„მესხური დავითნის ქრონიკა“ წარმოადგენს მესხურ მატიანეს, რომელიც შეიცავს ცნობებს სამცხე-საათაბაგოსა და მეზობელი
ქვეყნების პოლიტიკური ისტორიის შესახებ 1561 წლიდან 1587 წლამდე. თავ-ბოლო
ნაკლულია. დაწერილია სხვადასხვა ავტორის მიერ, რომლებიც უთუოდ ათაბაგთა სახლის წევრები არიან.
მოთავსებული იყო „დავითნში“ (ძველი
აღთქმის ერთ-ერთი
წიგნი). აქედან მიიღო
სახელწოდება. ქრონიკა
თითქმის სრულად აქვს გამოყენებული როგორც ვახუშტის, ისე ქართლის ცხოვრების გაგრძელებათა
ავტორებს.
ტექსტი
1. ........................................................................
ია (11) მთვარისასა (ეს ნაწყვეტი ქაიხოსროსა და დედისიმედის 1559 წელზე ადრე დაბადებული ერთ-ერთი შვილის გაჩენბის თარიღის დაბოლოებაა.
2. ქორონიკონს სმზ (1559) დაიბადა ბატონის არჩილის ვაჟი ჰერეკლე, მარტს კგ (23), დღესა...
3. დაიბადა თამარ აწყუერს, აპრილსა იჱ (18), დღესა პარასკევსა, დღისით, ჟამსა ვ (6), მთვარესა დ (4), ქორონიკონსა სმთ (1561).
4. საბა დაიბადა აწყუერს, პატრონი იანქო თვესა აპრილსა კთ (29), დღესა ხუთშაბათსა, დღისით ჟამსა მეექვსესა, ზ (7) მთვარისასა, ქორონიკონსა სნა (1563).
5. ქორონიკონსა სნბ (1564), ივნისსა გ (3), დღესა სამშაბათსა, კზ (27) მთვარისასა, შეწევნითა ღვთისათა და წმიდის ნიკოლოზისათა, პატრონმა ყვარყვარემ ქორწილი ქნა ოდიშს დადიანის ქალს მარეხთანა.
6. დაიბადნენ ბასილი და ბექა-პავლე აგვისტოსსა იბ (12), დღესა შაბათსა, ღამით, ჟამსა ბ (2), მთვარესა ვ (6), ქორონიკონსა სნბ (1564), ციხისჯვარს.
7. ქორონიკონსა სნგ (1565), ივლისსა ზ (7), კვირას დღესა მოიყვანეს ბატონი მარეხ წყაროსთავს.
8. წაბრძანდა პატრონი ქაიხოსრო ყაზმინს შაჰ თამაზს ყაენის წინაშე, მარტს გ (3), დღესა პარასკევსა, მგელციხიდან, ქორონიკონსა სნჱ (1570).
მუხრანბატონთა მოსახსენებლები
9. მეფისა მხნისა და ბრძოლათა შინა მიუდრეკელისა, ღვთის მოყვრისა ბატონის ბაგრატ-ყოფილისა ბარნაბასი საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
10. დედოფლისა ბატონისა ელენესი საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
11. ძეთა მათთა, სამოთხის ნერგთაებრ აღმოცენებულთა, თვალპირ მშვენიერთა, ბრძოლათა შინა მიუდრეკელთა, მეფისა ბატონის ჰერაკლესი და ძმისა მათისა ბატონის აშოთისი საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
12. დისა მათისა ბატონის თეოდორასი საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი.
13. იონათანისი, გულდფარისი, იონათანისი (იოთამისი) საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მათი.
14. ღვთივ გვირგვინოსნისა ქართველთა მეფეთ-მეფისა დიდის კოსტანტინეს შვილის-შვილისა მეფის ბატონის ბაგრატის შვილი ბატონი არჩილ წარმართებულიყავნ ღმერთმან სიგრძესა შინა წელთასა, ამინ.
15. ძე მათი ჰერაკლე და ელენე აღზარდე და დაარჩინე, ღმერთო, ამინ.
16. ეგრევე ბატონის ვახტანგისი მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მისისანი.
---------------
17. პატრონმა მზეჭაბუკ, წლისა კბ-ისამან (22) იქორწინა და მოიყვანა ასული როსტომ გურიელისა პატრონი როდამ სახელით და ცხოვრობდა მასთანა ერთი წელი და ორი თვე. იანვარსა ია (11), დღესა პარასკევსა, დღისით, ჟამსა ვ (6), გარისხდა ღმერთი მისი მშობლისათვის და პატრონი მზეჭაბუკ მიიცვალა ამიერ სოფლიდან საუკუნეთა მათ განსასვენებელთა, წლისა კგ-ისასა (23) ორი თვე აკლდა, საღვთოთ-საკაცობომდი ყოვლად სრული და ზნე-უკლები. სიყრმიდან ღვთისმოყვარე და ქრისტეს სარწმუნოებაზედა აღზრდილი, სრული მწიგნობარ-მგალობელი და რიტორი, ხმა-მშვენიერი, ენა-ტკბილი, ეკლესიათა და ღვთისმოყვარეთა კაცთა პატივისმცემელი. ხოლო იცოდა სპარსული წიგნი და წერა და ენა თათრული, სპარსული და არაბული. ისპა მობურთალ-მოასპარეზე ქვეყანასა ზედა მისებრი არ გამოჩენილა. ქორონიკონსა სჲ (1572) მიიცვალა.
18. დაიბადა ბატონი ვახტანგის ვაჟი ბაგრატ ივლისს ივ (16), დღესა ოთხშაბათსა, პირველსა ჟამსა დღისასა, ქორონიკონსა სჲ (1572).
თვალშვენიერის ყაზვინს გამგზავრება
19. მაისსა კზ (27), დღესა ხუთშაბათს წავედით ახალციხეს და ბატონი თვალმშვენიერი საყაზმინოდ წავიყვანეთ, დღესა ხუთშაბათსა, ქორონიკონსა სჲა (1573), ივანობისთვეს იზ (17 ივნისს), დღესა ოთხშაბათსა ახალციხიდან გავედით და ენკენისთვეს ლ (30 სექტემბერს), ოთხშაბათ დღესა წყაროსთავიდან გავედით.
პარასკევს დღესა წვრილნი და-ძმანი გაიყარნენ ქვა-კაცთა და ჩვენ ჭალას დავდექით. ღვინობისთვეს ია (11 ოქტომბერს), კვირა დღესა ვანაზიიდან გავიყარეთ დედა-ძმანი და ლაშქარნი და თვალმშვენიერი გორს ჩავიდა იმ დღესა და ჩვენ ჯამასპს მოვედით. კ (20) ღვინობისთვესა (ოქტომბერს), სამშაბათსა დღესა ერევნიდან წასულიყო. ამას უკანანდელი საქმე ღმერთზე ჰკიდია.
ქაიხოსრო ათაბაგის მოსახსენებელი
20. ეგრეთვე სახელოვანსა და აღმოსავალიდან ვიდრე დასავლეთამდე სახელ-განთქმულისა, სწორ-უპოვარისა, სიკეთე-აღმატებულისა და მრავალჯერ გამარჯვებულისა, მხნისა და ახოვნისა, ბრძოლათა შინა უძლეველისა, ქრისტეანისა და ღვთისმოყვარისა პატრონის ქაიხოსროსგან გარისხდა ღმერთი ყაზმინს. და დაუტევა მდენი ესე საწუთო ენკენისთვეს (სექტემბერი) კთ (29), დღესა სამშაბათსა, ცხრა ჟამს, მთვარესა ბ (2) და მიიცვალა; წლისა ნა (51) თებერვალსა იგ (13) გათავდებოდა, საუკუნეთა მათ საყოფელთა სასუფეველსა ცათასა, მამისა თანა და ძისა და წმიდისა სულისა, რომლისა საუკუნომცა არის სახსენებელი და კურთხევა მისი, ქორონიკონსა სჲა (1573).
--------------------
21. ღვინობისთვეს (ოქტომბერი) ოცდაორს, დღესა ხუთშაბათსა, პატრონი არჩილ შირაზს გაგზავნეს ყაზმინიდან, ქორონიკონსა სჲა (1573).
22. ნებითა ღვთისათა და შეწევნითა აწყურისა და ვარძიისა ღვთისმშობლისათა, დაიბადა პატრონი ყვარყვარეს ძე პატრონი ქაიხოსრო აწყუერს, გიორგობისთვე (ნოემბერი) ცხრა, ორშაბათი დღე გათენდებოდა, ქათმის ყივილზე; მთვარესა იდ (14), ქორონიკონსა სჲა (1573).
23. მარტსა კ (20), დღესა კვირასა, ჟამსა მწუხრისასა, ქორონიკონსა სჲგ (1575), მთვარესა ცხრასა გარისხდა ღმერთი ცამდე ამაღლებულისა ხელმწიფის შვილისა, დაკარგული დიდის ათაბაგის ძისა, თვალ-პირ-სამოთხისა, ლამაზად შესახედავ-წარმოსადეგისა, ახლისა სამოთხის ყვავილისა, ორი სახელმწიფოს სასახელო შვილისა, პატრონი იანქოსგან ღმერთი გარისხდა. და დაუდგენ მის მშობელს დადგ... აპრილსა კთ (29), თორმეტი წლისა გათავდებოდა.
24. ქორონიკონსა სჲდ (1576), მაისსა იე (15), დღესა სამშაბათსა ყაენი შაჰ თამაზ მოკვდა და უსტაჯალუანთა და იოთამიშვილმა ალიხან სულთან (ჰამერის ცნობით ქართველი) ჰაიდარ მირზას ბატონობა მოინდომეს; ჯარგაზმა - შამხალ-ავშართა და ვინც მათი ოიმახი იყო, მიუხდენ, ჰაიდარ მირზა მოკლეს, უსტაჯალუანი ამოწყვიტეს და ისმეილ მირზის გამოსაყვანად კაცი გაგზავნეს. და ამასვე ქორონიკონსა და ამავე მაისსა კბ (22) მისი შვილი შაჰ ისმეილი - ტყვედ ჯდა ციხეს ყაჰყაას და - გამოიყვანეს დღესა სამშაბათსა და კვ (26 მაისი) არდაველს ქალაქში მოვიდა და კჱ (28 მაისი) ყაზმინისკენ წავიდა.
25. ამავე წელსა, ივნისსა, ათაბაგი პატრონი ყვარყვარე და ძმა მათი პატრონი მანუჩარ და ბიძაშვილი მათი მეფისშვილი პატრონი ჰერაკლე მგელციხეს წავიდენ ყაენთან ელჩის გასაგზავნელად. ავ-კარგად სამოცამდე კაცი იახლა. სამწუბთ ღელეში დავდეგით.
აცნობა ოლადის ქვცაბიდან ბედანიშვილმა იასონ ვარაზაშვილს კოკოლასა და მის ძმასა ლაშქარასა და მის ბიძას გურგაქს. იახლეს თანა ელიას შვილი ავთანდილ და მისი ძმა შერმაზან, ამატკიშვილი როსტომის შვილი ამატაკ და აბდუყაფარ და მათი ძმისწული როსტომ და ამატკის ვაჟი სეხნიაი. შეიკაზმნენ ხუთასამდი კაცი და წამოვიდენ და ორთვალთხიდს გამოვიდენ, ბორგს მივიდენ. იქ ფანასკერტელი იობის შვილი ჯირასონ გვერდ იახლა, საუბარს შეესწრა კაცსა, თუ - გულმართლა ბატონებზე თავს დასასხმელად და დასახოცლად მიდიანო. იარა და აცნობა (უგუბოს) დოლენჯიშვილს ყანდურალის, თუ გულმართლა ბატონიშვილებს დაჰხოცავენ! ფიცხლად აცნობე! წამოვიდა ყანდურალი, აცნობა ბატონებსა. ქათამს ეყივლა. ადგენ ბატონები და ვინც იყო, შეიკაზმნენ. ოცამდე შეკაზმული კაცი იყო. ბარგი აჰკიდეს, დიდხანს იქივ იბრუნეს და არ მოვიდენ. უკმოგდენ ოხერათ-თავს სიმაგრესა.
26. ივნის ლ (30) შაბათს დღის განთიად დაესხნენ ნასადგომევსა. სხვა აღარა დახვდა რა: თუხარლიანთ კარავი და ბარგი დახვდა და ის დაიფორიაქეს; ჯორები კიდევ მოსცეს. ჩვენი და მათი კაცი გადაიკიდნენ; ერთი მოკლეს და ერთი ხელთ დაიჭირეს ჩვენთა. წავიდენ გაწბილებულნი. ეკვეხა: „არ გაგვსწრობოდეს, თავებს დავჭრიდით და მკვდარს ასო-ასო ავიქმოდით. და ეს გვექნა, მარტვილებსაც არ გაუშვებდით ცოცხალსა!“
დავარდა ხმა; დაიწყო ჩვენმა ლაშქარმა მოდენა. გაემართნენ პატრონი ყვარყვარე და პატრონი მანუჩარ და ჰერაკლე სახელსა ზედა ღვთისასა და მივედით ზადა-თმოგვს. და თმოგვის ქალაქი მოვარბიეთ და იქივე ზედა თმოგვს ამოვედით და პატრონი დედა მათი, დედისიმედ ყოფილი დებორა იქ მოვიდა. და ორშაბათს ვანის-ქვაბს მოვადეგით და ოთხშაბათს იერიშით ავიღეთ და პარასკევს დღეს ავიყარეთ, ჩაუდეგით, რჩეულიანი შემოვეწყვეთ. კვირას დღეს ოლადის ქვაბი ავიღეთ, ამოვედით, კარწახს დავდექით.
27. ივლისსა ით (19), დღესა ხუთშაბათსა, ქორონიკონსა სჲდ ჰერაკლე შევჰკაზმეთ, წლისა ივ-ისა (16), სამი თვისა და სამი კუირისა. მიუხდით ფოსოს, სახლი დავწვით და ამოვწყვიდეთ. გაუძახეთ ლაშქარი. დარღვეულთ ხიზანი და ალაფი გამოვიღეთ და მოვედით და პალაკაციოს დავდექით და იქიდან თეთრ-ციხის გარეშემო დავწვით ალბუტი და კამაროანი და შაჰთან ელჩი გავგზავნეთ.
28. ამავე თვესა, ივლისსა კჱ (28), დღესა შაბათსა შალიკაშვილი ზემბადის შვილმა მათივ ნაქონები ოთის ციხე წაართვა და ჩვენ, თათარნი შუა შემოვიდენ (თუქები იწყებენ
სამცხის დაპყრობას), გამოუდექით, წამოვედით მგელციხეს, შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით და მერე აწყუერს წავედით.
29. ამავე ქორონიკონსა, აგვისტოს ოცდაათერთმეტსა ვარნეთის ციხეს უღალატეს მგელციხიდან და ენკენისთვეს (სექტემბერი) ოთხსა პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე, მათი ბიძაშვილი, მგელციხეს იყვნენ და შალიკიანთ აზნაურიშვილებს თავს დაესხნენ. აზნაურიშვილები გადაიხვეწნენ. ერეკლე მიეწია, კაცი ჩამოაგდო და კარგი ცხენი დარჩა და ჩვენც მოვედით სამცხიდან და შერანშაიანთ წყაროზე დავდექით.
30. დიასამიძემა დემოთის საღალატოდ აზნაურიშვილები და მსახურები გაგზავნა და ვეღარ უღალატეს და ჩვიდმეტი ხელთ დარჩა საჯარს, შალვაშვილს, ციხისთავს.
31. ამავე ქორონიკონსა სჲდ (1576), ივანობისთვეს კდ (24) ბატონი არჩილ შირაზიდან ყაზმინს მოსულიყვნენ ცოლშვილიანად.
32. მერე ჩაუდექით, ფოსო ამოვწყვიდეთ და შაჰთან ელჩი გავგზავნეთ. უკმოვბრუნდით, სამცხეს მოვედით.
33. ქორონიკონსა სჲე (1577), მარტში, მიგვიხდა კოკოლა და ახჩიის ქვაბი წაგვართვა. წავიდა ბატონი მანუჩარ და იმავ წამს წაართვა. ერეკლე თან ახლდა. მერე გურგაქ განუდგა კოკოლას, თავის ძმისწულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯისციხე დაუბრუნა. მერე ფიცი გაუტეხა და კიდევ განუდგა ბატონს მანუჩარს. უკმობრუნდა ბატონი მანუჩარ; ჩაუდექით კიდევ გაზაფხულზე, ვესაუბრეთ. არ შემოგვეწყვნენ. დაურბიეთ ფოსო, ელჩი გავისტუმრეთ და უკმოვბრუნდით.
34. ამავე ქორონიკონსა ქრისტეს სახელსა ზედა ღვთისსა, გავილაშქრეთ ენკენისთვე (სექტემბერი) ნახევარ და ქაჯის ციხეს მოვადექით.
35. ღვინობისთვეს (ოქტომბერი) ორს გურგაქ შემოგვეწყო და ველი მოგვცა. გავბრუნდით, ურთის ციხე-საყდარი წავართვით, კოკოლას საკუთრება იყო, და ციხე დავაქციეთ, სიმაგრე რაც იყო დავწვით, საყდარი გაუშვით, ფოსო მოვარბიეთ და ელჩი გაუშვით ყაენთან, მოვბრუნდით, მგელციხეს მოვედით.
36. ბოსტოღანიშვილმა მატამა უხუცესი მისი ძმა მოკლა, ათამირზა ერქვა. წამოვიდა ბატონი მანუჩარ, დაიჭირა მატაი და თვალები დაწვა მას და მისთან მყოფთ ყმათა. მობრუნდა ბატონი მანუჩარ, მგელციხეს მოვიდა, ბატონი ყვარყვარე და ბატონი მანუჩარ იქ დადგენ და ბატონი დედისიმედი წამოვიდა, ახალციხეს მოვიდენ.
37. ქრისტეშობისთვეს (დეკემბერი) იზ (17), ამბავი მოვიდა თუ: შაჰ ისმეილი მოკვდაო. აღარ დავიშალეთ, შობას ელჩი გავგზავნეთ ბატონს თვალმშვენიერთან; ყაენის სიკვდილი არ დავიჯერეთ.
38. ქრისტეშობისთვეს (დეკემბერი) ოცდარვასა თვალმშვენიერის კაცი მოვიდა, სადასტურო ყაენის სიკვდილის ამბავი მოიტანა გიორგობისთვეს (ნოემბერი) კგ (23) მომკვდარიყო შაჰ ისმეილი.
39. ქრისტეშობისთვეს (დეკემბერი) ოცდათერთმეტს ბატონი ყვარყვარე და ბატონი მანუჩარ თმოგვს მოადგენ, სამშაბათს დღესა.
40. იანვარს ე (5), კვირა დღესა, ქორონიკონსა სჲვ (1578) პატრონი დედისიმედი და ბატონი ბექა ყველს მოადგენ.
41. ამავე იანვარს ჱ (8), ოთხშაბათს თმოგვი წაართვეს და აქეთ იმავ დღეს ყველი წავართვით.
42. ოთხშაბათს, გიორგობისთვეს (ნოემბერი 1577 წ.) შვიდს, ბატონ ერეკლეს ცხენი წამოექცა. საქმე სათუოდ გაუხდა, ასე საძულად დასცა; უცხოფერს ფათერაკს გადარჩა. აგრევე მეცამეტე დღეს წავიდა სანადიროდ, ქარაფის ძირს იჯდა, ჩამოაგდო ქვა, დაეცა თითის წვერი ძვლითურ მოჰკვეთა; გონჯად დალეწა; ორ თვეს ძლივს გამომთელდა. მისთვის არც თმოგვს იყო და არც ყველს (ეს ამბები ერეკლე მუხრანბატონს 7 და 20 ნოემბერს შეემთხვა).
43. შეყარა კოკოლამ ყარახან, წამოვიდა თმოგვზე მოსაშველებლად, ვეღარ მოესწრა. ციხე ორივ წაერთმევინა. ყველიდან თმოგვს წავიდა ბატონი დედისიმედი. იქიდან ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა; ფოსო და ჯავახეთი დაარბია და გურგაქს ქაჯისციხე გაუბარაქიანა. ბატონი ყვარყვარე და ბატონი მანუჩარ ახალციხეს წამოვიდა და ბატონი დედისიმედი თმოგვს დადგა. თმოგვის ციხეს რაც დახირა უნდოდა, მიატანინა, გააბარაქიანა და თვალმშვენიერთან ელჩი გაგზავნა, ციხეების შოვნა შეუთვალა და ურუმთ აშლა აცნობა და ურუმთ საჩქარო ხმა დაუვარდა. პატრონი დედისიმედი ახალციხეს შვილებთან მოვიდა. პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე - ლაშქარნი შეყარეს - წავიდენ, ურუმს პირს მიუდგენ. პატრონი ყვარყვარე ცოტად უგუნებუდ იყო; ის ვეღარ წავიდა. ზღუდერს ჩავედით.
44. ამასობაში ოთმანიანი რვაათასი კაცი თებერვალს კვ (26), ოთხშაბათს დღესა, დაესხნენ ყარახანს, გაუდრკა საილათოდ. წაუდგენ ურუმნი და ათიოდე კაცი მოუკლეს. მობრუნდენ, გორი დაუწვეს და იმავ ზარიშატში დადგეს. მობრუნდა ყარახან, ექვსასი კაცი ახლდა, დაესხა თავსა, ამოწყვიდა ურუმნი, გააქცია, სახელსა ზედა ღვთისასა და გაემარჯვა ყარახანს და აივსნენ საქონლითა და იარაღითა. მობრუნდა ბატონი მანუჩარ და აწყუერს ჩამოვიდა.
45. ქორონიკონსა სჲვ (1578), მაისსა კა (21), დღესა ოთხშაბათსა წავიდა პატრონი ჰერეკლე სურამს, ქართლის დედოფალთან: დედოფალი ღარიბად იყო; მასთან სამყოფად ჩავიდა.
46. ამავე ქორონიკონსა, მარიამობისთვეს ზ (7), ხუთშაბათს დღესა ხვანთქრის ლაშქარი და ლალა ფაშა მგელციხის ციხეს მოადგენ, შეიბნენ. სამშაბათამდე ყოველ დღე ომში იყვნენ ციხოანნი. გოგორიშვილი როინ და მისი ძმა - ბერი ერუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყვნენ, მათი ყმითა და ღვთის შეწევნით უკუყარეს და ციხე ჩვენვე დაგვრჩა: ჩვენთა გაემარჯვა.
47. პარასკევს დღესა, ჱ (8) მარიამობისთვესა (აგვისტო) ქაჯის ციხე, ველი და თეთრციხე წაგვართვეს ურუმთა და ქაჯის ციხის მეციხოვნენი სრულად შემოეხოცნენ (ჰამმერის
ცნობით ეს 9 აგვისტოს მოხდა).
48. და თ (9) შაბათსა, დილასა ძურძნასა და წინწალს შუა აზრუმისა და ვანის ფაშა მოვიდენ და სულთანი და ყარახან ბაზუქლუ, კიდევ მუღალუს ბატონი, იქ შეიყარნენ. მაჰმადი-სულთან გორაზე წამოადგა; მისი ვინც იყო, გვერდ მოიყენა და სხვა ბატონები შეებნენ ურუმთა. პირველად გაიმარჯვეს ყიზილბაშთა და მერე ურუმნი მოერიენ და გაიმარჯვეს. მაჰმადი-სულთან გამოიქცა, გადაიხვეწა.
49. იმავ კვირას, ი (10) მარიამობისთვეს, პატრონი მანუჩარ ქაჯის ციხეს შეეყარა (თურქთა სარდალს). ვერც ლაშქრის ომსა და ვერც ციხების აღებას ვერ მიესწრა (ჰამმერის ცნობით მანუჩარი ჩილდირის ბრძოლამდე რამდენიმე კვირის წინ
მიეკედლა თურქებს და აწყურის სანჯაყი მიიღო, ხოლო მის ძმას - ყვარყვარეს - ოლთისი
მისცეს).
50. ამილახორიშვილი ქოიარ მიეგება არტანს და ორი ციხე მან შესძღვნა ლალა ფაშასა მარიამობისთვეს (აგვისტოს) ორსა.
51. აგრეთვე არფაქსად მიმხრობოდა ექვსი ციხითა მას წინათ და ხერთვისი და ხუთი ციხე მას შეეძღვნა და პატრონს მანუჩარს თან მიჰყვა, იმ წამს გამოჰგვარეს, ციხეები გამოართვეს და ხახული სასანჯახოდ მისცეს.
52. პატრონმა მანუჩარ იზ (17) ამავ თვესა თმოგვის ციხე მისცა ლალა ფაშასა. ახალქალაქი უწინ წაართვეს - კოკოლას მეციხოვნე იდგა და იქიდან მისცა თმოგვი. გააძევეს.
53. წავიდენ ტფილის ქალაქზე. ის დაუთხანმა დაწვა და გაეცალა, ლორეს ჩავიდა. ტფილის ჩავიდა. ფაშა დასვეს და გორს - სანჯახი.
54. პატრონი ბაგრატის შვილი, პატრონი ვახტანგ, ერისთავი ელისბარ და ამილახორი ბარძიმ ერთად შეიყარნენ. ლალა ფაშა ლაშქარი გაუძახა დედოფალსა და სრულად ქართლსა. ესენი მოვიდენ და ამათი წყალობითა ლაშქარი დააბრუნეს. თემი აღარ ამოწყდა. მათ-მათი მამული მისცეს, ოთხი დღე არ დააყოფინეს, დააბრუნეს; მათს მამულში მოვიდენ.
55. სომხითართ ბევრი აწყინეს.
56. ლაშქარი გამოეშვა ლალა ფაშასა; ამოიარეს ქართლი; დაუდგენ იმერელნი წინა და მწოედ ამოწყვიტეს.
57. მეორედ ერეკლე დაემწყვდია შიგა ომში, პატრონი არჩილის შვილი და მას გაემარჯვა. უცხოფრად შებმულიყო, ცხენი ქვეშ გამოეკლა მისთვის: თექვსმეტი მუზარადს ჰქონდა ნაკრავი ისარი, ორმოცამდი - ჯაჭვს და ვერც ჯაჭვი და ვერც მუზარადი ვერ გაეკვეთა. ერთი ხმალი ხანჯალს სცემოდა; ხანჯლის ტარი ზედ დაეჭრა; ექვსი აზნაურიშვილი მძიმედ დაუჭრეს, დაუკოდეს. გამარჯვება ერეკლეს დარჩა; გამოაქციეს თათარნი, უფროსი ერთნი დახოცეს და ამოწყვიტეს.
58. ენკენისთუეს ერთს (სექტემბერი) იმერელნი შეიბნენ და გაიმარჯვეს და ქართლელნი და ერეკლე ენკენისთვეს (სექტემბერი) ათს შეიბნენ და სრულიად ამოწყვიდეს.
59. ორავჟანდას შვილი მოვიდა და ლალა ფაშასთან მანუჩარს ის მიუძღვა. ახალქალაქიდან ფაშა და პატრონი მანუჩარ ქართლს წავიდენ. (აქედან ჩანს, რომ მანუჩარი შეთანხმებულია ლალა
ფაშასთან და მასთან ერთად მოქმედებდა ქართლში ლაშქრობის დროს) ორავჟანდას შვილი ქაიხოსრო აქეთ გამოეგზავნა.
60. ქორონიკონს სჲვ (1578), ენკენისთვეს (სექტემბერი) ოთხს, ხუთშაბათს ქორწილი უყავით მასთან პატრონის შვილს თამარს. სამებამ და საშინელმა აწყუერისა ღვთისმშობელმა წმიდამან ქორწილი ბედნიერად მოუხდინოს. ჭამა აგურიანში იყო, თათართ შიშითა. დიაღ ჩვენი უგუნებო ქორწილი იყო.
61. აგრეთვე კახი მეფე, პატრონი ლეონის შვილი პატრონი ალექსანდრე მიეგება ლალა ფაშასა სართიჭალას შეეყარა და შაქისა და შარვანზე წავიდენ.
62. ამაზე შერანშაშვილი მოვიდა ყაენიდან, თვალმშვენიერთან იყო; ეს ამბავი მოიტანა: მანუჩარი ლალა ფაშასთან მისულა შეიტყუა ყაენმა (აქედან სრულიად ცხადი ხდება, რომ მანუჩარი ლალა
ფაშას მხარეზეა გადასული და მონაწილეობს მის სამხედრო ოპერაციებში, რაც ირანისთვის
აღარაა დაფარული). თვალმშვენიერს კაცები გამოუგზავნა, სადგომი დააგდებინეს და ყორჩიბაშს მიაბარეს.
63. მარიამობისთვეს (აგვისტო) ოცდაექვსს ორშაბათ დღესა დაიჭირეს თვალმშვენიერი.
64. დაიჭირეს შირვანი, ციხე ააშენეს და ოსმან ფაშა შეაყენეს მისი ლაშქრითა, და შემობრუნდენ.
65. ალექსანდრეს შვილი არაგვამდე მოჰყვა და დაბრუნდა.
66. ლალა ფაშა მუხრანს დადგა, გორი გაამაგრა.
67. ქართლის მეფე, პატრონი სვიმონ ტყვე იყო; ყაენმა გამოუშვა, მოაბით მოიყვანეს ავადმყოფი. პატრონი არჩილ, ერთი შვილითა: და ბევრი ტყვე თან მოიყვანა, ღვინობისთვეს ნახევარ მოვიდა. ყაენმა ხუდაიბანდიმ გამოუშვა. ლალა ფაშა ქართლსვე იდგა. მოვიდენ სომხითს, დალაპარაკდენ. ავადმყოფი იყო, მისი მიზეზით ვეღარ ნახა.
68. აიყარა ლაშქარი ღვინობისთვეს (ოქტომბერი) ერთსა, პარასკევს დღესა, მოდენა დაიწყო. აწყუერს ვიდექით. ორშაბათს პატრონი მანუჩარ გამოეშვა, წინათ მოვიდა. სამშაბათს - პატრონი ყვარყვარე წინ მიეგება - თვითონ ლალა ფაშაც მოვიდა და გაღმა ლეკზე დადგა.
69. ხუთშაბათს პატრონი დედისიმედი გავიდა ციხიდან და ლალა ფაშა ნახა. ანგარიში არ იქნებოდა, რაც ლაშქრისა და აქლემების ჯარი იყო. შაბათს, ცისკრისას აიყარა და წავიდა. პატრონი ყვარყვარე თან გაჰყვა მოტყუებით და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარიც თან წაჰყვა. ათს დღეს ძლივს ლაშქარი გაიწმინდა.
70. სამშაბათ დღეს ამბავი მოვიდა: პატრონი ყვარყვარე აღარ დაბრუნდაო. წავიდა დედისიმედი, ჯაყამდე სდია, ვერ მიეწია; აზნაურიშვილები წაუყენა, ვეღარ დააბრუნა; ისე დედისა და ცოლშვილის გამოუსალმებელი წავიდა. ოლთისი სასანჯახოდ მისცეს; იქ მივიდა.
71. პატრონი მანუჩარ მოვიდა, აწყუერს მობრუნდა.
72. ტაძრად მიყვანების დღეს პატრონი დედისიმედის ძმა პატრონი ვახტანგ ხელთ დაიჭირა პატრონმა მეფემა სვიმონ და კეხვის ციხეში ტყვედ ჩააგდო.
73. ლალა ფაშას ლაშქარი და მირზა-ალი გამოეგზავნა პატრონ მანუჩართაა, ქართლს გაეძახა. ქართლს ვერ ჩაუვიდენ, სადგერს დადგენ და ამოწყვიდეს სადგერი. წმიდის გიორგის განძი წახდა.
74. მეორედ კიდევ სანჯახები გამოეგზავნა; შეიყარა პატრონი მანუჩარ, ჩაუხდა და ზემო ქართლი დაარბია.
75. მოუვიდა კაცი პატრონს ყვარყვარეს, ოლთის აღარ დააყენეს, არზრუმს მიიყვანეს; შობის წინა დღეს წაიყვანეს.
76. მოუხდა შაჰის ხუდაიბანდის ცოლი ბეგუმ შირვანსა, შეიბნენ, ამოწყვიდეს ლაშქარნი, ციხე დაწვეს, დააქციეს; ხაზინა ყველა ხელთ დარჩა, თათარხან ხელთ დაიჭირეს, ყაზმინს ტყვედ წაიყვანეს; მოერიენ ყიზილბაშნი. ოსმან-ფაშა დემურყაფს დარჩა. ჩავიდა ყაზმინს ბეგუმ. დაიჭირეს ბეგუმ გამარჯვებული ხელთა; ისიც მოკლეს და თათარხანიცა, ყაენმა დაახოცინა.
77. ქორონიკონს სჲზ (1579), მარტს კგ (23), პატრონი მანუჩარ არზრუმს წავიდა.
78. პატრონი ყვარყვარე და პატრონი მანუჩარ კოსტანტინოპოლს წავიდენ აზრუმიდან. აპრილის კ (20) ორშაბათს გავიდნენ.
79. მას შემდეგ მოვიდა ამბავი - ბატონი თვალმშვენიერი მარიამობის (აგვისტო) თვეს ოცდასამს ხელთ დაიჭირეს.
80. ღვინობისთვეს ა (1 ოქტომბერი), ორშაბათს დღესა ალამუტის ციხეში ტყვედ წაიყვანესო.
81. ჟამი შეიქმნა. მაისსა ლა (31), შაბათ საღამოსა ხოსიტა გააცხელა საკანაფეს, პატრონი ყვარყვარეს შვილი. ღვთის შეწევნით გადაიხადა. ივნისს ით (19) ბატონი ბექა გააცხელა და ღვთის შეწევნით მანაც გადაიხადა. ბევრი გააცხელა ჩვენები და არავის-რა დაუზიანდა.
82. მეორედ მოვიდა ლალა-ფაშა და კარი ააშენა (ე. თაყაიშვილის ცნობით ლალა ფაშას ყარსზე მოსვლა 1579 წ. აგვისტოში მოხდა). ტფილის ქალაქს ლაშქარი გაგზავნა და ნუზლი შეიტანა.
83. მარიამობისთვეს (აგვისტო) კვ (26) პატრონი დედისიმედი გააცხელა ხუთშაბათს დღესა და ორშაბათს დღესა ბერის პატრონის ბასილის ჟამით გაცხელება მოუვიდა, საფარას საბურთეზე გაეცხელებინა. იმ წამს წაბრძანდა პატრონი დედისიმედი. ორნი დედაშვილნი ერთს კარავში დაწვენ. ენკენისთვეს (სექტემბერი) გ (3), პარასკევი გათენდებოდა, ღმერთი გარისხდა, ბატონი ბასილი მიიცვალა იე (5) წლისა და ოცდაორი დღისა ღამით, ჟამსა გ (3). წამოვიდა პატრონი დედისიმედი მოაბითა, ზღუდერს ჩამოვიდა.
84. და ღვინობისთვეს (ოქტომბერი) უსკუდარიდან პატრონიშვილების გამოშვების მახარობელი მოვიდა.
85. ამავე ქორონიკონსა გიორგობის თვეს (ნოემბერი) პატრონი მანუჩარ მოვიდა კოსტანტინოპოლიდან. ფაშობა ებოძა ხვანთქარსა და სრულად მისი მამული. ორ თვეს პატრონი ყვარყვარე თორთომს დაეყენებინა, არ გამოეშვა. (ჰამმერის ცნობით სტამბოლში მანუჩარმა მიიღო მაჰმადიანობა და მუსტაფა ფაშად
იწოდა, ხოლო ყვარყვარემ, თურქულ წყაროებში გრეგუარად წოდებულმა ამაზე უარი თქვა).
86. ქორონიკონსა სჲჱ (1580), იანვარს ჱ (8), პატრონი ბექა ვალიდამ გავაგზავნეთ. ლალა-ფაშა წასულიყო და ბექა ოლთისს დადგომილიყო (ე.ი. ბექა გაგზავნეს ლალა ფაშასთან მისი წილი მამულის
გამოსათხოვად, რადგან ბექა ამ დროს 16 წლის გამხდარიყო).
87. პატრონი ყვარყვარე ღვთის წინაც შეურცხვენელი და კაცთანაც ფალავანი დაეცა ხვანთქართანა - და ქართველობით გამოეშვა, მისის საბატონოს წყალობა ექნა (ხონთქარს) და მარტში მობრძანდა.
88. ივანობისთვე (ივნისი) ნახევარ ბექა მოვიყვანეთ და თვითონ ორნივ ბატონი (მანუჩარი და ყვარყვარე) ლორეს წავიდენ, დაარბიეს და გამარჯვებულნი მოვიდენ (ე.ი. ყვარყვარეც ჩადგა ხვანთქრის სამსახურში).
89. მას შემდეგ მეორე წელიწადს სინან-ფაშა მოვიდა, ტფილის წავიდა და ორნივ თან გაჰყვენ. პატრონი ყვარყვარე თრიალეთიდან მოებრუნებინა, იმერეთს მოციქულად გაეგზავნა და პატრონი მანუჩარ თან წაეყვანა.
90. ქორონიკონსა სჲჱ (1580) პატრონი ვახტანგისაგან ღმერთი გარისხდა (ე.ი. მოკვდა).
91. ქორონიკონსა სჲთ (1581) პატრონმა მანუჩარმა გვირგვინი იკურთხა თებერვალს (როგორც ჩანს სტამბულში მუსლიმანურად ფაშად ქურთხეული შინ უკვე ქართულად
ეკურთხა სამცხის მთავრად).
92. ივანობისთვეს (ივნისი) დამდეგსა, ქორონიკონსა სჲთ (1581) ბექა კოსტანტინოპოლეს წაიყვანეს.
93. ამავე ქორონიკონსა მარიამობისთვეს (აგვისტო) ოთხს პატრონი არჩილ მობრძანდა აწყუერს. დიდის ხნის უნახავნი და-ძმანი შევიყარეთ. ღვინობისთვეს (ოქტომბერი) წაბძანდა.
94. ქორონიკონს სჲთ (1581), გიორგობისთვეს (ნოემბერი) კე (25) პატრონი ყვარყვარეს და პატრონი არჩილისგან ღმერთი გარისხდა (ე.ი. დაიხოცნენ).
95. ქორონიკონს სჲო (1582) პატრონ მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონი გადარჩა. ორნივ ფაშანი მძიმედ დაიკოდნენ და გაიქცენ და თემი ჩვენვე დაგვრჩა. და ყაენი განჯას მოვიდა. და პატრონ მანუჩარს ჩალაბუთი მოსცა და პატრონ დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი.
96. ქორონიკონს სოა (1583) თვალმშვენიერი ორმოდამ ამოიყვანეს და ყაენთან მოიყვანეს.
97. ქორონიკონსა სოა (1583), მარტს კდ (24), კვირა დღეს, ბზობასა პატრონმა მანუჩარმა მეფეთ-მეფის პატრონის სვიმონის ქალი, პატრონი ელენე, მოიყვანა (ცოლად).
98. ქორონიკონს სობ (1584) სარდალი ვარად-ფაშა მოვიდა ახალციხეს ციხის ასაშენებლად. ვეღარ დადგა, წავიდა და თემი ჩვენვე დაგვრჩა.
99. ქორონიკონს სოე (1587) - აქა ხვდა ბანდას შვილი ჰამზა-მირზა დალაქმა მოკლა.
100. აქა მაწყუერელი გაგზავნეს კოსტსნტიპოლეს და საპატიონი მძევლად: შალიკაშვილი ედიშერ, შალიკაშვილი ელია და ამილახორიშვილი ქოიარ.
101. და მძევლები დაიჭირეს; პატრონი მანუჩარ ვეღარ მიენდო.
102. ქორონიკონს სოე (1587) ახალციხე და გორი ააშენეს ურუმთა, აგვისტოსა, დასაბამიდან წელთა შვიდიათას ორმოცდათოთხმეტსა (სინამდვილეში 7191).
103. მეფე სვიმონ საშველად მოვიდა; აღარ შეაბეს მესხთა; თემი დაარბიეს და წავიდენ.
104. ბევრ რიგი მოღალატე შემოადგენ პატრონს მანუჩარს; ვეღარ დაუდგა და ახალდაბას ცოლი წაიყვანა და წავიდა.
105. პატრონი დედისიმედი და პატრონი ყვარყვარეს შვილი - პატრონი ქაიხოსრო საკანაფეს ციხეში დადგენ.
106. და დიასამიძე ელიამ დემოტიას ციხეს სავალინშვილი საღალატოდ შეუყენა. უღალატეს, ციხე წაართვეს და ბევრი საქონელი და სალარო დაიჭირეს.
107. და გოგორიშვილმა ბეჟან ციხიჯვარი დაიბრუნა და მისცა ფაშასა.
108. შემოგვიყენეს მოღალატენი და ვეღარც ჩვენ დაუდექით და ჩავედით ახალდაბას მარტს ნახევარ. (როგორც მანუჩარ ათაბაგს, ისე დედისიმედსა და მის შვილიშვილს, ეტყობა,
შეერთებული ძალით უტევენ ერთი მხრით საკუთარი თავადები და მეორე მხრით თურქები).
109. გაზაფხულს ყაენი ხუდაბანდის შვილი აბასი-მირზა გამოვიდა, არდაველს მოვიდა; ოზბეგნი ხორასანს წამოეჭიდნენ; დაბრუნდა, იქითვე წავიდა და თვალშვენიერი თან წაიყვანა. თავრეზს რომ ჩავიდენ, იქ ომი ქნა. სამჯერ შეება თვალმშვენიერი, სამჯერვე გაიმარჯვა, კიდეც დახოცა, ხელთაც დაიჭირა, ყაენს მიუსხა. ყაენმა მამულიც დიდი მისცა და ჯილდოცა.
მერე პატრონი მანუჩარ ვეღარ მიენდო; ღონე ვეღარ მოიგონა რა. დაგვიწყეს მოციქულობა. პატრონი დედისიმედი და პატრონი ჩემი შვილიშვილი პატრონი ქაიხოსრო გამოუგზავნეს ახალციხეს ფაშასთანა, შობის წინა დღეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий