როსტომი (ხოსრო-მირზა, ქაიხოსრო ბატონიშვილი)
დავით XI-ის (დაუდ-ხანის) უკანონო შვილი (ეყოლა წავკისელი გლეხის ქალისაგან). როსტომი ისპაანში დაიბადა დაახლოებით 1565 წელს, იქვე იზრდებოდა, თავიდანვე მუსლიმანი და გასპარსელებული იყო. მიუხედავად ამისა, მან კარგად იცოდა ქართული ენა და კარგად ერკვეოდა საქართველოს
საქმეებში. როსტომის ცხოვრების გარკვეული პერიოდების შესახებ ცნობებს ვხვდებით მისსავე 1648 წლის სიგელში, რომელიც იწყება შემდეგი სიტყვებით: „აწ დავიწყოთ ამბავისა ჩვენისა მბობა“.
როსტომმა თავის სიგელში ყურადღება გაამახვილა ისეთ მომენტებზე, რომლებიც მას მკითხველის წინაშე დადებით პიროვნებად წარმოაჩენდა. მან გვერდი აუარა თავისი ცხოვრების მთელ რიგ უსიამოვნო, მაგრამ უმნიშვნელოვანეს
მომენტებს, რომლების აღდგენა, ზოგჯერ, სხვა წყაროებით ხერხდება. როსტომი თავის სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლასთან დაკავშირებით გვამცნობს, რომ იგი, ე. ი. ხოსრო-მირზა, როდესაც შაჰ აბას
I-ს მიჰგვარეს, მან იგი, როგორც მეფეთა ჩამომავალი პატივით „გამოზარდა“. საინტერესოა, რომ როსტომი არაფერს ამბობს გიორგი სააკაძის დამსახურებაზე
ირანის ელიტარულ საზოგადოებაში მისი შეყვანის შესახებ. ვახუშტი ბატონიშვილისათვის კი ყოველივე ეს ცნობილი იყო. როცა იგი ხოსრო მირზას მარაბდის ბრძოლაში ქართველთა წინააღმდეგ მონაწილეობაზე გადმოგვცემს, აღნიშნავს: „ხოლო ესე ხოსრო-მირზა იყო ძე დაუდ-ხანისა, ნაშობი ხარჭისაგან ისპაჰანს ყოფასა შინა და მიერითგან იყო უპატიოდ და უპოვარ ფრიად; და ოდეს იყო მოურავი იქ, მოვიდა დარბაზობად ხოსრო-მირზა მოურავისა თანა, რა იხილა მოურავმან, მიეგება და დასუა ადგილს თვისსა ზედა და თვით დაუჯდა შორეს. ამის მხილველთა ყიზილბაშთა ჰკითხეს მოურავსა ვინაობა მისი. ხოლო ეტყოდა იგი მათ ძედ პატრონისად თვისისად“1.
1. ქართლის ცხოვრება,
IV, გვ. 432-433.
ვახუშტი ბატონიშვილი გიორგი სააკაძის მიერ ხოსრო მირზასადმი ყურადღების გამომჟღავნებას შემდეგნაირად
აფასებს: „არამედ ესე არა ჰყო მოურავმან სიყუარულითა
პატრონისათა, გარნა რათა აღუდგინოს ლუარსაბ მეფესა მეტოქი“1. ე. ი. გიორგი სააკაძეს ხოსრო-მირზა ქართლის მეფე ლუარსაბ
II-სთან დასაპირისპირებლად გამოიყენა.
სახელგანთქმული
გიორგი სააკაძის მიერ ხოსრო-მირზას თავისი ბატონის, ყოფილი ქართლის გამგებლის, დაუდ-ხანის (დავით X) ძედ გამოცხადება, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი იყო გაჭირვებაში მცხოვრები ხოსრო-მირზასათვის.
როდესაც ეს ამბავი აცნობეს შაჰ აბასს, მან ხოსრო თავისთან დაიახლოვა. რა თქმა უნდა, იგი შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა და ხოსრომირზას საქართველოში თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის
გამოიყენებდა. როდესაც ხოსრო დავაჟკაცდა და შაჰის სამსახურში თავი გამოიჩინა, როგორც თვითონვე გვამცნობს, შაჰმა შვილივით შეიყვარა და ყულარაღასობა („მაშინ იყო ყულთ ჯარი ქართუელიშვილი ბედნიერისა ყაენისა მასახელებელი. სადაც გუასარდრის და გაგუგზავნის
გამარჯუადაც გუასარდრის და გაგუგზავნის გამარჯუვებულნი და პირნათელნი მოვიდით. მრავალი სახელი და გამარჯუვება გვინახის. ასე ეწადა რომე სამსახურისა ჩვენისა სამუქფოდ ბევრი კარგი ექნა და უფრო სიდიდე მოემატებინა“) უბოძა2. ხოსროს (როსტომის) ძმა ბაგრატიც შაჰ აბასის სამსახურში იყო და წარმატებებიც ჰქონდა.
1. იქვე, გვ.
433.
2. ქრონიკები, II, გვ.
461.
ხოსრო-მირზამ შაჰის სამსახურში გონიერებითა
და სიმამაცით თავი გამოიჩინა და მალე დაწინაურდა კიდეც. იგი გახდა ჯერ შაჰის გვარდიის, ყულის სარდალი, შემდეგ ირანის ყულარაღასი და ისპაანის მოურავი. შაჰ აბასის სიკვდილის შემდეგ მთელი ხელისუფლება ხოსრო-მირზას ხელში გადავიდა. მან შეძლო ტახტზე აეყვანა შაჰ აბასის შვილიშვილი სეფი-მირზა. უკვე ითქვა, რომ არსებობდა აბასის ვაჟი, რომელიც იმამყული-ხანის სახლში იზრდებოდა. მას მხარს უჭერდნენ ირანში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი დიდკაცობის მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ხოსრო-მირზას დიდი გავლენა და მოხერხებულობა.
მან ტახტზე აიყვანა სეფი-მირზა. ამის შემდეგ ხოსრო-მირზას ავტორიტეტი შაჰის კარზე განუზომლად გაიზარდა.
შაჰ აბასმა საქართველოში ბოლო, მეოთხე შემოსევის შემდეგ, აოხრებული კახეთი ორად გაყო: მდ. იორის აღმოსავლეთი მხარე განჯის მმართველ ფეიქარ-ხანს ჩააბარა, დასავლეთი კი როსტომის ძმას, ქართლის მმართველ ბაგრატ-ხანს (ბაგრატ VII, 1615-1619). „ის ყიზილბაშთა შორის აღიზარდა, სიბრძნესა და მეცნიერებაში განსწავლული იყო“1. ქართველი ისტორიკოსის დახასითებით, „დაჯდა ქართლსა ბაგრატ, რომელი გარდაქცეულიყო სჯულსა მაჰმადისასა, და არცა იყო ღირსი მეფობისა, და ზურგად განჯის ხანი და მისნი შემდგომნი ჰყვეს. და მაშინ ამან ბაგრატ ვერ დაუჭირა თავი ქართველსა და ვერცა ეუფლა ქალაქს ზეით ზემო ქართლსა და არცა ჰყუარობდნენ ქართველნი და არცა-რად ახსენებდენ თათრობისათვის და ეძახდენ საბარათაშვილოს ბატონსა და იყოფებოდა ეგრეთ“2. როგორც ჩანს არც როსტომ მეფე აფასებდა დიდად თავის ძმას, რადგან „ამ საქმესა მეფობისა გარიგებასა, ნადირობასა, ლხინსა და უხუად გაცემასა შინა იყო“3.
ბაგრატის სიკვდილის შემდეგ შაჰ აბასმა ქართლი საგამგებლოდ მის შვილს, მცირეწლოვან სვიმონ II-ს (1619-1632) ჩააბარა და თავისი შვილიშვილი (ქალიშვილის შვილი), ყორჩიბაშის ასული, ჯანბანუმი შერთო4. შაჰ აბასმა სვიმონს მცირეწლოვნების გამო მეურვედ გიორგი სააკაძე დაუნიშნა5. იმავე დროს, როგორც როსტომ მეფე გადმოგვცემს, შაჰმა ყარჩიღახანსა და სხვა ხანებს კახელების ამოწყვეტა და კახეთში ყიზილბაშების ჩასახლება დაავალა. მუხრანში, აღაიანის მინდორზე კახელთა ლაშქრის ვერაგულად ამოწყვეტის შემდეგ მოხდა მარტყოფის აჯანყება.
1. ისქანდერ მუნში, გვ. 114.
2. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 402.
3. ქრონიკები, II, გვ. 462.
4. იქვე. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 429.
5. ისქანდერ მუნში, გვ. 115.
თავის სიგელში როსტომს თხრობა ისე მიჰყავს, რომ დაგვარწმუნოს კახელების ამოწყვეტასა და სხვა ანტიქართულ საქმეებში მისი ხელი არ ერია: „სვიმონ ტფილის იჯდა, სომხითსაბარათიანოს პატრონობდა“.
როსტომიც დააწინაურეს. შაჰ აბასმა მას ისპაანის მოურაობა უბოძა და მალე გარდაიცვალა კიდეც. როსტომის ცხოვრებაში ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დადგა. მისი მომავალი დიდად დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვინ დაიკავებდა ირანის ტახტს. როგორც როსტომი აღნიშნავს, ხელმწიფის გარდაცვალების შემდეგ ხშირად მომხდარა რომ ტახტის პრეტენდენტებს ერთმანეთი დაეხოცოთო. ამ უდიდესი სახელმწიფოებრივი საქმის მშვიდობიანად გადაწყვეტაში როსტომი თავის დამსახურებას შემდეგნაირად გადმოგვცემს: „ჩვენ ძალითა და შეწევნითა ღთისათა გავსინჯეთ საქმე: შვილიც იყო ყაენისა, მაგრამ თავად თვალდამწუარი იყო, სინათლეცა ჰქონდა, მაგრამე უფროსი შვილი-შვილი იყო დიაღ კარგი, თუალად და ტანად შვენიერი, ხელმწიფობა იმას შეფერობდა. გამოვიყვანე და ტახტზე დავსვი და მიულოცეთ ხელმწიფობა შაჰ სეფის ყაენსა“1. როგორც ჩანს, როსტომმა სეფი-მირზა ძალის გამოყენებით აიყვანა ტახტზე და თავისი კონკურენტებს ამგვარად აჯობა. როგორც ითქვა, ძმებ უნდილაძეებს თავიანთი კანდიდატი ჰყავდათ.
1. ქრონიკები, II, გვ. 462. „ისფაჰანს როსტომ მეფის ცდით შაჰ სეფი გახემწიფდა“. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 238.
როსტომ მეფე სიგელში მნიშვნელოვან ადგილს, თავის ძმისშვილ სვიმონ-ხანზე თხრობას უთმობს. ამის აღნიშვნა იმიტომაა საჭირო, რომ იგი, ქართლის ტახტის დაკავების შემდეგ, სვიმონ- ხანის მკვლელობის საკითხს, უმნიშვნელოვანესად თვლიდა თეიმურაზ I-თან დაპირისპირებაში. მასზე ყურადღების გამახვილებით, წარმოდგენა გვექმნება როსტომზე, როგორც დიპლომატზე. როგორც ცნობილია, ბაზალეთის ომის შემდეგ თეიმურაზმა შიდა ქართლი დაიკავა, თბილისი და ქვემო ქართლი კი კვლავ სვიმონ-ხანს ემორჩილებოდა. შაჰ აბასმა ამის შემდეგ თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფედ სცნო, მაგრამ ისე, რომ სვიმონ-ხანს მისი საგამგებლო დაუტოვა და ამით ქართლში ფეთქებადი მდგომარეობა შეინარჩუნა. როგორც ჩანს, როსტომ მეფეს მარაბდის ბრძოლის (1625 წ.) შემდეგ, სვიმონ-ხანის ქართლის ერთ ნაწილში დაბრუნება ჰქონდა მხედველობაში, როდესაც ამბობდა: „ამ დროს წამოეჭიდა ჩ~ნი ძმისწული ბატონი სვიმონ და კახ-ბატონს ქართლი წაართუა და კახი-ბატონი თავის ალაგს იყო“1. როსტომის გაგებით, ქართლი მემკვიდრეობით სვიმონს ეკუთვნოდა და მისი ქართლში დაბრუნება სამართლიანობის აღდგენა იყო, თეიმურაზი კი, ასევე სამართლიანად, კახეთის ბატონი უნდა ყოფილიყო. მაშასადამე, თეიმურაზმა, როსტომის ლოგიკით, არასწორი მოქმედება ჩაიდინა, როდესაც „სამართლიანობას“ არ შეეგუა და ქართლში დაბრუნების მიზნით სვიმონი მოაკვლევინა.
როსტომის თქმით, „იმავე წელიწადს ამდონი ისაჯა კახმა ბატონმა თეიმურაზ, თავისი ქალი და მისივ ყმა ჩარქაზი გ˜ი მოღალატედ შეუყენა და მძინარე ბატონი სვიმონ დააკულევინა, ქართლს გაბატონდა; სომხით-საბარათიანო დაიჭირა“2.
თეიმურაზ მეფის მიერ ზურაბ ერისთავის მოკვლისა და მისი მოკვეთილი თავის შაჰისათვის გაგზავნის შემდეგ, ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით, „ეს ყაენს იამა და ქართლიცა და კახეთიც ბატონს თეიმურაზს მოსცეს და ხალათი და რაყამი გამოუგზავნეს“3. ამგვარად, შაჰმა თეიმურაზი ქართლ-კახეთის ქრისტიან მეფედ სცნო და ეს გაერთიანებული სამეფო ირანის ვასალად გამოაცხადა4.
1. იქვე.
2. იქვე, გვ. 462-463. „ბატონმან თეიმურაზ თავისგნივ გაკეთებული ერთი ჩერქეზი სახელათ გიორგი, სიძე იყო ზურაბ ერისთვისა და ის შეუყენეს ერისთავ და მას ნაპირის ალაგსა იორის პირს მამული მისცა და ზურაბ ერისთავს ქალის მიცემას და თიანეთის სამამულეთ მიცემას დაჰპირდნენ მეფის სვიმონის მოკვლისათვის... მეფე სვიმონ მინდობილი ზურაბ ერისთავმან მძინარე მოკლა“. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 236.
3. იქვე, გვ. 238.
4. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 292-293.
საინტერესოა, რომ როსტომი შაჰ სეფის მიერ დიდი სამხედრო ექსპედიციის გამოგზავნას და მის ქართლში გამეფებას, სვიმონ-ხანის მოკვლისათვის თეიმურაზის დასასჯელ ღონისძიებად აცხადებს. „რა გაიგონა შასეფი ყაენმან (სვიმონის მოკვლა _ე.მ.) მწვავედ იწყინა, კახბატონს გაუწყრა, ჩ˜ნი საბატონო ჩ˜ნ გვიბოძა“1. ამგვარად, როსტომი გვერდს უვლის თეიმურაზ მეფისა და დაუდხან უნდილაძის მიერ ირანის სამფლობელოების დალაშქვრის ფაქტს, ყიზილბაშების საქართველოში შემოჭრის ნამდვილ მიზეზს და ცდილობს სვიმონ-ხანის მოკვლა განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და, იმავე დროს, თავის თავი ქართლის ტახტზე მამის, დაუდ-ხანის, ძმის _ ბაგრატის და ძმის შვილის _ სვიმონ-ხანის კანონიერ მემკვიდრედ გამოაცხადოს. „კახთ ბატონი გავაგდეთ და ჩ˜ნი საბატონო დავიჭირეთ“-ო, კმაყოფილებითა და სიამაყით აღნიშნავს იგი.
როსტომი, ოდიშის მთავრის, ლევან II დადიანის დის, მარიამის შერთვას, თეიმურაზ მეფის მიერ თავისი ასულის დარეჯანის იმერეთის ბატონიშვილზე ალექსანდრეზე დაქორწინების საპასუხო ღონისძიებად აცხადებს. 1633 წელს როდესაც როსტომი ყიზილბაშთა ლაშქრით საქართველოში შემოვიდა, თეიმურაზი დიდი ამალით იმერეთში გადავიდა, რადგან იქ საიმედო თავშესაფარი ჰქონდა. „ბატონი თეიმურაზ იმერეთს შეიხიზნა: ქალი იყო იმისი იმერლის მეფის შვილის ალექსანდრეს ცოლი და ჩ˜ნ და დადიანი ბატონი ლევან დავმოყვრდით და შევირთეთ და მისი“2. ასე ლაკონურედ გადმოსცა როსტომმა მარიამზე თავისი დაქორწინების მნიშვნელობა.
ქართლის მეფისა და ოდიშის მთავრის დის ქორწინებაზე. როგორც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის აქტზე, როსტომი მხოლოდ მიგვანიშნებს. თანამედროვე პოლიტიკოსებისათვის კი სრულიად ნათელი იყო, რომ საქართველოში იქმნებოდა დაპირისპირებულთა ორი ბანაკი. თითოეული მათგანის უკან იდგა ირანი ან ოსმალეთი.
1. ქრონიკები, II, გვ. 463.
2. იქვე.
როსტომს ირანიდან თან ჩამოჰყვა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზეზით ქართლიდან გადახვეწილი გამუსლიმანებული მრავალი ქართველი თავადი და აზნაური, რომლებიც ქართლის მუსულმანი მეფის დასაყრდენი უნდა გამხდარიყვნენ. ისინი, ვისი წამოყვანა როსტომს უნდოდა, თვითონვე შეურჩევია1. მათთვის მამულების დაბრუნება და სახელოების ჩაბარება, როსტომის საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი იყო. ფარსადან გორგიჯანიძე გადმოგვცემს: „მოხელენი გამოსცვალეს და თან მოყოლილი თავადთა და აზნაურთა თავიანთ მამული უბოძეს. შექმნეს ვაზირობა, დაიწყეს რჩევა, ეძებეს სამოყვროთ ლევან დადიანი და გაუგზავნეს მოციქულები და საქართველოს სადედოფლოთ მისი და მარიამ, დედათა შიგან ნაქები“2.
როსტომსა და მის კარისკაცებს საქართველოს უძლიერეს მთავართან დამოყვრების იდეა გაუჩნდათ მას შემდგეგ რაც საფუძვლიანად გაეცვნენ საქართველოს საშინაო პოლიტიკურ ვითარებას და ქართლის სამეფოს საგარეო ურთიერთობების პერსპექტივები გაითვალისწინეს. აუცილებელი იყო შეუპოვარი და მოუხელთებელ თეიმურაზ მეფის განეიტრალებაც, რომელსაც მრავალი მომხრე ჰყავდა აღმოსავლეთ საქართველოსა და იმერეთის სამეფოში. ამ დროიდან მოყოლებული, თეიმურაზმა და როსტომმა მთელი სიცოცხლე ერთმანეთთან ბრძოლაში გაატარეს. ეს ბრძოლა გამოვლინდა ყველა ფორმით: შეიარაღებული, პოლიტიკური, დიპლომატიური. უცხო არ იყო მოსყიდვა, შანტაჟი და მკვლელობა.
როსტომმა, ირანის მხარდაჭერით, იმისათვის რათა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის პოზიციები შეესუსტებინა და თეიმურაზისთვის იმერელი მომხრეები ჩამოეშორებინა, ოდიშის მთავართან დამოყვრება განიზრახა და 1633 წელს მოციქულები გაუგზავნა. ლევან დადიანი კმაყოფილი შეხვდა როსტომის წინადადებას. მან თავის მხრივაც, გარიგების დასასრულებლად, თავისი მოციქულები ქართლში გაგზავნა.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 239-240.
2. იქვე, გვ. 241.
ვფიქრობ, საპატარძლოს შერჩევასა და ქორწილის გარიგებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ამ დროს უკვე ლევან დადიანის სამსახურში ჩამდგარ ნიკიფორე ირბახს, რომელიც როსტომის პირველი ცოლის, აბაშიშვილის ასული ქეთევანის გარდაცვალების ახლო ხანებში ქართლში იმყოფებოდა. უფრო მეტიც, როსტომსა და ნიკიფორეს შორის იმდენად კარგი ურთიერთობა დამყარდა, პიეტრო ავიტაბილეს თუ დავუჯერებთ, ნიკიფორე როსტომის მიწვევით ქართლში გადმოვიდა. ავიტაბილე 1633 წლის 1 აგვისტოს წერილში აღნიშნავს: „ხალხში ხმა დადის, რომ (როსტომს - ე. მ.) მისი (ნიკიფორე - ე. მ.) პატრიარქად დასმა უნდაო“1. ამ წინადადებაზე ნიკიფორემ უარი თქვა.
შაჰ სეფი ერთხელ კიდევ დარწმუნდა როსტომის გონიერებასა და პოლიტიკურ ალღოში და მაღალი შეფასება (როგორც მატერიალური, ისე სიტყვიერი) მისცა როსტომის განზრახვას. საქორწინო გარიგებით დიდად კმაყოფილი იყო ოდიშის მთავარიც, რადგან ამ გარიგებით მოყვრებმა შუაში მოიქციეს იმერეთის მეფე, მისი მემკვიდრე ალექსანდრე და, რაც მთავარია, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა იმერეთში თავშეფარებული თეიმურაზი. საყურადღებოა, რომ როსტომმა მარიამზე დაქორწინების განზრახვა შაჰთან შეათანხმა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მას, როგორც შაჰის ვასალს, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება არ ჰქონდა2.
იმერეთის სამეფო კარმა, რომელიც სწორად აფასებდა ლევანისა და როსტომის კავშირის უარყოფით შედეგებს, ყველაფერი იღონა ქორწილის ჩასაშლელად, მაგრამ დადებითს ვერაფერს მიაღწია. უარყოფითი კი ის იყო, რომ იმერეთის მეფე გიორგი III დადიანის ორწლიან ტყვეობაში აღმოჩნდა და მუდმივად გამანადგურებელ თავდასხმებს განიცდიდა იმერეთის მოსახლეობა.
ამ ქორწინების შედეგებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება იყო ოსმალეთის სახელმწიფოში, სადაც ხმა გავრცელდა, თითქოს როსტომ მეფე, ოდიშისა და გურიის მთავრების მხარდაჭერითა და 30 ათასი ყიზილბაშით შავი ზღვის სანაპიროზე გონიოსა და ტირებულუზე თავდასხმას აპირებდა3. ამგვარი ან მიმსგავსებული სამხედრო აქცია სინამდვილეში არ განხორციელებულა, მაგრამ ირანსა და მის ქართველ მოკავშირეებს, სავარაუდოა, განზრახული ჰქონოდათ ოსმალები შავი ზღვის სანაპიროზე შეევიწროებინათ.
1. დონ პიეტრო ავიტაბილე, გვ. 21.
2. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 318.
3. ჩოჩიევი ვ., ირან-ოსმალეთის 1639 წლის ზავი და საქართველო. წიგნში: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1957, გვ. 364
თეიმურაზმა, 1634 წელს ზაალ არაგვის ერისთავის, იასე ქსნის ერისთავისა და კახეთის თავადების მხარდაჭერით, როსტომის ქართლიდან განდევნა სცადა, მაგრამ გორის მახლობლად, არცევთან, ბრძოლაში მარცხი განიცადა. მან ქართლი მიატოვა და კახეთში გადავიდა. შაჰი დარწმუნდა, რომ ირანზე ოსმალების თავდასხმის საშიშროება არ არსებობდა და როსტომს აზერბაიჯანიდან მაშველი ძალა გამოუგზავნა. როსტომი ქართველთა და ყიზიბაშთა ლაშქრით კახეთში შეიჭრა. თეიმურაზი იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ როგორც ფარსადან გორგიჯანიძე გადმოგვცემს,
მას „წინგნიც ასრე მოეწერა: თავად ნათესავნი ვართო და მერმე ბატონი დედოფალი თქვენი ბიძისშვილი არისო და არც თქვენა გყავს შვილიო და ერთის მეტი არც მე მყავსო და დიდის მეფის ლვარსაბისაო
რომ თათართ აწამესო თქვენის მეტი მისგან აღარვინ დარჩენილაო და ბატონის ლევანისაგანო ჩემის მეტი აღარავინ არისო და ყიზილბაშთაგან
მრავალი ძალი და უსამართლო მჭირსო. თუ რომ კიდევაც დამეშავებინოს რამეო, შიშით მიქნიაო და თქვენი თავადები რომელიც ჩვენთან არიანო, ფიცით შემოგარიგებთო
და ჩემს თინათინს თქვენის ბრძანებით შაჰსეფის ყაენს ვაახლებო და შვა შემოდითო, ჩემს აოხრებულ სამკვიდროზე დამაყენონო“ (ფარსადან გორგიჯანიძე,
გვ. 244).
ამონარიდიდან
ნათლად ჩანს, თეიმურაზ მეფის როსტომისადმი, როგოც ქართლის მმართველისადმი დამოკიდებულება. მას როსტომი არ მიაჩნია როგორც თავისი თანაბარი მეფე და პოლიტიკური მოღვაწე, მისი გაგებით როსტომი შაჰის მარიონეტია და არ ძალუძს დამოუკიდებელი
გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ იგი როსტომს, როგორც ნათესავს და არა როგორც ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს მეთაურს, შაჰთან შუამავლობას სთხოვს.
როსტომი კი, მოპოვებულ სამხედრო წარმატებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და შაჰის წინაშე თავს იწონებდა. მან „ქვეყნის დამშვიდებისა და ჩხუბიანთ დაწყნარებისათვის ყაენს მისწერა და იმათაც ეამებინა და ყაენის ასრე ბრძანება მოუვიდა _ თქვენი შერიგება გვიამაო, კარგი გიქნიათო და ბატონიშვილი თინათინი დიდის პატივით გამოისტუმრეთო“1. თეიმურაზი მიცემული პირობის ერთგული დარჩა, როსტომს კახელი თავადები და თავისი ასული თინათინი გადასცა. ყველა ისინი როსტომმა შაჰთან გააგზავნა. სინამდვილეში, კახელი თავადები და თეიმურაზის ასულიც მძევლები იყვნენ.
თეიმურაზ მეფის მიერ მორჩილების გამოცხადებით კმაყოფილმა შაჰმა თეიმურაზს „ათასი თუმანი თეთრი და ათასი თუმნის ხალათი გაუგზავნა და კარგი საიმედო რაყამი მისწერეს, ასე რომ, რაც ამას წინათ შეგიცოდებიაო, ყველა შეგვინდვიათო და ამას უკან შენ და როსტომ მეფე შერიგდითო, ჩვენ გვეამებისო და ორთავ მრავალს წყალობას გიზამთო და ასრე კიდევ მეფის როსტომისათვის ებრძანა“2.
დამყარებული მშვიდობა როსტომმა ნაყოფიერად გამოიყენა. მან ქართლის ის თავადები, რომლებიც ერთ დროს თეიმურაზის მომხრეები იყვნენ, შემოირიგა. მაგრამ მშვიდობიანობამ დიდხანს არ გასტანა. თეიმურაზი ვერ ეგუებოდა როსტომის ქართლში ბატონობას და ყოველი საშუალებით ებრძოდა. მას მხარს უჭერდა ქართლის მსხვილი თავადების ერთი ნაწილიც. მათ ხან შეიარაღებული გამოსვლა მოაწყეს, ხან შეთქმულების გზით როსტომის მოკვლა მოინდომეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს3.
1. იქვე.
2. იქვე.
3. იქვე, გვ. 245-251.
როსტომს, როგორც ჩანს, უნდოდა თეიმურაზთან ერთხელ და სამუდამოდ ურთიერთობა მოეგვარებინა, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ ვითარებაში ბრალს მთლიანად თეიმურაზს აკისრებდა, ქვეყანაში მშვიდობის დამყარებისათვის, მზად იყო დათმობებზე წასულიყო. მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობა მოსახლეობის ყველა ფენის ინტერესებში შედიოდა. ასე აღწერს როსტომი თეიმურაზის მოქმედებას და თავის პსუხს: „იყო კახი ბატონი იმარეთს. ჩხუბისა და ავი საქმისაგან თავი არ აიღო და არც დასწყნარდა: კახეთში ჩამოვიდა მთის გზიდამე. მრავალს ადგილს ჩ˜ნი თავს დასხმა და ღალატი მოინდომა და ჩ˜ნ განაღამც ბატონის სისხლსა ვსთხოვდით და ქუეყანას ურბევდით და ბევრი ავი საქმე უყავით“1.
საინტერესოა, რომ როსტომი თეიმურაზს სვიმონ-ხანის მოკვლისათვის სასისხლოს სთხოვდა და ამისათვის „ქვეყანას“ ურბევდა. გამოდის, რომ როსტომს თეიმურაზთან რაიმე პოლიტიკური პრეტენზია კი არა ჰქონდა, არამედ უსამართლოდ შელახული გვაროვნული ღირსების აღდგენა უნდოდა და ამისათვის მატერიალურ კომპენსაციას ითხოვდა. ერთი პირობა, მათ შორის კათალიკოსი, ბერები, ერისთავები და თავადები ჩადგნენ, მათი მორიგება სცადეს და კომპრომისული წინადადება შესთავაზეს: მეფეებს შორის ორი წლის განმავლობაში ყოველგვარი სამხედრო დაპირისპირება უნდა შეწყვეტილიყო, ამის შემდეგ კი სასამართლო მოეწყობოდა და რასაც გადაწყვეტილებას მიიღებდა „ბატონის სისხლი იმგვარად მოიკითხეთო. დაგვიდვა კახმა ბატონმა თეიმურაზ სანდოთ საფიცრით სოფელი გავაზი და სოფელი კისისხევი, ჩუენის თავადისშვილებისა და გლეხების მოცემას დაგუპირდეს. ჩუენც რომელიც საფიცარი მივეცით და ან პირობა და დაუდევით ყუელაკა გაუთავეთ, და კახმა ბატონმა რაც პირობა და ფიცი მოგუცა არც ერთი არ გაათავა“ _ გადმოგვცემს როსტომ მეფე2.
1. ქრონიკები, II, გვ. 463.
2. იქვე.
მოჰამედ თაჰერის მიხედვით, როსტომის წინააღმდეგ რამდენიმე შეთქმულება მოეწყო, რომელთა ორგანიზატორი კახეთის მეფე თეიმურაზი იყო, რომელსაც ქართლის ტახტის დაბრუნება უნდოდა. შეთქმულება 1642 წლის ახლო ხანებში მოეწყო, რომელშიც მოჰამედ თაჰერის მიხედვით, მონაწილეობდნენ ზაალ არაგვის ერისთავი, ნოდარ და იოთამ ამილახვრები. სპარსელი ისტორიკოსი შეთქმულების მიზეზს არ ასახელებს. შეთქმულებმა მკვლელი მიუგზავნეს როსტომს, მაგრამ მისმა მცველებმა შეიტყვეს და მკვლელმა გაქცევით უშველა თავს1.
უფრო ფართო და ორგანიზებული იყო მეორე, 1642 წლის შეთქმულება. თეიმურაზმა „იდუმალ კი უფრო გააღვივა შფოთის ცეცხლი და ზაალ ერისთავთან, ნოდართან და ქართლის კათალიკოზთან ერთად, რომელიც იმ ურწმუნოთა სრულუფლებიანი პირი და წიმამძღვარია, გადასწყვიტა, რომ როსტომ-ხანი მოეკლათ, მათ ამ საქმეში მოკავშირედ გაიჩინეს მელიქი ყორხამასი, სომხითის მელიქ ათაბეგის შვილი“2. როგორც მოჰამედ თაჰერის ნათქვამიდან ჩანს, შეთქმულებს, რაიმე გარკვეული მიზეზი როსტომის მოკვლისა არ ჰქონდათ. მაშინ, როდესაც ფარსადან გორგიჯანიძე გვამცნობს: როდესაც უშვილო როსტომს მისივე თხოვნით შაჰმა მემკვიდრედ მისი ბიძაშვილის შვილი ლევანი გამოუგზავნა, ამით უკმაყოფილო გიორგი გოჩაშვილი, რომელიც ქართლის მეფობას თვითონ უმიზნებდა, თეიმურაზმა და ზაალ არაგვის ერისთავმა წააქეზეს, გადაიბირეს კათალიკოსი დიასამიძე, რევაზ ბარათაშვილი და სომხითის მელიქი ყორხმაზბეგი. ისინი ყველანი „გოჩაშვილს ატყუებდენ, თორადა ყველას მეფობა ბატონის თეიმურაზისათვის უნდოდა“. როსტომი მაშინ ცხირეთს იდგა, შეთქმულები მის გამოტყუებას და ბრძოლაში მოკვლას ფიქრობდნენ, მაგრამ ყორხმაზბეგმა როსტომს შეთქმულების მზადების შესახებ აცნობა. როსტომი სასტიკად გაუსწორდა შეთქმულების მონაწილეებს, თეიმურაზი კახეთში დაბრუნდა. როსტომმა ყოველივე შაჰს მისწერა, რომელმაც მრავალი საჩუქარი და ადამ სულტან ანდრონიკაშვილი, მისი დისშვილი, დიდი ლაშქრით გამოუგზავნა. შაჰის ბრძანება იყო: „ვინც როსტომ მეფის ურჩია და მაწყინარი, შვადამ ამოიღონ და ბატონი თეიმურაზ გაგდონ და მისს ალაგზედ კახეთში ადამ სულტან გააბატონონ“3? თეიმურაზი კვლავ იმერეთში გადავიდა.
1. მოჰამედ თაჰერი, გვ. 380.
2. იქვე, გვ. 381,
3. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 250; Mმოჰამედ თაჰერი, გვ. 381-382.
1642 წელს თეიმურაზ მეფემ ქართლის სამეფოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოსკოვის ელჩს ე. მიშეცკის უთხრა, რომ როსტომ მეფის მმართველობით შეწუხებულმა მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებმა იგი სათათბიროდ მიიწვიეს და, როდესაც რუს ელჩებს მოსკოვში გაუშვებს, მაშინვე წავა ქართლელებთან სათათბიროდ. თეიმურაზის მიხედვით, როსტომს ირანიდანაც მხარდაჭარა აღარ ჰქონდა. ამიტომ იგი იძულებული გახდა თეიმურაზისათვის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება შეეთავაზებინა1.
კახეთის მეფის ეს ბოლო ნათქვამი, როსტომისაგან მშვიდობის შეთავაზების შესახებ, დასტურდება ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით. როსტომ მეფემ თეიმურაზს შეუთვალა, რომ მათ შორის მშვიდობის დამყარებისათვის მოლაპარაკებაში ჩაერთოთ იმერეთის მეფე, ოდიშისა და გურიის მთავრები და ახალციხის ფაშა, „გავიბრჭნეთ და შევრიგდეთო, ჩვენც მოვისვენოთო და ქვეყანანიც მოვასვენოთო“. მაგრამ თეიმურაზმა უარყო ეს წინადადება. ის სოფლებიც, რომლებიც დროებითი მშვიდობისათვის ჰქონდა ჩადებული ისევ წაართვა, მოხელეებიც გამოუყარა და როსტომს შუთვალა: „შენის ძმისწულის მეფის სვიმონის მკვლელი ზურაბ ერისთავი იყო და მე მოვჰკალო, თქვენ კიდეც უნდა დამიმადლოთო, თოარადა ჩემთან სხვა რა საბჭო გაქვთო. თქვენი მესისხლე ეგ არისო... თუ სისხლს ჰკითხულობო, მესისხლის ძმებსა და სახლის კაცებს მოჰკითხეთო“ 2.
მეფეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. როსტომი თეიმურაზს პირობის შეუსრულებლობაში სდებდა ბრალს. ორივე მხარე გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა. თეიმურაზი დამარცხდა. მისი ერთადერთი ვაჟი დავითი ქიზიყში ყიზილბაშებს ტყვედ ჩაუვარდათ და მოკლეს. ეს იყო როსტომის უდიდესი გამარჯვება.
როსტომის სიგელში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, ოფიციალურად მუსლიმანი მეფის მიერ, თეიმურაზზე გამარჯვებისათვის სვეტიცხოვლისათვის მადლობის გადახდა: „შემოგიარეთ სუეტო ცხოველო ღვთივ აღმართებულო, მოვედით კარსა თქუენსა და ღაღადებით შენგან შეწევნა ვითხოვეთ... კურთხეულხარ ძლიერო და უძლეველო ყოვლისმპყრობელო ღ˜თო, რომე სიდიდე და სამართალი შენი ყოველსა კაცს დაანახუე“3.
1. Посольство князя Мышецкого и дьяка Ключарева в Кахетию (1640-1643). Издание М. Полиевктова, Тб., 1928, с. 151-152.
2. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 255.
3. ქრონიკები, II, გვ. 463.
თეიმურაზი შეპყრობასა და სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ დაკარგა რაც კი რამ გააჩნდა. თეიმურაზის უბედურების ამგვარ ფონზე, ფარსადან გორგიჯანიძე გადმოგვცემს როსტომის რაინდული ბუნებისათვის დამახასიათებელ ერთ მაგალითს: დამარცხებული თეიმურაზი ყველამ, თავისმა კახელებმაც კი მიატოვეს, მას წასასვლელი გზა და გადაადგილების საშუალება აღარ აქვს. ამ დროს როსტომთან მივიდნენ კახელები და თეიმურაზის შეპყრობა შესთავაზეს. „ეს მეფემ უწყინა და ავად ჩამოართვა და ასე უბძანა_ იმისი დაზრდილნი ხართო, იმას რა კარგი უყავითო, რომ ჩვენ გვიყოთო. დაჭირვა შორს დაიჭირა... მეფემ წამოთქვა და ბრძანა: რა ქვეყანა დაარსებულაო, ამგვარი მუხანათობა კახთ თავის ბატონზედ არ უქმნიათო, რომ ახლა ბატონს თეიმურასზედ ქნესო“1.
როდესაც თეიმურაზს როსტომის ნათქვამი მოახსენეს (სავსებით მოსალოდნელია ისინი როსტომის მიერ მიგზავნილნი იყვნენ), ამის შემდეგ თეიმურაზის მეუღლე, დედოფალი ხორეშანი, რომელიც როსტომის ბიძაშვილი იყო, მას ეწვია და იმერეთისკენ გზის მიცემა და ცხენი და ჯორი სთხოვა. როსტომმა კახეთის მეფე-დედოფალს ყველაფრით ხელი გაუმართა და იმერეთისკენ გაისტუმრა. თვით როსტომი ამ ეპიზოდს შემდეგნაირად გადმოგვცემს: „ბატონს თეიმურაზს ბიძის ჩ˜ნის მეფის სვიმონის ქალი ედგა; მოვიდა დ˜ფლი ხურაშან და მუხლს გამოგუეხეა, ამას გუეხუეწა, თუ ერთი წუეთი სისხლი გუაპატივე და შენს სიძეს გზა დაანებეო. რადგან ბიძის ქალი იყო ჩ˜ნი აღარა გაეწყობოდა რა, გზა მივეცით და იმერეთს გავაგდეთ: კახნი და დარბაისელნი ერთგულობაზე ვაფიცეთ და კახეთი ნასისხლად დავიჭირეთ, ყაენს მახარობელი გაუგზავნეთ და გამხიარულებულიყო, კახეთი ყაენმაც გვიბოძა“2.
ფარსადან გორგიჯანიძის მონათხრობი როსტომის ჰუმანიურობის შასახებ, გარკვეული გაგებით, სიმართლეს შეეფერება. ფარსადანი თავის თხზულებაში რამდენჯერმე აღნიშნავს ამის შესახებ3. ერთი რამ ცხადია, როდესაც როსტომი საქართველოში მოვიდა 67 წლისა იყო და, ბუნებრივია, მას ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება ჰქონდა.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 256.
2. ქრონიკები, II, გვ. 464.
3. აი ორიოდე მაგალითი: „მეფე (როსტომი _ ე. მ.) ანაგებად გულმოწყალე კაცი იყო და ადრე შეუნდობდა ორგულთა და დამნაშავეთა. გაჭირებულთა და შეღონებულთა შველა იცოდა, მედიდურთ პატივის მდები იყო, ნამეტნავად მანდილოსანთა. ქვრივ ობოლთა და გლახათ სარჩოს გაუჩენდა, ნამეტნავად თავისიანთა“ (გვ. 245). „მეფე (როსტომი _ ე. მ.) მრავალგვარად ნაცადი და აუჩქარებელი, ჭკვიანი, მონახული ბატონი ბრძანდებოდა, ქვეყნის აშლას და ჯარის არევას ერიდებოდა, თავად ყმათ დაფრთხობა არ უნდოდა“ (გვ. 246). ფარსადან გორგიჯანიძის როსტომისადმი სიმპათიების გამომჟღავნება სრულიად გასაგებია. იგი როსტომის კარზე აღიზარდა, მისი დიდი ნდობით სარგებლობდა და მის დავალებებს წარმატებით ასრულებდა. ქართლში გამეფებული როსტომი კვლავ ისპაანის მოურავად ითვლებოდა. ბუნებრივია, როსტომი ამ საპასუხისმგებლო სახელოს ჯეროვნად ვერ გაუძღვებოდა. მან შაჰს თავის შემცვლელად ფარსადანის კანდიდატურა შესთავაზა. შაჰი დასთანხმდა იმ პირობით, რომ ფარსადანი ისლამს მიიღებდა. მან შაჰის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ისპაანის მოურავი გახდა. ფარსადანმა თავი ვერ გაართვა თავის მაღალ თანამდებობას, მას მექრთამეობაში დასდეს ბრალი და მალე გადააყენეს (მოჰამედ თაჰერი, გვ. 386; მამისთვალიშვილი ე., გორის ისტორია, II (1801-1921), გორი, 1999, გვ. 371-372).
ვახუშტი ბატონიშვილის დახასიათებით, „ხოლო ესე როსტომ იყო მოჰმადიანი და მუნ აღზრდილი, რამეთუ, ოდეს მოვიდა მეფედ, ჲ˜ზ წლისა იყო, საქმით ხუანჯიანი სოფლის, ფრიად ჭკუიანი, მორჭმულ-მდიდარი; რამეთუ ჰქონდა ყულარაღასობა ყეენისა, მოურაობა ისპაანისა და ნიჭვიდა ყეენი ურიცხუსა, და უხმობდა მამად“1. იგი უფრთხილდებოდა ქვეყნის მოსახლეობას და ცდილობდა სამეურნეო ცხოვრება მშვიდობიანად განვითარებულიყო. როსტომ მეფე და დედოფალ მარიამი დიდ ყურადღებას იჩენდნენ ეკლესია-მონასტრებისადმი და მამულებსა და ყმებსაც სწირავდნენ2. ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც განსაკუთრებული, თითქოს არაპროგნოზირებადი იყო როსტომის მოქმედება თეიმურაზის მიმართ, რაც ერთი შეხედვით გაკვირვებასაც იწვევს. როსტომის თეიმურაზისადმი „ლმობიერ“ დამოკიდებულებას სწორი ახსნა მოუძებნა გ. ჯამბურიამ: „საფიქრებელია, რომ როსტომის საქციელი უნდა აიხსნას არა მისი „რაინდობით“, არამედ უფრო სხვა და ღრმა მიზეზებით. ჭკვიანი პოლიტიკოსი როსტომი, ეტყობა კარგად გრძნობდა, რომ თეიმურაზის ენერგიული ბრძოლა ირანის წინააღმდეგ რამდენადმე განაპირობებდა შაჰის შედარებით ლოიალურ პოლიტიკას ქართლისა და თვით როსტომისადმი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თეიმურაზი აღარ იქნებოდა და კახეთში ყიზილბაში ხანი დაჯდებოდა, ირანი როსტომისაგან უფრო მეტს მოითხოვდა _ ე. ი. ეცდებოდა ქართლიც, კახეთის მსგავსად, სახანოდ გადაექცია და შესაძლოა თვით როსტომიც ყიზილბაში ხანით შეეცვალათ. შაჰის გადაწყვეტილება, კახეთი როსტომისათვის გადაეცა, უთუოდ იმან განაპირობა, რომ თეიმურაზი შეპყრობილი არ იყო და მას კიდევ ჰქონდა საშუალება ბრძოლის გაგრძელებისა. ასეთ ვითარებაში შაჰისთვის როსტომი ყველაზე მეტად სასურველი კანდიდატი იყო, რომლის ზომიერი პოლიტიკა როგორც ირანისათვის, ისე ქართველებისათვის ასატანი იყო“3.
თეიმურაზის კახეთიდან განდევნის შემდეგ, როსტომი ქართლ-კახეთის მეფე გახდა. საბოლოოდ როსტომმა გაიმარჯვა, რაც მის მიერ ქართველობისადმი გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგი იყო. როსტომმა ქართულ საზოგადოებრივი და სამეურნეო წყობა უცვლელად დასტოვა. „მის დროს არც ქრისტიანობა განიცდიდა დევნას, გამაჰმადიანება უმთავრესად ფეოდალ მოხელეთა უმაღლეს წრეებს ეხებოდა. სამაგიეროდ ქვეყანა დიდი ხნის ნანატრ მშვიდობიანობას ეღირსა“4.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 438.
2. ვახუშტის მხედველობიდან არ გამორჩენია როსტომის მმართველობის უარყოფითი შედეგები. კერძოდ, ის მიუთითებდა ირანიდან როსტომს თანმოყოლილი გამაჰმადიანებული ქართველების მიერ ქართული საზოგადოებისათვის უცხო ჩვეულებების შემოტანა და მათი გავრცელება: „ამათით შეერიათ ქართველთა განცხრომა, სმა-ჭამა ყიზილბაშური, სიძვა, მრუშება, ტყუვილი, ხორცთ-განსუენება, აბანო, კეკლუცობა უგვანი, მეჩანგე, მგოსანი, რამეთუ ამათ საქმეთა მოქმედთაგან კიდე არავის სცემდენ პატივსა და მიდრკენ, ვიდრე მღუდელმთავარნიცა და ჰყოფდენ უჯეროთა“. იქვე, გვ. 439.
3. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 325.
4. ბერძენიშვილი ნ., ჯავახიშვილი ივ., ჯანაშია ს., საქართველოს ისტორია, გვ. 348.
როსტომ მეფის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის შეწავლისათვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის და, იმავე დროს, საკამათო საკითხია, მის მერ მოსკოვში გაგზავნილი ელჩობის მიზნის დადგენა. სირთულე იქმნება ამ ელჩობის ამსახველი დოკუმენტის სიმცირე.
მ. პოლიევქტოვის მიერ მოძიებულ დოკუმენტში დასახელებულია როსტომ მეფის ელჩი მაჰმედ-ხან ბეგი, რომელიც მოსკოვში ჩავიდა და ხელმწიფეს მდიდრული საჩუქრები მიართვა1.
როგორც ი. ცინცაძე სავსებით სწორად შენიშნავდა, „ერთ გარემოებას მაინც ხაზი უნდა გაესვას _ როსტომ მეფის საგარეო პოლიტიკა ჩვენს ხელთ არსებული ძეგლებით, გარეგნულად მაინც, ისეთი თანმიმდევრული მოჩანს, რომ ელჩებისა და საჩუქრების რუსეთში გაგზავნა ირანის შაჰთან შეთანხმების, ან თვით შაჰის დავალების გარეშე მომხდარი ფაქტი არ უნდა იყოს. ამ აზრს აძლიერებს ის გარემოება, რომ როსტომ მეფის ამ ელჩობის გამო შედგენილი საქმე საგარეო საქმეთა საგანგიოში შესანახად „Дела грузинские“-ს ფონდში კი არ მოხვდა, არამედ „Дела Персидские“-ს ფონდში“2. ეს კი, ი. ცინცაძის აზრით, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ რუსეთში ამ ელჩობას ირანის ვასალის მიერ გამოგზავნილად თვლიდნენ, რაც სრულ სიმართლეს შეეფერებოდა.
1. 4 შესანიშნავი ცხენი, ორი ათ-ათ არშინიანი ხალიჩა, 2 ცხრა-ცხრა არშინიანი ფარდაგი, ცხენის 2 თეთრი გადასაფარებელი დამზადებული კონსტანტინოპოლში, სუფრის ორი ძვირფასი გადასაფარებელი, 2 დიდი ვეფხვის ტყავი, ორი მოქარგული თოქალთო1 ასევე კონსტანტინოპოლში დამზადებული, ინდური ნახელავი ოქრომკერდით მოქარგული მშვილდის ბუდე, ინდური ოქროსვარაყიანი მშვილდი, ინდური ექვსწახნაგა იარაღი ოქრო-ვერცხლით მოსევადებული, თათმანები, ესპანური ფოლადის ძვირფასი სატევარი ოქრო-ვერცხლით მოსევადებული, ესპანური ხელნაჯახი ოქრო-ვერცხლით მოსევადებული, თავრიზული თოფი ძვირფასად შემკული, 8 ნაჭერი ეზდის ზოლებიანი ფარჩა, 3 თურქული, მოოქრული და თვლებით შემკული დოლი, ოთხი ფირუზით გაწყობილი სამკაული, პატრიარქისათვის ერთი ჯორი. Полиевктов М., К вопросу о сношениях Ростома Карталинского с Москвою. „ენიმკის მოამბე“, V-VI, 1940.
2. ცინცაძე ი., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის წარსულიდან. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, I, თბ., 1955, გვ. 260.
უკვე აღინიშნა, რომ როსტომ მეფის მიერ ელჩის გაგზავნა მოსკოვში, ფრიად საინტერესო და იმავე დროს მოულოდნელი იყო. როსტომმა, რა თქმა უნდა, იცოდა მისი უმთავრესი მეტოქის, თეიმურაზის ურთიერთობა მოსკოვის სახელმწიფოსთან. მან, როგორც ითქვა, ძლიერ განიცადა თეიმურაზის მიერ უფლისწული ერეკლეს მოსკოვში გაგზავნა და სცადა კიდეც მისი ამ გეგმის ჩაშლა. უმემკვიდრო როსტომმა ვერ შეეგუებოდა ქართლის, ან კახეთის, ან ქართლ-კახეთის ტახტი მოსკოვში გაზრდილ და, შესაბამისად, მოსკოვის ორიენტაციის მქონე ბატონიშვილ ერეკლეს დაეკავებინა. სერიოზულად დაზიანდებოდა ირანის ინტერესები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. შეიძლება როსტომი ასე უხსნიდა შაჰს ერეკლე უფლისწულის მოსკოვში გაშვების უარყოფით შედეგს. თუმცა შაჰს რა ახსნა უნდოდა. მოვლენის ასე განვითარება აღმოსავლეთ საქართველოში, მისთვის ისედაც ნათელი იქნებოდა. როსტომს სხვა რამეც აწუხებდა. მას უნდოდა ქართლში თავისი გამეფება ისე წარმოეჩინა, როგორც კანონიერი მემკვიდრის, როსტომის, მიერ უსამართლოდ დაკარგული ტახტის დაბრუნება.
არავითარი წერილობითი ცნობა არ გაგვაჩნია, მაგრამ უეჭველი მგონია, რომ როსტომისა და შაჰ აბას II-ის მიერ შემუშავდა გეგმა, რომლითაც ქართლის სამეფოს რუსეთთან დიპლომატიური კონტაქტი იმდაგვარად უნდა წარმოჩენილიყო, ვითომდაც როსტომი დამოუკიდებლად, შაჰის კარისაგან საიდუმლოდ, ამყარებდა დიპლომატიურ ურთიერთობას მოსკოვთან.
ჯერ მ. პოლიევქტოვმა, მასზე დაყრდნობით კი ი. ცინცაძემ, განავითარეს მოსაზრება, რომ როსტომს თავისი საიდუმლო აგენტის საშუალებით კავშირი ჰქონდა იმერეთში მყოფ მოსკოვის ელჩ ნიკიფორე ტოლოჩანოვთან, რაც თეიმურაზისათვისაც ცნობილი იყო. თითქოს ამიტომ ემუქრებოდა დევნილი მეფე რუს ელჩს, რომ იგი სახინკლე ხორცივით აკუწვას იმსახურებდა. Aნიკიფორე ტოლოჩანოვის გამყიდველობის შესახებ თეიმურაზმა მოსკოვის მეფესაც აცნობა: იგი მეორე მხრისაგან ფულს იღებდაო1. მაგრამ თეიმურაზი არ აზუსტებს, ვინ იყო ის ვინც, იმისათვის, რომ თეიმურაზისა და რუსი ელჩების მოლაპარაკება ჩაშლილიყო და უფლისწული ერეკლეს მოსკოვში წასაყვანად ტოლოჩანოვს გაზაფხულამდე არ დაეცადა, ამ უკანასკნელს ფულს აძლევდა? მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებას თუ გადავხედავთ, უეჭველია ყურადღება როსტომზე შეჩერდება.
1. Переписка, с. 70.
მ. პოლიევქტოვმა, როსტომსა და ტოლოჩანოვს შორის იმ კურიერად, ვისაც საიდუმლო წერილები მიმოჰქონდა, სომეხი ვაჭარი შეშუ მიიჩნია. მან ელჩებს რუსულად დაწერილი ბარათი მიუტანა და განუცხადა, რომ ეს ბარათი თბილისადან ჩემმა კაცმა ჩამოიტანაო1.
ნიკიფორე ტოლოჩანოვი იმ წერილის ავტორსა და შინაარსსაც გვამცნობს: წერილი დაწერილი იყო რუსი ხატების მხატვრის ივანე დანილოვის მიერ, რომელიც როსტომ მეფის ტყვეობაში იყო და რაიმე საშუალებით განთავისუფლებას ითხოვდა. ის ელჩებს იმასაც ატყობინებდა, რომ `მეფეების თეიმურაზ და ალექსანდრე მეფეების და მათი სამეფოების შესახებ ბევრი რამ იცის, რაც მის უდიდებულესობას სრულ[იად] რ[უსეთის] ხ[ელმწიფე] მ[ეფის] და დ[იდი] მ[თავარის] ა[ლექსი] მ[იხეილის] ძის საქმეებს შეეხებაო“2.
რუსი ხატმწერები კოსტრომელი ივანე დანილოვი და ყაზანელი სემიონ სავინი თედორე თედორეს ძე ვოლკონსკის და არტემ ხვატოვის ელჩობას ჩამოჰყვნენ საქართველოში და თეიმურაზის თხოვნით აქვე დარჩნენ. მოსკოვიდან საქართველოსკენ მომავალ რუს ელჩებს მიშეცკისა და კლუჩარევს დაევალათ, რომ უკან წამოსვლისას ხსენებული მხატვრები მოსკოვში წაეყვანათო3. როგორც ჩანს, დასახელებულმა ელჩებმა, 1643 წელს, უცნობი მიზეზის გამო, დავალება ვერ შეასრულეს. სავარაუდოა, მხატვრები თეიმურაზმა არ გაუშვა. თეიმურაზის იმერეთში გადასვლის შემდეგ მხატვრები როსტომის ტყვეობაში აღმოჩნდნენ. დანილოვს სამშობლოში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ისეთი დაბრკოლება შეექმნა, რომლის მოგვარება ტოლოჩანოვმა და იევლევმა ვერ შეძლეს. დანილოვთან ერთად ჩამოსული მეორე მხატვარის შესახებ არაფერია ცნობილი. როგორც ჩანს, შაჰ აბას I-ის ლაშქრობების დროს დაზიანებული ეკლესია-მონასტრების აღდგენით დაინტრესებულ როსტომ მეფის მეუღლეს მარიამ დედოფალსაც ოსტატის გაშვება არ უნდოდა.
1. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 77.
2. იქვე. შემოკლებათა გახსნა ჩემია _ ე. მ.
3. Посольство князя Мышецкого и дьяка Ключарева в Кахетию (1640-1643). Издание М. Полиевктова, Тб., 1928, с. 53.
რუსი ელჩები თბილისელ ვაჭრებს საიდუმლოდ მოელაპარაკნენ და ივანე ოსტატის გამოსყიდვა სთხოვეს. ვაჭრებმა განაცხადეს: „თბილისის ხანი როსტომი მაჰმადიანია, მაგრამ ცოლი მისი ქრისტიანად იწოდება და ახლა მისი ბრძანებით ეს ივანე ოსტატი დანილოვი ტაძრის კედლის მოხატვაზე მუშაობს, სადაც მას საგანგებო მცველები სდარაჯობენო“1.
იმავე დღეებში სომეხმა ვაჭარმა შეშუმ ელჩებს კიდევ გადასცა ივანე დანილოვის სამი წერილი, რომლებშიც, კვლავ, მის განთავისუფლებაზე თხოვნა იყო. „იმავე მხატვრისაგან გადმოგვცა რუსულად ნაწერი ბოიარის, თავად ივანე ბორისის ძე ჩერკასკის პასუხი, _ ამბობს ტოლოჩანოვი, _ მიტროპოლიტად წოდებული ნიკიფორე ქართველი ელჩი რომ მოსკოვში იყო“2.
მ. პოლიევქტოვი ფიქრობდა, თითქოს როსტომის მიერ ინსპირირებულმა დანილოვმა ტოლოჩანოვს გაუგზავნა ნიკიფორე მიტროპოლიტის ჩერკასკისთან საიდუმლო მოლაპარაკების ოქმი3. სინამდვილეში ნიკიფორესა და ჩერკასკის შორის მოლაპარაკება კი არა, ჩერკასკის მიერ ნიკიფორეს საიდუმლო საკითხების „გამოკითხვა“ იყო. „გამოკითხვა„ შედგა 1636 წლის 26 მაისს. მას ესწრებოდა დიაკი ფეოდორ ლიხაჩევი4. „გამოკითხვის“ დროს რუსმა მოხელეებმა ნიკიფორესაგან მოისმინეს ყველა იმ საკითხების შესახებ, რითაც დაინტერესებული იყო ქართული მხარე, რა მოთხოვნებსაც იგი აყენებდა. საუბრის დასრულების შემდეგ, ყოველივე, რაც საიდუმლოდ ჩაითვალა, „განსაკუთრებით ჩაწერილი და აკინძულია [ნიკიფორეს] ადრე ნათქვამებთან ერთად“5.
დგება კითხვა: რა მნიშვნელობა ჰქონდა დანილოვის მიერ რუსი ელჩებისათვის მიწოდებულ მასალებს ნიკიფორე ბერძენის მოსკოვში საქართველო-რუსეთისათვის საინტერესო საიდუმლო საკითხებზე მოლაპარაკების შესახებ, როდესაც ამ მოლაპარაკების მასალები რუსი დიპლომატებისათვის ხელმისაწვდომად დაცული იყო მოსკოვში საგარეო საქმეთა პრიკაზში? ბუნებრივია, რუსი დიპლომატისათვის ამგვარი ცნობები ფასეული არ იქნებოდა. ამიტომ სამართლიანია ვიფიქროთ მეორე ვარიანტზე: ნიკიფორე ტოლოჩანოვი როსტომს აწვდიდა ცნობებს, თეიმურაზსა და ალექსანდრესთან თავისი მოლაპარაკების, განსაკუთრებით კი ბატონიშვილი ერეკლეს მოსკოვში გაგზავნის თაობაზე. ამგვარი ინფორმაციის მოპოვებით დიდად დაინტერესებული იყვნენ როგორც როსტომი, ისე შაჰ აბას II (1642-1666). უეჭველია, გასაიდუმლოებული, დიპლომატიური მოლაპარაკების მასალების გაცემისათვის ნიკიფორე ტოლოჩანოვი ფულს იღებდა „მეორე მხრისაგან“, რომელშიც შეიძლება მხოლოდ როსტომ მეფე ვიგულისხმოთ. საფიქრებელია, თეიმურაზის მუქარა ნიკიფორე ტოლოჩანოვის მექრთამეობისათვის დასჯის გამო, სწორედ ამით იყო განპირობებული6.
1. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 77.
2. იქვე.
3. Полиевктов М., К вопросу о сношениях Ростома Карталинского с Москвою. ენიმკის მოამბე, V-VI, 1940.
4. Полиевктов М., Материалы, с. 121
5. Там же, с. 123-124.
6. არც ნიკიფორე ტოლოჩანოვი დარჩა ვალში თეიმურაზ მეფის წინაშე და ელჩობის „მუხლობრივ აღწერილობაში“ ცდილობდა თეიმურაზი წარმოეჩინა იმ პოლიტიკურ მოღვაწედ, რომელსაც პატივს არ სცემდნენ ქართველებიც კი. მისი თქმით, მაშინ, როდესაც თეიმურაზი სრულიად გასაგები მიზეზების გამო, თავს იკავებდა ერეკლე უფლისწულის მოსკოვში გაგზავნაზე, ვითომდაც ალექსანდრე III-ს ნიკიფორე ტოლოჩანოვისათვის შეუთვლია: „თეიმურაზის საქმეებთან მე ხელი არა მაქვსო, მის ჩვეულებას კარგად ვიცნობო, ეს პირველი არ არის, მისგან დანაპირების შესრულება ჯერ არავის გვინახავსო“ (ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 77). თეიმურაზს რომ შეეძლო რუსი ელჩებისათვის ტყუილი ეთქვა, ნიკიფორე ტოლოჩანოვის გადმოცემით, ამის შესახებ, ვითომ, ალექსანდრე მეფეს მთარგმნელი ივანე ბოიარჩიკოვისათვის უთქვამს, რომ „თუ ვინიცობაა მეფე თეიმურაზმა თავისი შვილიშვილის დიდ ხელმწიფესთან გაშვებაზე თანხმობა განაცხადოს, მაგრამ მიზეზად ის მოიდოს, რომ სახსრები არა აქვს და ცარიელი ხელით უფლისწულს ვერ გაამგზავრებს, ამის გამო მოლაპარაკებაზე ელჩები ნუ დაიშლებით, მე ჩემი ხაზინიდან საჭირო სახსრებს გავიღებ და დიდ ხელმწიფესთან მის უფლისწულს მე გავისტუმრებო“(იქვე, გვ. 79)
როგორც ითქვა, 1652 წ. აგვისტოში, დაპირების თანახმად, თეიმურაზმა ერეკლე/ნიკოლოზი თავის დედა ელენე დედოფალთან და ასკაციან ამალასთან ერთად მოსკოვს გააგზავნა. მგზავრებს დიდი უბედურება დაატყდათ თავს. ჩერკასსა და თერგს შორის მათ თავს დაესხნენ როსტომის მიერ წაქეზებული ყუმუხების რაზმები, რომლებმაც უფლისწულის ამალის წევრების ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი დაატყვევეს, ხელთ იგდეს მათი მთელი ავლადიდება1. მაგრამ გადარჩენილებმა, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მეთაურობით, უფლისწულისა და დედოფლის თერგის ციხეში მიყვანა შესძლეს. უფლისწულმა თერგიდან მოსკოვში გაგზავნა ბერი თეოფანე, რომელმაც ხელმწიფეს წერილი მიართვა იმ უბედურების აღწერით, რომელიც უფლისწულს, თერგის მიდამოებში დეოდფალსა და მათ თანმხლებლებს დაატყდათ. ხელმწიფემ, დაზარალებულებს, იმავე თეოფანეს ხელით გაუგზავნა ზოგიერთი აუცილებელი რამ და ერეკლეს მისწერა, რომ ბოიარ ი. პ. პრონსკისა და ასტრახანის ვოევოდებს დაავალა, უფლისწული და დედოფალი ასტრახანში მიეღოთ და გაზაფხულზე მოსკოვში გასამგზავრებლად საჭირო გემებითა და გამცილებლებით უზრუნველეყოთ 2.
ერეკლესა და მის ამალაზე თავდასხმის შესახებ როცა შეიტყო თეიმურაზმა რუსეთის ხელმწიფეს ალექსი მიხეილის ძეს დაუყოვნებლივ გაუგზავნა წერილი, რომელშიც აცნობებდა, რომ ეს თავდასხმა როსტომ მეფის მოწყობილი იყოო: „ყუმიკებს გაუგზავნა დიდი მოსაკითხი და შეუთვალა, რომ თეიმურაზმა თავის შვილიშვილი ბატონიშვილი დედასთან ერთად გაგზავნა, დაიჭირონ და მას გამოუგზავნონ, ის კი მათ ყიზილბაშთა შაჰს გაუგზავნის“3. თავის ადგილას განხილული წყაროებიდან კი ირკვევა, რომ როსტომი და შაჰ აბას II ქართველი უფლისწულის ხელში ჩასაგდებად ან მისი მოსკოვში არ გაშვებისათვის ერთნაირად აქტიურობდნენ.
1. პაიჭაძე გ., მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (1652-1658). „საისტორიო მოამბე“, 19-20, თბ., 1965, გვ. 445.
2. იქვე. Переписка, с. LX-LXI.
3. ნაკაშიძე ნ., წიწამურიდან ბახტრიონამდე, გვ. 188.
ი. ცინცაძის მიხედვით, ცნობილი რუსი საეკლესიო მოღვაწის არსენი სუხანოვის ცნობებზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ როსტომის მიერ მოსკოვში ელჩის გაგზავნის ცნობა სწრაფად გავრცელდა, რამაც მუსლიმან მოსახლეობაში შიში გამოიწვია1. ი. ცინცაძე საინტერესო მოსაზრებას გამოსთქვამს: „მიუხედავად იმისა, რომ როსტომი გამაჰმადიანებული იყო პრინციპულად სრულიადაც მოულოდნელი არ არის როსტომის რუსეთზე ორიენტირების გზად დადგომის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ კი იგი რუსეთს ისე ძლევამოსილად მიიჩნევდა ამიერკავკასიაში, რომ მასზე დაყრდნობით ქართლის სამეფოს არსებობას ისეთი საფრთხე არ დაემუქრებოდა, როგორიც კახეთს შეემთხვა“2.
საეჭვოდ მეჩვენება, რომ როსტომს რაიმე სერიოზული განზრახვა ჰქონდა რუსეთთან პოლიტიკური ან ეკონომიკური კავშირის დამყარების თაობაზე. როსტომის მხრიდან ამგვარი ნაბიჯის გადადგმა შაჰის კარის მიერ აუცილებლად აღიქმებოდა როგორც ღალატი და მოღონიერებულ და დამშვიდებულ ქართლ-კახეთში თეიმურაზ მეფის დროინდელი ყიზილბაშთა თავდასხმები განახლდებოდა. მართებულია ი. ცინცაძის მიერ სხვა ნაშრომში გამოთქმული ვარაუდი, რომ „როსტომის ეს ელჩობა ირანის შაჰის განკარგულების ან თანხმობის გარეშე არ უნდა იყოს მოწყობილი. როსტომი თეიმურაზივით განდგომილი, ირანის მორჩილებიდან გამოსული მფლობელი არ უნდა იყოს, არც ამ წლებში“3.
როსტომ მეფის მიერ მოსკოვში ელჩის გაგზავნა რომ შაჰის კართან შეთანხმებული იყო, გაზიარებულია ყველა მკვლევრის მიერ4.
1. ცინცაძე ი., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის წარსულიდან, გვ. 265.
2. იქვე, გვ. 266.
3. ცინცაძე ი., ვასილ გაგარას და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1965, გვ. 36.
4. Полиевктов М., К вопросу о сношениях Ростома... с Москвою, с. 523; ცინცაძე ი., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის წარსულიდან, გვ. 261; Накашидзе Н., Грузино-русские политические отношения первой половине XVII века, Тб., 1968, с. 177-178; ჯამბურია გ., კომპრომისი ირანისა და ქართლის ურთიერთობაში. როსტომ ხანი და თეიმურაზ მეფე. წიგნში: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 327; ტივაძე თ., ქართლის მეფე როსტომის მიერ 1652 წელს რუსეთში გაგზავნილი ელჩობის საკითხისათვის, „მაცნე“, ისტ. სერია, #3, 1973, გვ. 117-118; კაჭარავა დ., ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები XVII ს-ის I ნახევარში. თეიმურაზ I-ის, გიორგი სააკაძის, როსტომ I-ის დიპლომატია. წიგნში: ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, გვ. 184-185.
უეჭველია როსტომი შაჰის დავალებით მოქმედებდა, მაგრამ იმის დაშვებაც შეიძლება, ჭკვიან როსტომს, რუსეთ-ირანის დაძაბული ურთიერთობის დროს, შაჰისათვის შეეთავაზებინა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში მონაწილეობა თვითონ, ქართლის მეფესაც მიეღო. მისთვის სრულიად ნათელი იქნებოდა, რომ ირან-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის შენარჩუნება გამოიწვევდა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების მოსკოვთან კიდევ უფრო დაახლოებას თეიმურაზის მეთაურობით (XVII ს. 40-იან წლებში ოსმალეთის გავლენის სფეროში მყოფმა იმერეთის სამეფომ რუსეთთან ურთიერთობა დაამყარა, ხოლო 1651 წელს კი მის ქვეშევრდომობაში შევიდა), რაც ხელს არ აძლევდა არც როსტომს და არც შაჰ აბას II-ს. მით უმეტეს, მაშინ როდესაც თეიმურაზმა რუსეთის ხელმწიფესთან უფრო დაახლოებისათვის კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, ერეკლე უფლისწული მოსკოვში გაგზავნა.
რადგან ვერ მოხერხდა ერეკლე უფლისწულის მოსკოვში გაგზავნისათვის ხელის შეშლა, როსტომი და შაჰ აბასი ცდილობდნენ მისი რუსეთის სატახტოში ჩასვლის მნიშვნელობა, რაც შეიძლებოდა შეესუსტებინათ. ამ მიზანს ემსახურებოდა როსტომის მიერ მოსკოვში ელჩის გაგზავნა.
მუსლიმანი როსტომი ხომ ქრისტიანული ქვეყნის მეფე იყო, რასაც რუსეთისათვის მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თანაც მას მონაწილეობა არ მიუღია რუსეთ-ირანის კონფლიქტში. როსტომის ჯარი არ მონაწილეობდა არც იმ სამხედრო ღონისძიებაში, როდესაც შაჰის ბრძანებით, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მუსლიმანი მმართველების, დარუბანდის, დაღესტნის და წახურის რაზმები ხოსროვ ხანის დროშის ქვეშ შეიკრიბნენ და რუსების მიერ აგებული ყველა ახალი ციხე დაანგრიეს. ეს ამბები წინ უძღვოდა ერეკლე ბატონიშვილის მოსკოვში გამგზავრებას. ხოლო რაც ციხე-ქალაქ თერგის სიახლოვეს უფლისწულსა და მის მხლებლებს გადახდა, ამაზე უკვე ითქვა. „ყველაზე მთავარი მაინც ის იყო, რომ ქართლიდან ელჩის გაგზავნით ირანის მთავრობას საშუალება ეძლეოდა ერთხელ კიდევ შეეხსენებინა მოსკოვისათვის, თუ ვის ხელში იყო რეალურად ეს ტერიტორია, რომლის მემკვიდრის იქ ჩასვლასაც აგრერიგად ელოდებოდნენ. „შაჰის პროვინციის ქალაქ თბილისის“ მაჰმადიანი როსტომ ხანისაგან გაგზავნილ მაჰმად ხან-ბეგს უპირველეს ყოვლისა, ჩვენი აზრით, შაჰის ძლიერების დემონსტრირება უნდა მოეხდინა და ეჩვენებინა, რომ მთელი აღმოსავლეთ საქართველო ირანის შემადგენელი ნაწილი იყო. ამ დიპლომატიური ნაბიჯით განსაზღვრული იყო თეიმურაზისა და ერეკლეს პოლიტიკური პრესტიჟის შერყევა“ _ წერდა თ. ტივაძე1.
ასევე მისაღებად მიმაჩნია იმავე მკვლევრის მოსაზრება მაჰმად ხან ბეგის მოსკოვში ელჩობაზე, რომ იგი ოფიციალურად ირანისა იყო და ამდენად როსტომისაგან, როგორც დამოუკიდებელი მეფისაგან რუსეთთან დიპლომატიური კავშირის დამყარების მიზნით ელჩის გაგზავნის დაშვება შეუძლებელია. „ამავე მიზეზით, მაჰმად ხან ბეგის ელჩობის მოთავსება საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ციკლში არ იქნებოდა გამართლებული“2.
1. ტივაძე თ., ქართლის მეფე როსტომის მიერ 1652 წელს რუსეთში გაგზავნილი ელჩობის საკითხისათვის, გვ. 118
2. იქვე.
თუ ელჩობა მხოლოდ ნომინალურად იყო როსტომისა, მაშინ გასარკვევია, რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ ხმებს, რომლებიც ელჩობის მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშერებით გავრცელდა. როგორც არსენ სუხანოვის მოგზაურობის აღწერიდან ჩანს, მთელი ამიერკავკასიის მუსლიმანი მოსახლეობა შეშფოთებული იყო როსტომის მიერ მოსკოვში ელჩის გაგზავნის გამო, რადგან, მათ როსტომის ამგვარი მოქმედება შაჰისადმი ღალატის ტოლფასად მიაჩნდათ. სუხანოვი წერდა: „... თბილისიდან განჯამდე და განჯიდან შემახამდე მომავალ არსენს სხვადასხვა ხალხისაგან გზაზე ასეთი სიტყვები ესმოდა: როცა ჩვენ გვკითხავდნენ თბილისის ამბავს, რა ამბავია თბილისში, ჩვენ ასე გავიგეთ თითქოს როსტომხანი (ირანის) შაჰს განუდგაო, ნუთუ ეს მართალიაო...“1
ვეთანხმები თ. ტივაძეს, რომ ირანის ხელისუფლებას არ აწყობდა ასეთი ხმების გავრცელება, რადგან საქართველოში მისი ერთადერთი დასაყრდენი როსტომის შესახებაც თუ იტყოდნენ, რომ იგი ირანს განუდგა და რუსეთს მიემხრო, ამიერკავკასიაში რუსეთის პოზიციისა და გავლენის გაძლიერებას, შესაბამისად კი, ირანის პოზიციების შესუსტებას გამოიწვევდა2. მაშ რა ჰქონდა ჩაფიქრებული შაჰის კარს. მისთვის ხომ თავიდანვე იყო ცნობილი, რომ როსტომის მიერ მოსკოვში ელჩის გაგზავნა არ დაიმალებოდა?
შაჰისათვის არასასიმოვნო ხმების შეჩერების არავითარი საშუალება არ არსებობდა. ამიტომ შაჰი ამ ხმების თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცადა. მართალი იყო ნ. ნაკაშიძე, როდესაც ფიქრობდა, რომ როსტომის ირანისგან განდგომის შესახებ ხმების გავრცელების ინსპირირებას შაჰი ახდენდა, რათა არაპირდაპირი გზით დაერწმუნებინა რუსეთის ხელისუფლება როსტომის განზრახვის გულწრფელობაში3.
უნდა გავიხსენოთ შაჰ აბას II-ის მიერ 1650 წელს მოსკოვში გაგზავნილი ელჩის მოჰამედ ყული ბეგის მიერ მოლაპარაკებისას ყურადღების გამახვილება როსტომ ხანის მოსკოვის ხელმწიფისადმი განსაკუთრებულ პატივისცემაზე. შაჰის ელჩისგან როსტომ მეფის ქება შემთხვევივითი არ უნდა იყოს. ვფიქრობ ამ დროს შაჰის კარზე უკვე ჩაფიქრებული იყო და პირობები მზადდებოდა ქართლის მეფე როსტომის ელჩის მოსკოვში ჩასვლისათვის.
1. ცინცაძე ი., ვასილ გაგარას და არსენ სუხანოვის ცნობები, გვ. 77.
2. ტივაძე თ., დასახ. ნაშრ., გვ. 119.
3. Накашидзе Н., Ук. труд, с. 177.
როსტომის განზრახვა ადრევე გაუგია თეიმურაზს. გასაგები იყო, რომ როსტომის მიერ მოსკოვში გაგზავნილი ელჩობა მისთვის და ერეკლე უფლისწულისათვის სასიკეთოს არაფერს მოიტანდა. მას მაშინვე თავისი კაცი, ვინმე პაპუნა და მისი თარჯიმანი, როსტომის ელჩობის დისკრედიტაციისა და მისი შეჩერების მიზნით რუსეთში გაუგზავნია. პაპუნამ თერგის ვოევოდებს გადასცა თავისი მეფის თხოვნა მოსკოვისკენ არ გაატარონ როსტომის ელჩი. პაპუნა როსტომს ახასიათებდა, „როგორც გამაჰმადიანებულ ქართველს, ირანის შაჰის მომხრეს, თეიმურაზის მტერს, დავით თეიმურაზის ძის მკვლელს და რუსეთის ერთგული ქართველების წინააღმდეგ საშიშ მებრძოლს“1. მაგრამ თეიმურაზის კაცის მცდელობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მოსკოვის სამეფო კარმა, როგორც ჩანს, თეიმურაზის თხოვნას ანგარიში არ გაუწია და როსტომის ელჩი და მისი ამალა საკმაოდ კარგად მიიღო. რა თქმა უნდა, იქ კარგად მოეხსენებოდათ სინამდვილეში ვისი ინტერესების დასაცავად მიდიოდა როსტომის ელჩი.
სავარაუდოა, შაჰს როსტომის სახელით მოსკოვში გაგზავნილი ელჩის საშუალებით, ნიადაგის მოესინჯვა უნდოდა იმის დასადგენად, შეიძლებოდა თუ არა ირან-რუსეთს შორის ადრე არსებული ურთიერთობის აღდგენა. ელჩს ისეთნაირად უნდა ემოქმედა, რომ შაჰს პრინციპული მონარქის სახე შეენაერჩუნებინა, არავის ეფიქრა, რომ იგი უკან იხევდა რუსეთის წინაშე. როსტომის ელჩის წარმატების შემთხვევაში, მის მიერ დაწყებულ საქმეს შაჰის დიპლომატები გააგრძელებდნენ, რაც სინამდვილეშიც მოხდა.
დ. კაჭარავას აზრით, როსტომსა და მის ელჩს შუამავლის როლი უნდა შეესრულებინათ რუსეთსა და ირანს შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაში2, რაშიც მკვლევარს ვეთანხმები. მაგრამ ვფიქრობ, შუამავლობა არ გულისხმობდა რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის მყარი ურთიერთობის დამყარებას. თავისი სტატუსიდან გამომდინარე ამგვარი განზრახვა როსტომს არ უნდა ჰქონოდა. შაჰისგან დამალულად კი ასეთი ნაბიჯის გადადგმა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. როსტომის დროინდელი ქართლის სამეფოს შეზღუდული ავტონომიის შესახებ, მოსკოვში კარგად მოეხსენებოდათ. როსტომის ელჩი იქ თუ კარგად მიიღეს, რომელსაც ჩატანილი საჩუქრების სანაცვლოდ სიასამურის ტყავები გამოატანეს3, ეს უფრო შაჰის სატელიტის მიმართ გამოჩენილი ყურადღების გამომჟღავნება იყო, ვიდრე ქართლის მეფისადმი. ამგვარი მოქმედებით რუსეთის ხელმწიფემ შაჰს აგრძნობნა, რომ იგი ორ ქვეყანას _ რუსეთსა და ირანს შორის, ურთიერთობის ნორმალიზებისათვის მზად იყო. ამიტომ ვერ გამოიღო თეიმურაზისათვის სასურველი შედეგი მისმა მცდელობამ ხელი შეეშალა როსტომის ელჩის მოსკოვში ჩასვლისა ან კარგად მიღებისათვის.
1. ცინცაძე ი., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის წარსულიდან, გვ. 263.
2. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, II, გვ. 184.
3. „ერთი შეკვრა სიასამური 60 მანეთიანი, ორი შეკვრა სიასამური 50 მანეთიანი, ორი შეკვრა სიასამური 35 მანეთიანი, სამი შეკვრა სიასამური 30 მანეთიანი თითოეული ორმოცი. თბილისის ურუსტუპ ხანის ელჩს მაჰ მად ხან ბეგს ერთი შეკვრა 40 მანეთიანი, ორი შეკვრა სიასამური 30 მანეთიანი“. ტივაძე თ., დასახ. ნაშრ., გვ. 121.
პოლიტიკაში გამობრძმედილ როსტომს კარგად ეცოდინებოდა, რომ რუსეთსა და ქართლის სამეფოს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება ვერ მოხერხდებოდა. აქვე უნდა გავიმეორო ჩემს მიერ ერთხელ უკვე ნათქვამი, რომ თეიმურაზ მეფის მიერ მოსკოვში გაგზავნილ წერილებში არც ერთხელ არ არის ნახსენები როსტომ მეფე, რომელთანაც განუწყვეტელი და წარუმატებელი ბრძოლა ჰქონდა. მოსკოვში, როგორც მაშინდელი წერილობითი წყაროებიდან ჩანს, თავიანთი ინფორმატორების, თეიმურაზის წერილებისა და ელჩების მეშვეობით საკმაოდ სრული წარმოდგენა ჰქონდათ აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ ვითრებაზე. მოსკოვში იცოდნენ, რომ ყველაფერი, პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე, რასაც როსტომი ქართლსა და კახეთში მოიმოქმედებდა, შაჰის მითითებით ან მასთან შეთანხმებით ხდებოდა. როდესაც შაჰის დესპანს ამის შესახებ პირდაპირ ჰკითხეს, წინათი თუ ამგვარ შეკითხვაზე შაჰის წარმომადგენლები პასუხს თავს არიდებდნენ ან სხვადასხვა მიზეზებს ასახელებდნენ, ახლა მუჰამედ ყული ბეგმა როსტომს დასდო ბრალი. მეფე ალექსი მიხეილის ძის მიერ შაჰ აბას II-სათვის გაგზავნილ სიგელში ნათქვამია: `ჩვენი მეფური უდიდებულესობის ბოიარებისა და სათათბიროს ხალხის თანდასწრებით თქვენმა დესპანმა, დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ მეფე თეიმურაზსა და მთელ საქართველოს წყენა და აკლება თავს გადახდა რუსტემ ხანისგან თქვენი ნების გარეშე... ჩვენი მეფური უდიდებულესობის გულისთვის... აკრძალეთ თეიმურაზისა და მთელი საქართველოსათვის წყენისა და განადგურების მიყენება და ბრძანეთ დაუბრუნონ მას ჩამორთმეული ქონება, რათა გაიზარდოს ჩვენს შორის მეგობრობა და სიყვარული“1.
საინტერესოა, რატომ ახდენდა თეიმურაზი როსტომის როლის იგნორირებას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში? სავარაუდოა, თეიმურაზის როსტომზე დუმილი განპირობებული იყო მოსკოვის ხელმწიფის ყურადღების მთლიანად შაჰზე გადატანისა და ყველაფერში მისი დადანაშაულების სურვილით. რაც პირადად მას და მის ქვეყანას თავს უბედურება დაატყდა ყველაფერში დამნაშავე იყო შაჰი. თეიმურაზის ამგვარი პოზიცია გასაგებია: მთავარი იყო მოსკოვის ხელმწიფის მიერ შაჰზე გავლენის მოხდენა. თუ ამას მიაღწევდა, როსტომთან საქმის მოგვარებას ვეღარაფერი შეაფერხებდა. თეიმურაზი ფიქრობდა, რადგან მოსკოვის ხელმწიფეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა შაჰთან, მაშასადამე, ეს უკანასკნელი თუ მოინდომებდა, შაჰის (და არა როსტომის) მიერ თეიმურაზისათვის წართმეული და როსტომისათვის გადაცემული ქართლისა და კახეთის სამეფოების თეიმურაზისათვის დაბრუნება მოხერხდებოდა. ნიშანდობლივია, მოსკოვიდან საქართველოსკენ მომავალი თეიმურაზ მეფის მიერ ყაზანიდან ხელმწიფისათვის გაგზავნილი წერილის ერთი ფრაგმენტი, რომელშიც იგი შაჰისაგან დაცვას ითხოვს და თვითონვე სთავაზობს იმას, რაც ხელმწიფემ შაჰს უნდა მისწეროს: „თუ შენ (შაჰო) ჩემი სიყვარული გინდა, მაშინ მეფე თეიმურაზს ნუ ეომები, დაუბრუნე მას თავისი სახელმწიფო და ნუღარ შეაწუხებ, ის ჩემთან სიყვარულისათვის მოვიდა და არა ომისათვის“... იქნებ მან (შაჰმა) შენი მეფური უდიდებულესობის სიტყვები შეისმინოს და აღარ შემაწუხოს... ეს არის ჩემი სათხოვარი...“2
1. Переписка, с. 63.
2. Там же, с. 80.
არსენ სუხანოვის ჩანაწერებიდან ზოგიერთი ცნობის დამოწმება, იმის დასამტკიცებლად, რომ როსტომს მოსკოვთან ურთიერთობის დამყარების სერიოზული განზრახვა ჰქონდა, საკითხის დადებითად გადაწყვეტაში ვერ დაგვეხმარება.
1653 წელს საქართველოში მეორედ მოვიდა არსენ სუხანოვი. მისი ჩამოსვლის მიზანი ქრისტეს კვართის საკითხის გარკვევა იყო: იყო თუ არა კვართი დაცული სვეტიცხოვლის ტაძარში? მაგრამ ამ სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწეს, რა თქმა უნდა, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებაც აინტერესებდა.
სექტემბერში არსენ სუხანოვი თბილისში მოვიდა, როსტომხანის სასახლეში ზემოხსენებული რუსი მხატვარი, ივანე დანილოვი, მოძებნა, რათა თარჯიმნობა გაეწია.
17 სექტემბერს კათალიკოსმა1 მას სანოვაგე გაუგზავნა, მეორე დღეს (18 სექტემბერი) კი არსენი მადლობის გადასახდელად კათალიკოსს თვითონ ესტუმრა. კათალიკოსმა არსენი სადილზე მიიწვია და უთხრა: „ჩვენი მეფე (ხანი) თუმცა მაჰმადიანი არის, მაგრამ ჩვენს (ქრისტიანების-ე.მ.) მიმართ მოწყალეა. მისგან არავითარი საწყენი არ შეგვხვდენია. თქვენი ხელმწიფე რომ ჩვენს ქვეყანას დაიკავებდეს ჩვენს ხანს ეს გაუხარდებოდა კიდეც“2. ვფიქრობ, კათალიკოსის ნათქვამი არ გამოხატავს როსტომ მეფის სურვილს, მით უმეტეს, რომ ცნობილი არ არის რაზე აწარმოვა მისმა ელჩმა მოლაპარაკება მოსკოვში. თუ გავითვალისწინებთ, რომ თეიმურაზ მეფეს მრავალი მომხრე ჰყავდა მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი ქართლსა და კახეთში, რომლებიც მხარს უჭერდნენ მის პრომოსკოვურ პოლიტიკასა და ბრძოლას როსტომის წინააღმდეგ, მაშინ გასაგები გახდება კათალიკოსის ორაზროვნად ნათქვამი. გასათვალისწინებელია, რომ არსენის მასპინძელი კათალიკოსის წინამორბედი ევდემოზ I დიასამიძე (1632-1642) აქტიურად მონაწილეობდა როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში 1642 წელს, რისთვისაც სიკვდილით დასაჯეს. ამჯერადაც კათალიკოსი არა როსტომის, არამედ თეიმურაზის იმ გეგმას ახმოვანებს, რომელიც შეიძლება რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ჩახედული არსენისთვისაც კარგად ცნობილი და მისთვის გამიზნული იყო: რუსეთის ხელმწიფე საქართველოში თუ ჯარს შემოიყვანდა, მას დიდი დაბრკოლება არ შეხვდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ არსენმა კათალიკოსთან საუბრიდან მხოლოდ, მისი ხელმწიფისათვის საყურადღებო ეს ორი წინადადება შემოგვინახა. ის, რომ კათალიკოსი თეიმურაზის გეგმის სასარგებლოდ ირჯებოდა, ამ მოსაზრებას კიდევ უფრო აძლიერებს არსენის საუბარი თბილელ ეპისკოპოს ელისესთან 21 სექტემბერს. „ეპსკოპოსმა თქვა... გავიგეთ ჩვენ, რომ ყუმუხები რუსეთის ხალხს ემტერებიან. განა რუსეთის ხელმწიფეს არ შეუძლია ყუმუხებს (სამაგიერო მიუზღოს)? რათ უთმენს ამდენს მათ. ბრძანოს და მათი მურზები დააჭერინოს და ჩამოახრჩობინოს, იმათ ადგილზე თავისი დასვას და ამ გზით ყველა მისი, ხელმწიფის, მორჩილი იქნებიან. არსენმა უპასუხა: რას ამბობ, ხელმწიფეს ყუმუხებთან გამკლავება არ შეუძლია?... მაგრამ ჩვენი ხელმწიფე მოწყალეა, სისხლის დაღვრა არ უნდა... ეპისკოპოსმა კი თქვა: ხელმწიფე რომ როგორმე ყუმუხებს დაიპყრობდეს, მაშინ კახეთიც მისი სახელმწიფოს შეიქმნება, ხოლო როგორც კი კახეთს დაიჭერს თბილისიც მისი, ხელმწიფისავე გახდება“3.
ყუმუხების კახეთზე თავდასხმის შეჩერების უმთავრეს პირობად თეიმურაზ მეფეს რუსეთის მიერ მათი დამორჩილება მიაჩნდა. ამგვარი ტენდენცია წითელ ხაზად გასდევს მის დიპლომატიურ ურთიერთობას მოსკოვთან 1615-1655 წლებში. განა თეიმურაზის მიერ მოსკოვის საქართველოთი დაინტერესების გეგმა არ ითვალისწინებდა მისთვის საქართველოს წიაღისეულის დამუშავების შეთავაზებას, რაც ელისე თბილელმა სუხანოვთან საუბარში ერთხელ კიდევ გაიმეორა? „ეპისკოპოსმა მომითხრო აგრეთვე, _ წერს სუხანოვი, _ რომ კახეთში ერთი მთა არის, რომელშიაც სუფთა ვერცხლის მადანია თითქოს, მაგრამ ამ მადანს ჩვენ ვმალავთ და არ ვაცხადებთ, რადგანაც შაჰმა რომ ეს გაიგოს, ჩვენში ქრისტიანობის ფესვს ამოაგდებს, როგორც კი მადნის დამუშავებას დაიწყებს. და სხვებიც ამასვე ამბობენ, მოსკოველმა ხატის ოსტატმა ივანემაც თქვა: ჭეშმარიტად ასე არისო, მე თვითონ ვნახეო. ხოლო (ელისე) ეპისკოპოსი იქ წავიდა კახეთში, უნდოდა თბილისში არსენისათვის იმ მადნის ნიმუში გამოეგზავნა. მაგრამ არსენი ვერ დაელოდა და წამოვიდა, რადგანაც მას ამხანაგები დაემგზავრა შემახისაკენ“4.
1. არსენი არ ამბობს კათალიკოსის სახელს, მაგრამ ეს უნდა იყოს ქრისტოფორე II (ურდუბეგისძე-ამილახვარი, 1642-1660).
2. ცინცაძე ი., ვასილ გაგარას და არსენ სუხანოვის ცნობები, გვ. 72.
3. იქვე, გვ. 73-74.
4. იქვე, გვ. 75.
თეიმურაზ მეფის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის განხილვის დროს, ყოველივე ამის შესახებ, უკვე ვრცლად ითქვა. ამგვარად, შეიძლება ვარაუდი, რომ როსტომის სამეფოში თეიმურაზს კვლავ ჰყავდა მომხრეები იერარქების სახით, რომლებიც საქმის კურსში იყვნენ და იზიარებდნენ ტანჯული მეფის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებას _ გაეაქტიურებინა რუსეთის კავკასიური პოლიტიკა და გამოეყენებინა იგი თავისი სამეფო ხელისუფლების აღდგენისათვის. როსტომი კი, მეორე ხარისხოვანი ფიგურა იყო შაჰ აბას II-ის დიპლომატიურ თამაშში.
უშვილო როსტომს, მთელი მეფობის განმავლობაში, მემკვიდრის საკითხი აწუხებდა. მისი რამდენიმე ცდა ეშვილებინა ვინმე, მარცხით დამთავრდა. მხოლოდ ღრმა მოხუცებულობაში, 1653 წელს თავის მემკვიდრედ ამოირჩია ბაგრატიონების გვერდითი შტოს, მუხრანბატონების წარმომადგენელი ვახტანგი. იგი ირანში გაამაჰმადიანეს, როსტომის მემკვიდრედ დაამტკიცეს და ამის შემდეგ, როსტომის ავადმყოფობის გამო ქართლის გამგებლად დანიშნეს.
1656 წელს შაჰმა კახეთი როსტომს ჩამოართვა და განჯის ბეგლარბეგს სელიმ-ხანს გადასცა, რის მიზეზიც კახეთ-რუსეთის ურთიერთობის გააქტიურება იყო. როსტომმა ვერ შესძლო ჯერ ერეკლე უფლისწულის, შემდეგ კი თეიმურაზის მოსკოვში გამგზავრების აღკვეთა. ამას ემატებოდა თეიმურაზის მიერ ორგანიზებული კახელების მუდმივი ბრძოლა ირანის აგრესიის წინააღმდეგ. შაჰ აბას II-მ გადაწყვიტა, ერთ დროს შაჰ აბას I-ის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, კახეთის სამეფოს სრული ლიკვიდაცია მოეხდინა, რაც კახეთში თურქმანების ჩამოსახლებას და მისი ირანის პროვინციად (სახანოდ) გადაქცევას გულისხმობდა. როდესაც ყიზილბაშებმა ამ გეგმის განხორციელება დაიწყეს, ამას მოჰყვა კახელების დიდი უკმაყოფილება. შაჰმა კონტრღონისძიება გაატარა: კახეთში ჩასახლებული თურქმანების დასაცავის ციხესიმაგრეთა სისტემის მშენებლობა დაიწყეს, რასაც კახელებმა დიდი აჯანყებით უპასუხეს 1660 წელს.
Комментариев нет:
Отправить комментарий