1941წ. 22 ივნისს
გერმანია შეუდგა „ბარბაროსას“
გეგმის განხორციელებას და
ომის გამოუცხადებლად თავს
დაესხა საბჭოთა კავშირს.
ეს იყო მეორე
მსოფლიო ომის ყველაზე
სისხლისმღვრელი ეტაპის დასაწყისი.
საბჭოთა კავშირი მოუმზადებელი
აღმოჩნდა და პირველსავე
დღეებში ტერიტორიის დიდი
ნაწილი დაჰკარგა. სამხედრო
თვალსაზრისით გერმანელებს ძალიან
დიდი უპირატესობა გააჩნდათ
და ისინი რამდენიმე
კვირაში აპირებდნენ ომის
დამთავრებას. და აი,
ამ უმძიმეს, თითქმის
უიმედო ვითარებაში საბჭოთა
კავშირს დახმარების ხელი
გაუწოდა და მოკავშირეობა
შესთავაზა ინგლისმა. 22 ივნისს
საღამოს დიდი ბრიტანეთის
პრემიერ-მინისტრმა უინსტონ
ჩერჩილმა რადიოთი წარმოსთქვა
სიტყვა, რომელშიც მან
თავის ერთადერთ მიზნად
გამოაცხადა ჰიტლერისა და
ნაცისტური რეჟიმის მოსპობა
და დაჰპირდა მთელ
შესაძლო დახმარებას საბჭოთა
კავშირს.
ერთი შეხედვით, ეს
მოულოდნელი იყო: ჩერჩილს
ხომ მთელი მსოფლიო
იცნობდა, როგორც კომუნიზმის
ყველაზე დაუძინებელ მტერს,1
მაგრამ თუ უფრო
ღრმად გავაანალიზებთ 1941წ.
ზაფხულისათვის ევროპაში შექმნილ
სიტუაციას, ინგლისის პრემიერის
მოქმედება უთუოდ კანონზომიერი
იყო. ის მთლიანად
ჯდებოდა XIX ს. შუახანების
ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწის
_ ლორდ პალმერსტონის
ცნობილ ფორმულაში: „ჩვენ
არ გვყავს მუდმივი მტრები
და მუდმივი მოკავშირეები.
ჩვენ გვაქვს მუდმივი ინტერესები“. ჩერჩილიც სწორედ
თავისი ქვეყნის ინტერესებით მოქმედებდა,
როდესაც სტალინთან კავშირზე
მიდიოდა. უფრო მეტიც, 22 ივნისის
სიტყვა სულაც არ
იყო პირველი ნაბიჯი
ამ მიმართულებით.
1. ამ
მხრივ, ნიშანდობლივია თავად
ჩერჩილის მიერ 1941წ.
22 ივნისს წარმოთქმული სიტყვის
ნაწყვეტი: „უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში
არავინ იბრძოდა კომუნიზმის
წინააღმდეგ ჩემზე უფრო შეუპოვრად
და მე უკან
არ წავიღებ ამ
თემაზე ჩემს მიერ ნათქვამ
არც ერთ სიტყვას..,
მაგრამ ახლა ჩვენი
ერთადერთი მიზანია, მოვსპოთ ჰიტლერი და
ნაცისტური რეჟიმის ყოველგვარი
ნასახი“.
ჩერჩილმა ჯერ კიდევ
1940წ. 25 ივნისს მისწერა
სტალინს წერილი და
შესთავაზა სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება,
მაგრამ მაშინ საბჭოთა
ლიდერმა უპასუხოდ დატოვა ეს
წინადადება. რუსი მკვლევარი
ა. ორლოვი ამას
სტალინის შეცდომად თვლის,
მაგრამ, ჩვენი აზრით,
ეს ასე არ
უნდა იყოს. დიუნკერკის
კატასტროფის შემდეგ ინგლისი
ფაქტობრივად განიარაღებული აღმოჩნდა. ქვეყანას
დარჩა მხოლოდ 500-მდე სხვადასხვა
ტიპის ტანკი და
ამდენივე საარტილერიო ერთეული.
ამას თან დაერთო
საფრანგეთის კაპიტულაციაც. ამგვარ სიტუაციაში
სტალინს, რომელმაც კარგად
იცოდა, რომ საბჭოთა კავშირი
სულაც არ იყო
მზად გერმანიასთან ომისთვის,
რასაც აუცილებლად გამოიწვევდა
ინგლისთან კავშირის დადება,
არ შეეძლო ასეთი სახიფათო
ნაბიჯის გადადგმა. გარდა
ამისა, მას შესაძლოა შეეშინდა,
რომ ბრიტანეთის პრემიერი
სსრკ-ს პროვოკაციულად ჩააბამდა
გერმანიასთან ომში, თვითონ
კი ჰიტლერს დაუზავდებოდა.
სტალინის ამგვარ სიფრთხილეს
სხვა, უფრო საფუძვლიანი მიზეზიც
ჰქონდა. როგორც ზემოთ
აღვნიშნეთ, ჩერჩილი კომუნიზმის დაუძინებელი
მტერი იყო. სტალინს
არ შეიძლებოდა არ გაეთვალისწინებინა
ეს გარემოება და
ასე ერთბაშად ერწმუნა ბრიტანეთის
ლიდერის გულწრფელობა. სწორედ
ამიტომ დატოვა მან უპასუხოდ
ინგლისის პრემიერის წინადადება.
ანალოგიური სიტუაცია განმეორდა 1941წ.
აპრილშიც, როდესაც ჩერჩილმა აცნობა
სტალინს რუმინეთიდან პოლონეთში
სამი სატანკო დივიზიის გადასროლისა
და ბელგრადში რევოლუციის
დაწყების შემდეგ მათი უკან
დაბრუნების შესახებ. სტალინმა
არც ამ წერილზე მოახდინა
რაიმე რეაგირება. ის
დარწმუნებული იყო, ჰიტლერი ინგლისთან
ომის დამთავრებამდე არ
დაესხმოდა თავს საბჭოთა კავშირს
და იმედოვნებდა, რომ
ეს 1942 წლამდე მაინც არ
მოხდებოდა, მაგრამ შეცდა.
უნდა აღინიშნოს, რომ
სტალინმა არც 1941წ.
22 ივნისის შემდეგ გადადგა
რაიმე კონკრეტული ნაბიჯი
და ჩერჩილი იძულებული გახდა,
პირადად მიეწერა საბჭოთა
ლიდერისათვის 7 ივლისს. მხოლოდ
ამის შემდეგ დარწმუნდა
სტალინი ჩერჩილის გულწრფელობაში და
საბჭოთა კავშირში დიდი
ბრიტანეთის ელჩის სტაფორდ
კრიპსის პირით შეუთვალა
მას, რომ გაეკეთებინათ ერთობლივი
დეკლარაცია, რომელშიც ორი
პუნქტი უნდა ყოფილიყო: 1) ურთიერთდახმარება
მისი ხასიათისა და
სიდიდის განუსაზღვრელად; და
2) ორივე მხარეს უნდა
განეცხადებინა, რომ არ
დადებდა სეპარატულ ზავს.
ამით ორივე მხარე
პრინციპში შეთანხმდა მომავალ
თანამშრომლობაზე და სულ
მალე გადაიდგა კიდეც
კონკრეტული ნაბიჯები ამ
მიმართულებით. უკვე 1941წ.
12 ივლისს დაიდო ხელშეკრულება
დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა
კავშირს შორის გერმანიის
წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის წარმოების
შესახებ. საბჭოთა კავშირის
ხელმძღვანელობამ ეს ფაქტი მიიჩნია
მეორე ფრონტის გახსნის
წინაპირობად.
18 ივლისს ჩერჩილისადმი
გაგზავნილ წერილში სტალინი გამოთქვამდა
თხოვნას, გახსნილიყო მეორე
ფრონტი საფრანგეთში ან არქტიკაში.
საინტერესოა, რომ, მისი
თქმით, ჩრდილოეთში ოპერაციის ჩატარებისას
ინგლისური დესანტი საჭირო არც
იქნებოდა. მათგან სტალინი
ითხოვდა მხოლოდ საზღვაო
და საჰაერო ძალების
მოშველებას.
ინგლისელებმა მართლაც ჩაატარეს
ერთი ამგვარი ოპერაცია. 30
ივლისს მათ დაბომბეს
გერმანული ბაზები კირკენესსა და
პეტსამოში. ეფექტი ამ
ოპერაციისა უმნიშვნელო იყო,
დანაკარგები კი _ დიდი, რაც
გერმანელთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სიძლიერემ
გამოიწვია. საბჭოთა მთავრობამ
კი სექტემბერში უკვე მოითხოვა
მეორე ფრონტის გახსნა
ბალკანეთში ან საფრანგეთში აღმოსავლეთის
ფრონტიდან 30-40 გერმანული დივიზიის მოსახსნელად.
გარდა ამისა, საბჭოთა
კავშირი ითხოვდა დახმარებას: 30 ათ.
ტონა ალუმინს ოქტომბრისათვის
და ყოველთვიურად 40
თვითმფრინავსა და 500 ტანკს.
ინგლისისა და აშშ-ს
ხელმძღვანელობას არ გამოუჩენიათ
დიდი ინიციატივა ამ მოთხოვნების
შესასრულებლად და ეს
არც იყო გასაკვირი.
ვაშინგტონში და ლონდონში
არ სჯეროდათ, რომ
საბჭოთა კავშირი დიდხანს
გაძლებდა ომში და
არ სურდათ გაეგზავნათ
იარაღი, რომელიც
შეიძლებოდა გერმანელთა ხელში
მოხვედრილიყო. რაც შეეხება
საფრანგეთში მეორე ფრონტის
გახსნას, ინგლისელებს 1941წ. ამის
გაკეთება არც უფიქრიათ,
რადგანაც ეს მათი აზრით
ავანტიურა იქნებოდა. ჩერჩილმა
თავისი პოზიცია მორალური არგუმენტებითაც
გაამაგრა. სექტემბრის დასაწყისში ინგლისში
საბჭოთა კავშირის ელჩმა
ი. მაისკიმ გამოთქვა
წყენა გაერთიანებული სამეფოს
უმოქმედობის გამო და
შეახსენა პრემიერს, რომ სსრ კავშირი
უკვე 11 კვირის განმავლობაში
მარტოდმარტო ებრძოდა საერთო მტერს.
ამის პასუხად ჩერჩილმა
ელჩს ყოველგვარი მობოდიშების
გარეშე განუცხადა, რომ
საბჭოთა მხარეს არ
ჰქონდა მორალური უფლება
რაიმე საყვედურისა, ვინაიდან სულ ოთხი
თვის წინ, როდესაც
ინგლისელები დასაშვებად მიიჩნევდნენ საბჭოთა
კავშირის ჩაბმას ომში
გერმანიის მხარეზე, მათ
ფარ-ხმალი არ
დაუყრიათ და მაინც
დარწმუნებულნი იყვნენ საბოლოო გამარჯვებაში.1
გააქტიურდა აშშ-ს
დიპლომატიაც. 1941 წლის ივლისის ბოლოს
მოსკოვში ჩამოვიდა რუზველტის
პირადი წარმომადგენელი ჰარი ჰოპკინსი.
ოფიციალურად მას ევალებოდა
იმის გარკვევა, თუ რისი მიწოდება
სჭირდებოდა საბჭოთა კავშირს
ომის წარმატებით საწარმოებლად,
თუმცა სინამდვილეში ჰოპკინსის მისიის
მთავარი მიზანი იყო,
დარწმუნებულიყო სსრკ-ს
შემდგომ ბრძოლისუნარიანობაში. 30 და
31 ივლისს მას ორი
ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა სტალინთან,
რომელიც დაჰპირდა ამერიკელ დიპლომატს,
რომ ფრონტის სტაბილიზირება
მოხდებოდა არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა
და რომ ფრონტის
ხაზი იმ დროისათვის
გადმოიწევდა აღმოსავლეთისაკენ არა
უმეტეს 100 კმ-ით. ძნელი სათქმელია,
თუ რამდენად გულწრფელი
იყო ამ შემთხვევაში სტალინი,
მაგრამ ერთი რამ
უდავოა: მან სავსებით
დაარწმუნა ჰოპკინსი, რომ
საბჭოთა კავშირი გაუძლებდა
გერმანელთა შეტევებს. ამერიკელ ემისარზე
გარკვეული ზემოქმედება მოახდინა საბჭოთა
ლიდერის მიერ აშშ-ს მხარისათვის
წარდგენილმა ნუსხამ, რომელშიც ჩამოთვლილი
იყო ყოველივე ის,
რაც სჭირდებოდა სსრკ-ს
გერმანელთა შეტევის შესაჩერებლად.
ეს ჩამონათვალი სრულიად აშკარას
ხდიდა, რომ სტალინს
სულაც არ ჰქონდა დამარცხების
შიში.2 საბოლოო ჯამში
ჰოპკინსმა სავსებით კმაყოფილმა
დასტოვა მოსკოვი და
დაბრუნდა ინგლისში, სადაც შეუერთდა რუზველტთან
შესახვედრად მიმავალ ჩერჩილს.
1. ი. მაისკის
მტკიცებით, ბრიტანეთის
პრემიერის ამ განცხადების
საპასუხოდ მან შენიშნა, რომ ყოველივე
ეს ნ. ჩემბერლენის
ბრალი იყო.
2. მაინც
რას ითხოვდა სტალინი
აშშ-საგან: 1) საზენიტო
დანადგარებს; 2)
თვითმფრინავების დასამზადებლად საჭირო
ალუმინს; 3) ტყვიამფრქვევებს;
4) შაშხანებს. ჰოპკინსზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება
მოახდინა იმ ფაქტმა,
რომ საბჭოთა ლიდერი ითხოვდა
არა მზა თვითმფრინავებს,
არამედ ალუმინს მათ დასამზადებლად, რამაც კიდევ
უფრო დაარწმუნა ამერიკელი
ემისარი სსრკ-ს
ბრძოლისუნარიანობაში.
1941წ. 9 აგვისტოს
არჯენტიაში დაიწყო აშშ-ს პრეზიდენტის ფრანკლინ
რუზველტისა და დიდი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ
ჩერჩილის პირველი შეხვედრა
მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან.1
აღნიშნული შეხვედრა, რომელიც
ისტორიაში „ატლანტიკური
კონფერენციის“ სახელით შევიდა,
საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა.
მისი ერთადერთი ფასეული
შედეგი იყო „ატლანტიკური ქარტიის“ მიღება. ამ
დოკუმენტში ჩამოყალიბებულ იქნა ზოგიერთი
პრინციპი, რომელთა მიხედვითაც
უნდა მომხდარიყო მსოფლიოს
მოწყობა ომის შემდეგ,
როდესაც „მოსპობილი იქნებოდა ნაცისტური
ტირანია“. ამის
მისაღწევად საჭირო კონკრეტული ნაბიჯები
ქარტიაში არ იყო
დეკლარირებული და ეს არც
იყო მოსალოდნელი, რადგანაც
აშშ არ წარმოადგენდა მეომარ
მხარეს და ფორმალურად
ნეიტრალიტეტს იცავდა. სხვათა შორის,
ჩერჩილი მაინც იმედოვნებდა,
რომ ეს შეხვედრა რაიმე
პრაქტიკულ შედეგებს გამოიღებდა
და აშშ ომში
უფრო აქტიურად ჩაებმებოდა,
მაგრამ ყველა მისი
მცდელობა ფუჭი გამოდგა.
რუზველტი საფუძვლიანად შიშობდა,
რომ ყოველი ნაბიჯი,
რომელიც მიმართული იქნებოდა
აშშ-ს ომში
ჩაბმისაკენ, წააწყდებოდა გააფთრებულ
წინააღმდეგობას კონგრესის მხრიდან, სადაც
(ისევე, როგორც ქვეყნის
მოსახლეობაში) ჯერ კიდევ საკმაოდ
ძლიერი იყო იზოლაციონისტური
ტენდენციები.
1. ჩერჩილმა და
რუზველტმა ერთმანეთი გაიცნეს
ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო
ომის დროს, როდესაც
მაშინდელი საზღვაო მინისტრის მოადგილე
ფრანკლინ რუზველტი ლონდონში
ჩავიდა და ბანკეტზე შეხვდა
უინსტონ ჩერჩილს. როგორც
ჩანს, ჩერჩილმა, რომელსაც იმ
დროსაც მნიშვნელოვანი პოსტი
ეკავა ინგლისის მთავრობაში და
ცნობილ სახელმწიფო მოღვაწედაც
ითვლებოდა, არც მიაქცია ყურადღება
ახალგაზრდა ამერიკელ ჩინოვნიკს
და სწრაფად დაივიწყა ეს
შეხვედრა. ყოველ შემთხვევაში,
„ატლანტიკური კონფერენციის“ წინ მან
ბრიტანეთის დომინიონების პრემიერ-მინისტრებს აცნობა, რომ
არასოდეს შეხვედრია რუზველტს
პირადად. აშშ-ს პრეზიდენტისათვის
ეს საკმაოდ გულსატკენი
აღმოჩნდა, რადგანაც მას აღნიშნული
შეხვედრა კარგად ახსოვდა.
ამასთან, შესაძლოა, მას
იმის იმედიც კი
ჰქონდა, რომ საჭირო არ
გახდებოდა ომში აშშ-ს სამხედრო
ჩარევა და გერმანია
დამარცხებული იქნებოდა უშუალოდ დიდი
ბრიტანეთისა და საბჭოთა
კავშირის მიერ. გარდა
ამისა, რუზველტს უნდა
გაეთვალისწინებინა კიდევ ერთი გარემოება
_ აშშ-ს არმიის
კატასტროფული მდგომარეობა. წარმოუდგენელიც კია,
მაგრამ ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო
ომის დაწყებისათვის აშშ-ს არმია
(იგულისხმება სახმელეთო ძალები) მხოლოდ
174 ათას კაცს ითვლიდა და
სპეციალისტების თვალსაზრისით, მსოფლიოში
მე-17 იყო. განსაკუთრებით მძიმედ იდგა
შეიარაღების საკითხი. 1940წ.
ჩატარებული სამხედრო მანევრების დროს
ჯარისკაცებს აღჭურვილობის მაგივრობას ლუდის
ქილები უწევდნენ, ტყვიამფრქვევებისას _ ცოცხები, ნაღმმტყორცნებისას
_ მორები, ტანკების ნაცვლად კი
გამოყენებულ იქნა სატვირთო
მანქანები წარწერით „ტანკი“. მართალია, 1941 წლისათვის მდგომარეობა
ოდნავ გამოსწორდა და კანონი
შერჩევითი სამხედრო ბეგარის
შესახებ უფლებას იძლეოდა არმიაში
გაწვეულიყო ყოველწლიურად 900 ათასამდე კაცი,
მაგრამ ის კრძალავდა
სამხედრო სამსახურის ვადის გაგრძელებას,
თუ კონგრესი არ
გამოაცხადებდა, რომ შეიქმნა ეროვნული
უშიშროების ხელყოფის საფრთხე.4
წარმომადგენელთა პალატაში აღნიშნული საკითხის
განხილვა დაემთხვა სწორედ ატლანტიკურ
კონფერენციას და პრეზიდენტის
წინადადება სამხედრო სამსახურის
ვადის გაგრძელების შესახებ
გავიდა მხოლოდ ერთი ხმით.
ასე რომ, რუზველტმა,
რომელმაც კარგად იცოდა კონგრესის
წევრების დამოკიდებულება აშშ-ს ომში
ჩაბმის საკითხისადმი, ვერ გარისკა არჯენტიაში
ბრიტანელებთან რაიმე ხელშეკრულების
დადება, რომლის ძალაში
შესასვლელად სავალდებულო იქნებოდა საკანონმდებლო
ორგანოს რატიფიკაცია და
შემოიფარგლა ქარტიით, რომელიც დეკლარაციულ
ხასიათს ატარებდა და არანაირი
დამოწმება კონგრესის მხრიდან
არ სჭირდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა,
იყო კიდევ ერთი
მიზეზი, რომლის
გამოც რუზველტი არ
ჩქარობდა რაიმე პრაქტიკული გადაწყვეტილებების
მიღებას: მას ჯერ
კიდევ ჰქონდა იმედი, რომ შესძლებდა
ღერძის ქვეყნების გათიშვას
და მათთვის იაპონიის ჩამოცილებას.
აშშ-ს სამთავრობო
წრეებში სავსებით შესაძლებლად მიაჩნდათ
მოვლენების ასეთი განვითარება,
თუმცა, ჩვენი
აზრით, ამგვარი პერსპექტივა
პრაქტიკულად გამორიცხული იყო. მართალია,
ჯერ კიდევ 1940წ.
დასაწყისიდან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აშშ-ს სახელმწიფო
მდივან კორდელ ჰალსა და
აშშ-ში იაპონიის
ელჩ კიჩისაბურო ნომურას
შორის, მაგრამ,
ჩვენი აზრით, იაპონელებს
უბრალოდ დრო გაჰყავდათ
და ხელსაყრელ მომენტს
უცდიდნენ თავისი ექსპანსიონისტური ზრახვების
განსახორციელებლად. მიუხედავად იმისა,
რომ იაპონიის ხელმძღვანელობას ჯერ
კიდევ არ ჰქონდა
საბოლოოდ გადაწყვეტილი, თუ სად და
ვის წინააღმდეგ განახორციელებდა პირველ
დარტყმას, წინასწარი შეთანხმებით
(1941 წლის გაზაფხულზე) ასეთ სამიზნედ აშშ
იქნა არჩეული. იაპონიის
საგარეო საქმეთა მინისტრმა
იოშიკე მაცუოკამ ჰიტლერს
ბერლინში შეხვედრისას ოფიციალურად დაუდასტურა,
რომ ომი აშშ-სთან გარდაუვალი იყო.
ორი კვირის შემდეგ
კი მან მოსკოვში
სტალინთან დადო პაქტი
ნეიტრალიტეტის შესახებ. ამ
უკანასკნელ ფაქტს უნდა დაეფიქრებინა
თეთრი სახლი, მაგრამ,
როგორც ჩანს, აშშ-ს დიპლომატიამ
სრულიად საპირისპიროდ შეაფასა
ეს მოვლენა და
გამოიტანა არასწორი დასკვნა,
რომ აშშ-ს
არავითარი საფრთხე არ
ემუქრებოდა. პრაქტიკულად არავინ
არ ფიქრობდა, რომ იაპონია თავს
დაესხმოდა ამერიკის ბაზებს
წყნარ ოკეანეში. შეიძლება
ითქვას, რომ 1941 წლის
7 დეკემბრამდე ვაშინგტონი ფუჭი ილუზიებით
იყო შეპყრობილი, რამაც
განაპირობა კიდეც იაპონელთა წარმატებები
წყნარ ოკეანეში ომის პირველ
ეტაპზე.
„ატლანტიკური ქარტიის“ საბოლოო ვარიანტი
8 პუნქტისაგან შედგებოდა. მასში პრაქტიკულად
ჩამოყალიბებული იყო აშშ-სა
და დიდი ბრიტანეთის
მიზნები მეორე მსოფლიო
ომში. ქარტია
ცხადყოფდა, რომ ეს
ქვეყნები იზრუნებდნენ თავისუფალი, თანასწორუფლებიანი მსოფლიოსათვის.
რუზველტი და ჩერჩილი
დოკუმენტის პირველსავე პუნქტში
საქვეყნოდ აცხადებდნენ, რომ მათ არ
ჰქონდათ აგრესიული ზრახვები,
არ ესწრაფვოდნენ ტერიტორიულ თუ
სხვა სახის მონაპოვრებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მესამე
მუხლი, რომელშიც გამოთქმული იყო
სურვილი, აღმდგარიყო ყველა
იმ ერის სუვერენული უფლებები
და თვითმმართველობა, რომლებსაც
ძალით წაართვეს ყოველივე ეს.
გარდა ამისა, მხარეები
სცნობდნენ ყველა ხალხის უფლებას,
თვითონ აერჩია საკუთარი
ქვეყნის მმართველობის ფორმა. დანარჩენი
პუნქტებიდან, ჩვენი აზრით,
აღსანიშნავია მეოთხე _
ვაჭრობისა და მსოფლიო
ნედლეულის მოხმარების თანაბარი პირობების
შექმნა ყველა ქვეყნისათვის
(განურჩევლად გამარჯვებულ-დამარცხებულისა);
მეექვსე _ ნაცისტური ტირანიის მოსპობის
შემდეგ ყველა ერისათვის
თავის მიწა-წყალზე
უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფა;
და მერვე _ უარის
თქმა ძალის გამოყენებაზე და
განიარაღება იმ ქვეყნებისა,
რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ
ან შეუქმნიდნენ მომავალში
სხვა ერებს. და მაინც, რამდენად
დიდი იყო „ატლანტიკური
ქარტიის“ მნიშვნელობა? დასავლურ
ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ ეს
იყო უბრალოდ დეკლარაცია,
რომელიც არაფერს ახალს და
განსაკუთრებულს არ წარმოადგენდა.
ჩვენი აზრით, ეს არ შეეფერება
სინამდვილეს. უპირველეს ყოვლისა,
ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია იმით,
რომ აშშ-მ
_ ფორმალურად ნეიტრალურმა სახელმწიფომ _ მეომარ
ქვეყანასთან ერთად ჩამოაყალიბა თავისი
მიზნები მეორე მსოფლიო
ომში. ამასთან, დოკუმენტის მეექვსე
პუნქტში ჩაწერილი ფრაზა
„ნაცისტური ტირანიის საბოლოო მოსპობის“ შესახებ ნათელს
ხდიდა, რომ საჭიროების შემთხვევაში
აშშ უფრო აქტიურ
მონაწილეობას მიიღებდა გერმანიის წინააღმდეგ
ომში. ეს იყო
იმის მაჩვენებელი, რომ შეერთებული
შტატები არ გადგებოდა
განზე ევროპაში მიმდინარე მოვლენებისაგან
და არ შემოიფარგლებოდა
მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და
ტერიტორიის დაცვით. ეს
კი სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი
იყო ანტიჰიტლერული კოალიციის
ჩამოყალიბების გზაზე. და ბოლოს,
1942 წლის 1 იანვარს გამოქვეყნებულმა „გაერთიანებული ერების“ დეკლარაციამ „ატლანტიკური ქარტია“ ფაქტობრივად საერთაშორისო
სამართლის დოკუმენტად სცნო.
„ატლანტიკური ქარტია“, თავის მხრივ,
აღიარა საბჭოთა მხარემაც და
შეუერთდა მის ძირითად
პრინციპებს 1941წ. 24 სექტემბრის დეკლარაციით.4 სხვათა
შორის, საბჭოური ისტორიოგრაფია ამ
ორი დოკუმენტის შედარებისას
ყოველმხრივ ცდილობდა, უპირატესობა საბჭოთა
განცხადებისათვის მიენიჭებინა. ასე, მაგალითად: ცნობილი
მკვლევარი ვ. ისრაელიანი
„ატლანტიკური ქარტიის“
ნაკლად თვლის, რომ
მასში არ იყო
დასახული კონკრეტული გზები
ქარტიაში მოცემული პრინციპების რეალიზაციისათვის,
რაც, თავის მხრივ,
დეკლარირებული იყო საბჭოთა დოკუმენტში.
მაგრამ არ შეიძლება
იმ გარემოების უგულებელყოფა, რომ სსრკ
სამკვდრო-სასიცოცხლო ომში
იყო ჩაბმული გერმანიასთან და
სტალინისთვის ბევრად უფრო
იოლი იყო ასეთი განცხადების
გაკეთება, ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტისათვის. ჩვენ ასევე
ვერ დავეთანხმებით ვ.
ისრაელიანის დასკვნას, რომ საბჭოთა დეკლარაციაში
მსოფლიოს ომის შემდგომი
მოწყობის უმთავრესი პრინციპები
უფრო სრული სახით
არის მოცემული, ვიდრე „ატლანტიკური ქარტიის“ შესაბამის მუხლებში. მისი თქმით,
საბჭოთა განცხადებაში მკაფიოდ
არის ჩამოყალიბებული, რომ სსრკ თავის
საგარეო პოლიტიკაში ყოველთვის ცნობდა
ხალხთა სუვერენულ უფლებებს,
ხელმძღვანელობდა ერთა თვითგამორკვევის
პრინციპით და აქედან
გამომდინარე იცავდა ყველა ხალხის
უფლებას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და
თავისი ქვეყნის ტერიტორიული
ხელშეუხებლობის შესახებ. გარდა ამისა, საბჭოთა
კავშირი ცნობდა ყველა
ერის უფლებას, თავის სახელმწიფოში დაემყარებინა
ისეთი საზოგადოებრივი წყობილება და
აერჩია ისეთი მმართველობის
ფორმა, როგორსაც თვითონ ჩათვლიდა
საჭიროდ. და ყოველივე
ეს მაშინ, როდესაც, ვ. ისრაელიანის
აზრით, ატლანტიკური ქარტიის
მესამე პუნქტი ატარებს
„ბუნდოვან ხასიათს“.
უპირველეს ყოვლისა, უნდა
აღვნიშნოთ, რომ მკვლევარი არ
ხსნის, თუ რა
არის ამ მუხლში
ბუნდოვანი. შესაძლოა, ის უბრალოდ
იზიარებს პოლონელი მკვლევარის
ს. ბორატინსკის აზრს, რომ
ეს პუნქტი ეხებოდა
მხოლოდ გერმანიის ექსპანსიის შედეგად
დაზარალებულ ქვეყნებს და
არ ვრცელდებოდა ბრიტანეთის იმპერიაზე.
მართლაც, ინგლისის მმართველი
წრეები და, პირველ რიგში, ჩერჩილი
სწორედ ასე უდგებოდნენ
ამ მუხლს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც,
რომ აშშ-ს
ხელმძღვანელობა სრულიად სხვაგვარად ფიქრობდა
და ამ პრინციპს
მთელ მსოფლიოზე ავრცელებდა.
რასაკვირველია, ამ მუხლის
ორნაირ გააზრებაში დიდ
როლს თამაშობდა ის,
რომ დიდი ბრიტანეთი კოლონიალური
სახელმწიფო იყო, აშშ
კი _ არა. ამიტომ
ამერიკელები არაფერს კარგავდნენ ამ
პრინციპის გამოცხადებით, რომელიც დაასამარებდა
ბრიტანეთის იმპერიას. ჩვენი
აზრით, ქარტიის მესამე პუნქტის
განხილვისას ყურადღება უნდა
მიექცეს არა იმას,
რომ აშშ და
დიდი ბრიტანეთი სხვადასხვანაირად იგებდნენ
მასში ჩაქსოვილ აზრს,
არამედ იმ ფაქტს,
რომ მთელმა მსოფლიომ ეს
პუნქტი აღიქვა ისე,
როგორც ის ესმოდათ ამერიკელებს.
ე. ი. აღნიშნული
დებულება სულაც არ
იყო ბუნდოვნად ჩამოყალიბებული, უბრალოდ
ინგლისელები იკავებდნენ „სირაქლემას პოზას“. ჩვენი აზრით,
ქარტიის მესამე მუხლი
უფრო იმიტომ იყო
„ბუნდოვანი“ საბჭოური
ისტორიოგრაფიისათვის საერთოდ და ვ.
ისრაელიანისათვის კერძოდ, რომ
მასში ჩამოყალიბებული პრინციპის ერთ-ერთი ყველაზე
დიდი დამრღვევი იყო საბჭოთა
კავშირი. უფრო მეტიც,
ჩერჩილისა და რუზველტის მიმოწერა
ცხადყოფს, რომ ისინი
ამ მუხლს სსრკ-ზეც ავრცელებდნენ. მაგალითისთვის კმარა
თუნდაც ბრიტანეთის პრემიერის წერილი
(1942წ. 7 მარტი) აშშ-ს პრეზიდენტისადმი,
რომელშიც მან წამოაყენა
წინადადება, საიდუმლოდ ეცნოთ
საბჭოთა კავშირის ომამდელი
(იგულისხმება 1941წ.) საზღვრები,
რათა შეენარჩუნებინათ მოკავშირე.
საგულისხმოა, რომ რუზველტმა ჩერჩილს
უარი შეუთვალა სწორედ
იმ მოტივით, რომ
ეს მოახდენდა ატლანტიკური ქარტიის
მესამე მუხლის ანულირებას. როგორც ჩანს,
სტალინიც გრძნობდა ამ
მუხლში ჩადებულ ნაღმს და
ამიტომაც აღმოჩნდა საბჭოთა
დეკლარაციაში ფრაზა, რომ ატლანტიკური
ქარტიის პრინციპების პრაქტიკული
გამოყენება უნდა მომხდარიყო ამა
თუ იმ ქვეყნის
ისტორიული თავისებურებების, გარემოებებისა და საჭიროებების
გათვალისწინებით. ამით საბჭოთა მხარეს
მინიმუმამდე დაჰყავდა ქარტიის
პრინციპების სსრკ-ს წინააღმდეგ
გამოყენების საფრთხე.
„ატლანტიკური ქარტიის“ გარდა არჯენტიაში
ინგლის-აშშ-ს
დიპლომატიის ერთ-ერთ
უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენდა იაპონიის
საკითხიც, რომლის გარშემოც
საკმაოდ ხანგრძლივი კამათი გაიმართა.
ჩერჩილი დაბეჯითებით უმტკიცებდა რუზველტს,
რომ საჭირო იყო
იაპონიის გაფრთხილება, რათა
ამ უკანასკნელს შეეწყვიტა
აგრესიული პოლიტიკის გატარება.
ბრიტანეთის პრემიერი მოითხოვდა აშშ-ს პრეზიდენტისაგან
განცხადების გაკეთებას, რომელშიც ნათლად
იქნებოდა ნათქვამი, რომ იაპონიის
მხრიდან წყნარი ოკეანის
სამხრეთ-დასავლეთ რაიონში ნებისმიერ
წინსვლას მოჰყვებოდა კონტრზომები
იმ შემთხვევაშიც კი,
თუ ეს გამოიწვევდა
ომს იაპონიასა და
აშშ-ს შორის. ჩერჩილმა აღუთქვა
რუზველტს, რომ ასეთივე
განცხადება გაკეთდებოდა დიდი ბრიტანეთისა
და ნიდერლანდების მთავრობების სახელითაც.
აშშ-ს პრეზიდენტმა
თავდაპირველად უარყო ეს
წინადადება, რადგანაც ამგვარი
განცხადებით ის იძლეოდა
პირობას, რომ
საჭირო მომენტში კონგრესისაგან
მიიღებდა ომის გამოცხადების უფლებას,
ეს კი ძალზე
ძნელი მისაღწევი იქნებოდა. გარდა ამისა,
მას სულაც არ
სურდა ომი იაპონიასთან.
და მაინც ჩერჩილმა შესძლო
რუზველტის დარწმუნება, რომ
სამი ქვეყნის ერთობლივი
პოზიცია აიძულებდა იაპონიას,
უკან დაეხია და არ
დაერღვია სტატუს-ქვო
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ ამ
შემთხვევაში იქმნებოდა საშიშროება,
რომ იაპონია თავის ექსპანსიონისტურ
ზრახვებს მიმართავდა საბჭოთა
კავშირის წინააღმდეგ. ასეთი
პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად გადაწყდა,
განცხადებაში შეეტანათ პუნქტი,
რომლითაც აშშ-ს მთავრობა
აგრძნობინებდა იაპონიას, რომ
სსრკ იყო ამერიკის
შეერთებული შტატების მეგობარი ქვეყანა
და აშშ-ს
ხელმძღვანელობა გულგრილი არ დარჩებოდა,
თუ რაიმე მსგავს
კონფლიქტს (იგულისხმებოდა
იაპონიის ექსპანსია _ თ.
პ.) ადგილი ექნებოდა წყნარი
ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ
ნაწილში.
უნდა ითქვას, რომ
ჩერჩილის პოზიცია იაპონიის
საკითხთან დაკავშირებით ატლანტიკურ
კონფერენციაზე სულაც არ იყო
ცალსახა. ერთი მხრივ,
ის უმტკიცებდა რუზველტს,
რომ მკვეთრი განცხადება
აიძულებდა იაპონიის მთავრობას,
საერთოდ შეეწყვიტა ყოველგვარი
აგრესიული მოქმედებანი, მაგრამ,
მეორე მხრივ, არჯენტიიდან
საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის
გაგზავნილ ბარათში მას
ჩამოყალიბებული აქვს იაპონელთა
სავარაუდო რეაქციის 2 ვარიანტი,
რომელიც ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ
აღიქვამდა ის განცხადების
შესაძლო ეფექტს. ბრიტანეთის პრემიერის
აზრით, იაპონელები ან
საერთოდ უარყოფდნენ აშშ-ს
პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ
პირობებს, ან მაინც განაგრძობდნენ
თავიანთ სამხედრო აქციებს
და ერთდროულად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებსაც.
ჩერჩილი თვლიდა, რომ
ორივე შემთხვევაში ამოქმედდებოდა
პარალელურ დეკლარაციებში ჩადებული შინაარსი
და გაერთიანებული ძალებით
მოხერხდებოდა იაპონელთა აგრესიის აღკვეთა.
როგორც ამ წერილიდან
ჩანს, ბრიტანეთის
პრემიერი არც კი
უშვებდა იმ აზრს,
რომ იაპონია უარს იტყოდა
თავის ექსპანსიონისტურ ზრახვებზე.
ყოველივე ეს ჩვენში გარკვეულ
ეჭვებს ბადებს: ხომ
არ სურდა ჩერჩილს
იაპონიასა და აშშ-ს შორის
სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება, რაც აიძულებდა,
ბოლოსდაბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს,
აქტიურად ჩაბმულიყო მეორე
მსოფლიო ომში. მან კარგად
იცოდა, და ამას
არც მალავდა კიდეც,
რომ ეს პრაქტიკულად ომის
მოგებას ნიშნავდა. ასე
რომ, სულაც არ
არის გამორიცხული, რომ ჩერჩილის ორჭოფულ
პოზიციას არჯენტიაში სწორედ ეს
მოსაზრება ედო საფუძვლად,
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს,
რომ ასეთ შემთხვევაში
მას კოვზი ნაცარში
ჩაუვარდა, რადგანაც
ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე რუზველტმა,
კ. ჰალის
რჩევით, შეცვალა განცხადების
ტექსტი და ამოიღო
ყოველგვარი ხსენება ომის შესახებ.
ახალი და საბოლოო
ვარიანტი ითვალისწინებდა მხოლოდ
იმას, რომ აშშ-ს მთავრობა,
იაპონიის მხრიდან რომელიმე
მეზობელი სახელმწიფოს მიმართ
აგრესიის შემთხვევაში, დაიცავდა
თავისი ქვეყნისა და
მოქალაქეების ინტერესებს და უზრუნველყოფდა
ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას.
ჩერჩილისა და რუზველტის დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად არჯენტიაში მიმდინარეობდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შტაბების უფროსების კონსულტაციები. უნდა აღინიშნოს, რომ მხარეები ძირითადად ერთმანეთს აცნობდნენ თავიანთ მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ომი ევროპაში. ამერიკელები საერთოდ თავს იკავებდნენ ამ თემაზე ზედმეტი ლაპარაკისაგან და მხოლოდ იმის კონსტატაციას სჯერდებოდნენ, რომ მათი მოვალეობა იყო დასავლეთ ნახევარსფეროს დაცვა. ამავდროულად ისინი სკეპტიკურად უყურებდნენ ინგლისელთა სტრატეგიას, მოეგოთ ომი ძირითადად საჰაერო დაბომბვებითა და საზღვაო ბლოკადით, ხოლო კონტინენტზე შეჭრილიყვნენ (და ისიც მცირე ძალებით) მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიაღწევდნენ მოწინააღმდეგის ამ გზით წელში გატეხვას. ამასთან, ამერიკელი სამხედროები სავსებით სერიოზულად სთავაზობდნენ ბრიტანელებს, უარი ეთქვათ შუა აღმოსავლეთის დაცვაზე და ძირითადი ყურადღება გადაეტანათ ატლანტიკაში გერმანული წყალქვეშა ნავებისა და ცალკეული რეიდერების წინააღმდეგ ბრძოლის მოგებაზე. მათი აზრით, სწორედ ატლანტიკისათვის ბრძოლა გადაწყვეტდა ომის საბოლოო შედეგს. რასაკვირველია, შუა აღმოსავლეთის დაცვის საკითხისადმი ამგვარმა მიდგომამ ინგლისელების წინააღმდეგობა გამოიწვია, რასაც მოჰყვა სერიოზული კამათი. საბოლოო ჯამში, ბრიტანელებმა დაამტკიცეს აღნიშნულ რეგიონში თავისი პოლიტიკის მართებულობა, მაგრამ, ამავე დროს, ისინი დარწმუნდნენ, რომ ამერიკის არმიას საკუთარი პრობლემები კიდევ დიდხანს არ მისცემდა რაიმერეალურ ოპერაციაში მონაწილეობის მიღების საშუალებას. ასე რომ, ერთადერთი საკითხი, რომელზეც არჯენტიაში სამხედროებმა მიაღწიეს შეთანხმებას, იყო აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ატლანტიკაში პატრულირების ზონის გაფართოების გეგმა.
12 აგვისტოს, ატლანტიკური კონფერენციის ბოლო დღეს, ჩერჩილმა და რუზველტმა განიხილეს საბჭოთა კავშირისადმი დახმარების საკითხი. მათ მოისმინეს ჰოპკინსის მოხსენება მოსკოვში ვიზიტის შესახებ და გაუგზავნეს სტალინს ერთობლივი დეპეშა. ჩერჩილმა და რუზველტმა შესთავაზეს საბჭოთა ლიდერს, მოსკოვში მოეწყოთ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ მაღალი ჩინის ბრიტანელი და ამერიკელი მოხელეები. მათ უშუალოდ სტალინთან ერთად უნდა განეხილათ საბჭოთა კავშირისათვის საჭირო ნედლეულისა და საბრძოლო მასალების რაოდენობისა და მიწოდების ვადების საკითხი. საბჭოთა მხარემ, რასაკვირველია, მიიღო ეს წინადადება. დასაზუსტებელი იყო მხოლოდ კონფერენციის მოწვევის თარიღი. სტალინს სურდა, ამგვარი შეხვედრა შემდგარიყო რაც შეიძლება მალე, მაგრამ ბრიტანელები და ამერიკელები ამჯობინებდნენ დაცდას ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, როდესაც მოსალოდნელი იყო აღმოსავლეთის ფრონტის სტაბილიზაცია. საბოლოო ჯამში, გადაწყდა რომ ინგლის-აშშ-ს მისიები, რომელთაც შესაბამისად სათავეში ჩაუდგებოდნენ ლორდი ბივერბრუკი და ავერელ ჰარიმანი, მოსკოვში ჩავიდოდნენ სექტემბრის ბოლოს. ამით ატლანტიკურმა კონფერენციამ მუშაობა დაასრულა.
1941წ. 29 სექტემბერს, არჯენტიის კონფერენციის დამთავრებიდან თვენახევრის შემდეგ, მუშაობა დაიწყო მოსკოვის კონფერენციამ. სამი დღის განმავლობაში ჰარიმანი და ბივერბრუკი სტალინთან ერთად იხილავდნენ საბჭოთა კავშირისათვის დახმარების აღმოჩენის საკითხს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე მაინცდამაინც საუბარი არ ყოფილა. სამაგიეროდ, სტალინმა შესაძლებლად ჩათვალა, ეთხოვა ბრიტანელებისათვის დამხმარე ნაწილები, რომლებიც საბჭოთა ჯარებს შეუერთდებოდნენ უკრაინაში.1 ბივერბრუკმა პასუხად განაცხადა, რომ ინგლისის დივიზიები ირანში იყრიდნენ თავს2 და სავსებით მისაღებად მიიჩნია მათი გადასროლა საბჭოთა კავშირში, ოღონდ კავკასიაში და არა უკრაინაში.
1. სხვათა შორის, ეს საკითხი სტალინმა მანამდეც წამოჭრა მოკავშირეებთან მიმოწერაში და 13 სექტემბერს შესთავაზა ჩერჩილს არხანგელსკის ან ირანის გავლით გადმოესროლა 25-30 ინგლისური დივიზია სსრკ-ს სამხრეთ რაიონებში, თუმცა აქ არ იყო კონკრეტულად მითითებული მათი შესაძლო გამოყენების ადგილი.
2. 1941წ. აგვისტო-სექტემბერში საბჭოთა და ბრიტანეთის ჯარებმა მოახდინეს ირანის ოკუპაცია, რასაც მოჰყვა პროგერმანულად განწყობილი რეზა შაჰის გადადგომა. ირანის ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა _ მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, ეთანამშრომლა მოკავშირეებთან. მიუხედავად ამისა, საბჭოთა და ბრიტანული ნაწილები დარჩნენ ირანის ტერიტორიაზე მათთვის გამოყოფილ საოკუპაციო ზონებში მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე.
სტალინს, როგორც ჩანს, არ მოეწონა ასეთი ვარიანტი და მოკლედ მოუჭრა ბრიტანელ დიპლომატს, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა უკრაინაში და არა კავკასიაში და ამის შემდეგ უკვე არ დაბრუნებია ამ საკითხს. რაც შეეხება საკუთრივ ეკონომიკურ საკითხებს, თავდაპირველად მათი განხილვაც მძიმედ მიმდინარეობდა, რადგანაც სტალინი აშკარად არ დააკმაყოფილა შემოთავაზებულმა წინადადებებმა. ბრიტანელებს და ამერიკელებს იმისიც კი შეეშინდათ, რომ კონფერენცია ჩაიშლებოდა, მაგრამ 30 სექტემბერს, ბივერბრუკისა და ჰარიმანის საბჭოთა ლიდერთან მესამე შეხვედრისას ვითარება ერთბაშად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებმა და ბრიტანელებმა პრაქტიკულად გაანახევრეს საბჭოთა მოთხოვნები მზა პროდუქციაზე _ თვითმფრინავებზე, ტანკებზე, საზენიტო დანადგარებზე, სატვირთო ავტომანქანებზე და ა. შ., სტალინი მაინცდამაინც არ გაღიზიანებულა და სავსებით დაკმაყოფილდა მოკავშირეთა დაპირებით, რომ ნედლეული მას მიეწოდებოდა სრულად და ზოგიერთ შემთხვევაში გადაჭარბებითაც კი. გადაწყდა, რომ აღნიშნული მასალების მიწოდება მოხდებოდა 1942წ. 1 ივლისამდე. ყოველივე ეს 1941წ. 1 ოქტომბერს გაფორმდა ოქმით, რომელიც იქცა ომის პერიოდში ხელმოწერილ პირველ სამმხრივ ხელშეკრულებად აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და სსრკ-ს შორის. 30 ოქტომბერს რუზველტმა მოახდინა ამ ოქმის ვიზირება და გასცა განკარგულება, რომ 1 მლრდ დოლარამდე საქონლის მიწოდება საბჭოთა კავშირისადმი მომხდარიყო ლენდ-ლიზის საფუძველზე, რის შესახებ აცნობა კიდეც სტალინს. 7 ნოემბერს კი აშშ-ს პრეზიდენტმა ოფიციალურად შეიტანა სსრკ ლენდ-ლიზის მიმღებთა სიაში.
1941წ. 7 დეკემბერს იაპონური ავიაცია თავს დაესხა აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტს პერლ-ჰარბორში და გაანადგურა ის. დაიწყო ახალი ეტაპი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში. ამიერიდან ფორმალურად ნეიტრალური აშშ იქცა ერთ-ერთ მეომარ მხარედ, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა თანაფარდობა. მართალია, წყნარი ოკეანის ფლოტის განადგურებით იაპონელებმა დიდი ხნით იგდეს ხელთ ინიციატივა ამ რეგიონში, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გადამწყვეტი წარმატების მიღწევა, ე. ი. აშშ-ს დამარცხება მათ ძალებს აღემატებოდა. უფრო მეტიც, როგორც აცხადებენ ინგლისელი ისტორიკოსები ს. კირბი და ჯ. გუაიერი, ეს არც წარმოადგენდა მათ მიზანს. აღნიშნულ მკვლევართა აზრით, იაპონელებს უბრალოდ სურდათ სწრაფი დარტყმებით დაეკავებინათ ფილიპინები, ჰოლანდიის ინდოეთი (დღ. ინდონეზია), სიამი (დღ. ტაილანდი), მალაიზია და მთელი რიგი კ-ბისა წყნარი ოკეანის აუზში, რითაც ისინი შექმნიდნენ დაცვით რკალს, რომელშიც შეღწევა ამერიკელებისათვის და ბრიტანელებისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა, ეს მოუხსნიდა იაპონიას ნედლეულთან დაკავშირებულ პრობლემებს, რასაც ის განიცდიდა 1941წ. ივლისში აშშ-ს მიერ ეკონომიკური ემბარგოს შემოღების შემდეგ. მთელი ამ პროგრამის განხორციელება მოხერხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იაპონური ფლოტი გაბატონდებოდა წყნარი ოკეანის აუზში. ამის მიღწევის ერთადერთი საშუალება კი აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის განადგურება იყო, რაც იაპონელებმა წარმატებით განახორციელეს კიდეც 1941წ. 7 დეკემბერს.
ბრიტანელ ისტორიკოსთა ეს მსჯელობა ძნელი გასაზიარებელია. კერძოდ, ჩვენ ვერ დავეთანხმებით ს. კირბის და ჯ. გუაიერს იმაში, რომ იაპონიის მიზანი არ იყო სრული გამარჯვების მიღწევა ამ ომში. რა თქმა უნდა, იაპონიის მთავრობას კარგად ესმოდა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით აშშ-ს ვერ დაამარცხებდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია მოიგებდა ომს ევროპაში, უეჭველია, ამერიკელები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, მით უმეტეს, რომ 1941წ. 11 დეკემბერს გერმანიამ და იტალიამ ომი გამოუცხადეს აშშ-ს. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოურ ისტორიოგრაფიაში ამ მოვლენას ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა და უმნიშვნელო ფაქტად იყო ჩათვლილი. მაგალითად, ვ. ისრაელიანის აზრით, ჰიტლერს რომც არ გამოეცხადებინა ომი აშშ-სთვის, სამხედრო დაპირისპირება ამ ორ ქვეყანას შორის მაინც გარდაუვალი იყო. ჩვენი აზრით, ეს პრობლემის ერთგვარი გამარტივებაა. სავსებით სწორია ამერიკელი მკვლევარი ჯ. გრიგი, როდესაც აცხადებს, რომ იაპონიის თავდასხმა პერლ-ჰარბორზე სულაც არ განაპირობებდა აშშ-ს ჩაბმას გერმანიის წინააღმდეგ ომში. მართალია, როგორც პრეზიდენტი რუზველტი, ისე აშშ-ს უმაღლესი სამხედრო სარდლობა არმიის შტაბის უფროსის გენერალ ჯორჯ მარშალის მეთაურობით, თვლიდნენ, რომ ომის ბედი გადაწყდებოდა ევროპაში და შესაძლებლად მიიჩნევდა ამერიკელთა სამხედრო ჩარევას იქ მიმდინარე ბრძოლებში, გერმანიისთვის ომის გამოცხადების შესახებ რეზოლუციის კონგრესში გატანა არ იქნებოდა იოლი საქმე.4 აქ გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ აშშ-ს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნომერ პირველ მტრად თვლიდა სწორედ იაპონიას და არა გერმანიას.1 ასე რომ, ჰიტლერის მხრიდან აშშ-სთვის ომის გამოცხადებამ ხელ-ფეხი გაუხსნა რუზველტს და მის გუნდს იმ სტრატეგიის განხორციელებაში, რომელიც, მათი აზრით, იყო გადამწყვეტი პირობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მისაღწევად.
1. სხვათა შორის, რუზველტს ურჩევდნენ კიდეც პერლ-ჰარბორზე თავდასხმის დღეს, რომ ეთხოვა კონგრესისათვის ომის გამოცხადება არა მარტო იაპონიისათვის, არამედ გერმანია-იტალიისთვისაც, მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტმა უარი თქვა ამაზე. მან ამჯობინა მოცდა, სანამ ჰიტლერი და მუსოლინი თვითონ გამოუცხადებდნენ ომს აშშ-ს.
აშშ-ს ოფიციალურად ჩართვამ მეორე მსოფლიო ომში ახალი იმპულსი მისცა ვაშინგტონისა და ლონდონის კოორდინირებულ დიპლომატიურ საქმიანობას. 1941წ. 22 დეკემბერს ვაშინგტონში დაიწყო კონფერენცია უმაღლეს დონეზე (კოდური სახელწოდება „არკადია“). აღნიშნული სამიტის მუშაობაში ფრ. რუზველტსა და უ. ჩერჩილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ: აშშ-ს მხრიდან პრეზიდენტის მრჩეველი ჰ. ჰოპკინსი, თავდაცვის მინისტრი ჰ. სტიმსონი, არმიის შტაბის უფროსი ჯ. მარშალი და ფლოტის შტაბის უფროსი ადმირალი ჰაროლდ სტარკი, ბრიტანეთის მხრიდან იმპერიული შტაბის უფროსი ა. ბრუკი, მისი მოადგილე ჯ. დილი, ლორდი ბივერბრუკი. კონფერენციას უნდა განესაზღვრა მოკავშირეთა სტრატეგია მეორე მსოფლიო ომში. მართალია, ჯერ კიდევ 1941წ. თებერვალში ამერიკელებისა და ინგლისელების საშტაბო მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილი იქნა, ძირითად საბრძოლო თეატრად მიეჩნიათ ატლანტიკა და ევროპა, ბრიტანელები შიშობდნენ, რომ იაპონიის თავდასხმას შეეძლო შეეცვალა ამერიკელთა სტრატეგიული გეგმები და ამ უკანასკნელთ მთელი ყურადღება მიეპყროთ წყნარი ოკეანისთვის. მაგრამ ინგლისელთა შიში შტაბების უფროსთა პირველსავე სხდომაზე გაიფანტა, როდესაც ჯ. მარშალმა და ადმირალმა სტარკმა განაცხადეს, რომ იაპონიის ომში ჩაბმის მიუხედავად, გერმანია რჩებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ მოწინააღმდეგედ, რომლის დამარცხებაც გადაწყვეტდა ომის ბედს. ამერიკელთა ეს დასკვნა ეყრდნობოდა წმინდა სამხედრო მოსაზრებებს, რომლებიც ცხადყოფდნენ, რომ გერმანიის პოტენციალი ბევრად სჭარბობდა იაპონიისას და იმ შემთხვევაში, თუ მოკავშირეები წლების განმავლობაში უმოქმედოდ იქნებოდნენ ევროპაში, მაშინ გერმანიის დამარცხება ბევრად უფრო ძნელი, ან საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა. რასაკვირველია, ინგლისელები დაამშვიდა ამერიკელთა ამგვარმა პოზიციამ.
მთავარი სტრატეგიული მიზნის განსაზღვრის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა დაიწყეს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განხილვა. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულ დებატებს ამ საკითხის გარშემო ადგილი არ ჰქონია, რადგანაც ამერიკელებს რაიმე ჩამოყალიბებული გეგმა არ გააჩნდათ. პრაქტიკულად მათ ყოველგვარი ცვლილებების შეტანის გარეშე დაამტკიცეს ინგლისელთა მიერ წარმოდგენილი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებდა 1942წ. გერმანიისა და მისი ევროპელი სატელიტების სრულ ბლოკირებას. ბრიტანელების აზრით, საჭირო იყო მოწინააღმდეგის მომწყვდევა შემდეგ რკალში: არხანგელსკი, შავი ზღვა, ანატოლია, ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთი სანაპირო, ევროპის დასავლეთის სანაპირო, _ რისი მიღწევაც შესაძლებელი იქნებოდა საბჭოთა კავშირისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენით, თურქეთის მხარდაჭერით, შუა აღმოსავლეთში ძალების გაზრდითა და მთელი ჩრდილოეთ აფრიკის დაკავებით. საკუთრივ ევროპაში რაიმე აქტიური შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ინგლისელები არ გეგმავდნენ, თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, თუ შეიქმნებოდა საბჭოთა კავშირის დამარცხების საფრთხე, არ გამოირიცხებოდა ლა-მანშის მცირე ძალებით ფორსირება, რასაც „მსხვერპლშეწირვა“ ეწოდა. ზემოჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა გათვალისწინებული იყო მხოლოდ გერმანიის დაბომბვა და ოკუპირებულ ქვეყნებში არსებული ანტიგერმანული განწყობილებების მხარდაჭერა. უშუალოდ ევროპაში შეჭრა 1943 წლამდე არარეალურად იქნა მიჩნეული. სამაგიეროდ, ბრიტანელები 1943წ. კონტინენტზე დაბრუნების რამდენიმე ვარიანტს თვლიდნენ შესაძლებლად: 1) ხმელთაშუა ზღვით; 2) თურქეთის გავლით ბალკანეთში შეჭრა; 3) ჩრდილო-დასავლეთ ევროპის რამდენიმე ოკუპირებულ ქვეყანაში ერთდროული გადასხმა.
საერთო სტრატეგიული გეგმის მიღების შემდეგ მოკავშირეებმა დაიწყეს 1942 წლისთვის დაგეგმილი სამხედრო მოქმედებების განხილვა. აქ წამოჭრილი საკითხებიდან უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ჩერჩილის მიერ წარმოდგენილი გეგმა უკვე 1942წ. მარტში ჩრდილოეთ აფრიკაში შეჭრის შესახებ. ამ ოპერაციამ (კოდური სახელწოდება „გიმნასტი~) უმალ მიიპყრო რუზველტის ყურადღება,1 თუმცა ამერიკელ სამხედროებს ის მაინცდამაინც არ მოეწონათ. ჯ. მარშალის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიის საკითხებში გენ.-მაიორმა სტენლი ემბიკმა განაცხადა, რომ ამ გეგმას სტრატეგიულ მიზნებზე მეტად პოლიტიკური მოსაზრებები ედო საფუძვლად. მისი აზრით, ასეთი ოპერაციის დამტკიცება იმ დროს დიდი შეცდომა იქნებოდა. რაც შეეხება მარშალს, მან ფრთხილი პოზიცია დაიკავა, რადგანაც შეამჩნია პრეზიდენტის დაინტერესება ამ გეგმით და თავი შეიკავა ამ საკითხზე თავისი აზრის გამოთქმისაგან. კამათი გამოიწვია „გიმნასტის“ განხორციელებისათვის საჭირო ძალების რაოდენობამაც. ინგლისელები თვლიდნენ, რომ ოპერაციის წარმატებით ჩატარებისათვის საკმარისი იქნებოდა 100 ათ. მეომარი, ამერიკელების აზრით კი, მთელი ფრანგული ჩრდილოეთ აფრიკის ოკუპირება მოითხოვდა, როგორც მინიმუმ, 300 ათ. კაცს. საბოლოოდ მხარეებმა მიაღწიეს კომპრომისს, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში ერთდროულად განეხორციელებინათ 3 ბრიტანული დივიზიის (ალჟირში) და 3 ამერიკული დივიზიის (კასაბლანკაში) გადასხმა, თუმცა ისინი უმალ წააწყდნენ პრობლემებს ტრანსპორტირების საკითხში, რამაც საეჭვო გახადა „გიმნასტის“ დადგენილ ვადებში ჩატარება.
1. უნდა აღინიშნოს, რომ მოკავშირეთა მოქმედების ასეთ ვარიანტს ვაშინგტონშიც სწავლობდნენ. კონფერენციამდე რამოდენიმე დღით ადრე ინფორმაციის სამსახურის უფროსმა დონოვანმა რუზველტს წარუდგინა მემორანდუმი, რომელშიც შესწავლილი იყო ჩრდილოეთ აფრიკის დაკავების საკითხი. კვლევითი ჯგუფის დასკვნით, ამ რეგიონის ოკუპაციის შედეგად მიღებული სამხედრო თუ პოლიტიკური დივიდენდები გერმანიისთვის ამ ტერიტორიის უბრალოდ წართმევაზე ბევრად მეტი იქნებოდა და მოტანილი იყო სათანადო დასაბუთებაც.
12 იანვარს ჩრდილოეთ აფრიკის დაკავების გეგმამ კიდევ ერთი დარტყმა მიიღო. ცნობილი გახდა, რომ ფაქტობრივად ჩაიშალა ინგლისელთა შეტევა ლიბიაში. არადა „გიმნასტის“ განხორციელება მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ამ ოპერაციის წარმატებაზე, რადგანაც დაგეგმილი იყო, რომ ფრანგულ აფრიკაში შეჭრა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც გენ. კ. ოკინლეკის (ინგლისელთა მთავარსარდალი აფრიკისა და შუა აღმოსავლეთში) ძალები გავიდოდნენ ლიბია-ტუნისის საზღვარზე.5 ახლა კი ნათელი გახდა, რომ „გიმნასტის“ ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა 1942წ. ზაფხულამდე, რამაც აზრი დაუკარგა ვაშინგტონში ამ საკითხის განხილვას. უფრო მეტიც, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის საერთოდ ამოვარდებოდა მოკავშირეთა სამოქმედო პროგრამიდან, თუმცა ჩერჩილი მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი „გიმნასტის“ პერსპექტივებისადმი. და მას ჰქონდა კიდეც ამის საფუძველი, რადგანაც რუზველტი არ ფარავდა თავის სიმპათიას აღნიშნული ოპერაციის მიმართ და 1942წ. თებერვალში აშშ-ში სსრკ-ს ელჩ მ. ლიტვინოვთან საუბრისას აღნიშნა, რომ პირადად ის მეორე ფრონტად სწორედ ჩრდილოაფრიკულ ფრონტს მიიჩნევდა.
ვაშინგტონში განხილულ იქნა მოკავშირეთა ერთიანი შტაბის შექმნის საკითხიც. გადაწყდა, ჩამოეყალიბებინათ ინგლისამერიკის გაერთიანებული შტაბი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ჯ. მარშალი. ამ ორგანოს ადგილსამყოფელად დამტკიცებულ იქნა ვაშინგტონი. აღსანიშნავია, რომ ჩერჩილმა ვაშინტონის კონფერენციაზე სამხედრო საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შორის უმნიშვნელოვანესად სწორედ გაერთიანებული შტაბის შექმნა მიიჩნია. ჩვენი აზრით, ბრიტანეთის პრემიერი სულაც არ აძლევდა ამ მოვლენას გადაჭარბებულ შეფასებას. თუ არ ჩავთვლით გერმანიის უმთავრეს მოწინააღმდეგედ მიჩნევის პრინციპის აღიარებას, კონფერენციაზე დაიგეგმა მხოლოდ მეორეხარისხოვანი ოპერაციები, ხოლო წყნარი ოკეანის აუზში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ირგვლივ მიღებული პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილება უბრალოდ ფარატინა ქაღალდი გამოდგა. სამხედრო საკითხების გარდა ვაშინგტონის კონფერენციაზე რუზველტმა და ჩერჩილმა განიხილეს პოლიტიკური პრობლემებიც. უპირველეს ამოცანად, ამ თვალსაზრისით, მიჩნეულ იქნა მოკავშირეთა კოალიციის საბოლოო გაფორმება. აშშ-ს პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერმა დაიწყეს მუშაობა ერთობლივი დეკლარაციის პროექტზე. მოგვიანებით ამ დოკუმენტის მომზადებაში ჩაერთო სსრკ-ს ელჩი აშშ-ში მ. ლიტვინოვი. ერთკვირიანი დამუშავებისა და დახვეწის შედეგად 1942წ. 1 იანვარს გამოქვეყნებულ იქნა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერდა 26 სახელმწიფო და რომელიც ისტორიაში ცნობილია „გაერთიანებული ერების დეკლარაციის“ სახელით. დეკლარაციის ხელისმომწერ სახელმწიფოთა სიას სათავეში ედგნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ და ჩინეთი, რის შემდეგაც ანბანის მიხედვით მოდიოდნენ ოკუპირებული ქვეყნები, ბრიტანეთის დომინიონები და ლათინური ამერიკის სახელმწიფოები. ეს უკანასკნელნი ნომინალურ მონაწილეობას იღებდნენ მეორე მსოფლიო ომში და მათი შეყვანა ხელისმომწერთა სიაში განაპირობა ამერიკელთა სურვილმა, გაეზარდათ მოკავშირეთა მხარდამჭერი მცირე ქვეყნების რიცხვი, რაც, მათი აზრით, სასარგებლო იქნებოდა. სამაგიეროდ, ამ სიიდან, ასევე ამერიკელთა მოთხოვნით, ამოღებულ იქნა საფრანგეთი, კერძოდ, საფრანგეთის ეროვნული კომიტეტი, რომელსაც სათავეში ედგა გენერალი შარლ დე გოლი. ეს განპირობებული იყო იმით, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა ვიშის მარიონეტულ მთავრობასთან. გარდა ამისა, სწორედ ვაშინგტონის კონფერენციის წინ გოლისტებმა თავისი კონტროლი დაამყარეს კანადის მახლობლად მდებარე პატარა ფრანგულ კ-ბზე: სენ-პიერსა და მიქელონზე. ამან პირდაპირ გააცოფა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კ. ჰალი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა ამ კ-ბის ვიშისტ გუბერნატორ ჟორჟ რობერთან. სწორედ ჰალმა მოახდინა ზემოქმედება პრეზიდენტ რუზველტზე და ათქმევინა მას უარი ხელისმომწერთა სიაში საფრანგეთის შეყვანაზე. გარდა ამისა, როგორც ჩანს, სწორედ აქედან დაედო სათავე საკუთრივ რუზველტის უარყოფით დამოკიდებულებას შარლ დე გოლის პიროვნებისადმი.
გაერთიანებული ერების დეკლარაციაში ჩამოყალიბებული იყო მოკავშირე სახელმწიფოთა მიზნები ომში და ვალდებულებები, რომელსაც ისინი იღებდნენ თავის თავზე ამ მიზნების მისაღწევად. დეკლარაციის ტექსტი შედგებოდა შესავალი ნაწილისა და 2 პუნქტისაგან. პრეამბულაში ხელისმომწერი ქვეყნები უერთდებოდნენ „ატლანტიკურ ქარტიას“. აქვე ისინი გამოთქვამდნენ რწმენას, რომ სიცოცხლის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა თუ რელიგიური შემწყნარებლობის1 დასაცავად და ყველა სახელმწიფოში პიროვნების უფლებებისა თუ სამართლიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო მტერზე სრული გამარჯვების მოპოვება. დეკლარაციის პირველი პუნქტით ყოველი ქვეყნის მთავრობა იძლეოდა გარანტიას, რომ გამოიყენებდა მთელ თავის რესურსებს სამმხრივი პაქტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომელთანაც ის აწარმოებდა საომარ მოქმედებებს. მეორე მუხლით ხელისმომწერი სახელმწიფოები იღებდნენ ვალდებულებას ერთმანეთს შორის თანამშრომლობის შესახებ და აცხადებდნენ უარს მტერთან სეპარატული მოლაპარაკებების წარმოებაზე. და ბოლოს, დეკლარაციის დასკვნით ნაწილში ნათქვამი იყო, რომ მასთან შეერთება შეეძლო ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეიტანდა თავის წვლილს ჰიტლერიზმზე გამარჯვებაში.2 მთლიანობაში აღნიშნული დეკლარაცია უაღრესად მნიშვნელოვანი გამოდგა. მან ხელი შეუწყო მოკავშირეთა შორის ურთიერთობების განმტკიცებას და მისი მიღებით პრაქტიკულად დასრულდა ანტიჰიტლერული კოალიციის ფორმირება. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე (1945წ. აპრილი) სან-ფრანცისკოში მოიწვიეს სწორედ ის სახელმწიფოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ დეკლარაციას, ან შემდგომში (1945წ. 1 მარტამდე) შეუერთდნენ მას.
1. სიტყვები რელიგიური შემწყნარებლობის შესახებ დეკლარაციაში შეტანილი იქნა საკმაოდ ხანგრძლივი დებატების შემდეგ, რადგანაც საბჭოთა მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამას. უკიდურეს შემთხვევაში, მ. ლიტვინოვი თანხმდებოდა მხოლოდ „სინდისის თავისუფლებაზე“. საბოლოო ჯამში, რუზველტმა საბჭოთა ელჩს აუხსნა, რომ ტრადიციული, თ. ჯეფერსონისეული გაგება რელიგიური შემწყნარებლობისა შეიცავდა უფლებას, საერთოდ არ გეწამა ღმერთი. როგორც ჩანს, ლიტვინოვმა მოახერხა ამ ინფორმაციის გადაცემა მოსკოვში, რადგანაც სწორედ ამის შემდეგ მისცა სტალინმა თავის ელჩს უფლება, შეეტანა ეს სიტყვები დეკლარაციის ტექსტში.
2. პირვანდელ ვარიანტში აქ ნახსენები იყო „სამი სახელმწიფოს პაქტის წევრების ან მომხრეების განადგურება“, მაგრამ საბჭოთა მხარის მოთხოვნით ეს სიტყვები შეიცვალა „ჰიტლერიზმით“, რადგანაც სტალინს ამ ეტაპზე არ სურდა იაპონიასთან ომში ჩაბმა. თავის მხრივ, მ. ლიტვინოვმა აუხსნა ამერიკელებს და ინგლისელებს, რომ საბჭოთა კავშირში ტერმინ „ჰიტლერიზმის“ ქვეშ იგულისხმებოდა „ნაციზმი, ფაშიზმი და იაპონიზმი~. რუზველტი და ჩერჩილი დააკმაყოფილა ასეთმა განმარტებამ, რის შემდეგაც დეკლარაციის ტექსტში შეტანილ იქნა სათანადო შესწორება.
ვაშინგტონის კონფერენციამ მუშაობა დაასრულა 1942 წლის 14 იანვარს. რა შეიძლება ითქვას მისი შედეგების შესახებ? პირველ რიგში, და ამას ხაზს უსვამს პრაქტიკულად ყველა მკვლევარი, კონფერენციამ ხელი შეუწყო ანტიჰიტლერული კოალიციის განმტკიცებას. მიღებულ იქნა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება _ გერმანია გამოცხადდა მთავარ მოწინააღმდეგედ. ამან უდავოდ დიდი გავლენა იქონია ომის მსვლელობაზე და, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სამხედრო თუ პოლიტიკური წრეების გარკვეულ ნაწილს პერიოდულად გამოუჩნდებოდა ხოლმე მისი გადასინჯვის სურვილი, მოკავშირეებს არასოდეს შეუცვლიათ ის. რაც შეეხება კონკრეტულ სამხედრო საკითხებს, შეიძლება ითქვას, რომ მათ განხილვას რაიმე პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით ინგლის-ამერიკის გაერთიანებული შტაბის შექმნას. მართალია, კონფერენციაზე დამტკიცებულ იქნა გერმანიის წინააღმდეგ ომის წარმოების ბრიტანული სტრატეგია,1 მაგრამ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი შეიკავეს. საკუთრივ ინგლისური გეგმა კი იმდენად ზოგადი იყო ევროპაში შეჭრის საკითხთან დაკავშირებით, რომ მასში მოცემული იყო ერთმანეთის გამომრიცხავი რამდენიმე ვარიანტი. ასე რომ, ამ პრობლემის გადაწყვეტა მომავლისთვის იქნა გადადებული. ვაშინგტონის კონფერენციის დამთავრების შემდეგ ამერიკელებმა დაიწყეს ევროპაში ომის წარმოების შესახებ საკუთარი სტრატეგიის შემუშავება. ამ სამუშაოს სათავეში ჩაუდგა აშშ-ს არმიის შტაბის სამხედრო დაგეგმვის სამმართველო, რომლის ხელმძღვანელადაც 1942 წლის 16 თებერვალს დაინიშნა გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი. უკვე 28 თებერვალს მან წარუდგინა ჯ. მარშალს მოხსენება, რომელშიც მიზანშეწონილად იყო ჩათვლილი წყნარი ოკეანის აუზში სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასვლა და მთელი ძალების მოკრება ევროპაში შეტევითი ოპერაციების საწარმოებლად. მარტის დასაწყისში სტრატეგიული დაგეგმვის გაერთიანებულმა კომისიამ დაადგინა, რომ ვერმახტზე მძლავრი შეტევის მიტანა შეიძლებოდა მხოლოდ ბრიტანეთის კ-ბიდან. თავის მხრივ, რუზველტიც დაინტერესდა ევროპაში საკუთრივ 1942 წელს შეჭრის იდეით, თუმცა ის დასაშვებად თვლიდა მხოლოდ საჰაერო ოპერაციებსა და რეიდებს. 25 მარტს ეიზენჰაუერმა მარშალს წარუდგინა მემორანდუმი, რომელშიც ხაზგასმული იყო ლა-მანშის ფორსირების აუცილებლობა.
1. ამერიკელმა მკვლევარმა ტ. ჰიგინსმა ამას ჩერჩილის ხანმოკლე ტრიუმფი უწოდა.
ამავე დღეს პრეზიდენტთან მოწვეულ თათბირზე ეს იდეა მოწონებულ იქნა და გენერალ მარშალს დაევალა კვირის ბოლოსათვის გეგმის შედგენა. ასეთი გეგმა, რომელსაც „მარშალის მემორანდუმი“ ეწოდა, შემუშავებულ იქნა აშშ-ს არმიის შტაბის ოპერატიულ განყოფილებაში და დ. ეიზენჰაუერის, პოლკოვნიკ ჰენდისა და პოლკოვნიკ ჰალის მიერ და 1 აპრილს წარედგინა რუზველტს. ამერიკელი სამხედროები ევროპაში შეჭრის სავარაუდო ვადად მიიჩნევდნენ 1943 წლის აპრილს (კოდური სახელწოდება „რაუნდაპი“). მათი გამოთვლებით, ოპერაციაში მონაწილეობა უნდა მიეღო 30 ამერიკულ და 18 ბრიტანულ დივიზიას. გარდა ამისა, გეგმაში გათვალისწინებული იყო ლა-მანშის ფორსირება უკვე 1942 წლის შემოდგომაზე (კოდური სახელწოდება „სლეჯჰამერი“), თუ შეიქმნებოდა საბჭოთა კავშირის დამარცხების რეალური საფრთხე.1 ამ შემთხვევაში ოპერაცია ძირითადად ინგლისელების ძალებით უნდა განხორციელებულიყო და მას პრაქტიკულად მსხვერპლშეწირვის სახე უნდა მიეღო.3 რუზველტმა მოიწონა ეს გეგმა და 8 აპრილს მარშალმა და ჰოპკინსმა ჩაიტანეს ის ლონდონში ინგლისელებთან შესათანხმებლად. თითქმის ამავდროულად, 12 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა აცნობა სტალინს, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი სამხედრო წინადადება, რომლის განხორციელების შემთხვევაში გაუმჯობესდებოდა საბჭოთა ჯარების მდგომარეობა ფრონტზე.4 რუზველტმა შესთავაზა საბჭოთა ლიდერს, ვაშინგტონში გამოეგზავნა ვ. მოლოტოვი და ნდობით აღჭურვილი გენერალი აღნიშნული საკითხის განსახილველად.
1. მეორე ვარიანტით, ეს უნდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის მდგომარეობა დასავლეთ ევროპაში გახდებოდა კრიტიკული. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე გამოთქვამდნენ ამერიკელი სამხედროები ასეთ ვარაუდს, რადგანაც, ერთი მხრივ, მათ ეეჭვებოდათ, რომ საბჭოთა კავშირი გაუძლებდა გერმანიის დაწოლას, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობდა დასკვნა, რომ საფრანგეთში ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყება მოსალოდნელი იყო მხოლოდ მოკავშირეების მიერ ლა-მანშის წარმატებული ფორსირების შემთხვევაში.
მოლაპარაკებები ლონდონში 8-დან 14 აპრილამდე გაგრძელდა. სიტუაცია აღნიშნულ შეხვედრაზე საკმაოდ დაძაბული იყო, პირველ რიგში, წყნარი ოკეანის აუზში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სხდომების მსვლელობა კომიკურ ელფერსაც კი იძენდა. მაგალითად, საკმარისი იყო ამერიკელებს საუბარი დაეწყოთ ლა-მანშის ფორსირებაზე, რომ ინგლისელები უმალვე უსვამდნენ ხაზს იაპონიასთან ომში გამარჯვების მიღწევის მნიშვნელობას. საბოლოო ჯამში, ჰოპკინსმა და მარშალმა მიაღწიეს ბრიტანელების თანხმობას 1943 წელს ევროპაში ფართომასშტაბიანი შეჭრის თაობაზე, რის შესახებ აცნობეს კიდეც ვაშინგტონს. ჩერჩილი დათანხმდა იმასაც, რომ დაწყებულიყო მზადება ოპერაცია „სლეჯჰამერის“ განხორციელებისათვის, მაგრამ რაიმე გარკვეული ვალდებულება მის ჩატარებაზე არ აუღია, რაც აღნიშნა კიდეც 1942 წლის 29 აპრილს სამხედრო კაბინეტის მიერ დამტკიცებულ მოხსენებაში. უფრო მეტიც, ბრიტანეთის პრემიერმა მემუარებში ხაზი გაუსვა, რომ ის ამ გეგმას განიხილავდა, როგორც მოკავშირეთა მოქმედების ერთ-ერთ (თანაც ყველაზე უარეს) შესაძლო ვარიანტს. ამასთან, ჩერჩილმა განაცხადა, რომ თავად ის ჩრდილოეთ აფრიკაში და ნორვეგიაში ერთდროულ ოპერაციას ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ იძულებული იყო, დიპლომატიურად ემოქმედა, რათა არ გაენაწყენებინა თავისი მოკავშირე (იგულისხმება აშშ), რომლის დახმარების გარეშეც ვერაფერს გახდებოდა. როგორც ჩანს, ის ინფორმირებული იყო, რომ „სლეჯჰამერზე“ ბრიტანელების უარის შემთხვევაში ამერიკელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მთელი თავისი ყურადღების წყნარი ოკეანის აუზში გადატანა. რაც შეეხება ინგლისელ სამხედროებს, მათ საერთოდ არასოდეს უფიქრიათ სერიოზულად საფრანგეთში 1942 წელს შეჭრაზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 12 აპრილს რუზველტმა სტალინს აცნობა მნიშვნელოვანი სამხედრო წინადადების შესახებ. საბჭოთა ლიდერმა დაავალა მ. ლიტვინოვს დაეზუსტებინა, თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა აშშ-ს პრეზიდენტი ამ ფრაზის ქვეშ. რუზველტმაც განუმარტა საბჭოთა ელჩს, რომ მან აუცილებლად ჩათვალა მეორე ფრონტის საფრანგეთში გახსნა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ იყო დამტკიცებული ინგლისელების მიერ. ამიტომ აშშ-ს პრეზიდენტს სურდა საბჭოთა მთავრობის მხარდაჭერის მიღება ამ საკითხში. რასაკვირველია, სტალინი დათანხმდა რუზველტის წინადადებას და აღუთქვა მას, რომ მოლოტოვი ვაშინგტონში ჩავიდოდა არა უგვიანეს 10-15 მაისისა. საბჭოთა ლიდერს, როგორც ჩანს, აფიქრებდა ბრიტანელთა ორჭოფული პოზიცია მეორე ფრონტის გახსნის საკითხში, რის შესახებაც მას გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა როგორც საკუთრივ რუზველტისაგან, ისე ლორდ ბივერბრუკისაგან. ამიტომ სტალინმა გადაწყვიტა, გაეგზავნა მოლოტოვი ჯერ ლონდონში, ხოლო შემდგომ ვაშინგტონში, რადგანაც საფრანგეთში შეჭრა უნდა მომხდარიყო ინგლისიდან ძირითადად ბრიტანული ძალებით და აუცილებელი იყო სწორედ ჩერჩილის აზრის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საბჭოთა ლიდერს სურდა, დაესრულებინა გაჭიანურებული მოლაპარაკებები სსრკ-დიდი ბრიტანეთის ხელშეკრულების გარშემო.1
1. აღნიშნული ხელშეკრულების დადება ნავარაუდევი იყო ჯერ კიდევ 1941წ. დეკემბერში, მაგრამ მაშინ ინგლისელები არ დათანხმდნენ საბჭოთა კავშირის ომამდელი (ე. ი. 1941წ. 22 ივნისამდე) საზღვრების დე-იურე აღიარებაზე, რამაც გამოიწვია მოლაპარაკებების გაჭიანურება.
მოლოტოვის ინგლისურ-ამერიკული ტურნე დაიწყო 1942 წლის 26 მაისს, როდესაც ის ჩავიდა ლონდონში სამხედრო წარმომადგენელ გენერალ-მაიორ ისაევთან ერთად. მოლაპარაკებების დროს ჩერჩილმა ხაზი გაუსვა სირთულეებს, რომლებსაც აწყდებოდნენ მოკავშირეები მეორე ფრონტის გახსნის მომზადებისას. მან აღნიშნა, რომ 1943 წელს შესაძლებელი იქნებოდა ფართომასშტაბიანი ოპერაციის განხორციელება საფრანგეთში, მაგრამ 1942 წლის შემოდგომაზე ლა-მანშის ფორსირება, ბრიტანეთის პრემიერის თქმით, შესწავლის სტადიაში იმყოფებოდა. მოლოტოვმა, ალბათ სტალინის მითითებით, თავი შეიკავა აღნიშნული პრობლემის განხილვისაგან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებას ამ თემაზე განაგრძობდნენ საბჭოთა დიპლომატის ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ. სამაგიეროდ, 1942 წლის 26 მაისს ხელმოწერილ იქნა სამოკავშირეო ხელშეკრულება საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის.1 აღნიშნული დოკუმენტი 2 ნაწილისაგან შედგებოდა. ხელშეკრულების პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იღებდნენ ვალდებულებას ომის განმავლობაში ერთმანეთისთვის დახმარების აღმოჩენასა და მოწინააღმდეგესთან მხოლოდ ერთობლივი მოლაპარაკებების წარმოებაზე. მეორე ნაწილი ეხებოდა სსრკ-სა და დიდი ბრიტანეთის ომისშემდგომ თანამშრომლობას. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 20 წლით განისაზღვრა.
1. უნდა აღინიშნოს, რომ არც ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა უპრობლემოდ. წინა მოლაპარაკებების მსგავსად, მხარეები ვერც ამჯერად მორიგდნენ საბჭოთა კავშირის საზღვრების ცნობის საკითხში. ბოლოს და ბოლოს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონი იდენმა წარმოადგინა ხელშეკრულების ახალი პროექტი, რომელშიც საზღვრების შესახებ ერთი სიტყვაც არ იყო ნახსენები. საბჭოთა დელეგაციის პირველი რეაქცია ინგლისელთა ვარიანტზე უარყოფითი გამოდგა, მაგრამ შემდეგ მოსკოვიდან მოვიდა მოულოდნელი მითითება, რომ მოეწონებინათ აღნიშნული პროექტი. როგორც ჩანს, სტალინის თანხმობა გამოწვეული იყო ამერიკელთა პოზიციით. 24 მაისს აშშ-ს ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვაინანტმა აცნობა მოლოტოვს, რომ რუზველტი მხარს უჭერდა ინგლისელთა ვარიანტს, რადგანაც საბჭოთა საზღვრების ცნობა (თუნდაც მხოლოდ ბრიტანელების მხრიდან) სირთულეებს შეუქმნიდა მას საბჭოთა კავშირის დახმარების საქმეში. გარდა ამისა, ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი იყო საფრანგეთში შეჭრის თავგამოდებული მომხრე და რომ არ იყო სასურველი მისი მდგომარეობის გართულება, რადგანაც მეორე ფრონტი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სსრკ-ს ომამდელი საზღვრების საკითხი. ეტყობა, სტალინმა ეს მინიშნება აღიქვა მეორე ფრონტის გახსნის პირდაპირ დაპირებად და დათანხმდა ხელშეკრულების ინგლისურ ვარიანტს.
ლონდონიდან მოლოტოვი გაემგზავრა ვაშინგტონს, სადაც რამდენიმეჯერ ესაუბრა რუზველტს. აშშ-ს პრეზიდენტმა აღუთქვა საბჭოთა კავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, რომ ყოველნაირად ეცდებოდა 1942 წელს ევროპაში მეორე ფრონტის გახსნას.1 მართალია, რუზველტმა იქვე აღნიშნა, რომ მხოლოდ მას არ შეეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა. აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ რამდენადაც ეს დამოკიდებული იქნებოდა ამერიკელებზე, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა 1942 წელს, მაგრამ ის ვერ მისცემდა ამგვარი სახის დაპირებას ინგლისელების მაგივრად. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ეს სულაც არ იყო იოლი ოპერაცია და არ გამორიცხა ახალი დიუნკერკის შესაძლებლობა.2 და მაინც, მიუხედავად ამისა, რუზველტი დათანხმდა, შეეტანა ერთობლივი საბჭოთა-ამერიკული კომუნიკეს ტექსტში მოლოტოვის მიერ შეთავაზებული ფრაზა, „რომ მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა სრული შეთანხმება 1942 წელს ევროპაში მეორე ფრონტის შექმნის გადაუდებელი ამოცანების შესახებ“. ამით აშშ-ს პრეზიდენტმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჩერჩილი, რადგანაც ლონდონსა და ვაშინგტონში ერთსა და იმავე დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო ერთნაირი შინაარსის მქონე ორი კომუნიკე: საბჭოთა კავშირ-ინგლისისა და საბჭოთა კავშირ-აშშს.3 რასაკვირველია, მოლოტოვმა, რომელიც ვაშინგტონიდან ლონდონში დაბრუნდა, გამოიყენა რუზველტთან შეთანხმებული ტექსტი და აიძულა ინგლისელები, შეეტანათ ანალოგიური ხასიათის შესწორება თავის დოკუმენტში. მოგვიანებით ანტონი იდენმა თავის მემუარებში განაცხადა, რომ მათ უკვე სხვა გზა არც დარჩენოდა, რადგანაც საწინააღმდეგო შინაარსის დოკუმენტის გამოქვეყნებით ისინი მხოლოდ გერმანელების წისქვილზე დაასხამდნენ წყალს.4 მიუხედავად ამისა, ჩერჩილმა მაინც მოახერხა აღნიშნული სიტუაციიდან თავის დაძვრენა. 1942 წლის 10 ივნისს მან მოლოტოვს გადასცა სამახსოვრო ბარათი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოკავშირეები ყოველნაირად ეცდებოდნენ 1942 წლის აგვისტო-სექტემბერში ევროპაში მეორე ფრონტის გახსნას, მაგრამ იქვე ბრიტანეთის პრემიერი აფრთხილებდა საბჭოთა მხარეს, რომ წინასწარ შეუძლებელი იყო იმის თქმა, იქნებოდა თუ არა იმ დროს შესაფერისი მდგომარეობა ამ ოპერაციის ჩასატარებლად. ამიტომ ჩერჩილი რაიმე გარკვეული დაპირებების მიცემისაგან თავს იკავებდა. ამ მემორანდუმიდან ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ბრიტანეთის პრემიერი არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა 1942 წელს ლა-მანშის ფორსირებაზე. ამას ასაბუთებს ისიც, რომ უკვე 17 ივნისს ჩერჩილი გაფრინდა ვაშინგტონს, რათა დაერწმუნებინა რუზველტი, რომ ევროპაში 1942წ. შეტევითი ოპერაციის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სწორედ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მეთაურების ამ შეხვედრაზე შედგა ძირითადი ბრძოლა მეორე ფრონტის გახსნის საკითხის გარშემო. ვაშინგტონის მეორე კონფერენცია მიმდინარეობდა 1942 წლის 19-დან 25 ივნისამდე. ჩერჩილმა პირველივე სხდომებიდან შეუტია 1942 წელს ლა-მანშის ფორსირების სტრატეგიას და ხაზი გაუსვა, რომ ინგლისელმა სპეციალისტებმა ვერ შეიმუშავეს ისეთი გეგმა, რომელიც ამ ოპერაციას წარმატების რაიმე შანსს მისცემდა, თუ გერმანელები სრულიად დემორალიზებული არ იქნებოდნენ. თავის მხრივ, ვერც ამერიკის მხარემ წარუდგინა დიდ ბრიტანეთს დასავლეთ ევროპაში მეორე ფრონტის 1942 წელს განხორციელების კონკრეტული გეგმა. ამით გათამამებულმა ჩერჩილმა პირდაპირ განაცხადა, რომ რაკი დასავლეთ ევროპაში ოპერაციების ჩატარება შეუძლებელი იყო, მთელი ყურადღება უნდა გადაეტანათ ჩრდილოეთ აფრიკაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის პრემიერის ამ წინადადებას ამერიკელი სამხედროების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რადგანაც, მათი აზრით, ეს ეჭვს ქვეშ დააყენებდა 1943 წელს ევროპაში ფართომასშტაბიან შეჭრას. შედეგად, შტაბების უფროსთა გაერთიანებულმა კომიტეტმა 20 ივნისს დაადგინა, რომ „გიმნასტის“ ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო. თვით „სლეჯჰამერიც“ კი უკეთეს ვარიანტად იქნა მიჩნეული. გარდა ამისა, გადაწყდა, შეესწავლათ 1942 წელს ევროპაში შეტევითი ოპერაციების ჩატარების საკითხი, თუმცა ხაზგასმული იყო, რომ მათი განხორციელება უნდა მომხდარიყო მხოლოდ აუცილებლობის ან ძალზედ ხელსაყრელი პირობების შექმნის შემთხვევაში.
1. აქ, ჩვენი აზრით, ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას: რუზველტი მეორე ფრონტის ქვეშ გულისხმობდა შეზღუდული სახის (6-10 დივიზიის ძალებით) ოპერაციას. ასე რომ, საფრანგეთში ფართომასშტაბიან შეჭრაზე, რომელიც აიძულებდა გერმანელებს 40-მდე დივიზიის გადასროლას აღმოსავლეთიდან დასავლეთში, როგორც ამას მოითხოვდა საბჭოთა მხარე, მას მოლოტოვისთვის დაპირება არ მიუცია.
2. აღსანიშნავია რომ მოლოტოვმა ეს სიტყვები გადასცა ჩერჩილს და მისგან პასუხად მიიღო, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა ახალ დიუნკერკზე, ვისაც არ უნდა გაეწია რეკომენდაცია ამ აზრისათვის.
3. კომუნიკეს ტექსტის გარდა ვაშინგტონში შეთანხმებულ იქნა საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ლენდ-ლიზის შესახებ ხელშეკრულების ძირითადი დებულებები. საბოლოოდ კი ამ ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი მოაწერეს 1942წ. 11 ივნისს.
4. ორივე კომუნიკე გამოქვეყნებულ იქნა 1942წ. 11 ივნისს (საბჭოთა კავშირში მათი გამოქვეყნება ერთი დღით გვიან, მოლოტოვის დაბრუნების შემდეგ მოხდა).
ერთი სიტყვით, ჩერჩილის ჩრდილოაფრიკული პროექტი დაწუნებულ იქნა. ამერიკელ სამხედროებს 1942 წელს საერთოდ უმოქმედოდ ყოფნა ერჩივნათ, ოღონდ შესაძლებელი გამხდარიყო 1943 წელს ევროპაში ფართომასშტაბიანი შეჭრა, მაგრამ გაერთიანებული კომიტეტის გადაწყვეტილებები გადასინჯულ იქნა მეორე დღეს რუზველტისა და ჩერჩილის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის პრემიერს ძალიან დაეხმარა ამაში ინგლისური ჯარების მიერ ლიბიაში განცდილი კატასტროფა.1 ცნობა ციხესიმაგრე ტობრუკის დაცემის შესახებ მოვიდა სწორედ მთავრობათა მეთაურების სხდომის დროს და მნიშვნელოვნად შეცვალა ამერიკელთა დამოკიდებულება ჩრდილოეთ აფრიკის საკითხის მიმართ, რადგანაც შეიქმნა საშიშროება, რომ გერმანელები დაიკავებდნენ ეგვიპტესაც. კონფერენციის მონაწილენი უმალ გადაერთვნენ აფრიკულ პრობლემებზე და ამის შემდეგ ჩერჩილს უკვე არ გასჭირვებია ცვლილებების შეტანა გაერთიანებული შტაბის დადგენილებაში, რომელსაც დაემატა პუნქტი, რომ საჭირო იყო „გიმნასტის“ დეტალური გეგმის უმოკლეს დროში შემუშავება. გარდა ამისა, გადაწყდა რომ იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოქმედებები საფრანგეთსა და ნიდერლანდებში 1942 წელს განწირული იქნებოდა მარცხისათვის, ისინი უნდა შეცვლილიყო სხვა ოპერაციებით. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ვაშინგტონის კონფერენცია პრინციპში ჩერჩილის დიპლომატიური გამარჯვებით დასრულდა. მართალია, აქ არ იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება მეორე ფრონტის აფრიკაში გახსნის თაობაზე, მაგრამ ბრიტანეთის პრემიერმა შეძლო სათანადო წინაპირობების შექმნა ასეთი ოპერაციის ჩატარებისათვის. გარდა ამისა, ყველასათვის ნათელი იყო, რომ ჩერჩილს არ გაუჭირდებოდა „სლეჯჰამერის“ ჩაშლა, რადგანაც მისი განხორციელება, სათანადო ამერიკული ნაწილების უქონლობის გამო, ძირითადად ინგლისელთა ძალებით იყო გათვალისწინებული. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი: თვით საბჭოთა მკვლევარი ი. უნდასინოვი იძულებულია აღიაროს, რომ ბრიტანელებს მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით არ შეეძლოთ ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროს დაპყრობა, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ 4 გერმანული და 11 იტალიური დივიზია იყო განლაგებული. ასეთ შემთხვევაში დაისმის კითხვა, თუ წარმატების რა შანსი შეიძლებოდა ჰქონოდა ფაქტობრივად ინგლისელთა ძალებით ჩასატარებელ ოპერაციას საფრანგეთში, როდესაც ჰიტლერს დასავლეთ ევროპაში ჰყავდა 52 ქვეითი და სატანკო დივიზია?!
1. 1942წ. 26 მაისს ე. რომელმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ლიბიაში და ერთთვიანი ბრძოლების შემდეგ სასტიკი მარცხი აგემა ინგლისელებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვან წარმატებას მან მიაღწია 20 ივნისს, როდესაც პრაქტიკულად უბრძოლველად აიღო ტობრუკი.
საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად გაეხსნათ მოკავშირეებს მეორე ფრონტი 1942 წელს, მიღებულ იქნა ლონდონში ივლისის ბოლოს, როდესაც ამ საკითხის განსახილველად რუზველტმა იქ გააგზავნა მისია ჰ. ჰოპკინსის, ჯ. მარშალისა და ე. კინგის შემადგენლობით. ინგლისელები კარგად მოემზადნენ ამ შეხვედრისათვის. ჯერ კიდევ 7 ივლისს, სამხედრო კაბინეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ იყო სავარაუდო „სლეჯჰამერის“ განხორციელებისათვის შესაფერისი პირობების შექმნა. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა დადგენილება, რომ საჭირო იყო ამერიკელთა დარწმუნება „გიმნასტის“ ჩატარების აუცილებლობაში. სასურველად იქნა ჩათვლილი აგრეთვე ჩრდილოეთ ნორვეგიაში შეჭრა (ოპერაცია „იუპიტერი“), თუ მოხერხდებოდა მისაღები გეგმის შემუშავება. ყოველივე ეს ჩერჩილმა მეორე დღეს აცნობა რუზველტს და განუცხადა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ თვითონ ის საბჭოთა ფრონტისათვის დახმარების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებად თვლიდა „გიმნასტის“ განხორციელებას. 14 ივლისს ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ მისწერა რუზველტს მასზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ამჯერად ჩერჩილი ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ საფრანგეთში 1942წ. შეჭრას ყველა შეუძლებლად თვლიდა და სთხოვდა პრეზიდენტს, რაც შეიძლება მალე ჩაეტარებინა „გიმნასტი“.
და მაინც, მიუხედავად ასეთი მომზადებისა, ბრიტანეთის პრემიერი არ იყო ბოლომდე დარწმუნებული, რომ შესძლებდა თავისი სტრატეგიის გატანას ლონდონის შეხვედრაზე. 12 ივლისს მან აცნობა ფელდმარშალ ჯ. დილს, ბრიტანელთა წარმომადგენელს მოკავშირეთა გაერთიანებულ შტაბში, რომ თუ რუზველტი უარყოფდა „გიმნასტს“, ის (ე. ი. ჩერჩილი _ თ. პ.) იძულებული იქნებოდა, დასთანხმებოდა ამერიკულ გეგმას. ასე რომ, მოკავშირეები საერთოდ უმოქმედოდ იქნებოდნენ 1942წ., მაგრამ, სამაგიეროდ, 1943 წლის გაზაფხულ-ზაფხულში განახორციელებდნენ საომარ ოპერაციებს საფრანგეთში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩერჩილის შიში სულაც არ იყო საფუძველს მოკლებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამერიკელი სამხედროებიც სწავლობდნენ აღნიშნულ საკითხს. 10 ივლისს ჯ. მარშალმა შტაბების უფროსთა კომიტეტის წევრებს გააცნო ბრიტანეთის სამხედრო კაბინეტის 8 ივლისის დადგენილება და წარმოადგინა მთელი ძალების იაპონიის წინააღმდეგ კონცენტრირების გეგმა.
მოქმედების ასეთმა ვარიანტმა ამერიკელი სამხედროების უდიდესი ნაწილის მოწონება ჰპოვა და მათ პრეზიდენტს წარუდგინეს კიდეც მემორანდუმი, რომელსაც მარშალთან ერთად ხელი მოაწერა ე. კინგმაც. ამ დოკუმენტში აღინიშნა, რომ „გიმნასტის“ განხორციელება ხელს შეუშლიდა „რაუნდაპს“. აქვე მემორანდუმის ავტორები აცხადებდნენ, რომ თუ აშშ საფრანგეთის ნაცვლად რომელიმე სხვა საბრძოლო თეატრზე მოქმედებებს მიანიჭებდა უპირატესობას, მაშინ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მთელი ძალისხმევის გადატანა წყნარი ოკეანის აუზზე. რუზველტმა განიხილა აღნიშნული გეგმა და დაიწუნა ის. გარდა ამისა, მან აუკრძალა აშშ-ს დელეგაციის წევრებს „სლეჯჰამერის“ ჩატარების ულტიმატუმის ფორმით მოთხოვნა ლონდონის შეხვედრის დროს. ამასთან, რუზველტმა 15 ივლისს ჰოპკინსთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ ინგლისელები უარს იტყოდნენ 1942 წლის ლა-მანშის ფორსირებაზე, მაშინ საჭირო იქნებოდა სხვა ადგილის მოძებნა, სადაც ამერიკელები შესძლებდნენ გერმანელების წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წარმოებას. ასეთ შემთხვევაში მას საუკეთესო ვარიანტად სწორედ „გიმნასტი“ მიაჩნდა. ანალოგიური ხასიათის დირექტივა მიეცა მარშალსაც. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ლონდონის შეხვედრისას შედეგი წინასწარ იყო გარკვეული.
აშშ-ს დელეგაცია ლონდონში 18 ივლისს ჩავიდა. თავდაპირველად მისი წევრები ცდილობდნენ, როგორმე მიეღოთ ინგლისელებისაგან თანხმობა „სლეჯჰამერის“ განხორციელებაზე, მაგრამ ამაოდ. ბრიტანელთა პოზიცია ურყევი იყო. 22 ივლისს მოლაპარაკებები დროებით შეწყდა, რათა ამერიკელებს შეეტყობინებინათ რუზველტისათვის, რომ ინგლისის სამხედრო კაბინეტმა საბოლოოდ მიიჩნია შეუძლებლად „სლეჯჰამერის“ განხორციელება და რეკომენდაცია გაუწია „გიმნასტს“. აშშ-ს პრეზიდენტისათვის სულაც არ ყოფილა მოულოდნელი მოვლენების ამგვარი განვითარება და უბრძანა ჰოპკინსს, მარშალს და კინგს, ემოქმედათ შეხვედრის წინ მიღებული ინსტრუქციების თანახმად. ამასთან, მათ სასწრაფოდ უნდა მიეღწიათ ინგლისელებთან შეთანხმებისათვის. რუზველტის ბრძანება შესრულებულ იქნა.
უკვე 24 ივლისს ამერიკის დელეგაციამ ბრიტანელებს შესთავაზა მოკავშირეთა მოქმედების ახალი ვარიანტი. აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული იყო ოპერაცია „რაუნდაპის“ მზადების გაგრძელება, სანამ იქნებოდა მისი განხორციელების იმედი, ხოლო თუ საბჭოთა კავშირის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდებოდა, უნდა მომხდარიყო დესანტის გადასხმა ჩრდილოეთ აფრიკაში არა უგვიანეს 1942 წლის 1 დეკემბრისა. რასაკვირველია, ყოველივე ეს მისაღები იყო ჩერჩილისათვის, თუმცა ერთი პუნქტი მაინც მოითხოვდა დაზუსტებას. კერძოდ, ეს ეხებოდა ჩრდილოეთ აფრიკაში ოპერაციის ჩატარების საბოლოო ვადებს. რუზველტი დაინტერესებული იყო, რომ ოპერაცია „ტორჩი“ (ასეთი სახელწოდება მიიღო „გიმნასტმა“) განხორციელებულიყო 1942 წლის 30 ოქტომბრამდე, რადგანაც ნოემბერში აშშ-ში ტარდებოდა არჩევნები კონგრესში და მას სურდა დემოკრატთა პოზიციების განმტკიცება საკანონმდებლო ორგანოში. ამის შესახებ მან ჰოპკინსის მეშვეობით აცნობა კიდეც ჩერჩილს, რომელმაც მოიწონა აშშ-ს პრეზიდენტის წინადადება. რუზველტი ამითაც არ დაკმაყოფილდა და 30 ივლისს უბრძანა აშშ-ს არმიის შტაბს „ტორჩის“ მომზადება და განხორციელება იმის მიუხედავად, თუ რა მდგომარეობა იქნებოდა აღმოსავლეთის ფრონტზე. საბჭოთა მთავრობა ჯერ კიდევ აღნიშნულ სამიტამდე იყო რამდენადმე პესიმისტურად განწყობილი მოსალოდნელი შედეგებისადმი, რადგან კრემლისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო ინგლისის პოზიცია ლონდონის შეხვედრის დაწყების წინ. სსრკ-ს ელჩმა დიდ ბრიტანეთში ი. მაისკიმ 16 ივლისს აცნობა სტალინს ჩერჩილთან, იდენთან და ბივერბრუკთან მისი საუბრების შესახებ და გამოიტანა დასკვნა, რომ 1942 წელს ლა-მანშის ფორსირება არ მოხდებოდა. სტალინი მაინც შეეცადა, მოეხდინა ერთგვარი დიპლომატიური ზეწოლა ლონდონის მოლაპარაკებებზე. მან, როგორც ჩანს, სწორედ ი. მაისკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,1 1942 წლის 23 ივლისს გაგზავნილ წერილში ყოველგვარი მობოდიშების გარეშე განუცხადა ბრიტანეთის პრემიერს, რომ 1942 წელს ევროპაში მეორე ფრონტის ორგანიზების საკითხი არასერიოზულ ხასიათს იღებდა და პირდაპირ გაილაშქრა საფრანგეთში შეჭრის 1943 წელზე გადატანის წინააღმდეგ. შესაძლოა, სტალინს მართლაც სჯეროდა, რომ მისი დემარში რაიმე გავლენას მოახდენდა ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებების მსვლელობაზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, სავარაუდოა, რომ საბჭოთა ლიდერის წერილმა მაინც დააფიქრა ჩერჩილი და აიძულა ის, სასწრაფოდ ჩასულიყო მოსკოვში, რათა რამდენადმე დაემშვიდებინა თავისი კოლეგა და პირისპირ შეხვედრის დროს დაემტკიცებინა სტალინისათვის მეორე ფრონტის 1942 წელს გახსნის შეუძლებლობა. არ არის გამორიცხული, ბრიტანეთის პრემიერი შიშობდა, რომ მსგავსი ინფორმაციის წერილობითი მიწოდება გამოიწვევდა საბჭოთა ლიდერის აღშფოთებას, რასაც, შესაძლოა, მისი მხრიდან მოჰყოლოდა გერმანიასთან სეპარატული ზავის დადება.2 გარდა ამისა, მას აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა საბჭოთა არმია კავკასიის შენარჩუნებას. ივლისის ბოლოს ჩერჩილმა სთხოვა სტალინს საბჭოთა კავშირში მიწვევა კრემლის ხელმძღვანელობისთვის 1942 წელს დაგეგმილი მოკავშირეთა შეტევითი ოპერაციების განდობის მიზნით. რასაკვირველია, ბრიტანეთის პრემიერის თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და გადაწყდა, რომ ამგვარი შეხვედრა შედგებოდა მოსკოვში აგვისტოს შუა რიცხვებში. თავის მხრივ, ჩერჩილმა საჭიროდ ჩათვალა ამერიკელი წარმომადგენლის დასწრება სამიტზე და შესთავაზა რუზველტს ა. ჰარიმანის მოსკოვში გაგზავნა. ბრიტანეთის პრემიერს სურდა, ეჩვენებინა სტალინისათვის, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ერთ პოზიციაზე იდგნენ მეორე ფრონტის საკითხში. აშშ-ს პრეზიდენტმა მოიწონა ეს წინადადება და ამერიკელი დიპლომატიც შეუერთდა კაიროში მყოფ ჩერჩილს.
1. საბჭოური ისტორიოგრაფია რატომღაც აცხადებდა, რომ სტალინის ეს დემარში გამოიწვია ჩერჩილის 1942წ. 18 ივლისის წერილმა, რომელიც ნათელს ხდიდა, რომ 1942წ. მეორე ფრონტი არ იქნებოდა გახსნილი. მაგრამ ბრიტანეთის პრემიერის ამ წერილში საფრანგეთში 1942წ. შეჭრაზე უარის თქმა საერთოდ არ არის ნახსენები, ასე რომ, ჩვენი აზრით, საბჭოთა ლიდერი ეყრდნობოდა სწორედ თავისი ელჩის მონაცემებს.
2. როგორც ჩანს, ასეთი აზრი საკმაოდ გავრცელებული იყო ინგლის-აშშ-ს დიპლომატიურ წრეებში, რადგანაც ჩერჩილი სამხედრო კაბინეტისადმი 14 აგვისტოს გაკეთებულ მოხსენებაში აცხადებდა, რომ მოსკოვის შეხვედრის დროს მისთვის არანაირად არ უგრძნობინებიათ ბრძოლის შესაძლო შეწყვეტის შესახებ. ეტყობა, ეს წარმოადგენდა პასუხს მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ სსრკ ვერ შეძლებდა ომის გაგრძელებას.
ბრიტანეთის პრემიერი მოსკოვში 12 აგვისტოს ჩამოვიდა და იმავე საღამოს შეხვდა სტალინს. ჩერჩილის მოლოდინი გამართლდა. საბჭოთა ხელმძღვანელობა მართლაც უარყოფითად შეხვდა ცნობას ევროპაში შეჭრის 1943 წლისთვის გადადების შესახებ, თუმცა პირველი შეხვედრისას სტალინმა აშკარა დაინტერესება გამოამჟღავნა „ტორჩისადმი“. უფრო მეტიც, მან სამხედრო თვალსაზრისით მართებულად შეაფასა ეს ოპერაცია 4 სავარაუდო შედეგის გამო: 1) დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა ფელდმარშალ ერვინ ფონ რომელის (გერმანელთა მთავარსარდალი ლიბიაში) ზურგი; 2) ეს დააშინებდა ესპანეთს; 3) გამოიწვევდა გერმანელებისა და ფრანგების დაპირისპირებას საკუთრივ საფრანგეთში; და 4) იტალია აღმოჩნდებოდა უშუალო დარტყმის ქვეშ.1 ჩერჩილზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ სტალინი რამდენიმე წუთში ჩაწვდა პრობლემას, რომელიც მისთვის უცნობი იყო და ელვისებურად ჩამოაყალიბა მოსაზრებები, რომლებზეც მოკავშირეები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ.2 სამაგიეროდ, საბჭოთა ლიდერმა პროტესტი განუცხადა ბრიტანეთის პრემიერს ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის გადავადების გამო. მან უთხრა ჩერჩილს, რომ თავისუფლად შეიძლებოდა შერბურთან 6-8 დივიზიის ძალებით დესანტის გადასხმა და ინგლისელებს ბრალი დასდო სილაჩრეში. ჩერჩილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სტალინის წინადადება არ ითვალისწინებდა მხოლოდ ერთ გარემოებას _ ლა-მანშის სრუტის არსებობას. მსგავსი ეპიზოდები კიდევ რამდენიმეჯერ განმეორდა მოსკოვის შეხვედრის დროს, მაგრამ საბოლოოდ საბჭოთა ლიდერი შეურიგდა მოკავშირეთა გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ამ საკითხის შემდგომ განხილვას აზრი არ ჰქონდა.3 ის იძულებული გახდა, დასჯერებოდა ჩერჩილის დაპირებას მეორე ფრონტის 1943 წელს გახსნის შესახებ. ბრიტანეთის პრემიერის ვიზიტი მოსკოვში დასრულდა სტალინის მიერ სტუმრის პატივსაცემად მოწყობილი ვახშმით, რომელიც 6 საათს გაგრძელდა4 და რომელზეც მხარეებმა საბოლოოდ შეათანხმეს მათი შეხვედრის ამსახველი კომუნიკეს ტექსტი. აღნიშნული დოკუმენტი ზოგად ხასიათს ატარებდა და, როგორც ჩანს, მისი მთავარი დანიშნულება იყო მთელი მსოფლიოს, და, პირველ რიგში, მოწინააღმდეგის დარწმუნება, რომ მოკავშირეთა ერთიანობა ურყევი იყო.
ამრიგად, 1942 წლის ზაფხულში საბოლოოდ გადაწყდა, რომ დასავლეთელი მოკავშირეები თავის პირველ ერთობლივ ოპერაციას გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებდნენ არა ევროპაში, არამედ ჩრდილოეთ აფრიკაში. ეს, პირველ რიგში, განპირობებული იყო ობიექტური მიზეზებით, მაგრამ, ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება უდავოდ წარმოადგენდა ჩერჩილის დიპლომატიურ გამარჯვებას. ეს იყო პირველი ნაბიჯი მისი „ხმელთაშუაზღვისპირა სტრატეგიის“ განხორციელების გზაზე. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების მიღება გერმანიის წინააღმდეგ ჩრდილოეთ აფრიკაში საომარი მოქმედებების გაშლის შესახებ ზოგადად უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ეს იყო პირველი რეალური შედეგი აშშ-ინგლისის კოორდინირებული დიპლომატიური მოქმედებებისა ევროპაში სრულფასოვანი მეორე ფრონტის მომზადების გზაზე.
1. მოგვიანებით სტალინმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ამ პრობლემის პოლიტიკური მხარე მეტ დაფიქრებას მოითხოვდა.
2. ჩვენი აზრით, ეს სულაც არ იყო შემთხვევითი. საფიქრებელია, რომ სტალინისათვის ჩრდილოაფრიკული პროექტი უცნობი არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1942წ. დასაწყისში რუზველტმა მ. ლიტვინოვთან საუბარში განაცხადა, რომ მეორე ფრონტის გახსნის სავარაუდო ადგილად მას სწორედ ჩრდილოეთ აფრიკა მიაჩნდა.
3. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა სტალინს, ჩერჩილს რომ ეთქვა მისთვის, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღეს ინგლისელმა და ამერიკელმა სამხედროებმა 1942წ. ივნისში ვაშინგტონის მეორე კონფერენციაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაშინ მათ დაასკვნეს, რომ ოპერაცია აფრიკაში პრაქტიკულად შეუძლებელს გახდიდა 1943წ. „რაუნდაპის“ წარმატებით განხორციელებას, მაგრამ ბრიტანეთის პრემიერმა დაუმალა ეს საბჭოთა ლიდერს.
4. როგორც ჩანს, საპატიო სტუმრებისათვის მსგავსი წვეულებების მოწყობა სტალინისათვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. იხ.: მ. ჯილასი. საუბრები სტალინთან, თბ., 1991, გვ. 78.
ავტორი: თეიმურაზ პაპასქირი
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3
Комментариев нет:
Отправить комментарий