пятница, 6 июля 2018 г.

მირზა მოჰამად ჰოსეინ ფარაჰანის (1847-1912) მოგზაურობა საქართველოში

მირზა მოჰამად ჰოსეინ ფარაჰანი, ცნობილი თახალუსით გოლბონი, ნასერ ად-დინ შაჰის კარის მოხელე და თავისი დროის ცნობილი მწერალი იყო. მამამისი მირზა მოჰამად მეჰდი ფარაჰანიც პოეტი და სახელმწიფო მოხელე იყო. მოჰამად ჰოსეინმა განათლება თეირანში მიიღო და 22 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ მირზა სეიდ ხან მოთამენ ალ-მოლქის თანაშემწედ. ფარაჰანი ბევრს მოგზაურობდა. იგი ახლდა ნასერ ად-დინ შაჰს ხორასანში, ორჯერ იყო ინდოეთში დიპლომატიური მისიით და ორჯერ მოილოცა მექა. ნასერ ად-დინ შაჰის ბრძანებით, მან მეორე მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა მექაში მოგზაურობის წიგნში, რომლისთვისაც მიენიჭა მალექ ალ-ქოთაბის (კალიგრაფების მეფე) ტიტული, რომელსაც მამამისიც ფლობდა. მისი მრავალრიცხოვანი თხზულებებიდან შემორჩა მხოლოდ ორი - ჰალათი (სულიერი განწყობილებები) და ადაბ ას-სორური(მხიარულების წესები). დანარჩენი - დივანი (ლექსების კრებული), მონშაათი(წერილები) და ტრაქტატი სახელმწიფოს მართვის საკითხებზე - დღემდე დაკარგულად ითვლება.
მსოფლმხედველობრივად ფარაჰანი თავისი დროის სპარსული ბიუროკრატიული ელიტის ტიპიური წარმომადგენელი იყო. მკვეთრი ანტიკლერიკალიზმი მასში ინდივიდუალურ ღვთისმოსავობასთან იყო შერწყმული. „ჰალათისბოლო ნაწილი მწვავე სატირაა შიიტურ სამღვდელოებაზე. მეორე მხრივ, „მოგზაურობის წიგნშიის შიიზმისადმი გულწრფელ მოწიწებასა და პატივისცემას ამჟღავნებს. მას მიაჩნია, რომ შიიტები და სუნიტები უნდა იყვნენ ტოლერანტულები ერთმანეთის მიმართ, მაგრამ - შეუწყნარებლები არამუსლიმებისადმი. მის მოგზაურობის წიგნში აშკარად ჩანს უნდობლობა არამუსლიმებისადმი, თუმცა ეს უნდობლობა არ გადადის აგრესიაში ან სიძულვილში. კერძოდ, ქართველებისადმი ფარაჰანი საკმაოდ კეთილგანწყობილია და საქართველოს მცხოვრებთაგან თუ ვინმეს აკრიტიკებს, ეს პირველ რიგში სწორედ აქაური სპარსელები არიან.
მექაში ფარაჰანი 1885 წელს რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების გავლით ჩავიდა. გზად მან გაიარა სამხრეთ კავკასია, კერძოდ, საქართველო და აზერბაიჯანი, გემით გადაცურა შავი, ეგეოსის, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. მისიმექაში მოგზაურობის წიგნიროგორც ინფორმაციულად, ისე მხატვრული ღირსებებით ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ჟანრის თხზულებებს შორის. ის საინტერესო ცნობებს შეიცავს საქართველოს შესახებაც, რომელიც მან როგორც წინა, ისე უკანა გზაზე მოინახულა. თხზულების ხელნაწერი, რომელიც მისი ავტორის კალიგრაფიული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია, თეირანში მეჯლისის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება. ის ორჯერ დაიბეჭდა: 1964 წელს ჰაფეზ ფარმაიანის მიერ და 1983 წელს მასუდ გოლზარის მიერ. 2010 წელს რასულ ჯაფარიანმა ის შეიტანა თავის რვატომეულშიყაჯართა პერიოდის მექაში მოგზაურობის 50 წიგნი“.
მექაში მოგზაურობის წიგნი (1885-86)
წინა გზა ბაქოდან ბათუმამდე
[1302 წლის] შავალის თვის 16-ში (1885 წლის 29 ივლისს) ოთხშაბათს დილით ბაქოში შევედით, 17-ში ხუთშაბათს შუადღისას კი კალიასკაში ჩავსხექით და რკინიგზის სადგურში წავედით.
რკინიგზა
ბაქოს ბათუმთან რკინიგზის ხაზი აკავშირებს. მას შემენდეფერს ეძახიან. შემენ ფრანგულად გზას ნიშნავს, ფერ - რკინას, ხოლო დე მაკავშირებელი წინდებულია. ყოველდღე ბაქოდან თბილისსა და ბათუმში ორთქმავალი დადის. ბაქოს სადგური ქალაქიდან ნახევარ ფარსახზეა. ამ ორსართულიან დიდებულ შენობაში დარაჯები და მუშები ტრიალებენ. სადგურში რამდენიმე აპარატი დგას: ერთი ბილეთის ასაღებად არის განკუთვნილი და მასში ჯერ ფულს აგდებ და მერე ბილეთს იღებ, მეორე კი - ბარგის გადასატანად და დასარიგებლად. თითოეულ მგზავრს შეუძლია თან ერთი ფუთი ანუ ხუთნახევარი თავრიზული მანი ბარგი ჰქონდეს. მას უფლება აქვს უფასოდ გაიტანოს სამოვარი, ნარგილე, ზარდახშა და წყლის ჭურჭელი. თუ ბარგის წონა აჭარბებს ერთ ფუთს, ან რაოდენობა - ამ ნივთების ჩამონათვალს, მან დამატებითი თანხა უნდა გადაიხადოს: ბაქოდან ბათუმამდე ყოველ თავრიზულ მანში ირანულ ფულზე დაახლოებით 85 [დინარი]. ეს ბარგი და ნივთები ცალკე, სამგზავრო ვაგონით გადააქვთ. მას შემდეგ, რაც ბარგს შეაგროვებენ, ჩააბარებენ და დამატებით თანხას გადაიხდიან, მგზავრებს აძლევენ ქვითარს, რაც ბარგის [ჩაბარების] მოწმობაა. მგზავრობის ბოლომდე ისინი ბარგს აღარ ნახულობენ, სანამ დანიშნულების ადგილზე ქვითარს არ წარადგენენ და თავიანთ ნივთებს უკლებლივ და დაუზიანებლად უკან არ მიიღებენ.
სადგურში ასევე არის ბარგის გასაგზავნი პუნქტი, მატარებლის მუშების, ხელოსნებისა და მათი ზედამხედველებისთვის განკუთვნილი ადგილი და სასადილო.
სადგურები გზაზე
ბაქოდან ბათუმამდე 36 სადგურია, აქედან ბაქოდან განჯამდე - 17, განჯიდან თბილისამდე - 3, თბილისიდან ბათუმამდე კი - 16. სადგურები ერთმანეთისგან 21-30 ვერსით არის დაშორებული და წყლიან და დასახლებულ ადგილებზეა აშენებული.
1 ვერსი 500 საჟენის, ხოლო ერთი საჟენი 3 რუსული ზარის ანუ 2 ერაყული ბაზაზი ზარისა და ერთი გერეს ტოლია. ამგვარად, 1 ვერსი, რომელიც 500 საჟენია, 1500 რუსული ზარ გამოდის, რაც 1033 ერაყულ  ზარ შეესაბამება. თუმცა, სავაჭრო ოპერაციებში 1500 რუსულ ზარ 1050 ერაყულ ზარად ითლება. ჩათვარი ვერსის მეოთხედი ანუ 375 რუსული ზარია. ამგვარად, 6 ვერსი 6180 ერაყული ზარის ეკვივალენტია. 6000-ჯერ ეს რიცხვი 1 ფარსახის ტოლია, ანუ 180 ზარ ფარსახზე მეტია.
სადგურები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანი მდებარეობს ცენტრალურ პუნქტში, სადაც ბევრი გამვლელ-გამომვლელი, გასაჩერებელი ოთახი, შენობა და მუშაა. ერთი სადგურიდან მეორემდე გზის ხანგრძლივობა დაახლოებით 22-23-დან 35 წუთამდეა. სადგურში მატარებელი 2 წუთიდან ნახევარ საათამდე ჩერდება, დიდ ქალაქებში კი - უფრო დიდხანს, მაგალითად, თბილისში ერთ საათზე მეტ ხანს დგას. თუ გზა დაზიანებულია, მატარებელი მოძრაობას ანელებს ან ჩერდება. საფოსტო მატარებელი ორშაბათობით და პარასკეობით დადის, ჩვეულებრივ მატარებელზე ჩქარა მოძრაობს და სადგურებში უფრო ცოტა ხნით ჩერდება. გაჩერების დროს ზარი სამჯერ ირეკება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მგზავრებს შეუძლიათ მატარებლიდან ჩამოვიდნენ და დაისვენონ. მესამე ზარზე მატარებელი დაუყოვნებლივ იძვრება. გზა მონაკვეთებად არის დაყოფილი და ყოველი ვერსის დაშორებით ლიანდაგის გვერდით აყენია სანიშნეები, რომლებზეც რუსულად აწერია. სადგურებზე მატარებლების ასაწყობად და შესაკეთებლად მუშები და ხელოსნები მუშაობენ. დიდ ქალაქებში უფრო მეტი მუშა, ხელოსანი და ჯარისკაცია და მათი უფროსის ჩინიც უფრო მაღალია.
სადგურებს შორის ოთხადგილიანი საგუშაგოებია, რომელთაგან თითოეული ერთი ოჯახისთვის არის განკუთვნილი. მთელ გზაზე ერთი ვერსის დაშორებით თითო გუშაგი დგას. თუ ის მწვანე ალამს აღმართავს, ამით მიანიშნებს, რომ გზის ეს მონაკვეთი თავისუფალია და მატარებელს შეუძლია სწრაფად იაროს. წითელი ალამი ნიშნავს, რომ გზა დაზიანებულია და მატარებელმა სვლა უნდა შეანელოს და ფრთხილად იყოს. მაღლა აწეული წითელი და შავი ალამი კი მემანქანეს ამცნობს, რომ გზა დანგრეულია და სანამ არ გააკეთებენ, მან მატარებელი უნდა გააჩეროს. ღამ-ღამობით ალმების ნაცვლად ზემოთ აღწერილი წესით წითელ და მწვანე ფარნებს ანთებენ.
მთელ გზაზე რკინიგზის ხაზის გასწვრივ ტელეგრაფის ხაზია გაჭიმული. მსურველს შეუძლია, ერთი სადგურიდან მეორეში ტელეგრამა გააგზავნოს და გზის ამა თუ იმ მონაკვეთის დაზიანების შესახებ შეატყობინოს.
მგზავრობის ღირებულება
ერთი სადგურიდან მეორემდე მესამე კლასით მგზავრობის ფასი ნახევარი ქაღალდის მანეთია. ამ კლასით ძირითადად უბრალო ხალხი მოგზაურობს. გარდა ამისა, ყველა სადგურში ბილეთის თანხა - ნახევარი კაპიკი შავი ფულიც იკრიბება. ამგვარად, ბაქოდან ბათუმამდე (36 სადგური) მესამე კლასით მგზავრობა 18 მანეთი და 18 კაპიკი ღირს. აქედან 18 მანეთი მატარებლის ბილეთის ფასია (თითოეულ სადგურზე ნახევარი½ მანეთი), ხოლო 18 კაპიკი - ბილეთის ქაღალდის ფასი. 18 მანეთი და 18 კაპიკი ირანულ ფულზე დაახლოებით 5 თუმანი და 8500 დინარია. მეორე კლასით მგზავრობა ამ თანხის ორმაგი ღირს, ანუ 36 მანეთი და 36 კაპიკი, რაც დაახლოებით 11 თუმანი და 7 ირანული ყერანია. პირველი კლასით მგზავრობის ფასი კი სამმაგი, ანუ 54 მანეთი და 72 კაპიკია, რაც დაახლოებით 17 თუმანი და 6 ირანული ყერანია. ეს სამი კლასი კომფორტით დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, გარდა იმისა, რომ რადგან მესამე კლასის ვაგონი მატარებლის ძრავასთან უფრო ახლოს არის, ის მეტად ირყევა. პირველი კლასის ვაგონში კი, რომელიც ძრავისგან ყველაზე მეტად არის დაშორებული, ვიბრაცია ნაკლებია. პირველი კლასის ვაგონში ხავერდის კედლები და ახალი, სუფთა ავეჯი და გამანათებელი მოწყობილობებია. მეორე კლასის ვაგონში კედლებზე მაუდის ან ტიკის ქსოვილია გადაკრული და ავეჯიც არც ისე სუფთაა. მესამე კლასის ვაგონის კედლები კი ხისაა და მასში ავეჯი საერთოდ არ დგას.
მდგომარეობა მატარებელში
მატარებლის მომსახურე პერსონალი ძირითადად რუსებია, რომლებიც დაუდევარ მგზავრებს ნივთებს გასაოცარი სისწრაფით პარავენ. მგზავრმა რომც იჩივლოს, მაინც ვერაფერს გახდება, რადგან სადგურებზე უამრავი ხალხი ირევა, ზოგი ადის და ზოგი ჩადის და ხელს ვერავის დაადებ. ამიტომ ისინი მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყვნენ და თავიანთ ბარგს უნდა მოუფრთხილდნენ.
მატარებელში კაცები და ქალები, მუსლიმები და ურწმუნოები ერთმანეთში არიან არეული და ამას ვერსად გაექცევი. აქ ყველა თანასწორია და ვისაც ბილეთი აქვს, შეუძლია ნებისმიერი კლასის ვაგონში ნებისმიერ ადგილზე დაჯდეს. სადგურებზე საჭმელი და სასმელი იყიდება. დიდ ქალაქებში მეტი საჭმელია, მაგრამ ყველაფერი ძალიან ძვირია. ზოგიერთ სადგურზე საჭმელი და ხილი შორიახლო სოფლებიდან მოაქვთ და უფრო იაფად ყიდიან.
წყლის პრობლემა გზაზე
სადგურებზე დასალევი წყალი მუსლიმებისა და ურწმუნოებისათვის ერთია. ყველგან კასრები და რკინის ან ხის ჭურჭელი დგას, შიგ დევს ჭიქა ან პატარა ფიალა, რომლითაც მუსლიმები და ურწმუნოები წყალს იღებენ, მაგრამ იქიდან ერთ ქორ 1 წყალს ვერ ამოიღებ. ამიტომ მგზავრს ძალიანაც რომ უნდოდეს, რომ გემზე ან მატარებელში [რელიგიური] გულმოდგინება გამოიჩინოს, ეს მას გაუჭირდება, რადგან წყალი [რიტუალურად] სუფთა არასოდეს არის.
მთავარი ის არის, რომ მცირე რაოდენობით წყალი მასში ჭუჭყის მოხვედრისთანავე უსუფთაო არ ხდება. ანუ გინდ წყალი ქორზე ნაკლები იყოს და კასრში, დოქში, ჭიქაში ან სხვაგან მოხვდეს, ის მაშინათვე არ დაბინძურდება და მხოლოდ ფერს, სუნს და გემოს შეიცვლის. ეს პრობლემა ძველია და [ასეთი წყლის დალევა] მძიმე ცოდვად შეიძლება არ ჩაითვალოს.
1. ქორი წყლის მინიმალური რაოდენობაა (არანაკლებ 350 ლიტრისა), რომელში მოხვედრის მერეც, შიიტების რწმენით, საგანი რელიგიურად სუფთა ხდება.
შიიტი სწავლულების აზრი წყალზე

ამ საკითხზე როგორც ძველი, ისე ახალი დროის სწავლულები მსჯელობენ. პირველთა შორის არიან განსვენებული ომანი2, განსვენებული სეიდ მორთეზა3 და ჰასან იბნ აბი აყილი4, რომლებიც არ მიიჩნევდნენ, რომ წყლის მცირე რაოდენობა ჭუჭყთან შეხებისას სისუფთავეს კარგავს. თანამედროვეთა შორის არიან განსვენებული სეიდ აბდ ალ-ქერიმი5, ავტორი თხზულებისა ქეთაბ- დორ (მარგალიტის წიგნი), განსვენებული მოლა მოჰსენი6 და შეიხ იუსუფ ბაჰრანი7, რომელთაც ამ საკითხისადმი იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ. მათ გარდა, რამდენიმე ახალი დროის სწავლულიც აღიარებს ასეთი წყლის რიტუალურ სისუფთავეს. 25 ავტორიტეტულ ჰადისში აღნიშნულია, რომ მცირე რაოდენობის წყალი ჭუჭყთან შეხებისას არ ბინძურდება, საწინააღმდეგოს კი 26 ჰადისი ამტკიცებს. განსვენებულმა შეიხ მოჰამად ჰასანმა8 თავის წიგნში ჯავაჰერ ალ-ქალამ (სიტყვების ძვირფასი ქვები) შეკრიბა ყველა ჰადისი, რომელიც [რიტუალური] სისუფთავისა და უსუფთაობის პრობლემას ეხებოდა. [რიტუალური] სისუფთავის დამცველ ჰადისებს ფარისევლობად ვერ შევაფასებთ, რადგან სუნიტებს უსუფთაობა მიაჩნდათ სწორად და არა სისუფთავე. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი იმამი თავის ჰადისებში, ასევე ძველი და ახალი დროის სწავლულები ამტკიცებდნენ, რომ მცირე რაოდენობის წყალი ჭუჭყთან შეხებისას სუფთა რჩება, ამდენად ეს საკითხი როგორც უწინ, ისე ახლა მხოლოდ თვალსაზრისს წარმოადგენს და არა რელიგიურ ნორმას, რომლის იგნორირებაც ურწმუნობა იქნებოდა. რადგან ორივე მხარე დიდი რაოდენობით ჰადისებს იმოწმებს, ამდენად ორივენი მართლები არიან და ორივე მოსაზრება დასაშვებია.

ვინაიდან ეს საკითხი ყველა დროში აქტუალური იყო, ამიტომ ხალხმა მას ყურადღება უნდა მიაქციოს და იმამებმაც თავი არ უნდა აარიდონ ამ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელსაც კაცი ყოველ წამს ეჯახება. დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი საფუძვლიან ახსნა-განმარტებას და კომენტარებს საჭიროებს, მაგრამ ამ უბრალო წიგნში მასზე მეტს ვეღარ შევჩერდები. ჩემი მიზანი მხოლოდ იმის ჩვენება იყო, რომ თუ მავანი დაუჯერებს სწავლულებს, რომლებიც ასეთი წყლის რიტუალურ სისუფთავეს ამტკიცებენ, ის დამშვიდდება და ორთქმავალსა და გემზე რიტუალური განბანვის ჩატარება გაუიოლდება.
2. ომანი იგივე აბუ მოჰამად ჰასან იბნ აბი აყილი (?-940) - შიიტი სწავლული.
3. სეიდ მორთეზა ალი იბნ ჰოსეინი (ალამ ალ-ხოდა) (355/966-436/1044) - შიიტი სწავლული.
4. ჰასან იბნ აბი აყილი ზემოთ ნახსენები ომანის სრული სახელია. როგორც ჩანს, ფარაჰანიმ ეს ორი სახელი ერთმანეთს ვერ დაუკავშირა და სხვადასხვა ადამიანებად ჩათვალა.
5. სეიდ აბდ ალ-ქერიმ ჯაზაერი (?-1800/01) - შიიტი სწავლული.
6. მოლა მოჰსენ ფაიზი იგივე მოჰამად იბნ მორთეზა იბნ შაჰ მაჰმუდ ქაშანი (?-1680) - შიიტი სწავლული.
7. შეიხ იუსუფ იბნ აჰმად იბნ ებრაჰიმ ბაჰრანი (?-1772/73) - შიიტი სწავლული.
8. შეიხ მოჰამად ჰასან ნაჯაფი (1788-1850) - შიიტი სწავლული.
შიიტი სწავლულების აზრი რიტუალურ სისუფთავეზე
მეორე საკითხი, რომელიც ასევე გაუადვილებს მუსლიმებს გემზე და მატარებელში ყოფნას, წიგნის ხალხის9 [რიტუალური] სისუფთავის აღიარებაა, რასაც ბევრი სახელოვანი შიიტი სწავლული იზიარებდა. მაგალითად, განსვენებულ შეიხ მოფიდს10 ურწმუნოებთან შეხების გამო წყალი უსუფთაოდ და შარიათით მიუღებლად არ მიაჩნდა. განსვენებული შეიხ თუსი11 და ომანიც თავიანთ გამონათქვამებსა და წიგნებში ამასვე წერენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი მხოლოდ ერთ-ერთი თვალსაზრისია და ყურანში არ გვხვდება აიათები, რომლებიც არამუსლიმების უსუფთაობაზე პირდაპირ მიუთითებდა, წმინდა იმამები და სწავლულები მაინც დაჟინებით ამტკიცებდნენ წიგნის ხალხის [რიტუალურ] უსუფთაობას და ამ აზრს ბევრი თანამედროვე სწავლულიც ეთანხმება. ამიტომ ამ საკითხმა რელიგიური დატვირთვა მიიღო და მისდამი ნეგატიური დამოკიდებულება მუსლიმისთვის ღირსების საქმედ იქცა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს საკითხი დღემდე ღიად რჩება და თუ მავანი გაიზიარებს ჰაი მეჩეთის სწავლებას არამუსლიმების [რიტუალური] სისუფთავის შესახებ, მათთან ურთიერთობა და, შესაბამისად, უცხო ქვეყნებში ყოფნა გაუადვილდება. გამიგია, რომ ერთი თანამედროვე დიდი იმამი წიგნის ხალხს წმინდად თვლიდა, თუმცა სხვა იმამები მას არ ეთანხმებოდნენ.
ბაქოდან გამგზავრება
ამგვარად, შავალის თვის ჩვიდმეტში (30 ივლისს), ხუთშაბათს, მზის ჩასვლამდე ექვსი საათით ადრე მატარებელში ჩავსხედით და გავემგზავრეთ. ტერიტორიას ბაქოდან ხაიგის სადგურამდე სასაფლაოს რაიონს ეძახიან, რადგან ხრიოკი, მტვრიანი, უწყლო და საშინლად ცხელი ადგილია.
9. წიგნის ხალხს მუსლიმები ებრაელებს და ქრისტიანებს ეძახიან. შიიტ ავტორიტეტთა უმეტესობა თვლის, რომ მათთან ფიზიკური შეხებაც კი მუსლიმის რელიგიურ სისუფთავეს აზიანებს.
10. შეიხ მოფიდი, აბუ აბდოლაჰ მოჰამად იბნ მოჰამად იბნ ნუმან ალ-ბაღდადი (948-1023) - შიიტი სწავლული.
11. შეიხ თუსი, აბუ ჯაფარ მოჰამად იბნ ჰასან იბნ ალი თუსი (955-1067) - შიიტი სწავლული, შეიხ მოფიდის მოწაფე.
აყჯაყაბილის სადგური
აქედან აყჯაყაბილის12 სადგურამდე, რომელიც სალიანის რაიონს ეკუთვნის, გაშლილი სივრცეა. მარჯვნივ, ძირითადად ხრიოკი მთები, მარცხნივ კი მტვრიანი, უწყლო და გადახრუკული მინდვრებია და ძალიან ცხელა. დაბა სალიანამდე გზა ამ სადგურიდან მიდის და იქამდე 24 ფარსახია, რომელსაც საფოსტო ცხენები 12 საათში გადიან.
ქიურდამირის სადგური

აყჯაყაბილის სადგური გავიარეთ და შირვანის რაიონის სადგურ ქიურდამირისკენ გავემართეთ. გზას ორივე მხრიდან სოფლები მიუყვებოდა. ამინდი გაუმჯობესდა და შედარებით აგრილდა. ამ სადგურიდან ქალაქ შირვანამდე13 20 ფარსახია და საფოსტო ცხენები ამ გზას 10 საათში გადიან. ცოტაც რომ გავიარეთ, მარჯვენა მხარეს მთები და მწვანეში ჩაფლული, წყლებით მდიდარი სოფლები გამოჩნდა. სადგურ გოი-ჩაის მივუახლოვდით. სადგურიდან ქალაქ გოი-ჩაიმდე ხუთი ვერსია და მასზე ცხენებითა და ვირებით დადიან. შემდეგი სადგური შამქორია, საიდანაც განჯის რაიონი იწყება. შამქორის სადგურიდან ქალაქ განჯამდე ორი ვერსი სიგრძის საფეხმავლო გზა მიდის. აქედან თბილისამდე სამი სადგურია. განჯას რომ გავცდით, ამინდი მკვეთრად შეიცვალა, აცივდა და შორიახლოს თოვლით დაფარული მთები, სოფლები, წყლები და ხეები გამოჩნდა. გზაზე შვიდი თუ რვა მდინარე შემოგვხვდა. მათზე მატარებლების სასიარულოდ რკინის ხიდები იყო აგებული. შავალის თვის 18-ში (31 ივლისს), პარასკევს დილის ხუთ საათზე თბილისში შევედით. ამგვარად, ბაქოდან თბილისამდე 17 საათის გზაა. მატარებელი თბილისში ერთი საათი გაჩერდა, ახალი მგზავრებითა და ბარგით შეივსო და ბათუმისკენ გაემგზავრა.
12. დღევანდელი ჰაჯიგაბული, საბჭოთა პერიოდში - კაზი-მაჰომედი.
13. ასეთი ქალაქი ფარაჰანის მოგზაურობის დროს არ არსებობდა. შესაძლოა იგულისხმება ქალაქი (იმხანად დაბა) და რკინიგზის სადგური ევლახი.
14. ძველი წარმოდგენებით, სამყარო შვიდ კლიმატურ რეგიონად იყოფოდა: პირველი - ინდოეთი, მეორე - არაბეთი და აბისინია (ეთიოპია), მესამე - ეგვიპტე და სირია, მეოთხე - ირანი, მეხუთე - რუმი და სლავური ქვეყნები (შაქლაბ), მეექვსე - თურქეთი და გოგი, მეშვიდე - ჩინეთი და ინდოჩინეთი.
თბილისი
თბილისი მეხუთე [კლიმატური] რეგიონის14 ნაწილი და საქართველოს დედაქალაქია. გადმოცემით, ის ანუშირვანის აგებულია. ომაიანი მმართველების ბრძანებით, ესჰაყ იბნ ესმაილმა აქ ციხე და გალავანი ააგო.
ქალაქში სახლები ფიჭვის ხით იყო გადახურული. როცა მუთავაქილმა ბუღა ესჰაყთან საომრად გააგზავნა, ესჰაყმა მას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ბუღამ ცეცხლის მტყორცნელებს უბრძანა, ქალაქი ცეცხლისთვის მიეცათ. ქალაქის დიდი ნაწილი დაიწვა და უამრავი ხალხი დაიღუპა15. ზოგი კი თვლის, რომ თბილისი რუმელი ალექსანდრეს16 აგებულია, რაზეც ნიზამის17 ესქანდერ-ნამეშიც არის მინიშნება:
ასე უთხრა ვაჟს მოხუცმა დეჰყანმა,
რომ თბილისი მან [ესქანდერმა] ააშენა“.
საქართველო ყოველთვის დამოუკიდებელი ქვეყანა იყო და მას საკუთარი მეფეები და მთავრები ჰყავდა. ზოგჯერ ისინი ირანის მმართველების ვასალები ხდებოდნენ და როცა მათ არ ემორჩილებოდნენ, ძლევამოსილი შაჰი ქვეყანას თავს ესხმოდა და სჯიდა. ასე, 988 (1580) წელს ემირ თემურ გურაქანის ლაშქარი თბილისს თავს დაესხა18, ააოხრა და ეკლესიები დაანგრია. ასევე, ღვთისმოშიშმა აღა მაჰმად შაჰ ყაჯარმაც 1210 (1795) წელს ერეკლე ხან გორჯის მმართველობის დროს ქალაქი ძალით აიღო, ქართველების ტაძრები დაანგრია, ხელფეხშეკრული მღვდლები მტკვარში გადაყარა და ბევრი ხალხი ამოხოცა.
ადრე ქალაქი და მისი ციხე-სიმაგრე სამხრეთი მთის კალთაზე იყო შეფენილი და ნარიყალად წოდებული ციხე ამ მთის წვერზე იდგა. ამ მთიდან ბევრი წყარო გადმოდის და ზოგიერთ მათგანში ცხელი წყალია. სულთნებმა მათზე აბანოსთვის გუმბათები ააშენეს.
ახლანდელი თბილისი ხეობის გასწვრივ არის გადაჭიმული და მაინცდამაინც ფართო არ არის. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მას მთები აკრავს. სამხრეთი მთა უფრო მაღალი და პირქუშია. ძველად აქ ნარიყალა და საქართველოს მეფეთა რეზიდენცია იყო და კოშკისა და გალავნის ნაშთები ჯერ კიდევ მოჩანს. დღესაც დასახლებული უბნებისა და ბაზრების უმრავლესობა სამხრეთით არის განლაგებული. ჩრდილოეთი მხარე კი ევროპელების უბანია და მასში უფრო სუფთა და ფართო ქუჩები და შენობებია. მეფისნაცვლის სასახლე, არსენალის შენობა, ხუროთა სახელოსნოები და საავადმყოფოები ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს. სახლები ძირითადად მთის წვერზე და კალთებზეა შეფენილი.
15. აქ მოთხრობილია ბუღა თურქის თბილისზე შემოსევის ამბავი. ხალიფა მუთავაქილმა (847-861) თავისი სარდალი ბუღა თურქი 853 წელს თბილისის ამირას ისჰაკის (ქართულ წყაროებში - საჰაკი, ფარაჰანისთან - ესჰაყ იბნ ესმაილი) წინააღმდეგ საომრად გაგზავნა. ბუღას ლაშქარმა თბილისი აიღო და გადაწვა. ფარაჰანი ერთ უზუსტობას უშვებს - ისჰაკის ამირობის დროს სახალიფოს უკვე არა ომაიანები, არამედ აბასიანები მართავდნენ.
16. .. ალექსანდრე მაკედონელის.
17. დიდი აზერბაიჯანელი სპარსულენოვანი პოეტი, სპარსული ლიტერატურის კლასიკოსი.
18. სინამდვილეში თემურ ლენგი თბილისს 1386 წელს შემოესია, რაც ჰიჯრით 788 და არა 988 წელია. თემურის წოდებაგურაქანიმომდინარეობს თურქულ-მონღოლური üრეგენ-იდან, რაც ნიშნავსყაენის სიძესდა უნდა მიანიშნებდეს თემურის ნათესაურ კავშირზე (ცოლის მხრიდან) ჩინგიზ ყაენთან (A Shi‘ite Pilgrimage to Mecca 1885-86..., 77, note 87).
მტკვარი
მდინარე მტკვარი თბილისს შუაზე კვეთს. მის ორსავე მხარეს რამდენიმე დიდი შენობაა, რომლებშიც მდინარის წყალი [საქაჩი] მანქანებით შედის. ადრე მტკვარზე ხის ხიდი იყო გადებული, რომელიც პრინც ვორონცოვის დროს რკინის ხიდით შეცვალეს. ხიდის გვერდით ვორონცოვის ბრინჯაოს ქანდაკება დგას. ქანდაკების გარშემო შვიდი გადაბრუნებული ქვემეხია განლაგებული. აქ მდინარე ორ განშტოებად იყოფა. პირველზე [ხიდის] ერთი მალია გადაყვანილი, მეორეზე კი - ექვსი. ამ განშტოებებს შორის [კუნძულზე] სახლები და დუქნებია აშენებული.
მტკვრის სათავისა და კალაპოტის შესახებ ძველ წიგნებში წერია, რომ ის საქართველოს მთების წყაროებიდან იღებს სათავეს, გაივლის ხაზართა ქვეყანას, აფხაზეთის ვილაიეთს, თბილისს, ჰერეთს, შამქორის რაიონს და დაბა სალიანს ჩაუვლის. გზად მას პატარა მდინარეები უერთდებიან. ბოლოს, სოფელ ბარდაასთან მტკვარი მდინარე არაქსს უერთდება და კასპიის ზღვაში ჩაედინება.
მოთამად ად-დოულე ფარჰად მირზას თვალსაზრისი მისმა აღმატებულება მოთამად ად-დოულე ფარჰად მირზამ თბილისის გუბერნატორის ორლოვსკის19 წიგნზე დაყრდნობით თავისმოგზაურობის წიგნშიგააკეთა ჩანაწერი, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს: [მტკვარი] სათავეს იღებს ოსმალური სომხეთის ტერიტორიაზე, მუთელჯანის სახელით ცნობილი მაღალი მთის წყაროებიდან, რომელთაგან ყველაზე დიდი მარჯან-სუ და ბუნჯუყ-ბუნღარია. მას შემდეგ, რაც ოსმალეთის მიწაზე 90 ვერსს გაივლის, ის რუსეთის ტერიტორიაზე გადადის და აწყურის, ბორჯომისა და ქართლის ხეობებს ჩაუვლის.
ბორჯომის მამული მეფისნაცვლის სააგარაკო ადგილია. ოსმალეთის საზღვრიდან ბორჯომამდე მტკვარი 95 ვერსს გადის, ბორჯომიდან თბილისამდე - 200 ვერსს და მერე განჯის გავლით სალიანში ჩაედინება. სათავიდან სალიანამდე მტკვრის შენაკადებია: ახალქალაქის რაიონში - ახალქალაქისწყალი, ახალციხეში - ფოცხოვისწყალი, აწყურსა და ქართლს შორის - ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი, თბილისის შემოგარენში - თრიალეთი, სუმასი20, ალგეთი და ხრამი, განჯის რაიონში - გერანჩაი, ყანეყი21, თერთერი და ხაჩინჩაი. და, ბოლოს, ბაქოს რაიონში სოფელ ძველი ავტორები მტკვრის განსაკუთრებული თვისებების შესახებ წერდნენ, რომ მის წყალს გამაჯანსაღებელი ძალა აქვს და მასში მოხვედრილი ადამიანები და ცხოველები დიდხანს ცოცხლობენ. ამბობენ, რომ ერთხელ მტკვრიდან ამოიყვანეს წყალწაღებული, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა. გონზე მოსულმა გარშემომყოფებს უამბო, რომ 6 დღის წინ აღმა 5 დღის სავალზე წყალში ჩავარდა, მაგრამ გადარჩა. მსმენელებმა მას თანაუგრძნეს და საჭმელი მოუტანეს. ამასობაში კედელი, რომლის ქვეშაც ეს კაცი იჯდა, ჩამოინგრა და ის კედლის ქვეშ დაიღუპა. პასუხისმგებლობა [ამ ამბის სიმართლეზე] თავად მის მთქმელზეა.
19. კ.ი. ორლოვსკი თბილისის გუბერნატორი იყო 1860-1876 წლებში. ფარჰად მირზას შენიშვნით, მან ისარგებლა ორლოვსკის წიგნის სპარსული თარგმანით, რომელიც მისთვის ნ. ხანიკოვმა გააკეთა.
20. ფარჰად მირზასთან - სუმასათი. ასეთი დასახელების მდინარე არ არსებობს. შესაძლოა იგულისხმება სკორეთი (ვერე) ან სარცხენისი (ლოჭინი).
21. ყანეყი მდინარე ალაზნის თურქული სახელწოდებაა. ჯავადთან მდინარე არაქსიც მტკვარს უერთდება და ორივე ერთად კასპიის ზღვაში ჩაედინება.
თბილისის მისადგომებთან მტკვარზე კაშხალია აგებული, რომელიც ყარაიაზის სახელით არის ცნობილი. მისი საშუალებით მტკვრის წყალი ქალაქის მიმდებარე ნათესებსა და სოფლებს მიეწოდება. ქალაქის შემოგარენში არის მეორე კაშხალიც, რომლის წყალი თბილისის სამხრეთით მდებარე სახლებზე და ბაღებზე გადის. ამიტომ ქალაქის ეს მხარე აყვავებულია და აქ კარგი სახლები, ბაღები და თეატრებია აშენებული. ამ უბანს მოჯთაჰედის ქუჩას ეძახიან, რადგან აყა მირ ფათაჰ თავრიზელს22 აქ დიდი სახლი და ბაღი ჰქონდა. მერე რუსეთის ხელისუფლებამ მას ქონება ჩამოართვა, ერთი ნაწილი დაყო და ისე გაყიდა, მეორე ნაწილზე კი სახელწიფო ბაღი გააშენა. ქალაქის ზოგიერთ უბანში ბაღებისა და ბოსტნების მოსარწყავად მტკვარზე წყალსაქაჩებია დაყენებული. მათზე თიხის ქოთნებია დამაგრებული და ცხენების, ვირებისა და ძროხების საშუალებით იქიდან დიდი რაოდენობით წყალი ამოაქვთ. ნათესების მოსარწყავად წყალს ამ მეთოდით იღებენ ბაღდადში ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე და ასევე ქერმანსა და ფარსშიც.
წყალი და კლიმატი
ერთი სიტყვით, თბილისის წყალი სასარგებლო და გემრიელია. აქაური კლიმატი ცვალებადია და უფრო სიცივისკენ იხრება. ახლაც კი, შუა ზაფხულში, როცა კიტრი და ჟოლო უკვე მოწეულია, ძალიან ცივა. ქალაქსა და მის შემოგარენში დიდი რაოდენობით ხე, ყვავილნარი და ბაღია და სახლების უმეტესობაშიც ბევრი ხე და ყვავილია.
თბილისის მოსავალი
22 აყა მირ ფათაჰი იყო თავრიზის მოჯთაჰედი. 1828 წლის რუსეთ-ირანის მეორე ომის დროს ის დაეხმარა რუსებს თავრიზის დამორჩილებაში, რის შემდეგაც თბილისში გადმოსახლდა და რუსეთის ხელისუფლებისგან საჩუქრად მიიღო მიწის დიდი ნაკვეთი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, იმდროინდელი ქალაქის გარეთ. ნაბოძებ მიწაზე აყა მირ ფათაჰმა გააშენა ბაღი, რომელიც 1853 წელს ხაზინის საკუთრებაში გადავიდა და საზოგადოებრივი გახდა. მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ეს ბაღი თბილისელთა საყვარელი დასასვენებელი და გასართობი ადგილი იყო. ის დღესაც არსებობს და ხალხში ცნობილია „მუშტაიდის“ (დამახინჯებული მოჯთაჰედი) სახელწოდებით.
თბილისში დიდი რაოდენობით ქლიავი, მსხალი, ყურძენი, თხილი, ფსტა, კომში, ვაშლი, ატამი, ლეღვი, ჟოლო, კიტრი და საზამთრო მოდის. ისინი იაფი, მაგრამ უხარისხოა. თბილისისა და მისი შემოგარენის ძირითადი მოსავალი თამბაქო, სიმინდი და ხორბალია.
ხალხის საკვები
ხალხის ძირითადი საკვები პური, სიმინდი და ხორცია. ქართული ხორბალი ირანული ხორბალივით გემრიელი არ არის. ბრინჯი რაშთიდან შემოაქვთ, მაგრამ ძალიან ძვირია და იშვიათად ხმარობენ. მეტწილად ღორის ხორცს ჭამენ და რძეს სვამენ. შორეულ სოფლებში ცხვრის ფარის მსგავსი შინაური ღორის კოლტები ჰყავთ, რომლისგანაც დიდ მოგებას იღებენ.
მოსახლეობა და რელიგია
თბილისის მოსახლეობა 30000 კომლამდეა, რაც დაახლოებით 120000 კაცია. ქალაქში 4500-მდე დუქანი და შვიდი-რვა სავაჭრო ქარვასლაა. აქაური ხალხი ძალიან ლამაზია. ქალაქის მოსახლეობის ერთი ნაწილი ადგილობრივი ქართველები და სომხებია, მეორე - რუსები და უცხოელი ქრისტიანები, მესამე კი - მუსლიმები (ნახევარი შიიტები და ნახევარი სუნიტები). მუსლიმები აქ ქრისტიანების მსგავსად ცხოვრობენ, მათ არ გაურბიან, ქრისტიანების საკვებს და მათ მიერ დაკლულ საქონელს ჭამენ და ყველა სახის დამათრობელ სასმელს სვამენ.
ეკლესიები
ამ ქალაქში დაახლოებით 100 ეკლესიაა, რომელთაგან სამი-ოთხი გამორჩეულად სათაყვანებელი და დიდია. ყოველ წელს განსაზღვრულ დღეებში, როცა ქრისტიანული დღესასწაულებია, აქ მთელი მოსახლეობა იკრიბება, კარვებს შლის და მხიარულობს. ამ ეკლესიებს შორის ხიზრის სახელობის ეკლესიაც23 არის, რომელიც მოსახლეობის რწმენით, წინასწარმეტყველ ხიზრის, ალაჰმა განუსვენოს, სამყოფელია. აქედან გამომდინარე, საფიქრელია, რომ ფარაჰანი „ხიზრის სახელობის ეკლესიაში“ გულისხმობს წმ. გიორგის ერთ-ერთ ეკლესიას. 1885 წელს, როცა მოგზაური თბილისში ჩამოვიდა, ქალაქში წმ. გიორგის სახელობის რამდენიმე ეკლესია იყო: ქართული - კალოუბნისა და კარისა, სომხური - კლდისუბნისა, ციხის დიდი საყდარი და ძორაბაში.
ქალაქის ცენტრში, სამხრეთი მთის წვერზე ერთი ეკლესია დგას. ამბობენ, რომ აქ შეიხ სანაანის საფლავია. ქართველებს შეიხ სანაანის ძალიან სწამთ და მათთვის ეს თაყვანისცემის ადგილია. წელიწადში ერთხელ თბილისისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა აქ ჯგუფ-ჯგუფად სწორედ შეიხ სანაანის საფლავის მოსალოცად მოდის24.
23. ხიზრი (ალ-ხადირი) ისლამამდელი მითოლოგიური პერსონაჟია, რომელიც ინტეგრირდა მუსლიმურ წარმოდგენათა სისტემაში. კომენტატორთა უმეტესობა მას ყურანში ნახსენებ „უსახელო მონად“ (18:59-81) მიიჩნევს. ხალხურ წარმოდგენებში იგი ხშირად იდენტიფიცირდება ძველი აღთქმის სხვადასხვა პერსონაჟებთან, განსაკუთრებით ელია წინასწარმეტყველთან და წმ. გიორგისთან და მათ რეინკარნაციადაც განიხილება (ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. F.W. Halsuck, Christianity and Islam under the Sultans, Oxford, 1929, vol. 1, 320, 324; A. Augustinovich, El Khader and the Prophet Elijah, Jerusalem, 1972).
24. ლეგენდა შეიხ სანაანზე, რომელმაც რუმელი ქრისტიანი ქალის სიყვარულით უარყო ისლამი და გაქრისტიანდა, ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთში. ჩამოყალიბდა ამ ამბის საქართველოსთან დაკავშირებული ლოკალური ვერსიაც, რომელშიც შეცვლილია არა მარტო გეოგრაფიული არეალი (მოქმედება რუმიდან საქართველოშია გადმოტანილი), არამედ ამბის ბოლოც: თუ სპარსულ ვერსიაში შეიხ სანაანი ისლამს დაუბრუნდა, თბილისურ ვერსიაში იგი ქრისტიანად დარჩა, მეტიც, დიდი სასულიერო მოღვაწე მამა დავით გარეჯელი გახდა და იგი მამადავითის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული (ვრცლად შეიხ სანაანის თბილისთან კავშირზე იხ.: მ. ალექსიძე, სპარსელები და სპარსული კულტურა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში, თბილისი, 2009, 9-26, 109-115; M. Alexidze, „Le Cheikh Sanaan et Tiflis/Tbilissi“, La Géorgie entre Perse et Europe, Sous la direction de Florence Hellot-Bellier et Iréne Natchkebia, Paris, 2009, 73-85; ‘Alī Javāher Kalām, „Mazār-e Sheykh Sana‘ān dar Teflīs“, Armaghān, Vol. 39, No.11-12, Tehran, 1349/1971, 761-764). ძნელი სათქმელია, რომელ მათგანს გულისხმობს ფარაჰანი (თბილისელი მუსლიმების მიერ წმ. გიორგის თაყვანისცემის შესახებ იხ. მ. ალექსიძე, ისლამი და კონფესიათშორისი ურთიერთობანი XIX საუკუნის თბილისში, წიგნში: მ. ალექსიძე, სპარსელები და სპარსული კულტურა XIX საუკუნის საქართველოში, თბილისი, 2009, 115-117).
მეჩეთები
თბილისში ოცამდე დიდი და პატარა მეჩეთია. ერთი დიდი მეჩეთი სუნიტებს ეკუთვნის, მეორე კი - შიიტებს. ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი შაჰ აბას პირველმა ააგო და დააწესა ვაკუფურ ქონებად25, რომლის წლიური შემოსავალი 10000 მანეთია. რუსეთის ხელისუფლება სუნიტ და შიიტ სწავლულთა რეკომენდაციით თითოეული მიმდინარეობისთვის ნიშნავს ერთ შეიხ ალ-ესლამს, რომლის გადაწვეტილებასაც ამ მიმდინარეობის ყველა წარმომადგენელი ემორჩილება. შეიხ ალ-ესლამი, თავის მხრივ, კავკასიის ყველა ქალაქში მოსამართლედ თავის ერთგულ მოლას აგზავნის.
შეიხ ალ-ესლამს ბევრი მიმდევარი და მსახური ჰყავს, მათ შორის ფარაში, ფარაშბაში, გადასახადების ამკრები, მამასახლისი და სხვა. მის ხელშია სხვადასხვა სახის შემოწირულობებიც, რომლის შემოსავალი რელიგიურ საჭიროებებსა და გაჭირვებულ ხალხს ხმარდება. შეთანხმების მიხედვით, შეიხ ალ-ესლამი კავკასიური წარმოშობის რუსეთის მოქალაქე უნდა იყოს.
25. აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებში - განუსხვისები უძრავი ან მოძრავი ქონება (უპირატესად მიწა), რომელიც რელიგიურ დაწესებულებას (მეჩეთი, მედრესე და სხვა) გადაეცემოდა.
უცხო ქვეყნების ქვეშევრდომები თბილისში
თბილისსა და მის შემოგარენში ირანის ოთხი ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს. აქედან 100 ვაჭარია, დანარჩენი კი ხელოსნები და გლეხები არიან, თუმცა დიდად ავტორიტეტულ ვაჭარს აქ ვერ ნახავ. ირანის, ოსმალეთისა და ინგლისის მთავრობებს თბილისში კონსულები და გენერალური კონსულები ჰყავთ26. ირანის კონსული გახლავთ განსვენებული მირზა ებრაჰიმ ხანის ვაჟი მირზა მოჰამად ალი ხან მო‘ინ ალ-ვეზარა, რომელიც ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი კაცია. ის წლების განმავლობაში ბომბეიში ცხოვრობდა, ამიტომ ჰინდი და ინგლისური ენები კარგად იცის, სასიამოვნო მოსაუბრე და კარგი კალიგრაფია. ირანის მთავრობა მას უხდის 6000 მანეთს, რაც 2000 ირანული თუმნის ეკვივალენტია. გარდა ამისა, მას სხვა შემოსავლებიც აქვს. მაგალითად, როცა წელს ირანის ქვეშევრდომი თოჯარბაში მოჰამად ხანი გარდაიცვალა, მისი სოფლიდან 3000 თუმანი კონსულმა აიღო. ირანის მოქალაქეთა სასამართლო მის ხელშია და კავკასიის რეგიონის მოხელეები მის საქმეებში არ ერევიან. სატრანზიტო ვიზას აქ იშვიათად იღებენ, მაგრამ თავისი ქვეშევრდომების საცხოვრებელ ვიზებს კონსული თავად გასცემს. ირანის საკონსულო ძალიან ლამაზი შენობაა. ის ამაღლებულ ადგილზე დგას და მთელ ქალაქს გადაჰყურებს.
26. დიდი ბრიტანეთის საკონსულო თბილისში ფუნქციონირებდა 1876-1881 წლებში. ავტორის თბილისში ყოფნის დროს ის უკვე დახურული იყო.
ვაჭრობა
ამ ქალაქის ვაჭრობას ჯერჯერობით რუსეთი და მოსკოვი აკონტროლებს, რადგან საქონელი, ძირითადად, იქიდან შემოდის. ადრე სატრანზიტო გზა ღია იყო და ევროპის ქვეყნებიდან ირანის ვილაიეთებსა და რუმში ტვირთი თბილისის გავლით მიდიოდა. ახლა ეს გზა დაკეტილია და ვაჭრების მოგებამაც იკლო. თუმცა თბილისში არის სხვა სახის ვაჭრობაც, მაგალითად, აბრეშუმი და სხვა საქონელი რაშთიდან და ხორასნიდან შემოაქვთ.
ადგილობრივები მეტწილად აწარმოებენ თამბაქოს, რომლის სხვადასხვა სახეობა მოჰყავთ და საზღვარგარეთ აგზავნიან. ქალაქის შემოგარენში ბევრი ცხვარია, რომელთა ბეწვისაგან კარგ შალს ამზადებენ. შალის წარმოება თბილისში ფართოდ არის გავრცელებული და დიდ მოგებას იძლევა. თბილისში ორი-სამი აბრეშუმის საფეიქრო და საქსოვი საწარმო და პატარა სამჭედლოა, რომელშიც დანებსა და მაკრატლებს ამზადებენ.
საავადმყოფო
ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში სახელმწიფო საავადმყოფო დგას. ამ დიდ, სუფთა და კეთილმოწყობილ შენობაში 300 ავადმყოფი ეტევა. მუსლიმები და ქრისტიანები, როგორც კაცები, ისე ქალები, აქ ერთად მკურნალობენ და მათ ქალი და კაცი მოსამსახურეები მზრუნველად უვლიან.
მუზეუმი
მეფისნაცვლის სასახლისა და ბაღის გვერდით ერთი შენობაა, რომელსაც მუზეუმს ეძახიან. მუზეუმის დარბაზებში სხვადასხვა სახის ექსპონატებია გამოფენილი:
პირველ დარბაზში - ძველი და ახალი ქვეყნების ნივთები. მეორეში - ცოცხალი ფრინველები და ცხოველების ფიტულები, მათ შორის სხვადასხვა ჯიშის ჩიტები, ღამურები, დელფინი, აქლემი, ვირი, ორბი და სხვა. მესამეში - დიდი და პატარა მკვდარი ცხოველები, მათ შორის ვეფხვი, ლეოპარდი, ინდური კამეჩი, ტახი და სხვა, რომელთაც ცხიმს უსვამენ და ისე ინახავენ, რომ ცოცხალისგან ვერ განასხვავებ. მეოთხეში - მინერალური ქვები, ხის ჯოხები, ლამაზფოთლებიანი ხეები და ყვავილები. ყველა, ვინც მუზეუმის დასათვალიერებლად მოდის, ფულს იხდის და ისე შედის.
ცხელი წყლის წყაროები
ქალაქის სამხრეთი მთიდან გადმოდის შვიდი ცხელი წყარო, რომელთა ძირშიც გოგირდის შემაწუხებელი სუნი დგას. მათზე აბანოებია აშენებული და შიგ ცხელი წყალი ამ წყაროებიდან შედის. გოგირდის სუნის გასანეიტრალებლად აბანოში წყლის ფილტრაციის სისტემა აყენია. ეს ბუნებრივი ცხელი წყალი თმას არბილებს, მაგრამ ხშირად ჯანმრთელობას ვნებს და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.
თეატრები
ქალაქში ორი თეატრია, რომელთაგან ერთს ქართულს, ხოლო მეორეს რუსულს ეძახიან. სულ ახლახანს კიდევ ერთი „ქალაქის თეატრი“ გაიხსნა. სამი წელია, რაც მას აშენებენ და აწყობენ, მაგრამ ბოლომდე დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. ის ძალიან დიდი და შთამბეჭდავი იქნება.
გასართობი ადგილები
ქალაქის ერთ-ერთი გასართობი ადგილი ბულვარი და მისი მიმდებარე ბაღია27, სადაც უბრალო ხალხი სეირნობს. ბაღს რკინის მოაჯირი არტყია და მის ორსავე მხარეს რკინის სკამებია ჩამწკრივებული. ბაღის შუაგულში დიდი აუზია, რომელშიც წყალი მდინარე მტკვრიდან შედის და მჩქეფარე შადრევნებად იფრქვევა. ბაღს სამი ტერასა აქვს. ბოლო ტერასაზე დგას პატარა შენობა, რომელშიც სიგარეტებს, ჩაისა და ყავას ამზადებენ.
კიდევ ერთი გასართობი ადგილი კლუბის შენობაა. მისი ერთი დარბაზი სამხედროების შეკრების ადგილია, მეორე - ვაჭრების, მესამე კი - 27 იგულისხმება ალექსანდრეს (ახლანდელი 9 აპრილის) ბაღი. ხელოსნებისა და წვრილი ვაჭრების. კლუბში საღამოობით იკრიბებიან. აქ მუსიკა გაუჩერებლად უკრავს და ლამაზი მომღერალი ქალები მღერიან და ცეკვავენ. ამ დაწესებულების ნებისმიერი წევრი რასაც უნდა, იმას აკეთებს: ზოგი უსმენს, ზოგი გაზეთსა და წიგნს კითხულობს, ზოგიერთები კი მშვიდად საუბრობენ და თავიანთ საქმეებზე მსჯელობენ. თითოეულ დარბაზში გულმოდგინე მსახურები მსურველებს გარკვეულ საფასურად საჭმელსა და სასმელს უმზადებენ. კლუბის ყველა წევრს ხელში წლიური [აბონემენტი] და ბილეთი უჭირავს. დიდგვაროვნების (ძირითადად, სამხედროების) წლიური გადასახადი 20 მანეთია, ვაჭრების - 16 მანეთი, ხოლო ხელოსნებისა და წვრილი ვაჭრების - 12 მანეთი. კვირაში ერთხელ კლუბის ნებისმიერ წევრს შეუძლია აქ თავისი მანდილოსანი მოიყვანოს.
ქალები და კაცები აქ ერთად ჭამენ, სვამენ, სეირნობენ და მხიარულობენ. ქალი, რომელიც კლუბის წევრს ახლავს, უსაქციელო და ფუქსავატი არ უნდა იყოს. თითოეულ დარბაზში მუდმივი კლიენტების განსაზღვრული რაოდენობაა. გარდა ამისა, არიან დროებითი, ჩაუწერელი წევრებიც. ისინი მუდმივ წევრებზე მეტ გადასახადს იხდიან მანამდე, სანამ რომელიმე მუდმივი წევრი არ მოკვდება ან კლუბს არ დატოვებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხდიან ჩვეულებრივ გადასახადს.
თუ ვინმეს უნდა, რომ კლუბის დროებითი წევრი გახდეს, ძველმა, მუდმივმა წევრმა მისი პატიოსნებისა და წესიერების გარანტია უნდა მისცეს. ამის შემდეგ სპეციალურ ჟურნალში ფიქსირდება, რომ მავანი ამა და ამ დროს ამა და ამ დარბაზის წევრი გახდა. ის იღებს ბილეთს და თავდებთან ერთად შედის კლუბში. არისტოკრატებმა ღამეში სამი მანეთი უნდა გადაიხადონ, ვაჭრებმა - ორი, ხოლო ხელოსნებმა და წვრილმა ვაჭრებმა - ერთი მანეთი. როცა დროებით წევრს თან ქალი ახლავს, ის დაწესებული თანხის ორმაგს იხდის.
წელიწადში სამი საღამო კლუბი ყველასთვის ღიაა და ნებისმიერ მსურველს ყოველგვარი გარანტიის გარეშე შეუძლია აქ დროის გასატარებლად მივიდეს. ამ სამ ღამეში შეგროვებული თანხა, კლუბის დანახარჯების გამოკლებით, ღარიბ-ღატაკებს ურიგდება. ეს შენობა და კლუბი მასონთა ლოჟის პრინციპზეა მოწყობილი და მის ხარჯებსა და შემოსავალს ამხანაგობა განაგებს. რამდენიმე კაცი სახელმწიფოს ნებართვით კომპანიას ქმნის. ისინი ქირაობენ შენობას და იძენენ საჭირო ინვენტარს. ამხანაგობის ხარჯები და მოგება მკაცრად განისაზღვრება და ჟურნალებში აღინუსხება. მოგებას კომპანიონები ხარჯების აღწერის შემდეგ ინაწილებენ. კლუბის მომსახურე პერსონალი როგორც ქალები, ისე კაცები არიან და ისინი თვიურ ხელფასს იღებენ.
თბილისის გაზეთები
ამ ქალაქში სამი სტამბაა, რომლებიც თურქულენოვან გაზეთებს ბეჭდავს. ერთს „კავკასიის სინათლე“28 ჰქვია, მეორეს ----------------- „თარჯიმანი ბახჩისარაიში“29 და მესამეს - „ქაშქული“30. არც ერთი მათგანი საინტერესო არ არის. სამივე თურქულია.
ამ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები
კაზაკები
ამ რეგიონში რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომელთაგან ერთ-ერთი კაზაკებია. მათ ბავშვობიდან ჯირითობასა და მშვილდოსნობაში წვრთნიან, ამიტომ ძალიან ძლიერები და ვაჟკაცურები არიან. ძირითადად, სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობენ, თუმცა, იშვიათად, სოფლის მეურნეობასაც მისდევენ. კაზაკები სახელმწიფოს გადასახადს არ უხდიან და მათი ბეგარა ცხენოსანთა რაზმში სამსახურით შემოიფარგლება. კაზაკებს თავიანთი ცხენები და იარაღი აქვთ, სამხედრო აღჭურვილობასა და თოფის წამალს კი ხელისუფლება აძლევს. ექსპედიციების დროს მათ საგზალსაც ურიგებენ. კაზაკი კაცებისა და ქალების ტანსაცმელი თურქების ჩაცმულობას ჰგავს.
ჩეჩნები
შემდეგი ჯგუფი ჩეჩნებია. ისინი მაღლები, ვაჟკაცურები, გრძელთმიანები და ყვითელსახიანები არიან. მონღოლთა ამ შთამომავლებმა საცხოვრებლად ეს რეგიონი აირჩიეს და აქ დასახლდნენ. აღმსარებლობით ისინი შაფიიტები31 არიან. მათი სამოსი თურქებისას ჰგავს. ჩეჩნები არასოდეს სამხედროები და სახელმწიფო მოხელეები არ ხდებიან. როგორც კაზაკები, ისე ჩეჩნები ცეკვასა და სიმღერაში არიან დახელოვნებული.
28. ყოველკვირეული თურქულენოვანი გაზეთი „ზია‘ი-ე ყაფყასიე“ („კავკასიის სინათლე“) თბილისში 1880 წლიდან გამოდიოდა და მისი მთავარი რედაქტორი ჯალალ ეფენდი ონსი ზადე იყო. გაზეთი, ძირითადად, პოლიტიკურ და სოციალურ თემებს აშუქებდა (Fehrestegān-e Qafqāz, gerdāvarī va tanzīm: Tūraj Atabākī, Solmāz Rūstamovā-Toūhīdī, Grīgol Berādze, Jorj Sānīkīdze, Tehran, 2006, 685).
29. ამ დასახელების გაზეთი თბილისში არ გამოდიოდა. სავარაუდოდ, იგულისხმება ორენოვანი (თურქულ-რუსული) ყოველკვირეული გაზეთი „თარჯომან“ („თარჯიმანი“), რომელიც ბახჩისარაიში იბეჭდებოდა (Fehrestegān-e Qafqāz, 655).
30. „ქაშქული“ იყო სამენოვანი (სპარსულ-თურქულ-არაბული) გაზეთი, რომელიც თბილისში 1883 წლიდან იბეჭდებოდა. გაზეთის მთავარი რედაქტორი ჯალალ ეფენდი ონსი ზადე იყო. გაზეთი ძირითადად, პოლიტიკურ, სოციალურ და ლიტერატურულ თემებზე წერდა (Fehrestegān-e Qafqāz, 513).
31. აშ-შაფიის მიერ შექმნილი საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლის მიმდევრები, რომელთა მთავარი პრინციპი ყურანისა და სუნას ერთიანობაა.
ჩერქეზები
ეს ხალხი თეთრსახიანი და შავთმიანია. ისინი სუნიტები არიან. ჩაცმულობით თურქებს ჰგვანან. უცნაური წეს-ჩვეულებები აქვთ და დიდი რელიგიურობით არ გამოირჩევიან.
ლეზგები
ლეზგებიც მაღალი და ვაჟკაცური იერის მქონე ხალხია. მათ უმრავლესობას დიდი ძალაუფლება, სიმდიდრე და მამულები აქვს. ადრე ლეზგებს ქართველები მონებად და მხევლებად ჰყავდათ. როგორც ქალების, ისე კაცების სამოსი ქამარჩინია და ძველ ირანულ სამოსს ჰგავს.
ქართველები
ქართველები ქრისტიანობის ერთ-ერთ მიმართულებას განეკუთვნებიან. მათი სამოსი ევროპული და ძველი ირანული ტანსაცმლის ნაზავს წარმოადგენს. ისინი ძალიან ლამაზები არიან და წითელი ლოყები და შავი თმა აქვთ. დროს, ძირითად, სიამოვნებასა და უზრუნველ ცხოვრებაში ატარებენ.
სომხები
სომხები ქართველებისგან განსხვავებული მიმართულების ქრისტიანები არიან. მათი უმრავლესობა დაბალი, შეუხედავი და უსუფთაოა. ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევს, ნაწილი კი - ხელოსანი და წვრილი ვაჭარია. სომხები ძალიან მორწმუნეები არიან და რელიგიურ კანონებს მკაცრად იცავენ. ისინი წელიწადში რამდენჯერმე მარხულობენ და მარხვის დღეებში არც მუშაობენ და არც ერთობიან. მათი დიდი მარხვა შვიდ კვირას გრძელდება. თუმცა ახლა სომხებს შორისაც გაჩნდნენ ურწმუნოები, რომლებიც ამ წეს-ჩვეულებებს არ იცავენ. უცნაურია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველებიცა და სომხებიც ქრისტიანები არიან, ისინი ერთმანეთზე არ ქორწინდებიან.
მალაკნები
მალაკნები, ძირითადად, სუსტი აღნაგობის, ქერა და წითელლოყება ხალხია. ქრისტიანობის ერთ-ერთი მიმართულების მიმდევრები არიან, მაგრამ მღვდელი არა ჰყავთ. ტრადიციულად, ისინი თემის უხუცესთა და ბრძენთაგან სამ-ოთხ სასულიერო პირს და მამასახლისს ირჩევენ და ყველა საქმეს მათი მითითებით აკეთებენ. მალაკნები ეკლესიებში იესოსა და მარიამის ხატებს არ კიდებენ და ყველა მიმართულებით ლოცულობენ. მათში აკრძალულია ღორის ხორცი, არაყი, ღვინო, თამბაქო, თუთუნი, სიგარეტი, ყველი, ხახვი და უფარფლო თევზი. მალაკნების მარხვა სამ-ოთხ დღე-ღამეს გრძელდება. თავიანთ მიცვალებულებს ისინი განბანვის რიტუალს უტარებენ, სუდარაში ახვევენ და ლოცვებს უკითხავენ. ზოგიერთ მათგანს წინდაცვეთა დასაშვებად მიაჩნია და ისლამის კანონებს იცავს.
თურქები
ამ ჯგუფის ერთი ნაწილი მონღოლური წარმომავლობისაა, მეორე კი - აზერბაიჯანის ვილაიეთში მცხოვრები ხალხის შთამომავალია. თურქები მსუქანი, ჩაფსკვნილი და წითელლოყება ხალხია. მათი ტანსაცმელი ირანელების სამოსს ჰგავს. მრწამსით ისინი შიიტები არიან.
ჯარის აღწერა
თბილისი კავკასიის დედაქალაქი და მთავარმართებლის რეზიდენციაა, ამიტომ აქ ათ-თორმეტ ათასიანი რუსული არმიის გარნიზონი დგას, რომ საჭიროების შემთხვევაში კავკასიის ნებისმიერ წერტილში წავიდეს. რუსი ჯარისკაცი, როგორც დიდგვაროვანი, ისე მდაბიო, ოცდაერთი წლის ასაკში ჯარში მიდის და ხუთი წლის განმავლობაში ყაზარმაში წვრთნებს გადის. მერე ის ხუთ წელს ლაშქრობაში ატარებს და იქიდან 32 წლის ასაკში ბრუნდება. ამით მისი სამხედრო სამსახური თავდება. კავკასიისა და ყარაბაღის მოსახლეობა ამ მოვალეობისგან თავისუფალია, თუმცა ამბობენ, რომ წელს მათი განთავისუფლების ბოლო წელია.
სახელმწიფო ჯაშუშები
რუსეთის სახელმწიფოს სანაქებო წეს-ჩვეულებათაგან ერთ-ერთი გამორჩეული არის ქალაქებსა და რეგიონებში ფარული ჯაშუშების დანიშვნა.
ცოტაა ისეთი უბანი, ქუჩა, სასტუმრო ან ყავახანა, რომელშიც ინფორმატორი არ იმალებოდეს. როგორც წესი, ყველაზე უმნიშვნელო პუნქტშიც კი ხელისუფლებას საკუთარი ჯაშუში ჰყავს და ამიტომ ის სახელმწიფოს ნებისმიერი წერტილის შესახებ ფლობს ინფორმაციას. დიდი სულთნებიც ქვეყნის მართვაში ამ წესს აქტიურად იყენებდნენ. მაგალითად, არდაშირ ბაბაკანმა მის სამეფოში რაც კი ხდებოდა, მეორე დილით უკვე იცოდა. მას ჯაშუშები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ჰყავდა.
ბოზორჯმიჰრის32 სიტყვებით, მონარქს თორმეტი დასაყრდენი აქვს: პირველი, ხორციელი სურვილების მოთოკვა და ვნებისა და ავხორცობისგან თავის შეკავება; მეორე, სიმართლის თქმა და აღთქმისა და პირობის ერთგულება; მესამე, ბრძენ ხალხთან თათბირი; მეოთხე, ბრძენთა და წარჩინებულ პირთა პატივისცემა მათი გონებისა და წვდომის უნარის შესაბამისად; მეხუთე, გადასახადთა ამკრებებისა და მოსამართლეების შემოწმება, პატიოსნების დაჯილდოვება და უწესოთა დასჯა; მეექვსე, პატიმრების საქმეთა კონტროლი, დამნაშავეების დასჯა და უდანაშაულოების განთავისუფლება; მეშვიდე, მიმოსვლის გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; მერვე, ომისთვის მაღალხარისხოვანი იარაღის შეგროვება; მეცხრე, ქვეშევრდომების განსჯისას კეთილგონიერების გამოჩენა; მეათე, წინაპრების, ახლობლებისა და ნათესავების პატივისცემა; მეთერთმეტე, ვეზირების, მრჩევლების, სახელმწიფო მოხელეებისა და სამხედროების დამსახურების მიხედვით უზრუნველყოფა; მეთორმეტე, ჯაშუშების დანიშვნა ყველა ვილაიეთში, რათა მოვლენებმა სწრაფად და ფარულად მიაღწიონ მმართველამდე. ბაჰმან იბნ ესფანდიარიც33 ყველას, ვისაც სადმე აგზავნიდა, თან საიდუმლო ინფორმატორს აყოლებდა. თუ ის კარგად შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, მეფე მას დიდ პრივილეგიებს ანიჭებდა და თუ არა - აგდებდა.
32. ბოზორჯმიჰრი - ხოსროვ ანუშირვანის (VIს.) ნახევრადლეგენდარული ვეზირი, რომელიც თავისი სიბრძნითა და სამართლიანობით იყო ცნობილი.
თბილისიდან გამგზავრება
შავალის თვის თვრამეტში (31 ივლისს), ხუთშაბათს დილით თბილისში შევედით, ცხრამეტში (1 აგვისტოს), პარასკევს კი ორთქლმავალში ჩავსხექით და ბათუმისკენ გავემგზავრეთ. თბილისიდან ბათუმამდე თექვსმეტი სადგურია.
ქალაქის შემოგარენი გავიარეთ, მთები უკან ჩამოვიტოვეთ და ჩვენ წინ ფართო ვაკე გადაიშალა. შორი-ახლოს მთის კალთებზე შეფენილი სოფლები ტყიან ხეობებში იკარგებოდა. გარშემო უამრავი გამჭვირვალე ნაკადული და მდინარე მოედინებოდა. აქა-იქ მოურწყველი ნათესები ხეებით გარშემორტყმულ პატარა ბაღებს ჰგავდა. ზოგიერთი მაღალი მთა თოვლით იყო დაფარული. ხეობებს შორის რამდენიმე კარგი ქვის სახლი იდგა, რომლებშიც ქართველები და სომხები ცხოვრობდნენ. მინდვრებზე და ველებზე ცხვრის, ძროხის, კამეჩის, ღორისა და ცხენის ჯოგები ბალახობდნენ. მატარებლებისთვის მდინარეებზე რკინის ხიდები, ხოლო მთებში გვირაბებია აშენებული. გზაზე სულ სამი გვირაბი შეგვხვდა: პირველი, რომელიც ბეჟათუბნის სადგურის ახლოს მდებარეობს, მატარებელმა ორმოც წამში გაიარა, მეორე - 25 წამში, ხოლო მესამე - 20 წამში.
ერთი სიტყვით, ეს გზა ძალიან ლამაზია და ძირითადად მთებზე, ტყეებზე, მდინარეებსა და ამწვანებულ მინდვრებზე გადის. ბათუმამდე ორი სადგური იყო დარჩენილი, რომ ზღვა გამოჩნდა. მატარებელი ზღვას ხან შორდებოდა და ხან უახლოვდებოდა.
შავალის თვის ოცში (2 აგვისტოსს), შაბათს, დაღამებამდე სამი საათით ადრე ბათუმში შევედით. თბილისიდან ბათუმამდე, სადგურებზე გაჩერებების ჩათვლით, დაახლოებით 15 საათის გზაა. ამგვარად. კაცს ბაქოდან ბათუმში ჩასასვლელად 33 საათი სჭირდება: ბაქოდან თბილისამდე - 17 საათი, მერე მატარებელი ერთი საათი თბილისის სადგურში ჩერდება და თბილისიდან ბათუმამდეც - 15 საათი. მგზავრობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კეთილმოწყობილი ან დაზიანებულია გზა.
33. ბაჰმან იბნ ესფანდიარი (ძვ.წ. 465-424) - აქემენიდების ნახევრადლეგენდარული მეფე.
ბათუმი
ბათუმი პორტია, რომელიც ზღვის პირას, ტყით დაფარულ მთის კალთებზეა გაშენებული. მის მარჯვენა მხარეს მდინარე ჩოლოქი მოედინება, მარცხნივ კი - ჭოროხი, მაგრამ არც ერთი ქალაქს ახლოს არ ჩაუვლის. ადრე აქაურობა ოსმალეთის სახელმწიფოს ეკუთვნოდა და რუსეთის სამეფოს მნიშვნელოვან ნავსადგურს ფოთი წარმოადგენდა, მაგრამ ოსმალეთისა და რუსეთის ბოლო ომის მერე ეს პორტიც რუსეთის მფლობელობაში გადავიდა. რკინიგზის ხაზის გაყვანის შემდეგ ბათუმი სატრანზიტო ქალაქად იქცა და ფოთიდან ტვირთის გადაზიდვა შემცირდა.
ბათუმსა და ფოთს შორის ზღვით დაახლოებით 6 ფარსახია. ბათუმი ოდითგანვე საქართველოს ნაწილი და პორტი იყო. უეჭველია, ეს სწორედ ის თუმის ციხე-სიმაგრეა, რომელიც ემირ თემურმა საქართველოში აიღო.
ახლა ბათუმში დაახლოებით 2000 სახლია და მისი მოსახლეობა რვა- ცხრა ათას კაცს შეადგენს. ქალაქში სუფთა და კეთილმოწყობილი ქუჩები, ბაზრები და დუქნები ააშენეს, ძველი სახლები და დუქნები კი ქუჩების გაყვანისას დაანგრიეს. ქალაქში ძალიან დიდი რკინიგზის სადგური და ხუთი-ექვსი სასტუმრო და ჰოტელია. ზღვის პირას გაშენებული სახელმწიფო პარკი სახალხო სასეირნო ადგილია. გორაკზე მდგარი ძველი ციხე-სიმაგრე, რომელიც ადრე ოსმალეთის საკუთრება იყო, გაამაგრეს და თითო კოშკზე თითო ქვემეხი დააყენეს. ქვემეხის ლაფეტი ლიანდაგზე მატარებელივით მოძრაობს, რაც არტილერისტს საშუალებას აძლევს, ძალიან დიდი ზარბაზანი მისთვის სასურველ ადგილზე წაიღოს.
რუსები ბათუმის ასაყვავებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ. მაგალითად, იმისთვის, რომ ბევრი იაფი პროდუქცია იყოს, დაადგინეს, რომ ბათუმში შემოტანილი საქონელი არ განაბაჟონ, რუსეთში შემოტანილ საქონელზე კი მაქსიმალურად მაღალი საბაჟო გადასახადი დააწესეს (დეტალები ჩემი მოგზაურობის ანგარიშში იქნება აღწერილი). რაც შეეხება ექსპორტს, როგორც საკუთარი ქვეყნიდან, ისე საზღვარგარეთიდან, მას არ განაბაჟებენ. მათი მიზანია, რომ საზღვარგარეთიდან საქონელი განბაჟებული შემოვიდეს, საკუთარი კი განუბაჟებლად გავიდეს.
ბათუმის პორტს დიდი საბაჟო აქვს. ირანის ქვეშევრდომების უმრავლესობა, მათ შორის მომლოცველები და მოგზაურები, სტამბოლსა და ეგვიპტეში ამ პორტის გავლით მიდიან. ვინც ბაქოში ირანული ყერანები მანეთსა და იმპერიალზე გადაცვალა, აქ ამ ფულს თურქულ ლირაზე ცვლის და კაცის მოხერხებულობა სწორედ ამ საქმეში ჩანს.
რუსეთში მბრუნავი ფული ახლა რუსეთში მბრუნავი ფული მინდა აღვწერო. შავ ფულს აქ კაპიკს ეძახიან. მისი რამდენიმე სახეობა იჭრება: ორკაპიკიანი, სამკაპიკიანი და ხუთკაპიკიანი. ეს უკანასკნელი 1 შაჰი მანეთის ტოლია, 15 კაპიკი – სამი შაჰი მანეთის, ხოლო 20 კაპიკი – 1 აბასი მანეთის. აქვთ კიდევ ვერცხლის ფული ჩათვარი, რომელიც 5 კაპიკს, ანუ 1 შაჰი მანეთს შეესაბამება. ჩათვარებს 1 აბასი მანეთამდე ჭრიან: 1 ჩათვარი 5 კაპიკის (1 შაჰი მანეთი), 2 ჩათვარი 10 კაპიკის (2 შაჰი მანეთი), 3 ჩათვარი 15 კაპიკის (3 შაჰი მანეთი), ხოლო 4 ჩათვარი - 20 კაპიკის (1 აბასი მანეთი) ეკვივალენტურია. ირანში კარგად ნაცნობი ჩათვარი 1 აბასი მანეთის ტოლია, ხუთი ასეთი ჩათვარი კი ერთ მანეთს უდრის. მათ ასევე აქვთ ვერცხლის ფული ხუთი შაჰისთვის, 6 შაჰისთვის და ასე 10 შაჰიმდე და ასევე 15 შაჰი - მანეთისთვის. აქ ვერცხლის მანეთსაც ჭრიან. ვერცხლის მანეთის ფასი 140 კაპიკია, თუმცა ეს ციფრი დროდადრო იცვლება. ქაღალდის მანეთის ფასი 100 კაპიკია და მას იგივე სახელი ჰქვია. ვერცხლის მანეთი ძალიან იშვიათია, თეთრი ფული კი, რომელიც მანეთზე ნაკლებია, ბევრია, მაგრამ ის ძირითადად სპილენძისა და მელქიორისგან მზადდება და ვერცხლისაზე უფრო მძიმეა. მიმოქცევაში მყოფი ძირითადი ფულის ერთეული ქაღალდის მანეთია და მას ასევე ჰქვია. ის ერთმანეთიანიდან ათასმანეთიანამდეა და მანეთები ერთმანეთისგან ქაღალდის ფერითა და მათზე აღნიშნული ციფრებით განსხვავდება. რუსეთში 1 ირანული თუმანი 3 მანეთის ტოლია, 1 აბასი მანეთი 4 მანეთამდეა, თითოეული მანეთის ფასი კი 3 ან სამნახევარი ირანული ყერანია.
ოქროს ფულს იმპერიალი ჰქვია და მისი ფასი 8-8,5 ქაღალდის მანეთს შორის მერყეობს, რაც 24-25 ყერანის ტოლია. მათ აქვთ კიდევ ერთი ფულის ერთეული, რომელსაც დუკატს ეძახიან. ერთი დუკატი 3 ქაღალდის მანეთს შეესაბამება. თურქული ლირა აქ 8 მანეთიდან და 3 აბასი მანეთიდან 9 მანეთამდე და 2 აბასი მანეთამდეა, რაც 26-28 ირანულ ყერანს უდრის.
ბათუმის პორტის საქონელი
ბათუმს ვაჭრობისთვის საკუთარი საქონელი არა აქვს და ის რუსეთიდან და მოსკოვიდან შემოაქვთ. ზოგჯერ რაშთის აბრეშუმი, შალი, ქეჩა და ნავთობი სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში ბათუმის გავლით მიაქვთ. დიდვაჭარი ბათუმში არ არის.
უცხოეთის ქვეშევრდომები
რუმის სახელმწიფოს34 ბათუმში თავისი კონსულის თანაშემწე ჰყავს. ის იმ მემამულეების იურიდიულ საქმეებს აგვარებს, რომლებიც ადრე რუმის ქვეშევრდომები იყვნენ და ახლა მოქალაქეობა დაიბრუნეს. ბათუმში ინგლისის დაახლოებით 20 მოქალაქე ცხოვრობს და აქ ინგლისის კონსულის თანაშემწეც ზის.
ირანის მთავრობა ბათუმში ხანდახან ერთ სომეხს, სახელად თექრანს აგზავნის. ადრე ის ვაჭარი იყო, მაგრამ მერე გაკოტრდა. ძალიან მატყუარა და უზნეო კაცი ჩანს.
მექაში პილიგრიმობის პერიოდში ბათუმში თბილისის კონსულის დროებითი წარმომადგენელი ჩამოდის. ახლა ამ მოვალეობას ჰაჯი აყა ბეგი ასრულებს. ქალაქში ოცამდე ირანის ქვეშევრდომია. მათ შორის არიან ყავახანის მეპატრონეები, დალალები, მშენებლები და სხვა. ღმერთმა დაგიფაროთ ამ ყავახანის მეპატრონეებისა და დალალებისგან. ერიდე მალაიერის35 დუშაბს, რომლისგანაც ჯალაიერსაც36 კი პირზე ნერწყვი მოადგა.
თავიდან ისინი მხურვალედ ეგებებიან აქ ჩამოსულ პილიგრიმებს, მათ სამშობლოსა და რელიგიაზე ლაპარაკით გულს უჩუყებენ, მერე კი საწყლებს ყოველმხრივ ძარცვავენ. მაგალითად, მათი დაჟინებული მოთხოვნით ირანის, რუმის და ინგლისის ვიცე-კონსულები და ბათუმის ხელისუფლება პილიგრიმებს პასპორტებს დასამოწმებლად ართმევენ და ორი-სამი დღე აღარ უბრუნებენ. მოგზაური, რომელსაც აგვიანდება, იძულებულია დალალს მიმართოს და ნებისმიერ ფასად დაიბრუნოს პასპორტი, რომელზეც რამდენიმე გაურკვეველი წარწერაა გაკეთებული და რომლის ბათუმში დამოწმება სულაც არ იყო საჭირო. გარდა ამისა, ირანელი დალალები და ყავახანის მეპატრონეები მოჩვენებითი გულწრფელობით ურჩევენ პილიგრიმებს, დასაბეგრი საქონელი ჯიბეებში, ქუდებში, ლეიბებსა და მუთაქებში დამალონ, ამასობაში კი მებაჟეებს ურიგდებიან და ატყობინებენ, რომ მავანმა საქონელი საბაჟოს დაუმალა. მებაჟეები მოტყუებულ პილიგრიმს საქონელს ართმევენ, აპატიმრებენ და საბაჟო გადასახადთან ერთად ჯარიმასაც ახდევინებენ. ამ საქმეში დალალებთან ერთად სომეხი თექრანიც არის გარეული და მასაც აქვს თავისი წილი.
34. იგულისხმება ოსმალეთის იმპერია.
35. მალაიერი ვილაიეთია ჰამადანსა და ბორუჯერდს შორის.
36. ჯალაიერი ირანელი სუფი პოეტია (?-925/1519).
სანავიგაციო კომპანიები
ორთქლზე მომუშავე გემების კომპანიებს ბათუმში განსაზღვრული განრიგი აქვთ. ყველა ქვეყანა ფოსტას ნაციონალური სანავიგაციო კომპანიების გემების საშუალებით აგზავნის. მათ შორისაა, ავსტრიული „ლოიდი“37, ფრანგული „ფაქე“38, „მესაჟერი“39, და „ფარანსე“ და აგრეთვე ერთი რუსული კომპანია. თითოეული კვირაში ერთხელ თითო გემს აგზავნის. ხანდახან ნავსადგურში ინგლისური გემიც შემოდის, მაგრამ ის სანავიგაციო კომპანიას არ ეკუთვნის და ამიტომ განრიგი არა აქვს.
37. ავსტრიული ლოიდი (Österreichischer Lloyd) იყო ავსტრო-უნგრეთის იმპერიის მთავარი სანაოსნო კომპანია. დაარსდა 1833 წელს. ასრულებდა რეისებს ხმელთაშუა და შავ ზღვებში და ინდოეთის ოკეანეში.
38. პაკეს სანაოსნო კომპანია (Compagnie de navigation Paquet, CNP) დააარსა 1859 წელს ფრანგმა გემთმფლობელმა ნიკოლა პაკემ (1831-1909). 1873 წელს კომპანიამ შავ ზღვაზე გახსნა სარეისო ხაზები, რომლებითაც ბათუმი, ფოთი და სევასტოპოლი კონსტანტინოპოლთან და მარსელთან დააკავშირა.
39. მესაჟერი მარიტიმი („საზღვაო გადაზიდვები“, Messageries Maritimes ) იყო წამყვანი ფრანგული სანაოსნო კომპანია. დაარსდა 1851 წელს. ასრულებდა რეისებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი გემები დაცურავდნენ ბათუმსა და მარსელს შორის.
ბათუმის ნავსადგური
ბათუმს კარგი ნავსადგური აქვს. ზღვის სანაპიროზე აშენებულია მშვენიერი ქვის ჯებირი და ხის ნავმისადგომი, რომელშიც დიდი გემებიც კი შედიან. მისი ერთი მხარე ნაპირს ებჯინება და ნავში მჯდომებს თავისუფლად შეუძლიათ გემზე ასვლა. რაც შეეხება ნავსადგურის ხარჯებს, ამ ყურეში შემოსული ყველა გემი გადასახადებს დადგენილი წესით იხდის...
უკანა გზა
ბათუმი
როცა გემი ნავსადგურს მიუახლოვდა, კაპიტანმა მგზავრებს ქვეყანაში შესვლის ნებართვა მოსთხოვა. გემბანზე ჯერ ბათუმის კარანტინის რუსი ექიმი ამოვიდა, სტამბოლში რუსეთის საელჩოს ექიმის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობები შეამოწმა, მგზავრების მდგომარეობა გამოიკითხა და მერე ნაპირზე გადასვლის უფლება მისცა. თუ ვინმე ავად არის ან სტამბოლის ექიმის მიერ გაცემული ცნობა არა აქვს, მას ხუთი დღე იძულებით კარანტინში ტოვებენ. ექიმის ნებართვის შემდეგ საპასპორტო განყოფილების გულმოდგინე მოხელეებმა პასპორტები მოითხოვეს და ვისაც არ ჰქონდა, უკან დააბრუნეს, დანარჩენებს კი წერილობითი საშვები მისცეს. მეორე დღეს მგზავრები საპასპორტო განყოფილებაში მივიდნენ, საშვები წარადგინეს და დამოწმებული პასპორტები აიღეს. ამ პროცედურაში მათ ერთი მანეთი გადაიხადეს.
რაბი ალ-ავალის თვის 4-ში (11 დეკემბერს), პარასკევს დილით ბათუმში შევედით, შაბათს იქ დავრჩით, კვირას კი რკინიგზის სადგურში წავედით და ორთქმავალში ჩავსხედით. ბათუმის საბაჟო რკინიგზის სადგურის შენობაში მდებარეობს და ვეცდები ის დეტალურად აღვწერო.
საბაჟოს აღწერა
რუსეთში შემოტანილ ყველა სახის საქონელს პირველსავე პუნქტში უზარმაზარ ბაჟს ადებენ, გასატანს კი არ განაბაჟებენ. ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს ბათუმის აყვავებას, ამიტომ ამცირებს ექსპორტს და ზრდის იმპორტს, რომელიც არ იბეგრება. მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ საზღვარგარეთიდან საქონელი შემოიტანოს, მებაჟეები დიდ სიმკაცრეს იჩენენ და მას განსაკუთრებულ ბაჟს ახდევინებენ. მაგალითად, ერთ თავრიზულ მან ხურმაში, რომელიც ერთი ყერანი ღირს, ან ხუთ ზარ‘ მაუდის ნაჭერში ლამის მათი ფასის ეკვივალენტ საბაჟო გადასახადს ახდევინებენ. შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველაფერი ბაჟდება: კაცს საგზლად ორი მანი ბრინჯი ან ორი მანი ორცხობილაც რომ ჰქონდეს, იმაშიც კი ბაჟს გამოართმევენ. ამიტომ, რადგან მოგზაურებმა იციან, რომ საკუთარ ლეღვს, ფინიკს, ხახვს ან სხვა საჭმელსა თუ სასმელს ვერც გაიტანენ და ვერც გაყიდიან, მათ უბრალოდ ყრიან. ჩვენ თვითონ რამდენიმე ყუთი იზმირის ლეღვი და შვიდი-რვა მანი მედინას ხურმა საბაჟო გადასახადის შიშით ირანელ დალალებს მუქთად მივეცით. აქ ტანსაცმელიც კი იბეგრება, თუ ძალიან ჭუჭყიანი და გაცვეთილი არ არის. ერთი წყვილი ახალი, ჩაუცმელი წინდა რომ გქონდეს, იმის გადასახადსაც გამოგართმევენ. უკლებლივ ყველა ნივთი ასე ბაჟდება, ჩიტის გალიაც კი. ერთ მანეთამდე ღირებულების საქონელი არ იბეგრება, ერთ მანეთზე მეტი ღირებულების საქონელზე კი ნორმა არ არსებობს და ყველაფერი ერთნაირად ბაჟდება.
[მებაჟეები] ბარგში, ფუთებში, ბოხჩებში, ყუთებსა და ჩანთებში იქექებიან, დასაჯდომ ბალიშებს, საბნებს და მუთაქებს არღვევენ და ხალხს ჯიბეებსა და იღლიებსაც კი უთვალიერებენ. თუ ვინმეს ჯიბეში ან იღლიაში ორ დანას ან ორ კრიალოსანს აღმოუჩენენ, მას ბაჟს გადაახდევინებენ. საბაჟოს შენობის შიგნით რკინის მესერი აყენია, რომ, ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ რამე არ მოიპაროს. საქონლის პატრონები მესერის ერთ მხარეს დგანან და მებაჟეებს მათი ბარგი მეორე მხარეს გადააქვთ, რათა პატრონების გარეშე გაჩხრიკონ და ყურადღებით დაათვალიერონ. საბაჟოს მოხელეები და ჯარისკაცები, რომლებიც აქაურობას დარაჯობენ და იცავენ, ძირითადად ქურდები და თაღლითები არიან. ისინი ხალხმრავალ ადგილებში ჭყლეტვითა და ალიაქოთით სარგებლობენ და საქონელს გასაოცარი ოსტატობით იპარავენ. მაგალითად, როცა ერთმა ირანელმა ჩანთიდან მანეთი ამოიღო, ჯარისკაცმა შეამჩნია, ჩანთა სწრაფად დააგდებინა და წაართვა. მათი მიზანია, რომ მოგზაურმა რაც შეიძლება მეტი საქონელი დაკარგოს, დანარჩენი კი გაუფუჭდეს. მგზავრი, რომელსაც მატარებელზე აგვიანდება, იძულებულია, დაკარგულ საქონელზე თვალი დახუჭოს, რადგან რომც დარჩეს და მართლმსაჯულებას მიმართოს, მის ჩივილს ყურს არავინ დაუგდებს და ვერაფერს გახდება.
ამ მძიმე ვითარების გამო, მოგზაურები ბათუმის საბაჟოზე ბევრ გაჭირვებას იტანენ. ეს ყველაზე ცუდი ქალაქია პილიგრიმებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უკან ბრუნდება. როცა მათ საბაჟოზე არსებული მდგომარეობა გაიგეს, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. ვისაც ტრაბზონში მეგობარი ან ნაცნობი ჰყავდა, თავისი საქონელი, ნაცვამი ტანსაცმელიც კი, მათ გაუგზავნა, რათა ირანში ტრაბზონიდან გადაეგზავნათ. სხვებმა კი პატარა საგნები, მაგალითად, დანა, ფესი, კრიალოსანი დასაჯდომ ბალიშში, მუთაქაში, ჩალმაში, ჯიბეში და იღლიაში დამალეს. ზოგიერთი მათგანი დაიჭირეს, ჯარიმა გადაახდევინეს და საქონელიც წაართვეს. ვისაც ახალი და სუფთა ტანსაცმელი ჰქონდა, იმის შიშით, რომ საბაჟო გადასახადი არ გადაეხადა, ზემოდან სხვა ტანსაცმელი გადაიცვა.პილიგრიმს, რომელსაც წინა დღეს ნაბდის ქუდი ეხურა და დაგლეჯილი კაბა ეცვა, დღეს თავზე წყვილი ეგვიპტური შალის მოსახვევი ჰქონდა შემოხვეული, ჯუბა, ყაბა და მაუდის ჟილეტი ეცვა, იღლიაში საათი ედო, სათვალე ეკეთა და ხელში ქარვის კრიალოსანი ეჭირა.
ირანელი თაღლითები
ირანელი პილიგრიმებისთვის ბათუმის საბაჟო მოხელეებზე უფრო დიდი უბედურება ის ნაძირალა მაწანწალა ირანელი დალალები არიან, რომლებიც დიდი ხანია აქ ცხოვრობენ. ისინი ორ ჯგუფად არიან დაყოფილი, თითოეულს რამდენიმე ხელქვეითი ჰყავს და, ძირითადად, პილიგრიმების ძარცვითა და შევიწროვებით არიან დაკავებული. მათი ლიდერები არიან თექრან არმანი, წარმომავლობით ირანელი, რომელიც ხანდახან ბათუმის ვიცე-კონსულის მოვალეობას ასრულებს, ირანელი ჰაჯი ყოლამი, საბაჟოს ჯარისკაცი, მოჰამად ალი ქერბალაი, მაშჰადი რეზა და მაშჰადი ალი იაზდი. ჯერ ერთი, ისინი მოგზაურებსა და პილიგრიმებს იძულებით ართმევენ პასპორტის ფულს, რომელიც, წესით, აქ არ უნდა გადაიხადონ და თითო პასპორტში ორ თუმანს თხოულობენ. მეორეც, ირანელი დალალები ყველა გასაქირავებელ ბინაში თავიანთ წილს იღებენ. თუ, ვთქვათ, ბინის ქირა 5000 დინარია (ნახევარი თუმანი), ისინი ძალით, თხოვნითა და ლანძღვა-გინებით აიძულებენ მოგზაურებს ორი თუმანი მისცენ. გარდა ამისა, თუ მოგზაურს რამის შეძენა სურს, ისინი გამყიდველებსა და ვაჭრებს უთანხმდებიან და ყველაფერს ორმაგ ფასს ადებენ, ხოლო თუ რამის გაყიდვა სურს, საქონელს ისე უფუჭებენ, რომ მის გაყიდვას ნახევარ ფასშიც კი ვერ ახერხებს.
და ბოლოს, თუ, ვთქვათ, საწყალი მოგზაურის დალალი ან გამყოლი თექრანის დაჯგუფებიდან არის, ჰაჯი ყოლამის ბანდა ცდილობს, მას საქონელი მოპაროს და დიდი ზარალი მიაყენოს. გარდა ამისა, თუ საბაჟოზე რამე იკარგება, დანაშაულს მას აბრალებენ, აპატიმრებენ და ჯარიმას ახდევინებენ.
საწყალი ირანელი მოგზაური თავგზააბნეულია და არ იცის, რა ქნას, სად წავიდეს, რომელ დაჯგუფებას დაუკავშირდეს, როგორ თქვას უარი თავის საქონელსა და საჭმელ-სასმელზე, როგორ გაუძლოს ამხელა საბაჟო გადასახადს, როგორ დაემალოს ამ რუს ქურდებსა და ირანელ თაღლითებს, ვის მიენდოს, როგორ გადარჩეს.
მართლაც, რომ უცნაური სიტუაცია იყო. „დღეს მამა შვილს ვერ ცნობს“, „დღეს ძმა ძმას აღარ ენდობა“, „საშინელი სამსჯავროს დღე დადგა“. მოგზაურები საშინლად დაბნეულები და შეშინებულები იყვნენ. თქვენს მონა-მორჩილს განსაბაჟებელი არაფერი მქონდა, ამიტომ მშვიდად ვათვალიერებდი იქაურობას.
ჰექაიათი
შეიხ შიბლიზე40 ყვებიან, რომ ერთხელ ქარავანთან ერთად მოგზაურობდა და თავს ყაჩაღები დაესხნენ. გამწარებული ხალხი დაკარგულ საქონელს მისტიროდა და მოსთქვამდა. უცებ შეამჩნიეს, რომ შეიხი კუთხეში მიმჯდარა და იცინის. როცა სიცილის მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა: „ამ ხალხს ყველაფერი, რაც ჰქონდა, ყაჩაღებმა წაართვეს და ამიტომ გოდებენ. მე კი წასართმევი არაფერი მქონდა, ამიტომ მშვიდად ვარ და ვიცინი. „უქონელი უდარდელია“. ქვეყნად განდიდებულია ის, ვისაც ტვირთი არა აქვს, ის კი, ვინც დატვირთულია, დაკნინებულია“.
ბათუმიდან გამგზავრება
რაბი ალ-ავალის თვის 4 რიცხვში (11 დეკემბერს), ანუ ჯადის ორში, პარასკევს დილით ბათუმში შევედით და ექვსში, კვირას დილით ათასი დაბრკოლებითა და გაჭირვებით მატარებელში ჩავსხედით და ბათუმიდან გავემგზავრეთ.
ბათუმში მშრალი ამინდი იდგა და არ ციოდა, მაგრამ ექვსი სადგურის გავლის შემდეგ შორიახლო მთებში თოვლი გამოჩნდა, თუმცა სიცივე არც აქ იგრძნობოდა. ექვსი საათის დაღამებული იყო, თბილისში რომ შევედით. მატარებელი თბილისის სადგურში ერთი საათი გაჩერდა, ახალი მგზავრებით შეივსო და გზა განაგრძო. თბილისს რომ გავცდით, ძალიან აცივდა, მაგრამ მატარებლის კუპეებში ორთქლის ღუმელები ენთო და თბილოდა. 7, ორშაბათი გზაში გავატარეთ. ჩვეულებრივ, მატარებელი ბაქოში მზის ჩასვლისთვის ჩადის ხოლმე, ანუ თბილისიდან ბაქომდე 17 საათს უნდება, მაგრამ ამჯერად ძლიერი სიცივის, დაზიანებული გზებისა და შემხვედრი მატარებლების გამო 21 საათი დაგვჭირდა და სამი საათის დაღამებული იყო, ბაქოში რომ შევედით.
40. აბუ ბექრ შიბლი (861-945) - ცნობილი ბაღდადელი სწავლული და სუფი შეიხი, რომლის მშობლები ხორასნიდან იყვნენ გადმოსახლებული ერაყში. შეიხ შიბლი ფრიად პოპულარული იყო XIX საუკუნის ირანში. სხვათა შორის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლურ კოლექციაში დაცულია შეიხ შიბლის პორტრეტი, შესრულებული უცნობი ირანელი მხატვრის მიერ (საინვ. № სხმ/აღ2285).
მოამზადეს მარინა ალექსიძემ (თარგმანი, კომენტარები) და გრიგოლ ბერაძემ (რედაქტირება, კომენტარები)


Комментариев нет:

Отправить комментарий