суббота, 5 августа 2017 г.

ჰასან რუმლუს (XVI ს.) ცნობები საქართველოს შესახებ

XVI-XVII საუკუნეებში საქართველო ირანსა და ოსმალეთს შორის ბრძოლის ასპარეზად იყო გადაქცეული. ამიტომ აღებული ხანის აღმოსავლური წყაროები შეიცავენ დეტალურ ცნობებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვისაც. სეფიანთა დინასტიის ბატონობის ხანაში შეიქმნა მრავალი საისტორიო ნაწარმოები, რომელთა ავტორები მეტწილად თანდამხდურნი არიან აღწერილი ამბებისა. საკმარისია დავასახელოთ XVI ს-ში შედგენილი თხზულებები: ანონიმური „თარიხ-ე შაჰ ისმაილ-ე სეფევი", ხონდემირის „ჰაბიბ ას-სი-არ“, იაჰია ყაზვინის „ლობ ათ-თავარიხ“, ხორშაჰ იბნ ყობად ალ-ჰოსეინის „თარიხ-ე ილჩი-ე ნეზამ-შაჰ“, ყადი აჰმედ ყაფარის „ნოსახ-ე ჯაჰან-არა“, ბუდაყ ყაზვინის „ჯავაჰერ ალ-ახბარ“, ჰასან რუმლუს „აჰსან ათ-თავარიხ“, შერეფ-ხან ბითლისის „შერეფ-ნამე“ და ბევრი სხვა, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ გამოცემულიც არ არის და ხელნაწერებიც საკმაოდ იშვიათია. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში, ზემოთ დასახელებული სპარსული წყაროები არც საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით არის სათანადოდ შესწავლილი.
სეფიანთა ხანის ისტორიკოსთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჰასან-ბეგ რუმლუს, რომლის საისტორიო ნაწარმოები „აჰსან ათ-თავარიხ“ („უმშვენიერესი ისტორიათაგანი“) საუკეთესო პირველწყაროს წარმოადგენს XVI ს. ირანისა და მეზობელი ქვეყნების ისტორიისათვის.
მართალია, ჰასან რუმლუს ბიოგრაფიას ვერ წარმოვიდგენთ სათანადო სისრულით მასალის სიმცირის გამო, მაგრამ ზოგად ხაზებში მაინც შეიძლება მოვხაზოთ მისი ცხოვრების გზა. ამის საშუალებას თვით ჰასან-ბეგი გვაძლევს იმ ავტობიოგრაფიული ცნობებით, თავის ნაშრომში რომ აქვს აქა-იქ მიმობნეული.
ჰასან-ბეგ რუმლუ დაიბადა ქალაქ ყუმში ჰიჯრის 938 (1531/2) წელს. დასახელებული წლის ამბებში მას ნათქვამი აქვს: „ამ წიგნის ავტორი ჰასან რუმლუ ამ წელს დაიბადა ქალაქ ყუმში“. მამა ჰასანს ადრე დაუკარგავს ეს იქიდან ჩანს, რომ 5 წლის ჰასანი დედამ წაიყვანა უფლისწულ ბაჰრამ-მირზას შესახვედრად ქალაქ ყაზვინში. ჰასანი შვილიშვილი იყო ამირ-სულთან რუმლუსი, რომელიც დაწინაურებული ყოფილა სეფიანი შაჰების ისმაილ I-ისა და თაჰმასბ I-ის კარზე.
როგორც მაღალი ფეოდალური წრის წარმომადგენელი, ჰასან-ბეგი ახალგაზრდობიდანვე ახლოს იდგა შაჰის კართან და აღზრდა-განათლებაც შესაფერისი უნდა მიეღო. ათი წლისა ის უკვე ახლდა შაჰ-თაჰმაზ I-ს დიზფულის ლაშქრობაში და, როგორც თვითონ შენიშნავს, ამ დროიდან დაწყებული თან დაჰყვებოდა შაჰს ყველა ომში და საკუთარი თვალით უნახავს უმეტესი ნაწილი მის მიერ აღწერილი ამბებისა. ჰიჯრის 953 (1546/7) წელს ჰასან რუმლუს მონაწილეობა მიუღია ერთ ბრძოლაში, რომელიც საქართველოში მოხდა. ვარძიის დარბევა და ვარძიის ტაძრის შიგნითა მოწყობილობის აღწერა მას ისე დაწვრილებით აქვს მოთხრობილი, რომ უთუოდ თვითმხილველია ამ ამბებისა.
ჰასან-ბეგის გარდაცვალების თარიღი უცნობია. უკანასკნელი წელი, რომლის ამბებიც მას აღწერილი აქვს, ჰიჯრის 985 (1577/8) წელია. ეს წელი ითვლება აგრეთვე თხზულების დამთავრების თარიღად, თუმცა კი უდიდესი ნაწილი თავისი ნაშრომისა ავტორს უფრო ადრე, 980 (1572/3) წელს დაუწერია.
ჰასან რუმლუს თორმეტტომიანი საისტორიო თხზულება „აჰსან ათ-თავარიხ“ მსოფლიო ისტორიის ტიპის ნაწარმოებია. ჩვენამდე მოაღწია ამ ნაშრომის მხოლოდ ორმა უკანასკნელმა ტომმა. პირველი ათი ტომი ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი, მაგრამ ისინი აქა-იქ იხსენიება გადარჩენილ ტომებში. „აჰსან ათ-თავარიხ“-ის XI ტომში მოთხრობილია ამბები, დაწყებული 1404/5 წლიდან 1493/4 წლამდე (ჰიჯრის 807-899 წწ.). XII ტომი შეიცავს პირველ სეფიან ხელმწიფეთა – შაჰ-ისმაილ I-ის, შაჰ-თაჰმაზ I-ის და შაჰ-ისმაილ II-ის მეფობისა და შაჰ-ხოდაბანდას ტახტზე ასვლის აღწერას. ეს ტომი იწყება ჰიჯრის 900 (1494/5) წლით და მთავრდება, როგორც ვთქვით, ჰიჯრის 985 (1577/8) წლით. ირანის შაჰების გარდა, ამავე ტომებში მოთავსებულია ასევე დაწვრილებით მოთხრობილი ისტორია ოსმალეთის სულთნებისა, ჯაღათაის ხანებისა და ოზბეგთა ხანებისა.
თავისი თხზულების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ ჰასან რუმლუს საკუთარი დაკვირვებები გამოუყენებია. იმ ამბების აღწერას, რომელთაც პირადად არ დასწრებია, როგორც თვითონვე აღნიშნავს, ავტორი სხვა სანდო პირთა ნაამბობის მიხედვით იძლევა. გარდა ამისა, მას ლიტერატურული წყაროებითაც უსარგებლია. კერძოდ, ჩ. სედონმა გამოარკვია, რომ ჰასან რუმლუს გამოყენებული აქვს მოულანა იდრის ბითლისის „ჰაშთ ბეჰეშთ“ („რვა სამოთხე“), დ. როსის მიერ გამოქვეყნებული ერთი უცნობი ავტორის საისტორიო ნაწარმოები და ყადი აჰმედ ყაფარის „ნოსახ-ე ჯაჰანარა“ („ქვეყნის შემამკობელი ნუსხები“). ამ თხზულებებიდან ამოკრებილი ცნობების შეწამება ცხადყოფს, რომ ჰასან რუმლუს ხელთ ჰქონია ეს შრომები და ზოგიერთი ადგილი იქიდან გადმოუტანია თავის ისტორიაში. რაც შეეხება „აჰსან ათ-თავარიხ“-ის პირველ ათ ტომს, ისინი, რა თქმა უნდა წარმოადგენდნენ წინარე ხანის სხვადასხვა ავტორთა თხზულებების მიხედვით შედგენილ კომპილაციას. მათ შორის თვალსაჩინო ადგილი მირხონდისა და ხონდემირის ნაშრომებს უნდა ეჭიროს.
„აჰსან ათ-თავარიხ“-ი მატიანეა. თხრობა აქ წლების მიხედვით არის დალაგებული. ჰასან-ბეგს მოთხრობის შემდეგი წესი აქვს დაცული ჩვენამდე მოღწეული ორივე ტომის სიგრძეზე: წლის აღნიშვნის შემდეგ ის იწყებს დაწვრილებით თხრობას იმ მთავარი ამბებისას, რომლებიც ამ წელს მოხდა. ზოგჯერ ასეთ მოთხრობას ხელნაწერის ორი-სამი გვერდი უკავია. შემდეგ გამოყოფილია პატარა ნაწილი, რომელსაც „სხვადასხვა ამბები“ აქვს სათაურად აქ ჰასან-ბეგს უფრო წვრილი შემთხვევები აქვს მოკლედ გადმოცემული. ბოლოს მოთავსებულია ნეკროლოგების განყოფილება, რომელშიც დახასიათებული არიან აღნიშნულ წელს გარდაცვლილი გამოჩენილი პირები (პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები, მხატვრები, სასულიერო პირები და სხვ.). აღსანიშნავია, რომ ეს განყოფილება ყოველთვის შესამჩნევად იზრდება დიდი შიმშილობისა და ჟამიანობის წლებში.
რუმლუს ენა, სტილი ჰასანისა შედარებით უფრო სადაა, ვიდრე, ვთქვათ, ნადირ-შაჰის ისტორიკოსის მირზა მეჰდი-ხანისა. თხრობა, ამბის გადმოცემა ჰასანმა მარტივად და ლაკონიურად იცის, მაგრამ როცა მიუვალ ციხეს, უძლეველ ლაშქარს ან ხელმწიფის მაღალ თვისებებს აღწერს, ის ვერ ღალატობს თავისი დროის ირანელი სტილისტების წესს და ცდილობს მაღალი და ფერადოვანი ენით ილაპარაკოს. ყურანიდან ამოღებული ციტატები, რასაკვირველია, საკმარისად აქვს მოტანილი ჩვენს ავტორს, მაგრამ განსაკუთრებულ მონდომებას იჩენს იგი ყოველ ცოტად თუ ბევრად შესაფერის შემთხვევაში ლექსების ჩართვით ტექსტის გალამაზებაში. ეს ლექსები მეტწილად ჰასანისავე საკუთარი ნაწარმოები უნდა იყოს და იშვიათად თუ იძლევა რაიმე ახალს; შინაარსით ისინი უფრო განმეორებაა პროზით ნათქვამისა.
ცნობები ამიერკავკასიის ქვეყნების შესახებ ჰასან რუმლუს ამ მხარეში სეფიანი შაჰების ლაშქრობებთან დაკავშირებით მოეპოვება. XVI საუკუნეში ირანსა და ოსმალეთს შორის სასტიკი ბრძოლა წარმოებდა ამიერკავკასიაში (და, მაშასადამე, საქართველოშიც) ფეხის მოკიდებისა და გამაგრებისათვის. მაგრამ ჩვენი ქვეყანაც მედგრად იცავდა თავს და იბრძოდა ეროვნული თვითმყოფობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. ამ ბრძოლის მრავალი მომენტი აქვს მოცემული თავის შრომაში ჰასან რუმლუს და ზოგიერთი ისეთი ცნობაც მოეპოვება, როგორსაც ვერ ვხვდებით სხვა წყაროებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შაჰ-თაჰმასბის საქართველოში შემოსევათა აღწერა, რადგანაც ჰასანი, როგორც დავინახეთ, ამ ამბების თვითმხილველი ყოფილა.
ჰასან რუმლუს თხზულება უკანასკნელ დრომდე არ ყოფილა სრულად გამოყენებული ქართულ ისტორიოგრაფიაში, თუმცა კი მისი ცნობების ერთი ნაწილი შემოვიდა სამეცნიერო ბრუნვაში ისქანდერ მუნშისა და ფარსადან გორგიჯანიძის მეშვეობით (როგორც ცნობილია, ფარსადანი სარგებლობდა ისქანდერ მუნშის თხზულებით, ხოლო ეს უკანასკნელი XVI ს. ამბების თხრობაში „აჰსან ათ-თავარიხ“-ს ემყარება). საქართველოს შესახებ ჰასან რუმლუს ცნობების სპარსული ტექსტისა და ქართული თარგმანის გამოქვეყნება, ვფიქრობთ, საშუალებას მისცემს სპეციალისტებს უფრო ღრმად შეისწავლონ XV-XVI საუკუნეთა საქართველოს ისტორიისა და ირან-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის მრავალი საყურადღებო საკითხი.

ნაშრომი თარგმნა და შენიშვნები დაურთო ვლადიმერ ფუთურიძემ.
„აჰსან ათ-თავარიხ“ XI ტომი
თხრობა რვაას ჩვიდმეტ (1414/5) წელს მომხდარი ამბების შესახებ
ყარა-იუსუფ თურქმანის ომი შირვანის ვალი სულთან იბრაჰიმთან
იმ დროს, როცა აჰმედ ჯალაირი1 თავრიზზე იყო წასული, შეიხ იბრაჰიმი2 შირვანს განაგებდა. მას დახმარება სთხოვა აჰმედმა. ამიტომ შეიხ იბრაჰიმმა თავისი შვილი გოუჰარ-შაჰი3 დიდი ჯარით გაგზავნა სულთნის დასახმარებლად. შირვანელები ბრძოლის დღეს აჰმედის ბანაკის მახლობლად ჩამოხდნენ. ამ დროს თურქმანთა ჯარის ერთი რაზმი, რომელიც საომრად იყო გამოსული, თავს დაესხა მათ. გოუჰარ-შაჰი დაიჭირეს და ყარა იუსუფს4 მიგვარეს.
როცა ამ ამბავმა შირვანს მიაღწია, შეიხ იბრაჰიმმა თურქმანთა ხელმწიფის კარზე მოციქულები გაგზავნა მრავალი საჩუქრით და თავისი შვილის დანაშაულის პატიება ითხოვა. ყარა-იუსუფმა თქვა: „შირვანი აზერბაიჯანის მეზობლადაა, შეიხ იბრაჰიმს კი ბაღდადის ჰაქიმთან5 აქვს მეგობრობა და კავშირი და თავრიზის ვალის6 ებრძვისო“. ბოლოს, რადგანაც დიდად მოწყალე იყო, აპატია მას (გოუჰარ-შაჰს) დანაშაული და მრავალი ქონებით დასაჩუქრებული შირვანის ჰაქიმთან გაგზავნა. რამდენიმე ხნის შემდეგ შეიხ იბრაჰიმმა თავის შვილს გოუჰარ-შაჰს სიკვდილის შარბათი შეასვა იმის გამო, რომ ის (გოუჰარ-შაჰი) ყარა-იუსუფის მომხრეებს ეკუთვნოდა7. მერე შეაგროვა დიდი და მრავალრიცხოვანი ჯარი, შეუერთდა საქართველოს მეფე კონსტანტინეს8 და შაქის ჰაქიმის შამს ედ-დინ ალის შვილებს9 და ყარა-იუსუფის წინააღმდეგ საომრად გაემართა. იქიდან კიდევ ყარა-იუსუფი მრავალრიცხოვანი და ძლევამოსილი ლაშქრით შამბ-ე ყაზანისკენ10 წამოვიდა. ამირ ყარამანი ერთი ჯგუფი ბუმბერაზებით, რომელნიც თავისი ცეცხლისმფრქვეველი და მთის გამხვრეტი ისრის წვერებით ტყუპების ზოდიაქოს ქამარს ცის გუმბათზე აკერებდნენ და სიცოცხლის წამრთმევი შუბების წვერებით მთვარეს სახიდან ლაქებს აცლიდნენ, და რომელთა ცხენების მიერ ადენილი მტვერი ღრუბელივით დიდი იყო, მათი ნასროლი ისრები წვიმისებრი, ხოლო ხმლების კრიალი ელვა-ქუხილის მსგავსი, ამირახორებთან ერთად, რომელნიც მის ხალხს ეკუთვნოდნენ, წინამავლად წავიდა. ყარა-იუსუფმა ბაბა ჰაჯი-ბეგ ქავერდი11 არდებილის მცველად დააყენა. შეიხ იბრაჰიმი მტკვრის ნაპირას დაბანაკდა. გარშემო ხანდაკი იყო ამოჭრილი. ყარა-იუსუფის ჯარი ქარივით სწრაფად გადავიდა წყალზე და მტერს შეუტია. ამირ ყარამანი და ამირ ბასთამი ძლევამოსილად შეიჭრნენ მტრის კარვებში. შირვანელებმა ბრძოლა დაიწყეს. ბუმბერაზების ყიჟინა, ღაზიების ლოცვა-დიდება და შირვანელთა და ქართველთა ღრიალი ცას აყრუებდა, საომარ ქოსთა და სტვირთა ხმა მთებს აზანზარებდა, აფორიაქებდა და შიშის ზარს სცემდა.
სულთან იბრაჰიმმა რომ ყარა-იუსუფის ლაშქარი ნახა, თავისი მოუფიქრებელი საქციელი ინანა, რადგან თურქმანთა ძლევამოსილი, უამრავი ჯარისაგან ზღვა დუღდა და მამაცი მეომრების ცხენთა ჭიხვინისაგან ჰაერი სავსე იყო გრიალითა და ხმაურით. კონსტანტინე სახელისა და დიდების მოსახვეჭად ბრძოლის ველზე გამოვიდა თავისი საზიზღარი ხალხით. თავდადებული ბრძოლა იწყეს და წინააღმდეგობის სარტყელი წელზე შემოიკრეს. შირვანელებმა და ქართველებმა ყარა-იუსუფ თურქმანის ლომალმიანი ლაშქრის შიშით მელიებივით ზურგი აქციეს და სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. მრავალი ქონება და ძვირფასი ნივთი დასტოვეს, ასე რომ ბრძოლის ველი სავსე იყო ტანისამოსით, ვერცხლის ჭურჭლითა და ქარვებით.
ყარა-იუსუფის ჯარი ქართველებს სწრაფად გარს შემოერტყა და მჭრელი მახვილისა და სიცოცხლის წამრთმევი შუბების ცემით მრავალი ცუდმორწმუნე დაღუპვის მიწაზე დასცეს. კონსტანტინე ტყვედ ჩაიგდეს. სულთან იბრაჰიმი ხანდაკში ჩავარდა და ხელი მოიტეხა. ამ დროს ერთი თურქმანი წაადგა თავზე და ხელის ტკივილით შეჭირვებული იბრაჰიმი დანებდა მას. იმ კაცმა ხელმანდილი12 მოაბა კისერზე მას და ყარა-იუსუფთან მიიყვანა. სულთან იბრაჰიმის სახელოვანი შვილებიდან და კეთილშობილი ამირებიდან ტყვედ იქნენ წაყვანილი: ყაზანფარი, ასადულაჰი, ხალილულაჰი, მანუჩაჰრი, აბრ არ-რაჰმანი, ნასრულაჰი, ჰაშემი, ფაიდარის ყაზი და ამირ ჰუშანგი13. რაკი შირვანელები სუსტად იბრძოდნენ, ყარა-იუსუფმა მათ არა ავნო რა, ხოლო დატყვევებული ქართველები დახოცეს. კონსტანტინეს ფირ-ბუდაყმა14 თავისი ხელით მოკვეთა თავი15. სულთან იბრაჰიმს ბორკილები გაუყარეს და თავრიზში წაიყვანეს.
ერთხელ სულთან იბრაჰიმი ხელის ტკივილს უჩიოდა. ამირ ყარამ, რომელიც ფირ-ბუდაყის ათაბეგი იყო და ამირ სულთან იბრაჰიმს უვლიდა, მისი ამბავი ყარა-იუსუფს მოახსენა. ყარა-იუსუფმა დაიბარა ის. შირვანის ვალი თურქმანთა ხელმწიფეს ეახლა. მოხდენილი ახალგაზრდები და მორთულმოკაზმული ლამაზმანები, ბრძანების თანახმად, მას თასს აწოდებდნენ. სულთან იბრაჰიმმა უშიშრად იმდენი სასიამოვნო სიტყვა უთხრა ყარა-იუსუფს, რომ მას შეუყვარდა. ამ დროს ახი ყასაბმა თქვა: „ჩვენ თავმდები ვართ, რომ შევასრულებთ იმას, რაც ამირ სულთან იბრაჰიმმა მისი უდიდებულესობისაგან მიიღო ვალდებულებადო“. ყარა-იუსუფმა შეიწყნარა ახი ყასაბის სიტყვა და ბოლოს, თავის კეთილშობილი და შემბრალებელი ხასიათის გამო, მისი (სულთან იბრაჰიმის) არმოსაწონი მოქმედება ისე ჩათვალა, ვითომც არ მომხდარიყოს, ფეხზე ბორკილი შეხსნა და გვერდით მოისვა. სულთან იბრაჰიმმა თავს იდვა ათას ორასი ერაყული თუმნის შეტანა სამეფო ხაზინაში16. იმ ზამთარს ყარა-იუსუფს ემსახურებოდა, გაზაფხულზე შირვანში წავიდა.
თხრობა რვაას ოთხმოცდაერთი (1476/7) წლის ამბებისა
სხვადასხვა ამბები
ამ წელს ჰასან ფადიშაჰმა17 საქართველოზე გაილაშქრა და სეიდები და შეიხები, ვინც სოიურღალის მფლობელი იყო, ყველა თან იახლა. მან დაიპყრო საქართველო, მრავალი ტყვე წამოიყვანა და სეიდებსა და შეიხებს ყველას წილი არგუნა18.
რვაას ოთხმოცდარვა (1483) წლის ამბები
იაყუბ ფადიშაჰის გალაშქრება საქართველოზე
ამ წელს იაყუბ ფადიშაჰი19 ურიცხვი ჯარით საქართველოსკენ გაემართა. მარხვის თვეს20 ისლამის ჯარი საზიზღარ ურწმუნოთა ქვეყანაში მივიდა, ახალციხის სიმაგრის მიდამოებში დადგა და იმ ქვეყნის ციხეს გარს შემოერტყა.
ძლევამოსილმა მეომრებმა იმ ციხის ერთი კოშკი ზარბაზნის ცემით დაანგრიეს. ურწმუნოებმა დაუყოვნებლივ გაამაგრეს ის კოშკი რკინის იარაღით. ამ დროს ციხის ამბარში ცეცხლი გაჩნდა და სიმაგრის უმეტესი ნაწილი დაიწვა. მამაცმა და გულადმა თურქმანებმა მხნეობის ფარი თავზე წამოიფარეს და ციხეზე იერიში მიიტანეს. მათ კიბე მიადგეს ციხის კოშკს და ზედ ავიდნენ. ამის მხილველი ურწმუნონი შეძრწუნდნენ და დაიბნენ. ისინი დიდი გაჭირვებით ნარიყალაში გადაცვივდნენ და ძირს ჩამოვიდნენ. ვინც მუსლიმანი გახდა, ის უვნებელი გადარჩა, ხოლო ვინც არ მიიღო ჭეშმარიტი სარწმუნოება, ის არყოფნის გზით გაეჩქარა (მოიკლა)21. უავგუსტოესი დროშები აწყურის ციხსაკენ22 გაემართნენ. მაშინ ყვარყვარეს დედამ, რომელიც იმ ციხე-სიმაგრეში იყო, ერთი მღვდელი გამოგზავნა იაყუბ ფადიშაჰთან და უვნებლობა ითხოვა. ხელმწიფემ აღარ დასაჯა ისინი, ციხის ქონება კი აიღო. იმ ციხეში მათ დიდძალი განძეული ჩაუვარდათ ხელში23. ყვარყვარემ თავისი შვილი გაგზავნა თხოვნით იაყუბ ფადიშაჰის კარზე და ამირების მეშვეობით მისი უდიდებულესობის ნოხის კოცნით გაბედნიერდა. დაალაგა რა ხელმწიფის წინაშე ძღვნად მოტანილი საჩუქრები, მან მოახსენა იაყუბს: თუ ხელმწიფე ინებებს თავის ქვეყანაში დაბრუნებას, დაპირებული გადასახადის გარდა კიდევ შევიტან თქვენს ბედნიერ ხაზინაში ხუთას თუმანს „ნალის ფასადო“24. იაყუბ ფადიშაჰმა მიუალერსა მას, ძვირფასი ტანისამოსითა და ქარივით სწრაფი ცხენების ბოძებით გააბედნიერა და გაუშვა. იაყუბ ფადიშაჰი თავრიზისაკენ გაბრუნდა. ეს ლაშქრობა ორმოც დღეს გაგრძელდა25.
რვაას ოთხმოცდაცამეტი (1487/8) წლის ამბები
სულთან ჰეიდარ სუფევის გალაშქრება შირვანისაკენ და მისი უდიდებულესობის მოწამებრივი სიკვდილი სიკვდილ-სიცოცხლის განმგებლის განგებით
ამ წელს სულთან ჰეიდარ სეფევიმ26 შირვანის მხარეს გაილაშქრა. ამის მიზეზი ის იყო, რომ სუფი ხალილი, რომელიც საქართველოზე სალაშქროდ იყო წასული, დამარცხდა, დაჰყარა კარვები და შირვანისკენ წავიდა. როცა ამ ამბავმა იაყუბ ფადიშაჰამდე მიაღწია, მან შიკრიკები გაუგზავნა მის უდიდებულესობას და სთხოვა დახმარებოდა სუფი ხალილს. ამიტომ სულთან ჰეიდარი ურიცხვი ჯარით იმ მხარეს გაემართა და სუფი ხალილის ბანაკის მახლობლად ბრძანა ჩამოხდომა. სუფი ხალილი შიშმა მოიცვა და მასთან შეხვედრა მიზანშეწონილად არ სცნო. ამის ბამო მისი უდიდებულესობა შირვანისკენ წავიდა, მდინარე მტკვრის ნაპირს მიადგა და იქ დაბანაკდა. დაახლოებით ორ თვეს ინება იქ ყოფნა27.
XII ტომი
ცხრაას ექვს (1500/1) წელს მომხდარი ამბები
ალექსანდრეს სადარი ხაყანის ომი შირვანის ხელმწიფესთან
როცა ალექსანდრეს28 სადარმა საყანმა29 ერზინჯანში ინება დადგომა, მურიდებისა და სუფიების შვიდი ათასი კაცი უსთაჯლუს, შამლუს, რუმლუს, თაქალუს, ძულყადარის, ავშარის, ყაჯარის, ვარსაყის ტომებისა და ყარაჩადაღის სუფიებისა30, მათ შორის მოჰამედ-ბეგი ორასი სახლიკაცითა და ხელქვეითით, აგრეთვე აბედინ-ბეგ შამლუ სამასი კაცით – ქვეყნის საფარველის (შაჰის) კარზე შეიკრიბა. ალექსანდრეს სადარმა ხაყანმა ზოგიერთი დიდებული მოიხმო და უბრძანა ერთმანეთში მოეთათბირათ, რომელ მხარეს უფრო შესაფერისი იქნება, რომ გავემართოთო. ზოგმა თქვა, საჭიროა ერზინჯანში გავატაროთ ზამთარი, რათა დანარჩენი სუფიები და მურიდები თანდათანობით შემოგვიერთდნენო, ზოგმა კი მოახსენა ისმაილს. ყვარყვარეს საქართველოს ურწმუნოებაზე გავილაშქროთო. სხვა ჯგუფმა კიდევ ჩოხურ-საადი31 სცნო შესაფერისად.
როცა ეს მოახსენეს ისმაილს, მისმა უდიდებულესობამ გადასწყვიტა, მეც ამ ღამით ვიმკითხავებ წიგნით და რასაც უცოდველი იმამები – ღვთის კურთხევა იყოს მათზე – ბრძანებენ, ჩვენც მას შევასრულებთო. მეორე დღეს მოიწვია ამირები სამეფო ტახტის საფეხურებთან და ბრძანა, გუშინ უცოდველი იმამების შემწეობით – ალაჰი გაუმარჯვებს მათ ყველას – ჩვენთვის გამორკვეული და დადგენილ იქნა, რომ დროშების შირვანისაკენ მიმართვა სწორი, კეთილი და კეთილდღეობასა და სიმართლესთან დაკავშირებული იქნებაო. ამიტომ სადავეები შირვანისაკენ მიმართეს. როცა ბასიანს მიაღწიეს, მიზანშეწონილი მოქმედებისათვის საჭირო შეიქნა, რომ ხოლეფა-ბეგი საქართველოსაკენ გაეგზავნათ. ბრძანების თანახმად ხოლეფა-ბეგმა მამაცების რაზმით საქართველოზე გაილაშქრა, უზომო ნადავლი აიღო და უავგუსტოეს ურდოში დაბრუნდა. ალექსანდრეს სადარმა საყანმა იმ დროს ილიას-ბეგ ეიღუდ ოღლი გაგზავნა როსთემის მსგავსი სუფიების რაზმით მენთეშის32 ციხის დასაპყრობად. ამირა ილიასი უშიშარი ჯარით გაემართა საძირკვლად ცის სფეროს მქონე იმ ციხისაკენ. მენთეშმა ის ციხე ერთ თავის მისანდო პირს გადასცა და თვითონ კი გაიქცა. ძლევამოსილმა ჯარმა იმ მიუვალ ციხეს ალყა შემოარტყა. მენთეშის ხალხი, შეძრწუნებული ციხიდან გამოვიდა და ხმლით და სუდარით ხელში ლაშქრის მწყობრთა მლეწი იმ ამირას ბანაკში წავიდა სასწრაფოდ.
თხრობა ცხრაას ოცდაორი (1516) წლის ამბების შესახებ
ალექსანდრეს სადარი ხაყანის ზამთრად დაბანაკება ნახჭევანს და დივ-სულთანის გალაშქრება საქართველოზე
ამ წელს ბრძოლა მოხდა ყვარყვარესა და მანუჩარს შორის საქართველოში33. ყვარყვარე გაიქცა და თავრიზში გაბედნიერდა ხელმწიფესთან ხლებით. მან მოახსენა ხელმწიფეს საქართველოს მდგომარეობისა და იქ ურჩთა მძლავრობის შესახებ. დიდებულმა მზემ (შაჰმა) წყალობის სხივები მოჰფინა მანუჩარს და ბრძანება გასცა, რომ დივ-სულთან რუმლუ, ჩარქინ ჰასან თაქალუ, ნარინ-ბეგ ყაჯარი, ყაზაყ-ბეგ რუმლუ და ჰასან-ბეგ ჯუთე საჩქაროდ წასულიყვნენ და ეცადნათ, ეგებ ღვთის დახმარებით საქართველოს არე გაიწმინდოს იმ უწმინდურთაგანო. ამირები შურაგელის34 გზით გაემართნენ აყ-შაჰრისაკენ და იმ ქვეყნის მხარეებს მოედვნენ როორც ცით მოვლენილი მოულოდნელი უბედურება. მანუჩარმა რომ ეს იხილა, თავზარი დაეცა, გაიქცა და აზნაურებთან ერთად ყარასულში35 წავიდა. მან მოციქულები გაგზავნა დივ-სულთანთან და ზავზე დაიწყო ლაპარაკი. ამირებმა მისი მოციქულები დახოცეს და მასზე თავდასასხმელად წავიდნენ. როცა ხსენებული სოფლის მიდამოებში მივიდნენ, მანუჩარი გაიქცა და რუმს წავიდა. ამირები თმოგვის ციხის მიდამოებში დადგნენ. ეს ციხე მდებარეობს ღრმა ხეობის შუაში, ერთი მთის წვერზე. ღაზიებმა ღვთის დახმარების მქონე დროშები გაშალეს, გამარჯვების მახვილები იძრეს და მას გარს შემოერტყნენ. 14 დღეს გრძელდებოდა ბრძოლა ცუდმაქცევარ ქართველთა და ღაზიებს შორის. ბოლოს ისლამის ლაშქარმა გახვრიტა ციხის წყალსაცავები და ურწმუნოებს ძალა წაართვა. მათ მიმართეს დივ-სულთანს და არბარნირი36, რომელიც მანუჩარის რწმუნებული იყო, შესაფერისი საჩუქრებით ციხიდან გამოვიდა. დივ-სულთანმა საქართველოს გამგებლობა ყვარყვარეს მისცა და დაბრუნდა. ამ ლაშქრობის დროს დივ-სულთანმა ჩარქინ ჰასანი სიკვდილით დასაჯა37.
ცხრაას ოცდაოთხი (1518) წლის ამბები.
სელიმისაგან დახმარების გაგზავნა მანუჩარ ქართველისათვის და ურუმების დახოცვა ყვარყვარე ქართველის მიერ
ამ წელს ალექსანდრეს სადარი ხაყანი საზამთროდ ნახჭევანს დადგა. ამავე წელს მანუჩარ ქართველი, ყიზილ-აჰმად ოღლისთან ერთად, რომელიც სულთან სელიმის38 ერთი ამირათაგანი იყო, რუმიდან საქართველოში ჩავიდა, რათა ყიზილ-აჰმედ ოღლის ყვარყვარესათვის ქვეყანა („ოლქი“) წაერთმია და მისთვის მიეცა. ყვარყვარე მათ შეება ყარაჯა-არდაჰანში და გაიმარჯვა. ყიზილ-აჰმედ ოღლი და ურუმთა ერთი ჯგუფი დახოცეს.
დივ-სულთანმა, რომელიც ჩოხურ-საადის მმართველი იყო, დად ელი39 დაარბია და უკან დაბრუნდა
ამ წელს საქართველოს ჰაქიმი მეფე ყვარყვარე ქვეყნის მფარველ კარზე მოვიდა და ალექსანდრეს სადარმა ხაყანმა მასთან ერთად დივ-სულთანი საქართველოზე გაგზავნა. დივ-სულთანმა ციხე გორი და სურამი40 დაიპყრო.
ცხრაას ოცდაშვიდი (1520/1) წლის ამბები
ლევან ქართველის ურჩობა და შაქის ქვეყანაზე თავდასხმა.
ალექსანდრეს სადარი ხაყანის მიერ დივ-სულთანთან გაგზავნა ზოგიერთ ამირასთან ერთად ზაგემსა და ლევანის სხვა ოლქებზე თავდასასხმელად
ამ წელს საქართველოს ჰაქიმმა ლევანმა41, გამოიღო თავი მორჩილების უღლიდან, გაითავისუფლა კისერი გამგონეობის საყელოსაგან და ურწმუნოთა ჯარი გაგზავნა შაქის მხარეზე თავსდასასხმელად. იმ ქვეყანაში მაღლა ავარდა მტვერი შემოსეულ ჯარისაგან. შაქის ჰაქიმმა ჰოსეინ-ბეგმა42 არზა გაგზავნა უმაღლეს ტახტისადმი და დახმარება ითხოვა. ალექსანდრეს სადარმა შაჰმა მის დასახმარებლად დივ-სულთანი გაგზავნა რამდენიმე სახელოვანი ამირათი და დიდებული ბუმბერაზებით. დივ-სულთანმა ღაზიებით ყანუყი და ყაბრი43 გადაიარა, ზეგამი და გრემი დაარბია და სოფელში44 დადგა. ლევანი მიხვდა, რომ საშინელ სპილოსთან და მრისხანე ლომთან შეჯიბრება არ ივარგებდა, სხვა გზა ვერ გამონახა, გარდა იმისა, რომ ურჩობა და დამოუკიდებლობა დაეტოვებინა და შაჰისათვის თავდადებასა და მსახურებას შედგომოდა. ეს რომ გადაწყვიტა, ამ სასიხარულო ამბის სხივმა მისი გონება გაანათლა. მან სისუსტის ხელი შუამდგომლობის კალთას მოსჭიდა, უძლური ხმით წარსულის პატიება ითხოვა და დივ-სულთანს მოახსენა: რადგანაც თქვენი დიდსულოვნება ჩემმა ურჩობამ შებღალა, ამიტომ ჩვენი შეხვედრა ამჟამად ძნელია და თქვენთან ხლება შეუძლებელიაო. თუ თქვენი აღმატებულება ინებებს უკან გაბრუნებას, ცოტა ხნის შემდეგ მე ქვეყნის საფარველ კარზე გამოვეჩქარები და მსახურების წესებს და თავდადების პირობებს შევასრულებო. ამის გამო დივ-სულთანი იქიდან გაბრუნდა და ქვეყნის საფარველ კარზე მივიდა.
თხრობა ცხრაას ოცდაათი (1523/4) წლის ამბების შესახებ
ლევანის გალაშქრება შაქზე და შაქის ვალის მიერ ალექსანდრეს სადარი ხაყანის წინაშე დახმარების თხოვნა.
ამ წელს ლევან-ბეგ ქართველმა გაილაშქრა შაქზე. ჰოსეინ-ბეგი, რომელიც იმ ქვეყნის ჰაქიმი იყო, საომრად გამოვიდა მრავალრიცხოვანი ლაშქრის ერთი რაზმით. მათ შორის მეტად მძიმე ბრძოლა მოხდა. შაქის ლაშქარი დამარცხდა, ჰოსეინ-ბეგი იმ ბრძოლაში დაიღუპა მოწამებრივი სიკვდილით. ლევან-ბეგი გრემს დაბრუნდა. შაქის ხალხმა თავის მმართველად დააყენა დერვიშ მოჰამედ-ხანი, რომელიც მისი (ჰოსეინ-ბეგის) შვილი იყო45.
ცხრაას ორმოცდაშვიდი (1540/1) წლის ამბები
ქვეყნის საფარველი შაჰის პირველი ლაშქრობა ურჯულო ქართველებზე და ამ ურწმუნოთა ამოწყვეტა
ამ წელს ქვეყნის საფარველმა შაჰმა46, ისლამის გასამარჯვებლად და უფალი მოციქულის – მშვიდობა იყოს მასზე – რჯულის გასაძლიერებლად, ურწმუნო ქართველების აღმოსაფხვრელად გაილაშქრა და გზადაგზა ნადირობით ბარგუშათისაკენ47 გაემართა. ამირები, სახელმწიფოს დიდებულნი და სარდლები ყველა კუთხის ლაშქრითურთ შეუერთდნენ ძლევამოსილ ჯარს. ამის შემდეგ ბედნიერი ხელმწიფე ზოგიერთი ბუმბერაზით საქართველოს მხარეს წავიდა ილღარით. ერთ ღამეს, როცა ბედის გუნება აღშფოთებული იყო ჰაერის გამარჯვებით, ისლამის ლაშქარი თავს დაესხა ქალაქ თბილისს, ეშმაკის სადგომს.
ქართველთა ჯარის ცხენოსან ყარაულებს, რომლებიც მზვერავად იდგნენ გზაზე, ყველას დილის ტკბილი ძილით ეძინათ. დამრბევლებმა განთიადისას დროშა აღმართეს, ქალაქის კარს უგრძნობლად თავს დაესხნენ. ქართველი მამაცნი ძილში განისვენებდნენ, როცა დილის ქარმა ჩააქრო მათი სიცოცხლის სანთელი და ლამპარი. უბედურების გრიგალი ამოვარდა და ყიზილბაშებმა ძარცვა-რბევის ცეცხლი წაუკიდეს ქალაქს, ხოლო მათი (ქალაქის მცხოვრებთა) ბავშვები და ცოლები დაატყვევეს. გულბაათ ქართველი ლუარსაბის48 ერთი პატივცემული ამირათაგანი იყო. მან აზნაურების ერთ ჯგუფთან ერთად თბილისის ციხეს შეაფარა თავი. ბოლოს უვნებლობა ითხოვა, ციხე ყიზილბაშებს ჩააბარა და ისლამის ხალხის რიგებში იქნა შეყვანილი49. ძლევამოსილმა ღაზიებმა კრიალა ხანჯლებისა და ცეცხლოვანი ხმლების ცემით საქართველოს ველაიეთი უწმინდური ქართველებისაგან გაწმინდეს. ჰაბაში50, რომელიც ლუარსაბის ერთ-ერთი საპატიო ამირა იყო, მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი ჯარის შიშით გაიქცა და ბირთვისის ციხეში შევარდა. ეს ისეთი მაღალი ციხე იყო, რომ მასში მდგომთ ხელი ქალწულის ზოდიაქომდე მიუწვდებოდათ და მის მცხოვრებთა სმენას ანგელოზთა გალობა სწვდებოდა.
ძლევამოსილი ლაშქარი ღვთის შემწეობით გარს შემოერტყა იმ ციხეს და ბრძოლა დაუწყო. ურწმუნოები შიშის ზარმა შეიპყრო სრულიად ღვთის დახმარებით მოსარგებლე ლაშქრის შეტევის გამო და ციხე დასთმეს. ყველა, ვისაც მის საბედნიეროდ მიუდგა ყურანის სიტყვები – „ალლაჰი მიუძღვის მას, ვისაც სურს სწორი გზა“, შებრალებულ იქნა, ხოლო ვინც სრულ უვიცობასა და ურჩობაზე მტკიცედ იდგა, ის დაიღუპა, არარსებობის ქარმა გაიტაცა, და არყოფნის სამოსი ჩაიცვა საიქიოსათვის.
ამ ამბების შემდეგ ღვთის დახმარების მქონე დროშები საქართველოს დიდგორის მთისაკენ დაიძრა, იმ დიდებული მთისაკენ, რომელსაც ცის მბრუნავ სფეროსავით მაღალი წვერი ჰქონდა. ძლევამოსილმა ლაშქარმა იმ მთის მიუვალი ადგილები ძალით დაიპყრო, მრავალი ურწმუნო მთის ვიწრო ხევებში ჩახოცა და იმ ურწმუნოთა სიმტკიცის საფუძველი ცეცხლოვანი შეტევით აათრთოლა. ამ ღვთისაგან მიტოვებულებიდან, ვინც მახვილს გადაურჩა, ისინი კალიასავით გაიფანტნენ უდაბნოში. იმ ურწმუნოთა მოსასპობად წამოსული ქვეყნის საფარველი შაჰი მტკვრის ნაპირას მივიდა. ლუარსაბ ქართველი, რომელიც იმ ქვეყნის ჰაქიმი იყო, გაიქცა, მაგარ მთებსა და უდაბურ ტყეებში გადავარდა და ღაზიების ხელს გადაურჩა. მაშინ ძლევამოსილი დროშები ბედნიერებითა და კეთილი იღბლით უკან დაბრუნდნენ და თავრიზში დადგნენ51.
თხრობა ცხრაას ორმოცდაცხრა (1542/3) წლის ამბებისა
ხონთქრის მიერ ლაშქრის გაგზავნა ქართველებზე
ამ წელს ოსმალეთის ხელმწიფემ სულთან სულეიმანმა52 მუსა ფაშა, რომელიც არზრუმის მმართველი იყო, 60 სანჯაყის ამირათი საქართველოს დასაპყრობად გაგზავნა. ოსმალები, ბრძანების თანახმად, დად ელისაკენ გაემართნენ. მეფე ბაგრატმა, რომელიც ბაში-აჩუკად53 არის ცნობილი, ციხე გაამაგრა, აზნაურების ერთი რაზმი შიგ ჩასვა და თვითონ მთასა და ტყეში წავიდა. ოსმალებმა ციხეს ალყა შემოარტყეს და ათი დღის შემდეგ აიღეს. იქიდან გაწყობილი ჯარით ოლთისში მოვიდნენ და იქ ციხეს გარს შემოადგნენ. იანიჩრებმა54 წინ წამოიწიეს, სიბები55 გამართეს და ევროპული ზარბაზნებით და სხვა იარაღით დაუწყეს ციხეს ბრძოლა. მეციხოვნეებმა ძალაუნებურად ხელი მიჰყვეს ბრძოლასა და ომს. მაშინ ბაში-აჩუკმა ეშმაკობით და ვერაგობით რამდენიმე კაცი გამოგზავნა მუსა ფაშასთან მრავალი საჩუქრით და შემოუთვალა: მე როგორ შემიძლია ხონთქრის ჯარისათვის წინააღმდეგობის გაწევაო. თუ ფაშა უკან გაბრუნდება, ციხის კლიტეებს, ვისაც მიბრძანებთ, იმას გადავცემო. მისი სიტყვებით მოტყუებული ფაშა ოლთისის ციხიდან აიყარა და არზრუმს წავიდა, სანჯაყის ამირათა რაზმი კი თოფხანაში56 დატოვა, რომ შემდეგ მას გაჰყოლოდა და არზრუმში მიეტანა თოფხანა.
როცა ბაში-აჩუკმა ფაშას უკან გაბრუნების ამბავი გაიგო, სხვა ქართველ სარდლებთან ერთად თოფხანაში დატოვებულ ოსმალებს მოულოდნელ უბედურებასავით თავს დაესხა. ოსმალებს ყოველ მხრიდან გარს შემოერტყნენ, ასე რომ, ათასიდან ერთიც არ გადარჩენილა. ამის შემდეგ ილღარით ფაშას წინააღმდეგ გაემართა. გვიანი დილა იყო, რომ დაეწია მას, შეუტია და ოსმალების სიცოცხლეს სული ამოართვა ცეცხლის მფრქვეველი ხმლით. ქართველებმა ლალისფრად შეღებეს ბრძოლის ველი მათი სისხლით და მრავალი ოსმალო, მუსა ფაშასთან და წარჩინებულ ოსმალებთან ერთად, დახოცეს, ხოლო მათი ბანაკი დაარბიეს და აიკლეს.
როცა ამ ამბავმა ხადემ ალი ფაშამდე მიაღწია ჰამიდს, მან სასწრაფოდ გაილაშქრა საქართველოსაკენ დიარბექრის ჯარით. როცა იმ მხარეს მივიდა, ქართველი ამირები ყველა თავთავიანთ ველაიეთებში იყვნენ წასულ-წამოსულნი. ფაშამ რამდენიმე სოფელი დასწვა და ჰამიდის მხარეს დაბრუნდა.
თხრობა ცხრაას ორმოცდაათ (1543/4) წელს მომხდარი ამბების შესახებ
ოსმალების ბრძოლა ქართველებთან
როცა ქართველების გამარჯვების ამბავმა სულთან სულეიმანამდე მიაღწია, მან მოთამარიდ ალი ფაშა გაგზავნა საქართველოზე მრავალრიცხოვანი ჯარით. ისინი ყანლუ-ჩამანზე შეხვდნენ ქართველებს და ბრძოლა დაიწყეს. როცა ბრძოლის ცეცხლი გაჩაღდა, ქართველებმა ძალა მოიკრიბეს და დელუ ბეჰა ედ-დინ-ქურთს დროშა წაართვეს. ხელცარიელი დარჩენილი ბეჰა ედ-დინი ქართველებს ეძგერა, თავისი დროშა უკანვე წაართვა მათ და ოსმალთა ჯარს შეუერთდა. ბრძოლისა და ჭიდილის შემდეგ ქართველები დამარცხდნენ და გაიქცნენ. მათი დიდძალი ქონება ხელში ჩაუვარდა ოსმალებს, რომელნიც თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ.
თხრობა იმ ამბების შესახებ, რომლებიც ცხრაას ორმოცდაცამეტ (1546/7) წელს მოხდა. უმადური ალყასის57 ურჩობა
თავრიზში ავშარისა და ძულ-ყადარის ტომებს შორის შუღლი ჩამოვარდა. ორივე მხარემ საომარი იარაღი აისხა და ბრძოლისა და ჭიდილისათვის მოემზადა. რჯულის საფარველმა შაჰმა ხან წყალობით და ხან გაწყრომით დატუქსა ისინი. ამიტომ მათ ზავი და მშვიდობა აირჩიეს. შაჰ-ყული ხალიფა ძულ-ყადარი, იბრაჰიმ-ხან ძულ-ყადარი, ალი-სულთან ძულ-ყადარი, სუნდუქ-ბეგ ყორჩიბაში ავშარი, შაჰ-ყული-სულთან ავშარი და მაჰმუდ-ხან ავშარი სასახლეში მოვიდნენ და ფიცი დასდეს, რომ არ იჩხუბებენ და არ უმტრობენ ერთმანეთს, ვიდრე ცოცხალი არიან.
ამის შემდეგ რჯულის საფარველმა შაჰმა უამრავი ჯარით გაილაშქრა საქართველოზე, გადაიარა შურაგელი და აყ-შაჰრს მივიდა. იმ დღეებში დილიდან საღამომდე თოვდა განუწყვეტლივ. როგორც გულუხვი ადამიანის ხელიდან იფრქვევა ვერცხლი, ისე აფრქვევდა ღრუბელი მიწაზე თოვლს, ხოლო მთა ისე ძრწოდა სიცივისაგან, როგორც ძრწის შიშისაგან სარწმუნოების მტრის გული. ასეთს მდგომარეობაში ძლევამოსილმა ხელმწიფემ თავდასხმა მოახდინა ღამით ურწმუნო ქართველებზე. ისლამის ლაშქარი რომ დასაღუპავი ურწუნოების სამყოფელს მივიდა, სარწმუნოებისთვის ბრძოლის მახვილი შურისძიების ქარქაშიდან იძრეს, მათი (ქართველთა) სისხლით თოვლი ვარდისფრად შეღებეს, მრავალი ძროხა და ცხვარი ნადავლად ხელთ იგდეს და მათ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს. მაშინ მზე თხის რქის ზოდიაქოს ბოლოში იყო. ძლიერი სიცივისაგან მდინარე მტკვარი გაყინულიყო და წმინდა ვერცხლს ჰგავდა. დიდი თოვლისაგან მთა და ბარი გასწორებულიყო. თითქოს ამის შესახებ უთქვამს ქემალ ისმაილს58: მსგავსად ბამბაში მოკალათებული თესლისა, მთები დამალულია თოვლში.
იმ ხანებში ამ სტრიქონების დამწერი, ამირ-სულთან რუმლუს შვილიშვილი ჰასანი, ჩაფანისა და რუმლუს ტომის ყორჩიების ერთი რაზმით ურჯულო ქართველთა ერთ ჯგუფს შეხვდა. მე, უკნინესმა, და ჩაფანის ერთმა ყორჩიმ, სახელად შაჰ-ყულიმ, შევუტიეთ მათ, გავფანტეთ, რამდენიმე კაცი დავჭერით და დავხოცეთ, რამდენიმეც ტყვედ წამოვიყვანეთ და გამოვბრუნდით. ჩვენთან მყოფი დიდად გულადი ღაზიები თავს იკავებდნენ და ნაბიჯს არ დგამდნენ წინ. რჯულის საფარველი შაჰი აყ-შაჰრიდან დაიძრა და თობდიში59 წავიდა. გზაში ლევანი – ზაგემისა და გრემის ჰაქიმი და საქართველოს ჰაქიმი ბაში-აჩუკი მეფეთა საფარველ სასახლეში მოვიდნენ და განდიდებულ იქნენ ხელმწიფის ალერსით. ბაშიაჩუკმა შაჰისაგან ნაბოძები ხალათი ჩაიცვა და თავის სამფლობელოში დაბრუნდა. ლევან-ბეგმა რამდენიმე დღე დაჰყო ბედნიერ ხელმწიფესთან და უავგუსტოეს მეჯლისში მსახურობდა. რჯულის მფარველმა შაჰმა მას დიდებული ხალათები, მრავალი საჩუქარი და ნარნარად მატარებელი ცხენები უბოძა. შემდეგ მან წასვლის ნებართვა მიიღო და თავის ქვეყანაში გაემართა60.
ცხრაას ორმოცდათექვსმეტი (1549) წლის ამბები
სხვადასხვა ამბები
ამ წელს ოსმალეთის ხელმწიფემ სულთან სულეიმანმა აჰმედ ფაშა, რომელიც მეორე ვაზირი იყო, ორმოცი ათასი ცხენოსანი და ქვეითი ჯარით საქართველოში გაგზავნა. მათ აიღეს დად ელი, რომელიც ყვარყვარეს ეკუთვნოდა, და თავის ქვეყანაში წავიდნენ.
თხრობა ცხრაას ორმოცდათვრამეტი (1551) წლის ამბების შესახებ
ქვეყნის საფარველი შაჰის წასვლა შაქზე და მისი დაპყრობა
რადგანაც დერვიშ მოჰამედ-ხან შაქელმა ისევ გამოიჩინა ურჩობა, ამიტომ რჯულის საფარველი შაჰი შაქის ველაიეთს გაემართა მრავალრიცხოვანი ჯარით და ქალაქ არეშში დადგა. მაშინ საქართველოს ვალიმ ლევანმა წელზე შემოირტყა მორჩილებისა და მსახურების სარტყელი და ცასავით დიდებულ ჯარს შეუერთდა61. ძლევამოსილი დროშები შაქისაკენ დაიძრა. დერვიშ მოჰამედ ხანმა თავი აარიდა ბედნიერი დროშების შეხვედრას. რჯულის სმფარველმა შაჰმა მისი შეწყალება ინება, მაგრამ იგი თავისი უვიცობით ციხის სიმტკიცეს დაენდო. ამის გამო შაჰი განრისხდა და ბედირ-ხანი და შაჰ-ყული-სულთან უსთაჯლუ წინამავლად გაგზავნა. ისინი შეხვდნენ მოჰამედ-ხანის ყარაულებს, დაამარცხეს ისინი და ამირ იუსუფი, რომელიც შაქის ჰაქიმის მოურავი62 იყო ტყვედ ჩაიგდეს და ქვეყნის საფარველი შაჰს კარზე გაგზავნესგ განკითხვის დღესავით საშინელი ჯარის სვლამ ის უბედური ქვეყანა ზანზარსა და ალიაქოთში ჩააგდო. დერვიშ მოჰამედ-ხანმა რომ მსოფლიოს ხელმწიფის წამოსვლის ამბავი გაიგო, ჯოუშან-აღას ძმა მაჰმუდ-ბეგი ურწმუნოთა ერთი რაზმით გიშის ციხის მცველად დასტოვა, ხოლო თვით რამდენიმე უგუნურთან ერთად გელასან-გორასანის მაღალ ციხეს63 შეაფარა თავი.
ელბორზის მთის შუა კალთაზე მათ გაკეთებული ჰქონდათ სიღნაღი64. ქვეყნის საფარველი შაჰი ცხენს შეჯდა და ციხის ასაღებად გაემართა. სუნდუქ-ბეგ ყორჩიბაში, ბედირ-ხან უსთაჯლუ და შაჰ-ყული-სულთან უსთაჯლუ გიშის ციხეს გარს შემოერტყნენ, ხოლო შაჰ-ყული ხალიფა მორდარი და სხვა წარჩინებული ამირები სიღნაღის პირისპირ ჩამოხდნენ, აბდულა-ხანი და საქართველოს ჰაქიმი ლევანი კი გელასან-გორასანის ციხის წინ დადგნენ.
შაჰ-ყული ხალიფა მორდარმა ძლევამოსილი მამაცების რაზმით სიღნაღს ბრძოლა დაუწყო. მოწინააღმდეგებმა მათ თოფები დაუშინეს და უკუაქციეს. ისინი სრულიად მოიცვა შიშმა. აბდულა ხანმა და ლევან-ბეგმა ძლევამოსილი ლაშქრის ერთი რაზმით გელასან-გორასანის ციხეს დაუწყეს ბრძოლა და იმათაც წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ როცა დაინახეს ძლევამოსილი ჯარის შემოტევა, ზურგი იბრუნეს და გაიქცნენ. მამაცი მეომრები მათ დაედევნენ და მთაზე ავიდნენ. როცა ძლევამოსილმა დროშებმა იმ ხეიბერის65 მსგავს ციხეს გადააფინეს ჩრდილი, მამაცები წინ წარდგნენ და სიბები მოაწყვეს, ბადლიჯებით66. ევროპული ზარბაზნებით და სხვა იარაღით ებრძოდნენ ციხეს. მეზარბაზნეებმა ზარბაზნების სროლა იწყეს. უშიშარმა მეომრებმა კვლავ გამოიჩინეს სიმამაცე და ზევიდან ქვევით და ქვევიდან ზევით ზარბაზნისა და თოფის ცემა გაიმართა. მტრის ერთი რაზმი ციხიდან გამოვიდა, რამდენიმე კაცი მოკლა ამირების მსახურთა რიცხვიდან. სწრაფად გაბრუნდა უკან და ციხეს მიაშურა. ღაზიებმა ზარბაზნებიც აოტნეს მაღლა და მთის მსგავსი ქვემეხებიდან ნასროლი ზარბაზნის ჭურვები იმ ცის სადარი ციხის თავზე ჩნდებოდა თანახმად გამოთქმისა – „და ვაწვიმეთ მათ ჯოჯოხეთური ქვები“. ოცი დღის შემდეგ, როცა ევროპული ზარბაზნებისა და ბადლიჯების ცემისაგან ციხის კოშკი და გალავანი შეირყა, ჰასან-ბეგ ოღლი დაახლოებით ათასი მეთოფეთი ავიდა მთის კალთაზე, რომელიც ციხის ახლოს იყო აღმართული, და სადაც კი ერთი თითის ზომაზე გამოჩნდებოდა ვინმეს თავი კოშკიდან, ას ტყვიას აყრიდა ზედიზედ. ერთი მხრიდან აგრეთვე ნაღმი შეთხარეს და კოშკს შეშა შემოუწყვეს. ვიდრე ცეცხლს წაუკიდებდნენ, კოშკი წაიქცა. ციხეში მყოფნი მწუხარებამ და შეშფოთებამ მოიცვა. მაჰმუდ-ბეგმა სისუსტისა და უმწეობის მოედანზე სინანულის ბურთის გათამაშება იწყო და იძულებით მორჩილებამდე მისულმა, დანებება და ვედრება ჰპოვა გადარჩენის საშუალებად და შველის საბაბად. ციხისთავი მაჰმუდ-ბეგი სიმაგრიდან გამოვიდა. ის განდიდებულ იქნა შაჰის ნოხის კოცნის ბედნიერებით და ციხის კარების კლიტეები გადასცა მას. ქვეყნის საფარველმა შაჰმა თავისი დიდი მოწყალების გამო აპატია მას შეცოდება. ის სახელოვანი ციხე, რომელიც არასდროს არ ყოფილა დაპყრობილი, აღებულ იქნა სულ რამდენიმე დღეში. ძლევამოსილმა ჯარმა, უკეთილშობილესი ხელმწიფის ბრძანების თანახმად, იმ ციხის კოშკი და გალავანი მიწასთან გაასწორა.
სარწმუნოების საფარველი შაჰი ცხენს შეჯდა და სიღნაღისკენ გაემართა. მისი უდიდებულესობის თავზარდამცემი ლაშქარი რომ დაინახა მოწინააღმდეგემ, ნაღველი წყლად ექცა შიშისაგან. გაიგეს რა გიშის ციხის აღების ამბავი, სიღნაღის დამცველები ჯგუფ-ჯგუფად მოვიდნენ შაჰის ცის სადარ კარზე და სისუსტის სახე დამცირების მიწაზე დასდვეს. ასეთი მდგომარეობის მნახველი დერვიშ მოჰამედ-ხანი შეშფოთდა და დიდი შიშისა და შეძრწუნების გამო ერთ ღამეს ციხიდან გამოვიდა. უსაზღვრო დაბნეულობისგან არ იცოდა სად მიდიოდა; აბდულა-ხანისა და ლევან-ბეგ ქართველის ბანაკის მიდამოებზე გაიარა. ამ დროს ის მოჰკლა ქოსა ფირ-ყულიმ, რომელიც ჩერენდაბ-სულთან შამლუს ერთი დაბალი მსახურთაგანი იყო, და მისი თავი სახელმწიფოს ტახტის ფერხთ მოიტანა. იმ ოთხასი კაციდან, რომელნიც მასთან ერთად გამოიქცნენ ციხიდან, ორას ორმოცდაათი მოკლულ იქნა.
სარწმუნოების საფარველმა შაჰმა შაქის მთელი მხარე დაიპყრო. ხუტბა და სიქა67 გაიფურჩქნა და განახლდა კეთილშობილი სახელით და უმაღლესი ტიტულით.
იმ ქვეყნის მმართველობა შაჰმა თეიყუნ-სულთან ყაჯარს მისცა. ამ დროს გიშის ციხის უფროსი მაჰმუდ-ბეგი, რომელიც უსაფუძვლო შიშმა შეიპყრო, ბანაკიდან გაიქცა.
ქვეყნის მფარველი შაჰის მესამედ გალაშქრება საქართველოსაკენ და იმ ურჯულო ურჩთა დახოცვა და ამოწყვეტა
იმ დროს, როცა მაღალი ურდო შაქს იყო, ყვარყვარეს შვილმა ქაიხოსრომ68 რამდენიმე აზნაური გამოგზავნა შაჰის კარზე და დახმარება ითხოვა, რადგან ვახუშტი ქართველმა და ლუარსაბ შერმაზან ოღლიმ69 მისი სამფლობელოების ნაწილი დაიჭირეს.
ამასობაში ამბავი მოვიდა, ისქანდერ ფაშა70 საქართველოში მოსულა და არტანუჯის ციხისათვის ალყა შემოურტყამსო. ამიტომ სარწმუნოების საფარველმა შაჰმა საქართველოსაკენ გაილაშქრა. ძლევამოსილი ღაზიები იმ ურჯულოთა ქვეყნის მთასა და ველს მოედვნენ და ყოველი მთა და ფერდობი, სადაც იმ გზადაკარგული ხალხის თავშესაფარი იყო, მამაცების დარტყმითა და ცემით მიწასთან გაასწორეს და ვერც ერთმა ურჯულომ ცოცხალმა ვერ გააღწია ბრძოლის ველიდან. ალაჰი შეიცნობს ურწმუნოებს! მოკლულთა ცოლ-შვილი, მოწყობილობა და ქონება გადაეცა მკვლელებს, როგორც კანონიერ მემკვიდრეთ. ფერიების მსგავსი ქართველი ლამაზმანები ტყვედ წაიყვანეს. ქართველთა ერთმა ნაწილმა თავი შეაფარა მაღალ მთებსა და მაგარ გამოქვაბულებს. ზოგი გამაგრდა -ის და -ის ციხეებში71. ვარძიის ციხეში72 და ეკლესიაში, რომელიც ღვთის მიერ შექმნილ საკვირველებას წარმოადგენს. ისლამის ლაშქარმა მამაცურად ხელი მიჰყო მათ ხოცვა-ჟლეტას და ელვარე მახვილისა და ცეცხლის მფრქვეველი შუბების ცემით რამდენიმე ათასი ურწმუნო მოკლეს, თანახმად გამოთქმისა – „ორგულნი ჭეშმარიტად ჯოჯოხეთის ფსკერზე მოხვდებიან“. თმოგვის ციხე რამდენიმე სხვა ციხესთან ერთად დაპყრობილ იქნა. თმოგვის ხეობაში ურწმუნონი მაღალ ადგილებსა და ქვაბებში ასულიყვნენ კიბეებით. ყიზილბაში ცხენოსნებისა და ქვეითების ერთი ჯგუფი მათემატიკოსის მიერ გაჭიმული თოკივით სწორად გამწკრივებული ადიოდა იმ ცასავით მაღალ მთაზე და გამოქვაბულთა კარებზე ირეოდა ძარცვა-გლეჯისათვის, როგორც ფუტკარი სკების წინ. მათ დაიწყეს გამოქვაბულებში დაგროვილი ქონების ძარცვა და იმ ფერიის სახის მქონე ჭაბუკების ჯგუფ-ჯგუფად გამოყვანა, რომელნიც ტყვეობისა და გაძარცვის შიშით ქვაბებში დამალულიყვნენ ისე, თითქოს მეორეჯერ მოქცეულიყვნენ დედის საშოში. ზოგი წყურვილისაგან მეტად შეწუხებული უკიდურესობამდე იყო მისული.
ამასობაში მოამბეების ერთმა ჯგუფმა რჯულის საფარველ შაჰს მოახსენა: ქართველი აზნაურების მრავალრიცხოვანი რაზმი, რომელიც ვარძიის ციხესა და ეკლესიაში იმყოფება, გამვლელ-გამოვლელთ აწუხებსო. ამის გამო შაჰმა ბრძანა, რომ ბედირ-ხან უსთაჯლუ, შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლი ყაჯარი და ალი-სულთან თაქალუ წასულიყვნენ იმ ციხისაკენ. სახელოვანი ამირები იმ ციხეს გარს შემოერტყნენ. ხსენებული ციხე აგებული იყო მთის კალთაზე [მდებარე] კლდის ერთ ნაჭერზე თმოგვის ხევის პირას, მდინარეზე, რომელიც მტკვრის სათავეს წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება, სიმაღლით კი – ლურჯ ცას.
ხსენებული ციხის შუაში ათი წყრთის სიმაღლის ადგილი გამოეჭრათ კლდეში და ეკლესია მოეწყოთ ოთხი ფართო სადგომით და გრძელი ტალანით. კედელი გარეთ ღა შიგნით ოქროთი, ლაჟვარდით და კერპთა გამოსახულებებით იყო მოხატული. მეორე სადგომში მოეწყოთ ტახტი და დაედგათ ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს კერპი. ორი თვალის მაგივრად იმ უსულო სხეულისათვის ორი ბრწყინვალე ლალი ჩაუსვამთ. აგრეთვე ხსენებული ეკლესიის გარეთ იწყებოდა მეტად ვიწრო და ბნელი გზა, დაახლოებით ას ორმოცდაათი წყრთის სიგრძისა, რომელიც ზემოთ ადიოდა და კლდეში იყო გამოჭრილი. ორი ფარული კოშკი ჰქონდათ გამართული ჟამთა ტრიალისა და მოულოდნელი შემთხვევისათვის. გარეთა სადგომებს გაკეთებული ჰქონდა რკინისა და ფოლადის კარები და ერთი კარიც ოქროსი გაეკეთებინათ შიგნითა სადგომისათვის.
ერთი სიტყვით, ძლევამოსილმა და გულადმა ღაზიებმა შეუტიეს. ამის მხილველი ურწმუნონი თავზარდაცემული და გაქვავებული იყვნენ და მძვინვარე ლომის შემოტევის მნახველი ნადირის მსგავსად გაშეშებულნი ადგილიდან ვერ იძროდნენ.
ძლევამოსილი ლაშქარი შემომქმედის შემწეობით ციხეზე ავიდა. ისლამის სარწმუნოებისათვის თავდადების იარაღი და საღვთო ომის მახვილი ალესეს და დახოცეს ურწმუნონი, ხოლო მათი ცოლები და შვილები დაატყვევეს.
რჯულის მფარველი შაჰი დიდებულ ამირებთან ერთად ეკლესიაში მივიდა. ოცი ცუდბუნებოვანი, საზიზღარი, მუდამ დაუბანელი მღვდელი მოკლეს იქ. ზარი, რომელიც სამოცდაათ მანს73 იწონიდა და შვიდგზის იყო ჩამოსხმული, დაამსხვრიეს, როგორც დაიმსხვრა მათი (ქართველების) სიცოცხლის ჭურჭელი.
რკინისა და ოქროს კარები მოგლიჯეს და ბედნიერ ხაზინას გადასცეს. ბედირ-ხან უსთაჯლუმ დაამტვრია ოთხი სანთელი, რომელთაგანაც თვითეული იმ არამზადა ურწმუნოებს სამოცი მანი ცვილისაგან ჩამოექნათ და მათი შუქით თვისი არსებობის კალო დაეწვათ. რჯულის საფარველმა შაჰმა დიდძალი სიმდიდრე და აუარებელი ქონება იგდო ხელთ. მათ შორის იყო ორი ლალი, რომლებიც ორი თვალის ადგილას ჩაესვათ იმ კერპისათვის. თვითეული მათგანი ორმოცდაათი თუმანი ღირდა. ციხე მიწასთან გაასწორეს. რაკი საქართველოს ჰაქიმებმა ვერ შეძლეს სხვაგან სადმე წასვლა, ძალაუნებურად დამორჩილდნენ და შაჰის მაღალ კარზე მოვიდნენ. პირველად ომან-ბეგ74 ქართველი, ლუარსაბ შერმაზან ოღლი და ვახუშტი-ბეგი მოვიდნენ რიგ-რიგობით სამეფო კარზე. მისმა უდიდებულესობამ კეთილგანწყობილების ჩრდილი მოჰფინა იმ ქვეყნის დაცვას.
ამ დროს შაჰის კარზე მოვიდა ქაიხოსრო, ყვარყვარეს შვილი, მრავალი ძღვენით, და რჯულის საფარველმა შაჰმა მას უწყალობა თმოგვის ციხე აყ-შაჰრთან ერთად. ვახუშტი ქართველი, და შერმაზან ოღლი, რომელნიც იმ ქვეყნის ჰაქიმები იყვნენ, სიკვდილით დასაჯეს.
როცა დიდებულმა მნათობმა (მზემ) ჩრდილი სასწორის ზოდიაქოს გადაჰფინა, თირმაჰის თვის75 ლაშქარმა ბაღში საქმობა დაიწყო და ხეები მიჯნურთა სახესავით ოქროთი მოხატა, ბაღ-ბოსტნის რეჰანი ქარვისფრად იქცა და სიცხის ლაშქრის დამარცხების გამო ჰაერი ზომიერი შეიქნა, – მეფური სადავეები ლუარსაბ დავითის ძის ქვეყნისაკენ იქნა მიმართული. ძლევამოსილმა ჯარმა დაარბია საბარათიანოს მხარეები და ისლამის გამარჯვების დროშები ააფრიალა. ბევრი ნადავლი წამოიღეს და ღაზიებს მრავალი პირუტყვი და სხვა საქონელი ერგოთ წილად76.
ცასავით დიდებული ურდო ყარაბაღისაკენ წავიდა და იმ მხარეში დადგა საზამთროდ.
თხრობა ცხრაას ორმოცდაცხრამეტ (1552) წელს მომხდარი ამბებისა
სარწმუნოების მფარველი შაჰის გალაშქრება რუმის ქვეყანაში და იქაურობის დარბევა
ისქანდერ ფაშა, რომელიც სულთან სულეიმანის მიერ არზრუმის ჰაქიმად იყო დანიშნული და რომელმაც ხიოში მოკლა ჰაჯი-ბეგ დუმბული, ჩოხურ-საადში მოვიდა, დასწვა ბაზრები და ბოლოს ყველა ამის გამო გაამაყდა და რამდენიმე ზომას გადასული წერილი მისწერა სახელოვან ყიზილბაშ ამირებს. ამაზე ხელმწიფე განრისხდა და გამოვიდა უმაღლესი ფირმანი, რომ შეკრებილიყო ქვეყნის ჯარები გამარჯვების დროშის ჩრდილში, რომელიც ძლევისა და გამარჯვების მზეს უსწორდება.
ბრძანების თანახმად ქვეყნის საფარველი სასახლის კარზე ჯარი შეიკრიბა. შაჰმა ბრძანა, ძლევამოსილი მეომრების ოთხი რაზმი ცალ-ცალკე გაემართოსო სალაშქროდ. მათ შორის მასუმ-ბეგ სეფევი, ალაჰ-ყული-ბეგ ასჰაქ ოღლი, ალი-სულთან თაქალუ, შამს ად-დინ-ხანი – შერეფ-ხან ქურთის77 შვილი, ხალიფე ანსარი, ჰამზა-ბეგ თალიში, ულუღ-ხან-ბეგ საადლუ და სხვა ამირები არჯიშსა და ბარგირს78 გაემართნენ, შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლი და ედჰემ-ბეგ რუმლუ ბასიანისაკენ წავიდნენ და იბრაჰიმ-ხან ძულყადარი, შაჰ-ყული-სულთან ავშარი და ჩერაღ-სულთანი, რომელნიც იმ დროს ფარსში იყვნენ, არაბეთის ერაყზე თავდასასხმელად გაიგზავნენ, ხოლო ბაირამ-ბეგ ყაჯარი, თეიყუნ-სულთან ყაჯარი და საქართველოს ვალი ქაიხოსრო, დად ელის დასაპყრობად და იმ სანახების დასარბევად დანიშნეს. სახელოვანი ამირები უმაღლესი ბრძანების შესრულებას შეუდგნენ. თითოეული რაზმი დაუყოვნებლივ გაემართა მითითებული მხარისაკენ.
ამ დროს საქართველოდან ამბავი მოვიდა, ისქანდერ ფაშამ გაიმარჯვა ბაირამ-ბეგ ყაჯარზეო. ეს ასე მომხდარა.
როცა ბაირამ-ბეგი ქაიხოსრო ქართველთან ერთად წასული იყო დად ელში და ორი-სამი ციხე უკვე დაპყრობილი ჰქონდათ, ამ დროს არზრუმიდან მათზე გამოილაშქრა ისქანდერ ფაშამ დიდი ჯარით და მოულოდნელად დაესხა თავს ამირების ბანაკს. ბაირამ-ბეგი და ქაიხოსრო იმ დღეებში სათარეშოდ იყვნენ წასული. თეიყუნ-ბეგ ყაჯარი და ბედირ-ბეგ უზბაში, რომელნიც ბანაკში იყვნენ, იძულებული გახდნენ გასულიყვნენ მტრის შესახვედრად და ვაჟკაცობაც გამოიჩინეს. ისქანდერ ფაშამ სამასამდე ღაზი და ქართველი მოჰკლა და იმ ადგილიდან არზრუმს დაბრუნდა.
თხრობა ცხრაას სამოცდაერთ (1553/4) წელს მომხდარი ამბების შესახებ
ქვეყნის საფარველი შაჰის მეოთხედ გალაშქრება საქართველოზე
ამ დროს მსტოვრებმა ქვეყნის ხელმწიფეს მოახსენეს: თავის სიმრავლეზე, დამოუკიდებლობაზე და მაღალ მთებსა და ბორცვებზე დანდობილ ურწმუნოებს (ქართველებს) ურჩობის გზაზე შეუდგამთ ფეხი და მუსლიმანთა ქვეყნებს აწუხებენო.
როცა ამ ამბავმა ხელმწიფის მაღალ სმენას მიაღწია, სარწმუნოების მფარველი შაჰი ჯარით საქართველოსაკენ გაემართა და საბარათიანოში დადგა. მთელი ის ქვეყანა ტყე იყო ისეთი, რომ ხეებში, მათი სიხშირის გამო, სიო გაჭირვებით იძვროდა. როცა ძლევამოსილი ლაშქრის წამოსვლის ამბავმა გარყვნილ ურწმუნოებამდე მიაღწია, ყველანი აქეთ-იქით გაიფანტნენ და გაიბნენ ძლიერი შიშისაგან. დავითის შვილმა ლუარსაბმა, რომელიც იმ ქვეყნის ვალი იყო, აღარ მიხედა არც ციხეებს, არც ქვეყანას, არც ხალხს და აღარც ოჯახს, ცოცხალ-მკვდარმა ათასგვარი ხრიკებით დააღწია თავი იქაურობას და თავშესაფარში შეიხიზნა. დანარჩენ ქართველებს ამ ამბის და ქოს-ნაღარის ხმის გაგონებაზე ნაღველი ჩაექცათ და ღვიძლი დაეფლითათ ზღვასავით მღელვარე და მეხივით მქუხარე ჯარის შიშით. ძრწოლვისა და ელდის ცეცხლი მოედო მათი სიმტკიცისა და უდრეკელობის კალოს, სისუსტის ხელი გაქცევის კალთას ჩასჭიდეს და მთებს, გამოქვაბულებსა და ტყეებს მიაშურეს, ხოლო ნაწილი ძლიერ ციხეებში გამაგრდა. ღაზიები ტყეში შევიდნენ და უმეტესობა იმ ურჯულოებისა შეუბრალებელი ხმლით დახოცეს, თანახმად გამოთქმისა – „და შეებრძოლეთ ყველა ურწმუნოს ერთად“! მათი ცოლები და შვილები დაატყვევეს და მრავალი მსხვილფეხა საქონელი და ცხვარი ხელში ჩაიგდეს.
აქედან ქვეყნის დამამშვენებელი დროშები გაემართა გორისკენ, რომელიც ლუარსაბის სატახტო ქალაქი იყო, და ძნელი გზით გაიარეს ხშირი ტყეები. ძლევამოსილმა ჯარმა ის მხარეც მოარბია და ნადავლად ვარდღაწვებიანი ქალიშვილები და მზიური სახის ყმაწვილები ჩაიგდო ხელში.
ამის შემდეგ ძლევის დროშებმა თვისი ჩრდილი მძორეთის ციხეს79 მოფინეს. ეს იყო ციხე, რომლის გალავნის სიმაღლე სატურნის აპოგეას სცილდებოდა... არასოდეს მუსლიმანური დროშების სხივებს იმ მთიანეთის ჰორიზონტზე არ გაუნათებიათ და სავსებით ჭეშმარიტი სარწმუნოების მნათობი სინათლისაგან ბედნიერების დილა იმ ციხის მიდამოებში არ გათენებულა. ბრძანების თანახმად, ძლევამოსილი ჯარი იმ სიმაგრეს შემოადგა და ციხის აღებას შეუდგა. თავისი ციხის სიმაგრით გაამაყებულმა ურჯულო ქართველებმა წინააღმდეგობის გაწევა იწყეს. ბედნიერმა ამირებმა და სახელოვანმა ღაზიებმა ყოველი მხრიდან იწყეს ბრძოლა.
ციხისთავი ფარსადანი, ცაზე იერიშის მიმტანი გულადების შემოტევით შეშინებული, სისუსტისა და უმწეობის კარში შევიდა, მორჩილების ნაბიჯით ციხიდან გამოვიდა და ციხე ჩააბარა80.
რჯულის საფარველმა შაჰმა ამ ციხის დაპყრობის შემდეგ ატენის ციხეზე გაილაშქრა. ეს იყო მეტად მტკიცე და მაგარი ციხე, რომლის კოშკებზე ფრინველსაც არ გადაუფრენია და რომლის პატნეზის კალთებს ჟამთა მოვლენების ხელი არ მიწვდომია.
ციხის მცველებად იმ დროს აზნაურები იყვნენ. ლუარსაბს იქ ჰყავდა დატოვებული თავისი დედა. ძლევამოსილმა ლაშქარმა ბრძოლა დაიწყო და თოფისა და ზარბაზნის ცემით და სიმაგრეების ქვეშ ნაღმის შეთხრით ის ციხწე დაანგრია. სწრაფმა და მარჯვე გულადებმა და უშიშარმა ახალგაზრდებმა ერთბაშად მიიტანეს იერიში და ციხეზე ავიდნენ... ქართველების მთელი ბრბოც ღაზიების უკუსაგდებად გამოემართა და იმ ღვთის მტერმა წარმართებმა ბრძოლა გააჩაღეს ისეთი, რომ ცის შორსმჭვრეტელი თვალი გაოცებული დარჩა. კოშკებიდან და გალავნიდან ისე ცვიოდა თავები უტვინოდ და ტვინი უთავოდ, როგორც შემოდგომის ქარიშხლისაგან ცვივა ხეებიდან ნაყოფი. იმ ცუდმაქცევარ ქართველთაგან ცეცხლოვანი მახვილის ცემით ბევრი გაგზავნეს საიქიოს. „მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია, მერედა რა მძიმეა ეს გზა!“ ლუარსაბის დედა მრავალ აზნაურთან ერთად დაატყვევეს და შაჰის კარზე მოიყვანეს81.
ამ დროს მაცნეებმა მოახსენეს შაჰს, რომ იმ მიდამოებში არის ერთი ციხე, სადაც ქართველების ერთ ჯგუფს შეუფარებია თავი და წინააღმდეგობის დროშა აღუმართავსო. სარწმუნოების საფარველმა შაჰმა შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლი დანიშნა იმ ციხის ასაღებად. ხსენებულმა ამირამ ციხე ბრძოლით აიღო და შაჰის უმაღლეს ბანაკში დაბრუნდა. ძლევამოსილმა ლაშქარმა, შემოქმედის დახმარებით, იმ ქვეყანაში გარყვნილი და არამზადა ურწმუნოების ხელში მყოფი ბევრი ციხე ბედნიერი მკლავის ძალით დაიპყრო და ხელთ იგდო მრავალი ტყვე, რომელთა რიცხვი ოცდაათი ათასს აღემატებოდა, და უსაზღვრო ნადავლით ბარდავს მოვიდა. ენაწყლიანმა მწიგნობრებმა და მჭევრმეტყველმა მდივნებმა იმ ქვეყნის დაპყრობის ამბავი მუშკივით სურნელოვან კალმით აიტაცეს და ეს სასიხარულო ცნობა იმ ქვეყნის მოსახლეობას და აზერბაიჯანს, შირვანს, შაქს, ერაყს, ფარსს, ქერმანს, ხორასანს, სისთანს, ომანის ნაპირებს და ქურთისტანს აცნობეს.
თხრობა ცხრაას სამოცდასამ (1555/6) წელს მომხდარი ამბების შესახებ
ამ წელს ლუარსაბ ქართველი გორიდან გამოვიდა და ქუმეშის ციხის მიდამოებში მივიდა82. როცა ამ ამბავმა შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლიმდე მიაღწია, მან ყარაბაღის ჯარი შეაგროვა და მათკენ (ქართველებისაკენ) გაემართა. ურწმუნოთა საცხოვრებელ ადგილებს რომ მიუახლოვდა, ამბავი მოვიდა, ლუარსაბი გაქცეულაო. ღაზიები ერთბაშად დაედევნენ მტერს, ასე რომ შაჰვერდი-სულთანთან ორმოცდაათ კაცზე მეტი არ დარჩენილა. ლუარსაბი კი, ღაზიების წარმოდგენის წინააღმდეგ, გორაკზე ასულიყო და მრავალრიცხოვანი რაზმით ბრძოლის დაწყებას ელოდა. ამ მხრიდან გულოვანი ყიზილბაშები სრულიად ამაყად და თავმომწონედ იმ ადგილს მიადგნენ. ლუარსაბი ღაზიებისაკენ წამოვიდა. ამაყმა გულოვნებმა მამაცობა და ვაჟკაცობა გამოიჩინეს, მაგრამ დამარცხდნენ. შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლი გაიქცა. ურწმუნოთა ჯარმა სამასი კაცი სახელოვანი გმირი მოჰკლა; მათი (ქართველების) უმრავლესობა ღაზიებს დაედევნა. ლუარსაბი ერთ ეპისკოპოსთან ერთად იმ ადგილას დარჩა. ამ დროს მოჰამედ-ბედ ჩაფანი83 რამდენიმე დაუდევარი კაცით შეეჩეხა ლუარსაბს და დაურიდებლად დაესხა თავს. შაჰის იღბალმა მას დახმარება გაუწია, ლუარსაბის ცხენი დაეცა და ლუარსაბი ცხენიდან გადმოვარდა. მოჰამედ-ბეგის ერთი მხლებელთაგანი, სახელად ზაქირი84, ცხენიდან ჩამოხტა და რამდენჯერმე დაჰკრა მას. მაშინ ურწმუნოებმა შემოუტიეს. მოჰამედ-ბეგი ლუარსაბის ცხენზე შეჯდა და გაიქცა. ურწმუნოებმა ზაქირი სხვა რამდენიმე კაცთან ერთად მოჰკლეს. ხოლო ლუარსაბი, რომელიც ბოროტებისა და შფოთის ამტეხი იყო, მწუხარების თანამდგომელი და სევდისა და დარდის მეინახეც გახდა. მისი წარმართობის ალმები და ცოდვილიანობის დროშები ისლამის ხალხის ძლიერების ხელით დახრილ იქნა, ის მტვერსავით შთაინთქა ომისა და ცეცხლის მორევში და სულიც ჯოჯოხეთის უფალს ჩააბარა... ურწმუნოებმა აიღეს ლუარსაბის გვამი და თავის ქვეყნისაკენ გაემართნენ85.
თხრობა ცხრაას სამოცდაოთხ (1556/7) წელს მომხდარი ამბების შესახებ
სხვადასხვა ამბები
ამ წელს შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლი და სულეიმან-ბეგ ბაიათი ყარაბაღის ლაშქრით საქართველოსაკენ გაემართნენ. სიმონმა86 მაღალ მთებს შეაფარა თავი ქვეყნის დამწველი ჯარის შიშით. ღაზიებმა გორის, სურამისა და საბარათიანოს ველაიეთი დაარბიეს, სოფლები და მხარეები ააოხრეს, ყანები და ხეები მწიფე ხილით ძირიანად ამოგლიჯეს მიწიდან და გამარჯვებულნი უამრავი ნადავლით განჯაში დაბრუნდნენ87. ამ დროს სარწმუნოების საფარველი შაჰი თავრიზში იყო. თაბით-აღა ძულ-ყადარი, რომელიც რუმში იყო გაგზავნილი ელჩად, ქვეყნის საფარველ სასახლეში დაბრუნდა და ხონთქრის მიერ გამოგზავნილი ურიცხვი საჩუქარი და ძღვენი მოართვა შაჰს.
ცხრაას სამოცდა შვიდი (1559/60) წლის ამბები
ისა-ხანის მოსვლა
ამავე წელს ისა-ხანი, საქართველოს მმართველის ლევანის შვილი, ისლამის მიღებით გაბედნიერდა და ქვეყნის საფარველმა შაჰმა მას წყალობის თვალით დაუწყო ცქერა88.
თხრობა ცხრაას სამოცდა რვა (1560/1) წლის ამბების შესახებ
შაჰვერდი-სულთანის ბრძოლა ქართველებთან და ლევანის შვილის გიორგის მოკვლა
ამ წელს საქართველოს მეფე სიმონი ლევან-ბეგის შვილ გიორგისთან ერთად ციხე ქუჯის89 მიდამოებში მივიდა, რათა იერიში მიეტანა თბილისზე. მათ დაგზავნეს შიკრიკები საქართველოს სხვადასხვა მხარეში და იმ ქვეყნის ჯარი მოითხოვეს. მოკლე ხანში იმდენი დაკაზმული მამაკაცი და ახალწვეული ჭაბუკი შეიკრიბა იქ, რომ არასოდეს ნახულიყო იმ ქვეყანაში. როცა მათმა ამბავმა შაჰვერდი-სულთანის ყურამდე მიაღწია, ის განჯიდან გამოვიდა და ყარაბაღის ჯარით ურჯულო მტრების აღმოსაფხვრელად გაემართა. ერთი რაზმი მან წინამავლად გაგზავნა. მათ ამოავსეს ხანდაკი, რომელიც ქართველებს გაეკეთებინათ იმ იწროებში, და ამის შესახებ აცნობეს სულთანს. იმანაც ხანდაკი გადაიარა, მთელი სისწრაფით იარა და ქართველებამდე მიაღწია. ღაზიებმა თვისი ვედრება ღვთისადმი აღავლინეს. ღაზიების მშვილდოსნებმა მათ (ქართველებს) შეუტიეს და სიმონის და გიორგის მხრიდანაც შურისძიების ველზე მებრძოლმა აზნაურებმა და მამაცმა ბელადებმა ხელი ისარსა და მშვილდს, ხმალსა და შუბს იკრეს.
ბოლოს ძლევამოსილმა და მამაცობის ზღვის ნიანგებმა – ღაზიებმა იმ ბედრკულ ურწმუნოთა ხროვა ცხენებიდან მიწაზე გადმოყარეს. ამ დროს შაჰვერდი-სულთანი ლაშქრის ცენტრით ეძგერა მათ. ურწმუნოები უბრძოლველად გაიქცნენ.
გიორგი, როგორც მძვინვარე მელა90, რომელიც გაურბის გააფთრებულ ლომს, გაქცევის ხევისაკენ გაეჩქარა. ყაჯართა ლაშქრის ლომებმა ის ძაღლის მსგავსები გაანადგურეს და თითო-თითოდ მოსპობის მიწაზე დაანარცხეს. გიორგი ათას კაც ურჯულოსთან ერთად მოკლეს, ხოლო ზაზა-ბეგი, რომელიც საქართველოს ერთი პატივცემულ ამირთაგანი იყო, რამდენიმე აზნაურთან ერთად დაატყვევეს და რჯულის საფარველი შაჰის კარზე გაგზავნეს. იმ ბრძოლაში ქართველების მცირე რიცხვთან ერთად გადარჩენილი სიმონი გორის გზით წავიდა, ხოლო შეჰვერდი-სულთან ზიად ოღლი მრავალი ნადავლით განჯას დაბრუნდა91.
როცა ლევანმა ეს ამბავი შეიტყო, გულიდან ცეცხლის ალი ცამდე ააწვდინა და თვალთა შადრევნიდან სისხლის წყალი მიწაზე დაღვარა. ყველა ქართველმა შავი ჩაიცვა.
თხრობა ცხრაას სამოცდაცხრა (1561/2) წლის ამბების შესახებ
დავით-ხან ქართველის მოსვლა და გამუსლიმანება
ამ წელს, რაბი ოს-სანის თვის ჩვიდმეტს, დავით-ბეგი, ლუარსაბის შვილი, რამდენიმე აზნაურით საქართველოდან ყაზვინს მოვიდა და მუსლიმანი გახდა. რჯულის საფარველმა შაჰმა თბილისის გამგებლობა მას უწყალობა92.
თხრობა ცხრაას სამოცდაათი (1562/3) წლის ამბების შესახებ
ლევან-ბეგის შვილის ისა-ხანის დაჭერა
როცა ლევანის შვილმა ისა-ხანმა მაღალ პატივს მიაღწია, სახელმწიფოს ყველა ამირასა და დიდებულთა შორის უწარჩინებულესი გახდა. ყოველწლიურად ექვსი ათასი თუმანი, ოლქი და სხვა წყალობანი დაუმტკიცეს. ზოგიერთი მატყუარა და ურწმუნო შფოთის ამტეხის მიერ მოტყუებულმა და შეცდომაში შეყვანილმა, მან მოულოდნელად უარყო ისლამის რჯული და გაქცევა დააპირა. „ვინც თავის სარწმუნოებას განუდგება, ის მოკვდება და ურწმუნო დარჩება“. ერთმა მისმა დაახლოებულმა მსახურმა ეს ამბავი რჯულის საფარველ შაჰს მოახსენა. ამიტომ, ოთხშაბათს, რაბი ოს-სანის თვის ოცდაექვსს, ის დაიჭირეს და ალამუთის ციხეში გაგზავნეს93.
ცხრაას სამოცდათოთხმეტი (1566/7) წლის ამბები
გარდაცვალებანი
სულთან სულეიმან ბენ სულთან სელიმ ბენ სულთან ბაიაზიდ ბენ სულთან მოჰამედ ბენ სულთან მურად ბენ სულთან მოჰამედ ბენ ილდირიმ ბაიაზიდ ბენ სულთან მურად ბენ ურხან ბენ სულთან ოსმან ბენ ართოღრულ ბენ სულეიმან ბენ ყია ალბ, რომლის შთამომავლობაც რამდენიმე თაობის მეშვეობით ოღუზ-ხანამდე აღწევს, – სიგეთის ციხის მიდამოებში ყოფნის დროს ავად გახდა. მისი ავადმყოფობა თანდათან მატულობდა და მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. ეს კურთხეული ფადიშაჰი, რასაკვირველია, შეურიგდა ამ გარდუვალ ამბავს, რომელსაც ვერ გაექცევა ვერც დიდი და ვერც პატარა, მოიხმო დიდი ვეზირი მოჰამედ ფაშა, ჩააბარა მას ურუმის ქვეყანა, დანიშნა სულთან სელიმი94 თავის ტახტის მემკვიდრედ და თვით საიქიოს გაემართა. მან 74 წელი იცოცხლა, ხოლო მისი მეფობა ორმოცდარვა წელს გრძელდებოდა. მის სამეფოში შედიოდა არაბეთის ერაყი, ბასრა, დიარბექრი, საქართველოდან – დად ელი95, ძულ-ყადარის ქვეყანა,96 ალაბი, სირია, ეგვიპტე, ყარამანი, თექვილი, ანატოლია, რომელიც სივასისა და თუყათისაგან შედგება; მაღრიბში – ტრიპოლისი, ჯაზირე, ჰეჯაზი, იამანი, ადენი, ყათიფი, ქაფა, და სტამბოლიდან ციხე ბეჩამდე მის მფლობელობაში იყო. როცა ეს უდიდესი ამბავი (სულთნის სიკვდილი) მოხდა, მოჰამედ ფაშამ97 დამალა მისი გარდაცვალება, ხოლო სულეიმანის გვამი ფარულად სტამბოლს წაიღო და სუნის წესის მიხედვით დამარხა იმ საძვალეში, რომელიც ამისათვის იყო აგებული.
სულთან სელიმი ელვისა და ქარის მსგავსად ადრიანოპოლისკენ წავიდა, სტამბოლს რომ მივიდა, ხუტბა თავის სახელზე თქვა და განაგრძო გზა. ურდოს რომ მიაღწია, ჯარის უმრავლესობა საჩქაროდ გამოემართა მის შესახვედრად. როცა სულთან სელიმი შეხვდა ჯარს, გამოაცხადეს სულთან სულეიმანის გარდაცვალება და სულთან სელიმიც ადრიანოპოლს დაბრუნდა. ამათი გვარიდან ცამეტი კაცი მეფობდა: სულთან ოსმანი, ურხანი, მურად ღაზი, ილდირიმ ბაიაზიდი, ამირ სულეიმანი, მუსა ჩელები, სულთან მოჰამედი, სულთან მურადი, სულთან მოჰამედი, სულთან ბაიაზიდი, სულთან სელიმი, სულთან სულეიმანი, სულთან სელიმი. მათი მეფობა გრძელდება ამჟამამდე, ჰიჯრის 980 წლამდე, 291 წელი.
ცხრაას სამოცდათხუთმეტი (1567/8) წლის ამბები
ამ წელს ლუარსაბ ქართველის შვილმა სიმონ-ბეგმა შეაგროვა ურიცხვი ცხენოსანი და ქვეითი ჯარი და თბილისზე გაემართა. ეს ამბავი რომ იმ ქვეყანაში გავრცელდა, ლუარსაბის შვილი დავით-ბეგი, რომელიც ქვეყნის მფარველი შაჰის მიერ იყო იმ ქალაქის ჰაქიმად დაყენებული, ჯავშნოსანი მეომრების რაზმით თავისი ძმის წინააღმდეგ ქალაქიდან გამოვიდა და ომისა და ბრძოლისათვის მოემზადა. როცა მწყობრი მოწინააღმდეგეებისა ერთმანეთს მიუახლოვდა, იბრაჰიმ ხალიფე ყარამანი თავისი დიდი უვიცობისა და სისულელის გამო, ცოტა ხალხით სიმონთან საომრად გაემართა. რამდენიც არ უშალეს მას დავით-ბეგმა და დანარჩენებმა, რომ მცირე ლაშქრით იმ გზადაკარგული ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა უგუნურება იყო, მან ეს რჩევა არ მიიღო და მათი (ქართველების) ჯარის ცენტრს შეუტია. ის მოკლულ იქნა აზნაურების მიერ. დავით-ბეგის მსახურ-მხლებლებმა ასტეხეს ყვირილი: „ჩვენ დღეს ძალა არ შეგვწევს გოლიათთან და მის ჯარებთან ბრძოლისა!“ – და მათი უმრავლესობა ბრძანებას არ დაემორჩილა. დავით-ბეგი იძულებული შეიქნა გაქცევის გზა აერჩია და თბილისში დაბრუნდა. მან ხელმეორედ შეკრიბა ჯარი და ჰოსამ-ბეგ ყარამანისთან ერთად ბრძოლის ველს მიაშურა, ბევრი ბრძოლისა და ცდის შემდეგ დამარცხდა და თბილისის ციხეს შეაფარა თავი. სიმონმა ციხეს ალყა შემოარტყა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნების დაფდაფს შემოკრა და თავის ქვეყანაში წავიდა98.
თხრობა ცხრაას სამოცდათექვსმეტი (1568/9) წლის ამბებისა
შაჰის მიერ ჯარის გაგზავნა საქართველოში და სიმონის ტყვედ ჩავარდნა
რადგან საქართველოს ვალიმ სიმონმა ჭეშმარიტ გზას გადაუხვია, იწყო სახელმწიფო საზღვრებსა და გზებზე თავდასხმა და ქალაქი თბილისი დაარბია. თბილისის ბაღებში მუდამ არის ვარდები, მთებში კი ჰყვავის ტიტა და სუმბული, რომელსაც მშვენიერი ზომიერი ჰავა აქვს და მიმზიდველი მდელოები, სადაც არ არსებობს არავითარი შეშფოთება, გარდა იმისა, რაც მეგობრის კულულებში ხდება, სადაც არ არის არავითარი სნეულება, გარდა იმისა, რომელსაც იწვევს საყვარელი არსების შემოხედვა; მის ველებზე ქრის ნაზი სიო და გრილი ქარი და გაზაფხულზე მისი მთების მწვერვალებზე ბრძენი განდეგილების ტაძართა აყიყის99 კანდელებივით ელვარებენ ტიტები. ტიტა მისგან ლამპარივით ბრწყინავს, მაგრამ მასზე დარდით გულს დაღი ასვია. მისი არხებისა და წყაროების წყალი ზამზამის100 და ქოუსარის101 წყალსავით სასიამოვნო და გემრიელია, მისი ქარი იესოს სუნთქვასავით მაცოცხლებელი და სულის ჩამდგმელია, ხოლო წყალი ქოუსარის წყაროსავით დარდის გამქარვებელი და მკურნალი. სიმონმა თბილისი ძლიერ დაარბია და იმ ქვეყნის მცხოვრებნი დიდი და პატარა, გათელა და მოსპო, – ამიტომ გამოვიდა ბრძანება, რომელსაც ემორჩილება ქვეყნიერება, რომ შამხალ-ბეგ ჩერქესს, იბრაჰიმ ხალიფე ალფავათს და ალი-ყული-ბეგ ყაჯარს დავით ბეგთან ერთად გაელაშქრათ საქართველოზე, დაეჭირათ სიმონ-ბეგი და შაჰის კარზე გამოეგზავნათ.
მაღალმა ამირებმა დიდი და მრავალრიცხოვანი ჯარით ლაშქრობის დროშები საქართველოსაკენ გაშალეს. ერთი გზა რომ გაიარეს, იმ ქვეყანაში ჩამოხდნენ. სიმონ-ბეგი, რომელსაც „გათელილი ჰქონდა სიფრთხილის ბზა“, გამაგრდა მაღალ მთებში, რომლებიც ლურჯ ცას ექიშპებოდნენ სიმაღლეში და დემავენდის მთას ეჯიბრებოდნენ სიმაგრეში. დიდებული ღაზიები საბედისწერო რისხვასავით გაემართნენ იმ მაგარი მთისაკენ. ურწმუნოებმაც ჭიდილსა და ხოცვას მიმართეს. ღაზიებმა ხელი იკრეს მშვილდსა და ისარზე და ბრძოლის ცეცხლი გააჩაღეს. ისრები – ფრთამალი ფრინველები, რომელთაც მტრის სისხლის წყურვილის გამო პირი ჰქონდა დაღებული, წყალს არ სვამდნენ, თუ არა მოწინააღმდეგის თვალებიდან, ხოლო მშვილდებს – ყორნებს, რომელნიც კუნჭულებში ელოდებოდნენ ხელსაყრელ დროს, ბუდეში სხვა საჭმელი არ მიჰქონდათ გარდა ურწმუნოთა გვამებისა.
ამ დროს სიმონმა, უკიდურესი სიამაყის გამო, ძლევამოსილ ლაშქარს შეუტია მცირერიცხოვანი რაზმით. მან ერთი ღაზი მოჰკლა. მაგრამ ერთმა გამბედავმა კაცმა ის დიდების ცხენიდან დამცირების მიწაზე გადმოაგდო და დაიჭირა102. ურწმუნოები გაიქცნენ. მხლებელ-მსახურები ზოგი მოკლეს, ზოგიც ტყვედ ჩავარდა.
როცა ღვთის განგებითა და უსაზღვრო ქველი შემწეობით შეჭირვების წყვდიადი განდევნილ იქნა ცხოვრების ფურცლებიდან და მცდარობისაგან მიყენებული მწუხარების ჟანგი გულის სარკიდან გადაიწმინდა, დიდებული ამირები საქართველოზე ლაშქრობიდან დაბრუნდნენ და სიმონი შაჰის კარზე გაგზავნეს.
ცხრაას ოთხმოცდაორი (1574/5) წლის ამბები
გარდაცვალებანი
გარდაცვალება ლევან გიორგის ძისა, რომელიც საქართველოს ვალი იყო
დიდი ხნის განმავლობაში გზადაბნეული მიმოიქცეოდა იგი ცოდვისა და უკანონობის უდაბნოში. ამ 982 წელს გარდაიცვალა და ქაიხოსრო, ლევანის ძის გიორგის შვილი, მმართველობის ხალიჩაზე დაჯდა. ალექსანდრემ, ქაიხოსროს შვილმა, ყაზახში შეაფარა თავი. ქაიხოსრო სხვა აზნაურებთან ერთად ყაზახისკენ გაემართა. ალექსანდრე ჯავშნოსანი ჯარით დაიძრა იმ უბედურ ხალხზე და ეს ორი შურისმაძიებელი ლაშქარი ერთმანეთს შეხვდა. მამაცობის მახვილი იძრეს და მათ მორის სამარცხვინო ომი გაიმართა. ქაიხოსრო მოიკლა ამ ბრძოლაში. ალექსანდრე მამის ნაცვლად დამკვიდრდა სამეფო ტახტზე103 და თვისი მსახურნი გაგზავნა რჯულის საფარველი შაჰის კარზე – თქვენი მონა ვარო. მისმა უდიდებულესობამ სეიდმა სუმ-ბეგ სეფევი გაგზავნა ხალათით, თაჯით, სარტყელითა და ოქროსუნაგირიანი ცხენით და საქართველოს მმართველობა მას (ალექსანდრეს) უწყალობა.
შენიშვნები
1. მონღოლ ილხანთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, რაც 1336-1353 წლებს შორის მოხდა, ილხანთა ყოფილ ტერიტორიაზე რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნა – ჩობანიანთა, ჯალაირიანთა, ქორთების (ან, ქართებით), სერბედარების, მოზაფარიანთა და სხვ. არაბეთის ერაყში წარმოქმნილ ჯალაირიანთა სახელმწიფოს (1340-1410) დამაარსებელი იყო ჯალაირთა მონღოლური ტომის მეთაური ჰასან ბოზორგი (დიდი), რომელმაც სულთნის წოდებულება მიიღო. ჯალაირიანთა სახელმწიფოს დედაქალაქი ბაღდადი იყო. სულთან უვეისის დროს (1356-1375) ჯალაირიანებმა აზერბაიჯანიც დაიპყრეს. ამიერიდან მათ სამფლობელოებს შეადგენდა არაბეთის ერაყი, ირანის ერაყის დიდი ნაწილი, ქურთისტანი, აზერბაიჯანი და სომხეთი. სატახტო ქალაქები იყო ბაღდადი და თავრიზი.
აჰმედ ჯალაირი (1382-1410) ჯალაირიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელია. თემურ ლენგის ურდოების შემოსევის დროს იგი გაიქცა და თავი შეაფარა ეგვიპტისა და სირიის სულთანს, რომელმაც საპყრობილეში გამოჰკეტა აჰმედი. თემურ ლენგის სიკვდილის შემდეგ, 1406 წელს, სულთანი აჰმედი ერაყში დაბრუნდა და აღადგინა ჯალაირიანთა სახელმწიფო, მალე კი აზერბაიჯანიც დაიკავა.
2. შეიხ იბრაჰიმი – შირვანშაჰი იბრაჰიმ I (1382-1417), ფუძემდებელი შირვანშაჰების დერბენდული დინასტიისა (1382-1538).
იბრაჰიმ I ფეოდალური ხანის აზერბაიჯანის ერთ-ერთი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეა. იგი ენერგიულად იღვწოდა იმისათვის, რათა უზრუნველეყო შირვანის დამოუკიდებლობა. იბრაჰიმი ძვირფასი საჩუქრებით ეახლა თემურ ლენგს, მორჩილება გამოუცხადა მას და სისხლისმღვრელი შემოსევებისაგან იხსნა შირვანი. ამის შემდეგ შირვანის ლაშქარმა რამდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა თემურის ლაშქრობებში.
3. მირხონდის ცნობით, შირვანშაჰ იბრაჰიმის ვაჟს გაიუმარსი რქმევია.
4. ყარა-იუსუფი (1410-1420) – ყარა-ყოიუნლუს ანუ შავბატკნიან თურქმანთა სახელმწიფოს დამაარსებელი. ყარა-იუსუფი მეთაური იყო ოღუზურ-თურქმანული წარმოშობის ბაჰარლუს ტომისა, რომელიც XIII საუკუნიდან მომთაბარეობდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და ერაყში. თემურ-ლენგის შემოსევების დროს ყარა-იუსუფი სულთან აჰმედ ჯალაირთან ერთად გაიქცა სირიაში, სადაც ორივენი ტყვედ იყვნენ 1406 წლამდე. საპყრობილიდან თავდახსნილმა ყარა-იუსუფმა დიდი ლაშქარი შეაგროვა და დაეხმარა აჰმედს ჯერ არაბეთის ერაყის, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის დაბრუნებაში. მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის ტერიტორია გაიწმინდა თემურიანთა ლაშქრისაგან, აჰმედს აღარ სჭირდებოდა ყარა-იუსუფთან მოკავშირეობა და მალე მათ შორის წინააღმდეგობამ იჩინა თავი.
1410 წელს აჰმედმა ისარგებლა იმით, რომ ყარა-იუსუფი თეთრბატკნიან თურქმანებთან ბრძოლით იყო დაკავებული, დაარღვია შეთანხმება და თავრიზი დაიკავა. მანვე, როგორც ჰასან რუმლუ აღნიშნავს, დახმარება სთხოვა შირვანშაჰ იბრაჰიმს. რამდენადაც ჯალაირიანთა სახელმწიფო იმ დროს არ წარმოადგენდა შირვანისათვის საშიშ ძალას, იბრაჰიმმა გადაწყვიტა დახმარებოდა აჰმედს და ხელი შეეშალა შავბატკნიან თურქმანთა კიდევ უფრო მეტი გაძლიერებისათვის. მან თავისი შვილი მიაშველა ლაშქრით ჯალაირიანთა მბრძანებელს.
ყარა-იუსუფმა რომ შეიტყო თავრიზში მომხდარი ამბები, სასწრაფოდ გამობრუნდა, შირვანელთა მაშველ ჯარს მიასწრო აზერბაიჯანში, 1410 წ. 30 აგვისტოს თავრიზის მახლობლად, შამბ-ე ყაზანიში სასტიკად დაამარცხა აჰმედი და ბოლო მოუღო ჯალაირიანთა სახელმწიფოს. მხოლოდ ამ ბრძოლის შემდეგ მოადგა თავრიზს შირვანელთა ლაშქარი გოუჰარ-შაჰის (ან გაიუმარსის) მეთაურობით, რომელიც ტყვედ ჩაიგდო ყარა-იუსუფმა.
5. იგულისხმება სულთანი აჰმედ ჯალაირი.
6. არსებობს ცნობა, რომ ჯერ კიდევ სირიაში ყოფნის დროს სულთანი აჰმედი შეპირებია ყარა-იუსუფს, რომ თუ საპყრობილედან თავს დააღწევდნენ და წარმატებას მოიპოვებდნენ, სამხრეთ აზერბაიჯანს მას გადასცემდა სამართავად, თვითონ კი არაბეთის ერაყს დაიტოვებდა ბაღდადითურთ. ამიტომაც ყარა-იუსუფი თავის თავს თავრიზის ვალის უწოდებს, ხოლო აჰმედს – ბაღდადის ჰაქიმს.
7. ყარა-იუსუფი მეტისმეტად ლმობიერად მოექცა გოუჰარ-შაჰს და ყოველგვარი გამოსასყიდისა და პირობის გარეშე გაათავისუფლა. გოუჰარ-შაჰის ასეთმა უეცარმა დატყვევებამ და კიდევ უფრო მოულოდნელმა გათავისუფლებამ ეჭვი აღუძრა იბრაჰიმს, შვილი ჩემს წინააღმდეგ ხომ არ შეუთანხმდაო ყარა-იუსუფს, რის გამოც მან სიკვდილით დაასჯევინა გოუჰარ-შაჰი.
8. კონსტანტინე I (1407-1412), ალექსანდრე I-ის მამა.
9. შაქის დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროს XIV ს-ის მიწურულსა და XV ს-ის პირველ ნახევარში განაგებდა ორლათთა დინასტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი სიდი შამს ედ-დინ ალი თემურ ლენგის ლაშქართან ალინჯის ციხის მახლობლად გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. 1398 წელს შირვანშაჰ იბრაჰიმის შუამდგომლობით თემურმა შაქი დაღუპული სიდი ალის შვილს სიდი აჰმედს მისცა.
10. შამი ანუ შამბი ადგილია თავრიზის დასავლეთით. ილხანმა ყაზანმა (1295-1304), რომელიც დიდ ყურადღებას აქცევდა საქალაქო მშენებლობას, აქ ააგო მთელი სისტემა საქველმოქმედო დაწესებულებებისა, რომელთა შუაში ილხანის აკლდამა იყო აღმართული. ცოტა ხნის შემდეგ ილხანმა ამ ადგილას საფუძველი ჩაუყარა ახალ ქალაქს, რომელსაც ყაზანიე უწოდა სახელად. მშენებლობა ამ ქალაქისა, ისევე როგორც მონღოლთა მიერ დაარსებული ბევრი სხვა ქალაქისაც, არ დამთავრებულა, მაგრამ სახელწოდება „შამბ-ე ყაზანი" შერჩა ამ ადგილს. ჰასან რუმლუს ცნობა ყარა-იუსუფის შამბ-ე ყაზანისაკენ წასვლის შესახებ არ უნდა იყოს ზუსტი. შავბატკნიან თურქმანთა ლაშქარი შამბ-ე ყაზანისაკენ კი არ წასულა, რომელიც თავრიზის დასავლეთით მდებარეობს და ფაქტიურად მის გარეუბანს შეადგენს, არამედ ჩრდილოეთით, ყარაბაღისაკენ დაიძრა. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, შამბ-ე ყაზანისთან ყარა-იუსუფმა აჰმედ ჯალაირი დაამარცხა. ჰასან რუმლუს თხზულებაში ამ ბრძოლის შესახებ საერთოდ არაფერია ნათქვამი. გარდა ამისა, ჩვენს ავტორს აღნიშნული არა აქვს იბრაჰიმისა და მისი მოკავშირეების ყარა-იუსუფის წინააღმდეგ გალაშქრების მიზეზი და ისინი გამოჰყავს ამ ბრძოლის ინიციატორებად. ნამდვილად კი ყარა-იუსუფმა რამდენიმეჯერ მოსთხოვა შირვანშაჰს, უბრძოლველად დამნებდიო, და ბოლოს დაიძრა კიდეც მის დასამორჩილებლად.
11. ბაბა ჰაჯი ქავერდი ყარა-იუსუფის ბეჭდის მცველი იყო. მასვე მიცემული ჰქონია სოიურღალად ქავერდის ციხე და 600 სოფელი სახნავ-სათესი მიწებით.
12. სპარსულ ტექსტშია – ფფუ„ფუთა“, რაც აგრეთვე აბანოში სახმარ წინსაფარს და ხელსაწმენდსაც ნიშნავს.
13. ყაზანფარი, ასადულაჰი, ხალილულაჰი (მომავალი შირვან-შაჰი), მანუჩაჰრი, აბდ არ-რაჰმანი, ნასრულაჰი და ჰაშემი იბრაჰიმის შვილები იყვნენ. სხვა წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე შირვანშაჰის ძმა ბაჰლული. მირხონდი ფაიდარის ყადის ნაცვლად ბაიაზედის ყადის ახსენებს.
14. ფირ-ბუდაყი ყარა-იუსუფის ვაჟი იყო.
15. კონსტანტინესთან ერთად თურქმანებს დაუხოციათ აგრეთვე მისი ძმებიც (ან ძმა) და სამასი ქართველი აზნაური (აბდ არრეზაყ სამარყანდი, შერეფ-ხან ბითლისი). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჰასან რუმლუს, რომლის თხრობა ამ შემთხვევაში სხვა წყაროთა მონაცემებს ემყარება, სწორად არა აქვს მოცემული აღწერილი ამბების თარიღები. კერძოდ, როგორც აღვნიშნეთ, ყარა-იუსუფისა და აჰმედ ჯალაირის ბრძოლა 1410 წელს მოხდა, ხოლო ომი ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს მბრძანებელსა და ამიერკავკასიის მეფემთავართა შორის 1412 წლის ნოემბერში გაიმართა. ჰასან რუმლუს გარდა ამ ომის შესახებ ცნობები მოეპოვებათ მათეოს განძასარელს, აბდ არ-რეზაყ სამარყანდის, შერეფ-ხან ბითლისის, მუნეჯიმ-ბაშის.
16. შეიხ ახი ყასაბის თაოსნობით თავრიზელ ვაჭარ-ხელოსანთა გაერთიანებების მეთაურებმა, რომელთა შორის შირვანშაჰი იბრაჰიმი გარკვეული სიმპათიით სარგებლობდა, თავს იდვეს ყარა-იუსუფის მიერ მოთხოვნილი გამოსასყიდის გადახდა იმ პირობით, თუ იგი დათანხმდებოდა ნაღდი ფულის ნაცვლად საქონლის მიღებაზე. ყარა-იუსუფის თანხმობის მიღების შემდეგ თავრიზელებმა 1200 თუმნის ღირებულების საქონელი შეიტანეს ყარა-იუსუფის ხაზინაში. სამაგიეროდ კი მიიღეს ბარათები, რომლის საფუძველზე შირვანის საგადასახადო სახსრებიდან უნდა აეღოთ აღნიშნული თანხა.
17. აყ-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჰასან-ბეგი ანუ უზუნ-ჰასანი („გრძელი ჰასანი“). წყაროების ცნობით, თურქულად მას ჰასან-თევილი რქმევია, სპარსულად – ჰასან-დერაზი, ხოლო აზერბაიჯანულად უზუნ-ჰასანი. „გრძელი ჰასან-ბეგ, რომ უზუნ-ჰასანს ეძახიან“ – შენიშნავს ფარსადან გორგიჯანიძე. აყ-ყოიუნლუს ანუ თეთრბატკნიან თურქმანთა ტომები მდინარე ტიგროსის ზემო წელსა და დიარბექრ-სივასის მიდამოებში მომთაბარეობდნენ. ყარა-ყოიუნლუსა და აყ-ყოიუნლუს თურქმანთა გაერთიანებანი ერთმანეთს მტრობდნენ და ხშირად ებრძოდნენ.
1467 წელს აყ-ყოიუნლუს ლაშქარმა სამხრეთ სომხეთში გაანადგურა ყარა-ყოიუნლუს რაზმები და ბოლო მოუღო მათ სახელმწიფოს. მომდევნო, 1468 წლის გაზაფხულზე უზუნ-ჰასანმა აზერბაიჯანიც დაიკავა და თავრიზი თავის სატახტო ქალაქად გამოაცხადა. ამიერიდან თეთრბატკნიან თურქმანთა სახელმწიფოს (1468-1501) შემადგენლობაში შედიოდა მთელი დასავლეთი ირანი, სომხეთ-ქურთისტანის მთიანეთი, არაბეთის ერაყი, აზერბაიჯანი მდ. მტკვრამდე. აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს მბრძანებლები ფადიშაჰის წოდებულებასაც ატარებდნენ.
18. უზუნ-ჰასანმა რამდენიმე მარბიელი ლაშქრობა მოაწყო საქართველოში. 1477 წ. შემოსევის შესახებ ვრცელი ცნობები მოეპოვებათ XV საუკუნის იტალიელ მოგზაურებს ბარბაროსა და ანჯოლელოს, რომლებიც თან ახლდნენ თურქმანთა ლაშქარს (დაწვრილებით ამ შემოსევის შესახებ იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, თბ., 1948, გვ. 119-125: რ. კიკნაძე, საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV საუკუნის მეორე ნახევარში, ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VII, I954, გვ. 116-122).
19. აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს მბრძანებელი იაყუბი (1487-1492). XV საუკუნის ისტორიკოსი ფადლალაჰ იბნ რუზბეჰანი მოგვითხრობს, რომ 881 (1476/7) წელს საქართველოში ლაშქრობის შემდეგ უზუნ-ჰასანი შეუძლოდ შეიქნა და მალე გარდაიცვალა (1478 წ. 5 იანვარს). ამავე ავტორის ცნობით, მას ხუთი ვაჟი დარჩენია: სულთან-ხალილი, ყიას ედ-დინ მაყსუდი, იაყუბი, იუსუფ-ბაჰადური და მასიჰ-მირზა. მათგან მამამ მესამე შვილი იაყუბი დანიშნა თავის მემკვიდრედ. მაგრამ ჰასანის სიკვდილის შემდეგ უფროსმა ძმამ ხალილმა მიიტაცა ტახტი და მოაკვლევინა მაყსუდი (ფადლალაჰ იბნ რუზბეჰანი, თარიხ-ე ალამ-არა-იე ამინი; რ. კიკნაძე. ფადლალაჰ იბნ რუზბეჰანის „თარიხე ალამ- არა-იე ამინი“, „კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული“, II, თბ., 1962, გვ. 282-283). ხალილმა მხოლოდ ნახევარ წელს გასძლო ტახტზე. იმავე 1478 წელს მას აუჯანყდა იაყუბი, რომელიც ხალილმა დიარბექრის გამგებლად დანიშნა. ბაიანდურისა და მოვსილუს მომთაბარე ტომთა დახმარებით იაყუბმა ხოისთან დაამარცხა სულთან-ხალილი, მოაკვლევინა ის და თვითონ დაიკავა აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს მბრძანებლის ტახტი (შდრ. ქართლის ცხოვრება, II: „ქმნა ღმერთმან და მოკუდა ყაენი უზუნ-ასან და მიიღო პატრონობა ძემან მისმან სულთანმან, და ძმა მისი იაღებ ეშურებოდა მიღებად პატრონობას“. გვ. 479).
20. თეთრბატკნიან თურქმანთა საქართველოში ამ ლაშქრობის ვრცელი აღწერილობა მოეპოვება აგრეთვე ფადლალაჰ იბნ რუზბეჰანს, რომელიც აღნიშნავს, რომ თურქმანთა ლაშქარმა რამაზანის (ე. ი. მარხვის) თვეში მიაღწია საქართველოს (თარიხ-ე ამინი, გვ. 51).
21. „ახალ ქართლის ცხოვრებაში“ ახალციხის აღების ამბავი მოკლედ არის გადმოცემული: „მოადგეს ციხესა ახალციხესა, ბრძოდეს დიდხანს და ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან, გატეხეს და დაწვეს ქალაქი და დაიპყრეს ჴელთა მესხნი დარბაისელნი ციხოვანნი“. ბევრად უფრო ვრცლად მოგვითხრობს ახალციხის აღების შესახებ იბნ რუზბეჰანი (იხ. რ. კიკნაძე, საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV საუკუნის მეორე ნახევარში, გვ. 124-125).
22. ჰასან რუმლუც და იბნ რუზბეჰანიც იხსენიებენ „ხათუნის ციხეს“. იბნ რ იბნ უზბეჰანის სიტყვით, ამ ციხეს, რომელიც ისეთი მტკიცე იყო, რომ აქამდე ვერცერთ ხელმწიფეს ვერ მოეხერხებინა მისი აღება, ქართველი დედოფლების განძის შესანახად იყენებდნენ ხოლმე. იმ დროს აწყურის ციხეში ყვარყვარე ათაბაგის (ყვარყვარე II, 1451-1498) მეუღლის (დედისიმედის) ქონება ყოფილა დაცული (თარიხ-ე ამინი. გვ. 52).
23. „მერმე აიყარნეს და მოადგნეს ციხესა და ქალაქსა აწყუერისასა და მოწუეს აწყუერი და მოაოჴრეს ქალაქი და ციხესა ვერ უძლეს ბრძოლითა აღებად და წასვლა ინებეს. მაშინ ეზრახეს ციხოვანთა და უქადეს მშჳდობა და არა დაქცევა საყდრისა და ციხისა. ამას ზედან გამოენდვნეს, შესცთენ მცველნი იგი ციხისანი და მაწყუერელი და მას თანა სხუანიცა ჩინებულნი განიზრახნეს, აღიხუნეს კლიტენი ციხისანი და თჳნიერ თხოვისა და ბრძოლისა უღმრთოსა მას მთავარსა მიართუეს“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 343;).
ფადლალაჰ იბნ რუზბეჰანი რამდენადმე უფრო ვრცლად აღწერს აწყურის ციხის აღებას. ციხის განძეულში აღმოჩნდა თურმე ლალის თვლები, რომელთა ფასი, ავტორის სიტყვით, ერთი ქვეყნის ხარაჯას უდრიდა (თარიხ-ე ამინი, გვ. 53).
24. ნალ-ბაჰა, როგორც ა. ალი-ზადე შენიშნავს, ნალის შესაძენად განკუთვნილი გამოსაღები იყო, რომელიც განსაკუთრებით ყოფილა გავრცელებული მონღოლთა შემოსევების წინარე ხანაში, მაგრამ მომდევნო საუკუნეებშიც ხდებოდა მისი აღება. ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი ფეოდალის ტერიტორიაზე ხანის ან ამირას ლაშქრის გავლის დროს ფეოდალი ვალდებული იყო მიერთმია მისთვის საკმაოდ დიდი თანხა და სხვადასხვა ნივთები. რა თქმა უნდა, ამ გადასახადს, რომლის რაოდენობა, როგორც ჰასან რუმლუს ცნობიდანაც ჩანს, საკმაოდ დიდი ყოფილა, აღარაფერი ჰქონდა საერთო ნალის ღირებულებასთან და წარმოადგენდა იძულებით მისართმეველს, ფეშქაშს, რომელიც დამოკიდებულ გამგებელს უნდა გაემზადებინა ხელმწიფისათვის. ჩვენ ეს ტერმინი ზოგადად „ფეხის ქირად“ გვაქვს თარგმნილი (იხ. რ. კიკნაძე, საქართველო - ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV საუკუნის მეორე ნახევარში, გვ. 126).
25. ვახუშტი ბაგრატიონი და „ახალი ქართლის ცხოვრების“ ე.წ. მესამე ტექსტის ავტორი იაყუბ-ფადიშაჰის ამ ლაშქრობას 1486 წლით ათარიღებენ. ამავე თარიღს იზიარებენ ივ. ჯავახიშვილი და ვ. მინორსკი. ჰასან რუმლუ, როგორც ვნახეთ, 1483 წლის ამბებში აღწერს ამ ლაშქრობას. ასეთ ადრეულ თარიღს 1486 წელთან შედარებით გარკვეული უპირატესობა გააჩნია, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია (დაწვრილებით იხ.რ. კიკნაძე, საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV საუკუნის მეორე ნახევარში, გვ. 126-127). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ იაყუბ-ფადიშაჰის საქართველოში პირველი ლაშქრობის აღწერის დროს ჰასან რუმლუს, როგორც ჩანს, ხელთ ჰქონია ფადლალაჰ იბნ რუზბეჰანის „თარიხ-ე ალამარა-იე ამინი“.
26. სულთან ჰეიდარ სეფევი (1456-1488) – გამგებელი არდებილის ფეოდალური სამთავროსი, რომელსაც სეფიანთა საგვარეულო ედგა სათავეში. ეს გვარი, რომელსაც სათავე დაუდო ცნობილმა შეიხმა სეფი ედ-დინ ისჰაკმა (1252-1334), განსაკუთრებით დაწინაურდა ირანში XIII-XIV სს-ში სეფიანები სუფიურ-დერვიშული ორდენის სეფევიეს მემკვიდრეობითი შეიხები იყვნენ. მათ ბევრი მიმდევარი ჰყავდათ და დიდი გავლენითაცსარგებლობდნენ. XV საუკუნეში სეფიანთა მთავარი საყრდენი გახდა აზერბაიჯანულ ენაზე მოლაპარაკე თურქული მოდგმის შვიდი მომთაბარე ტომი: შამლუ, რუმლუ, უსთაჯლუ, თაქალუ, ავშარი, ყაჯარი, ძულ-ყადარი. ეს ტომები, რომელთა რაოდენობა შემდეგში მნიშვნელოვნად გაიზარდა, სეფიანი შეიხების „მურიდებად“, „დერვიშებად“ და „სუფიებად“ იწოდებოდნენ, სინამდვილეში კი ფეოდალური ლაშქრის ბირთვს შეადგენდნენ. უკვე XIV ს-ის უკანასკნელ მეოთხედში სეფიანები ისლამის შიიტური მიმდინარეობის მიმდევარნი იყვნენ. შეიხ ჰეიდარის განკარგულებით სეფიანთა მომხრე მომთაბარე ტომთა მეომრები თორმეტი შიიტური იმამის პატივსაცემად 12 წითელი ნაკეცისაგან შემდგარ ჩალმას ატარებდნენ, რის გამოც მათ ყიზილბაშები („წითელთავიანები“) ეწოდათ. ყიზილბაშურ ტომებზე დაყრდნობით არდებილის შეიხები ჯუნეიდი (1447-1456) და ჰეიდარი ცდილობდნენ ფართო დაპყრობითი პოლიტიკა ეწარმოებინათ. ამასთან ერთად, „საღვთო ომის“ სახელით ისინი ხშირად აწყობდნენ მარბიელ ლაშქრობებს მეზობელ ქრისტიანულ ქვეყნებში.
27. ფადლალაჰ იბნ რუზბეჰანის ცნობით, როდესაც უზუნ ჰასანმა თბილისი აიღო 1477 წელს, თავრიზს დაბრუნების წინ მან ამირა ხალილ-ბეგ ბეგთაში დანიშნა თბილისისა და მისი ოლქის გამგებლად (თარიხ-ე ამინი, გვ. 88). უზუნ-ჰასანის სიკვდილის შემდეგ „დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი და დაიჭირა მეფემან ბაგრატ“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 342). იბნ რუზბეჰანიც აღნიშნავს: ფადიშაჰის გარდაცვალების გამო შაჰზადეები თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებული და მენაპირე ამირები დახმარების გარეშე დარჩნენ. ხალილ-ბეგმა მიატოვა საქართველო და თავრიზს დაბრუნდა. ამით ისარგებლეს ქართველებმა და დაიკავეს თბილისი (თარიხ-ე ამინი, გვ 88-89). 1483 წელს სულთანმა იაყუბმა ხალილ-ბეგი თავისი ვაჟის ბაისუნყურის აღმზრდელად დანიშნა და შირაზის გამგებლად გაგზავნა (იქვე, გვ. 50). 1487 წელს იაყუბმა შირაზიდან გაიწვია ხალილ-ბეგი და საქართველოში გამოგზავნა (იქვე, გვ. 54, 89). ხალილ-ბეგი ერთ წელიწადს დარჩა საქართველოში „და იყვის ყოველთა დღეთა ომი“. ქართველებმა რამდენიმეჯერ დაამარცხეს თურქმანთა რაზმები, რის შემდეგ „ადგა ხალიბეგ და სხუანი ყაენის თავადები, მივიდეს და შეეხუეწნეს ყაენსა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 344, 484). ალბათ ხალილის სწორედ ამ დამარცხებას უნდა გულისხმობდეს ჰასან რუმლუ. მის მიერ მოწოდებული ცნობების მიხედვით შეიხ ჰეიდარმა სუფი ხალილის დასახმარებლად იაყუბის თხოვნით გაილაშქრა შირვანისაკენ. სხვა წყაროების მიხედვით, ხალილბეგის დამარცხების საპასუხოდ იაყუბმა საკუთარი ლაშქარი გაგზავნა საქართველოში ვალი-აღა ეშიკაღასის სარდლობით (თარიხ-ე ამინი, გვ. 89-91; იხ. აგრეთვე რ. კიკნაძე, საქართველო-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV საუკუნის მეორე ნახევარში, გვ. 127-129). შეიხ ჰეიდარის გალაშქრების მიზანი კი ჩერქეზთა წინააღმდეგ „საღვთო ომის“ მოწყობა ყოფილა. 1488 წლის გაზაფხულზე მან საამისო ნებართვა მიიღო იაყუბისაგან, არდებილიდან დაიძრა და შირვანში შევიდა. შირვანშაჰმა ფარუხ იასარმა (1462-1500), რომელიც მტრულად იყო განწყობილი შიიტ სეფიანთა მიმართ, გზა გადაუღობა მას. სულთან იაყუბს მოსვენებას უკარგავდა შეიხ ჰეიდარის გაძლიერება და აქტიური მოქმედება. ამიტომ მან მაშველი ჯარი გაუგზავნა შირვანშაჰს 1488 წლის 9 ივლისს გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ყიზილბაშები დამარცხდნენ, ჰეიდარი კი მოიკლა (თარიხ-ე ამინი, გვ. 61-82).
28. ალექსანდრე მაკედონელი.
29. სეფიანთა სახელმწიფოს დამაარსებელი შაჰ-ისმაილ I (1501-1524). ჰეიდარის სიკვდილის შემდეგ იაყუბმა არდებილი და სეფიან- თა სხვა სამფლობელოები დაიკავა, ხოლო შეიხის მცირეწლოვანი შვილები (თავისი დისწულები) დაატყვევა და ახტამარის სომხურ მონასტერში მოათავსა (ვანის ტბის კუნძულზე). რამდენიმე წლის შემდეგ როსთემ-ფადიშაჰმა (1492-1497), რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ თავის მოწინააღმდეგე უფლისწულებთან ბრძოლაში გამოიყენებდა სეფიანებს, ტყვეობიდან გაათავისუფლა ჰეიდარის შვილები და არდებილიც დაუბრუნა სულთან-ალის, ჰეიდარის უფროს ვაჟს. მაგრამ მალე, სულთან-ალის სწრაფად მზარდი გავლენით შეშინებული როსთემ-ფადიშაჰი თავს დაესხა მას. სულთან-ალი ბრძოლაში დაიღუპა, ისმაილმა კი გილანს შეაფარა თავი. არდებილი ისევ თურქმანებმა დაიჭირეს. 1499 წელს 13 წლის ისმაილი გილანიდან აზერბაიჯანს დაბრუნდა, რათა სათავეში ჩადგომოდა ყიზილბაშებს. მან ისარგებლა აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოში არსებული წინააღმდეგობებით, ჯერ შირვანშაჰი ფარუხ იასარი დაამარცხა და ააოხრა შირვანი (1500-1501), ხოლო შემდეგ ალვანდ აყ-ყოიუნლუს შეუტია, გაანადგურა მისი ლაშქარი, 1501 წელს დიდი ზეიმით შევიდა თავრიზში და თავი შაჰად გამოაცხადა.
30. აქ ჩამოთვლილია შვიდი ძირითადი ყიზილბაშური ტომი (უსთაჯლუ, შამლე, რუმლუ, თაქალუ, ძულ-ყადარი, ავშარი, ყაჯარი), რომლებიც სეფიანთა მთავარ საყრდენ ძალას წარმოადგენდნენ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. ისმაილის მომხრე ტომთა შორის იხსენიება აგრეთვე ვარსაყის თურქმანული ტომი, რომელიც ყარამანიდან (მც. აზია) იყო გადმოსული. ცალკე ყიზილბაშურ ტომად ირიცხებოდნენ აგრეთვე ყარა-ჩადაღის (ყარადაღის) სუფიები (ანუ „ყარადაღლუს ტომი“). ყარადაღის ჰაქიმები „ხალიფეს“ წოდებულებას ატარებდნენ.
31. ჩოხურ-საადი – ერევნის ოლქი.
32. მენთეშის ციხე სომხეთშია, თანამედროვე ლენინაკანის მახლობლად. უთუოდ საყურადღებოა ჰასან რუმლუს ცნობა ხოლეფა-ბეგის სარდლობით საქართველოში მარბიელი ლაშქრის გაგზავნის შესახებ. 906 წელი, როცა ამ შემოსევას ჰქონია ადგილი, დაიწყო 1500 წლის 28 ივლისს და დამთავრდა 1501 წლის 16 ივლისს. რამდენადაც ამ ლაშქრობის წინ ყიზილბაშები ბჭობდნენ იმაზე თუ სად გაეტარებინათ ზამთარი, საქართველოში შემოსევა 1500 წ. შემოდგომაზე მომხდარა. ქართულ წყაროებში ამ შემოსევების შესახებ არაფერია ცნობილი.
33. 1516 წელს, ათაბაგ მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ სამცხის ათაბაგად გახდა მისი ძმისწული, ქაიხოსრო I-ის (1498-1500) ვაჟი, ყვარყვარე III (1516-1535). ტახტის მაძიებელი მანუჩარი, რომელიც იმავე წელს აუჯანყდა მას და დაამარცხა კიდეც ყვარყვარე II-ის მეექვსე ვაჟი და ყვარყვარე III-ის ბიძა იყო (იხ. ქრ. შარაშიძე, სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, თბ., 1961, გვ. 99-101, 134-138).
34. შურაგელი ქალაქია ყარსსა და ბასიანს შორის. ფ. გორგიჯანიძე „შორეკალს“ უწოდებს.
35. ტექსტშია - სედონის გამოცემაში
36. მანუჩარის სახლთუხუცესის (ვაქილის) სახელი – აშკარად შერყვნილია ავტორის ან გადამწერთა მიერ.
37. ჰასან რუმლუს ცნობები ყვარყვარესა და მანუჩარს შორის ტახტისათვის ბრძოლის, ყვარყვარეს მიერ შაჰ-ისმაილისთვის დახმარების თხოვნისა და დივ-სულთანის სამცხეში შემოსევის შესახებ 1516 წელს, ჯერჯერობით გათვალისწინებული არ ყოფილა ჩვენს ისტორიოგრაფიაში. თმოგვის დაპყრობის ამბებს ავსებს ერთი სომხური ანდერძ-მინაწერი რომელიც მოგვითხრობს: „მე, შაჟადესმა, უკანასკნელმა მფლობელმა ამ წმიდა სახარებისა, ვიყიდე 100 თაკად (ოსმალური ვერცხლის ფული), ჩემი სულისათვის დავიტოვე, მოსახსენებლად [სულისა ჩემისა] და მშობელთა ჩემთა: მამისა ჩემისა სარგის მღვდლისა და დედისა ჩემისა ნარიხათუნისა და მეუღლისა ჩემისა ასტუაწატურისა და ძმისა ჩემისა ტირაიტურ მღვდლისა, შვილებისა ჩემთა ღაბარისა და მირიანისა და მირიჯანისა, რომ შევიძინე ეს [ძნელბედობის] და გაჭირვების დროს, როდესაც მოვიდა დევაი ალი (სომხურად დივ სულტანის სახელი) და აიღო თმოგვი და მრავალი ამოწყვიტა ხმლით და მრავალი ტყვედ ჩაიგდო და მრავალი ააოხრა სამცხეში. ამ გაჭირვების დროს შევისყიდე ღვთიური სახარება, ვინც წაიკითხოთ ან გადაწეროთ ცოცხალთათვის [ცხონება] და [მშვიდობა] ითხოვეთ, ხოლო გარდაცვალებულთათვის განსვენება და შეწყალება ქრისტესგან. და მომხსენებელიც და მოსახსენებელიც ერთად შეწყალებულ იქნას ქრისტეს მიერ ჟამსა მეორედ მოსვლისა მისისა. ვინც წაიკითხოთ ერთხმად წყალობა თქვით უფალი შაჟადისა და მშობელთა მისთათვის. სომხური წელთაღრიცხვის ɤɘɎ /ჯ კ ე (1516/7) წელს დაიწერა მოსახსენებელი. ამენ, ამენ, ამენ!“
38. ოსმალეთის სულთანი სელიმ I იავუზი (1512-1520).
39. დად ელი – დადიანის ქვეყანა?) – იგულისხმება დასავლეთ და სამხრეთ საქართველო.
40. შაჰ-ისმაილმა 1518 წლის ზამთარი ნახჭევანში გაატარა. ამ დროს მის კარზე კვლავ გამოჩნდა ათაბაგი ყვარყვარე, რომელიც როგორც ჩანს, კიდევ დაუმარცხებია მანუჩარს.
41. კახეთის მეფე ლევანი (1520-1574).
42. შაქის დამოუკიდებელი ფეოდალური სამთავროს ჰაქიმი ჰოსეინ-ბეგი ყარა-ქეშიშ ოღლის დინასტიიდან (ეს დინასტია 1444-1551 წლებში განაგებდა შაქს). ჰოსეინ-ბეგის ლევან კახთა მეფესთან ბრძოლაში დაღუპვის ამბავი ქართულ წყაროშიც არის მოთხრობილი: „ოდეს მორჩილობდა ასან-ბეგ დევრიშ მაჰმადის მამა შაჰ-ისმაილს, მაშინ ეს ლევან მოუჴდა ასან-ბეგს შაქის და მოკლა ასან-ბეგ, და მოარბია შაქი“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 363.).
43. ტექსტშია - (ყაბრი და ყანუყი). ყაბრი მდინარე იორია, ხოლო ყანუყი –ალაზანი (შდრ. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები, გვ. 44, 122-124).
44. ამ სოფლის (ყარი?) ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა.
45. როგორც ცნობილია, ქართულ წყაროებში მოხსენიებულია შაჰ-ისმაილ I-ის ორი შემოსევა საქართველოში 1518 და 1522 წლებში. ერთ-ერთი შემოსევის დროს მას თითქოს თბილისიც აუღია. ამჟამად ჩვენს ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა შეხედულება, რომ თვითონ შაჰ-ისმაილი არასოდეს ყოფილა საქართველოში. ჰასან რუმლუს ცნობებიდანაც ირკვევა, რომ ისმაილის მიერ საქართველოს დასარბევად გამოგზავნილ ლაშქარს ყოველთვის დივ-სულთან რუმლუ სარდლობდა. ამავე დროს, ჰასან რუმლუს ცნობათა საფუძველზე შესაძლებელი ხდება ამ შემოსევებთან დაკავშირებული მრავალი საყურადღებო საკითხის გარკვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ცნობები დივ-სულთანის საქართველოში შემოსევათა შესახებ მოეპოვებათ XVI ს-ის სხვა სპარსულენოვან ისტორიკოსებსაც (ხონდემირს, ზეინ ალ-აბედინ ალის, ბუდაყ ყაზვინის, შერეფ-ხან ბითლისის), მაგრამ, ჩვენი აზრით, მათ ერთმანეთში უნდა ჰქონდეთ არეული რამდენიმე სხვადასხვა ლაშქრობა. ყოველ შემთხვევაში, ჰასან რუმლუს ცნობათა საფუძველზე ხერხდება ამ შემოსევების თანმიმდევრობისა და მიზეზების საკმაოდ მწყობრი სურათის აღდგენა.
1516 წ. ათაბაგ ყვარყვარე III-ს აუჯანყდა მანუჩარი, რომელმაც ტახტი წაართვა თავის ძმისწულს. ყვარყვარემ დახმარებისათვის მიმართა შაჰ-ისმაილს, რომელმაც ლაშქარი გაგზავნა დივ-სულთანის მეთაურობით და უბრძანა, ყოველი ღონე ეხმარა სამცხიდან მანუჩარის განსადევნად. შეშინებული მანუჩარი ოსმალეთში გაიქცა. მან დახმარება გამოსთხოვა სულთან სელიმ I-ს და 1518 წელს სამცხეს მოვიდა ოსმალთა ჯარის თანხლებით, რათა ყვარყვარესთვის ქვეყანა წაერთმია. ყვარყვარემ სასტიკად დაამარცხა ოსმალთა ჯარი. როგორც ჩანს, ამის შემდეგ მანუჩარს კვლავ უცდია ყვარყვარესთან ბრძოლა შესაძლებელია, მან გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. ყოველ შემთხვევაში, იმავე 1518 წელს ყვარყვარე ისმაილს ეახლა და დივ-სულთანის სარდლობით გამოგზავნილ ლაშქარს საქართველოსაკენ გამოუძღვა. ამჯერად დივ-სულთანს გორი და სურამი აუღია. ამით მთავრდება საქართველოში დივ-სულთანის შემოსევების პირველი ციკლი (1516-1518 წწ.), რომელსაც ჩვენი აზრით, არავითარი კავშირი არა აქვს იმ შემოსევასთან, ხონდემირი და სხვა ისტორიკოსები 927 (1521) წლით რომ ათარიღებენ. 1521 წლის შემოსევა, როგორც ჰასან რუმლუს თხრობიდან ირკვევა, ლევან კახთა მეფის შაქზე თავდასხმით და ჰოსეინ-ბეგის მიერ შაჰ-ისმაილისათვის დახმარების თხოვნით ყოფილა გამოწვეული.
ხონდემირისა და სხვა ისტორიკოსთა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოში დივ-სულთანს ეახლნენ ლევანი, ყვარყვარე, დავითი და მანუჩარი, უთუოდ საყურადღებო და ანგარიშგასაწევია. როგორც ჩანს, ყვარყვარესა და მანუჩარს შორის ჯერ კიდევ გრძელდებოდა ბრძოლა ათაბაგის ტახტისათვის და ორივე ცდილობდა სეფიანი მბრძანებლის გულის მოგებას (ამ შემოსევებთან დაკავშირებით იხ. დ. კაციტაძე, ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, თსუ შრომები, ტ. 108, თბ., 1964).
46. სეფიანთა დინასტიის მეორე წარმომადგენელი შაჰ-თამაზ I (1524-1576). შაჰ-ისმაილ I 930 წლის რაჯაბის 19-ს (1524 წ. 23 მაისს) გარდაიცვალა, 38 წლის ასაკში. თანამედროვენი მას ახასიათებენ როგორც შესანიშნავ სარდალსა და ნიჭიერ პოლიტიკოსს ისმაილის დახასიათება ქართულმა წყაროებმაც შემოგვინახეს: „შაჰ-ისმაელი იყო კაცი ჭკუიანი და სავსე ხონჯითა. ამან გამოაჩინა სჯული შიასი და დაუწყო სჯულთა ოსმანთასა გინება, და აღამაღლა სახელი ალიასი, და თჳთ თავი თჳსი ძედ ალისა თქუა. და მიერითგან იწამეს ყიზილბაშთა ძედ იმამისა, არა ხოლო მეფობისათვის, არამედ ძეობისა მისთვს იმამისა სწამთ სალოცავად და პატივ-სცემენ მღთაებრ დღეინდელად დღემდე“ (ქართლის ცხოვრება, II, 357. შდრ. გვ. 496).
ჰასან რუმლუს ცნობით, ისმაილის დროს სეფიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა აზერბაიჯანი, ირანის ერაყი, ფარსი, ქერმანი, ხორასანი და ხუზისტანი, აგრეთვე, დროებით, დიარბექრი, ბალხი და მერვი. მიუხედავად რამდენიმე ცდისა და ზოგიერთი წარმატებისა, შაჰ-ისმაილ I-ის დროს ყიზილბაშებმა ვერ დაიპყრეს საქართველო, თუმცა კი ხონდემირის ცნობით, ქართველ მეფე-მთავრებს მისთვის „ბაჯ ო ხარაჯ“-ის მიცემა უკისრიათ (იხ. ვ. გაბაშვილი, „სათათრო გამოსაღებელი“ გვიან-ფეოდალურ საქართველოში, „მიმომხილველი” III , თბ., 1953, გვ. 149-151; ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI - XVII საუკუნეებში, თბ., 1958, გვ. 254 შმდ). შაჰ-ისმაილს ოთხი ვაჟი ჰყავდა: თაჰმასბი (თამაზი), ალყასი, საამი და ბაჰრამი. მათგან მამის სიკვდილის დღესვე, 1524 წ. 23 მაისს დილით, ტახტზე დასვეს 10 წლის შაჰ-თამაზ I , რომელიც სათამაშო ბურთად გადაიქცა ყიზილბაშური ტომების ამირათა ხელში. შაჰ-თამაზი დიდად განსხვავდებოდა შაჰ-ისმაილ I-ისაგან. „მას მამის შორსგამჭვრეტელობა და გონების სიღრმე აკლდა“ (ი ვ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. IV, გვ. 242). მისი კარის ისტორიკოსი ჰასან რუმლუც კი ვერ ახერხებს შაჰის ყველა ნაკლისა და უცნაურობის დაფარვას. შაჰ-თამაზი საკმაოდ განათლებული ყოფილა უყვარდა მხატვრობა და კალიგრაფია, მაგრამ სუსტი ნებისყოფისა და მეტისმეტად ეჭვიანი იყო. მას შემდეგ, რაც ხელში აიღო სახელმწიფოს მართვა-გამგებლობა, შაჰი თვითონ აკეთებდა ყველა საქმეს და იმდენად ძუნწი ყოფილა, რომ მისი ნებართვის გარეშე სულ მცირე ხარჯის გაწევაც კი არავის შეეძლო. შაჰ-თამაზს პირადად მიუღია მონაწილეობა მრავალ ლაშქრობაში, მაგრამ განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი არ გამოუჩენია.
47. ბარგუშათი თანამედროვე სომხეთის სსრ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე მთიანი ოლქია. ისქანდერ მუნში (თეირანის ლითოგრ. გამოც., გვ. 63) და ფარსადან გორგიჯანიძე (გვ. 212) შაჰ-თამაზის ყარაბაღს მისვლას ამოწმებენ.
48. ქართლის მეფე ლუარსაბ I (1530-1556).
49. ხელნაწერის აშიაზე ძნელად გასარჩევი ხელით შემდეგი მინაწერია გაკეთებული: „ხსენებული გულბაათი მდაბიო ხალხს ეკუთვნის, რომელთაც მსახურს უწოდებენ, და თან აზნაურიც არის, რადგან ამირად ითვლება“ (თარგმანი ეკუთვნის ვ. ფუთურიძეს). ისქანდერ მუნშის ცნობით, გულბაათი თბილისის ჰაქიმი ყოფილა, ფარსადანის სიტყვით, – „ქალაქის ციხისთავი და მოვრავი“ (გვ. 212), ხოლო „ახალი ქართლის ცხოვრების“ ტექსტები მიხედვით იგი იყო „ციხისთავი ტფილისისა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 357, 497). შაჰ-თამაზმა, როგორც ჩანს, დიდი წყალობა უყო მოღალატე გამუსლიმანებულ გულბაათს და თავის ამალაში ჩარიცხა მისი ვაჟები, რომელნიც შაჰის ერთგული და სანდო კაცები გამხდარან (იხ. კ. ტაბატაძე, შერეფ-ხან ბითლისის ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 168).
50. ტექსტში - (სედონთან – ისქანდერ მუნში და ფარსადან გორგიჯანიძე არ იხსენიებენ ამ ქართველი თავადის გვარს. ისქანდერი მხოლოდ აღნიშნავს, ძლევამოსილი ყიზილბაში მეომრების შიშით ზოგმა ქართველმა ამირამ ბირთვისის ციხეს შეაფარაო თავი (გვ. 63).
51. შაჰ-თამაზის საქართველოში პირველი შემოსევის ამბავი (ისევე, როგორც სხვა შემოსევებისაც) მეტნაკლებად ვრცლად არის მოთხრობილი ქართულ საისტორიო წყაროებშიც (ფარსადან გორგიჯანიძე, „ახალი ქართლის ცხოვრების“ ტექსტები, „ცხოვრებაჲ საქართველოჲსა“).
52. ოსმალეთის სულთანი სულეიმან I სჯულმდებელი (1520-1566).
53. იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565).
54. იანიჩარი (სიტყვასიტყვით – ახალი ჯარი) – XIV საუკუნის შუა წლებში შექმნილი რეგულარული ჯარი ოსმალეთში.
55. სიბა მოძრავი საფარია, რომელსაც ციხიდან ნატყორცნი ისრისა, ქვისა და ტყვიისაგან იფარებდა ციხის კედლებზე იერიშით მისული ჯარი (სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, I, ნაკვ. 1, გამოსცა ვლ. ფუთურიძემ, თბ., 1961, ტერმინოლოგიური ლექსიკონი, გვ. 91-92).
56. თოფხანა – არტილერია.
57. შაჰ-თამაზ I-ის ძმა ალყას-მირზა, შირვანის ბეგლარბეგი (1538-1547). 1537 წელს შირვანში აჯანყება მოხდა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ვინმე დერვიში, სახელად მოჰამედი. იგი გარდაცვლილი შირვანშაჰის ხალილულაჰ II-ის (1524-1636) შვილად აცხადებდა თავს და ხელისუფლებას ედავებოდა მცირეწლოვან შაჰროხს (1536-1538), ხალილულაჰ II-ის ძმისწულს. ამ არეულობით ისარგებლა შაჰ-თამაზმა, 1538 წლის გაზაფხულზე თავისი ძმის ალყას-მირზას სარდლობით 20-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა შირვანში ღა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დაიპყრო ეს მხარე. შირვანი სეფიანთა სახელმწიფოს ველაიეთად გამოცხადდა ხოლო მის გამგებლად (ბეგლარბეგად) ალყას-მირზა დაინიშნა. ადგილობრივი ფეოდალები უკმაყოფილო იყვნენ შირვანის სახელმწიფოს გაუქმებით და ცდილობდნენ დამოუკიდებელი სამეფოს აღდგენასა ასეთი განწყობილებით ისარგებლა ალყას-მირზამ, 1447 წ. აშკარად აჯანყდა სეფიანთა ხელისუფლების წინააღმდეგ და თავი დამოუკიდებელ ხელმწიფედ გამოაცხადა. იგი დამარცხდა შაჰის მიერ გაგზავნილ ლაშქართან ბრძოლაში და ოსმალეთს შეაფარა თავი.
58. ქემალ ედ-დინ ისმაილ ბენ ჯემალ ედ-დინ მოჰამედ ბენ აბდ არ-რეზაყ ისფაჰანი – სპარსელი მეხოტბე პოეტი XIII საუკუნისა. დაიღუპა მონღოლთა შემოსევების დროს 635 (1237/8) წელს.
59. ტექსტში - ისქანდერ მუნშისთან - (გვ. 64). ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვით, შაჰი ბარდავს მისულა (გვ. 213).
60. ისქანდერ მუნშის ცნობით, შაჰ-თამაზს აყ-შაჰრში ეახლნენ კახეთის მეფე ლევან და იმერეთის მეფე ბაგრატ, რომელთაც ფეშქაში და „ბაჯ ო ხარაჯ“ მიართვეს შაჰს და იმ ლაშქრობაში მონურად ემსახურებოდნენ ძლევამოსილ ამალას (გვ. 64). ფარსადან გორგიჯანიძეც აღნიშნავს, რომ „კახეთის ბატონი ლევან და იმერეთის მეფე ბაგრატ ძღვენითა და კარგის ფეშქაშით ყაენსთან მოვიდნენ. ის ლაშქრობა ერთგულად იმსახურეს“ (გვ. 213). ამ ცნობათა საფუძველზე ივ. ჯავახიშვილი დაასკვნიდა, რომ „ამ ორმა ქართველმა მეფემ ეს ლაშქრობა ერთგულათ იმსახურეს კიდეც საქართველოს ამაოხრებელ მტერთან“ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 249). ჰასან რუმლუს თხრობიდან ჩანს, რომ ლევანი და ბაგრატი შაჰს იმ დროს ხლებიან, როცა მას თავისი საქმე საქართველოში მოთავებული ჰქონდა და უკან მიემართებოდა. როგორც ცნობილია, ჰასან რუმლუ პირადად მონაწილეობდა ამ ლაშქრობაში და მისი ცნობები ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებს როგორც თვითმხილველისა. ამგვარად, ეს მძიმე ბრალდება, ბაგრატისა და ლევანის საქართველოს ამაოხრებელი მტრის ლაშქრობაში მონაწილეობას რომ ეხება, ამჯერად არ დასტურდება. შაჰ-თამაზის ამ ლაშქრობის ზუსტ თარიღს იძლევა ჰასან რუმლუ, რომელიც აღნიშნავს, რომ ლაშქრობა 953 (1546/7) წელს მომხდარა. ამასთან ერთად, მასვე აღნიშნული აქვს, რომ როცა ყიზილბაშები საქართველოში მოვიდნენ, მზე თხის რქის ზოდიაქოს ბოლოში მდგარა, რაც 1547 წლის იანვრის შუა რიცხვებს შეესაბამება. ფ. გორგიჯანიძეც ახსენებს „იანვრის სიცივეს“ (გვ. 213).
61. ისქანდერ მუნშისა და ფარსადან გორგიჯანიძეს შედარებით მოკლედ აქვთ მოთხრობილი შაქის დაპყრობისა და ამ ლაშქრობაში ლევან კახთა მეფის მონაწილეობის ამბები. სამაგიეროდ, ვრცელი ცნობები მოიპოვება ამის შესახებ „ახალი ქართლის ცხოვრების“ ტექსტებში (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 363, 504-505).
62. ტექსტშია – შემკვრელ-გამხსნელი, ე.ი. საქმეების სრულუფლებიანი გამგებელი.
63. ციხე „მოდი-მნახეს ციხე“ (აზერბაიჯანულად), რაც ამ სიმაგრის მიუვალობაზე უნდა მიუთითებდეს.
64. სიღნაღი (თურქ. Siğinak) – თავშესაფარი, სიმაგრე.
65. ხეიბერის ციხე ქ. მედინის მახლობლად მდებარე ამავე სახელწოდების სოფელში იდგა. სინონიმია მიუვალი, ძნელად ასაღები სიმაგრისა.
66 ტექსტში – იაგელოს განმარტებით, ზარბაზნის ერთ-ერთი სახეა.
67. ლოცვა, რომელსაც პარასკეობით კითხულობენ მეჩეთში ღვთისა და წინასწარმეტყველ მოჰამედის სადიდებლად და ხელმწიფის საკეთილდღეოდ. მონეტის წარწერა, სადაც მისი მომჭრელი ხელმწიფის სახელი იხსენიება. „ხუტბა და სიქა გაიფურჩქნა და განახლდა კეთილშობილი სახელით“, ე.ი. შაჰ-თამაზ I-ის სახელზე ხუტბა იქნა წაკითხული მეჩეთში და მისი სახელით ფული მოიჭრა შაქში, რაც ნიშნავს, რომ ეს მხარე საბოლოოდ შეუერთდა სეფიანთა სახელმწიფოს.
68. სამცხის ათაბაგი ქაიხოსრო II (1545-1573).
69. ისქანდერ მუნშისთან მოხსენიებული არიან ლუარსაბ, ვახუშტი და შერმაზან ქართველი (გვ. 64). ფ. გორგიჯანიძის ცნობით, ვახუშტი და შერმაზანი ლორე-ბამბაკის პატრონები ყოფილან (გვ. 213, 214), რაც არ უნდა იყოს სწორი. ჰასან რუმლუსა და ისქანდერ მუნშის მოწმობით, მათ თმოგვისა და აყ-შაჰრის ოლქი ეკუთვნოდათ. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ფარსადანის მიერ მოხსენიებული „შერმაზან და ავალი“ (გვ. 214) შერყვნილი ,,შერმაზან ოღლი“ უნდა იყოს (შდრ. ჰასან რუმლუ), ხოლო „შერმაზან ალჯუ" (იქვე) – „შერმაზან და ვახუშტი“. „ახალი ქართლის ცსოვრების“ ტექსტებში შემონახული „ივჯუზ-ივჯუშ-იჯუ“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 364, 500, 506) ასევე შერყვნილი „ვახუშტი“ უნდა იყოს (შდრ. ისქანდერ მუნშის).
70. ისქანდერ ფაშა – „არზუმის ბეგლარბეგი სკანდარ-ფაშა“ (ფ. გორგიჯანიძე, გვ. 213).
71. სედონთან – ისქანდერ მუნში და ფარსადან გორგიჯანიძე საერთოდ არ ახსენებენ ამ ციხეების სახელებს. „ახალი ქართლის ცხოვრების“ ე. წ. მესამე ტექსტში სხვა ციხეებთან ერთად ჩამოთვლილია „ვანის ქუაბი“ და „აწყური“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 500. იხ. აგრეთვე, ცხოვრებაჲ საქართველოჲსა, მ. ბროსეს გამოც., პარიზი, 1832, გვ. 8). იქნებ და ჰასან რუმლუს მიერ არასწორად ჩაწერილი და გადამწერთაგან შერყვნილი აწყური და ვანის ქვაბია?
72. ტექსტში – ფ. გორგიჯანიძესთან – „ზარზმა“ (გვ, 214).
73. მანი წონის ერთეულია. თავრიზული მანი დაახლოებით 3 კილოგრამს უდრიდა, შაჰური ორჯერ მეტი იყო.
74. ისქანდერ მუნში „ანან-ბეგს“ ახსენებს გვ. 65), ფარსადანი „ამოანს“ (გვ. 214). ბერი ეგნატაშვილთან არის „ომან“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 364), „ახალი ქართლის ცხოვრების“ ე.წ. მესამე ტექსტში - „ამაონ“ (იქვე, გვ. 500), ხოლო „ცხოვრებაჲ საქართველოჲსაში“ („პარიზის ქრონიკა“) – „ამაოან" (გვ. 8).
75. თირის თვე ირანული მზის კალენდრის მეოთხე თვეა და ივნის-ივლისს შეესაბამება. ამავე დროს, ჰასან რუმლუს სიტყვით მზე იმ დროს სასწორის ზოდიაქოში ყოფილა, რაც სექტემბერ-ოქტომბერში ხდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უკვე აგრილებული იყო და საქართველოდან წასული შაჰი ყარაბაღისაკენ გაემართა დასაზამთრებლად (ამას ერთხმად ამოწმებენ ჰასან რუმლუ, ისქანდერ მუნში და ფარსადან გორგიჯანიძე), აშკარა გახდება შეუსაბამობა თირის თვესა და ქალწულის ზოდიაქოს შორის. ქალწულის ზოდიაქოს შეჰრივერის თვე შეესატყვისება.
76. ისქანდერ მუნშიც მოგვითხრობს, რომ შაჰ-თამაზის ლაშქარმა ქართლზე ჩამოიარა, ბევრი მცხოვრები გაჟლიტა და დიდძალი ნადავლი იშოვა (გვ. 65), ფარსადანი კი უმატებს, რომ ქართველებმაც, „საცა მოიჴელეს ყიზილბაში, მოკლეს“ (გვ, 215).
77. შერეფ-ხან ქურთი – XVI საუკუნის ცნობილი ისტორიკოსი შერეფ-ხან ბითლისი. შერეფ-ხანი დაიბადა და აღიზარდა ირანში, შაჰ-თამაზ I-ის კარზე. მრავალი წლის განმავლობაში განაგებდა სეფიანთა სახელმწიფოს სხვადასხვა ოლქებს. მის კალამს ეკუთვნის სპარსულ ენაზე შედგენილი ვრცელი საისტორიო თხზულება „შერეფ-ნამე“ („შერეფის წიგნი“) რომლის წერა ავტორმა ოსმალეთში დაასრულა 1596 წელს (დაწვრილებით შერეფ-ხანისა და მისი საისტორიო ნაწარმოების შესახებ იხ. კ. ტაბატაძე, შერეფ-ხან ბითლისის ცნობები საქართველოს შესახებ).
78. არჯიში და ბარგირი ვანის ტბის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებია.
79. ტექსტშია – ვახუშტის ცნობით, „იმერხევის დასავლით, ძამაზედ, არს მძორეთი, მცირე ქალაქი. მოსახლენი სომეხნი, ურიანი. ციხე არს მაღალს კლდესა ზედა ნაშენი. ესე არს ძამის ციხე“. ისქანდერ მუნშის თხზულებაში ამ ციხის სახელი კიდევ უფრო მეტად არის შერყვნილი (– გვ. 66). ფ. გორგიჯანიძესთან და „ახალი ქართლის ცხოვრების“ ე.წ. პირველ და მესამე ტექსტებში (გვ. 365, 506) ვერის ციხე იხსენიება.
80. ისქანდერ მუნშის ცნობით, ციხისთავი ფარსადანი გარეთ გამოვიდა და ციხე ყიზილბაშებს გადასცა (გვ. 66). ფ. გორგიჯანიძე აღნიშნავს, რომ „ფარსადან ციხოანი უვნებელად მოარჩინა“ (გვ, 215). „ვერის ციხე ნებით მოსცა ფარსადან, და უვნებელად ციხოვანნი მორჩნენ“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 506).
81. ატენის ციხის აღებისა ღა ლუარსაბის დედის დატყვევების ამბავს გადმოგვცემენ აგრეთვე, ისქანდერ მუნში და ფარსადან გორგიჯანიძე. ამასთან ერთად, ქართველ ავტორს სპარსულ წყაროებთან შედარებით საინტერესო დეტალებით შეუვსია თხრობა. ყიზილბაშთა „ლაშქარი დაბალს დადგა და ციხე მაღალს კლდეს ზედ ნაგები იყო და გასაკვირვებელი სიმაგრე აქონდა და ქვითკირით ნაშენები იყო და მეფის ლვარსაბის დედა, მრავლის თავადებისა და აზნაურიშვილების ჯალაბნი მასთან იყვნენ. და გარედამ ლაშქარი შემოეხვივა და შიგნიდამ ქართველნი. შეიქნა შუღლი და ცემა და მრავალი ყიზილბაშნი ამოსწყვიტეს. ციხის აღება გაძნელდა, ამისათვის რომ არც სიბა მიიტანებოდა, არც შეეთჴრებოდა და არც სითმე ზარბაზანი მიუდგებოდა. თათართ ერთი ატენელი კაცი დაიჭირეს, სიკვდილის შიშით იმან უთჴრა: თუ არ მამკლავთო, ციხეს აგაღებინებო. ამათაც ფიცი მისცეს უვნებლობისა. იმან ეს ანბავი მოახსენა: ჭისა და აბა[მ]ბრების წყალი დაელიაო, და ჩრდილოეთისაკენო მომცრო წყალი გამოსდისო და იმის წყლით რჩებიანო, და იმას მისაპარავი გზა აქვსო, იმას გასწავლითო და ის უკუჭირეთო და ღონე გაუწყდების, ციხეს მოგცემენო. წინ წაუძღვა და იმ წყლის გზა ასწავლა. და ყიზილბაშთ ის წყალიც უკუჭირეს და ციხოვანთ მშველი აღარ გაუჩნდა, უწყლობამაც ძალი უყო. და მრავალი ყიზილბაშნი და ქართველნი იმ ციხის აღებაში დაიხოცნეს და ციხე აიღეს“ (გვ. 215-216). „ახალი ქართლის ცხოვრების“ ე.წ. მესამე ტექსტის ავტორის ცნობით, ციხის გამცემი ყოფილა „ერთი ფარეში, კავთისჴეველი ბეთიაშვილი, ფარეში მეფის ლუარსაბის დედისა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 506).
82. ისქანდერ მუნში მოგვითხრობს, რომ მას შემდეგ, რაც შაჰ-თამაზი საქართველოში მეოთხე ლაშქრობიდან გაბრუნდა, ლუარსაბი ისევ გორში მოვიდა, მასთან შეგროვდა ყველა, ვინც ყიზილბაშთა მახვილს გადარჩენოდა. ერთ ხანს მშვიდად იყო, მერე კი ისევ დაიწყო ურჩობა და შაჰის წინააღმდეგობაო (გვ. 66). „რა ყაენი მეოთხეს ზედ ქართლით დაბრუნდა, ყოველს ლაშქრობას უმეტესი აოხრება ქნა, მეფის დედა წაიყვანა. ამისის ჯავრით ლუარსაბმა თავის ლომურს გუნებას ვეღარ გაუძლო, შეიყარა ლაშქარი და ყაენის მამულს რბევა დაუწყო. ასრე უთხრა ქართველთა: მამაცმან კაცმანო უნდა თავის თავი მგელს ამგზავსო და მტრის ლაშქარი ცხვარი ეგონოსო. როგორც მგელი ცხვარს, ისრე მტერთ უნდა მიუჴდესო, და გამარჯვება მღთისა არისო" (ფ. გორგიჯანიძე, გვ. 216). ციხის სახელწოდება ჰასან რუმლუს ტექსტში არის – ისქანდერ მუნშისთან – ხოლო ფ. გორგიჯანიძე (გვ. 216) და „ახალი ქართლის ცხოვრების“ ე. წ. მესამე ტექსტი (გვ. 508) ლუარსაბის გარის ვარხუნას მისვლას ამოწმებენ.
83. ტექსტშია – (სედონის გამოცემაში –). ი. ისქანდერ მუნშის ერთგან აქვს, შემდეგ კი მოკლედ – (გვ. 67). ივ. ჯავახიშვილი კითხულობს – „მირჩინი“ (ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 257). ფ. გორგიჯანიძე საერთოდ არ იხსენიებს ამ ყიზილბაში მეომრის სახელს, „ახალი ქართლის ცხოვრების“ ე.წ. მესამე ტექსტში კი მას „მაჰმად სულთანი“ ჰქვია (გვ. 509).
84. ტექსტში – „ახალი ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, „მოუჴდა ყიზილბაში ერთი, რომელსა ერქუა ზაქირ, და სცა მახჳილი და სწყლა სასიკუდინოდ მეფე ლუარსაბ და შეჯდა თჳთ მეფის ლუარსაბის ცხენსა და ივლტოდა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 366, იხ. აგრეთვე გვ. 510). ფ. გორგიჯანიძის ცნობით, „თათართ წაქცეულს მეფეს ისარი დააყარეს და მეფე იმათის ისრით მოკვდა“ (გვ. 217).
85. საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის გამოჩენილი მებრძოლის ლუარსაბ I-ის შესანიშნავი დახასიათება აქვს მოცემული XVII ს-ის ქართველ ისტორიკოსს ფარსადან გორგიჯანიძეს, რომელიც აღნიშნავს რომ „ურუმთა და ყიზილბაშთ ნამეტნავად მისგან ეშინოდათ. მეზობელნი ვითაც ყმანი ემსახურებოდნენ და თვითან სხვათა ყმობის თქმა არ იკადრა“. (გვ. 216). კიდევ უფრო მაღალ შეფასებას აძლევს ლუარსაბის ღვაწლს ბერი ეგნატაშვილი: „უკეთუმცა მეფესა ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არ ექმნა, ახლამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ და, რაოდენნიცა დღეს სახელნი არიან საქართველოსანი, ყოველნივე ჴრმლისა მისისგან არიან. რამეთუ ესე ლუარსაბ იყო კაცი ბრძენი და გონიერი, მოშიში ღმრთისა და მორწმუნე სჯულიერად, ღუაწლ-მრავალი და ბრძოლასა შინა მჴნე და ახოვანი და მბრძოლი, ლომებრ ძლიერი და სარდალი კეთილი“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 366).
86. ქართლის მეფე სიმონ I (1556-1601). სიმონი მამის პოლიტიკას აგრძელებდა და ენერგიულად იბრძოდა ყიზილბაშთა წინააღმდეგ. მართალია, ისქანდერ მუნში და ფ. გორგიჯანიძე აღნიშნავენ, თითქოს ტახტზე ასვლის შემდეგ სიმონი 4-5 წელიწადს გორში იყო და ძალას იკრებდა, მაგრამ, როგორც ჰასან რუმლუს ცნობიდან ირკვევა, მას გამეფებისთანავე შეუტევია ყიზილბაშებისათვის. სწორედ ამით უნდა ყოფილიყო გამოწვეული ყარაბაღის ბეგლარბეგის შაჰვერდი-სულთან ზიად ოღლი ყაჯარის გამოლაშქრება საქართველოზე 1557 წელს. როგორც ჩანს, სიმონი ჯერ კიდევ არ იყო მზად მრავალრიცხოვან მტერთან საბრძოლველად. ამიტომ მან მთებს შეაფარა თავი.
87. ჰასან რუმლუს ცნობა ყარაბაღის ბეგლარბეგის შემოსევის შესახებ (რომლის მსგავსი არ გვხვდება სხვა წყაროებში) კარგად ახასიათებს ყიზილბაშთა დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ („ყანები და ხეები მწიფე ხილიანად ძირიანად ამოგლიჯეს”!).
88. XVI ს-ის ირანელი ისტორიკოსის ბულაყ ყაზვინის ცნობით ლევან კახთა მეფის ძე იესე მამას გადაუდგა, შაჰის კარზე მივიდა და მუსლიმანობა მიიღო. ამ ამბის დასათარიღებლად ავტორს მოტანილი აქვს ლექსი: (ბუდაყ ყაზვინი. ჯავაჰერ ალ-ახბარ). „იესე ლევანის ძე მუსლიმანი გახდა გულწრფელად“. ამ ფრაზის ცალკეული ასოების რიცხვითი მნიშვნელობის შეკრება იძლევა იმავე თარიღს, რომელიც ჰასან რუმლუს თხზულებაშია – 967 წ. (1559. 3 X -1560. 21. IX).
89. ტექსტში – (სედონთან – ). ისქანდერ მუნში და ფ. გორგიჯანიძე აღნიშნავენ, რომ სიმონმა თბილისის დასაბრუნებლად გაილაშქრა. „ახალი ქართლის ცხოვრების“ ე.წ. პირველი და მესამე ტექსტების მიხედვით ქართველთა ლაშქარი ციხედიდს მისულა (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 367, 510. შდრ. ცხოვრებაჲ საქართველოჲსა, გვ. 9).
90. სიტყვების თამაშია. კაცის სახელიც არის (გურგინ – გიორგი) და მძვინვარესაც ნიშნავს.
91. ჰასან რუმლუ და ისქანდერ მუნში 968 (1560/1) წლით ათარიღებენ ამ ბრძოლას. ამავე დროს, ქართული წყაროებით, „ის ღამე აღდგომის ღამე იყო“ (ქართლის ცხოვრება. II. გვ. 367, 511). სპარსული და ქართული წყაროების მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელი ხდება ციხედიდის ბრძოლის ზუსტი თარიღის დადგენა: 1561 წელს აღდგომა 6 აპრილს იყო.
92. ამრიგად, დავითი ყაზვინს მისულა 1561 წლის 25 დეკემბერს. ჰიჯრის 969 წელი 1561 წ. 11 სექტემბერს იწყება და 1562 წ. 30 აგვისტოს მთავრდება. რაკი ჰასან რუმლუ ამავე 969 წლის ამბებში აღნიშნავს, „რჯულის საფარველმა შაჰმა თბილისის გამგებლობა მას უწყალობაო“, ეს ნიშნავს, რომ დავითი თბილისში ჰიჯრის 969 წელსვე, ე.ი. 1562 წლის 30 აგვისტომდე დაბრუნებულა.
93. როგორც ვხედავთ, ლევან მეფის შვილი იესე, რომელმაც თვალის ასახვევად მიიღო მუსლიმანობა, გულში კი ქრისტიანად რჩებოდა (ბუდაყ ყაზვინი, დასახ. ხელნაწერი, ფ. 329 ბ). 1562 წლის 23 დეკემბერს ჩაუსვამთ ალამუთის ციხეში. 1562 წ. 20 ნოემბერს ინგლისის სავაჭრო აგენტს ა. ჯენკინსონს შაჰ-თამაზ I-ის კარზე უნახავს რენეგატი ქართველი უფლისწული, რომელიც ირანში იყო თავშეფარებული. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს უფლისწული ბატონიშვილი იესე უნდა ყოფილიყო (პროფ. ვ. გაბაშვილი). ამ უკანასკნელ ხანს ჯ. სტეფნაძე შეეხო ამ საკითხს და აღნიშნა, რომ „იესე ლევანის ძე, ირანის შაჰის ბრძანებით, 1562 წლის შუა წლებიდან ვიდრე 1577 წლამდე, ალამუტის ციხეში იყო გამომწყვდეული. იგი აღნიშნულ აუდიენციას ვერ დაესწრებოდა“ (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა სამეცნიერო კონფერენციის თეზისები, თბ., 1966, გვ. 16). ჯ. სტეფნაძის აზრით, ჯენკინსონს ირანში უნდა ენახა დავით ლუარსაბის ძე (დაუთ-ხანი), რომელიც თითქოს შაჰთამაზის კარზე იმყოფებოდა 1561-1564 წლებში (იქვე, გვ. 17). როგორც უკვე აღვნიშნეთ (იხ. წინა შენიშვნა), დავითი 1562 წლის აგვისტომდე დაბრუნებულა თბილისში. ამჟამად ჩვენს ისტორიოგრაფიაში დავითის მეფობის პერიოდად 1562-1578 წლებია მიღებული (იხ. ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, გვ. 31), ამგვარად დავითს არ შეეძლო დასწრებოდა აღნიშნულ აუდიენციას. იესე ლევანის ძე, როგორც ვნახეთ, 1562 წ. დეკემბერში დააპატიმრეს. ამრიგად, მას შეეძლო იმავე წლის ნოემბრის თვეში დასწრებოდა ჯენკინსონის პატივსაცემად გამართულ მიღებას.
94. ოსმალეთის სულთანი სელიმ II (1566-1574).
95. როგორც ცნობილია, ირანმა და ოსმალეთმა 1555 წელს ამასიაში დადებული საზავო ხელშეკრულების თანახმად საქართველო შუაზე გაიყვეს. „ხონთქარმან და ყაენმა საქართველო შვა გაიყვეს. სამცხე და ქართლი და კახეთი ყაენსა, იმერეთი, ოდიში და აფხაზეთი, გურია და ლაზის ქვეყანა ჴონთქარსა" (ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 215). სულთან სულეიმანის მიერ მიტაცებულ ამ ქართულ ტერიტორიას უნდა გულისხმობდეს ჰასან რუმლუ „დად ელის“ სახელით.
96. თურქმანული მოდგმის ძულ-ყადარის ტომი თავდაპირველად სამხრეთ სომხეთსა და დიარბექრის მიდამოებში მომთაბარეობდა, მოგვიანებით კი დამოუკიდებელი სამფლობელო შექმნეს მდ. ევფრატის მარჯვენა ნაპირზე, რომელშიც შედიოდა ალბისტანი და მარ აში.
97. მოჰამედ ფაშა – მეჰმედ ფაშა, თევილი, რომელიც ჯერ რუმელიის ვალი იყო, შემდეგ ვეზირობა მიიღო და უფლისწულ სელიმის სიძე გახდა. ბოლოს სადრაზამადაც (პირველ ვეზირად) დანიშნეს (იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გვ. 107, შენ. 31).
98. ისქანდერ მუნში აღნიშნავს, რომ სიმონმა ორჯერ დაამარცხა დავითი და თბილისის ადვილად ხელში ჩაგდების იმედით ალყა შემოარტყა ქალაქს, მაგრამ ყიზილბაშები მტკიცედ იცავდნენ ციხეს. სიმონს ქალაქის მცხოვრებთა იმედი გაუცრუვდა და გორში დაბრუნდა (გვ. 69).
99. აყიყი წითელი ან ვარდისფერი ძვირფასი ქვა.
100. ზემზემი მექის ტაძრის მახლობლად მდებარე ჭის სახელია.
101. ქოუსარი სამოთხის წყაროს სახელია.
102. ისქანდერ მუნშის მიხედვით სიმონი ცხენიდან გადმოაგდო შამხალ-სულთანის მსახურმა, სახელად ჯემშიდმა (გვ, 69). ფარსადანის სიტყვით, მეფის ცხენიდან გადმომგდები „ქართველთაგან თქვეს“ (გვ. 219).
103. ქართული წყაროებით, ალექსანდრე ლევანის შვილია და არა ქაიხოსროსი, რომელიც ალექსანდრეს ნახევარძმა იყო. ლევანის სიკვდილის შემდეგ კახეთის სამეფო ტახტი დაიკავა ალექსანდრემ, რომელსაც აუჯანყდნენ მისი ძმები ელი-მირზა და ქაიხოსრო – შამხლის ასულის შვილები. „და რა სცნა ბატონმან ალექსანდრე, შეიყარა მანცა სპა თჳსი და წარვიდა მათ ზედა. მივიდა და ეწყუნენ ურთიერთას. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სპანი მრავალნი და მოიკლნეს ელიმირზონ და ხოსრო-მირზა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ, 369.).

Комментариев нет:

Отправить комментарий