$1. „ბერნის ინციდენტი“ და დიპლომატიური პოლემიკა „დიდი სამეულის“ წევრებს შორის 1945წ. გაზაფხულზე
1945
წლის მარტ-აპრილში ანტიჰიტლერული კოალიციის ერთიანობა, რომლის დემონსტრირება მოხდა ყირიმის კონფერენციაზე, სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირსა და
დასავლეთელ მოკავშირეთა შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. ამის
მიზეზი გახდა ე.წ. „ბერნის ინციდენტი“ ანუ ჯერ
კიდევ 1945წ. თებერვალში ბერნში დაწყებული მოლაპარაკებები აშშ-ს სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს (OSS – Office of Strategic Services) ევროპული ბიუროს უფროს ალენ
დალესსა და იტალიაში შშ-ის ჯარების სარდალ გენ. კარლ
ვოლფს შორის დასავლეთ ევროპაში გერმანელების კაპიტულაციის თაობაზე.
აღნიშნული საკითხის შესწავლისას, პირველ რიგში, ყურადღებას იპყრობს მეცნიერულ გამოკვლევათა სიმცირე. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ინგლისელი თუ
ამერიკელი მკვლევრები ან ყურადღებას არ აქცევდნენ ამ
საკითხს, ანაც უბრალოდ მისთვის გვერდის ავლას ცდილობდნენ. ფაქტობრივად ძირითად წყაროს ამ პრობლემის გარშემო წარმოადგენს ალენ
დალესის მეტად საეჭვო ღირსების მქონე მემუარები1 და
კარლ ვოლფის დაკითხვის ოქმები, რომლებიც ჯერ კიდევ არ
არის გამოქვეყნებული. რაც შეეხება სამეცნიერო გამოკვლევებს, მონოგრაფიულად „ბერნის ინციდენტი“ შესწავლილი აქვს მხოლოდ იტალიელ ისტორიკოსს ელენა აგაროსის, რომელმაც 1979წ.
ამერიკელ მკვლევარ ბრედლი სმიტთან ერთად ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი: „ოპერაცია განთიადი. საიდუმლო კაპიტულაცია“. მეორე მსოფლიო ომზე
მომუშავე სხვა მკვლევრები კი,
ჩვეულებრივ, ან საერთოდ არ
ეხებიან ამ მოლაპარაკებებს, ან
ზოგადად
იხსენიებენ მათ და აღნიშნავენ, რომ
ბერნის შეხვედრებს პრაქტიკულად არანაირი შედეგი არ მოჰყვა. ამ
მხრივ, ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ჰ. ფეისი და
ჯ. ტოლანდი, რომლებმაც განიხილეს აღნიშნული საკითხი თავიანთ გამოკვლევებში, თუმცა მათთვის ეს
მხოლოდ ერთი დეტალი იყო და
თანაც არც თუ
ყველაზე მნიშვნელოვანი. საბჭოთა მკვლევრები, რომლებიც ასევე ზოგადად ეხებიან ამ
საკითხს, პირდაპირ ადანაშაულებენ აშშ-სა
და დიდ ბრიტანეთს გერმანელებთან მორიგების მცდელობაში და ამის
მთავარ არგუმენტად მოჰყავთ სტალინისა და მოლოტოვის მიერ 1945წ. მარტ-აპრილში მოკავშირეთათვის წაყენებული ბრალდებები.
1.
არსებობს მოლაპარაკებათა კიდევ ერთი მონაწილის, შვეიცარიელი დაზვერვის ოფიცრის მაქს ვაიბელის მემუარებიც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები მის გარეშე წყდებოდა.
„ბერნის ინციდენტის“ გაშუქებისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა
მიექცეს იმ ფაქტს, რომ
ვოლფის მისია სულაც არ იყო
პირველი ცდა მესამე რაიხის ხელმძღვანელობის ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან დასავლეთელ მოკავშირეებთან ლოკალურ თუ ფართომასშტაბიან კაპიტულაციაზე წასვლისა. გერმანელებმა ჯერ კიდევ 1944წ.
სექტემბრიდან დაიწყეს იმის ზონდაჟი, თუ
რამდენად იყო შესაძლებელი კაპიტულაციის მიღწევა დასავლეთის ფრონტზე. მაშინ ბალკანეთში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი
წარმომადგენელი დაუკავშირდა OSS-ს და შესთავაზა მათ
გეგმა, რომლის მიხედვითაც გერმანელები დაიხევდნენ დუნაიმდე და მისცემდნენ აშშ-სა და დიდ
ბრიტანეთს ბალკანეთის დაკავების საშუალებას, ხოლო გამოთავისუფლებული გერმანული ნაწილები გადასროლილი იქნებოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მაშინ OSS -მა კატეგორიული უარი განაცხადა მოლაპარაკებების წარმოებაზე, რადგანაც ეს მოკავშირეთა ერთიანობას საფრთხეში ჩააგდებდა. მთელი ეს
ინფორმაცია (როგორც გერმანელთა წინადადება, ისე OSS-ის
პასუხი) დაუყოვნებლივ ეცნობა მოკავშირეთა გაერთიანებულ შტაბს და
საბჭოთა მთავრობას.
თითქმის იმავდროულად, მსგავსი წინადადებით მიმართა OSS-ის წარმომადგენლებს შვეიცარიაში გენერალმა გლაიზ ჰორსტენაუმ, ავსტრიელმა ოფიცერმა, რომელიც ანშლუსის შემდგომ გერმანელთა სამსახურში ჩადგა. მან
შესთავაზა ამერიკელებს ავსტრიელი ოფიცრების დახმარებით ფრონტის მოშლა, რათა
ავსტრიის ოკუპირება მოეხდინა არა საბჭოთა არმიას, არამედ ინგლისსა და აშშ-ს. ამერიკელებმა ჰორსტენაუსა და მის
გუნდს უარი შეუთვალეს.
ამგვარ ინიციატივებს, როგორც ჩანს,
საფუძვლად საკუთრივ OSS-ის
მოქმედება დაედო, რომელიც, 1944წ.
შემოდგომიდან მოყოლებული, ყოველმხრივ ცდილობდა, კონტაქტი დაემყარებინა გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან ლოკალური კაპიტულაციების მისაღწევად. ამ მიზნით, ისინი იყენებდნენ ტყვედ აყვანილ გერმანელ ოფიცრებს. ყოველივე ამას პრაქტიკულად არანაირი შედეგი არ
მოჰყოლია, მაგრამ სავარაუდოა, რომ გარკვეულ წრეებს გერმანიაში უყურადღებოდ არ
დარჩენიათ OSS-ის
აქტიურობა. მათ ჩათვალეს, რომ დასავლეთის სახელმწიფოები, შესაძლოა, დაინტერესებული იყვნენ სეპარატული სამშვიდობო მოლაპარაკებებით. ოქტომბერ-ნოემბრის განმავლობაში ვატიკანში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ალბრეხტ ფონ კესელი დაუკავშირდა ბრიტანელებს წინადადებით, რომ
ის შეეცდებოდა დასავლეთის ფრონტის მოშლის თაობაზე გერმანელი სარდლების თანხმობის მიღწევას. მისი თქმით, ამაში მას
დაეხმარებოდა საკუთრივ გერმანიის ელჩი ვატიკანში ბარონი ფონ ვაიცზეკერი, რომელსაც მიაჩნდა, რომ
ეს ააცილებდა გერმანიას მიწასთან გასწორებას. კესელის წინადადება უარყოფილ იქნა იმ
მოტივით, რომ მას
არ ჰქონდა უნარი, დაემყარებინა ქმედითი კონტაქტები გერმანელ გენერლებთან.
იმავე პერიოდში ბრიტანელებმა მიიღეს კიდევ ერთი წინადადება იტალიიდან გერმანიის ჯარების გაყვანის შესახებ. ინგლისელებს დაუკავშირდა მსხვილი იტალიელი მეწარმე ფრანკო მარინოტი, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანელები უარს იტყოდნენ ჩრდილოეთ იტალიის ინდუსტრიული პოტენციალის განადგურებაზე, თუ მათ ნებას დართავდნენ ჯარების აპენინის ნ-კდან გამოყვანასა და საბჭოთა ფრონტზე გადასროლაზე. მარინოტის თქმით, მართალია, ეს წინადადება ოფიციალურად მოდიოდა იტალიაში საიდუმლო პოლიციის უფროსის, შშ-ის გრუპენფიურერ ვილჰელმ ჰარსტერისაგან, მაგრამ სინამდვილეში ამ იდეის უკან იდგნენ ჰარსტერთან ახლო ურთიერთობებში მყოფი ვალტერ შელენბერგი და თვით ჰაინრიხ ჰიმლერი. გარდა ამისა, საქმის კურსში იყვნენ SD-ს VI განყოფილების (დაზვერვა) უფროსი იტალიის რეგიონში კლაუს ჰიუგელი და გერმანიის კონსული ლუგანოში ალექსანდერ ნოირატი. მიუხედავად ამისა, ბრიტანელებმა მარინოტის უმალ მიუხურეს კარები. ამის შემდეგ მან მიმართა OSS-ს და ალენ დალესს, რომელმაც ბევრად უფრო დიდი დაინტერესება გამოამჟღავნა ამ წინადადებისადმი, მაგრამ, ვაშინგტონიდან მოსული დირექტივის საფუძველზე, იძულებული გახდა, უარი ეთქვა კონტაქტის გაგრძელებაზე.
ჰარსტერ-მარინოტის მცდელობის ჩაშლისთანავე გამოჩნდა კიდევ ერთი „მშვიდობისმყოფელი“ _ მილანის არქიეპისკოპოსი, ფაშისტური რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი კარდინალი ილდებრანდო შუსტერი, რომელმაც 1944წ. 14 სექტემბერს გააგზავნა თავისი ერთ-ერთი მდივანი ჯუზეპე ბიკიერაი შშ-ის შტანდარტენფიურერ ოიგენ დოლმანთან და შესთავაზა მას დახმარება ფელდმარშალ ალბერტ კესელრინგსა და პარტიზანებს შორის შეთანხმების მიღწევაში. ამ შეთანხმების თანახმად, გერმანელები უარს იტყოდნენ იტალიური საწარმოების განადგურებაზე, პარტიზანები კი შეწყვეტდნენ საბოტაჟს და სხვა მტრულ მოქმედებებს გერმანელების წინააღმდეგ. გერმანელებს გეგმა მოეწონათ, მაგრამ ბრიტანელებმა სამართლიანად ჩათვალეს, რომ ასეთი გეგმა მათ პრობლემებს შეუქმნიდა და მტკიცე უარით გაისტუმრეს ბიკიერაი1. საინტერესოა, რომ, ბრიტანელებისაგან განსხვავებით, დალესმა დიდი დაინტერესება გამოიჩინა ამ სქემისადმი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პარტიზანების მტკიცე პოზიციას წააწყდა და გაწყვიტა კონტაქტი.
1. საინტერესოა, რომ პარტიზანებმა მხოლოდ ბრიტანელებისა და ამერიკელებისაგან შეიტყვეს ასეთი გეგმის არსებობის შესახებ.
ბიკიერაის შემდეგ არენაზე გამოჩნდა ალექსანდერ ნოირატი, რომელმაც ამჯერად, ჰარსტერის საქმისაგან განსხვავებით, საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა. ის დაუკავშირდა დალესს1 და გა ნუცხადა მას, რომ მზად იყო, მოეწყო გერმანელთა კაპიტულაცია დასავლეთში. ნოირატის თქმით, კესელრინგი, კარლ ვოლფი და რუდოლფ რანი (გერმანიის ელჩი მუსოლინის ფაშისტურ რესპუბლიკაში) ფიქრობდნენ, რომ ომი წაგებული იყო და ის აპირებდა მათი ამ განწყობილებების გამოყენებას. გარდა ამისა, ის იმედოვნებდა, რომ შეძლებდა გერდ ფონ რუნდშტედტზე (გერმანიის ჯარების მთავარსარდალი დასავლეთის ფრონტზე) კესელრინგის გავლენის გამოყენებას, რათა რუნდშტედტს შეეწყვიტა წინააღმდეგობა დასავლეთის ფრონტზე და გზა გაეხსნა ინგლის-აშშ-ს ჯარებისათვის. ორ თვეზე მეტხანს ამყარებდა დალესი იმედებს ნოირატზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერაფრით ვერ მოახერხა რანთან, ვოლფთან და კესელრინგთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება. თებერვლის შუა რიცხვებში კესელრინგმა ნოირატი მიიწვია შეხვედრაზე, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ გენერალი იოჰანეს ბლასკოვიცი (არმიათა ჯგუფ „H“-ის სარდალი) და გენერალი ზიგფრიდ ვესტფალი. ამ უკანასკნელებმა ცივად მიიღეს წინადადება კაპიტულაციის შესახებ და განაცხადეს, რომ არ ღირდა რისკის გაწევა ლოკალური კაპიტულაციისათვის, რადგანაც, ამის გამო, შესაძლო იყო, ისინი სამხედრო დამნაშავეებად გამოეცხადებინათ. მიუხედავად ამისა, მათ კატეგორიული უარი არ უთქვამთ, რამაც დააიმედა კიდეც ნოირატი, რომელმაც მოახსენა დალესს, რომ გენერლები უახლოვდებოდნენ იმ მომენტს, როდესაც ისინი დათანხმდებოდნენ კაპიტულირებას. ამ გარემოებისა და აგრეთვე იმის გამო, რომ მოკავშირეები სისტემატურად იღებდნენ ინფორმაციას (ძირითადად არასწორს), თითქოს კესელრინგი მზად იყო, დანებებოდა მათ, ამერიკელებმა გააგრძელეს დიალოგი ნოირატთან2.
1. როგორც ჩანს, აქ გარკვეული გავლენა იქონია ბრიტანელთა აშ კარად ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მსგავსი წინადადებებისადმი და დალესის საკმაო დაინტერესებამ ამგვარი იდეებით.
2. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები იმდენად გავრცელდა 1945წ. თებერვლის ბოლოსათვის, რომ ერთ-ერთმა ბრიტანელმა კორესპონდენტმაც კი შეიტყო მათ შესახებ და გაზეთშიც გამოაქვეყნა.
ამავე პერიოდში მოკავშირეებმა მიიღეს კიდევ რამდენიმე წინადადება, ამჯერად უკვე გერმანიის მმართველი წრეების უმაღლესი ეშელონებიდან, კერძოდ, ჯერ შელენბერგისაგან, ხოლო შემდეგ კი _ ერთობლივად ჰიმლერისა და კალტენბრუნერისაგან. ისინი ითხოვდნენ უპირობო კაპიტულაციის მოთხოვნის შეცვლას, რის შემდეგადაც გავიდოდნენ დასავლეთელ მოკავშირეებთან მჭიდრო კონტაქტზე. გარდა ამისა, შელენბერგის წინადადება შეიცავდა გარკვეულ მუქარასაც, რომ თუ უპირობო კაპიტულაციის პრინციპი ძალაში დარჩებოდა, გერმანელები შეწყვეტდნენ წინააღმდეგობას აღმოსავლეთის ფრონტზე და მთელ ცენტრალურ ევროპას საბჭოთა კავშირს დაუთმობდნენ. ინგლისელებმა და ამერიკელებმა ეს წინადადებები უყურადღებოდ დატოვეს. ჰიმლერი და კალტენბრუნერი მეტისმეტად ოდიოზური ფიგურები იყვნენ მოლაპარაკების საწარმოებლად.
ამის შემდგომ მოკავშირეებმა კიდევ რამდენიმე უმნიშვნელო წინადადება მიიღეს ზოგიერთი გერმანული ნაწილის ჩაბარების თაობაზე, მაგრამ ეს არანაირ გავლენას არ ახდენდა საერთო სიტუაციაზე და თითქოს ამით უნდა დასრულებულიყო ყოველგვარი კონსულტაციები კაპიტულაციის შესახებ. ვითარება მოულოდნელად შეიცვალა 1945წ. თებერვალში, როდესაც ასპარეზზე გამოჩნდა ობერგრუპენფიურერი კარლ ვოლფი, რომელიც სარდლობდა იტალიაში განლაგებულ SS-ის ძალებს. ვოლფი ჰიტლერსა და ჰიმლერთან დაახლოებული პირი გახლდათ. ის 1933 წლიდან მოყოლებული იყო რაიხსფიურერ ჰიმლერის ადიუტანტი, 1941 წლიდან _ მისი პირადი შტაბის უფროსი, ხოლო 1939-1943წწ. ამავდროულად ეკავა მეკავშირე ოფიცრის თანამდებობა ჰიტლერის შტაბში. 1943წ. ვოლფსა და ჰიმლერს შორის უთანხმოება ჩამოვარდა1, რის შედეგადაც ვოლფმა დაკარგა თავისი თანამდებობები ჰიტლერისა და ჰიმლერის შტაბებში. ის გააგზავნეს იტალიაში, თუმცა ვოლფმა შეინარჩუნა ჰიტლერის კეთილგანწყობა და მასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შესვლის უფლება. ასე რომ, მისი გამოჩენა მოკავშირეებს შეუმჩნეველი არ დარჩათ, მით უმეტეს, რომ ვოლფის სახელი უკვე ფიგურირებდა მოკავშირეებთან მოლაპარაკებისას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალექსანდერ ნოირატმა ის დაასახელა კაპიტულაციის სავარაუდო მომხრეთა შორის.
1. განხეთქილების მიზეზი იყო ის, რომ რაიხსფიურერი ვოლფის გან ქორწინების წინააღმდეგ წავიდა, რის შემდეგაც ვოლფი პირდაპირ ჰიტლერთან შევიდა და მისგან მიიღო თანხმობა, რაც ჰიმლერმა პირად შეურაცხყოფად მიიღო.
ნოირატი მართლაც შეხვდა ვოლფს, მაგრამ რაიმე კონკრეტული შედეგი ამ კონტაქტს არ მოჰყოლია. ყოველ შემთხვევაში, ვოლფი არაფერს არ დაჰპირებია ნოირატს. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა საკუთარი თამაშის წამოწყება, ვინაიდან ის სასწრაფოდ გაემგზავრა გერმანიაში, ესაუბრა ჰიმლერს (1945წ. 4 თებერვალი) და, დარწმუნდა რა გერმანიის სრულ სამხედრო უძლურებაში1, 6 თებერვალს შეხვდა ჰიტლერს. ამ შეხვედრის ამსახველი ერთადერთი წყარო არის თვითონ ვოლფი2, რომლის ბოლომდე ნდობა, რასაკვირველია, არ შეიძლება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ის ძირითადად, ზოგიერთი დეტალის გამოკლებით, სიმართლეს ამბობდა. ჰიტლერთან საუბარში მას თითქოს განუცხადებია, რომ „არაბუნებრივ მოკავშირეებს შორის იყო გარკვეული უთანხმოებები, რომლებიც არ იქნებოდა საკმარისი ალიანსის დასაშლელად, თუ გერმანია აქტიურად არ ჩაებმებოდა ამ პროცესში“, რასაც ჰიტლერი ერთგვარად დასთანხმებია კიდეც (თავი დაუქნევია), თუმცა რაიმე კონკრეტული განკარგულება არ გაუცია3. ამის შემდეგ ვოლფი, რომელმაც, მისი თქმით, ჰიტლერისაგან მხარდაჭერა თუ არა, ცოდვების შენდობა მაინც მიიღო, იტალიაში დაბრუნდა.
1. იტალიის ფრონტიდან, რომელზეც 1944 წლის ზაფხულის შემდეგ ცვლილებები პრაქტიკულად არ იყო, საკმაოდ ცუდად აღიქმებოდა სიტუაცია სხვა ფრონტებზე. საქმე ისეთ კურიოზამდეც კი მივიდა, რომ 1945წ. აპრილში (!) კაპიტულაციის ერთ-ერთმა მომხრემ კესელრინგს ურჩია „სამი დღით შვეიცარიაში წასვლა იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში“.
2. ვოლფი უნდა გაესამართლებინათ ნიურნბერგში, მაგრამ ამერიკელებმა იმდენად გააჭიანურეს მისი გადაცემა, რომ ვერ მოესწრო პროცესში მისი ჩართვა და ის მხოლოდ მეორე ეშელონში მოხვდა. შესაძლოა, ამან ვოლფი სიკვდილს გადაარჩინა, რადგანაც საბჭოთა მხარე ნიურნბერგში ასეთი მაღალი ჩინის SS-ის ოფიცრის გამართლებას უბრალოდ არ დაუშვებდა, თუმცა ალბათ ეს ამერიკელებს მხოლოდ ვოლფის სიცოცხლეზე ზრუნვის გამო არ ჩაუდენიათ. შესაძლოა, მათ არ ჰქონდათ ვოლფთან დაკავშირებული საკმაოდ საჩოთირო საკითხების განხილვის სურვილი. შედეგად კი მეორე პროცესი ნიურბერგში არც შედგა და ვოლფი გადაეცა ბრიტანელებს, რომლებმაც ის გაასამართლეს 1949წ. და გაამართლეს კიდეც. მოგვიანებით, 1964წ. ვოლფი უკვე გფრ-ს მთავრობამ გაასამართლა და მიუსაჯა მას 15 წელი. ვოლფს ამ პროცესზე დაუმტკიცდა ტრებლინკაში ებრაელების გადასაყვანად მანქანების გადაგზავნის ფაქტი, თუმცა ის კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ არც იცოდა, თუ რა ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში საერთოდ და ტრებლინკაში კერძოდ. მაგრამ ამით „ვოლფის საქმე“ არ დასრულებულა. 1971წ. ვოლფი გაათავისუფლეს და ამის შემდეგ ის ერთი პერიოდი ლამის ტელევარსკვლავადაც კი იქცა.
3. არ არის გამორიცხული, რომ ჰიტლერმა ვოლფს პირდაპირი ბრძანებაც მისცა, მაგრამ თუ ეს არ მომხდარა, არც ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგანაც ჰიტლერი ხშირად აძლევდა თავის ხელქვეითებს დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას, რაც ვოლფმაც კარგად იცოდა. ამავე დროს, თუ ვოლფის ნათქვამს ბოლომდე ვირწმუნებთ, მაშინ ყურადღება უნდა მივაქციოთ მის კიდევ ერთ საუბარს ჰიტლერთან, რომელიც შედგა 1945წ. 17 აპრილს, უკვე ალყაშემორტყმულ ბერლინში. მიიღო რა დაწვრილებითი ინფორმაცია ვოლფისაგან, ჰიტლერმა ფაქტობრივად თანხმობა განაცხადა უპირობო კაპიტულაციაზე იტალიაში და აღნიშნა, რომ მისიის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში ვოლფს ჰესის ბედი ელოდა.
მიუხედავად ამისა, იტალიაში დაბრუნების შემდეგ ვოლფმა მაინც მეტად ფრთხილად დაიწყო მოქმედება, რადგანაც, როგორც თვითონ განუცხადა შემდგომში ამერიკელებს, კალტენბრუნერისა და ბორმანის შიში ჰქონდა1. აქ მას უკვე ბედნიერი შემთხვევაც დაეხმარა. იტალიელებს ხელში ჩაუვარდათ ბრიტანელი აგენტი, რომლის დაკითხვის შემდეგ მარშალმა გრაციანიმ (მუსოლინის მთავრობის თავდაცვის მინისტრი) ჩათვალა, რომ ის (აღნიშნული აგენტი მოკავშირეთა დოკუმენტებში 4 კოდური სახელით ფიგურირებს: ტაკერი, დრაკერი, უოლაბი და მოლაბი) გერმანელთა და იტალიელთა უმაღლეს სარდლობასთან კონტაქტის დასამყარებლად იყო გამოგზავნილი2. ვოლფმაც დაკითხა ტაკერ-დრაკერ-უოლაბი-მოლაბი და მანაც იგივე დასკვნა გამოიტანა, რაც გრაციანიმ. მაშინ ვოლფმა გაათავისუფლა ბრიტანელი, დაეხმარა მას შვეიცარიაში გადასვლაში და დაავალა, ეთქვა თავისი პატრონებისათვის, რომ „მისია წარმატებით დასრულდა და კონტაქტი უმაღლეს დონეზე დამყარდა“. ვოლფის გასაკვირად, რაიმე გაგრძელება ამ ისტორიას არ მოჰყოლია. ტაკერის მოხსენებას ბრიტანელებმა არანაირი ყურადღება არ მიაქციეს, რადგანაც მას სულაც არ ევალებოდა მსგავსი მისიის შესრულება.
1. არც აქ არის გამორიცხული, რომ ვოლფი უბრალოდ ატყუებდა ამერიკელებს მითიური საფრთხით, რათა ამით აეხსნა კაპიტულაციის მოწყობის გადავადება, თუმცა, შესაძლოა, კალტენბრუნერს მართლაც შეეშალა ვოლფისათვის ხელი, რადგანაც მას თავად სურდა კაპიტულაციის სხვებზე ადრე გამოცხადების ორგანიზება.
2. სინამდვილეში ტაკერ-უოლაბი პარტიზანების დასახმარებლად გადადიოდა იტალიაში და ეს მისი პირველი მისიაც არ იყო. უბრალოდ ორ იტალიელ პარტიზანთან ერთად ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მან თავისი სიცოცხლის გადასარჩენად შეთხზა ეს ამბავი. მონაყოლი მას იმდენად ეფექტური გამოუვიდა, რომ მან მართლაც მოახერხა „კონტაქტის დამყარება“ გერმანელთა და იტალიელთა უმაღლეს სარდლობასთან.
ბრიტანელებისაგან პასუხის ამაო ლოდინის შემდეგ ვოლფმა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა მოკავშირეებთან კონტაქტებისთვის მათივე აგენტები ან ნოირატის მსგავსად მოაზროვნე გერმანელები. მან ამ მიზნით მიმართა იტალიელ ბარონ ლუიჯი პარილის (ომამდე თანამშრომლობდა ამერიკულ ფირმა „კელვინატორთან“, ომის დროს _ გერმანელებთან). პარილი ანალოგიური მისიით უკვე ერთხელ იმყოფებოდა შვეიცარიაში ჰაუპტშტურმფიურერ გვიდო ციმერისა და კლაუს ჰიუგელის დავალებით1. იტალიელმა ბიზნესმენმა შეძლო თავისი ნაცნობის _ პროფესორ მაქს ჰუსმანის წყალობით შვეიცარიის დაზვერვის ოფიცერ მაქს ვაიბელზე გასვლა, რომელმაც, თავის მხრივ, მოუწყო იტალიელს შეხვედრა დალესის თანამშრომელ ჯერო ფონ შულცე გავერნიცთან. გავერნიცი მეტად სკეპტიკურად მოეკიდა პარილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და განუცხადა მას, რომ ღირებული იქნებოდა კონტაქტების დამყარება მხოლოდ დოლმანის2, ვოლფის ან კესელრინგის დონეზე. ამით გავერნიცმა და დალესმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და მხოლოდ ზოგადი ხასიათის შენიშვნა გააგზავნეს ვაშინგტონში2.
პარილიმ დაბრუნებისთანავე ანგარიში ჩააბარა ვოლფს, რომელიც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ინგლისელები და ამერიკელები წავიდოდნენ სეპარატულ შეთანხმებაზე გერმანელებთან. ამიტომ მან უბრძანა დოლმანსა და ციმერს, გამგზავრებულიყვნენ შვეიცარიაში და შეხვედროდნენ დალესს. ბ. სმიტსა და ე. აგაროსის ეს საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებად მიაჩნიათ, რადგან შეიძლებოდა, რომ ამის შესახებ შეეტყოთ ვოლფის მტრებს. მაგრამ არსებობს ყველა საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ობერგრუპენფიურერი იმ დროს სულაც არ აპირებდა კაპიტულაციის რეალურად გამოცხადებას და ყოველივე ამას იყენებდა შირმად თავისი ნამდვილი მიზნის _ მოკავშირეთა შორის შუღლის ჩამოგდების მისაღწევად. საოცარია, მაგრამ გერმანელებში იმ დროს საკმაოდ გავრცელებული იყო აზრი, რომ შესაძლო იყო, ინგლისსა და აშშ-ს კავშირი შეეკრათ გერმანიასთან და დახმარებოდნენ მას სსრკ-სთან ომში. უფრო მეტიც, თვით ჰიტლერიც კი დარწმუნებული იყო, რომ ორ თვეში გერმანიის წინააღმდეგ მიმართული კოალიცია დაიშლებოდა.
1. ციმერი და ჰიუგელი თავდაპირველად მოქმედებდნენ ვალტერ შელენბერგის ინსტრუქციების მიხედვით და პარილის შვეიცარიაში გაგზავნის ბრძანებაც სწორედ მას უნდა გაეცა, მაგრამ შელენბერგმა დააგვიანა ამის გაკეთება. საბოლოოდ ჰიუგელმა თავისით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ციმერის მეშვეობით გადააგზავნა პარილი საზღვარს იქით.
2. როგორც ჩანს, პარილიმ ახსენა, რომ მისი მისიის შესახებ დოლმანიც იყო კურსში, რაც, შესაძლოა, სიმართლეს შეესაბამებოდა კიდეც, რადგანაც ის თანაუგრძნობდა ჰიუგელსა და ციმერს.
1945წ. 3 მარტს ლუგანოში დოლმანი და ციმერი, ჰუსმანისა და პარილის მეშვეობით, შეხვდნენ OSS-ის წარმომადგენელ პოლ ბლუმს. დოლმანმა ბლუმს არ გაუმჟღავნა, რომ ის ვოლფის წარმომადგენელი იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ჰკითხა ამერიკელს, წავიდოდნენ თუ არა ინგლისი და აშშ შეთანხმებაზე ჰიმლერთან, თუ ის მოკავშირეებს იტალიაში დაზავებას შესთავაზებდა. ბლუმმა უარყოფითად უპასუხა და მაშინ დოლმანმა აცნობა ამერიკელს, რომ შესაძლებელი იყო შვეიცარიაში თავად ვოლფის ჩასვლა. ბლუმმაც, გერმანელების განზრახვის სერიოზულობის შესამოწმებლად, ერთგვარი ულტიმატუმი წამოაყენა: თუ მათ სურდათ თავისი გავლენის რეალურად ჩვენება, მათ უნდა გაეთავისუფლებინათ იტალიელ პარტიზანთა ორი ლიდერი _ ფერუციო პარი და ანტონიო უსმიანი.
ძნელი სათქმელია, როგორ ჩაივლიდა ეს შეხვედრა, OSS-ის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი ალენ დალესი რომ არ ყოფილიყო. ე. აგაროსი და ბ. სმიტი ამტკიცებენ, რომ მან, გერმანელების მსგავსად, რეალობის შეგრძნება დაკარგა და ვერ ხვდებოდა, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა. მათი მოსაზრება, ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია. დალესს ხომ სულაც არ სურდა, რომ გერმანელებს კაპიტულაცია ყველა ფრონტზე ერთდროულად გამოეცხადებინათ. ყოველ შემთხვევაში, თავის მემუარებში ის არაფერს ამბობს მსგავს პერსპექტივაზე. როგორც ჩანს, დალესი უფრო იქითკენ იხრებოდა, რომ საჭირო იყო კაპიტულაციის მიღწევა დასავლეთში, რაც გზას გაუხსნიდა ამერიკელებსა და ინგლისელებს ცენტრალურ ევროპაზე კონტროლის მისაღწევად. რასაკვირველია, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ამერიკელები და ბრიტანელები რაიმე დახმარებას გაუწევდნენ გერმანელებს, უბრალოდ, ამავე პერიოდში ბრძოლები აღმოსავლეთის ფრონტზე გაგრძელდებოდა და შეწყდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გერმანელებს ზურგიდან მიადგებოდნენ დასავლეთელი მოკავშირეები, რომელთაც ისინი დანებდებოდნენ კიდეც. ერთი სიტყვით, დალესი, როგორც ჩანს, ხვდებოდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ ადგილი ექნებოდა დაპირისპირებას საბჭოთა კავშირთან, დაიწყებოდა „ცივი ომი“ და ჩამოეშვებოდა ე.წ. „რკინის ფარდა“, რომელიც, სასურველი იყო, რაც შეიძლება აღმოსავლეთით გადაეწიათ. ამასთან, მას თავის გამოჩენის სურვილიც კლავდა. სწორედ ამიტომ, თავდაპირველად დალესმა ვაშინგტონსაც კი დაუმალა ვოლფის ინიციატივის შესახებ, ხოლო როდესაც გაიგო, რომ პარი და უსმიანი გაათავისუფლეს, ვოლფი, დოლმანი და პარილი კი შვეიცარიისაკენ გაემგზავრნენ, ის საერთოდ ეიფორიაში ჩავარდა. ეტყობა დალესმა ან არ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ ვოლფისათვის უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ბერლინისაგან შეუმჩნევლად პარისა და უსმიანის განთავისუფლება, ხოლო შემდეგ თავის მოადგილესთან ერთად შვეიცარიაში გამგზავრება, ან კიდევ თავისი ინტერპრეტაცია მისცა ყოველივე ამას და ჩათვალა, რომ ბერლინი მზად იყო კაპიტულაციაზე. მთელი მისი შემდგომი მოქმედება ადასტურებს, რომ მას წამითაც კი არ დაუშვია იმის შესაძლებლობა, რომ ბერლინი სულ სხვა მიზნებს ისახავდა. არადა, როგორც ჩანს, პარი და უსმიანი ბერლინში პაიკებად ჩათვალეს დიდ თამაშში და მათ „გაქცევაზე“ თვალი დახუჭეს, ხოლო დალესი კი ამ მომენტიდან უბრალოდ სათამაშოდ იქცა ვოლფის ხელში.
1945წ. 8 მარტს ციურიხში დალესი შეხვდა ვოლფს და მის თანამოაზრეებს1. შეხვედრაზე ვოლფმა განაცხადა, რომ „ჩვეულებრივი სამხედრო კაპიტულაციის“ მოწყობა ძნელი იყო და ის შეეცდებოდა, მოკავშირეებისათვის ჩრდილოეთ იტალია ჩაებარებინა კესელრინგის დარწმუნების გზით. მისი თქმით, თუ კესელრინგი ამ იდეას გაიზიარებდა, მაშინ გერმანელი სარდლები უბრალოდ გაამზადებდნენ დეკლარაციას და გამოუცხადებდნენ ჯარებს, რომ შემდგომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, რასაც მოჰყვებოდა „მიმართვა გერმანელი ხალხისადმი“ იგივე პუნქტებითა და ჰიტლერ-ჰიმლერის მმართველობისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებით. დალესმა ენთუზიაზმით აღიქვა როგორც ეს წინადადება, ისე ვოლფის დაპირება, რომ შეწყდებოდა საომარი მოქმედებები პარტიზანების წინააღმდეგ და სასწრაფოდ აფრინა მოხსენებები ლონდონში, ვაშინგტონსა და კაზერტაში _ ფელდმარშალ ალექსანდერის შტაბში. ამ მოხსენებაში მას უხეში შეცდომა გაეპარა: მან ახსენა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გერმანელმა ოფიცერმა კესელრინგის შტაბიდან2. დალესი მალე გაერკვა ამ შეცდომაში და შემდგომ ორ მოხსენებაში აღნიშნა, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა გერმანელი SS-ის წევრი იყო, მან მაინც არ ჩათვალა საჭიროდ იმის განცხადება, რომ პირველ მოხსენებაში შეცდომა დაუშვა. არადა, ამ ფრაზამ ძირეულად შეცვალა ალექსანდერისა და მისი შტაბის დამოკიდებულება მოლაპარაკებებისადმი. თუ მათ არანაირად არ აინტერესებდათ SS-თან რაიმე სახის შეთანხმების მიღწევა, კესელრინგის მიერ იტალიაში კაპიტულაციის გამოცხადება სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამიტომ ალექსანდერმა ითხოვა ინსტრუქციები ლონდონიდან და ვაშინგტონიდან შვეიცარიაში თავისი წარმომადგენლების გაგზავნის თაობაზე.
1. არსებობს მონაცემები, რომ ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ სადაზვერვო წყაროებიდან მიიღო საბჭოთა მხარემაც.
2. როგორც ჩანს, ასეთ ოფიცრად მან მიიჩნია ვოლფის ადიუტანტი ოიგენ ვენერი.
ჩერჩილმა მოუწონა ალექსანდერს ეს იდეა, ოღონდ აუკრძალა წარმომადგენლების გაგზავნა მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბის თანხმობის გარეშე და, აგრეთვე, საჭიროდ ჩათვალა მსგავსი შეხვედრის მოწყობამდე საბჭოთა მხარის ინფორმირება. გაერთიანებული შტაბიდანაც მოვიდა თანხმობა როგორც წარმომადგენლების გაგზავნაზე, ისე სტალინისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე. ჩერჩილმაც, სსრკ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის ა. კერის მეშვეობით, აცნობა საბჭოთა ლიდერს, რომ შესაძლებელი იყო ბერნში მოლაპარაკებების დაწყება იტალიაში კაპიტულაციის შესახებ და აღნიშნა, რომ არანაირი შემდგომი კონტაქტი არ მოხდებოდა პასუხის მიღებამდე1. ჩერჩილის ამ ნაბიჯმა ძალიან გააბრაზა ამერიკელები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ინგლისის პრემიერ მინისტრს ჯერ მათთან უნდა შეეთანხმებინა ეს საკითხი და მხოლოდ შემდეგ მოეხდინა სტალინის ინფორმირება. აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჰ. სტიმსონმა ჩერჩილის ამ ნაბიჯს „სასიკვდილო შეცდომაც“ კი უწოდა. გაირკვა, რომ ამერიკელებს სულაც არ სურდათ ბერნში საბჭოთა წარმომადგენლების მიწვევა. მათ, თავის მხრივ, აცნობეს სტალინს, რომ საბჭოთა წარმომადგენლებს კაზერტაში მოიწვევდნენ2. უფრო მეტიც, სტიმსონმა რატომღაც საჭიროდ ჩათვალა საბჭოთა მხარის საერთოდ მოტყუება და განუცხადა მათ, რომ ბერნში არანაირ მოლაპარაკებას არ ექნებოდა ადგილი. სტალინმა ეს საკმაოდ უცნაურად ჩათვალა და 16 მარტს მოლოტოვს გააკეთებინა განცხადება, რომელშიც მოკავშირეებს მოსთხოვა ბერნში მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტა.
1. გაუგებარი მიზეზების გამო, დიდ ბრიტანეთისა და სსრკ-ს ურთიერთობების დიდი სამამულო ომის დროინდელ ოფიციალურ კრებულში სრული სახით ამ წერილმა ასახვა არ ჰპოვა. იქ მოყვანილია მხოლოდ პატარა ციტატა ალექსანდერის მოხსენებიდან, რომ ბერნში დაიწყო მოლაპარაკებები ვოლფთან და კომენტარში რატომღაც მითითებულია, რომ ამ მოლაპარაკებებს აწარმოებდა „ინგლის-ამერიკის ჯარების სტრატეგიული სამსახურების სამმართველო“. ეს, ცოტა არ იყოს, უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვოლფთან კონტაქტი ჰქონდა აშშ-ს (და არა ინგლის-ამერიკის ჯარების) სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს ბერნის განყოფილებას.
2. კაზერტაში უნდა მომხდარიყო საბოლოო შეთანხმება და კაპიტულაციის გამოცხადება.
ამერიკელების, და საერთოდ დასავლეთელი მოკავშირეების, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მომდევნო დღეს _ 17 მარტს, როდესაც ალექსანდერმა, რომელმაც არაფერი იცოდა სტიმსონის შეტყობინებისა და მოლოტოვის მიმართვის შესახებ, საბჭოთა შტაბს გაუგზავნა წერილი და განაცხადა, რომ ბერნის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ის მოხარული იქნებოდა, მიეღო საბჭოთა წარმომადგენლები კაზერტაში. ბუნებრივია, ამ წერილის მიღებამ კიდევ უფრო დააეჭვა სტალინი, რომელმაც ალექსანდერის წერილი უფრო სარწმუნოდ მიიჩნია და სავსებით სწორიც აღმოჩნდა. 19 მარტს ვოლფსა და ალექსანდერის წარმომადგენლებს _ გენ. ეირისა და გენ. ლემნიტცერს შორის მოეწყო ახალი შეხვედრა, რომელზეც გერმანელმა გენერალმა გააცნო მოკავშირეებს ვერმახტის ჯარების იტალიაში კაპიტულაციის პირობები. ვოლფს ამ შეხვედრაზე ფაქტობრივად არანაირი რეალური წინადადება არ შემოუტანია და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა. როგორც ჩანს, მას უბრალოდ დრო გაჰყავდა. ძნელი სათქმელია, იცოდნენ თუ არა გერმანელებმა მოკავშირეებს შორის უკვე დაწყებულ უთანხმოებაზე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მათ შეიტყვეს ამის შესახებ და ცდილობდნენ, ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი მისი გაღრმავებისათვის. ვოლფმა მოკავშირეებს განუცხადა, რომ ფელდმარშალ კესელრინგის დასავლეთის ფრონტზე გადაყვანის გამო საჭირო იქნებოდა იტალიაში გერმანული ნაწილების ახალი მთავარსარდლის გენ. ჰაინრიხ ფონ ფიტინგოფ შეელის თანხმობა კაპიტულაციაზე1. ვოლფმა აღუთქვა მოკავშირეებს, რომ ის ამას მიაღწევდა კესელრინგის დახმარებით, მაგრამ ამ უკანასკნელთან შესახვედრად მას სჭირდებოდა გერმანიაში გამგზავრება. ამიტომ ვოლფმა ითხოვა ტაიმ-აუტი, რომელიც მას მიეცა კიდეც. როგორც შემდეგ გაირკვა, ბერლინში ის გაემგზავრა არა კესელრინგთან შესახვედრად, არამედ ჰიმლერისა და ჰიტლერისათვის ანგარიშის ჩასაბარებლად. ჰიტლერი სავსებით დააკმაყოფილა ვოლფის მიერ გაკეთებულმა მოხსენებამ და ის არ შეწინაღმდეგებია კონტაქტების გაგრძელებას2, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის დაინტერესებას ამ მოლაპარაკებით.
1. კესელრინგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი დასავლეთის ფრონტზე, რისთვისაც ჰიტლერმა საკუთარი თვითმფრინავიც კი გამოყო. იქ კესელრინგმა მთავარსარდლის პოსტზე შეცვალა ფელდმარშალი გერდ ფონ რუნდშტედტი. ამ უკანასკნელის გადაყენების მთავარი მიზეზი გახდა მოკავშირეთა მიერ ლიუდენდორფის ხიდის ხელში ჩაგდება და მდ. რაინის მარჯვენა სანაპიროზე რემაგენის პლაცდარმის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ არ არის გამორიცხული, ლიუდენდორფის ხიდის ხელში ჩაგდება სპეცოპერაციის შედეგი ყოფილიყო. OSS-ის უფროსს, უილიამ დონოვანს იმ პერიოდში მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ვაიცზეკერთან, რომელიც, თავის მხრივ, რუნდშტედტთან დაახლოებული პირი იყო. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ ხიდის დანაღმვა გერმანელებმა დაავალეს პოლონელ მუშებს, რომლებიც ჩვეულებრივ ყველანაირი სამუშაოების საბოტაჟს ეწეოდნენ. როგორც ჩანს, ჰიტლერს რაღაც ეჭვები გაუჩნდა და სასწრაფოდ გადააყენა რუნდშტედტი.
2. საინტერესოა, რომ ვოლფს ამ შეხვედრის შემდეგ OSS-მა გააყოლა თავისი ჩეხი რადისტი, მეტსახელად „უოლი“, რომელიც ვოლფმა ციმერთან დააბინავა.
ამასობაში სტალინმაც მიიღო დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები ბერნში კვლავ გრძელდებოდა1 და 22 მარტს მოლოტოვს გააკეთებინა კიდევ ერთი საპროტესტო განცხადება ა. ჰარიმანისადმი (აშშ-ს ელჩი საბჭოთა კავშირში). ამის შემდეგ ამ საკითხის განხილვა უკვე უმაღლეს დონეზე დაიწყო. 25 მარტს სტალინმა რუზველტისაგან მიიღო წერილი2, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტი საბჭოთა ლიდერს უხსნიდა იმის მიზეზებს, თუ რატომ არ იქნენ მიწვეული საბჭოთა წარმომადგენლები ბერნში. რუზველტმა აღნიშნა, რომ შვეიცარიაში მხოლოდ წინასწარი მოლაპარაკებები იმართებოდა და მათ დასკვნით ეტაპზე კაზერტაში უკვე საბჭოთა დელეგაციაც მიიღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მოკავშირეებს უარი არ უნდა ეთქვათ მოწინააღმდეგის წინადადებაზე კაპიტულაციის შესახებ, რადგანაც ეს ზედმეტ მსხვერპლს აარიდებდა მათ. რუზველტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მას არ ექნებოდა არანაირი პრეტენზიები, თუ საბჭოთა მხარე ზუსტად ასევე მოიქცეოდა დანციგთან ან კენიგსბერგთან გერმანელებისაგან დანებების სურვილის გამოჩენის შემთხვევაში. ამიტომ აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები იტალიაში გერმანიის ჯარების კაპიტულაციის შესახებ არ შეწყდებოდა მიუხედავად, მისთვის სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, საბჭოთა მხარის მიერ გაწეული წინააღმდეგობისა.
1. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის გაჟონვას, თანაც, შესაძლოა, ბერლინის მიერ დაგეგმილს, თუმცა შეიძლება სტალინის წყარო სულაც ვაშინგტონში იყო. როგორც ირკვევა, დონოვანის ერთ-ერთი თანაშემწე, დუნკან ლი 1943 წლიდან მოყოლებული საბჭოთა აგენტი იყო.
2. აღსანიშნავია, რომ ბერნის ინციდენტთან დაკავშირებით რუზველტის მიერ სტალინისათვის გამოგზავნილი ყველა წერილი ადმირალ ლიჰის მიერ არის დაწერილი და სტიმსონისა და მარშალის რედაქტირებულია. რუზველტი მხოლოდ ათვალიერებდა ხოლმე ამ წერილებს და ისე აწერდა ხელს. სმიტი და აგაროსი ამას რუზველტის ავადმყოფობით ხსნიან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი იმ დროს არც თუ ცუდად გრძნობდა თავს. შესაძლოა, მას უბრალოდ სინდისის ქენჯნა აწუხებდა და არ სურდა სტალინისათვის ტყუილების საკუთარი ხელით მიწერა.
სტალინზე რუზველტის არგუმენტებმა არანაირი გავლენა არ მოახდინა და საპასუხო წერილში მან ბრალი დასდო მოკავშირეებს, კერძოდ კი _ ფელდმარშალ ალექსანდერს, ყირიმის კონფერენციის გადაწყვეტილებების დარღვევაში. მან აღნიშნა, რომ ალექსანდერი აძლევდა მოწინააღმდეგეს აღმოსავლეთისაკენ ძალების გადასროლის საშუალებას და რომ მოლაპარაკებების პერიოდში გერმანელებმა უკვე სამი დივიზია გადმოიყვანეს იტალიიდან საბჭოთა ფრონტზე. გარდა ამისა, სტალინმა სულაც არ ჩათვალა მართებულად იტალიაში განლაგებული ვერმახტის ჯარების მდგომარეობის შედარება იმ ვითარებასთან, რომელიც შეიქმნა დანციგსა და კენიგსბერგთან. მან აღნიშნა, რომ უკანასკნელ შემთხვევაში გერმანელები ალყაში იყვნენ მოქცეულნი და მათი დანებება დიდ გავლენას არ იქონიებდა აღმოსავლეთის ფრონტზე, მაშინ როდესაც იტალიაში კაპიტულაციით ისინი გზას უხსნიდნენ ინგლისელებსა და ამერიკელებს. საბჭოთა ლიდერს ეეჭვებოდა, რომ გერმანელებს რაღაც სხვა მიზეზი ამოძრავებდათ, როდესაც მათ მოლაპარაკებაზე გადაწყვიტეს წასვლა, რადგანაც იტალიაში ისინი ალყაში არ იყვნენ მოქცეული და უკანდასახევი გზა ჰქონდათ. ის შიშობდა, რომ გერმანელები იტალიაში განლაგებულ ძალებს გადაისროდნენ აღმოსავლეთში და მოლაპარაკებებსაც სწორედ საბჭოთა ფრონტზე წინააღმდეგობის გაძლიერების მიზნით აწარმოებდნენ1. წერილის ბოლოს კი სტალინი ნიშნის მოგებით აღნიშნავდა, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე ანალოგიური ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ სთხოვდა ინგლის-აშშ-ს ჯარების მთავარსარდლობას თავისი წარმომადგენლების გამოგზავნას, რადგანაც, მისი აზრით, მოკავშირეებს ასეთ სიტუაციაში ერთმანეთისაგან საიდუმლოებები არ უნდა ჰქონოდათ2.
1. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელები აღმოსავლეთის ფრონტზე ჯარების გადასროლას ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშეც ახერხებდნენ და მხოლოდ ამ მიზნით ბერნში შეხვედრების მოწყობა არ სჭირდებოდათ. მათ აშკარად უფრო დიდი მიზნები ჰქონდათ დასახული.
2. ამ ფრაზის დაწერა სტალინს პრაქტიკულად არანაირ ვალდებულებას არ აკისრებდა. აღმოსავლეთის ფრონტზე მსგავსი სიტუაციის შექმნა უბრალოდ არარეალური იყო და ეს სტალინსაც კარგად ესმოდა.
საბჭოთა მხარის განუწყვეტელი პროტესტების მიუხედავად, კონსულტაციები ბერნში მაინც გრძელდებოდა. 30 მარტს ამერიკელებმა მიიღეს ახალი ცნობა ვოლფისაგან, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ კესელრინგი დათანხმდა, ეცნო კაპიტულაცია იტალიაში გერმანელთათვის საუკეთესო გამოსავლად და გაეზიარებინა თავისი თვალსაზრისი ფიტინგოფისათვის. წერილში ვოლფი იტყობინებოდა იმასაც, რომ მალე ჩამოვიდოდა შვეიცარიაში და განაგრძობდა მოლაპარაკებებს, თუმცა ეს მან ვერ (ან არ) მოახერხა. ამიტომ 2 აპრილს ასკონაში გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ პარილი გამოცხადდა. ამ უკანასკნელმა ამცნო მოკავშირეებს, რომ ვოლფი შეხვდა ფიტინგოფს და მიიღო მისგან თანხმობა მოლაპარაკებების წარმოებაზე1. ამის შემდეგ პარილიმ განაცხადა, რომ გერმანელები შეთანხმების უმთავრეს პირობად მიიჩნევდნენ თავიანთი ჯარების გერმანიაში დაბრუნების უზრუნველყოფას. როგორც ვხედავთ, სტალინმა სწორად შეაფასა გერმანელების ნამდვილი მიზნები. სხვა საქმეა, რომ მოკავშირეთა წარმომადგენლებმა არ მიიღეს გერმანელთა წინადადებები, თუმცა მათ არც მოლაპარაკებები შეუწყვეტიათ, როგორც ეს 1 აპრილს აცნობა რუზველტმა სტალინს2.
1. ეს სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ შეეფერებოდა. ფიტინგოფმა მართლაც მოუწონა ვოლფს ამერიკელებთან ურთიერთობების დამყარება, მაგრამ ნებისმიერი დახმარებისაგან იმ ეტაპზე თავი შეიკავა. არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელებმაც შეიტყვეს ფიტინგოფის ორჭოფული დამოკიდებულების შესახებ ამ საკითხისადმი. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ პერიოდში მათ სცადეს გერმანელი გენერლის მოცილება. ზემოხსენებულმა „უოლიმ“ OSS-ს შეატყობინა ფიტინგოფის შტაბ-ბინის ზუსტი მისამართი, რასაც მოჰყვა დაბომბვა და ფიტინგოფიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს.
2. ამერიკელი მკვლევარი უ. კიმბოლი, სტიმსონზე დაყრდნობით, იცავს რუზველტს და მიიჩნევს, რომ მას, შესაძლოა, არ ჰქონდა სრული ინფორმაცია ბერნის ინციდენტის შესახებ.
აშშ-ს პრეზიდენტის ეს წერილი მიზნად ისახავდა დაძაბულობის მოხსნას. რუზველტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ შვეიცარიაში მიმდინარეობდა მხოლოდ მოსამზადებელი კონსულტაციები, ხოლო ძირითადი მოლაპარაკებები გაიმართებოდა კაზერტაში და იქ მხოლოდ უპირობო კაპიტულაციაზე იქნებოდა საუბარი. ეს იყო აშკარა ტყუილი, თუმცა რუზველტს უკვე სხვა გამოსავალი არ დარჩენოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ალექსანდერი ვერანაირად ვერ შეუშლიდა ხელს გერმანელების მიერ 3 დივიზიის აღმოსავლეთში გადასროლას, რადგანაც ეს დივიზიები გაყვანილ იქნენ იტალიიდან 1945 წლის იანვარ-თებერვალში, ე. ი. მანამდე, სანამ გერმანელებმა საუბარი დაიწყეს კაპიტულაციაზე. ამასთან, ამავე პერიოდში თვითონ მოკავშირეებმაც გადაისროლეს თავისი ნაწილები იტალიიდან დასავლეთის ფრონტზე, სადაც ისინი რაინის ფორსირებისათვის ემზადებოდნენ. გარდა ამისა, რუზველტმა ამცნო სტალინს, რომ იგეგმებოდა შეტევა იტალიაში, რომელიც, მართალია, არ იქნებოდა ფართო მასშტაბის, რადგანაც მოკავშირეებს აქ მხოლოდ 17 დივიზია ჰყავდათ 24-ის წინააღმდეგ, მაგრამ ეს მაინც შეუშლიდა ხელს მომავალში გერმანელთა ჯარების გადაყვანას აპენინის ნ-კ-დან რომელიმე სხვა ფრონტზე. თავისი წერილის ბოლო ნაწილში კი აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთელი ეს საკონფლიქტო სიტუაცია წარმოიშვა ერთი გერმანელი ოფიცრის ინიციატივის გამო, რომელსაც მთავარ მიზნად დასახული ჰქონდა მოკავშირეებს შორის უნდობლობის ჩამოგდება და გამოთქვა იმედი, რომ ეს წერილი სტალინს ყოველგვარ ეჭვებს გაუფანტავდა.
აშკარაა, რომ რუზველტი, როგორც იქნა, მიხვდა ვოლფის მოქმედების ნამდვილ მიზანს, მაგრამ გასაოცარია, რომ მან არც ამის შემდეგ გასცა ბრძანება ბერნის მოლაპარაკებების საბოლოოდ შეწყვეტის შესახებ. კონტაქტები დალესსა და პარილის შორის გრძელდებოდა და დალესიც ღებულობდა ვოლფის წერილებს, რომლებიც ფაქტობრივად არანაირ ფასეულ ინფორმაციას არ შეიცავდა. მხოლოდ 21 აპრილს, იტალიაში მოკავშირეთა შეტევის დაწყებამდე 2 დღით ადრე1, მიიღო დალესმა ბრძანება გაერთიანებული შტაბიდან ვოლფთან ყველანაირი კონტაქტების გაწყვეტის თაობაზე. მიუხედავად ამისა, დალესი ამ ბრძანებას არ დაემორჩილა და როდესაც მიიღო ცნობა პარილისაგან ვოლფისა და გერმანიის არმიის წარმომადგენლის საზღვართან მოსვლის შესახებ, თავის ხელმძღვანელობას მოსთხოვა ახალი ბრძანების გაცემა კონტაქტების აღდგენის შესახებ.
1. სხვა ფრონტებზე მდგომარეობა უკვე გარკვეული იყო: აღმოსავლეთში საბჭოთა ჯარებმა ალყა შემოარტყეს ბერლინს, დასავლეთში კი _ გერმანული ნაწილები, ყოველგვარი ვოლფების გარეშე, თითქმის მასობრივად ნებდებოდნენ ამერიკელებსა და ბრიტანელებს.
მართლაც, დალესმა ასეთი ბრძანება მიიღო 25 აპრილს, მაშინ, როდესაც მოკავშირეთა შეტევა უკვე ორი დღის დაწყებული იყო და მათ მოახერხეს მდ. პოს ხეობაში გერმანელთა თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა, რაც გადამწყვეტ წარმატებას ნიშნავდა. უფრო მეტიც, 25 აპრილს ჩრდილოეთ იტალიაში დაიწყო აჯანყება, რის შედეგადაც ტურინი, გენუა და მილანი პარტიზანების ხელში გადავიდა. ვოლფი თვითონაც ალყაში მოექცა ერთერთ სოფელში, საიდანაც დალესის ხალხმა ის ძლივს გამოიყვანა1. 27 აპრილს დალესმა მიიღო ბრძანება, რომ გადაეგზავნა ვოლფი კაზერტაში, ხოლო თვითონ თავი შეეკავებინა რაიმე მოლაპარაკებებისაგან შვეიცარიაში. ამ დროისათვის გერმანული შენაერთები იტალიაში რაიმე სერიოზულ ძალას არ წარმოადგენდნენ და მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ალბათ უვოლფოდაც დანებდებოდნენ მოკავშირეებს, მაგრამ მაინც გადაწყდა, რომ კაპიტულაცია უფრო სწრაფად სწორედ ვოლფის დახმარებით მოხდებოდა. არ არის გამორიცხული, რომ მოკავშირეებს ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა ტრიესტში ტიტოს ძალებზე უფრო ადრე შესვლის სურვილმა. თუმცა მათ აქაც კაზუსი შეემთხვათ. კაპიტულაციამდე რამდენიმე დღით ადრე ტრიესტი იტალიაში განლაგებული ჯარების იურისდიქციიდან გადაეცა არმიათა ჯგუფ „H“-ის სარდლობას. ასე რომ, კაპიტულაციისას მოკავშირეებმა ტრიესტის ავტომატურად დაკავების უფლება ვერ მიიღეს.
1. როგორც ჩანს, დალესი და მისი ხალხი იმდენად შეიპყრო გამარჯვების უომრად მიღწევის იდეამ, რომ მათ ასეთ სიტუაციაშიც კი არ დაიშურეს ძალ-ღონე კაპიტულაციის მოსაწყობად, რაც ალბათ, პირველ რიგში, უკვე საკუთარი დამსახურებისა და როლის წარმოჩენის სურვილით იყო განპირობებული.
29 აპრილს კაზერტაში ხელი მოეწერა იტალიაში განლაგებული (უფრო სწორად, ტრიესტის მახლობლად გამომწყვდეული) გერმანული ნაწილების უპირობო კაპიტულაციას1. ბუნებრივია, რომ ამ ფაქტმა დიდი ზეგავლენა ვერ მოახდინა სხვა ფრონტებზე არსებულ მდგომარეობაზე, რადგანაც 10 დღეში იქაც ყველაფერი მოთავდა. ასე რომ, ვოლფმა თავის მთავარ მიზანს _ მოკავშირეთა შორის განხეთქილების ჩამოგდებას ვერ მიაღწია, თუმცა, სამაგიეროდ, საჭირო დროს მართლაც შეძლო კაპიტულაციის მოწყობაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი თავის გადარჩენა.
1. ამ კაპიტულაციას დაესწრო გენ. ა. კისლენკო, საბჭოთა წარმომადგენელი იტალიის საქმეების საკონსულტაციო საბჭოში. კაპიტულაციის პირობები ძალაში შედიოდა 2 მაისს, 12 საათზე. აღსანიშნავია, რომ კაპიტულაციის ხელმოწერისას მოხდა მცირე ინციდენტი. გენ. კლარკი შეურაცხყოფილი დარჩა, რომ გერმანელთა წარმომადგენელ ფონ ზენგერს კაპიტულაციაზე ხელის მოწერისას თან ჰქონდა საკუთარი რევოლვერი და უბრძანა მას იარაღის დაყრა, რაც შესრულებული იქნა კიდეც. როგორც ჩანს, კლარკმა არ იცოდა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოკავშირეთა სარდალმა გენ. უილსონმა კაპიტულაციის ძალაში შესვლამდე გერმანელ ოფიცრებს იარაღის ტარების ნება დართო. ამ უკანასკნელთ ეშინოდათ, რომ ზოგიერთ ნაწილს შეიძლება უარი ეთქვა დანებებაზე და არ დამორჩილებოდა საკუთარ ხელმძღვანელობას.
და მაინც, ვოლფი თავის საბოლოო მიზანთან საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა 1945წ. აპრილის დასაწყისში. სტალინმა რუზველტის 1 აპრილის წერილი დამაკმაყოფილებლად სულაც არ ჩათვალა. 3 აპრილს მან აშშ-ს პრეზიდენტს, და საერთოდ დასავლეთელ მოკავშირეებს, სერიოზული ბრალდება წარუყენა. სტალინმა განაცხადა, რომ საბჭოთა ინფორმატორების ცნობებით, ბერნში მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომლის თანახმადაც კესელრინგი დათანხმდა ინგლისელებსა და ამერიკელებს დასავლეთის ფრონტის მოხსნას დაზავების პირობების შემსუბუქების სანაცვლოდ. მისი აზრით, ყოველივე ეს ძალიან წააგავდა სიმართლეს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოთა წარმომადგენლებს მიიწვევდნენ შვეიცარიაში. სტალინის თქმით, მას კარგად ესმოდა, თუ რა დივიდენდებს მიიღებდნენ ინგლის-აშშ-ს ჯარები ამ სეპარატული მოლაპარაკებების შედეგად, მაგრამ ეს, მისი აზრით, მაინც არ იქნებოდა გამართლებული, რადგანაც მოკავშირეთა შორის ნდობის შენარჩუნება-განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გერმანიის სიღრმეში პრაქტიკულად უბრძოლველად წინსვლა. საბჭოთა ლიდერის განცხადებით, ის არასდროს არ გადადგამდა მსგავს ნაბიჯს.
სტალინის ასე მკვეთრად გამოხატულ უკმაყოფილებას და მოკავშირეების პირდაპირ დადანაშაულებას კესელრინგთან ხელშეკრულების დადებასა და ამის სანაცვლოდ სამხედრო წარმატებების მოპოვებაში, საკმაოდ სერიოზული მიზეზები ჰქონდა. მას კარგად ესმოდა, რომ ომის შემდგომ პოლიტიკურად გაცილებით უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებოდა ის მხარე, რომლის ჯარებიც დაიკავებდნენ ბერლინს. სტალინს ეშინოდა, რომ ამერიკელები და ინგლისელები მართლაც წავიდოდნენ გერმანელებთან შეთანხმებაზე, რათა პირველებს მიეღწიათ გერმანიის დედაქალაქამდე. ერთი შეხედვით, მას თითქოს არ უნდა ჰქონოდა ასეთი შიშის საფუძველი, რადგანაც 1945წ. 28 მარტს მოკავშირეთა ჯარების უმაღლესმა მთავარსარდალმა დასავლეთ ევროპაში დუაიტ ეიზენჰაუერმა საბჭოთა ლიდერს აცნობა, რომ მისი ძალების მთავარი დარტყმა ბერლინის სამხრეთით _ ერფურტის, ლაიფციგისა და დრეზდენისაკენ იქნებოდა მიმართული. ამ ინფორმაციას სტალინი უნდა დაემშვიდებინა, მაგრამ მან ან რაღაც იცოდა, ან უბრალოდ ხვდებოდა, რომ ბერლინის საკითხზე მოკავშირეებს შორის თანხმობა არ არსებობდა. მართლაც, დასავლეთელ მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო ბერლინის ასაღებად ოპერაციის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ. ამ დისპუტმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი სწორედ ეიზენჰაუერის აღნიშნული წერილის შემდეგ მიიღო. ჩერჩილმა ჩათვალა, რომ მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდალმა გადაამეტა თავის უფლებებს, როდესაც აცნობა სტალინს თავისი გეგმის შესახებ. მართალია, 1945წ. იანვარში ეიზენჰაუერს მიეცა უფლება, სამხედრო საკითხების თაობაზე პირდაპირ დაკავშირებოდა მოსკოვს, მაგრამ, ბრიტანეთის პრემიერის აზრით, ეს პრობლემა სცილდებოდა მხოლოდ სამხედრო ჩარჩოებს და მას პოლიტიკური ასპექტებიც ჰქონდა. ჩერჩილი საჭიროდ თვლიდა ბ. მონტგომერის ძალებისათვის ყველა შესაძლო ნაწილის დამატებას და ამ შენაერთის გაგზავნას ბერლინის მიმართულებით. მან მიმართა კიდეც აღნიშნული წინადადებით გაერთიანებულ შტაბს. საბოლოოდ, ამერიკელებმა მაინც ძალაში დატოვეს ეიზენჰაუერის გეგმა, რაც რეალობის საღად შეფასებას ნიშნავდა. ეიზენჰაუერის თქმით, ბერლინის აღება მაშინ, როდესაც საბჭოთა ჯარები გერმანიის დედაქალაქიდან დაახლოებით 50-55კმ-ზე იმყოფებოდნენ, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ უზარმაზარი მსხვერპლის _ 100 ათ. ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად და ასეთი დანაკარგებიც კი არ იძლეოდა წარმატების სრულ გარანტიას1.
გარდა ამისა, რუზველტი ითვალისწინებდა იმ გარემოებასაც, რომ იალტაში ის და ჩერჩილი დათანხმდნენ ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში მოქცევას, რაც იძულებულს გახდიდა მათ, გერმანიის დედაქალაქის აღების შემთხვევაში მაინც გადაეცათ ქალაქი საბჭოთა მხარისათვის.
1. აღსანიშნავია, რომ თუ ამერიკელმა სარდლებმა 100 ათ. კაცი უზარმაზარ მსხვერპლად ჩათვალეს, საბჭოთა მხარე ასე სულაც არ ფიქრობდა. 100 ათ. კაცი მარშალმა გ. ჟუკოვმა 2 დღეში შეაწყვიტა ზეელის სიმაღლეების აღებას, საერთო ჯამში კი ბერლინის აღებისას დაიღუპა 500 ათ. საბჭოთა ჯარისკაცი.
სტალინის ბრალდებები, რასაკვირველია, არ შეიძლებოდა უპასუხოდ დარჩენილიყო და 1945წ. 5 აპრილს საბჭოთა ლიდერმა მიიღო მორიგი წერილი რუზველტისაგან. აღნიშნულ წერილში აშშ-ს პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი გაოცება სტალინის ბრალდების გამო, თითქოს ბერნში დაიდო შეთანხმება კესელრინგთან, რისი შედეგიც იყო აშშ-ინგლისის ჯარების ელვისებური წინსვლა დასავლეთის ფრონტზე. ეს, რუზველტის თქმით, ინგლისელთა და ამერიკელთა სამხედრო წარმატებებით იყო განპირობებული და რომ ეიზენჰაუერი მოწინააღმდეგე მხარესთან დადებდა მხოლოდ ერთ შეთანხმებას, კერძოდ, მიიღებდა უპირობო კაპიტულაციას. გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ბერნში მიმდინარე შეხვედრები ატარებდა საკონსულტაციო ხასიათს, რის გამოც მათ არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური კონტექსტი და არავითარი მოლაპარაკებები კაპიტულაციის შესახებ იქ არ წარმოებულა. ამასთან, რუზველტმა აღუთქვა სტალინს, რომ საბჭოთა წარმომადგენლებს მიიწვევდნენ იტალიაში მყოფი გერმანიის ჯარების უპირობო კაპიტულაციის პრინციპზე დაფუძნებული დანებების პროცედურაზე დასასწრებად. წერილის დასკვნით ნაწილში რუზველტმა გამოხატა თავისი უკიდურესი უკმაყოფილება იმ პირების მიმართ, რომლებმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საბჭოთა ლიდერს ბერნის შეხვედრების შესახებ და გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ცნობები მიღებული იყო გერმანული წყაროებიდან1. აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვოლფმა ეტყობა ნაწილობრივ მიაღწია კიდეც თავის მიზანს და შეძლო მოკავშირეთა შორის გარკვეული განხეთქილების შეტანა, რის დასტურადაც გამოდგებოდა სტალინის 3 აპრილის წერილი.
1. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მართლაც ძალზე სავარაუდო უნდა იყოს.
რუზველტს ამჯერად მხარი აუბა ჩერჩილმაც, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სტალინთან მიმოწერისას ფაქტობრივად არ შეხებია „ბერნის ინციდენტს“. როგორც ჩანს, მისი გააქტიურება გამოიწვია სტალინის ზემოხსენებული 3 აპრილის წერილის ერთმა ნაწილმა, რომელშიც საბჭოთა ლიდერმა მთელი პასუხისმგებლობა ბერნში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ინგლისელებს დააკისრა და ამერიკელები მათი ინტრიგების მსხვერპლად გამოიყვანა. ჩერჩილმა სტალინს აუწყა, რომ ინგლისელები უკიდურესად გაოცებულნი და შეურაცხყოფილნი დარჩნენ ამგვარი ბრალდებით1. ინგლისის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ შვეიცარიაში გერმანელთა იტალიაში კაპიტულაციის შესახებაც კი არ შემდგარა არავითარი მოლაპარაკებები და, მით უმეტეს, ამ შეხვედრებზე არ დადებულა ასეთი სამარცხვინო სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება. ჩერჩილმა აღნიშნა, რომ ბერნის კონსულტაციების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გათვალისწინებული იყო საბჭოთა წარმომადგენლების მიწვევა ალექსანდერის შტაბში საბოლოო მოლაპარაკებებზე, თუმცა კონტაქტების ჩაშლის გამო ამ იდეიდან არაფერი არ გამოვიდა. წერილის ბოლოს ინგლისის პრემიერმა გაიზიარა რუზველტის აღშფოთება საბჭოთა ინფორმატორებზე მათ მიერ სტალინისათვის არასწორი ცნობების მიწოდების გამო.
წააწყდა რა რუზველტისა და ჩერჩილის მხრიდან ასეთ მწვავე რეაქციას, სტალინი იძულებული გახდა, საპასუხო წერილში, რომელიც მან აშშ-ს პრეზიდენტს 1945წ. 7 აპრილს გაუგზავნა, ოდნავ შეერბილებინა ტონი და უარი ეთქვა გერმანელებთან შეთანხმებაში თავისი მოკავშირეების პირდაპირ დადანაშაულებაზე. საბჭოთა ლიდერმა განაცხადა, რომ მას არ ეპარებოდა ეჭვი რუზველტისა და ჩერჩილის პატიოსნებასა და საიმედოობაში. მან აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა მხოლოდ იმას, თუ როგორ აფასებდნენ მხარეები თავიანთ მოკავშირულ ვალდებულებებს. სტალინის თქმით, ამ საკითხისადმი ინგლისსა და აშშ-ს სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ, ვიდრე საბჭოთა კავშირს, თუმცა, მისი აზრით, სწორედ საბჭოთა მიდგომა იყო სწორი, რადგანაც ის გამორიცხავდა ყოველგვარ ეჭვებს მოკავშირეთა ურთიერთობებში და არ მისცემდა მოწინააღმდეგეს მათ შორის უნდობლობის ჩამოგდების საშუალებას. საბჭოთა ლიდერი არ დაეთანხმა რუზველტს არც იმაში, რომ დასავლეთის ფრონტზე ინგლისელებისა და ამერიკელების წარმატებები გამოწვეული იყო მხოლოდ გერმანელების მიერ იქ განცდილი სამხედრო კრახით. მან განაცხადა, რომ გერმანელებს თავისუფლად შეეძლოთ დასავლეთში 15-20 დივიზიის გადასროლა აღმოსავლეთის ფრონტიდან, სადაც მათ 147 დივიზია ჰყავდათ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სტალინს ძალიან უცნაურად მიაჩნდა, რომ მოწინააღმდეგე გააფთრებით ებრძოდა საბჭოთა ჯარებს ჩეხოსლოვაკიაში რომელიღაც ნაკლებად ცნობილ სადგურ ზემლიანიცასათვის, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა გერმანიისათვის, მაშინ როდესაც ინგლისელები და ამერიკელები ფაქტობრივად უბრძოლველად იღებდნენ ოსნაბრიუკს, მანჰაიმსა და კასელს _ საკვანძო პუნქტებს გერმანიის ცენტრში.
1. როგორც ჩანს, სტალინის ამგვარ ბრალდებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ მოკავშირეთა ჯარებს იტალიაში სარდლობდა ბრიტანელი ფელდმარშალი ალექსანდერი. არადა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელებს აშკარად ძალზედ მცირე წვლილი მიუძღოდათ „ბერნის ინციდენტში“. მთელი ამ ავანტიურის მთავარ სულისჩამდგმელად თამამად შეიძლება ჩაითვალოს ალენ დალესი, რომელმაც ვოლფის მიერ მომზადებული სატყუარა მთლიანად ჩაყლაპა.
უნდა ითქვას, რომ, ჩვენი აზრით, სტალინის ამ განცხადებას გულწრფელობა აკლდა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ გერმანელებს ერჩივნათ კაპიტულაციის გამოცხადება სწორედ დასავლეთელი მოკავშირეების და არა საბჭოთა კავშირის წინაშე. ასე რომ, მისთვის სრულიადაც არ უნდა ყოფილიყო გაუგებარი მოწინააღმდეგის ამგვარი მოქმედება. შესაძლოა, სტალინის ეს განცხადება სხვა არაფერი იყო, თუ არა ინგლისელებისა და ამერიკელების კიდევ ერთხელ დადანაშაულება გერმანელებთან შეთანხმების დადებაში, ოღონდ ამჯერად ყოველივე ეს ბევრად უფრო დიპლომატიურად იყო გამოთქმული. ამას ადასტურებს ისიც, რომ წერილის ბოლოს სტალინმა დაიცვა თავისი ინფორმატორები, რომლებიც, მისი თქმით, არაერთხელ იყვნენ შემოწმებულნი საქმეში. გარდა ამისა, მან ეჭვი შეიტანა მოკავშირეთა მიერ მოწოდებული ცნობების სისწორეში, რის დასტურადაც მოიყვანა ჯ. მარშალის მონაცემები, რომლებიც 1945წ. თებერვალში გადაეცა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.
სტალინის განცხადებით, ამერიკელი გენერლის ინფორმაციის თანახმად, მარტში გერმანელები აპირებდნენ ორი მძლავრი კონტრშეტევის მოწყობას აღმოსავლეთის ფრონტზე. ერთი შეტევა მიმართული იქნებოდა პომერანიიდან ტორნისკენ, ხოლო მეორე _ მორავსკა ოსტრავიდან ლოძისკენ. მარშალის ეს მონაცემები თავიდან ბოლომდე მცდარი აღმოჩნდა. სტალინი ერთგვარი ნიშნის მოგებით უცხადებდა რუზველტს, რომ 1945წ. მარტში გერმანელებმა მართლაც მოაწყვეს კონტრშეტევა, ოღონდ ბუდაპეშტის მიდამოებში, კერძოდ, ბალატონის ტბის რაიონში და მარშალმა ტოლბუხინმა, საბჭოთა ლიდერის თქმით, კატასტროფის თავიდან აცილება მხოლოდ საბჭოთა ინფორმატორების წყალობით მოახერხა, რომელთაც, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაიგეს გერმანელების ნამდვილი გეგმები და აცნობეს მათ შესახებ მთავარსარდლობას. ასე რომ, სტალინმა ფაქტობრივად უკან არ დაიხია, თუმცა ამჯერად უფრო დიპლომატიური ტონით ამჯობინა ფონს გასვლა. მან აღნიშნული წერილი ჩერჩილსაც გადაუგზავნა პატარა შესავლით, რომელშიც ინგლისის პრემიერს აცნობა, რომ თუ მისი ყველა გულწრფელი განცხადება შეურაცხყოფად იქნებოდა აღქმული, ეს ძალზე გაართულებდა მიმოწერას.
სტალინის 7 აპრილის წერილით „ბერნის ინციდენტი“ ფაქტობრივად ისტორიას ჩაბარდა. ჩერჩილი შემდგომში არც შეხებია ამ თემას, ხოლო რუზველტმა 12 აპრილს (თავის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე) სტალინს გამოუგზავნა პატარა ბარათი, რომელშიც მადლობა გადაუხადა მას თავისი თვალსაზრისის გულწრფელად გაზიარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები არ განმეორდებოდა. როგორც ჩანს, არც მას სურდა ამ საკითხზე შეჩერება, მით უმეტეს, რომ 1945წ. 5 აპრილს სტალინმა ინგლისსა და აშშ-ს სამოკავშირო ვალდებულებების დაცვის მაგალითი უჩვენა, როდესაც მოახდინა 1941 წლის 13 აპრილს იაპონიასთან დადებული პაქტის დენონსირება. ასე და ამგვარად, ვოლფის მიერ 1945წ. თებერვალში დაწყებულმა პროვოკაციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მოკავშირეებს შორის საკმაოდ დიდი დაძაბულობა ჩამოაგდო.
$2. სან ფრანცისკოს კონფერენცია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნა
ბერნის ინციდენტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ანტიჰიტლერულმა კოალიციამ დიდი დანაკლისი განიცადა. 1945წ. 12 აპრილს უორმ სპრინგსში გარდაიცვალა აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი. ამ ფაქტმა გერმანიის ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებში ახალი იმედები გააღვიძა. ჰიტლერმა ეს მოვლენა მიიჩნია იმის ნიშნად, რომ გერმანია გადარჩებოდა. მისი აზრით, რუზველტის სიკვდილის შემდეგ სამხედრო კონფლიქტი ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებს შორის გარდაუვალი იქნებოდა. ჰიტლერის ამ იმედებს თითქოს ჰქონდა კიდეც გარკვეული საფუძველი. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ხომ ჰარი ტრუმენი გახდა _ სწორედ ის ჰარი ტრუმენი, რომელმაც გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის პირველ დღეებში შემდეგი განცხადება გააკეთა: „თუ ჩვენ ვნახავთ, რომ იმარჯვებს გერმანია, მაშინ უნდა დავეხმაროთ საბჭოთა კავშირს, ხოლო თუ რუსები დაიწყებენ გამარჯვებას, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ გერმანიას, და დაე მათ ხოცონ ერთმანეთი“. ასევე ცნობილი იყო ტრუმენის უფრო მკვეთრი ანტისაბჭოური განცხადებაც: „ნაციზმთან ომში კომუნისტების გამარჯვება არანაკლებ და უფრო სახიფათოც კი არის, ვიდრე ჰიტლერის მიერ რუსეთის დაპყრობა“.1 ბუნებრივია, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ამგვარი განცხადებები ჰიტლერსა და მის გუნდს ნამდვილად აძლევდა ერთგვარი ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ იმედი, რომელსაც ისინი თეთრი სახლის ახალ პატრონზე ამყარებდნენ, ფუჭი აღმოჩნდა. 1945წ. აპრილში ტრუმენი სულაც არ აპირებდა გერმანიის ხსნას. 22 აპრილს, მოლოტოვთან შეხვედრისას, აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის დაიცავდა რუზველტის მიერ ხელმოწერილ ყველა შეთანხმებას. თუმცა, როგორც სულ მოკლე ხანში გახდა ნათელი, ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ტრუმენი მომავალში გააგრძელებდა რუზველტისეული დათმობების პოლიტიკას. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისართან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრ სახლში შედგა საგანგებო თათბირი, რომელზეც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირთან მიმართებაში ის გაცილებით უფრო ხისტ პოლიტიკას გაატარებდა. ტრუმენზე გაცილებით უფრო შორს მიდიოდა ზოგიერთი ამერიკელი სამხედრო თუ პოლიტიკური მოღვაწე, რომლებსაც ღრმად სწამდათ, რომ ცოტა ხანში უკვე სსრკ-ს წინააღმდეგ მოუწევდათ ომის წარმოება. მათ ასეთი ომის გაჩაღების პროპაგანდაც დაიწყეს, თუმცა მათი აზრი პრეზიდენტმა არ გაიზიარა.
1. დაახლოებით იგივე ტონით საუბრობდა რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერი რობერტ ტაფტი, რომელიც აღნიშნავდა, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისით ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის განსხვავება არ იყო. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, კომუნიზმი უფრო სახიფათო იყო, ვიდრე ფაშიზმი, რადგანაც ის უფრო ფართო მასებზე იყო გათვლილი.
ტრუმენის შედარებით უფრო მკაცრმა კურსმა თავისი პირველი რეალური გამოვლინება ჰპოვა 1944წ. 25 აპრილს სან ფრანცისკოში დაწყებულ გაერთიანებული ერების დამფუძნებელ კონფერენციაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გადაწყვეტილება კონფერენციის მოწვევის შესახებ მიღებულ იქნა იალტის სამიტზე. 1945წ. 5 მარტს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, სსრკ-სა და ჩინეთის სახელით კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევები დაურიგდა 39 სახელმწიფოს1. უკანასკნელ მომენტში კონფერენციის ორგანიზატორ სახელმწიფოთა რიცხვს გამოაკლდა საფრანგეთი, რომლის დროებითი მთავრობის მეთაურმა გენერალმა შარლ დე გოლმა იუკადრისა მისი არმიწვევა ყირიმის კონფერენციაზე და წამოაყენა აპრიორი მიუღებელი წინადადება, რომ დუმბარტონ ოქსში მიღებული გადაწყვეტილებები ყოფილიყო მხოლოდ მოლაპარაკებების, და არა გაეროს წესდების, ბაზისი. შედეგად, კონფერენციაზე საფრანგეთი მონაწილეობდა, როგორც უბრალო წევრი.
1. მოგვიანებით მოსაწვევი გაეგზავნა აგრეთვე სირიასა და ლიბანს. საბოლოო ჯამში, უკვე კონფერენციის დაწყების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების მოწვევის შედეგად მონაწილეთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
სან ფრანცისკოს კონფერენციის დაწყებისათვის უკვე ნათელი გახდა, რომ მოკავშირეებს შორის საკმაოდ სერიოზული პრობლემები არსებობდა. კონფერენციაზე პოლონეთის პროსაბჭოური მთავრობის არმიწვევის გამო სტალინი ჯერ კიდევ მარტში აპირებდა მოლოტოვის შეცვლას გრომიკოთი. რუზველტმა ამასთან დაკავშირებით ისიც კი სთხოვა სტალინს, რომ მოლოტოვი „უმნიშვნელოვანეს გახსნით სხდომებს“ მაინც დასწრებოდა, რათა მისი არყოფნა არ აღქმულიყო საბჭოთა მხარის მიერ კონფერენციის უგულებელყოფად. მიუხედავად ამისა, სტალინი თავიდან არ აპირებდა დათმობაზე წასვლას, მაგრამ რუზველტის სიკვდილის შემდეგ მან გადაიფიქრა და დელეგაციის სათავეში მაინც მოლოტოვის ჩაყენება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ 24 აპრილს, კონფერენციის გახსნის წინა დღეს, იყო იმის საშიშროება, რომ საბჭოთა დელეგაციას დაეტოვებინა სან ფრანცისკო, რამაც ამერიკელებისა და პრეზიდენტ ტრუმენის ერთგვარი კმაყოფილებაც კი გამოიწვია. სენატორი ვანდერბერგი აღნიშნავდა, რომ ეს საშუალებას მისცემდა ამერიკელებს, მაქსიმალურად განეხორციელებინათ თავიანთი მიზნები კონფერენციაზე. როგორც ჩანს, საბჭოთა მხარე მიხვდა, რომ პროტესტის ამგვარად გამოხატვა მათთვისვე იქნებოდა საზიანო და თავი შეიკავეს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისაგან. კონფლიქტის მიზეზი ამ შემთხვევაში იყო კონფერენციის მონაწილეთა საკითხი. მართალია, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებს არ შეუშლიათ ხელი კონფერენციაზე უკრაინის სსრ-სა და ბელორუსიის სსრ-ს დელეგაციების მოწვევისათვის, რითაც ცნეს ისინი ახალი ორგანიზაციის წევრებად, სამაგიეროდ მათ სავსებით დასაბუთებულად თქვეს უარი პოლონეთის წარმომადგენლების დაშვებაზე. ამის მიზეზი გახდა ყირიმის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რომლის თანახმადაც პოლონეთში უნდა მომხდარიყო მთავრობის რეორგანიზება და ახალი არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია, ამან საბჭოთა დელეგაციის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც გადაწყდა კონფერენციაზე არგენტინის მოწვევა1.
1. არგენტინის მოწვევა კონფერენციაზე ნამდვილად შეთანხმებული პირობების დარღვევით მოხდა, რადგანაც ის არ იყო არც გაერთიანებული ერების დეკლარაციის ხელისმომწერი ქვეყანა და იმ მომენტისათვის მას არც გერმანიისთვის ჰქონდა ომი გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, აშშ-ს დიდი ზეწოლის შედეგად არგენტინა მოიწვიეს კონფერენციაზე. როგორც ჩანს, ამის მთავარი მიზანი იყო ლათინური ამერიკის ქვეყნების დარაზმვა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც, სენატორ ვანდერბერგის თქმით, მან შეძლო.
კონფერენციის მსვლელობა სამ ეტაპად დაიყო: პირველ სტადიაზე, 25 აპრილიდან 2 მაისამდე, შედგა 8 პლენარული სხდომა. გარდა ამისა, გაერთიანებული ერების დელეგაციების მეთაურები ცალკე იკრიბებოდნენ და წყვეტდნენ, თუ რა საკითხები უნდა განხილულიყო პლენარულ სხდომებზე. მეორე ეტაპი, რომლის დროსაც მოხდა გაეროს წესდების შემუშავება და შეთანხმება კომიტეტებში, საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა და დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. შედეგად, კონფერენციის დასკვნითი ეტაპი, როდესაც მხარეებს უნდა დაემტკიცებინათ პლენარულ სხდომაზე წესდების პროექტი და ხელი მოეწერათ მასზე, დაიწყო მხოლოდ 1945წ. 25 ივნისს.
კონფერენციაზე განხილულ იქნა დუმბარტონ ოქსში შემუშავებული წესდება და მასში შეტანილ იქნა მთელი რიგი დამატებები. ასე, მაგალითად, წესდებას დაემატა პრეამბულა, რომელშიც მოკლედ იქნა ჩამოყალიბებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და პრინციპები. უფრო ვრცლად ეს ყველაფერი ჩაიწერა წესდების I თავში.
წესდების მეორე თავში _ „ორგანიზაციის წევრები“ _ განსაზღვრულ იქნა, თუ რა პრინციპით მოხდებოდა ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღება. აღინიშნა, რომ დამფუძნებელი წევრები იყვნენ ის სახელმწიფოები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სან ფრანცისკოს კონფერენციაში ან თავის დროზე ხელი მოაწერეს 1942წ. 1 იანვრის გაერთიანებული ერების დეკლარაციას და მოახდინეს წესდების რატიფიცირება. ამგვარი ფორმულირება პრაქტიკულად მიღებული იქნა მხოლოდ პოლონეთის გამო, რადგანაც ის იყო ერთადერთ სახელმწიფო, რომელსაც ხელი ჰქონდა მოწერილი დეკლარაციაზე, მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, გარკვეული მიზეზების გამო, არ იყო წარმოდგენილი სან ფრანცისკოს კონფერენციაზე. გარდა ამისა, განისაზღვრა, რომ ორგანიზაციაში შესაძლებელი იქნებოდა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს მიღება და მისი წესდების სისტემატურად დამრღვევი ნებისმიერი წევრის გარიცხვა უშიშროების საბჭოს რეკომენდაციისა და გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების საფუძველზე.
წესდების III თავში ჩამოყალიბებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურა და ორგანოები. აქ თითქმის უცვლელი დარჩა დუმბარტონ ოქსში შეთანხმებული ტექსტი, მხოლოდ ძირითადი ორგანოების ჩამონათვალში გენერალური ასამბლეას, უშიშროების საბჭოს, საერთაშორისო სასამართლოსა და სამდივნოს დაემატა ეკონომიკური და სოციალური საკითხების საბჭო და სამეურვეო საბჭო.
საკმაოდ დაძაბული კამათი გაიმართა გენერალური ასამბლეის ფუნქციების შესახებ. ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, კანადის, ნიდერლანდებისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოების წინადადებას, რომ გენერალურ ასამბლეას მინიჭებოდა ყველა უფლება, რაც დუმბარტონ ოქსის შეთანხმებებით უშიშროების საბჭოს უნდა ჰქონოდა, მხარი დაუჭირეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმაც. მაგრამ მოგვიანებით, საბჭოთა დელეგაციის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, დიდი სახელმწიფოები დაუბრუნდნენ დუმბარტონ ოქსში მიღებულ ფორმულირებებს და მხოლოდ ოდნავ განავრცეს ისინი. შედეგად, გენერალურ ასამბლეას მიენიჭა გამოკვლევების ჩატარებისა და რეკომენდაციების მიცემის უფლება, რაც მიზნად ისახავდა პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობას, საერთაშორისო სამართლის განვითარებასა და მის კოდიფიკაციას. გარდა ამისა, გენერალურ ასამბლეას მიენიჭა უფლება, მიეცა რეკომენდაციები საყოველთაო კეთილდღეობისათვის ნებისმიერი სახის სახიფათო სიტუაციების დარეგულირებისათვის.
ძირითადი ბრძოლა სან ფრანცისკოში, ბუნებრივია, გაიმართა უშიშროების საბჭოში კენჭისყრის პროცედურის შესახებ საკითხის განხილვისას. გაირკვა, რომ იალტაში შეთანხმებული ფორმულა მხარეებს სხვადასხვანაირად ესმოდათ. კერძოდ, საუბარი ეხებოდა სადავო საკითხის განხილვას უშიშროების საბჭოში. საბჭოთა დელეგაცია აცხადებდა, რომ მუდმივ წევრებს უნდა ჰქონოდათ ვეტო თვით ასეთი საკითხის დღის წესრიგში შეტანის დროსაც კი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მიღებული იქნა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ წამოყენებული ფორმულირება, რომელიც ამგვარ შემთხვევებს განიხილავდა, როგორც საპროცედურო საკითხებს და მასზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო მხოლოდ უბრალო უმრავლესობა. სამაგიეროდ, საბჭოში საკითხის განხილვისას მუდმივ წევრს უკვე შეეძლო ვეტოს გამოყენება, ოღონდ, რასაკვირველია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დავა უშუალოდ ამ სახელმწიფოს ეხებოდა. სწორედ ამ უკანასკნელი მომენტის გამო სურდა საბჭოთა მხარეს ჰქონოდა ვეტოს დადების უფლება საპროცედურო საკითხებზეც. მაისის შუა რიცხვებში კვლავ გაჩნდა საბჭოთა კავშირის მხრიდან კონფერენციის ბოიკოტირების საფრთხე უშიშროების საბჭოში კენჭისყრის საკითხის გამო. სიტუაციის განსამუხტავად ტრუმენმა, ბოლენის რჩევით, მოსკოვში გააგზავნა ჰოპკინსი, რომელმაც შეძლო სტალინის დარწმუნება, რომ აშშ-ს მიერ წარმოდგენილი ვარიანტი არ შეიცავდა რაიმე ხიფათს საბჭოთა კავშირისათვის. შედეგად მოლოტოვი დაბრუნდა სან ფრანცისკოში და 8 ივნისს მიღწეულ იქნა შეთანხმება ყირიმში შემუშავებული ფორმულის ძალაში დატოვებაზე. სხვა შემთხვევებში დუმბარტონ ოქსში მიღებული გადაწყვეტილებები პრაქტიკულად უცვლელად იქნა დამტკიცებული.
წესდების VI თავი დაეთმო დავების მშვიდობიანად მოგვარებას. მასში აღინიშნა, რომ სადავო საკითხის წარმოშობის შემთხვევაში მხარეებმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ მის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, ხოლო თუ ისინი ამას ვერ მოახერხებენ, საკითხი განსახილველად გადასცენ უშიშროების საბჭოს. გარდა ამისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც წარმოიშობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის სახიფათო კონფლიქტი, უშიშროების საბჭოს მიეცა უფლება, განახორციელოს აუცილებელი ზომები კონფლიქტის მოსაგვარებლად და საჭიროების შემთხვევაში ძალაც გამოიყენოს მშვიდობის დასამყარებლად. ყოველივე ამან ასახვა ჰპოვა წესდების VII თავში.
გარკვეული სირთულეები წარმოიშვა რეგიონალურ შეთანხმებებთან დაკავშირებით. ლათინური ამერიკისა და აშშ-ს წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ უშიშროების საბჭო არ უნდა ჩარეულიყო ამერიკის კონტინენტის საქმეებში და იქ წარმოშობილი კონფლიქტები ადგილობრივი შეთანხმებებით უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ მოხსნა თავისი მოთხოვნა. საბოლოო ჯამში, წესდების VIII თავში აღინიშნა, რომ გაერო არანაირად არ უშლიდა ხელს რეგიონალური ორგანიზაციების შექმნას, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება ძალის გამოყენების შესახებ უნდა მიეღო უშიშროების საბჭოს.
საერთაშორისო ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა წესდების IX თავი, რომელშიც ჩამოყალიბდა შესაბამისი პრინციპები2. X თავში კი განისაზღვრა სპეციალური საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომელიც დაკავებული იქნებოდა ეკონომიკური და სოციალური საკითხებით.
საკმაოდ მძიმე ბრძოლა გაიმართა მეურვეობის საერთაშორისო სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. წესდების XI-XIII თავები დაეთმო არათვითმმართველი ტერიტორიების საკითხების განსაზღვრას. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო მეურვეობის საკითხზე საკმაოდ დაძაბული დებატები გაიმართა. საფრანგეთის დელეგაციამ წარმოადგინა პროექტი, რომელიც საერთოდ გამორიცხავდა კოლონიებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას, ხოლო საერთაშორისო მეურვეობის სისტემაში უნდა შესულიყო მხოლოდ მანდატსქვეშ მყოფი ტერიტორიები და ის მიწები, რომლებსაც წაართმევდნენ მოწინააღმდეგეს მიმდინარე ომის შედეგად. ბრიტანელებმა ფაქტობრივად ძველი სამანდატო სისტემის აღდგენა მოისურვეს, ხოლო ამერიკელები საკმაოდ საჩოთირო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მათ სჭირდებოდათ იაპონიის მანდატსქვეშ მყოფი კუნძულების დაკავების დაკანონება, ამიტომაც მათი პროექტიდან ამოვარდა კოლონიებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების დებულება. მიუხედავად ამგვარი წინააღმდეგობებისა, საბოლოო ჯამში, კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მეურვეობის სისტემის მთავარი ამოცანა იყო სამეურვეო ტერიტორიების პროგრესული განვითარება დამოუკიდებლობისაკენ ან თვითმმართველობისაკენ აღნიშნული ტერიტორიისა და მისი ხალხების სპეციფიკურობის გათვალისწინებით. სამეურვეო სისტემა არ შეიძლებოდა გავრცელდებულიყო გაეროს წევრ სახელმწიფოებზე.
საერთაშორისო სასამართლოს და სამდივნოს საკითხების განხილვისას პრაქტიკულად უპრობლემოდ იქნა დამტკიცებული დუმბარტონ ოქსში შეთანხმებული წინადადებები, რამაც ასახვა ჰპოვა წესდების XIV და XV თავებში. გარკვეული უთანხმოება აქ იყო მხოლოდ გენერალური მდივნის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებში, როდესაც აშშ-ს დელეგაციამ სცადა, ის გამოეცხადებინა საპროცედურო საკითხად, მაგრამ სხვა დიდმა სახელმწიფოებმა არ დაუჭირეს მხარი ამ წინადადებას.
წესდების დასკვნითი ოთხი თავი მიეძღვნა სხვადასხვა დადგენილებებს, გარდამავალ პერიოდში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად განსახორციელებელ ღონისძიებებს, შესწორებებს და წესდების რატიფიკაციასა და ხელმოწერას. გაეროს წესდება ხელმოწერილი იქნა სან ფრანცისკოში 1945წ. 26 ივნისს. პროცედურა დილით ადრე დაიწყო. წესდებაზე პირველი ხელმოწერები გააკეთეს ჩინეთმა, საბჭოთა კავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ, როგორც მასპინძელმა სახელმწიფოებმა, შემდეგ საფრანგეთმა, რის შემდეგაც ყველა დანარჩენმა მონაწილე სახელმწიფომ ანბანის მიხედვით. წესდება ძალაში შევიდა 1945წ. 24 ოქტომბერს, როდესაც ის რატიფიცირებული იქნა უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრისა და ხელისმომწერ სახელმწიფოთა 2/3-ის მიერ.
სან ფრანცისკოს კონფერენციაზე გაეროს წესდების დამტკიცებისა და ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფუძნების მნიშვნელობა ძალიან დიდი იყო. გაერო ერთა ლიგასთან შედარებით წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა. გაეროს შექმნა დადებითად შეფასდა მთელს მსოფლიოში1. მისი შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ დიდი სამეულის სახელმწიფოების ურთიერთშეთანხმებული მოქმედების შედეგად. მათ მიერ თავისთვის დაკანონებულმა ვეტოს უფლებამ საკმაოდ პოზიტიური როლი შეასრულა თავის დროზე და, შესაძლოა, მსოფლიოს თავიდან ააცილა ბირთვული ომი, თუმცა, დღესდღეობით, გაეროს ეფექტურობის ხარისხი საკმაოდ დაბალია, რისი მთავარი მიზეზიც სწორედ ერთხმივობის პრინციპია.
1. ლ. ალექსიძე. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. თბ., 1985, გვ.
$3. გერმანიის კაპიტულაცია
1945წ. 16 აპრილს საბჭოთა ჯარებმა დაიწყეს შეტევა ბერლინზე და 25 აპრილისათვის გერმანიის დედაქალაქი მთლიანად ალყაში მოაქციეს. ამავე დროს, ინგლისელებმა და ამერიკელებმა განაგრძეს წინსვლა და 25 აპრილს მდ. ელბაზე, ტორგაუს მახლობლად, ერთმანეთს შეხვდნენ 1-ლი ამერიკული არმიის V კორპუსის 69-ე დივიზიისა და საბჭოთა არმიის 58-ე გვარდიული დივიზიის ნაწილები. ეს ნიშნავდა გერმანული არმიების შუაზე გახლეჩას. მონტგომერის სარდლობით მებრძოლმა ბრიტანულმა შენაერთებმა კი განავითარეს შეტევა ლიუბეკის მიმართულებით. 16 აპრილს მათ აიღეს ბრემენი, 29 აპრილს გადალახეს ელბა და 3 მაისს ხელთ იგდეს კიდეც ლიუბეკი. თავის მხრივ, გენ. პატონის მე-3 არმიამაც 22 აპრილს დაიწყო შეტევა დუნაის გაყოლებით, დაძლია გერმანელთა წინააღმდეგობა რეგენსბურგთან და 5 მაისს აიღო ლინცი. 22 აპრილსვე დაიწყო თავისი დასკვნითი შეტევა გენ. ა. პეტჩის მე-7 არმიამაც, რომლის XV კორპუსმა 30 აპრილს აიღო მიუნხენი, 4 მაისს კი _ ბერჰტესგადენი და ზალცბურგი, VI კორპუსმა 3 მაისს დაიკავა ინსბრუკი და შემდეგ შეუერთდა მე-5 ამერიკული არმიის 88-ე დივიზიას, რომელიც იტალიიდან უტევდა1.
1. თ. პაპასქირი. სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ჰიტლერის წინააღმდეგ. 1941-1945. დიპლომატიური ქრონიკა და სამხედრო მოქმედებები. თბ., 1996, გვ. 137.
ამასობაში კი გერმანიის ხელმძღვანელ წრეებში სერიოზული განხეთქილება მოხდა. 23 აპრილს ჰიტლერმა შერისხა გერინგი, რომელმაც მოსთხოვა ფიურერს მთელი ძალაუფლების მისთვის გადაცემა, რაც, მისი აზრით, ხელს შეუწყობდა ბრიტანელებსა და ამერიკელებთან საერთო ენის გამონახვას. გერინგს ჩამოერთვა ყველა ჯილდო თუ წოდება და ის დაპატიმრებულ იქნა. მიუხედავად ამისა, კაპიტულანტური განწყობილება უკვე ფართოდ იყო გავრცელებული გერმანიის უმაღლეს წრეებში1. ამ მხრივ ძალიან აქტიურობდა რაიხსფიურერი ჰიმლერი, რომელსაც კარგი კავშირები ჰქონდა შვედეთის წითელი ჯვრის წარმომადგენელ გრაფ ბერნადოტთან. 13 აპრილს მან განუცხადა შვედ დიპლომატს, რომ გერმანელებს თავი უნდა ეცნოთ დამარცხებულებად დასავლეთის სახელმწიფოების წინაშე და სთხოვა ბერნადოტს, გადაეცა ეს ინფორმაცია ეიზენჰაუერისათვის. აქვე ჰიმლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანელებისთვის და განსაკუთრებით მისთვის შეუძლებელი იყო კაპიტულაციის გამოცხადება საბჭოთა ფრონტზე. მისი თქმით, აქ ბრძოლა გაგრძელდებოდა მანამ, სანამ „გერმანელთა ფრონტს არ შეცვლიდა დასავლეთის სახელმწიფოების ფრონტი“. როდესაც გაირკვა, რომ ინგლისელებს და ამერიკელებს ჰიმლერთან გარიგებაზე წასვლის არანაირი სურვილი არ ჰქონდათ, ამ უკანასკნელმა უკვე დე გოლთან სცადა დაკავშირება და შესთავაზა მას კავშირის დადება როგორც ანგლოსაქსების, ისე რუსების წინააღმდეგ.
1. უნდა აღინიშნოს, რომ წლის დასაწყისში თვითონ ჰიტლერმაც კი სცადა ზონდაჟი და იანვარში შვედეთში გააგზავნა თავისი მრჩეველი ფ. ჰესე, რომელსაც დაევალა დასავლეთელ მოკავშირეებთან სეპარატული დაზავების თაობაზე მემორანდუმის გავრცელება. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, უნდა მომხდარიყო დაზავება დასავლეთში და გერმანიის მთელი შეიარაღებული ძალების გადასროლა აღმოსავლეთის ფრონტზე. ბუნებრივია, ინგლისელებმაც და ამერიკელებმაც ჰიტლერთან ნებისმიერ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს, თუმცა ჰესე სტოკჰოლმიდან ხელცარიელი არ დაბრუნებულა. შვედი ბანკირის მარკუს ვალენბერგისაგან მან მიიღო რჩევა, რომ გერმანელებისათვის უკეთესი იქნებოდა მოლაპარაკებების წარმოება საბჭოთა მხარესთან. თუ ჰესეს ცნობას ვირწმუნებთ, საბჭოთა მხარე ნამდვილად გამოთქვამდა ასეთ სურვილს, რასაც ადასტურებდა სსრკ-ს ელჩის ა. კოლონტაის შეხვედრა ვალენბერგთან. ჰესე სასწრაფოდ დაბრუნდა გერმანიაში და აცნობა აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ რიბენტროპსა და ჰიტლერს. ბერლინში შესაძლებლად ჩათვალეს ამგვარი შეთანხმების შესახებ ფიქრი და ჰესე ხელახლა გაგზავნეს სტოკჰოლმში, სადაც უკვე ყველაფერი მზად იყო მოლაპარაკებების დასაწყებად. თუმცა მოულოდნელად ჰიტლერმა გადაიფიქრა და შეწყვიტა მოლაპარაკებები. აქ აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ საბჭოთა მკვლევარი ვ. ისრაელიანი, რომელიც ჰესეზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ სტოკჰოლმში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბრიტანელებსა და ამერიკელებთან ებრაელების ნაწილის განთავისუფლების შესახებ, რატომღაც ყურადღებას არ აქცევს ჰესეს ამ მეორე ცნობას.
ბერნადოტმა ჰიმლერის თხოვნა მართლაც შეასრულა და გადასცა ეს ინფორმაცია შვედეთში ბრიტანეთის ელჩს სერ ვიქტორ მალეტს და აშშ-ს ელჩ ჰირშელ ჯონსონს. მალეტმა დაუყოვნებლივ აცნობა ჩერჩილს გერმანელთა ინიციატივის შესახებ, რის შემდეგაც ბრიტანეთის პრემიერმა ჰიმლერის მოსაზრებები გააცნო მოკავშირეთა მთავარსარდალ დუაიტ ეიზენჰაუერს. ამავდროულად, ცნობა გერმანელთა შემოთავაზების შესახებ მიიღო ტრუმენმაც, თუმცა სწორედ ჩერჩილისაგან და არა ჯონსონისაგან, რომელმაც აშკარად დააგვიანა ვაშინგტონისათვის ინფორმაციის მიწოდება. აშშ-ს პრეზიდენტმა შორს დაიჭირა ჰიმლერთან მორიგების იდეა. მან 26 აპრილს სტალინს შეატყობინა რაიხსფიურერის ინიციატივის შესახებ და შეჰპირდა, რომ არ მიიღებდა ამ წინადადებას. ტრუმენმა აცნობა სტალინს, რომ ამერიკელები გერმანელების კაპიტულაციის ერთადერთ მისაღებ ფორმად თვლიდნენ უპირობო კაპიტულაციას ყველა ფრონტზე სსრკ-ს, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის წინაშე. თავის მხრივ, არც ჩერჩილმა მიიღო ჰიმლერის წინადადება. ასე რომ, სტალინი კმაყოფილი დარჩა მოკავშირეთა მოქმედებით.
1945წ. 30 აპრილს, როდესაც უკვე საბჭოთა ჯარები ჰიტლერის ბუნკერისაგან სულ რაღაც ერთ კვარტალში იყვნენ, ფიურერმა თავი მოიკლა. სიკვდილის წინ ჰიტლერმა დაწერა ანდერძი, რომლითაც თავის მემკვიდრედ დანიშნა გროს-ადმირალი დიონიცი. ამ უკანასკნელმა თავის რეზიდენციად აირჩია ფლენსბურგი, რადგანაც 2 მაისს საბჭოთა ჯარებმა დაასრულეს ბერლინის აღება. თავის მიმართვაში მან ხაზი გაუსვა, რომ მთელი ძალით გააგრძელებდა ბრძოლას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ხოლო „ინგლისელებთან და ამერიკელებთან იომებდა იმდენად, რამდენადაც ისინი მას ხელს შეუშლიდნენ ბოლშევიკებთან ბრძოლაში“. გარდა ამისა, დიონიცმა გასცა ბრძანება, რომ გერმანული ნაწილები ტყვედ ჩაბარებოდნენ მხოლოდ ინგლისელებსა და ამერიკელებს. მის ამგვარ გადაწყვეტილებას გარკვეულწილად ხელს უწყობდა ეიზენჰაუერის მიერ ჯერ კიდევ 1944წ. აგვისტოში გაცემული ბრძანება, რომლითაც ის უფლებას აძლევდა თავის ხელქვეითებს, მიეღოთ გერმანული შენაერთების კაპიტულაცია მათი მეთაურების მეშვეობით ფრონტის ნებისმიერ კონკრეტულ უბანზე. მისი აზრით, ეს მხოლოდ ტაქტიკური და სამხედრო საკითხი იყო და არა პოლიტიკური. სამაგიეროდ, განსხვავებული იყო მოკავშირეთა მთავარსარდლის მიდგომა გერმანიის მთავრობისადმი, რომელსაც, მისი აზრით, მოქმედების მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა დარჩენილი _ უპირობო კაპიტულაცია ყველა ფრონტზე ყველა მოკავშირის წინაშე.
დიონიცის ბრძანების მიღების შემდეგ გერმანელი ჯარისკაცები მიაწყდნენ მდ. ელბას, რათა გადაელახათ ის და დანებებოდნენ დასავლეთელ მოკავშირეებს. ნათელი გახდა, რომ დღედღეზე მოსალოდნელი იყო გერმანიის მთავრობის კაპიტულაცია. გერმანელები ბოლომდე ცდილობდნენ, რომ კაპიტულაცია გამოეცხადებინათ მხოლოდ დასავლეთის ფრონტზე, აღმოსავლეთში კი განეგრძოთ ბრძოლა საბჭოთა არმიების წინააღმდეგ. 29 აპრილს კაზერტაში ხელი მოეწერა იტალიაში განლაგებული გერმანული ნაწილების კაპიტულაციას, რომლის პირობებითაც საომარი მოქმედებები ამ ფრონტზე 2 მაისს შეწყდა. 4 მაისს მონტგომერის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადეს გერმანიაში, ჰოლანდიასა და დანიაში მყოფმა გერმანულმა შენაერთებმა, 5 მაისს კი უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადა იტალიის საზღვრის ჩრდილოეთით განლაგებულმა არმიათა ჯგუფმა „G“-მ.
შექმნილ ვითარებაში დიონიცმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი და გამოეცხადებინა საერთო კაპიტულაცია მთელ დასავლეთის ფრონტზე. ამ მიზნით მან მოკავშირეთა შტაბში, რომელიც რეიმსში იყო განლაგებული, გაგზავნა ადმირალი ფრიდებურგი. ამავე დროს, დასავლეთის ფრონტზე გერმანიის ჯარების მთავარსარდალმა ფელდმარშალმა კესელრინგმა მიმართა ეიზენჰაუერს თხოვნით, რომ შეთანხმებულიყვნენ კაპიტულაციაზე, მაგრამ ამერიკელმა გენერალმა უარი განაცხადა მოლაპარაკებების წარმოებაზე, თუ საუბარი არ იქნებოდა ყველა ფრონტზე ვერმახტის ყველა ნაწილის კაპიტულაციაზე. იგივე განუცხადა ფრიდებურგს გენერალმა ბ. სმითმა. პასუხად გერმანელმა ადმირალმა აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა ამგვარ დოკუმენტზე ხელისმოწერის უფლება და დაუკავშირდა დიონიცს, რომელმაც ფრიდებურგის დასახმარებლად რეიმსში გენერალ-პოლკოვნიკი იოდლი გააგზავნა.
ამასობაში მოკავშირეთათვის ნათელი გახდა, რომ გერმანელებს უბრალოდ დრო გაჰყავდათ, რათა რაც შეიძლებოდა მეტი ჯარისკაცი გადაეტარებინათ ინგლისელებისა და ამერიკელების ფრონტის ხაზს იქით. ამიტომ ეიზენჰაუერმა დაავალა სმითს, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს იოდლსა და ფრიდებურგთან, გადაეცა გერმანელებისათვის, რომ ის „დახურავდა“ დასავლეთის ფრონტს და არ გადმოუშვებდა არც ერთ ჯარისკაცს, თუ დაუყოვნებლივ არ მოეწერებოდა ხელი უპირობო კაპიტულაციას. მოკავშირეთა მთავარსარდლის ულტიმატუმმა შედეგი ძალიან სწრაფად გამოიღო. იოდლმა და ფრიდებურგმა მეორე დღესვე მიიღეს დიონიცისაგან უპირობო კაპიტულაციის აქტზე ხელის მოწერის უფლება. 1945წ. 7 მაისს, დილის 2 საათსა და 41 წუთზე რეიმსში იოდლმა და სმითმა ხელი მოაწერეს აქტს გერმანიის კაპიტულაციის შესახებ5. საომარი მოქმედებები უნდა შეწყვეტილიყო 8 მაისს, 24 საათსა და 00 წუთზე. მხოლოდ კაპიტულაციაზე ხელის მოწერის შემდეგ მიიღო იოდლი ეიზენჰაუერმა. მოკავშირეთა მთავარსარდალმა ჰკითხა გერმანელ გენერალს, გასაგები იყო თუ არა მისთვის ხელმოწერილი დოკუმენტის ყველა მუხლის შინაარსი და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ გააფრთხილა, რომ მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა კაპიტულაციის პირობების დაცვაზე, მათ შორის გერმანელი სარდლების გამოცხადებაზე ბერლინში საბჭოთა მთავრობის წინაშე ოფიციალური კაპიტულაციის გასაფორმებლად.
1. კაპიტულაციის ხელმოწერისა და მისი ძალაში შესვლის დროის აღნიშვნისას ბატჩერს _ ეიზენჰაუერის თანაშემწეს _ ხაზგასმით აქვს აღნიშნული, რომ ეს იყო ბრიტანეთში მოქმედი ზაფხულის დრო, რომელიც ბუნებრივზე 2 საათით წინ გადაწეული.
1945წ. 8 მაისს, 23 საათსა და 45 წუთზე1, ბერლინის გარეუბან კარლჰორსტში მოხდა გერმანიის მთავრობის მეორე ხელმოწერა უპირობო კაპიტულაციაზე, ამჯერად უკვე საბჭოთა კავშირის წინაშე. ამ დოკუმენტს, რომელსაც, ისევე როგორც რეიმსისას, ეწოდა აქტი გერმანიის სამხედრო კაპიტულაციის შესახებ, ხელი მოაწერეს სსრკ-ს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილემ, მარშალმა გიორგი ჟუკოვმა და ვერმახტის უმაღლესი სარდლობის შტაბის უფროსმა, ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტელმა2.
1. ჟუკოვს თავის მემუარებში მოხსენიებული აქვს, რომ ხელმოწერა დასრულდა 9 მაისს, 00 საათსა და 43 წუთზე. ამგვარი მონაცემი, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო სასაათო სარტყლებს შორის არსებული სხვაობით, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ აქ ეს შეცდომა გამიზნულად იყოს დაშვებული, რათა შეცვლილიყო ხელმოწერის დღე.
2. კაპიტულაციის შემდეგ საბჭოთა მხარემ მოაწყო 200-კაციანი ბანკეტი, რომელზეც ერთი საკმაოდ კურიოზული ფაქტი მოხდა: ჟუკოვს და ტედერს დაავიწყდათ (ან დაივიწყეს), რომ სუფრას ფრანგი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მისასალმებელ სადღეგრძელოში ერთი სიტყვითაც არ უხსენებიათ საფრანგეთი. ბუნებრივია, ამან გააღიზიანა საფრანგეთის წარმომადგენელი გენ. ჟ. დე ლატრ დე ტასინი, რომელმაც პროტესტის ნიშნად უარი თქვა სასმელსა და საჭმელზე, თანაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჟუკოვისათვის ეცნობებინა ამის შესახებ. შედეგად, საბჭოთა მარშალს მოუწია საფრანგეთის სადღეგრძელოს ცალკე წარმოთქმა. გარდა ამისა, მან ორკესტრს „მარსელიოზა“ შეასრულებინა.
ჩვენი ყურადღება კაპიტულაციების საკითხმა იმიტომ მიიპყრო, რომ მოგვიანებით ისტორიკოსებს შორის დაიწყო დავა, რომელიც დღემდე გრძელდება, იმის თაობაზე, თუ რომელი კაპიტულაცია იყო მთავარი და რომელი ფორმალური. საბჭოთა მკვლევრები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ რეიმსში ხელმოწერილი იქნა კაპიტულაციის მხოლოდ წინასწარი ოქმი, ხოლო ბერლინში კი _ ოფიციალური აქტი, მაშინ როდესაც დასავლეთელი ისტორიკოსები ძირითად კაპიტულაციად სწორედ რეიმსისას მიიჩნევენ და ბერლინისას მხოლოდ „ცერემონიას“, თანაც საბჭოთა სარდლობის წინაშე, უწოდებენ. ოფიციალურ საბჭოთა ვერსიად კი იქცა პირველად ჟუკოვის მემუარებში გახმოვანებული ცნობა, რომ სტალინმა შეათანხმა მოკავშირეებთან აღნიშნული საკითხი და გადაწყდა რეიმსის კაპიტულაციის წინასწარ აქტად ცნობა.
ძნელი სათქმელია, მართლაც გაუგზავნა მსგავსი სახის შეტყობინება სტალინმა ჟუკოვს თუ არა (ჟუკოვის მემუარები საბ- ჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც კი არ ითვლებოდა მეტისმეტად სანდო წყაროდ _ თ.პ.), მაგრამ ერთი რამ ნათელია: არანაირი შეთანხმება დიდი სამეულის ლიდერებს შორის ამის შესახებ არ ყოფილა. ერთადერთი, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები, იყო ის, რომ საბჭოთა მთავრობის მიერ გერმანიის კაპიტულაციის შესახებ განცხადების გაკეთება გადაიდებოდა ერთი დღით, კაპიტულაციის ძალაში შესვლამდე. თუმცა საბჭოთა ისტორიკოსების მიერ ფაქტების ფალსიფიკაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ მემუარული მონაცემებით, რომლებიც ხშირად სუბიექტურ ხასიათს ატარებს და შეიძლება შეცდომები თავად ავტორის ბრალი იყოს1. პრაქტიკულად ყველა საბჭოთა (დღეს უკვე რუსი) მკვლევარი ბერლინში ხელმოწერილ დოკუმენტს მოიხსენიებს საბოლოო (ხაზგასმა ჩვენია _ თ.პ.) აქტად გერმანიის კაპიტულაციის შესახებ. ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, თუ რის საფუძველზე აკეთებენ ისინი ამ განცხადებას, რადგანაც საბჭოთა მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცემულ ყველა დოკუმენტურ კრებულში დოკუმენტს, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, რეიმსის კაპიტულაციის მსგავსად, ეწოდება „აქტი გერმანიის სამხედრო კაპიტულაციის შესახებ“.
1. ჩვენი აზრით, ჟუკოვი ამ შემთხვევაში სიმართლეს უნდა ამბობდეს და სტალინმა ის ალბათ მიზანმიმართულად შეიყვანა შეცდომაში.
და მაინც, რომელი კაპიტულაცია შეიძლება ჩაითვალოს ძირითადად? ალბათ უფრო გამართლებული იქნებოდა, თავის დროზე შემდგარიყო ერთობლივი ხელმოწერის პროცედურა. მაშინ ამგვარი კამათი არც დაიწყებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენი აზრით, ამ დავაში ორივე მხარე მართალია, ოღონდ, რასაკვირველია, ნაწილობრივ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რეიმსის კაპიტულაცია სულაც არ იყო წინასწარი ოქმი. ეს იყო გერმანიის ოფიციალური კაპიტულაცია, რომელსაც ხელი მოეწერა დასავლეთელ მოკავშირეთა შტაბში. სხვათა შორის, ანტიჰიტლერულ კოალიციაში მონაწილე სამივე ძირითადი ქვეყნის ლიდერი სულაც არ თვლიდა, რომ ეს აქტი იყო წინასწარი ოქმი. 1945წ. 7 მაისს ტრუმენმა სტალინს გააცნო ეიზენჰაუერის რეკომენდაცია, რომ გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადება მომხდარიყო სამშაბათს, 8 მაისს, ვაშინგტონის დროით დილის 9 საათზე. ანალოგიური შინაარსის წერილი აშშ-ს პრეზიდენტმა გაუგზავნა ჩერჩილსაც. თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერმა სტალინს შესთავაზა, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო სამივე ქვეყანაში ერთდროულად _ სამშაბათს 8 მაისს, გრინვიჩის დროით 15 საათზე, რაც შეესაბამებოდა დილის 9 საათს ვაშინგტონში და 16 საათს მოსკოვში. პასუხად, სტალინმა აცნობა ჩერჩილს და ტრუმენს, რომ 8 მაისს ის ვერ გააკეთებდა ასეთ განცხადებას, რის მიზეზად საბჭოთა ლიდერმა მოიყვანა ის ფაქტი, რომ დიონიცის ბრძანება ცალკეულ ნაწილებს შეიძლებოდა არ შეესრულებინათ და ამიტომ მას სურდა, მოეცადა მანამ, სანამ გერმანიის კაპიტულაცია ძალაში შევიდოდა. ეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უნდა მომხდარიყო 8 მაისს, 24 საათსა და 00 წუთზე. სტალინმა ასევე აცნობა მოკავშირეებს, რომ საბჭოთა კავშირში განცხადება გერმანიასთან ომის გამარჯვებით დასრულების შესახებ გაკეთდებოდა ოთხშაბათს, 9 მაისს, საღამოს 7 საათზე1.
1. აღსანიშნავია, რომ სტალინმა არ შეასრულა თავისი პირობა და გამარჯვების შესახებ საბჭოთა კავშირში 9 მაისს დილაადრიან გააკეთებინა განცხადება.
იყო თუ არა სტალინი ამ შემთხვევაში გულწრფელი მოკავშირეების წინაშე? ჩვენი აზრით, ის ამ წერილით ნიღბავდა თავისი მოქმედების ნამდვილ მიზანს. მას კარგად ესმოდა, რომ თუ ის გერმანიის კაპიტულაციის შესახებ გამოაცხადებდა 8 მაისს, სანამ არ იქნებოდა ხელმოწერილი აქტი ბერლინში, ეს ერთგვარად დაამცირებდა საბჭოთა კავშირის წვლილს გამარჯვებაში. ამაზე მეტყველებს კიდეც ჩვენს მიერ ზემოთ მოხსენიებული შეტყობინება ჟუკოვისადმი, რომელშიც სტალინი აცხადებს: „ომის ძირითადი სიმძიმე გადაიტანა საბჭოთა ხალხმა, და არა მოკავშირეებმა, ამიტომაც კაპიტულაცია ხელი უნდა მოეწეროს ანტიჰიტლერული კოალიციის წევრი ყველა ქვეყნის უმაღლესი სარდლობის წინაშე, და არა მხოლოდ მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე“. აშკარაა, სტალინმა სწორედ იმიტომ გადადო 9 მაისამდე განცხადების გაკეთება, რომ მას არ სურდა, რაიმეთი მაინც ყოფილიყო დავალებული მოკავშირეებისაგან, 8 მაისს ბერლინში ხელმოწერილი აქტის შემდეგ კი ეს ასე არ იქნებოდა1. ასე რომ, საბჭოთა ლიდერის ამგვარი მოქმედების შემდეგ კარლჰორსტის კაპიტულაცია უკვე აღმოჩნდა არა უბრალოდ რატიფიკაცია, არამედ სრულიად ოფიციალური აქტი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ორი, პრაქტიკულად იდენტური დოკუმენტი, რომელთა შორის არის განსხვავება მხოლოდ მე-2 პუნქტში, სადაც საუბარი არის გერმანელი ჯარისკაცების მხრიდან მოკავშირეთა შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკისათვის ზიანის არმიყენების შესახებ. აქ, საბჭოთა მხარის მოთხოვნით, ტექნიკის ჩამონათვალს დაემატა ფრაზა: „აპარატები და საერთოდ ომის საწარმოებელი სამხედრო-ტექნიკური საშუალებები“.2 მცირე განსხვავება არის დასკვნით, მე-6 მუხლშიც, თუმცა მას უკვე იძულებითი ხასიათი აქვს, რადგანაც აქ საუბარი მიდის აუთენტურ ენებზე, რომლებადაც გამოცხადებულია რუსული და ინგლისური, მაშინ როდესაც რეიმსის კაპიტულაციის ტექსტში აუთენტურად მხოლოდ ინგლისური ენაა ჩაწერილი2. სამაგიეროდ, რეიმსისა და ბერლინის კაპიტულაციების მე-4 პუნქტი იდენტურია. არადა, ამ მუხლში მოყვანილი დებულებით, შესაძლებელი იყო აქტის შეცვლა სხვა დოკუმენტით კაპიტულაციის შესახებ. ეს გვაძლევს ჩვენ საფუძველს, ვამტკიცოთ, რომ ეს ორი აქტი თანაბარი ძალის დოკუმენტია. რეიმსში ხელმოწერილი დოკუმენტი არის გერმანიის კაპიტულაცია დასავლეთელი მოკავშირეების წინაშე, ხოლო ბერლინში გაფორმებული აქტი _ გერმანიის კაპიტულაცია საბჭოთა კავშირის წინაშე. ჩვენი აზრით, სწორედ ამის დასტურია ეიზენჰაუერის ზემოთ უკვე მოყვანილი სიტყვები იოდლისადმი.
1. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს კიდევ ერთი თვალსაზრისი, თუ რატომ იქნა გადადებული საბჭოთა კავშირში გერმანიის კაპიტულაციის შესახებ განცხადების გაკეთება 9 მაისამდე. ამის მიზეზად ა. ვერთი მიიჩნევს იმას, რომ არ იყო განთავისუფლებული პრაღა. ჩვენი აზრით, ეს არ არის მთლად მართებული თვალსაზრისი, რადგანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ და როგორც თავად ვერთი იხსენიებს, განცხადება გერმანიის კაპიტულაციის შესახებ 9 მაისს გაკეთდა დილაადრიან, როდესაც საბჭოთა ნაწილებს ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქი ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდათ აღებული. გარდა ამისა, თუ საბჭოთა მხარეს აწუხებდა პრაღის სასწრაფოდ განთავისუფლების საკითხი, მაშინ ის მისცემდა უფლებას ამერიკელებს, გაეკეთებინათ ეს. ჯ. პატონის მე-3 არმიას ხომ რამდენიმე დღით ადრე შეეძლო ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში შესვლა. რასაკვირველია, სტალინის მოქმედება პოლიტიკური მოსაზრებებით იყო განპირობებული და ამის გამო ის წავიდა ზედმეტ მსხვერპლზე როგორც საბჭოთა ჯარისკაცებში, ისე პრაღის მოსახლეობაში, რომელმაც 5 მაისს აჯანყება დაიწყო.
2. ჩვენი აზრით, ეს არაფრისმომცემი ჩამატება საბჭოთა მხარემ მხოლოდ იმისთვის ჩააწერინა ტექსტში, რომ მოგვიანებით ბერლინის კაპიტულაცია გამოეცხადებინა ძირითად დოკუმენტად.
სტალინის მიერ გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების ერთი დღით გადავადებამ განაპირობა ის, რომ ევროპასა და აშშ-ში გერმანიაზე გამარჯვების დღედ ითვლება 8 მაისი, ხოლო აწ უკვე ყოფილ საბჭოთა კავშირში კი _ 9 მაისი. ეს ჯერ კიდევ 1945წ. 8 მაისს აღნიშნა უინსტონ ჩერჩილმა თავის საზეიმო სიტყვაში: „ჩვენ დღეს (ე. ი. 8 მაისს _ თ.პ.) ძირითადად ჩვენს თავზე ვფიქრობთ, ხვალ კი გადავუხდით მადლობას ჩვენს რუს მეგობრებს“.
რეიმსისა და ბერლინის აქტები მეტად ზოგადი დოკუმენტები იყო და ისინი მხოლოდ გერმანიის სამხედრო კაპიტულაციას ეხებოდა, დეკლარაციას კი გერმანიის დამარცხებისა და გერმანიის ტერიტორიაზე უზენაესი ხელისუფლების თავის თავზე აღების შესახებ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა _ გ. ჟუკოვმა, დ. ეიზენჰაუერმა, ბ. მონტგომერიმ და ჟ. დე ლატრ დე ტასინიმ _ 1945წ. 5 ივნისს მოაწერეს ხელი ბერლინში. ამ დოკუმენტით, რომელიც პრეამბულისა და 15 მუხლისაგან შედგებოდა, მოკავშირეებმა განსაზღვრეს გერმანიის ოკუპაციის პირობები. I პუნქტის თანახმად, გერმანიის შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეწყვიტათ ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა, რაც, პრინციპში, უკვე ისედაც მომხდარი იყო. II მუხლით უნდა მომხდარიყო ყველა შენაერთის განიარაღება და გერმანიის 1937წ. 31 დეკემბრისათვის არსებულ საზღვრებში დაბრუნება. III და IV პუნქტებით გერმანიის კუთვნილი ყველა თვითმფრინავი და გემი უნდა დარჩენილიყო დისლოკაციის ადგილზე და დალოდებოდა მოკავშირეთა ბრძანებას გადაადგილების შესახებ.
დეკლარაციის V მუხლი შეიცავდა იმ დაწესებულებების, საგნებისა თუ ნივთების ზოგად ნუსხას (ფაბრიკა-ქარხნები, ხომალდები, თვითმფრინავები, დოკუმენტები, ნახაზები, გადაზიდვის საშუალებები და ა.შ.), რომლებიც გერმანელებს უნდა გადაეცათ მოკავშირეებისათვის. გარდა ამისა, ისინი ვალდებული იყვნენ, გამოეყოთ საკმარისი რაოდენობით მუშა-ხელი ობიექტების ექსპლუატაციისა თუ შენარჩუნებისათვის. დეკლარაციის VI პუნქტი ავალდებულებდა გერმანელებს მათ ხელთ მყოფი ყველა სამხედრო ტყვისა თუ უცხო ქვეყნების მოქალაქეების განთავისუფლებას და თავისუფლების აღმკვეთი დაწესებულებების მოკავშირეთა კონტროლქვეშ გადაცემას. VII მუხლით გერმანელებს უნდა გადაეცათ მოკავშირეებისათვის სრული ინფორმაცია შეიარაღებული ძალებისა და დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
დეკლარაციის VIII პუნქტი კრძალავდა რაიმე ზიანის მიყენებას ნებისმიერი სამხედრო თუ სამოქალაქო ქონებისა და დოკუმენტებისათვის. IX მუხლით კავშირგაბმულობის ყველა საშუალება უნდა გადასცემოდა მოკავშირეებს, მანამდე კი მათი ფუნქციონირება უნდა შეწყვეტილიყო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას თავად მოკავშირეები მოისურვებდნენ. X პუნქტით დეკლარაციის უფლებამოსილება ვრცელდებოდა მთელ სამხედრო ქონებაზე, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე გააჩნდა მოკავშირეთა წინააღმდეგ მეომარ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. XI მუხლი ეხებოდა ნაცისტების ლიდერებს, რომლებიც უნდა დაეპატიმრებინათ მოკავშირეთა მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, გერმანელებს უნდა გადაეცათ ყველა პირი, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა (თუნდაც ის ყოფილიყო გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოს მოქალაქე _ თ.პ.), ვისაც ჩადენილი ჰქონდა დანაშაული საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის წინაშე.
დეკლარაციის XII პუნქტით მოკავშირეები უფლებას იტოვებდნენ, განელაგებინათ შეიარაღებული ძალები სურვილის მიხედვით გერმანიის მთელ ტერიტორიაზე. XIII მუხლით მოკავშირეები აცხადებდნენ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებდნენ ნებისმიერ ზომას გერმანიის წინააღმდეგ, რომელსაც ჩათვლიდნენ საჭიროდ მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ისინი იტოვებდნენ გერმანიისათვის მომავალში დამატებითი მოთხოვნების წაყენების უფლებას. XIV და XV პუნქტებით განსაზღვრული იყო დეკლარაციის ძალაში შესვლის თარიღი და მისი ტექსტის აუთენტურობის დამადასტურებელი ენები _ ინგლისური, რუსული და ფრანგული.
გარდა დეკლარაციისა, იმავე დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებებს გერმანიის საოკუპაციო ზონებად დაყოფისა და საკონტროლო მექანიზმის შექმნის შესახებ. გერმანია დაიყო 4 საოკუპაციო ზონად: აღმოსავლეთში უზენაესი ხელისუფლება უნდა განეხორციელებინა საბჭოთა კავშირს, ჩრდილო-დასავლეთში _ დიდ ბრიტანეთს, სამხრეთ-დასავლეთში _ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დასავლეთში კი _ საფრანგეთს. ე.წ. „დიდი ბერლინის“ რაიონს ოთხივე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები დაიკავებდნენ და მის სამართავად უნდა შექმნილიყო ცალკე კომენდატურა, რომელშიც შევიდოდა ოთხივე სახელმწიფოს თითო-თითო წარმომადგენელი. საკონტროლო მექანიზმის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა, რომ შეიქმნებოდა საკონტროლო საბჭო, რომელშიც შევიდოდნენ მოკავშირეთა საოკუპაციო ძალების სარდლები, რომლებიც, ამავდროულად, იქნებოდნენ თავიანთი საოკუპაციო ზონების უზენაესი ხელისუფლები. გადაწყვეტილებები საკონტროლო საბჭოს უნდა გამოეტანა კონსენსუსის საფუძველზე.
5 ივნისს ხელმოწერილი დოკუმენტებით დაიწყო გერმანიის ოკუპაცია. საომარი მოქმედებები ევროპაში ოფიციალურად შეწყდა. მოკავშირეებს სამხედრო თვალსაზრისით რჩებოდათ მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე _ იაპონია, თუმცა ომი აღმოსავლეთში დასასრულს უახლოვდებოდა. 1945წ. 2 სექტემბერს იაპონიამ ასევე მოაწერა ხელი უპირობო კაპიტულაციას, რითაც მეორე მსოფლიო ომი უკვე საბოლოოდ დასრულდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий