ვინაიდან ვიდრე აქამომდე აღწერილ იყო ამბავნი ესე ქართლისანი, აღმწერელს, ამისას ჩხეიძე სეხნიასა დარჩენოდა შემდგომნი ყოფილნი და ყოფადნი. და მე, პაპუნამ ორბელიანმა, ხელ-ვყავ აღწერად, პირველად, რათა არა დავიწყებულ იქმნენ ისევითარნი ამბავნი და მეორედ, შემდგომნი ჩვენნი მოიხსენებდენ ესეოდენთა ჟამთა, ვითარებათა და ქცეულებათა, რომელ კნინღა და არასოდეს ყოფილ არიან-ესევითარნი შევიწროებანი ქართლისანი და მალიადნი ცვალებანი დამპყრობელთა და განმგეთა ქვეყანისა ჩვენისათანი, მწარენი და ძნიადნი მოხარკეობანი, რომელიმე ვიხილე თვალითა ჩემითა და რომელიმე მომითხრეს სარწმუნოთა კაცთაგან და არა უდებ-ვყავ ხელ-ყოფა ამისი, მსგავსად ძალისა ჩემისა, რათა მოზარდულნი ქართლისანი განეკრძალნენ ქვეყანათა თვისთა სიმტკიცისათვის, ვინაიდან ესეოდენი ჭირნი და შევიწროებანი წარგვხდიან და იუწყებოდენ, თუ ვისგან და ვითა, რომლისა მიზეზითა იქმნენ ესე, ყოფილნი.
შევუდექ ამბავს ქართლისას პაპუნა ორბელიანი, გამაძლიერა მეფემან, ვინ არის გვირგვინიანი; აღვწერე ყოველი, ყოფილი, მრავალგზის საჩივრიანი. და ვინც წაიკითხოთ, ნუ მკიცხავთ, სიტყვა თქვით შენდობიანი.
* * *
ქორონიკონს უკზ (1739 წ.), თვესა ივლისსა მოიშველა ერისთავმა შანშემ ჯარი ლეკისა. პირველად მიუხდენ ხაშმის ციხესა, აიღეს ციხე და იავარ-ყვეს საქონელი ან ტყვე ურიცხვი. წამოვიდნენ, მოვიდნენ, შემოადგნენ ანანურის ციხესა. ერისთავი ბარძიმ შიგ იყო თავისი ძმით და სახლის კაცით. ჩამოვიდა ერისთავი შანშე და ძმა მისი იესე ყულარაღასი თავისი ჯარით. დაუწყეს ბრძოლა. არ-ავად იყვნენ შიგნით მყოფნი ციხისანი. ამდენი ლეკი ამოწყვიტეს, რომ მკვდრის სანგარს ივლებდნენ ლეკნი და ეგრე იბრძოდნენ, რადგან შანშე ერისთვის კაცნი ბელადნი იყვნენ. უპოვეს ადგილი წყლისა და მოუჭრეს წყალი. ზაფხულის ჟამი იყო და დიდად შეწუხდენ უწყლოდ. მისცეს ფიცი ბარძიმ ერისთავს და გამოიყვანეს უთრუთ ერისთავის შვილი თავისი ცოლ-შვილით. არ მიენდო და შეუპოვარის კოშკში ავიდა. უღალატეს ერისთავს ბარძიმს და მოკლეს. ეგრევე ამასთან აბელ და გივი დახოცეს. დაიჭირეს ვინც თან გაყოლოდათ. შეესივნენ ციხესა. აიკლეს, ააოხრეს მონასტერი, დაამტვრიეს ხატნი პატიოსანნი, გამოასხეს ტყვე უთვალავი. უთრუთ, რომელიც იყო კოშკში, გამოწვეს ცეცხლით, უყვეს ყათლანი ქალიდან კაცამდე. ეს ლეკის ჯარი, იტყოდენ, თორმეტი ათასი კაცი არისო. წავიდა ეს ჯარი, ააოხრეს სომხითი და შემოადგნენ დმანისის ციხესა, მაშინვე აცნობეს სეფი-ხან სარდალს, განჯას იდგა. რაწამს შეიტყო, მაშინვე წამოვიდა სეფი-ხან დიდი ჯარით. მიეშველა დმანისს. სანამდე ეს ჯარი მოეშველებოდა, გავიდოდა მებრძოლი დმანისის ციხიდან და შეებოდა. ლეკთ ვერა ავნეს რა ციხეს და ვერცარა წაუხდინეს. მოვიდა სეფი-ხან, გავიდნენ ყაფლანისშვილები, სრულიად მიუძღვნენ ლეკზე, გაემარჯვათ, მაშინვე გააქციეს ლეკნი, ამოწყვიტეს, რომ რისხვა ღმრთისა დასცეს. ასე დაფანტეს ჯარი ლეკისა, რომ ათს დღემდის ტყეში იჭერდნენ მრავალს და მოჰყავდათ ცოცხალნი დმანისის ციხესა შინა. წავიდა ეს ლეკის დანარჩენი ჯარი, მივიდა ახალგორს. რაც ანანურისა და ხაშმის ნაშოვარი ტყვე ან საქონელი ჰყვანდათ, იქ შეენახათ. აჰყარეს მაშინვე და გაემზადნენ დაღისტანში, გაუდგა სეფი-ხან, ხანი ქართლისა, ასლამაზ-ხან. გავიდნენ კახეთს, დახვდენ ახმეტის ბოლოს, გაემარჯვათ კიდევ ყიზილბაშთა, ამოწყვიტეს ლეკნი და რაც მიქონდათ, სულ დააყრევინეს. იტყოდენ, ათასხუთასი თავი მოიჭრაო მოვიდნენ ქალაქს გამარჯვებულნი და მისცეს ტყვე ან საქონელი თვის-თვისსა პატრონებსა. წავიდა სეფი-ხან ისევი განჯას და ასლამაზ-ხან და ორი სხვა ხანი მიუხდენ ერისთავს შანშეს, დააქციეს იკორთის სამრეკლო და კულბითის ციხე, და შემოადგნენ ვანათის ციხესა. ოცდაორი დღე იდგნენ, უყვეს იერიში და ვერა ავნეს რა ციხის კაცთ. ბევრი თათარი და ქართველი მოკლეს, მოვიდა ავდარი და თოვლი, ჯარმა ვეღარ გასძლო, დაბრუნდენ და ჩამოვიდნენ ქალაქს.
ამავ ქორონიკონს, გიორგობისთვის კზ (27) გადმობძანდა ბატონიშვილი დომენტი კათალიკოზი იმერეთიდან, ძმა მეფის ვახტანგისა, რომელიც იყო სტამბოლს თახსირად, უყო ხვანთქარმა წყალობა და გამოისტუმრა. მოვიდა მეფეს ალექსანდრესთან.
ქორონიკონს უკჱ (1740 წ.) გორს მიიცვალა საქართველოს ბეგლარბეგი ასლამაზ-ხან, რომელიც იყო ტომით ორბელიანთა, შვილი მაჰმად-ალი-ხანისა.
ამავე ქორონიკონს მოვიდა ნაიბად ქართლში ხორასნელი იმამყული-ხან. გაისტუმრა აბდულა-ბეგ, ძე მეფისა იესესი, ჯარით ქსნის ერისთავზე. მივიდნენ არაგვის ერისთვის მამულზე. გადავიდნენ ლომისაზე და დადგნენ ცხრა ძმას. ააოხრეს გარემო სოფლები, მაგრამ ვერსაით ვერაფერი საზრდო ვერა მოიტანეს რა, დამშივდა ჯარი, აიყარა ასე და ჩამოვიდნენ ქალაქს, ვერა ავნეს რა ერისთავს შანშეს.
ამავ ქორონიკონს, ნოემბერს, მეფემ ალექსანდრემ უღალატა ვადის ციხეში აბაშიძეს დავითს და წერეთელს პაპუნას, ისევ დახოცა. ამავ მეფის ძმა გიორგი და ლევან აბაშიძე გადმოუხდნენ ვახუშტი აბაშიძეს, დაესხნენ მალვით თავსა, დაიჭირეს აბაშიძე ვახუშტი და საქონელი ან ტყვე ურიცხვი დარჩათ. წაიყვანეს ვახუშტი და ნავარძეთის ციხეში დააპატიმრეს.
ქორონიკონს უკთ (1741 წ.) მიუხდა დადიანი და რაჭის ერისთავი მეფეს ალექსანდრეს. მეფე ქუთაისს გაეცალა. ამათ ვაკის სოფლები ააოხრეს. მიეშველა ქსნის ერისთავი მეფეს, გაიქცა დადიანი და ერისთავი რაჭისა თვის-თვისსა ქვეყანასა, შეუსია ჯარი ლეკისა, ააოხრეს ოდიში დააქციეს ციხეები, ამოწყვიტეს მრავალი, დაატყვევეს ურიცხვი, ვინც დარჩა, დამძევლეს. წამოვიდა მეფე გამარჯვებული.
ამავ ქორონიკონს, თვესა მარტს მიუხდა ჯარი ყიზილბაშისა, შეესივნენ ჭარსა, ააოხრეს, ამოწყვიტეს და ტყვე, რაც ქართლისა იყო, ქართლში გამოგზავნეს.
ამავ ქორონიკონს მოვიდა მუმეიზი, რომელიც არის მწერალი ქვეყნისა, აღწერად ქართლისა. ესე იყო აღწერა: რაც ძველი ნასოფლარი სადმე იყო, ყველგან ზომეს მიწები საბლით, ხრევი დასდვეს, ეგრევე ამ სახით შენობა სადმე იყო, დიდი ხრევი დასდგეს. როგორც ერანის ქვეყანაში მომცემი მიწა არის და ბევრი გამოსავალი აქვს, ეგრევ ამ ქვეყანას განუწესეს, თვალეს ვაზები, ეგრე ვაზის სათვალავს, რასაც მიხვდნენ, ვაზს ერთი ბისტი დასდვეს, სოფელსა და ბაღსა შინა, რაც ხე ნახეს, თითო შაური დასდვეს, კაცს - ორი მინალთუნი, ყმაწვილსა ასაკოვანსა - ხუთი აბაზი და შემდგომი ამისი ათს წლამდის ხარჯი დასწერეს ყმაწვილზე, პირუტყვზე, ყოველსა ზედა განაწესეს, ბოსტანსა, წისქვილსა, ყოველსფერს შენობას ან ოხერს ადგილს ასეთი ხარჯი დასდვეს, რომ ყოვლის კაცისაგან დიდად შეუძლებელი იყო. როდესაც ურუმთ მცირეთა ეს ქვეყანა ეჭირათ, მაშინ იმათაც დაწერეს და დასდვეს მირი, რომელიც არის ხარკი, თორემ არასდროს ერანის ხელმწიფისაგან ქართლის ქვეყანა არ დაწერილიყო. ესეც ცოდვათა ჩვენთა დავაბრალოთ. ამა ამბავთა შინა მრავალი სული აიყარა, ბევრი ადგილი უმეტესად აოხრდა. მრავალი კაცი ვენახსა და ბაღებსა თავისის ხელით კაფდნენ და აოხრებდნენ. ვინც დარჩა, კიდევ ამისი იმედი ჰქონდათ, რომ ერთი მემკვიდრე ბატონი გამოგვიჩნდება და ამ ჭირისაგან გამოგვიხსნისო.
ამავ ქორონიკონს გამოეცალა ერისთავს შანშეს ძე თვისი იოანე და ჩამოვიდა ქალაქსა თბილისისასა. რა სცნა იმამ-ყული-ხან, განიხარა ფრიად და მიიჩნივა პატივით, დააყენა მემანდრად, განუწესა ულუფა, დაჰპირდა ხელმწიფისაგან (ხელმწიფეში იგულისხმება ირანის შაჰინშაჰები, ამ შემთხვევაში კი ნადირ შაჰი) დიდის წყალობის მოტანასა. მოინდომა ერისთვისშვილმა იოანემ ხელმწიფისათვის წასვლა. გაისტუმრეს მაშინვე, რა ჩავიდა თავრიზს, ნახა სპასალარი, მოახსენეს ხელმწიფესა, უყო იქიდამ მურახასი და დაბრუნდა. მოვიდა ისევ ქალაქსა თბილისისასა. ხელმწიფე მას ხანთა შინა მოსულიყო ინდოეთიდან, გამობრუნებული ყაზმინს დამდგარიყო. რა სცნეს ქართველთ, მაშინვე წავიდა ორბელიანი სარდალი ქაიხოსრო და ამილახორი გივი. რა ჩავიდნენ, მაშინვე ნახეს ხელმწიფე, რომელსაც ახლა სახელი თავისი დაერქვა შაჰანშაჰ. იუწყა ამათგან ამბავი ქართლისა, რაც ძალ-ედვათ ყოველივე მოახსენეს, მაშინვე გამოგზავნა ჩაფარი და ვინცა-ვინ ქართლის ჩინებულნი თავადნი იყვნეს, ყველა დაიბარა. რაწამს მოვიდა ბძანება, მაშინვე წავიდნენ ქართველნი, ჩავიდნენ და ყოველთა ერთად ნახეს ხელმწიფე შაჰანშაჰ. მოახსენეს ქვეყნის გაოხრება ლეკისაგან, შანშე ერისთვისაგან ბელადის ძლევა და შეჭირვება ყოველი. იწყინა ხელმწიფემ და დაჰპირდა დაღისტნის გასწორებასა. მოსცა ჯარი შანშე ერისთვის წასახდენად: „თუ დამიჭიროთ შანშე, ყოველი თქვენი საწადელი აღვასრულო და მოგცე წყალობა უშურველიო“. მისცა ამილახორს გივს ქსნის ერისთაობა და დასდვა იმ ქვეყნის ბელადობა. იყო ხელმწიფის მოსლვამდის იმამ-ყული-ხან ქართლში ნაიბად, ახლა მოსცა ბეგლარ-ბეგობა და გამოისტუმრა. მოსცა ჯარი ინდოელნი, ლაურელნი და ფაშაურელნი. ოთხი სულთანი ექვსი ათასის კაცით შემოვიდა ქალაქსა თბილისისასა. შემდგომად ამისა მოიწივნეს ჯარი ავღნისა. იყვნეს კაცნი შავნი და დუხჭირნი, შიშველნი. მცირე რამ საბლარდნელი ეფარათ ტანსა ზედა, ვითარცა ზედგარი, გინა ზეწარი წამოეფარათ თავსა ზედა, მსგავსად დედათა მფარველთასა. ესე იყო ჩვეულება ქვეყნისა. თვესა აგვისტოსა წავიდა ეს ჯარი ქსანს, რა მიეახლნენ მუხრანს, აბელადეს ამილახორი გივი, ვითარცა ხელმწიფეს ბელადობა მისთვის დაედვა, გაჰყვეს ჯარი სამად, მისცეს ერთი ჯარი არაგვის ერისთავს და გარდაუსიეს ლომისაზე, მეორე ჯარი ქსანზე შევიდა და მესამე ჯარი ლიახვზედ. უყვეს თარეში, ააოხრეს ქსანი, დაწვეს, დაატყვევეს. ამოსწყვიტეს ურიცხვი. დააქციეს ციხეები, ან საცა კოშკი იყო, არსად გაუშვეს შენობა. გაიქცა ერისთავი შანშე, ცოლ-შვილიც იქა ჰყვანდა და შევიდა აწერისა ციხესა შინა, მაშინვე მივიდა ხანი ღამითვე და შემოადგა გარს, ვეღარა სძლო შანშემ და გაიპარა ციხიდამ, თავის ძმა იასე და მცირე რამ კაცნი თან გაიტანა. შეიარა ხეობაზე, მივიდა ახალციხესა და შეეხვეწა ფაშას, შეიწყნარეს პატივით და დააყენეს ქალაქსა შინა. რა გათენდა, აიღეს ციხე, აწერისა ყიზილბაშთა, შეიტყვეს გაპარვა ერისთვისა, აიკლეს ციხე და იავარ-ჰყვეს საქონელი ანუ ტყვე, ეძიებდეს ცოლსა ერისთვისასა და ვერა სადა ჰპოვეს. ხოლო შემოსა სამოსელი უშვერი და ვერ სცნეს. მცირეთა ხანთა მეცნიერსა თავადსა ვისმე ეცნა და გამოიყვანეს ცოლი ერისთვისა. მაშინვე გამოისტუმრა იმამ-ყული-ხან ქალაქსა და დააყენა პატივით. დააქცია ციხე აწერისა და ანუ სადა სიმაგრენი იყვნეს, სრულად ააოხრა. გაუშვა მარბიელი ავღნისა და საცა რამ დარჩომილიყო, დაატყვევეს. ოსეთს აქეთ სულ აჰყარა და მოაბარა გივს ამილახორს. ჩამოუძღვა გივი და დააყენა ფხვენისს. გაბრუნდა ხანი, მიუხდა ერთს ალაგს, ცოტა რამ საქონელი დარჩომილიყო, მთის ოსნი შემორიგებულნი იყვნეს, რა შეიტყვეს ღალატი, შეუკრეს ერთი ვიწრო ალაგი, დაუშინეს, გამოაქცივეს ყიზილბაშნი. დაჭრეს ხანი, მოკლეს პაპუა მუხრან-ბატონიშვილი, რომელი იყო ნასაღჩიბაში, ამოწყვიტეს ყიზილბაშნი, წამოვიდნენ, შემოეყარნენ გორს თავის ჯარსა და გორიდამ აიყარნენ და ჩამოვიდნენ ქალაქსა თბილისსა, გაგზავნეს ჩაფარი ხელმწიფესთან და აცნობეს ყოველივე ყოევილი. იამა ხელმწიფეს დაჭერა ქსნისა და უიმედა ყოველთა წყალობა, უბოძა რაყამი: „რაც ტყვე იყოსო, სულ ავღნის ჯარს მიეცითო“. იყო ტყვე დიდი და პატარა ცხრაასი, მისცეს სრულიად ჯარსა ავღნისასა. იყო ტირილი და ვაება ტყვეთაგან, ეგრე წუხდიან ქრისტიანენი და ვისაც ძალ-ედვა, იხსნიდიან და განუტევიან. ასე გაიაფდა ტყვე, რომ თითოს ვაჟკაცს ოროლ მინალთუნად აძლევდიან, რომელიც არა გიუვიდის, ცხვრელებ ყელსა სჭრიდიან და ზოგს წყალში ყრიდიან.
ამა ამბავთა შინა ებძანა ხელმწიფეს: „რაც ქართლის ქვეყანას ჩემი ხარჯი აძევსო, იმისი სულ ლიტრა ერთ ბისტათ პური მამეცითო“. ქართლში პური ასე ძვირად იყო, რომ, თქვენმა მზემა, ბევრჯერ ვნახეთ ბალახის კურკას გაახმობდიან, დაფქვიდენ და იმას სჭამდენ. დაუწყეს თხოვნა პურისა, ეკიდა კაცი და დედაკაცი, მრავალი სული ჯოხით მოკვდა. თუ პურს სადმე გასასყიდს იშოვიდენ, თავისის ხელით შვილებს აძლევდენ. მრავალი სული აიყარა ამ ქვეყნით და უცხოთა ალაგთა გარდაიხვეწა. ურუმის ქვეყანა ქართლის კაცით აივსო. მოვიდა ჩაფარი ხელმწიფისა, დაებარებინა ქართლის ხანი და ჩინებულნი თავადნი. მაშინვე წავიდა იმამ-ყულიხან, აბდულა-ბეგ ბატონიშვილი, მდივან-ბეგი ქაიხოსრო, ამილახორი, ერისთავი გივი და სხვანი თავადნი. რა მიიწივნეს დარუბანდს, მოდგომოდა ხელმწიფე შაჰანშაჰ დაღისტანს თვესა აგვისტოსა, აოხრებდა და მოდიოდის თავი ურიცხვი ანუ ცოცხალი კაცი უთვალავი. ნახეს ქართველთ ხელმწიფე, დახვდა მხიარულის პირითა და დაუმადლა ერთგულობა. ამათ მოახსენეს ქვეყნის წახდენა, უბძანა: „თქვენს შეძლებას ყველას შევიტყობ და იმით გიმსახურებო“. განუახლა ყველას ჯამაგირი, განუწესა ბატონიშვილს აბდულა-ბეგს სამასი თუმანი და ქვეყნის იხტიარობა, ორბელიანს მდივან-ბეგს ქაიხოსროს - ორასი თუმანი და ქართლის ვექილობა, მეორე ვექილობა, ერისთაობა ქსნისა - გივს ამილახორს, ასი თუმანი, ამილახორს ოთარს - ორმოცდაათი თუმანი და ქეშიქბაშობა, აბაშიძიშვილს პაატას - ბაზიერთხუცობა და ორმოცდაათი თუმანი, ორბელიანს ელისბარს - ეშიკაღაბაშობა, უწინვე ასლამაზ-ხანის დროს ჰქონდა და ახლაც განუახლა და ორმოცდაათი თუმანი. ოცდახუთი თუმანი - შანშეს ერისთვისშვილს, ოცდახუთი თუმანი - მუხრანბატონს და ნასახჩიბაშობა, ოცდახუთი თუმანი - ციციშვილს ქაიხოსროს და ამილახორბაშობა, ოცდახუთი თუმანი - თარხანს ლუარსაბს, ოცი თუმანი - დავით ორბელიანს, თხუთმეტი თუმანი - ყაფლან ორბელიანს, თხუთმეტი თუმანი - სულხან ორბელიანს, აგრევ ყოველთა თავადთა შვილთა, ვის რა შეეფერებოდა. თითონ ხელმწიფემ იქავ სახელო და ჯამაგირი განუწესა, ყველას რაყამი უბოძა და ეგრე სიხარულით და წყალობით წარმოავლინა ქვეყანასა თვისსა. რადგან ქაიხოსრო ორბელიანს მდივან-ბეგობა ჰქონდა და ვექილობაც ახლა უბოძა, სომხით-საბარათაშვილოს ჯარი მის ძეს რევაზს მიაბარა და ასი თუმანი ჯამაგირი განუწესა. მოვიდნენ ქართველნი ქალაქსა თბილისისასა. ამილახორი ოთარი იქავ გზაზე დამარცხებულიყო ქვეყანასა შამახიისასა. ცხედარი მისი მოიტანა პატივით გივმა ამილახორმა.
ამავ ქორონიკონს ხანი ქართლისა ზემო ქართლში იდგა, აიშალა იმერეთი, უღალატა მეფეს ალექსანდრეს დადიანმა და აბაშიძემ ზურაბ. გარდმოიყვანეს ჯარი ურუმისა, გარდმოაგდეს მეფე, აიყარა თავის დედა-წულით და მოვიდა ციხესა ჩხერისასა, მიუყენა თავის მისანდო კაცნი და თითონ ასიოდენ კაცით გარდმოვიდა სურამს, აცნობა ამილახორს გივს, მივიდა გივი, მოახსენა ხანს. ხანმა მაშინვე გაგზავნა ამილახორი მემანდრად და მოიყვანეს მეფე ალექსანდრე. დასდვა დიდი პატივი, ვითა შეეფერებოდა და მაშინვე ხელმწიფეს აცნობეს. რა სცნა ხელმწიფემ, იამა და მოსწერა რაყამი დიდის იმედისა და წყალობისა, ებძანა ხანისათვის; „ხელმწიფურის რიგით ყოველი რიგი განუწესეთო“. ჩამოიყვანეს ქალაქსა თბილისსა, დააყენეს ხელმწიფურად და, ვით მეფეთ წესია, ეგრე ყოველივე ულუფა განუწესეს. ამავ ამბავთა შინა მოვიდა ამავ მეფის ძმა მამუკა სამოციოდენ კაცითა და შემოეყარა ძმასა თვისსა. იყვნენ დღედაღამ ლხინსა და შექცევაშია. არა აკლდისთ რა, გარდა თვისისა ქვეყანასა.
ისევ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ.
რა მოვიდნენ ქართველნი, განაგებდენ საქმეთა ქართლისათა. მოვიდა ჩაფარი და ეთხოვნა ხელმწიფეს ქართლიდან ხუთასი ნოქარი, ძველს გარდა ამ ხელმწიფის რიგი იყო, რაც ჯარი ჰყვანდა სულ ჯამაგირს აძლევდა და თავის საბძანებელში მართალზე კაცს აღარ გაუშვებდის, დიდთა ანუ მცირეთა შვილთ, რა მოსულ, ჯარად არ გამოიყვანდის. ესეც ებძანა ავღნის ჯარის ქართლში დაზამთრება და მათის სურსათის ძლევა, რომელ არს ულუფა ჯარისა. ამის ცდასა და დარიგებაში უყვნეს გამგენი ქართლისანი.
ამა ამბავთა შინა ებოძა ხელმწიფეს რაყამი ახალციხის ფაშისათვის და ეთხოვნა ერისთავი შანშე, მაშინვე გაისტუმრეს ბორჩალოს სარქარდარი ნალბეგ თავისის ჯარითა. რა მივიდა ახალციხესა და მიუტანა ბძანება და რაყამი ფაშასა ახალციხისას, მაშინვე დართვა ნება შანშეს დაჭერისა. ექმნეს ერისთავს. რა შეიტყო ერისთავმა შანშემ ორივ ძმანი შეცვივდნენ ციხეში და შეეხიზნენ ენიჩართა. არა ენებათ მოცემა ენიჩრებს, მაგრამ მივიდა თითონ ფაშა და გამოიყვანა ძალით და მოსცა ორივ ძმანი და კაცნი მათნი. დასდვეს კისერთა მათთა ხუნდნი, შეუყარნეს ბორკილნი ხელთა და ფეხთა და ეგრე ჩამოიყვანეს ქალაქსა თბილისისასა. ეკიცხოდენ მოქალაქენი და ჰყვედრებდნენ მხედველნი ყოველნი მათნი. მცირედთა ხანთა შინა გაისტუმრეს ეგრე პყრობილნი ხელმწიფესთან და ისევ გაატანეს სარქარდარი ბორჩალუსი. რა მიიწივნეს ვარსკვლავთაგან უმრავლესსა ჯარსა შინა, მოახსენეს ხელმწიფეს ერისთვის მოყვანა. ერისთავმა მოინდომა მართლება თავისა. მაგრამ არად უსმინა ხელმწიფემ და ბძანა დაბორკილება მათი და შეყვანა ციხესა დარუბანდისასა, მცირეთა ხანთა გაისტუმრა ორივ ძმანი მაშათს პატიმრად და ებძანა მათის ცოლ-შვილისაც იქ ჩაყვანა. მოვიდა ჩაფარი. ყულარაღასის ცოლი კახეთს, მეფის თეიმურაზის სახლში იყო და იქიდამ ჩამოიყვანეს და შანშე ერისთვის ცოლი ქალაქში ჰყვანდათ. ორივე მაშინვე გაისტუმრეს და შეეყარნაენ ქმრებსა თვისსა, ქსნის ხევისა სანაცვლოდ დაიმკვიდრეს ხორასანი.
ამავ ქორონიკონსა გამოეგზავნა ელჩი და ფეშქაში ახალციხის ფაშას ხელმწიფისათვის და ეთხოვნა მეფე იმერეთისა, რომელი იყო ქალაქს თბილისისასა შემოხიზნული, ებოძა რაყამი და ებძანა გასტუმრება პატივით ახალციხესა შინა. რაყამი ებოძა ახალციხის ფაშისათვის: „ჩემი შემოხვეწილი არისო და ისევ თავისი ქვეყანა დაანებეო და რასაც ამას პატივს მისცემთ, ჩემად პატივად ჩავიგდებო“. გაატანეს ყაზახის სარქარდარი თავისის ჯარით და გაისტუმრეს. რა მიეახლენ ახალციხესა, ხელმწიფის რაყამი მიუტანეს ფაშასა. მაშინვე მიაგებნეს დიდროვანი კაცნი ახალციხისანი და გამგენი კარისანი. დახვდა ფაშა მხიარულის პირითა და მოართვა ქურქი სიასამურისა. მაშინვე აღასრულა ბძანება ხელმწიფისა და გაატანა ჯარი და დაამონა იმერეთი. მეფის ძმა მამუკა ქალაქით გაისტუმრეს და მივიდა იმერეთს და შეეყარა ძმასა თვისსა მეფეს ალექსანდრეს.
ამილახორის ოთარის სიკვდილი ხელმწიფეს მოხსენდა. მისი სახელო ქეშიკჩიბაშობა და ჯამაგირი მის ძეს რევაზს მოუვიდა.
ქორონიკონს ულ (1742 წ.), თვესა იანვარსა ბატონიშვილი დომენტი კათალიკოზი მიიცვალა. ამანვე თავისავ სიცოცხლეში ბძანა კრებით გამორჩევა კათალიკოზისა. მას ჟამსა შინა დედოფალი კახეთისა, სადგური კეთილისა და საუნჯე სათნოებისა, თამარ ქალაქს ბძანდებოდა, ვითაც ბიძა იყო კათალიკოზი და სნეულებისათვიის ჩამობძანდა, მიცვალებასაც აქ დაესწრო, მიიღო კურთხევა სრული, შეკრიბნა ეპისკოპოსნი დედოფალმან ქართლისა და კახეთისანი და კათალიკოზად, ვითაც მრჩობლად ღირსი იყო, ანტონი, ძე მეფისა იესესი, გამოარჩიეს, ვითაცა ამან ყმაწვილობიდგან გაუშვა სიმდიდრე, მეფობა ამა სოფლისა და ეტრფო ზენათა სასუფეველსა და აღიკვეცა ბერად, რამეთუ ისევ თვისსავე სიცოცხლესა შინა ბიძასაც უნდოდა თვისსა სანაცვლოდ პატრიარქად და ესე შემოკრებულნი კრებანიც აიძულებდენ, რათა დაჯდეს ტახტსა ზედა ბიძისა თვისისასა. არარა ინება და არღარა მიიღო უმაღლესი ხარისხი სიმდაბლისა და სათნოებისათვის. ოდეს შეწუხდა ყოვლად სანატრელი დომენტი პატრიარქი, დაუძახა ურბნელს ეპისკოპოსს ნიკოლაოზს, რომელი იყო ძე ხერხეულიძისა, დააჩოქა სარეცელსა თვისსა წინაშე, დასდო ხელი თავსა მისსა, აკურთხა პატრიარქად, მისცა კვერთხი ხელთა მისთა და განვიდა ამიერ სოფლით და მივიდა წინაშე უფლისა. წმიდა ამისი გვამი წაასვენეს დიდისა დიდებით. ვითა შვენოდა მეფეთა ასულობასა, ეგრე შემწე ექმნა დედოფალი თამარ და მიასვენეს დიდსა სამეუფოსა ეკლესიასა, მშვენიერსა და დედასა აღმოსავლეთისასა, მცხეთას და მიიღეს ადგილსა, ხარისხსა საპატრიარქოსა წინაშე. ამა ამბავთა შინა ქართლის ხანმა იმამ-ყულიხანს იასაული დააყენა, კათალიკოზს ნიკოლაოზს და რაც მცხეთას საქონელი იყო, წირვის იარაღი ანუ ეკლესიისა, სულ თავისთან მიატანინა. უკეთურსა და ღვთის მოძულეს ვისმე დაებეზღებინა, კათალიკოზი რომ გარდაიცვალა, საქონელი სახელმწიფო არისო, მაგრამ სამღთო ძალმა აღარ მიუშვა ორბელიანი, სარდალი ქაიხოსრო და გივი ამილახორი გულსმოდგინებით გაისარჯნენ. ისევ დაიხსნეს და მიაბარეს უკლებრივ კათალიკოზს საქონელი მცხეთისა.
შემდგომად ამისა მოვიდა ბძანება ხელმწიფისა: „რომელიც შია სუნისა სჯულსა ავად ახსენებს და ომარსა და ოსმანს შეაგინებს, ჩემისა რისხვით მოკვდესო“. ქალაქში მყოფნი ყიზილბაშნი დიდად მჭმუნვარე იქმნეს, მაგრამ შიშითა შაჰანშაჰ ყაენისათა ვერარას იტყოდეს. ამავ ქორონიკონს დაებარებინა იმამ-ყული-ხან ქართლის ჯარით ადრიბეჟანის სარდალს ფათალი-ხანს, რომელსა გამოელაშქრებინა ჭარის ქვეყანაზე. ესენიც ალაზნის პირს უნდა შეყროდენ, საბარათაშვილოს ჯარი რევაზ ორბელიანს ახლდა და ამას ხელმწიფის ბძანებით ორასი ნოქარი, კიდევ სხვა ქვეყნის კაცი ებარა, ზემო ქართლის ჯარის გამგედ ამილახორი ამირინდო მივიდა. ხანი ჩამოხდა იორზე და კიდევ სარდლის ამბავს მოელოდა. იყვნენ ხანი და აბდულა-ბეგ, ძე მეფის იასესი, დღედაღამ ლხინსა და განცხრომაში.
ამა ამბავთა შინა, თვესა აპრილსა ია, ღამესა ბზობისასა, ქალაქიდამ ღამე გაიპარა გივი ამილახორი, რომელი იჯდა ვექილად, წავიდა თავისის ცოლ-შვილით და თან გაიტანა პაატა აბაშაძის ცოლი და სარიდან ერისთვისშვილის ცოლი. პაატა აბაშიძე და ზოგი ვინმე თავადნი ზემო ქართლისანი ამავ ბზობის ღამეს გამოიპარნენ იორის პირიდამ, რომელნი ახლდენ ჯარად ხანსა ქართლისასა და მივიდნენ ამილახორთან. რა მივიდა მცხეთას ამილახორი, ჩამოეგება არაგვის ერისთავი ბეჟან ჯარით. ხიდი მცხეთისა ჩავარდნილიყო და ტივი მზიდ დაახვედრა, გავიდნენ უვნებელად და მივიდნენ დუშეთს. შემოიყარა ქსნისა და არაგვის ხევისა კაცნი, მისცა მისაცემელი და გამოართვა ფიცი და იერთგულა, ყოველნი თავადნი ზემო ქართლისანი გაიერთა. ესმა ამბავი ესე იმამ-ყული-ხანს, დაჭმუნდა ფრიად, გამოგზავნა კაცი ქალაქს და ვინცა-ვინ ზემო ქართლის თავადნი იყვნეს, დაიჭირეს და მაღალ ციხეში დააპატიმრეს. აგრევე ჯალაბნი (ოჯახები) დარბაისელთანი ერთს სახლში დააყენეს ერთად, გარს მცველი მოუყენეს. თითონ ხანი და აბდულა-ბეგ წავიდნენ ჩაფრად ფათალი-ხანთან. რა მივიდნენ, აცნობეს ესე ყოველი, მანცა ხელმწიფეს მოახსენა, ჭარელნიც შემორიგებოდეს და ამათაც დასტური მოსცა. მოვიდა ხანი, აიყარა ჯარი იორიდან და მოვიდა ქალაქსა. მაშინვე აუშვა პყრობილნი თავადნი, გაგზავნა კაცნი ამილახორთან და ჰკითხა მიზეზი წასვლისა. ეს პასუხი მოეცა ამილახორს: „ქვეყანა ოხერი შეიქნა და არა გამოდიოდის რაო. ვეღარ შევძელ სამსახური ხელმწიფისა და წაველო“. ზემო ქართლისა თავადინც ამაზე ემოწმებოდენ. ამილახორის შვილი რევაზ, რომელი იყო ქეშიქჩიბაში, გაგზავნეს გორს მცველად. რა მივიდა გორს, წავიდა მაშინვე და მივიდა ამილახორთან. ამა ხანთა შინა გამოეგზავნა ხელმწიფეს ბარდის ხანი და ეკითხა მიზეზი ამილახორის წასვლისა. მოვიდა და დაელაპარაკა და მისცა ფიცი: „თუ ჩამოხვიდე არაფერი ხელმწიფისაგან არა დაგიზიანდეს რაო“, მაგრამ არა ინება და ვერას ღონისძიებით ვერ დაიმორჩილეს ამილახორი. მოახსენეს ხელმწიფეს შაჰანშაჰს მოუსვლელობა, ებოძა რაყამი კიდევ ამილახორისათვის წყალობისა: „თუ ჩამოხვიდე, ყოველი შენი ცთომა მოგვიტევებიაო“. მოუვიდა ეს რაყამიც, მაგრამ არარად ინება და შემოუთვალა უარი.
ამა ამბავთა შინა დაწერეს ქართველთ გაომიხრი ხელმწიფესთან და მოახსენეს ქვეყნის სიღარიბე და მუმეიზისაგან უსამართლოდ დაწერა და ქვეყნისაგან შეუძლებელობა. რომ ისმინა ხელმწიფემ ქართველთ შეწუხება, მაშინვე დაიბარა აბდულა-ბეგ და ქაიხოსრო სარდალი და ქვეყნის უფროსნი კაცნი: „თვით ჩამოვიდნენ ჩვენს დიდებულის კარზე და მოგვახსენონ, რაც მოსახსენებელი ჰქონდეს თავისის პირით, აღვასრულო საწადელი მათიო“. მაშინვე წაბძანდა აბდულა-ბეგ ბატონიშვილი, გამოღმა მხარის თავადნი, ვინცა-ვინ დარჩომილიყო, თან იახლა აგრეთვე სარდალი მდივან-ბეგი ქაიხოსრო ორბელიანი და თან იახლა სომხით-საბარათაშვილო უფროსის კაცით.
ამისა შემდგომად გამოეგზავნა ხელმწიფეს ერთი დიდებული კაცი და ეთხოვნა ქართლისა და კახეთისათვის ორასი ყული ოცის წლისა და ოცდახუთის წლისა. ამას წინათაც ქალი ეთხოვნა თორმეტი და ბძანება იყო, ქალს ქალური საქციელი უნდა ესწავლა, აქავ ვაჟს ვაჟკაცური საქციელი ესწავლა და ეგრე მორთმეოდა ხელმწიფეს. მსწრაფლ აღასრულეს ბძანება, დააგროვეს ქალი და ვაჟი, ვისა ყვანდა საკადრი ხელმწიფისა და დაადგინეს ქალაქსა შინა სწავლად საქიციელთა ქართულთა. ბატონიშვილი ანუკა დედოფალს ახლდა კახეთს, ვითაცა და იყო, ქალაქიდამ თან წაიყვანა, ძე აბაშიძისა ვახუშტისა რომ გაიპარა, ბატონიშვილი ისევ კახეთსა ბძანდებოდა. ვეღარ უგულებელსყო ვახუშტი აბაშიძემ მეუღლე თვისი ანუკა ბატონიშვილი და ჩამოვიდა ქალაქსა თბილისისასა. იამა დიდად იმამ-ყული-ხანს, ებოძა ხალათი და დააყენა პატივით. ოდეს გავიდნენ ქართველნი ქალაქით გატეხილ ხიდზე, შემოეყარათ ჩაფარი. ეთხოვნა ხელმწიფეს ქართლისათვის თავისის ყოლბეგით ექვსი ათასი ხარი, განჯიდან პური უნდა აეკიდათ და დაღისტანში მიეტანათ, ესენი რომ ვეღარ დაბრუნდნენ და ბძანება მოვიდა, ქალაქში მყოფთა ვექილ-ვეზირთა მსწრაფლ დააგროვეს და გაისტუმრეს. მაგრამ აღარ დარჩა ქართლში ხარი, ამით რომ იქავ დაღისტანს ყოფნაში ეთხოვნა სამი ათასი ურემი შებმული. გაისტუმრეს, დაუდვეს პური ოროლი ხარვარი, რომელ ხარვარი არს ასი ლიტრა. შამახიიდამ მიიტანეს დაღისტანში. ამისა შემდგომად ეთხოვნა ხარი ორი ათასი, გაისტუმრეს, აკიდეს პური ბარდიდამ და მიიტანეს დაღისტანში.
მოვიდა ბძანება ხელმწიფისა, ებძანა ქართლის ხანისათვის ამილახორზე გალაშქრება. აღასრულა ბძანება და გავიდა ქალაქით. რა მიეახლა მცხეთას, ეს ურმები რომ გავიდა, ერთს ღამეს მარნეულს ისადგურეს, ქვეიდამაც მოვიდა ქარავანი ქაშანისა, დატვირთული ლარითა. ეს ქარავანიც ამ ურმებთან დადგა. დაესხნენ მასვე ღამესა ჭარელნი და ამოწყვიტეს კაცნი და იავარ-ყვეს საქონელი ურიცხვი. აცნობეს მაშინვე ხანსა, მაშინვე გამოუსივა ჯარი, მაგრამ ვერსად მოეწივნეს და წაიღეს ლეკთ ნაშოვარი ურიცხვი უვნებელად! ამილახორის გაქცევაზე ხელმწიფეს ქართლში ვექილად სეფი-ხანის დისწული გამოეგზავნა. ეს ვექილი აბაშიძემ წაიყვანა, მივიდა წინწყაროს ჯარით, რაც საბარათაშვილოს ხარი და ურემი იყო, შეეყარა, იქ მოჰყვა მცირედთა გზათა და გაისტუმრა მშვიდობით.
რა მიეახლა ხანი გორს დაუწყო რბევა ქართლსა და წვა მოსავალისა. გორს ხანის მისლვამდის წასული იყო ამილახორი და გაემაგრებინა ციხენი ზემო ქართლისანი, სურამის ციხეში თვისნი მისანდო კაცნი უდგნეს და ეჭირა ძალით ხეობაში პეტრეს ციხე და შეეყენებინა კაცნი თვისნი. გარდამოეტანა ახალციხიდან ტყვიაწამალი, როგორც ახალციხის ფაშას მრავალჯერ მოეცა ჯაბახანა შანშე ერისთვისათვის და ამგვარად უკუმდგართა ქართველთათვის, ახლაც, მსგავსად დღისა მის, მუდამ აძლევდა ჯაბახანასა და პირდებოდა მოხმარებასა ამილახორსა. გამოიარა ამილახორმა ქცხინვალზე და იმ ძირობაზე და განაძლიერნა მიმდგომი თვისი და მოვიდა, დადგა სხვილოს. ამა ამბავთა შინა მოვიდა ერევნის ჯარი და განჯისა, შემოეყარნენ იმამ-ყული-ხანს, ყოველდღე წავიდის ამათი მარბიელი და მოარბივის მთას აქეთი, დაწვის მოსავალი ანუ შენობა და მოვიდის უვნებელად. დაუწყო ლაპარაკი ხანმა ქართლისამა თავადთა უკუმდგართა, დაპირდა წყალობასა უშურველსა, მისცა ფიცი უშიშობისათვის. მოვიდნენ ზოგნი ვინმე თავადთაგანი, დამოსა ხალათით და არა ავნო რა.
გაისტუმრა ხანმა ავალისშვილი ზაალ, ძე როსტომისა პეტრეს ციხის ასაღებლად, აღუთქვა მისაცემელი, მოვიდა, შეაპარნა კაცნი, აიღო ციხე და გამოასხა კაცნი ამილახორისანი. შეიყვანა კაცნი თვისნი, უბოძა ხალათი ხანმა და უიმედა წყალობა ფრიადი.
გამოეგზავნა დიდს ზაალს ავალისშვილს შვილი მძევლად. დაედვა სამსახური, გაუგზავნა ხანმა წიგნი წყალობისა და ვინა მოვიდის, ებოძის ხალათი და აღრაცხის ერთგულთა თანა. დაუწყო ლაპარაკი ვახუშტი აბაშიძეს: „თუცა არ მოიყვანე შენი შვილებიო, არა ხარ ერთგული ხელმწიფისაო“. იდვა ყოველი სამსახური ხელმწიფისა, ვახუშტიმ დაიჯერა ფიცით და განუტევეს მშვიდობით.
აიყარა ხანი ჯარითა მძიმითა და ჩამოხდა ჭალას. გამოვიდა ამილახორი გივი სხვილოსა ციხით, დასცა კარავი გარეთ, გავიდის გარეთ ამათი მებრძოლი და გამოვიდის იმათი, იყვის ომი ფიცხელი, დაიხოცის ორგმითვე ურიცხვნი. იყო მცირედი ხანი რამე და აიყარა იქიდამაც, ჩამოვიდა მუხრანში, იქიდამ არაგვის ერისთვის მამულში შესლვა დააპირეს. შეუტყვეს ერისთვიანთა, გამოუძღვა ოტია ერისთვისშვილი და რაც შესავალი გზები იყო, სულ შეუკრეს. რა მივიდნენ საბრძოლსა ადგილსა, დაუშინეს არაგვის ერისთავის კაცთა და მრავალი ყიზილბაში მოკლეს და ძალიან გამოდრიკეს, მერმე უბძანა რევაზ ორბელიანსა, მიიმძღვარეს საბარათაშვილოს ჯარით, ვითა ხვდებოდა სიკეთესა მათსა, ეგრე მხნედ იყვნეს, გააქცივეს ოტია და დააგდებინეს გზანი საჭირონი და შევიდნენ უვნებელად. მივიდა ხანი და ჩამოხდა ბაზალეთს, შეკრეს მაგარი სანგარი და დადგნენ მას შიგან. გამოვიდის მებრძოლი მათი. გავიდის ამათი, იყვის ომი, დაჰყო ამა ჯარმა თხუთმეტი დღე და აიყარა დღესა მეთხუთმეტეს და მოვიდა ისევ გორს.
დაიბარა ხანმა ვექილ-ვეზირი და მუსტაფი. რა მივიდნენ გორს, დაუწყეს ზემო ქართლს რიგება და მალუჯათისიც თხოვნა დაუპირეს. რა შეიტყეს, ვინც ახალი მოდგომილი საპატიო კაცის შვილი იყო, სულ გაიპარნენ და წავიდნენ. ეს იწყინა ხანმა, შეჯდა ხანი, მივიდა საქართლის ციხესა, აქეთ სულ მოაოხრეს, დაატყვევეს ურიცხვი და ჩამოვიდნენ გორს. წავიდა მეორედ, წაახდინეს სურამის გარეშემო და ჩამოვიდნენ უვნებელად. აიყარა გორიდამ, ჩამოვიდა, დადგა გომს. გავიდა მცირეს ჯარით. აიღო კასპის ციხე, ჯარი გომს დააგდო, ხანი ჩამოვიდა ქალაქს. ამა ხანთა შინა შეიქნა ძვრა საშინელი, რომ ორმოცი დღე და ღამე ქვეყანა ირყეოდა. დიდი საშინელება შეიქნა. ქვეყანა რყევისაგან აღარ დადგა. კახეთს ალავერდის საყდარი დაიქცა, ლალისყურის და ახმეტის ციხეები ორივ დაიქცა, იალბუზის მთები ბევრს ალაგს გარდამოიქცა და მრავალი სული, მსახლობელი კაცი ქვეშ მოიტანა. ქართლშიაც მრავალი შენობა დაიქცა, თითონ მეფე თეიმურაზ და დედოფალი თამარ, ვითაც ღვთის საყვარელნი იყვნეს და ტრფიალ ზენათა სურვილისა, ეგრე გულმხურვალე ქვეითნი მოიარნეს გულმდუღარედ, თვალცრემლოვან და მოილოცნეს წმინდათა ადგილნი და ევედრებოდენ ღმერთსა მყუდროებასა ქვეყანისასა. აგრევე ქართლში იყო ყოველგან ტირილი და ვედრება ღვთისა წინაშე.
ქორონიკონი იჯდა ულ (1742 წ.), თვე იყო აგვისტო.
რა ქართველნი ჩავიდნენ და შეეყარნენ ვარსკვლავთა უმრავლეს ჯარსა, მიიყვანეს ქართველნი ერთპირ და შეიქზაანაში ჩამოახდინეს, პირველსავე მისლვაზე ელისბარ ორბელიანი დაიჭირეს, რომელი იყო ეშიკაღაბაში ქართლისა, ამისთვის რომ ამათი და ამილახორს გივს ცოლად ესვა და ამ ელისბარის უმრწემესი ძმა ვახტანგ და ორი ბიძაშვილი, გიორგი და სულხან, ამილახორის წასლვას უკან ესენიც თავისის ალაგიდამ აიყარნენ და წავიდნენ არა ხელმწიფის ორგულობითა, სიღარიბემ და ავმა დრომ შეაწუხათ და იმერეთს კარგი მოყვრები ჰყვანდათ, მივიდნენ შეეხიზნენ. რაჭის ერისთავმა გრიგოლ შეიწყნარა ფრიად და მისცა სამყოფი, ამათ წასლვაში სამი ურუმი მიმავალი ვისმე გზაზე მოეკლა. ამათ შებრალდათ, ურუმების მომკითხავი კაცნი რომ მოვიდნენ, მტერმა შეასმინა, იმათ დაადვა. ორბელიანთ სახლს მაშინ მტერი ბევრი ჰყვანდათ, ამით რომე დიდებული, შეუძრველი სახლი ჰქონდათ და მერე აროდეს არას ხელმწიფის ორგულობა და ღალატი არ შესჩნეოდათ. ეს ეჯავრებოდათ და ყოველგზის ცდილობდნენ მათს დამცრობასა. დააჯერეს ურუმნი და წასულიყვნეს, ხელმწიფისათვის მოეხსენებინათ და ამილახორისა და ამათი მოყვრობაც გაეშინჯვინებინათ. ხელმწიფე ამილახორზედაც გამწყრალი იყო და ელისბარს თავი აღარ ამართლებინა და მოკლა მოშთობით. სარდალს ქაიხოსროს უბძანა: „რახან შენს ქვეყანაში ეს საქმე მომხდარაო, სისხლი ურუმებისა და საქონელი შენ მიეცო“. სხვა მრავალი აყვედრა ქართველთ ამილახორის წასლვისათვის და ზემო ქართლის უკუდგომისათვის მუქარა მოითხოვა: „ქართლში მიწასაც აღარ გაუშვებო“. გამობრუნდნენ ქართველნი დიდად შეჭირვებულნი. მოუბრუნა კიდევ ღმერთმან გუნება ხელმწიფეს და დაუძახა ქართველთ, მიატანინა მუმეიზის დავთარი და თავისთან წააკითხა, ბძანა: „ხუცების და საყდრების ხარჯი მიპატიებიაო“. ზოგი ღვინისა ხარჯიც მოუჭრა, რომ ქვეყანას სამი ათასი თუმანი მოაკლო, ქართველის კაცის მალი გაუშვა და სომეხს, ვითა წესია, ისევ დაადვა, მორჩნენ ქართველნი შიშსა და გამობრუნდნენ მხიარულად.
კახი ბატონი თეიმურაზ ამათს უწინ ჩამობძანებულიყო, დახდომოდა მხიარულის პირითა და რაც მოეხსენებინა ხელმწიფისათვის, ყველა კარგად შეესმინა, კახეთიდამ რაც სახელმწიფო ხარჯი ეთხოვნა, ის თავის ნოქარში გაებარებინა და სხვა აღარ ეთხოვნა რა. ებძანა: „ერთი ჩემი მუსტაფი შენთან იყოსო, როგორც გინდა შენ იმსახურეო, სხვა შენის ქვეყნისა არა მინდა რაო. მუდამ ჩემის ზღვისაგან უუხვესის წყალობის მოიმედე იყავო“. მობძანებულიყო კახი ბატონი ამ წყალობით კახეთს. გამოისტუმრა ქართველნი ხელმწიფემ და უბძანა: „თეიმურაზ ხანს იახელითო და ამილახორი შემარიგეთო“. ერთი რაყამი მეფეს თეიმურაზს უბოძა: „შენ თავდებად დაუდექ ამილახორსაო, რომ ჩემგან არა დაუშავდეს რაო“. მოვიდნენ ქართველნი და მაშინვე კახეთს გაგზავნეს ბატონიშვილი უსეინ-ბეგ და თარხან ლუარსაბ და აცნობეს მეფეს თეიმურაზს ბძანება ხელმწიფისა. მაშინვე წამობძანდა მეფე და მობძახდა ავჭალას. ხანი ქართლისა წავიდა გორს, ბატონი მცხეთას მიბძანდა, ბატონიშვილი აბდულა-ბეგ და ქაიხოსრო სარდალი შეიყარნენ იქა და იქიდამ დაუწყეს ლაპარაკი ამილახორს. მას ხანში ამილახორს შვიდი ათასი ლეკი მოსლვოდა და თავისთან უდგა, ულუფას აძლევდა, შემოეთვალა ამილახორს: „ამდენი ლეკი შინ მიდგასო, ეს გამაცალეთ და მე ჩამოვალო“. წავიდა ამ ლეკისა ერთი ბელადი თავის ჯარითა, გარდაიარეს თრიალეთი, დაესხნენ თავს ქარავანს და მთლივ საქონლით და ტყვით სულ აიკლეს და ნაშოვარი წამოიღეს ურიცხვი. მოვიდნენ უვნებელად, შეეყარნენ ჯარსა თვისსა.
ამა ჟამთა შინა მოუვიდა ამბავი მეფეს ალექსანდრეს, თავისის დედის კოჭიბროლასათვის ღალატი შეემჩნივა და მოკლა მახვილით. ეს ამბავი მოვიდა ქვეიდამ, შანშე ერისთავს და თავის ძმას ყულარაღასს იასეს ხელმწიფემ ორთავ თვალები დასთხარა, რომელნი იყვნეს ხორასანს თახსირად. გაგზავნა კახმა ბატონმა თვისი ეშიკაღაბაში სულხან და თარხანი ლუარსაბ, დაემოციქულა ამილახორს პირი მისცა: „არაფერი შენ ხელმწიფისაგან არა დაგიზიანდეს რაო“. მივიდნენ, ყოველი ბძანება მიუტანეს, მაგრამ ვერ დაიმორჩილეს და მოახსენა მიზეზი ბევრრიგი ჩამოუსვლელობისა. ამა ამბავთა შინა ადრიბეჟანის სარდალი ფათალი-ხან, ცოლისძმა ყაენისა, თოფყარაღაჯს მოსულიყო და ჩაფარი გამოეგზავნა მეფის თეიმურაზისათვის და დაებარებინა. აიყარა მაშინვე მცხეთიდან და წაბძანდა, შეეყარა ფათალი-ხანს ყარაღაჯში. იქავ მოუვიდა ფათალი-ხანს ჩაფარი ხელმწიფისა: „შვიდი ათასი ლეკი წამოვიდა ქართლზედაო, მიდი ახლავ, თანბა უყავო“. მოვიდა ეს ლეკის ჯარი და შეეყარნენ ამილახორს. ამ ლეკების თავი ერთი გალეგა იყო, რომელი სამი წელიწადი ხელმწიფეს თავრიზს არამში ჰყვანდა და იქიდამ გამოიპარა, ერთი თავი მალაჩი და სხვა წვრილი ბელადები ბევრნი. აიყარა ფათალი-ხან და მოვიდა ქალაქსა თბილისისასა. თან ახლდა აჯი-ხან, რომელი იყო სტამბოლს ხონთქართან ელჩად დიდისა დიდებითა, ჯარი მაშინვე გაგზავნა გორს და თითონ დაჯდა მეჯლიშად. დიდად ღვინის მსმელი კაცი იყო და მოთამაშე და მომღერალ-მკვრელნი თან ბევრნი ახლდეს. გაღმა მტკვრის პირი რიყე სულ ჩირაღდნით გააკეთებინა და სამი დღე და ღამე ეგრე ლხინი ნახა. რა ეს ჯარი მივიდა გორს, ამილახორისშვილი რევაზ და გალეგა და ორი სხვა ბელადი ლეკისა კაის ჯარით ფალავანდიშვილს იორამს მისდგომოდა ერეთის ციხეზე, დიაღ შეეწუხებინათ. ამ ჯარის მისვლა რომ შეეტყოთ, ციხის კაცთ ძალი მომატებოდათ და მიშველებასაც ელოდენ და ლეკთ კი არ იცოდენ ყიზილბაშის მისვლა. ერთ ღამეს უყვეს იერიში ლეკთა, გამოუხდენ ციხით და გულსრულად შემოეგებნენ, პირველსავე მისვლაზე სამივე ლეკის ბელადი დასცეს და გალეგა დიდად დააწყლულეს. მაშინვე გამობრუნდენ და მოვიდნენ ისევ ჭალას, მოკვდა გალეგა, დამარხეს იქავ. მოვიდა ჯარი ლეკისა ურიცხვი და ჩამოდგა ორბელიანთ მამულში, ააოხრეს, დაწვეს, არსად გაუშვეს შენობა, გარდა ციხეებისა. გავიდა ქალაქიდან ფათალი-ხან, სარდალი ადრიბეჟანისა, გივს ამილახორზე, მივიდა, ჩამოხდა მეტეხს, იქიდამ დაუწყო ლაპარაკი და მოციქულობა გივს: „ნუ გეფიქრება ხელმწიფისაო, რაც შენი საწადელი არის, მე აგითავებო“. სამი დღე ამილახორს მულათი ეთხოვნა. ამ სამს დღეში ეს თადარიგი დაიჭირა, რაც ლეკთ ნაშოვარი ეშოვნათ, ამათ ერთი კაი ჯარი გაატანეს ლეკისა და გაისტუმრეს დაღისტანში, სხვა ლეკის ჯარი ისევ ამილახორთან დადგა. შემოეთვალა ამილახორს: „ლეკთ ამდენი ნაშოვარი მიაქვთო, მაგათ დახვდით, ნაშოვარიც მრავალი დაგრჩებათო და მეც თქვენს სამსახურში მოვალო“. იამა ფათალი-ხანს, ამილახორის მოსვლაც დაიჯერა და ლეკზე გამარჯვების იმედიცა ჰქონდა. აიყარა მაშინვე მეტეხიდამ და გაუდგა ლეკთა, მიეწივა კახეთსა, კახნიც შემოეყარნენ, ერთს მთაზე მიეწივნენ, პირველ მისვლაზე გაემარჯვათ ყიზილბაშთ და რაც მიჰქონდათ, სულ დააყრევინეს და ლეკნიც ბევრი დახოცეს, მაგრამ უკან თურმე ლეკთ სხვა ჯარი ჰყვანდათ დამალული, წამოეშალნენ, გამოერივნენ შიგა, გამოაქციეს ყიზილბაშნი, ნაშოვარიც ისევ გააყრევინეს და თათარნიც ბევრი ამოწყვიტეს. ბორჩალოს ხანი იმ დღეს მოკლეს და კახი თადია სუფრაჯი ჩოლოყაშვილი მოკლეს. სარდალი ფათალი-ხან ლალისყურს იყო ჩამომხდარი, აიყარა იქიდამ, ჩამოვიდნენ თელავს, სახლსა მეფისასა, დახვდა ბატონი გამომჩვენებითა და მიართვა მისართმევი, იქიდამ ჩამოვიდა, დადგა ყუშყალას. ამა ამბავში ქერიმ-ხან, რომელი იყო ნათესავი ხელმწიფისა, ქართლში გამოეგზავნა დიდის ჯარით ხელმწიფეს. რასაც დღეს შემოვიდა, მეორეს დღეს გავიდა, მივიდა, დადგა მეტეხს, იმამ-ყული-ხან კახეთს იყო და იმას ელოდა. ფათალი-ხან ხელმწიფეს დაებარებინა და წავიდა. იმამ-ყული-ხანი ქართლისა მოვიდა, შემოეყარა ქერიმ-ხანს, ორივ წავიდნენ ამილახორზე. უკუსდგომოდა არაგვის ერისთავს თავისი კაცნი.
ამინა კობიაშვილს ბეჟან ერისთვის დაჭერა მოენდომებინა, რადგანაც მრავალჯერ მოეკლათ ერისთავი არაგვისა, შეუტყო ამილახორმა და იმ საქმეში რეულნი კაცნი სულ ერთად მოტყუებით შეჰყარა, დაიჭირა და პატიმარჰყო ყოველნი. გაგზავნა ამინა სალთხუცესი ერისთვისა და არშას ციდიხამ გადმოაგდებინა, მივიდა ანანურს, იავარ-ყვნა ორგულნი და უწყალობნა ერთგულთა ამით, რომ ბეჟან ერისთავი სიძე იყო ამილახორისა და მერე, თუ არაგვის კაცნი უკუსდგებოდნენ, ვეღარც ქსნის ხევს დაიმორჩილებდა. შეიტყო ჯარისა მისვლა ამილახორმა, დაცალა ციხეები და დააყენა სალდათი მეთოფე, თითონ თავისის ჯარით სხვილოს ზეით მთაში დადგა. გავიდნენ ყიზილბაშნი და შეიქმნა ომი. გაემარჯვა ამილახორს, ჩამოვიდნენ ყიზილბაშნი, შემოადგნენ სამთავისს და აიღეს, ჭალის ციხე დაუცალეს გაპარვით, მერე მივიდნენ და შემოადგნენ სხვილოს ციხესა, მიუტანეს საფრები, ქვეით გალავანი თვითონ დაუცალეს, დარჩათ ყიზილბაშთა. იყო ბრძოლა ყოველდღე შიგნით მეციხოვნეთაგან და აქეთ ყიზილბაშთაგან. ამა ამბავთა შინა მოვიდა ბძანება ხელმწიფისა, დაებარებინა იმამ-ყული-ხან, გამოერთმევინა ქართლის ხანობა და მიეცა ყოჯა-ხანისათვის, რომელი იყო ეშიკაღაბაში ხელმწიფისა და გვარად ქურთი. რას დღეს მოვიდა ამისი ჩაფარი, მაშინვე შემოეცალნენ ციხეს, აიყარნენ. იმამ-ყულიხან ჩამოვიდა .ქალაქსა და ქერიმ-ხან მივიდა გორს. რა სცნა ამილახორმა გამოცვლა იმამ-ყული-ხანისა, მაშინვე გამოუგზავნა აზნაურიშვილები ქერიმ-ხანს და დაპირდა შერიგებასა. იამა დიდად და მისცა ხალათები, მისწერა წიგნი ამილახორს: „თუ ჩამოხვიდე, ყოველი შენი საქმე მე თავს მიდვიაო“.
მოვიდა ამბავი, ყაენს შაჰანშაჰს თავისის უფროსის შვილისათვის თვალები დაეთხარა, რომელსა ერქვა რიზა-ყულიხან და ამისივე ბიძისათვისაც, რომელი იყო უფროსი ძმა ფათალი-ხანისა, ლუთვალი-ხან.
გამოეგზავნა ხელმწიფეს ერთი მახლობელი ყული, ფრიდონბეგ, დაეპატიჟა დედოფალი კახეთისა თამარ და მეუღლე აბდულბეგისა ბატონიშვილისა, რომელი იყო ასული კახის ბატონისა, ბეგუმ. და რაც ქართლში სახელმწიფო ტყვე იყო დაგროვებული, ისიც დაებარებინა.
ამავე ფრიდონ-ბეგისათვის ებძანა ხელმწიფეს: „იმამ-ყულიხანისათვის ხანობა გამოგვირთმევიაო და საქონელი სულ საჩვენო დაუწერეო და თითონ ჩვენთან გამოგზავნეო“. გაათავეს ბძანება ხელმწიფისა, დაუწერეს საქონელი და თითონ გაისტუმრეს ხელმწიფესთან, მოვიდა ხანად ქართლში ყოჯა-ხან, სიტკბოებითა და სამართლის ჩემულობითა. რა მოუვიდა ამბავი ამილახორს, მაშინვე გამოუგზავნა თავისი მისანდო კაცნი და ფეშქაში ყოჯა-ხანისათვის, დაპირებოდა სამსახურსა ხელმწიფისასა. მისცა ხანმა ხალათები მოსულ კაცთა და გაგზავნა კათალიკოზი ნიკოლაოზ, შეუთვალა ფიცი: „თუ ჩამოხვიდე, არაფერი შენი საზიანო არა გვინდოდეს რაო“.
კახეთში მოსულიყო ოთხი ათასი ავღანი დასაზამთრებლად. ჩამობძანდნენ მეფე და დედოფალი კახეთისა ქალაქსა და ქალაქიდამ წაბძანდენ მეფე და დედოფალი თამარ და ბატონიშვილი ბეგუმ ხელმწიფესთან, იანვარს ე. რაც ქალაქში სახელმწიფო ყული იყო დაგროვებული, ან ქალი, ესეც გაისტუმრეს, ყოჯა-ხანის მოსლვაზე ჯარჩიბაში სულეიმან ქალაქიდამ გაიპარა ცოლ-შვილით და ატენის ციხეში მივიდა, აცნობა ამილახორს, განაძლიერა, ცოტა ლეკიც იშოვა და მანც დაუწყო რბევა ქართლსა, იტყოდნენ, ურიის შვილი ყოფილაო. ამილახორს შემოეთვალა: „ბატონიშვილმა აბდულა-ბეგ და ვექილ-ვეზირმა მნახონო და ჩემს სიტყვას სწორეს იმათ ვეტყვიო“. რა ეს ამბავი ჩამოიტანა კათალიკოზმა ნიკოლაოზ, მაშინვე წაბძანდა აბდულა-ბეგ და ვექილ-ვეზირირი; ნახეს ამილახორი, აცნობეს ერთმანეთს თვისი ამბავი, ბოლოს ეს პირობა მისცა ხელმწიფეს: „ეს მამიხსენეთო, ჩემის შეძლებით მიმსახუროსო და სანამდის ხელმწიფის ამბავი მოვიდოდეს მძევლებს მოგცემო“. წამოვიდნენ, ეს ამბავი ყოჯა-ხანს მოუტანეს და ამილახორმა მაშინვე დააგროვა საამილახოროსი, ქსნისა და არაგვის აზნაურიშვილები და გამოგზავნა ხანთან მძევლად. აიყარა ხანი და მივიდა, დადგა გომს, გაგზავნა ჩაფარი და მოახსენა ხელმწიფეს მძევლების მოცემა ამილახორისაგან, წამოვიდა ჯარჩიბაში სულეიმან, რომელი იყო ატენის ციხეში უკუმდგარი, შემოეხვეწა ხანს, მოსთხოვა შეცოდების შენდობა, აპატივა ხანმაც დანაშაული და არა აწყინა რა.
რა ჩამობძანდა კახი ბატონი და დედოფალი თამარ ხელმწიფესთან, მიიჩნივა ფრიად, დასდვა პატივი უზომო, უბოძა ხალათი მძიმე და ინამი ფრიადი. რამდენჯერ ჩაბძანდის ბატონი, უზომო პატივი მისცეს, რომ ყოველს ერანის ხანებს უკვირდისთ. მაშინ ხელმწიფე გამოსული იყო დაღისტნიდან, დაემონებინა დაღისტნისა უფროსი კერძო, მცირედიღა დარჩომოდა, მოვიდა მუღანჩოლში თვესა მარტსა.
რაც ხელმწიფეს დაღისტანში დაეყო, გამოსულიყო ერთი წელიწადი და შვიდი თვე. თვის შვილის რიზა-ყულის შვილი შარუხბეგ, რომელი ყვანდა ყაენის ქალთან, ის ერანის ხელმწიფედ დასვა და იმის მაგიერ შეუთვალა ხონთქარს: „მზა იყავ, შენზე მოვალო“. ხონთქარსაც სარასკირი გამოეყენებინა და ყაენიც გაემართა, წავიდა ხონთქარის ქვეყანაზედ. ამილახორის მძევლების მოცემის ამბავი რომ ჩაუვიდა, იწყინა ხელმწიფემ და მოსწერა რაყამი: „ამდენი ქვეყანა ჩემს საბრძანებელში არისო, ვის გამოვართვი მძევალი, რომ ეგ მძევლით ვიმსახურო, თუ ჩემის ბძანების მორჩილი არისო, ჩამოვიდეს და ბძანებისაებრ ჩემისა მემსახუროსო და თუ არ ქნას, ყოვლის წახდენით წაახდინეთო“. მოვიდა ბძანება ესე, მაშინვე გაუგზავნეს ამილახორს თავისი მძევლები და შეჯდა ხანი ქართლისა, ხანი ერევნისა და ხანი დონბალისა დიდის ჯარით და წავიდნენ, აბელადეს ფალავანდისშვილი იორამ, დაესხნენ სამაჩაბლოსა, მრავალი სული დაატყვევეს, ააოხრეს ის ქვეყანა, იმათაც ომი აკიდეს, ყიზილბაშნი ბევრნი დახოცეს, ჩამოიტანეს ნაშოვარი, შეასხეს ჯარი მთლივ და ათარეშეს ზემო ქართლის ქვეყანა. საფალავანდისშვილო და ის ძირობა სულ გააოხრეს, მიუხდნენ სურამის ციხეს, გარეთი სულ წაახდინეს, ჩამოვიდა ეს ჯარი დიდის ნაშოვარით და დადგა გომს.
მოვიდა ჩაფარი, დაებარებინა ბატონიშვილი აბდულა-ბეგ, რა ჩაბძანდა, ჰკითხა ამბავი ქართლისა და მოახსენა ყოველივე. ამისა შემდგომად გამოვიდა ჩაფარი, დაებარებინა ვექილ-ვეზირი, მუსტაფი და ქალაქის ვეზირი აღა. ჩავიდნენ ესენიც და მათგანაც იუწყო ამბავი ქართლისა.
მოვიდა ბძანება და გამოერთმევინა ქართლის ხანობა ყოჯახანისათვის და კარზე დაებარებინა ქერიმ-ხან, რომელი იყო კაცი დიდებული, მსგავსად ხელმწიფისად მქცეველი. რაც ჯარი ახლდა ჯაჭვ-პოლიტიკითა მოჭედილნი ცხენით კაცამდის და მუდამ განმზადებულნი საომრად და ხანი ერევნისა და დონბალისა, ესენიც დაებარებინა. ასეთი ხმალი გაიჩინეს ქართველთა მას ჟამში, რომ კაი ჯარი ჰყვანდა ხელმწიფეს, აქ ქართლში გამოგზავნიდის. ეს ოთხივ ხანები თავისის ჯარებით წავიდნენ და შეეყარნენ ხელმწიფესა.
მიეცა ქართლი ალი-ხანისათვის, რომელი იყო გვარად ხორასნელი, რომელსა ერთი ზამთარი ქალაქში დაეყო, ჯარად მოეცა, რომელი იდგა კახეთს ჯარი ავღანისა და ყაზარ-ბორჩალუ და ქართლის ჯარი, მოვიდა ალი-ხან ქართლში ხანად და ბატონიშვილის აბდულა-ბეგისათვის დაედვა საქმე ქართლისა: „ამის შეუკითხავ არა იქნას რაო“. გამოესტუმრებინა ბატონიშვილი ბეგუმ და ებოძა ურიცხვი. მობძანდა კახი ბატონი, ებოძა საკადროდ თავისა ხალათი და თეთრი ინამად, აგრევე დედოფლისათვის ხალათი მძიმე, ინამი და ექვსასი თუმანი ჯამაგირი ამასალად და ელი კახეთისა. რაც ძველთაგან ჰყოლოდათ კახთა მებატონესა, ეგრევ მოეცა ლარი ანუ მოსართმევი, ხელმწიფობისა შესაფერი სიძესა თჳისსა, რომელი ჰყვანდა უმრწემესი ასული მეფის თეიმურაზისა ალი-ყული-ხანს, რომელი იყო ხელმწიფის ძმისწული, ძე იბრეიმ-ხანისა, რომელი მოკლეს ჭარში. გამოეგზავნა ხელმწიფეს აქავ ნავაზირალი მირზა აშუმა: „ქართველნი ჩივიან, ქვეყანა ხარაბა არისო და მიდი, დაწერე და მართალი მომახსენეო“. მოვიდა, დაიარა. დაწერა, მაგრამ არათუ ციხეში შენობა ვერსად დაახელა. შეაბეზღეს ხელმწიფეს: „ქართველნი ქრთამს აძლევდნენ და ქვეყანას ხარაბად აწერინებენო“. გამოეგზავნა აქავ ნავექილარი მამად-ალი-ბეგ და ორი პირველი მუმეიზთაგანი მოვიდენ. ქართლი გათავებულიყო თავად ლეკისაგან, მერე ბევრის სათხოვარისაგან, რომ არას ხელმწიფის დროს ეს არ გადახედოდა. მოვიდნენ, ამათაც დაიარეს ქვეყანა და მრავალი ხარაბა დაწერეს. წავიდნენ ეს მუმეიზები, რომელ არს მწერალნი და წაიღეს დავთარი. ვეზირი, მელიქი ქალაქისა და ქალანთარი, ესენიც დაბარებულნი იყვნეს და თან გაყვნეს, ჩავიდნენ, მიართვეს დავთარი და აცნობეს საქმე ქვეყანისა. დღეის აქამდისინ ქართლში ქალანთარი არ ყოფილიყო, ახლა ამ ხელმწიფემ გაარიგა. ესე იყო ციციშვილი, ძე ედიშერისა, რომელი ისპაანს გათათრებულიყო და ეს ქალანთარი მერალი-ბეგ იქ გაზრდილიყო და ამ ხელმწიფისათვის ბევრი ემსახურა. სამსახურის სანაცვლოდ ეს წყალობა უყო, სამოცი თუმანი ჯამაგირი განუწესა და ქართლის ქალანთარობა მისცა.
წამოვიდა ჯარი ლეკისა, რაც ამილახორთან იყო მალაჩი ბელადი და ორი სხვა თავკაცი დიდის ჯარით, ბელადი გამოეტანებინა ამილახორს, აპრილის ნახევარი გასულიყო, წყალი დიდი იყო. ხეობაში ახალდაბის ხიდზე გამოვიდნენ, დაესხნენ ბოლნისს და მრავალი ტყვე და საქონელი წაიღეს. ქვემო ბოლნისის მამასახლისი მადათა თავისავ სახლში გაუმაგრდა, არცარა დაანება და ხუთ ლეკს თავიც მოსჭრა. ამ ლეკის ჯარისაგან ზოგნი მოვიდნენ და დმანის ქვეითი ააოხრეს, აღარსად გაუშვეს შენობა გარდა ციხეებისა, წავიდნენ, ისევ ამავ ხიდს გადავიდნენ და გაიტანეს ნაშოვარი სურამს.
გამოისტუმრეს სარდალი ქაიხოსრო სომხით-საბარათაშვილოს ჯარით: „შენი ქვეყნები გაამაგრეო“. მოვიდა ჯარი, საცა სომხით-საბარათაშვილოში ციხეები იყო, გაჰყო, დააყენა, თითონ ხანი ქართლისა წავიდა, მივიდა ატენის ბოლოს, გუფთის მინდორში გააკეთებინა სანგარი, დადგა მას შიგან. ამ ყაენის რიგი იყო, ამისი ჯარი უსანგროდ ვერ დადგებოდა, ესე იყო სანგარი მიწისაგან, ბელტს მოსჭრიდენ, იმით კაის ძალიანს გალავანს მოავლებდენ და ჯარი შიგ დადგის, ალი-ხანმა დაიჭირა ციცისშვილები ალექსანდრე, დავით და ოთარი: „ამილახორს ველაპარაკებითო“. იწყინეს ეს საციციანოს, მისცეს მართლად ციხეები ამილახორს აბუხალ და მძოვრეთისა. შეაყენეს კაცნი ამილახორისანი, დადგა თითონ ამილახორი სურამის ციხეში და მოუმატა გალავანი და ეცადა სიმაგრესა.
გამოისტუმრა გივმა ამილახორმა მალაჩი ბელადი ლეკის ჯარით, გამოატანა რევაზ ამილახორიშვილი ქართლის ჯარით ხეობაში, ორი სხვა ხიდიც გაადებინა, გამოვიდა ეს ჯარი, საბარათაშვილოში მრავალი ადგილი წაახდინეს, ღამე შეიპარნენ წვერის ციხესა, აიღეს, იავარ-ყვნეს ტყვე ანუ საქონელი, ამოწყვიტეს კაცნი, მაშინ გატეხეს ქვაბები წყნეთისა და აიკლეს ტყვით და საქონლით. გაეგზავნა ამილახორს დაღისტანში კაცი, დაებარებინა ჯარი, მოუვიდა ქვეითი ლეკი სურამს, სხვა რაც აქა ყვანდა, ეს ერთად შეყარა. ზემო ქართლის თავადნი სულ იქ ახლდენ. მათი ჯარიც გამოატანა, სხვა სამტრო ალაგი ხომ აღარ ჰქონდათ, ყველას პირი ერთი იყო და საბარათაშვილოს სცემდენ მუდამ და ახდენდენ, დაესხნენ პირველ ციხე ქვაბს, გალავანი ჰქონდა ყორისა და იმაში იდგნენ. იყო სროლა და ომი გაუწყვეტლივ. არ ავად იყვნეს მყოფნი ციხისანი, მაგრამ თურმე ერთის მხრისაკენ გალავანი გაუკეთებელი დარჩომოდათ. უყვეს იქიდამ ლეკთა იერიში, დაერივნენ ერთმანეთსა. დაიხოცა ორგნითვე ურიცხვი, მოგლიჯეს ლეკთ ერთი მხარე ციხისა და გაიტანეს ტყვე და საქონელი, პირუტყვი ხელთ დარჩათ, გარდმოვიდა ეს ჯარი დმანისის ხევში, მიუხდენ მანასკერტს, ქვაბები იყო გამაგრებული, ასეთი იერიში მიუტანეს, კიბეებზე აუცვივდენ, დაუშინეს შიგნიდამ, მრავალი ლეკი დახოცეს, იქავ იარაღით დაინარჩუნეს, შამოეცალნენ ლეკნი და მათ ვერა ავნეს რა, დასჭრეს თავები და მოართვეს სარდალს ქაიხოსროს.
მიუხდნენ ლეკნი სანაინს და წის ქვეყანა სულ წაახდინეს, წამოიღეს ნაშოვარი ანუ ტყვე უთვალავი. სარდალი ქაიხოსრო ქვეშის ციხეში იდგა და ლორის ხანიც იქ იყო. რა სცნეს ეს ამბავი, წამოვიდნენ მაშინვე, დახვდნეს წინ, ამოწყვიტეს ლეკნი და თუ რამ მიჰქონდათ, სულ დააყრევინეს. ამისა შემდგომად ჩამოდგა ლეკის ჯარი და ზემო ქართლისა ორბელიანთ მამულში და აღარ გავიდნენ, აღარსად გაუშვეს შენობა, არასდროს ზემო ქართლის კაცისაგან ასე საბარათაშვილოს მტრობა არ გაგონილიყო, რომ ახლა იჩემეს და აშკარად ლაშქრობდენ. ქართლის ვექილ-ვეზირი რომ ჩავიდნენ, ეკითხა საქმე ქვეყნისა, მოახსენეს შემოსავლის გამოსვლა ქვეყნიდამ და ზოგი კიდეც მეტად აეღოთ, მითამ ერთგულობა იჩემეს და მოახსენეს, იცოდა ხელმწიფემ, ამდენი ქართლისაგან ღალატი სათხოვრისაგან ამდენის რთმევის მიზეზი იყო. ამაზე გასწყრა და ქართლის მუსტაფი ჯოხით მოკლა, მირზა აშუმა, რომელი იყო ქართლში მწერლად, იმას ცხვირ-პირი დასჭრა, რაც ქართლში ხარაბა ადგილი იყო, იმისი ხარჯი ეპატივებინა.
მოვიდა ქართლში აჯი-ხან დიდის ჯარით და დადგა ქალაქსა, მაშინვე გაგზავნა კაცი კახეთს და დაიბარა მეფე თეიმურაზ, ჩამობძანდა ბატონი, ნახა აჯი-ხან, დახვდა მხიარულის პირით და მოართვა მისართმევი ბატონს და კახთ ხალათები ყველას, აგრევ ცალკე ხალათი მისცა დიმიტრი ორბელიანს, რომელი იყო სიძე მეფის თეიმურაზისა. დაპატიჟა ბატონი საერისთოზე, ლაშქრობა მოსცა, ბატონმა პირობა მისცა და წაბძანდა კახეთს, შექმნა მზადება და თადარიგი.
ხანი და ბატონიშვილი აბდულა-ბეგ გორს იყვნენ, წავიდნენ, მიუხდნენ სურამს, გარეშემო სულ დაუწვეს და ის ხეობა წაახდინეს. ჩამოვიდნენ ისევ გორს. წავიდა აჯი-ხანც, მივიდა გორს. ამა ამბავში გამოვიდა ლეკის ჯარი საციციანოზე, ჩამოიარეს, გაუსივა ჯარი აჯი-ხანმა. მოვიდა ლეკის ჯარი, ბობნავის თავს ჩამოსდენ, ტყე იყო, დაიქვეითეს ყიზილბაშთ და შეუტივეს. მოეპარა ცოტა რამ კაცი ლეკთ და ყიზილბაშთ ცხენები სულ დასტაცა, დარჩნენ ყიზილბაშნი ქვეითნი, გამოერივნენ ლეკნი შიგ და მრავალი ყიზილბაშნი ამოწყვიტეს, გაუსია აჯი-ხანმა თავისი ჯარი და საცა რამ ზემო ქართლში დარჩომილიყო, სულ ააოხრა.
ციციშვილი ოთარი დაჭერილი ჰყვანდა ალი-ხანს, გაიპარა და მივიდა ამილახორთან. მოუხდა იქიდან მძოვრეთის ციხესა, ღალატით აიღო, აიკლო თავისი სახლის კაცები. სეხნია შვილებით დაატყვევა, ელენე ბატონიშვილი, რომელი ჰყვანდა ზაზა ციციშვილსა, საქონლით სულ აიკლო. შეაყენა ციხეში თავისი მისანდო კაცნი. შეიტყო ალი-ხან, ცოლშვილი ქალაქში ყვანდა, დაუჭირა და პატიმარ ყო, მაგრამ მან არად თავს შეიდვა. მას ჟამსა შინა უღალატეს არაგვის ერისთავს ბეჟანს და მის ბიძაშვილს ოტიას არაგვის კაცთ და ორივ მოკლეს, იავარ-ჰყვეს საქონელი. ამილახორის ცოლი, რომელი იყო ასული ორბელიანთი და ბეჟან ერისთვის ცოლი, ორივ მთიულეთს იდგნენ. აქ რომ ერისთავს უღალატეს, იქ იმათ შეესივნეს და აიკლეს მღვიმისა წმიდის შიოს საქონელი, ხატი ანუ ჯვარი იქა ჰქონდათ და მაშინ დაიკარგა, ცარიელნი დედაკაცები გაუგზავნეს ამილახორს, ქსანი ხელთ ეჭირა ამილახორს, იქ დააყენა ცოლ-შვილი. ამ ერისთვის სიკვდილზე გაუგზავნეს კაცი არაგვის კაცთ კახს ბატონს თეიმურაზს, მიიწვიეს: „თქვენს მეტი ბატონი არ გვინდაო“. ბატონი მაინც გამზადებულიყო და მაშინვე წაბძანდა, მოეგებნენ ქვეყნის კაცნი, მიუძღვნენ ანანურს, უბოძა ხალათი და დაჰპირდა: „რაც ძველი ერისთავებისაგან არა გდებიათ, მის მეტს მე თქვენ არას გთხოვო და ხელმწიფის სამსახურსაც მე გარდავსწყვეტო“. სთხოვა მძევლები, ყოველს უფროს კაცს გამოართვა და კახეთს გაისტუმრა. ქართლის ხანი და აბდულა-ბეგ გორს იყვნენ, საერისთოს კაცმა იქაც კაცი გაგზავნეს და ეს თავისის ბატონების ამოწყვეტა იმათაც შეატყობინეს. მისწერეს ბატონიშვილს ისაყ-ბეგს წიგნი, რომელი იჯდა ქალაქში ნაიბად: „ახლავ წამოდი, ანანურს დაჯექო“. წამოვიდა ისაყ-ბეგ. მოვიდა დუშეთს, რახან კახი ბატონი ანანურს ბძანდებოდა, აღარ მიუშვეს არაგვისა ხეველთა და იქიდან დაითხოვეს. წამოვიდა ისევ და ჩამოვიდა ქალაქსა.
გაგზავნეს ჩაფარი ალი-ხან ცალკე და კახმა ბატონმა ცალკე ხელმწიფესთან და მოახსენეს ერისთვის სიკვდილი და საერისთოს დაჭერა. მოუვიდა მეფეს თეიმურაზს ხელმწიფისაგან რაყამი წყალობისა, ებძანა: „თუცა ქსნის ხევსაც დაიჭერო, ორსავ საერისთო შენთვის მოგვიცემიაო“. დაუწყო ლაპარაკი ქსნის ხეველთა, მოახსენეს: „ამდენი ლეკი შინ გვიდგასო, ეს აქედამ გაგვაცალეო და თქვენს სამსახურში მოვალთო“.
მოვიდა ჯარი ლეკისა, დაესხა ავჭალას და საქონელი სულ წაიღეს. გამოვიდა დიდი ჯარი ლეკისა. გზაზე შემოიარეს და ლორის ქვეყანა წაახდინეს. გამოუდგა აჯი-ხან, მაგრამ ლეკთ ჯავახეთს გადაასწრეს. მოვიდა სხვა ჯარი, დაესხა ორბელიანთ მამულს და მრავალი საქონელი და ტყვე წაიღეს. გავიდნენ დმანისით მებრძოლნი, დაესხნენ თავსა და გაემარჯვათ დმანისელთ, არ ავად იყო ორბელ ყაფლანისშვილი. კაციც იშოვა და სხვარიგადაც ბევრი ავნო ლეკთა. მუდამ იყვის ლეკი ორბელიანთ მამულში და აოხრებდენ, ასე რომ არაფერი მიწის ნაყოფიერება აღარ ააღებინეს რა. ცდილობდენ გარემოს თავადნი ქართლისანი აეყოლებინათ ორბელიანთ სახლი, მაგრამ ისევ ხელმწიფის მუხანათობას თავისი წახდენა ირჩივეს და არ აყვნენ. დახვდენ კახნი იორზე დააყრევინეს ნაშოვარი ლეკთა, გაუსივა ამილახორმა ჯარი არაგვის ერისთვის მამულს, რაც ქართლში ჰქონდა, ტირძნისი, შინდისი სულ წაახდენინა, გარდმოვიდა ჯავახეთიდან ჯარი ლეკისა, რაც გარდასულიყო და შემოეყარნენ ამილახორს. წამოვიდა, მოვიდა ამ ჯარით, დადგა სხვილოს. მივიდა აჯი-ხან ჯარით და დადგა მუხრანში. ჩაბძანდა კახი ბატონი ანანურით, ნახა აჯი-ხან და განაგეს საქმე ლაშქრობისა. გაუსივა აჯი-ხან ჯარი. მიუხდენ ახალგორს, წამოიღეს ლეკის ნაშოვარი და ცხენები სულ. მოეწივნენ ლეკნი, ნაშოვარიც ისევ გააყრევინეს და ყიზილბაშიც ბევრი-ბევრი დახოცეს, ავიდნენ ისევ ლეკნი ახალგორს.
ამა ამბავთა შინა შეიყარა შირვან-შამახიის ხალხი და ქმნეს ჯანყი და უკუუდგნენ ყაენს შაჰანშას, დაიჭირეს თავისი ხანი და ვექილ-ვეზირნი, ზოგი დახოცეს, ზოგი დააპატიმრეს, იავარ-ჰყვეს საქონელი მათი. დაღისტნის ქვეყნებიც შეყრილიყო და რაც პირი მიეცათ ხემწიფისათვის, გაუტეხეს. იმათაც ამ ქვეყნებს ძალი მოსცეს. ერთი ვინმე დასდვეს: „ეს ძველი ყაენის შვილი არისო“ და იმას შემოეხვივნეს. ხელმწიფე შიგნით ურუმის ქვეყანაში შესულიყო. ამ ქვეყნებს დაშორებოდა და ადრიბეჟანის სარდალს ესმა ეს ამბავი, დაიბარა მაშინვე აჯი-ხან, რომელი იყო ქართლში, წავიდა, ჩავიდა განჯას, თვისსა საბეგლარბეგოსა. რა სცნეს ესე მტერთა ქართლისათა, უმეტესად გაამაყდეს, დაუწყეს ცემა საბარათაშვილოსა. მოვიდა ჯარი ოსისა და ჩერქეზისა, რომელნი მოსულიყვნეს ამილახორთან მოსახმარად. დაესხნენ საბარათაშვილოსა. ბირთვისის გარეშემო, კუმისის გარეშემო და იმას ზეით სულ წაახდინეს. ასე გათამამდენ, რომ ქალაქის პირიდამ მუდამ ნაშოვარი მიქონდისთ. დახვდნენ კახნი საგურამოს ლეკთა, ნაშოვარი მრავალი დააყრევინეს. დახოცეს ლეკნი და დასჭრეს თავები, გამოუგზავნეს ქართლის ხანს. მოვიდა ამილახორი გივი, აჰყარა ქცხინვალი და დააყენა თავისი მისანდოს ალაგს. ეცადა მეფე თეიმურაზ მრავლის წყალობის დაპირებითა და ქსნის ხევის კაცნი ვერ შემოირიგა. მოსწერა წიგნი ძესა თვისსა ერეკლესა და კახეთის ჯარით დაიბარა. აღასრულა ბძანება მამისა მცნებისაებრ და შეჰყარა ჯარი ფრიად კახეთისა და წამოვიდა დიდის ჯარით ერეკლე, საუნჯე კეთილისა, და შეეყარა მამასა თვისსა ანანურს. მოვიდნენ პირაქეთ ლეკნი ანწუხელნი, თებელნი და ყირახელნი, რომელნი იყვნეს მოსამზღვრე ყმა კახეთისა. შემოეხვეწნენ კახ ბატონს, დაჰპირდენ სამსახურს. უბოძა ბატონმა ხალათები და სთხოვა ჯარი. წავიდნენ მაშინვე ეს ლეკნი, შეჰყარეს ჯარი, მოვიდნენ და შეეყარნენ კახ ბატონს ანანურს. მოვიდა ბძანება ხელმწიფისა: „ქალაქს თაბორის ციხე რომ ხელმწიფის შაჰანშას ბძანებით დაექცივათ, ისევ ააშენეთო“. ააშენეს მაშინვე. უღალატა ავალიშვილმა პეტრემ თავის ბიძაშვილს ზაალს, აართო ციხე და იავარჰყო საქონელი ურიცხვი. წავიდა ზაალ, შეეხვეწა ამილახორს, გამოართვა ისევ ციხე და მოსცა ზაალს. მას ჟამთა შინა მოსულიყო სარასკირი ყარსის ქვეყანასა, იქიდამ გამოისტუმრა ერთი ფაშა, თან აახლო მალაჩი, ბელადი ლეკისა რომელი იყო ახალციხეს ფაშასთან. გამოატანა ხაზინა, რომელი შამახიელთ დაესვათ და შაჰზადას უძახდნენ. მისთვის წამოვიდა ეს ჯარი ხაზინით, ჩამოიარეს ორბელიანთ მამულზე, ჩავიდნენ, დადგნენ ორი დღე გატეხილ ხიდზე. ასეთი ჯარი იყო, რომ ქალაქში ამისი დამხდომი ჯარი აღარ იყო. გავიდნენ მტკვარს. მივიდნენ ალაზნის პირზე, მოეგებნენ ლეკნი, მიიბარეს ხაზინა და წამოვიდნენ, დაესხნენ ყაზახის ქვეყანას. მრავალი სული ტყვე და საქონელი წამოიღეს, შემოიარეს სომხითზე, გავიდნენ მცირე ჯარი ყიზილბაშისა, სომხით-საბარათაშვილოს ჯარი დახვდნენ მათიშის ხიდზე, უყვეს წინა უკანა, დაერივნენ შიგ და რისხვა ღმრთისა დასცეს, დააყრევინეს საქონელი, ამოწყვიტეს ურუმნი, გამობრუნდენ ესენი გამარჯვებულნი და ურუმნი მივიდნენ დამარცხებულნი ყარსს. მისწერეს ეს გამარჯვება ხელმწიფეს. მოუვიდა სარდალს ქაიხოსროს რაყამი წყალობისა და მოემატებინა საბარათაშვილოს ნოქრისათვის ჯამაგირი. მოვიდა ჯარი ლეკისა, დაარბია ორბელიანთ მამული, გავიდა ქალაქიდან ალი-ხან, დახვდა წინ თელათგორს, ამოწყვიტეს ლეკნი, დააყრევინეს საქონელი, ჩამოვიდა გამარჯვებული ქალაქსა თბილისისასა.
შევიდა კახი ბატონი თეიმურაზ, დაიმონა ხმლით ქსნის ხევი, დადგა შიგ. გამოიყვანა ცოლი ამილახორმა ქსნის ხევიდამ და მოიყვანა სხვილოს ციხეში. ამილახორს ჰქონდა გამაგრებული სხვილოს ციხე. ორი ჭალა, სურამი, კეხვი, ქცხინვალი და საქართლის ციხე ქსანზე, კიდევ წიქორი. ესენი უთოფხანოდ ვერ დაიმორჩილა კახმა ბატონმა, მოსწერა წიგნი ქართლის ხანს ალი-ხანს, სთხოვა თოფხანა. ჩამობძანდა ბატონიშვილი ერეკლე და მოსცეს და წამოიღო თოფხანა ჯაბახანით და შეეყარა მამასა თვისსა.
ქორონიკონს ულბ (1744 წ.) გარდმოვიდა ჯარი ურუმისა, მოეშველა ამილახორს გივის, მას ხანში ყაენი ურუმის ქვეყანაში იყო და ფიქრიც არავისი ჰქონდათ და ქართლის დაჭერაც ენებათ. ზამთრის ჟამი იყო, რომ ეს ჯარი გარდმოვიდა. არაოდეს ოსმალოსაგან ზამთარს ლაშქრობა არ გაგონილიყო. ჩამოიარეს, ავალიშვილები უკუმდგარნი იყვნენ. გზა დაანებეს, მოვიდნენ სურამს, შეეყარნენ ამილახორს. ერთი ყაენის შვილი კიდევ ურუმის ქვეყანაში გამოჩნდა, მოსცა ხონთქარმა ჯარი და ხაზინა, სარასკირი და ესენი მოვიდნენ ყარსის ქვეყანაში. გამოეგზავნა ამ შაჰზადას ამილახორისათვის ხალათი, ცხენი და თეთრი ფრიადი: „ვინც ჩვენ სამსახურზე ხმალს იქნევდეს, იმათ მიეცით და კიდევ უმეტეს წყალობას მოელოდეთო“. ეს ჯარი და ამდენი წყალობა მოუვიდა ამილახორს, შეჯდა ამ ურუმის ჯარით და ლეკნიც თან იახლა. წამოვიდა ამილახორი, კახ ბატონს თავს დასხმას უპირებდა. მიუვიდა კახ ბატონს ეს ამბავი, იწყინა დიდად და მაშინვე წამობძანდა ერეკლე ბატონიშვილი კახთ ჯარით. მივიდენ, მიადგნენ აჩაბეთის ციხესა, ნებით არ დამორჩილდენ. დაიქვეითეს კახთა და თუშთა, რაც პირაქეთ ლეკნი დამორჩილებოდენ, ამათი ჯარიც თან ახლდა. გარდაუცვივდნენ ციხეში, აიღეს ციხე, იავარ-ჰყვეს საქონელი. ამა ამბავში მოვიდა ამილახორი გივი ურუმის ჯარით და გარს შემოადგა ბატონიშვილს. გამოვიდნენ კახნი, დაუშინეს ერთმანერთსა, რომ თოფის ხმისაგან ყურთა ხმა აღარ იყო. სძლიეს კახთა, გაიქცივეს ურუმნი, მიჰყვნენ კახნი უკან კაფით ქცხინვალამდის, ამოსწყვიტეს ურუმნი, გამობრუნდნენ კახნი გამარჯვებულნი, დატვირთულნი და ჩამოხდენ ისევ თვისსა სამყოფსა. მას დღეს რომ გენახათ ბატონიშვილი ერეკლე, ამას ბძანებდით: „თუცა ლომი ეგრე იბრძვისო“. ჰასაკითა იყო მცირე, მაგრამ რასაც საქმეს იქმოდა, ფალავანის შესადარისი იქნებოდა. ეს ურუმის ჯარი და ამილახორი წავიდნენ, ცოტას ხანს ქცხინვალს ჩამოხდენ, დააცლევინეს ციხე, კაცნი აჰყარეს, თან წაასხა ამილახორმა, რაც შენობა იყო, დაწვეს და წავიდნენ, მივიდნენ სურამს. ჯარი დიდი იყო, ზამთარი ცივი და რაც უნდოდათ, ვერც ის საწადელი აღასრულეს. აიყარნენ, შეიარეს ხეობაზე და მივიდნენ ახალციხეს სირცხვილეულნი ჯარი ურუმთა.
დიდს ხელმწიფეს ყაენს გამოესივა თავისი შვილი ნასრულა მირზა დიდის ჯარით შირვან-შამახიის ასაკლებად, რომელსა ეძახდნენ ძველს ყაენის შვილს, რომ დაესვათ მის დასაჭერად, შეიბნენ, მრავალი ლეკი და შირვან-შამახიის კაცი ამოწყვიტეს ყიზილბაშთა, მოვიდა ყაენის შვილი ნასრულა-მირზა გამარჯვებული და დადგა ბარდას. ვეღარ შეიძლო ამ ახალმა გამოჩენილმა შაჰზადამ იმ ქვეყანას დგომა, ასიოდენ კაცით წამოვიდა გამოპარვით. ენება ამილახორთან მოსვლა და იქიდამ ყარსს წავიდოდა ურუმში. რომ ყაენის შვილი გამოეჩინათ, ამბობდა: „ჩემი ძმა არისო“. შემოიარა არაგვზე და მივიდა ქსანზე, ამილახორი იქ ეგონა, მაგრამ ქსანზე კახი ბატონი იდგა, ბატონი სხვაგან ბძანდებოდა და საცა ჯარი იდგა, მივიდა, იქ ჩამოხდა. ჯერ კახთ მიმშველებელნი ყიზილბაშნი ეგონეს. რა სცნეს, რომ ახალი გამოჩენილი ყაენის შვილი არისო, მიესივნენ კახნი და დაიჭირეს თავისის ჯარით. მობძანდა ბატონი თეიმურაზ და ძე მისი ერეკლე, წაიყვანეს და ანანურის ციხეში დააპატიმრეს. თითონ ბატონი ჩაბძანდა გორს, ქართლის ხანიც იქ იყო. ამ ამბავზე გაგზავნეს ჩაფარი ცალკერძ ყაენთან და ცალკერძ ყაენის შვილთან, რომელი იდგა ბარდას. თითონ მეფე თეიმურაზ და ბატონიშვილი ერეკლე მიბძანდნენ ქსანზე, წიქორის ციხე ისევ გამაგრებული იყო და რევაზ ამილახორის შვილი იდგა შიგ. მიადგნენ გარს და დაუწყეს ლაპარაკი და აღუთქვა წყალობა უზომო. დამორჩილდა ბძანებასა მეფისასა და გამოვიდა რევაზ, მიართვა ციხე. უბოძა ხალათი, დაპირდა უმეტესსა წყალობასა.
მოვიდა ყაენის შვილის ჩაფარი, ებოძა ბატონისა და ბატონიშვილის ერეკლესათვის თითო მძიმე ხალათი და ინამად თეთრი და გამოგზავნა ერთი თავისი მისანდო კაცი და დაებარებინა ეს დაჭერილი შაჰზადა. მეფემ თეიმურაზმა რაც ციხეები იყო, თავის მისანდო კაცნი დააყენა და თვითონ წაბძანდა კახეთს და ბატონიშვილმა ერეკლემ წაიყვანა შაჰზადა ყაენის შვილთან. გამოვიდა ჯარი ლეკისა, მალაჩი ბელადი, შემოიარა ღამე, უჩინარად დაესხა ორბელიანთ მამულს, ზამთარი იყო და საქონელი სოფლად ყვანდათ. წაიღო მრავალი, გარდაიტანა ჯავახეთს, ურუმის ჯარიც შეყრილი იყო და შეეყარნენ იმათ ნაშოვარით.
ქორონიკონს ულბ, (1744 წ.) დეკემბრის დამდეგს ერთი უცხო და საკვირველი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელი არაოდეს ნახულიყო, ცისკრის ოდენი, სიბრწყინვალეც მას უგვანდა, ასეთი სხივი აეშვირა, რომ მაშხალასავით მისდევდა. უცხო რამ იყო, რომ ყოველს უკვირდა. პირველსავე ღამეს ამოვიდის, ისევ დასავლეთის კერძო მალე ჩავიდის, მიმავალსა გვანდა, რომ ყოველმან მაყურებელმან შეიტყვიან მიმავალობასა. დეკემბერს გამოჩნდა. თებერვლის ნახევრობამდისინ ჩანდა ქვეყანასა ქართლისასა და მერმე უჩინარ იქმნა.
ყაენს შაჰანშას ჩაფარი მიუვიდა მეფის თეიმურაზისა ქსნის ხევის დაჭერისა და ციხეების დაჭერისა. იამა ფრიად და მაშინვე გამოუბრუნა ჩაფარი, მოსწერა რაყამი დიდის წყალობისა, ერთი უცხო მძიმე ხალათი და ათასი თუმანი თეთრი, კიდევ უმეტეს წყალობას დაჰპირდა, მოუვიდა ეს წყალობა მეფესა, კეთილმორწმუნესა და საუნჯესა სიბრძნისასა. განიხარა ფრიად, მადლობდა ღმერთსა. ჩაბძანებულიყო ბატონიშვილი ერეკლე ყაენის შვილთან, მიეყვანა ეს დაჭერილი, რომელი თავის თავს შაჰზადას ეძახდა, დაუმადლა დიდად, და უიმედა წყალობა. ამ შაჰზადას დაჭერა და ურუმზედ ბატონიშვილი ერეკლესაგან გამარჯვება დიდს ხელმწიფეს შაჰანშას მოხსენდა. დიდად დაუმადლა და ერთგულობა დაუჯერა, მოსწერა რაყამი, რომ ვითა ძმა ყოფილიყო, მისთვისაც ძნელი იყო ასეთი პატივის რაყამი. მოუვიდა წყალობად კიდევ ორი ათასი თუმანი თეთრად. იყო მეფე თეიმურაზ ლხინ-ნადიმობით და გასცა ეს თეთრი უშურველად ჯარსა ზედა კახეთისასა. გამოისტუმრა ყაენის შვილმა ბატონიშვილი ერეკლე, უბოძა ხალათი, ხმალი და უნაგირი ჴელმწიფობისა შესაკადრი და ასი თუმანი თეთრად. აგრევე ვინც ახლდა თავადთაგანი, ყველას წყალობა უშურველი მიუნიჭა და ხალათით დამოსნა. მოვიდნენ მხიარულად ქალაქსა თბილისისასა.
დიდს ყაენს ებძანა: „მაგ შაჰზადას თვალი მოსთხარეთო და ყარსს რომ ძმა ჰყავს, იმასთან გაისტუმრეთო და მე ორსავ ერთად ვნახავო“. მოსთხარეს ცალი თვალი და გამოისტუმრეს ურუმში, ქართლიდამ გაატანეს ბარათაშვილი ერასტი და საამ უზბაში, მიიყვანეს მთაზე და გარდვიდა ახალციხეს, ესენი გამობრუნდენ ისევ.
გარდმოვიდა ჯარი ურუმისა ორბელიანთ მამულზე, მოადგნენ ციხექვაბს, ოთხი დღე და ღამე გაუწყვეტლად ესროლეს, მაგრამ ღმრთით ვერა ავნეს რა. ეს ამბავი ყაენის შვილს შეატყობინეს, წამოვიდა მაშინვე ბარდიდამ და დადგა განჯის მინარასთან. ამ ურუმის ჯარის გაბრუნება მოახსენეს. აიყარა ისევ და ჩავიდა შამახიას. მოვიდა სეფი-ხანის შვილი ათასის ჯაზირჩით ქართლში სამყოფლად, შეუკრეს ღვინჭრობს სანგარი და დაიყენეს. მოვიდა ლეკის ჯარი, დაესხა სომხითს, მელიქის მამული მოგლიჯეს, წამოიღეს ნაშოვარი ურიცხვი. გავიდა ქალაქიდან ხანი ჯარით, მოეწივნეს, საქონელი სულ დააყრევინეს და ლეკნი გაიქცნენ. მოუვიდა მეფეს თეიმურაზს წყალობის რაყამი ხელმწიფისა, დადვა საქმე ქართლისა და ყაზახ-ბორჩალუსი: „შენი უნებური არა იქნას რაო, როგორც შენ მამსახურებ, ჩვენ შენ სიტყვას ვჯერვართო“.
აბძანდა ბატონი საერისთოს, ვნებად კვირა იყო, აღდგომა იქ გარდაიხადა, იქაური საქმე კეთილად განაგო და ჩამობძანდა ქალაქს. შემოიყარა ქართველნი, არჩივეს და მისწერეს არზა ხელმწიფეს: „ქვეყანას, დიაღ, ძალი დამართებია და გათავებული არისო, წყალობას ვითხოვ ხელმწიფისაგან, რომ ქართლს შეღავათი უყოსო“. გაგზავნა კახეთის ვექილი და სულხან ეშიკაღაბაში თვისი, წავიდნენ, ხელმწიფეც ურუმის ქვეყნიდან გამოსულიყო, შეეყარნენ თავრიზს ქვეით, არზა მიართვეს და მოახსენეს საქმე ყოველი ქართლისა. წავიდნენ სარასკირთან, ვინც ზემოთ ქართლის თავადნი იყვნეს, ნახეს, რომელი იყო შაჰზადა ურუმის ჯარში. მოსცა ყველას მისაცემელი ურიცხვი და გამოეგზავნა ამილახორსაც მრავალი, ეგონა, ეს ქართველნი რომ ნახა, ქართლი ჩემი შეიქნაო. რაც ამილახორთან ლეკნი იყვნეს, მიუხდენ მაჩაბელს, აუოხრეს ქვეყანა. მაჩაბელი კახ ბატონს ახლდა, იმისის ჯავრით ჩამოუყენა ამილახორმა ჯარი ლეკისა და მუდამ აოხრებდენ მაჩაბლის ქვეყანასა. მივიდნენ კახი ბატონი და ქართლის ხანი. ლეკნი აჩაბეთს გაუმაგრდენ, შემოეხვივნენ გარს, სხვა ღონე რომ ვეღარ დაიდვეს ლეკთ, ღამე დაიკრეს ხმლები და გავიდნენ უვნებელად. ეს ჯარი ჩამოვიდა გორს და ლეკნი მივიდნენ სურამს, დაუწყეს ავალიშვილებმა ერთმანერთს ცემა, ვითაც პეტრეს ზაალისთვის წაერთმევინა ციხე და საქონელი აეკლო. ცდილობდა დაკლებასა, მიიყვანა ჯარი, დაუწყო მტრობა პეტრეს. ადგა ზაალ ლეკის ჯარით ორი თვე, მაგრამ ვერა ავნო რა ციხესა და მამული სულ აუოხრა, ეგრეთვე მოიყვანა პეტრემან ჯარი ლეკისა ახდენდა ზაალის მამულსა. ამ გზით, დიაღ, ერთმანერთი დიდად შეაწუხეს.
მოვიდნენ კახი ბატონის ჩაფრები და ებოძა ხალათი მძიმე და რაყამი წყალობისა და დაპირებოდა მიცემასა ქართლისასა. ამათთვისაც მოეცა ასი თუმანი თეთრი ინამად, ქართლის ხანისათვის ებძანა: „თეიმურაზ ხანთან მიდი და მაგის ბძანების მორჩილი იყავო“. კახი ბატონი გორს იდგა და ალი-ხან - ჯაჭვს, მიუვიდა ხალათი, ჩაიცვა მეფემან კეთილმან და საფუძველმან სათნოებისამან, დაჯდა მეჯლისად და გასცა საბოძვარი, მხიარულ ყვნა ყოველნი. ქართველთაც რაყამი მოუვიდათ: „მეფეს თეიმურაზს შეეყარენითო და რაც თქვენი საქმე იყოს, ეგ მომახსენებდესო და მაგის სიტყვის მორჩილებით ახლავ ჩემს დიდებულს კარზე ჩამოდით და თქვენი სიტყვა სწორე შემატყობინეთო“. წავიდნენ ბატონიშვილი აბდულა-ბეგ, სარდალი ქაიხოსრო, მუხრანბატონი კოსტანტინე, ამილახორი ამირინდო, თარხანი ლუარსაბ და სხვანი თავადთაგანი ყოველნი. წაიღეს მეფის თეიმურაზის მოხმარების არზა, შეეყარნეს ხელმწიფეს ნახჩევანს.
მოეცა სარასკირს ბძანება უსუფ-ფაშისათვის ქართლზე ლაშქრობისა, ვითაც ახალციხის ფაშა იყო, ქართლის ბელადობაც იცოდა, ხაზინა ბევრი გამოეტანებინათ: „ზემო ქართლი ხომ ჩვენი არისო, ჩაიარე იმაზე და ალაზნის პირზე დადექ, იქ ლეკნი შემოიყარეო, ხაზინა გაუყავო და ქართლი დაიჭირეო“. შექნა მზადება ახალციხის ფაშამ და გაგზავნა პური და ქერი ამდენი, რომ სურამის გარეშემო რაც საყდრები იყო, სულ აავსეს. დიდი თადარიგი ჰქონდათ ურუმთა. თარხნიშვილი დავით დიდად შეაწუხეს ხელმწიფის მოსაქმეთა ბევრის სათხოვარით და გაიპარა ქალაქით, მივიდა ამილახორთან, მისცა პატივი უზომო.
მოუვიდა ერეკლეს ბატონიშვილს ხელმწიფისაგან ცხენი თავისი საჯდომით, უცხო მძიმედ მურასად შეკაზმული და რაყამი დიდის წყალობისა. ჰქონდათ სიხარული დიდი კახთა, რომ აღარ ეგებოდა, ამით რომ უკეთესი და უკეთესი წყალობა მოდიოდა, მას ჟამში კახეთი ლეკისაგანც მოსვენებული იყო და არც ხელმწიფის სათხოვარი ეთხოებოდათ. ვინც გზას იშოვნიდის ქართლის კაცნი, თავადნი, აზნაურნი ანუ გლეხნი, იქ იხსენებოდიან, კარგადაც აპატივებდენ მისულს კაცს, რომ არასფერს აწუხებდენ. გადმოვიდა უსუფ-ფაშა დიდის ჯარით, ჩამოიარა ხეობაზე, მოვიდა და დადგა სურამს. მოეგება ამილახორი გივი, მისცა ფაშამ უზომო. მეფე თეიმურაზმა გამოაფრინა ჩაფარი, დაიბარა ხანი ქართლისა და უბძანა ორს მინბაშს და ქართლის ვექილს ჯარით მცხეთას დადგომა. გამოგზავნა ალი-ხან, რაც ჯაზირჩის ჯარი ახლდა მცველად ქალაქისად, თითონ წავიდა გორს, შეეყარა მეფეს თეიმურაზს, გაგზავნა კაცი ბატონმა და დაიბარა ძე თვისი ერეკლე კახეთის ჯარით, რვა მინბაში კიდევ სხვა გამოეგზავნა ხელმწიფეს ქვეყნის ჯარით, ესეც ქალაქს დააყენეს, დღედაღამ სცვიდენ გარემოს ქალაქისასა. ბატონიშვილმა ერეკლემ, აღმონორჩებულმა ძირთაგან დავითისამან და საფუძველმან გოლიათობისაგან და საუნჯემან სიბრძნისამან, ღირს მეფეთ ძეობისამან, მსწრაფლ აღასრულა ბძანება მეფისა, შეჰყარა ჯარი კახეთისა, აღარ დაიყოვნა და წამობძანდა, ჩამოხდა მარტყოფს; თურმე უსუფ-ფაშის ერთი ხონთქრის კარისკაცი, ხონთქრის ფარვნები და ხალათები ჰქონდა დაღისტნის უფროს კაცებთან. ამას უნდა მიეტანა, გამოატანა ფაშამ ცოტა რამ ლეკი და ეს ურუმნი გაისტუმრა დაღისტანში. დახვდა ბატონიშვილი ერეკლე, ეს ურუმები სულ დაიჭირა და ეგრე ხელმწიფესთან გაგზავნა. აიყარა თითონაც და მობძანდა საგურამოს.
წამოვიდა ავალიშვილი ქაიხოსრო, ძე მისი პეტრე და შეეხვეწნენ მეფეს თეიმურაზს, თავის ციხეებში ისევ თავისნი კაცნი დააყენეს. აიყარა უსუფ ფაშა სურამიდამ, ჩამოვიდა, დადგა რუისს და ურბნისს. შეაბილწეს მონასტრები, დაამტვრიეს ხატნი პატიოსანნი. გორს გარეშემო, საცა რამ ყანა იდგა, სულ გათიბეს, აღარსად გაუშვეს წაუხდენელი, გარდა გორისა. დღესა ერთსა გავიდა ამათი ყარაული და შეეყარნენ ურუმის ყარაულთა, გაემარჯვათ და გააქციეს ურუმნი. შეიტყო ფაშამ, შესხა მთლივ ჯარი და მოუხდუნა ლიახვისა კერძო, შეჯდა ქართლის ხანი ალი-ხან, კახ ბატონი თეიმურაზ, მაგრამ ბატონს ჯარი ცოტა ახლდა, ჯერე თვისი არ შემოყროდა, გავიდნენ, შემოუტიეს ურუმთა, რომ შიგ დაერივნენ. გამოვიდნენ ურუმნი ლიახვსა და ამ ბაღებთან, წისქვილებთან შეიყარნენ ერთად. იყო ომი ფიცხელი, რომ აღარ ეგებოდა, ურუმისა ჯარი, დიაღ, დიდი იყო და ესენი ცოტანი. დაიხოცა ორნივე ფრიადი. მაგრამ გამარჯვება ურუმთ დარჩათ. კახ ბატონს საჩინო კაცი ზურაბ მდივანი მოუკლეს და აზნაურიშვილნი და გლეხნი დაიხოცნეს.
ესენი შემოვიდნენ ისევ გორს, ურუმნი მივიდნენ რუისსა, აარჩივა ათასი კაცი ფაშამ, უთავა თავისი ყაფუჩი ქეჱ და ხიზინ-ბეგ, რომელი იყო გვარად შირვანელი, მალაჩი ბელადი ლეკისა, გამოატანა ხაზინა ურიცხვი: „დაღისტანში მიიტანეთო, მეც ალაზნისპირზე ჩამოვალ, იქ შემომეყარენითო“. ბძანება ჰქონდნა ამ ფაშას, რომ დაღისტნიდამაც დიდი ჯარები შემოეყარა და ქართლისა და კახეთისათვის ყათლანი ექნა. ჩამოიარა ამ ჯარმა ღამით, მოადგა დილას არაგვის გასასვლელად. ერეკლე ბატონიშვილი კახეთის ჯარით საგურამოს იდგა. ეს ჯარი რომ ნახა ბატონიშვილმა, მაშინვე გამოგზავნა ჩაფარი მცხეთას, ორი მინბაში იდგა ჯარით, ისინიც დაიბარა, მაშინვე შესხდა ჯარი და წავიდა იქიდამ, კახნი ჩამოეგებნენ, აქეთ ყიზილბაშთა და იქით კახთა დაუწყეს ცემა, გააქცივეს ურუმნი, მიყვნენ გზას ხმალდახმალ კაფით სხვილოსა ციხემდის, აღმოწყვიტეს, რომ რისხვა ღვთისა დასცეს. ბატონიშვილი ერეკლე რომ გენახათ იმ დღესა, ასე ბძანებდით, არა თუ ფალავანი, თორემ ესე ვის შეუძლიაო სათვისოსა ომსა გარდა, ვითა ისარდლა, შეაბა ჯარი, განუკვირდებოდათ ყოველთა. მალაჩი ბელადი მაშინ მოკლეს, ყაფულღარ ცოცხალი შეიპყრეს, სხვა ამდენი დაიხოცა, რომ მცირედიღა გადარჩათ. მიუვიდა ეს ამბავი უსუფ-ფაშას, დიდად დაჭმუნდა, მაგრამ რაღა გაეწყობოდა. ესმა ამბავი ესე გამარჯვების მეფეს თეიმურაზსა, განიხარა ფრიად და მაშინვე გაგზავნა ქალანთარი მერალი-ბეგ, აცნობა ხელმწიფეს გარდმოსვლა ურუმისა, ბატონიშვილისაგან გამარჯვება, დიდად იამა ხელმწიფეს და ორმოცდაათი თუმანი ქალანთარს უბოძა, მინბაშებს ინამი გამოუგზავნა, ბატონიშვილის კაცს ჩაელოდა. ქალანთარმა ეს წყალობა მოიტანა. მინბაში ქალაქისა დურხან-ბეგ იმ ომში დაჭრილიყო და მოკვდა. მოვიდა ქალანთარი, მოიტანა რაყამი მადრიელობით წყალობისა.
გარდმოვიდა ჯარი ურუმისა, ჩამოიარეს ორბელიანთ მამულზე, ჩავიდნენ, ჩამოხდენ ბაიდარში რაც ქართლისა და კახეთის ჯარი იყო, სულ გორს იყვნენ და აქ, ქალაქში, ჯარი არ ეგულებოდათ, არც ურუმთ დამარცხება შეეტყოთ. მისთვის უშიშრად ჩამოიარეს. რაც მცხეთას ჯარი იდგა, ჩამოვიდნენ ისინი. მაგრამ საქონლით სულ აიკლეს, წავიდნენ, გარდაიტანეს ნაშოვარი უვნებელად. ყიზილბაშის ჯარი მიყვნენ მცირედი ხანი და გამობრუნდენ ცარიელნი, შემოვიდნენ ქალაქს ქართლის ხანი, მეფე თეიმურაზ და ბატონიშვილი ერეკლე, ჩამოვიდნენ, ამ ურუმის ჯარის მოსვლა რომ შეეტყოთ, მაგრამ ვეღარ ჩამოუსწრეს.
აიყარა უსუფ-ფაშა რუისიდამ, შეიარა ისევ ხეობაზე და მივიდა ისევ ახალციხეს, დარჩა პური, რაც სურამს ჩაეყარათ, შეუკრეს ავალიშვილების კაცთ გზა, რადგან საჭირო გზები არის, დახოცეს ურუმნი და დააგდებინეს ზარბაზნები, აიტანეს პეტრეს ციხეში. მოიკითხა ფაშამ ჯარი და ქართლში ლეკის გარდა ხუთასი კაცი დაჰკლებოდა. შეიპყრა სენმა ჯავრისამა უსუფ-ფაშა და მოკვდა.
გაგზავნა მეფემ თეიმურაზ ელისეთ მოურავის შვილი გიორგი და ეს ამბები ყველა ხელმწიფეს მოახსენა. ბატონი წაბძანდა კახეთს და ბატონიშვილი აბძანდა ჯარით ქსანზე, ზოგს კაცს ღალატი შეჩნეოდათ და ბატონის დაყენებული რატისშვილი რატი მოეკლათ. მიბძანდა მაშინვე, შემოეხვეწნენ და შემოფიცეს: „ვინც თქვენი ორგული არისო, ხელშეკრულებს მოგცემთო“.
ებძანა ხელმწიფეს აშურხან სარდლისათვის, რომელი იდგა ბარდას: „ქართლს მიეშველეო“. თითონ არ წამოსულიყო და ოთხი ათასი მეომარი კაცი გამოეგზავნა, ოზბეგი და ყანდარელნი, დიაღ, კაი ჯარი იყო, სულ მოისარნი და შუბოსანნი, კაის ცხენ-იარაღითა, მოვიდნენ, ჩამოხდნენ საგარეჯოს, მაგრამ ურუმის ომებს ვერც ერთს მოუსწრეს.
მოვიდა გიორგი ელისეთ მოურავის შვილი ხელმწიფიდან, ებოძა ბატონიშვილისათვის რაყამი დიდის წყალობისა და ფლური მრავალი. მაშინ ბატიონიშვილი ერეკლე იდგა ანანურს, მიართვა წყალობა ხელმწიფისა. გარდმოვიდა ჯარი ურუმისა და ლეკისა, წაახდინეს ორბელიანთ მამული და ბოლნისელნი გარდავიდნენ უვნებელად. შეყრილიყვნენ გამოღმა მხარის კაცნი: ზაზა თარხნიშვილი და ციცისშვილი ქაიხოსრო, წავიდნენ ჯავახეთზე, დახვდნენ ნაშოვრიანს ლეკს და ურუმს. გაემარჯვათ ამათ, დააყრევინეს ნაშოვარი.
მოვიდა ფრიდონ-ბეგ, მხლებელი ყმა ხელმწიფისა, ჯარების ხანის ასაღებლად! აშურ-ხანს სარდალს გასწყრომოდა: „რატომ თეიმურაზ ხანს არ მიეშველეო“. და განძებულ ექმნა, ებძანა ხანისათვის ხელმწიფეს: „საცა მეფემ თეიმურაზ მუნასიბი ნახოს, ეგ ჯარები იქ დააყენეო“. ჩამობძანდნენ ქართლისა და კახეთისა ხანები, აიყარეს ჯარი და დააყენეს იორს ყბარზე და თითონაც იქ დადგნენ.
ბატონიშვილმა ერეკლემ ქსნის ხეველთ, ყოველ უფროს კაცს, ქეთხუდას მძევლები გამოართვა და კახეთს გაგზავნა.
მოვიდა ბძანება, რასც აქ აშურ-ხანის ჯარები იდგა, იმისი სარდლობა ფრიდონ-ბეგისათვის მიეცა და თავისთან დაებარებინა არფაჩაის, გამოერთმევინა ქართლის ხანობა ალი-ხანისათვის. ფათალი-ხან შამშადილოს იდგა დიდის ჯარით, ამ ალი-ხანისათვისაც იქ დადგომა ებძანა.
ქორონიკონს ულბ, თვესა ივლისსა მოუვიდა ქართლის ბატონობის ამბავი მეფეს თეიმურაზს, კახეთის ბატონობა ძესა მეფისასა ერეკლესა. იყო სიხარული ქართლსა და კახეთსა, სიხარული უზომო. მოვიდა იბრეიმ-ბეგ, მხლებელი ყმა ხელმწიფისა და ხალათები და რაყმები მოუტანა მეფეს თეიმურაზს და ძესა მისსა ერეკლეს. ებოძა ამასალად ჯამაგირი ბატონისათვის ორი ათასი თუმანი და ბატონიშვილისათვის ათას ოთხასი თუმანი. მივიდა ეს იბრეიმ-ბეგ ყბარზე, გამოართო ალი-ხანს დროშა და მოხელენი კარისანი, მოართვა მეფეს თეიმურაზს და იქმნა მეფედ ქართლისად.
აყარა ფრიდონ-ბეგ ეს ჯარები, მოვიდნენ, ჩამოხდნენ. ნახევარი ავლაბარში, ნახევარი სეიდაბადში აყარეს, რაც ქალაქში ჯაზირჩისა და არყის ქვეყნის კაცი იყო, შეყარეს. ამ ჯარებს გაუძღვა ფრიდონ-ბეგ, შეიარეს ლორეზე და შეეყარნენ ერევნის ქვეყანაში ხელმწიფეს. წავიდა ალი-ხანც შამშადილოს ფათალი-ხანთან. მობძანდა მეფე, კეთილმორწმუნე თეიმურაზ, დადგა ლილოზე, შემოეყარნენ ქართველნი, ხელმწიფესთან წასულნი ქართველნიც მოვიდნენ, ეპატივებინა ხელმწიფეს ქართლის ხარაბის ადგილის ხარჯი და ან თუ რამ მეტად ქართლს სათხოვარს არ აკლებდენ, მეფის გულისათვის ყოველზე ხელი აიღო. ბატონიშვილის აბდულაბეგისათვის და ქაიხოსრო სარდლისათვის ებოძა ხელმწიფეს ხალათები და ასი თუმანი ინამად. აიყარა მეფე თეიმურაზ ლილოდამ, შემობძანდა ქალაქსა თბილისისასა თვესა ივლისსა თ. მიეგებნენ მოქალაქენი ანუ დასნი სამღვდელონი, შეასხეს ქება და შესწირეს მადლობა ღმერთსა, გაუშალეს მოქალაქეთა ფიანდაზი მძიმე ლართა, შეიქნა სროლა ზარბაზანთა, რომე ყურთა ხმა აღარ იყო. ავლაბრით ალაყაფის კარამდის მორთვეს ბაზარი და განაბრწყინვეს ჩირაღდნით. იყო სამი დღე და ღამე განუწყვეტლად მეჯლისი და ლხინი უზომო, სიხარული ფრიადი. და მეფე ვახტანგ ქართლით წაბძანებულიყო. კ წელს გადევლო და მემკვიდრე-მეპატრონე აღარავინ მჯდარიყო ქართლსა. ამისთვის უფრო სიხარული ჰქონდათ. მემკვიდრე ქრისტესმოყვარე მეფე დაუჯდათ და ამით ყოველი შეჭირვება დაავიწყდათ ქართველთა.
მოუვიდა ეს სიხარულისა ამბავი ბატონიშვილს ერეკლეს, მაშინვე წაბძანდა ქალაქს, გავიდნენ, დასცეს სევანი დიდუბეს, ჩამოხდა მას შინა, გავიდა იბრეიმ-ბეგ, მიუტანა რაყამი ხელმწიფისა და ხალათი ჩაიცვა იქ და ეგრე შემობძანდა ქალაქში. გაეგება მამა თვისი, მიულოცეს ერთმანეთს და ეგრე შემობძანდნენ. თქვენმა მზემა, ისევ მეფენი მნახავთათვის სასიამოვნო იყო, ვითაც მეფეს თეიმურაზს ეგრევ ჩირაღდნით და ფიანდაზით. მორთვეს ქალაქნი და განვიდეს შესხმად ქებისად მოქალაქენი. იქმნა მეფედ კახეთისად მეფე ერეკლე, დაიდვეს ნადიმი და დასხდნენ მეჯლისად მეფენი ქართლისა და კახეთისანი.
მცირედთა ხანთა წაბძანდა ორივ მეფენი კახეთს, ენება თავისის ხელით ძისა თვისისა დასხმა და ვითა მამისა წესია, დაელოცა სამეფო და ეგრევე წაბძანებულიყო ერთპირ, ბატონი დედოფალი ისევ კახეთს ბძანდებოდა, ქართველნი, კახნი სულ თან ახლდენ. მიბძანდნენ საგარეჯოს, მიუვიდათ ამბავი, სამი ათასი ცხენოსანი ლეკი გამოსულიყო. ამ ამბავზე ქართველი ბატონი ვეღარ გარდაბძანდა თელავს, იქ გამოესალმნენ მამა-შვილნი, მაგრამ მნახავთათვის დიდად შესაწუხარი იყო, იცეს კახთ თავსა და ეგრე მწარის ტირილით გამოესალმნენ, ეგრევე მამა-შვილნი ტირილით გაეყარნეს ერთმანეთსა. მეფე ერეკლე წაბძანდა კახეთს და მეფე თეიმურაზ მობრძანდა ქალაქს. იმ ღამეს იდგა სეიდაბადში, მეორეს დღეს წაბძანდა ყაზახში, ფათალი-ხან იქ იდგა, ლეკიც მტკვარს გამოსულიყო. შეიყარნენ ხანები ერთად, გამოუდგნენ ლეკთა, მოეწივნენ ერთს მთაში, გაუმაგრდნენ ლეკნი ტყეში, იყო სროლა, სძლივეს ქართველთა და ყიზილბაშთა, გააყრევინეს საქონელი ლეკთა და დასჭრეს თავები, მაგრამ ლეკმაც ბევრი ავნო. ფათალი-ხან წავიდა ისევ ყაზახში, მეფე თეიმურაზ მობძანდა ქალაქსა თბილისისასა.
გარდმოვიდა ერთი ჩერქეზის დიდის კაცის შვილი, მოართვა მეფეს მისართმევი, დაპირდა სამსახურსა და ჯარის მორთმევასა. უბოძა ხალათი და გაისტუმრა წყალობით, ეგრევე კაცთა მისთა გასცა უხვად მისაცემელი, დაჯდა ნადიმად, ნახა ლხინი და გასცა ყოველთა ზედა.
უკეთურმა და ღმრთის შემცოდემ, იუდის მსგავსად აღშფოთებულმან თამაზის შვილმა ტარიელ, ერთის უბრალოს მიზეზისათვის სცა კათალიკოზს ნიკოლაოზს სატევარი ზაკვით და მოკლა. ეგრევე ორი ყულუხჩი ხმლით ზედა დააკაფა, თავისი ბიძაშვილი პაატა ფრიად დააწყლულა. შეწუხდა მეფე, ვითაც მართებდა. თითონ ეშმაკის უბოროტესი ტარიელ დაიჭირეს და მოკლეს, ძმით, ცოლ-შვილით სულ აიკლეს. წაასვენეს წმინდა გუამი პატრიარქისა დიდსა ეკლესიასა საპატრიარქოსა მცხეთას.
ჟამსა, ოდეს ფაშა ახალციხისა პატრონობდა ქვეყანასა ქართლისასა, მეფემან და მპყრობელმან კახეთისამან, ტომობით დავითიანმან, მობაძავმან სოლომონისამან, ზნესრულმან და მოყვარემან ქრისტიანობისამან, მსვრელმან უცხო თესლთამან, სადგურმან კეთილისამან და საუნჯემან რჯულისამან, ძემან მაღლისა ხელმწიფისა ერეკლესამან, პატრონმა თეიმურაზ უბოძა პირმშო და მრჩობლ მეფობისა საკადრად ღირს ბრწყინვალებითა აღზენაებული, კეთილაღზრდილი და ნათლად განშვენებული, საქციელ წყნარი და სიტყვა ნარნარი, სასურველი ასული თვისი ანნა ორბელიანს, სარდლის ძეს დიმიტრის მეუღლედ. დასწერა ჯვარი დიდებულსა და ღმრთის მიერ კურთხევით დამყარებულსა სახლსა თვისსა და დღეის აქამდის, ვითა შვილი თვისი, ეგრე იზრდებოდა, ხოლო წყალობა ღმრთისა მოეფინა აოხრებულს ქართლს, დაჯდა მეფედ, ვითა მწყალობელი იყო დიმიტრი ორბელიანისა და თავისი მახლობელობა უმეტეს ინება. მიანიჭა ხარისხი, მადლობა, უბოძა ქართლისა და ყაზახ ბორჩალოს მანდატურთუხუცესობა, ამასალად ორმოცდა ათი თუმანი განუწესა ხელმწიფის რაყმითა, ვითაც სიძე იყო და თვისი დიდებული, კარიც მიაბარა, ვითა შვენოდა სახლისა მშვიდობასა მისსა და ძველთაგანაც უმაღლესსა სახელოსა რჩეულ იყვნეს სახლი ორბელიანთი და ერთგულობისა საფუძველი დაედვათ გულთა შინა, აწცა დიმიტრი მხნე კისკასად ქცევასა და ერთგულად სამსახურსა არა დააცალებდა და ბატონისაგანაც არ აკლდის წყალობა უშურველი.
მოუვიდა ბძანება ბატონს: „თოფხანით სართში დადექო“. გაბძანდა ბატონი მაშინვე და ქოლაგირს დადგა. დარბაისელნი და სამღვდელონი დასნი, ეპისკოპოსნი ყოველნი გაისტუმრა კახეთს, ბატონს დედოფლის ჩამოსაბძანებლად ქალაქს დააყენა სიძე თვისი მანდატურთუხუცესი, გასაგებად საქმისა და მზაყოფად ბატონის დედოფლის დასახდომელ. მსწრაფლ აღასრულა ბძანებანი მეფისანი, მოამზადნა და მოფარდაგნა სარაია საყოფელნი. კვლავ განაწესნა მოქალაქენი ანუ დასნი სამღვდელონი, რომელიმე მიმგებელ და შემსხმელ ქებათა, რომელიმე შლად ფიანდაზთა, მიმრთმეველ შაქარ-საყნოსელთა და რომელიმე იყვნეს ცდად მეჯლისისათა. ჩამობძანდა დედოფალი, ძე თვისი სასურველი ერეკლე მეფე თან ჩამოყვა ჯარითა კახეთისათა, ეგრევ თან იახლა ბატონიშვილი ანტონი, სადგური სულის წმინდისა და საუნჯე სათნოებისა, რადგან ბიძაშვილი იყო ბატონის დედოფლისა და დისწული მეფის თეიმურაზისა და სახლსა მათსა იყოფებოდა არა უგულებელს-ყო უმახლობელ ყოფა მათი და თანამოგზაურ ექმნა. გაეგებნენ დასნი სამღვდელონი ანუ ერთა გუნდნი და დედათა ბანაკნი, შეასხეს ქება და მადლობდენ ღმერთსა: „ვინა გამოგვიჩინა ხსნად ჩვენდა ჭირვეულთაო და გვიხსნა მტერთაგან ჩვენთაო“. შემობძანდა ქალაქში და დაბძანდა ტახტსა ზედა დედისა თვისისასა რუსუდან დედოფლისათა. მიეგებნენ დარბაისელთა ჯალაბნი, დაულოცეს ტახტი და დაიდვეს ნადიმი, შეიქნა მეჯლისი და იყო ლხინი, განცხრომა უზომო.
წაბძანდა ბატონი ჯარით და მობძანდა დმანისის ციხესა, გარეთ სანგარი გააკეთეს და დადგა მას შიგა, ებოძა კაცი და ებძანა: „ანტონი ბატონიშვილი, რომელი იყო ქუთათელ ეპისკოპოსად, კათალიკოზად დასვითო“. ყოველივე ეპისკოპოსნი ქალაქს შემოკრებულ იყვნეს, უწინაც სულბრწყინვალისა დომენტის კათალიკოზის მიცვალებაზე მოინდომეს სამღვდელო დასთა ანუ ერისაგანთა. არა ინება, აწცა ინება უარის-ყოფა, აიძულებდა დედოფალი და ანუ დასნი სამღვდელონი, ვერღარა უარყო და დართვა ნება, მიუტანეს იქავ ბატონისა სამყოფსა შინა ბარტყულა ჯვარითურთ კვერთხი და მდინარი, ეგრე ბატონისა სრით მდინარით წამობძანდა, სამღვდელო დასნი, რომელიმე წინა უძღოდნენ გალობით და აკმევდენ საკმეველთა, დიაკონნი შემოსილნი, რომელიმე უკანა მოსდევდეს. აგრეთვე მეფე კახეთისა ერეკლე, ღმრთისმოყვარე და სარწმუნოება-მტკიცე, თან მოყვა სამყოფამდის დარბაისლითურთ და დასდვეს ტახტსა ზედა პატრიარქად ანტონი, კეთილი და ღირსი კეთილისა, ნათლის მრჩობლი მასხივნებელი, აბრამის კურთხევისა დამამტკიცებელი, მთავრობა იაკობისა მინიჭებული, ხოლო ლევიტელობისა განმაძლიერებელი, აღმასრულებელ სჯულისა და განმაშვებელ ეკლესიათა. დამმარხველ მცნებათა. შემდგომად რაოდენთამე დღეთა წაბძანდა მცხეთას და მიიღო კურთხევა ეპისკოპოსთა კრებათაგან და განშვენდა ყოვლით კერძო.
უბძანა დმანისიდან ბატონმა ჯარსა, უთავა მერალი-ბეგ ციცისშვილი, რომელი იყო ქალანთარი ქართლისა, გარდაუსივა ჯავახეთს, ახალციხის აქეთ სულ დაარბივის და მოვიდნენ მრავლის საქონლით. წავიდის მარბიელი, მოაოხრის ჩილდირსა და ახალციხეს ქვეით და მიიტანის ურიცხვი. ყაენი შაჰანშაჰ ყარსისა ციხესა ადგა და იყო ყოველდღე ომი საშინელი და ხოცდენ ყიზილბაშნი ურუმთა, ვითა კატათა. წავიდის ყარსიდან ყიზილბაშის მარბიელი, მოაოხრის აზრუმს აქეთი და მოვიდის ურიცხვისა საქონლით. ასე მოუჭრეს წყალი, რომ ციხესა მყოფნი თითოს ფიალას წყალს თითოს ფლურად ვერა შოულობდნენ, იყვნენ ურუმნი შეჭირვებულნი. დაებარებინა ხელმწიფეს ქალაქიდან ოთხასი კაცი მუშად, გაუძღვა ქალაქის მელიქი აღა და მივიდნენ ყარსს, ამუშავეს თვე ერთი და გაისტუმრეს ისევ ათასი ლეკი ჯამაგირით, ურუმთ ყარსის ციხეში უდგნთ. რა წყალი ვეღარ იშოვეს და ზარბაზანი დაყუღნა, რაც ძალას ატანდა, ეს ლეკთ ვეღარ გასძლეს, გამოიპარნენ და წამოვიდნენ. შეიტყო ხელმწიფემ, გამოუყენა ჯარი, მაგრამ ვეღარსად მოეწივნეს. გაბრუნდნენ ყიზილბაშნი, მოაოხრეს ახალციხის ქვეყანა და მიატანეს ყარსს. მოვიდა ჩაფარი დმანისს მეფეს თეიმურაზთან: „ლეკის ჯარი გამოგვეპარაო და ჩემი ერთგულობა ახლა გაგიჩნდებაო, მაგათ დაუმარცხებელს ნუ გაუშვებო. მანდეთკენ რაც ჯარები იდგას, ყველა შენ იახელო“. მაშინვე გაგზავნა მეფემ ჩაფრები. აშურ-ხან და აჯი-ხან ალაზნის პირზე იდგნეს, ალი-ხან - ყაზახში და კახი ბატონი - კახეთს. ამათ ყველას შეატყობინა. თითონაც წაბძანდა დმანისიდამ და თოფხანა დმანისის ციხეში დააგდო, მიბძანდა მარტყოფს. ლეკის ჯარი თურმე ისევ უკან იყო. მოვიდა ჯარი ლეკისა შუადღის ჟამსა და თავს წამოადგნენ. უბძანა ბატონმა ჯარს, შესხდა მაშინვე რომელი რომელს დაასწრებდა, შეუტივეს, თითონ ბატონი, ვითა ლომი ეგრე მიესივა. ბატონს ჯარი ცოტა ყვანდა თავისთან, რომ აქა-იქ გზები შეაკრევინა ჯარისათვის, მაგრამ არაოდეს არას ომში არ დამარცხდებოდა, სარწმუნოება ჰქონდა მტკიცე და გოლიათობა შეურყეველი. სძლივა ლეკთა, გაემარჯვათ, ამოწყვიტა, ერთი შამხლის სახლის კაცი ცოცხალი დაიჭირეს, თავები მოართვეს ბატონს ფრიადი. ეს ხანები, ვისაც ბატონმა აცნობა, ყველა წამოსულიყვნენ, მაგრამ ვეღარც ერთმან მოუსწრეს, მოვიდნენ საგარეჯოს. ამ გაქცეულს ლეკს ეს ჯარები სულ გამოუდგნენ, კახმა ბატონმაც გზები შეუკრა. ესენი ვერცერთი შეიყარნენ. მეორედ ისევ მეფეს თეიმურაზს გაემარჯვა, წამობძანდა ბატონი გამარჯვებული, ქალაქს შემობძანდა! მაშინვე გაისტუმრა ხელმხწიფესთან თარხანი ლუარსაბ. ეს ყიზილბაშების ჯარები წავიდნენ ისევ თავისსა სანგრებსა, მივიდა თარხანი, მოახსენა გამარჯვება მეფისა, იამა დიდად და დაჰპირდა დიდსა წყალობასა. უბოძა თარხანს ხალათი და თეთრი ინამად, გამოუგზავნა მეფეს თეიმურაზს ხალათი, ცხენი, მძიმედ შეკაზმული და რაყამი დიდის ლობისა.
მოუვიდა აშურ-ხანს, აჯი-ხანს და ალი-ხანს წყრომა ხელმწიფისა: „რატომ თეიმურაზ ხანს მალე არ შემომყარენით და ომში არ დაესწარითო“. იყო ბატონი ყოველდღე ლხინსა შინა. დაჯდის ნადიმად და გასცის საბოძვარი. მოდიოდნენ გაქცეულნი თავადნი ზემო ქართლისანი, აძლევდა ბატონი საბოძვარსა და იმედსა წყალობისა.
უბოძა მეფემ თეიმურაზ ხელმწიფის რაყამით ზაალ ორბელიანს თოფანქჩიაღასობა, რომელ არაგვის ერისთვის ბარძიმისათვის ხელმწიფეს მიეცა, ის რომ გარდაცვლილიყო და ახლა ამას უწყალობა და მოქალაქეთ ნოქარნი, ორი უზბაში თავისის თაბუნით, რომელნი ბატონის წინამძღომელნი იყვნეს, ისიც ამ ზაალს ორბელიანს მიაბარეს. აგრევე ამის უფროს ძმას ყაფლან ორბელიანს საბარათაშვილოსი უზბაშობა უბოძა; ვითა ამას წინათ ხელმწიფეს ამის მამის დიმიტრისათვის მიეცა, ახლა ამას ისევ თავისის მამის სახელო განუახლეს, ორმოცდაათი თუმანი ზაალ თოფანქჩიაღასს განუწესეს და ოცი თუმანი ყაფლან უზბაშს. წავიდა დმანისიდან ჯარი საორბელიშვილოსა, გაუძღვა მათი სალთუხუცესი ბეჟან, მიუხდნენ, დაესხნენ ხერთვისს და ყორახს, სოფლებსა ჯავახეთსა. ჩაუხდნენ ხრამებში, საქონელი ხმალდახმალ ამოასხეს, წამოიღეს ნაშოვარი დიდძალი, მოეწივნენ ურუმნი, დაერივნეს ერთმანეთსა, იყო ცემა ხმალთა. მაგრამ არ ავად იყვნეს მსახურ-აზნაურშვილნი ორბელიანთ, ესე ლომგულად გაისარჯნენ, რომ ერთსა ომსა კმა ეყოფოდეს, სძლეს ჯართა ურუმისათა, დაუხოცეს კაცნი საჩინონი და წამოვიდნენ გამარჯვებულნი ნაშოვრით მრავლით, მოვიდნენ დმანისს, იყვის ბატონი ლხინსა და შექცევაში; იყვის მეჯლისი და განცხრომა ფრიადი. გაისტუმრა მეფემ ამილახორთან ვახუშტი აბაშიძე და თარხანი ლუარსაბ სურამს, დაჰპირდა დიდს წყალობას და ხელმწიფისაგან დანაშაულის მოტევებასა. ბატონმაც გორს წაბძანება დაჰპირდა, ბატონი დედოფალიც მცხეთას წაბძანდა, სვეტიცხოველობის დღესასწაული იყო, იქ გარდაიხდიდენ და ბატონი გორს წაბძანდებოდა, დედოფალი ისევ ქალაქს ჩამობძანდებოდა. ამა ამბავთა შინა მოვიდა კახეთიდამ ჩაფარი, მოიტანა ამბავი საზარელი და ყოველთა შესაწუხარი: მეფის ერეკლეს მეუღლე, დედოფალი კახეთისა ქეთევან დამარცხებულიყო. ბატონებს შეწუხებით ყოფნა მოახსენეს. მაშინვე წამობძანდნენ და წაბძანდნენ კახეთს მეფე და დედოფალი, თან იახლნენ ქართველთ დარბაისელნი სახლეულითურთ. რა ჩამოხდენ ცხენიდამ, ესმათ ხმა საგლოველი და გაუმჟღავნეს, იუწყეთ, ვითა შეწუხდებოდენ, მეფის ერეკლეს მეტი ძე არ ესვათ და მისის შეწყენისათვის რაბამსა საურავსა მიეცემოდენ. მცხედარი ისევ დახვდათ, ალავერდს მიასვენეს, თითონ ბატონებმა თელავს გლოვა, ტირილი ხშირობით, ვითა წესი იყო, ეგრე გარდაიხადეს.
მოვიდა ჩაფარი ხელმწიფისა, დაებარებინა მეფე და დედოფალი და მეფე ერეკლე. ვეღარ დაიყოვნეს ხანი და მაშინვე წამობძანდნენ და ჩამობძანდნენ ქალაქსა თბილისისასა. წაბძანდა ბატონი, მიბძანდა დმანისსა. ბატონიშვილი აბდულა-ბეგი, ლორის სულთან მამად-ხან და ქართველნი თან ახლდენ. ყაენი გამობრუნდა ყარსიდამ, ესწრათ ზამთარი, სიცივემ ჯარს ვეღარ გააძლებინა, ჩამოეცალა ციხეს, მოვიდა, დადგა ახალქალაქსა, იქიდან უსევდა ჯარსა და აოხრებდა ქვეყანასა ახალციხისასა. წამობძანდა ბატონი დმანისიდან, შეეეყარა ხელმწიფეს იქავ ჯავახეთისა ქვეყანასა. მაშინვე მიიყვანა მეფე თეიმურაზ და ახლდა მხიარულისა პირითა და უბოძა ხალათი მძიმე, აიყარა ჯავახეთით, გარდმოიარა ყაიყული და ჩამოვიდა ტაშირზე. ორი დღე იქ დადგა, დააგდო ლორეს ოზბეგისა და ბულუჭის ჯარი, თითონ აიყარა და ჩაიარა სომხითზე და ჩავიდა აღჯაყალას მანძილსა და მანძილზე უბოძის ხალათი მეფეს თეიმურაზს. იქ აიღო ხელმწიფემ სანი ქართლისა და დიდად მოიწონა ჯარი ქართველთანი და ოთხასი ნოქარი კიდევ სთხოვა ქართლს ყოლ-ბეგებით. ამ ყაენისა რიგი იყო, რაც ჯარი ჰყვანდა დიდი ანუ მცირე, ყველა ჯამაგირით ჰყვანდა, რომ ყველას მარტს რომ ნავროზი მოუვათ, ეს ვექილი და ვეზირი მუსტაფი ამისთვის უსხდა ყოველს ქვეყანაში, რომ ქვეყნის გამოსავალს სახელმწიფოდ აიღებდენ და ამ ჯარებს გაუყოფდენ და თუ რამ გადარჩისთ ქვეყნისაგან, სახელმწიფოდ შეინახავდენ. მიბძანდა, ნახა მაშინვე ხელმწიფემ და უბოძა ხალათი. მიბძანდა დედოფალი საქართველოსი თამარ, თან ახლდა ბეგუმ, აბდულა-ბეგ ბატონისშვილის ჯალაბი, რომელი იყო და მეფის თეიმურაზისა და ბატონიშვილი ანუკა, მეუღლე ვახუშტი აბაშიძისა. მისლვასავე მოეგებნენ ხოჯები და ჩამოახდინეს არამში. ნახა ხელმწიფემ, მოიკითხნა ტკბილად და უბოძა ბატონს დედოფალს ხალათი მძიმე, თეთრი ინამად საკადრად თვისად, აგრევე ბატონიშვილებს ბეგუმს და ანუკას უბოძა ორთავ ხალათები და ინამად თეთრი, დააყენა დიდის პატივით. როსცა ჯარი აჰყრის, ვითაც შაჰზადის, რომელი ჰყვანდა ყაენს ცოლად, ეგრევ ბატონს დედედოფალს თამარს მოართმევდენ ხელმწიფის ქუჯაოხს. ყაზახიდამ მოაბრუნა ბატონი დედოფალი მრავლითა საბოძვრითა, შემობძანდა ქალაქსა თბილისისასა. ბატონმა თეიმურაზ უბოძა თავისი ჯანიშინობა ბატონიშვილს ისაყ-ბეგს, ძმასა აბდულა-ბეგისასა, ხელმწიფისაგანაც სამოცი თუმანი ჯამაგირი განუწესა, უბოძა ორსავე მეფეს ხალათები მძიმე და ინამი ფრიადი, უბძანა მეფეს თეიმურაზს: „როგორც შვილი ჩემი, ეგრე გიყურებო, მარტო ქართლი შენი საკადრისი არ არისო, სხვის ქვეყნისაც მოიმედე იყავო“. აგრევ უბოძა ბატონიშვილს აბდულა-ბეგს ხალათი და ინამი, ქაიხოსრო სარდალს და დიმიტრი ეშიკაღაბაშს ხალათები და ზოგთა კახთა და ქართველთ ამორჩევით მისცეს ხალათები. ეგრე სიხარულით და ნიჭფრიადობით წარმოევლინენ მეფენი ქართლისა და კახეთისა. ალიმარდან-ხან ოთხისა ათასის კაცით თან გამოატანა და უბძანა ამილახორს გივზე ლაშქრობა. შემობძანდნენ ამ ჯარებით ქალაქსა თბილისისასა. წავიდა ხელმწიფე და დააგდო ჯარები ყაზახში და ბორჩალუში და უბძანა: „რაც თეიმურაზ ხანმა გიბძანოსო, მორჩილნი იყავითო“. წავიდა ჯარი ოზბეგისა და ბულუჭისა, რომელი იდგა ლორეს. დაარბივა ჩილდირის ქვეყანა, მოიტანეს ფრიადი საქონელი და ტყვე.
გაბძანდა ბატონი ქალაქით დიდის ჯარით, გაილაშქრა გივი ამილახორზე. თან ახლდა ალი-მარდან-ხან ყიზილბაშის ჯარით, ბძანება ჰქონდათ ხელმწიფისა: „რაც თეიმურაზ ხანმა გიბძანოსო, იმ ბძანების მორჩილი იყავო“. მორჩილობდენ მეფეს ჯარი ყიზილბაშისა და ეშიშოდენ, ვითა ყმანი თვისნი. მიბძანდა ბატონი სურამს თვესსა დეკემბერსა გ. გამოვიდნენ ციხით მეომარი, მაგრამ ვერარად იბრძოლეს და შევიდნენ ისევ ციხეში, ციხეს მოშორებით სანგარი შეკრეს დიდი და ჯარი იმაში დააყენა ბატონმა და სხვა მეომარი გამოისტუმრნა ციხისა მახლობელ. შეუკრეს საფრები. დაუწყეს ბრძოლა, გაგზავნა ყველგან კაცი მეფემ თეიმურაზ და დაიბარა თავადნი ზემო ქართლისანი. რასც წამს შეიტყვეს ბატონის ბძანება, მაშინვე შემოეყარნენ თავადნი ქართლისანი, უბოძა ხალათი ყოველთა და აპატივა დანაშაული ცთომილებისა მათისა და უიმედა უმეტესი წყალობა, მისწერა ხელმწიფეს არზი და მოუტანინა ყოველთა, ზოგს ინამად თეთრი და ზოგთა ამასალად ჯამაგირი განუწესნა. გაგზავნა ყაფლან ორბელიანი ამილახორის შვილის დიმიტრისთან, როპელი იყო ახალდაბის ციხეში გამაგრებული, ვითაც ყაფლანის და ედგა დიმიტრის და სიძე იყო მისი. სიტყვას ისმენდა, დაიბარა ბატონმა თავისთან, სთხოვა ციხე და დაპირდა წყალობასა ფრიადსა. ვითაც ორბელიანთ წესი არის ბატონის ერთგულობა და სამსახურის ბეჯითობა, ყაფლან ორბელიანი ეგრე გულსმოდგინებით გაისარჯა. დართო ნება დიმიტრიმ, მოვიდა ბატონთან, მოართვა ციხე ახალდაბისა. თვესა...
ქორონიკონს ულგ (1745 წ.) შეაყენა ციხეში ბატონმა მელიქიშვილი მამად-ემინ უზბაში ეგრევ საბარათაშვილოს კაცით. უბოძა ამილახორის შვილს დიმიტრის ხალათი და დაპირდა წყალობასა, ეგრევ ყაფლანს უბოძა ხალათი, უიმედა წყალობა და აღრაცხა ერთგულთა თანა, გაგზავნა ბატონმა ხელმწიფესთან ჩაფარი და მოუტანინა ორმოცდაათი თუმნის ჯამაგირი დიმიტრის და უბოძა ამილახრობა ხელმწიფის რაყმით. ეგრევ ყაფლანს მოუმატეს ჯამაგირი, იყვის მუდამ მეჯლისი, ვითაც პირველ ქართველთ მეფობისა, ეგრევ ყოველივე განაწესნა მეფემ თეიმურაზ, ვითაც ქრისტეს მოყვარე იყო და ებრალებოდა ქართველნი. აღასრულა ბძანება სახარებისა, მიუტევა შემცოდეთა ცთომა თვისი, მხიარულყო ყოველნი, ადიდებდიან ღმერთსა დასნი სამღვდელონი ანუ გუნდნი ერთანი: „როგორ გამოგვიჩინა ესე მოწყალე ტკბილ გონებითა მეფეო“. უგზავნიდენ ამილახორს კაცს და ეპატიჟებოდენ გამოსლვასა ციხიდამ, მაგრამ ვერ დაიმორჩილეს, ცოტა რამ ლეკიც ჰყვანდა ციხეში და ციხეც კარგად გაწყობილი ჰქონდათ სანოვაგითა მრავლითა და ჯაბახანითა ფრიადითა. არ ჰქონდათ ციხის აღების იმედი, იყო დღედაღამ სროლა ზარბაზანთა და ყუმბარათა, რომე კომლისაგან ციხე აღარ ჩნდის. აგრევ ესროდენ ციხიდამ ზარბაზანთა. განაწესნეს ღამით მეომარი ხუთასი მცველად გზებისა, რომე ციხიდამ არავინ გაპარვოდათ. ერისთვის შვილი სარიდან ბრმა ამილახორის კაცით კეხვის ციხეში იდგა და ისიც ცდილობდა გამაგრებასა ციხისასა. გაისტუმრა მეფემ ჯარი და უთავა ამილახორიშვილი ამირინდო და მეითარი ზურაბ, მივიდნენ და შემოადგნენ ციხესა კეხვისასა, იყო ბრძოლა დღედაღამ, გამოხდა ხანი თვე ოთხი. მერე უბძანა ყაფლან ორბელიანს საბარათაშვილოს ჯარით და მიაშველა კეხვის ციხეს. გავიდა ესეც და იყო დღედაღამ ცდაში და სამსახურისა და ერთგულობისა გამოჩენაში, არა ზოგავდა თავსა თვისსა. ბარათაშვილმა საამ უზბაშმა გამოირჩინა სროლა ზარბაზნისა და ყუნბარისა. ასე ესროდის, რომ ხელმწიფის მოყუნბარე-მოზარბაზნენი დანასნა. მერე უბძანა საამს უზბაშს და გაისტუმრა, თოფხანა წარავლინა კეხვის ციხესა, დაუწყეს სროლა ციხესა კეხვისასა ზარბაზანთა და ყუნბარათა. შეწუხდენ მყოფნი ციხისანი. გამოგზავნა ციხითკაცი სარიდან ერისთვისშვილმა: „სარდალი ქაიხოსრო მოვიდეს და იმას მოვენდობი და გამოვალო“. მოხსენდა ბატონს, მაშინვე გამოგზავნა სარდალი ქაიხოსრო. რას წამს მოვიდა, მაშინვე გამოიყვანა სარიდან და მოჰგვარა ბატონს, დასცალეს ციხე. იამა დიდად ბატონს და დაუმადლა სარდალს ერთგულობა, ვითაც საჩინო დიდებული კაცი იყო, ეგრე ნიჭ-ფრიადობითა აღავსო და ისმენდა სიტყვასა მისსა. რომელი იდგა ჯარი ბულუჭისა და ოზბეგისა, წავიდის მათი მარბიელი, მოაოჴრის ყარსისა ქვეყანა და მოიტანონ ურიცხვი ტყვე ანუ საქონელი, აგრევე წავიდის ჯარი ქართლისა, მოარბივის ახალციხისა ქვეყანა და მოიტანიან საქონელი უთვალავი.
ხელმწიფეს ერთი თვისი წინამდეგი კაცი, რომელსა ერქვა უსეინ-ბეგ, გამოეგზავნა ამილახორთან, ებოძა რაყამი წყალობისა და ეპატივებინა ფიცით დანაშაული ცთომილებისა. შეუგზავნეს რაყამი გივს ამილახორს და აცნობეს ესე ამბავი. შემოუთვალა ამილახორს: „ბატონი მობძანდეს, სიტყვა მაქვს, მოვახსენებ და გამოვალ იმის ბძანებითა“. მიბძანდა ბატონი მცირეს კაცით, ციხეს მახლობელ კარავი დადგეს, დაბძანდა იმაში, ჩამოვიდა ამილახორი თავისის კაცით, ნახა ბატონი და შემოფიცა ძელ ჭეშმარიტზე: „შენი ორგული არ ვიყოო“. უბოძა ხალათი მძიმე და შეპირდა დიდსა წყალობასა. მოახსენა ამილახორმა ბატონს: „თქვენი სარწმუნო ვარ, მაგრამ ხელმწიფისაგან ერთი ასეთი რაყამი მომიტანინეო, ჩემი გული შესჯერდესო და ციხეს მაშინვე მოგართმევო“. მაშინვე გაგზავნა ჩაფრად ხელმწიფესთან ამილახორი რევაზ და ამილახორი ისევ ციხეში შევიდა. ამ ამბის მაყურებელი იყო, სანამდის ეს ამილახორი რევაზ ამოვიდა, ციხის კაცნი ჩვენს ჯარში მოდიოდის და ჩვენი ჯარისკაცნი ციხეში შევიდის, ერთმანეთში ვაჭრობდიან. მოვიდა რევაზ ამილახორი ხელმწიფიდან, მოუტანა გივ ამილახორს რაყამი ხელმწიფისა ფიცით: „შენი დანაშაული და სისხლი ჩვენის სიმაღლისა და განძლიერების მდომებელის მეფის თეიმურაზისათვის გვიპატივებიაო“. შეუგზავნეს რაყამი ციხეში და ესე ყოველი აცნობეს, მაგრამ კიდევ გუნება მართლად ვერ მოენდვეს, ჩამოაპარეს კაცი ციხიდან, ძირიდან ციხისათვის ნაღმი გაეკეთებინათ, იმას ქცევა დაუწყეს. ეს ბატონს მოხსენდა, გაუსივა საამ უზბაში საბარათაშვილოს ჯარით, მოუხდენ, ერთი მათი კაცი მოკლეს და სხვანი გაიქცნენ, შევიდნენ ისევ ციხეში, უკუდგნენ ციხოვანნი, დახშეს კარი ციხისა და შეიქმნა ისევ ბრძოლა. მთავარეპისკოპოსი კირილე ციხეში ამილახორთან იყო, გამოვიდა ამა ამბავზე, მოვიდა, იახლა ბატონს, მიიჩნივა ფრიად და დაადგინა პატივით, ნიკოლოზ აბაშიძის შვილი ციხეში დაესწრა ამ ამბავზე და აღარ გამოუშვა ამილახორმა. იყო ყოველთვის ომი ფიცხელი უმეტეს პირველისა.
მობძანდა კახი ბატონი ერეკლე სურამს, გაგზავნეს კაცი იმერეთს და აბაშიძის ზაალის ქალი, მშვენიერი და შემკული ყოვლითა ბრწყინვალებითა, გარდმოიყვანეს ქვიშხეთს, ანუკა ბატონიშვილი, ვითაც მეფის ერეკლეს დედიდა იყო და ამან მოინდომა და მიათხოვა მეუღლედ წაბძანდნენ ორი მეფენი, სათნონი ღმრთისანი და საქებელნი კაცთანი, მიბძანდენ ქვიშხეთს სახლსა ვახუშტი აბაშიძისასა, ვითაც ვახუშტის აბაშიძის ძმისწული ქალი იყო და ქორწილი თითონ გარდაიხადა. დაიწერა ჯვარი მეფე ერეკლემა და იქმნა ასული აბაშიძისა დედოფალი ანნა. განისვენეს ორი დღე ლხინ-ნადიმობით, ვითა ამას დღეს მეფობდა და მობძანდენ ისევ სურამს, იყო სროლა მუდმისად ყუნბარათა და ზარბაზანთა, რომ ყურთა ხმა აღარ იყო, დაუწყეს კიდევ სამს ნაღმს თხრა ციხისა გარემოს. ამა ამბავზე გაგზავნეს ხელმწიფესთან ჩაფარი და მოახსენეს ამილახორისაგან ისევ პირისგატეხა და ციხის მეორედ გამაგრება. დიდად ეფიქრებოდათ ხელმწიფისაგან, ამით რომე ჯერ მოახსენეს შემორიგება და ახლა უკუდგომა. ჩავიდა ჩაფარი, მოხსენდა ეს ყოველი ხელმწიფეს, ებოძა მაშინვე რაყამი მეფის თეიმურაზისათვის წყალობისა: „რაც გინდოდეს, ჩემი ხაზინა დახარჯეთ, ყველა შენთან ეს ეხტიბარი გვაქსო“. ასეთი მიჩნეული იყო მეფე თეიმურაზ ხელმწიფისა, რომ რაც საქმე დაშავებულიყო, უმეტესი წყალობის რაყამი მოუვიდის. გამოეგზავნა ხელმწიფეს სამი დიდი კაცი თვისის დიდებულის კარისა: ნასაღჩიბაში, ჩანდულბაში და რიქაბაში თავისის დასტებით. ებძანა: „ვითაც ჩემთვის, ეგრე თეიმურაზ ხანს ემორჩილენითო და იმის ბძანების მაყურებელნი იყავითო“. მოვიდნენ ესენი სურამს, ბატონს შეეყარნენ და თითქოს ხელმწიფესთან ყოფილიყვნენ, ეგრე განკრძალულად ექცეოდენ. გამოეგზავნა ხელმწიფეს კიდევ კაცი და ეთხოვნა სურამის ციხის სურათი, მხატვარიც იქიდამ გამოეგზავნა. დახატეს მაშინვე და გაუგზავნეს. რა ჩავიდა, გაშინჯა ციხის სიმაგრე, გამოეგზავნა კიდევ კაცი ერთი დიდებული და ებოძა ბატონისათვის თეთრი ფრიადი ინამად და ეგრევე ჯარისათვის ებძანა: „მაგ ციხეს ირგვლით ასეთი გალავანი შემოავლევითო, რომ კაცს გარდასლვა არ შეეძლოსო და გარს ამ გალავანს ჯარი მოუყენეთო და თქვენ ჩამოეცალენითო. ეგ სანამდის იყოსო, რომ თითონვე შემოიხვეწიოსო“. აღასრულეს ბძანება და შემოავლეს მაშინვე გალავანი დიდი და შეუყენეს მცველი ფრიადი. მოვიდა ბძანება ხელმწიფისა და ებძანა: „ლორეს რომ ოზბეგისა და ბულუჭის ჯარები დგასო, ჩამოვიდეს, დმანისს დადგესო“. აიყარნენ მაშინვე და დადგნენ დმანისისა მახლობელ.
ამა ხანთა შინა მოვიდა ხელმწიფისაგან ხალათი ორი მძიმე მეფის თეიმურაზისათვის და მეფის ერეკლესათვის, რაყამები დიდის წყალობისა, ერთი ხალათი აბდულა-ბეგ ბატონიშვილისათვის. მოეწერა წიგნი ისაყ-ფაშას ამილახორის გივისათვის დიდის იმედისა და დაპირებოდა კიდევ მოხმარებასა. ეს წიგნები ქაიხოსრო ავალიშვილს ჩავარდნოდა, მოიტანა და მოართვა ბატონს. გაგზავნა ბატონმა მაშინვე საამ და პაპუა უზბაში საბარათაშვილოს ჯარით და ხეობის გზების შესაკრავად. ამილახორი რევაზ და პეტრე ავალიშვილი უწინვე გაესტუმრებინა და იქ იდგნენ ხეობაში. ეს საბარათაშვილოს ჯარიც მივიდა და შეეყარნენ იმათ, ციციშვილი ფარსადანაც გაისტუმრეს ჯარით და გუჯარეთის გზები შეუკრეს. ამა ამბავთა შინა კახმა ბატონმა ერეკლემ წამოიყვანა დედოფალი ანნა ქვიშხეთით, ჩამოიყვანეს ქალაქსა თბილისისასა, სახლსა მამისა თვისისა, ქართველთა მეფისასა. იყო მეორე ქორწილი და განცხრომა ფრიადი, ვითა იმ დღესა და სიხარულსა გაეწყობოდა.
წავიდა ხეობაზე რომ ქართლის ჯარი იყო ახალციხისა ქვეყანასა, აიღეს ციხე საკირისა, იავარ-ყვნეს საქონელი ანუ ტყვე ურიცხვი. და მოახსენეს ბატონს. მაშინვე მოახსენა ბატონმა ხელმწიფეს და სანამდის ხელმწიფის ამბავი მოვიდოდა, ეს ქართლის ჯარი იმავ ციხეებში დააყენეს. ზოგი საბარათაშვილოს კაცი იყო, მხნენი და მიუდრეკელნი და ზოგნი ავალისშვილისა. შეიტყვეს ეს ურუმთა, ვითაც მართებდათ, ეგრე დაჭმუნდენ, უთავეს სოლოღასი და ფოცხბეგ დიდის ჯარით და თოფხანით, ამ ციხეს გარს შემოახვიეს. იყო ბრძოლა და ომი საშინელი. არ ავად იყვნენ ციხეში მყოფნი ქართველნი კაცნი. ბევრნი დაუხოცეს ურუმთა. მოხსენდა ბატონს ურუმის შემოდგომა, გაგზავნა ბატონმა ჩაფარი და დაიბარა მამადალი-ხან და იმამ-ყული-ხან დიდის ჯარებით. მაშინვე აღასრულეს ბძანება, წამოვიდნენ და შემოეყარნენ. ასეთი ბძანება ჰქონდა ბატონს ხელმწიფისა, რომ საცა ადრიბეჟანის ქვეყანაში ჯარი ყოფილიყო, დაებარებინა, მაშინვე უნდა შემოყროდენ. მოუვიდა ბატონს ბძანება: „ახალციხის ქვეყანაში რომ ციხე დაგიჭერიათო, ისევ დაცალეთო“. ამა ამბავზე დაიბარა ციხეში მყოფნი ქართველნი და უბძანა დაცლა ციხისა. ურუმის ჯარი ისევ გარს ადგნენ, მაგრამ გამოვიდნენ ხმალდახმალ, ურუმიც ბევრი მოკლეს და მოვიდნენ უვნებელად.
მისცეს სურამის ციხეს ერთი ნაღმი და ვერა ავნო რა, მისცეს მეორე ნაღმი და ციხის ნახევარი სულ დაანგრია, ბევრიც ავნო მყოფთა ციხისათა. ამა ამბავზე დაუწყო ლაპარაკი გივმა ამილახორმა და შემოუთვალა: „ბატონი დედოფალი მობძანდესო და იმას მოვენდობიო“. მაშინვე გამოგზავნა ჩაფარი ბატონმა და მოახსენა ბატონს დედოფალს. წაბძანდა დედოფალი თამარ და მიბძანდა სურამს, მაშინვე გამოვიდა ამილახორი გივი და იახლა ბატონ დედოფალს, მოართვა ძელი ჭეშმარიტი და თავისის საქონლის დავთარი, ფიცი, რომ „თქვენი მოღალატე აღარ ვიყოო“. მისცეს ბატონებმაც პირი, რომ „არაფერი არც წახდენითა და არც სიკვდილით არ გიშავდეს რაო“. მოართვა ციხე სურამისა და წამობძანდა ბატონი დედოფალი ქალაქს და თან წამოიყვანა ამილახორი გივი. ბატონმა იქავ ხელმწიფის ამბავი მოიცადა, გაგზავნა სარდალი ქაიხოსრო და მოახსენა ამილახორის შერიგება და სურამის ციხის დაჭერა, მოსთხოვა ხელმწიფეს ამილახორის დანაშაულის პატივება. ჩავიდა სარდალი, იამა დიდად ხელმწიფეს, აქო ერანის ჯარშია მეფე თეიმურაზ და დაპირდა ფრიადსა წყალობასა, უბოძა სარდალს ორბელიანს ქაიხოსროს ხალათი, ხუთასი თუმანი თეთრი და ხმალი, უცხოდ მურასად გაკეთებული და ხუთასი თუმანი კიდევ სხვა ჯარის სარქარდარებისათვის. მოვიდა სარდალი და მოიტანა ეს წყალობა ხელმწიფისა. ბატონი ჩამობძანდა სურამიდან და მუხრანში ავიდა სარდალი და შეეყარა ბატონს და მიართვა წყალობა ხელმწიფისა. აიყარა მუხრანიდან და ჩამობძანდა ქალაქს, წაიკითხეს რაყამი ხელმწიფისა და ებძანა: „ამიხალორი თავისის საქონლით შენთვის გვიბოძებიაო და მაგისის სისხლიც შენთვის გვიპატივებიაო“.
უბოძა ბატონმა სარდალს ქაიხოსროს ხალათი მძიმე. დაიდო ნადიმი, ნახა ლხინი უზომო, გასცა საბოძვარი უშურველი და უბოძა გივს ამილახორს სალთხუცობა თვისი და განაგეს ყოველივე საქმე ხელმწიფური, ვითაც ძველთაგან წესი ყოფილიყო ქართველთა მეფეთაგან. მოვიდა ბძანება ხელმწიფისა და ებძანა ამილახორის ციხეებისა დაქცევა და ყიზილბაშის ჯარების დაბარება. გაისტუმრეს ამილახორის შვილი ამირინდო და დააქცივეს სურამისა და კეხვის ციხე. ახალდაბის ციხეში საბარათაშვილოს ნოქარი უდგა და სხვილოს ციხეშიაც თვისნი მისანდონი კაცნი დააყენა. გაისტუმრეს ჯარები ყიზილბაშისა და ამ ჯარებისა ორი ხანი თავისის ჯარებით ლორის სარათებში დააყენეს. მოვიდა ბძანება ხელმწიფისა. ებძანა გივის ამილახორის დაჭერა და თავისთან დაებარებინა, შეწუხდენ ფრიად მეფე და დედოფალი ამისთვის, რომ პირი მიეცათ, რომ „არაფერი არა დაგიზიანდეს რაო“. მაგრამ ასეთი მძლავრი ხელმწიფე იყო, რომ იმისი წინააღმდეგი არა იქნებოდა რა. დაიჭირეს გივი, აიყვანეს მაღლა ციხეში, სამი დღე იქ დააპატიმრეს და მერე გაისტუმრეს ხელმწიფესთან, თან გაატანეს კახი ბატონის მორდალი სოლომონ და ყაზახის სულთანი, ჩაიყვანეს გივი ამილახორი ხელმწიფესთან ხელხუნდით. გაგზავნა ჩაფრად ბატონმა ჴელმწიფესთან კახი ბატონის ეშიკაღაბაში სულხან და მოსთხოვა ფარვანი ამილახორის პატიობისა. ჩავიდა სულხან, მიართვა არზი მეფისა. მაშინვე ისმინა აჯა მეფისა და მიაბარა ამილახორი მეითარბაშს, რომელი იყო მახლობელი ყმა ხელმწიფისა და ტომით არღუთაშვილისა. ებოძა მეფის თეიმურაზისათვის რაყამი წყალობისა: „ჩემის დოვლათის მონახევრე შენა ხარო, ყოველჟამ ჩემის უხვის მოწყალების მოიმედე იყავო. ამილახორის სისხლი შენთვის გვიპატიებიაო და ცოტა ხანს უკან ისევ შენთან გამოვისტუმრებთო“. გამხიარულდენ მეფე-დედოფალი დიდად ამილახორის სისხლის პატივებისათვის და მერე ამისთვის უფრო, რაც რაყამი მიუვიდისთ, ამისთანა რაყამი არას ქვეყნის მეპატრონესა და ბეგლარ-ბეგს არ მოუვიდის. ხელმწიფეც წამოსულიყო დიდის ჯარებით ერევნისაკენ, დაებარებინა ქართლის ომალები, წავიდნენ ვექილი, ვეზირი, მუსტაფი და ქალაქის მელიქი, ებძანა სარათებში ჯარების დაყენება. გაისტუმრეს ლორის სულთანი და ბამბაკში სარათებში დააყენეს, აგრევე რევაზ ორბელიანი სომხით-საბარათაშვილოს ჯარით და ზაალ ორბელიანი დმანისის სარათებში დააყენეს. მოვიდა სარასკირი მრავლის ჯარებით არფაჩაიზე და დადგა ალაგაზის მთის ძირზე. ყაენიც მივიდა, დაუდგა პირდაპირ მურად-თაფაზე. ამილახორი გივი გაგზავნა ხორასანს. წამოვიდა ჯარი ლეკისა, მიმართა ურუმთა მისაშველებლად. შემოიარეს, წაახდინეს ბოლნისი, გამობძანდა ბატონი, გამოუდგა, ლეკთ ჯავახეთს გადაასწრეს, ბატონი მიბძანდა, დადგა ბოლნისს, მოვიდა ურუმისა და ლეკის ჯარი, მიუხდენ დმანისს, კალდოსა მხარეს. მკის დრო იყო და მრავალი მუშა და საქონელი წაასხეს. გავიდნენ დმანისიდან რევაზ ორბელიანი და ზაალ თოფანქჩი-აღასი და ვინც ყაფლანისშვილები იყვნენ. მაგრამ სანამდის ჯარი მოსწრებოდა, რევაზ ორბელიანი და ზაალ ორბელიანი ცოტას კაცით, ვითაც შავარდენი ტრედის გუნდში, ეგრე შიგან ხმალდახმალ გაერივნენ, რაც მიქონდათ, ისიც დააყრევინეს და ბევრიც ავნეს. ზაალ ორბელიანმა კაცი იშოვა და თავი გამოიტანა, მივიდნენ ჯარიც, დაერივნენ შიგ, რომ რისხვა ღმრთისა დასცეს, ამოწყვიტეს ურუმი და ლეკი ფრიადი და შემოვიდნენ გამარჯვებულნი დმანისს. წაიღო რევაზ ორბელიანმა და ზაალ თოფანქჩი-აღასმა თავები ბოლნისს, მიართვეს ბატონს, იამა დიდად და უიმედა წყალობა. აიყარა ბოლნისიდან ბატონი და წაბძანდა ქალაქს. გარდმოვიდა ჯავახეთიდან ჯარი ლეკისა და ვაშლოვანს ზევით სოფლები სულ წაახდინეს, წაიღეს ნაშოვარი, თრიალეთზე გამოიარეს. ბატონს გვიან მოხსენდა, გამოუყენა სარდალი ქაიხოსრო ჯარით, მაგრამ ვეღარსად მიეწივნეს. გარდაიტანეს ნაშოვარი ურიცხვი ჯავახეთს, იმაზე შეყრილიყო, ურუმნიც გამორეოდნენ, გარდმოვიდნენ, მიუხდენ სამშვილდეს, ციხეს გარეთ მრავალი წაახდინეს და გადაიტანეს ჯავახეთს. ამისა შემდგომად წამოვიდა დიდი ჯარი ურუმისა და ლეკისა, მიუხდენ ლორეს და მრავალი სული დაატყვევეს და საქონელს და პირუტყვს რიცხვი არა ჰქონდა. წამოიღეს, გამოუდგა ლორის სულთანი, მოეწივა ტაშირზე, ამოწყვიტა მრავალი და ეგრევ ცოცხალი შეიპყრა ფრიადი, რაც მიჰქონდა, სულ გააყრევინა, მოართვა თავი და ცოცხალი ლეკისა და ურუმისა მეფეს თეიმურაზს. გაგზავნა ბატონმა ჩაფარი და მოახსენა ესე გამარჯვება ხელმწიფეს. ამა ამბავზე მოუვიდა მამად სულთანს წყალობა და თეთრი ინამად. ამაზე დაუწყეს ქართველთ ცემა ახალციხის ქვეყანასა, იმ მხრით ზემო ქართლისა და საერისთოსა ჯარი და ამ მხრით საბარათაშვილოსა და საორბელიშვილოსა ჯარი წავიდის, მოაოხრის ახალციხის აქეთი ქვეყნები და წამოიღონ საქონელი ურიცხვი და ტყვე არ ინდომიან, თუ სადმე მტერი გაუჩნდისთ, რისხვა ღმრთისა დასციან. ახალციხის ქვეყნების კაცნი თუ სიმაგრესა და ციხეებში, თორემ სხვაგან ვეღარსად დაუდგიან.
გამოვიდა ქვეიდამ ჯარი ლეკისა, ამისი თავი მამად-ხან იყო, გვარ-ლეკი. შემოიარეს ყაზახზე და მივიდნენ ყარს სარასკირთან. მეფე თეიმურაზ კახეთს ბძანდებოდა. მოილოცნა ადგილნი წმინდათანი და მიბძანდა თელავს, დაიდვეს ნადიმი ორთა მეფეთა და გარდაიხადეს მეჯლისი.
ამა ამბავთა შინა ყაენის ჯარი და სარასკირის ჯარი არფაჩაის შეიბნენ, გაემარჯვათ ყიზილბაშთ. ამოწყვიტეს ურუმნი და გააქცივეს, მიყვნენ თან აიყარა ყაენიც და შემოადგა გარს. მიუვიდა ამისი მახარობელი მეფეს თეიმურაზს, ჩამობძანდა კახეთიდან ქალაქს, უბოძა მახარობელს ხალათი მძიმე და თეთრი ინამად, იყო სროლა ზარბაზანთა და ქნეს მოქალაქეთა ჩირაღდანი, უბოძა მეფისათა და მორთვნეს ქალაქნი უცხოს ლარითა. დაიდვა მეფემ ნადიმი და გარდაიხადა მეჯლისი. იყო სიხარული უზომო, ამით რომე ურუმის ჯარი ასე დიდი იყო, რომ იტყოდენ: „ექვსასი ათასი ულუფის ამღები კაცი ახლავსო სარასკირს და ყაენი ორმოცის ათასს კაცს მეტს არ იახლებდაო“. ამით ქართველნი დიდად მჭმუნვარე იყვნეს, რომ ყაენის გამარჯვება არ ეგონათ და ქართლი სულ ყათლანს მოელოდა. გამოვიდნენ მეორედ ურუმნი, შეებნენ ყიზილბაშნი, გაემარჯვათ კიდევ, მოკლეს სარასკირი, რომელი იყო დისწული ხონთქრისა და, დიაღ, დიდის დიდებით მოსული. ამოწყვიტეს ურუმნი, რომ სიმრავლისაგან ხოცა ვეღარ შეიძლეს. დარჩა ყაენს თოფხანა ხონთქრისა და ხაზინა ფრიადი, რაც საქონელი ვერა ზიდეს, ცეცხლით დაწვეს ყიზილბაშთა. ოთხმოცი ათასი ენიჩარი შეეპყრათ ომში, უბოძა ამას ყაენმა ჯამაგირი მსგავსად თვისა ჯარისა და აღრია ჯარსა თვისსა. მოუვიდა მახარობელი მეფეს თეიმურაზს, განიხარა უმეტეს პირველისა, უბოძა ხალათი და შეიქნა მეჯლისი სამი დღე და ღამე, იყო შადლუხი ზარბაზანთა, ცემა ქოსთა და სპილენძთა ჭურთა, მიართვეს ქალაქი ჩირაღდნით, მისცეს მადლობა ღმერთსა ქართველთა, იჯდის მეფე ნადიმსა და გასცის საბოძვარი და აძლევდის ნუგეშს ქართველთა.
მეფე იმერეთისა ალექსანდრე თავისმა უმცროსმა ძმამ მამუკამ გარდმოაგდო, მოუდგა იმერეთი და დაჯდა მეფედ იმერეთში მამუკა. გამოგზავნა თვისი მისანდო კაცნი ალექსანდრე მეფემ მეფეს თეიმურაზთან, შემოეხვეწა და სთხოვა ჯარი და მოხმარება. მოახსენა ხელმწიფეს და მოუვიდა ბძანება მოშველებისა, უთავეს ყაზახის სულთანი სუფან-ვერდი-ბეგ ყიზილბაშის ჯარს და მაჩაბელი იასე ზემო ქართლის ჯარს და გაისტუმრეს იმერეთს, შეეყარნენ მეფეს ალექსანდრეს. ამ ხანთა შინა დაუწყეს ცემა ოსთ ზემო ქართლს, აგრევე ჩამოდგა ჯარი ლეკისა სომხით-საბარათაშვილოში. წავიდის მარბიელი ქართლისა და მოარბივის ახალციხისა ქვეყანა. იყო ცემა და ომი ყოველგან, ყაენიც დაბრუნდა გამარჯვებული ერანისაკენ. ებძანა მეფის თეიმურაზისათვის ხელმწიფეს: „რადგან თქვენი მეფობის რიგი იყოსო, ეგრე კურთხევა მიიღეო“. როგორც დიდთა ხელმწიფეთა წესია, რომ ყოვლის ქვეყნის რიგი უნდა იცოდეს, ესეც რომ შეეტყო, ქართველნი მეფენი გვირგვინით ეკურთხებიანო, ეს მეფე თეიმურაზს წყალობად მოსცა, როგორც იტყვის წინაწარმეტყველი: „მეფეთა გული ხელთა შინა ღმრთისათა არიანო“. ეს ღმერმთან მეფეს თეიმურაზს წყალობად მოუვლინა და სცხო საცხებელი მეფობისა, თორემ რამდენი წელიწადი გარდასულიყო ჟამთა ვითარებისაგან და ცხებული მეფე ქართლში არა მჯდარიყო, მადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ როგორც მოსე ეგვიპტეს წვდეულთა ისრაელთა მიუვლინა ხსნად, ეგრე ქართველთა, აგარიანთაგან ტყვექმნილთა, მოუვლინა მეფე თეიმურაზ. იწყო მზადება მეფემ კურთხევისა და მოიწვივნა ყოვლგნით დასნი სამღვდელონი. ქართლის ომალები რომ ხელმწიფესთან იყვნეს, გამოეცვალა ვექილი აბაზბეგ და იმის სანაცვლოდ სამი ვექილი გამოეგზავნა, ებძანა: „მეფეს თეიმურაზს ემსახურენითო“. ქართლს რაც გარეშემო ქვეყნები ჰქონდა, ვითა ძველათაც ქართლზე სდებოდა და ახლა ამანაც ქართლს დაადო და ვექილებიც გაუერთა. ამ მიზეზისათვის სამი ვექილი ქართლში გამოეგზავნა, მაგრამ ბატონის უნებურს ვერას იქმოდენ.
გაგზავნა კაცი ბატონმა კახეთს და მოიწევნა ძე თვისი. მეფე კახეთისა ერეკლე და დედოფალი ანნა კახეთის დარბაისლით კურთხევისათვის. აღარ დაიყოვნა მეფე ერეკლემ და წამობძანდა ერთპირად. გზაზე მტერი აუჩნდათ, გაერივნენ კახნი ხმალდახმალ, რადგან კახნი მუდამ გამზადებული იყვნეს და მერე ბატონი უყურებდა. გარდაუცვივდენ დასაფრებულთა ლეკთა და რისხვა ღმრთისა დასცეს, ამოწყვიტეს ლეკნი, დასჭრეს თავები ლეკისა და წამოიღო მოსართმევად მეფის თეიმურაზისა. რა მოეახლა ქალაქს მეფე ერეკლე, გაეგებნენ სრულიად ქართველნი, აგრევე დასნი სამღვდელონი და მოქალაქენი, შეასხეს ქება, ვითა შვენოდა. თავნი ლეკთანი წინ მოუძღოდა და ჯარი აქეთ და იქით დასად მოსდევდა და თითონ მარტივად მობძანდებოდა, მაგრამ, თქვენმა მზემა, ერთი უკეთესი სანახავი კაცის თვალით აღარ ინახებოდა: წითელსა ტაიჭსა იჯდა, ქარქაშ ხილვითა, ოქროთა მოჭედილი წელთა ერტყნეს, კაცს მისი შეხედვა განალიგებდა. სუმბულნი ახლად აშლოდეს. ვარჯნი მუშკთა მფშვევლნი თხემთა დაშორდეს გარემოცვითა, ვარდნი სხდომად გაშლოდეს, ტან-კვიპაროზი გმირ-ფალავნურად აღზრდოდეს, მისთა შემხედთა ზედ-მიჯრით ერთი მეორეს გაჰქონდეს ქება ყოველთა და ბძანებათა შინა დაქონდეს. მიბძანდა სარაიათა, სამყოფთა მეფისათა, გარდმოხდა ცხენისაგან, მიეგებნეს მეფე და დედოფალი, მოეხვივნეს სურვილით. ვითა ძე იყო, მაგრამ მის მეტი ძე არ ესვათ, მერე ყოვლის კეთილით და ხელმწიფურის ქცევა-მეცადინობით სრული იყო, უცხოთაგანაც დიდად სატრფიალო და საყვარელი იყო, არა თუ დედა-მამათათვის. დაიდვეს ნადიმი, გარდაიხადეს მეჯლისი. ბძანა მეფემ დროშათა გაკეთება, გააკეთეს, ვითაც ძველად რიგი ყოფილიყო, დროშა ოთხი ჯვარითა მოცული. ერთი უბოძა ორბელიანს ქაიხოსროს, მეორე - მუხრან-ბატონს კონსტანტინეს, მესამე - ამილახორს დიმიტრის და მეოთხე ბატონის კერძო ვლიდა. გაემართნენ მცხეთას მეფენი ორნი და დედოფალნი, ერნი და დარბაისელნი ქართლისა და კახეთისანი სახლეულითურთ, აგრევე დასნი სამღვდელონი სრულიად. ვინ ვისა დროშაზე ჯარი ყოფილიყო, ისევ ძველსა რიგზე განაწესეს და შემოეხვივნეს თვის თვისი ჯარი დროშათა. ორისავ საერისთაოს ჯარი ავჭალას მოეგებნეს, უბძანა ორსავ ერისთვის ჯარს მუხრან-ბატონის დროშაზე მისვლა, როგორც ძველთაგან ორი ერისთვის მამული მუხრანბატონის სასარდლო ყოფილიყო, მიბძანდნენ მეფენი და დედოფალნი ქართლისა და კახეთისანი მცხეთას. ანტონი კათალიკოზი, კეთილ-სათნოებითა აღჭურვილი, ტრფიალებითა საზენაოთა ზედმიწევნითა აღზენებული და ყოვლად სარწმუნოებითა მტკიცედ დამტკიცებული, მადლთა მიერ განბრწყინვებული არ დააცადებდა ჟამითი ჟამად სიბრძნე მრავლობით წესთა და მართლიად გამოიკვლევდა წერილთაგან კურთხევასა მეფისასასა. ასაკით იყო მცირე, მაგრამ სოლომონისა სიბრძნესა არარად კლებულ ექმნებოდა. მეფეთა შვილი იყო და სულიერსა მეფობასაც ღირს იქმნა. ეგრე მრჩობლ მეფობისა საკადრად განაგებდა ყოველთა საზღვართა კეთილისათა, ორი დღე დაიყოვნა და განაწესნა ყოველნი სამღვდელონი ანუ საერონი და წესნი დღისა მისისანი მზა ჰყვნა ყოველნი. დღესა მესამესა გამობძანდა ბატონი გარეთ საყდარს წინ ანტიოქიასა, ზემორე სეფე იდგეს დიდი და სეფესა გვერდით სევანი დაედგნეს, დაბძანდა სევანსა შინა და ეგრეთ იახლნეს დარბაისელნი, ვინა იჯდა, მისა ღირსი იყვნეს, ვინა დგომისა, ეგრევ ყოველნი განეწესნეს. მოიტანეს სამეფო შესამოსელი, პორფირი, ბისონი და დიადიმა ბოხჩებით, აგრევე გვირგვინი, ხმალი, სკიპტრა და ქვეყნისა სფეროი. ესე ყოველი ამიერ და იმიერ მოუწყვეს. ამისა შემდგომად მოვიდა მთავარეპისკოპოსი არსენ შემოსილი, მთავარ-დიაკონნი შემოსილნი წინა უვიდოდეს კმევითა საკმეველისათა, აგრევე ჯვარისა მტვირთველსა ჯვარი პატიოსანი აღემართნეს და მგალობელთა დასნი მოუძღოდეს და გალობდენ გალობასა ჯვარისასა. მოვიდნენ წინაშე მეფისა და თაყვანისცეს და ეამბორნეს მეფეს. ხოლო აღიღეს ერთი ეს სამეფო შესამოსელი და იარაღი, მოსცეს მთავარ-ეპისკოპოსს, იტვირთა ორთა მკლავთა და წამოვიდნენ ეგრეთ გალობითა, შეიტანეს ეკლესიასა შინა, დარეკეს მწუხრისა, წამობძანდა მეფე ეკლესიასა, ჰკრეს ქოსთა და სპილენძ-ჭურთა. მოეგებნენ ეპისკოპოსნი ყოველნი მდინარით მოსილნი ბატონს წინ და თაყვანისცეს და იწყეს ლოცვა მწუხრისა, განსრულდა ლოცვა მცირედი. დაიყოვნეს და შევიდნენ ეკლესიასა. იყო ღამის თევით გარდახდა, იყო დღესასწაული სვეტიცხოველისა დღე. იყო ის დღე და მეფის კურთხევის რიგიც შესძინეს. ყოვლად ნეტარმა ანტონი პატრიარქმა არად კლებულ ქმნა მრჩობლ დღესასწაული, ყოველივე სრულიად გარდაიხადა პურის კურთხევით, სანთლის გაყოფით, ზეთის ცხებით და ყოვლისა წესითა განაბრწყინვა ეკლესია. გათენდა დილა, მოფარდაგნეს სეფე და მოიტანეს დროშანი ოთხნივე და აღმართნეს სეფესა წინა და თვის თვისი ჯარი გარს შემოეხვივნენ. მობძანდა ბატონი და დაბძანდა სეფესა შინა. ამისა შემდგომად მოვიდნენ დასნი სამღვდელონი შემოსილნი, კარისა დეკანოზსა ხატი პატიოსანი თავსა ედგა, ჯვარისმტვირთველსა ჯვარი ეპყრა, მთავარდიაკონნი აკმევდეს საკმეველთა, მღვდელნი უკანა უვიდოდეს. ყოველთა დიდრონი ლამპარნი ეტვირთვნეის და მგალობელნი გალობდენ. მოვიდნენ ეგრე და ბატონს თაყვანი სცეს. რაც ყიზილბაშნი ქალაქს იყვნეს, ყოველნივე ნახვად მოსულიყვნეს და იქ ისხდნეს. იდგა პატრიარქის არქიდიაკონი და ბატონს დიპტვილა მოახსენა და ქება შეასხა. გამობრუნდა და ბატონს მეფობით ნუგეშისცა და მიიწვივეს ბატონი ეკლესიად. წარუძღვნენ ეგრევ დასნი სამღვდელონი, ჰკრეს ქოსთა და სპილენძ-ჭურთა, უწინარეს ყოველთა მორთულთა აქლემთა კიდებულნი ქოს-ნაღარანი და სპილენძ-ჭურნი მიუძღოდეს და ამას დროშა სარდლისა მისდევდეს. მარქაფანი შეკაზმულნი ამას შეუდგნეს, გამგენი კარისანი, მახლობელ წინა უძღოდა სიძე თვისი დიმიტრი ორბელიანი, რომელი იყო მანდატურთუხუცესი და განმგე დიდებულისა კარისა. აგრევე წინა უძღოდა ზაალ ორბელიანი, რომელსა ებარნეს წინამძღოლნი, მეთოფენი მეფისანი, მობძანდებოდა ბატონი, მარჯვნივ მკლავი სარდალს ქაიხოსრო ორბელიანს ეპყრა და მარცხნივ მკლავი მუხრანის ბატონს კოსტანტინეს. უკანა მახლობელ მოსდევდეს დიდებულთა კაცთა შვილნი, ტვირთულნი სააბჯროთა იარაღითა, ყოველივე იარაღნი მეფისანი თითო თითოსა შეიპყრნეს და ეგრე მოსდევდეს. აგრევე სამივ დროშანი თვისის ჯარებით ამიერ და იმიერ მოსდევდეს. რა მიეახლნეს ეკლესიასა. სამი დროშა მარტივად კარზე დააყენეს და ჯარი იარაღით ეკლესიასა შევიდნენ. ბატონის დროშა მორდალს დავითს ეჭირა. შეიტანეს საყდარსა და აღსავლის კარზე დააყენეს. კარის ბჭეში მოეგებნეს ბატონს პატრიარქი შემოსილი და ეპისკოპოსნი ანუ სამღვდელონი, ყოველნი, თაყვანისცეს, ცალკერძ პატრიარქი მოუდგა, ცალკერძ მთავარეპისკოპოსი. სამღვდელო დასნი წინ შეუძღვნეს ხატითა. ჯვარის წინაძღოლითა და ლამპრებითა მთებარითა და ეგრე გალობით შეიყვანეს ეკლესიასა შინა. ფიანდაზი ეშალა კარითგან საყდრისა შუა გულობამდის. პირველად მოიყვანეს, აღსავლის კარის ქვემორე დააყენეს, ეპისკოპოსნი ყოველნი ამიერ და იმიერ მოუდგნეს, აგრევე სომეხთა დასნი და ფრანგნი ყოველნი იდგნენ შემოსილნი და გაკრძალულ ისმენდეს. პატრიარქმან ჰკითხა მეფეს სარწმუნოება და მერე აღთქმისა ეპისტოლე წაუკითხა. მერე წამოუძღვანეს წინ და საყდრისა შუა გულობას ტახტი იდგა დიდი. ოთხი ხარისხი შეივლიდა, აიყვანეს, ორი სელი იდგა, ერთზე მეფე დაბძანდა და მეორეზე პატრიარქი, ცალკერძ მთავარეპისკოპოსი და ცალკერძ ალავერდელი, სხვანი ეპისკოპოსნი ექვსი ამიერ და ექვსი იმიერ განეწყვნეს. ამისა შემდგომად მოიტანეს მარტივი ბისონი და ჩააცვეს, დაიწყეს წირვა. ოდეს მოვიდა ჟამი, წაბძანდა პატრიარქი, შებრძანდა წმიდა წმიდათასა, ამისა შემდგომად მიიწვივეს მეფე საკურთხევლად, ცალი მკლავი სარდალს ქაიხოსროს ეპყრა და მეორე მკლავი - მუხრან ბატონს, აღსავლის კარზე მთავარ-ეპისკოპოსი და ალავერდელი მოეგებნეს და შემოყვანეს საკურთხევლად, სცხეს საცხებელი შუბლთა, ბეჭთა და გულთა ჯვარის სახედ. თქვა პატრიარქმა სამღთო მადლი და შემდგომი ამისა, ბისონსა ზედა ჩააცვეს დიადიმა, წამოასხეს პორფირი, დაადგეს გვირგვინი სამეუფო, მისცეს მარჯვენასა ხელსა სკიპტრა და მარცხენასა ხელსა - ქვეყნისა სფერო, ხოლო მოვიდა ჟამი წმიდისა ზიარებისა. პირველად სამღვდელო დასნი ეზიარნეს და მერე გარდმოასვენეს წმიდა ბარძიმი და მიიღო მეფემ წმიდა ზიარება პატრიარქის ხელითა. ამისა შემდგომად სკიპტრა რევაზ ორბელიანს მოსცეს და სფერო მეითარს ზურაბს. ეგრე ხელთა მტვირთველნი მეფისა მახლობელ იდგნეს. განსრულდა ჟამის წირვა, გამობძანდა მეფე ცხებული საკურთხევლით, ცალკერძ პატრიარქს ეპყრა მკლავი, ცალკერძ მთავარ-ეპისკოპოსს. მოიყვანეს, მარჯვნით კერძო სამეფო ტახტი იყო, იქ დაბძანდა. მიიტანა სარდალმა ქაიხოსრო ორბელიანმა, რომელი იყო ამირსპასალარი, ხმალი მეფისა, დაულოცეს და შემოარტყეს. პირველად მივიდნენ დასნი სამღვდელონი და ხელთა ეამბორნეს, მერე მივიდნენ დარბაისელნი, გუნდნი ერთანი და ხელთა და კვარცხლბეკთა ეამბორნეს. ამისა შემდგომად გამობძანდა ეკლესიით, შეიქნა სროლა ზარბაზანთა ანუ თოფთა, სცემდენ ქოსთა და სპილენძ-ჭურთა, რომ ყურთა ხმა აღარ ისმოდა. მადლობდენ მორწმუნენი ღმერთსა, აკურთხევდენ დასნი სამღვდელონი, აქებდენ ერნი, ამკობდენ მგალობელნი, ლოცვიდენ გლახაკნი, აღამაღლებდენ ხმასა ქვრივნი, შეფრფინვიდენ ობოლნი და ყოველნი სულნი შეასხმიდენ ქებასა მეფესა მეფეთასა. შებძანდა საყდარსა, გარემოს სევანი იდგნეს ოქსინოთა მოფარდულნი, დაბძანდა მას შინა და დიდებულნი თავშიშველნი თავს იდგნეს და მიბძანდა დედოფალი და მიულოცა და გარდააყარ გვარი. მერე მიბძანდნენ უფლისწულნი, მიულოცეს, აგრევე ჯალაბნი დარბაისელთანი მივიდნეს და მიულოცეს. გათავდა რიგი მილოცვისა. წამობძანდა მეფე სეფესა შინა, ვითაცა ზეით აღმიწერია. ეგრე დიდებითა და რიგ-წესულობითა მობძანდებოდა სარდალი და მუხრან ბატონი, მკლავთა მპყრობელი. ამიერ და იმიერ უდგნეს. პორფირისა უკან მკლავთა ცალკერძო რევაზ ორბელიანს ეჭირა და ცალაკერძო მეითარს ზურაბს. მობძანდა სეფესა შინა და დაბძანდა, დროშანი ოთხივე სეფესა წინ აღმართნეს და ჯარი გარს შემოეხვივნეს. მივიდნენ ყიზილბაშნი და დასხდნეს, ვისა მეფისა სააბჯრო იარაღი დიდებულთა შვილთა ეპყრნეს, ეგრე თავს ადგნეს. შეიქნა და რა განსრულდა რიგი მოლოცვისა, წარმოდგნენ მდივნები წესისაებრ, წაიკითხეს დავთარნი, მოიწვივნეს დარბაისელნი, ვინა ჯდომისა ღირსი იყვნეს, ვინა დგომისა. დიმიტრი ორბელიანი, საუნჯე ყოვლისა კეთილისა, ეგრე განაგებდა რიგთა და წესთა მეჯლისისათა. შეიქნა ლხინი, ვითაც ქართლის რიგი ყოფილიყო, ცდილობდენ გამოჩენასა, ვითარ მართებდათ ქართველთა, ეგრე გულსრულობით სიხარულსა არა დააცადებდენ, ამით რომე დიდი ხანი გარდაცვლილიყო, ქრისტიანი მეფე არა სჯდომოდათ, მერე კურთხევით გვირგვინოსანი მეფე არ ეხილათ, ახლა ეს ღმერთის წყალობა მოევლინათ, ქრისტეს-მორწმუნე და სარწმუნოება-შეურყეველი მეფე დაუჯდათ, ვითაც მართებდათ, დიდნი ანუ მცირედნი მადლობდენ ღმერთსა. გაიყარა მეჯლისი, ცოტა ამაზე იყვნეს მჭმუნვარე, კახს ბატონს არ შეეძლო. მისთვის აღარ დაიყოვნეს და გამოემზადნეს ქალაქს.
ამა ამბავთა შინა მოვიდა ამბავი იმერეთიდან: ყაზახის სულთანი და მაჩაბელი იასე მომ მეფის ალექსანდრეს ჯარებით მიაშველეს, მოშველებოდენ ურუმნი იმერელთა. შეეკრათ გზები, ვითა საჭირო გზები არის. აღარ გამოეშვათ ჩვენი ჯარი, შეეწუხებინა შიმშილსა, დიდის სიმხნით ჯარი ისევ გამოსულიყო, და უფროსი კაცები ზევით დაეჭირათ. გაისტუმრა მეფემ მისაშველებლად ბორჩალუს სულთანი და ვახუშტი აბაშიძე ჯარით. აიყარნენ მეფენი მცხეთით და წამობძანდნენ ქალაქს, მოეგებნენ მოქალაქენი ანუ დასნი სამღვდელონი, შეასხეს ქება. შემობძანდა ქალაქსა შინა, დაჯდა ტახტსა ზედა და იპყრა სასწორი სიმართლისა.
იმერეთიდან წამოიყვანეს პყრობილნი: ყაზახის სულთანი, მაჩაბელი იასე და ზოგნი ზემო ქართლის თავთა შვილნი ურუმთ და ახალციხესა დააპატიმრეს.
მოვიდა სუფრაჯი მამად-უსეინ, რომელი გაეგზავნა მეფეს მაშათს თავის სიძეს ალი-ყული-ხანთან, რომელი იყო ძმისწული ყაენის შაჰან-შაჰისი. გამოუგზავნა ლარი უთვალავი, კიდებული აქლემთა.
გაბძანდა მეფე საგურამოს, დახვდა წინ ლეკთა მომავალთა სომხითით, ამოწყვიტეს ლეკნი. თუ რამ მიჰქონდათ, სულ დააყრევინეს, შემობძანდა გამარჯვებული ქალაქსა შინა. მოვიდა ქსნის ერისთავი შანშე ცოლშვილით ქალაქს, ყულარაღასი იასე, ძმა ერისთვისა გზაზე დამარცხებულიყო, მკვდარი შემოიტანეს. ერისთვისათვის თვალები ხელმწიფეს დაეთხარა. ეგრე მოვიდა ხორასნით. გაბძანდა ბატონი კიდევ ლეკზე, დახვდა ძეგვს, გაემარჯვა და შემობძანდა გამარჯვებული ქალაქსა. დიდსა და მაღალსა ხელმწიფეს, მპყრობელსა რუსეთისასა, წარმოევლინა ბერი შვიდი, საგანძურითა ფრიადითა კავკასიასა შინა ქადაგებად და მცნებად სჯულთა ქრისტესთა. პირველად მოვიდნენ დიდსა ოსეთსა შინა და ხმამაღლად ჰქადაგეს იესო ქრისტე ძედ ღმრთისად და ამხილეს სჯული შეურყეველი ქრისტიანობისა, მგზავსად მოციქულთა, ამცნეს სარწმუნოება ჭეშმარიტი და ფრიადნი სულნი მოაქცივნეს და ნათელსცეს წმიდითა ემბაზითა ვითაც საგანძური ფრიადი მოეცა რუსეთის ხელმწიფეს, ესენი ერსა განუბნევდეს და არა თვისთვის იუნჯებდეს. ესე ბერნი, ღირსნი და სათნონი ღმრთისანი, ქართველთა შვილნი იყვნეს. ქართლით მეფეს ვახტანგს გარდაყოლოდეს რუსეთსა შინა, მრავლითა სიბრძნითა აღვსილიყვნეს და ამ ქვეყანას დაზრდილთა ენაც კარგა იცოდნეს. უბოძა ფრიადი ხელმწიფემ და წარმოავლინა სახელითა იესოს ქრისტესითა. ამათგანი ბერი ერთი ჩამოვიდა ქალაქსა თბილისისასა. ჟამსა მას პყრობდა ქართლს ცხებით გვირგვინოსანი მეფე თეიმურაზ. როგორც კი მოისმინა ბერისა მიერ ესე ამბავნი ქრისტიანობისა, ვითაც საღმრთო ტრფიალებითა აღზენავებული იყო, ფრიადსა სიხარულსა მიეცა, აგრევე პატრიარქმა ანტონიმ განაძლიერეს ბერი, ნუგეშსცეს ფრიად და კვალავადვე წარავლინეს კავკასიასა შინა.
რადგან ქართლი მტერისაგან წამხდარი და აღიარებული იყო ქვეყანა, პურისა და ღვინის მოსავალი არ მოდიოდა და ხელმწიფის მოხელენი, პური რაც ედვა ქვეყანას ხელმწიფისა, ამის ფასს თეთრად ბევრს ითხოვდეს. ქვეყანა დიდად წუხდა. გაგზავნა ბატონმა ჩაფრად ხელმწიფესთან ყაფლან ორბელიანი, რომელი იყო უზბაშად, ებარნეს საბარათაშვილოს ჯარისაგან ერთი კერძო. ხელმწიფეც ქართლს წასულიყო. მიეწივა ხორასნისა ქვეყანასა და მიართვა არზი მეფისა და აუწყო შეწუხება ქვეყნისა. მაშინვე მოსწერა რაყამი წყალობისა და გამოისტუმრა ისევ ქართლად.
ქორონიკონს ულდ (1746 წ.) თვესა იანვარსა დამარცხდა ანუკა ბატონიშვილი, ასული მეფისა ვახტანგისა, ქალაქსა, რომელი ჰყვანდა მეუღლედ აბაშიძეს ვახუშტის. მიიღეს სიონს შინა. შეწუხდა ფრიად დედოფალი თამარ, ვითაც დიაღ საყვარელნი დანი იყვნეს. ასე დაჭმუნდა დედოფალი, რომ სნეულებასა ფრიადსა მიეცა.
იქნა ისევ მეფედ იმერეთისად ალექსანდრე. გამოიხსნა თავი თვისი პყრობილობისაგან მაჩაბელმა იასემ მისაცემელითა ფრიადითა და მოვიდა ქართლად. აგრევე მოვიდნეს, ვინც ქართველთა შვილნი იყვნეს პყრობილნი ახალციხესა შინა. ჯარი გარდვიდა დიდი ლეკისა ჯავახეთს, გარდმოვიდის, დაჰკრის ქართლს, გარდავიდის, აგრევ მოვიდის, მოაოხრის საბარათაშვილო და გარდაიტანის საქონელი ჯავახეთს. გაგზავნა ბატონმა ზედგენიძე ლევან ამ ლეკებში. დაელაპარაკნენ შემოსარიგებლად, მისცეს ფიცი: „ჩვენგან არა დაგიშავდეთ რაო“. ვითაც ამ ლევანს ლეკთათვის მრავალჯერ ბელადობა ექნა და კარგად იცნობდენ, მივიდა ლეკებში, დაუწყო ლაპარაკი და მისცა ფიცი, წამოუძღვა ლეკთა, მოვიდნენ დადგნენ ტინის ხიდს. მოახსენეს ბატონს. მაშინვე უბოძა ულუფა და დააყენა მემანდარი, რადგან გვარძნილი გული აქვსთ ლეკთა და მტერნი არიან ქრისტიანობისა, აღარ ინებეს შემორიგება, გაიპარნენ ღამით და წავიდნენ, მიმართეს დაღისტანს. მოვიდა ამბავი, მოხსენდა ორთავ მეფეთა. უთავეს მოურავი ქისიყისა თამაზ, მხნე და მოუდრეკელი, კახეთის ჯარითა გაისტუმრეს, შემოეყარა სწრაფად ჯარი კახეთისა, ვითაც მუდმისად კახნი ომად გამზადებულნი არიან, აღარ დაიყოვნეს, აგრევ შემოიყარა ჯარი თუშეთისა მოურავმა ჯიმშერ და გარმოუდგნენ ლეკთა, მოეწივნეს ალაზნის პირსა. დაეიწივნენ ხმალდახმალ, დასცეს ლეკთა რისხვა ღვთისა. იმ დღეს გენახათ მოურავი თამაზ, ამასა ბძანებდით, ერთის კაცისაგან ძნელად შესაძლისი არისო. გაერივა შუბით და მრავალი კაცი დასცა, მაგრამ ეს უფრო საქებური იყო, რომ ასეთის სარდლობით შეაბა ჯარი, რომ ლეკნი სულ ამოწყვიტეს და ამათ ერთი კაცი არ მოუკვდათ. აგრევ ჯიმშერ მოურავი იბრძოდა მხნედ და აძლიერებდა ჯართა. ვინც კახთა თავადნი დაესწრეს ჯაბნად არავინ იყვეს, დასჭრეს თავი ლეკთა მრავალთა, ეგრე გამარჯვებულნი შემოვიდნენ ქალაქსა შინა და მოართვეს თავნი ლეკთანი, მეფეთა უიმედეს წყალობა ფრიადი მოურავს თამაზს და დარბაისელთა კახთა.
გაგზავნეს მცირეს ჯარით ფარსადან ციციშვილი მცველად გზებთა, დახვდა მომავალთა ლეკთა ნაშოვრითა და გაემარჯვა, დააყრევინეს ტყვე ანუ საქონელი, ჩამოვიდა ქალაქს. უბოძა ბატონმა ხალათი და უიმედა წყალობა.
მოვიდა ჯავახეთიდან ჯარი ლეკისა, წაახდინეს საბარათაშვილო, წაიღეს ურიცხვი. მოხსენდა მეფეს, გამოუსივა ჯარი, უთავა ზაზა თარხნიშვილი და აგრევ საბარათაშვილოს ჯარით გამოატანეს ბეჟან გოსტაშაბისშვილი. მოეწივნენ მანგლისს, დაერივნენ ხმალდახმალ, მრავალი თავი მოსჭრეს ლეკისა. აგრევ ცოცხალი დაიჭირეს ფრიადი, ჩამოვიდნენ ქალაქს გამარჯვებულნი. იამა დიდად ბატონს და დამოსნა ხალათით. გარდმოვიდა ჯარი ურუმისა და ლეკისა. ღამით ჩაიარეს ორბელიანთ მამულზე, ჩავიდნენ, დაკრეს ბაიდარს და მრავალი სული საქონელი წაასხეს, შეიარეს სომხითზე და გარდაიტანეს უვნებელად. მოვიდა კიდევ ურუმის ჯარი და ლეკისა. წაახდინეს ბამბაკი, მეფეს თეიმურაზს ბძანება და რაყამი ჰქონდა ხელმწიფისა, ადრიბეჟანს საცა ჯარი იდგა. რაერთიც დაებარებინა. მაშინვე შემოეყროდენ. გაგზავნა ჩაფარი სპასალართან, რომელი იდგა თავრიზს მუსტაფა-ხან, სთხოვა ჯარი რაოდენიცა ენება, რა მოუვიდა, კაცი მეფისა, მაშინვე გამოგზავნა ჯარი ყიზილბაშისა.
უკუდგნენ ოსნი ერისთვისანი და დაუწყეს ცემა ზემო-ქართლსა. გაგზავნა მეფემ ერეკლემ კაცი და დაიბარა ანწუხელნი, თებელნი და ყირახელნი ლეკნი, რომელნი მონებდეს კახ ბატონსა, აღასრულეს ბძანება და მოვიდა ჯარი ლეკისა, დააყენეს ავჭალას. მისცეს ულუფა, მცირეთა ხანთა შინა გაატანეს ბელადად მაჩაბელი და იასე ამილახორის შვილი და გაუსივეს უკუმდგართ ოსთა, ააოჴრეს ოსეთი და გარდვიდენ იმერეთს, საწერეთლოც წაახდინეს და მრავალი ტყვე წამოასხეს. ამ იმერეთის წახდენაში ბატონი არ ერივა, მაგრამ ოსეთის ნაშოვარი არ ეყოთ და იმერეთს მისთვის დაჰკრეს. ჩამოვიდნენ ნაშოვრით გორს ლეკნი.
დედოფალი ქართლისა თამარ, პირმშო ასული მეფისა ვახტანგისა, მოიცვა სნეულებამან ფრიადმან, შემოკრიბნეს აქიმნი ქალაქით ანუ სადა ესმნეს აქიმთა ამბავნი, ყოველივეს მოიწვივნეს. ეცადნენ ბევრის ღონისძიებით და ვერა კურნეს რა. იყვნეს მეფე თეიმურაზ და ძე მისი მეფე ერეკლე ფრიად ურვილნი და მწადნი აქიმთა გამოჩენისათვის და სენთკურნებად. დასნი სამღვთონი ანუ გუნდნი ერთანი ვედრიდენ მდუღრიად და სთხოვდენ ღმერთსა კურნებასა დედოფლისასა. არა ისმინა ღმერთმან და დაგვსაჯა ქართველნი ცოდვათა ჩვენთა მიერ და გვამხილა ურწმუნოება ჩვენი და მოიღო უწყალოება უჩინარმა და ანაზდად წარმტაცებელმა. ხოლო ადამისა ურჩებისა მომპოვნებელმა, მეფეთა უმაღლესმა და გოლიადთა უძალესმან და ნიჭთა დამცარიელებელმა და სიმაღლეთა დამამდაბლებელმა, ჯართა განმბნეველმა და გმირთა დამჯაბნელმან, ელვარეთა ზაფრან მქცეველმა და ვარდთა დამაჭნობელმან, ბროლთა დამმიწებელმა და ოქრო-ქსოვილთა დამძაძებელმან, გვირგვინ-სკიპტრა დამნარცხებელმა და პორფირ-ბისონ გამშვენვებელმან, ლხინ-ყოფა გამცუდებელმა და ნათელთა დამბნელებელმან, ენათა დამადუმებელმა და სახედველ დამაშრტომელმან, ბრძანებადმან მიწადმიქცევისამან და არ მრიდმა მეფობისამა მისცვალა ამიერ სოფლით დედოფალი კეთილმორწმუნე და წარივლინა წინაშე უფლისა. მეფე ცხებული და ძე მათი სასურველი მეფე კახეთისა ერეკლე და პირმშო ასული მეფისა, ნათლით მოცული ანნა იფხვრიდნენ თმათა და იტყებდნენ თხემთა, მიეყენეს ფრიადსა მწუხარებასა, წაასვენეს მცხედარი დიდსა სამეუფოსა ეკლესიასა მცხეთას, მისდევდეს ქართლისა და კახეთის ჯარი, სრულიად დარბაისელნი ანუ ჯალაბნი დარბაისელთანი, ყოველნივე მცემელნი თავთანი და მხეველნი საყელოთანი, მდუღრიოდენ ცრემლთა მიღებით. მიიღეს აღსავლის კარისა ჩამოსწორ, იქავ წინ, შუა გულობასა, ქართლსა და კახეთში რაც სამღთო დასნი იყვნეს, ყოველივე იქ შემოკრებულიყვნეს. ანტონი კათალიკოზმა განადიდნა ყოველივე იმ დღის წესნი, ეგრე ხარისხი მაღლობით მიიღო, დაბძანდა ბატონი საბნელოსა შინა, იყვის თხუთმეტამდის ტირილი და ვაება გაუწყვეტლად და რა თხუთმეტი გარდასწყდა, წამობძანდნენ ქალაქს, მოიფლოსვნენ ყოველნი შავთა ძაძათა მიერ. იყო ყოველგან წუხილი უზომო, რომე მეტი აღარ ეგებოდა. გაგზავნეს ჩაფარი და აცნობეს ყაენს დედოფლის მიცვალება, რადგან ხელმწიფეს მრავალჯერ ენახა და დიდი პატივი მიეცა, შეწუხნა ფრიად.
ჩამოიტანეს ლეკთ ნაშოვარი ოსეთისა და იმერეთისა ტყვე ურიცხვი, არა ინებეს მეფეთა მორწმუნეთა ტყვეობა ქრისტიანეთა. უბოძეს ლეკთა თეთრი, რაცა ენებათ და გამოართვეს, რაცა ტყვე ყვანდათ და განუტევეს და განათავისუფლნეს სრულიად, მიუხდნენ ლეკნი ლორეს, ცალი მხარე ქვეყანისა და ტაშირი სულ წაახდინეს და წავიდნენ უვნებელად.
ამისა შემდგომად მოუხდენ დმანისის ციხესა ურუმნი ლეკთა რეულნი, ასეთი იერიში მოუტანეს, რომ ციხის კარს მოახლოვდენ, გავიდნენ დმანისიდამ მებრძოლნი, დაერივნენ შიგ და დააქცივეს და ცოტა რამ საქონელი მინდვრიდამ გაიტაცეს და სხვა ვერა ავნეს რა ციხოვანთა.
მოვიდა ყაფლან ორბელიანი ხელმწიფიდამ, მოუტანა ბატონს რაყამი წყალობისა და ებძანა: „ვითაც შენ გწადდეს, ეგ ქვეყანა ისე მამსახურეო“. ამ ბრძანებით რაც ქვეყნისაგან ვექილებს თეთრი აეღოთ, ნახევარი ისევ ბატონმა მიაცემინა ქვეყნის კაცისათვის. ხელმწიფეს ყაფლანისათვის ხალათი ებოძა და ეშიკაღაბაშის ნაიბობა და ოცდახუთი თუმანი თეთრი ჯამაგირი.
მოვიდა ჯარი ყიზილბაშისა, რომელი დაებარებინა ბატონს ადრიბეჟანის სპასალარისაგან, მიაგებეს ყაფლან და დააყენეს ყოშაქილისას. ეთხოვა ხელმწიფეს ასსამოცდაათი ნოქარი ჯაბახანის ამალად და ასოცი ახალი ვაჟკაცი თვისა მახლობელ ეულად, გაწერეს ყოველგან ქვეყანათა ქართლისათა და გაისტუმრნეს ხელმწიფესთან. ხელმწიფეც ქალაქიდამ გამოსულიყო ადრიბეჟანის ქვეყანაზე, წარმოემართა ხონთქრის ელჩიც, მოსულიყო დიდის სიმდიდრით და თავრიზს ელოდა. წაბძანდა კახი ბატონი კახეთს, შემოეყარა ჯარი კახეთისა და მინდობილნი ლეკნი ანწუხისა და მთის ჯარი სრულიად და ჩამობძანდა ქალაქს, შემოიყარეს ქართლის ჯარიც. კახეთის ჯარი დააყენეს ავჭალას და ქართლის ჯარი -- ლილოზე. წავიდა სულხან ორბელიანი მცირეს ჯარით, დაჰკრა არტაანის ქვეყანას და მრავალი ტყვე და საქონელი წამოიღო. ვინცა მტერი გაუჩნდათ, რისხვა ღმრთისა დასცეს, მრავალი ურუმი ამოწყვიტეს და გარდმოიტანეს ურიცხვი საქონელი ქვეყანასა ქართლისასა. წაბძანდა კახი ბატონი კახეთის ჯარით, მიბძანდა ანანურს. ორსავ საერისთაოსნი დიდად ავკაცობდენ, არც ბეგარას აძლევდენ და არც მოხელე შეუშვეს. ამათი წახდენა ინებეს, მოსწერა მამას წიგნი მეფემ ერეკლემ და დაიბარა. წაბძანდა მეფე თეიმურაზ ჯარითა ქართლისათა. მიბძანდა ვანათს, ორისავ გზის მხრები შეუკრეს, რომ მიმშველი აღარავინა ჰყვანდათ.
აიყარა კახი ბატონი ანანურით, წაბძანდა ოსეთზე, არაგვის ერისთვის ჯარს ჯიმშერ თუშთ მოურავი უთავა და მეწინავენი მიიმძღვარა, მემარჯვენე და მემარცხენე განაწყვნა და თითონ ბატონი უკან-უკან მიჰყვა, მოეგებნენ ოსნი და შეიქნა ომი, ვითა ხვდებოდა სიმხნე სიკეთესა მისსა, ჯიმშერ ეგრე იბრძოდა და ჯარსაც აბრძოლებდა, მიბძანდა ბატონიც, დაერივნენ ხმალდახმალ, გააქციეს ოსნი და მიჰყვნენ, შეჰყარეს კოშკებში და შემოადგნენ კარს. განაძლიერა ჯარი მეფემ ერეკლემ, აღუთქვა მისაცემელი, უბძანა იერიში, რასაც კოშკს იერიში უყვეს, მაშინვე გატეხეს. ორმოცი კოშკი აიღეს, დაწვეს, თრუსი დაატყვევეს და ყოვლის გზით ყათლანი უყვეს, რომ რისხვა ღმრთისა დასცეს. როგორც ვახტანგ გორგასალ თხუთმეტის წლისა მბრძოლი ოსეთში და დამჯაბანი ბუმბერაზთა, ეგრე მეფე ერეკლე უმხნეს იქცეოდა. ასაკითა იყო მცირე, რომელსაც საქმეს და ან ძნელსა საბრძოლსა მოინდომებდა, წინ ვეღარავინ აღუდგებოდა. სხვა სიკეთე-სიმშვენიერე და საკადრი ხელმწიფობისა ძეობისად ქცეულობა ანუ საღმრთო სურვილი ანუ საეროდ ზნესრულობა მეფის ერეკლესი, ვითა მოითვლების და ანუ ხმალთა რიცხვსა შინა შემოვალს. ჩამობძანდა გამარჯვებული ანანურს, დაიჭირა ვინცა-ვინ ბეჟან ერისთვის სისხლში რეულიყო. ზოგი გამოუგზავნა მამას და იქ ბატონმა დასთხარა თვალები და სხვა, ვინც აქ დარჩა, კახ ბატონმა დასთხარა თვალები და ცოლ-შვილით აჰყარა და კახეთში გაისტუმრა. რა ეს ამბავი და არაგვის ოსის წახდენის ამბავი შეიტყვეს ქსნის ერისთვის ოსთა, მოვიდნენ მაშინვე ვანათს და შემოეხვეწნენ მეფეს თეიმურაზს, ყოვლის კეთილის საფუძველსა და მოსთხოვეს დანაშაულის ფარვანი და მოსცეს სრული ბეგარა.
მოუვიდა ორსავ ბატონს რაყამი ხელმწიფისა, დედოფლის მიცვლისათვის ნუგეში დიდი ებძანა, და ხალათები შავის გამოცვლისათვის და ათასი თუმანი ებოძა. მოუვიდათ წყალობა ესე, რაც სიმწუხარეს შეეფერებოდა. დიდად განიხარეს მეფეთა და გამოიცვალეს შავი და აგრევე ვისა ემოსნეს შავნი ქართველთა ანუ კახთა, აგრევ ხელმწიფის ომალი და მოხელენი, ვინც ქალაქში იყვნეს, ყველას თალხი ეცვნეს, სრულობით ყველას ბატონმა ხალათი უბოძა. ჩამობძანდა კახი ბატონი ქალაქს და უბოძა ჯარსა კახეთისასა დასტური, დედოფალი კახეთისაც ქალაქს ბძანდებოდა და აღარც თითონ წაბძანდა.
წავიდა სულხან ორბელიანი საბარათაშვილოს ჯარით და კახეთის ჯარიც მცირე რამ გაჰყვა. ვითაც ცოტა ხანს სულხანს ახალციხის ქვეყანაში დაეყო, ბელადობა იმ ქვეყანისა კარგად იცოდა და სიმხნე და სიმამაცეც არ აკლდა, მივიდა ყარსის ქვეყანას. ქართლის ჯარისაგან ოსმალუს ქვეყანა ასე შეშინებული იყო, რომ ყოვლის ქვეყნის კაცს ციხესა და სიმაგრესა შინა მიემართნეს, ყარსის ციხეს მახლობელ ციხე იყო მაგარი და ძველთაგანვე თლილის ქვით გაკეთებული, რობ მის ციხის სიკეთეს ყოველი მნახავი აქებდეს, რომელსა ეწოდებოდა ციხე ზარიშატისა. რა მივიდნენ, ჯარი სრულიად გარს შემოახვივა, დაუწყეს ომი ფიცხელი და უყვეს იერიში. ვითაც საბარათაშვილოს ჯარი მეწინავედ გამზადებულნი არიან და ომთა ფიცხელთა მიუდრეკელნი, მივიდნენ მეწინავედ, გაბაშვილის ყმა იყო შვილი თამაზა, პირველსავე მოსვლაზედ მიიდგა კიბე და გარდაიჭრა ციხეში. მარტო რა ჩავიდა შიგ, სამი კვალდაკვალ მოკლა და რამდენიმე დააწყლულა. ართმევდის შიგნით ციხის მეომართა იარაღთა და ყრიდის გარეთ ჯარსა შინა. რა დაშვრა ომისაგან, მოკლეს, მივიდნენ ჯარი საბარათაშვილოსი, მიიდგეს კიბეები ყოველთა და გარდუცვივდეს ციხეში, აიღეს ციხე, უყვეს ყათლანი და იავარ-ყვნეს საქონელი უთვალავნი. გამოუძღვა სულხან ორბელიანი გამარჯვებულთა ჯართა და გარდმოვიდნენ ქვეყანასა ქართლისასა უვნებელად, გაუსივა ჯარი მეფემან თეიმურაზ ახალციხის ქვეყანასა, უთავა ყაფლან ორბელიანი, მოაოჴრეს ახალციხის ქვეყანა და სადა მტერთ აუჩნდათ, რისხვა ღმრთისა დასცეს. ვითა ორბელიანნი ბატონის ერთგულობისა და სამსახურზედ თავდადებულნი არიან და მამაცობისა მიუდრეკელნი, ეგრე ყაფლან უმხნეს იქცეოდა, გარდმოვიდა უვნებელად და გარდმოიტანა ურიცხვი ყვე ანუ საქონელი, ჩამობძანდა ბატონი ქალაქს და შეიქნა მზადება ქორწილისა. წავიდის ჯარი ბორჩალუსი, მოაოხრის ყარსის ციხის აქეთ ქვეყნები და მოიტანეს საქონელი ანუ ტყვე ფრიადი.
აგრევე გარდმოვიდოდა ჯარი ურუმისა და ლეკისა, რომელნიც იდგნენ ახალქალაქს, მოარბივიან ქართლის ქვეყანაც, აქედამ წავიდის ქართლიდამ მარბიელი, მოაოხრიან ახალციხის ქვეყანას, იყვო ორგნითვე ცემა და ომი, აოხრდა ყოვლი ქვეყანა, თუ არ ციხეთა და სიმაგრეთა ადგილთა, ვერსად დადგიან ვერც ყარსის კაცი და ვერც ახალციხისა ქვეყნებისანი. მპყრობელმან ქართლისამან და რტომან დავითისამან, უბრძნეს სოლომონისამან და საფუძველმან რჯულისამან, კიდის კიდემდი სახელგანფენილმან, ცნებით გვირგვინოსანმა მეფედ-მეფემან თეიმურაზ მიანიჭა წყალობით თანად ერთგულსა, მეფეთა სახლშვილობითა ხსენებულსა, გვარდიდებულსა და მაღალ ხარისხობით ჩინებულსა მუხრანის ბატონს კოსტანტინეს სახლთუხუცესობა თვის დიდებულისა სახლისა და მიანდო ყოვლი შემოსავალი სახლისა თვისისა, მისცა ბძანება სახლთა, აგარაკთა თვისთა ზედა და აუფლა ყოველთა. ვითა შვენოდა სიმხნეს სიბრძნესა მისსა, ეგრევ უმეტეს იქცეოდა კოსტანტინე და განაგებდა ყოველთა წესქცეულებათა საკადრ დარბაზისათა. ვითაც დიდი ხანი იყო ქართლის ქცევა და მეფეთა რიგი გარდაცვლილიყო. ამან იგულსმოდგინა და ისევ პირველსავე საზღვარსა დააწესნა ყოველნი რიგნი დარბაზისანი, ამით უფრო გულდაჯერებულ იყვნეს ერთგულობასა სახლთხუცისასა, რომ მეფე ერეკლე ემძახლა და ასული კოსტანტინესი ძისა თვისისათვის მოიწოდა და ყოვლითურთ მოელოდა უმეტესსა პატივსა აღწევნასა.
ჩამოვიდა კახეთში დიდი ჯარი ლეკისა, მიუხდენ თუშეთს, ბევრი ავნეს, ჩამოვიდა ამბავი, მოხსენდა ბატონებს, მაშინვე წაბძანდა კახი ბატონი კახეთს, მიეშველა თუშეთსა.
მისწერა მეფემ ხელმწიფეს არზი შანშე ერისთვის შებრალებისა. ვითაც ჩვენის მეფის სიტყვას ყაენი ჯეროვნად ისმენდა, ებოძა მაშინვე შანშე ერისთვისათვის ასი თუმანი ინამად. იდგა შანშე ქალაქში ცოლ-შვილით და ქსნის ხევს პატრონობდა ქართველი ბატონი.
მაღალმა და ღმრთისა მიერ დამყარებულმა, ცხებით გვირგვინოსანმა, კეთილსათნოებისა საფუძველმა მეფემან თეიმურაზ მოიწოდა თვისად მეუღლედ და დედოფლად ქართლისად ანნა-ხანუმ, ასული ბეჟან იოთამისშვილისა, რომელი ნათესაობდა მეფეს იასეს დედი-და-შვილობითა. ესე ყოველთა ბანოვანთა შორის უმეტეს აღცისკროვნებული იყო და სხივსა მისსა მზისა შარავანდედი ბნელ ექმნა, შვიდნივე მნათობნი ცისანი მონებად დავრდომილიყვნეს და სიბრძნისა მიერ გონება აღზენავ-აღესრბლო და კვალად მრჩობლითა კეთილითა შეზღუდვილი წარიყვანა პატრიარქმან, ბატონიშვილმა ანტონიმ სახლად თვისად და შემწე ექმნა უხუცესი ძმა მისი ბატონიშვილი არჩილ, ძე მეფის იესესი, რათა ნათესაობისა მიზეზით თვისისა სახლით მოსცენ. ამისა შემდგომად მიბძანდა მეფე, ვითა ქორწილის წესი იყო და წარმოიყვანა პატრიარქის სახლით სახლსა დალიჭოვანსა, ჰკრეს ქოსთა და ნაღარათა და სპილენძ-ჭურთა, მორთვნეს ქალაქნი და უმეტეს-რა სამყოფი მეფისა მოფარდაგნეს ოქსინოთა ოქრო-ქსოვილითა და მოაბრწყინვეს ყოველი ლამპრითა საბრწყინვალოთა. ისხდნენ მგოსანნი და აქებდენ მეფეთ-მეფეს თეიმურაზს. იყო ლხინი და განცხრომა დღესა რვასა და იყვნენ ქართველნი მწად ქართულთა ლხინთა გამოჩენისათვის, იყვნეს ყიზილბაშნიცა წვეულნი, ხანები, ათასისთავნი და მოხელენი ხელმწიფისანი და მოსწონდათ ყოველი რიგი და ლხინი ქართლისა. განსრულდა ქორწილი აგვისტოსა, ქორონიკონს ულდ. მოუვიდა მეფეს თეიმურაზს ხელმწიფიდამ ქორწილის შემოსაწევრად ოქრო, ვერცხლი ანუ ლარი ურიცხვი.
მოვიდა აბაშიძე ზურაბ, უხუცესი ძმა ვახუშტისა, რომელი იყო სიძე მეფის ვახტანგისა ვახუშტი და ერთგულობა უბოძა, დაარწმუნა, მეფეს თეიმურაზს ამისდა სამუქაფოდ უბოძა ქუფნის ხევი, რომელი არის სამზღვარ ქართლისა და იმერეთისა, მკვიდრი მამული ქართველის ბატონისა.
ქალაქში მყოფი ყიზილბაშის ჯარი დაებარებინა ხელმწიფეს და მისდა სანაცვლოდ გამოეგზავნა ათასი ავღანი და მოეცა მეფის თეიმურაზისათვის ჯარად: „როგორც ქართლის ჯარი, ეგრე იმსახურეო“. რა მოვიდნენ, ასე მონებდნენ, ვითა თვისი მისანდო ყმანი ყოფილიყვნეს.
გამოვიდა დაღისტნით დიდი ჯარი ლეკისა, ამას თაობდა სურხავისა შვილი. დადგნენ ბელაქანში, იტყოდენ: „თხუთმეტი ათასი კაცი იყოო“. დაუწყეს კახს ბატონს ლაპარაკი: „შეგვირიგეო და ყაენს ხმალი დავკრათო, და თუ არ შეიგვირიგებო, კახეთსაც წავახდენთო და ქართლსაცაო“. ეს მათი შერიგება, დიაღ, შორს დაიჭირეს კახმა ბატონმაც და ქართველმა ბატონმაც. რასწამს ეს ამბავი გაიგონა, ქართველი ბატონიც ქართლის ჯარით კახეთს გაბძანდა და ორნივ მამა-შვილთ გაუგზავნეს კაცი სურხავის შვილთ და გამოსთხოვეს ომი. აღარ იყოვნეს ლეკთ, პირველ მოუხდენ ქისიყს. მაშინვე გავიდნენ ქისიყელნი, მოურავი იყო თამაზ, მხნე და გოლიათი და მოუდრეკელი. დაერივნენ ხმალდახმალ, გააქცივეს ლეკი, მიყვნენ ალაზნის პირამდის ხოცით, ვეღარ შემაგრდენ ლეკნი, ამით რომე ვერც ბატონების პირი აიღეს და პირველ კიდეც დაუმარცხდათ. ჩავიდნენ შამახიას და ქართლი და კახეთი დაიცვა ღმერთმან უვნებელად. ქართლისა და კახეთის ქვეყნები ასე აყრილიყო, რომ უსიმაგროდ და უციხოდ აღარსა ვინ იდგა. გამოვიდნენ ყოველნი ისევ თვისავე სამყოფსა და მადლობდენ ღმერთსა. გაგზავნეს ხელმწიფესთან სარდალი ქაიხოსრო ჩაფრად და მოახსენეს ამბავი ქართლისა და მისლვა ლეკისა.
წაბძანდა ქართველი ბატონი კახეთიდან, მობძანდა ქალაქს, ამისა შემდგომად გაგზავნეს ქისიყის მოურავი თამაზ ხელმწიფესთან, ლეკზე გამარჯვება და გაქცევა მოახსენეს.
გამოვიდა რუსის ელჩი ყაენთან მოსასვლელად, მოუვიდა ბძანება კახ-ბატონს, მეფეს ერეკლეს: „ქართლისა და კახეთიდამ ათასი კაცი აარჩივე და წინ მიეგეგეო“. შექმნეს მზადება ქართველთა და კახთა. წაბძანდა მეფე ერეკლე ათასის კაცით რუსის ელჩის წინ საგებლად, ქართველი ბატონიც თან გაყვა ყაზახამდის და იქიდამ დაბრუნდა, მობძანდა ქალაქსა თბილისისასა. რა ჩაბძანდა მეფე ერეკლე, მოუვიდა ბძანება: „ისევ დაბრუნდიო“. სხვა ჯარები მოეგებებინათ და ამისთვის მურახასი ექნათ, დაბრუნდა განჯის მინდვრიდამ, მობძანდა ლხინ-შექცევითა.
მოვიდა სარდალი ქაიხოსრო, ებოძა ხელმწიფეს ხალათი მძიმე და ინამად ორმოცდაათი თუმანი, გამოეგზავნა ბატონისათვის თეთრი ათასი თუმანი და რაყამი დიდის წყალობისა. ეს ამბავიც მოვიდა, ხონთქარი და ყაენი შერიგდენ. მოვიდა ახალციხით ყაზახის სულთანი, რომელი იყო პატიმრად სუფან-ვერდი-ბეგ. უბოძა ბატონმა ხალათი და უიმედა წყალობა, უბოძა ისევ სულთანობა ყაზახისა.
მოვიდა ხელმწიფიდამ ქისიყის მოურავი თამაზ, მოუტანა კახს ბატონს რაყამი დიდის წყალობისა.
მოინება მპყრობელმან ქართლისამან, მეფემ, ცხებულმან თეიმურაზ, ნადირობა ყარაიისა. მოიწვივა ძე თვისი, მეფე კახეთისა ერეკლე კახ-დარბაისლით. წაბძანდნენ ქალაქით, თვესა იანვარსა, ქორონიკონს ულე (1747 წ.). რა ჩაბძანდნენ ნაგებში, განაწესნეს ყოველნი რიგნი ნადირობისანი და განაწყვნეს ჯელგა, ვითა წესი იყო, ინადირნეს პირველნი ტყენი და მოწყვიტეს ნადირნი ურიცხვი. ამისა შემდგომად გაისტუმრეს ჯელგა ღამით, გაუმძღვარეს პაპუნა გაბაშვილი, შემოარტყა მინდორსა ყარაიისასა და მიბძანდნენ ბატონებიც ღამითვე, წესისებრ ცისკრისა ჟამსა დაყვსნენ. დიდი ჟამი გარდაცვლილიყო და ყარაია აღარავის ენადირა და ქართლი ასე წამხდარიყო, რომ მშვილდ-ისართა შოვნა გაუჭირდათ ქართველთა. უბძანა ბატონმა: „ვისაც მშვილდი არა ჰქონდეს, ხის მშვილდები დაიკეთონ, იმით დადგნენო“. ყველამ დაიკეთეს მშვილდ-ისარი ხისანი და ის ეჭირათ. წესი იყო ყარაიის ნადირობისა: თოფით კარზე ჯერანს ვერავინ მოკლევდა. დაიწყო დენა ჯერანმა, რომ რიცხვი არა ეგებოდა. მოკლეს ბატონებმა კარზე ჯერანი. აგრევე ამოწყვიტეს ქართველთა და კახთა ურიცხვი, გაიყარა ნადირობა, მიბძანდნენ ბატონები, ჩამოხდენ სევანსა შინა, მიართვეს ყოველთა ჯერანი, აღწერეს მდივნებმა და მას დღეს მოკლულიყო სამასი. დასხდნენ მეჯლისად, ნახეს ლხინი უზომო, დიდად მხიარულად ბძანდებოდნენ ბატონები ორნივ, ამით რომ დიდი ხანი გარდაცვლილიყო, ყარაია არავის ენადირა. კარგადაც შეექცნენ და ხელმწიფეც მწყალობელი ჰყვანდათ და ეგრე თვისად ნებად იქცეოდენ. გაბძანდნენ მტკვარს, ინადირეს ჭალა, გამოვიდა სიმრავლე ღორთა. მას დღეს შვიდი ქართველმა ბატონმა მოჰკლა ისრით ღორი და ხუთი კახმა ბატონმა, ამოწყვიტეს, რომ ერთი ამისთანა ნადირობა და შექცევა არას ქართველის ბატონის დროს არა ყოფილიყო. გაისტუმრეს ნადირნი უთვალავნი ქალაქსა და კახეთს. იყო სიხარული ფრიადი, მობძანდნენ ბატონებიც ქალაქს, დაიდვეს ნადიმი და გარდაიხადეს ლხინი. უბოძა პაპუნა გაბაშვილს ხალათი მძიმე, ვითაც კარგა გაისარჯა და შეაქცივნა მეფენი, აგრევე, ვინ გაბაშვილი ახლდა, ყველანი დამოსნა ხალათით და უიმედა წყალობა პაპუნას.
მოვიდა იასაული ხელმწიფისა და დაებარებინა ქართლისა და კახეთის ომალები, მაშინვე წაასხეს მირზა-იბრეიმა, რომელი იყო ვეზირი ქართველის ბატონისა, ვექილები, ვეზირი მუსტაფა, ყოველივე მოხელენი ქართლისა და კახეთისანი, ბატონმა თვისი მეითარი ზურაბ თან გაატანა. რა მოახლენ ვარსკვლავთაგან უმრავლეს ჯარსა, მოხსენდა ხელმწიფეს შაჰნადირს, რომელს ახლა ეწოდებოდა შაჰანშაჰ. მაშინვე მოასხმევინა ომალები დათვით გაიკითხა, არბაბი დაერქმივა, ყოველს ქვეყანას უმრავლეს თეთრს შეაგდებდის, ართმევდის და აღარიბებდის, ამის გამო ქართლზედაც ეძებდა მიზეზსა, რათა თეთრის ჯარიმა დაედვა. კითხა ომალებს: „ქვეყანაში ან ხანებმა და ან ქართლის დიდრონმა კაცმა რა შეჭამესო“. ამათ ყოველთა არარაი იცოდეს და ვერა მოახსენეს რა. რაც ქართლს სახელმწიფო ხარჯი ედვა, ის როდის გამოდიოდა ან მეხუთედი, რომ მეტი ვისმე შეეჭამა. არ მოეშვა ხელმწიფე კითხვისაგან, გაუწყრა და თითო თვალი მოსთხარა. წადგა ყაზახის ვექილი, რომელი ქართლს ვექილად იჯდა და ქართველსა და კახს ბატონს ქართლისა და კახეთის დიდრონს კაცებს ყველას არბაბი დაუწერა, მაგრამ არც ეს იყაბულა, თითონ გააკეთა არბაბი ქართლსა და კახეთზე, ორასი ათასი თუმანი დააწერა და ქართველის ბატონის ვეზირს მირზა-იბრეიმას, ვექილებს, ვეზირს მუსტაფას, ყველას, თუ რამ ჰქონდათ, წაართო. ორსავ თვალების დათხრა ბძანა. დათხარეს ყველას და ეგრევე ბრმანი ქართლში გაისტუმრა. მოვიდა ზურაბ მეითარი და მოიტანა ეს ამბავი და რაყამიც ჰქონდა, რომ ქართველის ბატონისათვის ებძანა: „ეს თეთრი მზად დაიჭირეო სამასი ათასი ყიზილბაშისათვის“. ამ თეთრის იასაულობა ებძანა, კახი ბატონიც ქალაქს ბძანდებოდა. რა ეს ამბავი მოისმინეს, დიდად შეწუხდენ, აგრევე ქართველნი და კახნი ჯავრისაგან შეწუხდნენ, არჩივეს, მაგრამ ამის მეტი ღონე ვეღარ დაიდვეს, რომ გაცლის მეტი გზა აღარა ქონდათ რა. აიყარა მეფე ცხებული თეიმურაზ, ერთპირ თან გაჰყვა ბატონიშვილი აბდულა-ბეგ, ერთპირ აგრევე პატრიარქი, ბატონიშვილი ანტონი ეპისკოპოსით და ყოვლის სამღვდელოს დასით და ქართველნი ყოველნი, ვინა ქალაქსა შინა სახლეულად იდგნეს. ეს ყოველნი გაყვნენ ბატონს. ქალაქის მელიქი აღარ აიყარა სახლით, აგრევ მოქალაქენი, რომელთაც შეეძლო. უფროსი აიყარა ქალაქსა და წავიდნენ. მიბძანდა ბატონი და დადგა ანანურს, ეს ყოველნი თავადნი ანუ მოქალაქენი დააყენეს თვისთან და არა რომელი გაუშვა თვისა ადგილსა. ორბელიანს, სარდალს ქაიხოსროს უბოძა ახალდაბის ციხე, მიიყვანა ცოლ-შვილი და დააყენა მას შინა. სარდალი ქვეშის ციხეში იდგა ერთპირად, ბატონი მიბძანდა ანანურს, ბძანებითა მეფისა გამოგზავნა ძე თვისი რევაზ და აყარა და მიიყვანა სახლეულნი თვისნი ციხესა ახალდაბისასა. ვინა ორბელიანთ სახლის შვილნი იყვნეს, ყოველნი სახლეულით ბატონს გაყვნენ, რადგან თვისა ქვეყანასა შინა აღარავინ ეგულებოდათ. ქვეყანა ასე ირყეოდა ყაენის შიშისაგან, რომ ქართლის ქვეყანაში გამაგრების იმედი აღარავის ჰქონდათ, მაგრამ პაპუნამ ორბელიანმა და ყაფლან თავისის მამულის დაკარგვას ისევ თავისის თავის წახდენა ირჩივეს, გამოსთხოსვეს ბატონს ფირმანი და წამოვიდნენ თვისსა მამულსა შინა. მოვიდნენ პირველ ხრამისა ხეობასა შინა და სადაც ციხე იყო ანუ გალავანი, გაამაგრეს და მისცეს იმედი: „თუ რომელი ამბავი მოხდეს მტრისაგან, თქვენთან დავიხოცებითო“. მის მეტი ღონეც აღარა ჰქონდათ, რადგან ბატონს მოშორდენ თავისის მამულის გულისთვის, უსიკვდილოდ გაშვება აღარ ეგებოდა. აიყარნენ სახლეულითურთ და მივიდნენ თვისსა სამკვიდროსა ციხესა დმანისისასა. აჰყარეს მამული თვისი და შემოკრიბეს ციხესა შინა, აგრევე აჰყარეს ტაშირის ქვეყანა და შემოიყვანეს ციხეში. იყვნენ პაპუნა და ყაფლან ორბელიანი დღედაღამ მატებასა სიმაგრესა ციხისასა და აძლიერებდენ ყმათა თვისთა და ყმათაც ეს ეიმედებოდათ, რომ რახან ცოლ-შვილით ესენი აქ დაიგულვეს, გული დააჯერეს ერთგულობასა ზედა, რადგანაც ყაენს ლორის ხანისათვისაც არბაბის თეთრი ბევრი ეთხოვნა და გასცლოდა ხანი ლორიდამ. დარჩომილიყო ქვეყანა უპატრონოდ, მოვიდნენ ქეთხუდები ლორისა დმანისს და შემოეხვეწნენ ამათ: „ჩვენ მუდამ ორბელისშვილთ ოჯახის შემწეობით ვდგომილვართო და ახლა ასე უპატრონოდ ვართო და მოგვიარეთო“. წავიდა მაშინვე ყაფლან ჯარით და შევიდა ციხესა ლორისასა და დამშვიდნა ქვეყანა ლორისა. შეაყენა კაცნი თვისნი ციხესა და თითონ მოვიდა დმანისს. გაგზავნეს კაცი და სადა ლეკი იყო ქართლის ქვეყნებში, რომ, დიახ, ბევრს ახდენდნენ და წინააღმდეგიც აღარავინ ჰყავდათ. ეს ლეკის ჯარები სულ შემოირიგეს და დმანისს მიიყვანეს, რაც უფროსი კაცნი იყვნეს, დამოსეს ხალათითა, მისცეს ჯარს ულუფა და დააყენეს სოფელსა ჩინჩახურს, ციხისა მახლობელ და აღარსად გაუშვეს ლეკნი სამტროდ, ინახავდნენ თავისის მამულით და არასა აწუხებდენ ქვეყანათა. აგრევე გამაგრდენ მყოფნი ქართლისანი ციხეში. ვისა ჰქონდა და ვისა არა ჰქონდა, ერთმანეთში იხიზნებოდენ. კახეთი მთლივ ოთხ თარაფად გაკეთდა და ოთხი სიმაგრე გააკეთეს: ერთი კალაურის მთა, რომ თითონ კახი ბატონიც იმაში დგებოდა და მეორე ბოჭორმა, მესამე ლოპოტის მთა, მეოთხე თიანეთისაკენ, აგრევე ყოველნი მყოფნი ქართლისანი და კახეთისანი იყვნენ მზადებაში საომრად და მოელოდენ ჯარსა ყიზილბაშისასა, ბძანდებოდნენ ბატონები ანანურს, ამა ყოფასა შინა გორს ისევ ავღანის ჯარი იდგა. რა ეს ამბავი მოესმათ და ბატონების ანანურს მიბძანება, დაცალეს გორის ქალაქი და ავიდნენ, გაამაგრეს ციხე გორისა, ხალხიც აიყარა და მთებში შევიდა, შემოიყარა მეფემ თეიმურაზ მთების ჯარი, აგრევე ქართველთა და მიბძანდა გორს, დაუწყო ავღანის ჯარს ლაპარაკი, მაგრამ ნებით არ დააცალეს, ბატონს თოფხანა არ ახლდა, ამით ციხის აღება საჭირო შეიქნა. ამაში ქსნის ხევის ჯარი მიესივა გორის ქალაქსა და აიკლეს. ვინც მთის ჯარი იყო, ყველას დაუწყეს გლეჯა და ოხრება. ეცადა ბატონი, მაგრამ ჯარი დიდი იყო და მერე დიდი ხანი გამოსულიყო რომ ქართველის ბატონის მორჩილება აღარ ექნათ, ვერ დააშლევინეს, აიკლეს, რაც დაახელეს. საყდრები ააოხრეს, მრავალი ხატი დაამტრივეს. აღარ დადგა ბატონი და წაბძანდა ისევ ანანურს, უკუსდგომოდა ამ ყაენს მთლივ ადრიბეჟანის ქვეყანა. რა მისლოდათ მეფე თეიმურაზ, ქართველთ და კახთ სულ უკუდგნენო, განეხარათ დიდად.
მოეწერათ ერევნის ხანსა და სულ იმ ქვეყნის უფროს კაცთ ბატონისათვის არზი: „და რახან თქვენ ეგ საქმე გიქნიათო, ჩვენ თქვენს ყმასავით გვიმსახურეო. საცა გეპრიანებოდეს, ჩვენს ჯარს იქ გაახლებთო“. ბატონმაც ამისი შესაფერი პასუხი მისწერა და გაისტუმრა კაცი, სამის თვის წინათ სპასალარი ამირ-ასლან-ხან მოსულიყო დიდის ჯარით და ერევანს ადგა. იყო ყოველდღე სროლა ზარბაზანთა და ყუნბარათა, მაგრამ ვეღარა ავნეს რა ციხესა ერევნისასა. ამ ქართლისა და კახეთის უკუდგომაზედ კიდევ უფრო გამაგრდენ. ჩასლოდა ამბავი შაჰ-ნადირ ყაენსა, რომელსა ახლა ერქვა შაჰანშა: „მეფე თეიმურაზ და მეფე ერეკლე უკუგიდგნენო, დაცალეს ქართლი და კახეთი, მთებში ავიდნენ“. მიეცა ფრიადსა შეჭირვებასა, გამოუსივა მაშინვე ჯარი დიდი, მაგრამ ისევ დააბრუნა გზიდან ამისთვის, რომ ბევრჯელ ენახა ქართველთა ხმალი და თავისი საწადელი ქართლში ვეღარ აღასრულა. თითო თავადი ქართლისა უკუდგის და ერანის ჯარი ამოწყვიტის, ხაზინა რამდენი გააფუჭის და ძლივ ისევ ქართლის ჯარით დაიმორჩილის. ახლა ქართლი და კახეთი ორივ ერთად გაერთებით გაუდგნენ, რას დააკლებდა. მერე მეფის თეიმურაზის სახელი ასე გაფენილიყო, რომ ერანში ერთმანეთისა საქადურად და საყვედურად ამისი სახელი ჰქონდათ.
მოუვიდა ბატონს ჩაფარი ყაენისა, მოეწერა რაყამი სიტკბოებისა და წყალობისა. თხუთმეტი ათასი თუმანი რომ მეფე თეიმურაზისათვის ეთხოვნა და ათი ათასი თუმანი მეფე ერეკლესათვის, ეს თეთრი ეპატივებინა და ქვეყნის თეთრისაც ებძანა: „როგორც შენ გინდოდეს, ისე გაარიგეო. ეს ბრძანება კი გააგონე ხალხს ჩემიო, ისევ ქალაქში ჩამოდი და ქვეყანას მოუარეო“. ეს ჩაფარი ჯაშუშსავითაც იყო, თუ ხელმწიფის ბძანებას არ დამორჩილდებოდნენ, ამის ჯარსა და რიგს გაშინჯავდა, ჩავიდოდა, ამბავსა რომ ჩაიტანდა, მაშინვე დიდი ჯარით წამოვიდოდა. ბატონიშვილი აბდულა-ბეგ და სარდალი ქაიხოსრო საბარათაშვილოში იყვნენ, რომ მენაპირედ დაეყენებინა ბატონს. ამა ამბავზე მაშინვე მოუვიდათ ჩაფარი და დაიბარეს ანანურს. მივიდნენ ბატონთან რა ესენი, რაყამი წაუკითხეს, ერთი რაყამიც მეფეს ერეკლესთან იყო, რომ ხელმწიფეს თავისთან დაებარებინა: „რასაც მაგის პირით მომახსენებთო, გარიგებული გეგონოსთო“. შეიქნა ამისი რჩევა, ბატონმა მეფეს ერეკლეს წასვლა შორს დაუჭირა, მის მეტი ძე არ ესვა და მერე რამდენი ხანი ინდოეთსა და ქვეით ქვეყნებში ახლდა მეფე ერეკლე ხელმწიფეს. კახეთიც უპატრონო დარჩებოდა, ქალაქს ჩამობძანება კი ამჯობინეს ამისთვის, რომ ქართველთ დარბაისელთ ჯალაბნი რომ ბატონს თან ახლდენ, ყველამ ფარვანი მოსთხოვეს: „ჩვენს ალაგებში წავალთ ჩვენის ცოლ-შვილითა და ჩვენს ქვეყნებს გავამაგრებთო“. ქართლის ჯარიც მართებულად არ შემოეყარა, მათის ქვეყნის ჯარებმაც უარშიობა დაიწყეს, ასე ამ რიგის ყოფასა ისევ ხელმწიფის მორჩილება ირჩივეს, აიყარა ბატონიშვილმა აბდულა-ბეგ თავისი არამი მოიყვანა ციხესა სამშვილდისასა, გამოვიდა დიდი ჯარი ლეკისა, შეიარეს სომხითზე, დაესხნენ, ყაზახის ელი და ბაიდრისა ერთად იდგნენ, მთაზე მრავალი სული საქონელი და ტყვე წაასხეს და გარდაიტანეს ჯავახეთს.
რადგან მეფის ერეკლეს წაბძანება აღარ ამჯობინა, ქალაქშიაც ჩამობძანდა, ბატონმა ესე ამჯობინა, რომ თავისი წაბძანება ბძანა: „ხელმწიფესთან წავალო, ჩემი თავი ქვეყნისათვის დამიდვიაო. თუ ქვეყანას უშველო რამე და ან ხელმწიფეს ჩემი სიტყვა შევასმინე, ქართლს პირველს რიგზე დავაყენებო და თუ ვერ შევასმინე რაო, მერე ყველამ თქვენს თავს უშველეთო“. გარდადვა თავი ქრისტიანობისათვის, წაბძანდა მეფე ცხებული, თეიმურაზ ერანში ყაენთან, რომელსა ეწოდებოდა სახელად შაჰ-ნადირ. გაბძანდა ქალაქით, მაისის ი, თან იახლო ორბელიანი სარდალი ქაიხოსრო, თარხან ლუარსაბ, მარტყოფის მოურავი ქაიხოსრო, მოლარეთ-უხუცესი პაატა, ამილახორობაში რევაზ, სუფრაჯი მამად-უსეინ და ორიოდ ყულუხჩი და ეგრე სუბუქად წაბძანდა ქალაქს ბატონი, მიბძანდა სამშვილდეს, ნახა და ორი დღე ნახეს ლხინი და მესამეს დღეს წაბძანდა სამშვილდით და მიბძანდა ბოლნისს, თან გაჰყვა აბდულა-ბეგ ბატონიშვილი და სულ ქართველთა და კახთ დარბაისელნი, უბძანა ქართველთა: „ბატონიშვილს აბდულა-ბეგს ნუ გაეყრებითო და ჩვენის ერთგულობით ამისი სიტყვის გამგონნი იყავითო“. აგრევე აბდულა-ბეგს უბძანა: „რადგან მეფე ერეკლე მუდამ ქართლისათვის ვერ მოიცლისო, ქართლს მოუარეო და ერთმანეთის ნებით და შეკითხვით ორივ ქვეყნები მტრისაგან კარგა გაამაგრეთო და ჩემდა მოსლვამდის მშვიდობიანად იყვნეთო“. მიბძანდა ბატონი, ჩამოხდა ლორის მიწაში, ლორის ციხე ყაფლან ორბელიანს ეჭირა, გამოართო ბატონმა და ისევ ლორის ქათხუდებს მიაბარა და ლორის სულთანობა ქალბი-უსეინ-ხანის შვილ მუსას მისცა.
წამოიღო ლორის ციხიდამ აბდულა-ბეგ ბატონიშვილმა ზარბაზნები და ჯაბახანა, შეიტანა ციხესა სამშვილდისასა. გამოესალმნენ ქართველნი და კახნი ბამბაკს და გამობრუნდნენ. ბატონი წაბძანდა, აბდულა-ბეგ ბატონიშვილი მოვიდა სამშვილდის ციხეში და დაუწყო კეთება და მაგრება ციხესა. თეიმურაზ რომ ერევნის მიწაში მიბძანდა, გაგზავნა წინ მამად-უსეინ სუფრაჯი ამირასლან-ხან სარდალთან, რომელი ადგა ერევნის ციხესა და იყო ყოველდღე ომი ფიცხელი. რა სცნა მეფე თეიმურაზის მისლვა, განიხარა ფრიად და უბოძა მამად-უსეინს ხალათი მძიმე და თეთრი ურიცხვი. თითონ შეჯდა ცხენსა სარდალი და ბატონს სამ აღაჯზე წინ მოეგება, მოესალმა მდაბლად და მოართვა თავისი საჯდომი ცხენი, რადგან ერევანი და სარათის ქვეყნები ხელმწიფეს უკუსდგომოდენ და ამ სარდლისათვის თავს დაედვა და გამოეგზავნა, ცდილობდა დაჭერასა, ქართლის იმედი სულ არა ჰქონდა. რახან მეფე თეიმურაზ გაუსჯელად და დაუპატიჟებლად მიბძანდა, დიდად იამა და მისართმევით და დახდომით კარგად ეცადა, ამით რომ ხელმწიფესაც სამსახურად დაანახვა: მიართვა ბატონს მისართმევი, აგრევე დარბაისელნი, რომელნი ახლდნენ, ყველას ხალათი, ცხენი და ინამი მისცა, გაატანა კაი მემანდრები და გაისტუმრა ხელმწიფესთან. წაბძანდა ბატონი ერევნით ყაენთან.
გამოვიდა ჯარი ლეკისა ფრიადი, წაახდინეს მრავალი ადგილი, წაიღეს ურიცხვი ტყვე და საქონელი, წაბძანდა მეფე ერეკლე კახთა და ქართველთა ჯარით, ქისიყის ბოლოს შეეგებნენ, გააქცივეს ლეკი, ამოწყვიტეს მრავალი, რომ ერთი ამისთანა გამარჯვება ამ ცოტას ხანში არ ყოფილიყო, წამოასხეს ტყვე და საქონელი. მობძანდა ქალაქსა თბილისისასა და უბოძა ისევ თვისსავე პატრონებსა, განისვენა ცოტას ხანს ლხინ-ფრიალობით და წაბძანდა მეფე ერეკლე ისევ კახეთს.
მეფე თეიმურაზ რომ წაბძანდა, დედოფალი, კეთილმორწმუნე და მშვენებისა სადგური ანნა-ხანუმ მძიმედ ბძანდებოდა. შემდგომად მცირედთა ხანთა დაწვა დედოფალი და შვა ძე, კეთილ ნერგად აღმოცენებული, ძირით იესესით აღმონორჩებული, ცხებულ მეფის ძეობით აღმოცისკროვნებული, ბატონიშვილი სოლომონ, თვესა მაისსა კდ, ქორონიკონს ულე, ქრისტეს აქეთ ჩშმზ. შემოირიგა აბდულა-ბეგ ბატონიშვილმა რაც ქართლში ლეკი იყო, აგრევე სულხან ორბელიანს ლეკი ჰყვანდა შერიგებული დმანისს. სთხოვა და მოუძღვა სულხან და შემოარიგა, დამოსა ლეკთა ბელადები ხალათით და დააყენა ციხესა სამშვილდისასა. დახვდა ლეკის ჯართა ქისიყის მოურავი თამაზ წინა, გაემარჯვა ლეკზე, ამოწყვიტა მრავალი და მოვიდა გამარჯვებული მეფე ერეკლესთან, მოართვა თავი ლეკისა მრავალი. შეიქნა ადრიბეჟანის ქვეყნებში ყრილობა და არეულობა. უკუუდგნენ ყაენს შაჰ-ნადირს და თავრიზს თითონ დასვეს ყაენი, რომელსა ერქვა საამ-შაჰ, ძველის ყაენის შვილობით იხსენებდენ, რაც გაეწყობოდათ, ყაენის რიგი მისცეს და ჯარი შემოახვივეს. თურმე დიდი ყაენი შაჰ-ნადირიც მოეკლათ, თავის ძმისწულს ალი-ყული-ხანს ეღალატა და თითონ მის წილ ყაენად იქ ის დამჯდარიყო და ამისთვის უფრო ირეოდა ქვეყნები. ეს ამბავი ჩვენ რა ვიცოდით, ქართლში ვინ გვეტყოდა და ვერც მეფეს თეიმურაზს შეეტყო, თორემ რაღათ წავიდოდა, სპასალარი ამირ-ასლანხან რომ ერევნის ციხის ასაღებლად იდგა, ამას საამ-შაჰ მტრობა დაუწყო და ეს სპასალარიც გაეცალა ერევანს და საამ-შაჰ სამტროდ წავიდა, რადგან ეს ქვეყნები ასე აირივა და მეფემ თეიმურაზ ყაენთან ვეღარ მიაწივა, ყაზმინს დააყენეს და აღარსად გაუშვეს. ამასობაში ქართლში მეფის ამბავი აღარ მოვიდა, ორი-სამი ჩაფარი აქედამ გაგზავნეს და ვერცა-რა იმით შევიტყევით და ვერცა მეფემ თეიმურაზ იშოვა გზა, რომ ქართლში ჩაფარი გამოეგზავნა და თავისი ამბავი ეცნობებინა.
ამა ამბავში ბატონიშვილი აბდულა-ბეგ საბარათაშვილო შემოიფიცა: „შენს მეტი ბატონი არ გვინდოდესო, შეუდეგ სამშვილდისა და ბირთვისის ციხეების კეთებასა“. განიზრახა: „თუ მეფეს თეიმურაზს დაუშავდა, ქართლი ჩემი არის და აღარავის დავანებებო“. ააშენა სამშვილდის ორი დიდი ბურჯი. ამიერ და იმიერ გააკეთა აუზი დიდი წყლისა სადგურად და დაიჭირა ორის წლისა თადარიგი ყოვლიფრით, ვინა თვისისა სიტყვის მორჩილი იყო, გლეხი ყოველივე აჰყარა და ამ ორს ციხეში დააყენა ანუ თუ რამ ქალაქით უნდოდა, ყველა მოატანინა, წინააღმდეგიც აღარავინ ჰყვანდა. ბორჩალუს სულთანი, რომელი შაჰ-ნადირს გამოექცა და სამღერეთს იხიზნებოდა ასიოდენ კაცთა, ისიც აჰყარა და ციხეში შეიყვანა და თვისი საზრდოთი ინახავდა. მისწერა საამ-შაჰს, რომელი იჯდა თავრიზს ყაენად, აცნობა ყმობა და ერთგულობა თვისი და თავს იდვა ქართლი და სამსახური მისი. ეს ამბები რა შეიტყო მეფემ ერეკლემ, მაშინვე გაგზავნა კაცნი ყოველგან და დაიბარა ჯარები, მოვიდა კახეთისა, თუშ-ფშავისა, ხევსურ-მოხევისა, ორსავ საერისთოსი და ქართლისა, ყოვლის ადგილს ჯარი შემოეყარა ქალაქსა თბილისისასა მეფე ერეკლეს. წავიდა სამშვილდით ჯარი ლეკისა. მიუხდენ სომხითის მელიქს და წაუხდინეს ქვეყანა და წამოიღეს ტყვე ანუ საქონელი მრავალი, მოიტანეს სამშვილდეს.
უბოძა მეფე ერეკლემ შანშეს ისევ ერისთობა ქსნისა და მამული თვისი და სთხოვა ჯარი. შეიყარა მაშინვე კაი ჯარი და ჩამოვიდა ქალაქს და დაუდვა ფიცი მტკიცე, პატრიარქიცა თავდებობითა: „მამას შენსა და შენს მეტი ბატონი არ ვიცოდე“. მოუვიდა აბდულა-ბეგს ქართლის ბატონობის რაყამი საამ-შაჰისაგან და შაჰნადირის სიკვდილიც გამოგვიცხადა და აქამდის ქართლში არ ვიცოდით ყაენის სიკვდილი. მოსწერა აბდულა-ბეგ ბატონიშვილმა მეფეს ერეკლეს: „მეფე არჩილობით ქართლი ჩემიაო, დამანებეო და შენ კახეთს მიეპატრონეო“. აგრევე ქართლის დარბაისელთ ყველას მეფობის ბძანებით წიგნები მოუვიდა: „ახლაც ჩვენს სამსახურში მოდითო“. ეს ამბები დიდად იწყინა მეფე ერეკლემ და აგრევე ქართველთა ყოველთა, შორს დაიჭირეს, ამით რომე მეფე თეიმურაზ ქართლის გულისათვის თავი გამოიმეტა და წავიდა, ჯერ მისი ამბავიც მართალი არა იცოდნენ რა, მერე ადილ-შაჰ, რომელი ახლა ყაენად დამჯდარიყო, სიძე იყო მეფის თეიმურაზისა, ქეთევან, ასული მისი, ცოლად ჰყვანდა. მისგან უფრო კიდევ დიდს წყალობას მოელოდენ. ეს საამ-შაჰ ერთი არზარქარი ვინმე გამოჩენილიყო და იმის სიტყვით მეფეს თეიმურაზს როდი წაუვიდოდნენ. მისწერა მეფემ ერეკლემ მუქარიანი წიგნი და აგრევე ქართველთა და უარი და წინააღმდეგი სიტყვები: „ჩვენგან შენი ყმობა აღარ იქნებაო“. რა ეს ამბავი მიუვიდა აბდულა-ბეგს, დიდად ეწყინა, თადარიგს შეუდგა, ნება რომ აღარ იქნა, ძალით ცდასა შეუდგა, ყაზახ-ბორჩალუც აბდულა-ბეგთან დადიოდნენ და ემსახურებოდნენ. გაუსივა მეფე ერეკლემ ჯარი დიდი ბორჩალუსი და ყაზახის ელები სულ წაახდინეს. ვინა მოენდოთ, არა აწყინეს რა, მოიტანეს ნაშოვარი ურიცხვი, შეიყარა ბორჩალუსი და ყაზახის ქეთხუდები, მოვიდნენ მეფეს ერეკლესთან, მოართვეს ფეშქაში და ითხოვეს დანაშაულის ფარვანი. რადგან ქაიხოსრო სარდალი მეფეს თეიმურაზს ერანში თან ახლდა, ეშიკაღაბაში დიმიტრი, რევაზ სარდლის შვილი და იოანე ორბელიანი ქალაქს ცოლ-შვილით მეფეს ერეკლეს ახლდენ და არც ამათგან მეფის ერეკლეს გაყრა იქნებოდა. ამათს ქალაქს ყოფასა და თავის თან უმყოფლობას აბდულა-ბეგ წყინობდა, ვითაც მხლებელი იყო, გაუსივა ლეკის ჯარი და ბარათიანნი, აიღო იფნობის ქვაბები, იავარჰყვნეს საქონელი და ტყვე ლეკთა. მისცა და შეაყენა კაცნი თვისი მისანდო ქვაბებში. ვინა ქაიხოსრო სარდლის კაცნი იდგნეს, გამოიყვანა ყოველნი რისხვით. აგრევე წავიდის სამშვილდით მარბიელი და მოაოხრის ორბელიანთ მამული და ბატონის ციხესა სამშვილდისასა.
მოვიდა ერთი უცხო ჯარი ლეკისა, რომ ჯერ ქართლის მიწაში ამგვარი კაცნი არ გვენახა, ზღვის პირს კაცნი იყვნეს და სულ მოისარ-შუბოსანნი და კარგა დაკაზმულნი, სანახავად კარგნი, შემოიარეს ალგეთის ხევზე, კუმისის და იმ ძირობის საქონელი წამოეღოთ, თან მოყვანდათ საბელადობით, ბირთვისის ძირი გაიარეს, დახვდენ ბარათიანნი ჩახიქვათას, ომი ძალიანი აჰკიდეს, გაიქცივეს და არა დაანებეს რა. წავიდა ეს ჯარი, მიუხდა ციხე-ქვაბსა, გატეხეს ზევითი გალავანი, აიკლეს, ტყვე ანუ საქონელი წამოიღეს, დიდგორი ჩაატარეს და უვნებელად გაატარეს, წავიდნენ ისევ თვისსა ადგილსა.
მეფე ერეკლემ გამოუგზავნა ბატონიშვილს აბდულა-ბეგს თბილელ ეპისკოპოსი ათანასე, დაელაპარაკა და აღუთქვა საბატონიშვილო მამული თვისი სარჩოდ, დაწყნარება, დაპატიჟა და ნახვაც მოინდომა. ეს არ ინება და რადგან მეფობა ეთქვა, აღარ შეიკდიმა აბდულა-ბეგ, შემოუთვალა: „ქართლი ჩემიაო და კახეთი შენიაო, შენ იმას დასჯერდი, მე ქართლი დამანებეო“. ზაალ მუსხალაშვილიც თან გაატანა, ჩამოვიდა თბილელ ეპისკოპოსი და ეს ამბავი ჩამოიტანა ქალაქს, რომ ახლა მართლა გული დააჯერა მეფე ერეკლემ, რომ შფოთი აღარ დაწყნარდა, ჯარისა მატებასა და ყოველგზის მტრის პასუხის მიცემის თადარიგს შეუდგა, აგრევე დარბაისელთა ქართლისათა დიდი უარი შეუთვალეს ბატონიშვილს აბდულა-ბეგს: „ჩვენი და შენი ბატონობა აღარ იქნებაო“. ეს ამბავი რომ მოუვიდა სამშვილდეს, მანც ციხის მაგრებას და ჯარის მატებას შეუდგა, გაგზავნა მეფემ ერეკლემ და ვინა თვის მოსამსახურენი პირაქეთი ლეკი იყო, მათი ჯარი სულ მოასხმევინა.
რადგან საბარათაშვილო მასთან იყო და სომხითი კი არ მოუდგა, დასცა ჯარს დასტური და წავიდის, მოარბივის სომხითის ხეობა, გარდაუხდიან ახპატ-სანაინსა; ააოჴრიან, დაატყვევიან და ურიცხვი საქონელი მოიტანიან ციხესა სამშვილდისასა. პაპუნა, ყაფლან და სულხან ორბელიანი თვისსა ციხესა ხულუტსა იდგნენ და იქიდამ თვისსა მამულსა პატრონობდენ. წავიდის ამათი ჯარი, მიუხდის ყარსისა ქვეყანასა და წამოიღიან უთვალავი საქონელი. ასე შეაშინეს ოსმალუს ქვეყანა, რომ თუ არ სიმაგრეთა და ციხეთა, სხვაგან ვეღარსად დადგიან ჯავახნი ანუ ყარსელნი.
შეიყარა ჯარი ალი-ხან, რომელი მცირედთა ხანთა ქართლში ხანად იჯდა. ნადირ-შაჰი რომ მოკვდა, ამანაც აქა-იქ ტაცება და რბევა დაუწყო. ეს წამოვიდა ქართლზე მეფე თეიმურაზ რომ ქვეით ბძანდებოდა, ქართლში თვისი წინააღმდეგი კაცი აღარავინ ეგონა, მოვიდა ყაზახში, შემოეყარა ყაზახის ჯარი, მოსცა თალიბეგ, ყაზახის სულთნის ძმამ პირობა: „ქართლს მე დაგაჭერინებო“.
გამოუძღვა წინ, მოვიდნენ ქალაქზე, წინ ორი ჩაფარი გამოგზავნა, ერთი მეფეს ერეკლესთან და ერთი აბდულა-ბეგთან სამშვილდეს. ორივ თავისთან დაიჭირა და დიდად ამაყი სიტყვა შემოეთვალა. მეფე ერეკლემ შეუთვალა: „თუ ყაენის ბძანება და რაყამი გაქვს, ის შემატყობინეო და თუ სამტროდ მოხვალ, მეც მზა ვარო“. არც აბდულა-ბეგ მოენდო.
მოვიდა ჩამოხდა კუმისს, მინბაშს კაცი გამოეგზავნა, არც იმან შეუშვა ციხეში. იწყინა ალი-ხან, ჯარი დიდი ჰყვანდა, მოუხდენ ქალაქს, ხევთ და ვერის ხეობის საქონელი სულ წამოიღეს. უბძანა მეფემ ერეკლემ ჯარს გასვლა, უთავა ორბელიანი დიმიტრი ეშიკაღაბაში. რა მივიდნენ ქალაქით, მაშინვე დაწკიპეს ცხენები და რა მოეწივნეს, შიგ დაერივნეს. გაიქცა ყიზილბაშის ჯარი, მიყვნენ ხმალდახმალ, ამოწყვიტეს მრავალი, რომ რისხვა ღმრთისა დასცეს. მიყვნენ გაქცეულთა კუმისის თავამდის, ვინ მორჩა, ცხენები აქ დარჩათ, აგრევე იარაღები აყარეს და ქვეითნი უიარაღონი ალიხანს შემოეყარნენ. გამოუძღვა დიმიტრი ეშიკაღაბაში და შემოვიდა ქალაქში გამარჯვებული, მოართვა თავები ბატონს, იამა დიდად და დაპირდა დიმიტრი ეშიკაღაბაშს წყალობასა ფრიადსა. გასცეს ქალაქის ციხითა, ამზადეს, კიდევ ალი-ხანს იმავ ღამეს თავს დასხმა დაუპირეს, ალი-ხან იმავ წამს აიყარა და წავიდა ისევ ქვევითვე სირცხვილეული.
ჩავიდა განჯას და ახლა მოინდომა საამ-შაჰის მტრობა, რომელი იჯდა თავრიზს ყაენად, მივიდა ალი-ხან, იმაზედა დაიჭირა საამშაჰ და ხელებ შეკრული სარდალს ამირ-ასლანს გაუგზავნა. იმანაც თვალები დასთხარა და ადილშაჰ-ყაენს გაუგზავნა. ეს ამბავი მოვიდა ქართლში, ქართველთ, დიაღ, იამათ და განიხარა მეფემ ერეკლემ და დაჭმუნდა აბდულა-ბეგ, გაუგზავნა კაცი და ფეშქაში სარდალს ამირასლან-ხანს, მოუვიდა მისგან წიგნი დიდის იმედისა აბდულა-ბეგს. შეიქნა მეფეს ერეკლესა და აბდულა-ბეგს შუა მტრობა და ომი, ცემა ერთმანერთისა, გაუსივა ჯარი სამშვილდით ლეკისა და საბარათაშვილოსი, შემოაყენა თაფანის ციხესა, იყო სროლა ორი დღე და ვერა ავნეს რა. ამასობაში მოეშველა დიმიტრი ორბელიანი ქალაქიდამ დიდის ჯარით, შემოუტიეს, გააქციეს და სამშვილდემდის ცემით მიყვნენ. პაპუნა, ყაფლან და სულხან ბატონიშვილ აბდულასთან იყვნენ, ცდილობდნენ მისგან თავისის მამულის მოხმარებასა. რახან ამათის სამშვილდეს ყოფით ორბელიანთ მამულს არა ეშველა რა, თავისი ძმებიც ქალაქს მეფეს ერეკლეს სამსახურში ჰყვანდათ, პაპუნა და ყაფლანიც წამოვიდნენ, მოვიდნენ მეფის ერეკლეს სამსახურში, უყო წყალობა ისევ პირველი.
დაესივნენ ლეკნი, აგრევ საბარათაშვილოს კაცნი და დაუწყეს რბევა ქართლის ქვეყანასა. სულხან ორბელიანი ისევ დმანისს დადგა, უწინვე ლეკში ყოფილიყო და ბელადები კარგად იცნობდენ, შეურიგდა ლეკთა და ზოგი-რამ თავისი ქვეყანა მოარჩინა, ბატონიშვილ აბდულა-ბეგსაც სულხან კარგად მიაჩნია და ერთგულთა თანა აღრაცხა.
რადგან მტრობა აღარ დაშალეს და ამ ლეკისაგან ბევრი ალაგიც წახდა, მეფე ერეკლეც გამოვიდა ქალაქიდამ, თოფხანა, ჯაბახანა ყოველივე მინბაშს გამოართო და გამოემზადა საბარათაშვილოზე. მოვიდა მეფის თეიმურაზისა ამბავი მშვიდობისა, რომ ადილ-შაჰთან მიეწივა, რომელი იყო სიძე მისი, მიეცა პატივი, დიდი იმედი და მამაშვილური, ებოძა ურიცხვი საქონელი, შეიქნა სიხარული. ამდენი ხანი ყოფილა, რომ ბატონის ამბავი აღარ გაგონილიყო რა. შეიქნა სიხარული ფრიადი ქართველთა შინა. მიბძანდა მეფე ერეკლე დიდის ჯარით, შემოადგა სამშვილდეს, იყო სროლა ზარბაზანთა და ყუნბარათა დაუცდელად, აგრევე ისროდენ ციხიდამ თოფთა და ზარბაზანთა. მეფე ერეკლე იდგა კრწანისს ქვემორე და ჯართა ყოველ მხარეთ საფარი ჰქონდათ და ეგრე იბრძოდენ. იყო რამდენიმე დღე ბრძოლა და მერე იგულსმოდგნეს მყოფთა ციხისათა და შეიქნა ერთმანეთში ლაპარაკი, მოითხოვა აბდულა-ბეგმა ბატონიშვილმა დიდრონი კაცნი, შევიდა სალთხუცესი კახის გრიგოლ, თუშთ მოურავი ჯიმშერ და ელისეთ მოურავი დავთ. ალაპარაკეს და ეს პირი დადვეს: „მანამდისინ მეფე თეიმურაზ ერანის ქვეყნიდან მობძანდებოდესო, ჩვენ ორნივ მყუდროებით ვიყვნეთო“. რაც სამშვილდეს ციხეში ლეკის ჯარი ჰყვანდათ, მეფე ერეკლეს რომ ლეკის ჯარი ახლდა, ამისმა ბელადებმა ლაპარაკი დაუწყეს და სულ გამოიყვანეს და მეფეს ერეკლეს შემოეყარნენ. ისევე ინებეს მშვიდობა და შერიგდენ, თითო პირობის წიგნი ერთმანერთს მისცეს და მოშალეს ბრძოლა. შეიქნა ერთმანერთში მშვიდობა, ჯარისკაცი ციხეში შევიდის და ციხის კაცი ჯარში გამოვიდის. აიყარა მეფე ერეკლე, ჩაბძანდა ქალაქს, ბატონიშვილ აბდულა-ბეგ დარჩა ისევ ციხესა სამშვილდისასა.
გამოვიდა ჯარი ჭარიდან, მოუხდენ ღამითვე, დაესხნენ სოღანლუღს, მრავალი ცხვარი და ძროხა წაასხეს, გამოუდგა დიმიტრი ეშიკაღაბაში მცირის კაცით, მოეწივა ყარაიაზე, გააქცივა ლეკი, გააყრევინა საქონელი და შემოვიდა გამარჯვებული ქალაქსა თბილისისასა. მიუხდა ლეკის ჯარი ბოლნისის ხეობას, მიაშველეს ყაფლან ორბელიანი ქალაქიდამ, მივიდა, შეება გულსრულად. გააქცივეს ლეკი, დახოცეს, მაგრამ დიდად რომ შიგ დაერივნენ, ფიცხელი ომი რომ შეიქნა, კრეს ყაფლანს თოფი და გამობრუნდნენ. მაშინვე წამოიყვანეს დაწყლულებული, მოკვდა ყაფლან ბოლნისს. მეორეს დღეს მოუვიდა მეფეს ერეკლეს სპასალარის ამირ-ასლან-ხანიდან ცხენი შეკაზმული და ხალათი მძიმე, აგრეთვე ქართველთა და კახთა დარბაისელთათვის ოცდაათი ხალათი ბძანებითა ადილ-შაჰ ყაენისათა. შეიქნა სიხარული ფრიადი ამით, რომ ადილ-შაჰს ყაენობასაც გული დააჯერეს და მეფის თეიმურაზის წიგნი და კაი ამბავი რომ მოუვიდათ, ამით კიდევ უფრო შეექნათ სიხარული.
გამოვიდნენ ბელადები ლეკისა ათასის კაცით, შემოიარეს ქართლი, მოვიდნენ, აიღეს საკირის ციხე, გარდმოვიდნენ, შემოადგნენ. ატენის ბოლოს ციხე იყო, აიღეს ისიც, წამოიღეს ორისავ ციხის საქონელი და ტყვე უთვალავი, გარდმოვიდნენ საბარათაშვილოში, მიაგება კაცი აბდულა-ბეგ ბატონიშვილმა, შეირიგა ეს ლეკის ჯარი და დააყენა ციხეს გარეთ კრწანისს.
მოვიდა ადილ-შაჰ ყაენისაგან ჩაფარი, ებოძა მეფის ერეკლესათვის ხალათი მძიმე და რაყამი დიდად წყალობისა: „რადგან მეფე თეიმურაზ ჩვენს სამსახურში არისო, ქართლსა და კახეთს ორსავ კარგად მოუარეო“. აგრევე მეფის თეიმურაზის წიგნი და მშვიდობიანი ამბავი მოვიდა, შეიქნა დიდი სიხარული და განცხრომა, რომ უკეთესი აღარ ეგებოდა. შესწირეს ქართველთა მადლობა ღმერთსა, ებოძა იქიდამ მეფეს თეიმურაზს იოანეს ორბელიანისათვის მდივანბეგობა ქართლისა, მეფემ ერეკლემაც ბძანებისაებრ მამისა და აღახარისხეს დალიჭსა საბრძანოსა და მისცეს სასწორი სიმართლისა, ვითაც იოანე საფილოსოფოსოთა წესითა აღჭურვილიყო და კიბეთა ბრძნობისათა აღმხდარიყო და ქართლშიაც უბრძნე და უმცოდნე არავინ იპოებოდა, დაუმტკიცეს ესე საბრძნო ხარისხი და საზომისაებრივ არა დააცადებდა მეცნიერად ყოველთა მიგებებასა სამართლისასა.
უკუდგა სპასალარი ამირ-ასლან-ხან ადილ-შაჰს და ამანაც მოინდომა ადრიბეჟანის ქვეყანაში ყაენობა. დაიჭირა ქვეყნები, ყაენიც ამ ქვეყნებს დაშორებულიყო და ქვეით წასულიყო, დაუწყო სპასალარმა აქა-იქ ცემა. აბდულა-ბეგ ბატონიშვილმა გაუგზავნა ფეშქაში სპასალარს ალიჯან უზბაშის ხელით და სთხოვა ჯარი და მოხმარება. გამოებრუნებინა ალიჯან და მოეწერა იმედი და დაპირებოდა მოხმარებასა, გაუსივეს ფანა უზბაში, დაახვედრეს ლორეს წინ, მოკლეს ალიჯან უზბაში, სხვანი სულ დაიჭირეს, ორი სპასალარის კაცი იყო და სხვა აბდულა-ბეგ ბატონიშვილისა, მოასხეს ქალაქს, მოართვეს მეფეს ერეკლეს, უყო წყალობა ფრიადი ფანა უზბაშს და სპასალარის კაცებს არა ავნო რა, პატივიც მისცა, და სხვანი პყრობილყვნა, ზოგთა თვალნი დასთხარა, ამაზე ისევ აიშალნენ, საბარათაშვილოს კაცებმა ქალაქის პირს სოფლებს ცემა დაუწყეს, ქალაქიდან ჯარი გავიდის და საბარათაშვილოს სცემდენ და აოჴრებდენ ყოველთვის.
მამად, სულთანი ლორისა, რომელი იყო სამშვილდეს, მოუვიდა რაყამი, მიეცათ განჯის ხანობა, წავიდა სამშვილდიდამ და ჩავიდა განჯას, არ ინება სპასალარმა ადილ-შაჰისაგან მიცემა. დიაღ, მრავალი ტყვე ჰყვანდა ლეკებს სამშვილდის ციხეშია და გაიყო ჯარი. ზოგმა ტყვე წაასხა დაღისტანში და სხვა ჯარები აქავ დარჩა და არბევდენ მუდამ სომხითს და აგრევ დმანისის ხეობას და მიჰქონდათ სამშვილდეს.
გამოეგზავნა სპასალარს კაცი და ხალათი მეფის ერეკლესათვის და ეცნობებინა ხერხით ნდომა და სიყვარული.
უბოძა მეფემ კახეთისამან და გამგებელმა ქართლისამან სათნოებისა საფუძველმან, ძემან ცხებულის მეფისამან, მეფემ ერეკლემ ორბელიანს დიმიტრი ეშიკაღაბაშს ელიაღასობა სრულიად ქართლის ელისა საჯილდოდ, ვითაც ალიხანის ჯარზე დიდად გაიმარჯვა დიმიტრიმ და მერე ლეკზე მხნედ გაისარჯა და გააქცივა, ნაშოვარი დააგდებინა, ვითა წყალობას ემართლებოდა და ეგრევე აღუსრულა და დაუმტკიცა წყალობა ესე.
აჰყარეს ყაზახის სულთანი მუსა-ბეგ და ქალაქში დააყენეს, აგრევე ქეთხუდები ბაიდრისა და ყაზახ-ბორჩალუხი, შემოკრიბეს ქალაქს. უბოძა მეფემ ერეკლემ ქალაქის მოურაობა მუხრანის ბატონს, სალთხუცეს კოსტანტინეს. დახვდა ლეკთა მოურავი ქისიყისა თამაზ, გაემარჯვა დიდად, ადილ-შაჰ ყაენი მაზანდარანს წასულიყო, მეფე თეიმურაზც თან ახლდა, ადრიბეჟანის ქვეყნებს დაშორდენ. მოიცა ძალი სპასალარმა ამირ-ასლან-ხან, ჯარი დიდი შეიყარა, ადრიბეჟანის ქვეყნები სულ მიუდგა. მაგრამ ქართლი და კახეთი არ მიუდგა, ამისთვის რომ ეს არც ხელმწიფე იყო და რასაც იქმოდა, თავისის ძალითა, მერე რომელიც ერანის ხელმწიფე იყო, მეფე თეიმურაზ იმას ახლდა. ამით ეს სპასალარი ქართლსა და კახეთს ემუქრებოდა, მტრობაც უნდოდა, მაგრამ ვერ იჩენდა. ბევრჯელ ენახათ ქართველთა ხმალი. გაგზავნა მეფმ ერეკლემ სპასალართან დემეტრე მდივანი საცნობელად ამბისად. ჩავიდა მდივანი შამახიას, შეეყარა სპასაალარს, დიდი პატივი მისცა და იამა, ამით რომე ამათის გალაპარაკების იმედი არ ჰქონდა. აბდულა-ბეგს ბატონიშვილსაც საამ ბარათაშვილი და გლახა ციციშვილი გაეგზავნა, ესენიც იქ ჩავიდნენ. გამოისტუმრა მდივანი, სალთი მიეცა და მეფის ერეკლესათვის კაი თავაზიანი წიგნი მოეწერა და ყაზახ-ბორჩალუს და ქალაქის ქეთხუდები დაებარებინა. საამ და გლახა გამოესტუმრებინა და აბდულაბეგ ბატონიშვილი დაებარებინა. ქორონიკონს ულე კახეთისა დედოფალი ანნა მარტყოფს წაიყვანეს, იქ დაწვა, შვა ასული შვენიერი თამარ. მოვიდა მდივანი დემეტრე, ეს ამბავი მოეტანა მეფეს ერეკლეს, მაგრამ ქეთხუდები ვერ გაუგზავნეს, იცოდენ, რომ ყველას ხერხით ეკიდებოდა, თორემ რადგან მეფე თეიმურაზ ყაენთან ეგულებოდა და ეს ყაენიც უკუმდგარი იყო, ქართლისა და კახეთის კაცს როდის დაინდობდა. მისთვის არც ესენი მიენდვნენ. წავიდა აბდულა-ბეგ ბატონიშვილი სპასალართან, ჩაიარა ყაზახში, უკუდგა ყაზახი მეფეს ერეკლეს, გაყვა თალი-ბეგ ყაზახის ქეთხუდებით, ჩავიდნენ, მისცა ქართლისა და კახეთის ბატონობა და ჯარად რვა ათასი მეომარი კაცი თან გამოატანა.მოვიდა ეს ამბავი ქალაქში. შეიქნა მზადება ომისა. აჰყარეს ანნა დედოფალი მარტყოფიდამ, მიიყვანეს ბოჭორმის ციხეში, ქართველთ დიდრონის კაცების ბარგიც იქ მივიდა. თუ გაუჭირდებოდათ, ცოლ-შვილით იქ მოვიდოდნენ. ქალაქის ციხის მინბაში მეფეს ერეკლეს აღარ მიენდო, დაჯდა ციხეში, აღარ ჩამოვიდა ქალაქში.
მოვიდა აბდულა-ბეგ ბატონიშვილი ამ ყიზილბაშის ჯარით, ჩამოხდა კოდაზე. ამ ჯარის თავი ქაზუმ-ხან იყო, რომელი შაჰ-ნადირ ყაენის მახლობელი ყმა ყოფილიყო და თვალებიც იმ ყაენს დაეთხარა და ახლა იმ ყაენის სიკვდილს უკან სპასალართან მოსულიყო და დიდი პატივი მიეცა და ახლაც სარდლად აქეთ გამოელაშქრებინა, აბდულა-ბეგ ბატონიშვილისათვის გამოეტანებინა, არცა ომი და პირდაპირი ეგონათ. გამოუგზავნეს ერეკლეს, მეფესა კახეთისასა და გამგებელსა ქართლისასა: „ქალაქი დაგვიცალეო“ და ქართველნიც დაებარებინა კოდაზე და ეგრევე მინბაში ციხისა. რა მოისმინა მეფემ ერეკლემ ამბავი, ესე ბძანა: „სანამდის სული მიდგას, ჩემგან აქედამ გასვლა არ იქნებაო“. აგრევე ქართველთა ყოველთა შეუთვალეს: „ჩვენი და შენი ბატონყმობა არ იქნებო“ არც მინბაში მიენდო. ეს აბდულა-ბეგ ბატონიშვილმა დიდად იწყინა, აიყარნენ დილას ადრე, ლაზარობის წინა დღე, პარასკევი იყო და ამოვიდა ეს ჯარი მთლივ შინდისის წვერზე, იქავ კოდაზე შემოყროდა ძმა თვისი უსეინ-ბეგ, რომელი სცევდა ბირთვისის ციხესა საბარათაშვილოს ჯარით. აგრევე სულხან ორბელიანი შემოეყარა, მოვიდნენ ქალაქზე, წინ საბარათაშვილო მოიმძღვარეს, შეიქნა ქალაქში მზადება ომისა, შეყარა საღმრთო დასნი ყოველნი ანტონი პატრიარქმან, კეთილსათნოებისა საფუძველმან, და ეკლესიანი ქალაქისანი ყოველნი პარაკლისითა და ცრემლთა დინებით მოილოცნა. ამისა შემდგომად აკურთხა მეფე ერეკლე ჯარითურთ და გაბძანდა ქალაქით ომად, უბძანეს რევაზ ორბელიანს და ქისიყის ჯარს მეწინავედ მისვლა საბარათაშვილოსი. აქ მეფეს ერეკლესთან იყვნენ ორბელიანნი სრულიად, სულხანს გარდა, ზურაბისშვილები, იარალისშვილები, სოლაღაშვილები, გაბაანი და თურქისტანისშვილები. ესენი შემოიყარა რეეაზ სარდალმა, აგრევე პაპუა, ქისიყის მოურავის შვილმა, ქისიყელნი და მოქალაქენიც ამათში იყვნენ. ავიდნენ ესენი თაბორისაკენ. მეფე ერეკლეც წაბძანდა წავკისის მხარეს. მოვიდნენ ისინიც ქვეით. საბარათაშვილოს ჯარს უსეინ-ბეგ ბატონიშვილი მოუძღვა, ლეკისა და ავღნის ჯარი ამათში იყო, ზევით წავკისისაკენ აბდულა-ბეგ ბატონიშვილი, თალი-ბეგ და ყაზახის ჯარიც თან ახლდა და შუაზე ქაზუმ-ხან. ამ დიდის ჯარით ამ ციხეს უკან მთაზე წამოდგიან. შეიქნა ომი ფიცხელი, რომ თოფის ხმისაგან აღარა ისმოდა-რა და კომლისაგან ჯარი აღარა ჩანდა. პირველსავე მოსვლაზე გაემარჯვათ რევაზ ორბელიანს და ქისიყელთ, გაიქცივეს ჯარი. ესე რა ნახეს ჯარის გაბრუნება, შეუტივეს ქართველთა და კახთა, ერთპირ გაიქცა ეს ჯარი მთლივ, დაუწყეს კაფა, რომ ღმრთის რისხვა დას-ცეს, რა დაშვრა ჯარი ხოცისაგან, მოსდიან შუბი ანუ ხმალი და ხუთი და ექვსი თითო კაცმა ყიზილბაში ეგრე იჭირეს, მიყვნენ იაღლუჯის ბოლომდის. დარჩათ კარავი-მოფენილობა თუ რამ სხვა. ასეთი გამარჯვება მოუხდა მეფეს ერეკლეს. არასდროს ქართლში ამისთანა გამარჯვება არ მომხდარიყო და არც ამრიგად ყიზილბაშთ ქართლში დამარცხებოდათ, ხანებს დროშები აქ დარჩათ, წავიდნენ სირცხვილეულნი და განჯამდის ვეღარ დადგნენ და აბდულა-ბეგ ბატონიშვილი მიბძანდა სამშვილდეს. ბარათიანნი, ვინც გადარჩნენ, მივიდნენ ბირთვისს. მეფე ერეკლე შემობძანდა ქალაქში გამარჯვებული, მიენგებნენ დასნი სამღვთონი და ანუ გუნდნი ერთანი და შეასხმიდნენ ქებასა, დაბძანდა და შეიქნა მოტნა თავისა და მოლოცვა, აღწერდენ მდივანბეგნი, იქნა რიცხვი თავისა ანუ ცოცხალისა ათას შვიდასი. გამოგზავნეს ყოველგნ მახარებელი და ეგრევე ვინ ცოცხალი ყიზილბაში მოართვეს, ყოველი თავ-თავის ქვეყნებში გაისტუმრა და ამით კიდევ უფრო განიფინა ამბავი გამარჯვებისა, ან ვინც ბარათაშვილი ცოცხალი მოართვეს, განუტევა მშვიდობით და აპატივა ცთომა თვისი, დაჯდა ნადიმად, ნახა ლხინი და გასცა საბოძვარი.
გაისტუმრეს კაცნი დიდებულნი ბოჭორმას და დედოფალი ანნა ქალაქს ჩამოიყვანეს და უმეტეს დამკვიდრდა მეფე ერეკლე ქართლში, დაუწყეს ყაზახის ქვეყნებმა ხვეწნა მეფეს ერეკლეს და დანაშაულის ფარვანი მოითხოვეს, მოართვეს მოსართმევი ურიცხვი და შეუნდო, აყარა მათი ქეთხუდები და დააყენა ქალაქს იმათთან, ვინც სულთანი ყაზახისა ქალაქს იყოს ცოლ-შვილით. აგრევე ბორჩალუს და ბაიდრის ქეთხუდები აჰყარეს და ქალაქში დააყენეს. მოვიდა ყაზახის ქვეყნებში ზუბეიდალა, ბელადი ლეკისა, შვიდასის კაცით. წაახდინეს მრავალი ადგილი, წამოიღეს ტყვე ანუ საქონელი და მოვიდნენ, შეურიგდნენ აბდულა-ბეგს ბატონიშვილს, დააყენა ციხესა სამშვილდისასა და იქიდან დაუწყეს ცემა ქვეყანასა ქართლისასა. გაუსივა მეფემ ერეკლემ ცხრა ათასი კაცი ქართველთა და კახთა, მიუხდენ სამშვილდეს, წაახდინეს და მოიტანეს ნაშოვარი ურიცხვი. შეეშინდა ადრიბეჟანის ქყვეყანას და ყველამ დაუწყეს ხვეწნა და ლაპარაკი მეფეს ერეკლეს. მოვიდა ხილხილის ხანი, მოართვა მრავალი და შემორიგდა. წავიდის სამშვილდით ჯარი ლეკისა, მოარბივის სომხითის ხეობა და მოიტანიან ციხესა სამშვილდისასა. შეწუხდა სომხითის ხეობა, ვეღარ შეიძლეს დგომა ქვეყანათა თვისთა, აიყარა მელიქი სომხითისა თავისის სახლის კაცით და ყმით, აგრევე არღუთასშვილები, მთლივ სანაინის ხეობა და ახპატის ხეობა, ჩამოვიდნენ ქალაქსა და ქალაქით წავიდნენ ერთპირ მუხრანში, მისცა ალაგი მუხრანის ბატონმა კოსტანტინემ და დააყენა ქვეყანასა თვისსა. მთელს სომხითში ბოლნისის მეტი და სამწევრისის მეტი შენობა აღარსად იყო. ორბელიანთ მამულიც ისე დაიცალა, რომ დმანისისა და ფიტარეთის მეტი შენობა აღარსად იყო.
შემოიყარა ჯარი მეფემ ერეკლემ და წაბძანდა საბარათაშვილოზე, მიბძანდა, ჩამოხდა დაღეთს, გაგზავნა ზურაბ საზვერლისშვილი და გაბაშვილი პაპუნა ბირთვისს, დაუწყო ლაპარაკი, ენება შემორიგება, ფიცი: „რომ ჩემგან არა დაგიზიანდეთ რაო, თუ ჩვენს სამსახურში მოხვიდეთო, თუ არა და წაგახდენო“. ბატონიშვილი უსეინ-ბეგიც ბირთვისის ციხეში იყო. მივიდნენ ესენი და უანბეს დავედრებული ყოველი მეფის ერეკლესი. იმათ მოახსენეს გარდაწყვეტილი: „თუ ბატონი ჩვენი სამშვილდეს ზისო, ჩვენ იმისი ყმანი და მორჩილნი ვართო. თუ ის შეგირიგდებათ, ჩვენც თქვენს სამსახურში მოვალთო და თუ ეგ არ შეგირიგდებაო, ჩვენ უმისოდ თქვენთან მოსვლა არ შეგვიძლიაო“. მოვიდნენ ზურაბ და პაპუნა და ეს სიტყვა მოახსენეს მეფეს ერეკლეს. ბატონიშვილს აბდულაბეგს რაც ლეკის ჯარი ჰყვანდა, ციხეს გარეთ სანგრებში შეკრეს და იქ დააყენა, ციხე სამშვილდისა გაამაგრა კარგად და დადგა საომრად.
მეფეს ერეკლეს ოთხი ლეკის ბელადი ახლდა, წავიდნენ დაღეთით ეს ბელადები და სამშვილდის ლეკებს ლაპარაკი დაუწყეს, შემორიგებას ცდილობდენ, მიიტყუვეს იმათ და სამშვილდეს გაიყვანეს. დაიჭირა აბდულა-ბეგ ბატონიშვილმა ეს ბელადები და შეუყარა ხელ-ხუნდი და ეგრე დააპატიმრა. ერთს ბენჩა ბელადი ერქვა, მეფის ერეკლეს ერთგული იყო, ის მოკლა და სხვები დაჭერილი შეინახა. რა მოისმინა მეფემ ერეკლემ, ეწყინა დიდად, მაგრამ აღარა გაეწყობოდა-რა. რა ნებით შერიგება არ მოხდა და არც ციხის აღება და არც შემდგომის რიგით გამოსულიყვნენ, შებძანდა თითონ და ჯარი სულ, რაც სამშვილდეს გამოღმა, ან დაღეთებისა, საცა რამ მოსავალი იყო, მკის ჟამი მოახლოებულიყო, ყანა სულ გათიბეს, ვენახები სულ გაკაფეს და აიყარნენ დაღეთიდამ და გარდმობძანდა, ჩამოხდა ფარცხისს, იქაური მოსავალიც ბირთვისის ქვეით სულ გათიბეს. ჩამოეგებნენ ბართიანნი ტბისს, შემოებნენ გულსრულად, შეიქნა ომი ფიცხელი, დილითგან შუადღემდის სროლა იყო. ქვეითი ჯარი ბევრი ჰყვანდა მეფეს ერეკლეს, თითონ დაბძანდა ტბის გამოღმა გორაზე საყდართან და ქვეითობა შეუსივა, გააქცივეს ბარათიანნი და მიყვნენ ციხემდის. ბირთვისის ციხის ომი ხომ არ იქნებოდა, ჩამოეცალენ, წაახდინეს საცა რამ შენობა იყო, საამისშვილის სასახლე დაწვეს და ბძანა ქალაქსავე წაბძანება. მეფემ ერეკლემ იქ უბოძა ამირინდოს ამილახორობა, დიმიტრის გამოართო. აიყარა ფარცხისიდან და ჩამობძანდა, ჩამოხდა დურნუკს ბოლოს, ალგეთზე. იქ მოუვიდა ჩაფარი ადილშაჰ ყაენისა, რაყამი დიდის წყალობისა, მეფეს ერეკლესთან კახეთის ბატონობით და ქართლის ნაიბობით მოეწერათ, აგრევე მეფის თეიმურაზის წიგნები მშვიდობიანი და მრავლის წყალობის მინიჭება ადილ-შაჰისაგან. შეიქნა დიდი სიხარული, ჩამობძანდა მეფე ერეკლე მაშინვე ქალაქს და შეიქნა ცემა ქოს-ნაღარათა და სპილენძ-ჭურთა, სროლა ზარბაზანთა, ამით რომე დიდი ხანი იყო მეფის თეიმურაზის ამბავი არა ესმოდათ და მერმე ადილ-შაჰის წყალობა და ქართლის ბატონობის განახლების რაყამიც მოუვიდათ.
მიუდგა სააბ იხტიერი ამირ-ასლან-ხან ადილ-შაჰ ყაენის უფროს ძმას და ყაენს ადილ-შაჰს უკუუდგნენ. შეექნათ ერთმანეთში მტრობა, რადგან მეფე თეიმურაზ ადილ-შაჰთან იყო და არც მეფის, ერეკლეს იმედი ჰქონდათ, იბრეიმ-მირზას და ამირ-ასლანს, ბატონიშვილის აბდულა-ბეგისათვის წიგნი მოეწერათ: „თუ ქართლს ჩვენ გვიმსახურებ, ქართლს შენს მეტს არავის ვაბატონებო“. აგრევე ქალაქის ციხის მინბაშისათვის მოეწერათ: „ვინც ჩვენი ერთგული ყმა არ იქნეაბაო, ციხეს ნუ მიანდობთო“. ამ ამბავზე ციხიდან შეიქნა სროლა ზარბაზანთა, ის შადლუხი იყო, ამა ამბის სიხარული გარდაიხადეს. მეორეს დღეს დაკეტეს კარი ციხელებმა და შეიქნა მტრობა ქართველთა და თათართა. ვინც მაშინ მძევლად ყაზახისა და ბორჩალუს ქეთხუდები ცოლ-შვილით მოაყვანინა მეფემ ერეკლემ, ბორჩალუს სულთანი და ბაიდრის სულთანი, ესენიც სულ ციხეში დარჩნენ და ვითაც ქრისტიანობის მტერნი იყვნენ, ეგრევე იმათაც გამოიჩინეს. ამათ ცალკე მეტეხის ციხე გაამაგრეს, შეუკრეს ქალაქით საფრები ციხის მეიდანთან, მტკვრიდამ კლდის უბნამდის სულ გაკრეს. ჩამობძანდა მეფე ერეკლე და გაარიგა საფრის კაცნი. ქართველთა და კახთა დარბაისელნი სულ ყოველნი საფრებში იყვნენ, აგრევე ჯარი გუნდნი და გუნდნი გააწყვნა, უბძანა წყალობა ყოველთა და განაძლიერნა, ერთობით ქართველთ ასეთი ერთგულობის სიყვარული დაედვათ მეფის თეიმურაზისა და მეფის ერეკლესი. ასე არას ბაგრატიონისა არ ყოფილიყვნენ, შექნა სროლა ციხთ ყუნბარა-ზარბაზანთა, რომ კომლისაგან ციხე აღარა ჩნდა. ხმისა და ზრიალისაგან ქალაქი აღარა ჩნდა.
და აქათ ქალაქით იყო სროლა თოფით და იქით ციხით, რომ ყურთა ხმა აღარ ისმოდა. გამოეგზავნა აბდულა-ბეგს ბატონისშვილს თავისი უფროსი შვილი აღასი და გამოეტანებინა სამოცი კაცი საბარათაშვილოსი, ვინ საპატიოს კაცის შვილი იყო, ვინ აზნაურ-შვილი იყო, სახლიდამ ერთი არავინ დაეკლო, შემოვიდნენ ციხეში, დააყენეს ნარიყალაში, იყვის სროლა მუდამ დღე-ღამ. სამშვილდიდამ მუდამ უგზავნიდა პურსა და ღვინოს და ან რა აკლდისთ ციხეში, შემოგზავნის მუდმისად და აძლიერებდა ციხესა თბილისისასა ბატონიშვილი აბდულა-ბეგ. რა შეიტყო მეფემ ერეკლემ, რომ ციხეში საზდო აკლდათ და საბარათაშვილოდამ მოსდიოდათ ყოველ-ღამ, უთავის ერთი სარდალი ხუთას კაცს და გაგზავნის, შეუკრის გზები. ეს რომ აბდულა-ბეგ ბატონიშვილმა შეიტყო, ორასი ლეკი შეგზავნა ქალაქის ციხეში. მინბაშმა დააყენა აბანოებში, ზეიდამ რომ საზდო მოსასლველი შეიქნის, ეის ლეკნი მიეგებებიან წინ და შეიტანიან ციხეში, მრავალჯერ დააყრევიან მეფეს ერეკლეს ჯარმან და აკიდებული პური შეიტანონ ქალაქსა თბილისისასა.
გურიელს თავისი ბიძა შემოქმედელ ეპისკოპოსი გამოეგზავნა, მოერთმივნა ფეშქაში მეფის ერეკლესათვის და შემოხვეწოდა ურუმზე მოხმარებასა. შესწამეს ქალაქის მელიქს აღას ღალატი და ციხელების ლაპარაკი, დაიჭირა მეფემ ერეკლემ, პატიმარყო ცოლშვილით ავჭალას, წაართვა მელიქობა და ათასი თუმანი ჯარიმა და ანტონი პატრიარქის შუამავლობით ისევ განათავისუფლა პატიმრობისაგან, მელიქობა უბოძა პაპას.
შეიქნა უფიცხე ომი, რომ ზარბაზანი და ყუნბარა ასე მოდიოდის ქალაქზე, რომ ვითა ცეცხლი წვიმსო. მარა ბძანებითა ღმრთისათა ვერარას ავნეაბდიან მყოფთა ქალაქისათა. მოუმართეს მეტეხით ზარბაზანი და ესროდიან სასახლესა მეფისასა, ხანდახან ციხიდან სიხარულის შადლუხი ჰყვიან: „იბრეიმ ხანისა და სპასალარის რაყამი მოგვივიდაო. ადილ-შაჰ გაუფუჭებიაო“. გზები წახდა, არეულობა შეიქნა ადრიბეჟანის ქვეყნებში და აღარც ადილ-შაჰ ყაენის რაყამი მოუვიდათ მყოფთა ქალაქისათა და ვერც მეფის თეიმურაზის ამბავი შეიტყვეს, მაგრამ არა მოუძლურდა მეფე ერეკლე და უმხნეს და უმხნეს იქცეოდა და გოლიათობისა ძალსა გამოიჩენდა ქართველნი, საბარათაშვილოს გარდა, სრულიად თან ახლდენ. მთებისა ჯარები და კახნი გაუყრელად, აგრევე მოქალაქენი, ვისაც თოფის აღება შეეძლოთ, ყოველნი საფრებსა არა დააკლდენ. დიდნი ანუ მცირენი ერთგულად და დაუზარებლივ სამსახურსა არა დააკლდებოდნენ. გაგზავნა ბატონმა ამილახორი ამირინდო და გორიდამ დიდი ზარბაზანი დაიბარა. ეს ზარბაზანი შაჰ-ნადირ ყაენმა მოიტანა ქართლში ერევნიდამ, იტყოდენ: „ორი ათასი ლიტრა არისო“. მოიტანეს პირველ და მეტეხის ციხეს მოუმზადეს, აგრევე თაბორის ციხეს სროლა დაუწყეს. რა ეს ზარბაზანი ნახეს ციხელებმა, მაშინვე შეშინდენ, დიდად აქცევდა, საცა მოხვდის და მისისა ხმისაგან ქალაქი ირყეოდა, ათი ლიტრა ტყვია მოუნდის და წამალიც მისი შესაფერი. შემდგომად მცირედთა ხანთა მოვიდა ჯანდიერისშვილი ჯანდიერ, მეფის თეიმურაზის მშვიდობიანი ამბავი მოიტანეს, ადილ-შაჰ ყაენისაგან მრავლის საქონლის მიცემა და ქართლის გაკეთების და გამდიდრების პირობაც მიეცათ მეფის თეიმურაზისათვის. განიხარა ფრიად მეფე ერეკლემ დაქართველთა ყოველთა შეექმნათ ურიცხვი სიხარული. აბძანდა მეფე ერეკლე თაბორის საომრად, სანგარი შეკრეს ქართველთა პირდაპირ და იქიდამ ჩავიდის მებრძოლი, საღამომდის იყვის სროლა ერთმანეთში და საღამოს ბატონი ისევ ქალაქს ჩამობძანდის და თითო სარდალი დადგის. რა გაჭირდა აღება ციხისა, ბძანა ბატონმა დიდის ზარბაზნის გამოტანა თაბორზე, წამოიღეს, სოღანლუღს წყალში გამოიტანეს, თელეთზე შემოატარეს და შინდისის მხრიდამ მოიტანეს თაბორზე, მოუმართეს ციხესა თაბორისასა. განუმზადეს ჯარი იერიშისა, დაუშინეს ეს დიდი ზარბაზანი. მეოთხე რომ ჰკრეს და უყვეს იერიში, მოვიდა ქართველთა და კახთა ჯარი და მთლივ ციხეს გარს შემოეხვივნეს, გარს მიწით სავსე თოფრა შემოეხვივათ ციხისათვის, რომ სიმაგრე მიეცათ, მცირედნი კაცნი იყვნეს შიგა, მაგრამ არ ავად იყვნეს მყოფნი ციხისანი, არც თოფის სროლა გაუწყვეტიათ და სანამდის ციხეში შიგ არ ჩაუცვივდენ არც ომისაგან დასწყნარდენ. აიღეს ციხე და იავარ-ყვნეს საქონელი, შიგა მყოფნი კაცნი ზოგი ცოცხალი მოართვეს მეფეს ერეკლეს და ზოგთა თავი წარკვეთეს. არ ავად იყო იმ დღეს მღებრისშვილი შავერდა, ყმა პაპუნა ორბელიანისა. მივიდა გულსრულად და ზედ კოშკზე აიჭრა, მეტის სიახლოვისაგან იარაღი რომ ვეღარ იხმარა, ციხიდამ ხელდახელ ეჭიდებოდენ, რომ ჯარი სულ ხედვიდა და უქებდენ მამაცობასა, დააწყლულეს ბაირამ და წამოიღეს, ეგრე დაწყლულებული მოართვა პაპუნამ მეფეს ერეკლეს. უბძანა წყალობა და სცა ნუგეში. ამისა შემდგომად დააყენა მუშა ფრიადი, შემოავლო სწრაფად გალავანი თაბორის ციხეს და დააყენ ჯარი კახთა, აგრევე რომელი იყო სანგარი ჯარისა, იქაც დაადგმევინა კოშკი მაგარი და შეაყუნა კაცნი მისანდონი. თითონ ჩაბმანდა ქალაქს გამარჯვებული და იურვა საქმე ციხისა. წავიდის ქალაქით მარბიელი, მოარბივის საბარათაშვილო, მიუხდიან სამშვილდეს და ბირთვისის გარეშემო მოარბივიან და მოიტანიან ქალაქსა თბილისისასა. აგრევე წამოვიდნენ ჯარი ბარათიანთა ლეკის ჯარით, რომელი იდგა ციხესა სამშვილდისასა, მოუხდიან კოჯრის კერძო და ცხენი დახვდისთ ბალახზე გასული ანუ კაცი ჯარისა და მოიტაციან და ციხესა სამშვილდისასა მიიყვანიან.
წავიდა სამშვილდით ბელადი ერთი ლეკისა ცოტა კაცით, შემოიყარა ცხენოსანი ჯარი დაღისტანში, მოვიდა, მოუხდა ღამითვე, დაესხა ავჭალას და ქალაქის საქონელი და ნაპირის სოფლებისაც სულ ლოლოებზე იდგა, დაესხნენ ყველას ერთად და მრავალი საქონელი წაიღეს, აგრევე ტყვე უფრო მცირედი. მაგრამ საქონელი სიმრავლისაგან უფრო ვერ მიუდიოდათ, ეგონათ: „ციხეს ადგანან, იმას ვერ გაუშვებენო და არავინ გამოგვიდგება და ეს საქონელი ჩვენ შეგვრჩებაო“. მაგრამ მეფემ ერეკლემ, გოლიათობისა საფუძველმან, არა ინება მათი ეგრე წარსლვა. ჯარი, ვითა იდგნენ საფრებსა და ქუჩაბანდებს, არ მოშალა არც ერთი და თითონ მცირეს კაცით წაბძანდა, წინ ჩაფარი გაგზავნა, კახნი კაის ჯარით, ზოგი საგარეჯოს, ზოგი მანავის ბოლოს შემოეყარნენ. გამოუდგა და შირაქის ბოლოს მოეწივა ჯართა ლეკისათა. ახსენა დამბადებელი ღმერთი და პირველ თითონ შეუტივა და უბძანა ჯარსა: „ვის უყვარს ღმერთი და ერთგული არის ჩემი, გულსრულად შეიბასო“. მისლვასავე ჩამოაგდო კაცი და შეუტივეს ერთობით, გაიქცნენ ლეკნი, გაერივნენ ქართველნი და კახნი ხმალდახმალ და ხოცდენ ლეკთა, ვითა კატათა. ამოწყვიტეს, რისხვა ღმრთისა დასცეს. ბატონი ერთს ადგილს ჩამოხდა, ჯარი მაშვრალი იყო და მერე ვითაც მოართვეს და გამარჯვება მოულოცეს თურმე ეს გაქცეული ლეკის ჯარი ერთს მომავალს დიდს ლეკის ჯარს წინ შემოყროდათ, თვისი ამბავი ეამბათ: „ღალატად საქონელი წაგვართვეს კახთაო, ცოტანი არიანო“. მოეცთუნებინა ეს ლეკის ჯარი, მოუძღვნენ ამ დამარცხებულის ლეკის ჯარის კაცნი დილას, რომ ჯერ მართლა არ ენათლა. ზოგი ტანგახდილი იყო, ზოგი ილოცვიდა და ზოგთ ეგონათ, ვერა გაიგეს რა ქართველთა, ეგრე უფიქროდ თავს წამოადგნენ. რა შეიტყვეს, მაშინვე ბატონი ცხენს შებძანდა შეუტივა, ვინ ცხენი მოისწრო, ერთმანეთს არ მოუცადეს შეუტივეს, გააქცივეს, გაერივნენ შიგა, დაყარის ცხენისაგან ლეკნი და ვინა გარდარჩათ, ისიც ქვეითი წავიდნენ, რომ ცხენები დაყარეს და ეგრე ტყეში შეცვივდნენ. ეგეთი ომი გარდაიხადა იმ დღეს მეფემ ერეკლემ, რომ პირველი ომი ლაღობად ჩაიგდებოდა. მოართვეს თავი მრავალი და ცხენსა და იარაღს რიცხვი არ ჰქონდა. რაც საქონელი იყო, ისევ პატრონებს უბოძა და ეგრე გამარჯვებული წაბძანდა ქალაქსა თბილისისასა. ჯერ ქალაქში არ შემობძანებულიყო, ბატონიშვილი სოლომონ დამარცხდა ივლისს ოჱ. გამარჯვებისათვის დიდი სიხარული იყო, მაგრამ ზედა ეს სიმწუხარეც დაერთვათ, შეიქნა დიდი წუხილი, მიიღეს სიონში, შეწუხდენ მეტეხში მყოფნი ციხოვანნი და მიაგებეს წინ კაცი ბატონს მარტყოფს, შეეხვეწნენ და შენდობის ფარვანი სთხოვეს: „კაცი გვიბოძე, ციხეს მოგართომთო“. გამოგზავნა მაშინვე სულხან ეშიკაღაბაში და ჯიმშერ თუშთ მოურავი, რომელსა ებარა არაგვის ერისთვის მამული. იმისთვისაც ებძანა მეტეხის ციხეზე მისვლა, მარტყოფისა და საგარეჯოს ჯარი გარს ადგა, მოვიდა სულხან ეშიკაღაბაში და ჯიმშერ ქალაქიდამ გავიდა საერისთოს ჯარით, მონასტერთან ნავები იყო მრავალი და ჯარი მას ზედა დადიოდა, თორემ ხიდი ხომ აღარ ეჭირათ, მიაღგნენ ღამითვე, გაუღეს ქვეითი კარი და შევიდნენ ჯარი კახთა. მიადგნენ გალავნის ძირს, რა ინათლა და შევიდნენ მეტეხის ციხეში. რა ეს შეიტყვეს ქართველთა, აღარ იყოვნეს და მიადგნენ დაბლა ციხესა, მოიტანეს კიბეები მოქალაქეთა, მიიდგეს და შეიქმნა დენა გალავანზე. ამათი მიმძღოლი და თავი მუხრანბატონი კოსტანტინე იყო და ორბელიანი მდივანბეგი იოანე და პაპუნა თავისის მსახურ აზნაურშვილითა, გარდაუცვივდნენ ციხეში და მოადგნენ შიგნიდამ ციხის კარსა. პირთამდის, მიწით აევსოთ, დააყენეს მუშა და კარის გაღებას ეცადნენ. მოსქდა ქალაქი და ან ვინც ქართველნი იყვნენ ქალაქში, ზოგმა ახლა შეიტყვეს, აგრე მალე ციხის აღების იმედი არა ჰქონდათ და მოვიდნენ, კარიც გააღეს და სულ ციხე ჯარით აივსო. გაიქცნენ ციხელები და სულ ნარიყალაში აკრბნენ. დარჩათ გამარჯვება და ციხის აღება ქართველთა, შეიქნა ზევით ციხიდამ სროლა თოფთა და ზარბაზანთა, რომ ყურთა ხმა აღარ იყო. კაცი ბევრი მოკლეს, მაგრამ რა ნაშოვარი ციხეში ნახეს და იშოვეს ქართველთა, აღარა ინაღვლეს რა. შეიქნა მაღლა ციხე ყალაბანდი, განჯის კარი და აბანოების კარიც ქართველთა დაიჭირეს.
ამა ამბავთა შინა მობძანდა მეფე ერეკლე, მიეგებნენ ქართველნი და კახნი, მიულოცეს გამარჯვება, უიმედა წყალობა და უბძანა: „თუ ჩვენ გამარჯვებულნი მოვედითო, არც ავად თქვენ დაგვხვდითო“. მერე მობძანდა სასახლეში, გაუმჟღავნეს ბატონიშვილი სოლომან და შეიქნა წუხილი უზომო.
ამისა შემდგომად მოვიდა ჯარი ლეკისა, სულ ცხენოსანი, შეიარეს, მუხრანი წაახდინეს საამილახოროსი, მრავალი წაიღეს და ერთი კოშკი ამილახორისა აიღეს, ქარუმიძეები იდგნენ შიგა. აიკლეს ამილახორის სალთუხუცესი ქარუმ მოკლეს, წაიღეს ეს ნაშოვრები და მიადგნენ აბაშიძის ქვიშხეთის ციხესა, აიღეს ისიც და წამოიღეს უთვალავი ტყვე, ანუ საქონელი ურიცხვი და მოვიდნენ ციხესა სამშვილდისასა. მისცა ხალათები ბელადებს ბატონიშვილმა აბდულაბეგ და დააყენა სამშვილდეს, უგზავნიდა შემოპარვით კაცსა მინბაშსა და თავის შვილს და ეგრევე ბარათიანთ აძლიერებდა, მაგრამ რა ეს ციხეები აიღეს, დიდად შეშინდნენ მყოფნი ციხისანი. ციხე ცოტა იყო და სული მრავალი. ზაფხულის ჟამი იყო, ივლისი და სულმა დიდად შეაწუხათ, საზრდოც მოაკლდისთ, დაუწყეს ლაპარაკი და ხვეწნა მეფეს ერეკლეს: „თუ დანაშაულს გვაპატივებთ და არ დაგვხოცო, ციხეს დაგანებებთო“. ერთი ამან უფრო შეაწუხათ, თაბორიდამ რომ დიდი ზარბაზანი მოუმართეს, შიგ ჩამოესროდათ და დიაღ ბევრს ახდენდა და აოხრებდა. როგორც ხელმწიფობის წესია, შემცოდე კაცი რომ შენდობას მოითხოვს, მიუტევებენ. ამანაც ეგრე მოწყალების კარი განაღო და მიუტევა, ვინც ციხეში იყვნენ, ყველას ერთად ცთომა თვისი, დიდი მოწყალება იხმარა, თორემ ციხის თათრებს ეს როგორ შეენდობოდა. სიონის მონასტერს ზარბაზანს ესროდენ და მეფის საჯდომი სასახლე ყუნბარით აავსეს და ზარბაზნითა დაამტვრივეს. ყუნბარით ერთი ქვის სროლა შემოიღეს, რომ ქალაქი სულ ქვით აავსეს. ასეთს ქვას ისროდნენ, რომ თითო ლიტრა მოვიდოდა. ეს ყველა აპატივა და თავისის საქონლით გაშვება ბძანა, რომ არც საქონელი წაართვა. ეს უფრო დიდი მოწყალება იყო. გაგზავნა ქისიყის მოურავი თამაზ და ეშიკაღაბაში სულხან, შეფიცეს, რომ „არა დაგიშავდეთ რაო“. გამოვიდნენ სულ ერთპირ და მოუძღვნენ, წამოვიდნენ ბატონთან აბდულა-ბეგის შვილი აღასი, ვინც ბარათიანნი ახლდნენ, იმათი მინბაში თავისის თაბუნის კაცით, ციხელები სულ და ყაზი მათი, სჯულის თავნი არიან. მივიდნენ, თავი დაუკრეს მეფეს ერეკლეს. სიტყვა უბძანა მიტევებისა, დააჯერეს გული მათცა და უბძანა დაყენება და სადგომების მიცემა და უბოძა ულუფა ყოველთა და დააყენა ქალაქში. გამოზიდეს ციხელებმა ბარგი ციხიდამ და მოასხეს ცოლ-შვილი, დაცალეს ციხე. აბძანდა მეფე ერეკლე ციხეში, ნახა ჯაბახანა, ყოველი დაწერა სრულიად და დააყენა ნარიყალაში მერაბ ენდრონიკასშვილი სამოცის კახის კაცით. დაბლა ციხის სახლები უბოძა თავადთა ყოველთა და მეტეხის ციხეში დააყენა ალადაღ ჩერქეზისშვილი კახის კაცითა. რა ეს ამბავი შეიტყვეს ადრიბეჟანის ქვეყნების კაცთა, შეშინდნენ დიდად და მაშინვე გამოეგზავნა განჯის ხანსა და ერევნის ხანს ფეშქაში მეფის ერეკლესათვის, აგრევე აჯი-ჩალაბის, რომელი იყო ისიც ერთი ჯარის პატრონი დაღისტნის მხარეს და პატივსა სდებდენ ყოველნი. ამა ამბავში მოუვიდა ხალათი მეფეს ერეკლეს ადილ-შაჰ ყაენისაგან, შეიქნა სიხარული დიდი და შადლუხი, სროლა ზარბაზანთა. ებოძა მეფის თეიმურაზისათვის ყაენს ადილ-შაჰს ურიცხვი ოქრო და ვერცხლი და ყოველივე ხელმწიფური შესაფერი საქონელი, აგრევ ორბელიანს სარდლის ქაიხოსროსათვის ხუთასი თუმანი და ცხენი შეკაზმული, დანა მურასა ძვირფასისა და ხალათი მძიმე, აგრევე ვინ ქართველნი ანუ კახნი დარბაისელნი ახლდენ, საქონელით აღევსო. მეფის წიგნი და ეს ამბავიც რომ მოვიდა, უფროსად განიხარეს, მეფის მშვიდობიანი ამბავი და მრავლის შოვნა დიდად იამათ, მაგრამ სარდალი ქაიხოსრო რა ავად გამხდარიყო, გამოესტუმრებინა ბატონს მრავლის საქონლით, მაგრამ აღქანთას რომ მოსულიყო, იქ დამარცხებულიყო თარხანი ლუარსაბ, პაატა მოლარეთუხუცესი და ზურაბ მეითარიც მიცვლილიყვნენ. ბატონს დარჩომოდა ქაიხოსრო, მარტყოფის მოურავი და ამილახორი რევაზი. ამა ამბავზე მეფე ერეკლე შეწუხდა, ამისათვის რომ მეფე თეიმურაზიც შეწუხებული იყო, თორემ სხვა რიგად სიმდიდრე და ხელმწიფის წყალობა არ აკლდა. ყაენი გამოსტუმრებასაც დაჰპირებოდა მეფეს და ქართველთა და კახთა გამდიდრებას და მრავლის მოცემას.
აეშალა ცხადად ყაენ ადილ-შაჰს თავისი ძმა იბრეიმ მირზა, სარდალი ადრიბეჟანისა, ამირ-ასლან-ხან, მივიდნენ ერთმანერთზე, ორსავ დიდი ჯარი ჰყვანდათ, მაგრამ ვითაც მუხანათნი არიან ერანელნი, ამ უმცროსის ძმისკენ უფრო მოიწივეს, შეიბნენ, გაემარჯვა ყაენზე იბრეიმ მირზას და ადრიბეჟანის სარდალს, ამოუწყვიტეს ადილ-შაჰ ყაენსა, წაართვეს ხაზინა და თითონ დაიჭირა და თვალები დასთხარა, დიახ, დიდი ხაზინა სადმე ჰქონდა, ნადირ-შაჰი რომ მოკლეს, იმისი დარჩომოდა, აავსო იბრეიმ-მირზამ თავისი ჯარი საქონლით და უმეტესი ჯარები შეიმატა, ახლა თითონ განემზადა ყაენად. მეფე თეიმურაზ თავისის ცოტას კაცით განშორებოდა ამ ჯარსა და წასულიყვნენ მაზანდარისაკენ, მრავალი ჭირი გარდაეხადათ, თუ რამ საქონელი ან სიმდიდრე ჰქონოდათ, სულ ასე დაკარგოდათ, რომ თითოს ცხენისა და თითოს ხელის იარაღის მეტი არა შერჩომოდათ რა. მრავლის ცდითა და სასჯელით მაზანდარის ქვეყანაში მისულიყვნენ. აქ ამილახორი გივი დახვედროდა და მოგებებოდა, ვითაც მართებდა, ეგრე განეხარა და მრავლის მისართმევით და ლხინ-ფრიადობით განესვენა. მეფისთვის ცდილიყო სამსახურსა მონურსა და არარა კლებულ ექმნა, რაცა ძალი სდებოდა. ესე ამილახორი გივი იყო, რომელ ქართლსა შინა საჩინოდ ქმნილიყო და სახელოვნად ხსენებით, რომელსა ყოველთა ქართლისა მეპატრონეთაგან მარად პატივცემულ ქმნილიყო და როდეს ყიზილბაშთა განუდგა და მეფეს თეიმურაზს უბძანა მრავლის ჯარის წარმოვლენითა, გამოიყვანეს სურამის ციხიდამ ფიცითა მტკიცითა და წარავლინეს წინაშე შაჰ-ნადირ ყაენისათა. რადგან მეფეს თეიმურაზს ფიცი მიეცა, ვერც ყაენმა მოკლა და რადგან სახელოვანი კაცი იყო, არც ამდენს ენდო, რომ კიდევ ქართლში გამოეგზავნა, ხორასანს დააპატიმრა. შაჰ-ნადირ რომ თავისმა ძმისწულმა ადილ-შაჰმა მოკლა და თითონ ყაენად დაჯდა, ეს ამილახორი გივი იმან გამოიყვანა, მრავალი უბოძა და რადგან შემძლებელი კაცი იყო, ყულარაღასობაც მისცა და მაზანდარას ერთის ციხის ქალაქის გაკეთებაც უბძანა. ეს ციხე გააკეთებინა, ადილშაჰ ყაენიც თავის ძმას წაეხდინა და მეფე თეიმურაზიც იმ დროს მიბძანდა, დიდად ეცადა, თავისის ხელმწიფის დახდომას და ვით ერთი მცირე მონა, ეგრე მოქცეოდა, მრავალიც მოერთმევია. ამა ამბავსა შინა იბრეიმმირზას მოეკითხა ქართლის ვალი: „მეფე თეიმურაზ ჩემს ძმასთან იყო, რა იქნაო, საცა ჩემს საბრძანებელში იყოს, მოიპოვნეთო“. მისულიყო მაზანდარას ეს ბძანება და წაეყვანათ დიდის პატივის და ჴელმწიფურის რიგით, რა რომ ენახა იბრეიმ-მირზას, დიდი პატივი ეცა და მრავალი ებოძა და თვისისა დიდების საკადრად დაედგინებინა.
ამისა შემდგომად სარდალი ამირ-ასლან-ხან უკუდგა, გაუსივა ჯარი, ეძლივათ მისთვისაც და მოერთმევინათ იბრეიმ-მირზასათვის დაჭერილი. დასთხარა თვალები და აიკლო სრულიად. ამა ამბავში ებოძა მეფის ერეკლესათვის ხალათი მძიმე და რაყამი წყალობისა: „რადგან მამა შენი მეფე თეიმურაზ ჩვენს სამსახურში არის, შენ ქართლსა და კახეთს კარგად მოუარეო“. დიდად განიხარა მეფემ ერეკლემ ხელმწიფის წყალობა და უფროსად მეფის მშვიდობიანი ამბავი და ამ მირზასთან მისვლა და იმისგან შეტკბობა, რომ რადგან ერანის ჯარს ხმალი დაჰკრა, ეშინოდათ და ახლა ამით გული დააჯერეს, რომ თუ გასწყრომოდა, არც მეფეს თეიმურაზს პატივს მისცემდა და არც აქ ხალათს გამოუგზავნიდა. ამისდა სასიხარულოდ გაგზავნა ჩაფარი მრავლისა მიცემითა მეფემ ერეკლემ და უყო არზი ერთგულობისა, დაიდო სამსახური თავსა, რომ რამწამს ჩავიდა ჩაფარი, მაშინვე გამოუგზავნა, კიდევ მეორედ მურასა დანა და ხალათი მოუვიდა და წყალობისა და ერთგულობის რაყამი აგრევე პატრიარქსა ანტონის მოუვიდა ხალათი და რაყამი წყალობისა, თანვე აბდულა-ბეგს ბტონიშვილს მოუვიდა ხალათი და რაყამი დაბარებისა. წავიდა მაშინვე სამშვილდიდამ და დააგდო თვისად ნაიბად ძმა თვისი უსეინ-ბეგ. მაშინ იბრეიმ-მირზა მოსულიყო თავრიზს, დაჯდა ყაენად და დაირქო შაჰ-სულთან-იბრეიმ. მოვიდა ბძანება, დაებარებინა კახის ბატონიშვილი ასან-მირზა და ქართლისა და კახეთის თავადნი და უფროსნი კაცნი, გაისტუმრა მეფემ ერეკლემ ბატონიშვილი ასან-მირზა ხელმწიფურის რიგითა და თან აახლო ქართველნი და კახნი სახლისაგან ერთი თავადნი. ამილახორს, რომელსა ერქვა შაჰ-ყული-ხან და ყულარაღასი ყაენისა, გამოეგზავნა ქართლში ოქრო და ვერცხლი მრავალი თვისისა მსახურ აზნაურ-შვილთათვის და ესენიც სულ და თვისი ძმისწულიც დავით დაებარებინა თავრიზს. გაიკეთეს ირაღი ყოველთა ოქროსი და წავიდნენ. რა რომ ჩავიდნენ თავრიზს, დიდად მოსწონებოდა ბატონიშვილი ასან-მირზა და ერთობით ქართველა და კახთათვის ორი ათასი თუმანი თეთრი და ასი ხელი ხალათი მოეცათ, დაეყენებინთ ულუფით. აგრევე ბატონიშვილის აბდულა-ბეგისთვის ხალათი და ინამი ებოძა ან ვინ ბარათიანნი ჩაჰყოლოდენ, ყველასათვის ცალცალკე ეწყალობათ. მოუვიდა კიდევ მეფეს ერეკლეს შაჰ-სულთან იბრეიმისაგან ხალთი. სალთხუცესი გრიგოლ გაგზავნა ჩაფრად თავრიზს, ჩავიდა, დიდი პატივი მიეცა ხელმწიფეს და ხალათი, დანა ოქროსი, თეთრი ინამად ებოძა და მოვიდა ქალაქს, მოუტანა მეფეს ერეკლეს რაყამი დიდის წყალობისა და მეფის თეიმურაზის წიგნები და მშვიდობიანი ამბავი. ხოჯა გამოეგზავნა და ტყვეები ეთხოვნა. ამაზე დიდად წუხდა ბატონი, გარევა ეზარებოდა. მაგრამ დიდად ეფიქრებოდათ, მტერი ბევრი ჰყვანდათ და აბეზღებდენ. მერე მეფე თეიმურაზიც იქ ეგულებოდათ და ეს აჭმუნვებდა, თორემ მეფე იყო მორწმუნე და პატრიარქი იჯდა ზენათ ტრფიალი, ქართლიდამ ტყვის გასვლა როგორ იქნებოდა. გაგზავნეს ჩაფრად რამაზ ყორჩიბაშის შვილი და სოლომონ მორდალი. რა ჩავიდნენ, ნახეს ყაენი, ამათ უბოძა ხალათი და ოქროს დანები და ინამად თეთრი. მოვიდნენ ისევ მალე და მოართვეს რაყამი და ტყვეების დაბარება მადლობით.
რევაზ ამილახორი მოვიდა, რომელი ახლდა მეფეს თეიმურაზს და მოიტანა ბატონისა კაი ამბები და მობძანების იმედი და კიდევ ხალათი მოუვიდა მეფეს ერეკლეს. გამოეგზავნა თაღი-ხან სარდალი ყაენს, მოვიდა ბარდას, გამოეგზავნა ჩაფარი და დაებარებინა ქართლისა და კახეთის უფროსნი კაცნი. გაგზავნა მეფე ერეკლემ სომხითისა მელიქი ბაადურ და ესენი კი აღარ გაგზავნა, გაგზავნეს ზაზა, დედოფლის ეშიკაღაბაში შაჰ-სულთან იბრეიმთან ჩაფრად, მოვიდა ბაადურ მელიქიც და მიეცა ხალათი და ინამი. გაისტუმრეს ხოჯა და ტყვეები, მრავალი აჩუქეს ხოჯას, დიაღ, მახლობელი და კაი ყმა იყო ყაენისა, რომელსა ერქვა აღა-თალიბ. მოვიდა ჩაფარი და დაებარებინა ხელმწიფეს აბდულა-ბეგის შვილი აღასი, რომელი იყო ქალაქში პატიმრად, გაისტუმრეს, მივიდა სამშვილდეს, სახლსა მამისა თვისისა და იქიდან წავიდა, ჩავიდა თავრიზს, ნახა ხელმწიფემ და დააყენა მახლობელ თვისსა.
მოუვიდა კიდევ ხალათი ერეკლეს და ხმალი მურასა, დიაღ, მალი-მალ მოსდიოდის წყალობა ამით რომე, თუ ქართლი და კახეთი არ მისდგომოდა, ვერც ადრიბეჟანის ქვეყნებს დაიმორჩილებდა. ყველას მეფე ერეკლესთან ჰქონდათ პირი, ხანები ასე უთვლიდენ: „ვისიც შენ ხარ, ჩვენც იმისი ვიქნებითო“. მერე ხმალიც აჩვენა და შეშინდენ და ხელმწიფეც ეფერებოდა. ეს ხოჯა და ტყვეები რომ ჩასულიყვნენ, დიდად ამებოდა ხელმწიფეს და ხოჯასაც დიდი მადრიელობა და ქება ეთქვა მეფის ერეკლესი. მეფეს თეიმურაზს ბატონიშვილი აბდულა-ბეგ შეერიგებინა. სელიმ-ხან, რომელი იყო ეთიმადოვლე ყაენისა, შუა ჩამოვარდნოდა და მიეცათ ბატონიშვილის აბდულა-ბეგისათვის რაც საბატონიშვილო იყო სომხით საბარათაშვილოში და ბოლნისები, წინწყარო და სხვა, რც ძალით ეჭირა, ხელი აეღებინათ.
მოუვიდა ხალათი კიდევ მეფეს ერეკლეს და ამ ხალათის მერვესა დღესა კიდევ მოუვიდა ცხენი, თვისი საჯდომი მურასა უნაგირით და ოქროს რახტით შეკაზმული, ხალათი და ათასი თუმანი სულ ფლურად, რომელი იყო ერთი ფლური ექვსის მინალთუნისა, აგრევე პატრიარქს, ანტონი ბატონიშვილს ხალათი მძიმე და რაყამი წყალობისა კვალად დარბაისელთა ქართლისა და კახეთისათა. მუხრან ბატონს კოსტანტინეს, სარდალს რევაზს, ეშიკაღაბაშს დიმიტრის, შანშე ერისთავს, ამილახორს, ალავერდელს, ქისიყის მოურავს თამაზს, თუშთ მოურავს ჯიმშერს, ელისეთ მოურავს დათუნას, ეშიკაღაბაშს სულხანს, ამათ ყოველთა ხალათი მოუვიდათ. ქართლის დედოფალსა ანახანუმს და კახეთის დედოფალს ანნას ოროლი ხელი ხალათი და ასი თუმნის ჯამაგირის რაყამი მოუვიდათ. აგრევე ბატონიშვილის ანნასათვის ორი ხელი ხალათი ებოძა და რაყამი დიდის წყალობისა.
უბოძა მეფემ ერეკლემ სარდლობა სომხით-საბარათაშვილოსი რევაზს ორბელიანს, ვითაც ძველთაგან მკვიდრად ამათი სახლის სახელო ყოფილიყო და მერე ამ რევაზის მამა, სარდალი ქაიხოსრო მეფეს თეიმურაზს ერანის ქვეყანაში გაჰყოლოდა, მრავალჟამ ემსახურა და იქავ დამარცხეიბულიყო. ამანაც არა უგულებელყო შრომა მისი და თვისივე ხარისხი და პატივი შვილსავე თვისსა მიუნიჭა.
ამა ამბავსა წინათ გამოეგზავნა ხელმწიფეს ერთი ხანი სამოცის კაცით და ეთხოვნა ათასი ნოქარი ქართლიდამ და კახეთიდამ. მეფემ ერეკლემ არზი უყო: „ჩვენგან ეს არ გარიგდებაო“. ესმინა ეს მოხსენება და ამ ათასის ნოქარზე ხელი აეღოთ და მარტყოფის მოურავი ქაიხოსრო, რომელი ახლდა მეფეს თეიმურაზს, ის გამოეგზავნათ და ამილახორი ამირინდო. ასან-მირზა ბატონიშვილს რომ გაჰყვა, ამათის პირით ეთხოვნა ხელმწიფეს სამოცი თავადისშვილი და აზნაურშვილი ქართლიდან და ორმოცი კახეთიდამ: „ჩამოვიდნენ და ბატონიშვილს ასან-მირზასთან იყვნენო“. სამასი ნოქარი კიდევ ყაზახ-ბორჩალუსათვის ეთხოვნა. ეს ყველა ასან-მირზასათვის მიებოძებინა, ამათი სარდლობა მიეცა, გაარიგეს ეს ბძანება და ისევ გაუძღვა მოურავი ქაიხოსრო და წავიდნენ.
გამოეგზავნა შაჰ-სულთან იბრეიმს თავის სახელზე ზარაფხანა ქალაქში და დაჰკრეს სიქა, ბძანებისაებრ მისისა მოსჭრეს სამაბაზიანი და შაური, ფლური ოცდაათის შაურის.
გამოეგზავნა ამილახორს გივს, რომელი იყო ყულარაღასი ყაენისა, შაჰ-ყულიხან, ფეშქაში მეფისათვის, დედოფლისათვის და ქართველთ დიდრონის კაცებისათვის, აგრევე პატრიარქის, ანტონის ბატონიშვილისათვის ორასი თუმანი უდაბნოებისათვის, ცალ-ცალკე ფრანგების საყდრებისათვის და იმერეთს და ანუ ახალციხესა, ამ ქვეყნებში ვისაც იცნობდა დიდრონის კაცებისათვის, ყოველთათვის მრავალი ოქრო და ანუ ლარი ტურფა მოუძღვანა ყოველთა ცალ-ცალკე.
ჩამოვიდნენ ბარათიანნი სრულიად მეფეს ერეკლესთან და მოითხოვეს შენდობა დანაშაულისა, აპატივა ცთომა თვისი ყოველთა და არა უსაყვედურა რა. აგრევე ყაზახელთ რამდენი ორგულობა იდვეს თავსა და შესცოდეს, მაგრამ როცა მოვიდნენ, მიუტევა დანაშაული, ვითა ქრისტიანობის წესია: „ვინც შეინანის, მიეტევის ცთომა მათი“.
მეფემან კეთილმორწმუნემან და პატრიარქმა, სათნოებისა საფუძველმან, ინებეს და სურვილითა მოიძიეს სჯულნი ქრისტესნი და სიმართლით და ღმრთის მსახურებით წეს-ქცეულებანი ქართლისანი. კარგა ხანს გამოევლო, რომ ქართლს ქრისტიანი მეფე აღარ სჯდომოდა. აგარიანნი პყრობდენ მრავალ ჟამ. ამის მიზეზით მრავალრიგად მართლმადიდებლობის რიგი შეცვლილიყო, რომელიმე ნათესაობისა აღრევითა, რომელიმე მრუშებისა მიზეზით წმიდასა სახარებაზე წინააღმდგომ ექმნებოდეს, რომელიმე სამღუდელოთა დასთა თვისი ქცევა და ეკლესიის რიგი შეეშალათ, სხვაცა რაიმე ამგვარი საქმით მრავალრიგად კლებულ ქმნილ იყვნეს მყოფნი ქართლისანი. შემოკრიბეს ქართლისა და კახეთის ეპისკოპოსნი ანუ სამღვდელონი დასნი სრულიად, დაბძანდა მეფე ერეკლე სახლსა ანტონი კეთილმორწმუნისა პატრიარქისასა და ესე სამღვდელოთა დასნი ყოველნი მიკრფეს იქა, დაასვენეს ცხოველსმყოფელი ჯვარი პატიოსანი, დაიდვეს წმიდა სახარება და სჯულის კანონი და იქნა მსოფლიო კრება ქალაქსა თბილისისასა თვესა ...
განარჩივეს და აღმოფხვრეს ყოველივე უწესოდ ქცევანი და დაუდვეს მოციქულთ და მღვდელთმოძღვართ კანონით სჯული მტკიცე და შეურყეველი ქრისტიანობისა, რომელსა მოგითხრობს წმიდა კანონი მათი. ესეცა შესძინეს, გამოიძიეს დიდის ცდით და გამოიღეს სტამბა, რომელ პირველ მეფეს ვახტანგს მოეღო ვლახეთით და მის მეფობას აქეთ ქართლში აღარსად იყო. ანტონი ბატონიშვილმა პატრიარქმა კეთილმან და სარწმუნოებისა და ქრისტეს სჯულისა განმაძლიერებელმა, იგულს-მოდგინა ფრიად, შემწე ექმნა მეფე ერეკლე და გამოიღეს სტამბა და აღავსეს წიგნითა ქართლი ყოვლით კერძო. იჯდა ქართლსა შინა მას ჟამსა ეპისკოპოსად მთავარ-ეპისკოპოსი თბილელი, დმანელი, ბოლნელი, წილკნელი, სამთავნელი, მროველი, ურბნელი, ნიქოზელი, აგრევე კახეთში ალავერდელი, ბოდბელი, სამებელი, ნეკრესელი, ჭერემელი, რუსთველი, ნინოწმიდელი.
მოუვიდა ამბავი ორბელიანს რევაზს სარდალს ხელმწიფის რაყამი სარდლობისა, აგრევე მეფის თებმურაზის წყალობის წიგნი: „როგორც მამაშენს სჭეროდეს, ჩვენც მამის შენის სახელო და პატივი შენთვის გვიბოძებიაო, რადგან მამა შენი, სარდალი ქაიხოსრო, ჩვენზედ ერთგულობაზე და სამსახურზე მრავალს გაისარჯაო და აქავ ჩვენს სამსახურში მოკვდაო, ჩვენგან მუდამ წყალობისა და პატივის მოიმედე იყავო“. რა მოუვიდა წყალობის რაყმები რევაზს, სარდალს, განიხარა დიდად, ვითა სიმწუხარესა მისსა შეეფერებოდა, ეგრე სიხარულით მიითვალა და მადლობდა ღმერთსა.
გაგზავნა დედოფალმა ანნახანუმ სუფრაჯი ზურაბ ყაენთან და მიართვა ფეშქაში საკადრისი ხელმწიფისა და მეფის მობრძანებას რომ გვახარებდენ, ამის შესატყობლადცა. ჩავიდა ზურაბ, მიართვა ფეშქაში, უბოძა ხელმწიფემ ხალათი და ინამი და მაშინვე გამოისტუმრა და მეფის მობძანების ამბავიც ზურაბ მოგვიტანა და მოვიდა, შეიქნა სიხარული ქალაქსა შინა.
აჰყარეს ბარათიანნი სრულიად ცოლ-შვილით ბირთვისის ციხიდამ და ჩამოიყვანეს, დააყენეს ქალაქში. ხანი, რომელი იყო ქალაქში ყაენის გამოგზავნილი, იმისი დაჭერა ებძანა მეფის ერეკლესათვის ყაენს. დაიჭირეს მაშინვე და მოუყენეს მცველნი. თავრიზს ქალაქსა შინა უღალტეს ბებურისშვილებმა პაპამ, რომელი ახლდენ კახი ბატონიშვილს ასან-მირზას, მათს ვეზირს აბითურა-ბეგს, დაკაფეს ხმალდახმალ და გამოვიდნენ თვისის ხმლის ძალით. მოვიდნენ კახეთს. მოხსენდა ყაენს და უკვირდათ სულ ერანელთ ასე თამამად გაბედვისათვის და უქებდენ ყოველნი მამაცობასა. ხელმწიფე აქ იჯდა, „ეს გაბედესო, ქართველს კაცს თავის ალაგში ვინ დაუდგებაო“. ეწყინა მეფეს და აგრევე ასან-მირზამ დიდი სიმწუხარე გარდაიხადა, მაგრამ რაღა გაეწყობოდა.
დაითხოვა მეფე თეიმურაზ ყაენმა, გამოისტუმრა ქართლში, გამოდგა თავრიზით თვესა მარტსა კთ, მოვიდა მახარობლად რევაზ ამილახორი და ბატონის მობძანების ამბავი მოიტანეს. შეიქნა სიხარული ფრიადი, მისცეს მახარობელთა უზომო მეფემ ერეკლემ, დედოფალთა და ქართველთა ყოველთა. საცა მობძანდა ბატონი ადრიბეჟანის ქვეყნებში, დიდად გამომჩვენებით დახვდენ, მრავალი მოსართმევი მოართვეს, ყაზახ-ბორჩალუში რომ მობძანდა, ვითაც თვისი ყოლბეგი იყო, ახლა კიდევ უფრო ამ შაჰ-სულთან იბრეიმს ასეთი რაყამი მოეცა მეფის თეიმურაზისათვის, რომ „როგორც საქართველო, ეგრე ყაზახ-ბორჩალუ იმსახურეო“. მიეგებნენ ყაზახისა და ბორჩალუს სულთნები, თავისის ჯარებით დახვდენ ყმურად და მიართვეს მისართმევი. წამობძანდა რა ყაზახის ქვეყნით, აქედამ წაბძანდა მეფე ერეკლე ქართლისა და კახეთის ჯარით, აგრევე პატრიარქი ბატონიშვილი ანტონი სამღვდელო დასით. მობძანდა ბატონი ბაიდარში. ესენიც მოვიდნენ. რა მოხსენდა ბატონს მეფის ერეკლეს მობძანება, ჩამოხდა, დაბძანდა და იახლენ გვერდთ დარბაისელნი, რომელ ახლდენ თან. მიბძანდა მეფე ერეკლე, მოეგება მამა და ვითა წესია მამაშვილთა სიყვარული და მერე ეგრე შორით გზით ეგრე შეიყარნენ, გარდაეჭდენ ერთმანეთსა, რომ ყოველნი კაცნი უყურებდეს. მერე მიესალმა წმინდა პატრიარქი და შემდგომად დასნი სამღვდელონი, შემდგომად მოვიდნენ ქართველთა დარბაისელნი, მიესალმნეს მუხლს კოცნით და ეგრევე კახთ დარბაისელნი და შორით თაყვანისცეს ჯართა ყოველთა.
მობძანდნენ სავსენი სიხარულითა, ჩამოხდენ იმ ღამეს მარნეულს, მეჯლისი გარდაიხადეს და იყო ლხინი უზომო, მეორეს დღეს მობძანდნენ, ჩამოსდენ კოდაზე, მეჯლისის რიგი ყოველივე მზა ექმნათ ბძანებითა ერეკლე მეფისათა და ის დღე იქ ილხინ-ფრიადნეს და საღამოს დროს მობძანდნენ ქალაქსა თბილისისასა, მიეგებნენ მოქალაქენი, დასნი სამღვდელონი, შემოსილნი შეასხმიდენ ქებასა და მადლობდენ ღმერთსა ბატონის მობძანებისათვის, გაუშალეს მოქალაქეთა ფეინდაზი, მორთვეს ბაზარნი და აღლამპარნეს ჩირაღდნით. შებძანდა ბატონი სახლთა პატიოსანთა, მოეგებნეს დედოფალნი მშვენიერნი და ასული თვისი ანნა, ნათლით მოცული, იყო სიხარული უზომო, რომ იმ დღისა სიხარულსა ჩემი უძლური სული ვერ შეიძლებდა. შეიქნა სროლა თოფთა და ზარბაზანთა, რომ ყურთა ხმა აღარ იყო და კომლისაგან ქალაქი აღარა ჩნდა. გამოეტანებინა ყაენს მინბაში სამასის კაცით და ებძანა: „რადგან ჩემი ერთგული ხარო, რაგვარადაც აქამდის ქალაქისა თბილისის ციხეში ჩემი კაცი მდგარაო, ახლაც ისევ დააყენეო“. დააყენეს მინბაში თავისის დასტით მაღლა ნარიყალაში და ვინც მკვიდრი ციხის კაცნი იყვნენ, ესენი სულ ბატონისათვის მოეცა ხელმწიფეს: „რადგან შენთვის ამდენი შეუცოდებიათო, მომიცემია, საცა გენებოს, იქ დაასახლეო“. აჰყარა მეფემ სულ ერთობით ეს ციხელები და კახეთს გაღმა მხარში გაიყვანა და გრემს დაასახლა.
დაებარებინა ხელმწიფეს ხანი, რომ იყო დაჭერილი ქალაქში ყასუმ-ხან, აუშვეს და გაისტუმრეს მშვიდობით. ბატონი შემობძანდა ქალაქში თვესა აპრილსა კ, ქორონიკონს ულზ (1749 წ.), მარად ცდილობდენ მეფენი ქვეყნის შემატებასა და აშენებასა, ვითაც ლეკისაგან ქართლისა და კახეთისა ქვეყანა დიდად შეწუხებულიყო. მოინებეს, სადა მოსავალი გზა იყო, ციხეების აშენება. წაბძანდენ ორივ მეფენი საგურამოს, მოიყვანეს ქართლის მუშა და აღაშენეს ციხე ბოკოწინს, დააყენეს კაცნი ფრიადნი, წაბძანდა მეფე ერეკლე კახეთს, აღაშენა ციხე ჭოეთისა და გაამაგრა ფრიად. მაშინ განასრულა ციხე ბოჭორმისა, ჩამობძანდა მეფე თეიმურაზ ქალაქსავე და მობძანდა ერეკლე მეფეცა. ლხინობდენ და უკუიყრიდენ და სადა მტერი გაჩნდის ქვეყანათა თვისთა, რისხვასა მიფენდენ. გამოიყვანეს ციხიდამ მინბაში ზეიდალი-ხან, დააყენეს ქალაქში, ციხეში ისევ დააყენეს მერმე ენდრონიკაშვილი, მოუყენეს ჯარი კახეთისა და მოქალაქეთაგან ვინცა-ვინ ბარათაშვილი იყო, ცოლ-შვილით ქალაქს იდგნენ და ბირთვისის ციხეში აბდულა-ბეგ ბატონიშვილის კაცნი იდგნენ. გაუსივა ბატონმა რევაზ ამილახორი ბოლნისს, დაიჭირეს ბოლნისის მოურავი გლახა ციციშვილი და სხვა. ვინც ბატონიშვილს აბდულა-ბეგის კარის კაცი და მოხელე ჰყვანდა, სულ ბოლნისში იყვნენ. ყველა დაიჭირეს და ჩამოიყვანეს ქალაქს, სთხოვეს ციხე ბირთვისისა და დაჰპირდნენ აშვებასა ამა კაცთასა. აბდულა-ბეგ ბატონიშვილი ხომ ქვეით იყო და უსეინ-ბეგ ბატონიშვილი სამშვილდის ციხეში იყო და ცოლ-შვილიც იქ უდგათ. დააცლევინეს ბირთვისის ციხე, გაგზავნა ბატონმა უზბაში დავით დიასამიძე, თავისი წინა მდგომნი მეთოფენი და დააყენა ციხესა ბირთვისისასა და ესე ვინა დაჭერილნი იყვნენ, უყო წყალობა და აუშვეს ყველანი. შეიქნა ყრილობა ერანის ქვეყანაში, უღალატეს ყაენს შაჰ-იბრეიმს, გაიქცა მცირეს კაცით, აიკლეს ხაზინა და არამი ყაენისა, შეიქნა დიდი არეულობა, შეიყარა ვინც ქართველნი იყვნენ ან კახნი, შემოეხვივნენ ბატონიშვილს ასან-მირზას, დააპირეს წამოსვლა ქართლში, მაგრამ გაუჭირდათ დიდად, ამით რომ ღარიბად იყვნენ. შიმშილმაც შეაწუხა და თუ არა დაეხარჯათ რა, ვერცა მარტო თავის ძალით წამოსვლას შეიძლებდენ. ამილახორმა გივმა, რომელი იყო ყაენისა ყულარაღასი, შაჰ-ყული-ხან, მისცა ქართველთა, ვის როგორ ეფერებოდა ან საზდელი და რაც კლებულობა ჰქონდათ, ყველა გაურიგა ქართველთა, გამოუძღვა და წამოვიდნენ ქართლისაკენ, დახვდნენ წინ ყიზილბაშნი მრავალჯერ, მაგრამ ასე ლომგულად და კაის სარდლობით მოიქცა შაჰ-ყული-ხან, რომ საცა მტერი აუჩნდის, რისხვა ღმრთისა დასცა და ეგრე ხმლის ძალით მოვიდნენ ქვეყანასა ქართლისათა. მოვიდა წინა-კაცი და მოხსენდა ბატონს ბატონიშვილის ასან-მირზას მოსვლა, დიდად იამა ძმისწულის ნასვა და მერმე ამდენის ქართველის კაცის გამოხსნა, მიაგება ქაიხოსრო ბოქაულთ-ხუცესი ორბელიანი. შემოვიდნენ ქალაქსა თბილისისასა, მაგრამ რომ გენახათ გივი ამილახორი, რომელსა ერქვა შაჰს-ყული-ხან, მნახავთათვის სასიამოვნო იყო, დიდისა დიდებითა და გამოჩენით, ვითაც შეეფერებოდა სიმდიდრესა და სიმაღლესა მისსა, ეგრე განეწყო მონანი თვისნი და აღემკო მოხდომით და აღეჭურა ყოველნი იარაღითა ოქროსათა. ესე იყო სიკეთე მისი, რომელსა საძნელსა საქმესა ჩავარდის. ასე რიგად მოიყვანის საქმე, რომ დიდება და პატივი არ მოაკლდის და უმაღლესსა ხარისხსა აღვიდის სიბრძნით და მხნე და ქცევით თვისთა. ესე რომე აუშვა პატიმრობისაგან ყაენმა ხორასნით და არ მოაწივა ხელმწიფის კარზე, ასეთი სამსახურები აჩვენა ხელმწიფეს, რომ სიმაღლეს აღიყვანეს და უშურველად უთვალავი საქონელი უბოძა და ერთი დიდი პატივი ეს მიენიჭა, რომ ყულარაღასობა მისცეს და სჯული ვერ დააგდებინეს და ეგრედვე ქრისტიანობით მოვიდა ქართლში. დიდი პატივი მისცა მეფემან თეიმურაზ და მეფემან ერეკლემ. დადგა ქალაქში და აღარ წავიდა სამკვიდროსა თვისსა და სუფევდა მდიდრობით ქალაქსა თბილისისასა.
შეიქნა დაღისტანში ყრილობა, შეიყარა დიდი ჯარები ლეკისა, რომ ამისთანა ჯარი ჯერ ერთად არ შეყრილიყო, წამოვიდნენ პირველ დააპირეს ჩამოსულა კახეთში, შემოიყარა ჯარი ქართლისა და ყაზახ-ბორჩალუსი მეფემან თეიმურაზ და მაშინვე გაბძანდა კახეთში. შემოეყარა მეფე ერეკლე კახეთის ჯარით. მიბძანდენ და დადგნენ ბაკურციხესა. შეიტყვეს ლეკთა ამ ჯარების ამბავი, წამოვიდა ერთი ბელადი მცირეს კაცით ცნობად ამბისა. გავიდა მტკვარს, დაჰკრეს შამშადილოსა, შეიტყვეს ბატონებმა, გამოუდგნენ შეუკრეს გზა შირაქის ბოლოს. იგრძნეს ლეკთა, გაიქცნენ და გავიდნენ ჭარში. შემოიარეს მეფეებმა ჭარის პირდაპირ, დაელაპარაკნენ ჭარელებს და მოსთხოვეს მუქარა, შემოჰფიცეს ჭარელებმა: „არც ჩვენს ქვეყანაში დაღისტნის კაცი შემოუშვათო და რაც თქვენი ბძანება მოგვივიდეს, თავს ვიდვათო“. წამობძანდენ ბატონები ამ ჯარებით და ჩამოხდენ ისევ ბაკურციხესა. მოუვიდათ ამბავი, რომ ეს ლეკის ჯარები შეყრილიყვნენ კახეთში ჩამოსასვლელად, შეშინდენ, ვეღარ გაბედეს ჩამოსვლა და ისევ მიიმალნენ.
გამოეგზავნა ერევნის ხანს კაცნი სანდონნი და შემოხვეწოდა მოხმარებასა. ერთი ერევნის მემკვიდრე კაცი გამოჩენილიყო, რომელსა შაჰ-ნადირ ყაენი ღალატით მოეკლა, მაჰმად-ხან, ამას ეშოვნა ჯარი და ერევნის ხანის ძმა დაეჭირა, ცოლ-შვილი აეკლო და ერევნის ციხეს გარეთა ქვეყანა სულ დაემონებინა და მუდმისად ციხესაც სთხოვდა. დიდად ეწყინათ ბატონებს ერთის იმგვარი კაცისაგან თავისის ძალით ქვეყნების დაჭერა. ბძანეს წაბძანება და მოხმარება ერევნისა. შეეტყო ეს იმ მაჰმად-ხანს, რომ ერევნის ხანი ქართველს ბატონს შეხვეწიაო, გამოეგზავნა იმასაც კაცნი ბატონთან და მუქარა გამოეთხოვა. ეს იწყინეს და წაბძანდენ ქართველი ბატონი და კახი ბატონი დიდის ჯარით ერევანს, ყაზახში რომ მიბძანდენ, მოუვიდათ განჯის ხანის კაცი და ედვა თავს სამსახური და ისიც შემოხვეწოდა მოხმარებასა, იქაც გამოჩენილიყო ერთი ჯავანშირელი კაცი, სახელით ფანა, შეეყარა ჯარი და გლეჯდა განჯაყარაბაღის ქვეყნებსა. მოვიდნენ სიღნაღის მელიქის შვილებიც ასიოდენ კაცით და ისინიც შემოეხვეწნენ ფანაზე მოხმარებასა, მაგრამ რადგან ერევანზე გამზადებულნი იყვნენ, აღარ მოიშალეს ამათც მოხმარებას დაპირდენ და წაბძანდენ ერევანს. რომ შეიტყვეს ჯარის მისვლა, შეიქნა დიდი სიხარული ერევნის ციხეში, მოაგებეს კაცნი წინა და მოახსენეს ამბავი მაჰმად-ხანისა, ერევნის ციხის ერთს მანძილზე რომ მიბძანდენ, შეეტყო მაჰმად-ხანსაცა, დაეწყო რაზმი, მოსულიყო და ნახევარ აღაჯზე, ციხეს სიახლოვეს დამდგარიყო, მიბძანდენ მეფენიც, მოეგება ერევნის ხანიც, დაუპირდაპირდენ, განაწყვეს ჯარი ქართველთა და კახთა ოთხს დროშად: მეწინავედ ორბელიანი რევაზ, სარდალი საბარათაშვილოს ჯარით და თათრის ქართლის ელით, ქისიყის მოურავი თამაზ ქისიყის ჯარით და ვინა დროშის კაცნი ჰყვანდენ, მემარჯვნედ ამილახორი ამირინდო ზემო ქართლის ჯარით და ვინა მემარჯვნე ჯარი იყო, კახის ბატონისა და ყაზახის ჯარსაც ამათთან უბძანეს მისვლა, მემარცხენედ მუხრან-ბატონი, სალთ-ხუცესი კოსტანტინე ორივ საერისთოს ჯარით და ბორჩალუს ჯარით, ჩერქეზის ბატონიც ჯარით თან ახლდათ, იმასაც მემარცხენე დროშაზე უბძანეს მისვლა, ორისავ ბატონის დროშები თვისისა ჯარებით ბატონებს ეხვივნენ და ესე რაზმ-დაწყობილი გავიდნენ საომარსა ალაგსა. მეფე თეიმურაზ რაზმ-წყობით მიბძანდებოდა და მეფე ერეკლე ხან ერთს დროშაზე მიბძანდის და ხან მეორეს დროშაზე, ჯარებს არიგებდის, აძლიერებდის და უბძანის იმედი წყალობისა. შეიქნა ომი ფიცხელი, სარდალმა რევაზ და მოურავმა თამაზ მიიყვანეს მეწინავე ჯარი გულსრულად. ასე შეცვივდნენ ყიზილბაშის ჯარში, რომ ვითაც ქორი გუნდსა ტრედისასა. გაიქცა მაჰმად-ხან, შეუტივეს მემარჯვენემ და მემარცხენემ ჯარმაც, გაერივნენ ქართველნი და კახნი, კაფეს ხმალდახმალ, აგრეთვე იჭირეს ცოცხალი თათარი ურიცხვი. უბძანებლად მოიშალა ბატონის დროშის ჯარიცა და ამათაც შეუტივეს გაქცეულს ჯარსა, იწყინა მეფემ თეიმურაზ დიდად და გაუწყრა თვისის დროშის კაცთა. მიყვნენ ქართველნი ოთხს აღაჯზე, ასე გააქცივეს მაჰმად-ხან, რომ თავის ციხეში ვეღარ შევიდა ცოლ-შვილში. ჩამოხდენ ბატონები ერთს გორაზე, გათავდა ომი მზის ჩასვლამდის, რომ მიართვეს თავი და ცოცხალი კაცი ათას შვიდასი, შეიქნა შადლუხი და სროლა ზარბაზანთა. ერევნის ციხეში მიბძანდენ ბატონები; ჩამოხდენ ციხის გარეთ, ერთი ამისთანა ხმალი და გამარჯვება ქართველთაგან ერანის ქვეყანაში არ მომხდარიყო.
წაბძანდა მეფე ერეკლე იმავ ღამესვე ჯარით, მიუხდა მაჰმადხანის ციხეს, სადაცა უდგა ცოლ-შვილი, აიღო ციხე, აიკლო ცოლშვილი, იავარ-ჰყო საქონელი, გამოიყვანა ძმა ერევნის ხანისა, რომელი პატიმარ ექმნა მაჰმად-ხანს, წაბძანდა მეფე თეიმურაზ და აიღო მეორე ციხე, რომე რაც მაჰმად-ხანის სანდო კაცი იმაში იდგნენ, ტყვის დატყვევება და კაცის სიკვდილი კი აპატივა და საქონელი იავარ-ჰყვეს. მობძანდა მეფე ერეკლე მამასთან მრავლის საქონლით, შეყარეს ორისავ ციხის საქონელი ერთად და გაუყვეს ჯარსა, სარდლებს, თავადთა, აზნაურთა, გლეხთა, ჯარს ყოველთა. ვის როგორ შეეფერებოდა, ეგრე უბოძეს თეთრი, ლარი ანუ ხოვსტანგი, აიყარნენ, მობძანდენ ისევ ერევნის ციხესა, მოართვეს ხუთი ათასი თუმანი ერევნელთა, ისიც გაუყვეს ინამად ჯარსა და წამობძანდენ ისევ ქვეყანასა ქართლისასა. ყაზახში რომ გარდმოვიდნენ, ერევნის ხანიც თან გარდმოჰყვა. ფანა, რომელი იდგა შამახიის ქვეყანაში, მაჰმად-ხან შეჰხვეწოდა და იმათი საქმეც ერთი იყო, შეყარა ჯარი დიდი, მოსულიყო განჯას და წინ დასხდომასა ლამოდა. ბატონები რომ ყაზახს მობძანდენ, ფანა მოვიდა ალაქოლას, შეიქნა მზადება ომისა, გზაზე დამარცხდა კახის ბატონიშვილი ასან-მირზა, ამისთვის ორივ მეფენი მჭმუნვარე იყვნეს, თორემ ომი სიხარულად მიაჩნდათ, ქართლის ჯარი კიდევ დაბარებული იყო და კახეთისა. მოვიდა ქართლის ჯარით ეშიკაღაბაში დიმიტრი ორბელიანი, სიძე მეფის თეიმურაზისა, რომელი იჯდა ქალაქში ჯანიშინად, შემოეყარა ბატონს, ესეთი ჯარი მოიყვანა, რომ მტერს თვალთ დაუბნელდა, მოყვარეთათვის დიდი საამო იყო, კაის რიგითა და წყობილობითა, რომ ორთავ მეფეთა დიდად იამათ და აღუთქვეს წყალობა. აგრევე მოვიდა ჯარი კახეთისა. რა ესმა ამბავი ესე ფანა-ხანს, აღარა მოინდომა შემობმა და დაუწყო ლაპარაკი, ენება შემორიგება, გამოეგზავნა ფანა-ხანს კაცი და მოეხმო მუხრანის ბატონი კოსტანტინე, ვითაც კაი ყმა იყო და ერთგული ბატონისა და მისის პირით შემორიგება უნდოდა. გამოართვეს მძევლად შირვანის და განჯა-ყარაბაღის ქვეყნების დიდებულნი კაცნი და გაგზავნეს მუხრან-ბატონი, თან აახლეს მდივანი გოჯასპი. მივიდა რა მათს ჯარში, დიდად იამა ფანას და დახვდა მხიარულად. ერთი თავი კაცი იყო კაის ჯარის პატრონი, აჯი-ჩალაბი, გვარად ლეკი, ისიც ფანას მოჰყოლოდა. მაგრამ ის ბატონებს უდგა და შერიგებასაც ცდილობდა. მოსცეს მუხრანის ბატონს მოსაცემი საკადრი, გამოისტუმრეს, შემოუკვეთეს: „მაჰმად-ხანის ცოლ-შვილი და საქონელი მოგვეცითო და ყაზახის ქვეყანასაც დამანებეთო და შემოგირიგდებიო“. ეს დიდად ეწყინათ მეფეს თეიმურაზს და მეფეს ერეკლეს იმისგან ისე ამაყად ლაპარაკი და ასეთი იმედიც ჰქონდათ, რომ ორი იმდენი ჯარიც ჰყოლოდა, მაშინც ქართველნი ასე დათამამებულნი იყვნენ ყიზილბაშზე, რომ ერთის შეტევით გაუძლებდენ. იმ სიტყვის პასუხი ეს შეუთვალეს ფანას: „ეს რაც შემოგეთვალა, ხომ არც ერთი იქნებაო და შენ ეს კი უნდა ქნაო, რაც ჯარი გვახლავსო, კაცზე ხუთი თუმანი ინანი უნდა მისცეო და რაც ელი გისახლობს, ჯავანშირი მუდამ ქართველის ბატონის ყმა ყოფილაო, ეგ ელიც დაგვანებეთ, თორემ ჩვენი შერიგება არ იქნებაო“. ეს ამბავიც იმისგან ძნელად საქნელი იყო, შუამავლებმა ასე გაარიგეს, რომ აღარც ბატონებს ელი ათხოვნინეს და თეთრი არც ფანას, რაც შემოეკვეთა, ის გაუგონეს და ბატონის სამსახური ფანა-ხანს თავს დაადვეს და შერიგდენ, გაიყარნენ მშვიდობით, ესეც უბძანეს: „რადგან მაჰმად-ხან ერევნელი არისო, იმის ცოლ-შვილს ერევნის ხანს მივსცემო და ამან, ვისაც ენებოს, მისცეს“. ფანა-ხან აიყარა, განჯას ჩავიდა, ქართველი ბატონი და კახი ბატონი მობძანდნენ ქალაქსა თბილისისასა, ერევნის ხანიც თან მოყვათ.
დედოფალი კახეთისა ანნა დამარცხდა ქალაქს, დეკემბერს ზ, ქორონიკონს ულზ (1749 წ.), მიიღეს მცხეთას, იქნა გლოვა, მწუხარება ფრიადი, იქნა წმიდა კრება და აღმოფხვრეს ქართლისა ქვეყნისაგან საქმე ყოველი უჯერო, წმიდამან პატრიარქმან ანტონიმ განმართნა განდრეკილება და წინააღმდეგი სჯულისა, ტირილი და უჯერო კერპური გლოგა ყოველივე დააყენეს.
მოვიდა განჯის ხანის ბიძა ყოჯა-ხან და ჯაფარ-ხან ერევნელი, რომელსა დასტყვევებოდა ცოლ-შვილი მაჰმად-ხანთან. ამათი ცოლშვილი ითხოვეს, შეეხვეწნენ ბატონებს, უბოძეს ყოველივე ერევნის ხანს და იმათი ნებაც მისცეს იმას, ისინი ამ პირობით გაისტუმრეს და ერევნის ხანს აჩუქეს მრავალი. გაატანეს ზაზა თარხნიშვილი მემანდრად და გაისტუმრეს საბეგლარბეგოსა თვისსა.
გამოეგზავნა ნახჩევნის ხანს, ბამან-ხანს ჩაფარი და შემოხვეწოდა ორსავ ბატონს ქართლისას და კახეთისას, ეთხოვნა ჯარი და მეშველი. უბძანეს ზაალს ორბელიანს, რომელი იყო თოფანქჩი-აღასი, წავიდა მცირეს ჯარითა და მივიდა ნახჩევანს, იამა დიდად ბამანხანს და მოსცა ურიცხვი ზაალს და კაცთა მისთა და დააყენა ქალაქსა ნახჩევნისასა დიდებულებისა რიგითა. გაითქვა ხმა ყოველგან ადრიბეჟანის ქვეყანაში: „ქართლის ჯარი ჩამოდგაო და პირველისამებრ ადრიბეჟანის ქვეყანა ქართველმა ბატონმა დაიჭირაო“. შეშინდა ყოველი ქვეყანა და მონებდენ მეფესა ქართლისასა თეიმურაზს და ძესა მისსა, მეფესა კახეთისასა, ერეკლეს.
აიშალნენ ფანა-ხან და განჯის ხანი შავერდი-ხან, მოინდომა ფანამ განჯის ხანობა თავისთვის და ადრიბეჟანის სარდლობასაც ცდილობდა. ეს შავერდი-ხან არ იყაბულა და ფანამ ჯარი შემოიყარა, თითონაც კაი ელი ყვანდა, ჯავანშირი და ყარაბაღში შიგ ჩადგა. ჯარი ასე შემოიყარა, რომ განჯის ქალაქის მეტი აღარ დარჩა, გამოგზავნა განჯის ხანმა თავისი ძმა რიზა-ყული-ბეგ ქართლში და შემოეხვეწა მეფეს თეიმურაზსა და ძესა მისსა, მეფეს ერეკლეს: „დამიხსენით ამ კაცისაგანაო, მე და ჩემი ქვეყანა თქვენი მონა შევიქნებითო, ჯარსაც ჯამაგირს მოვსცემო და სიღნაღის ორი მელიქიც რომ აქ იყვნენ და ეხვეწებოდნენ - ქრისტიანე ხელმწიფე ბძანდებითო, თქვენ დაგვიმონეთო, თათრის ხელისაგან დაგვიხსენითო“. ამა ამბავსა შინა ერთი სომხის ეპისკოპოსიც მოვიდა, ფანა-ხან სიღნაღში ჩამდგარიყო, დიდად შეეწუხებინა. ესეც რომ შემოეხვეწა, ბატონებმა თავს შეიდვეს და ჯარის თადარიგი დაიჭირეს. ამა ხანთა შინა მოვიდა განჯის ხანის ჩაფარი, ფანა-ხან განჯის ციხეს გარს შემოსდგომოდა, აეოხრებინა ქალაქი განჯისა და შეეწუხებინა მყოფნი ციხისანი, უბძანეს მეფეთა ქართლისა და კახეთის ჯარებსა და დაეშურნენ მიშველებასა განჯისასა ამით რომე, ჯერ პირი მოეცა ფანახანს: „ჩემს ელს დავჯერდეო და არას ქვეყანას არა უმტერო რაო“. ეს პირი გაუტეხა, მერე თუ განჯას ძალით დაიჭერდა, ყაზახ-ბორჩალუსაც მოინდომებდა: ყაენი აღარსად იჯდა მას ჟამში და ამით ბევრს შფოთებს აშლიდა. მერე ქართველნი ყიზილბაშთა საომრად დიდად ალესილ იყვნეს, მოიწვივნეს ჯარები ქალაქსა თბილისისასა, ქართველნი სრულად, იმერნი, ჩერქეზნი, ოსნი და კავკაზისანი, აგრევე კახს-ბატონს შემოეყარა კახნი სრულად. თუშნი, ფშავნი, ხევსურნი და ლეკნი, რომელნი მონებდენ კახს-ბატონს. რა ეს ჯარები შემოიკრიბნენ ქალაქსა თბილისისასა, გავიდა თოფხანა და გაბძანდა მეფე თეიმურაზ და მეფე ერეკლე ქალაქით თვესა თებერვალსა ჱ, ქორონიკონს ულჱ (1750 წ.). გატეხილ ხიდზე რომ ჩაბძანდენ, ბორჩალუს ჯარი შემოეყარათ, ყაზახის ჯარი ყაზახში და მიბძანდენ შამშადილოში, ერევნის ჯარებიც დაბარებულიყო და მოელოდენ, მოვიდნენ შამშადილოელნი და მოართვეს ფეშქაში ორსავ ბატონებს.
რა ესმა ფანა-ხანს: „ქართველი ბატონი შენზედ მოვიდაო“, ვითაც ვერ შეიძლებდა პირდაპირ ქართველთასა, აიყარა მაშინვე ღამით განჯიდამ და წავიდა, ჩავიდა თავის ელებში, დაუწყოს აყრა და მაგრება. მოეგება განჯის ხანი მდინარის ბოლოს, მიბძანდენ ბატონები, ჩამოხდენ განჯას ქალაქისა მახლობელ, მოვიდა ჯარით ერევნის ხანი, შემოეყარა და მოართვა განჯის ხანმა მეფეს თეიმურაზს და მეფეს ერეკლეს ცხენები, შეკაზმულნი მძიმედ და მოსართმევი ხელმწიფური. აგრევე დიდებულთა კაცთა ყოველნი აღავსნეს ხოვსტანგითა და ლარითა ტურფითა.
გაგზავნეს კაცი შირვანს და აცნობეს აჯი-ჩალაბს, რომელი იყო შაქელი და პყრობელობდა შაქსაცა და შირვანსაცა. მაშინვე გამოცა პასუხი და მოეხსენებინა ბატონებისათვისაცა: „მიბძანეთო, ჩემის ჯარით იქ გიახლებით, ყოველივე სამსახური თავს მიდვიაო“. ასე გაეხადა ფანა-ხანის ჯარს განჯა, რომ ციხის მეტი შენობა აღარსად გაეშვა, მეჩეთებიც კი დაექცია, ვითაც ემართლებოდა დაქცევას, თორემ სხვას რას შენობას გაუშვებდა. გამოვიდა განჯის ხალხი ციხიდამ და ისევ დაუწყეს შენობა ქალაქსა განჯისასა. ბატონები აიყარნენ მეექვსეს დღეს და წაბძანდენ ფანას ხანზე. მასცა თავისი ელები, ჯავანშირი აეყარა, არაზის პირისაკენ გაესტუმრებინა და თითონ ექვსის ათასის კაცით გზაზე დაგვდგომოდა, ყარაბაღის ჯარი ჯავანშირის, შამშადილისა, სიღნაღისა, ბარგუშათისა და შაჰისევანისა, ამ ქვეყნების ჯარი სულ თან ახლდა, მოსულიყო და ხეივანს დამალულიყო, ლამოდა ზაკვით შემობმასა. რა ჩავედით ხეივანს, იქ შემოეყარა აჯი-ჩალაბის შვილი ცხენოსნის ჯარით და მოვიდა თეიმურაზ მეფესთან მელიქი სიღნაღისა და ოქევატერი განძასარისა, მოართვეს ფეშქაშები ბატონებს და დაიდვეს სამსახური და მოიტანეს ჯარისათვის სურსათი, რომელ, არს ულუფა.
გავედით იქით, რა ერთსა აღაჯსა გავიარეთ, გამოჩნდა ჯარი ფანა-ხანისა. თურმე იდუმალ იდგნენ და ჩვენმა ყარაულმა არ შეიტყო, თითონაც გამოჩნდნენ. მაგრამ საომარსა ალაგსა ვერ გამოვიდნენ, ტყეთა პირ იდგნენ და ტყე და სიმაგრე ზურგად ჰქონდათ. იმ დღეს აღარ მოხდა შებმა. წაბძანდენ ბატონები, ჩამოხდენ სიღნაღის ქვეყანაში, იქ მოერთვათ იმ ქვეყნების სურსათი და ქეთხუდები მოვიდნენ სამსახურში. აშოთან მუხრან-ბატონისშვილი ორის კაცით უკან საშოვნას დარჩომილიყვნეს, ამათ ფანას კაცნი შემოყროდენ და დაეხოცათ, თავები ფანა-ხანისათვის მიერთმევიათ. ამ აშოთანს ფანა მრავალჯერ ენახა და იცნობდა, რომ დიდი კაცის შვილი იყო, მისწერა ჭარში წიგნი: „დავუმარცხე ქართველთაო, გავაქცივეო, მუხრანის ბატონი მოვკალო, გაქცეულნი მთის ძირისაკენ ავიდნენო და მე უკან მივსდევო, თქვენ გამოდით, გზები შეუკარითო, საქონელი სულ თქვენ დაგრჩებათო და თქვენც წყალობას სხვასაც გიზამო“. ასრევე შამშადილოელებს მიუწერა და იმათი ჯარიც თან ახლდა. დაიჯერეს, გამოვიდნენ ჭარელნი, ზოგნი ყაფან დაგვიდგნენ და ზოგნი ისევ მტკვარს გაღმა იყვნეს. აგრევე შამშადილოელთ შეგვიკრეს გზები, ჩვენ რა ვიცოდით, წავედით სიღნაღიდამ და მივმართეთ, სადა გვეგულებოდა ფანა-ხანის სადგური. რა გავიარეთ მცირე რამ ალაგი, მივედით ერთსა კლდოვანსა ალაგსა, მოვიდა ჩვენი ყარაული, მოახსენა მეფეს ერეკლეს: „აქათ ჯარი დგას ფანასიო“. თურმე თითონ ფანა-ხან მოსულიყო დარჩეულის კაცით და წინ გვიდგა, ლამოდა შემობმასა, მინდვრად კი ვერ გაბედა ომი და სიღალატისა ალაგსა ცდილობდა შემობმასა. რა მოისმინა მეფემან ერეკლემ, მამას, მეფე თეიმურაზს კაცი აახლო: „თქვენი ჯარით მინდვრად წამობძანდით და მე მცირეს კაცით მათ ვნახაო“.
წაბძანდა მეწინავეს ჯარით, ვისაც შეეძლო, ის იახლა, აღმართი იყო და კლდე. ისინი, ტყიანი მთა იყო, იმაზედ წამომდგარიყვნენ, სანამდის ავიდოდით, რაც ჯარი მოგვდევდა ნახევარი ვეღარ ამოგვყვა. რა აბძანდა მეფე ერეკლე, მცირე რამ კაცი აყვა, ასე დავახლოვდით, რომ ჩვენი და იმათი კაცი ერთმანერთს ეცნენ. ბძანა მეფემ ერეკლემ: „ვინ არის ერთგული ჩემი და აქვს გული მამაცობისაო, ჟამი ეს არის“. თითონც, ვითა ლომი, ეგრე მიესივა და ჯარი, ვინც იქ იყვნეს, ვინღა დადგებოდა, მეფეს ერეკლესთან თავს ვიღა დაზოგევდა. მერე ყიზილბაშის ჯარზე ქართველნი და კახნი ასე გამამაცებულიყვნეს, რომ ერთი ჩვენი კაცი ას ყიზილბაშს არ დაერიდებოდა. მიუძღვა რევაზ ორბელიანი, სარდალი საბარათაშვილოს ჯარისა და ქისიყის მოურავი თამაზ ქისიყელი, თითო თოფი დასცალეს და მერე ხმალდახმალ გაერივნეს, პირველზე ისინიც კარგად იყვნეს, რომ ალმები ჩვენს ჯარში შემოიტანეს. მაგრამ რა ქართველნი და კახნი თავგამომეტებით იმათ ჯარში შიგ შეცვივდნენ, ვეღარ დადგნენ ყიზილბაშნი და გაიქცნენ.
რა შეიტყო ფანა-ხანმა, მეფე ერეკლე ამ მეწინავეს ჯარში ურევიაო, მაშინვე გაიქცა. ეს მეწინავე ჯარი ცოტანი იყვნეს, მაგრამ დიდად მამაცად გაისარჯნეს, რომ დიდის ჯარის მზგავსი საქმე ექნეს, ორბელიანი სრულად მეწინავეში დაესწრნეს და არ ავად იყვნეს, რომ ქება რაღა მოგახსენო, მეფე თეიმურაზ დიდის ჯარებით ქვევიდამ მინდვრით მობძანდა, კაცი აახლო მეფემ ერეკლემ: „თქვენის დოვლათით ამათი საქმე ჩვენს ხელთ დარჩაო და ჯარი მოგვაშველეთო, რომ მართლად ჩვენი ხმალი ვაჩვენოთო“. ბძანა მეფე თეიმურაზ ჯარის შეტევა, შეიქნა ზამბურაკის სროლა და ნაღარახანის ცემა, შემოუტივეს ამ დიდმა ჯარმა, მაგრამ აღმართი იყო. და გვიან ამოვიდნენ. სანამდის ეს ჯარი მოვიდოდა, მეწინავე ჯარი ომობდა, მრავალი კაცი ჩამოაგდეს, ცოცხალიც ბევრი დაინარჩუნეს, მოვიდა ჯარი, გაერივნენ შიგა გაქცეულს ჯარში, გაიყარნეს წინა და მიჰყვნენ კაფით, რომ რისხვა ღმრთისა დასცეს, ოთხი საათი კიდევ დარჩენილიყო და შუაღამემდის ჩვენი ჯარისკაცი ისევ უკან მისდევდა და ხოცდა ყიზილბაშთა. ამდენი კაცი მოკლეს და ცოცხალი დაინარჩუნეს, რომ ერთი ამისთანა გამარჯვება არასდროს ერანში ქართველის ბატონისაგან არ მომხდარიყო.
ჩამოხდენ ბატონები მას ღამესა ნაომარსა ალაგსა, მიართვეს თავი ანუ ცოცხალი ყიზილბაში, რომ სიმრავლისაგან აღმწერელნი დაშვრებოდეს, ქართველთა ზოგთა ოთხი თავი მოქონდისთ, ზოგთა ოთხი და ხუთი ცოცხალი ეჭირისთ, უკეთუ ყოველნი თვითოეულად აღმეწერა, სიგრძისაგან ამბისად საწყინო შეიქნებოდა. ქართველნი და კახნი ერთობით ყოველნი კარგად იყვნეს და უმეტესად მეწინავე ჯარი, ორბელიანნი, საბარათაშვილო და ქისიყის ჯარი. ამ გამარჯვებაში არა ჯარი ყიზილბაშისა არა რეულა, ერევნისა, განჯისა და ანუ აჯი-ჩალაბისა, შაქელნი და შირვანელნი, ყოველნივე შორით იმზერიდეს და ვინა საქართველოს ჯარი იყო, დემურჩიასანლუ, ყაზახნი და ბორჩალუ, ესენი დიდად მამაცად გაისარჯნენ და კაცი ბევრი დაინარჩუნეს. წავიდა ფანა, რაც კაცი დარჩენოდა იმითი და ყარადაღის მთას მიმართეს, თავის ელსაც გასწივა.
მეორეს დღეს წაბძანდენ ბატონები, გამარჯვებულნი და სიხარულით სავსენი, მიბძანდენ, სადა იყო სანგარი ფანა-ხანისა, სიღნაღის ბოლოს თულში, იქ დარჩომოდა ფანა-ხანს თოფხანა და ჯაბახანა. მიართვეს მეფეთა მორწმუნეთა და ლომ-გულობისა საფუძველთა და მოულოცეს ყოველთა, აღავსნეს ნუგეშით და წყალობის სიტყვით ქართველნი და კახნი, მოვიდა თულის მელიქი, რომელი იყო დიდის ჯარით ფანა-ხანთან და ითხოვა მიტევება დანაშაულისა და დაიდვეს სამსახური თავს. ვითა ჩვენი მეფენი ღმრთის სიყვარულითა და მოწყალებითა სავსენი იყვნეს, აპატივეს ცთომა თვისი. უბძანეს სიღნაღელთ ექვსის დღის ჯარის ულუფის მიცემა და განემზადნენ ბარგუშათსა და ფანა-ხანის გაქცეულს ელზე. გამოგზავნეს მახარობლები განჯასა, შირვან-შაქსა, ჭარსა, კახეთსა, ქართლში, ყაზახ-ბორჩალუში, ერევანსა და ნახჩევანში და აცნობეს გამარჯვება. შეიქნა სიხარული ყოველგან და მოიშალა ჯარი ჭარელთა, რომელი შეყრილიყვნენ წინ დასახდომად ქართველთა და შერცხვათ შამშადილოელთ, რომელთა წაახდინეს გზანი და აპირობდენ ღალატსა ქართველთა და კახთასა.
განარჩივეს კაცი მეომარი და რჩეულის ჯარით წაბძანდენ მეფენი არაზის პირისაკენ აღმოფხვრად წინააღმდეგთა თვისთასა, დააგდეს თულას ჯორ-აქლემნი, ბარგნი სამძიმონი და თოფხანა, მოუყენეს ჯარი და უთავეს მისკარბაში, აღარა გავიარეთ ორი დღე, მესამეს დღეს გაუშვეს მარბიელი, წავიდა ჯარი, მოიცვა ალაგნი ბარგუშათისა ,და არაზის გაღმა-გამოღმა, დარჩათ უთვალავი საქონელი, დაგვხდა ფანა-ხან მცირეს კაცით ხოზაფუნის ხიდზე, ეწადა ომი. მაგრამ რა სცნა მისვლა ქართველთა, დაუტევა ელი თვისი და გაიქცა და მორჩა მცირეს კაცით, ჩამოხდენ ბატონები არაზის პირზე და წავიდა ჯარი, მოარბივეს მუღანჩოლს ზევით, ნაშოვრის სიმრავლესა ამის მეტს ვეღარ მოგახსენებ. ეს დიდი საშინელი ჯარი ახლდათ ქართველს ბატონს და კახ ბატონს და იმ ნაშოვრის მოვლა ვერ შეიძლეს. წაბძანდა მეორეს დღეს მეფე ერეკლე, მპყრობელი კახეთისა ბარგუშათის ქვეყანაზე. მოეგება ხანი ბარგუშათისა, შემოეხვეწა დიდად: „ნუ წამახდენო“. აპატივა სახლი და ქალაქი თვისი და ბძანა მოოხრება ქვეყნისა, ამდენი წამოვიღევით, რომ პირველის ნაშოვრისაგან უმეტესი. ეს ორივე ერთად რომ შეიყარა, დიდი სიმრავლე შეიქნა საქონლისა, რომ შენახვა ვისა არა ძალედვა, ორ შაურად ცხვარსა ყიდდენ და ხუთ აბაზად ძროხას, ორ მინალთუნად ტყვეს. უბოძეს ჯარსა თეთრი. სამი ათასი ტყვე გამოიხსნეს და განუტევეს პატრონთა ჩვენთა და არა ინებეს დაპატიმრება ტყვისა. გაგზავნეს გუგუნა ბოქაულთ-ხუცესი ყარადაღს ქაზუმ-ხანთან, რომელი იყო დიდებული კაცი და პატივცემული შაჰ-ნადირი ყაენისაგან. აცნობეს ამბავი ესე ყოველი. წამოვიდა თითონ ნახვად მეფეთა ჩვენთა. რა მოუვიდათ ამბავი, მოსვლა ქაზუმ-ხანისა, მიეგება ორას აღაჯზე მეფე ერეკლე, მოიყვანეს დიდის პატივით, ჩამოხდა მეფე თეიმურაზთან, მოეგება და დაისვა მახლობელ, მოართვა ფეშქაში ორთავ მეფეთა და დიდებულთა თვისცა თითო ცხენი უბოძა, დაიყოვნეს დღენი რაოდენიმე ბარგუშათისა ქვეყანათა, აჰყარეს გარემონი კაცნი, ვინა მიეყვანა ფანას მძლავრებით.
დავარდა ხმა: „მოვიდა ქართლის ვალი და მეფე კახეთისა, ააოხრა ქვეყანა და დაიმონა ქალაქნი და ქვეყანანი ადრიბეჟანისაო“. შეშინდენ ყოველნი და მოართვეს ფეშქაში თავრიზის ხანმა და ანუ რომელ მისსა საბეგლარბეგოსა ხანი სადმე იჯდა, აახლეს კაცი, მოულოცეს გამარჯვება და მოართვეს მოსართმევი ხელმწიფური, წამობძანდნენ ბარგუშათით, მობძანდნენ ისევ თულას, მოართვა ორთავ მეფეთა განჯის ბეგლარბეგმა შავერდი-ხან თავისის ქვეყნით და ყულბეგით ათი ათასი თუმანი, გააწერეს ქვეყანასა თვისსა, გაგზავნეს შავერდი-ხანის ძმა რიზა-ყული-ბეგ და თან გაატანეს ბატონიშვილი ისაყ-ბეგ ამ თეთრის ასაღებად. აგრევე გაგზავნეს იასაულად ქართველთა, კახთა თავადთა და აზნაურთაგანი და გაატანეს ყოვლისა ქვეყნების კაცნი ასაყრელად გლეხთა, რაც საქართველოსი, კახეთისა, ყაზახ-ბორჩალუსი ანუ ერევნისა, რაც გლეხი ყარაბაღის და სიღნაღის ქვეყნებში ჩასულიყო, სულ ააყრევინეს მეფეთა ჩვენთა.
ბატონიშვილი ელისაბედ დაიბადა თვესა მარტსა კე, ქორონიკონს ულჱ, მახარობელი მოუვიდა ბატონს ქვევით და განჯას რომ მოვედით, ერევნის გლეხი ერევნის ხანს უბოძა, ყაზახისა - ყაზახის სულთანს, ბორჩალუსი - ბორჩალუს და ქართლისა ქართლში გაისტუმრეს და კახეთისა - კახეთში. ასეთი ბძანება გადიოდის ადრიბეჟანის ქვეყნებში მეფის თეიმურაზისა, რომ რასაც ალაგს ამისი კაცი და ბძანება მივიდის, ვითა ყაენისას, ეგრე დამორჩილდებოდა, მონებდა ყოველი ქვეყანა ადრიბეჟანისა ქართველს ბატონს. აჯიჩალაბისა და შირვანის ჯარი იქავ ბარგუშათიდან დაითხოვა და სხვის ჯარებით განჯას მობძანდა, ჩამოხდა ორას აღაჯზე, მოართვეს ეს ათი ათასი თუმანი და ამისგან ათას ხუთასი დააკლდათ, რომ ვერ აეღოთ, ამ ათას ხუთასის თუმნის გირაოდ მოართვეს შამშადილოს ქვეყანა. წამობძანდენ განჯიდან, მობძანდენ შამშადილოს. განჯის ხანმა მოიყვანა შამშადილოს ქეთხუდები, მიართვა ბატონს და თითონ დაითხოვა ბატონმა. წავიდა განჯას, ერევნის ხანი დაითხოვეს, წავიდა ერევანს, ბატონები წამობძანდენ ქართლისა და კახეთის ჯარით ქართლისაკენ. ყაზახში რომ მობძანდენ, იქ მოეგებნენ ბამან-ხან, ორი ავღანის ხანი. ოდეს პყრობდა ავღანი თავრიზს, მოართვეს ფეშქაში და თან გამოჰყვნენ ქართლში. ნაშოვარი ქართლისა ქართლში წავიდა, კახეთისა - კახეთში. მაგრამ სიმრავლისა რაღა მოგახსენო, ასე იტყოდენ: „ორასი ათასი ცხვარი იყოო; რაც სულ ჯარმა იშოვა და ამისა შედეგად ძროხა და ანუ კიდებული საქონელი“. და აქებდენ მეფეს თეიმურაზს და ძესა მისსა მეფეს ერეკლეს. შეშინდა ყოველი ქვეყანა და მონებდენ ქართველ ბატონს ხმლის ძალით გარეშემონი ქვეყანანი. მობძანდენ საყალთუთანში, წმიდა აღდგომა იქ გარდაიხადეს და შემობძანდენ ქალაქს თბილისს, აპრილს ივ. წმიდა პატრიარქი ანტონი სამღვდელო დასითიქავ საყალთუთანში მიეგება და რა მოეახლა, მოეგებნენ მოქალაქენი და დასნი სამღვდელონი, შეასხამდენ ქებასა, შეიქნა სროლა ზარბაზანთა ქალაქსა შინა, რომ ყურთა ხმა აღარ იყო. მორთვნეს მოქალაქეთა ბაზარნი და იყო ჩირაღდანი და ლხინი ქალაქსა შინა დღესა სამსა. დაითხოვა ბატონმა ჩერქეზის ბატონი, უბოძა მრავალი, აგრევე ჯარსა მათსა და ოსისა პირ-იქით ჯარსა, აღავსო ყოველნი საბოძვრით და გაისტუმრა ქვეყანასა თვისსა.
ისაყ ბატონიშვილი, რომელი ესევდა სჯულსა მაჰმადისასა, აღიარა წმიდა სჯული ქრისტიანობისა და განიხარა მეფემან მორწმუნემან, ცხებულმან თეიმურაზ, განიყვანეს ქალაქის გარეთ, ჩასვეს ისაყ მტკვარსა შინა, განანათლეს შვილითურთ წმიდისა ნათლისღებითა და აღბეჭდეს წმიდისა ბეჭდისა მირონისათა, აღმქმელ ექმენ თითონ მეფე ცხებული და უწოდეს სახელი ქრისტიანობისა ალექსანდრე და ძეთა მისთა უწოდეს იოანე და სოლომონ და ეგრევე ნათელსცეს ორთავ და გაურიგეს მამული საბატონიშვილონი ალექსანდრე ბატონიშვილს და მარად ცდილობდენ მეფენი მორწმუნენი მატებასა ქრისტიანობისასა. ინებეს და განაშვენეს მეტეხის ყოვლადწმიდისა მონასტერი წმიდა ეკლესიად, დაადგინეს დასნი სამღვდელონი, რომელი ქმნილიყო. ხოლო განაბრწყინვა წმიდამან პატრიარქმან ანტონიმ სახლად ღმრთისად და განანათლა ყოველი კერძო.
ბძანა მეფემან და აღიღეს გალავანი ქალაქისა, რომელი იყო ციხესა და ქალაქსა შუა და გააერთნეს ციხე და ქალაქი თბილისისა.
დაითხოვეს ხანები ნახჩევნისა და ავღნისა, უბოძეს საბოძვარი, წავიდნენ ქვეყანათა თვისთა და მონებდენ ბძანებასა მეფეთა ჩვენთასა.
აღიარა წმიდა სჯული ქრისტიანობისა ციციშვილმა მერალიბეგ და ნათელსცეს წმიდისა ემბაზით ქალაქსა თბილისსა, უწოდეს სახელი ქრისტიანობისა დიმიტრი.
მოვიდა წელსა ამას მკალი ურიცხვი, რომელ მთა ანუ ბარი ასე ხელთ ეჭირა, რომ კაბდოები შეაბეს მრავალი და ისე ხვეტეს და ვერარასა თავს აუვიდნენ. ქართლისა და კახეთის ქვეყანა ასე გაათავა, რომ მიწის ნაყოფიერება აღარსად დარჩა. იყო დიდი ტირილი და ვედრება და მადლთა ღმრთისათა მოაკლდა ძალი მათი და შეუმცირდენ სიკვდილით. უბძანა მეფემან ცხებულმან თეიმურაზ დიმიტრი ეშიკაღაბაშს ორბელიანსა და წარავლინა აღშენებად ციხეთა და სიმაგრეთა ქვეყანასა სომხითისა და საბარათაშვილოსათა. ისმინა ბძანება და აღაშენა მალიად ციხე შულავრისა, ციხე მარნეულისა და ციხე რატევნისა, დააყენა მეთოფენი მცველად ციხისა და დაასახლნა გლეხნი, რაოდენი დაიტევდენ ციხენი ესენი.
შეიქნა ყრილობა დაღისტანში და მოინდომეს გარღამოსლვა კახეთში და ეგრევე დაპყრობა ქართლისაც მოინდომეს. ისმინეს ამბავი მეფეთა ჩვენთა, შეიყარა ქართველ ბატონმა ჯარი ქართლისა, ყაზახ-ბორჩლუსი და წაბძანდა კახეთს, კახეთის ჯარიც იქ შემოეყარა და დადგნენ მაღაროს. რა მოესმა ლეკთა ამბავი ესე ქართლისა და კახეთის შეყრილობა, ვეღარ გაბედეს გარდამოსვლა და უკუდგნენ. ისევ ინადირეს, ვითაც კახეთის ქვეყანა კაი სანადიროა, შირაქის მინდორში მრავალი ირემი ამოწყვიტეს, ლხინი და ნადირობა კარგი გარდაიხადეს და ქართველ ბატონი ისევ ქართლში წამობძანდა და მეფე კახეთისა ერეკლე განაგებდა საქმეთა კახეთისათა, ეგების მცირეს ხანს სტუმართაებრ, თორემ მეფე ერეკლე კახეთში არ მიბძანდის, სულ მამასთან ქართლში ბძანდებოდის და ორისავ ქვეყნისა საქმეთა იურვიდა და დიდათაც მორჩილებდა მამასა თვისსა მეფეს თეიმურაზს.
მოვიდა ქალაქში კაკის სულთანი, რომელსა ეწოდებოდა მამადხან, თან მოჰყვა ჭარელთ ქეთხუდები, შემოხვეწოდენ ჭარელნი შემორიგებას და ეს კაკის სულთანი მისცეს მეფეთა ჩვენთა, შერიგებასაც დამორჩილდენ. მაგრამ მძევლები სთხოვეს ჭარელთა და უბოძეს მისაცემელი ფრიადი და გაისტუმრეს. რა მივიდნენ ჭარში. მოისმინეს მეფეთა ჩვენთა ბძანება. თურმე დაღისტანშიც ელაპარაკებოდენ და იქაც შიშისათვის სიტყვით ცდილობდენ შემორიგებასა, თორემ მძევლებს როდის მოსცემდენ. მისცეს პირი დაღისტანს და შეიქნა ჯარის მზადება და დააპირეს წამოსვლა ქართლსა და კახეთზე. მცირედთა ხანთა მოვიდა კაცი, მოახსენა მეფეს ერეკლეს დაღისტნის შეყრა და აქეთ ამომავლობა. მოახსენა მამასა თვისსა მეფესა თეიმურაზს. შეაწერეს ჯარი ქართლში და შეიქნა მზადება კახეთს წასასვლელად. გაბძანდა ბატონი, დადგა ლილოზე, შემოეყარა ჯარი, ჯარი ქართლისა და ყაზახ-ბორჩალუსი, იქიდამ წაბძანდა ხაშმზე. დადგა და იქ უყურებდა ამბავთა ლეკისათა. რა გამოხდა ხანი და ლეკის ჯარი აღარ გარდმოვიდა, ეგონათ აღარ გარდმოსულა, მაგრამ ეს ლეკთა ოსტატობით ქნეს, შეეტყოთ ქართლისა და კახეთისა შეყრა და დაიყოვნეს და ხმა დაიგდეს: „აღარ გარდავალთო“, ვითაც ამას წინათ, რომ ქართველი ბატონი მაღაროს დიდის ჯარით ჩაბძანდა, კიდევ ამავ ლეკის შესაბმელად. რა შეეტყოთ ლეკთა, გამობრუნდენ და თუშეთს მიხდომოდენ. აქედამ კახი ბატონი მეფე ერეკლე მიეშველა, იქიდამ გაიქცენ და ახლა ეს იყო, კიდევ მეორედ შეიყარნენ, დიდათაც შიშობდენ კახეთში და ქართლში მოსვლას, ბევრჯერ ენახათ მეფეთა ჩვენთა ხმალი. მაგრამ ამას განიზრახვიდენ: „თუ ჩვენ არ გარდავალთო, ქართველთა ჯარი აქ, დაღისტანში გარდმოვლენო“. ამა საქმეზე ჭარელნიც ემოწმებოდენ და მხარსაც აძლევდენ. ახლა რომ გარდმოსვლა დაუგვიანდათ, უიმედონი შეიქნენ კახნი და მოახსენა მეფემ ერეკლემ მამასა თვისსა, ცხებულს მეფეს: „ისევ ქალაქს მიბრძანდითო, ლეკის ჯარი მოიშალაო“. წამობძანდა ბატონი, მობრძანდა ქალაქსა თბილისისასა და უბოძა ჯარებს დასტური, წავიდნენ ყოველნი სახლად თვისად.
ქალაქის მოურაობა შაჰ-ყული-ხანს უბოძა ამილახორისშვილსა. ბამან-ხანის ცოლ-შვილი მოვიდა ნახჩევნით ქალაქში, რომელი იყო ასული ქსნის ერისთვისშვილის იასე ყულარაღასისა. გამოვიდნენ ლეკნი და დაიფანტნენ, მრავალი ტყვე და საქონელი იშოვეს, საციციანოს მიუხდენ, მრავალი წამოიღეს, თრიალეთზე დიდი ქარავანი წაახდინეს. გამობძანდა მეფე თეიმურაზ, ჯარი შემოეყარა, დადგა შულავრის ბოლოს აივაზოლოში, დააყენეს ყარაულები ყოველგან, მოვიდა ერთი ჯარი ლეკისა, რომელსა წაეხდინათ საციციანო და ქარავანი აზრუმს მიმავალი ალგეთზე. მარნეულის ბოლოს რომ ჩამოვიდნენ, ყარაულმა მოახსენა ბატონს, შებძანდა ბატონი და მობძანდა ლეკზედ, ლეკნი ერთს ჭალაში გამაგრდენ ბძანა შემოხვევა ჯარისა, შემოეხვივნენ გარს, შეიქნა სროლა, რომ თოფის კომლისაგან ჯარი აღარა ჩანდა. ბძანა და დაუშინეს ზარბაზანი, შეესივა ჯარი ქართველთა, ამოწყვიტეს ლეკნი, რომ რისხვა ღმრთისა დასცეს.
ამისა შემდგომად, მოვიდა მეორე ჯარი ლეკისა, ორბელიანთ მამულს და სომხითს ნაშოვარი მოქონდათ და მერე ბატონს მოხსენდა, გამოუდგა უკან, გავიდნენ მტკვარს, მოეწივნენ ნაგებში, დააყრევინეს თუ რამ მიქონდათ და მრავალი ლეკი მოკლეს და მოართვეს თავი ანუ ცოცხალი. ბატონს გაეგზავნა მახარობელი კახს ბატონთან გამარჯვებისა და ბატონი მობძანდა მხიარულად, გამარჯვებული ქალაქსა.
უსეინ-ბეგ ბატონიშვილი ჩამოვიდა სამშვილდით, შემოირიგა მეფემან და ბოლნიბი კი დაადებინეს და ისევ სახასოდ დადვეს და უსეინ-ბეგს სარჩოდ საბატონიშვილო სოფლები უბოძეს და ორმოცი თუმანი ჯამაგირი გაურიგეს. ამისა შემდგომად მოვიდა ზაალ ორბელიანი ნახჩევნით ქალაქსა თბილისისასა. აზატ-ხან, რომელი სპასალარობდა ადრიბეჟანში, ის გასწყრომოდა ბამან ნახჩევნის ხანს და ის თავისის დედა-წულით წამოსულიყო, ცოლ-შვილი აქ რომ ქართლში გამოეგზავნა და თითონ ერევანს ამოსულიყო, ზაალიც ვისთან-ღა დადგებოდა, მოვიდა ესეც თავისის ჯარით, რაც ქართლიდან გაყოლოდა. დარჩა ნახჩევანი აზატ-ხანს, დასვა ხანად თვისი მისანდო კაცი ნახჩევნის ქვეყანასა.
რა შეიტყვეს ლეკთა ქართლისა და კახეთის ჯარები ისევ გაბრუნდენო, ჯარი შეყრილიყო და გარდმოვიდნენ, რაც დაღისტანში ბელადი იყო, სულ შეყრილიყვნენ, დიაღ, დიდის ჯარებით, რომ ასე მოხსენდა ბატონს: „ლეკის ჯარი ამისთანა არასდროს არ გარდმოსულაო“. მივიდნენ ჭარში, ჭარელნიც შეეყარნენ, ჯარსაც უსადგურეს, ულუფა მისცეს და გამოვიდნენ ჭარიდან, ქისიყს ცემა დაუწყეს. მიეშველა კახი ბატონი, ორჯელ გაემარჯვა, გააქცივეს, ლეკიც ბევრი მოკლეს. დიდად დაუმარცხა მეფემ ერეკლემ და იმ ომებში კაის სარდლად მოიქცა თამაზ მოურავი და თითონაც გულოვნად შეება, ბევრი დაუზიანეს ლეკთა, ისევ ჭარში გავიდნენ. მაგრამ ასეთი ჯარი იყო ლეკისა, რომ ამ დამარცხებით არ გაბრუნდებოდენ და არც ჭარელნი უშვებდენ, თავის თავისაგანაც ეშინოდათ. ეს ამბები მოახსენა მეფემ ერეკლემ მამასა თვისსა, მეფეს თეიმურაზს, მაშინვე შემოიყარა დიდი ჯარი და წაბძანდა კახეთს. ეს ლეკის ჯარი წავიდა, შვიდი ათასი ცხენოსანი, ყაზახის ქვეყანას დაჰკრეს, მრავალი საქონელი, ტყვე წაიღეს სხვა ქვეითობის ჯარი ისევ ჭარში ჰყვანდათ. ქართველ ბატონი რომ საგარეჯოს მიბძანდა, ყაზახიდან კაცნი მოვიდნენ და მოახსენეს ყაზახის წახდენა. წაბძანდა საჩქაროდ ბატონი, მიაშურა ქისიყს, რომ კახი ბატონიც იქა ბძანდებოდა და კახეთის ჯარიც იქ შემოეყრებოდა, მოეგება კახი ბატონი ბეჟანბაღზე, მიბძანდენ მაღაროს, დაუძახეს, შემოიყარეს კახეთის ჯარი, მოვიდა ამბავი: „ლეკისა ჯარი იორზე ჩამოვიდაო“.
წაბძანდენ ორნივ მეფენი, ქართლისა და კახეთისა, ჯარით, შირაქზე ჩაიარეს, საცა გზები იყო ლეკთა გამოსასვლელი, ის გზები, შეუკრეს, ლეკნი გაბრუნდენ, იორის პირს დაჰყვნენ და განჯის ბოლოს, ალაზანი და იორი რომ იყრება დანღიზს, იქ ჩავიდნენ. ეს ამბავი მოახსენეს მეფეთა ჩვენთა, წაბძანდენ დღით და ღამით საჩქაროდ, მივეწივენით ალაზნის პირზე, დილას ადრე შეიქნა ომი ფიცხელი, ლეკნი ასე უწინ შემოგვებნენ, რომ უფროსი ომი აღარ იქნებოდა, მეწინავის ჯარი რომ მივიდა, მემარცხნის ჯარიც მიეშველა, ძლიეს ლეკთა, გაიქციეს ლეკნი, შეიტყვეს ქართველთა და კახთ, ერთობით გაჰყვნენ, ალაზანსა და აგრის შუა ერთი მთა არის, ლეკის ჯარი იმაში შეცვივდა, მიყვა ჯარი ქართველთა, დაიქვეითეს და ისე შეესივნენ. თითონ მეფე ერეკლე მოწინავეს ჯარში ბძანდებოდა და ისე აბრძოლებდა და აძლიერებდა წყალობისა სიტყვით, დაკაფეს, ამოწყვიტეს ლეკნი, რომ ყათლანი დამართეს, რომ ერთი ამისთანა გამარჯვება და ძალიანი ხმალი ბატონს ჩვენს არ მოსლოდა. მიბძანდა მეფე ერეკლე, ჯარი ძალად ჩამოაცალა, თორემ ორის-სამის დღით ჩვენი ჯარი ლეკთ არ მოეშვებოდა. გამოუძღვა გამარჯვებულს ჯარს და მოულოცა ცხებულს მეფეს, მამასა თვისსა, ბატონი ჩამომხდარიყო ალაზნის პირზე, გაღმა, მიართვეს ლეკის თავი და ცოცხალი შვიდასი და ცხენი ლეკისა ათას ხუთასი. წამობძანდა დიდის სიხარულით გამარჯვებული.
ჩამოხდენ ნაომარსა ალაგსა და შეიქნა შადლუხი სიხარულისა, სროლა ზარბაზანთა და ზამბურაკთა მიესმათ გარემოსა, სოფლებთა და მოვიდნენ მოლოცვად დანღიზელნი და იმა ალაგებისა კაცნი, რომელთა პატრონობდა აჯი-ჩალაბი. მოართვეს მოსართმევი და შეასხეს ქება. მეორესა დღესა გამოემართა გამარჯვებული დროშა კახეთისაკენ, შეიქნა ნადირობა ივრის პირზე, ამოწყვიტეს ირემი, ღორი და სხვა მრავალი ნადირნი, რომ სიმრავლის რიცხვი არ შეიგებოდა. მოვიდა იმ დღეს, მოეგება განჯის ხანის ეშიკაღაბაში განჯის ჯარით, მოულოცეს გამარჯვება და შეასხეს ქება, მოვიდა აჯიჩალაბის კაცი და მოულოცა გამარჯვება. ესე სიხარულით სავსენი მობძანდენ ისევ კახეთს, მაღაროს, გაისტუმრეს მახარობელნი საცნობელად გამარჯვებისად, პირველ ქართლსა შინა და მერე ადრიბეჟანისა ქვეყანასა. ყოველგან ეს ლეკის ჯარი დამარცხებულნი წასულიყვნენ, ზოგი კაკში და ზოგი აჯი-ჩალაბის მამულში. იმათაც ქართველ ბატონის შიშით არ დაეყენებინათ და წასულიყვნენ ქვეყანათა თვისთა. ჭარელნი რა ჭარსა შინა მივიდნენ, ვინც ქვეითობა ლეკის ჯარი იქ იდგა გულხადარა, შეშინდენ და მაშინვე დაღისტნისაკენ გასწივეს, ჭარელნი ეცადნენ მრავალის მისაცემლით, რომ დიდად ეშინოდა ჭარელთა და ვერ დააყენეს. ამისა შემდგომად ბატონმა ჯარებს მურახასი უყო და მცირეს ჯარით მიბძანდენ ორივ მეფენი ალავერდს წმიდის გიორგის მონასტერში, მოილოცნეს წმიდათ საფლავნი. მაშინ განსრულებულიყო გუმბათი და სამხრონი ეკლესიისანი, რომელ დაიქცა ძვრისა მიერ, იგულსმოდგინა და ხელყო აღშენებად საფასითა თვისითა სულბრწყინვალემან და ცხებულთა მეფეთა ასულმან, დედოფალმან ქართლისა და კახეთისამან თამარ და შემდგომად მისსა განასრულა ძემან მისმან, პატრონმა კახეთისამან მეფემ ერეკლემ და შეამკო ყოვლადვე.
მერე წამობძანდენ თელავს, დახვდა მეფესა ცხებულს, მამასა თვისსა, აჩვენა ლხინი, გარდაიხადეს სიხარული ფრიადი და უბოძა მეფემ ერეკლემ ქართველთა დარბაისელთა ყოველთა საბოძვარი უშურველობით და მოვიდა ჩაფარი შარუხ-შაჰ ყაენისა და ებოძა რაყამი მეფის თეიმურაზისათვის, არაყისა და ადრიბეჟანის სპასალარობისა და მეფის ერეკლესათვის ამის ნაიბობისა და დიდის წყალობისა, შეიქნა სიხარული უზომო და წამობძანდენ. ქალაქს რომ მოეახლნენ, შეიქნა სროლა ზარბაზანთა, რომ ყურთა ხმა აღარ იყო ქალაქსა შინა. ერევნის ხანის ძმა და აირუმლუს ხანიც მოსულიყვნენ. მეფეთა ჩვენთა დახდომოდა გამომჩვენებით სიმე მეფეთა, ეშიკაღას-ელიაღასი დიმიტრი ორბელიანი, რომელი იჯდა ქალაქში ჯანიშინად. რა ბატონი გაბძანდის ლაშქარს, ეს განაგებდა საქმეთა ქართლისათა.
წარავლინეს იმერეთად ხორაშან ბატონიშვილი და თან აახლეს ნინოწმიდელი საბა ეპისკოპოსი და ითხოვეს ქალი დადიანისა დარეჯან მეფის ერეკლესათვის. წამოიყვანეს სახლით მეფისა ალექსანდრესით და მოიყვანეს სურამს. ქალაქიდან წაბძანდა მეფე ერეკლე, თან გაყვა პატრიარქი ანტონი ბატონიშვილი, მიბძანდენ სურამს. ნახა ქალი მეფემ, დიდად მოეწონა მშვენიერება მისი და წამოიყვანეს ლხინ-მრავლობით და ჩამობძანდენ ქალაქს. მზა ექმნა რიგი ქორწილისა მეფეს თეიმურაზს ცხებულს და შეიქნა ქორწილი და სახლსა ახალსა, რომელი აღეგო მეფეს თეიმურაზს მტკვრის პირს, მშვენიერი და შემკული ყოვლით კერძო, იყო შვიდს დღეს და ღამეს შვება და განცხრომა უზომო, რომ ერთი ამისთანა სიხარული არ გვენახა. დაპატიჟებულნი იყვნეს განჯის ხანი, ერევნისა და აჯი-ჩალაბის ძმისწული, მოვიდნენ, მოართვეს მოსართმევი, ხელმწიფეთა საკადრი, და მცირეთა ხანთა ალხინ-მრავლნეს, უბოძეს მეფეთა ჩვენთაც საფერად თვისად, დაითხოვნეს და წავიდნენ ისევ ქვეყანათა თვისთა. იყვნენ მეფენი ჩვენნი მარადის სიხარულსა და განცხრომასა შინა. მას ჟამსა გაერთნეს ქართლი და კახეთი, იურვიდენ საქმეთა ორისავ ქვეყნისას ერთად. ვითაც მამა-შვილნი იყვნეს მეფენი ჩვენნი, სახელმწიფონიც გაერთნეს, დაადგინა მეფემ ერეკლემ დედოფალი დარეჯან სახლსა მამისა თვისისასა.
ერთი შაჰზადა მოვიდა ადრიბეჟანის ქვეყნიდან ქალაქსა თბილისისა, რომელი ამბობდა ყაენის შვილობას. შემოეხვეწა ქართველს ბატონს ჯარსა და მოხმარებასა, დააყენეს ქალაქში პატივით და აღარსად გაუშვეს.
რადგან ლეკთა ქართლისა და კახეთის მტრობა არ მოიშალეს, ამას სულ ჭარელნი მტრობდეს, გარდმოყვანდეს ჯარი დაღისტნიდამ, უსადგურიან ბელადი, მისციან და აოხრებდიან მუდმისად ქართლსა და კახეთს. მოინდომეს ქართველთა და კახთა ჩინებულთა კაცთა ჭარზე მისვლა, მეფემან თეიმურაზ და ძემან მისმან მეფემ ერეკლემ დაამტკიცეს რჩევა ესე და შემოიყარეს ჯარი ქართლისა და კახეთის, ყაზახ-ბორჩალუსი სრულიად და გაემართნეს ჭარზე, დაიბარეს განჯის ხანი, გზიდამ გაისტუმრეს წყალობით აჯი-ჩალაბის ძმისწული, რომელი იახლა ასის კაცით და დააჯერა ფიცით ერთგულობა თვისი აჯი-ჩალაბმა. რადგან ჭარს გარდა პირაქეთ ბატონს ჩვენს მტერი აღარავინ ყვანდათ, ჭარის დაჭერის იმედი ქონდათ, ჯარიც დიდი ყვანდათ და კაის ხელმწიფურის რიგით და თადარიგით წაბძანდენ. თოფყარაღაჯში რომ ჩაბძანდნენ, შემოეყარა განჯის ხანი ყარაბაღის ჯარით, ჭარელთ ხვეწნა დაუწყეს და შერიგება მოინდომეს, მაგრამ როგორც ბატონს ჩვენებს უნდოდათ და ან შერიგების გზა იყო, ისე არ შემორიგდენ და არც ამათ ინებეს. აჯი-ჩალაბმაც მოინდომა მათი შემორიგება. მაგრამ რაც თითონ უნდოდათ, იმას ამბობდენ, ბატონების ბძანება, რომელიც იყო, იმ ბძანებას არ დამორჩილდენ. მიბძანდენ, ჩამოხდენ ალაზნის პირზე, ფადარში გადგეს ხიდი, უბძანა მეფეთა ჩვენთა მეწინავეს ჯარს, გავიდნენ ალაზანს გაღმა, დადგნენ სანგარსა შინა. თურმე ჭარელნი სულ აყრილიყვნენ, ზოგი სიმაგრეებში შესულიყო და ზოგი აჯი-ჩალაბის ქვეყანაში დახიზნულიყვნენ. ამა ამბავთა შინა გამოეგზავნა აჯიჩალაბს კაცი: „თუ ჩამოეცალებითო ჭარელთა, კარგიაო, თუ არა და მე ჩემის ქვეყნით მაგათთან ამოვსწყდებიო“. ეს მუქარის გამოთხოვა და ამაყიანი სიტყვა დიდად ეწყინათ მეფეთა, მოშალეს მაშინვე ხიდი, გამოიყვანეს მეწინავე ჯარი, სარდალი რევაზ და ქისიყის მოურავი თამაზ, აიყარნენ იმავ დღეს და წარევლინენ აჯი-ჩალაბის ქვეყანაზე. მეორე დღეს აჯი-ჩალაბის მამულში გავიდნენ, მესამეს დღეს, ორშაბათს დილაზე შემოება აჯი-ჩალაბი. თურმე ჭარელნი, იმ ძირობის ლეკის ქვეყნები, კაკის სულთანი და ის ქვეყნები სულ შემოეფიცა და ჯარი შეეყარა და მზათა ყვანდა. აქა-იქ ქვეითობის ჯარები დაემალა და თითონ ცხენოსანის კაცით შემოება. უბძანა მეწინავეს ჯარს, მივიდნენ სარდალი რევაზ და ქისიყის მოურავი თამაზ საბარათაშვილოს ჯარით და ქისიყის ჯარით. ასე იყვნენ, რომ ქება აღარ უნდა, აგრევე მიეშველა მემარჯვენე ჯარი ამილახორის დროშა, გააქცივეს ლეკი და მრავალი კაცი მოუკლეს აჯი-ჩალაბს. ამ გამარჯვების ამბავში დამალული ჯარები რომ ყვანდა აჯი-ჩალაბს, ამათ მემარცხენეს ჯარს შემოუტივეს, პირველსავე შემოტევაზე გამოაქცივეს საერისთაოების ჯარი, ვეღარ შემაგრდენ, ამათ განჯის ჯარი უდგა უკან. ეს რომ გამოქცეულნი ნახეს, ის განჯის ჯარი უკრავად გაიქცა, აირივა ჯარები, მეფე ერეკლე მეწინავეს და მემარჯვენეს ჯარებში ბძანდებოდა, აბრძოლებდა. ქართველი ბატონი უკან დასტაში ბძანდებოდა. რა ეს დიდი ჯარი ერთმანეთს ეცა და აირივა, ეცადნენ ორივ მეფენი და ჯარი ვეღარ დააყენეს, გამოიქცა ჯარი, ვეღარსად შემაგრდა, დარჩათ ჯორ-აქლემი, კარავნი ანუ ბარგნი და საცხოვრებელი ჯარისა, ვინა ქვეითი კაცი ალაზანს ვეღარ გამოვიდა, სულ დარჩათ ლეკთა.
მობძანდენ ბატონები დამარცხებული მაღაროს, იქიდამ ჯარს ყველას თავ-თავის ქვეყანას დასტური უბოძეს. თითონ ჩამობძანდენ ქალაქსა თბილისისასა. ამის მეტად მეფეს თეიმურაზს და მეფეს ერეკლეს არ დამარცხებოდათ და ახლაც გაუჭირებლად, უბრალოდ დაუმარცხდათ, ერთის ავის კაცის მიზეზით, თორემ იმათი ხმლის ძალი და სახელი ყოველს ქვეყანას განფენილიყო. ამა ამბავს უკან ასტყდა ლეკის ჯარები, ყაზახად ჩამოდგნენ ქართლსა და კახეთში და მრავალი ალაგი წაახდინეს, წაბძანდა მეფე ერეკლე კახეთს, დახვდენ ლეკნი მანავის თავში, ძლიერებითა ღმრთისათა გაემარჯვა მეფეს ერეკლეს და ამოწყვიტეს ლეკნი. მოვიდა სხვა ჯარი ლეკისა, დაესხა ავჭალას, წაიღეს საქონელი, მოხსენდა ბატონს, გაბძანდა მაშინვე, მიბძანდა მარტყოფს, იქ შემოეყარა ძე თვისი მეფე ერეკლე, წაეწივნენ ივრის პირზე. გაემარჯვათ დიდად, რომ რისხვა ღმრთისა დასცეს. მკვდარს გარდა ას სამოცი ცოცხალი ლეკი მოართვეს. შემობძანდენ ქალაქში გამარჯვებულნი. მიუხდა კიდევ სხვა ჯარი ლეკისა საგურამოს და მრავალი საქონელი წაიღეს. გაუსივა ჯარი, მიეწივნენ, იმათაც გაემარჯვათ იქაც და გააქცივნეს ლეკნი და წაართვეს საქონელი სრულად.
ამა ამბავთა შინა წამოთამამდენ ყიზილბაშნი და მოინდომეს მტრობა ქართლისა, მაგრამ რადგან განჯა და ერევანი ქართველ ბატონის მოდგომილნი იყვნეს, ჯერ იმ ქვეყნების დაჭერა მოინდომეს. აზატ-ხან ავღანი, რომელი თავისის ძალით ადრიბეჟანის ქვეყნებს პატრონობდა, ამან გამოუსივა ჯარი ერევნის დასაჭერად და მამადხან, რომელი იყო ერევნელი, უთავა. მოვიდა, ჩამოდგნენ ერევნის ქვეყნებში, მოვიდა ერევნის ხანი და უფროსნი კაცნი, შემოეხვეწნენ პატრონთა ჩვენთა, სთხოვეს ჯარი და მოხმარება, გაგზავნეს კაცნი მაშინვე ჩერქეზში, ოსეთში და მთების ქვეყნებში, ჯარები დაიბარეს და აქაც მზადება შექნეს ჯარებისა ამით, რომე, თუ ერევანი ყიზილბაშთ ძალად დაეჭირათ, განჯა და ყარაბაღიც ხელთ დარჩებოდათ და მერე სულ ადრიბეჟანის ქვეყნები ქართლზე დაიწყებდენ მტრობასა. დააყენეს მენაპირეს ჯარად ბამან-ხან, რომელი იყო მცირედ ხანს ნახჩევანს და პატრონობდა იმ ქვეყნებს ბძანებითა სპასალარისა, მეფისა საქართველოსა თეიმურაზისათა. ესე ბამან-ხან სიძე იყო ქსნის ერისთვისა, მტრის გამოცლილი ვეღარ დამდგარიყო ნახჩევანს, მოვიდა ქალაქსა და იყოფებოდა ბძანებასა ქვეშე პატრონისა ჩვენისათა. ამას მისცეს ჯარი თათრისა, აგრევე ზაალ ორბელიანს უბოძეს ჯარი ქართლისა და გაისტუმრეს, უბძანეს: „სანამდის ჩვენ გამოვემართნეთ, ჩვენ გვაუწყევით ყოველივე ამბავნი და ძლიერებითა ღმრთისათა ჩუენცა ადრე მოვალთ და დავსცემთ რისხვასა მტერთა ჩვენთა ზედა“.
წავიდნენ, მივიდნენ ბამბაკის ხევში, მოინდომეს ერევნის ქვეყანაში გარდასლვა, მაგრამ ერევნის ქვეყნები, დიაღ, მოეოხრებინა და შიგ ჯარი იდგა ავღნისა, ერთის ციხის მეტი არა დარჩომილიყო რა, სულ მტერს ეჭირა, დადგნენ ესენი ბამბაკში და მოახსენეს მეფეთა ჩვენთა ესე ამბავნი ერევნისანი. მეფენი ჩვენნიც მოემზადნენ და შემოიყარეს ჯარი ქართლისა და კახეთისა და ყაზახ-ბორჩალუსი, რაც მთებისა მოესწრათ. მეფემან თეიმურაზ თითონაც მოინდომა წაბძანება, მაგრამ ქართლი მტრით სავსე იყო, რომ ალაგი აღარ იყო, რომ ლეკი არ იდგა მაგრამ სხვის მტრების ფიქრებიც ჰქონდათ, მოახსენეს დიდებულთა, წარჩინებულთა თავადთა დაუშალეს წაბძანება. მოახსენა ძემან თვისმან სასურველმან, პატრონმა კახეთისამან, მეფემან ერეკლემ: „ბძანდებოდე აქა და დადექ ქალაქისა გარეთ ჯარით და მე მიბძანე და წავალ, ვეპასუხები მტერთა ჩვენთაო“. უსმინა რჩევა ძესა თვისსა, აარჩივა ჯარი, რომელი ენება მეფეს ერეკლეს და გაატანა, გაისტუმრა ძე თვისი, ოთხივე სარდალნი საქართველოსი თან აახლო, წაბძანდა მეფე ერეკლე ერევანს, შეიარეს სომხითზე, მიბძანდა ბამბაკში, იქ დახვდენ ჯარით ბამან-ხან და ზაალ ორბელიანი. მოვიდა ქალაქში ჯარი ოსეთისა, პირიქითნი კაცნი, უბოძა მეფემა ულუფა და გაუმძღვარა კაცნი და გაუგზავნა ძესა თვისსა, მივიდნენ, შეეყარნენ მეფეს ერეკლეს ბამბაკში, წაბძანდა ბამბაკიდან, რა გარდაბძანდა ალაგთა ერევნისათა, იგრძნეს ავღანთა, აიყარნენ ქანაქირიდან და ჩავიდნენ ქვეით, დადგნენ მახლობელ ციხისა ერევნისათა. მიბძანდა მეფე ერეკლე, დადგა ქანაქირს, გამოვიდნენ ერევნის ციხიდამ წყვდეულნი ყიზილბაშნი და შეასხეს ქება, დიაღ, შიმშილს ძალი ექნა ციხის მყოფთათვის. უბძანა ჯარსა თვისსა, მკის ჟამი იყო, ამკევინა, ალეწვინა ჯარისკაცსა და ათი ათასი კოდი პური გამოართო ჯარსა და შეუგზავნა ციხესა ერევნისასა. ასე მოოხრებული იყო ერევნის ქვეყანა, მკის მუშაც აღარ იშოებოდა. ერევნის ციხისა და ეჩმიაძინის მეტს ალაგს შენობა აღარსად იყო. ეს ავღნის ჯარი და მამად-ხან ისევ ერევნის ქვეყანაში იდგნენ, პირდაპირი ომი კი ვერ გაბედეს და მიუხდიან ყაზახად, ცხენსა და კაცს მოიტაციან, გავიდის ჩვენი ჯარი, შეუტიის, გაექციან და არა მოუცდიან საომრად ავღანთა. აიყარა მეფე ერეკლე, მიბძანდა შარურისა და სადარაგიას იალაღებზე, დადგა მთაზე და იქიდამ გაუსივა ჯარი მარბიელად, სადა მიმდგომნი კაცნი სადმე იყო ავღნისა, სრულად მოარბიეს, ააოხრეს, იავარყვეს ნახჩევანს აქეთი არაზის პირამდის ქართველთა და კახთა, აღივსნენ ყოვლითა ხოვსტანგითა. ეგრე აღვსილნი საქონლით მოვიდნენ. ჩამოხდა ბატონი ყირხბულახს, აჰყარა ერევნის ციხიდამ ცოლ-შვილით ზეიდალი-ხან, ერევნის მინბაში ბადიმ-ბეგ და ოთხი კიდევ დიდებული კაცი, გამოატანა ჯარი ბორჩალუსი და ზოგი საბარათაშვილოსი, გამოუგზავნა ცხებულსა მამასა თვისსა დასაყენებელად ქალაქსა თბილისისასა. ამათ აბრალებდენ ღალატსა და გაცემასა ერევნის ციხისასა, თითონ მეფე ერეკლე დადგა იქავ და განაგებდა საქმეთა ერევნისათა.
მიუვიდა ეს ამბები აზატ-ხანს, აღბორგდა მხეცი ცოფოვანი და განიზრახა საქმე ბოროტი, ყათლანი ქართველთა და მოოხრება ქართლისა, შემოიყარა თვრამეტი ათასი კაცი, თოფხანა ხელმწიფური, ზამბურაკნი მრავალნი, აქლემთა კიდულნი, მძღომელნი წინ და ეგრე დიდებით წამოვიდა მეფე ერეკლეზე, ლამოდა იდუმალ დასხმასა, მოვიდა ყირხბულახს და სადა მეფე ერეკლე იდგა, მთაზე წამოდგა. მოვიდნენ ყარაულნი, მოახსენეს მეფესა მორწმუნესა, უბძანა ჯარს შესხდომა და თითონ დადგა ლოცვად, დავარდა ქვეყანათა და ევედრა ღმერთსა მხურვალედ და სთხოვა ძლევა აგარიანთზე. რა გაათავა ლოცვა, შებძანდა ცხენთა, აღჭურვილი სააბრჯოთა იარაღთა მიერ. გენახათ, ბძანებდით: „კაცისაგან ამას არა დაეგვარება-რაო“. გაბძანდა საომართა ალაგთა, მოუძღვა ამირსპასალარი რევაზ ორბელიანი მეწინავეს ჯარით, ქისიყის ჯარიც ამასთან ერივნეს, აგრევე მემარცხენე, და მემარჯვენე ჯარი ქართლისა და კახეთისა, ერთად რეულნი, წესისაებრ განეწყვნეს, ბატონი თვისითა ჯარითა მახლობელ ჯარებსა ზურგით კერძო უდგა, ერევნის ჯარი ბამან-ხან და რაც თათართა ჯარები ახლდა, რომელთამე მეწინავეთა ჯართა თან უბძანა, რომელთამე მემარჯვენესა და მემარცხენესთან, ეგრე მივიდნენ საომრად. გამოვიდა აზატ-ხანიც ზამბურაკთა სროლით და ამაყად, რომ გულსა მათსა შიშსა ვერ შეატყობდა კაცი, მასცა ჯარი ხუთად, ექვსად გუნდად გაეკეთებინა და ჯარიც ასეთი ჰყვანდა, რომ ქართველთა ჯარი მათი მეხუთედი ძლივ იქნებოდა. პირველსავე მოსვლაზე მოუხდენ მემარცხენეთ ჯარსა, პირველ გაემარჯვათ ქართველთ, მერე გაემარჯვათ ავღანთა, გამოაქცივეს მემარცხენე ჯარი ქართველთა, გამაგრდა ქვეითობა ერთს ნასოფლარში ქართველთა და დიდი ომი გარდაიხადეს, დაიხოცა ორგნითვე.
ამა ამბავში მოვიდნენ გუნდ-გუნდად ჯარები აზატ-ხანისა და მეფის ერეკლეს სამსავ დროშის ჯარს ალყად გარს შემოერტყა, ასეთი იერიში მოუტანეს ავღანთა, რომ შიგ ჩვენს ჯარში შუბით კაცნი ჩამოყარეს, უბძანა მეფემ ერეკლემ ამირსპასალარს რევაზ ორბელიანს თავისთან მახლობელობა. მივიდნენ მეწინავენი და ბატონის ჯარს შეუერთდენ. ჩამოხდა ბატონი და ბძანა: „ვინა ხართ ვაჟკაცი, ეს არის ჟამი გულოვნობისაო, თავი ჩემი დამიდვია საკვდავად და მე აქედამ ხმალ მოუქნეველად არ გავალო“. ამისი ბძანებაც გასცა: „სანამდის მე თოფი არ ვესროლო, ნურავინ მოინდომებთ შეტევასაო“. შემოუტივეს ოთხკუთხივ ავღანთა. პირველსავე მოსვლაზე შესტყოცა თოფი მეფემან და ერთი ავღნის ჯარის უფროსი კაცი ჩამოაგდო. ამის ჩამოგდებაზე გადრკა ჯარი აზატ-ხანისა, შეუტივეს მეწინავეთა ჯართა. რევაზ სარდალი იბრძოდა, ვითა ხვდებოდა სიმხნესა და ძალ-გულობასა მისსა. გაიქცა ეს დიდი ჯარი, რომ სიდიდისაგან ძლივ იძროდა, გაერივნენ ქართველნი და კახნი, კაფეს ხმალდახმალ, მეფე ერეკლე, ვითა ლომი დაუშრომელი, ეგრე იბრძოდა თვითცა და ჯარსაც აბრძოლებდა. ამოწყვიტეს ავღანნი და ყიზილბაშნი, რომ ყათლანი დამართეს, ოთხს აღაჯზე ხოცით უკან მიყვნენ, გამობრუნდენ, დარჩათ თოფხანა, ჯაბახანა, ურიცხვი ზამბურაკნი აქლემ-კიდებულნი, სრულიად ჯორ-აქლემნი, ბარგ-კარავნი, მეითარ-ხანა და ყოველივე აზატ-ხანისა და მისის ჯარისა სულ ასე დარჩათ ქართველთა, რომ თითოს ცხენის მეტი არა გაყოლიათ რა.
აზატ-ხან ასეთი კაცი იყო, რომ საყეენოდ ემზადებოდა, ადრიბეჟანის ქვეყნებიც დაემონებინა და ამ დიდებით დავიდოდა. აიალაფეს ესე ყოველი ქართველთა, მაგრამ სიმრავლისაგან ვერა ზიდეს, დაუდგეს აზატ-ხანის კარავი, დაბძანდა მეფე ერეკლე მას შინა, მოვიდნენ ერევნისა, ნახჩევნისა, აირუმლუსი ანუ რომელიმე ხანები ახლდენ, მიულოცეს და შეასხეს ქება, აგრევე მოვიდნენ ქართველნი, კახნი, მოულოცეს გამარჯვება, მოართვეს ცოცხალი ანუ თავი, რომ რიცხვი არ იყო. შეიქნა სროლა ზარბაზანთა ერევნისა ციხესა შინა და სიხარული დიდი. აგრევე განეფინა მაშინვე ამბავნი ადრიბეჟანისა ქვეყნებთა შინა. ყოველგან უბოძა წიგნი და აცნობა გამარჯვება გარემოს ქალაქებისა ხანებსა, მისცეს ურიცხვი მახარობელთა. მოვიდა ქართლში მახარობლად მეითარი იოანე და ბერი მამუჩისშვილი, მოულოცეს მეფეს თეიმურაზს, განიხარა ფრიად და უბოძა საბოძვარი მახარობელთა, დაჯდა მეჯლისად, შეიქნა ლხინი და სიხარული უზომო, ბძანა შადლუხი და ჩირაღდანი ბაზართა, შეიქნა სროლა ზარბაზანთა, რომ კომლისაგან ქალაქი აღარა ჩნდა, მორთვნეს ბაზარნი და აღალამპრნეს და იყო სიხარული დიდი ქართლსა და კახეთში.
მიბძანდა მეფე ერეკლე ერევანს ბძანებითა მამისა თვისისა მეფისა თეიმურაზისათა, უბოძა ერევნის ბეგლარ-ბეგობა აბდულახანს, რომელი იჯდა ციხეში მინბაშად, რომელ არს ათასის თავი. აგრევე დააყენა ქართველთა თავადთაგანი გამგეთა საქმეთა ერევნისათა, უბოძა ჯარი ყაზახ-ბორჩალუსი და ერევნისა ბამან-ხანს. აგრევე ჯარი ქართველთა ზაალ ორბელიანს და გაისტუმრა ნახჩევანს. რა ჩავიდნენ, დაიჭირეს ისევ ნახჩევანი და დადგნენ შიგ.
მეფე ერეკლე აიყარა ერევნიდან, წამობძანდა ქართლში, მობძანდა სომხითს, დახვდა წინ ლეკის ჯარი, რომ დიდი ტყვე და ნაშოვარი მოყვანდათ. უბძანა ჯარსა, შემოეხვივნენ ლეკსა, თქვენმა მზემა, თუ ცოცხალი დაინარჩუნე! ესე ორგზის გამარჯვებული მეფე ერეკლე მობძანდა ქალაქსა თბილისისასა, გაეგება ქალაქისა მახლობელ მამა თვისი, ცხებული მეფე თეიმურაზ დიდებულნი კაცნი ქართველთა და მოქალაქენი, ეგრე ქება მრავლობით შემოიყვანეს ქალაქსა შინა. იყო სიხარული და განცხრომა ფრიადი, უბოძეს ბორჩალუს ხანობა მუსას, ქალბუსეინის ხანის შვილს, ამით რომე აზატ ხანის დამარცხებაში დიდად კარგად ყოფილიყო და მეფეს ერეკლეს მოსწონებოდა სიმხნე მისი. ამისა შემდგომად წაბძანდა მეფე ერეკლე კახეთს, განაგებდა საქმეთა კახეთისათა. და ქართლს მართავდა და აძლიერებდა მეფე თეიმურაზ. ფიქრი აღარავისი ქონდათ, გარდა ლეკის მეტისა.
შეიქნა დაღისტანში ყრილობა ჯარისა, გარდმოვიდა დიდი ჯარი ლეკისა ჭარში ასეთი, რომ ჯერ ამისთანა ჯარი ერთად არ გარდმოსულიყო. მოინდომეს ქართლისა და კახეთისა სრულიად წახდენა. შემოიყარა ჯარი კახმა ბატონმა, ჩაბძანდა ქისიყში, მოახსენა მამასა თვისსა, შემოიყარა ჯარი ქართველთა და ყაზახ-ბორჩალუსი ქართველ ბატონმა, გაემზადა კახეთს მისაშველებლად, გაამაგრნეს ციხენი ქართლისა და კახეთისანი. მიუვიდათ ესე ამბავი ლეკთა. ერთად გამოსვლა კი ვეღარ გაბედეს და იმათგანი ჯარი სამად, ათას-ათასი კაცი. ერთი ჯარი მივიდა ყაზახს, დაჰკრა, ერთი ჯარი მივიდა, ორბელიანთ მამული წაახდინა და მესამე ჯარმა საციციანოს დაჰკრეს. იმას ქვეითი სულ მოაოხრეს და წამოიღეს. ქართველ ბატონი წაბძანდა მისაშველებლად, სანამდის გორს მიბძანდებოდა, ლეკის ჯარი დიდგორზე წამოვიდა, ჩამოიარა, ბატონი სურამს მიბძანდა, იმერელნი კიკნაძეები ქართლის ქვეყანას მუდამ არბევდენ. ამათი წახდენა მოინდომა. რა შეიტყვეს, გარდმოვიდნენ კიკნაძეები, მოართვეს ფეშქაში და შემოეხვეწნენ. დაბრუნდა ბატონი, ჩამობძანდა ისევ ქალაქს, რა ნახეს ლეკთა ძალი და შეყრა ჯარებისა, შამხლისშვილი... და ერთი წადარისშვილი კაცი, მოვიდნენ ათასის კაცით და კახს ბატონს შეჰმორიგდენ, მოიყვანა კახმა ბატონმაც, ქართველს ბატონს შემოარიგა ჯარი, თითონ შამხლისშვილი და თავისი მისანდონი კაცნი ქალაქში დააყენეს და ჯარს ედიშერ მდივანი გაატანეს და ბორჩალუში დააყენეს, მისცეს პატივი თვისა თვისად შესაფერად ყოველთა.
სიღნაღელნი აჯი-ჩალაბს შუერიგდენ, ფანა-ხანც გაძლიერდა, ამის შესატყობლად მეფეთა ჩვენთა ჩაფრები გაგზავნეს, ყარაბაღის ხანსაც წიგნი მისწერეს, მოვიდა აჯი-ჩალაბი, განჯას შემოადგა, გარეშემო სულ წაახდინა, ელები აყარა ყარაბაღისა და წაიყვანა თავის ქვეყანას, ჩვენი ჩაფრები ჩამოვიდნენ სიღნაღიდან, ვართაპეტიც თან მოყვა, აჯი-ჩალაბთან ყოფილიყო და შერიგებას ცდილობდა, შუამავალად მოვიდა. მარტყოფის მოურავი განჯას გაგზავნეს ამის შესატყობლად, ვინ იყო ქართველის ბატონის ერთგული, ვინ - არა.
მოუხდა აზატ-ხან ნახჩევანს, გამოეცალნენ ჩვენი ჯარი. ბამანხან მოვიდა გოგჩას, ზაალ ორბელიანი მოვიდა ქალაქსა, ბამან-ხანც დაიბარა ბატონმა, მოვიდა ქალაქს თავისის ჯარით.
მოვიდა განჯიდამ მოურავი ქაიხოსრო, თან მოყვა განჯის ვექილი, ფანა-ხანის ბიძაშვილი და ყარაბაღის ქეთხუდები და ჯავანშირისა, ბარგუშათის ხანის ძმისწული, მოეხსენებინათ: „ეს ქვეყნები თქვენი არისო, თქვენ ავღანზე მოგვეხმარენითო, ბევრსაც მოგართმევთო და ჩვენ ეს ქვეყნები ჩვენის ჯარითა და ხარჯით ლეკზე მოგეხმარებითო და თქვენთან დავიხოცებითო“. ეს ამბავი ბატონებსაც იამათ, ქართველთა და კახთაც, ამით რომ ლეკზე ჯარი იშოვნეს და ამ მიზეზით „ადრიბეჟანის ქვეყნებიც ხელში დაგვრჩებაო“. სომხითში რომ ლეკის ჯარი იდგა, წავიდა ეს დიდის ნაშოვარით. გავიდნენ ორივ ბატონები ქართლის და კახეთისა, დახვდენ წინ ყარაიაზე, ასე გაემარჯვათ, რომ სულ ცოცხლები დაინარჩუნეს, ტყვე და საქონელი გამოართვეს და ლეკნი დახოცისაგან შამხლისშვილმა იპატივა და ქალაქის თავის ჯართან დააყენა. კიდევ მოვიდა მეორე ჯარი ლეკისა ნაშოვრით სავსენი. კიდევ ამასაც დახვდენ ბატონები და გაემარჯვათ და ცოცხალი დარჩათ, სულ ესეც შამხლისშვილს აპატივეს და დააყენეს ქალაქში ესენიც.
ერევნის უფროსნი კაცნი დაიბარეს, კაკის სულთანს თავისი ძმისწული გამოეგზავნა, შერიგებას შემოხვეწოდა, ჭარელთ განჯის ხანი შუა ჩამოაგდეს, შერიგებას იხვეწებოდენ.
მოვიდა პაატა ბატონიშვილი, ძე მეფის ვახტანგისა, ხარჭა სტამბოლით. რუსეთს სასწავლოში ყოფილიყო, ესწავლა არტილერია, საქმე თოფხანისა. მეფე ვახტანგ რომ მიცვლილიყო, რუსეთს აღარ დამდგარიყო. იქიდამ გაპარვით წასულიყო, საფრანგეთის ქვეყანა მოევლო, სტამბოლს მისულიყო და იქიდამ მოვიდა ქალაქსა თბილისისასა. ნახა მეფემ თეიმურაზ და მეფემ ერეკლემ, რადგან ბიძა იყო მეფის ერეკლესი და მისცეს პატივი, დააყენეს მიჩნევით ქალაქში, ქორონიკონს უმ (1752 წ.).
შემოიყარეს ჯარი ქართლისა და კახეთისა, პირიქით და პირაქეთი ოსისა, თუშ-ფშავნი, მოხევე-ხევსურნი და ყოველი მთის ჯარები, რომელნი მონებდენ ქართველ ბატონს ანუ კახ-ბატონს, შამხლისშვილი ლეკის ჯარით. ეს ყოველნი თან იახლეს და წაბძანდენ მეფე თეიმურაზ და მეფე ერეკლე განჯას, იქიდამ ენებათ აჯიჩალაბის წახდენა, გავიდნენ ქალაქიდან თვესა იანვარსა თ, გატეხილ ხიდზე შემოეყარათ ჯარი ბორჩალუსი და ლეკისა, რომელნი იდგნენ. ბორჩალუსი ლეკის ჯარი დიდი შეეყარათ. არა ინებეს პატრონთა ჩვენთა ამდენის ლეკის წაყვანა, დაარჩივეს ათასი კაი ვაჟკაცი ლეკისა, შამხალს აახლეს, თან წაიყვანეს და სხვას დასტური მისცეს, წავიდნენ ქვეყანასა თვისსა. წაბძანდენ ყაზახში, რამდენიმე დღე დააყოვნეს. შემოეყარათ ჯარი ყაზახისა. მერე წაბძანდნენ შამშადილოში, მოართვეს ფეშქაში და ჯარი, ულუფა კარგი, საკმარად ჯარისა, რაც მოუნდებოდათ. მოეგება განჯის ხანის ძმა და შემოეყარათ ერევნის ჯარი. რა განჯას მახლობელ მიბძანდენ, მოეგებათ განჯის ბეგლარ-ბეგი, შავერდი-ხან დახვდა კარგად და მოართვა ფეშქაში. გაგზავნეს ჩაფრები განჯიდამ ყარაბაღს ქაზუმ-ხანთან, ფანახანთან და დაიბარეს იმათ ჩამოღმა ხანები ადრიბეჟანის ქვეყნებისა. დაიბარეს პაატა ბატონიშვილი განჯას წასაყოლად, არ წავიდა, დაიჭირეს ქალაქსა შინა დააპატიმრეს. რა შეიტყვეს ქართლის ვალი განჯას მობძანებულაო, იამათ, დაემზადნენ, წამოვიდნენ, მაშინვე მოეხსენებინათ: „თქვენც აზარმათას ჩამობრძანდითო და ჩვენც იქ შეგეყრებითო“.
აიყარა ქართველ-ბატონი განჯიდან, ჩაბძანდა აზარმათას, თან იახლა განჯის ხანი. შემოეყარათ სიღნაღის მელიქები ჯარით, ორის მელიქის მეტი, მოართვეს ხარჯი ჯარისა, რაც ენებებოდათ. მოუვიდათ კაცი: „მოდიან ადრიბეჟანის ქვეყნების ხანებიო“. მიაგებეს ამირსპასალარი რევაზ ორბელიანი. რა ნახეს ხანებმა, ასეთი პატივი მისცეს, რომ ამხანაგურად მიიჩნივეს, ყარაბაღის ხანი ქაზუმ-ხან დიდად გამომჩვენებით და დიდებით წამოსულიყო, რომ ამას იტყოდა კაცი: „ყაენის რიგი აქვსო“. ფანა-ხან ბარგუშათის ხანი, შაისევანის ხანი და ამათი ქვეყნების უფროსი კაცნი სულ თან მოყვნენ. რა მოახლოვდენ ჯარსა, მიეგება მეფე ერეკლე და სულ ქართლისა და კახეთისა ჩინებულნი კაცნი, მოვიდნენ, ნახეს სპასალარი ადრიბეჟანისა. მეფე ქართლისა თეიმურაზ დახვდა მხიარულის პირით და დასდვა პატივი უზომო. ამ ხანებსაც კაი ჯარები მოყვათ და ქართველთ ჯარი ხომ ისეთი იყო, რომ ამას ბძანებდი. „ერთ ჯარად კმა არსო“. დააყენეს ჯარს მახლობელ, მოართვეს ფეშქაში ყოველთა ხანებმა მეფეთა ჩვენთა, სარდლის რევაზისათვისაც მრავალი ლარი ტურფა და ანუ ცხენ-ჯორი მოეცათ ცალცალკე ხანებსა და დიდად დაჯერებულნი შექნილიყვნენ, რომ „ჩვენ ქართლის ვალისაგან კაის მეტი არა დაგვემართება-რაო“. იყვნენ ლხინსა და განცხრომაშია, ქართველ-ბატონი იქმოდა მეჯლისსა და უბძანებდა ხანებსა, უბძანებდის ნუგეშსა და პირდებოდა სიკეთის ქნასა ურიცხვსა. აგრევე დაპატიჟა ყარადაღის ხანმა. მეფეთა და ქართველთა და კახთა ჩინებულთა თავადთა ასე დახვდა, რომ ასე იტყოდენ: „თუ არ ყაენისაგან, სხვისა ამგვარის კაცისაგან ასეთი დახდომა ძნელად შესაძლებელი არისო“. წამობძანდენ მეფენი მხიარულად კარავსა თვისსა.
ამა ამბებში ადიდდა ალაზანი, ვეღარ გავიდნენ აჯი-ჩალაბზე. ეს ხანები ქვევით ავღანზე ეპატიჟებოდენ, თურმე ღალატი ეწადათ ქართველთათვის. ეს ამბავი შეიტყვეს მეფეთა ჩვენთა ეს არჩივეს: „ეს ხანები დავიჭიროთ და ამათი საქონელი ჯარს მივსცეთო“. დაასკვნეს ესე თათბირი და მოიწვივნეს ხანები: განჯის ხანი თავისის ძმით, ქაზუმ-ხან ყარადაღელი, ბარგუშათის ხანი, შაისევანის ხანი, ფანა-ხან და ამისი შემდეგნი უფროსნი კაცნი, იმ ქვეყნებისა და სიღნაღელი ჩანახჩის მელიქი, ესე ყოველნი დასხეს ქართველ ბატონის სევანში. ესენი ლხინსა და მეჯლისს მოელოდენ, ვერა იგრძნეს-რა, დიდრონი კაცნი ქართლისა და კახეთისანი ხანებზე მიჩენილნი იყვნეს, მეფენი ორნივ ხალვათში ბძანდებოდენ, რა გარიგდენ. ყალიონს წევა დაუწყეს და ყავა მიართვეს. იმ დროს მიესივნენ ქართველნი და კახთა თავადნი, დაიჭირეს ხანები. რა რომ შეიტყვეს ჯარის კაცთა: „ხანები დაიჭირესო“, ასეთი არეულობა და შფოთი შეიქნა, რომ მეორედ მოსვლის დღეს დაემსგავსა. რამდენი რიგი ჯარი ახლდა, მარტო ქართველნი ხომ არ იყვნენ, მიესივნენ და იმ დაჭერილს ხანების ჯარსა და კარავსა და ბარგსა, აიკლეს, ააფორიაქეს, ვინ ცხენს შეჯდა, გაიქცა, ვინ დაიჭირეს, დაატიტვლეს, რომ აღარა შეარჩინეს-რა. ბატონებს ქაზუმ-ხანისა და შაისევანის ხანისა დაჭერა არ უნდოდათ, მაგრამ ჯარს თავი ვერ დაუჭირეს, ისინიც სხვა ხანებსავით აიკლეს. გასცეს ბძანება და რაც იმათი საქონელი იპოვეს, ცხენი, ჯორი, კარავი ანუ იარაღი, ყოველი მოაგროვეს, თავისიც ბევრი დაადვეს და მისცეს ისევ. აიყარნენ იქიდამ ამ საქონლით და მოვიდნენ განჯას. დაჭერილნი ხანებიც იქ მიიყვანეს, ენებათ განჯის ციხე დაეჭირათ, თვისი მისანდო კაცნი დაესვათ და წამოსულიყვნენ ქართლში და ეს ხანებიც დაჭერილნი ქართლში მოეყვანათ. განჯის ხანის ბიძა ყოჯა-ხან და დისწული ხუდათ-ბეგ განჯის უფროსის კაცებით უწინავე განჯიდამ გამოისტუმრეს ქალაქსა თბილისისა მძევლად. განჯის ციხეში ერთი შეიხალისლამი იყო, სხვანი განჯელები შეშინდენ ამ ამბავზე, დაკლიტეს ციხის კარები და აღარ შეუშვეს ქართველთა კაცი, დადგნენ მეფენი ჩვენნი ქილისა ქანთას. ფანა-ხან ჯავანშირი რომ ბატონებს შემორიგდა, თვისი შვილები, ძმისწულები, და ან რაც ნათესავი და მოყვარე ყვანდათ, შორეული თუ მოყვარე თვისის სახლისა, სულ თან მოიყვანა, უფრო მენდობიანო. ამ დაჭერაში ეს ამის შვილი და ძმისწული კაის ცხენს შეასწრეს. წასულიყვნენ და აჯი-ჩალაბს შეხვეწოდენ: „გვიშველე და ეს შენი შეიქნებაო“, აჯი-ჩალაბმაც გული დააჯერა, თუ ამდენს ხანს და კაცს დაჭერილს ხლმით დაისხნიდა, ამათი ქვეყნები ამისი შეიქნებოდა. შირვან-შამახიის ჯარი, ჭარელნი, კაკის სულთანი, თავის ჯარი, შამახიის ხანი, ესენი შეყრილნი იქა ყვანდა, რომ ამ ქართველთ ჯარს იქ გაელოდა. ამ ამბავზე მომზადებული ჯარი წამოიყვანა და მაშინვე წამოვიდა, მოუხდა განჯას, ვნებათ-კვირის პარასკევი იყო, იმ დღეს კი აღარ მოხდა ომი, დაღამდა, მეორესა დღესა რომ დიდი შაბათი გათენდა, გამოვიდა ქართველთა ჯარი და მეფე თეიმურაზ და მეფე ერეკლე არიგებდეს ჯარსა დას-დასად, მივიდა აჯი-ჩალაბიცა დიდის ჯარით. შეიბნენ განჯის ქალაქს ზევით, შეიქნა ომი ფიცხელი, რომ ამისთანა ომი არ გვენახა. იბრძოლეს დილითგან საღამომდის, გაძლიერდა ომი, დაიხოცა ორგნითვე ურიცხვი. უბძანა ერევნის ჯარსა მეფემან ქართლისამან, მისვლასავე გამოიქცნენ, ადრიკეს ზურგი, ეცა ამ სხვას ჯარებსა და არივეს ერთმანერთს ჯარები. ვეღარ დააყენეს ბატონებმა ჯარი ვერცა რისხვით და ვერც წყალობის დაპირებით, დამარცხდენ ქართველნი, დაწყდენ, ზოგი წავიდა სიღნაღისაკენ, ზოგი ერევნის მხარეს და ზოგი მაშინვე მოვიდა ქალაქსა თბილისისასა.
მეფენი ორნივე ავიდნენ განჯის მთაში. რა შეღამდა, ჩამოვიდნენ შამშადილოს ბოლოს და ვინა შერჩათ, მით მობძანდნენ ყაზახში, იქიდამ ქალაქში შემობძანდენ დამარცხებულნი, დარჩათ საქონელი ურიცხვი, რომ თითოს ცხენის მეტი არა მოჰყოლიაო-რა, ომში არ დარჩა იმდენი კაცი, რომელიც აჯი-ჩალაბიცა დაიხოცა, მაგრამ გამოქცეულსა ჯარს დახვდა წინ შამშადილოელნი, ზოგი ხოცეს და ზოგი ატიტვლეს, რომ საქართველოს სისხლი შამშადილოელთ დაიდვეს.
ჩავიდა აჯი-ჩალაბი განჯას, ჩამოხდა გამარჯვებული და საქონლით სავსე, აუშვა დაჭერილი ხანები, რომელი ყვანდა პატიმრად ქართველ ბატონს, ყველა შეიფიცა და თავისად გახადა, ყველა თავთავისა ქვეყანასა წავიდნენ. დააყენა კაცნი აჯი-ჩალაბმა და რაც ვაჭარი იყო თბილისის ქალაქისა, ამათი საქონელი სულ აიკლო, რომ, დიაღ, დიდძალი საქონელი და ლარი წაიღო და წავიდა შირვანს, ქვეყანასა თვისსა. კაცნი გამოგზავნა, მოსწერა წიგნი ყაზახ-ბორჩალუს, დემურჩიასანლის ელებს, ბაიდარს: „ქართველ ბატონს ნუღარ ემსახურებითო, თორემ ყათლანს გიზამო, თათარს ქართველს კაცს აღარ გაყმობო“. იამათ ეს ამბავი ამ თათრებს, მაშინვე გააკეთეს ფეშქაში ყოველმა საქართველოს ელებმა და ყაზახ-ბორჩალუმ, მივიდნენ, მიართვეს აჯი-ჩალაბს და დაიდვეს სამსახური და მისცეს პირი ყმობისა და ერთობისა. მოვიდნენ ისევ შინა, შეიყარეს ჯარად, დაუწყეს ცემა სომხით-საბარათაშვილოს, მოვიდიან ბორჩალუ-ბაიდარელნი და ქალაქის გარშემო მოარბივიან და წაიღიან. აგრევე გამოასხეს ყაზახელთ ჯარი ლეკისა, ნავებით გამოყვნენ თან და დაუწყეს რბევა ქართლს. იყვნენ შეწუხებულნი მეფენი ერთის ამისთანას დაბალის კაცისაგან დამარცხებისათვის, მერმე თავისის ყმების გაორგულებისათვის, რომ ბაიდარიც-კი მტრად აესივა, რომ ამათის შიშით ერანის ქვეყანა იძროდა. ეს ყოველივე ჩვენის ცოდვის სიმრავლით მოგვევლინა, რომ ახლა ამა ხანსა და დროში ამათი დამმარცხებელი კაცი არსად იყო.
გაგზავნეს ზურაბ ზედგენიძე ჩერქეზში ჯარისათვის, ბატონიშვილი ვახტანგ საერისთოს დუშეთს დააყენეს და მოუყენეს ერისთავი ჯიმშერ, კახი ბატონი წაბძანდა კახეთს, წაიყვანა დედოფალი დარეჯან, ქალაქის ციხესა და ქალაქს მაგრება დაუწყეს. რევაზს სარდალს უბძანეს სამშვილდეში დგომა. ბატონიშვილი უსეინ-ბეგ და მათი ხიზანი ქალაქში ჩამოიყვანეს, სარდალი დადგა შიგ, სომხითი აჰყარეს. დააყენეს სამშვილდეს, სადა შენობა იყო სიმაგრეებში, შევიდა.
აუშვა პაატა ბატონიშვილი, კახეთს წაიყვანა, ამყოფა პატივით, გამოეპარა კახეთიდან, გარდავიდა იმერეთს, შეეხვეწა აბაშიძე ლევანს.
ელისაბედ ბატონიშვილი გიორგის მისცეს, ამილახორისშვილს, ცოლად, შამხლისშვილს ცოლი შერთვეს. ქორწილი მეფემ გარდუხადა, დაჰპირდა ჯარის შოვნასა, წავიდა დაღისტანში. მუხრანის ბატონს სახლთუხუცეს კოსტანტინეს და ამილახორისშვილს შაჰ-ყულიხან გივს დადვეს საქმე ქართლისა, ასე რომ ამათსა უნებურსა და გარდუალსა ვერცა მეფენი, ვერცა თავადნი ვერა-რას იქმოდენ, გამოიტანეს მეფეთა ჩვენთა თვისსა სალაროთი ოქროსა და ვერცხლის იარაღი, მისცეს ზარაფხანაში, მოაჭრევინეს ფლური და თეთრი და აძლევდენ ჯარსა, ცდილობდენ კიდევ შეყრასა ჯარისასა. გამოვიდნენ მოქალაქენი თბილისისანი სამიათასი კაი ვაჟკაცნი, კარგ იარაღითა, ბძანებითა მეფისა ჩვენისათა და დადგნენ ყველგან ქალაქთა გარემო და მაღლა ციხეთა მეტეხისა, ციხეთა თაბორსა და სცვიდენ დღედაღამ და მოელოდენ ბრძოლად ყიზილბაშთა.
მოუხდიან ყაზახისა, ბორჩალუსა და ბაიდრის ჯარი ქალაქისა გარემო და წაიღიან საქონელი ურიცხვი, აგრევე მოიყვანეს ჯარები ლეკისა, დააყენეს ყაზახში და ბორჩალუში, გაერივიან მათი ჯარებიც, წამოუძღვიან და აოხრებდიან სომხითსა და საბარათაშვილოს. დაწვეს ნაშრომი და აღარსად გაუშვეს შენობა, თვინიერ სამშვილდისა, ქვეშისა, ბირთვისისა და ციხე-ქვაბის მეტი. საცა მთებში ან ჯავახეთის ქვეყნებში საქართველოს ქვეყნების საქონელი სადმე იყო, იპოვეს და სულ წამოიღეს, საცა პური სადმე იყო სომხით-საბარათაშვილოში, სულ გაზიდეს. ამისთანა მტრობა ყიზილბაშს არ უქნია, რაც ამათ ქნეს, აღივსო საქონლით ყაზახ-ბორჩალუ და ბაიდარი. დაიდვეს თავს ორგულობა ქართველ ბატონისა ყაზახელ-ბორჩალუელთა და ბაიდრელთა, აგრევე დაუწყეს ცემა ქვეყანათა ჯავახეთისათა და ყარსისათა, თავისის ძალით წაუვიდნენ ქართველ ბატონს და ემსახურებოდენ აჯი-ჩალაბს, მიიყოლიეს დემურჩიასანლის ელებიც და თათარი, ვინც იყო სულ დაიჭირა აჯი-ჩალაბმა. ჩამოუყენა თავისი მისანდო კაცნი ამ ელებს და ართმევდა ძალიანს ხარჯს.
რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე დიდის ჯარით იმერელ მეფეზე წამოვიდნენ, სოლომონ მეფეც წამოვიდა ჯარით, შეიყარნენ, შეიბნენ, დაიხოცა ორგნითვე ურიცხვი. ბოლოს რაჭის ერისთავსა და ლევან აბაშიძეს გაემარჯვათ. მეფე სოლომონ გაიქცა, ახალციხის ფაშას შეეხვეწა, მეფის მამული ააოხრეს.
ბამან-ხან და ასლან-ბეგ თავეთის ჯარით მენაპირედ ვაშლოვანს დააყენეს, ლეკზე გაემარჯვათ, თავები ქალაქს მეფეს მოართვეს, ბოლოს ღალატი შეაჩნდათ. აზატ-ხანს ლაპარაკი დაუწყეს. ბამანხან და უსეინ-ბეგ დაიჭირეს.
რადგან ეს ქვეყნები ასე აირივა, მტრები ქართლის ქვეყანაზე დიდად გათამამდენ, ჯარი აღარსად იყო შეყრილი, ქართლისა და კახეთისა ჯარები დაიფანტნენ, ყველა თავ-თავის ალაგებს ამაგრებდა, მეტი ღონე ვეღარ მოიპოვეს, აჯი-ჩალაბის შერიგება მოინებეს და ყოჯა-ხან, განჯის ხანის ბიძა, რომელი იყო ქალაქსა თბილისსა მძევლად, იმას წიგნი მიაწერინეს: „თუცა გნებავს, ქართლისა ვალსა და კახეთისასა ორსავ მე შეგარიგებო“. მოეწერა აჯი-ჩალაბს: „შენ წამოდი და ერთი ვალის მისანდო კაცი წამოიყვანეო და შევრიგდებიო“.
ამ ამბავზე გაისტუმრეს ყოჯა-ხან, თან გაატანეს ამილახორი რევაზ და მდივანი ედიშერ, რა მივიდნენ აჯი-ჩალაბთან, დახვდა ამაყად და ამათგან შეკვეთილი შერიგების ამბავი იმან არცერთი არ იყაბულა. შემოეკვეთა: „რაც თათარი ქართველ ბატონს ემსახურებიანო, სულ ყველაზე ხელი აიღონო, ქართლს დასჯერდესო, ადრიბეჟანის ქვეყნებში საქმე არა ქონდესო და შევრიგდებიო. თორემა მტრობაზე ხელს არ ავიღებო“. ეს ხომ არც ერთი ქართველ ბატონისაგან არ იქნებოდა, ვერც ერთზე ხელს ვერ აიღებდა. ეს ელჩები განჯას გამოგზავნა და უთხრა: „მეც იქ მოვალო და იქიდამ გაგისტუმრებო“. მოვიდნენ განჯას რევაზ ამილახორი და მდივანი ედიშერ, დააყენეს განჯას და აღარ გამოუშვეს. ქართლში მოეწერათ: „შერიგება აღარ მოხდაო, თქვენი ფიქრი ნახეთო“. აჯი-ჩალაბმა ჯარი შემოიყარა, შვილი გამოგზავნა, მოვიდა განჯას, იქაც შემოიყარა ჯარი ყარაბაღისა და სიღნაღისა.
ჩერქეზეთიდან მერაბ ზედგენიძე მოვიდა, ჯარის იმედი მოიტანა, მაგრამ ჯამაგირი ეთხოვნათ, კიდევ გაგზავნეს კაცნი. დაპირდენ ჯამაგირს. ტფილელი მიტროპოლიტი, ძე ამილახორისა, ათანასი, გაგზავნეს რუსეთს დიდს ხელმწიფესთან, მიართვეს ფეშქაში და არზა ხვეწნისა: „აოხრდა ქართლი უსჯულოსაგან, შეიბილწა მონასტერი და დაიჩაგრა ქრისტიანობა, ვევედრებით შენს ხელმწიფობასა და სიმაღლეს, გვიხსნას უსჯულოს ხელთაგან და ვაქოთ ხელმწიფება და სიმაღლე შენიო“. წავიდა ტფილელი მაისს დ.
გარდმოვიდნენ ჩერქეზთ თავადნი და აზნაურნი და მოისმინეს ბძანება მეფისა ჩვენისა და მათიცა სიტყვა ეს იყო. ჯარი რამთენი უნდოდათ, რომ იმათი ჯამაგირი იქავ გარდაკვეთილიყო და მერე ჯარი გარდმოეყვანათ. მტერი, დიაღ, მოგვეახლა, ეს ამბები დაგვიანდებოდა, ითხოვა ფარვანი მეფე თეიმურაზისაგან ძემან სასურველმან მისმა, მეფემან კახეთისამან, ერეკლემ და წაბძანდა თვით ჩერქეზში, მიბძანდა, ხევში დადგა, იქიდამ გაგზავნა თავადთა შვილნი ჩერქეზში. სანამდის შემოეყრებოდა ჩერქეზი, მანამდის შემოეყარა ჯარი ოსეთისა, მოვიდნენ უფროსნი კაცნი ჩერქეზისანი და მეფეს ერეკლესთან განარჩივეს ჯარის საქმე და გაურიგეს ჯარს ჯამაგირი, წავიდნენ ესენი, შეყარეს ჯარი. წინ მოვიდა ხუთასი კაცი ჩერქეზთა და ამათ მოუძღვა მეფის ერეკლეს ბიძა, ჩერქეზის ბატონი, თითონ მეფე ერეკლე იქავ ხევს დადგა, ჯარს ერისთავი ჯიმშერი გამოუმძღვარა, გამოისტუმრა მუხრანში, მიაგება ბატონმა შაჰ-ყული-ხან და მუხრანის ბატონი, შეიყარნენ შიოთუბანს, უმასპინძლა ამ ჯარებს მუხრანის ბატონმა კოსტანტინემ. სანამდის მეფე ერეკლე სხვას დიდს ჯარს გარდმოიყვანდა, ამ ჯარს მუხრანში უნდა მოეცადა.
ზუბეიდალა ბელადი ათას ხუთასის ცხენოსანის ლეკით გამოვიდა, ჩამოდგა ზემო ქართლში, მრავალი ალაგი ააოხრეს, ციხეები აიღეს, ბევრი იშოვეს, თიღვას ციხეს შემოადგენ, ათი დღე გაუმაგრდენ, შაჰ-ყული-ხან მიეშველა და ერისთავი ჯიმშერ. თეთრი უბოძა შაჰ-ყული-ხან, კაი ვაჟკაცი აარჩივა. ამირეჯიბი ქაიხოსრო უთავა, ღამით ციხეში შეაპარა, დაუშინეს თოფი, მრავალი ლეკი მოკლეს, რა ჯარის შემატება შეატყვეს ლეკთა, აიყარნენ და მორჩა თიღვის ციხე აღებასა, გაუძღვა ჩერქეზის ჯარსა მუხრანის ბატონი, მიიყვანა ზემო ქართლში და დადგნენ ხვითსა. წამოვიდა ეს ლეკის ჯარი, დაარბივეს პატარა ლიახვის შეყოლება, საცა რამ შენობა იყო, დაწვეს კულბითის გარეშემო, შესხდენ მუხრანის ბატონი, შაჰ-ყულიხან, ერისთავი ჯიმშერ არაგვისა, ამილახორი ამირინდო ზემო ქართლის ჯარით. გაუძღვნენ ჩერქეზის ჯარს, შეეყარნენ ლეკის ჯარს კულბითის ბოლოს, შეიბნენ, გაემარჯვათ ლეკზე დიდად, ამოწყვიტეს მრავალი ლეკი, მიჰყვნენ ორბოძლის მთის ძირამდის, გამობრუნდენ გამარჯვებულნი მრავლის ნაშოვრის ჩერქეზნი და ქართველნი. ჩამოხდენ ისევ ხვითს. ლეკნი გამოქცეულნი წავიდნენ ღამე, მივიდნენ წალკას თრიალეთზე, იქ კიდევ ნაშოვარი ჰყვანდათ და ჯარი იქიდან გარდავიდნენ ჯავახეთს, დაუწყეს ცემა. აიღეს ციხე ფიტარეთისა ლეკთა და იავარ-ყვეს საქონელი ურიცხვი საყდრისა, წაასხეს ტყვე ფრიადი.
წამოვიდნენ აჯი-ჩალაბის შვილი და განჯის ხანი შავერდი-ხან ქართლზე დიდის ჯარით. მიეგებნენ ყაზახისა, ბორჩალუს ჯარი და დემურჩიასანლისა, შამშადილოში მოვიდნენ, ჩამოხდნენ ყაზახში. ეთქვათ ყაზახ-ბორჩალუს ქეთხუდებს აჯი-ჩალაბისა და მისის შვილისა აღაქიშისათვის: „თქვენ მოდითო და ქართლის საქმე ჩვენ დაგვადევითო“. ამ სიტყვით მოეღორებინათ, თორემ ქართლში სალაშქროდ არ მოვიდოდნენ, ამით რომე ერანელთ ქართველთ ხმალი ბევრჯერ ენახათ.
მოუვიდა ჯარი ჩერქეზისა მეფეს ერეკლეს ხევს, მაჩაბელი იასე დიდს ჩერქეზში გაგზავნა კიდევ ჯარისათვის და თითონ ამ ჯარით წამობძანდა, ჩამობძანდა მუხრანში, შემოეყარნენ მუხრანის ბატონი და შაჰ-ყული-ხან, ჯიმშერ ერისთავი და ჩერქეზის ჯარი, რომელი პირველ გამოეგზავნა, წაბძანდა, დადგა მცირედ ხანს საამილახოროში, შემოიყარა ჯარი ზემო ქართლისა და ერისთვებისა. კიდევ მოელოდა ჯარსა ჩერქეზისასა.
აიყარა ყაზახიდამ აჯი-ჩალაბის შვილი აღაქიში და განჯის ხანი, მოვიდნენ, დადგნენ ბაიდარში, გაგზავნა ჩაფარი მეფემ ძესა თვისთან, დაიბარა ჯარით. წამობძანდა მეფე ერეკლე, ჩამობძანდა ქალაქს, ჩერქეზის ჯარი დიღმის ბოლოს დააყენა და ქართველთ ჯარი, ქალაქში შემოეყარა კახეთის ჯარიც. გამოეგზავნა აჯი-ხალაბის შვილს ყოჯა-ხან, გამოეტანებინა ერთი თვისი მისანდო კაცი აჯი-ფრინა, რევაზ ამილახორიც გამოეშვა და მდივანი ედიშერიც. მოვიდნენ ქალაქსა. რადგან ამ ჯარების შეყრა და მეფის ერეკლეს გარდმობძანება შეეტყოთ, შერიგება მოინდომეს. მაგრამ პატრონთა ჩვენთა აღარ ინებეს, რადგან კარზე მოხდომილნი იყვნენ, უომრობა აღარ იკადრეს. გაბრუნდენ მოციქულნი, რა ამბავი მოუტანეს ჯარის სიკეთისა და შეურიგებლობისა, აიყარნენ მაშინვე და ჩავიდნენ ყაზახში.
შემოადგა ჯარი ლეკისა ხრამში მუგუთის ქვაბებსა. დიდად საქმე გაუჭირეს. უბოძეს ჯარი ქართველთა და კახთა დიმიტრი ეშიკაღაბაშს. მოუძღვა წრაუთის მხარეს, შეიბნენ სოფელში, გაემარჯვათ ლეკზე, მრავალი ამოწყვიტეს და ჩამოვიდნენ გამარჯვებულნი ქალაქს, აყარეს ხრამის ხეობა, ჩამოიყვანეს ქალაქს. გარდმოვიდა იასე მაჩაბელი, მოყვა დიდის ჩერქეზის ბატონიშვილი ჯარით, დაიწყეს მზადება მეფეთა ჩვენთა საომრად. მოვიდა რუს ხელმწიფის ბძანებით ერთი პოდპოლკოვნიკი, რომელი არს ხუთასის თავი, ქალაქსა თბილისისასა ცნობად ამბავთა ქართლისათა.
გაბძანდნენ მეფენი ქართლისა და კახეთისანი აჯი-ჩალაბის შვილსა და განჯის ხანზე, რომელნი იდგნენ ყაზახში, გატეხილ ხიდს რომ გაბძანდენ, დახვდათ ლეკი, გაემარჯვათ ჩერქეზთა ლეკზე. მოუვიდათ ამბავი: „ქართლისა და კახეთის ვალი ორივ შენზე მოდიანო“. აიყარა მაშინვე და წავიდნენ განჯისაკენ, მოხსენდა ბატონებს, წაბძანდენ მაშინვე საჩქაროდ, რა მიბძანდენ იმათ ნასადგომარში, ბარგი და ქვეითობა იქ დააყენეს და ბატონები ორნივ ცხენოსანით ჯარით, გამოუდგნენ ჩერქეზის ჯარი, სულ ქისიყელთა ჯარი და ქართველთა თავადთა შვილნი არჩევით. ეს მეფემ ერეკლემ იახლო და მეწინავედ წაბძანდა, სხვა რაც ჯარი იყო ქართველთა და კახთა, ეს სულ ქართველს ბატონს იახლნენ და ისე რაზმ-დაწყობით წაბძანდა, ყაზახის ხანი და ზოგი ყაზახელნი ბატონს შემოეყარნენ. დაჯდა უკეთესსა ცხენსა მეფე ერეკლე, ჰკრა მათრახი და წავიდა, ვითა შავარდენი. ყაზახისა და შამშადილოს სამძღვარში რომ ჩავიდა. აჯი-ჩალაბის შვილი, მოეწივა მეფე ერეკლე. რა ცნეს ჯარის მიწევა, დადგნენ და შემოებნენ. ასე ძალიან მოინდომეს, რომ სახმლოდ შიგ ჯარში შემოვიდნენ, ცოტას ალაგს ოსის ჯარიც გამოაქცივეს. მეფემ ერეკლემ იწყინა, მიბძანდა თვითონ, მოუძღვა ჯარს და ვითა ლომი, ეგრე მიიესივა, გაერივა ხმალდახმალ. ამის მნახველი ვინღა დადგებოდა უომრად, თამაზ მოურავი მიუძღვა ქისიყის ჯარს და ამას ბძანებდი: „ამის უკეთესად ერთი მეომარი კაცი აღარ იქნებაო“. გააქცივეს აჯი-ჩალაბის შვილი და განჯის ხანი. გაერივნენ ჩერქეზნი შიგა და როგორც კატათა, ეგრე ხოცდენ ყიზილბაშთა. დიდის ჩერქეზის ბატონიშვილი, რომელსა ერქვა ქერუყ, ასე შევიდა ყიზილბაშის ჯარში, ასე ეგონებოდა კაცსა, ლხინად მივაო. ქება აღარ გაეწყობოდა, ასე ლომგულად იყო, აგრევე ჩერქეზთა ჯარი, ყოველნივე ვაჟკაცურად იყვნენ და კაი ხმალი მოიქნივეს. უბძანა ჯარს მეფემ თეიმურაზ შეტევება, მოიშალა რაზმი, გაერივნენ ქართველნი, კახნი, ჩერქეზნი ყიზილბაშთა ჯართა შინა. გაიყარეს წინ და ხოცით განჯის მინარამდის მიყვნენ, ამოწყვიტეს, ყათლანი დამართეს, მკვდარს გარდა ათას ხუთასი აჯი-ჩალაბისა და განჯის ხანის ჯარისკაცი დაინარჩუნეს. შირვან-შამახისა დიდროვანი კაცები დაიჭირეს, აჯი-ჩალაბის სარდლები დახოცეს, დარჩათ საქონელი, ჯორი, აქლემი, ყოველივე საცხოვრებელი მათი.
მობძანდნენ მეფენი გამარჯვებულნი და ჩამოხდენ ნაომარსა ალაგსა, შამშადილოსა ალაგსა შინა. ისინი წავიდნენ დამარცხებულნი. განჯის ხანი განჯას შევიდა, აჯი-ჩალაბის შვილი შაქს მივიდა. სხვა რაც ჯარი გარდარჩომოდა, დაიფანტნენ, ყველა თავ-თავის ალაგს მივიდნენ, გაუსივეს მარბიელი შამშადილოს, მოარბივეს ქვეყანა მათი, დაწვეს, მოაოხრეს, ვითაც ემართლებოდენ ქართველნი, აიყარნენ იქიდან, მობძანდენ ყაზახში, შემოეყარნენ ყაზახის უფროსნი კაცნი, რომელთა დანაშაული ქონდათ, ამხილეს მეფეთა ჩვენთა და დამნაშავენი და ორგულნი რომელიმე მოაშთვეს წყალში, რომელთამე თავი წარკვეთეს და რომელიმე პატიმარ-ყვეს, ერთგულთა წყალობა უიმედეს.
მუსა-ყული-ხან, ძველი ბორჩალუს ხანი, რომელი შემორჩა ქალაქს და არ მიუდგა აჯი-ჩალაბს, ამას უბოძეს ბორჩალუს ხანობა და გაისტუმრეს აღჯაყალას. ბორჩალუს ხანი მუსა, ბაიდრის სულთანი, ვითაც დამნაშავენი იყვნეს და ორგულნი, გაიქცნენ, მივიდნენ ქვეყანათა ერევნისათა.
აიყარნენ მეფენი ყაზახიდან გამარჯვებულნი და საქონლით სავსენი მობძანდენ სოღანლუღში, დადგნენ იქ და იქიდამ განაწყვეს საქმენი ყაზახ-ბორჩალუსნი, შეუნდვეს ცთომა და აპატივეს დანაშაულნი. მოართვეს მოსართმევნი და აქებდენ მოწყალებასა მეფეთა ჩვენთასა, დაიბარეს ხუდათ-ბეგ, განჯის ხანის დისწული, რომელი იყო ქალაქს თბილისს მძევლად, გაისტუმრეს განჯას და შემობძანდენ ქალაქს. ჩამოხდენ სეიდაბადში, გაიხადეს ფეჴთ ორთავ მეფეთა და სულ ქართველთა და კახთა დარბაისელთა, პატრიარქი ანტონი სამღუდელო დასით წინ წამოუძღვა და ეგრე მობძანდენ სიონს ეკლესიაშიდა სამადლობელი პარაკლისი გარდაიხადეს. იქიდამ ისევ ცხენებით და ჯარით მობძანდენ სამეფოთა დალიჭთა ზედა, შეიქნა სროლა ზარბაზანთა და ცემა ქოს-ნაღარათა და სპილენძჭურთა, იყო ქალაქსა შიგან სიხარული ფრიადი.
ჩერქეზის ბატონები და მათი თავადნი ქალაქსა შიგან დააყენეს და მათი ჯარი დიღომს, ხუთი დღე მეჯლისით და ლხინით განუსვენეს და მეხუთესა დღესა უკან დაეთხოვნენ ჩერქეზნი და წასასვლელად დაემზადნენ, მისცეს მრავალი ბატონთა ჩერქეზისათა და თავადთა მათთა ოქრო, ვერცხლი, ლარი ტურფანი და აგრევე ჯართა მათთა თეთრი, რომელსა დაპირებოდა მეფე ერეკლე. წავიდნენ ჩერქეზნი გამარჯვებულნი და საქონლით სავსენი ქვეყანათა თვისთა და ეს პირობა მოახსენეს მეფეთა: „რასაც დროს თქვენი ბძანება მომივიდეს, მაშინვე ჯარით გიახლოთო, ჩვენი თავი თქვენს სამსახურზე დაგვიდვიაო“. მოუვიდა ქართველს ბატონს კალმუხის ხანისაგან ფეშქაში და მოეხსენებინა: „რაერთსაც ჯარს გვიბძანებო, კაის ჯარს გაახლებო“. უბოძა საბოძვარი კაცთა მისთა და გაისტუმრა, ზამთრის ჟამი იყო და მისწერა: „გაზაფხულის ჟამს ჩვენს კაცს გაახლებთო და რაც ჯარი მოგახსენოთ, იმდენი გამოგვიგზავნეთო“.
ზეიდალი-ხან გაგზავნეს ერევანს მეფეთა ჩვენთა, ამისთვის რომ ქართველ ბატონის დასმული ხანი აბდულა-ხან აზატ-ხანს დაებარებინა და თავისთან შეენახა, აღარ გამოეშვა, ერევნის ხანობა გამოერთმევინა და ისევ ასან-ალი-ხანისათვის მიეცა, რომელი უწინ იჯდა. გამოგზავნა ეს ხანიცა და ავღნის ჯარიც ერევნის ციხეში დაეყენებინა. ესეები ყველა ბატონის ჩვენის წინააღმდეგი საქმე ექნა. ეს ზეიდალ-ხან ერევნის ციხეში უნდა შესულიყო და თავის მაგიერად აზატ-ხანს დალაპარაკებოდა. თუ შერიგებას მოინდომებდა, ბატონებიც შერიგდებოდენ, შაჰ-აბაზ-ხან იყო აზატ-ხანისაგან გამოგზავნილი ერევანს, დიდებული კაცი, ეს მოეგება ზეიდალ-ხან და დიდი პატივი მისცა, ერევნის ციხეში დააყენა და ლაპარაკი დაუწყო აზატ-ხანს.
სულხან ეშიკაღაბაში გაგზავნეს ყაზახში, იმ ქვეყნისა საქმის გასაგებად. კახი ბატონი წაბძანდა კახეთს, ქართველთ ჯარები დაითხოვეს ყოველნი, წავიდნენ ქვეყანათა თვისთა.
შეიტყვეს გარემოს მტერთა, რომ საქართველოსა და კახეთის ჯარები მოიშალაო, შემოიყარა ჯარი ჭარისა და შირვანისა აჯი-ჩალაბის შვილმა აღაქიშიმ, წამოვიდა, განჯის ხანმაც თავის ქვეყნის ჯარი გამოუსივა, ეს ჯარები ყაზახზე მოვიდნენ, სულხან ეშიკაღაბაშს ამბავი მოუვიდა, ჯარი ხომ არა ყვანდა. ამის მეტი ვერა ღონე მოიპოვა, წამოვიდა ჩაფრად ქალაქს, ქართველს ბატონს მოახსენა ეს ამბავი და ჯარი სთხოვა მოხმარებისა. ამა ამბავში მოვიდა აჯი-ჩალაბის შვილი დიდის ჯარით და ყარაბაღის ჯარი ყაზახში, დაუწყეს რბევა, ყაზახელნი აყრილიყვნენ, სიმაგრეებში შესულიყვნენ. მაგრამ სიმაგრეები გატეხეს და მრავალი იშოვეს, ბევრი ალაგები დაარბივეს, ეს საქონლით სავსენი ჩამოხდენ ისევ ყაზახში, ყაზახს ამაზე მტრობდა და ელაპარაკებოდა: „თქვენ მომიყვანეთო და დავმარცხდით და ჯარი ქართველთ ამომიწყვიტესო, სისხლი თქვენგან მინდაო“. უფრო მტრობას აპირობდა, ჯერ წასვლა არ უნდოდა, იდგა იქვე და არბევდა. ქართველ ბატონმა ამის მეტი ჯარი ვეღარ მოისწრა, სომხით-საბარათაშვილოს ჯარს საჩქაროდ დაუძახეს, ამას დიმიტრი ეშიკაღაბაში და მდივანბეგი იოანე უთავა. მოქალაქეთა ჯარი. ცოტა-რამ მთის ჯარი იყო ქალაქში, ბამან-ხან თავისის თაბუნის კაცით, ბორჩალუსა და დემურჩიასანლის ჯარი, ესე ყოველნი საჩქაროდ შეყარეს. ამ ჯარს ყველას ბატონმა თავის ნაიბად მუხრანის ბატონი სალთ-ხუცესი კოსტანტინე უთავა და ყაზახს მიაშველა. ეს ჯარი რომ აღჯაყალას ჩავიდა, შეიტყო აჯი-ჩალაბის შვილმა: „ქართველთ ჯარი მოვიდა შენზედაო“. აიყარა მაშინვე ამ ნაშოვრით და წავიდნენ. სულხან ეშიკაღაბაში და ბამან-ხან კაის ცხენოსნის კაცით ჩავიდნენ ყაზახში, მაგრამ ვეღარ ჩაუსწრეს. ესენი იქავ ყაზახში დადგნენ. მუხრან ბატონი და ეს ქართველთა ჯარი დადგნენ აღჯაყალას. ქართველ ბატონმა გაგზავნა ჩაფარი, ეს ამბავი აცნობა კახს ბატონს, დაიბარა ჯარით ქისიყელნი, მიუხდენ შამშადილოს, მრავალი კაცი ამოწყვიტეს და საქონელი წაუხვნეს. წავიდნენ გამარჯვებულნი, გზაზე დახვდათ მიმავალი ლეკის ჯარი ნაშოვრით. მათზედაც გაემარჯვათ, ლეკი ბევრი მოკლეს, ტყვე ანუ საქონელი, რაც ყვანდათ, სულ დააყრევინეს.
ჩამობძანდა კახი ბატონი მეფე ერეკლე, ერთპირად ქალაქსა თბილისისასა თან ჩამოყვა დარბაისელნი კახეთისანი და ჯარი, შეიყარნენ მამა-შვილნი და იყო ლხინი და განცხრომა ფრიადი. დაიბარეს აღჯაყალიდან მუხრან ბატონი კოსტანტინე და ჯარი ქართველთა, რომელი ახლდა თან, შემოიყარეს ზემო ქართლისა და ორისავ საერისთოს თავადნი თვისის ჯარით ქალაქსა თბილისისასა.
მოვიდა აზატ-ხანის ჩაფარი, მოერთმევინა ბატონებისათვის წიგნი დიდის ერთობისა და შერიგებისა. ერევანს რომ ზეიდალ-ხან აქედამ მისულიყო, შეეტყო, მაშინვე დაებარებინა. რა ჩასულიყო და ენახა, დიდი პატივი მიეცა და დიდად სიხარულად მიეთვალა ქართველ ბატონისა და კახ ბატონის გადალაპარაკება და შერიგება. ეს ჩაფრები წინ გამოგზავნა და მერე ზეიდალი-ხან გამოესტუმრებინა მისაცემელითა ფრიადითა და შემოეფიცა ყურანზე ზეიდალ-ხანისათვის: „მე ქართველ ბატონის ორგული არ ვიყოო და სამსახურიც მინდოდესო და რაც მიბძანოს, მორჩილი ვიყოვო“. ეთქვა „მე რომ შენ შემოგფიცეო, შენ ჩემ მაგიერად მეფეს თეიმურაზს და მეფეს ერეკლეს შეფიცეო“. მოვიდა ზეიდალი-ხან ქალაქსა თბილისისასა, მოიტანა ეს ამბავი. თან გამოეტანებინა აზატ-ხანს ოთხი თვისი მისანდო კაცნი, მოვიდნენ, ნახეს მეფენი მორწმუნენი და დასჯერდენ ფიცსა და ამ შემოთვლასა აზატ-ხანისასა. უბოძეს საბოძვარი კაცთა მათთა და გაისტუმრეს ისევ და თან გაატანეს მარტყოფის მოურავი ქაიხოსრო და მელიქის შვილი ათაბეგ. ამათაც მისწერეს წიგნი ერთობისა და ნდობისა, უბძანეს პირობა: „თუ შენ ჩვენზე არა იმტყუვნო-რაო, ჩვენც შენზე არა ვიმტყუვნოთ-რაო“. წავიდნენ ესენი. მაშინ აზატ-ხან იდგა...
მეფეს თეიმურაზს მეფის ერეკლეს მეტი ძე არ ესვა და ორთავ მეფეთა სასურველი ვახტანგ იყო ძე მეფის ერეკლესი, შვენიერი და ხელმწიფობისა მათისა საკადრისი ძე და ყოვლისა სიკეთითა შემკობილი, ასაკითა იყო მცირე, მაგრამ ამას იტყოდა მისი მნახველი: „ახლავ ხელმწიფობა შეეფერებაო“. ამას უბოძეს მეფეთა რაც ქართლში და ან კახეთში საბატონისშვილო მამული იყო სოფელში ან ციხე და ალაგი, აგრევე არაგვის ერისთვის მამული, მთლივ მთა და ბარი საუფლისწულოდ გაურიგეს. უბძანეს ჯიმშერს ერისთავს: „სანამდის ეს ჩვენი შვილი გაიზდებოდესო, ან ქვეყნის მოვლას შეიძლებდესო, ეს ჩვენი შვილიცა და ეს ქვეყნებიც შენთვის მოგვიბარებია, რიგიანის საქმით ამ ქვეყნებს მოუარეო და ჩვენს შვილს ამსახურეო“. ამისა შემდგომად აღაშენა ციხე დუშეთისა ჯიმშერ ერისთავმა და ცდილობდა შემატებასა ამა ქვეყნებისასა. მეფენიც ჯეროვნად უსმენდენ.
ქორონიკონს უმა (1753 წ.), თვესა იანვარსა, ჩაბძანდა მეფე ერეკლე ქართლისა და კახეთის ჯარით ბაიდარში. იქ სანი აიღო ჯარისა და ენება ყაზახში წაბძანებულიყო, დამდგარიყო და იქიდან გარემოთა მტრისათვის პასუხი მიეცა და ყაზახებზედაც გული დაეჯერებინა ერთგულობისა. შეიტყვეს ყაზახელთ, მოვიდა სულთნის ძმა თალიბეგ და ყაზახის ქეთხუდები, მოართვეს ფეშქაში და შემოეხვეწნენ: „ამდენის ჯარის დახდომას ჩვენ ვერ შევძლებთო, მძევლებს მოგართმევთ, რომ თქვენს მეტი ბატონი ჩვენ არ გვინდოდესო და ჯარიც დაგვიყენეთო და თქვენ კი ნუ გაირჯებითო“. უსმინა ეს მოხსენება მეფემ ერეკლემ, გამოართო მძევლები და გამოგზავნა ქალაქსა თბილისისასა, აარჩივეს ხუთასი ცხენოსანი კაცი, ამას უთავეს ამილახორი რევაზ და ამილახორის შვილი რევაზ ქართლსა და კახეთის კაცსა, ბამან-ხან თავისის კაცით და ესენი გაგზავნა ყაზახში, დააყენა მენაპირეს ჯარად. რადგან ელების კაცთ ბევრი შემოსცოდეს ქართველ ბატონს და ამათაც დანაშაული აპატივეს, აღარც ასე ენდენენ რომ კიდევ იმგვარი საქმე ექნათ, ჩაუყენა მეფემ ერეკლემ კაცნი ჩინებულნი ბორჩალუსა ბაიდარში, დემურჩიასანლის ელებში, კახეთის ელებში და ვინც თავი და ობების ქეთხუდები იყვნენ, სულ ყველა ცოლ-შვილით აჰყარა და მოიყვანა ქალაქსა თბილისისასა.
თითონაც აიყარა ჯარით, წამობძანდა ქალაქიდამ ქართველ ბატონი, გაბძანდა, შეიყარნენ მამა-შვილნი ერთად, ინადირეს, ილხინეს და ეგრევ ერთად ორივ მეფენი შემობძანდენ ქალაქსა თბილისისასა, აჰყარა კახეთის ელი ბატონმა, წაიყვანა კახეთს, დააყენა თიანეთს. მოუხდა ჯარი ყაზახს, შეებნენ ქართველნი და კახნი, გაემარჯვათ ლეკზე. გაიქცა ბამან-ხან თავისის კაცით ყაზახიდან, თან გაყვა ცოტას კაცით ზურაბ ქსნის ერისთავის შვილი, მივიდნენ განჯას, მოეგება განჯის ხანი, იამა დიდად, დააყენა პატივით განჯას, აცნობა აჯი-ჩალაბს, მაშინვე დაიბარა, წავიდნენ მაშინვე ბამან-ხან და ზურაბ, მისცა ხალათი და თეთრი ინამად და დაჰპირდა ბამან ხან და ზურაბ ერისთვისშვილი ქართლის დაჭერასა. დაუჯერა აჯი ჩალაბმაც და შექმნა მზადება, შემოიყარა ჯარები და დააპირა წამოსვლა ქართლზე და კახეთზე. ორპირად გაყო ჯარი, ერთს ჯარს ბამან-ხან მოუძღოდა ქართლზე, მეორეს ზურაბ ერისთვისშვილი კახეთზე, ამათ ახლდათ ჭარელნი, შაქი-შირვანისა, განჯა-ყარაბაღისა, ბარდისა, ბარგუშათისა და სიღნაღისა ამ ქვეყნების ჯარი ყველა ქართლსა და კახეთზე გამოემზადენ. ამა ამბავსა შინა აეშალა აჯი-ჩალაბს შამახიის ხანი და ყუბა-ხან, შემოებმენ, გაემარჯვათ, დაუმარცხეს აჯი-ჩალაბს და განჯის ხანს, ასე რომ ყათლანი დამართეს. მოვიდა განჯას გამოქცეული განჯის ხანი და თან მოყვნენ ბამან-ხან და ზურაბ ერისთვისშვილი, ჩაუარათ ცუდმა თათბირმან, დარჩნენ განჯას შეწუხებულნი, ცოლ-შვილი დარჩა ქალაქსა თბილისსა, ბამან-ხანს ქსნის ერისთვის ქალი ყვანდა ცოლად და აღარ მისცეს. რადგან ერევანს აზატხან ეჭიდებოდა მძლავრებით, ქართლისაც უნდოდა დაჭერა. მაგრამ ქართველთ ხმალი ბევრჯერ ენახა და ძალით ვეღარ გააწყო რა და ახლა დაიწყო ცდილობა, შერიგებისათვის გამოეგზავნა კაცი და მოეთხოვა თავისთან ბატონის სანდო კაცი, აქედამ რომ გაისტუმრეს მოურავი მარტყოფისა ქაიხოსრო და რადგან იმან შემორიგება მოინდომა, მეფეთაც ნება დართვეს. რა ჩავიდა ქაიხოსრო მოურავი, მისცა პატივი დიდი და მრავლის მისაცემელით გამოისტუმრა, შემოეკვეთა: „ჩემი სამსახური გეპრიანებათო და ჩემგან გულის დაჯერებაო, ერთი თქვენის სახლის ქალი ჩემდა საცოლოდ მომეცითო და მერე მე ვიცი, რამდენს თქვენს ქვეყანას შევმატებო“. მოვიდა მოურავი, გამოეტანებინა თვისნი მისანდონი კაცნი, რადგან ადრიბეჟანის ქვეყანაში გამოჩენილი კაცი იყო და მერე ქართლს სხვა მტრებიც ბევრნი ყვანდნენ, ამისთვის ამას უარი ვეღარ უთხრეს მეფეთა ჩვენთა და უბოძა მეფემ თეიმურაზ თვისი დისწული, ყვანდა აბდულა-ბეგს ბეგუმ, იმისი ქალი მარიამ ბეგუმ, აზატ-ხანის კაცთ გაატანეს მეითარი იოანე კახი და დაიბარეს წასაყვანელად კაცნი, რა ჩავიდა მეითარი იამა აზატ-ხანს დამოყვრება ქართველ ბატონისა და კახ ბატონისა, მისცა მეითარს ფრიადი.
ამისა შემდგომად გამოეგზავნა აზატ-ხანს ქალის წასაყვანელად მირზა-შეფა თავრიზელი, დიდებული კაცი, რომელი ყოფილიყო შაჰ-ნადირ ყაენისა მახლობელი კაი ყმა და მდიდარი კაცი, ამას მოყვა ათი-თხუთმეტი ავღნის უფროსნი კაცნი, ასისთავნი და ათასისთავნი. იმათთვის გამოეტანებინა მცირე ჯარი, მოერთმევინა საქორწილოდ თვალმარგალიტთა მიერ შეთხზულნი იარაღნი ოქროსანი ქალისათვის და აგრევე ბატონებისათვის ლარი ტურფანი, კიდებულნი ჯორთადა აქლემთანი და დედოფალთათვის, უფლისწულთათვის თეთრნი და ოქრონი. აგრევე დიდებულთა თავადთა ქართლისა და კახეთისათა ყოველთათვის ლარნი თვისად და თვისად შესაკადრნი. ესე ყოველთა მიუძღვანეს და მეფეთაც ამა მოსულთა ყიზილბაშთა უბოძეს ურიცხვი. ამზადეს ქალი მარიამ ბეგუმ და გაისტუმრეს. ამას თან გაატანეს ორბელიანი იოანე მდივან-ბეგი და ზაალ თოფანქჩი-აღასი. წავიდნენ, შეეყარნენ აზატ-ხანს ქვეყანასა არაყისასა ფერიას, სცა დიდი პატივი მდივან-ბეგს იოანეს და ზაალს, უბოძა ხალათი მძიმე და ინამად თეთრი, გამოუგზავნა კაცი თვისი, მახლობელი მეფეთა და შემოუთვალა მადლი ქალისა და დაპირდა ერთობასა და სიყვარულსა. თითონ წავიდა ქალაქსა ისპაანსა დასაპყრობად და თანა წაიყვანა მდივან-ბეგი და ზაალ ორბელიანი. ამათ მიანიჭნა პატივი დიდი მისაცემელითა ფრიადითა და ლხინ-განცხრომითა განუსვენა. ყოველდღე იყვნენ აზატ-ხანთან და სცემდა პატივსა უზომოსა.
გარდმოვიდა დიდრონი ჯარები დაღისტნიდან, მივიდნენ ქვეყანასა ბამბაკისასა, გატეხეს ციხეები, დაატყვევეს, ამოწყვიტეს, ურიცხვი ტყვე და საქონელი წამოიღეს. მიუხდნენ ყარსისა ქვეყანათა, წაახდინეს მრავალი ალაგი, ვერსად გამოუჩნდათ წინააღმდეგი, მივიდნენ გოგჩას, აიღეს ციხე და აიკლეს ყოველი საცხოვრებელი მათი. მიუხდენ ერევნისა ქვეყანასა, დაუწყეს რბევა ქალაქსა თბილისისასა გარეშემოთა. შემოიყარა ჯარი ქართველმა ბატონმა მეფემ თეიმურაზ და კახმა ბატონმა მეფემ ერეკლემ ქართლისა და კახეთის ჯარი, გაბძანდენ ქალაქით, დადგნენ მარაბდას. მოვიდა ჯარი ლეკისა, შეიბნენ, შეუტივეს მეფეთა ჩვენთა გულსრულად და განაძლიერეს ჯარი, ვინღა დადგებოდა მნახველი მათი, რომ არ შეეტივათ, ქართველთა და კახთა ყოველთავე ერთობით შეუტივეს, გაწყვიტეს ჯარი ლეკისა ორად: ერთი წავიდა ზევით ბირთვისის მხარეს და მეორე ჯარი - იაღლუჯისკენ, ზევითსა ჯარსა თვით მეფენი ორნივ გამოუდგნენ ხოცითა და ხმალდახმალ კაფის და ერთსა ვიწროსა ხევსა შიგან ჩაყარეს და მიბძანდენ მეფენი და ჯარს გარს შემოიხვიეს. იყო საღამომდის სროლა, ამოწყვიტეს ლეკნი, რომ ყათლანი დამართეს. იაღლუჯისაკენ რომ ლეკნი გაიქცნენ, ამათ მუხრანის ბატონი კოსტანტინე გამოუდგა და ზოგნი ვინმე ქართველთა და კახთა თავადთაგან დაერივნენ შიგ ხმალდახმალ, ასე ამოწყვიტეს ლეკნი, რომ მცირედიღა გადარჩნეს, იმ დღეს გენახათ მუხრან ბატონი, ფალავნისა მსგავსად იბრძოდა, დააწყლულეს მუხრან ბატონი და გამობრუნდნენ გამარჯვებულნი. მოვიდნენ, ჩამოხდენ ისევ მარაბდას მეფენი და მიულოცეს გამარჯვება ქართველთა და კახთა, უბძანეს ყოველთა ჯართა იმედი და წყალობიანი სიტყვები. მობძანდნენ ორივ მეფენი მუხრან ბატონისა კარავისა შინა, მოიკითხეს დაწყლულება მისი და ნუგეშინის-სცეს, უიმედეს წყალობა და უქეს გულოვნება და გაისტუმრეს ქალაქსა თბილისისასა.
ამილახორის შვილს რევაზს მინბაშობა უბოძეს, ქალაქის ციხე მიაბარეს. აიყარნენ მარაბდით, შემობძანდენ ქალაქსა რაოდენთა დღეთამე, წაბძანდენ ღართის კარზე, დაყვეს ხანი ცოტა, კიდევ დაიბარეს ჯარი საერისთოებისა, დაიჭირეს ერისთავი შანშე, მისცეს ქსნის ერისთობა მის ძმისწულს დავითს. შანშე გამოგზავნეს ქალაქს, შეიპყრა სენმა და მოკვდა შანშე. კახი ბატონი წაბძანდა კახეთს, განასრულა გალავანი თელავისა, ქისიყელნი მიუხდენ, ჭარის სოფლები დაარბივეს, ღართისკარზე ჯარი დააყენა, ბატონი მიბძანდა ქალაქსა, კახი დედოფალი დაწვა, შვა ასული ელენე.
ქორონიკონს უმბ (1754 წ.) მამუკა, იმერელ მეფის შვილი, გარდმოაგდეს თავისის მამულით ურუმთა, გარდმოვიდა, შემოეხვეწა ქართველს ბატონს და კახს ბატონს, გაგზავნეს ელჩად ახალციხეს მოურავი იორამ, შეარიგეს ისევ ფაშას და მამული, რომელი წაერთმივა, უშოეს და ისევ გაისტუმრეს ქვეყანასა თვისსა. მოვიდა ელჩი ახალციხის ფაშისა, მოეწერა წიგნი ერთობისა და სიყვარულისა, წაბძანდა კახი ბატონი ფშავში, შემოიყარა ჯარი ფშავისა და ხევსურისა და ჩამობძანდა ქალაქსა თბილისისასა.
მოვიდა ჯარი ლეკისა, ჩადგა სომხითში, მივიდნენ იდუმალ ღამით, შეეპარნენ სამწევრისის ციხესა, აიკლეს ერთი მხარე ციხისა, გაუმაგრდენ მეორესა მხარესა მყოფნი. შემდგომად ამისა მიუხდენ, შემოადგნენ ციხესა მჩხიკვითისასა, შემოაგზნეს ცეცხლი გარსა და გამოწვეს კოშკსა შინა ვინა ბარათიანთაგანი იდგნენ შიგა. მივიდა ეს ლეკის ჯარი ამა ციხეების ნაშოვრებით და დადგნენ ფიტარეთის ციხეში. გზა იყო საჭირო და ვერა მივიდნენ ჯარნი ჩვენნი. მოინდომეს მეფეთა ჩვენთა მათი შებმა, იგრძნეს ლეკთა, გავიდნენ ისევ სომხითზე, მივიდნენ ახპატს, იქიდან ჩაიარეს ყაზახის მთაზე და ჩავიდნენ განჯას.
აპრილს, ქორონიკონს უმბ (1754 წ.) დამარცხდა ამილახორისშვილი გივი, შაჰ-ყული-ხან; რომელი იყო დიდებული და მდიდარი კაცი და ყოველგან სახელგანთქმული, ქალაქის მოურაობა მისცეს ბატონიშვილს ვახტანგს, ნაიბობა - ამილახვარს რევაზს. მოვიდა კაცი განჯის ხანისა, მოეწერა წიგნი შერიგებისა და ერთობისა, მეფეთა გაატანეს მარტყოფის მოურავი ქაიხოსრო, ამათა ინებეს ერთობა და შერიგება შირვანის ხანისა, აგრევე ერევნისა ხანისა ელჩები მოვიდნენ, ცდილობდნენ გარემო ქვეყნების კაცნი შერიგებასა და ერთობასა ქართველთასასა. წაბძანდა მეფე ერეკლე კახეთს, მიბძანდა ქისიყს, დაიჭირა ქისიყის მოურავი თამაზ და პყრობილი გაგზავნა და დააპატიმრა ციხესა სურამისასა. მიბძანდა ქართველი ბატონი, აღაშენა ციხე წარასყურისა და დააყენა მას შინა ბარათიანნი მცირედთა ხანთა შინა. ეყო წყალობა ქისიყის მოურაობისა ამილახორისშვილს იასეს და დაადგინა ქისიყს მოურავად, განუტევა მშვიდობით პატიმრობისაგან თამაზ მოურავი.
მოვიდა მარტყოფის მოურავი განჯიდამ, მოყვა კაცი განჯის ხანისა, მოეწერა წიგნი ერთობისა და სიყვარულისა. ბამან-ხან, რომელი იყო სიძე ქსნის ერისთვისა და განჯას იმყოფებოდა შემოწყრომით, შემოხვეწილიყო და მოსვლის დასტური ეთხოვნა. გაგზავნეს მეფეთა ჩვენთა ამის მოსაყვანად ნასაღჩი-ბაში სვიმონ მუხრან ბატონიშვილი. მოვიდა კაცი მდივან-ბეგის იოანე ორბელიანისა და ზაალისა, რომელნი იყვნენ ისპაანს აზატ-ხანთან, მოსულიყვნენ ერევანს, მოეცა აზატ-ხანს ამათთვის ოქრო და ლარი ურიცხვი, ორი თავისი მისანდო ყულიც თან გამოეტანებინა. მეფეთა და დედოფალთათვის საკადრად თვისად ოქროთა იარაღი ან ლარი ტურფანი მოერთმივნა, აგრევე პატრიარქისა და ქართველთა და კახთა დიდებულთა კაცთათვის. დავარდა ამისი ხმა ყოველგან: „ერანის ქვეყნიდამ დიდი ხაზინა მოდისო“. ტყუილი არ იყო, მაგრამ რომ ეგონათ გარემოსთა ქვეყნებისა კაცთა, იმდენი კი არ იყო, წამოვიდა ორ-სამ პირად ლეკის ჯარი. ერთი წავიდა ერევნის მხარეს, მეორე სომხითის მხარეს და მესამეს ჯარი ზემო ქართლისაკენ შეიარეს. ბატონებს მოხსენდათ. ეს ჯარები ყველა იმათს დასახდომად გამოვიდნენ. მაშინვე გაგზავნა ბატონმა ჩაფარი ერევანს, მისწერეს მდივან-ბეგს იოანეს და ზაალს: „მანდავ მოიცადეთო, ეს ჯარები თქვენზე წამოვიდაო და როგორც ჩვენი ბძანება მოგივიდესთო, ისე ქენითო“. დამდგარიყო ერევანს და მიეცა ერევნის ხანს დიდი პატივი. აგრევე კარგად დახდომოდათ სომხეთის პატრიარქი ეჩმიაძინს. ერევნისაკენ რომ ლეკის ჯარი წავიდა, იმან წაახდინა სადარაგი, უყვეს ყათლანი, წამოიღეს საქონელი, ტყვე ამდენი, რომ სიმრავლისაგან ძლივ მოჰქონდათ, ჩაიარეს ყაზახზე და წავიდნენ ნაშოვრით სავსე. ყაზახის ჯარიც თან გაყოლოდათ ამ ლეკის ჯარს, იმათაც ბევრი ნაშოვარი მოიტანეს.
აბძანდენ ორივ მეფენი ქართლისა და კახეთის ჯარით, მიეშველნენ ზემო ქართლს, გაგზავნეს ჩაფარი და მდივან-ბეგი და ზაალ ორბელიანი დაიბარეს: „მაგ აზატ-ხანის კაცსა და საქონელს გამოუძეხითო, ურუმის ქვეყანაზე გამოიარეთო და ზემო ქართლში შემოგვეყარენითო“, რადგან სომხით-საბარათაშვილოს ალაგები ხარაბა იყო და მტრით სავსე, იქით. მშვიდობისათვის დაიბარეს, ისპაანის ყაფილაც მოსდევდათ, დემურჩიასანლის ჯარი მოაგებეს ერევანს, გამოუძღვნენ, მოვიდნენ ახალქალაქს, დახვდენ საკადრად დიდის პატივით ურუმნი, მოართვეს სამასპინძლო, წამოვიდნენ, იქ მოაგებეს ჯარით აბაშიძე ნიკოლაოზ, ჩამოიარეს ხეობაზე, მოვიდნენ ქვიშხეთს, ვითაც სიძე იყო ნიკოლაოზ აბაშიძე მდივან-ბეგისა, განუსვენეს ლხინითა უზომოთა და მისცა მდივან-ბეგმა ასულსა თვისსა თვალ-მარგალიტი და ლარი ტურფანი, აგრევე სიძესა თვისსა, წამოვიდნენ, მოვიდნენ გორს. ლეკის ჯარმა წაახდინა ტინის ხიდი და მივიდნენ, შემოადგნენ დირბის ციხესა, მოაგებეს დიმიტრი ეშიკაღაბაში მდივან-ბეგს და ზაალს ორბელიანთ, წაუძღვა გორით, მივიდნენ ქცხინვალს, ქართლისა და კახეთის პატრონი, ორივ მეფენი ჯარებით იქ იდგნენ და ემზადებოდენ შებმასა ლეკთასა. რა მივიდნენ მდივან-ბეგი და ზაალ, ნახეს მეფენი, აგრევე აზატ-ხანის კაცნი თან მიყვათ. დიდად იამათ მეფეთა და სცეს პატივი უზომო, მიართვეს აზატ-ხანისაგან გამოგზავნილი ფეშქაშნი, ორთავე მეფეთათვის მოერთმევინა მძიმენი და უცხო ქსოვილნი ლარნი ტურფანი, საკადრად მეფობისა მათისა, ქართლის დედოფლის ანნა-ხანუმისათვის ლარი ტურფანი და ქამარი ოქროსი, მურასად გაკეთებული ძვირფასისა, კახის დედოფლისათვის ლარნი საკადრნი მრავლობით, აგრევე წმინდის პატრიარქის ანტონისათვის მძიმენი ლარნი და აგრევე ყოველთა დიდებულთა საჩინოთა, თავადთა ქართლისა და კახეთისათა ყოველთათვის ლარნი ტურფანი მიეძღვანებინა, ესე ყოველთა მიართვნეს. დააყენეს აზატ-ხანის კაცნი გორს, მეფენი მიეშველნენ დირბს. პირველსავე მისვლაზე აგრძნეს ლეკთა, მოეგებნენ, შემოებნენ, შეიქნა ომი ფიცხელი. უბძანეს წყალობა მეფეთა ქართლისა და კახეთის ჯარსა, მივიდნენ გულსრულად, ასე რომ თავადთა შვილნი რომელიმე მოკვდა, რომელიმე დაწყლულდა, სძლიეს ლეკთა ზედა, განქცივეს, ამოწყვიტეს ლეკნი, გაემარჯვათ მეფეთა, გაიქცნენ ლეკნი, მივიდნენ ციხესა წალკისასა, მორჩა ტყვეობისაგან დირბელნი, დიდად გაეჭირვებინათ საქმე, რომ აღებად მიეწურათ. მაგრამ იოანე ხერხეულიძე დასწრებოდა ციხეში და იმას გაემაგრებინა და ძალა მიეცა და რა მეფენი მიეშველნენ, ვითა შავარდენთა გუნდნი ტრედთანი, ეგრე დაფანტეს ჯარი ლეკთანი. წამობძანდენ გამარჯვებულნი ჩამობძანდნენ გორს, დასხდენ მეჯლისად, ნახეს ლხინი უზომო.
ამა ამბავთა შინა მოვიდა ამბავი კახეთით: „ხუნძახის ბატონი დიდის ჯარით შილდის თავს ამოვიდაო, კახეთზე მოდისო, მუქარა მოეთხოვა: ქართლისა და კახეთს დავიჭერო, ჯარიც ასეთი ყავსო, რომ ჯერ ამისთანა ლეკის ჯარი ქართლსა და კახეთში არ ჩამოსულაო“. შეწუხდენ მეფენი და თავადნი ქართლისა და კახეთისანი, ამის მეტი რჩევა ვეღარა გააწყვეს-რა, ქართველი ბატონი ისევ ქართლის ჯარით იქავ ქართლში დადგა და კახი ბატონი კახეთის ჯარით კახეთს მიეშველა, პირობა ასე დადვეს: თუ კახეთს გაუჭირდებოდა, ქართველი ბატონი მიეშველებოდა და თუ ქართლს გაუჭირდებოდა, კახი ბატონი მიეშველებოდა. თუ თავ-თავისად პასუხი შეეძლოთ, ეს ქართლს გაამაგრებდა, ის კახეთსა. მიბძანდა კახი ბატონი, მეფე ერეკლე, თელავს. ხუნძახის ბატონი იდგა შილდის თავში და ყოველდღე ემატებოდა დაღისტანიდან ჯარი ლეკისა. აყარა კახეთი კახმა ბატონმა და სულ ციხეებში შეიყვანა და ჯარი სულ კახეთისა თელავს შემოიყარა და ქართლშიაც ხიზნობა სიმაგრეებში შეიქნა. ჭარელთ, კაკის სულთანმა, აჯი-ჩალაბმა, შირვანელთ, ფანახან, განჯის ხანმა, ამათ ყოველთა პირი მიეცათ. თუ ეს ხუნძახის ბატონი ქართველსა და კახს ბატონზე გაიმარჯვებდა, ეს კაცნი სულ ქართლსა და კახეთზე მოვიდოდნენ და ვითაც მტერნი იყვნენ, ეგრევ ააოხრებდენ, დაატყვევებდენ და მერე აოხრებულს ქვეყანასა რას უზამდენ, თავისთვის უნდოდათ, ის კი არ ვიცით. გაგზავნეს მეფეთა კაცნი ჩერქეზში, აღუთქვეს მისაცემელი ფრიადი და დაიჭირეს ჯარი, ეგრევე ოსისა და მთის ჯარები, კავკასიდამ მოიწვივეს ჯარები, ამა ამბავში წამოვიდის თრიალეთის წალკას რომ ლეკის ჯარი იდგა, გამოვიდის საციციანოზე, დაარბივის ზემო ქართლის ქვეყანა და მიიტანის ციხესა წალკისასა, გამოუდგის ქართველი ბატონი მეფე თეიმურაზ, უპასუხის და ზოგჯერ წაიღიან და ვეღარ მოეწევიან ქართველნი, ამით, დიაღ, შეაწუხეს ქვეყანა ქართლისაი ამისა შემდგომად ჩამოვიდა ხუნძახის ბატონი კახეთში, მოსწერა კახმა ბატონმა მამასა თვისსა მეფეს, ცხებულს თეიმურაზს: „მოშველების დრო ეს არისო, ჯარი ჩამოვიდა კახეთში. და ახლავ უნდა წამობძანდეთო“. რევაზ სარდალი საბარათასშვილოს ჯარით ტაბახმელას იდგა მენაპირედ, მოუვიდა ბძანება: „ახლავ შემოგვეყარეო“. წავიდა სარდალი მაშინვე, წამობძანდა ბატონიც ქართლით კახეთისაკენ, გამოიარა ხუნძახის ბატონმა გაღმა მხარეზე, დაწვა ზოგიერთი ალაგები, გამოვიდა ალაზანს, მოვიდა, დაწვა რუისპირი, აიყარა, ავიდა, დაწვა ახმეტა, გაიარა, ავიდა გაგნაკორას. ქართველი ბატონი ჯერ არ მობძანებულიყო და მარტო კახეთის ჯარით კახი ბატონი ვერ შეება, ხუნძახის ბატონს დიდი ჯარი ყვანდა, წამოვიდა ქართლზე, კახეთზე ხელი აიღო, გამოუგზავნა კაცი მეფეს თეიმურაზს მეფემ ერეკლემ: „ჯარი ქართლზე წამოვიდაო და ეგ ქვეყნები გააფრთხილეთო, მეც უკან მოვსდეო“. წამოვიდა თითონც კახეთით, ჯარი კახეთისა ქვეითი და ცხენოსანი მთლივ თან აახლო, გაყო ჯარი ლეკისა ოთხად ხუნძახის ბატონმა და გამოვიდა არაგვს ოთხ-პირად, შემოუშვა ჯარი არაგვის ერისთვის მამულში, დაწვეს, აიკლეს, ააოჴრეს. ანანურს აქეთ აღარსად-რა გაუშვეს-რა წაუხდენელი. მივიდნენ დუშეთს, დაწვეს სასახლე ერისთვისა, შეაბილწეს მონასტერი, ჩამოხდენ იქ დიდის ნაშოვრით, მიბძანდა ქართველ ბატონი ახალგორს ქართლის ჯარით, მოელოდა ძესა თვისსა კახს ბატონს, აიყარა ხუნძახის ბატონი დუშეთიდან თვესა აგვისტოსა ი, გარდმოვიდა, შემოაყენა ჯარი ციხესა მჭადიჯვრისასა, რომელი აღეშენებინა მუხრანის ბატონს სალთხუცეს კოსტანტინეს, ჩამოხდა თვითონ ხუნძახის ბატონი ციხის ბოლოს ჭალაში, გააკეთებინა სანგარი მაგარი, დაადგმევინა კარავნი, დადგა შიგ და აბრძოლა ციხესა ჯარი ლეკისა. იყო დღედაღამ ბრძოლა და ომი გაუწყვეტლად. არ ავად იყვნენ მყოფნი ციხისანი, მრავალი ლეკი მოუკლეს და დიდადაც გულ-მამაცად იყვნენ ციხის კაცნი, უგზავნიდა მუხრან ბატონი ყოველდღე კაცსა და ტყვია-წამალსა აძლიერებდა, უთვლიდა იმედსა და პირდებოდა წყალობასა და მოხმარებასა. მიბძანდა კახი ბატონი დუშეთს, აცნობა ქართველ ბატონს, წამობძანდა ახალგორიდან, იქ დააყენა პატრიარქი ანტონი, თან აახლო მდივან-ბეგი იოანე ორბელიანი, მობძანდა ბატონი დუშეთს, შეეყარა ძესა თვისსა, შეიყარნენ ქართველნი და კახნი ერთად, შეექნათ რჩევა შებმისა, წამობძანდა მეფე ერეკლე, დახვდა ზევით მთიდამ ჯარსა ლეკისასა, ბევრი დიდრონი ჯარები ენახა ერანის ქვეყანაში. ბევრი ხანი დაეყო ჰინდოეთს, თან ახლდა ყაენს და ჯარის ბევრსა და ცოტაობა კარგად იცნობდა.
ნახა რა ჯარი ლეკისა, დიდად მეტი იყო ქართლისა და კახეთის ჯარზე, ამით რომე ეს ხუნძახის დაღისტნის ერთი ქვეყანის პატრონი იყო და მერე რა ქართლზე და კახეთზე წამოსულა აცნობა ლეკთა, რაც დაღისტანში ბელადები და უფროსი ჯარები, კაცები იყვნენ, თან გამოყოლოდენ და ამისთვის დიდი ჯარი შეყრილიყო. ეს ხუნძახის ბატონი კაის დიდებით წამოსულიყო, რაც ლეკობას გაეწყობოდა, მართლა ხანობის რიგზე თურმე იქცეოდა. დიდად წუხდენ ქართველნი და კახნი და შებმაც არ ენებებოდათ. მაგრამ შებმის მეტი რაღა ღონე ჰქონდათ, შეაწუხეს ციხე და მოსდიოდა კაცი მუხრანის ბატონს: „თუ არ მოგვეშველებითო, ამის მეტი ღონე აღარა გვაქვსო“. ჩერქეზის და მთების ჯარებს მოელოდენ, გაგრძელდა ხანი და რა ეს ჯარი აღარ მოუვიდათ, დაასკვნეს ხვალისად შებმა. წამობძანდნენ დუშეთიდან მეფენი შესაბმელად ლეკისა, გარდმოვიდნენ ჭილურტის მხარეს ჩამოვიდნენ ზევიდამ. ზედ-ადგა გარეშემოცვით ლეკის ჯარი ციხესა მჭადიჯვარისასა და იყო ომი ფიცხელ, შეეწუხებინათ მყოფნი ციხისანი და თურმე აპირობდენ მიცემასა ციხისასა.
რა სცნეს მისვლა ქართველთა, განძლიერდენ და შეექნათ ომი ფიცხელი ციხიდან, გაყვეს ჯარი მეფეთა ცალკერძ დააყენეს ქართველნი და ცალკერძ კახნი. აგრევე ამიერ და იმიერ ქვეითობის ჯარი მიიმძღვარეს, თოფხანა ამათ მიაყოლეს და ერთი სხვა რაიმე ღონე მოიპოვნეს. აღავსნეს ურემი მრავალნი ჯარჯითა და ნახევარი ამიერ და ნახევარი იმიერ, ესეცა თოფხანას მიადევნეს, ამისთვის რომე ჯარს საფრად გაუკეთეს. მივიდნენ ამ რიგით ქართველნი და კახნი, გამოვიდნენ ლეკნიცა საომარსა ალაგსა. ლეკის ქვეითობამ ქართველთ ქვეითობას შემოუტივა და ცხენოსანი ლეკის ჯარი ცხენოსანზე მოვიდნენ, მაგრამ ლეკის ცხენოსანი სამად გაყოფილიყო და ყოვლის მხრიდამ მოვიდნენ, ქართველთ ჯარები, დიაღ, თვალში ეცოტავათ და დიდად ამაყად მოინდომეს ომი ლეკთა. შეიქნა ომი ფიცხელი, რომ უფიცხე აღარ ეგებოდა, მოვიდნენ, ასე რომ ლეკის ქვეითობას ცოტაღა უკლდათ ხმალდახმალ ჩვენს ჯარსა შინა შემოსვლა რა გაჭირდა ომი, ბძანა ბატონმა დაქვეითება ჯარისა, გარდახდა თვით მეფე ერეკლე ცხენისაგან და უბძანა გარდახდომა ყოველთა. „ეს არის დღე ვაჟკაცობისაო და სიყვარული რჯულისაო“. დაიქვეითეს ქართველთა და კახთა. შეიქნა სროლა თოფთა, რომ კომლისაგან კაცი აღარა ჩნდა, მეფე ერეკლე ხან იქით და ხანდახან აქა აძლიერებდა ჯარსა და პირდებოდა წყალობასა, შეუტივეს ქართველთა და კახთა გულსრულად, დაუშინეს ზამბურაკნი და ზარბაზანნი, გააქცივეს ერთი დასი ჯარი ლეკისა, კრეს ეს გაქცეული ჯარი მეორესა ჯარსა, აირივა ეს საშინელი ჯარი ლეკისა. გაიქცნენ, შეუტივეს ხმალდახმალ, დაერივნენ შიგ, რომ ვითა კატა, ეგრე ხოცდენ ლეკთა, თითონ მეფემ ერეკლემ ჩამოკაფა ლეკი ხმალდახმალ, მიყვნენ ხოცით არაგვამდის, რომ მათის მძოვრით აღავსეს ტყე და ველი, ვინა მორჩა, მათი ცხენიც და იარაღიც ჩვენს ჯარს დარჩათ.
იყვნენ იმ დღეს მამაცად და ლომგულად მუხრანბატონი კოსტანტინე, სარდალი რევაზ ორბელიანი, ქსნის ერისთავი დავით, არაგვის ერისთავი ჯიმშერ, ამილახორი ამირინდო, ციციშვილი ალექსანდრე და ყოველივე თავადნი ქართლისანი, ასე რომ ქებისაგან უზომოდ გაისარჯნენ, მხნედ ხმალი მოიქნივეს, თითონც შეიბნენ და ჯარიცა კარგად შეაბნეს და განაძლიერნეს. აგრევე მამაცად ვაჟკაცობისა თვისისა საკადრად კახნი შეიბნეს, თავადნი გლეხის კაცისაგან უმჯობეს და გლეხი კაცი თავადისაგან უკეთესად. ეგრე ყოველივე უკეთეს და უკეთესად გაისარჯნენ. ქისიყის მოურავი, ძველი და ახალი, ორივ მოსაწონად შეიბნენ, რომ იმ დღეს მათი ქება ბევრისაგან მოგვესმნეს, ვითა ქართველთა და კახთა ომისა სიკეთე და ხმალი განთქმულა ყოველგან. იმ დღეს იმისთანა გამარჯვება მოუხდათ, დახოცეს, ყათლანი დამართეს. უფროსი ერთი უკრავად კლდეზე გადაცვივნით დახოცეს. ხუნძახის ბატონს მოუკლეს ბიძა და ბიძაშვილი, დარჩა კარავნი და ყოველივე საცხოვრებელი და დიდება, რომელი წამოეღო დაღისტნიდან. მოვიდნენ ნაომარნი ჯარნი, მოულოცეს მეფეთა მორწმუნეთა და მოართვეს თავი ლეკისა ხუთასი. განიხარეს მეფეთა და უბძანეს წყალობა ყოველთა, თითოსა თავისათვის ერთი თუმანი ინამი. წავიდა ყოველგან მახარობელი ამბისა ამისად. შეიქნა სიხარული ურიცხვი ქართლსა და კახეთში, წავიდა ეს დამარცხებული ჯარი, საცა გაიარა, დახვდენ კახნი და დაუმარცხეს. მივიდა ხუნძახის ბატონი სირცხვილეული დაღისტანში, ჩამობძანდენ მეფენი ქალაქსა თბილისსა, დასხდენ მეჯლისად, ნახეს ლხინი და გასცეს საბოძვარი ჯარსა ქართლისა და კახეთისაზე, რომელ აღეთქვათ, უბოძეს დიდი მცირემდი ყოველთა.
ამისა შემდგომად გარდმოვიდა ჯარები შემწედ, რომელნი დაიბარეს მეფეთა ჩვენთა, ჩამოვიდნენ ანანურს ჯარი ჩერქეზისა, კალმუხისა, ჯიქისა, ქიშტისა, ღლიღვისა, ნოღისა და ოსისა. ამა ქვეყნების ჯარები თავ-თავისისა უფროსითა კაცითა იყვნეს.
ესენი სხვადასხვა რჯულთა მსახურნი, მაჰმადიანნი და უფრორე კერპთ-მსახურნი, ავად-მქცევნი და საჭმელთა ფინთთა და არაწმიდათა მჭამელნი, ზოგნი კარგი თვალად ტანადნი და ზოგნი დუხჭირნი და ავ-სანახავნი, თმათა-წვერთა უქონელ და ცხვირთა ძნიად ჩენილ, კარგ-ცხენოსან-მოისარნი და ფიცხად-მქცეველნი. გამოუძღვა ერისთავი ჯიმშერ და ჩამოიყვანეს ქალაქსა თბილისსა მახლობელ, დააყენეს დიდუბეს, დააყენეს მემანდარნი და უბოძეს ულუფა, კმა საყოფელად მათდა.
მას ხანთა შინა იდგნენ მეფენი ჯარით ტაბახმელას, ამისთვის რომე ზემო ქართლი რომ წაახდინეს, ის ლეკის ჯარი თრიალეთს, წალკის ციხეში იდგა. კიდევ ქვეიდამ სხვა ლეკის ჯარი გამოვიდა, შეიარა, ჯავახეთს გარდავიდა, ერთი ციხე აიღო, დიაღ, მრავალი იშოვეს ტყვე ანუ საქონელი, რომ სიმრავლისაგან ძლივღა მოუდიოდათ. ამათაც მოატანეს წალკას, იქ რომ ლეკის ჯარი იდგა, იმათაც ქართლში ნაშოვარი ბევრი ჰქონდათ. ახალციხის ფაშას წიგნი მოეწერა ქართველ ბატონისათვის: „ჩემი ქვეყანა ლეკმა გააოჴრა და მრავალი საქონელი მოაქვთო, თქვენი სახელი და ხმალი გვასმიაო და მოგვეხმარენითო“. ამისთვის ტაბახმელას დადგნენ, რომ ყარაულები ჰყვანდათ, რომელსაც გზაზედ ჩამოივლიდენ, წინ დახვდებოდენ. იქ დაიბარეს ამ ახალის ჯარის უფროსი კაცები. ავიდნენ ყოველნი, ნახეს მეფეთა, უსალამნეს და რომელი მათ შეეფერებოდა, პატივი სცეს. ამათი სიტყვა შეიტყვეს და გაგზავნეს კაცი და ამათი ჯარებიც იქ დაიბარეს. მეფენი წაბძანდნენ ქართლისა და კახეთისა და ახალის ჯარებით ლეკის თავდასასხმელად. წალკას ბედენის მთაზე რომ აბძანდენ, იგრძნეს ლეკთა მისვლა ჯარისა, აიყარნენ ღამე ლეკნი, წაიღეს ეს ნაშოვარი, გაიარეს დმანისის თავს, მთის ძირზე, ტაშირზე ჩაიარეს და მივიდნენ ახპატისა ხეობაზე, მოხსენდა ყარაულებისაგან მეფეთა. გამობრუნდენ ბედენიდამ და ჩამობძანდნენ ნახიდურს, იქიდამ გაგზავნეს კაცნი ყაზახსა და ბორჩალუში, ცდილობდენ შეკვრასა გზათასა, ვითაც ქართლისა და კახეთის ჯარები, დიაღ, კაი ჯარები ახლდათ. აგრევე ეს ახალი გარდმოსულნი ჯარები დიდად კაი ჯარები იყვნეს და ერთად რომ შეიყარნენ, დიდი ჯარი შეიქნა. გავარდა ყოველგან ხმა: „ქართველ ბატონს უცხო ჯარები უშოვნია და დიდი ჯარი შეუყრიაო“. შეშინდენ გარემოს მტრები და ფიქრი შეექნათ, ხუნძახის ბატონზე გამარჯვებაც შეეტყოთ.
ეს ამბავი, ახპატს რომ ლეკის ჯარი იდგა ნაშოვრიანი, თათართა ქართლისათა აცნობეს, ვითაც რჯულის მტერნი არიან და ჩვენსას იმათი ირჩივეს: „დიაღ, დიდის ჯარით მეფე თეიმურაზ და მეფე ერეკლე წინ გიდგათო, თქვენი ყათლანი უნდათო“. აიყარნენ მაშინვე და შედგნენ ყაზახის მთაზე და განჯისაკენ გაემართნენ ღამით და წავიდნენ, აიყარნენ მეფენიც, წაბძანდენ ამ ჯარებით, მტკვრის პირს დადგნენ საყალთუთანს. რაოდენთამე დღეთა აიყარნენ იქიდამაც და შემობძანდენ ქალაქსა თბილისსა. ეს ახალი ჯარები დააყენეს დიღომსა მინდორსა შინა და რომელიმე ვერის ხევზე ბაღებსა კერძო. დავარდა ხმა ამ ჯარებისა, უკუდგა მტერი და აღარსად გამოუჩნდეს, გარდა მცირედ ავაზაკთასა. მოახსენეს ამ ჯარის უფროსთა კაცთა: „ან გვაჩვენე მტერი თქვენიო და ზედ შემოგვახოცეთო და ან დასტური გვიბოძეთო, ჩვენ ქვეყანაში წავიდეთო“. ქართლი მტრისაგან დიდად შეწუხებულიყო და ღარიბნი შენახვასა დაზარდენ, რომ ხარჯი ბევრი უნდებოდათ. ბძანეს მეფეთა ჩვენთა გასტუმრება, უბოძეს უფროსთა კაცთა ოქროსა და ვერცხლისა იარაღნი და ლარნი ტურფანი და ჯარისკაცთა ყოველთა მისცეს თვისთვისად შესაფერნი ლარნი და იარაღნი და ან რომეოა ოსთა ჰქონდათ ძველთავე ბაგრატიონთაგან ჯამაგირის წიგნი, განუახლეს და უბოძეს ჯამაგირი. აღავსეს ესე ჯარები საბოძვრითა და გაისტუმრეს ქვეყანასა თვისსა, მისცეს პირობა მეფეთა ჩვენთა. ამ ჯარების უფროსთა კაცთა: „როდესაც ბძანება თქვენი მოგვივიდეს, ვითა ყმანი თქვენი, ეგრე სწრაფად შეგეყარნეთო და თქვენსა სამსახურში დავიხოცნეთო“.
მოვიდა რუსეთით ბარათაშვილი თომა ქართლში, რომელი გაყოლოდა ქართველს ბატონს, მეფეს ვახტანგს რუსეთს. მეფე ვახტანგ რა გარდაცვლილიყო, ვინა ქართველი თავადთა შვილი იყო, რუსეთის ხელმწიფის დავთარში დაწერილიყვნენ, მიეცათ ჯამაგირი და მას აქეთ იყოფებოდენ იქ ქართველნი რომელიმე და მსახურებდენ. ახლა ამ თომასთვის მიეცათ თეთრი და იმ ქვეყნიდან ეთხოვნათ ხელმწიფისა შესაკადრნი ცხენნი ბედაურნი. წავიდა ეს თომა ახალციხის ქვეყანასა, გადავიდა იმერეთს, ოდიშ-გურიასა და სადა პოვა ცხენნი ბედაურნი, იყიდნა ძვირფასად და გამოიყვანა და დააყენა სურამს, ბძანებითა ქართლის მპყრობელისა მეფის თეიმურაზისათა, მოუყენა რუსნი, რომელთაც ახლდენ რუსისა ხელმწიფისა გამოტანილნი რუსნი. თითონ თომა ჩამოვიდა ქალაქსა თბილისისასა, დააყენა პატივით მეფემა.
მოვიდნენ რუსეთის ხელმწიფესთან შესახვეწრად გაგზავნილნი სვიმონ მაყასშვილი და თბილელის კრებულნი ქალაქსა თბილისისა და თბილელი ათანასე სნეულების მიზეზით მოსკოვსა ქალაქსა შინა დამდგარიყო. ებოძა რუსეთის ხელმწიფეს ქართველის ბატონის მეფის თეიმურაზისათვის და კახის ბატონის მეფის ერეკლესათვის ბეწვნი სიასამურისანი და ლარნი ოქრო-ქსოვილნი, ძვირფასად ღირებულნი და ხელმწიფობისა შესაკადრნი და მოხმარებისათვის იმედი ებძანა, ჯარი კი არ მოეცათ შურითა ვისმე და ეჩხუბა ისევ ქართველთა შვილსა, თორემ დიდი მოხმარებისა და ჯარის იმედი გვქონდა და დიდისა მაღლისა სანატრელის პეტრე ხელმწიფის ანდერძიც იყო. საქართველოს მეფე ვახტანგ რომ რუსეთს მივიდა შესახვეწნელად, ჯარის სათხოვნელად ქართლის მოხმარებისათვის და მეფე ვახტანგ ვეღარ მიუსწრა, რუსეთის მპყრობელი პეტრე ხელმწიფე რომ შეწუხებულიყო, მაშინ ანდერძი ებძანა: „საქართველოს უჭირსო და რჯულის გულისათვის მოეხმარენითო, ჩემის ხაზინით ჯარი ათხოვეთო“.
მას აქეთ, ვინცა ხელმწიფენი დასხდენ რუსეთისა მპყრობელად, იმათაც მოინდომეს, რომ პეტრე ხელმწიფის ანდერძს ვერ მოშლიდენ, მაგრამ ვინა ქართველთა შვილნი რუსეთსა შინა იყოფებოდენ, იმათ ერთმანეთის მტრობა და შური არ მოშალეს და ამათის მიზეზით ქართლში მოხმარება რუსთა აღარ ინებეს.
ქორონიკონს უმგ (1755 წ.) ამა ხანთა შინა ხევსურის ქვეყანა აღარ დამორჩილდა კახს ბატონს და პირველისამებრ აღარ მონებდენ. ჩამობძანდა კახეთიდამ კახი ბატონი ერეკლე ქალაქს და მოსთხოვა ფარვანი მამასა თვისსა, ქართველს ბატონს მეფეს თეიმურაზს, ინება ხევსურეთისა დალაშქრვა, გაისტუმრა მამამან ცხებულმან ძე თვისი მეფე ერეკლე და გასცა ბძანება თავადთა ქართლისათა, რათა იახლნენ თან. მიბძანდა მეფე ერეკლე ანანურს, შემოეყარნენ იქ ქართველნი ამორჩევით, დიდებულთა შვილნი და აზნაურშვილნი ზემო ქართლისანი და ერისთვები ორივე დავით და ჯიმშერ წაბძანდა ანანურიდან, მიბძანდა თიანეთს, იქ შემოეყარა ჯარი კახეთისა. ზამთარი იყო, თოვლი დიდი და გზა საჭირო დაიქვეითეს ყოველთა თვინიერ მეფისა და იმანცა ბევრჯერ იარის ქვეითად, მივიდნენ ფშავში, მოეგებნენ ფშაველნი, დახვდნენ, რაც იმ ქვეყანას გაეწყობოდა, მოართვეს მოსართმევი, ენებათ იქიდამ გარდასვლა ქვეყანასა ხევსურეთისასა.
რა შეიტყეს ხევსურთ, შემოეხვეწნენ ხევსურნი და ითხოვეს დანაშაულისა მიტევება, შეუნდო ცთომა მათი და შემოირიგა, იახლნენ უფროსნი კაცნი და მოართვეს ჯორნი, ძროხანი და ცხვარნი ფეშქაშად და დაიდვეს თავს სამსახური, რაცა ძველთაგან კახ ბატონებისაგან სდებოდათ. გამოართო ბატონმა მძევლები და განუტევა ხევსურნი მშვიდობით, აგრევე მოართვეს ფშაველთა ფეშქაშნი და ბეგარა და წაბძანდა ბატონი, ჩამობძანდა ქალაქს, შეეყარა მამასა, ცხებულს მეფეს.
გაბძანდენ ორივ მეფენი ბორჩალუსა მხარესა და მოვლეს სომხითისა ქვეყანა, მტერი ვერსად დაახელეს და ინადირეს და შემობძანდენ ისევ ქალაქსა თბილისისასა.
გამოართვეს ბორჩალოს ხანობა მუსა-ყული-ხანს და დააყენეს დიმიტრი ეშიკაღაბაში ორბელიანი მონაპირედ ჯარში ბორჩალუს.
მოვიდა ბამან-ხან ლეკის ჯარით ყაზახის ქვეყანაში. ექვსი ბელადი, დაღისტნის უფროსი კაცი წამოეყვანა, დაპირებოდა მრავალისა ტყვისა და საქონლის შოვნასა. მაგრამ ეს იყო მისი ცდა და რჩევა, ცოლ-შვილი რომ ქართლში ეგულვებოდა, ქსნის ერისთვისა და იყო, აღარ მისცეს ამისთვის, რომ დაბალი კაცისშვილი იყო და თათარი. ეს ქალი, ოდეს შანშე ერისთავი და ძმა მისი ყულარაღასი იასე შაჰ-ნადირ ყაენის რისხვით ერანის ქვეყანაში ცოლ-შვილით პატიმარ ქმნეს, იქ შეერთო. აქ ქართლში რომ მოვიდა, თავისმა ძმამ, ერისთავმა დავით თვისი და თვისა სახლში დააყენა. რახან ბამან-ხან ქართლით გაიქცა, ცოლ-შვილი აღარ დაანებეს, ამას ცდილობდენ ერთის მიზეზით ეს წაეყვანა, ყაზახიდამ ლაპარაკი დაუწყო მეფეთა: „თუმცა ჩემი ცოლ-შვილი მომცეთ, თქვენი საწყენი ჩემგან არა იქნეს რაო“. მაშინვე სარდალი რევაზ და სულხან კახის ბატონის ეშიკაღაბაში ქართლისა და კახეთის ჯარს უთავეს და გაისტუმრეს, მივიდნენ, დადგნენ ბაიდარში, აიყარა ბამან-ხან ყაზახიდამ და მოვიდა ბორჩალუს ქვეყანასა, გამოგზავნა თვისი მისანდო კაცნი ქალაქსა თბილისისასა, მოახსენა მეფეთა ჩვენთა: „ცოლ-შვილი მიბოძეთ და შემირიგეთო, ორი თქვენი მისანდო კაცი მიბოძეთო, გული დამაჯეროსო და მე თქვენს სამსახურში მოვალო“. გაგზავნეს რევაზ, ქართველის ბატონის ამილახორი და მოურავი მარტყოფისა ქაიხოსრო, მივიდნენ აღჯაყალისა ციხესა შინა. ბამან-ხან და ლეკის ჯარი იდგა სომხითის მელიქის მამულში, ჩამოვიდა იქიდამ ბამან-ხან, აქეთ ესენი გავიდნენ, ნახეს ერთმანეთი და აცნობეს ამბავნი გულთა თვისთანი ერთმანეთს. ესენი ისევ შემოიქცნენ აღჯაყალისა ციხესა და ისინი წავიდნენ ჯართა შინა ლეკისათა. ეთხოვნათ ლეკის ბელადებს მძევალი ქართველთა, რათა შემოვიდეთ ციხესა აღჯაყალისასა და მოვისმინოთ ბძანება მეფეთა. გაგზავნეს შიოშა არღუთასშვილი მზევლად ლეკებთან. რა მივიდა, დააყენეს ლეკებმა თვისთან და წამოვიდა ხუთი ბელადო ზუბეიდალა, ამირ-ხან, ამირ და ორი სხვა, მოვიდნენ ციხესა აღჯაყალისასა, მიეგებნენ ამილახორი რევაზ და ქაიხოსრო მოურავი, ჩამოახდინეს სამყოფსა თვისსა. ამათსა მისლვაში ქართველთა ჯართაგან დიდებულნი კაცთა შვილნი ბევრნი მივიდნენ ციხესა აღჯაყალისასა. სხვათ კი არა იცოდნენ რა, ამილახორი და მოურავი დარიგებულნი იყვნენ და ბძანება ჰქონდათ მეფეთაგან, თუ ბამან-ხან ან ლეკის ბელადი ხელთ ეგდოთ, უნდა დაეჭირათ. ბამან-ხან ხომ აღარ მოენდო, ეს ბელადები რომ სახლში დასხდნენ, ქაიხოსრო მოურავმა თქვა: „ბძანება არის, დაიჭირეთო“. მიესივნენ დარბაისელთა შვილნი და დაიჭირეს ეს ხუთი ლეკის ბელადნი, აყარეს იარაღი და შეუკრნენ ხელები. ამათის ჯარისაგან ლეკი ბევრი ჩამოსულიყო ბორჩალუში პურისათვის, შერიგება ეგონათ, იმათ მიესივნენ ჯარი ქართველთა და ბორჩალუსი და მრავალი ლეკი ამოწყვიტეს, დარჩათ ცხენი და იარაღი. წამოვიდა ჩაფარი, მოახსენეს მეფეთა დაჭერა ბელადებისა და მოწყვეტა ლეკის. იამათ დიდად პატრონთა ჩვენთა, მაშინვე შებძანდა ცხენსა კახი ბატონი ერეკლე მეფე და წაბძანდა ბორჩალუში, წარასყურს რომ მიბძანდა, მოეგებნენ ამილახორი რევაზ და მოურავი ქაიხოსრო, მოულოცეს გამარჯვება, მოართვეს ბელადები ლეკისა ხელ-და-ხელ ხუნდითა. უბძანა დიდი მადლობა და უიმედა წყალობა უზომო ამილახორსა და მოურავს. ეს დაჭერილი ლეკები ამათისავ ხელით გამოუგზავნა მამასა თვისსა, ქართველს ბატონს. ერთი ბელადი გარდმოაგდეს ავლაბრის კლდეზე და სხვათა წარკვეთეს თავნი. კახი ბატონი წაბძანდა ბორჩალუს, ბამან-ხან და ლეკის ჯარი ისევ სომხითის ტყეში იყვნეს. ჩაბძანდა მეფე ერეკლე ბაიდარში, ცდილობდა იქ ჯარის შეყრასა. რა ჩაბძანდა ბაიდარში, მოართვეს თავები ლეკისა და ცოცხალი, რომელი შეეპყრათ ბორჩალოელთა. რა სცნა ბამან-ხან და ლეკთა: „მობძანდა მეფე ერეკლე დიდის ჯარით თქვენზედაო“, გაიქცნენ მაშინვე, დღედაღამ იარეს და ჩავიდნენ განჯას. არღუთაშვილი შიოში რომ ყვანდათ ლეკებს მზევლად, მოეკლათ გზაზე, მიბძანდა მეფე ერეკლე ბორჩალუში, დადგა რაოდენთა დღეთამე და წამობძანდა მობძანდა ისევ ქალაქსა თბილისისასა.
მცირეთა ხანთა შინა წამოვიდა ჯარი ისევ ლეკისა განჯიდამ და დადგა სომხითის ქვეყანაში და დაუწყო ცემა აქა-იქ და დადგა გზებზე, მრავალი მიმსვლელ-მომსვლელი ქარავანი წაახდინა, დიმიტრი ეშიკაღაბაშს ორბელიანს უბოძეს ჯარი, დააყენეს მონაპირედ. წავიდა ეს ლეკის ჯარი და ჯავახეთისა მთებზე ავიდა, შეკრა გზები.
მოვიდნენ რუსეთის ქვეყნიდან კაცნი თომას წასაყვანად, რომელი იყო ბარათაშვილი და ყმა რუსეთის ხელმწიფისა, მოვლინებული საქართველოში, რომ მისი ამბავი ზემო აღგვიწერია. უბოძეს მეფეთა საბოძვარი და გაისტუმრეს, წავიდნენ და წაიყვანეს ცხენები, რომელი ეყიდა თომას რუს ხელმწიფისათვის. რადგან ლეკთა ქართლისა და კახეთზე მტრობა აღარ დაიშალეს, ზამთარ და ზაფხულ ჩამოდგის და აოხრებდის უმეტეს ქართლსა, მარადის ქართლის ჯარი ვერ შეინახეს ერთად შეყრილი, ამით რომ ჯარი შემოეყარის მეფეთა ჩვენთა, ლეკის ჯარი ჩაუდგის სახლებში და აღარავინა ჰყვანდა მეპასუხე, ამის მიზეზისათვის გამოართვეს ქართლსა და კახეთს ათასი კაი ვაჟკაცი, ჯამაგირი გაუწესეს, უზბაშები განაწესეს და დააყენეს ქალაქსა თბილისსა. საცა ვისმე გასჭირებოდათ, ამათ მიაშველებდენ და თუ დიდი მტერი მოვიდის, თვით მეფენი მიეშველებოდენ ქვეყნის ჯარებით.
გაისტუმრეს ეს ახალი განწესებული ჯარი და დააყენეს ბაიდარში მონაპირედ ამ ჯარებითა. ასის-თავნი და უფროსნი იყვნეს ამილახორიშვილი ნიკოლოზ, ამირეჯიბი ზაზა, ციციშვილი თეიმურაზ და თარხნიშვილი მამუკა, აგრევე საბარათაშვილოს უზბაში, რომელ არს ასის-თავი, იოთამისშვილი რევაზ, აგრევე კახთა თავადთა შვილნი.
ამისა შემდგომად მოინდომა ხუნძახის ბატონმა მტრობა და დალაშქრება ქართლისა და კახეთისა, შეკრა გზები იალბუზისა და არც ჯარი ლეკისა და არც ყაზახად აღარავინ გამოუშვა, ყველას დაპირდა დაღისტნის ლეკთა: „სულ მე გამომყევით, ქართლსა და კახეთს დავიჭერო და ამდენს ტყვესა და საქონელს გაშოვნინებო, რომ შვილითი შვილამდის გეყოსთო“. ეს ის ბატონი იყო, რომ პატრონთა ჩვენთა მჭადიჯვარის ციხეზე დაუმარცხეს ჯარი, ამოუწყვიტეს და დამარცხებული და სირცხვილეული გაიქცა, იმ დღის ნაცვალს ცდილობდა, შემოიყარა დაღისტნის ჯარი ასეთი, რომ შამხალი და სურხავიც მოიყენა და თავისი ჯარი თან წამოიყვანა, პირიქითი და პირაქეთი რაც ლეკი იყო, ყველას ჯარი გამოართო, ზოგს ძალად და ზოგს ნებით. გამოემზადა პირველ კახეთზე. მოხსენდათ ეს ამბავი მეფეთა ჩვენთა. მაშინვე წაბძანდა კახი ბატონი ერეკლე კახეთს, რა მიბძანდა თელავს, შემოიყარა ჯარი კახეთისა და აყარა კახეთი სულ და ციხეებში გაამაგრა და ყოველს ციხეს ოთხოთხის თვის თადარიგი დაუჭირა, აავსო პურით, ღვინით, აგრევე მეთოფით და ტყვია-წამლით. ბატონიშვილი ვახტანგ გაგზავნა ფშავში და იმ ქვეყნების ჯარებიც შემოიყარა. ქართველი ბატონი, მეფე თეიმურაზ წაბძანდა ზემო ქართლში, მიბძანდა გორს, შემოიყარა ჯარი ქართველთა, რომ იარაღის ამღები აღარავინ დააგდო შინა, გლეხი, თორე თავადი და აზნაურთაგანი ვინ დააკლდებოდა. ამ ჯარებით მიბძანდა ახალგორს, შემოეყარა ქსნის ერისთავი თავისის ჯარით. მივიდა სარდალი საბარათაშვილოსი რევაზ ჯარით და შეეყარა მეფესა, იქიდამ მიბძანდა და ანანურს დადგა და მოელოდა ამბავსა ძისა თვისისა მეფის ერეკლესა.
მოვიდა ხუნძახის ბატონი დაღისტნის დიდის ჯარით, რომელი აღვწერეთ ზემორე, დადგა ყვარელის მთაზე, იქიდამ გაგზავნა შამხლის შვილი გაბაგ-ბეგ ჭარში და დაიბარა ჭარელთ ჯარი, აგრევე გაგზავნა კაცნი აჯი-ჩალაბის შვილთან, კაკის სულთანთან, განჯის ხანთან და ამათ ყველას ჯარის და მოხმარება სთხოვა. ესენი ყველანი ქართლისა და კახეთის მტერნი იყვნენ, აჯი-ჩალაბის შვილი თვითონ მოვიდა ჯარით. კაკის სულთანიც შემოეყარა, აგრევე ჭარელთ ჯარი შეიყარა და ესენი ერთად შეეყარნენ ხუნძახის ბატონს. განჯის ხანსაც გამოეგზავნა ჯარი. ეს ყველანი ერთად შეიყარნენ და წამოვიდნენ კახეთზე. გამოგზავნა კახმა ბატონმა მეითარი თვისი იოანე და მოახსენა მამასა თვისსა: „დრო ეს არის მოშველებისაო, მობძანდითო“. წაბძანდა ქართველ ბატონი მეფე თეიმურაზ ანანურიდამ ჯარითა საქართველოსათა, მობძანდა კახეთს, შეეყარა ძესა თვისსა მეფეს ერეკლეს, დადგნენ თელავს და შექნეს მზადებად ლეკთა ომისად. მოვიდა ეს ლეკის ჯარი, შემოდგა ციხესა ყვარელისასა. დიაღ, დიდი ჯარი იყო და შეიქნა ფიქრი ყოველგან, აყარეს საგარეჯო და მარტყოფი, შემოვიდა ქალაქსა თბილისისასა, აგრევე აიყარა-ზემო ქართლი, მუხრანი და ზოგი საერისთოებში შევიდა და ზოგნი სანდოთა მაგართა ციხეთა შეეხიზნეს, იყო ყოველგან შიში დიდი და ცდა სიმაგრეთა ციხეთა ქვეყანათა ქართლისა და კახეთისათა გაგზავნეს რამაზ ანდრონიკაშვილი იმისავე წინათ ჩერქეზში ჯარისათვის, მოვიდა მცირე რამ ჯარი ჩერქეზისა, კალმუხისა და ოსისა, შეეყარნენ მეფეთა და თან ახლდა მეფეს ერეკლეს ჩერქეზის ბატონი ცოტას ჯარით, რომელი იყო სიმამრი გიორგი ბატონიშვილისა. ანანურიდან გაეგზავნა ქართველ ბატონს იასე მაჩაბელი ჩერქეზში ჯარისათვის და აღუთქვეს ფრიადი. მივიდა იასე ქვეყანათა ჩერქეზისათა, ეცადა დიდად და ვერ დაიმორჩილა, არავინ გამოყვა: „მთელი დაღისტანი წამოვიდაო და ჩვენ იმათი ომი არ შეგვიძლიაო“. მოვიდა იასე მაჩაბელი თელავს, მოახსენა ესე ყოველი მეფეთა.
ამა ამბავთა შინა დაეტანებინა ძალა სიღნაღისათვის ფანახანს ყარაბაღელსა, ვეღარ ეძლოთ სომეხთა, აყრილიყო ერთი ხეობის მელიქი უსუფ-ბეგ თავისის ხიზნით, ასის კომლის კაცით, მოვიდა საქართველოსა შინა და შემოხვეწად მეფეთა. მოხსენდა ესე ამბავნი თელავს მეფეთა, მაშინვე უბოძეს კაცი და დააყენეს ეს სიღნაღელნი ქალაქს შინა კლდის უბნის მხარესა და თითონ დაიბარეს კახეთს. წავიდა მელიქი უსუფ-ბეგ თვისისა ჯარით კახეთს, შეეყარა მეფეთა, უბძანეს წყალობისა სიტყვები და დააყენეს პატივით.
წამოვიდა ლეკის ჯარიდან საქართველოზე წასახდენელად სადმე ხუთასი ცხენოსანი კაცი ლეკისა, რადგან ბატონები და სულ ქვეყნის ჯარი კახეთს ეგულებოდა, აქეთ ფიქრი აღარავისა ჰქონდათ. თუ ამათის მიზეზით ჯარს მოშლიდენ მეფენი, მერე ლეკთ კახეთზე მტრობა უფრო გაუადვილდებოდათ და თუ ჯარს არ მოშლიდენ, ამით უფრო ბევრს იშოვნიდენ. მეფეთა ჩვენთა ხომ ჯარი ვერ მოშალეს და ვერ გამოყვნენ. წამოვიდა ეს ლეკის ჯარი, გამოიარა, ავჭალის საქონელი წაეღო, შეიარა არმაზის წყალზე, ავიდა კავთისხევისა ხანდაკსა და ის შეყოლება, საცა რომ ციხეებს გარეთ დაახელეს, წაახდინეს, წაიღეს ნაშოვარი და ავიდნენ ატენის მთაში. იქიდამ დაუწყეს რბევა გორისა გარეშემოთა.
ჭარელნიც ქისიყს მიუხდენ, ქისიყელთ გაემარჯვათ, შემოსაფრეს ყვარელის ციხე ლეკთა, იყო ომი დღედაღამ, კარგად კაცურად და მამაცურად ებრძოდენ მყოფნი ციხისანი. მაგრამ ასეთი მაღალი საფრები შეუკრეს გარედამ, რომ შიგ ციხეში თოფს ჩაისროდენ. ამით შეაწუხეს, თორემ სხვა რიგად არა უჭირდათ რა. მუდამ დღე უგზავნიდენ მეფენი კაცსა, ტყვია-წამალსა ანუ რომელი რამ აკლდათ ციხეში და აძლიერებდენ იმედით მყოფთა ციხისათა. ომი მოინდომეს მეფეთა ლეკისა. მაგრამ მისავალი გზა საჭირო იყო და ლეკის ჯარი დიდი ჰყვანდათ და ამათ იმისი შესაბმელი ჯარი არა ჰყვანდათ. ვეღარ გაბედეს ომი, ბძანეს: „სხვა ღონე რომე მოვიპოვნეთო და ყვარელის ციხე განვაძლიეროთო, თუ იმ ციხეს აიღებდა, გაღმა მხარი ხელთ დარჩებათ და რახან გაღმა მხარს იშოვნიან, კახეთის შოვნაც გაუადვილდებოდათო. მერე დასუსტებულს ქართლს რითღა შევიმაგრებთო“. ამის ფიქრში და რჩევაში იყვნენ მარადდღე, ამის მეტი ღონე ვეღარა მოიპოვნეს-რა. უბძანეს ქართველთა და კახთ ერთობით: „რომელიც ინებებს და თავისის გულოვნებით მინდომით წარვალს და შევალს ციხესა ყვარელისასა და იმათ შემწე რჯულისა სიყვარულისათვის და ჩვენის ერთგულობისა თავის გარჯასა და თავს არ დაზოგავს, ჩვენც სამუქფოდ ამ წყალობასა უზამთო. თავადის შვილს თავის შესაფერს სახელოს და რომელსაც თავის მუნასიბსა და სამსახურს მამულს შემოგვიკვეთს, წყალობას უზამთო და აგრევე აზნაურშვილს და გლეხს კაცს, კაცზე ოთხს თუმანს, ორს საკომლო მამულსა და სითარხნეს მივსცემთო“. გამოირჩივნენ ამათში საბარათაშვილოდან: იოთამისშვილი რევაზ უზბაში, გუგუნასშვილი ვახტანგ, სოლოღასშვილი ტარიელ და ზოგნი ვინმე გლეხთაგანი, აგრევე ზემო ქართლიდამ მაჩაბელი ძაღლუა, მუხრან ბატონის აზნაურშვილი, ზედგინიძე და ერთი ხუცესი, აგრევე ქსნის ერისთვისა ორი კაცი და ზემო ქართლიდამ აზნაურშვილი ნამორაძე ერასტი და სხვა ცოტა რამ კაცი. აგრევე კახთა თავადიშვილთაგან: ბებურიშვილი პაპა, მდივნისშვილი სოლომან, თაყაშვილი ფარემუზ, რომელი იყოფებოდა კახეთსა შინა შეხიზნვით და ბეჟან რატისშვილი, მახლობელი ყმა მეფის ერეკლესი, ერთი-ორი კაცი თელავიდამ და სხვა კახთა კაცთაგან ვერვინ დაიმორჩილეს. შებძანდა მეფე ერეკლე, თან იახლნენ ჯარი ქართველთა და კახთა ცხენოსანნი და ჩაბძანდა ქისიყს, ქართველ ბატონი თელავს დადგა ჯარითა საქართველოსათა, დაუძახა მეფემ ერეკლემ ქისიყელთ, აღუთქვა წყალობა, რომელი ებძანათ სხვათათვის და ზემორე აღვწერეთ: „ვინა გამოვა თვისისა ნებითა და წავა ციხესა ყვარელისასა შემწედ, აღვრაცხო ერთგულთა თანა და მივსცე წყალობა უშურველიო“. აერჩივნენ ქისიყელნი ასოცდაათი ვაჟკაცი, ეს ქართლისა და კახეთისა კაცნი ერთად შეყარა ბატონმა, უბოძა ტყვია-წამალი უშურველად, უბძანა იმედის სიტყვები, გაუმძღვარა ეს ქართლისა და კახეთისა თავადთა შვილნი, რომელნი ზემორე აღვწერეთ და გაისტუმრა ქვეითნი. წავიდნენ ქისიყით, გავიდნენ ალაზანს, მივიდნენ ღამე და მიენდვნენ ხმალსა და მამაცობასა თვისსა. რა მიეახლნენ ციხესა ყვარელისასა, ქვემორე გავაზისა მხარე იდგნენ ჭარელნი, კაკის სულთანი თავისის ჯარით და აჯი-ჩალაბის შვილი შაქისა და შირვანის ჯარითა ზემო მხარეს იდგნენ ხუნძახის ბატონი შამხალი და სურხავი დაღისტნის ჯარითა. იგრძნეს ყარაულთა ლეკისათა მისვლა ამათი, შეუკრეს გზები, მაგრამ გულოვანობისა ძალითა და სიმხნისა და ვაჟკაცობისა მინდობითა მივიდნენ ქართველნი და კახნი ციხესა ყვარელისასა, მოეგებნენ ციხოვანნი, იამათ დიდად და უიმედათ მისლვა მათი, დაუშინეს ციხით და ქნეს შადლუხი. შეატყობინეს მისლვა თვისი ციხესა და თვისთა ყარაულთა მიუტანეს ამბავი: „შემოვიდა ჯარი ქართველთა ციხესაო“. ხოცდენ ლეკთა ციხით და განძლიერდენ ფრიად ციხოვანნი.
ამა ამბავთა შინა აარჩივა კაცნი გულოვანნი და კარგ-ცხენოსანნი ქისიყელნი კახმა ბატონმა და გაუსივა ჭარისა ქვეყანასა წასახდენელად. გავიდნენ ალაზანს, დახვდათ საქონელი ურიცხვი ფადარისა, წამოიღეს მრავალი ცხენი, ძროხა, ტყვე უფრო ცოტა, მოიტანეს ქისიყს და მოართვეს მეფეს ერეკლეს. მიუვიდათ ამბავი ჭარელთ, დაჭმუნდენ დიდად, დასდვეს საყვედური ხუნძახის ბატონს: „ჩვენ აქ უბრალოდ ერთს ციხეზე ვიღალებითო და ჩვენს სახლებს კახი ბატონი აოხრებსო“. უთხრა ხუნძახის ბატონმა: „აგერ ამ ციხეს ავიღებ და კახეთიც ხელთ დამრჩებაო და თქვენს გარჯას გარდავიხდიო“. გაუსივა კიდევ ჯარი მეფემ ერეკლემ ქართველთა და კახთა ჭარისა ქვეყანათა. რა გავიდნენ ალაზანს, შეეტყოთ ჭარელთაც და წამოსულიყვნენ წინა დასახდომად. მიუვიდათ ეს ამბავი ქართველთა, გამოუბრუნდნენ ქისიყის მოურავი იასე, სულხან ეშიკაღაბაში და მარტყოფის მოურავი ქაიხოსრო, მოიყვანეს ჯარი ისევ ქისიყს. ამისთვის შეექნათ ლაპარაკი და ჩხუბი ჭარელთა და დაღისტნის ლეკთა. ამა ამბავზე ჭარელნი ეუბნებოდენ: „ციხეს რომ ჯარი მოიშველეს, ამას ჩვენ ძლით ვეღარ ავიღებთო, ჩვენს ქვეყანას ქართველთა და კახთა ცემა და მტრობა დაუწყესო. ჩვენ აქ რას ვიხოცებითო“. ამაზე ჩხუბი გამოერივათ ერთმანეთში, კაციც მოუკვდათ და ბევრიც დაიჭრა. შემოსწყრნენ ჭარელნი და წავიდნენ ქვეყანათა თვისთა, კაკის სულთანიც თან გაყვა და აღარც აჯი-ჩალაბის შვილი დადგა, მოიშალა ერთი მხარი ჯარი, მეორე ჯარშიაც შეიქნა ლაპარაკი, აიყარა სურხავი თავისის ჯარით და წავიდა ქვეყანათა თვისთა. ამ დაღისტნის ჯარიც ბევრი გაყვა, დარჩა ხუნძახის ბატონი და შემოვიდნენ ქართლზე, გამოიარეს, წაახდინა საგარეჯო, გამოვიდნენ მტკვარს. ღვინობის თვე იყო და ელი, ახალი ჩამოსული მთიდამ. გაიყო ხუთად ეს ლეკის ჯარი: ერთი ჯარი მოვიდა აღჯაყალაზე. ება პირი ქციის და დებედის შუა, რომელები სულ იქით დგა და თითონ ხუნძახის ბატონი მოვიდა ბაიდარზე, შემოადგა ბაიდრის ციხესა, შიგ დახვდენ ბაიდრის სულთნის შვილები. დაუწყეს სროლა თოფითა ციხიდამ და რომელი კარში დაესწრა, კარში ისინიც გამაგრდენ სახლებში, ლეკიც ბევრი მოუკლეს, არც ციხე დაანებეს და არცა-რა წააღებინეს: ასე კაცურად იყენენ, რძე ასისა და ორასის კაცისაგანაც ძნელი შესაძლებელი იყო. საღამომდის იდგა ხუნძახის ბატონი ბაიდრის ციხეს და საღამოს გაეცალა, გავიდა ბორჩალუს მხარეს, აეკლოთ ლეკის ჯარს დემურჩიასანლის ობები და დებედას გამოღმა ბორჩალუს სოფლები დაერბივათ, ეშოვნათ ძროხა, ცხვარი, ჯოგი ცხენთა ანუ სახლთა საგანძურნი ურიცხვნი. ის ღამე იქავ დააღამეს, დადგნენ ალაჩუხთა თათრისათა ლეკნი, ამდენი იშოვნეს, რომ სხვა კიდევ ყოფილიყო, იმის მეტს წაღებასაც ვერ შეძლებდენ. ბორჩალუს ელმა აღჯაყალისა ციხესა შეასწრა და ვერა ავნეს-რა, წაიღეს ეს დიდი ნაშოვარი და ტყვეც მრავალი, ავიდნენ ახპატისა ხეობაზე, გამოუგზავნეს კაცი და ითხოვეს ფასი ტყვეთა. წავიდნენ თარაქამანი, ტყვეც ბევრი დაიხსნეს და საქოელიც მრავალი მოიყვანეს, რომ სიმრავლით ვერ მიუდიოდათ და რჩებოდათ გზათა ზედა. ავიდა ეს ჯარი ბამბაკში ყარაქლისასა. გაიყვეს ნაშოვარი. ხუნძახის ბატონი და შამხალი თავისის კაცით წავიდნენ განჯას, ჩაიტანეს ეს ნაშოვარი, იქ თითონ წავიდნენ ქვეყანათა თვისთა. სხვა დაღისტნის ჯარი დარჩა ბამბაკში ყარაქლისას, დააგდეს ნაშოვარი იქ. თითონ წავიდნენ, ერევნის ქვეყანა დაარბიეს, მერე წავიდნენ, დაკრეს ყარსის ქვეყანათა, მოიტანეს მრავალი საქონელი და ტყვე, აგრევე გარდავიდნენ ჯავახეთს, დაარბივეს ბარალეთი, წამოიღეს მრავალი ნაშოვარი, გარდმოიტანეს ბამბაკში და არავინ აუჩნდათ მებრძოლი.
ჩამობძანდნენ ბატონები კახეთიდამ ქალაქსა თბილისსა და გავიდნენ ციხეებიდან კახეთსა და ქართლისა კაცნი სოფლებთა თვისთა, რომელნი შეხიზნულიყვნეს შიშითა ლეკთასა, უბოძეს დასტური ჯარებთა მთისათა ანუ რომელნი ახლდენ ოსნი და ჩერქეზნი, უბოძეს ლარნი კმასაყოფელნი თვისნი. აგრევე უბოძეს წყალობა ქართველთა და კახთა თავადთა, აზნაურთა და გლეხთა, რომელნი შევიდნენ ციხესა ყვარელისასა და დიდად შემწე ექმნეს, რომელსა დაპირებოდნენ და აღეთქვა მამული, სახელონი და ან აზატობანი გლეხთანი და თეთრი ინამად.
ამისა შემდგომად დაიფანტა ჯარები ლეკთა ყაზახობით და დაუწყეს ცემა და მოიცვეს ყოველნი ალაგნი, მოვიდიან ბევრჯერ და ქალაქის გარემოთა ბაღებთა, წისქვილებთან მოითარეშიან. უკეთუ ერთსა მხარეს გავიდის ქალაქიდამ მებრძოლი და გააყრევინის და გააქცივის, მეორესა მხარეს დაკრიან და წავიდიან. უბოძეს ჯარი ქართველთა მუხრანის ბატონს სალთ-ხუცეს (=სამეფო ფინანსების მმართველს) კონსტანტინეს და გაისტუმრეს მონაპირედ და პასუხისა მისაცემად მტერთასა, თან გაატანეს კახ ბატონის ეშიკაღაბაში სულხან კახეთის ჯარით. მივიდნენ ესენი და დადგნენ ამ ჯარებით ყულარში, რომელ მახლობელ არს ბაიდრისა, გამოართვეს პური, ქერი და ძროხა, ცხვარნი ბორჩალუსა ქვეყანასა კმა-საყოფელად ჯარისა და სცვიდენ გარემოთა ქვეყანათა. რადგან ჯარი ბაიდრისა და ბორჩალუს მხარეს დაიგულვეს ლეკთა, შევიდნენ ლეკნი ტყეთა და კლდეთა სომხითისა და საბარათაშვილოსათა, იქიდან დაუწყეს რბევა ქალაქისა გარეშემოთა სოფლებთა ასეთსა კლდეთა შეიტანიან ნაშოვარი, რომ ქართველთა ჯარი იქ ვერ მიუდგიან. მოვიდნენ ღამე ერტისისა ციხეზე, მიდგეს კიბეები, გარდაუცვივდენ შიგ ლეკნი, აიკლეს, ააფორიაქეს და ისევ ღამე წაასხეს ტყვე ანუ საქონელი, აიტანეს ბირთვისისა მახლობელ ტყეთა შინა. მოხსენდა მეფეთა ჩვენთა, გაუსივეს ქვეითი მეთოფეები საბარათაშვილოსი, დაესხნეს ღამე, ამოწყვიტეს ლეკნი და წაართვეს ნაშოვარი ანუ ტყვე ყოველი. ჩამოიყვანეს ქალაქსა შინა. მიუხდენ კიდევ ღამე ლეკნი, გარდვიდნენ იგინიცა კიბეებით სომხითს, სამწევრისისა ციხესა შინა, შეუტყვეს ადრე, ზოგნი გაუმაგრდენ შიგავ ბურჯებში და ზოგნი გამოცვივდენ ქვეით პატარას კარიდან და ჩამოვიდნენ ციხესა ბოლნისისასა.
ამისა შემდგომად მოვიდა ცხენოსანი ლეკის ჯარი, დაყარეს ცხენები ტყეთა შინა, დააკეთეს კიბეები, მივიდნენ ბოლნისისა ციხესა ზედა, მიდგეს კიბენი და გარდვიდნენ ციხეში. მაშინ ბოლნისის ციხეში დადგენილიყო იოთამისშვილი დავით. შეუტყვეს, მაშინვე აცვივდენ კოშკებში. გაამაგრნეს ბურჯები და საყდრის თავში აიყვანნეს დედაკაცნი ანუ ყმაწვილნი და რომელი იყვნეს ციხესა შინა, დაუშინეს თოფი, დახოცეს ლეკნი, რომ გალავანი სულ ლეკის სისხლით შეღებნეს, ხოცდენ ლეკთა გალავანზე და არა შეიშინეს და კიდევ გარდადიოდენ ლეკნი ციხესა შინა, აივსო ლეკითა ციხე, იყო ერთი დღედაღამე ერთმანერთში სროლა, ლეკნი სახლებში იყვნეს და ციხის კაცნი -- კოშკსა და ბურჯებში. ასე მამაცურად იყვნენ ბოლნელები, რომ დიდად საქებელი არის, აგრევე ორბელიანთ აზნაურიშვილები და ყმანი დაესწრნენ ციხეში, ასე ლომ-გულად ომი გარდაიხადეს, რომ მნახავთათვის სანატრელი იყო. აცნობეს მუხრანის ბატონს, წამოვიდა მაშინვე შველად მათდა, ჭაპალას რომ მივიდა, ამბავი დახვდა: „ლეკნი ციხიდამ გავიდნენო“, თითონ აღარ ავიდა, ჯარი აარჩივა ციხისა კმა-საყოფელად და შეგზავნა ციხეში ბოლნისისასა. ლეკნი წავიდნენ დამარცხებულნი, მუხრან ბატონი კოსტანტინე ჯარით ისევ წამოვიდა ყულარში და დადგა. დავით იოთამისშვილი და ფარსადანასშვილი ქალაქს იახლნენ, მიულოცეს გამარჯვება მეფეთა და მოახსენეს ესე ყოველი ყოფილი. უბოძეს ხალათები და უიმედეს მათ წყალობა. უბოძა ეს ჯარი საბარათაშვილოსი და ზემო ქართლისა დიმიტრი ორბელიანს ეშიკაღაბაშს და დააყენეს ციხესა ბოლნისისასა შემწედ მათდა, შეიკრა გზები მტრისაგან, რომ მგზავრი აღარ გაატარეს, აღარც ზემო ქართლიდან ჩამოუშვეს და აღარც ახალციხისა ქვეყნიდამ ქარავანი, ამით ქალაქს თბილისს ძვირობა შეიქნა და ხალხი, დიახ, შეწუხდენ, გაბძანდა ბატონი საქართველოს ჯარით, რომელი ქალაქში ახლდენ, მიბძანდა, დადგა მცხეთას, შემოიყარა საერისთოების ჯარი, დააყენა გზებზე, გაიხსნა გზები და უკუდგა მტერი, ჩამოვიდა ურიცხვი პური, ღვინო, თუ რაც რაფერი საზდო, აივსო ქალაქი ყოვლითა სანოვაგითა. ქართველ ბატონი რომ მცხეთას მიბძანდა, იმ დღესვე კახი ბატონი მეფე ერეკლე კახეთის ჯარით ბაიადარში მიბძანდა, მოეგება მუხრან ბატონი კოსტანტინე და სულხან ეშიკაღაბაში ჯარითა, მიუძღვნენ, ჩამოახდინეს ყულარში, დაიბარეს ყაზახისა და ბორჩალუს ხანები და ქეთხუდები, მოვიდნენ ორნივ თავისის ქვეყნების უფროსის კაცებით, მოართვეს ფეშქაშნი და პურნი და საკლავნი ჯარისა ულუფად. იქიდამ ჩაბძანდა საყალთუთანში, იქ განაგო საქმე ყაზახის ქვეყნისა და ბორჩალუსი და გაისტუმრა ხანები ქვეყანათა თვისთა, გაიხსნა ამა მხრისა გზებიც და შემოვიდა ქალაქში საზდო ურიცხვი ყოვლისა ქვეყნიდან, რომელნი იყვნენ ქართლისა მახლობელ.
შებძანდა ისევ მეფე ერეკლე ქალაქსა თბილისსა და ქართველ ბატონი მეფე თეიმურაზ ისევ ბძანდებოდა მცხეთას. მივიდა ლეკის ჯარი ღამე კუმისს, გარდავიდნენ კიბით ციხეში. გაუმაგრდნენ სახლებში, ისევ ღამე გამოასხეს ლეკთა ტყვენი და საქონელნი, ზოგი წამოასხეს და მიმართეს ტყეთა და ნაპრალთა, იმავ ღამეს მოხსენდა მეფეს ერეკლეს. მაშინვე შებძანდა ცხენს, თან იახლნენ ჯარი ქართველთა და კახთა, გაუდგა ფიცხად, ვითა შავარდენი, მიეწივა იმავ დღეს სამღერეთს ტყეთა შინა, შეუტიეს მამაცად, შეუცვიდნენ ლეკნი ტყეთა, მოკვდა და დაწყლულდა ლეკნი რამდენიმე, გააყრევინეს ტყვე ანუ საქონელი და ბარგნი და ცხენიცა თვისი და ესე გამარჯვებული შემობძანდა ქალაქსა თბილისსა, შეასხეს ქება ყოველთა. ამ გამარჯვების მახარობლად მაჩაბელი ძაღლუა წარავლინა მცხეთას მეფესა საქართველოსა ცხებულსა თეიმურაზთან. რა მოისმინა, იამა ფრიად და შემოსა ხალათი მაჩაბელს.
ამა ამბავთა შინა მოუხდენ ჭარელნი ავლაბარს და ბაღების კერძოვე მრავალი ძროხა და ცხვარი წაასხეს. მოხსენდა მეფე ერეკლეს, აღიჭურა მაშინვე საომართა იარაღთა მიერ და განვიდა ბრძოლად მათდა, რა ნახეს ლეკთა, გაიქცნენ მაშინვე და დაყარეს, რაც მიყვანდათ, მოეწივა მოურავი ქისიყისა თამაზ და ვითა ეფერებოდა სიმხნე მამაცობასა მისსა, ეგრე ბრძოლა-ჰყო, მიენდო გულოვნობასა და გაერივა ლეკთა შიგან და ჩამოაგდო უფროსი კაცი თოფითა და შეუტივა მეორესა ხმლითა. ამა ამბავთა შინა კრა თოფი ლეკმა მოურავს და დააწყლულა ფრიად, გამოვიდა დაწყლულებული, უბძანა ნუგეშისა სიტყვები მეფემ ერეკლემ და უქებდენ ყოველნი მამაცობასა. ამაზე დაშალეს ომი და წამობძანდა ბატონი გამარჯვებული ქალაქსა შინა და მოართვეს თავნი ლეკთანი.
ამისა შემდგომად წაბძანდა მეფე ერეკლე კახეთს და ქართველ ბატონი ჩამობძანდა მცხეთიდამ ქალაქსა თბილისსა. როსტომ მირზამ, ძემან აბდულა-ბეგ არჩილისამან, იშოვა მრავლის დაპირებით ზოგნი ვინმე საბარათაშვილოდამ, თავადთა ძენი ბარათიანნი, ზოგი მცხეთელი აზნაურშვილი და მოქალაქეთა შვილი და დააპირა გაპარვით წასვლა ერანის ქვეყანასა. შეუტყვეს მეფეთა, დაიჭირეს როსტომ მირზა და ამყოლნი მისნი და ყოველნივე პატიმარ-ჰყვნეს და მცირედთა ხანთა შინა აუშვეს ისევ პატიმრობისაგან და ქალაქიდამ წავიდა ყიზილბაშისა ქვეყანათა, სადა ჰყვანდენ ძმები თვისნი და რომელნი ბარათიანთა ძენი აჰყოლოდენ, ისინიც აუშვეს პატიმრობისაგან და დაადგინეს ისევ სახლთა შინა.
აზატ-ხან, რომელი პყრობდა არაყისა და ადრიბეჟანის ქვეყანათა, გამოუგზავნა ერთი ყული თვისი ერევნისა ქვეყანასა. ებძანა: „რაც საქართველოს ელებიდამ კაცი იმ ქვეყანაში ესახლოსო, სულ აუყარე და ქართველ ბატონს მიაბარეო“. მოვიდა ეს იასაული, ბორჩალუს ელები და კიდევ ქართლისა ელებისა კიდევ სხვა ბევრი ესახლა, ქართველს ბატონზე ბევრი დანაშაული ჰქონდათ, ეშინოდათ და ვერ მოენდვნენ. ეს აზატ-ხანის ყული გამოგზავნეს, ქართველისა და კახის ბატონისაგან ერთი მისანდო კაცი ითხოვეს, მოვიდა ეს ყული, მოახსენა ეს ამბავი მეფეთა, გაისტუმრეს კახის ბატონის ეშიკაღაბაში სულხან და თან გაატანეს სომხითის მელიქის შვილი ავთანდილ, უბძანეს ფიცი და აპატივეს დანაშაული ყოველთა შემცოდეთა ბორჩალუსათა. წავიდა სულხან ეშიკაღაბაში და ბძანება ჰქონდა ყაზახისა, ბორჩალუსი, დემურჩიასანლუს უფროსი კაცები სულ თან წაიყვანა, მივიდა ერევანს, შემოეყარნენ ბორჩალუს ხანი და ქეთხუდები, ლორისა და ბამბაკის ქეთხუდები იქ იყვნენ. შეფიცა სულხან ეშიკაღაბაშმა, დააჯერა გული ყველასა და გამოუძღვა, მოიყვანა ქალაქსა თბილისისასა, კახი ბატონიც ჩამობძანდა კახეთიდან.
შეიყარნენ ორნივ მეფენი, უიმედეს წყალობა ფრიად სულხანს ეშიკაღაბაშს და უბოძეს ისევ ხანობა მუსა-ხანს ბორჩალუსი და დააყენეს ციხესა აღჯაყალისასა. ბძანებითა მეფეთა წავიდა ასანმირზა, ბატონიშვილის დედა აზატ-ხანთან, თან იახლეს ძმა თვისი ასლან ბებურიშვილი და კახის ბატონის მოლარეთ-ხუცესი ელისბარ გლურჯიძე. რა ჩავიდნენ აზატ-ხანთან, მისცა პატივი დიდი, ვითაც სიძე იყო და ამ ქეთევან ხანუმის ქალი ცოლად აზატ-ხანს ედგა, შეიყვანა არამში და დედა-შვილურად მიიჩნივა. უბოძა ელისბარს მოლარეთ-ხუცესს ხალათი მძიმე და ინამად თეთრი და წარმოგზავნა ისევ საქართველოსა მეფეთა წინაშე და წარმოატანა კაცი თვისი მისანდო და მოსწერა წიგნი სიყვარულისა და ერთობისა. ამათაც მისწერეს წიგნი მაგიერ და დააჯერეს ერთობაზე. გაჰყვა ისევ ელისბარ, ჩავიდნენ, რა ნახა აზატ-ხან, უბოძა კიდევ ელისბარ მოლარეთ-ხუცესს საბოძვარი და გამოგზავნეს, ისევ ქართლში გამოისტუმრა ასან-მირზა. დედა ქეთევან ხანუმ მისაცემელითა ფრიადითა და პატივითა დიდითა მოვიდა ერევანს. აგრევე უბოძა საბოძვარი ურიცხვი ასლანს ბებურისშვილს, ხალათი და ცხენი და ყოვლითა საბოძვრითა აღავსო.
ქორონიკონს უმდ (1756 წ.), თვესა თებერვალსა ქალაქსა თბილისისასა დაწვა დედოფალი დარეჯან კახეთისა, შვა ძე კეთილ-სახითა შემკობილი ლევან. იყო სიხარული ფრიადი ორმოცსა დღესა, მოვიდა გურიელის ბიძა, შემოქმედელ ეპისკოპოსი, შემოეხვეწა მეფეთა ჩვენთა შველად გურიელისად. ჩამოსდგომოდენ ურუმნი და მეფე იმერეთისა სოლომან, გარდმოეგდოთ გურიელი მამია, დაესვათ უმცირესი ძმა გურიელისა, უწყრებოდა ფაშა ახალციხისა და თუ ხელთეგდო, გურიელს სიკვდილსაც უპირობდა. ამისა მეშველად გაგზავნეს ახალციხის ფაშასთან ელისბარ თაქთაქიშვილი და პაპუნა გაბაშვილი, მისწერა მეფემა საქართველოსამან ფაშას, რა მივიდნენ მოციქულნი, შეიწყნარა ფაშამ ბძანება ქართველ ბატონისა, მოსწერა ფიცი გურიელისა მოუკვლელობისათვის: „რომელიც თქვენი ნება იყოსო, ჩვენ თქვენის სიტყვის წინააღმდეგობა არ შეგვიძლიაო“. გამოესტუმრებინა ფაშას საბოძვრით ელისბარ და პაპუნა. მოიტანეს ამბავნი ესე ფაშისანი. რა მიესმა გურიელს მამიას ამბავნი საამონი, თითონ წამოვიდა ქართველს ბატონთან რაჭის ერისთავის სახლიდან და თან გამოყვა კათალიკოზი იმერეთისა ბესარიონ, ძმა რაჭის ერისთვისა, რა გარდმოვიდნენ საქართველოსა მიწაში და მოაგებნეს თავადნი და მისცეს ულუფა საკადრად და კმა-საყოფელად მათდა. მოახლოვდნენ რა ქალაქს, ჩამოახდინეს დიდუბეს, მიაგებეს ბატონიშვილი გიორგი, დარბაზისა ერნი. ჩინებულნი თავადნი, ყოველნი მოუძღვნენ ეგრე პატივით ქალაქსა შინა. გურიელი ჩამოახდინეს ქაშუეთს და იმერეთის კათალიკოზი ალავერდისა სახლსა შინა. ნახეს მეფეთა ქართლისა და კახეთისათა, მიეგებნენ, მიიჩნივეს დიდი პატივი, დაიდვეს ნადიმი, ქნეს მეჯლისი გამოჩვენებით, რომელი ზნეობა და ქართლის წესი იყო, იმ რიგით აჩვენეს ლხინი. მერე შებძანდენ ცხენთა თვით მეფე ქართლისა თეიმურაზ და მეფე კახეთისა ერეკლე. წაიყვანეს მამია გურიელი და ინადირნეს ლოჭინის მინდორნი, დახოცნეს ჯერანი მრავალი და ეგრე შექცევით მიბძანდენ ქალაქსა შინა. დასხდენ ლხინად და გასცეს საბოძვარნი გურიელისა დიდებულთა კაცთა ზედა და ეგრევე რაჭის ერისთვის ჩინებულთა კაცთა ზედა, რომელნი მოყოლოდენ კათალიკოზს ბესარიონს. რაოდენთა დღეთა ეს ლხინითა განუსვენეს გურიელს, კათალიკოზს იმერეთისასა, მერე მიართვნეს ლარნი ტურფანი საკადრად მათდა და გაისტუმრეს ახალციხესა ფაშისა შესარიგებლად, თან გაატანეს სალთ-ხუცესი მუხრანის ბატონი კოსტანტინე შუამავლად. რა მიახლნეს ქვეყანათა ახალციხისათა, მოაგება ფაშამ კაცნი საჩინონი და გამგენი კარისა თვისისანი. დიდი პატივი მისცა ფაშამ მუხრან ბატონს და რომელი საქმე მოახსენა გურიელსა, გაუგონა კარგად, შეარიგა და უშოვა ქვეყანა თვისი გურია. მისაცემელითა ფრიადით გამოისტუმრა მუხრან ბატონი ისევ ქალაქს და მოსცა საჩუქარნი შესაფერად ამისად და გურიელი ისევ დაიჭირა თავისთან პატივით, დაპირდა ჯარის გატანებასა ქვეყანასა თვისსა. აგრევ მეფეთა მისცეს საბოძვარი იმერეთის კათალიკოზს ბესარიონს და გაისტუმრეს ქვეყანასა თვისსა. მოვიდა მუხრან ბატონი ქალაქს თვესა ...
ამისა შემდგომად მოვიდა ლეკის ჯარის ქვეითობა, შემოადგნენ ციციშვილის გივის ციხესა, ნიჩბის ზევით, აიღეს ციხე, იავარყვეს საქონელი ანუ ტყვე, წაასხეს ცოლ-შვილი გივისა და მისის ბიძაშვილისა, წაიყვანეს ყარაიის კერძო. გამოუდგა კახი ბატონი, მეფე ერეკლე ქართლისა და კახეთის ჯარებით. მოვლნეს უდაბნოებისა მთები და ყარაიისა მინდვრები, გაასწრა ამ ნაშოვრიანმა ჯარმა ჭარში, დახვდა სხვას, მეორეს ნაშოვრიანს ლეკის ჯარს ღამე, შეუტივეს ხმალდახმალ მაშინვე და გაემარჯვათ ფრიად. გააყრევინეს ტყვენი და დახოცნეს ლეკნი. შემობძანდა გამარჯვებული ქალაქსა თბილისისასა მეფე ერეკლე და წაბძანდა კახეთს და წაიყვანა დედოფალი დარეჯან და გამოართვა ძე თვისი ლეონ დედოფალმან ანნა-ხანუმ აღსაზრდელად სახლსა თვისსა.
მიუხდა ცხენოსანი ლეკის ჯარი, წაახდინეს სათარხნოს სოფლები, გამოუდგა ქართველ ბატონი თეიმურაზ საქართველოს ჯარით. მიეწივა დიდგორზე, გაემარჯვა დიდად. ამოწყვიტნეს ლეკნი და გააყრევინეს ტყვენი ანუ საქონელი ფრიადი და უბოძა თვისთა პატრონებსა და შემობძანდა ქალაქსა გამარჯვებული. წაბძანდა კათალიკოზი ანტონი ბატონიშვილი გორიდამ რუსეთს, თვესა აპრილსა. მივიდა ანანურს, თან გაყვა ხევის სამძღვრამდის ერისთავი ჯიმშერ, ჩაბძანდა ანტონი ბატონიშვილი თავისის კრებით ყიზლარს, დააყენეს პატივით და მოახსენეს ამისი მისვლა ხელმწიფესა რუსეთისასა.
ჯიმშერ ერისთავი რომ გამობრუნდა, მივიდა მთიულეთს, სახლსა ნაზღაიძისასა, უღალატეს ღამით კაცთა საერისთოელთა და მოკლეს თოფით და ჩამოიტანეს გვამი მისი, დაფლეს ანანურს, მონასტერსა შინა. დაჭმუნდენ მეფენი ამა ამბავზე ფრიად, უმეტეს მეფე ერეკლე, თან-შეზდილ იყო ჯიმშერ და კაი ყმა, მაგრა რა გაეწყობოდა, საერისთოს კაცნი ჩვეულ იყვნენ ერისთვების სიკვდილს და არცა მას რიდეს.
დედოფალი საქართველოსი ანნა-ხანუმ წაბძანდა გორს, თან იახლნენ დარბაისელთა ჯალაბნი, რომელნი იყოფებოდენ ქალაქსა შინა, აღაშენა სახლნი გორისა ციხესა შინა და დადგა მას შინა ერთი ზაფხული.
გამოვიდა სამი ათასი ცხენოსანი ლეკი, ზოგნი მიუხდენ ახალციხისა ქვეყანათა და მრავალი ტყვე და საქონელი წამოიღეს, რომ სიმრავლისაგან ძლივღა მიუდიოდათ, ზოგნი დაიფანტნენ საქართველოსა შინა და იყო ცემა და ტაცება, ყოველგან ხოცა და ტყვეთა წასხმა. მოეშველა კახი ბატონი ერეკლე კახეთის ჯარით, გაბძანდა ქალაქიდან მეფე თეიმურაზ, შემოიყარა საქართველოს ჯარი, შეიყარნენ ორივ ერთად მამა-შვილნი, შეებნენ ლეკის ცხენოსანთა ჯართა ნიჩბის, გააქცივეს ლეკნი, მიყვნენ უკან ხოცით, ერთს აღაჯზე ამოწყვიტეს. დახოცეს ბელადები ლეკისა და ეგრე გამარჯვებულნი ორი მეფენი მობძანდნენ გორისა ქალაქსა შინა და უმეტეს შემოიყარეს ჯარები ქართლისანი, თვე იყო ივლისი, მიბძანდნენ ამ ჯარებით, ჩამოხდენ ახალდაბას, ღამესა მას მოვიდა ცხენოსანი ლეკის ჯარი, მოადგა კარალეთის ციხესა, აიღეს ქვეითი გალავანი, იმავ ღამესვე წაიღეს ნაშოვარი ურიცხვი, ტყვე ანუ საქონელი. მოხსენდა მეფეთა მორწმუნეთა, შესხდნენ ცხენთა დილას ადრე, ქვეითობისა ჯარი წინ მიიძღვარეს და ცხენოსანი ჯარი უკან შეუდგნეს. რა შეიტყვეს, გაასწრეს ლეკთა, მიაშურეს საციციანოსა მთასა, აიშალა ჯარები, გამოუდგნენ ფიცხად. თითონ ბატონები და ვისა კაი ცხენი ჰყვანდათ, მივიდნენ წინარე, მიეწივნენ სკრას ნასოფლარ შინა, დააყრევინეს ტყვე ანუ საქონელი დახოცეს ლეკნი და მოართვნეს თავნი მეფეთა. იმ დღეს რომ გენახათ ქისიყის მოურავის შვილი ზაქარია, ამას ბძანებდით: „ერთის ფალავანისაგანც ძლივ შესაძლებელ არისო“, რომ ის მამაცურად გაისარჯა, კაცი და ცხენი იშოვნა და ლეკის სისხლით შესვრილმა ორთავ ბატონებს თავი და ლეკის ცხენი და იარაღი მოართო. ასაკითა იყო მცირე, მაგრამ დიდად მამაცურად ომსა შინა შევიდა და გამარჯვებული სახელოვნად გამოვიდა. იამათ მეფეთა და უიმედეს წყალობა, მიბძანდენ და ჩამოხდენ დირბის ბოლოს. მოვიდნენ კიდევ ლეკნი და ქართლის საქონელნი და მინდვრიდამ ტყვენი წაასხეს, გამოუდგნენ მაშინვე. გაყარეს ლეკთა ნაშოვარი, შეასწრეს ტყეთა შინა, აყვა ჯარი ქართველთა და კახთა ტყეთა შინა, დახოცეს ლეკნი და მოართვეს თავნი მეფეთა.
მიბძანდენ, დადგნენ მცირედ ხანს სურამს, უკუდგნენ ლეკნი და წავიდნენ ქართლისა ქვეყნიდამ, ბატონები ჩამობძანდნენ ისევ გორს, ხუნძახის ბატონს გამოეგზავნა კაცნი მისანდონი და შემოხვეწოდა კახ ბატონს შერიგებასა. მეფე ერეკლემ ეს მოციქულები კახეთიდან თვისსა მამას, ცხებულს მეფეს თეიმურაზთან მოიყვანა, უბოძა საბოძვარი, დამოსეს ხალათით და გაისტუმრეს გორიდან და ეს პირი შეუთვალეს: „თუ შენ ჩვენზე არა იმტყუვნო-რაო, ჩვენც შენზე არა ვიმტყუნოთ-რაო“. წავიდნენ ამა პირსა ზედა ხუნძახის ბატონის კაცნი დაღისტანში, მიუტანეს ამბავი ესე. შეიყარნენ საქართველოს ელები ერთად, რომელნი იდგნენ ოსმალუს ქვეყანასა, დადვეს პირი და ფიცი: „ნუღარ მივალთ საქართველოში, ნუ ვემსახურებით ქართველ ბატონსაო, წავიდეთ ერანის ქვეყანაშიო“. აიყარა ყაზახის ხანიც, სულ ყაზახის ელით და ჩავიდა ბამბაკს, ესმა ამბავი ესე მეფეთა ჩვენთა, ცოტას ჯარით ქართველ ბატონი გორს დადგა და კახი ბატონი წაბძანდა ბძანებითა მამისა მეფის თეიმურაზისათა და თან იახლნენ საქართველოს სარდლები და კახეთისა ჯარებით გარდაიარეს თრიალეთი, გარდავიდენ ყაიყულს, იქ მოეგებნენ დემურჩიასანლისა და ბაიდრისა ქეთხუდები, ჩვენი ერთგულობა თავს დაიდვეს და ბელადობა. უბძანა წყალობა, არჩევით გაგზავნა კაი ცხენოსანი ჯარი წინა და თითონ ბატონი დიდის დასტით უკან ჩამოუდგა, მიეწივა მეწინავე ჯარი ყარასუზე ამ ელებს და გარს შემოერტყნენ, მობძანდა ბატონიც, დიახ, დიდი ელები იყო. მაგრამ მეფის ერეკლეს ხმა განფენილიყო და ქართველთ ხმალი ყიზილბაშთ ბევრჯერ კარგად ენახათ. შიშით ვეღარა იკადრეს-რა ომად ხელყოფა, მოეგებნენ წინ და შეასხეს ქება და ითხოვეს დანაშაულისა მოტევება, რომელთამე თავნი წარკვეთა და რომელნი აიკლო სახლით და საქონლით, აჰყარეს ეს ელები სრულიად, გამოუმძღვარეს სარდალი ორბელიანი რევაზ და დიმიტრი ელიაღას-ეშიკაღაბაში და წინა ჩამოუყენეს, უკან ერისთავი ქსნისა დავით და მაჩაბელი იასე. წამოიყვანეს ეს ელები, ჩამოიარეს ტაშირზე დმანისის ციხის პირდაპირ და მოიყვანეს და დააყენეს სოღანლუღსა.
იქავ გზიდან გაგზავნეს მცირე რამ ჯარი ქართველთა და კახთა, უთავეს იოთამისშვილი, უზბაში რევაზ ყაზახის ხანის, გივის ხანის ციხეში დააყენეს. მოხსენდა ესე ყოველი ქართველ ბატონს, წამობძანდა გორიდამ, ჩამობძანდა სოღანლუღსა და შეეყარა ძესა თვისსა მეფეს ერეკლეს. გამოართვეს ბორჩალუს, დემურჩიასანლის, ბაიდარს და ზოგთა ყაზახელთ უფროს კაცებს მძევლები და აჰყარეს, შემოიყვანეს ქალაქსა თბილისისასა და დააყენეს, მოუყენეს მცველნი, დააყენეს სარდალი რევაზ და ზოგი ვინმე თავადთა შვილნი იასაულად. ამ თათრის ელებს გამოართვეს ხუთი ათასი ცხვარი, ოთხი ათასი ძროხა და ასი ცხენი ჯარიმად და ვინა თან ახლდა მეფეს ერეკლეს, ამ ჯარებს წყალობად უბოძეს, ამით რომ ამ ელების ჯარი შეყრილიყო მთაზედა, იქიდან მიხდომოდენ, ყარსის ქვეყანა დაერბივათ და მრავალი საქონელი მოესხათ. მეფის ერეკლეს მიბმანება რომ შეეტყოთ, ერევნის ხანსაც ეახლებინა დიდებულნი კაცნი ერევნისანი და მოერთმევინა ცხენები ბედაურნი და ფეშქაშნი საკადრნი, აგრევე გამოეგზავნა ყარსის ფაშას ფეშქაში და კაცნი თვისისა ქვეყანისანი: „თქვენმა ელებმა ჩემი ქვეყანა წაახდინესო, რადგან თქვენსა და ჩვენში შერიგება არისო, სამართალი გვიყავითო“. ამისთვის გაუწყრნენ მეფენი, წაართვეს რაც ყარსის ქვეყნიდამ საქონელი მოესხათ და ისევ ყარსის ფაშას გაუგზავნა მეფემ ერეკლემ და სხვა ეს, რაც ჯარს უბოძეს, ჯარიმად წაართვეს, აყარეს ეს ელები სოღანლუღიდამ, გაუმძღვარეს ბორჩალუს ხანი მუსა-ხან, დააყენეს აღჯაყალას, ბოდრის სულთნობა უბოძეს მამაჯან-ბეგს და დააყენეს თავისის ელით ბაიდარში, აიყარნენ ბატონებიც. ქართველ ბატონი შემობძანდა ქალაქში, კახი ბატონი წაბძანდა კახეთს. დაითხოვეს ჯარები, წავიდნენ სახლად თვისად.
შეიყარნენ გაღმა მხარის კახნი და თუშნი, ითავეს თუშთა მოურავის ძმა ჯანდან, გარდუხდენ დაღისტნის სოფლებს, წამოიღეს მრავალი ცხვარი და ძროხა, ვინა ლეკნი მოეწივნეს, დახოცეს და უვნებელად ნაშოვარი კახეთში გარდმოასხეს. აგრევ მოუხდენ ქისიყელნი, ააოხრეს ჭარელნი, სოფლები, წამოიღეს ნაშოვარი, მოიტანეს ქისიყში, წამოვიდნენ, ქვეითობის ჯარი ლეკისა დაიფანტა საქართველოსა შინა, დახვდენ მუხრანის ბატონს სალთ-ხუცეს კოსტანტინეს ღართისკარში ლეკნი მომავალსა, მოკლეს მუხთლად და რომელი ახლდენ კაცნი თვისნი, ყოველნი გაიქცნეს და ვერათა სახმარ-ექმნეს, ჩამოიტანეს გვამი მისი, დაფლეს მცხეთას კერძო, სასაფლაოსა თვისსა შინა. ესმათ ამბავი მეფეთა, დაჭმუნდენ ფრიად. შემოიყარა ჯარი კახმა ბატონმა ერეკლემ, დახვდა ამ მუხრან ბატონის მკვლელს ლეკის ჯარს წინა, ლალის ყურის ბოლოს, გაემარჯვა დიდად, რომ მოანბე არ წასვლიათ, დაერივნენ კახნი და თუშნი ხმალდახმალ შიგა და ყათლანი დამართეს, დასჭრეს თავები, აჰკიდეს ულაყთა და საპალნებით მოართო მამასა თვისსა, მეფეს თეიმურაზს, ქალაქსა შინა. მუხრან ბატონს ხომ აღარა ეშველებოდა-რა, თორემ სისხლი კარგი აიღო მეფემ ერეკლემ და აიყარა თითონ კახეთიდან, მობძანდა ანანურს, დააყენა დედოფალი დარეჯან, თითონ ჩაბძანდა მცხეთას. ქალაქიდან გაბძანდა მეფე თეიმურაზ ნოემბერს კა. შეიყარნენ ერთად, მიბძანდენ მუხრანში, იტირეს მწუხარედ მუხრან ბატონი, და ნუგეში-სცეს ცოლსა მისსა ბარბარეს, რომელი იყო ასული არაგვის ერისთვისა ბარძიმისა, მასთან დარჩა ორი ძე, დავით და იოანე და სამი ასული. უფროსი ქეთევან ნათხოვნი იყო ვახტანგ ბატონიშვილსა, სალთხუცობა უბოძეს იასე ამილახორის შვილისშვილს, რომელი იყო მცირედ ხანს ქისიყის მოურავი, ისევ უბოძეს თამაზს მოურავს, ვითაც მამა-პაპით მისი სახელო ყოფილიყო, მუხრანის ბატონობა უბოძეს სვიმონს, ძესა ლევანისასა. გაგზავნეს ჯარი გორს, ჩამოიყვანეს დედოფალი საქართველოსი ანნა-ხანუმ, ჩამობძანდენ მცხეთას, აკურთხეს კათალიკოზად იოსებ რუსთველი, კახი ჯანდიერისშვილი, სათნოებითა და სიწმიდით სიყრმითგანვე განბრწყინვებული. დასვეს ტახტსა ზედა საპატრიარქოსა, თქვეს ყოველთა წმიდათა ეპისკოპოსთა: „ღირს არს“ და შემდგომადი რა განსრულდა ესე ყოველი, წარვიდნენ ყოველნი ეპისკოპოსნი თვის-თვისად ეკლესიასა და მეფენი ჩამობძანდენ ქალაქსა თბილისსა.
ქორონიკონს უმე (1757 წ.) დაიცალა საბარათაშვილო, სომხითი, ორბელიანთ მამული და ზოგი გავიდა კახეთს, ზოგნი ავიდნენ ზემო ქართლში და საერისთოებში, აღარსად დარჩა შენობა იმ მხარეს, მცირედნი კაცნი ქვეშის ციხეში იდგა და ყარაბუდახის შვილები სამშვილდესა ციხესა შინა. იყო ცემა ლეკთაგან მარადის და ოხრება საქართველოსა შინა. გავიდიან მეფენი ქალაქით, შეებიან, ზოგჯერ გაემარჯვისთ ლეკზე და ზოგჯერ წაიღიან ფრიადი. მიუხდა ფათი-ხანის შვილი მამად-ჰასან-ხან აზატ-ხანს, ამოუწყვიტა ჯარი, წაართო ცოლ-შვილი, ციხენი და თოფხანა. თითონ ცოტას კაცით გაიქცა, ურუმთ შეეხვეწა, იქ ამოწყდენ ქართველნი ბევრნი. ეს ხანი მოადგა განჯას იქ დაიბარა ქართველ ბატონი, ზაკვით ლამოდა ქართლის წახდენასა, აუჩნდა ამას სხვა მტერი ქვეიდამ, გაბრუნდა ისევ და მორჩა ქართლი მისის მტრობისაგან.
მოვიდა ათასი ლეკი ქვეითი ავალიშვილების მამულში, ხეობაში, აიღეს ყვიბისის ციხე, მერე მიადგნენ ჭობის ხევს, ციხესა, მიეშველა მეფე თეიმურაზ ქართლის ჯარით, დადგა თითონ ქვიშხეთს, უთავა ამილახორი, მიუსივა ჯარი, მიაშველა ციხეს, გაეცალნენ ლეკნი უომრად, მეფე ჩაბძანდა ისევ ქალაქსა თბილისისასა, წავიდნენ ეს ლეკნი, წაახდინეს ჯავახეთის ქვეყანა.
გურიელმა მამიამ წმიდის გიორგის ხატი მოართო ბოჭორმისა მეფეთა, ძველად დახიზნული იყო ეს ხატი გურიას, დაუმარცხა იმერეთის მეფემ სოლომან ურუმის ჯარს, რომ ლევან აბაშიძეს და რაჭის ერისთავს მოეყვანათ მის წასახდენათ, მოკლეს ლევან, ამოწყვიტეს ჯარი მისი და ურუმნი სულ ხელთ დარჩათ, სამი ფაშები ცოცხალნი დაიჭირეს, ჭარელნი შერიგდენ კახს ბატონს.
ქორონიკონს უმე მოვიდა ბამან-ხან, ქართველს ბატონს შერიგდა, მისცეს ბორჩალუს ხანობა, განჯას რაც ქართლის ელები იყო ყაზახ-ბორჩალუ-დემურჩიასანლუსი, სულ მოიყვანა. თავის ალაგებში დააყენა ყველა, ჭარელნი შემოირიგა კახმა ბატონმა, მისლვა-მოსლვა შეიქნა კახთა და ჭარელებში. აქ გაძლიერდა მამად-ჰასან-ხან. ელაპარაკებოდა ქართველთა, დაიბარებდა თვისად მონებად, გაგზავნეს დიმიტრი ეშიკაღაბაში და ვეზირი მირზა ალინღი-ბეგ იმასთან ფეშქაშებით და შეტყობადცა საქმისა მისისა. სანამ ესენი ჩავიდნენ, იმას ჯარმა უღალატა, თითონ გაიქცა ქვეყანასა თვისსა. ესენი ქართლსავე გაბრუნდენ. უღალატეს გზებში ყიზილბაშთა, გამოვიდნენ ხმლითა.
დედოფალი ანნა-ხანუმ მიიყვანეს, დააყენეს სამაჩაბლოში ციხესა, რომელსა ქვიან ციხე-კლდე.
წამოვიდა კიდევ ხუნძახის ბატონი ქართლის სამტროდ დიდის ჯარით, მოვიდნენ ორნივ მეფენი ქართლისა და კახეთის ჯარით გორს. გამოიარა ხუნძახის ბატონმა კახეთი, შემოვიდა ქართლში, მეფენი მობძანდენ ქცხინვალს, მოვიდა ლეკის ჯარიც ქცხინვალს, შეიქნა ომი, მოშველდენ მალე. იმ ღამეს ნიქოზს დადგა ის ჯარი ლეკისა, მეორეს დღეს აიყარა, მიადგა ალაის ციხეს, აიღეს, ამოწყვიტეს, დაატყვევეს და წაიღეს ურიცხვი ანუ საქონელი, მიიტანეს ახალციხეს. მისცა პატივი და ულუფა ფაშამ ახალციხისამან. დაიმშა ჯავახეთი, მოვიდა ქარავანი ჯავახეთიდან პურისათვის, დიდად ბევრი იყიდეს. ქართლში წავიდნენ, დახვდენ ქართლის მიწაში იმერელნი, ამოწყვიტეს ჯავახნი, აიკლეს საქონელი. მეფეთა ქსნის ერისთავი გაგზავნეს იმერეთს. სთხოვეს ჯარი, დიდი ჯარი წამოვიდა, მარა ვეღარ მოუსწრეს, ქართველთ ჯარი ცოტა იყო და ვერ შეებნენ, მეფე სოლომან მცირეს ჯარით გარდმოვიდა, ნახა მეფენი გორს, დახვდენ საყვარლად და გაისტუმრეს ისევ მიცემითა და შერიგდენ პირითა მტკიცითა: „რომელსაც ქვეყანაში მტერი შემოვიდესო, ერთმანეთს მივეშველნეთო“.
ეს ხუნძახის ბატონი ამ ლეკის ჯარით გაუსივა ფაშამ იმერეთის ქვეყანასა და დაპირდა ჯამაგირსაც, ჩავიდა ქუთაისს, ქვევით და ზევით სულ დაატყვევეს, გააოხრეს იმერეთი, მრავალი იშოვეს, მეფე სოლომანმა შებმა ვერ გაბედა, არც ქართველთ სთხოვა ჯარი. გელათის ეკლესია მაშინ წახდა, ეს ნაშოვარი მოიტანეს ახალციხის ქვეყანასა, მისცა ფაშამაც ბევრი ლეკთა და გაისტუმრა დაღისტანს შინა. მეფენი ისევ ქალაქს ჩავიდნენ, დედოფალიც ჩაიყვანეს, კახი ბატონი ლეკის ჯარს დახვდა, გაემარჯვა ლეკზე, ეს ნაშოვარი ნახეს ლეკთა, წამოვიდა დაღისტნიდან ქვეითი და ცხენოსანი, აივსო ზემო ქართლის ქვეყნები ლეკით, აოხრებდენ და მიქონდათ ურიცხვი და მრავალგზის სძლევდენ მეფენი მათ.
Комментариев нет:
Отправить комментарий