воскресенье, 20 августа 2017 г.

ფარსადან გორგიჯანიძე (1626-1694) „საქართველოს ცხოვრება“

ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე (1626-1696) აღიზარდა ქართლის მეფე როსტომის კარზე. ახალგაზრდობაში რამდენიმეჯერ გაგზავნეს ირანში (ყაზვინი, გილანი) სხვადასხვა დავალებით. 1656 წელს როსტომმა, რომელიც შაჰის მიერ ისპაჰანის ტარუღად (მოურავად) იყო დანიშნული, გორგიჯანიძე თავის ნაცვლად გაგზავნა ირანის დედაქალაქში. შაჰმა მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ დართო ნება გორგიჯანიძეს, შესდგომოდა ისპაანის მოურავის მოვალეობის შესრულებას. 40 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იგი აბას II-ისა და სულეიმანის კარის სამსახურში.
გორგიჯანიძემ დაწერა საქართველოს ისტორია“, რომელიც მას 1696 წელს დაუმთავრებია. მასში აღწერილია საქართველოს ისტორია გაქრისტიანების დროიდან XVII საუკუნის მიწურულამდე. ივ. ჯავახიშვილმა გორგიჯანიძის თხზულება პირობითად 4 ნაწილად დაჰყო და თითოეული ნაწილის შეფასებაც მოგვცა.
პირველ ნაწილად ჯავახიშვილმა მიიჩნია თხრობა დასაწყისიდან თამარის გამეფებამდე. მეორე ნაწილი მისი აზრით „ქართლის ცხოვრებიდან არის გადაწერილი (გამოყენებულია „ისტორიანი და აზმანი“ და „ჟამთააღმწერელი“). იწყება თამარის გამეფებით და გრძელდება XIV საუკუნის დასაწყისამდე. მესამე ნაწილი მოიცავს XIV საუკუნის დასაწყისიდან 1636 წლამდე და ეყრდნობა ძირითადად სპარსულ წყაროიბს. მეოთხე ნაწილი კი მოიცავს უშუალოდ ფარსადანის ხანას, რომლის თვითმხილველი და თანადამხდურია ავტორი.
სავახიშვილი საგანგებოდ აღნიშნავს ფარსადანის ისტორიის მესამე და მეოთხე ნაწილების ღირებულებას, ხოლო პირველ და მეორე ნაწილს სრულიად უსარგებლოდ თვლის. თუმცა როგორც რევაზ კიკნაძემ გამოარკვია საქმე ასე სულაც არ ყოფილა. თხზულების დეტალური შესწავლის შემდეგ კიკნაძემ დაადგინა ფარსადანს ხელთ ჰქონია სულ ცოტა 3 ქართული მატიანის - „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“, „ისტორიანი და აზმანი...“, „ჟამთააღმწერელი“ - უფრო ძველი ნუსხა ვიდრე შემოგვრჩა, რომლის წყალობით შეგვიძლია აღვადგინოთ აღნიშნული მატიანეების ცალკეული ნაკლული ადგილები. ამდენად გორგიჯანიძის შრომას დიდი მნიშვნელობა აქვსქართლის ცხოვრებისმეცნიერული ტექსტის დადგენისთვისაც.
გარდა ქართულისა, გორგიჯანიძე სარგებლობდა სპარსული და სომხური წყაროებით. განსაკუთრებით უხვად იყენებდა სპარსელი ისტორიკოსის, ისქამდერ მუნშის, ნაშრომს.
გორგიჯანიძეს კარგად აქვს დანახული მისი დროის ირანის, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ფეოდალური საზოგადოების მანკიერი მხარეები, ცდილობს ისტორიული მოვლენათა მიზეზების ახსნას და ხშირად სწორ დასკვნებს იძლევა. გორგიჯანიძის თხზულება მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს ირანის, ოსმალეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიისათვის. გორგიჯანიძე სუსტად ფლობდა ლიტერატურულ ქართულ ენას, წერდა ხალხური კილოთი. ამასთან ნაკლებად მისდევს წყაროებს სიტყვასიტყვით და აზრებს საკუთარი სიტყვით გადმოსცემს.
„საქართველოს ისტორია“
ფარსადან გორგიჯანიძე და ვახტანგ გორგასალი
შრომას ფარსადანი მირიანისა ვახტანგ გორგასლის ისტორიებით იწყებს, რომელთა შესახებ, როგორც თვითონ ამბობს წყაროები არ ჰქონია და ზეპირსიტყვიერებაში შემონახულ ფაქტებს იყენებს. აშკარაა ამ ამბავზე დავით აღმაშენებლის ამბის გავლენა:
„------- უჯარმას გასწყობოდა და თვითონვე ქალაქად აეგო და ზამთრითი იქ დადგებოდა ნადირობისათვის, რომ ყველამხრით ახლოს ჰქონდა კარგი სანადიირონი: ყარაიაზი, მტკვრის პირი, იორს გაღმა-გამოღმართნი, მთა ბარი. ზაფხულობით თრიალეთს ავიდოდადა მოყვრობით ერანის ხემწიფეს ემსახურებოდა. ორჯერ ერანის ხემწიფეს ულაშქრა, ერთხელ ინდოეთს ზედან, მეორეთ მისრეთს (ეგვიპტე) ზედან. ერანელნი მამაცობით გურგასლანს ეძახდნენ. გურგ მგელსა ჰქვია და ასლან ლომსა. გულათა და მამაცობით როსტომს შეუდრიათ. ნაქმრეათ და მშვენებით ყოვლის მამაკაცისათვის უჯობნიატ. ამას უწინ თურქთა სახელი საქართველოში არ გაგონებულიყო. ამის დროში გაჩნდა დაშტი ყიბჩაღითა, დარუბანდის გზით გამოვიდნენ დიდი ლაშქრითა და ულუსითა. უწინ იზამთრეს თერგიდან შაბურანამდე ბათქუ და მისი გარეშემონი. მეორე ზამტარს მოვიდნენ მტკვარსა დსა იორსა და ალაზნის გაღმა-გამოღმართნი აივსნენ და იზამთრეს და არბევდნენ და აოხრებდენ შირვანისა და არანის ქვეყანასა და მრავალჯერ შეება ვახტანგ გორგასალი თურქთა, ვისაც მიწვდა, ცოცხალი ვეღარ გადაურჩა. თურქნი შეჯერდენ ვახტანგის ომსა, თითონი და გინდა ორორნი ვეღარ შემოებმოდნენ, მაგრამ ბევრნი ბაჰადურებნი თურქთა ერთგან შეიყრებოდნენ. და ისარს დააყრიდნენ როგორც წვიმასა და ჯაჭვს ვერ გაუტეხდნენ და ვისზედაც მიმართავდნენ, თუარ ცხენის სიფიცხითა ცოცხალი ვერ გადაურჩებოდნენ და ვახტანგის შიშით დავიუთ გარეჯას ვერარ ასცილდებოდნენ. ნადირობაში ვახტანგ მეფის მეაბჯრე უკან დავარდნილიყო. მიფარულთ თურქთ დაეჭირათ მოდარაჯეთა და მეფის ასე მამაცობა და უშიშრათ ომს მისვლა შეუპოვრათ გამოკითხეს, რისაგან არისო. იმასაც ასე ეთქვა: თავად ნამეტანად ხელძლიერი არისო და ფიცხელი და ცაუქი ცქვიტი არისო და გუნება აქვს გაბედულიო, მამაცობაში მეომართაგან გაუდრეკელი არისო, ქვეითად და გინდა ცხენს ზედ მოღალვა არ იცისო. მერე ჯაწვის იმედიცა აქვსო, ამით უფრო სეჰბედავსო. მერე თურქთ გამოჰკითხეს: ამდენ ისარს რომ დავაყრით და ჯაჭვს ვერ გაუტეხთო, რისაგან აქვს ამრიგი სიმაგრეო. მან ასე უპასუხა: ქართველნიც გაკვირებულანო იმ ჯაჭვის სიმაგრესაო, მაგრამ ვერ გაუგიათ რაო. გინდა ის ჯაჭვი წყალში იდვას, გინდა ტალახში სამუდამოდ ეგდოს, არც ჟანგი მოეკიდებისო, არცა ფერს იცვლისო და არცა სული აქვს რკინისაო, მაგრამ მეფის მრავალჯერ ჩაცმისგან ორგნით იღლიები ოფლს წაუხდენიანო, მეფესაც იქიდამენ ერიდებისო. თურქთ ეამა მეაბჯრის თქმული სიტყვანი და გუნებაში დაიმახსოვრეს თურქის ბაჰადურებმა და შეკრეს ასე პირობა: რა მეფე ვახტანგ ომს მოსული ნახონ, ყველანი ერთგან მიუხდენ ქამანდარნი და მარჯვეთ მსროლელნი, ისარნი იღლიას დააყარონ. რა თურქთ ეს პირობა ერთმანეთს აღუთქვეს, გაბედულნი გულოვანნი შეიქნენ და მოდარაჯენი დავით გარეჯას ასცილდნენ, მეფე ნახეს ცოტა კაცით იორის პირს ნადირობს. ეს ამბავი სწრაფად მოდარაჯეთ თურქთ ბაჰადურებს შეატყობინეს, ამათაც ომში ნაცადი კაცნი გამოარჩიეს, უეჭვო გზით მეფეს მიუხდენ სწრაფად. ნახა მეფემ, მდგომარმა ნახა თურქნი მასზე მოტევნულნი, წინ გადაეგება მეფე უშიშრად და შეიქნა ძლიერი ომი და ძალიანად ძმლის ცემა. მეფემან მარტომან მრავალნი თურქნი ცხენიდან გადმოჰყარა, ზოგნი დახოცა, ზოგნი გაიქცნენ. მეფე დაბრუნდა, შეიქმნა ომი და მეფემ სამნი თუქრნი მოაკვდინა, მიწევაში მეფეს იღლიას ორი ისარი ჰკრეს და ჯაჭვი გაუტეხეს, ძალზედ დაჰკოდეს და ისრის მკვრელნი თურქნი მეფის ყმებმა დახოცეს და მეფე დაჭრილი უჯარმას მივიდა და მრავალს ეცადნენ და ისრის პირი ამოართვეს და მრავალი წამალიც უყვეს, მაგრამ ურგები იყო წამალი და ამ დაკოდილობით მიიცვალა და ხემწიფური წესითა მცხეთას თავის აგებულ მონასტერში საფლავს მისცეს კარგი წესითა.
ფარსადან გორგიჯანიძე და სუმბატ დავითის ძე
ვახტანგის ამბის დასრულების შემდეგ, რადგან ფარსადანს მის მემკვიდრეთა შესახებ არანაირი ცნობა არ ჰქონია, პირდაპირ აგრძელებს სუმბატ დავითის ძის ბაგრატიონთა ისტორიით, რომელსაც ასე ასათაურებს: „რაც ამბავი ბაგრატონთა, რომ სომეხთ ცხოვრებაში სწერია მათი მოსვლა საქართველოში“.
მასალის შესწავლის შემდეგ რ. კიკნაძემ დაასკვნა რომ ფარსადანს ამ თხზულების ბევრად ძველი და ფაქტებით სავსე ნუსხა უნდა ჰქონოდა, თუმცა უკვე ძლიერ დაზიანებული. მათი განხილვის შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია შევავსოთ სუმბატის მატიანე:
1. „ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ დარჩა დარბაზი და პალატნი სახელმწიფო უმამაცოდ და დედანი და ქალნი და მხლებელნი თავ-ცემით მტირალნი უპატრონონი. მოგროვდენ კარსა ხემწიფისასა მეფენი, დიდებულნი და ერისთავნი; და ხევისბერნი და თემის უფროსნი ზოგნი ზოგს მიუვიდნენ, ემსახურებოდნენ, ზოგნი ერთმანეთის ჯავრით არბევდნენ და აოხრებდენ თემსა; და მეფის კარით შიში და მორიდება აღარვის ჰქონდა. და მცხეთის ქალაქსა და სახემწიფო სახლსა და სალაროსა, ქვეყანასა და მოხელეებსა და მოსამსახურეთა დაეპატრონა კაცი საღმთო საქმის მეცნიერი, ჭკვიანი და წმინდათ გაზრდილი და მართლმადიდებელი, სამართლის მოქმედი, მდიდართა და მდაბალთ შეფერებით პატივმცემელი, გლახაკთა და ქვრივ-ობოლთა შემბრალებელ-შემნახველი ბატონი კათალიკოზი მანაველ (იგულისხმება სამოელ III; დაახლ. 570-582). პატრონობდა სახლსა და სახემწიფოს მეფეთა მაგიერათ. ამან ქნა რჩევა და კრება. რაც ამან არჩივა, ყველამ მოისმინეს და დაუჯერეს ბრძანება. გამოარჩიეს ქვეყნის თავად და თავიანთზე უფროსად გუარამ, ნათესავი დავითიანთა“...
ამ ბოლო ორი წინადადებით დაწყებული ფარსადანი მიჰყვება სუმბატ დავითის ძის ჩვენთვის ცნობილ ტექსტს როიმელიც მოგვითხრობს გურამისა და მისი ძმების ამბავს, თუმცა სუმბატის ტექსტისგან განსხვავებით ფარსადანის ნუსხას მოეპოვება გუარამის ძმების მიერ ვეზანის მოკვლისა და კამბეჩოვანის დაკავების ამბის ორიგინალური და საინტერესო გაგრძელება:
2. ამაზედ თფილის ქალაქის უფროსნი და ქალაქთ უხუცესნი და მკვიდრნი იწყინეს და ნამეტანად გაჯავრდნენ და იწყინეს მოკვლა ვეზანისა. კაცნი აახლოს სამაველ კათალიკოზსა (სამოელ IV; დაახლ. 582-591) და აუწყეს სტუმართა და მძახალთაგან სიკვდილი სახლის პატრონისა, კამბეჩოვანის პატრონის. იწყინი ესები კათალიკოზმა, როგორც იუდა კარიოტელი, მწვალებელი იესო ქრისტესი, შვიდ გზის დაჰკრულა და შეაჩვენა მრავლის წყევლით, და წარმოსთქვა სიტყვა ძნელი, და ძველი ზნენი დავითიანთა - მოკვდინება მემშურნობითა თავისის ძმისა ურიასი, მეუღლის მშვენებისათვის და სიტურფის ნდომისათვის მოსაკლავად გაგზავნა - კათალიკოზმა გაბედა ძნელად სათქმელი სიტყვანი: გაცხადებით, მაღლის ხმით წამოიძახა მიუნდობლობა ნათესავთა დავითიანთა და საქმე მათი“.
ფარსადან გორგიჯანიძე და ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი


XVI-XVII საუკუნეები
„შეწევნითა ღვთისათა ერანის ხელმწიფების ამბავი ისმინეთ. ზოგი წიგნებში წაკითხულია და ზოგი ნახულია, ზოგი გაგონილია, შეგროვებულია და ისპაჰანში დაწერილია და ამის წერაში შაჰ სეფის ნათესავთაგან რვას ხელმწიფობა უქნია. უწინ შაჰ ისმეილ, მეორე მისი შვილი შაჰ თამაზ, მესამე ამისი შვილი შაჰ ისმეილ, მეოთხე ამისი ძმა შაჰ ხუდაბანდა, მეხუთე ამისი შვილი შაჰ აბაზ, მეექვსე ამისი შვილი შაჰ სეფი, მეშვიდე ამისი შვილი შაჰ აბაზ, მერვე ამისი შვილი შაჰ სულეიმან ამის წერაში ხელმწიფობდა, მაგრამ კარგად ყური მოუგდეთ რომ ყოველს კაცს მართებს წესად გაფრთხილება. უფროსი ერთის ხელმწიფობა თავის ყმათ წაურთმევია. მაშ ბატონმა ყმა ასე უნდა არ გააძლიეროს რომ პატრონის წახდენა შეეძლოს. აბა თუ ბატონი დაიჩაგრა, ყმა გაძლიერდება და ბატონობას მოინდომებს და ადვილათაც წართმევს, ამისთვის რომ ზოგნი მეყვისნი და მოყვარენი ეყოლება და ზოგს კარგს ყმობაში თვითონ მოიმადლებს და მოიყენებს. ზოგნი შეიშურება ჯავრითა ხელმწიფეზე ავგულნი შეიქნებიან, მიუვლენ და კიდეც ასე იქნება როგორც თავრიზს იქმნა ჯაჰანშა ხელმწიფის საქმე და თავისის ყმის უზუნ ჰასანისა.
ინდოეთიდან იერუსალემამდე ჯაჰანშა (ირანის შავბატკნიანი მმართველი 1438-1467) ხელმწიფობდა. თვითან თავრიზს იჯდა. გრძელი ჰასანბეგ (თეთრბატკნიანთა მეთაური 1453 წლიდან, ირანის შაჰი 1471-78 წლებში), რომელსაც უზუნ ჰასანს ეძახიან, ჯაჰანშას ყმა იყო და მისად შეუკითხავად არას იქმოდა, მიცემაც იმის ხელთ იყო და წართმევაცა. ხელმწიფის კარის უფროსნი და ნაპირის ბატონები ან მისი ნათესავნი იყვნენ ან მისგან ნაშოვნი ქონდათ. ამის ჯავრით ლაშქარი და ქვეყანანი ხელმწიფეს გაავებოდა და დიარბექირის ბეგლარბეგობა უზუნ ჰასანს მისცა და ბაღდადის ბატონობა მის ბიძაშვილსა და ჯაჰანშა თავრიზს იყო. ერანისა და თურქმანის უფროსებმა ერთგან პირობა შეჰკრეს და ასე თქვეს: მაშინაც ჯაჰანშამან ხელმწიფობა ჰასანბეგს დაანებაო და ქვეყანაც მის კერძს კაცებს უჭირავსო და მის უნებურს არასა იქმსო, ბარემ ყველანი იმას მივემხრეთო და აქ თავრიზს სახელმწიფოთ და რა დიარბექირიდან აქეთ გამოდგესო, ჯაჰანშას ვაცნოთო, ან ჯაჰანშას ის მოჰკლავსო და ან უზუნ ჰასანს ჯაჰანშა მოაკვლევინებსო, ამაში ერთსადა მოვიშორებთო.
რა ერანელთა და თურქმანთაგან ეს წიგნი ჰასანბეგს მიუვიდა, ისიც ბევრი სალაროთა და დიდის ლაშქრით წამოვიდა და ეს ამბავი ჯაჰანშას მოახსენეს. იმას კიდევ მეშურეობა ეგონა და არ დაუჯერა, სიდამდე თავრიზს ახლო არ მოვიდა. რა მოვიდა, ერთს დღეს ჯარს ვერსაიდან შემოიყრიდა, ღონე გაუწყდა ჯაჰანშასა, შამი-ყაზანის გზით უზუნ ჰასანი შემოვიდა თავრიზს. უჯანის გზით თავრიზიდან ჯანჰაშა გაეცალა ცარიელი, სალარო და სიმდიდრე მისი თავრიზს დარჩა და ჯაჰანშა უჯანის მთაში ავიდა და უზუნ ჰასანმა აღარ დააცალა რომ ან წავიდეს სადმე და ან ჯარი საიდანმე მოიშველოს. მეორე დღეს ჰასან მიუხდა, ჯაჰანს არც ჯარი ახლდა რომ შემობმოდა და არც წასასვლელი გზა ჰქონდა რომ გაქცეოდა. დაიჭირა მისგან ნამეტნავად გაკეთებულმა ყმამან უზუნ ჰასან თავისი გამკეთებელი ბატონი და მოკლა, მისი ცოლი შეირთო და ნაპირის ბატონები ამისგან დასმულნი იყვნენ და კარისკაცნი ზოგნი მოყვარენი იყვნენ და ზოგნი ჯავრით მიემხრნენ. უომრათ და გაურჯელად ერანში გახელმწიფდა.
სხვაც მრავალი ქნილა ამგვარი საქმები, მეტადრე უფროსი ერთი ყმათაგან. გადიდებას უკან პატრონისათვის წაურთმევია და კიდეც მოუკლავს, როგორც ლანგთემურს რომ თავისი ხელმწიფე შაჰამირან ბატონი მოკლა და თვითან გახელმწიფდა და ასევე უზუნ ჰასანს დაემართა: ამანაც თავისი ქალი თავის ყმას შაჰსეფის ნათესავს სულთან ჰაიდრს მისცა და დიდი პატივნი მიაპყრა, ასე რომ როგორც ხელმწიფეს ისევე სიძეს უჯერებდენ და სიძე ჭკვიანი კაცი იყო და რა ცოცხალ იყო, ყოვლის კაცის მომადრიელებას უკან იყო, თვითონ მიიცვალა და ხელმწიფის ქალთან ორი ვაჟი დარჩა, შაჰ ისმეილ და ძმა მისი.
აქა უზუნ ჰასან მიიცვალა და შვილი გაუხელმწიფდა
ცოტა ხანში უზუნ ჰასანის შვილმა ქმნა ხელმწიფობა და ისიც მიიცვალა და იმასაც ერთი შვილი დარჩა, სახელად ერქვა ალვანდ (1497-1502) და ერთი ძმისწული ჰყვდა, იმას მურად (1500-1508) ერქვა. ხელმწიფობაზე შეეცილენ მეფენი და თავნი კაცნი. ზოგნი ამას მოუდგნენ, ზოგნი იმას, იმათი შერიგება ქნეს, ასე რომ ყაზმინს იქითი გილანიდან ბაღდადს იქითი ალვანდს მისცეს და ჰამადანსა და ყაზმინს აქეთი, ერაყი და ფარსი და ქირმანი ხორასნამდე მურადს მისცეს.
ამათი გაყრის საქმით მამიდაშვილებიც შემოეცილენ. მამა-პაპათ მომადლებულნი კაცები შემოიყარეს და ქვეყნის დაჭირვა გაბედეს. ეს ამბავი თავრიზს ალვანდ ხელმწიფეს მოახსენეს, ჯარი გაუძახეს და შაჰ ისმეილს ძმა მოუკლეს. თვითონ გილანს გადაიხვეწა და ლაიჯნის ბატონმა დამალა და ხელმწიფემ კაცი გაუგზავნა და ძალზედ შაჰ ისმეილმა სთხოვა ლაჰიჯნის ბატონსა. იმათ ზაბილში ჩასვეს და ხიდან ჩამოჰკიდეს და ხელმწიფის გამოგზავნილ ყმას ასე შეჰფიცეს, რომ ჩვენს მიწაში არ არისო და სამ წლამდე დამალვით ინახავდენ. ამასობაში ალვად ხელმწიფე და მურად ხელმწიფე ბიძაშვილები გადაიკიდნენ და ნაპირის ბატონებიც განუდგნენ, თემი და ქვეყანანი აირია.
გილანის ბატონების მოხმარებით შაჰ ისმეილს ცოტა რამე ლაშქარი შეეყარა, უწინ რაშტს მივიდა, დაიჭირა, გასკრის ბატონი და ასტარის ბატონი მურად სულთან თალიშის ლაშქრითა თავიანთ ნებით მოუვიდნენ და ასტარიდან შირვანზე წაუძღვენ და ადვილად ბაქოს ციხე აიღეს და შირვან-შამახია დაიჭირეს, იქიდან ყარაბაღში გამოვიდნენ და იქაურნი თავადნი და ლაშქრის პატრონნი უომრათ მოუვიდნენ. იქიდან ნახჩევანს მივიდა და იქაური ლაშქარიც თან წაიყვანა, წავიდა თავრიზზე. ეს ამბავი ალვად ხელმწიფეს მოახსენეს და იმანაც შეიყარა ლაშქარი და თავრიზიდან გადგა წინ მისაგებლად საომრად. შაჰ ისმეილი აჩქარდა, არამც ქურთის ლაშქარი შემოეყაროსო და საქმე გაგვიჭირდესო. ჯულფის ბოლოს არაზში ფონათ გავიდა და მესამე დღეს იანგედუგს მივიდა. ალვანდ ხელმწიფე სოფიანს იდგა და ქურთის ლაშქარს ელოდა და ჯერ არ მოსვლოდა და აღარ დააცალა შაჰ ისმეილმა და მიუხდა.
აქა უწინ ომი შაჰ ისმეილისა და ალვად ხელმწიფის გაქცევა სოფანიდან
რა შაჰ ისმეილი სოფანს მიახლოვდა, ალვადშა თავისის ლაშქრით წინ გაეგება და შეიქნა ომი და ძალზედ ცემა და ერთმანეთის ჭიდაობა და გაიმარჯვა შაჰ ისმეილ და გაიქცა ალვანდ ხელმწიფე, ქურთისტანის გზით ურუმში (ე.ი. ოსმალეთში) წავიდა და თავისი სალარო და მორჭმა სიმდიდრე თავრიზს დარჩა. და შაჰ ისმეილ შევიდა თავრიზს და მზად დახვდა სალარო და სახელმწიფო ყოველი მორთულობა და გაურჯელად გაურიგდა და დაეპატრონა შაჰ ისმეილ და ალვანდ მივიდა ხონთქარს თანა და ხონთქარმა თავისი ვეზირ აზამი დიდი ლაშქრით ალვადს თან გამოატანა და ბაღდადის გზით ჰამადანს მოვიდა. მურად ხელმწიფე ისპაჰანიდან ერაყისა და სპარსეთის ლაშქრით ჰამადანს მივიდა თავისის ბიძაშვილის ალვანდ ხელმწიფის მისაშველებლათ და ორნივ ბიძაშვილები და ურუმის ვეზირ აზამი დიდი ლაშქრით იდგნენ.
შაჰ ისმეილს მოახსენეს - შენზე მოდიანო. თავრიზიდან გამოდგა და ასე თქვა: შარშან ის იყო ხელმწიფეო და ახლა თუ ქვეყანაში შემოუშვაო, ყველანი იმას მიუვლენო და ხონთქრის ვეზირ აზამი და ლაშქარი თან ახლავსო, ჩემი საქმე წახდებაო და იმათ იციანო, ჯერ მაგდენი შეძლება არა მაქვსო, რომ ორ ხელმწიფესა და ურუმთ ვეზირს შევებაო. ნებიერათ და უშიშრათ ყაზმინს მოვლენო, მე ამის მეტი ფიქრი არა მაქვსო, აქადენ ილღარსა ვიქო, ნაცადთა და გამორჩეულის კაცთ თან წავასხამო და ჰამადანს თავს დავესხმიო. თუ გავიმარჯვეო, ისპაჰანს ჩავალ და ხელმწიფეთ ვეკურთხებიო. თუ ვერ გავიმარჯვეო, შევაკვდებიო.
იღლარი შაჰ ისმეილისა თავრიზიდან, მერვე დღეს ჰამადანს მისვლა მოულოდნელად მტრისა
ურუმის ვეზირ აზამს მოახსენეს, მოულოდნელად რამე ლაშქარნი გამოჩნდაო. სანამ ცხენს შესხდებოდენ, ფიცხლავ ომი შეიქნა და დაუშინეს ერთმანეთს და ორმხრითვე ძალმიცემით იცემებოდნენ და ზოგმა ურუმის ლაშქარმა ცხენს შეჯდომა ვერ დაასწრეს და ვერც რაზმის დაწყობა დაასწრეს და ვერც თოფხანა წაიმძღვანეს და შაჰ ისმეილ და ლაშქარი მისი როგორც მგელი ცხვართა შინა გარეული, ისევე ესენი გაერივნენ და გაიმარჯვეს და გაიქცა ვეზირ აზამი და ლაშქარი მათი და ალვანდ ხელმწიფე ისევე ურუმში წავიდა და მურად ხელმწიფე უამბოთ დაიკარგა, რომ იმისი დღევანდლამდე ვერა გაიგეს რა.
შაჰ ისმეილ (I, 1502-1524) ჰამადნიდან ისპაჰანს მივიდა და ხელმწიფეთ ეკურთხა და ყველგან თავის სახელზე თეთრის დაღი გაგზავნა. ამ გამარჯვებამ დააჭერინა სპარსეთი, ქირმანი და არაბისტანი, ლორისტანი და ქურთისტანი, მაზანდარა, გილანი და ყოველი ქვეყანანი და მადგან ძღვენი და ბეგარა მოართვეს, ურჩნი და თავგამზიდავნი დახოცეს და მათი სალაროები თავისთვის დაიჭირა და თავის ერთგულთ დაუყო და გააკეთა და დაამდიდრა.
მრავალგვარად ეცადა და მრავალჯერ გაიმარჯვა და ბევრი ამბები და მრავალი ომი და ცდა და საქმით-საქმობა და ჭკუით გაბედულობა და ხელით გამამავლობა, ბევრი და გრძელი საქმე აქ მოკლედ დავწერე და თოთხმეტს წელიწადს იხელმწიფა და არდაველს მამა პაპათ საფლავში მიასვენეს ხელმწიფურის წესითა.
აქა გახელმწიფდა შაჰ ისმეილის შვილი შაჰ თამაზ (I, 1524-1576 წლ) მამას უკან ქორონიკონს რჟ (=1502 წ. თარიღში ცდება ფარსადანი)
შაჰ თამაზ ყაენი მივიდა ყარაბაღში, ზოგი ბატონები გამოცვალა და ზოგზე ბეგარა და ხარჯა დადვა, თავის სახელზე თეთრი მოაჭრევინა ქართველთ, მესხთა, კახთა და შამახელთა, მაგრამ ქართველნი შირვანს ძალას ატანდნენ და ყოველთვის არბევდნენ და შეძლების ღონით ხან ისინიც შემოებმოდენ და ქართველები ყაენთან ჩიოდნენ და შაქისელთ აბრალებდნენ ქართველთ მოხდომასა.
შაჰ თამაზ ყაენი შაქის ჩაუდგა, შაქელნი გაეცალნენ, ზოგნი ლეკში ჩავიდნენ, ზოგნი კახეთში შეიხიზნენ და ბატონ ლევანს (კახეთის მეფე 1518-1574) შეეხვეწეს და შაქის უფროსნი თავნი ბატონები გელასან გორასანის ციხეში შევიდნენ და ციხე გაიმაგრეს. შაჰ თამაზ ყაენი ციხეს შემოადგა და საქმე გაუჭირდა ციხოანთა, ღონე და მშველი არსაიდან ყავდა. შაქისის პატრონი ციხიდან გაეპარა, სხვებმა ციხე მოსცეს და ბატონი ლევან მრავლის ძღვნითა და ბევრი ფეშქაშით შაქისს ყაენს ეახლა და ხელმწიფემ კარგი თვალით ნახა და დიდი პატივი მიაპყრო. იმანაც ყმობა და სამსახური იკისრა და შაქელნიც ბატონ ლევანს აპატივა და შაქისის თავგამზიდავნი, რომელიც ხელში ჩაუვარდათ, მოკლეს და შაქის სხვა ბატონი და მცველი დაუყენა.
ყაენი შაქისს იყო რომ ქაიხოსროვ ათაბაგი (II, 1545-1573) ყვარყვარეს შვილი მესხთ ბატონი დიდის ძღვნით ყაენთან მოვიდა და ხელმწიფეს ეამა და დიდი პატივი სცა და ისიც ერთგულად ემსახურებოდა. მაგრამ ქართლის ერისთავი და მეფე ლუარსაბ (I, 1527-1556) და იმერელთ მეფე ბაგრატ (III, 1510-1565), მამია დადიანი ურჩობდნენ და იწყინებოდენ, ნაპირის ალაგს არბევდენ, ნამეტნავად სამცხის ქვეყანას და ქაიხოსროვ მათის ხელისაგან ჩიოდა და ყაენმა ლაშქარი მიაშველა ქაიხოსროვ ათაბაგსა და იმერეთს ჩაუდგა. რიონს გაღმართი იმერეთი და ოდიში წაახდინა და მრავალი ტყვე წაასხეს და ყაენს გაუგზავნეს. ამაზე ბაგრატ მეფემან და დადიანმა ყაენს ძღვენი მოართვეს და შემოეხვეწენ. მაგრამ ლუარსაბ მეფე ქართლისა არც დაწყნარდა და არც ძღვენი მოართვა და განჯასა, ერევანსა და შირვანს არბევდა და ნამეტნავად სამცხესა და მისის ხელით ყაენს საჩივარსა სწერდნენ.
აქა შაჰ თამაზ ყაენისაგან უწინ გალაშქრება ქართლის მეფეს ლუარსაბსზედა ქორონიკონს ას ოთხმოცდა რვასა (=1500. აქაც თარიღში დიდი ცდომილებაა)
შაჰ თამაზ ყაენი ყარაბაღში მივიდა და ლაშქარი ნახა, ომნახულნი მამაცნი და ხელ გამამავალნი ვაჟკაცნი არჩია, თორმეტი ათასი ცხენკეთილი შეუტყობლად მეფე ლუარსაბის წინააღმდეგ გაუძახა ბნელსა ღამეს, დანდობილს თფილის ქალაქს შიგ თავს დაესხნენ და მეფე იქ არ დახვდა. ქალაქს ცეცხლი მოუდვეს და მრავალი სული დახოცეს და ზოგნი თავიანთ ცოლშვილს ზედ ძალმიცემით და თავგამომეტებით იბრძოდენ. ზოგმა ცოლშვილნი გადახვეწეს და ზოგმა ციხეში შეასწრეს. თვითონაც ბევრნი დაიხოცნენ, ყიზილბაშიც მრავალი ამოწყვიტეს. ამისთვის გამარჯვება ყიზილბაშთ დარჩა. მეფე და ლაშქარი ზემო ქართლს იყვნენ და მოქალაქეთ ეს მოლოდინი არა ჰქონდათ და მერე ღამითაც დაესხნენ და იძახდეს - ყაენი მოვიდაო. მოქალაქენი ერთგან ვეღარ შეგროვდენ და ყველანი თავისი ცოლშვილის გადარჩენას ცდილობდენ. მაგრამ მაშინაც მრავალი დაატყვევეს. გულბად, რომელიც მეფის ლუარსაბისაგან დაყენებული ქალაქის ციხისთავი და მოურავი იყო და ან სხვა ვინც გადარჩნენ, ქალაქის ციხეში შეიხვეწნენ და ყიზილბაშის ლაშქარნი ციხეს შემოადგნენ. რადგან ლაშქრის მოლოდინი არსაიდან ჰქონდათ და ციხეში საჭმელი და ნუზლი არა ჰქონდათ და ვერც გარედან შეუგზავნეს და შიმშილმა ნამეტნავად ძალი უყო და არც მშველი გაუჩნდა, ღონე გაუწყდა და უვნებლობის ფიცი გამოართვეს და ციხე მისცეს და მას აქეთ ქალაქის ციხე ქართველთ ვეღარ იშოვეს. საბარათიანოს თავადნი და აზნაურნი და თავნი კაცნი ბირთვისის ციხე გაიმაგრეს და საბარათიანო მასში შევიდნენ და გამაგრდნენ და ყაენის ლაშქარი გარს შემოადგნენ. ომითა და ძალით ის ციხე არ აიღებოდა. დაუწყეს მოციქულობა. ზოგნი ციხის მცველნი ქადებით დაატყვევეს და შიგ მყოფნი გადაკიდნენ და ერთმანეთის ჯავრითა ბარათიანთ ციხე მოსცეს და მრავალს წყალობას ელოდნენ და მაგიერათ ვინც არ გათათრდა, თავები დააყრევინეს და ცოლშვილი ტყვეთ წაუსხეს. მეფე ლუარსაბ ქვათახევს ზევით მთაში იდგა და ყაენის ბრძანებით იქაც ყიზილბაშნი მიუხდნენ და ვერა ქნეს რა და მრავალი ყიზილბაშნი დახოცა. იქიდან საჯავახიანოს თავში მაგარ მთაში მივიდა. მრავალგვარად ცდაში იყო ყაენი, რომ ლუარსაბ მეფე ან მოკლას, ან დაიჭიროს, ან შეირიგოს. არ იქნა და ყიზილბაშიც მეფეს უკან დევნით შეჯერდენ, ამისთვის რომ ცოტას შეებმოდა, ბევრს უკუეცლებოდა და გზებს შეუკრავდა, ღამით თავს დაესხმოდა. ყაენი დაბრუნდა, თფილის ქალაქს შევიდა და ციხისთავი და მცველი გაუჩინა, თვით ყარაბაღში მივიდა.
მეორედ შაჰ თამაზ ყაენის მოსვლა საქართველოში
ალხაზ მირზა ყაენის შვილი შირვანში ბატონობდა და ავკაცობდა, ამისთვის ყაენი უწყრებოდა. რა ყაენის წამოსვლა შეიტყო, თავისი დედა სახვეწარათ ხელმწიფეს წინ მიაგება. ყაენი შირვანს მივიდა, იქაური საქმეები გაარიგა და თავგამზიდავნი ამოწყვიტა. იქიდან იანვრის სიცივეში რომ მტკვარი ასე გაეყინა, რომ ლაშქარი მასზე გადიოდ-გამოდიოდა. ანისის გზით შორეკალს მივიდა, იქიდან სამცხეს მივიდა.
კახეთის ბატონი ლევან და იმერეთის მეფე ბაგრატ ძღვნითა და კარგის ფეშქაშით ყაენთან მოვიდნენ. ის ლაშქრობა ერთგულად იმსახურეს.
თოვლს საქართველო ასე გაეხადა, რომ მთა და ბარი გასწორებული ჩანდა. იმ დროს ჯავახეთს თავს დაესხა. მრავალი სული დაატყვევეს, იქიდან ქართლზე ჩაიარეს, საბარათიანოს გზითა იქაც თარეში გაუშვეს, ალაგალაგ სახიზრები გასტეხეს და ბევრი ტყვე წაასხეს, მაგრამ მრავალნი ყიზილბაშნი ამოწყვიტეს.
იქიდან ბარდას მივიდნენ და გზიდან მეფე ბაგრატ გაისტუმრეს იმერეთს და ოცდაათი ათასი მარჩილის ხალათი და სხვა საჩუქარი მიართვეს თავადთა და აზნაურიშვილთ, გარდა ამისა იმათაც ხალათები და შეკაზმული ბედაური ცხენები უბოძა, ხმალი და ქუდი. ახალციხის გზით იმერეთს გადავიდა, მაგრამ ბატონმა ლევან ცოტას ხანს ხელმწიფესთან დაჰყო.
რა განჯას მივიდა, როგორც მეფე ბაგრატ, ისევე ბატონი ლევან გაისტუმრა მრავლის საჩუქრითა, ხმლით, გვირგვინითა, ბედაურის ცხენები მურასა ლაგამ-უნაგირითა, თვითონ მასაცა და მისს თავად აზნაურებსაცა. ნაშოვრით სავსენი კახეთს მივიდნენ. თვითონ შაჰთამაზ ხელმწიფემ ბარდას იზამთრა თავისი ლაშქრით.
ქორონიკონსა სლე (1547) მესამედ შაჰ თამაზ ყაენი საქართველოს წავიდა
უწინ შაქის მივიდა, დაიჭირა, იქაური ციხეები აიღო, თავგამზიდავნი ამოწყვიტა და შაქისს სხვა ბატონი უჩინა. იქვე შაქისს იყო რომ ქაიხოსროვ ათაბაგს არზა მოეწერა და მეფის ლუარსაბისაგან ეჩივლა და ლორის ბატონების შერმაზანისა და ვახუშტისაგან ეჩივლათ, რომ ზოგი ჩემი ქვეყნებისაგან დაიჭირესო და ჩემს თემს არბევენო და აზრუმის ბეგლარბეგი სკანდარფაშა ჩემზე წამოსულაო და არტანუჯის ციხეს გარე შემოსდგომიაო.
რადგან ყაენის ერთგული და ნამსახური იყო, ხელმწიფემ თვითონ შაქისიდან ილღარი ქნა და დიდი ლაშქრით სამცხეს მივიდა. მესხთ თავადები, ქაიხოსროვ ყვარყვარეს შვილის ურჩნი და მეფის ლუარსაბის მიმდექნი აიყარნენ და ციხეთა და ქვაბთა შიგან დაიხიზნენ. ამაებზე ხელმწიფემ ლაშქარნი გაუძახა. ყველგან ქართველნი თავიანთ ხიზანს ზედან ძალმიცემით და თავგამომეტებით შემოებნენ და ზოგნი ციხები აიღეს და კაცნი დახოცეს და ზოგნი ციხები ვერ აიღეს და მრავალი ყიზილბაშნი ამოწყდენ. ის ქვეყანა დარბიეს და მრავალი ნაშოვარ ქნეს და ტყვენი წაასხეს და ზოგნი მესხთ თავადები ზარზმის ციხეში შევიდნენ და გაამაგრეს.
იმ ციხის შუაგულს ალაგს ერთი ქვისაგან ერთი საყდარი გამოჭრილი სიმაღლით იალბუზის მთას უდრიდა და სიმაგრით ცასა და იმაში შესულიყვნენ. ყაენმა უბრძანა ზიადოღლის შავერდი სულთანს ნადირხან უსტაჯარლუსა, მრავლის ლაშქრითა ზარზმის ციხეს გაუძახა, გარშემოადგნენ. შიგნიდან ქართველნი, გარედან თათარნი ძალმიცემით იბძოდენ, მრავალი ყიზილბაშნი დახოცეს, მაგრამ ციხეს ერთს კერძოს ყიზილბაშნი შეუვიდნენ. შიგნით ძლიერი ომი შეიქნა. ციხეს გარეთ მებრძოლთ ყიზილბაშთ საომრად კაცი აღარ უჩინეს. ისინიც ციხეში შეუვიდნენ და ქართველნი ცოლშვილის გადარჩენას ცდილობდენ, მაგრამ ვერც ცოლშვილი გადაარჩინეს და თვითონაც დაიხოცნენ და ციხეც აიღეს და კაცნი დახოცეს და ცოლშვილნი ტყვეთ წაუსხეს. საყდარი რომ იმ ციხეში იყო, ღვთისაგან გაკეთებულად გაჩენილიყო და ჭკვიანთ მისი ანაგებულობა ეძნელებოდა და არც საქონლის სიბევრით და არცა ხელმწიფის ძალით ის იმგვარათ არ აშენდებოდა. იმ ციხის შუაგულას ათი ადლი ქვა ოთხკუთხით მოგძე ერთი ქვისაგან გათლილი და შიგნით გარეთ ამისი კედელი ოქროთა და ლაჟვარდით სახენი კაცისა და ანგელოზისა დახატულნი. ამასთან მეორე სახლი იყო შიგ დახატული ტრაპეზათ მოკაზმული. ერთი ოქროს ხატი კაცის სახითა აგებული იმ ტახტს ზედან აყუდებული მურასათ მოჭედილი, მრავალი ძვირფასი თვალმარგალიტი მასზე მსხდომარე რომ ჯუჰაირის მცნეთ თითო ორმოცდაათ თუმნათ დააფასეს. იმ საყდრის გვერდზედა გზა იპოვეს კლდეს გამოჭრილი, ნამეტნავად ვიწრო და დაბალი. ასორმოცდაათ ადლს კლდეში მაღლა შეივლიდა, იქ სამალავი ქონდა, მას თავში ორი კოშკი ქონდა. გარედან იმ საყდარს ორი ფოლადის კარი ება და ერთი ოქროსა კარი შიგნით ება.
შაჰ თამაზ ყაენი ციხეში ამოვიდა, ამისთვის რომ ამ საყდრისა მრავალი ქება მოახსენეს. რა ნახა ნაშენი და ნაქმრობა მისი, გაგონებულს უმეტესი იყო და სამალავიდან ოცი ბერი და მღვდელი გამოიყვანეს. რადგან იმ ციხის აღებაში მრავალი ყიზილბაში ამოწყდა, ამისთვის ის ბერები დახოცეს. იმ საყდარს სარეკელი ეკიდა ჩამოსხმული, სამოცდაათი ლიტრა დამტვრიეს, ოქროსა და ფოლადის კარები ჩამოხსნეს და სხვა მურასა და ოქრო-ვერცხლით მოკაზმულობა მურასა ხატები, კანდილები და სასანთლები, შესამოსელნი, ილორი და ოფორები, წიგნები და სასაკმველე და მოფენილობა, სხვაც მრავალი სალარონი გაზიდეს და ყაენის სალაროში მიზიდეს. ციხეს საცა კაცთაგან აშენებულობა ქონდა, დაქციეს.
თავადი შვილნი რომ მიმალულიყვნენ ამოან და შერმაზან და ავალი და ან სხვანი მოვიდნენ ხელმწიფეს წინაშე, მიწას აკოცეს. ქაიხოსრო ათაბაგს ყაენის მისვლით სკანდარფაშა გაეცალა. თავგამზიდავნი და ურჩნი მისნი ამოწყდნენ და თემი დაუმშვიდდა. ყაენის კარს მოდგა და მრავალი ფეშქაში მოართვა და ხელმწიფემანც მრავალი და სიდიდე და პატივნი და წყალობანი დამართა. შერმაზან ალჯუს რომ ლუარსაბს მეფეს ლორი-ბამბაკის ბატონი იყვნენ შაჰ თამაზ ყაენმა დაახოცვინა, მათი ალაგი ლორი-ბამბაკი და აღჯაყალა ყვარყვარეს შვილს ათაბაგ ქაიხოსროვს მისცა ყაენმა, სამცხიდან ქართლზე ჩამოიარა და თარეში გაუშვა და ზოგი ალაგი დარბია. ლუარსაბ მეფის მომხრე ვინც ნახა, მოკლა. იმათაც საცა მოიხელთეს ყიზილბაში, მოკლეს და ყარაბაღში მოვიდნენ და ხელმწიფემ ის ზამთარი იქ ეშლაღი ქნეს.
მეოთხედ შაჰ თამაზ ყანის მოსვლა საქართველოზედან ქკ῀ს სლჱ (1550)
შაჰ თამაზ ყაენმა მეფე ლუარსაბზე გამოილაშქრა, სულთან სულეიმან ხონთქარსა შეურიგდა და საქართველოს მეფებთ უნებურათ და შეუკითხავათ საქართველო გაიყვეს.
რადგან ხონთქარი და ყაენი მაჰმადის რჯულზე იყვნენ, დიდრონი მრავალი ქვეყანანი მამულათ ქონდათ და ორთავ მრავალი მეფენი ყმათა ჰყადათ და საქართველო თავად ცოტა იყო და მერე მრავლად გაყოფილი და ერთმანეთის ურჩნი და ქიშპნი მტერნი, ერთმანეთისა მარბევნი და მაწყინარნი და იესოს ქრისტეს რჯული ეჭირათ. ამისთვის იქით ურუმნი არბევდნენ და აქეთ ყიზილბაშნი და ამისთანა ორ დიდ ხელმწიფეს შუაში ბევრს ეცადეს, აქეთ იქნიეს ხმალი და იქით და მრავალი ნავნებიც ქნეს, მაგრამ არ იქნა და ვერცა რას თავს გაუვიდეს. ხონთქარმა და ყაენმა საქართველო შუა გაიყო. სამცხე, ქართლი და კახეთი ყაენსა, იმერეთი, ოდიში და აფხაზეთი, გურია და ლაზის ქვეყანა ხონთქარსა. ამ გაყოფას სრულად საქართველოს ბატონები დასჯერდნენ. მაგრამ მეფე ლუარსაბ არ სჯერიყო და კიდეც თაკილობდა, ამისთვის უფრო ურჩობდა და აქეთ ერანის თემსა და იქით ურუმის ქვეყანას არბევდა. გარეშე ქვეყნის თავადნი მეფეზე ერთგულად იყვნენ.
ყაენი დიდი ლაშქრით მასზე წამოვიდა. რა საბარათიანოში მოაწია, ქვეყანა აიყარა და სიმაგრებში დაიხიზნა და ყაენმა სახიზრებზე ლაშქარნი გაუძახა. საცა ყიზილბაშნი მიუხდა, ქართველნი შემოებმენ და ორმხრითვე მრავალი დაიხოცენ. სახიზრები წართვეს და ცოლ-შვილნი ტყვით წაუსხეს და მეფე ლუარსაბ სიმაგრეში იდგა და საბარათიანო ყაენმა დაიჭირა და იქიდან ქართლს გადავიდა, გორს დადგა. ქართველნი სიმაგრეებში დაიხიზნენ და ყაენმა ყოველგან ციხეებსა და სახიზრებზე ლაშქარი გაუძახა და რომელიც ნებით ციხეს მოსცემდნენ, არას წართვემდნენ. მაგრამ რომელ ციხეს ძალათ აიღებდნენ, თვითონაც ამოწყდებოდნენ და მრავალ ყიზილბაშს ამოწყვეტდნენ, ძალათ აღებულს ციხეში მყოფთ ტყვედ წაასხამდნენ. წედისის ციხე ძალათ აიღეს და ვერის ციხე ნებით მოსცეს, ფარსადანმა ციხოვანი უვნებლად გადაარჩინა.
ყაენის მოსვლა ატენის ციხესზედა
ლაშქარნი დაბალ ადგილზე დადგა და ციხე მაღალს კლდეს ზედ ნაგები იყო და გასაკვირვებელი სიმაგრე ქონდა, ქვითკირით ნაშენები იყო. მეფის ლუარსაბის დედა მრავლის თავადებისა და აზნაურშვილების ჯალაბნი (ოჯახი მსახურეულითურთ) მასთან იყვნენ და გარედან ლაშქარი შემოეხვია და შიგნიდან ქართველნი. შეიქნა შუღლი და ცემა და მრავალი ყიზილბაშნი ამოწყვიტეს. ციხის აღება გაძნელდა, ამისთვის რომ არც სიბა მიიტანებოდა, არც შეეთხრებოდა და არც საიდანმე ზარბაზანი მიუდგებოდა.
თათართ ერთი ატენელი კაცი დაიჭირეს, სიკვდილის შიშით იმან უთხრა: თუ არ მამკლავთო, ციხეს აგაღებინებო. ამათაც ფიცი მიცეს უვნებლობისა. იმან ეს ამბავი მოახსენა, ჭისა და აბაბრების წყალი დაელიაო და ჩრდილოეთისაკენო მომცრო წყარო გამოსდისო და იმის წყლით რჩებიანო და იმას მისაპარავი გზა აქვსო, იმას გასწავლიო და ის დაიჭირეთო და ღონე გაუწყდებათ, ციხეს მოგცემენო. წინ წაუძღვა და იმ წყლის გზა ასწავლა და ყიზილბაშთ ის წყალიც დაიჭირეს და ციხოვანთ მშველი აღარ გაუჩნდა, უწყლობამაც ძალი უყო და მრავალი ყიზილბაშნი და ქართველნი იმ ციხის აღებაში დაიხოცნენ და ციხე აიღეს. მეფის ლუარსაბის დედა დედოფალი და ოცდაათი ათასი ტყვე გამოასხეს. მეფე ლუარსაბ აჩაბეთს სიმაგრეში იდგა, ყაენი გორიდან აიყარა და ყარაბაღისაკენ წავიდა. მეფე ლუარსაბ უკან აედევნა და მოეიწია. ვისაც მორევას შეატყობდა, დახოცდა და იმათს ქონებას ქართველთ ლაშქარს დაუყოფდა და ვისიც მორევა არ შეძლო, არ გამოუჩნდებოდა.
ხანსა და დროს უკან კიდევ ყიზილბაშის ლაშქარი მოუხდა და მეფე ლუარსაბმა სიზმარი ნახა. მოკვლა ყიზილბაშთაგან მეფის ლუარსაბისა რომ თვითან იწინათწარმეტყველობა ქნა
ლუარსაბ მეფე მამაცობაზედ ნაქებია ყოველ საქართველოს მეფეთა და თავადთ ზედან ძველიდან ახალებამდე. თავათ კარგი სარდალი იყო და მერე გულოვანი, უხვი და უშურველი, მსმეველ-მჭმეველი, სამართლიანი, ყმა მორჩილი, ცხენოსან-ცეროსანი, ომში კოხტა და უშიშარი, მაგარი ქრისტიანე. ურუმთა და ყიზილბაშთ ნამეტნავად მისგან ეშინოდათ.
მეზობელნი რომელთაც ყმანი ემსახურებოდენ და თვითონ სხვათა ყმობის თქმა არ იკადრა. ამისის ჯავრით ხუთჯერ შაჰ თამაზ ყაენმა იმაზე ილაშქრა და ვერას საქმითა ვერც მოამშვიდა და ვერც მოკლა და ვერც დაიჭირა და ვერც შეიხვეწია, ამისთვის რომ ცოტას შემოებმოდა და ამოწყვეტდა ბევრს, უკუ ეცლებოდა, უფროსი ერთ ღამით დაესხმოდა, ზოგთ უკან წაეწეოდა და ზოგთ ვიწროში დახვდებოდა. ამ რიგის საქმეებით მრავალს ნავნებს იქმოდა. რა ყაენი მეოთხედ ქართლიდან დაბრუნდა, ყოველ ლაშქრობას უმეტესი აოხრება ქნა, მეფის დედა წაიყვანა. ამისი ჯავრით თავის ლომურს გუნებას ვეღარ გაუძლო, შეყარა ლაშქარი და ყაენის მამულს რბევა დაუწყო. ასე უთხრა ქართველთა: მამაცმან კაცმანო უნდა თავის თავი მგელს ამზავსო და მტრის ლაშქარი ცხვარი ეგონოსო. როგორც მგელი ცხვარს, ისე მტერთ უნდა მიუხდესო და გამარჯვება ღვთისა არისო. სადამდე ცოცხალი იყო, მანაც ასე ქნა.
ქ῀კს სმ (1552) მეფე ლუარსაბ გორიდან აიყარა და გარის კარხუნას მივიდა. შავერდი სულთან განჯის ბატონი ყაენისაგან იმ ნაპირის მცველათ დაეყენებინა. რა მეფის ლუარსაბის ლაშქრის შეყრა გაიგონა, იმანც არაზს აქეთი ლაშქარი შემოიყარა და მეფეზე წამოვიდა. იმ ღამეს მეფეს ლუარსაბს სიზმარი ენახა. მეორე დილას კათალიკოზი და საქართველოს თავადნი და თავის შვილები მოიხმო და ასე უთხრა: წუხელის სიზმარი ვნახეო, მართალი და ჭეშმარიტი დასაჯერებელიო, რომ უსაცილოთ ჩვენ გაგვემარჯვებისო და ყიზილბაშნი გაგვექცევიანო და ამ ომში მე მამკვლენო და ჩემს მკვლელს ქართველნი მოჰკვლენო და თავის უფროსს შვილს მეფეს სვიმონს ხელი მოჰკიდა და ქართველთ უბრძანა: ჩემი ხელმწიფობა ამ ჩემის უფროსის შვილისათვის მიმიციაო და თვითანც ღირსიც არისო და შვილებსაც უანდერძა - უფროს ძმას უმორჩილეთ და მხარი მოაბითო და ყველას უბძანა, ფეხთ აკოცეს და მეფეთ აკურთხეს და ასე დაარიგა: ჩემის სიკვდილის ხმას ნუ დაჰყრითო და ნურც ლაშქრობისაგან მოიშლებითო, თორედა თუ ყიზილბაშთ ჩემი სიკვდილი სცნანო, უფრო გაგულოვნდებიანო. მაშ ღვთის ძალითაო, რა ყიზილბაშზე გაიმარჯვოთო, მას უკან მცხეთასა მიწას მიმეცით, ჩემს გლოვას დაეხსენითო და ქვეყნის შენახვას გაუფრთხილდით. რა ეს სიზმარი მეფისაგან გაიგონეს, ყველანი ასტირდნენ და ასე მოახსენეს: რადგან მაგისთანა სიზმარი გინახავსო, ამ გზობით ნუ შევებმითო, უკუვეცალოთო. ეს სიტყვა მეფემ შორს დაუჭირა და ასე უთხრა: დღევანდლამდისინო ხონთქარსა და ყაენს პირი არ დავრიდეო. რით იქნებისო, რომ ახლა ერთს ყაჯარს პირი შემოვაქციოთო. ქართველნი მრავალს ეხვეწეს, მაგრამ მეფემ ზრახვას სიკვდილი არჩია და რა შავერდი სულთან რაზმ-წყობით მოახლოვდა, მეფე, თავადნი და აზნაურიშვილნი საომრად წინ მიეგებნენ. რაგინდ ქართველნი ცოტანი იყვნენ და ყიზილბაშნი ბევრნი, უწინ ქართველნი მიეტევნენ, როგორც მგლები ცხვარსა. აგრევე მათაც შეძლებით წამოუშინეს, მაგრამ ქართველების ომს ვერ გაუძლეს და ყიზილბაშნი მალე გაიქცნენ და ქართველნი ხოცით უკან მისდევდენ. თუ არ ცხენკეთილი კაცი, თორედა სხვანი ძვირათ გადაურჩნენ და მრავალი ყიზილბაშნი ამოწყდენ და მრავალი იშოვნეს და შავერდი სულთან გაიქცა და მეფე გამარჯვებული ცოტა კაცითა იდგა და მდევართ დაბრუნებას ელოდა, რომ ცოტა რამ ჯარი გაქცეული ყიზილბაშისა ტყეში მიმალულიყვნენ და ტყიდან ცოტა რამე კაცნი ნახეს მდგომარნი და მეფე მათში არ ეგონათ. ასე არჩიეს - რა ცოტანი არიან შეუტიოთო, ეგებ გაქცევის გზა ვიშოვნოთო, თუ არა და ესენი მეფეს აცნობებენო და ცოცხალი ვეღარ გადავურჩებითო. პირობა ერთი ქნეს და თავგამომეტებით შემოუტიეს და რა მეფემ თათარნი დაინახა, მეაბჯრეს შუბი გამოართვა და წინ მიეგება და ცხენს დაუძრა. გაჭენებულს ცხენს ფეხი ხვრელში ჩაუვარდა, ცხენი კისერზე დაეცა, მეფე ქვეშ მოიმწყვდია, თათართ წაქცეულს ისარი დააყარეს და მეფე იმათი ისრით მოკვდა.
აქა მეფე სვიმონ თავისის მამის ლუარსაბის ალაგს მეფედ აკურთხეს
რა ქართველთ ნახეს - მეფე ცხენ წაქცეულს ყიზილბაშთ ისარი დააყარეს - რა გინდ ქართველნი ცოტანი იყვნენ, მაინც შეუტიეს და ბერებმა ლახტებს ხელი წაიკრეს და ქართველთ ხმლებით წაუშინეს. მეფის მკვლელიცა და სხვანიც სრულად დახოცეს. იმათგან ერთი ყიზილბაში მეფის ცხენს წამოახტა და სხვა ცხენი იმას ვერ მიეწეოდა და ამისთვის წაუვიდა და მეფე ლუარსაბ თავის მამაპაპათ საფლავს მცხეთას მიასვენეს და მისი უფროსი შვილი სვიმონ მეფეთ აკურთხეს. მივიდნენ და ყველამხრით იქ მოვიდნენ, ხელმწიფების წესით იგლოვეს.
ამ დროს ქალაქი ყიზილბაშთ ეჭირათ და მცხეთიდან გორს მივიდნენ და გარეშემოს კაცნი მეფეს სვიმონს ემსახურებოდენ.
ოთხს წელიწადს შემდგომ საქართველოს ლაშქარი შეიყარა, კახის ბატონის შვილი გიორგი თავის სიძეს მეფეს სვიმონს მოეშველა კახეთის ლაშქრითა რომ ქალაქის ციხე აიღოს. ეს ამბავი ყარაბაღის ბატონს მიუვიდა. იმანაც არაზს აქეთი ლაშქარი შემოიყარა, ქალაქის მოსაშველებლათ წამოვიდა.
ქართველთ ხანდაგი გაეთხარა, ამისთვის რომ არამც მიპარვით ყიზილბაშნი თავს დაესხას. ყიზილბაშნი იმ ხანდაგთან ჩამოხტნენ და ხანდაგი გასწორეს და აქეთ ქართველთ და იქით ყიზილბაშთა რაზმი გააწყვეს და ყიზილბაშთ მეწინავეში და ქართველთ ლაშქარში ცემა და ომი გახშირდა. ქართველნი ძალმიცემითა და თავგამომეტებით იბრძოლეს და მრავალი ყიზილბაშნი დახოცეს.
რა განჯის ხანმა ასე თავგამომეტებით ქართველთ ომი ნახა, ყიზილბაშთ ასე უთხრა: გზა შორი გვაქვსო და რომ გაიქცეთ ვერსად გააღწევთო, უკან დაგვეწევიანო და ყველას ამოგვწყვეტენო. ბარემ მუხანათობით სიკვდილსაო ისევ ვაჯობინოთო, რომ ძალმიცემით ომი აუტეხოთო და ამათვე შევაკვდეთო. ყველამ თქვა - კარგი არისო და ერთ პირათ ალაჰ ალაჰ დაიძახეს და შეუტიეს ხმალაწვდილთა. იქიდან ქართველთ წამოუშინეს და ორმხრითვე კარგად იყვნენ, მაგრამ ყიზილბაში უფრო ბევრი მოკვდა და გაქცევასაც აპირებდენ.
კახეთის ჯარმა ხმა მაღლა შექნეს ტირილი და თავს ცემა რომ ბატონიშვილი გიორგი მოეკლათ. ომისა და დამარცხებისა აღარა ინაღვლეს რა, მკვდარი საომრის ადგილიდან გაიტანეს და ომი გაუშვეს. ამაზე ყიზილბაშთ დრო მოიცეს და მოშლილთა და მტირალთ ლაშქარს კიდევ შეუტიეს და ყიზილბაშთ გაიმარჯვეს და იმავე ღამეს შავერდი სულთან ქალაქში შევიდა.
მეფე სვიმონ თავისი ლაშქრით გორს მივიდა. კახის ბატონიშვილი გიორგი მოკლული მამას მიუტანეს. შვილისათვის შექნა ბატონმა ლევან თავს ცემა და ტირილი კახთა და გლოვა, გაცემა. ნამეტნავად გორს დარეჯან დედოფალს საყვარლის ძმის გიორგის ბატონიშვილის მოკვლა გაუმჟღავნეს და საქართველოს ჯარი იქ მოიკრიფა და მოუტირეს და იგლოვეს და შავით შეიმოსეს. ორმოცს ზედან ბატონი დარეჯან დედოფალი ქართლის თავადების ჯალაბითა კახეთს წავიდა მამის მისის შვილის მისატირებლათ. ძმისათვის ძაძა ცმული ალავერდს მივიდა. იქ ორმოცამდე მამასთან დაჰყო, იტირა, იგლოვა, მრავალი გასცა, ყველგან მეორმოცე დაუყენა და მამამ დედოფალს შავის გამოსაცვლელათ მრავალი მოართვა და ისევ ქართლს გაისტუმრა.
აქა ბატონი დავით თავის ძმას მეფის სიმონისაგან შემამწყრალი შაჰ თამაზ ყაენსთან წავიდა ყაზმინს
ქართველთ ქორონიკონს ორას ორმოცსა (=1552, აქაც ცდება ავტორი) ყაენი ყაზმინს იყო და ბატონიშვილის დავითის მოსვლა ყაენს მოახსენეს, ნამეტნავად ეამა და ერანელთაგან ვინც კარზე იყვნენ, ყველა წინ მიაგებეს და უფროსი ერთნი ბარათიანი თან ახლდნენ. რადგან მეფის სვიმონისაგან შემამწყრალი იყო, ამისთვის უფრო დიდი პატივნი დასდვეს და შვილობის რაყამი უბოძეს. მეჯლისში ყაენმა ახლოს მოისვა და როგორც ხელმწიფეს ქვეშ მოუფინეს და სასთაული დაუდვეს და მისი თავადნი მეჯლისში მსხდომთ ალაგ-ალაგ შუა და შუა ჩაუსხეს.
ცოტას ხანს შემდეგ დაათათრეს და სახელმწიფო იარაღი ყოვლის რისიმეთაგან უბოძეს სამეფო და მისს თავადებთა და აზნაურთა ცხენი, იარაღი, ხალათი და სახარჯო უბოძეს, ბატონყმიანათ რაც მიეცათ ცხრა ათასის თუმნისა ყოფილიყო. ქალაქი და სომხით-საბარათიანოს მეფობაც მისცეს და რაყამში შვილობა ჩაუწერეს და მესტუმრე გაატანეს და დიდის მორჭმითა და პატივით გაისტუმრეს. რა ქალაქს მივიდა, წელიწადში ერთს ხანს თავისის ლაშქრით მეფის დავითის ქეშიკათ მოუყენებდენ. მაგრამ მეფე სვიმონ არ ეხსნებოდა და არც აწყნარებდა, სომხით-საბარათიანოს არბევდა და ქალაქის აღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ აიღო.
ქ῀კს სნ (1562) კიდევ მეფემ სვიმონ ლაშქარი შეყარა, საქართველოს ცხენოსან-ქვეითნი და ქალაქზე წამოვიდა და ეს ამბავი მეფე დავითს მოახსენეს. იმანაც სომხით-ბარათიანი და მოქალაქენი და თათარნი შეყარა და საომრად ძმას წინ გადაუდგა. ნახა, რომ მეფის სვიმონის ლაშქარი ბევრია, აღარ შეება და ისევე ქალაქს მივიდა, მაგრამ ყარამანლუს ხალიფა რომ ყიზილბაშის სარდალი იყო ჭკუანაკლები და ამაყი კაცი, მეფეს დავითს არ დაუჯერა და მარტოკა სახელის გულისათვის მეფეს სვიმონს შეება და ძალმიცემით გაჭირვებით იომა და მრავალი ნავნებიცა ქნა და თვითონაც მოკლეს და ლაშქარიც ამოუწყვიტეს.
ეს ამბავი მეფე დავითმა ყაენს მისწერა და ლაშქარი სთხოვა და ყაენის ბძანება იქნა და ჰასანბეგ ყარამანლუ სარდლად უჩინეს, დიდი ლაშქრით მეფე დავითს მიაშველეს და მანაც თავისი ლაშქარი შეყარა და მეფეს სვიმონზედა გაილაშქრა და შეიბნენ და მრავალნი კაცნი ამოწყდნენ. მეფე სვიმონმა გაიმარჯვა, მეფე დავით და ყიზილბაშნი დამარცხებულნი ქალაქში შემოვიდნენ და მეფე სვიმონმა თან მოატანა და ქალაქის ციხეს შემოადგა და ესეც ეგონა - მოქალაქენი მამივლენო და ყაენის შიშით მოქალაქენი ვერ მოუვიდნენ და ცოლი და შვილი იმათაც ციხეში შეასხეს და ციხიდან შექნეს ბრძოლა და თოფისა და ზარბაზნის სროლა. აღარც ბარათიანი მოუვიდნენ და ციხიდან კაცები დაუხოცეს და ისევე გორს მივიდა.
ეს ამბავი მეფემ დავით კიდევ ყაენს მისწერა. კიდევ ყაენის ბრძანება იქნა, რომ ჩერქეზი შაქისის სულთანი სარდლათ უჩინეს და ადრიბეჟანის ლაშქარი მაზე შეიყარა და მეფეს დავითს მიეშველა და ხელმწიფის ბრძანება გაათავა და მეორეს იმავეს დროს შაქის სულთან ადრიბეჟანის ლაშქრით მეფეს დავითთან მოვიდნენ და ეს ამბავი მეფეს სვიმონს მოახსენეს, რომ მრავალი ლაშქარი მოსულაო და აჩქარება არა გვმართებსო, სიმაგრეს დავდგეთო. ისიც ლაშქრით სიმაგრეს დადგა. მეფე დავით ყიზილბაშის ლაშქრით სიახლოვეს მივიდა და ყიზილბაში გარეშემოს არბევდა. ეს მეფეს სვიმონს ეჯავრებოდა და საომრად წინ მოეგება.
მეფე სვიმონმა შუბი ხელთ თავისებურათ ამაყვრათ, მამაცობით, კისკასებით, კოხტაურად, დაკა აი ამათა ძახილითა თათართ ლაშქარში გამოერია. ქართველნი ვინც მეფეს სვიმონს იცნობდა, უკუემალვოდა, შუბით მრავალნი თათარნი გადმოჰყარა და ქართველნიც მოეტივნენ და შეიქნა შუბთა ძგერება, ლახტისა და ხმლით ტკაცა-ტკუცი. ზოგნი ქვეითათ რკენასა და ჭიდებაში იყვნენ. ბარათიანი და ყიზილბაშებიცა ძალ მიცემით იბრძოდენ. მეფეს შუბი გაუტყდა. ვინცაღა მეფეს სვიმონს შუბი შესცა და ცხენით გადმოსვა და შუბის შემცემან თავი აღარ გააცხადა თუ ვინ იყო, ქართველთაგან თქვეს და რა ყიზილბაშთ მეფე სვიმონ გადავარდნილი ნახეს, ზედ მოეტივნენ, ზოგნი ზედ დაეხოცნენ და ზოგნი გაიქცნენ და ზოგნი მეფეს სვიმონთან ერთად შეიპყრეს.
აქა შეპყრობა მეფის სვიმონისა და გამარჯვება მეფის დავითისა
შეიპყრეს მეფე სვიმონ და საქართველოს ზოგნი საპატიო კაცის შვილები თბილის ქალაქს მოასხეს და დიდის პატივით ყაენთან გაისტუმრეს ყაზმინს. დიდ ხნის მანძილზე შაჰ თამაზ ყაენი დიდის პატივით ინახავდა მისი მამაცობის გულისათვის და მისი გათათრება უნდოდა და მეფე სვიმონ არ გათათრდა. ამისთვის ალამუდის ციხეში გაგზავნეს. სიდამდე შაჰ თამაზ ყაენი ცოცხალ იყო, მეფე ალამუდის ციხეში იყო და რა ყაენი მიცვალა და მისი შვილი შაჰ ისმეილ (II, 1576-1577) გახელმწიფდა, იმან მეფე სვიმონ ალამუდიდან ყაზმინს მოაყვანინა და კარგი პატივით ინახავდა და შაჰ ისმეილ საწამლავით მოაკვდინეს.
აქა მეორე შაჰ ისმეილ საწამლავით მოაკვდინეს და მისი ძმა შაჰ ხუდაბანდა გახელმწიფეს
ამან მეფე სვიმონ გაათათრა და რაც მასთან დაჭირულნი თავადნი და აზნაურნი იყვნენ, მოუსხმევინა და ყველას ცხენი და იარაღი გაუკეთეს და ხალათი და სახარჯო მისცეს და მეფეს სვიმონს სახელმწიფო მოსახმარი ყოვლის იარაღისაგან გაურიგეს და ცხენი, აქლემი, ჯორი შეუკაზმეს, კარვები მოუფინეს და სალაროთ აუკიდეს და საქართველოს მეფობა მისცეს და რაყამი ძმობით მისწერეს და მეჰმანდარი გაატანეს და ყველანი წინ მოეგებნენ და ამილახორსა და ქსნის ერისთავს ბატონ დედოფალზედა და ბატონიშვილს გიორგიზე ორგულობა გასცხადებოდა.
ამისთვის ქართლში ვეღარ დადგნენ, ჯალაბობით გაეცალნენ და კახს ბატონს შეეხვეწნენ და მეფემ სვიმონ იმათი ალაგი და სოფლები საუფატიოთ ბატონ დედოფალს მიართვა და ზოგი თავის ძმას ბატონიშვილს ვახტანგს მისცა და ყაენის კარის უფროსნი მეფენი და მოხელენი და ვექილნი და ვაზირნი ორად გაიყვნენ და სულთან მაჰმად ხონთქარმა შაჰ ხუდაბანდა (მუჰამად ხუდაბანდა 1578-1587) დაჩაგრა და მეფე დავით ხონთქართან წავიდა და ხონთქარმა მრავალი წყალობა უყო და დიდი პატივი დასდვა. დიდი ლაშქრით ლალა ფაშა გამოუძახა. რადგან ერანის ხელმწიფის კარი აშლით იყო და აღარვის ეპუებოდენ და სულთან ჰაიდარ მირზა ყაენის შვილი ყიზილბაშთ კაცის შეყენებით მოაკვლევინეს, ამისთვის სარდალი და ლაშქარი ვერ დაახვედრეს, ადრიბეჟანი ცარიელი იყო. ხონთქარმა მამის ფიცი და წყობა შეშალა.
აქა მეფის დავითის მისვლა ხონთქარსთანა და ლალაფაშის გამოძახება, ადრიბეჟანის აღება ურუმთაგან
მოვიდა დიდი ლაშქრით ლალა ფაშა და აიღო ადრიბეჟანი, ქურთისტანი და ერევანი და ნახიჩვანი და ყარაბაღი და შარვანი, ქალაქი და გორი, ლორე და აღჯაყალა და ახალციხე და ქვეყანა მესხთა და ყოველს ციხებში მცველი დააყენეს.
მაგრამ მეფე სვიმონ არ მიუვიდა, დაუწყო ბრძოლა და ქალაქისა და გორის ციხიდან კაცს აღარ გამოუშვებდა, გზები შეუკრა. თუ არ დიდი ლაშქრით ნუზლისა და საჭმლისათვის კაცი ციხიდან ვერ გამოვიდოდა და საცა ურუმს ნახავდნენ, მოჰკლავდნენ.
უწინ მეფე სვიმონ გორის ციხეზე ცდილობდა აღებასა და ხუთასი ურუმი გორის ციხიდან გამოვიდნენ, გვერდის ძირის სოფლები დარბიეს და ნუზლი იშოვეს და წინ წამოიყარეს რომ გორის ციხეში შეასხან. ბატონიშვილი გოჩა და ხუთასი რჩეული კაცითა წინ დახვდა. შეექნათ ომი ძლიერი და დაუწყეს ერთმანეთს ძალზედ ცემა და ნამეტნავად თავგამომედებიულნი ურუმნი იცემებოდენ და უფროსი ერთნი ურუმთაგან დახოცეს. ზოგნი რომ გადაურჩნენ, ხურჯნებით ნუზლი ციხეში აიტანეს და გოჩა გამარჯვებული მეფეს სვიმონთან მოვიდა. ეამა და გორის ციხეს შემოადგა, ცხრა თვეს ებრძოდა და ნამეტნავად კარგად ფრთხილათ იყვნენ ურუმნი.
მეფემ ლაშქარი ციხიდან მოაშორა დიდ მარხვის შენახვისათვის და ურუმთ იცოდნენ, რომ დიდ მარხვაში ქრისტიანნი ომსა და შუღლს არ იქმენ. ამით ურუმნი მოტყუვდნენ, აღარ ფრთხილობდენ და მეფეს ებძანებინა ფარსადან ციციშვილისა და სულხან თურმანიძისათვის, რომ თქვენს მამულს შიგან მალვით მრავალნი კიბები გააკეთებინეთო და თქვენი ლაშქარი მზათა გყავდეთო. როდესაც შეგატყობინოო, მტკვრისა და ლიახვის შესართავის ბოლოს ჭალაში მზათ დამხვდითო მთვარის დალევის ჟამსა ბნელს ღამესაო.
პაემანზე მეფეც იქ მოვიდა ლაშქრით და იმათაც ლაშქარნი და კიბეები მზად დახვედრეს. მტკვრისაკენ მუნჯივით ხმა გამოუღებელი ციხეს მიეპარენ. სადამდე ჩახრუხაძის საყდარს არ ასცილდნენ, ურუმთ ციხეში მყოფთ ვერ შესცილდენ, ვერა გაიგეს რა და როცა შეიტყვეს მისვლა ლაშქრისა, შეიქნა ციხეში ძახილი და მაშხალები აანთეს და ციხის კედლებს გადაკიდებამდის უფროსნი ერთნი ქართველნი კიბით გადასულიყვნენ, კიბებზე იყო ბრძოლა და ცემა და გარედამაც ძალი მიატანეს და ციხე აიღეს. ძახილისა და ყვირილისა და ტკაცა-ტკუცის ხმა ამაღლდა. გოჩა ბატონიშვილი თავისი ლაშქრით მიეშველა და გათენებამდე იბრძოდენ ურუმნი და მესხნი და კარგადაც იყვნენ. მაგრამ რა ნახეს ციხე ქართველებით ავსებულნი, უვნებლობას შემოეხვეწნენ და ზოგნი მესხნი იგივე ციხეში ოქონის ხატს შეეხვეწნენ და მეფეს საფიცარი სთხოვეს.
მეფემ შეიხვეწა და თავის ძმის ვახტანგის ბატონიშვილის ხელით შანა გაუგზავნეს და ფიცი და პირი მისცეს და გამოინდვეს და შეიწყალეს და ყველას ცხენი და სახარჯო მისცეს და საგზალი და ჯარი თან გაატანეს რომ გზაზე არვინ არა აწყინოს რამე. რაც ციხეში იყო, ზოგი ლაშქართ დაუყო და რაც ხონთქრისა იყო ციხეში, მეფემან თავის ძმას ვახტანგს უბძანა რომ სამეფოთ წაიღოს.
* * *
ქორონიკონსა ორას ჩვიდმეტსა (სიზ = 1529. თარიღში აქაც ცდება) შაჰ თამაზ მიიცვალა და მისი შვილი შაჰ ისმეილ გახელმწიფდა. მეფე სვიმონ იმან ალამუდის ციხიდან ყაზმინს მოიყვანა და საქართველოს მეფობა მისცა და გასტუმრებაში იყო, რომ შაჰ ისმეილ საწამლავით მოაკვდინეს და მისი ძმა შაჰ ხუდაბანდა გახელმწიფეს და ამან მეფე სვიმონ გაათათრა და საცა მასთან დაჭირულნი თავადნი იყვნენ, ყაზმინს მოუსხმევინა და ყველას ცხენი, იარაღი და ბარგი და დასაკლისი რამეები გაუკეთეს და სახარჯო უბოძეს და მეფეს სიმონს სახელმწიფო ყოვლის რისმესა და ქარხანებისაგან მოართვეს და აქლემი, ცხენი და ჯორი და კარვები მისის მოფენილობითა და სხვა სალარო და სანდუხანა აუკიდეს, საქართველოს მეფობა მისცეს და რაყამში ძმობა ჩაუწერეს და მეჰმანდარი თან გაატანეს და გზებზე დიდი პატივის ცემითა და კარგის მასპინძლობით ქართლში მივიდა და ყველანი წინ მოეგებნენ და ამილახორი და ქსნის ერისთავი ქართლში ვეღარ დადგნენ, ამისთვის რომ ბატონის დედოფლისათვის ორგულობა ექნათ და კახს ბატონს შეხვეწნენ, ჯალაბობრივ იქ იყვნენ და მეფემ იმათი მამულები ზოგი დედოფალს მიართვა და ზოგი თავის ძმას ბატონის შვილს ვახტანგს მისცა.
მაგრამ მეფის სვიმონის გამოსტუმრება რა მეფე დავითმა გაიგონა, ფიცხლავ ხონთქარს კაცი გაუგზავნა და ლაშქარი მოიშველია და საქართველოს ციხეები ურუმთ მისცა და თვითანც ხონთქარის კარს მივიდა და კოსტანდილპავლეს (სტამბულს) ხონთქარს იამა და პატივი დასდვა. დავით მეფის შვილები მამას არ გაჰყვნენ, ბაგრატ და ხოსროვ კახის ბატონის სახლში მივიდნენ და უკანის დროს ორნივ ქართლში გამეფდენ. ბატონი სვიმონ ქართლში მეფობდა, მაგრამ ციხეები ურუმთ ეჭირათ.
ამისთანა დროს ყიზილბაშთა უმფროსმა კაცებმა შაჰ ხუდაბანდა ყაენი ასე დაჩაგრეს, რომ მაზანდრის ხელმწიფის ქალი სეიდი და ნამუსიანი ჭკვიანი და კარგად მრჩეველი ხელმწიფეს დედოფლათ შინ უჯდა და შეუხდენ საჯალაბოს და მოუკლეს. ხელმწიფე ბევრს შეეხვეწა, ნუ მამიკლავთო, ხელმწიფობა არ მინდაო. არ შეიხვეწიეს, მოუკლეს.
ეს ურუმთ შეიტყვეს, რომ ხელმწიფე ასე დაუჩაგრავთო. ვეზირ აზამი ლალა-ფაშა დიდი ლაშქრით გამოუძახეს, კახეთი, შირვანი, დაღისტანი, განჯა და ადრიბეჟანი, ქურთისტანი, ვანი და ნახჩევანი, სამცხე და ერევანი. მართალია ქართლის ციხები ურუმთ ეჭირა, მაგრამ თემი მეფეს სვიმონს ჰქონდა და მეფის შიშით ურუმნი ციხიდან ვერ გავიდოდნენ.
ყველგან ადრიბეჟანში და შირვანში მათი ფაშები ისხდენ და განჯის ბეგლარბეგი ბატონმა ალექსანდრემ დააჭერინა და ხელხუნდაიანი ხონთქარს გაუგზავნა და დღევანდლამდე კახეთი ამისთვის ყიზილბაშთაგან ითხრება და მეფემ სვიმონ გადადვა თავი, ხონთქრის გასაჯავრებლად და ყაენის საამებლად იქნია ხმალი და მრავალი ურუმი დახოცა და თავის საქართველოს ლაშქარს უთავა თავისი ბიძაშვილი გოჩა და მისი შიშით ციხიდან ურუმმნი ვერ გამოვიდოდნენ და შემოადგა მეფე სვიმონ გორის ციხესა და ცხრა თვეს მრავალგვარათ გარჯითა და ძალმიცემით იბრძოლეს და მტკვრისკენ მოპარვით როგორც აიღეს ზემორე სწერია და შიგან მყოფნი უვნებლათ გაუშვეს და ეს ამბავი ხონთქარს აცნობეს. გაჯავრდა და განრისხდა და თავრიზის ბეგლარბეგს ახტაჯაფარ ფაშას სარასკრობა უბძანეს და ასი ათასის კაცითა საქართველოს მეფე სვიმონზე გაგზავნეს.
მეფემ როცა გორის ციხე აიღო, იმერეთის დაჭირვაც მოინდომა. აბაშიძენი და ჩხეიძენი და წერეთლები და ან ვინც წყალწითელას აქეთ საპატიო კაცის შვილნი ესახლნენ, ყველანი მეფეს სვიმონს მოუვიდნენ, დიდროანი ზარბაზნებით უომრათ ქუთათის მიიყვანეს და ცხენისწყალს აქეთნი თავადები ზოგნი მოუვიდნენ და ზოგნი არა, დადიანს მიუვიდნენ, მეფე სვიმონ შეუპოვრობით და ამაყობითა უფროსნი ერთნი საქართველოს ლაშქარი და ჯარი დააბრუნა და თვითონ დადიანზე გაილაშქრა. და მეფეს დღეს-ხვალიობით ატყუებდენ - თუ დადიანი მოგივაო და დადიანსა სწერდენ - თავს დაგვესხითო, არ შემოგებმითო.
აქა მეფეს სვიმონს დადიანი თავს დაესხა ოფშკვითს და გაიმარჯვა
იმერნი, რომელნიც მეფის სვიმონისათვის ავნი იყვნენ, დადიანსა სწერდენ - თავს დაგვესხიო, არ შემოგებმითო, განგებ გაგექცევითო. ვინც მათი ეს რჩევა შეუტყო, მეფეს მოახსენა და არავის თქმული არ დაუჯერა და არც ეჭვი ჰქონდა, თუ ვინმე ჩემზე დასხმას გაბედავსო. დანდობილსა ანაზდათ თავს დაესხნენ და იმათ რომ მათთან სიტყვა ერთი ჰქონდათ, ტყეში უკუიფარნენ და ქართველნი ცოტანი შერჩენოდენ და ომი აღარ იქნებოდა. ვისიც ცხენს შეძლება ჰქონდა, მეფეს თან გაჰყვა. ვისაც არა, ზოგნი მიიმალნენ ტყებში და ზოგნი მეგრელთ დარჩნენ ტყვედ და სალარო და ბარგი და ზარბაზნები დადიანს დარჩა და დანარჩენი კაცები ოდიშერთ გამოჰყიდეს და მეფე გორს მოვიდა და თავის სიძეს ათაბაგს კაცი გაუგზავნა და ასე შეუთვალა - იმერელთ მიმუხანათესო, მანდიდან დიდის ლაშქრით თქვენ ჩაუდექითო და აქედან მე გადმოვალო. იმას მოეწერა - რა დრო არისო, რომ აზრუმის ბეგლარბეგიო ორმოცი ათასის კაცითაო ჩემ ბიძაშვილის ყვარყვარესათვის მოუშველებიაო და ჩემზე მოუძღვისო და ასი ათასის კაცითაო თავრიზის ბეგლარბეგი თქვენზე გამოგზავნესო, ჯერ ამათი ფიქრი ჰქენითო, თორადა იმერეთისა როცა იქნება ადვილი არისო.
ეს ამბავი მეფეს ნამეტნავად ეწყინა, ამ რიგ დამარცხებულ დროს ამისთანა დიდის მტრის მოხდომა. დაღონდენ და დედოფალი მეჯვრისხევს დააყენეს. ბატონიშვილი გიორგი დიდი ლაშქრით გორს დადგა რომ საითკენც ლაშქარი მოვიდეს, წინ ომი დახვედროს და მეფე სვიმონ საბარათიანოში გადავიდა რომ იქაური ლაშქარი შემოიყაროს.
ამბავი დაახვედრეს, რომ თავრიზის ბეგლარბეგი ახტაჯაფარ ფაშა საკაზს აქეთის ლაშქრით ალგეთზე ჩამოხდაო. რადგან მეფე სვიმონ მამაცობაზე ამაყი და შეუპოვარი იყო, არც გაღმართი ბარათიანი მოიცადა და არ სომხითარნი და არც შვილი ქართლის ლაშქრით არ შემოიცადა და მერე ძველითვე ალგეთზე ომი ქართველთათვის ავად დაცდენილია, მაგრამ მეფე დაუჯერებელი იყო და კაციც ცოტა ახლდა. უბრძანა ჯარსა, აღარას უშველისო, რადგან ახალი მოსულნი არიანო და ქალაქიც ურუმთ უჭირავთო, ქალაქში შესვლას ნუ დავაცლითო, თორედა საქმე უფრო გაგვიჭირდებაო. ვინც ომი დაუშალა, უწყინა და ასე ბრძანა: თქვენ მგელს ეგვანენითო და ისინი ცხვართ აგვანეთო და გაგულოვნდითო და რაზმით თავსა და ბოლოს თვალსაც ვერ გავაწვდენთო. მაშ საცა მიუხდეო, უკან მომდიეთო, ღმრთის წინაშენო ცოტა და ბევრი სწორი არისო.
უარი ვეღარავინ მოახსენა. წამოდგნენ ქართველნი და წესითა რჯულისებრ გაენდვენ მოძღვართა და ინანენ ნაქმარნი ცოდვანი მათნი და ეზიარეს და ერთმანეთს გამოესალმნენ.
აქა მეფე სვიმონ ურუმთ შება ალგეთზედა და დაირჩინეს და წაიყვანეს თავრიზს და იქიდან დიდის პატივით გაისტუმრეს კოსტადიპავლეს (ე.ი. სტამბულს)
ქართველთ ანდერძი გაათავეს და შეიკაზმნენ და ურუმთ ჯარიც ერთი თოფის მისაწევზე მოახლოვდნენ. მეფემ ცხენს დაუძრა და ქართველნი შუბდაგრძელებულნი ცხენჭენებით მიეტივნენ ანაზდეულ, როგორც ჩქაფის წვიმა სეტყვის ღვარნი მთისგან გაპეს რაზმი ურუმთა და გადმოყარეს მრავალნი და გაიარეს შიგა ყველამ თავგამომეტებით და ძალმიცემით. ნამეტნავად კარგად იყვნენ და ურუმნი გაკვირვებულ იყვნენ ამათის მამაცობასა, რომ ვისაც გადმოაგდებდენ, გასცვლიდნენ სხვაზე და თითოს ქართველს ოთხი და ხუთი ურუმი ცხენიდან გადმოეგდო და მეფე ხელშუბიანი რომელ თოფსა და დროშას შეუტევდა, მოშლიდა და მათაც გზა მისცემდნენ. მაგრამ იმათი ლაშქარი ასე ბევრნი იყვნენ, რომ ხელიც არ გამოეღოთ რაც ქართველნი ომს იყვნენ ათს დღესაც ვერ დახოცდენ.
ქართველნი ომის ქნით დაიღალნენ და ხელ თოფითაც მრავალნი დახოცეს ჯარიდან. მრავლის ხვეწნითა მეფე დააბრუნეს და რა ურუმთ სცნეს ქართველთ დაბრუნება, გახარდნენ და უკან აედევნენ და ქართველთაც ცხენი ააჩქარეს და მეფეს მიმავალსა საფლობიანს გზა ვიწროსა ვინცაღა უნებურათ მეფის ცხენს ცხენი შეაძგერა და მეფე ცხენს მჯდომი ტალახში დაეფლა. მრავალს ეცადნენ, მაგრამ ვეღარ გამოიყვანეს და ურუმთაც მოატანეს და მრავალი ქართველნი ზედ დაეხოცნენ, მაგრამ მაინც ვერა არგეს რა. მეფე მუხლის თავამდე ტალახში ჩაფლული ისარს ისროდა და ახლო ვერვინ ვერ მოუდგა. ერთმა ბარათაშვილმა ფაშამან მეფე იცნა და ჯაფარფაშას მოახსენა: ლაშქარი აღარვინ შერჩენია და ისევე ამაყად ტალახში ჩაფლობილი ისარს ისვრისო.
ფაშა წინ წადგა რომ მეფე ნახოს. რა ნახა, გაკვირვებული შეიქნა და ასე ბრძანა: ამის მეტის კაცისაგან ეს არა ქნილაო, რომ ხუთი ჟამი ძალმიცემით გასაჭირ ბრძოლა გადაეხადოსო და დამარცხებულსა და ლაშქარ ამოწყვეტილსა და თვითცხენიან თალახში ჩაფლული კიდევ მშვილდს ეზიდებისო. ამისი მოკვლა უღირსია კაცთათვისო, არვინ ისარი და თოფი არ ესროლოსო, ლაშქარი უკუდგნენო და ბელდარები მოვიდნენო, ტალახი გასჭრან და გზა გაუშრონო და მეფე გამოიყვანონო.
ისე ბარათაშვილი მეფესთან მივიდა და ვეზირ აზამის მაგიარ მოახსენა: მაგდენი ცდა რაღას გიშველისო, თქვენი ცოცხალი შეყრა გვინდაო, თორემ და თოფს გკრავენო და მოგკლავენო და მეფემ გაჯავრებულმა უთხრა: მამის შენის შვილი მე რასთვის სიკვდილს მაშინებო? მე სიკვდილისათვის გაჩენილ ვარო. ბარათაშვილმა კიდე ტკბილი და სამებელი სიტყვები მოახსენა მეფესა: რაც დღეს შენ ჰქენიო, არც როსტომს უქნია და არც ვახტანგ გორგასალს არ უქნია. ეს კარგი სიტყვები მეფეს იამა და ასე უბრძანა: მამის ჩემის მზემანო, ცოცხალი ჯაფარფაშას მეტს კაცს არ დავრჩებიო. წავიდა და ეს სიტყვა ჯაფარფაშასა მოახსენა. სრულად ურუმნი გაკვირვებულნი შეიქნენ. ამ მეფის ასე გალომება ჯაფარფაშას ეამა და მეფე ტალახიდან გამოიყვანეს და ვეზირ აზამი წინ მიეგება და მეფე გადაეხვია და გადაჰკოცნა.
მეფემ ასე მოახსენა: ნეტაი დედა თქვენსაო, რომ თქვენისთანა შვილი უშობიაო, რომ ჩემისთანა ნადირი ინადირეო. ფაშამ ასე მოახსენა: დედაჩემი დიაღ მლოცავი იყო და ერთი ღამე არისო რომ ლეილეთულ გეჯას ეძახიანო. ვინც იმ ღამეს ღვთის წინაწშე ხვეწნასა და აჯებას შეხვდებაო, ნატვრა აუსრულდებაო. წელიწადში ერთი ღამეაო. ის ღამეო დედას ჩემს ეპოვნაო და ჩემს გამარჯვებას შეხვეწნოდაო, ეს იმისგან მომეცაო ამ რიგი გამარჯვებაო. შენს შეპყრობას მე არ ღირს ვიყავო, მაგრამ თქვენ როგორც სონღული მტრედზე გაქანებული ბადეს გაებენითო და სპარსულად ლექსათაც ნათქვამიაო: მურღი ზირექ ჩუნ ბედაომ ივთად თაჰმულ ბაითშ (თუ მოხერხებული ჩიტი ბადეში მოყვა, უნდა მოითმინოს). მეფემ იცოდა, თუ რას იტყვის. მოახსენა: რომ არ მოვითმინო, ხელით რა გამომივაო. მეფეს დიდი პატივი მიაპყრეს და სახემწიფო კარავები დაუდგეს და ვისაც ქართველი შეეპყრა, მეფეს თან მოუსხმევინეს.
ფაშას მოახსენეს, ამის შვილი გიორგი საქართველოს ლაშქრით შეყრილი გორსა დგასო და მისი მოშველების იმედი აქვთო. ერთმა საკრავის მკვრელმან სიმღერით წამოსძახა: სიმონ ხანი ალგეთდა ალგეთდა (სიმონ-ხანი ალგეთზეა).
საქართველოს ლაშქრის შიშიც ქონდათ, აჩქარდნენ და იქიდან აიყარნენ და მეფე სვიმონ წაიყვანეს და წავიდნენ.
ქ῀კს სპ (1592. თარიღში აქაც ცდება). ბატონიშვილს გიორგის გორს ამბავი მოუვიდა, რომ გუშინ მამაშენი ალგეთის პირს ურუმთ შეება და ცოცხალი შეიპყრესო. ფიცხლავ ლაშქარს უბრძანეს, შუადღე გადასულიყო, ბატონიშვილი გიორგი ცხენ კეთილის კაცითა გორიდან ილღარი ქნა, ქვათახევის გზით გადაიარა და საცა ურმის ლაშქარი აყრილიყო, მეორეს დღეს იმავეს დროს იმათ ანაყარს ალაგს მოვიდნენ დაღლილნი და რომელთაც ცხენებს შეძლების ღონე ქონდათ, იმავე ღამეს უკან გაადევნეს.
ჯაფარ ფაშას მეფე სვიმონ გოქჩის მთაზე გადაეყვანა. ქართველნი უკან დავარდნილს ბარგს წასწეოდენ, მრავალი ნაშოვარი ექნათ და დაბრუნებულიყვნენ. მოვიდენ ბატონიშვილ გიორგის თანა, სრულ ქართველნი მოვიდნენ და ბატონიშვილი გიორგი მეფედ აკურთხეს და ქართველნი კარგად მოუდგნენ და ერთგულათ ემსახურებოდენ. და მეფე სვიმონ ხონთქართან მიიყვანეს და ურუმთ ქართლი მეფის დავითისათვის უნდოდა, მაგრამ მეფე დავით მიიცვალა და ქართველთ დაუწყეს ხონთქარს ხვეწნა და მეფის სვიმონის გამოშვებას ეაჯნენ. მრავალი ძვირფასი თვალმარგალიტი გაუგზავნეს და გიორგი მეფის შვილი დავით მძევლათ მიჰგვარეს რომ მეფე სვიმონ წამოიყვანონ.
ამ დროს ხონთქარს ამბავი მოუვიდა, რომ შაჰა ხუდაბანდასაო თავისმა შვილმა შაჰ აბაზმა ხელმწიფობა წაართვაო და მეფის სვიმონის ქალი შეირთო ფახრიჯჰან ბეგუმო ცოლათო და ურჩნი და ორგულნი და თავგამზიდავნი ამოწყვიტაო და ადრიბეჟანზედ წამოვიდაო. თავათდ უწინვე მეფე სვიმონს ხონთქარი ყაენის კერძობას სწამობდა. მერე ეს ამბავიც მოუვიდა. ქართველთ სახსარმანც ცუდათ ჩაუარა და ბატონიშვილი დავითიც დაჰკარგეს და მეფე სვიმონ დარჩა ურუმში და აიშალნენ ურუმნი და ყიზილბაშნი და შეიქნა ომი და ბრძოლა.
გახელმწიფება შაჰ აბაზ ყაენისა
მეფე სვიმონ კოსტანდიპავლეს მიიცვალა და მისი სიკვდილი შაჰაბაზ ყაენს ეწყინა და ადრიბეჟანის აღება მოინდომა და თავრიზის უფროსნი კაცნი ვაჭრობის მიზეზით ზოგნი ისპაჰანს ყაენს ახლდენ და ზოგნი თავრიზავე შეყენებულნი იყვნენ რომ როცა ურუმთ ზედ მიხდომის დრო იყოს, ყაენს შეატყობინონ. ახტა ჯაფარ ფაშა მამკვდარიყო და სხვა ფაშა მოსულიყო და ქურთის ბატონებს ურჩობა დაეწყოთ. თავრიზის ბეგლარბეგი ადრიბეჟანის ლაშქრით მათ მიხდომოდა და მრავალი ნავნები ექნა და ფაშას თავრიზიდან ქურთებზე წასვლა თავრიზელთ სწრაფათ ყაენისთვის მიეწერა. ყაენს უწინვე არდაველის ბეგლარბეგის ზულფიყარ ხანისათვის ებრძანებინა: რადგან შენი გარეშემო ურუმთ უჭირავსო, თხუთმეტი ათასი კაცი სამუდამოთ ჯამაგირით შეინახეო, მზადა გყავდესო და როცა ჩვენი ბძანება მიგივიდესო, ისე ჰქენ რაც გვებძანებინოსო.
ილღარი შაჰ აბას ყაენისაგან და მერვეს დღეს ისპაჰანიდან თავრიზს მისვლა შიბლის აქეთ ტბაზე ზულფიყარ ხანის მიგებება დიდის ლაშქრითა.
რა ყიზილბაშთ შორიდან ზულფიყარ ხანის ლაშქარი დაინახეს, ყაენს მოახსენეს, დიდი ჯარი გამოჩნდაო და ჩვენ ცოტანი ვართ და რა გვმართებსო. ყაენმა ასე უბრძანა: ის ლაშქარი მურთუზალის ჩვენად მოსაშველებლათ გამოუგზავნიაო და მისი ხმალი ზულფიყარიც მათში არისო. ამ სიტყვებში იყვნენ რომ ზულფიყარ ხანი მოვიდა და ყაენს ფეხსა აკოცა და ხელმწიფეს მისი მოსვლა ეამა და კარგი ამბავიც დაახვედრა, მოახსენა: ჯერ ფაშა თავრიზს არ შემოსულაო, ქურთები დაურბევიაო და ბევრი ნაშორი უქნიაო. ლაშქარისათვის რუხსათი მიუცემიაო, თავისას წასულანო, თვითან ცოტას კაცით ტბაზე სანადიროთ წასულაო.
ყაენმა უბრძანა: შენც კარგი ხარო და შენი ამბავიც კარგი არისო და და ჯარიც კარგი გახლავსო, მაგრამ ეს გვირჩიეო, თუ ახლა ჩვენ რა გვმართებსო. იმან ასე მოახსენა: მგზავრის მგავსათ ცოტა კაცნი დავიწინაუროთო, იმათი მებაჟენი დგანანო, ისინი დავიჭიროთო რომ თავრეზს ამბავი არ მიიტანონო და ხელმწიფე ამაღამ თავრიზს მივიდესო და თუ ფაშა მოსულიყოს, სხვა ფიქრი ვქნათო და თუ არ მოსულიყოსო, იმისი ფიქრი ვნახოთო. თქვენი სახელი დიდი და საშიშარი და ბედი ძლიერი არისო და გზა დაუჭიროთო და საითკენც მოვაო, ღვთის ძალით დავიჭერთო.
რაც მან მოახსენა, ისე ქნეს. მებაჟები დახოცეს, იმ ღამეს ყაენი თავრიზს შევიდა და ზოგნი თავრიზის უფროსნი კაცნი ღამით მოვიდნენ და ყაენს ფეხს ემთხვიეს და ფაშას არ მოსვლა მოახსენეს. ეამა და იმავე ღამეს ნაცადნი და ცხენ კეთილნი კაცნი გამოარჩიეს და საითკენც გზა იყო შემოსასვლელი, იმ გზებზე დაუყენეს და ყაენიც მოშორებით მივიდოდა. ამბავგაუგონელმა ფაშამ შორიდან ჯარი დაინახა რომ თავს თეთრი არვის ახვევია. ქურთი რომ დაერბია, იმათი ჯარი ეგონა, თუ წინ დაგვდგომიანო. ცხენი გამოიცვალა და ჯარს უბძანა: ცხენს მოსართავნი გაუსინჯეთო და იარაღი მოივარგეთო. მანამდე ესენი გაარიგეს, ჯარიც მოახლოვდა და შეექნათ სროლა და კიკლაობა. იცნეს, რომ ყიზილბაშნი, მაგრამ აღარას უშველიდა დარიდება. ცოტანი იყვნენ, მაგრამ კაცურად და მამაცურად ძალმიცემით და გაჭირვებით ომი გადაიხადეს და თავი არ დაიზოგეს და კარგადაც იყვნენ. სადამდე შეძლება ქონდა, ხმალი იქნიეს და მრავალი ნავნებიცა ქნეს, მაგრამ ხელმწიფე და ყიზილბაშნი ფიქრნაქმარნი იყვნენ და ბევრნი და გამორჩეულნი და ხელმწიფე ბედძლიერი და კარგად იყვნენ და ფაშას ცხენი ქვეშ გამოუკლეს, ქვეითათ შეიპრეს და მასთან მყოფნი ურუმნი ზოგნი შეიპყრეს, ზოგნი დაიხოცნენ, ზოგმა თავრიზის ციხეში შეასწრეს და ციხე გაიმაგრეს.
თავრიზის ფაშა შეპყრობილი ყაენის წინ მოიყვანეს და გამარჯვება მოულოცეს და ყაენმა ფაშას უბრძანა: ეს რა ჭკუა იყო, რომ ადრიბეჟანის ლაშქარი გაუშვიო, თავთავისას წავიდნენო, შენ სამარტოდ სანადიროთ წახველო. ფაშამ ასე მოახსენა: ჩემის ჭკუის ბრალი არ არისო, თქვენის ბედის ბრალი არისო, ამისთვისა რომ ხელმწიფის ბედი სუქებაშიგ არისო და ბევრს ჩემისთანას ფაშებს დამჭლობსო. ეს სიტყვა ყაენს ეამა და დიდი პატივი დასდვა. მობრძანდა თავრიზს და ციხეს შემოადგა. თავრიზელთ ვისაც ურუმი სიძეთა ჰყავდა, თავები მოჰკვეთეს და ხელმწიფეს მოართვეს და თავრიზის ციხეც აიღეს და მრავალი ნაშოვი ქნეს.
ამ ჟამს რადგან ურუმთ ფრანგნი (ე.ი. ევროპელნი) ებძოდნენ, ადრიბეჟანს ვეღარ მოეშველნენ. ხელმწიფე იმ ზამთარს თავრიზს დადგა, გაზაფხულს ერევნის ციხეს შემოადგა, მეფე გიორგი ქართლის ლაშქრით და ბატონი ალექსანდრე კახეთის ლაშქრითა.
მოშველება ერევანზე მეფის გიორგისა და ბატონის ალექსანდრესი ლაშქრითა
მეფე გიორგი ქართლის ლაშქრითა და ბატონი ალექსანდრე კახეთის ლაშქრით ერევანზე მოეშველნენ და ციხეც აიღეს და ყაენმა ქართველთა და კახთ მრავალი უბოძა. დიდი პატივით გიორგი მეფე ქართლს გაისტუმრა და ასე უბძანა: ნაპირის ალაგიაო, მალე მიდი და კარგად შეინახეო და ბატონს ალექსანდრეს ასე უბრძანა: თქვენი შვილი კოსტანტინეო ჩემგან გაზდილი არისო და მეფობის ღირსი არისო, მეც ბევრს ლაშქარს გავატანო და თქვენც თქვენის ჯარით მიეშველენითო, რომ შირვანი დაიჭიროსო, მაგისთვის მიმიცემიაო. აქედან მე ხელს მოუმართავო და იქიდან თქვენ ზურგი მოაბითო და გაძლიერდებაო.
მაგრამ იტყოდენ - ყაენი ბატონ ალექსანდრეზე ავგულად იყოო, ამისთვისაო რომ განჯის ბეგლარბეგი იმან ხელხუნდით ხონთქარს გაუგზავნაო და კოსტანტინეც დააბარაო: მე მამის შენისა დიდი ჯავრი მაქვსო. რა შირვანი დაიჭირო, მამა შენი მოკალო და კახეთიც შენთვის მამიციაო. რა მივიდნენ თათარნი და ქართველნი შირვანს ყაბალის ციხესა შემოადგნენ და შიგნიდან ურუმნი და გარედან ქართველნი და ყიზილბაშნი, შეიქნა ძალმიცემით ცემა და ბრძოლა. ნამეტნავათ კარგად იყვნენ კახნი და კოხტად იბრძოდენ. შიგნიდან ურუმთა და გარედან ყიზილბაშნი გაკვირებულნი შექნილიყვნენ ქართველთ გალომებასა და შეუპოვრად მხიარულად ომსა.
აიღეს ციხე ყაბალისა, დაიჭირეს შირვანი, გააბატონეს კოსტანტილე ბატონის ალექსანდრეს შვილი
გაუწყრა ღმერთი კოსტანტინეს, სწვალა მამაშვილობა, მამაც მოკლა და ძმაცა. ეს კახთ ნამეტნავად იწყინეს და კოსტანტინეს მოსაკლავად შინ მიუხდნენ. თვითონ გადაიხვეწა, ვეღარ იპოვეს, მაგრამ მისი სალარო და ქონება და მორთულობა კახთ აიკლეს და დაიფორაქეს და კოსტანტინე გადაიხვეწა და ბატონი ალექსანდრე და შვილი მისი დახოცილნი ქართული წესით კახეთს ალავერდის საყდარს მიასვენეს და იქ მოიკრიფენ ქართველნი და კახნი. ყველამ თავისი შეფერებით გადასაბურავი მიიღეს და გამოიტირეს და რაც ქრისტიანთ წესი იყო, გადაიხადეს.
და კოსტანტინე არდაველს მივიდა და ეს ამბავი ყაენს მისწერა. ყაენიდან ბძანება მოუვიდა და ადრიბეჟანის ლაშქარი შეიყარა და შახსეფის სალარო თან წაიღეო და შირვანი შენი არისო, მიუხდი კახთაო და რომელიც შენი ორგული იყოსო, მოჰკალო და რომელიც შენი ერთგული იყოსო, გაამდიდრეო.
მეხუთე თვეს დიდის ლაშქრით იგი შირვანს მივიდა და ზოგნი კახნი გვერდ ახლდნენ და ზოგნი განგებ მოუვიდნენ და ქეთევან დედოფალი ქვრივ კახეთში ბატონობდა. თეიმურაზ ყმაწვილი ყაენთან იყო. ამბავი მოვიდა, კოსტანტინე დიდი ლაშქრით წამოვიდაო. ეს ამბავი დედოფალმა ქართლის მეფე გიორგის მისწერა. იმან ფიცხლავ პაპუნა ამილახორი ზემო ქართლის ლაშქრით ქეთევან დედოფალს მიაშველეს და დედოფალმაც სრულ კახნი ჯალობობრივ საომრად მოასხა და ასე შეიფიცეს, რომ ცოლშვილი დროშას ქვეშ დავაყენოთ დედოფალთან და ჩვენ წინ შევიბნეთ და კიდეც ასე ჰქნეს.
ქართველნი და კახნი დროშას წინ წასცილდნეს და იქით კოსტანტინე ლაშქარს წინ წამოსცილდა. რომელიც კახნი ახლდნენ კოსტანტინეს, მოახსენეს: ქართველთ ლაშქრის სარდალი თქვენი ბიძა არისო და თქვენი ურჩევნიანო და დედოფალს შვილი არა ჰყავსო, კახნი ვისი გულისათვის თავის მემკვიდრეს ბატონს შემოებმისო. ცოტა კაცით წინ წადექითო, რა კახნი გიცნობენო, სახვეწარად კაცს გაახლებენო. მას უკან რომელიც ამჯობინოთ, ისე ჰქენითო. იმანაც დაუჯერა და თავის ლაშქარს წამოსცილდა და კახთ ლაშქართ მოახლოვდა. უღალატეს და წინიდან და უკანიდან წაუშინეს. მოკლეს კოსტანტინე კახთა, მამის მოკვლას შემდეგ ექვსი თვე იცოცხლა და ძველით სპარსულად ლექსად ნათქვამია: ფეიდარ ქუშ ფაჩაჰირა ნაშაათ აგერ შაჰთ ბჯუზ შეშ მაა ნაფაიათ - მამის მკვლელი ხელმწიფობას ვერა იქმსო; რომ კიდეც ქნასო, ექვსი თვის მეტი ვერა ქნასო. ძველი ნათქვამი იყო და აქაც ნათქვამივით გაცხადდა.
ეს ამბავი შაჰ აბაზ ყაენს მისწერეს და ნამეტნავად ეწყინა, მაგრამ სოფლის საფერისათ ასე ბრძანა: ხელიმც შერჩებისო, მამის მკვლელს უარესი უნდა დაემართოსო. ამ ამბავზე ქართლიდან ჩაფარი მოვიდა, გიორგი მეფე მოკვდაო. ყაენი არდაველს იყო, მაზანდარასა და გილანს წასვლა უნდოდა, აღარ წავიდა.
მეფეს ლუარსაბს (II) ხალათი, ხმალი და სახელმწიფო რაყამში შვილობით ჩაუწერეს და გაუგზავნეს და კახეთი ბატონიშვილს თეიმურაზს უბოძა და ქართველთავით ტახტი შეუკვრევინა, ბატონი თეიმურაზ ზედ შესვეს, ბატონათდ აკურთხეს. ყაენმა ოქროს დოსტოქანი ზედ გადააგდო და ყიზილბაშთა და ქართველთაც უბძანა, ყველამ შეძლების ღონით ოქროსა და ვერცხლის თეთრი გადააყარეს, კარგი მეჯლიში და ლხინი გადაიხადეს და ყოვლის ქარხანებისაგან სახელმწიფო გაურიგეს, ოქროთა და ვერცხლით და მურასა თვალ-მარგალიტით, კარვითა და მოფენილობით, ცხენჯორითა და აქლემითა და ყოვლის საბატონოს საქმითა და გაათავეს და გაამდიდრეს და მეჰმანდარი გაატანეს, კახეთს საბატონოთ გაგზავნეს.
დიდი სიმხიარულე შეექნათ ნამეტნავად კახთა, მეტადრე დედასა რომ როგორც იოსებ დაკარგული იაკომ მამამან ხელმწიფე მქნილი იპოვა, ისევე ბატონი თეიმურაზ ყმაწვილი დაკარგული ბატონად ნაკურთხი დედას შინ მიუვიდა. შეიქნა კახეთში დიდი სიმხიარულე და ლხინი და ნადირობა და შექცევა.
ქორწილი წინანდელი ბატონის თეიმურაზის გურიელის ქალთან
აქა დედოფალმა და კახეთის ბერთა და ერთა და თავადთ და აზნაურშვილთა ბატონს თეიმურაზს ცოლის შერთვას შეეპატიჟნენ და მანაც ნება დართო. ეპისკოპოსნი და თავადები გამოარჩიეს, გურიელს გაუგზავნეს და კახეთის სადედოფლოდ ქალი სთხოვეს. მასაც ეამა და მოსცეს და კარგი მზითვითა და მორთულობით გამოისტუმრეს. იმათაც რჩეულნი ბერები და ეპისკოპოსნი და თავადნი და აზნაურნი ჭკვიანნი და მცოდინარენი და ზნეობით გათავებულნი კარგნი კაცნი მაყრად გამოატანეს და მაშინ კახეთი ნამეტნავად აშენებული იყო, გამოჩვენებით კარგი და სახელოვანი ქორწილი გადაიხადეს. სამ თვეს ლხინი, ბურთაობა და ნადირობას შექცნენ და ყველას კარგად დახვდნენ და მრავალი საჩუქარი მიართვეს, ამდენი რომ გაკვირვებულნი წავიდნენ და ახლაც გურიაში მაყრების საჩუქრებისაგან რომ მიუტანიათ, სიბევრე გაკვირვებით იხსენიება.
გურიელის ქალი დაორსულდა და დიაღ ჭკვიანი და ნამეტნავად ღვთის მოშიშარი ყოფილა, მლოცავი, სამართლიანი და გლახათა და ქვრივ-ობოლთ მიცემით შემწყალებელი და მერჯულეთა და თავად აზნაურთა პატივის მდებელი, ტანად კარგი და მშვენიერი, სახით ტურფა და ლამაზი, ზნე-საქციელ კარგი, საქმით სათუთი და წმიდათა საყდართა და მონასტერთ ამშენებელი და მრავლის შემწირავი, ბერთა და მოძღვართა და მღვდელთ მიმცემი, მრავალთ მომთმენი, არ გამჯავრებელი, ყველას ძმა-შვილურად მიმპყრობელი, დედათ დედურათ გამწყო, დედამთილის მორჩილი და ნამეტნავად მოშიშარი და ქმრის მოყვარული ყოფილა. ორი ვაჟი უშობია, ერთს სახელათ ლევან, მეორეს ალექსანდრე და ადრე მიცვალებულა. კახთ მაზედ ტირილი და გლოვა გადაუხდიათ და შუამთის საყდარი იმას გაუახლებია, დაქცეული აუშენებია და ორმოცდახუთ წელს გასულს უკან ფარსადან გორგიჯანიძე შუამთას მოვიდა და ეს საყდარი ნახა და ეს ლექსი თქვა:
ხახულისა ყველა წმინდა დედოფალსა აუგია,
მისი მზითვის საჭურჭლენი სრულა მასზე წაუგია,
დაუგდია აქ სახელი, საიქიო მოუგია,
და ეს საწუთრო არ სდომია, ვინც არ აქებს, აუგია.
მეორე ქორწილი ბატონის თეიმურაზის და ხვარეშან დედოფლისა
რა გურიელის ქალი დედოფალი გამოიგლოვეს, ქართლის მეფეს ლუარსაბს და სთხოვეს კახეთის სადედოფლოდ. მაგრამ ბატონი თეიმურაზის პაპა ბატონი ალექსანდრე და ხორეშან დედოფლის ბებია ნესტან დარეჯან დედოფალი და-ძმანი იყვნენ, ბატონის ლევანის შვილები არიან და ქრისტიანობაში უმხდურნი ყოფილან და მერჯულენიც ნებას არ ყოფილან და არაგვის ერისთავის შვილისთვისაც ნაქადები ყოფილა და კრება უქნიათ ამაზე, რომ დაძმათ შვილისშვილები ერთმანეთს როგორ შერთონ.
ასე არჩიეს საქრისტიანოს გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის, მერჯულეთ ნება დართვეს და მეფეს გიორგის ორი ვაჟი დარჩა - ერთი ლუარსაბ მეფე და მეორე ბატონიშვილი დავით რომელიც მეფის სვიმონის სახსრათ ხონთქრისათვის გაეგზავნა. ვეღარც პაპა დაიხსნეს და ბატონიშვილი დავითიც დაჰკარგეს და ორი ქალი ჰყვდა, უფროსი ბატონისშვილი ლელა რომელსაც ყაენმა სულთან ბეგუმ დარქვა და თვითონ შეირთო და ხვარეშან დედოფალი ბატონს თეიმურაზს შერთეს. მაგრამ ამათი დამოყვრება და ქართლისა და კახეთის გაერთიანება ზოგთ ქართველთა და კახთ ეწყინათ და ყაენთან ავგვარად შეაბეზღეს და ყაენმაც იწყინა და გაავგულდა და საცადელათ ორთავ მაზანდარას სანადიროთ დაჰპატიჯა და იგივე მტრებმა დაცდინეს და წინადელთ მობეზღართ სიტყვანი გაამართლეს და ვისაც მათი წახდენა უნდოდა, იმათ კიდევ უფრო დაფრთხენ და შეაშინეს და მეფეს ლუარსაბს სააკაძის მოურავის და ნათხოვნი ჰყვდა. ის ქართველთ გააშვებინეს და მოურავის დაჭერვა მოინდომეს და მოურავმა ეს შეიტყო და გადახვეწილი თავის სიმამრის ნუგზარ ერისთვისას მივიდა და მეფემ თხოვნა დაუწყო.
იმათ ასე შემოსთვალეს, ჩვენ თქვენზე არა დაგვიშავებია რაო, მაგრამ მტრის ქნილობითაო ერთს ნაბოძები ქალი წაგვართვითო და მეორეს ნათხოვნი ქალი დაგვიგდევითო. ვინც ეს გირჩიაო, ჩვენი წახდენა უნდაო, თოარადა პატრონყმობაში ეს ჩვენგან დაითმობისო, მაგრამ ესენი დიაღ მტრის საბეზღარი მასალები არისო, ჩვენ უფიცრათ ვეღარ გენდობითო, გვეშინიანო. ამ ამბებმა ბატონები გააჯავრა ძალზედ, ქართლისა და კახეთის ლაშქარი შემოიყარეს და საერისთაოს შევიდნენ. იმათაც ჯალაბნი არშის ციხეში შეასხეს. ნუგზარ ერისთავი ერთის შვილითა და მოურავი მისანდოთ მსახურებითა ღამით უგზოთ გადაიარეს და ყაენთან ჩავიდნენ და ბატონები ავგვარათ შეაბეზღეს და ამისთანა დროს ქალაქის მინბაშისაგან არზა მოუვიდა ყაენსა, რომ არშის ციხე აიღესო და საერისთაო აღათანგის მიაბარესო და კიდეც დარბიესო.
ეს ამბავი ყაენმა იწყინა და ზოგნი კახეთის საპატიო კაცის შვილები ყაენის კარზე იყვნენ ბატონის თეიმურაზისაგან მოჩივარნი და ისინიც მოურავს შეუერთდენ და ქართლსა და კახეთზე გალაშქრება ხელმწიფეს ურჩიეს და კიდეც დააჯერეს და ბძანება იქნა და გალაშქრება შაჰ აბაზ ყაენისა მეფეს ლუარსაბსა და ბატონს თეიმურაზზე.
ლუარსაბ მეფის წაყვანა და კახეთის აყრა და აოხრების ამბავი
დიდი რისხვიანობითა და მრავლის ლაშქრით ყაენი ყარაბაღში მოვიდა. რა ეს ამბავი ბატონმა თეიმურაზ გაიგონა, თავისი დედა ქეთევან დედოფალი და თავისი და ელენე და თავისი ორი შვილი ლევან და ალექსანდრე სხვა მრავლის ფეშქაშითა, სახვეწარი წიგნები ყაენს წინ მიაგება. ყაენს ეამა და დაბრუნება მოინდომა და არც ყიზილბაშთ უნდოდა ეს ლაშქრობა, მაგრამ ვინც ქართველნი და კახნი ყაენს ახლდნენ, დაუწყეს ყაენს ხვეწნა, რომ ჩვენი შვილნი და თავები აქ მძევლად მოგვისხამსო, თუ შენს ლაშქარს დაუმარცხდეს რამეო, ყველას თავები დაგვაყრევინეთო; რადგან აქამდის მობძანებულხართო, საქართველო ინადირეთო და რომელიც გეპრიანება, ისე გაარიგეთო და მასშემდეგ ნადირობითა და შექცევით დაბრუნდითო.
ხელმწიფემაც მათი დაიჯერა, ბატონი თეიმურაზის დედა შირაზს გაგზავნა და შემდეგ რჯულის არ დაგდებისათვის სარჯლით აწამეს და შვილები დაუხოჯავეს. ყაენი საქართველოში მიიყვანეს. რადგან ქართლსა და კახეთში ორგული კაცნი ბევრნი იყვნენ, შებმა და ომი ვეღარ გაბედეს, აიყარნენ და იმერეთს გიორგი მეფეს შეეხიზნენ და ისიც კარგად დახვდა.
ყაენი ნიქოზს მივიდა და იქიდან ჯარი გაუძახა და ოსეთი დარბევინა და გიორგი მეფეს რისხვიანი წიგნი მისწერა: ჩვენი ყმანი თქვენთან მოსულანო, გამოგვიგზავნეთო, თორადა ჯარს გამოგიძახებთო. იმას დაბალი სახვეწარი წიგნი მოეწერა: ყმას რომ ბატონისაგან ეშინოდესო, ერთგულობაში ჩაიგდებისო. ამათ თქვენგან ეშინიანო, მე რომ კიდეც დავითხოვო, აფხაზეთს წავლენო და იმერეთი რომ კიდეც დარბიოთო, ღომის მეტს ვერას იშოვნიანო და ვისაც არ უჭამიაო ღომი, ჭამოსო, გამუნიანდებიანო და ამათ თავიანთი ნებით თქვენი ნახვა არ შეუძლიათო.
რა ეს ამბავი ყაენს მოუვიდა, მეფეს ლუარსაბს დისაგან საფიცრისა და მოსანდო წიგნები გაუგზავნა, სარუ ხოჯას ხელითა იმერეთს გაგზავნა და ერთი წიგნი მეფეს გიორგის მისწერა: თუ მეფეს ლუარსაბს ჩვენი თავი არ უნდაო, არც ჩვენ ეგ გვინდაო. თქვენც ბაგრატოანი ხართო, თქვენი შვილი ალექსანდრე გამოგვიგზავნეთო, ქართლის მეფობას მივცემთო და სარუ ხოჯას ასე დაბარა - ეს წიგნებიო მალვით მეფეს ლუარსაბს აჩვენეთო; თუ წამოსვლა მოინდომოსო, იმ წიგს გიორგი მეფეს ნუღარ აჩვენებო. რა სარუ ხოჯა ეშმაკისებრ მაცდური ტკბილის ენითა მეფემ ლუარსაბმა ნახა და თავისი დის წიგნები მიართვა, ნამეტნავად შეჰყვარდა და ასე მოახსენა: ერთ რამეს გაგენდობიო, თუ არ გამცემო და არც ცოცხალი გაგეყრებიო. მეფემ სიმართლის გულით ფიცი უბძანა: როგორ იქნება ჩემგან თქვენი გაცემაო. აბა ამისათვის მოსულვარო, რომ ბატონიშვილი ალექსანდრე წავიყვანო, რომ ყაენმა თქვენი სამეფო იმას მისცაო და უჩვენა - ეს მისი რაყამი არისო და ღირს ვარო, მაგრამ რა მინახვიხარ, ასე შემყვარებიხარო, მინდა შენთვის თავი ვაწამო. ახლა თუ ეს რაყამი გიორგი მეფეს მივართვა, არამც თქვენ დაგიჭიროსო და თავის შვილს თან გაგატანოსო და არამც თქვენად უკადრისათ მიგიყვანონო. აწე თუ თქვენ ურუმში წასვლას გაჰბედავთო, მეც თქვენ გამოგყვებიო და ამ რაყამს აღარ ვაჩვენებო.
ყმაწვილი მეფემ ასე უთხრა: ახლა რომ ჩვენ ურუმში წავიდეთო და შენ ეგ რაყამი არ მისცეო, ჩვენ ეგ რას გვარგებსო, მაგისი მამწერი სხვასაც ადრე მოსწერსო. თუ სხვა რამ იცი ჩვენი მოსახმარისიო, ის მირჩიეთო. იმან ასე მოახსენა: რომელსაც თქვენ მიბძანებთ, იმას ვეცდებიო. მეფემ ბრძანა, მე ჩემს დას წიგნს მივსწერო და შენ ბედნიერ ყაენს არზა მისწერეო რომ უვნებლობის საფიცრის წიგნი გვიბოძოსო. მამა-პაპა ჩვენთ ბევრი უმსახურებიაო ხელმწიფის ოჯახსზედანო და არც არა მე დამიშავებიაო, მაგრამ ჩემი ორგულის ყმების სიტყვით არ წამახდენს, წავალო. სარუხოჯას ეამა და ფიცხლავ ეს ამბები ყაენს მისწერა: რა ყაენს მოახსენეს, ფიცხლავ საფიცრები დაუწერეს და ამანც წიგნები მისწერა და როგორც ადამ ეშმაკისაგან, ლუარსაბ მეფე სარუ ხოჯისაგან მოტყუებული შეიქნა და წავიდა ყაენსთან. ბატონი თეიმურაზ იქვე დარჩა.
მოსვლა მეფის ლუარსაბისა იმერეთიდან ქართლს ყაენს თანა
რა მეფის ლუარსაბის მოსვლა ყაენს მოახსენეს, ბრძანება იქნა, რომ სულ ყველანი წინ გაეგებნენო, დიდი პატივით ყაენთან მოიყვანეს. ყაენმა შვილურად პატივი სცა და მრავალი საიმედო სიტყვანი უბრძანა და იქიდან აიყარა და გორს მობრძანდა. იქიდან ქალაქს ჩავიდა, გაღმა-გამოღმა მცხეთიდან ქალაქამდე ლაშქარი იდგა.
კახეთს გაუძახეს და ოთხმოცი ათასი კომლი ქართველი, სომეხი და ურია, თავადი და აზნაური აჰყარეს და მაზანდარას ჩასხეს და ზოგნი სხვა ქვეყანას დაჰფანტეს და კახეთი ალექსანდრეს შვილიშვილს იასეს მისცეს, დავით ასლანიშვილი ვექილათ მოუყენეს. ქართლი მეფე დავითის შვილს მეფეს ბაგრატს მისცეს და მეფე ლუარსაბ თავისი მხლებლებით პატივდებით წამოიყვანეს.
მოურავი ყაენისა კარგი ყმა შეიქნა და ყაენს ესე მოახსენა: მაგდენს პატივს რომ მეფე ლუარსაბსა სდებო, მეფეს ბაგრატს აღარვინ მოუდგებაო, ამისივე იმედი აქვთო. ხელმწიფემ მტრის სიტყვა დაიჯერა. თავისი ყმებით ლუარსაბ მეფე ასტრაბადს გაგზავნეს. ერთი წელიწადი გაიარა, კახელებმა ბატონი თეიმურაზ ჩამოიყვანეს, ისახან გამოაგდეს. კიდევ მოურავს ყაენისათვის მოეხსენებინა: რადგან კახთ ბატონი თეიმურაზ ჩამოიყვანესო, ქართველნიც ეცდებიანო, რომ რუსები მოიყენონო და ხომალდი გამოუძახონო და მეფე ლუარსაბ ზღვით წაიყვანონო. ამ სიტყვით ყმანი მოაშორეს, დაუფანტეს და ბატონი ლუარსაბ გულაბის ციხეში ტყვედ გაგზავნეს.
ყაენი ისპაჰანს მივიდა და მეფე ბაგრატის ჩაფარი მოვიდა - იმერელთ ზემო ქართლი დარბიესო და ჩვენც გვინდა იმერეთი დავარბიოთო, ხელმწიფის ბრძანება რა იქნებაო. ეს ამბავი ყაენს მოახსენეს. მოურავმა დრო დაიცადა და ყაენს ასე მოახსენა: სადამდე მეფე ლუარსაბ ცოცხალიაო, საქართველო არ დაწყნარდებაო. კაცი გაუძახეს, მეფე ლუარსაბ ციხეში დახრჩვეს და ფათმა სულთან ბეგუმ იგირმი დორდლუ ფეიქარხანს მისცეს, კახეთს ბატონად გაგზავნეს და ბატონი თეიმურაზ ურუმში წავიდა ხუთასი კაცითა, ხონთქართან კოსტანდილპავლეს მივიდა, ხონთქარს ლაშქარი სთხოვა. იმან ასე უბრძანა: ჩვენ და ყაენი ერთრჯული ვართ, იმაზე ლაშქარს ვერ მოგცემო.
აქა ხონთქრისა და ბატონის თეიმურაზის სიტყვებანი
ხონთქარმა ბატონს თეიმურაზს მოახსენა: ჩვენიდან ლაშქარს თხოულობ ყიზილბაშსზედანო, ჩვენ და ისინი ერთი რჯულისანი ვართო და შენ ქრისტიანი ხარო, იმათზე ლაშქრის მოცემასო მერჯულენი დაგვიშლიანო და თუ მუსულმანი შეიქნებიო, მაშინ ისინიც ნებას დაგვრთვენო და ჩვენც ლაშქარს მოგაშველებთო.
ბატონმან თეიმურაზ ასე მოახსენა: ამდენს ამისთვის ვირჯებიო, რომ რჯული არ დავაგდოო და იმათი რჯული არ დავიჭირეო. ახლა რით იქნებაო, რომ თქვენი რჯული დავიჭირო. ეს ბატონის ნათქვამი სიტყვები ხონთქარს ნამეტნავად ეწყინა და პატივიც მოუკლეს და აღარც ინახვინეს.
ბატონი თეიმურაზ ხუთასი კაცით კოსტადილპავლიდან შემამწყრალი წამოსულიყო. მესამე დღეს ხონთქრისათვის მოეხსენებინათ. ებძანებინა, ყველგან ჩაფრები გაგზავნეთ, გზები შეუკრან და ნუ გაუშვებენო. საცა ჩაფრები მივიდნენ, გზები შეუკრეს და საც გზაზედ ჯარი დახვდომოდა, გაელახა და გაეარა და ცოლშვილი სამცხეს ციხეში ჰყოლებოდა. ერთს ერევნის ხანის თაბუნს სულთანს ყაენისაგან გამოეთხოვა, რომ ბატონი თეიმურაზის ცოლშვილის მოსხმა შემიძლიაო. ყაენს გახარებოდა და მრავალი წყალობა ექადებინა.
სიზმრის ნახვა ხორეშან დედოფლისა და იმავე დღეს ახდენა
რომელ ციხეში ბატონი დედოფალი ბძანებულა, იმას ქვეშ ბაღი ყოფილა. ვარდის ყვავილობის დროს თავისის მხლებლებით ბაღში ჩასულა. იმ ღამეს სიზმარი უნახავს, რომ ბაღი გველით აივსო. ყველანიო ჩემზე საკბენრად მოიზიდევდენო, მე ციხისაკენ წაუველო და გველები უკან ამედევნენო. მე ციხეში შეუსწარო და ჰაერიდან ორბნი მოვიდნენო და გველები დაიტაცესო. ადექით, აქ ნუღარ დგახართო, ციხეში ავიდეთო. შუაღამე გადასულიყო, ციხის კარზე მისულიყვნენ, ციხოანთ კარი არ გაეღო ღამით. გათენებისას ყიზილბაშთ ლაშქარი იმ ბაღს დასხმოდენ და ციხოანთ შეეტყო და ბატონი დედოფალი ოლთისს ციხეში შეეყვანა და ზევიდან თოფი და ზარბაზანი დაეშინა.
კოსტანდილპავლიდან მამავალს ბატონ თეიმურაზს ზარბაზნის ხმანი გაეგონათ, ასე ჰგონებოდა, თუ ურუმთ წაგვისხესო და წინ წაგვისწრესო. უბძანა: ვისაც ცხენს შეძლება ჰქონდესო, დაუძარითო.
რა ციხეს ახლოს მოვიდნენ, შეიტყვეს, რომ ყიზილბაშნი არიან, შემოუტიეს და წაუშინეს ერთმანეთსა და ორმხრითვე კარგად ძალმიცემით და თავგამომეტებით იბრძოლეს, მაგრამ ყიზილბაშნი ამოწყდნენ და ბატონმა თეიმურაზ გაიმარჯვა და დედოფლის სიზმარი ასე მალე ახდა. ამ ჟამს კახეთიდან ბატონ თეიმურაზს ამბავი მოუვიდა, კახნი დანდობილნიო არაგვზე ამოწყვიტესო, ყველას თავები დააყრევინესო, მალე მოგვეშველეთო.
ფიცხლავ აიყარა და ქართლი ჩაირბინა და კახეთს ჩავიდა. რა კახთ გაიგონეს ბატონის მისვლა, ყველანი მოუვიდნენ. ფეიქარ ხან ჭოეთის ციხიდან გადაიხვეწა, ბარდას მივიდა და ეს ამბები ყაენს მისწერა და ყაენმა ალიყული ხან შამლუ სარდლად ქნა და დიდი ლაშქრით ბატონ თეიმურაზს გაუძახა, რომ ეგების დაიჭირონ. თავს მოუარეს და არაგვზე ლაშქარი ჩამოხდა. ბატონი თეიმურაზ საგურმინში მოვიდა და სიმაგრეში დადგა. ალიყული ხანს გაცლის გზა სთხოვა, იმან გზა არ მისცა და ამან შეუთვალა: ხვალ ხმლით გავივლიო და ბაინდურ ერისთავი ქართლის მეფის ბაგრატის ალიყული ხანთან იყო და ყიზილბაშთ ამბავს ბატონ თეიმურაზს არ აკლებდა. რასაც იზამდნენ და იტყოდნენ, იმავე დღეს მისწერდა.
ომი არაგვზე ბატონის თეიმურაზისა და ალიყული ხანის შამლუსა, გამარჯვება ბატონის თეიმურაზისა
ალიყული ხანს მოახსენეს: ბატონ თეიმურაზს უბრძანებია, ხვალ ხმლით გავივლიო. ხანმა უბრძანა ყიზილბაშთა, ყველამ ცხენი და იარაღი მოიკარგეთო და საცა გამოსასვლელი ფონი იყოსო, მეთოფენი ჩასხითო და ეცადენით - არ წაგივიდესო. გათენებამდე გზები შეუნახეს და რა გათენდა, რაზმი დააწყვეს და ბატონ თეიმურაზს მოელოდნენ და გვიან მოვიდა.
ჯარი აჩვენეს, მაგრამ წინ არ წამოდგნენ და ბატონ თეიმურაზს ერთი კაცი ბაინდურ ერისთავთან გამოეგზავნა, მომეხმარეო და ალიყული ხანს შემახვეწეო, რომ ყაენს ჩვენი სახვეწარი არზა მიგვიწეროსო, ამ ჩემ აოხრებულს მამულში დამაყენოსო, სხვათ კარებს ნუ მატარებსო. თუ არადა თქვენ ბევრნი და ჩვენ ცოტანიო, რაგინდ სხვაგანც წავიდეთო, მაინც აქავ უნდა მოვიდეთო, აღარც გაგეცლებიო და არც შემოგებმიო.
ეს ამბავი ალიყული ხანს ეამა და ბატონ თეიმურაზს კაცი გაუგზავნეს, ყაენთან არზა სთხოვეს, რომ ჩაფრის ხელით გაგზავნონ და ლაშქარსაც ხათრიჯამობით ჩამოხტომა უბრძანეს და ყველანი თავთავიანთ კარვებში ჩამოხდნენ და იარაღი შემოიხსნეს. ზოგნი ლოცვაზე დადგნენ და ზოგნი ჭამად დასხდენ. ზოგთ დაიძინეს. ამისთანა მოსვენებულს დროს ყარაულთ დაუძახეს: უშველეთო, მოვიდა ლაშქარიო. შეიქნა ქარანის ძახილი და მოცხეს კაცის ყვირილი და სადამდის ჯარი შეიყრებოდა, ქართველნი ყიზილბაშთ ლაშქარში გამოერივნენ და შეიქნა ძახილი დაჰკარ დაკარისა და ურუზბუ გიდილარი და ზოგან თოფის სროლაც შეიქნა. მაგრამ ყიზილბაშთ თავი ვეღარ დაუჭირეს. საქონლისა და ბარგისა აღარა ინაღვლეს რა, ზოგნი ცხენით და ზოგნი ქვეითათ გაიქცნენ და თფილის ქალაქს შეიხვეწნენ და ზოგნი არაგვსა და მტკვარში ჩაიხრჩვნენ. ყიზილბაშთ ხანებისა და სულთნების კარვები და ბარგი და საქონელი ერთ პირათ ბატონს თეიმურაზს დარჩა. თითოს ხანისა და თითოს სულთნის კარავი და საქონელი თითოს თავადს უბოძა და თვითონ ალიყული ხანის კარავში ჩამოხდა. საშოვარი ასე გაიაფდა, რომ სანახევროდ წამღები არ იშოვებოდა. აქლემი ერთ აბაზად გაიყიდა. ალიყული ხანისა რაც იყო, ბატონმა თავისთვის დაიჭირა. სხვა ყველა, ბძანა, ლაშქართ გაუყვეს და ასე ითქვა, - რა ქვეყანა დარსებულაო, ქართველთ უკეთესი გამარჯვება არ უქნიაო.
ეს ამბავი ყაენს მისწერეს და ბატონი ბაგრატ ამ საქმეებში ნამეტნავად ავად იყო და ყაენს მირზა დაუდ ჰაქიმი გამოეგზავნა, მაგრამ ვერა არგო რა. რაც წამალი მისცა, მოუხმარებელი იყო. ამისთანა დროს ალიყული ხანს და ყიზილბაშთ ამრიგი დიდი მარცხი დაემართა, ურდოს აკლება, ყიზილბაშთ ამოწყვეტა, ალიყული ხანის გამოქცევა და ზედ ბაგრატის სიკვდილი, ყველა ავი და ავი ამბები ერთგან ყაენს მისწერეს და ჩაფარის ხელით გაუგზავნეს.
სიკვდილი მეფის ბაგრატისა და მეფობა მისს შვილს სვიმონს უბოძა ყაენმა და ყარჩაღა ხანი დიდი ლაშქრით თან გამოატანეს
მოურავსა და ზურაბ ერისთავს ბატონი თეიმურაზის მტერობას სწამობდენ. ამისთვის მეფეს სვიმონს თან გამოატანეს და ყარჩიღა ხანსაც უბძანეს, რომ რაც ქნას, იმათ შეეკითხოს. მეფე სვიმონ ქალაქში გააბატონეს და ყარჩაღა ხან ბატონ თეიმურაზზე წაიყვანეს. გაუწყრა ღმერთი და ჰგმეს ყაენის პურმარილი, სწვალეს პატრონყმობა, მრავლის სიკეთის მაგიერად იმუხანათეს და ქვეშ-ქვეშ დაუწყეს ბირება, ბატონ თეიმურაზს შეჰფიცეს და საფიცარი გამოართვეს და ასე დაარიგეს: ამა და ამ დროს ლაშქრით მოგვიხდიო და რა ცხენს შეჯდომა შეიქნებისო, მე თვითან ყარჩაღა ხანს შუბს შევცემო და მოვჰკლავო და მერე რომელიც გეპრიანებისო, ისე ჰქენითო. ეს ამბავი ბატონ თეიმურაზს მისწერეს.
მეორეს დღეს ანაზდათ ყარაული გაიძახეს: ზედან ლაშქარი გამოჩნდაო. შეიქნა ცხენს შესხდომა და ყარაჩღა ხან ბრძანა: ცხენები მზად დაიჭირეთო და მოურავს დაუძახეთო.
ამის თქმაში მოურავი შეკაზმული თავისი ჯარით ყარჩიღა ხანის კარავს წინ მოვიდა, ცხენიდან ჩამოხტომა დაჰპატიჟეს. ამან თქვა: რა დრო არისო, ლაშქარმა მოატანაო, გამოვიდეს, ცხენს შეჯდესო საჩქაროდ ცხენი მოჰგვარეს. ყარჩიღა ხან გამოვიდა, ფეხი ავჟანდში ჩაჰყო ცხენზე შესაჯდომლად, ამაღლდა. გაუწყრა ღმერთი მოურავს, თავისი ხელით შუბი გვერდში გასჩარა და მიწას დასცა და წაუშინეს და მამაცა და შვილიც მოკლეს ქართველთა და კახთ ლაშქარნი ირგვლივ შემოესიეს. ზოგნი დახოცეს და ზოგნი გაიქცნენ. ურდო შეუძრავი და ყიზილბაშთ საქონელი, მორჭმა ქონება ცხენჯორი, აქლემი და ბარგი ყველა ქართველთ დარჩა.
მეფე სვიმონ ყაენთან წავიდა, ქართლი ბატონმა თეიმურაზ დაიჭირა და ქალაქის ციხეს შემოადგნენ, თაბორიდან თოფი დაუშინეს და დაბალი ციხე აიღეს. ნარიყალას ვერ შეუვიდნენ. ჭანოას შვილს მოქალაქეს გარსოას ქალაქის მინბაშისათვის ასე შეეთვალა: როცა ყაენის კარგი ამბავი მოვაო, წითელს რამეს წამოვისხამო, ციხისაკენ გადმოვდგებიო და მაგრად იყავითო და ნარიყალას წყალი შეუწყვიტეს და უწყალობამ ციხოანთ ძალი უყო და ქალაქის მინბაში და გორელი გორგიჯანაშვილი გიორგი ძმობილნი არიანო. მინბაშს იმასთან კაცი გამოეგზავნა, რომ კარგი დრო არისო, ყაენის ოჯახს ერთი ვალი დასდევო, უწყლობამ ნამეტნავად შეგვაღონაო, წყლით რამე გვიღონეო. იმასაც იმავე ღამეს ერთი კაცით ასულიყო და ხის ღარები აღებული ისევე თავის ალაგზედ დაეწყო და სარსარავის წყალი მიშვა და გათენებამდე ნარინყალაში ედინა და ჭები და აბ აბრები აევსოთ. მეორეს დღეს შორიდან დაინახეს, რომ კლდიდან წყალი გადმოდის, იწყინეს და კაცი აგზავნეს და წყალი ისევე დაუწყვიტეს, მაგრამ ჩამგდებელი ვერ იპოვეს და ციხოანნი ამ წყლის შოვნით გამაგრდნენ და ციხე აღარ მოსცეს და ციხიდან ორნი კაცნი გამოიპარნენ და მოურავთან მოვიდნენ და ციხის ამბავი გამოჰკითხა. მათ ასე მოახსენეს: ციხე ამისთვის არ მოგცესო, რომ თუ ერთს მოქალაქეს გარსოა ჰქვიანო, იმასა და მინბაშს შუა ნიშანი არისო - თუ ყაენისაგან კარგი ამბავი მოვაო, წითელს წამოისხამსო, ციხოანთ ეჩვენებისო, ამისთვის გამაგრდებიანო და წყალიო გორელმა გორგიჯანამ მოსცაო მინბაშის ძმობილისათვისო.
რა ეს გაიგონეს, აღარ გაიკითხეს, გარსოას თავი მოჰკვეთეს და გორგიჯანა კისრით ჩამოჰკიდეს და ქალაქისა და ლაშქარის წინაშე ჩამოატარეს. და იმერეთიდან ქუთათელი ელჩათ მოსულიყვნენ, იმათ კარზე გატარებაში იცნეს და ხელით გამოართვეს და იპატივეს. ამასობაში ამბავი მოვიდა, ისახან ყორჩიბაშიო სარდლათ ქნესო და მეფე სვიმონ დიდის ლაშქრით საქართველოს გამოუძახესო.
ეს ამბავი ტაბახმელას მჯდომს ბატონ თეიმურაზს მოახსენეს და ფიცხლავ ქართველნი მოიხმო და კახნი და შემოიფიცა თავის ერთგულობაზე, ყიზილბაშის შებმაზე. იქნა რჩევა, მოიხმეს კაცნი ომში ნაცადნი. ზოგთ ასე არჩიეს, მცხეთამდე აუშვათო და ზოგმა მაღლითა და ზოგმა გაღმა გამოღმიდან დაუშინოთო და სიმაგრე ჩვენ გვექნებაო და ხელთოფით ამოვწყვეტთო და მოურავმა და აღათანგიმ ასე თქვეს: თუ მაგას ვიქთო, ბარათიანნი ჩვენ წაგვივლენო და იმათ მიუვლენო და გზები კარგად იციანო, დიდგორის გზით ლაშქარს წამოუძღვებიანო და წინა-უკანას გვიზამენო და რადგან ბევრი ლაშქარი გვახლავსო, ესე სჯობსო, რომ მინდორში ჩავეგებნეთო და ისინი შუბის ომსაო ჩვენ ვერ გაგვიძლებენო, რა ერთხელ გატყდებიან, ვეღარ შემოგვბედენო.
ომი ალგეთსზედა ისახან ყორჩიბაშისა და ბატონის თეიმურაზისა
ქ῀კსა ტით (1631, თარიღი მცდარია) მხედრულისასა უწინ ქართველთ გაიმარჯვეს და ყიზილბაშნი გაიქცნენ, ნაშოვრის სიხარბისათვის იქნა ქართველთ დამარცხება და ამოწყვეტა. წამოვიდნენ სრულად ერანელნი მცირე საქართველოს წინაშე, დაწყვეს რაზმი მარჯვენ- მარცხენანი და წაიყენეს წინ მეთოფენი.
ადრიბეჟანის ბეგლარბეგი თავისი ლაშქრით მარჯვენა მხარეს ღელეში მიფარული შეიქნა და აქეთ ქართველნი ომში ნაქებნი ცხენკეთილნი კაცნი არჩეულნი და სხვა ლაშქარიც უკან აედევნენ, თოფის მისაწევამდე ნელად იარეს, მერე ფარები დაიფარეს და შუბები წაიგრძელეს და ცხენჭენებით მიუხდნენ და თორმეტმა ათასმა მეთოფემ თოფი დააყარეს. ბრძანებითა ღვთისათა ვერა ქნეს რა, მეთოფენი გაიქცნენ და ქართველნი ყიზილბაშის ლაშქარში გაერივნენ და შეიქნა შუბთა ძგერება, ხმალთა და ლახტთა მუზარათზე ხეთქება და თვითონ ბატონი თეიმურაზ ერევნის ბეგლარბეგს ამირგუნახანს შეხვდა, ბატონს შუბი შემოსცა და ცხენის გავას გადასვა და ქართველნი მიეშველნენ, ამირგუნახანს შუბი გაუჭრეს, ბატონი ისევე უნაგირში შეჯდა და გაჯავრებულმა ცხენ ძლიერად მიუხდა და ისიც მოეგება, მაგრამ ბატონი დიაღ ფიცხელი იყო და სწრაფად შუბი შესცა და იმან ფარი დახვედრა, ფარი გაუტეხა და ხელნავიც გაუხეთქა და მკლავიც მოსტეხა, შუბი შეამტვრია, ცხენიდან გადმოაგდო.
ყაჯარნი მოეშველნენ და ქართველნი მიეტევნენ და მრავალი კაცნი დაიხოცნენ და კარგად ეცადნენ ყაჯარნი და ამირგუნა ხან საომარიდან გაიყვანეს, მაგრამ ცოტა ხანში იმავე დაკოდილობით მოკვდა და ზოგთა თქვეს - ბატონობის დომისათვისო შვილმა თამაზ ყულიხან მჰლამაში მუში გარევინაო, იმაზე მოკვდაო და ყორჩიბაში მაღლობზე დროშას ქვეშ იდგაო და ქართველთაო მრავალი მურასა, თაჯი და ჯიღა და ხმალი და ხანჯალი და უნაგირი, ლახტი დაინახეს, დამარცხებისა აღარა ინაღვლეს რა, ნაშოვარს დახარბდნენ და ზურაბ ერისთავი და ავთანდილ მოურავის შვილი ურდოს რისხვის საქნელათ მივიდნენ, რომ სხვათ ნაშოვარი არ დანებონ, ყველა თავიანთათვის უნდოდა. ამ რიგის ბევრის დომით აირივნენ და ომის გათავება და მტერზე გამარჯვება აღარ მოიცადეს და ადრიბეჟანის ბეგლარბეგი შაჰბანდა ხან თავისი ლაშქრით გამოვიდა, ქანარის ძახილით, თეთრი დროშაც წინ გაშლილი მოუძღვოდა და მაღალი ხმით იძახდენ, რომ შაჰა გელდი, შაჰ გელდიო. ქართველის შვილებსაც აძახებდენ ტირილითა, რომ ბატონი თეიმურაზ მოკლესო.
ერთმხრით ყაენის მოსვლის შიშმა და მეორე ბატონის თეიმურაზის მოკვლის გაგონებამან ქართველთ გული გაუტეხა და ნაშოვარიც ბევრი ექნათ და თავიც ვეღარვინ დაუჭირა. იარეს კოჟრისაკენ. რა ყორჩიბაშმა სცნა ქართველთ დაბრუნება, იამა და გაგულოვნდა, შაჰბანდა ხანის ომით გაქცეული ყიზილბაშნი მოაგროვა და ქართველთ ხოცით უკან აედევნენ, ქართველთ ქვეითნი დაიღალნენ და სიარულისა და წასვლის ღონე აღარ შერჩენოდათ, ალაგალაგ ერთგან შეგროვდნენ და სადამდე დაიხოცებოდენ, თავი აღარ დაიზოგეს. ვისაც ხელი მიაწვდინეს, მოუკლავი არ გაუშვეს და თვითონაც დაიხოცნენ. ყორჩიბაშის ჯარიც წამოეწია, ნახეს, ქართველთ ქვეითთ წასვლის ღონე აღარა აქვთ. იმათ დასახოცლად მეთოფენი უჩინა და რომლის ყიზილბაშის ცხენს შეძლება ჰქონდა, ქართველთ უკან გაადევნა, კოჟრის ციხის ძირამდე მისდიეს და ღამემაც მოუსწრა. მეორე დღეს ყიზილბაშის ლაშქარიც აიყარა და წინ წამოდგა და უწინ მოსვლაზე ქართველთ მრავალი ყიზილბაშნი დახოცეს, მაგრამ ბოლოს ნაშოვრის დომითა და ერთმანეთის არ დაჯერებითა ქართველნი გაიქცნენ და ხუთი ათასი თავადნი და აზნაურიშვილნი, მსახურნი და გლეხნი დახოცეს და ვინც გადარჩა, თავისას მივიდა.
ქართლი და კახეთი აიყარა და იმერეთს გადავიდნენ ოთხი გზითა, მაგრამ ასეთი გზა იყო, რომ თუ არა ძლიერი კაცნი, ვერ გატანდა, ძლივს ოთხს დღეს გადავიდნენ და ყიზილბაშის ლაშქარი უკან წაეწია და ოთხი ათასი ტყვე იშოვეს სხვას საქონელსა და ნაშოვარს გარდა. ქართლისა და კახეთის მოსავალი ყველა ყიზილბაშთ დარჩათ, საქართველო დაწვეს, დააქციეს და ყოველთვის საქართველოს აოხრება ერთმანეთის დაუჯერებლობითა, საშოვრის დომით ქნილა, მაგრამ მაინც არ დაიშლიან.
იმანყული ხანის ქალი ანუ ყაფარ ამილახორის ჯალაბი არშის ციხეში იყო
ამილახორის და თამარი შაჰ აბას ყაენს ცოლად ჰყავდა და ნამეტნავად უყვარდა. ყაენის ბძანება მოუვიდა, საერისთაოში შედითო და იმანყული ხანის ქალი წამოიყვანეთო და ჩვენთან გამოგზავნეთო.
ლაშქარი შეუძახეს. ზოგი ქსნის ხევითა და ზოგი არაგვითა, შევლაზე გზა დაანებეს. რა ციხეს ახლოს მივიდნენ, იმანყულის ხანის ქალი მოსცეს და დაბრუნებაში გზები ჩაუხერგეს და უკანიდან წამოუშინეს. სადამდის გზებს გახსნიდენ, სამ დღეს იომეს და ძლივს ხეები გზიდან გადაყარეს, ზოგნი დაიხოცნენ და ზოგნი კახეთისაკენ გადავიდნენ და ზოგთ ამილახორის ჯალაბები წაასხეს, შაჰბანდა ხანი მოკლეს და ყაზა ხან შირვანის ბატონი ცოცხალი შეიპყრეს და შემდეგ დროს გააპარეს. ამილახორის ჯალაბი ყაენთან გაგზავნეს და ანდუყაფარ ამილახორი ქალაქის ციხიდან გადავარდა და მოკვდა. ცოლშვილი ყაენს მიუსხეს და მეფეს სიმონს განჯის ხანი მოუყენეს და ქართლში გააბატონეს. და რა ყიზილბაშის ლაშქარი საქართველოდან დაბრუნდენ, ბატონი თეიმურაზ და მოურავი იმერეთიდან გადმოვიდნენ და ქართლის ბატონობაზე შეიცილნენ ამისის ძალითა. ქსნის ერისთავი იასე და მუხრანის ბატონი თეიმურაზ მოურავის სიძენი იყვნენ და არაგვის ერისთავის ქალი ედგა და ბატონს თეიმურაზს მუხრანი თავის შვილის დათუნასათვის მიეცა, ზოგი ქართლი და კახეთი სრულად ეჭირა. ზურაბ ერისთავი მეფემ სვიმონმა შემოირიგა და მუხრანი მას მისცა და ზოგზოგი სავახტანგო სოფლებიც მას მისცა და მამობა უბძანა და შემოიფიცა და ბატონმა თეიმურაზ უომრათ ქართლი დაანება და კახეთს ჩავიდა და მოურავი და მუხრანის ბატონი და ქსნის ერისთავი იმერეთს გადავიდნენ.
ბატონმა თეიმურაზ თავისმხრივ გაკეთებული ერთი ჩერქეზი სახელათ გიორგი, სიძე იყო ზურაბ ერისთვისა და ის შეუყენეს ერისთავსა და მის ნაპირის ალაგს იორის პირს მამული მისცა და ზურაბ ერისთავს ქალის მიცემას და თიანეთის სამამულეთ მიცემას დაჰპირდნენ მეფის სვიმონის მოკვლისათვის. ჰგმეს პატრონყმობა და შესცვალეს ღმერთზე ფიცი. დიდმა ნდომამ არია და შეიცვალა ჭკუისაგან და ცხვილოსს ამილახორის მამულში თავისი მემკვიდრე ბატონი მეფე სვიმონ მინდობილი ზურაბ ერისთავმა მძინარე მოკლა.
იქიდან დაიწყო სირბილი და წავკის მყოფ დედოფალს ჯაჰანბანუ ბეგუმს ყაენის ქალს თავს დაესხა, რაც ჰქონდა, გაძარცვა და დიდის ვებით და კივილით დიღომამდე წაიყვანა. ბატონი თეიმურაზის კაცი მოუვიდა: ერანის ხელმწიფის შვილიშვილი არისო, დედოფალს არა შესცოდოთ რამეო. ამაზე დედოფალი გაძარცული თავისი მხლებლებით ქალაქში მიასხეს. ვაი ამისთანას დღის შემსწრებსა. ქმარმოკლული, სახელმწიფო წართმეული და თვითონ უპატიოთ გაძარცული, პაპის შაჰაბაზ ყაენის სიკვდილის გამგონე და ბიძაშვილის შაჰსეფის ყაენის გახელმწიფება და მამის ისახან ყორჩიბაშისა და თავისის ძმების დახოცა ყაენისაგან - ეს ყველა ავი და ძნელი და საზარელ საცოდავი ამბები ყველა ქალაქის ციხეში ერთს დღეს გაუმჟღავნეს ბატონ დედოფალსა. ნურავისამც ყურს ნუ გაუგონია რომელიც ბატონმა დედოფალმა გაიგონა ამრიგი მოულოდნელი საქმე რომელიც ჯჰანბანუ დედოფალს დაემართა.
ეს ამბავი მინბაშმა ქალაქისამან ყაენს მისწერა
შაჰ სეფი (1629-1642) ახალი ხელმწიფე იყო, ეს ამბავი მისწერეს და ბატონმა თეიმურაზ ქართლი დაიჭირა და გორს იდგა. იქიდან ბატონმა თეიმურაზ თავისი ქალი დარეჯან ზურაბ ერისთავს მისცა, მაგრამ ხორეშან დედოფალს მიცემა არ უნდოდა, ამისთვის რომ თავის სამშობლოს ამოგდებას იმათგან იყო, მაგრამ ღონე არ იყო, ამისთვის რომ მოურავი ქართლს ეცილებოდა. თუ ზურაბ ერისთავისათვის თავისი ქალი არ მიეცა, მოურავს მიუდგებოდა და ქართლს იმას დააჭირვინებდა.
ომი ბაზალეთს, ბატონის თეიმურაზისა და მოურავის შებმა
ზურაბ ერისთავი ძალზე ბატონს თეიმურაზს მოუდგა და საომარი ალაგი ბაზალეთს გაარიგეს, მოსასვლელს გზებზე წყალი შეუგდეს რომ საფლობი შეიქნას, მაგრამ მოურავმა იქაურობა კარგად იცოდა, რაზმი ტალახს ააცილა და სხვამხრით მიიყვანა და მოურავს ეთქვა: ომში ბატონს თეიმურაზს ვიახლებიო და იმის სიყმაწვილესაო, ჩემს სიბერკაცესაო მასთან გამოვცდიო. მეფის თეიმურაზისათვის შემოეთვალა: ამფერს ცხენს შევჯდებიო, ამა და ამ ფერს კურტაკს ჩავიცვამო და ბატონმაც თავისი ნიშნები გვიბძანოსო.
ბატონსა მოახსენეს და ამანც შეუთვალა და ისეც შეიკაზმა და მოურავზე მიტივას აპირებდა. ეს ზურაბ ერისთავმა იწყინა და ასე მოახსენა: ხელმწიფე ხელმწიფეს უნდა შეებასო, არათუ თავის უმცროს ყმასაო. რომელიც გიბძანებიაო, მაგავე ნიშნებითაო ერთი სააკაძის ამხანაგი კაცი შევჰკაზმოთო და შევაბათო. ასევე ქნეს. ერთი ახალგაზრდა კახი საპატიო კაცის შვილი შეჰკაზმეს და რა რაზმი გაეწყო, ვითაცელვა სიჩქარით მოურავს მიუხდუნეს. მოურავმა ფარი დახვედრა და შუბი შეიმტვრია და გასცილდა. მოურავმა ცხენი დაიბრუნა და შუბი შესცა. ამანც ფარზე შეამტვრია. იცნა მოურავმან, რომ ბატონი თეიმურაზ არ არის, კიდევ ფიცხლათ მოუხდა მოურავს, თავს ხმალი სცა, მუზარათი გაუტეხა, მაგრამ გერში ვერ ააღებინა, მაგრამ ნამეტნავად შეაღონა მოურავი. მაგრამ შეუძახა: ნეტაი იმ ყმასაო, რომ თავის პატრონს ენაცვალოსო. თქვა და ზედ მიუხდა. რადგან იმ ყმაწვილს მუზარადი არ ებურა, თავს ხმალი დაჰკრა და შუა გაუჩეხა და ცხენიდან გადმოვარდა.
მიეტევნენ ერთმანერთსა და შეიქნა ძლიერი ომი და იმ ყმაწვილის ცემას მოურავი უღონო შეექნა. თვითონ ომი ვეღარ შეიძლო და სხვათა ომთ უმზერდა. ორმხრითვე ძალზედ იბრძოდენ. ბოლოს გამარჯვება ბატონ თეიმურაზს დარჩა და ისინი გაიქცნენ და უკან ლაშქარი გაადევნეს და მრავალი იმერელი შეიპყრეს და ბატონ თეიმურაზს მოუსხეს. ბრძანება იქნა, რომ ნურავის მოჰკლავენ და თითო ყური მოსჭრან და გაუშვან. და მოურავი, მუხრანის ბატონი, ქსნის ერისთავი და ზოგი სხვა საპატიო კაცის შვილნი თან წაიყვანეს და ხონთქართან მივიდენ.
სამი-ოთხი საფაშაო სარჩოთ გაუჩინეს, დიდი პატივი დასდვეს. ყაენი და ხონთქარი შუღლობდენ ბაღდადს ზედა და ხოსროვ ფაშა დიდი ლაშქრით ბაღდადზე გამოუძახეს. მოურავი და ვინც მასთან ქართველნი იყვნენ, ხოსროვ ფაშას გამოატანეს და ბაღდადზე გაისტუმრეს. რა აზრუმს მოვიდნენ, აბაზა ფაშა ჯალალი შეიქნა და აზრუმის ციხე უკუიჭირა. ხოსროვ ფაშა შემოადგა და მრავლის სარჯლით აიღეს და მოურავი და ქართველნი ციხის აღებაზე ნამეტნავად კარგად ყოფილიყვნენ. ხონთქარსაც ამათის ქების ამბავი მისვლოდა და ასეც მოხსენებოდა: თუ მოურავი არ ყოფილიყო, ციხეს ვერ აიღებდაო. ხონთქრის და ხოსროვ ფაშის ცოლი ყოფილა და ქმრისათვის მოუწერია: ვეზირ აზამი ხარო და სარასქირიო, მოურავის ქების ამბავი მოდის და თქვენი არაო. ამისთვის ხოსროვ ფაშამ მოურავი, მისი შვილი, მუხრანის ბატონი და ან ვინც ახლდენ, ყველა დახოცა. და ეს ამბავი ხონთქარს მიუვიდა, ნამეტნავად იწყინა, მაგრამ სიდამდე ხოსროვ ფაშა ბაღდადიდან არ დაბრუნდა, არა თქვა რა. რა მოვიდა, ხონთქარმა ჰკითხა, სად არის მოურავიო. იმან მოახსენა - რაფუზი იყო და მოვაკვლევინეო. ხონთქარმა ბძანა: ჯალათ გელსუნ. მისცეს ხელთა და დიდის სარჯლით მოაკვლევინეს ხოსროვ ფაშა.
ქართლი და კახეთი ბატონ თეიმურაზს ეჭირა, მაგრამ ქალაქი არა ჰქონდა და დედოფალი და ქართველნი და კახნი ზურაბ ერისთავისათვის ავნი იყვნენ და დედოფლის ნებართვით ზურაბ ერისთავის სიკვდილი გამოარჩიეს. ზურაბ ერისთავმა თავისი მემკვიდრე ბატონი მოკლაო, უსაცილოთ თქვენც მოგკლავსო და ქართლსა და კახეთს თვითონ დაიჭერსო და რა ხოსროვ ფაშა დაბრუნდებაო, მეფის სვიმონის ბიძა ყაენის ყულარაღასიაო და სისხლს არ შეგვარჩენსო. მაშ ასე სჯობსო, ზურაბ მოვჰკლათო და თავი ყაენს გაუგზავნოთო და მეფის სვიმონის სიკვდილი იმას დავაბრალოთო და ქართლის მეფის სისხლი და ერანის ხელმწიფის რისხვა ამით ავიცდინოთო.
დააჯერეს ბატონს თეიმურაზს და საფურცლეს დაჰპატიჯეს და უღალატეს და სუფრაზე ერისთავი ზურაბ მოკლეს და საერისთაოში შეესივნენ და ბატონიშვილი დარეჯან გორს მიიყვანეს და იმერეთის მეფის გიორგის შვილს ალექსანდრეს მისცეს. ხოსროვ ფაშა ბაღდადზე წამოსულიყო, ამისთვის მეფის სვიმონის სისხლის აღებას არ აჩქარდენ და ეს ამბავიც მოვიდა - როსტომ ხანმა ხოსროვ ფაშაზე გაიმარჯვაო და ურუმის ლაშქარიც დაბრუნდაო. გვიჯობსო, რომ ზურაბ ერისთავის თავი ყაენს გაუგზავნოთო და თავი ვიმართლოთო. ამით ეგების ხელმწიფე დაგვიტკბესო. დაუჯერა ბატონმა თეიმუარაზ და ზურაბის თავი ყაენს გაუგზავნეს და ასე არზა მისწერეს, რადგან მეფე სვიმონ ნათესავი იყო ჩვენიო და ხელმწიფის ბრძანებით თავის სამკვიდროზე ბატონობდა. ამ თავისმა ყმამა უღალატა და მოკლა და ჩვენს გვართ წესია, რომ ერთმანეთის სისხლს მოვიკითხავთო, ამისთვის მოვჰკალით და თავი ხელმწიფის კარზე გვიახლებიაო.
ეს ყაენს ეამა და ქართლიცა და კახეთიც ბატონს თეიმურაზს მოსცეს და ხალათი და რაყამი გამოუგზავნეს. ეს რაყამი და ხალათი ასეთ დროს მოუვიდა, რომ მეფის ალექსანდრეს ქორწილი ქონდა და შექმნეს ნამეტნავად სიმხიარულე და ზოგ ქართველთ ეწყინა ამ ამბავზე. ბატონმა თეიმურაზ კარგი ფეშქაში მოიკარგა და ჩოლაყაშვილის რევაზ სახლის უხუცესის ხელით შაჰსეფის ყაენს გაუგზავნა, მაგრამ კახნი ქართველთზე ამაყობდენ და ხმლით დაჭირულს ეძახდნენ, უპატიოთაც ეპყრობოდნენ. ქართველთ გული გაავებოდა და ბატონი თეიმურაზის ბატონობა არ უნდოდათ. გზასა და ღონეს რამეს ეძებდენ და ბაღდადის ლაშქრობაც მოიშალა. ყაენი დაბრუნდა.
აქა ამბავი როსტომ მეფისა, დავით მეფის შვილისა რომ უწინ ხოსროვ-მირზა ერქვა
როსტომი მეფის ბაგრატის ძმა იყო, და მეფე სვიმონ ბაგრატის შვილი იყო, და მრავლის სამსახურითა ხელ-გამამავლობით ყაენმა ყულარაღასობა მისცა და ისპაჰანის მოურაობაც ჰქონდა.
ქორონიკონსა სამასცამეტსა (1625. თარიღზე კვლავ ცდება) შაჰ აბაზ ყაენი მაზანდარას მიიცვალა და ისფაჰანს როსტომ მეფის ცდით შაჰ სეფი ყაენი გახელმწიფდა და ქართველთ დრო დაიცეს და უპატრონობა თქვეს და ერანის საქმე როსტომ მეფეს ეკითხოდა.
რადგან ხოსროვ ფაშა ერანზე წამოვიდა, ძმისწულის მეფის სვიმონის სისხლი აღარ ახსენა და ასე თქვა: იმას ვეღარ გავაცოცხლებო, ჯერ ხოსროვ ფაშა გავიცალოთო და მერე სვიმონ მეფის სისხლს მოვიკითხავო. აღარ აჩქარდა და ბაღდადის ციხის მისაშველებლად წავიდნენ. იპრიანა ბრძანებამან ღვთისამან, როსტომ მეფემ ხოსროვ ფაშაზე გაიმარჯვა და ურუმის ლაშქარი დაბრუნდა და ყაენი ბაღდადს მიბძანდა და იმანყული ხანის ძმა დაუდ ხან ყარაბაღის ბეგლარბეგი ჭკვიანი და ამაყი კაცი იყო და ყაენსაც როსტომ მეფის გულისათვის მეჯლიშიდან გაეგდებინა და ეს ჯავრი დაუდხანს ვერ მოეთმინა. ამისთვის თეიმურაზ მეფეს მოციქულობა დაუწყო. შეიფიცეს და ადრიბეჟანის დაჭირვა მოინდომეს. ასე გაარიგეს, რომ უწინ ყაჯარის თავნი კაცნი დახოცონ და მას უკან სხვათ ხელი მიჰყონ. უწინ შვიდასს ყაჯარს თავი მოჰკვეთეს და ქართველთ, იმერელთა და კახთა განჯა, ბარდა და ყარაბაღი დარბიეს.
ბატონმა თეიმურაზ განჯა ყარაბაღი დაარბია
ბატონმა თეიმურაზ ყარაბაღის დარბევა მოინდომა. ლევან დადიანი ოდიშის ლაშქრით, მეფე ალექსანდრე იმერეთის ლაშქრით, მესხთ თავადნი და აზნაურნი, ქართველნი და კახნი სრულად შეიყარნენ და განჯა-ყარაბაღი არეზამდე დარბიეს და ააოხრეს.
ბატონი თეიმურაზ ბარდას იჯდა და განძასარის სომეხთ კათალიკოზი დიდის ჯარით და ფეშქაშით ბატონს თეიმურაზს მოუვიდა და ასე მოახსენა: ხონთქარი და ყაენი აშლით არიანო, დრო ამის უკეთესი აღარ იქნებაო. შვიდი საქართველოს ლაშქარნი თან გახლავსო, ორმოც ათას მეთოფეს მე მოგისხამო, ამასვე ფეხზე თავრიზს მიბძანდიო და შვიდ დღეს თავრიზი დაარბევინეთო და შვიდი წლის ჯამაგირში ლაშქართ უანგარიშეთო და სადამდის ყაენი ლაშქარს შეყრიდესო, ადრიბეჟანის ბატონები გამოსცვალეთო, ყველგან თქვენი ყმანი დასხითო და მე ხონთქართან გამგზავნეთო, იმისგან ლაშქარს მოგაშველებო. თუ ყაენი წამოდგესო, შევებათო და ისინი ქართველთ ომს ვერ შესძლებენო, ამისთვისაო რომ ქართველთ გასაქცევი გზა შორი აქვთო, თუ გაიქცევიან, იციანო, რომ ვერ გაწევენო, გზაზე დახოცენო. მაშ გაქცევის ფიქრი არვის ექნებისო. ძალმიცემით დაიწყებენ ომსა და ბრძოლასაო და გამარჯვება თქვენ დაგრჩებისო და მთავარ ხელმწიფეთ გაკურთხებთო და საქრისტიანო შენით დაიხსნებისო და გაძლიერდებიანო.
ეს ბატონმა შორს დაუჭირა და ასე უპასუხა: ჯერ ყარაბაღი დამიჭირავსო და შირვანს ჩემის ყმის შვილი ბატონობსო. ამ ზამთარს ქართლს მივალო, ხონთქარს ფეშქაშს გაუგზავნიო, ჯარს შევასვენებო და გაზაფხულსაო უფრო დიდი ლაშქრით წამოვალო. კათალიკოზმა შეატყო და თავისი ენით თქვა: კოკი გუღეო. ბატონმა შეუტყო, თუ რა თქვა, გაიცინა და ასე უთხრა: შენცა და დაუთხანსაცაო თან წაგიყვანო, გორს მივალო. ლაშქარი საშოვრით სავსე თავისს მივლენო.
კიდევ ბერმა გაცხადებით მოახსენა: ძროხა ცხვრისათვის დადიანი და იმერელი მეფე არ წამოგესხაო, ქართლსა და კახეთშიაც იშოვნიდიო და ერანის ხელმწიფე აგდენა როდის გაცლისო, რომ შენ მეორედ კიდევ ამრიგი ლაშქარი შეიყარო. დღეს-ხვალიობით ლაშქარს მოგიხდუნებენო და ცხვრისა და ძროხის მაგიერად ტყვეს წასხმენო. არ იქნა, ბერს არ დაუჯერა რა, განჯიდან აიყარა და დაუდ ხან ცოლშვილითა და ყოვლის მისის ბარგითა და ქონებითა და სომეხთ კათალიკოზიც თავისის საყდრის მორთულობით გორს მოასხა. დადიანი და მეფე ალექსანდრე და მესხთ თავადნი ალხინა და ვარიანის წალა და გორის ნეფის წყარო ანადირა და კარგად შეაქცია და ყველას მრავალი საჩუქარი მიართვა და გაისტუმრა და განჯის მოჩივარი ყაენის კარს ჩავიდნენ. დაუთ ხანის ორგულობა, ყაჯართ ამოწყვეტა, ბატონის თეიმურაზისაგან განჯა ყარაბაღის დარბევა და აოხრება, დაუდ ხანის ქართლში წაყვანა - ყველა შაჰ სეფი ყაენს მოახსენეს. განრისხდა და იმანყულიხან დაუდ ხანის ძმა შირაზის ბატონი თავისის შვილებით მოასხმევინა და ზოგი დახოცა, ზოგს თვალები დასწვეს.
შაჰ სეფი ყაენმა დაუდ ხანის ჯავრით მისი ძმა იმანყული ხან შვილებიანად დახოცა
დაუთ ხან იმანყული ხანის ძმა იყო, ყაენს უმუხანათა, ყარაბაღი დარბევინა და თვითან ურუმში წავიდა. შაჰ სეფი ყაენმა იმანყული ხან შვილებიანად დახოცა და დაუდ ხანის შვილებიც დახოცა.
ვერც ურუმში იშოვა პატივი თავისის ამაყობითა და უბრალოთ ძმის ოჯახი მოსთხარა. ძველთაგან ნათქვამია - თავისის ბატონის ორგულს კარგი არ დაემართება, თუარ ბატონისაგან მრავალგვარად უსამართლოთ ძალდატანებული არ იყოს. და ბატონ თეიმურაზსაც გაუწყრა ყაენი და საქართველო მეფეს როსტომს მისცა და სააკაძე როსტომ ხან ერანის ლაშქრით თან გაატანეს და ქართველნი რომ ყაენს ახლდენ, რომელიც სთხოვა, თან გაატანეს.
უწინ ამილახორი ბეჟან, ქსნის ერისთავი ზაალ, თვალდამწვრისშვილი დავით თავისის შვილებითა, ფანველიშვილი ბახუტა და როინ ჯაგლაგი, მაჩაბელი თამაზა, ციციშვილი პაპუნა, თურმანბეგ თურმანიძე, იმერეთის ბოქაულთ უხუცესი ჩხეიძე თეიმურაზ, ბარათაშვილი ჰასანბეგ და მელიქ სადათ, სომხითის მელიქი ათაბეგ თავისის ძმებითა, კახი ედრონიკაშვილი ოტია, კახაბერი, ელიზბარ სვიმონისშვილი, დემეტრე და როინ ფანველიშვილი წინ გაგზავნეს და სომხითის მელიქს საქართველოს თავადებთან წიგნი მიაწერინეს, ასე რომ თქვენი სახვეწარი არზა ბედნიერ ყაენს მივართვი, ეამა და შეგიწირა და თქვენსავ მემკვიდრეს ბატონს თავის ყულარღასს მეფეს როსტომს მიგცა და თავრიზის ბეგლარბეგი როსტომხან სპასალარი ერანის ლაშქრით თან გამოატანა და ღვთისა შეწევნით საშემოდგომოთ ჩვენც მოსულნი ვართ.
ბატონი თეიმურაზ დიღომს იდგა. ასე მოახდინეს, რომ წიგნები ხელში ჩაუგდეს და ფანველიშვილს რომ წიგნები გამოართვეს და წაიკითხეს და ვისთანაც ეწერა ამ წიგნების ამბავი, კახთ ყველას შეატყობინეს, რომ ბატონ თეიმურაზს ამისთანა წიგნები ხელში ჩაუვარდაო. ამ წიგნებზე ქართველნი დაფრთხენ და აღარავინ მოვიდა იოთამ ამილახორის მეტი და როსტომ მეფე ყარაბაღში შემოსულიყო. ომი აღარ მოხდა, დიღომიდან აიყარა და გორს მივიდა. ქართლის ლაშქარი აღარც იქ შემოეყარა და იმერეთიდან მოშველებას ელოდნენ. დადიანი ჩამოსდგომოდა, ვეღარც ისინი მოეშველნენ. ამისთანაზეა ნათქვამი: ვისაც ბედი გაუავდებისო, ფაფა კბილებს დაამტვრევსო.
გორს ამბავი მოუვიდა, ერანის ჯარი აღჯაყალას შემოვიდაო და ბარათიანი სრულად მიუვიდნენო. ბატონი თეიმურაზ გორიდან აიყარა და ქვიშხეთს მივიდა. როსტომ მეფე ერანის ლაშქრით ქალაქში შემოვიდა და უფროსი ერთნი თავადნი მიეგებნენ და ბატონის თეიმურაზის ულაშქრობა მეფეს როსტომს მოახსენეს. ქალაქიდან ორი ათასი ცხენკეთილი კაცნი აარჩიეს და ქვიშხეთს გაუძახეს, რომ ბატონს თეიმურაზს დაესხან. იმათაც შეეტყო და ჯალაბნი და ბარგი წინ გაესტუმრებინა და თვითონ სახმარი კაცებით უკან ასდევნოდეს და მდევართაც ზოგთ ცხენები დავარდოდათ. ცოტა ვინმე წამოსწეოდნენ და ომს დარიდებოდენ, უკან დავარდნილის კაცისა და ბარგისაგან ეშოვნათ, გორს მეფეს მოართვეს და ბატონი თეიმურაზ იმერეთს გადავიდა და ქართლი ყიზილბაშით აივსო.
ქ῀კს ტიზ (1629. თარიღი კვლავ მცდარია) გორის ციხე ააშენეს, საქართველო მეფეს როსტომს მიაბარეს
გორის ნაციხვარი ზომით ლაშქართ დაუყვეს და ოც დღეზე ააშენეს, გაათავეს და ნურის მინბაში მესხი მუსლიმბეგ მაზანდარის მეთოფებით მცველად შეაყენეს და ქართველთა თავადნი და აზნაურნი სრულად მიუვიდნენ და როსტომ მეფეს ფეხს აკოცეს ციციშვილის ფარსადანის მეტი და იმას სარდლისა ეშინოდა, ამისთვის რომ ძველიდან მტერობა ქონდათ.
ეს სარდალმა იწყინა, საციციანოს ლაშქარი გაუძახა, დაარბევინა და მრავალი ტყვე მოასხეს. ეს როსტომ მეფემ იწყინა და სარდალს კაცი მიუგზავნა: თავად საქართველო აოხრებული არის, რაც დარჩენილა, იმასაც თქვენ მიოხრებთ, მაშ მე რისიღა ბატონი ვიქნებიო.
ამაზე დაემდურდნენ და ორთავემ ყაენს არზა მისწერეს და ყაენისაგან ბრძანება მოუვიდა - სარდალი თავისის ლაშქრითაო ვანის ციხეზე წავიდესო და შირვანის ბეგლარბეგი ყარაბაღის ლაშქრით როსტომ მეფის ქეშიკში დადგესო.
რა სარდალი საქართველოს გაეცალა, ფარსადან ციციშვილი და ან სხვანი საცა დახიზნულიყვნენ, ყველანი მოვიდნენ. დაიწყეს აშენება, ხვნა, თესვა. მოხელენი გამოცვალეს და თან მოყოლილი თავადთა და აზნაურთა თავიანთი მამული უბოძეს. შექნეს ვაზირობა, დაიწყეს რჩევა, ეძებეს სამოყვროთ ლევან დადიანი და გაუგზავნეს მოციქულები და საქართველოს სადედოფლოთ და მისი მარიამ, დედათა შიგან ნაქები. სათხოვნელად მოციქულები წავიდნენ და იმათაც ეამა და მოსცეს.
აქა როსტომ მეფისაგან ლევან დადიანის დის მარიამის თხოვნა სადედოფლოთ
რა თფილელი მივიდა, ლევან დადიანთან დის მარიამის ქართლის სადედოფლოთ სათხოვნელათ, ნამეტნავათ ეამათ. ნება დართეს და ნიშანი მიირთმიეს და მოციქულნი მადლიერნი დაბრუნდენ და ეს ამბავი მეფეს როსტომს მოუტანეს და მეფემ ყაენს ჩაფარი გაუგზავნა და დადიანის მოყვრობა ხელმწიფეს გაასინჯვინა. მისგან ბრძანება და საქორწილო მოუვიდა, რომ კარგი გიქნიაო და შირვანის ბეგლარბეგი ფარუხან გორს მოვიდა, ყაენის ნაბოძები საქორწილო ლევან დადიანს გაუგზავნეს და დრო და პაემანი სთხოვეს, რომ ქორწილი როდის უნდა იქნას.
დადიანს პირობა მოეწერა - ამა და ამ დროსაო დიდის ლაშქრით იმერეთს მოვალო, თქვენც მანდიდან ლაშქრით წამობძანდითო, საჩხეიძოში ერთად შევიყაროთო. რა ეს ამბავი როსტომ მეფეს მოუვიდა, ყოველი რამე გაირიგა და დიდის ლაშქრით წავიდა. იქიდან დადიანი მოვიდა დიდი ლაშქრითა. და თავისი და მარიამ დედოფალი უწინვე მთას გადმოიყვანეს.
მეფე სურამს იდგა. კაცი მოუვიდა - დადიანი დიდი ლაშქრით საჩხეიძოში მოვიდაო და მეფე გიორგი ჯორზე მჯდომი ცოტა კაცით დადიანის ლაშქრის გასაშინჯავად მოვიდაო, რომ მაღლით დახედოსო. ყმათ უმუხანათესო, გამოსცესო და ლევანს დადიანს ამცნესო და დადიანი ლაშქრით მზად დახვდაო, მეფე გიორგი დაიჭირაო და სხვანი წაუვიდნენო და ზოგნი მეფესთან ერთად შეიპყრესო. ეს ამბავი ბატონიშვილს ალექსანდრეს მოახსენესო და იმერელნი მასთან შეიყარნესო და მეფედ აკურთხესო და მეფე გიორგი ორ წელიწადს დადიანს ჰყავდა. სახსრათ მისცეს მურასა გვირგვინი, მრავალი ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, თვალმარგალიტი მურასა იარაღი და ნაპირის ალაგნი ჭილაძენი და მიქელაძენი და რაც ჩხარში ვაჭარნი ესახლნენ სომხები, რომ დადიანმა რუხის ქალაქი იმებით ააშენა, მეფე დაიხსნეს. ქუთათის მოვიდა.
ასე მსუბუქათ მეფის თამაშად წასვლამ ლიხთიმერეთი მოსთხარა. რა ლევან დადიანი ცოცხალი იყო, იმერელნი ამ საქმით დაჩაგრულნი იყვნენ. ამისთვის უნდა დიდმა კაცმან მცირე და თავის უკადრისი საქმენი თავის ნებით არა ქნას.
იგივე როსტომ მეფის ქორწილის ამბავი დავიწყოთ სათქმელათ
აქედან ქართველნი წავიდნენ დიდი ლაშქრითა გამოჩვენებით და იქიდან დადიანი მოვიდა დიდი ლაშქრითა და მოკაზმულობით. იმერეთში ერთად შეიყარნენ, ერთმანეთს მრავალი კარგი ლხინი აჩვენეს და მრავალი საჩუქარი მიართვეს და მოირთმიეს და ორმოცდაათი ათასი მარჩილი შაჰსეფი ყაენს გამოეგზავნა ლევან დადიანისათვის. ის მიართვეს და წელიწადში ათასი თუმანი ჯამაგირი გაეჩინა დადიანისათვის.
ამაზე უმრავლესი როსტომ მეფემ მიართვა და დადიანსა და ოდიშერთ ბერთა და მღვდელთა, თავადთა და აზნაურთა და კარის მოხელეთა და გამრიგეთა და მოსამსახურეთა, დიდთა და მცირეთა, ყველათ თავიანთ წესითა და შეფერებითა მიართვეს და იმათაც ასე მოართვეს და კარგის წესითა და ხელმწიფურის მზითვითა და მორჭმა სიმდიდრით კარგის თავადთა და აზნაურ შვილების მხლებლებით, მსახურით, გამდლებითა და მოახლებითა ყველანი დაკაზმულნი სახელმწიფო გათავებულის იარაღითა და მოკაზმულობით მზე შავი ზღვიდან ამოსული მარიამ დედოფალი ქართლისაკენ წამოაბრძანეს.
მაყრათ გამოატანეს ეპისკოპოსნი მათნის ქვეყნისანი, გურიელი მეფეთ თქმული მეყვისი თავისი თავადებითა და აზნაურ შვილებითა. უფროსნი და სახელდებულნი ოდიშერნი თავადნი თან იახლნენ. დადიანი ოდიშს წაბრძანდა, მეფე გორს მიბრძანდა. ექვს თვეს ილხინეს და ნადირობას შეექცნენ. მიცემით გაახარეს და გორიდან ქალაქს ჩავიდნენ, იქაც ალხინეს და ანადირეს. ხან მეფესთან იყვნენ და ხან თავადნი დაჰპატიჟებდნენ. ყველანი ძღვენსა სძღვნიდნენ და ფეშქაშს მიართმევდნენ, აჩუქებდნენ.
გურიელმა და ან სხვამ მაყრებმა მეფეს კაცი მიუგზავნეს და დაეთხოვეს. მეფემ უბრძანა ყველას თავისი შესაფერისი ცხენი, იარაღი, მოფენილობა და შესამოსელი, კარვები, ოქროსა და ვერცხლის სუფრის იარაღი, მურასა ხმალი და ხანჯლები, ჯიღები და ოქროს უნაგირები და ლაგმები, საღვინე თუნგები ვერცხლისა და თასები ოქროთ მოჭედილი, კულა, ძაბრი და ჰაზარფეშა, ნაქსოვები ფრანგული, ურუმული და ყიზილბაშური, დიბები და სარტყლები, ოქროქსოვილის დოლბანდები, ქამარი და დაშნა. გურიელს ოქროსი და სხვათ ვერცხლისა, თორმეტი ყათარი ჯორი, ოცდაშვიდი ბედაური ცხენი მიართვეს და მეფე თვითონ ალიმდე თან გაჰყვა და კოლბაურის გზით გაისტუმრეს. მეფე გორს შებრუნდა.
როსტომ მეფეს საქორწილოთ მიმავალს დათუნა ერისთავი სურამიდან დაუბრუნდა
ამისი შიშით, რომ მის ძმას ზურაბს მეფის როსტომის ძმისწული მეფე სვიმონ მოეკლა, წახდენასა და სიკვდილს მოელოდა და სისხლის მოკითხვასა ელოდა და ზოგ კაცს ქრისტიანობის რჯულისათვის ბატონი თეიმურაზ ერჩიათ და თემის აშლას ცდილობდეს და დათუნა ერისთავს ასე დაანახეს, მეფე ცოცხალს არ გაგიშვებსო და შეაშინეს. ღამით აიყარა და საერისთაოში მივიდა და იქიდან ბატონ თეიმურაზს კაცი უგზავნა და გადმოსვლას შეეპატიჯა. რადგან ამისი ძმა ზურაბ ერისთავი ბატონ თეიმურაზს მოეკლა, ამისთვის მოტყუება ეგონა და აღარ ენდო.
ეს ამბავი როსტომ მეფეს მოახსენეს. დიდი ლაშქრით მეფე მუხრანში მივიდა და დათუნა ერისთავს დაუწყო მოციქულობა და ფიცით მოინდო და უვნებლობა უბრძანა. მაგრამ ყაენთან გაგზავნას და ისევე პატივით მოყვანას დაჰპირდა. რა მოვიდა და მეფე ნახა, დიდი პატივი დასდვა, მაგრამ მეჯლისში მჯდომი ხმალს არ შემოიხსნიდა. თავად არც მეფე ენდობოდა. მერე ბატონ თეიმურაზთან რომ კაცი გაეგზავნა, დაბრუნებაში ის კაცი დაეჭირათ და ბატონის თეიმურაზის მონაწერი წიგნები ხელში ჩაუვარდა და ეს დავით ერისთავმა შეიტყო და გაპარვა მოინდომა.
ესეც მეფეს მოახსენეს და აღარ დააცალეს და იარაღისა და ხმლის შემოხსნას შეეპატიჟნენ. იმან შორს დაიჭირა, არ შემოიხსნა. ძალათ წართმევა შეკადრეს. უწყინა და ხანჯალს ხელი წაიკრა. ზოგი მოკლა, ზოგი დაჰკოდა. ეს მეფეს მოახსენეს. მეფემ უბრძანა - წაუშინეთო. დაუშინეს და დავით ერისთავი მუხრანში მოკლეს.
სიკვდილი დავით ერისთვისა მეფის როსტომის ბრძანებით მუხრანშია ქ῀კს ტით (1631. თარიღი კვლავ მცდარია)
რა მუხრანში დათუნა ერისთავი მოკლეს, ლაშქარი საერისთაოში შეუძახეს. დუშეთი, ბაზალეთი, საშაბურო, არაგვისპირი და გარეშე ამათი დაწვეს, დარბიეს. მეფე რვა დღეს დუშეთს იდგა. საღამოდან გათენებამდე ყოველმხრით მოხდომა და ბრძოლა იყო. რა გათენდა, კაცს ვეღარსად იპოვებდნენ. მოხდომაში რა ჯარი მოკრიფეს, როგორც ეშმაკნი დაიკარგნენ და საერისთაოს უფროსნი კაცნი შეკრიბეს და ზაალ გააერისთავეს.
ბატონი თეიმურაზ იმერეთს იყო და ქსნის ერისთავი იასე მას ახლდა და ზაალ ერისთავს კაცი გაეგზავნა და საფიცრის წიგნები მიერთმევინა და ჩამოსვლას შემოხვეწოდა. ეს ამბავი იქვე საერისთაოში მეფე როსტომს მოახსენეს და ბატონის თეიმურაზის მოსვლასაც იტყოდნენ. მეფეს მოახსენეს - ეს ალაგიო ამათთვის კარგად დაცდენილი არისო, მოურავზეც აქ გაიმარჯვესო და ჩვენს ლაშქარსაც იმათი ურჩევნიანო. აქედან გავიდეთო, ან გორს მიდითო და ან ქალაქს ჩადითო. მეფემანც დაუჯერა, აიყარა და ტინთის გზით წავიდა.
აქა ტინთის გზაზე ზაალ ერისთვის დახვდომა, თავის ბატონს მეფეს როსტომს წინ დახვდომა
მეფე აიყარა და ფიშხანა ტინთის გზაზე საბურდიანზე წავიდნენ. რა ბაზალეთს გამოსცილდენ, რა ტყეში შემოვიდნენ, უფროსი ერთის თავადების ბარგი ურმით ჰქონებიათ და საერისთაოს ქვეითნი ტყეში დამალულნი ყოფილან. გამოსცვინულან, ურმები ჩაუჩეხეს და გზა შეეკრათ და ალაგ-ალაგ ტყით ხელთოფი დაუშინეს და მანამდის გზას გახსნიდენ, მრავალი ნავნები ქნეს და ურმები გზიდან გადაყარეს. მეფე და ჯარი საბურდიანოს ჩამოვიდნენ.
ეს ამბავი მოუვიდა - ქსნის ერისთავი იასე ქურდობით მოჰპარვიაო და ზაალ ქსნის ერისთავი მოუკლავსო და ისევ იასე იმერეთს გადასულაო. მეფემან წიგნი გასწერა და ყველმხრით ლაშქარნი მოიხმო და იასე ერისთავი მოსულიყო კიდევ და ერისთავზე გაუძახეს. სხვა ამბავიც მოვიდა, რომ ბატონმა თეიმურაზ ქართლი ჩაიარა და კახეთს ჩავიდაო. მაგრამ გზაზედან მუხრანის ბატონმა ბახუტამან (მომავალი ვახტანგ V) და იოთამ ამილახორმა ნახესო და საფურცლეს წყალს გავიდაო, კახეთს ჩავიდაო. ამაზე ლაშქრობა მოიშალა და ყაენს ჩაფარი გაუგზავნეს და ეს ამბავი მისწერეს.
ამ დროს სულთან მურად ხონთქარი ერევანზე წამოვიდა. ყაენი იმის ფიქრში იყო, როსტომ მეფეს ყური არ ათხოვეს. ამ დროს კიდევ ამბავი მოვიდა - წუხელის ბატონი თეიმურაზ მუხრანში გასულაო, დღეს ქსნის ერისთვის მამულში მივაო. ეს ამბავიც ყაენს მისწერეს. კიდევ ამბავი არ მოუვიდა. კიდევ გორიდან ამბავი მოვიდა - წუხელის ბატონი თეიმურაზ გორს დაესხა და ნაპირის სახლები ციხის ძირს მოვასხითო და ბაზარს ზევითი გზები შეუკარითო და უბანსა და უბანსა თავისივე კაცები უჩინეთო და თავთავის უფროსმა კაცებმან ცოლშვილი ციხეში შემოასხესო. თავკაცათ დიაღ კარგად იყვნენო. ზევიდან ჩვენ თოფები დავაყარეთო და ქვეით გორელებს ვერ შემოუვიდნესო. რომლისაც გზით მოვიდნენო, დაუშინეთ და დავაბრუნეთო, ვერა დაგვაკლეს რაო და ვერცარა იშოვნესო და ჩვენ ხუთი კაცი მოუკალითო და ოცდაშვიდი ცოცხალი შევიპყარითო, გათენებამდის გვებრძოლესო და გიორგი გორგიჯანაშვილი თავის სახლში დაიჭირესო და წაიყვანესო. ზედამენ თოფით იცემებოდესო, იქ ვეღარ დადგნენო. იკორთას მივიდნენო და გზაზე რაც ძროხა და ცხვარი ნახეს, წასხესო.
რა ეს ამბები მინბაშსა და გორელებს მოეწერა, ჩაფრის ხელით ყაენს გაუგზავნეს და მეფემ სომხითისა და საბარათიანოს ლაშქარი შემოიყარა და გორს მივიდა და ქართლის ლაშქარი იხმო და იმათაც შეიტყვეს მეფის მოსვლა.
აქა ომი არცევისა, ბატონის თეიმურაზისა და მეფის ლაშქრისა
მეფის ლაშქარმა გაიმარჯვა, ბატონ თეიმურაზს ეახლნენ კახნი, ორნივ ერისთავები, მუხრანის ბატონი, ამილახორი იოთამ, იკორთიდან არცევს ჩამოვიდნენ. მეფე გორიდან არ დაიძრა და ლაშქარი გაუძახა. ისინიც მზად იყვნენ, რაზმი გარიგეს. ესენიც რაზმწყობილნი მივიდნენ. შეექნათ ძალზედ ომი, წაუშინეს ერთმანეთსა და შეიქნა ძგერება და ორმხრითვე ძალმიცემით იბრძოლეს, ამისთვის რომ აქეთი ლაშქარი მეფის ერთგულნი იყვნენ და ორგული არვინ ერია და ასევე იქით ლაშქარი ბატონის თეიმურაზის ერთგულნი იყვნენ, ამისთვის ორმხრითვე თავგამომეტებით ომი გადაიხადეს. გამარჯვება როსტომ მეფის ჯარს დარჩა. იმათ იკორთის მთა გადაიარეს. უკანა გზით საერისთაოს მივიდნენ და ბატონი თეიმურაზ კახეთს ჩავიდა და როსტომ მეფემ საამილახორო ჩაიარა, მუხრანი დაარბია და ქალაქს ჩავიდა.
ამ დროს ყაენის ბრძანება მოვიდა როსტომ მეფეზე. რადგან ხონთქარმა წელს აღარ გამოილაშქრაო, ადრიბეჟანის ლაშქრისათვის გვიბრძანებიაო, თქვენ გიახლონო. ვინც თქვენი ურჩი და თავგამზიდავნი იყვნენო, ამოიღეთო. ყაენის ბრძანება გაათავა, მრავალი ყიზილბაშისა და საქართველოს ლაშქარი შემოიყარა, კახეთზე გაილაშქრა. რა იმათ შეიტყვეს ყაენის განრისხება, მოციქულები გამოუგზავნეს და ხვეწნა შემოთვალეს და წიგნიც ასე მოეწერა: თავად ნათესავნი ვართო და მერე ბატონი დედოფალი თქვენი ბიძაშვილი არისო და არც თქვენა გყავს შვილიო და ერთის მეტი აღარავინ არისო და ყიზილბაშთაგან მრავალი ძალი და უსამართლო მჭირსო. თუ რომ კიდეც დამეშავებინოს რამეო, შიშით მიქნიაო და თქვენი თავადები რომელიც ჩვენთან არიანო, ფიცით შემოგარიგებთო და ჩემს თინათინს თქვენის ბრძანებით შაჰსეფი ყაენს ვაახლებო და შუა შემოდითო, ჩემ აოხრებულს სამკვიდრო მამულზე დაგვაყენონო. ეს ამბავი როსტომ მეფეს ნამეტნავად ეამა და ყაენს არზა მისწერა და ლაშქრობა მოიშალა და კახმა ბატონმა ამისი თავადები გამოუგზავნა. ამანაც იმისის გულისათვის დიდი პატივი დასდვა.
ბატონმან თეიმურაზ თავისი ქალი თინათინ შაჰსეფი ყაენს გაუგზავნა
როსტომ მეფეს ეს წყალობა და შერიგება ნამეტნავად ეამა. ქვეყნის დამშვიდების და ჩხუბიანთ დაწყნარებისათვის ყაენს მისწერა და იმათაც ეამებინა და ყაენის ასე ბრძანება მოუვიდა - თქვენი შერიგება გვეამაო, კარგი გიქნიათო და ბატონიშვილი თინათინო დიდი პატივით გამოისტუმრეთო.
როსტომ მეფემ როგორც თავისი ასული სახელმწიფოს მორთულობითა და მრავლის შეკაზმულობით თავისი ვეზირი აღა მოინა თან გაატანა და კახთაგანც მდიდარი თავადნი თან გაატანეს და ბატონიშვილი თინათინ შაჰსეფი ყაენს მიჰგვარეს და ხელმწიფემ კარგი თვალით ნახა და დიდი პატივი მიაპყრო და მრავალი ძვირფასი თვალმარგალიტი უბოძა და ვინც თან გაჰყოლოდა კახთა და როსტომ მეფის ვეზირსა, ყველას მრავალი უბოძეს და ბატონს თეიმურაზს ათასი თუმანი თეთრი და ათასი თუმნის ხალათი გაუგზავნეს და კარგი საიმედო რაყამი მისწერეს, ასე რომ რაც ამას წინათ შეგიცოდებიაო, ყველა შეგვინდვიათო და ამას უკანო შენ და როსტომ მეფე შერიგდითო, ჩვენ გვიამებისო და ორთავ მრავალს წყალობას გიზამთო და ასე კიდევ მეფის როსტომისათვის ებძანა.
მოსვლა სულთან მურად ხონთქრისა და ერევნის ციხის აღება ქ῀კს ტკე (1637)
აიღო ხონთქარმა ერევანი, მივიდა თავრიზს, დარბია ადრიბეჟანი და ქურთისტანის გზით დაბრუნდა. მერვე თვეს შაჰსეფი ყაენი მიუხდა და მრავლის ლაშქრითა და ბრძოლით ისევ ერევანი აიღო და მრავალი კაცი ამოწყდა და ამისთანა დროს როსტომ მეფემ საქართველოს ლაშქარი გაუძახა და სამცხე და ჯავახეთი დაარბევინა. მრავალი ნაშოვარი ქნეს. ეს ყაენს ეამა და ორი ათასი თუმანი და ხალათი გაუგზავნა და ყაენი ადრიბეჟანით ისპაჰანს ჩავიდა.
მეფე გორს იდგა და ნოდარ ციციშვილი და იასე ქსნის ერისთავი კარალეთზე გადავიდნენ და არაგვის ერისთავი ზაალ ნოდარს მიუდგა და იოთამ ამილახორი იასეს ერისთავს მიუდგა. ქსნის ერისთავი და ამილახორი ლაშქრით მოვიდნენ და გორს ზევით ჭალაში დადგნენ და გორს ქვევით მტკვრის პირს ნოდარ იდგა თავისი ლაშქრითა და ჯერ არაგვის ერისთავის ლაშქარი არ მოსულიყვნენ.
ამაების ლაშქრობა როსტომ მეფემ იწყინა და იასე ერისთავისა უწინდელი ჯავრიც ქონდა და იასე ერისთვისა და იოთამ ამილახორის ცოლ-შვილი როსტომ მეფემ გორის ციხეში შეგზავნა. კარალეთი როსტომ მეფემ ნოდარს უბოძა და ერისთავისა და ამილახორის დაჭერვა მოინდომა. ეს იმათ შეუტყვეს, გორიდან აიყარნენ და ახალგორს მივიდნენ. მეფემანც ამილახორობა ბეჟანს მისცა და ქსნის ერისთავობა ელიზბარს მისცა და იმათი ყმანი უფროსი ერთნი წამოუვიდნენ, ამათთან მოვიდნენ. მეფემანც მათზე გაილაშქრა და რეხის ხევს მივიდა. ისინი გაეცალნენ, კახეთს ჩავიდნენ. მეფემ ცხვილოსის ციხე დაქცია და ისევე გორს მივიდა.
ერისთავი და ამილახორი კახეთიდან ბატონ დედოფალს შემოეხვეწნენ - მეფესთან მოეხმაროს, რომ თავიანთ ცოლშვილი უბოძოს. ბატონმა დედოფალმა მოუხსენა და მეფემ აპატია და ხელი მოუწყვეს და თავიანთ აზნაურიშვილითა და მსახურით როგორც ბატონობაში ისევე კახეთს გაისტუმრეს და ორივე ბატონ თეიმურაზს ახლდნენ, დიდი პატივითა და ხელშეწყობით ინახავდნენ.
რადგან იოთამ ამილახორის დედა მეფის ბიძის ვახტანგის ქალი იყო და იმერეთში ჩიჯავაძეს ედგა, იქიდან კარგი ფეშქაშით მეფეს ეახლა და შვილის შემორიგებას შემოეხვეწა. თავად მეფე ანაგებად გულმოწყალე კაცი იყო და ადრე შეუნდობდა ორგულთა და დამნაშავეთა. გაჭირვებულთა და შეღონებულთ შველა იცოდა, მედიდურთ პატივის მდები იყო, ნამეტნავად მანდილოსანთა. ქვრივ ობოლთა და გლახათ სარჩოს გაუჩენდა, ნამეტნავად თავისიანთა. ამისთვის ამილახორი თავის დედას ბატონიშვილს თამარს აპატია და სამილახოროც მისცა.
რადგან იასე ერისთავისა მრავალი ჯავრი ახსოვდა მეფესა და მესისხლეც იყო, თავად თავისი ძმა შანშე მოეკლა და შანშეს ცოლიცა რომელიც მეფის დისწული იყო და ზაალ ქსნის ერისთავი მეფის როსტომის ბატონობაში მოეკლა, ამისთვის აღარ შემოირიგა. იასესაც ღონე გაუწყდა და ყაენის კარს ჩავიდა. კარგი პატივი დაიდვა, ულუფა გაუჩინეს და ხელმწიფის მეჯლისში დასვეს. რადგან ამ იასეს ერისთავს ამილახორი პაპუნა მოეკლა, იმისი ორნი შვილნი პატა და იოთამ ყაენს ეახლნენ და იყვნენ დროის მძებნელნი რომ თავიანთ მამის მკვლელი იასე მოკლან. ამ დროს შაჰსეფი ყაენი მიიცვალა და იმისი შვილი შაჰ აბაზ (II, 1642-1666) გახელმწიფდა ქ῀კს ტლ (1642). ყაენი ყაზმინს მივიდა. ხელმწიფე ყმაწვილი იყო და ამილახორის შვილებმა დრო მოიცეს, ყაზმინს ყაენის სახლიდან მიმავალს გზაზე დახვდნენ და თოფი ჰკრეს და იასე ერისთავი მოკლეს და ხელმწიფის საჯინიბოში შეიხვეწნენ. ყაენი განრისხდა და ამილახორის შვილების დახოცა ბძანა. კარის კაცნი მოეხმარნენ და ხელმწიფეს ასე მოახსენეს: იმას ამათი მამა მოუკლავსო და ამათ სამართლით თავიანთ მესისხლე მოუკლავთო და მერჯულენი ამათს დახოცას არ იტყვიანო. მაშ ამათი სამართალი მერჯულეთზე შეაგდეს. იმათ ასე გაბრჭვეს: თავად მამის მკვლელი მოუკლავსო და მერე ესენი მუსულმანი და ის გაურიო, ვერვინ ვერას შეუვლენო. აქამდის ითქვა და იასემ ცუდად ჩაიარა და როინ ჯავახისშვილი ყაზმინს იყო როსტომ მეფისაგან ყაენთან გამოგზავნილი და იასე ქსნის ერისთავი იმან საქართველოში წაიღო მკვდარი.
აქა იმერეთის ბატონისშვილის მამუკას ჩამოსვლა ახალციხიდან ქართლსა
მამუკა გიორგის მეფისშვილი და მეფის ალექსანდრეს ძმა იყო, მამაცი და უხვი და უშურველი კაცი იყო. ლევან დადიანი ნამეტნავად გაძლიერებულიყო და იმერეთი დაეჩაგრა. მამუკა ბატონიშვილს ჩხეიძის ბეჟიას ქალი ნათხოვნი ჰყავდა და დადიანს თავისი ქალის მიცემა უნდოდა. ჩხეიძენი და მათნი კერძნი ბატონიშვილს უდგნენ, მაგრამ დადიანის ძალით იმერეთიდან გაყრილნი იყვნენ და ბატონიშვილი მამუკა და ჩხეიძენი თავისს სიძე საფარ ფაშასთან იყვნენ ახალციხეს, ჩხეიძენიცა და სხვა მრავალი თავადის შვილებიც თან ახლდნენ, იმერეთსა და გურიას არბევდნენ და ქართლის თავადნი მეფეს როსტომს შემოეხვეწნენ და მოციქული მოუგზავნეს: „ამითვის საქართველო არ წყნარდებაო, რომ შვილი, ძმა და ახლო ნათესავნი არა გყავანო და თქვენს ბოლოს ვერა ხედავენო. ამისთვის მალე აიშლებიან და სხვა ბატონს ეძებენო. მამუკა ბატონიშვილის სიკეთე თქვენც მოგხსენებიაო, თავად ბაგრატიონი და მერე მეფის შვილი და თქვენი ნათესავი არისო. ახალციხიდან ჩამოაყვანინეთო, იშვილეთო და თქვენც მოისვენეთ და საქართველოც მოასვენეთო და ქვეყანა დაწყნარდებაო. თუ ღმერთმა თქვენ ყმაწვილი მოგცესო, ეს თავის სამკვიდროზე გააბატონეთო. თუ თქვენ შვილი არ გაგიჩნდეს, სანამდე ბრძანდებოდეთო, სურამის შესავლელი საუფლისწულო უბოძეთო, იმერეთიც ზედ აბიაო და იქიდამაც ხელს მოიმართავსო და თქვენად შვილად აკურთხეთო და ღმერთმა დიდს ხანს გაცოცხოლოსო, თქვენს შემდეგ მაგას ვიბატონებთო“.
მოატყუეს მეფე როსტომ, მამუკა ბატონიშვილი ჩამოიყვანეს თავისი ჯარითა და მეფე ნამეტნავად კარგად დახვდა და მრავალი ხარჯი გადაიხადეს ბატონებთა და ყმებს ზედან, თუ სასმელ-საჭმელითა, თუ მიცემითა. აწე შექნეს ეშმაკივით რჩევა და ღმერთი ჰგმეს და პატრონ-ყმობა სწვალეს და მეფის როსტომის სიკვდილი გაბედეს და მამუკა ბატონიშვილის გამეფება მოინდომეს ქართლშია და მეფეს როსტომს ქალაქის სასახლის აბხანაში (საძინებელი) მოღალატები ჩაუსხეს, რომ როცა მეფე შევიდეს, მოკლან და მამუკა გააბატონონ. იქნა სამართლისათვის მეფე როსტომ ღვთისაგან დაცულ-დაფარული. ერთი მერიქიფეთ უხუცესის ყმა აბხანაში შევიდა, ბატონი ეგონათ, წამოუშინეს ღამით, დაჭრეს. მაგრამ ხმით იცნეს, რომ მეფე არ იყო, მოკვლა აღარ მოიცადეს და მტკვარში გადაცვინდნენ და ცურვით გავიდნენ და დაკოდილი კაცი მეფეს მიჰგვარეს და მოახსენეს.
მეფე მრავალ-გვარად ნაცადი და აუჩქარებელი, ჭკვიანი, მონახული ბატონი ბძანდებოდა, ქვეყნის აშლას და ჯარის არევას ერიდებოდა, თავად ყმათ დაფთხობა არ უნდოდა, დაკოდილ კაცს მეფემ ხუმრობა დაუწყო, ასე უბძანა: „ლამაზი ბიჭი შეგიმწყდევიაო, ძალად საავკაცოდ მოგინდომებიაო, იმასაც დანა შემოუცემიაო და შიშით ეგ ტყუილები მოგიგონებიაო“ და გარეთ გააგდებინა, უფრო გამხიარულდა. მისი ამბავი აღარც თვითონ თქვა და არც სხვას ათქმევინა, მაგრამ მეფემ თვით იცოდა, თუ ვისი ქმნილობა არის და ან რა სწადიათ და ან მოღალატე ვინ არის. ოც დღემდე ამისი აღარა ითქვა, მას უკან მეფემ აუჩქარებელმა ათი ათასის მარჩილის საჩუქარი სომანეთის ჭალაში მჯდომს მამუკა ბატონიშვილს გაუგზავნა და ასე მისწერა: „ყაენისგან მერიდებაო, არამც კარზე გიხმონო, ჩემგან საფიცარი გაქვთო, რომ თქვენი უნებური არა გკადრო რაო. თქვენც მოგეხსენებაო ყაენის უარის თქმა არ შეგვიძლიაო, ისევე ახალციხეს მიბრძანდითო და რაც ხელით გამოგვივაო, აქიდანაც მოგიმართავთო ხელსაო“.
ბატონიშვილმა შეიტყო, თუ რა ამბავია და ცუდი და ეშმაკეური რჩევა გაცხადებულა, მის ქართლში დგომა აღარას არგებს, აიყარა და ისევე ახალციხეს მივიდა საფარ-ფაშისასა. ჩხეიძენი და ზოგნი სხვა საპატიო კაცის შვილები ქართლს დადგნენ, ზოგი ციცისშვილის ნოდარისასა და ზოგნი სხვაგან. აწ სხვა ეშმაკობა და საქართველოს არევა მოინდომეს და თავადები შეიფიცნენ და ბატონ თეიმურაზს საფიცრები გაუგზავნეს, რომ თვითან ლაშქრით მცხეთას მობრძანდეს და გაღმიდან ერისთავი და ამილახორი ლაშქრით მოვიდნენ და გაღმართი მხრის ლაშქარი ნოდარმა შემოიყაროს, ჩხეიძენიც თან იახლოს და როსტომ მეფეს მტერობა გაუცხადონ და ძალად ბატონობა წაართვან.
ხოვლეთსა საჯავახიანოში ციციშვილი ნოდარ თვის ბატონს მეფეს როსტომს შეება და გაიქცა
ციციშვილმა ნოდარ მარტოდ გამარჯვება მოინდომა, არც ბატონი თეიმურაზი მოიცადა და არც ერისთავი და არც ამილახორი. რადგან ჩხეიძენი და სხვა იმერეთის სააპატიო კაცის შვილები მასთან იყვნენ და ყველანი ომნაცადი კაცნი იყვნენ და საციციანოს მხრისაკენ თავისი და სხვის ლაშქარი შემოყროდა, მოვიდა, ხოვლეთს ჩამოხდა. თავისი კერძო ლაშქარი ვინც არ შემოეყარა, მამულები დაურბია და ეს ამბავი იორამ მოურავისშვილს მეფისათვის მოეწერა: „მალე წამობძანდიო, თოარადა გაღმა მხრის ლაშქარი შემოეყრებისო და საქმე გაჭირდებისო“.
შუადღისას ეს ამბავი ქალაქში მეფეს მოუვიდა, იმავე წამეს ისევ კაცი დააბრუნა და იორამს ასე მისწერა: „რომ რასაც წამს ეს წიგნი მოგივიდესო, ფიცხლავ გზები შეუკვრევინეო, რომ აქეთკენ მიმავალი კაცი იქით არ გაუშვანო და ღვთისა შეწევნით ამაღამ ერთგან შევიყრებითო“ და იმ მისულ კაცს ასე უბრძანა: „ჩაფრად წადიო, ხვალ ამავეს დროსაო აქავ უნდა ამბავი მამიტანოო“. კაცმან მადლი გადაიხადა და წავიდა. მეფემ ქალაქის მოურავს უბრძანა: „ჯარში დააძახეო, ვინცა ვინ ქალაქში მზად იყვნენო თათარნი, ქართველნი და სომეხნი. ვისაც ცხენი ჰყავდესო, შესხდენო და რა ქარანის ხმა გაიგონონო, სწრაფად წავიდნენ და მცხეთის საბაჟოსთან მზად დაგვხვდენო. იქ აღლუმს ვნახაო, მაგრამ ესეც ვინცა ვინ ცხენის მყოლებელი არ წავიდესო, თავი მოჰკვეთეთო და თავისივე ცხენით უკან მომაწიეთო“.
საღამოს ჟამს ქანარები დააძახეს და ჯარმა საჩქაროდ იარა და მეფე ცხენს შეჯდა და საჩქაროდ წაბძანდა. მეფის მისვლამდე უფროსი ერთი ჯარი მისულიყვნენ, მეფემ უბძანა: „ღამე არისო და უკანა ჯარიც არ მოგვეწევიანო და ისინიც მოვიდნენო, თქვენც ჩქარათ იარეთო და გათენებისას სანსა ვნახავო“.
იარა და შუა ღამისას კავთისხევს მივიდა და მოურავიშვილი იორამ იმ გარეშემოს ლაშქრით კარგ გვარად წინ მოეგება. მეფემ ელიზბარ ბოქაულთუხუცეს უბრძანა: „ლაშქარს უკან ჩამოუდექო და ვისაც ცხენთ შეძლება ჰქონდესო, ჩქარა წამოასხიო, რომ ღვთისა შეწევნითაო დილას ნოდართან გავითენებო“. მიჯრის ჟამს დილისასა მეფე ხოვლეთის ბოლოს მივიდა, მარქაფა გამოიცვალა და ჯარსაც უბრძანა: „ცხენებს მოსართვები უნახეთ და გაუკეთეთო და იარაღნი მოივარგეთო“. რაზმი გააწყვეს და ქანარები დააძახეს და მეფეს ასე მოახსენეს: „შეუტყობლად თავს დავესხათო“. მეფემ თავს დასხმა არ იკადრა და ასე ბრძანა: „ქართველთ სამართლის ქმნის გამართლებისათვისო ერთმანეთს შეებმიანო, მეც ჩემს ყმას სამართალზე შევებმიო. თუ იმაზე მეტყუვნებინოს, გამარჯვება იმასაო. ბედნიერ ყაენს გამოეპარაო და მთხოვა და არ მივეცო, ფარსადან მამამან მისმანო მრავალი მაძლიაო, რომ საციციანო მისის შვილიშვილის პაპუნა ყორჩიბაშისათვის მთხოვაო და არ მივეცო და მაგას უქრთამოთ მივეცო და ახლა ამდენი სიკეთის მაგიერათო ჩემთვის უმუხანათებიაო და სხვა ბატონს ჰბირებია. ამაზე მინდა ღვთის სამართალი გავსინჯო, თუ რომელი ვტყუით“.
დააძახებინა ქანანები, ამდენი ხანი რაზმს მოაცდევინა, რომ იმათაც შეიტყვეს და საომრად შეიკაზმნენ და ცხენს შესხდენ და რაზმი გაირიგეს და საომრად წინ წამოდგნენ და შეიქნა სროლა, კიკლაობა. იქიდან ჩხეიძენი და სხვანი იმერელნი წამოდგნენ. შეიქმნა შუბთა ძგერება და ხმალთა ელვარება, ლახტების ჯახა-ჯუხი, მუზარადთა ხეთქინება. დიდ ხანობამდე ჩხეიძეებმა ძალმიცემით ომი გადაიხადეს და საქმეც გაუჭირეს, ლაშქარიც დააბალითეს და კარგადაც იყვნენ, მაგრამ ნოდარ ომს არ მოსულიყო და უწინვე ვერის ციხისაკენ წასულიყო და ჩხეიძებს ზურგი არ მოაბა და კიდეც დაიჭირეს, დაიღალეს. მეფემანც თვითონ ცხენს დაუძრა და ერთპირად ქართველნი მიეტევნენ და წაუშინეს. ბეჟია ჩხეიძე მოურავიშვილმა იორამ შეიპყრო და ზოგნი ბარათიანთ შეიპყრეს, ზოგნი ელიზბარ ბოქუალთუხუცის ყმებმან შეიპყრეს. ყველანი ორმხრითვე კარგად იყვნენ და ძალმიცემით ომი გადაიხადეს და მეფემ გაიმარჯვა, ნოდარ ვერის ციხეში შეიხვეწა და ჩხეიძენი დაჭრილნი და დარჩენილნი მეფის წინ მოასხეს მხარწაკრულნი და გამარჯვება მოულოცეს.
მეფემ ბძანა, ჩხეიძეებს მკლავნი გაუხსნეს და გორს გაგზავნეს, რომ ტანისამოსი გამოუცვალნონ და ქვეშსაგები და ზედსაფენი გაუკეთონ და კარგი პატივით ხელი შეუწყონ და ვისაც მამაცობა ექნა, ყველას ხალათი და საჯილდოდ მამულები უბოძა. უფროსიერთთ საციციანო დაუყვეს და კაცები უჩინეს, რომ გაქცეულთ კაცთ უკან ნურავინ აედევნება და ვისაც საციციანოს კაცი დაეჭიროს, გაუშვანო.
იმ ღამეს იქვე ნაომარზე დადგა და მეორე დღეს გორს მიბრძანდა და მეორეს დღეს გორიდან ქალაქს ჩაფარი გაგზავნეს და ქაიხოსროვ ბარათაშვილი, დედოფლის სახლთუხუცესი დაიჭირეს და ციხეში აიყვანეს და ღამით კოშკიდან გადმოაგდეს და თქვეს: „დამთვრალა და თვითონ გადმოვარდნილაო“. და ამის შვილები დააჭერინეს და გორის ციხეში დაატყვევეს და მისი სიძე ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილი ბაგრატოანი იყო და ბატონობაც უნდოდა, ის გადაიხვეწა და კახეთს მივიდა და იოთამ ამილახორი ჯალაბობრივ საერისთაოში მივიდა. თვითონ ბატონ თეიმურაზთან მივიდნენ და ზამთარმაც მოატანა.
ნოდარ ზოვრეთის ციხეში გამაგრდა. მეფემ გორიდან ლაშქარი გაუძახა და სკრას ზევითი საციციანო დარბევინა და ჩხეიძენი ბოქაულთუხუცის ელიზბარის ხელით ყაენთან გაგზავნა და არზა მისწერა: „ქართველნი ჩემი უშვილობისათვის და უნათესაობისათვის ურჩობენ და ავკაცობენო, რომ ჩემს ბოლოს ვერა ხედავენო, ჩემს ბიძაშვილს თეიმურაზ მირზას სამნი შვილნი ჰყავანო და რომელსაც პაპის ჩემის ლუარსაბი სახელი ჰქვიანო, ის შვილად გვიბოძეთო, რომ ჩვენს უკან ქართველთ საბატონოთ ეგულებოდეს“.
ესენი ყაენთან გაისტუმრა და თვითონ გორის ციხიდან ზარბაზნები ჩამოიტანა და ზოვრეთის ციხეს შემოადგა, ზარბაზნებით დაუშინა, მაგრამ ქვიტკირს ვერ ავნო რა. მალე მალე ხმას დააგდებდენ, რომ ბატონი თეიმურაზ მოეშველებისო. მეფეს აშინებდენ, მაგრამ მეფემ ასე ბრძანა: „ხონთქარიც მოეშველოსო, სადამდის ნოდარს ციხიდან არ გამოვიყვანო, აქიდან არ დავიძვრიო“. წყალკურთხევამდე სრულად ქართველთ ლაშქარი ზოვრეთის ციხეს ადგნენ და ვერ აიღეს და არც მშველი გაუჩნდა და ციხეს შიგნით ყმათ უმუხანათეს და ჰგმეს ბატონი და გაუორგულდნენ და ციხის გაცემას შეუდგნენ. ეს ნოდარ შეუტყო, რომ ყმანი ღალატს უპირებენ, ჩათრეულსა ჩაყოლილი აჯობინა და თავისი დედა, კახეთის ბატონიშვილი როსტომ მეფესთან სახვეწარად გამოგზავნა.
რა მოვიდა, ნამეტნავად მეფემ დიდი პატივი დასდვა და სახვეწარი დაუჯერა. გაცლის გზა სთხოვა. რადგან ნათესავი იყო მეფისა და მერე დედათა შიგან სიკეთეზე ნაქები იყო და საქართველოში ძველით წესათ იყო, რომ ვისაც გასჭირებია შესახვეწნად, ან დედასა და ან ჯალაბს გაუგზავნიდენ, მეფენი და თავადნი პატივს დასდებდნენ. მეფემაც გაათავა ძველი წესი, ბატონიშვილს ფეშქაში მიართვა და უვნებლობის საფიცარი მისცა, რომ საცა უნდა წავიდეს თავისი მხლებლებითა და ქონებით არა უშავდეს რა და ამდენი ცხენი, ჯორი ათხოვეს ზოვრეთიდან, რომ თავიანთ ქონებით ახალციხემდე მიასხან. მაგრამ ბევრს შემოეხვეწნენ, რომ ნოდარ ინახულოს, არ ინახულა, მაგრამ უზიანოთ სამცხეს მივიდნენ და ერისთავი ზაალ და ამილახორი იოთამ ბატონ თეიმურაზთან იყვნენ. მაგრამ გზებზე იწყინებოდენ და ნაპირის ალაგებს ერთიმეორეს ურბევდენ. ვინც იმათ შემოსწყრებოდენ, ამათ მოუვიდოდა. ვინც ამათ შემოსწყრა, იმათ მიუვიდა და ამათი საქმით ქართლი და კახეთი მოუსვენებელი და არეულ-აოხრებული იყო.
აქა მეფის როსტომის ილღარი ქალაქიდან, მზის ჩასვლისას ცხენს შეჯდა, გათენებისას შობის დღისას ახალგორს ერისთავებს თავს დაესხა და გაიმარჯვა ღვთითა
ქალაქს შიგ მჯდომს მეფეს როსტომს ამბავი მოუვიდა, რომ ხვალ შობას ორივე ერისთავები და იოთამ ამილახორი ახალგორს შობას ერთად იქმონენო და იქ ლაშქარს შეიყრიანო და ბატონ თეიმურაზს საფურცლეს შემოეყრებიანო, იქიდან მცხეთას მოვლენო და ვისაც მათთან პირობა აქვთო, იქ შეეყრებიან და შეჰფიცავენ. რა ეს მეფეს მოახსენეს, ფიცხლავ მუხრანის ბატონ ბახუტას, რომელიც ბოლო დროს თავისი ბატონის ადგილზე გამეფდა, წიგნი მისწერა: „შენის ლაშქრითაო მზად დამხვდიო, რომე ღვთისა შეწევნითაო, ამაღამ მანდ მოვალო“. კაცი რომ გაისტუმრა, ჯარში დააძახეს „ვაი იმასო, რომელსაც ცხენი ჰყავდესო, მზის ჩასვლისას მცხეთას არ დამხვდენო, ავად მივეპყრობიო“.
ვინაც ახლო იყო ყველანი მეფეს უწინ მივიდნენ: რა მეფემ ამდენი ჯარი ნახა, დიაღ ეამა და მრავალი საიმედო სიტყვები ჯარს უბრძანა და მუხრანის ბატონს ჩაფარი გაუგზავნა: „რომ ჩვენც კარგი ჯარით მოვდივართო და თქვენც თქვენის ჯარით მზად დაგვხვდითო, რომ ღვთის შეწევნითაო გაუთენებლივ თავს დავესხმითო“. რა მეფე მუხრანს მივიდა, მუხრანის ბატონი კარგი ჯარით შემოეყარა და მეფეს ეამა და აღარ შეისვენა და ჩქარა იარეს, შობას დილას ახალგორს ლოცვაზე მდგომთ თავს დაესხნენ და იმ დღეს მუხრანის ბატონის მამაცობის ქება თქვეს და ისინი შეუტყობარნი იყვნენ და თავსდასხმის ეჭვიც არა ჰქონდათ. რა ძახილი შეიქნა, ცხენი და იარაღი ვეღარ მოისწვერეს და არც ამათ დააცალეს, ანაზდეული მოულოდნელი საქმე მოუვიდა. ისინი ზოგნი ცხენით გადაიხვეწა და ზოგნი ქვეითათ, აქეთ-იქით გადაიხვეწნენ და იმათი მასპინძლობის საჭმელი მეფის ლაშქარმა შეჭამა. მეფემაც სადილ-ვახშამი იმათ სადგომს ჭამა და მეორეს დღეს, ვისაც შეპყრობილი კაცნი ჰყავდა მეფეს წინ მოუსხეს. მეფემ ყველანი გააშვებინა და თვითონ გორისაკენ წაბძანდა და იმ ზამთარს იქ დადგა. ელიზბარ დავითიშვილი ყაენიდან მოვიდა და ხალათი და ბატონიშვილი ლუარსაბ მოიყვანა.
აქა ბატონისშვილი ლუარსაბის გამოგზავნა ყაენისაგან როსტომ მეფის შვილად
გორს ყაენის ხალათი ჩაიცვა და რაყამი წაიკითხეს. მოეწერა: „შენი ბიძაშვილის თეიმურაზ მირზას შვილი ლუარსაბ შენთვის შვილად გეთხოვნაო, გამოგვიგზავნიაო და ქართველთათვის გვიბრძანებიაო, რომ უფლისწულად და თქვენად შვილად მიაჩნდესო და თქვენს შემდეგ ქართლის მეფობა მაგისთვის მოგვიცემიაო“.
ეს ამბავი გოჩაშვილ გიორგის ეწყინა, ამისთვის რომ ბატონობას თვითონ მოელოდა და ლუარსაბის მოყვანისათვის გაავგულდა. ეს ამბავი ბატონ თეიმურაზსაც ეწყინა. ამაზე კახმა ბატონმა ცალკე და ერისთავმა ცალკე დაუწყეს გოჩაშვილს ლაპარაკი: „რომ შენ გაგაბატონებთო“. მოატყუეს და ქართველთა და ბარათიანთ წიგნი მისწერეს, დაუწყეს ბირება. დიასამიძე კათოლიკოზი და რევაზ ბარათაშვილი და სომხითის მელიქი ყორხმაზ-ბეგ მრავლის ქადებითა მოტყუებულიყვნენ და ეს სამნი საქმობდენ. მათი რჩევა და საწადელი ამათთან უმალავი იყო და გოჩაშვილს ატყუებდენ, თორადა ყველას მეფობა ბატონის თეიმურაზისათვის უნდოდა. ასე პირობა შეჰკრეს, რომ „როსტომ მეფე ცოტა კაცით ცხირეთს არისო და ბატონი თეიმურაზ ცხენკეთილ ჯარით, ანაზდად მეტეხს მოვიდესო. რა მეფე მისი ჯარის სიცოტავეს ნახავსო, საომრად მოვაო და ომში მოვკლავთო, რომ სამარტოდ არავის დაებრალოსო“. სომხითის მელიქს ყაენისაგან შეშინდა და მათი საწადელი და მონაწერი წიგნები მეფეს მოართვა, ფიცის გატეხისა და საფიცარის მიცემ-მოცემას არღარა ინაღვლა-რა და იმ ღამეს, რომ ბატონი თეიმურაზ მეტეხს მოვიდა, მეფე გორს მივიდა. ამათმა რჩევამ ცუდად ჩაიარა და ბატონი თეიმურაზ ისევ კახეთს ჩავიდა.
ქართველნი გორს მივიდნენ უშიშრად, ასე ეგონათ: „იმათი ქნილობა მეფემ არ იცისო“. მეფემ კათალიკოზი და გოჩაშვილი გიორგი და ერისთავიშვილი ლარგველი დააჭერინა. გოჩასშვილს თვალები დათხარა, ლარგველი გორის ციხიდან გაეპარა, სააკაძე ივანე კახეთს გადაიხვეწა და ამის ძმას ზურაბს თვალები დათხარეს, კათოლიკოზი ქალაქის ციხეში ტყვეთ იყო თათრებში და ისიც დახრჩვეს და ციხიდან გადმოაგდეს. ბარათაშვილი რევაზ კახეთს გადაიხვეწა და მეფე გორიდან ქალაქს ჩავიდა და ეს ამბები ყაენს მისწერა და ყაენისაგან ხალათი და თაჯი და თომარი მოუვიდა და ხმალი და ოქროდ შეკაზმული ბედაური ცხენი ებოძებინა და ადამ სულთან ენდრონიკაშვილი როსტომ მეფის დისწული სარდლათ ექნა და ერანის ლაშქარი თან გამოეტანებინა და საქართველოზე გამოეძახათ, რომ ვინც როსტომ მეფის ურჩია და მაწყინარი, შუადან ამოიღონ და ბატონი თეიმურაზ გააგდონ და მისს ალაგზე კახეთში ადამ სულთანი გააბატონონ.
აქა ადამ სულთანის სარდლობა საქართველოზე ერანის ლაშქრით თვისის ბიძის როსტომ მეფის მოსაშველებლად
ამ ლაშქრის მოსვლა ბატონმა თეიმურაზ შეიტყო და ახალციხიდან ბატონი ანახანუმ, ნოდარის და, ზაალ ერისთვის სიდედრი მეფესთან სახვეწრად მოვიდა და ძმისა და სიძის უვნებლობის საფიცარი სთხოვა და მეფემ უბოძა და ნოდარის ომში ამისი მაზლი, მისის შვილით ოტიათო და ორნი ანახანუმის შვილები გიორგი და ხუცია შეიპყრეს და ყაენთან გაგზავნეს და ისპაჰანს ტყვეთ იყვნენ. იმათ მოსხმასაც შემოეხვეწა, მეფემ შეიწყალა და ასე უბრძანა: თუ ერისთავი ყაენის კარს წავა, შემოვირიგებთო და ყაენის კარით ისევ მალ მოვიყვანო, მაზლსა და შვილებსაც მოგისხმევინებო და საციციანოსაც ნოდარს მივცემო, ერისთავსაც რაც ქართლში მამული ჰქონებია, იმასაც მივცემო და ყაენისაგან კარგს სოფლებსაც უშოვნიო. ამ რიგი საფიცარიც უბოძა, რადგან როსტომ მეფე ფიცსა და პირობას არ გადავიდოდა, არც უმტყუნებდა, ბატონმა ანახანუმმა მეფის საფიცარი თავის სიძეს ზაალ ერისთავს მიუტანა.
რა სიდედრი მიუვიდა, ერისთავი მეფესთან ქალაქს ჩავიდა და ფეხს აკოცა და მეფემან კარგი თვალით ნახა და მრავალი უბოძა და რაც ქალაქში ვაჭრები ჰყოლებოდა, ისინიც მისცა და ისევე მალე საერისთაოს გაისტუმრა და რა ნოდარს საფიცარი მიუვიდა, საფარ ფაშამ თავისი ქემხა ოსმან აღა თან გამოატანა, ქართლი ჩამოიარა და ქალაქს მეფეს ფეხს აკოცა. შეიწყალა და საციციანო მისი ნაქონი მასვე უბოძა. ომარ აღასაც მრავალი მისცა და გაისტუმრა და ეს ამბები ყაენს მისწერა და ჩხეიძე გიორგი და ოტია მოაყვანინა და ბეჟია და ხუცია იქავ ყაენის კარს დარჩნენ და ადამ სულთან ერანის ლაშქრით ისევ დააბრუნეს.
სიკვდილი მარიამ დედოფლის შვილის ოტიასი, რომელიც გურიელისგან ჰყავდა
ამ ყმაწვილს როსტომ მეფე თავისთვის შვილად ზრდიდა და ზაალ ერისთავის სიძე იყო. ამისმა სიკვდილმა ზაალ ერისთავის ყაენთან წასვლა ცოტა ხანს უკუაგდო. გორს მიიცვალა. შეიქნა დიდი გლოვა, ტირილი თორმეტ დღეს. იგივე იყო გორს, ზარით ტირილი, ქართველნი ჯალაბობით თავიანთ ჯარითა და შეძლებითა ზარის თქმით მოვიდოდნენ, უწინ მკვდართ მიმგზავებულს, სახე დახეულს, თმა დაგლეჯილს, მშვენება შეშლილს, ტანისამოსი სისხლით გასვრილი, მიწაზე მჯდომს, ღონე იმედ დაკარგულს ბატონ დედოფალს მიუტირიან, მერე გამდელსა და ჩარიგებით მათ მხლებლებსა, მერე მეფესა და ჭირისუფლებსა, თავადთა და აზნაურთა და მსახურთა და მოხელეთა. მერე ცხედარსა მიუტირებდენ და გადასაბურავს გადაჰფენდნენ. ამას უკან იარაღსა და მორთულობასა, ტანისამოსსა, მურასა გვირგვინსა და ჯიღასა და ხმალსა და ხანჯალსა, მუზარათსა და ჯაჭვსა და ხელნავებსა და ცხენსა და მისს შეკაზმულობასა, ყოველს ნიშანს ცალ-ცალკე მიუტირებდენ და ერთ წელიწადსაც არ გათავდებოდა.
მეფემ ბძანა, რომ გზაზე მიმავალთა, ისევე ტირილში ერთმანეთს მოადევნონ. დილით შუადღემდე იტირებდენ და სამხრობით მზის ჩასვლამდე გამოიტირებდენ. მაგრამ მაშინ ბევრს რიგი და ნობათი არ ერგო ამ თორმეტს დღეში. მერე მეფემ ბრძანა: „ვისაც აქ არ ეტიროს გზაზე მოგვიტიროსო და ან მცხეთას იტირონო“ და რაც მკვდარს თავს ადგნენ - კათალიკოზი, ეპიზკოპოზნი, ბერნი და მღვდელნი, რომ სახარებას და დავითნს კითხულობდენ, ასევე ბატონ დედოფალს ადგნენ მოლოზანნი და ჩოხოსანნი და ამ სოფლით გადგომილნი ღვთის მონობაზედ მოწოდებულნი დედანი და ქალწულნი, ცრემლის ფრქვევით სახარებას და დავითნს კითხულობდენ. მაგრამ ბატონის დედოფლის შებრალებით ყველას ამდენი ეტირა, რომ მართლა ვეღარ ხედავდენ, ყოველ ნიშანზე ორმოცი ბერი და მღვდელნი ადგნენ, სახარებასა და დავითნს კითხულობდენ, რვაასი მეორმოცე დაუყენეს და ქართველნი ძაძითა და შავით შეიმოსნენ, ლასტისჯინ დააწვნევინეს, როგორც კუბონი და ბატონი დედოფალი, როგორც მკვდარი მასში ჩასვეს და ზედ შავი ზეწარი გადაბურეს, ქვეშ თავადნი და მათნი ძმანი და შვილებნი შეუსხდნენ. ასევე ცხედარსა ძვირფასის ოქრო-ქსოვილები გადაბურეს და ახალგაზდილნი თავადის შვილები შეუსხდნენ საკაცეს ქვეშა. საქართველოს ჯვარები, როგორც დროშები წინ წაიძღვანეს და ამ ვაებით სწორზე გორიდან მცხეთას ჩავიდნენ და ბატონი დედოფლის შვილი ოტია საფლავს მისცეს. მეფე მეორე დღეს ქალაქს მიბძანდა და საღაპო ძროხა, ცხვარი და თევზი და ხიზილალა, ბამბა და მარილი, სანთელი და სარკმველი ამდენი მოატანინა, რომ ორმოცამდე მცხეთას იდგნენ, სხნილის დღებში ასი ძროხა და ცხვარი დაიკლოდა, მარხვის დღეებში ათასი ხმელი თევზი გაიჭრებოდა, ბამბასა და მარილსა და სანთლებსა და სარკმეველს გარდა. ამ ორმოც დღეს დედოფალს მარილიანი ვერ აჭამეს, ქერის პურის მეტი მას არა უჭამია რა და რა ორმოცი გათავდა, კიდევ ცხრაასი მეორმოცენი დაუყენეს.
ბატონმა დედოფალმა თავისი შვილის ქონება ზოგი იერუსალემს გაგზავნა, ზოგი საყდართა და მონასტერთ შეწირა და შვილის საფლავი მოაფენინა, სომხითში დარბაზის სოფელი სვეტიცხოველს შესწირა, მისი გამდელი თავისის მხლებლებით შვილის საფლავზე დააყენა და სარჩო გაუჩინა. ტირილით საფლავს გამოეყარა და ქალაქს ჩაბძანდა. მოქალაქენი შეიყარნენ, კარს მოდგნენ, შეწევნისა და შეძლების ღონით გადასაბურავნი მოართვეს და სამძიმარი მოახსენეს. ამათნი ჯალაბნი თვითოს დღეს თვითოს უბნისანი მივიდოდნენ და მიუტირებდენ. ვისაც შეძლება ქონდათ, ძღვენსა და გადასაბურავს მიართმევდნენ და ამდენი ხარჯი გადაიხადეს და ერთის შაურის ფასი თემს არა სთხოვეს რა, მიცემის მეტი და ეს ამდენი ხარჯი მეფემ თავისის სალაროდან გაიღო.
ოც წელიწადს ბატონმა დედოფალმა არც ხორცი ჭამა და არც შავი გამოიცვალა და მის მეტი არც ვაჟი ჰყავდა, და არც ქალი და არცა შობისა და მოლოდინის იმედი. აქ ამისთვის ბრალია ერთის პატრონი, მაგრამ ბრძანება ღვთისა არვისგან შეიცვლება, ნება ღვთისა არის. თუ უნდა ერთისაგან, რადგან ადამისგან მრავალს მოაშენებს და თუ უნდა ნოვეს წარღვნასავით ყველას ერთს წამს გარდაავლენს. ხელმწიფენი მის ბძანებას ვერა სცვლიან.
ზაალ ერისთავი და იოთამ ამილახორი ყაენის კარს წავიდნენ
ზაალ ერისთავი ყაენთან მიდიოდა, იოთამ ამილახორმა მეფეს კაცი მიუგზავნა: „მე და ერისთავი ყაენთან ერთგან გაგვისტუმროსო“. ეს მეფესაც ეამა და ორთავ მრავალი უბოძა და ჰამზაბეგ სუფრაჩი წინ წაუძღვანეს და გაისტუმრეს და გზებზე ყველგან სამასპინძლო მზად დახვედრეს და საცა გზის პირს ხანი და სულთანი იყვნენ, წინ მიეგებნენ და თავისას ჩამოახდუნეს. კარგად ისტუმრეს, ლხინი აჩვენეს და საჩუქარი მიართვეს და გაისტუმრეს და რასაც ქალაქში მივიდნენ, ქალაქის თავნი კაცნი წინ მიეგებნენ და კარგად დახვდნენ და რა ისპაჰანს მიუახლოვდნენ, მოურავი ისპაჰანისა მირ ყასუმბეგ, როსტომ მეფის ყმა იყო, ჰამზაბეგის ბიძაშვილი იყო. რა ქაშანიდან გადგნენ, დღეში ორჯელ სამჯერ წინ ბარხანას მოაგებდნენ. რა ისპაჰანის ერთის დღის სავალზე მიახლოვდნენ, ყაენს მოახსენეს ამათი მოსვლა. მირზა-თაყი ეჰტიმადოვლე და სიაოშ-ხან ყულარაღასისათვის ებძანებინა: „რაც მაგათი წესი და სამართალი იყოსო ისე დახვდითო“. ეჰტიმადოვლეს ებძანებინა ისპაჰანის ვეზირისა და ქალანთრისათვის და მოურავისათვის: „თავნი უფროსნი კაცი ისპაჰნისანიო კარგად მოკაზმულის ჯარით, ფიშვაზი უყავთ და წინ მიეგებენითო“ და ყულარაღასმა ადამ სულთანს უთხრა, ყაენის ბრძანება არისო: „ვინც ისპაჰანში ყულებისაგან მზად იყვნენო - ხანი და სულთანი, მინბაში და უზბაშნიო და თავადთა და აზნაურთშვილებისაგანო, ადამ სულთანს გვერდთ იახელითო და ერისთავსა და ამილახორს წინ მიეგებენითო და კარგი რიგით ალაყაფის კარს მოიყვანეთო, კარს აკოცნინეთო და იქიდან ჯულფას მიუძეხითო და ხოჯა საფარას სასახლეში ჩამოახტუნეთო“.
იმათაც ბრძანება გაათავეს და რვა დღეს ყაენის სახლიდან ოქროს ჭურჭლებითა დამზადებული სადილ-ვახშამი მოუდიოდა. მას უკან დღეში შვიდი თუმანი და სამოცი ლიტრა ღვინო ზაალ ერისთავს გაუჩინეს და ისევე იოთამ ამილახორს გაუჩინეს და ყოველ დღეს ლხინში იყვნენ, ხან აწვევდენ და ხან ეწვევოდენ მეყვისთა და მეცნიერთა. უწინ ბოძებაში ხელმწიფემ სამასი თუმანი თეთრი და ფარჩა ერისთავს მოსცეს და ასევე ამილახორს მოსცეს და ხელმწიფემ მეჯლიში ქნა და მივიდნენ, ფეხს აკოცეს და ყაენმა როსტომ მეფის ამბავი მათ ჰკითხა და ამათაც დიდი ქება მოახსენეს და ნაზირს ქვეით დასხეს. ას ასის თუმნისა ეჰტიმადოვლეს გამოეგზავნათ და ყაენმა ორთავეს ქართული ჩოგანი ათამაშა და ორთავ ოქროთ შეკაზმული ბედაური ცხენები უბოძა.
ამისთანა დროს როსტომ მეფისაგან ჩაფარი მოვიდა ყაენთან, არზი მოეწერა: „ერისთავი და ამილახორი მალე გამოისტუმრეთო“.
ქორონიკონს ტლგ (1645), ჯანიხან ყორჩიბაშმა მირზა თაყი ეჰტიმადოვლა მოკლა და ყაენმა ჯანიხანიც მოაკვლევინა
ჯანი ხან ყორჩების თავი კაცნი და ან ხანი და ან სულთანნი ვინც კარზე იყვნენ შემოიფიცა, დილას ეჰტიმადოვლეს, მირზა თაყის შინ მიუხდა და მოკლა ნამაზს ზედან ყაენის უბძანებოთ და და მერვე დღეს ეჰტიმადოვლობა ხალიფა სულთანს მისცეს და ყაენს არცერთს შეეკითხეს. ყაენი ყმაწვილი იყო, ბებია ჰყავდა ჩერქეზის ქალი იყო და ჭკვიანი მანდილოსანი ბძანდებოდა და მისი სიტყვა გადიოდა და ჯანიხანს იმისი გამოგდება უნდოდა, მაგრამ სიაოშ ხანის ყულარაღასისა და ყულებისა ჯანიხანს ეშინოდა, მაგრამ დროს ეძებდა, რომ ყულარაღასიც მოკლას და ყულებიც ამოწყვიტოს და მას უკან ყაენის სახლიდან ყაენის დედა გამოაგდოს. ყაენის დედა მცოდინარე ბატონი იყო, მალვით ყორჩიბაშობის რაყამი მურთუზა ყული ხანს ბეჯირლუს გაუგზავნა და ქოჰქილუს ბეგლარბეგობის რაყამი სიაოშ-ხანს გაუგზავნა და ორთავ ასე მისწერა: „რა იქნა თქვენი კაცობაო და ან სით მოსჩანს თქვენი ერთგულობაო ჩემს ოჯახს ზედანო, რომ ჯანი-ხან თავისი ძალით ეჰტიმადოვლე მომიკლასო და თქვენ ეს დასთმოთ და არა თქვათ რაო. დღეს არის, თუ ხვალეო თქვენც დაგხოცენო, მერე შვილს მომიკლავენო და თვითონ გახელმწიფდებისო. აწი თუ ჩვენი ერთგულნი ხართო, ჩვენი ყულებიო, რომ ღამით ჩვენს ქეშიკში მოვლენო, ადრიან თქვენც კარზე მოდითო, და რა ჯანი-ხან თავისის კერძის კაცით კარზე მოვიდესო, უბძანეთო, წაუშინონ, დახოცონო“.
ბძანება გაათავეს და გაუთენებლივ კარზე მოვიდნენ და ეს ამბავი ჯანი-ხანისათვის ეთქვათ. რომ ბეგლარი ადრიან ხელმწიფის კარს მივიდნენო. ისიც აჩქარდა და კარზე მივიდა. რა ჯანი-ხანმა მაშიას გახდა დაუწყო, რომ ზევით ავიდეს, მურთუზა ყული ხან ბეჯირლუმ სახელოს ხელი წასტაცა და შემოუძახა: „შენ ხაინო და მუხანათო, ხელმწიფეს ეჰტიმადოვლე რასთვის მოუკალო“. შესცა მუცელში ხანჯალი და მოკლა და დაუძახეს ყულებს, „ხელმწიფის ბძანება არისო, დახოცეთ ეს მუხანათებიო“. წაიკრეს ხმალს ხელი და ჩვიდმეტი ხანი და სულთანი მოკლეს და მათი მძოვრები თრევით მეიდანში ყაბახის ძირში დაჰყარეს და ცოლ-შვილი დაუწიოკეს და მათი ქონება სახელმწიფოდ წამოიღეს.
და ცოტა ხანს შემდეგ ერისთავი და ამილახორი მორჭმითა და მრავლის ბოძებით გაისტუმრეს. გასტუმრებაში ერისთავს უბოძეს ხუთასი თუმნის თეთრი და ხალათი ოქროთ შეკაზმული ცხენი, თხუთმეტი სოფელი ყაზმინის სიახლოეს მოჰრუდი, ასევე ხალათი, თეთრი და ოქრო შეკაზმული ცხენი ამილახორსა და ორმოცდაათი თუმანი ჯამაგირიც გაუჩინეს და რაც საქართველოს კაცნი, იმერელნი, ქართველნი და კახნი ტყვეთ იყვნენ, ყველა ამათ აპატივეს და ცხენი, იარაღი გაუკეთეს და სახარჯო უბოძეს და თან გაატანეს. ყველას ხალათი ჩააცვეს და ხელმწიფის კარს მიასხეს და ჰარმის კარი ყორუღი ქმნეს და ორთავეს თავისი ქალები აჩვენეს და წასასვლელად ხელმწიფეს ფეხს აკოცეს და ხელმწიფემ ორთავეს ასე უბძანა: „რასაც როსტომ მეფეს აამებთ და ერთგულათ ემსახურებითო, ჩვენ გვიამებისო და იმისი მოწერილობით ჩვენგან წყალობა დაგემართებისო და ისევე მისი მოწერილობითაო ჩვენგან რისხვასაც ელოდეთო“. მეფეს როსტომს ამათის ხელით ხალათი, და ოქროთ შეკაზმული ცხენიც გაუგზავნეს და მეჰმანდარი გაატანეს და ხელმწიფისაგან მრავალი წყალობა დამართებულნი, მორჭმულნი საქონლითა და იარაღითა მორთულნი, მოკაზმულნი მოვიდნენ.
ქალაქის სიახლოვეს მეფე სრულად ქართველნი წინ-მიეგებნენ: რა შორიდან მეფე დაინახეს ცხენით მამავალი, ამათ დაუქვეითეს, დიდი გზა ფეხ და ფეხ წაიარეს, მეფეს ცხენს მჯდომს ავჟანდას აკოცეს, მეფე ცხენიდან გადმოხდა, ხელმწიფის ნაბოძები ხალათი ჩაიცვა, დიდი სიმხიარულითა და შადლუხის ქნით ქალაქში შებძანდა, ათ-თორმეტს დღეს ქალაქში ალხინა და შეასვენა. მერე მეფემ უბძანა: „გზისაგან გარჯილნი ხართო და შინაც გელიანო. წადით, ამ ზამთარ თქვენსას შეექეცითო“.
რაც ზაალ ერისთავს კახეთში მამული ჰქონდა ბატონმა თეიმურაზმა წაართვა
ბატონ თეიმურაზს ასე ებძანებინა: „როცა როსტომ მეფეს წამოუვიდაო და ჩვენ მოგვივიდაო, ქართლში რაც მამული ქონდა მეფემ წაართვაო, იმისი მაგიერი მე კახეთში მივეციო, ახლა თავის ბატონთან მისულაო, ქართლის მამულებს ისევე მისცემსო და ნამეტნავი წყალობა ყაენისაგან დამართებიაო, ის ჩვენთან ვეღარ მოვაო“. თიანეთი და ან კახეთში სადმე ზაალ ერისთავს მამული ჰქონდა ბატონმა თეიმურაზ წაართვა, ერისთავის კაცი კახეთში ვეღარ გაივლიდა.
ისევე შეიქნა მიხდომ-მოხდომა, რბევა და ოხრება და გზებზე ყაზახობა. ზაალ ერისთავი ჯალაბობრივ ქალაქს ჩამოვიდა და კახეთში მამულების წართმევა მეფეს უჩივლა და მეფემ უბძანა: „მე მაგაზედანო ბატონ თეიმურაზს ვერას შეუვალო, რომ თავისი სამკვიდრო მამული თქვენ არ მოგცესო, მაგიერი მე მამიცემიაო“.
ამ დროს რევაზ ბარათაშვილი თავის სიძეს როინს ჯავახიშვილს დაეჭირა და იმერეთს მიმავალი და მეფეს მოგვარა, საჩხუბარი წიგნები უპოვეს და რევაზსა თვალები დასთხარეს. რა როინის ჯალაბმა ძმა ნახა თვალებდათხრილი, ქმარი გაუშვა, ჩოხანი ჩაიცვა და რა ცოცხალ იყვნენ ქმარი თვალით აღარ იხილა ძმის დაჭირვის ჯავრითა.
და რა რევაზს ეს წიგნები უპოვნეს, ბატონს თეიმურაზს მოციქულობა დაუწყეს: „რასთვის არ დაწყნარდებითო და ჩვენც რასთვის არ დაგვაწყნარებო, ჩვენსა და თქვენს შუა მრავალი საქმენი ძენანო, ამას წინათ კახეთში სამი სოფელი დაგვიდევითო, გაბრჭობამდისინო. ახლა ორნივე უსაქმოდ ვართო და სადამდის უნდა ჩვენსა და თქვენს შუა საქმენი გადაუწყვეტი არისო, ქართლი და კახეთი არ მოისვენებსო, დრო ამის უკეთესი არ იქნებისო, ორიოდე მცოდინარე ბერი და ერიო შენს სიძეს მეფეს ალექსანდრეს ვთხოვოთო და ასევე ლევან დადიანს ვთხოვოთო, გურიელსა და ახალციხის ფაშასაც ვთხოვოთო, გავიბრჭეთ და შევრიგდეთო, ჩვენც მოვისვენოთო და ჩვენი ქვეყანანიც მოვასვენოთო“.
ეს ბატონ თეიმურაზს სწყენოდა, გაჯავრებულიყო და ის სოფლები რომელიც გაბრჭობამდე მეფისათვის დაედვა, ისევე წაართვა და მოხელები გამოუყარა და მეფისათვის ასე მოეწერა „შენი ძმისწულის მეფის სვიმონის მკვლელი ზურაბ ერისთავი იყო და მე მოვკალო თქვენ კიდევ უნდა დამიმადლოთო, თუ არადა ჩემთან სხვა რა საბჭო გაქვთო, თქვენი მესისხლე ეგ არისო, რომ ყაენთან გაგიგზავნია და მორჭმული და გამდიდრებული მოგიყვანიაო. თუ სისხლს ჰკითხულობო, მესისხლის ძმებსა და სახლის კაცებს მოკითხეთო, აქამდის რომ ჩვენ გვახლდაო, იქნებოდაო რომ თქვენი მესისხლე გეთხოვნაო და ახლა თქვენ გახლავსო და თქვენი ყმაც ეგ არისო და მესისხლეცაო, რომელიც გეპრიანებისო ისე ჰქენითო“. მეორე წლამდე ასე იმოციქულეს. ამასობაში ჩოლოყაშვილები რევაზ სახლთუხუცესი და ბიძინა სუფრაჩი გადაიკიდნენ.
იყო კახი ბატონი იმერეთს, ჩხუბისგან და ავისგან თავი არ აიღო და არც დაწყნარდა. კახეთში ჩამოვიდა გზიდან. მრავალ ადგილს ჩვენი თავდასხმა და ღალატი მოინდომა და ჩვენც განაღამც ბატონის (სვიმონის) სისხლსა ვსთხოვდით და ქვეყანას ურბევდით და ბევრი ავი საქმე უყავით. ბოლოს შემოვიდნენ შუა კათალიკოზი, ბერები, ერისთავები და თავადები და დანდობის საქმეს შემოგვეხვეწნენ, ხოლო თუ ორ წელიწლამდი ერთმანეთი დაინდევითო, მას უკან გასამართლდითო და რაც სამართალმა გაჩინოს, ბატონი სვიმონის სისხლი იმგვარად მოიკითხეთო. დაგვიდვას კახმა ბატონმა თეიმურაზ სანდოთ საფიცრით სოფელი გავაზი და სოფელი კისისხევი, ჩვენის თავადიშვილებისა და გლეხების მოცემას დაგვპირდენ. ჩვენც რომელი საფიცარი ან პირობა დაუდევით, ყველაღა შევუსრულეთ და კახმა ბატონმა რაც პირობა და ფიცი მოგვცა არცერთი არ შეასრულა. ამაზე ავიშალეთ. აქეთ ჩვენ შევიყარეთ და იქით კახი ბატონი. ქისიყისკენ თათრები უჩინეთ. კახი ბატონი თიანეთს მისულიყო და ჩვენც იქით წავედით. შემოგიარეთ სვეტო ცხოველო ღვთივ აღმართებულო, მოვედთ კარსა თქვენსა და ღაღადებით შენგან შეწევნა ვითხოვეთ. არაგვის პირისპირ შევიარეთ და თიანეთს მოუხდით. კურთხეულხარ ძლიერო და უძლეველო ყოვლისა მპყრობელო ღმერთო, რომ სიდიდე და სამართალი შენი ყოველსა კაცსა დაანახვე. შევიბენით და გავიმარჯვეთ, დროშა, ქანარა და ნაღარა გავაგდებინეთ. სახლთუხუცესი რევაზ და მრავალი საპატიო კაცის შვილი მოუკალით და გავაქციეთ. უკან მივყევით და გრემს მივედით, სრულად კახნი ჯალაბობრივ იქ იდგნენ. იქით ბატონის თეიმურაზის შვილი დავით და ჩვენგან გაგზავნილი თათრები შეყრილიყვნენ, შებმულიყვნენ ქისიყის ბოლოსა და თათრებს გამარჯვებოდა და ბატონიშვილი დავით მოეკლათ და მრავალი საპატიო კაცის შვილი დაეხოცათ. ჩვენ გრემს ვიდექით. მეექვსე დღეს ეს ამბავი მოგვივიდა და კახნიც მოგვივიდნენ.
მეფემ და ქართველთ ბატონიშვილის მოკვლა გაიგონეს, ყველამ დაიწყო ტირილი და თავს ცემა და მაღლის ხმით მოთქმა და ჯამალ ხანს ასე მისწერეს: რომელიც მოგეკლასო, მაგათი თავები ქალაქს სიონის საყდარში მიიტანონო და ჩვენც კახეთს ჩამოვივლითო და თქვენც წინ დაგვხვდითო.
აქა ბატონიშვილის დამარცხება, კახთ ამოწყვეტა და დატყვევება
ქისიყის ჯარითა და ბატონიშვილის ცოცხალი დატყვევება მეფეს როსტომთან მიყვანა დიდის ვაებით დედმამას მოუხსენეს. სხვას იმ დღის შევიწროებით ამბავს რა გაცხადება უნდა და ან რა ქაღალდი დაიტევს.
თავად მტრისაგან გალახული, სახლთუხუცეს მოკლული, ჯარ წასული, დროშა წართმეული, ქვეყანა და საბატონი სხვას დარჩენილი. ამაზე ეს ამბავი მოსვლოდეს, რომ ერთი შვილი გყავდაო და ისიც მტერთ მოგიკლესო, რომ აღარც შექნის იმედი იყოს და აღარც შობისა. ეს შვილიც მოგიკლესო და მისი ჯარიც დახოცესო და ქვევიდან თატრის ლაშქარი შემოგიხდენო და ზევიდან მეფე ჩამოვიდა საქართველოს ლაშქრითაო და კახნი უფროსნი ერთნი მას მიუვიდნესო. თვითან ყველმხრით ხელდამოკლებული მრავლის მხლებლით მიფარულიყოს სადმე და უარესის მოლოდინი ქონდეს.
ღვთის მადლს, წამკითხველნო, კარგად გული დაჰყარეთ, რომ ამ რიგს აოხრებასა წარყვნას აქეთ თუ ვისმე გაგეგონოს. მე, ფარსადან გორგიჯანიძე ვიტყვი ამასა, ღმერთი უტყუარია და ამ საქმეზედან მოჩანს, რომ ბატონს თეიმურაზს მრავალი უბრალო სახლი მოეთხაროს და მისის საქმით მრავალნი ტყვეთ წაესხას, მრავალნი უბრალოთ დახოცილიყვნენ, მრავალი დედანი აეტირებინოს და იესოს ნაბძანები სიტყვანი აქ გათავდება რომ უბძანებია, - რომლისაც საწყაოთ მიუწყავო, იმავეთი მოგეწყვისო. ღმერთსაც ასე უბძანებია, ათას და ერთი სახელი მქვიანო ყოვლის ენითაო, თავი სახელი ჩემი სამართალი არისო. არას ხელმწიფეს, არას ძლიერს კაცსაო, არას უღონოსა და საბრალოს გლახას დაჩაგრულთ ნაძალადევსაო არ შევარჩენო. რა გინდ ვინმე ნამეტნავად მდიდარი იყოსო და ძლიერიო, ჩემთან სუსტი და უღონო და გალახულნი არიანო და ორსავეს სოფელს მოვჰკითხავო და რისხვით ვაზღვევინებო.
ხორეშან დედოფლის მოსვლა როსტომ მეფესთან შემოსახვეწათ
ბატონ თეიმურაზს ყველმხრით ღონე წაერთვა, აღარც საითმე მშველი და აღარც სახიზარი ალაგი, აღარც წასასვლელი გზა, არც ასაყრელად ცხენი და ჯორი, აღარც მოხელე და მოსამსახურენი, კახნიც ქართველთ მისვლოდენ და მეფეს როსტომს ბატონის თეიმურაზის დაჭერვას ეპატიჟებოდნენ. ეს მეფემ უწყინა და ავად ჩამოართვა და ასე უბძანა - იმისი დაზრდილნი ხართო, იმას რა კარგი უყავითო, რომ ჩვენ გვიყოთო. დაჭერვა შორს დაიჭირა და კახნი უფროსი ერთი მეჯლისში ისხდენ. მეფემ წამოთქვა და ბრძანა: რა ქვეყანა დარსებულაო, ამრიგი მუხანათობა კახთ თავის ბატონზე არ უქნიათო, რომ ახლა ბატონს თეიმურაზზე ქნესო.
ეს მეფის ნაბძანები სიტყვები ვინცაღა ბატონს თეიმურაზს მოახსენეს. იმან დედოფალს შვილისთვის მოუთმენლის ნაღვლიან და მტირალი გულითა და თვალცრემლიანსა მოახსენეს: როსტომ მეფე თქვენი ბიძაშვილი არისო. მიდით, ნახეთო და თქვენის შვილისას შეეხვეწენითო, არ მოგიკლასო. ეგების ჩვენი შენაცოდებიც თქვენ გაპატიოსო და ამას უკან როგორც სხვა თავადი, ჩვენც იმათავით გვიმსახუროსო. თუ ესები არა ქნასო, ამდენერთს ნათესავობის პატივს მაშინც დაგდებსო, რომ ჩემი დათუნა ცოცხალი ყაენსთან გაგზავნოსო და ჩვენ ამდენი ცხენი და ჯორი გვათხოოსო, რომ იმერეთს მივაწიოთო. დედოფალმა ბატონის თეიმურაზის ნაბძანები სიტყვანი გაათავა.
აქა მობძანება ბატონის ხვარეშან დედოფლისა თავის ბიძასშვილს მეფეს როსტომს თანა
მეფეს მოახსენეს: ბატონი დედოფალი მობძანებულაო თქვენთან სახვეწარათო. კათალიკოზს უბძანა: თქვენ და ბატონიშვილი ლუარსაბ და ეპისკოპოზნი და თავადნი და საპატიო კაცის შვილნი წინ მიეგებენითო და დიდის პატივითაო მობძანდესო. რა მოახლოვდებისო, მე თვითან მოვეგებებიო. ის გაისტუმრა და ბრძანა, თავის კარვის სიახლეს ბატონი დედოფლისათვის კარვები დადგეს და მეფე ცხენს შეჯდა და გაეგება. რა მოახლოვდა, მეფე ცხენით გამოჩნდა. დედოფალს მოახსენეს, ისიც ცხენით ჩამოახდუნეს და მეფემანც დაუქვეითა და დედოფლის ერთი ხელი კათალიკოზს ეჭირა და მეორე ხელი ბატონიშვილს ლუარსაბს. ჯარმაც დაუქვეითა. რა ახლოს შეიყარნენ, დედოფალი მეფეს ფეხს მოეხვია. მეფემ არ დაუშვა, დაიღლიავა, ერთმანეთს გადაეხვივნენ და შეიქნა ტირილი და სრულ ლაშქარმა დაიწყეს ხმა მაღლა ტირილი და თავს ცემა. თათართ ჯარი უფრო ტიროდენ. უწინვე მეფისაგან ყადაღანი ქნილიყო, რომ ბატონიშვილის დათუნას სიკვდილი არვინ ითქვას. ბატონი დედოფალი მეფემ თავის კარავში ჩამოახტუნა, მაგრამ იმ დღეს ტირილის მეტი არა თქმულა რა.
დედოფალი თავის კარავში წაბძანდა და მეფემ ლორი-ბამბაკისა და აღჯაყალის ბატონი ბოშჩალუ ისახან მოიხმო და იმას შეეკითხა, ასე უბრძანა: ბატონი დედოფალიო ჩვენთან სახვეწრათ მოსულაო და ამისი პატივის დადება გვმართებსო. თავად ნათესავი არის ჩემიო, მერე რომელსაც საქართველოს მეფეთ და მეპატრონეთ გასჭირებიათო, ან დედა შეუხვეწნიათო და ან დედოფალითაო და ბატონს თეიმურაზს საქართველოს წესი შეუსრულებიაო და აწე ჩვენ რა გვმართებსო და ან რას გამამირჩევთო.
იმან ასე მოახსენა: ერანელთაგან ასი ათასი კაცი ნამეტნავი ამ კახეთში ამოწყვეტილაო და ხელმწიფენი მრავალს გარჯილანო, მაგრამ ამ რიგი გამარჯვება რომ ღმერთმა თქვენ მოგცაო, რომ აქ თქვენ მამაზე გაიმარჯვეთო და ქვევით ლაშქარმა შვილი მოუკლაო და დედოფალი მოვიდა, ფეხს მოგეხვივა, ყარაიაზის სანადიროს ნებით მაგართმევსო და სხვა ისევე დაანებეთო და დავბრუნდეთო. ეს ისახანის რჩევა მეფემ მოიწონა და კიდეც ასე უნდოდა მეფეს ექნა, მაგრამ ვინც ბატონი თეიმურაზის წახდენაში ერივნენ, იმათ მეფეს ასე მოახსენეს: ამას წინათ ბატონის თეიმურაზის შვილი არ მოგეკლათო, არ მოგასვენათო. ახლა იმისთანა შვილი მოუკალითო, გაღანმც აღარ მოგასვენებსო და ეგების შერიგება ყაენმაც გიწყინოსო და დედოფალი ამდენის პატივის დებას სჯერაო, რომ ამდენი ცხენი და ჯორი ათხოვო, რომ უვნებელად იმერეთს გადავიდნენო და მეფის მოწყალე გუნება ამ სიტყვებით შეშალეს. იქითაც ბატონი დედოფალი მოატყუეს: ასე შეეხვეწენით მეფესაო, რომ შვილი არ მოგიკვლევინოსო და თქვენს უზიანოთ იმერეთს მიგასხანო.
მეორე დღეს მეფე დედოფლის სანახავად წავიდა. დედოფალი ტირილით ფეხს მოეხვია და ასე მოახსენა: კურთხეული ბიძის თქვენის მეფის სვიმონისაგანო და ბატონის ლევანისაგანო ჩემის დათუნას მეტი არავინ დარჩენილაო, ჩემს შვილსაც დიაღ თქვენი გვერც ხლება უნდოდაო. რადგან მის მეტი შვილი არა გვყავდაო, ჩვენ არ გამოუშვითო. ვაი ამ ჩემს თავსაო, ახლა თათართ შეუპყრიაო და ყაენთან გაუგზავნიათ, ხელმწიფესთან მომეხმარენითო, რომ იმას უშველოთ რამეო. შეექნათ ტირილი. მეფემ იმედი დაუდვა და ასე მოახსენა: ღვთისა შეწევნითაო, რაც ჩვენის ხელით გამოვაო, მოვეხმარებითო. ის ასეთი კარი არ არისო, რომ თქვენს შვილს სიკეთის მეტი არა დაკლდება რაო, მაგრამ თქვენ მებრალებით, რომ შეყრამდის ტირილი და ნაღველი შეგაწუხებსო. ამაების თქმაში როგორც წვიმა ყველანი ცრემლსა ჰყრიდენ და ერთი ეს მოახსენა: მრავალი შეგცოდეთ, შეგვინდევითო. მგონივარ მაგიერი ჩვენც გადაგვხდაო. თუ ამდენს შემიხვეწიებთ და პატივს დამდებო, რომ ამ სიბერის დროსაო ჩვენს საფლავს არ მოგვაშორებთო, ნაპირის ალაგი თქვენ იქონიეთო და ალავერდლის გარეშემოთაო ჩვენც დაგვარჩინოთო, თავად ღმერთი დაგიმადლებსო და მერე ქვეყანა მოგიწონებსო.
მეფემ მოახსენა: ამაში ღმერთი მყავს მოწმათაო, რომ რასაც თქვენ ბრძანებთო, მე თქვენთვის არა მშურსო, მაგრამ თქვენი შვილის დატყვევება და თქვენი ამრიგი დამარცხებაო აქამდის ყაენს მოეხსენებოდაო და არამც ხელმწიფის ბძანება მოვიდესო და თქვენცა და ბატონი თეიმურაზიც კარზე გითხოვონო, არ უფრო სამისდღეჩიოდ მოითხრებითო. ასტირდა დედოფალი და ასე მოახსენა: მაშ ამდენი წყალობა მაშინც გვიყავითო, რომ ამდენი ცხენი და ჯორი გვათხოვეთო, რომ იმერეთს გადაგვასხანო.
მეფემ ხუთასი თუმნის ფეშქაში მიართვა და ხუთასი ცხენი და ჯორი ათხოვა და კათალიკოზი თავისი ჯარით თან გაატანა და კახთ უბრძანა: ვისაც გინდათ თავკაცათ თან გაჰყევითო, ჩვენ კიდეც გვიამებისო და დაგიმადლებთო. ისინიც ზოგნი ცოლშვილით და ზოგნი თავკაცათ თან წაჰყვნენ და უფროსი ერთნი მეფეს მოუვიდნენ და ბატონი თეიმურაზ კახეთიდან აიყარა და ქართლი შეიარა და იმერეთს გადავიდა და ეს ამბავი მეფეს ალექსანდრეს ქუთათის მჯდომს მოახსენეს.
ეს ამბავი მეფემ ალექსანდრემ დარეჯან დედოფალს მოახსენა
მამა თქვენი კახეთიდან მეფეს როსტომს გამოუგდიაო და იმერეთს გადმოსულაო. შეექნათ ტირილი და თავს ცემა. უწინ გენათელი და თავადები წინ მიაგებეს და ყველგან ნუზლი და სამასპინძლო მზას დაახვედრეს. მერე მეფე წაბძანდა დიდის ჯარითა, მიეგება, ნახეს ერთმანერთი, შექნეს ტირილი და თავს ცემა და გენათელმა ბატონისშვილი დათუნას მოკვლა მალვით მეფე ალექსანდრეს ასე მოახსენა: „იმერეთს ამდენი შეძლება არა აქვსო, რომ ორჯერ ცალკე ცალკე თემი შევყაროთო. ბარემ დედოფალი მობძანდესო და დედა-შვილთ შეყრაში გაუცხადოთო. რა ზარი ამაღლდესო, მეფემანო თავსცემით ბატონისშვილი დათუნას წამება თათართაგან ქებით წამოთქვასო“.
ამაღლდა ზარი და მეფე ალექსანდრე მხარჩახდილი თავსცემით ბატონს თეიმურაზს წინ დაუჩოქა და ბატონიშვილის დათუნასი მამაცობითა და ქებით მოკვლა წარმოსთქვა. ბატონი თეიმურაზ და ორნივ დედოფლები, როგორც უსულო მკვდარნი შეიქმნენ. გენათელი და ეპისკოპოზნი წამოდგნენ და გულზე წყლის დასხმით ძლივს სულს მოვიდენ. საღვთო სიტყვანი უქადაგეს და განკითხვის დღის შიში დასდვეს და ღვთის საწყენი საქმეები დაარიდეს და ჭირისუფალნი დასხეს, ორმოცამდის ტირილი და ზარი იყო. იმერეთის თავადნი და აზნაურშვილნი დილას საღამოს მოუტირებდენ. ვისიც მამული ახლო იყო, ისინი უმალ მოვიდნენ, ვისიც შორ იყო, ისენი გვიან მოვიდენ, მრავალი გადასაბურავი მოიღეს. მეფემ გასაკვირვებელი ხარჯი გადაიხადა ცოცხალთა და მკვდართა ზედან.
აბა თუ ამ გამჟღავნება დღის ამბავი თუ სრულად დაგვეწერა, ტირილისაგან კაცი ვეღარ წაიკითხავდა. ამისთვის მოკლეთ დაიწერა, მაგრამ ვინც ამათნი ცოცხალნი დარჩნენ, ორმოცდაათ წლამდის ამის გლოვასა და ტირილში იყვნენ და მეფე ალექსანდრემ ბატონ თეიმურაზს და მისს თავადებსა და აზნაურთ ყველას ცალ-ცალკე სოფლები და სარჩო გაუჩინა. და ბატონი თეიმურაზის კახეთიდან გაგდება და შვილის მოკვლა რუსეთის ხელმწიფეს მისწერეს და მეფემ ალექსანდრემ ამისთვის ბატონ თეიმურაზს ვერ მოეხმარა, რადგან ლევან დადიანი ძლიერი ბატონი იყო და მეფე როსტომს მისი და მარიამ დედოფალი ცოლად ჰყავდა. ყაენიც მწყალობელი და ლაშქრითა და სალაროთ მომხმარებელი ჰყავდა და ყაენი ბატონ თეიმურაზს უწყრებოდა. თუ მეფე ალექსანდრე იმერეთიდან დაიძვროდა, დადიანი იმერეთს ჩამოუდგებოდა.
ბატონი თეიმურაზ დარჩა იმერეთს და მეფემ როსტომმა ბატონიშვილი დათუნასი და მასთან დახოცილი თავად-აზნაურთ თავები და ბახუტა სუფრაჩი და ბატონის თეიმურაზის დროშა ელიზბარ ბოქაულთ უხუცის ხელით ყაენს გაუგზავნა.
ყაენს ყანდაჰარის ასაღებლად გაელაშქრებინა. ესეები ბასტამის ჩიმანში წინ დახვედრეს. ყაენმა უღლურისათვის კარგ ნიშნად ბძანა და კახეთი როსტომ მეფეს მისცა და სამი სოფელი განჯაში ელიზბარს უბოძა და ხუთასი ხალათი ქართველთ გაუგზავნეს და მეფეს როსტომს თაჯი, თომარი და მურასა ხმალი, ყაენის ფუნში და ხალათი და ოქროს იარაღით შეკაზმული ბედაური ცხენი უბოძეს და ყაენი ყანდაჰარზე წავიდა და მრავლის ბრძოლითა და ომითა და ლაშქრის ამოწყვეტითა და სიბის მიტანითა და შეთხრა ციხეში შესვლით, უწინ ყალაი ბისტი აიღეს და მაშიგან მყოფი ხანი და უფროსნი კაცნი ხელხუნდით ყანდაჰარის ციხეს ქვეშ გაატარეს, რომ მაშიგ მყოფთ ყაენებსა და სულთნებს შეეშინდეს და ციხე მოსცეს.
ქორონიკონსა სამას ოცდათხუთმეტსა (1647), შაჰაბაზ ყაენმა ყანდაჰარი აიღო
მრავლის ბრძოლითა და ძალ-მიცეტანებითა და მრავალი კაცი დაიხოცნენ სიბასა და იერიშს ზედან, აიღეს და ყიზილბაში შიგნით შეესივნენ, ციხე-ქალაქი დაარბიეს და მრავალი იშოვეს და ინდოეთის ხელმწიფისაგან დასმული ხანი თავისის ყმებით ყაენის წინ მოასხეს. ხანი და თავნაჩენნი კაცნი თან წამოასხეს და სხვათ უვნებლობის ნიშანი უბოძეს, რომ საცა უნდოდეს, წავიდნენ და ყანდაჰარი მერაბ ხანს მისცეს და ყაენი მაშათს წამოვიდა.
მეორე ზაფხულს ინდოეთის ხელმწიფის შვილი დიდი ლაშქრით ყანდაჰარს შემოადგა და ყოველმხრით სიბები წინ წაიღეს და შიგნიდან და გარედან დაუშინეს თოფებსა და ზარბაზნებსა და გარედან ბანაკს ესროდენ და სიბები ხანდაგს მიაწია და ზოგი კიდეც გასცილდა. შეიქნა იერიში კედელზედა და შიგნიდან კარგად იყვნენ, ნამეტნავად ყიზილბაშნი, კაცის მძოვრით აივსო ხანდაგი და ინდოელთ გასაკვირვებელი ომი გადაიხადეს და სიკვდილისათვის ნაღველი და შეწყენა არ იცოდენ. მაგრამ ციხე ვერ აიღეს და ქება ითქვა იმ დღეს ინდოთ მეომართა და კარგათაც იყვნენ და სამჯერ გასაჭირი იერიში ქნეს და ციხე ვერ აიღეს. ამისთანა დროს მერაბ-ხან ციხეში მომკვდარიყო. მკვდარი მიფარვით შეინახეს და მაინც ციხე ვერ აიღეს და ხელმწიფის შვილი ბევრს გაისარჯა და ციხე ვერ აიღო და გარჯილი და ლაშქარამოწყვეტილი დაბრუნდა და ყანდაჰარი ყაენმა ოთარ ხანს მისცა და ინდოეთის ხელმწიფემ ოთარ ხანზე თავისი უფროსი შვილი დარაშუქუ მრავლის ლაშქრითა და თოფხანით გამოუძახა, ოთარ ხანს ციხეში გარშემოადგა და როსტომ ხან, დექენის ბატონი, ინდოეთის ლაშქრის სარდალი, ყალაი ბისტზე გამოგზავნა და შაჰაბაზ-ყაენმა მურთუზა ყული ხან ბეჯირლუ ყორჩიბაშის სარდლობა უბოძა და ერანის ლაშქარი თან გამოატანა და ინდოეთის ლაშქარს გამოუძახა. რადგან ინდოეთის ხელმწიფის შვილი ყანდარის ციხეს ადგა, სარდალი ყალაია ბისტზე გამოეგზავნათ და ლაშქარიც ცოტა ეგონათ და ყიზილბაშთ უკანა ლაშქარიც არ მოიცადეს.
აქა ომი ჰერმანდს ზედა ერანელთა და ინდოელთა ეს არის
მურთუზა ყული ხან ანაზდეულ ინდოეთის სარდალს დაესხა. იმათ რაზმი გარიგებული მზად დაახვედრეს, როგორც ზღვა სავსე წყლითა, ისევე ინდოთ რაზმი ათას კაცათ იდგნენ და ალაგ-ალაგ ნელად სპილოს მოსდევდენ და ისარსა და ყუმბარს მოისვროდენ. მსროლი ისროდა და უკუდგებოდა და სხვა მსროლი წამოდგებოდა, მაგრამ ლაშქარს არავინ მოშორდებოდა და ვერცა ვინ ლაშქარში შეუვიდოდა და საითკენც ყიზილბაშნი შეუტევდნენ, ისინი ისარსა და ყუმბარს დააყრიდნენ, ან გადმოაგდებდნენ და ან გააქცევდნენ. ბოლოს ინდოელთ გაიმარჯვეს, და ყაენმა მურთუზა ყული ხან დააჭერინა და რადგან ნამსახური კაცი იყო არ მოკლა და ყუმს ოთურაღი უბძანა. მაგრამ ინდოელთ მაშინაც ყანდაჰარი ვერ აიღეს.
ხელმწიფის შვილი ლაშქარ-ამოწყვეტილი დაბრუნდა და შაჰიჯჰან, ინდოეთის ხელმწიფეს, შვილები შეეცილენ. ოთხნი ძმანი გადაიკიდნენ და რომელსაც ევრენგზიბ ერქვა, იმან ჭკუით ყველა მოატყუა და თვითონ გახელმწიფდა, ძმები დახოცა, მამა ტყვეთ ჩაიგდო და ქვეყანა დაიჭირა და ძმის-წულები წაუვიდნენ და ინდოეთის გარეშემო მემკვიდრეს ბატონებს შეეხვეწნენ და დაუწყეს ომი და ბრძოლა. ამისთვის ყანდაჰარს აღარ მოვიდნენ, ხალიფა სულთან ეჰტიმადოვლე მოკვდა და მისი ალაგი და ვაზირობა მაჰმად ხანს ეჰტიმადოვლეს მისცა ყაენმა.
როცა მაჰმად ხან ეჰტიმადოვლე შეიქნა, ყაენი ყაზმინს მოვიდა. როსტომ მეფემ ბატონიშვილს ლუარსაბისათვის თავისის დისწულის ადამ სულთან ენდრონიკაშვილის ქალი თამარი ყაზმინიდან ქალაქს მიიყვანეს. ლუარსაბი თავისი ბიძის ვახტანგის შვილის თეიმურაზ მირზას შვილი იყო და მეფემ უშვილობისათვის იშვილა და საუფლისწულოთ მიიყვანა, რომ მეფეს შემდეგ ქართლი მისი იყოს და ადამ სულთნის ქალს თამართან გასაკვირვებელი და სახელოვანი ქორწილი უყო.
ქართლი და კახეთი, ფუშტუქუ, ისპაჰანის მოურაობა, ხუინი, სამასი თუმანი გილანიდან და ქალაქის ზარაბი და ხუთი ათასი კომლი თათარი ელი და ოიმახი როსტომ მეფეს ქონდა და მტერი არსაით ჰყავდა. იყო საქართველო მოსვენებით, ლხინსა და ნადირობაში და რა ბატონიშვილი ლუარსაბის ქორწილი გათავდა, ვინც ჯალაბობრივ ქორწილს მოსულიყვნენ, ყველას მრავალი საჩუქარი მიართვეს და გაისტუმრეს და მეორე გაზაფხულს მეფე და საქართველოს უფროსნი, დედოფალი, თავადების ჯალაბებით კახეთის დასავლელად წავიდნენ. ქალაქიდან ლილოზე მივიდნენ, იქ თოვლჭყაპმა ძალი ქნა, სამგორს მივიდნენ და ინადირეს და სართიჭალაში დადგნენ, მანავის ბოლოს მივიდნენ და საგარეჯო ჩაინადირეს და ბეჟანბაღს მივიდნენ, ისიც ინადირეს, იქით შირაქებში ჩავიდნენ და ორივე შირაქები ინადირეს, ქისიყს მივიდნენ, მაღაროში დადგნენ და იქიდან ოფადარს მივიდნენ და იქ დადგნენ და ვარცლები და აღრიტლები ინადირეს და ალაზნის პირს გადავიდა, ბაშინჯაღს ზევით დადგა. სამ დღეს შემდეგ აიყარა და მეოთხე დღეს თოფყარაღაჯი ინადირა, მრავალი ირემი და ჯეირანი და სხვა ნადირიც მოიკლა და ფრინველთ ანგარიში არ იქნებოდა. იქიდან წინა მინდორში მივიდნენ და ნახევარი ინადირეს და ათას ხუთასი ამ ნახევარს მინდორში ნადირი, რომ რაც მეფეს წინ მოიტანეს, იმაების გარდა რომ თავ-თავისთვის წაეღო, ხოხობსა და ფრინველთ გარდა. იქიდან აიყარა და ამავე წინა მინდვრის ნახევარი ინადირეს, ჯერ აქ უფრო ბევრი ამოწყდა და იქით, აბელის მონზე მივიდნენ. მეფისათვის ჩალური სახლები დაედგათ, იმაში დადგნენ ერთს კვირას და იქაც მრავალი ღორი, ირემი და შველი და ხოხობი ინადირეს. იქიდან აიყარნენ ნადირობით, ახლო-ახლო ჩამოხტომით ალავერდს მივიდნენ.
ალავერდის საყდარი ბატონი თეიმურაზის დროს დაქცეულიყო და აშლილობისაგან არ დასცალებოდა, რომ აეშენებინა და მეფეს როსტომს მისი დაქცეულობა აეშენებინა. ათ დღეს იქ დადგნენ, იქიდან ალონს გავიდნენ. მიცვალებულთ მეპატრონეთათვის, რომ ალავერდს ემარხნენ, მარიამ დედოფალმა ჟამი უწირვინა და ჭამა უყო და აღაპი გადაიხადა და მეორმოცენი დაუყენა და ყველა ცალ-ცალკე გამოიტირა. რაც იქ იყვნენ, წირვა არ დააკლო. ალაზნის წყალს გავიდნენ და ოცს დღეს ალონს დადგნენ. იმ ალონში და მის გარეშემო მრავალ სხვა და სხვა ფერი ყვავილნი, იანი და ყაყაჩონი გაშლილ იყვნენ. იქიდან აიყარა და ორ დღეში გრემს მივიდა. იქ მრავალი კარგად ნაშენები სასახლენი დაქცეულ დანგრეულ ვნახეთ, უკარო და უჭერო ნადირთ სადგომ-ქმნილნი. რა როსტომ მეფემ ამ რიგი სახელმწიფო სასახლე ასე აოხრებული ნახა, საწუთროს გაუტანლობას შეუწყინდა და ფარსადან გორგიჯანიძეს უბძანა: ამ სასახლის ასე მინგრეულობისათვის ერთი მუნასიბი ლექსი გვითხარო: მანც ეს ლექსი მოახსენა, ასე თქვა:
„ღვთის მეც ყური მათხოვეთ, გრემის სასახლის ქებაო,
ვისაც გენახოს, ეს ასე რად გული დაგედებაო.
ესე სოფელი ცუდია, არ ვის არ გათავდებაო,
და ამის ამშენი რომ მოკვდეს, თქვენ ცეცხლი მოგედებაო“.
სიკვდილი იმერეთის მეფის ალექსანდრეს ძმის მამუკა ბატონიშვილისა
იმერეთის მეფეს ალექსანდრეს თავისის ძმის მამუკა ბატონიშვილის ნიშანი მეფეს როსტომთან გამოეგზავნა, გასამჟღავნებელი და სატირალი წიგნი მოეწერა: უწინ ლევან დადიანისაგან ომში დატყვევება, ტყვეობაში ტანჯვით შენახვა და თვალების დაწვა, მრავლის საცადურით წამება და უპატიოთ მკვდრის ყმაწვილობით სიკვდილამდის გაუკითხავათ, შეუსვენებლად, ათას რიგად უღირსსა და უკადრისის საქმით მოკვდინება წიგნათ მოეწერა.
და რა ნიშანი გაუშალეს და წიგნი ბატონ მარიამ დედოფალს წაუკითხეს, როგორც თავის შვილ ოტიაზე, ისევე თმა გაშლით და მკლავ ჩახდით, გულ-მწუხარის ცრემლის ფქვევითა, მამუკა ბატონიშვილი მრავლის ქებით ტირილში მოსთქვა და შავის ჩაცმით იგლოვა და სრულ ქართველნი თავადნი და დედანი და მანდილოსანნი, როგორც საყვარელ შვილებზე, ისე გულმწუხრათ გამოიტირეს. ნამეტნავად მრავლის სატანჯვის წამებისათვის ამას სტიროდენ და ლევან დადიანს სწყევლიდნენ. მეფე როსტომ ქართველთა და კახთ ჯარით, მხარ ჩახდითა და თავს ცემით, გულმწუხრად გამოიტირეს, დადიანს ძრახვიდენ.
აბა აქ გასინჯეთ სამართალი ღვთისა, რომ მაგიერი ლევან დადიანს შვილი მოუკვდა და მამამ შვილის ტირილში ლახტი თავს გადაიკრა და შვილს ზედ დააკვდა დაუმარხავს. მეფე ალექსანდრე ლაშქრით მიუხტა და მისი სალარო და საბატონო ყველა დაიჭირა და დადიანი კარგი წესით დამარხა და ლიპარიტიანი ვამიყ დადიანად დასვა და სალაროს ნახევარი მას მისცა და რაც კარგი და უკეთესი იყო მეფემ წამოიღო და რაც ლევან დადიანს მეფის გიორგის სახსარში უსამართლოდ წაეღო მეფე გიორგის შვილმა მეფემ ალექსანდრემ სამართლით წამოიღო და ღმერთმა დიდი რისხვით მამუკას ბატონიშვილის უდიერი ლევან დადიანს და მის შვილებს გადაახდევინა და თავისი ხელით თავი მოიკლა და მისგან ნაძალადევად შეგროვებული მრავალი ოქრო, ვერცხლი და მურასა და ძვირის ფასის თვალ მარგალიტი, რომ თავისთვის მოუხმარებელი სხვას დარჩა და თვითონ უშვილოდ გადავლინდა და ყველამ ასე თქვეს: ლევან დადიანის უშვილოდ გადავლენა, მამუკა ბატონიშვილის უსამართლობამ მოსთხარა, სახლიან-შვილიან გადავლინდა. აბა ეს ნიშნად ყველა გეყოფა, აბა აქ გათავდება იესოს ქრისტეს ნაბძანები სიტყვანი: რომლისათ საწყაოთ მიგიწყავსო, იმავე საწყავით მოგიწყვენო. აბა სამართალი აქ გათავდა და ნაძალადევი არავის შერჩება.
ვამიყ დადიანი მეფის ალექსანდრეს მორჩილი იყო. ამ ჟამს ბატონი თეიმურაზ რაჭას იდგა და რუსეთს მიემზადებოდა. მეფემ წიგნი და კაცი მისწია: ღვთისაგან ამ რიგი დიდი წყალობა დაგვემართაო, რუსეთს ნუღარ წახვალო, გინდა ოდიშში გაბატონდიო, თუ გინდაო, ქართლსა კახეთის მეფეთ დაგსვამო.
არ დაუჯერა და რა ბატონი თეიმურაზ იმერეთს გადავიდა ქართლმა და კახეთმა მოისვენა, ლხინისა და ნადირობის მეტი სხვა საქმე აღარავის ქონდა და კიდევ ძველებურად ჩხუბს თავი აუღეს და ასე თქვეს: ჩვენი მეფე ბერი და უშვილო არისო და ლუარსაბ ბატონიშვილიო თავისთვის შვილად და ჩვენად საბატონოდ მოიყვანაო და საქართველოს თავადებსაო ყველას მაგისის პაპის ვახტანგის მამული გვიჭირავსო და რა გაბატონდებაო, ყველას წაგვართვამსო და თავის შვილს საუფლისწულოდ მისცემსო, ამას მოუგვაროთ რამეო. როსტომ მეფე ბერიკაცი არისო, დიდს არას გამოეკიდებისო. რა ცოცხალია ვემსახურებითო და რა მიიცვალოსო, რომელიც ბატონად გვინდოდესო, ყაენსა ვსთხოვოთო. ეს ფიცი და პირი მალვით შეჰკრეს და შეიფიცნენ.
როსტომ მეფემ განჯის გზაზე გატეხილ ხიდს ზევით დებედაზე გუმბათით ხიდი ააგო
სოფელი და ქარვასლა ააშენა, რომ მგზავრი არ გაისარჯოს, სადგომი და საჭმელი მზად დახვდეს. მეფე ქალაქიდან დედოფლითა და თავად აზნაურით იმ ხიდისა და ქარვასლისა და სოფლის გასასინჯად მივიდა და იქ დადგა. თავადის შვილებმა ბატონიშვილს ლუარსაბს მოახსენეს: მეფეო ხუთ-ექვს დღეს აქ იქნებაო, თქვენ გაღმა გაბძანდით, ჭალა ინადირეთო. ყმაწვილი კაცი იყო, იმასაც ეამა და მეფეს დაეთხოვა. უწინ ნება არ მოსცა და კიდევ დაეთხოვა. მეფემანც ბძანა, წავიდესო.
გაღმა გავიდნენ რომ ჯერგით ჭალაში ირემი და ღორი ინადირონ. ჯერგა გარიგეს და ალაგ-ალაგ ნადირის მოსასვლეთ კარები უჩინეს და მეთოფენი ჩაუსხეს და საპატიო კაცის შვილები, თავადნი და აზნაურნი მშვილდისრით დაჰყვეს და თითოს კარს თითოს თავადის შვილი თავათ უჩინეს და რა ჯერგამ ტყენი გამოირეკეს და კარებს მოახლოვდნენ, შეიქნა თოფისა და ისრის სროლა ღორებზე. ამ დროს ბატონიშვილ ლუარსაბს ხელის თოფი ეცა და შეიქნა ტირილი და თავს ცემა. ნადირობა მოიშალა და მეფესთან ჩაფარი გაგზავნეს, ამ რიგი ვაების ამბავი მოახსენეს. მეფემ ნამეტნავად იწყინა და ელიზბარ ბოქაულთუხუცესი, იმავე ბატონიშვილის დედის ძმა, გაგზავნეს და ექიმი და ჯარა თან გაატანეს. თვითან მეფეც ჯარით მივიდა, ცოცხალს მიუსწრა. მაგრამ ყველგან ტირილი და თავს ცემა იყო. მეფე ჩამოხდა და საცა ბატონიშვილი თოფნაკრავი იწვა, იმ კარავში შევიდა.
რა ბატონიშვილმა მეფე დაინახა, ფეხსზედა წამოდგომას ეცადა, მაგრამ ღონე აღარ შერჩენოდა, ვეღარ წამოდგა. მეფემ ქუდი მიწას დაახეთქა და შექნა თავს ცემა და ტირილი და ბატონიშვილს გვერდთ მოუჯდა და გამოჰკითხა: თუ თოფი საითკენ გეცაო და ან იქით ვინ და ვინ იდგნენო და ან გაიგნეთო, თუ ვისი თოფი გეცაო. ბატონიშვილმა ასე მოახსენა: თუ მოვრჩებიო, ჩემს მკვრელს მე ვიპოვნიო და თუ მოვჰკვდებიო, თქვენ კარგად იყავითო, რომელიც გიჯობდეს ისე ჰქენითო. მეორე შუაღამემდე ცოცხალი იყო და მიიცვალა და ყოველ კარავში ტირილის ხმა და თავს ცემა ამაღლდა. ვისაც უხაროდა, ის უფრო სტიროდა და თავს იცემდა აზრის არ მიხვედრისათვის.
რა დილა გათენდა, თათარნი თავიანთ წესით ალმები და დროშები გაშალეს და მოლებნი მუსაფის კითხვით ხმანი აჯების ღვთის წინაშე ტირილით ამაღლებდენ და ქართველნი და კახნი მხარ ჩახდილნი ზარითა და თავს ცემითა და ქება მოთქმით მიუტირეს. ცხენები მრუდად დაჰკაზმეს და კუბოსა და ცხედარს ძვირფასის ნაქსოვები გადაბურეს, სისხლიანი ტანისამოსი მხლებლებმა მხარს გადაიკიდეს და თავადთ შვილები ცხედარს ქვეშ შეუსხდნენ და ალაბრის გზით ქალაქში მიასვენეს და ქალაქთა შიგან შეიქნა დიდი ტირილი და ვაება და ყოველნი ვინმენი, თავიანთ რჯულის წესით, მკვდრის საკაცეს წინ გაეგებნენ. ბატონიშვილის სასახლე ავლაბრის გზის პირდაპირ იყო. ბატონიშვილისათვის რომ თოფი ეკრათ, იმ ღამეს ბატონს თამარს, ბატონიშვილის ჯალაბს, სიზმარში ენახა: რომ თავი მომჭრესო და იყო ამ სიზმრის ნახვისათვის შეღონებული. დაინახა, რომ ალაბრის გზით ცხედარი მოაქვთ და ქვეყანა მას მოსდევს სრულ მხარ ჩახდილნი, ზარითა და თავს ცემითა. რა ბატონმა თამარმან ესები ნახა, თავის გუნებით ასე ბძანა: ეს ამრიგი დრგიალიო არ ვისზე იქნებაო, თუ არ მეფესა ზედანო და ან ბატონიშვილს ზედანო, უსაცილოდ ჩემი ნახული სიზმარი ეს არისო, ან მეფე მომკვდომიაო და ან ბატონიშვილიო. თავი კედლისათვის ეკრა და როგორც უსულო მკვდარი შექნილი იყო და წყლის სხმით მოესულიერებინათ.
ქმარი თოფით მოკლული შინ მოუსვენეს და სრულად ქართველნი და კახნი ჯალაბობრივ ქალაქში მოვიდნენ და მეფე თვითონ და მარიამ დედოფალი სწორამდისინ ბატონიშვილის სასახლეში ჭირისუფლად ისხდენ და ყოველმა კაცმა შეძლებითა და შეფერებითა თავინთ წესით მიუტირეს და გადასაბურავი მიართვეს. ჭამა აღაპი, გაცემა თათრისა და ქართველთ წესითა გადაიხადეს და მკვდარი არდაველს შეიხ-სეფის საფლავში მიასვენეს.
რა არდაველს ერთის დღის სავალზე მოახლოვდენ, არდაველის ხანი და შეიხ სეფის მუთაველი შეიხ ალ ისლამი, ყაზი და ქალანდარი და მოლანი და თალიბელმნი და მუშტეიდნი და მერჯულენი მუსაფის კითხვითა და დროშა ალმით წინ გაეგებნენ. და რა ქალაქს არდაველისას მოახლოვდენ, სრულად მოქალაქენი დიდნი და პატარანი გაეგებნენ და დიდი პატივით მოასვენეს და შეიხ-სეფის საფლავს ახლო მიწას მიიღეს და როსტომ მეფემ ეს ამბავი ყაენს მისწერა და რადგან ყანდაჰარზე ლაშქრობა იყო, თემის აშლილობისათვის მეფე ამის ძებნას აღარ გამოეკიდა. მაგრამ როცა ბარათაშვილმა სიაოშ თუმანიშვილს ბაინდურს დასწამა და ასე უთხრა: შენი ნასროლი თოფის ფინდიხი ეცაო, - ამისთვის სამართალზე ესენი შეაბეს.
ამ ჟამს ბარათაშვილი სიაოშ და თუმანისშვილი ბაინდურ სამართალზე შეაბეს
როგორც ყოველ რჯულში მართებულია, ხელმწიფეთ შეწყენისა და შემცოდლობის დარიდება, ნამეტნავად უკადრისობის შებედვა და მათს სისხლში გარევა, ქართლში ქართველნი მრავალნი და ძიენი არიან და სომეხნი ცოტანი და უღონონი და მათგან არ რიგის საქმის თქმაც ძნელია, თორა და ქნა და ქართველთ უნდოდა ეს სისხლი სომეხთზე დაეტეხა. ამისთვის უღონონი იქმნენ სომეხნი, რომ სხვა რიგად ფიცითა და ჯერით არ გადაწყდებოდა და სიაოშ ბარათაშვილმა წამოთქვა, რომ თუმანიშვილმა ბაინდურ ჰკრაო ბატონიშვილს თოფიო. იმან აშაორაო თქვა. ამისთვის სამართალზე შეაბეს და ბძანებითა ღვთისითა სამართალი გაცხადდა. ორნივე თავიანთ რჯულის წესი გადაიხადეს და შესაბმელად გაემზადნენ. მეფე და თათარნი სომეხთაკენ მოდგნენ და დედოფალნი და ქართველნი სიაოშ მიუდგნენ, მეფეს მოახსენეს: ამ რიგის საქმენიო უხმლოთ არ გადაწყდებაო. მეფემანც ბძანება ქნა - თავიანთ რჯულში რაც მართებული იყოს, გადაიხადონო და პაემანი დაუდვან ერთმანეთსაო. შებმის დროს ჩვენს კარს მოვიდნენო. მეფის ბძანება გაათავეს, გაენდვნენ და ინანეს და თობა და თმობა აუთქვეს, ანდერძები გაათავეს და ეზიარნენ და ავის ნაქნარნი ინანეს და ვისთვის შეეცოდებინათ, შეეხვეწნენ და შენდობა იშოვეს და ვისიც რამე ემართა გადაუხადეს. თავიანთი საყდრები დაიარეს და შესაწირავი მიართვეს და რაც შეეძლო გლახაკთა და უღონოთ მისცეს. ბარჯალსა და პაემანზე თბილის ქალაქს მოვიდნენ და მეფის სასახლის პირდაპირ მტკვარს გაღმა საომრის ალაგად უჩინეს, რომ ყველმხრით უჭვრეტდნენ. ორნივ საომრის იარაღით შეიმოსნენ და ცხენს შესხდენ და გაღმა გავიდნენ და მეფემ ექვსი იასაული უჩინა საომრის ალაგზე და ციხის კარები დაუგდეს, რომ არცვინ შეუშვან და არცვინ გამოუშვან და ერთმანეთის მოშორებით ცხენით იდგნენ.
გამოღმიდან დაუძახეს - ომისა და შეტევის დრო არისო. უწინ ცხენ ჭენებით სიაოშ მოუხდა და შუბი შემოსცა და ზედ შეამტვრია, ჯაჭვი გაუტეხა და გვერდში გასჩარა, შუბის პირი შიგ შეარჩინა. ამას უკან ბაინდურ მიუხდა და შუბი შესცა და ბარკალშიგ შეამტვრია და გასცილდა. აწ სიაოშ წაეწია და ლახტი სცა და გასცილდა. აწ კიდევ ბაინდურ მიეწია და ლახტი სცა, მაგრამ რადგან თავისი სისხლით ხელი სველი ქვნდა, ლახტი გასხლტა და ცხენმა თავგამზიდვარობა უყო და სიაოშ ლახტის ცემით მისდევდა. ბაინდურმა ხმალს ხელი წაიკრა და უკან უკუქნია და სიაოშ საცხვირეში მოახვედრა და ფიცხლად ცხენით გადმოვარდა და თათართა და სომეხთაგან შეიქნა ხმა მაღლა - ალაჰ ალაჰ - ძახილი. ბაინდურ მოსაკლავად სიოშს მიუხდა. იასაულებმა არ დაანებეს, მაგრამ ცხენი მაინც მოუკლა. მეფემ ბძანა: სიოაშ ციხოვანთ ტყვეთ მიაბარეს და ბაინდურ ამ დაკოდილობით, ისევე საომარ ცმული, თავისივე ცხენ იარაღით გამოღმა გამოვიდა და მეფეს თაყვანი სცა და ასე მოახსენა: თქვენს მტერს უნდოდა შევბმოდითო ორნივ უბრალონი ტყუილად შევიხოცენითო და თავის სადგომს წავიდა და მეფემ ჯარა და მომია გაუგზავნა მრავლის სარჯლით შუბის პირი ამოართვეს, ორ წლამდე დაკოდილი ძლივს გაუმთელდა სიაოშს და ქართველთ იპატივეს და მისი ჯაჭვი და იარაღი მეფემ ბაინდურს მისცა და ბატონიშვილმა ცუდად ჩაიარა.
რადგან ბატონიშვილის ჯალაბი მეფის დისწულის ადამ სულთანის ქალი იყო, მეფემ ბძანა: ბატონიშვილს ლუარსაბსაო, ძმა ჰყავს ვახტანგ სახელად ურქვიანო, იმას ჩემად შვილად მოვაყვანინებო და ბატონიშვილის ჯალაბს იმას შევრთავო, თათართ წესით ერგებისო. რადგან ორნივ მუსულმანი არიანო. ეს იწყინეს, მაგრამ ვერა თქვეს რა.
აქა მეფემ როსტომა თურმან ყაენთან გაგზავნა და ვახტანგ ბატონიშვილი საუფლისწულათ სთხოვა
ყაენი მაზანდარნას ბძანდებოდა, თურმანმა მეფის არზები მიართვა და ვახტანგ თავისის ბიძის ვახტანგის შვილის თეიმურაზ მირზის შვილი ვახტანგ შვილად სთხოვა და ვახტანგ კარზე არ იყო, ყაზმინს მოურავად იჯდა. ყაენმა ბატონიშვილს რაყამი მისწერა: როსტომ მეფეს შვილად უთხოვნიხარო, თურმან მანდ გიახლებისო, შენი საქმე კარგად გაირიგეთო და ჩვენს კარზე მოდითო, ხალათი ჩაიცვითო და აქედან გაგისტუმრებთო. რა ეს რაყამი ყაზმინს ბატონიშვილს მოუვიდა, დედამ მისმა ასე თქვა: უფროსი შვილი წამგვარაო და მამიკლესო, ახლა შენც წაგიყვანოსო, მე შენის მეტი არსად არა გამაჩნია რამეო, მე შენ არსად გაგიშვებო და არც ვის მოგაკვლევინებო, მე თვითან ყაენთან წავალო, ან როსტომ მეფის სიცოცხლეში საქართველო შენ მოგცესო, და ან საქართველოს სიახლოესაო ერთი ასეთი საბატონო მოგცესო, რომ როსტომ მეფის ხელის შემხედავი არ იყოთო და ან როსტომ მეფეს უკან გაგისტუმროსო. აქ არის ნათქვამი: მწიფეს ესროდენო და მკვახე სცვიოდაო.
ბატონიშვილმა ვახტანგ თავისი დედა ყაენთან გაგზავნა, თურმანს უბძანა: შენ საქართველოში წადიო და როცა წამოსასვლელი შევიქნებით ჩაფარს გამოვგზავნიო და დაგიბარებო, წამობძანდიო და სწორათ წავიდეთო. თურმანს შესაფერისი პატივი არ დასდვა, არც საჩუქარი მიართვა და გაისტუმრა. თურმან გულნაკრული და გაჯავრებული როსტომ-მეფესთან მივიდა და მრავალი საწყინარი ამბავი მოახსენა: თქვენ შვილად მოგყავსო და ის ძმის მოკვლას თქვენ გაბრალებსო, მესისხლეს გეძახისო. მეფე ამაზე გაავგულდა და ასე ბძანა: შვილათ მინდოდაო, თუ ღმერთს ჩემთვის შვილი სდომებოდაო, ის მამცემდაო, ახლა სიდამდის ცოცხალი ვარო, თვითან ვიბატონებო, ჩემს უკან ვისაც უნდა მისცენო. და ბატონიშვილის დედა ყაენთან მისულიყო და შვილის არ გაგზავნას საქართველოში შეხვეწნოდა. ყაენს ებძანებინა: თუ წასვლა არ უნდა შენს შვილსაო, ნუ წავაო.
ამ დროს ხალიფა სულთან ეჰტიმადოვლე მაზანდარას მოკვდა და მისი ვაზირობა და ეჰტიმადოვლობა მაჰმად-ბეგს მისცეს და ყაენი ყაზმინს მოვიდა და მეფე როსტომმა ფარსადან გორგიჯანიძის ხელით ეჰტიმადოვლობის მისალოცავი ფეშქაში გაუგზავნა. ეჰტიმადოვლე კარგად დახვდომოდა, მრავალიც მოეცა და მეფის გამოგზავნილი ტყვეები და ჩემი მირთმეულიც ყაენს მიართვეს და ჩვენი სახელი მოეხსენებინა და კარგ გვარად გაესინჯებინა და ყაენს ებძანებინა: გამოკითხეო, თუ რასთვის მეფემ ლუარსაბის მკვლელი არ იპოვაო. ერთს ღამეს ვეხმევ და ასე მიბძანა: რასთვის მეფემ ლუარსაბის მკვლელი არ იპოვაო. მერე მე ასე მოვახსენე: თუ ფათერაკად სცემია, ცუდის კაცისაგან, იმას რაღა ძებნა უნდა და თუ შეყენებით უკრავს, მაშ დიდის კაცის საქმე იქნება და ხელმწიფე ინდოეთზე ლაშქრობთ და თუ მოძებნოს, არამც საქართველო არიოს და თქვენი საწყენი იქნას რამე, თორა და მასთან მოძებნაცა და პოვნაც ადვილი არის. ამან ასე მიბძანა, რომ ყაენს ასე მოხსენებიაო - როსტომ მეფეს მოუკვლევინებია. მე ფიცი მოვახსენე, ამას მეტად არ გამიგონია მეთქი. იმ ღამეს ბატონიშვილი ვახტანგ იქ ყოფილიყო და მე ვერ ვიცნობდი. მეორე დღეს ჩემად სანახავად მობძანდა. მითხრეს, ბატონიშვილი მოვაო. წინ გავეგებე, ვიცან, რომ წუხელის ეჰტიმადოვლესთან იყო. როსტომ მეფის სიკეთის ამბავი მკითხა და მეც ტკბილად მომიკითხა და მადლი მოვახსენე და არ ხლების ბოდიში მოვთხოვე და მეორე დღეს სანახავად მიველ. აღარ გამომიშვა, კარგად დამხვდა და მრავალი ჭკვიანური სიტყვა ბძანა და რა ყაზმინს ვიყავ მალე-მალე დამპატიჟებდა და რა გამისტუმრეს, მეფეს როსტომს არზა მისწერა და საამელი და თავდაბალი სიტყვები დამაბარა. მე იმ ზამთარს ლაჰიჯანს დამემყოვნა მეფის სამასის თუმნის ასაღებლად. ბატონიშვილის მინაწერი წიგნები და ან რაც ჩვენთვის ზეპირად დაებარებინა ისიც წიგნად მივწერეთ, მეფეს გაუგზავნეთ. რა ბატონიშვილის მინაწერი წიგნი მეფეს წაეკითხა, ჯილავ ხანი თალიში ჩემთან ჩაფრად ლაჰიჯანს გამოეგზავნა, წიგნიც ებოძებინა და ასე ებძანებინა: რასაც წამს ეს კაცი შენთან მოვიდესო, ფიცხლავ ყაენთან ჩაფრად წადიო და ჩვენი მინაწერი არზი მიართვითო, ბატონიშვილი ვახტანგ საუფლისწულოდ გვითხოვნიაო. საცა ყაენს იახლოო, ბატონიშვილს გამოისტუმრებენო, შენ წინ წამოუძეხო და დიდი პატივით მოიყვანეო. ლაჰიჯნიდამე მეხუთე დღეს ყუმს ყაენს ვიახელ და მეფის მინაწერი არზა ხელმწიფეს მივართვი და მე ეჰტიმადოვლისას დამაყენეს და ასე მიბძანეს, - ისპაჰანს ჩავალთო და იქიდან გაგისტუმრებთო. რა ქაშანს მივედით, მეფის ჩაფარი მოვიდა, ყაენთან ასე არზა მოეწერა: თუ ბატონიშვილი ვახტანგ არ გამოგესტუმრებინოსო, ნუღარ გამოისტუმრებთო, მუხრანის ბატონი გამოგვიგზავნიაო, ის წამოუძღვანეთო, და ფარსადან ისევე გილანს წავიდესო და თუ გამოგესტუმრებინოსო ნუღარ მოაცდევინებთო, მალე წამოვიდნენო და ჩემთვისაც ასე მოეწერა. ეს წიგნიცა და ჩაფარიც ქაშანს მოგვივიდა. ჩვენ ისევ გილანს წავედით და ყაენი ისპაჰანს მიბძანდა და მუხრანის ბატონი ისპაჰანს ჩასულიყო, ყაენი კარგად დახვედროდა. ვახტანგ ბატონიშვილი ავად გამხდარიყო და მიცვალებულიყო.
ეს ამბავი როსტომ მეფეს მოახსენეს, ნამეტნავად იწყინა და ხოსია ბარათაშვილი ყაენთან ჩაფრად გაგზავნა და მუხრანის ბატონი ჯანიშინად ეთხოვნა. ყაენმა წყალობა უყო და მრავალი მისცა და გაისტუმრა. რა ქართლს მოვიდა, მეფემანც პატივი მოუმატა და ზოგ-ზოგი სავახტანგო სოფლებიც მისცა, ხელმწიფის ნაბოძებს მამულის სიგელებში შვილობით დააწერინა. მუხრანის ბატონმა უფრო გაძლიერება მოინდომა და მიფარვით მეფის კარგნი ყმანი შემოიფიცა, ნოდარ ციციშვილს თავის შვილის არჩილისათვის ქალი სთხოვა და ზაალ ერისთავის შვილს ზურაბს თავისი ქალი მისცა და მარიამ დედოფალმაც საფიცარი უბოძა. კარისკაცთ მეფის მალვით პატრონ ყმობაზე შეჰფიცეს, ამისთვის რომ მეფის როსტომის უშვილობისათვის ქართველნი უიმედოდ იყვენ, თავად დიდის ხნის ბძანდებოდა და სიბერეს დიაღ მოეტეხა და მერე შვილი და ახლო ნათესავი არა ჰყავდა. ამისთვის ნათქვამია - ყოველ სიგლახესაო სიბერე უარესიაო და მრავალი სახელმწიფო და სამეფო და სათავადო და ვაჭართა და გლეხთა თავიანთ წესითა და შეძლებით უშვილობისაგან მოთხრილან და მათი ქონება, მორჭმა, ტახტ გვირგვინი და სალარო, ქვეყანა და ლაშქარი სხვას დარჩენია.
ქორონიკონს ტმდ (1656), ამ ჟამს მეფემ როსტომ ისპაჰანის მოურავობა მე ფარსადანს მამცა
ყოვლის მორთვითა და გაწყობით ისპაჰანს ჩამოველ. ბედნიერმა შაჰაბას ყაენმა კარგი თვალით მნახა და დიდი პატივი დამდვა, ასე რომ უფროსი ერთს სადივანბეგოს სამსახურს მე მიბძანებდა. ესები მდივანბეგს ეჯავრა და ისპაჰანის ლოთებს ასწავლა, ტყუილად ამიჩივლა და მრავალი ტყუილი მოგონება ათქმევინა. ეს ხელმწიფემ შეუტყო, დააჭერინა, თვალები დასთხარა და რაც ქონდა ყველა წაართვა და მე ეშიკაღასობა მიბოძა და ხუთი სოფელი გულფეიქანში სარჩოდ გამიჩინა. მე ყაენის კარს დავრჩი და ჩემი ჯალაბნი საქართველოში დარჩნენ.
ამასობაში სეხნია თურქისტანისშვილი საქართველოდან ჩაფრად მოვიდა, როსტომ მეფეს ყაენთან არზა მოეწერა: ლევან დადიანი მოკვდაო და მისი ქვეყანა და სალარო მეფემ ალექსანდრემ დაიჭირაო და ერთი დადიანის შორ ნათესავიო დადიანის ალაგზე გააბატონაო და მისი ძმა და ძმისწულები ჩვენთან არიანო და ოდიშელნი ამათ ითხოვენ თავიანთ საბატონოთო და ჩვენ შეძლების ღონე აღარა გვაქვსო. ერთი რაყამი მუხრანს ბატონს უბოძეთო, რომ ჩემს უკან მეფობა მისი იყოსო, რომ ჯარსა და ლაშქარს მისგან შიში ქონდესო, რომ მინდა სარდლათ ვქნა და ოდიშს გავგზავნო, რომ დადიანის ძმისწული თავის სამკვიდროზე გააბატონოსო.
ამ ამბავს შემდეგ ადრიბეჟანის ვეზირისაგან ჩაფარი მოვიდა: როსტომ მეფე გორს მიიცვალაო და ადრიბეჟანის ელი შემოფრთხა და არაზის წყალს გამოვიდაო. ამ ამბავს ელოდენ სხვამხრიდან, აღარ მოვიდა. ყაენმა ჯილავდარი მაჰმუდ-ბეგ საქართველოში გაგზავნა, მართალი ამბავი მოიტანოს. ერთ თვეს წავიდა და მოვიდა და ასე ამბავი მოიტანა: არ მომკვდარაო, მაგრამ ავად ყოფილაო და ახლაც ავად არისო.
ამის მოსვლაზე ზაალ ერისთავის ჩაფარი მოვიდა, ყაენთან არზა მოეწერა: მეფე დიაღ შეძნელდაო და ეგ არზები, რომ სეხნიამ წამოიღოო, მეფეს მაგისგან ამბავი არა აქვსო, ბეჭედი მოჰპარესო, ნუ დაუჯერებთო, სადამდის მართალი არ შეიტყოთო. ამ არზაზე ხელმწიფემ ასე მიბძანა. ფარსადანო, შენ იქაურობა კარგად იცითო, ჩაფრად წადიო და მეფესა და მუხრანის ბატონსა და ზაალ ერისთავს ხალათები მიუტანეთო და ამ არზებისაც მართალი შეიტყევიო, თუ მეფის მოწერილი არისო, თუ არაო, იქაურ საქმე კარგად გასინჯე და შეიტყევო და მალე გამობრუნდიო. მომცეს ხალათები და ასე მიბძანა: აქამდის ერისთავიო მუხრანის ბატონის სიკეთესა მწერდაო და ეხლა არ ვიცითო, თუ რასთვის გაავებულანო, ესეც კარგად შეიტყევო, და როსტომ მეფე თუ ცოცხალი იყოსო, მისვეს შეკითხულობითაო გუჰარმაზარი დააწერინეო და საქართველოს თავადთა და უფროსს კაცებს დააბეჭდინეო, რომ როსტომ მეფის უკან ბატონად ვინ უნდათო. სეხნია თან გამომატანეს, ჩაფრათ წადიო და ისევე მალეო ჩაფრად წამოდიო.
ხალათები ხურჯინებით დავიკარით, სამი ჩემი კაცით ისპაჰანიდან მეთორმეტე დღეს ქალაქს მივედით. მეფე ავად იყო და ხალათი ლოგინში ჩაიცვა და ყაენის ნაბძანები სიტყვანი მეფეს მოვახსენე. იმან ასე მიბძანა: ორნივ ლაშქრით სომანეთის ჭალაში დგანანოო, ჯერ ეგ ხალათები მიუტანე, ჩაიცვანო და ათიოდე დღე შენს სახლში დაჰყავო და როცა გიხმო ჩამოდი და გაგისტუმრებო და აქაურ საქმეს ყველას ხელმწიფეს მივწერო.
ქალაქიდან გორს მივედით, ბატონი დედოფალი გორს ბძანდებოდა და ძმისწულები ოდიშს დასაჭირავად გაეგზავნა. იქ ვნახეთ და ყაენის ამბავი გვკითხა, მოვახსენეთ. მეორე დღეს სომანეთის ჭალაში მოვედით, სრულად ქართველნი და კახნი წინ მოგვეგვებნენ, მუხრანის ბატონმა და ერისთავმა ყაენის ნაბოძები ხალათები ჩაიცვეს და ხელმწიფე დალოცეს და მუხრანის ბატონის კარავში მივიდნენ და სადილი იქ ჭამეს. მეორე დღეს სადილათ ერისთავმა დაგვპატიჟა და მუხრანის ბატონისაგან და თავისის სახლის კაცებისაგან მრავალი საჩივარი ბძანა. მესამეს დღეს დავეთხოვე, გორს ჩემსა მოველ, რომ სიდამდის მეფის ბძანება მოვიდოდეს იქ ვიყო. სომანეთს ამბავი მოსვლოდა: „მეფემ ალექსანდრემ გაიმარჯვაო და დადიანის შვილები დახოცაო.
აქ ომი მეფის ალექსანდრესი და დადიანის ძმისწულის ლიპარიტის მოკვლა
ქართველთა და მესხთ ლაშქარი ლიპარიტს ახლდენ, მეფეს ალექსანდრეს შეებნენ, მეფემ გაიმარჯვა და ქართველნი და მესხნი ზოგნი დაიხოცნენ და ზოგნი დაირჩინეს და ზოგნი გადაიხვეწნენ და გამოქცეულნი სომანეთს მოვიდნენ და ზაალ ერისთავი და ელიზბარ ერისთავი თავიანთ ლაშქრითა და კახნი ერთ პირად წამოვიდნენ და ქალაქს მეფესთან მოვიდნენ, ჰავლაბარში დადგნენ.
მეფე სიბერისაგან ავად იყო და ლოგინად იწვა და ერისთავებმა ჯამალ ხან მეფეს მიუგზავნეს და მუხრანის ბატონიც ქალაქს ჩამოვიდა და ჯამალ-ხანის პირით ასე შეუთვალეს მეფეს: რა თქვენ ცოცხალი ბძანდებითო, შენის მეტი პატრონი არ გვინდაო და თქვენს უკან სხვას საქართველოს ბატონს ჩვენ ყმობას არ უზამთო, ჩვენი ბატონი ყაენი არისო. მეფემ ასე შეუთვალა: ჯერ ავად ვარო, ჩემი საქმე მოიცალეთო, ვნახოთ როგორ შევიქნებითო. თუ მოვიჯობინებ, ყველას მე გავარიგებო, თუარა და კახნი თქვენთან იყვნენო, სხვას ხელი არ ჰქონდესო და მუხრანის ბატონიც ქალაქში თავისთვის იყოსო. მაგრამ მუხრანის ბატონმა მეფეს ასე მოახსენა: თუ ერისთავიო იმერეთს გადამყოლოდაო, მეფე ჩვენზე წამოვიდოდაო და დადიანის ძმისწული ლიპარიტი ოდიშს დაიჭერდაო. რამდენჯერ გადასვლა მოვინდომეო, არც თვითან წამოვიდაო და არც ლაშქარი გამოუშვაო და რა ჩვენი ლაშქრის დამარცხების ამბავი მოვიდაო ფიცხლავ აიყარა და ქსნის ერისთავი და კახნი თან წამოასხაო და ჰავლაბარში მოსულაო.
იმასაც მეფემ ასე უპასუხა: ჯერ ავად ვარო და თუ მოვიმჯობინებო, ორთავ გაგარიგებო და თუ ვერ მოვრჩიო, მას უკან რომელიც გიჯობდეს ისი ჰქენითო. რა მუხრანის ბატონმა მეფისაგან ეს სიტყვა გაიგონა, მეფეს მსტოფი მაჰმად ზამანა და თუმანისშვილი ბაინდურა თან გამატანეს და ერისთავთა მიგვგზავნეს და ასე შეუთვალა: თავდაპირველ შენ მოინდომეო ჩემი გაბატონებაო, ახლა რა შეგცოდეთო, რომ აგრე გაავგულებულხართო. შენის შვილისათვის ქალი მიმიციაო და რასაც მამულს იტყვი მოგართმევო. ესენი ერისთავს მოვახსენეთ, იმან ასე ბძანა: როცა მისი ბატონობა გამოვარჩიეთო და ჩემს ზურაბს ქალი მოსცაო, ნოდარის ქალი თავის შვილს არჩილს უთხოვაო. ჩვენს-შუა დამხდომი ნოდარ მამკვდარაო, მაგრამ თურმან და თბილელ ცოცხალნი არიანო. ქართლის მეფობა მაგისთვის გვითქვამსო და კახეთის ბატონობა ჩემთვის ითქვა. თორა და მაგასთანაც მრავალჯერ დამაფიცავსო, რომ როსტომ მეფეს უკან სხვას ქართლის მეფეს ყმობა არ უყოო, გინდა ეგ იყოსო, გინდა სხვაო. ეს ერისთავის ნათქვამი სიტყვები მუხრანის ბატონს ვახტანგს მოვახსენეთ. ამაზე სხვა მოციქულები გაუგზავნა და იმათაც ესევ ამბავი მოუტანეს. მე ფარსადანს ყაენის ბძანება მქონდა, რომ მუჯალა გავაკეთო და ქართველთ დავაბეჭდინო და ყაენს მივართო.
ერისთავმა ჩაფარი გაუგზავნა ყაენს. ქართველთა რახანც ჯანიშინობა ჰქონდა და ყაენის რაყამი ხელთ ეჭირა, მუხრანის ბატონს ბახუტა-ბეგს ბატონისშვილი დაუძახეს, სახელი გამოუცვალეს და ვახტანგ უწოდეს, გაუმაზარი დაბეჭდეს ვახტანგ ბატონისშვილის გასაბატონებლად, მისცეს ჩაფარსა, მეფემაც არზა მისწერა: „დავუძლურდი, თუ მოვიჯობინე, აქაურ ამბავს ჩაფრის ხელით გაახლებ“ და გერმანოზიშვილი პაატა თან გაატანეს და ჩაფრად გაისტუმრეს. ჯამალ-ხან უწინვე ქალაქის ციხეში იყო. ჩაფარი რომ ყაენს გამოეგზავნა, ჩავიდა და გერმანოზიშვილი პაატა თან ჩაჰყვა და აქაური ამბავიცა და მეფისაც მოეხსენებინა - ავად ყოფნას ძალი უქნია, მისი მორჩენა ძნელიაო. ბძანება ქნა: ჩაფარი წავიდეს, ალავერდი-ხან ყარაბაღში მოვიდესო და სეფი ყული სულთან ქართლს მივიდესო, ზაალ ერისთავს წამოუძღვეს, მოიყვანოსო და მუხრანის ბატონის მეფობისა ებძანა - ვნახოთო, როსტომ მეფის საქმე როგორ იქნებისო.
... ქართველთ საჭმელი და ტანს საცმელი იმით (როსტომი) ჰქონდათ. გლახათა და ქვრივ ობოლთა და მღვდელთა და მოლოზანთ სარჩო გაუჩინა. ასი წელიწადი იცოცხლა და იმისის პირით გინება არ გამოსულიყო. ისპაჰანის მოურავი და ყაენის ყულარაღასი იყო და შაჰაბაზ მაზანდარას მიიცვალა და როსტომ მეფემ ისპაჰანში შაჰსეფი გააყაენა და ჰამადანის ქვეყანაში ხონთქრის ვეზირ აზამს ხოსროვ ფაშას შეება და გაიმარჯვა. მამაცობისათვის როსტომ დარქვეს თოარადა სახელათ ხოსროვ მირზა ერქვა და მრავალი სიკეთე და სამადლოთ შენობა ერაყის ქვეყანაში ექნა და ოცდათხუთმეტი წელიწადი იყო რომ მიცვალებულიყო და კიდევ ქვეყნის ერნი დიდნი და პატარანი მისნი მაქებარნი და შენდობი მთქმელნი იყვნენ.
ქორონიკონს ტმზ (1659) როსტომ მეფე მიიცვალა ტფილისს ქალაქსა. ტირილი დედოფალს აღარც დასცალდა, აღარც ქართველთა საშვებად, ერთი-ორი დღე იტირეს, როსტომ მეფე თათრებმა ციხეში შეიტანეს და იქიდან ყუმს გაგზავნეს დასამარხავათ. ჯამალ-ხან უწინვე აქ მოსულიყო და დედოფალს ყაენის რაყამი შემოუგზავნა, - ხელმწიფის ბრძანება არისო, ციხეში შეიყვანა და ყაენთან უნდოდათ წაეყვანათ. დედოფალმა ხანს თეთრი თმა გაუგზავნა და ყაენს შეუთვალა: მე ციხეში თქვენი ბრძანება გავათავეო, შემოველო ჩემი მხლებლებითაო, ერთი ბერი დედაკაცი ვარო, ჩემს ქმარსაო და ძმასაო თქვენს ოჯახზე ბევრი უმსახურებაო, აქედან ნუ დამძრავსო. თმაცა და წიგნი ციციშვილს პაპუნა სარდალს მისცეს და ჩაფრად გაისტუმრეს. პაპუნა სარდალი ადრე ჩასულიყო. ყაენს სწყენოდა როსტომ მეფის სიკვდილი, დედოფლისა დიაღ ბევრი დედაკაცობა უამბო და თმა თეთრი უჩვენა: როსტომ მეფემ თავისი საბატონო ცოცხალმაც იმას მისცაო და ანდერძითაც მუხრანის ბატონს უანდერძაო. ყაენმა მეფობაცა და დედოფალიც მუხრანის ბატონს მისცა და ქართლი და ან რაც როსტომ მეფის საქონელი იყო და ან რაც ერანში როსტომ მეფეს ჰქონდა, ყველას წყალობა უყო, სახელად შაჰ ნავაზ-ხან დაარქვა და მალე გამოისტუმრეს. პაპუნა საახალწლოდ მოვიდა. სოღანლუღს მეფე ჩავიდა და ყაენის ხალათი ჩაიცვა, რაჟამი თავზე დაირჭვა, ისე შემოვიდა ქალაქში. მეფე გაათათრეს. ორმოც დღეს აქეთ ქორწილი უყვეს შაჰნავაზ მეფესა და მარიამ დედოფალსა. შეიქნა სიხარული, მეფობა და დედოფლობა მიულოცეს.
აქა მეორედ ყაენთან მოსვლა ზაალ ერისთავისა და დიდი პატივის დადება
ყაენის ბძანება იქნა. ისპაჰანის მოურავი, ვეზირი, ქალანთარი და ისპაჰანის უფროსნი და თავნი კაცნი და ყაენის ყულების უზბაშნი და მინბაშები და თავადის შვილები წინ მიაგებეს და მოვიდა, ყაენის ალაყაფის კარს ემთხვია და მირზა თაყი ეჰტიმადოვლეს სახლში ჩამოახტუნეს და მეჰმანდარი უჩინეს და ხელმწიფემ კარგის თვალით ნახა და მრავალი პატივი მიაპყრო და მრავალი უბოძა და საზამთროთ მაზანდარის სანადიროდ წაიყვანა და დადიანის შვილი შამადავლე და ქსნის ერისთავი იასე იასესშვილი ისპაჰანით საქართველოში გაისტუმრა და ერისთავი და ჩხეიძე გიორგი და კანი მაზანდარს მიასხა, ანადირა, ალხინა, ჩრაღვანები აჩვენა და ხუთასი თუმანი ჯამაგირი გაუჩინა და კახეთის ნაპირის ალაგიც ერისთავს უბოძა და სხვა კახეთი განჯის ხანს მისცეს და ერისთავი მორჭმითა და ყოვლის რისიმეთი მორთული მაზანდარანიდან საქართველოს გაისტუმრეს, კახეთის ბატონს მურთუზა ყული ხანს თაბუნათ მისცეს.
ეს ამდენი ყაენის წყალობა ერისთავისათვის შეშურდათ და თავისივე მოყვრები უაზრობისათვის მოსატყუებლად შეუყენეს და აქეს და ადიდეს და ასე მოახსენეს: შენს დროშიაო რასთვის უნდა კახეთი თათრით აივსოსო, ასეთი რამე მოახდინეო, რომ საქრისტიანო არ წახდესო. ამაში ერისთავი ვერ ჩამოიყოლიეს. ასე ითქვა - შვილი და სიძეო სიტყვით გაერივნესო და კახთ ერისთვის მტერობით თუშნი ერთმანერთს შეაფიცეს, ასე რომ, საცა კახეთში თათარი დაესახლებინოს, დაესხან და ყათლამი უყონ და ასე ჰქნეს, დაესხნენ და საცა თათარი ნახეს, ხმალქვეშ დავლეს და ალიყული-ხან ქანგარლუ თვითონ ციხეში გამაგრდა. ეს ყველა სხვათა ნაქმარი ერისთავს დააბრალეს და ყაენს მისწერეს. ყაენის ბძანება მოუვიდა, ეცადეთ ერისთავი დაიჭიროთო ცოცხალი. მისი დაჭირვა ძნელი იყო, მისივე ძმისწულები დაატყვევეს, მოღალატედ შეუყენეს და არხალუხით, ფარაღათად ჯდომს, უიარაღოსა და უყმოს დროს წაუშინეს და ბიძა მოკლეს და ერისთავისშვილი ზურაბ და მისი სიძე ქსნის ერისთვისშვილი შალვა, ცოლის ძმა ჩხეიძე გიორგი თიანეთს ყოფილიყვნენ და იქიდან გაპარვით თრიალეთის გზით ახალციხეს მიმავალნი თათართ ენახათ და ეცნათ და ცხენჭენებით ცხირეთს მეფისათვის მოეხსენებინათ. მეფეს ჯარი გაეძახა და მიწეოდნენ და გიორგი ჩხეიძე მოეკლათ და ერისთავის შვილები მეფესთან მოასხეს და მეფემ ყაენს გაუგზავნა და ყაენმა უმცროსი ძმა შიგნით შეინახა და უფროსი ზურაბ ქირმანს გაგზავნეს და იქ თავისის დღით მიცვალებულიყო და ერისთავობა ოთარს მისცეს.
კახეთი განჯის ხანს ჰქონდა, ბიძინა სუფრაჩი და ელიზბარ ერისთავი და შალვა თავიანთ ნებით განჯის ხანთან მივიდნენ და იმან ყაენთან გაგზავნა და კახეთში თათართ ამოწყვეტა იმათ დააბრალეს. უწინ ბევრი პატივი დასდვეს, მაგრამ შიგნით გარეთ სხვათა მოხმარებისათვის დაუწყეს ბეზღობა, დააჭირვინეს და განჯას გაგზავნეს და ვისიც კაცნი კახეთში დაეხოცათ იმათ ხელთ მისცეს და უბრალოდ დახოცეს სამნივე და ქართველ მეფე გაძლიერდა და ...
აქა დარეჯან დედოფლისაგან თავისი გერის ბაგრატ მეფის თვალების დაწვა
რა მეფე ალექსანდრე მოკვდა, დარეჯან დედოფალმა თავისი ძმის ქალი თავის გერს ბაგრატს შერთო და მეფედ აკურთხა. მაგრამ თვითონ მეფეც იყო და დედოფალიცა. ბაგრატს არაფერი ეკითხებოდა და შეუჯდნენ დედოფალს ეშმაკსავით მაცთურები და ასე გამოურჩვეს: ბაგრატ მოკალო და ჭუჭუნეის შვილი ვახტანგ ბაგრატოანი შეირთეო და მეფედ აკურთხეო და სინამდის ცოცხალი იყოო, შენ იბატონეო და მანამდის რუსეთიდან ძმისწულიც მოაყვანინეო და ის გააბატონეთო.
და ბატონი თეიმურაზიც რუსეთიდან ახალი მოსული იყო და ხორეშან დედოფალზე მგლოვიარეთ იყო, სკანდაში ციხეში იყო. გაუწყრა ღმერთი მრჩეველსა, დარეჯან დედოფალმა ბაგრატ მეფე დაჭირვინა და თვალები დაუთხრევინა და მეფობას თავის მამას შეეპატიჟა. მამამ უჯავრა, რასთვის ჩემს სიძეს თვალები დასთხარაო. სკანდიდან ქუთათის არ ჩავიდა.
დედოფალმანც მამის ჯავრით ვახტანგ მეფედ აკურთხა და ქრმათ შეირთო. რომელიც დედოფლის კერძნი არ იყვნენ, ქართლისაკენ თავადნი ქართლის მეფეს საყმოდ შემოეპატიჟნენ, იმერეთს გადაიყვანეს. ჩაღმა მხრის თავადნი დადიანს საყმოდ შეეპატიჟნენ და ქუთათის მოიყვანეს. ორნივ იმერეთს ჩავიდნენ. დედოფალმა ქართლის მეფეს წიგნი მისწერა: თუ მამეშველებიო, ჩემს ქეთევანსაო თქვენს არჩილს მივსცემო და ლიხთ იმერითს მეფეთ ვაკურთხებო. მეფემაც სამასის მეთოფით კათალიკოზი მიაშველეს, ქუთაისს ციხეში შეგზავნა და ოტია ჩხეიძემ უმუხანათა და ვახტანგ ახალი მეფე ფიცით ციხიდან გამოიტყუა და დადიანს დააჭირვინა და თვალები დასთხარეს და გარეთ მეფე და დადიანი ასე შერიგდეს, რომ არგვეთს აქეთი ქართველთ მეფესა და იმას იქით დადიანსა და მას უკან დადიანმა თვისი ქალი მეფის შვილს არჩილს მისცეს და იმერეთში გააბატონონ.
ამ დროს არაგვის ერისთავი განდგომოდა და ბატონის თეიმურაზისათვის სკანდის ციხეში კაცი და საფიცრის (წიგნი) გაეგზავნა, რომ ქართლსა და კახეთს თქვენის მეტი მემკვირდე პატრონი არსად დარჩენილაო, მანდ ნუ დგახარ, კახეთის ჩაბძანდითო, ქართლიც თქვენი იქნებაო. ბატონს თეიმურაზს ეს ამბავი ეამა და კიდეც ჩამოჰყვა და წამოსვლა დააპირა.
ზოგ-ზოგნი კახნი, რომ ერისთავისათვის ავნი იყვნენ და შაჰნავაზ მეფისავის კარგნი, იმათ ბატონს თეიმურაზს ასე მოახსენეს: რათ გინდათ ამისთანა სიცოცხლეო, რომ ზაალ ერისთავსაო, თუნდა გაგაგდებსო, თუნდა გაგაბატონებსო. ახლაო თუშთაო რაც კახეთში თათარი ყოფილაო, ამოუწყვეტიათო, ყაენს ერისთვისათვის დაუბრალებიაო, ახლა უნდა ილეთით ჩაგვასხაო და ჩვენ დაგვიბრალოსო. რომელიც თქვენი ყმანი ყაენთან ჩავიდნენო ბატონობა იშოვნესო და დღეს ყაენი შაჰნავაზ მეფის მწყალობელი არისო. რადგან არც თქვენს ქალს მიეშველეთო და არც იმერეთი ინდომეთო, სხვა გზა აღარ არის ამის მეტიო, რომ შაჰნავაზ მეფის საქმითაო ყაენთან წაბძანდეთო.
იმანაც დაუჯერა და თავისი სახლთუხუცესი ოთარი შაჰნავაზ მეფეს მიუგზავნა და ასე შეუთვალა: თქვენის საქმით მინდა ყაენ-თან წავიდეო. ეს ნამეტნავად მეფეს ეამა და ამილახორი გივი გაუგზავნა და დიდი პატივით ქართლს გადმოიყვანეს. კიდევ ზაალ ერისთავის კაცი მოუვიდა - ცუდათ ნუ ჩაიკარგებიო, ჩემსა მობძანდითო, ქართლი და კახეთი ორივ თქვენიაო. კიდევ კახთ არ აქნევინეს და ასე შეუთვალა, - გინდა მომცემო და გინდა წამართვამო, მე შენეული აღარა მინდა-რაო.
აქა რევაზ ზაალ ერისთვის ძმა ყაენთან შაჰნავაზ ხანს ჩაფრათ გამოეგზავნა და ასე მოეწერა: იმერეთი დავიჭირეთო და დადიანს შუა გაუყავითო და ბატონი თეიმურაზ სკანდის ციხეში იყო და ხელმწიფის კარზე წამოსვლას შემოგვეპატიჯაო და ჩვენც ამილახორი გივი გავგზავნეთო და დიდის პატივით ქართლს მობძანდაო, ხელმწიფის ბრძანება რა იქნებისო. ყაენს იამა და სომხითის მელიქის ძმა მაჰმად სულთან მეჰმანდრად უჩინეს და ჩაფრათ გაგზავნეს, რომ ბატონს თეიმურაზს წინ წამოუძღვეს და დიდი პატივით ყაენთან მოვიდეს და ყველგან ფიშვაზი უყვეს და ყოველ მანძილზე, რაც მოუნდეს სამასპინძლო მზად დაახვედრიან.
რა ისპაანის სიახლოვეს მოვიდა, ხელმწიფის კარზე ვინც მზად იყვნენ ყოველი მდიდარნი და მათი შვილნი და მოხელენი და ქალაქის უფროსნი წინ მიაგებეს, ხანი იყო თუ სულთანი ყველანი გაეგებნენ და ალაყაფის კარს მოვიდა, ემთხვია და წინ წაუძღვნენ და მირზა თაყის ეჰტიმადოვლეს სასახლეში ჩამოახტუნეს და იმავე ღამეს ვახშამს უკან ყაენი თვითონ მიბძანდა ბატონის თეიმურაზის სანახავავ, შეუტყობლად. ბატონი თეიმურაზ ძილს იყო და ხელმწიფემ თვითონ გააღვიძა.
რა იცნა, რომ ხელმწიფე არის, ფიცხლავ ფეხს მოეხვია და მოახსენა: მე მაგას რასა ვღირსვარო, ხელმწიფე გარჯილაო. ყაენი გამხიარულდა, იმ ღამეს მეორეს სადილობამდის იქ ლხინი ნახა და მეორეს დღეს ათასი თუმანი თეთრი და ათასის თუმნის ფარჩა გაუგზავნა და ხელმწიფემ, როგორც შვილმან მამას, იმ რიგად პატივი უმატა, ალხინა, ანადირა, კარგა შეაქცია. დედოფალზე შავი ეცვა, გამოუცვალეს და ქართველს მეფეს გივი ამილახორი ბატონის თეიმურაზისათვის გამოეტანებინა და მშვენიერობისათვის და კარგ საქციელობისათვის ყაენმა მოიწონა და დიდი პატივი სცა და მრავალი წყალობა დამართა და ხელმწიფემ ბატონს თეიმურაზს ასე უბრძანა: შენი შვილისშვილი მამგვარეო, კახეთსაც მოგცემო და სხვას მრავალს წყალობასაც დაგმართებო. ამაზე ბატონმა თეიმურაზ გიორგი ჩერქეზი და ბებურისშვილი გაგზავნეს და ყაენმა აბასყული ბეგ თან გაატანა ერეკლე ბატონიშვილის მოსაყვანად.
რა ესენი მივიდნენ, ბატონიშვილი თუშთ არ გამოუშვეს. ეს ამბავი ყაენს მოახსენეს, იწყინა და არ მოსვლა ბატონ თეიმურაზს დასწამა. გაუავდა და ბატონი თეიმურაზ ასტრაბადს გაგზავნა და ცოტას ხანს უკან იქ მიიცვალა და ანდერძი ექნა, რომ კახეთს თავის მამა-პაპათ სასაფლავოში, ალავერდის საყდარს მიიტანონ და როგორც ანდერძი ექნა, ხელმწიფეს მოახსენეს, ბძანება იქნა - წაიღონო და მიიტანეს. მისი ყმანი ზოგნი ცხედარს გაატანეს და ზოგნი ხორასანს და ყანდარს გააბარეს.
ამ დროს ურუმთაგან ჩაფარი მოვიდა: ჩვენსა და თქვენს შუა წყობა არისო, შაჰნავაზ ხანს იმერეთი რასთვის დაუჭირავსო, ოდიშსშიგ ცოლის ძმა დადინად დაუსვამსო და იმერეთში შვილი გაუბატონებიაო. არ ვიცითო, თქვენის ბძანებით უქნიაო, თუ თავისის ძალითაო. ამათ ასე მისწერეს: დაუშავებიაო და ჩვენ გადავახდევინებთო. ამირ ჰამზა ხან თალიში გაგზავნეს, იმერეთი დაუცალეს და მეფის შვილი არჩილი და გივი ამილახორი მაზანდარას ყაენთან მოვიდნენ, კარგად დახვდა და მრავალი წყალობა დამართა და ორნივ დაათათრა და კახეთი არჩილს უბოძა და შანაზარ ხან დაარქვა და ყოველი სამეფო იარაღი და ქარხანები უბოძა და კახეთს გაგზავნა.
ქართლში მამა მეფობდა და კახეთში შვილი ბატონობდა. კახთ ასე მოახსენეს: თუ გინდაო რომ ეს ქვეყანა საბოლოთ თქვენ დაგრჩესო, ჩვენის ბატონის ქალი შეირთევითო. ეს მეფემ ყაენის შიშით ვერ გაბედა და ამასობაში ბატონიშვილი ერეკლე თუშეთიდან კახეთში მამაშვილს ღამით თავს დაესხა და მრავალი კაცი მოიკლა, ზოგნი გაიქცნენ და ზოგნი შაჰნავაზ მეფესა და მის შვილს ბატონს არჩილისთან გათენებამდის იბრძოლეს და მეფე ადგილიდან ვერ დასძრეს. რა გათენდა ქარანები დააძახეს, დაფანტული ლაშქარი მოგროვდა და ჯარი თუშთ უკან გაადევნეს და მიეწივნეს და მრავალი თუში მოკლეს და წანაღები ნაშოარი გააყრევინეს და ბატონიშვილს ერეკლეს ვერ წაეწივნეს და მეფე და კახი ბატონი ქალაქს მოვიდნენ და თუშების თავები ყაენს გაუგზავნეს და მეორეს გაზაფხულს კიდევ ერეკლე ბატონისშვილი მარტყოფს მოუხდა ცოტას კაცითა. მეფემ ლაშქარი შეიყარა, თათრის ჯარიც მოეშველა და უჯარმის ბოლოს ომი აჰკიდეს და სიცოტავით ქართველთ ვეღარ გაუძლო და ისევე თუშეთს წავიდა და დედა მისმა თორღის ციხე დაიჭირა და კახნი ზოგნი თან გაჰყვნენ და ზოგნი ციხეში შეჰყვნენ.
შვიდს თვეს მეფე ლაშქრით ციხეს გარშემოადგა და ვერ აიღო. მაგრამ ციხოვანნი შეჯერდნენ. ერთს ღამეს დედოფალმა თუშური ჩოხა ჩაიცვა და საფთე მშვილდ ისარი შემოირტყა, ბოხოხის თუშური ქუდი დაიბურა და ციხიდან ჩამოვიდა და მეფის ლაშქარშიგ გაიარა და თუშეთს მივიდა. მეორეს დღეს, რომელიც კახნი ციხეში იყვნენ მეფეს შემოეხვეწნენ და უვნებლობის საფიცარი სთხოვეს. ამათაც მისცეს და იმათაც ციხე მოსცეს და თორღიდან მეფე აიყარა და ქალაქს მობძანდა.
ბატონიშვილი ერეკლე დედიანათ იქვე თუშეთს იყვნენ და დარეჯან დედოფალი ახალციხეს იყო თავისი ძმისწული ქეთევან დედოფალი გვერდს იახლა და მრავალი მურასა იარაღი და თვალ მარგალიტი ქონდა, ფაშას ქრთამათ მისცა და ბაგრატს იმერეთი წაართვეს, დარეჯან დედოფალს მისცეს. ბაგრატი ლეჩხუმს გაეცალა, დედოფალმა თავის დარბაისელთ უბძანა: წადით თქვენს ადგილსაო. ცოტას ხანს თქვენს სახლში მოისვენეთო, დიდი ხანია ჩვენის გულისათვის ირჯებითო. დარბაისელნი თავისას წავიდნენ და დედოფალი და მისი თვალებდათხრილი ქმარი ვახტანგ იქ დარჩნენ, თავისთვის იყვნენ... (აქ ტექსტს აკლია)... მიუხდა დანდობილს, ფიცი გაუტეხა და წაუშინეს და მეფე დედოფალი ორნივე დახოცეს და მათი მკვლელიც იმერელებმა დახოცეს და ისევე ბაგრატ მოიყვანეს და გააბატონეს და ქეთევან დედოფალი ახალციხეს ფაშის სახლში დარჩა, შვილივით ინახავდენ.
ქორონიკონს ტნე (1667), შაჰაბაზ ყაენი მიიცვალა და შაჰ სულეიმან (I, 1666-1694), შვილი მისი გახელმწიფდა
რადგან ახალი ხელმწიფობა იყო აღარვინ იკითხა რა და ნოდარ ციციშვილი მიცვალებულიყო, იმისი ქალი ბატონისაგან არჩილისათვის ნათხოვნი იყო. იმ ქალის დაგდება და ქეთევან დედოფლის შერთვა უნდოდა და საბოლოთ ციცისშვილის სისხლს ერიდებოდა. ტყუილი ძრახვა თქვეს, უქადეს და გაწირეს სული და ჰგმეს ღმერთი და ის დაუგდეს, ახალციხის ფაშას ქეთევან დედოფალი სთხოვეს და მანც, რომ თავისი ქალი კარგის წესითა და მზითვით მოსცეს და ამათაც მრავალი მისაცემი გაუგზავნეს და საქებური ქორწილი გადაიხადეს.
კახი ბატონი შაჰნაზარ-ხან ახალ-ნაქორწილევი კახეთს მივიდა და კახთ ჩვეულებით ისევე დაიწყეს არეულობა და ასე მოახსენეს: კახეთის ბატონს გეძახიანო და უფროსი ერთი კახეთი სხვათ უჭირავსო, მაშ შენ რისიღა ბატონი ხარო. ეს სიტყვები კახმა ბატონმა თავის მამას შაჰ-ნავაზ მეფეს მოახსენა. მამამ ასე პასუხი უბძანა: ჩვენგან არ მისცემიაო და არც წაერთმევაო, თუ არ მემკვიდრის ბატონებისაგანო, როგორც ჩვენ მოგვცემიაო, ისევე იმათ მისცემიაო და შვილმა მეფეს ასე მოახსენა: რაც საკახეთო არისო ბედნიერმა ყაენმა მე მიბოძაო და მე არავის არ დავანებებო. ერისთავი თქვენი ყმა არისო და თუ მათთვის მისაცემი გინდაო, ქართლიდან უბოძეთო. ამაზე მამა და შვილი დამდურდნენ, მაგრამ შვილი ვერ დასთმო და ერისთავიანთ მოციქული გაუგზავნეს და შეუთვალეს: რაც საკახეთო ალაგი და მამული გეჭიროსო, დაგვიდევითო. იმათ ასე შემოეთვალა: ბედნიერმა ყაენმანო კახეთის ნახევარი ზაალ ერისთავს მისცაო. ჩვენ თქვენის გულისათვისო იმისთანა სახელოვანი და შვიდსა სამეფოში უამხანაგოთ ქებული და სწორუპოარი ბიძა მოვჰკალითო და სრულად კახეთი თქვენ შეგინარჩუნეთო და საცა თქვენი მტერი გაჩნდა ჩვენ წაგიხდინეთო, ჩვენ სხვას მრავალს წყალობას მოველითო და თავად ყაენისაგან მოცემული გვაქვსო და ვერც ვინ უყაენოდ წაგვართვამსო. ამაზე მამა და შვილმა რჩევა დაიწყეს და ასე თქვეს: ამათ ამოუწყვეტლად ეს მამული არ წაერთმევისო, მაშ ესენი ამოვწყვიტოთო და ქართლი და კახეთი მოისვენებსო.
ეს ამბავი ერისთვიანთათვის ეთქვა ვისმე, მაგრამ აღარ გამჟღავნდა და ერისთავნი დაუთხოვრად შინ წავიდნენ და ყაენს არზა მისწერეს და მისვლას შეეპატიჟნენ. ყაენმა ჯილავის ჯაბადარბაში ფესად-ბეგ, რომ უკანის შირვანის ხანი შეიქნა, ის მეჰმანდრად გამოეგზავნა და ერისთავი კარზე ეხმოთ. ყაენის კარს მოვიდა, ჯერ ყაენი არ ენახა, ჩაფარი მოვიდა: ქართველი მეფე და კახი ბატონიო თავიანთ დიდის ლაშქრითაო საერისთაოს შეუხდნენო და ერისთვის ძმა პაპო მოკლესო და საერისთაო დაარბიესო და რაც საკახეთო მამული ეჭირათ, წაართვესო. ეს ამბავი ყაენს ეწყინა და ასე ებძანებინა: ჩემს კარზე მოსვლისათვის უქნიაო. მანსურ-ხან ყულარაღასი ბარათაშვილი ყაენის კარგი ყმა იყო და ქართველს მეფეს უდგა და ერისთვიანთი ავი იყო. ამან ყაენს ასე მოახსენა: მისას დღეშიაო საქართველო იმადგან აშლილი და აოხრებული არისო და იმათი დაჩაგვრა ხელმწიფის დოვლათს უჯობსო. თუარა და ამათ სადავეს დანებებთო, დღეში ერთხელ ქართლსა და კახეთს ბატონი უნდა გამოუცვალოთო. ამ სიტყვით ყაენი დაამშვიდა, ოთარ ერისთავს აღარა გაუგონეს რა, ხალათი უბოძეს და იეგან სულთან ერისთავს თან გაატანეს და მეფეს წიგნი მისწერეს: რაც ამათი წაგერთვას ისევე ამას მიეცითო. აღარ მისცეს და იეგან სულთანი მომდურავი გაისტუმრეს და ერთმა წელიწადმა შუაზე გამოიარა, ოთარ ერისთავი და მისი ძმა ედიშერ მდივანბეგი დაიხოცნენ და მოწამვლა ითქვა მათი. ერისთავობა მათს ბიძას რევაზს მისცეს. რევაზის ქალი მეფემ თავის შვილს ლუარსაბს უთხოვა, რადგან რევაზ ერისთავი რაჭის ერისთავის სიძე იყო, იმის გამოღმით იმერეთის ბატონობა ლუარსაბმა მოინდომა და ახალციხეს ფაშასთან მივიდა და მრავალი ქრთამი მისცა, რომ ხონთქრისაგან იმერეთის მეფობა მას უშოვნოს. რადგან დიდი ხანი იყო არჩილი იმერეთის შოვნას ცდოლობდა, ამისთვის ლუარსაბის წასვლა კახმა ბატონმა თავის მამას დააბრალა და გაუავგულდა და ცოლშვილი უკან აიდევნა.
აქა შაჰნვაზ მეფის სახლის არევა და შვილების წასვლა ახალციხის ფაშასთან
ცოლ შვილი უკან გაუშვა და ცოტა კაცით არჩილი იმერეთს გადავიდა და ვინც ჰბირებოდა, აღარც ისინი მოუვიდნენ და იქ ვეღარ დადგა და ისევე ალს გადმოვიდა და დედოფალი სურამს გაუშვა და თვითან ახალციხის ფაშასთან მივიდა და მრავალი ფეშქაში მიართვა და სხვასაც მრავალს დაჰპირდა, რომ ხონთქრისაგან იმერეთის მეფობა უშოვნოს. ისიც გამორჩენის გულისათვის ჩამოჰყვა და ასე უთხრა: ერთი კაცი თქვენ გაგზავნეთ ხონთქრის კარზეო, ერთს კაცს მეც გავატანო, ვეზირ აზამს ფეშქაში გაუგზავნოთო. ამანაც დაუჯერა და მამაც ბევრს უგზავნიდა იმერეთის შოვნის გულისათვის. გაუგზავნეს მრავალი ოქრო და ვერცხლი, იარაღი ვეზირი აზამს. კახეთი უპატრონოთ იდვა და ერისთავმა მისი ნაქონი სოფლები ისევე დაიჭირა და არჩილს ასე ეგონა: რა მე წავალო კახეთს ერეკლეს მისცემენო. შაჰნავაზ მეფემ ყაენს არზა მისწერა: რომ ჩემად უნებურად შვილები წამივიდნენო, არამც მტერმან ჩემი თავი ტყუილად შემოგაბეზღონო. ერთი კაცი გვიბოძეო, რომ ხელმწიფის კარზე გვინდათ ჩამოვიდეთო, ჩვენი თავი ვიმართლოთო.
მუსტაფა ყული-ბეგ ყაჯარ ყორჩიბაშის შვილი შაჰნვაზ მეფეს მეჰმანდართ გაუგზავნეს და შეპატიჟება ინანა და სხვებს დააბრალა, მაგრამ წასვლის მეტი ღონე აღარ იყო. მაგრამ კარგის მორთვითა და დიდის ჯარით წავიდა. ყველგან მებატონენი ხანნი და სულთანნი წინ მიეგებოდენ, დიდის პატივით მიჰყავდათ და ბატონის შვილების გიორგის და ლევანისათვის დაებარებინა: მე რომ ყაენის წინაშე წავიდეო, თქვენ იასე ერისთავს მიუხდითო და რაც ავი იყოს ის უყავითო. იმათაც მამის ბძანება გაათავეს, უწინ ყმანი გადმოიბირეს, გაუორგულეს და დიდი ლაშქრით შეესიენ. წინადან საქართველოს ლაშქარმა და უკანიდან თავისიანმან თოფი დააყარეს და ცოტა კაცით ვეღარ გაუძლო და ჯალაბები გაუშვა და ხუთის კაცით კახეთზე ჩაიარა და ყაენის კარს ჩავიდა და სახლ-კარი აუკლეს და დედა და ცოლი და მხლებლები გაუძარცვეს. შაჰნავაზ მეფე ყაზმინს ჩასულიყო. იქ მოახსენეს: ქსნის ერისთავს იასეს ჩაუვლიაო და ყაენთან წასულაო. თავად ავად იყო და მერე ეს ამბავი დიაღ ეწყინა. ყაზმინიდან ავადმყოფი წავიდა და ხოშქარუს ქარვასლაში ძლივს ჩააღწია.
სიკვდილი შაჰნავაზ მეფის ხოშქარუს
ხოშქარუს ქარვასლაში მიაღწია და იქ მიიცვალა და ეს ამბავი ყაენს მისწერეს. მკვდარი თავის გამზდელის მეფის როსტომის სასაფლაოში მიიტანეს და ყაენს მეფის შვილის ალექსანდრესათვის ებძანებინა: კაცი გაგზავნეო და მამის შენის საქონელი ზავთი აქნევინეო და ქართველთ როგორც ულუფა აეღოსო, ისევე მისცენ და კარზე მოვიდნენო და ყაენს ბატონიშვილის ერეკლესათვის ებძანებინა: გათათრდიო, ქართლსა და კახეთს ორსავეს შენ მოგცემო.
იმას თათრობის უარი მოეხსენებინა. ყაენს სწყენოდა და განჯის ხანის შვილი აბას ყული-ბეგ ჩაფრათ ქართლს გაეგზავნა, გიორგი ბატონიშვილი სამეფოთ ჩამოეყვანა. ამის წამოსვლას უწინ შაჰნავაზ მეფის სიკვდილი ახალციხის ფაშას გაეგონა და არჩილი დაეჭირვინებინა და ციხეში დაეტყვევებინა და ფაშას ქართველთაგან მუქარის ამბავი მისვლოდა. ამისთვის იმათვე გამოეპარებინათ და სურამს მოვიდა. ლუარსაბ ძმა მისი საერისთაოში მივიდა და მამა გაიმჟღავნეს და თვისთვის იყვნენ, რომ განჯის ხანის შვილი აბას ყული-ბეგ ჩაფრად მოვიდა გიორგის წასაყვანად.
კარგად დახვდნენ და მრავალი საჩუქარი მიართვეს. წინ წაუძღვა და დიდი პატივცემით ყაენთან მიიყვანა. სანამდის გიორგი ჩავიდოდა, მის ძმას ალექსანდრეს კარი ქრთამით შეეკრა და მეფობას თავისთვის ცდილობდა. ამისთვის ცოტა ხანს გიორგის მეფობა უკუვარდა. ამ დროს ჩაფარი მოვიდა: უღურლუ ხან მოკვდაო. იმისი ალაგი მეფის გიორგის აბას ყული-ხანს მეჰმანდარს მისცეს განჯის ხანობა და ცოტას ხანს უკან კახეთის ბატონობაც მიეცა და გიორგის დიდი ქება ყაენს მოახსენა და მისი საქმით ქართლის მეფობა გიორგის მისცეს და კიდეც გაათათრეს და სახელმწიფო თაჯი, ხმალი და ხალათი და სხვა მორთულობა გაურიგეს და ორი ათასის თუმნის ნაღდი და ჯინსი ქართველთ უბოძა და ალექსანდრემ მამის საქონლისაგან ძმას წილი არ მისცა. მაგრამ ღვთისაგან ნაბძანებია: ძალითა და უსამართლოდ მამისაგან შეგროვებული საქონელი შვილს საკეთილოდ არ გამოადგება.
როცა შაჰნავაზ მეფის ქონება სრულად სხვათაგან ძალითა და უსამართლოდ წართმეული იყო. ალექსანდრე მოკვდა და მისს დას დარჩა. დამ შავერდი-ხან ლორის ბატონი ქმრად შეირთო და თვისი ქონება ქმრისას მიიტანა. შეეგზნა ცეცხლი და ქმრისა და ცოლის სალარო ორივ დაეწვათ და რაც დაურჩა, რომელიც ცეცხლმა ვერ დაწვა, ყაენმა ქმარი მოუკლა და რაც ებადათ ქმრისა და ცოლისაც სრულ საყაენოთ წაართვეს. ნაძალადევმა ასე იცის და ღმერთი ჭეშმარიტი ყოვლის ძლიერის გამაქარვებელია.
აქა იგივე გიორგი მეფის ამბავს მივიდეთ, თუ რა იქნა და რა მოხდა
ბედნიერმა ყაენმა მეფის შაჰნავაზის საბატონო მისავეს შვილს გიორგი მეფეს მისცა და მუსტაფა ყული-ბეგ მეჰმანდრად გაატანა. განჯას რომ მივიდა, განჯის ხანი თავისი ნამეჰმანდარელი აბას ყული-ხან კარგად დახვდა, ხუთ დღეს განჯას შეინახა, წინ მოეგება და თანაც გაჰყვა და კარგი ფეშქაშიც მიართვა და ქართლისაკენ გაისტუმრა.
რა ქალაქს მიახლოვდა, საქართველოს ჯარი და სრულ-მოქალაქენი წინ მიეგებნენ, ციხოვანთ შადლუხი ჰქნეს და ქართველთ მეფეთ აკურთხეს და წესითა მათითა ფეხს აკოცეს და თემის შეშინებისათვის ჩითახაშვილს ზალინას თავი გააგდებინა. თავისი მეჰმანდარი ყაჯარის ყორჩიბაშის შვილი მუსტაფა ყული-ბეგს საჩუქარი მიართვა და გაისტუმრა. განჯას მიაწია და მოკვდა.
კიდევ შაჰნაზარ-ხან იმერეთი დაიჭირა, ბაგრატ გურიას გაეცალა და მისი ცოლი დადიანის ნაყოლი ისევე დადიანმა წაიყვანა. გურიელმა ბაგრატ აზრუმს მიიყვანა. ფაშამ ეს ამბავი ხონთქარს მისწერა, იქიდან ბძანება მოვიდა: სავაზს მანდეთი ლაშქარი შეიყარეთო, მიუხდითო, ან მოჰკალით, ან დაიჭირეთ და აქ გამამიგზავნეთო და თუ ყაენის ბძანებით მოსულიყოსო, ჩვენ შეგვატყობინეთო. ეს ამბები აზრუმის ფაშას შიხალი-ხან ეჰტიმადოვლესათვის მოეწერა. ამან ასე მისწერა: ჩვენ წაგვსლიაო და ჯალალი შექნილაო, თავის თავად აქეთ იქით ქვეყანას არბევსო. ჩვენც აქედან ლაშქარს გაუძახებთო და თქვენც მანდედამ ლაშქარი გამოუძახეთო და ჰაჯი ალი ხან ეჰტიმადოვლეს ძმისწული გიორგი მეფეს ჩაფრად გაუგზავნეს და ეს ამბავი შესთვალეს და იმას ასე მოეწერა: ჩვენი ლაშქარი მას არ ახლავსო, ისევე იმერელნი მოსვლიან და იმათ ჩაუყვანიათო. რა ჰაჯი ალიბეგ ქართლიდან მოვიდა, სიტყვით თავისის შოვნისათვის საქართველოს საქმე გაუადვილა და ასე ეგონა, რასაც ენით იტყვის, მისი ქნაც შეუძლიაო. და ეჰტიმადოვლე ჰავადრათ ჰყავდა და სარდლობა და თავრიზის ხანობა იშოვნა და ადრიბეჟანს მივიდა და აზრუმის ფაშას მისწერეს: ჰაჯი ალიხან თავრიზის ბეგლარბეგი სარდლათ დავაყენეთო, დიდის ლაშქრით გამოგვიგზავნიაო, თუ ქართველნი არჩილს მიეშველებიანო, ჩვენც საქართველოს წასახდენად ლაშქარს ჩაუყენებთო.
ამ ამბის დაბრუნებამდე ურუმთ ბაგრატ ისევე იმერეთში ჩაიყვანეს, გურიელი თან ახლდა და იმერელნი სრულ წინ მიეგებნენ. არჩილი რაჭას უკუ ეცალა, იქიც ჯარი გაუძახეს და რაჭა, რომ მისდღეში არვისგან დარბეულიყო, ურუმთ დაარბიეს და მრავალი კაცი მოკლეს და ტყვე წამოასხეს. არჩილი ოსეთს გაეცალა და ქუთათისის ციხეში იანიჩარი დააყენეს და ბაგრატს მცველი გაუჩინეს, ახალციხის ფაშას როსტომ ფაშას თავი მოჰკვეთეს და ხონთქარს გაუგზავნეს არჩილის მოხმარებისათვის და მრავლის ნაშოვრითა და კარგის გამარჯვებით წავიდნენ და მეფემ ბაგრატ გურიელი იშვილა და თავისი ქალი შერთო, მეფობაც მისთვის უნდოდა და გურიელი დადიანზე გაუძახა და რომ ცოლი წაართვას და მეფეს მოჰგვაროს და ასეც იყო - რომელიც გაძლიერდეს მისი იყოს.
ამასობაში დადიანი მოკვდა, მისი ცოლი ისევე მეფეს მოჰგვარეს და ცოტას ხანს უკან ბაგრატ მეფეც მიიცვალა და გურიელმა სწვალა ღმერთი და ჰგმო თავისი რჯული და ნაქორწილევი ცოლი გაუშვა და თავისი სიდედრი ცოლად შეირთო და ყოველმა რჯულმა შვიდი გზით დაკრულეს და დაიწყევლა და ძალით მეფობა დაიჭირა და მეათე თვეს ისიც მოკლეს და ცოლიც მოუკვდა და იმერეთის თავადთ გურიელის მეფობა ეთაკილებოდათ. ხონთქრის შიშით არჩილი ვერ ჩაიყვანეს, სხვას საბატონოს ეძებდენ და მამუკა დადიანის შვილი მეფის დისწული გურიელს სიძეთა ჰყავდა. აქაც გაუწყრა ღმერთი და უფრო გააცხადა ღვთის გმობა და იესოს რჯულის მწვალებლობა, თავის უგუნურ ყმაწვილს მამუკას თოფი აკვრევინა და მოკლა ამისის ეჭვისათვის, რომ მეფის დისწული არისო, არამც იმერელთ მეფედ ქნანო, ამასაც მოვჰკლავო და სხვა მემკვიდრე ბატონი არა ჰყავთო, სამკვიდროდ მე დამრჩებაო. გაუწყრა ღმერთი გურიელს, სააქაოს შერცხვა და საიქიოს წაწყმდა, რომ თავად სიდედრი შეირთო და მერე ფიცით მიბარებული ყმაწვილი სიძე უბრალოდ მოკლა.
აბა გასინჯეთ სამართალი ღვთისა გურიელზე რასა იქმს. გაუწყრა ღმერთი გურიელს და იმერელთ მამუკა დადიანის შვილისა და მეფის დისწულის მოკვლა გურიელს უწყინეს და ახალციხის ფაშასთან მივიდნენ და ასე მოახსენეს: ჩვენ გურიელის ამხანაგნი ვართო და იმის ყმობას არ ვიკადრებთო. ჩვენი ბატონიშვილი ქართლის მეფესა ჰყავსო და ლევან დადიანის შვილი თქვენა გყავსო, ესეები გაგვიბატონეთო. ფაშამ ამათი სიტყვა ხონთქარს მისწერა. იქით ბძანება მოუვიდა: ქართველს მეფესაო ბაგრატის შვილი სთხოვეთო და იმერეთს მეფეთ დასვითო, დადიანის შვილი დადიანად დასვითო. ხონთქრის ბძანება გაათავეს, მაგრამ გურიელი ხელში ვერ ჩაიგდეს. ესენი გააბატონეს და ფაშები ისევე ახალციხეს გადავიდნენ.
და ერანის სარდალი ყარაბაღში იდგა ლაშქრით. კახეთის ჯანიშინობა ბედნიერმა ყაენმა კახაბრის შვილს გორჯასპის უბოძა ფარსადან გორგიჯანიძის საქმითა. ამისთვის სხვას არ მისცეს, რომ რუსეთის ხელმწიფეს ელჩი და ფეშქაში გამოეგზავნა და შუა შემოსვლოდა, რომ კახეთი თავის მემკვიდრეს ბატონიშვილს ერეკლეს მისცენ. აქედან ყაენმა რუსეთის ხელმწიფეს ასე მისწერა, რომ გვმართებს თქვენის პატივის დადებაო და რომელიც გიბძანებია, კიდეც გავათავებთო. მაგრამ თქვენ უკეთ მოგეხსენებისო, ამისმა პაპამ მრავალი შეგვცოდაო, არც დაწყნადრაო და არც დაგვაწყნარაო. ჩვენ ერეკლე კარზე ამისთვის შევინახეთო, რომ კახეთის ჯანიშინობა ყმას მივეცითო და მას ჩვენს ზნესა და საქციელს გავასწავლებთო და ამასაც ბატონათ გავისტუმრებთო.
კახთ თავიანთ წესი გაახლეს, ზოგთ გორჯასპი უნდოდა და ზოგთ არ უნდოდა. აიშალნენ და გორჯასპის თოფი ჰკრეს, ვერ მოკლეს და სარდალთან მოვიდნეს და განჯის ხანი ბატონად ითხოვეს. ეს ყაენს მოახსენეს და კახეთი განჯის ხანს მისცეს და ერეკლეს საქმე უკუვარდა და კახთ საქმე საჭიროდ გაუხდა. ყოველ დღეს წახდენას მოელოდენ. თავის მემკვიდრეს ბატონიშვილს საქმე წაუხდინეს და ყაენთან დარჩა.
ერეკლე ბატონიშვილი რომ მოვიდა, ხუთს წელს უკან დედა მოუვიდა შირვანს
ქორონიკონს ტნთ (1671), ერეკლეს მოსვლა რუსეთიდან ხუთს წელიწადს უკან ბატონი დედა იმისი ზღვის გზით შირვანს გამოსვლა და მისის სიძის კახეთის ბატონის არჩილისა და ბატონის ქეთევან დედოფლის რუსეთს წასვლა ჩერქეზის გზით ერთგან მოხდა. ოცდაათი წლის გაყრილმა და ნახვის მონატრეთ ერთმანერთი ვეღარ ნახეს და ერეკლეს დედას მეჰმანდარბაში უსუფ ბეგ და კახაბერი გორჯასპი შირვანს წინ მიაგებეს და დიდი პატივით ისპაჰანს მობძანდა, ქორონიკონს ტნიე (1676) და ოთხს წელიწადს ამას უკან მარიამ დედოფალი მიიცვალა და შაჰნავაზ მეფის სახლიც აიშალა.
გიორგი მეფესა ყაენი უწყრებოდა არჩილის საქმეზედა და მანაც ძმა ვერ დასთმო და ყმანი გაუორგულდენ და მოყვარენი გაუავდენ და ამისთანა დროს ყაენს მოახსენეს: გურგინ ხანს ცოლი ავად ჰყავდაო და დაღ დასმულმა კუდიანმა, რომ ქართველნი მისანს ეძახიანო, იმათ ასე მოახსენესო - შენი ჯალაბი მარიამ დედოფლისაგან ავად არისო. კაცი გაგზავნესო და ბარით საფლავში თავი მოსჭრესო და გვერდით ამოდვესო, მაგრამ მაშინც მოუკვდა ცოლიო. ყაენს ებძანებინა: მე მუსულმანი მეგონაო, ის ისევ ქაფარი ყოფილაო, მკვდარს თუ შეძლება ჰქონდესო თავის თავს უშველის. ჩემი და მამის ჩემის ერთგულიო და ქვეყნის დამწყნარებელი ბატონი მანდილოსანი იყო, რასთვის აგრე ავი კაცი არისო, რომ თავის დედას აგრე ავკაცათ შეკადრაო. დასწყევლა მქნელი და გაუავდა და აღარ დაუტკბა და იასონ ერისთავი განჯის ხანითა და სხვა სხვა გზით იბეზღებოდნენ და ესეც მოეწერა: ერისთავობა მიბოძოსო, გურგენ მეფეს წაგახდენინებო.
განჯის ხანის საქმით ერისთავობა იასონს მისცეს და მეფეს არ შეკითხეს და ყაენთან იმერლის მეფის ალექსანდრეს კაცი ჩაფრად მოვიდა, ხელმწიფისათვის არზა მოეწერა: ჩვენს მამა-პაპათ ხელმწიფის ოჯახისათვის უმსახურებიაო და ფეშქაში მოურთმევიაო და ჩვენც ამისი მოხვეწარნი ვართო, რომ ჩვენი თავი თქვენათ ყმათ გვამსახუროთო და ერთი ბძანების რაყამი გვიბოძოთო, რომ ქართლის მეფემ გზა დაგვანებოსო და ვითაც ამას წინათ მეფეებს, როგორც თავისი კაცი გამოუტანებია და ფეშქაშს წამოსძღოლია და ხელმწიფის კარზედ ჩამოუყვანიაო, ამათაც მათებრ ხელი მოგვიმართონო. ყაენს იამა და იმერელი მეფე კიდეც ებრალებოდა, ერთი რაყამი გიორგი მეფეს მისწერეს: როსაც იმერლის მეფის ფეშქაში წამოვიდესო, როგორც სხვას ქართლის მეფეებს ექნასო, თქვენც ისე ჰქენითო და ჩვენს კარზედ მოიყვანონო, მესტუმრე და მემანდარი წამოუძღვანეო, რომ ყოველგან სამასპინძლო და ცხენი და აქლემი მზად დაახვედრონო.
იმერლის მეფის კაცმა ეს რაყამი ახალციხის გზით წაიღო, რომ იქიდან მეფეს გამოუგზავნოს. ეს გიორგი მეფეს ეწყინა და ახალციხის ფაშას ასე მისწერა: იმერელი მეფეო ხონთქარს წაუვიდაო და ყაენს ებირაო და თუ არ დამიჯერებო, ამადა-ამ კაცს თქვენის მამულის გზით რაყმები მიაქვთო, უნახეთო. რა ეს წიგნი ფაშას მიუვიდა, იმერლის მეფის ყმა დააჭირვინა და აღარ გამოიკითხა და ჩამოახრჩობინა. ესეც ყაენს მოსწერეს. ეს კიდევ უფრო ეწყინა. კიდევ ამ ამბავზე ეს ამბავი მოსწერეს: თქვენის ერთგულობისათვისო ზოგის თავები დაუყრევინებიაო და სომხითის მელიქს თოფი აკვრევინაო და ჰაჯი ალიხანს თქვენთვისა კარგი ტყვეები სდომებიაო და მრავალი ნაქსოვი და ფარჩა და თეთრი გაუგზავნიაო, რომ იმერეთში კარგნი ტყვენი, ქალები და ვაჟები იყიდონო. გიორგი მეფეს გზაზე კაცები დაუხვედრებიაო და ყველანი დაუხოციაო და რაც საქონელი ჰქონებიათო, გურგინ ხანისათვის მიუტანიაო. ეს ამბები ზედიზედ მოსწერეს და ყაენი უფრო გაუწყრომეს.
აქა ერეკლე ბატონის შვილის წამოსვლა რუსეთიდან, შირვანს მოვიდა თუშეთის გზითა
აქა მეფის თეიმურაზის შვილის, დავითის შვილის ერეკლეს ამბავი ვთქვათ: ქორონიკონს ტჲ (1772) უწინ რუსეთიდან ბედნიერ ხელმწიფეს არზა მოსწერა: ასე რომ, თქვენს კარზე მოსვლა მინდაო და ამას მოველი თქვენის ღვთიანი გონების მოწყალებისაგანო, რომ ერთ საიმედო რაყამი მიბოძო, თავზე დავირჭო და ხელმწიფის ფეხის სამთხვეველად წამოვიდეო. ეს ხელმწიფეს ეამა და ჯულფელის ხოჯა გრიქორას ხელით ხმალი და ხალათი და რომელიც რაყამი ეთხოვნა, გაუგზავნეს და ხალათი არ აჩვენეს. მაგრამ რა რაყამი მოუვიდა, რუსეთის ხელმწიფეს დაეთხოვა და დედა და შვილი იქ გაუშვა და წამოვიდა და თუშეთის გზით კახეთს ჩამოვიდა და შაჰ ნაზარ ხან კახეთში ბატონობდა და ერეკლეს და ქეთევან დედოფლობდა და ოცი წელიწადი იყო და ამათ ერთმანეთი არ ენახა. რა ნახეს, დიდი სიმხიარულე შეიქნა მათში და სრულ კახეთში და ლხინსა და ნადირობას შეექცევოდნე და წამს და არ მოშორდის და საჭმელსა და ღვინოს უწინ ქმარს მიართვის და მერე ძმასა, მამამთილისაგან მოწამვლისა ეშინოდა და რაც ქონდათ მეფესა და დედოფალსა უკეთესი და უბევრესი ძმას მისცეს და ყოვლის ფერით მოჰკაზმეს, ცხენები ოქროთ შეკაზმული და ზოგი ვერცხლითა და ოქროთა და ნაქსოვ ნაჭედითა მასა და მისსა ყმებსა. სიძე ცალკე-ცალკე აძლევდა და და ცალკე. ხოჯა გრიქორამ კახეთში სიძეს და დასთან ხელმწიფის ხალათი მოართვა და ჩაიცვა და კიდევ უფრო გამხიარულდნენ და შეიქნა ღვინის სმა და ლხინი და ჩანგთა კვრა და მეჩანგეთ შუშპარი და სიმღერანი გაახშირეს.
ბატონიშვილმა ერეკლემ, ყაენთან წამოსვლას დაეთხოვა და და და სიძე ტირილით გაეყარნენ. რადგან კახეთის მემკვიდრე ბატონიშვილი იყო, თავადთა და აზნაურთ შვილებისაგან თან მრავალნი წაჰყვნენ და რა შირვანს მივიდა, შირვანის ხანი მანუჩარ ენდრონიკასშვილი მკვდარი დახვდა. ყაენის ბძანება იქნა შირვანის ხანზედან, რადგან ერეკლე ბატონიშვილი მთის გზით გადმოსულაო, არამც აკლდეს რამეო, ათასი თუმანი მიართვითო და რაც აკლდეს, გაირიგოსო, წამოვიდესო. ჩვენის ნაზირის ძმა ხალაფ სულთან მეჰმანდრად გამოგვიგზავნიაო, ყველგან ფიშვაზი უყონო და სამასპინძლო რაც მოინდომონ, მიართვანო და დიდი პატივით ყაზმინს ჩვენთან მოიყვანონო. მოვიდა ყაზმინის სიახლეა. ხელმწიფის ბრძანება იქნა: ვინცა ვინ ყაზმინს არიანო, ყველანი წინ გაეგებონო. საკვირველი ბევრი ერი შეიყარა და აღბაბის სოფლით ყაზმინამდე კაცის ფიშვაზით სავსე იყო და ყაზმინის ქალაქში შემობძანდა. ხუთმა დღემ გაიარა, კიდევ ათასი თუმანი ნაღდი და ათასის თუმნისა სხვა მორთულობა და იარაღი შინ მიუტანეს და მეშვიდეს დღეს ყაზმინის ჩილ სუთუნსშიგ მეჯლიში იქნა და ბატონიშვილს... (აქ ტექსტს აკლია)
ერეკლე ბატონიშვილის მოსვლა ყაენთან ყაზმინს და დიდის პატივის დება
ერეკლე დაჰპატიჟეს და თავისის ჯარით, ქართულად მოკაზმულნი, ყველანი ახალგაზდა ვაჟკაცნი, ტურფანი და მშვენიერნი, ნამეტნავად ბატონიშვილს ერეკლეს წვერ-ულვაში ახლა ეხვეოდა და ტანად ყველას უმაღლეს იყო და ნამქრათ ყველას ამჯობინეს. რა ალაყაფის კარს მოვიდა, თაყვანი სცა და მიწას დაემხო და კარის ზღრუბლს ემთხვია. ზეინალ ხან ეშიკაღასიბაში კარამდე გაეგება და რა მეჯლისში შემოვიდა, ბატონიშვილის სიტურფემან და მშვენიერობამან და ტანადობის ნაქმრობამან ყველანი გაკვირვებულნი შეიქნენ. წადგა და ხელმწიფეს ფეხს-აკოცა და მარჯვენით ყველას ზევით დასვეს და თორმეტი ყმანიც მეჯლისში დაუსხეს.
ხელმწიფემ სამჯერ წინ მიიხმო და უწინ რუსეთის ხელმწიფის ამბავი ჰკითხა და მერე თავისი და რუსთ შექცევა და გაწყობა და მათი კაცობა გამოჰკითხა, მას უკან რომლის გზით მოსვლა და გარჯა. უწინ ნახვაზე ხელმწიფემ კარგი თვალით ნახა და შეიყვარა, თავად დიდ გვარის კაცობისათვის და მერე მშვენიერობისათვის და კარგად აგებულობა მოუწონა. წელიწადში ორი ათასი თუმანი თეთრი და დღეში თორმეტი ჭიქა შირაზული ღვინო და ხუთასი თუმანი ხონსრის მალუჯაჰთი ღვინისა და მაზდის ფასად გაუჩინა. სხვებს წყალობებს გარდაის ამაებს ყოველს წელიწადს მოსცემდეს.
ყაენი ყაზმინით ფირისქუს გზით მაზანდარას წავიდა და ხელმწიფეს ჯალაბნი (ოჯახი) და ჰასამნი თან გაჰყვა.
ქორონიკონსა ტჲვ (1778), მოსვლა რუსეთიდან ელენე დედოფლისა, ზღვით შირვანს გამოსვლა ამბავი მათი მოსვლისა
შირვანის ბატონს სულეიმან ყაენისათვის მოეწერა. ბძანება იქნა ხელმწიფისა, უსუფ-ბეგ მეჰმანდარბაში ჩაფრად გაგზავნეს და ბატონი დედოფალი დიდი პატივითა ისპაჰანს მოაბძანეს და დღეში ასი მარჩილი ულუფა გაუჩინეს და თავის შვილ ერეკლესთან დააყენეს და დიდი პატივი მიაპყრეს და ყოველ კარგს დღეში შიგნით დაჰპატიჟებდნენ, დიდს პატივსა სცემდნენ და მრავალს მოართმევდნენ და თათრობას შეეპატიჟებოდნენ და დედოფალი უარს იტყოდა, არ იქნებოდა, აღარ გაათათრეს. ქართლში გიორგი მეფობდა და კახეთში განჯის ხანი აბაზ-ყული-ხანი ბატონობდა. ერეკლე და დედა მათი ყაენის კარზე იყვნენ და ღვთის მეტი მეშველი არსაიდან გაჩნდა, მაგრამ ყაენი გურგინ ხანს უწყრებოდა: ქართლის თავადები თავს არ უდებდნენ და ურჩობდნენ და არაგვის ერისთავი თქვეს - წამლით მოაკვდინესო. და ამავ საწამლავის შიშითა იასონ ძმა მისი უკუდგა, საერისთაო უკუ იჭირა და ქვეშ-ქვეშ განჯის ხანის საქმით ყაენს ბირება და ლაპარაკი დაუწყო. სომხითის მელიქი ყაენმა კარზე ითხოვა. ეს ამბავი ლუარსაბმა თავის ძმას გიორგი მეფეს მისწერა და განუკითხავად კარავში მჯდომს თოფი აკვრევინეს და ქამარ-ბეგ მელიქი მოაკვდინეს. ეს ამბავი ყაენს დიდად ეწყინა. იმერეთის მეფეს ალექსანდრეს პულეზაშვილის ხელით ყაენთან არზა მიეწერა, მამა-პაპა ჩვენი ხემწიფის მომსახურენი ყოფილანო, ერთი რაყამი გვიბოძოსო, ჩვენი ფეშქაში ყაენის კარზე მოუშვანო. ერთი რაყამი ქართლის მეფესა და ორი ერევნის ხანსა მისწერეს - როდესაც იმერელ მეფის ფეშქაში წამოვიდესო, მეჰმანდართ გამოატანეთ, კარზე მოიყვანონ. იმერელ მეფის ფეშქაში ახალცხის ფაშამ მოაკვდინა და ესეც გურგინ ხანს დაბრალდა. კაცნი და წიგნნი გურგინ ხანს რუსეთს თავის ძმასთან არჩილ ხანთან გაეგზავნა, ისიები შამხალს დაეჭირა და ყაენისთვის მოეწერა ესეც იწყინა. გურგინ ხანმა თავის შვილ ბაგრატს ჩერქეზი ქალი შერთო და თვითონ მიქელაძის ქალი შეირთო. ესეც ყაენმა უწყინა და ძმა და შვილი სთხოვა.
ყაფლანის შვილი გურგინ ხანის ბიძა ბარათიანთ სარდალი თამაზ-ბეგ რომელსაც გიორგი მეფისგან მრავალი სიკეთე და სიმდიდრე სჭირდა, დისწულს განუდგა, თავრიზს სარდალთან მოვიდა და ყაენს არზა მისწერა: განჯის ხანის თავდასხმა და ნაპირის ამოწყვეტა და ყარაბაღის დარბევა მოინდომაო, და ჩვენ ამისთვის წამოუვედით და ხელმწიფის ორგულობაში არ გავერიენითო და ღონე გაუწყდაო და ძმა და შვილი გამოგზავნაო. ამ ამბავზე ლევანს და ბაგრატს არც არა პატივი დასდვეს და არ ინახვინეს. ამაზედ ეს ამბავი მოვიდა - იასონ ერისთავი თავის სახლიკაცს მოაკვლევინეს და გიორგი მეფე საერისთაოში შეუხდაო და გამოაქციესო. ეს კიდეც უფრო უწყინეს და ბატონისშვილ ერეკლეს ქართლის მეფობა მისცეს და ნაზარ-ალი-ხან დაარქვეს და მისივე მოხმარებით არაგვის ერისთავობა ოთარის შვილს გიორგის მისცეს და აჰმედ ბეგ მირაზ უზბაშის ხელით გურგინ ხანს მისწერეს - ქართლის მეფობა თეიმურაზ მეფის შვილი დავითის შვილის ერეკლესთვის მიგვიციაო და შენ კარზე წამოდიო და კოჯორზედ ეს ამ რიგის რაყამი მოუვიდა. წაუკითხეს და არზა ყაენს მისწერეს - ბძანება ხემწიფისა გათავდესო. მეჰმენდარი სთხოვეს და თვითან ჯალაბობრივ მანგლისს მივიდნენ და ყაენისგან მეჰმენდარი გამოუგზანეს. მეჰმენდარის მოსვლამდე გურგინ ხანი აიყარა და აჩაბეთის ხევში მივიდა. ამასობაში ნაზარალი ხანი ტფილის ქალაქში მოვიდა და გიორგი მეფე ჯალაბობრივ რაჭის ერისთავს შეეხიზნა. ქართველნი სრულიად მოუვიდნენ (ერეკლეს) პატრიარქის გარდა და ეს ამბავი ყაენს მოუვიდა და ზოგი რამე იარაღისა მურასა გიორგი მეფისაგან დანარჩენი ხელმწფისთვის გამოეგზავნა და ხელმწიფეს გიორგი მეფის რაჭას გადასვლა და პატრიარქის არ მოსვლა დიდად ეწყინა და ძმები და შვილი დაუჭირვინა. ლევან და ბაგრატ ჰერათს გაგზავნეს, ლუარსაბ ქირმანს გაგზავნეს. კათალიკოზობა დიასამიძეს რუსთველს იოვანეს უბოძეს და რაც გიორგი მეფისგან დანარჩენი ან კარზე გამოეგზავნა ან ქართლში დარჩენოდა საძრავი და უძრავი და ჯოგი და ცხვარი და ძროხა და სხვა მორთულობა, ხელმწიფემ სრულად ნაზარალი ხანს უბოძა და ამ წყალობის რაყმები მეფის ერეკლესათვის ებოძებინათ და მეფის დედა ელენე დედოფალი და მეფის სახლი და ბატონიშვლები ყაენს ებძანებინა - დიდი პატივით ქართლს წავიდნენო. გასტუმრებისას ამბავი მოვიდა არჩილ მეფე რუსეთიდან დვალეთს მოვიდაო. ამ ამბავზე რადგან არჩილ დედოფლის სიძე იყო, ამათი გაშვება მოიშალა. კიდევ სხვა ამბავი მოვიდა, რომ არჩილი და გიორგი რაჭას შეიყარენო და იმერეთს ეჭიდებიანო. ყაენის ბძანება იქნა, რომ ქართლისა და კახეთის ლაშქარი იმერეთის მეფეს მიაშველეთო და თუ გაჭირდეს ადრიბეჟანის ლაშქარი მიეშველოსო.
არჩილი გორს დააყენეს და ყველგან სამასპინძლო შეაწერეს და კარგად დახვდენ და ჩაფარი გაგზავნეს და ეს ამბავი და არჩილის იმერეთში გამეფება და მეფის ალექსანდრეს გორს მოსვლა ბედნიერ ყაენს მოახსენეს. ყაენმა იმერეთის მიცემა იმათთვის და ალექსანდრე მეფის გამოგდება იწყინა, ამისთვის რომ ყაენს შაჰნავაზ მეფის შვილები ხონთქრის შეწყენილობისათვის გადაეყარა ბატონობითა და მეფეს ნაზარალი-ხანს რაყამი მისწერეს: ალექსანდრე მეფეს კარგად ხელი შეუწყევო და კარგად დახვდიო, სინამ ჩვენი ბძანება მოგივიდესო და მეფეს ალექსანდრესაც საიმედო რაყამი მისწერეს: რადგან ჩვენს მამულში მობძანებულხარო. გვირგვინი სამეფო და ოქროს ქამარი და ოქროთ შეკაზმული ცხენი და მრავალი ძვირფასის ნაქსოვები გაუგზავნეს და ერეკლე მეფე დიდის დიდებითა და მორთვითა და საქართველოს ჯარით მუხრანის გზით გორს წაბძანდა მეფის ალექსანდრეს სანახავათ და მეფე ალექსანდრე თავისის ჯარით ყვავის საყდრამდის წინ მიეგება და რა შეიყარნენ, როგორც მამა-შვილი სიხარულით ერთმანერთს დიდი პატივი სცეს და მოვიდნენ გორსა და ერეკლე მეფის სადგომს ჩამოხტნენ და იმ დღეს დიდი ლხინი გადაიხადეს და მეორეს დღეს ერთი სამეფო მორთულობა ჭურჭელნი ოქრო ვერცხლისა, ცხენები ბედაურნი დაკაზმულნი ოქროსა და ვერცხლის უნაგირ-ლაგმებითა, ტანის შეკაზმულობა ძვირფასის ნაქსოვებისა და სიასამურებითა, ფლური და თეთრი მიართვეს და მესამეს დღესაც ერთგან ლხინი გადაიხადეს და მეოთხე დღეს ნაზარალი-ხან ქალაქისაკენ წავიდნენ და მეფე ალექსანდრე გორს დარჩა დიდის პატივითა.
ამდენი ყაენის წყალობა და ერეკლე მეფის ქალაქიდან გორს მიგებება ასე კარგათ დახვდომა და ამდენის საჩუქრის მირთმევა რა იმერეთის თავადთა და აზნაურთა სცნეს, გული გამოეცვალათ და მეტადრე იმერეთის უბატონობაში ვისაც თავისის ძალით სხვათ მამული დაეჭირა, რასაც დღეს არჩილი გამეფდა, ყველას თავისი სამკვიდრო მამულები უბოძა. ეს იმათ იწყინეს და წავიდნენ და ალექსანდრე მეფეს გორს კაცი და გულის შესაჯერები საფიცრები გაუგზავნეს და ეს ამბავი გორიდან მეფის ერეკლესათვის გაეგზავნა და მეფე ერეკლეს ეს სდომებოდა, ეს ამბავი ყაენისათვის მიეწერა. მეორე დღეს სხვა ამბავი მოსვლოდა, თუ მეფემ ალექსანდრემ მთა გადაიარაო. ჩაფარი გაეგზავნა, რომ მეფის ალექსანდრესაგან ამბავი მოეტანა, ჭალატყეს მოსწეოდა, იმ დღეს რომ იმერელთ შეეფიცათ და გული შეჯერებინათ და იქიდან აყრილიყო და დიდი ლაშქრით სკანდას მისულიყო და არჩილ მეფე ქუთათისს არისო და გიორგი მეფე ახალციხეს არისო და ეს ამბავი ნაზარალი-ხანს ბედნიერის ხელმწიფისათვის წიგნათ მოეწერა და ჩაფრის ხელით გამოეგზავნა. ხელმწიფეს ნამეტნავად ეამა, ამისთვის რომ იმერლის მეფის ალექსანდრესი ნამეტნავად მწყალობელი იყო და თავისას ეძახდა და ჩაფარი რასაც დღეს მოვიდა, მესამე დღეს თავ-დაბეჭდილი რაყამი მისცეს და ისევე ჩაფრათ გაისტუმრეს, რომე კიდევ იქაური რაც ამბავი იქნებოდეს, მალ-მალე მოგვწერდენ.
ქორონიკონს ტპ (1692), მკათათვის ა (1), სულეიმან ყაენმა თავისი ყორჩიბაში სარუხან მურთუზა ყული ხანის შვილი საჰნდლუ გათენებისას კარზე იხმეს და როსტომ-ბეგ მდივანბეგს უბძანეს, გაუკითხავად თავი მოჰკვეთეს და ტანი სამ დღეს მეიდანში ეგდო და გასაკვირვებელი საქმე მისგან იქნა, ნამაზის ქნა დააცალეს და თავის მოსაჭრელად ხმალ-დაწვდილნი თავს ადგნენ, არც ფერნი გამოეცვალა და არც სიტყვა შეეცვალა, ნამეტნავად გულმაგრა და მხიარულად ხმალს ქვეშ წაუჩოქა და ასრე თქვა: „ღმერთი არის ამაში მოწამეო, რომ ერთგულობისათვისა მკვლენო, თორა და დანაშავებულობა არ ჩამაცნიაო. დოლბანდი გადააგდო და შემოკრეს ხმალი და სისხლი გულის პირზე ჩაედინა და აივსო თავისის სისხლით ორივ მჯიღვი და გადაისხა პირისსახეზე, შესძახა ღმერთსა: გევედრებოდესო უბრალოდ წამებული სული ჩემიო. კიდევ ხმალი სცეს, ვერ გააგდებინეს და მცემელს უთხრეს: ხელიმც მოგეღებისო, მჭრელი ხმალი ეციო. ჰსცეს და მოკლეს და იქნა იმავე დღეს საქმე გასაკვირვებელი: ზაფხულის შუაგულს სიცხეში ასტყდა წვიმა და საზარელი ქარიშხალი, რომ ასის წლის ისპაანში გაზდილ კაცთ ასე თქვეს: ამისთანას დროშიგანო ამ რიგი წვიმა და ქარიშხალი არც გვინახავსო და არცა გვასმიაო. კაცი იყო ტანად დიდი, სახით მშვენიერი, თავდაბალი, უხვ-უშურველი, კარგად მრჩეველი, მძიმე და აუჩქარებელი, ქრთამის არ ამღები, ყოვლის კაცის პატივმდებელი, დაჭირებულთ მამხმარებელი, მლოცავი და მარხული, ღვთის მოშიშარი, ძველის ამბვების კარგა მცოდნე, კარგად სამართლის მქნელი. ასე მშვენიერი და ტანად სრული, რომ ამის დროში ერანელთაგან არვინ შედრებოდა და ასეც ითქვა: ხელმწიფემ ნამეტნავად ინანაო და ამის მეტი ვერვინ რა სცნა, რომ ბედნიერმა ხელმწიფემან, ამ მოკლულის ყორჩიბაშის შვილს სმნანის ბატონის როსტომ მაჰმად-ხანს საიმედო რაყამი მისწერეს, რომ მამა თქვენიო სიტყვით მაწყენინებდაო და ის მოვაკვდინეო და შენ იმედოვნათ იყავო და შენს საბატონოს გაუფრთხილდიო და შენი ლაშქარი კარგად მორთეო და რაც საქმე გაქონდეს მოგვწერდეო და ჩვენგან დიდს იმედს ელოდეო. ამის მეტი დანაშავებულობა მისგან ვერვინ რა გაიგნო, სხვა ღმერთმან უკეთ იცის. იტყოდენ: ტყუილად მტრისაგან შებეზღდაო და განკითხვა არ ეღირსაოო, მაგრამ ვინც რას დასთესავს, ის ამოუვა მთესავსა.
ამ დროს მაშათის ხანობა და მუთაველობა ნაჯაფ ყული-ხან ნაზარს მისცეს და ნაზირობის ჯანიშინობა იმის შვილს მაჰმად ჰუსეინ-ბეგს მისცეს. ამ დროს ასტარაბადის ხანობა ყაზა ხანის შვილს ჰაჯი ლუთვ ალი ხანს მისცეს და დიდის პატივით გაისტუმრეს და ორს წელიწადს ამას წინათ შხალი-ხან ეჰტიმადოვლე მიიცვალა, ყოვლისფერით კარგი კაცი იყო, მისი სიკვდილი ხელმწიფემ ნამეტნავად იწყინა და ორ წელიწადს ვაზირი არ დააყენა და მას უკან ვაზირობა მირზა თაჰრს ძველს ვაღა ნვისს უბოძა და ერთ წელიწადს ხელმწიფე თავის სასახლეში ლხინსა და შექცევას იყო, რომ ცხენს არ შეჯდა და ასეთი ბედ-ძლიერი იყო, რომ საითკენც მტერი გაუჩნდა უომრად გადავლინდა.
ფარსადან გორგიჯანიძეს ნამეტნავად ხელმწიფე სწყალობდა, იყო და ვაზირობასა და ქვეყნის სარჩევს საქმეს ჰკითხავდა და კარის უფროსს კაცთ შურდათ და გადაეკიდნენ და მრავალი ტყუილი მოუგონეს და ხელმწიფესთან შეაბეზღეს, რადგან სახელო არა ჰქონდა და რასაც ხელმწიფეს ბევრს არ მიართმევდა, არასა სთხოვდა და არცა ვისთან ხელი ქონდა. ვინც გადეკიდა, წლამდის ვერ გაძლო. შვილი ჰყავდა, დავით სახელად, ყმაწვილი კაცი იყო და თექვსმეტი წლისას ბედნიერმა ყაენმა ბოქაულთუხუცობა უბოძა და სიყმაწვილით ლხინის მოყვარული იყო და ამაყი და შეუპოვარი იყო, რამდენჯერ ხელმწიფე ცხენს შეჯდა, იმდენჯერ მამის მისის მტერობით დააბეზღებდნენ და ხელმწიფე არ შეიბეზღებდა.
აბულ ყასუმ ხანის შვილებს ყაენის ყულისათვის ცემა დაეწყო, იმას დაეძახა: „დაუთბეგო, მიშველე თუარ მამკვლენო, შენც ყაენის ყული ხარო“. მიშველებოდა - რასთვის მოჰკლავთო, ყაენის ყული არისო. ამისთვისაც წამოეშინა. ისინი ოთხნი ძმანი ყოფილიყვნენ და დავით-ბეგ მარტო. ამასაც ჯოხით ეცადა, ოთხთავეთათვის თავ-პირი დაემტვრივათ და მეჩეთში შეეხვეწნა და ყაენის ყული მოერჩინათ. რადგან ძველით ყორჩნი ყაენის ყულების მტერნი არიან და დროს ეძებენ, რომ ყულები ამოაგდონ და როგორც ძველი ხელმწიფის ოჯახისათვის უმუხანათებიათ, ისევე ქნან. მაგრამ ყულების შიშით ვერ იქმენ.
თვითან ამ აბდულ-ყასუმ-ხანის მამამან ჯანიხან ყორჩიბაშმან შემოფიცა რაც ყორჩში ხანი, სულთანი, ბეგლარი და თავნი კაცნი იყვნენ და დილის ნამაზის დროს მიუხდნენ მირზა თაყის ეთიმადოვლეს, წაუშინეს და მოკლეს. იქით დაბრუნდნენ, რომ ყაენი მოკლან და თვითონ გახელმწიფდენ. ამბავი დაახვედრეს, რომ სიაოშ-ხან ყულარაღასი შეყრილი კარზე არისო. რაც ეწადათ ის ვეღარ ჰქნეს, ყაენის დედას არზა შეუგზავნეს, ხელმწიფის წახდენას უკან იყო ეჰტიმადოვლე - რომ თავისი ძმისწული მირზა ყასუმ გაეხელმწიფებინაო და ჩემი ქალიც ამისთვის შერთო მირზა ყასუმსო და ამ მუხანათობაში ჩვენც უნდოდა გავერიეთო, ამისთვის მოვჰკალით, ხელმწიფის ბძანება რა იქნებისო.
ხელმწიფის ბებია ჩერქეზის ბატონის ქალი იყო და ნამეტნავად ჭკვიანი და მცოდინარე ბატონი მანდილოსანი ბძანდებოდა. შიგნიდან მადრიელობის წიგნი და ხალათი უბოძეს და ავაქილეს - ვინც გინდა ეთიმადოვლად დასვიო. მესამე დღეს ხალიფა სულთან ეთიმადოვლედ დასვეს და ჩანი ხანს ასე ეგონა: ამის ვეზირობით რასაც მინდა იმასა ვიქო. მაგრამ მიფარვით ყაენის ბებია ამათ ამოწყვეტას უკან იყო, ქართულად სიაოშ ხანთან წიგნი მოეწერა: ნუღარ აგვიანებო, არამც კიდევ ამათ დაგასწრანო. ვისაც ენდობოდე ქართველის შვილებსაო, უბძანეო, ყოველ ღამესაო იარაღით ქეშიკში მოვიდნენო და ვისაც ენდობოდეო, ყორჩის ბატონებსაც შეატყობინეთო და ვინც ყორჩიბაშის კერძნი იყვნენ, ცოცხალს ნუ გაუშვებო. ამ რჩევას ფიცით ბიჯირლუს მურთუზა ყული-ხანს და ალი ყუბათ-ბეგს ჰარმიშ ეშიკ-აღას გაუტყდენ და მეშვიდეს ღამეს ქართველთა საპატიო კაცის შვილები იარაღ შემორტყმული ხელმწიფის ქეშიკში მივიდნენ. მეორე დილას ჯანი-ხან ყორჩიბაში თავისის კერძის ხანითა და სულთნით წინადურათ ამაყად და შეუპოვრად კარზე მოვიდა. მაშაია რომ გაიხადა, მსხდომნი წინ წამოეგებნენ. იმას ასე ეგონა, პატივს მდებენო. მურთუზა ყული-ხან ბიჯირლუმ ჯანი ხანს ყორჩიბაშს საყელოში ხელი წასტაცა და შეუძახა: მუხანათო, ვისი ბძანებით ხელმწიფეს ვეზირი მოუკალო. ხანჯალი ჩასცა და წააქცია. ნაღდი ხან დაუძახა: ყოჩრებო, თავს უშველეთ, გვიღალატესო. ამ დროს სიოაშ-ხან ყულარაღასმა ყულებს შეუძახა: რას უდგახართო, წაუშინეთო. ფიცხლავ წაუშინეს და ოცდაოთხი ხანი, სულთანი და ბეგლარი დახოცეს და ამათი მძოვრი მეიდანში გაყარეს და საქონელი და სალარო და მორჭმა ქონება მათი სახელმწიფოდ წამოიღეს და ყორჩიბაშობა ბიჯირლუ მურთუზა ყული-ხანს მისცეს და ნაღდი-ხანისა და თავისის შვილის ზეინალ-ხანის ნაქონი ქოჰგილუს ბეგლარბეგობა და სიაოშ-ხან ყულარაღას მისცეს და მანამდისი შაჰაბას ხელმწიფე ცოცხალი იყო, ამათი სახელი მუხანათობით იხსენებოდა და რა შაჰ-სულეიმან გახელმწიფდა, ორ გულობა აღარ-ვის უხსენა და ჯანი-ხანის შვილს აბულყასუმ-ხანს ჰამადანის ბატონობა მისცა და იქიც მუხანათობისათვის დააჭერინეს და ისპაჰანს ჩამოასხეს და ბევრი შვილები ჰყვდათ და ყოველ დღით ბოზობასა და ავკაცობაზე შუღლობდენ და არც-ვინ ახსენებდა.
რადგან ფარსადანის ავნი იყვნენ, აბულ-ყასუმ-ხან ყაენს არზა შეუგზავნა: „რომ ფარსადანის შვილს დავითს ჩემი ოთხი შვილი დაუჭერიაო. ყაენმა მდივანბეგს უბძანა: სამართალი უყავო. რადგან ხმლით დაჭრილი არ იყვნენ, დავით შუღლის აშორო არა თქვა და მდივანბეგს ამაყათ პასუხი მისცა, რომ ისინი ოთხნი მცემდენო და მე მარტოკა ვიყავო, მე უნდა ვჩიოდეო. მდივანბეგი გასწყრომოდა და ეთქვა, ბეჭებს ამოგართმევო. იმას ეთქვა: ყაენის თავი კარგად იყოსო, შენ მე ბეჭებს ვერ ამამართმევო. ამისი ჯავრით მრავალ გვარათ შეაბეზღა და ხელმწიფემ დააჭერინა და ისპაჰანის მოურავს მიაბარეს და როგორც შვილი მოურავი იმ პატივით ინახავდა და ისევე მაბეზღართ ხელმწიფისაგან აპატიეს და დასტური აართვეს და ადრებეჟანისაკენ გაისტუმრეს და კიდევ მამის მისის მტერებმან წინ კაცი გაგზავნეს, ყასუმ აბადს შუღლი დაუწყეს. თვითონ ცხენით გაეცალა, ყუმს მივიდა, მხლებლები დაუჭირეს და საქონელი აუკლეს და თვითონ ყუმს წავიდა და იქაურ უფროსებს მოახსენა და რაც ძალი და უსამართლო დამართებოდა მუჯაალა დაწერინა. მანამდის მუჯალა მოვიდოდა, მტერებმა მრავალგვარათ ტყუილად შეაბეზღეს, იასაული გაუძახეს და კარზე იხმეს და სამართალი უყვეს და ვერა დატეხეს რა და მობეზღარნი შეშინდნენ და ტყუილნი მოწამენი იქირავეს და სამართალში მოასხეს და ბრჭეთა და მოსამართლეთა გასწირეს სული მათი და გმესა სამართალი ღვთისა და მიუდგნენ მტყუან მობეზღარსა, ამისთვის რომ არამც ხელმწიფემ ტყუილის მოხსენებისათვის წახდინოსო და დავითის მამა ხელმწიფესთან კარგი ყმა არისო და თავის შვილს უშველისო. ყაენს მათი ტყუილად განბრჭობის წიგნი შეუგზავნეს.
აქა ამბავი თვალ-დამწვრიანთა
პაპა კახის ბატონებისა თეიმურაზ ყოფილა და მის უფროს შვილს დავითი რქმევია და უმცროსს გიორგი. უმცროსი ძმა ათაბაგის ქალის შვილი ყოფილა, დავით ჩერქეზის ქალთან ჰყოლებია. უმცროსი ძმა გაუზრდია და კარგი ცოლი შეურთავს და ბატონად დაუსვამს. ასე მოუხსენებია უმცროსის ძმისათვის, რომ ერთს ქვეყანაში ორი ხელმწიფე არ იქნებისო, რაც გემეტებოდეს მამული მამეცო. კახეთის მეხუთეთამდის მამული მიუცია, საყვარელი ძმანი ყოფილან. დავით მამაცობაში ნაქები ყოფილა, უხვი და უშურველი და მსმეველ-მჭმეველი და კაცთ-მოყვარული და ყველას გამწყო კაცი ყოფილა და კახნი ბატონის შვილობისათვის ემსახურებოდა. ეს ჩოლაყაშვილებმა ბატონს გიორგის მოახსენეს: კახნი შენს ძმას ემსახურებიანო, არ ვიცითო, თუ რა სწადიანო. სჯობსო, რომ თვალები დასწვათო. ბატონს ებძანებინა: ამაში ღმერთი რას კარგს მიზამსო, გამზარდა, დამაქორწილაო და უფროსი ძმა იყო და თავისი ხელმწიფობა მე დამანება, რის გზით გამოვიმეტებო. მაგრამ არ დაესხნენ, სიდამდის თვალები არ დააწვევინეს და ამდენი სინათლე შერჩომოდა, რომ ხის ძირში მწოლეს ხიდან ისრით მტრედი ჩამოუგდია. რა ეს შეუტყვია ჯარისათვის უთქვამთ: ასეთი წამალი დადევო, რომ სინათლე წაუხდინო, რომ ვეღარას ხედევდესო. ჰაქიმსაც მათი თქმული უქნია და შენარჩომი თვალის სიმართლე მეორედ წაუხდენიათ და ბატონი დავით ყაენთან მოსულა ორი შვილითა.
შაჰთამაზ ყაენს კარგი თვალით უნახავს და უბრძანებია: კარგი შვილები გყვანანო. ერთს შვილის გვერდი ფიქალი ჰქონებია. ერთი ძლიერი კაცი მამაცი ცხენოსანი ჰყოლებია და ასე უბძანებია: შენს შვილს იმას შევაბამო. თუ ჩამოაგდებსო კახეთს მივცემო. თვალდამწვარს მოუხსენებია - „აგრე იყოსო. მაგრა ჩემი შვილი მისანდოს ცხენს შემისვითო“. თავლიდან ცხენები მოუსხამთ, არც ერთი მოსწონებია და ერთი კიდევ სხვა ცხენი მოჰგვარეს, ის მოიწონა და თქვა: „ეს შვილისათვის კარგი არისო“ და შვილი განსწავლა და ასე უბძანა: „შეჯექ ამ ცხენსაო და შუბი აიღე და ფარი მზად დაახვედრეო, რომ შუბის შემოცემა არ დაგასწროსო და შეუსხამთ ორნივე ცხენებსა და მაედანში გასულან და ქვეყანა სათამაშოდ იქ მოგროვებუიყვნენ, და ყაენმან იმ ცხენოსანს უბძანა: „თუ გადმოგაგდებსო, თავს მოგკვეთო და თუ შენ ჩამოაგდებო ნუ მოჰკლავო“. კახმა ბატონის შვილმა გადმოაგდო, თავი მოჰკვეთა და ყაენთან მოიტანა. ყაენმან კახეთი საჯილდოდ უბოძა და ფარი ფლურით აუვსო და ქართლს წაიღო და იმით სოფლები იყიდა: „სიდამდის კახეთი დაიჭიროო ქართლს იყავო“. უწინ დირბი, ბრეთი და ბებნისი იყიდა და ერთ შვილს ციციშვილის ქალი შერთო და მეორეს შვილს ფალავანდის შვილის ქალი შერთო და თავადები მოხმარებიან და დირბს მაგარი ციხე აუგია: მერე კახს ბატონს უთქვამს: „თუ ის ქართლს არისო, არ მოგვასვენებსო, კახეთს წამართვამსო“. ადგა და მეფეს ლუარსაბს მოციქულები და მრავალი ფეშქაში და აბრეშუმი გაუგზავნა და ასე შესთვალა: „ყოველ-ახალს წელიწადს ამდენს საპალნეს აბრეშუმს მოგართმევო, დავითს ჩემს ძმას დირბის ციხე დაიქციეთო და თქვენს მამულში ნუ დააყენებთო და მისი მამული მისს ძმას რამაზს მიეცითო“. ამათაც დაუჯერეს, დირბის ციხე დაუქციეს და მისი მამული მის ძმას რამაზს მისცეს და დავით იმერეთს მეფესთან მივიდა და იმან ზემო-ქართლში ნული, თორმანეული, ღვერთეთი, ფლევი, ქანბადი, ცხეთას-ჯვარი, მოხის რუისის გლეხები და საყდარსა-საფლავოთ, აზნაურნი და ხერხაულიძენი და ტატიშვილები მიუციათ: რამაზ მეფეს მოსწონებია და ეს სოფლები შაჰ-თამაზ ყაენის ნაბოძების ოქრო-ვერცხლით უყიდიათ და შაჰ-თამაზ ყაენი მამკვდარა და ესენი ქართლს დარჩენილან და კახი ბატონი შვიდი ათასის კაცით ნასყიდს მამულში მიუხდა და იმათ მუხრანის ბატონი მოსდგომიან და იმათ შვიდასი კაცი შეეყარათ და შვიდს ათას კაცს შემობმოდენ და გაემარჯვებინა და იმერელმა მეფემ რამაზს ქალი მოსცა და ქართლსა და იმერეთში იმის უკეთესი კაცი არ იყო და სახელმწიფო კარგი მზითევი მოჰყვა, სამცხესაც მამული მიუცია და შვიდი ვაჟი უშობია მეფის დასთან კოსტანტიელა (ელიზბარ) სიაოშ, გიორგი, დავით ბოქაულთ-უხუცესი და სიაოშისათვის სვიმონ მეფეს ყლიჯ-ყორჩობა მიეცა და გიორგი იმათი უმცროსი ძმა გაეგდოთ და ერთი მსახურიც არ მოსცეს. მაგრამ საცა მეფე წავიდის თან-გაჰყვის, ვინც ნახავდა იკითხავდა, თუ ვინ არისო: მეფე ბძანებდა: „რამაზის უმცროსი შვილიაო“. ყველანი მრავალს მისცემდენ. მაგრამ ნამეტნავად უყმობას შეწყენილიყო. დედა მისი შავშეთის ბატონის ქალი ყოფილა, მეფის ქალის შვილი იყო, სამცხეს სამშობლოსას იყო და გიორგიც დედასთან წავიდა ვითაც ბერათ შეეყენებინათ, დედას გაუტყდა ასე მოახსენა: „დედავო, ბერობა არ შემიძლიაო“. ამის თქმისა თვის დედა გაუწყრა და შვილი შემოსწყრა და მამიდასთან წავიდა, მამიდას ბიძა შვილი ავადმყოფი ჰყოლია და იმას ერთი კარგი ცოლი ჰყოლებია, გიორგა უნახავს და შეჰყვარებია და ასე უთქვამს: „შენისთანა კარგი და ლამაზი ვაჟი კაცი რასთვის უნდა ბერად იყოსო, ღმერთმა შენი თავი მე ქმრად მამცესო, თორადა მამის ჩემისა ამდენი მამული და სოფლები და საქონელი დამრჩენიაო, რომ შენ გეყოფისო და ასი ყმაც შეინახო მაინც კმარაო“. დედაკაცს ნატვრა აუხდა, იმ ავადმყოფობისაგან ქმარი მოუკვდა და ბერი გაიპარა და ცოლად შეირთო და სამცხეს დარჩა. სიმამრის მამულზე მორჭმული და მოვლენილი ძმათათანა გაღარიბებული უყმოთ გაგდებული, ღმერთმან ხელი მოუმართა და აღარავის ამარას არ გახადა.
იმერეთის მეფე ალექსანდრეს შესახებ
საქართველოს მოსაზღვრე ფაშებმა სულთან სულეიმანს აცნობეს: ალექსანდრე მეფეს იმერეთი წაართვეს და არჩილ მეფეს (შაჰ ნაზარ ხან) მისცეს და ალექსანდრე ქართლში ყაენის შემოხვეწილი მოვიდა. ნაზარ ალი ხანი კარგად დახვდა და მრავალი მიართვა და თბილისის ქალაქიდან გორს მიეგება, დიდი პატივი სცა და ისევ ალექსანდრე გორს დატოვა და ზემო ქართლის მოსავალი სამასპინძლოთ მიართვა და კარგად უწყობდნენ ხელს. ოდიშისა და იმერეთის თავადებისგან საფიცარი მოსვლოდა - მალე წამოდიო, არჩილს გავაგდებთო. რადგან სიყმაწვილის სიჩქარე ახლდა, აღარც ყაენს აცნო და არც ქართლის მეფესა და გორიდან ილღარი ქნა და ქუთაისის სიახლოეს არჩილ მეფეს შეებნენ. უწინ კარგათაც იყვნენ, მაგრამ ამაყობით და ყმათა მუხანათობით მეფე ალექსანდრე დამარცხდა და უკან გორს მივიდა.
ყაენის ბრძანებით ალექსანდრე ქალაქს მობძანდა და ყაენმა განჯის ხანის შვილი ქალბალიბეგ მრავლის ძვირფასის ძღვნით ხონთქართან ელჩად გაგზავნა და მისწერა: მამა-პაპანი ჩვენი და თქვენი ერთი რჯულობისათვის შერიგდნენო, რომ მუსულმანთ ძალი არ დაემართოსო და რადგან შაჰნავაზ მეფის შვილები თქვენს მამულს ეჭიდებოდენო, თქვენი გულისათვის ორთავეს ბატონობა წავართვითო და ნაპირის ფაშებს ტყუილად თქვენთვის მოუხსენებიაო და მემკვიდრე ალექსანდრე ჩვენს სახელმწიფოში შემოხვეწილაო და იმერეთი არჩილ მეფისთვის გვიბოძებიაო.
სანამ ელჩი ერევანს მივიდოდა, სულთანი სულეიმანი მიიცვალა და მისი ძმა მუსტაფა გახელმწიფდა. ელჩი ამასთან მივიდა და ხელმწიფის წიგნნი და ძღვენი მას მიართვა. ნამეტნავად იამა და ელჩს კარგად დახვდა და დიდი პატივი სცა და ხელმწიფის დაბარებულობა ყველა გაათავა. იმერეთი ისევ ალექსანდრეს მისცეს და ქალაქიდან ახალციხეს მიიყვანეს და იქიდან იმერეთს ჩაიყვანეს და მეფედ დასვეს იანიჩარნი მცველად დაუყენეს და გიორგი მეფე ახალციხეში დააპატიმრეს. იგი ციხიდან გამოიპარა და ქართლში მივიდა თუ არა ყველანი შემოეყარნენ და მეფე ალექსანდრეს ცოლშვილი ხელში ჩაუცვინდა. მეფე ნაზარ ალი ხანი კოჯრიდან ქალაქის ციხეში მივიდა.
* * *
... ეთებული ძვირფასის თვალ-მარგალიტ, მურასა და ნაქსოვი მრავალი ძვირფასისა და ცხენები ბედაურები მურასით შეკაზმული და ერთი სპილო ოქროს ტახტითა და სხვა იარაღით შეკაზმული, განჯის ბეგლარ-ბეგის უღურლუ ხანის შვილს ქალბალი-ბეგს მიაბარეს და მასაც მრავალი უბოძეს და დიდის მორთვითა და მოკაზმულობით გაისტუმრეს და დიდის ქებით წიგნი მისწერეს და ასე ჩაუწერეს: „რომ ჩვენი ყმანი შაჰნავაზ მეფის შვილები, შაჰნაზარ-ხან კახეთის ბატონი თქვენს მამულს იმერეთს ეჭიდებოდა და ქართლის მეფე გიორგი ძმას ეხმარებოდა და ზოგთ იმერეთის თავადთ თავიანთ მემკვიდრეს მეფეს ალექსანდრეს წასვლოდენ და შაჰნაზარ-ხანს მოსვლოდენ, რადგან ჩვენსა ხონთქარს შუა წყობა იყო და ხონთქარის მამულს ეჭიდებოდენ, ორთავ ძმათ ბატონობა წავართვით და ჩვენის სახელმწიფოს გავჰხადეთ და რაჭის ერისთავმა შეიხიზნა და უფროსი ერთნი თავადნი, თავიანთ მემკვიდრეს ბატონს გადაიბირეს და გიორგი მეფე ახალციხის ფაშისას მოვიდა და ქრთამის მიცემით ხელმწიფეს ტყუილად გაასინჯვინეს და მემკვიდრე ბატონი წაახდინეს და თქვენის შეწყენის გულისათვის ჩვენგან გამოგდებულს შაჰნაზარ-ხანს უშოვეს და მეფეს ალექსანდრეს თქვენს კარზე მოსვლის გზა შეუკრეს, ღონე გაუწყვიტეს და ჩვენ შემოგვეხვეწა, ახლა ამას მოველით ხელმწიფისაგან, რომ რადგან საქართველოს ბატონებში უჩხუბარნი ყოფილან და მტრის სახლში არ მისულან, ჩვენი სახელმწიფოც თქვენია და ამას მოგელით, რომ იმერეთი თავის მემკვიდრეს ბატონს ალექსანდრეს უბოძეთ და ჩვენს გამოყრილს ყმებს თქვენს მამულში ნუ დააყენებთო“.
მისვლა ქალბალი-ბეგის და ხონთქარისაგან დიდი პატივის მიპყრობა
რა ყაენის ფეშქაში ხონთქარს მიართვეს და წიგნები წაიკითხეს, ეამა ხონთქარსა და ყაენის გულისათვის იმერეთი თავის მემკვიდრეს მეფე ალექსანდრეს უბოძეს და ხათიშარიფი ახალციხის ფაშას თავისის ქემხის ხელით თბილის ქალაქს მეფეს ალექსანდრეს მოუტანეს და ქართლის მეფემ ნაზარ-ალი-ხან საბატონო მოურთო და გაისტუმრა, ახალციხეს მიიყვანეს, და ურუმის ლაშქარი შემოეყარა, იმერეთს ჩაიყვანეს და ქუთაისს გააბატონეს და არჩილი გაეცალა და გიორგი მეფე ხონთქრის ბძანებით ახალციხის ფაშამ დაიჭირა და ციხეში აპატიმრეს და ციხიდან წამოუვიდა და არაგვის ერისთავი და ქსნის ერისთავი და გივი ამილახორი და თამაზ ბარათიანთ სარდალი შეერთდენ და სრულ-ქართველნი მათის შიშით მიუვიდნენ და ნაზარ ალი-ხან კოჯრიდან ქალაქის ციხეში შევიდა და ეს ამბავი ყაენს მისწერეს და აბასეული ხანისათვის გიორგი მეფეს მოეწერა: „მე ყაენის ყული ვარო და ხელმწიფის კარზე ჩავალო“. და დღეს-ხვალობას უთვლიდა და თავისი ძალით ქართლი დაეჭირა რის ჭკუით ჩამოვიდოდა: მაგრამ ერთმანეთს აბათილებდეს და აბას ყული-ხანს მოეწერა: „ერეკლე მეფისა და ამათი სიტყვა ერთი არისო, თორა და ქართლის მეფე ერთს გაგდებულს კაცს რას თვის უომრად ციხეში შეეხვეწაო, უწინც დაბეზღდა, რომ იმათი და ამისი საქმე ერთი არისო და არას კაცს მათთან მისვლისა და სამსახურსა და მირთმევას არ უშლისო“. ამისთვის იქნა რომ ერეკლე მეფე ერთი ალალ-მართალი კაცი იყო და ყოველ კაცს უჯერებდა და ორგულისა და ერთგულის გარჩევა არ იცოდა და იმათი გაზდილი თათრისშვილი ივეზირა და ასე შევიდა, რომ იმის უნებურად მეფე წყალსაც ვერ დალევდა და რასაც ერთგული ყმა ჰყავდა გაუავგულო და რაც შაჰნავაზ მეფის შვილების კერძნი იყვნენ ისინი დააკეთეს და სახასოები ასე გააცემინეს, რომ უფროსი ერთს ხანს სასმელ-საჭმელს ვერ იშოვიდა და ხუთი-ათასი თუმანი მოსავალი ასე გაუცუდეს, რომ გამოსაცვლელ ტანსაცმელს ვერ იშოვებდა და გიორგი მეფესა და არჩილ მეფეს სამსახურს არვის დაუშლიდა და ყაენის ნაბოძები რაც ქონდა, ყველა ქართველთ დაუყო, მაგრამ ვერ ვინ შეაშინინ და ყველამ უღონობა დასწამა და ვისაც რამე მისცა იმათ ასე თქვეს: „ეშინიანო ჩვენგანო და ქრთამად გვაძლევსო“ და ამხანაგურად დაუწყეს ხუმრობა და ენა შეაჩვიეს და შუიდან შიში ადგა და აღარვინ შეეპუა და გურგინ მეფე ჩამოიყვანეს და ყველანი მოივიდნენ და ერეკლე ქალაქის ციხეში იყო, გიორგი მეფე კოჯორზე იდგა: იქიდან ჯარი გამოუძახა, ქალაქის ციხეს ხელ-თოფი დაყარეს და ციხიდან თოფი დაუშინეს და დააბრუნეს.
აბა ჭკვიანნო და მცოდინარენო ყური მომიგდეთ და კარგად გასინჯეთ, რომ საბოლოოდ მარგებელია: ჰაჯი ალი-ხან ზანგანა ხორციელი ეშმაკი იყო და ბიძა ეტიმადოვლედ ჰყავდა. ყაენის ნაზირიც მოიყვანა და ქართლს ჩაფრად წასვლის და მრავალის ტყუილის ამბის მოტანით თავრიზის ბეგლარ-ბეგობა და საქართველოზე სარდლობა იშოვნა და დიდის ლაშქრით ათს წელიწადს ხან იელახს ავიდოდა და ხან ყშლახს ჩამოვიდოდა და ქვეყანას ძარცვიდა და აღარ ვისმე რამე შეარჩენდა და ხელმწიფეს ტყუილის წერით ატყუებდა: და გიორგი მეფემ შვილი და ძმა ყაენთან გამოგზავნა და თავის-სამართლებელი არზები მოსწერა, რადგან ეტიმადოვლე შხალი-ხან გიორგი მეფისა ავი იყო, არ გაიკითხეს. ქართლის მეფობა ბატონის თეიმურაზის შვილის შვილს მისცეს და ლევან და ბაგრატ ჰერათს გაგზავნეს და ლუარსაბ ქირმანს, და გიორგი მეფეს საიმედო რაყამი მისწერეს: „რომ თქვენი საბატონო ნაზარ ალი ხანს მივეცითო და თქვენ ჩვენს კარზე ჩამოდითო და ჩვენგან დიდი იმედი გქონდესო“. ვიცით სარდალს გიორგი მეფის ჩამოსვლისა ეშინოდა, აჰმად ხან ბეგ მიქრის უზბაში გიორგი მეფესთან გაგზავნეს და ასე მოახდინეს, რომ გიორგი მეფე აღარ მოვიდა და უომრად გაეცალა და ნაზარ ალი-ხან გაბატონდა და ყიასა სარდალმან ვეზირად დააყენა და ასე დააბარა: „რომ განჯის ხანის წახდენას და ნაზარ ალი-ხანის დატყვევებას ეცადეო, რომ ჩემი ნამსახური გამოჩნდესო“. ნაზარ ალი ხან ამით შეუვიდა, რომ არჩილის ქება და კერძობა დაანახა და ეამა და თავისი სამეფო იმას მიაბარა და განჯის ხანი აბას ყული-ხან კახეთის ბატონი ამით მოატყუა, რომ რაგინდ ცუდი ამბავი ყოფილიყო ყიასა თვითონ მივიდოდა და ისიც დაატყვევა და ერეკლესი ასე მოახდინა, რომ მოარტოვა, ქალაქის ციხეში შეახვეწა, და აბას ყული-ხანისა რაც მოხდება ამას უკან დაიწერება, და თავდები შემოფიცა და თვითან ნაზარ ალიხან-თან დადგა, რომ რაც ყაენიდან ამბავი მოუვიდოდა, გიორგი მეფეს გაუგზავნოს და თავადთ, რომელთაც ერეკლესაგან მრავალი წყალობა სჭირდათ, ისინი წაუვიდნენ და გიორგი მეფეს მიუვიდნენ და ამისთვის ხმა დაუგდეს, რომ ერეკლე მეფე იმათი კერძი არისო და ყიასას ვაზირობით ეს დაემართა, რომ ორგულობა და უღონობა და ხელგამოუსვლელობა დასწამეს და ასე ბოლო მოუღო და კიდევ მისს სიტყვას არ გადავიდა და ასე დამჯერი იყო მისის სიტყვისა, რომ საცა თავისა და ყაენის ერთგულნი ჰყავდა, ტყუილის ბეზღობით ყველანი შეაძულა, ასე რომ აღარსით ერთგული და მოკეთე აღარ ჰყავდა, არც თავისი მემკვიდრე, არც მოყვასნი და არც ნათესავნი, არც მუსაიბნი და არც მეცნიერნი, ნამეტნავად ფარსადან გორგიჯანიძე ერთგულობაზე მრავალი გვარად ვალდებული და ნამსახური, ასე მოახდინეს, რომ წიგნის არ მიწერითა და საქმის შეწყენითა, იმასაც გული გაუავეს და არსით ერთგული და მომხმარე არ შეარჩინეს და მაშინაც ვერ შეიტყო და ამ რიგით გაურიგა კარგმა ვეზირმა სამეფო სახლი და საბატონო და ამას უკან რა მოხდება, ღმერთმა უკეთ იცის და მაშინაც ვერ შეიტყო ვაზირის ორგულობა და ხელმწიფეს ასე აცნო: „რომ იმათი კერძი არისო და მერე ხელით ბატონობა არ გამოუვაო“. და უკადრისად და ხელმწიფის საწყენს არზებს მიაწერინებდა. მაგრამ ფარსადანს ყაენისათვის მოეხსენებინა: „რომ ნაზარ ალი-ხანის ვეზირი ყიასა გიორგი მეფის გაზდილი არისო და იმისი ურჩევნიაო, და ჰაჯი ალი-ხან სარდალმაც ამისთვის ნაზარ ალი-ხანს ვაზირად დაუყენაო, რომ საქართველო არისო და კახეთის ბატონი აბას ყული-ხან აცდინოსო და კახნი მოატყუოსო და ისინიც არისო, რომ სარდლის სამსახური გამოჩნდესო და ნაზარ ალი-ხანისა თვის მოუხსენებიაო, რომ თქვენი ცოლშვილი ფარსადანმა არ გამოაშვებინაო. ამისთვის წიგნს აღარ მომწერსო, მაგრამ ხელმწიფის ერთგულია ნაზარ ალი-ხანო და აქამდის თავი არ დაანებესო და ხან სარდლის ბრძანებას ქვეშ იყო და ხან აბას ყული-ხანის ბრძანების ქვეშ იყო და თავისი ვეზირიც კარგს საქმეს უშლიდა და ავს ურჩევდაო და ამით ერთგულიც გაორგულდაო და კოჯრიდან ქალაქის ციხეში შემოეხვეწაო, რომ ხელმწიფეს მისი უღონობა აცნოსო. თორა და ხელმწიფეს მოეხსენებისო, რომ ერეკლეს არც ხელმწიფე სწყალობდაო და არც ქართლი უდგა და არც კახეთი ჰქონდაო. მარტოვა თუშითაო ორგულ შაჰნავაზ მეფეს შემოებაო და თუ ხელმწიფე თავს დაანებებსო და აბას ყული-ხანს კახეთის ბატონი არ დაუმარცხებსო კახეთითა და თუშით და მთის კაცით გადაახდევინებსო და თუ ხელმწიფე ბატონობას წაართვამსო. ესენიც მათ მიუდგებიანო და უფრო გაძლიერლდებიანო“.
და რადგან შიხ ალი-ხან ეტიმადოვლე მიცვალებულიყო და მირზა თაჰრ ძველი ვაყანვისი ეტიმადოვლედ შექნილიყო, ამის ცდაში იყო რომ შხალი ხანის ნაქმარი საქმეები ავად გაასინჯოს ხელმწიფეს, საბოლოოდ არა სინჯავდა, ამისთვის რომ თავად იყო ოთხმოცდაათი წლისა და მერე ასეთი მექრთამე იყო, რომ სხვა მისებრივ არც ძველით და არც ახალი მისებრივ მექრთამე არ გაგონილიყო: და რა კარის მებატონედ ვეზირი ასე მოქრთამედ ნახეს, მათაც ქრთამის აღება დაიწყეს და ხელმწიფე ლხინის მოყვარული იყო და ვეზირს მექრთამეობისათვის პატივი ახადეს და მის ნათქვამს აღარვინ დაუჯერებდნენ და აირივნენ კარიცა და ნაპირი ალაგიცა.
რა ქართველთ ეს იცნეს, რომ ქრთამით საქმე გარიგდება ვინც ერთი ტყვე მოჰგვარა, რაც უნდოდა გაირიგებდა და ხელმწიფისას არას ნაღვლობდა: ერთ წელიწადში თვითონ და თავისი შვილნი და მოყვასნი და ნათესავნი ასე მორჭმულნი და საქონლიანი შეიქნა, რომ სხვათ ეტიმადოვლეთ ოც წელიწადში ვერ ეშოვნათ, ღვთის შიში არა ქონდა და არც განკითხვა სწამდა, და რა გინდ გლახა კაცი ენახა ხელში მზერას დაუწყებდა და თუ მისთვის არა მოეტანა რა ტუქსავდა და გინებასა დაუწყებდა: ქართლიდან ბარათაშვილი ლუარსაბ ჩაფრად მოვიდა და ლაშქარი და მიშველება ეთხოვნა ნაზარ ალი-ხანს და კახეთის ბატონი აბას ყული-ხან გიორგი მეფეს ეხმარებოდა და ეტიმადოვლე და უფროსი ერთნი კარის ბატონები განჯის ხანის საქმით გიორგი მეფეს ეხმარებოდნენ და შხალ-ხანის შვილმა შაჰყული ხან ყორჩიბაშმა და თარანის ხანი ეშიკაღას-ბაშ ხელმწიფეს ასე გაასინჯეს: „რომ გიორგი მეფე ურუმთ ტყვეთა ჰყავდაო და იმათ გამოაპარესო და თავისის ძალით ქართლი დაიჭირაო და ერთმა ახალციხის ფაშამანო შაჰნაზარ-ხან იმერეთიდან გადააგდო და ხონთქარ-მან თქვენის გულისათვის იმერეთი თავის მემკვიდრეს ბატონს მეფეს ალექსანდრეს უბოძაო და რა ცოცხალი თქვენი ერთგული არისო, რისაგან იქნასო და ან რა გაგვიჭირდა მაგისთანაო, რომ ერთმა თქვენგან გაგდებულმან ყულმანო ძალად საბატონო წაგართვასო“: ხელმწიფემ ამათი თქმული მოიწონა. მაგრამ ქალბალი-ბეგს უღურთუ-ხანის შვილს ელოდენ, რომ ხონთქარ თან ელჩად წასულიყო და შაჰნაზარ ხანც იმას გაეგდებინა და იმერეთი ისევე მეფის ალექსანდრესათვის ეშოვნა და გიორგი მეფე დაეჭირინა და წამოსვლოდა და ხუთნი თავადნი მისვლოდენ. გივი ამილახორი, არაგვის ერისთავი გიორგი და მისი ძმა ბარძიმ და ქსნის ერისთავი დავით და ბარათაშვილი თამაზ, და ამათის ძალით სხვანიც მისვლოდენ და უომრად მეფე მისმა კარგად მრჩეველმა ვეზირმა ქალაქის ციხეში შეახვეწა, თორა და სხვა თავადნი ყაენს არ წაუვიდოდნენ, ამისთვის უბძანებია ალექსანდრე მაკედონელსა: რომ სხვათა ხელით ეკალი უნდა კრიფოსო. თორა სხვა დიდი საქმეო არც ძმასა და შვილს უნდა ანდოსო, რომ მათაც თავისი ურჩევნია შენსაო და ბევრსა ჰკითხოსო, ზოგს ერთგანო და ზოგთ ცალ-ცალკეო და ჭკუითა და საბოლოოდ საქმით გასინჯეო და რომელიც გიჯობდესო ასე ჰქენო და დღევანდელ საქმეს სახვალიოდ ნუ მიაგდებო და გულის პასუხს გათავებამდის ნურვის ენდობა, რომ ერთს დიდს ხელმწიფესაო, ორი ვეზირი ჰყავდაო, ერთი ნამეტნავად ერთგულიო და მეორე ნამეტნავად ორგულიო, ის ვეზირი ტყუილის მოგონებით შეაძულაო და ხელმწიფის ცოლი სხვას თავის კერძს და ხელმწიფის ნათესავს შეაბირაო და ხელმწიფესთან თავისივე ცოლი მისად წასახდენლად მოიყენაო, ორგულები გაამდიდრაო და ერთგულები წაახდენინაო და კარგად მრჩეველი და ერთგული ვეზირი ტყუილის მოგონილობითაო და ცოლისაგან ბეზღობითა და თვითან დამოწმებით საქმე ასე გაუხადეს, რომ მართალს არას დაუჯერებდა და მოსაკლავად მოინდომა და ისიც ხელმწიფის ორგული ვეზირი მოეხმარა, და ასე მოახსენა: „მრავალგვარად ნამსახური არისო და დიდის ხნისა არისო, ხელმწიფემ აზატი ქნასო, ერთს ალაგს დაჯდესო, ხელმწიფის მლოცავი იყოსო“, დაუჯერა და ვეზირი თავის სახლში მჯდომარე შეიქნა და აღარას საქმე-შიგ აღარ გაერეოდა.
ცოტა რამ ხანმა გამოიარა, ორგულმა ვაზირმა მიმალვით ჯარი დედოფალსა და მის საქმროს შეაფიცა, ასე უთხრა: მეფეს შორეს სანადიროს წავიყვანო და შენ იქორწილეო და სალარო გახსენო და ყველას მრავალი უბოძეო. რა ეს ამბავი ნადირობაში მოგვივაო, მეც თან გავჰყვებიო და გარდასახვეწებო და ვინც ხელმწიფესა გამოჰყვებისო თითო-თითოს აქავ გამოგიგზავნიო და მათ უკან მეც წამოუვალო. მუხანათი ვეზირის ნარჩევი ავგვარმა და ავსაქციელმა გაათავა. და ეს ამბავი ნადირობაში მეფეს მოუვიდა და მუხანათმა ვეზირმა სხვა რჩევა აღარ დააცალა, თვითონაც თან გაჰყვა და სხვას ქვეყანას გადაეხვეწა, ჯარიც გაუორგულა და თვითანც წაუვიდა.
ხელმწიფე აბდლად შეიკაზმა და მარტოვა ქვეყნის ტარება დაიწყო. ერთ მეცხვარესთან მივიდა, ნახა რომ ერთი ქოფაქი ძაღლი დაუკიდნია და ძალიან სცემს და ერთს სხვა ძაღლს ხორცს უჭრის და აჭმევს: ჰკითხა მეცხვარესა: „რისაგან არისო, რომ ერთსა აგრე ძალიან სცემო და მეორეს აგრე კარგად ეპყრობიო. მეცხვარემ მოახსენა: ამას რომ ვსცემო ძუ მგელი შეიყვარაო და როცა მოვიდოდა ერთს ცხვარს მისცემდაო და მრავალი ცხვარი გამიცუდაო და ამ ძაღლს რომ ვაპატივებო, როცა მგელი მოდისო, შექნის ძლიერ ყეფასო და წუწკუნსაო. მეც გაუწყრებოდი და დაუწყებდი ცემასაო და ეს ძაღლიც დაუწყებდა კბენასაო და დღეს ცისკრისას ძუ მგელი მოსულიყო და ამას ცხვარი წინ წაგდოდა და მიყავდაო. ამ ძაღლმა ფეხის-ცემითა და თავის ქნევით მაცნობაო და წუწკუნით წინ წამიძღვავო, ცხვარი მოეკლაო, რომ არ წაუვიდესო და თვითან მგელს შეჰკლეტოდაო, ასე მათზე მიმიყვანაო, რომ გაყრა ვეღარ დამასწრესო, მგელი მოვჰკალი და სამი დღე არის ქოფაკს ორგულობისათვის ვსცემო და იმათ მოკლულს ცხვარსაო უხარშავო და ამ ერთგულს ძაღლს ვაჭმევო“.
რა ხელმწიფემ ესეები მეცხვარისაგან გაიგონა, ამოიხვნეშა, თავისის ვეზირების ორგულობა და ერთგულობა მოაგონდა და ცოლის სხვათ ბირება და ლაშქრის გაორგულება და კარგი ვეზირის არ დაჯერება და ავისა და ორგულის ვეზირისაგან თავის მოთხრა და შერცხვენა და სახელმწიფოს წართმევა და ცოლის გაცემა მოაგონდა და ასე თქვა: „მივალ ძველ ვეზირისასაო, უნდა მამკლას უნდა დამარჩინოსო“. დავრიშულად მიდგა, როგორც გლახა ერთგული ვეზირის კარსა. რა ვეზირმა ნახა ფიცხლავ იცნა და დიდის ტუქსვით გარე გააგდებინა და უღონო ქმნილი დაბრუნდა და ვეზირიც თან-გაჰყვა და მარტოკა ნახა და ასე უთხრა: „ამისთვის დაგტუქსე და უკადრისი სიტყვები მოგახსენო, რომ თქვენი გაცხადება არავინ შეიტყოსო, ჩემის ბაღის კარზე გლახათათვის სადგომი გამიკეთებია და სასმელ-საჭმელი, ტანისამოსი გამიჩენია, როცა ბაღში მოვალო სამარტოდ დაუძახებლად თან-გამომყევო და უაზრობისათვის კიდეც გაგიწყრებიო, დრომდე არავინ შეგვიტყოსო“. ხელმწიფემ მადლი მოახსენა და ამ ერთგულმა ვეზირმა სამ წელიწადს მრავლის ჭკუვითა და საქონლის გაცემით სრული ჯარი და თემი ასე მოიყვანა, რომ ახალმა ხელმწიფემ ცოლი მალვით დაახრჩო და ვეზირი ხეზე ჩამოახრჩობინა და დედოფლის ყმანი და ნათესავნი გაუავდენ და ვეზირის კერძნი თავადნი და ნათესავნი შეშინდნენ და შემოფრთხნენ: ამისთანა დროს ძველი ხელმწიფე გააცხადა და მეფენი და თავადნი და ერისმთავარნი შემოეყარნენ და ახალი ხელმწიფე შეღონდა და ღონეს რამეს ეძებდა. მისი მისანდო კაცი ვეზირს გაუგზავნა: „შენის დაუჯერებლობისათვის ორი ხელმწიფე იმ მუხანათის ვეზირის საქმით წავხდითო, ახლა რომელიც გვიჯობდეს გვირჩიეთო“. ვეზირმა ასე შეუთვალა: „რადგან ჩვენ შემოგვეკითხეთო, გვმართებს ღვთის წინაშენო, რომელიც გიჯობდეს ის გამოგარჩიოთო, ჯარი და მეფენი და თავადნი შენ წაგსვლიან და მას მისვლიანო, შიშით შენ აღარვინ მოგივაო, სალაროს კარი გააღეო და დიდი გაცემა ჰქენო, რომ შენი გადახვეწა არვინ იაზროსო და ამ გაცემის დროსა, რაც ძვირფასი თვალ-მარგალიტი იყოსო, რომ თან წაღება შეგეძლოსო ნაპირის ალაგამდის გაცემითა და ლაშქრის გროვებით და რომელიც წასაღებლად გინდოდესო ფეშქაშის მაგიერად წინდაწინ გაგზავნეო, თუ დაატყო რომ შემობმა შეგიძლიაო, კარგი არისო და თუ შემობმა არ შეგეძლოსო ნადირობის სახელით მშვიდობით გაეცალეო და თუ დრო დაიცე კიდევ წამოეჭიდეო, თორა და საცა იქნები შენი სარჩო გექნებისო და დიდი პატივი და ნებიერობა გექნებისო“. ხელმწიფემ მოუწონა რჩევა და ასე ქნა, როგორც მოეწონა და ხელმწიფობითა და დიდის დიდებითა და სალაროთა და მორჭმით გაეცალა და ზოგნი თან გაჰყვნენ და უფროსი ერთი დაბრუნდენ და თავიანთ ძველს ხელმწიფეს იახლეს და დღევანდლამდის“. ეს არაკი მიემსგავსების ნაზირ ალი-ხანის საქმესა და მისის ვეზირის გარიდებასა. ნაზარ ალი-ხან უომრად და გაუჭირებლად ქალაქის ციხეში შეახვეწა და გიორგი მეფემ უომრად და გაუჭირებლად ქართლი დაიჭირა და კახეთის ბატონი ყასამ თავისი კერძი შექნა და რაგინდ ცუდი საქმე ყოფილიყო ერეკლე მეფისაგან კახეთის ბატონს აბას ყულიხან-თან თვითან გაეგზავნებოდა და ისიც ერეკლე მეფეს გაუავა და გიორგი მეფის კერძი შეიქნა. მაგრამ მაშინაც ერეკლე მეფე ამ ვეზირის უნებურს ვერას იქმნოდა და ამას უკან რამოხდება ღმერთმან უკეთ უწყის.
ამ დროს ბარდის ხანი ჩაფრად მოვიდა და ქართლის თავადთაგან ხელმწიფეს არზა მორთვა, რომ ჩვენ გიორგი მეფის მეტი ბატონი არ გვინდათო. ხელმწიფემ ჩვენი სახვეწარი შეიწიროსო და ქართლის მეფობა უბოძოსო და თუ ამან ხელმწიფის ოჯახზე სტყუოსო, ჩვენ გადაგვახდევინოსო და ზოგ-ზოგს ხელმწიფის კარის კაცთაც ქვეყნის დასაწყნარებლად გიორგი მეფის მიცემა უნდოდათ და ზოგნი ხელმწიფეს ასე ეუბნებოდნენ: „ურუმთ ქვეყნის გულისათვის გაყარესო და იქით გამოპარულმა თავისი ძალით საქართველო დაიჭირაო და თქვენგან დასმული მეფეო ციხეში შეახვეწაო, ამისი დათმობა ხელმწიფისათვის უკადრისი იქნებისო“. და ამ დროს ქიჩი მაქრანელი ქირმანს არბევდა და ოსბეგნი ხორასანს აოხრებდენ და ქურთნი ადრიბეჟანის სანაპიროს ეჭიდებოდენ და ზოგი ადგილი დაეჭირათ და ხელმწიფე ლხინსა და ღვინის-სმას იყო და კარის კაცნი არას უკან იყვნენ და გაცხადებით ქრთამს იღებდენ და შიში და მორიდება აღარ ვისგან ჰქონდათ, რაგინდ კაცი მტყუანი ყოფილიყო ქრთამის ძალით მართალს კაცს გაამტყუნებდნენ და მტყუანს გაამართლებდნენ, და მერჯულეთაც სხვათა მოსამადლიერებლად ჰგმეს ღმერთი და შეცვალეს სამართალი და წაიწყმინდეს სული და მართალი გაამტყუნეს და მტყუანი გაამართლეს და განკითხვა და წარწყმენდის შიში აღარ ქონდათ და ვისაც ვისიმე ემართა და ან მიებარებინა აშოროს იტყოდა და ნახევარს ქრთამად გაიღებდა და პატრონს აღარას მისცემდა და თუ არ ჯარით ამ სოფლით იმ სოფელში ვერ წავიდოდა და ყველგან მზირნი გზისა და ქურდნი ატეხილიყვნენ და ვისაც ძალა ქონდა ქვეყანას ძარცვავდა და შეკვეთით მორჭმულთა და მქონებელთ საქონელსა სთხოვდნენ. თუ მისცემდნენ თავის თავს გადაირჩენდნენ და თუ უარს ეტყოდნენ, ან ღამით თავს დაესხმოდნენ და დახოცდნენ და საქონელს წაიღებდნენ და ან დღისით დანას შესცემდნენ და მოჰკლავდნენ და ესეები ნამეტნავად ისპაჰანის ქალაქში იქნებოდა და განკითხვას არ იტყვის; ამისთვის რომ ქრთამის აღება იყო და სიმართლე და შიში ღვთისა და ხელმწიფისა აღარვის ქონდა და ნაპირის ქვეყნებში ხმა გავიდა: „რომ ხელმწიფე ღვინის-სმასა და ლხინს არისო და კარის კაცნი გაცხადებით ქრთამს იღებენო“. ამისთვის ყოველი სანაპირო ქვეყანა არია და ზოგნი საქართველოს კაცნი ისპაჰანს ჩამოვიდნენ და ცოტას რისიმე ქრთამის ყაენის უნახავად რაც უნდა გაირიგენ და წავიდნენ და რა ქართლს მივიდენ ხელმწიფის კარის ამ რიგის ამბები მიიტანეს, მათაც გაბედეს. ერეკლე მეფე უომრად ქალაქის ციხეში შევიდა და ქვეყანა მეფემ გიორგიმ დაიჭირა და ასე თქვა: - ყაენის კარზე ჩავალო და მეფის ძმა ლევან ჰერათს იყო და ლუარსაბ ქირმანს, კარზე ითხოვეს, ამისთვის რომ გიორგი მეფეს უფრო გული დაედებისო.
ამ დროს კახეთის ბატონ აბას ყული-ხანს ბარდის ხანი ჩაფრად გამოეგზავნა და გიორგი მეფის კაცებიც თან-გამოეტანებია და ამას წინად რომ იწერებოდა „ყაენის კარზე ჩამოვალო“ ახლა გაცხადებით განჯის ხანისათვის მოეწერა: „რომ ხელმწიფეზე არა დამიშავებია-რაო, გამიწყრაო და გამოვეცალეო და ახლა ქართველთ ფიცით გული შემაჯერესო და ყველანი მამივიდნენო და არავისთვის არა შემიცოდებია რამეო, ჩემი საბატონო დამიჭირავსო და ხელმწიფისაგან ამას მოველიო, რომ თავისად ყმად მიყოლიოსო“. და ქართველთაც ხელმწიფესთან არზა მოეწერათ: „რომ ჩვენ გიორგი მეფის მეტი ბატონი არ გვინდაო, ამას მოველით ცათა სწორის ხელმწიფისაგანო, რომ ჩვენი სახვეწარი შეიწიროსო და ამისი დანაშავები ჩვენ გვაპატიოსო და თუ ამან ხელმწიფის ოჯახზე სტყუისო, ჩვენ გადაგვახდევინოსო“. ეს ამბები და გიორგი მეფის არ ჩამოსვლა ხელმწიფეს ეწყინა და პაშტა ხანობამდის ბარდის ხანი არ ინახვინა და არც ამბავი ჰკითხა.
ამ დროს ერეკლე მეფის ჩაფრები მოვიდნენ და ხელმწიფისათვის არზა მოეწერა. „რომ გიორგი მეფეს გაეგონათ, რომ ხელმწიფის წყალობა, ხალათი და თაჯი და თომარი უბოძებიაო, ჯარი მიეგება რომ წაერთმევინა, ეს ამბავი მოგვივიდა, ვინც ქისიყელნი გვახლდა დაუძახეთ, იმათგან ორი კაცი მოეკლათო და ხელმწიფის ხალათი მოგვიტანოსო, მივეგებენით, ხელმწიფე დავლოცეთ, ხალათი ჩავაცვითო და ქალაქში შემოვედითო და გიორგი მეფეო ვერის წყალზე დგასო და ხელმწიფის ბძანება რა იქნებისო, გვიბძანოსო: კიდევ ყური არ ათხოვეს: ამ დროს კიდევ გორის მინბაში ძმა ჩაფრად მოვიდა და ეს ამბავი მოიტანა: „გიორგი მეფემანო გორის ციხეს ყოველმხრით გზები შეუკრაო და საჭმელს ვეღარაგზით შემოიტანებენო და ამილახორის გივის ძმისწული იოთამ ბეგო ჯალაბით გორის ციხეში შემოვიდაო და ყაენის ურჩსა და ორგულთ ებძვისო და საამილახოროდ იმას ითხოვენო და გორის უფროსნი და თავნი კაცნი ძღვენით გიორგი მეფესთან მივიდნენო და ასე მოახსენესო, ციხის აღება არ შეგიძლიანო და ბოლოს ისევე ყაენი გვაჯობებსო და თქვენ ორგულად დარჩებითო, ქართლი ხელთ გიჭირავსო, ციხის ბძოლას დაეხსენო“. ამათი ნათქვამი სიტყვები მოუწონა და ციხიდან მოშორდა და ეს ამბები ნაზარ ალი ხანს ყაენისათვის მოეწერა.
ამ დროს ქალბალი-ბეგ უღურლუ-ხანის შვილი ყაჯარი, რომ ხონთქართან ელჩად წასულიყო, მოვიდა და ხონთქარის სიკეთე და კარგად დახვდომა და წყალობის გაახლება ყაენს მოახსენა და ხელმწიფეს ეამა და მაშინაც ქართლისა და კახეთის ჩაფრები არ გაისტუმრეს და აღარც ქალბალი-ბეგს განჯის ხანის შვილს ურუმული ამბავი ჰკითხეს და განჯის აბას ყული-ხან რომ კახეთში ბატონობდა, იმას უბძანეს: „ნაზარ ალი-ხანთან თბილის ქალაქს მიდიო“. ორნივ თბილის ქალაქს შეიყარნენ. და გურგი-ხანი ხან ქართლს იყო და ხან სომხით-საბარათიანოში მივიდოდა და მის ამბავს ნაზარ ალი ხანი და აბას ყული-ხანი ყაენსა ჰსწერდნენ და ხელმწიფემ ყური არ ათხოვა, ლხინს იყო და პასუხი არ უბძანა და ნაზარ ალი-ხანსა აბას ყული-ხან შუა სამდურავი ჩამოვარდა და ერთმანეთს გურგი-ხანის მიმხრეობას სწამობდენ და ყაენთან იბეზღებოდენ და აბას ყული-ხანს უნდოდა რომ უომრად გიორგი მეფე ყაენის კარს გაეგზავნა და ნაზარ ალი-ხანი ამისთვის ჩქარობდა, რომ საბატონო მისი გიორგი მეფეს ეჭირა და თვითონ ქალაქში იყო და არსაით წასასვლელი არა ჰქონდა.
ფარსადან ვიტყვი ამას, ვიმოწმებ მართალსა მამასა, ბედნიერი ყაენი ნაზარ ალი-ხანის ხელგამოუმავლობისათვის ჩვენზე ავგუნება შეიქმნა და ნაზარ ალი-ხანიც გაგვიავდა და მტერმმა დრო დაიცა და დაგვიწყეს ბეზღობა და უწინ დავით შვილი ჩემი სიყმაწვილისა და ამაყობისათვის დაბეზღდა და დააჭერინეს და ოთხ წელიწადს ტყვეთა ჰყავდა და მას უკან ჩემი ძმა ალექსანდრე ერანის ზარაბბაში იყო და სიტყვა შეუსმენელი და დაუჯერებელი და თავის მამწონე იყო და ხელმწიფის საქონელი ვისაც მისწვდა ასესხა და ჩემი ვერა შევასმინე-რა, დაბეზღდა, დააჭერინეს და საქონელი წაართვეს, ნახეს, რომ არა აქვს-რა და მობეზღართ-სიტყვა ტყუილად გამოვიდა, ხელმწიფეს მოახსენეს: „რაც ზარაბ ბაშსა აქვსო, მის ძმას მელიქსადათ ბეგ უზბაშისთან აქვსო“. ისიც დააჭერინეს ადრიბეჟანს ვეზირსა, ნახეს რომ არცა-რა მას აქვს, ხელი აიღეს, ცოტა რამე ადრიბეჟანის ვეზირის შვილისათვის მიეცა, თავრიზის ჯანიშინთან მოვიდა და იმას თხოვა დაუწყო, ეს ადრიბეჟანის ვეზირს ეჯავრა და ყაენს არზა მოსწერა: „უზბაშს ჩემი ბეჭედი გაუხსნიაო და რაც კარგი რამე ყოფილაო ამოუღიაო“. მეორედ უბძანეს დააჭერინეს და რაც თავისი და ჩემი და ჩემის შვილისა იყო ყველა ზავთი ჰქმნეს და თვითონ თავრიზს მოიყვანეს და ამის უარეს ღირსი იყო. მისთვის რომ, ჩემი უნებური იყო და ასეთის კაცის ქალი შეირთო, რომ ღვთის საწყენი საქმე აქნევინეს და სოფელი ამირია და ჩემი ქონება თავის ცოლის ძმებს უგზავნა და ჩემთვის ვერ გამოიმეტა. წელიწადს ნახევარს ასე ავად ვიყავ, რომ ჩემი სიცოცხლე არავის ეგონა, ათჯერ კაცი გაუგზავნეს: „შენს უნახავს ნუ მომკლავ მეთქი“. სხვის გაყრის დაუთმობლობით არ შემიბრალა, არც ჩემი ნახვა მოინდომა: „კიდევ ჩაფარი გაუგზავნე რაგინდ ჩემი ნახვა არ გინდა იჯდე იდექ და თუ იდგე ნუ დაჯდები. თორა და დაჭერილს ჩამოგაყვანიებ-მეთქი“. ჩემი სიტყვა აგდებით შეისმინა და თავრიზიდან არ წამოვიდა, შინ წავიდა და იასაული მივიდა და დაიჭირეს და რომ კიდევ არ დაეჭირათ, მაშინ არ წამოვიდოდა, მაგრამ ღმერთმა ადღეგრძელოს ბედნიერი ყაენი. რა გინდ შვილი და ძმები ჩემი ტყვეთა ჰყავდა, რასაც მივსწერდი და გაუგზავნიდი, შეუგზავნიდენ: არზა მივწერე და თავისი ხელნახლები პური ვსთხოვე და ღმერთმა ადღეგრძელოს, ერთი სუფრა პური და ყოვლის საჭმლისაგან კერძი ებოძა და მესამეს დღეს ჩემი შვილი აზატი ექმნა და ჩემთან გამოეგზავნა და ებრძანებინა: „შენის გულისათვის ტყვეთა მყავდაო, რომ შენ გაწყენინებდაო და თუ გავიგონეო, რომ კიდევ გაჯავრებსო ავად მოვეპყრობიო“. რა ხელმწიფე მწყალობელი შეიქმნა, სხვანიც დატკბენ და მტერობა მოშალეს.
...ნ ბეგს მიაბარეს და ყაენი მრავალის დამთმო იყო და უნდოდა უომრად და უჩხუბრად საქართველო დააწყნაროს და გიორგი მეფეს და ქართველთ ხელმწიფისა ნამეტნავად შიში ქონდათ და ერიდებოდათ. ამისთვის კარზე ჩასვლა ვერ გაბედეს. მაგრამ წიგნის მოწერითა და კაცის გამოგზავნითა დანანებითა და ბოდიშის თხოვნით ეხვეწებოდნენ, მაგრამ მეფემ ყური არ ათხოვა და არც პასუხი მისცა, არც მათ და არც მეფეს ნაზარ ალი-ხანს და ყაენის დედას ნაზარ-ალი-ხანის ელენე დედოფლისათვის ასე ებრძანებინა: „შენმა შვილმა ერთი თუშეთის სოფლითაო შანავაზ ხანს და მის შვილს შაჰ-ნაზარ ხანსო ორჯერ შეება და კახეთი წაართვაო, რომ არც ხელმწიფე უდგაო და არც სხვანი ჰყავდაო და ახლა ხელმწიფე სწყალობსო და ქართლის მეფობა მისცაო და კახეთი და თუშნი და განჯის ხანი და არაზს იქითი ლაშქარი მიაშველაო და მაშინ ქალაქის ციხით არ გამოვიდაო, რომ თავის მოცილეს პასუხი გასცეს, პაპამისმა ბატონმა თეიმურაზ სრული ქვეყანა შეაჯერაო და გარეშემოს მისას არბევდაო და მრავალჯერ ხელმწიფის ლაშქარს შემოებაო და შენმა შვილმანო, ვერ ქნა-რაო, რა-გინდ ხელმწიფე მის მწყალობელი არისო და საქართველოდან იწერებიანო, რომ მათი სიტყვა და პირობა ერთი აქვთო და შენი სიძე არჩილი შენს შვილს ვერ გამოუმეტებიაო, ამაში ხელმწიფემ რა ქნასო, ან უღონო არისო და შენს შვილს მეფობის ქნა არ შეუძლიაო და ან ამათთან პირობა ერთი აქვთ და ხელმწიფე აღარ ენდობისო, ქართლი და კახეთი ხელთა აქვსო და არაზს გაღმართი ლაშქარი მიაშველაო, ეცადოსო, რომ ასეთი საქმე ქნასო, რომ მობეზღართ სიტყვა გაამტყუნოსო. შეებასო ან თავს დაესხასო, ან მოკლასო, ან შეაკვდესო, ხელმწიფეს სამსახური და ხელთ-გამამავლობა დაინახოსო და მრავალი წყალობა დაიმართოსო. თორა და თვითონ იცისო: აქ ხელმწიფეს მოახსენაო, წავალ და ყველას მხარ-წაკრულებს გაახლებო, და წავიდა და ერთი ასეთი სამსახური ვერა ქნა რაო, რომ ხელმწიფის საამებელი ყოფილიყო, აქ ამბობდა ჩემის ყმის შვილებნი არიანო და ახლა იმათგან საჩივრის წიგნებს იწერებისო, ამაში ხელმწიფემ რა უნდა ქნასო. ესეები თქვენს შვილს მისწერეო, მართალი თავისი ფიქრი ქნასო, რომ მტრის გულისა არ შეიქნასო“.
ესეები დედოფალმან შვილს მისწერა. „რომ ხელმწიფემ მიბძანაო და ყოველს კაცს სიტყვას ნუ ანდობო, ხვაშიადსა და გულის მისანდოსა და რაც გინდა საქნელად შეუტყობლად ჰქენით, თორა და რა შეგიტყობს ეცდების თავისი საქმე შენსას აჯობინოს: ამისთვის ნათქვამია ფილოსოფოსთაგან, რომ საქონელი მიფარვით შენახული სჯობსო და სიტყვანი თავად სრულ ცოტამთქმელი სჯობს და მერე ყველას ნუ ენდობითო. ამისთვის რომ და კაცია მაამებელიო, თუ როგორც ხორბალი მიწაში მიფარვით ერთი ასად მოგეცემა და თუ მიწას ქვეშ არ მიგიფარავს ფრინველნი შეგიჭამენ, მოსავალი წაგიხდება და თვითონ გაირჯები: აბა სიტყვანიც ასეა. თუ მიფარვით გაქვს, საქმე გაგირიგდება, თორა და შენს მტერს შენს საწადელს ეტყვი და მაგიერს ისიც ეცდება, რომ გაჯობოს. ასევეა საქონლისა მიფარვით შენახვა, ამისთვის რომ უქონელს არც მემშურნე აუტყდება და არცა მოძალადე წაართვამს რამეს“.
თვესა მაისს კახი ბატონი მეფის ერეკლეს ძე, მეფე იმამყული-ხან მარტყოფს მობძანდა და მარტყოფიდან დაიწყო სიარული და ქალაქს აბანოში შევიდა და ქართველის ბატონისშვილი ვახტანგ მაშინ ქართლის ჯანიშინი იყო და ამის ჩასვლა რომ შეიტყო დიაღ ეწყინა და კაცები მოუვიდა ვახტანგს. „რომ კახი ბატონი ჩამოვიდა და ქალაქის ტახტზე დაჯდაო“. ამათში შეიქნა ერთი ტირილი, მეორე მოსვლა. მაგრამ კახი ბატონი იმ გზით არ ჩასულა და არღარა ამის გუნებაში ქართლის დაჭერა სდომებია იმ ხანათ. მაგრამ იმათ ეგონათ: ამათში ცოტა რამ ლაპარაკი მოხდა, კახმა ბატონმა იმამყუ-ლი-ხან იმ ლაპარაკს ყური არ მიუგდო: ეს დაიწერა მაისის გასულს, ქორონიკონსა ტჟა (1693), ღმერთო ხელი მოუმართე კახს ბატონს და კახეთი დღეგრძელობასა და გამარჯვებაში ახმარე.
თემურ ლენგის ლაშქრობების ისტორია. გადმოწერილია ფარსადანის მიერ შერეფ ად დინ იაზდის თხზულებიდან, მცირედ თავისი ჩასწორება-ჩამატებებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий