пятница, 18 августа 2017 г.

თეიმურაზ I-სა და ლუარსაბ II-ის ურთიერთობა შაჰ აბასთან 1605-1613 წლებში (ე. მამისთვალაშვილი)

უაღრესად რთული იყო თეიმურაზ I-ის მეფობის დასაწყისი. მას, მის სამეფოს და მის ქვეყნას, ირანის შაჰ აბას I-ის სახით, დიდი მტერი ჰყავდა. შაჰ აბასის მიერ კახეთის სამეფოს მიმართ გატარებული პოლიტიკის შედეგი იყო, რომ თეიმურაზის პაპას, სახელგანთქმულ ალექსანდრე II-ს, მეფობის ბოლო პერიოდში სერიოზული პრობლემები შეექმნა თავის შვილებთან ურთიერთობაში, რომელშიც შაჰისა და, შეიძლება, ოსმალეთის სულთნის აგენტურის ხელიც ერია.
ალექსანდრე II-ს ხუთი ვაჟი ჰყავდა: ერეკლე, დავითი, გიორგი, კონსტანტინე და როსტომი. როსტომი ყმაწვილობაში გარდაიცვალა. შვიდი წლის კონსტანტინე, 1584 წელს, შაჰის კარზე მძევლად წაიყვანეს, ერეკლე 1574 წელს ოსმალეთში გაიქცა. `ასე რომ, უფროსი, და, მაშ, ტახტის მემკვიდრე ამიერიდან იყო დავითი.
ალექსანდრე მეფეს, როგორც ჩანს, კახეთის მეფობა გიორგი ბატონიშვილისათვის უნდოდა. ბატონიშვილებს შორის, ბუნებრივია, შური და უნდობლობა გაჩენილიყო. ბატონიშვილების გარშემო ურთიერთის მოქიშპე ფეოდალთა ჯგუფები იყრიდნენ თავს... სანამ მეფე ალექსანდრე არ მოხუცებულიყო და არც ერან-ოსმალეთის მეტოქეობა ამიერკავკასიაში გადამწყვეტ ფაზაში შესულიყო, ბატონიშვილების ეს ურთიერთ შორის უნდობლობა საშიში არ იყო. მაგრამ კახთა მეფის თანდათანი მოხუცებისა და ერან-ოსმალეთის ბრძოლის გადამწყვეტი მომენტის მოახლოებასთან ერთად დავითისა და გიორგის შორის ქიშპიც უკიდურეს ხასიათს იღებდა~. მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებდა ორი ფეოდალური დაჯგუფება, რომლებიც დავითს ან გიორგის უჭერდნენ მხარს. ზემოხსენებული კირილე ბერი მოსკოვში ჰყვებოდა, რომ როცა ალექსანდრე მეფე ავად გახდა, დავითი და გიორგი იმაზე მსჯელობდნენ, თუ ვინ გამეფებულიყო. შფოთის ჩამომგდებნი ჯერ დავითთან მივიდნენ და ჩააგონეს, რომ გიორგის მისი მოკვლა უნდოდა, შემდეგ იგივეს ეუბნებოდნენ გიორგის. გიორგიმ ოსმალეთში გაქცევა მოინდომა, მაგრამ დავითის კაცებმა იგი გზიდან მოაბრუნეს და ძმები შერიგდნენ. გიორგიმ ჯვარზე დაიფიცა, რომ დავითის წინააღმდეგ არასოდეს არ გამოვიდოდა. ამის შემდეგ დავითმა გიორგის საუფლისწულო გამოუყო და თვითონ გამეფდა. მაგრამ სამეფო კართან დაახლოებული ფეოდალ-დიდებულები არ ისვენებდნენ. ერთმა ჯგუფმა გიორგის კატეგორიულად მოსთხოვა მათ დათანხმებოდა დავითის მოკვლაზე, თუ არა და მასაც მოკლავდნენ. ფეოდალები დავითსაც შეუჩნდნენ და როდესაც ალექსანდრე გამოკეთდა მას სამეფოს ხელისუფლების სიმბოლოები ჩამოართვა. გიორგი ქართლში გაიქცა, მაგრამ ქართლის მეფე გიორგიმ შეიპყრო და დავითს გადასცა. დავითმა იგი ციხეში გამოკეტა, მის მომხრეებს კი სასტიკად გაუსწორდა. დავითმა თავის ხანმოკლე მეფობაში მხოლოდ ის მოასწრო, რომ მან, მისმა ვაჟმა თეიმურაზმა და ალექსანდრე II-მ სამეფო კართან ერთად რუსეთის მეფე ბორის გოდუნოვის ერთგულების ფიცი მიიღეს.
თეიმურაზის მამა დავითი, რომელმაც ალექსანდრე II-ს ტახტიდან გადადგომა და შემონაზვნება აიძულა, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ვახუშტის დახასიათებით, `ხოლო ესე დავითი იყო ამაყი, ლაღი, მრისხანე და სძულობდნენ კახნი~. თეიმურაზის `გაზაფხულ-შემოდგომიანის~ 87-ე სტროფში აღნიშნულია, რომ დავითს დარჩა ორი ვაჟი და ერთი ასული. ქეთევანსა და დავითს, რომ თეიმურაზის გარდა სხვა ვაჟიც ჰყავდათ, ამის შესახებ ვიგებთ 1602 და 1604 წლების სიგელებში, ამას გვამცნობენ ისქანდერ მუნში, ვახუშტი ბატონიშვილი, არჩილი. თეიმურაზი დავითის უფროსი შვილი იყო. ქვრივ ქეთევანს თეიმურაზის მომავალი აფიქრებდა, თავისი მაზლის, გიორგის შიში ჰქონდა.
თეიმურაზის ირანში გაგზავნის მიზეზზე საინტერესო ცნობა დაგვიტოვა არქანჯელო ლამბერტიმ. იგი წერს: `კახეთის მეფე დავითმა ანდერძი დატოვა, რომლის თანახმად მისი გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზი _ მისი ვაჟიშვილი და ტახტის მემკვიდრე ირანში წაეყვანათ და იქ იმ ქვეყნის ხელმწიფის _ შაჰ აბასის მზრუნველობის ქვეშ აღეზარდათ. დავითი სიცოცხლის დროს დაკავშირებული იყო შაჰ აბასთან მეგობრული ურთიერთობით და უნდოდა, რომ ეს მეგობრული ურთიერთობა მისი სიკვდილის შემდეგ მის შვილს განეგრძო. ამიტომ ბრძანა მისი შვილი აღეზარდათ შაჰის კარზე~.
ქართული წყაროებით, ქეთევანმა `წარგზავნა ყრმა თვისი ყაენთან შიშისათვის გიორგისა, რამეთუ ეშინოდა გიორგისაგან მაზლისა თვისისა და მისთვის გამოგზავნა ყაენთანა და თანა გამოატანა~. არჩილის მიხედვით, თეიმურაზს ირანში წაჰყვა შერმაზან ჩოლოყაშვილი, რომელიც უფლისწულს ასწავლიდა ზნეობას, საღმრთო და საერო ცოდნაში წვრთნიდა და ჭირსა შიგან ამაგრებდა. ძნელი სათქმელია, რამდენად შეეფერება სინამდვილეს არქანჯელო ლამბერტის ცნობა დავით მეფესა და შაჰ აბასს შორის მეგობრობის შესახებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ალექსანდრე II-ისა და გიორგი უფლისწულის მკვლელობაში რომ შაჰის ხელი ერია, მაშინ ყველასათვის ცხადზე ცხადი იყო. ასეთ დროს, მოკლულთა ოჯახის ერთი წევრის - დავითის შვილის, თეიმურაზის, მკვლელობის სულიჩამდგმელ შაჰთან, უსაფრთხოების მიზნით გაგზავნა, ცხადყოფს დავითსა და შაჰ აბასს შორის ალექსანდრე II-ის წინააღმდეგ კავშირის არსებობას.
არქანჯელო ლამბერტის თხზულებიდან ამონარიდი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ შაჰი ალექსანდრე კახთა მეფის შვილებთან მათივე მამის საწინააღმდეგო კავშირში იყო. შაჰმა საბოლოოდ მაინც მიზანს მიაღწია. შაჰმა, დავითის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მობრუნებულ ალექსანდრეს, ახლა მეორე შვილი _ კონსტანტინე აუმხედრა, რომლის ხელით ისიც და უფლისწული გიორგიც დაიღუპნენ.
თეიმურაზმა შაჰის კარზე კარგი აღზრდა და განათლება მიიღო, იგი `შააბაზ ვითარცა ძე ეგრეთ შეიტკბო~. მას კახეთის მეფედ შაჰის ტახტის ერთგულ ქვეშევრდომად ამზადებდნენ. ამიტომ, როგორც არქანჯელო ლამბერტი გადმოგვცემს, `შაჰმა ბრძანა აღეზარდათ იგი არა მარტო როგორც ძვირფასი მეგობრის შვილი, არამედ როგორც საკუთარი მისი შვილი: თეიმურაზს ავარჯიშებდნენ ყველა დარგში, რაშიც კი ამზადებენ ყველაზე დიდ უფლისწულებს. განსაკუთრებით კი იარაღის ხმარებაში. ამ ხელოვნებაში, მეომარი შაჰის მზრუნველობის შემწეობით, თეიმურაზს დიდი წარმატებები ჰქონდა. ამასთანავე თეიმურაზმა ენები შეისწავლა. ენების ცოდნა უფლისწულისთის მნიშვნელოვანი სამკაულია. თეიმურაზი ფლობდა სპარსულს და თურქულს. ამასთანავე იმდენად კარგად, რომ ან ერთი ან მეორე ქვეყნის მკვიდრი გეგონებოდათ~.
კახეთის სამეფოში არსებულმა ვითარებამ, თეიმურაზის გამეფებამდე და მის შემდეგ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის ხასიათზე, მის დამოკიდებულებაზე ირგვლივ მყოფი ადამიანებისადმი და, როდესაც მისი მმართველობის სტილსა და საქმიანობას ვაკვირდებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი ყოველთვის, საშინაო თუ საგარეო ურთიერთობებში, დასწრების ტაქტიკას ადგა. ერთი შეხედვით, თითქოს, უნდა გავიზიაროთ გ. ჯამბურიას ნათქვამი, რომ `თეიმურაზის პოლიტიკასა და დიპლომატიას აკლდა მისი დიდი პაპის, ალექსანდრეს მოქნილობა და ჭკუამახვილობა~. ეს მართალია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზედაპირულად შევაფასებთ ამ ორი დიდი მოღვაწის საქმიანობას. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მათ სულ სხვადასხვა საშინაო და საგარეო სიტუაციაში უხდებოდათ პოლიტიკის და დიპლომატიის განხორციელება.
აღმოსავლეთ საქართველოს ორ სამეფოში _ ქართლსა და კახეთში ორი ყმაწვილი გამეფდა _ ქართლში ლუარსაბ II _ 1605 წელს, კახეთში თეიმურაზი _ 1606 წელს. ორივეს გამეფება შაჰ აბასის სურვილითა და ნებართვით მოხდა. ისქანდერ მუნშის აღწერილი აქვს ის ზეიმი, რომელიც შაჰ აბასმა ქართველებს მოუწყო ყარაბახში, მდინარე გურქ-ჩაისთან და ნება მისცა თეიმურაზის მეფედ კურთხევა თავიანთი, ქართული წესის მიხედვით ჩაეტარებინათ. ზეიმში შაჰიც მონაწილეობდა.
ლუარსაბისა და თეიმურაზის ქრისტიანობით გამეფება ქართველობას თავის დიდ გამარჯვებად მიაჩნდა. ორივე მეფე, წინაპრების მსგავსად ფიქრობდნენ, რომ მიუხედავად ქვეყნის დაშლისა და ქართული მიწების მეზობელი სახელმწიფოების მიერ ანექსიისა, ასრულდებოდა ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის ოცნება და საქართველოს გაერთიანება და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მოხდებოდა. ამის მიღწევა შეიძლებოდა, მხოლოდ მტაცებელი მეზობლების _ ირანისა და ოსმალეთის ერთმანეთთან დაპირისპირებით და ქართული საქმის გაკეთებით. მაგრამ იმის განხორციელება, რაც თითქოს შესაძლებელი იყო XVI საუკუნეში, ახლა, XVII ს. დასაწყისში, შეცვლილი ვითარების გამო, ძნელად მისაღწევი ჩანდა.
შაჰ აბასს კი სულ სხვა გეგმა ჰქონდა. მას უნდოდა ქართლისა და კახეთის მეფეები მისი სიტყვის აღმსრულებელნი და მისი მოხელეები ყოფილიყვნენ, მათგან დამოუკიდებლობის გამოვლენას არ მოითმენდა. ქართლ-კახეთის სრული მორჩილების გარეშე, ამიერკავკასიაში ირანის ბატონობა ვერ მოხერხდებოდა. ცბიერი და მოქნილი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, შაჰ აბასის ურთიერთობა ქართლისა და კახეთის ახალგაზრდა მეფეებთან, მისთვის სასურველად არ ვითარდებოდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ კავკასიაში ოსმალეთი კვლავ სერიოზულ ძალად რჩებოდა და ქართველი პოლიტიკოსები ირანის წინააღმდეგ მის გამოყენებას შეეცდებოდნენ. შაჰმა ნაცად ხერხს _ დაყვავებისა და სამხედრო აგრესიით დაშინების პოლიტიკას მიმართა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას საბოლოოდ ჩამოუყალიბდა ქართლისა და კახეთის სახანოებად გადაქცევის აზრი. მისი ღონისძიებები მათ მიმართ სულ უფრო მკაცრდებოდა. მაგრამ მას ჯერ ირანის ისტორიული მეტოქის ოსმალეთის წინააღმდეგობა უნდა გადაელახა, რომლის გარნიზონები აღმოსავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ყველა მნიშვნელოვან ქალაქსა და ციხეში იდგა. შაჰ აბასმა დაიპყრო ერევანი და ამის შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის აყრა და ირანში გადასახლება ბრძანა. ოსმალებიც დაამარცხა, განჯაც აიღო, საქართველოში შემოვიდა, ოსმალები გარეკა და თბილისში და ქართლის ციხეებში ოსმალების მაგიერ ყიზილბაშები ჩადგნენ.
საქართველოში შემოსული შაჰისა და ლუარსაბ II-ის ურთიერთობაზე საინტერესო ცნობა შემოგვინახა ერთმა ესპანურმა წყარომ. 1607 წლის 21 ნოემბერს ესპანელი ხუან დე კუევა თავის მთავრობას აცნობებდა: `ირანის შაჰი იმყოფებოდა თავისი ცოლის ძმისა და ვასალის საქართველოს (ქართლის) მეფის ერთ-ერთ პროვინციაში. მან თხოვა შაჰს დახმარებოდა თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დაებრუნებინა ზოგიერთი მიწა, რომლებიც თურქებმა დაიპყრეს. შაჰი არა მარტო დაჰპირდა მას დახმარებას, არამედ დაჰპირდა პირადად მიეღო მონაწილეობა ამ საქმეში~.
მოყვანილ დოკუმენტში გადმოცემული ამბავი, ახლად გამეფებული ლუარსაბ II-ის და შაჰ აბას I-ის ურთიერთობის საწყის ეტაპს უნდა ასახავდეს. როგორც ცნობილია, გიორგი X (1600-1606) მოულოდნელად მეჯვრისხევს გარდაიცვალა. ამ დროს (1606 წ.) შაჰ აბასი თბილისში იმყოფებოდა. ქართლის დიდებულებმა შაჰს სთხოვეს გიორგის პირმშო, 14 წლის ლუარსაბი ქართლის მეფედ დაემტკიცებინა. ქართლის საქმეების მოწესრიგების შემდეგ, როგორც საფიქრებელია, შაჰმა ქართლის მეფის ირანის ტახტთან უფრო მტკიცედ მიმაგრებისათვის, ლუარსაბს თავისი და თინათინი ცოლად გამოართვა. ვახუშტი ბატონიშვილის თქმით: `...სთხოვა შაჰაბაზ ლუარსაბ მეფესა და თვისი ცოლად თინათინ. ამან მისცა და წარიყვანა დიდითა დიდებითა და ნიჭითა~1.
შენიშვნა
1. ქართულ საისტორიო მწერლობაში აღნიშნულია, რომ გიორგი მეფეს ორი ქალიშვილი _ ხორეშანი და თინათინი ჰყავდა. ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით კი, ლუარსაბის იმ დას, რომელიც შაჰმა შეირთო ლელა ერქვა. ნასროლა ფალსაფის მიხედვით, ლუარსაბის ერთ დას თინათინი ან ლელა ერქვა და იგი შაჰ აბასს ჰყავდა ცოლად. მისი ძმის, ლუარსაბ II-ის მოკვლის შემდეგ, შაჰმა იგი ფეიქარ ხანს აჩუქა. ლუარსაბის მეორე და - ხორეშანი, თეიმურაზ I-ის მეუღლე იყო. ცნობილი არ არის ჰყავდა თუ არა გიორგი მეფეს სხვა ქალიშვილი - გულჩარა, რომელიც სვიმონ მეფის ოსმალთა ტყვეობიდან დახსნას ცდილობდა და ოსმალეთ-ირანს შორის საზავო მოლაპარაკებაში აქტიურად მონაწილეობდა. გულჩარას გიორგი მეფის ასულობის დამტკიცება სცადა მ. სვანიძემ. მეც, მისი გავლენით, არასწორად, გულჩარა თინათინად სხვებმაც მიიჩნიეს.
*   *   *
ისქანდერ მუნში არაფერს ამბობს შაჰის მიერ ლუარსაბისათვის დის გამორთმევის შესახებ, მაგრამ მათ შორის ურთიერთობის `მოწესრიგებას~ კი აღნიშნავს. სპარსელი ისტორიკოსი ერთ საინტერესო ფაქტსაც გვაცნობს, რომელსაც შემდეგში სავალალო შედეგი მოჰყვა, როგორც ქართლის მეფისათვის, ისე მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური განვითარებისათვის. ისკანდერ მუნშის მოვუსმინოთ: მას შემდეგ რაც შაჰმა ლუარსაბი ქართლის მეფედ გამოაცხადა, ამის შემდეგ მან თავისი ერთ-ერთი კარისკაცი მოჰამედ-ბეგ ბიქდელი შამლუ ქართლში გაგზავნა, `რათა მოეკითხა გარდაცვალებულის (გიორგი X) ნათესავები და შაჰის წყალობის იმედი მიეცა... მისი თანხლებით მასთან ერთად შაჰის კარზე ჩამოვიდა ბევრი ქართველი ბატონიშვილი და აზნაური, რომელნიც [შაჰის კარის] ზღურბლზე კოცნის ბედნიერებით განდიდებული და [შაჰის] განსაკუთრებული მოპყრობით გამორჩეული გახდნენ. იმ სამეფო გვარს ბედნიერი ხელმწიფისაგან შველისა და დახმარების იმედი გაუძლიერდა. დიდებულმა ხელმწიფემ თავისი მწყალობელი [ბუნების] გამო, ქართველ უფლისწულებს, მათი ხარისხის მიხედვით, შაჰური მოკითხვით მიუალერსა, ხელმწიფური საჩუქრებით დააჯილდოვა, საქმეებიც მათი გულისწადილის მიხედვით მოუწყო და ყველა კმაყოფილი და გახარებული თავის სამშობლოში დააბრუნა. ლუარსაბხანსაც მეორედ გაუგზავნა დიდებული ხალათები და მრავალი საჩუქარი და ხელმწიფური წყალობის შეპირებით დააიმედა~.
ამონარიდიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შაჰ აბასის მიერ ქართლის დიდებულებისაგან ერთგულების და ქვეშევრდომობის ფიცის მიღება და მათი საქმეების `მათი გულისწადილის მიხედვით~ მოწყობა, რაც ახალგაზრდა მეფის ხელისუფლებას საყრდენს აცლიდა. მისი ქვეშევრდომთა მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი კეთილდღეობით შაჰზე დამოკიდებული გახდა. ეს `ქვეშევრდომნი~ ჰყავდა თეიმურაზს მხედველობაში, როდესაც იგი შაჰს, მისი საქართველოში ლაშქრობების დაწყების წინ გატარებული ღონისძიებების გამო თავის უკმაყოფილებას მოახსენებდა. ანალოგიური სიტუაცია იყო ქართლის სამეფოშიც. აქ შაჰის მომხრეებად ჩანან ქართლის უმსხვილესი თავადები: ნუგზარ და იესე ერისთავები, ანდუყფარ ამილახვარი, ფეშანგი ფალავანდიშვილი, აღათანგ ხერხეულიძე, რომლებიც შაჰ აბასს, საქართველოს საზღვართან გამოჩენისთანავე, მიემხრნენ და განჯაში ეახლნენ.
პიეტრო დელა ვალე საკმაოდ დაწვრილებით გადმოგვცემს შაჰ აბასის მცდელობაზე, ყველა ხერხითა და საშუალებით ქართლისა და კახეთის მეფეები ერთმანეთისათვის დაეპირისპირებნა, უფრო მეტიც, მათ ერთმანეთის დაახოცვისაკენ უბიძგებდა. ცდილობდა გამოეწვია უთანხმოება თეიმურაზსა და მის დედა ქეთევანს შორის, რომელიც მცირეწლოვნი მეფის მეურვე იყო; უკმაყოფილება დაეთესა მეფეებსა და მათს ქვეშევრდომ დიდკაცობას შორის, გაეხლიჩა და ერთმანეთთან დააპირისპირებინა იგივე დიდკაცობა1. შაჰი ამგვარი მეთოდით მოქმედებდა, ვიდრე ირან-ოსამლეთის ომი მიმდინარეობდა. იგი გარეგნულად თითქოს ითმენდა თეიმურაზ I-ის და ლუარსაბ II-ის თვითნებობას, რაც კახეთის მეფის შაჰთან გამოუცხადებლობით გამოიხატებოდა. თუმცა მან მაინც შეძლო თეიმურაზის ორი ვაჟისა და დედის _ ქეთევანის ხელში ჩაგდება და ამით, გარკვეული გაგებით, კახეთის სამეფოზე ზეწოლისა და პირდაპირი აგრესიის ნიადაგი შეამზადა. მის ხელში იყო თავისი ცოლი, ლუარსაბის და თინათინი. თეიმურაზისა და ლუარსაბის შაჰ აბასთან ურთიერთობის ეს პერიოდი შეიძლება შეფასდეს, როგორც პასიური წინააღმდეგობის პოლიტიკის პერიოდი.
1612 წლის 20 ნოემბერს სტამბოლში დადებული ირან-ოსმალეთის ზავით, ძირითადად, აღდგდა ამასიის საზავო პირობები. გამონაკლისს შეადგენდა სამცხე, რომელიც ისევ ოსმალეთს დარჩა. ზავის დადების შემდეგ, შაჰ აბასმა `გურჯისტანის~ საკითხის სბოლოოდ მოგვარებისათვის მოიცალა. ერთხელ კიდევ გამოჩდა როგორი კატასტროფული შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა საქართველოსათვის ორ აგრესიულ სახელმწიფოს _ ირანსა და ოსმალეთს შორის მშვიდობის დამყარებას.
იმის თქმა, რომ ქართლისა და კახეთის პოლიტიკოსებისათვის უცნობი იყო ირანის სამზადისი მათ წინააღმდეგ, სწორი არ იქნება. ორივე სამეფოში და ერთმანეთის მიმართაც გადაიდგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც საერთო მტრისათვის ღირსეულად დახვედრას ითვალისწინებდა. ქართლისა და კახეთის იმ გარკვეულმა წრეებმა, რომლებიც პოლიტიკას განაგებდნენ, ორ სამეფოს შორის მშვიდობის დამყარებისა და თავდაცვისათვის თეიმურაზი დააქორწინეს ქართლის მეფე ლუარსაბის დაზე _ ხორეშანზე და მეფეებს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა ერთობლივი თავდაცვის შესახებ. ხელშეკრულებას არ მოჰყვა რაიმე რეალური შედეგი, თუმცა საქორწინო დიპლომატიამ საკმაოდ სერიოზული ვნებათა ღელვა გამოიწვია.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ XVII ს. პირველ მეოთხედში ქართლსა და კახეთში არ მომხდარა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც შაჰ აბასის ხელი არ ერია, რა თქმა უნდა, უარყოფით ასპექტში. იგი ყველა ხელსაყრელი შემთხვევის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობდა. ასეთი იყო თეიმურაზის ქორწინებაც.
როგორც ცნობილია, 1607 წელს თეიმურაზმა იქორწინა მამია II გურიელის ასულ ანაზე, რომელთანაც ორი ვაჟი _ ალექსანდრე და ლევანი შეეძინა. ანა გარდაიცვალა 1610 წელს. შაჰ აბასმა 1611 წელს სამძიმრის გამოსახატავად თეიმურაზთან ფეხშიშველი კარმელიტების ორდენის წევრი ჯოვანი ტადეო გაგზავნა, რომელმაც თეიმურაზ მეფეს შაჰ აბასის სამძიმრის წერილი გადასცა.
თეიმურაზმა 1612 წელს ლუარსაბ II-ის და ხორეშანი შეირთო. თეიმურაზისა და ხორეშანის ქორწინებამ საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა. უცხოელების თქმით, კახეთის მეფის მეორე მამა ჯოვანი ტადეო დე სან ელიოზო სამ სხვა მისიონერთან ერთად 1604 წელს რომიდან ირანში გაემგზავრა და შაჰ აბასს პაპი კლემენტი VIII-ის (1592-1605) ეპისტოლე წაუღო. მისიონერებმა რეჩ პოსპოლიტასა და რუსეთზე გავლით იმოგზაურეს. ისინი რეჩ პოსპოლიტაში იყვნენ, როცა პაპი კლემენტი VIII გარდაიცვალა. ახალმა პაპმა პაოლო V-მ (1605-1621) გზის გაგრძელების ნება დართო. ჯოვანი ტადეომ 1607 წლის 20 დეკემბერს შაჰს გერმანიის იმპერატორის, რეჩ პოსპოლიტის მეფისა და რუსეთის ხელმწიფის წერილები ისპაანში გადასცა. შაჰმა საპასუხო წერილების წაღება მასვე დაავალა. ევროპისკენ მიმავალმა პატრმა საქართველოში გაიარა და თეიმურაზს შაჰის სამძიმრის წერილი გადასცა (ვფიქრობ, ეს იტალიური წყარო აზუსტებს ანა დედოფლის გარდაცვალების აქამომდე მიღებულ დროს _ 1612 წელს. ჯოვანი ტადეო შემდეგში ირანში კათოლიკე ეპისკოპოსი გახდა. ის იმდენად კარგად დაეუფლა სპარსულს, რომ მოგვიანებით მან და პიეტრო დელა ვალემ თეიმურაზ I-სა და კათალიკოს ზაქარიას მიერ რომში გაგზავნილი სპარსულად დაწერილი წერილები თარგმნეს.
ქორწინებით განსაკუთრებით შაჰ აბასი გაღიზიანდა. ჯერ არქანჯელო ლამბერტის მოვუსმინოთ: შაჰ აბასმა თეიმურაზს, საქართველოში გაშვების წინ მრავალი დარიგება მისცა წერილობით, რომელთაგან მთავარი იყო ის, რომ `როგორც ქრისტიანს მას შეეძლო ჰყოლოდა მხოლოდ ერთი ცოლი... ერთი მხრივ მას შეეძლო ნებისმიერ ქალზე დაქორწინებულიყო, თუ მოეწონებოდა იგი. ამასთანავე დოკუმენტში იყო, რომ რამდენადაც არ უნდა მოსწონებოდა ერთი თეიმურაზს, ერთი პიროვნებისათვის, რომელიც განთქმული იყო თავისი სილამაზით, მას თავი მაინც უნდა აერიდებინა. თუ ის ამ რჩევას დაარღვევდა და მასზე დაქორწინდებოდა მაშინ, როგორც ეს დოკუმენტში იყო ნათქვამი, ეს გამოიწვევდა თეიმურაზის მთელი სამეფოსა და პირადად მის დაღუპვასაც. ლაპარაკი იყო უკვე გარდაცვლილი სიმონ ხანის ქალიშვილზე, ქართლის მეფე ლუარსაბის დაზე, რომელსაც დარეჯანი1 ერქვა. იგი ისეთი ლამაზი იყო, რომ მის სილამაზეზე ხმამ ირანში შეაღწია და ირანის შაჰის გული იმდენად განგმირა, რომ გადაწყვიტა დაუფლებოდა მას და ამიტომ უკრძალავდა თეიმურაზს მის შერთვას~. პიეტრო დელა ვალე2 თეიმურაზის და ხორეშანის ქორწინე ბას შაჰ აბასის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების საბაბად მიიჩნევს. როდესაც შაჰი მათი მიწა-წყლის საზღვართან მივიდა, მან ორივენი _ თეიმურაზი და ლუარსაბი თავისთან დაიბარა, რათა მომხდარის შესახებ ანგარიში ჩაებარებინათ და [თეიმურაზის] ცოლი მასთან მიეყვანათ. მას უნდოდა, რათაც არ უნდა დაჯდომოდა ხელთ ეგდო იგი, რათა მას თეიმურაზთან გაეწყვიტა საქორწინო კავშირი, რომელიც აქამომდე დიდი ხნის წინათ იყო დადებული...~
შენიშვნა
1. დარეჯანი თეიმურაზის ასულს ერქვა. ლუარსაბის ის და, რომელზეც არქანჯელო ლამბერტი ლაპარაკობს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხორეშანი იყო.
2. პიეტრო დელა ვალე (1586–1652). ახალგაზრდობაში სოლიდური ცოდნით აღიჭურვა სხვადასხვა მეცნიერებაში: მუსიკაში, ხელოვნებასა და პოეზიაში. 1614-1626 წლებში იმოგზაურა აღმოსავლეთის ქვეყნებში. დიდ ხანს იყო ირანში (1617-1623). თავის შთაბეჭდილებებს წერილობით უზიარებდა ნეაპოლელ მეგობარს მარიო სკიპანოს, რომლის რჩევით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ეს წერილები გამოაქვეყნა. ისინი ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე. ვალეს თხზულებაში უძვირფასესი ცნობებია საქართველოსა და ქართველებზე. ის ირანში გაეცნო და დაუახლოვდა კიდეც მრავალ ქართველს. ცოლად ჰყავდა ქართველი `ქალბატონი თინათინ ძიბა~. Aშირაზში გაიცნო ქეთევან დედოფალი, რომლის წამებით მოკვდინების შესახებ ბასრაში შეიტყო დომინიკანელი ბერის გრეგორიო ორსინისაგან. ის დიდი მონდომებით აგროვებდა წამებული დედოფლის ნაწილებს და ცდილობდა ვატიკანს ეღიარებინა მისი მოწამებრივი აღსასრული. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, 1626 წ. ვალემ პაპ ურბან VIII-ს წარუდგინა ვრცელი მოხსენება საქართველოს შესახებ. მასში აღწერილი იყო ქართველი ხალხის მძიმე მატერიალური და სულიერი მდგომარეობა, არის საინტერესო ცნობები ძველი საქართველოს, ქართლისა და კახეთის სამეფოების და მათი მეფეების – ლუარსაბ II-ისა და თეიმურაზ I-ის შესახებ, მათ ურთიერთბაზე შაჰ აბასის ირანთან, ირანში მცხოვრებ ქართველებზე, განსაკუთრებით კი ქეთევან წამებულზე. მან პაპს მოუწოდა სასწრაფოდ დახმარებოდა ქართველებს და მათი სულის ხსნისათვის საქართველოში მისიონერები გაეგზავნა. ვალეს მოხსენების საფუძველზე პროპაგანდა ფიდეს კრებამ დაადგინა საქართველოში გაეგზავნათ თეატინელთა ორდენის მისიონერები დონ პიეტრო ავიტაბილეს მეთაურობით.
*   *   *
როგორც ცნობილია, კახთა მეფე ალექსანდრე II-ის და ნესტან-დარეჯანი ქართლის დედოფალი, სიმონ I-ის მეუღლე იყო. მათი ვაჟის გიორგის ასული იყო ხორეშანი. ალექსანდრეს შვილიშვილი იყო თერიმურაზ დავითის ძე. ამგვარად, თეიმურაზი და ხორეშანი და-ძმის - ნესტან-დარეჯანისა და ალექსანდრეს შვილიშვილები იყვნენ.
რადგან ეს ქორწინება შაჰის ზეწოლით ხდებოდა, მის წინააღმდეგ პირველ რიგში მართლმადიდებელი ქართველები იყვნენ, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსები. მისი ჩანაფიქრი, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, ქართველებში ისლამის კანონით დაშვებული წესის დანერგვა იყო, რაც მათ შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამძაფრებდა. ამ ქორწინებით გამოწვეული წინააღმდეგობის ორგვარი ახსნა გვაქვს. ფარსადან გორგიჯანიძე გადმოგვცემს: `ბატონის თეიმურაზის პაპა ბატონი ალექსანდრე (II) და ხორეშან, დედოფლის ბებია, ნესტან-დარეჯან დედოფალი და-ძმანი იყვნენ, ბატონის ლევანის შვილები არიან და ქრისტიანობაში უმხდურნი ყოფილან და მერჯულენიც ნებას არ ყოფილან და არაგვის ერისთვის შვილისთვის ნაქადები ყოფილა და კრება უქნიათ ამაზედ, რომ დაძმათ შვილისშვილები ერთმანეთს ვით შერთონ. ასრე არჩივეს საქრისტიანოს (ქართლ-კახეთის) გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის, მერჯულეთ ნება დართეს~ (თითქმის იგივეს გადმოგვცემს პარიზის ქრონიკა, ანუ ცხოვრება საქართველოÁსა.). ქორწინების წინააღმდეგი ყოფილა ხორეშანის ძმა, ქართლის მეფე ლუარსაბ II-ც: `ესე არა ინება მეფემან ნათესაობისათსა არამედ იძულებითა შაჰაბაზისათა მისცა და ქმნეს ქორწილი დიდებული~.
მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში, ისევე როგორც სხვა მრავალ საკითხში, ამჯერადაც არ არსებობდა ერთიანი აზრი. ზოგი მომხრეობდა, ზოგი წინააღმდეგი იყო. არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, `მისიანებმაც არ დააყოვნეს და თეიმურაზს სწორედ დარეჯანის (ხორეშანის) შერთვა ურჩიეს. ეუბნებოდნენ, რომ მასზე უკეთეს საცოლეს ვერ მონახავდა, რადგან იგი იყო უბადლო, კეთილშობილური სისხლის. არ მოიძებნებოდა სხვა ქალი, რომელიც დარეჯანს შეედრებოდა სილამაზით. რამდენადაც მას სხვა ძმა არ ჰყავდა გარდა ლუარსაბისა, ხოლო ისიც უშვილო იყო, ადვილად შეიძლებოდა ლუარსაბის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზი მისი სამეფოს ბატონ-პატრონიც გამხდარიყო და ეს ორი სამეფო გაერთიანებული საშიში ძალა იქნებოდა, როგორეც მეზობელი ქვეყნებისათვის, ისევე თვით ირანის მრისხანე ხელმწიფისათვის~.
თეიმურაზის ხორეშანზე დაქორწინების ინიციატორი რომ შაჰ აბასი იყო, ამას არჩილი თეიმურაზსაც ათქმევინებს: როგორ მიიწვია შაჰმა თავისთან დაქვრივებული კახეთის მეფე და მოსთხოვა, რომ ლუარსაბს დამოყვრებოდა, ამ ქორწინებით ჯერ ხომ ორი ქართველი მეფე გაერთიანდებოდა და, რაც მთავარი იყო, თეიმურაზი შაჰ აბასის ქვისლი გახდებოდა, რომელსაც ლუარსაბის და ჰყავდა ცოლად. თეიმურაზი, თურმე, დიდ წინააღმდეგობას უწევდა შაჰის ამ მოთხოვნას, როგორც მისი რჯულისათვის მიუღებელ, უკანონო ქმედებას, მაგრამ შაჰის ნება ურყევი იყო. თეიმურაზი შემდეგ ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ შაჰის ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილე, მას მაინც გადაწყვეტილი აქვს `კახეთი მან დაირჩინოს, ბაგრატიონნი გასწყვიტოს და არსად არ მოარჩინოს~.
თეიმურაზისა და ხორეშანის ქორწინების მართლმადიდებელთათვის მიუღებლობის შესახებ, საქართველოს საზღვრებს გასცდა. 1636-1640 წლებში საქართველოში, კერძოდ, კახეთში ნამყოფი რუსეთის ელჩობის წევრების მიხედვით, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანის III-მ (1608-1644) XVII ს. 10-იანი წლების დასასრულს (1618-1619), კახეთში ყოფნისას, ქორწინება უკანონოდ გამოაცხადა. `იმ იურის (გიორგის) და ალექსანდრე მეფის დის ქალიშვილი, რუსულად ქრისტიანა, ქართულად ხორეშანი, ამჟამად თეიმურაზის ცოლია და თეიმურაზს მამის მამიდაშვილად მოხვდება. როცა იერუსალიმის პატრიარქი თეოფანისი საქართველოში იმყოფებოდა, მათი გაყრა მოინდომა. მეფემ და დედოფალმა თეოფანისს მისცეს ძველებური, თვლებით მოჭედილი ოქროს თასი და მრავალი ოქრო და მან მათ ძველებურად ცხოვრების ნება დართო~.
თეოფანისისათვის უხვი საჩუქრების მირთმევა მისი განრისხების თავიდან აცილების მიზნით მოხდა. თეიმურაზმა ეკლესიისადმი `დახმარებით~, პატრიარქისაგან პატიება მოიპოვა.
უცხოელი დამკვირვებელი არქანჯელო ლამბერტი ქართველ ფეოდალთა იმ ნაწილის (დავარქვათ მას პროგრესული ნაწილი) აზრს გამოხატავს, რომლებისთვისაც ქვეყნის (ამჯერად მხოლოდ ქართლისა და კახეთის) გაერთიანებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მათ ჰყავდათ სერიოზული ძალის გავლენის მქონე მოწინააღმდეგენი, რომლებიც გარეშე ძალას ეყრდნობოდნენ. ამგვარად, კახეთში და ქართლში დიდებულთა ორი ბანაკი ჩამოყალიბდა. როგორც ფარსადან გორგიჯანიძე იტყოდა, `მაგრამ ამათი დამოყვრება და ქართლისა და კახეთის გაერთება ზოგთ ქართველთა და კახთა ეწყინათ და ყაენთან ავგვარად შეაბეზღეს და ყაენმან იწყინა და გაავგულდა და საცადელათ ორთავ (თეიმურაზი და ლუარსაბი) მაზანდარას სანადიროდ დაჰპატიჯა~ (ამის შესახებ საკმაოდ ვრცლად მოგვითხრობს არქანჯელო ლამბერტი).
ირანის პოლიტიკა ქართლ-კახეთის სამეფოების მიმართ სულ უფრო მკაცრდებოდა, რაც ყველაზე ნათლად თეიმურაზ მეფის ოჯახის მაგალითზე გამოჩნდა: შაჰ აბასმა ჯერ ერთი შვილი და დედა წაჰგვარა, შემდეგ მეორე შვილი და დაჟინებით მოითხოვდა თვით მეფის ხლებას ირანში. თეიმურაზი რომ კარგად ხვდებოდა შაჰის ჩანაფიქრს, იქიდანაც ჩანს, რომ იგი შაჰისათვის მიცემული მრავალი დაპირების მიუხედავად, მას არ ეახლა. ამიტომ სიმართლეს არ შეეფერება თვით თეიმურაზის ნათქვამი, რომ შაჰ აბასმა `მოგვატყუა მოფერებით და მოჩვენებითი მეგობრობით, არაგულწრფელი სიყვარულით, მერე მოულოდნელად თავს დაგვესხა და ჩვენი მიწაწყლიდან გაგვაძევა~. შაჰის ვერაგობასა და ცბიერებაზე აკეთებს აქცენტს თეიმურაზ მეფე მოსკოვში გაგზავნილ წერილში და აღნიშნავს როგორ მანიპულირებდა იგი ირანში წაყვანილი უფლისწულებით. თეიმურაზს იმედი ჰქონდა, რომ დანაპირების მიხედვით, შაჰი მას უფროს ვაჟს დაუბრუნებდა და ამიტომ მობილიზებული მეომრები სახლებში გაუშვა, ამით ისარგებლა შაჰმა და კახეთის სამეფოს თავს დაესხა.
თეიმურაზის, ყიზილბაშთა საქართველოში შემოჭრის წინა პერიოდის, წერილებიდან და არჩილ მეფის `გაბაასებიდან~ ისე გამოდის, რომ თეიმურაზი გულუბრყვილოდ ენდობოდა შაჰ აბასს და მისი ყველა სიტყვისა და დანაპირებისა სჯეროდა, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ამდენად, მიჭირს გავიზიარო ლ. ტუხაშვილის მოსაზრება, თითქოს თეიმურაზ მეფემ დროულად ვერ გამოიცნო შაჰ აბასის განზრახვა და მოუმზადებელი შეხვდა მტერს. ასევე ფიქრობს დ. კაჭარავაც. რა თქმა უნდა ვერც ისქანდერ მუნშის სიტყვებს ვენდობი, განსხვავებით დ. კაჭარავასაგან, რომელიც იმოწმებს მის ერთ-ერთ გამონათქვამს: `ქართველებსა და განსაკუთრებით ბედოვლათ თეიმურაზს უდარდელობის ფარდა ჰქონდათ გამჭრიახობის თვალზე ჩამოფარებული~. დ. კაჭარავა ქართლსა და კახეთში შაჰ აბასის მიერ მოწყობილ აკლება-აწიოკებასა და გენოციდში ბრალდებას უყენებს მათსავე მეფეებს. მას მიაჩნია, რომ `იმ საშინელ ტრაგედიაში, რომელიც შაჰ აბასმა თავს დაატეხა საქართველოს, პირველ რიგში ლუარსაბ II-სა და თეიმურაზ I-ს მიუძღვოდათ ბრალი~. მაგრამ მკვლევარი არ ამბობს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ქართველი მეფეები. ვფიქრობ, ამგვარი უმართებულო განცხადება მაშინდელი საისტორიო წყაროების ზერელე ანალიზის შედეგია.
მკითხველს შევახსენებ, რომ ისქანდერ მუნში შუასაუკუნების არც პირველი და არც უკანასკნელი ისტორიკოსია, რომლისთვისაც მისი ბატონის ყველა მომხრე ჭკვიანი და წესიერია, მოწინააღმდეგე კი, უვიცი, უკულტურო, ორპირი, მოღალატე და ა.შ. ახლა თვალი გადავავლოთ ისქანდერ მუნშის თხზულებაში მიმობნეულ გამონათქვამებს ქართველ მეფეებზე. შაჰ აბასის ეს მეხოტბე ისტორიკოსი, არაერთხელ ცდილობს მკითხველის თვალში დაამციროს თეიმურაზი (ასეთივეა მისი შეფასებანი ყველა იმ ქართველის მიმართ, რომლებიც შაჰ აბასის მუხლებს არ მოეხვიენ): `მუდამ აცდენდნენ უვიცსა [და] გამოუცდელ [თეიმურაზს] სწორ გზას და არწმუნებდნენ მას, არ წასულიყო ცის მსგავს სასახლეში (შაჰის კარზე)~; `[თეიმურაზმა] ბოროტგამზრახველების წაქეზებით, ამჯერად საპატიო მიზეზის გარეშე უარი სთქვა [მოსვლაზე] და [შაჰის] სამსახურის ბედნიერებას არ ეზიარა~; თეიმურაზთან, რომელიც `გამოუცდელი და უვიცი, ხელმწიფის ჩრდილქვეშ იყო გამოზრდილი~, შაჰ აბასმა მასთან თავის კაცი გაგზავნა, რათა მისთვის `დაუდევრობის ბამბა ამოეცლია ყურებიდან~; `თეიმურაზი და ლუარსაბი, ეს ორი უვიცი და უგუნური...~ ხოჯა Mმოჰამედ რეზამ `მჭერმეტყველებით, ბრძნული გამოკვლევით და ჭკვიანური, გონიერი სიტყვით ის ველურები და `უმეცრების ველზე მოხეტიალენი (იგულისხმება იმერეთის სამეფო კარი და იქ თავშეფარებული მეფეები _ თეიმურაზი და ლუარსაბი) ისევ გამოიყვანა მტრობის სადგომიდან და ერთგულებისა და თანხმობის მოსურნე გახადა~. `ლუარსაბმა თავისი გარეგნობა წრფელი ერთგულების კვართით შეიმკო, შიგნით კი ვერაგობით და მზაკვრობით [სავსემ], რაც იმ ხალხის (ქართველების) ბუნებას შეადგენს~. სხვა მსგავსი, ქართველი ხალხის, მათი მეფეებისა და დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების შეურაცხმყოფელი ეპითეტების ამოკრება შეიძლება ისქანდერ მუნშის ნაშრომიდან.… მაგრამ, ვიმეორებ, თეიმურაზი, როგორც მთელი მისი ცხოვრებიდან, პოლიტიკური და დიპლომატიური საქმიანობიდან ჩანს, იყო საკმაოდ პრაგმატისტი და დასახული მიზნის მიღწევისათვის შეუპოვარი. ის რომ მართლა ისეთი ყოფილიყო, როგორსაც არჩილი წარმოაჩენდა, მაშინ იგი გამეფებისთანავე შაჰის მსხვერპლი ან ირანის მბრძანებლის ყველა სურვილის ამსრულებელი გახდებოდა და მის ოჯახს და ქვეყანას ის უბედურება ასცდებოდა, რომელიც შაჰ აბასმა საქართველოში დაატრიალა.
ალბათ, საინტერესო უნდა იყოს, ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებელი, ირანში მოპოვებული ცნობების მიხედვით, როგორ მსჯელობს შაჰ აბასის მიერ `გურჯისტანის~ აკლებაზე. 1617 წლის 24 ნოემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც გაგზავნილია ესპანეთის მეფისადმი, აღნიშნულია, რომ კახეთის დედოფალი-ბეგუნი ქეთევანი, აღმოსავლეთ საქართველოს ანუ გურჯისტანის, იგივე ალბანიის (შუა საუკუნეებში ევროპელები კახეთს ასე უწოდებენ) მმართველის დედა, შირაზში ჩამოიყვანეს. `ეს ქრისტიანი დედოფალი არ იყო დამნაშავე, _ წერს ანონიმი ავტორი, _ თავისი შვილის [თეიმურაზის] აჯანყებისათვის, მაგრამ ირანის შაჰმა, აღშფოთებულმა იმით, რომ მისი შვილი ხელთ ვერ იგდო, გაანადგურა და გაძარცვა მთელი ქვეყანა, 80 ათასი სული ტყვე ხელთ იგდო და ამასთანავე, ეს დედოფალი 8 და 9 წლის ორი ბავშვით, მისი შვილიშვილებით, იგივე თეიმურაზის შვილებით~.
ამგვარად, სხვადასხვა მიზანდასახულების წყაროები, სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციას ითხოვს. გასაგებია არჩილ მეფის პოზიცია, როდესაც თეიმურაზის შაჰისადმი უსაფუძვლო ნდობასა და მის გაუტანლობაზე გადმოგვცემს, ამით მას უნდა ხაზი გაუსვას შაჰის უსამართლოდ მოქმედებას.
ისქანდერ მუნშის მიხედვით, რამდენი სიკეთე არ ჩაიდინა შაჰ აბასმა თეიმურაზ მეფისა და ლუარსაბ მეფის ბედნიერებისათვის, მაგრამ ისინი იმდენად უვიცნი და დაუნახავები იყვნენ, რომ შესაფერისად ვერ გამოიყენეს ეს სიკეთე და შაჰისადმიც უპატივისცემოდ იქცეოდნენ. ამიტომ მოიმკეს მათ ის ნაყოფი, რაც დაიმსახურეს. ასეთია ისქანდერ მუნშის თხზულების პათოსი.
ზემოთ დამოწმებული ესპანური წყაროს ავტორი კი, რომელიც, როგორც ჩანს, დაახლოებული იყო ირანის მმართველ წრეებთან, ახმოვანებს იმ ბრალდებას, რასაც თეიმურაზს ირანში უყენებდნენ და ამით სურდათ გაემართლებინათ ის საშინელება, რაც ყიზილბაშებმა საქართველოში ჩაიდინეს.
გადავხედოთ რა ხდებოდა თეიმურაზისა და შაჰ აბასის ურთიერთობაში, მანამდე, ვიდრე ქართლ-კახეთში ტარაგედია დატრიალდებოდა. აი რას გადმოგვცემს ისქანდერ მუნში: თეიმურაზის გამეფებისთანავე, `საქართველოს დიდებულებმა და იმ ხალხის ბერებმა~, ალბათ იმიტომ, რომ ირანთან მშვიდობა უნდოდათ და იმიტომაც, რომ ქრისტიანი მეფე დაანებათ შაჰმა, განაცხადეს მორჩილება და იკისრეს ალექსანდრე მეორის დროს თუ ირანის წინაშე შესაფერის სამსახურს ვერ სწევდნენ, ყველაფერს აანაზღაურებდნენ. ამის შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია, რომ შაჰ აბასმა 1607 წელს მოითხოვა, რომ `თეიმურაზ-ხანი მოსულიყო გაწყობილი ჯარით შემახის ციხეში და [შაჰის] სამსახურად დამდგარიყო~. მაგრამ თეიმურაზი შაჰს არ ეახლა. როგორც ისტორიკოსი ამბობს, კახეთის მეფემ ვიღაც `ბოროტგანმზრახველებს~ დაუჯერა, შაჰს ბოდიში შეუთვალა და `ითხოვა, რომ გაეთავისუფლებინათ ამჟამად მაღალ კარზე ხლებისაგან და რომ გამოგზავნიდა თავის დედას _ დედოფალს, რომელიც მისი ქვეყნის მთავარი საქმეების გადამწყვეტი იყო~. პიეტრო დელა ვალეც აღნიშნავდა, რომ `რამოდენიმე წლის განმავლობაში, როცა თეიმურაზ მცირე წლოვანი იყო, ქვრივი ქეთევანი ჰმართავდა სახელმწიფოს~.
რა შეიძლება ვიფიქროთ თეიმურაზ მეფის სახელით შაჰისათვის შენათვალზე. უეჭველია, რომ თეიმურაზი შაჰთან არ გაუშვა მისმა დედამ, დედოფალმა ქეთევანმა და წერილიც მისი დაწერილი იქნებოდა. მან კარგად იცოდა, შაჰის ვერაგობა, მისი ოინები კახეთის სამეფო კარზე და პირადად მის ოჯახში. მისთვის ისიც ნათელი იყო, რატომ დათანხმდა აბასი თეიმურაზის კახეთში გამეფებაზე. შაჰს უნდოდა კონსტანტინეს ნამოქმედარით გამოწვეული კახელების სამართლიანი გულისწყრომა დაეცხრო. მაგრამ ისიც გასაგები იყო, რომ ეს შაჰის დროებით უკან დახევა იყო იმ გენერალური ხაზიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კახეთის გადაქცევას ირანის ერთ-ერთ სახანოდ. ქეთევანი მზად იყო თავი გაეწირა ყმაწვილი შვილისათვის. ქეთევან დედოფლის დიდ გავლენაზე კახეთის სამეფოში აღნიშნავს ისქანდერ მუნშიც.
შაჰი, ვითომდაც თავის ავტორიტეტს უფრთხილდებოდა (რა თქმა უნდა, არც უამისობა იყო) და მაინც მოითხოვდა, რომ ჯერ თეიმურაზი `მსუბუქად გვეახლოს სამსახურად. მიიღებს უკან დაბრუნების ნებართვას და შემდეგ, როცა წავა, თავის დედას გამოატანოს ლაშქარი, რამდენსაც შეძლებს~.
ქეთევან დედოფალი, მართლაც `ჯარის ერთი რაზმით, რომელიც სულ ათასზე მეტი კაცისაგან არ შედგებოდა~, შაჰის ბანაკში მივიდა, სადაც კარგად მიიღეს, მაგრამ ქართველთა რაზმი არავითარ საქმეში არ გამოიყენეს და უკან დააბრუნეს.
1610 წელს თეიმურაზ მეფე არდებილში შაჰ აბასის ბანაკში მივიდა და, თუ ისქანდერ მუნშის დავუჯერებთ, მან ეს თავისი სურვილით, შაჰისაგან ძალდატანების გარეშე გააკეთა. თეიმურაზს იქ დახვდა ქართლის მეფე ლუარსაბი. მათ ორივეს რაც სათხოვარი ჰქონდათ, შაჰმა შეუსრულა და სამშობლოში გამოისტუმრა.
ისქანდერ მუნში შემდეგში უბრუნდება თეიმურაზისა და ლუარსაბის შაჰ აბასთან ყოფნის საკითხს და დამატებით გვამცნობს, რომ გამგზვრების წინ მათ შაჰს სთხოვეს, თუ იგი სანადიროდ და `სასეიროდ~ წასვლას განიზრახავდა, ეცნობებინა ქართველი მეფეებისათვის და ისინიც `მსუბუქად და მარტო~ მიიღებდნენ მონაწილეობას. `ისინი პირობას სდებდნენ შაჰის წინაშე, რომ თუ ხელმწიფე საჭიროდ დაინახავს ჩვენს დასწრებას, მალემსრბოლს გამოგზავნის და მიგვიხმობს, იმავ წუთს გამოვემართებით და ნიავქარივით [სწრაფად] ბედნიერ ამალაში მოვალთო~. მაგრამ, როდესაც შაჰმა მართლაც მიიწვია ისინი სანადიროდ Mმაზანდარანში და კაციც გაუგზავნა, მათ `იმდენი იძვრინეს თავი, რომ მაზანდერანში [უკვე] დათბა, გაზაფხული და ნადირობის დრო გავიდა და მისი დიდებულება შაჰიც იმ ველაიეთიდან წამოვიდა. ამგვარად, მეფეებმა პირობა დაარღვიეს~.
სპარსელი ისტორიკოსის მონათხრობის მიზანია, მკითხველს შეუქმნას შთაბეჭდილება თეიმურაზ I-ისა და ლუარსაბ II-ის მიერ შაჰ აბასის მოტყუების შესახებ. უნდა ვიფიქროთ, რომ მეფეებს ამგვარი მოქმედების საფუძველი ჰქონდათ. ძალზე საყურადღებოდ მიმაჩნია იმავე ისტორიკოსის ერთი, გაკვრით ნათქვამი წინადადება: თეიმურაზ მეფეს შაჰთან აუდიენციის დროს პირდაპირ უთქვამს, რომ იგი `ზოგიერთ ქართველ აზნაურზე ცუდი შეხედულებისა იყო~. აქედან არ ჩანს თეიმურაზს მხოლოდ კახელი აზნაურები ჰყავდა მხედველობაში თუ კახელი და ქართლელიც. მაგრამ მინიშნება კი არის, რომ მან, როგორც თავისი, ისე ლუარსაბის სახელით უკმაყოფილება გამოთქვა. ისიც საინტერესოა, მაგრამ არ ჩანს, თეიმურაზს ირანში თუ საქართველოში მცხოვრები აზნაურები ჰყავდა მხედველობაში. სავსებით მოსალოდნელია, მას მხედველობაში ჰყავდა პროირანულად განწყობილი ის ფეოდალები, რომლებიც კახეთისა და ქართლის სამეფოში მეხუთე კოლონას ქმნიდნენ და ზეწოლას ახდენდნენ სამეფო კარზე. ჩემი ვარაუდი რომ უსაფუძვლო არ არის, არაპირდაპირ ჩანს ისკანდერ მუნშის შემდეგ ნათქვამში: `მაღალმა ხელმწიფემ ყურადღება მიაპყრო მისა (თეიმურაზისა) და ქართლის მეფის ლუარსაბის, რომელიც ხელმწიფეს ახლდა, მდგომარეობას, შეასრულა ორივეს თხოვნა და საწადელი, წყალობა უყო და წასვლის ნება მისცა. ისინიც დაკმაყოფილებულნი თავთავის ქვეყანაში წავიდნენ~.
სავარაუდოა, თეიმურაზს მხედველობაში ჰყავდა შაჰის კარზე მყოფი გიორგი სააკაძე და მის გარშემო შემოკრებილი თეიმურაზისა და ლუარსაბის უკმაყოფილო თავადაზნაურები.
უკვე ითქვა, რომ შაჰ აბასმა ახლად გამეფებულ ახალგაზრდა მემეფეებს ქართლსა და კახეთში მაშინვე ოპოზიცია გაუჩინა, რომლის წევრებიც თავიანთი კეთილდღეობით საკუთარ მეფეზე კი არა, შაჰზე დამოკიდებულნი იყვნენ.
შაჰ აბასის მიერ კახეთის მეფესა და დიდებულებს შორის ჩაგდებულმა უთანხმოებამ სერიოზულად იჩინა თავი თეიმურაზის მეორედ ქორწინების შემდეგ, რაშიც შაჰიცა და მისი მომხრე ქართველი დიდებულებიც, ვითომდაც, ქართლ-კახეთის გაერთიანების პირობას ხედავდნენ. როდესაც გაგულისებულმა შაჰმა თეიმურაზი და ლუარსაბი მაზანდარანს `სანადიროდ დაჰპატიჯა და იქაც მტრებმან დაცდინეს და მაზანდარას წასვლა დაუშალეს და იმავე დამშლელებმან უფრო შემოაბეზღეს და წინანდელთ მობეზღართ სიტყვანი გაამართლეს და ვისაც მათი წახდენა უნდოდა, იმათ კიდევ (მეფეები) დააფთხეს და შეაშინეს~. ფარსადან გორგიჯანიძე ლუარსაბ მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის შუღლის ჩამოგდებას და ამ უკანასკნელის ირანში გადახვეწაში ბრალს ისევ დიდებულებს სდებს: `ზოგნი კახეთის საბატიოს კაცის შვილები ყაენის კარზედ იყვნენ ბატონის თეიმურაზისაგან მოჩივარნი და ისინიც მოურავს გაუერთდენ და ქართლსა და კახეთზე გაილაშქრება ხემწფეს გამოურჩივეს და კიდეც დააჯერეს~. როგორც მეფე არჩილი თეიმურაზს ათქმევინებს, ესენი ის ხალხი იყვნენ ვინც, შაჰის მოთხოვნის შესაბამისად, თეიმურაზს ირანში შვილების გაგზავნას ურჩევდნენ. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ, თეიმურაზიც შაჰს ხლებოდა.
ზემოაღნიშნულის შემდეგ გასაგები უნდა იყოს თეიმურაზ მეფის მიერ შაჰთან გამოთქმული საყვედური ზოგიერთი ქართველი დიდებულის მიმართ. საფიქრებელია, ქართველი მეფეები შაჰისაგან უკმაყოფილონი წავიდნენ და მთავარ ამოცანად ანტიირანული ძალების გაერთიანება დაისახეს მიზნად. ამგვარი გაერთიანების აუცილებლობას დღის წესრიგში აყენებდა ირან-ოსმალეთის ომის დამთავრებაც.
1612 წლის ზავით ირანი გამარჯვებული გამოვიდა ომიდან. ოსმალეთის მთავრობის აზრით, აღმოსავლეთ საქართველოს ირანის გავლენის ქვეშ აღიარება, დროებითი იყო. ისიც გასაგები იყო, რომ ირანი ომითა და დიდი მსხვერპლით მოპოვებულ ამ წარმატებას მაქსიმალურად გამოიყენებდა და ერთხელ და სამუდამოდ ქართლსა და კახეთს თავისად გადააქცევდა. ერთი შეხედვით, როგორც ნ. ნაკაშიძე შენიშნავდა, `ქართლ-კახეთის პოლიტიკოსები არ უნდა ყოფილიყვნენ 1612 წლის ზავით უკმაყოფილო: აქ ქრისტიანი მეფეები ისხდნენ, რომლებიც ფორმალურად-ღა ჩანდნენ ირანის ხელდებულად. მაგრამ ეს ფაქტი საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა შაჰ აბასის პერსპექტიულ გეგმებს საქართველოს მიმართ, რომელიც გულისხმობდა ქრისტიან ბაგრატიონთა ფიზიკურ მოსპობას, მოსახლეობის აყრა-გადასახლებას, გამაჰმადიანებასა და ამ ტერიტორიაზე მაჰმადიანური სახანოების შექმნას~.
ოსმალეთის და ქართველი პოლიტიკოსების შიში, რომ შაჰ აბასი ომით მოპოვებულ უპირატესობას და ოსმალეთთან მშვიდობის დამყარებას აღმოსავლეთ საქართველოში თავისი პოზიციების განმტკიცებისა და `გურჯისტანის~ საკითხის სამუდამოდ გადასაჭრელად გამოიყენებდა, გამართლდა.
შაჰის განწყობილება და გეგმები არ შეიძლებოდა მხედველობიდან გამორჩენოდათ ქართველ პოლიტიკოსებს და მათ კონტრღონისძიებების გატარება სცადეს.
1613 წელს ჩამოყალიბდა ქართლისა და კახეთის სამეფოების ანტიირანული კოალიცია, რომლის სულისჩამდგმელად ისკანდერ მუნში ასახელებს შერმაზანს, რომელიც კახელი ბაგრატიონების ახლობელი და ერთგული შერმაზან ჩოლოყაშვილი უნდა იყოს. იგი ქეთევან დედოფალმა თან გააყოლა ირანში შაჰთან გაგზავნილ მცირეწლოვან უფლისწულ თეიმურაზს.
ისქანდერ მუნში ქართველი მეფეების შეთანხმების შესახებ წერს: `უეჭველია, რამდენიმე ქართველის, განსაკუთრებით შერმაზანის წაქეზებით დასდვეს მათ პირობა და პაემანი, რომ ამიერიდან ერთმანეთთან თანხმობით ყოფილიყვნენ, იმის საწინააღმდეგოდ, როგორც მათი მამები იქცეოდნენ, და სანამ შესაძლებელი იქნებოდა, თავისი საცხოვრებელიდან არ დაძრულიყვნენ და ყიზილბაშებისათვის არ ჩაეგდოთ თავი [ხელში]~. ისტორიკოსი შაჰის საქართველოზე ლაშქრობის დაწყებას ქართველ მეფე-მთავართა შორის ერთგულების ხელშეკრულების დადებას უკავშირებს.
არაქელ დავრიჟეცი მეფეთა შეთანხმების მიზეზად შაჰ აბასის საქართველოზე გამოლაშქრებას თვლის. ისინი იძულებული გახდნენ ერთობლივად დაეცვათ თავი. კავშირის დამყარების ინიციატორი, იმავე ავტორის მიხედვით, ლუარსაბ II იყო. მან თეიმურაზი თბილისში მიიწვია. მათ `შეჰკრეს პირობა და კავშირი, რომ იქნებოდნენ თანამოზიარენი და თანამოსაქმენი, ერთმანეთისათვის თავს დასდებდნენ და შეეწირებოდნენ ქრისტეს სახელს~.
აღნიშნულ ხელშეკრულებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. დღეისათვის ცნობილი წერილობითი წყაროები არაფერს ამბობს მეფეების მიერ გატარებულ თავდაცვით ღონისძიებებზე. უფრო მეტიც, თეიმურაზმა ერთი ისეთ მოქმედება ჩაიდინა, რომლითაც საგრძნობლად შეასუსტა თავისი შეიარაღებული ძალები. ეჭვიანობის საფუძველზე, მისი ბრძანებით, მოკლეს ცნობილი სარდალი, პოლიტიკური მოღვაწე და პოეტი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. უეჭველია, რომ თეიმურაზს ეს ნაბიჯი გადაადგმევინეს შაჰის აგენტებმა და მათი მითითებით მოქმედმა ზოგიერთმა კახელმა მსხვილმა თავადმა.
ოდესღაც ქრისტიანი და ქართულ კულტურას ნაზიარები ქისტეთ-ჩაჩნეთ-ლეკეთი XVI-XVII საუკუნეებში, ისლამის მიღების შემდეგ, საქართველოს სარწმუნეობრივად ჩამოშორდა. ირანის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ისინი საქართველოს მტრებად გადაიქცნენ. თეიმურაზმა მათ დასამორჩილებლად ჯარი გაგზავნა ცნობილი სარდლის ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მეთაურობით.
ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, ლეკთა თავდასხმების შესაჩერებლად `წარავლინა თეიმურაზ ომანიშვილი (ჩოლოყაშვილი) ქაიხოსრო, რამეთუ იყო იგი ახოვანი, შემართებული. ესე შევიდა დაღისტანსა შინა და დადგა მთასა ზედა, უწყო რბევა, სრვა და ოÃრება, და ვითარ ვერ წინააღუდგნენ, ითხოვა ბუკი თეიმურაზისაგან, რამეთუ მოშიშარ იქნებიან უფროსად. არამედ კახთა შეასმინეს ბატონს თეიმურაზს: `ნებავს კახეთი და მისთვის ითხოვს ბუკსაცა~. ამისთვის მოიყვანა ქაიხოსრო და მოჰკლა იგი ღალატად~.
თეიმურაზ მეფის მიერ ქაიხოსროს მოკვდინება, რომ შაჰ აბასის ინტრიგების შედეგად მოხდა, ამაზე საკმაოდ ვრცლად გადმოგვცემს პიეტრო დელა ვალე. შაჰი ითვალისწინებდა რა, ქეთევან დედოფლის დიდ ავტორიტეტს კახეთის სამეფოში, განიზრახა დედასა და შვილს შორის განხეთქილების მოხდენა. მან თეიმურაზს ჩააგონა, თითქოს მისი დედა მეორედ გათხოვებას აპირებდა ერთ დიდ მხედართმთავარზე. თითქოს ქეთევანს განზრახული ჰქონდა თეიმურაზისათვის მემკვიდრეობა წაერთმია და იმ ვაჟებისათვის შეენახა მეორე ქმართან რომ ეყოლებოდა. ამგვარად ჩაგონებულმა თეიმურაზმა მხედართმთავარი მოაკვლევინა და ქეთევანს ჩამოართვა ქვეყნის მართვის სადავეები. თეიმურაზმა რომ ქაიხოსრო ეჭვიანობის ნიადაგზე მოაკვლევინა, ამას გადმოგვცემს ანტონ ფურცელაძეც. რამდენად შეეფერებოდა ეს მიზეზები სიმართლეს, ამის მტკიცებას ან უარყოფას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ორივე მიზეზი უაღრესად სერიოზული იყო. მთავარი ის იყო, რომ ერთის ან მეორის სინამდვილეში დარწმუნებული თეიმურაზი, ქაიხოსროში ტახტის მოცილეს დაინახავდა. სავარაუდოა, რეპრესიები გარკვეულ დონეზე, ომან ჩოლოყაშვილის (ქაიხოსროს და ნიკოლოზ-ნიკიფორეს მამის) ოჯახის სხვა წევრებზეც გავრეცელდა. ქაიხოსროს დასჯა მოხდა შაჰ აბასის აღმოსავლეთ საქართველოში პირველად შემოჭრის წინ.
თეიმურაზ მეფის მიერ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მოკვდინების ნამდვილ მიზეზად გ. აკოფაშვილმა მისი პროირანული ორიენტაცია ივარაუდა, რომელიც მეფისათვის მიუღებელი იყო. გ. ჟორდანიას მიხედვით კი, რომელიც, ვფიქრობ, გასაზიარებელია, სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობა იყო. ქაიხოსრო ანტიირანული ორიენტაციისა უნდა ყოფილიყო და სწორედ ამის გამო ჩოლოყაშვილების გვარის ეს გამოჩენილი წარმომადგენელი შაჰ აბას I-ის ინტრიგების მსხვერპლი შეიქმნა. შაჰმა ისეთი ვითარება შექმნა, რომ თეიმურაზისავე ხელით მოიშორა ეს გამოჩენილი სარდალი, რითაც საგრძნობლად დაასუსტა კახეთის სამეფოს სამხედრო ძალა ირანელთა ინტერვენციის წინ.
ვფიქრობ, ქაიხოსროს მკვლელობის შემდეგ, მცირე ხანში, თეიმურაზი მიატოვა კიდევ ერთმა ჩოლოყაშვილმა, საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწემ, ნიკიფორე ირბახის სახელითა და გვარით ცნობილმა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა. მან თეიმურაზი მიატოვა და იერუსალიმში გაემგზავრა. სერიოზული პოლიტიკური მოღვაწისა და დიპლომატის ნიჭით დაჯილდოებული ნიკიფორეს წასვლა საქართველოდან თეიმურაზისათვის დიდი დანაკლისი იყო. უმნიშვნელო არ იყო ისიც, რომ შაჰის კარზე იყვნენ გავლენიანი კახელი თავადები: ადამ ანდრონიკაშვილი, დავით ჯანდიერი და ნოდარ ჯორჯაძე.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტების საქმეში, რა თქმა უნდა, დიდი როლი შეასრულა ქართლის სამეფოში გიორგი სააკაძის სახელთან დაკავშირებულმა ფეოდალურმა შუღლმა, დაპირისპირებული ბანაკების წარმოშობამ და საბოლოოდ დიდი მოურავის ირანში გაქცევამ. გიორგისთან ერთად 1612 წელს წავიდა ნუგზარ არაგვის ერისთავი, რომელიც მალე დაბრუნდა შაჰისაგან ნაწყალობევი და მარჯვე დროს უცდიდა. საქართველოზე წამოსულ შაჰ აბასს ნუგზარ ერისთავი განჯაში შეეგება. კახეთის აოხრების დროს ყიზილბაშთა ჯარი არაგვის საერისთაოს არ შეხებია. ამ და სხვა არასასურველმა მომენტებმა, რომლებიც მოხდა ირანელთა ინტერვენციის წინ, გადამწყვეტი თუ არა, მნიშვნელოვანი როლი მაინც შეასრულა შაჰ აბასის საქართველოს წინააღმდეგ საომარი გეგმის შემუშავებასა და იმ წარმატებაში, რომელიც ირანელებმა ქართლ-კახეთის სამეფოების წინააღმდეგ ომში მოიპოვეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий