თეიმურაზ I-ის დიპლომატი ნიკიფორე ბერძენი
თეიმურაზ I-ს იმერეთში სრულიად შეცვლილი პოლიტიკური მდგომარეობა დახვდა. აღარსად ჩანდა საერთო ქართული საქმისადმი ის ერთობა და ერთგულება, როდესაც მეფე-მთავრები ერთობლივად მოქმედებდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, ისინი აღმოსავლეთ საქართველოსაც ეხმარებოდნენ ირანისაგან თავდაცვაში. დაპირისპირების მოთავე ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი იყო. იმერეთის მეფე გიორგი III-ს, თეიმურაზის მძახალს, თავის თავი გასჭირებოდა და თეიმურაზს ვეღარ დაეხმარებოდა. უფრო მეტიც, ლევან II დადიანის შიშით იგი ქუთაისიდან ვეღარ გადიოდა. ამგვარ მდგომარეობაში ყოფნა დაუდგრომელი თეიმურაზისათვის აუტანელი იყო და თავის სამეფოში დასაბრუნებლად შესაფერის მომენტს ელოდა.
1634 წელს როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულმა ქართლის თავადებმა თეიმურაზი მიიწვიეს. იგი ქართლში გადავიდა, მაგრამ დამარცხდა და მხოლოდ კახეთის ტახტი დაიბრუნა მას შემდეგ, რაც შაჰის მიერ კახეთის მმართველად დანიშნული სელიმ-ხანი გააძევა. როსტომმა დიდი ჯარით გაილაშქრა თეიმურაზის წინააღმდეგ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი თეიმურაზი იძულებული გახდა როსტომისათვის მოციქულები გაეგზავნა და შერიგება და შაჰთან შუამდგომლობა ეთხოვა. თეიმურაზი შაჰს, შერიგების შემთხვევაში, თავისი ქალიშვილის თინათინის მიცემას ჰპირდებოდა. „ეს ანბავი როსტომ მეფეს ნამეტნავად იამა და ყაენს არზა მისწერა და ლაშქრობა მოიშალა... ქვეყნის დამშვიდების და ჩხუბის დაწყნარებისათვის ყაენს მისწერა და იმათაც ეამებინა და ყაენის ასრე ბრძანება მოუვიდა _ თქვენი შერიგება გვიამაო, კარგი გიქნიათო და ბატონიშვილი თინათინ დიდის პატივით გამოისტუმრეთო... ბატონს თეიმურაზს ათასი თუმანი თეთრი და ათასის თუმნის ხალათი გაუგზავნეს და კარგი საიმედო რაყამი მისწერეს, ასე რომ რაც ამას წინათ შეგიცოდებიაო, ყველა შეგვინდვითო და ამას უკანო შენ და როსტომ მეფე შერიგდითო, ჩვენ გვიამებისო და ორთავ მრავალს წყალობას გიზამთო და ასრე კიდევ მეფის როსტომისათვის ებრძანებინა“1. ამგვარად, შაჰმა კვლავ ოფიციალურად სცნო ქრისტიანი თეიმურაზი კახეთის მეფედ, რაც ირანის მხრიდან, როგორც კახეთის ტახტს ახლად დაუფლებულ თეიმურაზს შეიძლებოდა ეფიქრა, სისუსტის გამომჟღავნება იყო. იგი რომ ასე ფიქრობდა, გამოჩნდა მისი შემდგომი მოქმედებიდან. თეიმურაზი ხელსაყრელ მომენტს ელოდა შაჰ სეფისა და როსტომ მეფის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყებად. თითქოს ასეთი დრო დადგა 1635 წელს ოსმალეთის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმატებით განახლებული ომის დროს. სულთანმა, შიკრიკების ხელით გაგზავნილი სიგელებით, თეიმურაზს და ყირიმის ხანს 1636 წლის გაზაფხულზე მთელი თავიანთი ჯარებით ირანზე გალაშქრება სთხოვა. როდესაც შაჰ სეფიმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაიგო, ერევნისკენ გაეშურა და იქ დადგა. თეიმურაზ მეფესა და სულთანს შორის ურთიერთობა გრძელდებოდა (`მათ შორის შიკრიკები მიდიმოდიოდნენ“), იმდენად, რომ ქართველთა რაზმები შამახაში შეიჭრნენ, ქლაქები დაიპყრეს და ხელთ იგდეს მრავალი ტყვე. შემდგომში ომი სპარსელების მოწინააღმდეგეთა წარუმატებლად წარიმართა და ახლა უკვე შაჰის ლაშქარი იჭრება კახეთში2. ძნელია იმის თქმა, რამდენად შეეფერება სინამდვილეს რუსული წყაროდან ამოღებული სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლის ამსახველი ეს ცნობები. მათი დამადასტურებელი სხვა წყარო არ არის.
თეიმურაზ მეფე მდგომარეობას მაინც არ ეგუებოდა და ქართლის ტახტის დაპყრობისათვის ემზადებოდა, მაგრამ ამის მიღწევა მოკავშირის გარეშე შეუძლებელი იყო. ნათელი იყო ისიც, რომ ასეთ მოკავშირედ ოსმალეთი ვეღარ გამოდგებოდა და მან დახმარების სათხოვნელად ბერძენი მიტროპოლიტი ნიკიფორე მოსკოვში ელჩად გაგზავნა.
ნიკიფორე ბერძენი საქართველოში მოვიდა 1623-1624 წლებში. თეიმურაზმა ეს პიროვნება კონსტანტინოპოლის პატრიარიარქ კირილე ლუკარისს სთხოვა3.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 244.
2. Тивадзе Т., Материалы, с. 170-171, док. №33.
3. Переписка, с. 9.
იმის გამო, რომ კირილე ლუკარისი ლათინების მტერი იყო (გავიხსენოთ დასავლეთ ევროპიდან სამშობლოსკენ მომავალი ნიკიფორე ირბახის მიერ კონსტანტინოპოლში გადატანილი უსიამოვნება, რაშიც პატრიარქის ხელიც ერია) და მართლმადიდებელი რუსეთს მიიჩნევდა იმ ძალად, რომელსაც შეეძლო სერიოზული როლი შეესრულებინა ოსმალთა უღლიდან საბერძნეთის განთავისუფლების საქმეში, რუსეთში იგი პატივისცემით სარგებლობდა. როგორც ჩანს ყოველივე ეს თეიმურაზ მეფემ კარგად იცოდა და მან, თავის დიპლომტებზე გულაცრუებულმა, ისეთი პიროვნება სთხოვა პატრიარქს, რომელსაც იგი ენდობოდა და ოსმალეთთან და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას მიანდობდა. თეიმურაზ მეფის ამგვარი მოქმედება, რომ უცხოელი გამოეყენებინა პოლიტიკურ საქმიანობაში, გასაკვირი არ იქნება (გავიხსენოთ, მან, ნიკიფორე ბერძენზე ადრე, იტალიელი დონ პიეტრო ავიტაბილე გაგზავნა რომში), თუ გავითვალისწინებთ ქართველი მეფეების მიერ დიპლომატებად უცხოელების გამოყენების პრაქტიკას. ამგვარი პრაქტიკა სხვა სახელმწიფოებშიც არსებობდა. როგორც ჩანს, ნიკიფორემ გაუმართლა იმედები თეიმურაზ მეფეს, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მოსკოვთან მისი დიპლომატიურ მიმოწერაში.
მიტროპოლიტ ნიკიფორეს შესახებ საინტერესო ცნობები მოცემულია მის მიერ 1635 წელს მოსკოვში ჩატანილ თეიმურაზის წერილში.
ნიკიფორეს თან მიჰქონდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის 1634 წლის აგვისტოთი დათარიღებული სარეკომენდციო წერილიც1, რომელიც მთლიანად ნიკიფორეს ქებაა. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ მეფე თეიმურაზი რუსეთის ხელმწიფესთან თავის ელჩად გზავნის უწმინდეს და მოკრძალებულ ბატონ ნიკიფორეს _ პატრიარქის მოადგილეს, ივერიის არქიმანდრიტს. ჩამოთვლილია ელჩისათვის აუცილებელი დამახასიათებელი ის ნიშნები, რომლებსაც ნიკიფორე ფლობდა2.
1. Там же, с. 121.
2. Там же, с. 120-121
თეიმურაზ მეფის ამ ელჩის პიროვნების შეფასებისას ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია უარყოფითი მოსაზრება1, რაც გადაჭარბებულად მკაცრად მიმაჩნია. ნიკიფორე ბერძენს, რომ ნაკლი ჰქონდა, აღნიშნულია წინამდებარე ნაშრომშიც, მაგრამ ძირითადად, ქართული პოლიტიკური ცხოვრებისა და დიპლომატიის მაშინდელ დონეს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, უფრო ობიექტურია ნიკიფორე მიტროპოლიტის თ. ტივაძისეული შეფასება: ჩანს, რომ იგი საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო, რასაც მოწმობს მისი წერის მანერა და საღვთო სჯულის ცოდნა. იყო მოქნილი დიპლომატი, რაც კარგად გამოვლინდა რუსეთის სამეფო კართან მისი ურთიერთობისას; მან კარგად იცოდა თავისი დროის საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება, რუსეთის საერთაშორისო წონა და პრეტენზიები; იგი ასევე კარგად ფლობდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პერიპეტიებს2.
1. როგორც თეიმურაზ მეფე რუსეთის ხელმწიფეს აცნობებდა, მასთან აგზავნიდა «нареченного митрополита святыя области кукосонские, лурского честного ехзарха всея Исхания кир-Никифора греченина» (Полиевктов М., Ук. труд, с. 108). თ. ტივაძის ვარაუდით, „კუკოსონი“ შეიძლება ნიშნავდეს კაკ-ენისელს, ხოლო „ისხანია“ - სოფელ შიხიანს, რომელიც ენისელიდან 2 კილომეტრზე მდებარეობდა სამხრეთით (ტივაძე თ., თეიმურაზ პირველის საგარეო პოლიტიკა, გვ. 83). ნიკიფორეს უარყოფითი დახასიათება თეიმურაზ მეფის მიერ მისი რუსეთში მეორედ გაგზავნისას გატანებული წერილის მონაცემების მიხედვით (იხ. კეკელიძე კ., ნიკიფორე ირბახი. ინიციატორი ქართული სტამბის დაარსებისა რომში. „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, თბ., 1945, გვ. 294; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, IV, 1967, გვ. 386-389). დ. კარიჭაშვილს ნიკიფორე ორბახი და ნიკიფორე ბერძენი ერთი და იგივე პიროვნება ეგონა (კარიჭაშვილი დ., ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია, ტფ., 1927, გვ. 21-22). კ. კეკელიძემ დაადგინა, რომ დასახელებული პიროვნებები თეიმურაზ I-ის სხვადასხვა ელჩები იყვნენ (კეკელიძე კ., ნიკიფორე ირბახი, გვ. 293-296).
2. ტივაძე თ., თეიმურაზ პირველის საგარეო პოლიტიკა, გვ. 93.
რადგან პატრიარქი კირილე ლუკარისის წერილი დათარიღებულია 1634 წლის აგვისტოთი, ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ ელჩობის გაგზავნა თეიმურაზ მეფეს ჩაფიქრებული ჰქონდა ადრე, მაგრამ მის განხორციელებაში ხელი შეუშალა სხვადასხვა არახელსაყრელმა გარემოებამ1. ისიც უნდა ითქვას, რომ თეიმურაზ მეფე, შეძლებისდაგვარად, ცდილობდა რომელიმე პატრიარქის, კერძოდ იმის, ვისთანაც მას მოცემულ პერიოდში კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მისი სარეკომენდაციო წერილით ელჩის აღჭურვა.
შეიძლება გავიხსენოთ ნიკიფორე ირაბახის გაგზავნა ევროპაში იერუსალიმის პატრიარქის სარეკომენდაციო წერილით. თეიმურაზ მეფემ რუსეთის ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძეს საკმაოდ ვრცელი წერილი გაუგზავნა, რომელიც დათარიღებულია 1635 წლის 17 სექტემბრით2. წერილი უაღრესად საინტერესოა. იგი თითქმის სრულ წარმოდგენას გვიქმნის როგორ ესმოდა ამ ქართველ მეფეს რუსეთთან ურთიერთობა და როგორ ესახებოდა მისი განხორციელების გზები. ჩვენს წინაშე ცოცხლდება თეიმურაზ მეფე, როგორც პოლიტიკოსი და დიპლომატი.
1. ელჩის წარდგენა.
როგორც ითქვა, წერილის დასაწყისში მნიშვნელოვანი ადგილი დათმობილი აქვს ელჩ ნიკიფორეს ადამიანური თვისებების ქებასა და მის დამსხურებას თეიმურაზ მეფის წინაშე.
თეიმურაზი რუსეთის ხელმწიფეს თავის ელჩზე მოახსენებს შემდეგს: რადგანაც ჩვენი პატრიარქი აღესრულა და არ გვყავს სხვა პატრიარქი3, ამიტომ ეს მიტროპოლიტი არ არის ხელდასხმული. იგი ერთი წელია რაც ზემოთ დასახელებულ მხარესა და სამიტროპოლიტოს ფლობს. საქართველოში წესადაა, რომ ხელდაუსხმელმა მიტროპოლიტმა ერთი წელი უნდა განაგოს თავისი ეპარქია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს. ამ მიტროპოლიტმა, ივერიის მიწა-წყალზე ქრისტიანობისათვის მრავალი სიკეთე, შრომა და დახმარება გასწია. ამიტომ გზავნის მეფე მას მოსკოვში. „ამისათვის მიყენია იგი ჩემს სახელმწიფოში ყველა ბოიარსა და არქიელზე მაღლა, რადგან არის მეფის სამსახურისა და ბრძანებების პატიოსანი და ღირსეული შემსრულებელი. რომელ სამეფოსა და სახელმწიფოშიც ელჩად გავაგზავნე, ყოველთვის წარმატებით დაბრუნდა“. თეიმურაზ მეფეს მრავალი ბოიარი და არქიელი გაუგზავნია სხვადასხვა მეფესთან მრავალი საჩუქრით, მაგრამ ვერავინ გააკეთა იმდენი რამდენიც ამან.
1. Накашидзе Н., Грузино-русские политические отношения первой половине XVII века, с. 110; ტივაძე თ., დასახ. ნაშრ., გვ. 80.
2. თ. ტივაძე ითვალისწინებდა, რომ ბერძნულ მართლმადიდებლურ სამყაროში ახალი წელი 1 სექტემბრიდან აითვლებოდა და წერილის ნამდვილ თარიღად 1634 წლის 17 სექტემბერი მიაჩნდა. ტივაძე თ., დასახ. ნაშრ., გვ. 81.
3. გაუგებარია 1634 თუ 1335 წელს შედგენილ წერილში თეიმურაზ მეფე რატომ ამბობს, რომ ამ დროს პატრიარქი არ გვყავსო, მაშინ, როდესაც 1632-1642 წლებში კათალიკოს-პატრიარქი იყო ევდემოზ I დიასამიძე, რომელიც თეიმურაზ მეფის სასარგებლოდ მოწყობილ როსტომის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დაიღუპა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, რადგან საპატრიარქო კათედრა მცხეთაში იყო და თეიმურაზს, როგოც კახეთის მეფეს, მცხეთაზე ხელი არ მიუწვდებოდა, ამიტომ ამბობს, რომ პატრიარქი არ გვყავდაო. ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახლად გამეფებულმა როსტომმა პატრიარქი ევდემოზი დროებით გადააყენა. ამ ვარაუდის სასარგებლოდ მეტყველებს დონ პიეტრო ავიტაბილეს ერთი ცნობა: ქართლში ახლადმოსულ როსტომს ნიკიფორე ირბახი ოდიშიდან მოუწვევია და, როგორც 1633 წლის 1 აგვისტოს წერილშია ნათქვამი: „ხალხში ხმა დადის, რომ (როსტომს _ ე. მ.) მისი (ნიკიფორე - ე. მ.) პატრიარქად დასმა უნდაო“. ნიკიფორემ უარი თქვა ამ შეთავაზებაზე. ავიტაბილეს ცნობა თუ სიმართლეს შეეფერება, მაშინ გამოდის, რომ როსტომმა, ნიკიფორე ირბახის მიერ უარის თქმის შემდეგ, ევდემოზი ისევ კათალიკოსისად აღადგინა.
ნიკიფორე სრულიად განსხვავდებოდა სხვა ბერძნებისაგან. საქართველოში ბერძნები მრავლად მოდიოდნენ, მაგრამ გამოჩნდებოდნენ თუ არა სპარსელები ისინი მაშინვე სტოვებდნენ ამ ქვეყანას. ნიკიფორე კი, ყოველთვის მეფის გვერდით იყო. „უდიდებულესო მეფე, თქვენს დიდ სამეფოში ადრეც და არაერთხელ გამოვაგზავნეთ სხვა ელჩები, მაგრამ არაფერი გაგვიკეთეს და ნამდვილი პასუხი არ მოგვიტანეს... მაგრამ ეს სადაც გავაგზავნეთ, ხელცარიელი არასოდეს დაბრუნებულა. ცარგრადის სულთანთან გავაგზავნეთ _ შეგვარიგა და საქმე ისე მოგვიგვარა, როგორც გვჭირდებოდა და გვსურდა. ვაზირმა მოგვწერა, რომ სულთანმა ისურვა, რომ სხვა დროს მასთან მის გარდა სხვა ელჩი არ გაგვეგზავნა“1.
1. Полиевктов М. А., Материалы,… док. №6, с. 108-109.
თეიმურაზ მეფე შემდეგ წერს იმ დიპლომატიურ წარმატებებზე, რომლებიც ნიკიფორეს მოღვაწეობის შედეგად იქნა მოპოვებული ოსმალეთის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების საქმეში. ნიკიფორეზე ადრე მე ვიყავი კონსტანტინოპოლში სულთანთან, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეო1. „იმ დროს, როდესაც შაჰი თავს დაგვესხა, ჩემი ყველა ბოიარი და არქიელი შეშინდა და წინააღმდეგობა ვერ გასწია, ეს ელჩი კი, რომელსაც შენს დიდ მეფობასთან ვაგზავნი, ჩვენი გულისათვის შაჰის წინააღმდეგ ხმლითა და ფარით დადგა და ქრისტიანებს ეხმარებოდა და მეთაურობდა. რაც ახალგაზრდობიდან მამული და ქონება ჰქონდა, ყველაფერი ქრისტიანობისათვის დახარჯა“2.
თეიმურაზი ხელმწიფეს სთხოვს ნიკიფორეს მოუსმინოს, ყოველივე ის რაც მას სიტყვიერად დააბარეს და ეს წერილი საიდუმლოდ შეინახოს ისე, როგორც მეფესა და ხელმწიფეს საიდუმლოებათა შენახვას შეეფერება. თეიმურაზ მეფე მიხეილ თედორეს ძეს შეახსენებს, რომ მის ქვეყანაში სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები ცხოვრობენ და სასურველი არ არის მათ იცოდნენ როგორ გადაწყდება ჩვენი საქმეები. ამიტომაც გამოვაგზავნე მცირერიცხოვანი ელჩობა. შემდეგ, როდესაც საქმეს მოვაგვარებთ, მაშინ გაიგოს ყველა მეფემ.
2. საერთაშორისო მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა.
თეიმურაზ მეფე რუსეთის ხელმწიფეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის მეფეს უწოდებს. შეახსენებს, რომ ხელმწიფის პაპა და თეიმურაზის პაპა ალექსანდრე და მამა დავითი, ერთმანეთის მიმართ დიდ სიყვარულში იყვნენ, ერთმანეთს ელჩებს უგზავნიდნენ. ჩვენს შორისაც ამგვარი და უკეთესი ურთიერთობა იქნებოდა, რომ არა ჩვენს შორის მუსლიმანების ჩადგომა. „როდესაც მუსლიმანი3 ხალხები და მეფეები გაიგებენ, რომ ქრისტიან მეფეებს შორის დიდი სიყვარული და კავშირია, დიდად შეშინდებიან არა მხოლოდ მუსლიმანი მეფეები, არამედ ყველა მეფეები და სახელმწიფოები, რადგან ყველა მეფეებსა და ხელმწიფეებს შორის უთანხმოება და დიდი ომებია, გერმანელებიც არეულობაში იმყოფებიან“4.
1. Там же, с. 109-110.
2. Там же, с. 110.
3. წერილში თურქებია. როგორც ჩანს, თეიმურაზი თურქებში მუსლიმანებს გულისხმობს.
4. Полиевктов М. А., Материалы,… док. №6, с. 111.
3. თანამედროვე პოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად აუცილებელია ისტორიის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილების გახსენება-გათვალისწინება.
თეიმურაზ მეფე მიხეილ თედორეს ძის ყურადღებას მიაპყრობს ცენტრალურ ევროპაში მიმდინარე ოცდაათწლიანი ომზე, ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიურ და სამხედრო დაპირისპირებაზე, რაც სასარგებლოა საქრისტიანოს მტერი მუსლიმანური ქვეყნებისათვის. თეიმურაზს არც იმის შეხსენება დავიწყებია, რომ ამგვარი დაპირისპირების, ურთიერთგაუგებრობისა და მერყეობის შედეგი იყო თურქების მიერ ცარგრადის დაპყრობა და წმინდა ეკლესიებისა და მონასტრების შეგინება, მეჩეთების ჩადგმა, ბერძენი მეფეების მოდგმის გადაშენება, უღმერთო მუსლიმანების გამრავლება და მეფობა. კეთილი ბერძნები იცავენ თავიანთ რწმენას, რომელიც არის ფესვი და საწყისი ყველა ქრისტიანისა. რომელი მოდგმაც კი თურქების ხელში აღმოჩნდა, ყველა სულითა და ხორცით დაიღუპა. აქ ჩანს ბერძნებისადმი დამოკიდებულებაში ორმაგი სტანდარტი. საქართველოში მცხოვრები ბერძნებისადმი თეიმურაზ მეფე ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენს და მათ გარკვეულ საკითხებსა და ვითარებაში არ ენდობა. მაგრამ როდესაც იგი მოსკოვის ხელმწიფესთან ურთიერთობს, ითვალისწინმებს რუსეთში ბერძნებისადმი კარგ დამოკიდებულებას, მან იცის რომ ბერძნებს მოსკოვში და სხვაგანაც მაღალი საეკლესიო თანამდებობები უკავიათ, სერიოზულ როლს ასრულებენ განათლებასა და მეცნიერებაში, ამიტომ თეიმურაზი მათდამი გულთბილ დამოკიდებულებას ამჟღავნებს.
3. საქართველოს წარსული და თანამედროვე მდგომარეობა.
საქართველოს წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობას თეიმურაზ მეფე აღწერს, როგორც მძიმეს. საინტერესოა, რომ იგი ქართული სახელმწიფოს დაფუძნებას ქრისტიანობის გამარჯვებას უკავშირებს. „მრავალჯერ იყო სპარსელებისგან განადგურება, შემდეგ სხვა ხალხებისგანაც, დიდი ომებისაგან ნგრევა. ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა არ მოგვაკლო თავისი მოწყალება და ქრისტიანობა არ დაანება საბოლოოდ გასანადგურებლად, რადგანაც აქ, მცხეთის დიდ ეკლესიაში დადებულ იქნა ქრისტეს კვართი, აქვეა დღემდე ჩვენი საპატრიარქო. გვინდა შენს დიდ მეფობასთან ვიყვეთ მეგობრობასა და სიყვარულში, ვიყოთ დაცულნი შენი სამეფოს სიახლოვეს, რათა დიდი ეკლესია და ქრისტეს წმინდა კვართი არ ჩავარდეს მუსლიმანთა ხელში, არ განადგურდეს აქაური მხარეები, მონასტრები და ეკლესიები, ქრისტიანული სახელმწიფოები...“1
რადგან თვითმპყრობელი მეფე ხარ, მიმართავს თეიმურაზი მიხეილ თედორეს ძეს, ხარ ყველა მეფისა და სახელმწიფოს მეთაური, ამიტომ „თვითმპყრობელო მეფევ! როგორც ყველა მეფისა და ხელმწიფის მეთაურს, ახლა, დღეიდან გადმოგცემ ივერთა მიწა-წყალს, წმინდა ეკლესიებს და წმინდა ქრისტეს კვართს. დაიცავი ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, რამეთუ თვით უფალმა წარმოსთქვა: „ძლიერებს შეუძლიათ ზიდონ ტვირთი სუსტებისაო... და ვიქნებით თქვენს ძლიერ სახელმწიფოსთან ერთად, ასევე იქნება ჩვენი საქართველო და ჩვენ ვიქნებით შენი დიდი ქვეყანა... როგორც მოიქცნენ ჩვენი პაპები და მამები, ისე უნდა მოვიქცეთ ჩვენც, სანამდის არ დავიღუპეთ და შენს მეფობასთან სიყვარულში ვართ“2.
თავის სამეფოში არსებული მდგომარეობის შესახებ თეიმურაზ მეფე წერს შემდეგს: ამჟამად, ღვთის შეწევნით, ქართლი და კახეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა, როცა ქართლის სამეფო ცალკე იყო დიდი ხნის განმავლობაში არაგვის გზაზე ჩემს ელჩებს არ ატარებდნენ და ძარცვავდნენ. ამიტომ იყო, რომ თქვენთან ელჩებს ვერ ვაგზავნიდით. ამას გარდა, როცა უღმერთო შაჰი გაიგებდა, რომ თქვენთან ელჩებს ვაგზავნიდით, ბრაზდებოდა. იმ უღმერთო შაჰს იმისი ეშინია, რომ ჩვენ და თქვენ არ გავერთიანდეთ და მისი ქვეყანა არ გავანადგუროთ. შაჰის კარზე ჩვენი ხალხი გვყავს, და იქ რაც ხდება ყველაფრის საქმის კურსში ვართ. ისინი ყველაფერს გვწერენ. გავხდი თუ არა ივერიის მეფე, აღრიცხული გვაქვს, რომ ჩვენმა ხალხმა 47 ათასი ყიზილბაში გაწყვიტა. შაჰი ცდილობს საჩუქრებით მოგვატყუოს და ქრისტიანობა გაანადგუროს და სამფო დინასტია ამოწყვიტოს. ჩვენ კი, მრავალი წელია ჯვრით ხელში და თქვენი დიდი მეფობის საბედნიეროდ, ვებრძვით დღე და ღამე. როცა შაჰმა გაიგო, რომ ელჩის გამოგზავნა გვინდა თქვენთან, შეწუხდა, რადგან ახლა მარტო ვარ და ვერ მიმორჩილებს, მერე, როცა მოსკოვის მეფესთან კავშირში ვიქნები, ვეღარასოდეს დამიმორჩილებს3.
1. Там же, с. 112.
2. Там же, с. 112-113.
3. Там же, с. 114-115.
4. ქართლ-კახეთის მთავარი მტერი ირანია.
თეიმურაზ მეფე, რუსეთის ხელმწიფე შაჰის ვერაგობასა და სიცბიერეში რომ დაარწმუნოს, უახლოესი წარსულიდან იხსენებს შემდეგს: ახლა თქვენთან ელჩად რომ ნიკიფორე გამოვაგზავნე ადრეც მქონდა განზრახული მისი გამოგზავნა, მაგრამ ამის შესახებ შაჰმა გაიგო, განრისხდა და მალემსრბოლი გამომიგზავნა წერილებით და სურდა გაეგო რა საქმე მქონდა და რატომ ვაგზავნიდი ელჩს მოსკოვის ხელმწიფესთან. მალემსრბოლის შემდეგ დიდ ელჩი გამომიგზავნა საჩუქრებითა და წერილებით. მწერდა, რომ ჩემი ქალიშვილის ცოლად შერთვა უნდოდა. ჩვენ თუ მოვისურვებდით მასთან მეგობრობას, მაშინ ჩემი ვაჟისათვის ცოლად მთავაზობდა იმამყული-ხანის ასულს, მხოლოდ იმ პირობით, რომ თქვენთან, მოსკოვის ხელმწიფესთან, ელჩს აღარ გამოვგზავნიდიო. სამაგიეროდ შაჰი თეიმურაზს პპირდებოდა, რომ საქართველოსა და ირანს შორის მუდმივი მშვიდობა დამყარდებოდა. თეიმურაზის აზრით, შაჰს ბოროტი ჩანაფიქრი ჰქონდა: როცა მეფის ასულს წაიყვანდა, მაშინ მეფე ვეღარსად წაუვიდოდა. შემდეგ თეიმურაზ მეფე ჰყვება, რომ შაჰის ელჩი მიიღო ისე როგორც ელჩს ეკადრება, დაასაჩუქრა და უთხრა: მე შაჰისათვის მისაცემი ასული არ მყავს, რადგან ის ქრისტიანია, შაჰი კი მუსულმანი, ჩვენი კანონი გვიკრძალავს და ივერიელ მეფეებს არასოდეს ეს არ ჩაუდენიათ და ვერც მე ჩავიდენო. ვაჟიც ერთადერთი მყავს ტახტის მემკვიდრე და ვერც მას ჩავაგდებ მუსულმანთა ხელში. მირჩევია ჩემი სისხლი დავღვარო, ვიდრე ჩემი ქალიშვილი მუსლიმს მივცე. შაჰს თუ ჩვენთან ძველებურად მეგობრობა და სიყვარული უნდა, ასე იყოს, თუ არა და როგორც ენებებოდესო. თეიმურაზმა სხვაც ისეთ რამეები დააბარა ელჩს შაჰისათვის გადასაცემად, რომ ხელმწიფისთვის განკუთვნილ წერილში მათი დაწერა უხერხულად მიუჩნევია. განრისხებულ შაჰს ჯარი შეუკრებია და ივერიაზე გალაშქრება დაუპირებია. ამის შესახებ თეიმურაზს თავის კაცებმა აცნობეს. მანაც შეკრიბა ჯარი და განჯაში შეიჭრა და გაანადგურა და გადაწვა. განჯის ხანმა დაუდმა, ალიყული-ხანის ძმამ, თეიმურაზ მეფეს მორჩილება გამოუცხადა. მან სხვა ადგილებიც აიკლო, 13 ათასი სპარსელი მოკლა და თავის სამეფოში დაბრუნდა, დაუდ-ხანი კი სულთანთან გაგზავნა. ცხრა თვის შემდეგ შაჰი წამოვიდა და ყაზვინში დადგა და მთელი ჯარი საქართველოზე გამოგზავნა. მეორე მხრიდან შაჰის მოკავშირე დადიანი, რომელმაც თავისი და სპარსელს (როსტომ-ხანს) მისცა, თავისი ჯარით მოვიდა. თეიმურაზ მეფემ ბაშიაჩუკისკენ (იმერეთი) დაიხია. მისი მტრები უკან გაბრუნდნენ. თეიმურაზ მეფეს მოსკოვში ელჩის გაგზავნა მაშინვე სდომებია, მაგრამ გზები ჩაკეტილი იყოო. შეგნებულად ვრცლად გადმოვეცი თეიმურაზ მეფის წერილის ის ადგილი, სადაც ლაპარაკია საქართველო-ირანის ურთიერთობაზე. როგორც ჩანს, რუსეთთან კავშირის დამყარების და მისი მფარველობაში შესვლის დროს თეიმურაზი, ძირითადად, ირანის აგრესიისაგან თავის დაცვას ესწრაფოდა. ამ და ზემოთ განხილული სხვა მასალების გაცნობის შემდეგ ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, „თუ დავუკვირდებით, როგორც ესპანეთთან დაკავშირებისას, ისე რუსეთთან ურთიერთობის დროსაც აშკარად იკვეთება რუსეთის, საქართველოსა და აღმოსავლეთის პატრიარქების ინტერესები: თეიმურაზის ელჩები მადრიდშიც და მოსკოვშიც კონსტანტინოპოლის პატრიარქების წერილებით მიდიან, ესპანეთისა და რუსეთის მთავრობათა წინაშე თეიმურაზი ანტიოსმალური ძალების დამრაზმველის როლში გამოდის და როგორც ქრისტიანობის ბურჯს, რუსეთს თავისი მისიის შესრულებისაკენ მოუწოდებს“1.
1. ტივაძე თ., თეიმურაზ პირველის საგარეო პოლიტიკა, გვ. 85. ხაზგასმა მისია.
მრავალჯერ აღვნიშნე და კვლავ უნდა გავიმეორო: თეიმურაზ პირველისათვის მთავარი მტერი ირანის შაჰები იყვნენ და იგი არასოდეს არ გეგმავდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნას. იგი ანტიირანული კოალიციის შექმნისათვის იღწვოდა. რაც შეეხება ანტიოსმალურ კოალიციაში კონსტანტინოპოლის პატრიარქების ჩაბმის მცდელობას, არც ეს შეესაბამება სინამდვილეს. რუსეთთან დაკავშირებაში მათი მონაწილეობა, თეიმურაზის ელჩებისათვის მხოლოდ სარეკომენდაციო წერილების მიცემაში გამოიხატა. ნიკიფორე ირბახს იერუსალიმის პატრიარქმა გაატანა ასეთი წერილი დასავლეთ ევროპაში, ხოლო ნიკიფორე ბერძენს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კირილე ლუკარისმა მოსკოვში, რაზეც თავის ადგილას საკმაოდ დაწვრილებით ითქვა კიდეც. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქები, ოსმალო ხელისუფალთა შიშით, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში მონაწილეობას ერიდებოდნენ, რადგან ისინი ყოველთვის, განსაკუთრებით კი XVII საუკუნეში, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. მათთვის ყველაზე სახიფათო მართლმადიდებლურ ქვეყნებთან, უპირველესყოვლისა კი რუსეთთან ურთიერთობა იყო.
თეიმურაზ მეფის მიერ საქართველოს დასაცავად გატარებულ ღონისძიებები, მისი ელჩების მადრიდში ან მოსკოვში კარგად მიღება, თეიმურაზის დასახელებული სახელწიფოების მთავრობებისათვის მიმართვა, საქართველოს მიმართ ყურადღების გამოჩენისა და მისი ირანის აგრესიისაგან დაცვისაკენ მოწოდება, რისი მიღწევაც თეიმურაზ მეფეს სინამდვილეში უნდოდა, ყოველივე ეს, გარკვეული გაგებით, ოსმალეთის სასარგებლო საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებსაც მიესადაგებოდა და ამიტომ სულთნის კარის უარყოფითი რეაქცია თეიმურაზ მეფის დასავლური პოლიტიკის გამო, მოსალოდნელი არ იყო.
რაც შეეხება ოსმალეთის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ საიდუმლო მოქმედებას, ამ მხრივ იერუსალიმის პატრიარქები მეტ უფლებას აძლევდნენ თავიანთ თავს და, შემთხვევითი არ იყო, რომ თეიმურაზ I-ის თანამედროვე და შემდგომი პატრიარქები _ თეოფანის III (1608-1644), პაისიოსი (1645-1660) და დოსითეოს II (1669-1707), არცთუ უსაბუთოდ, მოსკოვის აგენტებად მიაჩნდათ, რაც დღეისათვის საბოლოოდ დადასტურებულია1.
1. Панченко К. А., Османская империя и судьбы православия на Арабском Востоке (XVI - начало XIX века). Институт Азии и Африки при МГУ им. М. Ломоносова. „Древо жизни“, М., 1998, с. 19.
5. ყურადღების გამახვილება მცხეთაში დავანებულ ქრისტეს კვართზე.
იმ დროს, როდესაც რუსეთში ცნობილია, რომ საქართველოში (მცხეთაში) ქრისტეს კვართი აღარ არის, რომელიც, თითქოს, შაჰ აბასმა მოსკოვის ხელმწიფესა და პატრიარქს, სიყვარულისა და მეგობრობის დასტურად გაუგზავნა, შეიძლება ვივარაუდოთ, როგორი ეფექტი უნდა მოეხდინა მოსკოვის სამეფო კარზე თეიმურაზის წერილის იმ ადგილს, სადაც კვართზე იყო საუბარი. თეიმურაზ მეფემ, როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, რუსეთთან დიპლომატიურ უერთიერთობაში ქრისტეს კვართს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.
ზემოთ ითქვა, რომ თეიმურაზ მეფის ელჩთან, თეოდოსე მანგლელ რევიშვილთან, მოლაპარაკების დროს (1625 წ.) მოსკოვში, ქრისტეს კვართის მიმართ განსაკუთრებული დაინტერესება გამოამჟღავნეს, თუმცა მიზეზი არ აუხსნეს. თუ ნიკიფორე ბერძენს დავუჯერებთ, თეიმურაზ მეფესა და თეოდოსეს შორის შემდგომი ურთიერთობა, ელჩისათვის არასასურველად განვითარდა. შეიძლება მან თეიმურაზს მოახსენა კიდეც მოსკოვის კვართით დაინტერესების შესახებ, მაგრამ თეიმურაზს, როგორც იგი რუსეთის ხელმწიფეს წერდა, ინფორმატორები შაჰის კარზეც ჰყავდა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, მან ადრევე იცოდა მოსკოვში ამ სიწმინდესთან დაკავშირეებული აჟიოტაჟის შესახებ, მაგრამ იგი არ ამხელდა, რომ მისთვის ყოველივე ცნობილი იყო და თითქოს სხვათა შორის ახსენებდა ქართველთათვის და, საერთოდ, ქრისტიანებისათვის უძვირფასეს რელიკვიას.
ქრისტეს კვართის ასე ხშირად ლაპარაკი 1635 წელს შედგენილ თეიმურაზის წერილში მით უფრო თვალში საცემია, რომ ამ სიწმინდის ხსენებაც კი არ არის იმავე მეფის მიერ იმავე მოსკოვში, იმავე საუკუნის 10-იან წლებში გაგზავნილ წერილებში. მიტროპოლიტი ნიკიფორე ბერძენის მიერ 1635 წელს მოსკოვში ჩატანილ თეიმურაზ I-ის წერილში, სხვადასხვა ამბებთან ერთად აღნიშნული იყო, რომ „ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა თავისი მოწყალება არ მოაკლო და (საქართველოში) ქრისტიანობის საბოლოოდ მოსპობა არ დაუშვა, რადგან აქ, მცხეთის დიდ ეკლესიაში მოთავსებულია ქრისტეს კვართი. აქვეა დღესაც ჩვენი პატრიარქი“1.
1. Полиевктов М. А., Материалы,… док. №6, с. 112.
ყოველგვარი ეჭვის გასაფანტავად, რომ კვართი ნამდვილად საქართველოში და, კონკრეტულად, მცხეთაში იყო, თეიმურაზ I რუსეთის ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძეს სთხოვდა: „თქვენს თვითმპყრობელურ მეფობას შევთხოვთ არ დააკავოთ ჩვენი ელჩი და მასთან ერთად თქვენი ელჩი გამოგზავნოთ... რათა მან დაათვალიეროს ჩვენი ქვეყანა და ქრისტიანობა, წმინდა ეკლესიები და ივერთა მთელი ქვეყანა, მცხეთის დიდი ეკლესია, სადაც მოთავსებულია ქრისტეს კვართი და დღესაც იქ არის. რათა თქვენმა თვითმპყრობელობამ ჭეშმარიტება იცოდეს, ქრისტეს კვართი კახეთში კი არა, ქართლშია“1. როგორც ჩანს, თეიმურაზ მეფე შეეცადა გაესწორებინა თავისი ელჩის, არქიეპისკოპოს თეოდოსე მანგლელი რევიშვილის მიერ მოსკოვში მიწოდებული არასწორი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ქრისტეს კვართი კახეთში, თეიმურაზ მეფის განკარგულებაში იყო2.
ქრისტეს კვართი, ამის შემდეგ, ყოველთვის ფიგურირებს თეიმურაზ მეფის რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობის დროს და ამიტომ სხვა დროსაც მოგვიხდება მასზე მსჯელობა.
1. Там же, с. 118.
2. მამისთვალიშვილი ე., ქრისტეს კვართის ისტორია, გვ. 59-60.
6. ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოება.
თეიმურაზ მეფე საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შემაფერხებელ მნიშვნელოვან მიზეზად ამ ორი ქვეყნის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მდგომარეობას ასახელებს. ის რუსეთის ხელმწიფეს იმ გზაზე მიუთითებს, რომელიც მომავალში ამ ურთიერთობის მთავარ არტერიად უნდა გადაიქცეს: „ჩვენს შორის, ივერიის მიწაწყლიდან თერგამდე შვიდი დღის გზაა. ჩვენს შორის შემაფერხებელი არც ერთი სახელმწიფო არ არის. მაშინ, როდესაც ივერიიდან ცარგრადამდე 60 დღის სავალია, ამდენივეა ირანამდეც. თვითმპყრობელო მეფევ! ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ხალხი ვერავინ მოწყვიტოს შენი დიდი სამეფოდან“1. თეიმურაზ მეფე საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზების საკითხს თავის წერილში კიდევ უბრუნდება და აღნიშნავს, რომ ჩვენს შორის დამაბრკოლებელი აღარაფერია, კარა-კალკანი (არაგვის ხეობა) ახლა ჩვენს ხელშია და თქვენს მოწოდებაზე ყოველთვის მზად ვიქნებით. გზაზე ხელს ვერავინ შეგვიშლის, ჩვენი სამფლობელოები დაცული და მშვიდობიანი იქნება; წმიდა მონასტრები, ეკლესიები, წმინდა კვართი და ქრისტიანობა დაცული იქნება და აღარ ჩავარდება აგარიანების ხელში. მეფე ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითად ასახელებს მუსლიმანთა ხელში ჩავარდნილ იერუსალიმში არსებულ მდგომარეობას, სადაც ლათინები და სომხები ერთმანეთს ეცილებიან ვინ რომელ სიწმინდეს დაეპატრონოს2.
თეიმურაზ მეფეს, პირველ რიგში, მხედველობაში აქვს (რუსებმაც კარგად იცოდნენ), ქართველებს როგორ წაართვეს და კვლავაც ცდილობენ წაართვან მათი ეკლესია-მონასტრები წმინდა ქალაქში.
1. Полиевктов М. А., Материалы,… док. №6, с. 114.
2. Там же, с. 114-117.
7. საქართველო-რუსეთის შეუფერხებელი ურთიერთობისათვის აუცილებელია ჩრდილო კავკასიელების დამორჩილება და მათი გაქრისტიანება.
წერილის ბოლოს თეიმურაზ I ლაპარაკობს აღმოსავლეთ საქართველოსათვის პირველხარისხოვანი საკითხის _ საქართველო-რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიელების ერთობლივად დამორჩილების შესახებ. ამ საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობის საილუსტრაციოდ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მას მოჰყავს სხვადასხვა არგუმენტი. კერძოდ წერს, რომ მას განზრახული ჰქონდა მოსკოვის ხელმწიფისათვის ისეთი ბედაური ცხენი გაეგზავნა, რომლის მსგავსი შაჰის თავლაშიც კი არ იყო, მაგრამ ვერ გაუგზავნა, რადგან გზა იყო დაკეტილი და მოსკოვში ელჩების გამოგზავნაც შეუძლებელი იყო. არც მოსკოვის ხელმწიფის ელჩები მოვიდნენ, რათა თეიმურაზს მისთვის გაეგებინებინა, რომ ცოცხალი იყო და ივერიის ქვეყანაში მეფობდა. თეიმურაზი აბათილებს სპარსელების მიერ რუსეთში გავრცელებულ ხმებს, მათ მიერ თეიმურაზ მეფის ამოგდების შესახებ. თეიმურაზის აზრით, საქართველო-რუსეთს შორის შეუფერხებელი მოგზაურობის შესაძლებლობა უნდა იყოს, რათა ორი ქვეყნის ელჩებმა გზაში ზარალი არ განიცადოს და დიპლომატიური ფოსტა ლეკების, ჩერქეზების, ნოღაელების ან თათრების ხელში არ აღმოჩნდეს. ამის შიშით არის, რომ თეიმურაზი მოსკოვში ბერძნულად დაწერილ წერილებს1 აგზავნის. თეიმურაზის აზრით, ისინი თუნდაც მტრებს ჩაუვარდეს ხელში, მაინც ვერ გაიგებენ. თეიმურაზი გამოსავალს ხედავს ლეკების წინაააღმდეგ ერთობლივი ლაშქრობის მოწყობაში. „უღვთო ლეკებისაგან შეურაცხყოფილნი ვართ. ის ლეკები შენი სამფლობელოსთვისაც უკეთური მეზობლები არიან და ჩვენთვისაც. ისინი არეულ დროს ელოდებიან. წინათ ეს ლეკები ჩვენს სამფლობელოებში, როგორც ჩვენი მონები, ხოლო მათი ვოევოდების შვილები კი ჩვენთან მძევლებად იყვნენ. როცა შაჰთან წაკიდებული ვიყავი, მაშინ ეს ლეკები აგვიჯანყდნენ, როგორც მძვინვარე მხეცი... ქრისტესა და ქრისტიანობის სიყვარულის გამო, მცირე ჯარი გამოგზავნე ლეკების წინააღმდეგ. დრო დადგება და მეც აქედან წამოვალ ჩემი ჯარით მათზე, ან გავანადგუროთ ისინი, ან ქრისტეს სჯულზე მოვაქციოთ და ძველებურად მორჩილებაში ვიყოლიოთ. მოისვენებენ ქრისტიანული წმიდა ეკლესიები და მონასტრები და მთელი საქრისტიანო“2.
1. რადგან წერილი ბერძნულ ენაზე იყო დაწერილი ნ. ნაკაშიძე ფიქრობდა, რომ იგი ნიკიფორეს თვითონ უნდა დაეწერა და ამიტომაც არის მასში ელჩის პიროვნება განდიდებული (Накашидзе Н., Ук. труд, с. 108). გასაგებია, რომ თეიმურაზის კარზე წერილი რუსულად ვერ დაიწერებოდა. ჩემი აზრით, თეიმურაზ მეფე წერილის ბერძნულად დაწერის მიზეზისა სრულიად სწორ ახსნას იძლევა. აქვე უნდა გავიხსენოთ თეიმურაზის მიერ მოსკოვში გაგზავნილი ბერძნულად დაწერილ სიგელთან დაკავშირებით, ივ. ჯავახიშვილის მიერ გამოთქმული მკაცრი შეფასება: „დაუჯერებელია, რომ ყველა ზემომოყვანილი (რაც სიგელში წერია _ ე. მ.) თვით თეიმურაზ მეფეს დაეწერინებიოს. არც ერთ გონიერ პოლიტიკოსს და მეფეს თავისა და ხელისუფლების ასე დამცირება არ შეეძლო, რადგან ეს მისი მიზნების მიღწევას შეაფერხებდა და სახელსაც გაუტეხდა... ნიკიფორე მიტროპოლიტის გადაჭარბებული ქება-დიდება და ამ ბერძნულად დაწერილი სიგელის ნიკიფორესგანვე დაწერილობა გვაფიქრებინებს, რომ აქ იმდენად თეიმურაზ მეფის სიტყვებთან არ უნდა გვქონდეს საქმე, რამდენადაც თვით ნიკიფორეს შენათხზთან. რაკი ამ დროს საქართველოში მმართველ წრეში ბერძნულის მცოდნე არავინ იქნებოდა (მონიშვნა ჩემია _ ე. მ.), ნიკიფორეს დაწერილი შინაარსი თეიმურაზისა და მისი უახლოესი თანამშრომლებისათვის მხოლოდ იმდენად იქნებოდა გასაგები, რამდენადაც თვით ნიკიფორე მათ აუწყებდა. ამიტომ ნიკიფორეს ამ თავის დანაწერში ყველაფრის შეტანა შეეძლო, რასაც კი მოისურვებდა“ (ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 388).
სასიქადულო ისტორიკოსის აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ნიკიფორე ბერძენი სამეფო კართან დაახლოებული ერთადერთი ბერძენი არ იყო. მაშინდელ სამეფო-სამთავროებში ხელისუფლებასთან დაახლოებული ბერძენთა სიმრავლეზე ერთხმად აღნიშნავდნენ თანამედროვენი. ბერძენი სასულიერო პირები საკმაოდ იყვნენ ეკლესიებში და ზოგიერთს მაღალი თანამდებობაც ეკავა. ისიც ჩანს, რომ ზოგჯერ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, ხელისუფალნი მათ აზრსაც ითვალისწინებდნენ. იმის თქმა მინდა, რომ მიტროპოლიტ ნიკიფორეს მიერ დაწერილ (თუ ის თვითონ წერდა?) სამეფო სიგელების გადამოწმების საშუალება არსებობდა. მიჭირს იმის დაჯერება, რომ უფლისწულ თეიმურაზს, მეფობისათვის რომ ამზადებდნენ, ბერძნული იმ დონეზე არ ესწავლებინათ, რომ მისი სახელით დაწერილი სიგელის შინაარსი ვერ გაეგო? სხვათა შორის, 1629 წელს კათოლიკე პატრები თეიმურაზ მეფესთან შეხვედრის შემდეგ, აღნიშნავდნენ თეიმურაზის მიერ ქართულის გარდა, სპარსულის, თურქულისა და ბერძნულის ცოდნას (თარხნიშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 374).
ქართველი პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისათვის უცხოელებთან საურთიერთობო ენა უმეტეს შემთხვევაში ბერძნული იყო. სვიმონ მეფემ თავის ელჩს ესპანეთში ბერძნულად დაწერილი სიგელი გაატანა 1590 წელს; თეიმურაზ მეფის ელჩმა არქიეპისკოპოსმა თეოდოსე მანგლელმა რუსეთის ხელმწიფეს და პატრიარქ ფილარეტ ნიკიტას ძეს თეიმურაზ მეფის ბერძნულად დაწერილი სიგელი მიუტანა; მანვე საელჩო პრიკაზში ბერძნულად მოუთხრო თეიმურაზის ცხოვრების ბოლო პერიოდზე; 1649 წელს მოსკოვში თეიმურაზ I-ისა და ალექსანდრე III-ის ელჩებმა მოსკოვში ბერძნულად შედგენილი სიგელები ჩაიტანეს და სხვ.
რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იყო, მაგრამ სინამდვილეს შეეფერებოდა თეიმურაზ მეფის ის დამოკიდებულება თავისი კარისკაცებისა და დიდებულებისადმი, რომელზეც წერილშია ნათქვამი. ძნელია დასახელება იმ ადამიანებისა, რომლებმაც თეიმურაზ მეფესთან ურთიერთობა ბოლომდე თუ არა, დიდხანს მაინც შესძლეს. იშვიათ გამონაკლისს მიტროპოლიტი ნიკიფორე წარმოადგენდა, ასე, რომ სიგელში გამოთქმული სამდურავი დიპლომატებისა და სხვათა მიმართ თეიმურაზ მეფის სურვილით უნდა იყოს დაწერილი. ამით მეფეს კიდევ ერთხელ უნდოდა ხაზი გაესვა თავისი მდგომარეობისათვის, რომ მას სხვა გაჭირვებასთან ერთად ერთგული და ჭკვიანი ადამიანებიც არ ჰყავს. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავდა იმას, რომ მაშინდელ საქართველოში არ იყვნენ ჭკვიანი და სანდო ადამიანები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თეიმურაზ მეფის პიროვნულ თვისებებს თუ გავითვალისწინებთ, ძნელია დაჯერება იმისა, რომ ის იმდენად გულუბრყვილოდ ენდობოდა ნიკიფორეს, რომ მან არც კი იცოდა რა ეწერა მისი სახელით რუსეთში გაგზავნილ წერილებში და მის ელჩს, თვითნებურად, მეფის დაუკითხავად, სიგელში რაიმე ჩაემატებინა ან შეესწორებინა. ამის გაკეთება ელჩისათვის უაღრესად სახიფათო იყო, რადგან ამგვარი თვითნებობა გაუგებარი არ დარჩებოდა. საპასუხო ელჩობა თეიმურაზის წერილის პასუხსაც ჩამოიტანდა, როგორც წერილობით, ისე ზეპირად და წერილის შინაარსი და ელჩის მიერ სიტყვიერად გაცხადებულიც ცნობილი გახდებოდა. ამგვარი შედეგის გაუთვალისწინებლობა მოსალოდნელი არ იყო ნიკიფორე ბერძენისთანა გამოცდილი დიპლომარტისათვის. ნიკიფორე ირბახის ამგვარ შეცდომაზე თეიმურაზის რეაქციას უკვე გავეცანით.
ნიკიფორე ბერძენი თეიმურაზის ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე და იგი ერთ-ერთი რუსული წყაროს მიხედვით, ამ ერთგულებას შეეწირა კიდეც. ნიკიფორე 1648 წელს ყიზილბაშებს კახეთზე თავდასხმის დროს შეუპყრათ, მოუკლავთ და მისი მოკვეთელი თავი თავრიზში გაუგზავნიათ (Накашидзе Н., Ук. труд, с, 251, прим. 550). ეს ცნობა სიმართლეს არ უნდა შეეფერებოდეს, რადგან ნიკიფორე ტოლოჩანოვის მიხედვით 1651 წელს ნიკიფორე ბერძენი იმერეთში მეფე თეიმურაზთან იმყოფებოდა: „კარვების წინ შემგებებლები იდგნენ: მეფის სულიერი მოძღვარი ზაქარია მიტროპოლიტი და წმინდა გოლგოთის მონასტრის იღუმენი ნიკიფორე ბერძენი“ (ნიკიფორე ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, გვ. 95). ისევ ნიკიფორე ბერძენზეა საუბარი, როდესაც იგივე ავტორი კვლავ ერთად ასახელებს გელათის მიტროპოლიტ ზაქარიას, ალექსანდრე III-ის სულიერ მამას და გოლგოთის წმინდა მთის იღუმენ ნიკიფორეს (იქვე, გვ. 98. იხ. აგრეთვე, გვ. 99, 103-105).
ნიკიფორე ბერძენზე საუბრისას ყურადღებას იპყრობს ერთი გარემოებაც: 1651 წელს რუსი ელჩები მას ყოველთვის გოლგოთის იღუმენად მოიხსენიებდნენ. ჩემთვის ცნობილი არ არის როდის ან როგორ მოიპოვა მან ეს ტიტული, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ მას ძალიან აწუხებდა ამ ტიტულის ტარება ხელდასხმის გარეშე. გავიხსენოთ თეიმურაზის მიერ 1639 წ. 25 აპრილს მოსკოვში გაგზავნილი წერილი, რომელშიც თეიმურაზს მოყავს ნიკიფორეს სიტყვები: „ჩემო ხელმწიფე თეიმურაზ, გამიშვი, დიდხანს გემსახურე, ახლა მცირე ხნით გამიშვი წმიდა იერუსალიმში თაყვანისცემისა და ჩემი მიტროპოლიტად ხელდასხმისათვის... თუ ცოცხალი ვიქენი, ჩემო ხელმწიფევ, დაგიბრუნდები, თუ მოვკვდები, მომიტევე ჩემო ხელმწიფევ“ (Переписка, с. 10-11). არ არის გამორიცხული, რომ ნიკიფორე ბერძენმა აისრულა ნატვრა და მან იერუსალიმი მიმოილოცა და სრულ მიტროპოლიტად დაბრუნდა. ამიტომ უნდა იყოს, რომ რუსი ელჩები მას „დანიშნულ მიტროპოლიტს“ აღარ ეძახიან. იგი, ჩვეულებრივ, მიტროპოლიტია.
2. Полиевктов М. А., Материалы,… док. №6, с. 117-118.
თეიმურაზ მეფეს თავისი ქვეყნის მშვიდობისათვის აუცილებლად მიაჩნია ლეკების პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, ჩრდილო კავკასიიდან საშიშროების სამუდამოდ აღკვეთის მიზნით ქისტების, ოსების და სხვების, რომლებიც წინათ ქრისტიანები და ივერიის სახელმწიფოს მორჩილებაში იყვნენ, რომლებიც ახლა აღარც ქრისტიანები და არც მუსლიმანები არიან, მათი მორჩილებაში მოყვანა. ვიდრე ისინი ლეკებივით საბოლოოდ მტრებად არ გადაიქცევიან, მანამდე აუცილებელია მათი მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში დაბრუნება. ისინი 80 ათას კომლზე მეტს შეადგენენ1.
8. აუცილებელია რუსი ელჩი ჩამოვიდეს საქართველოში.
თეიმურაზი რუსეთის ხელმწიფეს სთხოვს, რომ როცა მისი ელჩი ნიკიფორე სამშობლოსკენ გამოეშურება, თავისი ელჩიც გამოაყოლოს, რათა მან საკუთარი თვალით იხილოს საქართველო და დარწმუნდეს, რომ ირანის შაჰი ტყუილ ხმებს ავრცელებს და სინამდვილე მოუთხროს თავის მეფეს, რომ თეიმურაზ მეფე ცოცხალია და იგი თავის სამეფოს განაგებს. „როცა მე აღარ ვიქნები, ივერიის მიწა-წყალზე ქრისტიანობა იავარყოფილი იქმნება“2.
9. რუსეთის სამეფო კარზე ღირსეულად მოეპყრონ თეიმურაზის ელჩს.
თეიმურაზ მეფე, ისევე, როგორც სხვა დროს და სხვა მეფეს (თუნდაც ესპანეთისას), მოითხოვს შესაფერისი პატივი მიაგონ მის ელჩებს. ამასვე მოითხოვს იგი რუსეთის ხელმწიფისგანაც: ნიკიფორეს მოეპყრონ ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანი მეფის ელჩს და მოსკოვის ხელმწიფემ მასზე წინ არ უნდა დააყენოს და მეტი პატივი არ უნდა მიაგოს მუსლიმანი მბრძანებლების ელჩებს3.
1. Там же, с. 118.
2. Там же, с. 119.
3. Там же, с. 117.
10. ყურადღების გამახვილება იერუსალიმის საკითხზე და იქ ქართველთა მდგომარეობაზე.
თეიმურაზ მეფე თითქოს სხვათა შორის, საქართველოს მდგომარეობის განხილვის კონტექსტში, მოსკოვის მეფეს შეახსენებს იერუსალიმის სამწუხარო მდგომარეობას, რომელზე ბატონობისათვის ერთმანეთს ებრძვიან ლათინები და სომხები. როდესაც საქართველო-რუსეთს შორის მტკიცე კავშირი იქნება, მშვიდობიანათ იქნება ეკლესია-მონასტრები და ქრისტეს კვართი. საქართველო არ იქნება ისეთ დამონებულ მდგომარეობაში, როგორშიც არის იერუსალიმი. თეიმურაზ მეფეს არც იმის თქმა ავიწყდება, რომ ქართველები იერუსალიმში იმყოფებიან ბიზანტიის კეისრის ირაკლის დროიდან. მის მიერ ქართველებისათვის ნაბოძვარი გოლგოთის მონასტერი დღესაც მათ ხელშია და იქ იმყოფება 15 ქართველი ბერი და ისინი იცავენ გოლგოთას. მათ თურქები ავიწროებენ1.
ამგვარი მოთხოვნებითა და პათოსით აღსავსე წერილი ჩაიტანა მოსკოვში მიტროპოლიტმა ნიკიფორე ბერძენმა. ნიკიფორეს ელჩობა შედგებოდა 5 წევრისა და ელჩის 2 მსახურისაგან. ელჩობა მოსკოვში ჩავიდა 1636 წლის 8 ოქტომბერს. მეფე მიხეილ თედორეს ძემ ნიკიფორე მიიღო 11 ოქტომბერს. მან მეფეს მიართვა თეიმურაზის მიერ გაგზავნილი საჩუქრები: ოქროქსოვილი ხალიჩა, აღმოსავლური აბრეშუმის ქსოვილი და ულაყი ცხენი.
როგორც ჩანს, ნიკიფორე უკმაყოფილო იყო მოსკოვში ყოფნით და 1636 წ. 13 დეკემბერს ხელმწიფეს უკვე მეორეთ მიმართა მისი მეფისათვის საინტერესო საკითხებზე პასუხის მოთხოვნით, მაგრამ ამაოდ. რუსეთის ხელისუფლებით უკმაყოფილო ნიკიფორე ამიტომ ამბობდა: „სხვა სამეფოებში ელჩებს იმიტომ აგზავნიან, რომ მოაგვარონ თავიანთი სახელმწიფოს საქმეები და არა უსაქმურად ისხდნენ სენაკში ჩაკეტილები“. ნიკიფორე იმის გამოც გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ მას ისეთ პატივში არ ამყოფებდნენ, როგორც ოსმალეთის და ირანის ელჩებს. ნიკიფორე კატეგორიულად მოითხოვდა მოსკოვიდან დროულად გაშვებას, რადგან ისე ელოდებოდა მისი ხელმწიფე თეიმურაზი მიხეილ თედორეს ძის პასუხს როგორც ისრაელის შვილები ელოდნენ მოსეს. ამიტომ მალე უნდა წავიდეო. „იქნებ ჩვენ უსწავლელებმა რაიმე დავაშავეთ, გვაპატიე დიდო ხელმწიფევ, რადგან აქაური წეს-ჩვეულებები არ ვიცით“2.
1. Там же.
2. Там же, с. 127-128.
1637 წლის 2 აპრილს ნიკიფორე მოსთქვამდა, რომ ორი წელია საქართველოდან წამოვიდა, 5 თვეა რაც მოსკოვშია და მესამედ ითხოვს პასუხსა და მოწყალებას. იგი იმის გამო წუხს, რომ როცა საქართველოში დაბრუნდება არ იცის რა უპასუხოს მეფეს, რათა თავიდან აიცილოს მისი მრისხანება, რომელიც მას დაატყდება სხვა ელჩების მსგავსად. მას ეშინია, რომ შეიძლება სიცოცხლეც დაკარგოს. ნიკიფორეს არც იმის თქმა ავიწყდება რატომ გამოარჩია მეფემ სხვებისაგან და მას მიანდო ასეთი საპასუხისმგებლო საქმე. ახლა გამოდის, რომ იგი ყველაზე ცოდვილი და ცუდია. წინათ იგი თავისმა მეფემ სადაც კი გააგზავნა ყველა მისი ბრძანება წარმატებით შეასრულა. გაჭირვებაში მყოფ მეფეს იმედი ჰქონდა, რომ ნიკიფორე ამჯერადაც სწრაფად და დადებითად შეასრულებდა დავალებას1.
1. Там же, с. 128-130. ნიკიფორე თავისი სამწყოს ინტერესებისთვისაც იღვწოდა. მან ხელმწიფეს მიმართა თხოვნით, რომ ყიზილბაშებისაგან გაძარცული ეკლესიებისათვის დახმარება აღმოეჩინა. ნიკიფორე ჩამოთვლის იმ საეკლესიო ჭურჭელს, რომელიც დამპყრობლებმა წაიღეს. დასახელებულია: 2 ბარძიმი, საარქიელო 2 მეთევეთ კოვზი, 2 ამფორა, ქუდი, მღვდლის სამოსელის ქვეშ ჩასაცმელი _ ოლარი, გარდამოხსნა და ღვთისმშობლის მიძინების ხატი და სხვა. როდესაც ვეცნობით თეიმურაზ მეფის ელჩის სათხოვარს მოსკოვის ხელმწიფისადმი, რა თქმა უნდა, არც ნიკიფორეს უნდა გაკვირვებოდა და არც ჩვენ უნდა გაგვიკვირდეს რატომ არ ეპყრობოდნენ მას იმ პატივით, რისი პრეტენზიაც მას ჰქონდა. კიდევ უფრო სამარცხვინო იყო ის მოწყალება, რითაც ელჩის სათხოვარი შეაფასეს. მეფის ბრძანებით, საეკლესიო საჭიროებისათვის ქართველ ელჩს 50 რუბლი გადასცეს (Там же, с. 124-125).
როგორც აღნიშნული იყო, თეიმურაზ მეფე თავის სიგელში მოითხოვდა რუსი ელჩის გაგზავნას საქართველოში. ამასვე მოითხოვდა მისი ელჩიც მოსკოვში. 1637 წლის 2 აპრილს ნიკიფორე ხელმწიფისათვის მირთმეულ თხოვნაში აღნიშნავდა იმ გასაჭირზე, რომელსაც თეიმურაზ მეფე განიცდიდა: „ჩემს ხელმწიფეს ერთადერთი უსაყვარლესი ვაჟიშვილი ჰყავს, სხვა მემკვიდრე ამ ორ სახელმწიფოს [ქართლსა და კახეთს] არა ჰყავს. უნდა იგი შენ, დიდსა და უწმინდეს ხელმწიფობის ხელში გადმოსცეს. დაიცავი და დაიფარე იგი, როგორც უძლიერესმა მეფემ იმიტომ, რომ ჩემი ხელმწიფე დღე და ღამე შრომაშია, ამაშია მისი სიცოცხლეც და სიკვდილიც“1. ნიკიფორეს რადაც არ უნდა დაუჯდეს, თეიმურაზის ბრძანების თანახმად, მოსკოვის მეფის ელჩები უნდა წაიყვანოს საქართველოში. იგი ცდილობს ხელისუფლება საქართველოსთან მუდმივი კავშირის აუცილებლობაში დაარწმუნოს. რუსი ელჩების მგზავრობა გაიოლებული იქნება იმიტომაც, რომ თეიმურაზი, გარკვეული გაგებით, თავის თავზე იღებდა მათ უხიფათო მგზავრობას. ნიკიფორე მოსკოვის მეფეს მიმართავს: „თვითმპყრობელო მეფევ, ჩემმა ხელმწიფემ მიბრძანა გაცნობოთ, რომ თქვენი დიდი მეფობა რომელ ელჩსაც გაგზავნის ჩემს ხელმწიფესთან, ჩემი ხელმწიფე იქიდან მარტო კი არ გამოუშვებს, არამედ თავის ელჩსაც გამოაყოლებს“2.
თეიმურაზ მეფის თხოვნამ და ნიკიფორეს მცდელობამ, მართალია ნელა, მაგრამ შედეგი მაინც გამოიღო. 22 აპრილს გამოიცა ხელმწიფის ბრძანება თეიმურაზ მეფის ელჩის ნიკიფორეს მოსკოვიდან გაშვების, მისი ასტრახანამდე სამდინარო გზით მგზავრობისა და ელჩობის გაცილების შესახებ. ამის შემდეგ (14 მაისი) ნიკიფორეს ვარაუდით, საქართველოში მის გამგზავრებას წინ აღარაფერი დაუდგებოდა და დაუყოვნებლივ გზას დაადგებოდა. მან საბოლოოდ მიმართა ხელმწიფეს და მოითხოვა დამაკმაყოფილებელი პასუხი გაეცათ შემდეგ საკითხებზე: 1. რუსეთში მცხოვრები ქართველი ტყვეების მოძებნა და მისთვის გადაცემა; 2. ლეკების წინააღმდეგ დახმარება; 3. რუსი ელჩებისა და თარჯიმნების გამზადება და სწრაფად გამგზავრება; 4. აქამომდე ელჩისათვის განკუთვნილ დახმარებას წესიერად ასრულებდნენ, ბოლო დროს კი ცხენები შიმშილით ეხოცებათ3; 5. მასთან ერთად გერმანელი ექიმის საქართველოში გაგზავნა; 6. ეკლესიის სარკმელების ჩარჩოების ოსტატის მასთან ერთად გაგაზავნა4.
1. Там же, с. 130
2. Там же, с. 133.
3. საქართველოში დაბრუნების წინ ელჩობას 4 ცხენი ჰყავდა, მაშინ, როდესაც თერგიდან (თერგამდე გემით მივიდოდნენ) სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებით 8 ცხენი ჭირდებოდათ და ნიკიფორემ საელჩო პრიკაზის მეშვეობით ხელმწიფეს თხოვა თერგში მიეწერა, რომ მისთვის ცხენები მიეცათ (Там же, с. 140)
4. Там же, с. 136-137.
გავიდა მაისი და ივნისიც მილევისაკენ წავიდა, მაგრამ საქართველოს ელჩის მოსკოვიდან გაშვებას საშველი არ დაადგა. ნიკიფორემ საელჩო პრიკაზს კიდევ ერთხელ წერილით მიმართა. წერილში ნიკიფორე მადლობას იხდიდა ყველაფერი იმისათვის რაც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ელჩობას გაუკეთა და განსაკუთრებით იმისთვისაც, რომ ხელმწიფემ მეფე თეიმურაზი და მთელი ივერია თავის ხელდებულად გამოაცხადა. ნიკიფორემ დამატებით მოითხოვა, რომ ხელმწიფეს თერგის ხელმძღვანელობისათვის მიეწერა, რომ საქართველოდან მოსკოვში გაგზავნილი ელჩები და წერილები არ დაეყოვნებინათ. მეფეს ჩერქეზი მუნდარისათვის მიეწერა აგრეთვე, რომ ისიც ასევე მოქცეულიყო და საქართველოს ელჩები თერგ-ქალაქამდე და ამ ციხე-სიმაგრიდან საქართველოს საზღვრამდე მიეცილებინა.
ნიკიფორემ მადლობა გადაუხადა ხელმწიფეს ყველაფრისათვის და პატიება ითხოვა იმ განრისხებისათვის, რომელიც მან, ადგილობრივი წეს-ჩვეულებების უცოდინრობით დაიმსახურა. „ხელმწიფეო, შენს გარდა აქ ჩვენ სხვა მოკეთე არა გვყავს და ფულით ხელს არავინ გაგვიმართავს. ჩემი ხელმწიფის ერთმა თავადმა არაფერი არ მომცა, მაგრამ მიბრძანა გამოვისყიდო სამი ნოღაელი და ყალმუხელი ტყვე. ხელმწიფეო, თუ მოისურვებ და ასტრახანის ვოევოდებს მისწერ სამი ტყვის გამოსყიდვის შესახებ, მათ უნდათ მართლმადიდებლობაზე მოინათლონ. ყველაფერი შენი ნებაა, [ისე მოიქეცი] როგორც ღმერთმა ჩაგაგონოს“ (Там же, с. 140).
თედორე თედორეს ძე ვოლკონსკის და არტემ ხვატოვის ელჩობა საქართველოში
მოსკოვის ხელმწიფის 1637 წლის 1 ივნისის ბრძანებით, საქართველოში ელჩებად დაინიშნენ თავადი თედორე თედორეს ძე ვოლკონსკი და დიაკი (მდივანი) არტემ ხვატოვი. ელჩობაში სპეციალური დავალებით იყვნენ სასულიერო პირები (სერგიევის სამების მონასტრის არქიმანდრიტი იოსები, შავი მღვდელი ალექსი, მოსკოვის აღდგომის მონასტრიდან თეთრი მღვდელი გრიგოლი, ჩუდის მონასტრიდან არქიდიაკონი არსენი1), ორი თარჯიმანი და 2 ბაზიერი2. ერთ-ერთი ბაზიერი, თედორე ტობოლინი, 1605 წელს მიხეილ ტატიშჩევის ელჩობასთან ერთად, საქართველოში (კახეთში) უკვე იმყოფებოდა. მან საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა საელჩო პრიკაზს საქართველოს ბუნებრივ პირობებზე, სოფლის მეურნეობაზე, ეკლესია-მონასტრებზე, ვაჭრობაზე, რომელ რუსულ საქონელზე იყო მოთხოვნა და სხვ.3
რუსეთისა და თეიმურაზ I-ის ელჩები 25 ივნისს საქართველოსკენ გამოემგზავრნენ. რუს ელჩებს თეიმურაზთან მოჰქონდათ მიხეილ თედორეს ძის სიგელი, ფიცის წიგნის ნიმუში და პატრიარქ იოსების სიგელი მეფე თეიმურაზის, „იოანე მიტროპოლიტისა და მთელი სასულიერო პირებისათვის“. ჩერქეზების მთავარს და სხვა მთიელ მთავრებსა და მურზებს გაუგზავნეს წერილები, რომლებშიც იყო მოთხოვნა რუსი და ქართველი ელჩების აქეთ-იქით მშვიდობიანად გატარების შესახებ4.
თეიმურაზ მეფისათვის განკუთვნილ სიგელში ახსნილი იყო: რუს ელჩებს ევალებოდათ დაეთვალიერებინათ თეიმურაზ მეფის სამფლობელოები, ქრისტიანობის და ეკლესიების მდგომარეობა, განსაკუთრებით ყურადღებით დაეთვალიერებინათ მცხეთა და ის ადგილი, სადაც მოთავსებული იყო ქრისტეს კვართი. მიხეილ თედორეს ძე თეიმურაზს პირდებოდა, რომ მას და მის სამეფოს დაიცავდა ყველა საშუალებით5.
2. Там же, с. 158.
3. Там же, с. 160-161.
4. Там же, с. 181-182.
5. Там же, с. 171
1. სასულიერო პირებს მოჰქონდათ 300 ხატი, საეკლესიო წიგნები. მათთან ერთად იყვნენ ეკლესიის სარკმელების ოსტატი და 2 ხატმწერი.
მოსკოვიდან გამოგზავნილი სანიმუშო ფიცის წიგნის მიხედვით, უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება თეიმურაზ მეფესა და მოსკოვის ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძეს შორის. ტექსტი უნდა შედგენილიყო თეიმურაზის სახელით: „ვეამბორები ამ ცხოველმყოფელი უფლის ჯვარს1, რომ სრულიად რუსეთის მეფის და დიდი მთავარის მიხეილ თედორეს ძის და მისი შვილების _ კეთილმორწმუნე უფლისწულ თავად ალექსი მიხეილის ძის და თავად ივანე მიხეილის ძის [წინაშე ვფიცავ] მე ივერიის მეფე თეიმურაზი ჩემი შვილი დავითით და ახლობელი ადამიანებით, ივერიის მიწაწყლით, იმაზე, რომ დიდ ხელმწიფესთან გამოვგზავნე ჩემი მიტროპოლიტად წოდებული ნიკიფორე იმის სათხოვნელად, რომ დიდმა ხელმწიფემ მიხეილ თედორეს ძემ მე, თეიმურაზ მეფე, ჩემი შვილები და მთელი ივერიის მიწა ინებოს მიიღოს თავის ქვეშევრდომად“2. თეიმურაზ მეფეს თავისი შვილებისა და ახლობლების სახელით პირობა უნდა დაედო, რომ ისინი ყველანი და მათი შთამომავლობაც მოსკოვის ხელმწიფისა და მისი შთამომავლების ერთგული იქნებოდნენ, რუსეთის მტერს მტრულად მოეკიდებოდა, მოყვარეს კი, მოყვრულად3.
საინტერესოა, რომ რუსი ელჩებისთვის მიცემულ „დარიგებაში“ დაწვრილებითი ინსტრუქცია იყო მათი თეიმურაზ მეფის კარზე მოქმედების და სავარაუდოდ დასმულ კითხვებზე პასუხების შესახებ. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, როგორ სერიოზულად უყურებდა რუსეთის მეფის ხელისუფლება თეიმურაზ მეფესთან ურთიერთობას, რა როლს ანიჭებდა საქართველოს თავის კავკასიურ პოლიტიკაში. ჩანს, რუსეთის მთავრობას, რამდენადაც შესაძლებელი იყო, საიდუმლოდ უნდოდა შეენახა თეიმურაზთან დიპლომატიური ურთიერთობა და თავისი ინტერესები საქართველოს მიმართ. ამის დაფარვა მას განსაკუთრებით ოსმალეთ-ირანისგან სჭირდებოდა.
1. მ. ჯანაშვილის მიხედვით, ეს ჯვარი, დამზადებული 1632 წელს მიხეილ თედორეს ძემ თეიმურაზ მეფეს გამოუგზავნა ზემოთ დასახელებული რუსი ელჩების ხელით. ჯვარი დიდი ხნის განმავლობაში (საქართველოს გასაბჭოებამდე) დაცული იყო თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში (К материалам по истории и древностей Грузии и России, Тб., 1912, с. 82)
2. Полиевктов М. А., Материалы, с. 173
3. Там же, с. 173-174.
საქართველოში მოსული ელჩები მეფესთან აუდიენციაზე უნდა მისულიყვნენ მაშინ, როდესაც მასთან სხვა სახელმწიფოს ელჩები არ იქნებოდნენ. ისინი განსაკუთრებით უნდა მორიდებოდნენ თურქების და ყიზილბაშების ელჩებს.
თ. ვოლკონსკის, მეფესთან მიღების დროს, თავიდან ბოლომდე უნდა გაემეორებინა თეიმურაზ მეფის მიერ მიხეილ თევდორეს ძისათვის გაგზავნილი წერილის შინაარსი, რომლიდანაც გამოჩნდებოდა, რომ მოსკოველი ელჩები საქართველოში ჩამოვიდნენ თეიმურაზის თხოვნით, რათა მათ დაათვალიერონ ქვეყანა, შეისწავლონ ქრისტიანობის მდგომარეობა, ეკლესიები, განსაკუთრებით მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი, სადაც დაცულია ქრისტეს კვართი. ამის შემდეგ არქიმანდრიტი იოსები მეფეს მიმართავდა სიტყვით და გადასცემდა რუსეთის პატრიარქის წერილს. ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, ელჩებს უნდა მოეთხოვათ, რომ თეიმურაზს და მის ახლობლებს რუსეთის ხელმწიფისადმი ქვეშევრდომობა ეღიარებინათ, ჯვრისთვის ეკოცნათ და რუსულად ან ბერძნულად დაწერილი ფიცის წიგნი თეიმურაზს ხელმოწერითა და ბეჭდით დაემტკიცებინა1.
თუ თეიმურაზ მეფე, მისი შვილები ან ახლობლები ვიდრე ჯვარს ემთხვეოდნენ, განაცხადებდნენ, რომ ხელმწიფის ქვეშევრდომობაში შესვლა უნდოდათ და ჯვარსაც ემთხვეოდნენ, მაგრამ აინტერესებდათ, ხელმწიფე როგორ დაიცავდა მათ მტრებისაგან, და იმასაც იტყოდნენ, რომ თეიმურაზ მეფემ წინათ ხელმწიფეს არაერთი ელჩი გაუგზავნა, მაგრამ არავითარი პასუხი არ მიუღია და არც მისი ელჩები ჩამოსულან2, რუსებს უნდა ეპასუხათ: თუ თეიმურაზ მეფე ხელმწიფის ხელქვეითი გახდება, დაიცავს ყველა მტრისგან რამდენადაც ხელმწიფე შეძლებს.
1. Там же, с. 191-193.
2. Там же, с. 193.
ქვემოთ შევეცდები გავარკვიოთ როგორ დაკმაყოფილდებოდა თეიმურაზ მეფე რუსეთის ხელმწიფის ამგვარი, ფაქტობრივად, არაფრის მთქმელი დაპირებით, საპირისპიროდ იმისა, რასაც იგი ქართველი მეფისგან მოითხოვდა. საყურადღებოა, რომ ელჩების პასუხში არ იყო დაპირება, რომ თეიმურაზის მტრები მიხეილ თედორეს ძის მტრებად ჩაითვლებოდნენ, მოყვრები კი რუსეთის მხრივაც მოყვრებად იქნებოდნენ მიჩნეულნი. ქართველი მეფისგან კი ამგვარ დაპირებას მოითხოვდა.
რუსთ ხელმწიფის ვარაუდით, ქართველებს პრეტენზია ექნებოდათ ლეკების პრობლემის გადაუჭრელობის გამოც. ამ კითხვაზე მის ელჩებს უნდა ეპასუხათ: როცა თეიმურაზ მეფე ხელშეკრულებას ხელს მოაწერს და ხელმწიფის მორჩილებაში შევა, მაშინ საჭიროების მიხედვით, მოაგვარებდნენ ყველა იმ საკითხს, რასაც თეიმურაზი თავისი წერილში მოითხოვდა1.
ისეთი პირი უჩანდა, რომ ერთად-ერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტას არაფერი შეუშლიდა ხელს, იყო რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი ქართველი (კახელი) ტყვეების სამშობლოში დაბრუნება. ეს საკითხი, რომელიც მოსკოვში აღძრა ნიკიფორე ელჩმა, შესწავლის სტადიაში იყო და თერგ-ქალაქის ვოევოდებს უბრძანეს გამოერკვიათ, იმყოფებოდნენ თუ არა რუსეთში თეიმურაზის ქვეყნიდან ტყვე ქართველები, რამდენი, რა ერქვათ და რამდენი ხანია რაც იქ ცხოვრობდნენ. ასეთები თუ აღმოჩნდებოდნენ და ისინი სამშობლოში დაბრუნების სურვილს გამოსთქვამდნენ, მა- შინ მათს საქმეს განიხილავდნენ2.
თეიმურაზ მეფე ან მისი გარემოცვა თუ იკითხავდა, როგორ დაიცავდა მათ მოსკოვის ხელმწიფე ყიზილბაშებისაგან, პასუხი იყო მარტივი: „თუ მას [თეიმურაზს] უნდა, მეფის დიდებულებამ შაჰს მისწეროს, რომ შაჰი, მათ სახელმწიფოებს შორის მეგობრობისა და სიყვარულისათვის, ხედავს, რომ თეიმურაზ მეფე (ხელმწიფის _ ე.მ.) ქვეშევრდომი გახდა, მის მიწა-წყალზე აღარ შეიჭრეს და ომი და შევიწროება არ მოახდინოს. იმედი აქვს, რომ ყიზილბაშების შაჰი ხელმწიფის თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებს და შემდეგში მის შევიწროებას აღარ ბრძანებს“3.
1. Там же, с. 197.
2. Там же, с. 197-198.
3. Там же, с. 198.
თეიმურაზ მეფე თუ გაჯიუტდებოდა, ჯვარზე დაფიცებაზე უარს იტყოდა და შეუძლებელი გახდებოდა მისი დაყოლიება, მაშინ რუს ელჩებს მისთვის უნდა შეეხსენებინათ, რომ მან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ელჩები გაგზავნა ხელმწიფესთან მოსკოვში და ითხოვდა მისი ელჩების საქართველოში ჩამოსვლას და ხელმწიფის მფარველობას. მეფე თეიმურაზს უნდა ახსოვდეს რისთვის აგზავნიდა ელჩებს მოსკოვში და რას სთხოვდა ხელმწიფეს. მისი თხოვნა იყო ხელმწიფის ქვეშევრდომობაში შესვლა შვილებთან და ახლობლებთან ერთად და ამისათვის ჯვარზე დაიფიცებდნენ1. ამიტომ, რუსეთის ხელმწიფის აზრით, მეფე თეიმურაზი ვალდებული იყო დაპირება შეესრულებინა.
„დარიგებაში“ მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი, ქართული ეკლესიის მდგომარეობის და ქრისტეს კვართის საკითხების გარკვევას. რუსეთის მთავრობის კვართისადმი ინტერესის მიზეზზე ზემოთ, გარკვეულწილად, უკვე ითქვა. ქვემოთ უფრო დაწვრილებით შევჩერდები.
გამომდინარე იქიდან, რომ თეიმურაზ მეფე დაინტერესებული იყო მაშინდელ საერთაშორისო ურთიერთობებით და ცდილობდა მათში თვითონაც აქტიური მონაწილეობა მიეღო, მოსკოვში ვარაუდობდნენ, რომ თეიმურაზ მეფე და მისი კარი კახეთის სამეფოსათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გარდა, ელჩებთან საუბრისას, რუსეთის საგარეო პოლიტიკითა და საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემებით დაინტერესდებოდნენ. ამიტომ ელჩებს დაევალათ, მომზადებულიყვნენ ისეთ საკითხებზე სასაუბროდ, როგორიც იყო მოსკოვის მეფის რომის პაპთან, საფრანგეთის, ინგლისის, შვედეთის, რეჩ პოსპოლიტის, ლიტვის და დანიის მეფეებთან, ჰოლანდიასთან, ოსმალეთის სულთანთან, ყირიმის ხანთან და რუსეთის მეზობელი ქვეყნების მეფეებთან ურთიერთობა. ელჩებს პასუხი უნდა გაეცათ მხოლოდ იმ ქვეყანაზე, რომელზეც კითხვა დაისმებოდა2.
1. Там же, с. 200.
2. Там же, с. 203-209.
თვალშისაცემია, რომ მოსკოვის მთავრობა არ აპირებდა რაიმეს თქმას თავის ურთიერთობაზე ყიზილბაშურ ირანთან, ქართველი პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისათვის, განსაკუთრებით საინტერესო საკითხზე. მოსკოვის მხრიდან დუმილის ახსანა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ იქ კარგად იცოდნენ კახეთის სამეფო რუსეთის წინაშე თავს იმდაბლებდა, ძირითადად, ირანის აგრესიისაგან თავდასაცავად დახმარების მიღების იმედით. მაგრამ რუსეთს, როგორც წარსულის მოვლენებმა დაადასტურა, ირანზე სერიოზული ზემოქმედება არ შეეძლო. ამას მთელი სიგრძე-სიგანით აცნობიერებდნენ ქართველი პოლიტიკოსები და, როგორც დავინახავთ, ისინი შეეცადნენ რუსეთი გამოეყენებინათ იქ, სადაც მას, რეალურად შეეძლო კახეთისათვის დახმარება აღმოეჩინა.
„დარიგებაში“, ელჩებისათვის მიცემული საიდუმლო დავალებაზეც არის აღნიშნული. მათ უნდა შეეგროვებინათ ცნობები თეიმურაზ მეფის ოსმალეთის სულთანთან და ირანის შაჰთან ურთიერთობაზე, მოდიოდნენ თუ არა კახეთში მათი შიკრიკები და რა დავალებით. აგზავნის თუ არა ელჩებს თეიმურაზ მეფე ოსმალეთის სულთანთან და ირანის შაჰთან. როგორია ურთიერთობა ორ უკანასკნელს შორის. ელჩებს განსაკუთრებით უნდა მოეგროვებინათ ცნობები ირან-ოსმალეთის ომების მსვლელობაზე (Там же, с. 209.).
საქართველოსკენ მომავალი ელჩები, როდესაც თერგ-ქალაქიდან გავიდოდნენ, ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა, უნდა შეეგროვებინათ ცნობები საქართველოს შესახებ: ვინ მეფობს კახეთში, თუ თეიმურაზი აღარ მეფობს, მაშ სად არის? თუ გაიგებენ, რომ თეიმურაზი გარდაიცვალა და მის ადგილზე მისი შვილი დავითია, აუცილებლად უნდა დაედგინათ იგი თავისი მამის დალოცვით და ივერიის მოსახლეობის სურვილით გამეფდა თუ შაჰის ბრძანებით. როცა გაირკვეოდა, რომ იგი მამის სურვილით გამეფდა, მაშინ აუდიენციის დროს უნდა განეცხადებინათ: დიდმა ხელმწიფემ მამაშენთან გამოგვგზავნა ელჩებად, მაგრამ რადგან მის ადგილზე შენ ხარ, ნაბრძანები გვაქვს შენთან მოვიდეთ და ელჩობა აღვასრულოთო. მისთვის უნდა გადაეცათ წერილები და საჩუქრები.
იმ შემთხვევაში თუ ელჩები საქართველოში მოსვლამდე გაიგებდნენ, რომ თეიმურაზის მაგიერ კახეთის ტახტზე შაჰის მიერ დანიშნული რომელიმე ხანი იჯდა, მაშინ ახალ მეფეს არ უნდა ხლებოდნენ, უკან თერგში დაბრუნებულიყვნენ და ყველაფერი ხელმწიფისათვის ეცნობებინათ.
ნავარაუდევი იყო ასეთი ვარიანტიც: როდესაც ელჩები საქართველოში ისე მოვიდოდნენ, რომ წინასწარ ვერ გაიგებდნენ თეიმურაზის მეფედ აღარ ყოფნის შესახებ და შაჰის მიერ დასმული მეფე მათ მიიწვევდა თავისთან, ასეთ შემთხვევაში ელჩებს უნდა განეცხადებინათ, რომ ისინი ხელმწიფემ თეიმურაზის თხოვნით გამოგზავნა და უფლებამოსილნი არ არიან ურთიერთობა იქონიონ სხვა მეფესთან. ელჩები მას არ გადასცემდნენ წერილებსა და საჩუქრებს. მაგრამ კახეთის ახალი მეფე თუ ძალით მოინდომებდა წერილებისა და საჩუქრების ხელში ჩაგდებას, მაშინ ელჩები ვალდებულნი იყვნენ ისინი გაენადგურებინათ, რათა მეფეს და, შესაბამისად, ირანის შაჰს ვერ გაეგო რატომ ჩამოვიდნენ მოსკოვის ხელმწიფის ელჩები კახეთში1.
* * *
ელჩებმა გაიარეს ყაზანი და 5 სექტემბერს მივიდნენ ასტრახანში. 7 სექტემბერს რუსმა ელჩებმა ნიკიფორეს მოსთხოვეს კაცი გაეგზავნა თეიმურაზ მეფესთან და ეცნობებინა, რომ რუსეთის ხელმწიფის ელჩები საქართველოში მოდიოდნენ. მათ აინტერესებდათ, აგრეთვე, სად მიღებდა მეფე ელჩებს, სად გაუგზავნიდა ურმებსა და დამხმარე ხალხს. 15 სექტემბერს ნიკიფორემ თეიმურაზთან ქართველი იუშკა ჩმონი გაგზავნა2.
1. Там же, с. 210-212.
2. Там же, с. 229-230.
ელჩები შიკრიკის დაბრუნებას თერგში ელოდნენ. ჩმონი 18 ნოემბერს დაბრუნდა და ნიკიფორეს ხორეშან დედოფლის წერილი მიუტანა, რომლის შინაარსი ამ უკანასკნელმა რუს ელჩებს გააცნო. დედოფალი წერდა: ნიკიფორე და რუსი ელჩები გაზაფხულამდე არ ჩასულიყვნენ კახეთში, რადგან თეიმურაზ მეფე იმერეთის მეფე გიორგისთან და თავის სიძე ალექსანდრესთან იმყოფება დადიანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. ამას გარდა, როგორც დედოფალი წერდა, მთებში დიდი თოვლი მოვიდა და გავლა შეუძლებელი იყო. როცა თეიმურაზ მეფე კახეთში დაბუნდებოდა იგი მიტროპოლიტ ნიკიფორეს მაშინვე აცნობებდა როდის და სად უნდა ჩასულიყვნენ ელჩები1.
1638 წლის 24 იანვარს თერგში მივიდა ქართველი „ასისთავი“ გიორგი და ნიკიფორეს წერილი მიუტანა. თეიმურაზ მეფე მას აცნობებდა, რომ კახეთში (გრემში) დაბრუნდა და ელჩები მასთან გასამგზავრებლად მომზადებულიყვნენ, ამასობაში კი თვითონ ელჩების მისაღებად გზას მოაწესრიგებდა. იმავე „ასისთავმა“ გიორგიმ და მასთან ერთად თერგიდან გაგზვნილმა სხვა მაცნეებმა ამბავი მოიტანეს, რომ თეიმურაზ მეფე ელჩებს გაზაფხულზე ელოდებოდა. იქვე მითითებული იყო, რომ ელჩები საქართველოში უნდა ჩასულიყვნენ თუშეთისა და ხევსურეთის გზით და არა იმ გზით, რომლითაც ელჩები ადრე დაიარებოდნენ2.
7 ივლისს თერგში ჩავიდნენ თეიმურაზ მეფის წარგზავნილი „ასისთავი“ გიორგი და აზნაურები. მათ, 19 ივლისს, ელჩები საქართველოში წამოიყვანეს. ისინი 21-ში ყიზლარში იყვნენ, საიდანაც კახეთის მეფეს მაცნეები გაუგზავნეს.
5 აგვისტოს ელჩებმა თეიმურაზ მეფის ბანაკამდე მიაღწიეს. მიტროპოლიტი ნიკიფორე მეფესთან გაეშურა, ხოლო მეორე დღეს, რუსი ელჩები კახელი აზნაურების თანხლებით გაეშურნენ ალავერდის მონასტრისაკენ, სადაც ისინი მეფეს უნდა შეხედროდნენ. 2 სექტემბერს ისინი უკვე ალავერდში იყვნენ, სადაც 5- ში მეფე მივიდა და 9-ში ელჩები მიიღო3.
1. Там же, с. 231.
2. Там же, с. 233.
3. Там же, с. 256-259.
ვიდრე მეფეს ეახლებოდნენ რუსებმა მოითხოვეს, აუდიენციის დროს მასთან სხვა სახელმწიფოთა ელჩები არ ყოფილიყვნენ. ნიკიფორე ბერძენმა და ქართველმა დიპლომატმა თავადმა რევაზმა (იგი რუს ელჩებთან ურთიერთობდა მათი საქართველოს საზღვრებში შემოსვლის დღიდან1) მათ განუცხადეს, რომ თეიმურაზ მეფესთან თურქი და ყიზილბაში ელჩები არ არიან, არის მხოლოდ „შაჰის ქალაქ თბილისის ხანის“ კაცი რომელმაც მეფეს საჩუქრები მოუტანა, მაგრამ რუსი ელჩების მიღებას არც ის დაესწრებოდა2.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის იოსების წერილი არქიმანდრიტ იოსებისადმი, თერიმურაზ მეფის ბრძანებით ელჩებს ალავერდის მონასტრის არქიეპისკოპოს ზებედესათვის უნდა გადაეცათ3.
ბალდახინი, სადაც მეფე იმყოფებოდა მდიდრულად იყო მორთული. მის შუაგულში ელჩებს შეხვდნენ არქიეპისკოპოსი ზებედე და ეპისკოპოსები არსენი, ზაქარია, მათე და კოზმა, სულ ხუთი კაცი. მეფე თეიმურაზი4 იჯდა, ხოლო მის მარჯვნივ ისხდნენ უფლისწული დავითი, არქიეპისკოპოსი ზებედე და უმაღლესი სამღვდელოება. მეფის ხელმარცნივ კი, მიტროპოლიტი ნიკიფორე, სახლთუხუცესი თავადი რევაზ ჩოლოყაშვილი და სამეფო დარბაზის 10 წევრი5.
წერილებისა და საჩუქრების გადაცემის შემდეგ ელჩები თეიმურაზ მეფეს ხელზე ემთხვივნენ, მეფე კი მათ თავზე ემთხვია. არქიმანდრიტ იოსების მიერ დალოცვის შემდეგ მეფე მას ხელზე ემთხვია6.
თედორე თედორეს ძე ვოლკონსკის და დიაკ არტემ ხვატოვს მეფემ განუცხადა, რომ რუსეთიდან ჩამოტანილი წერილების თარგმანის შემდეგ, ელჩებს თავისთან მიიწვევდა და რაც ხელმწიფემ საიდუმლო საქმეებზე მოსალაპარაკებლად მასთან დააბარა, ყოველივეს მაშინ მოახსენებდნენ. მეფემ ისინი იმავე დღეს ალავერდის ტაძარში ჟამის წირვაზე, მეორე დღისთვის კი თავისთან საუფრაზე დაპატიჟა7.
1. Там же, с. 251. ეს იყო თეიმურაზის უერთგულესი კარისკაცი, სახლთუხუცესი რევაზ ჩოლოყაშვილი. იგი დაიღუპა როსტომ ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში თიანეთთან 1643 წელს. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით: „მოხუდა რევაზს თოფი და განვლო ზურგით კერძ. ესე არა აგრძნა სპათა, განა განამაგრნა იგინი, მოვიდა და ამბორს უყო ხელსა ზედა თეიმურაზს, მერმე მივიდა და მოკუდა იქვე“. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 597.
2. თეიმურაზთან შეხვედრამდე ელჩებმა ეს მოთხოვნა მის კარისკაცებს რამდენჯერმე გაუმეორეს. Там же, с. 261.
3. Там же. სრულიად ყმაწვილი (დაახლოებით 10 წლის) ზებედე იერუსალიმის პატრიარქ თეოფანის III-ს არქიეპისკოპოსად ხელდაუსხამს XVII ს. 10-იან წლებში (Там же, ც. 393), ჩემი ვარაუდით 1619-1620 წლებში. სავარაუდოა, პატრიარქ თეოფანისის მიერ ზებედეს ხელდასხმა შემდეგში ანულირებულ იქნა და იგი სამთავროს არქიეპისკოპოსმა ხელმეორედ ხელდასხა (მამისთვალიშვილი ე., საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 47, 51, 53).
4. რუსების აღწერილობით თეიმურაზი იყო საშუალო ტანის, წარმოსადეგი, ნაყვავილარი თეთრი სახით, შავი შეკრეჭილი და შეღებილი წვერით, გადაპარსული თავით, წელში მოხრილი, მხარბეჭიანი, თვალები ნაცრისფერი, ხელის ფრჩხილები შეღებილი ჰქონდა. 1639 წელს იგი 50 წლისა იყო (Полиевктов М., Ук. труд, с. 262).
5. საერო დიდკაცობას ემოსა გრძელი ხიფთანი და ეხურა ყალმუხის ქუდი, თავი გაპარსული ჰქონდათ, ზოგიერთი უქოჩრო იყო (Там же).
6. Там же, с. 265.
7. Там же.
19 სექტემბერს ალავერდის ტაძარში დაიწყო მოლაპარაკება, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველების მხრიდან მეფე, არქიეპისკოპოსი ზებედე, ეპისკოპოსი ზაქარია, მიტროპოლიტი ნიკიფორე და სახლთუხუცესი რევაზი. ელჩები მეფის საპირისპიროდ სკამებზე დასხეს. მეფემ საუბარი დაიწყო: მან მიტროპოლიტი ნიკიფორე იმიტომ გაგზავნა მოსკოვში და ხელმწიფეს თავისი და მთელი ივერიის მფარველობა სთხოვა, რომ მას ყველა მტრისაგან დაეცვა. ხელმწიფეს სთხოვა, აგრეთვე, ელჩების გამოგზავნა, რათა საქართველო მათ საკუთარი თვალით ენახათ. განზრახული ჰქონდა მოსკოვის ხელმწიფესთან თავისი უფლისწულისა და ასულის გაგზავნა. მაგრამ, ელჩის მოსკოვში გაგზავნის შემდეგ, ირანის შაჰი მოვიდა ქართლი დაიპყრო და ასული მოსთხოვა. მეფეს არ უნდოდა თავისი ქრისტიანი ასული მუსლიმანისათვის მიეცა, ამიტომ დედოფალთან, უფლისწულთან და ასულთან ერთად მთებს შეაფარა თავი. მიუხედავად ამისა, იგი მაინც იძულებული გახდა შაჰის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რათა მას კიდევ უფრო არ გაენადგურებინა ქვეყანა და ქრისტიანთა ბევრი სისხლი არ დაღვრილიყო, მეფემ თავისი ასული შაჰს მისცა, რომ ის ტრაგედია კიდევ არ გამეორებულიყო, როდესაც შაჰმა დედა წამებით მოუკლა, მისი ორი ვაჟი კი დაასაჭურისა. მეფის ბრძანებით ელჩებს ქეთევან დედოფლის ნაწილები აჩვენეს (Там же, с. 275-276).
ახლა თეიმურაზმა ყველა განცდილი უბედურება დაივიწყა, რადგან მოსკოვის ხელმწიფემ ელჩები და წერილები გამოუგზავნა და მეფე და მისი ქვეყანაც თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა. საპასუხოდ, ელჩებმა გაიმეორეს ხელმწიფის წერილების შინაარსი და თეიმურაზ მეფეს შესთავაზეს, რუსეთის ხელმწიფისადმი ერთგულების აღიარების სიგელზე ხელი მოეწერა და ბეჭდით დაემტკიცებინა.
თეიმურაზ მეფემ განაცხადა: იგი, მისი ვაჟი, მთელი კახეთისა და ქართლის მიწა-წყალი არასოდეს გამოვლენ ხელმწიფის ქვეშევრდომობიდან. რაც შეეხებოდა ერთგულების ფიცის დამტკიცებას, მოფიქრებისათვის დრო მოითხოვა. როცა ფიცის დადების დრო მოვიდოდა მეფე ნიკიფორე მიტროპოლიტისა და სახლთუხუცესი რევაზის საშუალებით აცნობებდა ელჩებს1. ამგვარად, მეფე არ ჩქარობდა და ცდილობდა ბოლომდე გაეგო რა გეგმა ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ. ეს საკითხი უნდა გაერკვია ნიკიფორე მიტროპოლიტს.
22 სექტემბერს ნიკიფორე მიტროპოლიტი ელჩებთან მივიდა და მეფე თეიმურაზის დანაბარები გადასცა: მეფის მიერ ერთგულების ფიცის დამტკიცების გარდა, ჰქონდათ თუ არა ელჩებს სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე. აინტერესებდა, როგორ დაიცავდა მიხეილ თედორეს ძე მეფე თეიმურაზსა და მთელ ივერიას? ამაზე ელჩებმა უპასუხეს, რომ ხელმწიფე ისე დაიცავს როგორი შესაძლებლობაც ექნება2.
ამის შემდეგ მიტროპოლიტმა ელჩებს წარუდგინა თეიმურაზ მეფის შემდეგი მოთხოვნები: 1. მისი სახელმწიფოს საზღვართან რუსებმა უნდა ააგონ ციხე, რომელშიც განლაგდება რუსეთის 2 ათასკაციანი გარნიზონი და მეფეს მტრებისაგან დაიცავს. 2. რუსეთის ხელმწიფემ უნდა გამოიყენოს შაჰთან თავისი მეგობრობა და სიყვარული და დაიყოლიოს იგი თეიმურაზს დაუბრუნოს ქართლი, სადაც ამჟამად შაჰის ხანი ზის3. სავარაუდოა, თეიმურაზ მეფე რუსეთის მიერ მისთვის ქართლის დაბრუნებაში დაინტერესებისათვის შეგნებულად ამახვილებს ყურადღებას ქრისტეს კვართის შესახებ, რომელიც ქართლის სამეფოშია (რომელიც წინათ თეიმურაზ მეფეს ეკუთვნოდა) და მისი დაუფლებით დაინტერესებულია რუსეთის მთავრობა და ეკლესია.
1. Там же, с. 277-278.
2. Там же, с. 279.
3. Там же, с. 279-280.
რუსმა ელჩებმა ნიკიფორე ბერძენს უპასუხეს, რომ რუსეთის ხელმწიფე შაჰს მისწერდა ხელი აეღო კახეთის სამეფოზე თავდასხმებზე, მაგრამ ქართლის თეიმურაზისათვის დაბრუნებაზე კრინტი არ დაუძრავთ. თეიმურაზ მეფის სახელმწიფოს საზღავართან ციხესიმაგრის ჩადგმასაც ხელმწიფე შეძლებისდაგვარად შეეცდებაო1.
ასეთი ორჭოფული პასუხის შემდეგ ნიკიფორემ ახალი მოთხოვნა დააყენა: რა თქმა უნდა, თეიმურაზ მეფე თავისი სიტყვის ერთგული დარჩება და რუსეთის ხელმწიფისადმი ერთგულების ფიცს დადებს, მაგრამ ეს დოკუმენტი საიდუმლოდ უნდა შეინახონ, რათა ელჩების გარდა არავინ იცოდეს. ელჩებმა ამგვარი მოთხოვნის გამო გაკვირვება გამოხატეს. ნიკიფორემ ეს მოთხოვნა იმით გაამართლა, რომ მეფეს მრავალი მტერი ჰყავს და მუსულმანური ქვეყნებიდანაც საშიშროება ემუქრება2.
ამის შემდეგ ელჩებს რამდენჯერმე (23, 24, 25 სექტემბერს) მოუხდათ თეიმურაზთან შეხვედრა, რომელიც მხოლოდ ზოგადი საუბრით შემოიფარგლებოდა და არაფერს ამბობდა ერთგულების ფიცის დოკუმენტის დამტკიცებაზე3. 26 სექტემბერს ელჩებმა ნიკიფორეს მიმართეს, იმის გასაგებად თუ რატომ იგვიანებდა დოკუმენტის გაფორმება. ნიკიფორემ თქვა, რომ მან და მეფემაც წაიკითხეს დოკუმენტი და ელჩებს პასუხს აცნობებს4. მაგრამ სხვადასხვა მიზეზით, დანაპირების შესრულება გადაიდო.
1. Там же, с. 280.
2. Там же, с. 281.
3. Там же, с. 281-283.
4. Там же, с. 284.
როგორც შემდგომი მოლაპარაკებიდან გამოჩნდა, თეიმურაზ მეფეს და მის დიპლომატებს ქვეშევრდომობის ფიცის წიგნის ქართული ვარიანტის შესამუშავებლად დროის მოგება უნდოდათ. რუსი ელჩები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ მოსკოვში შედგენილი „დარიგება“ ზუსტად დაეცვათ, რა თქმა უნდა, იოლად ვერ დათანხმდებოდნენ ქართველების მიერ შეთავაზებულ ცვლილებებსა და დამატებებს. დიპლომატიური ჭიდილი დაიწყო იმ დღიდან, როდესაც რუსები ქვეშევრდომობის აქტის ქართულ ვარიანტს გაეცნენ.
1639 წლის 18 აპრილს მიტროპოლიტმა ნიკიფორემ რუს ელჩებს მიუტანა ჯვარზე დაფიცებით დასამტკიცებული ფიცის ქართული ვარიანტი. როდესაც ელჩებმა ის წაიკითხეს და ნახეს, რომ მასში ჩამატებული იყო მრავალი მუხლი (სამწუხაროდ, არაფერი ვიცით დამატებული მუხლების შინაარსზე), ამგვარი დოკუმენტის მიღებაზე უარი განაცხადეს. მათ მოითხოვეს, რომ მეფე თეიმურაზმა ბრძანოს სიგელი შეადგინონ მოსკოვიდან ჩამოტანილი ნიმუშის მიხედვით. ნიკიფორე დაპირდა ელჩებს, რომ მათი პროტესტის შესახებ მეფეს მოახსენებდა1.
20 აპრილს ნიკიფორემ ელჩებს აცნობა მეფის თანხმობა და ისიც, რომ მან უკვე დაავალა თავის დიპლომატებს, დოკუმენტს საფუძვლად დაედოს რუსული ნიმუში. მან ისიც მოახსენა, რომ ქვეშევრდომობის აქტიდან დამატებითი მუხლები ამოღებული იქნებადა მეფე და უფლისწული ჯვარს ემთხვევიან იმ შემთხვევა- ში, თუ ხელმწიფე კახეთის საზღვართან ჯარს გამოგზავნის, ციხე-ქალაქს ააგებს და მტრებისაგან დაიცავს2. ელჩების ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ თუ როგორი პასუხით გაისტუმრეს მათ ნიკიფორე მიტროპოლიტი. სავარაუდოა, მათ საწინააღმდეგო არაფერი უთქვამთ, თორემ ამას აუცილებლად აღნიშნავდნენ. მათთვის უმთავრესი თეიმურაზისა და მისი გარემოცვის მიერ ფიცის დადება იყო, მეფე თეიმუაზის მოთხოვნა შემდეგში ან შესრულდებოდა ან არა. მათს კომპეტენციაში ქართული მხარის მიერ დაყენებული მოთხოვნების მიღება ან უარყოფა არ შედიოდა თუ კი იგი წერილობით არ გაფორმდებოდა.
1. Там же, с. 315.
2. Там же, с. 216.
თეიმურაზ მეფის მოსკოვის ხელმწიფის ერთგულებაზე დაფიცების დროს კიდევ ერთმა სერიოზულმა წინააღმდეგობამ იჩინა თავი.
23 აპრილს, ზეგამში, შედგა დაფიცების ცერემონია. მეფე თეიმურაზმა სამეფო კარის თანდასწრებით ელჩებს მიმართა: „თქვენ მეფის უდიდებულესობის ელჩები მეუბნებით მე და ნიკიფორე მიტროპოლიტთან ერთად გვიბრძანებთ, რომ მე და ჩემმა შვილმა უფლისწულმა დავითმა და (სამეფო - ე.მ.) საბჭოს წევრებმა (მოსკოვის - ე.მ.) მეფის დიდებულებასა და მის შვილებს ჯვარზე შევფიცოთ, რომ ვიქნებით მისი მეფური უდიდებულესობის ქვეშევრდომნი იმ სიგელის მიხედვით, რომელიც გამომიგზავნეთ მეფის უდიდებულესობის ელჩებმა. თეიმურაზ მეფე ხელმწიფის ბრძანებას შეასრულებს და სიგელზე ხელის დადებას ბრძანებს: თეიმურაზ მეფე მეფის უდიდებულესობის და მისი შვილების, უფლისწული მთავრის ალექსი მიხეილის ძის და უფლისწული მთავრის ივანე მიხეილის ძისადმი ერთგულებაზე დაიფიცებს თავისი შვილის და ახლობელი ადამიანების და თავისი მთელი ივერიის მიწა-წყლის სახელით. ხოლო ხელმწიფე მიხეილ თეოდორეს ძე დამიცავს მე მეფე თეიმურაზს და ჩემს მთელ ივერიის მიწა-წყალს ჩემი გაჭირვებისა და დევნის დროს, ისევე, როგორც რუსეთის სამეფოს მეფეების წინაპრები ივერიის მეფეებს წყალობდნენ, მიხედავდნენ და ყველა არაკეთილმოსურნისაგან იცავდნენ“ (Там же, с. 318).
თეიმურაზ მეფემ მიტროპოლიტ ნიკიფორეს გამოართვა სიგელი, რომელზეც თვით მეფემ, უფლისწულმა და სამეფო საბჭოს წევრებმა ხელი დაადეს, შემდეგ კი ხელი მოაწერეს. თეიმურაზმა სიგელზე დასვა ბეჭედი (ბეჭედზე იყო წარწერა: „თეიმურაზი მეფე ივერიისა, საქართველოსი და ქართლის“). მეფემ არქიეპისკოპოს ზებედეს უბრძანა აეღო ჯვარი (მოჩუქურთმებული და ვერცხლით მოჭედილი) და საწიგნეზე დაედო. მეფემ ჩასწორებული სიგელი ჯვრის ქვეშ დადო, ჯვარს ემთხვია და წარმოსთქვა: „იგი, თეიმურაზ მეფე ემთხვევა მიხეილ თედორის ძის და მისი მეფური შვილების, უფლისწული მთავრის ალექსი მიხეილის ძის და უფლისწული მთავრის ივანე მიხეილის ძის ჯვარს, თავისი და თავისი შვილის უფლისწული დავითისა და თავისი სრულიად ივერიის მიწა-წყლის სახელით, იმისათვის, რომ იგი, თეიმურაზ მეფე და მისი ვაჟი, უფლისწული დავითი და მისი შვილები, რომლებიც მას ეყოლება, მთელი ივერიის მიწა-წყალი მისი მეფური უდიდებულესობის საუკუნო ხელქვეითი მორჩილი იქნება. ხოლო ჩვენი ხელმწიფე მიხეილ თეოდორეს ძე თეიმურაზ მეფეს და მის ვაჟს უფლისწულ დავითს და მის მთელ ივერიის მიწა-წყალს წყალობდნენ, მიხედავდნენ, იცავდნენ ყველა არაკეთილმოსურნისაგან, დაეხმაროს ყოველი გასაჭირის დროს...“ (Там же, с. 319).
თეიმურაზ მეფემ ჯვრის ქვეშიდან გამოიღო სიგელი და ელჩებისათვის გადაცემა უნდოდა, მაგრამ მათ უარი თქვეს სიგელის ამ ფორმით მიღებაზე. მათ მოითხოვეს უფლისწული დავითი და მეფის გარემოცვაც ჯვარს მთხვეოდნენ. თეიმურაზ მეფემ ელჩების ამგვარი მოთხოვნა გააპროტესტა: საქართველოში ამგვარი წესი არასოდეს ყოფილა, რომ მეფესთან ერთად უფლისწულსა და მის დიდებულებს ჯვარზე დაეფიცათ და სიგელი ელჩებისათვის გადაეცათო. თეიმურაზ მეფე, ალბათ, თავის დიპლომატებთან შეთანხმებით, ცდილობდა თავისი მემკვიდრისა და მისი შთამომავლებისათვის თავიდან აეცილებინა ისეთი არასასიამოვნო ვალდებულება რუსეთის მეფის წინაშე, როგორიც იყო, 1587 წელს კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის დადებულ ფიცის წიგნი, რომელსაც რუსი დიპლომატები ყოველთვის ცხვირწინ უფრიალებდნენ როგორც ქართველების ისე ირანისა და ოსმალეთის წარმომადგენლებს. რადგან ქართველმა მეფე ალექსანდრე II-მ და მისმა მემკვიდრეებმა სამუდამო ფიცი დადეს რუსეთისადმი ერთგულებისა და ქვეშევრდომობის შესახებ, ამიტომ რუსეთის მთავრობის გაგებით, გარკვეული უფლება გააჩნდა საქართველოზე. რუსი ელჩები ამგვარი წინააღმდეგობისთვისაც მომზადებული აღმოჩნდნენ და თეიმურაზთანაც იგივე იარაღი მოიმარჯვეს. მათ მაშინვე გაიხსენეს მეფე ალექსანდრე II, მისი შვილები _ თეიმურაზ მეფის მამა დავითი, მისი ბიძა გიორგი და ახლობლები, რომლებმაც ჯვარზე დაიფიცეს რუსეთის ხელმწიფისადმი ერთგულებაზე. თეიმურაზ მეფემ მოსაფიქრებლად დრო მოითხოვა და სიგელი უკან წაიღო (Там же, с. 320).
თეიმურაზ მეფემ ერთხელ კიდევ სცადა თავისი შთამომავლობისათვის თავიდან აეცილებინა, როგორც ღმერთის ისე რუსეთის ხელმწიფის წინაშე მძიმე პასუხისმგებლობა. მან, 25 აპრილს, ნიკიფორე ბერძენი რუსებთან გაგზავნა და სიგელი გაატანა, რომელზეც მეფის წარმომადგენლის თქმით, ჯვარზე დაიფიცა ყველა იმ პიროვნებამ, რომლების ფიცსაც ელჩები მოიხოვდნენ. მაგრამ ელჩებმა სიგელი არ მიიღეს და მოითხოვეს ჯვარზე დაფიცება მათი თანდასწრებით მომხდარიყო1.
იმავე დღეს თეიმურაზ მეფემ ელჩებს კონტრწინადადება წაუყენა: „თქვენ, მეფის უდიდებულესობის ელჩებმა ჯვარზე შემომფიცეთ, რომ მე, თეიმურაზ მეფეს და ჩემს ივერიის მიწა-წყალს თქვენი მეფე მიხეილ თედორეს ძე სიღარიბეში, განადგურებულსა და გაძევებულს არ მიმატოვებს და ყველა დანაპირებს შემისრულებს“2. როგორც ჩანს, თეიმურაზ მეფის ამ მოთხოვნით ელჩები გაოცებული დარჩნენ და პირდაპირ განუცხადეს: `შენ, მეფე თეიმურაზი კარგ საქმეს არ აკეთებ, რომ ფეხს ითრევ და შენს შვილს დავით უფლისწულსა და ახლობლებს არ უბრძანებ, რომ ჩვენი დიდ ხელმწიფის მიხეილ თეოდორეს ძისა და მისი შვილების ერთგულებაზე დაიფიცონ. ამით შენს თავსა და მთელი ივერიის მიწა-წყალსაც ვნებას აყენებ და კეთილ საქმესაც აფერხებ. ვფიქრობთ, შენსა და შენს ვაჟს, უფლისწულ დავითსა, აგრეთვე მახლობლებს შორის განხეთქილება და ცუდი განწყობაა. სიკეთეს, სიმართლესა და ერთგულებას [რუსეთის] მეფის უდიდებულესობის მიმართ ვერ ვგრძნობთ“3.
1. Там же, с. 322.
2. Там же, с. 326.
3. Там же, с. 326-327.
თეიმურაზ მეფეს სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ უფლისწული დავითისა და ახლობელი დიდებულებისათვის ჯვარზე მთხვევა ებრძანა. ცერემონიის დამთავრების შემდეგ მეფემ ელჩებს გამოუცხადა, რომ შეეძლოთ რუსეთში დაბრუნებულიყვნენ, მათთან ერთად გაემგზავრებოდა მიტროპოლიტი ნიკიფორე. თეიმურაზმა ელჩებს იმ გზაზეც მიუთითა, რომლითაც ისინი უნდა წასულიყვნენ. თეიმურაზ მეფემ ელჩებს რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზით წასვლა აუკრძალა იმ მიზეზით, რომ ის გზა გადიოდა მეფისადმი მტრულად განწყობილ ტერიტორიაზე და ამასთან ერთად დიდი თოვლის გამო სახიფათოც იყო. მან ელჩებს უბრძანა შაჰის სამფლობელოებზე გავლით დაბრუნებულიყვნენ მოსკოვში.
თეიმურაზ მეფის ამ განზრახვაში უფრო მეტად პოლიტიკურ-დიპლომატიური ჩანაფიქრი უნდა დავინახოთ, ვიდრე ელჩების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ელჩები, რომ შაჰის სამფლობელოებზე გავლით უნდა გაეშვა, როგორც ჩანს, მას დიდი ხნის წინათ ჰქონდა მოფიქრებული. მეფემ ელჩებს 10 ოქტომბერს მიღებისას განუცხადა, რომ ყიზილბაშთა შაჰ სეფის, მოსკოვის მეფის ნაჩუქარი 2 სონღული გაუგზავნა და წერილობით სთხოვა საქართველოდან რუსეთში მიმავალი ელჩები თავის ტერიტორიაზე გაატაროს. თეიმურაზის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მთები დაფარულია თოვლით და გვიან, ილიას დღეს (ძვ. წ. 20 ივლისი), იწყება ზვავების ჩამოწოლა. ამას გარდა, მის სახელმწიფოს ყოველი მხრიდან ურწმუნოები შემოერტყნენ, და მათგან ყოველგვარ ცუდს მოელის. რაც შეეხება შაჰ სეფის, მას რუს ხელმწიფესთან მეგობრობა და სიყვარული აქვს და ელჩებს თავის ტერიტორიაზე გავლას არ დაუშლის (Там же, с. 288).
თეიმურაზმა, ელჩები გაისტუმრა აპრილის დასასრულს. ეს ის დროა, როდესაც ზვავების ჩამოწოლის საშიშროება არ არის. მაგრამ მან მაინც, თადარიგი დაიჭირა, შაჰს შეუთანხმდა და ელჩები შემახასა და დერბენდის გზით გაუშვა. უეჭველია, რომ თეიმურაზ მეფეს უნდოდა შაჰ სეფისათვის, რომელიც მოსკოვის მეფის „მეგობარი“ იყო, ეჩვენებინა, რომ კახეთის მეფე მისი, სეფის, მეგობრის მეგობარია. ამაში დასარწმუნებლად თუ საბუთია საჭირო, ინებეთ: მოსკოვის მეფე კახეთის მეფეს საჩუქრებს, მათ შორის სონღულებს, და ელჩებს უგზავნის. თეიმურაზ მეფის ლოგიკით, კახეთის მეფე და ირანის შაჰიც უნდა დამეგობრდნენ. შეიძლება გავიხსენოთ ესპანეთის მეფის მიერ შაჰ აბასთან გაგზავნილი წერილი (ჩემი ვარაუდით, იგი ნიკიფორე ირბახის თხოვნით დაიწერა), რომელშიც ფილიპე IV საქართველო-ესპანეთის მეგობრობის შესახებ აცნობებდა. მაშინაც წერილის მიზანი ის იყო, რომ ფილიპე IV-ის „მეგობარ“ შაჰ აბას I-ს გაეთვალისწინებინა თავისი ევროპელი კოლეგის „მეგობრობა“ თეიმურაზ I-თან.
ამგვარად, ნიკიფორე მიტროპოლიტის პირველი ელჩობის საერთო შედეგი (ვგულისხმობ მის დიპლომატიურ მოგზაურობას მოსკოვში და რუსი ელჩების ჩამოყვანას საქართველოში), შეიძლება ითქვას, მოცემულ ეტაპზე, ფორმალურად, წარმატებული იყო. ის მიზნები, რაც ამ ელჩობას მეფემ დაუსახა, თითქმის მიღწეული იყო. კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა და დახმარებაზე დაპირებაც მიიღო. ელჩობის შედეგით კმაყოფილი უნდა ყოფილიყო რუსეთის მთავრობაც. კახეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით რუსეთის სახელმწიფოს, თუკი მას შესაბამისი ხელსაყრელი პირობები ექნებოდა, ფართო ასპარეზი ეხსნებოდა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და პოლიტიკური საქმიანობისათვის. ნიკიფორე მიტროპოლიტის მეორე ელჩობა მოსკოვში 1639 წლის 28 აპრილს რუსეთის ხელმწიფის ელჩები გზას დაადგნენ. მათთან ერთად მოსკოვში მეორედ მიდიოდა თეიმურაზ მეფის ელჩი მიტროპოლიტი ნიკიფორე. ელჩები 1640 წლის იანვრის დასაწყისში უკვე მოსკოვში იყვნენ. ნიკიფორემ სამეფო კანცელარიაში თეიმურაზ მეფის ვრცელი წერილი წარადგინა, რომელიც დათარიღებულია 1639 წ. 25 აპრილით1.
1. Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями от 1639 по 1677 г., СПб, 1867, с. 1-34.
წერილი უაღრესად საინტერესო და თავისებურია, როგორც შინაარსით, ისე აგებულებითა და სტილით. ასევე სრულიად განსხვავდება ნიკიფორე მიტროპოლიტის მეფე მიხეილ თეოდორეს ძისათვის მოსკოვიდან გაგზავნილი წერილი, რომელზეც ვრცლად საუბარი მოგვიწევს.
თეიმურაზის წერილი შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ტექსტი და ბოლოსიტყვაობა. შესავალი გავყოთ ორ ნაწილად: 1. თეიმურაზ მეფე გადმოსცემს მართლმადიდებლური ქრისტიანობის საფუძვლებს და 2. მადლობას უხდის მოსკოვის მეფეს ნიკიფორე ელჩისადმი და, საერთოდ, ივერიისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის. ძირითადი ნაწილი თემატურად მრავალფეროვანია: 1. დასაბუთება იმისა თუ რატომ გადაწყვიტა თეიმურაზმა მოსკოვში ნიკიფორეს მეორედ გაგზავნა; 2. ქართული ეკლესიის მდგომარეობის გაშუქება; 3. ვრცელი დიალოგი, რომელიც გაიმართა თეიმურაზ მეფესა და ნიკიფორეს შორის, ამ უკანასკნელის მოსკოვში გაგზავნის წინ; 4. პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ნიკიფორე დათანხმდებოდა მოსკოვში ელჩად წასვლაზე; 5. ლევან II დადიანი _ თეიმურაზ მეფისა და რუსეთის ხელმწიფის მტერი; 6. საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზების მდგომარეობა; 7. ქართლისა და იქ არსებული სიწმინდეების მდგომარეობა; 8. თეიმურაზ მეფის ურთიერთობა შაჰ სეფისთან; 9. ირან-ოსმალეთის ურთიერთობის მოკლე მიმოხილვა.
ბოლოსიტყვაობაში თეიმურაზ მეფე წუხს და ბოდიშს იხდის თავისი ქვეყნის სავალალო მდგომარეობის გამო, მოსკოვის ხელმწიფის ელჩებს რომ საკადრისად ვერ უმასპინძლა და შესაფერისი საჩუქრები ვერ მიართვა.
თეიმურაზ მეფის წერილი, შეიძლება ითქვას ქართული დიპლომატიის ეპისტოლარული მემკვიდრეობის ჩვენამდე მოღწეული უაღრესად საინტერესო და უნიკალური ნიმუშია. მისი ძირითადი ტექსტი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის თეიმურაზსა და ნიკიფორეზე, როგორც გამობრძმედილ დიპლომატებზე, რომლებსაც შეუძლიათ პოლიტიკურ ოპონენტს ან პარტნიორს ხან პირდაპირ, ხან გადაკვრითა და მინიშნებებით გაუმხილონ თავიანთი მიზნები და ინტერესები. ეპისტოლეში თეიმურაზი და ნიკიფორე ორიგინალურად, კითხვა-პასუხის სახით გადმოსცემენ თავიანთ სათქმელს. თეიმურაზ მეფე ეშმაკობს: იგი იმგვარად აცნობს მოსკოვის ხელმწიფეს თავის სურვილებსა და მოსაზრებებს, თითქოს მას სხვებმა, განსაკუთრებით კი ნიკიფორემ, ჩააგონა, რომ ხელმწიფის მიმართ დათმობებეზე წასულიყო.
მუხლობრივად განვიხილოთ თეიმურაზ I-ის წერილი:
1. დასაბუთება: რატომ გადაწყვიტა თეიმურაზ მეფემ მიტროპოლიტი ნიკიფორეს მეორედ გაგზავნა მოსკოვში?
თეიმურაზ მეფე მოსკოვში პირველად გაგზავნილ ნიკიფორე მიტროპოლიტს, როგორც თავის ადგილას ითქვა, მაღალ შეფასებას აძლევდა. ამჯერადაც იგი ცდილობს მიხეილ თეოდორეს ძე დაარწმუნოს ნიკიფორეს პატიოსნებაში, რაშიც, სავარაუდოა, მოსკოვში ეჭვი შეჰქონდათ და საქართველოში ჩამოსულმა რუსმა ელჩებმაც ნიკიფორეს მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს. ალბათ, თეიმურაზ მეფე ამიტომ წერდა ხელმწიფეს, რომ ნიკიფორე მისი ნდობით აღჭურვილი დიპლომატი იყო. მე რაც თქვენ მოგწერეთ და რაც მან თქვენს უდიდებულესობასთან ილაპარაკა, ყველაფერი ჩემგან დავალებული ჰქონდა, ის თავისას არაფერს ამბობდა. მან ასევე სრულად და შეუცდომლად მომიტანა თქვენი პასუხიო. „მხოლოდ ლეკების შესახებ, რომელთა წინააღმდეგ დახმარება გთხოვე, არც პასუხი და არც დახმარება მიმიღია“ (Там же, с. 6). ნიკიფორეს თეიმურაზისთვის ზუსტი პასუხები მოუტანია ყველა საიდუმლო დანაბარების შესახებ. ამიტომ იყო, რომ თეიმურაზ მეფე თავის სხვა დიდებულებთან და არქიელებთან შედარებით ნიკიფორეს, როგორც დიპლომატს, უპირატესობას ანიჭებდა (Там же). თეიმურაზ მეფის მიხედვით, მოსკოვიდან დაბრუნებულმა ნიკიფორემ „დაინახა ჩვენს ქვეყანაში არეულობა და უწესრიგობა, რომ შაჰმა წაგვართვა ქართლი და მცხეთის დიდი ეკლესია, სადაც დავანებულია ქრისტეს კვართი, არაგვის ხეობა, (ნიკიფორეს - ე.მ.) ჩემი ასულიც შეებრალა, ატირდა და მთხოვა: „ჩემო ხელმწიფე თეიმურაზ, გამიშვი, დიდხანს გემსახურე, ახლა მცირე ხნით გამიშვი წმიდა იერუსალიმში თაყვანისცემისა და ჩემი მიტროპოლიტად ხელდასხმისათვის... თუ ცოცხალი ვიქენი, ჩემო ხელმწიფევ, დაგიბრუნდები, თუ მოვკვდები, მომიტევე ჩემო ხელმწიფევ“ (Там же, с. 10-11). თეიმურაზ მეფე მიხეილ თეოდრეს ძეს სწერდა, რომ, რადგან მას არ ჰყავდა ნიკიფორეზე ჭკვიანი და სანდო კაცი, რომელსაც სახელმწიფოს საიდუმლო საქმეებს მიანდობდა, მან დედოფლის, უფლისწული დავითის, დიდებულებისა და არქიელების თხოვნა გაითვალისწინა და მიტროპოლიტი ნიკიფორე იერუსალიმში არ გაუშვა. უფრო მეტიც, მას ყველამ ერთობლივად სთხოვა მეორედაც ელჩად წასულიყო მოსკოვში (Там же, с. 12-13).
ამის შემდეგ იწყება თეიმურაზ მეფისა და ნიკიფორეს დიპლომატიური თამაში. მეფე თავის წერილში „გულახდილად“ მოუთხრობს მოსკოვის მეფეს იმ „წინააღმდეგობებზე“, რომელიც მოსკოვში ნიკიფორეს მეორედ გაგზავნის წინ გამომჟღავნდა მეფესა და მის დიპლომატს შორის, ნიკიფორემ როგორ „სამართლიანად და პირუთვნელად“ პირდაპირ უთხრა მეფეს და ყველას, ვინც მას დაჟინებით სთხოვდნენ მოსკოვში წასვლას. „თქვენ ასე ამბობთ: „ერთხელ კიდევ გავაგზავნოთ ნიკიფორე დღეგრძელ, დიდ ხელმწიფესთან, წავიდეს და როგორც დავავალეთ ისე მოაგვაროს ჩვენი საქმეები. ის თუ ჩვენი ბრძანების მიხედვით შეასრულებს ყველაფერს და დიდი ხელმწიფე დაგვეხმარება ლეკების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ დავიფიცებთ მის ერთგულებაზე და შევალთ მისი ხელისუფლების ქვეშ“ (Там же, с. 113).
როგორც ვხედავთ, თეიმურაზ მეფე რუსეთთან ურთიერთობაში, ამჯერად, ლეკების საკითხს პირველ ადგილზე აყენებდა და მისი კეთილად მოგვარების შემთხვევაში მზად იყო რუსეთის ქვეშევრდომობა ეღიარებინა, მაგრამ მიხეილ თეოდორეს ძემ ლეკების წინააღმდეგ დახმარებაზე თავი შეიკავა, რის გამოც ქართული მხარე უკმაყოფილო დარჩა. მეფესა და მის დიპლომატს შორის გამართულ კამათში იკვეთება მიზანი _ რადაც არ უნდა დაუჯდეთ დაარწმუნონ მოსკოვის მეფე, რომ ქართული მხარე უკვე წავიდა ისეთ დათმობაზე, რომლის მსგავსი არც ერთ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში არ ჰქონია. ნიკიფორე თეიმურაზს შეეპასუხა: რაც მოითხოვე, დიდმა ხელმწიფემ ყველაფერი შეგისრულა. ამიტომ ნუ დაუჯერებ იმათ ვინც გეუბნებიან, რომ წინათ, ალექსანდრე მეფის დროს, მართალია, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, ჩვენი ელჩები მიდი-მოდიოდნენ, ხელმწიფე გვეხმარებოდა, ჯარიც მოგვცა და ციხეც ააგო და სხვ. მაგრამ ჯვარზე დაფიცებული სიგელები არასოდეს მიგვიცია, ჩვენს შორის მხოლოდ სიყვარული და მეგობრობა იყოო (Там же, с. 114). ამგვარად, თეიმურაზ მეფე რუსეთის ხელმწიფეს აგებინებდა, რომ წინათ კახეთის სამეფოსათვის მნიშვნელოვანი საკითხები მოსკოვის მიერ იოლად გვარდებოდა. ამჟამად კი, ხელმწიფის მოთხოვნით, ქართული მხარე დიდ დათმობაზე წავიდა, ჯვარზე დაიფიცა მისი ქვეშვრდომობისა და სამუდამო ერთგულების შესახებ. ეს საკმარისი არ არის?
თეიმურაზისა და ნიკიფორეს მსჯელობა ლოგიკურად იქითკენ მიდის, რომ მოსკოვის მეფის გასაგონად, თეიმურაზმა უნდა დასვას კითხვა: კიდევ რა დათმობაზე შეიძლება წასვლა, რომ კახეთის სამეფომ მოსკოვიდან სასურველი დახმარება მიიღოს. ნიკიფორე, როგორც გამოცდილი დიპლომატი (თეიმურაზ მეფე ყოველთვის ასეთად წარუდგენს თავის ელჩს რუსთ ხელმწიფეს), ისეთ სამ მოთხოვნას აყენებს, რომლებიც მოსკოვის ხელმწიფისათვის სასარგებლო და მისაღები იქნება. სინამდვილეში, თეიმურაზ მეფე მოსკოვის ხელმწიფისათვის შეთავაზებულ წინადადებებს ნიკიფორეს პირით ახმოვანებს. ვითომდაც, ნიკიფორე მიტროპოლიტის მიერ წამოყენებული მოთხოვნები (სინამდვილეში თეიმურაზის ნააზრევი) გამიზნულია მიხეილ თედორეს ძისათვის:
1) თეიმურაზი ნიკიფორეს ათქმევინებს, რომ მისი პირველი „მთავარი“ მოთხოვნა პოლიტიკოსის მიერ მიცემული სიტყვის დაცვა და ცხოვრებაში გატარებაა, რადგან „ადამიანის სიტყვა მოდის იქიდან, სადაც სულია... ეს თხოვნები და სიგელები საუკუნეების განმავლობაში დარჩება. მრცხვენია დიდი ხელმწიფისა, რადგან ეს საქმეები და მოთხოვნები, რომლებსაც თქვენგან მოვითხოვ, დიდი საქმეები და მაღალი მოთხოვნებია. ვინც ჭკვიანი და გონიერია, ის გაიგებს, როგორ დასრულდება ეს საქმე. ჩემო მეფეო (თეიმურაზ - ე.მ.), ხედავ, რომ მთელი საქმე კისერზე მკიდია. რასაც შენ დიდი ხელმწიფისაგან მოითხოვ, მე უნდა აღვასრულო ღვთის შეწევნითა და დიდი ხელმწიფის მოწყალებით“ (Там же, с. 14-15). როდესაც ამ პირველ მოთხოვნას გავეცნობით, აუცილებლად გვიჩნდება კითხვა: როდის და რა მოითხოვა მოსკოვის მთავრობამ თეიმურაზ მეფისაგან და მან არ შეასრულა? ასეთი პრეტენზია, გამოთქმული რუსული მხარის მიერ ჩემთვის ცნობილ წერილობით წყაროებში არ დაფიქსირებულა. თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში სიტყვის გატეხასა და დანაპირების შეუსრულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, მაშინ ამგვარი საყვედურის გამოთქმა მხოლოდ რუსეთის მიმართ შეიძლებოდა და, რა თქმა უნდა, „ნიკიფორეს პირველი მთავარი მოთხოვნა“ მოსკოვში ასეც უნდა გაეგოთ.
2) „ჩემო მეფე, ემთხვიე ჯვარს და მომეცი ქვეშევრდომობის წიგნი იმის თაობაზე, რომ ემორჩილებით დიდ ხელმწიფეს. ჯვარზე მთხვევისა და ერთგულების ფიცის სიგელის მიხედვით, დიდი ხელმწიფე დაგიჯერებს, იზრუნებს თქვენზე, დაგიცავთ ყველა მტრისაგან. ეცოდინება და დაიჯერებს, რომ სრულად ეკუთვნით დიდ ხელმწიფეს“ (Там же, с. 15).
თეიმურაზის წერილის ზემომოყვანილ ფრაგმენტში, რომელიც, თითქოს, დაიწერა ფიცის დადებამდე, გადმოცემულია მეფის ხანგრძლივი თავშეკავება და მის მიერ სხვადასხვა მიზეზის მოშველიება, რათა მოსკოვის ხელმწიფისადმი ერთგულებასა და ქვეშევრდომობაზე ფიცის დადება ჯვარზე დაფიცებით, რამენაირად, თავიდან აეცილებინა. მეფის ასეთი ორჭოფობა ცნობილი იყო რუსი ელჩებისათვის და მათ აღნიშნეს კიდეც თავიანთ ჩანაწერებში. ბუნებრივია, რუსეთის მთავრობისათვის ცნობილი გახდებოდა ყოველივე, რაც ფიცის დადებასთან დაკავშირებით ხდებოდა (რუსების ელჩობა ხომ ძირითადად ამ მიზნით ჩამოვიდა კახეთის სამეფოში). თეიმურაზ მეფეს უნდოდა ხელმწიფისათვის აეხსნა ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი და მისი ყველა ახლობელი აღმოჩნდა ქვეშევრდომობის სიგელის ჯვარზე დაფიცებით განმტკიცების მოთხოვნის გამო, რომ თეიმურაზი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა იმ უნდობლობით, რასაც მის მიმართ მოსკოვში ამჟღავნებდნენ, მაშინ როდესაც რუსული მხარე საქართველოს მიმართ თავისი ვალდებულებების შესრულების სერიოზულ პირობას სდებდა და არც პასუხისმგებლობას კისრულობდა. ყოველივე ამის გამო ჩრდილი ადგებოდა თეიმურაზ მეფის თავმოყვარეობასა და პრინციპულობას.
თეიმურაზმა და მისმა დიდებულებმა ნიკიფორეს ჰკითხეს (თეიმურაზის სიგელის მიხედვით): „თუ ჩვენ იმას გავაკეთებთ, რასაც შენ დანიშნული მიტროპოლიტი ნიკიფორე ჩვენგან ითხოვ, შეძლებ დიდ ხელმწიფესთან აღასრულო ჩვენი თხოვნა და საქმე“ (Там же).
კახთ მეფის წერილის გაცნობისას, რუსეთის ხელმწიფეს და მის კარისკაცებს ნიკიფორეს მიმართ დასმული კითხვა თავიანთ თავზე უნდა გადაეტანათ, უეჭველია, ეს იყო თეიმურაზისა და მისი დოპლომატის ჩანაფიქრი. ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდებით მათი დიალოგის გაგრძელებას თუ მივყვებით და გავაანალიზებთ. ერთი შეხედვით გაკვირვება უნდა გამოეწვია თეიმურაზ მეფისა და მისი კარისკაცების მიერ ნიკიფორესგან წერილობითი გარანტიის მოთხოვნას, რომ მოსკოვის ხელმწიფე მათს თხოვნას შეიწყნარებდა (Там же, с. 15-16).
სრულებით ბუნებრივად ჟღერს ნიკიფორეს პასუხი, რომ კახეთის მეფესა და მოსკოვის ხელმწიფეს შორის ურთიერთობის მოგვარება, უპირველეს ყოვლისა, ღმერთის და შემდეგ დიდი ხელმწიფის ხელშია, ნიკიფორემ კი, მხოლოდ სიბეჯითე და შეუპოვრობა უნდა გამოიჩინოს. ამასთან ერთად, მან მოითხოვა მოსკოვის ხელმწიფეს თეიმურაზ მეფის სამფლობელოებში არსებული ოქროსა და ვერცხლის საბადოების ერთობლივად დამუშავება შესთვაზონ. ამ შეთავაზების მიზანი იყო მატერიალური სარგებლიანობით დაეინტერესებინათ რუსეთის მთავრობა, იქნებ მას თეიმურაზ მეფისათვის რეალური დახმარება აღმოეჩინა. ყურადღებას იქცევს ამ წინადადების შეთავაზების ფორმა. ნიკიფორე თეიმურაზს ეუბნება: რადგან ერთგულების ფიცი ჯვარზე დაფიცებით დადეთ, „დიდმა ხელმწიფემ უნდა იცოდეს რა არის და რა არ არის ივერიის ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ არის ისეთი რაღაც, რაც არ არის დიდი ხელმწიფის ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ დიდ ხელმწიფეს ამაში აქვს დიდი გასაჭირი და ამის შესახებ უნდა ვაცნობოთ, რომ იცოდეს“ (Там же, с. 16). ამის შემდეგ ნიკიფორე წარმოსთქვამს „თავის“ მესამე მოთხოვნას.
3) „ჩემო მეფე თეიმურაზო, აი როგორია მესამე მოთხოვნა. ჩემო მეფევ, შენ ძალიან კარგად იცი, რომ დიდი ხელმწიფის ქვეყანაში [რუსეთში] არ არის ისეთი საბადოები, სადაც იქნებოდა ვერცხლი ან ოქრო. შენს ქვეყანაში კი, როგორც შენც იცი, თუშეთისა და დიტის (?) მთებში არის ვერცხლი და ოქრო. მაშინ, როდესაც შენ მე ელჩად გამაგზავნე კონსტანტინოპოლში, რამდენჯერმე მიბრძანე ოსტატები ჩამომეყვანა, მაგრამ სულთნის შემეშინდა და არ მოგიყვანე. ახლა კი დრო მოვიდა, ჩემო მეფე, და მოგიწოდებ ამის შესახებ აცნობო დიდ ხელმწიფეს, რომ მოგვცეს ოსტატები და მადანი აღმოვაჩინოთ“ (Там же, с. 16-17).
როგორც ნიკიფორეს ნათქვამიდან ჩანს, XVII ს. 20-იანი წლებიდან თეიმურაზ მეფემ და მისმა დიპლომატებმა განიზრახეს მეზობელი თუ შორეული სახელმწიფოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, მათთვის შეეთავაზებინათ საქართველოს წიაღისეული სიმდიდრე. შემთხვევით არ უნდა სწერდეს თეიმურაზ მეფე მოსკოვის ხელმწიფეს, რომ მადნის სპეციალისტების ოსმალეთიდან ჩამოყვანა სულთნისგან საიდუმლოდ სურდა. ამით თეიმურაზ მეფეს უნდა ადრესატს გააგებინოს, რომ ოქრო-ვერცხლის საბადოები ისეთი სიმდიდრეა, რომლის მთლიანად დაუფლებას სულთანი მოინდომებდა, ამის დაშვება კი ქართველ მეფეს არ შეეძლო, მაშინ, როდესაც ქრისტიან და მფარველ მეფეს თანამშრომლობას სთავაზობს. საინტერესოა, რომ თეიმურაზ მეფე მიხეილ თეოდორეს ძეს არაფერს წერს იმის შესახებ, რომ მან ქართულ მიწაში არსებული სიმდიდრით თავი მოიწონა ესპანეთის მეფესთან და მისი დაინტერესებაც სცადა. ნიკიფორე ირბახმა, 1627 წელს ფილიპე IV-ს მიართვა მოხსენებითი ბარათი, რომლის მოკლე შინაარსი ესპანურ ენაზე, მოხვდა ესპანეთის სამეფო კანცელარიაში. ბარათში, სხვათა შორის ნათქვამია: „რაც შეეხება მის (თეიმურაზის) სამფლობელოებს იბერიაში, ეს მას სრულიად აკმაყოფილებს, რადგან იქ მრავლად არის პროვინციები და გამაგრებული ადგილები, ვერცხლისა და ოქროს ბევრი საბადო რომლებსაც ახლა არ ამუშავებენ საომარო მდგომარეობის გამო“1.
მოსკოვში მიმავალ ნიკიფორე მიტროპოლიტს თეიმურაზ მეფემ დაავალა, რომ საბადოების საკითხი საიდუმლოდ შეენახა და მის შესახებ შეიძლებოდა სცოდნოდათ დიდ ხელმწიფეს, მის ვაზირსა და ნიკიფორეს. მეფემ თავის ელჩს მისცა მითითება თუ რა პირობებში სთავაზობდა საბადოებს რუსებს: „თუ ღმერთი ინებებს და დიდი ხელმწიფე სპეციალისტებსა და ხარჯს გამოგვიგზავნის და [მოპოვებული ოქრო-ვერცხლის] საბადოს გავხსნით, ნახევარი ჩვენ, ნახევარი დღეგრძელ ხელმწიფეს, ოქრო იქნება თუ ვერცხლი, სანახევროდ გავიყოფთ“2.
4) თეიმურაზ მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა იმას თუ როგორ ეპყრობოდნენ მის ელჩს, რადგან ამის მიხედვით შეიძლებოდა იმის გარკვევა, როგორი იყო რუსეთის ხელმწიფის განწყობა ქართველი მეფისადმი. „დღეიდან ჩვენ უცხოები აღარ ვართ დიდო ხელმწიფე, - წერს თეიმურაზ მეფე, - პირიქით, სრულიად დამორჩილებული ვარ შენი მაღალი ძლიერი ხელისადმი. ამიტომ, დიდო ხელმწიფე, ჩემს ელჩსა და ჩემს საქმეს შენი დიდებულება ნუ შეხედავს ისე, როგორც ირანის, თურქეთის და ფრანკების ელჩს. ისეთი ყურადღება გამოიჩინე ჩემი ელჩისა და საქმის მიმართ, როგორსაც იჩენ შენი მეფური დიდებულების საქმის მიმართ. ჩემს ელჩს ყველა სახელმწიფოში დიდი პატივით ეპყრობიან, როგორც შაჰის, ისე სულთნის [კარზე]. ამიტომ მსურს, რომ ჩემ ელჩს შენს მეფურ დიდებულებასთან ჰქონდეს ისეთივე დიდი პატივი, როგორიც აქვთ სხვა ხალხებს, რადგან ჩემი ელჩის ღირსება არის ჩემი დიდი და მაღალი ღირსება. მიუხედავად იმისა, რომ გავღარიბდით, მაინც ვსარგებლობთ პატივით და უხსოვარი დროიდან ვიწოდებით ივერიის მიწა-წყლის მეფეებად, იმ დროიდან, რაც ჩვენთან ქრისტიანობა შემოვიდა, დიდი მეფე კონსტანტინეს დროიდან“3.
1. დოკუმენტები, გვ. 423, #61. შდრ. ვათეიშვილი ჯ., ნიკიფორე ირბახის ნაკვალევზე, #175; ტივაძე თ., თეიმურაზ პირველის საგარეო პოლიტიკა, გვ. 96-97.
2. Переписка, с. 17.
3. Там же, с. 19-20.
ამის შემდეგ თეიმურაზ მეფე თავის მოთხოვნებს უყენებს მოსკოვის ხელმწიფეს. მისი „პირველი დიდი მოთხოვნა“ არის, ის რომ ხელმწიფემ კახეთის სამეფოში გაგზავნოს რომელიმე დიდი რუსი თავადი ჯარით, რათა დაეხმაროს უწმინდური ლეკების წინააღმდეგ. ორი მხრიდან შეტევით ლეკები განადგურდებიან და დამორჩილდებიან. ისინი ხელს აიღებენ კახეთის რბევაზე. ამასთან ერთად თეიმურაზ მეფემ მოითხოვა ციხე-სიმაგრის აღდგენა იმ ადგილზე, სადაც ოდესღაც, ალექსანდრე II-ის დროს, იდგა ციხე1. „თუ ამის შესაძლებლობა არ იქნება მაშინ აგებული იქნეს ახლოს, ჩვენს მთებში, სადაც ჩვენ ვიცით კარგი გამაგრებული ადგილი. ციხე-სიმაგრე დაშორებული უნდა იყოს ჩვენგან იმდენით, რამდენიდაც თერგი დაშორებულია ჩერქეზეთისგან. ქალაქის დასაცავად ხალხი ჩააყენე. მაშინ ლეკებიც დაცხრებიან და ჩვენც თუ თურქების, სპარსელების ან სხვა მტრებისგან დიდი საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდებით, მაშინ ჩვენ დახმარებას მოვიძიებთ შენი მეფური დიდებულების ციხე-სიმაგრიდან და ჩვენ, კიდევ უფრო დიდი ხიფათი თუ დაგვემუქრება, მაშინ დედოფალს, უფლისწულებს, თავადების ცოლებსა და შვილებს შენი მეფური დიდებულების ციხეში შევაფარებთ, მაგრამ, როცა ჩვენი დრო დადგება და დიდი მტერი [დაგვემუქრება], მაშინ ჩვენც შენი მეფური დიდებულების ციხეს შევეფარებით, რათა შენი მეფური დიდებულებისაგან მივიღოთ დახმარება, დაცვა და მტკიცე თავშესაფარი“2.
1. Там же, с. 21. ამგვარად, თეიმურაზ მეფემ იგივე მოთხოვნა გაიმეორა რუსეთის მეფის წინაშე, რაც ალექსანდრე II-მ დააყენა XVI ს. 80-იან წლებში. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, გვ. 270-276.
2. Переписка, с. 21.
თეიმურაზ მეფის ელჩის მიერ მოსკოვში ჩატანილი ეს წინადადება ცნობილი გახდა ირანის კარზე. ამბის თანამედროვე სპარსელი ისტორიკოსი, მოჰამედ თაჰერი, გადმოგვცემს შაჰის იმ რეაქციაზე, რომელიც თეიმურაზის განზრახვამ გამოიწვია: „მან (თეიმურაზმა), რადგანაც [რუსების] თანამორწმუნე იყო, მიმართა რუსის ხელმწიფეს და თავისი უფროსი შვილიშვილი გაგზავნა მასთან და დახმარება და შველა ითხოვა. მან მზაკვრულად ურჩია [რუსთა ხელმწიფეს], რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ ყოისუს ციხის სანახებში რამდენიმე სხვა ციხეც იქნება აშენებული, რომლებითაც ჩაიკეტება ჩერქეზეთიდან [ღვთის მიერ] დაცულ ქვეყანაში (ირანში) მოსასვლელი გზები და თუ რუსების მხრიდან დახმარება წამოვა საქართველოს ოლქში, - ეს (ე. ი. დახმარების გამოგზავნა) ადვილად მოხერხდებაო. და რუსთა ქვეყნების ვალიც მოტყუვდა მისი ვერაგობით და რამდენიმე ციხე ხსენებულ სანახებში ააშენა და დანიშნა რაზმი მათ მცველად“1. იმავე ისტორიკოსის მიხედვით, ციხეები სპარსელებს დაუნგრევიათ2. მოჰამედ თაჰერის ცნობა სრულ წინააღმდეგობაში მოდის რუსული წყაროს ცნობასთან. რუსეთის მთავრობამ, როგორც ქვემოთ ითქმევა, უარი თქვა ჩრდილო კავკასიაში ციხე-სიმაგრის აშენებასა და იქ ჯარის ჩაყენებაზე. გამოთქმულია მოსაზრება, რომ თაჰერმა თეიმურაზს მიაწერა XVI საუკუნეში ლევან კახთა მეფის დროს რუსების მიერ აგებული ციხის სპარსელების მიერ დანგრევა3.
საყურადღებოა, რომ თეიმურაზ მეფე, მას შემდეგ რაც ნიკიფორე მოსკოვს გაგზავნა, დაღესტნელებთან ბრძოლაში დახმარებაზე ხელმწიფის პასუხს არ დაელოდა და რუსეთთან დამაკავშირებელი გზის გახსნას დამოუკიდებლად შეეცადა. „განიზრახა თეიმურაზ შესვლად დიდოეთს, რათა მოაქციოს კერპობისაგან და ყოსცა გზა რუსეთისა და შეიწიოს იგინი. შემოკრებულითა კახითა შეუხდა და შემუსრნა რაოდენიმე კოშკნი და მოწუა დაბნები. არამედ დიდოთა მოიმწნეს ლეკნი და დაუწყეს ბრძოლა... დამოსწყვიდნეს მრავალნი კახნი“4.
1. მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ.
2. იქვე, გვ. 385.
3. ბოცვაძე თ., საქართველო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (XV-XVIII საუკუნეები), თბ., 1968, გვ. 89.
4. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 596.
5) თეიმურაზ მეფის წერილიდან ჩანს, რომ მისი დიპლომატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავი, მოცემულ პერიოდში, ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის პოლიტიკური გაუვნებელყოფა და ოდიშის სამთავრო-რუსეთთის სახელმწიფოს დიპლომატიური დიალოგის ჩაშლა იყო. იგი მოსკოვის მეფეს უხატავს ლევან II დადიანის, როგორც უზნეოს, დაუნდობელის, პოლიტიკურ პარტნიორად არასაიმედოს და ქრისტიანობის მტრის პორტრეტს. ის, რაც თეიმურაზ მეფის წერილში ლევან II-ის შესახებ უარყოფითი წერია, საისტორიო ლიტერატურის ცნობებით, ძირითადად, დასტურდება.
როგორც თეიმურაზ მეფე აღნიშნავს, ლევან დადიანი წინათ მისი მეგობარი იყო, რაც მოსკოვშიც იცოდნენ ხარიტონის ელჩობის წყალობით. მას მხედველობაში აქვს შაჰ აბასთან თავისი დაპირისპირების პერიოდი, როდესაც დევნილი კახთა მეფის დამცველად დადიანიც გამოდიოდა1. `მას შემდეგ, რაც მან ბიძა მოკლა და მისი ცოლო შეირთო, თავის კანონიერ ცოლს კი გაეყარა, ყოველწლიურად ათიდან თხუთმეტათასამდე ბავშვს ყიდის, რისი მოწმეც მთელი სამყაროა. თურქებს, სულთანსა და ვაზირს ყოველწლიურად საჩუქრად უგზავნის ქრისტიანთა ასოც ბავშვს და თურქებს ხარკს უხდის. იგი ყაჩაღივით შეიჭრა იმერეთში, ჩემი სიძე ალექსანდრეს ქვეყანაში, ქრისტეს ათი-თორმეტი ეკლესია გადაწვა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ყველა წმინდანების ხატები დაჩეხა, ისინი დღესაც დაჩეხილებია და მათ ინახავს ჩემი სიძე ალექსანდრე. მე ყოველივე ამის შესახებ მივწერე მას (დადიანს): შენ, დადიანო, ამ ბოროტების ჩამდენი, ქრისტიანი არა ხარ. და ის ჩემი სასიკვდილო მტერი გახდა. კიდევ იმიტომ ბრაზობს, რომ ჩემი ასული მივეცი ალექსანდრეს. მე კი მას იმიტომ მივათხოვე, რომ სხვა არავინ იყო2. (დადიანი - ე.მ.) ჩემ მტრად გადაიქცა და პირველად სულთანთან წამაჩხუბა, მაგრამ ვერავითარი ვნება მომაყენა. ახლა შაჰთან წამაჩხუბა და ჩემი ასული დავკარგე. ამას გარდა სხვა ბევრი ვნება მომაყენა, დიდო ხელმწიფევ... ახლა კი, როგორც მე მეჩვენება, მას შემდეგ რაც დადიანის ელჩი შენს მეფურ უდიდებულესობასთან მოვიდა, შენი მეფური უდიდებულესობის ჩემთან წაჩხუბება უნდა,... გაფრთხილდი, რომ არ მოგატყუოს, მისგან არაფერი სარგებელია. მას არასოდეს არავისთან არ უომია, არც სულთანთან და არც შაჰთან, მხოლოდ არეულობა და ცილისწამება შეუძლია. ამ ზამთარს გარდაიცვალა ჩემი სიმამრი (უნდა იყოს მძახალი) და ჩემი სიძე ალექსანდრე გამეფდა, ახლა კიდევ ჩემს სიძე ალექსანდრეს წაჰკიდებს სულთანთან და ყოველდღიურად აგზავნის ელჩებს თურქებთან, შაჰთანაც აჩხუბებს. მან თავის სიძეს, მანუჩარის ვაჟს, ცილი დასწამა და თვალები ამოწვა. გურიის სახელმწიფო მისცა არქიეპისკოპოსს, რომელიც ახლა გურიაში არქიეპისკოპოსიც და მეფეც არის. ეს არქიეპისკოპოსი ყოველწლიურად ყიდის ათიდან-თორმეტ ათასამდე ბავშვს და თურქებს უგზავნის ოთხმოც ბავშვს, თურქებს უხდის ხარკს, ვის სჯის, ვის ჩამოახრჩობს და ჟამს სწირავს, მაგრამ ამას აკეთებს არაქრისტიანული რწმენით. იმავე დადიანს უნდა ივერთა მიწაწყალზე მოსპოს მეფის სახელი და თვითონ იყოს ივერიის ერთადერთი მეფე. მისი მამა თავდაპირველად ერისთავი იყო. მისი მოდგმა გაქრა და ახლა ის არის დადიანი. დიდო ხელმწიფევ, არ ენდო მას და არ დაუჯერო მის ელჩს, რადგან იგი ანტიქრისტეა...
1. ჩვენს ისტორიოგრაფიაში გაბატონებულია მოსაზრება, რომ იმ პერიოდში, რომელსაც თეიმურაზ მეფე გულისხმობს, ოდიშის სამთავროს, ლევანის მეურვე, მისი ბიძა გიორგი ლიპარტიანი განაგებდა. ი. ანთელავას მიხედვით, გიორგი ლიპარტიანი ლევან დადიანის მეურვე არასოდეს ყოფილა. ანთელავა ი., ლევან II დადიანი, თბ., 1990, გვ. 35.
2. არსებობს ცნობა, რომ დადიანის ერთი ასული ელენე თეიმურაზ I-ის რძალი, უფლისწული დავითის მეუღლე ყოფილა (ქრონიკები, II, გვ. 474). სხვა ცნობით, ელენე კათალიკოს ევდემოზ დიასამიძის ძმისწული იყო (იქვე, გვ. 407).
თუ გიყვარვარ მე, თეიმურაზ მეფე, საქრისტიანო და ივერიის მიწა-წყალი, ნურავითარ საქმეს ნუ მიანდობ ამ დადიანს, არ დაუჯერო და არ მიიღო მისი წერილები, რადგან მან არც ფიცი იცის, არც სხვა რამე. იმისათვის რათა მას არ ენდო, ამისათვის გწერ ყოველივე ჭეშმარიტებას ზუსტად, რათა შენ შემდეგში არ თქვა, რომ მე ამის შესახებ არ მომიწერია. ამიტომ გწერ და თქვენი მეფური უდიდებულესობის ელჩებსაც ვუბრძანე ზეპირად ეცნობებინათ ამის თაობაზე. თუ მე არ გიყვარვარ და არ მწყალობ, მაშინ დადიანს დაუჯერე. თუ მე გიყვარვარ და მწყალობ მე, მეფე თეიმურაზს მენდე, ნუ დაუჯერებ დადიანს და არ მოუსმინო არც მას და არც მის ელჩებს. მოიქეცი ისე, როგორც გსურს, დიდო ხელმწიფევ“1.
6) თეიმურაზ მეფე საინტერესოდ და თავისებურად აშუქებს თავის დამოკიდებულებას ქართლის სამეფოსთან, რომლის დაუფლება უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მიზნად დაუსახავს. იგი, როგორც მიხეილ თედორეს ძეს წერს, ქართლის სამეფო არასოდეს არ ყოფილა მისი წინაპრების - პაპის ალექსანდრე I-ის და მამის დავითის გამგებლობაში, მაგრამ მას, თეიმურაზს, ღმერთმა უბოძა და ქართლის სამეფოსა და არაგვის საერისთაოს (ყარაყალყანს) 12 წლის განმავლობაში ფლობდა2.
თეიმურაზ მეფე, არაფერს ამბობს ქართლის ტახტის დაკარგვის ნამდვილი მიზეზზე (მან რომ დაუდ-ხან უნდილაძესთან ერთად იმერეთის მეფის, დადიანისა და მესხეთის თავადაზნაურების მხარდაჭირით შაჰის სამფლობელოები დალაშქრა). მხოლოდ აღნიშნავს, რომ შაჰ სეფის მიერ ქართლის ჩამორთმევის მიზეზი თავისი ასულის არ მიცემა იყო. თეიმურაზი ხელმწიფეს აგრძნობინებს, რომ ქართლის თეიმურაზისათვის სამეფოს დაბრუნება მოსკოვის ინტერესებშიც შედის, რადგან იქ, მცხეთაში დაცულია ქრისტეს კვართი, რომლის დაუფლებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს. ამიტომ, თუ ღმერთი ინებებს, ქრისტეს ძალითა და მისი მეფური უდიდედებულესობის წყალობით ისინი, თეიმურაზ მეფე და რუსეთის მეფე, „კვლავ დაეუფლებიან ქართლს, მცხეთის დიდ ეკლესიას და არაგვის საერისთაოს“3.
თეიმურაზ I-ის რუსეთის სახელმწიფოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქრისტეს კვართის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ წინათ სპეციალურად შევისწავლე ქრისტეს კვართის ისტორია4 და წინამდებარე მონოგრაფიაშიც ნაწილობრივ შევეხე, მაინც უნდა ითქვას თეიმურაზ მეფის დიპლომატიური მოღვაწეობის ამსახველ ამ საკითხზე.
1. Переписка, с. 22-24.
2. Там же, ც. 24.
3. Там же, ც. 24-25.
4. მამისთვალიშვილი ე., ქრისტეს კვართის ისტორია, გორი, 2003.
* * *
უკვე ითქვა, რომ მიტროპოლიტმა ნიკიფორემ 1635 წელს მოსკოვში მიიტანა თეიმურაზ I-ის წერილი, რომელშიც სხვადასხვა ამბებთან ერთად აღნიშნული იყო, რომ „ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა თავისი მოწყალება არ მოაკლო და (საქართველოში) ქრისტიანობის მოსპობა საბოლოოდ არ დაუშვა, რადგან აქ მცხეთის დიდ ეკლესიაში მოთავსებულია ქრისტეს სამოსელი. აქვეა დღესაც ჩვენი საპატრიარქო“1. იმისათთვის, რათა ყოველგვარი ეჭვი გაფანტულიყო, თეიმურაზ მეფე მიხეილ თეოდორეს ძეს თხოვდა: „თქვენს თვითმპყრობელურ მეფობას შევთხოვთ არ დააკავოთ ჩვენი ელჩი და მასთან ერთად თქვენი ელჩი გამოგზავნოთ... რათა მან დაათვალიეროს ჩვენი ქვეყანა და ქრისტიანობა, წმინდა ეკლესიები და ივერთა მთელი ქვეყანა, მცხეთის დიდი ეკლესია, სადაც მოთავსებულია ქრისტეს სამოსელი და დღესაც იქ არის, რათა თქვენმა თვითმპყრობელობამ ჭეშმარიტება იცოდეს. ქრისტეს სამოსელი კახეთში კი არა ქართლშია“2. როგორც ჩანს, თეიმურაზ მეფე ცდილობდა თავისი ელჩის, თეოდოსე მანგლელი რევიშვილის მიერ შეგნებულად დაშვებული უზუსტობა გაესწორებინა. თეოდოსეს ვარაუდით, ასე გააძლიერებდა მოსკოვის ხელისუფლების ყურადღებას თეიმურაზ მეფის კახეთის მიმართ. ელჩის ამგვარმა წინდაუხედავმა ნათქვამმა დიდად შელახა ქართული ელჩობისადმი მოსკოვის კარის ნდობა.
თეიმურაზ მეფის წინადადება მოსკოვში მიიღეს და გადაწყვიტეს საქართველოში გამოეგზავნათ ელჩი, რომელიც მცხეთასაც მოინახულებდა3. მიტროპოლიტ ნიკიფორესაც თავის მხრივ უთქვამს, რომ ქრისტეს სამოსელი კახეთში კი არ არის, არამედ ქართლშია. ის მოთავსებულია იმ ეკლესიის შუა ქვის ბალახანაში, რომელიც აგებულია იქ, სადაც სამოსელზე ამოზრდილი კედრის ხე მოჭრეს. შაჰს იმ ბალახანის დანგრევა უნდოდა, მაგრამ ისინი, ვისაც ეს უნდა გაეკეთებინა, ცეცხლმა შთანთქა, სხვები კი გაიქცნენ. უფლის სამოსელის ნახვა არავის შეუძლია, რადგან ის ქვითაა ამოშენებული.
1. Памятники дипломатических и торговых сношений Московской Руси с Персией. Изданы под редакциею Н. И. Василевского, СПб., 1892, с. 112.
2. Полиевктов М., Материалы, с. 118.
3. Там же, с. 171, 190.
მიტროპოლიტმა მოსკოვის ხელმწიფეს თხოვა, რომ მისთვის ეჩვენებინათ შაჰის მიერ გამოგზავნილი ქრისტეს კვართი. თეიმურაზის ელჩის ამ თხოვნიდან ჩანს, რომ საქართველოში ცნობილი იყო, მაგრამ როდიდან არ ვიცით, შაჰ აბასის ქრისტეს კვართთან დაკავშირებულ სიყალბეზე და ნიკიფორე ცდილობდა ამ სიცრუისათვის ფარდის ახდას. მისი მოთხოვნის სამართლიანობისათვის წონის შესაძენად, მან ხელმწიფეს აღუთქვა, რომ როდესაც რუსი ელჩები საქართველოში ჩამოვიდოდნენ, მცხეთაში ისინი დაუბრკოლებლად, საკუთარი თვალით ნახავდნენ ქრისტეს კვართს1.
ხელმწიფის ბრძანებით, ნიკიფორეს თხოვნა დააკმაყოფილეს და მას აჩვენეს ქრისტეს ის სამოსელი, რომელიც „მეფის უმაღლესობას ყიზილბაშმა შაჰმა გამოუგზავნა“2. სამწუხაროდ, ნიკიფორე თავის წერილებში არ აღნიშნავს, როგორი შათაბეჭდილება მოახდინა ნანახმა. სავარაუდოა, ნიკიფორემ უარყო შაჰის მიერ მოსკოვის ხელმწიფისა და პატრიარქისადმი გაგზავნილი საჩუქრის რეალობა და ამიტომ თეიმურაზ მეფესთან გამოგზავნილ ელჩებს დაევალათ კახთა მეფისათვის ეთხოვათ მცხეთაში დაცული უფლის კვართი მოსკოვში გაეგზავნა.
როგორც ითქვა, 1637 წელს მოსკოვიდან გამოიგზავნა განსაკუთრებული ელჩობა, რომლის წევრებს სხვადასხვა დავალება მიეცათ. მათ უნდა შეეგროვებინათ ცნობები საქართველოს ეკონომიკურ, სავაჭრო და სამხედრო მდგომარეობაზე. ელჩობის სასულიერო პირებს კი დაევალათ ქვეყნის საეკლესიო და რელიგიური მდგომარეობის შესწავლა. რუსი სასულიერო პირები უნდა დაინტერესებულიყვნენ აგრეთვე, საქართველოს სიწმინდეებით. მათ განსაკუთრებით დაწვრილებით, სანდო და ზუსტი ცნობები უნდა შეეკრიბათ მცხეთაში ქრისტეს კვართზე. ელჩობის ერთ-ერთი წევრი იყო ბერი არსენ სუხანოვი, რომელმაც ორჯერ იმოგზაურა საქართველოში და ფრიად საინტერესო ცნობები დაგვიტოვა.
1. Там же, с. 201.
2. Там же.
1639 წ. 16 აპრილს ზაგემში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსმა ელჩებმა თეიმურაზს მოსთხოვეს, დაპირების თანახმად, ეჩვენებინა ქრისტეს კვართი, რათა საბოლოოდ გაერკვიათ რას წარმოადგენდა შაჰის მიერ რუსთ ხელმწიფისა და პატრიარქისათვის გაგზავნილი საჩუქარი. თეიმურაზ მეფემ რუს ელჩებს უპასუხა: ვიდრე მიტროპოლიტ ნიკიფორეს მოსკოვში გავაგზავნიდი, ჩემს მამულში, ქართლში ვიყავი და მცხეთაც, სადაც კვართია, მე მეკუთვნოდა. ნიკიფორეს მოსკოვში გამგზავრების შემდეგ შაჰი მოვიდა და ქართლი წამართვა. ამდენად კვართის ნახვის საშუალება აღარ გვაქვს1. რაც შეეხება შაჰის მიერ მოსკოვში გაგზავნილ საჩუქარს, გააგრძელა თეიმურაზმა თავისი მოსაზრების გამოთქმა, ის შეიძლება რუსთველი ეპისკოპოსის ფერიცვალობის ეკლესიიდან წაღებული ღვთისმშობლის სარტყელი არის, მაგრამ ის ეკლესიაც ჩემს სამფლობელოებში აღარ არის2, ამიტომ მისი ნახვაც აღარ შეიძლება. ქართლი, რომ ხელთ მქონდეს, ელჩებს უფლის კვართს, მცხეთის დიდ ეკლესიას, სასწაულმოქმედ ნაწილებსა და წმინდა დიდებულ ხატებსაც ვაჩვენებდი. თუ ხელმწიფე დამეხმარება, მაშინ ჩემს ხელთ იქნება ქართლი, მცხეთა და უფლის სამოსელიც და ჩვენს ივერიის ქვეყანასა და იქ არსებულ ყველაფერს ხელმწიფეს მივცემო3.
1. Там же, с. 313-314, 349.
2. Там же, с. 314.
3. Там же, с. 350-351.
მოსკოვის ხელმწიფისათვის გაგზავნილ საპასუხო წერილებში თეიმურაზ I საბოლოოდ აყალიბებს თავის მოსაზრებას მცხეთაში არსებული ღვთის სამოსელისა და შაჰის საჩუქრის შესახებ: „უფლის სამოსელი, რომელიც თქვენს მეფურ უდიდებულესობას აქვს და, რომელიც [მოსკოვში] მიტროპოლიტ ნიკიფორეს აჩვენეს, ის სამოსელია რუსთველის ეკლესიიდან, ე.ი. უწმინდესი ღვთისმშობლის სარტყელია... გადმოცემით ვიცით, რომ ღვთის სამოსელი, მცხეთის დიდ ეკლესიაშია და არა რუსთველისაში. როცა შაჰ აბასი მოვიდა და ჩვენი მამული დაიპყრო, მაშინ ის სარტყელი, რომელსაც თქვენთან უფლის სამოსელს ეძახიან, შაჰმა წაიღო და თქვენს მეუფებას გამოუგზავნა. ნამდვილი სამოსელი დღესაც მოთავსებულია მცხეთის დიდ ეკლესიაში, რომელიც ქართლშია და არავის ძალუძს იმისი ამოღება. თუ ღმერთი ინებებს და ქართლს დავიპყრობთ, მაშინ ყველაფერი, მცხეთის დიდი ეკლესიაც და უფლის სამოსელიც შენი დიდი სამეფოსი იქნება, ჩვენც ყველანი თქვენი მეფური უმაღლესობის ხელქვეითი გავხდებით, დიდო ხელმწიფევ. ამინ“ (Там же, с. 353.).
ამგვარად, თეიმურაზ I-ის მიზანი სრულიად ნათელია და მიხეილ თედორეს ძესაც ასევე დაუფარავად წერს: თუ რუსეთისათვის ქრისტეს კვართი ძვირფასია და მისი დაუფლება სურს, მაშინ ხელმწიფე უნდა დაეხმაროს თეიმურაზს დაიბრუნოს ქართლის სამეფო. რუსთ ხელმწიფის მფარველობაში შესულ ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად უძვირფასესი სიწმინდეც ხელმწიფისათვის ხელმისაწვდომი გახდება. თეიმურაზი იმასაც გასაგებად ამბობს, რომ კვართს ვერც ვერავინ ამოიღებს და ვერავინ წაიღებს საქართველოდან, ე. ი. ყველა შემთხვევაში, კვართი სვეტიცხოველში დარჩება.
აუცილებლად უნდა ითქვას თეიმურაზ მეფის ერთ „უნებლიე“ შეცდომაზე. როგორც ზემოთ ითქვა, მან რუსეთის ხელმწიფეს მისწერა: როდესაც მიტროპოლიტი ნიკიფორე ბერძენი მოსკოვში ელჩად გამოვაგზავნე, მაშინ ქართლი მე მეკუთვნოდა და ამიტომ მოგიწოდებდით ჩამოსულიყავით საქართველოში, საკუთარი თვალით გენახათ და დარწმუნებულიყავით, რომ კვართი მცხეთაში ინახებოდაო. რა თქმა უნდა, ეს შეგნებულად დაშვებული შეცდომა იყო. ნიკიფორე მოსკოვში წავიდა 1635 წელს, მაშინ, როცა თეიმურაზს ქართლი უკვე დაკარგული ჰქონდა. 1633 წელს როსტომ-ხანმა ქართლი დაიპყრო.
თეიმურაზ მეფეს აღნიშნული „შეცდომით“ სურდა გაერკვია იყო თუ არა რუსეთი მზად გადაედგა გაბედული ნაბიჯი კვართის დასაუფლებლად და, რაც მთავარი იყო, კვართის საკითხი გადაექცია რუსეთის, როგორც მძლავრი მოკავშირის და მფარველის მოპოვების ერთ-ერთ საშუალებად. თეიმურაზ მეფე კვართის საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რუსეთთან ურთიერთობის თავის სასურველი მიმართულებით წარმართვისათვის. 1646 წ. მოსკოვში წარგზავნილი გიორგი ჩოლოყაშვილისადმი ნაბრძანებიდან: „ჩოლოყაშვილის ბატონის გიორგისათვის ჩვენი პასუხი დიდისა ყოვლის პყრობელის ხელმწიფესთან ეს დაგვიბარებია. თუ ამას გვიზამს, რომ ქართლი დაგვაჭერინოს და იმაზედ მოგვეხმაროს, პატრიარქად იმათი ბერი დასვან: მაცხოვრის კვართია იქა, ადვილის საქმით დავიჭერთ და ჩემს შვილს1 გიორგის ხელმწიფეს მივსცემ: თუ ამას არ გვიზმენ, ამდენი ქრისტიანი ტყვე თათრდება, ლეკნი ჩამოგუხსნან, ციხე აუგონ, როგორც კვლავ ყოფილა და იმისთვისთცა მივსცემ შვილსა: თუ არც ეს ქნან, ჩემს უხუცეს შვილს ლუარსაბს ქალი მოსცეს, საქართველო საბოლოოთ ხელმწიფისა იქნება...“2.
1. თეიმურაზ მეფეს ამ დროს საკუთარი ვაჟი აღარ ჰყავს. იგი დაღუპული უფლისწული დავითის ვაჟებს თავის შვილებად მოიხსენიებს.
2. Переписка, с. 64.
ამგვარად, თეიმურაზ მეფე თავის წარმომადგენელს ავალებს, რომ მან მოსკოვის მთავრობას, მისი კავკასიაში გააქტიურებისათვის, პირველ რიგში ყველაზე მომხიბვლელი წინადადება შესთავაზოს: მცხეთაში რუსი კაცის გაპატრიარქებით ქრისტეს კვართი, პრაქტიკულად, რუსთა ხელში აღმოჩნდება. თეიმურაზის ციტირებული წერილი, რა თქმა უნდა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი პოლიტიკოსის ცდაა რამენაირად გაიჩინოს რეალური მოკავშირე ირანის წინააღმდეგ. მაგრამ ამის მიღწევა მაშინ შეუძლებელი იყო. რაც შეეხება კვართს, რუსეთს, უეჭველია, მისი დაუფლება სურდა, მხოლოდ იმ პირობით, თუ კი მისი მცხეთიდან მოსკოვში გადატანა მოხერხდებოდა. მაგრამ მათ ამის განხორციელების იმედი, როგორც ზემოთ ითქვა, თეიმურაზმა თავიდანვე გადაუწურა.
ქრისტეს კვართი რომ ნამდვილად მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში იყო, რუსები საბოლოოდ დარწმუნდნენ 1652 წელს, როდესაც საქართველოს მეორედ ეწვია ცნობილი არსენ სუხანოვი. 24 სექტემბერს, მან შეძლო სვეტიცხოველში მისვლა და დათვალიერება.
ა. სუხანოვის მიერ მოსკოვში მიტანილ ცნობას ქრისტეს კვართის შესახებ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა: გაირკვა რომ შაჰ აბას I-ს კვართი არ წაუღია და დამტკიცდა ქართველთა სიმართლე: სიწმინდე ხელუხლებელი და დაცული იყო თავდაპირველი დავანების ადგილას. ამის შემდეგ მოსკოვის პოლიტიკური და საეკლესიო მესვეურნი მოერიდებოდნენ საქართველოს სამეფოებთან დიპლომატიური ურთიერთობის დროს კვართის საკითხის განხილვას, მით უფრო მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი თავისი მიზნების მისაღწევად, ამ საკითხით სპეკულაციას ეწეოდა1.
1. მამისთვალიშვილი ე., ქრისტეს კვართის ისტორია, გვ. 79-82.
* * *
დავუბრუნდეთ თეიმურაზ მეფის წერილს და გნვიხილოთ ის ადგილი, სადაც სერიოზულად და დელიკატურად გამოთქმულია უკმაყოფილება მოსკოვის ხელმწიფის მიმართ, რომელიც კახეთის მეფის სათხოვარს არაოპერატიულად გამოეხმაურა და ელჩი კი, შეუწყნარებლად დიდი ხნით, მოსკოვში დააყოვნა. მოსკოვის ხელმწიფეს უნდა გაეთვალისწინებინა თეიმურაზ მეფის მდგომარეობა, რომელსაც გამუდმებით ექსტრემალურ პირობებში უხდებოდა ცხოვრება. თეიმურაზ მეფე მიხეილ თეოდორეს ძეს იმასაც აგრძნობინებს, რომ მის თავს დატეხილი უბედურება, გარკვეულწილად იმითიც იყო გამოწვეული, რომ იგი მოსკოვის ხელმწიფესთან დამოყვრებას ცდილობდა.
თეიმურაზ მეფე მიხეილ თედორეს ძეს შეახსენებს, რომ როდესაც თავისი ელჩი ნიკფორე მიტროპოლიტი პირველად გაგზავნა მოსკოვში, იმ დროს ქართლი და კახეთი გაერთიანებული იყო ერთ სამეფოდ, მის შემდგენლობაში შედიოდა მცხეთის დიდი ეკლესია. აქვე იყო არაგვის ხეობა ძველი და კეთილმოწყობილი გზა, რომლითაც იმოგზაურეს რუსეთიდან ჩამოსულმა პირველმა ელჩებმა. თავის ძალებში დარწმუნებულმა თეიმურაზმა ნიკიფორე გაგზავნა მოსკოვში, რათა ხელმწიფისათვის ეთხოვა ელჩების გამოგზავნა ქართლ-კახეთის სამეფოს, მასში ქრისტიანობის მდგომარეობის გასაცნობად, დასათვალიერებლად მცხეთისა, სადაც დაცულია ქრისტეს კვართი და სხვ. „დიდო ხელმწიფევ, მე არ ვიცოდი, რომ ვიდრე ჩემი ელჩი შენი მეფური უდიდებულესობისგან დაბრუნდებოდა, შაჰი მოვიდოდა, დაიპყრობდა ქართლს, დიდ ეკლესიას და არაგვის საერისთაოს, ეს არ ვიცოდა და არც მივარაუდია, რომ ასე მოხდებოდა. არც ჩემმა ელჩმა იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. ისე არ მოხდა, როგორც ვფიქრობდით. დიდება შენდა ღმერთო: ღმერთს ვინც უყვარს, იმას სჯის. ვფიქრობდი, რადგანაც ვფლობ ქართლს, [მცხეთის] დიდ ეკლესიას, არაგვის საერისთაოს, არ მივცემ ჩემს ქალიშვილს შაჰს, რათა სულიერად არ დაღუპულიყო და აგარიანთა ხელში არ ჩავარდნილიყო. ბევრი ვეცადე მანამდე გამეძლო, ვიდრე ჩემი ელჩი, რომელიც ხელმწიფის უდიდებულესობასთან გავგზავნე [მოსკოვში] ჩასვლას მოასწრებდა. მაგრამ ელჩი იქ დიდხანს დარჩა და [ერთი მხრიდან] შაჰმა, ხოლო მეორე მხრიდან დადიანმა შემავიწროვეს. [შაჰმა] წამართვა ქართლი და ქალიშვილი. ეს ჩემი სურვილით კი არა, ძალადობით მოხდა. [თავდაპირველად] ჩემი ქალიშვილი და ვაჟი თუშეთის მთებში გავხიზნე და დღედაღამ ჩემს ელჩს ველოდი, რათა გამეგო ჩემი ელჩი რა პასუხს მომიტანდა შენი მეფური უდიდებულესობისგან. მაგრამ ჩემი ელჩი არ ჩანდა, არ მოდიოდა. მე გაკვირვებული ვიყავი და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, მავიწროებდნენ და მდევნიდნენ, რისი მოწმეა ღმერთი. იმდენად დიდმა ჯავრმა შემიპყრო, რომ მინდოდა შენი მეფური უდიდებულესობის ქვეყანაში წამოვსულიყავი და თან წამომეყვანა დედოფალი, უფლისწულები და ჩემი თავადები, რათა გადამერჩინა ჩემი ქალიშვილი“ (Переписка, с. 25-26.).
თეიმურაზ მეფე მოსკოვის ხელმწიფეს არც იმას უმალავს, როგორი საშიში სახე მიიღო საგარეო მუქარამ მისი ხელისუფლებისათვის. ამგვარმა მდგომარეობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია: თავადებმა მეფეს საშუალება არ მისცეს დაეტოვებინა დედაქალაქი და არც თვითონ აპირებდნენ ქვეყნის დატოვებას. ისინი მოითხოვდნენ მეფეს თავისი ქალიშვილი შაჰისათვის მიეცა, შერიგებოდა და ქვეყანაც დამშვიდდებოდა. თეიმურაზი გარკვეულ დრომდე, უკმაყოფილო თავადებს პასუხს არ აძლევდა. „რა უნდა მექნა? ერთი მხრიდან შაჰი ამიმხედრდა, მეორე მხრიდან დადიანი [თავადებს] აქეზებდა. ამიმხედრდა ყველა თავადი, დიდი და მცირე, მთელი ხალხი, ძალით წაიყვანეს ჩემი ქალიშვილი და შაჰს გაუგზავნეს. ყოველივე ეს [შაჰს] დადიანმა ჩააგონა. ასე დავკარგე ჩემი ქალიშვილი. იმავე დადიანმა შაჰს მისწერა, რომ მეფე თეიმურაზს უნდა მოსკოვის ხელმწიფეს დაუმოყვრდეს. [აი რა მისწერა დადიანიმა შაჰს]: „შენ [თეიმურაზი] მხოლოდ შეაწუხე და შეავიწროე, რათა ქალიშვილი მოგცეს, დაიპყარი მისი ქვეყანა, სასწრაფოდ, ვიდრე დიდი ხელმწიფისაგან ელჩი მოვიდოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე თეიმურაზი ქალიშვილს აღარ მოგცემს“. აი რა და სხვაც კიდევ მეტი ჩაიდინა დადიანმა. მას ღმერთმა მოჰკითხოს, შენი დიდი მეფობა კი დღეგრძელი იყოს. ჩემი ელჩი კი იგვიანებდა, ვიღაცეები ამბობდნენ, რომ იგი მოკვდა, სხვები ამბობდნენ, რომ ზღვაში დაიხრჩო. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. დიდო ხელმწიფევ, ჩემ ელჩს რომ მოესწრო შენი დიდი მეფური უდიდებულესობის ელჩთან ერთად, ყველა საქმე და განზრახვა კარგად აღსრულდებოდა“ (Там же, с. 26.).
თეიმურაზ მეფის წერილის განხილული ფრაგმენტიდან კიდევ ერთხელ ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადგილი, სადაც ლაპარაკია ქართლ-კახეთის ერთიანობაზე ნიკიფორე მიტროპოლიტის მოსკოვში გაგზავნის დროს, რაც, როგორც ითქვა სიმართლეს არ შეეფერება. ქართლი ჯერ კიდევ 1633 წლის გაზაფხულზე როსტომ ხანმა ყიზილბაშთა ჯარით დაიპყრო. საინტერესო და გასაკვირიც არის, რომ თეიმურაზ მეფე თავის წერილში არც ერთხელ არ ახსენებს როსტომ მეფეს, რომელთანაც განუწყვეტელი და წარუმატებელი ბრძოლა ჰქონდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ თეიმურაზის დუმილი როსტომზე განპირობებული იყო იმით, რომ მოსკოვის ხელმწიფის ყურადღება მთლიანად შაჰზე გადაეტანა და იგი ყველაფერში დაედანაშაულებინა. მოსკოვის ხელმწიფეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა შაჰთან და ეს უკანასკნელი თუ მოინდომებდა ქართლის სამეფოს საკითხი თეიმურაზის სასარგებლოდ გადაწყდებოდა. ალბათ, ასე ფიქრობდა თეიმურაზი. თეიმურაზის თქმით, მისი ხელისუფლებისათვის არანაკლები საშიში იყო ოდიშის მთავარ დადიანის მოქმედება, რომლის წაქეზებით შაჰი დიდ ზიანს აყენებდა კახეთის სამეფოს. ამგვარად, თეიმურაზ მეფე მოსკოვის ხელმწიფეს პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მისმა მეგობარმა შაჰმა მისი ქვეშევრდომი მეფე (თეიმურაზი_ ე.მ.) ამგვარ საშინელებაში ჩააყენა, ხელმწიფეს შეუძლია გავლენა მოახდინოს შაჰზე, მაგრამ ამას არ აკეთებს. თეიმურაზ მეფე დადიანის უარყოფით როლზე კახეთ-რუსეთის ურთიერთობაში კვლავ უბრუნდება, მაშინ როდესაც ნიკიფორე მიტროპოლიტისა და რუსი ელჩების კახეთში ჩამოსვლის სირთულეებზე წერს. როგორც თავის ადგილას ითქვა, ელჩებს თერგის ციხიდან წამოსვლა გაუძნელდათ და ნიკიფორემ თეიმურაზს დახმარება სთხოვა. როდესაც მეფე ელჩების შესახვედრად გაეშურა, „დადიანმა შაჰს მისწერა: მეფე თეიმურაზმა მოგატყუა [თითქოს] შეგირიგდა. ხედავ, როცა იგი მთებში წავიდა ჯარის შესაგროვებლად, მოსკოვიდან დაბრუნდა მისი ელჩი რუსეთის დიდი ხელმწიფის ელჩებთან ერთად ჯარით. მას უნდა მთებში სიმაგრეები ააგოს და ჯარი შეკრიბოს შენი, შაჰის, წინააღმდეგ. დიდო ხელმწიფევ. ამგვარი სიტყვებით აქეზებდა დადიანი შაჰს“1.
თეიმურაზ მეფემ, ნიკიფორეს რჩევით, შაჰს მისწერა: „შენს საზიანოდ კი არ გავაგზავნე ელჩი დიდ ხელმწიფესთან, არამედ იმიტომ, რომ ვიცი პაპაჩემი ალექსანდრეს დროიდან ასევე იგზავნებოდნენ ელჩები. ისინი მიდიოდნენ და ბრუნდებოდნენ. ჩვენ ხომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ერთი რწმენა გვაქვს. ამიტომ [ელჩი] გავაგზავნე და ეკლესიებისთვის მხატვრები და ხატები ვითხოვე, რომ დიდმა ხელმწიფემ მოიღოს მოწყალება, რადგან ჩემი ქვეყანა განადგურებულია. არ უსმინო დადიანს, რადგან დადიანი ჩემი მომაკვდინებელი მტერია“2.
1. Там же, с. 29-30.
2. Там же, с. 30.
უმთავრესი რაც თეიმურაზ მეფემ შაჰს მისწერა იყო რუსეთის ხელმწიფესთან და ირანის შაჰთან კარგი ურთიერთობის დამყარება. „შაჰო ნუ მოუსმენ მტრების სიტყვებს, ნუ მედავები და ნუ მოსპობ ჩვენს შორის სიყვარულს. შენ შაჰო, როგორ მშვიდობიანადაც ცხოვრობ მოსკოვის დიდ ხელმწიფესთან, მეც მინდა მასთან მშვიდობიანი ცხოვრება. ვინც შენი მეგობარია, მეც მინდა მისი მეგობარი ვიყო, ხოლო ვინც შენი მტერია, მეც მისი მტერი ვიქნები“. იმავე დროს თეიმურაზ მეფეს შაჰისათვის უთხოვია, რომ მოსკოვში მიმავალი მისი და ხელმწიფის ელჩები ირანის სამფლობელოებზე, კერძოდ შემახის გზით გაეტარებინა. შაჰმა ელჩი კარგად მიიღო და მან და მისმა დედამ თეიმურაზს წერილებიც გამოუგზავნეს. შაჰი თეიმურაზს წერდა, რომ იგი მშვიდათ ყოფილიყო, ელჩები მშვიდობიანად გაივლიდნენ მის სამფლობელოზე. „მეფე თეიმურაზ, _ წერდა შაჰი, _ ამიერიდან შენი შვილი ვარ, შენ კი მამაჩემი, ჩვენი სიტყვა იქნება სიტყვა, სიყვარული _ სიყვარული, მეგობრობა კი მეგობრობა. მტრის არც ერთი სიტყვა არ დაიჯერო, ისევე როგორც მე არ დავიჯერებ. იყოს [ჩვენ შორის] მხოლოდ სიყვარული, მეგობრობა და მშვიდობა“ (Там же, с. 30-31).
როგორც შაჰმა აღიარა თეიმურაზი თავის მამად, ისე თეიმურაზი მიმართავს მოსკოვის მეფეს: „ახლა, დიდო ხელმწიფევ, გწერ, როგორც ჩემს მამას“. შაჰმა საიდუმლოდ მისწერა თეიმურაზს, როგორი ცუდი შედეგი გამოიღო მათ შორის მტრობამ ორივე მხრისათვის. ეს მოხდა იმიტომ, რომ შაჰმა თავის მტრებს მოუსმინა და თეიმურაზს წაეჩხუბა. ამის გამო იყო, რომ თეიმურაზი თურქებს დაუკავშირდა და ისინი შაჰის წინააღმდეგ აამხედრა. შემდეგ შაჰ სეფი წერდა: „პაპაჩემმა შაჰ აბასმა ასეთი ფიცი დადო: „ვიდრე თეიმურაზ მეფე ცოცხალია, მას ნუ წაეკიდები“. მას შემდეგ, რაც შაჰი გავხდი, შენთვის არავითარი ვნება არ მომიყენებია, მხოლოდ მოგთხოვე და წამოვიყვანე შენი ქალიშვილი, ისიც მხოლოდ მტრების ჩაგონებით. მთელი არეულობა დადიანმა გამოიწვია. ამის შემდეგ ჩვენს შორის იყოს მეგობრობა და სიყვარული, ვინც ჩემი მეგობარი იქნება, შენც იმის მეგობარი იყავი, ხოლო, ვინც ჩემი მტერი იქნება, შენც იმის მტერი იყავი. თუ თურქებთან არ შევრიგდებით და ისინი, ჩემს საწინააღმდეგოდ, ერევანზე წამოვლენ, შენ ჯარს მოგცემ, ჩემი სიყვარულისათვის შენი ჯარი და მთიელების ჯარიც შეკრიბე. თურქებს ქართველებისა და შენი ეშინიათ. ასე მოიქეცი, დამეხმარე, შემდეგში კი რასაც ისურვებ ან მთხოვ, იმას მოგცემ“1.
თეიმურაზ მეფეს შაჰთან თავის ურთიერთობის აღწერით უნდა მოსკოვის ხელმწიფეს გააგებინოს, რომ მიუხედავად ყველა განცდილი გაჭირვებისა, მისი სამეფო იმდენად სერიოზულ სამხედრო ძალას ფლობს, რომ მას ანგარიშს უწევენ მისი მეზობლები და მისგან დახმარებასაც კი ითხოვენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ირანი. იგი დასუსტებულია და თუ ოსმალები თავს დაესხმიან, ისინი მთელ ქვეყანას დაიპყრობენ. ყოველწუთს მოსალოდნელია ირან-ოსმალეთის ომის დაწყება. თეიმურაზ მეფე გაურკვეველ მდგომარეობაშია, არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები2. წერილის მიხედვით თეიმურაზ მეფე წარმოჩინდება, როგორც კავკასიის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფიგურა და აქტური მონაწილე.
წერილის დასასრულს თეიმურაზ მეფე წუხილს გამოსთქვამს, რომ ხელმწიფეს ვერ უგზავნის შესაფერის საჩუქრებს, საკადრისად ვერ უმასპინძლა მის ელჩებს, მათ ვერ უჩვენა მცხეთა და ვერც ქრისტეს კვართი, სვეტიცხოვლის ტაძარში დაცული ძველი ხატები და სასწაულმოქმედი ნაწილები.
1. Там же, с. 31-32.
2. Там же, с. 32-33.
ამგვარად, კახეთის სამეფოს საშინაო და საგარეო, ზოგადად, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების აღწერისას, თეიმურაზ მეფე ამჟღავნებს მოქნილი დიპლომატისათვის დამახასიათებელ, პარტნიორზე ზემოქმედებისა და თავისი ზრახვების შენიღბვის უნარს, შეუძლია გაითამაშოს გულუბრყვილო მეფის როლი, რომელსაც თითქოს არ ძალუძს არ გაითვალისწინოს, უფრო მეტიც, არ მოიქცეს ისე, როგორც თავისი დიპლომატები და კარისკაცები ურჩევენ და იმოქმედოს თავისი სურვილის წინააღმდეგაც კი. თეიმურაზ მეფე, ზოგჯერ, როცა საჭიროა, არც ფაქტების გაყალბებას, გაუბრალოებას ან გაზვიადებას ერიდება. შეუძლია მოხერხებულად, მოჩვენებით შეიცვალოს პოზიცია და იგი შეუხამოს ძლიერი პოლიტიკური პარტნიორის ინტერესს. მაგალითად: თეიმურაზ მეფემ მრავალი, მახლობელი თუ შორეული სახელმწიფოს კართან დიპლომატიური ურთიერთობისას მოსინჯა ირანის წინააღმდეგ მოკავშირის მოპოვების შესაძლებლობა, და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ამგვარი შანსი არ არსებობდა. გაითვალისწინა რა რუსეთისა და ირანის მშვიდობიანი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა, რაც თეიმურაზ მეფისათვის სრულიად მიუღებელი იყო, შეცვალა ტაქტიკა და, როგორც მისი წერილიდან ჩანს, რუსეთის ხელმწიფის წინაშე თავს იწონებდა შაჰთან კარგი ურთიერთობით. კახეთის მეფე ფიქრობდა, რუსთ ხელმწიფე, ირანთან ბრძოლაში თუ არ გამოადგებოდა, დაღესტნელების ალაგმვაში მაინც მიემხრო. მან გამოაცოცხლა თავისი დიდი წინაპრის, ალექსანდრე II-ის გეგმა, რომლითაც „შეეძლო მოსკოვს დიდი საქმის განხორციელება, - დარუბანდ-შირვანის დაპყრობა, „საქარეთველოებზე“ ხელის დადება, მეგობარ ერანთან და ხელდებულ საქართველოსთან ერთად“1.
1. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბ. 1967, გვ. 45. მეცნიერს, იმაში კი ვერ დავეთანხმები, თითქოს ალექსანდრე მეფეს ოსმალეთის წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობა და საქარისტიანოს (კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის) მაჰმადიან დამპყრობელთაგან განთავისუფლება უნდოდა (იქვე). არც ალექსანდრე II-ს და მით უმეტეს თეიმურაზ I-ს ამგვარი განზრახვა, არ ჰქონდა, როგორც ამ უკანასკნელის დიპლომატიური საქმიანობის შეფასებისას აღნიშნავდა ნ. ნაკაშიძე და ნ. ბერძენიშვილს იმოწმებდა (Накашидзе Н. Т., Грузино-русские политические отношения первой половине XVII века, Тб., 1968, с. 247. примечание 497).
ნიკიფორე მიტროპოლიტი რომ თეიმურაზ მეფის მიერ შემუშავებული და მკაცრად ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა, კარგად ჩანს მის მიერ მოსკოვში ხელმწიფისათვის მირთმეული „თხოვნის“ დასასრულს. გავეცნოთ ამ უაღრესად საინტერესო წერილის შინაარსს.
ნიკიფორე მოსკოვის მეფეს, თავდაპირველად, საქართველოს სხვა სამეფოებზეც გავლენის გავრცელების კარგი პერსპექტივას უწინასწარმეტყველებს, იმ შემთხვევაში, თუ კახეთ-რუსეთის ურთიერთობას გაგრძელება ექნება, თუ რუსეთი საქართველოს გარეშე მტრების მოგერიებაში დაეხმარება. ყოველივე ამის მიღწევა შეიძლება საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი კარგი გზით. გაოცებას იწვევს ნიკიფორეს პირდაპირობა იმ უკმაყოფილების გამოხატვისას, რომელსაც იგი განიცდის რუსეთის სახელმწიფო აპარატის მოუქნელობის გამო. იგი ხელმწიფისადმი საყვედურსაც არ ერიდება. მისი თქმით, ამჟამად თეიმურაზ მეფეს ძლიერ უჭირს. ნიკიფორე ხელმწიფეს დაუფარავად ეუბნება: „ჩემი მეფის საქმეს ასე ცივად ნუ მოეკიდები“, რადგან ყოველი საქმე დროულად უნდა გადაწყდეს. ახლა, როდესაც ჩემი მეფე ერთიორი წლით შაჰს შეურიგადა, უნდა ვისარგებლოთ ამ ხელსაყრელი მომენტით და ივერთა ქვეყანა განმტკიცდეს. ამიტომ, თუ მომავლისათვის განზრახული გაქვს ივერიას რაიმე გაუკეთო, ნუ გადასდებ და ახლავე დაეხმარეო1.
ნიკიფორე აჩქარებს ხელმწიფეს, მან სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და იგი დროულად გაუშვას სამშობლოში. აქ, მოსკოვში, ახალ იერუსალიმში, მეორე სამოთხეში ყოფნას რა ჯობია, მაგრამ დღედაღამ ვტირი, რომ ჩემი მეფე ურჯულოთა ხელით არ დაიღუპოს და მთელი სამეფო გვარი არ გაქრეს. თუ მეფის მოდგმა ამოწყდება, მაშინ დაიღუპება მართლმადიდებლური რწმენა მთელ ივერიაში და მოსახლეობა უღმერთო გახდება. თეიმურაზია ივერიაში მართლმადიდებლობის დამცველი. ქვეყნის საერთო გაჭირვებას ემატება ლეკების თავდასხმები, რომლებიც ყოველი ქართველი ქრისტიანისგან ხარკს იღებენ, რაც წინათი არასოდეს არ ხდებოდა. პირიქით, ლეკები უხდიდნენ ხარკს ივერიის მეფეებს2.
1. Переписка, с. 50.
2. Там же, с. 52-53.
ნიკიფორე ვერ მალავს თავის გულისწყრომას მის მიმართ მოსკოვში გამომჟღავნებული გულგრილი დამოკიდებულების გამო. ნიკიფორეს კახეთში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აიძულებს ხელმწიფეს განუცხადოს, რომ თეიმურაზ მეფემ „ნდობის ღირსად ჩამთვალა და შენს მეფურ უდიდებულესობასთან ორჯერ ელჩად გამომაგზავნა, რათა შენ შეგხვედროდი, მოგლაპარაკებოდი და გადმომეცა დანაბარები, რომელიც ჩემმა მეფემ სამეფო ელჩების განაწესის მიხედვით დამავალა. დიდო ხელმწიფე ვიყავი სხვა ქვეყნებშიც და ვიცოდი რა და როგორ უნდა მეთქვა და როგორ მომეგვარებინა ჩემი მეფის საქმე. მაგრამ აქ, შენს მეფურ უდიდებულესობასთან არ შემიძლია შევასრულო ელჩის მოვალეობა. ვერ ვეღირსე პირადად მეხილე და გადმომეცა ჩემი მეფის საქმე და სიტყვა, ვერ ვეღირსე პირადად წარვმდგარიყავ შენი მეფური უდიდებულესობის ვაზირთან. ვის წინაშე წარვდგე, რომ ჩემი მეფის საქმე აღვასრულო. მხოლოდ წერილებით მოქმედება შეიძლება“1.
თეიმურაზ მეფის ელჩი კატეგორიულად მოითხოვს თავისი მეფის წერილზე პასუხს და, შეძლებისდაგვარად, სწრაფად გაშვებას საქართველოში: „აპრილში წელიწადი დასრულდა [რაც აქ ვიმყოფები], მაგრამ გარკვეული პასუხი ვერ მივიღე. რა იქნება? ყოვლისშემძლე და დიდო მეფე, გაიხსნება თუ არა გზა, გინდა თავი მომკვეთე, ერთი საათით მეტი აღარ შემიძლია ცდა, რადგან ვერ დავარღვევ ჩემი მეფისათვის მიცემულ სიტყვას... ყოვლისშემძლე და დიდო მეფევ, იმიტომ დავდე თავი ჩემი მეფის წინაშე და რამდენადაც შემეძლო დავიყოლიე ჩემი მეფე და მისი დიდებულები, რომ დამორჩილებოდნენ შენი მეფური უდიდებულესობის მაღალ სამეფო ხელს, რომ შენს მეფური უდიდებულესობამდე მოეღწია ჩემს სიტყვასა და წერილებს და სწრაფად და კარგად აღსრულებულიყო ჩემი მეფის საქმე. ვხედავ, რომ ჩემი ბატონის საქმეს წინანდელთან შედარებით უფრო ცივად უყურებთ და ვხედავ, რომ ვერც სიტყვა და ვერც წერილები ვერ აღწევენ თავის მიზანს, ვერ ვიღებ ზუსტ პასუხს და [არ ვიცი] რა იქნება შედეგი. არ ვიცი როგორ მოვიქცე და გაკვირვებული ვარ: უკვე სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სათხოვარი ჩავაბარე, ვერ მივიღე პასუხი და არ ვიცი როგორ მოვიქცე. ველოდები და მიკვირს. წერილის გარდა, ჩემი მეფისგან მაქვს დავალება, რომელიც შენს მეფურ უდიდებულესობას სიტყვიერად უნდა ვაცნობო, მაგრამ არ არის ბრძანება ჩემთვის აუდიენციის დანიშვნის შესახებ... დიდო ხელმწიფევ, დამინიშნე დრო: ხო თუ არა? _ რათა მეტად აღარ შევაწუხო შენი მეფური უდიდებულესობა და მომიტევე ყოვლისშემძლე და დიდო მეფეო, ისე მოგახსენებ, როგორც ჩემმა მეფემ მიბრძანა, რადგან ის მე მენდობა“2.
1. Там же, с. 53.
2. Там же, с 55-56.
თავადი მიშეცკისა და დიაკი კლუჩარევის ელჩობა კახეთში (1640-1643)
1640 წლის დეკემბერში გადწყდა ნიკიფორეს გაშვება საქართველოში და მასთან ერთად რუსი ელჩების - თავადი ეფიმ მიშეცკისა და დიაკი ივანე კლუჩარევის გაგზავნა კახეთში. რუსების ელჩობაში იყვნენ, აგრეთვე, სახელმწიფო საქმეების მთარგმნელი, მდივანი, თარჯიმანი და ორი ბაზიერი ფრინველებით1. ელჩობას მოჰქონდა თეიმურაზ მეფისა და უფლისწული დავითის სახელზე დაწერილი წყალობის სიგელი, თეიმურაზის მიერ ნათხოვნი 20 ათასი ეფიმკი და 2200 რუბლის ღირებულების სიასამურის ბეწვი2.
ამგვარად, ნიკიფორემ მოსკოვში წელიწადნახევარი დაჰყო და წამოსვლისას თან წამოიყვანა მოსკოვის ახალი ელჩობა. მან მოსკოვი დატოვა 1641 წლის 9 ივნისს. ელჩობა ნოემბერში თერგ-ქალაქში იყო, საიდანაც იმავე თვის 5 რიცხვში თეიმურაზს გაუგზავნეს შიკრიკი და აცნობეს თავიანთი ადგილსამყოფელის შესახებ.
1642 წლის 16 თებერვალს შიკრიკი დაბრუნდა ქართველ აზნაურ რამაზანთან ერთად, რომელმაც მიიტანა მეფის წერილი დათარიღებული იმავე წლის 5 იანვრით. თეიმურაზი ელჩებს აცნობებდა, რომ მან შაჰს სთხოვა უბრძანოს აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სახანოების გამგებლებს, რათა მათ თავისუფლად და უხიფათოდ გაატარონ თეიმურაზისა და მოსკოვის ხელმწიფის ელჩები. როდესაც ასეთი ნებართვა იქნებოდა, ამის შემდეგ ელჩები დაიძრებოდნენ კახეთის სამეფოსაკენ. მას შემდეგ, რაც ელჩებმა თეიმურაზის ახალი სიგელი მიიღეს, 19 მაისს თერგიდან გავიდნენ და 1 სექტემბერს ჩავიდნენ შუამთაში, სადაც მეფის კარი იმყოფებოდა.
ხელმწიფის მიერ თეიმურაზ მეფისათვის გამოგზავნილ წყალობის სიგელში მოცემულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორია დაწყებული ივანე IV-დან და დამთავრებული ფ. ბოლკონსკის ელჩობით. იქვე გამოთქმულია კმაყოფილება დადებული სამოკავშირეო შეთანხმების გამო. კავშირის საკითხები კი განხილული იყო ე. მიშეცკისა და ი. კლუჩარევის „დარიგებაში“, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით ძლიერ ჰგავდა ადრინდელი ელჩობებისათვის მიცემულ „დარიგებებს“.
1. Посольство князя Мышецкого и дьяка Ключарева в Кахетию (1640-1643). Издание М. Полиевктова, Тб., 1928, с. 3.
2. Там жем, с. 8.
ზემოთ უკვე ითქვა, რომ თეიმურაზ მეფეს განსაკუთრებით აინტერესებდა მოსკოვის დახმარებით აღეკვეთა დაღესტნელთა თავდასხმები და ხელმწიფეს წაუყენა თავისი მოთხოვნები. კერძოდ, ის მოითხოვდა, რომ ხელმწიფეს კახეთის სამეფოში გაეგზავნა რომელიმე დიდი რუსი თავადი ჯარით და ორი მხრიდან, კახეთ_რუსეთიდან შეტევით ლეკები გაენადგურებინა და დაემორჩილებინა. ლეკები ხელს აიღებდნენ კახეთის რბევაზე. ამასთან ერთად თეიმურაზ მეფემ მოითხოვა ციხე-სიმაგრის აღდგენა იმ ადგილზე, სადაც ოდესღაც, ალექსანდრე II-ის დროს იდგა. საჭიროების შემთხვევაში კახეთი დახმარებას აღნიშნული ციხიდან მიიღებდა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში კი მეფე, მისი ოჯახი და დიდებულები თავს შეაფარებდნენ1.
თეიმურაზ მეფის დაღესტანის საკითხთან დაკავშირებით თხოვნის გამო რუს ელჩებს მოსკოვის მთავრობის პოზიცია უნდა განემარტათ შემდეგნაირად: დაღესტანში ჯარის გაგზავნა და იქ ქალაქების დაარსება ვერ მოხერხდებოდა, რადგან ასტრახანიდან იმ ადგილებამდე, სადაც თეიმურაზი ამ ღონისძიების გატარებას მოითხოვდა, შორი მანძილი და უგზოობა იყო. დიდი ჯარი შეიარაღებითა და სურსათ-სანოვაგით იქ ვერ მივიდოდა, მცირე ჯარს კი ხიფათი ემუქრებოდა და ვერც ქალაქს ჩადგამდა. თეიმურაზ მეფემ მტრებისგან თავი უნდა დაიცვას ისე, როგორც მოწყალე ღმერთი დაეხმარება. როცა დრო მოვა თეიმურაზს საჭიროების მიხედვით მაშინ დავეხმარებითო2.
24 ნოემბერს მეფემ ე. მიშეცკი მიიღო და მასთან საუბრისას ერთხელ კიდევ დაადასტურა რუსი მეფისადმი ერთგულება. მან კვლავ დასვა ყუმიხელების საკითხი, რომელთა თავდაზხმები კახეთს დიდ ზიანს აყენებდა3. ე. მიშეცკიმ ზუსტად გაიმეორა მოსკოვიდან დანაბარები: იმის გამო, რომ სამხედრო დახმარების შესაძლებლობა არ იყო, მეფემ შენი ჯარისათვის ფული წინათ უკვე გამოგიგზავნაო. ამაზე თეიმურაზმა უპასუხა: იმ ფულით ვალები გავისტუმრე, მე, ცოლი და შვილი შევიმოსეთ, მეომრებსაც ვუწყალობე, იერუსალიმის წმინდა ადგილებსაც გავუგზავნე და იმ ფულიდან აღარაფერი დარჩაო4.
რაც შეეხებოდა ოქროსა და ვერცხლის საბადოებიდან ნიმუშების გაგზავნას მოსკოვში, თეიმურაზმა ელჩს უპასუხა, როდესაც შემდეგ წელს ელჩს გამოვგზავნი მოსკოვში, ნიმუშებსაც იმას გამოვატანო. ამის გამო ე. მიშეცკი შენიშნავდა: „ცნობილია, რომ მეფე თეიმურაზი იმ ოქროსა და ვერცხლის საბადოებით [მეფეებს] ხიბლავს, [სინამდვილეში] ის საბადოები არა აქვს, ან სად უნდა ჰქონდეს, როცა მისი მამულის მახლობლად სულ სხვადასხვა მფლობელები იმყოფებიან“5.
თეიმურაზ მეფემ ქართლის სამეფოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ე. მიშეცკის გაანდო, რომ როსტომ მეფის მმართველობით შეწუხებულმა მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებმა თეიმურაზ მეფე სათათბიროდ მიიწვიეს და, როდესაც რუს ელჩებს გაუშვებს, მაშინვე ქართლელებთან სათათბიროდ წავა. მეფემ იქვე იმედი გამოსთქვა, რომ როსტომი გაიგებს თუ არა მისი მოწინააღმდეგეების შეხვედრისა და თათბირის შესახებ მაშინვე სულთანთან გაიქცევა და არა შაჰთან. ამით თეიმურაზს, საყოველთაოდ ცნობილი როსტომ მეფისა და შაჰის კარის განსაკუთრებით ახლო და თბილი ურთიერთობის საწინააღმდეგოდ, უნდოდა ელჩისთვის ჩაეგონებინა, რომ როსტომ მეფე რუსეთის ხელმწიფის მეგობარი შაჰის ერთგული კი არ არის, არამედ მისი მტრის მეგობარია. უფრო მეტიც, შაჰ სეფის განზრახული ჰქონებია როსტომი ქართლიდან ირანში წაეყვანა და ეს სამეფოც თეიმურაზისთვის გადაეცა. შაჰის ჩანაფიქრი ვერ აღსრულდა მისი სიკვდილის გამო. ამიტომ ირანიდან მხარდაჭერას მოკლებული როსტომ მეფე იძულებული გახდა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება ჩემთვის შემოეთავაზებინაო6.
1. Там же, с. 32.
2. Там же.
3. Посольство князя Мышецкого и дьяка Ключарева в Кахетию с. 149.
4. Там же, с. 150.
5. Там же, с. 151.
6. Там же, с. 151-152.
კახეთის მეფის ეს ბოლო ნათქვამს, როსტომისაგან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების შეთავაზების შესახებ, ადასტურებს ფარსადან გორგიჯანიძე. როსტომ მეფემ თეიმურაზს შეუთვალა, რომ მათ შორის მშვიდობის დამყარებისათვის მოლაპარაკებაში ჩაერთოთ იმერეთის მეფე, ოდიშისა და გურიის მთავრები და ახალციხის ფაშა, მაგრამ თეიმურაზმა უარყო ეს წინადადება და ორ მეფეს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა1. ე. მიშეცკი, ითვალისწინებდა რა კახეთის შეიარაღებული ძალების სისუსტეს და სამეფოს გაჩანაგებულ მდგომარეობას, თეიმურაზ მეფეს ურჩევდა ირანთან კონფრონტაციას მორიდებოდა2.
თეიმურაზმა ამის შემდეგ მოსკოვის ელჩს გულახდილად გაანდო ირანის კართან თავისი ნამდვილი დამოკიდებულება: გულში ძველი ბოღმა მაქვს, რომ მთელი ჩემი მიწა-წყალი შაჰმა გაანადგურა და მე გამაძევა. მე მაინც ბედნიერი ვარ, რომ მტერს რაღაც ზიანი მივაყენე. შაჰს ვერ მოვერევით და ყიზილბაშებისა და მთიელებისაგან ჩემს სამეფოში მოსვენება არ მექნება, მაშინ მოვიკრებ მთელ ძალას და მოსკოვის დიდ ხელმწიფესთან გავიქცევიო3.
1642 წლის 26 ოქტომბერს ელჩები კახეთიდან გავიდნენ და შემდეგი წლის 4 ოქტომბერს მოსკოვში მივიდნენ4.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 255.
2. Посольство князя Мышецкого, с. 152.
3. Там же.
4. Накашидзе Н. Т., Грузино-русские политические отношения,… с. 134.
გიორგი ჩოლოყაშვილის ელჩობა მოსკოვში
ელჩისათვის გატანებული სიგელით თეიმურაზ მეფე ბოდიშობდა მიხეილ თედორეს ძის ელჩობის მოკრძალებულად მიღებისათვის და მატერიალური დახმარებისათვის კი მადლობას უთვლიდა. თეიმურაზი ითხოვდა ხატმწერებისა და ეკლესიის სარკმელების ოსტატის საქართველოში დატოვებას, რომლებიც იმ დროისათვის იმერეთში იყვნენ გადასულები. თეიმურაზი, თავისი ელჩის მოსკოვში გაგზავნას, უახლოესი დროისათვის პირდებოდა.
თეიმურაზის მიერ ელჩად გაგზავნილი გიორგი ჩოლოყაშვილი, მოსკოვში ჩავიდა 1646 წლის 21 აგვისტოს1. მას წერილები მიხეილ ალექსის ძის სახელზე გაატანეს. ჩანს, თეიმურაზის კარზე არ იცოდნენ, რომ იგი უკვე გარდაცვლილი იყო და მის მემკვიდრე ალექსი მიხეილის ძე მეფობდა (1645-1676).
რუსეთის არქივებმა სრულყოფილად არ შემოინახა გიორგი ჩოლოყაშვილის ელჩობის ამსახველი მასალები. ამიტომაა, რომ არ ვიცით ელჩობის წევრების ვინაობა და მათი რაოდენობა, არ გვაქვს თეიმურაზ მეფის მიერ სხვა დროს ელჩობებისათვის მოსკოვში გატანებული ზოგადი ხასიათის, მრავალთემიანი ეპისტოლე, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნიდა ე. მიშეცკის კახეთიდან წასვლის შემდეგ, გიორგი ჩოლოყაშვილის ელჩობამდე გავლილ პერიოდში თეიმურაზის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ.
გიორგი ჩოლოყაშვილისათვის გატანებულ მცირე ბარათში თეიმურაზ მეფემ ასე ჩამოაყალიბა მოსკოვის ხელმწიფის წინაშე დასაყენებელი თავისი სურვილ-თხოვნები: „ქ. ჩოლოყაშვილის ბატონის გიორგისათვის ჩვენი პასუხი დიდისა ყოვლის პყრობელის ხელმწიფესთან ეს დაგვიბარებია. თუ ამას გვიზამს, რომ ქართლი დაგვაჭერინოს და ამაზედ მოგვეხმაროს, პატრიაქათ იმათი ბერი დასვან [მცხეთაში]: მაცხოვრის კვართია იქა [სვეტიცხოველში], ადვილის საქმით დავიჭერთ და ჩემს შვილიშვილს გიორგის2 ხელმწიფეს მივსცემ: თუ ამას არ გვიზმენ, ამდენი ქრისტიანი ტყვე თათრდება. ლეკნი ჩამოგუხსნან, ციხე აუგონ, როგორაც კვლავ ყოფილა და იმისთვისცა მივსცემ შვილსა: თუ არც ეს ქნან, ჩემს უხუცეს შვილს ლუარსაბს ქალი მოსცეს, საქართველო საბოლოოდ ხელმწიფისა იქნება. მის საქმესა უთქმელსა ნუ დააგდებთ, თვარა რომელიც ხელმწიფის ჯამაგირი გვქონდესთ იმას ეცადენით:
მეფე ქართველთა წყალობითა ღვთისათა თეიმურაზ“1.
1. Там же, с. 135
2. უფლისწული გიორგი ამ დროს მხოლოდ 4 წლისა იყო. სხვადასხვა ცნობა გაგვაჩნია დავითის შვილების შესახებ. ზოგიერთი რუსული წყაროს მიხედვით, მას ოთხი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა - ლუარსაბი, გიორგი, იოსები და ნიკოლოზი (Переписка, с. X). 1649 წელს მოსკოვში ჩასულმა თეიმურაზ მეფის ელჩებმა კი, საელჩო პრიკაზში თქვეს, რომ თეიმურაზს დავითისაგან მხოლოდ სამი ვაჟი დარჩა: ლუარსაბი - 10 წლის, ნიკოლოზი - 8 წლის, გიორგი - 4 წლის. იმერთის მეფე ალექსანდრე III კი მოსკოვის ხელმწიფეს წერდა, რომ დავითს სამი ვაჟი და ერთი ქალი დარჩა (ნიკიფორე ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, 1650-1652 წწ. რუსული ტექსტი ქართული თარგმანით და ხელნაწერების მიმოხილვით გამოსაცემად მოამზადა ი. ცინცაძემ, თბ., 1970, გვ. 37, 40). გიორგი უფლისწული მალე გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს გელათის მონასტერში (იქვე, გვ. 111; ალექსი იევლევი, გვ. 180).
3. Переписка, с. 64.
თეიმურაზის მიერ გიორგი ჩოლოყაშვილისათვის მიცემული დავალებებიდან, კარგად ჩანს უკიდურეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაჭირვებაში ჩავარდნილი კახთა მეფის მდგომარეობა, რომელიც ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს შემხვედრი ნაბიჯი გადაადგმეინოს მოსკოვის მთავრობას: თეიმურაზი მზადაა, ქართლის ტახტის სანაცვლოდ, მცხეთაში კათალიკოსად რუსი სასულიერო პირის ყოფნას შეეგუოს. ამით კი რუსეთის ეკლესია სანუკვარ ქრისტეს კვართსაც დაეუფლება. თუ რუსეთი ლეკების თავდასხმისაგან დაიცავს კახეთის სამეფოს, სანაცვლოდ მძევლის მიცემას პირდება1, თუ მის უფროს შვილიშვილს ლუარსაბს სამეფო ოჯახის რომელიმე ასულს მიათხოვებენ, თეიმურაზის თქმით, რუსეთის ხელმწიფეს შანსი ეძლევა მთელ საქართველოს დაეპატრონოს. იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის კარი ქართველი მეფის აღნიშნული განზრახვებიდან არც ერთს არ დააკმაყოფილებს, მაშინ ელჩი უნდა შეეცადოს, რომ თეიმურაზს ჯამაგირი მაინც დაენიშნოს.
წყაროების უქონლობის გამო ძნელია იმის თქმა, როგორ ცდილობდა გ. ჩოლოყაშვილი თავისი მეფის დანაბარების მოსკოვის ხელმწიფემდე მიტანას. საფიქრებელია, რომ იგი დარწმუნდა თავისი მისიის უპერსპექტივობაში და ხელმწიფისათვის მირთმეულ წერილში შეიტანა მხოლოდ ორი თხოვნა: ფულადი დახმარება და შუამდგომლობა შაჰთან კახეთისადმი მშვიდობიანი პოლიტიკის გატარების შესახებ. „ორი საქმე გვიყავით ქრისტეს გულისათვის. ერთი ესე, რომე რაც წყალობა ჯამაგირი გვქონდეს დაუკლებლად გვიბოძო. რაც მაშინ ნიკიფორე მიტროპოლიტის ხელით ებოძა ჩვენმან ხელმწიფემან, იმისმა მზემან, ნახევარი ქრისტეს საფლავს და მონასტერს მისცა და გაცრცვილი ეკლესიას გაუყო, სახატავად და საშენებლად... და ნახევრით აქამდინ თითონ დარჩა და ლაშქარსაც მისცა... მეორეს ამას ვეხვეწებით ხელმწიფეს, რომ ერთი დიდი ელჩი უბოძოს ყიზილბათ ხელმწიფესა, რომ დაგვეხსნას. ჩვენ არას შევსცოდებთ, ნუ გვარბევენ“. იქვე თეიმურაზის ელჩი, ალბათ, თავისი მეფის დანაბარების მიხედვით, ხელმწიფეს აქეზებდა, რომ მას შაჰისათვის მიეწერა: „თუ ჩემი მოყრობა გინდოდეს თქო, დაეხსენ თქო. ჩემი გულისათვის თქვენ ეკლესიას ნუ აქცევთ. კმა ამდონი ძალი უსამართლო. თუ არ დაეხსნებით, მეც დაგემტერები თქო“2.
1. მძევლის მნიშვნელობაზე საქართველო-რუსეთის დიპლომატიურ ურთიერთობაში ყურადღებას სპეციალურად გავამახვილებ ცალკე თავში.
2. Там же, с. 65.
1650 წელს შაჰ აბას მეორისათვის მოსკოვიდან გაგზავნილი სიგელიდან ვიგებთ, რომ გ. ჩოლაყაშვილის თხოვნას შაჰთან წერილის გაგზავნის შესახებ შედეგი გამოუღია. 1647 წლის დასაწყისში შიკრიკმა გრიგორი ბულგაკოვმა, შაჰს მიართვა სიგელი, რომელშიც მეფე ალექსი მიხეილის ძე შემდეგს აღნიშნავდა: თეიმურაზ მეფე თავისი წინაპრების მსგავსად რუსეთის ხელმწიფეების ქვეშევრდომია. „ჩვენ მაშინ (1647 წელს _ე.მ.) შეგახსენებდით, რომ ჩვენი მეფური უდიდებულესობისადმი მეგობრობისა და სიყვარულის გულისათვის, აგეკრძალათ ძალადობა, წყენა და განადგურება ჩვენი ქვეშევრდომი თეიმურაზ მეფის და მთელი ქართველი ხალხის მიმართ“. შაჰის საპასუხო წერილში, რომელიც იმავე ბულგაკოვმა მოსკოვში ჩაიტანა, ნათქვამი იყო, რომ შაჰ აბასმა ბრძანება გასცა თეიმურაზი და მისი ქვეყანა არავის შეეწუხებინა (Там же, с. 62). მაგრამ რამდენად დაიცვა შაჰმა მოსკოველი მეფისათვის მიცემული პირობა, ჩანს იმავე წერილიდან. ალექსი მიხეილისძე წერს: „ახლა ჩვენ, დიდ ხელმწიფეს გვაცნობეს, რომ თქვენი, ჩვენი ძმის, სამხედრო მეთაურები შემახიდან და განჯიდან ჯარით წავიდნენ მეფე თეიმურაზის წინააღმდეგ და ბევრი ბოროტება ჩაიდინეს, მრავალი ქართველი ამოწყვიტეს, თეიმურაზ მეფის შვილი მთავარი დავითი მოკლეს და თეიმურაზ მეფე ახლობლებთან ერთად საქართველოდან გააძევეს“.
როდესაც შაჰის მოციქულს მოსკოვში მოჰამედ ყული ბეგს გამოჰკითხეს, მან განაცხადა, რომ საქართველოსა და თეიმურაზის თავს დატეხილი უბედურება შაჰის ნების გარეშე, რუსტემ ხანის გადაწყვეტილებით მოხდა. წერილში გამოთქმულია იმედი, რომ ადრე, 1647 წელს მოსკოვში გაგზავნილი სიგელის თანახმად, შაჰი აკრძალავდა საქართველოსა და მეფე თეიმურაზზე თავდასხმებს და ბრძანებდა მისთვის წართმეული ქონების დაბრუნებას1.
გ. ბულგაკოვის ირანში მისიის შემდეგ, კახეთის საქმეებში რუსეთის ჩარევით შეშფოთებულმა შაჰმა აბას II-მ და მისმა სატელიტმა ქართლის მეფე როსტომმა, თეიმურაზის თავის სამეფოდან განდევნა განიზრახეს. ამაზე საუბარი ქვემოთ გაგრძელდება, ახლა კი ისევ გ. ჩოლოყაშვილის მოსკოვში საქმიანობას დავუბრუნდეთ.. როგორც ჩანს, გ. ჩოლოყაშვილის მთავარი ამოცანა მოსკოვიდან კახეთში ახალი ელჩობის გაგზავნისათვის მოლაპარაკება იყო, რასაც მან წარმატებით გაართვა თავი. 1647 წლის 25 მაისს მოსკოვის ხელმწიფის ელჩებმა ოფანასი ბობარიკინმა და დიაკმა იაკოს ისტომინმა გიორგი ჩოლოყაშვილთან ერთად დატოვეს რუსეთის სატახტო. რუს ელჩებს თეიმურაზთან მიჰქონდათ ალექსი მიხეილის ძის ნაჩუქარი 10 ათასი რუბლის ღირებულების სიასამურის ტყავი, საიდუმლო დავალება, რომ ელჩებს უკან დაბრუნებისას თეიმურაზის თანხმობით, თან უნდა წაეყვანათ მეფის შვილიშვილები - გიორგი და ლუარსაბი. იმ შემთხვევაში თუ კახეთის მეფე ელჩებს შესჩივლებდა სპარსელებისა და მთიელებისაგან მიყენებული უბედურების შესახებ, ელჩები მას თავშესაფარს რუსეთის სახელმწიფოში შესთავაზებდნენ2.
1. Там же, с. 63; Тивадзе Т. Г., Материалы, с. 174-177, #39.
2. Переписка, с. LX.
კახეთისკენ მიმავალი ელჩები, ნიჟნი ნოვგოროდში, თერგიდან მოსკოვს მიმავალ ივანე შჩელკალოვს შეხვდნენ, რომელიც საქართველოდან მოდიოდა და ელჩებს მოუთხრო კახეთის ის უკანასკნელი ამბები, რომელზეც ზემოთ განხილულ ალექსი მიხეილის ძის წერილშიც იყო აღნიშნული. ი. შჩელკალოვმა თეიმურაზის ელჩს გიორგი ჩოლოყაშვილს თეიმურაზის დანაბარებიც გადასცა: მას რუსეთის ელჩი კახეთში თუშეთის გზით უნდა ჩაეყვანა1. მაგრამ რუს ელჩს და მის თანმხლებლებს საქართველოში ჩამოსვლა არ ეწერათ. ისინი კასპიის ზღვაში დაიღუპნენ, მათი ქონება, როგორც თეიმურაზ მეფე ალექსი მიხეილის ძეს აცნობებდა, შემახისა და დერბენტის ხანების ხვედრი გახდა2. რაც შეეხება გიორგი ჩოლოყაშვილს, როგორც მოსკოვის საელჩო პრიკაზში ირანის შიკრიკმა აჯი მაჰმეტმა აცნობა, იგი სხვა გემით მგზავრობდა, გადარჩა და შემახამდე მიაღწია3. სავარაუდოა, იგი ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდა კახეთში.
1646-1647 წლებში მოხდა თეიმურაზისა და როსტომ მეფის უკანასკნელი შეტაკება.
ძველ ისტორიკოსთა ერთი ნაწილი, რომლებიც შაჰის პოლიტიკის მომხრენი (ფარსადან გორგიჯანიძე, მოჰამედ თაჰერი)4 და გამტარებელნი (როსტომ მეფე)5 იყვნენ, უკანასკნელი ომის ინიციატორად და დამნაშავედ თვლიან თეიმურაზს, რომელმაც არ მოისურვა როსტომთან კომპრომისი. ვახუშტი ბატონიშვილი6 და ბერი ეგნატაშვილი7 გადმოგვცემენ: თეიმურაზთან შეთანხმების უშედეგო ცდების შემდეგ, ქართლ-ირანის ჯარი 1648 წელს კახეთში გადავიდა. თეიმურაზი დამარცხდა. დაიღუპა თეიმურაზის თითქმის ყველა თანამებრძოლი, დაიღუპა უფლისწული დავითი. თეიმურაზის მდგომარეობა კრიტიკული შეიქმნა. დედოფალი ხორეშანი როსტომს შეხვდა და თეიმურაზის იმერეთში გაშვება სთხოვა. როსტომი დათანხმდა. მან თეიმურაზსა და მის ამალას მისცა ყველაფერი აუცილებელი და კათალიკოსის თანხლებით იმერეთის საზღვრამდე გაუშვა, სადაც თეიმურაზს მიეგება თავისი სიძე, იმერეთის მეფე ალექსანდრე. თეიმურაზი კახეთს სამუდამოდ გამოეთხოვა, რომელიც, შაჰის ბრძანებით, ქართლის სამეფოს შეუერთდა.
1. Накашидзе Н. Т., Ук. труд, с. 137.
2. Там же, с. 137.
3. Тивадзе Т. Г., Материалы, с. 173-174, #38. ნ. ნაკაშიძეს, რატომღაც მიაჩნდა, რომ რუსებთან ერთად დაიღუპა გ. ჩოლოყაშვილიც. Накашидзе Н. Т., Ук. труд, с. 137.
4. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 255; მოჰამედ თაჰერი, გვ. 383.
5. ქრონიკები, II, 463
6. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 75.
7. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 427.
რუსეთის ხელმწიფემ, როგორც წინათ მრავალჯერ, ამჯერადაც საქართველოს აოხრების გამო, შაჰს საყვედურის წერილი მისწერა: „გასულ 156 (1648) წელს ჩვენს დიდ ხელმწიფესთან, მის მეფურ უდიდებულესობასთან შაჰ აბასის უდიდებულესობა თავის წერილში, რომელიც მეფის უდიდებულესობის შიკრიკს გრიგოლ ბულგაკოვს გამოატანა, წერდა, რომ მისი შაჰური უდიდებულესობა ჩვენი ხელმწიფისათვის, მისი მეფური უდიდებულესობის მეგობრობისა და სიყვარულისათვის ქართველი უფლისწულისა და მისი მიწა-წყლის დაცვა ბრძანა და მისი, შაჰ აბასის, უდიდებულესობის ბრძანებით მას არავისგან შევიწროება და გადასახადის შეწერა არ ექნება. ამის მერე კი ჩვენმა დიდმა ხელმწიფემ, მისმა მეფურმა უდიდებულესობამ გაიგო, რომ შემახიიდან და კენკიდან (განჯიდან _ თ. ტ.) თეიმურაზსა და და მთელ მის ქართულ მიწაწყალს, შემოესივნენ მისი, შაჰ აბასის, უდიდებულესობის ქვეშევრდომები დიდძალი ჯარით, ბევრი ქართველი გაწყვიტეს და ქართველი მეფის ვაჟი, უფლისწული დავით მოკლეს, ხოლო თვით თეიმურაზ მეფე შვილიშვილებიანად საქართველოდან გააძევეს“1.
1. ტივაძე თ., მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკური ისტორიისათვის XVII ს., მეორე ნახევარში. „საისტორიო მოამბე“, ტ. 45-46, თბ., 1982, გვ. 31, #14.
მოსკოვის ხელმწიფესა და ირანის შაჰს შორის მიმოწერა ამის შემდეგაც გრძელდებოდა. ხელმწიფე შაჰს სთხოვდა თეიმურაზი თავის სამეფოში დაებრუნებინა. მატვეი სპირიდონოვმა ირანიდან მოსკოვში ამბავი ჩაიტანა: შაჰ აბას II-მ რუს ელჩს უთხრა: „ჩემმა საყვარელმა ძმამ მოსკოვის დიდმა ხელმწიფემ მომწერა ქართველ მეფე თეიმურაზზე, რომ მე, მასთან დიდი მეგობრობისა და ძმობის გამო, საქართველოს მეფე თეიმურაზს თავისი მამული დავუბრუნო, და მომავალში მის წინააღმდეგ ჯარი აღარ გავაგზავნო, თბილისის ხანი კი, რომელიც შაჰის ბრძანებით საქართველოს მიწა-წყალს ფლობს, სურს ერევანში გადაიყვანოს. ვიცი, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდება“. იმავე მ. სპირიდონოვს ვინმე ყორჩიბაშისგანაც გაუგია, რომ შაჰს უნდა რუსეთის დიდი ხელმწიფისადმი მეგობრობისა და ძმობის გულისათვის, თეიმურაზს მისი სამეფო დაუბრუნოსო1.
1651 წლის ოქტომბერში თეიმურაზის მიერ თერგში გაგზავნილმა ჩერქეზმა აზნაურმა ზაგარმა რუს ელჩებს ნიკიფორე ტოლოჩანოვსა და ალექსი იევლევს აცნობა: `ამ ზაფხულს ყიზილბაშების შაჰმა აბასმა თეიმურაზ მეფეს თავისი ელჩები გამოუგზავნა და შემოუთვალა, რომ მას თითქოს წართმეული ქალაქების ისევ თეიმურაზისათვის დაბრუნება სურს, ქვეყანა (ყიზილბაშებისაგან) გაწმინდოს და მის მიერვე თეიმურაზის სამფლობელოში დანიშნული ხანიც გადააყენოსო“2.
სავარაუდოა, შაჰის კარი შეგნებულად ავრცელებდა ხმას თეიმურაზისათვის ქართლ-კახეთის ტახტის დაბრუნების შესახებ, რათა რუსეთთან ურთიერთობა არ გაუარესებოდა. როსტომ მეფესთან განცდილი ბოლო მარცხის შემდეგ, თავისი სამეფოდან განდევნილი თეიმურაზისათვის გასაგები იყო, რომ მოცემულ ეტაპზე, მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოსთან კავშირს შეიძლებოდა მისთვის რაიმე პოზიტიური შედეგი მოეტანა, ორივე _ ქართლისა და კახეთის ტახტის თუ არა, კახეთის დაბრუნების საქმეში მაინც. ამიტომ იყო, რომ იმერეთის სამეფოში თავშეფარებული თეიუმურაზი თავის სიძე ალექსანდრესაც აქეზებდა, როგორც ეს უკანასკნელი და რუსი ელჩებიც აღნიშნავდნენ, დაკავშირებოდა მოსკოვის ხელმწიფეს და მის მფარველობაში შესულიყო. თეიმურაზის ვარაუდით, რუსეთის გააქტიურება საქართველოში იმერეთის სამეფოს მოსკოვის ხელმწიფის მფარველობაში შესვლის შემდეგ უფრო იყო მოსალოდნელი.
1. Тивадзе Т. Г., Материалы,…с. 182-183, #42.
2. ნიკიფორე ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, გვ. 63.
თავად ივანე გრიგოლისძის და არქიმანდრიტ პახომის ელჩობა მოსკოვში
1649 წელს მოსკოვში ერთდროულად ჩავიდნენ ორი ქართველი მეფის - თეიმურაზ I-ისა და ალექსანდრე III-ის ელჩები - თავადი ივანე გრიგოლისძე და არქიმანდრიტი პახომი. ცნობილი არ არის ამ ელჩობების მომზადებისა და დანიშნულების ადგილამდე მოგზაურობის პირობები. მეფეების მიერ ალექსი მიხეილისძისადმი გაგზავნილი ბერძნულად დაწერილი სიგელების რუსული თარგმანების განხილვა მოხდა ერთსა და იმავე დღეს, 1649 წლის 13 აგვისტოს. წერილები ნათელს ხდის გიორგი ჩოლოყაშვილის მოსკოვში ყოფნისა და იქიდან დაბრუნების შემდეგ კახეთში მომხდარ ზოგიერთ მომენტს (იმერეთის სამეფოს შესახებ თავის ადგილას ითქმევა).
თეიმურაზ მეფე, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით, თავდაპირველად, მოსკოვის მეფე ალექსი მიხეილისძეს მადლობას მოახსენებს გიორგი ჩოლოყაშვილის კარგად მიღებისა და „გამოგზავნილი წყალობისათვის“, რომელმაც მეფემდე ვერ მიაღწია. თეიმურაზს, წერილის მიხედვით, ვითომ განზრახული ჰქონია მოსკოვში გაეგზავნა უფლისწული ნიკოლოზი, ხოლო ელჩად კი - ალავერდელი მიტროპოლიტი არსენი, რაც საეჭვოდ მეჩვენება. ის კი, რასაც კახეთის მეფე, კახეთში დატრიალებულ ამბებს აღწერს, სრული სიმართლეა და სხვა ქართული წყაროებითაც დასტურდება. უფლისწულის მოსკოვში გაგზავნის განზრახვაზე ხელის აღების მიზეზად თეიმურაზ მეფე ასახელებს შემდეგს: „რა წამს ყიზილბაშებმა ყური მოჰკრეს, რომ ჩემს შვილიშვილს შენს უდიდებულესობასთან ვგზავნიდი და იგი თქვენ დაგექვემდებარებოდა და ქართლიც მისთვის ნაბოძები რომ მქონდა... ამ დროს შემახიდან და განჯიდან ჯარი მოვიდა... ორი-სამი მხრიდან დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ შემოტევა... მათი ჯარები მრავალრიცხოვანი იყო, ჩვენ კი ცოტანი ვიყავით... ჩემი შვილი დავითი მარტის 15-ს აწამეს და მოჰკლეს... მე კი დავბრუნდი, შევკრიბე ჩემი შვილის სამი ვაჟიშვილი, პირველი ლუარსაბი, მეორე ნიკოლოზი, მესამე გიორგი და ჩემს სიძესთან ალექსანდრესთან იმერეთს, ქუთაისში, ამ ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოების სამყაროში, წამოვედით“1. თეიმურაზ მეფის აზრით, მოსკოვის ხელმწიფისათვის არაფერია შეუძლებელი და თერგის ციხიდან, საიდანაც კახეთამდე ერთი კვირის სავალია, ხოლო ჩერქეზეთიდან იმერეთამდე ამდენივე, შეძლებს დაეხმაროს განსაცდელში მყოფ საქართველოს2.
თეიმურაზ მეფეს ერეკლე/ნიკოლოზის მოსკოვში გაგზავნა თავადი ივანე გრიგოლისძეს და არქიმანდრიტი პახომის ელჩებად გაგზავნის დროსაც ჰქონებია განზრახული, მაგრამ უფლისწულის არ გაშვება, ამჯერადაც, ყიზილბაშების ბრალი ყოფილა, შემახის გზა გადაუკეტიათ. მთებში გამავალი ის გზა, რომლითაც ელჩები წავიდნენ, უფლისწულისათვის საშიში იყო. თეიმურაზმა ყოველივე ზემოთქმული იმიტომ აცნობა ალექსი მიხეილისძეს, რომ გააგებინოს ყიზილბაშები საქართველოს მიმართ აგრესიით ზიანს აყენებენ საქართველოს ფიზიკურად, რუსეთს კი საერთაშორისო ავტორიტეტს ულახავენ: „ურწმუნოებისაგან მეტისმეტ შევიწროვებას განვიცდი. ერთი კაციც ირანის აგარიანთა მეფესთან რომ გაგზავნეთ თქვენო მეუფებავ და მიშუამდგომლეთ, მან თქვენს ბრძანებას ყური არ ათხოვა, თქვენი ბრძანება კი გახლდათ მე არ განვედევნე. ის კი წმიდა ეკლესიებში მეჩეთებს მართავს და ქრისტიანობის დაქცევა სურს... თქვენი დიდებულების წინაშე ვინ არის ირანის მეფე, რომ ის თქვენს სიტყვას არაფრად აგდებს. საკმარისია შენ ოცი ათასი მეომარი გამოგზავნო, ყველა აქაურ მიწებს დაეპატრონები, ქრისტიანულ ეკლესიებსაც დაიცავ და შენს არქიერსაც დასვამ და მთელს ამქვეყნიურ სამყაროში სახელს გაითქვამ“3. თეიმურაზ მეფეს სურს მოსკოვის მეფესთან თავის ურთიერთობას მტკიცე საფუძველი შეუქმნას და ალექსი მიხეილის ძეს დანათესავებას სთავაზობს. იგი შემდეგ აზრს ავითარებს: მართალია ქართველი მეფე ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერით მოსკოვის ხელმწიფეს ვერ გაუტოლდება, მაგრამ თავისი წარმოშობით, ხელწამოსაკრავი არც ის არის, რასაც ფეოდალური საზოგადოებასა და მის დიპლომატიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამას გარდა, თეიმურაზთან დანათესავებით ხელმწიფე მატერიალურ სარგებელსაც ნახავდა: „მე კი რისი ღირსი ვარ შენი დიდებულების წინაშე, მაგრამ წარმოშობით დავით წინასწარმეტყველი მეფის შთამომავალი ვარ. აგრეთვე ბრძანე ჩემს შვილისშვილს ლუარსაბს ქალწული (შენი ქალიშვილი) მიათხოვონ4, გამომიგზავნე შენი დროშა და ეუფლე (ეპატრონე) ქვეყანას. დასვი დაი შენი დედოფლად ამ მხარეში და ეუფლე მას, ისევე, როგორც თერგის მიწებს ფლობ, აქაური მიწების მფლობელიც გახდები და აქედანც მიიღებ ხარკს. განდევნე აქედან აგარიანნი. და იდიდოს დიდებული მეფის სახელი ამ ადგილებში უკუნითი უკუნისამდე“5.
1. ნიკიფორე ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, გვ. 33-34.
2. იქვე, გვ. 34.
3. იქვე, გვ. 35.
4. ი. ცინცაძე წერილის ამ ადგილს (И повели дати девицу за внука моего) თარგმნის ასე: „ბრძანე ჩემს შვილიშვილს ლუარსაბს (შენი ქალიშვილი) მიათხოვონ“. შემდეგში სრულიად ნათლად ჩანს, რომ თეიმურაზი სარძლოდ ითხოვს ხელმწიფის დას, ტატიანა მიხეილის ასულს.
5. იქვე, გვ. 35.
საინტერსოა, რომ ალექსანდრე მეფის სიგელის ის ადგილები, რომლებშიც იგი თავის სიმამრზე, თეიმურაზზე, ლაპარაკობს, ფაქტობრივად გამეორებაა თეიმურაზის სიგელის შესაბამისი ადგილებისა, რაც სიგელების შინაარსის ერთმანეთთან შეთანხმებაზე მეტყველებს. ქვემოთაც გამოჩნდება, რომ ეს ორი მეფე, ყოველთვის თუ არა, თეიმურაზის იმერეთში იძულებითი გადასახლების დროს მაინც, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს ერთობლივად შეიმუშავებდნენ და მათი რეალიზაციის გზებსაც ერთად სახავდნენ.
მოსკოვში ჩასული ელჩები თავდაპირველად საელჩო პრიკაზის დიაკმა მიხეილ ვოლეშენინოვმა მიიღო და სთხოვა სიტყვიერად მოეთხროთ თეიმურაზ მეფის დანაბარები, წერილს კი ელჩების ხელმწიფესთან აუდიენციის შემდეგ გადათარგმნიდნენ. ელჩებმა დიაკს მოახსენეს, რომ ისინი მეფემ შემდეგი თხოვნით გამოაგზავნა:
1. თეიმურაზ მეფეს უნდა ხელმწიფესთან თავისი შვილიშვილი ნიკოლოზი გაგზავნოს „და თუ მისი შვილიშვილი მის უდიდებულესობას გამოადგება და თუ მისი უდიდებულესობა წყალობას ინებებს, უბრძანოს მის ჩამოსაყვანად თქვენი კაცები გამოგზავნონო“.
2. თავისი სამეფოდან განდევნილი თეიმურაზის დასახმარებლად ხელმწიფემ ჯარი გაგზავნოს, რომლითაც მეფე თავის ქვეყანას მტრისაგან გაანთავისუფლებს.
3. ხელმწიფემ შაჰს წერილი გაუგზავნოს, რათა მან თეიმურაზის სამეფოს დაპყრობაზე ხელი აიღოს.
4. თეიმურაზმა მეფის ასულს, ალექსი მიხეილისძის დას, ტატიანას საჩუქრად ჯვარი, ბეჭედი და ლალის საყურეები გაუგზავნა, რომლებიც მოსკოვის კარს ტატიანას ლუარსაბ დავითის ძეზე დანიშვნის ნიშნად უნდა მიეღოთ.
5. ხელმწიფემ თეიმურაზ მეფეს სამეფო წყალობა გაუგზავნოს.
6. ხელმწიფემ თავისი ელჩები გაგზავნოს საქართველოში. შეკითხვაზე, რამდენი ჯარისკაცი ჰყავს თეიმურაზს, ელჩებმა უპასუხეს: მეფეს 10 ათასამდე ჯარისკაცი დარჩაო1. ამ ელჩობის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი, მაგრამ სავარაუდოა, კახეთისა და იმერეთის ელჩების მიერ მოსკოვში ჩატანილმა თხოვნებმა და დაპირებებმა იმდენად სერიოზულად იმოქმედეს რუს პოლიტიკოსებზე, რომ 1650 წლის 22 მაისს ხელმწიფის ბრძანებით „წყალობის (გადასაცემად) და ხელმწიფის სხვა საქმეების (მოსაგვარებლად)“ ტრადიციის საწინააღმდეგოდ, სასწრაფოდ გაამზადეს ელჩები _ სტოლნიკი2 ნიკიფორე ტოლოჩანოვი და დიაკი (მდივანი) ალექსი იევლევი და საქართველოს ელჩებს გამოაყოლეს.
1. იქვე, გვ. 39-41.
2. სუფრაჯი. კარისკაცის წოდება. მეფის მაგიდის ზედამხედველი.
რუს ელჩებს, მოსკოვიდან, ჩვეულებრივ, „დარიგება“ გამოატანეს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, თეიმურაზის ან მისი კარისკაცების მიერ დასმულ კითხვებზე ელჩებს უნდა ეპასუხათ. ამ სავარაუდო კითხვებსა და პასუხებზე ყურადღებას ვრცლად აღარ შევაჩერებ, რადგან ისინი, ძირითადად, გამეორებაა წინათ გამოგზავნილი ელჩებისათვის მიცემული „დარიგებისა“. რუს ელჩებს ოქროსა და ვერცხლის საბადოების შესასწავლად ხელმწიფის მიერ სპეციალისტების საქართველოში გამოუგზავნელობის გამო, ბრალი უნდა დაედოთ თეიმურაზისათვის, რომელმაც რუს ელჩებს მადნის ნიმუშები არ გაატანა. „თუ თეიმურაზ მეფე იმ საბადოების ნიმუშებს ელჩებს (ე. ი. ტოლოჩანოვს და იევლევს _ ი. ც.) გამოატანს, ელჩებმა ოქროს და ვერცხლის საბადოების ნიმუშები თან წამოიღონ დიდ ხელმწიფესთან, მხოლოდ გზაში არ გამოაჩინონ, და არც არავის გაუმხილონ (ეს საქმე პირადად), მარტო ელჩებმა უნდა იცოდნენ საიდუმლოდ“1. თეიმურაზის თხოვნა ხელმწიფის მიერ შაჰისათვის წერილის გაგზავნის თაობაზე შესრულდა: შაჰთან წერილი გაიგზავნა გრიგოლ ბულგაკოვის ხელით დ საპასუხო წერილიც მიიღო: „ირანის ხელმწიფე შაჰ აბასი, შენ თეიმურაზ მეფეს, მფარველობას გაგიწევს, და მისი, შაჰ აბასის, ბრძანებით შენ არავინ შეგავიწროვებს და ხარკს არ გადახდევინებს... შენ თეიმურაზ მეფეს, როსტომ ხანი წაგეჩხუბა, დიდი შაჰ-აბასის დაუკითხავად და მისი ბრძანების გარეშე დაგარბია“2.
თეიმურაზ მეფის მიერ ჯარის თხოვნასთან დაკავშირებით, ელჩებს უნდა ეპასუხათ: ხელმწიფემ ამჟამად არ ინება შენთან ჯარის გამოგზავნა, ვინაიდან შენი ქვეყანა, ჩვენი ხელმწიფის ქვეყნიდან ძალიან დაშორებულია, გზაც გაუვალია, გზის სიშორე და შიმშილი ჯარისკაცებს გაწყვეტს. `შენც თეიმურაზ მეფე, ვერ გამოკვებავ დიდ ჯარს, რადგანაც თითონ არაფერი გაგაჩნია, შენი მიწა გაპარტახებულია, ხოლო მისმა უდიდებულესობამ მცირე ჯარი რომ გამოგზავნოს, ისინი შენ ვერაფრით გიშველიან, შენს მტერთან ვერას გახდებიან. ისევ შენ მეფე თეიმურაზ, თვითონ უნდა გამოიღო ხელი, შენი ძალებით უნდა გაუმკლავდე მტერს, უნდა გაუძლო მანამდე, სანამ უფალი ჩვენი ღმერთი ძალას მოგცემს. და როცა დრო მოვა, მაშინ დიდი ხელმწიფე მეფე თავის მოწყალებას და დახმარებას აღმოგიჩენს შენ, თეიმურაზ მეფეს, ისე, როგორც გეკადრება“3.
გავიხსენოთ, რომ ამგვარი პასუხი ჩამოუტანა თეიმურაზს მოსკოვიდან 1642 წელს რუსმა ელჩებმა ე. მიშეცკიმ და ი. კლუჩარევმა.
1. ნიკიფორე ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, გვ. 51
2. იქვე, გვ. 52-53.
3. იქვე, გვ. 53-54.
ნიკიფორე ტოლოჩანოვსა და ალექსი იევლევს მიეცათ განსაკუთრებული დავალება საქართველოში შეეგროვებინათ ეკონომიკური, პოლიტიკური და რელიგიური მდგომარეობის ამსახველი ცნობები1.
1. იქვე, გვ. 54-55. სხვა წერილობით წყაროებში არ ჩანს და, ამდენად ძნელია თქმა, რუსი ელჩები მოსკოვიდან მითითებით თუ თავიანთი ინიციატივით, მოსყიდვის გზით იჩენდნენ ქართველი მეფეების კარზე მსტოვრებს და მათი მეშვეობით იპოვებდნენ საიდუმლო ინფორმაციას. ამ მხრივ ფრიად საინტერესო ცნობას ვხვდებით 1652 წლის სექტემბერში ნ. ნიკიფორე ტოლოჩანოვისა და ალექსი იევლევის მიერ იმერეთში ელჩობის დროს გაწეული ხარჯების ანგარიშში. ისინი წერენ: `მივედით იმერეთში ალექსანდრე მეფესთან. იქ დიდ ხანს ვცხოვრობდით. ალექსანდრე მეფე (რუსთ) ხელმწიფეს ფიცს არ აძლევდა, საქმეს აჭიანურებდა, კვირიდან კვირამდე გვპირდებოდა და ასე გვიქცევდა. ამის გამო, ჩვენ, ელჩებმა ვიხმეთ მეფის სულიერი მოძღვარი ზაქარია მიტროპოლიტი, დარბაზის კაცი ფეშანგ მდივანი „ამირევი“ (გორელი ფეშანგი ამირას ძე ფაშვიბერტყაძე-ხითარიშვილი _ ცნობილი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე), ბიძინა თარჯიმანი და ამათ (საიდუმლოდ) მოველაპარაკეთ, რომ მეფეს ურჩიონ, რათა ამ უკანასკნელმა (რუსთ) ხელმწიფეს თავისი პირობის ჭეშმარიტება საქმით დაანახოს. ის საქმე დააბოლოოს, ჯვარზე მთხვევით დაიფიცოს და ელჩებს ნუ გვაყოვნებს ისე გაგვიშვას. ამის გამო იმათ მიეცათ: მიტროპოლიტს 20 სიასამური, 4 არშინი საუკეთესო ხარისხის მაუდი და ქაშანური აბრეშუმის ნაჭერი, სულ მას მიეცა 20 მანეთად, 26 ალტინად და 4 დენგად ღირებული (საქონელი). ფეშანგ დარბაზის მდივანს, 5 ცალი სიასამური, 4 არშინი იგივე მაუდი, აბრეშუმის ქსოვილი ერთი ნაჭერი, სულ 10 მანეთად, 26 ალტინათ და 4 დენგათ ღირებული საქონელი. თარჯიმანს (ბიძინას - ე. მ.) თარჯიმნობისათვის მაუდი, 2 ცალი სიასამური - სულ სამ მანეთად ღირებული საქონელი“. (ალექსი იევლევი, გვ. 180). ნ. ტოლოჩანოვს მოყვანილი აქვს ორიოდე შემთხვევა თარჯიმან ბიძინას მიერ რუს ელჩებთან თეიმურაზ მეფის დასმენისა (ნიკიფორე ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, გვ. 81-82). ვახტანგ V შახნავაზის დროს ქართლში დაბრუნებულმა ფეშანგმა, როგორც ჩანს, გამყიდველობა არ მოიშალა და იგი ცხვირის მოკვეთით დასაჯეს (არჩილი, თხზულებათა სრული კრებული, ალ. ბარამიძისა და ნ. ბერძენისვილის რედაქციით, II, თბ., 1937, სტრ. 340).
ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობით თუ დაინტერესდებოდნენ, ელჩებს უნდა ეპასუხათ, რომ მათს ქვეყანას ნორმალური ურთიერთობა აქვს ევროპის ყველა სახელმწიფოსთან, ირანთან და ოსმალეთთან, მაგრამ არც მიხეილ თედორეს ძეს და არც ალექსი მიხეილის ძეს არავითარი ურთიერთობა არა ჰქონებიათ რომის პაპთან „და არც არაფერში ჭირდება იგი. რომი მოსკოვის სახელმწიფოსაგან შორს არის, მათ შორის მრავალი მიწა და სახელმწიფოა, ამიტომ არც მომავალში იქნება ურთიერთობა საჭირო“1. რაც შეეხება ნოღაელ თათრებს და „ყაზის ულუსს“, ისინი ძველებურად დიდ ხელმწიფეს ემორჩილებიან.
ამგვარად, მოსკოვის ელჩები, ტრადიციისამებრ, სავარაუდო შეკითხვებზე მზა პასუხებით აღჭურვილნი საქართველოსაკენ გამოემგზავრნენ. პასუხებში არაფერი იყო თეიმურაზ მეფისათვის რომელიმე საჭირბოროტო პრობლემის დადებითად გადაწყვეტაზე.
ელჩები 1651 წლის ივნისში უკვე იმერეთში იყვნენ. 16 ივნისს ისინი გაემგზვრნენ რაჭაში, რომელიც მეფე თეიმურაზს ალექსანდრე მეფისაგან „სარჩოდ ჰქონდა ბოძებული“2. 18 ივლისს მეფემ ელჩები სადარბაზოდ მიიწვია. მათ მეფეს, დედოფალს, სასულიერო პირებსა და კარისკაცებს საჩუქრები გადასცეს. მეფემ, საჩუქრების მიღების შემდეგ, უკმაყოფილომ იკითხა: „აქამდე დიდი ხელმწიფე ოც-ოციათას ვერცხლის ეფიმკებს მიგზავნიდა, ახლა კი თქვენის ხელით არ გამომიგზავნაო“. ელჩებმა უპასუხეს, რომ ხელმწიფემ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი, ხოლო მას შემდეგ, როცა შენ მეფე თეიმურაზი შენს სამსახურს და ერთგულებას დაუმტკიცებ მის დიდებულებას, კიდევ მეტ წყალობას გიბოძებსო3.
იმავე დღეს, საღამოს, ელჩები, მათივე თხოვნით, მეფემ კარისკაცთა ვიწრო წრის თანდასწრებით მიიღო. ელჩებმა მას თავიანთი ხელმწიფის საიდუმლო დავალებები გადასცეს.
ნიკიფორე ტოლოჩანოვისა და ალექსი იევლევის თეიმურაზ მეფესთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხი, როგორც მათი საქართველოში ყოფნისას გამოჩნდა, უფლისწულის მოსკოვში წაყვანა იყო. ამ საკითხის თავიანთ სასარგებლოდ გადასაწყვეტად ისინი დიდ შეუპოვრობასაც ამჟღავნებდნენ.
1. ნიკიფორე ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, გვ. 57.
2. ი. ცინცაძის ვარაუდით, „ქალაქი“ რაჭა სხვა არაფერია, თუ არა სახელგანთქმული ნიკორწმინდა. ალექსი იევლევი, გვ. 24-26.
3. იქვე, გვ. 70-71.
ელჩებმა მოითხოვეს, რომ თეიმურაზს, დაპირების თანახმად, მოსკოვში გაეგზავნა თავისი შვილიშვილი ნიკოლოზი. ამ საქმის შესრულება ალექსი მიხეილის ძემ ნიკიფორე ტოლოჩანოვსა და ალექსი იევლევს დაავალა. `მეფე თეიმურაზმა ბრძანა: მე რომ ჩემი შვილიშვილი ხელმწიფეს გავუგზავნო და იმან კი (ხელმწიფემ) ჩემი სამეფოს, კახეთის გათავისუფლება არ ინებოს, ჯარი და ხაზინა არ გამომიგზავნოს, მაშინ რაღა აზრი ექნება მის გაგზავნას?“
ჯარის გამოუგზავნელობასთან დაკავშირებით ელჩებმა მეფეს მოსკოვიდან დანაბარები ზუსტად გაუმეორეს. ამის შემდეგ მათ მეფეს მოახსენეს ის რაზეც „დარიგებაში“ არაფერი იყო ნათქვამი, მაგრამ, სავარაუდოა, ზეპირად, საჭიროების დროს, კერძოდ, მოსკოვში შვილიშვილის გაგზავნის სანაცვლოდ, ხელმწიფის სახელით თეიმურაზს უნდა დაპირებოდნენ: ფინანსურ დახმარებას, იმდენად ბევრს რისი წარმოდგენაც თეიმურაზს არ შეეძლო; მოსკოვის ხელმწიფე თეიმურაზ მეფეს უშუამდგომლებდა ირანის შაჰის წინაშე, კახეთის დაბრუნების შესახებ; თუ მან ამ რჩევის შემდეგ სამეფო არ დაგიბრუნა... მაშინ ჩვენი დიდი ხელმწიფე უთუოდ გაგზავნის თავის ჯარს ხვალისის (კასპიის) ზღვით, მის განაპირა ქალაქებს შეესევა და ათჯერ მეტ ქალაქებს აუოხრებს...“ (იქვე, გვ. 72-73.) აი რამდენ რამეს პირდებოდა რუსეთის ხელმწიფე თეიმურაზს, თუ იგი უფლისწულს მოსკოვში გაგზავნიდა. როდესაც ელჩები თეიმურაზს რუსეთის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო აქციის მოწყობას პირდებოდნენ, მათი აზრით, ეს ქართველებისათვის სარწმუნო იქნებოდა, რამდენადაც იმ დროს რუსეთ-ირანს შორის დაძაბული მდგომარეობა იყო და დაღესტნისა და შემახის გამგებლები რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
მაგრამ თეიმურაზი ვითარების გათვალისწინებით, რუსების დანაპირებს ფხიზლად აფასებდა. ელჩები თავიანთ შეცდომას მაშინვე მიხვდებოდნენ, როდესაც მეფის წინაშე მისი მეორე შვილიშვილის _ ლუარსაბის, მოსკოვში გაგზავნის საკითხიც დააყენეს. თეიმურაზმა მათ მკაცრად უპასუხა: ლუარსაბს არავის მივცემ, მაშინ ვიღასთვის ვიცოცხლო და ვინ იყოს ჩემი ჭირისუფალიო.
ელჩებმა მისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი მოახსენეს: მათ ნაბრძანები ჰქონდათ, რომ თუ თეიმურაზიც ინებებდა იმასაც წაიყვანდნენ მოსკოვში თავის ქვეშევრდომებიანათ და ხელმწიფე უმაღლესი წყალობის ქვეშ მიიღებდა. თეიმურაზმა გულმოსულმა უპასუხა: „როცა დადგება დრო მე თვითონ ვეახლები მწყალობელ მეფეს, ახლა კი ჯერ კიდევ აქ უნდა ვიქნე“1.
ნიკიფორე ტოლოჩანოვის ჩანაწერებში ჩანს თეიმურაზ მეფეს ეჭვი ეპარებოდა რუსთ ხელმწიფის და მისი ელჩების კეთილსინდისიერებაში.
1651 წ. 7 ოქტომბერს მეფის სულიერმა მამამ და თავადმა ივანემ ელჩებს უფლისწულის მოსკოვში გაგზავნასთან დაკავშირებით, თეიმურაზის აზრი მოახსენა: „ხლა რომ ჩემი შვილიშვილი ელჩებს გაგატანოთ ხელმწიფე მას მიიღებს, დაიტოვებს და მე არც ხაზინა და არც ჯარი რომ არ გამომიგზავნოსო“. იმერთ მეფე ალექსანდრეს წარმომადგენლებმა, იმავე დღეს, ელჩებს მოახსენეს: ამჟამად მეფე თეიმურაზი დიდ ხელმწიფესთან თავის შვილიშვილს ვერ გატანთ მაგრამ თეიმურაზს ხელწერილი უნდა მისცეთ, რომ როცა მოსკოვში დაბრუნდებით ხელმწიფეს მასზე ცუდს არ ეტყვით და კეთილად მოიხსენიებთო2. თეიმურაზ მეფემ ელჩებს იგივე, უფრო მკაცრი ტონით, შეუთვალა: „უფლისწული მე დიდი ხანია მის უდიდებულესობას ხელმწიფე მეფეს მივეცი, მხოლოდ ახლა ვერ ვუშვებ, ვინაიდან ძალიან მცირეწლოვანია. გაზაფხულზე გამოვგზავნი, ახლა კი ვერც ხელწერილს მოგცემთ და ვერც ვადას დაგიდებთ. ჩემი ელჩი კი უნდა მიიღოთ და თან წაიყვანოთ. გარდა ამისა, სახარებას გამოვიტან და ელჩებმა ამ სახარებაზე და ხატზე უნდა შემომფიცონ, რომ დიდ ხელმწიფეს ჩემზე ცუდ სიტყვებს არას მოახსენებენ3 და ჩემთვის წყალობას შესთხოვენო“4.
ელჩებმა თეიმურაზის ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი სთქვეს. ღამით მათ ფეშანგი და თავადი ივანე ეწვივნენ და უთხრეს, რომ შეგიძლიათ დიდ ხელმწიფესთან გაემგზავროთ, მაგრამ მეფისაგან არც ელჩი და არც არავითარი წერილი არ იქნებაო5. რუსი ელჩების ბოლო მიღებისას, თეიმურაზ მეფემ ნიკიფორე ტოლოჩანოვის მიმართ მთელი უკმაყოფილება გამოამჟღავნა: „შენ ნიკიფორე, იმთავითვე ცუდად იქცეოდი და იქამდე მიიყვანე საქმე, რომ სახინკლედ დაკეპვა დაიმსახურეო“6.
1. იქვე, გვ. 73-74.
2. იქვე, გვ. 87. უეჭველია, რომ ნ. ნიკიფორე ტოლოჩანოვის შეთხზული უნდა იყოს ვითომდაც ალექსანდრე III-ს რუსი ელჩებისათვის შეეთვალოს: „თეიმურაზის საქმეებთან მე ხელი არა მაქვსო, მის ჩვეულებას კარგად ვიცნობო, ეს პირველი არ არის, მისგან დანაპირების შესრულება ჯერ არავის გვინახავსო“ (ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 77). ტოლოჩანოვის ნათქვამი დაუჯერებელია იმიტომაც, რომ ა. იევლევს მსგავსი არაფერი ჩაუწერია თავის „საანგარიშო აღწერილობაში“. დოკუმენტური და ნარატიული წყაროები, მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ ალქსანდრე მეფე თეიმურაზ მეფის თანამზრახველი და თანამებრძოლი იყო.
3. ელჩები თავიანთ „მუხლობრივ აღწერილობაში“ არაფერს ამბობენ თეიმურაზ მეფის უკმაყოფილების ნამდვილ მიზეზზე. მაგრამ სხვა ცნობებიდან ჩანს, რუსთა ელჩობის წევრების დიპლომატისათვის შეუფერებელი საქციელი. კერძოდ, თეიმურაზის ელჩს, თეოფანეს მოსკოვში თეიმურაზის დავალებით განუცხადებია, რომ 1651 წ. სექტემბერში, ნიკიფორე ტოლოჩანოვისა და მისი ამალის წევრების სკანდაში ალექსანდრე მეფის სუფრაზე ყოფნისას, ნიკიფორე ტოლოჩანოვის სულიერ მამას, მიხეილ ხუცესს, თეიმურაზის ლანძღვა დაუწყია, რაც რუსულის მცოდნე ქართველებს გაუგიათ. ელჩობის ერთ-ერთმა წევრმა, კლიმენტი იევლევმა (ალექსის შვილმა) ხუცესის გაჩუმება სცადა, მაგრამ ხუცესმა დედა შეაგინა. მეფისგან წამოსულ რუსებს ჩხუბი თავიანთ ბინაში გაუგრძელებიათ. კლიმენტიმ მიქელს გაარტყა, ნ. ტოლოჩანოვმა კლიმენტი სასტიკად გალახა, ხოლო მის მამას ალექსი იევლევს წვერი დააგლიჯა და ჯოხით გაალახვინა. ალექსის თავის კაცი წაეშველა, რომელიც ტოლოჩანოვს შემოაკვდა (Полиевктов М., К вопросу об авторстве статейного списка „С“. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მოამბე, I, #1, 1940, გვ 83).
4. იქვე, გვ. 88.
5. იქვე, გვ. 89.
6. იქვე, გვ. 89-90.
როგორც თეიმურაზ მეფის მიერ 1652 წ. 23 აპრილს მოსკოვში ალექსი მიხეილის ძისთვის გაგაზავნილი წერილიდან ჩანს, მას ნ. ნიკიფორე ტოლოჩანოვის მიმართ და, არა მხოლოდ მის მიმართ, უკმაყოფილების ძალზე სერიოზული არგუმენტები გააჩნდა. თეიმურაზი რუსეთის ხელმწიფეს უკანასკნელად, როსტომ მეფისა და ყიზილბაშებისაგან კახეთის მიერ განცდილ უბედურებასა და დავით უფლისწულის დაღუპვაზე როდესაც წერს, ყოველივე ამას არაფერი სასიკეთოს მომცემ რუსეთთან თავის ურთიერთობას მიაწერს: ომის გამო, რომ შენი მეფური უდიდებულესობის მსახური გავხდი, შაჰ აბას მმტრობს და შენი უდიდებულესობის ბრძანებას არ ემორჩილება“. თეიმურაზ მეფე მთლიანად ტოლოჩანოვს სდებს ბრალს იმაში, რომ მან, თეიმურაზმა, ვერ შეძლო უფლისწული ნიკოლოზის მოსკოვში გაგზავნა. მან ტოლოჩანოვს სთხოვა გამეოზამთრა თერგის ციხე-ქალაქში, მანამდე ვიდრე, ოსმალეთიდან დაბრუნდებოდნენ ისინი ვისაც ხელმწიფის მიერ გამოგზავნილი სიასამური გასაყიდად გაატანა. მათი დაბრუნების შემდეგ, ხელმოკლეობაში მცხოვრებ თეიმურაზს, საჭირო თანხა გაუჩნდებოდა შვილიშვილისა და რძლის რუსეთში გასამგზავრებლად. ამიტომ იყო, რომ ტოლოჩანოვს ხატზე და ჯვარზე ეფიცებოდა, რომ მას არ მოატყუებდა და დანაპირებს შეასრულებდა. თეიმურაზ მეფე შემდეგ წერს, რომ რუსმა ელჩმა არ დაუჯერა და თეიმურაზის ელჩის მოსკოვში წაყვანაც არ უნდოდა. დიაკი იევლევი მზად იყო ლოდინისათვის, მაგრამ ნიკიფორე ტოლოჩანოვი და თარჯიმანი იოანე წინააღმდეგნი გამოვიდნენ. „გიგზავნი ბერს (მისი სახელია თეოფანე) სიგელით, _ წერს თეიმურაზი მოსკოვის ხელმწიფეს, _ შენი უდიდებულესობის პასუხის მისაღებად. მე კი, იცოდე დღეგრძელო ხელმწიფე, აუცილებლად თვითონ მივალ თერგში და უფლისწულს დედამისთან ერთად მივიყვან და შენ გადმოგცემ. როცა მას გადმოგცემ, გთხოვ დიდო ხელმწიფე, რომ შენი წყალობით გამომიგზავნო ჯარი და ფული, რათა დავიბრუნო ჩემი ქვეყანა. ასე რომ, თუ უფლისწულს არ მოგცემ, შენც არ დამიჯერო და ნურც ჯარს და ნურც ფულს მომცემ. რადგანაც შენს მეფურ დიდებულებას [ჩემი] მრავალი მტერი ეუბნებოდა, რომ მე შენ გატყუებ და უფლისწულს არ მოგცემ... მე შენი მეფური დიდებულების გარდა არავის ვემორჩილები და დავრჩები შენს ქვეშევრდომად“. თეიმურაზ მეფე ნ. ტოლოჩანოვს ბრალს სდებს გამყიდველობაში, რომ მას „სხვა (მტრულად განწყობილმა - ე.მ.) მხარემ ფული მისცა, ამიტომ არ გამიგონა. დღეგრძელო მეფე იცოდე ეს და განიხილე ეს საქმე“1. თეიმურაზ მეფე არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს „სხვა მხარეში“, მაგრამ შეიძლება „სხვა მხარე“ იყო ან შაჰი, ან როსტომ მეფე და ან ლევან II დადიანი, ან ესენი ყველანი ერთად.
ამგვარად, ტოლოჩანოვმა, როგორც ელჩმა, თავი ვერ გაართვა თავის მოვალეობას, ვერც თეიმურაზ მეფესთან მოაგვარა საქმე, ვერც უფლისწული წაიყვანა მოსკოვში, რასაც დიდი ინტერესით მოელოდა რუსეთის მთავრობა. „ამის შემდეგ გასაგები ხდება ის ფაქტი, - შენიშნავს ი. ცინცაძე, - რომ ნიკიფორე ტოლოჩანოვი საგარეო საქმეთა ხაზით აღარ მუშაობს“2.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნ. ტოლოჩანოვის და, საერთოდ, რუსი ელჩების ცნობებს დიდი სიფრთხილით უნდა განხილვა. ისინი, სავარაუდოა, ზოგჯერ გარკვეული მოსაზრებით, თავიანთი მთავრობისათვის დაწერილ მოხსენებებში, ამუქებდნენ ან სრულიადაც ამახინჯებდნენ ფაქტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თეიმურაზ მეფეზე წერდნენ.
ელჩები ისე წავიდნენ საქართველოდან, რომ თეიმურაზი მათ აღარ შეხვდა. თეიმურაზის ხელის მთხვევაზე ელჩობის რიგითი წევრები მიიწვიეს. მათ რუსეთში გაჰყვა თეიმურაზის ელჩი ბერძენი ბერი თეოფანე, რომელმაც ალექსი მიხეილის ძეს ზემოგანხილული წერილი მიართვა. მეფემ თეოფანე ტოლოჩანოვს კი არ ჩააბარა, არამედ ალექსი იევლევსა და მის ვაჟს კლიმენტის. ამგვარად, თეიმურაზ მეფემ, მიუხედავად თავისი რთული მდგომარეობისა, „მფარველის“ - რუსეთის ხელმწიფის ელჩი ნიკიფორე ტოლოჩანოვი პერსონა ნონ გრატა-დ გამოაცხადა, რაც იშვიათი შემთხვევაა მრავალსაუკუნოვან ქართულ დიპლომატიაში.
1. Переписка, с. 68-70.
2. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 15. მოსკოვში დაბრუნებული ნიკიფორე ტოლოჩანოვის შემდგომი საქმიანობიდან ცნობილია, რომ იგი ჯერ რეჩ პოსპოლიტასთან ომში მონაწილეობდა, შემდეგ ქ. ატემარის აზნაურთა თავად დანიშნეს. აფასებს, რა ნიკიფორე ტოლოჩანოვისა და თეიმურაზის კონფლიქტს, დ. კაჭარავა წერს: „ცხადია, ნიკიფორე ტოლოჩანოვის მოქმედება რუსეთის ინტერესებში შედიოდა და მოსკოვის სამეფო კარმა მის მიმართ თეიმურაზის წამოყენებულ ბრალდებას ყურადღრება არ მიაქცია“. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, II, გვ. 184, შენ. 1.
1652 წლის სექტემბერში რუსი და ქართველი (თეიმურაზ I-სა და ალექსანდრე III-ის) ელჩები მოსკოვში ჩავიდნენ. ვიდრე ელჩები მოსკოვში ჩავიდოდნენ, მანამადე, 1650 წელს მოლაპარაკება გაიმართა რუსეთის მთავრობასა და ირანის ელჩ მოჰამედ ყული ბეგს შორის. ფორმალურად, თითქოს, მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შაჰის საქართველოსადმი, კერძოდ თეიმურაზ I-სადმი დამოკიდებულება იყო. საელჩო პრიკაზში მოლაპარაკების დროს (8 იანვარი - მაისი) შაჰის ელჩმა საქართველოს საქმეებში შაჰის ჩარევაზე საუბარს თავი აარიდა და ის, რაც კახეთისა და თეიმურაზის მიმართ ხდებოდა, საქართველოს შიდა საქმედ გამოაცხადა: „თეიმურაზის და... ამჟამიდელი შაჰის მამის - სეფის ცოლი იყო, ამიტომ თეიმურაზი ჩვენი ხელმწიფის ახლობელია. ქართველი თეიმურაზი თბილისის როსტომ ხანთან იმიტომ ჩხუბობს, რომ ისინი ერთმანეთის ახლობლები, ერთი თაობისანი, ერთი დიდი მთავრის ჩამომავლები არიან. როსტომ ხანი შაჰის ქვეშევრდომი და მუსლიმანია და საქართველოს მიწა-წყლის ნახევარი მას ეკუთვნის, მეორე ნახევარი კი თეიმურაზს. მათ შორის უთანხმოებაა და შაჰი როსტომ ხანზე ბრაზობს, რომ საქართველოს მიწა-წყალი გაანადგურა და უფლისწული მოკლა. თეიმურაზი ახლა თავის სიძესთან ცხოვრობს, თავისი ქვეყანა მიატოვა, შაჰს კი არაფერს სწერს და არაფერს ევედრება. რომ ეთხოვა, შაჰი ბრძანებდა მას ძველებურად თავის ქვეყანაში ეცხოვრა. მე შაჰის დიდებულებას ამის თაობაზე მოვახსენებ და შაჰი ხელმწიფის დიდებულების გულისათვის ბრძანებს, თეიმურაზს მისი ქვეყანა დაუბრუნონ და მისი ქვეყანა დაიცვან...“1.
1. Тивадзе Т. Г., Материалы... с. 176-177, №39.
ამგვარად, შაჰის დიპლომატის თქმით, საქართველოში ქართლისა და კახეთის ურთიერთბრძოლა, ნათესავებს შორის გაურკვეველი ურთიერთობის შედეგი იყო და შაჰ აბას II-ის პოლიტიკის რამეში დადანაშაულება არ შეიძლებოდა. შაჰი უბრალო მაყურებელი იყო და იგი იმაზე სწუხდა, თეიმურაზი რატომ დახმარებას არ სთხოვდა სამართლიანობის აღსადგენად. საელჩო პრიკაზის სხვა ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ მოჰამედ ყული ბეგმა როსტომ მეფის მოსკოვის ხელმწიფისადმი პატივისცემის საილუსტრაციოდ, განაცხადა, რომ როსტომმა თეიმურაზის „დედა“ (ქეთევან დედოფალი 26 წლის წინათ მოკლეს შაჰ აბას I-ის ბრძანებით) და ცოლი თეიმურაზთან გაუშვა და იმერეთსა და გურიაზე არ გაილაშქრა „და ამით (მოსკოვის_ე.მ.) მეფის უდიდებულესობისადმი სრული ძმური სიყვარული და მეგობრობა გამოხატა“. ელჩის სიტყვით, შაჰი და როსტომი ასეთი კეთილები არიან, მაშინ როდესაც თეიმურაზ მეფე შაჰის მტერს, თურქეთის მეფეს დაუკავშირდა. რუსმა დიპლომატებმა ელჩის ნათქვამის გამო გაკვირვება გამოხატეს და მას დაპირდნენ, რომ ყოველივეს გამოიკვლევდნენ, მანამდე კი მოსკოვის ხელმწიფისადმი სიყვარულისა და მეგობრობის გულისათვის შაჰ აბასი არ შეიჭრეს საქართველოში და არ გაანადგუროს, რათა დიდ ხელმწიფეებს შორის ძმური მეგობრობა არ დაირღვეს. ელჩმა მოითხოვა, რომ „მეფე თეიმურაზმა შაჰის უდიდებულესობას თავისი პირდაპირი სამსახური უჩვენოს და მისადმი ყმობაში იყვეს. ეს უნდა უბრძანოს დიდი ხელმწიფის მეფურმა უდიდებულესობამ, რომ ის შაჰის უდიდებულესობას თავისი ღირსებით ემსახუროს, ისევე როგორც მისი სხვა ყმები მორჩილად ემსახურებიან და მხოლოდ ამის შემდეგ სწრაფად აღსრულდება მისი სურვილი...“1
ყურადღებას იქცევს მოჰამედ ყული ბეგის ნათქვამი როსტომ ხანის მოსკოვის ხელმწიფის მიმართ კარგ განწყობილებაზე. შაჰის ელჩის მიერ როსტომ მეფის ქება შემთხვევითი არ უნდა იყოს. ვფიქრობ, მზადდებოდა ქართლის მეფის ელჩის მოსკოვში ჩასვლისა და ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად პირობები, რაზეც ქვემოთ ვრცლად ითქმევა.
1650 წლის მაისში ალექსი მიხეილის ძემ თავისი შიკრიკის მატვეი სპირიდონოვის ხელით წერილი გაუგზავნა შაჰ აბას II-ს და სთხოვა აღარ შეევიწროებინა მეფე თეიმურაზი და წართმეული სამფლობელოები დაებრუნებინა, ისინი კი, ვინც მისი სამფლობელოები შაჰის ნებართვის გარეშე გაანადგურეს, დაესაჯა2.
1. Там же, с. 177-179, №40.
2. Там же, с. 182, #41.
რუსეთის მთავრობამ დამაკმაყოფილებლად ჩათვალა შაჰის ელჩის მიერ მიცემული განმარტება, თუ რატომ იყო მოსკოვის მფარველობის ქვეშ მყოფი ხელდებული თავისი სამეფოდან დევნილი და მისი მიწა-წყალი კი განადგურებული. ამის შემდეგ რუსმა დიპლომატებმა და ირანის ელჩმა თავიანთი ქვეყნებს შორის სავაჭრო საკითხების განხილვა დაიწყეს და წარმატებითაც დაასრულეს. რუსებმა ირანის ელჩს სთხოვეს, რომ მის ქვეყანას რუსეთისათვის ყოველ წელიწადს 20 ათასი ბათმანი გვარჯილა მიეწოდებინა1. მაგრამ სწორედ ამ წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, სულ მალე, დაიძაბა რუსეთ-ირანის ურთიერთობა თითქმის მთელი ათი წლით. დაძაბულობის მიზეზი, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ შაჰის პოლიტიკით რუსეთის უკმაყოფილება არ იყო. ამ ორი დიდი სახელმწიფოს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები ვაჭრებისადმი ცუდად მოპყრობაში, კაზაკების მიერ კასპიისპირეთში ირანის ქვეშევრდომი სახანოების დასახლებული პუნქტების აკლებასა და ვაჭრების ძარცვაში მდგომარეობდა. ორ ქვეყანას შორის სადაო იყო, აგრეთვე, ის თუ ვის მორჩილებაში უნდა ყოფილიყო დაღესტანი.
რუსეთ-ირანს შორის დაძაბულობას გარკვეული მუხტი შემატა ქართველი უფლისწულის, ერეკლე-ნიკოლოზ დავითის ძის მოსკოვში გამგზავრებამ.
1. Соловьев С. М., История России с древнейших времен, с. 261-262.
ავტორი: ე. მამისთვალიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий