четверг, 26 июля 2018 г.

„დიდი სამეულის“ დიპლომატიური ურთიერთობები 1944 წ. სექტემბრიდან 1945 წ. თებერვლამდე (თ. პაპასქირი)

$1. კვებეკის II კონფერენცია. 1944. 12-16 სექტემბერი
1944 წლის 12 სექტემბერს კვებეკში დაიწყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილისა და აშშ- პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის მორიგი შეხვედრა. ახალი სამიტის მოწყობის იდეა საკმაოდ დიდი ხნის წინ გაჩნდა და ეს არც იყო გასაკვირი. კაიროს კონფერენციის1 შემდეგ რაიმე შეხვედრა უმაღლეს დონეზე არ გამართულა. პირველად წინადადება ახალი კონფერენციის გამართვის შესახებ წამოაყენა ჩერჩილმა, რომელმაც 1944წლის მარტში შესთავაზა რუზველტს სააღდგომო კვირის (5-11 აპრილი _ აღდგომა იმ წელს 9 აპრილს იყო) მასთან ერთად ბერმუდის კუნძულებზე გატარება. მისი თქმით, ეს უნდა ყოფილიყო თეირანის მასშტაბის შეხვედრა (არც თუ მრავალრიცხოვანი მრჩევლების თანხლებით) და მისი მოწყობის აუცილებლობა განპირობებული იყო არა იმდენად პოლიტიკაში რაიმე ცვლილებების შეტანის საჭიროებით, რამდენადაც, უბრალოდ, ერთმანეთის ნახვის სურვილით. რუზველტმა, რომელსაც ეშინოდა, რომ ჩერჩილი კვლავ შეეცდებოდა საფრანგეთში შეჭრის გადავადებას, გრიპის მომიზეზებით, უარი თქვა ამ წინადადებაზე და განაცხადა, რომ თავისი შტაბის წარმომადგენლებს გააგზავნიდა ბერმუდებზე.
1. კაიროს კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ . რუზველტი, . ჩერჩილი და ჩინეთის მმართველი ჩან კაიში, დაიწყო 1943. 22 ნოემბერს, შეწყდა 26 ნოემბერს, როდესაც ჩერჩილი და რუზველტი გაემგზავრნენ თეირანში, განახლდა 2 დეკემბერს, მათი თეირანიდან მობრუნების შემდეგ, და დასრულდა 7 დეკემბერს. ყოველივე ეს გამოწვეული იყო იმით, რომ სტალინმა მაშინ უარი თქვა იაპონიასთან ომის საკითხების განხილვასა და ჩან კაიშისთან შეხვედრაზე. უფრო მეტიც, მან საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი . მოლოტოვიც კი არ გაუშვა კაიროში (ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: . პაპასქირი. სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ჰიტლერის წინააღმდეგ. თბ., 1996, გვ. 53-54) და დამკვირვებლის სახით გააგზავნა მოლოტოვის მოადგილე . ვიშინსკი, რომელიც არ დასწრებია იმ სხდომებს, სადაც იაპონიის შესახებ მიმდინარეობდა მსჯელობა.
მაისში ჩერჩილმა უკვე საკუთრივ ლონდონში მოიწვია აშშ- პრეზიდენტი (ვიზიტი მხოლოდ ნორმანდიაში შეჭრის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, რათა ეს არ გამხდარიყო გერმანელებისათვის რაიმე სიგნალის მიმცემი) შორეულ აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიის განსახილველად1, მაგრამ რუზველტმა უარი განაცხადა ოვერლორდის დაწყებიდან ახლო პერიოდში უმაღლესი დონის შეხვედრის მოწყობაზე2. როდესაც ივნისში ჩერჩილმა კვლავ გამოთქვა შეხვედრის სურვილი, რუზველტმა უბრალოდ ამ წინადადების იგნორირება მოახდინა და თავის ვრცელ პასუხში, რომელიც 16 პუნქტისაგან შედგებოდა, ადგილი ვერ მოძებნა ამ საკითხის გაშუქებისათვის. როგორც ჩანს, მას უბრალოდ არ სურდა საბოლოო პასუხის გაცემა, რადგანაც, ამავე პერიოდში, ის ცდილობდა, მოეწყო დიდი სამეულის ახალი კონფერენცია და სტალინს გაუგზავნა კიდეც წერილი მსგავსი წინადადებით. ჩერჩილი, რომელსაც დიდი სამეულის შეხვედრამდე რუზველტთან პირისპირ მოლაპარაკების სურვილი ჰქონდა, გულის სიღრმეში ალბათ დიდად აღფრთოვანებული არ დარჩა ამ იდეით, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია ეს და შემოიტანა წინადადება, შეხვედრა მოწყობილიყო დიდ ბრიტანეთში, ინვერგორდონის ყურეში სამხედრო ხომალდებზე. რუზველტის მცდელობა ამაო გამოდგა. სტალინმა, ფრონტზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ფართო მასშტაბის გამო, უარი განაცხადა უახლოესი თვეების მანძილზე საბჭოთა კავშირის დატოვებაზე3. ამის შემდეგ აშშ- პრეზიდენტს ისღა დარჩენოდა, რომ დათანხმებოდა ჩერჩილთან შეხვედრას, თუმცა მან თავისი უახლოესი მეგობრის _ ჰარი ჰოპკინსის რჩევით, საჭიროდ ჩათვალა შეხვედრის ადგილის (.. ინვერგორდონის _ ..) შეცვლა და ისევ ბერმუდების ვარიანტი გაიხსენა. ჩერჩილმაც თავიდან გაიზიარა ეს წინადადება, მაგრამ შემდეგ, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მაინც კვებეკი ამჯობინა. რუზველტი, რომლისთვისაც პრინციპული განსხვავება ბერმუდებსა და კვებეკს შორის არ არსებობდა, უმალ დათანხმდა კანადაში შეხვედრას. ასევე გადაწყდა, რომ კონფერენცია დაწყებულიყო სექტემბრის მეორე დეკადაში.
1. დიდი ბრიტანეთის პრემიერის ეს რემარკა გაოცებას იწვევს: მეორე ფრონტის (ოპერაციაოვერლორდი) გახსნის შემდგომ დღეებში შორეული აღმოსავლეთის ფრონტის საკითხები ნამდვილად არ იქნებოდა კონფერენციის მთავარი თემა. ეტყობა, ჩერჩილს, რომელსაც არ სურდა სამხრეთ საფრანგეთში დამხმარე ოპერაციის (კოდური სახელწოდებაენვილი, რომელიც შემდგომში შეიცვალა დრაგუნით) განხორციელება, უბრალოდ უნდოდა რუზველტის ლონდონში ჩამოტყუება, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ მას არაფერი არ გამოუვიდა.
2. საინტერესოა, რომ . კიმბოლს ამ წერილისათვის დართული აქვს შენიშვნა: „ნოტ სენტ“ (არ გაგზავნილა), თუმცა აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ კვებეკის კონფერენციის მასალებში აღნიშნულია, რომ ეს წერილი გადაეგზავნა აშშ- საზღვაო ატაშეს ლონდონში, რაც საკმაოდ ტრადიციულ ხერხს წარმოადგენდა რუზველტის წერილების ჩერჩილისათვის გადასაცემად და პირიქით.
როგორც ვხედავთ, კვებეკის მეორე კონფერენციის მთავარ ორგანიზატორად ჩერჩილი მოგვევლინა. სწორედ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი იყო მოწადინებული რუზველტთან შეხვედრით, მაშინ როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს ცალკე ჩერჩილთან შეხვედრა აშკარად არ სურდა. რით იყო ყოველივე ეს განპირობებული? პირველ რიგში, ჩერჩილს უნდოდა, და ის არც მალავდა ამას, დაესწრო საბჭოთა ჯარებისათვის ცენტრალურ ევროპაში (კერძოდ, უნგრეთსა და ავსტრიაში). ამ მიზნით, მან კვლავ წარმოადგინა ისტრიის ოპერაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა დესანტის გადასხმას ისტრიის ნ-კ-ზე, ტრიესტისა და ფიუმეს (თან. რიეკა) აღებას და ლიუბლიანის გასასვლელით ცენტრალურ ევროპაში შეჭრას1. სწორედ ამიტომ არ სურდა მას, რომ შეხვედრაზე სტალინიც ყოფილიყო. ბუნებრივია, რომ მაშინ ის ამგვარი გეგმების განხილვას ვერ მოახერხებდა (ყოველ შემთხვევაში, იმ კონტექსტში, რომელიც მას სურდა). მთელი ეს ოპერაცია უნდა განხორციელებულიყო პრაქტიკულად მხოლოდ ბრიტანული ძალების გამოყენებით, რასაც, ჩერჩილი, შესაძლოა, დამატებით პოლიტიკურ დატვირთვასაც აძლევდა. როგორც ჩანს, მას სურდა, შეენარჩუნებინა ის გავლენა ევროპაში, რომელიც გააჩნდა საუკუნეების განმავლობაში დიდ ბრიტანეთს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ მას უნდოდა არა მარტო საბჭოთა ჯარების დასწრება ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, არამედ ამ რეგიონის სწორედ ბრიტანეთის, ან ბრიტანეთ-ამერიკის (ან უბრალოდ დასავლური) გავლენის სფეროში მოქცევა. ჩერჩილს კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რომ რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდებოდა საომარი მოქმედებები ევროპაში, მით ნაკლები იქნებოდა ბრიტანეთის როლი „დიდ სამეულში“ და ის თანდათანობით დავიდოდა მესამე მოკავშირის რანგამდე2. 1944 წლის ზაფხულში კი ვითარება ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ შეცვლილი და დიდ ბრიტანეთს ევროპაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში დაახლოებით იმდენივე ჯარისკაცი ჰყავდა ჩაბმული, რამდენიც აშშ-ს. თავის მხრივ, როგორც ჩანს, სტალინმაც უფრო პოლიტიკური მოსაზრებების გამო თქვა უარი რუზველტსა და ჩერჩილთან შეხვედრაზე. მას კარგად ესმოდა, რომ „დიდი სამეულის“ ახალი სამიტი დაეთმობოდა არა იმდენად სამხედრო გეგმების შეთანხმებას გერმანიის საბოლოოდ გასანადგურებლად, არამედ ომისშემდგომი ევროპის მომავალზე მსჯელობას. ამიტომ მას არ აწყობდა მოლაპარაკება ამ საკითხებზე 1944 წლის გვიან შემოდგომამდე მაინც, სანამ არ გაირკვეოდა, თუ რა წარმატებით ჩაივლიდა საბჭოთა შეტევა რუმინეთისა და ბულგარეთის მიმართულებით.
1. აღსანიშნავია, რომ ასეთი ოპერაციის გეგმა პირველად რუზველტმა წამოაყენა თეირანის კონფერენციაზე მაგრამ შემდეგ თავი შეიკავა ამ თემის განვრცობისაგან.
2. ოფიციალური ბრიტანელი ისტორიკოსი ჯონ ერმანი სინანულით ახდენს იმ ფაქტის კონსტატაციას, რომ „ოქტაგონი“ (კვებეკის კონფერენციის კოდური სახელწოდება) იყო უკანასკნელი ინგლისურამერიკული კონფერენცია, რომელმაც მოახდინა დიდი სტრატეგიის ფორმულირება. 1945 წელს კი, აღნიშნავს ის, იალტისა და პოტსდამის შეხვედრებზე, ბრიტანული გავლენა სულაც არ იყო ისე დიდი, როგორც ადრე.
გარდა საკუთრივ ევროპისა, ჩერჩილს ძალიან აწუხებდა შორეული აღმოსავლეთის საკითხიც. მას უნდოდა, წინასწარ მიეღო თანხმობა ამერიკელებისაგან გერმანიის განადგურების შემდეგ იაპონიის წინააღმდეგ ომში ბრიტანული ძალების ფართო მასშტაბით გამოყენებაზე. არც ამ შემთხვევაში ამოძრავებდა ბრიტანეთის პრემიერს უბრალოდ მოკავშირული ვალდებულებების შესრულების სურვილი. მისი პირველი და უმთავრესი მიზანი იყო ბრიტანეთის კოლონიური იმპერიის შენარჩუნება. ომამდე სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია (ფრანგული ინდოჩინეთის გამოკლებით) ფაქტობრივად ბრიტანეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელები არ მიიღებდნენ უფრო მნიშვნელოვან მონაწილეობას ამ ტერიტორიების განთავისუფლებაში, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ ისინი დაკარგავდნენ ყოველგვარ გავლენას რეგიონში, ეს კი საბოლოოდ გამოუთხრიდა ძირს მათ მცდელობას, შეენარჩუნებინათ ინდოეთი _ „იმპერიის თვალმარგალიტი“.
სულ სხვაგვარი იყო ამერიკელთა მიდგომა ამ საკითხისადმი. რუზველტი, პირველ რიგში, მოწადინებული იყო სწორედ თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვით. მას, ისევე როგორც თითქმის ყველა ამერიკელ პოლიტიკოსს, სურდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის აშშ-ს გავლენის სფეროში მოქცევა. ამისათვის კი საჭირო იყო ამ რეგიონიდან დიდი ბრიტანეთის გამოძევება1. მართალია, აშშ-ს პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ რეგიონის სახელმწიფოებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება უნდა მისცემოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი შემდგომი პრეზიდენტები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (და პრინციპში მთელ მსოფლიოშიც) შეერთებული შტატების გავლენის დამყარება-განმტკიცებისათვის.
ერთგვარად განსხვავებული იყო რუზველტის პოზიცია ევროპულ საკითხებთან მიმართებაში. „წითელი საფრთხის“ შიში მას მაინცდამაინც არ ჰქონდა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ სტალინთან ყოველთვის გამონახავდა საერთო ენას. მიუხედავად ამისა, 1944 წლის ზაფხულისათვის, როგორც ჩანს, რუზველტმა გარკვეულწილად შეცვალა თავისი მიდგომა ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში მოვლენების სტალინისეული სცენარით განვითარებისადმი. ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას ჩვენ, პირველ რიგში, გვაძლევს სწორედ კვებეკში შემდგარი მისი საუბარი ერც-ჰერცოგ ოტო ჰაბსბურგთან, როდესაც რუზველტმა აღნიშნა, რომ არ შეიძლებოდა ავსტრიასა და უნგრეთში კომუნისტების შეშვება.
1. თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდა რუზველტს დიდი ბრიტანეთის მომავალზე, ნათლად ჩანს მისი საუბრიდან სტალინთან თეირანში, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა ლაპარაკი ჩამოაგდო ინდოეთის დამოუკიდებლობაზე და განაცხადა, რომ არ იყო საჭირო ამ საკითხის განხილვა ჩერჩილთან, რომელიც ჯერ მზად არ იქნებოდა ამისათვის და სასურველად ჩათვალა მისი ომის შემდგომ გადაწყვეტა.
ზემოაღნიშნულის გარდა, არსებობდა კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც რუზველტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და რომლის განხილვაც კვებეკში მას უმთავრეს ამოცანად მიაჩნდა. ეს იყო გერმანიის მომავალი მოწყობის საკითხი. ამ პრობლემას უკვე დიდი ხანია, რუზველტის დავალებით ამუშავებდა აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ჰენრი მორგენთაუ და სწორედ კვებეკის კონფერენციისათვის მომზადდა სათანადო გეგმა (ე.წ. „მორგენთაუს გეგმა“), რომლის თანახმადაც უნდა მომხდარიყო გერმანიის სრული დენაციფიკაცია და დეინდუსტრიალიზაცია. ამ გეგმის დამტკიცების განზრახვით რუზველტმა კვებეკში სწორედ მორგენთაუ იახლა და არა ჰ. ჰოპკინსი ან სახელმწიფო მდივანი კ. ჰალი. ამით მან ფაქტობრივად უჩვენა ჩერჩილს, რომ არ აპირებდა კვებეკში დისკუსიების გამართვას პოლიტიკურ საკითხებზე1.
აი, ასეთი გეგმებით ჩამოვიდნენ ჩერჩილი და რუზველტი კვებეკის კონფერენციაზე, რომელიც 1944 წლის 12-16 სექტემბერს გაიმართა2. პირველი პლენარული სხდომა შედგა 13 სექტემბერს და გაიხსნა ჩერჩილის სიტყვით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა კაიროს შეხვედრის შემდგომ მომხდარი მოვლენები და გადავიდა პერსპექტივებზე. ჩერჩილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვენის აღების აუცილებლობას, რასაც, მისი აზრით, რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა: 1) მოკავშირეთა არმიები არ უნდა დარჩენილიყვნენ უმოქმედოდ; 2) საჭირო იყო გერმანელების „იღლიაში დაჭრა“; და 3) საბჭოთა ჯარების ბალკანეთისაკენ სწრაფი წინსვლისა და რეგიონში საბჭოთა გავლენის სახიფათო ზრდის აღკვეთა. რასაკვირველია, ჩერჩილისათვის უმთავრესი მესამე არგუმენტი იყო.
1. კვებეკში რუზველტს მორგენთაუსა და ამ უკანასკნელის თანაშემწის, ჰ. უაიტის გარდა მხოლოდ სამხედრო პირები ახლდნენ.
2. ჩერჩილი და რუზველტი კვებეკში 11 სექტემბერს ჩავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პრემიერი ძალიან ცდილობდა, დაესწრო აშშ-ს პრეზიდენტისათვის და ლამის გემიდან გაფრენა გადაწყვიტა (ის კვებეკში საბრძოლო ხომალდ „ქუინ მერით“ გაემგზავრა), მაგრამ შემდეგ, როდესაც შეამოწმა განრიგი, ჩათვალა, რომ მაინც პირველი აღმოჩნდებოდა დანიშნულების ადგილას და გადაიფიქრა. მისდა სამწუხაროდ, რუზველტმა განრიგი ერთი დღით შეცვალა და ჩერჩილზე ერთი საათით უფრო ადრე ჩავიდა კვებეკში.
ამის შემდეგ ჩერჩილი გადავიდა შორეული აღმოსავლეთის საკითხზე და შესთავაზა ამერიკელებს ბრიტანული ფლოტის დახმარება იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანული ფლოტი სამხედრო ოპერაციების მსვლელობისას დაექვემდებარებოდა ამერიკელთა სარდლობას. რუზველტმა უმალ მიიღო ეს წინადადება1. ჩერჩილმა გამოთქვა აგრეთვე სურვილი, რომ იაპონიის წინააღმდეგ აემოქმედებინათ სამეფო საჰაერო ძალებიც და აღნიშნა, რომ ამ მიზნისათვის შესაძლებელი იქნებოდა 1500 საბრძოლო თვითმფრინავის გამოყოფა. და ბოლოს, ჩერჩილმა განაცხადა, რომ ევროპაში ომის დამთავრების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთში გადაისვრიდა 12 დივიზიას, რომლებიც დაემატებოდა ბირმაში უკვე განლაგებულ 15 დივიზიას.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანელთა ამ წინადადებებს ამერიკელი სამხედროები სულაც არ შეხვედრიან დიდი აღფრთოვანებით. ამერიკელი ისტორიკოსის ფ. პოგიუს ცნობით, ფლოტის შემოთავაზებისას „ადმირალი კინგი (აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი) ლამის გასატანი შეიქნა“. როგორც ჩანს, ჩერჩილმა კარგად იცოდა, თუ როგორი განწყობილება სუფევდა ამერიკელ სამხედროებში, რადგანაც სხდომის ბოლოს ის ისევ დაუბრუნდა ამ საკითხს და კიდევ ერთხელ ჰკითხა რუზველტს, მიღებული იყო თუ არა მისი წინადადება ბრიტანული ფლოტის იაპონიის წინააღმდეგ ძირითად საზღვაო ოპერაციებში ჩართვის შესახებ. რუზველტმა განაცხადა, რომ ის მოხარული იქნებოდა, ეხილა ბრიტანეთის ფლოტი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, მაგრამ კინგის პასუხი მეტად ორჭოფული იყო. მისი თქმით, ეს საკითხი აქტიური შესწავლის სტადიაში იყო. ანალოგიური პასუხი გასცა მან ჩერჩილის წინადადებას, შეეცვალათ ბრძოლებში დაზიანებული ამერიკული ხომალდები ბრიტანულით. მაშინ ჩერჩილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი შეკითხვა და რუზველტისაგან კვლავ ცალსახად მიიღო დასტური. ამის შემდეგ ჩერჩილმა ფლოტის პრობლემა მოგვარებულად ჩათვალა და საჰაერო ძალების გამოყენების საკითხს დაუბრუნდა. არც ეს წინადადება მიიღეს ამერიკელებმა პირველივე შემოთავაზებით. ავიაციით დახმარების იდეა მაინცდამაინც არ მოეწონათ ჯ. მარშალს (მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბის უფროსი) და ჰ. არნოლდს (აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი). მარშალმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკვე საჭიროზე ბევრად მეტი თვითმფრინავი ჰყავდა, ეს კი ძალზედ წააგავდა თავაზიან უარს, მაგრამ აშკარა წინააღმდეგობისაგან მან მაინც თავი შეიკავა, რადგანაც შეამჩნია, რომ რუზველტი ეთანხმებოდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს. ამიტომ ის დაკმაყოფილდა სამეფო საჰაერო ძალების მარშალ სერ ჩარლზ პორტალის განმარტებით, რომ ბრიტანული ბომბდამშენი „ლანკასტერი“, ფრენისას საწვავის ჩამატების შემთხვევაში, დაახლოებით იმავე მანძილზე შეძლებდა მოქმედებას, როგორც ამერიკული „B-29“. ჩერჩილმა კი ყოველივე ამას დაამატა, რომ აშშ-მ დიდ ბრიტანეთს უდიდესი დახმარება გაუწია გერმანიის წინააღმდეგ ომში და ახლა ბრიტანეთის იმპერიას სანაცვლოდ მთელი თავისი შესაძლებლობები უნდა გამოეყენებინა იაპონიის დასამარცხებლად. ამით კონფერენციის პირველმა სხდომამ მუშაობა დაასრულა.
1. ბრიტანულ ოფიციალურ გამოცემაში მოყვანილია რუზველტის სიტყვები: „ბრიტანული ფლოტი შემოთავაზებულიც არ იყო და ჩვენ უკვე მივიღეთ“.
უნდა აღინიშნოს, რომ რუზველტი სულაც არ მოტყუებულა „შენიღბული“ სიტყვებით მოკავშირული ვალდებულებების შესახებ და მოგვიანებით მორგენთაუსთან საუბარში აღნიშნა: „მათ მხოლოდ სინგაპურის დაბრუნება სურთ“. ამას ადასტურებს ბრიტანელი ისტორიკოსი მ. ჯილბერტიც, რომელსაც მოჰყავს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც რანგუნის ოპერაცია, ჩერჩილის აზრით, მოსამზადებელი დარტყმა იყო, ხოლო მთავარი შეტევა უნდა განხორციელებულიყო სინგაპურზე.
რუზველტის თანხმობის შემდეგ საკითხი იაპონიასთან ომში ბრიტანული საზღვაო თუ საჰაერო ძალების გამოყენების შესახებ თითქოს საკამათო არ უნდა გამხდარიყო4, მაგრამ იმავე დღეს ინგლისელმა სამხედროებმა ამერიკელებისაგან მიიღეს მემორანდუმი, რომელიც დღის სხდომამდე იყო შედგენილი. მემორანდუმში ბრიტანული ფლოტის თავდაპირველი მოქმედების არეალი მკაცრად იყო შემოფარგლული „წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილით“. მეორე დილას, მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბის სხდომაზე, ბრიტანეთის იმპერიის გენერალური შტაბის უფროსმა ფელდმარშალმა ალან ბრუკმა განაცხადა, რომ მემორანდუმის ეს ნაწილი წინააღმდეგობაში მოდიოდა წინა დღის გადაწყვეტილებებთან. ადმირალ ენდრიუ კანინგჰემის თქმით კი, სულაც არ იყო საჭირო ბრიტანული ფლოტის მთავარი ძალების ბენგალიის ყურეში განთავსება, რადგანაც იქ ისედაც საკმარისზე მეტი რესურსები იყო თავმოყრილი. ამერიკელებმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და თვითონ შესთავაზეს ინგლისელებს ამ სიტყვების ამოშლა, მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, მთავარი ბრძოლა ამ საკითხის გარშემო ჯერ კიდევ წინ იყო და ადმირალი კინგი სულაც არ აპირებდა ფარ-ხმლის დაყრას2. ამჯერად მან განაცხადა, რომ ბრიტანული ძალები თვითმომარაგებაზე უნდა ყოფილიყვნენ, რაზეც ბრიტანელებმა უპასუხეს, რომ მათ გააჩნდათ საჭირო ბაზები ავსტრალიაში. ინგლისელები არც მაშინ დაიბნენ, როდესაც კინგმა მოითხოვა კონკრეტული წინადადებების დასახელება, თუ სად გამოეყენებინათ ეს ფლოტი და ასეთ რეგიონად მათ წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილი დაასახელეს. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს ეს სულაც არ აწყობდა და განაცხადა, რომ რუზველტსა და ჩერჩილს არანაირი მინიშნება ამ რეგიონზე არ გაუკეთებიათ. მაშინ პორტალმა შეახსენა ამერიკელებს მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბის სხდომაზე მიღწეული შეთანხმების პუნქტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამეფო საზღვაო ძალებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ იაპონიის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ნებისმიერ ადგილას, როდესაც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. თანაც მათ განმარტეს, რომ აქ იგულისხმებოდა იაპონია არა გეოგრაფიული გაგებით, არამედ მთლიანად საომარი თეატრი. არც ამან დააკმაყოფილა კინგი, რომელიც იაპონიასთან ომს ლამის „თავის საკუთარ ომად“ მიიჩნევდა. მან განაცხადა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით არ იყო სასურველი ბრიტანული ფლოტის გამოყენება წყნარ ოკეანეში, რადგანაც ეს გამოიწვევდა ამერიკული ხომალდების ნაწილის გამოყვანას რეგიონიდან, მაგრამ პორტალმა არც ეს მიიჩნია პრობლემად. მან შეახსენა ოპონენტებს, რომ პრემიერ მინისტრის წინადადება სწორედ მოძველებული თუ ბრძოლებში დაზიანებული ამერიკული ხომალდების უახლესი ბრიტანული გემებით შეცვლას ითვალისწინებდა. ამის შემდეგ უკვე ინგლისელები „გადავიდნენ შეტევაზე“ და მოითხოვეს, რომ ბრიტანულ ფლოტს არა უბრალოდ მიეღო მონაწილეობა იაპონიის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, არამედ წამყვანი როლი შეესრულებინა მათში3. პასუხად ამერიკელებმა განაცხადეს, რომ ამ წინადადებას განსახილველად პრეზიდენტს გადასცემდნენ. ამით კამათი პრაქტიკულად დასრულდა და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ბრიტანული ფლოტი მიიღებდა მონაწილეობას საომარ ოპერაციებში იაპონიის წინააღმდეგ წყნარ ოკეანეში, ხოლო კონკრეტულად როდის და სად, ეს განპირობებული იქნებოდა შექმნილი ვითარებით.
1. რაც შეეხება ქვეითი ნაწილებით დახმარებას, ამერიკელ სამხედროებში ამას რაიმე უარყოფითი რეაქცია არ გამოუწვევია, რაც ალბათ განპირობებული იყო, ერთი მხრივ, აშშ-ს არმიის მძიმე დანაკარგებით სახმელეთო ბრძოლებში და, მეორე მხრივ, ინგლისელთა სურვილით, გამოეყენებინათ ეს შენაერთები სინგაპურის გასათავისუფლებლად. რაიმე პრეტენზია ბრიტანული ჯარების საკუთრივ იაპონიის ტერიტორიაზე საწარმოებელ ოპერაციებში ჩაბმაზე ჩერჩილს თუ ინგლისელ სამხედროებს არ გამოუთქვამთ.
2. როგორც ფელდმარშალი ალან ბრუკი იხსენებს, კინგმა იმ დღეს საერთოდ დაკარგა მოთმინება და დიდი ბრძოლა გაუმართა ყველას, რათა არ დაეშვა ბრიტანული ფლოტის წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში განთავსება.
3. გაუგებარია რატომ, მაგრამ ე. კანინგჰემმა და ა. ბრუკმა განაცხადეს, რომ ეს იყო ჩერჩილის წინადადება, რომელსაც დაეთანხმა რუზველტი (კანინგჰემის სიტყვები: „პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი შეთანხმებული არიან, რომ ბრიტანული ძალებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იაპონიის წინააღმდეგ ძირითად ოპერაციებში წამყვანი როლის შესრულება“; პორტალის სიტყვებზე: „პრემიერ მინისტრს სურს, რომ ბრიტანეთის ფლოტმა ითამაშოს მთავარი როლი იაპონიის წინააღმდეგ ოპერაციებში“ _ ბრუკის დამატება: „როგორც მე მახსოვს, შეთავაზება გაკეთებულიც კი არ იყო, რომ პრეზიდენტმა ის უკვე მიიღო“). არადა, ჩერჩილს არსად არ უხსენებია სიტყვები „ლეადინგ“ ან „მაჯორ“ ბრიტანული ფლოტის როლთან დაკავშირებით კვებეკში. ის უბრალოდ ითხოვდა, რომ ბრიტანული ფლოტიც ჩაერთოთ ოპერაციებში. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ კინგმა მსგავსი რამ ვერ გაიხსენა.
ბევრად უფრო იოლად ჩაიარა ბრიტანული სამხედრო-საჰაერო ძალების იაპონიის წინააღმდეგ გამოყენების საკითხმა. რადგანაც თვითონ ბრიტანელები აღიარებდნენ, რომ თვითმფრინავების რაოდენობა დამოკიდებული იყო გერმანიასთან ომის ხანგრძლივობაზე, დადგენილებაში უბრალოდ ჩაიწერა, რომ შედგენილი იქნებოდა გეგმა სამეფო საჰაერო ძალების იაპონიის წინააღმდეგ ომში გამოყენების შესახებ, დეტალურად კი საკითხი მომავალში უნდა განხილულიყო.
დადებითად გადაწყდა აგრეთვე საკითხი ისტრიის ნახევარკუნძულზე დაგეგმილი ოპერაციისათვის საჭირო სადესანტო ხომალდების გამოყოფის შესახებ. ჩერჩილი მეტად გააოცა იმ გარემოებამ, რომ ამ პრობლემის განხილვისას ადმირალი კინგი, რომელიც ადრე ყოველთვის წინააღმდეგი იყო იაპონიასთან ომის ხარჯზე ევროპული ფრონტის მომარაგებისა, ამჯერად ამ ოპერაციის მთავარი მხარდამჭერი აღმოჩნდა ამერიკელების მხრიდან. კინგმა მზადყოფნა გამოთქვა, გამოეყო ისტრიაში შესაჭრელად ის სადესანტო ხომალდები, რომლებიც საჭირო იყო რანგუნის დასაკავებლად (და შესაბამისად გადაედო ეს ოპერაცია1). როგორც გაირკვა, კინგის ამგვარი მოქმედების მთავარი მიზანი ისევ და ისევ ბრიტანელების წყნარი ოკეანიდან მოცილება იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისტრიის ოპერაცია ძირითადად ბრიტანული ძალებით უნდა განხორციელებულიყო და კინგი იმედოვნებდა, რომ ინგლისელებს ამის შემდეგ უკვე არ დარჩებოდათ პრაქტიკულად არანაირი რეზერვები წყნარ ოკეანეში გადასასროლად.
1. ეს ოპერაცია, რომლის კოდური სახელწოდება იყო „დრაკულა“, უნდა ჩატარებულიყო 1945 წლის მარტში, მაგრამ საბოლოო ჯამში ის არ განხორციელებულა.
სამხედრო საკითხებისაგან განსხვავებით, პოლიტიკური პრობლემების განხილვას კვებეკში დიდი დრო არ წაუღია. ჩერჩილს შეეძლო, თავისი მთავარი მიზანი მიღწეულად ჩაეთვალა, რადგანაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ისტრიაში შეჭრის შესახებ. ამ ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს მართლაც ექნებოდა საშუალება, დაესწრო საბჭოთა ჯარებისათვის ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში. ჩერჩილმა აგრეთვე თანხმობა მიიღო აშშ-ს მხრიდან ომისშემდგომ დახმარებაზე, რაც პირველსავე წელს 6 მილიარდი დოლარით უნდა განსაზღვრულიყო. ერთგვარი კამათი გამოიწვია მხოლოდ „მორგენთაუს გეგმამ“. ჩერჩილი, როგორც თვითონ აღნიშნავს თავის მემუარებში, თავდაპირველად მეტად უარყოფითად შეხვდა ამ გეგმას, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და დაეთანხმა მას1. როგორც ჩანს, ეს ტრანსფორმაცია მოახდინეს, ერთი მხრივ, რუზველტმა და მორგენთაუმ, როდესაც ჩერჩილს აღუთქვეს ფინანსური დახმარება ომის შემდგომ ბრიტანეთის ეკონომიკის ასაღორძინებლად, მეორე მხრივ კი _ მისმა მრჩეველმა ლორდმა ჩერუელმა, რომელმაც დაარწმუნა ჩერჩილი, რომ ასეთ შემთხვევაში ბრიტანელები მოახერხებდნენ იმ სავაჭრო ბაზრების დაკავებას, სადაც მანამდე გერმანია დომინირებდა.
1. ამერიკელი მკვლევარი უ. კიმბოლი ერთგვარი ირონიით შენიშნავს, რომ, მართალია, ბრიტანეთის პრემიერის თავდაპირველი შეფასება ამ გეგმისა გამოიხატა სიტყვებით: „არაბუნებრივი, არაქრისტიანული და უსარგებლო“, მაგრამ შემდეგ მან ენთუზიაზმით აღიქვა ეს იდეა და ფორმულირებებიც კი გაამკაცრა საბოლოო მემორანდუმში.
კონფერენციამ მუშაობა დაასრულა 1944 წლის 16 სექტემბერს და დელეგაციებიც მეორე დღესვე გაემგზავრნენ კვებეკიდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რუზველტს და ჩერჩილს კიდევ ჰქონდათ განსახილველი ერთი სერიოზული საკითხი, რომელიც ბირთვული ენერგიის მომავალს ეხებოდა. სწორედ ეს პრობლემა იქცა მათი საუბრების ძირითად თემად ჰაიდ-პარკში, რუზველტის რეზიდენციაში 18-19 სექტემბერს გამართული შეხვედრების დროს. აშშ-ს პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი შეთანხმდნენ, რომ გაეგრძელებინათ თანამშრომლობა ამ სფეროში იაპონიის დამარცხების შემდეგაც. ამასთან, ბირთვული ენერგია არ უნდა მოქცეულიყო საერთაშორისო კონტროლის ქვეშ, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავდა, რომ ის დარჩებოდა ამერიკელების (ძირითადად) და ბრიტანელების საიდუმლოდ. ყოველივე ეს აისახა „სამახსოვრო ბარათში“, რომელშიც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებოა უკანასკნელი _ მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად აუცილებლად იყო მიჩნეული დარწმუნება იმაში, რომ პროფესორი ნილს ბორი არ გადასცემდა რაიმე ინფორმაციას „რუსებს“.1 ეს პუნქტი აშკარად მეტყველებს, რომ უკვე 1944 წლის სექტემბერში ბირთვულ იარაღს (პოტენციურად მაინც) ანტისაბჭოთა დატვირთვა ეძლეოდა.
1. ცნობილმა ფიზიკოსმა ნილს ბორმა 1943 წლის სექტემბერში მოახერხა გერმანელების მიერ ოკუპირებული დანიიდან ინგლისში გაქცევა და იქ სულ მალე იქცა ომის შემდგომ ბირთვულ ენერგიაზე საერთაშორისო კონტროლის დაწესების მომხრე მეცნიერთა ერთ-ერთ ლიდერად. 1944წ. დასაწყისში ის, ბირთვული ენერგიის საკითხებზე მრჩევლის რანგში, აშშ-ში აღმოჩნდა და სცადა რუზველტის მეგობრის ფელიქს ფრანკფურტერის დარწმუნება საერთაშორისო კონტროლის აუცილებლობაში. ფრანკფურტერმა რუზველტს გაანდო მთელი ეს საუბარი, რის შემდეგაც ბორს ერთგვარი ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება ვაშინგტონში. როგორც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა ნილს ბორის მოხსენიება აღნიშნულ დოკუმენტში.
ასეთი იყო ძირითადად კვებეკის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებები. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ კვებეკში მიღწეული პრაქტიკულად ყველა შეთანხმება სულ მალე ფარატინა ქაღალდად იქცა. არნემის მახლობლად მოკავშირეთა შეტევის ჩაშლამ ხაზი გადაუსვა რუზველტისა და ჩერჩილის იმედებს, რომ გერმანიას 1944 წლის მიწურულისათვის მოუღებდნენ ბოლოს. ისტრიის ოპერაცია არასოდეს არ განხორციელებულა, რადგანაც ჩაიშალა მოკავშირეთა შეტევა იტალიაში და ვერ მოხერხდა დროულად გასვლა მდინარე პოს ხეობაში. ყოველივე ამან კი სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ბრიტანეთის პრემიერის გეგმებს ცენტრალური ევროპისა და ბალკანეთის მიმართ. პრეზიდენტ ტრუმენის განკარგულებით, დიდ ბრიტანეთს ფინანსური დახმარება იაპონიაზე გამარჯვების მეორე დღესვე შეუწყვიტეს. „მორგენთაუს გეგმა“ მკვდრადშობილი აღმოჩნდა. ომის დამთავრების შემდეგ ამერიკელებს სიტყვაც არ დასცდენიათ ბირთვული ენერგიის ერთობლივ გამოყენებაზე და ბრიტანელებს საკუთარი ძალებით მოუწიათ ამ პრობლემის გადაწყვეტა, რასაც წარმატებით გაართვეს კიდეც თავი. ოპერაცია „დრაკულა“ გაუქმებულ იქნა, ხოლო ბრიტანულ ფლოტსა თუ ავიაციას არასოდეს არ მიუღიათ რაიმე ქმედითი მონაწილეობა საკუთრივ იაპონიის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში. ყოველივე ამან საფუძველი მისცა ამერიკელ მკვლევარ უ. კიმბოლს, რომ ეს კონფერენცია შეეფასებინა, როგორც „უსარგებლო და კონტრპროდუქტიულიც კი“. ერთი შეხედვით, ეს თითქოს ასეცაა და შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელებმაც და ამერიკელებმაც ტყუილად დახარჯეს დრო კვებეკში, მაგრამ, ჩვენი აზრით, კვებეკის კონფერენციის შეფასებისას მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს არა მის კონკრეტულ შედეგებს, არამედ იმ გარემოებას, რომ ამ კონფერენციაზე მოკავშირეები სამხედრო ოპერაციების დაგეგმვისას ადრინდელთან შედარებით მეტ ყურადღებას უთმობდნენ მათ პოლიტიკურ ასპექტებს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულის მოახლოებასთან ერთად დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ლიდერები უკვე იწყებდნენ სერიოზულ ფიქრს მსოფლიოს მომავალ მოწყობაზე.
$2. ჩერჩილის მეორე ვიზიტი მოსკოვში. 1944წ. 9-18 ოქტომბერი
რუზველტთან შეხვედრის შემდეგ ჩერჩილი ლონდონში დაბრუნდა, მაგრამ სულ მცირე ხნით. 1944 წლის 9 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უკვე მოსკოვში ჩავიდა, სადაც გამართა მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირის ლიდერ იოსებ სტალინთან. ჩერჩილისა და სტალინის ამ კონფერენციამ მიიღო კოდური სახელწოდება „ტოლსტოი“. უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილება მოსკოვში ჩასვლის შესახებ ჩერჩილმა მეტად მოულოდნელად მიიღო. არც კვებეკსა და არც ვაშინგტონში მას რუზველტისათვის არ უთქვამს, რომ მოსკოვში აპირებდა ჩასვლას. მხოლოდ ლონდონში დაბრუნების შემდეგ შეატყობინა ბრიტანეთის პრემიერმა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ საჭირო იყო სტალინთან შეხვედრა. მიღებულ გადაწყვეტილებას ის ასაბუთებდა ორი გარემოებით: საბჭოთა კავშირისაგან იაპონიასთან ომში ჩაბმაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობითა და პოლონეთის საკითხის მოწესრიგების საჭიროებით.
შეეფერებოდა თუ არა ეს სინამდვილეს? მხოლოდ და მხოლოდ ნაწილობრივ. მოსკოვში სტალინისა და ჩერჩილის მიერ განხილულ იქნა ბევრი საკითხი დაწყებული პოლონეთის პრობლემითა და საბჭოთა კავშირის მიერ დიდი ბრიტანეთისათვის 1945-1946 წლებში მისაწოდებელი ხე-ტყის მასალის რაოდენობის განსაზღვრით დამთავრებული. ყველაზე მეტი დრო მაინც პოლონეთის საკითხს დაეთმო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სწორედ მას ეკავა უმთავრესი ადგილი მოლაპარაკებებზე. ჩერჩილის მთავარი სატკივარი ამ დროს იყო ბალკანეთი. საფიქრებელია, რომ მის გადაწყვეტილებაზე გარკვეული გავლენა იქონია იდენის მიერ 19 სექტემბერს გამოგზავნილმა დეპეშამ სსრკ-სთან დაუყოვნებლივი შეთანხმების მიღწევის აუცილებლობის შესახებ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საჭიროდ მიიჩნევდა საბჭოთა კავშირისათვის რუმინეთის დათმობას და ბულგარეთისთვის ბრძოლას.
უნდა აღინიშნოს, რომ ბალკანეთის საკითხი ბრიტანელებმა 1944წ. მაისის ბოლოს ერთხელ უკვე წამოჭრეს ამერიკელებთან მოლაპარაკებების დროს. მათ უკვე მაშინ სურდათ შეთანხმების დადება საბჭოთა კავშირთან და რუმინეთის დათმობის სანაცვლოდ კარტ-ბლანშის მიღება საბერძნეთში, მაგრამ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა ბ. ლონგმა ეს ინიციატივა არ მოიწონა და რუზველტმაც ჩერჩილს უპასუხა, რომ საჭირო იყო საკონსულტაციო მექანიზმის შემუშავება და ექსკლუზიური გავლენის სფეროებზე უარის თქმა. ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ, სამი თვით გადაედოთ ამ საკითხის გადაწყვეტა.
1944 წ. მეორე ნახევარში ჩერჩილი მეტად შეშფოთებული იყო საბჭოთა არმიის შეტევების განვითარებით ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების მიმართულებით. სწორედ ამიტომ თვლიდა ის საჭიროდ „დიდი სამეულის“ ახალი შეხვედრის სასწრაფოდ მოწვევას. ასეთი სამიტის ჩატარება 1944 წ. შემოდგომაზე შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგანაც აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები კარზე იყო მომდგარი და რუზველტი ვერ დატოვებდა დიდი ხნით ქვეყანას. ბრიტანეთის პრემიერმა მაშინ განუცხადა მას, რომ „რუსული არმიები არ დაუცდიდნენ მიჩიგანიდან, სამხრეთ დაკოტასა და ორეგონიდან არჩევნების შედეგების მიღებას“. ამიტომ ჩერჩილმა აცნობა რუზველტს, რომ ის და იდენი გაემგზავრებოდნენ მოსკოვში და შეეცდებოდნენ შეთანხმების მიღწევას ბალკანეთის გავლენის სფეროებად დაყოფის საკითხზე. თავდაპირველად რუზველტმა გადაწყვიტა, მიეცა ბრიტანეთის პრემიერისათვის უფლება, ეწარმოებინა ეს მოლაპარაკებები აშშ-ს სახელითაც, მაგრამ შემდეგ მისი მრჩევლისა და მეგობრის ჰარი ჰოპკინსის დაჟინებული მოთხოვნით გადაიფიქრა და სტალინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის ამ მოლაპარაკებებს მიიჩნევდა დიდი სამეულის შეხვედრების მოსამზადებელ ეტაპად. რუზველტი ხაზს უსვამდა იმას, რომ აშშ დაინტერესებული იყო მოსკოვში განსახილველი ნებისმიერი საკითხით და საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ შეუთანხმებელ ყველა საკითხზე, უნდა მიღებულიყო მხოლოდ სამი ლიდერის კონფერენციაზე. ამას- თან ის სთავაზობდა სტალინს, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო ავერელ ჰარიმანს _ აშშ-ს ელჩს საბჭოთა კავშირში. ეს თხოვნა საბჭოთა ლიდერმა დააკმაყოფილა კიდეც, თუმცა ჰარიმანს მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა და ის არ დასწრებია ყველა მოლაპარაკებას, რომელიც შედგა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონი იდენსა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ვიაჩესლავ მოლოტოვს შორის1. უფრო მეტიც, ამ ცნობის მიღებისთანავე ჩერჩილმა მისწერა რუზველტს, რომ აღნიშნული ნებართვა არ მისცემდა ჰარიმანს უფლებას, დასწრებოდა მის პირისპირ შეხვედრებს სტალინთან.
1. ჰარიმანი საერთოდ არ დასწრებია „პროცენტებზე შეთანხმების“ განხილვას, რაც ძალიან კარგად ჩანს ბრიტანული ჩანაწერებიდან. 11 ოქტომბრის შეხვედრის აღწერისას ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჰარიმანს შემოსვლის ნება დართეს მხოლოდ ბალკანეთის საკითხზე მსჯელობის დასრულების შემდეგ.
ჩერჩილისა და სტალინის მოსკოვის შეხვედრისა და მათ შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ მკვლევარებს უკანასკნელ პერიოდამდე მხოლოდ ფრაგმენტული ცნობები გააჩნდათ, ვინაიდან კონფერენცია „ტოლსტოის“ მასალები გამოქვეყნებული არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრის მიმდინარეობაზე ძირითად მასალას იძლეოდა ჩერჩილის მემუარები. მართალია, საბჭოთა კავშირში 1983წ. გამოიცა სსრკ-სა და დიდი ბრიტანეთის ომისდროინდელი ურთიერთობების ამსახველი კრებული, მაგრამ ის მეტად არასრულია. საკმარისია ითქვას, რომ მასში არ არის სტალინისა და ჩერჩილის საუბრების ჩანაწერები, ხოლო მოლოტოვისა და იდენის შეხვედრებიდან მოყვანილია მხოლოდ ორი საუბრის ჩანაწერი, რომელთა გაცნობისას კაცი იფიქრებს, რომ იდენი მოსკოვში უბრალოდ „დასასვენებლად“ და „გასართობად“ ჩამოვიდა, იმდენად უმნიშვნელო იყო განხილულ საკითხთა წრე. მეორე მსოფლიო ომის ისტორიისადმი მიძღვნილ ფუნდამენტურ საბჭოთა გამოცემებში კონფერენცია „ტოლსტოიმ“ სათანადო ასახვა ვერ ჰპოვა. რაც შეეხება ბრიტანელებს, მათ არანაირი მასალები არ გამოუქვეყნებიათ. უფრო მეტიც, ოფიციალურმა ინგლისელმა ისტორიკოსმა ჯ. ერმანმა რატომღაც გვერდი აუარა ჩერჩილისა და სტალინის შეხვედრას და პრაქტიკულად არც გაუანალიზებია ის, ხოლო ლ. ვუდუორდმა იდენსა და მოლოტოვს შორის პროცენტებზე გამართული ვაჭრობის საკმაოდ დაწვრილებით აღწერის შემდეგ, რატომღაც არ აღნიშნა, თუ როგორ განაწილდა საბოლოოდ გავლენის სფეროები უნგრეთში, ბულგარეთსა და იუგოსლავიაში1.
1. მან მხოლოდ მოიყვანა მოლოტოვის საბოლოო წინადადება: უნგრეთი და ბულგარეთი _ 80%-20% სსრკ-ს სასარგებლოდ, იუგოსლავია _ 50%-50%, და არ აღუნიშნავს, დაეთანხმა თუ არა ამ წინადადებას იდენი, ანუ შედგა თუ არა შეთანხმება ამ საკითხზე.
მხოლოდ 1998 წ. ამერიკელმა მკვლევარმა ჯ. სირაკუზამ გამოაქვეყნა მის მიერ ბალკანეთის თაობაზე შემდგარი განხილვების შესახებ ბრიტანულ არქივებში მოპოვებული მასალები. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ დოკუმენტების გამოუქვეყნებლობის გამო გრძელდებოდა პოლემიკა მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათმა გამოქვეყნებამ კი პრაქტიკულად წერტილი დაუსვა კამათს და სრულიად ცხადი გახადა, რომ მოსკოვში ნამდვილად გაფორმდა საიდუმლო გარიგება ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ქვეყნების გავლენის სფეროებად დაყოფის შესახებ.
აქვე აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. როგორც ჩანს, რუზველტის პოზიცია ბალკანეთზე რადიკალურად განსხვავდებოდა ჩერჩილისეულისაგან. უფრო სწორად, ჩვენი აზრით, რუზველტი თავად ვერ გაერკვა, თუ რა სურდა, ბოლოს და ბოლოს, მას ბალკანეთში. ჯერ იყო და მან ჩერჩილისათვის მოლაპარაკებების წარმოების უფლების მინიჭება გადაწყვიტა, შემდეგ გადაიფიქრა და სტალინს აცნობა, რომ აშშ დაინტერესებული იყო ყველა სამხედრო-პოლიტიკური საკითხით, ამასთან ის მიზანშეწონილად თვლიდა, საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხებზე მიღებულიყო მხოლოდ სამივე ლიდერის თანხმობის შემდეგ1. ერთი კვირის თავზე, 11 ოქტომბერს, რუზველტმა გაამართლა შეთანხმების დადების საჭიროება და მისწერა ჰარიმანს, რომ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო, რათა ბალკანეთი არ ქცეულიყო ახალი საერთაშორისო ომის მიზეზი2. ამავე დროს, 13 ოქტომბერს საბჭოთა ელჩმა აშშ-ში ა. გრომიკომ შეატყობინა სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატს, რომ მას იმ დღეს სადილზე მოწვეული ჰყავდა ჰარი ჰოპკინსი, რომელმაც საუბარში გამოთქვა თავისი შეშფოთება მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებების გამო3. ჰოპკინსის თქმით, ძალზე სამწუხარო იქნებოდა, თუ შეთანხმება ბალკანეთის ქვეყნების შესახებ მიღწეული იქნებოდა რუზველტის მონაწილეობის გარეშე3. აქვე ის აღნიშნავდა, რომ რუზველტს სულაც არ აწუხებდა ბალკანეთი არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ის არ შეიძლებოდა არ დაინტერესებულიყო ამ რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით. ა. გრომიკოს გადმოცემით, ჰოპკინსი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ თუ ეს საკითხი განხილული იქნებოდა აშშ-ს პრეზიდენტის მონაწილეობით, მაშინ სტალინსა და რუზველტს შორის არ წარმოიშობოდა არანაირი დავა ტერიტორიული გადანაწილების გარშემო და რომ რუზველტი და სტალინი ძალიან იოლად შეთანხმდებოდნენ ამ საკითხზე, რომელ ქვეყანასაც არ შეხებოდა ეს ფინეთიდან შავი ზღვის ჩათვლით4.
1. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მკვლევრის ა. რეზისის მტკიცებით, ეს ქმედება შეიძლება ჩაითვალოს ცივი ომის დასაწყისად, თუმცა მისი ამ თვალსაზრისის გაზიარება ძალიან ძნელია.
2. სხვათა შორის, რუზველტის ამ ნაბიჯს ერთგვარი გამართლება მოუძებნა ამერიკელმა მკვლევარმა ე. მარკმა, რომლის თქმითაც აშშ-ს პრეზიდენტი მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომის ყველა ძირითადი გამარჯვებული ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით სტაბილური გავლენის სფეროების წარმოქმნას.
3. ეს შეტყობინება მოსკოვში მიღებული იქნა 13 ოქტომბერს, სადილი კი ალბათ შედგა 12 ოქტომბერს ან უფრო ადრე _ 11-ში.
უნდა აღინიშნოს, რომ გრომიკოს შეტყობინება აბსოლუტურად შეუმჩნეველი დარჩა როგორც საბჭოთა ისტორიკოსებისთვის (რაც, პრინციპში, არც არის გასაკვირი, რადგანაც მოწოდებული ინფორმაცია ირიბად ადასტურებდა მოსკოვში მოლაპარაკებების მიმდინარეობას), ისე უცხოელ მკვლევართათვის. ასე, მაგალითად, ჯ. სირაკუზა აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რუზველტი არ აძლევდა კარტ-ბლანშს სტალინს ამ რეგიონში, რის დასტურადაც მას ზემოთ უკვე აღნიშნული 4 ოქტომბრის წერილი მოჰყავს.
საკუთრივ მოსკოვში შემდგარ მოლაპარაკებებზე გულითადი ატმოსფერო სუფევდა. თვითონ ჩერჩილი აღნიშნავდა, რომ მისი ურთიერთობები სტალინთან არასდროს არ იყო იმდენად თბილი, როგორც ამ ვიზიტის დროს1. ამიტომ ინგლისის პრემიერმა პირველსავე სხდომაზე, 9 ოქტომბერს, ჩამოაგდო საუბარი ბალკანეთის შესახებ. პრემიერმა შესთავაზა სტალინს ამ რეგიონის გაყოფა გავლენის სფეროებად. ჩერჩილი იგონებს, რომ მან ფურცელზე ჩამოწერა ასეთი დაყოფის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირს უნდა ჰქონოდა უპირატესი მდგომარეობა რუმინეთსა (90% 10%-ის წინააღმდეგ) და ბულგარეთში (შესაბამისად 75% და 25%), დიდ ბრიტანეთს აშშ-თან ერთად კი _ საბერძნეთში (90%). უნგრეთსა და იუგოსლავიაში ინგლისის პრემიერის გეგმით ორივე მხარეს თანაბარი უფლებები ეძლეოდა2. სტალინმა, ჩერჩილის გადმოცემით, დაამოწმა ეს დოკუმენტი და დაუბრუნა ის მის ავტორს.
1. იდენიც ასევე აღნიშნავდა, რომ ის, ისევე როგორც 1935წ., ამჯერადაც აღფრთოვანებული დარჩა სტალინის პიროვნებით. თავის დროზე იდენი აღნიშნავდა, რომ, მიუხედავად სტალინის სისასტიკის შესახებ მისი ინფორმირებულობისა, ის მაინც განიმსჭვალა სიმპათიით საბჭოთა ლიდერის მიმართ.
2. საინტერესოა, რომ ბრიტანულ ჩანაწერში არ არის მოხსენიებული ფურცელი, თუმცა აღნიშნულია, რომ მცირე განხილვის შემდეგ ორივე მხარე შეთანხმდა ბალკანეთში ინტერესების შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევრებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრი იმის თაობაზე, თუ ვის შორის მოხდა შეთანხმება პროცენტების საბოლოო ვარიანტზე: საკუთრივ სტალინსა და ჩერჩილს, თუ მოლოტოვსა და იდენს შორის. რუმინელი მკვლევრის ნ. ბაჩიუს მტკიცებით, საკითხის განხილვა დაიწყო 10 ოქტომბერს იდენისა და მოლოტოვის შეხვედრისას. მოლოტოვმა მოითხოვა 75% უნგრეთში და 90% ბულგარეთში, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ მოლოტოვმა წამოაყენა ახალი წინადადება, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირს უნდა მიეღო 75-75% უნგრეთში, ბულგარეთსა და იუგოსლავიაში. იდენმა უარი განაცხადა ასეთ დაყოფაზე და, თავის მხრივ, შესთავაზა საბჭოთა დიპლომატს ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს გავლენის მაჩვენებლები შემდეგნაირი უნდა ყოფილიყო: უნგრეთში _ 75%-25%, ბულგარეთში _ 20%-80% და იუგოსლავიაში _ 50%-50%. ბაჩიუს თქმით, შეთანხმების მიღწევა იმ დღეს ვერ მოხერხდა და ვაჭრობა მეორე დღესაც გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ საკითხი გადაწყვიტეს უშუალოდ სტალინმა და ჩერჩილმა. მკვლევრის მტკიცებით, ეს მოხდა ჩერჩილისა და სტალინის საიდუმლო შეხვედრაზე 11 ოქტომბერს1.
1. ნ. ბაჩიუ ამ შემთხვევაში ეყრდნობა ჩერჩილის პირადი ექიმის ლორდ მორანის ცნობას, რომ ჩერჩილი და სტალინი სადღაც გაქრნენ სსრკ-ში ბრიტანეთის ელჩის სერ არჩიბალდ კლარკ კერის მიერ გამართული საზეიმო სადილის შემდეგ და ბრიტანეთის პრემიერი თავის რეზიდენციაში მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდა.
ნ. ბაჩიუს მოსაზრებებს, თუ როდის და ვის მიერ მოხდა აღნიშნული საკითხის მოგვარება, მთელი რიგი ოპონენტები გამოუჩნდა. მ. კიჩენმა ჩათვალა, რომ საკითხი მაინც შემდეგნაირად გადაწყდა: ბულგარეთი და უნგრეთი _ 80%-20% სსრკ-ს სასარგებლოდ, იუგოსლავია და უნგრეთი _ 50%-50%. რ. ნადოს აზრით, ჩერჩილმა და სტალინმა იდენსა და მოლოტოვს მიანდეს პროცენტების დაზუსტება. უფრო მეტიც, ნადო ამტკიცებს, რომ იდენი დაეთანხმა მოლოტოვის წინადადებას და მისცა სსრკ-ს უპირატესი უფლება უნგრეთზე _ 80%. ნადოს ამ მტკიცებას ადასტურებს ლ. გარდნერიც, რომელსაც მოჰყავს დამადასტურებელი მასალა ბრიტანული არქივებიდან.
ბრიტანულ ჩანაწერებს გარკვეულწილად სიცხადე შეაქვს ამ სიტუაციაში. ისინი ადასტურებს, რომ მოლოტოვსა და იდენს შორის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ვაჭრობა სსრკსა და დიდი ბრიტანეთის გავლენის პროცენტულ შეფარდებაზე ბულგარეთში, იუგოსლავიასა და უნგრეთში. საბჭოთა მხარემ თავდაპირველად სცადა ბულგარეთშიც 90%-ის მიღება, მაგრამ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგობის შემდეგ მოლოტოვმა ახალი წინადადება წამოაყენა: 75%-25% სამივე სახელმწიფოში საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ. იდენმა კომპრომისული ვარიანტით უპასუხა: ბულგარეთი და უნგრეთი _ 75%-25% სსრკ-ს სასარგებლოდ, იუგოსლავია _ 50%-50%6. მოლოტოვმა შენიშნა, რომ ის შეძლებდა ამ წინადადებაზე დათანხმებას, თუ იუგოსლავიაში საბჭოთა კავშირი მიიღებდა 60%-ს. იდენის ახალი წინადადების შემდეგ (ბულგარეთი _ 75%-25%, უნგრეთი _ 80%-20%, იუგოსლავია _ 50%-50%), მოლოტოვმა განაცხადა, რომ იუგოსლავიაში თანაფარდობის შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებლები ბულგარეთში უნდა გამხდარიყო 90%-10%-ზე. შედეგად, 10 ოქტომბერს საბოლოო შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
ვერც შემდეგ დღეს მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იდენმა პირობა მისცა მოლოტოვს, რომ გადასცემდა ჩერჩილს მის ახალ წინადადებას: 80%-20% სსრკ-ს სასარგებლოდ ბულგარეთსა და უნგრეთში, 50%-50% _ იუგოსლავიაში. სხვათა შორის, ეს ხსნის იმ გარემოებას, რომ ლ. ვუდუორდთან ჩვენ არ ვხვდებით ცნობას პროცენტებზე საბოლოო შეთანხმების მიღწევის შესახებ. ჩვენი აზრით, ასეთ ვითარებაში ლორდ მორანის ცნობა მართლაც იმსახურებს ნდობას და ნ. ბაჩიუს დასკვნა, რომ სწორედ სტალინმა და ჩერჩილმა გააფორმეს შეთანხმება, სავსებით სწორია. როგორც ჩანს, მართლები არიან ნადო და გარდნერიც უნგრეთში საბჭოთა მხარის საბოლოო პროცენტის შესახებ (80%). ამის დასტურია ჩერჩილის მიერ თავისი მთავრობის წევრებისადმი 12 ოქტომბერს გაგზავნილი წერილი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ რადგანაც საბჭოთა ჯარები ამყარებდნენ სრულ კონტროლს უნგრეთზე, ამ ქვეყანაში უპირატესი უფლებები საბჭოთა კავშირს უნდა მინიჭებოდა, ოღონდ, რასაკვირველია, დიდი ბრიტანეთის და, შესაძლოა, აშშ-ს თანხმობითაც. ამასთან უნგრეთი უნდა განხილულიყო როგორც ცენტრალურ-ევროპული, და არა ბალკანური, სახელმწიფო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთში ამ შეთანხმების არაერთგვაროვან შეფასებებს ვხვდებით. მაგალითად, ფ. დიკინის აზრით, შეთანხმების ერთადერთი მიზანი იყო სტალინისათვის იმის ჩვენება, თუ სად უნდა შეჩერებულიყვნენ საბჭოთა ჯარები. მისი თქმით, ეს არ იყო ტერიტორიების გაყოფა და ჩერჩილის ინიციატივამ უბრალოდ არასწორი შთაბეჭდილება დატოვა. სულ სხვა აზრისაა დ. იერგინი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბრიტანეთის პრემიერმა მშვენივრად იცოდა, თუ რას სთავაზობდა სტალინს და ამ საკითხისადმი ასეთი მიდგომა ძალიან მოეწონა. ჯ. უილერბენეტი და ა. ნიკოლსი მიიჩნევენ, რომ შეთანხმება დროებით ხასიათს ატარებდა. ე. ბარკერი ამართლებს აღნიშნულ შეთანხმებას, როგორც საბერძნეთის მხსნელს. ბ. კუნიჰოლმის აზრით კი, ეს იყო „კიდევ ერთი თავი ბრიტანეთისა და რუსეთის ბრძოლაში“. ევროპელი და ამერიკელი მკვლევრებისაგან განსხვავებით, საბჭოთა ისტორიკოსები ერთხმად ამტკიცებენ, რომ არანაირ გარიგებას მოსკოვში ადგილი არ ჰქონია. ი. ზემსკოვს მოჰყავს ნაწყვეტი საბჭოთა ჩანაწერებიდან, რომლებიც მოწმობს, რომ 9 ოქტომბრის სხდომაზე ჩერჩილმა მართლაც წარმოადგინა ასეთი გეგმა, მაგრამ აქ არაფერია ნათქვამი იმაზე, დაეთანხმა თუ არა მას სტალინი. ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით, ი. ზემსკოვი აღნიშნავს, რომ რადგანაც საკუთრივ ტაბულა მოყვანილი არ არის საუბრის ამსახველ მასალაში, მაშასადამე, არანაირ შეთანხმებას ბალკანეთის საკითხებზე ადგილი არ ჰქონია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არგუმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და, უფრო მეტიც, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას საკუთრივ ი. ზემსკოვის მსჯელობის საწინააღმდეგოდ: თუ საბჭოთა ჩანაწერში არ არის ასახული დოკუმენტი, რომელიც ნამდვილად არსებობდა (და ალბათ დღესაც არსებობს), რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მასში გამოტოვებულია სტალინის მიერ მისი დამოწმების ფაქტიც, მით უმეტეს, რომ საბჭოთა არქივები კარგად არის გაფილტრული და მათში იმ ინფორმაციის მოძიება, რომელიც ლახავდა საბჭოთა კავშირის საერთაშორისო იმიჯს, მეტად გართულებულია1.
1. ამ მოვლენასთან დაკავშირებით საკმარისია თუნდაც მხოლოდ საბჭოთა კავშირ-გერმანიის 1939წ. 23 აგვისტოს ხელშეკრულების საიდუმლო ოქმებთან დაკავშირებული ისტორიის გახსენება, როდე საც საბჭოთა მხარე 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე ამტკიცებდა მათ არარსებობას, ხოლო 1989 წელს იძულებული გახდა, ეღიარებინა სიმართლე. სამი წლის შემდეგ კი რუსულ არქივებში პაქტის საიდუმლო მუხლების ორიგინალებიც იქნა „აღმოჩენილი“. რუსი მკვლევრები თვითონაც არ მალავენ, რომ მთელი რიგი დოკუმენტებისა კიდევ დიდხანს დარჩება საიდუმლოდ, ხოლო უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის დოკუმენტები კი საერთოდ უცნობია, თუ სად არის.
ცნობილი საბჭოთა მკვლევარი ვ. ისრაელიანი ასევე აცხადებს, რომ ასეთი გარიგება არ შემდგარა და ამის დამამტკიცებელ საბუთად მოაქვს ის, რომ ტაბულის ამსახველი ფურცელი შემდგომში ჩერჩილმა აჩუქა ფ. დიკინს ამ უკანასკნელის იუგოსლავიაში მოღვაწეობის სამახსოვროდ1. ვ. ისრაელიანის აზრით, ინგლისის პრემიერი არავის არ აჩუქებდა ამ ქაღალდს, მას რომ რაიმე რეალური შეთანხმება აესახა. გარდა ამისა, თავისი პოზიციის გასამაგრებლად ის სხვა არგუმენტებსაც იყენებს, კერძოდ, იმას, რომ საბჭოთა მთავრობა, რომელიც დიდი და პატარა ხალხების სუვერენიტეტის დაცვის პრინციპებს ქადაგებდა, არ წავიდოდა არანაირ შეთანხმებაზე, რომელშიც მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა იქნებოდა გათვალისწინებული. დღეს, რასაკვირველია, ეს არგუმენტი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა, ხოლო შეიცავდა თუ არა ეს დოკუმენტი რაიმე რეალურ შეთანხმებას, ამაზე პასუხი შეიძლება გაგვცეს კომუნიკემ, რომელშიც დაფიქსირებულია მოსკოვის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
ამ კომუნიკეში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ ჩერჩილი და სტალინი მართლაც შეთანხმდნენ, ეწარმოებინათ ერთობლივი პოლიტიკა იუგოსლავიაში. გარდა ამისა, ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი არ აპირებდა საბერძნეთში შეჭრას. აქვე მიღწეულ იქნა შეთანხმება ბულგარეთში მოკავშირეთა საკონტროლო კომისიის შექმნისა და ბულგარეთის ჯარებისა და ადმინისტრაციის საბერძნეთსა და იუგოსლავიიდან გამოყვანის შესახებ. ამ საკონტროლო კომისიაში გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო საბჭოთა წარმომადგენელთა აზრი, რადგანაც ბულგარეთის ტერიტორიაზე სსრკ-ს ჯარები იმყოფებოდნენ. საერთოდ, საბჭოთა მთავრობა თითქოს იმის მომხრე იყო, რომ საკონტროლო კომისიაში გადამწყვეტი ხმა ჰქონოდა იმ მხარის წარმომადგენელს, რომლის არმიაც იმყოფებოდა კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ იუგოსლავიის მიმართ რატომღაც ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
1. აღსანიშნავია, რომ ნ. ბაჩიუს მტკიცებით, არავინ იცის, თუ სად წავიდა ეს დოკუმენტი, თუმცა ამის საპირისპიროდ შეიძლება მოყვანილი იქნას ვ. ისრაელიანის ცნობა, რომელსაც თავად აქვს ნანახი ეს ფურცელი 1958წ.
ყოველივე ეს, პრინციპში, ჯდებოდა ჩერჩილის გეგმაში, ასე რომ, როგორც ჩანს, მოსკოვში მართლაც ჰქონდა ადგილი წინასწარ შეთანხმებას ბალკანეთის გავლენის სფეროებად დაყოფის შესახებ1. ამის კიდევ ერთ დამადასტურებელ არგუმენტად შეიძლება იმ ფაქტის მოყვანა, რომ საბჭოთა მთავრობას არავითარი რეაგირება არ მოუხდენია 1944წ. დეკემბერში საბერძნეთში დაწყებულ კონფლიქტზე, რომელიც ფაქტობრივად სამოქალაქო ომში გადაიზარდა და რომელშიც ბრიტანეთის სამხედრო შენაერთებიც ჩაერივნენ2. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელები ფაქტობრივად კომუნისტებს დაუპირისპირდნენ საბერძნეთში, სტალინს ამის თაობაზე სიტყვაც კი არ დაუძრავს. 1945წ. მარტში თითქმის ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა რუმინეთში, ოღონდ ამჯერად უკვე საბჭოთა მხარე ჩაერია ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში და მეფე მიხაის ულტიმატუმის ფორმით შეაცვლევინა მთავრობა. დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამას პროტესტი არ მოჰყოლია, რადგან, როგორც ეს შენიშნა ჩერჩილმა თავის მემუარებში, მან და იდენმა მოსკოვში სსრკ-ს დაუთმეს რუმინეთსა და ბულგარეთში უპირატესი მდგომარეობა და რაკი სტალინს არ მოუხდენია რეაგირება საბერძნეთში მომხდარ მოვლენებზე, ახლა უკვე არც ინგლისელებს ჰქონდათ რუმინეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა.
1. როგორც აღვნიშნეთ, კონფერენციის ბრიტანულ ჩანაწერებში არ არის დაფიქსირებული შეთანხმების გაფორმება.
2. 1944წ. დეკემბერში საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა სახალხო არმიამ (ბერძნული აბრევიატურით „ელას“-ი), რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს კომუნისტები შეადგენდნენ, იარაღით ხელში სცადა ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ბრიტანეთის ჯარები აქტიურად დაეხმარნენ საბერძნეთის მთავრობას და რუზველტმაც მხარი დაუჭირა ჩერჩილს საბერძნეთის საქმეებში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი თავდაპირველად ძალიან უარყოფითად შეხვდა ინგლისელთა ჩარევას კონფლიქტში, რომელსაც შედეგად 1946-1949წწ. სამოქალაქო ომი მოჰყვა.
სამაგიეროდ, თითქმის დეტექტური სიტუაცია შეიქმნა 1945 წლის ივნისში, როდესაც სტალინმა უკმაყოფილება გამოთქვა ფელდმარშალ ჰაროლდ ალექსანდერის არაკორექტულ გამონათქვამზე, რომელშიც იუგოსლავიის მთავრობის მეთაური იოსიპ ბროზ ტიტო შედარებული იყო ჰიტლერსა და მუსოლინისთან და აგრეთვე ტრიესტ-ისტრიის საკითხის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო. ჩერჩილი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ მან 23 ივნისს გაგზავნა საპასუხო წერილი, რომელშიც განაცხადა, რომ მოსკოვში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დიდ ბრიტანეთსა და სსრკ-ს იუგოსლავიაში თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ და რომ აღნიშნული შეთანხმება ირღვეოდა. საინტერესოა, რომ ოფიციალურ საბჭოთა გამოცემაში, რომელიც ასახავს სტალინის მიმოწერას ჩერჩილთან, რუზველტთან, კ. ეტლისა და ჰ. ტრუმენთან, ეს წერილი არაა დაფიქსირებული1. ძნელი სათქმელია, თუ რით არის განპირობებული ასეთი შეუსაბამობა. სხვა შემთხვევებში ჩერჩილის მემუარებში მოცემული წერილების ტექსტი აბსოლუტურად ზუსტად ემთხვევა საბჭოთა გამოცემაში მოყვანილს. მართალია, ჩერჩილს შიგადაშიგ თავის მემუარებში ისეთი წერილებიც აქვს მოთავსებული, რომლებიც მას შემდეგ არ გაუგზავნია, მაგრამ ის ყოველთვის უთითებს, რომ დაფიქრების შემდეგ მან უარი თქვა წერილის გაგზავნაზე. ამ შემთხვევაში კი ბრიტანეთის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ წერილიც გააგზავნა და ალექსანდერიც დაიცვა. სამწუხაროდ, დიდ ბრიტანეთში დღემდე არ არის ოფიციალურად გამოცემული ჩერჩილის ომისდროინდელი მიმოწერა სტალინთან. ასე რომ, დღესდღეობით, ჩვენ ვალდებულნი ვართ, უფრო ის ვირწმუნოთ, რომ ბოლო მომენტში ჩერჩილმა წერილის გაგზავნაზე უარი თქვა და შემდეგ, მემუარების წერისას, ეს უბრალოდ დაავიწყდა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია: გაიგზავნა თუ არ გაიგზავნა წერილი, ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ის დაიწერა, ე.ი. ჩერჩილი მასში იხსენიებს რეალურ ფაქტს, რომ გარიგება მოსკოვში 1944წ. ოქტომბერში შედგა, ხოლო თუ რა მიზეზით არ გააგზავნა მან წერილი, ეს უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია. ამასთან, ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ ჩერჩილის კიდევ ერთ, 1945 წლის 28 აპრილს დაწერილ წერილს, რომელშიც ის, ეხება რა იუგოსლავიაში შექმნილ სიტუაციას, აცხადებს, რომ იქ არსებული მდგომარეობა ვერანაირად ვერ შეფასდებოდა როგორც 50% 50%-ზე3. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ გარიგება რეალურად არსებობდა.
1. რედაქტორებს მითითებული აქვთ, რომ საბჭოთა არქივებში ამ წერილის კვალი ვერ იპოვეს და მისი გადმოცემის ფაქტიც არ დადასტურდა, რის გამოც მისი გამოცემაში შეტანის საფუძველი არ არსებობდა.
„პროცენტების შეთანხმების“ განხილვისას საბჭოთა მხარემ წამოჭრა კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია და რომელიც პრაქტიკულად არ არის გაშუქებული არც დასავლურ და, მითუმეტეს, არც საბჭოურ ისტორიოგრაფიაში. პირველივე შეხვედრისას, როდესაც ჩერჩილმა წამოაყენა თავისი გეგმა, მოლოტოვმა იკითხა, თუ იყო დაკავშირებული ამასთან თურქეთის საკითხი. ბრიტანეთის პრემიერმა პასუხად შენიშნა, რომ ის არ შეხებია თურქეთის საკითხს და სცადა, მიბრუნებოდა ბულგარეთში ინგლისის შესაძლო „პროცენტების“ განხილვას, მაგრამ სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა მონტრეს კონვენციაზე გადაიტანა საუბარი1. როდესაც ჩერჩილმა აღნიშნა, რომ ეს ეხებოდა თურქეთს და არა ბულგარეთს, სტალინმა მას შეახსენა, რომ თურქეთიც ბალკანური სახელმწიფო იყო. საბჭოთა ლიდერის თქმით, მონტრეს კონვენცია ანაქრონიზმად იქცა, რადგანაც მისი ერთ-ერთი გარანტი იყო იაპონია, ხოლო ნებისმიერი მუხლის შესრულება მთლიანად თურქეთის პრეროგატივაში შედიოდა2. სტალინის აზრით, უპრიანი იქნებოდა ბალკანეთის საკითხებთან ერთად ამ პრობლემაზე მსჯელობაც, რაზეც ჩერჩილიც დაეთანხმა, რაც, შესაძლოა, იძულებით ხასიათსაც ატარებდა3. ამის შემდეგ საბჭოთა ლიდერს ხელ-ფეხი გაეხსნა და მან აღნიშნა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი დაინტერესებული იყო ხმელთაშუა ზღვით, სსრკ-ს მსგავსი მისწრაფებები გააჩნდა შავ ზღვაზე. ჩერჩილმა აღნიშნა, რომ თურქეთმა ხელიდან გაუშვა თავისი შანსი, რომელიც მას ჰქონდა თეირანის კონფერენციის შემდეგ და უჭკუოდ მოიქცა4.
1. მონტრეს კონვენციას ხელი მოეწერა 1936წ. 20 ივლისს და მან შეცვალა 1923წ. 24 ივლისის ლოზანის კონვენცია. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, 1936წ. მონტრეს კონვენციის ხელმოწერას საბჭოთა მხარე თავის გამარჯვებად განიხილავდა და მას დადებითად აფასებდა, მაგრამ 1944 წლისათვის სტალინს ის უკვე არ აკმაყოფილებდა. უფრო სწორად, ჩვენი აზრით, საბჭოთა ლიდერს მისი საბაბად გამოყენება სურდა, რათა თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყება გაემართლებინა.
2. სხვათა შორის, ეს თავის დროზე თავად საბჭოთა მხარის მოთხოვნა იყო.
3. ჩვენი აზრით, ბრიტანეთის პრემიერი მოსკოვში სულაც არ აპირებდა თურქეთის საკითხზე მსჯელობას. ალბათ სწორედ ამის გამო აუარა მან კიდევაც გვერდი ბალკანეთის შესახებ მსჯელობისას სრუტეების პრობლემას. მაგრამ საბჭოთა მხარის რეპლიკების შემდეგ ის იძულებული გახდა, დათანხმებოდა აღნიშნული საკითხის განხილვას.
4. რასაკვირველია, ჩერჩილს აქ მხედველობაში ჰქონდა თურქეთის უარი გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაბმაზე 1943 წ. დეკემბერში.
სტალინი არ დაკმაყოფილდა ჩერჩილის განცხადებით. მან შენიშნა, რომ თურქეთს 26 დივიზია ჰყავდა და იკითხა, თუ ვის წინააღმდეგ იყო ისინი მიმართული. ბრიტანეთის პრემიერმა შენიშნა, თურქული შენაერთები ბულგარეთის წინააღმდეგ იყო მობილიზებულიო1 და აქვე აღნიშნა, რომ ინგლისი არ აპირებდა დიზრაელისა და კერზონის პოლიტიკის გაგრძელებას. ჩერჩილის თქმით, ის მზად იყო, დახმარებოდა თავის მოკავშირეს დიდი ოკეანეებისა და ზღვებისაკენ გასასვლელების მიღებაში. ამიტომაც მან ჰკითხა სტალინს, თუ რა კონკრეტული ცვლილებები იყო შესატანი მონტრეს კონვენციაში. უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის პრემიერის ეს ტირადა საკმაოდ ოსტატურად იყო აგებული დიპლომატიური თვალსაზრისით, რადგანაც, სავარაუდოდ, მხოლოდ მონტრეს კონვენციის შეცვლა საბჭოთა ლიდერს არ აკმაყოფილებდა. ეს ნათლად გამოჩნდა მაშინ, როდესაც სტალინმა, რომლის ინიციატივითაც მოხდა საკითხის წამოწევა მოლაპარაკებებისას, ვერ დაასახელა კონკრეტული მუხლი, რომელიც საჭიროებდა კორექტირებას. მან მხოლოდ შენიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში კონვენცია იყო გამოუსადეგარი და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული. საბჭოთა ლიდერის თქმით, შეუძლებელი იყო არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, როდესაც თურქეთს შეეძლო სრუტეების ჩაკეტვით სსრკ-ს ექსპორტისა და იმპორტის შეფერხება და თვით ქვეყნის თავდაცვისათვის ზიანის მიყენება. აქვე, მან, როგორც ჩანს, თავისი პოზიციის გასამტკიცებლად, შეადარა სრუტეები სუეცისა და პანამის არხებს და რიტორიკულად იკითხა, თუ რას მოიმოქმედებდა დიდი ბრიტანეთი ესპანეთის ან ეგვიპტის მიერ სუეცის არხის, ხოლო აშშ რომელიმე სამხრეთამერიკული სახელმწიფოს მიერ პანამის არხის გადაკეტვის შემთხვევაში. სტალინის თქმით, სსრკ უარეს მდგომარეობაშიც კი იმყოფებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებდა თურქეთის სუვერენიტეტის შეზღუდვას, ის არ დაუშვებდა თურქეთის მხრიდან საბჭოთა ვაჭრობისათვის მუდმივი საფრთხის არსებობას.
1. ჩერჩილის ამ სიტყვების გულწრფელობის დაჯერება ძალიან ძნელია, რადგანაც ბულგარეთს ამ დროისათვის არანაირი სამხედრო პოტენციალი არ გააჩნდა, ხოლო მის ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარების არსებობა თურქეთის მხრიდან შეტევის განხორციელების შესაძლებლობას მთლიანად გამორიცხავდა.
უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის ეს განცხადება მთლიანად დემაგოგიურ ხასიათს ატარებდა. პირველ რიგში, ძნელი სათქმელია, თუ რა თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა კავშირისათვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს 1944წ. შემოდგომაზე. გარდა ამისა, აბსოლუტურად გაუგებარია ესპანეთის მოხსენიება სუეცის არხის შესაძლო ჩამკეტ სახელმწიფოდ. ალბათ, ეს მხოლოდ იმ მიზნით გაკეთდა, რომ ბრიტანელების ყურადღება მიეპყროთ ესპანეთის მმართველის _ ფრანსისკო ფრანკოს პერსონისათვის, თუმცა, ბუნებრივია, ასეთი მანევრი აბსოლუტურად არ შეცვლიდა ჩერჩილის დამოკიდებულებას ესპანელი დიქტატორისადმი. საბჭოთა ვაჭრობისათვის თურქეთის სრუტეების ჩაკეტვის შემთხვევაში შესაძლო პრობლემები კი აშკარად გადაჭარბებული იყო. თუმცა ამ შემთხვევაში სტალინისეულმა დემაგოგიამ მიზანს ბოლომდე ვერ მიაღწია. როგორც ჩანს, დემაგოგია არც ჩერჩილისათვის იყო უცხო და მან პასუხად საბჭოთა ლიდერს შესთავაზა, უფრო დაეკონკრეტებინა, თუ რა იყო საჭირო ამ საკითხის გადასაწყვეტად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანეთის პრემიერის თქმით, თურქეთი შეშინდებოდა, რომ შესაძლო იყო სტამბოლის აღება. ჩერჩილმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა საბჭოთა მხარის სურვილს, ჰქონოდა თავისუფალი გასასვლელი ხმელთაშუა ზღვაში თავისი სავაჭრო თუ სამხედრო გემებისათვის, მაგრამ სურდა თურქეთის შეშინების გარეშე, მისი ამ მიმართულებით „მსუბუქად წაბიძგებით“ მიეღწია შედეგისათვის.
როგორც ჩანს, ჩერჩილი სავსებით სწორად მიხვდა, თუ რა იყო სინამდვილეში სტალინის მიზანი. სწორედ ამიტომ ახსენა მან სტამბოლის დაკავება (თუმცა მას არ დაუკონკრეტებია დამკავებელი ქვეყნის ვინაობა) და აგრძნობინა საბჭოთა ლიდერს, რომ იცოდა მისი ჭეშმარიტი ზრახვების შესახებ. თავის მხრივ, სტალინსაც არ დასჭირდა ზედმეტი მინიშნებები და მიხვდა, რომ ჩერჩილი სულაც არ იყო თურქეთის იოლად დამთმობი. ამიტომ მან სცადა საუბრის დასრულება ამ საკითხზე, თუმცა უკვე ბრიტანეთის პრემიერმა განავრცო თემა. მისი თქმით, ახლა რომ წარმოებულიყო საზავო მოლაპარაკებები და სტალინს ეთხოვა მისთვის საბჭოთა სავაჭრო და სამხედრო ხომალდებისათვის სრუტეებში თავისუფლად გადაადგილების უფლება, ის უყოყმანოდ დაეთანხმებოდა ამ წინადადებას, რადგანაც დიდ ბრიტანეთს თურქეთთან აკავშირებდა მხოლოდ მონტრეს კონვენცია, რომელიც ნამდვილად მოძველებული იყო. ფაქტობრივად, ჩერჩილმა მიანიშნა სტალინს, რომ ეს იყო ერთადერთი დათმობა, რომელსაც ის აპირებდა თურქეთთან მიმართებაში და რომ მისი გავლენის სფეროებად დაყოფის საკითხი ნამდვილად არ უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში. საბჭოთა ლიდერიც კარგად მიხვდა ამას და აღნიშნა, რომ ის სულაც არ აპირებდა ბრიტანეთის პრემიერის დაჩქარებას. სტალინის თქმით, მას უბრალოდ სურდა პრობლემის დაფიქსირება და იმის გაგება ინგლისელებისაგან, თუ რამდენად სამართლიანი იყო საბჭოთა მხარის ასეთი მოთხოვნა. ჩერჩილმა შენიშნა, რომ მოთხოვნა სავსებით სწორი და გამართლებული იყო და შესთავაზა კოლეგას, შეეტყობინებინა აშშ-ს პრეზიდენტისთვისაც თავისი სურვილების შესახებ. ამით პრაქტიკულად დასრულდა კიდეც თურქეთზე საუბარი კონფერენციის პირველ სხდომაზე, თუმცა, როგორც ჩანს, სტალინმა საჭიროდ ჩათვალა ჩერჩილის დარწმუნება, რომ მას არ ჰქონდა რაიმე ექსპანსიონისტური ზრახვები თურქეთის მიმართ. ამიტომ, მცირე ხნის შემდეგ, ბულგარეთში ინგლისელთა წილის დაზუსტებისას საბჭოთა ლიდერმა ჰკითხა ჩერჩილს და იდენს, ხომ არ ეშინოდათ მათ საბჭოთა აგრესიის თურქეთის წინააღმდეგ და დასძინა, რომ სსრკ-ს მსგავსი განზრახვა სულაც არ გააჩნდა. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა პასუხად შენიშნა, რომ ბრიტანელებს ამის არ ეშინოდათ, მაგრამ, სავარაუდოა, რომ ორივე მხარე ამ შემთხვევაში თვალთმაქცობდა და თავის ნამდვილ ზრახვებს თუ შიშებს მალავდა.
ბალკანეთის საკითხის გარდა მოსკოვში განიხილეს პოლონეთის პრობლემაც, მაგრამ რაიმე გადაწყვეტილების მიღწევა ვერ მოხერხდა. მოსკოვში მოწვეული იქნენ პოლონეთის მთავრობის (ემიგრაციაში) მეთაური სტანისლავ მიკოლაიჩიკი და პროსაბჭოური პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის (ე.წ. „ლუბლინის მთავრობა“) თავმჯდომარე ბოლესლავ ბერუტი. 13 ოქტომბერს სტალინმა და ჩერჩილმა ცალ-ცალკე მოუსმინეს ორივე პოლონური დელეგაციის წარმომადგენლებს. მიკოლაიჩიკმა წარმოადგინა მემორანდუმი, რომელშიც გვერდი აუარა მთავარ საკითხს _ პოლონეთის საზღვრად ე.წ. „კერზონის ხაზის“ დაკანონებას. გარდა ამისა, მემორანდუმში, რასაკვირველია, ნახსენებიც კი არ იყო „ლუბლინის მთავრობა“. ამან, ბუნებრივია, საბჭოთა მხარის გაღიზიანება გამოიწვია, ხოლო ჩერჩილმა მიკოლაიჩიკს ურჩია, დე-ფაქტოდ ეღიარებინა კერზონის ხაზი საზღვრად და დაეწყო მოლაპარაკებები ლუბლინის მთავრობასთან, რათა შექმნილიყო ერთიანი მთავრობა. მიკოლაიჩიკმა, მიუხედავად ჩერჩილის რჩევისა, მაინც განაცხადა, რომ ის არ ეთანხმებოდა არც ინგლისელების და არც საბჭოელების თვალსაზრისს.
მიკოლაიჩიკთან შეხვედრის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა მოუსმინეს პეგკ-ს წარმომადგენლებსაც. ჩერჩილის თქმით, მათ უმალ აჩვენეს, რომ ისინი უბრალოდ „პაიკები“ იყვნენ საბჭოთა კავშირის ხელში. ბრიტანეთის პრემიერს მოჰყავს ბერუტის სიტყვები, რომელთა თანახმადაც თურმე პოლონეთის ხალხის სურვილს წარმოადგენდა ლვოვის საბჭოთა კავშირის1 შემადგენლობაში შესვლა და ისინიც სწორედ ამ მოთხოვნით (ხაზგასმა ჩვენია _ თ.პ.) ჩამოვიდნენ მოსკოვში.
ლუბლინის მთავრობის წამყვან წევრებთან შეხვედრამ დაარწმუნა ჩერჩილი, რომ საჭირო იყო მიკოლაიჩიკზე ზეწოლის გაძლიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნებოდა იმის საშიშროება, რომ სტალინი თავის პოლონელებს სულ უფრო აქტიურად გამოიყენებდა და ემიგრანტული მთავრობა შეიძლებოდა საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. მასზე დიდი გავლენა იქონია სტალინის განცხადებამაც პირად საუბარში, რომ მხოლოდ ის და მოლოტოვი იყვნენ კეთილად განწყობილნი მიკოლაიჩიკისადმი საბჭოთა მთავრობაში და ჩათვალა, რომ საბჭოთა ლიდერზე ხორციელდებოდა დიდი ზეწოლა როგორც პარტიული, ისე სამხედრო ხაზით2. ამიტომ ის კვლავ შეხვდა მიკოლაიჩიკს და მკაცრად მოსთხოვა მას კერზონის ხაზზე დათანხმება. ბრიტანეთის პრემიერმა განუცხადა პოლონელებს, რომ მათ უკვე ერთხელ დაუშვეს შეცდომა, როდესაც 1944 წ. დასაწყისში არ მიიღეს ეს პირობა, რამაც სტალინის მხრიდან საპასუხო ნაბიჯად „ლუბლინის მთავრობის“ შექმნა განაპირობა. ჩერჩილი დაემუქრა მიკოლაიჩიკსა და მის მომხრეებს, რომ თუ ამჯერადაც არ იქნებოდა მიღებული თანხმობა საბჭოთა კავშირის ამ მოთხოვნაზე, მაშინ თვითონ ჩერჩილიც სცნობდა „ლუბლინის გუნდს“ პოლონეთის მთავრობად.
1. ორიგინალში ჩერჩილი იყენებს სიტყვას „რუსეთი“, თუმცა ჩვენ თავს უფლებას ვაძლევთ, მთელ რიგ შემთხვევებში შევცვალოთ ის აზრობრივად უფრო სწორი „საბჭოთა კავშირით“ _ თ.პ.
2. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩერჩილს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ ძალაუფლების რა ბერკეტები გააჩნდა სტალინს. საბჭოთა ლიდერიც, როგორც ჩანს, სარგებლობდა ამით და უქმნიდა ილუზიას ბრიტანეთის პრემიერს, თითქოს ის ემორჩილებოდა პოლიტბიუროს გადაწყვეტილებებს და არა პირიქით.
მიუხედავად ასეთი მკაცრი ტონისა, ჩერჩილმა მიკოლაიჩიკი იმ დღეს ვერ დაარწმუნა თავის სისწორეში, თუმცა, როგორც ჩანს, პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის ლიდერი სერიოზულად შეშფოთდა მსგავსი პერსპექტივით. 16 ოქტომბერს ის შეხვდა ბერუტს. პოლონეთის მთავრობათა მეთაურების ეს შეხვედრა ასევე საკმაოდ რთული გამოდგა. ბერუტმა თანხმობა განაცხადა მიკოლაიჩიკისთვის პრემიერ მინისტრის პოსტის დათმობაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ მინისტრთა კაბინეტის 75% მისი მომხრეებით იქნებოდა დაკომპლექტებული. მიკოლაიჩიკს კი 75%-ის მიღება თავად სურდა. როგორც ჩანს, მიკოლაიჩიკი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ბერუტი და მისი მთავრობა სულ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა ხდებოდა, ამიტომ იმავე საღამოს სტალინთან შეხვედრისას თანხმობა განაცხადა კერზონის ხაზზე და აღუთქვა მას, რომ დაარწმუნებდა ლონდონის მთავრობის დანარჩენ წევრებსაც ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში. მიუხედავად ამისა, სტალინმა აგრძნობინა მიკოლაიჩიკს, რომ ეს დათმობა საკმარისი არ იქნებოდა და საჭირო იყო, რომ ახალ მთავრობაში უმრავლესობა ლუბლინელებს ჰქონოდათ. სამაგიეროდ, ის მზად იყო, დაეთმო პრემიერის პოსტი მიკოლაიჩიკისათვის.
როგორც ჩანს, მიკოლაიჩიკმა სასწრაფოდ აცნობა ინგლისელებს სტალინთან საუბრის შინაარსი, რადგანაც იმავე დღეს ჩერჩილმა სტალინს განუცხადა, რომ დასავლური სამყარო არ დაიჯერებდა ახალი პოლონური მთავრობის რეალურ დამოუკიდებლობას, თუ მიკოლაიჩიკს მთავრობაში ადგილების 50% მაინც არ ექნებოდა. სტალინს ეს არ მოეწონა და კვლავინდებურად უმრავლესობა მოითხოვა, რის გამოც ჩერჩილმა ამ საკითხის განხილვა მომავლისათვის გადადო. მას იმედი ჰქონდა, რომ, ლონდონში მყოფი პოლონეთის მთავრობის მიერ კერზონის ხაზზე ოფიციალური თანხმობის გამოცხადების შემდეგ სტალინი დათმობაზე წავიდოდა პოლონეთის ახალი მთავრობის დაკომპლექტების საკითხში.
მოსკოვში საუბარი ჩამოვარდა იაპონიასთან ომში საბჭოთა კავშირის ჩაბმაზეც და ჩერჩილმა სტალინისაგან მიიღო დაპირება, რომ გერმანიასთან ომის დამთავრების შემდეგ 3-4 თვეში სსრკ საომარ ოპერაციებს დაიწყებდა იაპონიის წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხს დიდი ყურადღება არც მიქცევია და ეს დაპირებაც მხოლოდ და მხოლოდ ზოგად ხასიათს ატარებდა1.
აღნიშნული საკითხების გარდა, მხარეებმა შეათანხმეს თავიანთი პოზიციები საფრანგეთის მომავალი მთავრობის შესახებ. აქაც დიდ დებატებს ადგილი არ ჰქონია და უბრალოდ პოზიციები იქნა დაფიქსირებული შარლ დე გოლის პიროვნებასთან დაკავშირებით. გარკვეული საუბარი მიმდინარეობდა გერმანიის ომისშემდგომ მოწყობაზეც, თუმცა ამ საკითხის ირგვლივაც რაიმე სერიოზული მსჯელობა არ გამართულა. და ბოლოს, მხარეებმა განსაზღვრეს 1945-1946 წლებში სსრკ-დან დიდ ბრიტანეთში გადასაზიდი ხე-ტყის მასალის რაოდენობა და სპეციალური მემორანდუმიც შეადგინეს ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მოსკოვში გადაწყდა ინგლისელთა ხელში მყოფი ყველა საბჭოთა მოქალაქის დაბრუნება. სწორედ ამ უკანასკნელმა შეთანხმებამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება.
1. იაპონიასთან ომში სსრკ-ს ჩაბმის საკითხი პრაქტიკულად ყველა სამიტზე დგებოდა დღის წესრიგში და უკანასკნელად პოტსდამის კონფერენციის მსვლელობისასაც დააზუსტებინეს საბჭოთა მხარეს, თუ როდის დაიწყებოდა ოპერაციები შორეულ აღმოსავლეთში.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი რატომღაც გამორჩა ჩერჩილს და მასზე თავის მემუარებში არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია. ამგვარი „გულმავიწყობა“, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო და, ეტყობა, ამ საკითხთან დაკავშირებით ის ბოლომდე გულწრფელი არ იყო. მართლაც, გაირკვა, რომ საკითხი მთლად ისე მარტივი არ ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. აღმოჩნდა, რომ ძირითადად საუბარი ეხებოდა იმ საბჭოთა მოქალაქეებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ, შემდეგ გადავიდნენ გერმანიის მხარეს და გახდნენ რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის წევრები. მოკავშირეთა საფრანგეთში შეჭრის შემდეგ ისინი ფაქტობრივად ხელმეორედ ჩავარდნენ ტყვედ. ბრიტანეთის ხელისუფლებამ თავად ჰკითხა საბჭოთა მხარეს, თუ რა ზომები უნდა გატარებულიყო მათ მიმართ. თავდაპირველად მოსკოვი დუმდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, როდესაც ინგლისელებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავისი შეკითხვა, სსრკ-ს ელჩმა ლონდონში გუსევმა მოითხოვა ყველა საბჭოთა მოქალაქის უკან გადმოცემა. როგორც ჩანს, საბჭოთა მხარის პოზიციის შეცვლა განაპირობა ტყვეების რიცხვის ზრდამ1, რადგანაც მანამდე ცხადდებოდა, რომ გერმანელების მხარეს მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეების რიცხვი უმნიშვნელო იყო. 11 სექტემბერს კი გუსევმა იმდენად აგრესიულად შეუტია იდენს პირისპირ შეხვედრისას და ბრალი დასდო ინგლისელებს საბჭოთა მოქალაქეებისადმი ცუდად მოპყრობაში, რომ ამ უკანასკნელმაც დაკარგა მოთმინება და თვითონაც მეტად უხეშად უპასუხა2.
1. მათი რიცხვი შეიძლება უფრო მეტიც კი ყოფილიყო, რომ არა ამერიკელების პროპაგანდისტული ბარათები, რომლებშიც ისინი საბჭოთა მოქალაქეებს ჰპირდებოდნენ სსრკ-ში დაბრუნებას, რაც საკმაოდ დიდი ნაწილისათვის უბრალოდ მიუღებელი იყო. გენ. ვლასოვი სწორედ ასეთი, მისი თქმით, „სულელური პოლიტიკით“ ხსნიდა საფრანგეთის საპორტო ქალაქ ბრესტში რუსი ჯარისკაცების გააფთრებულ წინააღმდეგობას მოკავშირეებთან ბრძოლისას.
2. აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში არანაკლებ მკაცრი განცხადებით მიმართეს საბჭოთა დიპლომატებმა ამერიკელებსაც, რისი მიზეზიც თითქოსდა იყო მოკავშირეთა მხრიდან რუსი ტყვეებისადმი შეურაცხმყოფელი მოქცევა. სინამდვილეში საბჭოთა მხარე უაღრესად შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ამერიკელთა მიერ გათავისუფლებული ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცების 10%-მა (ოფიცრებში ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალი იყო) სამხედრო კორესპონდენტებთან საუბარში გამოავლინა პროგერმანული განწყობილებები. ამით ირკვეოდა, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისადმი ბევრად უფრო დიდი იყო უნდობლობა ყოფილ საბჭოთა მეომრებს შორის, ვიდრე გერმანელების წინააღმდეგ მებრძოლი ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტყვეების მხრიდან საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისადმი.
ინგლისელების მდგომარეობას ართულებდა ის გარემოებაც, რომ მათ აწუხებდათ საბჭოთა არმიების მიერ გერმანელთა ტყვეობიდან განთავისუფლებული ინგლისელი ჯარისკაცების ბედი. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა მხარე არანაირად არ რეაგირებდა ბრიტანელების მოთხოვნაზე, რომ მათაც მიედევნებინათ თვალყური რეპატრიაციაზე და დაეჩქარებინათ ეს პროცესი. ამით გაღიზიანებულმა და თანაც გუსევის მიერ წამოყენებული ბრალდებებით გაბრაზებულმა ინგლისელებმა გადაწყვიტეს, მკაცრი პასუხი გაეცათ საბჭოთა მხარისათვის. მათი გაგულისება კიდევ უფრო გაზარდა გუსევის მიერ 1944წ. 27 სექტემბერს გამოგზავნილმა წერილმა, რომელშიც გამეორებული იყო მის მიერ იდენის მისამართით გამოთქმული ბრალდებები. ბრიტანელებმა საპასუხო წერილის მზადება დაიწყეს კიდეც, მაგრამ ამასობაში მოვიდა ახალი ცნობა მოსკოვიდან. გენერალმა ბეროუზმა ამცნო ფორინ ოფისს, რომ საბჭოთა შენაერთების მეთაურებმა მიიღეს ინსტრუქცია, რომელიც ავალდებულებდა მათ, შეექმნათ საუკე- თესო პირობები მოკავშირეთა განთავისუფლებული ჯარისკაცებისათვის. მიუხედავად ამისა, ორი დღის შემდეგ ვიშინსკიმ ა. კერთან საუბარში კვლავ დასდო ბრალი ინგლისელებს საბჭოთა ტყვეებისადმი ცუდ მოპყრობაში. ნ. ტოლსტოი თვლის, რომ საბჭოთა მხარე უბრალოდ ასულელებდა ინგლისელებს და ცდილობდა, თავისი მოქმედებით თავგზა აებნია ბრიტანელებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ სტალინმა თავის მიზანს ამ მიმართულებით ნამდვილად მიაღწია, რადგანაც ინგლისელებმა შეწყვიტეს საპროტესტო ნოტაზე მუშაობა, ხოლო როდესაც 11 ოქტომბერს აღნიშნული საკითხი დადგა კონფერენცია „ტოლსტოის“ დღის წესრიგში, ბრიტანეთის დელეგაციას ფაქტობრივად არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია საბჭოთა ლიდერისათვის. ამ პრობლემაზე მსჯელობა მხარეებმა 11 ოქტომბერს, არაოფიციალურ გარემოში, ბრიტანეთის საელჩოში მოწყობილ სადილზე დაიწყეს. სტალინმა იდენს სთხოვა ყველა საბჭოთა მოქალაქის გადმოცემა და სანაცვლოდ დაჰპირდა მას მაქსიმალურ ყურადღების მიქცევას იმ ბრიტანელი ჯარისკაცებისადმი, რომლებსაც საბჭოთა ჯარები გაათავისუფლებდნენ. 16 ოქტომბერს იდენისა და მოლოტოვის საუბრისას მხარეები კიდევ ერთხელ შეეხნენ ამ საკითხს და გადაწყდა, რომ 11000 საბჭოთა მოქალაქე სასწრაფოდ იქნებოდა დაბრუნებული საბჭოთა კავშირში.
ერთი შეხედვით, აღნიშნული მოლაპარაკებები არანაირ საჩოთირო მომენტს არ შეიცავდა, მაგრამ, როგორც შემდგომ გაირკვა, ბრიტანელებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც არ ჩადეს მასში პირობები, რომლებიც უზრუნველყოფდა ტყვეთა უფლებების მინიმალურად დაცვას მაინც. მოგვიანებით, ყირიმის კონფერენციაზე დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო შეთანხმება ინგლისელთა ხელთ მყოფი ყველა საბჭოთა მოქალაქის სსრკ-ში დაბრუნების შესახებ. პრობლემამაც სწორედ ამის შემდეგ იჩინა თავი, რადგანაც, ჟენევის კონვენციის თანახმად, თუ ტყვე განაცხადებდა აღნიშნული კონვენციის შესახებ, მისი გადაცემა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მის მიერ სამხედრო დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში. გარდა ამისა, ჩერჩილს ჰქონდა კიდევ ერთი მიზეზი, რომ შეძლებისდაგვარად მიეჩუმათებინა ამ საკითხზე გამართული მოლაპარაკებები. საქმე იმაშია, რომ ბრიტანელებმა, გაურკვეველი მიზეზებით, გაავრცელეს ეს ხელშეკრულება მათ ხელთ არსებულ ყველა რუს ტყვეზე, განურჩევლად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი საბჭოთა კავშირის მოქალაქეები. მათ შორის, ვინც გაათავისუფლეს მოკავშირეებმა, მრავლად იყვნენ ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის შემდეგ ემიგრირებული რუსები და მათი დიდი ნაწილი, პირველ რიგში, კაზაკები, ასევე გადასცეს საბჭოთა მხარეს, რაც, რასაკვირველია, აბსოლუტურად უკანონო იყო. ბუნებრივია, რომ სტალინი სასტიკად გაუსწორდა კაზაკებსაც და საკმაოდ ბევრ ტყვედ ჩავარდნილ პირსაც.
ასეთი იყო კონფერენცია „ტოლსტოის“ ძირითადი შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული, შეეხებოდა ომისშემდგომი ევროპის მოწყობის საკითხებს. სწორედ მოსკოვში, სტალინისა და ჩერჩილის მიერ იქნა მოხაზული ის საზღვრები, რომლებზეც გაიარა შემდგომში ე.წ. „რკინის ფარდამ“. მართლაც, ომის შემდეგ რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი, რომლებიც მოსკოვში საბჭოთა გავლენის სფეროში მოხვდნენ, ვარშავის ხელშეკრულების ბლოკში აღმოჩნდნენ; საბერძნეთში ინგლისელთა და ამერიკელთა გავლენა დამყარდა, ხოლო იუგოსლავიაში, მართალია, თითქოს პროკომუნისტური ძალები მოვიდნენ საბოლოოდ ხელისუფლებაში, მაგრამ ტიტომ 40-იანი წლების მიწურულიდან გადაუხვია სტალინის კურსს და ნორმალური ურთიერთობა დაამყარა დასავლურ სახელმწიფოებთან. შეიძლება ითქვას, რომ იუგოსლავიის მთავრობა არ იქცა მარიონეტად საბჭოთა კავშირის ხელში. ყველა დანარჩენი საკითხის განხილვისას კი მოსკოვში გადაწყვეტილებები ან არ იქნა მიღებული, ან მოგვიანებით გადაისინჯა.
$3. დუმბარტონ ოქსის კონფერენცია. უმნიშვნელოვანესი ეტაპი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის გზაზე
უმაღლეს დონეზე მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს წარმომადგენლები ერთმანეთთან აწარმოებდნენ კონსულტაციებს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოყალიბების შესახებ. 1944წ. შემოდგომაზე ამ საკითხს „დიდი სამეულის“ დიპლომატიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა ანტიჰიტლერული კოალიციის აშკარა სამხედრო უპირატესობა, მოკავშირეებმა სულ უფრო სერიოზულად დაიწყეს ფიქრი ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც ერთა ლიგაზე უფრო ეფექტურად იმოქმედებდა მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობის პრინციპებზე საუბარი ჯერ კიდევ 1941წ. დაიწყო, ჩერჩილისა და რუზველტის პირველ კონფერენციაზე არჯენტიაში, მაგრამ ყოველივე ეს ზოგად ხასიათს ატარებდა და იმ პერიოდში მოკავშირეები ვერც იცლიდნენ ამ საკითხის უფრო კონკრეტული განხილვისათვის. მხოლოდ 1943წ. ოქტომბერში მოსკოვში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციაზე დაუბრუნდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი პრობლემის განხილვას და მიიღეს კიდეც დეკლარაცია, რომელსაც მოგვიანებით ჩინეთიც შეუერთდა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ომის დასრულების შემდეგ აუცილებლად შეიქმნებოდა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფდა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას. მოგვიანებით თეირანში სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა 1943წ. 1 დეკემბრის დეკლარაციით დაადასტურეს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებები.
1944წ. მაისში დღის წესრიგში დადგა კონკრეტული მოლაპარაკებების ჩატარება საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 30 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კ. ჰალმა შესთავაზა სსრკ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩებს, განეხილათ აღნიშნული პრობლემები ვაშინგტონში. თავდაპირველად ამერიკელებს სურდათ, რომ კონფერენციაზე მონაწილეობა მიეღოთ ჩინეთის წარმომადგენლებსაც, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა ჩინელებთან მოლაპარაკებები გაემართათ ცალკე _ საბჭოთა მხარის მონაწილეობის გარეშე1. დადგინდა კონფერენციის მოწვევის თარიღიც _ 1944წ. 21 აგვისტო.
კონფერენციისათვის მზადების პერიოდში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს განსახილველი საკითხების თავიანთი თვალთახედვა. 1944წ. 18 ივლისს ამერიკელებმა დიდი ბრიტანეთის, სსრკ-ს და ჩინეთის წარმომადგენლებს გაუგზავნეს დოკუმენტი სახელწოდებით: „წინასწარი წინადადებები საყოველთაო საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის შესახებ“. აღნიშნულ დოკუმენტში გაცხადებული იყო, რომ მოსკოვის დეკლარაციის ხელისმომწერ ოთხ სახელმწიფოს უნდა მიეღწია შეთანხმებისათვის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე, ხოლო შემდეგ, უკვე შეჯერებული პროექტი, გადაეცა დანარჩენი გაერთიანებული ერების2 მთავრობებისათვის. დასკვნითი ეტაპი, ამერიკელების აზრით, გახდებოდა გაერთიანებული ერების კონფერენცია, რომელზეც საბოლოოდ იქნებოდა შეთანხმებული ორგანიზაციის ძირითადი დოკუმენტები.
1. აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო 1944წ. 29 სექტემბერს და დასრულდა 7 ოქტომბერს.
2. ტერმინი „გაერთიანებული ერები“ გაჩნდა 1942წ. 1 იანვარს ვაშინგტონში 26 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის შედეგად
22 ივლისს მოკავშირეებს თავისი იდეები გააცნეს ბრიტანელებმაც, რომლებმაც 5 მემორანდუმი შეიმუშავეს. ინგლისელებს მიაჩნდათ, რომ ოთხ სახელმწიფოს _ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, სსრკ-ს, ჩინეთს _ უნდა დაეკავებინათ განსაკუთრებული ადგილი ორგანიზაციაში და სწორედ მათ უნდა აეღოთ, ძირითადად, პასუხისმგებლობა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად.
12 აგვისტოს თავისი მემორანდუმი უკვე გაავრცელა საბჭოთა მხარემ. მასში ყურადღება გამახვილებული იყო ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე, შემადგენლობაზე, ძირითად ორგანოებზე და აგრესიის აღკვეთისა და ჩახშობის საშუალებებზე. კონფერენციის დაწყების შემდეგ, 23 აგვისტოს, ჩინეთმაც წარმოადგინა თავისი წინადადებები.
კონფერენცია დანიშნულ დროს, 1944წ. 21 აგვისტოს დაიწყო ვაშინგტონის გარეუბან დუმბარტონ ოქსში. მოლაპარაკებები საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა. დუმბარტონ ოქსის კონფერენციაზე ფაქტობრივად შემუშავებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება. განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო უშიშროების საბჭოში კენჭისყრის პროცედურას. კამათის მთავარი მიზეზი იყო საბჭოთა მხარის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი კენჭისყრისას დაცული ყოფილიყო ერთხმივობის პრინციპი და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე მუდმივი წევრი იქნებოდა მოდავე მხარე, მას ჰქონოდა ხმის მიცემის უფლება. ბუნებრივია, ამის წინააღმდეგ გაილაშქრეს ბრიტანეთისა და აშშ-ს დელეგაციებმა, რომელთაც ვერ წარმოედგინათ, თუ როგორ უნდა ჰქონოდა დავის მონაწილე ქვეყანას ხმის მიცემის (ფაქტობრივად კი ვეტოს დადების) უფლება. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს აღმოჩნდა თითქმის ერთადერთი საკითხი, რომელზეც დუმბარტონ ოქსში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული1.
გარკვეული კამათი წარმოიშვა ორგანიზაციაში გაწევრიანების პრინციპის განსაზღვრისასაც. საბჭოთა მხარემ წამოაყენა წინადადება, რომ დამფუძნებელი წევრების რიცხვში შესულიყო ყველა სახელმწიფო, რომელმაც ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების დეკლარაციას ან მოგვიანებით შეუერთდა მას. საკუთრივ ამ დებულებას არ გამოუწვევია არანაირი წინააღმდეგობა კონფერენციაზე, მაგრამ მოგვიანებით საბჭოთა დელეგაციამ მოითხოვა დამფუძნებელთა რიცხვში შეეყვანათ 16-ვე საბჭოთა რესპუბლიკა2. ბუნებრივია, ამან ამერიკელებისა და ბრიტანელების გაოცება გამოიწვია. რუზველტმა ვერ დამალა თავისი გაღიზიანება ამ ფაქტით და სტალინისათვის გაგზავნილ წერილში შეშფოთება გამოთქვა აღნიშნული მოთხოვნის გამო. საბოლოო ჯამში, ეს წინადადება არ იქნა მიღებული და მისი განხილვა შემდგომისათვის გადაიდო3. გარდა ამისა, საბჭოთა მხარეს სურდა, რომ წესდებით აკრძალულიყო ორგანიზაციაში ფაშისტური ტიპის სახელმწიფოების გაწევრიანება, მაგრამ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა უარყვეს ეს წინადადება. მათი თქმით, ძნელი განსასაზღვრი იქნებოდა, იყო თუ არა ესა თუ ის სახელმწიფო ფაშისტური ტიპის. ამიტომაც გადაწყვეტილებებში ჩაიწერა, რომ ორგანიზაციის წევრობა შეეძლო ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს.
1. ეს საკითხი დაზუსტდა ყირიმის კონფერენციაზე და შეთანხმებას საფუძვლად ამერიკელებისა და ბრიტანელების წინადადება დაედო, თუმცა საბოლოო რედაქცია მაინც მიღებული იქნა უშუალოდ სან ფრანცისკოს კონფერენციაზე.
2. ამით საბჭოთა კავშირს გენერალურ ასამბლეაზე ავტომატურად ექნებოდა 17 ხმა, რაც საკმაოდ სერიოზული წინაპირობა იქნებოდა ამ ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად.
3. ყირიმის კონფერენციაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალ ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლება ექნებოდათ უკრაინის სსრ-ს და ბელორუსიის სსრ-ს.
კონფერენციაზე შეთანხმებულ იქნა ახალი ორგანიზაციის, რომელსაც პირობითად ეწოდა „გაერთიანებული ერები“, სტრუქტურა და ორგანოები. გადაწყდა, რომ ძირითადი ორგანოები ყოფილიყო: გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭო, საერთაშორისო სასამართლო და სამდივნო. დამხმარე ორგანოებს, საჭიროების შემთხვევაში, თავად ორგანიზაცია შექმნიდა. განისაზღვრა აგრეთვე მათი ფუნქციები. მსოფლიოში უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა დაეკისრა მუდმივმოქმედ უშიშროების საბჭოს, რომლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებით უნდა ეხელმძღვანელა ორგანიზაციის ყველა წევრს. განისაზღვრა უშიშროების საბჭოს წევრთა რაოდენობაც _ 11, რომელთაგან 5 _ აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და საფრანგეთი _ მუდმივი წევრი იქნებოდა, დანარჩენები კი აირჩეოდნენ 2 წლით 6-დან სამი მათგანის ყოველ წელს გადარჩევით. გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიღების უფლება ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოს მიენიჭა. ასამბლეის ფუნქციებში შევიდა უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით ორგანიზაციაში ახალი წევრის მიღება და ნებისმიერი წევრის გარიცხვა, თუ ეს უკანასკნელი სისტემატურად დაარღვევდა სტატუტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს. გარდა ამისა, გენერალურ ასამბლეას მიეცა ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევის უფლება, თუმცა ყოველივე ეს ასევე უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით უნდა მომხდარიყო. აღნიშნული ორგანოს ფუნქციებში შევიდა აგრეთვე უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრების არჩევა და ორგანიზაციის ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები. საორგანიზაციო საკითხების გარდა, ყველა გადაწყვეტილება ასამბლეას უნდა მიეღო 2/3-ით. დებატები ასამბლეასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართა მხოლოდ ერთხელ და ეს გამოიწვია ამერიკელთა წინადადებამ, რომ ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას სახელმწიფოთა ხმების რაოდენობა ყოფილიყო ორგანიზაციის ხარჯებში მათი მონაწილეობის პროპორციული, მაგრამ ეს შემოთავაზება უარყოფილი იქნა.
დუმბარტონ ოქსში ჩამოყალიბდა დებულებები საერთაშორისო სასამართლოს შესახებ, თუმცა არ იქნა საბოლოოდ განსაზღვრული მისი სტატუტი. გადაწყდა, რომ მომავალში შემუშავებულიყო ახალი სტატუტი, ან შექმნილ ვითარებასთან შესაბამისობაში მოეყვანათ ერთა ლიგის მიერ 1922წ. დამტკიცებული სტატუტი.
დელეგატებმა გადაწყვიტეს აგრეთვე ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შექმნა, რომლის წევრები ირჩეოდნენ 3 წლით და საკითხები უნდა გადაეწყვიტა უბრალო უმრავლესობით. საბჭოს ასევე მიენიჭა საჭირო კომისიების შექმნის უფლება. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ორგანიზაციის მთავარ ადმინისტრაციულ პირზეც. გადაწყდა, რომ ეს ფუნქცია დაეკისრებოდა გენერალურ მდივანს, რომელსაც აირჩევდა გენერალური ასამბლეა ხმების 2/3-ით უშიშროების საბჭოსაგან რეკომენდაციის მიღების შემდეგ. მისი უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა მომავლისათვის გადაიდო.
შეთანხმებულ დოკუმენტში აგრეთვე შევიდა ახალი ორგანიზაციის სტატუტში ცვლილებების შეტანის დებულებაც. ეს დასაშვებად იქნა მიჩნეული, თუ შესწორებას მხარს დაუჭერდა ასამბლეის მონაწილეთა 2/3 და შემდგომ მოხდებოდა შეცვლილი სტატუტის ხელახალი რატიფიკაცია.
დუმბარტონ ოქსში მიღებული გადაწყვეტილებები აისახა მონაწილეების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელსაც ეწოდა „წინადადებები უსაფრთხოების საყოველთაო საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით“ და რომელიც გამოქვეყნდა 1944წ. 9-10 ოქტომბერს. კონფერენციის შედეგებით სამივე მხარე მეტად კმაყოფილი დარჩა, რაც აისახა კიდეც როგორც მის მონაწილეთა მემუარებში, ისე ისტორიოგრაფიაში6. მართლაც, კონფერენცია გამოირჩეოდა სხვა მაღალი დონის შეხვედრებისაგან შედარებით მშვიდი ატმოსფეროთი და საკითხების სწრაფი გადაწყვეტით, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დუმბარტონ ოქსში წამოჭრილი პრობლემების უმრავლესობას პრინციპული მნიშვნელობა მხარეებისათვის არ ჰქონდა. იქ კი, სადაც მართლაც პრინციპული იყო ამა თუ იმ მხარისათვის თავისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება, იმართებოდა საკმაოდ მწვავე დებატები, რომლებსაც ზოგჯერ შედეგი არ მოჰქონდა. საბოლოო ჯამში, კონფერენცია წინგადადგმული ნაბიჯი იყო მსოფლიო ორგანიზაციის შექმნის გზაზე და, ალბათ, მართალი გახლდათ ჩ. ბოლენი, როდესაც აცხადებდა, რომ „დუმბარტონ ოქსის გარეშე არ იქნებოდა სან ფრანცისკო და შეიძლება არ ყოფილიყო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“.
$4. დე გოლის ვიზიტი მოსკოვში და სსრკ-საფრანგეთის სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება
1944წ. 2 დეკემბერს მოსკოვს ვიზიტით ეწვია საფრანგეთის დროებითი მთავრობის მეთაური გენ. შარლ დე გოლი. სსრკ-ში ჩამოსვლის იდეა მთლიანად დე გოლს ეკუთვნოდა და მან თავისი სურვილის შესახებ ამცნო საბჭოთა მხარეს 8 ნოემბერს საფრანგეთის დროებით მთავრობასთან აკრედიტებულ ელჩ ა. ბოგომოლოვთან საუბრისას1. 13 ნოემბერს ბოგომოლოვმა მოლოტოვისაგან დადებითი პასუხი მიიღო და ვიზიტისათვის მზადებაც დაიწყო. დე გოლისთვის აღნიშნული შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. საფრანგეთის დროებითი მთავრობის მეთაურს ყველანაირად სურდა, აღედგინა თავისი ქვეყნის ომამდელი მდგომარეობა. ის გრძნობდა, რომ დიდი ბრიტანეთისა და, განსაკუთრებით, აშშ-ს ხელმძღვანელობა არ აღიქვამდა საფრანგეთს სრულუფლებიან პარტნიორად. ამიტომ დე გოლს ძალიან მოეწონა აზრი, დაედო სამოკავშირეო ხელშეკრულება სსრკ-სთან, რაც მას გარკვეულწილად მისცემდა საშუალებას, ქცეულიყო რუზველტისა და ჩერჩილის თანასწორად2. სწორედ ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა სტალინთან იყო დე გოლის მთავარი პოლიტიკური მიზანი მოსკოვში. გარდა ამისა, დე გოლს სურდა, გაერკვია, თუ რა დამოკიდებულება ექნებოდა საბჭოთა ლიდერს საფრანგეთ-გერმანიის მომავალი საზღვრის საკითხისადმი. თავის მხრივ, როგორც ჩანს, სტალინს არ ჰქონდა ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია საფრანგეთის მიმართ. სავარაუდოდ, მისი დამოკიდებულება დე გოლისადმი მთლად დადებითი არ იყო. ამას გვაფიქრებინებს ა. ბოგომოლოვის მიერ სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში 1944წ. 14 ნოემბერს გამოგზავნილი წერილი. მასში სსრკ-ს ელჩი საფრანგეთში საკმაოდ საინტერესო კომენტარებს აკეთებს. ის შესაძლებლად მიიჩნევს დე გოლის მიერ წარმოდგენილი დელეგაციის წევრების სიის დამტკიცებას და იქვე აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ლიდერი შეჩვეული იყო პალევსკის3 მდივნობას, რაც, ბოგომოლოვის თქმით, მისთვისვე იქნებოდა უარესი, თუ ცუდი თანაშემწე ჰყავდა შერჩეული. გარდა ამისა, საბჭოთა ელჩი ითხოვდა ნებართვას, გამოჰყოლოდა დე გოლს, რომელიც მეტად მგრძნობიარე იყო სახელმწიფოს მეთაურის პროტოკოლის ნორმების საკითხში და საჭირო არ იყო მისი განაწყენება მოგზაურობის დასაწყისიდანვე.
1. აღსანიშნავია, რომ თავად დე გოლი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა მემუარებში. მისი თქმით, ჩერჩილისა და იდენის საფრანგეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ (ვიზიტი 1944წ. 10-13 ნოემბერს შედგა) ბოგომოლოვმა თავად გადასცა მას საბჭოთა მთავრობის მოწვევა მისი მხრიდან ყოველგვარი თხოვნის გარეშე თუმცა ა. ვერთის მტკიცებით, დე გოლის მემუარები მოსკოვის ვიზიტის აღწერისას მაინცდამაინც დიდი სიზუსტითა და სანდოობით არ გამოირჩევა, რასაც ის საკუთარი დაკვირვებებით.
2. ამით ის მოკავშირეებისათვის სამაგიეროს გადახდას აპირებდა „ღალატისათვის“.
3. პალევსკი იყო დე გოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ჩვენთვის უცნობია, თუ რა მიზეზით მოიხსენია ის ასეთი ტონით ბოგომოლოვმა _ თ.პ.
დე გოლმა მოსკოვში 8 დღე დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა სტალინს. გარდა ამისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟ. ბიდოსა და სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ვ. მოლოტოვს სისტემატური კონსულტაციები ჰქონდათ. მოლაპარაკებების ძირითადი თემა იყო საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ხელშეკრულების გაფორმების საკითხი. პირველივე დღიდან ნათელი გახდა, რომ ფრანგებს სურდათ, საბჭოთა მხარესთან დაედოთ 1942წ. 26 მაისის სსრკ-დიდი ბრიტანეთის სამოკავშირეო ხელშეკრულების მსგავსი დოკუმენტი.
პირველი საუბარი სტალინსა და დე გოლს შორის შედგა 2 დეკემბერს. თავდაპირველად მხარეებმა ზოგადი ხასიათის თემებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც დე გოლი პირდაპირ გადავიდა მთავარ საკითხზე. მან განაცხადა, რომ საფრანგეთის წინაშე არსებული თითქმის ყველა საგარეო თუ შინაპოლიტიკური პრობლემა სათავეს იღებდა 1870-1871, 1914-1918 და 1940 წლებში გერმანიის მიერ საფრანგეთზე განხორციელებული თავდასხმებიდან. ამიტომ, დე გოლის თქმით, ფრანგებისთვის ცხადი გახდა, რომ მომავალში ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი იყო მჭიდრო თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოებთან. მან ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის უბედურებების ძირითადი მიზეზი იყო რუსეთთან (ასეა ორიგინალში _ თ.პ.) ეფექტური ხელშეკრულების უქონლობა1. საბჭოთა მხარემ, კერძოდ, მოლოტოვმა, შეახსენა დე გოლს, რომ 1935წ. საფრანგეთსა და სსრ კავშირს შორის გაფორმდა პაქტი, რომელიც ფაქტობრივად არ შესრულდა. საფრანგეთის ლიდერმაც გაიხსენა ეს ხელშეკრულება და აღნიშნა, რომ ძირითადად ის არ იყო ცუდი დოკუმენტი, თუმცა მასში რამდენიმე პუნქტი მოძველდა. აქვე მან იკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი 1935 წლის პაქტზე დაყრდნობა ახალი ხელშეკრულების შემუშავებისას. სტალინმა შესაძლებლად მიიჩნია ამ საკითხზე დაფიქრება.
1. დე გოლის მემუარებში ამ შეხვედრის ტექსტი ოდნავ განსხვავდება საბჭოთა ჩანაწერისაგან. მასში საფრანგეთის მარცხი ახსნილია იმ გარემოებით, რომ რუსეთი არ იყო წარმოდგენილი 1919წ. პარიზის საზავო კონფერენციაზე, რის გამოც ფრანგებს დააკლდათ რუსების მხარდაჭერა საზღვრების საკითხში.
გარდა სამოკავშირეო ხელშეკრულებისა, დე გოლმა წამოჭრა საფრანგეთ-გერმანიის მომავალი საზღვრის საკითხიც. საფრანგეთის ლიდერმა პირდაპირ განუცხადა სტალინს, რომ მას სურდა საზღვარი მდინარე რაინზე, რაც გეოგრაფიულად უფრო იოლს გახდიდა შემდგომში გერმანიისაგან თავის დაცვას. სტალინმა დააზუსტებინა დე გოლს, ნიშნავდა თუ არა ეს რაინის ოლქის საფრანგეთის შემადგენლობაში შეყვანას და, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ აღნიშნა, რომ მას პირველად ესმოდა ასეთი მოთხოვნის შესახებ, რადგანაც ინგლისელები რაინ-ვესტფალიის ოლქზე საერთაშორისო კონტროლის დამყარების იდეას იხილავდნენ. აქვე საბჭოთა ლიდერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთს (ასეა ორიგინალში _ თ.პ.) გაუჭირდებოდა ბრიტანელების მოსაზრების წინააღმდეგ წასვლა. როგორც ჩანს, დე გოლი საკმაოდ გააღიზიანა ამ შენიშვნამ და განაცხადა, რომ ფრანგების მდგომარეობაში ინგლისელები და ამერიკელები სხვანაირად გადაწყვეტდნენ საკითხს, მაგრამ მათ სხვა პრობლემები აწუხებდათ, რადგანაც გეოგრაფიულად და ისტორიულად რაინზე არ იმყოფებოდნენ. ამიტომაც მოუხდათ ყველაზე დიდი მსხვერპლის გაღება, დე გოლის თქმით, საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს. სტალინს აშკარად არ მოსწონდა ამ საკითხზე საუბარი და ყველანაირად ეცადა, აერიდებინა მისი განხილვა. მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ხელმძღვანელების გარეშე არ შეიძლებოდა საზღვრების საკითხის გადაწყვეტა. გარდა ამისა, სტალინმა შენიშნა, რომ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარეშე ასევე ძნელი იყო გერმანიის დამარცხება, რაზეც მეტყველებდა ბოლო ორი ომის გაკვეთილები.
შესაძლოა, საბჭოთა ლიდერი ფიქრობდა, რომ დე გოლი ამის შემდეგ მაინც შეწყვეტდა რაინზე საუბარს, მაგრამ გენერალი მაინც არ დაცხრა. მან განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ჩარევა ხდებოდა მაშინ, როდესაც საფრანგეთი უკვე თითქმის დაღუპული იყო. ამიტომ დე გოლმა საჭიროდ ჩათვალა კარგი პირობების შექმნა გერმანიასთან შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, რაც, ყველას, მათ შორის ინგლისელებისა და ამერიკელების, ინტერესებში შედიოდა. სტალინმა ახლა უკვე პირდაპირ უთხრა საფრანგეთის ლიდერს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საბჭოთა მხარეს არ შეეძლო სხვა მოკავშირეების გარეშე. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სსრკ-შიც იყო ხალხი, ვინც კარპატებსა და ტრანსილვანიას ბუნებრივ საზღვრებად თვლიდა1, მაგრამ ამის მიღწევა არ იყო ადვილი. სტალინმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო თვალსაზრისით საზღვრები კი არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ ძლიერი არმია. როგორც ჩანს, ეს არგუმენტი საკმაოდ დამაჯერებელი აღმოჩნდა დე გოლისათვის, რომელმაც მხოლოდ ის შენიშნა, რომ რაინის ოლქზე საერთაშორისო კონტროლის დამყარების შემთხვევაში საფრანგეთი სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებასა და მზადყოფნის დონეზე იქნებოდა დამოკიდებული.
1. ძნელი სათქმელია, თუ ვინ თვლიდა საბჭოთა კავშირში სსრკ-ს ბუნებრივ საზღვრად ტრანსილვანიას (საერთოდ, ისიც საკითხავია, თუ რამდენად სწორად შეიძლება ჩაითვალოს ტერმინი „სსრკ-ს ბუნებრივი საზღვარი“ ისტორიული თვალსაზრისით), მაგრამ კარპატებს საბჭოთა იმპერიის საზღვარი მთელ რიგ მონაკვეთებზე ომის შემდგომ გასცდა კიდეც. სტალინის ეს სიტყვები ერთგვარ ეჭვს გვიჩენს, ხომ არ სურდა მას რუმინეთის მთლიანად „ჩაყლაპვა“ და ერთ-ერთ საბჭოთა რესპუბლიკად გადაქცევა.
გაცილებით უფრო იოლად წარიმართა მსჯელობა გერმანიის აღმოსავლეთი საზღვრის საკითხზე. დე გოლი პრაქტიკულად განხილვის გარეშე დაეთანხმა სტალინის სურვილს, რომ გერმანია-პოლონეთის საზღვარს გაევლო მდინარეებზე ოდერსა და ნოისეზე. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ საფრანგეთი არ იქნებოდა აღმოსავლეთ პრუსიის პოლონეთისათვის გადაცემის წინააღმდეგი.
ზემოაღნიშნული საკითხების გარდა, სტალინმა საკმაოდ დაწვრილებით გამოჰკითხა დე გოლს, საფრანგეთში არსებული მდგომარეობისა მისი სამხედრო პოტენციალის შესახებ. გაირკვა, რომ საფრანგეთში მრეწველობის აღდგენა საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, არმიას თითქმის არ ჰყავდა ოფიცრები, ხოლო ავიაცია პრაქტიკულად არ არსებობდა. სტალინმა შესთავაზა კიდეც დე გოლს, რომ დაუბრუნებდა მას საავიაციო პოლკ „ნორმანდიის“ პილოტებს, მაგრამ საფრანგეთის ლიდერმა უპასუხა, რომ ამ შენაერთს დიდი სარგებელი მოჰქონდა აღმოსავლეთის ფრონტზე. მაშინ სტალინმა მას შესთავაზა აღნიშნული პოლკის დივიზიად გადაკეთება. ეს იდეა დე გოლსაც მოეწონა და თანხმობაც განაცხადა ახალგაზრდა მფრინავების საბჭოთა კავშირში გამოგზავნაზე1.
საუბრის ბოლოს სტალინმა საუზმეზე მიიწვია დე გოლი, რომელმაც, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საბჭოთა ლიდერს მიღებისათვის.
1. ეს ნაწილი არ არის მოყვანილი შეხვედრის ამსახველ ფრანგულ დოკუმენტში, რომლის ჩაწერასაც გარო აწარმოებდა.
მომდევნო დღეს რაიმე მოლაპარაკებებს უმაღლეს დონეზე თუ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ადგილი არ ჰქონია, თუმცა საღამოს, როდესაც ფრანგული დელეგაცია თეატრში იმყოფებოდა, მოლოტოვმა წამოჭრა საფრანგეთ-საბჭოთა კავშირის პაქტის რატიფიკაციის საკითხი. სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჯერ დეჟანს დაუსვა კითხვა, თუ რა პირობებში მოხდებოდა საფრანგეთში პაქტის რატიფიცირება და თუ მიიღებდა ამაში მონაწილეობას საფრანგეთის საკონსულტაციო ასამბლეა. ფრანგმა დიპლომატმა მას ამცნო, რომ ასამბლეას მხოლოდ რჩევის მიცემა შეეძლო, რაც ჩანდა კიდეც მისი სახელწოდებიდან. მოლოტოვი, როგორც ჩანს, არ დაკმაყოფილდა პასუხით და ახლა უკვე ბიდოს მიმართა იგივე კითხვით. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგივე განმარტება მისცა თავის საბჭოთა კოლეგას, მაგრამ ეს უკანასკნელი მაინც არ დაკმაყოფილდა და უკვე თავად დე გოლს შეეკითხა რატიფიკაციის თაობაზე. საფრანგეთის ლიდერმაც დაამოწმა თავისი ხელქვეითების პასუხი და დაუკონკრეტა კიდეც მოლოტოვს, რომ 1943 წლის სსრკ-ჩეხოსლოვაკიის პაქტი რატიფიცირებულ იქნა მხოლოდ ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის ედუარდ ბენეშის მიერ, რომელიც, ამასთან, დროებით ასრულებდა თავის მოვალეობებს და თანაც ლონდონში იმყოფებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაცხრა სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი, თუმცა, როგორც ჩანს, სტალინი ბოლომდე არ დაკმაყოფილდა ამ განმარტებით. ამას ადასტურებს მის მიერ იმავე დღეს ჩერჩილისა და რუზველტისათვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ის მათ ამცნობდა დე გოლთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. საბჭოთა ლიდერმა „დიდი სამეულის“ სხვა წევრებს შეატყობინა, რომ ფრანგებს ჯერ კიდევ უნდა დაეზუსტებინათ რატიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები. აქვე სტალინი შეეხო საფრანგეთ-გერმანიის მომავალი საზღვრის საკითხს და ამცნო ჩერჩილსა და რუზველტს, რომ მან უარი უთხრა საფრანგეთის დროებითი მთავრობის მეთაურს ამ საკითხის გადაწყვეტაზე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის თანხმობის გარეშე. წერილის ბოლოს საბჭოთა ლიდერმა სთხოვა თავის კოლეგებს, რომ გამოეგზავნათ თავიანთი შენიშვნები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
5 დეკემბერს შედგა ოფიციალური საუბარი მოლოტოვსა და ბიდოს შორის, რომლის დროსაც მხარეები ძირითადად ხელშეკრულების პროექტს ათანხმებდნენ, თუმცა, უკვე შეხვედრის დასაწყისში, საბჭოთა მინისტრმა გააკეთა ერთი მეტად საინტერესო განცხადება, რომელმაც ცხადყო, რომ სტალინს გარკვეული გეგმა ჰქონდა შემუშავებული ფრანგებთან მიმართებაში. მოლოტოვმა ჯერ ამცნო თავის კოლეგას, რომ დუმბარტონ ოქსში საბჭოთა მხარემ მხარი დაუჭირა ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივ წევრთა შორის საფრანგეთის შეყვანას. მან აქვე აღნიშნა, რომ სსრკ-მ აგრეთვე შესთავაზა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს, შეეყვანათ საფრანგეთის წარმომადგენელი ევროპის საკონსულტაციო კომისიაში1. ამის შემდეგ კი მოლოტოვმა მოულოდნელად განუცხადა ბიდოს, რომ საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს კიდევ ჰქონდათ გადასადგმელი ნაბიჯები თავიანთი პოზიციების შესაჯერებლად სხვადასხვა საკითხზე, კერძოდ კი, პოლონეთის შესახებ. ჩვენი ყურადღება სწორედ ამ გარემოებამ მიიქცია. როგორც შემდგომმა მოლაპარაკებებმა ცხადყო, საბჭოთა მხარის მოქმედება შემთხვევითი არ იყო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ჩანს, თავიდან მაინცდამაინც არ გაუმახვილებია ყურადღება ამ ფაქტზე და მხოლოდ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებული იყო ძლიერი პოლონეთით და მას არ ჰქონდა რაიმე შენიშვნები პოლონეთის საზღვრებთან დაკავშირებით. შესაძლოა, ფრანგულ დელეგაციას იმედი ჰქონდა, რომ პოლონეთის თემა ამით ამოწურული იქნებოდა, მაგრამ საუბრისას გაირკვა საბჭოთა მხარის ნამდვილი მიზანი. პაქტის პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ მოლოტოვი კვლავ დაუბრუნდა პოლონეთის საკითხს და ჰკითხა ფრანგული დელეგაციის წევრებს (შეხვედრას გარო და დეჟანიც ესწრებოდნენ _ თ.პ.), თუ შეესაბამებოდა სიმართლეს ფრანგული მხარის სურვილი, გაეგზავნა ლუბლინში, სადაც განთავსებული იყო პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტი, ორი ფრანგი ოფიცერი, რომლებიც იზრუნებდნენ განთავისუფლებულ ფრანგ ტყვეებზე და, ამავე დროს, მიეღო პარიზში პეგკ-ს ოფიციალური წარმომადგენელი. ბიდომ და გარომ დაადასტურეს ეს ინფორმაცია, რის შემდეგაც სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა მოულოდნელად შესთავაზა მათ, გაეცვალათ ოფიციალური წარმომადგენლები ლუბლინელ პოლონელებთან და აღნიშნა, რომ მსგავსი აქტი გაადვილებდა ხელშეკრულების გაფორმებას საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის2. აქ უკვე ნათელი გახდა საბჭოთა მხარის ჭეშმარიტი მიზანი: მოეხდინა მის მიერ შეკოწიწებული პოლონეთის მარიონეტული მთავრობის საერთაშორისო ცნობა.
1. ფრანგულ დოკუმენტებში მხოლოდ დე გოლისა და სტალინის საუბრების ჩანაწერებია მოყვანილი, თანაც არასრულად _ თ.პ.
2. როგორც ჩანს, ფრანგულ მხარეს ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებული ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს თავად დე გოლი, თუმცა, მისი თქმით, მას სურდა საბოლოოდ დაზუსტება, თუ რისი გაკეთება სურდა სტალინს პოლონეთში.
უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოური ისტორიოგრაფია ყველანაირად ცდილობდა, არ „შეემჩნია“ აღნიშნული ფაქტი. მკვლევართა დიდი უმრავლესობა არც იხსენიებდა იმ გარემოებას, რომ სტალინმა და მოლოტოვმა საფრანგეთსა და სსრკ-ს შორის პაქტის გაფორმება პირდაპირ მიაბეს პეგკ-ს ოფიციალური ცნობის საკითხს1. ასე, მაგალითად, ვ. ისრაელიანმა მხოლოდ აღნიშნა, რომ დე გოლის ვიზიტის დროს გამართული შეხვედრებისას მიმდინარეობდა საუბარი პოლონეთის პრობლემაზე, თუმცა რა ვითარებაში და როგორ, არ დაუკონკრეტებია. უფრო მეტიც, მან ისიც კი განაცხადა, რომ ამ საკითხზე არანაირი გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული.
ჩვენი აზრით, სტალინმა ჩერჩილთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ერთგვარად შეიცვალა პოზიცია პოლონეთის საკითხზე. სავარაუდოდ, ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო ლონდონის პოლონურ მთავრობაში მომხდარი სერიოზული გადაადგილებებით. 1944წ. ნოემბრის ბოლოს ემიგრანტული მთავრობის პრემიერ მინისტრი მიკოლაიჩიკი იძულებული გახდა, გადამდგარიყო და მისი ადგილი დაიკავა ტომაშ არციშევსკიმ. მიკოლაიჩიკის გადადგომის მთავარი მიზეზი გახდა მისი თანხმობა პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრად კერზონის ხაზის განსაზღვრაზე. ახალმა მთავრობამ კატეგორიული უარი განაცხადა საბჭოთა მხარის ამ მოთხოვნაზე, რამაც სტალინს, როგორც ჩანს, საბოლოოდ გადააწყვეტინა მათი ბედი. ყოველ შემთხვევაში, აქედან მოყოლებული ის გაცილებით უფრო აქტიურად უჭერდა მხარს მის მიერვე შექმნილ პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტს და ეს მკაფიოდ სწორედ დე გოლის მოსკოვში ვიზიტისას გამოვლინდა.
1. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ოფიციალური საბჭოთა გამოცემა „История дипломатии“, თუმცა აქაც არის მნიშვნელოვანი უზუსტობა, თითქოს ჯერ შეთანხმებული იქნა საფრანგეთის დროებით მთავრობასა და პეგკ-ს შორის არაოფიციალური წარმომადგენლების გაცვლა და მხოლოდ შემდეგ იქნა გაფორმებული პაქტი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატიურად თავი შეიკავა კონკრეტული პასუხის გაცემისაგან და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობა არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც არ იქნებოდა შეთანხმებული მოკავშირეებთან და რომ ის შეწუხებული იყო ლონდონისა და ლუბლინის პოლონურ მთავრობებს შორის არსებული დაპირისპირებით. აქვე ბიდომ შენიშნა, რომ საკითხის ამგვარად დაყენება მისთვის სიახლე იყო და პირადი შეხედულებით მისი დადებითად გადაწყვეტა შესაძლებლად ჩათვალა.
მოლოტოვი არ დაკმაყოფილდა ბიდოს პასუხით და პირდაპირ განუცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ საბჭოთა მხარე ერთმანეთს უკავშირებდა სსრკ-საფრანგეთის ხელშეკრულების დადებასა და პოლონეთსა და საფრანგეთს შორის ოფიციალური კონტაქტების გაფორმებას და ამ პროცესებს ერთდროულად გადასაწყვეტად მიიჩნევდა. პასუხად ბიდომ შენიშნა, რომ ის არ თვლიდა აუცილებლად პაქტის დაკავშირებას რაიმე წინაპირობასთან. აქვე მან აღნიშნა, რომ ფრანგებსაც სურდათ ზოგიერთი საკითხის, პირველ რიგში, რაინზე საზღვრის, სასწრაფოდ გადაწყვეტა. გარომ, თავის მხრივ, დაამატა, რომ ფრანგები ისედაც ყველა სხვა მოკავშირეზე შორს იყვნენ წასული ლუბლინის მთავრობასთან დაკავშირებით, რაზეც მეტყველებდა მათი კონტაქტები პეგკ-ს წევრებთან და წინადადება არაოფიციალური წარმომადგენლების გაცვლის შესახებ, რომელზეც პასუხი ჯერ კიდევ არ იყო მიღებული.
მოლოტოვმა აქ ოდნავ დაიხია უკან და აღნიშნა, რომ ის არ სთხოვდა ფრანგებს, ურთიერთობა გაეწყვიტათ ლონდონის ემიგრანტულ მთავრობასთან, თუმცა პირდაპირ უთხრა მათ, თუ რატომ არ იყო პასუხი მიღებული ლუბლინიდან. მისი თქმით, პოლონელებს არ აკმაყოფილებდათ შეთავაზებული პირობები. საუბრის დასასრულს კი სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა კიდევ ერთხელ განუმარტა ფრანგულ დელეგაციას, რომ პოლონეთის საკითხში პოზიციების თანხვედრა იქნებოდა საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის ხელშეკრულების დადების მთავარი პირობა. აქ ბიდოს, როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს აზრად მოუვიდა, განეცხადებინა, რომ დე გოლის თანხმობის გარეშე მას არ შეეძლო რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მან იქვე, ჩვენი აზრით, საკმაოდ სერიოზული შეცდომა დაუშვა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ურთიერთობები ლონდონის ემიგრანტულ მთავრობასთან სამუდამო ხასიათს არ ატარებდა და რომ პირადად ის არ ხედავდა რაიმე ხელისშემშლელ გარემოებას, რათა აღნიშნული საკითხი არ გადაწყვეტილიყო. ეს ნამდვილად არ იყო სწორი ნაბიჯი, რადგანაც ამით ფრანგმა დიპლომატმა აგრძნობინა საბჭოთა მხარეს, რომ მათთვის პაქტის დადება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და ყველა დანარჩენი საკითხი პრინციპულ ხასიათს არ ატარებდა.
აღნიშნული საუბარი ამით დასრულდა და დებატები გაგრძელდა მომდევნო დღეს, მთავრობათა მეთაურების მორიგი შეხვედრისას. დე გოლმა საუბარი სწორედ პოლონეთის საკითხით დაიწყო და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საფრანგეთისა და პოლონეთის ისტორიულ მოკავშირეობაზე, პოლონეთის მომავალ საზღვრებზე, რის შემდეგაც გადავიდა პრობლემაზე, რომელიც აწუხებდა სტალინს. უნდა აღინიშნოს, რომ აქ საფრანგეთის ლიდერი წარმოჩინდა, როგორც კარგი დიპლომატი, რადგანაც მისი პასუხი იმდენად დაბალანსებული იყო, რომ სტალინმა ვერ მოახერხა თავისი სურვილის დაფიქსირება და პოლონეთის საკითხის მიბმა სსრკ-საფრანგეთის ხელშეკრულებასთან. დე გოლმა შენიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობას ჯერ კიდევ სიკორსკის1 დროიდან ჰქონდა დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები პოლონეთის ემიგრანტულ მთავრობასთან და იქვე დასძინა, რომ ფრანგებს არ გააჩნდათ რაიმე პრაქტიკული ან მატერიალური შეხება მასთან, რადგანაც ეს პოლონელები იმყოფებოდნენ ლონდონში და არა პოლონეთში. საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა თვალყურს მიადევნებდა მოვლენების განვითარებას პოლონეთში და როდესაც ამ სახელმწიფოს ტერიტორია მთლიანად იქნებოდა განთავისუფლებული საბჭოთა ჯარების მიერ, გამოიყენებდა თავის გავლენას და მაქსიმალურად ხელს შეუწყობდა ორ პოლონურ დაჯგუფებას შორის საერთო ენის გამონახვას. ის შეეცდებოდა აგრეთვე, უზრუნველეყო სსრკ-სა და საფრანგეთის მიმართ პოლონეთის მხრიდან მეგობრული პოზიციის დაკავება.
1. ვლადისლავ სიკორსკი იყო პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის პრემიერ მინისტრი 1939-1943 წლებში. ის დაიღუპა 1943წ. ივლისში ავიაკატასტროფაში ჰიბრალტარის მახლობლად.
დე გოლის ვრცელი გამოსვლა იმდენად ზოგადი იყო და იმდენად ოსტატურად აგებული, რომ სტალინი, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა მზად საკითხის ამგვარად დასმისათვის და მცირე ტაიმაუტი აიღო პოლონეთის პრობლემასთან დაკავშირებით. მან აქცენტი გადაიტანა ე.წ. „დასავლეთის ბლოკზე“ და ჰკითხა დე გოლს, თუ რა იყო ეს1. საფრანგეთის ლიდერი არ დააბნია სტალინის შეკითხვამ და განაცხადა, რომ ასეთი კავშირი არ არსებობდა და თუ შეიქმნებოდა, ეს არ იქნებოდა ბლოკი. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში შეეძლო ეარსება მხოლოდ იმ სახელმწიფოთა ბლოკს, რომელთაც არ სურდათ, გამხდარიყვნენ გერმანიის აგრესიის მსხვერპლი2. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, საფრანგეთმა არჩია ხელშეკრულების გაფორმება საბჭოთა კავშირთან, თუმცა მას შეეძლო მიემართა უშუალო მეზობლებისათვის. დე გოლმა აღნიშნა, რომ მხოლოდ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სსრკ-ს ალიანსი შეიძლებოდა აღქმულიყო ევროპულ ბლოკად. როგორც ჩანს, სტალინი დააკმაყოფილა დე გოლის პოზიციამ ამ საკითხზე და დაადასტურა საბჭოთა მხარის ინტერესი საფრანგეთ-რუსეთის პაქტის დადებისადმი. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ რამდენიმე დღეში ეს საქმე დასრულებული იქნებოდა3.
1. „დასავლეთის ბლოკის“ იდეა ეფუძნებოდა საფრანგეთისა და ინგლისის კავშირის შექმნას, რომელსაც შეუერთდებოდა რამდენიმე მცირე სახელმწიფო. ბლოკი მიმართული უნდა ყოფილიყო გერმანიის წინააღმდეგ, თუ ეს უკანასკნელი კვლავ დაიწყებდა მეზობლების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს, თუმცა ამ იდეას აღფრთოვანებით არც საბჭოთა კავშირი შეხვედრია. უფრო მეტიც, მოგვიანებით, როდესაც 1948წ. მართლაც შეიქმნა „დასავლეთის კავშირი“ _ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ჰოლანდიისა და ლუქსემბურგის შემადგენლობით, ამან საბჭოთა მხარის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „დასავლეთის კავშირის“ იდეა არც 1944წ. იყო საბჭოთა ლიდერისათვის მისაღები და სწორედ ამიტომ წამოჭრა მან ეს საკითხი დე გოლთან მოლაპარაკებების დროს.
2. საინტერესოა, რომ 1944წ. დე გოლისათვის არსებული ერთადერთი მტერი _ გერმანია, 1958წ. იქცა ერთადერთ... მეგობრად.
3. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 179. ფრანგულ ჩანაწერში სტალინის ვარაუდი არ გვხვდება.
ამის შემდეგ სტალინი მიუბრუნდა პოლონეთის საკითხს. მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა რუსებისა და პოლონელების ოდინდელი სიძულვილის მიზეზებზე. აქვე საბჭოთა ლიდერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ ყოველთვის დადებითი იყო სხვა დიდი სახელმწიფოებისაგან განსხვავებით და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის მოქმედი მთავრობის პოზიციაც უფრო პოზიტიური იქნებოდა, ვიდრე დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების. სტალინმა განაცხადა, რომ ინგლისელები, რომელთაც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ პოლონეთის ემიგრანტულ მთავრობასთან, გარკვეულწილად დაიბნენ, ისევე როგორც ეს მათ დაემართათ იუგოსლავიაში მიხაილოვიჩთან მიმართებაში. მისი თქმით, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ, მსგავსად მიხაილოვიჩისა, რომელიც საკუთარ ქვეყანაშიც კი ვერ ბრუნდებოდა, არც პოლონელი ჟიროები და ლავალები მიეშვა ადგილობრივ მოსახლეობას პოლონეთში. აქ უკვე სტალინმა დე გოლს იმის მოყოლა დაუწყო, თუ როგორ იყო გაბრაზებული პოლონეთის მოსახლეობა ლონდონის მთავრობაზე, რადგანაც ისინი არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში მისი განთავისუფლების პერიოდში. მან ხაზი გაუსვა მიწის რეფორმასაც, რომელსაც ატარებდნენ პოლონეთში, თუმცა ძნელი სათქმელია, რომ საფრანგეთის ლიდერზე ამ დემაგოგიურმა განცხადებებმა რაიმე გავლენა იქონია. დე გოლმა მშვიდად განუცხადა სტალინს, რომ პოლონეთის განთავისუფლების შემდეგ ნათელი გახდებოდა, თუ როგორი იყო პოლონელების დამოკიდებულება ლონდონისა და ლუბლინის მთავრობებისადმი. მან აქვე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობას ჰქონდა ურთიერთობები ემიგრანტულ მთავრობასთან, ხოლო სხვა მთავრობას სცნობდა მხოლოდ დანარჩენ მოკავშირეებთან შეთანხმებით და განაცხადა, რომ სწორედ ასე მოიქცა საბჭოთა ხელისუფლებაც, როდესაც თავად საფრანგეთის დროებითი მთავრობის ცნობის საკითხი იდგა დღის წესრიგში. გარდა ამისა, დე გოლმა სტალინი დაიჭირა უზუსტობაში და შენიშნა, რომ ლავალისა და ჟიროს ერთ ტაფაში მოხარშვა არ შეიძლებოდა, რადგანაც მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობა იყო. მან შეახსენა საბჭოთა ლიდერს, რომ ლავალი თანამშრომლობდა გერმანელებთან, ჟირო კი _ არა. სტალინიც დაეთანხმა დე გოლს და განაცხადა, რომ ის არ ურევდა ერთმანეთში ლავალსა და ჟიროს. საინტერესოა, რომ ამით ძირითადი საკითხის განხილვა დასრულდა და მხარეებმა მეორეხარისხოვან თემებზე _ მდგომარეობა ბალკანეთსა და ცენტრალურ ევროპაში, საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები _ განაგრძეს საუბარი. ჩვენი აზრით, ეს არ არის შემთხვევითი. სტალინი აშკარად მიხვდა, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდი დე გოლის უპირატესობით წარიმართა და მომავლისათვის გადადო ძირითადი პრობლემის გადაწყვეტა.
მომდევნო დღეს, 7 დეკემბერს, შედგა მოლოტოვისა და ბიდოს კიდევ ერთი შეხვედრა. მინისტრების საუბრისას გაირკვა, რომ საბჭოთა მხარის პოზიციაში ერთგვარი ტრანსფორმაცია მოხდა. ფორმალურად სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ამის მიზეზად გამოაცხადა ჩერჩილის მიერ სტალინისათვის გამოგზავნილი წერილი. აღნიშნულ ბარათში ბრიტანეთის პრემიერი სთავაზობდა საბჭოთა ლიდერს, დადებულიყო სსრკ-ინგლისსაფრანგეთის სამმხრივი შეთანხმება, რომელშიც შევიდოდა მოქმედი საბჭოთა კავშირ-დიდი ბრიტანეთის ხელშეკრულება. აქ აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ ჩერჩილის მხრიდან ასეთი იდეის წამოჭრა შემთხვევითი სულაც არ იყო. ოფიციალური ლონდონი მეტად შეშფოთებული დარჩა საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის სავარაუდო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობით. ინგლისელები შეშინდნენ, რომ საფრანგეთსა და სსრკ-ს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება შეასუსტებდა ბრიტანელთა გავლენას ევროპაში. სწორედ ამიტომ ლონდონში გადაწყდა ინიციატივის ხელში ჩაგდება და სამმხრივი პაქტის იდეის წამოყენება. ჩერჩილისაგან განსხვავებით, რუზველტი მაინცდამაინც არ შეშფოთებულა სსრკ-საფრანგეთის პაქტით და აცნობა სტალინს, რომ ის არ იქნებოდა წინააღმდეგი, თუ ასეთი ხელშეკრულება გაფორმებული იქნებოდა.
ჩვენი აზრით, საბჭოთა მხარე მთლად გულწრფელი არ იყო, როდესაც პოზიციის შეცვლის მიზეზად ჩერჩილის წერილს ასახელებდა. მთავარი გარემოება, რამაც გამოიწვია საბჭოთა მხარის პოზიციის ტრანსფორმაცია, იყო დე გოლის მიერ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის ცნობის საკითხში. ამის მტკიცების საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის ფაქტი, რომ წერილი სტალინმა მიიღო 5 დეკემბერს და ძნელი დასაჯერებელია, თითქოს მან ის მხოლოდ ერთი დღის შემდეგ წაიკითხა, როგორც ამას უმტკიცებდა მოლოტოვი ბიდოს. საინტერესოა, რომ აქ სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ერთგვარად საკუთარ ტყუილშივე გაება, რადგანაც იქვე აღნიშნა, თითქოს ამ საკითხზე იმსჯელეს სტალინმა და დე გოლმა წინა საღამოს, ანუ იმ დროს, როდესაც, მოლოტოვისავე თქმით, საბჭოთა ლიდერს წერილი ჯერ წაკითხული არ უნდა ჰქონოდა. საბჭოთა ჩანაწერში არ არის დაფიქსირებული ასეთი განხილვა. მასში მხოლოდ გვხვდება დე გოლის ფრაზა, რომ „ბლოკი მოსკოვი_პარიზი_ლონდონი ნამდვილი ევროპული ბლოკი იქნებოდა“, თუმცა ეს საკითხის წამოჭრასაც არ ნიშნავდა, რადგანაც საფრანგეთის ლიდერი უბრალოდ მსჯელობდა გერმანიის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნაზე. მოლოტოვმაც იცოდა ამის შესახებ, რადგანაც მან აღნიშნა, რომ ეს აზრი საკმაოდ ახლოს იყო ჩერჩილის იდეასთან, რომელიც, მისი თქმით, სტალინმა დადებითად შეაფასა.
საბჭოთა მხარის მიერ სამმხრივი პაქტის იდეის წამოყენება ფრანგებისათვის მეტად მოულოდნელი გამოდგა. ბიდო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგანაც ვერც იწონებდა ამგვარ შემოთავაზებას და ვერც ღიად უარყოფდა, თუმცა, სავარაუდოდ, მისი დამოკიდებულება ნამდვილად არ იყო დადებითი. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საფრანგეთს მოსაგვარებელი ჰქონდა ზოგიერთი საკითხი ინგლისთან და არ სურდა უბრალოდ შეერთებოდა სსრკ_დიდი ბრიტანეთის 1942წ. ხელშეკრულებას. როდესაც მოლოტოვმა შესთავაზა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პირდაპირ გადასულიყვნენ სამმხრივი პაქტის მუხლების შეთანხმებაზე და თავი დაენებებინათ ორმხრივი ხელშეკრულებისათვის, ბიდომ მართლაც მიანიჭა უპირატესობა ამგვარ ვარიანტს, მაგრამ შემდეგ ითხოვა დრო, რათა ემცნო დე გოლისათვის საბჭოთა მხარის სურვილები. აქვე მან მაინც მოისურვა ორმხრივ ხელშეკრულების პროექტის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც მომზადებული ჰქონდა გარკვეული შენიშვნები. მოლოტოვიც დაეთანხმა ბიდოს და შეხვედრის თითქმის მთელი დარჩენილი ნაწილი მხარეებმა ტექსტის შეთანხმებას მოანდომეს. საუბრის მიწურულს კი სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჰკითხა თავის ფრანგ კოლეგას, ხომ არ ჰქონდა მას პასუხი პეგკ-ს ოფიციალურ ცნობასთან დაკავშირებით, რაზეც ბიდომ შეახსენა მოლოტოვს, რომ დე გოლმა წინადღით სტალინს უკვე გააცნო თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ამით 7 დეკემბრის შეხვედრა დასრულდა, თუმცა მასზე წამოჭრილი საკითხი სამმხრივი პაქტის შესახებ იმდენად მნიშვნელოვნად ეჩვენა დე გოლს, რომ ის იმავე დღეს სასწრაფოდ შეხვდა ბოგომოლოვს და სთხოვა მას, გადაეცა საბჭოთა მხარისათვის მისი აზრი აღნიშნული იდეის მიმართ. საფრანგეთის ლიდერმა ფაქტობრივად აგრძნობინა საბჭოთა ელჩს, რომ მას არ მოსწონდა ეს იდეა და სურდა ორმხრივი შეთანხმების გაფორმება სსრკ-სთან.
აღნიშნული საკითხი ძირითადი აღმოჩნდა სტალინის და დე გოლის ბოლო ოფიციალური საუბრისას, რომელიც 8 დეკემბერს შედგა. შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გარეგნულად ორივე ლიდერი კორექტულობას ინარჩუნებდა. დე გოლმა ვრცლად ისაუბრა საფრანგეთისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრაზე და, ამავე დროს, ხაზი გაუსვა ინგლისის, როგორც მოკავშირის, არასაიმედოობას. სტალინმა დაიცვა ინგლისელები ამ თვალსაზრისით, მაგრამ შემდეგ დაეთანხმა საფრანგეთის ლიდერს, რომ აუცილებელი იყო უფრო მჭიდრო კავშირი ორ ქვეყანას შორის. აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ ეს კავშირი ხელსაყრელი იყო საბჭოთა მხარისათვის, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ფრანგებისათვის, რომლებსაც მისცემდა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების საშუალებას, რაშიც მათ ხელს უშლიდა ზოგიერთი სახელმწიფო1. მიუხედავად ამისა, სტალინმა კიდევ ცოტა ხანს ილაპარაკა სამმხრივ პაქტზე და შენიშნა, რომ ამ იდეაზე უარის თქმის შემთხვევაში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ნაწყენი დარჩებოდა2. საბჭოთა ლიდერმა თითქოს უკვე გადაწყვიტა, რომ იქნებოდა მხოლოდ სამმხრივი შეთანხმება, მაგრამ სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ ის მოულოდნელად კვლავ პოლონეთის საკითხს დაუბრუნდა. სტალინმა დაუფარავად უთხრა დე გოლს, რომ თუ ფრანგები გაცვლიდნენ წარმომადგენლებს პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტთან, მაშინ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება გაფორმებული იქნებოდა მიუხედავად იმისა, როგორი რეაქცია ექნებოდა ამაზე ჩერჩილს. საფრანგეთის ლიდერმა ამ შეთავაზებაზე ერთგვარი სარკაზმით შენიშნა, რომ, როგორც ჩანდა, სტალინი ხანდახან აწყენინებდა ხოლმე ჩერჩილს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ეს დროდადრო მართლაც ხდებოდა, თუმცა ამგვარ შემთხვევებს პირიქითაც ჰქონდა ადგილი, რისი დასტურიც იყო მათი მიმოწერა3.
1. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 198-199. სტალინის ეს გამონათქვამი, რომელშიც მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყავდა აშშ და დიდი ბრიტანეთი, არ გვხვდება ფრანგულ ჩანაწერში _ თ.პ.
2. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 200. ფრანგულ ჩანაწერში ეს მონაკვეთი არ გვხვდება.
3. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 200; ფრანგულ ჩანაწერში არც ეს მონაკვეთი გვხვდება.
საბჭოთა ლიდერის წინადადებას ფრანგულმა დელეგაციამ დუმილით უპასუხა. დე გოლმა და ბიდომ თითქოს არც შეიმჩნიეს ეს შეთავაზება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ ისაუბრა ორმხრივი პაქტის უდავო უპირატესობაზე სამმხრივთან შედარებით. აქ უკვე სტალინმა დატოვა უპასუხოდ ეს მონოლოგი და მცირე პაუზის შემდეგ ჰკითხა ფრანგთა ლიდერს, თუ როდის მიემგზავრებოდა ის შინ. ეს ფაქტობრივად მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას ნიშნავდა. ამის შემდეგ საუბარი გაგრძელდა საბჭოთა საავიაციო ქარხნების მოწყობილობასა და მათ შესაძლებლობებზე და მხოლოდ დასასრულისკენ შენიშნა სინანულით დე გოლმა, რომ ორმხრივი შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდებოდა. მან უკანასკნელად სცადა, აეხსნა სტალინისათვის, რომ ფრანგები ცუდად იცნობდნენ ლუბლინში განთავსებულ კომიტეტს და რომ მათ სჭირდებოდათ დრო სიტუაციაში გასარკვევად, მაგრამ საბჭოთა ლიდერმა ყურადღებაც არ მიაქცია დე გოლის განმარტებებს და უბრალოდ ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა მას კიდევ კითხვები. ეს აუდიენციის დასასრულს ნიშნავდა და, ბუნებრივია, რომ საფრანგეთის ლიდერიც მიხვდა ამას. ერთი შეხედვით, დე გოლის ვიზიტი მოსკოვში თითქოს უშედეგოდ მთავრდებოდა, მაგრამ მოკლე ხანში ვითარება შეიცვალა.
იმავე საღამოს ბიდო და გარო კიდევ ერთხელ შეხვდნენ მოლოტოვს და სთხოვეს მას ერთი საკითხის დაზუსტება. მათი თქმით, დე გოლმა გაიგო, თითქოს სტალინი მას ლუბლინის მთავრობის ცნობის სანაცვლოდ სთავაზობდა ხელშეკრულების გაფორმებას სსრკ-ს, საფრანგეთსა და პეგკ-ს შორის. თავად ბიდო და გარო ვერ იხსენებდნენ ამგვარ განცხადებას და მიაჩნდათ, რომ ლუბლინელ პოლონელებთან წარმომადგენლობების გაცვლის შემთხვევაში გაფორმდებოდა საფრანგეთ_სსრ კავშირის ორმხრივი ხელშეკრულება1. მოლოტოვმა დაუდასტურა ფრანგ დიპლომატებს, რომ საუბარი მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის შეთანხმებაზე მიდიოდა. ბიდომ პასუხად განაცხადა, რომ ეს ცვლიდა საქმის ვითარებას. მან გამოთქვა იმედი, რომ ასეთ შემთხვევაში საკითხი სწრაფად იქნებოდა გადაწყვეტილი. გარდა ამისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აცნობა საბჭოთა დიპლომატს, რომ დე გოლი მეორე დღეს შეხვდებოდა პეგკ-ს წარმომადგენლებს. ყოველივე ეს, ბუნებრივია, ნიშნავდა იმას, რომ დე გოლმა გადაწყვიტა დათმობა პოლონეთის საკითხში, რათა მიეღწია საბჭოთა კავშირთან პაქტის დადებისათვის. ბუნებრივია, სტალინი ამას მიხვდა და სწორედ იმ საღამოს გაუგზავნა ჩერჩილს მეტად საგულისხმო წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ ლონდონის ემიგრანტულმა მთავრობამ დაკარგა ყველანაირი კავშირი პოლონელ ხალხთან, რის გამოც ის საჭიროდ თვლიდა, მოკავშირეებს მხარი დაეჭირათ ლუბლინის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტისათვის. ჩვენი აზრით, სტალინის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანწილად განაპირობა ფრანგების პოზიციის შეცვლამ და, რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ბრიტანეთის პრემიერს ამგვარ სიტუაციაში, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა დაედანაშაულებინა. მოლაპარაკებების მსვლელობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ფრანგულ დელეგაციას არ დაეთმო თავისი პოზიციები და საბჭოთა მხარეც შერიგებოდა ამას. ყოველ შემთხვევაში, სტალინი ვერაფრით ვერ ახერხებდა დე გოლის წინააღმდეგობის დაძლევას პოლონეთის საკითხში და, მიუხედავად ამისა, პირდაპირ არ ამბობდა უარს ორმხრივი ხელშეკრულების დადებაზე. მაგრამ ჩერჩილის იდეამ სამმხრივი პაქტის შესახებ ფრანგები პრაქტიკულად გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენა, სტალინს კი ლავირებისთვის საკმაოდ ფართო ასპარეზი დაუტოვა. შექმნილ ვითარებაში სულაც არ იყო გასაკვირი, რომ დე გოლმა მისთვის ნაკლებად არასასურველი ვარიანტი აირჩია და დათანხმდა პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის ფაქტობრივ ცნობას სსრკს-თან სამოკავშირეო ხელშეკრულების სანაცვლოდ. აი, ჩერჩილმა კი, როგორც ჩანს, კარგად ვერ გათვალა საკუთარი დიპლომატიური კომბინაცია და შედეგად ორმაგად დაზარალდა: საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება, პოლონეთის საკითხში კი სტალინმა მკვეთრად გაიუმჯობესა პოზიციები და უკვე შეეძლო აპელირება, რომ ლუბლინის მთავრობას სხვა სახელმწიფოებიც სცნობდნენ.
1. ჩვენი აზრით, აქ არანაირ გაუგებრობას ადგილი არ ჰქონდა და ეს იყო მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯი ფრანგული დელეგაციის მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავდა თავისი პრესტიჟის შენარჩუნებას.
მიუხედავად იმისა, რომ საკითხი პრაქტიკულად 8 დეკემბერს გადაწყდა, მომდევნო დღეს ბიდოსა და მოლოტოვს შორის მაინც საკმაოდ რთული მოლაპარაკებები წარიმართა. ამის მიზეზი გახდა საბჭოთა მხარის სურვილი, კიდევ უფრო დიდი წარმატებით დაესრულებინა მოლაპარაკებები. სწორედ ამიტომ სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა თავის კოლეგას შესთავაზა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ლუბლინის მთავრობასა და საფრანგეთის დროებით მთავრობას შორის. ამ წინადადებას მან თან მიაყოლა ლუბლინის კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერის _ ოსუბკა-მორავსკის წერილი დე გოლის სახელზე1. ბიდომ გაოცება ვერ დაფარა ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მან შენიშნა, რომ წერილების გაცვლა ხდებოდა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალური დამყარებისას, ახლა კი, როდესაც საქმე ეხებოდა მხოლოდ დე-ფაქტოდ ცნობას, მსგავსი პროცედურა საჭირო არ იყო. შემდეგ მან მიუთითა მოლოტოვს, რომ აღნიშნული წინადადება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა დღეს სტალინის მიერ დე გოლთან საუბარში გამოთქმული შეთავაზებისაგან. ბოლოს კი ფრანგმა დიპლომატმა შეახსენა თავის საბჭოთა კოლეგას, რომ არც თუ დიდი ხნის წინ საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტი თვითონ იყო მსგავს სიტუაციაში და არასდროს მისი წარმომადგენლების დანიშვნა ამა თუ იმ სახელმწიფოში არ გაფორმებულა ამ ფორმით. საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი უშედეგოდ დასრულდა და კვლავ გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ შეთანხმება მიღწეული არ იქნებოდა, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, სტალინმა ახალი მოთხოვნა მხოლოდ ზონდაჟის მიზნით წამოაყენა. როდესაც ის დარწმუნდა, რომ ფრანგები მეტ დათმობაზე არ წავიდოდნენ, მან მოახსნევინა მოლოტოვს ახალი მოთხოვნა და მხარეებიც 9 დეკემბრის საღამოს საბოლოოდ შეთანხმდნენ ორივე საკითხზე. 10 დეკემბერს, დილით, ხელი მოეწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას სსრკ-სა და საფრანგეთს შორის, რის სანაცვლოდაც დე გოლი დათანხმდა პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტთან არაოფიციალური წარმომადგენლების გაცვლას2.
1. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საუბრამდე ცოტა ხნით ადრე დე გოლი შეხვდა ლუბლინის მთავრობის წარმომადგენლებს _ ბ. ბერუტს, ოსუბკა-მორავსკისა და გენ. როლა-ჟიმერსკის. ფრანგი ლიდერის თქმით, ლუბლინის მთავრობის წარმომადგენლები ზუსტად ისე საუბრობდნენ პოლონეთზე, როგორც „პრავდა“ აშუქებდა იქ არსებულ მდგომარეობას, რამაც ნათელი გახადა, რომ ისინი დამოუკიდებელ პოლონეთს არ წარმოადგენდნენ. ამიტომაც შეხვედრა აბსოლუტურად უშედეგოდ დასრულდა.
2. აქ უნდა აღინიშნოს, რომ სტალინმა კიდევ ერთხელ სცადა ბედი და 10 დეკემბრის დილით, როდესაც დე გოლს საბჭოთა წარმომადგენლები საელჩოში დაადგნენ თავს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, მისთვის კვლავინდებურად გადააცემინა ფრანგული დელეგაციის მიერ დაწუნებული პროექტი ლუბლინის კომიტეტთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. როდესაც დე გოლმა გაკვირვებით შეამჩნია ეს პუნქტი კომუნიკეში, საბჭოთა დიპლომატებმა უკან გამოართვეს მას დოკუმენტი და გადასცეს ახალი პროექტი, რომელშიც უკვე წინა ღამით მიღწეული შეთანხმება ზუსტად იყო ასახული.
სსრ კავშირსა და საფრანგეთს შორის ხელშეკრულების დადებაზე მსჯელობისას საბჭოთა მკვლევარები რატომღაც ცდილობდნენ იმ ფაქტის დაფარვას, რომ სტალინმა პირდაპირ დაუკავშირა პაქტის დადება პეგკ-ს ცნობას და ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენდნენ. ისინი ყველგან ხაზს უსვამდნენ, რომ ხელშეკრულება ორივე მხარისათვის სასარგებლო იყო.
10 დეკემბერს დადებული პაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო დე გოლისათვის იმ პერიოდში, თუმცა დიდი პრაქტიკული ღირებულების ეს შეთანხმება არ გამოდგა. ხელშეკრულება, რომელიც შედგებოდა 8 მუხლისაგან, ითვალისწინებდა გერმანიის წინააღმდეგ კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას როგორც ომის პერიოდში, ისე ომის შემდეგ, თუ გერმანიის მხრიდან აგრესიის საფრთხე გაჩნდებოდა. ამავე დროს, მხარეებმა პირობა დადეს, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართულ კოალიციაში ან კავშირში. პაქტი დაიდო 20 წლით და აღინიშნა, რომ მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდებოდა განუსაზღვრელი დროით, თუ არ მოხდებოდა დენონსაცია მისი ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე მაინც. მიუხედავად ამისა, ურთიერთობები საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის ომის დამთავრების შემდეგ გაუარესდა და სულ მალე ფრანგები და გერმანელები ერთ ბლოკშიც აღმოჩნდნენ, რის შედეგადაც ხელშეკრულება დენონსირებული იქნა საბჭოთა მხარის მიერ 1955წ. 7 მაისს1.
1. იმავე დღეს დენონსირებული იქნა სსრკ-დიდი ბრიტანეთის ხელშეკრულებაც.
ამრიგად, როგორც დავინახეთ, დე გოლის ვიზიტი მოსკოვში საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოო შედეგი იმ დროის რეალობის გათვალისწინებით, ორივე მხარისათვის მისაღები იყო. ფრანგულმა დელეგაციამ მიაღწია თავის მიზანს და დადო პაქტი საბჭოთა კავშირთან, რაც საფრანგეთის ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას, უფრო თამამი ყოფილიყო ლონდონისა და ვაშინგტონის მიმართ, თავის მხრივ, მოსკოვმა პირველი ნაბიჯი გადადგა პოლონეთის პროსაბჭოური მარიონეტული მთავრობის საერთაშორისო აღიარების უზრუნველყოფის გზაზე. საფრანგეთის დროებითი მთავრობის მიერ ლუბლინის კომიტეტთან წარმომადგენლობების გაცვლა არც დე გოლისთვის აღმოჩნდა მაინცდამაინც დიდი დათმობა, რადგანაც საკმაოდ მცირე ხანში საბჭოთა ჯარებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს პოლონეთის ტერიტორია და მინიმუმამდე დაიყვანეს ლონდონის ემიგრანტული მთავრობის შანსები უკან დაბრუნებაზე, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ დე გოლს დათვური სამსახური გაუწია მის მიერ მოსკოვში დაკავებულმა მტკიცე პოზიციამ. ყოველ შემთხვევაში, სტალინის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება საფრანგეთისადმი ყირიმის კონფერენციის დროს, ალბათ, სწორედ ამ ფაქტით იყო გამოწვეული1. როგორც ჩანს, მას ამიტომაც არ სურდა დე გოლის მოწვევა ყირიმში2 და ეს იმის მიუხედავად, რომ სტალინისათვის პაქტი საფრანგეთთან არანაირად არ აღიქმებოდა დათმობად3, რადგანაც დე გოლის აქტიური პოლიტიკა საფრანგეთის ძველი დიდების დასაბრუნებლად, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სათვის იყო უფრო გამაღიზიანებელი, ვიდრე საბჭოთა კავშირისათვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სსრკ-საფრანგეთის ორმხრივი ხელშეკრულება მხოლოდ ჩერჩილისათვის აღმოჩნდა დიპლომატიური მარცხი და თანაც საკმაოდ მძიმე იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგებმა ფაქტობრივად ცნეს პოლონეთის პროსაბჭოური მთავრობა.
1. ერთ-ერთი ამერიკელი მკვლევარი ამ დამოკიდებულებას „მტრულსაც“ კი უწოდებს.
2. უნდა აღინიშნოს, რომ დე გოლის იალტაში მოწვევის წინააღმდეგ განსაკუთრებით გაილაშქრა რუზველტმა, რომელსაც საკმაოდ მძიმე ურთიერთობები ჰქონდა მასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძირითადად განპირობებული იყო რუზველტის მხრიდან საფრანგეთის ინტერესების სრული უგულებელყოფით, რაც ზოგჯერ დიპლომატიურ უტაქტობაშიც კი გადაიზრდებოდა ხოლმე. ასე, მაგალითად, იალტიდან ამერიკაში მიმავალმა რუზველტმა, ფრანგი ლიდერის გულის მოსაგებად (დე გოლი ძალიან გაბრაზებული იყო იალტაში არმიწვევის გამო), მიიწვია ის შესახვედრად ქ. ალჟირში. გაოცებულმა დე გოლმა, ბუნებრივია, უარი განაცხადა და აუხსნა ამერიკელ წარმომადგენლებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს არანაირი უფლება არ ჰქონდა საფრანგეთის მთავრობის მეთაური მიეწვია საფრანგეთისვე კუთვნილ ქალაქში. როგორც ჩანს, ეს დღემდე გაუგებარი რჩება ზოგიერთი ამერიკელი მკვლევარისათვის. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ პოტსდამში დე გოლის მიწვევის წინააღმდეგ კვლავინდებურად აშშ-ს პრეზიდენტი, ამჯერად უკვე ჰარი ტრუმენი გამოვიდა.
3. ბრიტანელი მკვლევარის, ა. კროულის აზრით, სტალინი პაქტს ძალზე მცირე მნიშვნელობას ანიჭებდა და მასზე ხელმოწერა უბრალოდ დე გოლის პრესტიჟის შენარჩუნებისათვის მოხდა. ჩვენი აზრით, ეს არ არის მთლად სწორი დებულება, რასაც ცხადყოფს, თუ რა დაძაბული ბრძოლა გაიმართა პაქტის გარშემო.
$5. გერმანელთა შეტევა არდენებში და უინსტონ ჩერჩილის 1945წ. 6 იანვრის წერილის შეფასების საკითხი
1944წ. 16 დეკემბერს გერმანიის არმია გადავიდა ფართომასშტაბიან შეტევაზე დასავლეთის ფრონტზე. ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასკვნითი ეტაპის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ომის შედეგებზე. უფრო მეტიც, ისტორიოგრაფიაში დღემდე არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ამ ბრძოლის შეფასებებში. თუ ამერიკელი და ბრიტანელი მკვლევრები პრაქტიკულად ერთხმად აცხადებენ, რომ ბრძოლა არდენებში მოგებული იქნა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცების სიმტკიცისა და გმირობის ფასად, საბჭოთა ისტორიკოსები ყოველნაირად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ გადამწყვეტი როლი დასავლეთელი მოკავშირეების წარმატებაში მიუძღოდა გერმანელების წინააღმდეგ საბჭოთა ჯარების მიერ 1945წ. 12 იანვარს პოლონეთში დაწყებულ შეტევას. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი საკამათო სიტუაციის წარმოშობას საკმაოდ შეუწყო ხელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა და მის მიერ 1945წ. 6 იანვარს სტალინისათვის გაგზავნილმა წერილმა, რომლითაც ჩერჩილმა ფაქტობრივად დახმარება სთხოვა საბჭოთა ლიდერს დასავლეთის ფრონტზე კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
არდენებში დაწყებული შეტევა მოკავშირეებისათვის საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეთა მთავარსარდლობა უშვებდა გერმანელების მხრიდან შემოტევის შესაძლებლობას, მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ ეს ამდენად მასშტაბური ოპერაცია იქნებოდა. უფრო მეტიც, თვით შეტევის დაწყების შემდეგ გენ. ბრედლი (მოკავშირეთა მთავარსარდლის დუაიტ ეიზენჰაუერის მოადგილე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამერიკულ არმიებს) თვლიდა ამ ოპერაციას შეზღუდული ხასიათის კონტრშეტევად, რომელიც მიზნად ისახავდა მოკავშირეთა ახალი იერიშების თავიდან აცილებას. თავი იჩინა თავდაჯერებულობამაც. არდენებში შესაძლო კონტრშეტევის შესახებ აშშ-ს სტრატეგიული სამსახურების სამმართველომ (OSS – Office of Strategic Services) სარდლობას ჯერ კიდევ დეკემბრის პირველ რიცხვებში შეატყობინა, მაგრამ მე-9 ამერიკული არმიის სარდალმა გენ. ჰოჯესმა ამ ინფორმაციის მომწოდებლებს „ჭკუიდან გადასულები“ უწოდა1. საჰაერო დაზვერვაც ცხადყოფდა, რომ გერმანელები თავს უყრიდნენ მნიშვნელოვან ძალებს, მაგრამ ამერიკელმა სარდლებმა ყურადღება არც ამ მონაცემებს მიაქციეს. გერმანელებმა შეტევის მიმართულებად აირჩიეს არდენები _ მთიანი და ტყიანი რეგიონი ბელგიასა და საფრანგეთში. მოსალოდნელი გარღვევის ადგილას თავმოყრილი იქნა 20-მდე გერმანული დივიზია, რის წინააღმდეგაც 75 კილომეტრიან მონაკვეთზე ამერიკელებს მხოლოდ ოთხი დივიზია ჰყავდათ განთავსებული.
1. ჰოჯესი ვერც შეტევის დაწყების შემდეგ მიხვდა, თუ რა იყო გერმანელთა მიზანი და ჩათვალა, რომ მათ სურდათ მხოლოდ რურის დამბების წინააღმდეგ მიმართული მოკავშირეთა ოპერაციის შეჩერება.
თავის მხრივ, გერმანელების მიზანი იყო ანტვერპენის აღება და მოკავშირეებისათვის ახალი დიუნკერკის მოწყობა. ოპერაციის მთავარსარდლად დაინიშნა ფელდმარშალი გერდ ფონ რუნდშტედტი, თუმცა ამ უკანასკნელს არ სწამდა ოპერაციის წარმატების და ფაქტობრივად მხოლოდ ნომინალურად ასრულებდა თავის ფუნქციებს. ბ. ლიდელ-ჰარტის ცნობით, მან შეტევის ხელმძღვანელობა თავის ხელქვეითებს მიანდო, თავად კი განზე გადგა საბრძოლო მოქმედებების წარმოებისაგან.
გერმანელი სარდლის სკეპტიციზმის მიუხედავად, შეტევა უაღრესად წარმატებულად დაიწყო. 17 დეკემბერს გერმანელებმა გაარღვიეს ფრონტის ხაზი და წაიწიეს მდ. მაასისაკენ. შეტევის ცენტრალურ მონაკვეთზე ამერიკელებმა თითქმის 100 კმ-ით დაიხიეს უკან. გერმანელებმა ალყა შემოარტყეს საკვანძო პუნქტ ბასტონს, რომლის დასაცავადაც ამერიკელებმა დამატებითი ძალები გადაისროლეს. გარდა ამისა, ამერიკელების მდგომარეობა გაართულა იმანაც, რომ IX და I-მა ამერიკულმა არმიებმა კავშირი დაკარგეს ბრედლის შტაბთან. 19 დეკემბერს ეიზენჰაუერი იძულებული გახდა, ისინი დაექვემდებარებინა ბრიტანული არმიების სარდალ ბერნარდ მონტგომერისათვის1. ამავე დღეს, გენ. პატონმა (მე-3 ამერიკული არმიის სარდალი) მიიღო ბრძანება, მთელი შესაძლო ძალებით დაძრულიყო ბასტონის გარნიზონის დასახმარებლად. მართლაც, 23 დეკემბერს პატონი სამი დივიზიის თანხლებით საარის ოლქიდან ბასტონისაკენ გაემართა და 26 დეკემბერს გაარღვია ალყა2, თუმცა ამის შემდეგაც გერმანელები ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ ამ საკვანძო პუნქტის დაუფლებას.
მიუხედავად პირველი წარმატებებისა, გერმანელებმა ვერ შეძლეს დასახული მიზნების სისრულეში მოყვანა და სკეპტიციზმი სარდლობაში კიდევ უფრო გამყარდა. 1944წ. 25 დეკემბერს ფელდმარშალმა გუდერიანმა მოსთხოვა ჰიტლერს, შეეწყვიტა ოპერაცია არდენებში, რომელიც აბსოლუტურად უპერსპექტივო იყო, და სანამ ეს დაგვიანებული არ იქნებოდა, გამოეყვანა იქიდან მთავარი ძალები და გადაესროლა ისინი აღმოსავლეთის ფრონტზე, სადაც, მისი აზრით, უმოკლეს ხანებში მოსალოდნელი იყო საბჭოთა ჯარების შეტევაზე გადასვლა3.
1 უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან არ მოეწონა ბრედლის, თუმცა სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში უბრალოდ არ იყო. თავის მხრივ, მონტგომერი უაღრესად გახარებული დარჩა ამგვარი გადაწყვეტილებით და თავის დღიურში ისიც კი ჩაწერა, რომ ჰოჯესი (მე-9 ამერიკული არმიის სარდალი) და სიმპსონი (1-ლი ამერიკული არმიის სარდალი) კმაყოფილები იყვნენ, რომ ახლა მათ ჰყავდათ მტკიცე ბრძანებების გამცემი მეთაური.
2. მ. ჯიევანევსკის თქმით, სწორედ პატონი, რომელმაც „განახორციელა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში უმსხვილესი შენაერთის უმოკლეს დროში გადასროლა ყველაზე გრძელ მონაკვეთზე“, იქცა მოკავშირეების ნამდვილ მხსნელად არდენებში. ა. ტეილორი კი თვლის, რომ პატონის ძალების ბასტონის დამცველებთან შეერთების შემდეგ გერმანელების გამარჯვების ყველანაირი შანსი გაქრა.
ამასობაში მოკავშირეებმა დაიწყეს არდენებში კონტრშეტევის მომზადება. ეიზენჰაუერისა და მონტგომერის ურთიერთშეთანხმებით, ეს კონტრშეტევა უნდა დაწყებულიყო 1945წ. 3 იანვარს. მართლაც, დათქმულ დროს 1-ლი ამერიკული არმია გადავიდა შეტევაზე არდენის შვერილის ჩრდილოეთით და მოკავშირეებმა მთლიანად ხელთ იგდეს ინიციატივა არდენებში. ამიერიდან გასარკვევი იყო მხოლოდ შემდეგი საკითხი: შეძლებდნენ თუ არა მოკავშირეები, ეფექტურად გაერღვიათ მოწინააღმდეგის თავდაცვა და სწრაფად გადაელახათ თოვლიანი არდენები, რათა გაენადგურებინათ, ან ხელთ ეგდოთ გერმანელთა მნიშვნელოვანი ძალები1.
მიხვდა რა არდენებში შეტევის ჩაფლავებას, ჰიტლერმა სცადა მოწინააღმდეგის ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით და ბრძანა იერიშზე გადასვლა ვოჟის მთებში. 1945წ. 1 იანვარს გერმანელებმა წამოიწყეს ოპერაცია „ჩრდილოეთის ქარი“ („Nordwind“). პირველ დღეს გერმანელებმა მოახერხეს 12 კმ-ით წინ წაწევა, რითაც საფრთხე შეუქმნეს არმიათა მე-6 ჯგუფში შემავალ გენ. პეტჩის მე-7 ამერიკულ არმიასა და გენ. დე ლატრ დე ტასინის 1-ლ ფრანგულ არმიას. ამიტომ ეიზენჰაუერმა უბრძანა არმიათა მე-6 ჯგუფის სარდალ გენ. დევერსს, ეკონომიურად გამოეყენებინა ძალები და დაეტოვებინა სტრასბური2. ბუნებრივია, ამან გამოიწვია სერიოზული წინააღმდეგობა ფრანგების მხრიდან და 3 იანვარს შარლ დე გოლმა კატეგორიულად მოსთხოვა ეიზენჰაუერს სტრასბურის დაცვა. ამ საუბარს შეესწრო ჩერჩილიც, რომელიც იმ დროს ეიზენჰაუერის შტაბში იმყოფებოდა3.
1. ცნობილი გერმანელი გენერლის, ჰასო ფონ მანტოიფელის დაკვირვებით, მოკავშირეთა კონტრშეტევა ნაადრევად იქნა დაწყებული. მისი აზრით, ეს რომ ოდნავ მოგვიანებით მომხდარიყო, გერმანელთა დაჯგუფება მთლიანად იქნებოდა განადგურებული. მისი თქმით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ გარემოებამ, რომ გერმანელები წლების განმავლობაში მიჩვეული იყვნენ თოვლსა და ყინვაში ყოფნას, რისი წყალობითაც მათ დროულად დაიხიეს უკან. არსებობს სხვა მოსაზრებაც: გენ. ჯ. პატონი თვლიდა, რომ არდენებში შესაძლებელი იყო გერმანული არმიის მთლიანად ხელში ჩაგდება, მაგრამ მონტგომერის პასიურობამ ხელი შეუშალა სრული წარმატების მიღწევას.
2 პ. კალვოკორესი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეტური შესაძლებლობა იყო. საბჭოთა მკვლევარების (ო. რჟეშევსკი) მტკიცებით, ეს ოპერაცია უდიდეს საფრთხეს უქმნიდა დასავლეთელ მოკავშირეებს, თუმცა კ. ბონის მონოგრაფიიდან, რომელიც მიძღვნილია ვოჟის მთების კამპანიისათვის, ნათელი ხდება, რომ ეს შეტევა არ წარმოადგენდა დიდ საფრთხეს, ხოლო 5 იანვრისათვის უკვე თვით გერმანელებისათვის გახდა ცხადი, რომ ის ჩაფლავდა.
3. როგორც ირკვევა, ჩერჩილის ვიზიტის მთავარი მიზეზი სწორედ სტრასბურის საკითხი იყო და მას სურდა, დაერწმუნებინა ეიზენჰაუერი, რათა ამ უკანასკნელს შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება სტრასბურის დატოვების შესახებ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მას ჩარევა არც დასჭირდა.
საბოლოოდ, დე გოლის არგუმენტებმა გასჭრა და ეიზენჰაუერმაც შეცვალა პირვანდელი გადაწყვეტილება. მან მისცა სათანადო მითითებები გენ. დევერსს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ელზასში გერმანელთა შეტევის დაწყების შემთხვევაში. 5 იანვარს ამერიკელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც სიტუაცია ამ მიმართულებით მთლიანად შეიცვალა. ამ დღეს გერმანულმა სარდლობამ პრაქტიკულად აღიარა მარცხი ვოჟის მთებში, რის მიზეზადაც მიიჩნია ჯარების გადაღლა, რაც გამოწვეული იყო უმძიმეს ვითარებაში წარმოებული შეტევებით. მართალია, ამავე დღეს გერმანელებმა მდგომარეობის გამოსასწორებლად წამოიწყეს შეტევა ელზასში, მაგრამ ეიზენჰაუერის მითითებები დევერსისადმი აბსოლუტურად სწორი აღმოჩნდა და შეტევა პრაქტიკულად იმავე დღეს იქნა შეჩერებული1.
და აი, ასეთ ვითარებაში, როდესაც არ იყო არავითარი საფუძველი შიშისათვის, ჩერჩილმა 1945წ. 6 იანვარს საბჭოთა ლიდერს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ დასავლეთის ფრონტზე მძიმე სიტუაცია შეიქმნა და მოკავშირეთა მთავარსარდლობას შეიძლებოდა ყოველ წუთს დასჭირვებოდა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. მან სთხოვა სტალინს, ეცნობებინა მისთვის, დაიწყებდა თუ არა უახლოეს მომავალში საბჭოთა არმია ფართომასშტაბიან შეტევას აღმოსავლეთის ფრონტზე და ხაზი გაუსვა, რომ ამის ცოდნა სჭირდებოდა ეიზენჰაუერს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ჩერჩილის ამ წერილმა უაღრესად დიდი გამოხმაურება ჰპოვა ომის შემდგომ. საბჭოურმა ისტორიოგრაფიამ ის გამოიყენა იმის სამტკიცებლად, რომ დასავლეთელი მოკავშირეები არდენებში კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ისინი კრახისაგან მხოლოდ საბჭოთა არმიის მიერ პოლონეთში დაწყებულმა შეტევამ იხსნა. თავის მხრივ, ინგლისელმა და ამერიკელმა მკვლევრებმა, რომლებმაც ნათლად დაამტკიცეს, რომ წერილის დაწყების დღისათვის ბრძოლა როგორც არდენებში, ისე ვოჟის მთებსა და ელზასში, მოკავშირეებს პრაქტიკულად მოგებული ჰქონდათ, ვერანაირი ლოგიკური ახსნა ვერ მოუძებნეს ბრიტანეთის პრემიერის მოქმედებას. ამიტომ დასავლურ ისტორიოგრაფიაში ეს წერილი ან საერთოდ არ მოიხსენიება, ან ცხადდება რომ ჩერჩილი „არასწორად“2 და „უჭკუოდ“ მოიქცა ამ ბარათის გაგზავნით.
1. ჯ. კიგანის აზრით, ამ შეტევებს რაიმე სერიოზული საგანგაშო სიტუაცია არ მოჰყოლია.
2. ამ ნაშრომის შესახებ იხ.: თ. პაპასქირი. თომას დ. პერიში. რუზველტი და მარშალი: პარტნიორები პოლიტიკასა და ომში. პერსონალური ისტორია (რეცენზია). _ „საქართველო-ევროპა-ამერიკა“, #2, 1997, გვ. 139-143.
დავუბრუნდეთ 6 იანვრის წერილს. მისი შინაარსიდან თითქოს მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ მოკავშირეებს ძალიან უჭირდათ და სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ დახმარება. ეს კი სრულებით არ შეეფერებოდა რეალობას და ჩერჩილმაც ბრწყინვალედ იცოდა ამის შესახებ, რადგანაც თვითონ იმყოფებოდა 3 იანვარს ეიზენჰაუერის შტაბში. უფრო მეტიც, 7 იანვარს მონტგომერიმ მოაწყო პრეს-კონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ არდენებში ბრძოლა მოგებული იყო და თავისი თავი გამოაცხადა ამერიკელების მხსნელად1. აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: 9 იანვარს ჩერჩილმა სტალინს სულ სხვა შინაარსის წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ დასავლეთში მდგომარეობა უკვე არც ისე ცუდი იყო და სავსებით შესაძლებელი ხდებოდა გერმანელების განდევნა შვერილიდან და მათთვის დიდი ზიანის მიყენება. საბჭოთა მკვლევრებს რატომღაც ავიწყდებოდათ ეს და ყურადღებას ამახვილებდნენ 9 იანვრის წერილის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელშიც ჩერჩილი მადლობას უხდიდა სტალინს საბჭოთა შეტევის უახლოეს ხანებში დაწყების შესახებ მიწოდებული ცნობისათვის2. მისი თქმით, ეს დაარწმუნებდა ეიზენჰაუერს, რომ გერმანელებს მართლაც მოუწევდათ ორ ფრონტს შორის რეზერვების გაყოფა. არადა, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ფრონტებზე ამ სამი დღის განმავლობაში არ მომხდარა. თუმცა ყოველივე ეს არ ცვლის საქმის ვითარებას. ჩერჩილმა 6 იანვარს წერილი დაწერა მაშინ, როდესაც მდგომარეობა სულაც არ იყო კრიტიკული. და ეს მან თვითონაც მშვენივრად იცოდა. ამას ადასტურებს იმავე დღეს, 6 იანვარს, მის მიერ რუზველტისათვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ეიზენჰაუერიცა და მონტგომერიც აბსოლუტურად დარწმუნებული იყვნენ წარმატებაში და ულოცავს რუზველტს ამერიკელების მიერ უმძიმესი ბრძოლების შემდეგ მიღწეულ გამარჯვებებს.
1. ამ განცხადებას მოჰყვა ამერიკელი სამხედროების, განსაკუთრებით პატონის, გაბრაზება, რის შედეგადაც მონტგომერი იძულებული გახდა, უკან წაეღო სიტყვები ამერიკელების „ხსნაში“ მის მთავარ როლზე.
2. სტალინმა 7 იანვარს ამცნო ჩერჩილს, რომ საბჭოთა სარდლობა დაჩქარებული ტემპებით ემზადებოდა შეტევის დასაწყებად.
მაშ, რამ განაპირობა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის მხრიდან ასეთი წერილის გაგზავნა, როდესაც, ხაზს ვუსვამთ, სიტუაცია დასავლეთის ფრონტზე არ იძლეოდა შეშფოთების რაიმე საბაბს? თავად ჩერჩილმა საკუთარ მემუარებში ეს ახსნა იმით, რომ ეიზენჰაუერს სჭირდებოდა ინფორმაცია, დაიწყებდა თუ არა საბჭოთა მხარე უახლოეს ხანებში შეტევას, რათა ამის საფუძველზე განესაზღვრა მოკავშირეთა ოპერაციის დაწყების ზუსტი ვადები. მართლაც, ეიზენჰაუერმა ასეთი თხოვნა დიდი ხნით ადრე გაუგზავნა გაერთიანებული შტაბების უფროსებს და 1944წ. დეკემბერში მიიღო ინფორმაცია, რომ სტალინმა აღუთქვა პრეზიდენტ რუზველტს ამ საკითხის განხილვა სამხედრო წარმომადგენელთან შეხვედრისას. მოსკოვში გაიგზავნა მარშალი ტედერი, მაგრამ მან ამინდის გაუარესების გამო 2 კვირაზე მეტ ხანს ვერ ჩააღწია მოსკოვში. ამიტომ ეიზენჰაუერმა მხოლოდ ჩერჩილისაგან შეიტყო მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მაგრამ აქ აღსანიშნავია ორი გარემოება: 1. ეიზენჰაუერმა თავისი სურვილი გამოთქვა არა იანვარში, არამედ დეკემბერში, ამერიკელთა არდენებში შეტევაზე გადასვლამდე; და 2. თუ წერილის დაწერისას ჩერჩილი ხელმძღვანელობდა მხოლოდ ამ მიზნით, რა საჭირო იყო სტალინისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და მდგომარეობის დამძიმება? საბჭოთა ლიდერი უპრობლემოდ მისწერდა ბრიტანეთის პრემიერს, აპირებდა თუ არა შეტევაზე გადასვლას აღმოსავლეთის ფრონტზე უახლოეს ხანებში, იმის მიუხედავად, თუ როგორ ითხოვდა ჩერჩილი ამას, მით უმეტეს, რომ ტედერი უკვე ერთ კვირას მაინც აგვიანებდა და ეს მშვენიერი გასამართლებელი საბუთი იყო. როგორც ჩანს, ჩერჩილს სხვა მიზანიც ჰქონდა, როდესაც წერილს სწორედ ამ სახით წერდა. ჩვენი აზრით, აქ ყურადღება უნდა მიექცეს ერთ გარემოებას: 1945წ. დასაწყისისათვის ინგლის-ამერიკის ჯარები დასავლეთში და საბჭოთა ნაწილები აღმოსავლეთში თითქმის თანაბარ მანძილზე იყვნენ ბერლინიდან და, რასაკვირველია, ბრიტანეთის პრემიერს სურდა დაესწრო სტალინისათვის გერმანიის დედაქალაქის აღება. მას კარგად ესმოდა, რომ ომის შემდეგ უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ის მხარე, რომლის ძალებიც პირველი შევიდოდნენ ბერლინში. ამიტომ, შესაძლოა, მან იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ საბჭოთა არმია გადავიდოდა ფართომასშტაბიან შეტევაზე აღმოსავლეთში. ჩერჩილი ალბათ იმედოვნებდა, რომ ასეთ ვითარებაში გერმანელები მთელ თავის ძალებს გადაისროდნენ ამ ფრონტზე, რაც ინგლისელებს და ამერიკელებს ხელ-ფეხს გაუხსნიდა დასავლეთში. როგორც ჩანს, მას ეგონა, რომ გერმანელები არ მისცემდნენ საბჭოთა ჯარებს პოლონეთში სერიოზული წინსვლის საშუალებას, რისთვისაც საჭირო იქნებოდა დასავლეთის ფრონტიდან ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთების აღმოსავლეთში გადაყვანა. ეს კი გამოიწვევდა იმას, რომ ინგლისელები და ამერიკელები თითქმის უპრობლემოდ გადალახავდნენ ზიგფრიდის ხაზს და მოახდენდნენ რაინის ფორსირებას. მაგრამ საბჭოთა ჯარებმა ისეთი სისწრაფით გაარღვიეს გერმანელთა თავდაცვის ხაზი, რომ 1 თებერვლისათვის დაახლოებით 500 კმ-ით წაიწიეს წინ და ფაქტობრივად მთელი პოლონეთი დაიკავეს1. ამით პრაქტიკულად გადაწყდა, თუ ვის ერგებოდა ბერლინი. ასე რომ, ჩერჩილის პროგნოზები და იმედები ამ მიმართულებით არ გამართლდა. რაც შეეხება საკუთრივ დასავლეთის ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს, გერმანელებმა მართლაც გადაიყვანეს აქედან აღმოსავლეთში 6 დივიზია, თუმცა ამ დროისათვის უკვე აშკარა იყო, რომ ბრძოლა არდენებში მათ წააგეს.2 ეს ნათელი გახდა 1945წ. 16 იანვარს, როდესაც მოკავშირეთა ნაწილები შეერთდნენ უფალიზთან და არ გვგონია, რომ ეს საბჭოთა ჯარების დამსახურება ყოფილიყო. იანვრის ბოლოსათვის მოკავშირეებმა აღადგინეს 16 დეკემბრამდელი პოზიციები და დაიწყეს მზადება ახალი შეტევისათვის, რომელიც 8-10 თებერვლისათვის დაიგეგმა. რასაკვირველია, პოლონეთში საბჭოთა არმიის შეტევაზე გადასვლამ ხელი შეუწყო არდენებში გერმანელთა უკანდახევას3, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ დროის თვალსაზრისით ბრძოლის ბედი უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი იყო.
1. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მკვლევრები სისტემატურად ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ მოკავშირეთა მოთხოვნის გამო საბჭოთა მხარემ დაგეგმილზე ადრე დაიწყო შეტევა პოლონეთში, თუმცა მათ რატომღაც ავიწყდებათ, რომ შეტევის დაწყების ვადამ გადმოიწია მხოლოდ 8 დღით _ 20 იანვრიდან 12 იანვარზე. ამ სპეკულაციას გარკვეული შედეგებიც მოჰყვა და მათ ზოგიერთმა არარუსმა მკვლევარმაც აუბა მხარი. საინტერესოა, მაგრამ ამის შესახებ არაფერია ნათქვამი ოფიციალური გამოცემების შესაბამის თავებში. გარდა ამისა, იანვრის დასაწყისში ჰაინც გუდერიანმა, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ საბჭოთა შეტევა დაიწყებოდა სწორედ 12 იანვარს. არ არის გამორიცხული, რომ არანაირ ვადის შეცვლას ადგილი საერთოდ არ ჰქონია, ან თუ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩერჩილის წერილამდე იყო მომხდარი. თავის მხრივ, სტალინმა ყირიმის კონფერენციის მსვლელობისას განაცხადა, რომ ბრიტანელებისა და ამერიკელების მხრიდან არ ყოფილა რაიმე მოთხოვნა აღმოსავლეთის ფრონტზე შეტევის დაწყების შესახებ და საბჭოთა მხარე არ განიცდიდა რაიმე ზეწოლას ამ მიმართულებით.
2. ჰიტლერმა არდენებში თავი დამარცხებულად სცნო და ბრძანა ძალების გამოყვანა 8 იანვარს, თუმცა დამარცხების მთავარ მიზეზად მან მიიჩნია მისი ბრძანებების არშესრულება.
3. აღსანიშნავია, რომ ამერიკელების განცხადებით, საბჭოთა შეტევის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სწორედ არდენებში გერმანელთა უშედეგო შეტევამ. ჯ. მარშალის თქმით, არდენის ბრძოლის შემდეგ გერმანიას არ დარჩა სტრატეგიული რეზერვები, რის გამოც ვერ მოახერხა საბჭოთა შეტევების შეჩერება პოლონეთში.
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3
 
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий