1944 წ. 2 დეკემბერს
მოსკოვს ვიზიტით
ეწვია საფრანგეთის
დროებითი მთავრობის
მეთაური გენ.
შარლ დე
გოლი. სსრკ-ში
ჩამოსვლის იდეა
მთლიანად დე
გოლს ეკუთვნოდა
და მან
თავისი სურვილის
შესახებ ამცნო
საბჭოთა მხარეს
8 ნოემბერს საფრანგეთის
დროებით მთავრობასთან
აკრედიტებულ ელჩ
ა. ბოგომოლოვთან
საუბრისას1. 13 ნოემბერს
ბოგომოლოვმა მოლოტოვისაგან
დადებითი პასუხი
მიიღო და
ვიზიტისათვის მზადებაც
დაიწყო. დე
გოლისთვის აღნიშნული
შეხვედრა უაღრესად
მნიშვნელოვანი იყო.
საფრანგეთის დროებითი
მთავრობის მეთაურს
ყველანაირად სურდა,
აღედგინა თავისი
ქვეყნის ომამდელი
მდგომარეობა. ის
გრძნობდა, რომ
დიდი ბრიტანეთისა
და, განსაკუთრებით,
აშშ-ს
ხელმძღვანელობა არ
აღიქვამდა საფრანგეთს
სრულუფლებიან პარტნიორად.
ამიტომ დე
გოლს ძალიან
მოეწონა აზრი,
დაედო სამოკავშირეო
ხელშეკრულება სსრკ-სთან,
რაც მას
გარკვეულწილად მისცემდა
საშუალებას, ქცეულიყო
რუზველტისა და
ჩერჩილის თანასწორად2.
სწორედ ასეთი
დოკუმენტის ხელმოწერა
სტალინთან იყო
დე გოლის
მთავარი პოლიტიკური
მიზანი მოსკოვში.
გარდა ამისა,
დე გოლს
სურდა, გაერკვია,
თუ რა
დამოკიდებულება ექნებოდა
საბჭოთა ლიდერს
საფრანგეთ-გერმანიის
მომავალი საზღვრის
საკითხისადმი. თავის
მხრივ, როგორც
ჩანს, სტალინს
არ ჰქონდა
ცალსახად ჩამოყალიბებული
პოზიცია საფრანგეთის
მიმართ. სავარაუდოდ,
მისი დამოკიდებულება
დე გოლისადმი
მთლად დადებითი
არ იყო.
ამას გვაფიქრებინებს
ა. ბოგომოლოვის
მიერ სსრკ-ს
საგარეო საქმეთა
სახალხო კომისარიატში
1944წ. 14 ნოემბერს
გამოგზავნილი წერილი.
მასში სსრკ-ს
ელჩი საფრანგეთში
საკმაოდ საინტერესო
კომენტარებს აკეთებს.
ის შესაძლებლად
მიიჩნევს დე
გოლის მიერ
წარმოდგენილი დელეგაციის
წევრების სიის
დამტკიცებას და
იქვე აღნიშნავს,
რომ საფრანგეთის
ლიდერი შეჩვეული
იყო პალევსკის3
მდივნობას, რაც,
ბოგომოლოვის თქმით,
მისთვისვე იქნებოდა
უარესი, თუ
ცუდი თანაშემწე
ჰყავდა შერჩეული.
გარდა ამისა,
საბჭოთა ელჩი
ითხოვდა ნებართვას,
გამოჰყოლოდა დე
გოლს, რომელიც
მეტად მგრძნობიარე
იყო სახელმწიფოს
მეთაურის პროტოკოლის
ნორმების საკითხში
და საჭირო
არ იყო
მისი განაწყენება
მოგზაურობის დასაწყისიდანვე.
1. აღსანიშნავია,
რომ თავად
დე გოლი
სრულიად საპირისპიროს
ამტკიცებდა მემუარებში.
მისი თქმით,
ჩერჩილისა და
იდენის საფრანგეთში
ვიზიტის დასრულების
შემდეგ (ვიზიტი
1944წ. 10-13 ნოემბერს
შედგა) ბოგომოლოვმა
თავად გადასცა
მას საბჭოთა
მთავრობის მოწვევა
მისი მხრიდან
ყოველგვარი თხოვნის
გარეშე. თუმცა
ა. ვერთის
მტკიცებით, დე
გოლის მემუარები
მოსკოვის ვიზიტის
აღწერისას მაინცდამაინც
დიდი სიზუსტითა
და სანდოობით
არ გამოირჩევა,
რასაც ის
საკუთარი დაკვირვებებით
(ა. ვერთი
თავად იყო
ამ ვიზიტისას
შემდგარი რამდენიმე
შეხვედრის მოწმე)
ასაბუთებს.
2. ამით
ის მოკავშირეებისათვის
სამაგიეროს გადახდას
აპირებდა „ღალატისათვის“.
3. პალევსკი
იყო დე
გოლის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი. ჩვენთვის
უცნობია, თუ
რა მიზეზით
მოიხსენია ის
ასეთი ტონით
ბოგომოლოვმა _ თ.პ.
დე გოლმა
მოსკოვში 8 დღე
დაჰყო და
ამ ხნის
განმავლობაში რამდენჯერმე
შეხვდა სტალინს.
გარდა ამისა,
საფრანგეთის საგარეო
საქმეთა მინისტრ
ჟ. ბიდოსა
და სსრკ-ს
საგარეო საქმეთა
სახალხო კომისარ
ვ. მოლოტოვს
სისტემატური კონსულტაციები
ჰქონდათ. მოლაპარაკებების
ძირითადი თემა
იყო საფრანგეთსა
და საბჭოთა
კავშირს შორის
ხელშეკრულების გაფორმების
საკითხი. პირველივე
დღიდან ნათელი
გახდა, რომ
ფრანგებს სურდათ,
საბჭოთა მხარესთან
დაედოთ 1942წ.
26 მაისის სსრკ-დიდი ბრიტანეთის
სამოკავშირეო ხელშეკრულების
მსგავსი დოკუმენტი.
პირველი საუბარი
სტალინსა და
დე გოლს
შორის შედგა
2 დეკემბერს. თავდაპირველად
მხარეებმა ზოგადი
ხასიათის თემებზე
ისაუბრეს, რის
შემდეგაც დე
გოლი პირდაპირ
გადავიდა მთავარ
საკითხზე. მან
განაცხადა, რომ
საფრანგეთის წინაშე
არსებული თითქმის
ყველა საგარეო
თუ შინაპოლიტიკური
პრობლემა სათავეს
იღებდა 1870-1871, 1914-1918 და
1940 წლებში გერმანიის
მიერ საფრანგეთზე
განხორციელებული თავდასხმებიდან.
ამიტომ, დე
გოლის თქმით,
ფრანგებისთვის ცხადი
გახდა, რომ
მომავალში ნორმალური
განვითარებისათვის აუცილებელი
იყო მჭიდრო
თანამშრომლობა სხვა
სახელმწიფოებთან. მან
ხაზი გაუსვა,
რომ საფრანგეთის
უბედურებების ძირითადი
მიზეზი იყო
რუსეთთან (ასეა
ორიგინალში _ თ.პ.)
ეფექტური ხელშეკრულების
უქონლობა4. საბჭოთა
მხარემ, კერძოდ,
მოლოტოვმა, შეახსენა
დე გოლს,
რომ 1935წ.
საფრანგეთსა და
სსრ კავშირს
შორის გაფორმდა
პაქტი, რომელიც
ფაქტობრივად არ
შესრულდა. საფრანგეთის
ლიდერმაც გაიხსენა
ეს ხელშეკრულება
და აღნიშნა,
რომ ძირითადად
ის არ
იყო ცუდი
დოკუმენტი, თუმცა
მასში რამდენიმე
პუნქტი მოძველდა.
აქვე მან
იკითხა, იყო
თუ არა
შესაძლებელი 1935 წლის
პაქტზე დაყრდნობა
ახალი ხელშეკრულების
შემუშავებისას. სტალინმა
შესაძლებლად მიიჩნია
ამ საკითხზე
დაფიქრება.
4. დე
გოლის მემუარებში
ამ შეხვედრის
ტექსტი ოდნავ
განსხვავდება საბჭოთა
ჩანაწერისაგან. მასში
საფრანგეთის მარცხი
ახსნილია იმ
გარემოებით, რომ
რუსეთი არ
იყო წარმოდგენილი
1919წ. პარიზის
საზავო კონფერენციაზე,
რის გამოც
ფრანგებს დააკლდათ
რუსების მხარდაჭერა
საზღვრების საკითხში.
გარდა სამოკავშირეო
ხელშეკრულებისა, დე
გოლმა წამოჭრა
საფრანგეთ-გერმანიის
მომავალი საზღვრის
საკითხიც. საფრანგეთის
ლიდერმა პირდაპირ
განუცხადა სტალინს,
რომ მას
სურდა საზღვარი
მდინარე რაინზე,
რაც გეოგრაფიულად
უფრო იოლს
გახდიდა შემდგომში
გერმანიისაგან თავის
დაცვას. სტალინმა
დააზუსტებინა დე
გოლს, ნიშნავდა
თუ არა
ეს რაინის
ოლქის საფრანგეთის
შემადგენლობაში შეყვანას
და, დადებითი
პასუხის მიღების
შემდეგ აღნიშნა,
რომ მას
პირველად ესმოდა
ასეთი მოთხოვნის
შესახებ, რადგანაც
ინგლისელები რაინ-ვესტფალიის
ოლქზე საერთაშორისო
კონტროლის დამყარების
იდეას იხილავდნენ.
აქვე საბჭოთა
ლიდერმა ხაზი
გაუსვა იმას,
რომ რუსეთს
(ასეა ორიგინალში
_ თ.პ.)
გაუჭირდებოდა ბრიტანელების
მოსაზრების წინააღმდეგ
წასვლა. როგორც
ჩანს, დე
გოლი საკმაოდ
გააღიზიანა ამ
შენიშვნამ და
განაცხადა, რომ
ფრანგების მდგომარეობაში
ინგლისელები და
ამერიკელები სხვანაირად
გადაწყვეტდნენ საკითხს,
მაგრამ მათ
სხვა პრობლემები
აწუხებდათ, რადგანაც
გეოგრაფიულად და
ისტორიულად რაინზე
არ იმყოფებოდნენ.
ამიტომაც მოუხდათ
ყველაზე დიდი
მსხვერპლის გაღება,
დე გოლის
თქმით, საფრანგეთსა
და საბჭოთა
კავშირს. სტალინს
აშკარად არ
მოსწონდა ამ
საკითხზე საუბარი
და ყველანაირად
ეცადა, აერიდებინა
მისი განხილვა.
მან აღნიშნა,
რომ დიდი
ბრიტანეთისა და
აშშ-ს
ხელმძღვანელების გარეშე
არ შეიძლებოდა
საზღვრების საკითხის
გადაწყვეტა. გარდა
ამისა, სტალინმა
შენიშნა, რომ
აშშ-სა
და დიდი
ბრიტანეთის გარეშე
ასევე ძნელი
იყო გერმანიის
დამარცხება, რაზეც
მეტყველებდა ბოლო
ორი ომის
გაკვეთილები.
შესაძლოა, საბჭოთა
ლიდერი ფიქრობდა,
რომ დე
გოლი ამის
შემდეგ მაინც
შეწყვეტდა რაინზე
საუბარს, მაგრამ
გენერალი მაინც
არ დაცხრა.
მან განაცხადა,
რომ დიდი
ბრიტანეთისა და
აშშ-ს
ჩარევა ხდებოდა
მაშინ, როდესაც
საფრანგეთი უკვე
თითქმის დაღუპული
იყო. ამიტომ
დე გოლმა
საჭიროდ ჩათვალა
კარგი პირობების
შექმნა გერმანიასთან
შესაძლო კონფლიქტის
შემთხვევაში, რაც,
ყველას, მათ
შორის ინგლისელებისა
და ამერიკელების,
ინტერესებში შედიოდა.
სტალინმა ახლა
უკვე პირდაპირ
უთხრა საფრანგეთის
ლიდერს, რომ
ამ საკითხის
გადაწყვეტა საბჭოთა
მხარეს არ
შეეძლო სხვა
მოკავშირეების გარეშე.
გარდა ამისა,
მან აღნიშნა,
რომ სსრკ-შიც
იყო ხალხი,
ვინც კარპატებსა
და ტრანსილვანიას
ბუნებრივ საზღვრებად
თვლიდა, მაგრამ
ამის მიღწევა
არ იყო
ადვილი5. სტალინმა
ხაზი გაუსვა,
რომ სამხედრო
თვალსაზრისით საზღვრები
კი არ
იყო მნიშვნელოვანი,
არამედ ძლიერი
არმია. როგორც
ჩანს, ეს
არგუმენტი საკმაოდ
დამაჯერებელი აღმოჩნდა
დე გოლისათვის,
რომელმაც მხოლოდ
ის შენიშნა,
რომ რაინის
ოლქზე საერთაშორისო
კონტროლის დამყარების
შემთხვევაში საფრანგეთი
სხვა სახელმწიფოების
კეთილ ნებასა
და მზადყოფნის
დონეზე იქნებოდა
დამოკიდებული.
5. ძნელი
სათქმელია, თუ
ვინ თვლიდა
საბჭოთა კავშირში
სსრკ-ს
ბუნებრივ საზღვრად
ტრანსილვანიას (საერთოდ,
ისიც საკითხავია,
თუ რამდენად
სწორად შეიძლება
ჩაითვალოს ტერმინი
„სსრკ-ს
ბუნებრივი საზღვარი“
ისტორიული თვალსაზრისით),
მაგრამ კარპატებს
საბჭოთა იმპერიის
საზღვარი მთელ
რიგ მონაკვეთებზე
ომის შემდგომ
გასცდა კიდეც.
სტალინის ეს
სიტყვები ერთგვარ
ეჭვს გვიჩენს,
ხომ არ
სურდა მას
რუმინეთის მთლიანად
„ჩაყლაპვა“ და
ერთ-ერთ
საბჭოთა რესპუბლიკად
გადაქცევა.
გაცილებით უფრო იოლად წარიმართა მსჯელობა გერმანიის აღმოსავლეთი საზღვრის საკითხზე. დე გოლი პრაქტიკულად განხილვის გარეშე დაეთანხმა სტალინის სურვილს, რომ გერმანია-პოლონეთის საზღვარს გაევლო მდინარეებზე ოდერსა და ნოისეზე. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ საფრანგეთი არ იქნებოდა აღმოსავლეთ პრუსიის პოლონეთისათვის გადაცემის წინააღმდეგი.
ზემოაღნიშნული საკითხების
გარდა, სტალინმა
საკმაოდ დაწვრილებით
გამოჰკითხა დე
გოლს, საფრანგეთში
არსებული მდგომარეობისა
მისი სამხედრო
პოტენციალის შესახებ.
გაირკვა, რომ
საფრანგეთში მრეწველობის
აღდგენა საკმაოდ
რთულად მიმდინარეობდა,
არმიას თითქმის
არ ჰყავდა
ოფიცრები, ხოლო
ავიაცია პრაქტიკულად
არ არსებობდა.
სტალინმა შესთავაზა
კიდეც დე
გოლს, რომ
დაუბრუნებდა მას
საავიაციო პოლკ
„ნორმანდიის“ პილოტებს,
მაგრამ საფრანგეთის
ლიდერმა უპასუხა,
რომ ამ
შენაერთს დიდი
სარგებელი მოჰქონდა
აღმოსავლეთის ფრონტზე.
მაშინ სტალინმა
მას შესთავაზა
აღნიშნული პოლკის
დივიზიად გადაკეთება.
ეს იდეა
დე გოლსაც
მოეწონა და
თანხმობაც განაცხადა
ახალგაზრდა მფრინავების
საბჭოთა კავშირში
გამოგზავნაზე6.
საუბრის ბოლოს
სტალინმა საუზმეზე
მიიწვია დე
გოლი, რომელმაც,
თავის მხრივ,
მადლობა გადაუხადა
საბჭოთა ლიდერს
მიღებისათვის.
6. ეს
ნაწილი არ
არის მოყვანილი
შეხვედრის ამსახველ
ფრანგულ დოკუმენტში,
რომლის ჩაწერასაც
გარო აწარმოებდა.
მომდევნო დღეს
რაიმე მოლაპარაკებებს
უმაღლეს დონეზე
თუ საგარეო
საქმეთა მინისტრებს
შორის ადგილი
არ ჰქონია,
თუმცა საღამოს,
როდესაც ფრანგული
დელეგაცია თეატრში
იმყოფებოდა, მოლოტოვმა
წამოჭრა საფრანგეთ-საბჭოთა
კავშირის პაქტის
რატიფიკაციის საკითხი.
სსრკ-ს
საგარეო საქმეთა
სახალხო კომისარმა
ჯერ დეჟანს
დაუსვა კითხვა,
თუ რა
პირობებში მოხდებოდა
საფრანგეთში პაქტის
რატიფიცირება და
თუ მიიღებდა
ამაში მონაწილეობას
საფრანგეთის საკონსულტაციო
ასამბლეა. ფრანგმა
დიპლომატმა მას
ამცნო, რომ
ასამბლეას მხოლოდ
რჩევის მიცემა
შეეძლო, რაც
ჩანდა კიდეც
მისი სახელწოდებიდან.
მოლოტოვი, როგორც
ჩანს, არ
დაკმაყოფილდა პასუხით
და ახლა
უკვე ბიდოს
მიმართა იგივე
კითხვით. საფრანგეთის
საგარეო საქმეთა
მინისტრმა იგივე
განმარტება მისცა
თავის საბჭოთა
კოლეგას, მაგრამ
ეს უკანასკნელი
მაინც არ
დაკმაყოფილდა და
უკვე თავად
დე გოლს
შეეკითხა რატიფიკაციის
თაობაზე. საფრანგეთის
ლიდერმაც დაამოწმა
თავისი ხელქვეითების
პასუხი და
დაუკონკრეტა კიდეც
მოლოტოვს, რომ
1943 წლის სსრკ-ჩეხოსლოვაკიის
პაქტი რატიფიცირებულ
იქნა მხოლოდ
ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის
ედუარდ ბენეშის
მიერ, რომელიც,
ამასთან, დროებით
ასრულებდა თავის
მოვალეობებს და
თანაც ლონდონში
იმყოფებოდა. მხოლოდ
ამის შემდეგ
დაცხრა სსრკს
საგარეო საქმეთა
სახალხო კომისარი,
თუმცა, როგორც
ჩანს, სტალინი
ბოლომდე არ
დაკმაყოფილდა ამ
განმარტებით. ამას
ადასტურებს მის
მიერ იმავე
დღეს ჩერჩილისა
და რუზველტისათვის
გაგზავნილი წერილი,
რომელშიც ის
მათ ამცნობდა
დე გოლთან
მოლაპარაკებების მიმდინარეობის
შესახებ. საბჭოთა
ლიდერმა „დიდი
სამეულის“ სხვა
წევრებს შეატყობინა,
რომ ფრანგებს
ჯერ კიდევ
უნდა დაეზუსტებინათ
რატიფიკაციასთან დაკავშირებული
საკითხები. აქვე
სტალინი შეეხო
საფრანგეთ-გერმანიის
მომავალი საზღვრის
საკითხს და
ამცნო ჩერჩილსა
და რუზველტს,
რომ მან
უარი უთხრა
საფრანგეთის დროებითი
მთავრობის მეთაურს
ამ საკითხის
გადაწყვეტაზე აშშ-სა
და დიდი
ბრიტანეთის თანხმობის
გარეშე. წერილის
ბოლოს საბჭოთა
ლიდერმა სთხოვა
თავის კოლეგებს,
რომ გამოეგზავნათ
თავიანთი შენიშვნები
აღნიშნულ საკითხებთან
დაკავშირებით.
5 დეკემბერს
შედგა ოფიციალური
საუბარი მოლოტოვსა
და ბიდოს
შორის, რომლის
დროსაც მხარეები
ძირითადად ხელშეკრულების
პროექტს ათანხმებდნენ,
თუმცა, უკვე
შეხვედრის დასაწყისში,
საბჭოთა მინისტრმა
გააკეთა ერთი
მეტად საინტერესო
განცხადება, რომელმაც
ცხადყო, რომ
სტალინს გარკვეული
გეგმა ჰქონდა
შემუშავებული ფრანგებთან
მიმართებაში. მოლოტოვმა
ჯერ ამცნო
თავის კოლეგას,
რომ დუმბარტონ
ოქსში საბჭოთა
მხარემ მხარი
დაუჭირა ახალი
საერთაშორისო ორგანიზაციის
მუდმივ წევრთა
შორის საფრანგეთის
შეყვანას. მან
აქვე აღნიშნა,
რომ სსრკ-მ
აგრეთვე შესთავაზა
დიდ ბრიტანეთსა
და აშშ-ს,
შეეყვანათ საფრანგეთის
წარმომადგენელი ევროპის
საკონსულტაციო კომისიაში.
ამის შემდეგ
კი მოლოტოვმა
მოულოდნელად განუცხადა
ბიდოს, რომ
საბჭოთა კავშირსა
და საფრანგეთს
კიდევ ჰქონდათ
გადასადგმელი ნაბიჯები
თავიანთი პოზიციების
შესაჯერებლად სხვადასხვა
საკითხზე, კერძოდ
კი, პოლონეთის
შესახებ. ჩვენი
ყურადღება სწორედ
ამ გარემოებამ
მიიქცია. როგორც
შემდგომმა მოლაპარაკებებმა
ცხადყო, საბჭოთა
მხარის მოქმედება
შემთხვევითი არ
იყო. საფრანგეთის
საგარეო საქმეთა
მინისტრს, როგორც
ჩანს, თავიდან
მაინცდამაინც არ
გაუმახვილებია ყურადღება
ამ ფაქტზე
და მხოლოდ
აღნიშნა, რომ
მისი ქვეყანა
დაინტერესებული იყო
ძლიერი პოლონეთით
და მას
არ ჰქონდა
რაიმე შენიშვნები
პოლონეთის საზღვრებთან
დაკავშირებით. შესაძლოა,
ფრანგულ დელეგაციას
იმედი ჰქონდა,
რომ პოლონეთის
თემა ამით
ამოწურული იქნებოდა,
მაგრამ საუბრისას
გაირკვა საბჭოთა
მხარის ნამდვილი
მიზანი. პაქტის
პროექტის განხილვის
დასრულების შემდეგ
მოლოტოვი კვლავ
დაუბრუნდა პოლონეთის
საკითხს და
ჰკითხა ფრანგული
დელეგაციის წევრებს
(შეხვედრას გარო
და დეჟანიც
ესწრებოდნენ _ თ.პ.),
თუ შეესაბამებოდა
სიმართლეს ფრანგული
მხარის სურვილი,
გაეგზავნა ლუბლინში,
სადაც განთავსებული
იყო პოლონეთის
ეროვნული განთავისუფლების
კომიტეტი, ორი
ფრანგი ოფიცერი,
რომლებიც იზრუნებდნენ
განთავისუფლებულ ფრანგ
ტყვეებზე და,
ამავე დროს,
მიეღო პარიზში
პეგკ ს
ოფიციალური წარმომადგენელი.
ბიდომ და
გარომ დაადასტურეს
ეს ინფორმაცია,
რის შემდეგაც
სსრკ-ს
საგარეო საქმეთა
სახალხო კომისარმა
მოულოდნელად შესთავაზა
მათ, გაეცვალათ
ოფიციალური წარმომადგენლები
ლუბლინელ პოლონელებთან
და აღნიშნა,
რომ მსგავსი
აქტი გაადვილებდა
ხელშეკრულების გაფორმებას
საბჭოთა კავშირსა
და საფრანგეთს
შორის7. აქ
უკვე ნათელი
გახდა საბჭოთა
მხარის ჭეშმარიტი
მიზანი: მოეხდინა
მის მიერ
შეკოწიწებული პოლონეთის
მარიონეტული მთავრობის
საერთაშორისო ცნობა.
უნდა აღინიშნოს,
რომ საბჭოური
ისტორიოგრაფია ყველანაირად
ცდილობდა, არ
„შეემჩნია“ აღნიშნული
ფაქტი. მკვლევართა
დიდი უმრავლესობა
არც იხსენიებდა
იმ გარემოებას,
რომ სტალინმა
და მოლოტოვმა
საფრანგეთსა და
სსრკ-ს
შორის პაქტის
გაფორმება პირდაპირ
მიაბეს პეგკ-ს
ოფიციალური ცნობის
საკითხს8. ასე,
მაგალითად, ვ.
ისრაელიანმა მხოლოდ
აღნიშნა, რომ
დე გოლის
ვიზიტის დროს
გამართული შეხვედრებისას
მიმდინარეობდა საუბარი
პოლონეთის პრობლემაზე,
თუმცა რა
ვითარებაში და
როგორ, არ
დაუკონკრეტებია. უფრო
მეტიც, მან
ისიც კი
განაცხადა, რომ
ამ საკითხზე
არანაირი გადაწყვეტილებები
არ იქნა
მიღებული.
7. როგორც
ჩანს, ფრანგულ
მხარეს ასეთი
შესაძლებლობა გათვალისწინებული
ჰქონდა. ყოველ
შემთხვევაში, ამას
ამტკიცებს თავად
დე გოლი,
თუმცა, მისი
თქმით, მას
სურდა საბოლოოდ
დაზუსტება, თუ
რისი გაკეთება
სურდა სტალინს
პოლონეთში.
8. გამონაკლისს
წარმოადგენს მხოლოდ
ოფიციალური საბჭოთა
გამოცემა „История дипломатии“, თუმცა
აქაც არის
მნიშვნელოვანი უზუსტობა,
თითქოს ჯერ
შეთანხმებული იქნა
საფრანგეთის დროებით
მთავრობასა და
პეგკ-ს
შორის არაოფიციალური
წარმომადგენლების გაცვლა
და მხოლოდ
შემდეგ იქნა
გაფორმებული პაქტი.
ჩვენი აზრით,
სტალინმა ჩერჩილთან
მოსკოვში გამართული
მოლაპარაკებების დასრულების
შემდეგ ერთგვარად
შეიცვალა პოზიცია
პოლონეთის საკითხზე.
სავარაუდოდ, ეს
გამოწვეული უნდა
ყოფილიყო ლონდონის
პოლონურ მთავრობაში
მომხდარი სერიოზული
გადაადგილებებით. 1944 წ. ნოემბრის
ბოლოს ემიგრანტული
მთავრობის პრემიერ
მინისტრი მიკოლაიჩიკი
იძულებული გახდა,
გადამდგარიყო და
მისი ადგილი
დაიკავა ტომაშ
არციშევსკიმ. მიკოლაიჩიკის
გადადგომის მთავარი
მიზეზი გახდა
მისი თანხმობა
პოლონეთის აღმოსავლეთ
საზღვრად კერზონის
ხაზის განსაზღვრაზე.
ახალმა მთავრობამ
კატეგორიული უარი
განაცხადა საბჭოთა
მხარის ამ
მოთხოვნაზე, რამაც
სტალინს, როგორც
ჩანს, საბოლოოდ
გადააწყვეტინა მათი
ბედი. ყოველ
შემთხვევაში, აქედან
მოყოლებული ის
გაცილებით უფრო
აქტიურად უჭერდა
მხარს მის
მიერვე შექმნილ
პოლონეთის ეროვნული
განთავისუფლების კომიტეტს
და ეს
მკაფიოდ სწორედ
დე გოლის
მოსკოვში ვიზიტისას
გამოვლინდა.
საფრანგეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა
დიპლომატიურად თავი
შეიკავა კონკრეტული
პასუხის გაცემისაგან
და აღნიშნა,
რომ საფრანგეთის
მთავრობა არ
გადადგამდა ისეთ
ნაბიჯებს, რომლებიც
არ იქნებოდა
შეთანხმებული მოკავშირეებთან
და რომ
ის შეწუხებული
იყო ლონდონისა
და ლუბლინის
პოლონურ მთავრობებს
შორის არსებული
დაპირისპირებით. აქვე
ბიდომ შენიშნა,
რომ საკითხის
ამგვარად დაყენება
მისთვის სიახლე
იყო და
პირადი შეხედულებით
მისი დადებითად
გადაწყვეტა შესაძლებლად
ჩათვალა.
მოლოტოვი არ
დაკმაყოფილდა ბიდოს
პასუხით და
პირდაპირ განუცხადა
საფრანგეთის საგარეო
საქმეთა მინისტრს,
რომ საბჭოთა
მხარე ერთმანეთს
უკავშირებდა სსრკ-საფრანგეთის
ხელშეკრულების დადებასა
და პოლონეთსა
და საფრანგეთს
შორის ოფიციალური
კონტაქტების გაფორმებას
და ამ
პროცესებს ერთდროულად
გადასაწყვეტად მიიჩნევდა.
პასუხად ბიდომ
შენიშნა, რომ
ის არ
თვლიდა აუცილებლად
პაქტის დაკავშირებას
რაიმე წინაპირობასთან.
აქვე მან
აღნიშნა, რომ
ფრანგებსაც სურდათ
ზოგიერთი საკითხის,
პირველ რიგში,
რაინზე საზღვრის,
სასწრაფოდ გადაწყვეტა.
გარომ, თავის
მხრივ, დაამატა,
რომ ფრანგები
ისედაც ყველა
სხვა მოკავშირეზე
შორს იყვნენ
წასული ლუბლინის
მთავრობასთან დაკავშირებით,
რაზეც მეტყველებდა
მათი კონტაქტები
პეგკ-ს
წევრებთან და
წინადადება არაოფიციალური
წარმომადგენლების გაცვლის
შესახებ, რომელზეც
პასუხი ჯერ
კიდევ არ
იყო მიღებული.
მოლოტოვმა აქ
ოდნავ დაიხია
უკან და
აღნიშნა, რომ
ის არ
სთხოვდა ფრანგებს,
ურთიერთობა გაეწყვიტათ
ლონდონის ემიგრანტულ
მთავრობასთან, თუმცა
პირდაპირ უთხრა
მათ, თუ
რატომ არ
იყო პასუხი
მიღებული ლუბლინიდან.
მისი თქმით,
პოლონელებს არ
აკმაყოფილებდათ შეთავაზებული
პირობები. საუბრის
დასასრულს კი
სსრკ-ს
საგარეო საქმეთა
სახალხო კომისარმა
კიდევ ერთხელ
განუმარტა ფრანგულ
დელეგაციას, რომ
პოლონეთის საკითხში
პოზიციების თანხვედრა
იქნებოდა საბჭოთა
კავშირსა და
საფრანგეთს შორის
ხელშეკრულების დადების
მთავარი პირობა.
აქ ბიდოს,
როგორც ჩანს,
ბოლოს და
ბოლოს აზრად
მოუვიდა, განეცხადებინა,
რომ დე
გოლის თანხმობის
გარეშე მას
არ შეეძლო
რაიმე გადაწყვეტილების
მიღება, თუმცა
მან იქვე,
ჩვენი აზრით,
საკმაოდ სერიოზული
შეცდომა დაუშვა.
საფრანგეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა
აღნიშნა, რომ
ურთიერთობები ლონდონის
ემიგრანტულ მთავრობასთან
სამუდამო ხასიათს
არ ატარებდა
და რომ
პირადად ის
არ ხედავდა
რაიმე ხელისშემშლელ
გარემოებას, რათა
აღნიშნული საკითხი
არ გადაწყვეტილიყო.
ეს ნამდვილად
არ იყო
სწორი ნაბიჯი,
რადგანაც ამით
ფრანგმა დიპლომატმა
აგრძნობინა საბჭოთა
მხარეს, რომ
მათთვის პაქტის
დადება უაღრესად
მნიშვნელოვანი იყო
და ყველა
დანარჩენი საკითხი
პრინციპულ ხასიათს
არ ატარებდა.
აღნიშნული საუბარი ამით დასრულდა და დებატები გაგრძელდა მომდევნო დღეს, მთავრობათა მეთაურების მორიგი შეხვედრისას. დე გოლმა საუბარი სწორედ პოლონეთის საკითხით დაიწყო და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საფრანგეთისა და პოლონეთის ისტორიულ მოკავშირეობაზე, პოლონეთის მომავალ საზღვრებზე, რის შემდეგაც გადავიდა პრობლემაზე, რომელიც აწუხებდა სტალინს. უნდა აღინიშნოს, რომ აქ საფრანგეთის ლიდერი წარმოჩინდა, როგორც კარგი დიპლომატი, რადგანაც მისი პასუხი იმდენად დაბალანსებული იყო, რომ სტალინმა ვერ მოახერხა თავისი სურვილის დაფიქსირება და პოლონეთის საკითხის მიბმა სსრკ-საფრანგეთის ხელშეკრულებასთან. დე გოლმა შენიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობას ჯერ კიდევ სიკორსკის9 დროიდან ჰქონდა დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები პოლონეთის ემიგრანტულ მთავრობასთან და იქვე დასძინა, რომ ფრანგებს არ გააჩნდათ რაიმე პრაქტიკული ან მატერიალური შეხება მასთან, რადგანაც ეს პოლონელები იმყოფებოდნენ ლონდონში და არა პოლონეთში. საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა თვალყურს მიადევნებდა მოვლენების განვითარებას პოლონეთში და როდესაც ამ სახელმწიფოს ტერიტორია მთლიანად იქნებოდა განთავისუფლებული საბჭოთა ჯარების მიერ, გამოიყენებდა თავის გავლენას და მაქსიმალურად ხელს შეუწყობდა ორ პოლონურ დაჯგუფებას შორის საერთო ენის გამონახვას. ის შეეცდებოდა აგრეთვე, უზრუნველეყო სსრკ-სა და საფრანგეთის მიმართ პოლონეთის მხრიდან მეგობრული პოზიციის დაკავება.
9. ვლადისლავ სიკორსკი იყო პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის პრემიერ მინისტრი 1939-1943 წლებში. ის დაიღუპა 1943 წ. ივლისში ავიაკატასტროფაში ჰიბრალტარის მახლობლად.
დე გოლის ვრცელი გამოსვლა იმდენად ზოგადი იყო და იმდენად ოსტატურად აგებული, რომ სტალინი, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა მზად საკითხის ამგვარად დასმისათვის და მცირე ტაიმაუტი აიღო პოლონეთის პრობლემასთან დაკავშირებით. მან აქცენტი გადაიტანა ე.წ. „დასავლეთის ბლოკზე“ და ჰკითხა დე გოლს, თუ რა იყო ეს10. საფრანგეთის ლიდერი არ დააბნია სტალინის შეკითხვამ და განაცხადა, რომ ასეთი კავშირი არ არსებობდა და თუ შეიქმნებოდა, ეს არ იქნებოდა ბლოკი. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში შეეძლო ეარსება მხოლოდ იმ სახელმწიფოთა ბლოკს, რომელთაც არ სურდათ, გამხდარიყვნენ გერმანიის აგრესიის მსხვერპლი.11 სწორედ ამიტომ, მისი თქმით, საფრანგეთმა არჩია ხელშეკრულების გაფორმება საბჭოთა კავშირთან, თუმცა მას შეეძლო მიემართა უშუალო მეზობლებისათვის. დე გოლმა აღნიშნა, რომ მხოლოდ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სსრკ-ს ალიანსი შეიძლებოდა აღქმულიყო ევროპულ ბლოკად. როგორც ჩანს, სტალინი დააკმაყოფილა დე გოლის პოზიციამ ამ საკითხზე და დაადასტურა საბჭოთა მხარის ინტერესი საფრანგეთ-რუსეთის პაქტის დადებისადმი. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ რამდენიმე დღეში ეს საქმე დასრულებული იქნებოდა.
10. „დასავლეთის ბლოკის“ იდეა ეფუძნებოდა საფრანგეთისა და ინგლისის კავშირის შექმნას, რომელსაც შეუერთდებოდა რამდენიმე მცირე სახელმწიფო. ბლოკი მიმართული უნდა ყოფილიყო გერმანიის წინააღმდეგ, თუ ეს უკანასკნელი კვლავ დაიწყებდა მეზობლების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს, თუმცა ამ იდეას აღფრთოვანებით არც საბჭოთა კავშირი შეხვედრია. უფრო მეტიც, მოგვიანებით, როდესაც 1948 წ. მართლაც შეიქმნა „დასავლეთის კავშირი“ _ სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ჰოლანდიისა და ლუქსემბურგის შემადგენლობით, ამან საბჭოთა მხარის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „დასავლეთის კავშირის“ იდეა არც 1944 წ. იყო საბჭოთა ლიდერისათვის მისაღები და სწორედ ამიტომ წამოჭრა მან ეს საკითხი დე გოლთან მოლაპარაკებების დროს.
11. საინტერესოა, რომ 1944წ. დე გოლისათვის არსებული ერთადერთი მტერი _ გერმანია, 1958წ. იქცა ერთადერთ... მეგობრად.
ამის შემდეგ სტალინი მიუბრუნდა პოლონეთის საკითხს. მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა რუსებისა და პოლონელების ოდინდელი სიძულვილის მიზეზებზე. აქვე საბჭოთა ლიდერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ ყოველთვის დადებითი იყო სხვა დიდი სახელმწიფოებისაგან განსხვავებით და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის მოქმედი მთავრობის პოზიციაც უფრო პოზიტიური იქნებოდა, ვიდრე დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების. სტალინმა განაცხადა, რომ ინგლისელები, რომელთაც მჭიდრო კავშირი ჰქონდათ პოლონეთის ემიგრანტულ მთავრობასთან, გარკვეულწილად დაიბნენ, ისევე როგორც ეს მათ დაემართათ იუგოსლავიაში მიხაილოვიჩთან მიმართებაში. მისი თქმით, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ, მსგავსად მიხაილოვიჩისა, რომელიც საკუთარ ქვეყანაშიც კი ვერ ბრუნდებოდა, არც პოლონელი ჟიროები და ლავალები მიეშვა ადგილობრივ მოსახლეობას პოლონეთში. აქ უკვე სტალინმა დე გოლს იმის მოყოლა დაუწყო, თუ როგორ იყო გაბრაზებული პოლონეთის მოსახლეობა ლონდონის მთავრობაზე, რადგანაც ისინი არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში მისი განთავისუფლების პერიოდში. მან ხაზი გაუსვა მიწის რეფორმასაც, რომელსაც ატარებდნენ პოლონეთში, თუმცა ძნელი სათქმელია, რომ საფრანგეთის ლიდერზე ამ დემაგოგიურმა განცხადებებმა რაიმე გავლენა იქონია. დე გოლმა მშვიდად განუცხადა სტალინს, რომ პოლონეთის განთავისუფლების შემდეგ ნათელი გახდებოდა, თუ როგორი იყო პოლონელების დამოკიდებულება ლონდონისა და ლუბლინის მთავრობებისადმი. მან აქვე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობას ჰქონდა ურთიერთობები ემიგრანტულ მთავრობასთან, ხოლო სხვა მთავრობას სცნობდა მხოლოდ დანარჩენ მოკავშირეებთან შეთანხმებით და განაცხადა, რომ სწორედ ასე მოიქცა საბჭოთა ხელისუფლებაც, როდესაც თავად საფრანგეთის დროებითი მთავრობის ცნობის საკითხი იდგა დღის წესრიგში. გარდა ამისა, დე გოლმა სტალინი დაიჭირა უზუსტობაში და შენიშნა, რომ ლავალისა და ჟიროს ერთ ტაფაში მოხარშვა არ შეიძლებოდა, რადგანაც მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობა იყო. მან შეახსენა საბჭოთა ლიდერს, რომ ლავალი თანამშრომლობდა გერმანელებთან, ჟირო კი _ არა. სტალინიც დაეთანხმა დე გოლს და განაცხადა, რომ ის არ ურევდა ერთმანეთში ლავალსა და ჟიროს. საინტერესოა, რომ ამით ძირითადი საკითხის განხილვა დასრულდა და მხარეებმა მეორეხარისხოვან თემებზე _ მდგომარეობა ბალკანეთსა და ცენტრალურ ევროპაში, საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები _ განაგრძეს საუბარი. ჩვენი აზრით, ეს არ არის შემთხვევითი. სტალინი აშკარად მიხვდა, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდი დე გოლის უპირატესობით წარიმართა და მომავლისათვის გადადო ძირითადი პრობლემის გადაწყვეტა.
მომდევნო დღეს, 7 დეკემბერს, შედგა მოლოტოვისა და ბიდოს კიდევ ერთი შეხვედრა. მინისტრების საუბრისას გაირკვა, რომ საბჭოთა მხარის პოზიციაში ერთგვარი ტრანსფორმაცია მოხდა. ფორმალურად სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ამის მიზეზად გამოაცხადა ჩერჩილის მიერ სტალინისათვის გამოგზავნილი წერილი. აღნიშნულ ბარათში ბრიტანეთის პრემიერი სთავაზობდა საბჭოთა ლიდერს, დადებულიყო სსრკ-ინგლისსაფრანგეთის სამმხრივი შეთანხმება, რომელშიც შევიდოდა მოქმედი საბჭოთა კავშირ_დიდი ბრიტანეთის ხელშეკრულება. აქ აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ ჩერჩილის მხრიდან ასეთი იდეის წამოჭრა შემთხვევითი სულაც არ იყო. ოფიციალური ლონდონი მეტად შეშფოთებული დარჩა საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის სავარაუდო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობით. ინგლისელები შეშინდნენ, რომ საფრანგეთსა და სსრკ-ს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება შეასუსტებდა ბრიტანელთა გავლენას ევროპაში. სწორედ ამიტომ ლონდონში გადაწყდა ინიციატივის ხელში ჩაგდება და სამმხრივი პაქტის იდეის წამოყენება. ჩერჩილისაგან განსხვავებით, რუზველტი მაინცდამაინც არ შეშფოთებულა სსრკ-საფრანგეთის პაქტით და აცნობა სტალინს, რომ ის არ იქნებოდა წინააღმდეგი, თუ ასეთი ხელშეკრულება გაფორმებული იქნებოდა.
ჩვენი აზრით, საბჭოთა მხარე მთლად გულწრფელი არ იყო, როდესაც პოზიციის შეცვლის მიზეზად ჩერჩილის წერილს ასახელებდა. მთავარი გარემოება, რამაც გამოიწვია საბჭოთა მხარის პოზიციის ტრანსფორმაცია, იყო დე გოლის მიერ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის ცნობის საკითხში. ამის მტკიცების საფუძველს ჩვენ გვაძლევს ის ფაქტი, რომ წერილი სტალინმა მიიღო 5 დეკემბერს და ძნელი დასაჯერებელია, თითქოს მან ის მხოლოდ ერთი დღის შემდეგ წაიკითხა, როგორც ამას უმტკიცებდა მოლოტოვი ბიდოს. საინტერესოა, რომ აქ სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ერთგვარად საკუთარ ტყუილშივე გაება, რადგანაც იქვე აღნიშნა, თითქოს ამ საკითხზე იმსჯელეს სტალინმა და დე გოლმა წინა საღამოს, ანუ იმ დროს, როდესაც, მოლოტოვისავე თქმით, საბჭოთა ლიდერს წერილი ჯერ წაკითხული არ უნდა ჰქონოდა. საბჭოთა ჩანაწერში არ არის დაფიქსირებული ასეთი განხილვა. მასში მხოლოდ გვხვდება დე გოლის ფრაზა, რომ „ბლოკი მოსკოვი-პარიზი-ლონდონი ნამდვილი ევროპული ბლოკი იქნებოდა“, თუმცა ეს საკითხის წამოჭრასაც არ ნიშნავდა, რადგანაც საფრანგეთის ლიდერი უბრალოდ მსჯელობდა გერმანიის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნაზე. მოლოტოვმაც იცოდა ამის შესახებ, რადგანაც მან აღნიშნა, რომ ეს აზრი საკმაოდ ახლოს იყო ჩერჩილის იდეასთან, რომელიც, მისი თქმით, სტალინმა დადებითად შეაფასა.
საბჭოთა მხარის მიერ სამმხრივი პაქტის იდეის წამოყენება ფრანგებისათვის მეტად მოულოდნელი გამოდგა. ბიდო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგანაც ვერც იწონებდა ამგვარ შემოთავაზებას და ვერც ღიად უარყოფდა, თუმცა, სავარაუდოდ, მისი დამოკიდებულება ნამდვილად არ იყო დადებითი. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საფრანგეთს მოსაგვარებელი ჰქონდა ზოგიერთი საკითხი ინგლისთან და არ სურდა უბრალოდ შეერთებოდა სსრკ-დიდი ბრიტანეთის 1942 წ. ხელშეკრულებას. როდესაც მოლოტოვმა შესთავაზა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პირდაპირ გადასულიყვნენ სამმხრივი პაქტის მუხლების შეთანხმებაზე და თავი დაენებებინათ ორმხრივი ხელშეკრულებისათვის, ბიდომ მართლაც მიანიჭა უპირატესობა ამგვარ ვარიანტს, მაგრამ შემდეგ ითხოვა დრო, რათა ემცნო დე გოლისათვის საბჭოთა მხარის სურვილები. აქვე მან მაინც მოისურვა ორმხრივ ხელშეკრულების პროექტის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც მომზადებული ჰქონდა გარკვეული შენიშვნები. მოლოტოვიც დაეთანხმა ბიდოს და შეხვედრის თითქმის მთელი დარჩენილი ნაწილი მხარეებმა ტექსტის შეთანხმებას მოანდომეს. საუბრის მიწურულს კი სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჰკითხა თავის ფრანგ კოლეგას, ხომ არ ჰქონდა მას პასუხი პეგკ-ს ოფიციალურ ცნობასთან დაკავშირებით, რაზეც ბიდომ შეახსენა მოლოტოვს, რომ დე გოლმა წინადღით სტალინს უკვე გააცნო თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ამით 7 დეკემბრის შეხვედრა დასრულდა, თუმცა მასზე წამოჭრილი საკითხი სამმხრივი პაქტის შესახებ იმდენად მნიშვნელოვნად ეჩვენა დე გოლს, რომ ის იმავე დღეს სასწრაფოდ შეხვდა ბოგომოლოვს და სთხოვა მას, გადაეცა საბჭოთა მხარისათვის მისი აზრი აღნიშნული იდეის მიმართ. საფრანგეთის ლიდერმა ფაქტობრივად აგრძნობინა საბჭოთა ელჩს, რომ მას არ მოსწონდა ეს იდეა და სურდა ორმხრივი შეთანხმების გაფორმება სსრკ-სთან.
აღნიშნული საკითხი ძირითადი აღმოჩნდა სტალინის და დე გოლის ბოლო ოფიციალური საუბრისას, რომელიც 8 დეკემბერს შედგა. შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გარეგნულად ორივე ლიდერი კორექტულობას ინარჩუნებდა. დე გოლმა ვრცლად ისაუბრა საფრანგეთისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრაზე და, ამავე დროს, ხაზი გაუსვა ინგლისის, როგორც მოკავშირის, არასაიმედოობას. სტალინმა დაიცვა ინგლისელები ამ თვალსაზრისით, მაგრამ შემდეგ დაეთანხმა საფრანგეთის ლიდერს, რომ აუცილებელი იყო უფრო მჭიდრო კავშირი ორ ქვეყანას შორის. აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ ეს კავშირი ხელსაყრელი იყო საბჭოთა მხარისათვის, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ფრანგებისათვის, რომლებსაც მისცემდა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების საშუალებას, რაშიც მათ ხელს უშლიდა ზოგიერთი სახელმწიფო12. მიუხედავად ამისა, სტალინმა კიდევ ცოტა ხანს ილაპარაკა სამმხრივ პაქტზე და შენიშნა, რომ ამ იდეაზე უარის თქმის შემთხვევაში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ნაწყენი დარჩებოდა. საბჭოთა ლიდერმა თითქოს უკვე გადაწყვიტა, რომ იქნებოდა მხოლოდ სამმხრივი შეთანხმება, მაგრამ სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ ის მოულოდნელად კვლავ პოლონეთის საკითხს დაუბრუნდა. სტალინმა დაუფარავად უთხრა დე გოლს, რომ თუ ფრანგები გაცვლიდნენ წარმომადგენლებს პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტთან, მაშინ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება გაფორმებული იქნებოდა მიუხედავად იმისა, როგორი რეაქცია ექნებოდა ამაზე ჩერჩილს. საფრანგეთის ლიდერმა ამ შეთავაზებაზე ერთგვარი სარკაზმით შენიშნა, რომ, როგორც ჩანდა, სტალინი ხანდახან აწყენინებდა ხოლმე ჩერჩილს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ეს დროდადრო მართლაც ხდებოდა, თუმცა ამგვარ შემთხვევებს პირიქითაც ჰქონდა ადგილი, რისი დასტურიც იყო მათი მიმოწერა.
12. სტალინის ეს გამონათქვამი, რომელშიც მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყავდა აშშ და დიდი ბრიტანეთი, არ გვხვდება ფრანგულ ჩანაწერში _ თ.პ.
საბჭოთა ლიდერის წინადადებას ფრანგულმა დელეგაციამ დუმილით უპასუხა. დე გოლმა და ბიდომ თითქოს არც შეიმჩნიეს ეს შეთავაზება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ ისაუბრა ორმხრივი პაქტის უდავო უპირატესობაზე სამმხრივთან შედარებით. აქ უკვე სტალინმა დატოვა უპასუხოდ ეს მონოლოგი და მცირე პაუზის შემდეგ ჰკითხა ფრანგთა ლიდერს, თუ როდის მიემგზავრებოდა ის შინ. ეს ფაქტობრივად მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას ნიშნავდა. ამის შემდეგ საუბარი გაგრძელდა საბჭოთა საავიაციო ქარხნების მოწყობილობასა და მათ შესაძლებლობებზე და მხოლოდ დასასრულისკენ შენიშნა სინანულით დე გოლმა, რომ ორმხრივი შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდებოდა. მან უკანასკნელად სცადა, აეხსნა სტალინისათვის, რომ ფრანგები ცუდად იცნობდნენ ლუბლინში განთავსებულ კომიტეტს და რომ მათ სჭირდებოდათ დრო სიტუაციაში გასარკვევად, მაგრამ საბჭოთა ლიდერმა ყურადღებაც არ მიაქცია დე გოლის განმარტებებს და უბრალოდ ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა მას კიდევ კითხვები. ეს აუდიენციის დასასრულს ნიშნავდა და, ბუნებრივია, რომ საფრანგეთის ლიდერიც მიხვდა ამას. ერთი შეხედვით, დე გოლის ვიზიტი მოსკოვში თითქოს უშედეგოდ მთავრდებოდა, მაგრამ მოკლე ხანში ვითარება შეიცვალა.
იმავე საღამოს ბიდო და გარო კიდევ ერთხელ შეხვდნენ მოლოტოვს და სთხოვეს მას ერთი საკითხის დაზუსტება. მათი თქმით, დე გოლმა გაიგო, თითქოს სტალინი მას ლუბლინის მთავრობის ცნობის სანაცვლოდ სთავაზობდა ხელშეკრულების გაფორმებას სსრკ-ს, საფრანგეთსა და პეგკ-ს შორის. თავად ბიდო და გარო ვერ იხსენებდნენ ამგვარ განცხადებას და მიაჩნდათ, რომ ლუბლინელ პოლონელებთან წარმომადგენლობების გაცვლის შემთხვევაში გაფორმდებოდა საფრანგეთ-სსრ კავშირის ორმხრივი ხელშეკრულება13. მოლოტოვმა დაუდასტურა ფრანგ დიპლომატებს, რომ საუბარი მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის შეთანხმებაზე მიდიოდა. ბიდომ პასუხად განაცხადა, რომ ეს ცვლიდა საქმის ვითარებას. მან გამოთქვა იმედი, რომ ასეთ შემთხვევაში საკითხი სწრაფად იქნებოდა გადაწყვეტილი. გარდა ამისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აცნობა საბჭოთა დიპლომატს, რომ დე გოლი მეორე დღეს შეხვდებოდა პეგკ-ს წარმომადგენლებს. ყოველივე ეს, ბუნებრივია, ნიშნავდა იმას, რომ დე გოლმა გადაწყვიტა დათმობა პოლონეთის საკითხში, რათა მიეღწია საბჭოთა კავშირთან პაქტის დადებისათვის. ბუნებრივია, სტალინი ამას მიხვდა და სწორედ იმ საღამოს გაუგზავნა ჩერჩილს მეტად საგულისხმო წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ ლონდონის ემიგრანტულმა მთავრობამ დაკარგა ყველანაირი კავშირი პოლონელ ხალხთან, რის გამოც ის საჭიროდ თვლიდა, მოკავშირეებს მხარი დაეჭირათ ლუბლინის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტისათვის. ჩვენი აზრით, სტალინის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანწილად განაპირობა ფრანგების პოზიციის შეცვლამ და, რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ბრიტანეთის პრემიერს ამგვარ სიტუაციაში, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა დაედანაშაულებინა. მოლაპარაკებების მსვლელობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ფრანგულ დელეგაციას არ დაეთმო თავისი პოზიციები და საბჭოთა მხარეც შერიგებოდა ამას. ყოველ შემთხვევაში, სტალინი ვერაფრით ვერ ახერხებდა დე გოლის წინააღმდეგობის დაძლევას პოლონეთის საკითხში და, მიუხედავად ამისა, პირდაპირ არ ამბობდა უარს ორმხრივი ხელშეკრულების დადებაზე. მაგრამ ჩერჩილის იდეამ სამმხრივი პაქტის შესახებ ფრანგები პრაქტიკულად გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენა, სტალინს კი ლავირებისთვის საკმაოდ ფართო ასპარეზი დაუტოვა. შექმნილ ვითარებაში სულაც არ იყო გასაკვირი, რომ დე გოლმა მისთვის ნაკლებად არასასურველი ვარიანტი აირჩია და დათანხმდა პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის ფაქტობრივ ცნობას სსრკსთან სამოკავშირეო ხელშეკრულების სანაცვლოდ. აი, ჩერჩილმა კი, როგორც ჩანს, კარგად ვერ გათვალა საკუთარი დიპლომატიური კომბინაცია და შედეგად ორმაგად დაზარალდა: საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება, პოლონეთის საკითხში კი სტალინმა მკვეთრად გაიუმჯობესა პოზიციები და უკვე შეეძლო აპელირება, რომ ლუბლინის მთავრობას სხვა სახელმწიფოებიც სცნობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ საკითხი პრაქტიკულად 8 დეკემბერს გადაწყდა, მომდევნო დღეს ბიდოსა და მოლოტოვს შორის მაინც საკმაოდ რთული მოლაპარაკებები წარიმართა. ამის მიზეზი გახდა საბჭოთა მხარის სურვილი, კიდევ უფრო დიდი წარმატებით დაესრულებინა მოლაპარაკებები. სწორედ ამიტომ სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა თავის კოლეგას შესთავაზა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ლუბლინის მთავრობასა და საფრანგეთის დროებით მთავრობას შორის. ამ წინადადებას მან თან მიაყოლა ლუბლინის კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერის _ ოსუბკა-მორავსკის წერილი დე გოლის სახელზე14. ბიდომ გაოცება ვერ დაფარა ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მან შენიშნა, რომ წერილების გაცვლა ხდებოდა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალური დამყარებისას, ახლა კი, როდესაც საქმე ეხებოდა მხოლოდ დე-ფაქტოდ ცნობას, მსგავსი პროცედურა საჭირო არ იყო. შემდეგ მან მიუთითა მოლოტოვს, რომ აღნიშნული წინადადება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა დღეს სტალინის მიერ დე გოლთან საუბარში გამოთქმული შეთავაზებისაგან. ბოლოს კი ფრანგმა დიპლომატმა შეახსენა თავის საბჭოთა კოლეგას, რომ არც თუ დიდი ხნის წინ საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტი თვითონ იყო მსგავს სიტუაციაში და არასდროს მისი წარმომადგენლების დანიშვნა ამა თუ იმ სახელმწიფოში არ გაფორმებულა ამ ფორმით. საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი უშედეგოდ დასრულდა და კვლავ გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ შეთანხმება მიღწეული არ იქნებოდა, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, სტალინმა ახალი მოთხოვნა მხოლოდ ზონდაჟის მიზნით წამოაყენა. როდესაც ის დარწმუნდა, რომ ფრანგები მეტ დათმობაზე არ წავიდოდნენ, მან მოახსნევინა მოლოტოვს ახალი მოთხოვნა და მხარეებიც 9 დეკემბრის საღამოს საბოლოოდ შეთანხმდნენ ორივე საკითხზე. 10 დეკემბერს, დილით, ხელი მოეწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას სსრკ-სა და საფრანგეთს შორის, რის სანაცვლოდაც დე გოლი დათანხმდა პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტთან არაოფიციალური წარმომადგენლების გაცვლას15.
14. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საუბრამდე ცოტა ხნით ადრე დე გოლი შეხვდა ლუბლინის მთავრობის წარმომადგენლებს _ ბ. ბერუტს, ოსუბკა-მორავსკისა და გენ. როლა-ჟიმერსკის. ფრანგი ლიდერის თქმით, ლუბლინის მთავრობის წარმომადგენლები ზუსტად ისე საუბრობდნენ პოლონეთზე, როგორც „პრავდა“ აშუქებდა იქ არსებულ მდგომარეობას, რამაც ნათელი გახადა, რომ ისინი დამოუკიდებელ პოლონეთს არ წარმოადგენდნენ. ამიტომაც შეხვედრა აბსოლუტურად უშედეგოდ დასრულდა.
15. აქ უნდა აღინიშნოს, რომ სტალინმა კიდევ ერთხელ სცადა ბედი და 10 დეკემბრის დილით, როდესაც დე გოლს საბჭოთა წარმომადგენლები საელჩოში დაადგნენ თავს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, მისთვის კვლავინდებურად გადააცემინა ფრანგული დელეგაციის მიერ დაწუნებული პროექტი ლუბლინის კომიტეტთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. როდესაც დე გოლმა გაკვირვებით შეამჩნია ეს პუნქტი კომუნიკეში, საბჭოთა დიპლომატებმა უკან გამოართვეს მას დოკუმენტი და გადასცეს ახალი პროექტი, რომელშიც უკვე წინა ღამით მიღწეული შეთანხმება ზუსტად იყო ასახული.
სსრ კავშირსა და საფრანგეთს შორის ხელშეკრულების დადებაზე მსჯელობისას საბჭოთა მკვლევარები რატომღაც ცდილობდნენ იმ ფაქტის დაფარვას, რომ სტალინმა პირდაპირ დაუკავშირა პაქტის დადება პეგკ-ს ცნობას და ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენდნენ. ისინი ყველგან ხაზს უსვამდნენ, რომ ხელშეკრულება ორივე მხარისათვის სასარგებლო იყო.
10 დეკემბერს დადებული პაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო დე გოლისათვის იმ პერიოდში, თუმცა დიდი პრაქტიკული ღირებულების ეს შეთანხმება არ გამოდგა. ხელშეკრულება, რომელიც შედგებოდა 8 მუხლისაგან, ითვალისწინებდა გერმანიის წინააღმდეგ კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას როგორც ომის პერიოდში, ისე ომის შემდეგ, თუ გერმანიის მხრიდან აგრესიის საფრთხე გაჩნდებოდა. ამავე დროს, მხარეებმა პირობა დადეს, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართულ კოალიციაში ან კავშირში. პაქტი დაიდო 20 წლით და აღინიშნა, რომ მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდებოდა განუსაზღვრელი დროით, თუ არ მოხდებოდა დენონსაცია მისი ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე მაინც. მიუხედავად ამისა, ურთიერთობები საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის ომის დამთავრების შემდეგ გაუარესდა და სულ მალე ფრანგები და გერმანელები ერთ ბლოკშიც აღმოჩნდნენ, რის შედეგადაც ხელშეკრულება დენონსირებული იქნა საბჭოთა მხარის მიერ 1955წ. 7 მაისს16.
16. იმავე დღეს დენონსირებული იქნა სსრკ-დიდი ბრიტანეთის ხელშეკრულებაც.
ამრიგად, როგორც დავინახეთ, დე გოლის ვიზიტი მოსკოვში საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოო შედეგი იმ დროის რეალობის გათვალისწინებით, ორივე მხარისათვის მისაღები იყო. ფრანგულმა დელეგაციამ მიაღწია თავის მიზანს და დადო პაქტი საბჭოთა კავშირთან, რაც საფრანგეთის ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას, უფრო თამამი ყოფილიყო ლონდონისა და ვაშინგტონის მიმართ, თავის მხრივ, მოსკოვმა პირველი ნაბიჯი გადადგა პოლონეთის პროსაბჭოური მარიონეტული მთავრობის საერთაშორისო აღიარების უზრუნველყოფის გზაზე. საფრანგეთის დროებითი მთავრობის მიერ ლუბლინის კომიტეტთან წარმომადგენლობების გაცვლა არც დე გოლისთვის აღმოჩნდა მაინცდამაინც დიდი დათმობა, რადგანაც საკმაოდ მცირე ხანში საბჭოთა ჯარებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს პოლონეთის ტერიტორია და მინიმუმამდე დაიყვანეს ლონდონის ემიგრანტული მთავრობის შანსები უკან დაბრუნებაზე, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ დე გოლს დათვური სამსახური გაუწია მის მიერ მოსკოვში დაკავებულმა მტკიცე პოზიციამ. ყოველ შემთხვევაში, სტალინის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება საფრანგეთისადმი ყირიმის კონფერენციის დროს, ალბათ, სწორედ ამ ფაქტით იყო გამოწვეული17. როგორც ჩანს, მას ამიტომაც არ სურდა დე გოლის მოწვევა ყირიმში18 და ეს იმის მიუხედავად, რომ სტალინისათვის პაქტი საფრანგეთთან არანაირად არ აღიქმებოდა დათმობად19, რადგანაც დე გოლის აქტიური პოლიტიკა საფრანგეთის ძველი დიდების დასაბრუნებლად, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სათვის იყო უფრო გამაღიზიანებელი, ვიდრე საბჭოთა კავშირისათვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სსრკ-საფრანგეთის ორმხრივი ხელშეკრულება მხოლოდ ჩერჩილისათვის აღმოჩნდა დიპლომატიური მარცხი და თანაც საკმაოდ მძიმე იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგებმა ფაქტობრივად ცნეს პოლონეთის პროსაბჭოური მთავრობა.
17. ერთ-ერთი ამერიკელი მკვლევარი ამ დამოკიდებულებას „მტრულსაც“ კი უწოდებს.
18. უნდა აღინიშნოს, რომ დე გოლის იალტაში მოწვევის წინააღმდეგ განსაკუთრებით გაილაშქრა რუზველტმა, რომელსაც საკმაოდ მძიმე ურთიერთობები ჰქონდა მასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძირითადად განპირობებული იყო რუზველტის მხრიდან საფრანგეთის ინტერესების სრული უგულებელყოფით, რაც ზოგჯერ დიპლომატიურ უტაქტობაშიც კი გადაიზრდებოდა ხოლმე. ასე, მაგალითად, იალტიდან ამერიკაში მიმავალმა რუზველტმა, ფრანგი ლიდერის გულის მოსაგებად (დე გოლი ძალიან გაბრაზებული იყო იალტაში არმიწვევის გამო), მიიწვია ის შესახვედრად ქ. ალჟირში. გაოცებულმა დე გოლმა, ბუნებრივია, უარი განაცხადა და აუხსნა ამერიკელ წარმომადგენლებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს არანაირი უფლება არ ჰქონდა საფრანგეთის მთავრობის მეთაური მიეწვია საფრანგეთისვე კუთვნილ ქალაქში. როგორც ჩანს, ეს დღემდე გაუგებარი რჩება ზოგიერთი ამერიკელი მკვლევარისათვის. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ პოტსდამში დე გოლის მიწვევის წინააღმდეგ კვლავინდებურად აშშ-ს პრეზიდენტი, ამჯერად უკვე ჰარი ტრუმენი გამოვიდა.
19. ბრიტანელი მკვლევარის, ა. კროულის აზრით, სტალინი პაქტს ძალზე მცირე მნიშვნელობას ანიჭებდა და მასზე ხელმოწერა უბრალოდ დე გოლის პრესტიჟის შენარჩუნებისათვის მოხდა. ჩვენი აზრით, ეს არ არის მთლად სწორი დებულება, რასაც ცხადყოფს, თუ რა დაძაბული ბრძოლა გაიმართა პაქტის გარშემო.
Комментариев нет:
Отправить комментарий