სულაიმან ალ-ქაბირი ჭაბუკობის ასაკში გაიტაცეს საქართველოდან და ოსმალეთში ტყვედ გაყიდეს. მისი მფლობელი გახდა მარდინის მმართველი მუჰამად ბეგი, რომელმაც მოგვიანებით ტყვე ბაღდადში მიიყვანა და ქართული წარმოშობის სულაიმან აბუ-ლაილაჰს აჩუქა, რომელიც ერაყს 13 წელი (1749–1762) განაგებდა. აბუ-ლაილაჰმა თავისი თანამედროვე მამლუქთაგან დაკომპლექტებულ რჩეულ სამხედრო რაზმში ჩარიცხა და დააწინაურა. იგი ჯერ ქ. ბასრის გამგებლის მოადგილედ, ხოლო შემდეგ, 1765 წელს, ბასრის მუთასალიმად (გამგებლად) დანიშნეს, რაც ერაყში მესამე კაცობას ნიშნავდა. 1768 წელს გადააყენეს ამ თანამდებობიდან, თუმცა 1771 წელს ისევ დააბრუნეს.
XVIII ს-ს 70-იან წლებში ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილში, ერაყის საფაშოში, ვითარება მკვეთრად დაძაბული იყო. ვილაეთის მამლუქური ხელისუფლება დიდი გაჭირვებით უმკლავდებოდა ერაყის არაბული თუ ქურთული ტომების აჯანყებებს, ქვეყანაში მძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც ერაყის საფაშოს მმართველ წრეებამდეც მიაღწია. ამ უბედურებას დაემატა სპარსეთის ახალი და ენერგიული მმართველის ქერიმ ხან ზენდის (1775–1779) აქტიურობა, რომელიც გამუდმებით ცდილობდა ბაღდადის საფაშოს საშინაო საქმეებში ჩარეულიყო.
ერაყელების მხრიდან სპარსელი პილიგრიმების მიმართ ცუდი მოქცევა შიიტური წმინდა ადგილების ნეჯეფისა და ქარბალას მონახულებისას იყო მხოლოდ მიზეზი იმისა, რომ სპარსეთს გამოეცხადებინა ომი ერაყის ხელში ჩასაგდებად 1775 წლის დასაწყისში. ამავე დროს, ქერიმ ხან ზენდი, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავდა შეჰრიზორში და მთელს ერაყის ქურთისტანში, განაგრძობდა ერაყის საქმეებში ჩარევას, რამაც მხარეებს შორის ცხარე შეტაკებები გამოიწვია. ამ დროს ოსმალეთის იმპერია ცდილობდა როგორმე შეეჩერებინა გაძლიერებული რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის (1762–1796) ჯარები, რომლებიც დამარცხებას დამარცხებაზე აყენებდნენ ოსმალეთს. გამომდინარე აქედან სულთან აბდ ულ-ჰამიდ I-ს (1773–1789) არ ჰქონდა არანაირი საშუალება, რომ დამხმარე ძალები გაეგზავნა ერაყში.
ქერიმ ხან ზენდმა ქ. ბასრასაკენ თავისი ძმის სადიყ-ხანის მეთაურობით 30000-იანი ჯარი გააგზავნა. ამავე დროს მდ. შატ ელ-არაბის (ევფრატისა და ტიგროსის შეერთებით წარმოიქმნება) შესართავისაკენ დაიძრა სპარსული 30 გემიანი ფლოტილია. ბასრა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მოახლოებულ მტერს მხოლოდ ქალაქის გარნიზონი უპირისპირდებოდა, რომელიც მხოლოდ ათასხუთას მეომარს ითვლიდა. ბასრას დაცვა ადგილობრივმა მუთასალიმმა ითავა, რომელიც შემდგომში სულაიმან ფაშა ალ-ქაბირის სახელით იქნა ცნობილი. წარმოშობით ქართველი მამლუქი სულაიმან აღა დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბასრელებს შორის და დიდი ენერგია დახარჯა ქალაქის დაცვის საქმეში, ვიდრე მისი ძალები არ გამოილია.
ოსმალეთის იმპერიის სულთანმა ქერიმ ხან ზენდს შირაზში ზავის შეთავაზებით ელჩობა გაუგზავნა. მაგრამ სპარსეთის მმართველმა ოსმალთა პირობები უარყო და ელჩები უშედეგოდ დაბრუნდნენ სტამბულში. შედეგად თოთხმეტთვიანი ალყის შემდეგ 1776 წლის 15 აპრილს ბასრა მტერს დანებდა, რადგან მეციხოვნეთა და მოქალაქეთა ნაშთი შიმშილისგან სუს ღაფავდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ქალაქის მმართველი სულეიმან აღა 4 წლით სპარსეთის სატუსაღოში გამოჰკეტეს. ასევე სპარსელებს დანებდა მასკატის იმამის ფლოტი, რომელიც ბასრელების მხარეზე იბრძოდა. ერაყში დატრიალებულმა ამბებმა ძლიერი გამოხმაურება გამოიწვია სტამბულში. სულთანმა, აბდ ულ-ჰამიდ I-მა, რომელმაც სულ მცირე ხნის წინ ძლივს თავი დააღწია რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-სთან მომქანცველ და დამამცირებელ ომს, თავისი ჯარები ბაღდადში გააგზავნა. მაგრამ სულტანი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ერაყში მომხდარი, მთლიანად მამლუქური წარმომავლობის ბაღდადის მმართველის ომარ ფაშას (1764–1775) ბრალი იყო და იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდა მას ჯარით ქ. ბასრას გადასარჩენად პირიქით მოიქცა – 1775 წელს ფაშა მოაკვლევინა. ამ ნაბიჯით სულთანმა სცადა თავისი პირდაპირი მმართველობა დაემყარებინა ერაყში ბაღდადში არამამლუქი ფაშას დანიშვნის გზით. მაგრამ არამამლუქი ფაშების დანიშვნამ კვლავ დაამტკიცა მათი უუნარობა ქვეყნის მართვასა და მის გადარჩენაში. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ ბაღდადის მოსახლეობას არ სწამდა ახალი მმართველობისა. ამ ვითარებას საქმე გადატრიალებამდე მიჰყავდა, რომელშიც მამლუქებს მთავარი როლი დაეკისრათ.
მიუხედავად ამისა სულთანი აბდ ულ-ჰამიდ I კვლავ განაგრძობდა არამამლუქი ფაშების დანიშვნას ერაყში, რომლებსაც არ შეეძლოთ მამლუქების ნაირად ემართათ ქვეყანა და მოსახლეობაში ზიზღს იწვევდნენ. 1775–1780 წლებს შორის ბაღდადის მმართველის ტახტი რამდენიმე პიროვნებას ეკავა, რომლებიც პირდაპირ მაღალი პორტიდან ინიშნებოდნენ. ამ მმართველთა მხრიდან ერაყის მოსახლეობისადმი ავტორიტეტის სრულმა უქონლობამ თავისი შედეგები გამოიწვია – მთელ საფაშოში ქაოსმა დაისადგურა, ქვეყანა აჯანყებებისაგან იძრწოდა. ქირქუქის ყოფილი გამგებელის, ალბანური წარმოშობის ყოფილი მამლუქის ჰასან ფაშას (1778–1780 წწ.) ბაღდადის ვალიდ მსახურისას, არეულობამ ერაყში თავის პიკს მიაღწია. ფაშას წინააღმდეგ დაწყებულმა აჯანყებამ, რომელსაც ქურთთა მმართველი მაჰმუდ ბაბანი ხელმძღვანელობდა აიძულა ჰასან ფაშა დაეტოვებინა ბაღდადი და სტამბულში გაქცეულიყო, როდესაც 1780 წელს აჯანყებულები ბაღდადის კედლებს მიადგნენ.
ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, 1779 წელს სპარსელებმა დატოვეს ქ. ბასრა, რადგანაც ქალაქის სპარსი მმართველი სამშობლოში დაბრუნდა, რათა დახმარებოდა თავის ძმას, ქერიმ ხან ზენდის, სპარსეთის ტახტის მოპოვებაში. რაც შეეხება სულაიმან აღას, მან ისარგებლა შექმნილი ვითარებით, დაბრუნდა ოთხწლიანი ტყვეობიდან ბასრაში, უომრად დაიკავა მისი მხარე და სულ მოკლე ხანში მცირეოდენი სისხლის ფასად დაიმორჩილა მთელი ერაყიც. ჰასან ფაშას მიერ ბაღდადის დატოვების შემდეგ სულაიმანმა მოთხოვნები გაუგზავნა სულთან აბდ ალ-ჰამიდ I-ს და საკუთარი კანდიდატურა წაუყენა მას საფაშოს მმართველის თანამდებობაზე, გამოიყენა რა თავისი ინგლისელი მეგობრის ბრიტანული ოსტ-ინდოეთის კომპანიის აგენტის ვილიამ ლატუშის შუამავლობა, რომელიც ქ. ბასრაში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ სტამბულში სულეიმან აღას პრეტენზიები არასერიოზულად ჩათვალეს, მან ხსენებული წლის მარტში დატოვა ბასრა და 80-კაციანი სამხედრო შენაერთით ბაღდადში უბრძოლველად შევიდა. შიდა არეულობებით გაწამებულმა ბაღდადელებმა სიხარულით მიიღეს სულეიმანი და, შვების მოლოდინში, ერთგულება შეჰფიცეს მას.
სულაიმანის ასეთმა საქციელმა დაარწმუნა ოსმალეთის ხელისუფლება, რომ პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე იგი შესაბამისი კანდიდატურა იყო ბაღდადის ვალის თანამდებობისათვის. ოსმალეთის იმპერიის მთავრობამ ჩათვალა, რომ სულაიმანი ზუსტად ის პიროვნება იყო, რომელსაც შეეძლო ბოლო მოეღო ერაყის სხვადასხვა ტომების აჯანყებებისათვის და ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა. სულაიმანის კანდიდატურის სასარგებლოდ მის მიერ გამოვლენილი თავდადებაც მოწმობდა ქ. ბასრას დაცვის საქმეში სპარსელების წინააღმდეგ.
სულაიმან ფაშას აბსოლიტურად ქაოსში გახვეული ქვეყანა დახვდა და მისი უპირველესი მიზანი იყო ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სიმშვიდის დამყარება. ამ დროს არც სპარსეთს ეცალა ერაყისათვის ქვეყანაში შიდა არეულობის გამო.
სულაიმანის ერთგულმა მამლუქებმა ბაღდადსა და თითქმის მთელ ერაყში აღკვეთეს ძარცვა-ყაჩაღობა, დაუნდობლად ებრძოდნენ ქურდობას. გარდა ამისა, სულეიმან ფაშამ საფრანგეთიდან მოიწვია სპეციალისტები, რომელთა დახმარებითაც გაიყვანა ახალი სარწყავი არხები, რასაც მოჰყვა სოფლის მეურნეობის განვითარება. სულაიმანი ახალისებდა ვაჭრობას და ზრუნავდა სამართლიანობის დამყარებისთვის. შეიქმნა სამდინარო სავაჭრო ფლოტი, რომლითაც ადგილობრივ ვაჭრებს უადვილდებოდათ პროდუქციის გატანა ისეთ შორეულ ქვეყნაში, როგორიც იყო ინდოეთი.
სულაიმან ფაშამ შთამომავლობით მიიღო ის პრობლემები, რომლებიც ერაყში მოსახლე ტომებს ეხებოდა. ყველა მისი წინაპარი ამ პრობლემის ხმლის ძალით მოგვარებას ცდილობდა და არც სულაიმან ფაშა იყო გამონაკლისი.
პირველი საშიში აჯანყება, რომელიც წინ დაუდგა სულაიმანს იყო ძლიერი არაბული ტომის – ალ-ხაზა‘ილების1 აჯანყება მათი შეიხის ჰამდ ალ-ჰამუდის მეთაურობით (1783 წ). ეს აჯანყება გამოირჩეოდა თავისი სისასტიკითა და სიძლიერით.
მაგრამ სულაიმანმა გამოიყენა რა ქურთების ძალები, ჩაახშო ეს აჯანყება. შეიხს აღარაფერი დარჩენოდა,
გარდა იმისა, რომ პატიება ეთხოვა სულაიმანისაგან, რომელიც მიიღო კიდევაც. თუმცა სულაიმანმა ჰამდ ალ-ჰამუდს მაინც შეუტია და კვლავ დაამარცხა იგი (1784 წ.). ამის შემდეგ სულაიმან ფაშა ბაღდადში დაბრუნდა ახლა უკვე ალ-‘აბიდის არაბული ტომის2
პრობლემის გადასაწყვეტად, რომლის შეიხთა საბჭოს სულაიმან ბექ აშ-შავი მეთაურობდა. ამ დიდ ტომს,
რომელიც თავისი სიმამაცით იყო განთქმული, პრეტენზია ჰქონდა მოსულიყო ერაყის მართვის სათავეში. ამავე დროს სულაიმანი ცდილობდა არ დაეშვა არაბული ეროვნული ელემენტი ქვეყნის მართვის საქმეში და მთელი ძალაუფლება მამლუქთა ხელში მოექცია. მაგრამ
„აბიდის ტომი გასათვალისწინებელი ძალა იყო, რადგანაც მას შეეძლო დაეწყო აჯანყება ფაშას წინააღმდეგ, რაც ამ უკანასკნელს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. უეჭველია ის, რომ ქაჰიას3
თანამდებობაზე სრულიად უცნობი აჰმადის დანიშვნა,
როდესაც ამ თანამდებობის მოპოვებას თვით სულაიმან ბექ ალ-შავი ესწრაფვოდა, საკმარისი მიზეზი იყო იმისათვის,
რომ სულაიმან ალ-შავის ხანგრძლივი აჯანყება დაეწყო.
ამ აჯანყებაში ალ-შავიმ რიგ წარმატებებს მიაღწია, რომელთა შორის უდიდესი იყო ქურთული ტომების ბაბანიანთა ამირას დატყვევება. ამ დროს ბაბანიანები უძლიერეს ოჯახად ითვლებოდნენ ქურთისტანში და ამ მხარეს მართავდნენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბაბანიანთა ამირა სულაიმან ფაშას უჭერდა მხარს, სულაიმან ალ-შავიმ იგი გაანთავისუფლა იმ იმედით, რომ ქურთთა ძალები ამ უკანასკნელის მხარეზე გადმოვიდოდნენ. თვით სულაიმან ფაშა ალ-ქაბირი (ბუიუქი)
ბეწვზე გადაურჩა ‘აბიდის ტომის ტყვედ ჩავარდნას რომ არა აკილის არაბული ტომის დახმარება, რომელიც ფაშას სამსახურში იმყოფებოდა. ამის შემდეგ სულაიმან ალ-შავი ალ-მუნთაფიკების ტომის4 შეიხს სუვაინის დაუკავშირდა, რათა მათ ერთიანი ძალებით დაემხოთ მამლუქთა ძალაუფლება და ერაყის მართვის სადავეები არაბულ ტომებს ჩაეგდოთ ხელში. ამ მიზნის მისაღწევად ‘აბიდის, ხაზა ‘ილებისა და ალ-მუნთაფიკების ტომების გულები ცეცხლით აანთო.
მაგრამ სულაიმან ფაშა ბუიუქმა არაბულ ტომებს ბრძოლა გაუმართა, დაამარცხა ისინი და ხელისუფლება კვლავ მამლუქებმა შეინარჩუნეს.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქურთული სამხედრო შენაერთები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდნენ ფაშას ხელში. მაგრამ ამავე დროს ისინი, თავიანთი ძლიერებით არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენდნენ თვით ფაშასათვის. ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ფაშას ჭირდებოდა ქურთთა ლაშქარი იმის გამო, რომ მისი მამლუქები ჯერჯერობით არ იყვნენ გაწვრთნილნი სათანადო დონეზე. ამის დამამტკიცებელი ისაა, რომ არაბული ტომების აჯანყების ჩახშობა სულაიმან ალ-შავის მეთაურობით ფაშამ ქურთთა დიდი და ძლიერი ლაშქრის გამოყენებით შეძლო.
ქურთთა ძლიერება და მათი მხრიდან გამომდინარე საშიშროება არსებობდა როგორც ერაყში, ასევე ერაყის მეზობელ და მეტოქე სპარსეთში, სადაც ქურთები ცხოვრობდნენ ქერმანშაჰის რაიონში. ეს უკანასკნელი სპარსეთის უფლისწულ მუჰამედ ალი მირზას მფლობელობაში გადავიდა, როდესაც სპარსეთის შაჰმა ფათჰ ალიმ (1797–1834) სპარსეთი თავის შვილებს დაუნაწილა. ამ რაიონში ბაბანიანთა ავტორიტეტი არა ნაკლები იყო ვიდრე ერაყის ქურთისტანში და საკმარისი იყო ქურთთა ამირას მოთხოვნა ბაღდადიდან არ დაკმაყოფილებულიყო, იგი სპარსეთში გადადიოდა და იქ ითხოვდა დახმარებას. სპარსეთი კი მუდმივ სამხედრო მზადყოფნაში იმყოფებოდა, რათა დაეპყრო ერაყის რომელიმე ნაწილი, ანდა მთელი საფაშო. ამიტომ, გაითვალისწინა რა, არსებული მდგომარეობა, სულაიმან ფაშამ, არ დაელოდა რა სულთნის ფირმანს, ქურთთა ამირას ქურთისტანის მუთასალიმის თანამდებობა მისცა, რამაც ბაბანიანები და სულაიმან ფაშა ბუიუქი დააახლოვა. რაც შეეხება ძველ მუთასალიმს, რომელიც ასევე ბაბანიანთა გვარის წარმომადგენელი იყო და მხილებულ იქნა სპარსეთთან კავშირში, იგი ფაშამ თანამდებობიდან გადააყენა.
ამავდროულად სულაიმან ფაშა ბუიუქი ცდილობდა დიდი ხნით არ გაეჩერებინა ქურთთა მუთასალიმის თანამდებობაზე ერთი პიროვნება, რათა მის ხელში არ მომხდარიყო ხელისუფლების კონცენტრაცია მთელს ერაყის ქურთისტანში. ფაშა ცდილობდა არ გაეერთიანებინა ქურთები ერთი კაცის მმართველობის ქვეშ და ამიტომ ხშირ-ხშირად ცვლიდა ქურთთა მუთასალიმის თანამდებობაზე ბაბანიანთა ოჯახის წევრებს.
მას შემდეგ, რაც სულაიმან ფაშა ბუიუქმა წარმატებით ჩაახშო ყველა აჯანყება, სულთანმა მასში დიდი ძალა დაინახა იმისათვის, რომ გამოეყენებინა იგი როგორც საფაშოს შიგნით, ასევე ერაყის საზღვრებს გარეთ. ამიტომაც დაავალა მას სირიის უდაბნოში მომთაბარე ალ-მალის ტომის აჯანყების ჩახშობა. თუმცაღა ერაყის ფაშა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა ამ დავალებისაგან თავი აერიდებინა. სულაიმან ფაშა ბუიუქის წარმატება ალ-მალის აჯანყების ჩახშობაში დამოკიდებული იყო იმაზე, რომ დიარბაქრსა და მარდინში ფაშას უზრუნველყოფის ბაზები ჰქონდა და ასევე იმაზე, რომ მამლუქებისათვის ბრძოლის ველი კარგად იყო ცნობილი (ბრძოლა გაიმართა სირიის უდაბნოში) და ეს იმისაგან განსხვავებით, რაც სულაიმან ფაშა ბუიუქის უზარმაზარ არაბულ-ქურთულ ლაშქარს დაემართა ვაჰაბიტებთან ბრძოლის დროს, სადაც მისი არაშეკავშირებული ლაშქარი უცხო და ველურ უდაბნოში სასტიკად დამარცხდა და თავი რომ გადაერჩინა არაბეთის ნახევარკუნძული დატოვა.
სულთანმა სალიმ III-მ (1789–1807) კვლავ მოსთხოვა სულაიმან ფაშა ბუიუქს გაეგზავნა ექსპედიცია ვაჰაბიტების წინააღმდეგ, თანაც ამის ძლიერი წინაპირობა არსებობდა, რადგანაც ერაყელი არაბები არ იზიარებდნენ თავიანთი უდაბნოელი ვაჰაბიტი მოძმეების შეხედულებებს. ფაშამ მეორეჯერ გააგზავნა თავისი ჯარები ვაჰაბიტების წინააღმდეგ. ამ ლაშქრობას ალ-მუნთაფიკების ტომობრივი კონფედერაციის შეიხი სუვაინი ჩაუდგა სათავეში. მის ლაშქარში სხვადასხვა არაბული ტომების მებრძოლთა გარდა მამლუქური და იენიჩართა შენაერთები იყვნენ გაერთიანებულნი. ლაშქრობა 1797 წ. დასაწყისში დაიწყო და არაფერ კარგს უქადდა ვაჰაბიტებს. მაგრამ ბედმა უეცრად გაუღიმა ასკეტ მუსლიმებს – სამხედრო კამპანიის მსვლელობისას იმავე წლის ინვისში შეიხ სუვაინი მოკლულ იქნა მისივე მონის, ფარული ვაჰაბიტის, ვინმე ტუაისის მიერ.
სუვაინის მკვლელობამ კატასტროფული შედეგები გამოიტანა ბაღდადის ფაშას ჯარებისათვის. მისმა ძალებმა უსისტემოდ და პანიკურად დატოვეს ბრძოლის ველი, რამაც ვაჰაბიტებს ხელ-ფეხი გაუხსნა და მათ გარდა იმისა, რომ ბრძოლის დროს დიდი ნადავლი მოიპოვეს, გამოიყენეს მომენტი და ერაყის საზღვრისპირა რაიონების ძარცვა დაიწყეს. ხოლო შემდგომ 1798 წელს მათ მარბიელმა შენაერთებმა სირიის უდაბნოს მიაღწიეს და ერაყულ ქალაქებს სუკ აშ-შუიუხსა და სამავას შეუტიეს.
ამ ამბის შემდეგ სტამბულმა კატეგორიულად მოსთხოვა სულაიმან ფაშა ალ-ქაბირს (ბუიუქს) ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინა ვაჰაბიტური პრობლემა. ბაღდადის გამგებელმა თავის ქაჰიას ‘ალი ფაშას დაავალა ვაჰაბიტთა გამოხტომების აღკვეთა. ‘ალი ფაშას არმია, რომელიც ათი ათასზე მეტ მებრძოლს ითვლიდა 1798 წლის სექტემბერში ნელა დაიძრა ვაჰაბიტების წინააღმდეგ. გზად მას ერაყის არაბული ტომების რაზმები უერთდებოდნენ და 1798–1799 წლების მიჯნაზე დასაწყისში ერაყელებმა მტერს შეუტიეს, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. ‘ალი ფაშას არმია მძიმე ბრძოლების შემდეგ იძულებული იყო დაეტოვებინა არაბეთის ნახევარკუნძული. ამ გარემოებამ, რა თქმა უნდა, გააღვივა ვაჰაბიტებისა და მათი ლიდერის ას-საუდის ამბიციები ქ. ბასრასა და ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე. სულაიმან ფაშა ბუიუქმა გადაწყვიტა ამ დაძაბული მდგომარეობიდან მოლაპარაკებების გზით გამოსულიყო და 1801 წლის მარტის დასწყისში ვაჰაბიტებთან ელჩად გააგზავნა ‘აბდ ალ-‘აზიზ ბინ ‘აბდ ალ-ლაჰ ბინ შავი. მოლაპარაკებებზე ას-საუდმა დამცინავად მიმართა ბაღდადის ფაშას წარგზავნილს: „ის რაც ევფრატის დასავლეთით მდებარეობს მე მეკუთვნის, ხოლო რაც აღმოსავლეთით – მისია [ფაშასი]“. მოლაპარაკებები ჩაიშალა და ‘აბდ ალ-‘აზიზ ბინ ‘აბდ ალ-ლაჰ ბინ შავი იმავე წლის 14 მარტს უშედეგოდ დაბრუნდა ერაყში.
ამ წელიწადს სხვა პრობლემებმაც იჩინა თავი: თვით სულაიმან ფაშა ალ-ქაბირს (ბუიუქს) გაუმძაფრდა ავადმყოფობა, ქვეყანაში გავრცელდა შავი ჭირი, ტომებს შორის მმართველობით უკმაყოფილებამ იჩინა თავი, გაძლიერდა ვაჰაბიტთა ზეწოლა – 1802 წლის 22 აპრილს მათ აიღეს ქ. ქარბალა და რვა საათის განმავლობაში სასტიკად გააპარტახეს იგი. ამას დაემატა ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვა ოსმალეთსა და სპარსეთს შორის. ასევე ის, რომ სულაიმან ფაშა ალ-ქაბირმა (ბუიუქმა) უარი განუცხადა სპარსელებს ერაყის ტერიტორიის გავლით ვაჰაბიტებთან საბრძოლველად მათი სამხედრო ნაწილების გაგზავნაზე. სულაიმანის ამ განცხადებამ სპარსელების უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია.
სულაიმან ფაშა ალ-ქაბირის (ბუიუქის) ხანგრძლივი ბრძოლის ისტორია ერაყის ტომების წინააღმდეგ მიუთითებს იმაზე, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა არა ძალის გამოყენებით, არამედ ამ ტომების უფლებების ცნობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ამ მიზეზის გამო ერაყის ტომების პრობლემის გადაწყვეტა გაგრძელდა ვიდრე XX საუკუნემდე და როგორც კი მამლუქები თავიანთი ხმლის ძალით ჩაახშობდნენ ერთი ტომის აჯანყებას, მაშინვე იწყებოდა უფრო ძლიერი და საშიში წინააღმდეგობა სხვა ტომების მხრიდან. მიუხედავად ამ აჯანყებებისა, სულაიმან ფაშა ალ-ქაბირმა (ბუიუქმა) წარმატებულად მართა ქვეყანა თითქმის ოცი წლის განმავლობაში. ეს იყო ოქროს ხანა ერაყელი მამლუქებისათვის, რადგანაც მათ მთლიანად ეპყრათ საფაშო საკუთარ სადავეებში. აღსანიშნავია, რომ სულაიმან ფაშა ალ-ქაბირის მმართველობის დროს მამლუქთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა და მათი უმრავლესობა საქართველოს შვილებს წარმოადგენდა. მიუხედავად მრავალი აჯანყებისა, ქვეყანა გაცილებით უფრო სტაბილურად გამოიყურებოდა ვიდრე მთელი ოსმალეთის იმპერია, რომელიც აჯანყებებისაგან იძრწოდა. ამავე დროს სულთანი კარგად ხედავდა, რომ იმპერიის განაპირას არსებობს ძლიერი სამხედრო ძალა, რომლის სათავეში მამლუქთა წრიდან გამოსული ფაშა იდგა. ამიტომაც იგი ცდილობდა გამოეყენებინა ეს ძალა ალ-მალის არაბული ტომისა და ვაჰაბიტების წინააღმდეგ. რა ბედი ეწია სულაიმან ფაშა ალ-ქაბირს (ბუიუქს) ვაჰაბიტების წინააღმდეგ ბრძოლაში და რა მიზეზებით მოხდა ეს, ჩვენს მიერ უკვე ნახსენებია. მაგრამ სულაიმანმა აჯობა თავის წინამორბედებს ქვეყნის უდიდეს ნაწილში სტაბილური მდგომარეობის დამყარების საქმეში. ამ მიზნის მისაღწევად იგი ხანდახან წაკიდებდა არაბებსა და ქურთებს, ხანდახან კი თვით ქურთთა და არაბთა შიგნით შუღლს ჩამოაგდებდა, დაასუსტებდა მათ, ხოლო შემდეგ თავის მიერ შექმნილ ვითარებას აკონტროლებდა და ნელ-ნელა ახდენდა ძალაუფლების კონცენტრაციას მამლუქთა ხელში. რაც შეეხება ერაყში არსებულ კიდევ ერთ სამხედრო ძალას – იენიჩრებს, ისინი პრაქტიკულად ვერანაირ როლს ვერ ასრულებდნენ საფაშოს ცხოვრებაში. აი ასე, ნელ-ნელა მთელი ერაყის სამხედრო და ადმინისტრაციული თანამდებობები მამლუქთა ხელში გადავიდა.
მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც თავს დაატყდა სულაიმანს შავი ჭირისა და გვალვების სახით, ბაღდადის საფაშომ მისი მმართველობის პერიოდში შესძლო თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია ერაყის სხვა მცირე საფაშოები, იქნებოდა ეს ქურთული ტომებით, თუ შიიტი ან სუნიტი არაბებით დასახლებული რაიონები. მაგ., ქ. მოსულის გამგებელთა ოჯახის ალ-ჯალილების წარმომადგენელი მოსულის მმართველად ინიშნებოდა მხოლოდ სტამბულის თანხმობითა და ბაღდადის ფაშას აზრის გათვალისწინებით ფაშამ დიდი გავლენა მოახდინა ქ. რევანდუზის საშინაო საქმეებში. ქ. ქოისინჯაკის გამგებლობა ბაბანიანთა დაქვემდებარებაში მყოფ სორანის ქურთულ ოჯახს გადაეცა, რამაც საშუალება მისცა ბაღდადს თვითონ დაენიშნა ქირქუქის მუთასალიმი. ბაღდადის დაქვემდებარებაში მოექცა ერბილი, მარდინი, ნასიბინი და ქიფრი, ანუ პრაქტიკულად მთელი ერაყის ქურთისტანი.
სულაიმანს სიცოცხლეშივე ერაყელებმა სამართლიანი და „ბუიუქი“ (დიდი) შეარქვეს. მისი თანამედროვე ინგლისელი ისტორიკოსი ა. ჰარტფორდი მას ას ახასიათებს: „წარმოშობით ქართველი, იგი მეტად ლამაზი და თან ნამდვილი ვაჟკაცი იყო. მისი თვალტანადობა თითქოს საგანგებოდ იყო შექმნილი იმისათვის რომ, რაც შეიძლება ეფექტური გამოეჩინა მშვენიერი თურქული ტანისამოსი. მის თვალთაგან გონების ძალა და ლმობიერება გამოსჭვიოდა. ის ისევე მარჯვე იყო ყოველგვარ მხედრულ თუ საველე გაწვრთნილობასა და ჯომარდობაში, როგორც ისინი, ვისთვისაც ეს სამსახურს, ან ხელობას წარმოადგენდა. საკუთარი რჯულის აღიარებასა და წესთა აღსრულებას იგი გულმხურვალედ და გულწრფელად ეკიდებოდა, მაგრამ იმავე დროს, პატივს სცემდა სხვათა რწმენასაც... პირად ხარჯებში ზუსტსა და მომჭირნეს, მას ხშირად სიხარბეს სწამებდნენ ხოლმე, მაგრამ საკმაო იყო მას ეგრძნო თავისი ქვეყნის საფრთხე, რომ ხელგაშლით, დაუზოგავად დაეხარჯა საჭიროებისამებრ ყველაფერი, რაც კი თანდათანობით ეგროვებინა მანამდე; სასახლე და კარი ბრწყინვალე ჰქონდა, ხოლო შინაური ცხოვრება და გაქანება ისეთი, როგორც დიდ ხელმწიფეს შეეფერება“.
პოლიომილიტისაგან დასუსტებულმა სულაიმან ფაშა ბუიუქმა 1802 წელს სიკვდილის წინ შეკრიბა თავისი სიძეები საწოლის გარშემო, რომელზედაც იყო მიჯაჭვული და ერთსულოვნება უანდერძა. ჩანს სულაიმანს ეშინოდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ თავის სიძეებს შორის დაძაბულობა ჩამოვარდებოდა თანამდებობების ხელახალი გადანაწილების გამო. ერაყის ერთ-ერთი უძლიერესი ქართული წარმოშობის მმართველი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა 1802 წლის 7 აგვისტოს დაახლოებით დილის 10 საათზე. იგი დაკრძალული იქნა ბაღდადში, მის მიერვე აშენებულ სულთან აღას სახელობის მეჩეთის ეზოში.
ფაშას ანდერძის თანახმად ბაღდადის ვალის თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო მისი უფროსი ქალიშვილის ქმარი, დასავლურ ქართული წარმომავლობის ყოფილი მამლუქი ‘ალი აღა.
ამგვარად დასრულდა ერაყის ახალი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული მონაკვეთი. იგი განისაზღვრება, როგორც ერაყის გაერთიანებისათვის და სტაბილურობისათვის ბრძოლის ოცდაორწლიანი პერიოდი.
ქართველმა ფაშამ ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინა თავისი ერის წარმომადგენელთა ბაღდადში ჩამოყვანის საკითხში, რის შედეგადაც ქართველთა კოლონია ბაღდადში საგრძნობლად გაიზარდა. აშკარაა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, სულეიმან ფაშამ ქართველობა მეტ-ნაკლებად მაინც შეინარჩუნა. ეს ჩანს იქიდანაც, რომ წამყვან ადმინისტრაციულ და სამხედრო თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ქართველები და, გარდა ამისა, სულეიმან ფაშა თავის ქალიშვილებს მხოლოდ ქართველ მამლუქებზე ათხოვებდა, რითაც იმოყვრებდა მათ და აძლევდა კარიერული წინსვლის საშუალებას. ცნობილია ისიც, რომ, ქართველი ყმაწვილების გარდა, სულეიმან ფაშა ქართველ გოგონებსაც ყიდულობდა ოსმალეთის იმპერიის ტყვეთა ბაზრებზე, რომლებიც, როგორც წესი, ბაღდადის ელიტურ ჰარამხანებში იდებდნენ ბინას. ინგლისელი მოგზაური ბეკინგემი, რომელიც ამ პერიოდში ბაღდადში იყო სტუმრად, აღნიშნავს, ბაღდადში ყველაზე ლამაზი ქალები ქართველები არიანო.
ქართველ მამლუქთა კორპუსმა სულეიმან ფაშას მმართველობის პერიოდში სამიდან ხუთ ათასამდე კაცს მიაღწია და საკმაოდ დიდ სამხედრო ძალასაც წარმოადგენდა. არსებობს ვერსიაც, რომ, როგორც მამლუქთა შორის, ასევე, მამლუქთა წრიდან გამოსულ და ბაღდათის საფაშოს სამსახურში ჩამდგარ ქართველებს შორის, საუბარი ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ეს დასტურდება უფრო გვიანი პერიოდის დოკუმენტებით. მაგალითად, ერაყის ბოლო ქართველი მამლუქი მმართველი, დაუდ ფაშა, საქართველოში ქართულ ენაზე დაწერილ წერილებს გზავნიდა.
სულაიმან ფაშამ აღნიშნული პოლიტიკით საფუძველი ჩაუყარა იმ დინასტიურ ჯაჭვს, რომელიც ერაყში ქულეიმენების ქართული დინასტიის სახელით არის ცნობილი და რომელიც მართავდა საფაშოს ერაყის უკანასკნელი ქართული წარმომავლობის ყოფილი მამლუქის, დაუდ ფაშას მმართველობის განადგურებამდე 1831 წელს.
შენიშვნები
1. ალ-ხაზა‘ილების ძლიერი არაბული ტომი ორ ქვეყანაში ბინადრობს – ერაყსა და ეგვიპტეში. ეგვიპტეში სახას რაიონში, ხოლო ერაყში ქ. ჰილლას მიდამოებში და ას-სამავას დასავლეთით.
2. ალ-‘აბიდის – ძლიერი არაბული ტომი ბინადრობდა ქ.ბაღდადის ჩრდილოეთით.
3. – შერბილებული გამოთქმა სპარსული სიტყვისა რომელიც დამხმარეს ან მოადგილეს ნიშნავს. ეს სიტყვა გამოიყენებოდა დიდი ადმინისტრაციული თანამდებობის პირის აღსანიშნავად, ხოლო შემდგომ მიიღო საფაშოს მმართველის პირველი ვეზირის დატვირთვა, რომელიც როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამხედრო საქმეებს განაგებდა.
4. ალ-მუნთაფიკების ძლიერი არაბული ტომობრივი კონფედერაცია ბინადრობდა მდ. ტიგროსსა და მდ. ევფრატს შორის ამ მდინარეთა ქვემო დინებაში ქ. ბასრას ჩრდილოეთით. ამ ტომს დიდი ზეგავლენა ჰქონდა ერაყის საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ი. ფუთურიძისა და დ. ჯანელიძის შრომების მიხედვით
სულეიმან ფაშა ბუიუქი (ბ. სილაგაძე)
Комментариев нет:
Отправить комментарий