воскресенье, 13 августа 2017 г.

ისქანდერ მუნშის (1560-1634) ცნობები საქართველოს შესახებ


ისტორია აბასისა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100
101
102
103
104
105
106
107
108
109
110
111
112
113
114
115
116
117
118
119
120
121
122
123
124
125
126
127
128
129
130
131
132
133
134
135
136
137
შენიშვნები














„თარიხ-ე ალამარას“ (ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის) გაგრძელება
დიდი მოურავის სიკვდილი. თეიმურაზის შერიგება შაჰთან
„თარიხ-ე ალამარას“ ხელნაწერში სათანადო ადგილას მოთხრობილი იყო ქართველი მოურავის მოკვლის შესახებ, რომელსაც მისი უდიდებულესობის სამსახურში მაღალი წოდება და პატივი ჰქონდა. მოთხრობილი იყო აგრეთვე მისი აჯანყებისა და შფოთის გამომჟღავნების, მისი უსაქციელობისა საქართველოში და ოსმალეთში წასვლის შესახებ. ოსმალთა ბანაკიდან მოსულ პირთაგან მოსმენილ იქნა ამბავი იმის თაობაზე, რომ რუმის ხონთქარმა იგი თან აახლა სარდალ ხოსრო ფაშას, რადგან მოურავი ყიზილბაშთა ავ-კარგის მცოდნე იყო და მის რჩევა-დარიგებას გამოიყენებდა. სხვადასხვა შემთხვევის გამო დასმენებმა მასსა და ხოსრო-ფაშას შორის მტრობა ჩამოაგდეს და მათ ერთმანეთზე ცუდი აზრი შეექმნათ. ზემოხსენებულმა მოურავმა აკაზმულობის ნაწილი, ფუფუნების საგნები, იარაღი, ხელთოფები და მრავალი აღჭურვილობა, რაც ხელთ იგდო, აქლემებს აჰკიდა და საქართველოს ციხისაკენ ალთუნყალასკენ გაგზავნა.  არზრუმის სანახებში ოსმალებმა შეიტყვეს, შეიპყრეს იგი და სარდალთან გაგზავნეს. რადგან სარდალმა ამ საქციელში გაქცევის განზრახვა დაინახა, გაკიცხა იგი და მისი არყოფნა თავისი საქმის სასარგებლოდ მიიჩნია. მოურავი მის ერთგულად შვილთან ერთად, რომელიც მამას თან ახლდა, კიდევ ერთი-ორი მეამბოხე ქართველი დახოცა, მისი ქონება კი მიითვისა.
სხვა ამბებიდან აღსანიშნავია თეიმურაზ-ხან ქართველის ელჩების მოსვლა ხაყანის ცის სფეროსებრ ზღურბლთან. მისი ამბები, მისი უდიდებულესობის ქვეყნის დამპყრობის დროს, დაწვრილებითაა მოთხრობილი თარიხ- ალამარას ხელნაწერში. ყველაფერი აღწერილია, რომ გამოუცდელობითა და უვიცობით, რამდენიმე ურწმუნო ქართველის წაქეზებით თეიმურაზმა ამ სახელმწიფოს მორჩილებიდან თავი განზე გაზიდა და გაყოყოჩებულმა უხეში დანაშაული ჩაიდინა. იმ დანაშაულებათა შედეგად ძლიერი ბედისწერის რისხვა გამოვლინდა: მისი სახელმწიფო ააოხრეს, თვითონ კი, დაუძლურებული და უქონელი, უბედური ქვეყნის მოხეტიალე გახდა და რამდენიმე წელი უსახლკაროდ ცხოვრობდა. ბოლოს ბედის მეგზურობით უმეცრების ძილიდან გამოფხიზლდა. მან ხსნა პატიებასა და ცოდვის შენდობაში დაინახა და სირცხვილითა და მონანიების სურვილით გაიმსჭვალა. მისი უდიდებულესობის ქვეყნის დამპყრობლის ზღურბლზე მცდარი ნაბიჯისა და ცოდვის, რაც მას უფრო ბედისწერამ მოახვია თავზე, შეწყალების თხოვნა გამოჩნდა. თანახმად იმისა, რომ შემწყალებელი უცოდველის თანასწორია, კეთილგანწყობილებისა და შეწყალების ბრძანება გაიცა, მაგრამ მაინც, ისე როგორც წესი იყო, მისი უდიდებულესობის მხრიდან თეიმურაზი შეწყალების ხალათითა და წყალობის ტანსაცმლით არ შემოსილა. ამიტომ მისი მღელვარება მთლად ჩამქრალი არ იყო. როდესაც ქვეყნის დამამშვენებელი გარდაიცვალა და სამეფოს ბედნიერმა მბრძანებელმა ტახტზე ასვლისთანავე სწორედ ის კეთილგანწყობილებისა და პატიების ბრძანება, როგორიც ღირსეულთ შეეფერებოდა, დიდებული ხალათით, პატივისცემით მას გაუგზავნა, იგი წყალობითა და კეთილგანწყობილებით დაამშვიდა. ამ დროს გამოცდილი ელჩები ქრისტიანი პატივცემული მღვდლებისა და ღვთისმსახურთა თანამოაზრეთაგან შემდგარი, თეიმურაზმა ცის კამარის შემხების სასახლეში გაგზავნა და მოახსენა, რომ: იმ ზღურბლის მონობის რგოლი კვლავ ყურში მაქვს გადებული და იმ საგვარეულოს დინასტიის მტკიცე მეგობრობით მკლავი მაქვს გამაგრებული. ასე რომ, როცა ოსმალო მტრები საქართველოს მესხეთის ციხესთან - ახსაყესთან მოვიდნენ, თეიმურაზი მათ გასადევნად იმ საზღვრის ამირებსა და მეომრებს დაუკავშირდა და თავისი ერთგულება გამოამჟღავნა.
სამეფოს ბედნიერმა მბრძანებელმა მისი წარგზავნილები კეთილგანწყობილების თვალით, მოკითხვის მზერითა და მოფერებით დააიმედა და გამოარჩია. მისი ალერსითა და კეთილგანწყობილებით მათ დაბრუნების უფლება მოიპოვეს.
სიმონ-ხანის მოკვლა. ზურაბ ერისთავის სიკვდილი
სხვა ამბებიდან აღსანიშნავია ბაგრატ ხანის ძის - საქართველოს ქართლის ვალის სიმონ-ხ, რომელიც ამ სასახლის ნათესავთაგან იყო და საქართველოს სხვა დიდი ვალიებისაგან განსხვავებით, ამ მაღალ დინასტიასთან განსაკუთრებული სიახლოვე და ურთიერთობა ჰქონდა, ზურაბ ქართველის მიერ ღალატის ხმლით მოკვლა და მისი დასჯა ორგულობის გამო. ამ ამბის არსი ის არის, რომ ხსენებული ზურაბი ქართლის დიდებულ აზნაურთაგანი და არაგვის ამირას (ერისთავის) შვილი იყო. მისი უდიდებულესობის ქვეყნის დამპყრობლის დროს იგი სასახლის ღოლამთა რიგებში ჩაირიცხა და შაჰის სამსახურში პატივისცემა და თანამდებობა ჰქონდა. როდესაც ორგულმა ქართველმა მოურავმა ამ სახელმწიფოსგან პირი იბრუნა, როგორც ეს თარიხ- ალამარაი- აბასის ხელნაწერში იყო მოთხრობილი, ზემოხსენებული ზურაბიც უღირსად მოიქცა, როდესაც მისი მოკავშირე გახდა და სპასალარ ყარჩიღა-ხანისა და შირვანის ბეგლარბეგის იუსუფ-ხანის მოკვლაში მიიღო მონაწილეობა. მათ სხვადასხვა უსაქციელობა გამოამჟღავნეს და საქართველოს კახეთის მეფის ალექსანდრეს შვილიშვილი - თეიმურაზი თავისთან მოიყვანეს, რომელიც იმ დროს მის უდიდებულესობა ქვეყნის დამპყრობელს ეურჩებოდა და შიშით ოსმალთა ქვეშევრდომ საქართველოში გაღატაკებული და დაუძლურებული ცხოვრობდა. ისინი შეებრძოლნენ ძლევამოსილ მეომრებს, რომლებიც მისმა უდიდებულესობამ ქვეყნის დამპყრობელმა მათი ამბოხების ჩასახშობად გამოგზავნა ყორჩიბაშ ისა-ხანის წინამძღოლობით და დამარცხდნენ.
ბოლოს მოურავსა და თეიმურაზს შორის მტრობა ჩამოვარდა. წყეულ მოურავს საქართველოში აღარ ედგომებოდა. ამიტომ მან ოსმალეთს მიაშურა და იქ, როგორც ზემოთ ითქვა, თავისი მისაგებელი და ორგულობის საზღაური მიიღო. საქართველოში ძალაუფლების მფლობელი ზურაბი გახდა. მან იქაურ მეფეს - სიმონ-ხანს მტრობა და ურჩობა დაუწყო. წელს კი მან მორჩილება აღუთქვა, შიშით მასთან სამსახურად წავიდა და წარსული ცოდვები მოინანია. ზურაბი სიმონ-ხანის ვექილი და მნიშვნელოვან საქმეთა მომწესრიგებელი გახდა. ღირსეული, კარგი სამსახურისა და კეთილგანწყობილების გამომჟღავნებით, მან რამდენიმე დღეში სიმონ მეფის ნდობა მოიპოვა. რადგან სიმონ-ხანი ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო პირფერობით მოტყუვდა, ზურაბის მიმართ სრული ერთსულოვნება გამოიჩინა და იგი თავის ვექილად და სარქრად, აგრეთვე სახელმწიფოს მნიშვნელოვან საქმეთა მომწესრიგებლად დანიშნა. ზურაბმა სიმონ-ხანს ცბიერებითა და მოტყუებით თავის ადგილსამყოფელში შესთავაზა წასვლა, რომელიც ყარაყალხანში მდებარეობდა. უთხრა, მინდა ჩვენი წესისამებრ საჩუქარი მოგართვათო. რამდენიც არ დაუშალეს მას კეთილისმსურველებმა, რომ არ წასულიყო ზურაბთან, არ შეისმინა და მცირერიცხოვან მეომართა თანხლებით მისს სამფლობელოში გაემგზავრა. ზურაბმა კი უღალატა მას - მისი ძველი მფარველის შვილს და თავის სახლში მოწამებრივი სიკვდილით მოკლა. ამის შემდეგ მან ქართლის მბრძანებლობაზე კუთვნილების რაყამის მიღება მოისურვა და ამ მიზნით თეიმურაზ-ხანთან ახლო მეგობრობისა და კავშირის დამყარებას შეუდგა, რათა იგი მოტყუებითა და ეშმაკობით თავის თანაშემწედ და თანამზრახად გაეხადა. ამიტომ წინასწარი პირობის გარეშე მის სამსახურად წავიდა. რადგან თეიმურაზ-ხანს თავისი წარსული საქმეები მონანიებული ჰქონდა, მის უდიდებულესობასთან გულწრფელი მეგობრობის გზა გაიკვლია. როგორც კი ერთგულების გამოჩენის ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა, ზურაბის მოსაკლავად აჩქარდა და ორგულობის საზღაური მიაგო. ამის შემდეგ თეიმურაზმა უმაღლეს ზღურბლზე სინამდვილე მოახსენა. მან ქვეყნის მფარველის კარზე სანდო პირები გაგზავნა და კვლავ თავისი ერთგულება და კეთილგანწყობილება გამოამჟღავნა. მისმა უდიდებულესობამ მას ეს სამსახური მოუწონა. პატივისცემის სამაგიეროდ, როგორც მბრძანებლებს ახასიათებთ მოწონების გამოსახატავად, ამ სამსახურის ჯილდოდ, შაჰმა საქართველოს ქართლის ბატონობა, თბილისის გარდა, მის ვაჟს გურგენ-ხანს უწყალობა, რომელსაც დედის მხრიდან მემკვიდრეობის უფლება ჰქონდა და გურგენ-ხანმა ნაირ-ნაირი წყალობით განსაკუთრებული დიდება მოიპოვა.
თხრობა ალავერდი-ხანის ვაჟის დაუდ-ხანის აჯანყებისა და თეიმურაზთან მისი შეთანხმების შესახებ
ზემოთ, „თარი-ე ალამარას“ ხელნაწერში მოთხრობილი იყო, რომ ორგული ქართველი მოურავის მიერ მოწყობილ აჯანყებასთან დაკავშირებით, იმ დანაშაულის გამო, რომელიც ყარაბაღის ბეგლარბეგმა მოჰამედ ყული-ხან ზიიად ოღლი ყაჯარმა ჩაიდინა, მისი უდიდებულესობის ქვეყნის დამპყრობლის ბედნიერმა გონებამ მასზე აზრი შეიცვალა და იგი მაღალი თანამდებობიდან გადააყენა. შაჰმა ყარაბაღის ოლქის მფლობელობა ალავერდი-ხანის უმცროს ვაჟს დაუდ-ხანს დაუმტკიცა და იგი ამ თანამდებობით განადიდა. ყაჯართა ტომი, ლაშქარი და ჯარი მის სამსახურად გაიგზავნა და დაუდ-ხანი იმ ვილაეთის სრულუფლებიანი და დამოუკიდებელი ამირთ-ამირა გახდა.
ალექსანდრე ხანის შვილიშვილმა თეიმურაზ ქართველმა, რომელიც მისი უდიდებულესობის ქვეყნის დამპყრობლის მიერ იყო აღზრდილი და თანამდებობაზე დანიშნული, უღირსი საქმეების ჩადენით, მორჩილებისა და ზრდილობის საზღვარს გადააბიჯა. ამიტომ შაჰი განურისხდა მას. თეიმურაზ ქართველის სამფლობელოები და ოლქები აჯანყებისა და შფოთის გამო განადგურდა და დაქუცმაცდა. თეიმურაზმა დიდი უზრდელობა ჩაიდინა და ორგულ მოურავს დაუკავშირდა. ძლევამოსილ ყიზილბაშთა ლაშქართან ბრძოლისა და დამარცხების, აგრეთვე მოურავის საქმეების არევ-დარევის შემდეგ, რის გამოც ეს უკანასკნელი ოსმალეთში წავიდა და ბოლოს თავისი ორგულობისა და შფოთის საზღაური მიიღო, ზემოხსენებული თეიმურაზი რამდენიმე ხანს ერთ-ერთი ქართველი მმართველის კარზე აფარებდა თავს. ეს მმართველები მეზობლობის გამო მას შეძლებისდაგვარად თანაუგრძნობდნენ. იგი ერთხანს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სიღატაკეში ცხოვრობდა და დრო მწუხარებაში გაჰყავდა, სანამ თანდათან უმეცრებისა და უზრუნველობის ძილიდან გამოფხიზლდებოდა. წარსული საქმეებით დარცხვენილმა თეიმურაზმა დაუდ-ხანი გაიცნო და დაუმეგობრდა. თეიმურაზი მასთან დაახლოებას ცდილობდა, რათა მისი შუამდგომლობით განრისხებული შაჰისგან შეწყალება და პატიება მიეღო. დაუდ-ხანმა მისი უძლურება, უბედურება, უმეცრება და სინანული იმ მარადიული სამეფოს წინაშე ურჩობის გამო, მის უდიდებულესობას ქვეყნის დამპყრობელს შეატყობინა და მისი დანაშაულის პატიება ითხოვა, ცნობილი გახდა, რომ თეიმურაზი ქრისტიანული სარწმუნოებისა და რჯულის მტკიცეზე უმტკიცეს ფიცს იძლეოდა, რომ თუ იმ ცოდვილ მონას დანაშაულს შეუნდობდნენ, იმ აოხრებულ სამემკვიდრეო ოლქებს მას დაუბრუნებდნენ, სადაც მისი შფოთისა და უმეცრების გამო იმ სამეფოს კვალიც აღარ იყო დარჩენილი, იქ დასახლდებოდა და ორ-სამ წელიწადში ისეთ ერთგულებასა და სამსახურს გამოამჟღავნებდა, რომ შაჰის უმაღლესი ზღურბლის ღირსი გახდებოდა და ტახტის ზღურბლზე, რომელიც უმაღლეს მბრძანებელთა ადგილსამყოფელია, კვლავ თავის ერთგულებას დაამტკიცებდა. დაუდ-ხანის თხოვნის თანახმად, მისმა უდიდებულესობამ თეიმურაზის სახელზე პატიების ფირმანი გამოსცა. იმ ბედნიერ კანონში, რომელიც მისი სულის დაცვისა და ბედნიერების თილისმა შეიძლება ყოფილიყო, ჩაწერილი იყო, რომ მას წარსული საქმეები შეუნდეს და შეწყალების ხალათი უბოძეს. როგორც „თარიხ-ე ალამარა“-ში დაწვრილებითაა მოთხრობილი, დაუდ-ხანი მცირერიცხოვანი რაზმითა და ცერემონიის გარეშე საქართველოში გაემგზავრა, თეიმურაზს შეხვდა, ოსმალური ტანსაცმელი გახადა და ყიზილბაშური ჩააცვა. თეიმურაზს დიდებული მეფური ხალათი ჩააცვეს და მის მღელვარებას შაჰის კეთილგანწყობილების დაპირებით რწმენა ჩაუნერგეს. იგი უკან დაბრუნდა და დამშვიდებული იმ ვილაეთში დასახლდა. ომ მხარის მოხეტიალეთა ერთ ჯგუფს, რომლებიც ძლევამოსილი ისლამის ჯარის მხრიდან დარბევის შიშით კუთხე-კუნჭულებში იყვნენ მიმალულნი, თეიმურაზი თითო-თითოდ აბრუნებდა. ასე გადიოდა დღეები. დაუდ-ხანის მეგობრობისა და მონდომების წყალობით, მან დახმარება მიიღო და განსაკუთრებული ახლო მეგობრობითა და ურთიერთობით, დაცული და გზაგაკაფული იყო. მისი უდიდებულესობის ქვეყნის დამპყრობლის არწივად გახდომის შემდეგ, როდესაც ძლევამოსილი ტახტი მისი უავგუსტოესობის ბედნიერი მონაცვლის მეფობით დამშვენდა, როგორც ადრე ითქვა, გამოიცა მისი უკეთილშობილების მხრიდან კეთილგანწყობილებისა და წყალობის ბრძანებანი თეიმურაზის სახელზე და იგი დიდად ამაღლდა დიდებული ხალათით, საჩუქრებითა და შაჰის კეთილგანწყობილებით. გადაწყდა, რომ თავისი ქალიშვილი პატივცემული მამაკაცებისა და ქალების თანხლებით ციური ადგილსამყოფელის მხარეს გაეგზავნა, რათა იგი მის სამეფო ჰარემში მოხვედრილიყო. მართალია, თეიმურაზმა უკიდურესი პირმოთნეობა და ცუდი ხასიათი, რაც ბოროტების არსის ბუნებაა, გამოიცვალა, მაგრამ მაინც სხვადასხვა საბაბით პირობის შესრულებას აგვიანებდა. მიუხედავად ამისა, თითონ გარეგნულად მორჩილებისა და ერთგულების სამოსში გამოეწყო და საიმედო პირთა თანხლებით სატურნის მსგავს სასახლეში ღირსეული ერთგულების წერილი გაგზავნა. მან თავისი ერთგულებისა და მორჩილების გამოსაჩენად შაჰს მოახსენა, რომ ზურაბ ქართველმა, როგორც ზემოთ ითქვა, გასულ წლებში სიმონ-ხანს - ქართლის მეფეს უღალატა და მოკლა. შემდეგ თეიმურაზთან მივიდა, რათა იგი ქართლის მბრძანებლობით მოეხიბლა. რადგან თეიმურაზს ბევრჯერ სმენოდა მისი ღალატისა და ცუდი ზნის შესახებ, ამიტომ არ ენდო. მან შესაფერისი დრო შეარჩია მის მოსაკლავად, ხოლო ტახტის ზღურბლს სინამდვილე არასწორად მოახსენა; ვითომდა, რადგან ზურაბმა სახელმწიფოს უღალატა მისი მწყალობელის შვილის - სიმონ-ხანის მოკვლით, ამიტომ თქვენდამი კეთილგანწყობილების საფუძველზე მე იგი დავსაჯეო. მისმა უდიდებულესობამ ეს სიტყვა დაიჯერა და საქციელი მოუწონა. ამ სამსახურის სამაგიეროდ ქართლი, თბილისის ციხის გარდა, მის ვაჟს - გურგენ-მირზას უბოძა, რომელსაც დედის მხრიდან მემკვიდრეობის უფლება ჰქონდა. კეთილშობილი ბრძანების თანახმად, ქართველთა ნაწილი და ქართლელი თანამზრახველები მის გამეფებას მოწონებით შეხვდნენ და სრული მორჩილება აღუთქვეს. ერთი სიტყვით, ამ მაღალი დინასტიის კეთილგანწყობილებითა და მეფური წყალობით თეიმურაზის სამეფოს ბაღ-მინდვრები გამშვენიერდნენ და ქართველები სიმდიდრითა და ძლიერებით ბედნიერები იყვნენ. მასსა და დაუდ-ხანს შორის ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა დამყარდა, რომ რამდენჯერაც ერთმანეთს შეხვდებოდნენ, რამდენიმე დღე ყაბრისა და ყანეყის ნაპირას საუბრობდნენ, ყარაბაღისა და საქართველოს სანახებში ნადირობდნენ და ერთმანეთს მეგობრულად შორდებოდნენ, სანამ გველის წელს ოსმალთა სარდალი ხოსრო-ფაშა ლაშქარს ირანის სახელმწიფოსკენ დაძრავდა და ბაღდადისკენ წავიდოდა. მისი უავგუსტოესობის ამალაც მის კვალდაკვალ გაემართა. რადგან დაუდ-ხანი მისი უკეთილშობილესობის ფეხთა მთხვევის ღირსი ვერ გახდა, ამიტომ გზაზე დაეწია, ამალაში ყოფნის ბედნიერება მოიპოვა და დიდებულ უზანგს ბაღდადში თან ახლდა. ყაჯართა ტომის დიდგვაროვანთა ერთი ნაწილი დაუდ-ხანის უსამართლობითა და უხასიათობით შეშფოთებული იყო. ამიტომ მის უმაღლესობასთან ხშირად უჩიოდნენ მას, რამაც მის მიმართ უწმინდესის დამოკიდებულების შეცვლა, საყვედური და გაკიცხვა გამოიწვია. დაუდ-ხანმა უკიდურესი უმეცრებისა და დიდი სიამაყის გამო იმ საზოგადოების კეთილგანწყობილება და თანაგრძნობა ვერ მოიპოვა. ისე რომ ერთ ღამეს სამოთხისებურ მეჯლისზე მისმა უდიდებულესობამ, როგორც კეთილად განწყობილმა მურშიდმა, დაუდ-ხანს უსაყვედურა. უხეშობისა და შელაპარაკების გამო იგი ჭეშმარიტი მეჯლისიდან გააძევეს, მაგრამ მისი ძმის იმამყული-ხანის პატივისცემისა და მამის - ალავერდი-ხანის ერთგული სამსახურის საზღაურად, მაშინ ყაჯარ დიდებულთა ჩივილმა და ბრალდებამ მიზანს ვერ მიაღწია. როდესაც იმამყული-ხანმა ერაყის თუისერგანიდან ფარსში წასვლის ნებართვა მიიღო, ცნობილი გახდა, რომ დაუდ-ხანი უნებართვოდ ყარაბაღისკენ გაემართა. მისმა უდიდებულესობამ ეს წასვლა მის უზრდელობასა და პატივმოყვარეობას დააბრალა და მეფური ყურადღების ღირსად არ ჩათვალა. და აი, ამ წელს, როდესაც ჰაიდარ სულთან ყავილე ჰესარლუს, ჩარაღ-ხანისა და იუსუფ-აღას მოკვლის ამბებმა დაუდ-ხანის ყურამდე მიაღწიეს, იგი შიშმა და მღელვარებამ მოიცვა. ახალგაზრდული სიამაყისა და უმეცრების გამო, რომელსაც უგონო და უაზრო სიმთვრალისაგან ღამის ღვინო დღისით უფრო მოეკიდა, მან აჯანყება გადაწყვიტა. იგი დაფიქრდა და მიხვდა, რომ მისი უდიდებულესობის მხრიდან დასჯა და რისხვა მოელოდა. იმ დიდი მეგობრობისა და ნდობის საფუძველზე, რომელიც თეიმურაზის მიმართ ჰქონდა, მან შველის თამასებს მოჰკიდა ხელი, რადგან უბედურების შემთხვევაში მიგან მიეღო დახმარება. მისი მფარველობით დაუდ-ხანი უშიშრად იქნებოდა ყაჯართა ზიანისა და მტრობისგან, რომელნიც მისგან დაზარალებულები, შეურაცხყოფილები და მასზე გადამტერებულები იყვნენ, ამასთანავე იმ ტომის თავკაცთა ერთ ნაწილს, რომელნიც ძალაუფლების ბატონ-პატრონნი შეიძლებოდა გამხდარიყვნენ, თეიმურაზის დახმარებით დახოცავდა. თავდაპირველად იგი თეიმურაზს შეუთანხმდა და მასთან ერთად გადაწყვიტა ყაჯარ დიდებულთა დახოცვა. განსაზღვრული წესითა და რიგით, თეიმურაზთან შეხვედრის განზრახვითა და ყაბრის ნაპირზე ნადირობის საბაბით, ისინი იარაღით, საჭურველითა და ცხენებით იმ მხარეს წავიდნენ.დაუდ-ხანმა ყაჯართა ტომის ყველა დიდებული და თავკაცი კეთილგანწყობილებითა და მოფერებით თან წაიყვანა სანადიროდ. რადგან იმ გულუბრყვილო საზოგადოებამ დაუდ-ხანის ალერსი და გულწრფელობა ცოდვების მონანიებად ჩათვალა, ამიტომ მას თან გაჰყვა. როდესაც დაბანაკდნენ, თეიმურაზი უკვე მათკენ მოდიოდა. დაუდ-ხანმა მთელი თავისი ამალა თეიმურაზის შესაგებებლად გაგზავნა, რათა თითონაც მათ კვალდაკვალ შესახვედრად გაჰყოლოდა. თეიმურაზმა, თავის მხრივ, ამ საქმისათვის შეარჩია დაახლოებით ასი კაცი, უმეტესად ქართველი აზნაურები და თავისზე წინ გაგზავნა. როცა მათ ღაზიებთან მიაღწიეს, ისე როგორც გათვალისწინებული იყო, შეებნენ მათ. ყოველი ორი-სამი ქართველი ერთის პირისპირ მოდიოდა. ქართველები ბასრი მახვილით უსწორდებოდნენ იმ უბედურებს და მყისვე მთელ ღაზიებს მოწამებრივი სიკვდილის შარბათი აგემეს. ამ ხალხის ქონება და აღჭურვილობა ქართველებს ჩაუვარდათ ხელში.
ბოლოს დაუდ-ხანი და თეიმურაზი ერთმანეთს შეხვდნენ. მზაკვრულობითა და შენიღბული ლაპარაკის წყალობით, დაუდ-ხანმა თეიმურაზს მისი უდიდებულესობის მორჩილებასა და მონობაზე ხელი ააღებინა, იგი განჯის ურიცხვი სიმდიდრის ხელში ჩაგდებით მოხიბლა და აიძულა, რომ მასთან ერთად განჯაზე გაელაშქრა. მისი ოჯახი, ვაჟიშვილები, ქონება და აღჭურვილობა მან საქართველოში გაგზავნა, რადგან თუ შეძლებდნენ, შემდეგ ყარაბაღის ოლქი უნდა დაეპყროთ. თეიმურაზმა ქართველი მეომრებით განჯისაკენ გასწია. როდესაც ამ ამბებმა განჯას მიაღწია, დახოცილ ყაჯართა ბავშვებისა და ქალების გოდებამ და ტირილმა მეშვიდე ცას მიაღწია. იმ მხარის ხალხმა, რომელიც ლაშქარში და სპაში აირდაირია სიმაგრეებს მიაშურა. დაუდ-ხანის რამდენიმე მხლებელმა, რომელნიც ჰარემის სათავეში იდგნენ, მისი საგვარეულოს საპატიო ქალები ვაჟიშვილებით არდებილს წაიყვანეს. ქართველებმა განჯაში რამდენიმე დღე დაჰყვეს. მართალია იმ მხარის ხალხს დიდი დანაკლისი და ზიანი მოაყენეს, მაგრამ საწადელს წარმატებით ვერ მიაღწიეს. რადგან თეიმურაზს ბევრი ხალხი არ ახლდა თან, მას ყარაბაღში გაჩერებისა შეეშინდა. ისინი უკან დაბრუნდნენ მეომრებისა და ლაშქრის შესაგროვებლად. განჯაში მეორედ დაბრუნდნენ კარგად მომზადებულნი, რომ ყარაბაღიც დაეპყროთ. როცა ეს ამბები დაწვრილებით მოახსენეს დიდებულ ზღურბლს სამეფო ქალაქ ისფაჰანში და გაიგეს, რომ თეიმურაზის შეთანხმება დაუდ-ხანთან და ქართველების მიერ ყარაბაღის ხელყოფა ნამდვილად მოხდა, შაჰმა ყარაბაღი ბრძანებით მოჰამედ ყული-ხან ზიიად-ოღლი ყაჯარს გადასცა. ხოლო საქართველოს ქართლი და კახეთი - ბაგრატ-ხანის ძმას, ხოსრო-მირზა ქართველს უბოძა, რომელიც განსვენებული ლუარსაბ-ხანის შვილიშვილია. მისი უდიდებულესობის დროს ხოსრო-მირზას როსტომ-ხანი ეწოდა და სასახლი ღოლამთა ყულარაღასი გახდა. საქართველოს დიდებულთა სახელზე კეთილგანწყობილების ბრძანებები გამოვიდა, რომელთა თანახმად, ისინი უშიშრად უნდა გამოცხადებულიყვნენ სახელმწიფოს მემკვიდრე როსტომ-ხანთან და მორჩილება და კეთილგანწყობილება აღეთქვათ. ძლევამოსილი მეომრები დიდებითა და ძლიერებით გაემართნენ საქართველოსკენ. ნაბრძანები იყო მისი უავგუსტოესობის ამალის წინ, სპასალარ როსტომ-ბეგის გაგზავნა საქართველოში ამირების, სახელმწიფო დიდებულების, ყორჩიების, ღოლამებისა და სხვა ძლევამოსილ მეომართა თანხლებით. ისინი გაემართნენ, რათა აჯანყებულ და ამბოხებულ დიდებულთა ბოროტების უკუგდებით საქართველოში როსტომ-ხანის მბრძანებლობა და ბატონობა განემტკიცებინათ.
რადგან თეიმურაზმა და წყეულმა დაუდ-ხანმა მიზანს ვერ მიაღწიეს, საქართველოში დაბრუნდნენ. იქ მათ ლასქარი და ბევრი ხალხი შეკრიბეს და კვლავ ყარაბაღს მიადგნენ. ხმა გავრცელდა, რომ წყეულმა დაუდმა გონებამახვილური ეშმაკობით, ცბიერებითა და მოტყუებით თეიმურაზი გზას ააცდინა და შთააგონა, რომ შაჰის კეთილგანწყობილება მის მიმართ გულწტფელი კი არ არის, არამედ სურთ, რომ იგი მხოლოდ დააიმედონ და როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემათ, მას თავიდან მოიშორებენ. დაუდ-ხანმა თეიმურაზს უთხრა: ესეც იცოდე, რომ უფლისწული, ქვეყნის დამპყრობელი შაჰის შთამომავლობიდან, ჩემს ძმასთან - იმამყული-ხანთან არის ფარსში, რომელმაც მას სახელი შეუცვალა, თავისი ვაჟის სახელი დაარქვა და იგი მის შვილად ითვლება. ჩემმა ძმამ მთელი ფარსის მხარე, ბაჰრეინი, ლარი, ჰორმუზი, ხუზისტანი, არაბისტანი დაიმორჩილა, ამასთანავე იმ ვილაეთში ოცდაათ ათას კაცზე მბრძანებლობს. სულ მალე იმ მხარეში ხუტბა და სიქა მისი სახელით და ლაყაბი იმ უფლისწულის სახელით იქნება დამშვენებული,ხოლო მე, როგორც ძმის კეთილის მსურველი ამ საქმეში ვეხმარები. თეიმურაზი მიუხედავად გამჭრიახობისა, განათლებისა და საღი აზროვნებისა, რაც მეფობისა და წინამძღოლობის საკითხებში გააჩნდა, მოტყუვდა და ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვიდა; მრავალრიცხოვანი ჯარით იგი ყარაბაღს მიადგა და შირვანის, ჩუხურსაადისა და ახალციხის ამირებს წერილი მისწერა, რომლებშიც მორჩილებისაკენ მოუწოდებდა მათ. ამირებმა ზემოხსენებული წერილები მისი უმაღლესობის კარზე გაგზავნეს და ბევრ მხარეში გახდა ცნობილი წყეული დაუდ-ხანის მიერ წაქეზებული თეიმურაზის ურჩობის ამბავი.
ქვეყნის დამპყრობელმა ბრძანება გასცა იმამყული-ხანის გამოძახების თაობაზე. იგი სასწრაფოდ უნდა გამოცხადებულიყოუმაღლეს ზღურბლთან, რათა შაჰი მოთათბირებოდა ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად და როგორც მიზანშეწონილი იქნებოდა, ისე გადაეწყვიტათ. იმამყული-ხანი ამ ამბებმა დააბნიეს. თავდაპირველად მან გამოცხადებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ პორტუგალიელები ჰორმუზში მოსვლას აპირებენო. გამოძახების გამეორების შემდეგ მას მისვლის გარდა, სხვა გზა აღარ ჰქონდა; ჯერ თავისი ვაი საფარ-ყული-ხანი გაგზავნა, შემდეგ თითონაც მივიდა. იმ დროს, როდესაც ძლევამოსილი მეომრები თეიმურაზის ამბოხების ჩასაქრობად და საქართველოს საქმეების მოსაწესრიგებლად მარადიულ სასულთნოდან დაიძრნენ, იმამყული-ხანი ისფაჰანში ჩამოხდა და ზღურბლზე მთხვევის ბედნიერებით ამაღლდა.
ამბავი ძლევამოსილი მეომრების დედაქალაქ ისფაჰანიდან გამოსვლისა საქართველოს მეამბოხეთა დასასჯელად
როდესაც წყეული დაუდის ურჩობა, შფოთი და უმეცარი თეიმურაზის შეთანხმება იმ უვიც და უგუნურთან დადასტურდა, მათმა მეორედ მოსვლამ ყარაბაღში მისი უდიდებულესობის ყურამდე მიაღწია. სპასალარი ძლევამოსილი მეომრებით, როსტომ-ხან ყულარაღასისა და მოჰამედ ყული-ხან ზიად ოღლიზე წინ გაიგზავნა. ძლევამოსილი ჯარი ჯომადი ულ-ავვალის თვის თვრამეტში დედაქალაქ ისფაჰანიდან გამოვიდა. რამდენიმე დღე ქალაქის კართან შეჩერება იყო ნაბრძანები. იქიდან სვენებ-სვენებით სამეფო ქალაქ ყაზვინს მიაღწიეს და დიდებულ სასახლეში ჩამოხდნენ. სიცივე და წვიმები გაძლიერდა, ჰაერი ვერცხლისწყალივით გახდა და რადგანაც რამდენიმე დღე განუწყვეტლივ თოვდა, მისი უავგუსტოესობის ამალა ყაზვინში დარჩა. ამასობაში ის წერილები, რომლებიც უმეცარმა თეიმურაზმა და წყეულმა დაუდმა ჩუხურსაადის, შირვანის, ახალციხისა და იმ საზღვრის ამირებს მისწერეს, გამომჟღავნდა: წერილებში ეწერა: ჩვენი ასეთი საქციელი ამ საგვარეულოს ერთგულებისა და მეფის ძის, რომელიც ფარსში იმყოფება, ბედნიერების საქმეების მოწესრიგებას ემსახურება და მალეძლიერების დროშა აღიმართება ჩვენი, იმამყული-ხანისა და ფარსის მეომართა მცდელობით. როდესაც იმ საშინელმა წერილებმა მისი უავგუსტოესობის სმენამდე მიაღწიეს და იმამყული-ხანის მიხვედრილობის სხივმა ეს აზრი გააშუქა, მის უდიდებულესობასა და იმამყული-ხანს ერთმანეთზე ცუდი აზრი შეექმნათ. ქვეყნის დამამშვენებლის გონება ამ ამბოხების, იმამუყლი-ხანისა და მისი ვაჟების თავიდან მოსაშორებლად ამოქმედდა, რომელთაგან ერთი ზემოხსენებული მითქმა-მოთქმით უფლისწულად იყო ცნობილი. ამ მითქმა-მოთქმამ უბრალო ხალხიდან დიდგვაროვნებში შეაღწია და წერილის შინაარსის გამო დიდებული გონების რისხვამ იმატა. მიუხედავად იმისა, რომ იგი სიმართლეს არ შეესაბამება, მეფური სიფრთხილით, წინდახედულებითა და შორსმჭვრეტელობით მან საჭიროდ მიიჩნია, რომ უბრწყინვალესი გონება ამ მღელვარებისაგან მოესვენებინა. შორსმჭვრეტელი მბრძანებლის განკარგულებითა და შექმნილი აუცილებლობის გამო იმამყული-ხანის უფროსი ვაჟი - სეფი ყული-ხანი ორ დანარჩენ ვაჟთან ფათჰალი-ბეგთან და ალიყული-ბეგთან ერთად მოკლეს იმ დროს, როდესაც ისინი მისი უკეთილშობილების სამსახურში შუშხუნების კაშკაშსუყურებდნენ და ღვინით სიმთვრალისა და სიამაყისაგან გალეშილები იყვნენ. ეშიყაღასი ქალბალი-ბეგი, დაუდ-ბეგ გურჯი და სპასალარის ძმა ალიყული-ბეგი, რომელთაგან ორნი იმამყული-ხანის სიძეები იყვნენ, მის მოსაკლავად გაგზავნეს. ისინი იმ დროს მივიდნენ მასთან სახლში, როდესაც იმამყული-ხანი გახდილი იყო და დასაძინებლად ემზადებოდა. იმ საბაბით, რომ ბედნიერის მონაცვლე მას უხმობდა, იგი გარეთ გამოიყვანეს და მოკლეს, ხოლო ავლადიდება, რაც კი გააჩნდა, ხელთ იგდეს. იმ დღესვე ფარსში წასასვლელად და სამეფოს დასაცავად ეშიყაღასიბაში ოღურლუ-ხანი დანიშნეს და გაგზავნეს.
ერთი სიტყვით, უმეცარი, წყეული დაუდის უკადრისი საქციელის გამო ალავერდი-ხანის საგვარეულო, რომელიც უკეთესი აღზრდის გამო უმაღლეს წერტილამდე ამაღლდა და ისფაჰანიდან ომანის სანაპირომდე ერთი თვის სავალი გზა მისი მბრზანებლობისა და ბატონობის ქვეშ იყო, საგვარეულო, რომელიც ფუფუნებაში, სიმდიდრეში და ბედნიერებაში ცხოვრობდა, არარაობის ქარს მიეცა; მამაკაცები და ქალები - ყველა დახოცეს. როდესაც ამ ამბავმა წყეულ დაუდთან და უმეცარ თეიმურაზთან მიაღწია, ისინი უიმედობამ და დარდმა მოიცვა. რაჰმათ-ხან ყულარაღასის წამოსვლის ამბავმა, რომელიც საქართველოს ქართლის მემკვიდრეა და სპასალარის მოახლოებამ ყიზილბაშთა ურიცხვი ლაშქრით, ისინი შეაშფოთა და მათი სიმტკიცე შეარყია. ისინი ყარაბაღიდან აიყარნენ და საქართველოსკენ წავიდნენ. მოჰამედ ყული-ხანი განჯაში ჩავიდა და მბრძანებლობის ტახტზე გამაგრდა. როდესაც როსტომ-ხანი თბილისს მიუახლოვდა, ქართლის თავკაცები, აზნაურები და დიდებულები, შაჰის ბრძანების თანახმად, როსტომ-ხანს მიემხრნენ, ჯგუფ-ჯგუფად მის შესახვედრად გაემართნენ და მორჩილება და ერთგულება აღუთქვეს. იგი მეფური ძლიერებით თბილისის ციხეში შევიდა და გამეფდა. ქართლელები სამსახურად ეახლნენ მას და მორჩილება და ერთგულება აღუთქვეს. როდესაც სპასალარი ძლევამოსილი მეომრებით საქართველოში შევიდა, თეიმურაზი მიხვდა, რომ იმ ურიცხვ ლაშქართან წინააღმდეგობის გაწევა და ბრძოლა მის ძალ-ღონეს აღემატებოდა და კახელების მცირერიცხოვანი ჯგუფით ბაშიაჩუკის მხარეს მიაშურა. სპასალარმა, ბრძანების თანახმად ორი ციხე დაიკავა: ერთი კახეთში - ალავერდის ეკლესია და მეორე ქართლში - გორის ციხე, სადაც მისმა უდიდებულესობამ ქვეყნის დამპყრობელმა თავის დროზე ორ ციხეს ჩაუყარა საფუძველი. ხოლო მან შეაკეთა, დაასრულა და შიგ მცველი და დარაჯები ჩააყენა. მოწინააღმდეგე ქართველებმა ყველგან სიყნაყი და დაჯგუფებები შექმნეს. როსტომ-ხანმა ლაშქარი გაგზავნა და სასტიკად გაუსწორდა მათ. იმერეთის მეფემ და სხვა ქართველმა მეფეებმა, განსაკუთრებით დადიანმა და გურიელმა ქვეყნის წინასწარმეტყველთა რისხვისა და სპასალარის შორს გავარდნილი სახელის შიშით, რომელიც ბრძოლის ველიდან ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა, მოითათბირეს; მათ ხალხი გაგზავნეს სპასალართან და შაჰის ერთგულება და მონობა გამოაცხადეს, მათ შეჰფიცეს რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუკავშირდებოდნენ თეიმურაზს და სასტიკად გაკიცხეს იგი ამ ამბოხების გამო. ამჟამად ის უბედური სინანულითა და დარცხვენით, გაღატაკებული და დაუძლურებული იმერეთში ცხოვრობს. ხოლო წყეული დაუდი, რომელიც მის გზას გაჰყვა, უბედურად მცხოვრები მაწანწალაა.
ერთი სიტყვით, საქართველოს საქმეები, ძლიერი მეგობრების გულითადობის წყალობით, დღითიდღე უმჯობესდებოდა. სპასალარმა მრავალი გმირობით, დიდი გამოცდილებითა და სწორი გადაწყვეტილებებით ისეთი წესრიგი დაამყარა, როგორსაც ბრძენთა გონებაში არ გაუვლია და არც წარსულში ყოფილა. ამის შემდეგ იგი გამარჯვებული, მხიარული და ბედნიერი უკან დაბრუნდა. როდესაც ვანის მხარის ოსმალებმა და იმ მხარის ქურთებმა ნახჭევანისა და უხურსაადის საზღვრებს ხელი მიაწვდინეს, ქვეყნის დამამშვენებელმა ძლევამოსილი მეომრები და ლაშქარი იმ ჯგუფის დასასჯელად, განაჩენის გამოსატანად და ვანის ციხის დასაპყრობად გაგზავნა.
ამბავი ძლევამოსილ მეომართა საქართველოდან აზერბაიჯანის მხარეში დაბრუნებისა, იქიდან ვანის ციხეზე წასვლა და ძლევამოსილი ჯარის ყაზვინიდან აზერბაიჯანისაკენ გამგზავრება
ამას წინ სრულად იყო აღწერილი, რომ როცა სპასალარმა და ძლევამოსილმა მეომრებმა საქართველოს საქმეები სასურველად მოაწესრიგეს, გორის ციხე და ალავერდი ააგეს, მეომრებსა და მეთოფეებს ციხის შესანარჩუნებლად საჭირო იარაღი და მარაგი, საჭიროებისა და შეძლებისდაგვარად მისცეს, ხოლო როსტომ-ხანმა ქართლში დამოუკიდებლობა მოიპოვა და თბილისში გამაგრდა. თეიმურაზს გამარჯვებული ლაშქრის შიშით კახეთის სამკვიდრო მამულში ფარულად ერთი დღით გაჩერების შესაძლებლობაც არ ჰქონდა და უბედური ქვეყნის მოხეტიალე გახდა. უმაღლესი ზღურბლის ბრძანებით ხსენებული ვალეთი და ვილაიეთი სელიმ-ხან შამსედდინლუს გადაეცა. იგი მეომრებისა და ამირების ნაწილითა და საგვარეულოთი, განსაკუთრებით შაჰსევანების და სეფარის ტომის, შამლუსა და ავშართა ჯგუფებით, რომლებსაც საცხოვრებელი და ადგილსამყოფელი აზერბაიჯანში ჰქონდათ, იმ ვილაიეთში გაგზავნეს. საქართველოს საქმეების მოწესრიგების შემდეგ, როსტომ-ხანს დაბრუნების ნება მისცეს და როდესაც ვანის მხარის ოსმალებმა და ქურთებმა მისი უავგუსტოესობის სამფლობელოები ხელყვეს ნახჭევნის, შარურისა და იმ მხარის საზღვრებთან ხელმეორედ მოსვლით, მათ ზრდილობის საზღვარს გადააცილეს. ძლევამოსილი მეომრები მათ დასასჯელად გაემართნენ და ვანის ვილაეთის დაპყრობაც მისი უმაღლესობის წინადადება იყო. სპასალარი, დიდებული ამირები და შურისმაძიებელი მეომრები იმ მხარეს გაემართნენ.
ერთი სიტყვით, როდესაც ძლევამოსილმა და გამარჯვებულმა მეომრებმა ვანს მიაღწიეს, სპასალარმა და უძლეველმა მეომრებმა ციხის დასამორჩილებლად მამაცობის ქამარი შემოირტყეს. მათ სხვადასხვა მხრიდან შემოუარეს, ალყა შემოარტყეს და კოშკები დაინაწილეს. ლაშქრის თითოეული ჯგუფი თავთავის კოშკთან ჩამოხდა და სამზადისი დაიწყო სიბის მისატანად და ციხის ასაღებად. რადგან ალყაშემორტყმულებმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს, ორივე მხრიდან ისრისა და ტყვიის ელჩები მიმოდიოდნენ. როდესაც ვანის ციხის ალყაშემორტყმის ამბავმა მის უწმინდესობამდე მიაღწია, ძლევამოსილი მეომრებიც აზერბაიჯანის მხარეს გაემართნენ. მათ ქვეყნის დამპყრობლის დროსა იმ მხარეს ააფრიალეს და ბედნიერ საათს მისი უავგუსტოესობის ამალა სამეფო ქალაქ ყაზვინიდან გამოვიდა. მისი უავგუსტოესობის ამალა იმ მხარეს გაემართა და ქვეყნის დამპყრობელმა გადაწყვიტა, რომ გამარჯვებითა და დიდებით სამეფო ქალაქ თავრიზში შეჩერებულიყვნენ, რომელიც ირანის მბრძანებლობის გავლენის სამეფო სატახტო ქალაქი და მისი უმაღლესობის მამა-პაპათა ადგილსამყოფელია. იმისათვის, რომ დახმარებოდნენ ძლევამოსილ ლაშქარს, რომელსაც ალყა ჰქონდა შემორტყმული ვანის ციხისათვის და ეს საქმე კეთილად დაეგვირგვინებინათ, ლაშქარი თავრიზიდან დაუყოვნებლივ გაემართა ვანისაკენ. ისინი მხოლოდ მანზელებში ისვენებდნენ და მერე ისევ აგრძელებდნენ გზას.
გადაწყდა, რომ ყულარაღასი როსტომ-ხანი, რომელსაც საქართველოს ქართლის მფლობელობა ჰქონდა მიღებული, ქართველთა ჯარით ყარაჯაარდაჰანის, არეშისა და არზრუმის საზღვრებისკენ წასულიყო და იმ ვილაიეთის მეომრებს შებრძოლებოდა. ზემოხსენებულიც ქართველთა ჯარითა და ახალციხის ლაშქრით ათი ათასი კაცის ოდენობით იმ მხარეს გაემართა და წუთის არ გაუცდენია ძარცვისა და აწიოკებისაგან. იმ საზღვრის ოსმალებმა ციხეებში შეაფარეს თავი, რადგან იმ მრავალრიცხოვან ლაშქართან პირისპირ შებმას ვერ ბედავდნენ. როსტომ-ხანმა იმ მხარეში დიდი სახელი მოიხვეჭა და უვნებელი და ნადავლით სავსე დაბრუნდა უკან. მან სინამდვილე მოახსენა შაჰს და რადგან ვანის ციხის დაპყრობა ამ ლაშქრობის დროს ბრძანებით გათვალისწინებული არ იყო, ისეთი სურათი წარმოადგინა, რომელიც ზემოხსენებული ბრძანების შეცვლის მიზეზი გახდა.

2 комментария: