივიდეს მანგლისს და დაიბანაკეს იქ.
ხოლო სცნა საქმე ესე მეფემან გიორგი, წარგზავნა მოციქული და შეუთვალა სიტყვა სააჯო სიმშვიდისა, ითხოვა მათგან მშვიდობა, და აღუთქვა მორჩილება და ურთიერთას დაგება. მაშინ უსმინეს ძეთა ლანგ-თემურისათა, და მათ მიუმცნეს და აუწყეს ლანგ-თემურს.
ხოლო ვითარცა ესმა ლანგ-თემურს მორჩილება მეფისა. გიორგისა, მანცა ინება მშვიდობისა ყოფა ურთიერთას, და მიუმცნო ძეთა თვისთა და იხმო იგინი თვის თანა, და წარვიდენ. მაშინ წარგზავნა ლანგ-თემურ ძენი თვისნი ძალითა მრავლითა. ბაღდადსა ზედა და მივიდეს და აღიღეს ბაღდადი, და დაიპყრეს არაბისტანი, და მრავალნი თემნი ჰყვნა საბრძანებელსა ქვეშე თვისსა. და წარმოიღეს მრავალი ნატყვენავი.
მაშინ იდგა ლანგ-თემურ თავრიზს და წარმოვიდა, რათამცა იხილოს ციხე იგი, რომელი პირველ აღიღეს ძეთა მისთა, ციხე იგი რომელსა ეწოდა ალინჯა. წარმოვიდა სპითა ურიცხვითა, და სიმრავლითა ბარგისათა, და კარვებითა მრავალფერითა. და მივიდა და ნახა ციხე იგი ალინჯა. და კვლავ განამაგრა იგი, და წარვიდა და დადგა ტბასა მას გელაქუნსა.
სცნა რა ესე მეფემან გიორგი, მაშინ წარმოუგზავნა ძმა თვისი და ძღვენი მრავალი, და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: „პირველცა მოგვიხსენებია და აწცა მასვე პირობასა მოგახსენებთ, ვითარცა გნებავთ, ეგრეთ ვართ მორჩილნი ბრძანებისა თქვენისა, და სადაცა გნებავთ, გილაშქრებთ, და ამიერითგან ვყოთ მშვიდობა და ურთიერთას ერთობა, და ამიერითგან კმა არს დაცხრომა გულისწყრომისა და არღარა მოხსენებად გარდასრულთა მათ საქმეთა“. ხოლო ლანგ-თემურცა მორჩილ ექმნა, უსმინა და ესრეთ მიუმცნო: „ვინაითგან სარწმუნო ქმნილ ხარ მორჩილებასა ჩვენსა, არცაღა მე მოვიხსენებ შურსა პირველისა მის საქმისასა. და ამიერითგან ნუღარამცა კადრებულ არს თქვენ მიერ, და სპათა შენთა წყინობად, და ხდომად, და რბევად მათდა, რომელნიცა არიან საზღვართა საქართველოსათა სჯულითა მაჰმადიანნი, და ვიყვნეთ მშვიდობისმყოფელ ურთიერთას“.
მაშინ აღიყარა და წარვიდა ბარდავს და იყო იქ წელიწადსა ერთსა მაშინ გაანაგო ყველივე საქმე თვისი ლაგნ-თემურ. და კვლავ ინება წარსლვა ქართლსა ზედა და წარმოვიდა და მოვიდა იქვე მანგლისს.
მაშინ იყო ადგილსა მას კერძოთა სომხითისათა თავადი ერთი, რომელსა ეწოდა სახელად ადგილსა მას მარტინი, ხოლო თავადსა მას ესაია. ამას მიეცა პირობა ლანგ-თემურისთვის მისლვად მის თანა, და ვერღარა მისრულიყო, და იგონებდა ბოროტსა მისთვის. ხოლო ესმა რა თავადსა მას ესაიას, შეწუხდა ფრიად. მაშინ წარვიდა შიშითა შეპყრობილი, და მივიდა ძისა თანა ლანგ-თემურისსა, და ევედრებოდა. რათამცა თანაშემწე ექმნას მამისა მისისა თანა, და აღუთქვა ნიჭად ლარნი დიდფასისანი. მაშინ შეეწყალა ძესა მას ლანგ-თემურისასა შარუხს, და მივიდა რა მამასა თვისსა თანა, დიდად შემწე ექმნა, და მიმადლა იგი მას. მაშინ უძღვნა ძღვენი მრავალი და ლარნი სახელმწიფონი ლანგ-თემურს, და მიიყვანა იგი შარუხ, ძემან ლანგ-თემურისმან, დაგებად მამისა თვისისა.
იხილა რა იგი ლანგ-თემურ, მიუგო მრისხანებით: „ვითარ იკადრე წინააღდგომად და ურჩებად ჩემდა?“ მაშინ ფრიად მოაჯე იგი წარდგა წინაშე მისსა, და სათნოებისათვის ძისა მისისა მიუტევა და შეიწყალა, და უბოძა ხალათი. ხოლო ჰყვა თავადსა მას ესაიას ასული მშვენიერი, და რა სცნა ძემან ლანგ-თემურისმან აბუბექირ, ეტრფიალა იგი და სთხოვა ცოლად. და მისცა და იყვნენ ამიერითგან წყალობის მიმნიჭებელ.
კვლავ წარვიდა აღბუღას ძე ათაბაგი ივანე, და მივიდა იგიცა ძღვნითა მრავლითა ლანგ-თემურისა თანა, და შეიწყალა იგიცა, და სცა პატივი, და უბოძა საბოძვარი მრავალი. და მიუვიდნენ ყოველნივე თავადნი სომხითისა, სამცხისა და კარისა.
მაშინ სცნა ესე მეფემან გიორგი, წარავლინა ძე თვისი კოსტანტინე ძღვნითა მრავლითა. და იყო ფრიად მოაჯე მის წინაშე, და ისმინა მისი, შეიწყალა იგიცა. და აღიყარა იქითგან, და წარვიდა ქვეყანასა მას ქურთისტანისასა. და დაიპყრა ქურთისტანი. და კვლავ ახსენებდა ძვირსა და ბოროტსა საქართველოსათვის, და წადიერ იყო გათათრებისათვის მეფისა და სრულიად ქართლისა.
მაშინ წარმოგზავნა პატრონი შირვანისა, სახელით შიხ ბარაიმ საქართველოსა შინა, რათა მივიდეს და შეიტყოს ყოველივე ბეგარა და გამოსაღები ქართლისა. და შემდგომად მცირედისა თვითცა წარმოემართა და მოვიდა კარსა.
და ცნა რა ესე მეფემან გიორგი, წარმოავლინა ესაია, თავადი იგი სომხითისა. ესე წარავლინა წინაშე ლანგ-თემურისა, რათამცა არა შემოვიდეს იგი ქართლსა შინა; და რამეთუ იყო ჟამი მკისა და მოსავლის აღებისა, შეუთვალნა სიტყვანი სააჯონი ესრეთ: „ვინაითგან გვიყოფიეს მშვიდობა და ერთობა, ამიერითგან არა რაჲ ურჩება გვიქმნიან, და არცა ჯერ არს თვითმპყრობელთა შარავანდედთაგან განტეხა პირობისა. აწ შეიწყალე ქვეყანა ესე, და ნუღარა განრყვნი. რომელსაცა გვიბრძანებთ, მზა ვართ აღსრულებად სამსახურისა და მორჩილებისა თქვენსა წარავლინა და წარატანა თანა ძღვენი მრავალი და ფეშქაში სახელმწიფო.
და რა მივიდა ესაია, თავადი იგი მეფისა გიორგისა, და მიართვა ძღვენი და ფეშქაში, მოახსენნა სიტყვანი მდაბალნი და სააჯონი. ხოლო ლანგ-თემურ არა უსმინა და არცა მიირთვა ძღვენი და ფეშქაში, რამეთუ ფრიად განრისხებულ იყო და კვლავ სწყუროდა მოოხრება საქართველოსა. მაშინ შეუთვალა მეფესა გიორგის: „უკეთუ გნებავს მშვიდობის ყოფა და არა იავარ-ყოფა საქართველოსი და სიცოცხლე თავისა შენისა, აწვე მოხვედ ჩვენდა და იპყარ სჯული ჩვენი, და იყო ჩვენ მიერ დიდად პატივცემულ და საყვარელ, და არცა წავახდენ სამეფოსა შენსა, და არცაღა აღვიღებ ხარკსა და მიიღო ჩემ მიერ სხვაცა მრავალი ნიჭი, და საბოძვარი, და იყოს უკუნისამდე მშვიდობა შორის ჩემსა და შორის შენსა. და უკეთუ არა მორჩილ მექმნა, მოვაოხრო და ვყო სრულიად უმკვიდრო ქვეყანა ეგე შენი. ხოლო უკეთუ რჯულისა ჩემისა რწმუნება არა გნებავს მოსვლა ჩემდა და დაიდევ ხარკი, რაც ოდენ ძალ-გედვას, და შემეცნებულ ვიქმნნეთ მშვიდობით და კეთილად და, ვითარცა გნებავს, ეგრეთ წარვედ სამეფოდვე შენდა ჩვენ მიერ მინიჭებითა სიმრავლითა ნიჭთა საბოძვართათა, და ვითარცა განუტევე ძე იგი კეისრისა, ეგრეთვე შენ წარვედ მშვიდობით“. და ესრეთ წარავლინა მოციქული.
და ვითარცა წარვიდა იგი, მაშინცა არავე დაცხრა ზაკვისა და შურისა მისგან ბოროტისა, არამედ იტყოდა: „უკეთუ აღიღონ და შეიკრიბონ მოსავალი და საზრდო თვისი მკვიდრთა საქართველოსათა. ამიერითგან ვერღარა შემძლებელ ვარ ვნებად მათდა, რამეთუ წარვლენ სიმაგრეთა შინა“. და აღიყარა და წარვიდა, და დადგა მახლობელად საზღვართა.
მაშინ ყოველთავე ისწრაფეს, და აღიღეს მოსავალი თვისი, და ივლტოდეს სიმაგრეთა შინა მთათა მაგართა. და მივიდა მძლავრიცა ლანგ-თემურ სპითა მრავლითა და ურიცხვითა, და შევლო ქვემო-ქართლი დიდითა ოხრებითა, წვითა და ქცევითა. და წარვიდა მეფე გიორგი სიმაგრეთა შინა; და მივიდა ლანგ-თემურ შიდა ქართლს, და ჩადგა და მოაოხრა ყოველნივე შენობანი, და შემუსრნეს წმიდანი ეკლესიანი. მაგრამ ვერ ეწიფა ბოროტსა მას გულისთქმასა თვისსა, რამეთუ ენება შეპყრობა მეფისა გიორგისა და დატყვევება ტყვეთა, და ვერცა ერთსა შემძლებელ იქმნა პოვნად.
და იყო ხანსა რაოდენსამე იქ. და აღიყარნენ და წარვიდენ და მიადგნენ ციხესა ბირთვისისასა. და იყო იგი დიდად განმაგრებულ, და იყვნენ შიგან ციხესა მას შინა ბირთვისისასა თავადნი წარჩინებულნი. საქართველოსათა რიცხვით ოცდაათნი. და იყო ციხისთავად სახელით ნაზალ და სხვანი მრავალნი აზნაურნი და მსახურნი საქართ- ველოსანი.
ხოლო სპანი ლანგ-თემურისნი შიშით მძრწოლარენი ფრიად მჭმუნვარე იყვნეს და უარ-ჰყოფდეს ციხისა მის აღებასა, რამეთუ მრავალგზის ვნებულ იყვნეს მათ მიერ და უწყოდენ ციხისა მის სიმტკიცე, და საზრდელთა სიმრავლე, და უფროსღა ციხისათა მათ, მხეცქმნილობა და ომსა შინა სიფიცხლე, რამეთუ მრავალნი სპანი მოესრათ და მათ მიერ მრავალნი ჭირნი შემთხვეოდათ ციხისა მისგან. ცნა რა ლანგ-თემურ ესევითარი სიმტკიცე, შეძრწუნდა ფრიად და ჰკითხვიდა თანაგანმზრახთა თვისთა.
ხოლო დაასკვნეს მიდგომა მეტყველთა ესრეთ: „არა სადა დარჩენილ არს სიმაგრენი და ციხენი, რომელი არა აგვეღოს, და იგიცა ადვილ არს თქვენ მიერ. მაშინ მიადგეს ციხესა მას სიმრავლენი სპათანი, და გამოვიდეს ციხოსანნიცა იგი ჭაბუკნი რჩეულნი, მიეტევნეს და განეცვნეს შიგან, ვითარცა მახვილი ლესული, ორპირად მკვეთელი მძოვრისა რასამე, და მრავალნი სულნი მოსრნეს პირითა მახვილისათა, და დასჩქაფნეს ხარბად სისხლნი, ვითარცა ღვარნი პერად აღძრულნი ფიცხელთა წვიმათა მიერ.
ცნეს რა ესევითარი მხეცქმნილობა სპათა ლანგ-თემურისთა, და მყის იხმიეს. სივლტოლა, და უკუნ იქცეს იქით. რამეთუ ჰყვა ერთკერძო ბანაკი ფარულად ადგილსა ერთსა, და დევნა უყვეს უკანა მათსა ქართველთა, და ჩანარცხეს იგინიცა ურთიერთას, და ივლტოდეს ორკერძოვე განწყობილნი სპანი ისმაიტელთანი, და ამოსწყვიდეს და ყვეს მრავალი ზიანი, და ესრეთ შემოიქცეს გამარჯვებულნი, და აღვსილნი საშოვრითა მრავლითა შევიდეს ციხესა შინა.
ხოლო ცნა რა ესე ლანგ-თემურ, წარმოვიდა თვითცა ძალითა მრავლითა, განძვინებული გულითა მრისხანითა, მივიდა და მოიცვა სრულიად გარემონი ციხისანი. და აღუშენა გარემოს ციხეები საფრად, და შეაყენნა სპანი მრავალნი. და თვით მიადგა წინა-კერძო. ბჭესა მის ციხისასა. და იქნცა აღაშენა ციხე, და განავლინა ბრძანება, რათა მტკიცედ ბრძოლა უყონ. და მოიცვნეს კუთხნი ორკერძოვე ციხისანი, და მტკიცედ ეგნეს შიგან მეციხოანნი უზრუნველად, და იბრძოდეს მსგავსად შეძლებისა მათისა, და გამოხდა მსგეფსი ერთი, და ვერ შეუძლეს აღებად.
ხოლო იყო კლდე ერთი, და იქითგან ჰპოვეს მცირე რაჲმე აღსავალი, და იყო ვინმე სპათა შორის ლანგ-თემურისთა კაცი, სახელით ბეგიჯანლ. ესე იყო ეგვიპტელი. ამან მოიხელოვნა და შეიპარა ღამე შიგან ციხისა მის, და აღიყვანა თანა თხა ერთი და დაკლა შინაგან ციხისა, და დაუტევა იგი და თვით წარმოვიდა. ამისთჳს ჰყო საქმე იგი, რათა საცნაურ იქმნას ციხისა მყოფთა მიერ კადნიერება მათი. სცნეს რა ესე შინაგან მყოფთა ციხისათა, კვლავ უფროსად განმტკიცდეს, და იყვნენ უშიშრად.
ხოლო აუწყეს ლანგ-თემურს აღსავალი იგი კლდისა მის. მაშინ განიხარა ფრიად და უბრძანა ყოველთავე შეწუნა კიბეთა ბანბისათა, და კვლავ წარგზავნეს კაცი იგი ეგვიპტელთა აღსაძრომელსა მას კლდისასა, და მოაბა წვერი იგი დაწნულისა კიბისა თავსა კლდისა მის მტკიცედ, და მასვე ღამესა შეუვიდეს თვითოეულად სპანი ლაგნ-თემურისანი მრავალნი, რომელი ვერა აგრძნეს მეციხოვნეთა. კვლავ მიიწივნეს შინათგამო ციხისა კარსა და უგრძნობელად აღახუნეს კარნი ციხისა მის, და ესრეთ მიეტევნნეს შინაგანნიცა და გარე-მყოფნი თათარნი. და მაშინღა სცნეს ქართველთა და შეიბნეს ფიცხლად. და დაერივნეს ქართველნი გულითა სისხლთა მღვრელითა, და განაპეს მრავალკეცი იგი რაზმი მათი. და მგავსად ქუხილთა იხილვებოდა მსმენელთაგან ცემანი და კვეთებანი აბჯართანი. და ძლიერად ბრძოლა უყვეს ქართველთა, და უმრავლესნი მოსრნეს და დააკვეთნეს. და ბოლოს ეგრეთვე დარჩა გამარჯვება და ძლევა ლანგ-თემურს სიმრავლისაგან სპათასა.
მაშინ აღიღო ციხე იგი ბირთვისისა, და მოართვეს შეპყრობილნი მრავალნი დიდებულნი და აზნაურნი ხელპყრობილნი, და თვით ციხისთავი იგი, სახელით ნაზალ, პყრობილად მიჰგვარეს, და ყოველთავე წარკვეთეს თავნი მათნი, და მისცა ცოლი ციხისთავისა ნაზალისა სულთანსა შარვანისასა. და სხვათაცა სხვა მიანიჭა წყალობა მრავალი სპათა მისთა, და უფროსღა მას, რომელმან იხელოვნა აღება ციხისა მის.
და რომელნიცა იყვნეს ციხესა მას შინა, მრავალნი ამოსწყვიდნა და უმრავლესნი ტყვედ წარიყვანნა. მაშინ განაწესა ციხისთავად ერთი წარჩინებულთა თვისთაგანი, რომელსა ეწოდა მაჰმად. და მისცა მას სპანი მრავალნი, და შეაყენნა იგინი ციხესა მას შინა ბირთვისისასა. და უბრძანა მათ დაწვა და მოოხრება იქ მკვიდრთა, და უფროსღა წმიდათა ეკლესიათა დარღვევა, და თვით წარვიდა შამს, ხოლო ტყვე და ალაფი ყოველი გაგზავნა სამარყანდს, ქორონიკონსა ჟ~.
და ამიერითგან ვერღარა შემძლებელ იქმნა კვლავ მოსლვად საქართველოსა შინა, რომელი ნუმცაღა ქმნილ არს მოქცევა მისი ძალითა ღმრთისათა, ვითარ კეთილის-მოქმედ და მოწყალე და ხელის-ამპყრობელ იყო წმიდათა ეკლესიათა და ქვრივთა და ობოლთათვის მკვიდრთა საქართველოსათა. რამეთუ შვიდგზის იავარ ჰყო საქართველო ბოროტმან და ღმრთისა მიერ რისხვეულმან, და ამიერითგან დააცადა.
ხოლო წარვიდა რა ლანგ-თემურ, მაშინ მეფემან გიორგი კვლად იპყრა საქართველო მოოხრებული და იწყეს შენობად. და მას ჟამსა წარვიდა მძლავრი ლანგ-თემურ და დაიპყრა თურქისტანი, ინდოეთი, სპარსეთი, შირაზი, ადარბადაგანი, და შეიპყრა ბურსას მჯდომი ხვანთქარი, რომელსა სახელად ეწოდებოდა ბაიაზით. ესე იყო თესლი ოსმანისა. და შემდგომად ექვსასისა წლისა მაჰმადის გამოჩინებისა, ამას ჟამსა შინა გამოჩნდა კაცი ერთი სახელით ოსმალ და ესე იყო სჯულითა სუნი. ამან იწყო მეკობრობად, და შემოიკრიბნა მრავალნი სხვანი მეკობრენი და თანაშემწენი, და განმდიდრებულ იქმნა ფრიად სიმრათლით - ნატაცებთათა, და დაიპყრა სრულიად არაბისტანი და ანატოლი, და ტახტად ეპყრა ბურსა, და მის ზედა განილაშქრა ლანგ-თემურ.
რამეთუ ამა ოსმანის ძეთა ეპყრა ბურსა, და ესე ბაიაზითცა თესლი იყო ოსმანისა. ხოლო ლანგ-თემურ ბრძოლა უყო და სძლო: რამეთუ შეიპყრა ბაიაზით ხვანთქარი და ჩასვა რკინის ყაფაზაში, და ეგრეთვე პატიმრად თანა-ჰყვა, და დაიპყრა ბურსა და სანახები მისი. ხოლო კეისარმანცა ჰყო მორჩილება მისი, მიართო ძღვენი მრავალი და მისცა ხარაჯა ლანგ-თემურს.
კვლად რუსეთიცა დაიპყრა. და ამისა შემდგომად წარმოვიდა და მოვიდა თურქისტანს და იქ სალმობიერ იქმნა, და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა. რამეთუ მაშინ განუყო ძეთა თვისთა ქვეყანანი: რომელსამე მისცა ინდოეთი, რომელსამე ხვარასანი და რომელსამე ადარბადაგანი. და ამიერითგან ვერღარა შესმინეს ძეთა მისთა მისლვად საქართველოსა შინა, რამეთუ იქმნა მათ შორის შური და ხდომა. და მას ჟამსა განისვენა საქართველომან, და იწყეს შენობად.
და მეფობდა მეფე გიორგი და მიიცვალა.
და მოკლეს მეგრელთა მეფე გიორგი იმერეთისა. ამასვე წელსა გარდაჰხდა დიდი მეფე ბაგრატ იმერეთისა, და დაჯდა მეფედ ძე ბაგრატისა კოსტანტინე, და იმეფა შვიდ წელ, და მოკლეს ჩალაღას. ხოლო ოდეს ლანგ-თემურ მოვიდა, მაშინ შეინახეს დიდოეთს ძე ბაგრატისა და ძმა გიორგისა დავით და, ოდეს აღესრულა მეფე გიორგი, მაშინ მოიყვანეს ქართველთა და კახთა დიდოეთიდამ და გააბატონეს ქართლსა და კახეთს.
და მას ჟამსა მწყსიდა კეთილად საქართველოს კათალიკოზი ბასილი. და იმეფა დავით კეთილად და მშვიდობით. და, შემდგომად, ჟამსა რაოდენსამე შინა მიიცვალა და დაჯდა მის წილ მეფედ ძე მისი გიორგი. და ესვა ცოლად ამირეჯიბის ქუცნას ასული ნათია. და შვა ძე სამი: ალექსანდრე, ბაგრატ და გიორგი.
და ამას ჟამსა შინა მჯდომარე იყო კათალიკოზი გიორგი. და გარდაიცვალა კათალიკოზი გიორგი, და დაჯდა კათალიკოზად ელიოზ.
და გარდაიცვალა კათალიკოზი ელიოზ, და დაჯდა მიქაელ. და მოკვდა კათალიკოზი მიქაელ და დაჯდა დავით.
დიდი ალექსანდრე
ხოლო მეფობდა მეფე გიორგი კეთილად და მშვიდობით. და ჟამსა რაოდენსამე შინა მიიცვალა იგიცა, და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე ქორონიკონსა რ~სა.
და იყო ჟამსა მას კათალიკოზი დავით და მიიცვალა იგი, და დაჯდა ელიოზ. და მიიცვალა ელიოზ, და დაჯდა კათალიკოზი თეოდორე. და მოკვდა კათალიკოზი თეოდორე, და დაჯდა კათალიკოზი შიო.
და ამან მეფემან გარდამატა სხვათა მეფეთა საქართველოსათა. და იყო კაცი სახიერი და სწავლული ყოვლისავე საღმრთოსა და საეროსა ზნეობითა აღსავსე. და გული უთქმიდა კვლავ-გებად პირველსავე საზომსა ზედა მოყვანებად წმიდათა ეკლესიათათვის. და საქართველოსა. რამეთუ იყო მაშინ ყოველი ესე საქართველო უსჯულოსა თემურისაგან უნუგეშინისცემოდ განსრული, და სრულიად აოხრებული დედა-ქალაქი მცხეთა და დიდი წმიდა კათოლიკე ეკლესია, და ეგრეთვე ყოველნივე ეკლესიანი, საყდარნი და ციხენი ყოველნივე სრულიად საფუძველითურთ დაექცია და მოეოხრებინა, და ყოველნი სულნი ქრისტეანენი დედაწულითურთ ტყვე ექმნა. ესე იავარ-ნაქმარ ქართლზე მეფე იქმნა.
ამის მეფობამდე მუდამი ტყვენვა, რბევა და მოოხრება ჰქონდა ქვეყანასა ჩვენსა, რომელ ქართლი დიდად შემცირებულ იყო მრავლის ტყვენვისა და რბევისაგან, და არა სადათ აღუჩნდათ ნუგეშინისმცემელი, ვიდრემდის არა მეფე იქმნა დიდი ალექსანდრე. ამან იწყო ბრძოლა უსჯულოთა მათ, და მრავლისა ბრძოლითა და ზეგარდამო შემწეობითა განასხნა ყოველნი უსჯულონი საზღვართაგან საქართველოსათა.
ქორონიკონსა რ~ბ: მეფე ალექსანდრე და ივანე ათაბაგი კოხტას შეიბნეს. თურქთა ახალციხე ამოსწყვიდეს. ამა მეფის ალექსანდრეს აღმზრდელმან მრავლის ჭირნახულობითა, ბებია მისმან ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე-ყოფილმან რუსა, ამან იწყო მრავლის ღვაწლითა და გულსმოდგინებით, აღშენებად წმიდისა სვეტის-ცხოველისა. პირველად გამოკაზმა და იწყო შენებად სვეტთა საყდრისათა და ვერღარა სრულ ჰყო აღშენება მისი, ეგრეთ მიიცვალა ამიერ სოფლით.
და ვითარ ეგულებოდა მეფესა ალექსანდრეს, ეგრეთვე იგულა და იგულსმოდგინა: ოცდაოთხისა წლისამან იწყო აღშენებად სვეტისა ცხოველისა, და აწ ახლად აღაშენა და განავრცო და განასრულა, და ყოვლითა მოკაზმულობითა შეამკო და განამშვენა. და დაადგინა პატრიაქად მიქაელ. და მრავალნი წმიდანი და პატიოსანნი მონაზონნი, მღვდელნი, მგალობელნი და მოწესენი შეკრიბნა, და რომელიცა ძველთაგან გარიგებული შესავალი ჰქონდა, გინა გარიგებულნი აღაპნი და სხვანი საეკლესიო სახმარნი, ანუ ქვეყანანი ჰქონდეს, მას ზედა მრავალი შეუმატა და უფროსად განავრცეს. და კვლავ ქართლსა და კახეთსა და სადაცა ყოფილიყო მკვიდრი მისი მამულნი, რომელნიცა ძველთა ხელმწიფეთა, მამა-პაპათა და დედა-შვილთა გაერიგებინნეს და გაესაზღვრნეს და შეეწირნეს, ეგრეთვე ამანცა ჯერ-იჩინა და ყოველნივე შესწირნა. და ეგრეთვე, სადაცა მოოხრებულნი აგარაკნი ჰქონდა, ყოველნივე აღუშენნა და ყოველნივე საქართველოს უდაბნონი, მონასტერნი და ეკლესიანი, სოფელნი, აგარაკნი, აზნაურნი და გლეხნი განუწესნა და შესწირნა. და კვლახ აღაშენა მცირე ეგვტერი მთავარანგელოზისა მცხეთას სამარხოდ.
ქორონიკონსა რ~ით: მეფემან ალექსანდრე ლორე აიღო, და კვლავ ინება აღშენება ყოველთა საქართველოს ციხეთა და საყდართა. აღაშენნა და განავრცნა. მას ჟამსა შემოსავალი არსაით იყო სახლისა მისისათვის. და ამით საქართველოს კვამლსა ზედა ორმეოცი თეთრი მალად განაჩინა.
ასოცდარვა ქორონიკონზე საქართველოს ციხენი, საყდარნი და მონასტერნი ყოველნივე სრულიად ახლად აღაშენნა და შეამკვნა, და კვლავ მისგან დადებული მალი მანვე ამოჰკვეთა, და ყოველნი ქრისტიანენი ფრიადსა მშვიდობასა და მყუდროებასა შინა ამყოფნა. თათართაგან კაცთა მოასხმიდა და დაასახლებდა, და ქვეყანა ესე საქართველო ესრეთ განაგო.
ქორონიკონსა რ~ლ: დასვა მეფე ქართლსა და იმერეთს პირველი შვილი ვახტანგ, და შერთო ფანასკერტლის ქალი და დაჲ თაყას ფანაკერტელისა, დედოფალი სითიხათუნ. ხოლო თვით მეფემან ალექსანდრე სახე მინაზონებისა შეიმოსა, და უწოდეს სახელად ათანაზე. და აღაშენნა ამისთვის სენაკნი და სახლნი დიდნი ქვითკირისანი მცხეთას მისგან აღშენებულს მთავარანგელოზის ეკვდერთანა, და იქ დადგა, ვიდრემდის ცხოვრებდა, სასოებითა და მოღვაწებითა.
ხოლო ოდეს დასვა პირველი შვილი ვახტანგ ქართლსა და იმერეთს, მასთან დააყენა უმრწემესი ძმა მისი დიმიტრი, და დასვა კახეთს, ქორონიკონსა რ~ლგ, მეფედ უმრწემესი ძმა დიმიტრისი გიორგი, და შერთეს ნესტან-დარეჯან, იმერელ მეფის ქალი. მაშინ ოდეს დაიპყრა ალექსანდრე იმერეთი, განაძეს ძე კოსტანტინესი, მეფე იმერეთისა ბაგრატ.
ხოლო შემდგომად სიკვდილისა მძლავრისა ლანგ-თემურისა კვლავ იპყრეს არაბისტანი, ანატოლი ძეთა მათ ბაიაზით ხვანთქრისათა. და კვლავ იპყრეს ბურსა ტახტი და ყოველი სამკვიდრო მამულნი მათნი, და უმეტეს გაძლიერდენ. და იწყეს ბრძოლა ქრისტეანეთა ზედა, და მცირედ-მცირედ კადნიერ-ქმნილთა მათ ზედა ძლევისმოქმედებდენ ყოველთავე საბერძნეთსა ზედა.
ამისა შემდგომად განიგულეს ბრძოლა დიდისა ტახტისა და სამეუფოსა დედაქალაქისა კოსტანტინეპოლისა. და იყო ურთიერთას შორის დაუცადებელი ბრძოლა ძლიერი. და სძლეს ოსმალთა და ხვანთქარმან სულთან მაჰმად. და მიდრკეს ბერძენნი. შეავიწროეს ფრიად კეისარი მძვინვარედ ზედა-დასხმითა, რომელნი გარე მოადგეს კოსტანტინეპოლის, ქალაქსა მას სამეუფოსა. სძლეს და აღიღეს კოსტანტინეპოლი ოსმალთა, ქორონიკონსა რ~ლბ, ქრისტეს აქეთ ჩ~უმე.
ხოლო იყო ჟამსა მას კეისარი, სახელით კოსტანტინე პოლეოლოღოს. და იყო პატრიაქი აღსრულებულ. მაშინ აღიხუნეს და დაიპყრეს სრულიად საბერძნეთი ოსმალთა: და ოდეს აღიღეს კოსტანტინეპოლი, მას ჟამსა დაბნელდა მზე, რომლისა ამბავნი ვრცელად წერილ არს ცხოვრებასა ბერძენთასა. და იყო სამარადისოდ ბრძოლა ძლიერი. და კვლავ იყო შური და ხდომა ძეთა შორის ლანგ-თემურისთა, რამეთუ ფრიად მოშურნე იყვნეს იგინი ურთიერთას შორის. და ჟამსა ამას განთავისუფლებულ იყვნეს მკვიდრნი საქართველოსანი, და იყვნენ მშვიდობით განსვენებასა შინა.
ამასვე ქორონიკონსა ჯანშა ყაენი ახალციხეს მოუხდა.
ამასვე ქორონიკონსა ივანე ათაბაგი მიიცვალა.
ქორონიკონსა რ~ლგ: მეფემან ალექსანდრე დასვა კახეთს უმრწემესი ძმა დიმიტრისი, გიორგი, და მისცა ზემო-კერძონი მთის ალაგნი. იქითგან არაგვს გამოღმართ ხევ-ძმარამდის, კვლავ ხევ-ძმარიდამ გაყოლილი ლილოს სერამდის, რაოდენი ლილოს სერსა წყალი გასდის და შეერთვის, მარტყოფის წყალსა გაყოლით ვიდრე ამართულამდე და ამართულას გაყოლით ვიდრე აჯიხუდმდე და აჯისუს გაყოლით ვიდრე მტკვრის შესართავამდე და მას ქვემოთ მტკვარს გაღმართი და შაქისი ვიდრე შირვანის საზღვრამდე. დაჰყო მცირე რამე ხანი და აღესრულა სავსე დღითა.
მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი შიო.
ოდეს აღესრულა მეფე ალექსანდრე, მაშინ მოვიდა მეფე ბაგრატ იმერეთს, ძე იმერელ მეფისა კოსტანტინესი. გამოაძო ვახტანგ, ძე ალექსანდრე მეფისა, და დაიპყრა იმერეთი.
ქორონიკონსა რ~ლე: აღბუღა და ყვარყვარე შეიბნეს. ამასვე ქორონიკონსა მეფე ვახტანგ მიიცვალა, და არა ესვა ძე და დაჯდა მის წილად უმრწემესი ძმა მისი დიმიტრი. და ჰყვა მეუღლედ დედოფალი გულანშარ. და მეფობდა კეთილითა და მშვიდობის-მყოფელობისა მეფობითა.
და მოკვდა კათალიკოზი შიო, და დაჯდა კათალიკოზად ძე მეფისა ალექსანდრესი დავით.
ქორონიკონსა რ~მა: მიიცვალა მეფე დიმიტრი, და დარჩა ძე მისი კოსტანტინე. ამისა შემდგომად იქმნა ბრძოლა კახთა უფლისა გიორგისა და ბაგრატს შუა მეფობისათვის ქართლისა, რამეთუ იყო მეფის ალექსანდრეს ძმა ბაგრატ და შვილი, რომელი ზემო ვახსენეთ გიორგი, კახთა უფალი. სძლო გიორგი ბაგრატს და დაჯდა ქართლს მეფედ. და იყო მცირე რაჲმე ხანი და გააძეს გიორგი. და დასვეს ძმა ალექსანდრე მეფისა და მეფის გიორგისა ბაგრატ. ხოლო კახთა უწოდეს მეფედ. ამიერითგან უწოდენ კახნი კახთა უფალსა მეფედ.
ხოლო რაჟამს იპყრა მეფობა ქართლისა მეფემან ბაგრატ, მოიმორჩილნა ქართველნი და მესხნი შეიყარა ლაშქარი ჩავიდა კახეთს დაიმორჩილნა კახნი განაძო ძმისწული თვისი და დაიპყრა კახეთი.
Комментариев нет:
Отправить комментарий