აჯანყებული ქართლ-კახეთის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია
კახეთიდან განდევნილი და გონიოს დასახლებული თეიმურაზი დიდხანს ცდილობდა რუსეთისგან მიეღო რეალური დახმარება, მაგრამ, რადგან ამ
იმედმა ვერ გამართლდა, გონიოში მყოფმა თეიმურაზ I-მა განიზრახა თვითონ წასულიყო მოსკოვში. მაგრამ ქართლსა და კახეთში მომხდარმა ამბებმა მის განხორციელებაზე ხელი ააღებინა.
1625 წლის 25 მარტს (ახ. სტ. 7 აპრილი) ქართველმა აჯანყებულებმა მარტყოფის ველზე ყიზილბაშთა ლაშქარს მუსრი გაავლო. საინტერესოა, მარტყოფის აჯანყების მიზეზების როსტომ მეფისეული შეფასება: 1619 წელს კახეთის გამგებელი ბაგრატი გარდაიცვალა. შაჰ აბასმა დიდად განიცადა ბაგრატის სიკვდილი, რადგან მისი სახით ერთგული და მორჩილი მსახური დაკარგა. როგორც როსტომ მეფე გადმოგვცემს, „რა ჟამს მიესმა სიკუდილი ბაგრატისა შააბაზს ყეენსა, და ასრე დაუმძიმდა, ვითა ძმა ყოფილიყო“.
წლისთავზე, შაჰმა ბაგრატის ვაჟს სვიმონს ყარჩიღახან სარდლის ასული ცოლად გამოუგზავნა და კახეთის კახელებისაგან დაცლის გეგმის განხორციელება მის სიმამრს და მასთან ერთად მოსულ თორმეტ ხანს დაავალა. „რა ქორწილობა გარდაიხადეს ბრძანება იყო ყაენისა, რომე კახი კაცი გაეწყვიდა და კახეთში ყიზიბაში დაესახლა; და კახეთს პატრონობდა ბარდის ხანი ფეიქარხან“ (ქრონიკები, II, გვ. 462).
კახელთა ლაშქარი ქართლში დაიბარეს. ბრძანების შესაბამისად, ისინი მუხრანში, აღაიანის მინდორზე დადგნენ, მაგრამ ღალატით დახოცეს. როსტომ ხანი, ჩემი გაგებით, ქართველების მიმართ
თანაგრძნობით აღნიშნავდა („შეიყარნეს ქართუელნი. დაესხნეს
მარტყოფში ყიზილბაშთა თავსა. ყარჩიხან სარდარი და უსუფხან შირვანის ხანი და სხუა ხანები და სულთნებიც მრავალი დახოცეს. აივსნეს საშოვრითა: ოქროთა, ვერცხლითა, თვალითა, მარგალიტითა. მრავალისა უცხოს ნაქსოვითა, ცხენ-აქლემითა და ჯორითა“), ეს გახდა ქართლში ანტიირანული აჯანყების მთავარი მიზეზი, რომელიც გიორგი სააკაძის მეთაურობით დაგვირგვინდა მარტყოფის ბრწყინვალე გამარჯვებით. გიორგი სააკაძემ ქართლი და კახეთი (თბილისის გარდა) ყიზილბაშებისაგან გაწმინდა და განჯა ყარაბაღიც დალაშქრა. ამის შემდეგ თეიმურაზი მოიწვიეს და ქართლ-კახეთის მეფედ დასვეს.
ოსმალო ისტორიკოსი მუსტაფა ნაიმა, როდესაც ყიზილბაშთა დამსჯელი ექსპედიციის ტრაგიკულ დასასრულზე საუბრობს, ასეთი შინაარსის ცნობას გვაწვდის: „ქართლის მფლობელი მოურავ-ხანი, გურიელი, დადიანი, აჩიკ-ბაში (იმერეთის მეფე _ ე.მ.) და არაგვის ერისთავი გაერთიანდნენ, საქართველოს სხვა ერისთავებთან შეთანხმებულნი, საქართველოს დასაპყრობად მოსულ ყარჩიღაი-ხანისა და სრულიად ყიზილბაშთა ლაშქართან საბრძოლველად გამოვიდნენ“1. თურქი ისტორიკოსის ეს ცნობა ფრიად საინტერესოა. იგი ყურადღებას იმსახურებს იმ გაგებით, რომ, ისევე როგორც ადრე, ირანის წინააღმდეგ მებრძოლ
ქართლ-კახეთს მხარს უჭერდა მთელი დასავლეთ საქართველო. ნაიმა ძველად ქართველ მეფე-მთავრებს შორის არსებული ერთსულოვნების ანალოგიით მსჯელობს. სინამდვილეში კი ამ დროისათვის ერთობა უკვე დარღვეული იყო.
რუსი პოლიტიკოსები თვალყურს ადევნებდნენ საქართველოში მიმდინარე ამბებს და, როგორც ჩანს, მათ განსაკუთრებით აინტერესებდათ თეიმურაზ I-ს ჰქონდა თუ არა რაიმე ურთიერთობა ოსმალებთან. 1626 წლის 23 მარტს ასტრახანიდან მოსკოვში, გაგზავნილ მოხსენებაში ვოევოდა პ. გოლოვინი, სავარაუდოა, მარტყოფის აჯანყების შედეგებთან დაკავშირებით აღნიშნავდა, ქართველებმა შაჰს 7 ათასი (სხვა წყაროებით თითქმის ოთხჯერ მეტი) მეომარი ამოუწყვიტეს. ინფორმატორი საელჩო პრიკაზის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მართლმადიდებელი ქართველები შაჰს მარტონი ებრძვიან. მათ არც ერთი თურქი ეხმარება2.
1. მუსტაფა ნაიმა, ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსაცემად მოამზადა ნ. შენგელიამ, თბ., 1979.
2. Тивадзе Т. Г.,
Материалы по внешнеполитической истории Грузии первой половины XVII
века, с. 164-165, №26.
გასაგები იყო, რომ შაჰ აბასი აღნიშნულ სამხედრო წარუმატებლობას არ შეეგუებოდა და რევანშისთვის ემზადებოდა. აჯანყების სულისჩამდგმელმა და სისრულეში მომყვანმა გიორგი სააკაძემ კარგად იცოდა, რომ აჯანყებულები ირანთან ხანგრძლივად ვერ იბრძოლებდნენ. მან ოსმალეთის დიდ ვაზირს ყიზილბაშ სარდალთა მოჭრილი თავები, ტყვეთა ერთი ნაწილი, საჩუქრები გაუგზავნა და დახმარება სთხოვა. 1625 წლის 3 ივლისს სააკაძის ელჩები დიდ ვაზირთან მივიდნენ და მისი წერილი მიუტანეს. დიდი მოურავი ჰაფიზ ფაშას შექმნილ მდგომარეობას უხსნიდა და ირანზე თავდასხმის პერსპექტივას უაღრესად ხელსაყრელად უსახავდა. ამას გადმოგვცემს იქ დამსწრე ცნობილი ოსმალო ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი1. ქართველებს იმდენად დამაჯერებლად ჩამოუყალიბებიათ თავიანთი მოსაზრებანი, რომ იბრაჰიმ ფეჩევმაც მათი გეგმა მოიწონა და სარდალსაც ეხვეწა მიეღო ქართველთა წინადადება2.
1. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობების ქართულად მთარგმნელი და გამომქვეყნებელმა ს. ჯიქიამ, ქართველი ელჩების ოსმალო სარდლის ბანაკში მისვლა, დაათარიღა 1624 წლის
3 ივლისით და თანაც აღნიშნა, რომ ისინი სააკაძემ მარტყოფთან ყიზილბაშების განადგურების შემდეგ გააგზავნა (ხონთქრის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემული სიგელი. ენიმკის მოამბე, XIII, თბ., 1943, გვ.
234-235). ამ მომენტზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ სხვადასხვა თარიღი ფაქტის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას ითხოვს. ვფიქრობ, ოსმალური წყაროს 1624 წლით დათარიღება იმ ქართული ქრონიკების გავლენით მოხდა, რომლებიც მარტყოფის აჯანყებას 1624 წელში ათავსებენ. ს. ჯიქიას მიერ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ მ. სვანიძემ დააზუსტა მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლების თარიღები (სვანიძე მ.,
საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, გვ. 191-196). უნდა იყოს 1625
წელი, რადგან იბრაჰიმ ფეჩევის მონათხრობის მიხედვით, მარტყოფის ბრძოლა უკვე მომხდარია. ოსმალო ისტორიკოსი ამბობს: გიორგი სააკაძემ „მოხერხებული შემთხვევა რომ მიეცა, კარჩიკაი (ყარჩიღა-ხანი _ ე.
მ.) და მასთან მყოფი ხანები დახოცა და ერთი-ორი ათასი ყიზილბაშის ჯარს თავი მოჰკვეთა“ (იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ს.
ჯიქიამ, თბ.,
1964, გვ. 83).
2. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 83-84.
1625 წლის ივნისის ბოლოს ყიზილბაშთა ჯარი ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით საქართველოში შემოვიდა და მდ. ალგეთის ხეობაში მარაბდის ველზე დაბანაკდა. 1 ივნისს მომხდარ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ყიზილბაშებმა ქართლი დროებით შეინარჩუნეს. მაგრამ მარაბდასთან მოპოვებული გამარჯვება ყიზილბაშებისათვის იმდენად მძიმე იყო, რომ შაჰ აბასმა ამის შემდეგ ხელი აიღო საქართველოს მოსპობის განზრახვაზე. გიორგი სააკაძე სამცხეში გადავიდა, „საფარ ფაშას სთხოვა მოურავმან ჯარი და ათხოვა“1. მან ადგილობრივი ფეოდალების შეწევნით ყიზილბაშებს შეუტია და წარმატებაც მოიპოვა. ამის შემდეგ სააკაძემ სულთანს რამდენჯერმე სთხოვა დახმარება. სულთანთან მოციქულებისა და წერილების გაგზავნის შესახებ და იმაზეც თუ როგორ დახმარებას პირდებოდა სულთანი გიორგი სააკაძეს, ვიგებთ სულთნის მიერ მისთვის ნაბოძები ფირმანიდან: „ვინაიდან, როგორც შენ მომახსენებ, _ სწერს სულთანი გიორგი სააკაძეს, _ და მაუწყებ, ჩემი უდიდებულესობისათვის ცხადი შეიქნა, რომ სარწმუნოების მტერთა (შიიტი ირანელების _ ე.მ.) მიზანს უეჭველად საქართველო შეადგენს... ამიტომ შენს მეშველად დაინიშნონ... აწ ბათუმის ბეგლარბეგი... მისადმი რწმუნებული ვილაიეთის ჯარით, ჩალდირის-ხიდის ბეგი მურთაზა, არფალიკის წესით თავისი სანჯაყის მფლობელი საფარი2... და საქართველოს მხარეების [სხვა] მმართველები და ემირები მათ განკარგულებაში მყოფი ლაშქრითურთ... გამოიყო ჩემი იანიჩართა ნაწილები... შენთვის დახმარება ებრძანა ანატოლიის ვილაეთის ზაიმებსა და თიმარის პატრონებს და სრულიად არზრუმისა და ტრაპიზონის ვილაეთში მყოფ იანიჩრებს თავიანთი მეთაურებით... ბრძანებები გაეგზავნათ [აგრეთვე] დაღესტნის მმართველებს, რათა მათ სასწრაფოდ გამოიყვანონ [ჯარი] და გამოგზავნონ დანიშნულების ადგილას. დიდებული ბრძანება დაეგზავნა აგრეთვე გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის მეფეებს მასში, რომ, ჩემი სამარადისო ტახტისა და შეურყეველი ჩემი დინასტიისადმი მათი ერთგულებისა და მორჩილების შესაბამისად, თქვენთან ერთსულოვანნი იყვნენ და სამსახურის შესრულებას გულმოდგინებითა და ყურადღებით მოეკიდონ“3.
1. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 411.
2. საფარი _ ახალციხის ფაშა, ყოფილი ბექა III.
3. ჯიქია ს.,
ხონთქრის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემული სიგელი. ენიმკის მოამბე, 13, თბ.,
1942, გვ. 236-240.
სულთანი იმავე ფირმანით გიორგი სააკაძეს აცნობებდა, რომ ანატოლიაში გამოუყო „პატივცემული და სახელოვანი სანჯაყთაგანი... არფალიკის წესით და შენს მიერ დასაკავებლად მზადაა“ (იქვე, გვ. 240). როგორც ჩანს, სულთანი ყიზილბაშების წინააღმდეგ ამბოხებულ ქართველებს სერიოზულ დახმარებას პირდებოდა, მაგრამ ამის განხორციელება ვერ მოხერხდა, შეიძლება ისევ ქართველებს შორის უთანხმოების გამო. თეიმურაზ I და გიორგი სააკაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც ბაზალეთის ტრაგედიით დასრულდა. ფირმანიდან ყურადღებას იპყრობს ის, რომ სულთანმა სააკაძეს ანატოლიაში სანჯაყი გამოუყო. არ ჩანს, ეს საჩუქარი მან მოურავს თავისი სურვილით, ყიზილბაშების წინააღმდეგ საბრძოლველად გასააქტიურებლად, თუ სააკაძისავე თხოვნით უბოძა. მაგრამ, ცხადია, ამ სანჯაყით სულთანმა სააკაძეს ოსმალეთში დასაყრდენი შეუქმნა და თავის სამსახურშიც ჩაიყენა.
წერილობითი წყაროები არ იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, სააკაძის მიერ სულთანთან მოციქულებისა და წერილების გაგზავნა თეიმურაზთან შეთანხმებული იყო თუ არა? იცოდნენ თუ არა საქართველოში სულთნის მიერ სააკაძისათვის სანჯაყის ბოძების შესახებ? შეიძლება, თეიმურაზსა და სააკაძეს შორის დაპირისპირების მიზეზები ესეც იყო?
თეიმურაზ მეფე, თუ გაითვალისწინებდა სააკაძის ამბიციებსა და მთელ მის განვლილ ცხოვრებას, სრული საფუძველი ჰქონდა სააკაძისადმი უნდობლობა გამოეცხადებინა. ვინ იქნებოდა გარანტი, რომ გიორგი სააკაძე, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი სანჯაყის მფლობელი, სულთნის მიერ მიცემულ ჯარს მის წინააღმდეგ არ გამოიყენებდა.
თეიმურაზი დასავლეთ საქართველოში გადავიდა, სადაც იმერეთის მეფე და ოდიშის მთავარი დახმარებას დაპირდნენ. 1626 წელს გიორგი სააკაძე სამცხიდან, თეიმურაზ მეფე კი იმერეთიდან ქართლში დაბრუნდნენ და ციხეებიდან ყიზილბაშებს დევნიდნენ.
გარედან თავდახმის საშიშროების მოხსნის შემდეგ, კვლავ გამოიღვიძა შინაგანმა დაპირისპირებამ და მტრობამ. თავადებმა მეფესა და სააკაძეს შორის განხეთქილება ჩამოაგდეს. ბაზალეთთან მომხდარ ბრძოლაში (1626 წ. შემოდგომა) თეიმურაზმა გაიმარჯვა. სააკაძე კვლავ სამშობლოდან გადაიხვეწა. მან ბედი ჯერ სამცხეში, შემდეგ იმერეთში სცადა და ბოლოს არზრუმში ოსმალეთის სულთნის დიდვაზირთან მივიდა და მორჩილება გამოუცხადა.
თურქი ისტორიკოსის ნაიმას მიხედვით, „არზრუმში გალაშქრების წელს მოურავმა სარდალს მორჩილება გამოუცხადა და არზრუმის დაპყრობასაც დაესწრო“1. ნაიმას მონათხრობიდან არ ჩანს, ვინ იყო დიდვაზირი, მაგრამ ცნიბილია, რომ 1627 წელს, ოსმალთა სარდალმა, დიდვაზირმა ხალილ-ფაშამ (დიდვაზირად დაინიშნა 1626 წლის დეკემბერში) ამ ქალაქში გამაგრებულ აჯანყებულ აბაზა-ფაშაზე გაილაშქრა, მაგრამ უშედეგოდ2. ამის შემდეგ ხალილ ფაშა გადააყენეს და 1628 წლის ივნისში დიდვაზირად ხუსრევ-ფაშა დაინიშნა. მან იმავე წლის ნოემბერში არზრუმი აიღო. ს. ჯიქია დაასკვნის, რომ „მოურავი ოსმალეთში გადასულა არზრუმში პირველი გალაშქრების წელს, ე.ი. 1627 წლის, დაახლოებით, ზაფხულში, ხალილ-ფაშას დიდ-ვაზირადა და სარდლად ყოფნის დროს“3, ე. ი. 1627 წელს. ს. ჯიქიას ეს მოსაზრება უფრო მისაღები ხდება, როდესაც გავითვალისწინებთ, რომ 1627 წლის მარტში კონსტანტინოპოლში ჩასულ მისიონერებს საფრანგეთის ელჩმა სეზიმ რეკომენდაცია მისცა „თეიმურაზის ელჩის მაუროს წინაშე“4. რა თქმა უნდა, მაურო _ გიორგი სააკაძეა, მაგრამ იგი თეიმურაზის ელჩი კი არა დევნილი იყო. გვაქვს სხვა ცნობაც. ასტრახანის ვოევოდა პ. გოლოვინის მოსკოვის საელჩო პრიკაზში გაგზავნილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ სპარსელებსა და ქართველებს შორის შეტაკება აღარ მომხდარა. მან ყიზილბაშებისაგან გაიგო, რომ თეიმურაზ მეფემ შაჰ- თან მშვიდობა დაამყარა. ისიც უთქვამთ, რომ ქართველი მოურავი (გიორგი სააკაძე) თეიმურაზ მეფეს გაშორდა და მცირე ამალით არზრუმში აბაზა ფაშასთან წავიდა5.
1. ჯიქია ს.,
ცნობა დიდი მოურავის უკანასკნელი დღეების შესახებ ოსმალეთში, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ.
13, 1942, გვ. 209-210.
2. იქვე გვ.
210, შენ. 8.
3. იქვე.
4. თარხნიშვილი მ.,
დასახ. ნაშრ.,
გვ. 372.
5. «Да они ж государь тезики Назар да Недыр слышели в разговоре от кызылбашских людей, что грузинской Темиряз царь с шахом учинился в миру, а воевода
грузинской Маврав от Темирязя царя отехал с невеликими людми в турецкой в
Ызрум город к Абазе паше...» Тивадзе Т. Г., Материалы, с. 165, #27.
ყურადღებას იპყრობს რუსული წყაროს თარიღი _ 1626 წლის 2 დეკემბერი, რომელიც ასახავს ვოევოდას მოხსენების საელჩო პრიკაზში ჩაბარაების დროს და არა იმას, როცა ვოევოდამ ამბავი მოისმინა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წერილის ასტრახანიდან მოსკოვამდე ჩატანას და დანიშნულებისამებრ ჩაბარებას საკმაო დრო დასჭირდებოდა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ რუსული წყარო კიდევ უფრო აზუსტებს გიორგი სააკაძის საქართველოდან ოსმალეთში გადასვლის დროს. აბაზა-ფაშა ამ დროს, მართლაც არზრუმში იმყოფებოდა, მაგრამ სააკაძე, ალბათ, სამცხეში შეყოვნდა და არზრუმთან მაშინ მივიდა, როცა ხალილ-ფაშას ეს ქალაქი ალყაში ჰყავდა. როგორც ჩანს სააკაძემ ქართლი ბაზალეთის ბრძოლისთანავე დატოვა.
გიორგი სააკაძე მცირე ხნის შემდეგ, ოსმალეთში დაიღუპა (1629 წ. 3 ოქტომბერი)1. არ არის გამორიცხული, რომ მის დაღუპვაში, პირდაპირ ან ირიბად, თეიმურაზ მეფის ხელიც ერია. გიორგი სააკაძის ოსმალეთში წასვლა, თეიმურაზმა იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა, რომ სრულიად მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა _ თავი გამოაცხადა შაჰ აბასის მორჩილად. ამის შემდეგ, თეიმურაზ მეფესა და შაჰ აბასს შორის „მშვიდობა“ დამყარდა. თეიმურაზ მეფისა და შაჰ აბასის შერიგების საქმეში განსაკუთრებული როლი შეუსრულებია დაუდ-ხან უნდილაძეს (შემდეგში განჯის ბეგლარბეგი). ისქანდერ მუნშის გადმოცემით, „თეიმურაზმა თავისთვის უმჯობესად სცნო შეხვეწნოდა [შაჰის] კარს. ალავერდი-ხანის შვილს, რომელიც ყორჩიბაშის განკარგულების თანახმად, თავისი ხალხის ერთი რაზმით თბილისში იდგა, გაეცნო და დაუმეგობრდა და მისვლა-მოსვლა გაიმართა“2. მისი რჩევით, თეიმურაზმა შაჰს მორჩილების წერილები გაუგზავნა. სპარსელი ისტორიკოსის თქმით, თეიმურაზის ამ ნაბიჯის გადადგმა ნაკარნახევი იყო გიორგი სააკაძის სულთნისათვის დახმარების სათხოვნელად ოსმალეთში წასვლით.
თეიმურაზის შაჰ აბასთან შერიგების საქმეში გარკვეული როლი შეუსრულებია იმამყული ხანსაც, დაუდ-ხანის უფროს ძმას. მაგრამ, თეიმურაზმა დაუდ-ხანის რჩევის მიუხედავად (თეიმურაზს „გამოეცვალა თურქული სამოსი, განდგომის ხანებში რომ ჩაეცვა და ყიზილბაშური ტანსაცმელი ჩააცვა“), ვერ გაბედა შაჰთან წასვლა, რასაც ეს უკანასკნელი მოითხოვდა3. მაგრამ თერიმურაზი, შაჰ აბასის სიცოცხლეში, ირანში (შირაზში) მაინც ყოფილა და 1628 წ. 22 მარტს ორმუზის აღების აღსანიშნავ საზეიმო ბანკეტს დასწრებია4.
ერთ-ერთი რუსული ცნობის მიხედვით, ასტრახანის ვოევოდას ირანის შაჰის ელჩ მაჰმედ სალი ბეგთან საუბრისას გაუგია, რომ თეიმურაზ მეფესა და შაჰს შორის მშვიდობა დამყარდა, მაგრამ ელჩმა არ იცოდა რამდენი ხნით. თეიმურაზს ქ. აშრაფში (მაზანდერანში) ორი თურქი, ოთხი ქართველი და 100 მოკლული ადამიანის გვამი გაუგზავნია და შაჰისათვის შეუთვლია, რომ მან ეს ადამიანები დახოცა თავის ქვეყანაში, როცა ისინი შაჰის მოღალატე მოურავის მეთაურობით თეიმურაზ მეფის წინააღმდეგ მოვიდნენ თურქებთან და ქართველებთან ერთად5. თუ რუსული წყარო სიმართლეს ასახავს, მაშინ გამოდის, რომ გიორგი სააკაძეს ბაზალეთის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავის ერთგულ ქართველებსა და ოსმალთა რაზმებზე დაყრდნობით საქართველოში დაბრუნება უცდია, მაგრამ კვლავ მარცხი განუცდია. მაჰმედ სალი ბეგის თქმით, თეიმურაზ მეფეს ეს სამხედრო წარმატება, რაც სააკაძეს დამარცხებაში გამოიხატა, ისპაანში უცნობებია, როგორც საერთო მტერსა და შაჰის მოღალატეზე გამარჯვება6.
1. ნაიმამ გიორგი სააკაძის საინტერესო დახასიათება დაგვიტოვა: „მოურავი ჭეშმარიტად გულადი, ღონიერი, ტანით სპილოს მსგავსი, იშვიათი ვაჟკაცი და დევისღონე იყო, მაგრამ მართვა-გამგეობის საქმეებში უმეცარი
და, ბუნებრივია, მიდრეკილებას იჩენდა მჩაგვრელობისა და ძალმომრეობისადმი“; „მოურავი სპეტაკ-წვერიანი საშუალო ტანისა იყო“.
ჯიქია ს., ცნობა დიდი მოურავის უკანასკნელი დღეების შესახებ ოსმალეთში, გვ.
210.
2. ისქანდერ მუნში, გვ. 139-140.
3. იქვე, გვ.
140-141.
4. ჟორდანია გ.,
თეიმურაზ მეფე და ძმანი უნდილაძენი, ჟურნ.
„მნათობი“, #5, 1984, გვ.
141.
5. Тивадзе Т. Г., Ук. труд, с. 166, № 29.
6. Там же.
საინტერესოა, რომ შაჰის ელჩის ეს ცნობა, გიორგი სააკაძის ოსმალთა ჯარით თეიმურაზ მეფის სამფლობელოებში შეჭრის შესახებ, საქართველოში ნამყოფმა რუსებმა, ფედკა გრიგორიევმა და ივაცკო ივანოვმა დაადასტურეს1. მათი მონათხრობი, ამას გარდა, სხვა საინტერესო ცნობებსაც შეიცავდა და ასტრახანის ვოევოდამ ყველაფერი რუსეთის ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძეს 1629 წლის ივლისში შეატყობინა. მათ უთქვამთ: შაჰ აბასმა ისე გაანადგურა საქართველო, რომ თეიმურაზ მეფეს ქალაქები აღარ ჰქონდა და იძულებული იყო ერთი სოფლიდან მეორეში გადასულიყო. ერთი პირობა თეიმურაზი „თურქების ქალაქ გონიოში“ ცხოვრობდა. ამჟამად მას მშვიდობა აქვს ოსმალეთის სულთანთან და ირანის ახალ შაჰ სეფისთანაც ელჩები გაგზავნა, მაგრამ რისთვის, ცნობილი არ არისო. ირანის შაჰის ელჩები ქართველ მეფესთან არ მოსულან. გამოკითხულ რუსებს მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლებზეც უთქვამთ.
1. წერილში ნათქვამია, რომ 1629 წლის 9 ივლისს თერგიდან ასტრახანში მივიდნენ საქართველოდან წამოსული მოგზაური ვაჭარი ფედკა გრიგორიევი და მეთემე გლეხის შვილი ივაცკო ივანოვი. 15 წლის წინათ ისინი ყირიმელმა თათრებმა დაატყვევეს და კაფაში მიყიდეს სამსუნის ფაშას, რომლისგან გაქცევა და დონის კაზაკებთან მისვლა სცადეს. თურქებმა ისინი ზღვაში დაიჭირეს და ბატონთან დააბრუნეს. ფაშამ რუსები სხვას მიყიდა, რომელთანაც ხუთი წელი იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ მათ გაქცევა შეძლეს და ერევანში, შემახაში, განჯასა და თბილისში იცხოვრეს ორი წელი. იმის გამო, რომ თბილისში ყიზილბაშები იყვნენ, მათ თბილისი მიატოვეს, მაგრამ საქართველოში დარჩნენ კიდევ ერთი წელი და ერთ ბერძენ მღვდელთან, ვინმე გიორგისთან ცხოვრობდნენ. Там же, ც. 168, #31.
ფედკა გრიგორიევს და ივაცკო ივანოვს ქართველებისგან გაუგიათ, რომ თეიმურაზს განზრახული ჰქონდა რუსეთის ხელმწიფესთან მალე, მიმდინარე წელს, ქართველი პატრიარქი ელჩად გაეგზავნა, მაგრამ რა მიზნით მიდიოდა ელჩობა, ამის შესახებ არ იცოდნენ. მათ ქართველებისგან ისიც გაუგიათ, რომ „საქართველოს მეფე თეიმურაზის ქალაქებში ოსმალთა ჯარით შეიჭრა მოურავ ფაშა (გიორგი სააკაძე _ ე.მ.), რომელიც წინათ, ადრინდელი ირანის შაჰის ხანი იყო. საქართველოს მეფე თეიმურაზის ხალხმა მოურავ ფაშა და მისი ოსმალეთის ჯარი დაამარცხეს და საქართველოს ადგილებიდან განდევნეს. ამის შემდეგ, ხელმწიფეო, არც ერთი მხრიდან საქართველოს მიწა-წყალს აღარავინ დასხმია“1.
საინტერესოა რუსული წყაროების ცნობები სააკაძის შესახებ. აღინიშნა, რომ იგი 1627 წელს ოსმალეთში გადავიდა და სულთანს ჯარით დახმარება სთხოვა. იმ დროს ირან-ოსმალეთის ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა და ოსმალეთისათვის სააკაძის საქართველოში დაბრუნებისა და მისი გეგმის განხორციელებისათვის სამხედრო დახმარების გაწევის დრო არ იყო. მან მონაწილეობა მიიღო აჯანყებული აბაზა ფაშას წინააღმდეგ ლაშქრობასა და არზრუმის აღებაში 1628 წელს. ამის შემდეგ ოსმალებმა სამცხის იმ ციხეებს შეუტიეს, სადაც ყიზილბაშები იდგნენ. გ. ჯამბურიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ სამცხის ციხეების დაპყრობაში შეიძლება გიორგი სააკეძეც მონაწილეობდა2.
ზემოთ დამოწმებულ რუსულ წყაროებში გიორგი სააკაძესთან დაკავშირებული ამბავი, საქართველოში ოსმალეთის ჯარით შემოჭრის შესახებ, მისი სამცხეში ყოფნის გამოძახილი უნდა იყოს. ისიც დასაშვებია, რომ მან ქართლში შემოჭრაც სცადა, მაგრამ ამის განხორციელება ვერ შესძლო. ოსმალეთის სარდლობამ მას მხარი არ დაუჭირა, რადგან თეიმურაზი თავის მოკავშირედ მიაჩდათ. ესეც არ ყოფილიყო, ირანთან მეომარი ოსმალეთი აღმოსავლეთი საქართველოს რთულ საქმეებში ვერ ჩაერეოდა. შაჰის მიერ ქართლში განცდილი ზარალი სულთნისათვის სასიამოვნო და, იმავე დროს, ანგარიშგასაწევი მაგალითი იყო.
1. Там же, ც. 169.
2. ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964, გვ. 168.
ბაზალეთის ომის შემდეგ თეიმურაზმა შიდა ქართლი დაიკავა. შაჰი იძულებული გახდა იგი ქართლ-კახეთის მეფედ (1625-1632) ეღიარებინა, სამაგიეროდ თეიმურაზმა ირანის შაჰის ვასალად ყოფნა სცნო1. აღნიშნული პერიოდის წყაროების მიხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქართლ-კახეთის ირანთან ურთიერთობაში თითქოს მშვიდობიანობამ დაისადგურა.
ამგვარად, თეიმურაზსა და შაჰ აბასს შორის მიღწეული იქნა კომპრომისი, რომელიც ზ. ავალიშვილმა ასეთნაირად ახსნა: „კომპრომისის ძებნა თეიმურაზის მიერ აშკარად აიხსნება მისი შიშით _ ოსმალების დახმარებით დიდმა მოურავმა ქართლი, ვინ იცის, კახეთიც არ წამართვას და არ დაიჭიროსო! და უირანოდ, საკუთარი ძალით, ოსმალეთისაგან ზურგგამაგრებულ მეტოქესთან ბრძოლას ხომ ვერ შეძლებდა! შაჰ აბასისათვის, რომელიც მაშინ ბაღდადის მხარეს ოსმალებს ეომებოდა, თეიმურაზის ყმობა და მეგობრობა მის მტრობაზე უფრო ხელსაყრელი იქნებოდა“2.
შაჰის კომპრომისი განპირობებული იყო არა იმდენად საგარეო ფაქტორით, რამდენადაც თეიმურაზისა და ქართველი ხალხის შეუპოვრეობითა და გაუტეხელობით. შაჰ აბასს უკვე ნაცადი სამხედრო მეთოდებით საქართველოში მოქმედება აღარ შეეძლო, იმაზე მეტ სისატიკეს და სადიზმს ვეღარ ჩაიდენდა რაც უკვე ჩადენილი ჰქონდა. ალბათ, ანგარიშს იმასაც გაუწევდა, რომ თეიმურაზს დამცველები შაჰის უახლოეს გარემოცვაში გამოუჩნდნენ ძმები უნდილაძეების სახით, რომლებსაც დიდი გავლენა ჰქონდათ შაჰის კარის დიდკაცობაზე.
შაჰ აბასის სიკვდილის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა შვილიშვილმა შაჰ სეფიმ. თავდაპირველად თეიმურაზს ახალ შაჰთან მშვიდობიანი ურთიერთობის გაგრძელების მიზნით ელჩები გაუგზავნია3, მაგრამ ეს გარემოება სრულიადაც უხიფათოს არ ხდიდა ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობას ირანის მხრივ. არც სპარსელები იყვნენ გულდამშვიდებულნი და ქართველობის მიერ მშვიდობისა და ერთგულების გამოცხადებას ეჭვის თვალით უცქეროდნენ. ასტრახანის ვოევოდა ი. ბუინოსოვ-როსტოვსკი 1629 წლის ოქტომბერში საელჩო პრიკაზს აცნობებდა: „შაჰის სახელმწიფო არავის ეომება, მხოლოდ ყიზილბაშებს სერიოზული შიში აქვთ ქართველებისა, რომ ქართველები აიკლებენ, იმის გამო, რომ ადრინდელმა აბას შაჰმა საქართველოს მიწა-წყალი დაიპყრო და აიკლო...“4
თეიმურაზ მეფე რომ ყიზილბაშებს მოსვენებით ცხოვრების საშუალებას არ მისცემდა, ყიზილბაშებმა წარსულის მაგალითებით უკვე იცოდნენ. იგი ყველა საშუალებით, როგორც იარაღით, ისე დიპლომატიით, შეეცდებოდა თავისი სამეფოს დამოუკიდებლობის დაცვას და ყიზილბაშებისაგან მუდმივი მუქარის განეიტრალებას. ამიტომ საჭირო იყო ირანის შემაკავებელი მოკავშირე ძალა. თეიმურაზმა უკვე იცოდა, რომ ასეთ ძალად, მოცემულ ეტაპზე, ვერც ოსმალეთი და ვერც რუსეთი გამოდგებოდა. ამიტომ ქართლ-კახეთის მეფემ ყურადღება დასავლეთ ევროპაზე გადაიტანა. მისი ვარაუდით, ირანს, ევროპის სახელმწიფოებიდან, უპირველეს ყოვლისა, ესპანეთი დაუპირისპირდებოდა. თეიმურაზ მეფის ვარაუდი არასწორ პოლიტიკურ გათვლას ემყარებოდა.
1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბ., 1973, გვ., 277-291
2. ავალიშვილი ზ. თეიმურაზ I და მისი პოემა „საქართველოს დედოფლის ქეთევანის წამება“ ლონდონი, 1937, ვ. I, №3-5.
3. ელჩობის ისპაანში ჩასვლის დროს ზუსტად დადგენა ჭირს: «Да тому де государь ныне месяца с полтретя, грузинской Темиряз цар прислал к шаху Суфию послов своих». Тивадзе Т. Г., Ук. труд, с. 166, №32.
4. Там же.
თეიმურაზ I-ისა და უნდილაძეების ანტიირანული აჯანყება
შაჰ აბას I-ის მეფობის ბოლო პერიოდი ირანის წარუმატებელი საგარეო პოლიტიკით აღინიშნა. ოსმალეთმა ძალები მოიკრიბა, შეტევაზე გადავიდა და ადრე დაკარგული სამფლობელოებიდან ზოგიერთი კიდეც დაიბრუნა. ასეთ ვითარებაში შაჰ აბასმა, იმისათვის, რომ ოსმალების წარმატებით შეგულიანებულ საქართველოში ანტიირანული გამოსვლები თავიდან აეცილებინა, თეიმურაზ მეფესთან მორიგება არჩია. შაჰმა ქართლ-კახეთის მოსპობასა და მისი სახანოდ გადაქცევის პოლიტიკაზე უარი თქვა და თეიმურაზს შუამავლად დაუდ-ხან უნდილაძე გაუგზავნა. შაჰ აბას I-მა თეიმურაზ I ფაქტობრივად, ქართლ-კახეთის ქრისტიან მეფედ ცნო, თეიმურაზმა კი თავი მის ვასალად აღიარა. თეიმურაზ მეფემ სვიმონ-ხანისა და ზურაბ ერისთავის გზიდან ჩამოცილების შემდეგ, დასავლეთ საქართველოსთან მოკავშირეობის მიზნით თავისი ქალიშვილი დარეჯანი იმერეთის მეფე გიორგი III-ის მემკვიდრეს ალექსანდრეს მიათხოვა. მან დაღესტანიც დალაშქრა და ამის შემდეგ ქვეყანამ ლეკების მძარცველური თავდასხმებისგან დროებით მოისვენა.
თეიმურაზმა თავისი ქალიშვილის იმერეთის მეფის ვაჟზე გათხოვებით, სერიოზულ პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია. ივ. ჯავახიშვილი თეიმურაზისა და იმერეთის სამეფო კარის დანათესავების გამო აღნიშნავდა: „გ. სააკაძის საქციელს, რომელმაც თეიმურაზ მეფის საწინააღმდეგოდ იმერთა მეფის-ძის ქართლში გაბატონება სცადა, უნდა დაენახვებინა თეიმურაზისათვის, რომ მისთვის იმერეთის მეფესთან უფრო მჭიდროდ დაახლოება და დაკავშირება იყო საჭირო. რაიმე გზით ის უფრო მომტკიცებული უნდა ჰყოლოდა, რომ მუდამ ზურგიდან თავდასხმისა და და ხიფათის მოლოდინში არ ყოფილიყო. საფიქრებელია, რომ სწორედ ამ პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა ეხელმძღვანელა თეიმურაზ მეფეს, როდესაც მას თავისი ვერაგობითვე ახლად დაქვრივებული ქალის იმერეთში გათხოვება გადაუწყვეტია...“ (ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 358.)
ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ თეიმურაზის მმართველობით უკმაყოფილო იყო ქართლის დიდკაცობა: „კახნი ქართველთზედ ამაყობდეს და ხმლით დაჭირულს ეძახდეს, უპატიოთაც ეპყრობოდეს, ქართველთ გული გაავებოდა და ბატონის თეიმურაზის ბატონობა არ უნდოდათ“1. ასეთი მდგომარეობა მეფის დამოკიდებულებას თავისი ქვეშევრდომების მიმართ ძაბავდა. როგორც ერთ-ერთი მისი თანამედროვე უცხოელი წერდა, „ის სულ სხვა კაცად შეიცვალა: ყველას მტრად გადაეკიდა, თავის ქვეშევრდომებს სასტიკად ეპყრობოდა, ახალი ხარჯი გააწერა და ყველაფერს ძალით ართმევდა; მისთვის სამართალი აღარ იყო. თავის კანონად თავისი სიხარბე და ჟინი გაიხადა“2.
საინტერესოა, რომ თვით მეფე თეიმურაზიც კრიტიკულად აფასებდა აქამდე განვლილ თავის ცხოვრების გზას: „მე ყოვლად უსრულმან ცნობითა, ქცევითა ყოვლად ნაკლულევანმან კეთილგანა სასოებით და წრწოლით ბრალთაგან ყოვლად განკრთობილმან, მეფედ დადგინებულმან ძისა შენისაგან არათუ გამორჩევით, არამედ უნარჩევესმან, მსასოებელმან შენმან და მონამან მდაბალმან, უნდომან თეიმურაზ“3.
შაჰის კარზე დაწინაურებული ქართველების ერთმა მნიშვნელოვანმა ჯგუფმაც, ხოსრო-მირზას მეთაურობით, იმდენი იმარჯვა, რომ ტახტზე შაჰ აბასის შვილიშვილი სეფი-მირზა გაამეფა. ხოსრო-მირზა თეიმურაზის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, რამდენათაც თეიმურაზს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მის მოწინააღმდეგე უნდილაძეებთან. ხოსრო-მირზას ჯგუფმა იმდენი მოახერხა, რომ თეიმურაზის მომხრე ჯგუფის მეთაური დაუდ-ხან უნდილაძე გააძევა, რომელიც 1630 წელს ყარაბაღში წამოვიდა და განჯას დადგა. ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით, „დაუდ ხან ყარაბაღის ბეგლარბეგი უჭკო და ამაყი კაცი იყო და ყაენსაც როსტომ მეფის გულისათვის მეჯლიშიდამენ გაეგდებინა და ეს ჯავრი დაუდხანს ვერ მოეთმინა. ამისათვის თეიმურაზ მეფეს მოციქულობა დაუწყო. შეიფიცნეს და ადრბეჟანის დაჭირვა მოინდომეს“4.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 238.
2. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 125.
3. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 347.
4. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 238.
თეიმურაზმა და დაუდ-ხანმა ირანის დალაშქვრა განიზრახეს. „ასეთ ვითარებაში საჭირო იყო დინჯი და აუჩქარებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარება. თეიმურაზი იმის მაგივრად, რომ თავი ირანის ერთგულ ვასალად მოეჩვენებინა და ქვეყნის საშინაო მდგომარეობის მოწესრიგებაზე ეზრუნა, საკმაოდ მოუმზადებელი, ირანის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა“1.
შევეცდები გავარკვიო რით იყო განპირობებული თეიმურაზისა და დაუდ-ხან უნდილაძის, ერთი შეხედვით, მოუმზადებელი მოქმედება _ გამოუცხადებელი ომის დაწყება ირანის წინააღმდეგ.
გამოთქმულია საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დაუდ-ხანის ძმა შირაზის გამგებელი იმამყული-ხანი თანაუგრძობდა თეიმურაზისა და დაუდ-ხანის ანტისპარსულ აჯანყებას. თეიმურაზს დაუდ-ხანთან მეგობრობა და ნათესაობა აკავშირებდა2. იგი თეიმურაზის სიძე, დის ქმარი იყო. უცხოელთა ცნობებით, თეიმურაზს იმამყული-ხანთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და 1627 წლის თებერვალში შირაზშიც კი ყოფილა და მისი მასპინძლობით უსარგებლია3. ამ ორი მოღვაწის ურთიერთობის ამსახველი ეს ერთი მაგალითიც კი საგულისხმოს ხდის მათ შორის სერიოზული პოლიტიკური გარიგების მიღწევის შესაძლებლობას.
1. ჯამბურია გ., ქართველი ხალხის ბრძოლა არსებობის შენარჩუნებისათვის XVII ს. პირველ მესამედში. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 294.
2. გაბაშვილი ვ., უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI-XVII სს. ირანში (ქართული წყაროების მიხედვით). მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, II, თბ., 1972, გვ. 68, 75, 81; ნატროშვილი თ., თეიმურაზ პირველის აჯანყება და იმამ-ყული-ხან უნდილაძე, „ახლოაღმოსავლური კრებული“, თბ., 1983, 165-171.
3. ნატროშვილი თ., მაშრიყით მაღრიბამდე, გვ. 194-195. თეიმურაზ მეფე თავის პოემაში „წამება ქეთევან დედოფლისა“, იმამყული-ხანს ქეთევან დედოფლის მოწამებრივი სიკვდილში მონაწილეობაში ბრალს არ სდებს: „იმამ-ყულიხანს რა ესმა საქმენი საზარონია,//მეტად გაკვირდა, ესე თქვა: „მისი რა საკადრონია?// ვიცი, რომ არ გათათრდების, თუცა არა აქვს დრონია,//თეიმურაზის დედასა ვით ვკადრო უკადრონია?“ თეიმურაზ მეფე იქვე იძლევა იმამყული-ხანის დადებით დახასიათებას (სტრ. 31-32). იმამყული-ხანი რომ მფარველობდა თეიმურაზის დედასა და შვილებს ამას ადასტურებენ ამბის თანამედროვე პიეტრო დელა ვალე და ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი.
იმამ-ყული-ხანს, რომ საქართველოსთან გარკვეული კავშირი ჰქონდა, ამაში გვარწმუნებს ავიტაბილეს ერთი საინტერესო ნათქვამი, რომელიც აუცილებლად ასახავდა მის დროინდელ აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ განწყობილებას: „ამასობაში ვიღაცამ ხელმწიფეს (შაჰ სეფის _ ე.მ.) მისწერა საქართველოდან, რომ თუ გინდათ საქართველოს დაეპატრონოთ, თავიდან უნდა მოიშოროთ შირაზელი იმამ-ყული-ხანი, რადგან მთელი ქართველი ხალხის თვალები მისკენაა მიპყრობილიო“1.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მოვლენების არასასურველმა განვითარებამ განაპირობა ის, რომ დაუდ-ხანისა და თეიმურაზის აჯანყებამ ანტისპარსული სახე მიიღო. თავდაპირველად იგი მიმართული უნდა ყოფილიყო, აჯანყებულთა გაგებით, უკანონოდ გამეფებული სეფი მირზას და მისი მომხრეების წინააღმდეგ, მაგრამ თავიანთი კანდიდატის ტახტზე აყვანის მცდელობის ჩაშლის შემდეგ იძულებულნი გახდნენ სეფი მირზასდმი დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინათ.
სავარაუდოა, თეიმურაზისა და დაუდ-ხან უნდილაძის აჯანყება დიდი ხნის განმავლობაში სერიოზულად მზადდებოდა და მის მეთაურებს შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ. 1630 წლის 5 ოქტომბრით დათარიღებული წერილიდან, რომელიც სომხეთიდან ვენეციაში გაიგზავნა, ნათქვამია, რომ „თეიმურაზ ხანს მზადა ჰყავს ოცი ათასზე მეტი მხედარი, რათა დაეპატრონოს საქართველოს და მის მეზობელ მხარეებს. იგი მოელაპარაკა სომეხთა პატრიარქს _ მოვსეს კათალიკოსს, რათა აკურთხონ საქართველოსა და სომხეთის მეფედ, და სომეხ წარჩინებულთაც განუზრახავთ დაემორჩილონ ხსენებულ თეიმურაზ-ხანს“2.
იმავე წლის რუსული წყაროდან ვიგებთ, რომ ვოევოდა ასტრახანიდან მოსკოვში ხელმწიფეს აცნობებდა შემახიდან ჩამოსული ერთ-ერთი ვაჭრის ნაამბობს: „შაჰის მიწაზე ახლა არც ერთ სახელმწიფოსთან არ ომობენ, მაგრამ ყიზილბაშებს ძალიან ეშინიათ, რომ მათ ქართველები ააწიოკებენ იმიტომ, რომ წინანდელმა შაჰმა საქართველოს მიწა დაიპყრო და ააოხრა“3.
1. დონ პიეტრო ავიტაბილე, გვ. 47.
2. ნატროშვილი თ., დასახ. ნაშრ., გვ. 170.
3. ნაკაშიძე ნ., წიწამურიდან ბახტრიონამდე, გვ. 113.
ვფიქრობ, თეიმურაზისა და დაუდ-ხანის გამოსვლის საფუძველი შაჰ აბას I-ის მეფობის ბოლო წლებში ძმები უნდილაძეების და თეიმურაზის ოპოზიციის ჩამოყალიბების პერიოდში უნდა ვეძიოთ. სავარაუდოა, ისინი ემზადებოდნენ თავიანთთვის სასურველი კანდიდატის გასამეფებლად. მაგრამ როგორც ითქვა, იმარჯვა მეორე დაჯგუფებამ, რომელსაც ასევე ირანში მოღვაწე ხოსრო-მირზა (შემდეგში ქართლის მეფე როსტომ-ხანი) ედგა სათავეში. მან შაჰ აბასის შვილიშვილი სეფი-მირზა (შაჰ სეფი) აიყვანა ტახტზე. ორივე მხარისათვის გასაგები იყო, რომ წინააღმდეგობა შაჰ სეფის გამეფებით არ დამთავრდებოდა. ორივე მხარე გადამწყვეტი დარტყმისათვის ემზადებოდა. მათ შორის შეჯახებას გარედაუვალს ხდიდა ირანში გავრცელებული ხმა შაჰ აბასის შვილის არსებობის შესახებ, რომელიც იმამყული-ხანის ოჯახში იზრდებოდა და მუსლიმანური წესისა და ადათის შესაბამისად, იგი კანონიერი მემკვიდრედ ითვლებოდა. დასაშვებია, შეთქმულების მონაწილეებისათვის ცნობილი გახდა, რომ შაჰის კარი კონტრღონისძიების გატარებას აპირებდა და იძულებულნი გახდნენ ჯერ კიდევ ბრძოლისათვის სამზადისის დასრულებამდე აჯანყება დაეწყოთ.
დაუდ-ხანის აჯანყების მიზეზს შემდეგნაირად ხსნის დონ პიეტრო ავიტაბილე: „იმ დროს თბილისი დაუდ-ხანს ექვემდებარებოდა და რადგან იმ ადგილებში გაჩერება მომიხდა, უტყუარი ცნობებიდან გავიგე, რომ ირანის მეფეს დაუდის მოკვლა განუზრახავს. ამით უნდოდა შირაზის ხანის, იმამყული-ხანის, დაუდ-ხანის ძმის განდიდებისათვის ბოლოს მოეღო, რადგან მისი წარმატების ძლიერ ეშინოდა. ეს ორი ძმა თავიანთი მშვენიერი ყოფაქცევით მთელი ირანის სიყვარულის საგნად იყვნენ გამხდარნი. და კიდევ იმიტომაც, რომ იმამყული-ხანს თავის სამფლობელოში ჰყავდა სერალიდან წამოყვანილი შაჰ-აბასის შვილი, რომელიც მას შეეძინა თავისი ერთ-ერთი ცოლისაგან. განჯის ხანმა, დაუდმა, საიდუმლო წყაროდან იცოდა, რომ მის მოსაკლავად ბრძანება იყო გაცემული იმ დროს, როცა მე განჯაში ვიმყოფებოდი. დაუდ-ხანი ზოგიერთი თავისი მომხრეთი და მთელი თავისი ქონებით, რის წაღებაც კი შეეძლო, გადავიდა საქართველოში და შეუერთდა თეიმურაზს, რომელთანაც უკვე მჭიდრო სამეგობრო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. ისინი ირანის შაჰს აუჯანყდნენ და განრისხებულებმა აოხრება დაუწყეს, პირველად ჯერ განჯას დაარტყეს“1.
თეიმურაზ მეფისა და დაუდ-ხანის მოლაპარაკება ირანის წინააღდეგ საბრძოლო გეგმის შესათანხმებლად, იმდენად ცნობილი ყოფილა, რომ ავიტაბილე ამის შესახებ საქმის კურსში იყო და რომშიც კი მისწერა: დაუდ-ხანი თავისი ხელმწიფის წინააღმდეგ ასაჯანყებლად თეიმურაზთან შეთანხმებას აწყობდაო. ამის შემდეგ იგი აღწერს იმ საშინელებას რაც განჯაში დატრიალდა თეიმურაზისა და დაუდ-ხანის იქ შეჭრის შედეგად2.
თეიმურაზ მეფეს და დაუდ-ხანს მხარი დაუჭირეს იმერეთის მეფემ, დადიანმა და მესხეთის თავადაზნაურებმა. მათ ოსმალეთის, ყირიმის სახანოს და ჩრდილო კავკასიის ზოგიერთი მთავარის დახმარების იმედიც ჰქონდათ. ილდარ შამხალთან სპეციალური დავალებით გაგზავნილი ანდრია აფანასიევი იტყობინებოდა: „ყიზილბაშთა შაჰის დავით-ხანი, რომელიც შაჰს განერიდა, თურქეთის მეფის ხალხთან და ქართველებთან ერთად, საქართველოში დგას დიდძალი ხალხით შაჰის ხალხის წინააღმდეგ. დავით- ხანმა თურქეთის მეფეს მისწერა, რომ მას (სულთანს _ თ.ტ.) ყირიმელი შინგირეის მოძებნა ებრძანებინა და სადაც კი არ უნდა ყოფილიყო იგი, ნოღაიში, ყირიმსა თუ ყაბარდოში, როგორც იპოვნიდნენ, გაეგზვნა თავისი (სულთნის _ თ.ტ.) ჯარებითურთ ოსმალური გზით შაჰის მიწა-წყლის წინააღმდეგ. ყოველივე ეს დიდი დახმარება იქნება მათთვის (ქართველებისათვის _ თ.ტ.)“3.
1. დონ პიეტრო ავიტაბილე, გვ. 43.
2. იქვე, გვ. 24-25.
3. ტივაძე თ., დასახ. ნაშრ., გვ.74.
როგორც ჩანს, შეთქმულებს განზრახული ჰქონდათ სერიოზული სამხედრო აქციები. მათ, 1632 წლის გაზაფხულზე, „ყარაბაღი არეზამდისინ“ დაარბიეს. ყარაბაღში თეიმურაზ მეფესთან მივიდა სომეხთა კათალიკოსი დიდი ჯარითა და საჩუქრებით. მან მეფეს ირანის განადგურების საინტერესო გეგმა შესთავაზა: ირანისა და ოსმალეთის დაპირისპირების პირობებში, როდესაც თითქმის მთელი ქართული ლაშქარი მეფესთან იყო, კათალიკოსი 40 ათას მეთოფეს მოიყვანდა და თავრიზის შვიდდღიან დარბევას სთავაზობდა. მისი აზრით ქართველები გაიმარჯვებდნენ, „მთავარ ხემწიფეთ გაკურთხებთო და საქრისტიანო შენით დაიხსნებისო და გაძლიერდებიანო“.
თეიმურაზ მეფემ უარი თქვა ამგვარ გეგმაზე და საქართველოში დაბრუნდა იმ განზრახვით, რომ გაზაფხულზე უფრო დიდი ლაშქრით შეესეოდა ირანს. თეიმურაზი განჯიდან აიყარა და თან წამოიყვანა დაუდ-ხანი თავისი ცოლშვილითა და მთელი თავისი ბარგით. თან წამოიყვანა სომეხთა კათალიკოსიც და გორში მოვიდა1. იმერეთის მეფეს, დადიანს და მესხ თავადებს თეიმურაზ მეფემ კარგად უმასპინძლა და გაისტუმრა.
დაუდ-ხანმა დიდი ყურადღება გამოამჟღავნა გორში დასახლებული კათოლიკე მისიონერების მიმართ. რამდენიმე ხნის შემდეგ მეფე თეიმურაზმა კვლავ შეკრიბა ჯარი და დაუდ-ხანთან ერთად ისევ აიკლო შაჰის სამფლობელოები. ეს ლაშქრობაც წარმატებით დასრულდა და თეიმურაზი, დაუდ-ხანი და მათთან ერთად ავიტაბილეც გორში დაბრუნდნენ2. საფიქრებელია, რომ ფარსადან გორგიჯანიძის და ავიტაბილეს მიერ აღწერილი თეიმურაზის გორში მოსვლა და დიდი ზეიმი ირანის მეორე ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა.
დაუდ-ხანს გორში ეწვია ოსმალეთის სულთნის ელჩი. დაუდხანსა და მის სტუმარს პატრებმა უმასპინძლეს. ავიტაბილეს გადმოცემით, დაუდ-ხანს, მისიონერებისათვის უკითხავს: „კმაყოფილი თუ იქნებით სულთნის ელჩის მოსაყვანად რომ გავაგზავნო კაცი, იგი ჩემთან მოსათათბირებლად არის ჩამოსულიო. მე მას ვუთხარი: ნება თქვენია-მეთქი. მაშინვე გააგზავნა კაცი მის დასაძახებლად. ელჩი მოვიდა და ჩვენთან ერთად ისადილა“3.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 239.
2. დონ პიეტრო ავიტაბილე, გვ. 48.
3. იქვე, გვ. 45.
დაუდ-ხანსა და კათოლიკე მისიონერებს შორის საკმაოდ ახლო ურთიერთობა არსებობდა. როგორც ავიტაბილე გადმოგვცემს, იგი დაუდ-ხანს პირადად კარგად იცნობდა. 1635 წლის 24 ნოემბერს ავიტაბილე თეატინელი კლირიკოსების გენერალს დონ მატეო სანტომანგოს სწერდა: 1632 წელს „პატრი ჯაკომოს თანხლებით განჯაში მივედი. ვფიქრობდი, ჩვენი მეგობრის, დაუდ-ხანის შემწეობით ამენაზღაურებინა ის ზარალი, რაც თბილისში გაძარცვით მომაყენეს. ცუდ დროს მივუსწარით: დაუდ-ხანი თავისი ხელმწიფის წინააღმდეგ ასაჯანყებლად თეიმურაზთან შეთანხმებას აწყობდა. ჩვენი მოლაპარაკება, მართალია, კარგად დაიწყო, მაგრამ ჯერ ვერ შეძლო მისი დასრულება. ამავე დროს ბრძანება გასცა ჩვენთვის ადგილი მოეცათ და დაავალა, რომ ამ ადგილას ეკლესია და სახლი აეშენებინათ, გარდა ამისა, ჩვენ მოსამსახურედ მოგვიჩინა ექვსი ყმა, რომლებიც მოკლე ხანში გავათვისუფლეთ“1.
ავიტაბილე, ერთხელ, სხვა ორ მისიონერთან ერთად, დაუდხანს განჯაში ეწვია თეატინელთა მისიონის დაარსების მიზნით2. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაუდ-ხანი გორში ოსმალებთან ირანის საწინააღმდეგო მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ როსტომის ყიზილბაშთა დიდი ჯარით ქართლში შემოსვლის გამო ოსამალეთში გაიქცა.
როდესაც დაუდ-ხანის მიერ კათოლიკე მისიონერების მიმართ გამოჩენილი დიდი ყურადღებისა და სიმპათიების შესახებ ვიგებთ, ძნელია გარკვევით რაიმის თქმა. მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაუდ-ხანი, შაჰ აბასის მიერ, პოლიტიკური მოსაზრებით დამკვიდრებული ტრადიციის, კათოლიკე მისიონერებისადმი კარგად მოპყრობის, მომხრე იყო. ასე ექცეოდა მათ როსტომ-ხანიც. განრისხებულმა შაჰ სეფიმ დაუდ-ხანის ძმა იმამყული-ხანი შვილებიანად ამოწყვიტა3, დაუდ ხანის შვილები დაასაჭურისა.
1. იქვე, გვ. 23.
2. ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., III, გვ. 183-184.
3. ადამ ოლიარიუსის მიხედვით, როდესაც შაჰ სეფიმ იმამყული-ხანი ყაზვინში დაიბარა, მან კარგად იცოდა რაც ელოდა, მაგრამ მაინც წავიდა თავის შვილებთან ერთად და მოკლულ იქნა ყოველგვარი ბრალდების გარეშე. შაჰს თავიდან მისი შვილების დახოცვა განზრახული არ ჰქონდა, „მაგრამ, როდესაც იმამყული-ხანის უფროსი, 18 წლის ვაჟი, კეთილი ადამიანების რჩევით, დაემხო შაჰის ფეხების საკოცნელად, ერთმა მაბეზღარამ მოახსენა შაჰს, რომ იგი იმამყული-ხანის შვილი კი არ იყო, არამედ შაჰ აბასისა [ოდესღაც] შაჰ აბასმა იმამყული-ხანს ცოლად მისცა ერთ-ერთი ქალი თავის ჰარამხანიდან, რომელიც მაშინ ფეხმძიმედ იყო ამ ვაჟზე. ეს მოისმინა რა შაჰმა, მაშინვე ბრძანა გაეყვანათ უბედური ჭაბუკი თავის თოთხმეტ ძმასთან ერთად მოედანზე, მამის გვამთან, სადაც ყველანი დახოცეს...“. შაჰ აბასის ნაცოლარმა რომ შვილი გააჩინა იმამყული-ხანის ოჯახში, 1630-იან წლებში გავრცელებულ ამ ცნობას ადასტურებს დონ პიეტრო ავიტაბილე: „იმამ-ყული-ხანს თავის სამფლობელოში ჰყავდა სერალიდან წამოყვანილი შაჰ-აბასის შვილი, რომელიც მას შეეძინა თავისი ერთ-ერთი ცოლისაგან“ (დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე, გვ. 43).
დაუდ-ხანმა ოსმალეთს შეაფარა თავი. „ბატონს თეიმურაზსაც გაუწყრა ყაენი და საქართველო ბატონს როსტომს მისცა და საჰკაძე როსტომ ხან ერანის ლაშქრით თან გაატანეს და ქართველნი რომ ყაენს ახლდენ, რომელიც სთხოვა, თან გაატანეს“1. დონ პიეტრო ავიტაბილეს თქმით, როსტომ ხანის უზარმაზარი (ზოგიერთი ცნობით _ 123 ათასი, 130 ათასი) ჯარის უმეტესობას ქართველები შეადგენდნენ2.
მტრის შემოჭრის მომლოდინე თეიმურაზს თითქმის მთელი ქართლ-კახეთის თავადაზნაურობა გადაუდგა და როსტომს მიემხრო. მან ვერც დასავლეთ საქართველოდან მიიღო დახმარება. მას ზურგი აქციეს კათოლიკე მისიონერებმაც. იგი იძულებული გახდა 1633 წლის 18 თებერვალს მთელი თავისი სახლობითა და ერთგული ადამიანებით იმერეთს გახიზნულიყო3. დაუღალავი და მოუდრეკელი თეიმურაზ I-ის ირანის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელის შედეგადაც ქართლის ტახტი როსტომმა დაიკავა, არა მხოლოდ მარცხით დასრულდა, არამედ კარგა ხნით განისაზღვრა აღმოსავლეთ საქართველოს შემდგომი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური განვითარება. თეიმურაზის ეს ანტისპარსული აჯანყება მისი სერიოზული შედეგებით ამიტომაც გახდა ქართველი ისტორიკოსების სერიოზული განსჯის საგანი4.
1. ფარსადან გორგიჯანიძე ჩამოთვლის ქართლ-კახეთის იმ დიდი თავადებს, რომლებიც როსტომს ირანიდან საქართველოში ჩამოჰყვნენ. იქვე, გვ. 239-240.
2. დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე, გვ. 48.
3. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 125; ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., III, გვ. 189.
4. გაბაშვილი ვ., უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI-XVII სს. ირანში, გვ. 78-79; ჯამბურია გ., ქართლ-კახეთის დროებითი გაერთიანება. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 294; ნაკაშიძე ნ., წიწამურიდან ბახტრიონამდე, გვ. 113-116; ტივაძე თ., დასახ. ნაშრ., 75-78.
თეიმურაზისა და დაუდ-ხან უნდილაძის 1632 წლის ანტისპარსული აჯანყება იყო თეიმურაზ მეფის ყველაზე გაბედული და სერიოზული ეპიზოდი ირანის წინააღმდეგ მისი ხანგრძლივი შეიარაღებული ბრძოლისა. ეს არ იყო მხოლოდ ნადავლის მოპოვებისათვის მოწყობილი ლაშქრობა; საქართველოში ირანის გაბატონების თავიდან აცილება იყო თეიმურაზის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ქვაკუთხედი მთელი მისი მეფობის განმავლობაში; ეს იყო დასავლეთ ევროპაზე ხელჩაქნეული თეიმურაზ მეფის ცდა იმავე ევროპისათვის ეჩვენებინა, რომ ირანი, მისი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერია და მტრისათვის სამაგიეროს გადახდა მათი დახმარების გარეშეც შეეძლო; თუ იმამყული-ხან უნდილაძე სამხრეთში აჯანყდებოდა და ჩრდილოეთიდან კი თეიმურაზი და დაუდ-ხანი დაარტყამდნენ, ირანის საელმწიფო დაიშლებოდა. ეს იქნებოდა თეიმურაზ მეფის, როგორც პირადი, ისე მისი ქვეყნის შურისძიება შაჰ აბასის მტარვალობაზე; თეიმურაზის, ქართლ-კახეთის მეფის, ხელისუფლება გავრცელდებოდა მთელ სამხრეთ კავკასიაზე.
ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. თეიმურაზის მოწინააღმდეგეებმა, როსტომ ხანის მეთაურობით, იმარჯვეს. იგი ყიზილბაშთა ძალაზე დაყრდნობით ქართლში გაბატონდა. როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, „ამგვარად, ბრმისთვისაც ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ თეიმურაზ მეფის ბატონობა აღმოსავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და მაინცდამაინც დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულს ბრძოლას მოასწავებდა, როსტომის მეფობა კი ჩვენი ქვეყნის მონობასა და სპარსთა ბატონობის მომავლინებელი იყო“ (ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, IV, თბ., 1967, გვ. 369).
ამ დროისათვის თეიმურაზის მიმართ უარყოფითად განწყობილი კათოლიკე მისიონერების და, საერთოდ, რომის დამოკიდებულებას უნდა გამოხატავდეს დონ პიეტრო ავიტაბილე, როდესაც იგი, მისი გაგებით, როსტომის მიერ სამართლიანად განდევნილი თეიმურაზის (მან ხომ არ აღიარა კათოლიციზმი) შეცდომების (თუნდაც ირანის წინააღმდეგ აჯანყება) შესახებ სწერს: „ირანის ახალ შაჰს (სეფის _ ე.მ.) მოხუცი შაჰისაგან (აბასისაგან _ ე.მ.) მიღებული ჰქონდა ინსტრუქცია, რომ თეიმურაზთან კარგი ურთიერთობა დაემყარებინა და ჯილდოდ მისთვის მიეცა საბარათიანო, რომელიც ერთ პროვინციად ითვლება, და აგრეთვე სომხითიც _ ესეც მეორე პროვინციაა. გარდა ამისა, თეიმურაზთან რომ უკეთესი ურთიერთობა განემტკიცებინა, მას ცოლად ქალიშვილი სთხოვა, რისთვისაც გაუგზავნა უძვირფასესი საჩუქრები... მას ძალიან ბევრი ველაპარაკეთ და ბევრი რამ გავუკეთეთ იმისათვის, რომ მას სქიზმა დაეტოვებინა და უწმინდეს სამოციქულო ტახტს შეერთებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ კეთილი განწყობილება გამოუჩენია, ყოველ შემთხვევაში, მას ყურში მუდამ ბერძნები ჩასჩურჩულებდნენ, რის გამოც ყოყმანობდა და თავის შეხედულებაზე მაგრდებოდა: ამიტომ ღმერთმა მას ეს მკაცრი სასჯელი გამოუნახა...“1
თეიმურაზ მეფე ყიზილბაშთა უზარმაზარი ლაშქრის წინაშე თითქმის მარტოდმარტო დარჩა „მეფე იმაზე იყო გაგულისებული, რომ თუნდაც ორი ათასი ოღონდ ერთგული ჯარისკაცი რომ მყოლოდა, მტერს დავამარცხებდიო. მეორე ფაქტიც უკლავდა გულს _ მან ვერ გამოიყენა ის, რომ ის ქართველები, რომლებიც სპარსელთა ბანაკში იმყოფებოდნენ, თეიმურაზის მხარეს გადმოვიდოდნენ და ისინი კი იმდენად მრავალრიცხოვანი იყვნენ, რომ ირანის ჯარის უმეტესობას შეადგენდნენ“2.
როსტომის ქართლში გამეფებით, ამ სამეფომ დამოუკიდებლობა დაკარგა. იგი ირანის შაჰის ხელისუფლებას დაექვემდებარა. ეს გარემოება მაშინვე შენიშნა ისეთმა ჭკვიანმა დამკვირვებელმა, როგორიც პატრი ავიტაბილე იყო. იგი 1633 წლის 1 ოქტომბერს რომში აცნობებდა, რომ „ეს ქვეყანა (ქართლის სამეფო _ ე.მ.) აღარ არის ქრისტიანი მეფეების მფლობელობაში, არამედ შაჰის დომენია“3.
ამ დროიდან იწყება ხანგრძლივი ბრძოლა თეიმურაზ I-სა და როსტომ-ხანს შორის ქართლში მეფობისათვის.
1. დონ პიეტრო ავიტაბილე, გვ. 48-49
2. იქვე, გვ. 48
3. იქვე, გვ. 18.
Комментариев нет:
Отправить комментарий