понедельник, 2 апреля 2018 г.

ატ-ტაბარი (838-929): ცნობები საქართველოს შესახებ (ჰაბიბ იბნ მასლამას დაცვის სიგელი, ბუღა თურქის ლაშქრობა)

არაბი ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი აბუ ჯაფარ მუჰამად იბნ ჯარირ ატ-ტაბარი დაიბადა 839 წელს ქალაქ ამალში (ტაბარისტანის ოლქი, ირანი. ადგილობრივი სასულიერო სასწავლებლების დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა ჯერ რეიში, შემდეგ ბაღდადში. ისტორიისა და თეოლოგიის გარდა ტაბარი სწავლობდა არაბულ პოეზიას, ლექსიკოგრაფიას, გრამატიკას, მათემატიკას, მედიცინას. შემდეგ იმოგზაურა სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში. გარდაიცვალა 923 წელს.
ატ-ტაბარი ავტორია შრომისა „დესპანებისა და მეფეების ისტორია“, რომელიც ფაქტების სიმრავლითა და გადმოცემის სიზუსტით ახლო აღმოსავლეთის ძველი და შუა საუკუნეების განსაკუთრებით ომაიანთა და აბასიანთა (915 წლამდე) დროის, არაბთა სახალიფოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. ატ-ტაბარი იყენებს როგორც ზეპირ ტრადიციას, ისე ჩვენამდე მოუღწეველ ადრინდელ არაბი ავტორების ნაშრომებს. აქვს ცნობები ჰაბიბ იბნ მასლამას ლაშქრობისა და თბილისის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ბუღა თურქის ლაშქრობის დროს (853 წელი).
ჰაბიბ იბნ მასლამას ლაშქრობის შესახებ
ბუქაირმა დაიკავა მუღანი 21 (641-642) წელს. შემდეგ შეტევა განაგრძო კასპიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ ჩრდილოეთით და 22  (642-643) წელს მიადგა ბაბ ალ-აბუაბის (დარუბანდი), რომლის დაპყრობის შემდეგ, იმავე წელს „გაგზავნა სურაკამ მის (აზერბაიჯანის დაპყრობის) შემდეგ ბუქაირ იბნ აბდ ალლაჰი, ჰაბიბ იბნ მასლამა, ჰუზაიფა იბნ უსაიდი და სალმან იბნ რაბია არმინიის (.. ამიერკავკასიის) გარშემო მთების მოსახლეობის წინააღმდეგ. ბუქაირი გაისტუმრა მუკანისაკენ (მუღანი, კასპიის ზღვის პირა მხარე, მტკვრის მარჯვენა მხარეს), ჰაბიბი - ტიფლისისაკენ, ჰუზაიფა იბნ უსაიდი იმათ წინააღმდეგ, ვინც ალანთა მთებში ცხოვრობს, (ხოლო) სალმან იბნ რაბია - სხვა მხარეს და მისწერა რომ დაეპყრათ...
გარდაიცვალა სურაკა და დაინიშნა მის ადგილას აბდ არ-რაჰმან იბნ რაბია.  მოვიდნენ ის სარდლები, რომლებიც გაგზავნა სურაკამ და არ დაუპყრია არცერთ მათგანს ის მხარე, სადაც გაგზავნილ იყო, გარდა ბუქაირისა.
24 (644-645) წელს აზერბაიჯანის გამგებელმა ვალიდმა ამ ქვეყნის აჯანყებული მოსახლეობის დამორჩილებისა და დახარკვის შემდეგ თავისი ლოაშქრის ერთი რაზმი სალმან იბნ რაბიას მეთაურობით არმინიის მოსათარეშებლად გაგზავნა. სალმანმა არმინია გაძარცვა, მოსულისაკენ მიმავალ ვალიდს გზასი დაეწია და ორივენი ჰადისში დაბანაკდნენ. იქ ყოფნისას ვალიდმა უსმანის წერილი მიიღო. ხალიფა მას ატყობინებდა, რომ მუსლიმანების წინააღმდეგ ბიზანტიელების დიდი ლაშქარი წამოსულა და მუავია აბუ სუფიანი ითხოვს, სირიელებს მათი ძმები ქუფელები მივაშველოთო. ვალიდმა მაშინვე სალმანი იხმო და 8000 მეომრით იგი სირიელთა დასახმარებლად გაისტუმრა. სხვა ვერსიით, რომელიც ავ ვაკიდისგან (747-823, არაბი მოსამართლე და ისტორიკოსი. მისი ნაშრომი დაკარგულია) მომდინარეობს, სალმანი სირიელთა მისაშველებლად გაგზავნა არა ალ-ვალიდმა, რამედ საიდ იბნ ალ-ასიმ შემდეგი გარემოების გამო: ხალიფას ბრძანებით მუავიამ სირიის ლაშქარი სალაშროდ მოამზადა და ჰაბიბ იბნ მასლამას სარდლობით არმინიის დასაპყრობად გაგზავნა. როცა არაბებმა კალიკალა (არზრუმი) დაიკავეს, მაშინ მათ წინააღმდეგ ბიზანტიელთა 80000-იანი ლაშქარი წამოვიდა იმ ქვეყნის ბიზანტიელი გამგებლის ალ-მავრიანის (მავრიანოსი) მეთაურობით და ჰაბიბმაც ამიტომ აცნობა მუავიას, მუავიამ უსმანს, ხოლო ამ უკანასკნელმა საიდ იბნ ალ-ასის, რომ ჰაბიბს დახმარებოდა. საიდმა ბრძანება შეასრულა. სალმან იბნ რაბია 6000 მეომრით ჰაბიბის საშველად გაისტუმრა, მაგრამ ეს უკანასკნელი მაშველი ჯარის მოსვლამდე დაესხა ბიზანტიელებს, დაამარცხა ისინი, გაწყვიტა ყველა, ვინც მას წინააღმდეგობა გაუწია და კალაკალაში დაბრუნდა.
შემდეგ ჰაბიბ იბნ მასლამას მეთაურობით არაბემა საომარი მოსახლეობა განაახლეს და ჯურზანს მიადგნენ, რომლის პატრიკმა მას ელჩი თეოფილე მიუზგავნა მორჩილების აღიარებით. ჰაბიბმა მას თავისი კაცი გააყოლა წერილით, რომელშიც ეწერა:
„სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა, ჰაბიბ იბნ მასლამასაგან ტიფლისის ხალხისადმი ჯურზანიდან, ჰარმაზის მიწიდან, მშვიდობა თქვენდა. ვადიდებთ ალლაჰს, რომლის გარდა არა არს სხვა ღმერთი. ჭეშმარიტად, მოვიდა ჩვენთან მოციქული თქვენი თეოფილე და მოგვიტანა ამბავი თქვენგან, გადმოგვცა რაც გადმოგვიგზავნეთ და მოგვახსენა თქვენი სახელით, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ხალხი როგორიც თქვენ გეგონათ. ასეთნი ვიყავით, ვიდრე არ წაგვიძღვა ალლაჰი, ძლიერიმც არს და დიდებულიმც, სწორი გზით, მუჰამედის წყალობით, ალლაჰიც აკურთხებს მას და გაუმარჯვებს, და არ გაგვაძლიერა ისლამით, შემდგომად სიმცირისა, უძლურებისა და წარმართობისა. მოგვახსენა თეოფილემ, რომ თქვენ გსურთ ზავი ჩვენთან, რასაც არ ვეწინააღმდეგებით არც მე და არც ჩემთან მყოფი მორწმუნენი. გამოგვზავნე თქვენთან აბდ არ-რაჰმან იბნ ჯაზი სულამიელი, სჯულის საუკეთესო მეცნიერი და ყურანის მცოდნე და გამოვატანე მას ჩემი წიგნი თქვენი შეუავალობის შესახებ. თუ დათანხმდებით, მოგცემთ ის ამ წიგნს და თუ უარყოფთ, გამოგიცხადებთ ომს განურჩევლად, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს მოღალატენი“.
შემდეგ ჰაბიბი თვით მივიდა ტიფლისში და არაბთა „დაცვის სიგელი“ მისცა მოსახლეობას, რომელშიც ეწერა:
„სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა. ეს არის წიგნი ჰაბიბ იბნ მასლამასაგან ტიფლისის მოსახლეობისადმი ჯურზანიდან, ჰარმაზის მიწიდან, თქვენი პიროვნების, ქონების, ეკლესიების, სენაკებისა და ლოცვის შეუვალობის პირობით, დამცირებისა და ჯიზიას აღიარებით, - კომლზე სრული დინარი. ჩვენ გვექნება თქვენთვის კეთილი რჩევა და შეწევნა ალლაჰის მტრების, ჩვენი მტრების წინააღმდეგ; გამასპინძლება გაჭირვებულისა ღამით წიგნის ხალხთათვის დასაშვები სასმელ-საჭმელით და წარმართვა მისი სწორი გზით ისე, რომ არ მიადგეს ზიანი არცერთ თქვენგანს, და თუ მიიღებთ ისლამს, შეასრულებთ ლოცვას და გადაიხდით ზაქათს, მაშინ იქნებით ჩვენი თანამოძმენი სარწმუნოებაში, და ჩვენი მავალები. და ვინც განუდგება (მოქცევის შემდეგ) ალლაჰს და მის მოციქულს, წიგნს მისას და კრებულს მისას, გამოეცხადება ომი განურჩევლად, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს მოღალატენი. მოწმეა აბდ არ რაჰმან იბნ ხალიდი, ჰაჯჯაჯი და გიაადი. დაწერა ეს წიგნი რაბაჰმა. მოწმეა ალლაჰი, ანგელოსნი მისნი და მართლმორწმუნენი. საკმარისია ალლაჰი მოწმედ“.
ჯარაჰის ლაშქრობის შესახებ

არაბთა სახელმწიფოს მბრძანებელმა ჰიშამმა (724-743) გახალიფებისთანავე არმინიის გამგებლად დაამტკიცა მაშინ შაქში მყოფი სარდალი ჯარრაჰ იბნ აბდალაჰი, მას ჯარი გაუგზავნა და ხაზარეთში ლაშქრობა უბრძანა. ჯარრაჰმა ბრძანების მიღებისთანავე შაქი დატოვა, ჰასინზე და ბარდავზე გავლით ის ბაილაყანს გაემართა, იქიდან არდებილს მივიდა და თვითონ ქალაქში დარჩა, ხოლო ლაშქარი მუღანსა და გილანს დაგზავნა ყველას გასაწყვეტ-დასატყვევებლად.

ჯურზანელთა მალიქმა (=მეფეს, მფლობელს, ხანდახან ერისმთავარსაც) ხაკანს კაცი გაუგზავნა და ურჯულოთა სახელით მუსლიმთა წინააღმდეგ სალაშქროდ მოუწოდა. თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. ხაკასარ ხაკანმა 300000 კაცი თავისი ვაჟიშვილის ბარჯიქის სარდლობით, ჯარრაჰის წინააღმდეგ გაგზავნა აზერბაიჯანისკენ დასძრა. ბარჯიქი ჯერ ვარკანს (. ვარდანაკერტი მდ. არაქსზე) მიადგა და იგი სასტიკად დალაშქრა, შემდეგ კი ჯარრაჰთან შესაბრძოლებლად გასწია და აზერბაიჯანის ქალაქებში მიმოფანტული მისი ჯარი მოსპო. ამასობაში ჯარრაჰი საილანს (იგივე საბალანი, მაღალი მთა, რომელიც არდებილს დაჰყურებს) მივიდა და იქ დადგა. ხაზარები რიცხობრივად დიდად სჭარბობდნენ არაბებს. ამიტომ ჯარრაჰს მისმა თანმხლებმა მარდანშაჰმა ურჩია, ბრძოლაზე თავი შეეკავებინა, საილანის მთასთან დაბანაკებულიყო და სირიიდან ლაშქრის მოსვლას დალოდებოდა. მაგრამ ამირმა ეს სიმხდალედ მიიჩნია და ალლაჰის მტრებთან შებმა არ მოიშალა. ბრძოლა უსასტიკესი გამოდგა. მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, არაბები იძლივნენ. მათი ლაშქრიდან მხოლოდ ასმა კაცმა უშველა თავს გაქცევით, სხვები დაიღუპნენ. დახოცილთა შორის იყვნენ გამუსლიმებული მარდანშაჰი, რომელიც ხაზარებს მამაცურად ერკინებოდა, და თვით ჯარრაჰი. არაბთა მთელი სიმდიდრე, აგრეთვე ჯარრაჰის თავი, მისი ცოლები, შვილები და ჰარამხანა მტრის ხელში აღმოჩნდა. ხაზარები არდებილს დაეუფლნენ და მის მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. მუსლიმებს ყველგან სდევნიდნენ, ძარცვავდნენ, კლავდნენ, ატყვევებდნენ“.



ჯარაჰი არმინიის საამიროს მმართველად ჯერ 722-725 წლებში იყო, შემდეგ მასლმამ შეცვალა, თუმცა 729 წელს ხალიფამ დააბრუნა და სწორედ ამ წელს ილაშქრა მან ხაზარეთში, ხოლო ხაზართა საპასუხო ლაშქრობა კი 730 წელს მოხდა. ასე რომ ტაბარი ორ სხვადასხვა მოვლენას აერთიანებს და დათარიღებაში მცირედ სცდება.

ამ საქმეში ქართველი მეფის მონაწილეობას ადასტურებს ალ-ბალამიც: „ქართველი მეფე ხაკანის სარდალს აძლევდა სასარგებლო რჩევა დარიგებას, უჩვენებდა არაბი რაზმების ადგილსამყოფელს“, რითაც მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა ხაზართა ლაშქარს, რომელმაც ადვილად სძლია მოწინააღმდეგეს და გააძევა ის ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთ.
იბნ ალ ასირის ცნობიდან ჩანს რომ ეს ლასქრობა დარიალის ხეობით მოხდა. რაც სეეხება იმას, თუ ვინ იყო ეს ქართველი მალიქი, ამაზე ისტორიკოსები დაობენ - იყო ეს ერისმთავარი სტეფანოს III, თუ მისი შვილი არჩილი? ატენის სიონის წარწერა კი გვიჩვენებს, რომ ამ დროს მათი ერთობლივი მმართველობა იყო და მათ გამგებლობაში თითქმის მთელი საქართველო შედიოდა: წარწერა გვამცნობს:
ზეობასა კა (=21) ღმრთივგვირგვინოსანისა არჩილისი კეთილადმსახურებასა ზედა მეფისა ენისასა, ელმწიფობასა სარკინოზთასა რკა (=121 ანუ ჰიჯრას 738 .) აღესრლა კურთხეული მამფალი სტეფანოზ, ღმრთისა მიერ ქართველთა და მეგრელთა ერისთავერისთავთა უფლი, ესა ოკდომბერსა იდ (=14), დღესა ოთხშაბათსა ჟამსაღა მისასა (=1), ამას ზედა წელსა დღისა მთავრობისა მოხდილი კთ (=29).
ეი.. სტეფანოზის მთავრობის ხანა მოდის 709-738 წლებზე, ხოლო არჩილის მთავრობა დაიწყო 717 წელს და 738 წელს და მამის შემდეგაც ხელისუფლებაშია.

ბუღას ლაშქრობის შესახებ
...შემდეგ ბუღა მივიდა დვინს, სადაც ერთი თვე დაჰყო, მერე წავიდა ტიფლისს 238 წელს შაბათ დღეს რაბის თვის პირველ რიცხვზე ათი დღით ადრე (852 წლის 30 აგვისტო), ბუღამ გაგზავნა ზირაქ თურქი, რომელიც გადავიდა მდინარე მტკვარზე.
ბუღას ბანაკი განლაგებული იყო მდინარე მტკვრის აღმოსავლეთ ნაწილზე. ზირაქმა გადალახა მტკვარი ტიფლისის მაიდანის კართან. მტკვრის მარჯვნივ სანაპიროზე განლაგებულ ტიფლისს ხუთი კარი აქვს: მაიდნის კარი, კარის კარი, მცირე კარი, სოღდებილის („საგოდებელი“, ავლაბარის კარი) კარი, რაბადის კარი. ყველა კარი საკუთრივ თბილისისაა. ერთი კარით ქალაქი თავის ნაწილს, სოღდებილს უკავშირდება, მეორეთი თავის რაბადს, „კარის კარიქალაქ კარისაკენ მიმავალ გზაზეა.
ბუღამ გაგზავნა აგრეთვე აბუ ალ-აბას ალ-ვათი ალ ნაშრანი არმენიის მცხოვრებლებით, არაბებით და არარაბებით. ზირაქმა შეუტია მაიდნის კარს და მასთან ერთად იყო აბუ ალ-აბბასი. ისჰაკ იბნ ისმაილი და შეებრძოლა ზირაქს, ხოლო ბუღა სოღდებილის კართან ბორცვზე დადგა და ადევნებდა თვალს თუ რას აკეთებდა ზირაქი და აბულ ალ-აბასი.
ბუღამ დაუშინა ქალაქს ცეცხლი. მტრები ისრებს ნავთში ამოვლებულ ჩვრებს ახვევდნენ და ისე ისროდნენ, მითუმეტეს რომ იმ დღეს ქარი თბილისისაკენ უბერავდა. ქალაქის შენობები ფიჭვის ხის მასალისგან იყო აგებული და ქარმა მთლიანად მოადო მათ ცეცხლი.
ისჰაკი დაბრუნდა ქალაქში და ხედავდა, თუ როგორ მოედო ცეცხლი მის სასახლეს და ირგვლივ ტერიტორიებს და აქცევდა მას მახეში. მაშინ ბუღას ლაშქარი შეიჭრა ქალაქში, შეიპყრეს ისჰაკი და მისი ძე ამრა და მიჰგვარეს ბუღას. მისი ბრძანებით ისჰაკს თავი მოკვეთეს. მის დასჯას მეთვალყურეობდა ბუღას წარმომადგენელი ბარღამუში. მოკვეთილი თავი ხალიფას გაუგზავნეს, ხოლო ტანი ტიფლისის გალავნის კედელზე ჩამოკიდეს ურჩთა შესაშინებლად.
ის (ისჰაკი) იყო მსუქანი მოხუცი, დიდი თავით, მელოტი და ელამი. ქალაქში ცეცხლი დღე და ღამე მძინვარებდა. 50000 კაცი დაიწვა. დილით ცოცხლად დარჩენილები დაატყვევეს, დაღუპულნი გაძარცვეს.
ისჰაკის მეუღლე იყო სარირის (მდებარეობდა სამხრეთ დაღესტანში მდ. კოი სუს ხეობაში) მფლობელის (ვაჰრაზან შაჰის) ასული. იგი ცხოვრობდა ტიფლისის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ მახრეს მდებარე ქალაქში, რომელიც ააშენა ხოსრო ანუშირვანმა. ისაჰაკმა ქალაქი გაამაგრა, მის ირგვლივ თხრილი გათხარა და ქალაქში ხუთელებისა (სომეხი აჯანყებული გლეხები) და სხვათა მცველი ჯარი ჩააყენა. ბუღამ მისცა მათ ხელშეუხებლობის გარანტია თუ დანებდებოდნენ და დაყრიდნენ იარაღს. ისჰაკის ცოლი შვილებთან ერთად ბაღდადს იქნა გაგზავნილი.
გადმოცემით, შემდეგ ბუღამ გაგზავნა ზირაქი ჯარით ციხე-სიმაგრე გარდმანში, რომელიც მდებარეობს ბარდასა და ტიფლისს შორის ზირაქმა დაიპყრო გარდმანი და შეიპყრო მისი პატრიკი ალ-ქიტრიჯი და მოიყვანა ჯარი ბანაკში.
შემდეგ ბუღა თავს დაესხა ისა იბნ იუსუფს, სტეფანოსის ნათესავს (ესაი აბუ მუსე, სამხრეთ არცახის მხარეთა სომეხი მმართველი). ის იყო კტიშის ციხე-სიმაგრეში, რომელიც მდებარეობდა ბაილაგანის მხარეში. კტიში 9 ფარსანგზე (60 კმ) მდებარეობდა ბაილაგანიდან და 15 ფარსანგზე (90 კმ) ბარდადან. ბუღამ შეებრძოლა და დაიპყრო მისი ციხე-სიმაგრე. მან შეიპყრო ისა იბნ იუსუფი და გაგზავნა ტყვედ შვილებთან ერთად. მან ტყვედ გაგზავნა აგრეთვე აბუ ალ-აბას ალ ვატი, რომელსაც ეძახდნენ სანბატს იბნ აშოტს და მასთან ერთად საჰლ იბნ სანბატი (სმბატ ბაგრატუნი - ჰერეთ-შაქის სამთავროს აღმდგენელი), პატრიკოსი არანისა და ადჰამარსე იბნ ისჰაკ ალ-ხაშინი (ხაჩენის, პარისოსის, შაქისა და ჰერეთის მთავარი ატრნერსე, სმბატ ბაგრატუნის ძე).

Комментариев нет:

Отправить комментарий