სახელითა ღვთისათა აწ ვიწყოთ ცხოვრება ბაგრატოანთა მეფობისა
ქორონიკონსა რ~მბ: დაჯდა მეფედ ძე გიორგისა ბაგრატ და ძმა მეფისა ალექსანდრესი. და ჰყვანდა ცოლად დედოფალი ელენე, და ეხნეს ამათ ძენი ალექსანდრე და დავით. და იყო მეფობასა შინა მეფეთ-მეფისა ბაგრატისსა დიდი მოსვენება ქრისტიანეთა.
ამისა ჟამსა შინა იყო ყაენი ასან-ბეგ, მორჭმული და ორისავე საყაენოსა მპყრობელი. არაოდეს დარბეულ იყო ქართლი დიდისა თემურის უკანის, იყო შენება და განსვენება. ამას ჟამსა შინა არა იყო ხარაჯა და არცა მალი ქართლსა შინა, არამედ განთავისუფლდეს ყოველნი სამეფონი და არენი ქართლისანი მონებისაგან თურქთასა.
ესე მეფე ბაგრატ იყო მორჭმული, სახელოვანი. ამას ჰქონდა ქართლი, სომხითი, და მონებდეს ლორის პატიახშნი, კახეთისა, შარვანისა და სამცხისა. და ჰყვეს იმერელნი, ოდიშარნი, გურულნი, აფხაზნი, სვანნი, ჯიქნი და მთიულნი კავკასიანნი.
ამას შინა უკუდგა დადიანი და გურიელი და უკუიტანნეს ოდიშარნი და აფხაზნი, შეჰყარნეს ერთად და არღარა მსახურეს ბაგრატ მეფესა. იწყინა მეფემან და შეიყარა ლაშქარი, მივიდა და დადგა ცხენის-წყალსა ზედა; იქით ისინი მოადგეს. ქმნეს რაზმი და შეიბნეს. იპრიანა ღმერთმან და გაიქცნეს დადიანი, ოდიშარნი. დახოცნეს და დაატყვევეს და მოსწყვიტეს ქართველთა, მიჰყვეს თანა, ჩაუდგეს შინაგან, დაწვეს და დააქციეს ციხენი, სიმაგრენი. მობრუნდეს გამარჯვებულნი და წარმოიტანეს თანა ტყვე და მძევალი. ამას ზედა არღარა ჰქონდა თავი ხელთა მეფესა, ლიხთ იქით იყო და ქართველნი თანა იახლნეს.
ქორონიკონსა რ~მდ: შეიყარა ყაენი უზუნ-ასანლ და მოვიდა სომხითს. მოადგეს ბარათიანთა, და ორბეთისა ძირსა დიდად კარგად დახვდეს ბარათიანნი, და გამაგრდეს, და ვერა უყვეს რა, მოვიდეს და ტფილისი აიღეს. თვით ყაენი მუხრანს დადგა. აღივსო ქართლი ლაშქრითა, მოოხრდა სრულ ქართლისა ადგილი. იხმნა ყაენმან ბარათიანნი, მოინდუნა, ნახნა და შეიწყალნა, მოსცნა მრავანი და აღავსნა პირთამდის. ამას ზედა აიყარა ყაენი და წარვიდა, და გამოუშვნა ბარათიანნი შეწყალებულნი, და უბოძა მრავალნი მისაცემელნი.
ამისა შემდგომად გარდახდეს წელნი.
ქორონიკონსა რ~ნ: კვლავ უზუნ-ასან ყაენი მოვიდა სამცხეს, ყვარყვარეს უშველა. ჩიხორს შეიბნეს მეფე ბაგრატ იმერეთისა, და ათაბაგს ყვარყვარეს გაემარჯვა. ქორონიკონსა რ~ნა: ქართველთა მეფემან თავრეზს გილაქმა და თემურა ააოხრა. ქორონიკონსა რ~ნგ: მეფე ბაგრატ იმერეთისა დაიჭირა ყვარყვარემ ტყვედ, და დაატყვევა ციხესა შინა.
ქორონიკონსა რ~გ: ათაბაგი ბაადურ გარდაიცვალა წლისა კ~ა, ოკდომბერსა ი~, დასაბამითგან ქორონიკონსა ექვსიათას ცხრაას ოთხმოცდაორსა.
ქორონიკონსა რ~ჲდ კვლავ შეიკრიბა ერი ურიცხვი და წარმოემართა უზუნასან ძალითა დიდითა სამცხესა ზედა. ესმა ესე ყვარყვარეს და ორთა ძეთა მისთა, რამეთუ პირისპირ განწყობა ვერ ძალ-ედვათ სიმრავლისაგან ურიცხვობისა სპათა მათთასა, და ჰქმნეს განზრახვა, რათა სამთაგან ერთი წარსრულ იყო და დაეცხრო გულისწყრომა მძლავრისა მის, რათა არღარა მოსრულ იყვნეს ქვეყანასა სამცხისასა. მოვიდა სამცხეს და მერმე მოიწივნეს აწყვერს და მოსრნეს მრავალნი ქრისტეანენი, მღვდელნი და მონაზონნი და ერისკაცნი, და წარტყვევნეს სრულიად სამცხე.
აღიყარა ყაენი და წარვიდა საყაენოსა თვისსა და ტყვე ჰყვეს ხატი აწყუერისა ღმრთისმშობელი, და წარიყვანეს ქვეყანასა მათსა. და იქმნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი სრულიად მესხთა ზედა. აღდგეს ყოველნი და ჩავიდეს ქართლს, ვიდრემდის მწირობდენ იქ შვიდი წელი.
მიიცვალა ძე მეფისა ალექსანდრესი მეფე გიორგი კახთა და დაჯდა მის წილ ძე მისი ვახტანგ. და გარდახდეს მცირე რამე ხანი და წარვიდა კოსტანტინე თათარშიგან. და სხვამან ვერავინ ბედა ქართველმან დარბაისელმან წარსლვა თათარშიგან და ბატონის ხლება. დიდად ერთგულად და კარგად იყვნეს ბარათასშვილნი. და იგინივე წარყვეს თანა და მსახურეს. და წარყვა მზეჭაბუკსა, პირმშო შვილი ყვარყვარესი. იპრიანა ღმერთმან და იწყინა ამოწყვეტა საქრისტეანოსა.
შეედვა ყაენსა სენი სასიკვდინე, ქმნა ღმერთმან და მოკვდა ყაენი უზუნჰასან. და მიიღო პატრონობა ძემან მისმან სულთანმან, და ძმა მისი იაღუბ ეშურებოდა მიღებად პატრონობასა.
დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი, და დაიჭირა მეფემან ბაგრატ. ჩაუხდეს ბარათიანნი, დაიფორაქეს ელი და დახოცეს მრავალი თათარი. ხოლო სულთანი და მკითხველნი სჯულისა თათრისანი უქადაგებდენ სჯულსა თვისსა. ხოლო იცოდა მზეჭაბუკ არაბული და სპარსული და თათრულიცა. ესეოდენ სწავლულ იყო ენითა და წიგნითა მათითა, ვითარმედ ყოველსავე ღრმათა სცნობდა და მისგან ესრეთ აღმოვიდოდეს საღმრთონი სიტყვანი პირით მისით; და სჯულისა მათისაგანცა ყოველივე ზედამიწევნით უწყოდა და მათისავე სჯულისა წიგნთაგან დაუყოფდა მედგარსა პირსა მათსა და მიერ დღითგან ვერღარა-ვინ იკადრა ამის პირისათვის სიტყვისა ყოფად წინაშე მისსა. ხოლო მიეცა ძლევაცა ესევითარი რამეთუ იყო უსჯულოსა მის მთავრისა კაცი ერთი, ფალავანთა თავი, დიდი და გოლიათი, რომელსა სახელად მალანი ეწოდებოდა, და ჰმატდა ყოველთა კაცთა სიდიდითა, ვითარ წყრთა ერთი ანუ უფროსცა, და არავინ გამოჩინებულ იყო სიმრავლესა მას შინა მრკინობელ მისსა. ამან ინება ოდესმე განმცდელობა მზეჭაბუკისი და, ვითარცა ცნა ესე, არღარა ჰპოვნა. არამედ ვითარცა ლომმან მსწრაფლ შებმა უყო და მინდობილმან ღმრთისა და ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღმრთისმშობელისამან აღიყვანა და უპატიოდ მიწასა ზედა დასცა.
ესე რა იხილეს ყოველთა მათ ლაშქართა, დიდებულთა ერთა, დიდად განკვირვებულ იქმნნეს და თქმად რასამე უღონო იყვნეს, ესენი და სხვანი უმრავლესნი მხნე ქველობანი მოენიჭნეს, ბრძანა ღმერთმან და წარმოავლინა დიდითა პატივითა სულტანმან კოსტანტინე და წარმოატანა თანა მზეჭაბუკიცა; და მოვიდა კოსტანტინე თათართათ, ყაენისგან შეწყალებული. მას უკანის მძლე ექმნა სულტანსა იაღუბს, დაიპყრა პატრონობა და დაჯდა ყაენად ასან-ბეგის შვილი იაღუბ-ბეგ განზრახვითა ეშმაკისათა.
ამას შიგან გამოხდა ხანი და სოფელმან მისი ბეგარა არ დაიკლო. მიიცვალა მეფე ბაგრატ რაჭასა, და იყო დიდი გლოვა და მწუხარება სამეფოსა ზედა; აღიღეს და დამარხეს გელათს, მათსა სამარხოსა შიგან. ამასვე შიგან გამოხდა ხანი.
ქორონიკონსა რ~ჲვ: დაჯდა მეფედ ალექსანდრე მეფის ძის. დიმიტრის შვილი კოსტანტინე და მეფობდა კეთილითა მეფობითა: არღარა იყო წყენა თათართაგან; მოიმორჩილნა იმერელნი, ოდიშარნი და აფხაზნი; მსახურებდა ათაბაგი და მორჩილებდეს კახნიცა; არა სადათ იყო წყენა ქრისტიანეთა; იყო მოსვენება და დაწყნარება.
და პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ.
მაშინ ოდეს მოვიდა უზუნ-ასან მძლავრითა ლაშქრითა და წარიყვანეს ხატი იგი აწყუერისა ღმრთისმშობელი ქვეყანასა მას უცხოთესლთასა, ესევითარი რისხვა ღმრთისა მიავლინა: არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა.
და იქმნა დიდი გამოძიება მათ შორის უცხოსა ამისთვის საქმისა და იტყოდეს: „რაჲ-მე არს ესე?“ რომელნიმე იტყოდეს: „შენდომით იქმნა“. ხოლო სხვანი სხვასაცა რასამე მიზეზსა მოიღებდეს. ხოლო უბრძნესთა კაცთა მის ქვეყანისათა ესრეთ თქვეს: „ოდეს-იგი საქართველოს ვილაშქრეთ, მაშინ ერთისა დიდისა საყდრიდაღმენ ფიცარი ერთი, შემკული მრავლითა პატივითა, ვიხილეთ და წარმოვიღეთ; და მგზავრობასა მას. ჩვენსა უცხო სასწაული ვიხილეთ მისგან, რამეთუ მწუხრსა ჩავასვენით უღრმესსა ადგილსა ბარგისასა და, ვითარცა განთენდის, აღმოვიდის სიღრმისაგან და მაღლად მჯდომარე იხილვებოდის და ვითარცა მზე ბრწყინევდის. და საქმე ესე უეჭუელად მისგან იქმნა ქვეყანასა ჩვენსა და, თუ გნებავს განრინება ჭირისა მისგან, იგი მოვიძიოთ და ქვეყანასა მათსა განუტეოთ“.
მაშინ მოიძიეს წმიდა ესე ხატი და, ჰპოვეს რა, ესრეთ განიზრახეს: „მოვედით და დავაკრათ კვიცსა უხედსა და, უკეთუ წარვიდეს მართლიად გზასა თვისსა, უწყოდეთ, რამეთუ ამისგან არს ესე ყოველი; და უკეთუ მიიქციოს სხვით-კერძო, მაშინ შეხდომით რამე იქმნა და არა ამისგან“.
და ვითარცა დააკრეს კვიცსა მას ზედა წმიდა ესე ხატი, ესრეთ მართლად წარმოემართა გზასა სამცხედ მომყვანებელსა, ვითარმცა საჩინო მხედარი და აღვირითა მპყრობელი და მმართებელი.
და ვითარცა იხილეს უცხოთესლთა საკვირველება ესე, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად, და წარმოგზავნეს პატივითა. და თანა-წარმოჰყვა სიმრავლე ცხენებისა ფრიადი, რომელთა ზურგები ჩადრეკილები დღესცა ჰქადაგებს მაშინდელსა სასწაულსა. ხოლო უცხოთესლთა მათ არა-რა იზრუნეს ცხენებისა მათისათვის, ვინათგან უზომოსა მის ჭირისაგან ხსნასა მოელოდეს. და განგებითა საღმრთოთა მცირედთა ჟამთა სამცხეს მოიწია ადგილსა, რომელსა აწ ელავსი ეწოდების, და იქმნა დიდებული სასწაული. რამეთუ მყის განათლდა სრულიად სამცხე და განბრწყინდა წესისაებრ პირველისა.
და ვითარცა იხილეს ყოველთა ანასდათი იგი შეცვალება ბნელისა ნათლად და მიხედეს ადგილსა მას და სახედ ელვისა ბრწყინვიდა ხატი ყოვლად-წმიდისა, განკვირვებულთა თქვეს: „რაჲმე არს ესე ელვის სახედ ბრწყინვალე?“ და ამიერითგან ეწოდა ადგილსა მას ელავსი.
და შეკრბეს ყოველნი და მივიდეს და იხილეს ხატი ესე ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვალეს მჯდომარე კვიცსა ზედა, და სიმრავლე ცხენებისა გარემოს. მისსა; განკვირდეს უცხოსა მას ელედა საკვირველსა და ადიდეს ღმერთი და ყოვლად-წმიდა ღმრთისმშობელი, და ცრემლითა მხურვალითა ღაღად-ჰყვეს მისსა მიმართ: „კურთხეულ არს მოსლვა შენი, დედაო სახიერისა ღმრთისაო, რასათვის დაგვიტევენ ესეოდენთა ჟამთა ბნელსა შინა, რომელთა შენ მიერ ვიხილეთ საღმრთო ნათელი ძისა შენისა?“
და ვითარცა ესმა ხატისა სასწაულითა მოსლვა მესხთა ქართლს მყოფთა, ვითარმედ სამცხე განათლდა, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად და თქვეს: „უეჭველად ხატი ყოვლად-წმიდისა მოსვენდა. აღვდგეთ და წარვიდეთ ქვეყანასა ჩვენსა“. ხოლო მეფე კოსტანტინე აყენებდა და არა უტევებდა წარმოსლვად; და ვითარცა ჰპოვეს ჟამი მარჯვე, აღდგეს ღამესა ერთსა და წარმოემართნეს ყოვლით სახლეულით მათითურთ.
და ესმა მეფესა, ვითარმედ მესხნი წარვიდეს, აღიმხედრა ლაშქრითა თვისითა და დევნა უყო, ვითარცა იგი ოდესმე ფარაო ისრაილთა, და მოეწივნეს ადგილსა, რომელსა არადეთი ეწოდების. ხოლო მესხნი მოუბრუნდეს სახლსა ზედა ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღვთისმშობელისასა, და განეწყვნეს ურთიერთას, და შეიბნეს კოსტანტინე მეფე და ყვარყვარე ათაბაგი და მესხნი.
ქორონიკონსა რ~ოა, თვესა აგვისტოსა ი~გ, ათაბაგს და მესხთ გაემარჯვა. და ესევითარი ძლევა აღადგინეს მესხთა ქართველთა ზედა, რომლისა მსგავსი არა სადა სმენილ არს, და მოსრნეს მრავალნი წარჩინებულნი. მეფისანი. ხოლო მეფე ლტოლვილი მცირედითა მხედრითა განერა და უკუნ იქცა სახედ თვისად. ხოლო მესხნი უკმოიქცეს ძლევა-შემოსილნი მშვიდობით და მადიდებელნი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისანი, და მოვიდეს სამცხეს.
ამისა შემდგომად გარდახდეს წელნი ორნი. მერმე, ვითარცა წესი არს და ჩვეულება ეშმაკისა, აღძრნა ეშმაკმან მოძულემან კეთილისამან თათარნი ქრისტეანეთა ზედა, შეიკრიბა სიმრავლე ურიცხვი თურქმანთა და მომართეს სამცხეს.
ქორონიკონსა რ~ოგ: მოვიდეს და მოადგეს ტაშირზედა, მოუმცნეს მეფესა ქართლისასა, რათა ქვემოთ ქართველნი შეუხდენ სამცხეს. ვითარცა ესმა ესე ყვარყვარეს და ძეთა მისთა მზეჭაბუკს და ბაადურს, შემოკრიბნეს სპანი თვისნი და დაადგრეს სიმაგრესა ადგილსა ქვიანისა მთისასა, რათა უკუე მიიწივნეს რა მათდა, მყის განეწყვნენ და შებმა უყონ. და სხვათა ყოველთა თემთა და ქვეყანათა მათთა უბრძანეს ციხეთა და სიმაგრეთა შინა ყოფა და გამაგრება, ვითარცა-იგი ეპისკოპოზსაცა წმიდისა ამის დედა-ქალაქისასა უბრძანეს, რათა ხატი ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღმრთისმშობელისა ციხესა საჭურჭლეს შინა დაასვენონ.
და ვითარცა ესრეთ იქმნა, ქორონიკონსა რ~ოდ მოვიდა ყაენი იაღუბ ურიცხვითა ერითა და უბრძანა ერთსა თავადსა და ლაშქარსა მისსა, რათა ჩაუდგეს სამცხეს. ჩაუდგნენ და მოიცვეს სრულიად და იავარ-ჰყვეს ქვეყანა სამცხისა, და მერმე მოადგეს ციხესა და ქალაქსა ახალციხისასა. ებრძოდეს დიდხან და ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან, გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი, და დაიპყრეს ხელთა მესხნი დარბაისელნი ციხოვანნი. მერმე აიყარნეს და მოადგეს ციხესა და ქალაქსა აწყუერისასა, და მოწვეს აწყუერი და მოაოხრეს ქალაქი, და ციხესა ვერ უძლეს ბრძოლითა აღებად და წარსლვა ინებეს. მაშინ ეზრახნეს ციხოვანთა და უქადეს მშვიდობა და არა დაქცევა საყდრისა და ციხისა. ამას ზედა გამოენდვნეს, შესცთენ მცველნი იგი ციხისანი და მაწყუერელი და მას თანა სხვანიცა ჩინებულნი განიზრახნეს, აღიხუნეს კლიტენი ციხისანი და გარდა თხოვისა და ბრძოლისა უღმრთოსა მას მთავარსა მიართვეს და მან გაიხარა ფრიად და აღუთქვა, ვითარმედ არა-რა ავნოს მათ. და გამოენდვნეს და ვითარცა შევიდეს ციხესა მას შინა, მიეტევნეს ვითარცა მხეცნი და იავარ-ჰყვეს ყოველი საჭურჭლე საყდრისა, და ერი ურიცხვი დედებით და ყრმებითურთ რომელნიმე მოსრნეს მახვილითა, ხოლო სხვანი ტყვედ წარიყვანნეს.
ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა სასოსა ჩვენისა, შემკობილი თვალთა მიერ პატიოსანთა, ცოდვათა ჩვენთაგან ტყვე-ჰყვეს და მიჰგვარეს უსჯულოსა მას მთავარსა. ხოლო მას ფრიად განუკვირდა შემკობილება ხატისა მის და პატიოსნება თვალთა, და ბილწითა ხელითა თვისითა განძარცვა შემკობილება ხატისა. და შემდგომად ამისსა აღაგზნეს ცეცხლი ფრიად დიდძალი და მას შინა ჩააგდეს. ხოლო ცეცხლი იგი დაშრტა და ხატსა ყოვლადვე არა შეეხო, არცა-თუ ნაბრძჳლი აჩინა, რომელი-ესე მრავალთაგან და თვით თვალითაცა ჩვენითა სახილველ იქმნა. ესე-რა სასწაული იხილა ერთმან ვინმე ლაშქართა მათ შინა მყოფთაგანმან ქრისტიანემან და სჯულითა არამართლმადიდებელმან, აღიპყრა ხატი იგი ყოვლად-წმიდისა და წარახვია ფაკელსა წმიდასა ამას შინა.
მაშინ ბრძანა ყაენმან, რათა სომხითი მოარბიონ, ბარათაშვილი გაუზახა და მისი უკეთესი ლაშქარი, მალვით მივიდეს და დაესხნეს შეუგრძნად დმანისს და ქვეშისხევსა, წარმოიღეს ტყვე-ალაფი უამრავი დაუვარდა ხმა ბარათიანთა, გარდაუდგეს წინა ცოტათა ლაშქრითა. იპრიანა ღმერთმან, ესე გაემარჯვათ, რომე ერთისა ქართველისაგან ასი და ორასი მოიკლა. დახოცეს და ამოსწყვიტეს, დაატყვევეს და ცოტა რამე გარდამოეხვეწა ცხენ-კეთილი და თავად კარგი კარგად იყო სულხან ბარათაშვილი, ერთი ასეთი დარბაისელი მოკლა, ყაენის კარზედ მისთანა არ იყო, და სხვის ნახოცისა ანგარიში არ იქმნებოდა.
რანიღაც გარდაიხვეწნეს, მივიდეს ყაენსა თანა ერთობ. ეწყინა და დაუმძიმდა ლაშქართა ამოწყვეტა და ამას ზედა აიყარა ყაენი სამცხით და წარვიდა. და დატყვევდა აწყუერისა ღმრთისმშობელი თვესა სეკდემერსა კ~ე, და მოქალაქენი, და რაცა ციხესა შიგან იყო, დიადი სული წაასხეს. და წარვიდა ყაენი მისსა საყაენოსა.
ხოლო რომელი ზემო ვახსენეთ, კაცმან ქრისტიანემან და სჯულითა არამრთლმადიდებელმან წარასვენა ქვეყანასა მათსა. ვითარცა ესმა ესე ყვარყვარეს და მეუღლესა და ძეთა მისთა, განრისხნეს გამცემელთათვის ციხისათა და სიკვდილად დასცა ბრძანეს მაწყუერელისა და სხვათა ყოველთა, რომელნი შინა-გამცემელ იქმნნეს. და იძლია ბუნებითისა მოწყალებისაგან, არღარა სიკვდიდ დასაჯნა, არამედ ექსორია ყვნა.
ამისა შემდგომად მოიძიეს სხვა ეპისკოპოზი და ჰპოვეს საზღვართაგან პონტოსათა, ქალაქით ტრაპიზონელი, სახელით სვიმეონ, რამეთუ მაშინ საჭეთ-მპყრობელობდა საყდარსა ტბეთისასა. ამას მიუბოძა უკანასკნელ მაწყუერელობა. ხოლო ვითარცა ზემორე ვთქვი, ეპყრა კაცსა მას ხატი იგი ყოვლად-წმიდისა სასოსა ჩვენისა აწყუერისა ღმრთისმშობელისა დიდითა პატივითა; გამოეცხადა კაცსა მას და უთხრა: „უკეთუ არა წარმიყვანო ქვეყანასა ჩემსა, დიდი ბოროტი მოვაწიო შენ ზედა“. და წარმოვიდა მსწრაფლ კაცი იგი და აუწყა ყოველივე პატრონსა ყვარყვარეს და მანუჩარს. ხოლო მათ განიხარეს სიხარულითა დიდითა და მსწრაფლ წარგზავნნეს კაცნი სარწმუნონი, და დაიხსნა პატრონმან მანუჩარ, და ვითარცა მივიდეს, იცნეს იგი და დაცვივნეს პირსა ზედა თვისსა და თაყვანი სცეს, და აღიხუეს, და წარმოასვენეს წმიდა იგი ხატი, აღიყვანეს და დაასვენეს საყდარსა თვისსა აწყუერისასა.
ამას შიგან გამოხდა ცოტა ხანი და გამოგზავნა ყაენმან ხალიბეგ, და დაუწყო შენება ქაოზიანთა და აღჯაყალისა ციხესა. იწყინეს ბარათიანთა და არ დაანებეს, და აუწყეს მისარჩელი წყენა და მტერობა. გაგულისდა ყაენი და აშველა ლაშქარი ხალიბეგს. შეიყარნეს და მოადგეს ტფილისსა, ებრძოლეს მრავალ-დღე და ვერა-რა ავნეს, რამეთუ სიმტკიცესა ზედა ეგნეს; და იყვის ყოველთა დღეთა ომი, და არა იყო ღონე ციხის წაღებისა.
მერმე შეიყარნეს ბარათიანნი და შემოუთვალეს მეფესა კოსტანტინეს და ითხოვეს მისგან შველა. მეფემან გაგზავნა ციცის-შვილი ქაიხოსრო და ჯავახის-შვილი ჯავახი ცოტათა აზნაურისშვილითა და ლაშქრითა. წარუძღვეს წინა ბარათიანნი, მივიდეს და დაესხნეს ჭანდართა მდგომთა მონაპირეთა თათართა, გააქცივნეს და დახოცეს, ასრე რომე თუ არა მაცნე წავიდა სადმე, ვერცა ერთი წაუვიდა, აივსნეს აბჯრითა, ალაფითა და ბარგითა პირთამდის.
ხოლო ვითარცა ესმა ესე ქალაქს მდგომთა თურქმანთა, უკუ-ეყარნეს ციხესა ტფილისისასა და წარვიდეს ჩაღმა, გარდაუდგეს კუმისის ბოლოს, შეებნეს წინამავალსა ლაშქარსა, გაიქცივნეს და და ხოცეს, ასრე რომე თათარსა თავსა სჭრიდეს და ვენახისა ღობესა და მარგილზედა აცვემდეს. მერმე განრისხდა ღმერთი და მოუხდა ზემოთ ბუსუნი, შუა შეიყარნეს და რაცა ბარათიანთა ქაიხოსრო და ჯავახმან ქმნეს არცა წინა გმირთა უქმნია, ასრე რომე ულუსსა ლაშქარსა ომითა და ხმლითა წამოვიდეს, და ცოტა ლაშქარი დაზიანდა, და თვით მორჩეს ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა.
ამას ზედა წარვიდა თურქმანი ლაშქარი შერცხვენილი და ორბეთისა ძირსა დადგნენ. ეცადნეს თათარნი და მუდამ ბარათიანთა და ორბეთის-ძირელთა გაემარჯვის.
ამას ზედა ადგა ხალიბეგ და სხვანი ყაენის თავადები, მივიდეს, შეეხვეწნეს ყაენსა.
რა გამოხდა წელიწადი ერთი, აშველა ლაშქარი, მოირთო ძალი და წარმოემართა სომხითისა და ორბეთისა ძირზედა, მომართა ციხესა კოჟრისასა, მოადგა გარე და დაუწყეს ომი და თოფსა სროლა. აწყვდინეს შინაგან სოლაღას-შვილნი. იყო დიდხან ომი და შეაწუხნა მეტმან თოფისა საქმემან და ცოტა ციხეცა დააქციეს. ვერღარა დაუდგეს, ამისთვის რამეთუ მეშველი აღარა ჰყვათ, ერთსა ღამესა თოვლმან უკუყარნა და გამოვიდეს ციხით, და ციხე დაუგდეს ცარიელი, თჳთ მიმართეს მთათა და სიმაგრეთა. ხოლო ვითარცა განთენდა, ნახეს თათართა ციხე უკაცური, შევიდეს შიგან და კაცი არა პოვეს, მიჰყვეს ხელი და დააქციეს.
ვითარცა ესმა მეფესა აღება ციხესა, დაუმძიმდა, რამეთუ მეფე შეყრილი ნიჩბის წყალზედა იდგეს, ამას ზედა ადგეს თათარნი და მოადგეს ტფილისისა ციხესა და იყო ყოველთა დღეთა ომი და ესროდეს თოფსა და არა იყო ღონე ციხისა წაღებისა. რამეთუ მხარი ბარათიანთაგან ჰქონდა, ეუბნებოდა მეფეს კაცთა და არა უშველეს. იმერელნი უკუდგომით იყვნეს, და არცარა მესხთ უშველეს. ამისთვის ომი ვერ გაბედა მეფემან, ადგეს დიდსა ხანსა ქალაქსა. და შეეწყინა ომი თათართა, ციხეს ვერა უყვეს რა მერმე აკაზმეს ლაშქარნი და გამოარჩიეს დარბევა ორბეთისა ძირისა აარჩიეს ათას ხუთასი ისპაი კაცი და სხვა წვრილი კაცი ლაშქრისა მრავალი და ცისკრისა ჟამსა შეუდგეს ორბეთისა ძირსა. დაესხნეს და იფორაქეს და ამოსწყვიდეს მთისა სოფლები; იშოვეს განძი, ტყვე და ალაფი ურიცხვი. ამას ზედა ესმა ბარათიანთა და იგინი იყვნეს ენაგეთს და მათ თანა იყვნეს ქაიხოსრო თურმანის ძე და სხვა მეფისა ყმები ცოტაოდენი. დავარდა ხმა და მოჰმართეს ასრე, ვითა ვეფხთა. წამოვიდა აქეთ სულხან ბარათას-შვილი და მისნი ძმანი; აქათ სხვანი ბარათიანნი მიეწივნეს უკანა, შეიბნეს და გააქცივნეს, მისჯარნეს ხევსა და ხირხალსა. ასრე ხოცა დაუწყეს, ვითა ქათამთა მართვეთა.
ხოლო მოსცა ღმერთმან ძლევა ქრისტეანეთა და დახოცეს ურიცხვი, რამეთუ არა იყო განცდა მკვდრისა; სისხლისა რუ დიოდა; რაცა სიკვდილსა მორჩეს, ხელთა დაიაყრნეს; ერთი ასეთი თავადი დარჩა ბარათაშვილს მერაბს, რომე ყაენის კარზედა მას არავინ სჯობდა, და მეყვისიცა იყო ყაენისა. ასეთი ძლევა მოსცა ღმერთმან ბარათიანთა, რამეთუ ერთისა ტყვისა დედაკაცისაგან სამი და ოთხი მუსულმანი მოიყვანებოდა ყელ-დოლბანდიანი, რამეთუ პირველსა ომსა ვეღარ მოესწრნეს ქაიხოსრო ჯავახი, ქავთარ სოლაღას-შვილი და სხვანი დარბაისელნი. მოხვდეს უკანა მომდევარნი და რჩეულნი ჩაღდაულად დიდნი ლაშქარნი აქათ, არცა ამათ დაუგდეს გზა. შეიბნეს ოცი კაცი სამასამდის ისპასა თათარსა ხმლითა წინადაუდგა, იპრიანა ღმერთმან და მორჩეს მშვიდობით. ორჯერ და სამჯერ ცხენები დაუჭრეს, ჩამოყრილნი ზედავე შესხდეს. ჩვენი ქართველთაგანი ერთის თურმანის-ძის. მეტი არა დაგვაკლდა, იგიცა ჯარმან გაიტანა დიდისა ულუსისა ლაშქრისაგან ცოტანი ჩაღთაულნი წავიდეს მაცნედ, სხვა ყველა დაიხოცა და ხელთა დარჩა.
რა ესე ესეა ქალაქს მდგომთა თათართა, შეშინდეს, დააგდეს და უკუ-ეყარნეს ციხესა: თუმცა ბარათიანთა არა გამარჯვებოდა, ძალად ქალაქსაც წაართმევდეს და ქართლსაცა შემოეჭიდებოდეს. ამას ზედა იპრიანა ღმერთმან. და წყალობით მოხედნა ბარათიანთა მოჭირვებასა და მას უკანის თათართა ძალი ვერღარა უკადრებია და არცაღა რბევა, გატყდეს და შეშინდეს შეწევნითა ღმრთისათა.
და ვითარცა მცირედნი დღენი გარდახდეს, შემდგომად ტყვეობით მოსლვისა წმიდისა მის ხატისა, რამეთუ არა დაუტევა უფალმან კვერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალათასა. არამედ ვინმე იტყოდეს: „ძლიერებათა შენთა უფალო“, ანუ ვინმე სასმენელ ყვნეს „ქებულებანი შენნი“, რამეთუ მიავლინა ყოვლად-წმიდამან დედოფალმან რისხვა საშინელი სახლსა ზედა იაღუბისასა, და ნათესავსა მისსა, და ყოველსა გვარსა მისსა. და მცირესა ჟამსა სრულიად, დაემხვნეს და მოისპნეს და აღოხრდეს. რამეთუ იაღუბს უღმრთოსა ესევითარი სიკვდილი ეუფლა, რომლითა ლელითა იკადრა წმიდისა ამის ხატისა მახვილისა შეხება, მითვე ხელითა განზავა სასმელი მაკვდინებელი, რეცა-თუ კეთილ. საგონებელ უჩნდა შეცთომილსა მსჯავრითა მით საღმრთოთა, და შესვა მან, და მიუძღვანა მისგან დედასა თვისსა და ძმასა. და მიიღეს მათცა. და შესვეს, რამეთუ არა ეგებოდა ურჩება მათგან. და ვითარცა სვეს, ერთბამად მოსწყდეს ერთსა შინა ჟამსა სიკვდილითა სალმობიერითა. და მათ თანა სხვანიცა მთავრნი და წარჩინებულნი სახლისა მათისანი მოისრნეს, რომელნიმე მახვილითა და სხვანი სიკვდილითა უცნაურითა. და მიერითგან სრულიად დაემხვა მთავრთბა მათი, უკეთუ ცოდვათა ჩვენთა სამხილებელად მიშვებითა ღმრთისათა მოივლინნეს და სახლი ღმრთისა და წმიდანი სამსახურებელნი დათრგუნნეს. არამედ ყოვლად-წმიდამან ღვთისმშობელმან შეურაცხება ხატისა თვისისა არა თავს-იდვა და ესევითარი რისხვა მიუვლინა, ვითარმედ ნათესავი მათი ვიდრე დღეს-აქამომდეცა არღარა სადა იპოვების.
ქორონიკონსა რ~ოზ: ახალციხეს თათარნი მოვიდეს. ამასვე წელიწადსა ალექსანდრე ქუთაისი აიღო, ძემან ბაგრატისმან.
ქორონიკონსა რ~ოთ: მიიცვალა მეუღლე ყვარყვარე ათაბაგისა, ბატონი დედისიმედი, წლისა ნ~დ, სეკდემბერს ი~ჱ.
ქორონიკონსა რ~პგ: ბაგრატ დაიბადა, ძე ალექსანდრესი, თებერვალსა კ~გ. კახეთის მეფესა ვახტანგსა და ძმასა მისსა ბატონს ალექსანდრეს ჩხუბი ჩამოუგდეს კახთა და შეამდურეს. და იყო შფოთი მათ შუა, იყო დიდხან შური მათ შუა და ვერ შეიწყვნეს.
მერმე მეფე კოსტანტინე და კათალიკოზი დოროთეოს შუა ჩამოუვიდნენ, და შეიწყვნეს მეფე კახეთისა ვახტანგ და ძმა მათი ბატონი ალექსანდრე, ქორონიკონსა რ~პჱ.
ამასვე ქორონიკონსა დიდი ბატონი ყვარყვარე მიიცვალა წლისა პ~ბ, ივნისს ა~.
ქორონიკონსა რ~ჟ: ათაბაგი ბატონი ქაიხოსრო მიიცვალა წლისა ნ~გ, მაისსა ვ~.
ქორონიკონსა რ-ჟა; მეფე კოსტანტინე მიიცვალა, და დაჯდა მის წილ ძე მისი დავით და ბარათაშვილის დავითის ქალი დედოფალი ნესტან-დარეჯან.
ქორონიკონსა რ~ჟგ დიდისა მონასტრისა გენათისა წინამძღვარი მანასე მიიცვალა.
ქორონიკონს რ~ჟზ: აიღო გორი ალექსანდრე, ძემან ბაგრატისმან თვესა აგვისტოსა ვ~. ამასვე წელსა ქუთათისს თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხვანი ეკლესიანი; და ციხე ვერა აიღეს, და აურაცხელნი ტყვენი წაასხეს ქრისტეანენი. თვე იყო ნოემბერი კ~გ.
ქორონიკონსა რ~ჟჱ: მარტსა ი~ბ, მიიცვალა დედოფალი თამარ. აპრილსა ა~ ამასვე წელსა მეფეთ-მეფე ალექსანდრე მიიცვალა. ამასვე წელსა დაჯდა მეფედ იმერეთს ძე მისი ბაგრატ. ამასვე წელსა იქმნა ბრძოლა ძლიერი ქართლის მეფეს დავითსა და ბაგრატს შუა. ამისთვის ბევრის ტყვენვისა და რბევისაგან ძალი ქართლისა შემცირებულ იყო; აღეღო და დაეჭირა გორი ალექსანდრეს, მამასა ბაგრატისასა. ამას ზედა მოეხმარნენ ქართლის მეფეს დავითს კახეთის მეფე ვახტანგ და ათაბაგი მზეჭაბუკ. დავით მეფე ვეღარ მოესწრო, მოხისს შეება ბაგრატ ვახტანგსა და მზეჭაბუკს და გაემარჯვა თვესა ივნისსა გ~.
ამასვე წელსა მიიცვალა ბატონი დედოფალი ელენე, დედა ალექსანდრესი, ნოემბერსა გ~.
ამასვე წელიწადსა აღესრულა კახთა მეფე ვახტანგ და დაჯდა მის წილ კახეთს ძმა მისი ალექსანდრე. ესე ალექსანდრე იყო კაცი კეთილი და ღმრთისმოყვარე, დიდად შემწე წმიდათა ეკლესიათა, შემამკობელი ხატთა და ჯვართა. ამან ალექსანდრე და დედმან მათმან ბაგრატიონმან დედოფალმან ნესტან-დარეჯან დაქცეული და დაძველებული აღუშენა ალავერდსა სამხრენი და გუმბათნი, და დაასატვინა და შეამკო ჯვარითა და ხატითა. წიგნითა და ეკლესიის შესამკობელითა, და შემდგომად ამისა ყოველნივე საეპისკოპოზო ეკლესიანი კახეთისანი შეამკვნა და შესწირნა ყოველნივე საეკლესიო სამკაულნი.
და ესვა ძენი ორნი, უხუცესსა ეწოდა გიორგი და უმრწემესსა ეწოდა დიმიტრი. ამან გიორგი დაიწყო ბრძოლა ქართლსა ზედა, რამეთუ დაპყრობა უნდოდა ქართლისა. ხოლო მამა მისი ალექსანდრე და ძმა მისი დიმიტრი ევედრებოდეს: „რამეთუ ძმანი არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა, კმა არს შენთვის კახეთიცა“. და არა მისცეს თავი ხელთა და გარდაუდგნენ წინა საფურცლეს. ამას ზედა აღივსო შურითა. გიორგი და ღალატით მოკლა მამა თვისი ალექსანდრე საფურცლეს ჩალასა შინა. აღიღეს და დამარხეს კახთა მეფეთა სასაფლაოსა ალავერდს შიგნით საყდარსა უკანა ეკვდერსა შინა. და მერმე შეიპყრა ძმა თვისი დიმიტრი და დასთხარა თვალები. მაშინ იყო ქორონიკონი რ~ჟთ. და მერმე ცოლითა და შვილითა გამოაგდო დიმიტრი და მოვიდა მცხეთას და სვეტს-ცხოველს შემოეხვეწა. და იყო რაოდენიმე ხანი. ამის მოქმედებისათვის ავ-გიორგი უწოდეს.
ხოლო რაჟამს მოკლა გიორგიმ მამა თვისი ალექსანდრე, მაშინ თვიით დაიპყრა კახეთი. და მეფობდა ქართლსა ზედა მეფე დავით, კაცი მშვიდობის-მყოფელი და სათნო ღმრთისა. ხოლო მეფესა დავითს ჰყვანდა ძმანი გიორგი, ბაგრატ, ალექსანდრე და მელქისედეკ მონაზონი. და მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი დოროთეოს. ხოლო აღიღო შური მახვილითა ავ-გიორგი მეფესა დავითს ზედა და ქმნა მრავალი ბოროტი საქართველოსა ზედა. ხოლო ეკრძალებოდა სახლსა ავ-გიორგისასა მეფე დავით და სპანი მისნი ყოველნივე. და ამას ზედა უფროსღა განლაღნა ავ-გიორგი და უხდებოდა საქართველოსა, და მრავალგზის იავარ-ყო საქართველო, და უფროსღა ზემო ქართლი მრავალგზის წარმოსტყვევნა, ვიდრე იმერეთის საზღვრამდე. და თვით მეფე დავით შეწყვდეულ იყო ციხესა შინა ატენისასა და ბრძოდა მრავალ-დღე და ვერ წაუღო ციხე იგი ატენისა. და წარვიდა სახედ თვისად, და წარიღო ნატყვენავი მრავალი.
მაშინ ეზრახნეს უმრწემესნი ძმანი მისნი მეფესა დავითს, ვითარმედ: „ამიერითგან ვერღარა შემძლებელ ვართ დათმენად ბოროტისა მის კაცისა მიერ, რამეთუ კახეთიცა ვიდრე აქამომდე მამათა ჩვენთა ეპყრათ, და სრულიად კახეთი საბრძანებელთა სახლისა ჩვენისაო დამონებულ იყნეს. და აწ ესრეთ აღზვავნეს ჩვენ ზედა ვიდრეღა საქართველოსაცა ზედა უფლებულ არს და ჰნებავს სრულიად მიმძლავრებად თვისად. და აწ ჩვენცა აღვსდგეთ მათ ზედა და ვბრძოდეთ მათ“. არამედ მეფემან დავით არა ინება, რამეთუ მსგავსად სეხნად სახელისა მისისა დავითისებრ მშვიდ იყო და არა შურისმეძიებელ, ვითარ-იგი საულისთვის მშვიდ იყო.
ხოლო ვინაითგან არა უსმინა, მაშინ სთხოვა უმრწემესმან ძმამან მისმან ბაგრატ მეფესა დავითს მუხრანი საუფლისწულოდ და დროშა, და დარაჯად გამოითხოვა ერისთავი ქსნისა და ხეობა არაგვისა. ხოლო მეფემან დავით მისცა და ესრეთ წარმოემართა და მოვიდა მუხრანს ციხე მტვერისა, რომელ არს ციხის-ძირის თავსა და დადგა იქ.
სცნა რა ესე ავ-გიორგი, შემოკრიბნა სპანი თვისნი, რაოდენ ძალ-ედვა, და წარმოემართა, მოვიდა და მოადგა გარე ციხესა მას მტვერისასა. და ადგა სამსა თვესა და ვერ უძლო აღებად. მაშინ ავ-გიორგი მიუძღვანა ღვინო ერთითა საღვინითა და მიუმცნო ესრეთ ბაგრატს: „ვინაითგან ესეოდენი ჟამი არს ციხესა მაგას შინა შეწყვდეულ ხარ და არა ჯერ არს ძისა მეფისა შეჭირვება უღვინობითა და შეიძღვენ ღვინო ესე და სუ ამისაგან ნუგეშინის საცემელად შენდა, რამეთუ პური და ღვინო ახარებს გულსა კაცისასა“.
და ვითარცა მიართვეს ბაგრატს სიტყვა ესე და ღვინოცა იგი, მაშინ ჰქონდა ციხესა მას შინა ორაგული ახალი და ღვინისა მის წილ წარმოსცა ორაგული იგი, მეტყველმან ესრეთ: „ეგეოდენი ჟამი არს, ვინაითგან მდგომარე ხარ პირსა ზედა ქსნისასა და არა მოგსლვიან ორაგული და ესრეთ სიმტკიცით არს ცხოვრება ჩვენი. აწ მიირთვი ესე, და ამით საცნაურ არს, რომელ ვერ ძალ-გიძს აღება ციხისა ამის“.
ხოლო მოართვეს რა ავ-გიორგის ორაგული იგი, მაშინ სცნა სიმრავლე საზრდელთა და სიმტკიცე ციხისა მის და შეუწუხდეს სპანიცა მისნი. მაშინ აღიყარა და წარვიდა სახლად თვისად, და იქ დაჰყო მცირედ. და შემდგომად მცირედისა ხანისა წარმოვიდა ზემო ქართლად და წარმოსტყვევნა იგი ძლიერად და წარმოიღო იავარი მრავალი და წარმოვიდა უშიშრად.
სცნა რა ესე ბაგრატ, მპყრობელმან მუხრანისამან, შემოიკრიბნა მცირედნი სპანი თვისნი და დაუმზირდა ხევსა მას, რომელ არს ძალისსა და ჭაპურს შუა. ხოლო რომელნიმე სპანი ავ-გიორგისნი წინათკენ წარმოსრულ იყვნეს ნაშოვრითა. ხოლო ავ-გიორგი უკანით-კერძო წარმოემართა ნადირობითა და შექცევითა. და ვითარცა მოიწია იქ, სადა ბაგრატ მზირად განწყობილ იყო მაშინ მიეტევნეს გულითა სრულითა და მსწრაფლ დაემხვა სილაღე და ამპარტავანება მისი. ძალისს შეიბნეს; და შეიპყრა თვით ბაგრატ, და შეიქმნა სარტყელი და შეუკრა მხარნი.
ხოლო იყო ავ-გიორგი ენითა ბრგვნილ, უთხრა ავ-გიორგიმ ბაგრატს: „ვის ეკადრება შეპყრობა და შეკრვა მხრისა?“ და უთხრა ბაგრატმა ავ-გიორგის: „ჯერეთ ესე მოვაწიე შენ ზედა და აწ გამცნებ, თუ რა მოიწიოს შენ ზედა, ვინ ხარ და რა კაცი ხარ, რეგვენი და ჭკუა-მცირე“. ხოლო ავ-გიორგისთანაც მყოფნი რომელნიმე კახნიცა შეიპყრნეს და სხვანი ლტოლვილნი შეიქნეს და წარმოართვეს ნატყვენავი, რომელი წარმოეღოთ მათცა მრავალი. და წარიყვანეს შეპყრობილი ავ-გიორგი და პატიმარ-ყო, ციხესა მას შინა მტვერისასა, ქორონიკონსა ს~ა, ქრისტეს აქეთ ჩ~ფიდ.
ხოლო ბაგრატ მიუმცნო საქმე ესე ძმასა თვისსა მეფესა დავითს, და განიხარა სიხარულითა დიდითა. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავ-გიორგი ციხესა მას შინადა მოკვდა. ხოლო სცნა რა სიკვდილი მისი მეფემან დავით, შეწუხდა. მაშინ აღიღეს გვამი მისი და წარიღეს მცხეთას ეკლესიასა მთავარ-ანგელოზისასა ჩრდილოეთით-კერძო და მას შინა დამარხეს, და აღასრულეს წესი დაფლვისა, და კეთილად მოურნე ექმნეს, ვითარცა ჯერ არს მიცვალებულთათვის. ხოლო დარჩა ავ-გიორგის ძე ერთი და ეწოდა სახელი ყრმასა მას ლევან.
ამისა შემდგომად განილაშქრა მეფემან დავით კახეთსა ზედან და დაიპყრა სრულიად კახეთი, და მტკიცედ ეპყრა იგი ჟამსა რაოდენსამე. ხოლო მეფე დავით განაგებდა კეთილად ქართლსა და კახეთსა.
და იყო ყრმა იგი ლევან დედითურთ სახლსა შინა ჩოლაყაშვილის გარსევანისასა. რამეთუ იყო მეყვისი დედა იგი ლევანისა ჩოლაყასშვილის გარსევანისა, რომელი იყო სახლთ-უხუცესი კახის ბატონისა.
მაშინ აუწყეს მეფესა დავითს ყრმისა მისთვის ლევანისა, რამეთუ აღორძინებულ არს კახეთსა შინა. და წარავლინა ძმა თვისი ბაგრატ და ერისთავი ქსნისა და ამილახორი, რათამცა მოიძიონ ყრმა იგი, თუ სადა არს. მაშინ იწყეს ძიება მკვიდრთა მათ კახეთისა სახლთა შინა დიდთა და მცირეთასა. და განავლინეს ბრძანება და შემოიფიცეს ყოველნივე, რათამცა გამოაცსადონ ყრმისა მისთვის, თუ სადა არს. და ესრეთ მოვლეს რომელნიმე კახეთისა კერძონი.
მაშინ წარიყვანეს ლევან მოსკოვისა კნიაზთანა, და დედა მისი დედოფალი ელენე აღიყვანეს ციხესა მაღრანისასა, და განამაგრეს ციხე იგი, და მერმე მივიდეს ბაგრატ და ერისთავი ქსნისა და ამილახორი სახლსა ჩოლაყაშვილის გარსევანისასა. და მას ღამესა კეთილად უმანსპინძლა, და დღესა მეორესა დაუმტკიცა ფიცით გარსევან, ვითარმედ: „არა არს სახლსა ჩემსა, და რომელიცა იხილეთ თვალითა თქვენითა სხვა არავინ არს სახლსა შინა ჩემსა“.
ხოლო იყო რაოდენიმე ხანი. კვლავ მოვიდა ლევან სპითურთ რუსით, და ჩამოვიდა კახეთს, და შევიდა ციხესა მას შინა ოჩონისასა, რომელ არს თავსა ივრისასა. მაშინ კახნი ყოველნივე მივიდეს მის თანა და შეჰფიცეს და მიერთნეს ლევან, წარმოიყვანეს და გაიბატონეს. და დაიპყრა კახეთი ლევან.
ხოლო სცნა რა საქმე ესე მეფემან დავით, შემოიყარა სპანი თვისნი და წარემართა კახეთსა ზედა გადავლო გომბორი და ჩავიდა კახეთად. მაშინ კვლავ იპყრა კახეთი და შემოეყარნეს კახნი ყოველნივე.
ხოლო ლევან ივლტოდა; წარვიდა და შევიდა ციხესა მას შინა, რომელ არს თავსა მაღრანისასა. ხოლო მიადგა მეფე დავით და მოიცვა გარემონი ციხისა მის, და ბრძოლა უყო ძლიერად.
ამას ჟამსა შინა მივიდეს ურიცხვნი სპანი ოსმალთანი, და მოაოხრეს სრულიად სამცხე, და ვერ აღუდგეს მესხნი წინა წარმოვიდეს იქითგან და მოვიდეს ქართლს. და ვერავინ აღუდგა წინა, რამეთუ ქართველნი ყოველნივე კახეთს იყვნეს ლაშქრად. და ვითარცა ესმა მეფესა დავითს მოსლვა იგი ოსმალთა, ჯერეთ არა გამოაცხადა, ამისთვის რომე ძლიერად შეეჭირვებინა ციხესა მყოფნი, და მცირედსა ხანთა შინა ეგულებოდა აღება ციხისა მის, და წარავლინა მოციქული მეფემან დავით ამილახორი და მთავარ-ეპისკოპოზი, და სთხოვა ციხე.
მაშინ ფრიად შეჭირვებულ იყვნეს ციხესა შინა მყოფნი, და ვერ ძალ-ედვათ გამაგრება ციხისა მის. და რა ესძა საქმე ესე დედასა ლევანისასა მისლვა ამილახორისა და მთავარ-ეპისკოპოზისა, და არღარა ჰქონდათ ღონე ციხის მიცემისაგან კიდე. რა შევიდა მთავარ-ეპისკოპოზი და ამილახვარი ხილვად დედისა ლევანისა, მაშინ აღდგა დედა იგი ლევანისა და მიეგება შემთხვევად მთავარ-ეპისკოპოზისა. და რა მივიდა, თქვა მთავარ-ეპისეოპოზმან იდუმალ: „მაგრა იყავით, რამეთუ ღამესა ამას უკუ-ვეყრებით ციხესა ამას და წარვალთ ქართლს“. მაშინ წარვიდა დედა იგი ლევანისა სიხარულით, და აუწყა საქმე მეციხოვანთა მათ და განამტკიცნა იგინი.
ხოლო დღესა მეორესა სთხოვეს ციხე და მათ დიდად უარჰყვეს მიცემა ციხისა და შემოუთვალნეს სიტყვანი მაგარნი. მაშინ წარმოვიდეს მოციქულნი იგი და აუწყეს მეფესა მას დავითს. ხოლო მსწრაფლ აიყარა მეფე დავით და წარმოვიდა ბრძოლად ურუმთა, მოიწია ზემო ქართლს. მაშინ ეწყვნეს ძლიერად ოსმალთა და ძალითა მრავალ-მოწყალისა ღმრთისათა მიეცა განმარჯვება ქართველთა. და ამოსწყვიდნეს მრავალნი ოსმალთაგანნი, და სხვანი შეიპყრეს და ტყვე-ყვნეს, და წარმოართვეს ალაფი და ნაშოვარი მითი, და სხვანი რომელნიმე ლტოლვილნი წარვიდეს სახედ თვისა.
მაშინ რაჟამს წარმოვიდა მეფე დავით, კვლავ დაიპყრა ლევან კახეთი. და შემოეყარნეს კახნიცა სრულიად. და იყო მაშინ ლევან წლისა შვიდის. ხოლო რაჟამს ესმა მეფესა დავითს პყრობა კახეთისა, მაშინ შეიყარნა სპანი და წარვიდა კვლავ კახეთსა ზედა, მივიდა საგარეჯოს, და შემოეყარნეს გარესჯელნი და მას-აქათნი კახნი ყოველნივე.
მაშინ ლევან იდგა ქისიყს და ახლდეს რომელნიმე კახნი მივიდა მეფე დავითცა ქისიყსა და ეწყვნეს ურთიერთას. და სძლო სამართალმან ლევანისამან, რამეთუ ესრეთ, მოწყალე არს ღმერთი ქვრივთა და ობოლთათვის. და მცირითა სპითა განემარჯვა ლევანს მეფესა დავითს ზედა. და მეოტ იქმნა და წარმოვიდა ქართლსა.
მაშინ ლევან მტკიცედ იპყრა კახეთი. და შემდგომად მცირედისა დაემძახა ლევან, მპყრობელი კახეთისა, გურიელსა და მოიყვანა ასული გურიელისა ცოლად, და ეწოდა თინათინ. და ამან გურიელის ასულმან თინათინ ჟამსა სიყრმისა თვისისასა იხილა ჩვენებასა შინა ესრეთ, რომე მიჰყვანდა იგი სძლად კაცსა ვისმე მთავართაგანსა და გზასა ზედა დაისადგურეს დღესა ერთსა; და მას ადგილსა, რომელსა მდგომარე იყვნეს, იხილა იქ შინდი ერთი მდგომარე, და იყო შინდი იგი თეთრი; და აუწყებდა ვინმე კაცი სამღვდელოთაგანი, რათამცა აღუშენოს მონასტერი დედასა ღმრთისასა ადგილსა მას, სადა იდგა შინდი იგი თეთრი. და ესრეთ იხილა ჩვენება იგი.
ხოლო რაჟამს სთხოვა ლევან მპყრობელმან კახეთისამან გურიელსა ასული იგი მისი თინათინ ცოლად, მაშინ მოსცა გურიელმან და წარმოიყვანეს კახეთს. მაშინ მიიწივნეს იგინი შუამთას და იქ განისვენეს მას დღესა. ხოლო მიმოიხედვითა ასული იგი გურიელისა თინათინ და იხილა იქ შუამთას შინდი იგი თეთრი, რომელი პირველ ეხილვა ჩვენებასა შინა, და მოეხსენა ჩვენება იგი და შინდი, რომელი მდგომარე იყო ნიშად ეკლესიისა მის მომასწავლებელად. მაშინ გულისხმა-ჰყო და სარწმუნო იქმნა განგებულებასა მას ზედა. ხოლო რაჟამს იქორწინა, შემდგომად მცირედისა ჟამსა იწყო შენებად შუამთას მონასტერსა დედისა ღმრთისასა, რამეთუ ფრიადი მოსწრაფება აჩვენა და ჟამსა რაოდენსამე შინა აღაშენა იგი, შეასრულა და შეამკო ყოვლისავე სამონასტროსა წესთა და სამკაულითა, და შესწირნა აგარაკნი და დაბანი, და დაადგინა მას ზედა მოძღვართ-მოძღვარი. და იგი შემზადა სამარხოდ თვისად.
ხოლო შვა ამან გურიელის ასულმან თინათინ ძენი ორნი: სახელი ერთისა მის ალექსანდრე და მეორისა მის ვახტანგ. და ამისა შემდგომად მიიცვალა გურიელის ასული თინათინ, და დაუტევა. ანდერძი, რათა არა დამარხონ გვამი მისი ქმრისა თვისისა ლევანის თანა, არამედ დაემარხოს იგი შუამთას თვისსა აღშენებულსა მონასტერსა. და ყვეს ეგრეთ. და ამისთვის არა დაემარხა ქმრისა თვისისა თანა, რამეთუ ლევან იყო სიძვისა და მრუშების მოყვარე.
და კვლავ ისვა ლევან ცოლი სხვა, ასული შამხლისა, რომელსა ეწოდა შამხალსა მას სახელად ყარამუსალ. და კვლავ მიეცა შამხლისა ასულისა თანა ძენი სამნი: გიორგი, ელიმირზონ და ქაიხოსრო.
ხოლო მეფე ქართლისა დავით მეფობდა კეთილად მშვიდობით.
ქორონიკონსა ს~ვ: აღიძრა ყაენი და წარმოვიდა ულუსითა საქართველოსა საქრისტეანოსა; ხატთა და ჯვართა ყველასა ატყვევებდეს. პატრონმან მეფემან დავით თვისი შვილი რამაზ გაგზავნა და ყაენს წინა მიაგება, და დაიხსნა საქრისტეანო. და დაჰყო რაოდენიმე ხანი და მერმე დღითა აღსავსემან აღირჩია კეთილი ნაწილი და იქმნა მონაზონ, და უწოდეს სახელად დამიანე. და ესხნეს ძენი სამნი: ლუარსაბ, დიმიტრი და რამაზ.
ქორონიკონსა ს~ზ: მიიცვალა დიდისა მონასტრისა გენათისა მოძღვართ-მოძღვარი ილარიონ პატრონი, თვესა მაისსა ვ~, და გორის-ჯვარით აქა გელათს მოასვენეს.
ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა მეფის ბაგრატის შვილი მუცლის ტკივილითა, და იყო მეფე დავით-ყოფილი დამიანე სინანულსა და ვედრებასა ღმრთისასა, რამეთუ აღეშენა სენაკი მცხეთას და იყოფებოდა სიმართლით. მაშინ იყო ქორონიკონი ს~იდ.
ჟამსა ამას იჯდა კათალიკოზი მელქისედეკ, ძმა მეფის დავითისა.
ქორონიკონსა ს~იდ: მისცეს ბაგრატს ქართლი მეფესა იმერეთისასა, არადათის წყალს გამოღმა: ალი, სურამი და ახალდაბა.
ამასვე წელსა მიიცვალა მეფე დავით. ტფილისის ქალაქს, და დამარხეს მცხეთას.
ამასვე წელსა იქორწინა ძემან მისმან ლუარსაბ, და შეირთო ცოლად მეფის ბაგრატის ასული თამარ, მარტსა კ~ე.
და მეფობდა ლუარსაბ ძალითა და შეწევნითა ბაგრატისითა. და იყო ყაენად შაჰისმაილ, მეოთხე შვილისშვილი იყო შიხისა მის, რომელი გამოჩნდა პირველ არდაველს. და დაიპყრა შაჰ-ისმაილ სამკვიდრო თვისი არდაველი, და იქითგან იწყო ბრძოლად სპარსეთისა და დაიპყრა სპარსეთი.
ქორონიკონსა ს~ივ: მიიცვალა იმერელი ბატონისშვილის ვახტანგის ცოლი, კახთა მეფის ასული ხვარამზე.
ქორონიკონსა ს~იზ: მიიცვალა ქუთათელი გერასიმე, იანვარსა ი~ ამასვე წელიწადსა დაჯდა მათი ძმისწული სვიმონ, და წარვიდა და ეკურთხა საყდარსა ბიჭვინთისასა.
ამასვე ქორონიკონსა მეფეთ-მეფემან ბაგრატ განყო ლიხთ-იმერი სამ საეპისკოპოზოდ, ბრძანებითა აფხაზეთისა კათალიკოზისა აბაშიძისათა. ინება ღვთივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან ბაგრატ და დედოფალთა დედოფალმან ელენე დიდისა და ცათა მობაძავისა საყდრისა, ახლისა იერუსალიმისა, გენათისა ეპისკოპოზისა მელქისედეკისა საყვარელის ძისა, საუკუნოდცა არს ხსენება მათი.
ამასვე დროსა იმავე პატრონმან გააჩინა ხონელ ეპისკოპოზად მჩხეტის-ძე მანოელ მისვე აფხაზეთისა კათალიკოზისა ხელითა საყდართა შიგან ბირვინთისათა, ქორონიკონი იყო ს~იზ: წარვედით აფხაზეთს საკურთხეველად ივნისსა კ~, და მოვედით ივლისსა კ~.
ამასვე ჟამსა მონაზონ იქმნა გიორგი, ძმა დავით მეფისა, და უწოდეს სახელად გერასიმე. და ბაგრატცა, ძმა მეფის დავითისა და გიორგისა, რომელი უფლებდა მუხრანს, იგიცა მონაზონ იქმნა, და უწოდეს სახელად ბარნაბე.
ხოლო რაჟამს მონაზონ იქმნა ბაგრატ მპყრობელი მუხრანისა, და ესხნეს მას ძენი ოთხნი: ერეკლე, არჩილ, აშოთ და ვახტანგ. მაშინ მტკიცედ ეპყრა ქართლი მეფესა ლუარსაბს. ხოლო კათალიკოზი მელქისედეკ პირველვე განძებულ იყო და იდგა მონასტერსა არმაზისასა, და იყო კათალიკოზად გერმანე, და ტფილელად დომენტი, და მროველად გედეონ.
ქორონიკონსა ს~ით: ივლისსა ი~ა მიიცვალა მხეცის-ძე სარგის.
ხოლო ოდეს დაიპყრა ქვეყანა სპარსეთისა შაჰ-ისმაილ, მაშინ წარმოემართა და განიგულა დაპყრობა საქართველოსი, მოვიდა ძალითა დიდითა და სპითა ურიცხვითა, და დაიბანაკა აღჯაყალას. მაშინ სცნა რა მეფემან ლუარსაბ, შემოიყარა სპანი თვისნი და დადგა ტფილისს, განამაგრა ციხე-ქალაქი.
ხოლო შაჰ-ისმაილ წარმოგზავნა ამირსპასალარი ყარაფირილ სპითა ურიცხვითა. კვლავ შემდგომად მცირედისა წარმოგზავნა მიშკარბაში ელიასბეგ სპითა ურიცხვითა. და შემდგომად მათსა თვითცა წარმოვიდა. მაშინ წარვიდა მეფე ლუარსაბ ტფილისით და მივიდა ღელესა მას თელეთისასა, და იქ განაწყო სპა თვისი. და რაჟამს მოვიდა ყარაფირი ამირსპასალარი, და ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და მხნედ იბრძოდეს სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომნი, და ამოსწყვიდნეს ურიცხვნი თათარნი. მიდრკეს იგინი და ოტებულნი ივლტოდეს, ვითარცა ჯოგი კანჯრისა ლომთაგან დანქრეული.
მაშინ შეემთხვია წინათ-კერძო მიშკარბაში ელიასბეგ. ოტებულთა მათ ყიზილბაშთა. და კვლავ უკუმოაქციანნა ლტოლვილნიცა იგი, და თვისითა სპითა წინაგანეწყვნეს ქართველთა. კვლავ შეიქმნა ბრძოლა ძლიერი, უძლიერესი პირველისა, და ძალითა ღმრთისათა კვლავ მძლე ექმნეს ქართველნი და მოსრეს უმრავლესი პირველისა ომისა. და იოტნეს იგინი და მიჰყვნენ უკანა მათსა ქართველნი, სრვიდეს. და ამოსწყვიდნეს მრავალნი. და აღმოვიდა შაჰ-ისმაილიცა ყოვლითავე ძალითა თვისითა და სპითა უმრავლესითა. ესრეთ მოიწია მთასა თელეთისასა, რომელ არს კერძოთა ტაბახმელისათა. გარდმოხედნა შაჰ-ისმაილ და იხილნა სპანი თვისნი ძლიერად ოტებულნი და მიმოდანქრეულნი, და უმრავლესნი დახოცილნი, და უკანა მათსა ქართველნი ფიცხლად მდევნელნი და განლაღებულნი მათ ზედა. ამას ზედა შეწუხდა შაჰ-ისმაილ, და შემოუტივეს შაჰ-ისმაილ და სპათა მისთა ყარაყოინლუთა.
მაშინ დარჩეს ქართველნი წინათ-კერძო და უკანა მათსა შაჰ-ისმაილ და სპანი მისნი, რამეთუ ფრიადისა ომისაგან მაშვრალთა ქართველთა, რაც ოდენ ძალ-ედვათ, ძლიერად ბრძოლა უყვეს, და განგრძობასა შინა ომისასა იძლივნეს სპანი ქართველთანი. მაშინ ივლტოდა მეფე ლუარსაბ და მივიდა ზემო ქართლს, და კვლავ ენება შეკრება სპათა და ბრძოლად არამედ ვერღარა უძლო ადრე შეყრა, რამეთუ დაიფანტნეს ქართველნი.
და წარმოვიდა შაჰ-ისმაილ და გარე-მოადგა ციხესა ტფილისისასა და ბრძოლა უყო ძლიერად. მაშინ აღუთქვეს ნიჭი დიდი ციხისთავსა მას ტფილისისასა, და ესრეთ მოინდო ციხისთავი იგი, და მისცა ციხე. და დაიპყრა ციხეცა და ქალაქი, და ქმნა მრავალი ბოროტი. შემუსრნა წმიდანი ეკლესიანი, და შეაგინნეს სიწმიდენი, და მრავალნი ხატნი და ჯვარნი წარყვნეს. და თვით შემუსრა ხელითა თვისითა სიონთა ღმრთისმშობელი და განძარცვა მრავალფასი სამკაული, ქართველთა მეფეთაგან სასოებით შემკული; ამან უღმრთომან მიჰყო წარმდებად ბილწი ხელი თვისი და შემუსრა, და უფასონი იგი თვალნი და მარგარიტნი თვით წარიღო, და წმიდა იგი ფიცარი განაშიშვლა მძლავრმან უსჯულომან შაჰ-ისმაილ, და დასდვა თავსა ზედა განსავალსა მას ხიდისასა, რომელ არს ციხესა შინა ტფილისისასა.
და შეიპყრნეს მრავალნი ქრისტეანენი, და მიჰკრიბეს ხიდსა მას ზედა და მძლავრებით აიძულებდეს ფერხითა დათრგუნვად ხატსა მას. რომელთამე ქრისტეანეთა ფრიად უარ-ჰყვეს განსლვა ხიდსა მას ზედა და დათრგუნვად ხატსა მას წმიდისა დედოფლისა ჩვენისასა, და მრავალთა აღირჩიეს სიკვდილი და არა დათრგუნეს ხატი იგი, და წარეკვეთნეს წმიდანი და ყოვლად ქებულნი თავნი მათნი, და აწ იმოთხვენ ყვავილთა მათ შინა დაუჭნობელთა, წმიდათა ორმეოცთა მოწამეთა თანა. ხოლო რომელნიმე ქრისტეანეთაგანნი მომედგრდეს უძლურებითა ხორცთათა და დაკლებულ იქმნეს სასუფეველისაგან, რამეთუ ვერა-რა ივაჭრეს, და განვიდეს კრებისაგან ცალიერი.
ხოლო ოდეს აღასრულა ყოველივე სიბოროტე თჳსი მძლავრმან უსჯულომან შაჰ-ისმაილ, მაშინ გარდაუტევეს ხატი იგი წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა მდინარესა მას შინა მტკვარსა და წარიღო ხატი იგი წყალმან მან, და განვიდა ქვემოთ-კერძო წიაღ მდინარისა მის. ეჰა საკვირველება ესე და სასწაული ხატისა მის, რამეთუ არავე განეშორა ტაძარსა თვისსა, არამედ იყო რამ წიაღ მდინარისა მის, ხე ტირიფისა მდგომარე, და ძირსა ზედა მისა მიყრდნობილი წაღმართ სვენებული იხილა ვინმე მწყემსმან, მიმავალმან კახეთად, და განსავალსა წყლისასა აღიღო და განიხარა ფრიად, და თაყვანის-ცა მწყემსმან მან აღიღო და მიართვა მპყრობელსა მას კახეთისასა ბატონს ლევანს; და მხიარულ იქმნა დიდად და მიანიჭა მწყემსსა მას წყალობა მრავალი. და იწყო მეორედ შემკობად ხატისა მის და, რაც ოდენ ძალ-ედვა, აჩვენა მოსწრაფება დიდი და ესრეთ შეამკო, ვითარცა აწ იხილვების სიონისა ღმრთისმშობელი. და კვლავ ზედა-წერილ არს ხატსა მას ზედა ცხოვრება კახეთის მპყრობელის ლევანისა. ხოლო ოდეს განასრულა ხატი წარმოგზავნა ხატი იგი პატივითა დიდითა სიონსა შინა, და არს ამიერითგან ვიდრე აქამომდე ზე-აღმკულ ლევანის მიერ.
ხოლო აღაშენა შაჰ-ისმაილ მეჩითი სჯულისა თვისისა ყურესა მას ხიდისასა, და შეაყენნა მცველნი თვისნი, და განამაგრა ციხე, და წარვიდა. და ამას შინა შემოიკრიბნა სპანი თვისნი მეფემან ლუარსაბ, და წარმოემართა შაჰ-ისმაილსა ზედა, და ეგულვა კვლავ ბრძოლა მისი. და რაჟამს ცნა აღება ციხისა მის და შექცევა შაჰ-ისმაილისა, დაუმძიმდა ფრიად. მაშინ კვლავ იპყრა ქართლი მეფემან. და ამასვე ჟამსა შინა ეწია რისხვა ღმრთისა ულხინებელი შაჰ-ისმაილს. და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა, და დაჯდა მის წილად ძე მისი შაჰ-თამაზ.
ხოლო შაჰ-ისმაილ იყო კაცი მზაკვარი, და ამან გამოაჩინა სჯული შიასი და იწყო ძაგებად და გინებად სჯულისა ოსმალთასა, და განთქმულ ჰყო სახელი ალიასი, და იწოდა თავი თვისიმედ ალიასა, და ამიერითგან ირწმუნეს ყიზილბაშთა ძედ იმამისა, და ვიდრე აქამომდე სწამსთ, და უპყრიესთ მტკიცედ. ხოლო გამდიდრდა შაჰ-თამაზ უფროს მამისა თვისისა და დაიპყრა მრავალი ქვეყანა უცხოთა, რომელი არა ეპყრა მამასა მისსა.
ხოლო მეფემან ლუარსაბ დაიპყრა ტფილისი, და აღიღო ციხე ტფილისისა და გაამაგრა. მაშინ შაჰ-თამაზ იდგა ყარაბაღს, დაესმა აღება ტფილისისა ციხისა, შემოიკრიბა სიმრავლე სპათა რჩეულთა და ესე იდუმალ წარმოემართა ტფილისსა ზედა. და ამას ჟამსა შინა მიიცვალა ტფილისს ძე მეფის ლუარსაბისი ყრმა მცირე. და წარიღეს ყრმა იგი მცირე მცხეთას სამარხოსა თვისსა, და წარიყვანეს თანა მეფე და დედოფალი. და რომელსაცა დღესა განვიდეს ტფილისით, მასვე ღამესა შემოვიდა შაჰ-თამაზ ტფილისსა შინა, და დაიპყრა სრულიად ქალაქი და ზეგარდამოთა განგებითა ღმრთისათა მორჩეს დიდსა განსაცდელსა მეფე და დედოფალი და მათ თანა მყოფნი ქართველნიცა.
ხოლო სცნა რა საქმე ესე მეფემან, წარვიდა სიმაგრეთა შინა, და ეგრეთვე სრულიად ქართველნი წარვიდეს სიმაგრეთა შინა. ამისთვის ვერღარა შემოიკრიბა სპანი თვისნი მეფემან, რამეთუ იყვნეს დაუხიზნავნი ქართველნი, და ყოველნივე დასახიზნავად წარვიდეს.
მაშინ შაჰ-თამაზ მოაწია მრავალი ბოროტი ტფილისსა ზედა: შეიპყრეს და განსძარცვეს ხატი იგი მეტეხისა, სახე წმიდისა ღმრთისმშობელისა, და ამოსწყვიდნა მრავალნი სულნი. ხოლო ციხისთავსა გულბაადს შეეშინა დიდად მეფისა თვისისაგან: „ნუ უკვე ესე საქმე ესე დამადვას მეფემანო“, და გარდამოვიდა ციხით, და მივიდა შაჰ-თამაზთანა; და მიანიჭა წყალობა მრავალი და სხვანი მეციხოვანნი რომელნიმე წარვიდეს სახლსა და რომელნიმე მიერთნეს ყიზილბაშთა.
მაშინ ციხისთავმან გულბაად და სხვათა მეციხოვანთა დაუტევეს სჯული თვისი და მიიქცეს სჯულსა მაჰმადისსა. და დაიპყრა შაჰ-თამაზ ციხე იგი და განამაგრა, და თვით შეიქცა და წარვიდა ყარაბაღს. მაშინ შეურიგდა მპყრობელი კახეთისა ბატონი ლევან, და წარვიდა შაჰ-თამაზ ნახჩევანს ქვეყანასა სომხითისასა, და დაიმორჩილნა ყოველნივე ურჩნი და ჰყვნა საბრძანებელსა ქვეშე თვისსა.
ქორონიკონსა ს~კა: დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდნენ ჯიქეთს საბრძოლად ზღვით ნავებითა, და შეიბნეს თვესა იანვარსა ოცდაათსა. პირველსა დღესა ამათ გაემარჯვა; მეორესა დღესა, პარასკევსა, განრისხდა ღმერთი ოდიშართათვის, უღალატეს. და გამოექცნეს, დადიანი და გურიელი და გურიელის ლაშქარი დაუტევეს; მოეტევნეს ჯიქნი და შეიბნეს: მრავალი დახოცეს დადიანმან, გურიელმან და გურიელის ლაშქართა. მოკლეს გურიელის შვილი გიორგი და მისნი აზნაურშვილნი. დაღლილნი ომისაგან შეჩვენებულმან ცანდია ინალდიფითა გაინდვნა, დადიანი გააშიშვლეს, სრულიად შიშველი დაჭრეს გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ეპისკოპოზნი, და მისნი ლაშქარნი ტყვე ყვეს. წარვიდა მალაქია კათალიკოზი და გამოიხსნნა ცოცხალნი, და მკვდარნი ფასით იყიდნა.
ქორონიკონსა ს~კგ: მერე ალექსანდრე, ძე ლევანისა, იშვა.
ამასვე ქორონიკონსა მურჯახეთს შეიბნეს; აგვისტოს ი~გ, დღესა ხეთშაბათსა, შეიბა მეფეთ-მეფე ბაგრატ და ათაბაგი ყვარყვარე ახალქალაქსა, და დაიხოცნეს მრავალნი კაცნი, და გაემარჯვა მეფესა, და ხელთ დარჩა ყვარყვარე და მისნი ლაშქარნი, და დაიპყრა სრულიად საათაბაგო ძემან ალექსანდრესმან.
და ჟამსა ამას ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა იყო სამცხეს, და ვითარცა ესმა დაპყრობა სომხითისა, წარმოემართა იგიცა და მოვიდა შაჰ-თამაზთანა მიზეზითა ამით, რაჟამს გაემარჯვა ბაგრატს ყვარყვარე ათაბაგსა ზედა, და დაიპყრა ბაგრატ საათაბაგო. მაშინ ოტებულ იქმნა ოთარი შალიკაშვილი, ივლტოდა იგი, და თანა-წარიყვანა ძე ათაბაგის ყვარყვარესი ქაიხოსრო. მივიდეს სტამბოლს და მოაჯე ექმნნეს ხვანთქარს. და შეიწყალა ხვანთქარმან, და მოსცა ჯარი მრავალი, და თოფი, და ზარბაზნები დიდ-დიდნი, და უჩინა ამირსპასალარად მუსტაფ ფაშა, და წარმოგზავნა იგინი ბრძოლად ბაგრატისა.
ხოლო ესმა რა ამბავი ესე ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა, ამისთვის წარვიდა შაჰ-თამაზთანა, და არავინ წარიყვანა კაცნი უჭაღარონი, არამედ აარჩინა კაცნი ჭაღარანი, და წარიყვანნა დიდებულნი და მცირენი, მოხუცებულნი, ჭკუისმყოფელნი, ჭაღარანი, კაცნი მსგავსნივე მისნი.
ხოლო იყო შაჰ-თამაზ აიდარბეგს, და მივიდა ბაგრატ. დიდად პატივ-სცა ყაენმან, და დაისვა წინაშე, აქა მოხუცებულნი მიმყოლნი მისნი. და უბრძანა ყაენმან ბაგრატს, რათა მოსწიოს მშვილდსა, და მოუტანეს მშვილდი ძლიერი ბაგრატს. ხოლო, ბაგრატ არა რამე თავს-იდვა, და ეპყრა მცირე რამე ნატეხი წვრილი ჯოხი, და მით ასწია. ხოლო ყაენმან გაიცინა, და მისცა საბოძვარი დიდი და გამოისტუმრა. ითხოვა ბაგრატ მისგან შეწევნა და ძალი ოსმალთა ზედა. და იყო მაშინ შაჰ-თამაზ ფრიად უცალო, ვერა ათხოვა ჯარი, და მისცა საბოძვარი მრავალი, და მით შემწე ეყო. და წარვიდა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა სამცხეს.
მაშინ წარავლინა ბაგრატ კაცი და ითხოვა გურიელისაგან შეწევნა. და წარმოვიდა გურიელი სპითა თვისითა და მოვიდა ბაგრატის თანა.
ქორონიკონსა ს~კე: მეფე სვიმონ იშვა, ძე ლუარსაბისი.
ქორონიკონსა ს~ლა: ხვანთქრის ფაშები მოვიდეს, კ~ბ ათასი, და სრულიად ტაო ამოსწყვიდეს. მოუხდა ბაგრატ მეფე და ეწყვნეს ურთიერთას, იქმნა ბრძოლა ძლიერი. მისცა ღმერთმან გამარჯვება ბაგრატს და იოტნეს ოსმალნი, მოსრნეს მრავალნი მახვილისათა. მაშინ მოკლეს თვით მუსტაფ ფაშა, და სხვანი ივლტოდეს ოსმალნი. და იშოვნეს მრავალნი საგანძურნი, და დაიპყრა მტკიცედ საათაბაგო.
ამისა შემდგომად კვლავ წარვიდა ხვანთქართანა ოთარი შალიკაშვილი, და ქაიხოსრო ძე ათაბაგისი, ესმა რა ხვანთქარსა, დაუმძიმდა ფრიად. და კვლავ წარმოავლინა აზრუმისა ფაშა, და დიარბექირისა, და სხვანიცა მრავალნი, და შეიკრიბა სპათა სიმრავლე ურიცხვი. და ესრეთ წარმოემართა სამცხესა ზედა. სცნა რა ესე ბაგრატ, წარმოუვლინა კაცი და ითხოვა შეწევნა მეფისა ლუარსაბისაგან.
ხოლო მეფე ლუარსაბ იყო კაცი სახიერი და ფრიად ზრუნვიდა საქართველოსათვის, და ეძვინებოდა უცულოთა ზედა-მოსვლისათვის და დაკნინებად საქრისტეანოსა. მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და წარემართა შეწევნად ბაგრატისა რამეთუ ამან მეფემან ლუარსაბ მრავალგზის აწვივნა იმერელნი, მესხნი და კახნი შეწევნად უსჯულოთა ზედა, არამედ იგინი არა თანა-შემწე ექმნეს. და ესოდენ უმეტეს მოურნე იყო მათთვის, ვითარცა მამა შვილთათვის ტკბილ არს და ლმობიერ, ეგრეთვე ესეცა ტკბილ იყო მათთვის და არა ძვირის მოავისენე. და ვითარცა წარვიდა ესე, მაშინღა წარვიდა გურიელი სპითა თვისითა. და შეიკრიბნენ ყოველნივე სამცხეს.
ხოლო მოვიდეს ოსმალნი ურიცხვნი ბასიანს, ქორონიკონსა ს~ლგ, და მივიდეს ესენიცა იქ, სადაც ოსმალნი დაბანაკებულ იყვნეს. ხოლო იქმნა რამე განზრახვა ქართველთა შორის და მესხთა. თქვეს ქართველთა და აღირჩიეს მეწინავედ მისლვა, მაგრამ მესხთა არა თავს-იდვეს, რამეთუ იტყოდნენ: „ძველითგანვე მეწინაობად მისლვა მესხთათვის განწესებულ არს და აწცა ჯერ არს ჩვენდა მისლვაო, და რამეთუ რიგი ესე და წესი ძველითგანვე გვაქვსო“.
ხოლო უმეტეს ქართველთა არა უსმინეს, და იქმნა ცილობა ურთიერთს შორის, და აღეგზნა შური დიდი. აჰა იხილეთ, მსმენელნო, გაბედვა და მკვეთელობა საქმისა, ვითარ იგი ჰყვეს მაშინ ლომ-ვეფხებრ მხეც-ქმნილთა რჩეულთა მათ სპათა ქართველთა უსჯულოთა მათ ზედა, და მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა ელვა ქუხილისა ცისა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და შეიბნეს სოხოიტას ზედა იმერელი მეფე ბაგრატ, და ქართლის მეფე ლუარსაბ, და ათაბაგი პატრონი ქაიხოსრო, და სრულიად საქართველო იყო, და ორი ფაზა იყო. და მეფენი მეოტ იქმნეს.
მაშინ შურითა ბოროტითა აღსავსეთა მესხთა ინებეს განდრეკილება, და არღარა მიჰყვნენ ომსა შინა. ხოლო სცნეს რა განდრეკილება მესხთა, უფროსად განიწირნეს თავნი თვისნი ქართველთა და იმერელთა, და განგრძელდა ომი, და მოისრნეს მრავალნი იმიერ და ამიერ, და უფროსღა ამოსწყვიდნეს ოსმალნი, ვიდრე ოთხი ზომა მოისრა. მაშინ მოკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო და სხვანი მრავალნი ქართველნი და იმერელნი. ქმნეს სახელი დიდი, და შემუსრეს ყოველივე საომარი საჭურველი, და ესრეთ დარჩნენ, რომ საბრძოლველი იარაღი აღარა ჰქონდათ. და იყო ომი ძლიერი დილითგან ვიდრე მწუხრადმდე.
მაშინ სიმრავლისაგან სპათასა იოტნეს სპანი ქართველთანი. დამაშვრალთა ქართველთა სძლეს ოსმალთა და მეოტ იქმნენ, და ლტოლვილი წარმოვიდა მეფე ლუარსაბ ქართლს და ბაგრატ იმერეთს.
ხოლო დაიპყრეს ოსმალთა სამცხე-საათაბაგო, და აღიღეს ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი სამცხისანი, და გააბატონეს ქაიხოსრო, ძე ყვარყვარესი, და იქმნა ათაბაგ. მაშინ შემოიკრიბნა მესხნი დიდნი და მცირენი ყოველნივე, და მთავრობდა ოთარი შალიკაშვილი. ხოლო ათაბაგი ქაიხოსრო დაემოყვრა მპყრობელსა მუხრანისასა ბაგრატს, მოიყვანა ცოლად ასული ბაგრატისი დედისიმედი და იქორწინა. და იყო ქალი ლაღ და ამპარტავან, გლისპი და არა მოშიში ღმრთისა.
ქორონიკონსა ს~ლდ: აწყუერისა ღმრთისმშობელი ტყვედ წაასვენა ციხისჯვარს იმერელ მეფემან ბაგრატ.
ქორონიკონსა ს~მ: ტაოს ქვეყანა დაიჭირეს თათართა ურუმთა.
ქორონიკონსა ს~მა: არტანუჯი წაგვართვეს ურუმთა, და არსიანამდის დაიჭირეს ფარნაკანი, და სრულ არტანი დაიჭირეს, და ფარნაკანი აღაშენეს, აწყურისა ღმრთისმშობლის შეწევნითა სამცხეს ვერ გარდმოვიდეს, და მძლავრობდენ ფრიად ყოვლისავე მესხთა ზედა და ვერღარა შეუძლეს ტვირთვად ბოროტის ყოფასა ოსმალთასა. მაშინ ოთარმან შალიკაშვილმან და ათაბაგმან და ყოველთავე მესხთა წარავლინეს მოციქული თვითმპყრობელის ერანის მპყრობელის შაჰ-თამაზის თანა, და ფრიად მოაჯე ექმნეს, ებირნეს და ითხოვეს მისგან შეწევნა, და აღუთქვეს მორჩილება და დამონება ვითარცა პირველ.
ხოლო ვითარცა ესმა შაჰ-თამაზს, განიხარა ფრიად და წარმოემართა სპითა ურიცხვითა საათაბაგოსა ზედა; მოესწრა ყაენი შაჰ-თამაზ. ბატონი ქაიხოსრო მოვიდა; ვარძია, თმოგვი, და ვანის ქვაბი, და აწყური, ასპინძა, ვარნეთი და სრულიად სამცხის ციხეები აღიღო, და ვარძიისა ღმრთისმშობელი და სრულიად ციხეები ბატონს ქაიხოსროს მოსცა. და წარვიდა ყაენი და ჩავიდა სომხითს, და დახოცნა [...] და ვახუშტი დიასამიძე, და ამაონ ტყვედ წაიყვანა მარიამობის თვესა.
ამასვე ქორონიკონსა ციხისჯვარიდამ აწყურისა ღმრთისმშობელი ტყვედ წაასვენეს იმერეთს.
ხოლო სცნა რა საქმე ესე ხვანთქარმან სულთან სულეიმან, წარმოვიდა იგიცა ძალითა მრავლითა და გულისწყრომითა მესხთა ზედა.
მაშინ შაჰ-თამაზ ვერღარა უძლო წინააღდგომად მისსა და მოიპოვა მზაკვარება ესე, და მიუმცნო ოთარს შალიკაშვილსა სიტყვანი გულისწყრომისანი. მიუწერა წიგნი რისხვისანი, და ექადდა მოკვეთასა თავისასა, და სრულიად იავარ-ყოფასა ქვეყანისა მათისასა. ამისთვის მოსწერა ესე წიგნი, რომ ოთარს მიეგზავნა ხვანთქრისათვის, რომ შაჰ-თამაზ ჩემი მტერია და ესრეთ მექადვისო, და მით მორჩომოდა ხვანთქარსა. ვითარცა მიუვიდა წიგნი იგი ოთარსა, მეყსეულად წარუვლინა წიგნი სულთან სულეიმანს, და მიუმცნო სიმართლე თავისა თვისისა და უბრალო-ყოფა მისლვისათვის ყაენისა.
მაშინ მიხედა ღმერთმან მესხთა, და შეიბრალა სულთანმან და წარვიდა სახიდ თვისად სულთანი, და წარვიდა ყაენიცა. ხოლო ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა, ქონდა შური დიდი დადიანისა, რამეთუ მაშინ ოდეს შეება ურუმთა ბაგრატ, ესე დადიანი არა თანამწე ეყო მას. ამისთვის განიზრახა და მოაწვია დადიანი ლეონ ჭალასა ხონისასა, და ღალატად შეიპყრა იგი ბაგრატ მპყრობელმან იმერეთისამან და პატიმარ ჰყო. მაშინ მიუმცნო გურიელსა საქმე ესე, და აწვია იგი განლაშქრებად ოდიშსა ზედა და აღუთქვა ნახევარი ოდიშისა.
ხოლო გურიელმან არა უსმინა და თქვა გულსა შინა თვისსა: „ვინაითგან ოდიშიცა დაიპყრას, განლაღნების და მერმე აღიძრვის ჩემ ზედაცა ბოროტის-ყოფად უეჭველად". ხოლო რაჟამს სცნა ბაგრატ არა მოსლვა გურიელისა, მაშინ ენება თვალებისდაწვა დადიანისა და არღარა ინება, და ჰყვანდა იგი პატიმრად გელათს სამრეკლოსა შინა.
მაშინ ათაბაგმან ქაიხოსრო, სცნა რა შეპყრობა დადიანისა, აღძრა ჩხეიძე ხოფილანდრე და გააპარა დადიანი, და მიიყვანა ათაბაგთანა. ხოლო ათაბაგმან და გურიელმან წარიყვანეს და გააბატონეს იგი ოდიშს, და კვლავ იპყრა დადიანმან ოდიში.
ამისა შემდგომად გაუწყრა ხვანთქარი გურიელსა, და მოიხსენა ძვირი პირველი, რაჟამს იგი თანაშემწე ეყო ბაგრატს, და ამოსწყვიდნეს სპანი მრავალნი ხვანთქრისანი. ამისთვის წარგზაინა სპანი მრავალნი გურიასა ზედა, და მოვიდეს ბათომს, და იწყეს შენებად ციხისა. მაშინ შემოიკრიბა სპა თვისი გურიელმან და წარვიდა მათ ზედა, და მისცა ღმერთმან ძლევა და გაემარჯვა გურიელსა. დაუტევეს ბათომი, და შევიდეს ზღვასა შინა ნავებითა. და აღუდგეს მათ ღელვანი მძაფრნი, და განყარნა იგინი ჭორახს გაღმართ; და იყო იგი მდინარე ჭორახი აღდიდებულ, და ვერღარა განვლეს იგი ცხენებითა გურიელმან და სპათა მისთა.
მაშინ მივიდეს გონიას, და იწყეს შენება ციხისა; და გამაგრდენ ოსმალნი და იწყეს მძლავრება, ამოსწყვიტეს ჭანეთი, და თვით დაიპყრეს. ხოლო გურიელმან ითხოვა შეწევნა ბაგრატისაგან და დადიანის ლეონისაგან. მაშინ დადიანმან შემოიყარა სრულიად აფხაზნი და ოდიშარნი, და წარვიდა.
ხოლო ბაგრატცა წარავლინა ძმა თვისი ვახტანგ, და სპანიცა იმერელნი წარატანნა კაცი ხუთასი. და აუწყა ბაგრატ ძმასა თვისსა ვახტანგს: „ამას წადიერ იყავ, რათა არა ჰყონ დადიანმან და გურიელმან ერთობა. და უკეთუ იგინი გაერთდენ, მრავალი ბოროტი გვეწიოს ჩვენ მათ მიერ, და ეცადე, რომე დადიანი არ შეეყაროს გურიელსა“.
მაშინ იდგა დადიანი თვალსა რიონისასა. და ვითარცა მივიდა ვახტანგ საჯავახოს, მიუმცნო დადიანსა: „შენცა უწყი, ვითარცა მე ფიცი ვარ შენი და არა-რას დაგიფარავ. ესე უწყოდე, რამეთუ ძმამან ჩემმან ბაგრატ და გურიელმან შეთქმულება ყვეს შენ ზედა; და თუ მოხვალ გურიას, ღალატი ნებავსთ შენი“. მაშინ სცნეს რა ესე მეგრელთა მოშიშართა, არღარა ინებეს წამოსლვა გურიას, და მივიდა ვახტანგ როსტომ გურიელთანა ბათომს.
ხოლო ვინათგან არღარა მოვიდა დადიანი, ვერღარა შეუძლო გურიელმან ბრძოლად ოსმალთა, და ვერცაღა განვიდეს გაღმა, რამეთუ არა ქონდათ ნავები. მაშინ ოსმალნი უფროსღა განძლიერდეს, და აღაშენეს ციხეები. ხოლო წარმოვიდა ვახტანგ იმერეთს.
ამისა შემდგომად მიიცვალა ბაგრატ, მპყრობელი იმერეთისა, და დამარხეს გელათს. და დაიპყრა იმერეთი ძემან მისმან გიორგი.
და ეპყრა როსტომს გურია წელსა ი~ბ, და მიიცვალა იგიცა, და დაეფლა შემოქმედს. და ესხნეს ძენი სამნი, და უხუცესსა ეწოდა გიორგი და ესე დასვეს გურიელად. ხოლო ესვა ასული როსტომ გურიელისა ძესა დადიანისასა ცოლად. და შემდგომად სიკვდილისა მისისა განუტევა ქალი იგი ძემან დადიანისმან და ქმნა დიდი ბოროტი, რამეთუ ბიძასა თვისსა წაართვა ცოლი და თვით შეირთო ცოლად.
და გამოხდა ხანი რამე და კვლავ ერთობა ყვეს გიორგი გურიელმან და დადიანმან ლეონ. და შეირთო გურიელმან ასული დადიანისა ცოლად, და შემდგომად მცირედისა მანაც განუტევა ასული დადიანისა, და იძია შური.
სცნა რა ესე გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, მაშინ ეზრახა გურიელსა და ყვეს ერთობა. რამეთუ ჰყვა მას რძალი ქვრივი, და მისცა იგი ცოლად გურიელსა გიორგის შურად დადიანისა, და იწყეს მტერობად დადიანისა. და ვერღარა შეუძლო წინააღდგომა მათი დადიანმან, და მეოტად წარვიდა სტამბოლს, და მოაჯე ექმნა ხვანთქარსა და ითხოვა მისგან შეწევნა. მაშინ მოსცა ხვანთქარმა სიმრავლენი სპათანი აზრუმელნი და ტრაპიზონელნი, წარმოვიდეს და მოიწივნეს სატყეპელას.
ხოლო გურიელმან ვერღარა უძლო წინაგანწყობა მათი სიმრავლისაგან სპათასა. მაშინ წარავლინა მოციქული ხვეწნად დადიანსა, და მისცა სისხლი განტევებისათვის ასულისა მისისა, ფლური ათასი, და შერიგდენ დადიანი და გურიელი.
ხოლო გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, მოაწვია სახლსა თვისსა ჯავახ ჭილაძე და ღალატითა მოკლა იგი. მაშინ იწყინა საქმე ესე გურიელმან და დადიანმან, და მივიდეს და დაიპყრეს საჯავახო და განიყვეს: ნახევარი დადიანმან დაიპყრა და ნახევარი გურიელმან. ამისა შემდგომად წარვიდა დადიანი ნადირობად, და ჯაიანმან შეაძგერა ცხენი და მოკლა დადიანი, და დასვეს ძე მისი უხუცესი გიორგი დადიანად.
მაშინ გურიელმან გიორგი გარდიბირა უმრწემესი ძმა მისი მამია, ესე მოიყვანა გურიას და შერთო გურიელმან დაჲ თვისი ცოლად მამიას, ძესა დადიანისასა. ხოლო ულაშქრა გურიელმან, წარვიდა ლაშქრითა და მივიდა ზუგდიდს, და იქ შემოება დადიანი და გაემარჯვა გურიელსა და წარიოტეს დადიანი, და დასვა დადიანად მამია, და წარვიდა გურიელი სახიდ თვისად. მაშინ დადიანმან გიორგი შემოიყარნა სპანი აფხაზთანი და წარმოემართა და კვლავ მოუვიდეს ჯიქნიცა შეწევნად და ჩერქეზნიცა. მაშინ ათხოვა გურიელმან ჯარი დადიანსა მამიას. და ეწყვნენ ურთიერთას. კვლავ გაემარჯვა მამიას, და ივლტოდა გიორგი დადიანი.
ხოლო დადიანი გიორგი მოაჯე ექმნა მპყრობელსა იმერეთისასა გიორგის. მაშინ აღუთქვა შეწევნა მპყრობელმან იმერეთისამან, რამეთუ ჟამსა ამას ესვა ცოლად გიორგის, მპყრობელსა იმერეთისასა, ასული ჩერქეზის ბატონისა. და კვლავ ჰყვანდა გურიელსაცა მეორე დაჲ მისი ცოლად, და კვლავ მესამე დაჲ ამათი იყო გაუთხოვარი სახლსა შინა იმერეთის მპყრობელის გიორგისასა, რომელი აღეზარდა მათ. და ესე უმცირესი ასული ჩერქეზის ბატონისა სთხოვა დადიანმან გიორგი მპყრობელსა იმერეთისასა. მაშინ აუწყა საქმე ესე გურიელსა და მან ესრეთ უპასუხა: „ვინაითგან დადიანსა ნებავს გაერთება ჩვენი, მომცეს საუპატიო და სისხლი დისა ჩემისა განტევებისათვის, ვითარცა მე მივეც სისხლი განსატევებელად დისა მაგისისა, და იყოს მშვიდობა ჩვენ ყოველთა შორის. და იქმნას დადიანი მოყვარე და ქვისლი თქვენი და ჩემი“. მაშინ დაურთო ნება და აღუთქვა მიცემა სისხლისა გურიელსა დადიანმან. ხოლო არა ქონდა თეთრი, და მისცა გირაოდ ხოფი; რომელიცა სისხლი გურიელს მიეცა, ეგეოდენისა მიცემა აღუთქვა; და ამის გირაოი დაუდვა ხოფი. და მაშინ მისცეს ასული იგი ჩერქეზის ბატონისა და გაერთდენ სამნივე.
ხოლო სცნა რა საქმე ესე მამია დადიანმან, იგიცა ლმობიერ იქმნა უხუცესობისათვის ძმისა თვისისა, დაურთო ნება და დაანება დადიანობა. მაშინ მამია დადიანს მისცეს სარჩოდ ლომკაცის ჭილაძისეული და რევანოზისეული, და ესრეთ შეითვისნეს ურთიერთას და იქნა მშვიდობა სამთავე საბატონოთა შინა. ხოლო სცნა რა ესე დათულიამ, ბიძამან დადიანის გიორგისამან, შემოიყარა საჯავხოელნი და წარვიდა საღალატოდ დადიანის გიორგისა. იგრძნა საქმე ესე დადიანმან, და ვერღარა უღალატა, და წარვიდა საჯავახოს დათულია. ხოლო დადიანმან და მპყრობელმან იმერეთისამან შეუთვალა გურიელსა და აუწყა ღალატი დადიანისა, და მიუმცნეს ესრეთ: „საჯავახო შენთვის დაგვინებებია და დათულიას უღალატეო“.
ხოლო გურიელმან უღალატა და შეიპყრა დათულია, და დაატყვევა უზურგეთს, და თვით დაიპყრა საჯავასო. მაშინ შეუთვალეს გურიელს სიკვდილი დათულიასი, და გურიელმან არ მოკლა, ესრეთ შეუთუალა: „შენის სახლის კაცს მე არ მოვკლავო, შენ მოკალო“. და მერმე ამათ გაგზავნეს კაცი, და მოაშთვეს იგი. ამის შემდგომად მოკვდა დადიანი გიორგი, და კვლავ დაიპყრა მამიამ დადიანობა. ხოლო დარჩა დადიანს ძე ერთი, რომელსა ეწოდა ლეონ. მაშინ განირისხა ღმერთი მამია დადიანმან, წაართვა დედასა მისსა, და წარმოიყვანა ყრმა იგი, და შხეფის ციხეში დაატყვევა, და იყო ყრმა იგი გამოუცდელი, და ვერ გაუძლო ტყვეობასა, შეწუხდა ყრმა იგი განშორებისათვის დედისა თვისისა, და გარდმოიგდო თავი თვისი ციხისა მისგან და ესრეთ აღესრულა იგი.
ხოლო ჟამსა მას შინა შეითქვნეს მეფე ქართლისა ლუარსაბ, მპყრობელი კახეთისა ლეონ და ათაბაგი ქაიხოსრო. ამათ შეკრეს პირობა, და დაუწყეს რბევა და ოხრება ქვეყანასა ყიზილბაშისასა ადარბადაგანსა. მაშინ განუდგა შაჰ-თამაზს მპყრობელი შირვანისა ასანბეგის შვილი დავრიშ მაჰმად მაშინ შაჰ-თამაზ შემოიყარა სიმრავლენი სპათანი, წარმოვიდა და წამსავე მოიწია ყარაბაღს. მაშინ წარავლინა კაცი და შეუთვალა ლევანს, მპყრობელსა კახეთისასა, და გარდამოიბირა იგი. და მივიდა ლევან შაჰ-თამაზთან. და იყო განდგომილ დავრიშ მაჰმად, ძე ასანბეგისა, რამეთუ ჟამსა მას ოდეს ეპყრა შაჰ-ისმაილს შაქი, მას ჟამსა მიუხდა ბატონი ლევან ასანბეგს, და იავარჰყო შაქი, და მოკლა ასანბეგ. ამისა შემდგომად მოიყვანეს ძე მისი დავრიშ მაჰმად, და გააბატონეს შაქელთა, და მტერ იყვნეს ურთიერთას დავრიშ მაჰმად და ბატონი ლევან.
ხოლო შაჰ-თამაზ გაუძახა ლაშქარი თვისი შირვანსა ზედა, მაშინ დავრიშ მაჰმადი შეიყარა სპა თვისი, დაესხა თავსა, და მოსრა მრავალი ჯარი შაჰ-თამაზიც და გამოაქცინა იგინი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფმვ.
ხოლო შაჰ-თამაზ აღიყარა სპითა ურიცხვითა, და წარვიდა შირვანს, და მისწერა შაჰ-თამაზ წიგნი დავრიშ მაჰმადს მისლვად მის თანა, და აღუთქვა არა მოხსენებად ძვირსა, არამედ მინიჭებად მრავლისა პატივისა. ხოლო მან არა ისმინა მისი, და უფროსად განამაგრა ციხეები, და ეგო სიმტკიცესა ზედა.
მაშინ წარავლინა ბატონი ლევან სპითა მრავლითა მის ზედა. და მივიდეს რა, შაქი მოაოხრეს, და იავარ-ჰყვეს სრულიად შაქი, და გარე-მოადგეს ციხესა მას, რომელსა შინა იყო დავრიშ მაჰმად. და იყო ხანსა რაოდენსამე, და ვერღარა უძლო გამაგრება, და ღამით განვიდა ციხისა მისგან. ხოლო სცნა რა ბატონმან ლევან, დევნა უყო, მიეწია და შეიბნეს, და გაემარჯვა ბატონს ლევანს, და მოკლეს დავრიშ მაჰმად, და შემოიქცა გამარჯვებული, და მოართვა თავი დავრიშ მაჰმადისა შაჰ-თამაზს. ხოლო უყო წყალობა მრავალი ბატონს ლევანს, და წარმოვიდა სახიდ თვისად კახეთს.
მაშინ შაჰ-თამაზ წარვიდა ყარაბაღს, და შემდგომად მცირედისა წარმოემართა კვლავ ტფილისსა ზედა, და ქმნა მრავალი ბოროტი, მოაოხრა სრულიად ტფილისი და აღიღო ციხე ტფილისისა და შეაყენნა მცველნი თვისნი და ვერა-რა ავნო მეფესა ლუარსაბს, რამეთუ ჟამსა მეფობისა მისისასა არა მორჩილ ექმნა ყიზილბაშთა, არცა ოსმალთა, და მრავალი ჭირი შეაჩვენა ორთავე, და არა დაამონა საქართველო უსჯულოთა სახარკოდ. მაშინ შაჰ-თამაზ ინება მოყვრობა ქაიხოსრო ათაბაგისა, და არა ჰყვანდა ასული ათაბაგსა. მაშინ ოთარს შალიკაშვილს გამოართვა ასული, რომელი იყო მეყვისი ათაბაგისი, და მის წილად წარუგზავნა შაჰ-თამაზს, და მან შეირთო იგი ცოლად, და დიდად საყვარელ უჩნდა ქალი იგი, და ამიერითგან იყო ფრიად კეთილისმყოფელ ათაბაგისა.
სცნა რა ესე მეფემან ლუარსაბ, შეიყარა სპა თვისი და მიუხდა ათაბაგსა, და წარუღო თემნი და დაბანი მრავალნი, ააოხრა და წარმოვიდა გამარჯვებული. ხოლო ათაბაგმან ქაიხოსრო მიუმცნო ესე ყოველივე შაჰ-თამაზს, რამეთუ მას ჟამსა წარმოსრულ იყო მტერობად ათაბაგისა აზრუმის ფაშა ისკანდარ, და აუწყა იგიცა შაჰ-თამაზს, ქორონიკონსა ს~მდ.
ამისა შემდგომად ხვანთქარი სულთან სულეიმან გამოვიდა, და ყაენს ჩაუდგა, კარი აღაშენა, და უკმობრუნდა, და ასიანს მოვიდა. მაშინ ყაენმან შაჰ-თამაზ შეიყარა სიმრავლენი სპათანი, და წარმოდგა, და მოვიდა არტანს. მაშინ გაგზავნა შაჰ-თამაზ ძე თვისი მირზა ისმაილ კარს, და დაიპყრა კარი, აღიღო ციხენი და სიმაგრენი, და რომელნი იყვნეს ყმანი ხვანთქრისანი მოსრნა პირითა მახვილისათა, და განსდევნნა იგინი, და თვით დაიპყრა კარი. ხვანთქარი წარვიდა.
ხოლო ვინცა იყვნეს განდგომილნი ათაბაგისნი, ყოველნივე მოსრნა პირითა მახვილისათა, და აღიღო ციხენი და სიმაგრენი მათნი, და შემუსრნეს წმიდანი ეკლესიანი, და მრავალნი ხატნი და ჯვარნი, და დაამონნა ურჩნი და განდგომილნი ათაბაგისნი, და მივიდეს ომან და შერმაზან და ივჯუშ, განდგომილნი ათაბაგისნი. ხოლო შაჰ-თამაზ შეიპყრა და მკვლელ ექმნა ივჯუშს და შერმაზანს, და მისიცა მამული მათი ათაბაგსა. და რაჟამს განაგო საქმე იქებური, მაშინ უკმობრუნდა ყაენი ბოროტის-ყოფად ქართლსა ზედა სპითა ურიცხვითა, ჩამოვლო თრიალეთი და იავარ-ჰყო. წარმოემართა საბარათიანოს ზედა და მოაოხრა იგიცა. მაშინ მიადგა ციხესა ბირთვისისასა და ვერა აღიღო; და აღუთქვა ნიჭი დიდძალი მეციხოვანთა და მოიბირნა იგინი, და დაანებეს ციხე. და რომელნიცა იყვნეს ბარათიანნი ციხესა მას შინა არღარა დაინდო: რომელნიმე ამოსწყვიდნა, და რომელნიმე შეიწყალნა დადააყენნა მამულსა თვისსაზედა, სხვანი მრავალნი ტყვედ ჰყო.
მაშინ მეფემან ლუარსაბ ვერღარა შემოიკრიბა სპანი თვისნი, რამეთუ ფრიად მოსურნე იყო წინაგანწყობად ყიზილბაშთა. და ვინათგან ჯარი არღარა ჰყვანდა, ესრეთ იყო ჩვეულება მისი მცირითა კაცითა ზედა-დაესხმოდა თარეშთა ანუ სიმაგრეთა შინა, და ესრეთ მოქმედებითა მრავალნი ყიზილბაშნი ამოსწყვიდნა.
ხოლო შაჰ-თამაზ მივიდა გორს და აღიღო ციხე წედისისა, ციხე ძალათ აღიღეს, და ვერის ციხე ნებით მოსცა ფარსადან, და უვნებელად ციხოვანნი მორჩნენ, და იქიდამ მიადგა ციხესა ატენისსა, რომელ არს თავსა საცივისასა, რამეთუ მას შინა იდევნეს დედა და დაჲ მეფისა ლუარსაბისი, და სხვანი მრავალნი ჯალაბნი თავადთანი. ამისთვის გარედამ ყაენის ლაშქარი შემოადგა და შიგნიდამ ქართველნი დაუწყეს ერთმანეთს ცემა და ბრძოლა, და მრავალნი ყიზილბაშნი დაიხოცნენ, და ციხის აღება გაძნელდა, ამისთვის რომე არც სიბა მიიტანებოდა, და არც შეეთხრებოდა, და. არც სით თოფი ესროლებოდა. და თათართ ერთი ფარეში, კავთისხეველი ბეთიაშვილი, ფარეში მეფის ლუარსაბის დიდისა, დაიჭირეს, და სიკვდილის შიშით იმან უთხრა: „თუ არ მომკლავთო, ციხეს აგაღებინებო“. და ამათაც უვნებელობის ფიცი უთხრეს. და იმან ეს ამბავი უთხრა: „ჭის წყალი დალევიაო, და ჩრდილოეთისაკენ მომცრო წყალი ჩამოუდისო, და იმ წყაროს მისაპარავი გზა აქვსო, გასწავლიო და ის დაუჭირეთო. და ღონე გაუწყდებისო, და ციხეს მოგცემენო“.
იმ წყლის გზა ასწავლა, ყიზილბაშებმა წყალი უკუ-უჭირეს, ციხოვანთ მშველელი აღარსაით გაუჩნდათ, და უწყლოობამაც ძალი უყო, და მრავალი ყიზილბაში და ქართველნი იმ ციხის აღებაში ამოსწყდენ, და ციხე აიღეს. დედოფალი ნესტან-დარეჯან, დედა ლუარსაბისი, და დაჲ, და მრავალნი სხვანი ჯალაბნი (ე.ი. ოჯახნი) თავადთანი ტყვე ყვნა და წარვიდა.
ქორონიკონსა ს~მდ: მეფის ლუარსაბის დედა და დაჲ ქვეითი წარასხეს ციხითგან ზედა ველამდის, და მერმე მეაქლემეთ მისცეს, და წარიყვანეს. მეფე ლუარსაბ ხან აჩაბეთის სიმაგრეში და ხან იმერეთს იყო. მაშინ წარმოსტყვენა ციხე იგი ატენისა, დაყაენი აიყარა და ყარაბაღში წავიდა, და წარიყვანა უმრავლესნი ტყვეთანი.
ხოლო ესმა რა საქმე ესე მეფესა ლუარსაბს, მაშინ წარმოუდგა უკანა ყიზილბაშთა, და ამოსწყვიდნა მრავალნი თათარნი, და წაართვა ურიცხვი ალაფი, და ვერღარა წაართვა დედა თვისი.
და რა მივიდა შაჰ-თამაზ ერევანს, მაშინ სცნა დედამან მეფისა ლუარსაბისმან გაუპატიოება თავისა თვისისა. ამისთვისცა რომელნიმე იტყვიან: „შესვა წამალი სასიკვდინე და მოიკლა თავი თვისი და არა შეამთხვია თავსა თვისსა საქმე უჯერო“. ხოლო რომელნიმე იტყვიან: „სასჯელითა და უპატიოებით აღესრულა“.
ხოლო უკმოიქცა მეფე ლუარსაბ ფრიად მწუხარე, და წარვიდა შაჰ-თამაზცა ადგილსა თვისსა, და დასვა ხანები ყაზახს, შამშადილოს, და დასვა სულთანი განჯას, და კვლავ ეპყრა მათ ციხეცა ტფილისისა, და იყო ესე ყოველი ხელდებული განჯას მჯდომისა სულთნისა, და ყოველნი გარემონი ყიზილბაშთანი მიუჩინა ციხესა მას ტფილისისასა, რათა არღარა იპყრას მეფემან ლუარსაბ.
ხოლო მწუხარე იყო ფრიად ესრეთ განძლიერებისათვის უსჯულოთასა მეფე ლუარსაბ, სრულ საქართველოს მეფეთა და მებატონეთა ზედა, ძველთა და ახალზედ ნამეტავად ნაქები იყო. თავად სარდლად, მერმე მამაცად და უხობით პურად გამცემად, სამართლის-მოქმედად და ყმა მორჩილი, ცხენოსან-ცეროსანი, უშიშარი ომში, ამაყი, ქრისტეანობის სჯულზედ მაგარი, და ურუმთა და ყიზილბაშთ ნამეტავად მისგან ეშინოდათ. და მეზობელნი ვითაც ყმანი ეგრეთ ემსახურებოდეს, და სხვათა ყმობის თქმა არა იკადრა.
ამისთვის შაჰ-თამაზს ყაენმან ხუთჯერ ამაზედ ილაშქრა, და არას საქმით ვერც მოამშვიდა, ვერც მოკლა, ვერც დაიჭირა, და ვერც შეიხვეწა, ამისთვის რომე ცოტას შემოებმოდა, ამოსწყვედდა და ბევრს უკუ-ეფერებოდა, და ღამით დაესხმოდა და გზებზე წაეწეოდა, და მრავალს ნავნებს იქმოდა. ხოლო რომელნიმე ზემო აღწერილ არს მოოხრება საქართველოსი.
ვერ გაუძლო გონებამან მეფეს ლუარსაბს; ამისთვისცა შემოიკრიბნა სპანი თვისნი, და დაუწყო ხდომა და რბევა, და ამოსწყვიდნა მრავალნი. და რაოდენიცა ეპყრა მათ კერძონი და ადგილნი საბარათიანო, იგი ყოველნივე წარმოართვა, და განდევნა, და დაიპყრა რაოდენიცა ეპყრა არენი და თემნი საქართველოსანი, გარდა ტფილისისა ციხისა.
შავერდი სულთან, განჯის ხანი, ყაენს ამ ალაგების მცველად დაეყენებინა, და რა მეფის ლუარსაბის ლაშქრის შეყრა გაიგონა, მანცა არაზის-აქათი ლაშქარი შემოიყარა და მეფეზე წარმოვიდა.
რა ეს შეიტყო, მეფე ლუარსაბ გორითგან გარის ვარხუნას მივიდა, იქითგან შავერდი სულთან წამოვიდა და მოვიდა ქართლად. და იმ ღამეს მეფე ლუარსაბს სიზმარი ენახა. და მეორეს დილას კათალიკოზი და საქართველოს თავადნი და თავისი შვილები მოიხმო და ასრე უთხრა: „სიზმარი ვნახეო, მართალი და ჭეშმარიტად დასაჯერიო, რომ უსაცილოდ ჩვენ გავიმარჯვებთო, და ყიზილბაშნი გაიქცევიანო, და ამ ომში მე მომკვლენო, და ჩემს მომკვლელსაც ქართველნი მოჰკვლენო“.
მაშინ ჰყვანდა მეფესა ძენი სამნი: სვიმონ, და დავით, და ვახტანგ. და მაშინ უხუცესსა შვილსა სვიმონს ხელი მოჰკიდა და ქართველთ უბრძანა: „ხელმწიფობა ამისთვის მიმიცემიაო, და კიდეც ეს ღირსაო“ და შვილთაც ასე უანდერძა: „უფროს ძმას დაემორჩილენითო“ და ყველას უბრძანა, და ფერხთ აკოცეს, და მეფე აკურთხეს. და ასრე ანდერძი დაუგდო: „ჩემის სიკვდილით ნუ მოიშლებითო, და ნურც ჩემის სიკვდილის ხმას დააგდებთო. რა ყიზილბაშნი გალახოთო, მას უკან მცხეთას მიწას მიმაბარეთო. ჩემს გლოვა-ტირილს დაეხსენითო, ქვეყნის შენახვას გაფრთხილდითო“.
რა ესე სიზმარი მეფისაგან გაიგონეს, სრულ ყველანი ატირდენ და ასრე მოახსენეს: „რადგან მაგისთანა სიზმარი გინახავს, ამ-გზობით ნუ შევებმითო და უკუ-ვეცალნეთო“. ეს სიტყვა მეფემან შორს დაიჭირა და ასე უპასუხა: „დღეს-აქამომდე ხვანთქარსა და ყაენს ზურგი არ შევაქცივე; რით იქნების, რომ ახლა ერთს ყაჯარს პირი ავარიდოო“. ქართველნი დიდად ეაჯნეს, მაგრამ მეფემან ლომ-გუნებისამან ზრახვას სიკვდილი არჩია.
და რა სულთან შავერდი რაზმ-წყობით მოახლოვდა, და არა ინება მეფემან ომი მინდორსა ზედა, და ჩავიდა გარისს, და უთავა ქართველთა უხუცესი ძე თვისი სვიმონ, და მივიდა სვიმონ სპითა თვისითა მეწინავედ, და თვით მეფე უკან-კერძო მდგომარე იყო, და ახლდა თანა კათალიკოზი და ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი. რა მოვიდეს ყიზილბაშნი, მაშინ მიეტევა მათ სვიმონ და სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომი განძვინებული, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ მოეცა ღმრთისა მიერ ძლევა ქართველთა, და მოსწყვიდნეს ურიცხვნი სპანი თათართანი, და წარიქცივნეს იგინი, და ივლტოდეს. და დევნა უყვეს უკანა მათსა და დაანქრივნეს, რამეთუ ვერღარა უძლეს ზოგად წარსლვა, არამედ დასწყვიდნეს ურთირთას; და ვიდოდეს შეცთომილნი ღელეუშენთა და ტყეთა მიმართ. და ერთ-კერძო წარივლტოდა სულთანი იგი შავერდი-ბეგ.
ხოლო მაჰმად სულთან სპითა თვისითა შელტოლვილ იყო ტყესა შინა შეშინებული, და ვერღარა ეძლო წარსლვა დღისით. მაშინ იხილა მეფე ლუარსაბ მცირედითა კაცითა, შემოუტივა მეფესა, და განმხნდეს ძალითა ღმრთისათა მეფე და მის თანა მყოფნიცა ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი, და იქმნეს ვითარცა ჭაბუკნი. და კვლავ იქმნა ბრძოლა ძლიერი, და სძლო მეფემან, და წარიქცინნეს იგინი, და ამოსწყვიდნეს მრავალნი ყიზილბაშნი.
ხოლო მეფემან იხილა მაჰმად სულთან, და არა ქონდა ოროლი ხელთა, რამეთუ შეემტვრია კაცსა ზედა; და განაფიცხა ტაიჭი თვისი მეფემან, შეაძგერა ცხენსა მაჰმად სულთანისასა, და დაანარცხა მიწასა ზედა. კვლვ მიეტევა სხვასა. რამეთუ ყოველივე საბრძოლველი იარაღი დაემსხვრია მეფესა და იბრძოდა ცხენითა საჭურველისა გარეშე. და რა მისდევდა სხვასა ყიზილბაშსა, იყო რამე თხრილი და დანახეთქი მიწისა, და ჩაუვარდა ფერხი ცხენსა მეფისასა, და წარმოექცა ცხენი მეფესა. მაშინ მოუხდა ყიზილბაში ერთი, სახელით ზაქირ, და იქადა მახვილი, სცა თავსა მეფისასა და სწყლა სასიკვდინედ, შეჯდა ცხენსა მეფისასა და ივლტოდა. სცნეს რა ქართველთა, დევნა უყვეს ძლიერად და მიეწივნეს, და მოკლეს იგიცა, და სულთან მაჰმად, და სპანი მისნი ყოველნივე ამოსწყვიდნეს.
მაშინ სვიმონს გამარჯვებოდა ძლიერად და სდევნიდა სულთანსა განძისასა შავერდის, და სრვიდეს სპათა ვითარცა მხალთა მდელოსათა. და აუწყეს სვიმონს საქმე ესე, და მყის შემოიქცა და მოვიდა მეფეს თანა, და მწუხარე იქმნა ფრიად და წარვიდეს. ყიზილბაშნი განჯას, და დაიპყრნა სვიმონ ალაგნი საქართველოსანი ყოველნივე.
და იცოცხლა მცირესა ხანსა დაწყლულებისა მისგან მეფემან ლუარსაბ, და მასვე წყლულებასა შინა მიიცვალა იგი, ვითარცა წმიდა მოწამე ვახტანგ და დავით მეფე. და აღიღეს წმიდა გვამი მისი და დამარხეს სამარხოსა თვისსა მცხეთას ღვთივ-აღმართებულსა სვეტსა ცხოველსა. და იქმნა გლოვა და მწუხარება ქართველთა მიერ, ქორონიკონსა ს~მვ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფიზ.
და დაჯდა მეფედ მამისა მისისა წილ სვიმონ. და იყო ჟამსა ამას შინა კათალიკოზი ნიკოლაოზ. მაშინ წარიყვანეს სვიმონ და აკურთხეს მეფედ მცხეთას და მცხეთით გორს მივიდა. და ქალაქი ყიზილბაშთ ეჭირა, და გარეშე კაცნი მეფეს სვიმონს ემსახურებოდენ. მაშინ დაემძახლა მეფე სვიმონ კახსა ბატონსა ლევანს. და მისცა ლევან ასული თვისი, ნაშობი შამხლისა ქალისაგან. და წარმოიყვანა იგი მეფემან სვიმონ და ჰყვეს ქორწილი სახელოვანი და ეპყრა მტკიცედ საქართველო.
ქორონიკონსა ს~მჱ: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ დაიჭირეს თათართა. აღიძრა მეფე სვიმონ მტერობად და შურად ყიზილბაშთა, და იკრებდა სპასა თვისსა სვიმონ, რათა აღიღოს ციხე ტფილისისა. ესმა ესე ამბავი ნაპირის მცველს ყარაბაღის ბატონს, და იმანცა არეზის-წყალს გამოღმართი ლაშქარი შეიყარა, და ქალაქს მოსაშველებლად წარმოვიდა.
მაშინ ესმა მეფესა სვიმონს, შემოიყარა სპანი საქართველოსანი, და ჩამოვიდა ციხედიდს, და მიუწერა ცოლის-ძმასა თვისსა კახის ბატონის შვილს გიორგის და ითხოვა მისგან შეწევნა და წარმოვიდა გიორგი სპითა თვისითა და შემოიყარა ციხედიდს.
მაშინ სცნეს საქმე ესე სპარსთა, შემოიყარნეს სპანი მრავალნი და წარმოემართნეს ტფილისს, რამეთუ ჟამსა მას უშენ და ოხერ იყო კაცთაგან ხუნანი, და ღვინჭრობი, და ვაშლოვანი. მოვიდნენ და დადგნენ იაღლუზას ღამესა ერთსა, და შემოვიდეს ციხესა ტფილისისასა, რამეთუ მათ ეპყრა ციხე იგი. ჟამსა მას ქართველთ ხანდაგი გაეთხარათ, ამისთვის რომე არამც მოპარვით ყიზილბაშნი თავს არ დაესხნენ, და ტფილისითგან წარმოვიდეს უგრძნობელად. და მიმართეს ციხედიდს.
ხოლო მეფემან წინათვე ყარაულად გამოაყენა გერმანოზის-შვილი სოფელსა შინა მუხათგვერდისასა, გარდახდად დღესასწაულსა აღდგომისასა, და ეგულებოდა კვლავ იქ ჩასლვად, და შეკრვად გზებისა. და ამას შინა უგრძნობელად შეუვლეს ყიზილბაშთა მუხათგვერდი. მივიდეს და, სადაცა ხანდაგი იყო, ხანდაგთან ჩამოხდეს, და ის ხანდაგი გაასწორეს, შეუგრად დაესხნეს დღესა აღდგომისასა, აქათ ქართველთა და იქით ყიზილბაშთ რაზმი დააწყვეს. და ყიზილბაშთ მეწინავეში და ქართველთ ლაშქარში ომი და ცემა გახშირდა, და ქართველნი ნამეტავად თავგამომეტებით იბრძოდეს, და მრავალი ყიზილბაში მოკლეს.
და რა განჯის ხანმა ასრე თავგამომეტებით ქართველთ ომი ნახა, ყიზილბაშთ ასრე უთხრა: „გზა შორსა გვაქუსო, რომ გავიქცეთო, და ვერსად გავატანთო, უკან დაგვეწევიან და დაგვხოცენო. მუხანათობით სიკვდილს ისევ ვამჯობინოთო, რომ ძალმიცემით ომში ამათვე შევაკვდეთო“. ყველამ „ჰალა, ჰალა“ დაიძახეს, და შეუტივეს ხმალ-დაწვდილთა და იქიდამ ქართველთ წამოუშინეს. და ორგნითვე კარგად იყვნენ, მაგრამ ყიზილბაში უფრო ბევრი მოკვდა, და გაქცევასაც აპირებდენ. და კახის ჯარმან შექნა ტირილი და თავს-ცემა, რომე ბატონიშვილი გიორგი მოკლესო. ომისა აღარა ინაღვლეს რა, მკვდარი საომარით გამოიტანეს, და ომი და ბრძოლა გაუშვეს. ამაზედ ყიზილბაშთ დრო დაისცეს, მოშლილთა და მტირალთ ლაშქართ კიდევ შემოუტივეს, და ყიზილბაშთ გაიმარჯვეს, და სხვანი მრავალნი თავადნი და აზნაურნი და მსახურნი ქართლისანი უფროსღა ამოსწყვიდნეს, და დარჩათ ძლევა ყიზილბაშთა, და შეიცეს ქართველნი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფო, ქორონიკონსა ს~მთ.
იმავ ღამეს შავერდი სულთან ქალაქს შევიდა, და მეფე სვიმონ თავისის ლაშქრით გორს მივიდა. და კახის ბატონის შვილი გიორგი მოკლული ლევანს მიუტანეს. შეიქმნა გლოვა და ტირილი შვილისათვის ბატონის ლევანისა ერთობილად კახთა. და ასრევე გორს ნესტან-დარეჯან დედოფალს საყვარელის ძმის გიორგი ბატონისშვილის. მოკვლა გაუმჟღავნეს. და საქართველოს ჯარი მოვიდა, იტირეს, იგლოვეს, და საორმოცედ ბატონი დედოფალი, ქართლის თავადები ჯალაბობრივ კახეთს მამის მისატირებლად და საყვარელის ძმის სატირლად ალავერდს მივიდნენ, და ორმოცამდინ მამასთან იყო, იტირა, იგლოვა და ისევ ქართლს მოვიდა.
ამავე წელსა და ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი აშოთან მოკლეს ფხოველთა. ხოლო იყო უმრწემესი ძმა მეფისა სვიმონისი, სახელით დავით, და შემოსწყრა ძმასა თვისსა მეფესა სვიმონს, და წარვიდა შაჰ-თამაზ ყაენის კარსა. ყაენი ყაზმინს იყო და, რა დავითის მოსვლა ხელმწიფეს მოახსენეს, დიდად იამა, და სრულ ბეგლარი, ვინც კარზედ იყო, წინ მიაგება, და უფროსი-ერთი ბარათიანნი თან ახლდენ, და მისის ძმის მეფის სვიმონისაგან შემომწყრალი იყო. ამისთვის უფრო დიდად პატივ-ცეს და შვილობის რაყამი უბოძეს. და მეჯლიშშიგან ყაენმან თვისსა სიახლოვეს დაისვა, და ვითაც ხელმწიფესა ქვეშ მოუფინეს, და დორი დაუდვეს, და ზედ დასვეს. და მისი თავადები მეჯლიშში დასხეს, და ალაგ-ალაგ შუაში ჩაუსხდენ. და ცოტას ხანს უკან ჰგმო ღმერთი და გათათრდა, და უწოდეს სახელად დაუთხან. და მისთანანიცა დაათათრეს და სახელმწიფო იარაღი ყოველი რამე უბოძეს და მის თავადთა და აზნაურის შვილთა ხალათი, სახარჯო, ცხენი და იარაღი გაუკეთეს და უბოძეს. რაც ბატონ-ყმათ მიეცა, სრულ ცხრაათასის თუმნისა იყო. და ქალაქისა და სომხით-საბარათიანოს მეფობა მისცეს, და რაყამში შვილობით ჩაწერეს, და მესტუმრე თან გაატანეს, და დიდის პატივითა და მორჭმით გაისტუმრეს. და წელიწადში თვითოს ნაპირის ხანს მეფის დავითის მცველად თავისის ლაშქრით მოუყენებდენ ქალაქის ციხეში.
მაგრამ მეფე სვიმონ არ ეხსნებოდა, და სომხით-საბარათიანოს არბევდა, და ქალაქის აღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ აიღო. კიდევ მეფემან სვიმონ ლაშქარი შეიყარა საქართველოს ცხენოსან-ქვეითნი, და წარვიდა ბრძოლად დაუთხანისა, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჲჱ. მოვიდა და დადგა დიღვამს. სცნა რა ესე დაუთხან ქალაქზე წამოსვლა სვიმონისი, იმანაც სომხით-ბარათიანნი, თათარნი და მოქალაქენი შემოიყარნა, და ძმას საომრად მიეგება. ნახა რომე მეფის სვიმონის ლაშქარი ბევრი იყო. შეება დიღომს. იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრნეს სპანი მეფისა სვიმონისნი მცირედნი რამე, ხოლო დაუთხანისა მოსწყდეს ორი ათასნი, სძლიეს სპათა სვიმონისთა, და წარიქციეს. დაუთხან, და მეოტი ისევ ქალაქში შემოვიდა. მაგრამ ყარამანალუს ხალიფა რომე ყიზილბაშის სარდალი იყო, ჭკუა-ნაკლები და ამაყი კაცი იყო, მეფეს დავითს არ დაუჯერა, და სამარტოოდ სახელს ეძებდა, მეფეს სვიმონს შეება, და ძალმიცემით და თავგამომეტებით ძალზედ იბრძოდა, და ბევრი ნავნებიცა ქმნა, მაგრამ თვიითანაც მოკლეს და ჯარიც ამოუწყვიტეს.
ეს ამბავი დავით მეფემან ყაენს მისწერა, და ლაშქარი სთხოვა, და ყაენის ბრძანება იქმნა, და ასან-ბეგჰ ყარამანლუ სარდლად უჩინეს, და დიდის ლაშქრით მეფეს დავითს. მოაშველეს; დავით მეფემანც თავისი ლაშქარი შეიყარა და მეფეს სვიმონზე გაილაშქრა. მეფე სვიმონ დიღომს იდგა, და შეიბნენ, ქორონიკონსა ს~ნე. იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრნეს სპანი მეფისა სვიმონისნი მცირედნი რამე, ხოლო დაუთხანისა ამოსწყვიდნეს ორი წილი. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა სვიმონს და წარიქციეს. დაუთხან მეოტი შევიდა ციხესა ტფილისისასა მხოლოდ, და სპანი მისნი რომელნიმე მოსრნეს და რომელნიმე შეიპყრნეს. მაშინ მოადგა მეფე სვიმონ ციხესა ტფილისისასა, და ეგონა მოქალაქენი მომივლენო. ყაენის შიშით მოქალაქენი არ მოუვიდნენ, და ცოლ-შვილი იმათაც ციხეში შეასხეს, და ციხიდამ შექმნეს ბრძოლა და თოფთა და ზარბაზანთა სროლა, და აღარც ბარათიანნი მოვიდნენ, და ციხიდაღმეც კაცნი დაუხოცნეს, და იდგნენ ჟამსა რაოდენსამე, და შეაწუხნეს ფრიად.
ხოლო წარავლინეს კაცი, და აუწყა ამირსპასალარსა შაჰ-თამაზისსა უსეინ-ბეგს. შაწუხება თვისი დაუთხან და ითხოვა მისგან შეწევნა. მაშინ წარმოვიდა უსეინ-ბეგ სპითა ურიცხვითა და ღამე შემოვიდა ციხესა შინა ტფილისისასა. და ვერა სცნა მეფემან სვიმონ მოსვლა მისი და წარვიდა სამადლოს. ამას ზედა მოიცა ძალი და განლაღნა დაუთხან, განვიდა ციხით და მივიდა სამადლოს.
ქორონიკონსა ს~ნვ: ეწყვნეს მეფე სვიმონ და დაუთხან ურთიერთას, შეიქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ განლომნეს მეფე სვიმონ და სპანი ქართველთანი, და მოსცა ღმერთმან ძლევა მეფესა და ქართველთა. კვლავ წარიქციეს დაუთხან, და ყიზილბაშნი მრავალნი ამოსწყვიდნეს და უმრავლესნი დაიპყრნეს და დევნა უყვეს. მაშინ ლტოლვილნი შეიხვეწნეს ციხესა შინა ტფილისისასა, და მივიდა მეფე სვიმონ, და ადგა ციხესა მას ჟამ რაოდენმე და ვერა აიღეს; და წარვიდა გამარჯვებული და აღვსილი საშოვრითა მრავლითა.
ხოლო დაუთხან აუწყა საქმე ესე შაჰ-თამაზს, და მოაჯე ექმნა კვლავ შეწევნად. მაშინ მოუმცნო შაჰ-თამაზ შამხალსა, რომელსა ეწოდა ჩერქეზ, და სულთანსა შაქისასა, და ყარაბაღელთა, და გარემოთა ყოველთა ყიზილბაშთა, რათა შემწე ეყონ დაუთხანსა.
ხოლო შეიყარა სპანი ურიცხვნი, და მოვიდეს საზღვართა ქართლისათა. მაშინ წარვიდა ყორღანაშვილი კახაბერი და წინა-მიეგება მათ განჯას, რამეთუ ფრიად ეშიშოდეს ყიზილბაშთა მოსლვად საქართველოსა შინა. ხოლო ამან ყორღანაშვილმან იტვირთა სისხლი მათი და წინამძღვარ ექმნა მათ, რამეთუ ვერ ძალ-ედვათ გარდა მისსა შემოსვლა საქართველოსა შინა.
მაშინ შემოიყარა მეფემან სვიმონ სპანი საქართველოსანი და მივიდა ფარცხისს, რამეთუ იქ მდგომარე იყვნეს ყიზილბაშნი, და იყვნეს ათგზის უმრავლეს ქართველთა. მაშინ მიეტევნეს ქართველნი გულითა სრულითა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მიდრიკნეს ყიზილბაშნი პირველსავე კვეთებასა ზედა. და განმხნდეს სპანი ქართველთანი მათ ზედა, სრვიდეს და იპყრობდეს.
ამას შინა მოუხდა მეფე სვიმონ ერთსა ჭურვილსა ყიზილბაშსა, სცა ძლიერად ოროლითა და დაანარცხა მიწასა ზედა, და მოკლა იგი. და კვლად სილაღით მიეტევა სხვათა, და განშორდა სპათა თვისთა მაშინ იცნა იგი ყორღანაშვილმან და უთხრა ყიზილბაშთა: „ესე არს მეფე სვიმონო“. ხოლო მათ მიმართეს, და შემოერტყნეს გარე, და სიმრავლითა მათითა შეიპყრეს მეფე სვიმონ, ქორონიკონსა ს~ნზ, და ვერა სცნეს ქართველთა შეპყრობა მისი. ამისა შემდგომად ჰქმნეს სახელი დიდი და იბრძოლეს, და მოსრნეს მრავალნი ყიზილბაშნი. და ვითარა სცნეს შეპყრობა მეფისა, დამაშვრალნი ფრიად სიფიცხლისაგან ომთასა, იარაღი არღარა ქონდათ, ყოველივე შეემუსრათ. მაშინ უკუმოეცალნეს ქართველნი, და წარიყვანეს მეფე სვიმონ და მიიყვანეს დაჭერილი ტფილისის ქალაქს, და დიდის პატივით ყაენთან გაისტუმრეს ყაზვინს. შაჰ-თამაზ ყაენთან. ხოლო ყაენმან დიდად პატივ-სცა და მისცა საბოძვარი მრავალი, და აიძულეს დატევებად სჯულისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა უსმინა მათ, არამედ მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა. ამისთვისცა განრისხდა ყაენი, და წარავლინეს იგი, და ტყვე ჰყვეს ციხესა შინა ალამუტისასა.
ქორონიკონსა ს~ჲა: პატრონი ქაიხოსრო ათაბაგი წლისა ნ~ა თებერვალს ი~გ გათავდებოდა მიიცვალა ყაზმინს ენკენისთვეს კ~თ, დღესა სამშაბათსა, მეცხრესა ჟამსა, მთოვარეს ბ~.
ამასვე ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ შირაზს გაგზავნეს ყაზმინიდამა ღვინობისთვეს კ~ბ, დღესა ხუთშაბათსა.
ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა კახი ბატონი ლევან ქრისტეს აქეთ ჩ~ფოე, ქორონიკონსა ს~ჲგ, და დაჯდა მის წილად პირმშო ძე მისი ალექსანდრე და მან დაიპყრა კახეთი.
ესე ალექსანდრე იეო ნაშობი გურიელის აულისა, ხოლო ელიმირზონ და ხოსრო მირზა-ნაშობი შამხლის ასულისაგან, პირველ მეფობასა ლევანისასა. ესენი ელიმირზონ და ხოსრო-მირზა დედითაც გამო იყვნენ მეფის სვიმონის ცოლისა, და სამშობლოდ ჰყვანდათ შამხალი, და ამ ორის გზითა და ზურგით უფროს ძმას არა თავს უდებდენ, სძულობდენ.
და შემდგომად ლევანის სიკვდილისა განიყვნეს კახნი: რომელნიმე მიერთნენ ალექსანდრეს და რომელნიმე ელიმირზონს და ხოსრო-მირზას. და არს ჩვეულება ესე კახთა ძველითგან, და იქმნა შური დიდი ძმათა შორის. მაშინ წარვიდეს ელიმირზონ და ხოსრო-მირზა და მივიდეს თორღას. ხოლო ალექსანდრემ შემოიყარა თვისნი კერძნი კახნი და წარვიდა მათ ზედა. და ვითარცა მივიდა, ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა, და მოიკლა ომსა მას შინა ორნივე ძმანი ელიმირზონ და ხოსრო-მირზა, და ძმისწულნი, და დაიპყრა სრულიად კახეთი ალექსანდრემ.
ხოლო დაუთხანს ეპყრა ტფილისი და საბარათიანო, და იჯდა დმანის-ხევს ციხესა შინა. და ცოლი მეფისა სვიმონისა დედოფალი ნესტან-დარეჯან იყო კავთისხევს, და ჰყვა ძე ერთი მცირე, რომელსა ეწოდა გიორგი. და ოდეს დაიდასტურეს ქსნის ერისთავმან და ამილახორმან ტყვეობა მეფისა სვიმონისა და სიკვდილი ცოლის ძმებისა მისისა, კახის ბატონის შვილებისა, მაშინ განირისხეს ღმერთი. სძლია ანგარებამან და ვეცხლის-მოყვარებამან, შეესივნეს დედოფალსა ნესტან-დარეჯანს და იავარ-ყვეს საუნჯენი მისნი, და წარიღეს ყოველივე, რაცა ქონდათ, მეფისა სვიმონისა და დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა, და მიმოქონდათ ყოველთავე დიდთა და მცირედთა, რამეთუ იტყოდეს სიტყვასა ამას ერთგულნი ყმანი მეფისანი, რომელსა აწცა იტყვიან ანდაზად, და არს სიტყვა ესე მაშინ თქმული: „ვაჰმე, ბატონის სვიმონის საქონელო“. და წარიღეს ყოველივე საუნჯენი მეფისა და დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა.
და იყო ჟამსა ამას ამირსპასალარი საბარათიანოსა ბარათასშვილი საჩინო, კაცი ფრიად კეთილი, და ესე არა მორჩილებდა დაუთხანს, რამეთუ იყო ერთგული მეფისა სვიმონისა. დღესა ერთსა მოვიდოდა იგი კოჭრის-კერძოდ და, ვითარცა მივიდა თავსა გელიყარისასა, შეემთხვია იქ წინ ყორღანაშვილი კახაბერი, რომელი მოუძღვა ყიზილბაშთა, ოდეს შეიპყრეს მეფე სვიმონ. ხოლო იცნა საჩინო ბარათაშვილმან კახაბერი იგი ყორღანაშვილი, შეიპყრა იგი და გარდააგდო კლდესა მას გელიყარისასა, და მიგორევდა ყორღანაშვილი და იტყოდა თვითვე ლექსსა ამას: „ყორღანას-ძე ქარაფიდანა, ხელი ჰკრეს და გარდაფრინდა“.
ხოლო კახსა ბატონსა ალექსანდრეს ესვა ცოლად ასული ამილახორისა თინათინ. და ესხნეს ალექსანდრეს ხუთ ძე: დავით, ერეკლე, გიორგი, კოსტანტინე და როსტომ; და ჰყვა ასული ერთი ნესტან, რომელსა ეწოდა დარეჯან. და ესე ნესტან-დარეჯან მიათხოვა დადიანს მანუჩარს, ძესა მამია დადიანისასა, და წარგზავნა ზითვითა დიდითა.
ხოლო ძე მისი ერეკლე ურჩ ექმნა მამასა თვისსა ალექსანდრეს, და წარვიდა სტამბოლს. მაშინ მიესმა შაჰ-თამაზს, განრისხნა და წარმოემართა, რამეთუ ჰგონებდა განდგომილებასა ალექსანდრესსა, და მოვიდა სპითა ურიცხვითა ყარაბაღს. და შეწუხნა ფრიად ალექსანდრე. მაშინ სახლთხუცესმან ჩოლაყაშვილმან მოიპოვა ღონე რაჲმე და უთხრა ალექსანდრეს და კახთა: „უკეთუ იქმნას საქმესა მას ზედა სიმრავლე ცოდვისა, იყავნ ზოგად ყოველთათვის, და მე განვარინო კახეთი რისხვისაგან შაჰ-თამაზისა“. ხოლო მისცეს ყოველთავე დიდებულთა კახეთისათა ხელითწერილი.
ხოლო ჟამსა მას გარდაცვალებულ იყო ქაიხოსრო ათაბაგი, და იპყრობდა ძე მისი მცირე მანუჩარ. მაშინ წინააღრჩევითა ჩოლაყასშვილის სახლთხუცისათა წარავლინეს კაცი და მიუწერეს დედისიმედსა, ცოლსა ქაიხოსრო ათაბაგისსა, ესრეთ: „შალიკაშვილს ვარაზს ნებავს ღალატი შენთვის და ძისა შენისა მანუჩარისთვის, რამეთუ მაგას ნებავს დაპყრობა საათაბაგოსი, და მოჰყავს ყაენი სპითა ურიცხვითა საათაბაგოსა ზედა. და აწ, უკეთუ ძალ-გიძს, შეიპყარ ეგე და მოკალ, ვითარცა ორგული და მკვლელი ძისა შენისა, და არღარა მოვალს შაჰ-თამაზ და წარვალს სახიდ თვისად, და უმეტესად მტკიცედ იპყრობ ქვეყანასა მაგას“.
ხოლო ესე დედისიმედი იყო ჭკუით სულელი და უღვთო. ვითარცა ესმა საქმე ესე, ვერ გულისხმა ჰყო მზაკვარება იგი კახთა, და სარწმუნო-ქმნილმან სიტყვასა ამას ზედა შეიპყრა ღალატად შალიკაშვილი ვარაზა და მოკლა იგი, და დასთხია სისხლი უბრალო, რამეთუ ესე ვარაზა იყო ძე ოთარ შალიკაშვილისა, მრავალგვარად ერთგული და ნამსახური ქაიხოსრო ათაბაგისა და ცოლის-ძმა შაჰ-თამაზისა.
ხოლო ესმა შაჰ-თამაზს სიკვდილი ვარაზისი, განრისხნა ფრიად. მაშინ არღარა მოვიდა კახეთსა ზედა, არამედ მივიდა რისხვითა საშინელითა სამცხეს, ამოსწყვიდა სრულიად სამცხე-საათაბაგო და ქმნა მრავალი. ბოროტი, და წარავლინა კაცი ხვანთქართანა, და ინებეს მშვიდობისა ყოფა ურთიერთას, და განიყვეს ქვეყანა ჟამსა მას და შერიგდენ.
მაშინ დარჩა წილად ხვანთქარსა იმერეთი, ოდიში, გურია და საათაბაგო ქართლისა საზღვრამდე; დარჩა კარი საზღვრამდე აბოცისა და ერევანისა და სომხითი საზღვრამდე, რომელსა აწ თურქისტანად უწოდენ, ვიდრე ბაღდადადმდე.
ხოლო შაჰ-თამაზ დაიპყრა ქართლი, კახეთი, ერევანი, ქურთისტანს-აქათი, და ამიერითგან იყო ურთიერთას შორის ერთობა და მშვიდობა ვითარცა ერთგულნი მოსავნი მაჰმადისანი. ხოლო ბატონმან ალექსანდრე წარავლინა ძე თვისი კოსტანტინე შაჰ-თამაზისა თანა, და წარატანა ძღვენი მრავალი და მოაჯე ექმნა ფრიად, და მიუმცნო ურჩება ძისა თვისისა ერეკლესი, რომელ „ურჩებითა ჩემითა წარვიდა ხვანთქართანა“. მაშინ უსმინა შაჰ-თამაზ აჰა ბატონის ალექსანდრესი, და წარვიდა სამყოფსა თვისსა, და თანა წარიყვანა კოსტანტინე ყრმა მცირე მძევლისა მსგავსად.
შემდგომად ამისა გარდახდა მცირე რამე ხანი.
ქორონიკონსა ს~ჲდ: მაისსა ი~ე, დღესა სამშაბათსა, ყაენი შაჰ-თამაზ მოკვდა და უსტა-ჯალუანთა და იოთამის შვილმან ალიხან-სულთან აიდარ-მირზას ბატონობა მოინდომეს. ჯარგაზმა შამხალ ავშართა და ვინცა მათი ოიმატი იყო მოუხდენ, აიდარმირზა მოკლეს, უსტა-ჯალუანი ამოსწყვიდეს და ისმეილ-მირზას გამოსაყვანად კაცი გაგზავნეს.
ამავე ქორონიკონსა და ამავე მაისსა ოცდაორსა შაჰ-თამაზის შვილი შაჰ-ისმაილი ტყვედ იჯდა ციხესა ყალყაას და გამოიყვანეს დღესა სამშაბათსა. და ამავე მაისსა კ~ვ არდაველს ქალაქში მოვიდა და კ~ჱ ყაზმინისაკენ წავიდა.
და დასვეს ყაენად შაჰ-ისმაილ, და მეფე სვიმონ ალამუტის ციხითგან გამოიყვანა, ყაზმინს მოაყვანინა, და საქართველოს ბატონობა მისცა, და მრავალი სხვა წყალობა დამართა, სახელმწიფო მორთულობა ყოვლის ქარხნებისაგან გაურიგა.
რა ეს ამბავი ტფილისის ქალაქს მჯდომს მეფეს დავითს მოუვიდა, იწყინა და ხვანთქართან ჩაფარი გაგზავნა, და ლაშქარი სთხოვა.
ამავე წელს ივნისსა ათაბაგი ყვარყვარე, და ძმა მათი პატრონი მანუჩარ, და ბიძაშვილი მათი, მუხრანის ბატონის არჩილის შვილი, პატრონი ერეკლე მგელციხეს წავიდეს ყაენთან ელჩის გასაგზავნელად. ავ-კარგად სამოცამდის კაცი იახლა, სამწუბთ-ღელეში დავდეგით. აცნობა ოლადის ქვაბიდამა ბედიანის-შვილმან იასონ ვარაზაშვილს კოკოლასა, და მის ძმასა ლაშქარასა, და მის ბიძას გურგაქსა.
იახლნეს თანა დიასამიძის ელიას შვილი ავთანდილ და მისი ძმა შერმაზან, ამატაკის შვილის როსტომის შვილი ამატაკ და აბდუყაფარ, და მათი ძმისწული როსტომ, და ამატაკის ვაჟი სეხნიაი ესენი დაეკაზმნეს ხუთასამდი კაცი და წამოვიდეს, და ორთვალთ-ხიდს გამოვიდეს, ბორგს მივიდეს.
იქ ფანასკერტელი იობის შვილი ჯირასონ გვერდს იახლა, საუბარს შეესწრა კაცსა: „თუ გულმართლა ბატონებზე თავ-დასასხმელად და დასახოცლად მიდიანო“. იარა და აცნობა უგუბოს დოლენჯის-შვილს ყანდურალის: „თუ გულმართლა ბატონის. შვილებს დახოცენ, ფიცხლა აცნობეო“. წარმოვიდა ყანდურალი და აცნობა ბატონებსა; ქათამს ეყივლა. ადგეს ბატონები და, ვინც იყო, დაეკაზმნეს, ოცამდი შეკაზმული კაცი იყო, ბარგი აჰკიდეს, დიდხანს იქივ იბრუნეს და არ მოვიდეს. უკმოიგეს ოხერათ თავს სიმაგრესა. ივნისს ლ~, შაბათს დღეს, განთიად, დაესხნეს ნასადგომევსა, სხვა აღარა დახვდათ-რა, თუხარლიანთ კარავი და ბარგი დახვდა და ის დაიფორაქეს; ჯორები კიდევ მოსცეს ჩვენი და მათი კაცი გარდაიკიდნეს ერთი მოკლეს და ერთი ხელთ დაიჭირეს ჩვენთა, წავიდეს გაწბილებულნი, ეკვეხათ: „თუ არ გაგვსწრებოდეს, თავებს დავსჭრიდით და მკვდარს ასო-ასო ავიქმოდით; და ეს გვექნა თუ, მარტვილებსაც არ გაუშვებდით ცოცხალსა“.
დავარდა ხმა, დაიწყო ჩვენმან ლაშქარმან მოდენა, გაემართნეს პატრონი ყვარყვარე და პატრონი მანუჩარ და ერეკლე სახელსა ზედა ღმრთისასა, და მივედიო ზედა თმოგვს, და თმოგვის ქალაქი მოვარბიეთ და იქვე ზედა თმოგვს ამოვედით. და პატრონი დედა მათი დედისიმედ-ყოფილი დებორა იქ მოვიდა. და ორშაბათს ვანის ქვაბს მოვადეგით, და ოთხშაბათს იერიშით აღვიღევით, და პარასკევს დღეს ავიყარენით, ჩაუდეგით, რჩეულიანნი შემოვიწყვენით, კვირას დღეს ოლადის ქვაბი ავიღევით, ამოვედით, კარწახს დავდეგით ივლისსა ი~თ, დღესა ხუთშაბათსა.
ქორონიკონსა ს~ჲდ: ერეკლე შევკაზმეთ, მუხრანის ბატონის. არჩილის შვილი, წლისა ი~ვ, სამის თვისა და სამის კვირისა. მიუხედით ფოსოს, სახლი დავწვით და ამოვწყვიდეთ. გაუძახეთ ლაშქარი, დარღვეულთ ხიზანი და ალამი გამოვიღეთ, და მოვედით და პალაკაციოს დავდეგით. იქიდამა თეთრ-ციხის გარეშემო დავწვით ალაბუტი და კამროანი. ყაენთან ელჩი გავგზავნეთ, და ამავე თვესა, ივლისსა კ~, დღესა შაბათსა, შალიკაშვილის ზემბადის შვილმან მათივ ნაქონები ოლთის ციხე წაართვა, ჩვენ თათარნი შუა შემოვიდეს, გამოუდეგით, წამოვედით მგელციხეს შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით, და მერმე აწყუერს წავედით.
ამავე ქორონიკონსა, აგვისტოს ოცდათერთმეტსა, ვარნეთის ციხეს უღალატეს მგელციხიდამ, და ენკენისთვეს ოთხსა დიასამიძემან დემოთის საღალატოი აზნაურისშვილები და მსახურები გაგზავნა, და ვეღარ უღალატეს. და ჩვიდმეტი ხელთ დარჩა აჯარს შალვაშვილს, ციხისთავსა. პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე, მათი ბიძასშვილი, მგელციხეს იყვნეს და შალიკაიანთ აზნაურშვილებს თავს დაესხნეს აზნაურშვილები გარდაეხვეწნეს. ერეკლე მოეწია, კაცი ჩამოაგდო, და კარგი ცხენი დარჩა, და ჩვენც მოვედით სამცხიდამა, და შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით.
ამავე ქორონიკონსა ს~ჲდ, ივანობისთვეს კ~დ, ბატონი არჩილ შირაზიდამ ყაზმინს მოსრულ იყო ცოლშვილიანად. მერმე ჩაუდეგით. ფოსო ამოვწყვიდეთ და შახთან ელჩი გავგზავნეთ, უკმოვბრუნდით, სამცხეს მოვედით.
ქორონიკონსა ს~ჲე, მარტში, მოგვიხდა კოკოლა და აჩხიის ქვაბი წაგვართვა. წავიდა ბატონი მანუჩარ და იმავე წამს წაართვა, ერეკლე თან ახლდა. მერმე გურგაქ უკუადგა, კოკოლა თავის ძმისწულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯის-ციხე შემოუჭირა, მერმე ფიცი გაუტეხა და კიდევ უკუადგა ბატონს მანუჩარს. უკმობრუნდა ბატონი მანუჩარ, ჩაუდეგით კიდევ გაზაფხულზე, ვეუბნენით და არ შემოგვეწყვნენ, დაურბიეთ ფოსო. ელჩი გავისტუმრეთ და უკმოვბრუნდით.
ამასვე ქორონიკონსა: სახელსა ზედა ღმრთისასა გავილაშქრეთ, ენკენის-თვის ნახევარს ქაჯის-ციხეს მოვადეგით. ღვინობის-თვის ორს გურგაქ შემოგვეწყო და ველი მოგვცა. გავბრუნდით, ურთის ციხე-საყდარი წავართვით, კოკოლას კერძად იყო, და ციხე დავაქციეთ, სიმაგრე რაც იყო დავწვით, საყდარი გაუშვით ფოსო მოვარბიეთ და ელჩი გაუშვით ყაენთან; მოვბრუნდით, მგელციხეს მოვედით, ბოსტოღანაშვილმან მატამა უხუცესი მისი ძმა მოკლა, ათამირძა ერქვა. წამოვიდა ბატონი მანუჩარ, დაიჭირა მატაი და თვალები დასწვა მას და მასთან მყოფთა ყმათა. მობრუნდა ბატონი მანუჩარ, მგელციხეს მოვიდა, ბატონი ყვარყვარე და ბატონი მანუჩარ იქ დადგეს, და ბატონი დედისიმედი წამოვიდა, ახალციხეს მოვიდენ.
ქორონიკონსა ს~ჲვ გამოჩნდა კუდიანი ვარსკულავი, ოდეს მისებრი არავის უხილავს.
ესე შაჰ-ისმაილ იყო კაცი უწყალო და მსმელი სისხლისა. ამისთვის არა ინებეს ყიზილბაშთა უფლება მისი, და ეწამებოდენ სჯულითა სცნობსა და თვესა მეექვსესა მოწამლვით მოკლეს ყიზილბაშთა შაჰ-ისმაილ ყაენი, გიორგობის-თვის კ~გ, და მისივე ძმა შაჰ-ხუჯაბანდ გაახელმწიფეს. ესე შაჰ-ხუდაბანდა იყო კაცი უღონო და თვალით ბრმა, და ვერა კეთილად წარმართა საქმე თვისი წესისაებრ.
ქრისტეშობის-თვის ოცდათერთმეტს ბატონი ყვარყვარე და ბატონი მანუჩარ თმოგვს მოადგეს სამშაბათს დღეს იანვარს ე~, კვირას დღეს, ქორონიკონსა ს~ჲვ, პატრონი დედისიმედი და ბატონი ბექა ყველს მოადგეს.
ამასვე იანვარს ოთხშაბათს, თმოგვი წაართვეს, და აქეთ იმავე დღეს ყველი წავართვით. ოთხშაბათს, გიორგობის-თვის ზ~, ბატონს ერეკლეს ცხენი წამოექცა, საქმე სათუოდ გაუხდა. ასრე საძულად დასცა, უცხოფერს ფათერაკს მორჩა. ეგრეთვე მეცამეტეს დღეს წარვიდა სანადიროდ, ქარაფის ძირს იჯდა; ჩამოაგდო ქვა, დაეცა, თითის წვერი ძულითურთ მოჰკვეთა, გონჯად დალეწა, ორს თვეს ძლივ გაუმთელდა. მისთვის. არც თმოგვს იყო და არც ყველს.
შეიყარა კოკოლამა ყარახან, წამოვიდა თმოგვზე მოსაშველებლად, ვეღარ მოეწრა, ციხე ორივ წაერთმევინა. ყუელიდამე თმოგვს წავიდა დედისიმედი. იქიდამ ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბია; და გურგაქს ქაჯის-ციხე გაუბარაქიანა.
ბატონი ყვარყვარე და ბატონი მანუჩარ ახალციხეს წამოვიდეს, და ბატონი დედისიმედი თმოგვს დადგა. თმოგვის ციხეს რაც დახირა უნდოდა, მიატანინა, გააბარაქიანა. და თვალმშვენიერთან ელჩი გაგზავნა, ციხეების შოვნა შესთვალა, და ურუმთ აშლა აცნობა. და ურუმთ საჩქარო ხმა დაუვარდა, პატრონი დედისიმედი ახალციხეს შვილებთან მოვიდა. პატრონმან მანუჩარ და პატრონმან ერეკლე ლაშქარი შეიყარეს, წავიდეს და ურუმთ პირს მიუდგეს. პატრონი ყვარყვარე ცოტად უგუნებოდ იყო, ის ვეღარ წავიდა, ზღუდერს ჩავედით.
ამასობაში ოთმანიანნი, რვა ათასი კაცი, თებერვალს კ~ვ ოთხშაბათს დღესა, დაესხნეს ყარასანს, გაუდრკა საილათოდ, წაუდგეს ურუმნი, და ათიოდე კაცი მოუკლეს. მობრუნდეს, გორი დაუწვეს, და იმავ ზარიშატში დადგეს. მობრუნია ყარახან, ექვსასი კაცი ახლდა, დაესხა თავსა, ამოსწყვიდნა ურუმნი, და გააქცივნა სახელსა ზედა ღმრთისასა. გაემარჯვა ყარახანს და აღივსნეს საქონლითა და იარაღითა მობრუნდა ბატონი მანუჩარ, და აწყუერს ჩამოვიდა.
ამავე ქორონიკონსა გამოვიდა ჯარი ხვანთქრისა, და დაიპყრეს თავრიზი, ერევანი, განჯა, ყარაბაღი ვიდრე სულთანიადმდე, და ყოველი ადგილი ადარბადაგანისა.
ამავე ქორონიკონსა, მაისსა კ~ა, დღესა ოთხშაბათსა, წარვიდა მუხრანის ბატონის არჩილის შვილი ერეკლე სურამს ნესტან-დარეჯან ქართლის დედოფალთანა. დედოფალი ღარიბად იყო, მისთან სამყოფლად ჩავიდა.
ამასვე ქორონიკონს მიიცვალა აფხაზეთის კათალიკოზი ევდემონ ჩხეტის-ძე.
ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა მეფეთ-მეფის გიორგის შვილი ბაგრატ თვესა მაისსა კ~ბ. და დედა მათი შარვაშიძის ქალი დედოფალი რუსუდან მიიცვალა აგვისტოს დ~.
ამასვე ქორონიკონსა, მარიამობის-თვეს ზ~, ხუთშაბათს დღეს, ხვანთქრის ლაშქარი და ლალა ფაშა მგელციხეს მოადგეს, შეიბნეს, სამშაბათამდის ყოველთ დღეთ ომში იყვნეს, ციხოანნი გოგორისშვილი როინ და მისი ძმა ბერი მრუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყვნეს მათის ძმითა, და ღვთის შეწევნით უკუეყარნეს, და ციხე ჩვენვე დაგვრჩა, ჩვენთა გაემარჯვა.
პარასკევს დღესა, ჱ მარიამობის-თვესა, ქაჯის-ციხე, ველი და თეთრ-ციხე წაგუართვეს ურუმთა. და ქაჯის-ციხის მეციხოვნენი სრულიად შემოეხოცნეს. და თ~, შაბათს დილასა, ძურძანასა და წინწალს შუა აზრუმისა და ვანის ფაშა მოვიდეს, და სულთანი და ყარახან ბაზუქლუ და კიდევ მუღანლუს ბატონი იქ შეიყარნეს. მაჰმად სულთან გორაზე წამოდგა, მისი ვინც იყო გვერდს მოიყენა, და სხვა ბატონები შეებნეს ურუმთა, პირველად გაიმარჯვეს ყიზილბაშთა. და მერმე ურუმნი მოერივნეს და გაიმარჯვეს, მაჰმადი სულთან გამოიქცა, გარდაეხვეწა.
იმავ კვირას, ათსა მარიამობის-თვესა, პატრონი მანუჩარ ქაჯის-ციხეს შეეყარა, ვერც ლაშქრის ომსა და ვერც ციხეების აღებასა ვერ მიეწრა. ამილახორის შვილი ქოიარ მიეგება არტანს და ორი ციხე მას შესძღვნა, ლალა ფაშასა, მარიამობისთვის ორსა.
აგრევე არფაქსად ჰპირებოდა ექვსით ციხითა მას წინათ, და ხერთვისი და ხუთი ციხე მას შეეძღვნა, და პატრონს მანუჩარს თან მიჰყვა. იმ წამს გამოჰგვარეს, ციხეები გამოართვეს და ხახული სასანჯახოდ მისცეს.
პატრონმან მანუჩარ ი~ზ ამავე თვესა თმოგვის ციხე მისცა ლალა ფაშასა. ახალქალაქი უწინ წაართვეს, კოკოლას მეციხოვნე იდგა და იქიდამ მისცა თმოგვი. გაიარეს, წავიდეს ტფილისის ქალაქზე, ი~ზ დაუთხან დაწვა და გაეცალა, ლორეს. ჩავიდა. ტფილისს ჩავიდეს ურუმნი, ფაშა დასვეს, და გორს ხანჯახი.
დაუთხან ხვანთქართან წავიდა, და იქ დიდი პატივი მიაპყრეს, ორი საფაშო სარჩოდ გაუჩინეს და თვითან კარზედ შეინახეს; და მისნი ორნი შვილნი, ბაგრატ და ხოსროვ, მამას არ გაჰყვნენ. კახის ბატონას სიძე იყო ბატონი ბაგრატ, სიმამრისას დადგა. და უმცროსი ძმა ხოსროვ-მირზა ისიც ძმასთან დადგა, და ბოლოს ყაენის კარზე ჩავიდნენ.
როდესაც ტფილისს ფაშა დასვეს და გორს ხანჯახი, მუხრანის ბატონის შვილი პატრონი ვახტანგ, ერისთავი ელისბარ და ამილახორი ბარძიმ ერთად შეიყარნეს. ლალა ფაშამ ლაშქარი გაუძახა დედოფალსა და სრულიად ქართლსა. ესენი მივიდეს და ამათის წყალობით ლაშქარი დააბრძნეს. თემი აღარ ამოსწყდა, მათ მათი მამული მისცეს, ოთხი დღე არ დააყოფინეს და დააბრუნეს, მათს მამულმი მოვიდეს, სომხითართ ბევრი აწყინეს, ლაშქარი გამოეშვა ლალა ფაშასა. აღმოიარეს ქართლი, დაუდგეს იმერელნი წინა და მწვედ ამოსწყვიდეს. მეორედ ერეკლე დაემწყვდია შიგა ომში, პატრონის არჩილის შვილი, და მას გაემარჯვა, უცხოფერად შებმულიყო. ცხენი ქვეშ გამოეკლათ მისთვის, თექვსმეტი მუზარადს ჰქონდა ნაკრავი ისარი, ორმოცამდი აგრევე ჯაჭვს. და ვერც ჯაჭვიდა ვერც მუზარადი ვერ გაეკვეთა, ერთი ხრმალი ხანჯარს სცემოდა, ხაჯრის ტარი ზედ დაეჭირა. ექვსი აზნაურშვილი მძიმედ დაუჭრეს, დაუკოდეს; გამარჯვება ერეკლეს დარჩა, გამოაქციეს თათარნი, უფროსი ერთი დახოცეს და ამოსწყვიდეს.
ენკენის-თვეს ერთს იმერელნი შეიბნენ და გაიმარჯვეს, და ქართველნი და ერეკლე ენკენის-თვეს ი~ შეიბნეს და სრულიად ამოსწყვიდეს. ორავჟანდასშვილი მოვიდა, და ლალა ფაშასთან პატრონს მანუჩარს ის მიუძღვა; ახალქალაქიდამ ფაშა და პატრონი მანუჩარ ქართლს წავიდეს. ორავჟანდასშვილი ქაიხოსრო აქათ გამოეგზავნა.
ქორონიკონსა ს~ჲვ: ენკენის-თვეს დ~, ხუთშაბათს, ქორწილი უყავით მასთან პატრონის შვილს თამარს, და საშინელმან აწყურისა ღმრთისმშობელმან და წმიდამან ნიკოლოზ ქორწილი ბედნიერად მოუხდინოს, ჭამა აგურიანში იყო თათართ შიშითა, და ჩვენი უგუნებო ქორწილი იყო.
აგრევე კახი მეფე, ბატონის ლევანის შვილი პატრონი ალექსანდრე, მიეგება ლალა ფაშასა, სათის-ჭალას შეეყარა, და შაქისა და შარვანზე წავიდეს.
ამაზე შერაშანშაშვილი მოვიდა ყაენიდამა, თვალმშვენიერთან იყო. ეს ამბავი მოიტანა: „მანუჩარისა ლალა ფაშასთან მისვლა შეიტყო ყაენმან, თვალმშვენიერს კაცები გამოუგზავნა, სადგომი დააგდებინეს, და ყორჩიბაშს მიაბარეს. მარიამობის-თვეს კ~ვ, ორშაბათს დღესა, დაიჭირეს თვალმშვენიერი“. შირვანი დაიჭირეს, ციხე ააშენეს და ოსმან ფაშა შეაყენეს მისით ლაშქრითა, და შემობრუნდეს. ალექსანდრეს შვილი არაგვამდის მოჰყვა, და დაბრუნდა; ლალა ფაშა მუხრანს დადგა, გორი გაამაგრა.
და მიესმა საქმე ესე შაჰხუდაბანდას. მაშინ დედამან შაჰხუდაბანდასამან, ასულმან ოთარ შალიკაშვილისამან, მოიყვანა მეფე სვიმონ და, ვითარცა წესი არს ქართველთა დედათა, ეგრეთვე ყო ამან, წარმოუგზავნა ლეჩაქი: „საბურველი ესე დედათა მომიხვევია ხმლის შენისა ხეტარსა ზედა, შენ იცი და ხმალმან შენმან. და აწ მოგვიცემია შენთვის სამეფო შენი საქართველო და სხვაცა მრავალი საბოძვარი, წარვედ და განამაგრე საქართველო, რათა არა წარგვიღონ ოსმალთა. და იყავ თანამწე და ერთგულ სახელმწიფოთა ჩვენთ“. ხოლო მისცეს საბოძვარი ურიცხვი, და ესრეთ წარმოემართა მეფე სვიმონ.
და მოაბით მოიყვანეს ავადმყოფი მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ ერთის შვილითა და ბევრი ტყვე თან მოიტანა. ღვინობის-თვის ნახევარს მოვიდა; ლალა ფაშა ქართლსავე იდგა, მოვიდეს სომხითს და დალაპარაკდეს, ავადმყოფი იყო, მისით მიზეზით ვეღარ ნახა, აიყარა ლაშქარი. ღვინობის-თვის ერთსა, პარასკევს დღესა, მოდენა დაიწყო, აწყუერს ვიდექით. ორშაბათს პატრონი მანუჩარ გამოეშვა, წინათ მოვიდა. სამშაბათს პატრონი ყვარყვარე წინ მიეგება, თვითონ ლალა ფაშაც მოვიდა, და გაღმა ლეკზე დადგა. ხუთშაბათს პატრონი დედისიმედი გავიდა ციხიდამა, და ლალა ფაშა ნახა. ანგარიში არ იქნებოდა, რაც ლაშქრისა და აქლემების ჯარი იყო. შაბათს ცისკრისას აიყარა და წარვიდა. პატრონი ყვარყვარე თან გაჰყვა მოტყუებით და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარ თანწაჰყვა, ათს დღეს ძლივ ლაშქარი განწმიდა. სამშაბათს დღეს ამბავი მოვიდა პატრონი ყვარყვარე აღარ დაბრუნდაო. წაუდგა პატრონი დედისიმედი, ჯაყამდის სდია, ვერ მიეწია; აზნაურისშვილები წაუყენა, ვეღარ დააბრუნა, ისრე დედისა და ცოლშვილის გამოუსალმებელი წავიდა. ოლთისი სასანჯახოდ მისცეს, იქივ მივიდა. პატრონი მანუჩარ მოვიდა აწყუერს.
მობრუნდა მეფე სვიმონ, გორი აიღო, ქართლში გაძლიერდა და, ვისაც დედოფალსა და ბატონის შვილს გიორგიზე უმტყუენნეს, ზოგნი მეფეს დავითს თან გაჰყვნენ ურუმში და ზოგნი იმერეთსა და კახეთს გარდაიხვეწნეს. და ქსნის ერისთავის მამული ზოგი ბატონს ნესტან-დარეჯანს დედოფალს საუპატიოდ მისცეს, და ზოგი ბატონისშვილს მისცეს. და ამილახორის კასპი სვეტის ცხოველს შეუწირეს, და აზნაურშვილნი სახასოდ დაიჭირა, და გორის მოურაობა სულხან თურმანის-ძეს მისცა.
მუხრანის ბატონი ვახტანგ, ტაძრად მიყვანების დღეს ხელთ დაიჭირა პატრონმან სვიმონ მეფემან, და კეხვის ციხეში ტყვედ ჩააგდო. ლალა ფაშას ლაშქარი და მირზა-ალი გამოეგზავნა პატრონს მანუჩართანა, ქართლს გაეძახა, ქართლს ვერ ჩაუვიდეს, სადგერს დადგეს და ამოსწყვიდეს სადგერი, წმიდის გიორგის. განძი წახდა. მეორედ კიდევ სანახები გამოეგზავნა. შეიყარა პატრონი მანუჩარ, ჩაუხდა და ზემო ქართლი დაერბივა. მოუვიდა კაცი პატრონს ყვარყვარეს, ოლთისს აღარ დააყენეს, აზრუმს მიიყვანეს, შობის წინა დღეს წაიყვანეს.
მოუხდა შაჰ-ხუდაბანდას ცოლი ბეგუმ შირვანსა, შეიბნეს, ამოსწყვიდეს ლაშქარნი, ციხე დაწვეს, დააქციეს, ხაზინა ყველა ხელთ დარჩა. თათარხანი ხელთ დაიჭირეს, ყაზმინს ტყვედ წაიყვანეს, მოერივნეს ყიზილბაშნი, ოსმან ფაშა დემურყაფს უკუ-რჩა. წავიდა ყაზმინს ბეგუმ. დაიჭირეს ბეგუმ გამარჯვებული ხელთა, ისიც მოკლეს და თათარხანიცა, ყაენმან დაახოცინა.
ყაენი შაჰ-ხუდაბანდა ცოლის სიკვდილს უკან ყიზილბაშთ დაჩაგრეს, და ადრიბეჯანი და შირვანი ურუმთ დაიჭირეს. განჯის ხანი, შაჰვერდი სულთან, კახეთს მივიდა, და ბატონს ალექსანდრეს შეეხვეწა. იმან შეხვეწილი კაცი დააჭირვინა და ხონთქარს გაუგზავნა.
ქორონიკონსა ს~ჲზ: მარტს კ~გ პატრონი ყვარყვარე და პატრონი მანუჩარ კოსტანტინუპოლის წარვიდეს აზრუმიდამა. აპრილს კ~, ორშაბათს, გადგეს. მას-უკან მოვიდა ამბავი, ბატონი თვალმშვენიერი მარიამობის-თვის ოცდასამს ხელთ დაიჭირეს. ღვინობის-თვის ა~, ორშაბათს დღესა, ალამუტის ციხეში ტყვედ წაიყვანესო.
ჟამი შეიქმნა; მაისს ლ~ა, შაბათს საღამოსა, ხოსიტა გააცხელა საკანაფეს, პატრონის ყვარყვარეს შვილი; ღვთის შეწევნით გარდაიხადა. ივნისს ი~თ ბატონი ბექა გააცხელა და ღვთის შეწევნით მანც გარდაიხადა. ბევრი გააცხელა ჩვენში და არავის რა დაუზიანდა.
მეორედ მოვიდა ლალა ფაშა და კარი აღაშენა, ტფილისის ქალაქს ლაშქარი გაგზავნა, და ნუზლი შეუტანინა.
მარიამობის-თვეს კ~ვ პატრონი დედისიმედი გააცხელა ხუთშაბათს დღესა. და ორშაბათს დღესა ბერის პატრონის ბასილის ჟამით გაცხელება მოვიდა, და საფარას საბურთეზე გაეცხელებინა. იმ წამს წაბრძანდა პატრონი დედისიმედი, ორნი დედაშვილნი ერთს კარავში დაწვნეს. ენკენის-თვის გ~ პარასკევი განთენდებოდა, ღმერთი განრისხდა, ბატონი ბასილი მიიცვალა ი~ე წლისა და კ~ბ დღისა, ღამით ჟამსა ბ~. და წამოვიდა პატრონი დედისიმედი მოაბითა, ზღუდერს ჩამოვიდა, და ღვინობის-თვეს უსკუდარიდამ პატრონის შვილების გამოშვების მახარობელი მოუვიდა.
ამასვე ქორონიკონსა, გიორგობის-თვეს, პატრონი მანუჩარ მოვიდა კოსტანტინოპოლიდამა, ფაშობა უბოძა ხვანთქარსა და სრულად მისი მამული, ორს თვეს პატრონი ყვარყვარე თორთომს დაეყენებინა, არ გამოეშვა.
ქორონიკონს ს~ჲჱ: იანვარს ჱ პატრონი ბექა ვალიდამა გავაყენეთ. ლალა ფაშა წარსულიყო, და ბექა ოლთისს დადგომილიყო. პატრონი ყვარყვარე, ღვთის წინაც შეურცხვენელი და კაცთანაცა, ფილაჯანი დაეცა ხვანთქართანა, და ქართველობით გამოეშვა, მისის საბატონოს წყალობა ექნა, და მარტში მობრძანდა. ივანობის-თვეს ნახევარს ბექა მოიყვანეს, და თვითან ორნივ ბატონები ლორეს წავიდეს, დაარბიეს და გამარჯვებულნი მოვიდეს. მას-უკან მეორეს წელიწადს სინან ფაშა მოვიდა, და ტფილისს წავიდა, და ორნივ თან გაჰყვეს, პატრონი ყვარყვარე თრიალეთიდამ მოებრუნებინა, იმერეთს მოციქულად გაეგზავნა, და პატრონი მანუჩარ თანა წარეტანა.
ქორონიკონსა ს~ჲჱ: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი, მუხრანის ბატონი ვახტანგ, მიიცვალა ივანობის-თვის დამდეგს.
ქორონიკონსა ს~ჲთ: პატრონმან მანუჩარ გვირგვინი იკურთხა ფებერვალს. და ბექა კოსტანტინუპოლეს წაიყვანეს.
ამავე ქორონიკონსა, მარიამობის-თვის დ~, პატრონი არჩილ მობრძანდა აწყუერს, დიდის ხნის უნახავნი და-ძმანი შევიყარენით, ღვინობის-თვეს წაბრძანდა.
ამავე ქორონიკონსა, გიორგობის-თვის კ~ე, პატრონი ყვარყვარე და მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ მიიცვალა.
ხოლო მეფემან სვიმონ ყორღანაშვილის კახაბერის ცოლშვილნი და სახლეულნი ყოველნივე ჩააყრევინა კლდესა მას გელიყარისასა, და იტყოდენ პირველსავე მას ლექსსა. და სხვანი ნათესავნი მისნი ივლტოდეს: რომელნიმე ყიზილბაშშია და რომელნიმე საათაბაგოსა შინა.
ხოლო დაუთხანს ჰყავდა ძე ერთი მეუღლისა თვისისა თანა, რომელსა ეწოდა ბაგრატ. და შემდგომად დაუთხანის წარსლვისა არცაღა ეს დააყენეს ბიძასთან, წარიყვანეს ყაენთან და იქ გათათრდა. ამის ბაგრატის დედა მეყვისი (ე.ი. საყვარელი) იყო, გვარით კახი ბატონის ალექსანდრესი ახლო. ხოლო ჩამოვარდა შური კახ ბატონსა და მეფეს სვიმონს შუა დახოცისათვის ელიმირზონისა და ხოსრო-მირზასთვის. და ესე ალექსანდრე უფრო მოყვრობდა დაუთხანს. მიზეზისა ამისთვის დიდად მოშურნე ექმნა კახი ბატონი ალექსანდრე მეფესა სვიმონს.
მაშინ ტფილისი და ციხე ტფილისისა ეპყრათ ურუმთა, და მეფე სვიმონ იდგა დიღომს დედოფლითურთ. ხოლო კახი ბატონი ფრიად მოშიში იყო მეფისა სვიმონის. მიერ, „ნუ უკვე ძვირი იხსენოს ამოწყვედისათვის ცოლის ძმებისა თვისისა“: ოდეს დახოცა ალექსანდრე ძმანი თვისნი, იგინი იყვნენ ცოლისძმები მეფისა სვიმონისა. ამისთვისცა მიესმა ალექსანდრეს მცირითა კაცითა ყოფნა მისი დიღომს, შემოიყარა კახნი და წარმოემართა ღამით, და დაესხა უგრძნობელად მეფესა სვიმონს.
ხოლო მეფემან სვიმონ თვით მხოლომან კნინღა განარინა თავი თვისი სიკვდილსა. მაშინ შეესია და იავარ-ჰყო საჭურჭლე და ბარგი მისი, და სირცხვილთა საფარველი დედოფლისა, დისა თვისისა, თვით მანვე ალექსანდრე აიცვა წვერსა ზედა შუბისა თვისისასა. და ქმნა მრავალი უკადრისი საქმე, და წარმოვიდა. მივიდა და დადგა მარტყოფს, ადგილსა რომელსა ჰქვია ჭოტორი.
ხოლო მეფემან სვიმონ შემოიყარა სპანი ქართველთა, და წარვიდა გულითა სრულითა ალექსანდრესა ზედა. და წინათვე წარავლინა კაცი და მიუმცნო ესრეთ: „ვინათგან შენ იკადრე ეგევითარი ბოროტი, რომელი არა არს წესი მეფეთა, და მუხთლად დამესხი შეუგრად მძინარესა, და აწ უწყოდე, რამეთუ წარმოსრულ ვარ შენ ზედა ბრძოლად. და უკეთუ ხარ კაცი გამოცდილ მამაცობასა შინა, დამხვდი, რამეთუ უმჯობეს არს ომი გამოცხადებული უფროს ღალატად ნაქმარსა“. მაშინ მივიდა მეფე სვიმონ და შეიბნეს, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მიეცა ძლევა მეფესა სვიმონს და ქართველთა. და ივლტოდა ალექსანდრე, და შეიპყრეს კახნი თავადნი, რომელ მცირედნი ძნიად განერნეს.
და წარმოვიდა მეფე სვიმონ გამარჯვებული, და წარმოასხეს პყრობილნი კახნი დარბაისელნი, და დააფიცეს მცხეთას სვეტსა ცხოველსა ზედა. ესრეთ დააფიცეს კახნი: „ღმერთმან სამართლის მოქმედმან კახს კაცს ნურაოდეს გაუმარჯოსო ქართველს კაცს ზედაო, არცა დიდთა და არცა მცირედთაო“. და ოდეს ესრეთ დააფიცეს, მაშინ მიანიჭა ყოველთავე კახთა წყალობა და ხალათები. და ესრეთ განუტევნა იგინი მშვიდობით და არღარა ემტერებოდა ამიერითგან. და უკეთუმცა ენება მეფესა სვიმონს, მაშინ დაიპყრობდა სრულიად კახეთსა და ალექსანდრესაცა. ხოლო იქმნა ომი ესე ქორონიკონს ს~ჲთ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფპბ.
ამისა შემდგომად გამოვიდა დიდი ამირსპასალარი ხვანთქრისა, მაჰმად ფაშა, ჩამოვლო ზემო ქართლი და აღიღო გორის ციხე, და შეაყენნა მცველნი თვისნი. და თვით წარმოვიდა და დაიბანაკა მუხრანს, და იქ დახვდა მეფე სვიმონ შეყრილი. მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი, და ეკვეთნეს სპანი ქართველთანი ძლიერად, და შეიბრალა ღმერთმან, და მიეცა ძლევა ქართველთა, და გაემარჯვა მეფესა სვიმონს. ამოსწყვიდნეს მრავალნი სპანი ოსმალთანი, და შეიპყრნეს ურიცხვნი; კნინღა განერა თვით ფაშა, და ივლტოდა მცირედითა კაცითა, და შეიხვეწა ციხესა ტფილისისასა, ქრისტეს აქეთ ჩ~ფპბ.
ხოლო მეფე სვიმონ მოვიდა დიღომს და მოაწვია იქ ყოველნი თავადნი ქართლისანი ყალბიანადლ, და შემოიკრიბნენ ყოველნივე დარბაისლის ცოლნი დედოფლისათანა. და აღიყარნეს დიღომიდამე, განვიდეს ტბასა ლილოსასა, და დადგნენ იქ მას ზედა, რომელ არს გორა მაღალი, რამეთუ იქ ახლდეს ყოველნივე დიდებულნი და მცირენი სპანი ქართველთანი, თვით დედოფალი და ჯალაბანი თავადთანი.
ხოლო გამოვიდა ტფილისის ციხიდამე მროწეულნი ძროხათა. მაშინ გაუძახა მეფემან სვიმონ მცირედნი სპანი თვისნი, და წარმოიღეს მროწეული იგი. ხოლო კაცნი იგი ივლტოდეს, და გამოვიდეს ციხიდამ მრავალნი სპანი ოსმალთანი, და იყვნეს განწყობილნი მეფე და სპანიცა ქართველთანი. მსწრაფლ მიეტევნეს იგინი, ვითარცა ლომნი, და პირველსა კვეთებასა ზედა წარიქცივნეს სპანი ოსმალთანი, და ამოსწყვიდნეს მრავალნი მათგანნი, და უმრავლესნი შეიპყრნეს. და უჭვრეტდეს თვით დედოფალი და დარბაისელთა ჯალაბნი თვალითა, და მისდევდეს ოტებულთა ოსმალთა სპანი ქართველთანი, და ვიდრე ციხისა კარამდე სრვიდეს და იპყრობდეს. და ესრეთ გამარჯვებულნი გამობრუნდეს, და მოვიდა მეფე სვიმონ სიხარულითა და ნაშოვრითა დედოფალსა თანა, და იყო შვება და განცხრომა ზოგად ყოველთა შორის.
ქორონიკონსა ს~ო: პატრონს მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონი მორჩა, ორნივ ფაშანი მძიმედ დაიკოდნეს და გაიქცეს, და თემი ჩვენვე დაგვრჩა. მაშინ ყაენი განჯას მოვიდა, და პატრონს მანუჩარს ჩალაბუთი მოსცა და პატრონს დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი.
ქორონიკონსა ს~ოა: თვალმშვენიერი ორმოდამ ამოიყვანეს და ყაენთან მოიყვანეს. ამავე ქორონიკონსა, მარტს კ~დ, კვირას დღეს ბზობას, პატრონმან მანუჩარ მეფეთ-მეფის პატრონის სვიმონის ქალი, პატრონი ელენე, მოიყვანა.
ქორონიკონსა ს~ობ: მიიცვალა ბარათასშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ, და ნებითა და ბრძანებითა ღმრთისათა კათალიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თვესა თებერვალსა კ~, დღესა შაბათსა.
ამასვე ქორონიკონსა სარდალი ვარად ფაშა მოვიდა ახალციხეს საშენებლად, ვეღარ დადგა, წავიდა და თემი ჩვენვე დაგვრჩა.
შემდგომად მცირედისა კვლავ შეყარა სპა თვისი და წარვიდა ლორეს, რამეთუ ოსმალთა ეპყრა იგი. და ვითარცა მივიდა, მაშინ გამოვიდა ფაშა სპითა მრავლითა, და ეწყვნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და მისცა კვლავ გამარჯვება ღმერთმან მეფესა სვიმონს, და ამოსწყვიდნეს მრავალნი ოსმალნი, რიცხვით ოთხას სამოცდაცამეტნი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფპვ, ქორონიკონსა ს~ოგ. და აღიღო სიმაგრენი და ქვაბები ვითარ ცხრა ლორისანი, რომელი ეპყრა ოსმალთა. და თვით დაიპყრა გარდა ციხისა მის და იგი მხოლოდ ეპყრათ ოსმალთა. მაშინ მიადგა ციხესა მას ლორისასა, აპრილსა ა~, და აღიღო ივნისსა ი~.
ამასვე ქორონიკონსა ყაენმან სამცხე ამოსწყვიდა ხოლო დაიპყრა მეფემან სვიმონ სრულიად ლორე და წარმოვიდა გამარჯვებული სახიდ თვისად.
ხოლო შემდგომად მცირედისა კვლავ შეიპყრა და მივიდა ტაბახმელას. მაშინ სცნა რა ასან-თაშამ, იდუმალ გამოვიდა იგი ციხისაგან სპითა მრავლითა. აგრძნა ესე მეფემან და ეწყვნეს ურთიერთას. იქმნა ომი ძლიერი, და მისცა ღმერთმან გამარჯვება ქართველთა. და მაშინ მეფე სვიიმონ გალომებული მიეტევა ერთსა წარჩინებულცა ბეგსა ოსმალსა და წარიქცია იგი. და მივიდა კაცი იგი და ჩაიჭრა დიდსა მას ხევსა ტაბახმელისასა ცხენითურთ. და ესრეთ თქმულ არს, ვითარმედ არა მომკვდარ არს კაცი იგი, და ივლტოდეს ოსმალნი. და მოისრა მაშინ ოსმალი კაცი ვითარ ხუთასი.
ხოლო მიადგა ციხესა მას ტფილისისასა, და აღიღო გალავანი ტფილისისა, და უკან ციხე. და შემდგომად ამისა აღიღო დიდი ციხე იქით ტფილისისა და ქალაქი ტფილისისაცა და მოსრნა ყოველნივე რაოდენნიცა იყვნეს ციხესა მას შინა. და თვით დაიპყრა ყოველივე.
მაშინ მიესმა რა საქმე ესე ხვანთქარსა, შეუძნდა ფრიად. და წარმოავლინნა უმრავლესნი სპანი თვისნი; და უჩინა ამირსპასალარი ერთი ვინმე წარჩინებულთაგანი, და მოვიდა ლორეს, და აღიღო ციხე ლორისა, და დაიპყრა ლორე. მოვიდა და დაიბანაკა ხატის სოფლისა ბოლოს.
მაშინ მეფემან სვიმონ შეჰყარა სპა თვისი, მივიდა და დაიბანაკა ხრამის გაღმა, რამეთუ მოიპოვა ღონე რამე მეფემან სვიმონ, და მოირთო ელჩად თვით, და მივიდა ფაშას თანა სვიმონ მეფისა მაგიერად, და მიუთხრნა სიტყვანი ლიქნისანი: „თქვენცა გასმიან, თუ რაოდენნი ჭირნი და პყრობილებანი და ტყვეობანი მოწევნულ არიან ყიზილბაშთა მიერ ჩემ ზედა. და აწ არღარა ძალ-მიძს ესეოდენი სისხლი და ბრძოლა ხვანთქრისა და სპათა მისთა, რამეთუ საქმე ესე არა ნებითა ჩემითა მიქმნიან, არამედ მძლავრებითა ყიზილბაშთათა. ამიერითგან არღარა მნებავს მონება ყიზილბაშთა, და აღმირჩევიეს მორჩილება ხვანთქრისა უფროს ყიზილბაშთა. და აწ, უკეთუ თქვენცა გნებავს, შევრიგდეთ და ვიყვნეთ მშვიდობით, და აუწყეთ ხვანთქარსა დამონება ჩვენი, და ამიერითგან ვიქმნებით მორჩილ ბრძანებისა მისისა“.
ხოლო ვითარცა ესმა ფაშასა მას საქმე ესე, განიხარა ფრიად და მიუმცნო მეფესა სვიმონს: „კეთილად განგიზრახავს, და ჩვენცა სარწმუნოდ გვიჩნს სიტყვა შენი. აწვე გავრიგდეთ და ამიერითგან იყოს მშვიდობა და ერთობა ჩვენ შორის“.
და წარმოვიდა მეფე სვიმონ სპათა თვისთა თანა. მაშინ განიმსტრო ბანაკი იგი ოსმალთა და იხილა ყოველივე საქმე ესე, და სიმაგრე მათი, და სიმრავლე მებრძოლთა მათთა და მასვე ღამესა წარვიდა მათ ზედა: შემოვლო ხატისსოფლის გორასა, და დაესხა თავსა ოსმალთა, და ამოსწყვიდნა მრავალნი პირითა მახვილისათა, სხვანი შეიპყრნა უმრავლესნი და გაემარჯვა ძლიერად. და იავარ-ყვეს ბარგი მათი, და წარმოიღეს საშოვარი ურიცხვი, და მოვიდეს გამარჯვებულნი ტფილისს, და განისვენა მცირედ.
და კვლავ შემოიყარნა სპანი ქართველთანი. და იყო მაშინ ათაბაგიცა მანუჩარ სიძე მისი მას თანა, წარვიდა და მიადგა ციხესა დმანისისასა, რამეთუ მაშინ ოსმალთა ძლიერად ეპყრათ დმანისი და ციხეცა დმანისისა. ხოლო აღიღო ციხე და დაიპყრა დმანის-ხევი და გარემონი ადგილნი, რომელი ეპყრათ ოსმალთა. მაშინ წარვიდა. ათაბაგი მანუჩარ და კვლავ იპყრა საათაბაგო. და განძლიერდა ფრიად მეფე სვიმონ. ხოლო ჟამსა ამას შინა იყო მოსვენებით მეფე და სრულიად საქართველო, რამეთუ ვერღარა უძლეს ოსმალთა მოსლვად საქართველოსა ზედა.
ქორონიკონსა ს~ოე: აქა შაჰ-ხუდაბანდის შვილი ამზაი-მირზა დალაქმა მოკლა.
აქა მაწყუერელი გაგზავნეს კოსტანტინეპოლეს, და მესაპატიონი კაცნი მძევლად მისცნეს შალიკაშვილი ედიშერ, შალიკაშვილი ელია და ამილახორის შვილი ქოიარ. და მძევლები დაუჭირეს, და პატრონი მანუჩარ ვერღარა მიენდო.
ამავე ქორონიკონსა ახალციხე და გორი აღაშენეს ურუმთა. აგვისტოსა, დასაბამითგან წელთ შვიდათას ოთხმოცდათოთხმეტსა, მეფე სვიმონ საშველად მოვიდა. აღარ შეაბეს, მესხთა თემი დაარბიეს და წარვიდეს.
ბევრ-რიგი მოღალატე შემოადგეს პატრონს მანუჩარს. ვეღარ დაუდგნა და ახალდაბას ცოლი წაიყვანა და წავიდა. პატრონი დედისიმედი და პატრონის ყვარყვარეს შვილი, პატრონი ქაიხოსრო, საკანაფეს ციხეში დადგეს. და დიასამიძემან ელია დემოთიას ციხეს სავალინაშვილი საღალატოდ შეიყენა. უღალატეს, ციხე წაართვეს და ბევრი საქონელი და სალარო დაიჭირეს.
და გოგორის-შვილმან ბეჟან ციხისჯვარი უკუ-იჭირა და მისცა ფაშასა. შემოგვიყენეს მოღალატენი და ვეღარც ჩვენ დაუდგენით და ჩავედით ახალდაბას.
მარტს ნახევარს, გაზაფხულ, ყაენი ხუდაბანდის შვილი, აბასი მირზა, გამოვიდა, არდაველს მოვიდა. ოზბეგნი ხუარასანს წამოეჭირნეს, დაბრუნდა, იქითვე წავიდა და თვალმშვენიერი თან წაიტანა. თავრეზს რომ ჩავიდეს, იქ ომი იქმნა. სამჯერ შეიბა თვალმშვენიერი, სამჯერვე გაემარჯვა კიდეც დახოცნა, ხელთაც დაიჭირნა. ყაენს მიუსხა. ყაენმან მამულიც დიდი მისცა და ჯილდოცა.
მერმე პატრონი მანუჩარ აღარ მიენდო, ღონე ვეღარა მოიგონა რა. დაგვიწყეს მოციქულობა. პატრონი დედისიმედი და პატრონი მისი შვილისშვილი, პატრონი ქაიხოსრო, გამოუგზავნეს ახალციხეს ფაშას თანა შობის წინა დღეს.
ყიზილბაშთა განდევნეს შაჰ-ხუდაბანდა ყაენი და დასვეს მის წილად ძე მისი შააბაზ. და გამოვიდა ესე შააბაზ და აღიღო თავრეზი და ყოველივე ადარბადაგანი. გარდა ერევნისა და ბაღდადისა. და იყო ფრიად მწყალობელ შააბაზ მეფისა სვიმონისა. და კვლავ უფროსად განმდიდრდა მეფე სვიმონ და განძლიერდა. და არღარა იყო მტერობა. რამთუ ყვეს მშვიდობა ალექსანდრე, მპყრობელმან კახეთისამან, და მეფემან სვიმონ. რამეთუ ჟამსა ამას მოკვდა პატრონი იმერეთისა გიორგი და დაჯდა კოსტანტინე. და მცირედსა ხანსა შინა მოკვდა კოსტანტინე და დაჯდა ძმა მისი ლეონ. და მტერობდენ ურთიერთას დადიანი მანუჩარ და ლეონ მპყრობელი იმერეთის, რამეთუ ესვა ცოლად დადიანს მანუჩარს ასული კახის ბატონს ალექსანდრესი ნესტან-დარეჯან. და ჰყვა დადიანს მანუჩარს მას თანა ძე ერთი, რომელსა ეწოდა ლეონ. ამას ჟამსა შინა მოკვდა ცოლი დადიანისა ნესტან-დარეჯან, და შეირთო ასული ათაბაგისა თამარ.
ხოლო რაჟამს განძლიერდა მეფე სვიმონ, მაშინ განიზრახა დაპყრობა იმერეთისა: შემოიყარა სპანი ქართველთანი და წარვიდა დაპყრობად იმერეთისა. სცნა რა ესე ლეონ მპყრობელმან იმერეთისამან, შეიყარა მანცა სპანი იმერთანი, გარდა დადიანისა და გურიელისა, და წარვიდა და დაიბანაკა გოფანთოს. მაშინ გარდმოვლო მთა ლიხისა მეფემან სვიმონ და მივიდა გოფანთოს, და ეწყვნენ ურთიერთას. იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯვა მეფესა სვიმონს, და ივლტოდა ლეონ მპყრობელი იმერეთისა.
მაშინ დაიპყრა მეფემან სვიმონ იმერეთი, და გამოართვა დიდებულთა თავადთა მძევალნი და წარმოვიდა ქართლს, რამეთუ მას ჟამად გორის ციხე ეპყრა ოსმალთა. ამისთვის ვერა დაადგრა იმერეთს. და ოდეს წარმოვიდა მეფე სვიმონ, მაშინ კვლავ დაიპყრა იმერეთი ლეონ. და აღიღო შური დადიანზედა, რამეთუ არა თანამწე ექმნა იგი მეფესა სვიმონსა ზედა, და იწყეს მტერობა ურთიერთას. შეიყარა ამიერ მპყრობელი იმერეთისა ლევან და იმიერ დადიანი მამია. ეწყვნენ ურთიერთას და გაემარჯვა დადიანსა, და შეიპყრა მპყრობელი იმერეთისა ლეონ. და პყრობილ ყვეს იგი ოდიშს ციხესა შხეფისასა, და იქ მოკვდა ლეონ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჟბ, ქორონიკონს ს~ოჱ.
სცნა რა ესე მეფემან სვიმონ, შეიყარნა სპანი თვისნი და გარდავლო მთა ლიხისა და ჩავიდა ქუთაისს, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჟგ, ქორონიკონსა ს~ოთ. მაშინ ძმისწული ლევანისა ბაგრატ იყო ციხესა შინა ქუთაისისასა განმაგრებულ. მიადგა მეფე სვიმონ ციხესა მას და აიღო იგი, გამოიყვანა ბაგრატ, ძმისწული ლეონისა, და სხვანიცა მრავალნი თავადნი იმერეთისანი, და გამოართვა მძევლები და დაიპყრა მტკიცედ იმერეთი, და წარმოიყვანა ბაგრატ თანა.
და ოდეს მოკვდა მპყრობელი იმერეთისა ლევან უძეოდ, რამეთუ არა დაშთა თესლი მისი, და არღარავინ იყო სხვა სახლსა შინა მათსა, გარდა ძე კოსტანტინესი როსტომ. და რაჟამს წარვიდა მეფე სვიმონ ქართლს, ამან როსტომ მოიყენა დადიანი მამია, და მისცა ქალი დადიანმა, და წარმოიყვანა იგი და გააბატონა. და დაიპყრა იმერეთი როსტომ. მიადგეს ციხესა ქუთაისისასა და აღიღეს იგიცა. ხოლო რაჟამს ესმა მეფესა სვიმონს საქმე ესე, შეიყარა და წარმოვიდა, ქრისტეს აქეთ ამასვე ქორონიკონსა გარდავლო მთა და მივიდა რაჭას, და აღიღო. ციხე კვარისა, და ციხე სკანდისა, და ციხე კაცხისა. მივიდა ქუთაისს და აღიღო ციხე, და დაიპყრა კვლავ იმერეთი. და ვერღარა დაუდგა როსტომ და წარვიდა ოდიშს დადიანისა თანა.
მაშინ წარვიდა მეფე სვიმონ დადიანსა ზედა, ჩავიდა და დაიბანაკა ოფიშკვითს, დიდებითა და ძალითა მრავლითა. და წარიღო თანა ზარბაზნები დიდ-დიდნი სახელოვანნი, რომელი აწცა არს ზუგდიდს, და უდიდესი ზარბაზანი ერთი არს რუხს დღესცა. მაშინ დადიანმან მოუგზავნა მოციქული მეფესა სვიმონს, რათამცა პატივ-სდვას მას და შეირიგოს სიძე მისი როსტომ, და მისცეს სარჩო მამული: „და იყოს დამონებულ და მორჩილ ბრძანებისა თქვენისა, და მეცა ვიქმნები დამორჩილებულ, ვითარცა ერთი თავადი შენი ერთგული და მონა-მორჩილი ბრძანებისა თქვენისა, და ესრეთ ერთობით დაიმკვიდრე საქართველო, ვითარცა პირველ დავით აღმაშენებელმან“.
ხოლო მეფემან სვიმონ არა მოიხსენა განლაღებულმან თქმული იგი სოლომონისი: „რაჟამს ამაღლდე ღმრთისა მიერ, მაშინღა უფროს ჯერ არს შენდა დამდაბლება თავისა შენისა“, რამეთუ არა უსმინა დადიანსა განზრახვა იგი ფრიად სარგებელი მათი და უმჯობესი ზოგად ყოველთათვის.
მაშინ სილაღით და კადნიერებით მიუმცნო მეფემან სვიმონ: „ვერ ეგების საქმე ეგე, არამედ მოსრულ ვარ ბრძოლად თქვენდა. უკეთუ ძალ-გიძს წინაგანწყობად ჩვენდა, აჰა ჟამი სიმხნისა თქვენისა“.
სცნა რა ესე დადიანმან მამია, შემოიყარნა სრულიად ოდიშარნი და რომელნიმე თავადნი იმერელნი თანა-გარდაყოლილნი როსტომისანი. წარმოემართნეს მსწრაფლ, და განთიადისა ჟამსა დაესხა თავსა მეფესა სვიმონს უგრძნობელად. მაშინ მეფე სვიმონ და სპანი მისნი შესხდეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი. არამედ სძლო სამართალმან დადიანისამან და მიეცა გამარჯვება ქართველთა ზედა.
რამეთუ ჰყვანდა მეფესა ცხენი ორი რჩეული: ერთსა ეწოდა ფალავანი და მეორესა შურდანი. რამეთუ იყო მეფე სვიმონ მრავალგვარად გამოცდილი ბრძოლასა შინა და პირველსავე ჯარის მიდგომას სცნობდა: უკეთუ გაემარჯვებოდა, მაშინ შეჯდებოდა ფალავანზედა; და უკეთუ დაუმარცხდებოდა, მაშინ შეჯდებოდა შურდანსა ზედა და წარმოვიდოდა. და არავინ უწყოდა ესე, გარნა საამ თურქისტანისშვილმან, და მზერდა ესე თურქისტანისშვილი საქმესა მეფისასა, რომელსა ცხენსა ითხოვსო-და ესრეთ იყო ჩვეულება მისი. მაშინ მოითხოვა შურდანი. სცნა რა ესე თურქისტანისშვილმან, რომელი იყო კაცი ყრმა, ახალ-ვაჟკაცი, და მზერდა საქმესა მეფისასა, მოახსენა: „მეფეო. რა არს მიზეზი შურდანზედ შეჯდომისა თქვენისა? ნუმცა მიხილავს თვალითა ჩემითა ლტოლვა მრავალჯერ გამარჯვებულისა და სახელოვანისა თავისა თქვენისა, და მე აქადამ შუბ-მოუქნეველი ცოცხალი არ წავალო“.
მაშინ მიეტევა გამარჯვებული. შეისწრაფა რაზმთა შინა, სცა ოროლითა და გარდააგდო კაცი, და ქმნა სახელი დიდი დამარცხებულსა ომსა შინა. ხოლო მეფემან სვიმონ სცნა რა გაჭირება ომისა და გამარჯვება მამია დადიანისა, მაშინ უკუნ იქცა და წარმოვიდა მარტო თავ-კაცად, ამოვლო იმერეთი და მოვიდა კოლიბაურს.
ხოლო ოდეს წარმოემართა მეფე სვიმონ და წარვიდა ბრძოლად მამია დადიანისა, მაშინ დაიბანაკა კოლიბაურს. მაშინ ერთმან ვინმე დედაკაცმან კოლიბაურელმან მიართვა მეფესა სვიმონს შვილი თვისი. და ფრიად ევედრა დედაკაცი იგი, რათამცა იახლოს და წარიყვანოს შვილი მისი, ხოლო მეფემან სვიმონ არა იახლა იგი და უბრძანა: „დედაო, ესე არა უწყი, რომე კაცითა მთვრალი ვარო“. და რაჟამს ოტებული მხოლოდ წარმოვიდა, მივიდა იქვე კოლიბაურს. მაშინ დედაკაცი იგი სთოხნიდა ახოსა, და იხილა დედაკაცმან მან მეფე სვიმონ მომავალი მარტო უკაცოდ. მიეგება დედაკაცი იგი და იცნა მეფე სვიმონ. და სცნა დედაკაცმან მან დამარცხება მეფისა სვიმონისა. მაშინ მოახსენა: „ხელმწიფეო, კაცისაგან რომ მთვრალი იყავ, ვეჭვობ ახლა კი გამოგფხიზლებიაო“. და რა ესმა მეფესა სვიმონს, გაუკვირდა და მადლობა შეწირა ღმერთსა და წარვიდა.
მაშინ წარმოვიდა თურქისტანისშვილიცა და ყოველნივე ქართველნი; და მრავალნი ამოსწყვიდეს იქ, და სხვანი წარმოვიდეს ოტებულნი. და დარჩა იქ მრავალი საუნჯე და დიდნი თოფნი და ზარბაზანნი, რომელი არს დღესცა ზუგდიდს.
ხოლო მეფემან სვიმონ გარდავლო მთა ლიხისა, ჩავლო ზემო ქართლი მხოლომან, კაცთა გარეშე, და მივიდა კავთისხევს. რამეთუ ფრიად დაშურა და ვერღარა ძალ-ედვა სლვა, მიადგა ერთსა იქ მკვიდრსა მცირეთაგანსა გლეხსა და ინება იქ მცირედ-ჟამ განსვენება.
და გამოვიდა სახლისა მისგან ქალი ერთი და ვერა იცნა მეფე სვიმონ. მაშინ აწვია და უსადგურა კეთილად, და მოუმზადა სერი და მიართვა მას. და მიიღო მცირედი საზრდელი, და მერმე მოახსენა ქალმან მან და ჰკითხა ამბავი ლაშქრისა და მეფისა: „თუ მეფე რა იქმნა, ანუ ცოცხლებით არისო, ანუ გამოვიდა ომისაგან მშვიდობითო“.
ხოლო მეფემან უპასუხა: „არა უწყი რა მეფისაო“. ამისა შემდგომად ჰკითხა ქმრისა თვისისა და ანიშნა ნიშანი ქმრისა თვისისა. და უთხრა: „არა უწყი რა მათი, თუ რა შეემთხვა ლაშქართა მეფისათაო“. ხოლო ქალი დიდად მწუხარე იქმნა და ტიროდა მეფისათვის უფროს, ვიდრე ქმრისა მისისა, და იტყოდა: „ნეტარ თუმცა ღმერთმან მიხედოს წყალობითა და გვაღირსოს მეფისა სვიმონის ცოცხლებით გამოსლვა, და სხვანი ყოველნივე სპანი მისნი ჭირისა მისისა სანაცვლო იყოსო“.
მაშინ ფრიად მხიარულ იქმნა მეფე გულსა შინა თვისსა ერთგულობისათვის დედაკაცისა მის, და მერმე წარვიდა სახიდ თვისად. ამისა შემდგომად მოვიდა ქმარი ქალისა მის; და უყო წყალობა ფრიადი მეფემან სიტყვითა მის ქალისათა, და ებოძა ყვა და სახელო და სხვა საბოძვარი მრავალი. და ამიერითგან აზნაურ იქმნა კაცი იგი, რომელ აწცა არიან ქვლივიძენი.
ხოლო ესმა ლორის ციხესა შინა მყოფთა დამარცხება მეფისა სვიმონისა. მაშინ გამოვიდეს და იავარ-ყვეს რომელნიმე კერძონი საქართველოსანი, და დაიბანაკეს ტაშირზედა. და იყო სიხარული დიდი ოსმალთა შორის. ხოლო მეფემან სვიმონ კვლავ შემოიყარა მცირედნი რამე სპანი ქართლისანი, რაოდენნიცა დარჩენილ იყვნეს, და წარვიდა ლორეს ოსმალთა ზედა უგრძნობელად. და ეწყვნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯვა მეფესა, და აღიღეს ციხე ლორისა და მოსრნა იგინი პირითა მახვილისათა, და დაიპყრა ლორე და წარმოვიდა გამარჯვებული სახიდ თვისად.
ამისა შემდგომად წარვიდა ზემო ქართლს და მივიდა გორიჯვარს, რამეთუ ჟამსა მას ეპყრა ციხე გორისა ოსმალთა. მაშინ მეფე სვიმონ დაჯდა გორასა მას ზედა გორიჯვრისასა და სმიდა ღვინოსა და სჭამდა თრიაქსაცა. ესე ჩვეულება ესწავა ყიზილბაშთა შინა. ხოლო ოდეს განმხიარულდა ღვინითა და თრიაქითა, გახედა გორის ბოსტნებსა და იხილა ახალი მწვანვილი. მაშინ უბრძანა მეფემან იქ მყოფთა: „აჰა, რჩეულნო სპანო ჩემნო ქართველნო, მნებავს ახალ-აღმოცენებული იგი მწბანვილი მოღებად ჩემს წინაშე, და რა საკადრებელ არს ესე სიმხნისა თქვენისაო“. ესმა რა ესე ქართველთა, მყის ისწრაფეს და განვიდეს გაღმა გორის ბოსტნებსა შინა და დაგლიჯეს მწვანვილი. მაშან დაუშინეს ოსმალთა თოფნი და დიდნი ზარბაზანნი, და მოკლეს კაცნი მრავალნი, დიდნი და მცირენი.
რამეთუ იქ მოკლეს ბატონისშვილი გოჩა, რთმელი იყო პაპის ძმისწული მეფისა სვიმონისა, და სხვანიცა მრავალნი თავადნი და აზნაურშვილნი ამოსწყვიდეს მწარეს ხახვისათვის. და მაშინ დაგმეს მეფე სვიმონ. და ამა სვიმონს უწინაცა სძრახავდენ ჭკუასა ტყვეობას უკან. და ყიზილბაშნი და ოსმალნი დელუ-სვიმონს უწოდდენ, რომელ არს ხელი. ხოლო შეუძნდა ფრიად საქმე ესე მეფესა, და შემდგომად მცირედისა შემო ყარა სპანი ქართველთანი, და გარემოადგა ციხესა გორისასა; და ბრძოლა უყო ციხესა გორისასა და აღიღო იგი, და ამოსწყვიდნა ყოველნივე ოსმალნი მეოფნი ციხესა შინა.
ხოლო ესმა რა საქმე ესე ხვანთქარსა, განრისხნა ფრიად ესეოდენისა სპათა მისთა ამოწყვედისათვის, არა თუ ერთგზის. არამედ მრავალგზის და წარმოავლინა ამირსპასალარი თვისი ვეზირი ჯაფარ ფაშა და გამოატანა თანა სიმრავლენი სპათანი ურიცხვი. წარმოვიდეს და დაიბანაკეს ნახიდურს. მაშინ მეფემან სვიმონ შემოიყარნა სპანი თვისნი, მივიდა და დაიბანაკა თავსა საღირაშენისასა. და მერე განიზრახა თვისაგან საქმე არა კეთილი და არა აუწყა სპათა თვისთა, არამედ მინდობითა თავისა თვისისათა ყო რასაქმე საქმე ესე და არა ითხოვა ღმრთისა მიერ შეწევნა, რამეთუ ესრეთვე ქმნა მეფემან სვიმონ, და წარვიდა ათითა ცხენოსნითა მარტო, რა წარიტანა ერთი საყვირისა მცემელი მექანარე და ეგულებოდა განმსტრობა ბანაკისა მის ოსმალეთისა.
მივიდა და გარდაადგა თავსა ნახიდურისასა, რომელ არს მცირე ეკლესია, და იქითგან განისილა ბანაკი იგი ოსმალთა. მაშინ უბრძანა მეფემან დაცემა ქანარისა, რათა აღრივნეს სპანი მათნი. ხოლო ვითარცა ესმა ოსმალთა ხმა საყვირისა, თქვეს უცილოდ მოსვლა მეფისა სვიმონისა. შეიჭურნეს მყის და აღსხდეს ჰუნეთა ზედა. და მოეტევნეს ამიერ კერძო, სადა მდგომარე იყო მეფე. და რა სცნა მეფემან, მოისწრაფა სპათა თვისთა თანა. ხოლო მათ დევნა უყვეს ძლიერად, მიეწივნეს და იხილეს მეფე სვიმონ, რამეთუ ცხენი მისი ჩაფლულ იყო ლიასა შინა ბოლოს ფარცხისისასა და თვით მდგომარე იყო. ამას ზედა მივიდეს ოსმალნიცა და გარემოადგეს. და იწყო ბრძოლად მხოლომან და, რაოდენ ძალ-ედვა, აჩვენა სიმხნე თვისი, არამედ სიმრავლენი ოსმალთანი ზედა დაესსნეს და შეიპყრეს იგი, ქრისტეს აქეთ ჩ~ქ.
მაშინ სცნეს რა მეფობა მისი, განიხარეს ფრიად და მსწრაფლ იხმიეს სივლტოლა, აღიყარნეს და წარვიდეს ლორეს. მაშინ მიესმა ქართველთა საქმე ესე, რამეთუ გიორგი, ძე მეფის სვიმონისა, იქ იყო ქართველთა შორის, წარმოუდგეს ოსმალთა უკან და დევნა უყვეს ძლიერად, და ვერღარა მიეწივნეს. მაშინ ოსმალთა აღიღეს ციხე ლორისა, და შეაყენეს მცველნი თვისნი, და წარვიდეს, და წარიყვანეს თანა მეფე სვიმონ, და მიიყვანეს სტამბოლს. ხოლო გიორგი, ძე მისი, განაგებდა ქართლსა, წარავლინა კაცი სტამბოლს და აღუთქვა სახსარი მამისა თვისისა ხოლო მათ სთხოვეს სახსარი მრავალი და აღუთქვეს განტევება მეფისა სვიმონისა.
ხოლო ხვანთქარმან მიუმცნო მეფესა სვიმონს დადება ხარკისა საქართველოსა ზედა და დამორჩილებად ბრძანებისა მისისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა ნება სცა, ამისთვის რომე ყაენის ბეგარა. ქართლსა შინა ამან განწესა, კომლის თავს გლეხზედ მარჩილი ასი, რამეთუ ამა თეთრითა იყიდდეს ტყვესა შვიდსა და წარუგზავნიდეს ყაენსა.
მაშინ გიორგი, ძემან მეფისა სვიმონისამან, აღიღო ყოველივე საუნჯე მამისა თვისისა, ანუ რომელიცა თვისი ჰქონდა და სხვა სადაცა მონასტრებისა საქონელი იყო, ანუ რომელიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ მოკრიბეს ზოგად, და წარგზავნეს. სახსრად მეფისა სვიმონისა. და ვიდრე საქონლისა მისლვადმდე, მიცვლილ იყო მეფე სვიმონ საპყრობილესა შინა, და ესეოდენი საუნჯეცა იქ დარჩა.
ხოლო იყო იქ სტამბოლს ერთი გორელი ვაჭარი, რომელსა ეწოდა დიაკვნისშვილი. და ამან იშოვნა ძვალნი, სვიმონ მეფისანი, და წარმოიღო იგი და მოართვა გიორგის და დედოფალსა ნესტან-დარეჯანს. და ყვეს გლოვა დიდი, და დამარხეს სამარხოსა თვისსა მცხეთას. ხოლო რომელმანცა მოიღო ძვალნი მისნი იგი დიაკვნისშვილი ყოვლითურთ სახლეულით მისით გაააზატეს, და შესწირეს პატიოსანსა და ცხოველს-მყოფელსა ჯვარის მონასტერსა სალხინებელად და საოხად მეფისა სვიმონისა. და არიან აწცა გორს დიაკვნისშვილები ყმანი ჯარის მონასტრისანი.
ხოლო გიორგიმ დაიპყრა ქართლი და მეფობდა კეთილად. ამისა შემდგომად შემოიყარნა ქართველნი და წარვიდა ლორესა ზედა. და აღიღო ციხე და დაიპყრა ლორე მეფემან გიორგი.
და ამას ჟამსა შინა მიიცვალა მპყრობელი იმერეთისა როსტომ, ქრისტეს აქეთ ჩ~ქიდ; და არა დარჩა როსტომს ძე, ხოლო ჰყვა ნაშობი მხევლისა, რომელსა ეწოდა გიორგი, და ესე გააბატონეს იმერელთა.
ამავე ჟამთა მინა მოკვდა დადიანიცა მამია, და დარჩა მას ძე ერთი, სახელით ლევან. ესე იყო ნაშობი კახის ბატონის ასულის ნესტან-დარეჯანისა. ესე ლევან წარმოიყვანა კახმან ბატონმან ალექსანდრე, პაპამან მისმან, და აღზარდა კახეთს. ხოლო შემდგომად მამია დადიანისა ესე ლევან, ძე მისი, წარმოიყვანეს ოდიშართა და დასვეს დადიანად.
ამასვე ჟამთა შინა წარმოემართა ყაენი შააბაზ აღებად ერევნისა. მაშინ იხმო ყაენმან მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სპითა მათითა, და წარვიდეს. და რა მივიდენ, დიდად მოეწონა შააბაზს სპანი ქართველთა და კახთანი, და უბრძანა ყოველთავე სპათა მისთა იერიში ერევნის ციხისა. მაშინ სიმხნე დიდი აჩვენეს ქართველთა უმეტეს ყიზილბაშთა და მივიდეს მეწინავედ, და აღიღეს ციხე ერევნისა. დადაიპყრა შააბაზ ერევანი და შეაყენა ციხესა შინა სპანი თვისნი. ხოლო სთხოვა შააბაზ მეფესა გიორგის ლორე და ციხე ლორისა, და შეუძნდა ფრიად. და რამეთუ არა ეძლო უარი შააბაზისა, და დაანება ლორე და დაიპყრა ციხე ლორისა შააბაზ. და შეაყენნა სპანი თვისნი და მიიქცა სახიდ თვისად, რამეთუ იყო ყაენი შააბაზ კაცი მზაკვარი და აღსავსე ყოვლითავე სიბოროტითა. პირველად ესე წყალობა უყო მეფესა გიორგის. ერთგულობისა ნაცვლად მამისა თვისისა.
მაშინ წარმოვიდენ მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სამყოფსა თვისსა. და შემდგომად მცირედისა წარმოვიდეს ძენი კახის ბატონის ალექსანდრესი დავით და გიორგი და ესტუმრნეს მეფე გიორგის, მამიდას-შვილსა თვისსა. მაშინ მიეგებნეს წინა ავლაბარში მეფე გიორგი და განიხარეს ნახვა ურთიერთას. და წარმოუძღვა და დააყენა და ისტუმრა იგინი კეთილად, და უმზადა სერი დიდი, და იყო ლხინობა და გამოჩვენება დიდი. და ესრეთ იყვნეს დღეთა რაოდენთამე. და მერმე კვლავ შინაგან თვისსა მოიწვივნა იგინი. და წარვიდა დავით და რაოდენნიმე კახნი იახლნეს თანა. ხოლო გიორგი მიზეზ ყო სნეულება ბევრთა ღვინისა სმათა მიერ და არა წარვიდა. მაშინ შეექცეს ლხინსა იგინი. ხოლო გიორგიმ, უმცირესმან ძმამან დავითისამან, განიზრასა ზრახვა ბოროტი ძმისა თვისისა დავითისთვის, და ეგულებოდა ღალატად სიკვდილი მისი. ესე ბოროტი აღრჩევა გაანდო ერთგულთა ყმათა თვისთა, რამეთუ იყო ესე გიორგი კაცი გამცემი და მოყვარე ყმათა. და იყვნენ კახნი უმრავლესნი ამის კერძო, და ერთგულნი დიდად.
ხოლო უხუცესი ძმა მისი დავით იყო კაცი კადნიერი და მრისხანე. ამისთვისცა დიდად ერთგულ იყვნენ გიორგისა კახნი. მაშინ შემოიფიცა ერთგულნი ყმანი თვისნი გიორგიმ, და დაასკვნეს ღალატად სიკვდილი დავითისა ღამესა მას, რამეთუ ეგულებოდათ ღვინითა მთვრალსა ღალატი დავითისი. და იმარჯვებდა ჟამსა აღსრულებად ძმისა მკლველებრთა გულის-სიტყვათა წარეწყმედელთა სულისათა.
ხოლო იყო ვინმე მათ შინა მყოფი ღმრთის-მოყვარე კაცი ჩოლაყაშვილი. და ამან არა თავს იდვა დაფარვად საქმე ესე, არამედ წარვიდა და აუწყა დავითს ღალატი იგი მისთვის განმზადებული. მაშინ დავით აღდგა მყის სერისა მისგან და წარმოვიდა. რამეთუ ვერ აგრძნა საქმე ესე მეფემან გიორგი, და მივიდა დავით კარავსა ძმისა თვისისა გიორგისსა, და იხილა ძმა თვისი აღჭურვილი კარავსა შინა. და უთხრა დავით: „ძმაო, ვის ზედა აღჭურვილხარ, ანუ ვის ზედა მიმავალხარ ბრძოლად?“ ხოლო მან ვერა რაჲ სიტყვა უგო. და შეიპყრა იგი და მის თანა შეთქმულნიცა იგი კახნი და წარიყვანა იგი და პატიმარ ყო ციხესა შინა თორღასა, და თორმეტნი ყმანი მისნი ჭოეთის ციხიდამან გადმოყარნა და დახოცნა, და თვითონ დაიპყრა კახეთი. და იქმნა ურჩ და წინააღმდგომ მამისა თვისისა ალექსანდრესი, რამეთუ მძლავრებით მიუღო კახეთი და თვით დაიპყრა და იბატონა თვესა ექვსსა. და მერმე ურჩებისა მისთვის ეწია მსწრაფლ გულისწყრომა ღმრთისა და მოკვდა იგი. და შემდგომად კვლავ იპყრა კახეთი ალექსანდრემ, და გამოიყვანა ძე თვისი გიორგი პატიმარი ციხისაგან, და რამეთუ სხვა არღარა ჰყავდა ძე გარდა მისსა.
ხოლო დავითს ესვა ცოლად ასული მუხრანის ბატონის აშოთანისა. და ესე იყო ღვაწლ-მრავალი და სამგზის სანატრელი დედათა შორის ახოვანი დედოფალი და მოწამე ყოვლად ქებული ქეთევან. და ამას დარჩა დავითის მიერ ძე ერთი ყრმა მცირე თეიმურაზ. და ფრიად შიშნეულ იყო და ზრუნვიდა ქეთევან მხოლოდ შობილისა ყრმისა მისისათვის, ნუ უკვე ძვირი იხსენოს გიორგიმ, რომელ ყო ძვინად მის ზედა დავით. მისთვისცა ქეთევან იხმია გონიერება კეთილი და წარგზავნა ძე თვისი თეიმურაზ შააბაზ ყაენთანა. და წარჰყვა თანა შერმაზან ჩოლაყაშვილი.
ხოლო მივიდეს რა, დიდად პატივ-სცა შააბაზ, და ითვისა ვითარცა ძე თვისი, რამეთუ მაშინ დიდად წადიერ იეო შააბაზ და ღონეჰყოფდა დაპყრობად საქართველოსა. ხოლო ალექსანდრეს, მპყრობელსა კახეთისასა, პირველ ოდესმე მიეცა ძე თვისი კოსტანტინე შააბაზ ყაენისათვის, და აღზარდა სჯულსა თვისსა ზედა.
ესე კოსტანტინე წარმოგზავნა შააბაზ, და წარმოატანა თანა სპანი შირვანისა და ყარაბაღისანი. და ხელითა კოსტანტინესითა წარმოუგზავნა მამასა მისსა ალექსანდრეს. ხალათი. მაშინ შააბაზ მზაკვარებითა თვისითა აღჭურა და ამცნო კოსტანტინეს: „არღარავინ დარჩენილ არს სახლსა მამისა შენისასა გარდა შენსა, წახვედ და უღალატე მამასა შენსა და ძმასა შენსა და დაიპყარ შენთვის კახეთი, და მეცა ვიყო თანაშემწედ შენდა, და მიიღო ჩემგან პატივი და წყალობა ურიცხვი“. ესე აცთუნა ბოროტმან მან, და წარმოგზავნა მკვლელად მამისა და ძმისა თვისისა. ხოლო მან უბადრუკმან ირწმუნა განზრახვა ესე ბოროტი, დიდი ესე უგუნურება, რამეთუ ვინ სადა იხილა გარდა სულელთა და ხელქმნილთა, რათამცა სარწმუნო იქმნა განზრახვათა მტერისათა.
მაშინ წარმოემართა კოსტანტინე. და რა მოიწია საზღვართა კახეთისათა, მაშინ წარავლინა კაცი და მიუმცნო მამასა თვისსა ალექსანდრეს: „წარმოვედ დასტურითა შააბაზისათა, რამეთუ ფრიად მსურის ხილვად შენდა“.
მაშინ ფრიად განიხარა ალექსანდრემ, და წარვიდა, და თანა წარიყვანა ძე თვისი გიორგი, და მიეგებნეს წინა. იხილეს რაჲ ურთიერთას, განიხარეს სიხარულითა დიდითა და განისვენეს მცირედ. მაშინ მიუძღვნა კოსტანტინემ ხალათი იგი, რომელი წარმოეცა შააბაზს ალექსანდრესთვის, და იყვნეს იქ შვებით და სიხარულით.
ხოლო კოსტანტინეს აშფოთებდა ბოროტი იგი გულისთქმა, და აღდგა მკლველად მამისა თვისისა და ძმისა. დღესა ერთსა განაზრახნა სპანი იგი შირვანელნი და განიგულა წარწყმედა სულისა თვისისა, და სიკვდილი მამისა და ძმისა თვისისა. მაშინ მიუწოდა ალექსანდრეს და გიორგის [...]
გადამწერთა ანდერძი
წყალობითა ღვთისათა სრულ იქმნა ქართლისა ცხოვრება ესე ხელითა ჩემ უღირსისა მღვდლისა ქალაქსა ტფილისისასა, ჯვარის საყდრის დეკანოზის იოანესითა, დედასა ზედა სვეტის ცხოვლისასა. რამეთუ ვიდრე აქამომდე აღეწერათ, და ამისგან უსრულესი ქართლის ცხოვრება არსად იპოებოდა. ვითხოვ მხილველთაგან შენდობით მოხსენებასა, რამეთუ ფრიად დავშვერ და ვეცადე სიმართლესა, ვითარცა თქვენცა იხილავთ: აპრილის თვის 24, ქრისტეს აქეთ 1761. ქართულს ქრონიკონს უმთ.
იქ. სამი დედანი ვნახე. ამის მეტი არ ეწერა, და სიტყვანიცა და ლექსნიცა ესრეთ ეწერნეს. სხვა თუ არის სადმე მეტი და ან თვით ამისსავე ავქსონს ლექსსა და სიტყვას დაუწუნებო, თქვენ იცით და მან. მე შენდობილმცა ვიყო აღმწერი აღმომკითხავთაგან, ცოდვილი ზაქარია, ძე დეკანოზისა, უღირსი მღვდელი: აგვისტოს წელს ქრისტესით ჩ~ღმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий