უკვე ითქვა, რომ თეიმურაზ მეფე რუსეთის სახელმწიფოსთან უშუალო და სტაბილური ურთიერთობის დასამყარებლად ჩრდილო კავკასიელი მთიელების რუსული იარაღით დამორჩილებას და უხიფათო გზის გახსნას ცდილობდა. მაგრამ ამის მიღწევა ოსმალეთისა და ირანის წინააღმდეგობის გამო, თითქმის შეუძლებელი იყო. რუსეთი კი ორივე დასახელებულ მუსლიმანურ სახელმწიფოსთან შეიარაღებულ დაპირისპირებას ერიდებოდა. თეიმურაზი რუსეთთან კავშირსა და კავკასიონზე გზის გახსნას სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებდა. როდესაც იგი დარწმუნდა, რომ რუსეთი ახლო მომავალში კავკასიონის უღელტეხილებს არ დაიკავებდა, გადაწყვიტა დამოუკიდებლად ემოქმედა.
ვახუშტი ბატონიშვილს მხედველობიდან არ გამორჩა კახეთის მეფის ამგვარი საქმიანობა და 1640 წლის ქვეშ შემდეგს გადმოგვცემს: თეიმურაზმა ისარგებლა ირანთან დროებითი მშვიდობით და „განიზრახა თეიმურაზ შესვლად დიდოეთს, რათა მოაქციოს კერპობისაგან და ყოსცა გზა რუსეთისა და შეიწიოს იგინი... არამედ დიდოთა მოიმწნეს ლეკნი და დაუწყეს ბრძოლა... მოკლეს რუსთველი წინაშე მეფისა, და მასვე ჟამსა ცხენი თეიმურაზისა, და მოსწყვიდნეს მრავლნი კახნი, ივლტოდნენ და მოვიდა თეიმურაზ კახეთს მტირალი და მეტყუელი: „ვაი დარბაისელ ეპისკოპოს მოწყუედილსა“1. ამის შემდეგ დიდოეთი კახეთს საბოლოოდ ჩამოშორდა და აქ გამავალი გზა რუსეთისაკენ დაეხშო. ვახუშტი თეიმურაზ მეფის მარცხიან ლაშქრობას დიდოეთში არასწორედ უნდა ათარიღებდეს. დიდოეთში ლაშქრობა ადრე მომხდარი უნდა იყოს იმ ლაშქრობასთან შედარებით, რომლის შესახებაც თეიმურაზი თვითონ სწერდა ალექსი მიხეილისძეს 1639 წელს. ჩანს, დიდოეთში განცდილი მარცხის შემდეგ თეიმურაზმა კავკასიონზე გამავალი გზის გახსნაზე ხელი არ აიღო.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 596.
თეიმურაზი მოსკოვში აცნობებდა, როცა ხელმწიფის ელჩები თავადი თედორე თედორეს ძე ვოლკონსკი და დიაკი არტემ ხვატოვი კახეთისაკენ მოდიოდნენ ნიკიფორე მიტროპოლიტთან ერთად, ამ უკანასკნელმა თერგიდან შემოუთვალა, რომ ხელმწიფის ელჩების კახეთში უხიფათოდ ჩასაყვანად აუცილებელი იყო თეიმურაზი ჯარით ქისტეთში მისულიყო. თეიმურაზი მოსკოვში სწერს: თქვენი სიყვარულისათვის გავეშურე და „თუშეთის, ფშავის, ხევსურეთისა და ქისტეთის მთებში გავხსენი ის გზა, რომელითაც არასოდეს უვლიათ არც ელჩებს და არც ივერიის ძველ მეფეებს. ღვთის ძალითა და თქვენი მეფური უდიდებულესობის წყალობით ყველა ამ მთების მცხოვრებნი დამემორჩილენ, მომიტანეს თავიანთი ძველი სიგელები და მე ისინი დავამტკიცე. მრავალი მოინათლა. [იქ] კიდევ არის ეკლესიები, ხატები და ზარები. ქისტეთში შევხვდით თქვენი მეფური უდიდებულესობის ელჩებს, წამოვიყვანე ისინი და ჩემს ქვეყანაში, კახეთში მივიყვანე“. წერილში ჩანს, რომ აღნიშნული გზის გახსნისათვის თეიმურაზს საკმაო ძალისხმევა დასჭირდა. იგი ხელმწიფეს აცნობებს: „დიდი ჯაფა დაადგათ თქვენი მეფური უდიდებულესობის ელჩებს, მაგრამ მე უფრო მეტი ვიშრომე, მთელი ორი თვის განმავლობაში, ვიდრე გზას გავწმენდდი... დავიმორჩილე მთიელები, ასე რომ ისინი ჩემი მონა-მორჩილები გავხადე, ისევე, როგორც პირველად იყვნენ [კახეთის მეფე] ლევანის დროს“1.
1. Переписка, с. 28-29
თეიმურაზ მეფის მერ იარაღით დაიმორჩილებული თუშები, ფშაველები და ხევსურები, ბოლომდე მისი ერთგული და ქვეშევრდომი იყვნენ. ამას გვეუბნევა დღეისათვის ცნობილი წყაროები, განსაკუთრებით კი, დასახელებული მთიელების მიერ მოსკოვში გაგზავნილი წერილები. წერილობითი წყაროების ცნობების საპირისპიროდ, ნ. ნაკაშიძე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ქართველი მთიელები მოსკოვის ხელმწიფის მფარველობაში შესვლას თეიმურაზ მეფისაგან დამოუკიდებლად ცდილობდნენ. ნ. ნაკაშიძემ არ გაიზიარა შ. მესხიას და ი. ცინცაძის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, „თუ კახეთის არც ნამდვილ მფლობელს (თეიმურაზს), არც მომავალს (უფლისწულ ერეკლეს) არ ჰქონდათ ტერიტორია, არ ჰყავდათ ქვეშევრდომები, მაშინ ასეთ სამეფოს უქონელ მეფეებს, დახმარების მიღების მცირე იმედი უნდა ჰქონებოდათ. აუცილებელი იყო თუნდაც მცირე მორჩილი ტერიტორიის ქონა, საიდანაც რუსული ჯარი ბრძოლის დაწყებას შეძლებდა. კარგი იქნებოდა ამგვარ დასაყრდენ პუნქტად დასავლეთ საქართველოს გამოყენება, მაგრამ არსებობდა ოსმალეთის მხრიდან უარყოფითი რეაქციის საშიშროება“1. ნ. ნაკაშიძის მიხედვით, თვით ქართველი მთიელები მოსკოვში არ მალავდნენ, რომ ისინი უკვე არ ემორჩილებიან თეიმურაზს. მკვლევარი იმასაც აღნიშნავდა, თითქოს წყაროები ადასტურებენ, რომ მოსკოვისადმი ქვეშევრდომობის თხოვნის ინიცატორები თვით მთიელები იყვნენ2.
თეიმურაზის როლი მთიელთა წარმომადგენლების მოსკოვში ჩასვლაში სულ სხვანაირად ახსნა ნ. ბერძენიშვილმა: „1656 წელს თეიმურაზმა და მისმა მომხრეებმა თუშ-ფშავ-ხევსურეთში დიდი სამზადისი ჩაატარეს, ეს სამი კუთხე გააერთიანეს თუშების მეთაურობით და მათი ელჩები რუსეთში მფარველობის სათხოვნელად გაგზავნეს“3. წყაროები, როგორც ქვემოთ ვნახავთ, სწორედ თეიმურაზის მიერ ქართვველი მთიელების დარაზმვაზე და მათი წარმომადგენლების მოსკოვში გაგზავნაზე გადმოგვცემენ. ფშაველების, თუშებისა და ხევსურების თეიმურაზისადმი მორჩილების წარმოჩენას, კახეთის მეფის რუსეთში გამგზავრების წინ, საკუთარი სამეფოდან დევნილი მეფე, სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებდა. მივყვეთ წყაროთა მონაცემებს
1. Месхия Ш. А., Цинцадзе Я. З., Из истории
русско-грузинских отношении X-XVIII вв., с. 75.
2.
Накашидзе Н. Т., Ук. труд, с. 190-191.
3. ბერძენიშვილი ნ., დონდუა მ., დუმბაძე მ., მელიქიშვილი გ., მესხია შ., რატიანი პ., საქართველოს ისტორია, I (უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასასრულამდე), დამხმარე სახელმძღვანელო, თბ., 1958, გვ. 304.
როგორც ჩანს, თეიმურაზ მეფე მთიელთა წარმომადგენლების მოსკოვში გაგზავნის ორგანიზებას 50-იანი წლების დასაწყისიდან შეუდგა და 1654 წლის იანვარში მოსკოვში ჩავიდა თუშებისა და ქისტების ელჩობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნაუმ ივანოვი1. საყურადღებოა, რომ რამდენიმე დღით ადრე (1653 წ. 27 დეკემბერი) რუსეთის სატახტოში ჩავიდა უფლისწული ერეკლე-ნიკოლოზი.„აღნიშული ფაქტების დამთხვევა სავსებით კანონზომიერ მოვლენად გვესახება. 50-იან იწლების დასაწყისში ყირიმ-ოსმალეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის საშიშროებამ კავკასიის ხალხები აიძულა ძლიერი მფარველის ძებნა დაეწყოთ. თეიმურაზ პირველის მიერ შვილიშვილის მოსკოვში გაგზავნამ, ბუნებრივია, დიდი მორალურ-პოლიტიკური გავლენა იქონია საქართველოს მთიანეთის ქრისტიან და არაქრისტიან მოსახლეობაზე და პირდაპირ მიუთითა რუსეთზე, როგორც ყველაზე მისაღებ ქომაგზე. ამიტომაც, 1654 წელსვე თუშთა ელჩების მოსკოვში გამოჩენა მოულოდნელი და გასაკვირი არ იყო, მით უმეტეს, რომ თეიმურაზს, რომელსაც მთიანეთში მყარი დასაყრდენი ბაზების გაჩენა სურდა, როგორც ჩანს, ცდა არ დაუკლია თუშ-ფშავ-ხვსურების რუსულ ორიენტაციაზე გადასაყვანად“2.
თ. ტივაძის მოსაზრების დაზუსტება შეიძლება: 1. როგორც ითქვა, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თეიმურაზის მორჩილებაში იყვნენ 30-იანი წლების ბოლოდან: 2. ერეკლე უფლისწულისა და თუშებისა და ქისტების წარმომადგენლების თითქმის ერთსა და იმავე დროს მოსკოვში ჩასვლა, ვფიქრობ შემთხვევივითი კი არა, არამედ თეიმურაზის მიერ ორგანიზებული იყო. მას ისინი, პირველ რიგში, უცხო გარემოში უფლისწულის მდგომარეობის სიმყარისათვის სჭირდებოდა. 3. იმავე დროს თეიმურაზი აგრძელებდა სხვა ქართველ მთიელებთან, კერძოდ, ფშავებთან და ხევსურებთან დიპლომატიურ ურთიერთობას მათი თუშებთან ერთად რუსეთის ხელმწიფის მფარველობაში შესაყვანად; 4. თეიმურაზს რუსეთის ხელმწიფე უნდა დაერწმუნებინა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მას დასაყრდენი ჰქონდა.
1. ტივაძე თ., თუშ-ფშავ-ხევსურეთის რუსეთთან ურთიერთობის საკითხისათვის (XVII ს-ის 50-60-იანი წწ.). კრებულში: ძიებანი საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976, გვ. 239.
2. იქვე.
მთიელები თეიმურაზ მეფესთან კავშირში რომ არ ყოფილიყვნენ, მისი გეგმები რომ არ სცოდნოდათ და მასთან შეთანხმებით არ ემოქმედათ, როგორ შეიძლებოდა ერთდროულად სამეფო ოჯახის წევრები და თუშები და ქისტები ერთდროულად მოსკოვში ჩასულიყვნენ. მათ შორის რომ კავშირი არსებობდა. ამაზე მიგვანიშნებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მოსკოვში მყოფ თუშებს, კავშირი ჰქონდათ უფლისწულ ერეკლესა და დედოფალ ელენესთან. ისინი, იმავე დროს, აცხადებდნენ, რომ მათი ერთადერთი მეფე და უზენაესი ხელისუფალი თეიმურაზი იყო. მაგრამ ამას ორივე მხარე, გარკვეულ დრომდე, ნიღბავდა.
1656
წ. 1 მარტს მოსკოვში მყოფმა მეფისწულმა ერეკლემ და მისმა დედამ, დედოფალმა ელენემ საელჩო პრიკაზში გაგზავნეს თავიანთი კაცი ივანე „მამუკინი“1 და აცნობეს, რომ თეიმურაზისაგან წერილი მიიღეს. წერილში ნათქვამი იყო, რომ თეიმურაზს ქართველმა მთიელებმა სთხოვეს უშუამდგომლოს მოსკოვის მეფის წინაშე, მათი მფარველობაში მისაღებად2. ხელმწიფე ალექსი მიხეილის ძემ ბრძანა დაეკითხათ „მამუკინი“ და გაერკვიათ ვის მხარეს იყვნენ თუშები, შაჰს ხომ არ ემხრობოდნენ, რაზეც პასუხი იყო შემდეგი: „ისინი ყველანი ქრისტიანები იყვნენ და თეიმურაზს ემორჩილებოდნენ, ხევსურების მეთაური ხევისბერია, ხოლო ფშაველებისა ერისთავი. ამჟამად ხევსურებიც თავისუფალნი არიან. ფშავის ერისთავი კი ირანის შაჰის ქვეშევრდომი გახდა. ის ერისთავი თავისთან იწვევს თუშებსა და ხევსურებს, მაგრამ ისინი უარს ეუბნებიან და აცხადებენ, რომ თეიმურაზის და მეფისწული ნიკოლოზ დავითის ძის ქვეშევრდომები არიან. თუ მ[ეფის] უ[დიდებულესობა] ინებებს მიიღოს ისინი თავისი მ[ეფური] უ[დიდებულესობის] მაღალი ხელის ქვეშ, ირანის შაჰთან არავითარი უსიამოვნება არ ექნება“3.
1. ივანე „მამუკინი“ ის „ივანე მაქსიმეს შვილი“ უნდა იყოს, რომელიც 1658 წლის ქართულად დაწერილ წერილშია მოხსენიებული, როგორც ელენე დედოფლის კაცი.
2. Накашидзе Н. Т., Ук. труд, с. 191.
3. Там же.
მოსკოვის მთავრობა დაინტერესდა ქართველი მთიელების საკითხით და ივანე „მამუკინი“ და თარჯიმანი ი. ფედოროვი საქართველოში გაგზავნა. 1656 წლის დეკემბერში ისინი დაბრუნდნენ და მოიყვანეს თუშების, ხევსურებისა და ფშაველების წარმომადგენლები, რომლებმაც მოიტანეს ერთი საინტერესო წერილი, საიდანაც სრულიად გარკვევით ჩანს ვისი ინიციატივით ცდილობენ მთიელები შევიდნენ რუსეთის ხელმწიფის ქვეშევრდომობაში: „ქ. დიდო და ყოვლის მპყრობელო ბატონო, დიდო მეფევ და ყოველთ ქრისტიანეთ ხელმწიფევ, ალექსი მიხეილი შვილო! ყოვლისა მპყრობელო! შენის ბრძანებითა ჩვენს დედოფალსა და ბატონის შვილსა კაცი ებოძა, და ჩვენი ქვეყნის კაცი დაებარებინა, რომე ჩვენც ამ დიდის ხელმწიფის ხელთა ვართო. და თქვენ ამისი ყმანი შეიქენითო და თქვენც ამას დაუკარით თავიო. აწე... ხელმწიფევ, ჩვენი ხელმწიფეც თქვენა... არის და ჩვენც თუშეთის და ხევსურეთის და ფშავის ქვეყანათა, სამთავ ქრისტიანთ ქვეყანასა პირობა გვიქნია და ზურგი მიგვიბამს ერთმანერთისათვინ და ელჩები გამოგვიგზავნია. ხევის ბერი სოზამე მაქსიმიჩ, და გრიგოლ სადორიჩ, და პავლე ივანიჩ, და შენი ყმანი შევქმნილვართ და თავი დაგვიკრავს, როგორც თქვენი ბძანება იქნება ჩვენ იმისი მქნელნი ვართ: ჩვენა ერთი ღმერთი ვიცით და მეორე ხელმწიფე თეიმურაზ. ჩვენ მაგარს ალაგს ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის და საქართველოს ყენი ებრძვის და ჩვენ არც შემოგვიშვია ყაენის კაცი, და სადაც მოგვიხელთებია, მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია და ლაშქარი გაგვიწყვეტია: აწე, დიდო ხელმწიფე ყენმა წაახდინა, და ზურგი აღარ სადით გვქონდა, და მღვთისაგან ველოდებოდით, რომე ერთი შენი ბძანება და კაცი მოგსვლიყო: აწე მოგვივიდა შენი ბძანებაცა და ჩვენის დედოფლის კაციცა, და თქვენი ბძანება გაგვითავებია, და შენ შემოგხვეწნივართ, და შენთვის თავი დაგვიკრავს გვიმსახურე და გვალაშქრე, ამდღეშიოთ შენი ყმანი შევქმნილვართ“1.
1. Переписка, с. 74-75.
1657
წლის 22 იანვარს ქართველი ელჩები საელჩო პრიკაზში დაიბარეს. მათ განაცხადეს, რომ მოსკოვში „ჩამოვიდნენ დიდ ხელმწიფის თაყვანისცემისათვის, რათა დიდმა ხელმწიფემ მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენისათვის მოწყალება მოიღოს და ბრძანოს მათი მიღება თავისი მაღალი ხელის ქვეშ მუდმივ ქვეშევრდომობაში... მათი რწმენა ქრისტიანულია და ცხოვრობენ მთების გამაგრებულ ადგილებში სამ ბანაკად, ხოლო ქალაქები და ბატონები არ ჰყავთ, ყველა თავის სოფელს ფლობს. თუშებს 8000 მებრძოლო ჰყავთ, ხევსურებს 5000, ფშაველებს 4000. მეომრები იბრძვიან შვილდითა და შუბით, ყველანი აბჯარში არიან. თერგიდან თუშეთამდე სწრაფი სიარულით 4 დღის სავალია, ნელა კი 6 დღისა. ირანის შაჰისაგან, ყუმიხებისაგან და ჩერქეზებისაგან შორს არიან და მათგან არავითარ შევიწროებას არ განიცდიან... ამ დრომდე მეფე თეიმურაზის ქვეშევრდომები იყვნენ. მას შემდეგ რაც ყიზილბაშმა შაჰმა ის გაანადგურა, იმ დროიდან ისინი დამოუკიდებლად ცხოვრობენ“1.
მთიელების წარმომადგენლების მიერ რუსეთისადმი ერთგულების ფიცის მიღების შემდეგ, ისინი უკან გაგზავნეს და თან გააყოლეს რწმუნებულები, რომლებსაც მთიელებისათვის ფიცი უნდა დაედებინათ. იმის გამო, რომ ქართველი მთიელები სრულიად თავისუფალნი იყვნენ და ფეოდალები არ ჰყავდათ, ყველას რუსეთის მეფის ერთგულების ფიცი უნდა დაედოთ. ი. ცინცაძემ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსკოვის მთავრობამ თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში ფიცის მიღების ცერემონიალის ჩასატარებლად გაგზავნეს სპეციალური პიროვნებები _ „წარგზავნილები“ (присыльщики). უფრო მაღალი თანამდებობის პირი არ შეესაბამებოდა თუშეთისა და ხევსურეთის მდგომარეობას.
1. Накашидзе Н. Т., Ук. труд, с. 191-192.
უფრო მეტიც, იმისათვის, რათა ისინი ფიცის ერთგულნი ყოფილიყვნენ, მოსთხოვეს მძევლები. შ. მესხია და ი. ცინცაძე, იმის გამო, რომ ცნობილი არ არის, შესრულდა ეს მოთხოვნა თუ არა, ვარაუდობდნენ, რომ, „რამდენადაც თუშების, ფშავებისა და ხევსურების ერთგულება, თეიმურაზისა და უფლისწული ერეკლეს შუამდგომლობის წყალობით ეჭვს არ იწვევდა, მძევლები აღარ აიყვანეს“1. მაგრამ როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, სინამდვილეში ქართველი მთიელების მძევლები მოსკოვში ჩაიყვანეს.
საინტერესოა თერგის ვოევოდას მიერ მოსკოვში გაგზავნილი მოხსენება, საიდანაც ვიგებთ, რომ საქართველოსკენ მომავალი „მამუკინი“ და მთიელები თერგში შეხვდნენ მოსკოვისკენ მიმავალ თეიმურაზ მეფეს: „მან თარჯიმანი რომან ზინოვიევი და თუში პავლე თავისთან დაიტოვა, ხოლო აზნაური ივანე მამუკინი, სალტანი (სოზამე მაქსიმიჩი _ე.მ.) და გრიგორ სიდოროვი (გრიგოლ სადორიჩი _ე.მ.) თერგში დატოვა და უბრძანა თუშეთში მარტო წასულიყვნენ, წერილი გაატანა და თუშებს ყველაფერი უბრძანა. ივან მამუკინი თუშეთში მანამ არ წავიდა, ვიდრე მეფე თეიმურაზი თერგში არ მოვიდა. (მეფემ _ე.მ.) ივანეს უბრძანა იმ სამი სამფლობელოდან (თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი _ე.მ.) ორორი კაცი აეყვანათ იმ მეთაური მფლობელებისაგან, ვინც იმ მიწებს ფლობდნენ. როცა ის ხალხი აიყვანეს, თეიმურაზთან ერთად წავიდნენ მოსკოვში“2.
იმავე წლის 26 სექტემბერს ივანე მამუკინი წავიდა თუშეთში, საიდანაც 4 ნოემბერს დაბრუნდა თერგში, თან მოიყვანა 9 მთიელი ქართველი და 1658 წლის ივნისში ისინი უკვე მოსკოვში იყვნენ3. თერგის ვოევოდას მოხსენებას ნაწილობრივ ადასტურებს თუშების, ხევსურების და ფშაველების მიერ მეფე ალექსი მიხეილისძისთვის გაგზავნილ წერილი, რომელიც დათარიღრებულია 1658 წლის 12-13 ივლისით. გავეცნოთ ამ საკმაოდ ვრცელი წერილის მნიშვნელოვან ადგილებს: „... მღთივ გვირგვინოსანო, მეფეთ მეფევ, დიდო მეფევ, ბატონო ალექსი მიხეილის შვილო: თქვენმა მონდობილმა ქვეყანამა თუშეთმა, ხევსურმა და ფშავმა სრულ ერთობილთა თავი დაგვიკრავს, და თქვენს ნადგომს მიწას ვთხვევნივართ: აგრევე ამასწინათაც, დიდო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები გხელით და სრულად ერთობილთა თავი დაგიკარით და ასრე მოგახსენეთ, რომე, ჩვენ ერთი ღმერთი ვიცით და მეორე, საქართველოს ხელმწიფე, მეფე თეიმურაზ და ჩვენ სხვას ურჯულო კაცის ხელქვეით არა ვყოფილვართ, თუ არ ქრისტიანის ხელმწიფის ყმანი ვყოფილვართ და გვიმსახურებია და ახლა, ჩვენს ხელმწიფესა (თეიმურაზს_ ე.მ.) ურჯულომ ყენმა დასძლივა და რადგან ჩვენი ხელმწიფე თქვენ ხელთ ქვეშ არის, დიდო ხელმწიფევ, ჩვენც თქვენს ხელთ ქვეშ შევიქნებით და არც უსიკდილოდ ურჯულოს კაცის ყმობა არ შეგვიძლიან, თუ ქრისტიანის ხელმწიფის, და ახლა, მაღალო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები რომ გამობრუნებულ იყო, და ჩვენის ბატონის რძლის კაცი ივანე მაქსიმეს შვილი და თერგზე რომ მოსულ იყუნეს, ჩვენი ხელმწიფე (თეიმურაზ I _ე.მ.) წინ შემოჰყროდა, და ერთი ჩვენი ელჩი იქ დაეჭირა და ორი კიდევ გამოუშო და ერთი თავისი კაცი ივანე მაქსიმეს შვილი და ასრე ებძანა ჩვენს ხელმწიფესა ჩვენთვის, რომე „ერთი ღმერთი იცოდეთო, და მეორე, ეს დიდი ხელმწიფეო. როგორაც ამისმა ბრძანებამ დაგარიგოსთ ისრე ქენითო, და სხვას კაცისათვის არამც თავი მოგიდრეკიათო, და ან სხვა კაცი თქვენს ქვეყანაში შემოგიშვიათო“: მოვიდა ჩვენი ელჩებიც და ჩვენის ხელმწიფის გამოგზავნილი კაციცა, და ჩვენთვის მრავალი წყალობა გებძანებინა და მაგათი ბედნიერი ხელი დაუღებია, ასრე გებძანა. „ჩემი ყმანი შეიქენითო და მემსახურეთო და ვისაც გამტერო, უმტერეთო. თუ რამ დაგჭირდეს, შემატყობინეთო და ლაშქარს მოგაშველებო, და თუ ჩემი ლაშქარი გამოუძახო, ან ლეკზედა ან სხვაგნით, თქვენ მზას იყვენითო. რა ხან ჩემი ბძანება მოგივიდეს, შეიყარენით და ჩემს ლაშქარში გაერივენითო და მილაშქრეთო“. და სხვა მრავალი წყალობა გებძანა ჩვენთვინა... ჩვენ არა ღირს ვიყვენით, რომ ბედნიარს ხელმწიფეს ჩვენთვის წყალობა ექნა: ახლა კიდევ ელჩები ვახელით დიდს ხელმწიფესა რვა კაცი. ნაუმ ივანეს შვილი, პეტრო ნაუმის შვილი, ალექსანდრე აბრამის შვილი, მიხეილ გრიგოლის შვილი, გრიგოლ მიხეილის შვილი, ივანე ივანეს შვილი, სვიმონ ზაქარიას შვილი, კუზმა სვიმონის შვილი გამოგვიგზავნია და შევიტყევით, რომ ჩვენი ხელმწიფე თქვენთან წამოსულა და როგორც თქვენი ბძანება მამივა, ისრე ვიქთ, და ისრე გმსახურებთ“4.
1. Месхия Ш. А., Цинцадзе Я. З., Из истории
русско-грузинских отношении, с. 79.
2.
Накашидзе Н. Т., Ук. труд, с. 192.
3. Там
же, с. 192-193.
4. Переписка, с. 229-230.
მოხმობილი მასალები, ვფიქრობ, უეჭველს ხდის, რომ თუშები, ფშაველები და ხევსურები თავიანთ ერთადერთ მეფედ და ბატონად მხოლოდ თეიმურაზ მეფეს მიიჩნევდნენ (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს დასახელებული ქართველი მთიელების თეიმურაზისადმი მორჩილების ხარისხს) და მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისას მოქმედებდნენ მათ მიერ აღიარებული მეფის მითითებით. მაგრამ თეიმურაზ მეფის ამ მცდელობას ისევე, როგორც მის მრავალ სხვა ძალისხმევას და, თუნდაც, მისი მოსკოვის ხელმწიფესთან პირადად ხლებასაც კი, სასურველი შედეგი არ მოჰყვა.
ავტორი: ე. მამისთვალიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий