ეს თხზულება აგრძელებს ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ს
მოსცა ნადირ-შამ თეიმურაზს ქართლი, ხოლო ერეკლეს, ძესა მისსა, კახეთი, მერმე მოვიდა თეიმურაზ ტფილისს ქრისტეს აქეთ ჩღმდ (1744), ქართულის ხუთასიანს ქორონიკონსა ულბ (432): ჟამსა ამას იქმნა ესრეთი განსაცდელი, რომელ არა-სად შემთხვეულ-არს ესე-ვითარი. მით რამეთუ ყოველთა შორის უბოროტესმან თაზისშვილმა ტარიელ მოკლა ხანჯლით კათალიკოზი ნიკოლაოზ და იგი განლტოლვილ განიტვინა ქვემო სატიოსა რიყესა ზედა და ნაცვლად მისსა ჰყვეს კათოლიკოზად ანტონი, მეფის იესეს ძე.
ხოლო წელსა ჩღმე (1745), ქორონიკონს ულაგ (433), განძვინდა გული ნადირისა ყოველსა სპარსეთსა ზედა და წარსწერა არბაბი: წელსა ამას დასდებენ ქართველნი ეპოსად ანუ ქორონიკონად, რომელსაცა უწოდებენ არბაბობის წლად: ხვედრსა ამას ქართველითაცა შეხვდათ ორმოც-და ათი-ათასი თუმანი, რომლისა-გამო მიეცნენ ერნი ჭმუნვასა და იწყეს განბნევად უცხოთა ქვეყანათა. მხილველი ამის მეფე თეიმურაზ წარვიდა იძულებული წინაშე ყაენისა, რათა განარინოს სამეფო თვისი ესე ვითრისა სიმძიმისა-გან და ოდეს მიიწია თავრიზს, იქ ჰსცნა სიკვდილი ნადირისა, რომელიცა მოიკლა მამად-ხან ყაჯრისა, მუსა-ბეგ ირილელისა და ყოჯა-ბეგ გუდუზელისა-გან, ბირებითა ძმის წულისა მისისა ალიყულ-ხანისათა, რომელ მასცა შეხვდა არაბაბსა ამას ურიცხვი ჯურუმი და იქმნა ალიყული-ხან ყაენად, რომელსაცა უწოდეს ადილ-შაჰდ.
მაშინ თეიმურაზ მეფე აღარარა მოიქცა ტფილისად, არამედ წარვიდა წინაშე ყაენისა, ვინაიდგან იყო სიძე მისი. ჟამსა ამას ორგულ-ექმნა ადილშას ძმა მისი იბრეიმ-ხან, რომელიცა იყო ბეგლარ-ბეგი ისპაანისა. ამან მოკლა ზორაბ-ხან სააკაძე, ვეზირი ადილშაისა. ხოლო ესე იქმნა დასაბამი სიძულილისა ძმათა შორის. მოვიდა ესე ადრიბეჟნს და მოუწოდა თვისთა-თანა ამირა ასლან-ხანს, რომელიცა იყო ესე დადგენილი ბეგლარ-ბეგად ნადირისაგან ადრიბეჟანსა შინა. ესე მოვიდა მის-თანა.
სცნა რა ესე ადილ-შაჰმა, მოვიდა ზანგანს, იკვეთნენ იქ, იძლივა ადილშა. უკასანსკნელ შეიპყრეს და აღმოხადა თვალნი იბრეიმ-ხანმან. ხოლო დაუტევა იქ ამირ ასლან-ხან გამგედ და თვით წარვიდა ჰამადანს. სცნეს რა ესე ხორასნელთა, მაშინ გამოიყვანეს ციხით შარუხ-მირზა, ძე რიზაყული მირზასი და ძის ძე ნადირისა, რომელიცა ჰყვა პყრობილად მაშინ ადილშას, შემდგომად მოწყვეტისა ძეთა ნადირისათა, რომელიცა მოსწყვიტნა მან და დასვა ესე განზრახვითა ამით: ,,უკეთუ ერანელთა არა ინებოს მონება ადილშაისა და მოითხოვონ მეფედ ძევე ნადირისა. მაშინ გამოიყვანოს ესე და დააცხროს ამით რუდუნი ერთა ამათ“.
ჟამსა ამას მოვიდა ყილიჯი ალი-ხან განჯით მხედრობითა. ესე ალი-ხან, რომელიცა პირველ იმყოფებოდა ტფილისს ხანად, მოიყვანა ამან საამ ვინმე, რომელსაცა უწოდდა სეფაბიათა შთამომავლობათაგან და შეუგზავნა კაცი მოსრულმან კუმისს მეფესა ირაკლის, რათა ემონოს და წარუგზავნა დაბეჭდილი თეთრიცა სახელსა ზედა საამისასა. მაგრამ იძლივა-რა მეფისაგან, მსწრაფლ უკუნ-იქცა. ჟამსა ამას ორგულ-იქმნა იბრეიმ-ხანს ამირ-ასლან-ხან და მოადგა შუშის ხოლო ციხეცა ქალაქისა განამაგრა დურან-ხან ბეგ-მან, რომელიცა იყო დადგენილ სპარსთა-გან მცველად და ციხესა ამას შეერთდნენ ციხელნი თათარნი. სცნა-რა ესე აბდულ-ბეგ-მან, ძე-მან მეფისა ისესესა-მან, რომელიცა ჟამსა მას დადგენილიყო განმგედ ბარათიანთ ზედა მეფისა თეიმურაზისა-გან, ესე ორგულ-ექმნა მეფესა ირაკლის და სთხოვა ამირასლან-ხანს მხედრობა. ხოლო მანცა წარმოუგზავნა. მაშინ მოვიდა სოლოლაკსა ზედა უეცრად, განვიდა მეფე მცირედითა მხედრობითა, ვინაიდგან მაშინ მცირე ჰყვა მხედრობა, განვიდნენ ერთისა უკვე მხრით მოქალაქენიცა, რომელთაცა იბრძოლეს ფრიად მხნედ, იძლივნენ მხედრობანი სპარსთა და ბარათიანთანი, ესრეთ რომელ ერთი იპყრობდა ათსა. ხოლო ერთმან მებაღემანცა შეიპყრა ცხრა ყიზილბაში და უკუიქცნენ სირცხვილეულნი და შეიქცა მეფე ქალაქად გამარჯვებული.
მაშინ გამოვიდა ლეკი და მოარბივა აჭალა და მარტყოფი და წარვიდა. ხოლო მეფე განვიდა საყინულესა-თანა წყალსა ტივებითა, ვინაითგან არა ძალ იდებოდა კარსა ავლაბაროსასა განსვლა, რომელ მეტეხიცა აქვნდათ გამაგრებულ ციხელებს, ჩავიდა ქისიყს, შემოკრიბა მხედრობანი კახთანი, ეწია ლეკთა დანღისხ და სძლო. ეჰა საკვირველი, რომელ დევნასა მას ლეკთასა წარმოიქცა ფლატე ივრისა და მოსწყვიტნა უმეტეს სამასისა ლეკნი ცხენითურთ მოტანითა ქვეშე და სძლო და უკმოქცეული მოვიდა ღამესა მას და დადგა დედოფლის წყლისა ზედა. ხოლო ლტოლვილნი იგი ლეკნი მიიწივნენ რა ალაზანს, იქ იხილეს ხოჯას ლეკი ვინმე, რომელსაცა ჰყვა შეყრილობა ლეკთა და სწადდა გამოსვლა კახთა ზედა. მაშინ შეერთდენ ესენი ღამესა მას და დაეცნენ განთიად თავსა ზედა მეფესა, მაგრამ იძლივნენ ლეკნი. მაშინ შემოიკრიბა იქ მეფემან მხედრობანი კახთანი სრულიად, გორიდამცა ჩამოატანინა ზარბაზანი იგი დიდი ბოჭორმისად წოდებული და აიღეს მეტეხი. ხოლო უკანასკნელ თაბორი და თაბორითა იწყეს რა ცემა ზარბაზნითა მით შეჭირვებულთა მათ ერთა მოსცეს ციხე მეფესა.
ჰსცნა რა იბრეიჰ ხან-მან ორგულება ამირ-ასლან ხანისა, წარმოვიდა მას ზედა. ხოლო ძლეული ამირ-ასლან-ხან შეიპყრეს ყარადაღს და მიიყვანეს იბრეიმ-ხანისა წინაშე, რომელმანცა წარკვეთა თავი და იწოდა იბრეიმ-ხან ყაენად, ესე იგი იბრეიმ-შაჰად და წარვიდა შარუხსა ზედა, სადაცა მხედრობათ მისთა შეიპყრეს იგი გზასა ზედა და მიიყვანეს შარუხ-ხანისა წინაშე და მან წარკვეთა მას თავი.
ხოლო შარუხსაცა ქურითთა ხაბუშანისათა აღმოჰხადეს თვალნი და ჰყვეს მაშათსა შინა ხელმწიფედ და იქმნა ერანსა შინა ფრიადი აღრეულობა. ხოლო მეფე თეიმურაზცა მოვიდა წელსა ჩღმჱ (1748), ქორონიკონს ულვ (436): ჟამსა ამას მოადგა მამად-ხან ყაჯარი, ერთი იგი მკვლელთაგანი ნადირისა ერევანს და ლამოდა დაპყრობასა მისსა. ევედრნენ ერევნელნი მეფესა თეიმურაზს და წარვიდა ესე მხედრობითა, სძლო მამად-ხანს, აიღო ფრიად ალაფი, გადაარჩინა ერევანი მოოხრებისაგან. გარნა და მოხარკე-ჰყო მან ერევნელნი და მოვიდა ტფილისს.
ხოლო მოვიდა წელსავე ამას ფანა-ხან შუშისა განჯას. მაშინ წარვიდა მეფე თეიმურაზ ძითურთ თვისით მეფე ირაკლით შველად განჯისა. ჰსცნა-რა ფანა-ხანმან მიმავალობა მათი, დაუტევა გარმოდგომა განჯისა და უკუნ-იქცა ყარაბაღად. ჰსცნეს-რა ესე მეფეთა შეუდგნენ უკანა ამას და ჩავიდნენ ყაღაბაღს, ეკვეთნენ ყარადაბად წოდებულსა ადგილსა იქ იძლია ფანა-ხან, სადაცა მხედრობამან ქართველთამან მოარბივეს, ვიდრე ხუდაფრინამდე და ესე-ოდენი იშოვეს ალაფნი, რომელ ცხვარი იყიდებოდა აბაზად. ხოლო ცხენი, კამეჩი და ძროხა ხუთ-აბაზად და უკმოიცნენ ალაფითა გამარჯვებულნი.
წელსა ჩღმთ (1749), ქორონიკონს ულზ (437) შეერთდნენ მეფენი აჯიჩალაბისა შაქისა ხანისა-თანა, სადაცა შემოიკრიბნეს მხედობანი და წარვიდნენ ჭარსა ზედა და რაოდენ ევედრნენ ჭარელნი მონებასა არა უსმინეს მეფეთა და მივიდნენ რა ჭარსა ზედა. მაშინ აჯიჩალაბიცა შეუერთდა ჭარელთა და განტეხა აღთქმა თვისი, იძლევნენ იქ ფრიად მეფენი, მაგრამ მეფენი განერნენ მშვიდობით. ხოლო ალაზანს შინა, ვინაიდგან გაუჭირდა მეფესა ერეკლეს გამოსვლა, რომელ ქვევითნი იგი ქართველნი, რომელნიც მოაქვნდა წყალსა ეხვეოდენ ცხენთა განარინებისათვის. მაშინ ბებურის შვილმან პაპამ მოსწყვიტა კაცნი იგი და განიყვანა მეფე მშვიდობით ხოლო ვინაიდგან ნაპირი მდინარისა ალაზნისა არს ფლატოან, ამად პაპამ იქ ვერღარა აღიყვანა ცხენი მეფისა და ვირე მოატარებდა შორს ქვეითისა მყოფსა მეფესა შემთხვევა ბოსტაშვილი მაჩხანელი და მოართვა ცხენი და ესრეთ განერა მეფე. ხოლო ამასვე წელსა განძლიერდა აზატ-ხან ავღანი სპარსეთსა შინა წარმოვიდა ერევანსა ზედა, ევედრნენ უკვე ერევნელნი მეფესა თეიმურაზს, რომელმანცა წარუგზავნა ძე თვისი ერეკლე შესაწევნელად სამი-ათასითა მხედრობითა მიიწივნენ-რა ყარახბულახს, იგიცა მოვიდა, რომელსაც ჰყვანდა უმეტეს ათვრამეტი-ათასის კაცისა ეკვეთნენ იქ, იძლია აზატ-ხან ქართველთაგან და განარინეს ერევანი და მოიქცნენ გამარჯვებულნი ფრიადითა ალაფითა, ესრეთ რომელ მრავალთა მოლაშქრეთა იშოვნეს ყათარობით, აქლები და ჯორი.
მაშინ მეფე თეიმურაზ-მან, მგდომმან მარაბდას, სძლო ლეკთა და მოიკლა ბრძოლასა შინა ქალაქის მოურავი თარხნისშვილი იორამ და ჟამსა ამას გარდაიცვალა დედოფალი აბაშიძის ასული ანნა და იქორწინა მეფემან ირაკლიმ დადიანის ასულსა ზედა. მხილველთ ხანებთა ადრიბეჟანისათ ძლევისათვის აზატ ხანისა სთხოვეს მეფესა თეიმურაზს, რათა წარვიდეს მხედრობითა დასაპყრობლად ადრიბეჟანისა და თანა წარიტანოს ესენიცა თან ხმობილი. ამას ზედა მეფე თეიმურაზ ჩავიდა რა განჯას ძითურთ ერეკლეთი, მაშინ მოვიდა წინაშე მეფისა ხანი განჯისა, შუშისა და ყარადაღისა. მაგრამ ნებით მეფის ირაკლისათა შეიპყრეს ხანნი ესე, თუმცაღა არასადა სწადდა მეფესა თეიმურაზს ესე უგვანისა საქმისა ქმნა და ვერღაცა აღუდგა ძესა თვისსა. ჰსცნა-რა ესე ძემან აჯი-ჩალაბისამან აღაქიშიმ, გამოვიდა მტკვარსა, ეკვეთა მეფეთა, რომელთაცა ამხილა ღმერთმან ესე-ვითარისა უსამართლოებისა ქმნა და დაჰყარნეს იქ პყრობილნიცა იგი და ივლტოდნენ, რომელთაცა მიეცათ ფრიად ნაკლოვანება. ხოლო იქმნა ესე წელსა ჩღნა (1751), ქორონიკონს ულთ (439).
მაშინ ძლევა-შემოსილი აღაქიში მიიწივა-რა სახლად თვისად, შეკრიბნა მან მხედრობანი შაქისა, შირვანისა და ლეკთა და წამოვიდა წელსავე ამას, ამოვლო განჯა, თან-წამოიყვანა ხანი განჯისა მხედრობითა თვისითა, ამოვლო შამშადილო და ყაზახი და მოვიდა ბაიდარს. ჰსცნა რა ესე მეფე-მან თეიმურაზ, წარგზავნა ძე თვისი ირაკლი სტაფანწმიდას და მოუწოდა მხედრობასა ჩერქეზთასა. მაშინ მოვიდნენ მხედრობანი ჩერქეზთანი.
გავიდნენ-რა მეფენი ტფილისით, მცნობ-მან აღაქიშიმ უწყო უკან-ქცევა. მაშინ მეფენი უწივნენ შამშადილოსა შინა თულქი-თაფად წოდებულსა, იკვეთნენ იქ, იძლივა აღაქიში, რომელსაცა მიჰყვნენ კაფით შამქორამდინ.
ხოლო წელსა ჩღნგ (1753), ქორონიკონსა უმა (441), მოვიდა ნურსალ-ბეგ ავარელი ფრიადითა მხედრობითა და მოადგა მჭადი ჯვარს. მაგრამ ერთმან მოხუცმან დედათაგანმან დაუწვა მათ შვიდი საფარი მიტანილი ციხესა ზედა და მოკლეს იგიცა ლეკთა მერვესა საფარსა ზედა. ხოლო სძლეს იქ მეფეთა მათ და მოსწყვიტნეს ფრიადნი ლეკნი და სირცხვილეულნი უკან-იქცა სახლადვე თვისად.
წელსა ჩღნდ (1754), ქორონიკონს უმბ (442), შეიკრიბნა ამავე მხედრობანი ლეკთანი და მოადგა ყვარელს. მაშინ შეაშველეს მეფეთა დაუთალაბად ბებურის-შვილი პაპა, მდივანი სოლომონ ქებულის ძე, თაყაშვილი ფარემუზ, რატიშვილი ბეჟან, ნამორაძე ერასტი, და სხვანი კეთილშობილნი და განარინეს ციხე ესე და ლეკთგან ვინაითგან, ვერა-რას ჰყვნენ, უკუ-იქცნენ სირხვილეულნი.
ხოლო წელსა ჩღნე (1755), ქორონიკონს უმგ (443), იქნა კათოლიკოზი ანტონი ძე მეფის იესესი, შეცთომილ და მიიღო სარწმუნოება რომისა კათოლიკისა, რომელიცა განძევებულ-იქმნა მეფისა თეიმურაზისაგან რუსეთად და მიიწია რა იგი რუსეთსა, იქ ეწყალობა ელისაბედ პეტროვნასაგან არხიერობა ვლადიმირისა.
ჟამსა ამას მოვიდნენ ლეკნი, ჩამოსრული მთით და მოაოხრეს რუის-პირი, გარდავლეს გონბორი, და ჩამვლელნი მიიწივნეს დედოფლის-წყალს. ჩამოსრულსა თოფ-ყარაჯას ჩაეწივნენ კახნი ქიზიყელითურთ. მაგრამ იძლივნენ კახნი და მოსწყდნენ უმრავლესნი იქ, რამოდენისამე თავადთა ძეებითურთ.
ჟამსა ამას აიყარნენ ბორჩალოენიცა და დასახლდნენ ყარასუსა ზედა ერევანს. მაშინ მეფემან ირაკლიმ შეიყარა მხედრობა, მოვიდა ერევანს და დაჰყარნა იგინი და გარდამოასახლნა ბორჩალოდვე. კვლავ შეყრილობანი ლეკთანი მოვიდნენ ღართის-კარს, წარტყვენეს ქარავანი ქართლისა და მოკლეს იქ მუხრანის ბატონი კონსტანტინე, მიმავალთა მათ ლეკთა. კახეთს მსმენმან მეფემან ირაკლი შეუკრნა მათ გზანი და მოსწყვიტნა სრულიად. კვლავ მოვიდნენ ლეკნი და მოაოხრეს ჯუგაანი.
მაშინ მეფე თეიმურაზ და მეფე ირაკლი იმყოფებოდნენ ქისიყს და შეუდგნენ მეფენი უკანა. მიეწივნენ მახლობელ დანღისისა და მოსწყვიტნეს ლეკნი და მიუღეს ყოველი იგი ნატყვენავი.
ხოლო წელსა ჩღნზ (1757), ქორონიკონს უმე (445). იქმნა ფრიადი სიყმილი, ესრეთ რომელ ერნი იზრდებოდენ მდელოითა და განიბნივნენ მრავალნი ცხოვრებანი. მაშინ გამოვიდა მამად-ასან ყაჯარი, რომელმანცა დაიპყრა უმეტეს ნახევარი სპარსეთისა და მოადგა შუშის. ამან იხმო თვისთანა მეფე თეიმურაზ, რომელმანცა იწყო მზადება წარსვლად მისთანა. ხოლო გამოჩნდა რა შირაზ ქარიმ-ხან, მაშინ წარვიდა ესე მამად-ასან მისს ზედა, სადაცა გარდმოდგომასა ქალაქისასა დაეფანტნეს მხედრობანი და თვითცა ლტოლვილი მოიკლა მსახურისა მისგან, რომელმანცა მოჰკვეთა თავა და მიართვა ქარიმ-ხანს და ნაცვლად ესე ვითარისა ბოროტ მოქმედებისათვის ბრძანა ქარიმ-ხან მონისაცა მის სიკვდილი.
ჟამსა ამას განავრცეს ლეკთა ხდომა და გამოხდა ჩონჩოლმუსა. მაშინ ორნივე მეფენი იყვნენ ქრცხანვალს. მოვიდნენ ლეკნი ზღუდერს, ხოლო მეფეთა ვერ თავს იდევს პირისპირ გამოსვლა. ვინაიდგან არა-ჰყავთ მხედრობა, იქ იქმნა მცირედი კინკლაობა, გატრიალდნენ იქიდან ლეკნი, მივიდნენ და აიღეს ალი და აღვიდნენ ახალციხეს. კვლავ იქიდან ჩამოვიდნენ, სადაცა განიყვნენ ორად, ჩონჩოლ-მუსა მოადგა ავნევს, ხოლო კოხტა ატოცს.
მეფეთა იხმეს შველად მეფე სოლომონ, რომელიცა გარდმოვიდა იმერთა მხედრობითა. მეფემან თეიმურაზ და ირაკლიმ მოიკრიფნეს მხედრობანი ქართლისა და კახეთისანი, შეერთდენ იმერთა-თანა, დაეცნენ ატოცს და მოსწყვიტნეს ფრიად ლეკნი და ჩონჩოლ-მუსა, მხილველი ამისი, განივლტო ღამე და ესრეთ განერა. ესე იქმნა წელსა ჩღნჱ (1758), ქორონიკონს უმვ (446).
უწინარეს ერთისა წლისა ამის, ოდეს აშენებდა მეფე თეიმურაზ ციხესა პატაძეულისასა, იქ მოვიდნენ ლეკნი, ხოლო მეფემან ირაკლიმ ამოსწყვიტნა აზამბურს უმეტეს სამასისა. იქ მოიკლა ბრძოლასა შინა საამის-შვილი ედიშერ.
ხოლო წელსა ჩღნთ (1759), ქორონიკონს უმზ (447), მოვიდნენ ლეკნი ტეზერს, იქ სძლო მეფე მან თეიმურაზ, მაგრამ ბრძოლასა შინა მოიკლა ციცისშვილი გლახა, გერი მეფისა თეიმურაზისა.
წელსა ჩღჲ (1760), ქორონიკონს უმჱ (448), წარვიდა მეფე თეიმურაზ რუსეთს. მეფემან ირაკლი კვლავ სძლო სუყულიანსა შინა ფრიად ლეკთა და მეფე თეიმურაზცა გარდაიცვალა წელსა ჩხჲბ (1762), ქორონიკონს უმი (450) და დაფლეს ასტრახანს და იწოდა ირაკლი მეფედ ქართლისაცა. ამან მოიყვანა კათოლიკოზი ანტონი რუსეთით და განაწყვეს შკოლა ახლისა ფილასოფიისა ბაუმესტერისა, რომელიცა რუსეთს ყოფასა შინა სთარგმნა კათოლიკოზ-მან რუსულით ქართულად.
განძლიერდა რა ქარიმ-ხან სპარსეთსა შინა. მაშინ ლტოლვილი და დაცემული აზატ-ხან მოვიდა მეფისა წინაშე და ევედრა შეწევნასა. ხოლო ამან შეიპყრა და წარუგზავნა ქარიმ-ხანს, რომელმანცა ნაცვლად სამსახურისა მის უძღვნა მეფესა მადლობა საბოძვარითურთ.
ჟამსა ამას აღდგა ფათალი-ხან ავშარი, მოიკრიბნა მხედრობანი ადრიბეჟანისანი და მოადგა შუშის და სთხოვა მეფესა შეწევნა. ამან მიაშველა მხედრობა და ოდეს წარმოემართა ამათ ზედა ქარიმ-ხან, მაშინ არღარა წარყვნენ მხედრობანი ქართველთანი და მოიქცენ უკანვე და შავერდიხან განჯისა, რომელიცა ჰყვა ფანას პყრობილად და განათავისუფლა ფათალიხან-მან, იგი მოვიდა მეფისა წინაშე, რომელმანცა წარატანა მხედრობანი, აღიღეს კვალად განჯა და ჰყვეს ესე ხანად. გარნა განჯელ-მან მსახურმან უკვე შავერდიხანისა მოკლა ხანი და გამოაძეს განჯელთა ძენი მისნი. რომელნიცა მოვიდნენ მეფისა ირაკლისა წინაშე.
ხოლო ამან წარატანა მხედრობანი, აიღეს განჯა და ჰყვეს პირ-მშო ძე შავერდი-ხანისა მაჰმად-ასან ხანად. მაგრამ სძლია კვლავ მეფემან ყარაისა ზედა ლეკთა, რომელთაცა განერყვნად გორის გარემონი და დააყრევინა იქ ყოველი ნატყვენავი. კვლავ სძლია ახმეტას ლეკთა და ამოსწყვიტნა ფრიად, რომელნიცა დაეცნენ ახმეტას.
კვალად შეიკრიბნენ შეყრილობანი ლეკთანი და სწადდათ ზედა დასხმა სამაჩაბლოსა. სცნა მეფე მან, შეუკრნა კეხვი და ამოსწყვიტნა სრულიად. კვლავ მოვიდნენ შეყრილობანი ლეკთანი და დაეცნენ ბორჩალოს და ამოსტყვევნეს აღმამადლი. მაგრამ იძლივნენ ფრიად ბორჩალოველთაგან. იქ იყო მხნედ თარხანი გიორგი მოურავი ბორჩალოსი, რომელთაცა ამოსწყვიტეს უმრავლესნი ლეკნი და წარვიდნენ სირცხვლიეულნი.
ხოლო წელსა ჩღჲზ (1767), ქორონიკონს უნე (455) შეითქვნენ მეფესა ზედა ამილახორისშვილი დიმიტრი სახლთუხუცესი და ესე იყო მძახალი მეფისა, რამეთუ და მეფისა ელისაბედი ჰყვა ძესა მისსა გიორგის და გლახა ციცისშვილი და თაქთაქისშვილი ელისბარ, ამათ მისცეს პირობაი პაატას ბატონიშვილს, რომელიცა იყო ესე არა-რჯულიერი ძე მეფისა ვახტანგისა, რომელიც იმყოფებოდა მეფისა წინაშე დიდი პატივითა. მაგრამ იყო კაცი ესე ფრიად მეცნიერ, რათამცა წარსწყმიდონ მეფე. ჰსცნა რა ესე მეფემან, შეიპყრა ესენი, შეკრიბენ ქართველნი და მოჰკვეთეს პაატას თავი და დაწვეს ცეცხლსა შინა თაქთაქისშვილ ელიზბარ და დიმიტრი პატიმარ-ჰყვეს და შურაცხჰყვეს. აღჯდომითა მისათა კარაულსა ზედა და მოჰკვეთეს ძესა მისსა ალექსანდრეს ცხვირი და გლახასაც მოჰკვეთეს ენა.
მოიკრიბნა კვლავ მეფემან მხედრობანი და დაეცა ქურთთა ერევნისათა, წარტყვენა და მოიქცნენ ქართველნი ალაფითა დიდითა. მაშინ ფამბაკი იყო რა ოხერ, გამოსთხოვა პირმშომან ძე მან მისმან გიორგიმ და აღაშენა. კვალად შეიყარნენ ფრიადნი ლეკნი დაეცნენ თუშეთს, გარდაეშველნენ ფშაველნი, სძლეს და მოსწყვიტეს უმეტეს ორივე-ათასისა და წარივლტინენ სირცხვილეულნი. განძევებულ-იყო რა მეფე სოლომონ იმერთაგან და ჩაიყვანეს რა მხედრობანი თურქთანი იმერთა, რომელთაცა ჰყვეს თეიმურაზ ბიძა-წული მისი მეფედ თუმცაღა განსდევნა მეფემან სოლომონ თურქნი და შეიპყრა თეიმურაზ და შესვა ციხესა, რომელსაცა დაეცა მეხი და მოკვდა. მაგრამ კვლავ თურქთავე ეპყრათ რაოდენნიმე ციხენი და ვინაიდგან ერისთავი რაჭისა როსტომ არა ერჩდა, რომლის გამო მეფემან იმერთამან იხმო მხედრობა ლეკთანი და წარსტყვენა რაჭა და ალაფითა სავსენი ლეკნი უკუნ-იქცნენ რა თვისად. მაშინ მცნობმან მეფემან ირაკლიმ შეუკრნა იორი, სადაცა ამოსწყვიტნა სამასნი და მიუღო ყოველნი ნატყვენავი.
ხოლო მეფე სოლომონ ევედრა კარსა რუსეთისასა, რათა მოსცეს მხედრობა შესაწევნელად და მოვიდა გრაფ ტოტლებენი ექვსი ათასითა მხედრობითა რუსთათა, წელსა ჩღჲთ (1769), ქორონიკონს უნზ (457). ჰსცნა მეფე-მან ირაკლიმ მიეგება კოპს, შეითქვნენ მეფე და ტოტლებენი, რომელი არღა-რა წარვიდა იმერეთად, არამედ წარვიდენ ორნივე ახალციხესა ზედა, წარმოიშვა შორის მეფისა და გრაფისა სამდურავი, სადაცა აწყურით დაბრუნდა გრაფი.
ხოლო იხილეს რა დაბრუნება რუსისა ქართველთა იწყეს ლტოლვად, სადაცა გზასა ზედა შეემთხვა მეფესა მხედრობა დელუბაშებსა რომელსაცა სძლო მეფემან, მოვიდა და დაიბანაკა ასპინძას. ჰსცნეს თურქთა უკუნ-ქცევა ქართველთა და რუსთა, ჰგონეს თურქთა, რეცა ქართველნი შიშისაგან ივლტიან და შეუდგნენ უკანა მრავალნი მხედრობანი ლეკთა და თურქთანი. ჟამსა ამას მრავალნი ლეკნი იმყოფებოდენ ახალციხესა. ღამესა მას გამოვიდნენ უკვე ნახევარნი ხიდსა ასპინძისასა და ნახევარიცა ლამოდნენ მეორესა დღესა გამოსვლად, ხოლო ღამესა მას წარგზავნა მეფემან ერისთვისშვილი აღაბაბა, სვიმონ მუხრან ბატონისშვილი ნასაღჩიბაში და ხუდია ბორჩალოელი, ჩინებული და მამაცი ყოველსა საქართველოსა შინა და ამცნო მათ, რათა აჰყარონ ხიდი ასპინძისა და მათ სრულ-ჰყვეს ყოველივე ბრძანებული მეფისა. დღესა მეორესა იქმნა რა ბრძოლა, იძლივნენ ლეკნი და თათარნი, ჰგონეს მათ ხიდისა მას კვლავ-გება, რომელნიცა მიივლტნენ იქ, ესრეთ უკვე იყვნენ შიშნეულ, რომელ ერთი მეორესა ჰყრიდა ხიდისაგან ისრებით მტკვართა შინა დღესა მას მოკლა მეფემან ირაკლი ხელითა თვისითა კოხტა ბელადი, რომელიცა იყო ჩინებული მძღვანი ლეკთა და მოიშთვნენ უმეტეს წყალთა შინა ორისა ათასისა ლეკნი და თათარნი და მოიქცნენ ქართველნი ალაფითა სავსენი სახლად თვისადვე. ჩავიდა რა გრაფი სურამს, გარდაევლო მთა საფიჩხისა და შთავიდა იმერეთს. მოეგება მეფე იმერთა სოლომონ მიუძღვა და აღიღეს ციხე ცოცხვათისა, შორაპანისა და ქუთაისისა, რომელიცა ეპყრა თურქთა.
ხოლო ჟამსა ამას იქმნა საშინელი მომგვრველი ჟამი საქარველოსა შინა. და მოადგილედ მოვიდა ამა გრაფისა წილ აქ ღენერალი სუხატინი და გრაფი წარვიდა როსიად. ხოლო სუხიტინი ჩავიდა ფოთს, მაგრამ ოდეს ვერ უძლო დაპყრობა უკმო-იქცა.
ხოლო ჟამსა ამას წარვიდა კვლავ მეფე ირაკლი ქურთთა ზედა, მოარბივნნა იგინი და მოვიდნენ ქართველნი ფრიადითა ალაფითა. ხოლო რუსნიცა უკუნ-იქცნენ რუსეთადვე.
წელსა ჩღობ (1772), ქორონიკონს უჲ (460) რომლისა-გამო მეფემან წარგზანნა რუსეთად ძე თვისი ლევან და კათალიკოზი ანონი. მოვიდნენ კვალად შეყრილობანი ლეკთანი ქართლში. მაშინ ქართლისა და კახეთისა მხერობანი იყვნენ შეყრილ. იკვეთნენ უფლისციხეს, იძლევნენ ქართველნი და ამოსწყდნენ მრავალნი, განვიდნენ ლეკნი გორის-ბოლოს ლიახვსა და წარვიდენ ახალციხესა. განივლტო ხიდირბეგისშვილი როსტომ ახალციხესა და მოუხდა ლეკისა შეყრილობითა და შევიდა ქრცხანვალს, მოაოხრა გარე ციხისა და მრავალნი ტყვენი წარასხნა. ხოლო იყვნენ თურქნი განძვინებულ საქართველოსა ზედა და იყოფოდენ ლეკნი მრავალნი ახალციხესა შინა და სტყვენვიდიან ქართლსა.
გარნა ჩვენნიცა მარადის უხდებოდიან და აოხრებდიან ჯავახეთსა, ესრეთ რომელ ძეთა მელიქისათა გიორგიმ და ავთანდილ შეიპყრეს უმეტეს ხუთასისა ორასითა კაცითა მდევარნი თურქთანი. კვლავ უხდებოდეს და აოხრებდის ჯავახეთს და ზედა დასხმასა უყოფდის ლეკთა ხუდია და სხვანი ბორჩალოელნი და სხვანი ელნი ჩვენნი, რომელთაცა მოიყვანეს კერძო ახალციხისა და ყარსისა ძრწოლასა.
ხოლო შეიკრიბენ ყაზახნი ბორჩალოელნი და ფანბაკელნი, მოსტყვევნეს ნახჩევანი და სძლეს ხანსა იქნებულსა შუქურლას, რომელიცა ეწივა მდევრად და მოიქცნენ ალაფითა დიდითა.
შემთხვევასა ამას ექმნა ორგულ ფაშასა ახალციხისასა სულეიმანს ათაბაგსა იბრყი-ბეგს ხერთვისელი, რომელმანცა მოსცა ციხე მეფესა და ვინაიდგან შეაყენა იქ მეფემან მცირენი ტალანი. კვლავ მიუღეს ციხე თურქთა და ტალანთა მათთაგანი რომელნიმე ტყვე-ჰყვეს და რომელნიმე განივლტნენ, რომლისათვის მეფემან მოუწოდა მეფესა იმერთასა სოლომონს და შემოიკრიბეს ორთავე მეფეთა მხედრობანი ქართველთა და იმერთანი, მივიდნენ ახალქალაქს და მოერტყნენ გარს, იქმნა უძლევ იქ მეფე იმერთა სოლომონ, რომლისა-გამო უკმოიქცნენ. გარნა ქართველთა მოსტყვენვეს ჯავახეთი. იქიდან წამოსრულნი ჩამოვიდა მეფე ირაკლი ქრცხინვალს.
ოდეს იჯდა სადილად მეფე, მოვიდა ფრიადი შეყრილობანი ლეკთანი და დაესხნენ ხვითებს, აღმხედრდა თვით მეფე ამალითა თვისითა და სძლო ფრიად და მოსწყვიტნეს მრავალნი. იქ იყო მხნედ ქისიყის მოურავის-შვილი იესე რომელმანცა მოკლა ოთხი, ხოლო აბაშიძესა იოანეს მოსწყვიტა თითი ლეკმა ხმლითა. განავრცნა რა ხდომვა შორის ქართლისა და ახალ ციხისა და იქმნენ ორნივე კერძონი შემჭირვებულ, ამად ზავ-ჰყვეს ურთიერთ-არს და წარგზავნა მეფემან დესპანი თვისი ორ გზის მირზა გურგინა ენაკოლოფა შვილი, რომელსაცა მოერთვა სულთანისაგან აჰმიდისა ორგზისვე ქერქი, ხმალი, აღკაზმული ჰუნე და უმეტეს ათორმეტი ათასისა ოქრო, ხოლო ვეზირისაგან საათი ძვირფასი მოოჭვილი.
ხოლო ახალქალაქისა ყოფასა მეფისასა მოვიდნენ ლეკნი ჭარისა კერძოდ და წარტყვევნეს სოფელი ფხოველი და წარიყვანეს ტყვედ მოურავის შვილის პაატას მეუღლე, რომელიცა შეირთო უსეინ ხანმან შაქისა მან. კვლავ შეიყარა ნურსალგებმან მხედრობა დიდი ლეკთა და ჩავიდა შაქი-შირვანსა კერძო, იქიდან უეცრად წარმოვიდა და დაესხა ბოდბეს და იავარ-ჰყო რაოდენიმე უბანი.
მაშინ მხნედ იყვნენ ბაღაანი, ამოვიდა სიღნაღით მოურავი რევაზ ანდრონიკასშვილი მაღაროს, სადაცა შეკრიბნენ ქისიყნი, ჰსძლეს და მოსწყვიტნეს უმეტეს ათასისა და იქ ლეკმან ერთმან ჰყო ტყვედ დიაცი ერთი, სწადდა რა დამდაბლება მისი, წააძრო ხანჯალი და მოკლა ლეკი იგი დიაცმან მან და ესრეთ განერა დიაცი იგი და წაჰკიდა ნურსალ სირცხვილეული ვითარმედ შთამოვიდა ნურსალ-ბეგ და წარვიდა შამახიას, რომელსაცა უსტუმრა ფათალი-ხან ყუბელმა, უღალატა და მოკლა იგი.
ჟამსა ამას მოვიდა ფათალი-ხან დარბანდისა უსეინ-ხან შაქელსა ზედა ესე ევედრა შეწევნისა თვის მეფესა. ამან მიაშველა მხედრობანი თვისნი და განარინა უსეინ-ხან. იქმნა კვლავ საკვირველი შემთხვევა ჟამსა ამას, რომელ ბირებითა ეშმაკისათა, განივლტო დავით-გარეჯისა მონასტერთა მონაზონი დაყუდებული ლეკთა შინა, მოუღძვა ლეკთა ვინაიდგან ციხისა კარნი იყვნენ დახშულ, იქ ვერა შესრულმან აღმოიყვანა ლეკნი წმიდისა ნიკოლაოზისა ეკლესიისა ხვრელისა დაფარულისა გზით და წარსტყვევნეს წმიდა ესე მონასტერი.
ხოლო შეითქვნენ მეფე ირაკლი და შუშის-ხანი იბრაიმ და წელსა ჩღოჱ (1778), ქორონიკონს უჲვ (466), აიღეს განჯა და შეიპყრეს მამად ხან განჯისა სახლეულითურთ, რომელიცა წარიყვანა იბრეიმ-ხანმან შუშისამან ტყვედ და დაადგინნეს ორთავე გამგენი თვისნი განჯასა შინა.
ჟამსა ამას ქართლით მომავალსა ქისიყის მოურავის ასულს, მეფის სძალსა ქეთევანს, მეუღლესა პირმშოსა მეფის ძის გიორგისასა დაუხვდნენ ლეკნი ღართის კარს, ვიდრე ხუთასამდე და მეფის სძალსა ქეთავანს რა ჰყვა თანა უმეტეს სამასისა მხედრობანი, მორიგედ-წოდებულნი, რომელნიცა თან-გამყოლად ახლდენ მას და არცავინ ჰყვა თვისთანა მეცნიერი ბრძოლისა. მაშინ თვით იქმნა თავ-მხედრობისა თვისისა და განმახნო მორიგენი, ეწყოდა იძლივნენ ლეკნი და განსწყვიტნეს მორიგეთა მათ უმრავლესნი ლეკთანი.
ხოლო ჰსცნა რა მეფემან ირაკლი ესე ვითარი სიმხნე სძლისა თვისისა მხიარულ ქმნილმან შეიყვანა ტფილისს დიდებითა დიდითა და ზარბაზნის სროლითა და ღამესა მას ყოველსა ქალაქსა იყო ჩირაღდანი. ჟამსა ამას უკუ-უდგა ყულარაღასი გიორგი ერისთავი ქსნისა, ამას ზედა წარგზავნა მეფემან ძეი თვისი გიორგი და ლევან, რომელიცა შეიპყრეს და ჩამოიყვანეს პყრობილად. თუმცაღა მეფემან მიუტევა შეცოდება. გარნა მიუღო მათ ქსანი და მოუბოძა ძესა თვისსა გიორგის და ლიახვი იულონს.
ვინაიდგან ლეკნი მარად აოხრებდნენ ქართლსა, იღონისძია მეფემან და განაწესა ყოველთა სახლთაგან კაცის თავს ერთი, რაოდენიცა იყვნეს სახლსა მას შინა, რათა მსახურონ თვითოსა თვესა მამულსა მორიგედ წოდებული და ეგრეთვე განაწყო თოფხანა მებრ-რუსეთისა კანონითა განასწავლა თოფჩები, რომელიცა განაწყო ესენი ქისიყის მოურავის შვილმან პაატამ. ესე განსწავლულ-იყო მოსკოვს და თვითცა მეფე ძეებითურთ თვისით დაეწერა მორიგედ და იხდიდა თვითოსა თვესა. უკეთუ გლეხთა დაიყოვნიან, მაშინ იგინი წკეპლასა შინა განივლიან რაოდენსა დღესა დაიყოვნიან ეგოდენ-გზის და უკეთუ თავადთა და აზნაურთა დაიყოვნიან, ეგოდენ დღე პატიმარ იქმნებოდიან.
ხოლო ესე ექმნა ქართლსა სარგებელ ფრიად, მით რამეთუ თვით მეფემან რაოდენმე-გზის აოტნა ლეკნი. ეგრეთვე მეფის ძემ გიორგიმ, რაოდენმე ღართისკარსა შინა, ეგრეთვე იორსა ზედა ლევანმაცა მისაქციელსა და ქისიყსა შეიმოსა ფრიადი ძლევა ლეკთა ზედა და მსგავსადვე თვით მორიგენიცა აოტებდიან მარადის გამომსვლელთა ლეკთა. ესრეთ იქმნენ შიშნეულ ლეკნი, რომელ ვერღა-რა სადა იკადრეს გამოსვლა და ესრეთ დამშვიდდა ქართლი, რომელ ღართისკარსა შინა დიაცნი, გარდა მამაკაცისა ვიდოდიან.
წელსა ვითარცა ვთქვით, ჩღოთ (1779), ქორონიკონსა უჲზ (467) არღარა ინება ხან მან ერევნისამან უსეინ-ყულიმ ხარკისა მოცემად ქართველთა, რომლისა-გამო წარვიდა მეფე მას ზედა, იქმნა იქ ბრძოლა, სადაცა იქ მხნედ აღმოჩნდა მეფის ძე გიორგი. იქ სძლო მეფემან ერევნელთა მხედრობასა, მოხარკე ჰყო და მსწრაფლ უკმოიქცა ამად ვინაიდგან იყო სამდურავი შორის ირაკლისა და მეფისა იმერთასა სოლომონისა და მან სოლომონ მოიყვანა ძე ბაქარისა და ძის ძე მეფისა ვახტანგისა ალექსანდრე შირაზით. ურჩ-ექმნა უკვე ძე თვისი მეფესა იმერთასა სოლომონს, რომელსაცა ეწოდა ალექსანდრე და რომლისა კიდე არა უვიდიდა სხვა ძე და მოვიდა მეფისა ირაკლისა წინაშე. ამან შეიწყნარა პატივ-სცა და დააგო მამასა რომლისა-გამო ზავ-ყვეს და მეფემანცა სოლომონ განუტევა ძე ბაქარისა ალექსანდრე, წელსა ჩღპა (1781), ქორონიკონს უჲთ (469).
ჟამსა ამას მოვიდა თავარიზით მცბიერი ვინმე. ამან აიჩემა გაკეთება ქიმიისა, რომლისა-გამო უწოდეს შაზადა და ოდეს ვერა-რა აღმოაჩინა მოქმედება თვისი და ჰსცნეს სიცბილი მისი, ამად შეჭამა თრიაქი და წარიწყმიდა თავი. შეედვა მწუხარება სახლსა მეფისასა სიკვდილისა-გამო მეფის ძის ლევანისა.
წელსა ჩღპბ (1782), ქორონიკონს უო (470), გარდაიცვალა მეფე იმერთა სოლომონ და ჰყვეს მეფედ დავით, ძე გიორგისა ბიძა წული მეფისა სოლომონისა, და მოკვდა ხანი ერევნისა უსეინ-ყული და ჰყვეს ხანად ძე მისი ყულამალი. ვინაიდგან ესე იყო გონება მსუბუქი, მოკლეს ესე ერევნელთა, სადაცა იძულებულმან მეფემან წარგზავნა მირზა გურგინა ენა-კოლოფა შვილი და ჰყვეს უმრწემესი ძე უსეინ ალიხანისა მაჰმადხან ხანად და განამტკიცეს ესე ბრძანებითა მეფისათა ხანად ერევანს.
წელსა ჩღპგ (1783), ქორონიკონს უოა (471), შევიდა მეფე ირაკლი საფარველსა ქვეშე რუსეთისასა, რომელსაცა წარმოიგზავნა იმპერატრიცა ეკატირინამ ნიშანნი სამეფონი, გრამატა და ორი ბატალიონი მხედრობა, რომელნიცა შეიკრნენ უცვალებელითა პირობითა და წარგზავნა კარსა რუსეთისასა ორნი ძენი თვისნი ანტონი და მირიან.
ამას ზედა განძვინდა ახალციხიდან სულეიმან ათაბაგი, აღუწოდა ლეკთა და იყო ოხრობა ქართლისა. ჟამსა ამას მოვიდა იარანალ-პორუჩიკი პოტიომკინი ამან დაუტევა მეფესა-თანა იარანალ მაიორი სამაილოვი და თვით წარვიდა რუსეთადვე. შეითქვნენ უკვე ესენი ჭარსა ზედა და წავიდნენ საქართველოსა და რუსთა მხედრობითა. მიიწივნენ რა ურდოს, იქ შეემთხვა მცირედნი მხედრობანი ლეკთანი, სადაცა უქმნეს მათ მხედრობათა ქართველთა და რუსთასა მცირედ რამ ვნება და მოკლედ პრინცი ღესენ რეინფელსისა პოდპოლკოვნიკი და იქიდან ვინაიდგან ვერღა-რა განვიდნენ მდინარესა ალაზნისასა სიდიდისა გამო, უკმო-იქცნენ და წარვიდა სამაილოვიცა რუსეთად.
განავრცნა უკვე ტყვევნა ახალციხით ლეკთაგან, სადაცა კვლავ შეიკრიბენ უმეტეს ორი-ათასისა მხედრობისა, მოვიდნენ და აღიღეს საქაშეთი და ტყვედ-ჰყვეს სახლეული დიასამიძისა. სცნეს სურამს მყოფთა რუსთა და ქართველთ-მყოფთა მორიგეთა, მოეგებნენ ჭალას, იქმნა იქ ბრძოლა, მხნედ იბრძვეს ქართველთა, იძლივნენ ლეკნი და ესრეთ შიშნეულ-იქმნენ, რომლ მტკვართა შიგან შესრულნი მოიშთვნენ უმეტეს ათასისა კაცისა. იქ დიაცმა ერთმან, ტყვეთა ქართველთამან შეიპყრა შემპყრობი თვისი ლეკი და მოიყვანა მხედრობასა შინა ქართველთასა.
კვლავ შეიკრიბენ ლეკნი და თათარნი და მოვიდნენ ფხვენისს და ვინაიდგან იქ ვერა რა ჰყვეს, უკუნ-იქცნენ, სადაცა მოხისს შეემთხვათ რუსნი და ქართველნი და ძლევა-შეიმოსნეს ფრიად მათ-ზედა და უკუნ-იქცნენ სირცხვილეულნი.
წელსა ჩღპე (1785), ქორონიკონს უოგ (473) გამოვიდა ომარ-ხან ავარელი, ძე ნურსალ-ბეგისა, გამოვლო იორი და ყარაია, განვიდა მტკვარს, მივიდა და აღიღო და მივიდა ახტალა და მივიდა ახალციხეს. იქიდან ჩამოვიდა, აღიღო ვახანი და ტყვე-ჰყო სახლეულნი აბაშიძისანი. ჟამსა ამას უკუდგა განჯაცა და გამოყარნეს მოურნენი მეფისა და იბრეიმ ხანისანი, განივლტო შუშით ძე შავერდი-ხანისა რაიმ-ხან, რომელიცა მაშინ ჰყვა იბრეიმ-ხანს პყრობილად. მივიდა და იქმნა ხანად განჯასა შინა. ხოლო მოსრულ-მან იბრეიმ-ხან განჯასა ზედა სთხოვა შეწევნა მეფესა აღიღეს კვლავ განჯა და ჰყვეს ძე შავედხანისა ჯავად-ხან ხანად, რომელისა მაშინ ჰყავდა მას პყრობილად. ხოლო ომარ-ხან მანცა განვლო გოგჩა, მივიდა, მოაოხრა შამქორი და წარვიდა.
წელსა ჩღპვ (1786), ქორონიკონს უოდ (474), მაშინ ნახჩევენთა ჰყვეს შფოთი და გამოაძეს ნახჩევანით ხანი თვისი ქალბალი, იგი მივიდა და ევედრა ხანსა ერევნისასა მაჰმადას და მაჰმად-ხან ევედრა მეფესა, რათა შემწე-ექმნას. მაშინ მეფემან წარავლინა მუხრანის-ბატონი იოანე მხედრობითა და ზარბაზნებითა, შეერთდენ ესენი ერევნელთა თანა, მივიდნენ ნახჩევანს და იკვეთდნენ, იძლევნენ ნახჩეველნი და ევედრნენ მხედრობასა ქართველთასა: „უკეთი უკუნ-იქცევიან ნახჩევნით კვალად ჰყოფენ ნახჩეველნი ხანად თვისთა ზედა ქალბალის“ და პირობითა ამით მოიქცნენ ერევანსა და ერევნით ქართლადვე ძლევა-მოსილი. აიყარა სრულიად ყაზახი და წარვიდა შუშას და შამშადელი განჯას.
შემდგომად ერთისა წლისა წარვიდა მეფე ირაკლი მხედრობითა რუსთა და ქართველთათა, რათა აყაროს ელნი თვისნი და ხამსისა მელიქნიცა, რომელთაცა აქვნდათ პირობა მეფისა-თანა, მიიწია-რა განჯას, წარგზავნა მხედრობითა ძე თვისნი იულონ, მიიწივნენ-რა ზეიბას, შეემთხვათ მათ მხედრობანი ყარაბაღელთანი, იძლივნენ ყარაბაღელნი და ამოსწყვიტნეს უმრავლესნი ყარაბაღელნი ქართველთა შემთხვევასა ამას მოვიდა ჩაფარი განჯას რუსეთით, სადაცა იხმეს მხედრობანი რუსთანი. მაგრამ უკუნ-იქცა რა რუსი, არღარა რაცხა მეფემან წარსლვა ყარაბაღსა ზედა და უკმოიქცა მეფეცა განჯით და დარჩა ელნი აუყრელნი და წარვიდა რუსი წელსა ჩღპზ (1787), ქორონიკონსა უოე (475).
წელსავე ამას მოკვდა კათალიკოზი ანტონი, ხოლო მოვიდა რუსეთიდან ძე ირაკლი მეფისა ანტონი, რომელიცა ჰყვეს იქ როსსიას ეპისკოპოსად. ესე უკვე გამოირჩიეს და ჰყვეს კათალიკოზად.
წელსა ჩღპთ (1789), ქორონიკონს უოზ (477) წარგზავნა მხედრობანი თვისნი განჯასა ზედა, მივიდნენ შამქორს მოარბივეს ჩინგილი, და აჰყარეს შამშადილი და მოიყვანეს. უკანასკნელ მეფეცა ჩავიდა შამქორს, იქ მოვიდა ფათალიხანი დარუბანდისა და მაჰმად-ხან შაქისა, დაასკვნეს წარსლვა სამთავე ყარაბაღსა ზედა, ამად ვინაიდგან დაივიწყა იბრეიმ-ხან-მან კეთილობა მეფისა ირაკლისა, რაოდენ-გზისა განარინა იგი ხელისაგან ფათალი ხანისა და ანუ ვითარ შემწე-ექმნა, ოდეს დაიპყრა მან ყარადაღი და გილანი. ამათ შეირთეს ჯავათხანიცა, რომელსაცა ეპყრა კერძო იბრეიმ-ხანისა, გარნა ეგანრეზომა განზრახვასა მათსა უძლებ-ყოფა ფათალი-ხანისა და უკუნ იქცნენ თვის-თვისად.
ძე არჩილისა, ძმის-წული მეფისა სოლომონისა დავით იპოებოდა მაშინ, გამოდევნილი მეფისა და დავითისაგან და იზრდებოდა სახლსა შინა მეფისასა. ვინაიდგან იყო ასული-წული მისი, იქმნა უკვე სამდურავი ორთავე მეფეთა შორის. და შორის მეფისა დავითისა და დადიანის გრიგოლისა იქმნა შური და განვიდა მეფე დავით და მოსწვა ოდიში. შემთხვევასა ამას წარატანა მეფემან ირაკლი ძის ძესა თვისსა ძესა გიორგისასა დავითს ძე არჩილსა დავით, რათა წარგზავნოს იგი ოდიშს და მან წარგზავნა. იხილეს-რა ოდიშართა ძე არჩილისა, შეიკრიბენ მის-თანა. სცნა-რა ესე მეფემან დავით, ამანცა შეკრიბნა მხედრობანი იმერთანი და მივიდა ხუნწს. მაშინ ძის ძემანცა დავით ჰყო მოძრაობა საზღვართა ზედა ზემო-იმერთა, ჰგონეს ვითარმედ ქართველთა, რეცა სწადთ გარდასლვა იქ.
ჟამსა ამას შინა სახლიცა წერეთლისა იყო ორ-გულ მეფისა დავითისა, იკვეთნენ ხუნწს, იძლივა მეფე დავით და განივლტო ახალციხეს. შემდგომად ძე არჩილსა ჰყვეს იმერთა მეფედ და უწოდეს სახელად სოლომონ მეორე. და მეფე დავით მოვიდა მეფისა ირაკლისა წინაშე და ამან დააგო მეფისა იმერეთისა წინაშე და ჰყვეს ზავი. კვლავ მოვიდნენ ახალციხიდან შეყრილობანი ლეკთანი და დაეცნენ ძევერას. მაგრამ მეფის ძის ძემ დავითმან სძლო მათ და განაბნივნა. იყო უკვე ხდომა ლეკთაგან ახალციხით და ჰრყვნიდიან ქართლსა და სომხითსა, მით რამეთუ აღვიდნენ ძენი ერისთვისანი ახალციხეს და ზაქარია ციცისშვილი სალთხუცესი დედოფლისა მოვიდნენ და დაეცნენ ხელუბანს და წარტყვევნეს იგი.
კვლავ მოუხდნენ ქისიყს ჭარელნი, სძლეს ქისიყის მოურავს ზაქარიას და მოსწყვიტნეს უმეტეს სამასისა ქისიყელნი. მაშინ შეყრილობანი ლეკთანი ფრიადნი მოვიდნენ და დაეცნენ ყარაჯაღს, სადაცა გორს მყოფნი მეფის ძენი იულონ ირაკლისა და ძის ძე მეფისა იოანე გიორგისა განვიდნენ, იქმნა უკვე ბრძოლა ზედაველას. იქ მხნედ იყო მეფის ძის ძე იოანე, იძლივნეს ლეკნი და წარვიდნენ სირცხვილეულნი, რომელნიცა იყვნენ მოყვანილ ერისთვის ძის მიხაილისაგან. კვლავ მოუძღვა არღუთაშვილი მიქელამ ლეკნი, მოუძღვა და წარიღეს კრწანისი, თუმცაღა განუდგნენ მდევარნი ქალაქიდან, მაგრამ ვეღარ ეწივნენ. კვლავ მოუძღვა არღუთაშვილი მიქელა და მოსტყვევნეს ყალაჩა, სადაცა წარიყვანეს უმეტეს ორასისა ტყვენი სომეხთანი. კვლავ შეიკრიბა ლეკთა და თათართა მხედრობა, მოვიდა და აღიღო და მეფე იძულებული წარვიდა მათ ზედა, სადაცა წარგზავნა ძის ძე თვისი დავით, რათა უყოს ზედა-დასხმა ჯავახეთს.
ხოლო მან წარგზავნა ხიდ-ზევითი შეყრილობა თათართა და მოარბივეს ჯავახეთი და მოვიდნენ გამარჯვებულნი ალაფითა დიდითა და ლეკთა მათ განვლეს ტყით და წარვიდნენ მშვიდობით ახალციხეს, მით რამეთუ მეფემან არღარა ამჯობინა მისვლა ტყეთა შინა ლეკთა ზედა.
წელსავე ამას ბრძანებითა მეფისათა მიუხდა მეფის ძის ძე დავით ყარსს ათასითა კაცითა და მოსტყვენვა ინჯადარა, ფალდერევანი და ჯომუშლი და აიალაფეს უმეტეს ათასისა ტყვისა. მაშინ მოეწივათ უკანა მხედრობა დიდი თურქთა, ხელმძღვანველობითა ალი-ბეგისა და მამად-ბეგისა ძეთა ხათუნისათა. იქ თვით მეფის ძის ძე დავით იყო ფრიად მხნედ, რომელმანცა ხელითა თვისითა მოკლა თიქნისელი სანი თოფანჩიბაში, რჩეული მხედარი თურქთა შორის. ბოლოს მოვიდა მას ზედა იშიყ-ბეგ, გამოჩენილი მხედარი ყოველსა ყარსსა და ქურთსა ზედან, სადაცა მეფის ძესა დავითს სცა მან შვიდი ხმალი, მაგრამ დაიცვა იგი ჯაჭვმან, ვინაიდგან ქონდა დაფარვით ტანსა ჯაჭვი. ბოლოს მოკვდა ესეცა ხელითა მეფის ძისათა. ესე იყო საკვირველ, რომელ ყრმა წლისა ოცდასამისა და გამოუცდელი ბრძოლისა ესრეთ იყო დღესა მას მხნედ, რომელმაც განაკვირვნა, როგორცა ქართველნი და ეგრეთვე თურქნი. მაგრამ ბრძოლასა მას დაეფლა ლიასა ცხენი და გარდმოვარდა, გაექცა ცხენი, რომელიცა შეიპყრა და მოართვა გულ მაჰმადა სარვანმან, ძემან შარიფასამან და აღჯდა კვლავ. იქ მოსწყდნენ ბრძოლასა წინაშე მისსა ორნი ყრმანი ბებურისშვილები, რომელნიცა იყვნენ მხნენი მამაცნი.
კვლავ მოუძღვა არღუთაშვილი მიქელა ახალციხიდან ლეკთა, მოსტყვენვა გაურახი, სადაცა ეკვეთა საბარათიანოსა მხედრობითა სარდალი დავით ორბელიანი დურნუკს. იქ იძლივა სარდალი და მოაკლდა უმეტეს ასისა ცოცხალი და მკვდარი, გარნა შემოვიდნენ საგურამოსა შინა. კვლავ ლეკნი მოვიდენ უმეტეს ათასისა კაცისა, რომელნიცა გაიყვნენ ორად. ნახევარმან წარიღო პირუტყვი მახლობელ ქალაქით, სადაცა ქისიყს მყოფმან მეფის ძემან იულონ შეუკრა იორი, განაბნივნა ლეკნი იგი და მიუღო ნატყვენავი მათი და ნახევარმან აღიღო ფრეზეთი და წარვიდა საგურამოთ დაღისტნად. მაშინ მეფის ძემან დავითმან, მყოფმან მატანსა შინა, მოიკრიბნა ახმეტელნი ვიდრე ასს კაცამდე, შეუკრნა გზანი ჭინჭარისა, სძლო მათ და მიუღო ყოველივე ნატყვენავი და ტყვენი. ესრეთ შიშვნეულ იქმნენ ლეკნი, რომელ ოდეს იწყეს რა ლტოლვა ერთი მეორესა ჰყრიდიან ფლატესა ზედა ივლტოსასა, ვინ წინაუსწრას ურთიერთ არს, რომელნიცა იყვნენ უმეტეს ხუთასისა. სისხლმან ლეკთა დახოცილთამან სრულიად შეღება წყალი იგი იტლოსი წითლად. იქმნა კვალად სამდურავი მეფისა სოლომონისა და დავითისა. მაშინ დავითმან შემოიკრიბნა მცირედნი ლეკნი ახალციხით, წელსა ჩღჟ (1790), ქორონიკონს უოჱ (468), სძლო მეფესა სოლომონსა და დაიპყრა კვლავ იმერეთი. შემოიკრიბენ ამასთანა ოდიშარნი და აფხაზნი, მით რამეთუ მანუჩარს დადიანის ძესა ქონდა ამასთანა შეკრულობა და ორგულ-იყო, ვითარცა ძმისა თვისისა დადიანისა გრიგოლისა, ეგრეთვე მეფისა სოლომონისა.
მხილველმან ამისმან მეფემან ირაკლიმ მიაშველა ძის-ძე იოანე მეფესა სოლომონს. მაშინ მეფე სოლომონ დამაგრებულიყო სახლსა წერეთლისასა. ვინაიდგან წერეთელი პაპუნა და ზურაბ იყო ორ-გულ მეფისა დავითისა იქმნა ლოსიანთ ხევს ბრძოლა, იძლივა იქ მეფის ძის-ძისა იოანესგან მეფე დავით, რომელსაცა ჰყვანდა უმეტეს ათის-ათასისა იმერნი, აფხაზნი და ოდიშარნი და ქართველმან არა უყვნენ უმეტეს ხუთასისა, მით რამეთუ ზარბაზანმან დასცა მათ ზარი.
ამავე წელსა მეფის ძემან დავით შემოიკრიბნა ქისიყელნი, მიუხდა ბაიამათლოს და ფადარსდა მოსტყვენვა, დღესა მას სამჯერ სძლო გამოსრულთა ლეკთა მდევართა, ვინაიდგან ქონდა შური ხანსა განჯისასა ჯავადს ალი-სულტანისა შამშადილისა, რომელიცა არა მორჩილებდა და ძმასა მისსა მაჰმად-ხანს უკუ-უდგა, პირველ ხანობასა მისსა აჰყარა შამშადილი და მოიყვანა შულავერსა. ხოლო იქიდან მისრულს შამშადილადვე დაესხა მაჰმადხანს მხედრობითა. მაგრამ სძლო მან მაჰმად-ხანს და გარდა ამისა მრავალგზის იძლივა, ვითარცა ხანი ეგრეთვე განჯელნი ალი-სულთანისაგან, თუმცა მრავალ-გზის უკუ უბრუნა მეფემან განჯელთა შამშადილი, მაგრამ არა ემონენ. ამად დაიცა დრო და მოუხდა ჯავად-ხან განჯურითა და მელიქებისა მხედრობითა და მოსტყვენა შამშადილი, რომელსაცა ჰყვა უმეტეს სამიათასისა მხედრობანი. მაშინ გარდაეშველნენ ყაზახნი, სადაცა შეიკრიბნენ ყაზახნი და შამშადინელნი უმეტეს სამასისა, სძლეს ჯავად-ხანს და შეიპყრეს უმეტეს რვაასისა განჯელნი და დარჩა ჯავად-ხანს თვისი ყოველივე ბარგი, ჯორი და აქლემი და განივლტო სირცხვილეული კვალად მიუხდა ბაიამათლოველთავე მეფის ძე ალექსანდრე და მოსტყვევნა იგინი.
ხოლო გაირდაიცვალა რა ქარიმ-ხან და ზაქი-ხანცა ძმა მისი მოკლეს სპარსთა ბარბაროზებისა და ტირანობისათვის, რომლისა შემდგომად დაიპყრა სპარსეთი ალი-მურად-ხან-ზანდმან. და ოდეს გარდაიცვალა ესე, მაშინ გამოჩნდა აღა-მამად-ხანად წოდებული, ძე მაჰმად ასან-ხანისა, გვარით ყაჯარი, რომელიცა ჰყო საჭურისად ადილ-შამ, ძმის-წულმან ნადირისამან. ამან სძლო ჯაფარ-ხანს ზანდასა და დაიპყრა არაყი და მოვიდა ადრიბეჟანსა მუშკანბარსა ზედა. იქიდან გადაიბირა მეფე მეგობრობასა თვისსა ზედა და უკუნ-იქცა შირაზად. ამად ვინაიდგან შირაზსა იპყრობდა მაშინ ლუთვალი-ხან, ძე ჯაფარ -ხანისა, ესე გამოვიდა პირისპირ ამისა. მაგრამ იქმნა ამბოხი შორის მხედრობისა ამისსა, რომლისა-გამო განიბნივნენ მხედრობანი ლუთვალი ხანისანი და მივიდა ქირმანს, განვლო ხოჯა-მან აღიღო შირაზი, წარვიდა და მოადგა ქირმანს და დაიპყრა იგი. განივლტო იქიდან ლუთვალი-ხან, რომელმანაცა განარღვივა ერთი კერძო მხედრობისა ხოჯასი. ვინაიდგან იყო ესე ლუთვალი ხან ჟამსა ამას ესრეთი მხედარი და მხნე, რომელ მსგავსი მისი ყოველსა შინა სპარსეთსა არა იპოვებოდა. ხოლო მისრული ბამს, შეიპყრეს ესე ბამელთა და მოიყვანეს ხოჯასა წინაშე, რომელმაცა აღმოხადნა თვალნი.
მოიცალა რა ხოჯამ საქმისგან სპარსეთისა, მოვიდა და მოადგა შუშის, მით რამეთუ არა ერჩდა მას ხანი შუშისა იბრეიმ, მაგრამ ვერა აღიღო ციხე ესე და მოვიდნენ ელნიცა ქართლისანი განვლტოტვილნი, ძველნი და ახალნი და სხვაცა მრავალნი ყარაბაღისა მცხოვრებთაგანი, შიშისაგან ხოჯასა. მაშინ მეფის ძენი იულონ და ალექსანდრე მიუხდნენ განჯას და მოსტყვევნეს, რომლისა-გამო განძვინებული ხოჯა წარმოერთა ტფილისსა ზედა.
ჟამსა მას ძე არჩილისა, მეფე იმერთა სოლომონ იმყოფებოდა ტფილისს შემწედ პაპისა თვისისა. პირველსა დღესა იკვეთნენ ველსა კრწანისისასა მეწინავენი სპარსთა და ქართველთანი, სადაცა მეწინავეთა შორის იმყოფებოდა მეფისა ძის ძე დავით, წერეთელი ზურაბ, მუხრანის ბატონი იოანე, მოურავი ქისიყისა და ამილახვარი ოთარ. დღესა მას იყვნენ მხნედ ქართველნი, რომელთა ძლით იძლივნენ სპარსნი.
ხოლო დღესა მეორესა, ვინაიდგან იმერთა იწყეს ტყვენვა აყრილთა მათ მცხოვრებთა ტფილისისათა. დღესა მეორესა არღარა უვიდოდათ ორთავე მეფეთა მხედრობა უმეტეს ათას-ხუთასისა კაცისა. იქმნა ბრძოლა ველსა ზედა კრწანისისასა, იძლივნენ ქართველნი და იმერნი, განივლტნენ მეფენი და აღიღეს ტფილისი წელსა ჩღჟე (1795), სეკდენბრის ია (11), ქორონიკონს უპგ (483), და მიუღეს ყოველივე თოფხანა მეფესა. დღესა ამას იყო მხნედ მეფის ძის ძე იოანე. ესრედ, უკეთუ იგი არა ყოფილიყო იქ შეიპყრობდნენ მეფესაცა. ხოლო მეფის ძემ დავითმა ჩაყარა ხევთა შინა საგუბარისათა ზარბაზანნი იგი, რომელიცა ქონდა მას თაბორისა კერძო, რათა არა დარჩეს სპარსთა და ესრეთ განარინა. აღიღეს ტფილისი და მოსწვეს და თვით მეფე განივლტო მთიულეთს. დაჰყო უკვე ხოჯამან რვა დღე სოღალუხს, იქიდან აიყარა და ჩავიდა მუღანსა და იქიდან წარვიდა ხორასანსა ზედა. მაშინ მოვიდა შემწედ ორი ბატალიონი რუსეთისა მხედრობისა. იხილეს რა ლეკთა უძლურება ქართველთა, შეიკრიბენ უმეტეს ათას ხუთასისა, მივიდნენ ნორიას. მაგრამ იძლივნენ ფრიად მოურავისაგან მათისა ზაალ ანდრონიკაშვილისაგან, რომელიცა იყო სიმხნითა აღმოჩენილ ყოველსა საქართველოსა შინა. იქიდან განვლეს დიღომი, ავლეს დიდგორი და მივიდნენ კოთელიას. იქიდან წამოსრულნი მივიდნენ და დაეცნენ იედიბოლუქსა ზედან დემურჩიასანს. მაშინ მეფის ძის ძე დავით იმყოფებოდა ბორჩალოსა შინა. სცნა რა მან, მოიკრიბნა ბორჩალოველნი, ვიდრე ას კაცამდე, ეწია იედიბოლუქს, სძლო მათ და მიუღო ყოველივე ნატყვენავი. ესრეთ შიშვნეულ-იქმნენ ლეკნი, რომელ მოიშთვნენ მტკვარსა შინა უმეტეს სამასისა და დღესა მეორესა შემოვიდა ტფილისად გამარჯვებული, რომელმანცა შემოიტანა ჯორთა ზედან აღკიდებული საპალნითა თავნი ლეკთანი. ამას ზედა განმხნევდნენ ტფილისელნი.
ხოლო დაიწყეს კვლავ აოხრებულისა ქალაქისა შენება და იბრეიმ ხან შუშისა მოვიდა განჯასა ზედა. ვინაიდგან ხანი განჯისა იყო მიზეზ აოხრებისა ყარაბაღისა და ტფილისისა, სთხოვა მეფესა შემწეობა, რომელმანცა წარუვლინა ძე თვისი ალექსანდრე და ძის ძე დავით, მივიდნენ ესენი განჯასა ზედა, აღიღეს ქალაქი და მოსწვეს და რაოდენ გამოვიდოდიან ციხით განჯელნი ეგოდენ იძლეოდიან, სადაცა ფიცხელად იბრძოდიან ქართველნი, რომელ სიმხნესა მათსა განკვირვებულ-იყვნენ ყარაბაღელნი და ლეკნი. ბოლოს ჩავიდა თვით მეფე, გამოართვა ყოველნი ტყვენი საქართველოსანი დროსა ხოჯისასა ტყვედ ქმნილნი, უმეტეს ათასისა, ზავჰყო განჯელთა-თანა და უკუნ-იქცა.
ჟამსა ამას მოვიდა მხედრობა რუსთა, ხელმძღვანველობითა ვალერიანე გრაფ ზუბოვისათა. ამათ დაიპყრეს დარბანდი, შამახია, ბაქი და სალიანი, წელსა ჩღჟვ (1796), ქორონიკონს უპდ (484). მაშინ აღამამად-ხან ხოლო იპყრობდა ხორასანს, დაპყრობისათვის მისისა რომელმანცა აღიღო მაშათი, ტყვეჰყო ძის-ძე ნადირისა შარუხ და მიუღო უმრავლესი ნაქონები, უკანასკნელ მოიკლა ესეცა. ხოლო ზუბოვმანცა წარმოგზავნა მხედრობითა ღენერალ-მაიორი კორსიკოვი. დაიპყრა განჯა იქ დაუტევა მცირედი მხედრობა და მოვიდა თვით ტფილისს მხედრობითა.
წელსა ამას გარდაიცვალა ეკატერინა იმპერატრიცა და იქმნა ძე მისი ხელმწიფედ პავლე. ამან უკუნ-აქცივნა ყოველნი მხედრობანი რუსთანი რუსეთადვე. ოდეს მოიცალა აღამამად-ხან საქმისაგან ხორასანისა, წარმოემაღთა და მოვიდა შუშის. სცნა-რა იბრეიმ-ხანმან მომავალობა მისი განივლტო სახლეულითურთ თვისით ბელაქანად და აღამამად-ხანმან დაიპყრა ციხე. იქ მოიკლა ესე მონათა თვისთაგან წელსა ჩღჟზ (1797), ქორონიკონს უპე (485) და უკუნ-იქცნენ სპარსნივე თვის-თვისად.
წელსა ამას იქმნა მეფე უძლებ წყლისა მანკიერებითა. ჟამსა ამას ჩამოვიდა ომარ-ხან, მოწვა ველის-ციხე და მუკუზანი და უკუ-იქცა და ჩავიდა შაქად.
და მეფეცა გარდაიცვალა თელავს 80 წლისა, წელსა ჩღჟჱ (1798), იანვრის ია (11), ქორონიკონს უპვ (486) და იქმნა ძე მისი გიორგი მეფედ.
ჟამსა ამას მოვიდნენ კვლავ შეყრილობანი ლეკთანი და დაეცნენ ქრცხინვალს და ვერა-რამე ჰყვეს. გარნა უკუნ-ქცეულთა შეემთხვა მეფის ძე იოანე დირბს და იძლივნენ მათ-გან. იქ მოიკლა ბრძოლასა შინა წინა-მძღვარნი ლეკთა, ჩინებული ალი-ფოლადად წოდებული. წარმოიშვა კვლავ სამდურავი შორის ქართლისა და ყარსისა. მაშინ წარგავნა მეფემან გიორგიმ ძენი თვისი დავით და იოანე, მიუხდნენ ყარს, მოსტყვენვეს გარემონი ყიზილ ჩახჩახისანი. მაშინ გამოვიდა მხედრობითა დიდითა ალი-ბეგ და იძლივა ქართველთაგან ოსმალნი, ესრეთ რომელ უმეტეს ორისა აღაჯისა სდევნეს ქართველთა ოსმალნი ხოცითა და ჭერითა, შემოიქცნენ ქართველნი ალაფითა დიდითა, მძლეველნი თურქთანი.
ჟამსა ამას იყო ყაენად ბაბა-ხან, ძმისწული აღამამად-ხანისა და ვინაიდგან ესე აწვევდა მეფესა გიორგის მონებასა. ამად იძულებულმან შეიტანა თავი თვისი მონებასა ქვეშე იმპერატორისა პავლე პეტროვიჩისასა.
ხოლო ამან წარმოუგზავნა დესპანი და სამეფონი ნიშანნი და ერთი პოლკი იეგირისა და შემდგომად ერთი პოლკიცა მუშკეტერისა. კვლავ ჩამოვიდა ომარ-ხან ავადრელი ბირებითა იბრეიმ-ხანისათა და დაიბანაკა კიდესა ალაზნისასა. იქ მივიდა მეფის ძე ალექსანდრე. ვინაიდგან იყო ურჩი მეფისა, წარმოვიდნენ და მივიდნენ პირისპირ ნიახურისა, იქ ეკვეთა მეფის ძე იოანე კახეთისა მხედრობითა და ექვსასისა რუსითა და რაოდენ-იყო თვით მხნედ, ეგრეთვე მხედრობანი კახთანი, იძლივნენ ლეკნი და ამოსწყდნენ უმრავლესნი, რომელიცა შეყრილობა ესე იყო ვიდრე ათი ათასისა კაცამდე და უკუნ-იქცნენ სირცხვილეულნი, ჩავლეს იორი, მიუხდნენ განჯას. მაგრამ იქცა იძლივნენ და მეფე გიორგიცა გარდაიცვალა წელსა ჩყ (1800), დეკემბრის კჱ (28), ქორონიკონს უპჱ (488). ხოლო შემდგომად მისსა ჰყვეს განმგედ და მმართებელად ქართლისა პირმშო ძე მისი დავით, ბრძანებითა იმპერატორისათა.
წელსა ჩყ (1800), ქორონიკონსა უპჱ (488), გარდაიცვალა პავლე სრულიად როსიის იმპერატორი და დასჯდა მის წილად იმპერატორი ალექსანდრე ძე პავლე იმპერატორისა. ამან წარმოგზავნა მთავარ-მმართებელი ღენერალ-ლეიტენანტი კნორინღი.
Комментариев нет:
Отправить комментарий