თეიმურაზ
I მოსკოვში
1654 წ. 19 მაისს ქართველმა ელჩებმა გამომშვიდობებისას რუსეთის ხელმწიფეს მიმართეს: რადგან მას არ ძალუძს თეიმურაზს სამხედრო ძალით დაეხმაროს, ამიტომ მათ, ელჩებმა, მოითხოვეს ნება მისცენ თეიმურაზს ჩავიდეს მოსკოვის სახელმწიფოში. ხელმწიფემ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და ბრძანება გასცა ასტრახანში გაეგზავნათ სიგელი, თეიმურაზის ღირსეულად მიღებისა და მოსკოვში გამგზავრებისათვის.
იმავე წლის 1 ივნისს რუსი ელჩები _ დიმიტრი გორიხვასტოვი და დიაკი გლებ პეტრიკეევი, ქართველ ელჩებთან ერთად თეიმურაზ და ალექსანდრე მეფეებთან გაემგზავრნენ, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწიეს, თერგში დაიხოცნენ.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თეიმურაზ მეფე არ დაელოდა თავისი ელჩების დაბრუნებას და 1655 წლის 10 აგვისტოს ალექსი მიხეილის ძეს ახალი წერილი გაუგზავნა თავისი შიკრიკის, „ჭაშნიკი“ ივანეს ხელით. წერილში ნათქვამი იყო: შაჰ აბას II თეიმურაზს სთხოვდა, რომ როგორც მოსკოვის ხელმწიფეს მისცა თავისი შვილიშვილი, ასევე მისთვისაც მიეცა. იმავე დროს კახეთის მეფე ითხოვდა ხელმწიფეს მისი უფროსი შვილიშვილისათვის, ლუარსაბისათვის მიეთხოვებინა თავისი და; ითხოვდა ყუმუხების წინააღმდეგ გაეგზავნა 50 ათასიანი ჯარი, რადგან ყველა მთიელი შაჰის მომხრენი იყო, თუმცა მათი დამორჩილება შესაძლებელია1.
მოსკოვში რუსი ელჩების თერგში გარდაცვალების შესახებ როდესაც გაიგეს, თეიმურაზ და ალექსანდრე მეფეებთან გაიგზავნა ახალი ელჩობა ვასილი ჟიდოვინოვისა და დიაკ ფეოდორ პოროშინის მეთაურობით. ისინი მოსკოვიდან გავიდნენ 1655 წ. 7 მაისს. მათ თერგიდან წაიღეს გარდაცვლილი ელჩების მიერ დატოვებული, თეიმურაზისათვის გადასაცემი 6 ათასი ეფიმკი და სხვა საჩუქრები, რომლის ნაწილი უნდა მიერთმიათ დედოფლისა და მეფის ახლობლებლებისათვის. უფლისწულის ამალის დატყვევებული წევრების, მათი ავლადიდებისა და ხაზინის შესახებ, ბრძანება გაეგზავნა ასტრახანის ბოიარსა და ვოევოდებს, რომ ქართველი ტყვეების სანაცვლოდ ყუმუხების მურზას დაუბრუნონ ალი სალტან მურზა, რომელიც თერგელ სამხედროებს ჰყავდათ დატყვევებული. ხელმწიფე თეიმურაზს აცნობებდა, რომ ჯარს და ქვემეხის ჭურვებს, რეჩ პოსპოლიტასთან ომის გამო ვერ უგზავნიდა. ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჯარი ლაშქრობიდან დაბრუნდებოდა, თეიმურაზი დახმარების გარეშე არ დარჩებოდა2.
1655 წ. 26 მაისს მეფე თეიმურაზმა თავისთან დაიბარა რუსი ელჩები და განუცხადა, რომ ყიზილბაშმა შაჰმა იგი მისი კუთვნილი სახელმწიფოდან გააძევა და იმერეთში ცხოვრობს თავის სიძე ალექსანდრესთან, რომლისგანაც არავითარ დახმარებას იღებს. თავის ხალხთან ერთად დიდ გაჭირვებას განიცდის. ახლა თეიმურაზს გადაწყვეტილი აქვს დედოფალთან, შვილიშვილებთან _ დავითის ვაჟიშვილ უფლისწულ ლუარსაბთან, ასულთან და ახლობლებთან ერთად, სულ 300 კაცით, იმის შიშით, რომ მას და მის ხალხს მტრები შეიპყრობენ და შაჰს გადასცემენ, გადაწყვიტა მოსკოვში ხელმწიფესთან წავიდეს. ხელმწიფემ მისი უშიშროების უზრუნველსაყოფად ყაბარდოში გაგზავნოს 5 ათასი კაცი, რომლებიც მშვიდობიანად მიიყვანენ თერგში. ეს უნდა მოხდეს აგვისტომდე, ვიდრე თოვლი მოვა და მთებში გადასვლა შეუძლებელი იქნება3.
1. პაიჭაძე გ., მასალები..., გვ. 455.
2. იქვე, გვ. 448.
3. იქვე, გვ. 450.
1656 წ. 6 მარტს მოსკოვში ჩავიდა თეიმურაზ მეფის ელჩობა დიმიტრი ეზეკიელის ძე არეშიძის და აზნაური ბიძინა დავითის ძის მეთაურობით. 18 აპრილს აუდიენციის დროს ელჩებმა ხელმწიფეს გადასცეს თეიმურაზ მეფის შემდეგი შინაარსის წერილი. თეიმურაზი ხელმწიფეს შეახსენებდა: „შენი მეფური უდიდებულესობის ბრძანება იყო, თუ შენ მეფე თეიმურაზი გამომიგზავნი შენს შვილიშვილს, მე შენ ჯარს მოგცემ, რათა შენს მიწა-წყალს დაეუფლო, ჩემი ყმა იქნები და მეტი არაფერიო. ჯარი უნდა გამოგეგზავნა, რათა ჩემი მიწა-წყალი გამეწმინდა. მე შენი უდიდებულესობის ნება შევასრულე, ჩემი შვილიშვილი გამოგიგზავნე და თქვენი დიდი მეფობის მონა შევიქენი... მოიღე ჩემზე მოწყალება და მომეცი ჯარი ჩემი მიწა-წყლის გასაწმენდად და ივერიის სახელმწიფო იყვეს შენი მბრძანებლობის ქვეშ ისევე, როგორც სხვა სახელმწიფოები იმყოფება შენი მბრძანებლობის ქვეშ. როდესაც შაჰმა გაიგო, რომ ჩემი შვილიშვილი მიკოლაი დავითის ძე შენს მეფობას გამოვუგზავნე, გამირისხდა და ჩემს დაჭერას და მოკვლას ცდილობს... შაჰი მითვლის: ან მე დამნებდი, ან მოსკოვის მეფესთან წადი, სადაც შენი შვილიშვილი გაგზავნე“1.
თეიმურაზი ალექსი მიხეილისძეს თავის ეკონომიურ და ფინანსურ შეჭირვებაზეც წერდა, მაგრამ მისი მთავარი მოთხოვნა მოსკოვიდან ჯარით დახმარება იყო. თუ ხელმწიფეს ჯარით დახმარების საშუალება არ ჰქონდა, მაშინ თერგში დასახლების უფლებას ითხოვდა დედოფალთან, შვილიშვილებთან და თავის „ბოიარებთან“ ერთად2. თეიმურაზ მეფე იმედს არ კარგავდა, რომ როდისმე ხელმწიფე ჯარს მისცემდა და თავის ქვეყანას დაიბრუნებდა3.
29 აპრილს დიმიტრი არეშიძემ საელჩო პრიკაზში დააზუსტა იმ ადამიანების რაოდენობა და ვინაობა, ვინც თეიმურაზ მეფესთან ერთად საქართველოდან რუსთში წავიდოდნენ: „თეიმურაზ მეფესთან ერთად იქნება მისი დედოფალი, შვილიშვილი, მიკოლაი დავითის ძის უფროსი ძმა. ამჟამად ის არის 15 წლის. მიკოლაი დავითის ძის უმცროსი და, ამჟამად 9 წლისა. თეიმურაზ მეფესთან ერთად იქნება 2 ეპისკოპოსი მედავითნეებით, 18 აზნაური ცოლებითა და შვილებით, მისი, მეფის კარისკაცები. თეიმურაზ მეფესთან სულ, ყველა ჩინის ადამიანი ცოლებითა და შვილებით 500 კაცი იქნება“.
ლევან მეორე დადიანმა იცოდა თეიმურაზ მეფის განზრახვა მოსკოვის ხელმწიფესთან გამგზავრების შესახებ და იგი როგორც თავისი, ასევე როსტომ მეფისა და შაჰ აბას II-ის ინტერესების მიხედვით, ალბათ, მათთან შეთანხმებითაც, ცდილობდა შეეფერხებინა თეიმურაზის განზრახვის განხორციელება. სხვაგვარად ვერ ავხსნი დადიანის მიერ თეიმურაზ მეფესთან თავისი კაცების მიგზვნას, იმ მოტივით, ვითომდაც მას ალექსანდრე მეფესთან შესარიგებლად მისი შუამდგომლობა უნდოდა. მაგრამ თეიმურაზს ოდიშის მთავრის არ სჯეროდა. ბოლოს ლევან დადიანმა მეფეს ავტორიტეტული ადამიანები მიუგზავნა. იგი იძულებული გახდა მათ ნებას დაჰყოლოდა და მთავართან მოსალაპარაკებლად ზუგდიდში გაეშურა. როგორც მოსალოდნელი იყო მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. დადიანმა მშვიდობის სანაცვლოდ ისეთი მოთხოვნა წამოაყენა, რომელსაც არც იმერეთის მეფე და არც თეიმურაზი დათანხმდებოდა.
1. იქვე, გვ, 456
2. იქვე, გვ. 458.
3. იქვე. იხ. თეიმურაზ მეფის წერილი მოსკოვის ხელმწიფესთან, რომელიც წარდგენელია 24 აპრილს იხ. Переписка, с. 71-73.
რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრების შერიგება, რაც ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავებასაც წაადგებოდა, თეიმურაზს უაღრესად მნიშვნელოვნად მიაჩნდა. დასავლეთ საქართველოს ძალების ერთი საერთო, ქართული ინტერესებისაკენ წარმართვა თეიმურაზ მეფეს როსტომ მეფის და, შესაბამისად ყიზილბაშების წინააღმდეგ ომის წარმატებით წარმოების და, საბოლოოდ, ქართლისა და კახეთის განთავისუფლების პერსპექტივას ქმნიდა. თუ მოვლენები ასე განვითარდებოდა, თეიმურაზს რუსთ ხელმწიფესთან სახვეწარი აღარ ექნებოდა. დადიანის და თეიმურაზის მოლაპარაკების შესახებ საინტერესო ცნობა დაგვიტოვა ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა ილია სტოიანოვმა.
1657 წლის 4 სექტემბერს მოსკოვში დაბრუნებულმა ჟიდოვინოვისა და პოროშინის თარჯიმანმა ილია სტოიანოვმა, საელჩო პრიკაზში დადიანის თეიმურაზთან ურთიერთობაზე შემდეგი ჩვენება მისცა. „თეიმურაზ მეფესთან მისი ყოფნის დროს მრავალჯერ მოვიდნენ ლევან დადიანის მოციქულები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ თეიმურაზმა ოდიშის მთავარი და იმერეთის მეფე შეარიგოს და ისიც შეიყვანოს მოსკოვის ხელმწიფის მფარველობაში, ისე როგორც თეიმურაზი იმყოფება დიდი ხელმწიფის ქვეშევრდომად. როცა თეიმურაზ მეფე დიდ ხელმწიფესთან წავა, მას ალექსანდრე მეფესთან ვეღარავინ შეარიგებს.
თეიმურაზ მეფემ სადადიანოს მეფე ლეონტის არ დაუჯერა და უარი უთხრა. თეიმურაზ მეფის დასარწმუნებლად სადადიანოს მეფე ლეონტიმ მასთან გამოგზავნა კათალიკოსი (მათ კათალიკოსი ჰყავთ პატრიარქის მაგიერ) და მიტროპოლიტი მიკოლაი (ნიკიფორე ირბახი), რომ იმ ლეონტი მეფეს ალექსანდრე მეფესთან მშვიდობა უნდა და მას დაიცავს სამუდამოდ. კათალიკოსი და მიტროპოლიტი თეიმურაზ მეფის დარწმუნებას ცდილობდნენ. თეიმურაზ მეფემ დაუჯერა რა კათალიკოსსა და მიტროპოლიტს, მათთან ერთად წავიდა სადადიანოს ლეონტი მეფესთან, ხოლო ის ილია1 თან წაიყვანა სათარჯიმნოდ.
მივიდნენ თუ არა ქალაქ ზუჩიტში2, სადაც ცხოვრობს სადადიანოს ლეონტი მეფე, სადადიანოს მეფე პირადათ, თავის ბოიარებთან ერთად შეხვდა თეიმურაზ მეფესა და კათალიკოსს. თეიმურაზ მეფე სადადიანოს მეფესთან ერთად იმ ქალაქში წირვას დაესწრო. წირვის შემდეგ სადადინოს მეფემ თეიმურაზ მეფეს უთხრა: თუ მის სიძე ალექსანდრე მეფეს მასთან შერიგება უნდა, მაშინ სადადიანოს მეფეს თავისი სატახტო ქალაქი ქუთაისი უნდა დაუთმოს. მას ასეთ პირობით უნდა მასთან მშვიდობა და თავის შვილსაც დაუბრუნებს, ხელმწიფის მფარველობაშიც შევა. თეიმურაზ მეფემ დაინახა რა მისი მერყეობა თავის ქვეყანაში დაბრუნდა“3.
თეიმურაზ მეფემ, რომელმაც წინასწარ იცოდა დადიანთან მოლაპარაკების შედეგი, რუსი დიპლომატი, ალბათ, ზუგდიდში იმისათვის წაიყვანა, რომ მას საკუთარი თვალით ენახა რას წარმოადგენდა ლევან დადიანი, როგორც პოლიტიკოსი. თეიმურაზს რუსების დარწმუნება უნდოდა იმაშიც, რომ რასაც ის მოსკოვის მთავრობას დადიანზე უარყოფითს სწერდა, ყოველივე სიმართლეს შეეფერებოდა. სხვა რა მიზნით უნდა წაეყვანა თეიმურაზ მეფეს ილია სტოიანოვი სამეგრელოში? რაში გამოადგებოდა მას რუსი თარჯიმანი სამეგრელოში?
1. ილია სტოიანოვი, რუსი ელჩების თარჯიმანი.
2. ქ. ზუგდიდი.
3. პაიჭაძე გ., მასალები..., გვ. 452-453.
მოსკოვში უკვე კარგა ხანია ცნობილი იყო თეიმურაზ მეფის სურვილი რუსეთის ხელმწიფის კარზე სტუმრობის შესახებ, მაგრამ თეიმურაზის ამგვარი საბოლოო გადაწყვეტილება მათ ეზეკიელისაგან შეიტყვეს. თეიმურაზ მეფე რაჭაში იმყოფებოდა და მოსკოვში წასვლის სამზადისში იყო, როდესაც ცნობილი გახდა ლევან II დადიანის სიკვდილი. ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით, იმერეთის მეფემ მაშინვე თავისი ხელისუფლება გაავრცელა ოდიშის სამთავროზე და თეიმურაზი არჩევანის წინაშე დააყენა: „რუსეთს ნუღარ წახვალო, გინდა ოდისშიგ გაბატონდიო, თუ გინდაო, ქართლსა და კახეთის მეფეთ დაგსვამო“1. თეიმურაზმა შეთავაზებულ წინადადებაზე უარი სთქვა. სხვათა შორის, როგორც შემდეგ გავიგებთ, ფარსადან გორგიჯანიძის ნათქვამი დაადასტურა თვით თეიმურაზ მეფემ მოსკოვში ხელმწიფესთან მოლაპარაკების დროს და ისიც ახსნა თუ რატომ სთქვა უარი შეთავაზებულ წინადადებაზე. იმის გამო, რომ თეიმურაზის მოსკოვში ჩასვლა რუსეთის მთავრობას დიდ პოლიტიკურ წარმატებად მიაჩნდა, დაიწყეს სამზადისი ქართველი მეფის შესახვედრად. თეიმურაზის მისაღებად მოსკოვიდან თერგში გაიგზავნა აზნაური ონდრეი სტეფანეს ძე ველიამინოვი. მას უნდა უზრუნველეყო სტრელეცების რაზმითა და ჯარით ყაბარდოში თეიმურაზს შეხვედროდა და თერგამდე გაეცილებინა. მანამდე კი იმერეთში თეიმურაზს დაკავშირებოდნენ, რათა ზუსტად დაედგინათ როდის დატოვებდა იმერეთს და რუსეთისკენ გაემგზავრებოდა. ველიამინოვისათვის ყოველივე თერგში უნდა ეცნობებინათ2.
1657 წლის ზაფხულში თეიმურაზი რუსეთს გაემგზავრა. მან ასტრახანში გამოიზამთრა და 1658 წლის 20 ივნისს მოსკოვში ჩავიდა. თეიმურაზი სარატოვიდან ალექსი მიხეილისძისათვის გაგზავნილ სიგელში ჩივის მგზავრობის დროს განცდილი იმ გაჭირვებისა და უყურადღებობის გამო, რასაც იგი რუსი მოხელეებისაგან განიცდიდა. იგი ჯერ ასტრახანში გააჩერეს დიდი ხნით, რადგან, როგორც ადგილობრივი მოხელეები მას განუმარტავდნენ, არ იყო ხელმწიფის ბრძანება მისი მოსკოვში ჩასვლის შესახებ 1657-1658 წლის ზამთარში. ცარიცინში შეფერხდა ცხენებისა და საზიდრების უშოვნელობის გამო, ცარიცინიდან სარატოვისაკენ მდინარით მოგზაურობისას ზოგი ნავი დაიმტვრა. სარატოვშიც იგივე დაბრკოლებები შეექმნა რაც ცარიცინში3.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 262.
2. იქვე, გვ. 458; Переписка, с. LXII.
3. Переписка,
с. 78.
1658 წლის 5 ივლისს ხელმწიფემ თეიმურაზი მიიღო. 22-ში გაიმართა მათი მოლაპარაკება. 31-ში რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. ბოიარ თავად ივანე ანდრიას ძე ხილკოვსა და სათათბიროს დიაკ ლარიონ ლოპუხინს დაავალეს თეიმურაზ მეფისათვის დაესვათ კითხვები რუსი პოლიტიკოსებისათვის საინტერესო საკითხებზე; 22 სექტემბერს გაიმართა მოლაპარაკება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან _ თავად ალექსანდრე ნიკიტას ძე ტრუბეცკოისთან, ოკოლნიჩ (კარისკაცი) ბოგდან მატვეის ძე ხიტროვოსთან და სათათბიროს დიაკ ლარიონ ლოპუხინთან. თეიმურაზ მეფის მოსკოვში ყოფნისა და მოლაპარაკებების ამსახველი „ჩანაწერები“, „საკმაოდ ნათლად წარმოგვიდგენენ თეიმურაზის, როგორც დიპლომატის სახეს“ (მაჭარაძე ვ., ჩანაწერები, გვ. 441).
22 აგვისტოს თეიმურაზ მეფესა და მეფე ალექსი მიხეილის-ძეს შორის მოლაპარაკება გაიმართა. მოლაპარაკება კითხვა-პასუხის სახით მიმდინარეობდა. მათ შორის საუბარს უძღვებოდა თარჯიმანი მიხეილ კოშაევი.
თეიმურაზ მეფემ, უპირველეს ყოვლისა, თავისი მოსკოვში ჩასვლის დასაბუთება სცადა: მიუხედავად იმისა, რომ იგი შაჰისგან დიდად შეწუხებულია, ხელმწიფესა და შაჰს შორის მეგობრობა და სიყვარულია. თეიმურაზის მიზანს არ წარმოადგენს მათი წაჩხუბება. იგი თავისი შეურაცხმყოფელი შაჰის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარს არ ითხოვს. ამჯერად მას დახმარება უნდა მხოლოდ თავისი ყოფილი, მოღალატე ქვეშევრდომების დასამორჩილებლად, ქრისტიანობისა და ეკლესია-მონასტრების მუსლიმანთაგან დასაცავად.
ხელმწიფის პასუხი ნეიტრალური იყო: მან წუხილი გამოხატა საქართველოში ქრიატიანობისა და ეკლესია-მონასტრების სავალალო მდგომარეობის გამო და იმედი გამოსთქვა, რომ დადგება დრო და, ღმერთის შეწევნით, თეიმურაზის მეფობაში, ან მისი მემკვიდრეების დროს, ქვეყანა მუსლიმანთა ბატონობისაგან განთავისუფლდება.
ხელმწიფე მაინც დაინტერესდა: ურჩების მოსათვინიერებლად თეიმურაზს დიდი ჯარი, ცხენოსანი თუ ქვეითი, დასჭირდება?. თეიმურაზმა 30 ან 20 ათასი ცხენოსანი მოითხოვა. კითხვაზე, რამდენი ჯარი ჰყავთ ამბოხებულებს, მეფემ უპასუხა: 3-4 ათასი. ამგვარ პასუხს სრულიად ბუნებრივად მოჰყვა ახალი კითხვა: რამდენი ჯარის გამოყვანა შეუძლია თეიმურაზ მეფეს, იმერეთის მეფეს და დადიანს, თეიმურაზმა უპასუხა: თვითონ გამოიყვანდა 30 ათას ცხენოსანსა და ქვეითს, იმერეთის მეფე _ 20 ათასს, დადიანი _ 30 ათასს ან მეტს. ხელმწიფე დაინტერესდა: თუკი მათ ამდენი ჯარის შეკრება შეუძლიათ, რატომ ვერ იმორჩილებენ მცირერიცხოვან ურჩებს. ჩანს, თეიმურაზ მეფე ამ შეკითხვას არა მხოლოდ ელოდებოდბოდა, არამედ თვითონ მოახდინა მისი პროვოცირება, რათა ეთქვა შემდეგი: ურჩებს ყიზილბაშები ეხმარებიან, ხოლო დადიანის ქვეყანა სიცოცხლის ბოლომდე მისადმი მტრულად განწყობილი იყო. როცა სადადინოს მეფე გარდაიცვალა, მას არც შვილები და არც სხვა ახლობელი დარჩა. ამიტომ მის ადგილას ერთი ბოიარი აირჩიეს, რომელსაც უნდა თეიმურაზის შვილიშვილს თავისი ასული მიათხოვოს. იმერეთის მეფე თეიმურაზს ურჩევდა, რომ ერთად წასულიყვნენ, მისი თავის შვილიშვილიც წაეყვანათ და დადიანის ქვეყანის მართვა თავიანთ ხელში აეღოთ, მაგრამ რუსეთის ხელმწიფესთან წამოსვლა ვარჩიეო (იქვე, გვ. 443-445).
ხელმწიფესთან საუბარმა თეიმურაზ მეფე დაარწმუნა, რომ იგი მოსკოვში რაიმე ფასეულ დახმარებას ვერ მიიღებდა და გამოსაზამთრებლად ყაზანში გაშვება ითხოვა, გაზაფხულზე კი, თავისი ქვეყნისკენ გზას დაადგებოდა. იმავე დროს თეიმურაზმა დიპლომატიურ ხერხსაც მიმართა. მან ხელმწიფეს სთხოვა, ნება მომეცი ჩემს ქვეყანაში წინასწარ კაცი გავაგზავნო, რათ ყველას გავაგებინო, გავახარო და დავაიმედო, ხელმწიფისაგან როგორი მნიშვნელოვანი მოწყალება და ჯამაგირი მივიღეო.
„ჩანაწერში“ არაფერია ნათქვამი თეიმურაზის სიტყვებმა ხელმწიფეზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა, ან როგორი რეაქცია ჰქონდა მას, მაგრამ სავარაუდოა, ხელმწიფის არაფრისმთქმელმა სახემ ან მიმიკამ თეიმურაზი მოსკოვში ჩასვლის უშედეგობაში დაარწმუნა. ამიტომ მან თქვა ის, რასაც, მისი აზრით განსაკუთრებული შთაბეჭდილებნა უნდა მოეხდინა ხელმწიფეზე. „ყიზილბაშების შაჰმა მას (თეიმურაზს _ე.მ.) თავისი ელჩები გაუგზავნა, რომ თეიმურაზი მისადმი მორჩილებაში ყოფილიყო და მისთვის (შაჰისთვის _ე.მ.) ამანათად (მძევლად_ე.მ.) თავისი შვილიშვილი მიეცა, სამაგიეროდ იგი ბრძანებდა მისთვის მთელი სახელმწიფო დაებრუნებინათ და ფლობდეს ძველებურად“. მაგრამ, თეიმურაზ მეფეს ახსოვდა რა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენა და ხელმწიფის დიდი მოწყალება, მან უარი სთქვა მუსლიმანურ სიამეზე და შვილიშვილი ამანათად არ გაუგზავნა. „(თეიმურაზი _ე.მ.) თქვენთან, დიდ ხელმწიფესთან მოსკოვში მოწყალების სათხოვნელად და მოწიწებით ჩამოვიდა, არა თავისი ცოლისა და შვილების, არა თავისი მამულის, არამედ მხოლოდ წმნდა ღვთის ეკლესიებისა და ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანების გასათავისუფლებლად, რომლებიც უნებურად გაამუსლიმანეს“ (იქვე, გვ. 445-446).
თეიმურაზ მეფემ ქართველების ქრისტიანობაში მტკიცედ დგომის მაგალითად თავისი ასულის მდგომარეობა გაიხსენა. იგი ამჟამინდელი შაჰის მამის, სეფის, ცოლი იყო. სეფის სიკვდილის შემდეგ დაქვრივებული დღესაც ქრისტიანიაო. თუ ხელმწიფე შაჰ აბასს თავის ელჩებს გაუგზავნის და თეიმურაზის ქალიშვილის განთავისუფლებას სთხოვს, ელჩები მას მოსკოვში ჩაიყვანენ და ხელმწიფე რომელ მონასტერშიც ინებებს იქ აღკვეცს. ხელმწიფე თეიმურაზს შეპირდა რომ შაჰს როდესაც ელჩებს გაუგზავნიდა, ამის შესახებ მაშინ მისწერდა (იქვე, გვ. 446).
31 აგვისტოს ხელმწიფე ალექსი მიხეილისძის ბრძანებით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ბოიარი თავადი ივანე ანდრიას ძე ხილკოვი და სათათბიროს დიაკი ლარიონ ლოპუხინი თეიმურაზ მეფეს ეწვივნენ და 6 კითხვა დაუსვეს. რუს დიპლომატებს უპირველეს ყოვლისა აინტერესებდათ როგორი ურთიერთობა ჰქონდა თეიმურაზ მეფეს ოსმალეთის სახელმწიფოსთან, რომელიც რუსეთის მთავრობას თავის უმთავრეს მოწინააღმდეგედ მიაჩნდა ჩრდილო კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში; ხომ არ ეწეოდა ხელმწიფის ხელდებული თეიმურაზ მეფე ორმაგ თამაშს _ იგი ერთსა და იმავე დროს ხელმწიფის ქვეშევრდომი და სულთნის მოკავშირე ხომ არ იყო. აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე ფორმულირებული იყო თეიმურაზ მეფისათვის მიცემული პირველი კითხვა.
1) „თურქეთის რომელ მეფესთან ჰქონდა მტრობა და ომი, რამდენი ხნის წინათ განიცადა მისგან დევნა, მისმა მიწა-წყალმა კი განადგურება?“ ამ კითხვის დასმა განპირობებული იყო, შაჰების მიერ, სხვადასხვა დროს, მოსკოვის ხელმწიფესთან გაგზავნილი დასმენის ბარათები, რომ თეიმურაზ მეფე ირანისა და რუსეთის მტერ ოსმალეთს ემხრობა და ოსმალების მიერ შაჰის სამფლობელოების აკლებაში თავისი ჯარით მონაწილეობს. ხელმწიფის ინფორმატორებისგან მიღებული ცნობებით კი, ქართველების ასეთი მოქმედება არ დასტურდებოდა. მაშასადამე, თეიმურაზ მეფის პასუხს დასმულ კითხვაზე, მოსკოვის მთავრობისათვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.
თეიმურაზმა ამ კთხვაზე პასუხი დააკავშირა ხელმწიფესთან მოლაპარაკების დროს ნათქვამს, რომ გარეშე მტრის გარდა მისთვის არანაკლებ საშიში იყო შინაური მტერი, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად სამხედრო დახმარების სათხოვნელად მოსკოვში ჩამოვიდა. რუსი დიპლომატების მიერ დასმული კითხვით, მას საშუალება ეძლეოდა რუსი პოლიტიკოსებისათვის აეხსნა, რატომ უჭირდა თავნება ქვეშევრდომების დამორჩილება. ისინი დახმარებისათვის გარეშე ძალას მიმართავდნენ. თეიმურაზის გაგებით, ყველაზე მჭერმეტყველი იყო გიორგი სააკაძის მაგალითი, რომელიც თავის მეფეს აუჯანყდა, ოსმალეთში გაიქცა და სულთანს დახმარება სთხოვა. სულთანმა მას 40 ათასიანი ლაშქარი მისცა.
გიორგი სააკაძის მოღალატურმა მოქმედებამ, გამოიწვია კონფლიქტი ქართლ-კახეთის სამეფოსა და ოსმალეთს შორის. თეიმურაზმა თავისი მცირერიცხოვანი რაზმით (3 ათასი მებრძოლი) შეძლო მტრის დამარცხება. ოსმალებისათვის ცნობილი გახდა, რომ სააკაძე არა მხოლოდ თავის მეფეს, არამედ სულთანსაც ღალატობდა და იგი სიკვდილით დასაჯეს. ამის შემდეგ თეიმურაზ მეფეს არავითარი წინააღმდეგობა სულთანთან არ ჰქონებია. თეიმურაზ მეფემ ისიც გაიხსენა, რომ კონფლიქტამდე სულთანთან იყო და ყიზილბაშებთან საბრძოლველად ჯარი სთხოვა. სულთანს გადაწყტვეტილი ჰქონდა ქართველი მეფის თხოვნის დაკმაყოფილება, მაგრამ ხელი შეუშალა რეჩ პოსპოლიტის მეფესთან დაწყებულმა ომმა1.
1. პაიჭაძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 461-462; მაჭარაძე ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 446-447.
ამგვარად, თეიმურაზ მეფეს, მისივე თქმით, გიორგი სააკაძის მოქმედებით გამოწვეული კონფლიქტის ერთადერთი შემთხვევის გარდა, სულთანთან, ყოველთვის კარგი, მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა.
თეიმურაზმა კარგად იცოდა მოსკოვის განსხვავებული დამოკიდებულება და ინტრესები საქართველოს ორი დიდი მეზობლის _ ირანისა და ოსმალეთის მიმართ. რუსი პოლიტიკოსები ფხიზლად ადევნებდნენ თვალს თეიმურაზ მეფის ურთიერთობას ოსმალეთთან, რომელიც თავის უმთავრეს კონკურენტად და პოტენციურ სამხედრო მეტოქედ მიაჩნდა შავი ზღვისპირეთში, უკრაინასა და ჩრდილო კავკასიაში. ირანთან კი მოსკოვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესები აკავშირებდა, რომლის დაცვასა და განვითარებას ორივე მხარე უფრთხილდებოდა.
თეიმურაზ მეფისათვის ყოველივე ეს ცნობილი იყო. მაგრამ იგი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის დროს ხაზგასმით აღნიშნავდა თავის კარგ ურთიერთობას სულთანთან და ამით „მფარველს“ აღიზიანებდა და მიანიშნებდა, რომ ყიზალბაშთაგან შევიწროებისა და თავდასხმისაგან შეიძლებოდა საქართველო ოსმალეთს დაეცვა.
თეიმურაზ მეფემ ისიც კარგად იცოდა, რომ შაჰი, რომელსაც საქართველო არ ეთმობოდა, საქართველო-რუსეთის კავშირის შესასუტებლად, ოსმალეთის კოზირს ყოველთვის იყენებდა.
რადგან თეიმურაზ მეფე მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის დროს, ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ირანის შაჰების თეიმურაზისა და, საერთოდ, ქართველების მიმართ მტრობის უმთავრესი მიზეზი მათი მოსკოვის სახელმწიფოსაკენ ლტოლვა და მის მიერ მოსკოვისადმი ქვეშევრდომობის აღიარება იყო, ამის დასასაბუთებლად ქართველ მეფეს დაუსვეს შემდეგი კითხვა:
2) „როცა თეიმურაზ დავითის ძემ დიდ ხელმწიფესთან მოსკოვში თავისი ელჩები გაგზავნა, მაშინ ყიზილბაშების შაჰმა როგორ და რომელ წელს გაანადგურა მისი მიწა-წყალი“.
თეიმურაზ მეფემ, იმისათვის, რათა მსმენელებისათვის ნათელი გაეხადა ვინ იყო ქართველების მტერი და ვინ მიაჩნდა რუსთ ხელმწიფეს თავის მოყვარეთა და მეგობრად, ძალიან მოკლედ მოუთხრო მთელი იმ უბედურების შესახებ, რომელიც ირანის შაჰებმა თავს დაატეხეს პირადად თეიმურაზს, მის ახლობლებს, ეკლესია-მონასტრებს, ქრისტიანებს და, საერთოდ ქვეყანას1.
თეიმურაზ მეფის პასუხი, შეიძლება ითქვას, გულწრფელი იყო. მან რუს დიპლომატებთან გაიმეორა ხელმწიფესთან ნათქვამი, რომ ხელმწიფის ქვეშევრდომი ქართველების მთავარი მტერი მისი „მეგობარი“ შაჰი იყო. მას არ უთქვამს, მაგრამ რუსი დიპლომატები უნდა მიხვედრილიყვნენ, რომ თეიმურაზ მეფეს ირანის წინააღმდეგ დახმარების მიღების იმედი არ აქვს. ამიტომ დახმარებას ითხოვს მხოლოდ შინაურ მტერთან საბრძოლველად.
3) მოსკოვში აინტერესებდათ და შესაძლებლობა მიეცათ, პირველი პირისაგან გაეგოთ იმ ქვეყნის სიდიდე, რომელიც თეიმურაზ მეფეს თავისად მიაჩნდა. ამიტომ მას ჰკითხეს:
თეიმურაზ მეფის პასუხი მოკლე, მაგრამ იმდენად გასაგები იყო, რომ მსმენელს წარმოდგენა შეექმნებოდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებზე, არამედ იქ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც.
თეიმურაზმა უპასუხა: მისი მიწა-წყალი გარდიგარდმო გადაჭიმულია 10 დღის სავალზე (როგორც ჩანს, იგი აღმოსავლეთ საქართველოს გულისხმობდა), ოთხი დიდი ქალაქია, მცირე კი ბევრი, მაგრამ განადგურებული და გაუკაცურებული. ორ ქალაქში ცხოვრებენ მისი მოღალატე ბოიარიები. მის სატახტო ქალაქ გრემში დარჩენილია მცირე მოსახლეობა და მას ფლობენ მისი მოღალატენი. ამჟამად მთელ მის სახელმწიფოს ფლობს როსტომ ხანი, წარმოშობით ქართველი, გამუსლიმანებული, უკვე მოხუცი, იშვილა მოღალატე ბოიარი ვოხტანი (ვახტანგ V) და შაჰს სთხოვა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ საქართველოს იგი ფლობდეს. თეიმურაზმა არ იცის მოკვდა თუ არა როსტომ ხანი და იმ მოღალატეს თუ გადაეცა ქვეყანა 2.
1. პაიჭაძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 462-463; მაჭარაძე ვ., დასახ. ნასრ., გვ. 447-448.
2. იქვე, გვ. 463; იქვე, გვ. 448.
4) „რამდენი ხანია რაც თეიმურაზ მეფემ დადიანისა და გურიელის მიწა-წყალი დიდი ხელმწიფის, მისი მეფური უდიდებულესობის მაღალი ხელის ქვეშ შეიყვანა, რატომ არიან ისინი დიდი ხელმწიფის მაღალი ხელის ქვეშ, რწმენის გამო გახდნენ და ამჟამადაც, ძველებურად, დიდი ხელმწიფის ქვეშევრდომნი არიან, მათზე ვინ ბატონობს?“
თეიმურაზ მეფემ, მსმენელებს, ძალიან მოკლედ მოუთხრო სამეგრელოსა და გურიაზე. მან ყურადღება გაამახვილა ოდიშის სამთავროში მომხდარ უკანასკნელ ამბებზე. ვიდრე მეფე ლეონტი (ლევან დადიანი) ცოცხალი იყო, ჩვენ შორის განუწყვეტელი მტრობა და ომი არსებობდა. მოკვდა თუ არა ლეონტი მის ადგილას აირჩიეს მისი ახლო ნათესავი ვამეყი, რიმელმაც თავისი ასული თეიმურაზის შვილიშვილზე ლეონტიზე (ლუარსაბი) დანიშნა და განიზრახა დიდი ხელმწიფის მფარველობაში შესვლა. მის სახელმწიფოში 4 დიდი ქალაქია, რომლებიც მდებარეობენ გამაგრებულ ადგილებში შავი ზღვის ნაპირზე. ისინი არავისთან ომობენ, სამეგრელოს მოსახლეობა 40 ათასი სული იქნება. გურიელის სამფლობელოები მცირეა, იგი იმერეთსა და სადადიანოს შორის მდებარეობს. იგი ხელმწიფის მფარველობაში შევიდა და ხელმწიფისადმი ერთდგულებაზე ჯვარზე დაიფიცა. სადადიანო და საგურიელო იმერთის მეფის რჩევით იმართება, მაგრამ ხარკს არ უხდიან, მასთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. როდესაც მათ გაიგეს, რომ მეფე თეიმურაზი ხელმწიფესთან მიდიოდა, მათი ერთადერთი თხოვნა იყო დიდი ხელმწიფისათვის გადაეცა, რომ თეიმურაზს ჯარით დაეხმაროს. მოსკოვში გამგზავრების წინ იმერეთის მეფე ალექსანდრემ თეიმურაზს სადადიანოში წასვლა შესთავაზა, მაგრამ მან მეფე ალექსანდრეს უბრძანა სადადიანოში თვითონ წასულიყო და მისი შვილიშვილი ლეონტიც (ლუარსაბი) წაეყვანა. თვითონ თეიმურაზი დიდ ხელმწიფესთან წამოვიდა მოღალატეთა წინააღმდეგ ჯარის სათხოვნელად1.
1. იქვე, გვ. 463-464; იქვე, გვ. 448-449.
5) „შენ, მეფე თეიმურაზ დავითის ძე, როდესაც დიდ ხელმწიფეს, მის უდიდებულესობას სთხოვე, რომ დიდ ხელმწიფეს მის მეფურ უდიდებულესობას შენთვის მეფე თეიმურაზ დავითის ძისთვის ჯარი მოეცა, ივერიის მიწაწყლის აგარიანებისა და იმ მოღალატეებისაგან გასათავისუფლებლად, რომლებმაც მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენა მიატოვეს და გამუსლიმანდნენ. მათ ყიზილბაშთა შაჰს ჯარი მოსთხოვეს და შენი სამეფო გაანადგურეს. თუ ხელმწიფის უდიდებულესობა ჯარს მოგცემს, როგორც დიდ ხელმწიფესთან ყოფნის დროს მის მეფურ უდიდებულესობას უთხარი და შეფიცე, შენ მისი სახელმწიფო ჯარი ყიზილბაში შაჰის წინააღმდეგ არ გჭირდება და ყიზილბაშ შაჰს დიდ ხელმწიფესთან არ წააჩხუბებ“1.
ამ ვრცელი კითხვაში ჩამოყალიბებული იყო მოსკოვის მთავრობის პოლიტიკა საქართველოსა და ირანის მიმართ, რომელსაც იგი ახორციელებდა XVI ს. ბოლო მეოთხედიდან XVII ს. 50-იანი წლების დასასრულამდე და, როგორც ჩანს, ამის შემდეგაც იგივე პოლიტიკის გატარებას აპირებდა. მოსკოვის მთავრობა საქართველოს გამო ირანთან ურთიერთობის გართულებას არ ფიქრობდა და ამას პირდაპირ ეუბნებოდნენ თეიმურაზ მეფეს.
თეიმურაზ მეფემ პირდაპირობას პირდაპირობით უპასუხა. მან ჩამოაყალიბა ის მიზნები, რის გამოც იგი მოსკოვის სახელმწიფოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდა. კერძოდ, მან ხელმწიფესთან ყოფნის დროს ითხოვა და ახლაც იმეორებს, რომ ხელმწიფემ ჯარი მისცეს თავისი ქვეყნის მოღალატეებისაგან გასაწმენდად, შაჰთან არაფერი ესაქმება. მან არ იცის შაჰი დაიცავს იმ მოღალატეებს თუ არა. იგი იმიტომ შევიდა ხელმწიფის მაღალი ხელის ქვეშ, რომ დაეხმაროს თავისი ქვეყნის განთავისუფლებაში, მისცეს სახელმწიფო ჯარი. თეიმურაზი იმერლების, დადიანელების და გურულების გაერთიანებული ჯარით თავის ქვეყანას გაწმენდს. თუ შაჰის ჯარი მის წინააღმდეგ წამოვა, მაშინ იგი თავს დაიცავს. როდესაც ხელმწიფე თეიმურაზს საქართველოში გაისტუმრებს, ხელმწიფემ ნება იბოძოს და მისწეროს იმერეთის მეფეს, დადიანსა და გურიელს, რათა მისცენ ჯარი. აგრეთვე, მისწეროს შაჰს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანული რწმენის მეფე თეიმურაზი შესულია დიდი ხელმწიფის მფარველობაში და შაჰი მის სამფლობელოში არ შეიჭრეს და არ გაანადგუროს, ხოლო თუ იგი მაინც ასე მოიქცევა, მაშინ ხელმწიფე საქართველოს დაიცავს2.
1. იქვე.
2. იქვე, გვ. 464-465; იქვე, გვ. 449-450.
6) „დიდმა ხელმწიფემ, მისმა მეფურმა უდიდებულესობამ დაგვავალა შენ, თეიმურაზ დავითის ძეს, გკითხოთ, რამდენი სახელმწიფო მსახურეული დაგჭირდება და შენი ქვეყნის რომელ ადგილებამდე უნდა მიიყვანო, რა მანძილია იქამდე, რამდენითაა დაშორებული. იმ ადამიანებს შემდეგი მგზავრობისათვის ეყოლებათ ცხენები, ექნებათ პურის მარაგი, რომ გრძელ გზაზე და შენთან ყოფნის დროს სახელმწიფო ჯარი შიმშილით არ ამოწყდება და ყიზილბაშთა შაჰი იმ ორიოდე მოღალატე ბოიარის გამო ომს არ დაიწყებს?“
თეიმურაზ მეფის პასუხი ამჯერადაც ლაკონური და საქმიანი იყო. მისი აზრით, საკმარისი იქნებოდა 30 ათასი ცხენოსანი. ისინი, სურსათ-სანოვაგით მომარაგებულნი, ასტრახანიდან საქართველომდე მიაღწევენ, თეიმურაზის სამფლობელოებში კი მარაგი ბევრი იქნება და ხელმწიფის ჯარი ნაკლებობას არ განიცდის. შაჰი, მეფის მოღალატეების შეიარაღებული ძალით დაცვას შეეცდება თუ არა, თეიმურაზ მეფემ არ იცის. მაგრამ, როდესაც იგი მოღალატეებს გაუსწორდება ხელმწიფის ჯარს მაშინვე რუსეთში დააბრუნებს.
თეიმურაზ მეფეს არც იმის თქმა დავიწყებია, რომ როდესაც იგი ალექსი მიხეილის ძის, ხელმწიფის მამის ქვეშევრდომობას იღებდა, მან თეიმურაზს ოქროს ბეჭდით დამოწმებული სიგელი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „დიდ ხელმწიფეს იგი, მეფე (თეიმურაზი _ე.მ.) თავის სახელმწიფო წყალობაში ეყოლებოდა და მტრებისაგან დაიცავდა. ამის შემდეგაც მეფეს მოსკოვიდან მრავალი სახელმწიფო სიგელი მისწერეს, რათა მას დიდი ხელმწიფისათვის თავისი შვილიშვილი გამოეგზავნა. მან შვილიშვილი გამოგზავნა და ახლა თვითონაც ჩამოვიდა და ითხოვს, რომ დიდმა ხელმწიფემ სახელმწიფო ჯარი მომცესო. ახლა ხელმწიფის დიდებულებას ვუცხადებ, _ უთხრა თეიმურაზმა რუს კარისკაცებს, _ თუ ხელმწიფის უდიდებულესობა არ ინებებს ჩემი დაცვა ბრძანოს, ჩემი მაცქერალი, მუსლიმანებისაგან დევნილი იმერლები, დადიანელები და გურულები სხვა ხელმწიფის ძებნას დაიწყებენ. ჩვენ ყველას ერთი თხოვნა გვაქვს, რომ ხელმწიფემ ჯარი მოგვცეს და ჩვენი დაცვა ბრძანოს“1.
1. გ. პაიჭაძის პუბლიკაციაში ეს დოკუმენტი აქ წყდება. მისი გაგრძელება მოცემული აქვს ვ. მაჭარაძეს, რომელსაც ქვემოთ გავეცნობით.
თეიმურაზ მეფეს, როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, გათვლილი ჰქონდა, რომ მისი ეს მუქარანარევი ნათქვამი რუს დიპლომატებზე და თვით ხელმწიფეზე შთაბეჭდილებას მოახდენდა. რუსეთის ხელმწიფე თეიმურაზ მეფეს საქართველოში თავის აგენტად მიაჩნდა და მას ქართველ მეფე-მთავრებთან აგიტაციას ავალებდა, რომ ისინი ხელმწიფის ქვეშევრდომები გამხდარიყვნენ. თეიმურაზ მეფე ამ როლზე უარს არ ამბობდა იმ პირობით, თუ მისი ამგვარი საქმიანობა მის სამშობლოს წაადგებოდა და სანაცვლოდ რუსეთიდან სამხედრო დახმარებას მიიღებდა.
თეიმურაზ მეფემ ერთი საინტერესო დიპლომატიური სვლაც გააკეთა: მან იცის, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს რუსეთ - რეჩ პოსპოლიტის ომი, რომლის დროსაც რუსეთის უმნიშვნელოვანესი მიზანი რეჩ პოსპოლიტისათვის კაზაკებით დასახლებული ტერიტორიების წართმევა და, საერთოდ, უკრაინის დაპყრობა იყო. თეიმურაზმა საქართველოს და დნეპრისპირეთის კაზაკების მდგომარეობა ერთმანეთს შეადარა. „ხელმწიფეს არ უნდა ჩვენ დაგვეხმაროს. როდესაც დნეპრისპირეთის კაზაკებმა ითხოვეს, რომ ხელმწიფემ ისინი თავისი მაღალი ხელის ქვეშ შეიფაროს, დიდმა ხელმწიფემ კაზაკები მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების გამო მიიღო და რეჩ პოსპოლიტის მეფესთან კავშირი გაწყვიტა. მე კი ჩემი სახელმწიფოს მართლმადიდებელი სარწმუნოების მეფე ვიყავი და იმიტომ შევედი ხელმწიფის მფარველობაში მუდმივ ქვეშევრდომად, რათა მას, დიდ ხელმწიფეს დავეცავით“1.
როგორც ჩანს, თეიმურაზ მეფეს ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც თავის სხვა საუბრებსა თუ წერილებში, რუსეთის მიერ საქართველოსათვის დახმარების უმთავრეს პირობად სარწმუნოებრივ ერთობას მიიჩნევდა.
თეიმურაზ მეფემ, თავისი პრეტენზიის კანონიერების დასტურად, კარისკაცებს 1641 წლის2 ხელმწიფის ოქროსბეჭდიანი სიგელი წარუდგინა, რომელსაც ხელს აწერდა დიაკი გრიგორი ლვოვი3.
1. მაჭარაძე ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 450-451.
2. ვ. მაჭარაძე, ჩემი აზრით, სიგელს სწორად არ ათარიღებს 1651 წლით. მისაღებია გ. პაიჭაძის მიერ შემოთავაზებული 1641 წელი.
3. მაჭარაძე ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 451; პაიჭაძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 465. ეს უნდა იყოს ზემოთ განხილული, ნიკიფორე ბერძენის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი სიგელი. დიპლომატიურ სიგელებზე, რუსეთის მეფე, როგორც წესი, ხელს არ აწერდა. ცნობილია, რომ პირველი დოკუმენტი, რომელსაც რუსეთის მეფემ ხელი მოაწერა, იყო შევედეთთან ომის დროს დანიის მეფე ქრისტიან მეხუთისათვის 1656 წელს გაგზავნილი სიგელი, რომლითაც რუსეთის ხელმწიფე დანიას შვედეთის წინააღმდეგ ომში მოკავშირეობას სთხოვდა (Очерки истории СССР. XVII в., М., 1955, с. 498). ის სიგელი, რომელსაც თეიმურაზ მეფე იმოწმებდა, თ. ტივაძემ 1651 წლისად მიიჩნია და რუსთ ხელმწიფის მიერ იმერეთის მეფისათვის გაგზავნილად გამოაცხადა (ტივაძე თ., თეიმურაზ პირველის საგარეო პოლიტიკა, გვ. 132-133), არამართებულად მომაჩნია. ასე რომ ყოფილიყო რუსი დიპლომატები მაშინვე აღნიშნავდნენ თეიმურაზ მეფის პრეტენზიების უსაფუძვლობას.
თეიმურაზის მიერ სიგელის წარდგენა ხელმწიფის კარისკაცებისათვის, როგორც ჩანს, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მათ სხვა არაფერი დარჩენოდათ ქართველი მეფისათვის ეთქვათ: „რაც შენ, თეიმურაზ დავითის ძევ სთქვი, დიდ ხელმწიფეს მოვახსენებთ და შენს თხოვნაზე დიდი ხელმწიფის, მისი მეფური უდიდებულესობის წერილობითი ბრძანება იქნება“1.
21 სექტემბერს თეიმურაზ მეფეს, ხელმწიფესთან გამოსამშვიდობებელი მიღების შემდეგ, სათათბიროს დიაკმა მოახსენა: ხელმწიფემ და უფლისწულმა ალექსი ალექსისძემ მას უწყალობეს საქართველოს მიწა-წყალი და ფლობდეს ძველებურად. თეიმურაზ მეფემ, რომელმაც სახარებზე დაიფიცა, რომ ხელმწიფესა და ტახტის მემკვიდრეს ერთგულად ემსახურებოდა, რომ სხვა სახელმწიფოებსაც (იგულისხმებოდა ქართული სამეფო-სამთავროები) შეიყვანდა მოსკოვის ქვეშევრდომობაში, დაპირდებოდა მათ ხელმწიფის ჯამაგირს, მოწყალებას, მზრუნველობასა და დაცვას. სამაგიეროდ, დიდი ხელმწიფე თეიმურაზს წყალობას არ მოაკლებდა: მოსკოვის სახელმწიფოს ჯამაგირსა და მზრუნველობას და მტრებისაგან დაცვას ჰპირდებოდა2. სათათბიროს დიაკის თქმით, თეიმურაზ მეფემ მადლობა გადაიხადა იმაზე რაც მოისმინა.
1. მაჭარაძე ვ., დასახ. ნაშრ., გვ 451. ბოლო, ციტირებული ფრაზა გ. პაიჭაძის პუბლიკაციაში არ არის.
2. პაიჭაძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 465-466.
ხელმწიფესთან გამომშვიდობებისა და სათათბიროს დიაკისაგან ხელმწიფის დანაბარების მოსმენის შემდეგ, თეიმურაზ მეფისათვის სრულიად ნათელი შეიქმნებოდა, რომ მისი მოსკოვში ჩამოსვლა უშედეგოდ დამთავრდა. სავარაუდოა, თეიმურაზის საუბარი დიაკთან ისე მშვიდობიანად არ დასრულდა, როგორც ამ უკანასკნელს ამის წარმოჩენა უნდოდა. ამგვარი ფიქრის საფუძველს იძლევა მეორე დღეს, 22 სექტემბერს, ბოიარი თავადი ალექსი ნიკიტას ძე ტრუბეცკოი, ოკოლნიჩი ბოგდან მატვეის ძე ხიტროვო და სათათბიროს დიაკი ლარიონ ლოპუხინი (ალბათ ეს ის „დიაკი“ იყო, რომელმაც წინა დღეს ხელმწიფის სიტყვიერად დანაბარები თეიმურაზს გადასცა) თეიმურაზ მეფის კარზე (двор) მივიდნენ და უკმაყოფილო მეფისათვის იმ მიზეზების ახსნა სცადეს, რომელთა გამოც მოსკოვს არ შეეძლო ქართველი მეფისათვის იმგვარი დახმარება გაეწია, როგორსაც ის ითხოვდა.
მას შემდეგ რაც, სტუმრებმა თეიმურაზ მეფეს ხელმწიფის მოკითხვა გადასცეს, მან თავისი კარისკაცები მეორე ბალახინში გაუშვა და მოლაპარაკება გააგრძელა.
ალექსი ნიკიტას ძე ტრუბეცკოიმ თეიმურაზ მეფეს მოახსენა, რომ ხელმწიფე ჯარს იმიტომ ვერ აძლევდა, რომ ომი ჰქონდა შვედებთან (1656-1658) და პოლონელებთან (1658-1667). სახელმწიფო ჯარის დიდი ნაწილი ჩაყენებულია საზღვრებზე. მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზ დავითის ძე მტრისაგან დიდ გასაჭირში იმყოფება, თავის საქართველოში უნდა დაბრუნდეს და იმეფოს. „როდასაც მეფის უდიდებულესობა მტერს გაუსწორდება, შენს მტრებისგან დაჩაგრვასა და გაპარტახებას არ ინებებს და თავის სახელმწიფო ჯარს შენთან, თეიმურაზ დავითის ძესთან გამოგზავნის“. თეიმურაზს ხელმწიფის მოწყალებაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს. ახლა კი, როგორც ტრუბეცკოიმ თქვა, ხელმწიფემ ბრძანა მას თავისი ხაზინიდან მისცეს ფული _ 6 ათასი რუბლი და სიასამურის ბეწვი _ 3 ათასი რუბლის ღირებულების.
„ჩანაწერების“ მიხედვით, ნაწყენმა თეიმურაზ მეფემ პირდაპირ განაცხადა: „იგი ფიქრობდა, რომ დიდი ხელმწიფისაგან წყალობა და მტრებისაგან დაცვა ექნებოდა, ამისათვის მიისწრაფოდა მისი მეფური უდიდებულესობისაკენ, ახლა კი, მისი მეფური უდიდებულესობა მას, თავის ქვეშევრდომს, თავის მიწაწყალზე ცარიელს უშვებს. იგი მის მეფურ მოწყალებასთან მისი მეფური უდიდებულესობის ბრძანებით ჩამოვიდა. ხელმწიფეს რომ მიეწერა, რომ მისი მთელი ჯარი დიდი ხელმწიფის სამსახურში იმყოფებოდა და სცოდნოდა, რომ მეფის უდიდებულესობა მას დასაცავად ჯარს არ მისცემდა, ის თავისი ქვეყნიდან არ წამოვიდოდა“1.
რუსული მხარე იძულებული იყო თავი დაეცვა თეიმურაზ მეფის მიერ წაყენებული ბრალდებისაგან: როდესაც ხელმწიფემ მოსკოვში მოგიწვია მაშინ ჯერ კიდევ ომი არ იყოო. რა თქმა უნდა რუსი დიპლომატი ცრუობდა. შეიძლება გავიხსენოთ, რომ 1656 წ. 6 მარტს მოსკოვში ჩავიდა თეიმურაზ მეფის ელჩობა დიმიტრი ეზეკიელის ძე არეშიძის და აზნაური ბიძინა დავითის ძის მეთაურობით. 18 აპრილს აუდიენციის დროს ელჩებმა ხელმწიფეს გადასცეს თეიმურაზ მეფის წერილი, რომლითაც იგი აცნობებდა თავის სურვილს მოსკოვში ჩასვლის შესახებ. ხელმწიფის ბრძანებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ომში იყო ჩაბმული2, დაიწყო მზადება ქართველი მეფის მოსკოვში მისაღებად. მაშასადამე, მაშინ, როდესაც თეიმურაზს მოსკოვში იწვევდნენ რუსეთის სახელმწიფო კარგა ხნის ჩაბმული იყო ომში და არავითარი განზრახვა არ ჰქონდათ, დაპირების მიუხედავად (შვილიშვილს თუ მოსკოვში გამოგზავნი, აუცილებლად დაგეხმარებითო _ სწერდნენ თეიმურაზს მოსკოვიდან), საქართველოსათვის სამხედრო დახმარება გაეწიათ. გამოდის, რომ თეიმურაზის მოსკოვში ჩაყვანით ხელმწიფის კარს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლება უნდოდა. მაგრამ თეიმურაზის პირდაპირობამ და პრინციპულობამ რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
1. მაჭარაძე ვ., დასახ. ნაშრ., გვ 452.
2. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული რუსეთ - რეჩ პოსპოლიტის ომი (1654-1656). იგი დამთავრდა 1656 წლის შემოდგომაზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმავე წელს რუსეთი ემზადებოდა და დაიწყო კიდეც ომი შვედეთთან, რომელიც მიმდინარეობდა 1658 წლამდე. ამავე წელს დაიწყო რუსეთ-რეჩ პოსპოლიტის ახალი ომი, რომელიც მხოლოდ 1667 წელს დასრულდა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თეიმურაზ მეფისათვის 1655 წლიდან ცნობილი იყო რუსეთ-რეჩ პოსპოლიტის ომის შესახებ და რუსეთიდან მოსულ წერილებში თეიმურაზის თხოვნაზე სამხედრო დახმარების გამოგზავნაზე, ყოველთვის ერთსა და იგივე პასუხს იღებდა: ომის დამთავრების შემდეგ მოსკოვი ქართველებს ბედის ანაბარა არ დასტოვებდა.
მაშ რატომ, რისი იმედით წავიდა თეიმურაზი მოსკოვში? მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისაგან, თუ გავითვალისწინებთ მის ტემპერამენტსა და შეუპოვრობასაც, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო რისკიანი მოქმედება,. როგორც ჩანს, ის ვარაუდობდა, რომ მოსკოვში ჩასულს უარს ვეღარ ეტყოდნენ მისთვის სასურველი სახით დახმარებაზე, მაგრამ მოტყუვდა. მისმა არც ერთმა არგუმენტმა რუსეთის მთავრობაზე არ იმოქმედა.
თეიმურაზ მეფე უკმაყოფილო იყო მატერიალური დახმარების იმ რაოდენობითაც, რასაც ხელმწიფე სთავაზობდა: „ახლა ხელმწიფის იმ მოწყალებას რომ მიიღებს (თეიმურაზი _ე.მ.), თავისი სულის მოსახსენებლად სამღვდელოებას დაურიგებს, ეს აჯობებს თავის მიწა-წყალზე დაბრუნებას და იქ ურჯულოთა ხელში ჩავარდნას. მუსლმანებისა და თავის მტრების მიერ გამოძევებული მეფე თეიმურაზი დიდ ხელმწიფესთან მოდიოდა... როცა თურქებმა, ყიზილბაშებმა და მთიელმა ჩერქეზებმა ეს გიაგეს, ყველა შეშინდა, რომ მოსკოვის დიდი ხელმწიფე მოკავშირეა მართლმადიდებლური ქრისტიანობისა და მისი მეფე თეიმურაზის მუსლიმანებისაგან დაცვა უნდა. იმ გზებზე, რომლებითაც მას (თეიმურაზს _ე.მ.) უნდა ემოგზაურა, მთიელი ჩერქეზები ჩაუსაფრდნენ და მისი გატარება არ უნდოდათ... მებრძოლები მოუკლეს და თვითონაც ძლივს გადარჩა... ახლა მისი (მოსკოვში _ე.მ.) ჩამოსვლასა და თხოვნას ფასი აღარ აქვს. მოღალატეები და მთიელი ჩერქეზები დასცინებენ, საბოლოოდ გაანადგურებენ და თავისი ქრისტიანული სულის დაღუპვასა და ურწმუნოთა ხელში ჩავარდნას, ურჩევნია აქ ქრისტიანულ სარწმუნოებაში მოკვდეს. რიღასთვის ჩავიდეს თავის ქვეყანაში... მტრები და მუსლიმანები თავის მიწა-წყლამდე მაინც არ მიუშვებენ, მას, მართლმადიდებელ ქრისტიან მეფეს დაღუპავენ და მის მოდგმასა და მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებას ამოაგდებენ. სამართლიანობაა საჭირო და მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მუსლიმანთა წინააღმდეგ უშიშრად დგომა. იგი, მეფე თეიმურაზი, თავის პატარა საქართველოში მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენისათვის თურქისა და ყიზილბაშის წინააღმდეგ იდგა და იბრძოდა, არ უშინდებოდა უამრავ მუსლიმანთა ჯარს. რადგანაც მისი ხელმწიფური ნებაა, რომ მის (თეიმურაზის _ე.მ.) მეფურ უდიდებულესობას მტრებისაგან დასაცავად თავისი სახელმწიფო ჯარი არ მისცეს, რადგან სახელმწიფო ჯარი თვითონ სჭირდება. ხელმწიფის უდიდებულესობას მისმა კარისკაცებმა მოახსენონ, რომ დიდმა ხელმწიფემ ინებოს მისი ქვეშევრდომი მისმა სახელმწიფო ჯარმა გააცილოს“1.
ის რაც თეიმურაზმა ითხოვა, საქართველოს საზღვრამდე ხელმწიფის ჯარით გაცილების შესახებ, როგორც აღმოჩნდა, ამგვარი ღონისძიება ხელმწიფესაც დაგეგმილი ჰქონდა. უფრო მეტიც, თეიმურაზს არ უთხოვია, მაგრამ ხელმწიფე ჰპირდებოდა, რომ შაჰ აბასს II-ს მიწერდა, შეიარაღებული ძალით საქართველოს არ დასხმოდა, და თეიმურაზ მეფეს რამენაირად ეცხოვრა თავის ქვეყანაში. ხელმწიფე კი, მომავალში მის დასაცავად ჯარს გაგზავნის, ასე რომ თეიმურაზს ხელმწიფის მოწყალებაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს.
თეიმურაზ მეფეს, გამოცდილებიდან გამომდინარე, სრული უფლება ჰქონდა ხელმწიფის დაპირებები არ დაეჯერებინა და მან პირდაპირ განაცხადა: „მეფის უდიდებულესობამ წინათიც მისწერა შაჰს მისი, თეიმურაზის შესახებ, რომ ხელმწიფის თხოვნის შესაწყნარებლად საქართველოზე არ გაელაშქრა და მისი მიწა-წყალი არ გაენადგურებინა. მაგრამ შაჰ აბასმა მისი მიწა-წყალი გაანადგურა და თვით თეიმურაზ მეფეც თავის ქვეყნიდან გააძევა. თვითონ თეიმურაზ მეფე რომ მედგრად არ იდგეს შაჰის წინააღმდეგ და თავის ქვეყანას არ იცავდეს, იგი დიდი ხანია მის ქვეყანას გაანადგურებდა“. ამის თქმის შემდეგ თეიმურაზ მეფემ ხელმწიფის კარისკაცები გაამხნევა: ჩემი ნათქვამის გამო ძალიან ნუ დანაღვლიანდებითო, ადგა და თავის „ბოირებთან“ მოსათათბირებლად მეორე ბალახანში გავიდა.
1. მაჭარაძე ვ., დასახ. ნაშრ., გვ 452-453; პაიჭაძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 467-468.
მეფე მალე დაბრუნდა, თავის ადგილზე დაჯდა, მისი „ბოიარებიც“ შემოვიდნენ. პირველი რაც თეიმურაზმა ტრუბეცკოის ჰკითხა, იყო შემდეგი: მას რამდენი მეომრით და სადამდე გააცილებდნენ, რაზეც უპასუხეს, რომ მას და მის ამალას ჯერ ასტრახანამდე, ასტრახანიდან თერგამდე გემებით შეირაღებულ რაზმთან ერთად ჩაიყვანდნენ, თერგიდან კი გამცილებლებს გააყოლებდნენ1, იქამდე, სადამდისაც საჭირო იქნებოდა2.
თეიმურაზ მეფეს, ბუნებრივა, არ აწყობდა ამგვარი ბუნდოვანი დაპირება და მოითხოვა თუშეთამდე 7 ათასი ცხენოსანი და 1000 ქვეითი3, 5-6 მცირე ქვემეხი კი საქართველოს შიგნით მტრებისაგან დასაცავად, მანამდე, ვიდრე დიდი ხელმწიფე ინებებს. სხვაგვარად ის ვერ შეძლებდა კავკასიონის მთაზე გადასვლას და მტრებისა და გამყიდველების გამო საქართველოში ცხოვრებას.
ტრუბეცკოი თეიმურაზს შეპირდა, რომ მის მოთხოვნებს ხელმწიფეს მოახსენებდა4.
თ. ტივაძის მიერ მოძიებული დოკუმენტიდან ჩანს, რომ ხელმწიფემ თეიმურაზ მეფის თხოვნა არ შეიწყნარა. ყაზანიდან თეიმურაზი ხელმწიფეს წერდა: „...მე, შენი ყმა, ივერიის მიწაწყლის მეფე თეიმურაზი შენი უდიდებულესობის ტახტს ვეახელი და მცირედი დახმარება გთხოვე ჯარის სახით, რომ ჩემი სამშობლო დამებრუნებინა იმიტომ, რომ ყველაზე შესაფერისი დრო იყო ჩემს დასახმარებლად. ამიტომ ვთხოვ შენს მეფურ უდიდებულესობას და ქედს ვიხრი, მოიღე მოწყალება, რადგან შემთხვევა მოგეცა ჩემს დასახმარებლად და არ დამეხმარე ჯარით, ის მაინც გამიკეთე, რომ სიტყვით შემეწიო, გაგზავნე სპარსელთან, ე. ი. შაჰთან კარგი ელჩი... იქნებ ღმერთმა ქნას, შაჰმა შეისმინოს შენი მეფური უდიდებულესობის სიტყვა და აღარ შემაწუხოს“5.
1660 წელს მოსკოვში გაგზავნილ წერილში თეიმურაზი ჩიოდა, რომ ასტრახანიდან მას მცირე გამცილებლები გააყოლეს. ამის გამო იყო, რომ ჩერქეზებმა და ყუმიხებმა გამძარცვესო6.
1. მაჭარაძე ვ., დასახ. ნაშრ., გვ 453-454.
2. პაიჭაძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 467-468.
3. ქვეითი წერია გ. პაიჭაძის პუბლიკაციაში, გვ. 468.
4. მაჭარაძე ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 454; პაიჭაძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 468-469;
5. თ. ტივაძე დასახ. ნაშრ., გვ. 137.
6. Акты исторические, собранные и изданные археографической комиссией. Серия документов по истории России, изданная Археографической комиссией, т. I, СПб., 1843, с. 291.
1658 წლის სექტემბრის ბოლოს1 ან ოქტომბერში2 თეიმურაზ მეფემ დასტოვა მოსკოვი და სამშობლოსკენ გამოეშურა. როგორც ირკვევა, თეიმურაზს უნდოდა მოსკოვიდან წამოეყვანა რძალი, ერეკლეს დედა ელენე, ხოლო ერეკლე ხელმწიფის კარზე დაეტოვებინა მაგრამ ელენემ შვილთან დარჩენა არჩია3.
1659 წლის მაისში თეიმურაზმა ყაზანიდან ხელმწიფეს მისწერა: „შენს მეფურ უდიდებულესობას ვთხოვ მოწყალება მოიღოს და რადგანაც იყო შემთხვევა და არ დამეხმარე ჯარით, გთხოვთ სიტყვით დამეხმარო, გააგზავნე კარგი ელჩი სპარსელთან, ესე იგი შაჰთან და შენს ელჩს დააბარე: „ჩემთან მოვიდა ქრისტიანი მეფე და მთხოვა, რომ შენ ის არ შეაწუხო“. შენმა უდიდებულესობამ შენ ელჩს დააბარე აგრეთვე: „თუ შენ გინდა ჩემი სიყვარული გქონდეს, არ ეომო მეფე თეიმურაზს, დაუბრუნე მისი სახელმწიფო და არ შეაწუხო, ის თვითონ მოვიდა ჩემთან სიყვარულისა და არა ომისათვის“4.
5 ივნისს, მოსკოვისკენ მიმავალმა იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის ელჩებმა სარატოვში თეიმურაზს შვილიშვილის, ლუარსაბის სიკვდილი აცნობეს5. 1659 წლის 18 სექტემბრს თეიმურაზმა სარატოვიდან წერილი გაუგზავნა ხელმწიფეს, მეფობისათვის გამიზნული ლუარსაბის გარდაცვალება აცნობა და ერეკლე უფლისწულის საქართველოში გაშვება სთხოვა. იმავე დროს თეიმურაზი ხელმწიფეს სწერდა, რომ რადგან თვითონ და დედოფალი ხორეშანი მოხუცდნენ, განზრახული ჰქონდათ ბერად შედგომა. ამავე სიგელში ვხვდებით ერთ საინტერესო ცნობასაც. როგორც თეიმურაზი ხელმწიფეს სწერს, მას იერუსალიმის პატრიარქ პაისიოსისთვის უთხოვია ხელმწიფის წინაშე შუამდგომლობა საქართველოს დასაცავად.
1. Дворцовые разряды, III, с. 514.
2. პაიჭაძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 467-468.
3. საითიძე გ., მასალები საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიისათვის (XVII საუკუნის 50-იანი წლები). „ქართული დიპლიმატია“, წელიწდეული, 5, თბ., 1998, გვ. 145.
4. Переписка, с. 80.
5. მოჰამედ თაჰერის მიხედვით, ლუარსაბმა, თეიმურაზის რუსეთში ყოფნის დროს, იმერეთის მეფე „ალექსანდრე-ხანის დახმარების [იმედით], განიზრახა ჩხუბი და არეულობა მოეხდინა…(ყიზილბაშების წინააღმდეგ _ ე. მ.). ამ ფუჭი განზრახვის საუბედუროდ, მას სწორედ იმ დღეებში ეწვია ყვავილ-ბატონების შეუბრალებელი ლაშქარი. მთელი ტანით დაწყლულებული, ის დაღუპვისა და მოსპობის სადგომში გადასახლდა. „თეიმურაზის შვილიშვილი მოკვდა“ (მოჰამედ თაჰერი, გვ. 390). თეიმურაზ მეფის მიერ მოსკოვში ხელმწიფისათვის გაგზავნილ სიგელში ნათქვამია, რომ ლუარსაბი 1659 წ. 1 თებერვალს გარდაიცვალა (საითიძე გ., დასახ. ნაშრ., გვ.145).
საინტერესოა, როგორ ვითარებაში და როდის შეიძლებოდა თეიმურაზს იერუსალიმის პატრიარქისათვის დახმარება ეთხოვა. 1658 წლის ივლისში პატრიარქი პაისიოსი და მისი დიაკვანი, მომავალი პატრიარქი დოსითეოს II, მოწყალების მოსაკრებად დასავლეთ საქართველოში ჩამოვიდნენ1. ამ დროს თეიმურაზ I საქართველოში არ იყო. როგორც ითქვა, 1657 წლის ზაფხულში თეიმურაზ მეფე რუსეთს გაემგზავრა. 1658 წლის 20 ივნისს უკვე მოსკოვში იმყოფებოდა. სიგელიდან ჩანს, რომ ლუარსაბი 1659 წ. 1 თებერვალს გარდაიცვალა. რადგან პატრიაქი პაისიოსი 1659 წლის მარტის ბოლომდე საქართველოში იმყოფებოდა, სავსებით მოსალოდნელია, რომ იგი უფლისწული ლუარსაბის დაკრძალვას დაესწრო კიდეც. ლუარსაბის სიკვდილის შემდეგ უნდა გაჩენოდა აზრი იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს (ლუარსაბის გარდაცვალება თეიმურაზმა ჯერ არ იცოდა), რუსეთის ხელმწიფისთვის ეთხოვა, რა თქმა უნდა, თეიმურაზთან შეთანხმებით, უფლისწული ერეკლეს საქართველოში გასამეფებლად გამოშვება.
ალექსანდრე III-მ ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩართო იერუსალიმის პატრიარქი პაისიოსიც, რომელიც იერუსალიმის სხვა პატრიარქების მსგავსად, კმაყოფილი იყო საქართველოდან წაღებული მოწყალებითა და შესაწირავებით2. ალექსანდრემ პატრიარქს თეიმურაზისა და თავისი სახელით სთხოვა, მოსკოვში წასულიყო და ქართველი მეფეების გაჭირვების აღმოსაფხვრელად ხელმწიფესთან ეშუამდგომლა.
1. მამისთვალიშვილი ე., საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 55-58.
2. დაწვრ. იხ. იქვე, გვ. 37-58.
პატრიარქს ყურად უღია ქართველი მეფეების თხოვნა და რუსეთში წასვლა განუზრახავს, მაგრამ, როგორც თეიმურაზი სხვა, 1660 წლის 12 აპრილის სიგელით ხელმწიფეს აცნობებდა, პატრიარქი ქ. კაფაში ყირიმის ხანმა გაძარცვა და მოსკოვისკენ არ გაუშვა. პატრიარქი იძულებული გახდა იერუსალიმში გაბრუნებულიყო1, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწია. იგი, 1660 წლის 2 დეკემბერს, არქიპელაგის კუნძულ კასტელროსოზე გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.
ეს ყველაფერი თეიმურაზისათვის ცნობილი იყო ალექსანდრე მეფის ელჩის წყალობით, რომელიც იმერეთის მეფემ მოსკოვს მიმავალ პატრიარქს გააყოლა (შეიძლება პირიქითაც იყო: თავის ელჩს პატრიარქი გააყოლა). იმერთა მეფის ელჩმა, სავარაუდოა, ყირიმიდან გზა გააგრძელა და სარატოვში თეიმურაზ მეფეს ყველფერი აცნობა. თეიმურაზის მიერ ხელმწიფისათვის გაგზავნილი 1659 წლის 18 სექტემბრის სიგელი ამის შემდეგ დაიწერა.
ხელმწიფე ალექსი მიხეილისძემ დაინახა რომ თეიმურაზს აღმოსავლეთ საქართველოში არავითარი პერსპექტივა ჰქონდა, არც ერეკლე უფლისწულის რუსეთის პოლიტიკური მიზნებისათვის საქართველოში გამოყენება მოხერხდებოდა. ნათელი შეიქმნა, რომ ერეკლეს მოსკოვში ყოლას აზრი აღარ ჰქონდა. მან თეიმურაზის თხოვნა დააკმაყოფილა. უფლისწულ ნიკოლოზისა და საქართველოს მიმართ თავისი შემდგომი დამოკიდებულების შესახებ მოსაზრებები ხელმწიფემ თეიმურაზისათვის გაგზავნილ 1660 წლის 8 მაისის სიგელში ჩამოაყალიბა. მან იმედი გამოსთქვა, რომ უფლისწულის სამშობლოში გაშვებით საქართველო-რუსეთის ურთიერთობა არ დაზარალდებოდა2.
1. საითიძე გ., დასახ. ნაშრომი, გვ, 142.
2. იქვე, გვ. 144-147.
აღსასრული
1659 წლის დასასრულს იმერეთში დაბრუნებულ თეიმურაზ მეფეს დედოფალი ხორეშანი გარდაცვლილი დახვდა. შემდეგ, 1660 წელს, მისი სიძე ალექსანდრე მესამეც გარდაიცვალა. 1661 წელს, ხანგრძლივი ბრძოლით მოღლილი თეიმურაზი ბერად აღიკვეცა. დასავლეთ საქართველოში ფეოდალური შინაომი დაიწყო, რომელშიც როსტომ მეფის მემკვიდრე ვახტანგ V შაჰნავაზი ჩაერია. მისმა ჯარმა სკანდეს ციხეში თეიმურაზ მეფე შეიპყრო და თბილისში წაიყვანა.
მოჰამედ თაჰერის გადმოცემით, როდესც შაჰმა გაიგო თეიმურაზის დატყვევების ამბავი, მან მაშინვე თეიმურაზის საპარსეთში ჩასაყვანად შაჰნავაზთან კაცი გაგზავნა. ამ უკანასკნელმა, „თანახმად ბრძანების, გივ-ბეგ (ამილახვარი _ე. მ.), თავადებთან და აზნაურებთან ერთად, ხსენებულს (თეიმურაზს_ე.მ.) გააყოლა და ისინი მაღალ კარზე გაგზავნა“1. როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა, „ეს ირანის დიდი გამარჯვება იყო. მტერს დამორჩილდა სპარსელ დამპყრობელთა წინააღმდეგ ორმოცდაათწლოვანი ბრძოლის მესაჭე. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც რუსეთის თავდადებული მომხრის შაჰისადმი დამორჩილება ირანის დიდი წარმატება იყო. ამდენადვე ეს იყო ამიერკავკასიაში მოსკოვის მეფის საგარეო პოლიტიკის მარცხი“2.
1. მოჰამედ თაჰერი, გვ. 397
2. ბერძენიშვილი ნ., ჯავახიშვილი ივ., ჯანაშია ს., საქართველოს ისტორია, ნაწ. I, უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე, თ,., 1946, გვ.351.
მოჰამედ თაჰერის თქმით, თეიმურაზი ისფაჰანში დიდი ზეიმით მიიყვანეს და სასახლეში დააბინავეს. იმავე ღამეს თეიმურაზს შაჰ აბას II ეწვია. მეფეს და მის ამალას დიდ პატივში ამყოფებდნენ. შაჰის კეთილად მოპყრობამ თეუიმურაზს თავის სამეფოში დაბრუნების იმედი ჩაუსახა. „როცა შაჰთან იყო, უმდაბლესად ითხოვა, რომ რუსეთის ვალის სახელზე გამოცემულიყო უავგუსტოესი წერილი მისი (თეიმურაზის) შვილიშვილის ერეკლე მირზას, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა, გამოწვევის შესახებ, და თუ ერეკლე-მირზა... მოვიდოდა შაჰის კარზე, მაშინ მისთვის ებოძებინათ მეფობა სამკვიდრო მამულში. ხსენებული თხოვნა მიღებული იქნა იმ პირობით, რომ ერეკლე-მირზა მოვიდოდა უმაღლეს კარზე. იმავე დღეს ერეკლე-მირზა, მიეღო რა რუსთა ხელმწიფისაგან წასვლის ნებართვა, უბედური და ავისმქნელი ყაჩაღების თუშების მიერ შეცდენილი, დაღისტნის გზით საქართველოში იყო წამოსული“1.
შაჰს მშვენიერი შესაძლებლობა მიეცა, თეიმურაზის ირანში ყოფნა ერეკლე ბატონიშვილის ხელში ჩასაგდაბად გამოეყენებინა. სავარაუდოა, რუსეთთან ურთიერთობის უპერსპექტივობაში დარწმუნებული თეიმურაზიც ერეკლეს ირანში შაჰთან მისვლის მომხრე იყო და ამ გზით კახეთის ან ქართლის, ან ორივეს დაეპატრონებოდა. თეიმურაზმა, როგორც მოჰამედ თაჰერი გადმოგვცემს, ერეკლესათვის რაყამის გაგზავნა და შაჰის კარზე მოწვევა ითხოვა. ერეკლემ ეს წინადადება არ მიიღო და, როგორც შაჰის ისტორიკოსი წერს, კახეთი ვახტანგ V-ის ვაჟს არჩილს უბოძეს2.
თეიმურაზი ირანში თავისი მდგომარეობის შესახებ გადმოგვცემს:
1661 წლის 3 დეკემბერს, მოსკოვში გაგზავნილ წერილში. ჩანს, მას შიში ჰქონდა, რომ შაჰი არ აპატიებდა ირანის წინააღმდეგ შეიარაღებულ და პოლიტოკურ ბრძოლას. თეიმურაზი რუსეთის ხელმწიფეს სთხოვს უშუამდგომლოს შაჰის წინაშე, რათა მან არ მოკლას იგი და კახეთში გაუშვას.
თეიმურაზის გარდაცვალების შესახებ განსხვავებული ცნობები გაგვაჩნია. სპარსელი ისტორიკოსი მოჰამედ თაჰერი თეიმურაზის ბუნებრივ სიკვდილზე გვამცნობს: ჯანმრთელობა შერყეული თეიმურაზი შაჰის ბრძანებით ასთრაბადს უნდა წასულიყო და იქ დალოდებოდა. როცა შაჰი იქ მივიდა თეიმურაზი უკვე გარდაცვლილი იყო3.
1. მოჰამედ თაჰერი, გვ. 398.
2. იქვე, გვ. 398-399.
3. იქვე, გვ. 403.
ნ. ნაკაშიძე წყაროზე მითითების გარეშე წერდა, რომ შაჰ აბას II-მ თავდაპირველად თეიმურაზი კარგად მიიღო, მაგრამ ერთხელაც სუფრასთან ყოფნისას ისლამის მიღება მოსთხოვა, რაც მეფემ უარყო. განრისხებულმა შაჰმა თეიმურაზს სახეში ღვინო შეასხა და მისი ასტრაბადის ციხეში ჩამწყვდევა ბრძანა. 1663 წლის ზამთარში 74 წლისა გარდაიცვალა1.
რუსულ მასალებში თეიმურაზის გარდაცვალების შესახებ არის ასეთი ცნობა: 1663 წლის 30 ნოემბერს შემახაში მისულ ქართველ აბრამ ივანოვს, რომელიც მოსკოვში უფლისწული ერეკლეს მერიქიფე იყო, უთქვამს: თეიმურაზი, როგორც კი დაბრუნდა იმერეთში „თბილისის შაჰნავაზ ხანმა დაიჭირა თავისთან სამ თვემდე. ამასობაში მაცნედ შიკრიკი გაგზავნა შაჰთან, შაჰმა კი მისი (თეიმურაზის _ თ. ტ.) თავისთან გაგზავნა ბრძანა. იგი, მეფე თეიმურაზი, ხელმწიფევ, ისპაანში ორ წლამდე ცხოვრობდა და ამბობენ, რომ იგი მოწამლეს“2.
შაჰნავაზმა და კახელებმა თეიმურაზ მეფე ირანიდან გადმოასვენეს და ალავერდის ტაძარში დაკრძალეს3.
1. Накашидзе Н. Т., Ук. труд, с. 190.
2. ტივაძე თ., საქართველოს საკითხი რუსეთ-ირანის პოლიტიკურ ურთიერთობაში XVII საუკუნის 60-იან წლებში. ქართული სამეფოების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, II, თბ., 1973, გვ. 42.
3. Накашидзе Н. Т., Ук. труд, с. 190.
* * *
XVII საუკუნის ქართული პოლიტიკური ასპარეზიდან წავიდა საოცრად ენერგიული და შეუპოვარი, მამაცი და მოქნილი, პირდაპირი, მიზანსწრაფული და დაუნდობელი თეიმურაზ მეფე. იგი ყოველთვის ამჟღავნებდა მოქნილი დიპლომატისათვის დამახასიათებელ პარტნიორზე ზემოქმედებისა და თავისი ზრახვების შენიღბვის უნარს, შეეძლო შეესრულებინა გულუბრყვილო მეფის როლი, რომელსაც თითქოს არ შესწევდა უნარი გაეთვალისწინებინა, უფრო მეტიც, ისე არ მოქცეულიყო, როგორც თავისი დიპლომატები და კარისკაცები ურჩევდნენ და ემოქმედა თავისი სურვილის წინააღმდეგაც კი. თეიმურაზ მეფე, ზოგჯერ, როცა საჭირო იყო, არც ჭეშმარიტი ფაქტების გაყალბებას, გაუბრალოებას ან გაზვიადებას ერიდებოდა. შეეძლო მოხერხებულად, მოჩვენებით შეეცვალა პოზიცია და იგი შეეხამებინა ძლიერი პოლიტიკური პარტნიორ-ოპონენტის ინტერესებისათვის. იგი იყო ქართულ ობიექტურ სინამდვილეში ჩამოყალიბებული და ნაწრთობი მოღვაწე, რომლითაც მაკიაველიც კი აღფრთოვანდებოდა.
ადარებდა რა ერთმანეთს თეიმურაზ და როსტომ მეფეების დამსახურებას ქვეყნის წინაშე, ივ. ჯავახიშვილი წერდა: „ამგვარად, ბრმისათვისაც ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ თეიმურაზ მეფის ბატონობა აღმოსავლეთი საქართველოს დამოუკიდებლობასა და მაინცდამაინც დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულს ბრძოლას მოასწავებდა. როსტომის მეფობა კი ჩვენი ქვეყნის მონობისა და სპარსთა ბატონობის მომავლინებელი იყო“1.
1. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, IV, 1967, გვ. 369.
თეიმურაზ მეფის მსგავსი სხვა მოღვაწე იშვიათად (შეიძლება არც) მოიძებნება საქართველოს ისტორიაში. მისი სალოცავი სამშობლო და სარწმუნოება იყო. მას მტრებმა ჯოჯოხეთური სატანჯვლითაც კი ვერ დაათმობინეს ვერც ერთი და ვერც მეორე. სამშობლოსა და სარწმუნოებას შესწირა და მათთვის გასწირა ყველა ვისი სამსხვერპლოზე მიტანაც კი შეიძლებოდა. მის თავგადასავალში აისახა XVII ს. პირველი ნახევრის საქართველოს ტრაგედია.
თეიმურაზ მეფის დამსახურება საქართველოს წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ მან ყოველგვარ ღონეს მიმართა სამშობლოს გადასარჩენად მან თავდაპირველად ირანთან საკითხის მოგვარება მშვიდობიანად სცადა, მაგრამ შაჰ აბას I-ის პოლიტიკა მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ საქართველოს სრულ დამორჩილებასა და გადაშენებას. ირანის აგრესიის განეიტრალების მიზნით თეიმურაზმა მიმართა ყველა სახელმწიფოს, რომელსაც მისი აზრით, შეეძლო დახმარებოდა საპრსეთისაგან თავის დასახსნელად. ზოგი მკვლევარი თეიმურაზს უწუნებს არარეალური საგარეო პოლიტიკის გატარებას, თითქოს მას, მაშინდელი საერთაშორისო ვითარების სწორად გათვალისწინებით, ოსმალეთის, ესპანეთის, რომის პაპისა და რუსეთის იმედი არ უნდა ჰქონოდა. მაგრამ თეიმურაზი უმცირესი შანსის გამოყენებასაც კი ცდილობდა ანტიირანულდ განწყობილი მოკავშირის მოსაპოვებლად. ის მკვლევრები, რომლებიც თეიმურაზის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მის დიპლომატიას იწუნებენ, დღევანდელი გადასახედიდანაც კი ვერ ამბობენ, როგორ უნდა მოქცეულიყო თეიმურაზ მეფე, რომ ქვეყანა იმ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო, როგორიც მისი მეფობის დროს შეიქმნა. მგონია, თეიმურაზ მეფეს უნდა გაეკეთებინა ის რაც გააკეთა.
მისმა შეუდრეკელმა ბრძოლამ ირანის წინააღმდეგ, შაჰის კარი აიძულა ხელი აეღო ქართველების გასპარსებასა და გამუსლიმანებაზე. ზოგიერთი მკვლევრის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ თეიმურაზ მეფის შეუპოვარი ბრძოლა ყიზილბაშების წინააღმდეგ არ იყო პოლიტიკური ან პირადი ჭირვეულობითა და ახირებით განპირობებული. თეიმურაზს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ის საფრთხე რასაც ირანი აღმოსავლეთ საქართველოს უქადდა. ვიმეორებ, მან გააკეთა ყოველივე ის, რაზეც ხელი მიუწვდებოდა და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მან ზნეობრივად გაიმარჯვა. რომ არა მისი შეიარაღებული და პოლიტიკურ-დიპლომატიური ბრძოლა, ირანის შაჰების საქართველოს გადაგვარება-გადაშენების პოლიტიკა გაიმარჯვებდა.
ქართველი ხალხის ბრძოლამ მეფე თეიმურაზ I-ის მეთაურობით საქართველო დაღუპვისაგან იხსნა.
* * *
თეიმურაზ I-ზე საუბრის დასასრულს, შეიძლება გავიხსენოთ თანამედროვეთა მიერ დატოვებული მისი დახასიათებები. მიქელე მოსკო, რომელიც მისიონერთა ცნობებს ემყარებოდა, პაპისათვის წარდგენილ მოხსენებაში _ „ცნობები თეიმურაზზე და საქართველოზე“, 1628 წელს სწერდა: „იბერიის ახლანდელი მეფე დაახლოებით 34 წლისაა, ტანად რამდენადმე დაბალი, მაგრამ მშვენივრად ჩამოსხმული აგებულებისაა. ცოლიანია, ჰყავს სამი შვილი: ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. სახელი, რომელიც მან ნათლობისას მიიღო, იყო თეოფილე“1.
1. ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 246.
იმავე „ცნობებში“, მოსკო ერთხელ კიდევ იძლევა თეიმურაზის შედარებით სრულ დახასიათებას: „თეოფილე მეფე კეთილი ბუნების ადამიანია. მმართველობაში _ მეტად თავაზიანი, გულკეთილი და ლიბერალი, ხშირად მარტო პურითა და წყლით მარხულობს. იძინებს ხმელ ტახტზე, ადრე დგება, რათა ყოველდღე ილოცოს, წირვა მოისმინოს და ზოგიერთი სულიერი ვარჯიში შეასრულოს. იგი უყვართ და მას პატივს სცემენ არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც, კერძოდ, იქ მცხოვრები ჩერქეზები, რომლებსაც ქართველები ურჩევენ ქრისტიანობის მიღებას“1.
პატრების გადმოცემით, 1629 წელს, როცა მათ თეიმურაზი ინახულეს, მაშინ იგი 38-40 წლისა 50 წლის კაცის შთაბეჭდილებას ახდენდა. მას ჰქონდა მოწითალო თვალები, გრძელი, მოღუნული ცხვირი, იყო საშუალოზე მაღალი, გამხდარი, გაძვალტყავებული ტანით, სახეზე ნაოჭებით, მაგრამ საერთოდ, სასიამოვნო სახე ჰქონდა, ურთიერთობაში იყო მომხიბვლელი, დიდი ჭკუა-გონების, იცოდა ენები: გარდა ქართულისა, სპარსული, თურქული და ბერძნული. არაჩვეულებრივად კარგად ლაპარაკობდა ქართულად, ძალიან კარგად იცოდა საღვთო წერილები, წმინდა მამების შემოქმედება.
იყო ღვთისმოსავი და ღვთისმოშიში. შესანიშნევად ფლობდა საერო სიტყვებს, იყო დიდი პოეტი. კარგი მხედათმთავარი, მამაცობით სახელგანთქმული, ომში თავზარდამცემი2. რუსების აღწერილობით, 1639 წელს 50 წლის თეიმურაზი იყო საშუალო ტანის, წარმოსადეგი, ნაყვავილარი თეთრი სახით, შავი შეკრეჭილი და შეღებილი წვერით, გადაპარსული თავით, წელში მოხრილი, მხარბეჭიანი, თვალები ნაცრისფერი, ხელის ფრჩხილები შეღებილი ჰქონდა3.
1. იქვე, გვ. 250.
2. თარხნიშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 374.
Комментариев нет:
Отправить комментарий