вторник, 3 июля 2018 г.

ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს (1798-1850) ცნობები საქართველოს შესახებ

მარი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე დაიბადა 1798 წლის 28 მაისს შვეიცარიის ქალაქ მოტიეში. იგი იყო მოგზაური, სიძველეთა მკვლევარი და გეოლოგი. ნევშატელის აკადემიის პროფესორი.
18311834 წლებში მან იმოგზაურა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ყირიმსა და ამიერკავკასიაში. შედეგები გამოაქვეყნა 18391845 წლებში, ექვსტომიან ნაშრომში (დიდი ატლასის დართვით), რომელშიც თავმოყრილია ძვირფასი ფაქტობრივი მასალა ქვეყნის ბუნებისა და სიძველეთა შესახებ. დიუბუა დე მონპერე საქართველოს გეოლოგიის პირველი მკვლევარია. მან შენიშნა კავკასიონის კრისტალური სუბსტრატის გამოსავლები დარიალის ხეობასა და აფხაზეთში, აღნიშნა კავკასიონის ნაოჭა სისტემის ახალგაზრდა (გვიანმესამეული) ასაკი და სიმეტრიული აგებულება გარდიგარდმო ჭრილში. აღწერა საქართველოს დანალექი წყებების განამარხებული ფაუნა და შეადგინა საქართველოს პირველი გეოლოგიური რუკა.
დიუბუა დე მონპერე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხალხთა ისტორიის საკითხებს, ქართულ და სომხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. გამოთქვამდა მოსაზრებებს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თავისებურებათა და ისტორიის განვითარების შესახებ. მისი აზრით, ქართული ხუროთმოძღვრება ბიზანტიური და სომხური ხუროთმოძღვრების განშტოება ან ანარეკლი იყო. დიუბუა დე მონპერეს თეორიის სიმცდარე დაამტკიცეს ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა. მიუხედავად იმისა, რომ დიუბუა დე მონპერეს მიერ შემუშავებული კონცეფცია არასწორი იყო, მისი ნაშრომები მნიშვნელოვანია, რადგან მათში მოცემულია შემდგომში დაღუპული ან სახეშეცვლილი ძეგლების აღწერილობები და ჩანახატები.
* * *
აფხაზეთი
ამ პროვინციის აღწერა, რომელიც გაგრის ვიწრობიდან მდინარე ღალიძგამდეა გადაჭიმული ოშტენიდან ჯუმანტაუმდე, ას ორმოცი ვერსის მანძილზე, კავკასიონი წარმოადგენს მაღალ მწვერვალთა იზოლირებულ ჯგუფს, რომელიც დასავლეთ ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთით, სანაპიროს გასწვრივ არის განლაგებული.
ჯუმანტაუს იქით იწყება ცენტრალური ქედი, რომელიც იალბუზამდე აფხაზეთის მთების ჯგუფთან ერთად თითქმის სწორ კუთხეს ქმნის; შემდეგ კი იღებს თავდაპირველ (საწყის) მიმართულებას იალბუზიდან ფასისმთისაკენ და მყინვარისაკენ (ანუ – ყაზბეგისაკენ).
აფხაზეთის ქედის განტოტება, რომელსაც რაინეგსი კერავნის ანუ ყუბანის ქედს უწოდებს (Reineggs, II, 3), ხოლო პლინიუსი და პტოლემაიოსი კორაქსის მთათა ნაწილს მიაკუთვნებენ, წარმოადგენს დასერილი მწვერვალების უწყვეტ რიგს, უწესრიგოდ მიმოფანტული დიორიტითა და პორფირიტით; ოშტენი მის ავანგარდს ქმნის ჩრდილო-დასავლეთით, ჯუმანტაუ კი სამხრეთ-აღმოსავლეთით; ხოლო შავი კლდეებით აჭრელებული და მყინვარით დაფარული მთის მწვერვალები, რომლებიც დიდ და პატარა ზელენჩუკს კვებავენ, აგვირგვინებენ მის ცენტრს, და გამოიყოფიან რა მის ირგვლივ განლაგებული შავი ფიქალის მასებისაგან, ხერგავენ მაღალ ხეობებს.
ოშტენი პირდაპირ ხაზზე, სანაპიროდან 38 ვერსზე მდებარეობს, ჯუმანტაუ კი 55 ვერსზე [...].
დაბლობების ნიადაგი ან ქვიშიანია, როგორც ეს ბიჭვინთაში და კოდორის კონცხზეა, ან _ უხეში კონგლომერატია, როგორც ბამბორაში. მდინარეები, რომლებიც ზღვაში ჩაედინებიან, არცთუ ისე გრძელი, მაგრამ საკმაოდ წყალუხვნი არიან [...].
აფხაზეთის ქედის ყველაზე მაღალი მწვერვალების სიმაღლე 1213 ათას ფუტს აღწევს. მათი უმრავლესობა თოვლის საფარისაგან მთლიანად არასოდეს თავისუფლდება: შუა ივლისში (ძველი სტილით), როცა მე მათ ჩანახატებს ვაკეთებდი, მხოლოდ ოშტენზე ჩანდა თოვლის ვიწრო და გრძელი ზოლები, რომლებიც კლდოვან ღარტაფებს ავსებდნენ და შორიდან უბრალო ხვრელებს წააგავდნენ, ხოლო ყველა სხვა მწვერვალს თოვლის გუმბათები ამკობდათ. აზვირთებული მდინარეები, რომელთაც მთებიდან ჩამოტანილი ხარკი ზღვაში ჩააქვთ, გამოედინებიან თუ არა ამ დიდი რაბებიდან და მიაღწევენ დაბლობს, მყისვე ადუნებენ დინებას და გველივით მიიკლაკნებიან; არცთუ იშვიათად ისინი ჭაობებში დგებიან, რაც აფხაზეთის ზოგიერთ ადგილებში მავნე კლიმატის გამომწვევი მიზეზი ხდება.
ახლა ამ მშვენიერი სანაპიროს გასწვრივ გავისეირნებ, ნაპირზე გადმოვალ და შევალ ტყეებში, სადაც უამრავი ნანგრევია ჩამალული; ჩემს აღწერაში თავს მოვუყრი ყვალაფერს, რისი ნახვის საშუალებაც მომეცა ამ სანაპიროზე მისი ერთი ბოლოდან მეორემდე სამჯერ მოგზაურობის დროს.
გაგრა
[...] გაგრის ხეობის გასასვლელში, პატარა მდინარის ნაპირზე, რომელიც ამ ხეობიდან გამოედინება, ციცაბო მთის ძირსა და ზღვის სანაპიროს შორის 300400 ნაბიჯის სიგანის მქონე პლაჟზე ძველი და გაპარტახებული გაგრა მდებარეობს.
ზღვის ეს ნაპირი როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს, ისეა შევიწროვებული, რომ მისი სიგანე მხოლოდ რამდენიმე ტუაზს აღწევს; ერთ მხარეს იგი მიუვალ ფერდობებს მიუყვება, მეორე მხარეს კი, ტალღების შემოტევის გამო, ნამდვილ თერმოპილეს ხეობას წარმოადგენს. ასეთი იყო ერთადერთი პუნქტი, რომლის მეშვეობითაც აფხაზეთსა და ახლანდელი ჯიქეთის ჩერქეზ ტომებს შორის ხდებოდა კომუნიკაციის დამყარება.
ხეობის შუაგულში მდებარე გაგრა ამ უკანასკნელის დამცავ კარიბჭეს წარმოადგენდა; ეს იყო გამაგრებული ციხე, რომლის ორმაგი კედელი ზღვიდან კლდემდე იყო გადაჭიმული, გრძელი კორიდორი თუ გალერეა კი ამ ორ კედელს ერთმანეთისაგან გამოჰყოფდა. აქედან შედიოდნენ დიდ, ოთხკუთხა და დაბალ კოშკებში, რომლებიც ორივე მხრიდან ეყრდნობოდნენ ორმაგ კედელს. გაგრის იურიული კლდის დიდი კვადრებით ნაგები და ამავე მასალით მტკიცედ გადახურული ეს კოშკები საცხოვრებლად გამოიყენებოდა და რამდენადაც მათი საკუთრებაში ფლობა ხეობაზე ბატონობის საწინდარი იყო, მათ მეპატრონეებს თავისუფლად შეეძლოთ ხეობის ორივე მხრიდან შემოსეული მტრის მოგერიებაც. ჩრდილოეთის მხრიდან ციხესიმაგრეს ასევე გალავანშემოვლებული კვადრატული სივრცე ეკვროდა; ამჟამად გალავნის კვალი თითქმის მთლიანად გამქრალია, შემორჩენილია მხოლოდ ეკლესია, რომელიც კოშკების და გალავნის მსგავსად, ქვის დიდი ბლოკებითაა ნაგები და გადახურული. ეს არის უმარტივესი, ძალზე სადა ძველი ეკლესია (იხილეთ ატლასი, მე-3 სერია, ხუროთმოძღვრება, ფურც. 20): მხოლოდ მრგვალთაღიანი ნავი, აღმოსავლეთით ნახევარწრიული საკურთხეველი, დასავლეთით ვესტიბიული ანუ სტოა და გვერდებზე ორი, საკმაოდ ულაზათო, პორტიკი. ეს ეკლესია რუსებს საყარაულოდ და თოფისწამლის საწყობად უქცევიათ. მისი გარეგნული სახე ზუსტად ისეთივეა, როგორც აფხაზეთის სანაპიროზე არსებული ყვალა სხვა ნანგრევისა; ხშირი ვაზი და კატაბარდა ერთმანეთს ჩახვეოდნენ და უფორმო კედლებზე გირლანდებს ქმნიდნენ. თაღის თავბანდზე ამოსული უზარმაზარი ლეღვის ხე სიბერისაგან გამხმარიყო და ფხიზელი გუშაგი დასაყრდენად იყენებდა, სხვა ხეები კი თავიანთი დიდრონი ფოთლებით მას გაგრის მცხუნვარე მზისაგან იცავდნენ.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთზე სუზერენობა მოიპოვა, მას უფლება არ ჰქონდა, არ დაეცვა გაგრის ხეობა. ამ მიზნით აქ შემოიყვანეს აფხაზეთის პოლკის ერთი ბატალიონი ცხრა ქვემეხით: ეს ამ პოლკისათვის ყველაზე საშინელი გადასახლების ტოლფასი იყო; წარმოიდგინეთ, რამდენიმე ასეული ნაბიჯის ფართობის მქონე პატარა სივრცეში, მზისგან გავარვარებულ სანაპიროზე განლაგებული მთელი ბატალიონი, რომელსაც განძრევის საშუალებაც კი არ ჰქონდა. ჯარისკაცები ციხესიმაგრიდან გამოსვლას ვერ ბედავდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ ტყვედ ჩაიგდებდნენ, ან მოკლავდნენ; თან, ამავე დროს, ტყით დაფარული კლდეები ისეთნაირად გადმოკიდებულიყვნენ ციხესიმაგრზე, რომ ჯარისკაცები გალავნის შიგნითაც კი არ იყვნენ საფრთხისაგან დაცულნი: კლდის თავზე მოკალათებულ, ხის ფოთლებით კარგად შენიღბულ ჩერქეზებს თავისუფლად შეეძლოთ, სროლა აეტეხათ ქუჩებისა და სახლების მიმართულებით; ასეთი სროლებისას ჯარისკაცები ჭრილობებს იღებდნენ ან სულაც იხოცებოდნენ, შენობაში, მაგიდასთან მსხდომი ოფიცრები კი მშვიდად შეჰყურებდნენ, თუ როგორ ცვიოდნენ ფანჯრებიდან მათკენ გამოსროლილი ტყვიები.
ჩერქეზები არაფერზე იხევდნენ უკან, ოღონდაც რუსები როგორმე განედევნათ ამ პოზიციებიდან, რადგან მათ გამო აფხაზეთთან ყოველგვარი კავშირი ჰქონდათ გაწყვეტილი. დიდი ხნის მანძილზე ისინი მოსვენებას არ აძლევდნენ რუსებს, ბოლოს კი გადაწყვიტეს, რომ საომარი წესების დაცვით ეს პოზიციები ალყაში მოექციათ და იერიშით აეღოთ. რამდენიმე კარგად შეიარაღებული ჩერქეზი უეცრად დაესხა თავს გაგრას და აქ განლაგებულ ბატალიონს სულ მცირე დრო ჰქონდა იმისათვის, რომ მომზადებულიყო მტრის მოსაგერიებლად, რომელიც უკვე ციხესიმაგრის გალავანზე აპირებდა გადმოსვლას. მათ ქვემეხიდან აუტეხეს სროლა ჩერქეზებს და უნდა ითქვას, რომ რიცხობრივი სიმცირის მიუხედავად რუსი ჯარისკაცები ისე ვაჟკაცურად იცავდნენ თავს, რომ ჩერქეზებმა დიდი დანაკარგით უკან დაიხიეს. ამის შემდეგ ამ უკანასკნელთა სიფიცხე დაცხრა და იმასღა დასჯერდნენ, რომ მთებში ჩასაფრებულნი, გაგრას მოსვენებას არ აძლევენ. მაგრამ მტერი, რომლის ვერაგული მიზნების ჩაშლაც შესაძლებელია და რომლის მოახლოებაც შეიძლება ადვილად გამოიცნო, ასჯერ უფრო ნაკლებ საშიშია, ვიდრე აქაური მოწამლული ჰაერი, ჩუმ-ჩუმად რომ გისპობს სიცოცხლეს, გავრცელებული დაავადებები ძალ-ღონეს რომ გაცლის და ყველანაირი შეჭირვება, რომელიც გტანჯავს. ამ მხრივ გელენჯიკი გაგრასთან შედარებით ნამდვილი სამოთხეა.
ზაფხულობით გაგრაში აუტანელი სიცხეა, ჰაერი სრულებით არ იძვრის; მაღალი, ნახევრად შიშველი კლდეებიდან მზის სხივები ირეკლება, ქვიშიანი ნაპირი ისეა გავარვარებული, რომ როგორც კი აქ ჩემი თერმომეტრი ჩავფლე, ვერცხლისწყალი უმალვე 350-ზე ავარდა; ციხესიმაგრის კარიბჭესა და ტალღებს შორის, ნაპირს რომ ეხეთქებიან, მხოლოდ ორმოციოდე ნაბიჯის მონაკვეთია სასეირნოდ; არავითარი კომუნიკაცია დანარჩენი სამყაროს რომელიმე ცოცხალ მხარესთან: მხოლოდ გალავანი და ერთმანეთთან მიჯრილი სახლები, სადაც სიმხურვალე და მძიმე ჰაერი გუბდება, აი, ასეთი იყო გაგრა, როცა მე იგი ვიხილე.
ეს ადგილი იქნებ კიდევ ასატანი ყოფილიყო, მუდმივად რომ არ განიცდიდეს გამაგრილებელი წყლის ნაკლებობას. მაგრამ გაგრის ხეობაში (რომელიც არცთუ ისე დიდია და ოშტენამდეც კი ვერ აღწევს), სადაც კინჭული და კოტოში იღებენ სათავეს, მხოლოდ პატარა წყარო გაედინება; სანამ ახლომდებარე ფერდობებზე თოვლი დევს, მის კალაპოტს თითქმის მთელი ხეობა უკავია და უხვწყლიან ჩანჩქერად ჩამოედინება, მაგრამ თოვლის დადნობისთანავე იგი წყალმარჩხი ხდება, ხოლო შემდეგ კი, ზაფხულის განმავლობაში, მთლიანად შრება. მცირეოდენი წყალი, რომელიც ჩანჩქერამდე აღწევს, იკარგება ქვემოთ, ღრმა ღარტაფებში, რომლებითაც სავსეა ხეობის ფსკერი. ამ დროს ციხის შიდა ტერიტორიაზე არსებული ტბორი და მრავალი წყაროც ნელ-ნელა ქრება და რამდენადაც გაგრა მთელი გაზაფხულის მანძილზე უზრუნველყოფილია საუკეთესო, გამაგრილებელი და კამკამა წყლებით (1833 წლის 12 ივლისს წყლის ტემპერატურა 100-ს უჩვენებდა), იმდენად დიდ გასაჭირშია იგი ზაფხულში წყლის უკიდურესი ნაკლებობის გამო.
მართლაც სასწაულია, რომ სამი წლის თავზე, 1833 წელს, მთელი ბატალიონის შემადგენლობიდან ასი ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მთავრობამ, რომელიც ინფორმირებული იყო გაგრაში გამეფებული სიკვდილიანობის შესახებ, იქ პოლკოვნიკი ბომერი გაგზავნა, რომელმაც იმავდროულად სტრატეგიული მიზნითაც დაათვალიერა სანაპიროზე არსებული ყველა პორტი და ციხესიმაგრე. როგორც მითხრეს, მისი პატაკის საფუძველზე გადაწყდა, რომ მომავალში ხის რედუტით (ბლოკჰაუზით) ჩაეკეტათ გასასვლელი. ბარონ დე როზენის ეს ჰუმანური ღონისძიება ბევრ ტყუილუბრალოდ განწირულ ჯარისკაცს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს, თანაც სრულებითაც არ შეამცირებს ციხის თავდაცვისუნარიანობას.
გაგრის სანაპიროს გასწვრივ ჩემი მეორე მოგზაურობისას გემიდან ფლოტის ოფიცერთან ერთად გადმოვედი და მაიორთან ბატალიონის მეთაურთან შესახვედრად გავემართე. მიუხედავად ჩემი თანამგზავრის ეპოლეტებისა, მაიორმა მაინც ეჭვის თვალით შემომხედა, რადგანაც ფრანგ ჯაშუშად ჩამთვალა. მე ვიცოდი, რომ ჩვენი გემით თბილისიდან გაგრაში ჩამოჰქონდათ ფოსტა, რომელშიც ჩემი რეკომენდაციებიც უნდა ყოფილიყო მაიორისადმი, ამიტომ ჩემს თანმხლებ საზღვაო ოფიცერს ვთხოვე, ყურადღება არ მიექცია ამ უკანასკნელის საქციელისათვის და დავამშვიდე, რომ მალე ყველაფერი გაირკვეოდა. მართლაც, ფეხდაფეხ მოგვყვა უნტერ-ოფიცერი ტელეგრამებითურთ, მაიორმა გახსნა და... აღარ იცოდა, როგორ გამოესწორებინა თავისი შეცდომა. იმ დროს, როცა მე და თეოდორ ბუტნიევიჩი ეკლესიის ნანგრევებზე ასულნი, ზემოდან გადავყურებდით გაგრის საოცარ ხედებს, დავინახეთ ადიუტანტი, რომელმაც ჯერ სასწრაფოდ თავისთან შეირბინა, მუნდირში გამოეწყო და მხოლოდ ამის შემდეგ გამოემართა ჩვენსკენ; სამხედრო ეტიკეტის სრული დაცვით მან შეგვატყობინა, რომ მაიორი მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, რათა ხელი შეეწყო ჩემი საქმიანობისათვის, ხოლო თუკი სამოგზაუროდ ესკორტი დამჭირდებოდა, იგი ერთ წუთში იქნებოდა მზად. სიხარულით დავთანმხდი მის შემოთავაზებას და მართლაც, თხუთმეტ წუთსაც კი არ გაუვლია, რომ გარშემორტყმული აღმოვჩნდი მამაცი ჯარისკაცების ნახევარასეულით, რომელსაც ერთი ოფიცერი მეთაურობდა; ისინი უნდა გამომყოლოდნენ გაგრის ხეობაში, რომლის დათვალიერებაც ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო.
მადლობა დიდ მონარქს, რომელმაც მაგრძნობინა თავისი ძალა და საკუთარი იმპერიის უშორეს ადგილებშიც კი სულგრძელად მიწევდა მფარველობას.
ჩვენი მოგზაურობა სრულებითაც არ იყო უსაფრთხო, მაგრამ საბედნიეროდ, შევძელით თავიდან აგვეცილებინა ტყვიები, რომლებიც სხვა დროს, შესაძლებელია, ყოველი მხრიდან წვიმასავით წამოსულიყო ჩვენსკენ. ხეობის შესასვლელი სავსე იყო მშვენიერი ტანმაღალი თეთრი ხვალოებით (ალვის ხე); ლეღვის ხეები, ბზა, ბაძგი-კრაზანა, ვარდისფერი ყვავილებითა და კენკრით ერთიანად დახუნძლული მაყვლის ბუჩქი, კატაბარდა ყველაფერი მიწაზე გართხმულიყო და გზას გვიღობავდა. უზარმაზარი ლერწმები ჩამწკრივებულიყვნენ ნაკადულის ორივე ნაპირის გასწვრივ, ზედ ზღვისპირამდე, ხოლო ახლომდებარე მთების ფერდობები წიფლის, რცხილისა და კოპიტის ხეებით იყო დაფარული.
ჩვენ ავედით ჩანჩქერებამდე, რომელთაც ციხიდან ორი ვერსის მოშორებით პატარა მდინარე ქმნიდა; იგი ძალზე პატარა ნაკადით მოედინებოდა და ალბათ მალე დაშრებოდა. უკან დაბრუნებისას ამ მდინარის გაღმა ნაპირზე კინჭულისაკენ გავედი, რათა დამედგინა, თუ რა სიდიდისა იყო ხეობა და შემესწავლა მისი მოსაზღვრე კლდეები.
მიუხედავად იმისა, რომ გაგრა ყოველთვის, განსაკუთრებით კი ბერძნული იმპერიის ეპოქაში, გადასახლების ადგილად ითვლებოდა, მან თავისი საკუთარი წმინდანებიც წარმოშვა: წმინდა იპატა გაგრელს რუსებიც კი თაყვანს სცემდნენ.
ყოველთვის იყო თუ არა გაგრა ამ ადგილის სახელწოდება? არ ვიცი... ეს დასახელება მხოლოდ ახალ რუკებზე ვნახე. უფრო ძველ რუკებზე კი სხვა სახელწოდებებია მოცემული; შარდენი მას ბალადაღს უწოდებს, რაც თურქულად „მაღალ მთას“ ნიშნავს; იულიუს კლაპროტი მის მიერ შედგენილ კავკასიის რუკაზე (1814 წ.) დერბენდს ასახელებს, რაც თურქულად დეფილეს აღნიშნავს.
ასეა თუ ისე, ნამდვილი გაგრის ნახვა და მისი არაჩვეულებრივი ხედით დატკბობა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც ზღვაშია შესული და ნაპირს შორდება, ანუ ვინც ეკუთვნის იმ გადასახლებულთა1 რიგებს, რომელნიც უბრუნდებიან საკუთარ საუკეთესო სამყაროს ... სწორედ ასეთ დროს იგრძნობ, რომ გული განცდისთვისაა შექმნილი. სევდის გარეშე აყოლებ თვალს მთების ქედებს, ერთმანეთზე დახვავებულ ტერასებს, რომლებსაც თავზე გვირგვინად ადგას თოვლიანი თხემები. საამო სიგრილე სუფევს ამ უძველეს ტყეებში, რომლებიც მთის ძირს ფარავენ2 და უფრო მეტ ველურობისა და სიდიადის იერს აძლევენ ამ პეიზაჟს, სადაც უფლის მარჯვენის კვალი ისევე ცხადად ჩანს, როგორც სამყაროს შექმნის დღეს. საოცნებოა ამ პეიზაჟის ხილვა იმ დროს, როცა ცხელი დღის მიწურულს მზე თეტიდას მკლავებში ეფლობა, როცა გრილი და მსუბუქი ნიავი გონზე მოგიყვანს და მიძინებულ ფანტაზიას გამოგიღვიძებს, როცა დაისის ფერადი შუქით იღებება პეიზაჟი და ზედ წაგრძელებული ჩრდილები იხატება, მსგავსად იმ იდუმალებისა, რომლის ამოხსნასაც ესოდენ ესწრაფვის ადამიანი; როცა მთვარე ჰორიზონტის მეორე ბოლოდან ამოდის და ამ მრუმე ბინდბუნდში, მის მკრთალ სინათლეზე რომ იკვეთება, თან მოაქვს სიჩუმე და ოცნებათა საათი; ყოველივე ამის ხილვა გემბანზე ყოფნისას, როცა გემს საამოდ არხევენ მოელვარე ტალღები ეს მართლაც ჯადოსნური სიზმარია!.. საბრალო, შერისხულო გადმოსახლებულო, რა ბედნიერი ხარ, თუკი წილად გხვდა ამგვარად გეხილა გაგრა მისი ნაცრისფერი გალავნით, რომელიც შენ თვალწინ მიქროდა, იკარგებოდა და კავკასიონის ძირში წერტილად იქცეოდა. დაე, ნუ შეჩერდება შენი სვლა, ვიდრე შენივე ახლობლების გარემოში არ აღმოჩნდები!
1. როდესაც 1825 წლის შეთქმულების რამდენიმე მონაწილე შეიწყალეს, ისინი, უბრალო ჯარისკაცების წოდებით გაგზავნეს გაგრაში; მოგვიანებით თითქმის ყველა დარწმუნდა, რომ იმპერატორმა ნიკოლოზმა პატიება იცოდა.
2. მთების ძირი მოფენილია ამწვანებული წიფლის, რცხილისა და მუხის ხეებით, ხოლო უფრო ზემოთ მწვერვალებს ფიჭვის ტყეები ფარავს.
კოტოში და ბზიფის ხეობა
გაგრის სამხრეთ-აღმოსავლეთით ოთხი თუ ხუთი ცრუ ღარტაფი სერავს მთის კალთებს, ხოლო ციხესიმაგრიდან 4 ვერსზე, მთების ძირში გამდინარე პატარა მდინარის ლერწმით დაფარული შესართავი აღნიშნავს საზღვარს, საიდანაც აფხაზეთის დაბლობები იწყება.
18 ვერსის მანძილზე დაბალი სანაპირო ზოლის გასწვრივ მივცურავდით; იგი თანდათან შორდება ქედის ძირს და ბიჭვინთის კონცხით3 მთავრდება. ჩვენ წინ გადაჭიმული იყო დაბლობი, სადაც კოტოში თუ ბზიფი გაედინებოდა, რომლის ფართო ნაკადი ხეების ფოთლებქვეშ ლივლივებდა. ბიჭვინთის კონცხიდან 7 ვერსზე (ჩრდილო-დასავლეთით) იგი ზღვას ერთვის, გაგრის მთამდე რამდენიმე ვერსის მანძილზე მოთეთრო-მომწვანო ფერს აძლევს ნაპირის წყლებს და აძლიერებს დინებას ადლერის კონცხამდე; ამასობაში მდ. კინჭული სანაპიროს გასწვრივ საწინააღმდეგო მიმართულებით მიედინება გაგრისაკენ, აქ იგი ხვდება კოტოშს, რომლის დინება მას ჩაითრევს, ატრიალებს და მორევს ქმნის. სწორედ ამ მოვლენაში უნდა ვეძებოთ კინჭულის ყურისათვის გენუელთა მიერ შერქმეული სახელწოდების ახსნა გავო დი გირო, რაც „მორევთა ყურეს“ ნიშნავს.
კინჭული ერთადერთი მდინარე როდია, რომელიც ჩრდილოეთისაკენ გაედინება; ყველა სხვა მდინარე, რომელიც აფხაზეთისა და სამეგრელოს სანაპიროს გაყოლებაზე ზღვას უერთდება, _ დაწყებული რიონიდან, ანუ ფაზისიდან, წარმოქმნიან დინებას ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით: ეს დინება კარგად შეიმჩნევა ნაპირიდან 15020 ვერსის მანძილზე და ანაპის სანაპირომდე აღწევს1.
კოტოშს2 ძირითადად ერთვის ის მდინარეები, რომლებიც ოშტენის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებიდან ჩამოედინებიან; თავდაპირველად ისინი ერთიანდებიან ბზიფის მაღალ ხეობაში და დაბლობზე გამოდიან ბზიფის უზარმაზარი გამოსასვლელით, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია მთელ აფხაზეთში.3
წვიმის დროს მდინარის ნაპირები საშინლად ჭაობდება; სწორედ აქ, ამ ლელიანებში იყო, რომ 1832 წელს კოტოშის ნაპირებზე მცხოვრები აფხაზების წინააღმდეგ ბამბორიდან და ბიჭვინთიდან სალაშქროდ მიმავალი რუსეთის ჯარის ნაწილი ისე ღრმად ჩაეფლო ამ ჭაობში, რომ უდიდესი ძალისხმევა დასჭირდათ აქედან გამოსაღწევად.
თავად ნარჩოუს, აფხაზეთის ერთ-ერთ გავლენიან სენიორთაგანს, თავისი სამოსახლო ჰქონდა კოტოშის შესართავთან. მისი ქალიშვილი ცოლად გაჰყვა ჰასან-ბეის აფხაზეთის ახლანდელი მთავრის ბიძას.
ამბობენ, რომ ბზიფის ზემო ხეობაში ლტოლვილმა რუსებმა კოლონია დააარსეს; მათ მოახერხეს შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და თავიანთი მეზობლების პატივისცემაც დაიმსახურეს, რადგან ამ უკანასკნელთ შიში მოჰგვარა მათმა სიმამაცემ, ამავე დროს, ისინი აღტაცებულნი იყვნენ რუსების მოხერხებულობითა და საქმიანობით. ყველაფერი ეს, სავსებით შესაძლებელია, სიმართლეც იყოს, მაგრამ შეუძლებელია, რომ ამ პატარა სახელმწიფოს მსგავს კოლონიაში უკვე 6 ათასი სული ცხოვრობდეს.
კოტოშის აუზი მუწის-წყლის აუზისაგან ნახევრად ქვიშიანი დაბალი გორაკების ჯგუფით არის გამოყოფილი. სოფელი ბზიფი, რომლისგანაც მომდინარეობს ხეობის, მდინარისა და აფხაზთა უკიდურესი დასავლეთის ტომის სახელწოდება, ამ მაღლობების შუაში, პატარა მდინარის ნაპირზე მდებარეობს.
1. ტებუ დე მარინის მიერ ჩერქეზეთის აღწერა, კლაპროთის მიერ გამოცემულ იან პოტოცკის მოგზაურობაში, I, გვ. 260.
2. „Bsibbe“ – 1834 წლის გენშტაბის რუკაზე; „Capel“ – ალექსანდრე იმერეთის მეფის 1738 წლის რუკაზე. „Kapethi-Tskali“ ხატოვისა და გიულდენშტედტის რუკებზე; „Kotoche“ გოტიეს რუკა.
3. ზოგიერთ რუკაზე ეს კონცხი კოტოშის კონცხად იწოდება. იხილეთ ატლასი, მე-2 სერია, ფურც. 2.
ბიჭვინთა
დავუბრუნდეთ ჩემს პირველ მოგზაურობას ზღვაზე: 19-დან 10 ივნისის ღამეს მშვიდმა ამინდმა იმ დროს მოგვისწრო, როცა ბიჭვინთის კონცხისათვის უნდა შემოგვევლო; დღის განმავლობაში ხუთ-ექვსჯერ უფრო მეტი მანძილი გავიარეთ, ვიდრე ღამით. 20 ივნისს, დილით ადრე შემოვუარეთ კონცხს, რომლის უკანაც იკვეთებოდა ბიჭვინთის ფართო ყურე, ან უფრო სწორად პატარა უბე, რომელიც საკმაოდ კარგად იყო დაცული ჩრდილოეთის ქარებისაგან, მაგრამ ამ მხრივ სავსებით დაუცველი იყო სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან1.
ბიჭვინთის კონცხი, რომელიც დასავლეთით ქმნის ყურეს, წარმოადგენს ქვიშიან ვაკეს, რომელიც ზღვის დონიდან 15-20 ფუტს ძლივს აღწევს; იგი ფიჭვის ულამაზესი ტყით არის დაჩრდილული. აქაური ფიჭვის ხეები ისეთივე სწორტანიანია, როგორც ჩვენს საუკეთესო ტყეებში. გელენჯიკისა და ჯიქეთის სანაპიროს რამდენიმე ადგილას ასეთივე ფიჭვი იზრდება. ცნობილია, რომ მას საერთოდ უყვარს ქვიშა და ამდენად, საოცარი ის კი არ არის, რომ იგი აქ ხარობს, არამედ ის, რომ იგი ხარობს აქაურ მცხუნვარე პაპანაქების კლიმატურ პირობებში [...]
დიდი ხანია ვკითხულობდი, სად იყო ბიჭვინთის ცნობილი ეკლესია; იგი ნაპირიდან ერთ ვერსზე, ბიჭვინთის ყურიდან კი სამ ვერსზე მდებარე ფიჭვის ტყის უკან, სიმწვანეში იყო ჩაფლული და ამის გამო არ ჩანდა. ჩვენი მისვლა ზარბაზნიდან გასროლით ვამცნეთ რუსულ ასეულს, რომელიც ამ ეკლესიის გარშემო იყო განლაგებული. ასეულის მეთაურმა გამოგვიგზავნა ესკორტი, რომელსაც სანაპიროდან ციხესიმაგრემდე უნდა მივეცილებინეთ. ენით აუწერელი სიამოვნება მივიღეთ, როცა ამ უძველესი ფიჭვის ხეებქვეშ მივდიოდით და ჩვენს თავზემოთ, ძალიან მაღლა, ხეები თავიანთ კენწეროებს არხევდნენ. გზის სამი მეოთხედი რომ გავიარეთ, ფიჭვის ხეები შეიცვალა ულამაზესი კაკლის, დიდრონი თელებისა და სხვა ჯიშის ხეებით, რომლებზეც ვაზი იყო გასული და მათ მიღმა ძლივს გავარჩიეთ კედელი; იგი უცნაურად იყო ნაგები ყველა სახის მასალისაგან აგურის, ქვის ლოდების, თლილი ქვის და კედლის ნამსხვრევებისაგანაც კი, რომლებიც აქა-იქ თავდაყირა იყო განლაგებული.
გავიარეთ ამ დაბზარული ოთხკუთხა გალავნის დანგრეული ჭიშკარი და უეცრად აღმოვჩნდით ერთ-ერთი ისეთი გრანდიოზული და ულამაზესი ნანგრევების წინაშე, როგორიც კი ოდესმე მინახავს. ამ ნაგებობის შესახებ აღტაცებით მიამბობდნენ, მაგრამ მისი ნახვით მიღებულმა შთაბეჭდილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ეს ნატიფი და თამამი სტილი გაოცებას იწვევს აფხაზეთის პირველყოფილი ბუნების წიაღში2.
აგურის გუმბათი სამი მხრიდან ეყრდნობა სამ მაღალ ფრონტონს. აღმოსავლეთით სამი საკურთხეველი გამოყოფილია სამი ნახევარწრიული გამოშვერილი აფსიდით, როგორც ეს კიევის წმ.სოფიოს ტაძარში და ბიზანტიურ ეკლესიებშია3. ნაგებობის ამ ნაწილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიცემული სომხური და ქართული ეკლესიების ელეგანტურობა.
1. ბიჭვინთის ყურე კარგად არის გამოსახული თბილისის 1834 წლის გენერალური შტაბის დიდ რუკაზე. რაინეგსი მას უწოდებს ბეზონტას, ბაზონტის და ბიჭვინთას და მას გელენჯიკის ყურესთან აიგივებს (II, 3), შარდენი (I, 49) მას პიჯივიტას უწოდებს.
2. იხილეთ ატლასი, მე-3 სერია, ფურც. 1.
3. ბიზანტიური სტილი მრავალი საუკუნის განმავლობაში პოპულარული იყო აგრეთვე დასავლეთშიც. ეს ის სტილია, რომელსაც ჩვენ რომაულს ვუწოდებთ და რომლის უამრავი, საუკეთესო ძეგლი შემორჩენილია რაინის ნაპირებზე. ამ სტილის საუკეთესო ნიმუშები შვეიცარიაშიც არის 960 წელს აგებული დედოფალ ბერტას ეკლესია პაიერნში და ნევშატელის ეკლესია, რომელიც დაახლოებით დედოფალ ბერტას წინა პერიოდით უნდა თარიღდებოდეს.
განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს და ამ ეკლესიას ულამაზეს იერს აძლევს ის, რომ სამშენებლო მასალა აქ თავისებურად არის ერთმანეთთან შერწყმული. მიწის ზემოთ რამდენიმე ფუტის სიმაღლეზე საძირკველი თლილი ქვისაა, მიწიდან სახურავამდე კი ეკლესიის ირგვლივ შემოვლებულ წითელი აგურების სამმაგი თუ ოთხმაგი მწკრივის ფართო ზოლებს ენაცვლება გაგრის მონაცრისფრო კირქვის დამუშავებული კვადრები4.
ამ გრანდიოზულობას, ამ სტილის უბრალოებას, მასალის ამ თავისებურ ნარევს ემატება მუქი ფერის სურო, რომელიც აგურის კარნიზების ფრიზებამდე აღწევს, კედლებზე გასული ვაზი და კატაბარდები, რცხილის, ბროწეულისა და ლეღვის ხეები, რომელთაც ფესვები ნავების თაღებზე აქვთ გადგმული და რომლებიც ფარავენ კიდეც გუმბათის ჯვარს; ასწლოვანი თელები, ეკლესიის ერთ ნაწილს რომ ჩრდილავენ, ძველი კედლები, ამ უკანასკნელს რომ არტყია გარს, კავკასიის დიდებული მთაგრეხილი, რომელიც დროდადრო ჩანს ფოთლებს შორის და თქვენ აღარ გაგიკვირდებათ ის აღფრთოვანება, რასაც ბიჭვინთის მონასტრის (როგორც მას აქ უწოდებენ) ხილვა იწვევს.
ასეთია გარეგანი სახე ეკლესიისა, რომლის გუმბათი თავის დროზე სპილენძით იყო გადახურული, მაგრამ იგი ჩამოუგლეჯიათ და მხოლოდ რამდენიმე ნაფლეთიღაა შემორჩენილი, რომელიც უწესრიგოდაა დაყრილი საკურთხეველში.
ტაძრის შიდა სივრცეც მისი ექსტერიერივით გამოიყურება: შევდივარ, პორტიკები ღიაა; ჯერ დიდ ნავს გავივლი და აღტაცებით ვუმზერ გუმბათს. ოთხ დიდ, დაახლოებით 30 ფუტიანი მალის თაღზე და იატაკიდან 60 ფუტის სიმაღლეზე ლამაზად არის დაყრდნობილი 36 ფუტის სიმაღლის გუმბათი, სადაც ჩაჭრილია 14 ფუტიანი სიმაღლის რვა სარკმელი5.
გუმბათი აგვირგვინებს ნაგებობის ოთხ დიდ ნაწილს, რომელიც ქმნის ბერძნულ ჯვარს; საკურთხეველი აღმოსავლეთითაა, დიდი ნავი დასავლეთით, ხოლო ჯვრის მოკლე მკლავები გვერდებზე.
ტაძრის ნაწილი, სადაც უშუალოდ ხდება ღვთისმსახურების აღსრულება, თვრამეტი ფუტის სიმაღლის მქონე სამი სარკმლით არის განათებული და მოიცავს საკურთხეველს და ამბიონს კლიროსებითურთ, რომელთა შორის მანძილი ოცდარვა ფუტს შეადგენს.
დიდი ნავის სიგრძე სტოადან გუმბათამდე ოცდაათი ფუტია. ეკვდერებს, რომლებსაც მხოლოდ თერთმეტი ფუტის სიგანე აქვთ, ეყრდნობა დახურული გალერეა, რომელიც ორმაგი არკადით ბოლოვდება. მასიური კამარით გადახურულ სტოას ანუ პრონაოსს ეკლესიის მთელი სიგრძე უჭირავს და სამი მოზრდილი კარით დიდ ნავსა და ეკვდერებს უკავშირდება. ზემო სტოაში ასევე კამარით გადახურული აგურის კიბე ადის; აქედან შედიან გალერეებში (რომელთა შესახებაც უკვე ვისაუბრე), სადაც განთავსებულნი იყვნენ მგალობელთა და კათაკმეველთა გუნდები.
ზოგადად ასეთი იყო განლაგება ნაგებობისა, რომლის მთლიანი სიგრძე, კედლების ჩათვლით, 118 ფუტია, სიგანე 68 ფუტი, ხოლო სიმაღლე 120 ფუტი, თაღის სისქის ჩათვლით. გვერდით კარებს ფარავდა ორი პატარა სტოა, რომელიც მოგვიანებით მიაშენეს ეკვდერებზე. შენობის მთელ ინტერიერში სრულებით არ შეინიშნება არქიტექტურული ორნამენტები; მთელი მისი სილამაზე მის გრანდიოზულ და მშვენიერ პროპორციებშია.
4. ვფიქრობ, სწორედ აქედან არის ეს ქვა, თუმცა, შესაძლებელია იგი ქვეყნის შიგნიდანაც იყოს შემოტანილი.
5. იხილეთ ატლასი, III სერია, ფურც. 2, ამ ეკლესიის გეგმა და გუმბათი.
მხოლოდ გუმბათი და საკურთხეველია თაბაშირით შელესილი, დანარჩენი კედლები აგურით არის ამოყვანილი, გამონაკლისს წარმოადგენს თლილი ქვის რამდენიმე წყება, რაც ყველაფერს ბუნებრივ იერს მატებს. მდარე სტილის ფრესკული მხატვრობა ნაწილობრივად არის შემორჩენილი. საკურთხევლის კონქში გამოსახულია იესო ქრისტეს ამაღლება, ხოლო ამბიონის თავზე, თაღის საჭექის ქვეშ დიდი ჯვარი.
გვერდითი კედლების ზედა ნაწილი დაფარულია წმინდანთა ცხოვრების ამსახველი სცენებით; განსაკუთრებით კარგად გაირჩევა ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, რომელიც დრაკონს კლავს. ქვედა ნაწილი მორთული იყო მედალიონებში გამოსახული წმინდანთა პორტრეტების რიგით: ისინი საკურთხევლის ირგვლივ არიან განლაგებულნი. ქვემოთ გამოსახულია ფეხზე მდგომი წმინდანების წინასწარმეტყველთა, სწავლულთა და ეკლესიის მამათა დიდი ჯგუფი; ისინი თითქოს ილტვოდნენ იმ მღვდლებთან, ეპისკოპოსებთან და არქიეპისკოპოსებთან შესაერთებლად, რომლებიც საკურთხევლის ირგვლივ, ოთხ საფეხურზე, ნახევარწრიულად ისხდნენ და მდუმარედ გარს ერტყმოდნენ აფხაზეთის პატრიარქს; ეს უკანასკნელი საკურთხევლის შუაში, სარკმლის წინ, ყველაზე ამაღლებულ ტახტზე იჯდა, ტახტის ორივე მხარეს გამოსახული ანგელოზთა ორი დიდი ფიგურა კი მას კიდევ უფრო მეტ სიდიადეს ანიჭებდა. მე აღარსად მინახავს თეთრი მარმარილოს რელიეფური ჯვარცმა, რომელმაც თავის დროზე აღტაცებაში მოიყვანა რაინეგსი, იგი უკვე აღარ იყო ეკლესიაში (Reineggs, II, გვ. 4).
კანკელს, რომელიც საკურთხეველს ტაძრის დანარჩენი ნაწილისაგან გამოჰყოფს, ძალზე სქელი, პატარა სვეტები აქვს და როგორც ჩანს, იგი ეკლესიის აგებიდან გაცილებით უფრო გვიან უნდა იყოს ჩაშენებული. ვნახე, აგრეთვე, მრგვალი მინის ნამსხვრევები სამ სარკმელში, რომლებიც ჯვრის მკლავს ანათებდნენ. დიდი სტოას ერთ-ერთ ბოლოში აგებული პატარა სამლოცველო, რომელიც დღეს თოფისწამლის საწყობად გამოიყენება, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. იგი გადახურულია კამარით და ეს კამარა და კედლები დაფარულია ფრესკული მხატვრობით; იგი მშვენივრად არის შემონახული და ასახავს უფლის ვნებათა სცენებს, აქვეა წმინდანების გამოსახულებები და ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერები. მე გადმოვიღე მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ნიშის კიდეზე იყო მოთავსებული (იხილეთ ატლასი, მე-4 სერია); აი მისი თარგმანი, შესრულებული ბ-ნი ჰააზის მიერ, საფრანგეთის ინსტიტუტიდან: „მოიხსენე უფალო, მამა კირ ბაურაფი, ღვთის მსახური, რომელმაც ააშენა ეს ტაძარი და გუმბათი; და მისი აღდგომის ჟამს სხვებთან ერთად შეიწყნარე კათალიკოსი. ო, ღმერთო, ყოვლისმცოდნევ, აღასრულე ეს. წელი 7“.
ეს წარწერა მნიშვნელოვანია: ჩანს, ეს არის სახელი და საფლავი კათოლიკოს კირ ბაურაფისა, რომელმაც ააშენა ტაძარი და გუმბათი. ისმის კითხვა აქ საუბარია დიდ ეკლესიაზე, თუ სამლოცველოზე? ახლანდელი ტრაპეზი, რომელიც საკურთხევლის შუაშია, აგრეთვე ამოუხსნელ გამოცანად რჩება. ეს ტრაპეზი, რომელმაც ჩემში უდიდესი გაოცება გამოიწვია, მარმარილოს სვეტების, კაპიტელებისა და ორნამენტების ნამტვრევების უხეშად დაწყობილ გროვას წარმოადგენს; ყველაფერი ეს დიდად წააგავს იმას, რითაც მორთული იყო ხერსონესის, პანტიკაპეის, აიუ-დაღის ეკლესიები ყირიმში. ეს იგივე რელიეფური სტილია, იგივე სახისაა ჯვარი, რომელიც ყველგან არის მიმოფანტული, იგივე მარმარილოა თეთრი და მონაცრისფროლურჯი ძარღვებით შემკული; მაგრამ ყველაზე უფრო საოცარი გახლავთ ის, რომ სვეტებისა და არქიტექტურის სხვა ელემენტების უამრავი ფრაგმენტი, რომელიც ვამეყ დადიანმა დაახლოებით 1390 წელს ხობის ეკლესიის სტოას ასაგებად წაიღო, აგრეთვე იგივე სახისაა. საიდან მომდინარეობს ბიჭვინთის ტაძრის ეს ნამსხვრევები? რა წარმომავლობისაა, ამასთანავე, ის ნაწილები, რითაც აგებულია ეკვდერებზე მიშენებული ორი სტოა, სადაც თვალნათლივ შეიცნობა კარნიზების, გულამოკვეთილი სვეტების ნარჩენები, რომლებიც ხელოვნებაში დაცემის ეპოქის სტილის აღმნიშვნელია? ეს ფრაგმენტები კირქვისაა, რომელიც იმ ქვას ჰგავს, ყირიმში ინკერმანის ქვას რომ უწოდებენ და ზუსტად ისეთივეა, როგორც ხობის მარმარილოში შერეული ქვის ერთი ნაწილი.
ბიჭვინთის ეკლესიის მშენებლობას იმპერატორ იუსტინიანეს მიაწერენ და, ამგვარად, მას მეექვსე საუკუნის შუა წლებით ათარიღებენ. აი რას ამბობს პროკოპი ამის შესახებ (Procopius de Bello Gothico, Bonna): „აბაზგები, რომლებიც ბინადრობდნენ კავკასიონის მთებამდე, უწინ ლაზების ქვეშევრდომები იყვნენ და ჰყავდათ ორი თვისტომი მთავარი, რომელთაგან ერთი მართავდა დასავლეთის, მეორე კი აღმოსავლეთის ნაწილს. ეს ბარბაროსები ჩვენს დრომდეც კი თაყვანს სცემდნენ ტყეებსადა ჭალებს და თავიანთი ბარბაროსული გულუბრყვილობით ხეებს ღმერთებად მიიჩნევდნენ. ისინი სასტიკად იჩაგრებოდნენ თავიანთი მთავრების სიხარბის გამო; როცა მათ მეფეთაგან რომელიმე დაინახავდა ამ ტომში ლამაზი სახითა და ტანადობით გამორჩეულ ბავშვებს, მყისვე შეუბრალებლად გამოგლეჯდნენ მშობლებს ხელიდან, დაასაჭურისებდნენ და შემდეგ რომის იმპერიაში დიდ ფასად ჰყიდდნენ. იმაზეც ზრუნავდნენ, რომ მათი მამებიც დაეხოცათ, რადგან ეშინოდათ, რომ ქვეშევრდომთა შორის არავინ ყოლოდათ საეჭვო, რათა ვინმეს არ ეჩივლა იმპერატორთან, რომელიც მათ ჩადენილი უსამართლობის გამო დასჯიდა; ამრიგად, საკუთარი ვაჟიშვილების საბედისწერო სილამაზე აბაზგებისათვის საფრთხის მომასწავებელი იყო და ეს გაუბედურებული მამები საცოდავად იღუპებოდნენ. ამჟამად, იუსტინიანეს მეფობის დროს, აბაზგების მდგომარეობა ყველანაირად შემსუბუქდა და გაუმჯობესდა, ვინაიდან მათ ქრისტიანობა მიიღეს; სანაცვლოდ კი იუსტინიანემ გამოუგზავნა სასახლის ერთ-ერთი ევნუხთაგანი, წარმოშობით აბაზგი ევფრატა და სასტიკად აუკრძალა მათ მეფეებს ამიერიდან ამ ტომში ვინმეს დასაჭურისება და ამგვარად ბუნების კანონების დარღვევა. აბაზგები ამ ცნობას დიდი სიხარულით შეხვდნენ და იმპერატორის ბრძანებით გამხნევებულნი, ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ იგი სისრულეში მოეყვანათ, რადგან თითოეულ მათგანს ეშინოდა, რომ ოდესმე ისიც არ გამხდარიყო ლამაზი ბავშვის მამა. იუსტინიანე მეფემ აბაზგების ქვეყანაში ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა, იქ მღვდელმსახურები დააყენა და მათგან მოითხოვა, აბაზგებისათვის ქრისტიანული წეს-ჩვეულებანი ესწავლებინათ“.
აი ეს არის პროკოპის თხზულების ის ადგილი, რომლის საფუძველზეც ადასტურებენ, რომ ბიჭვინთის ეკლესია იუსტინიანეს მიერაა აგებული. თუმცა პროკოპი თავის დე აედიფიციის (Procopii Caesarensis, de Aedificiis, წიგნი III, თავი 7) არაფერს ამბობს ამის შესახებ, მაგრამ იგი მოგვაგონებს, რომ ბიჭვინთა და სებასტოპოლისი რომაელებმა დაანგრიეს ხოსროსთან ომების დროს; იგი საუბრობს მხოლოდ სებასტოპოლისის განახლების შესახებ, რომელიც დიდ ქალაქად გადაიქცა, ხოლო ბიჭვინთაზე არაფერს ამბობს.
კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ არ ვცდებით, როცა მიგვაჩნია, რომ ბიჭვინთის თანამედროვე ტაძარი სწორედ ის არის, რომელიც იუსტინიანემ ააგო, გახლავთ ის, რომ ქართველების გადმოცემით, განსაკუთრებით კი გელათის მონასტრის შესახებ არსებული გადმოცემებით, ბიჭვინთის ეკლესია ყოველთვის ამ მონარქის სახელს უკავშირდებოდა მას შემდეგ, რაც ამ მხარეში ქრისტიანობა გავრცელდა, იგი ყოველთვის იყო დედა-ეკლესია და მთელი დასავლეთ საქართველოს პატრიარქის რეზიდენცია.
ეს პატრიარქები, რომლებიც აფხაზეთის კათოლიკოსის ტიტულს ატარებდნენ, ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდნენ ამ კუთხის ბედზე და დაახლოებით თორმეტი საუკუნის მანძილზე მათ ტახტს ვერაფერს აკლებდა აფხაზეთში მომხდარი სხვადასხვა ხასიათის ძვრები თუ გადატრიალებები. დღეს კი ეკლესია დაცარიელებულია და აღარც პატრიარქია აქ.
მეთერთმეტე საუკუნემდე ლაზების ქვეყანასთან ანუ კოლხეთთან გაერთიანებულმა აფხაზეთმა, კონსტანტინოპოლის იმპერატორების გავლენის ქვეშ, საქართველოსაგან დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნა. მთავრები, რომლებიც პატრიარქების მაგალითზე მართავდნენ ქვეყანას, აფხაზეთის პატრიარქებად იწოდებოდნენ, იღებდნენ აფხაზეთის მეფის ტიტულს... მეთერთმეტე საუკუნეში აფხაზეთის მეფეებმა მემკვიდრეობით შეუერთეს საქართველო თავიანთ სახელმწიფოს და თავიანთი რეზიდენცია თბილისში გადაიტანეს; ამგვარად, აფხაზეთი განაპირა პროვინციად იქცა, მცხეთის პატრიარქი კი ბევრად უფრო გავლენიანი იყო, ვიდრე ბიჭვინთისა, რომელმაც თავისი გავლენა ნაწილობრივ დაკარგა.
აფხაზეთის განაპირა პროვინციაც, აგრეთვე დაცემის პირას აღმოჩნდა ან იმის გამო, რომ მოსახლეობამ დაივიწყა ის კავშირები, საქართველოს მეფეებთან რომ ჰქონდათ, ან იმის გამო, რომ ჯიქეთის მოსახლეობა, რომელიც ცდილობდა თავიდან აეცილებინა მეფეთა ბატონობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიჭრა; სამეგრელოს მთავარი ვამეყ დადიანი იძულებული გახდა, დიდი ლაშქრობა მოეწყო, რათა ამ კუთხის ხალხი, განსაკუთრებით კი ჯიქეთის და ალანიის მკვიდრნი, დაემორჩილებინა და აქ მშვიდობა დაემყარებინა. იხილეთ ზემოთ წარწერა, რომელიც მან ამ ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთებინა სამლოცველოზე, რომელიც მან ხობის ეკვდერების გასწვრივ ააშენა, როგორც მის მიერ მოპოვებული გამარჯვების ამსახველი ძეგლი (Vide supra, gv. 73).
ხობის სამლოცველო ნამდვილი მოზაიკაა, რომელიც სხვადასხვა სახის მარმარილოს ფრაგმენტებისაგან არის შექმნილი; ძირითადად ეს არის თეთრი მარმარილო მონაცრისფრო და მოლურჯო ზოლებით. აქ არის რთული კორინთული კაპიტელები, პატარა, დამსხვრეული სვეტები, დიდი საწვიმარი ფილები და სხვადასხვა ორნამენტები შუაში ჯვრების გამოსახულებით, კარის ზედა წირთხლები, სვეტები რვაწახნაგა ბაზით ან მაღალ ბაზებზე დაყრდნობილი და სიბრტყობრივად დამუშავებული სვეტები; ტლანქად შესრულებული კაპიტელები ყოველ წახნაგზე ჯვრის გამოსახულებით, ქართული წესით დამუშავებული ვარდულებიანი, არაბესკებიანი, ლაბირინთებიანი და სხვა ორნამენტებით მორთული თეთრი ქვის ნატეხები (იხილეთ ატლასი, მე-3 სერია, ფურც. 20). ისინი განეკუთვნებიან განსხვავებული ეპოქისა და სტილის უამრავ სხვადასხვა ნაგებობას. ზოგიერთი მათგანი ბერძნული წარმოშობისაა, სხვები ბიზანტიის იმპერიის ყველაზე უარესი პერიოდით თარიღდება, ხოლო ბევრი მათგანი საქართველოს მეფეების ზეობის ბრწყინვალე ხანას მეთერთმეტემეთორმეტე საუკუნეებს მიეკუთვნება.
ჯიქეთი მდებარეობს ჩერქეზეთის სანაპიროზე, რომელიც ზემოთ აღვწერე, ალანია კი აფხაზეთის მთების საწინააღმდეგო მხარესაა განლაგებული. საიდან იყო აღებული ეს ნამსხვრევები? რომელ ტაძარს ეკუთვნოდნენ ისინი? რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ხობისა და ბიჭვინთის მარმარილოებს შორის? ხომ არ არის ბიჭვინთის მარმარილოც ასევე ვამეყის ლაშქრობის შედეგი? ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემა ძალზე ძნელია; ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა კარგად კარგად შეისწავლიან ამ ნაკლებად ცნობილ მხარეებში არსებულ ნანგრევებს.
მე მხოლოდ ერთი რამ მაოცებს: ეს გახლავთ ამ მარმარილოს სიუხვე და მრავალფეროვნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საბერძნეთის იმპერია ამ ქვეყნებით ბევრად უფრო მეტად იყო დაინტერესებული, ვიდრე ფიქრობენ, და რომ ზიხისა და აფხაზეთის ცივილიზაცია მეათე საუკუნეში სულაც არ გახლავთ ზღაპარი.
დადიანის მიერ მოწყობილი ამ დიდი ლაშქრობის შემდეგ ბიჭვინთისა და აფხაზეთის ისტორია მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ შეიძლება შევაკოწიწოთ. როგორც კი თურქებმა კონსტანტინოპოლი აიღეს (1444 წ.), მურად-ბეი აფხაზეთის დასარბევად გაგზავნეს (1451 წ.) ორმოცდაათი გემითა და დიდძალი ჯარით.
1509 წელს ჯიქები იმერეთში შეიჭრნენ და გზად აფხაზეთი გაიარეს. მომდევნო ლაშქრობა, როგორც ჩანს, მოწყობილი იყო იმერეთის სამეფოსა და სამეგრელოსათვის შურისსაძიებლად; მომყავს ტექსტი ბ-ნი ბროსეს ქართული ქრონიკიდან (გვ. 9): „1533 წელს მამია დადიანმა და მამია გურიელმა, ისევე როგორც ვამეყმა, მოინდომეს მათი დამორჩილება; ისინი ზღვით წავიდნენ ჯიქეთში საბრძოლველად; 30 იანვარს გაიმართა ბრძოლა. პირველ დღეს მათ გაიმარჯვეს, მეორე დღეს, პარასკევს, ოდიშელებზე განრისხებულმა ხელისუფალმა მათთვის მახე დააგებინა და დადიანი და გურიელი აიძულა, გაქცეულიყვნენ; გურიელის ჯარი მობრუნდა და კვლავ შეტევაზე გადავიდა, მაგრამ ჯიქებმა მათ თავგამოდებით შეუტიეს და ბევრი მათგანი დახოცეს. დადიანი, გურიელი და მათი ჯარი მთლიანად გაანადგურეს. შეჩვენებულმა ცანდია ინალდიფამ გადაიბირა გიორგი გურიელის ძე და მისი წარჩინებულები, რომლებიც ხოცვა-ჟლეტას გადაურჩნენ. ამის შემდეგ დადიანი, გურიელი და მისი სამი ძმა მთლად გაძარცვეს, ეპისკოპოსები და მეომრები დაატყვევეს; კათოლიკოსმა მალაქიამ გამოსასყიდით გამოიხსნა ცოცხლად გადარჩენილები და ფული გადაიხადა მკვდრებში“.
მეორე, სომხური ქრონიკა, რომელიც ბ-მა შულცმა მოიძია და ბ-მა სენმარტენმა თარგმნა, ამ მოვლენას შემდეგნაირად აღწერს: „1532 წელს მამია დადიანმა და მამია გურიელმა ერთად ილაშქრეს ჯიქეთზე. მამია დადიანი მოკლულ იქნა, ხოლო გურიელი დაატყვევეს. იგი განთავისუფლებულ იქნა მისი ძის როსტომ-მამია გურიელის მიერ და 1534 წელს გარდაიცვალა“. ეს სომხური ქრონიკა ჯერჯერობით მხოლოდ ხელნაწერის სახითაა და ცნობა მისი არსებობის შესახებ თავაზიანად მომაწოდა ბ-მა ბროსე-უმცროსმა.
მაგრამ ამ დეტალებს არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მხოლოდ ფაქტი გვაინტერესებს. ახლა დგება საკითხი, ბიჭვინთაზე განხორციელებულ ამ ლაშქრობათაგან რომელს უნდა დავუკავშიროთ გადმოცემა, რომელიც მიამბეს ეკლესიის ირგვლივ გალავნის აგებასთან დაკავშირებით; მტრის შემოსევის დროს საპატრიარქო ეკლესიას მთლიანად დანგრევის საშიშროება ემუქრებოდა. პატრიარქმა ახლომახლო მოსახლეობას განუმარტა ამ ტაძრის დაცვის აუცილებლობა. ხალხიც სასწრაფოდ დიდი გულმოდგინებით შეუდგა ოთხკუთხა გალავნის მშენებლობას, რომელიც ეკლესიას ირგვლივ აქვს შემოვლებული. გამალებული მუშაობის დროს არაფერს ზოგავდნენ და მეზობელი ქალაქის ნანგრევებიდან ყველაფერი გამოზიდეს ქვა, აგური და ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. მთელი კედლის ნაწილებიც კი გადმოიტანეს და ამგვარად წამოიჭიმა ეს გალავანი, რომელსაც უნდა დაეცვა ეკლესია და რომელიც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აშკარად ატატებს თავისი წარმომავლობის კვალს. ძნელი სათქმელია, როდის მიატოვეს პატრიარქებმა ბიჭვინთა და გადავიდნენ გელათში, თან წაიღეს რა საეკლესიო წიგნები და ქრონიკები.
ბ-ნი ბროსე-უმცროსის მიერ თარგმნილი ქართული ქრონიკიდან ვიგებთ, რომ 1529 წელს ქრონიკის ავტორი თან გაჰყვა მანოელ ჩხეტის-ძეს ბიჭვინთაში, სადაც იგი ხონის ეპისკოპოსად უნდა დაედგინა პატრიარქს. შემორჩენილია ამ დიდი ცერემონიალის შესახებ მოსაგონარი: რელიეფებით დაფარულ პატარა ზარზე აღნიშნულია თარიღი MCCCCCXXVIIII (1529); ერთადერთი შემორჩენილი ზარი ხის ტოტზეა ჩამოკიდებული და სევდიანი რეკვით გვამცნობს ბიჭვინთის გარდასულ დღეთა დიდებას. დღეს ქუთაისის არქიეპისკოპოსი აფხაზეთის კათოლიკოსის ტიტულს ატარებს.
შარდენის დროს, 1672 წელს, კათოლიკოსი თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ჩადიოდა ბიჭვინთაში მირონის წმინდა ზეთის დასამზადებლად. იმერეთის მეფის 1738 წლით დათარიღებულ რუკაზე იგი მაინც აღნიშნულია, როგორც პატრიარქის სატახტო რეზიდენცია.
მიუხედავად იმისა, რომ ბიჭვინთა მიტოვებულია, იგი მუდამ დარჩება აფხაზეთის მოსახლეობისათვის განსაკუთრებული თაყვანისცემის ობიექტად; აფხაზები ყოველთვის მოდიოდნენ აქ, რათა უხეშად გამოთლილ საკურთხეველზე ძღვნად მიეტანათ თავიანთი ნაყაჩაღარის თუ „ეხ ვოტო“-ს (ლათ. „შესაწირავი, საჩუქარი“ ლ.მ.) ნაწილი. საკურთხეველზე და მის წინ, საფეხურებზე ეწყო ძველი იარაღი, ლულიანი თოფები, ხმლები, საყვირები, აბზინდები, ლურსმნები, საკეტები, ყველანაირი ძველმანი აქ ერთად იყო მოგროვილი. რადგან რუსებმა არ მოინდომეს მათთვის ხელის ხლება, ისინი მოაგროვეს და შვერილებზე დაყრდნობილი კამარის ქვეშ დაყარეს. არც ერთი ხალხი არ ამჟღავნებს ასეთ თაყვანისცემას საეკლესიო ნივთების მიმართ, როგორც აფხაზები და ქართველები. დიდი ხნის განმავლობაში საკურთხეველზე დაგროვდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ღირებულების სხვადასხვა მონეტები, რომელთაგანაც ზოგიერთი ძალზე ძველი იყო. მთელი ერთი საუკუნის მანძილზე მათ მოწიწებით ეპყრობოდნენ. როცა აფხაზეთში მოგზაურმა, მონეტების დიდმა მოყვარულმა ერთმა ცნობილმა პიროვნებამ ეს მონეტები ნახა, მან გადაარჩია მათ შორის ორმოცდაათამდე უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნიმუში, უმრავლესობა ოქროსი, აწონა და მათი ღირებულების ფასი დუკატებში გადაუხადა მღვდელს. ყოველ შემთხვევაში, იგი უკეთ მოიქცა, ვიდრე სირაკუზის ტირანი დენისი. ამ პიროვნების ვიზიტის შედეგად ეკლესიამ კიდევ ბევრი სხვა ანტიკური ნივთიც დაკარგა.
აი ასეთია ეს ანტიკური ბიჭვინთა, რომლის დაარსებაც იუსტინიანეს ეპოქისათვის მინდოდა დამეკავშირებინა. მე გადმოვეცი ყველაფერი ის, რაც ამ მეტროპოლის ისტორიის შესახებ ვიცით, მაგრამ არ არსებობს მკაფიო საბუთი ამ ვარაუდის დასამტკიცებლად. კავკასიის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის შედეფად დავრწმუნდი, რომ ყველა ამ სახის კონსტრუქცია, ნახევრად აგურით და ნახევრად ქვით ნაშენი (ბიზანტიურ კონსტრუქციებს შორის მე ვთვლი თამარის-ციხეს, ნოქალაქევს და გორის ციხის ფუნდამენტს), ბიზანტიური წარმომავლობისაა და მეთერთმეტე საუკუნეზე უფრო ადრინდელ ხანას განეკუთვნება.
თეათინელი ბერის, დონ ჯუზეპე მარია ძამპის რელაციაში, რომელიც შარდენის თხზულებაშია (შარდენი, I, გვ. 51, გამოც. ინ-80) ჩართული, ნათქვამია, რომ ბიჭვინთის ეკლესია თავდაპირველად წმინდა მარიამის სახელზე იყო ნაკურთხი, მაგრამ აფხაზებმა, რომლებიც დიდად ეთაყვანებოდნენ წმ. ანდრიას, ეკლესიას მისი სახელი მიაკუთვნეს. ზოგი ირწმუნება, რომ ეკლესია აგებული იყო იმ ადგილზე, სადაც წმ. ანდრიამ ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო; სხვები კი ფიქრობენ, რომ მან თვითონვე ააგო იგი. რაინეგსი ამბობს აგრეთვე, რომ ბიჭვინთის ეკლესია ნაკურთხი იყო წმ. ანდრიას სახელზე (რაინეგსი, II, 8 და 3) და რომ იგი იუსტინიანეს დროსაა აგებული.
იმპერატორმა ნიკოლოზმა, რომელსაც უნდოდა, რომ ეს საბრალო აფხაზეთი კვლავ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოექცია და ცივილიზაციისათვის ეზიარებინა, ბრძანა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ბიჭვინთისათვის რესტავრაცია ჩაეტარებინათ. როდესაც თბილისში ჩავედი, არც ერთ ხუროთმოძღვარს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი იქ გამგზავრება ჯანმრთელობისათვის საშიში მდგომარეობის გამო. ტაძრის გეგმის შესადგენად და მისი იმჟამინდელი მდგომარეობის გასაცნობად ბარონ დე როზენმა მთხოვა ჩემ მიერ შესრულებული ნახატებისა და გეგმების ასლები სასწრაფოდ მისთვის გადამეცა. ისინი არა მარტო გაგზავნეს სან-პეტერბურგში, არამედ ჩემთან შეუთანხმებლად და ჩემი დასტურის გარეშე, ბარონმა ისინი ლითოგრაფიულად დააბეჭდინა თბილისში: ეს ხომ ჩემი თავაზიანობის ბოროტად გამოყენება იყო!
რაც შეეხება ბიჭვინთის ტაძრის მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი იქ ყოფნის დროს მისი შეკეთება სავსებით შესაძლებელი იყო. მეხის დაცემის შედეგად წარმოქმნილი დიდი ნაპრალი და ხვრელი გუმბათში და ზედა სტოას ჩამოქცეული თაღი ამ ნაგებობის ერთადერთი დიდი დაზიანება იყო, სხვა მხრივ კი ტაძარი მთელია.
სხვა ნაგებობებიდან, რომლებიც ეკლესიის ირგვლივ უნდა ყოფილიყო განლაგებული, ბევრი არ არის შემორჩენილი; პატრიარქისა და მღვდლების საცხოვრებლები ადგილობრივი წესის მიხედვით, ალბათ ხისა იყო. ერთადერთი, რაც განადგურებას გადაურჩა, ეკლესიის დასავლეთით სამი პატარა სამლოცველო ანუ სენაკი გახლდათ. ისინიც ასევე, ნახევრად აგურით, ნახევრად კი ქვით იყო ნაგები.
საკურთხევლის დასავლეთით რამდენიმე ნაბიჯზე ეკლესიას საუკეთესო წყაროს წყლის ჭა ჰქონდა; თაღის ერთი ნაწილი ჯერ კიდევ არსებობს და ხშირი ბალახითა და ვენახითაა დაფარული. საერთოდ, აფხაზეთის ბუნება მეტისმეტად მდიდარია და მას ძალუძს უხვად მორთოს სიმწვანით ნანგრევები და ყვავილებით დაფაროს საფლავები.
მე ვისაუბრე დანგრეული ქალაქის შესახებ, საიდანაც გამოიტანეს ის მასალა, რომლითაც ეკლესიის გალავანი ააგეს. ეს ქალაქი გახლავთ ანტიკური პიტიუსი, პიცუნდა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისა და ქართველების გამოთქმით ბიჭვინდა ანუ ბიჭვინთა და იგი ეკლესიიდან მეოთხედ ვერსზე, მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მისი ფართო, ოთხკუთხა გალავანი გამაგრებული იყო კოშკებით და ზოგიერთი ნაწილი სიმაღლით ერთნახევარი ტუაზი იყო. ნანგრევებად ქცეულ კედელს ეკალბარდები და სურო ფარავს. აქ ჩანს ქუჩებისა და მოედნების განლაგება; ბევრი სახლი ნახევრად დანგრეულია და მათზე უამრავი წარწერა იკითხება თურქულ და არაბულ ენებზე; მათ შორის 15001600 წლებით დათარიღებული ბერძნული და ლათინური წარწერებიც გვხდება.
ამ უკანასკნელი ფაქტის დადასტურება არ შემიძლია, რადგან არ მქონია ამ ნანგრევების ნახვის ბედნიერება. ზიხესიმაგრეში ჩემთვის არავის უთქვამს რაიმე მათ შესახებ, თუმცა ბიჭვინთაში ორჯერ მომიხდა ჩასვლა კვლევა-ძიების ჩასატარებლად.
ბიჭვინთის ასეული განლაგებულია ეკლესიის გალავანში, სადაც მშვენიერი ხის ყაზარმაა აგებული. აფხაზები, რომლებიც იქვე ახლოს, პატარა სოფელში ცხოვრობენ, აქ ხილისა და ბოსტნეულის გასაყიდად მოდიან.
1833 წლის გაზაფხულზე, ჩვენს ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ბიჭვინთის რეიდზე საზღვაო-სატრანსპორტო ხომალდმა განიცადა კატასტროფა: იგი შუადღეს უეცრად გამოირიყა ნაპირზე. მშვენიერი ამინდი იყო, ეკიპაჟი წყნარად ისვენებდა, ოფიცრებიც შუადღის ძილს მისცემოდნენ და მინდობილნი იყვნენ ღუზას, რომელიც ოღროჩოღრო ფსკერზე იყო დამაგრებული. უეცრად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ღუზა მოგლიჯა და ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ ვიდრე თავის გადასარჩენად რაიმეს მოიმოქმედებდნენ, ხომალდი უკვე ნაპირს ეხეთქებოდა. ამასთან დაკავშირებით მაგონდება ლეგენდა, რომელიც კარგად ხსნის, თუ რატომ განიცდიან ხომალდები კატასტროფას. ოცდათვრამეტი კაცისაგან შემდგარი ეკიპაჟი გადარჩა, მეზღვაურები ხომალდის თოკს ჩაეჭიდნენ და ნაპირზე გამოვიდნენ; რაც შეეხება გემის კორპუსს, იგი თვალის დახამხამებაში დაინგრა და მისგან მხოლოდ რამდენიმე ნამსხვრევის გადარჩენა მოხერხდა.
მე უკვე აღვნიშნე, რომ ბიჭვინთის კონცხის ბოლოდან ყურემდე ნაპირი ქვიშიანია და ოდნავ ამაღლებული; ზღვის ფსკერი აქ ძალზე დაქანებულია, რის გამოც მეტად ძნელია ანკერით დამაგრება.
ყურის სიღრმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მჭიშთის შესართავამდე ყურე მოქცეულია დაბალ, ციცაბო ნაპირებს შორის, რომლებიც, სავარაუდოდ, მესამეული ფორმაციისაა და ქანებად დალაგებული ყვითელი ქვიშისაგან შედგება (იხ. ატლასი, მე-2 სერია, ფურც. 2); აქაურობა დასერილია ღარტაფებით. ზღვის ტალღები განუწყვეტლივ ეხეთქებიან ამ ციცაბო ნაპირებს, რაც მათ გამოფიტვას იწვევს. აქ არის ბორცვები, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთმანეთისაგან გამოჰყოფს კოტოშისა და ბამბორის დაბლობებს. ისინი ტალღისებურად არიან გადაჭიმულნი საკმაოდ შორ მანძილზე ქვეყნის სიღრმეში და მათ შორის ყველაზე მაღალი გორაკი 200-400 ფუტს არ აღემატება. წიფლის, რცხილისა და სხვა სახეობის ტყეები, რომლებიც უჩვეულოდ ლამაზი სიმწვანით გამოირჩევიან, მთლიანად ფარავენ აქაურობას.
ლიხნის ანუ ბამბორის დაბლობი
ამ ბორცვების აღმოსავლეთით 15 ვერსიანი სიგანის მშვენიერი დაბლობი იწყება, რომელიც ოდნავ დამრეცად უახლოვდება ზღვას. აქ მხოლოდ მსუბუქი ტალღები იცის. ყველაზე ამაღლებული ბორცვი, რომელიც სედაპირს ჰკვეთს, ლიხნის ბორცვია [...]
ჩამოვედი ფშანდრის ქარხანასთან და აღტაცებული შევყურებდი ასწლოვან წიფლის ხეებს, რომელთა ტანი, ფიჭვივით სწორი და უტოტებო, აღმართული იყო ოცი და უფრო მეტი ფუტის სიმაღლეზე და ძალზე ხშირი, ულამაზესი ფოთლებით იყო შემკული. მათი უმრავლესობა სამ ფუტზე მეტი სისქისა იყო, თუმცა ზოგიერთის დიამეტრი ხუთ-ექვს ფუტამდე ან უფრო მეტსაც კი აღწევდა. წიფლის ხეებს მშვენიერი რცხილისა და ძველთაძველი ცაცხვის ხეებიც შერეოდნენ.
ამ დიდებული თაღების საფარქვეშ ტყეების მეორე იარუსი იზრდებოდა; ეს გასაოცარი სიმაღლისა და სისქის მარადმწვანე ბზები, ბაძგები, დეკა ანუ ეკლიანი ჭყორი (კრაზანას ბაძგები).
რა ბედნიერებაა თავისუფლად რომ დადიხარ ამ ტყეში და არ გეშინია ჩასაფრებული აფხაზებისა თუ ჩერქეზების! რა სიამოვნებაა, როცა დახეტიალობ მთვარის მიმქრალ შუქზე, ისმენ სიმწვანეში ჩაფლული უხილავი ფშანდრის ჩურჩულს და ხედავ უამრავ მოკაშკაშე ციცინათელას, ფრენაფრენითა და ანცობით რომ მიიწევენ ხეების კენწეროებისაკენ.
როდესაც გამოვედი ტყიდან, რომლის სიგანეც ერთი ვერსია, უეცრად, თითქოს ჯადოსნური ძალის წაყალობით, უკიდეგანო და ულამაზესი ველის შუაგულში აღმოვჩნდი; ერთ მხარეს ბამბორის დასახლების ხის სახურავები მოჩანდა, რაც ამ მშვენიერი პეიზაჟის ფონზე ძალზე უბადრუკად გამოიყურებოდა. იგი უზარმაზარი მთაგრეხილით იყო შემოსაზღვრული: მთები თითქმის მთლიანად, მწვერვალებამდე, ტყით იყო შეფენილი და ამ მწვანე ტევრიდან ეს მწვერვალები ჩონჩხებივით იკვეთებოდნენ. ეს თხემი მთელ სიგრძეზე დახლეჩილიყო და მის დასერილ ფერდებს ოდნავ ფარავდა ფერმკრთალი მცენარეული ქსელი. ეს იყო ოშეტენის მწვერვალები, რომლებიც იურული ფენების თავზე აღმართულიყვნენ.
სამი უზარმაზარი რაბიდან, რომლებიც, კოტოშის რაბის მსგავსად, იურულ ფენაში არიან გამოკვეთილნი, ამ დაბლობზე სამი მდინარე გამოედინება: მათ შორის ყველაზე დიდი მჭიშთა დასავლეთით, სიდიდით მეორე ბაკლანკა აღმოსავლეთით, და მათ შორის კი ხიფსთა. მდინარე ფშანდრა ხიფსთასა და ბაკლანკას შორის გაედინება და მთის ძირებამდე აღწევს. ამ უკანასკნელი მდინარის ნაპირზე გაშენებულ ბამბორას ზღვის სანაპიროდან 2 ვერსი აშორებს. მიწითა და თიხით აგებული ციხე იმაზე უკეთეს მდგომარეობაში არ იყო, ვიდრე გელენჯიკის ციხე; მაგრამ მას უკეთესი მდებარეობა აქვს. ციხეს 500-600 ჯარისკაცი და 12 ზარბაზანი იცავს. ძალზე გამიკვირდა, რომ შიდა ციხე საცხოვრებლად კარგად იყო მოწყობილი.
როდესაც გენერალმა ვაკულსკიმ და პოლკოვნიკმა პოცოვსკიმ (რომელიც დღეს უკვე გენერალია, იმ დროს კი აფხაზეთში დისლოცირებული პოლკის მეთაური იყო), ეს შესანიშნავი ტყეები ნახეს, აზრად მოუვიდათ მშვენიერი იდეა შეეგულიანებინათ ფრანგი ჟან ბატისტ დემანჟი, რათა მას ხიფსთის ნაპირზე პოლკის ხარჯებით აეშენებინა სახერხი ქარხანა. ბ-ნი დემანჟი ერთ-ერთი იმ მუშათაგანი იყო, რომელიც ბ-მა გამბამ იმერეთში ჩამოიყვანა საკუთარი მეურნეობის მოსაწყობად. მან მშვენივრად იცოდა თავისი საქმე და სულ მცირე დროში ბამბორასთან ახლოს ძალზე მოსახერხებელი და უმარტივესი სახერხი ქარხანა ააშენა; თანაც არც კლიმატს შეუშინდა, არც აფხაზების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეს და რაც სხვა ათასგვარ სირთულეს. ადგილი, სადაც მან სახერხი ქარხნის აგება გადაწყვიტა, ყველაზე უღრან და გაუვალ ტყეს წარმოადგენდა. საჭირო იყო ხიფსთის ერთი ტოტის შემობრუნება, არხის გაყვანა და გრუნტის ამოღება. ვერანაირმა დაბრკოლებამ იგი ვერ შეაჩერა და როდესაც ქარხნის მშენებლობა დასრულდა, მან თვითონვე შეასწავლა ჯარისკაცებს ეს საქმე, თვითონვე ააგო მაღალბორბლებიანი ურმები, რათა ადვილად გადაეზიდათ ხის დიდი მორები. ბ-ნი დემანჟი ნამდვილად იმსახურებდა მთავრობისაგან ჯილდოს, მაგრამ იმპერიის მეორე ბოლოში ვინ მიიტანდა ამბავს იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი მსხვერპლი გაიღო მან ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად. სულ მოკლე დროში, ყოველგვარი ძალისხმევისა და გადაღლის გარეშე, ჯარისკაცებმა ააშენეს მშვენიერი, ვრცელი და ძალზე მასახერხებელი ყაზარმები, კარგი ლაზარეთი და აგრეთვე საცხოვრებელი სახლები ოფიცრებისათვის. ასევე მშვენიერი ბინა ჰქონდა პოლკოვნიკსაც.
ჰიგიენური პირობების ესოდენ მკვეთრი გაუმჯობესება მეტად მნიშვნელოვანი იყო ჯარისკაცებისათვის, რომლებიც აქ არა იმდენად მავნე კლიმატისა და მისგან გამოწვეული დაავადებებისაგან იღუპებოდნენ, რამდენადაც იმის გამო, რომ ამ მძიმე პირობებთან ბრძოლის საშუალებებს იყვნენ მოკლებულნი: განა შეიძლებოდა, რომ აქ არ ყოფილიყო ავადმყოფობითა თუ ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობა, მივიჩნიე. როდესაც უამრავი ჯარისკაცი ერთად იყო შეყრილი აყროლებულ მიწურებში და, ამასთანავე, ისინი ცხოვრობდნენ აფხაზეთის ცის ქვეშ, რომელიც ერთდროულად ნესტიანიცაა და მცხუნვარეც. ამგვარ კლიმატურ პირობებში ჟანმრთელობის უმთავრესი საწინდარია მშრალი სადგომი, რომელიც კარგად ნიავდება და ნოტიო მიწის ზედაპირიდანაც შეძლებისდაგვარად ამაღლებულია.
სახელწოდება ბამბორა მომდინარეობს აფხაზური სიტყვიდან აბორა, რაც საქონლისათვის შემოღობილ ადგილს ნიშნავს. იგი ისეთივე გადასახლების ადგილია, როგორც გაგრა და სახუმ-კალე, ოღონდ უკვე მეორეხარისხოვან, ნაკლებად მკაცრ განსაწმენდელად ითვლება. აქ თითქოს ქვეყნის დასალიერში იმყოფები, მოქყვეტილი ხარ ყოველგვარ ცივილიზაციას ეს არის და ეს. სხვა მხრივ კი ეს ადგილი არაჩვეულებრივად ლამაზია და თავისი სიმშვენიერით შეუძლია შვეიცარიის ულამაზეს პეიზაჟსაც კი გაუწიოს მეტოქეობა. თუკი მცირეოდენ ზრუნვას გამოიჩენენ საკუთარი თავის მიმართ და გამაფრთხილებელ ზომებსაც მიიღებენ, აღარც კლიმატი იქნება ისეთი ფატალური; ყოველივე ამის შემდეგ სავსებით შესაძლებელი იქნება მასთან შეგუება. შემოგარენში ყოფნა გაცილებით უფრო უსაფრთხოა. დაახლოებით ათი ვერსის მანძილზე თავისუფლად შეიძლება სეირნობა. ეს იმის გამოა, რომ რუსეთის ქვეშევრდომი აფხაზეთის მთავარი იქვე მეზობლად ცხოვრობს.
ციხიდან ოდნავ მოშორებით, ჩრდილო-დასავლეთის მხარეს, გაუმაგრებელი დაბა მდებარეობს თავისივე ბაზრით. იგი ყოველნაირად იზრდება და თუკი ვინმე აქ დასახლებას მოისურვებს, მას დახმარებასაც უწევენ. ზოგიერთ ოფიცერს აქ უკვე სახლებიც აქვს. 1834 წლის ერთ ღამეს ამ დაბას უეცრად 400-500-მდე ჩეჩენი დაესხა თავს გაძარცვის მიზნით. ამის შემდეგ დაბას დამცავი თხრილი შემოავლეს.
ლიხნი ანუ სოუკ-სუ და აფხაზეთის მთავარი მიხეილ-ბეი რუსეთის ქვეშევრდომობაში მყოფი ახლანდელი მთავარი მიხეილ-ბეი ცხოვრობს ლიხნში, რომელიც ციხის ჩრდილოეთით სამ ვერსზე მდებარეობს. გამბას რუკაზე ლიხნი აღნიშნულია სახელწოდებით Loghine, იმერეთის მეფის ალექსანდრეს რუკაზე (1738 წ.) კი _ მონასტერი Likhin; თვით აფხაზები წარმოთქვამენ, როგორც Louk’hin, ხოლო რუსებმა იგი 1834 წლის ახალ რუკაზე ლიხნად გადააკეთეს. მიხეილ-ბეიმ და მისმა ძმამ საფარ-ბეიმ ეს სახელწოდება სოუკ-სუდ შეცვალეს, რაც “ცივ მდინარეს” ნიშნავს, იმ საუკეთესო წყაროს აღსანიშნავად, რომელიც კონგლომერატის გამჭოლად ამოსჩქეფს. მეგრელები კი მას განსაკუთრებულ სახელს „ზუფუს“ უწოდებენ (რაინეგსი, II, 5. Suppu-s ანაკოფიის სამხრეთით 300-ზე მიუთითებს; საერთოდ, მის მიერ მოცემულ აფხაზეთის აღწერაში, ისევე როგორც რუკაზე, დიდი გაურკვევლობაა.), რაც, როგორც ჩანს, სამეგრელოში დადიანების რეზიდენციას ზუბდიდს ანუ ზუგდიდს (დიდი ზუბუზუპი Zoubouzoup) უკავშირდება.
ბამბორადან მოყოლებული, ულამაზეს ადგილებში მომიხდა გასეირნება; იქვე ახლოს ლუხინის დიდებული მამულები შემოგვეგებნენ.
ევროპელისათვის, რომელიც უფრო ზომიერ კლიმატურ ზონაში ცხოვრებას არის მიჩვეული, წარმოუდგენელია ზეციურად ნაკურთხი მიწის აფხაზეთისა თუ სამეგრელოს პეიზაჟის ესოდენ თვალწარმტაცი მშვენება; არნახული სიმაღლის ცაცხვისა და წიფლის ხეები, მიწის ეს მშვენიერი ქმნილებანი, კენწეროებამდე ასწლოვანი, უზარმაზარი სისქის ვაზით იყვნენ დაფარულნი; სიმინდისა და ფეტვის ყანები, ხისა თუ წნულისაგან შეკრული სუსტი და უბადრუკი ფაცხები აქა-იქ ხეების საფარქვეშ გაბნეულიყვნენ; ჩემს თვალწინ ყოველი მხრიდან ერთიმეორეზე უკეთესი სოფლური პანორამა თუ ულამაზესი ხედი იშლებოდა. აი, ასეთი ადგილები გავიარე, ვიდრე მიხეილ-ბეის მამულს მივადგებოდი.
ამ ცოტა ხნის წინ მთავარმა საცხოვრებელი აიშენა ძველი კოშკის ძირში, რომელიც დირონი ხეებით დაფარული მაღლობის წვერში იდგა. სახლი ხისა იყო და ზუსტად ისეთივე, როგორსაც ყველაზე მდიდარი და ძლიერი მთავრები იშენებდნენ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში. იგი მეორე სართულის დონეზე, ერთმანეთთან გადახლართულ ხის კედლებსა და კოჭებზე იდგა. ქვემოთ თავლა იყო მოწყობილი, სახლის გარშემო კი აივანი იყო მიშენებული.
ინტერიერი შედგებოდა რამდენიმე საკმაოდ დიდი ოთახისაგან, უბრალო ხის კედლებითა და ხისავე იატაკით. მთელ ავეჯს წარმოადგენდა ნოხებით დაფარული უზარმაზარი, მასიური ტახტები და, გამონაკლისის სახით, რამდენიმე სკამი.
ძირითადი მორთულობა აქ თურქების მიერ მოცისფრო დიორიტისაგან საკმაოდ ნატიფად დამზადებული ბუხრებია. მთავარმა თავაზიანად მიგვიღო.
სელიმ II-ისა და მურად III-ის ხანაში, სპარსეთისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისმღვრელი ომების დროს, თურქებმა თავი გამოაცხადეს იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის სუზერენებად და ადგილობრივი მთავრები ვასალებად გაიხადეს. ამასთანავე, მათ თავის გამგებლობაში დაიტოვეს ქვეყნის მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები, სადაც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გარნიზონები ჩააყენეს. ამავე მიზნით 1578 წელს მათ ააგეს ფოთი ფაზისის შესასვლელში, და სოხუმკალე ამავე სახელწოდების ყურის ბოლოს (ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ამავე პერიოდს ემთხვევა სუჯუკ-კალეს დაარსების თარიღიც). ერთნაირი გეგმით აგებული ორივე ეს ციხე წარმოადგენდა ფაშის რეზიდენციას, რომელსაც აქ სპარსეთი (სიც თურქეთი ლ. მ.) აგზავნიდა.
1771 წელს თურქებისაგან შევიწროვებული აფხაზები აჯანყდნენ და სოხუმკალე დაიკავეს. აჯანყებას სათავეში ედგა ორი ძმა შარვაშიძეთა საგვარეულოდან ლევანი და ზურაბ-ბეი. თურქების განდევნის შემდეგ მათ შეეძლოთ საკუთარი ძალებით დაეცვათ თავიანთი დამოუკიდებლობა, მაგრამ ერთმანეთს შორის განხეთქილების გამო მათი ძლიერებაც შესუსტდა და ლევანი იძულებული გახდა, სოხუმის ციხე 20 ქისად (24000 ფრ.) მიეყიდა თურქებისათვის; ეს უკანასკნელნი ციხეს, რომელშიც თავიანთი იანიჩრები ჩააყენეს, მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იცავდნენ, შემდეგ კი მიატოვეს, როგორც მათთვის უსარგებლო ადგილი. მერე ციხეს დაეპატრონა ვინმე ქელეშ-ბეი, რომლის შესახებაც ირწმუნებოდნენ, რომ ისიც შარვაშიძეთა საგვარეულოდან იყო. მას თავი ისე ეჭირა, თითქოს თურქებს ემორჩილებოდა1.
1. ასე აღწერს ამ მოვლენებს რაინეგსი (II, 8) და მეც სავსებით ვეთანხმები მას; იგი პირადად იცნობდა ამ პიროვნებებს და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რომლებსაც რუსეთი აწარმოებდა ამ კავკასიელ მთავრებთან.
მაგრამ ქელეშ-ბეიმ შეიფარა პორტადან განდევნილი ტრაპიზონის ფაშა თაიარი. პორტამ ამ უკანასკნელის მისთვის გადაცემა მოითხოვა; ქელეშ-ბეიმ, რომელმაც თავი თაიარის ყონაღად გამოაცხადა, არ შეასრულა ეს მოთხოვნა, რადგან აქ სტუმართმოყვარეობის წესებს მკაცრად იცავდნენ. პორტას არ შეეძლო ღიად მოქმედება, ამიტომ თავის ჩვეულ ხერხს მიმართა შეთქმულება მოუწყო ქელეშ-ბეის, რომელმაც, უკეთ რომ შებრძოლებოდა სულთანს, ქრისტიანობა მიიღო და თავი რუსეთის ვასალად ცნო. მისი მოქცევის შემდეგ სულ მოკლე ხანში იგი საკუთარმა ვაჟმა ასლანმა მოკლა, რომელიც პორტამ მოისყიდა და ამ შეთქმულების სათავეშიც ჩააყენა2; მაგრამ ასლანმა მამის მკვლელობით ვერ ისარგებლა: იგი იძულებული გახდა გაქცეულიყო, ხოლო ქვეყნის მთავრად, რუსეთის სუზერენობის ქვეშ, მისი უფროსი ძმა საფარ-ბეი აღიარეს.
2. ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ ძალზე საინტერესო მოთხრობა სათაურით „ქალაშ-ბეი“, რომელიც ერთ-ერთი შესანიშნავი რუსი მწერლის, ახლახან გარდაცვლილი ბესტუჟევის მიერაა დაწერილი. მისი გარდაცვალება სამეცნიერო საზოგადოებისათვის დიდი დანაკლისი იყო. მოთხრობა გამოქვეყნდა ლიტერატურულ გაზეთ „რუსსკი ინვალიდ“-ში, 1837 წლის 20 თებერვალი.
საფარ-ბეი 1821 წლამდე მთავრობდა; მას რუსეთის სამსახურში პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა და ასევე ქრისტიანად იყო მონათლული, თუმცა, როგორც ამბობდნენ, შინაგანად მაინც ისლამისაკენ იხრებოდა. ამასთანავე, იგი სულაც არ განიცდიდა სინდისის ქენჯნას ღვინის სმის დროს და ხშირადაც თვრებოდა რომით, რაც მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. მას ცოლად ჰყავდა ლევან დადიანის და.
მისი სიკვდილის შემდეგ იმპერატორმა ალერქსანდრემ მთავრად ცნო მისი უფროსი ვაჟი, რომელიც იმპერატორის პაჟი იყო. ამ უკანასკნელს დიდხანს არ უმთავრია: ანარქიულ აფხაზეთში, სადაც დედამისის დესპოტიზმს უნდა დამორჩილებოდა, მან მხოლოდ ორი წელი იცოცხლა და 1823 წელს გარდაიცვალა. სამთავროს ტახტი მის უმცროს ძმას მიხეილ-ბეის დარჩა, რომელიც ჩერქეზეთში თავის ათალიკთან იზრდებოდა.
ამ ქვეყნის მძიმე მდგომარეობის გამო და თავად მიხეილ-ბეის თხოვნით, 1830 წელს რუსეთმა მის დასაცავად სამხედრო ნაწილი გამოგზავნა, რომელიც ოთხ ციხესიმაგრეში სოხუმის, ბამბორის, ბიჭვინთისა და გაგრის ციხეებში გაანაწილეს.
ჩვენთან შეხვედრისას მთავარი მიხეილ-ბეი ძალზე შეწუხებული იყო არსებული მდგომარეობით; იგი თავისი სახლის გამაგრებით იყო დაკავებული: სახლს გარშემო ავლებდნენ მესერს, რომელსაც ათი ფუტის სიმაღლის სქელ კოჭებზე ამაგრებდნენ, ძველი კოშკის თავზე კი ხის სხვენს ადგამდნენ1. ქელეშ-ბეის გარდა საფარ-ბეის კიდევ ხუთი ვაჟი დარჩა: ასლანი (მამის მკვლელი), ჰასან-ბეი, ბატალ-ბეი და სხ. ყველანი ერთიმეორეზე დაუოკებელნი იყვნენ.
1. ნაგებობის ნაწილი, რომელსაც ირგვლივ, მიწიდან ერთი ან ორი სართულის სიმაღლეზე, აივნები ჰქონდა. თათრების შემოსევების დროს აქ პოლონელები აფარებდნენ თავს.
მიხეილ-ბეის მომხრეებმა ჰასან-ბეის ერთ-ერთი ვასალი მოკლეს. ჰასან-ბეი ცხოვრობდა კელასურში, სოხუმს იქით, ძველი დიოსკურიის მახლობლად. როდესაც იგი თავის დაახლოებულ 12 პირთან ერთად ქუთაისში გაემართა საჩივლელად, იძულებული გახდა, გზიდან უკან გამობრუნებულიყო, რადგან თავს დაესხა მიხეილ-ბეის მიერ გამოგზავნილი 200-მდე აფხაზი. მიუხედავად მომხდურთა რიცხობრივი სიჭარბისა, ჰასან-ბეიმ მაინც შეძლო მათი მოგერიება, მოკლა მათი ერთ-ერთი წინამძღოლი საკმაოდ გავლენიანი აზნაური და მიხეილთან დაახლოებული პირი. ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბიძასა და ძმისწულს შორის ჩადგა სისხლი. ამ დროიდან მოყოლებული, მოკლულის ოჯახი ყველანაირ საშუალებას მიმართავდა შურის საძიებლად.
სუზერენის ძალაუფლების გამოყენებით მიხეილ-ბეის სურდა, ეიძულებინა საკუთარი ბიძა, რომელიც სრულებით არ უყვარდა, შურისძიების კანონს დამორჩილებოდა; მაგრამ ჰასან-ბეი, რომელიც ძალზე ცბიერი, ეშმაკი, ინტრიგების დიდი ოსტატი და, ამასთანავე, მთელ აფხაზეთში ერთ-ერთი უჭკვიანესი პიროვნება იყო, დაუფარავად დასცინოდა თავის ძმისწულს მისი მოთხოვნების გამო და პირიქით ამტკიცებდა, რომ სწორედ მას უნდა მოეთხოვა სასტიკი შურისძიება საკუთარ თავზე ასეთი მუხანათური თავდასხმის გამო და მიხეილ-ბეის შეუთვალა, ან მისთვის გადეცა დამნაშავენი, ან თვითონვე დაესაჯა ისინი.
ეს კი მიხეილ-ბეის, უფრო კი მასთან დაახლოებული პირების არად ჩაგდებას ნიშნავდა, რადგან იგი, თავისი ბუნებით, არ შეიძლებოდა ქვეყნის გამგებელი ყოფილიყო: მას, უპირველეს ყოვლისა, დედამისი მთავარ დადიანის და მართავდა. ამასთანავე, იგი სათავეში ედგა ხალხს, რომელიც თავად უფრო იყო მისი გამგებელი.
მთელი აფხაზეთი ფეხზე იდგა, დღე-დღეზე ომი უნდა დაწყებულიყო, არავითარი გარანტია არ არსებობდა, მოწინააღმდეგე მხარეები შეტაკების მოლოდინში ერთმანეთს ზვერავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე მის მხარეზე იყო, ჰასან-ბეი გრძნობდა, რომ მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას მაინც ვერ მიიღებდა, რადგან ეს უკანასკნელი მას, როგორც ვასალს, სუზერენის წინააღმდეგ ამხედრებას არ მოუწონებდა. ამიტომაც მან ჩერქეზებს უხმო დახმარებისათვის და თავის ძმისწულს მათი თავდასხმით დაემუქრა. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ჰასან-ბეიმ შეძლო დაერწმუნებინა მიხეილ-ბეი, რომ ჩერქეზები მას თავს დაესხმოდნენ სამი რაზმით, რომელთაგანაც ერთი ზღვიდან შემოვიდოდა გალერებით, მეორე ზღვის სანაპიროს გამოუყვებოდა, ხოლო მესამე მაღალი მთებიდან შემოუტევდა.
ამ ამბავმა ძალზე შეაშფოთა მიხეილ-ბეი, რომელმაც მყისვე თავისი წარმომადგენლები გაუგზავნა ბიძას, მაგრამ შეთავაზებულ პირობებზე ვერავითარი პასუხი ვერ მიიღო. ჰასან-ბეის უნდოდა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საქმე მედიატორებისათვის გადაეცა, რომელთა შორისაც კაცო მარღანიას მოწვევას ვარაუდობდა, მაგრამ მიხეილი ამაზე არ თანხმდებოდა. რუსები აქ ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ: ისინი ცდილობდნენ მოშუღართა დაყოლიებას, ხან იმუქრებოდნენ, ხან შერიგებისაკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხეს მათ შორის მშვიდობის დამყარება.
ჩერქეზთა მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის პირობებში, ცხადია, ექსკურსიებისათვის შესაფერისი მომენტი არ იყო და მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა მფარველობაც აღმითქვა და ბადრაგაც გამომიყო, მე მაინც ვამჯობინე, დროებით უარი მეთქვა ყოველგვარ ასეთ წამოწყებაზე. მთავარი მიხეილი ტანმაღალი და მშვენიერი აღნაგობისა იყო. მას გრძელი ქართული ცხვირი და შავი თმა ჰქონდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჭკვიანური გამომეტყველებით გამოირჩეოდა. ჩვენი მიღებისას მას ქართული ტანსაცმელი ეცვა, თბილისში კი პრეობრაჟენსკის გვარდიის პოლკოვნიკის ფორმას ატარებდა.
მიუხედავად იმისა, რომ იგი ქრისტიანია, სინდისი სულაც არ აწუხებს, რომ რამდენიმე ცოლი იყოლიოს და თან ერთიმეორის მიყოლებით გაეყაროს მათ, როგორც კი თავს მოაბეზრებენ. მთავარი ძუნწ პიროვნებად ითვლება და გარდა ამისა, მას ბევრ ისეთ თვისებასაც მიაწერენ, რაც მის ღირსებას ჩრდილს აყენებს. იგი ხშირად სტუმრობს ხოლმე ციხესიმაგრეს, აქ ჭამს, სვამს და დროს ატარებს ხან ერთთან და ხან მეორესთან; ამ დროს კი მასთან მისულ სტუმარს ერთ ჭიქა წყალსაც კი არ შესთავაზებს, მათ შორის იმასაც კი, ვისაც მისთვის დიდი სამსახური გაუწევია; ამაში თავადვე დავრწმუნდი.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ვასალები რუსეთს დიდ დაბრკოლებას უქმნიან კავკასიის დასავლეთში წარმატების მისაღწევად. ძალაუფლებისადმი ლტოლვა, გამწვავებული ვასალისა და სუზერენის კონფლიქტით, ბუნებრივია, მტრულად განაწყობდა მიხეილ-ბეის რუსებისადმი, რომელთაც მის ქვეყანაში სურდათ დამკვიდრება. მას ეშინოდა რუსების, შესაძლოა კიდეც სძულდა ისინი და ყველაფერს გააკეთებდა, რომ ქვეყანაში მათი წარმატებული სვლა შეეფერხებინა, ან სავსებით აღეკვეთა; თუმცა იგი რუსების იქ ყოფნას იტანდა იმდენად, რამდენადაც ამას მისივე პირადი უსაფრთხოება მოითხოვდა. მას კარგად ესმოდა, რომ რუსეთის გარეშე მთავრის ტიტულს ვერ შეინარჩუნებდა და დარწმუნებული იყო, რომ საკმარისია, რუსებს მისთვის ზურგი შეექციათ, რომ ქვეყანაში კვლავ უწინდელი სავალალო ანარქია გამეფდებოდა; ვინ დაიცავდა მას ჩერქეზებისაგან, ან პატივმოყვარე ბიძის ინტრიგებისაგან, ან ურჩი ვასალებისაგან?! ამიტომაც იგი იძულებული იყო, მოთმინებით აეტანა მფარველი და მბრძანებელი. ამავე დროს, იგი არაფრით არ გააკეთებს იმაზე მეტს, რაც აუცილებლად ევალება და ყოველთვის გამოძებნის ათასნაირ გამამართლებელ მიზეზს, რათა თავიდან აიცილოს დანარჩენი მოთხოვნების შესრულება. მთავრისათვის სარისკო რომ არ ყოფილიყო, იგი პირველი შეეცდებოდა რუსების განდევნას აფხაზეთიდან… მას აფხაზური გული უცემს, ეს გული კი ვერ ეგუება ლაგამის ამოდებას. რუსები მას მხოლოდ იმისათვის სჭირდება, რომ თავის ქვეყანაში თავისუფლად აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება.
ამრიგად, რუსეთს აქ საკმაოდ რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი; მას სურს სიკეთე მოუტანოს ამ ქვეყანას, მაგრამ, ცხადია, ასეთ ვითარებაში მისი ძალაუფლება მხოლოდ სიტყვიერია. მას სურს ზომიერების ფარგლებში დარჩეს და ამიტომ ვერ ახერხებს გავლენის მოპოვებას. მიუხედავად თხოვნისა და მუქარისა, რუსეთმა ვერც დაიყოლია და ვერც აიძულა ადგილობრივი თავადები და თვით მიხეილ-ბეიც, უარი ეთქვათ ყაჩაღობაზე, მოხეტიალე და მუქთახორა ცხოვრებაზე, რაც აფხაზი ხალხისათვის მუდამ იყო დამახასიათებელი და რაც კეთილშობილური თვისებების თვალსაზრისით მათ ჩერქეზებზე გაცილებით დაბლა აყენებს. მიხეილ-ბეისა და მის ვასალებს სავსებით აკმაყოფილებთ ასეთი ცხოვრება: ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს ბედნიერებაზე. ჰკითხეთ ნახევრად ველურ აფხაზს, რა არის მისი სანუკვარი სურვილი: თოფი, ხმალი, უხარისხო ვერცხლით მოჩუქურთმებული ხანჯალი, საპირისწამლე და ვერცხლის პატარა ყუთი, სადაც ტყვიების საპოხს ინახავენ აი ყველაფერი ის, რაც მისი ბედნიერებისთვის არის საჭირო.ამას ემატება გაცრეცილი ტანსაცმელი, საცოდავი ფაცხა1 და ცოტაოდენი ფეტვის ცომი, თუმცა ეს ყველაფერი მათთვის მხოლოდ დამატებითი ღირებულებისაა: იარაღი აი მათი ბედნიერება და სიმდიდრე.
მათ შორის ყველაზე ბედნიერია ის, ვისაც ყველაზე ლამაზი და საუკეთესო იარაღი აქვს და, შესაბამისად ყველაზე დიდი ყაჩაღია ამ ქვეყანაში2, რადგან მისი პატივმოყვარეობა, რომლის დასაკმაყოფილებლადაც იგი არაფერს თაკილობს, მდგომარეობს იმაში, რომ რუსებს ჩაუსაფრდეს ხან ერთ, ხან მეორე ადგილას, გაიტაცოს მათი ქონება და, თუკი მოახერხებს, ტყვედაც აიყვანოს ისინი.
1. sacle – დაწნული ტოტებისაგან აგებული ქოხი.
2. ქებით არც შარდენის მიერ აღწერილი აფხაზები გამოირჩევიან: მოგზაურის გადმოცემით, აფხაზები მთლად ისეთი ველურები არ არიან, როგორც ჩერქეზები, მაგრამ ისეთივე მიდრეკილება აქვთ ქურდობისა და ყაჩაღობისადმი: გაცვლა-გამოცვლის ძირითადი საგანია ადამიანი, ბეწვეული, ირმისა და ვეფხვის ტყავი, სელის ნართი, ბზა, ცვილი და სანთელი. I, folio 70.
წარსულში აფხაზების ვაჭრობის ძირითად საგანს ტყვეები წარმოადგენდნენ და ახლაც, რუსეთის სუზერენული ხელისუფლების ქვეშ, ისინი ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლებულან ამ საძაგელი ჩვეულებისაგან; მაგრამ აფხაზი, ისევე როგორც ჩერქეზი, შურისძიების კანონის შიშით, ვერ ბედავს თავისი თანამოძმის გაყიდვას. უკანასკნელ, უღარიბეს გლეხსაც კი შეუძლია გაუსწორდეს საკუთარ თავადს და თვით მიხეილ-ბეისაც კი, თუკი ისინი გაბედავენ და მის რომელიმე ახლობელს გაყიდიან.
უწინდელ დროში ადრიდანვე იჭერდნენ თადარიგს, რათა მუდმივად ჰყოლოდათ გასაყიდი ტყვეები: ზღვაზე თარეშის, მეზობელ ხალხებთან ბრძოლის, ან კიდევ იმერეთისა და ჩერქეზეთის ძარცვა-რბევისას აყვანილ ტყვეთა შორის გამოარჩევდნენ და სასწრაფოდ აქორწინებდნენ მათ, ვისგანაც კარგი შთამომავლობის მიღების იმედი ჰქონდათ. ბავშვებს დაბადებისთანავე ჩამოართმევდნენ ტყვე მშობლებს და მიჰყავდათ გასაზრდელად იმ დრომდე, ვიდრე შესაძლებელი გახდებოდა მათი მომგებიანად გაყიდვა. ეს საცოდავი ტყვეები ბავშვების ნამდვილი მწარმოებლები იყვნენ.
ეს ბარბაროსული ჩვეულება ჩერქეზებისას ჰგავს და რუსებმა ვერ შეძლეს მისი ბოლომდე აღმოფხვრა: მათი ზედამხედველობის მიუხედავად, აფხაზები მაინც ახერხებენ ტყვეებით ვაჭრობას, რომლის ძირითად ფონდს გატაცებული რუსი ჯარისკაცები წარმოადგენენ. თურქები რუს ტყვეებს აფხაზებისაგან ადგილზევე ყიდულობენ, შემდეგ კი ტრაპიზონში ან მცირე აზიის სხვა პორტებში მიჰყავთ გასაყიდად.
ეს საშინელი ვაჭრობა მთლიანად აღიკვეთებოდა, მიხეილ-ბეი და ჰასან-ბეი თვითონვე რომ არ იყვნენ ამ საქმის ძირითადი მონაწილენი. ისინი ხელს არ უშლიან ჯარისკაცების მოტაცებას და ამით მოგებასაც კი იღებენ. ცხადია, ჰასანბეიზე უკეთ არავინ იცის, რაც ხდება მის ქვეყანაში; ამბობენ, იგი ფუშეზე უფრო გამჭრიახი გონებისააო. შეიტყობს თუ არა, რომ მავანმა აფხაზმა ვინმე დაატყვევა, მაშინვე თავისთან იბარებს გამტაცებელს და რუსებზე გადაცემით ემუქრება (ამისი მათ ძალიან ეშინიათ), თუკი არ მოუყვანენ ძროხებს, ცხენს და ა.შ. როცა დამნაშავე ხარკს გადაიხდის, მთავარი უფლებას აძლევს, გაყიდოს ტყვე და ყველანაირად მფარველობს კიდეც მას ამ საქმეში. რუსები კი ამაოდ ითხოვენ მისგან მართლმსაჯულების აღსრულებასდა დამნაშავეთა გადაცემას: იგი ათასნაირი ხრიკებით ახერხებს თავის დაძვრენას და რუსები ვერაფერს ხდებიან. ამ მხრივ ბიძამისზე უკეთ არც მიხეილ-ბეი იქცევა.
შესაძლოა, თურქეთთან დადებული ხელშეკრულებით რუსებმა შეძლონ ტყვეთა ვაჭრობის აღკვეთა. ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი ვალდებულია რუსეთს დაუბრუნოს ყველა ლტოლვილი რუსი ჯარისკაცი, რომელმაც თავი შეაფარა თურქეთს, აგრეთვე რუსეთის ყველა ქვეშევრდომი, რომელიც მონად წაიყვანეს ან მონად გაყიდეს. თუკი თურქი ფაშები ამ შეასრულებენ ხელშეკრულებას, რომელსაც მათთვის უკუქმედების ძალა აქვს, მაშინ აფხაზეთში ტყვეთა შესასყიდად წასული ვაჭრები იმდენად დიდ საფრთხეში ჩაიგდებენ თავს, რომ ამ საქმიანობის გაგრძელებას აღარც მოინდომებენ.
თანამედროვე აფხაზეთში ხუთი ძირითადი აფხაზური ტომი შედის: 1) ბზუბების ტომი, რომელიც გაგრიდან ანაკოფიამდე სახლობს და 18700 სულს ითვლის. 2) საკუთრივ აფხაზების ტომი ანაკოფიიდან კელასურამდე, 8100 სული. 3) წებელდის ტომი კოდორის ზემო ხეობაში, 15000 სული. 4) აბჟუას ტომი გაგრიდან კოდორამდე, 10500 სული. აფხაზეთის მთელი მოსახლეობა განისაზღვრება 52300 სულით. მე არ ჩამითვლია მეხუთე სამურზაყანოს ტომი, რომელიც სამეგრელოს მთავარს ექვემდებარება. ეს არის გადარჩენილი მოსახლეობა, რომელიც უწინ ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტყვეთა ვაჭრობის შედეგად ყოველწლიურად მცირდებოდა.
ამასთანავე, ყაჩაღურმა ცხოვრებამ, რომელიც დიდ პატივშია აფხაზებში, ისინი სრულ უსაქმურობას მიაჩვია. საცოდავი სანახავია მათი უბადრუკი ქოხები – წნულით ნაგები და ალიზით შელესილი, სადაც ოჯახები საქონელთან ერთად ცხოვრობენ. ისინი არ თიბავენ მდელოებს და საძოვრებს, არ იმარაგებენ თივას და თუ მკაცრი ზამთარი დგება, საქონელს ერეკებიან ტყეში, სადაც იგი შიმშილისა და სიცივისაგან იღუპება. ერთი ან ორი ძროხა დიდი სიმდიდრეა უბრალო აფხაზისათვის, ნახირი მხოლოდ თავადებს ჰყავთ. ხარებიც და ძროხებიც აქ დაბალტანიანია, მაგრამ კარგი ჯიშისა. მათი მეურნეობა ძალზე წააგავს ჩერქეზებისას, თუმცა მათთან შედარებით უფრო ღარიბულია. ჩერქეზების მსგავსად, აფხაზებსაც ბევრი ცხვარი და თხა ჰყავთ. ცხვრის ხორცი გემრიელია, მატყლი კი უხეში. მათი ძირითადი საკვებია სიმინდი, ფეტვი და ერთგვარი ჯიშის ლობიო. მრეწველობის არანაირი დარგი აქ არ არის განვითარებული. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაყოფიერ ქვეყანაში ცხოვრობენ და საზღვაო ვაჭრობისთვისაც საუკეთესო მდებარეობა და პირობები აქვთ, აფხაზები მაიმც უკიდურეს სიღარიბეს განიცდიან. 1831 წელს ბ-ნი პოლ გიბალი ნოვოროსიის კურიერში (№103) წერდა, რომ „ამ სიღარიბემ ისინი ძალზე დაამდაბლა; მათ ურჩევნიათ მოწყალება ითხოვონ, ვიდრე იმუშაონ. ისინი შიმშილობენ, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით და როგორც კი დაინახავენ, რომ სადმე სამზარეულოში ცეცხლი ანთია, ან სადღაც ხარი ან ცხვარი იკვლება, მაშინვე იქ გაჩნდებიან და შეთავაზების გარეშე ასრულებენ ყველანაირ საქმეს იმ იმედით, რომ ერთ ლუკმა საჭმელს მიიღებენ. ხასიათის ასეთმა სიმდაბლემ მთლიანად ჩაკლა ღირსება ამ ხალხში, რომელიც მხოლოდ ძალის გამოყენებით ცხოვრობს და შეჩვეულია ხელმოკლეობას, უამინდობას და ა.შ. სიბეჯითეს და ზომიერ, მაგრამ მუდმივ სამუშაოს, ურჩევნია მოკლე ხნით თავი საფრთხეში ჩაიგდოს, რის შედეგადაც შესაძლოა ზოგჯერ მოგება ნახოს. აფხაზები სულაც არ არიან გულადნი: მათ არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ არც თურქებისათვის და არც რუსებისათვის, თუმცა თვით იდეა უცხოელთა ბატონობისა მათთვის აუტანელია. მათ შორის ყველაზე საზარელი ავაზაკებიც კი არ განეკუთვნებიან მამაც და საშიშ პიროვნებებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან დიდ გზებზე ხმლის მოსაქნევად და დამბაჩის სასროლად. აფხაზები არიან დახვეწილი და მარჯვე ქურდები, რომლებიც ადვილად გადადიან შეტევაზე მაშინ, როცა რიცხობრივად მოწინააღმდეგეს დიდად სჭარბობენ, მაგრამ სხვა შემთხვევაში მხოლოდ სიბნელეში და მალულად მოქმედებენ და მცირედი წინააღმდეგობის გაწევისას უკან გარბიან“.
ასეთ ვითარებაში ხალხისათვის ნამდვილად სასარგებლო იქნება ამ ნახევრად ველური მდგომარეობიდან, რომელშიც ისინი იმყოფებიან, ცივილიზაციისაკენ შემობრუნება; ამის განხორციელება კი შესაძლებელია რუსეთის მეშვეობით, თუკი მონარქი, რომელსაც მთელი თავისი არსებით სიკეთის კეთების მტკიცე სურვილი ამოძრავებს, შეძლებს ასეთივე კეთილშობილური სურვილი შთააგონოს იმათაც, ვინც მისი გამგებლობის ქვეშ მართავს იმპერიის ამ განაპირა მხარეებს.
ვიმეორებ, ამოცანა საკმაოდ ძნელი შესასრულებელი იქნება. უნდა გამოიძებნოს ისეთი საშუალება, რომელიც უფრო სასარგებლო იქნება აფხაზისათვის და იგიც თავს დაანებებს სიზარმაცესა და ყაჩაღობას; უნდა მიაჩვიო იგი წესრიგს, შრომას, გაუღვივო სოციალური ღირსებებისადმი სიყვარული, შეაგნებინო, რომ ხელი აიღოს იარაღზე და ყველა ადამიანი ჩასაფრებულ მტრად არ მიიჩნიოს მხოლოდ უფალს თუ შეუძლია ასეთი სასწაულის მოხდენა!
სავარაუდოდ, ყველაზე ძნელი იქნება მათი ვაჭრობის მოწესრიგება და არსებულ პირობებში მრეწველობის განვითარებისათვის ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობითა და ეკონომიკის რომელიმე დარგით დაკავებულმა აფხაზმა თავისი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები უნდა იპოვოს. როგორ შეიძლება ეს მოხდეს, როცა 200 ვერსის მანძილზე მთელ სანაპიროზე მხოლოდ ორი, ისიც ერთმანეთისაგან გვარიანად დაშორებული ბაზარია _ სოხუმი და რედუტ-კალე, თუ არ ჩავთვლით ბამბორის ბაზარს. არსებულმა ფინანსურმა და სანიტარულმა ღონისძიებებმა აქ სავსებით მოსპო ვაჭრობის განვითარების ყოველგვარი შესაძლებლობა: განა შესაძლებელია, რომ მცირეოდენი სიმინდისა თუ ტყავის გამო აფხაზებმა ასეთ მოშორებულ ბაზრებში ირბინონ? და აი აქ იწყებს განვითარებას ახალი მანკიერება თურქებთან კონტრაბანდული ვაჭრობა, რომელსაც მდინარეების შესართავებთან, ლერწმებში თავშეფარებულნი აწარმოებენ.
ერთმა ცნობილმა მოხელემ წამოაყენა წინადადება, სანაპიროს პატარა ყურეებში დაეწესებინათ გარკვეული დრო, როცა მოსახლეობას მიეცემოდა უცხოელებთან ვაჭრობის შესაძლებლობა, ამ პროცესს კი მეთვალყურეობას გაუწევდა ხომალდი, რომელიც ამავე ყურეში იდგებოდა. ეს იქნებოდა ყოველწლიური ბაზრობების მსგავსი რამ, სადაც აფხაზები ადვილად შეძლებდნენ მისვლას და საკუთარი პროდუქციის გასაღებას.
ქვეყნის შიდა ნაწილში ბაზრები სრულებით არ არის. რაოდენ დიდი სხვაობაა დღევანდელ გაუბედურებულ აფხაზეთსა და ოდესღაც მის სანაპიროებზე ულამაზეს ყვავილწნულებად შემოყოლებულ ბერძნულ კოლონიებს შორის.
მთავარ მიხეილ-ბეის ადგილ-მამულში, მისი სახლიდან ორასიოდე ნაბიჯზე, მოვინახულე ლიხნის ძველი ეკლესია. იგი საკმაოდ კარგად არის შემონახული და აგებულია ზუსტად იგივე გეგმით, როგორც ბიჭვინთის ეკლესია, მაგრამ გაცილებით მომცრო ზომისაა და უფრო სადა. სტილი ბიზანტიურია; მასალად შერჩეულია მოყვითალო კირქვის თლილი ქვა, რომელიც მეზობლად მდებარე მთებშია მოპოვებული. გუმბათი რვაწახნაგაა, ინტერიერის კედლები კი მხატვრობით არის დაფარული.
იმპერატორმა ეს ეკლესია მონასტრად აქცია და აფხაზეთში მოღვაწე მღვდლების სამყოფელად დაადგინა. მანვე არქიერს (ეპისკოპოსი), რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ადგილზე ჩამოსული, სარჩოდ გამოუყო 1500 რუბლი ვერცხლით (6000 ფრანკი).
სოუკ-სუდან ექვსი ვერსი პირდაპირი გზით, ბამბორაში შუსვლელად ვიარეთ და ხიფსთას ხე-ტყის ქარხანასთან მივედით. პოლკოვნიკმა სიკეთე გამოიჩინა და M. K.-ს, აფხაზეთის პოლკის უბრალო ჯარისკაცს, სთხოვა გამომყოლოდა და ჩემთვის ტარჯიმნობა გაეწია. ამ ჯადოსნური პეიზაჟის ულამაზეს ლაბირინთში სეირნობისას მქონდა ბედნიერება, უფრო ახლოს გავცნობოდი ამ არაჩვეულებრივ პიროვნებას და მასთან შვეიცარიაზე და საერთო მეგობრებზე მესაუბრა. ბედის უკუღმართობა ძლიერ ცვლის ადამიანებს და ზოგჯერ აკეთილშობილებს კიდეც მათ: ვინც M. K.-ს პეტერბურგში იცნობდა, გაუჭირდება იმ ცვლილების აღქმა, რომელიც მასშია მომხდარი; „სიკეთის პოვნა ყველაფერში შეიძლება მეუბნებოდა იგი, უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანიდან, როგორიც ვიყავი სანპეტერბურგში, მე ფილოსოფოსად ვიქეცი. როდესაც გვარდიაში ვმსახურობდი, მხოლოდ ამბიციით ვიყავი შეპყრობილი; ჩემთვის ცხოვრება მხოლოდ ინტრიგის, გართობის, თავდაჯერებულობისა და ყოყოჩობის აპარეზი იყო, რაც ჩვეულებრივ, პრივილეგირებულთათვის არის დამახასიათებელი. ჩემს თავშიც და სხვაშიც მხოლოდ ეპოლეტებსა და მუნდირს ვხედავდი, გონებით ნისლიან ზეცაში დავეხეტებოდი, ან ოცნებათა ბუნდოვან და უძირო უფსკრულში ვაშვებოდი; საით მიმაქანებდა უბრალო ადამიანსა და ბედის ნებიერას ეს უპრინციპო ცხოვრება!.. მთალი ჩემი სიბრძნე მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ მცოდნოდა, როგორ ვყოფილიყავი ელეგანტური, მარჯვედ ამერიდებინა თავიდან ყოველგვარი დაბრკოლოება, მეთქვა ქათინაური ზუსტად იქ, სადაც საჭირო იყო, რათა კარიერისათვის მიმეღწია და არად ჩამეგდო დანარჩენი სამყარო. ოჰ, როგორ შეიცვალა დროება! და აი, უეცრად, ადამიანისაგან, რომლის მთელ ღირსებასაც მხოლოდ ბრწყინვალე მუნდირი წარმოადგენდა, იმ ადამიანად ვიქეცი, ვისაც ღირსება მხოლოდ მისსავე პიროვნებაში უნდა მოეძია, ვისთვისაც ერთადერთი სიმდიდრე საკუთარი თავი და პირადი კეთილშობილება იყო. საზოგადოებიდან გარიყული, სამოქალაქო უფლებააყრილი, ყოველგვარ პატივს მოკლებული, იმედდაკარგული, ოდესღაც ნათელი ანგელოზი აღმოვჩნდი განკიცხული და ბნელეთის უფსკრულში ჩაფლული სხვა მეამბოხე ანგელოზებთან ერთად; გადამასახლეს პოლუსთან ახლოს, რა საშინელი მოგონებაა! და მაინც ეს იყო უფლის განგებით ჩემთვის განკუთვნილი დიდებული და მშვენიერი გაკვეთილი. შევეცადე საკუთარ თავში ჩამეხედა და შიშმა ამითანა, როცა ჩემი შინაგანი სიცარიელე აღმოვაჩინე; მუნდირი რომ გამხადეს, მეგონა, ყველაფერი დავკარგე. იმ ცივ მხარეში, მსოფლიო ცივილიზაციის საზღვრებიდან მოშორებით, მე მაინც შემეძლო მხიარულად და უზრუნველად მეცხოვრა, დავმტკბარიყავი ცხოვრებისეული კეთილდღეობით და ვყოფილიყავი განცხრომაში; მაგრამ მუდმივად მთრგუნავდა მტანჯველი აზრი: შენ არაფერს წარმოადგენ, შენ არარაობაზეც კი უარესი ხარ. და აი, სწორედ მაშინ იყო, რომ საკუთარ თავს ჩავუღრმავდი და ვკითხე, კიდევ მაქვს თუ არა ბედნიერების შანსი; გულზე ხელი დავიდე და მძიმე შინაგანი წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ შევძელი მეპასუხა „დიახ“.
ასე მეგონა, თითქოს გარდავიცვალე და უბადრუკი ხეტიალის შემდეგ, რასაც სიცოცხლე ჰქვია, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: რა წამოიღე თან მეორე ნაპირიდან? ღმერთო დიდებულო! რა სიცარიელეა! რა დამრჩა ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, რაც შესაძლოა გამომდგომოდა იმქვეყნიურარსებობაში?.. მომინდა, კვლავ ადამიანად ვქცეულიყავი. ამქვეყნად ჩემთვის ყველაფრის აკრძალვა შეეძლოთ, მაგრამ ხელს ვერ შემიშლიდნენ იმაში, რომ კაცი გავმხდარიყავი; შევეცადე ასეთად ვქცეულიყავი ჩემი გარემომცველი სამყაროს ფარგლებში. საკუთარ თავს შტავუნერგე, აზრი, რომ თუკი მარადისობაში შესაძლებელია ჯვრის ორდენის, დიდებისა თუ პატივის გარეშე არსებობა, მაშ რატომ არ შეიძლება ყველაფერ ამაზე უკვე ამქვეყნად ითქვას უარი? ვისწავლე, როგორ უნდა შემელამაზებინა ჩემი სული სასარგებლო თვისებებით, შემეფასებინა მოვლენები მათი ჭეშმარიტი ღირებულების მიხედვით და მორჩილებით დავუწყე ლოდინი ჩემს ბედისწერას. მისმა უდიდებულესობამ ჩემი შეწყნარება ინება გადასახლებიდან დამაბრუნეს და აფხაზეთში გამომგზავნეს. მე ისეთივე ჯარისკაცი ვარ, როგორც ბევრი სხვა მამაცი ადამიანი. მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი, როგორც რიგითი ჯარისკაცის მდგომარეობა, უმძიმესია იმასთან შედარებით, რისი შემოთავაზებაც ჩემთვის შეეძლოთ, მე სიხარულის ცრემლებით მივიღე ეს ამბავი, რადგან საშუალება მეძლეოდა, კვლავ რუსეთის სხვა შვილებს შორის აღმოვჩენილიყავი“.
არავინ იფიქროს, რომ ეს მშვენიერი სიტყვები გასართობად მოვიგონე, რათა ვინმეს დამნაშავის მიმართგული ავუჩუყო და ამით დიდი დანაშაული დავფარო. ეს სიტყვები ნამდვილად M. K.-ს ეკუთვნის და სულაც არ არის საჭირო რამის გამოგონება მსგავსი ადამიანების მიმართ ინტერესის აღსაძვრელად. მისი აღნაგობა, შავი თვალები, სახის გულღია გამომეტყველება სულაც არ შეესაბამებოდა მის გატანჯულ იერს. მასაც სხვებივით მოუხდა ხარკის გაღება კლიმატის მიმართ და რამდენჯერმე შეუბრუნდა შენაცვლებითი ციებ-ცხელება სიყვითლით, რამაც სერიოზული გართულებებიც დაუტოვა. ეს ამ დაავადებისათვის ცვეულებრივი ამბავია, მით უფრო ასეთ კლიმატურ პირობებში. მას იმდენად სტანჯავდა ტკივილები, რომ ჩვენ ამის გამო რამდენჯერმე საუბრის შეწყვეტაც კი მოგვიხდა.
მოგვიანებით M. K.-ს თბილისში სევხვდი, სადაც იგი პრაპორშჩიკის რანგში იყო აყვანილი. 1835 წელს იგი მონაწილეობდა გელენჯიკის ექსპედიციებში და ბოლოს ოფიცრის წოდებაც კი მიიღო.
როდესაც გემბანზე დავბრუნდი, აილაგას მონასტრის ნანგრევები მაჩვენეს. მონასტერი ზღვის ნაპირზე იყო აგებული, ფშანდრას შესართავიდან ხელმარჯვნივ, რამდენიმე ასეულ ნაბიჯზე. ეკლესია პატარა ზომისაა, მაგრამ ლამაზად არის ნაგები ბიზანტიურ სტილში, ცისფერი და მწვანე მელაფირის თლილი ქვით და დგას კონგლომერატის კლდეზე, რომელიც ზღვის დონიდან რვა ფუტის სიმაღლეზეა აღმართული. დროდადრო ზღვის ტალღები კლდის ფერდობებს ეხეთქებიან. 1833 წლის 28 ივნისს, საღამოს ცხრის ნახევარზე მომხდარმა მიწისძვრამ ბამბორაში რყევები გამოიწვია, რაც სატრანსპორტო ხომალდ „რევენიტილზეც“ იგრძნობოდა; ამავე მიწისძვრამ აილაგას მონასტრის ქვებიც დახეთქა.
თუმცა ბამბორის პეიზაჟი ხმელეთის მხრიდან ძალიან ლამაზია, მაგრამ მთელი თავისი სიმშვენიერითა და განუზომელი დიდებულებით იგი მხოლოდ ზღვიდან ჩანს. კარგ და ნათელ ამინდში სწორედ აქედან შეიძლება მკაფიოდ დაინახო წყლის ნაკადის სამი დიდი, ბუნებრივი გამოსასვლელი, საიდანაც მჭიშთა, ხიფსთა და ბაკლანკა გამოედინებიან კავკასიონის ხარკი ზღვაში ჩააქვთ (იხ. ატლასი, მე-2 სერია, ფურც. 3).
მჭიშთას ხეობა ყველაზე ვიწროა; მის ნაპირებს ხშირი ტყეები ფარავს, ფერდობების ზედა ნაწილი კი ხევებითაა დასერილი. ამ ვიწრო საპყრობილის ტყვეობიდან გამოვარდნილი მდინარე ნებივრად მიედინება ბამბორის მშვენიერ დაბლობზე, ოდნავ ტალღისებურ ადგილებს შორის. მისი ნაპირები მოფენილია ხეებით, რომელთა ჩრდილქვეშ ბზიფის ტომის აფხაზთა მრავალი სოფელია ჩამალული; მათ შორისაა პაპცვა, ბაჩა, ჩაბალურხვა, სანდრიპში ყველა მდინარის მარცხენა ნაპირზე, გარდა ჩაბალურხვისა, რომელიც მდინარის ორივე ნაპირზეა გადაჭიმული. მარცხენა პატარა შენაკადის ქვემოთ ჩანს ეშერა და ტუმტალა.
იქ, სადაც მთავრდება ქვიშიანი ბორცვები, რომლებიც ზღვას ბიჭვინთიდან მოყოლებული ესაზღვრებიან, ბამბორას რეიდის სიღრმეში მდ. მჭიშთას შესართავი ჩანს. ერთ დროს აქ აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი ბაზარი იყო; იმერეთის მეფის ალექსანდრეს რუკაზე იგი „აფხაზეთის პორტის“ სახელწოდებითაა აღნიშნული, შარდენის რუკაზე. ეს არის შუა საუკუნეების ხანის ყველა რუკაზე მითითებული ჩავო დე ბუხო ბზის პორტი, რაც სავსებით შესაფერისი სახელწოდებაა, რადგან აქ ამ მცენარით დიდი ვაჭრობაა გაჩაღებული. ეს ადგილი ახლაც აფხაზეთის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პუნქტი იქნებოდა, სანიტარული პირობების გამო რუსეთს თავიდანვე რომ არ აეკრძალა აქ ვაჭრობას.
ხიფსთას ხეობა უფრო ფართოა, უფრო ლამაზი და ტყიანი. იგი იმდენად გაშლილია, რომ ჩანს ოშეტენის დაკლაკნილი და ფიქლოვანი ფერდობები, რომლებიც თოვლის ზოლებითა და ლაქებითა აჭრელებულან. მჭიშთის მსგავსად, ხიფსთაც ბამბორის დაბლობზე მიედინება, რამდენჯერმე მიუხვ-მოუხვევს და მჭიშთას შესართავიდან სამი-ოთხი ვერსის მოშორებით შეედინება ზღვაში. მის მარჯვენა ნაპირზე განლაგებულია სოფლები მუგუძირხვა და კომკიამლა. მარცხენა ნაპირსა და პატარა მდინარე სოუკ-სუს შორის დიდი სოფელი დურიფში მდებარეობს.
მესამე ხეობა ბაკლანკის ხეობაა. იგი გადაშლილია იმ კლდის იქით, რომლის თავზეც ლიხნის ეკლესია დგას. ამ მდინარის შესართავი ბამბორასა და ანაკოფიას შორის ნახევარ გზაზეა. ხეობის ზემოთ ჩანს მწვერვალები, საიდანაც სათავეს იღებენ დიდი ზელენჩუკის წყაროები. შავი მასისაგან შედგენილი ეს მწვერვალები ასევე შავი ქონგურებითა და პირწამახული ლოდებით არიან აჯაგრულნი. ეს არის პიროქსენიკური პორფირის რომელიღაც სახეობა. აქ გაირჩევა ჩამონგრეული ლოდების მორენები და ორ მწვერვალს შორის ჩაღრმავებაში თოვლისა და ყინულის უზარმაზარი ველია ჩამოწოლილი; თოვლი ციცაბო მწვერვალებზე არ ცერდება, იგი მათ მხოლოდ შეფიფქავს ხოლმე. ტყეები უწინდებურად ვერ აღწევენ იურული ფერდობის მწვერვალამდე; მისი გრძელი, დაღარული და უსწორმასწორო თხემი მწვანით დაფარული სივრციდან გამოიყოფა და ისევე, როგორც გაგრაში, ამწვანებული ხეების ზემოთ არის მოქცეული. მწვენე საფარი აქაც ფიჭვია. სავსებით მოტიტვლებულ მწვერვალებს მხოლოდ აქა-იქ ფარავთ ერთმანეთში გადახლართული ნარგავები. აქედან არ ჩანს იურული მწვერვალი, რომელსაც „საფარ-ბეის ქუდს“ უწოდებენ, იგი მთლიანად მთებშია ჩამალული. პეიზაჟის ბოლოს, დასავლეთით მოჩანს კოტოშის ხეობა თავისი ღრანტეებით დასერილი ფერდობებით. გაგრის მწვერვალი ქვიშის ბორცვების უკანაა მოფარებული.
აფხაზეთიდან გზები მდინარე ლაბას ნაპირების გაყოლებით, მჭიშთას და ბაკლანკას ხეობების გავლით ოშეტენის მწვერვალებს შორის მიემართებიან. სწორედ აქედან მოელის მიხეილ-ბეი აბაზების თავდასხმას. ამ ვიწრობების გავლა მხოლოდ შუა ზაფხულშია შესაძლებელი. ბამბორის რეიდზე ვნახეთ გენუელების გემი, რომლის კაპიტანი იყო პოლ ბოზო; მას ჰქონდა ნებართვა, თავისი გემი დაეტვირთა ბზით, რომელიც ახლაც აფხაზეთის ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი საქონელია და ვერსად იშოვით უკეთეს ბზას, თანაც ასთი დიდი რაოდენობით და ასე იაფად. როგორც უკვე აღვნიშნე, იგი ბასმბორის ტყეებში ზედ ზღვის ნაპირამდეა გაშენებული; საუკეთესო ბზა კი ქვეყნის სიღრმეში არსებული ხეობებიდან და მთის ძირებიდან გამოაქვთ. აფხაზებს იგი ზღვის სანაპირომდე მოაქვთ, იქვე წონიან და ერთ ცენტნერ ბზას ოცდაათ გირვანქა მარილში ცვლიან, ასევე ცვლიან მას რკინაზეც. პოლ ბოზო ძალიან უკმაყოფილო ჩანდა, რადგან ერთ თურქს, რომელსაც, შეთანხმებისამებრ, გარკვეული რაოდენობის ბზა უნდა მოეტანა მისთვის, დანაპირები ვერ შეუსრულებია და ამ რაოდენობის ნახევარიც კი ძლივს მოუგროვებია. მოგვიანებით კაპიტანი ვნახეთ სოხუმ-კალეში, სადაც იგი ტვირთის შევსებას ცდილობდა.
ბზა ბამბორაში, ისევე როგორც სოხუმ-კალეში, საუკეთესოა და თანაც უხვადაა, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანებს მრავალი ლიეს მანძილზე ზურგით უხდებათ მისი გადაზიდვა, მისი ექსპორტირება თითქმის ვერ ხერხდება. პოლ ბოზოს თავისი ბზა ტრაპიზონში ინგლისის კონსულისათვის უნდა მიეყიდა, ხოლო უკან დაბრუნებისას, კონსტანტინოპოლისათვის თან წამოეღო სპარსული საქონელი, შალები, აბრეშუმის ნაწარმი, ჩიბუხები და სხ. სანაპირო ბამბორადან სოხუმ-კალემდე ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ბამბორიდან სოხუმამდე ულამაზესი ადგილებია გადაშლილი. ბაკლანკას შესართავამდე, სადაც კაზაკებს თავიანთი პოსტი აქვთ მოწყობილი, სანაპირო დაბალი და ტყიანია, ბაკლანკის იქით კი იწყება დაბალი გორაკების მწკრივი, რომელიც ზღვის ნაპირს მიუყვება და ფსირცხის შესართავთან მიახლოებისას კი თანდათან მაღლდება და დიდ, კლდოვან კედელს ქმნის. მაღალი მთებიდან წამოსული ფსირცხა აქ გზას იკვლევს, ანუ პოულობს ვიწრო, ღრმა და თვალწარმტაც გასასვლელს [...]
ფსირცხის შესართავის მარცხენა კუთხეში, ლამაზი ხეებით დაფარულ, წაკვეთილი კონუსის ფორმის მქონე ბორცვის წვერზე დგას ნანგრევებით გარშემორტყმული ძველებური, მრგვალი კოშკი. კედელი, რომელიც მას მეორე, ფერდობის შუა ნაწილში აღმართულ თეთრ კოშკთან აერთებს, არ ჩანს, რადგან იგი ფოთლებშია ჩამალული. აქედან კარგად ჩანს მეორე კედლის ნანგრევები, რომელიც უწინ ზღვის სანაპირომდე ჩადიოდა და გასასვლელს კეტავდა; ეს არის ანაკოფიის, ანუ უძველეს რუკებზე აღნიშნული ნიკოფსიის ნანგრევები1.
1. ანაკოფია ანუ ფანაკოფია, როგორც ზოგჯერ წერენ ხოლმე, აღნიშნავს ციცაბო, ღრმად ჩაჭრილ ადგილს, რომელიც შორიდან მოჩანს. ეს სახელწოდება ზუსტად შეესაბამება ადგილის იერს. იხ. ატლასი, მე-2 სერია, ფურც. 4.
ანაკოფიის პირდაპირ, ფსირცხისა და ზღვის სანაპიროს კუთხეში, რომელსაც ანაკოფიისაგან მხოლოდ მდინარე გამოჰყოფს, აღმართული იყო ფსირცხის ციხე. იგი ეყრდნობოდა მის უკან წამოზიდულ ციცაბო მთას და იმ ხეობის მთელი სიგანე ეკავა, რომელსაც იგი იცავდა, რადგან კირქვიანი მთები, რომლებიც ზღვის სანაპიროს შიდა დაბლობისაგან გამოჰყოფენ, სოხუმის სიახლოვეს საგრძნობლად ამაღლებულია. ეს არის ბამბორის კირქვიანი მაღალი კედლის განმეორება პატარა ზომებში, ან, თუ გნებავთ, პირველი რიგი ნახევარწრიული მთებისა. ციცაბო ფერდობებზე იკვეთებოდნენ მწვანეში მოჩარჩოებული დიდი, მოყვითალო ლაქები. ფსირცხის ხეობის გარდა აქ ორი სხვა ხეობაც იშლება, საიდანაც ხმაურით გაედინებიან გუმისთა და ბესლეთი. ამ ადგილების ასეთმა უცნაურმა აგებულებამ აფიქრებინა ი. კლაპროთს, რომ ეს იყო ცენტრალური ქედი, რომელიც ზღვას ებჯინებოდა, როგორც ეს მოცემულია პატარა რუკაზე, რომელიც კავკასიის 1814 წლის მისეულ არწერას ერთვის.
ანაკოფია ზუსტად ის ადგილია, სადაც ეს დაბალი ქედი ყველაზე მეტად უახლოვდება ზღვას და ტოვებს მხოლოდ ვიწრო დეფილეს, რომლითაც შეიძლება ბამბორის დაბლობიდან კოდორის შესართავსა და სოხუმში მისვლა. აქ ადვილად ამოიცნობა ის განთქმული ხეობა და ციხე, რომელსაც ბერძნები ტრაქეას უწოდებდნენ და რომლის შესახებაც პროკოპი დაწვრილებით საუბრობს თავის თხზულებაში (ბრძოლა გუთებთან, I, IV, გვ. 500): „აფსილების საზღვარს იქით, აბაზგიის შესასვლელში, არის ერთი ასეთი ადგილი: მაღალი მთა, რომელიც იწყება კავკასიის მთებიდან, ნელ-ნელა ეშვება თავისი თხემით, როგორც კიბე და როცა ევქსინის პონტს მიაღწევს, იკარგება. ამ მთის მწვერვალზე ძველად აბზგებმა ააშენეს ძალზე დიდი ციხესიმაგრე. თავიანთი ჩვეულების მიხედვით ისინი აქ იხიზნებიან და იგერიებენ მტრის შემოსევას, რადგანაც ეს ძნელად მისასვლელი ადგილია და ერთადერთი გასასვლელი, რომელიც ამ ციხისაკენ მიდის, ასევე ერთადერთი შესასვლელია აბაზგიაში და იგი იმდენად ვიწროა, რომ ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფიც კი საკმარისია თავდამსხმელთა შემოტევის მოსაგერიებლად. ბილიკს ზემოდან ადგას ციცაბო და მოშიშვლებული კლდეების კედელი, რომელიც ზღვამდეა გადაჭიმული და რომლის გამოც ამ ადგილს ტრაქეას უწოდებენ“.
შემდეგ პროკოპი აღწერს, როგორ შემოარტყეს ბერძნებმა ალყა ამ ციხეს. როდესაც მათ სოხუმის მხრიდან შეუტიეს ხეობას, ჯარი უკუგდებულ იქნა და მისი ბრძოლისუნარიანობა შეირყა, მაგრამ სწორედ ამ დროს სარდალ იოანეს, რომელიც ლაშქრობას მეთაურობდა, აზრად მოუვიდა ჯარის ნაწილი დეფილეს მეორე მხარეს გაეგზავნა და ამგვარად, ორივე მხრიდან შევიწროვებულმა აბაზგებმა ციხეს შეაფარეს თავი. მაგრამ ბერძნები მათ ფეხდაფეხ მისდევდნენ, გაქცეულმა აბაზგებმა ვეღარ შეძლეს მტრის მებრძოლთა შეკავება, რომელნიც მათთან ერთად შეიჭრნენ ციხეში და ცეცხლს მისცეს იგი. ციხე მიწასთან იქნა გასწორებული, აბაზგები კი გაიფანტნენ. ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა ქრისტეშობიდან 550 წელს.
დღეს ანაკოფია მთლიანად მიტოვებულია; ნანგრევებს შორის აღარაფერია, გარდა პატარა, ძალიან ძველი ეკლესიისა, რომელიც ოდესღაც აქ არსებულ სიცოცხლეზე მიანიშნებს. იგი ცნობილია მთელ აფხაზეთში და თვით საქართველოშიც, რადგან ფიქრობენ, რომ სწორედ აქ არის დაკრძალული წმინდა სვიმონი. ვახტანგ V-ის ქართულ ქრონიკაში მართლაც არის მოთხრობილი, რომ ადერკის, ბარტომის ძის, მეფობის დროს, რომელიც ქრისტეშობიდან ცოტა ხნის შემდგომ ზეობდა, ორი მოციქული წმ. ანდრია და წმ. სვიმონ კანანელი აფხაზეთში და ეგრისში ქრისტიანობის საქადაგებლად მოვიდნენ. წმ. სვიმონი მიიცვალა ქალაქ ნიკოლში, ანუ ანაკოფიაში, ბერძნების ტერიტორიაზე, ხოლო წმ. ანდრია გაემგზავრა სამეგრელოში ქრისტიანობის გასავრცელებლად1.
ფსირცხის2 ციხისაგან მხოლოდ უძველესი ლეღვის და სხვა დიდრონი ხეების ჩრდილით დაფარული კოშკებისა და კედლების მიტოვებული ნანგრევებია შემორჩენილი. ხეები ისე გადმოხრილან ამ ნანგრევებზე, თითქოს მათი მარტოობის დაფარვა უნდათო. ორასი წლის წიონ ეს სამეგრელოს დადიანების ბოლო სამფლობელო იყო აფხაზეთის მხარეში. ნანგრევებთან ახლოს კაზაკთა პოსტია, საიდანაც სოხუმამდე 21 ვერსს ანგარიშობენ, მე კი ვფიქრობ, რომ მანძილი უფრო მეტია.
1. Klaprtoth, voy. au Caucase, გამოც., II, 113 და 114.
2. Pizirdsiza ციხის სახელწოდებაა, Absta მდინარის სახელია ხატოვის რუკაზე; შუა საუკუნეების რუკაზე ამ მდინარეს აგრეთვე fiume de Nicofia-ს სახელით არის აღნიშნული. რაინეგსი (II, 5) მას Kuri-ს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ნავსადგური, რომელიც მის შესართავში მდებარეობს, პატარაა და ნაკლებად საიმედო.
ანაკოფიის უკან, პეიზაჟის სიღრმეში ბაკლანკის ხეობაა გადაჭიმული. კირქვის მაღალი კედელი უწინდებურად ერთ დონეზე მიემართება ცენტრალური ქედის პარალელურად. მის ზემოთ, მწვერვალებსა და პლატოებს შორის, უკეთესად მოჩანს საფარ-ბეის ქუდი ბორცვი ზემოდან თხემით. 12 ივლისისათვის ბორცვების მწვერვალებსა და ღარტაფებს შორის, რომლებითაც ეს კლდეებია დაღარული, კლდის ღრმულებში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი თოვლის ლაქები. თოვლი მწვერვალის ქვემოთ, 1500-2000 ფუტის სიმაღლეზეც ჩანს. აქედან შევამჩნიე, რომ ამ ფორმაციის კირქვა მეტ-ნაკლებად ჰორიზონტალურად განლაგებული მრავალრიცხოვანი ფენისაგან შედგება; და როცა თვალი გავაყოლე ხიფსთის ხეობას, დავინახე, რომ დასავლეთის მხარეს ფერდობი დიდ სიღრმეზე იყო დაფარული თოვლის გრძელი ზოლებით, რაც, თავის მხრივ, ხევების სიღრმესაც განსაზღვრავდა.
ანაკოფიიდან სოხუმის კონცხამდე არაფერი გვინახავს ღირსშესანიშნავი, გარდა გუმისთის ულამაზესი შესართავისა; იგი გამოედინება სანაპიროდან რამდენიმე ვერსით მოშორებული ძალზე ვიწრო ხეობიდან, რომელიც დაბალი მქედის კირქვიან ფერდობშია შეჭრილი. მდინარის ნაპირებზე სოფელ ეშერას შემოგარენში, რომელიც სოხუმიდან რვა, ხოლო სანაპიროდან ოთხი ვერსის დაშორებითაა, დგას ძალზე ძველი ეკლესია, რომლის ოთხივე კედელი კარგად არის შემონახული; ეკლესია შიგნით სავსეა ძრვნად შეწირული ნივთებით ხმლებით, თოფებით, ფულითაც კი, და ყველაფერი ეს ხელუხლებელია. აფხაზები დღემდე დიდ თაყვანს სცემენ ამ ეკლესიას, აქ მოდიან აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად და ჩვეულების თანახმად, თან დასაკლავი ძროხაც მოჰყავთ. მოაქვთ აგრეთვე წითელი კვერცხები. ამ ეკლესიასთან დადებული ფიცი ურღვევია. მის გვერდით ამოდის შესანიშნავი წყარო. მუსლიმები ფიცს დებენ ბრინჯაოს დიდი ქვაბის წინ, რომელიც ეკლესიიდან ოდნავ მოშორებით დგას. გუმისთა სოხუმის კონცხის ბოლოს, სანაპიროს გასწვრივ, იქ, სადაც იგი ზღვაში ჩაედინება, მარცხენა მხარეს მდებარე ძველი სოხუმის კედლებს უვლიდა გარშემო. ამ უძველესი ქალაქიდან, რომელიზ, ალბათ, ბერძნული კოლონია იყო, შემორჩენილია მხოლოდ კედლების ნაწილი და ისიც ბუჩქნარით არის დაფარული.
ეს გახლავთ ის უძველესი სოხუმი, რომელსაც XIII საუკუნის ავტორი აბულ-ფიდა იხსენიებს. იგი მას სახუმს უწოდებს და მის ადგილმდებარეობას მიუთითებს აფხაზების ქვეყანაში, ზღვის ნაპირზე.
სოხუმ-კალე
ბოლოს, კონცხთან მიახლოებისას, როგორც იქნა, ძლივს გავარჩიეთ სოხუმკალეს1 ყურე. იგი სოხუმის და კოდორი კონცხებს შორის, 15 ვერსის მანძილზეა გადაჭიმული და 7 ვერსით სიღრმეშია შეჭრილი.
1. სოხუმი, სოხუმ-კალა, ანუ დორდუპი (Soghumi, Soghum-Kala, Dordup) რაინეგსი, II, 7; სოხუმის ციხე. ხატოვის მიხედვით, სოხუმი სტევენის რუკაზე. ძველი სოხუმი (Soghum) მდებარეობდა გუმისთის შესართავთან. ეს მდინარე, რომელსაც ასევე ცხომსაც უწოდებდნენ, თავის სახელწოდებას იღებს გუმეს, გუმას და ცხომის ციხესიმაგრიდან, რომელიც მის ნაპირებზე, ქვეყნის სიღრმეში იყო გაშენებული; მაგრამ საკითხავია, აქვს თუ არა რაიმე კავშირი სოხუმს ამ სახელებთან. დურ-დუპი, კლაპროთის მიხედვით, ითარგმნება, როგორც „მარგალიტების მთა“ I, გვ.479, გერმ. გამოც.
ანაპიდან მოყოლებული ბათუმამდე, გელენჯიკის ყურის შემდეგ ეს ყველაზე ლამაზი ყურეა მთელ სანაპიროზე. მართალია, აქ კარგად შეიძლება ანკერის დამაგრება, მაგრამ ეს მაინც მთლად უსაფრთხო არ არის, რადგან ყურის ფსკერი ძალზე დაქანებულია და როგორც კი ხმელეთიდან ოდნავ ძლიერი ქარი დაუბერავს, ღუზა გრუნტს თხრის, თუკი დამატებითი უსაფრთხოების მიზნით სანაპიროს მიმართულებით ხომალდს მეორე ღუზით არ დაამაგრებენ. ყურის შლამიანი ფსკერი ოღროჩოღროა, რაც ანკერით დასამაგრებელი სახარბიელო ადგილის პოვნას კიდევ უფრო ართულებს.
სანაპიროდან 300 საჟენის დაშორებით, 12 საჟენ სიღრმეზე ღუზა ჩავუშვით ციხის პირდაპირ, რომელიც ყურის სიღრმეში ბესლეთის დელტაში იყო აგებული. ეს არის თურქების მიერ 1578 წელს, მურადის ზეობის ხანაში აგებული შენობა. ისევე როგორც ფოთში, აქაც ყველა სიმაგრეს აქვს მასიური, კვადრატული კედელი, რომლის თითოეული გვერდი 100 ტუაზს შეადგენს; გარდა ამისა, აქვს ქვემეხებით აღჭურვილი ოთხი, ტერასებად განლაგებული ბასტიონი, პარაპეტში კი გაჭრილია სათოფურები. ირგვლივ თავისუფლად შეიძლება გასეირნება და სოხუმში რომ არ ვყოფილიყავით, ეს ხედი მართლაც ლამაზი და მშვენიერი მოგეჩვენებოდათ.
ციხის შიგნით მხოლოდ რამდენიმე ნახევრად დანგრეული ნაგებობაა, რომელიც უწინდელი ფაშის ქალაშ-ბეის რეზიდენცია იყო, ახლა კი აქ ციხის კომენდანტი და ოფიცრები ცხოვრობენ. ყაზარმები ძალზე უვარგისია. ციხის ერთადერთ მორთულობას წარმოადგენს ალუბლის, ბროწეულისა და მსხლის რამდენიმე ხე, რომლებიც ჩრდილს ფენენ გაჩანაგებულ ადგილს, სადაც კომენდანტი ცხოვრობს. უკეთეს მდგომარეობაში არც სიმაგრეებია: ერთ-ერთი ბასტიონი ნახევრად ზღვაშია ჩაქცეული, ყველგან გაჩენილია ნაპრალები, რომლებშიც ლეღვისა და ბროწეულის ხეებს თავიანთი მსხვილი ფესვებისათვის უპოვიათ ნავსაყუდელი.
ერთადერთი საინტერესო ამ ციხის ეზოში გახლავთ ის, რომ აქ არის უწინდელი ფაშებისა და ადგილობრივი მთავრების ქელეშ-ბეისა და საფარ-ბეის, ახლანდელი მთავრის მიხეილ-ბეის მამისა და პაპის საფლავები. მათ განსასვენებელ ადგილზე საარტილერიო პარკია განლაგებული და უამრავი რუსული ყუმბარა მძიმედ აწევს მათ ნეშტს.
დასავლეთის კარზე ვრცელი არაბული წარწერა იკითხება, აღმოსავლეთის კარი კი უწინ თვით ქალაქ სოხუმზე გადიოდა.
ერთნახევარი ვერსის სიგანის მთელი ეს პატარა ველ-დაბლობი, რომელიც აღმოსავლეთიდან ციხის ბორცვების ძირამდე და ახლანდელ კარანტინამდე იყო გადაჭიმული, ოდესღაც სახლებითა და ბაზრებით იყო მოფენილი. მაშინ სოხუმის მოსახლეობა 6 000 სულს შეადგენდა. ქვით ამოშენებული არხებიდან ბესლეთის წყალი ქალაქის ყველა კვარტლამდე აღწევდა. მის შესართავში პატარა, აგურით მოპირკეთებული არხი იყო აგებული მცირე ზომიანი თურქული გემების კომფორტისათვის. ამ ძველი სოხუმიდან აღარაფერია შემორჩენილი, გარდა სახლებისა და ქუჩების რაღაც ნაშთებისა, რომლებიც ეკალ-ბარდებითა და მაღალი ბალახითაა დაფარული. კედელი, ქალაქს რომ ზღვის მხრიდან იცავდა, აღარ არსებობს, შემორჩენილია მხოლოდ რაღაც ნაწილები, რომელთაც მუდმივად აზიანებს ზღვის ტალღები; ნაგვით ამოვსებულ არხებში წყალი აღარ გაედინება. ციხის ირგვლივ შემოვლებული თხრილებიც ნაწილობრივ ამოვსებულია. ბესლეთი, რომლის დინებაც წყდება, იკარგება ჭაობებში, რომლებიც შუა ზაფხულში იმდენად წამლავენ ჰაერს, რომ ფოთისა და წმ. ნიკოლოზის შემდეგ სოხუმი, კლიმატის თვალსაზრისით, მთელ ამ სანაპიროზე რუსეთის სამფლობელოებს შორის ყველაზე მავნე ადგილად შეიძლება ჩაითვალოს. ასკაციანი გარნიზონის ჯარისკაცები დაავადებისაგან უძლურდებიან; მაგრამ საკმარისია ბესლეთის არხების გაწმენდა და ხელოვნურად შექმნილი ამ ჭაობების დაშრობა, რომ სოხუმი მართლაც ისეთივე ჯანსაღ ადგილად გადაიქცეს, როგორც ყველა სხვა ადგილი ამ სანაპიროზე; მაგრამ ვინ შეასრულებს ამგვარ სამუშაოს? ცხადია, ჯარისკაცები ამას ვერ გააკეთებენ, რადგან მათ ისედაც თავსაყრელად აქვთ საქმე პოსტზე დგომა, თავიანთი საქონლის საძოვრებზე გარეკვა, ზამთრისათვის თივის მომარაგება, საჭირო რაოდენობით შეშის დამზადება, ბოსტნეულის მოყვანა, თავიანთი სცხოვრებლის ნახევრად დანგრეული ბარაკების შეკეთება, კარანტინის მეთვალყურეობა და ყველაფერი ამის შესრულება მათ უხდებათ მაშინაც კი, როცა ჯარისკაცთა რაოდენობის ერთი მესამედი ან მეოთხედი ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
როდესაც რუსებმა დაიკავეს სოხუმი, ქალაქის ერთი ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო განადგურებული, მაგრამ გენერალმა, რომელიც მაშინ ჯარს მეთაურობდა, ბრძანა დაენგრიათ და მიწასთან გაესწორებინათ ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ გადარჩა, იმ მიზეზით, რომ ამ სახლების საფარქვეშ აფხაზებს უადვილდებოდათ რუსი ჯარისკაცების გატაცება. ასე არ მოქცეულა ნაპოლეონი კაიროში: მას არ გადაუწვავს კაირო იმის გამო, რომ მის ჯარისკაცებს იტაცებდნენ. სოხუმის დანგრევა ამ საცოდავი ციხის გარნიზონის მოწამვლას ნიშნავდა: ცხელი კლიმატის პირობებში არაფერი ისე არ აბინძურებს ჰაერს, როგორც ერთბაშად განადგურებული და მიტოვებული ეს ქოხმახები და ოდესღაც დასახლებული ადგილები. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნანგრევები ლპება, მზე და სინესტე ერთდროულად მოქმედებენ ორგანულ ნივთიერებებზე, რომლებიც მათ დამღუპველ ზემოქმედებას განიცდიან და ამის შედგად გამოყოფილი ათასგვარი მიაზმიც იწვევს იმ ადამიანთა სიკვდილს, ვინც მათ შეისუნთქავს. ეს დაკვირვება დიდად გონიერმა პიროვნებამ, ბ-ნმა შოპენმა ჩაატარა ერევანსა და ბევრ სხვა ადგილებში და სავსებით დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პირობების შესანარჩუნებლად ქალაქში საჭიროა მოსახლეობის მოფრთხილება და ყოველგვარი ნგრევისა და განადგურებისაგან თავის შეკავება.
რატომ არის, რომ განჯა საქართველოს ყველა ქალაქს შორის ყველაზე არაჯანსაღი ადგილია? ამას დიდად შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ იგი ნაწილობრივ მიტოვებულია; რამხელა სივრცეებია დაცარიელებული, რომლებიც უმოწყალოდ ნადგურდება!
რატომ არის, რომ თბილისი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არაჯანსაღ ქალაქად ითვლებოდა, დღეს უკვე აღარ არის ასეთი? რუსეთის ჯარებმა იგი 1795 წლის 11 სექტემბერს, აღა-მაჰმად-ხანის მიერ ქალაქის ნგრევა-განადგურების შენდეგ დაიკავეს; ისინი აქ ნანგრევებს შორის ცხოვრობდნენ. დღეს თბილისში ამ საშინელი ეპოქის აღარავითარი კვალი აღარ ჩანს. ქალაქი უწინდელზე უკეთ არის განაშენიანებული, ჰაერიც უფრო უკეთ მოძრაობს და ამგვარად, თბილისში უკვე აღარ აღარ არსებობს არაჯანსაღი კლიმატი.
დღეს სოხუმში არის ერთი პატარა, უბადრუკი ბაზარი, სადაც შეიძლება ღვინის, ხორცისა და რაღაც წვრილმანი საქონლის შეძენა. აქ და ბამბორაში უკვე იწყება ღვინის რაიონი ამ ძვირფასი სითხის სიუხვის რაიონი. ყირიმში ვაზი დიდ მზრუნველობას მოითხოვს, აქ კი იგი საკუთარ დედა-სამშობლოშია და მოვლის გარეშეც ისევე ხარობს, როგორც ედემში. ვისაც თავისი საცხოვრებლის გარშემო ვაზის მოშენება სურს, იმაზე უნდა იზრუნოს, რომ აქ განცალკევებით იდგეს რამდენიმე ხე, რომლებზეც ვაზი აცოცდება და ათასობით მწვანე გირლანდად შემოეხვევა, შემდეგ კი მისი შეწითლებული მარცვლები ამ ხეებს ყურძნის ერთი უზარმაზარი მტევნის სახეს აძლევს. ზოგჯერ ვაზი ძალიან დიდია და მიუხედავად იმისა, რომ თელა, წიფელი და ასწლოვანი კაკლის ხე ვეებერთელა სიმაღლეზეა ატყორცნილი, ვაზი მათ კენწეროზე ექცევა და თავის მტევნებით გვირგვინად ადგას.
ღვინის წარმოება უკვე უბიხების ქვეყანაში იწყება. აფხაზების არცთუ ისე გულმოდგინე მუსლიმების მიერ წარმოებული ჩვეულებრივი ღვინო მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის ხარისხით, რადგან ისინი ამ სასმელს ცუდად ამზადებენ და მასში წყალსაც კი ურევენ. მხოლოდ მდიდრებთან შეიძლება ნახოთ მაგარი, სპირტის მაღალი შემცველობის მქონე ღვინო. სოხუმსა და ბამბორაში მყოფი რუსი ოფიცრებიც აკეთებენ ღვინოს, რომელიც საკმაოდ კარგი ხარისხისაა, წითელი ფერი აქვს და დასალევად სასიამოვნოა. აფხაზები ღვინოს ინახავენ მიწაში ჩამარხულ თიხის ქვევრებში ანუ დიდ დოქებში, მაგრამ ისინი სამეგრელოში დამზადებულ ქვევრებზე უფრო მცირე ტევადობისა არიან; რაც უფრო მიიწევთ აღმოსავლეთისაკენ, მით უფრო იზრდება ამ ქვევრების ტევადობა და ყველაზე დიდ ქვევრებს კახეთში შეხვდებით: მათ მართლაც გიგანტური ზომა აქვთ და ზოგიერთი მათგანის სიღრმე 9 ფუტსაც კი აღწევს.
ასეთი ცხელი კლიმატური პირობების მიუხედავად, ღვინო ამ ქვევრებში მშვენივრად ინახება, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ისინი მიწაში საკმაოდ ღრმად არიან ჩაფლულნი და ზემოდანაც სამი-ოთხი ფუტის სისქეზე ფარავს თიხა, რომლითაც ჰერმეტულად არის ამოვსებული ქვევრის პირი. ღვინო ქვევრში ძალზე იშვიათად ფუჭდება; იგი მხოლოდ მაშინ ძმარდება, თუკი ტოლჩებით დიდხანს ანჯღრევენ, ეს კი მაშინ ხდება, როცა აქაური ჩვეულების თანახმად, ოჯახის საჭიროებისათვის ქვევრიდან ღვინოს ყოველდღე ირებენ. კასრებში ჩასხმული ღვინო უფრო ადვილად ფუჭდება; ამასთანავე, მის შესანახად საჭიროა კარგი სარდაფები, ქვის კედლებითა და საიმედო გადახურვით. ამგვარი სარდაფის მოწყობა ღარიბი აფხაზისა თუ ქართველისათვის ძალზე ძნელია, თანაც ეს მათ სულ არ სჭირდებათ თავიანთ ქვევრებს ისედაც მშვენივრად ფლავენ მიწაში, სახლათან ახლოს რომელიმე ხის ძირში.
ღვინის შესნახვის ეს წესი უძველესი დროიდან მოდის და ქართველებმა იგი ბერძნებისაგან გადმოიღეს, თუ პირიქით ბერძნებმა ისწავლეს ქართველებისაგან ძნელი სათქმელია. კოლხეთი უკვე ცივილიზებული ქვეყანა იყო, როდესაც არგონავტები მის ნაპირს მოადგნენ.
ყირიმის ნანგრევებში არცთუ იშვიათად გვხვდება ასეთი დიდი დოქები; რამდენიმე მათგანი აღმოაჩინეს ალუშტაში, როცა ახალი გზის გასაყვანად მიწას თხრიდნენ ომ ადგილას, სადაც ადრე ძველი ქალაქი მდებარეობდა. რამდენი ასეთი ჭურჭლის ნამსხვრევია მიმოფანტული ჰერაკლეას ხერსონესში! სოხუმის ყურის სიღრმიდან მთის მაღალ ქედზე გადაშლილი ხედი ვერ შეედრება ბამბორის ხედს; გასასვლელი დაფარულია დაბალი ქედით, რომელიც ანაკოფიიდან იწყება, გაივლის ყურის სიღმეს და აღმოსავლეთის მხარეს მის ირგვლივ პატარა, ტყით შეფენილ გორაკებს ფარავს. მათ უკან კელასურისა და კოდორის დაბლობებია გადაშლილი. მაგრამ როცა ღია ზღვისაკენ მიიწევ, ხედი ისეთივე გრანდიოზული და დიდებულია, როგორც ის ხედები, ზემოთ რომ აღვწერე. თვალი უნებლიედ იმ ხეობისაკენ გაგირბის, საიდანაც კელასური გამოედინება, აგრეთვე კოდორის ხეობისაკენ და მარუხის თოვლიანი და მოციმციმე მწვერვალებისაკენ, რომლებიც მთების მაღალ ქედს აგვირგვინებენ [...]
ყურის ირგვლივ ყველაზე საინტერესო სანახავია ოხვამეს ეკლესიის ნანგრევები, სოხუმიდან აღმოსავლეთით, სამ ვერსზე; აგრეთვე კელასური, რომელიც მისგან ასევე სამი ვერსითაა დაშორებული. მათი ნაცრისფერი კედლები ხეების ფოთლებს შორის იცქირებიან.
ჰასან-ბეის ღალატის გამო სოხუმის შემოგარენი იმდენად სახიფათო გახდა, რომ ვერავინ ბედავდა მზის ჩასვლის შემდეგ ბაზრიდან კარანტინში მისვლას, რომელიც ზღვის ნაპირიდან ერთ-ნახევარ ვერსზე იყო. დღის განმავლობაშიც კი აქ მარტო სიარულს ერიდებოდნენ, რადგან არსებობდა აფხაზების მხრიდან ადამიანთა მოტაცების საფრთხე: თუკი ეს ხდებოდა გუშაგებისა და გარნიზონის თვალწინ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ვინმე გაბედავს ქვეყნის სიღრმეში შესვლას. ჰასან-ბეის ცბიერება და ვერაგობა ყველასათვის კარგად ცნობილია. იმისათვის, რომ ოხვამეს დანგრეული ეკლესია მენახა, ჩემმა კეთილმა კაპიტანმა ვულფმა ბრძანა, კბილებამდე შეიარაღებული ათიოდე მეზღვაური გამომყოლოდა ჩვენი პატარა კარჭაპით, რომლის ცხვირზეც პატარა ქვემეხი იდგა; ასეთი სამხედრო აღჭურვილობით პირდაპირ ოხვამესაკენ გავცურეთ.
ეკლესია სანაპიროდან ას ორმოცდაათ ნაბიჯზეა. თითქმის წრიულად გალავნით გარშემოვლებული ადგილის შუაში. გალავნის დიამეტრი 200 ნაბიჯია. ეკლესია საკმაოდ კარგად არის შემონახული, მაგრამ პატარა ზომისაა და მისი სიგრძე მხოლოდ თერთმეტი ნაბიჯია, სიგანე კი ხუთ-ნახევარი. საკურთხეველი, ბერძნების მიერ დადგენილი უცვლელი დებულების თანახმად, აღმოსავლეთისაკენ არის მიმართული. პროპორციები ზუსტად ისეთივეა, როგორც ძველ ბერძნულ ეკლესიებში, რომლებიც უხვად იყო მიმოფანტული ყირიმის სანაპიროზე ან კიდევ ინკერმანის კლდეებში იყო გამოკვეთილი. ბერძნული წირვა ქადაგების გარეშე წარმოებს. საკმარისია მღვდელს ჰქონდეს შესაფერისი ფართობი, სადაც თავისთვის მოიწყობს წმინდა ადგილს და აღასრულებს ღვთისმსახურებას. ეკლესიის დანარჩენი ნაწილი განკუთვნილია მგალობელთათვის და მედავითნეებისათვის, ხოლო ის, ვინც ეკლესიაში ადგილს ვერ პოულობს, გარეთ, პატარა სტოაში ან კიდევ ეკლესიის ერთ-ერთ კედელთან, ჩრდილში დგას. იგი ლოცულობს და ღვთისმსახურების მსვლელობის შესაბამისად იწერს პირჯვარს და იმეორებს „კირიე ელეისონს“ (უფალო შეგვიწყალე), რაც ქართველებმა ბერძნული ლიტურგიიდან შემოინახეს.
წმინდა ადგილი აღნიშნულია ორი შესავალი კუთხით; იგი განათებულია ერთი ფანჯრით, რომელიც საკურთხევლის სიღრმეშია გაჭრილი (იხ. ატლასი, მე-2 სერია, ფურც. 6); ორივე მხარეს სქელ კედელში მოწყობილია ორი ნიშა, რომელიც მიწის დონიდან დაახლოებით ექვსი ფუტის სიმაღლეზეა. მთავარი კარი საკურთხევლის პირდაპირ გადიოდა სტოაში, რომელიც ეკლესიაზე იყო მიშენებული და ჩვეულებრივ, ქალებისთვის იყო განკუთვნილი; მამაკაცები გვერდითი კარიდან შედიოდნენ.
ეკლესია, ისევე, როგორც გალავნის კედელი, ამოშენებული იყო ერატიული კაჭრებით, მეტწილად კი პროტოგენური და დიორიტული გრანიტის დიდი რიყის ქვებით, რომლებიც დინებას ქვეყნის სიღრმიდან ჩამოაქვს მდინარეების ნაპირებზე. კედელი საკმაოდ სქელია და იგი ქვის რამდენიმე ფენისაგან შედგება. ასევე იყო აგებული სოხუმიც: კირი, მიუხედავად გამბას უარყოფითი დახასიათებისა, როგორც ჩანს, კარგი ხარისხისა უნდა ყოფილიყო, რადგან მან ასე კარგად შეადუღაბა ეს ქვები ერთმანეთს და ასეთი მყარი კედელი შექმნა; ეკლესიის ნახევარწრიული თაღი ჩამონგრეულია. კედლებზე და ნაპრალებში სურო და კეთილშობილი დაფნაა ამოსული. აქვე იასამანი და ლეღვის ხეებიც. ერთი ასწლოვანი ლეღვის ხე კი, რომლის გარშემოწერილობაც 910 ფუტია, შესასვლელის მარჯვენა მხარეს, შვიდ ნაბიჯზეა ამოსული და თავისი ფართო ფოთლებითირგვლივ ყველაფერს ჩრდილავს; იგი გარდასულ დღეთა ერთადერთი ცოცხალი მოწმეა.
მონასტრის შემოსაძღვრული ეზო მთლიანად მოფენილია ხუთი ფუტი სიმაღლის გვიმრით და მასთან შერეულია დიდი არჯაკელი და ვარდისფერ ყვავილებიანი მაყვალი, ძახველი და მსხვილი ნაყოფით დახუნძლული კაკლის ხეები: კედლებზე გასული ვაზი მეორე, მიუვალ სართულს ქმნის; იგი დაფნასთან, ალუბლის, ვაშლის ხეებთან, თხმელასთან და რცხილასთან არის გადახლართული. ეს არის საუკეთესო მცენარეულობა. ველური კამა აქა-იქ ფარავს სანაპიროს, ნაყოფით დახუნძლულ ლეღვის ხეებთან, თეთრყვავილებიან ქარქვეტასა და შროშანასთან ერთად.
აქ ყველგან გვხვდებოდა ძველისძველი კულტურების ამგვარი ნიმუშები. ხშირად ტყეებად მიგვაჩნია ის, რაც ყველაზე ნაკლებად ჰგავს ტყეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სინამდვილეში ეს არის დიდი ბაღები, სადაც ევროპის ყველანაირი და იშვიათი ხეხილი ველურად, ერთმანეთის გვერდიგვერდ იზრდება. ეს არის ვაშლი და მსხალი ატამთან, გარგართან და ნუშთან ერთად, კომში, ლეღვი და შინდი წაბლთან, ბროწეულთან და კაკალთან ერთად.
მონასტრიდან რამდენიმე ასეულ ნაბიჯზე, კელასურის მიმართულებით, წლის გარკვეულ პერიოდში მიედინება პატარა ნაკადული, რომლის ახლოსაც ბერძნებმა უკანასკნელი ომის დროს ხე-ტყის საწყობები მოაწყვეს. არც ერთი ქვეყანა არ არის ისეთი მდიდარი ყველანაირი ჯიშის ხეებით, როგორც აფხაზეთი. ასეთი ხეტყის შოვნა მთელ სანაპიროზე შეიძლება, დაწყებული სოხუმიდან ვიდრე ენგურის შესართავამდე, უფრო კი ისკურიის კონცხის იქითა მხარეს და ილორში. გარდა ყველაზე გავრცელებული ჯიშებისა _ მუხისა, რცხილისა, წიფლისა, ფიჭვისა თუ ნაძვისა, აქ არის საუკეთესო ჯიშის კოპიტი, წითელმერქნიანი ურთხელი, ნეკერჩხალი, უზარმაზარი ზომის მსხლის ხე, ბზა, წაბლის ხე და სხვ. მითრიდატემ, სტრაბონმა, ხოსრომ, მურად III-მ _ ყველამ კარგად იცოდა ამ სიმდიდრის მნიშვნელობა; სამწუხაროდ, ყველაფერი ეს აფხაზებისათვის დაკარგულია.
ამის შემდეგ წავედით კელასურში, რომელიც სოხუმიდან ექვს ვერსზე მდებარეობს. მივადექით საკმაოდ უხვწყლიანი მდინარის – კელასურის შესართავს, რომელიც ერთ-ნახევარ ვერსზე მეტ მანძილზე ფერს უცვლის ზღვას. ჩვენი აქ მოსვლის მიზანიგახლდათ ცნობილი მთავრის ჰასან-ბეისათვის ჩვენი პატივისცემის დადასტურება. მისი სახლი სანაპიროდან რამდენიმე ასეულ ნაბიჯზეა კელასურის პატარა ხეობაში, რომელიც ნახევარი ვერსი სიგანისაა და გაშლილია მშვენიერი ტყით დაფარულ ბორცვებს შორის (იხ. ატლასი, მე-2 სერია, ფურც. 4).
როდესაც ჰასან-ბეიმ ჩვენი მოსვლის შესახებ შეიტყო, მან რამდენიმე კაცი გამოგზავნა ჩვენთან შესახვედრად. სანამ მის სახლამდე მივიდოდით, გავიარეთ ველური ანწლის ტყე. ცუდად დამუშავებულ, შემოღობილ ნაკვეთებში ბოსტნეულის ნაცვლად სარეველა ბალახი ხარობდა, რომელსაც მდინარიდან გადმოყვანილი წყლის ნაკადი სიქორფეს უნარჩუნებდა. თეთრი თუთის ხეები, მტირალა ტირიფები, წაბლის, ვაშლის, ქლიავის, ლეღვისა და სხვ. ხეები აქა-იქ უწესრიგოდ იყო დარგული და ბედის ანაბარად მიტოვებული. ბოლოსდაბოლოს ვიპოვეთ გაუთლელი კოჭების ღობით შემოვლებული ეზოს ჭიშკარი; ღობე სახლს მისასვლელებს იცავდა. საკმაოდ დიდი ზომის სახლი მთლიანად კოპიტითა და მუხით იყო ნაგები. ქვედა სართულის ნაწილი ღია იყო, დანარჩენი კი თავლად გამოიყენებოდა. რამდენიმე კარი გადაღობილ პატარა სადგომებში გადიოდა, რომლებიც დიდი სადგომისაგან იყო გამოყოფილი და ცხენებისათვის იყო განკუთვნილი.
ისევე როგორც მიხეილ-ბეის სახლში, აქაც ზედა სართულზე ხის კიბით ავედით და აღმოვჩნდით აივანზე, რომელიც შენობის მთელი ფასადის გასწვრივ იყო მიშენებული. აქ თავი მოეყარათ მთავრის თხუთმეტამდე თანამესუფრესა და ვასალს; ზოგი ჩაცუცქულიყო, ზოგი კი შეჯგუფულიყო ათასნაირ პოზაში. ყველანი კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულნი სდა მომაგონეს აღმოსავლური ქვეყნების სამეფო კარი, სადაც მსახურები თავისი მბრძანებლის კართან იდგნენ და მცირეოდენ ნიშანზეც კი მზად იყვნენ მისი ბრძანების შესასრულებლად. მათი ტანსაცმელი ჩერქეზულისაგან არაფრით განსხვავდებოდა. უმრავლესობა ატარებდა ყაბალახს, ანუ აფხაზურად გჰეტაპჰ, რომლის ორი გრძელი ბოლო თავზეა შემოხვეული და უკან შეკრული. ბევრი მათგანი უმაღლესი წოდების წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი თურქული შალის ჩალმას ატარებდნენ. აქვე შევნიშნე აგრეთვე შავი ბეწვით შემოვლებული მრგვალი თათრული ჩაჩი. თითქმის ყველას ჰქონდა მხრებზე მოგდებული ან ზურგზე დაკეცილი ნაბადი.
მთავარმა აივანზე მიგვიღო თავისი ხალხის გარემოცვაში. ეს იყო ორმოციორმოცდაათი წლის სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი. მისი ჩალმა ლურჯი ფერის დაჩითული თურქული შალისა იყო; კოსტუმი შედგებოდა აბრეშუმის მოკლე ხიფთანისაგან, რომელიც ყავისფერი მაუდის ვიწრო შარვალში ჰქონდა ჩატანებული. წითელი ტარსიკონის პაჭანაგები ყავისფერი ტარსიკონის წაღებქვეშ ჰქონდა ამოდებული, ეს უკანასკნელი კი, თურქულ ყაიდაზე, წითელი ტარსიკონის ფეხსაცმელებში ჰქონდა ჩატანებული. მისი ფართო ჩოხა გამხმარი ფოთლების ფერი იყო; სავაზნეების თავსახური ვერცხლისა ჰქონდა, ქამარზე კი, ჩვეულების თანახმად, მშვენიერი მოვერცხლისფრო დამბაჩა ეკიდა.
თავდაპირველად მთავარმა პირველ ოთახში შეგვიყვანა, რომლის მთელ ავეჯს წარმოადგენდა მხოლოდ რამდენიმე მერხი, მაგიდის მაგივრობას რომ წევდა, და ფართო, უხეშად დამუშავებული ხის საწოლი. შემდეგ გავედით მეორე ოთახში, რომელსაც პირველთან ერთად მთელ სიგრძეზე ეკავა სახლის ერთი მხარე.
ეს მეორე ოთახი მთავრის ე. წ. მისაღები იყო; აქ იდგა ორი უზარმაზარი საწოლი თუ ტახტი, რომლებზეც გადაფარებული იყო ფარდაგები. ეს ტახტები თავიანთი სიმყარით ციკლოპებს, ხოლო სისადავით კი ჰომეროსს შეეფერებოდნენ. მათ ერთადერთ მორთულობას შეადგენდა ნახატები, რომლებიც მეწაღის მიერ ფეხსაცმლის ლანჩაზე შესრულებულ ორნამენტებს წააგავდნენ. დაუმუშავებელი წიფლის ხის კედლების ერთადერთი მორთულობა იყო ხისავე ლურსმნებზე ჩამოკიდებული ყველა სახეობის შესანიშნავი იარაღი _ ჰასან-ბეის სიამაყის საგანი.
მთავარი კარგად საუბრობს რუსულად, ეს ენა მან იოლად შეისწავლა ციმბირში ყოფნისას. მან დრანდაში ნაპოვნი რამდენიმე მონეტა გამოცვალა ბერლინში ჩამოსხმულ რკინის საგნებში.
დიდხანს ვტკბებოდი საუკეთესო ხედით, მისი მისაღები ოთახის აივნიდან რომ იშლებოდა; დავყურებდი ულამაზესი ინგლისური პარკის ამ უსწორმასწორო ადგილებს, ბუნებას რომ შეუქმნია ამ ბარბაროსებისათვის. კელასურის მარჯვენა ნაპირზე ჩვენ წინ წამოჭიმული გორაკის წვერზე სუროთი დაფარული ნანგრევები იყო, რაც შვეიცარიულ ციხეს მაგონებდა. ეს ნანგრევები იმ დიდი კედლის დასაწყისი იყო, რომლის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებ (იხ. ატლასი, მე-2 სერია, ფურც. 4). შიგადაშიგ, ბორცვებს შორის, თვალი გაგვირბოდა ქვეყნის სიღრმისაკენ, სადაც სასიამოვნო სიგრილე დასადგურებულიყო.
ჰასან-ბეისთან მისი ერთ-ერთი უფროსი ძმა ვნახეთ; იგი ისევე იყო ჩაცმული, როგორც თავად ჰასან-ბეი, მაგრამ უფრო სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა: ჰასანბეის გამოხედვაში იყო რაღაც ეშმაკური, მუხანათური, დამაეჭვებელი და, ამასთანავე _ მედიდურიც.
მთავარმა გვიჩვენა თავისი იარაღის კოლექცია, რომელიც მართლაც რომ საუკეთესო იყო. როდესაც ეს მთავარი რუსეთის წინააღმდეგ თავისი მზაკვრული საქციელის გამო შეიპყრეს, რათა ციმბირში გადაესახლებინათ, რუსებმა მისი იარაღიც ხელთ იგდეს, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კი იგი ნაწილობრივ დაუბრუნეს, თუმცა არ დაუბრუნებიათ მისი არსენალიდან ყველაზე საუკეთესო და ძვირფასი იარაღი _ კერძოდ, მამამისისაგან მემკვიდრეობით მიღებული ხმალი, რის გამოც მთავარი დიდად უკმაყოფილო იყო. იმ შემთხვევაში, თუკი მომავალში მას არ დაუბრუნებდნენ ხმალს, მის სანაცვლოდ იგი 10000 ვერცხლის მანეთს ითხოვდა. საქართველოს მმართველობა დიდ გასაჭირში ჩავარდა, როდესაც ამ მოთხოვნის შესახებ შეიტყო და რადგან ამ ხმალში მთელი პროვინციიდან მიღებული შემოსავლის, ან თუნდაც მისი ნახევრის გადახდას არავინ აპირებდა, მთავრობამ ყველა ღონე იხმარა მის მოსაძებნად. ბოლოს, როგორც იქნა, ეს ცნობილი ხმალი მგონი თბილისის არსენალში აღმოაჩინეს; იგი სასწრაფოდ გადაგზავნეს იმერეთში, რათა ჰასანბეისათვის გადეცათ. გენერალი ვაკულსკი დაინტერესდა ესოდენ ძვირფასი ხმლით, იგი დასათვალიერებლად ქარქაშიდან ამოიღო და წაიკითხა წარწერა ... „ზოლინგენ“. მსგავს წარწერებს თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილ ხმალზე ვხვდებით კავკასიაში; ჩემი მოგზაურობის დროს მე უამრავი ასეთი ხმალი ვნახე და მათი უმრავლესობა აქ გერმანიიდან საფრანგეთიდან ან იტალიიდან იყო შემოტანილი.
ჰასან-ბეიმ წარმოგვიდგინა თავისი თვრამეტი წლის ვაჟი, რომელიც ერთერთი ცოლისაგან _ ბზიფის ნაპირების მფლობელ თავად ნარჩუკის ასულისაგან ჰყავდა. ჩვეულების თანახმად, ახალგაზრდა მთავარი მშობლიური სახლიდან მოშორებით, სამეგრელოში, მთავარ დადიანის მეთვალყურეობის ქვეშ გაიზარდა. როცა მას საქორწინო ასაკი დაუდგა, ჰასან-ბეიმ მთავარ დადიანს მისი ერთ-ერთი ქალიშვილის ხელი სთხოვა, მაგრამ სამეგრელოს მთავარი მხოლოდ იმ პირობით თანხმდებოდა ქორწინებას, თუკი საქმრო ქრისტიანობას მიიღებდა; მართლაც, აი უკვე ერთი წელია, რაც ეს უკანასკნელი მოინათლა და როცა კელასურში იმყოფება, დღესასწაულებზე სოხუმის ციხის სამლოცველოში დადის. ძირითადი საზაფხულო საცხოვრებელი ჰასან-ბეის წებელდაში აქვს, კოდორის ზემო ხეობაში, მარუხის ძირში. კელასურიდან წებელდამდე მთავარი 4050 ვერსს ანგარიშობს. ამ დროისათვის მას თავისი ცოლები იქ ჰყავდა გაგზავნილი, რადგან არ იცოდა, რა შედეგი მოჰყვებოდა თავის ძმისწულთან მიხეილ-ბეისთან წარმოშობილ უთანხმოებას.
იცოდა რა ჩემი მოგზაურობის მიზანი, მთავარმა გვითხრა, რომ კელასურიდან სამ ვერსზე იყო მჟავე წყლის წყარო, ხოლო უფრო მოშორებით, ისკურიის ახლოს ცხელი წყლები... დიდი ხნის განმავლობაში ხმები დადიოდა სოხუმის შემოგარენში ვერცხლისა და რკინის საბადოების არსებობის თაობაზე. რუსეთის მთავრობამ დიდი გასამრჯელოს დაპირებით ჰასან-ბეის ამ ადგილებში ორი რუსი ინჟინრის მოყვანა დაავალა. ერთ-ერთი ამ ინჟინერთაგანი გახლდათ ბ-ნი მაიორი გურიევი. ჰასან-ბეიმ ისინი აფხაზურ ტანისამოსში გამოაწყო და დიდი ესკორტის თანხლებით კელასურის ზემო ხეობაში ძნელად სავალი გზებით წაიყვანა. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში გზაში იყვნენ, გადაიტანეს ათასგვარი გასაჭირი და ჩამოიტანეს ტყვიის მადნის რამდენიმე ნიმუში; როგორც ჩანს, საბადო არც ისეთი მდიდარი აღმოჩნდა, რომ მისი ექსპლოატაცია დაეწყოთ.
მოგვიანებით მე რამდენჯერმე ისევ ვნახე მთავარი ჰასან-ბეი. სხვათა შორის, მას ერთხელ იმ დღეს შევხვდი, როცა იგი სოხუმის ვაკეზე თავისი ძმისწულის მიხეილ-ბეის ელჩებს ელოდა; მაშინ თავისი ჩერქეზული ტანსაცმლის ზემოდან მეორე, ისეთივე ფორმის, მაგრამ თხელი თეთრი ტილოსაგან შეკერილი სამოსი ეცვა. ჩერქეზთა უმრავლესობის მსგავსად, ცხენით სამოგზაუროდ მასაც ფლანელის ტიპის თეთრი მაუდის გრძელი პაჭიჭები ანუ წინდები ეცვა, რომლებიც მუხლებს ზემოთაც სწვდებოდნენ.
მთავარმა რამდენიმე საზღვაო ფლოტის ოფიცერი და მე ველური ვაშლის ხის ქვეშ გაშლილ ნაბადზე მიგვიღო. ხეებზე ეკიდა მისი ამალის კუთვნილი ყველანაირი იარაღი მდიდარი და უცნაური ალაფი. იგი გაგვიმასპინძლდა დონის შამპანურით, რომელიც სოხუმიდან ჩამოატანინა, მაგრამ თვითონ არ სვამდა.
მეორედ მთავარი სოხუმის ბაზრის შესასვლელთან ვნახე, სადაც იგი ციხის კომენდანტთან სალაპარაკოდ მივიდა, მაგრამ იგი არ შესულა არც ციხეში და არც ბაზარში: როგორც ამბობენ, იგი ყოველთვის ასე იქცეოდა, რადგან ღალატის ეშინოდა. მას უნდოდა კომენდანტის წინაშე თავი ემართლებინა საკუთარი ძმისწულის მიმართ თავისი დამოკიდებულების გამო. ამ შეხვედრის დროს იგი ნამდვილ კავკასიელ ყაჩაღს ჰგავდა ქამარზე ორი დიდი დამბაჩა ეკიდა, ხოლო მესამეს საუბრის დროს ხელში ისე ცბიერად ატრიალებდა, თითქოს უნდოდა ეთქვა: არ შემეხოთ, თორემ ვაი, თქვენი ბრალიო!
მოგვიანებით შევიტყვე, რომ რუსეთის შუამავლობით ჰასან-ბეი შერიგებოდა თავის ძმისწულს და ციმბირიდან დაბრუნების შემდეგ პირველად გაუბედავს სოხუმის ციხეში შესვლა და თავის წინაპართა საფლავების მონახულება. მიუხედავად ამისა, იგი კვლავაც რუსეთის ერთ-ერთ დაუძინებელ მტრად რჩება. ამასთანავე, ჰასან-ბეი სინანულით იხსენებდა ციმბირში გატარებულ რვა წელს; „ღმერთო ჩემო, ამბობდა იგი, _ რა მაკლდა მაშინ? მშვენიერი პენსია მქონდა, კარგ საზოგადოებაშიც ვიყავი, მაიორის ჩინიც მქონდა და ვცხოვრობდი ჩემს გემოზე მხიარულად და, რაც მთავარია, სრულ კომფორტში; ყველა მეგობრულად მეპყრობოდა, დღეს კი, როცა თავისუფალი ვარ, რას წარმოვადგენ? ნახევრად ველური აფხაზების მიერ ინტრიგებში ჩათრეული, ხშირად იძულებული ვარ, ვაკეთო ის, რაც მათ უნდათ და არა ის, რაც მე თავად მინდა, მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყო და ღმერთმა უწყის კიდევ რა! ეს რა ცხოვრებაა!“ საინტერესოა, იყო კი მთავარი გულწრფელი, როცა ამ სიტყვებით მოგვმართავდა?
თავადი ჰასანი
ერთ დღეს ჩვენმა კაპიტანმა გემბანზე ამოგვიყვანა ახალგაზრდა თავადი ჰასანი; ეს იყო თავად სოლომონის ვაჟი, რომელიც სოუკ-სუს შემოგარენში ცხოვრობდა. ეს პატარა _ მისი აფხაზური უდიდებულესობა ჩვენმა კაპიტანმა სოხუმის ბაზარზე ნახა; ამ თოთხმეტი-თხუთმეტი წლის ყმაწვილმა მისი ყურადღება მიიპყრო და შესთავაზა გემის დათვალიერება. ამ წინადადებამ ახალგაზრდა თავადს დიდი სიხარული მოჰგვარა და იგი უყოყმანოდ ჩაჯდა კარჭაპში თავის მსახურთან ერთად, რომელმაც ცოტაოდენი რუსული იცოდა. უნდა გენახათ ამ ნახევრად ველური ყმაწვილის სახე, როდესაც გემის შიდა აღჭურვილობა ზარბაზნები და ყუმბარები იხილა; იგი აღტაცებაში მოიყვანა „ვესტნიკის“კარგად მოწყობილმა კაიუტებმა და აღიარა, რომ ისინი ბევრად სჯობდნენ მათ ქოხებს. უპირველეს ყოვლისა, მისი ყურადღება მიიპყრო კაპიტნის კაიუტის კედელზე დაკიდებულმა დამბაჩებმა და რამდენიმე თიფმა; როგორც ჩანს, ჩვენი პატარა აფხაზი კარგად ერკვეოდა იარაღში: განსაკუთრებით თვალში მოუვიდა დამბაჩებიო და ძალიან მოიუნდა, ამგვარი იარაღი ჰქონოდა. მას არაყი და ღვინო შესთავაზეს; დიდი კაცივით სვამდა და მაგიდასთან ისე დაჯდა, რომ თავისი მათრახი არ მოუშორებია: როგორც წესი, ყველა აფხაზი მას მუდმივად თან ატარებს. ჩანგალი ძალიან ართობდა, მაგრამ ჭამდა თითებით; არც ერთ კერძზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ცოტ-ცოტას მიირთმევდა. მან თავი ჩვენს მეგობრად გამოაცხადა და დაგვპირდა, რომკიდევ მოვიდოდა ჩვენს სანახავად. იგი სრულებით არ გრძნობდა უხერხულობას და თვითონვე დასცინოდა საკუთარ თავს, როცა უნებლიედ არღვევდა ჩვენს წესებს. ჩაცმული იყო ჩერქეზულად და თავზე ყაბალახი ეხურა; ვერცხლისაგან დამზადებული მის ვაზნებს, საპირისწამლეებსა და ძეწკვებს ცისფერი ორნამენტები ამკობდა.
როგორ გამოვედევნეთ ორ გალერას 26 ივნისს, მზის ჩასვლამდე ცოტათი ადრე, სოხუმიდან შეამჩნიეს ხალხით სავსე ორი აფხაზური გალერა, რომელმაც სოხუმის ფართო ყურე გადალახა და ნიჩბების სწრაფი მოსმით კოდორის კონცხისაკენ გაემართა. ჩვენ მაშინვე მივიღეთ ბრძანება, დავდევნებოდით მათ და შუაღამისას, მთვარის ამოსვლის შემდეგ, ღუზა ავუშვით; მაგრამ იმდენად სუსტი ქარი იყო, რომ მთელი ღამე დაგვჭირდა კოდორის კონცხის შემოსავლელად (სოხუმიდან კონცხამდე 12 მილს ანგარიშობენ). მეორე დილით, მას შემდეგ რაც კონცხს შემოვუარეთ, პატარა სავაჭრო ხომალდი შევნიშნეთ; ხომალდზე მყოფნი ჩვენთან მოვიდნენ და დიდი სიხარული გამოხატეს ჩვენი შეხვედრის გამო. ორ გალერას ისინი კონცხის უკანა მხარეს შეუჩერებია; ყაჩაღებს გემის ტვირთი დაუტაცნიათ და რამდენიმე კაციც დაუჭრიათ. ერთი კასრი ღვინო მათ უკვე გადაეტანათ ერთ-ერთ გალერაზე, ხოლო შკიპერისათვის (ასე უწოდებენ ამ პატარა გემების კაპიტანს) კი წაერთმიათ ოცდაათი მანეთი ვერცხლით, მაგრამ კონცხის თავზე ჩვენი იალქნის ნაწილის გამოჩენამ მათ ზეიმი დაურღვია, რადგან მშვენივრად იცოდნენ, თუ ვის წინააღმდეგ მოდიოდა ეს გემი: თვალის დახამხამებაში ყაჩაღები თავიანთ გალერებში ჩაცვივდნენ, დიდი ძალისხმევით მოუსვეს ნიჩბები და ... გაუჩინარდნენ; ერთი საათიც კი არ იყო გასული ამ პატარა გემის დაყაჩაღებიდან, რომ თავდამსხმელებისაგან სულ მცირედი კვალიც კი აღარ დარჩა; ისინი მგაუჩინარდნენ მშვენიერი ტყით დაფარულ კოდორის შესართავში, სადაც, როგორც მათ სჩვევიათ ხოლმე, თავისი გალერები შეათრიეს.
ვინ იყვნენ ეს მეკობრეები, ეს ყაჩაღები, რომელთა რაოდენობაც ორივე გალერაზე დაახლოებით ას ოც კაცამდე აღწევდა? ეს იყო სამი თავადი სოუკ-სუს მიდამოებიდან მიხეილ-ბეის მეგობრები ბამბორის აფხაზებთან ერთად. მათი უმრავლესობა იცნო შკიპერმა, რომელიც თავადაც აფხაზი იყო. ეს შემთხვევა წარმოდგენას გვიქმნის აფხაზების ცივილიზაციის შესახებ და აგრეთვე, იმ ნდობის შესახებ, რომელიც რუსეთის მთავრობას შეიძლება ჰქონდეს მიხეილ-ბეის მიმართ: ეს უკანასკნელი, მართალია, რუსების მხარეზე იყო, მაგრამ ამით მას მხოლოდ სურდა შეეშინებინა თავისი ძვირფასი ბიძა ჰასან-ბეი. სამი დღის განმავლობაში ამ მშვენიერი ნაპირის გასწვრივ დავცურავდით. ვნახეთ ისკურიის კონცხი და ამ მდინარის შესართავი; ჩავედით თამიშის შესართავამდე, მაგრამ ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოვაჩინეთ. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ისეთი გემები, როგორიც ჩვენი იყო, ნაკლებად გამოსადეგია საძიებო საქმისათვის: მათ არც ხმელეთტან მიახლოება შეუძლიათ და არც მდინარეებში შესვლა. რუსეთის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, სოხუმში იყოლიოს რამდენიმე, აფხაზების მსგავსი გალერა და აღჭურვოს ისინი პატარა ქვემეხებით. ეს მართლაც ძალიან კარგი იქნება და თანაც მათ (რუსებს) შესაძლებლობას მისცემს მტერს ბოლომდე, თავის ბუნაგამდე მისდიონ.
29 ივნისის დილა იმდენად მშვენიერი იყო, რომ მაზღვაურთა მტკიცებით, მისი მსგავსი თვითონაც იშვიათად უნახავთ. მზის ამოსვლამდე ბევრად ადრე ავდექი და აღტაცებით შევყურებდი ერთ-ერთ ულამაზეს სურათს, როგორიც კი შეიძლება დედამიწაზე იხილო. კოდორის კონცხიდან ორ ვერსზე ვიდექით და ჩემი მხედველობის არეში ექცეოდა კავკასიონის დასავლეთი ქედის მთელი პანორამა, დაწყებული შორს, გაგრიდან, ვიდრე სამეგრელოს დაბლობებამდე. არავითარი ღრუბელი; მოკრიალებულ, ნათელ ცაზე ფოჩების ბოლოებივით იხატებოდნენ ათასობით წვერწამახული თხემები, მწვერვალები, გუმბათები, ერთმანეთზე ახორხლილი და მწკრივებად დაწყობილი ნაირ-ნაირი ფორმისა და მოყვანილობის ფილები. ვიდრე ამ ულამაზეს სურათს აღტაცებით შევცქეროდი და ყოველთა საგანთა შემოქმედს მადლობას ვწირავდი ამ მშვენიერი წუთებისათვის, მზე, თითქოს უფლის ძალით ქვეყნად ახლახანს გაჩენილი, მთელი თავისი დიდებულიი ბრწყინვალებით ამოიწვერა და უკიდურესი სამხრეთით მდებარე მწვერვალებს ოქროსფერი სხივები მოჰფინა. ამ დიდებულმა პეიზაჟმა, თითქოს ჯადოსნური ძალით იწყო გამოცოცხლება; თანდათანობით მკრთალად გამოიკვეთა უამრავი მთის ქედი. ჩრდილებმა კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩინეს ეს სურათი. სხვადასხვა ხედის მონახაზებმა ერთმანეთისაგან იწყეს გამოყოფა, თითქოს ეს იყო საყოველთაო სიცოცხლის დასაბამი და შემოქმედი პირველადი მატერიის უფორმო წიაღიდან სამყაროს შექმნას ცდილობდა. მწვერვალები და თხემები, რომელთაც დასასრული არ უჩანდათ, უეცრად აკაშკაშდნენ და თავიანთი ფერდობები, თოვლით დაფარული ვრცელი ველებით, სამზეოზე გამოიტანეს; ისინი ათასგვარ, ნაირ-ნაირ ნახატებს წმნიდნენ შიშისმომგვრელად აღმართულ შავ კლდეებზე. მეგონა, სამყაროს შექმნის დიადი დღის დაბადებას ვესწრებოდი: სიტყვა უძლურია, გამოხატოს ამ მომენტის მთელი მომხიბვლელობა!
თავისი ნიშან-თვისებებით აფხაზეთის პეიზაჟი განუმეორებელია: აქ ვხვდებით ზღვას, დაბლობებს, მაღალ მთებს თოვლით დაფარული მწვერვალებით, პორფირიტებსა და გრანიტებს, რომლებიც იურის კირქვას ფარავენ, ბროწეულისა და ლეღვის ხეებს ცირცელთან და არყის ხესთან ერთად აი, ეს არის ბუნების ქმნილებათა მეგობრული თანაარსებობა!
მთელი დღე იმით ვიყავი დაკავებული, რომ ამ უფლისმიერი ქმნილებების ჩანახატებს ვაკეთებდი. მათ შეუძლიათ რაღაც გარკვეული, თუმცა არა სრულყოფილი წარმოდგენის შექმნა (იხ. ეს პანორამა, ატლასი, მე-2 სერია, ფურც. 7). ეს ჩემი ჩანახატები რომ უფრო გასაგები გახდეს, საჭიროდ ჩავთვალე განმარტებების დართვა; აფხაზეთის ამ ნაწილის შესახებ რაღაც დეტალების გადმოცემა ვფიქრობ, ამ სურათს შეავსებს.
განმარტებები პანორამის შესახებ
შორს სიღრმეში, ხელმარცხნივ, მთების ძირი ჰორიზონტში იკარგება. წინ ბუნდოვნად იხატება ანაკოფიისა და ფსირცხის ბორცვების ჯგუფი. ასევე ბუნდოვნად მოჩანს კოტოშისა და ბამბორას მდინარეების ხეობები, ხოლო ბაკლანკას ხეობა, რომელსაც ზემოდან საფარ-ბეის ქუდი ადგას, უკვე ნათლად გაირჩევა. სოხუმის კონცხი, გუმისთის შესართავი, ძველი სოხუმი ყველაფერი ეს ერთ ხაზზეა განლაგებული. უფრო ხელმარჯვნივ, ხაზის წვერზე ოშტენის მწვერვალები (A) ჩანს; ოშტენი კავკასიონის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს ასრულებს და მის ფერდობებს თოვლის მხოლოდ რამდენიმე ზოლი ფარავს. კავკასიონის ქედის ამ ნაწილის ჯგუფი ნაკლებად მაღალია, იგი ძლივს აღწევს 11000 ფუტს. მისი ზედა ხეობები უკეთ ჩანს ბამბორადან.
ოშტენის წინ და მეორე პლანზე, მარცხნიდან მარჯვნივ, ფსირცხის, გუმისთისა და ბესლეთის ხეობებია თვალწინ გადაშლილი. სოხუმის ციხიდან ხელმარჯვნივ, მეორე პლანზე, სავსებით გარკვევით იკვეთება თექე კავკასიის ამ ფერდობისათვის დამახასიათებელი ერთერთი კირქვიანი ციცაბო ფერდობი. მისი კალთები მოშიშვლებულია, თხემი კი ტყით არის დაფარული. ეს მაღალი ბასტიონი ბესლეთს კელასურისაგან გამოჰყოფს და ხელმარცხნივ ქმნის ერთგვარ საყრდენს, რომელიც კელასურის ხეობის შესასვლელს კეტავს. რაბის მეორე საყრდენი (NA) დაახლოებით მისი მსგავსია; მისი დაკლაკნილი და ტყიანი ფერდობების სიღრმეში შესვლა შესაძლებელია მშვენიერ მწვერვალთა ჯგუფის (B) ძირამდე, საიდანაც გამოედინებიან დიდი ზელენჩუკის წყაროები, რომლებიც ზემოთ აღვწერე ეს ჯგუფი უფრო მაღალია, ვიდრე ოშტენი და 11000 ფუტს აღემატება.
ეს დიდი ფერდობები ბოლოვდებიან დაბალი და ტყით დაფარული გორაკებით, რომლებიც სოხუმისა და კელასურის სანაპიროზე ჩამწკრივებულან, აქედან კი ზღვას შორდებიან და მთების ძირს ერწყმიან. სწორედ აქ, დრანდის ნანგრევებთან პოულობს გამოსასვლელს კელასური.
კოდორი მარუხის მთის ძირიდან გამოედინება, წებელდას ლამაზ ხეობას გაივლის, მიედინება კირქვიანი ფერდობის გასწვრივ და შემდეგ ამ დაბალი გორაკების ჩრდილქვეშ მიიკლაკნება; იგი მხოლოდ 7 ვერსით უახლოვდება დაბლობს, რომელიც მის სახელს ატარებს და, რამდენიმე ტოტად დაყოფილი, ამ უკანასკნელზე გაედინება; მისი ძირითადი ტოტი უშუალოდ კოდორის კონცხის მწვერვალისაკენ მიემართება.
მარუხი თავისი ფორმით (B ჯგუფი) განსხვავდება დიდი ზელენჩუკის სათავეებისაგან; მისი თხემები არ არიან წვერწამახული, მათ უფრო მომრგვალებული ფორმა აქვთ. ძნელი სათქმელია, ეს პორფირიტია თუ გრანიტი?! კლდე ნაცრისფერია. მარუხის უმეტესი ნაწილი თოვლით არის დაფარული და წინა ჯგუფთან შედარებით უფრო მაღალი ჩანს.
ჯგუფ D-ს, კოდორისა და მარუხის სათავეებს შორის, ისევ დაჩეხილი, დაღარული და პირამიდული ფორმა აქვს, ხოლო E-ჯგუფი, რომელიც ამ უკანასკნელს ჯუმატაუსაგან გამოჰყოფს, გამოირჩევა შავი პრიზმის დიდი მასებით, რომელთა ზედაპირიც თოვლის სქელ საფარქვეშ არის მოქცეული. მე იგი მონბლანს მივამსგავსე. სიმაღლით იგი 12000 ფუტს აჭარბებს და ჯუმატაუს შემდეგ (F), ალბათ, კავკასიონის ქედის ამ ნაწილის ყველაზე მაღალი მწვერვალია.
თავისი ბუნებით ჯუმატაუ სრულებით არ განსხვავდება E ჯგუფისაგან: მთელი მისი მოგრძო მწვერვალი, რომელსაც სახურავის ფორმა აქვს, ყინულის საფარის წყალობით, ერთიანად გაბრწყინებულია. იგი კლდეების თხემთა ორ გრძელ მწკრივს შორის მდებარეობს. თავისი დაკბილული ნაპირების ამგვარი ფორმის გამო შეიძლებოდა მისთვის სტრობილუსი (შტრობილუს) ეწოდებინათ, როგორც არიანე მოიხსენიებს (პერიპლუსში) ქედის ამ ნაწილს (***** ხელ. გვ.87) ჭანჭიკივით დაგრეხილ ან უსწორმასწორო კორპუსს ნიშნავს).
ამ ორი ჯგუფის წინ მარკულის ზემო ხეობა იშლება, რომელიც ამ დაბლობზე გაედინება და ისკურიის კონცხიდან 20 ან მეტი ვერსის მანძილზე შეედინება ზღვაში.
ღალიძგას ხეობა კიდევ უფრო აღმოსავლეთითაა; ისკურიის კონცხი სამეგრელოს მხარეს ერთიანად ფარავს მთელ ამ სანაპიროს. ასეთია ესკიზი იმ დიდი სანახაობისა, რომელიც კოდორის კონცხის ბოლოდან ჩვენს თვალწინ იყო გადაშლილი.
ვუბრუნდები აფხაზეთის ამ ნაწილის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის აღწერას.
დიოსკურია
ნილოსის მსგავსად სამ ტოტად დაყოფილი კოდორის მთელი დელტა, როგორც ჩანს, ამ მდინარის ჩამონატანის შედეგია. დაბლობის ნაპირი, რომელსაც ზღვა ადგება, დანაწევრებულია პატარ-პატარა მაღალი კონცხებით, რომელთაგან ძირითადია კოდორისა და ისკურიის კონცხები.
მეორე კონცხის სახელწოდება ცნობილ ადგილზე მიუთითებს და ჩვენ შორს არ უნდა ვიმყოფებოდეთ იმ ტერიტორიიდან, სადაც ანტიკური დიოსკურია _ ბერძნული კოლონიების ეს მეტროპოლი მდებარეობდა. მართლაც, როგორც კი ისკურიის კონცხს შემოვუარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთით გამოჩნდა პატარა ყურე, რამაც საშუალება მოგვცა მივახლოვებოდით იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, დიოსკურია მდებარეობდა. მისი ნანგრევები პატარა მდინარის შესართავშია, რომელსაც ისკურია, წყუზამელა ანუ მარმარი ჰქვია.
როდესაც ჩერქეზების წარმომავლობაზე ვსაუბრობდი, მოვლენებს გავუსწარი და წინასწარ აღვნიშნე ზოგი რამ ჰენიოხებს შორის დიოსკურიისა და სხვა ბერძნული კოლონიების წარმოშობის თაობაზე. არგონავტების მითში უფრო მეტი რამ უნდა დავინახოთ, ვიდრე გამოგონილი ზღაპარი; მას საფუძვლად უდევს ნამდვილი ისტორიული და პოლიტიკური მოვლენები. სავსებით შესაძლებელია, რომ იმ დროის ელინები, ვარიაგები თუ ნორმენბი ჩერქეზების გალერებით აწყობდნენ შორეულ მოგზაურობებს სანაპიროების საძარცვავად და სამეკობრეოდ. როდესაც მათ იხილეს ეს მშვენიერი ქვეყანა, ალბათ (როგორც ეს ხდებოდა ნორმანების შემთხევევაში), აქ დამკვიდრების სურვილი გაუჩნდათ; ადრე თუ გვიან, თუკი ვენდობით მითს და ვირწმუნებთ მის უტყუარობას, რაკი საწინააღმდეგო აზრი არ არსებობს, შესაძლოა ტინდარიტები დიოსკურიის, ჰენიოხები კი ფაზისის დამაარსებლებად ვაღიაროთ, რაც დაახლოებით ქრისტეშობამდე XIV საუკუნის შუა ხანებში უნდა მომხდარიყო (სტრაბონიწიგნ. XI).
ბერძნებმა მრავალი კოლონიის დაარსება შეძლეს, რომელთა შესახებაც ისტორია დუმს, რადგან ისინი საბერძნეთის დიადი მოვლენების ეპიცენტრისაგან ძალზე მოშორებით იყვნენ; მაგრამ მათი არსებობისა და ძლიერების კვალი ჯერ კიდევ არ გამქრალა.
დიოსკურია წარმოადგენდა რესპუბლიკის მსგავსი სახელმწიფოს მეტროპოლს, რომელიც კოდორისა და მის იქით ენგურის ნაპირებზე იყო გადაჭიმული. თვით ქართულ ქრონიკებშიც არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ ამ აყვავებული სახელმწიფოს ძლიერებამ და გავლენამ მნიშვნელოვან ზღვარს მიაღწია. ქრისტეშობამდე 299 წელს ქართლელთა ანუ ქართველთა მეფემ ფარნავაზმა განდევნა აზონი, ალექსანდრეს ერთ-ერთი სარდალი, რომელიც ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ ქვეყანას დიდად ავიწროებდა, მაგრამ მან ვერ მოახერხა დაებრუნებინა ეგურსი, ანუ სანაპირო ზოლი ფაზისიდან კოდორამდე1, რომელიც დარჩათ ბერძნებს. აქ მათ მდინარეების შესართავებთან თავიანთი კოლონიები ჰქონდათ. ამასთანავე, ბერძნებმა არ მოისურვეს კავშირის გაწყვეტა ქართველებთან და მათტან სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს2.
დიოსკურიის შემდეგ მთავარი კოლონიები იყო გიენოსი დღევანდელი თგუანას მდ. მარკულის ნაპირებზე, ილორი, ბედია, ჰერაკლეა აწინდელი ანაკრია; მათ ზემოთ კი მაღალი ხეობები მთიელებს ეკავათ. ამ ტომთაგან, სვანების შემდეგ, ყველაზე ცნობილი იყო კორაქსების ტომი3 ახლანდელი წებელდელები; ისინი გაუთავებლად ემუქრებოდნენ დიოსკურიას თავიანთი მიუწვდომელი ხეობებიდან, სადაც კოდორი პტოლემაიოსის კორაქსი იღებს სათავეს.
სტრაბონის დროს4 ამ კორაქსებს ჰყავდათ ბელადი და სამასკაციანი საბჭო. მათ შეეძლოთ, სხვა ტომებთან ერთად, გამოეყვანათ 200000 კაცი და მიუხედავად უდისციპლინობისა, ეს დიდძალი ხალხი კარგი მეომრები იყვნენ; მათი საკვები იყო რძე, ტყის ხილი და მსხვილფეხა ნადირის ხორცი. უდავოა, რომ ამ ტომების წარმომადგენელთა მებრძოლმა სულმა ბერძნები აიძულა, მთელი თავიანთი ტერიტორიებისათვის (მთის ძირებამდე) უზარმაზარი გალავანი შემოევლოთ, რომელიც მნახველთა შორის დღესაც გაოცებას იწვევს. იგი იმ პერიოდისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაგებობის გამეორებას, რომელიც შემოავლეს ჰერაკლეს ხერსონესს, ბოსფორის რესპუბლიკას, თრაკიის ხერსონესს და სხვა მრავალი კოლონიის მიმდებარე ტერიტორიებს.
კედელი იწყებოდა კელასურიდან; სუროთი დაფარული და ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმული დიდი ნაგებობის ნანგრევებზე დაყრდნობილი კოშკი წარმოადგენდა დღემდე შემორჩენილი მაღალი კედლის დასაწყისს, რომელიც მთის მწვერვალზე სხვა ნანგრევებს უერთდება. სიმაგრეების მთელი ეს ანსამბლი, როგორც უკვე აღვნიშნე, ჰასან-ბეის სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს; რუკების უმრავლესობა მას ძველ დრანდას მიაკუთვნებს5.
ამ თავისებური აკროპოლის გარე კუთხიდან იწყებოდა მეორე კედელი, რომელიც კოდორს ზემოთ მიუყვებოდა, შედიოდა ქვეყნის სიღრმეში და მოიცავდა უზარმაზარ სივრცეს, მთების პირველი პლანის ჩათვლით.ს ამგვარად, ეს კედელი ჰერმეტულად კეტავდა მარკულასა და ღალიძგას მაღალ ხეობებს, გადიოდა ბედიის ზემოთ და მთავრდებოდა ენგურთან, ათანგელოდან ბევრად უფრო ზემოთ. როგორც ამჟამად ვარაუდობენ, მისი სიგრძე 160 ვერსს აღწევდა და ადგილადგილ იგი კოშკებით იყო გამაგრებული.
1. ეგურსი არის პლინიუსის ეკრეკტისე; სახელწოდება მიღებულია მდინარე ეგრისისაგან ან ინგურისაგან, რომელსაც ძველი ავტორები სინგამეს ანუ რიოხარესს უწოდებენ; ბ-ნი ბროსე აქედან აწარმოებს აგრეთვე სახელწოდებას „მეგრელი“, რომელთაც ჩვენ ეგრისის მეგრელებად მოვიხსენიებთ; აქ მსაზღვრელია.
2. Histoire de Vakhtang V, კლაპროთტთან, II, გერმ. გამოც.
3. ******** , Scilax Caryand, Perip. ჰუდსონის გამოც., გვ. 31. Coraxici montes, Pline, Hist., VI, 9. Ptolemee, Tab. secunda Asiae, თავი IX.
4. Strabon, გვ 479.
5 იხ. ამ კოშკის ხედი, ატლასი, მე-2 სერია, ფურც. 4.
ამ ძეგლის აგების თარიღი ძნელი დასადგენია; მიუხედავად იმისა, რომ მას არ იხსენიებს არც სტრაბონი და არც არიანე, ცხადია, იგი მათი მოღვაწეობის ხანას არ განეკუთვნება და, სავარაუდოდ, გაცილებით ადრეული უნდა იყოს.
სტრაბონის დროს, რომელიც ქრისტეშობამდე 29 წელს ცხოვრობდა, დიოსკურია მთელი თავისი დიდებით ჯერ კიდევ დასავლეთ კავკასიის ემპორიუმი იყო და ავტორის გადმოცემით, აქაურ ბაზრობებზე ასობით სხვადასხვა ჯურის ადამიანი იყრიდა თავს. გაცვლის ძირითადი საქონელი მარილი იყო. მაგრამ ამ ქვეყნის უდიდესმა ნაწილმა, ისევე როგორც დიოსკურიამ, თავისუფლება დაკარგა. მითრიდატეს მიერ დაპყრობილი ეს ანტილური კოლონიები ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ რომაელების, ან მათი ვასალების გამგებლობაში გადავიდა. ავგუსტუსუს ხანაში კოლხების მეფე გახდა პოლემონი, მის შემდეგ კი სახელმწიფოს მმართველობა ხელში აიღო მისმა მეუღლემ პითოდორიდამ, რომელმაც იგი მემკვიდრეობით გადასცა თავისივე ვაჟს პოლემონ II-ს.
თავისუფლებადაკარგულმა დიოსკურიამ, როგორც ჩანს, სწრაფად იწყო დაცემა; იგი რომაელთა პირდაპირ მფლობელობაში გადავიდა, რომლებმაც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქალაქებში საკუთარი გარნიზონები გაგზავნეს; უკვე პლინიუსის დროს (74 წ. ქრისტეშობის შემდეგ) დიოსკურია გაუკაცრიელებული იყო და ეს ქალაქი, სადაც თავიანთი კომერციული საქმიანობის საწარმოებლად რომაელებს ოდესღაც ას ოცდაათი თარჯიმანი ჰყავდათ, სხვა არაფერი იყო, თუ არა უბრალო პატარა კოშკი, რომელსაც სებასტოპოლისი1 ერქვა და გაშენებული იყო ათემუნტას დღევანდელი ისკურიის ნაპირებზე.
ადრიანეს დროს, 117138 წლებში ქრისტეშობის აქეთ, მდგომარეობა არ შეცვლილა: ფაზისში და სებასტოპოლისში მუდმივად იდგა რომაელთა გარნიზონი, ხოლო ქვეყნის შიდა ნაწილს რომაელთა ვასალები განაგებდნენ. ამგვარად, ლაზებს, აფშილებს, აბაზგებს, სანიგებს და ა.შ. თავ-თავიანთი მეფეები ჰყავდათ, რომელთაც იმპერატორი ნიშნავდა.
დაბოლოს, დიდი კედლის შესახებ პირველი ცნობა შემოგვინახა პტოლემაიოსმა, რომელიც ქრისტეს აქეთ 211 წელს ცხოვრობდა. იგი მას ******* (ხელნ. გვ. 92) „მტკიცე კედელს“ უწოდებს2 და მის ადგილმდებარეობას კორაქსის, ანუ კოდორის ახლოს მიუთითებს, როგორც ეს სინამდვილეშია. VI საუკუნის დასაწყისში მას სტეფანე ბიზანტიელიც იხსენიებს და “კორაქსის კედელს” უწოდებს3.
სუსტი ბატონობა, რომელიც იმპერატორებმა განახორციელეს დიოსკურიაში, იუსტინიანეს ხანამდე იქნა შენარჩუნებული; მაგრამ პროკოპის თანახმად, დიდი სებასტოპოლისი წარმოადგენდა მხოლოდ საცოდავ პატარა კოშკს ერთადერთ სამფლობელოს, რომელიც პითიუსთან ერთად ამ იმპერატორს ტრაპიზონიდან ზიგების ქვეყანამდე შემორჩა. აქ მისი მეომრები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ როდესაც ხოსრო თავისი ჯარით ლაზიკის დასაპყრობად მოვიდა. მისი მოსვლის თაობაზე დროულად გაფრთხილებულმა რომაელებმა ციხეს ცეცხლი წაუკიდეს და შორს გაიჭრნენ ზღვაში, სპარსელებს კი აქ მხოლოდ ციხის ნანგრევები დახვდათ და იძულებულნი გახდნენ აქაურობა დაეტოვებინათ. ასე დაეცა დიოსკურია.
1. სებასტოპოლისი იგივეა, რაც დიოსკურია: არიანე ამას განსაკუთრებით უსვამს ხაზს. შესაძლებელია, რომაელებმა ეს სახელი უწოდეს ციხეს, რომელიც მათ დიოსკურიის სიახლოვეს, მისივე დაცვის მიზნით ააგეს.
2. Sarmatiae Asiaticae situs, Tavi IX, ტაბ. II, Asiae.
3. Stephanus Byz. de Urbibus, gv. 165, Ed. Xylandri.
დიოსკურიისა და ლაზიკის ისტორია რომაელთა ბატონობის ხანაში არ იძლევა საფუძველს იმის სავარაუდოდ, რომ დიდი კედელი სწორედ მათ მიერ იქნა აგებული; ამიტომ მე ვრჩები ჩემი თავდაპირველი მოსაზრების ერთგული, რომლის თანახმადაც იგი, სავარაუდოდ, ქრისტეშობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, იმ ეპოქაში აიგო, როცა აყვავებული და ძლევამოსილი დიოსკურია რესპუბლიკის მეტროპოლს წარმოადგენდა და სწორედ ამ კედლით უნდა ყოფილიყო შემოზღუდული.
ხოსროსთან დაზავების შემდგომ იუსტინიანემ სებასტოპოლისი განაახლა; იმისათვის, რომ იგი უძლეველ ციხედ ექცია, ბრძანა, მტკიცე ზღუდე შემოევლოთ მისთვის და გარდა ამისა, სხვა გასამაგრებელი სამუშაოებიც ჩაატარა, სხვადასხვა სახის ნაგებობებითაც დაამშვენა და საბოლოოდ იგი ერთ-ერთ ულამაზეს და თავისი სიდიდით გამორჩეულ ქალაქად აქცია1. ამავე დროს აფხაზებმა ბიჭვინთა კავკასიაში ქრისტიანობის წმინდა ადგილად აღიარეს.
ძნელია იმის თქმა, თუ რა როლი შეასრულა ამ ქალაქმა მოგვიანებით, რადგან XI საუკუნემდე ამ ქვეყნის შესახებ ძალზე მწირი ცნობები გვაქვს. ეს აფხაზეთის აყვავების ხანა იყო; იგი მოფენილი იყო ქალაქებით, ციხეებით, ეკლესიებითა და მონასტრებით. კოდორიდან ცხენისწყლამდე არანაკლებ 12 ეპარქია არსებობდა; მოგვიანებით ექვსი მათგანი მონასტრებად გადაკეთდა, მათ შორის იყო: დრანდა არქიეპისკოპოსის რეზიდენცია, მოქვი, ბედია, ცაიში2, ჩელეკი3 და მარტვილი4. დრანდასა და მოქვს გიულდენშტედტი სამთავარეპისკოპოსოს უწოდებს5.
მონასტრებად გადაკეთდა აგრეთვე ეპარქიები ქიაჩი6, წიფურია ენგურზე, ხობი თუ ობუჯი მდ. ხობზე დადიანების უწინდელი სამარხი, სებასტოპოლი, რომელიც ზღვამ დაანგრია ფაზისის შესართავთან7, ანაკლია ანუ ჰერაკლეა ენგურის შესართავთან8.
1. Procopius Caes. de Aedif. Just., წიგნი III, თავი 7
2. Tsaisi – დელილის რუკაზე. არქანჯელო ლამბერტი წერს Ciais, Recueil de Voy. au Nord, t. VII, გვ 136.
3. ასეთ სახელწოდებას ვხვდებით იმერეთის მეფის ალექსანდრეს რუკაზე (1738); არქანჯელო ლამბერტი წერს Scalingicas; ეს არის Czelandjiki გენ. ხატოვის რუკაზე, Tcheliandjikhi – გენერალური შტაბის რუკაზე (1833). მთავარი ეკლესია ნაკურთხი იყო წმინდა ღვთისმშობლის სახელზე და აქვე იყო ადგილობრივი მთავრების სამარხებიც.
4. მარტვილის ნაცვლად, რომელიც წმინდა მოწამეთა სახელზე იყო ნაკურთხი, არქ. ლამბერტი წერს „ჭყონდიდს“ მართლაც, მარტვილის ეპისკოპოსი ჭყონდიდელ ეპისკოპოსად იწოდებოდა.
5. Beschreibung der Kauk. Lander, ed. Klaproth, gv. 131.
6. Arch. Lamberti, Recueil de voy. au Nord, t. VII, გვ 137, წერს Chiaggi; მე არ ვიცი მისი ადგილმდებარეობა.
7. სებასტოპოლი ფაზისზე არქ. ლამბერტის შეცდომა უნდა იყოს; იგი ერთადერთია, ვინც სებასტოპოლს ამ ადგილას მიუთითებს, ალბათ იგი მარმარაში აურია.
8. აკლია მეექვსე მონასტრის სახელწოდება.
აფხაზეთის კეთილდღეობა გრძელდებოდა მანამ, სანამ ძლიერნი იყვნენ მისი მეფეები, რომლებიც საქართველოს მეფეებიც გახდნენ. ზემოთ მე უკვე აღვნიშნე, როგორ გახდა ეს ქვეყანა სამეგრელოს დადიანების მსხვერპლი (რომელთა სამფლობელო სანაპიროს გასწვრივ, დაახლოებით ზიგების სამყოფელამდე ვრცელდებოდა) და როგორ იყო შევიწროვებული იგი განუწყვეტელი შემოსევებით, ერთი მხრივ ჩერქეზების, მეორე მხრივ კი თურქების მხრიდან, რომლებიც თავიანთი სისხლიანი ხელებით აწყობდნენ თავდასხმებს ამ ულამაზეს სანაპიროზე. დადიანებმა, რომლებიც ორი საუკუნის წინ იძულებულნი იყვნენ თავიანთი სამფლობელოს საზღვარი ანაკოფიაში გადაეტანათ, დღეს ღალიძგამდე დაიხიეს უკან და აფხაზეთი, ეს საბრალო ქვეყანა, ისევე გავერანდა, როგორც ამერიკის ტყეები ყველაფერი დაინგრა, ეკლესიები განადგურდნენ, წაიშალა ცივილიზაციის ყოველგვარი კვალი, ენგურამდე აღარც ერთი საეპისკოპოსო აღარ დარჩა.
დღეს დიოსკურიისაგან მხოლოდ მისი სახელიღაა შემორჩენილი: ამდენი ორომტრიალის შემდეგ მისი ადგილმდებარეობაც კი თითქმის სავარაუდო გახდა. 1672 წელს შარდენი ნაპირზე ისგაურში გადმოვიდა _ მარმარის-კარის შესართავთან და აქ ნახა მხოლოდ რამდენიმე მოწნული ფაცხა, და არც ერთი სახლი1.
დე ლა მოტრე, რომელიც 1712 წელს ქარიშხალმა გამორიყა აფხაზეთის ნაპირებზე, აგრეთვე სებასტოპოლისში გადმოვიდა ხმელეთზე, სადაც ელოდა, რომ ბევრი ნანგრევი დახვდებოდა, მაგრამ ნახა მხოლოდ ორ მეჩეთში შემორჩენილი რამდენიმე კარგად გაპრიალებული სვეტი და ერთიც ქანდაკების დასახიჩრებული თავი, რომელიც იქაურ მოსახლეს თავის ვანახში უპოვნია; მას მიჰყიდეს რამდენიმე მონეტა, რომელთაგან ერთი დიოსკურიიდან იყო2. როტიე აქ დაახლოებით 1817 წელს მოვიდა; მარმარის ნაპირებზე მან ნახა დიოსკურიის ნანგრევები, რომელთა ზედაპირზეც ღარიბული სოფელი ისკურია იყო გაშენებული3. პოლ გიბალი 1831 წელს აფხაზეთის შესახებ გაკეთებულ შენიშვნებში ისკურიას სკურჩას უწოდებს4.
დაბოლოს, ოდესღაც ამ მეტად მნიშვნელოვანი პუნქტის სახელწოდება იმდენად იქნა მივიწყებული, რომ ამ მხარეებში ყველაზე თანამედროვე მოგზაურმა გამბამ უკვე აღარც კი იცის, სად შეიძლება იყოს დიოსკურიის ნანგრევები, და მას სოხუმ-კალესთან აიგივებს5.
უცნაურია, რომ მილეტელებმა, რომლებმაც დიოსკურია დააარსეს, მის ადგილსამყოფელად აირჩიეს არა კოდორი აფხაზეთის ყველაზე დიდი მდინარე, არამედ პატარა მდინარე, რომლის სათავეც შორს, მთების სიღრმეშია; ადგილობრივი მოსახლეობა მას ერთდროულად უწოდებს ისკურიას, წყუზამელას და მარმარს. სწორედ აქ არის ულამაზესი ტყეებით დაფარული მნიშვნელოვანი ნანგრევები, სადაც რამდენიმე აფხაზური სოფელია მიმოფანტული. აქაური წიფლის, მუხისა და თელის ხეები დედამიწის უძველეს პირმშოებად გამოიყურებიან. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ძველმა ბერძნებმა სწორედ აქ დააარსეს მდიდარი კოლონიები და მთელ ამ სივრცეს კედელი შემოავლეს. ახლა კი ჩანს, თითქოს ადამიანს ეს ადგილი მიუტოვებია, უფრო სწორად _ თითქოს განგება ისე მოქცევია ამ საუფლოებს, როგორც მინდვრებს ექცევიან ხოლმე: აძლევენ მათ დასვენების საშუალებას დაანეულად აქცევენ. როდესაც ხედავთ ამ მარადიულ, უსიერ ტყეებს, დაბლობებსა და მთებს რომ ფარავენ და თვალს აყოლებთ ამ უკაცრიელ სანაპიროს, შეიძლება იფიქროთ, რომ იმყოფებით ისტორიის ერთ-ერთ აკვანთან, თქმულებებისა და მითების ანტიკურ მიწაზე, უამრავ ცივილიზაციათა საწყის წერტილში და დიდ ქალაქთა მისადგომებთან... მაშ სადღაა ის მოსახლეობა, რომელმაც სამოთხის ეს საოცრებანი შექმნა?
1. Chardin, gv. 71, in-folio გამოც.
2. De la Motraye, II, გვ. 103.
3. Rottiers, Itineraire, etc., გვ. 23.
4. Paul Guibal, Courrier de la Nouvelle-Russie, №103, 1831.
5. Gamba, Voy. dans la Russie mezid, I, 75.
ზუსტად იმ ადგილას, სადაც დაბლობზე გამოსული კოდორი მარჯვენა ნაპირით თავისი დინების გასწვრივ მდებარე ბოლო ბორცვს ადგება, აღმართულია ნახევრად დანგრეული დრანდის თუ დარანდას მშვენიერი ეკლესია, რომელსაც მეორენაირად კოდორის ეკლესიასაც უწოდებენ; აქ თავისი რეზიდენცია ჰქონდა დანდრელ ეპისკოპოსს1. ინტერიერი ზუსტად ისეთივე გეგმითაა შესრულებული, როგორც ბიჭვინთის ეკლესიაში, მხოლოდ უფრო მცირე ზომისაა; აგებულია ისეთივე წარმოების აგურით, როგორითაც ბიჭვინთაა ნაგები. საკურთხეველი უწინ თეთრი მარმარილოს კოლონადით იყო გამოყოფილი ტაძრისაგან; იგი ხობის მარმარილოს წააგავს. ტამბურებმა, რომლებსაც იყო მათი გადამკვეთი რკინის ძელი ამაგრებდა, როგორც ჩანს, სიხარბე აღძრეს ზოგ-ზოგ ვანდალ მთიელებში, რომლებმაც ისინი დაამტვრიეს, რათა რკინა ამოეღოთ; მათი ნამსხვრევები მიწაზე გროვებად ყრია, ხოლო კაპიტელები, რომლებშიც რკინა არ იყო, ხელუხლებელი დარჩა და მშვენივრადაა შემონახული. გარე კედლები თლილი ქვისაა.
ეკლესიას მთლიანად ფარავენ უზარმაზარი ხეები, რომლებიც გადახლართულიყვნენ იმ ხეებთან, ფესვები რომ ჰქონდათ ჩაზრდილი მსხვილი რიყის ქვებისაგან კირხსნარის გარეშე ნაგები გალავნის კედელში ეს ხეები ისეთნაირად ფარავდნენ ეკლესიას, რომ მისი დანახვა მხოლოდ გალავნის შიგნით შესვლისას შეიძლებოდა, ხოლო ზღვიდან ეს მასივი უზარმაზარ, განცალკევებულ ხედ მოგეჩვენებათ.
სოხუმიდან სამეგრელოში მიმავალი პირდაპირი სახმელეთო გზა ამ ეკლესიის ახლოს გადიოდა. დრანდას შესახებ ჩემ მიერ ახლახან მოთხრობილი ყველა ეს წვრილმანი გენერალ ვაკულსკის ნაამბობის მიხედვით მომყავს; იგი იმერეთის პირველი მმართველი გახლდათ და ეს ქვეყანა მშვიდობიანობის დროს ჰქონდა მოვლილი, როცა ჯარს არ ხელმძღვანელობდა.
წყაბას აული ამ ნანგრევების მახლობლად მდებარეობს და ორივე _ წყაბაც და ნანგრევებიც წებელდისა თუ კოდორის ზემო ხეობის შესასვლელზე ბატონობენ, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრე. ეს არის სვანეთის, ლეჩხუმის, რაჭისა და სხვ. ხეობების მსგავსი, მაგრამ უფრო პატარა, თუმცა აფხაზეთის ზემო ხეობებს შორის ყველაზე დიდი ხეობა. იგი იტოტება კოდორის ოთხი თუ ხუთი ძირითადი ნაკადის მიმართულებით. კოდორი აფხაზეთის ერთ-ერთი უდიდესი მდინარეთაგანია. იგი იურული პერიოდის ხეობით გამოდის ქვემო ვაკეზე და ისეთივე ვიწროა, როგორც ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები ხეობები.
ყველა კავკასიელი მთიელის მსგავსად, წებელდელებიც თავისუფლების მოყვარულნი არიან: უწინ ისინი კორაქსების სახელით იყვნენ ცნობილნი და სტრაბონის დროიდან მათ მმართველობის წესში არაფერი შეუცვლიათ; ინარჩუნებენ რა თავიანთ დამოუკიდებლობას, მათ ჰყავთ უხუცესთა საბჭო, რომლის წევრებსაც ქვეყნის ყველაზე გავლენიან პირთაგან ირჩევენ. ყველაზე ცნობილ საგვარეულოს წარმოადგენს ხირპის ანუ ხირიპსის საგვარეულო, რომლის უფროსიც დღეს უმთავრეს როლს თასრულებს. წებელდის ძირითადი სოფლებია: და ანუ ვარდა, ოტინპური2, ამტკეტი, მაკრამბა და სხ.
ამ მთიელებმა უხსოვარი დროიდან შემოინახეს თავიანთი ზნე-ჩვეულებანი. თუკი ბარის ან დაბლობის მცხოვრებნი თავიანთი ძლიერებით მათში შიშს არ აღძრავენ, ისინი ნებისმიერ დროს მზად არიან თავს დაესხან მათ და გაძარცვონ.
1. იხ. შარდენი, რომელსაც თავისი მოგზაურობის რელაციაში ჩართული აქვს დონ ჟოზეფ მარია ძამპის ცნობები, ტ. I, გვ. 110, გამოც. in-80 .
2. Wentper ხატოვის რუკაზე.
სამეგრელოში ანუ სამხრეთ აფხაზეთში შესვლა მხოლოდ ერთადერთი ხეობით _ დრანდის ხეობით შეიძლება, ყველა სხვა გზა მიუვალი მთებითაა გადაკეტილი... ამ უკანასკნელ ხანებში მათი თავდასხმები ისე გახშირდა, რომ მთავარი ალი-ბეი, რომელსაც ვრცელი მამულები აქვს დრანდის ქვემოთ, იძულებული იყო დაეტოვებინა ჯეპუა და ტამიშისაკენ წასულიყო.
წებელდიდან კავკასიის მაღალი თხემის ზემოთ ორი გზა გადის; ყველაზე უფრო ხშირად იმ გზას იყენებენ, რომელიც პირდაპირ დადან [დალ] იწყება და ვიწრო ხეობით მარუხის მწვერვალების აღმოსავლეთით უხვევს. მეორე გზა, რომელსაც ძირითადად აფხაზეთის დასავლეთი ნაწილიდან მომავალი მგზავრები იყენებენ, მარუხის დასავლეთით მდებარე მეორე ხეობაზე გადის, შემდეგ კი, მცირე ზელენჩუკის ხეობაში, ორივე ერთმანეთს უერთდება. რაინეგსი სწორედ ამ გზით მოგზაურობდა, რაზეც მისი რუკა მიუთითებს.
მარუხის უღელტეხილი კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი გზაა; უმთავრესად ამ გზით წარმოებს ვაჭრობა და ხდება ცივილიზაციათა გაცვლა კავკასიონის ქედის ორ სხვადასხვა მხარეს შორის.
უწინ, როცა ბერძნული კოლონიებით გარშემორტყმული აფხაზეთი გაცხოველებული ვაჭრობის წყალობით აყვავების გზაზე იდგა, ხოლო მოგვიანებით, საგანგებოდ დამუშავებული ბაღის მსგავსად, მშვენიერი ქალაქებით, ციხესიმაგრეებითა და ეკლესიებით მოიფინა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კავკასიის პატრიარქის რეზიდენციად იქცა, საკუთრივ აფხაზეთი კი საქართველოს მეფეთა გვირგვინში უძვირფასეს ქვად იყო აღიარებული, აი, სწორედ ამ დროისათვის წებელდა აფხაზეთის სიმპლონს წარმოადგენდა.
დიოსკურიის ახლომდებარე მთებზე საუბრისას სტრაბონიც კი აღნიშნავდა, რომ ისინი ზამთარში გაუვალია, ხოლო ზაფხულში, მუდმივი თოვლისა და ყინულის გამო, მოსახლეობა მთებზე ასასვლელად იყენებდა კამეჩის ტყავისაგან დამზადებულ ფართო წაღებს, რომლებსაც დაფების ფორმა ჰქონდათ; მთიდან დაშვებისას კი თავიანთ ტვირთთან ერთად მარხილებით მოსრიალებდნენ.
იმ დროს კავკასიის ყველა ტომი თავს იყრიდა დიოსკურიაში, რომელიც ზუსტად ამ დიდი გზის გამოსასვლელში მდებარეობდა და ჩრდილოეთისა და სამხრეთის, სტეპებისა და შავი ზღვის უდიდეს სავაჭრო ემპორიუმს წარმოადგენდა.
ყველა აქტიურად მოქმედი სავაჭრო გზა მოფენილია ძეგლებით, ქალაქებით, სოფლებით, და ეს დასახლებები სულ უფრო და უფრო ზემოთ, უმაღლეს რეგიონებამდე აღწევენ. თუკი ამ ადგილების არქეოლოგიურმა კვლევამ ჯერჯერობით ვერ მოჰფინა ნათელი ადრეულ ეპოქებს, სამაგიეროდ საკმაოდ მრავალრიცხოვანია უახლეს საუკუნეებთან დაკავშირებული მეცნიერული აღმოჩენები, რაც იმედს გვისახავს, რომ უფრო მეტი მოთმინების პირობებში, აუცილებლად მოვიპოვებთ ანტიკური ხანის მასალასაც. მარუხის უღელტეხილის გადალახვისთანავე, მცირე ზელენჩუკის ხეობაში, საკმაოდ დიდ სიმაღლეზე მაჯარ-უნეს ნანგრევებია; აქვე შეხვდებით დიდი ეკლესიის ნაკვალევსაც; ამ უკანასკნელის ჩანახატები პიატიგორსკის სამთავრობო არქიტექტორთან, ბ-ნ ბერნადოჩისთან ვნახე.
მრავალრიცხოვანი და მდიდარი მოსახლეობის კვალი ზემო ყუბანის ნაპირებამდე მიდის; ბ-ნმა ბერნადოჩიმ, რომელიც გენერალ ემანუელის ხელმძღვანელობით 1829 წელს განხორციელებულ იალბუზის ექსპედიციაში მონაწილეობდა, აქ მეორე ეკლესიაც ჩახატა (მან კეთილი ნება გამოიჩინა და გადმომცა ეს ნახატები, რომლებიც მე წარმოვადგინე მე-3 სერიაში, იხ. ფურც. 4). იგი ყუბანის მარცხენა ნაპირზე, ჩუნას მთაზე, ხუმარას პირდაპირ მდებარეობს. აქ ერთი თვალის გადავლებითაც კი შეიცნობა აფხაზეთის ეკლესიებისა და ფრესკული მხატვრობის ბიზანტიური სტილი1. ეჭვი არ არის, რომ ქრისტიანობა აქ სწორედ ამ გზით შემოვიდა. ეს მით უფრო საოცარია, რომ კავკასიის ჩრდილოეთ ფერდობზე, ჩერქეზეთის მხარეს, ამ ძველი საკომუნიკაციო გზის გარდა, არსად ჩანს რაიმე ეკლესიის კვალი.
როგორც სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა სტრაბონი, კავკასიონის ეს ჩრდილოეთი ფერდობი სამხრეთზე გაცილებით უფრო დამრეცია, იგი მალევე უერთდება ველ-დაბლობებს, რომლებიც ამ გეოგრაფოსის დროს სირაკებს ეკავათ.
მართლაც ხუმარასთან2, ჩუნას ეკლესიის ქვემოთ, იმ მხარეს ვუახლოვდებით, რომლის არევაც კავკასიის მკაცრ ხეობებთან უკვე აღარ შეიძლება. ყუბანი ისევ იურულ და ცარცული ფორმაციების კლდეებს შორის არის მოქცეული, მაგრამ ახლომდებარე მწვერვალები, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, თითქმის მთლიანად მოშიშვლებულია, მათი მონახაზიც უფრო შერბილებულია და საუკეთესო სუბალპური გაზონით არის მოჩითული. ეს ისეთი უმდიდრესი საძოვრებია, როგორიც შეიძლება რომ წარმოიდგინოს ადამიანმა და გარდა ამისა, ეს ადგილები ყველა ეპოქაში ცხენების მრავალრიცხოვანი რემებით იყვნენ ცნობილნი.
დიდი სავაჭრო გზის ერთი განშტოება ყუბანის ანუ ჰიპანისის ნაპირებს მიუყვებოდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ განშტოებებისაგან მთავარი იყოს ის, რომელიც არხანდუკოვიდან პოდკუმოკის ხეობისაკენ მიემართებოდა და მას ბარგუსანის ზემოთ უახლოვდებოდა3; ეს იყო დიდი ქალაქი, რომლის ნანგრევებითაც სავსეა პოდკუმოკის მთელი ხეობა. მწვანე ქვიშაქვის კლდეზე განცალკევებით წამოჭიმული იყო დაახლოებით ერთი ვერსის სიგრძის ციხე; ციხისაკენ კლდეში გამოკვეთილი ორი თუ სამი კიბე ადიოდა; მთავარი კიბე კლდის ნაპრალში ჩაჭრილი კარით იკეტებოდა. მწვერვალი თითქმის მთლიანად იყო დაფარული განადგურებული საცხოვრებლების ნანგრევებით, ძვლებით და ა. შ. დიდი ზომის ნანგრევები არ არის შემორჩენილი. აქ მცირეოდენი გათხრები ჩაატარეს და სხვადასხვა ნივთები აღმოაჩინეს, მათ შორის – სპილენძის პატარა ჯვრები; ციხე ბუნებრივად კარგად იყო დაცული, თუმცა კლდის ძირში მაინც იყო შემოვლებული მიწაყრილი, რომელიც აქვე მოჩუხჩუხე წყაროდან წყლის ამოსატანად ჩასულ ხალხს თავდამსხმელებისაგან იცავდა.
პალასის დროინდელი ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, ეს განმარტოებული ციხე ფრანკების, ანუ ევროპელების4 თავშესაფარი იყო. ეს გადმოცემა ემთხვევა იმას, რაც ზემოთ, ჩერქეზების ისტორიის თხრობისას მოგახსენეთ5.
1. 1802 წელს მაიორმა პოტიომკინმა მოიარა ეს მხარე, მოინახულა ეკლესიები და მათი რამდენიმე ჩანახატიც გააკეთა. მანვე გადმოიწერა ფრესკების ბოლოს მოთავსებული ბერძნული წარწერები. ჩუნას ეკლესიასთან ახლოს მან ნახა აგრეთვე ჯვრის ფორმის საფლავის ქვა, რომელზეც ამოიკითხა თარიღი ******, 6621 სამყაროს შექმნიდან (1013 წ. ქრისტეს აქეთ) იხილეთ Voy. de Jean Potocki dans les steppes d’Astrakhan, etc., t. I, gv. 242.
2. რაინეგსი არხანდუკოვისა და კუმარას ახლოს ათავსებს კუმარას ცნობილ კარს, რომლის შესახებაც მე ამ ადგილებში არაფერი მსმენია. იხ. რაინეგსი, ტ.I, გვ. 264.
3. პალასი მას ბურგ-უსანს uwodebs; იხილეთ მისი Voyage dans les contrees merid. de la Russie, etc. ტ. I, გვ. 374. ხატოვის რუკაზე – ბუზგუსანი.
4. Pallas, I, გვ. 375.
5. იხ. გვ. 53 და შემდეგ.
ბარგუსანის ქვემოთ, ცამეტ ვერსზე, პოდკუმოკის ხეობისაკენ დაღმა სვლით, გზა მიდიოდა მიწაყრილამდე, რომელიც ხეობას კეტავდა იმ ადგილის ქვემოთ, სადაც ეს მდინარე კისლოვოდსკიდან გამომავალ ნარზანსა და კოკურტს უერთდება. ეს მიწაყრილი, რომელიც ნარზანის მარჯვენა, ამაღლებულ ნაპირზე ცნობილ მჟავე წყლებამდე ადიოდა, ამ გიგანტების შადრევნის მისასვლელებს იცავდა, რადგან მტრის თავდასხმა სწორედ ტრამალის მხრიდან იყო მოსალოდნელი.
მიწაყრილით შემოზღუდულ ტერიტორიაზე განთავსებულია რამდენიმე ყორღანი, ხოლო პოდკუმოკის ხეობის აღმოსავლეთით ქლორიტული ქვიშაქვის ფენებში გამოკვეთილია ორი ან სამი ერთმანეთთან გაერთიანებული საცხოვრებელი მღვიმე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ კვლავ სტრაბონის ნაკვალევზე ვიმყოფებით, რადგან ეს უკანასკნელი ამ ადგილას ტროგლოდიტების ტომის განსახლებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მათ უხვად ჰქონდათ პური1. ამ მიწაყრილის იქით, ძველი მოსახლეობის ნაკვალევი კვლავ ხშირად გვხვდება კონსტანტიგორსკაიამდე, სადაც განცალკევებულ გორაკზე, პოდკუმოკის ხელმარჯვნივ აღმართულია ბოლო მიწაყრილი, რომლის ზემოთაც ნაყოფიერი მიწით დაფარული მწვერვალია: რუსები მას „ჩორნაია გორას“ (შავ მთას) უწოდებენ.
აქედან იწყება ვრცელი ველები, რომელთა შუაშიც, როგორც შუქურა უდაბნოში, აღმართულია ბეშთაუ. იგი ყოველთვის იყო შავი და კასპიის ზღვების გამყოფ ტრამალებში მომთაბარე ხალხების სამიზნე და თავშეყრის ადგილი: მის გარშემო არსებული ნაყოფიერი ველ-მინდვრები ხშირად ხდებოდნენ დავის საგანი და ხელიდან ხელში გადადიოდნენ; მით უფრო, რომ სასწაულმოქმედი კავკასიური მინერალური წყლები სწორედ მის მახლობლად ამოსჩქეფდნენ. ამ ცნობილი ადგილის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებ.
მე აღარ გავაგრძელებ სავაჭრო გზის მარშრუტის აღწერას იმ ტრამალებში, სადაც მისი კვალი მომთაბარე ტომებს შორის იკარგება.
ჩემს მიერ ახლახან აღწერილი გზა სწორედ ის გზაა, რომელზეც ალანების მეფემ საროდიუსმა კონსტანტინოპოლის ელჩი ზემარქე გაატარა იმ ზამთარს, როცა ეს უკანასკნელი ბრუნდებოდა თურქეთის ხანის დიზაბულის კარიდან, რომელიც ბანაკად იდგა ექტელის თუ ალთაის მთაზე და რომელსაც სპარსელები ჩაუსაფრდნენ. ამ გზას მენანდრე „დარინის გზას“ უწოდებს2. ჩვენ ვნახეთ, რომ კოდორის ზემო ხეობის მთავარი სოფელი იყო და, რომელსაც გიულდენშტედტი დალს უწოდებს; კირქვის მთებს, რომელთა შორისაც ხეობის ერთი ნაწილია მომწყვდეული, ურდანი ეწოდებათ3.
1. აი, სტრაბონის ტექსტი: „როდესაც კავკასიის ჩრდილო ფერდობზე ჩამოვდივართ (დაწყებული დიოსკურიიდან), იგი გაცილებით უფრო დამრეცია, ვიდრე მეორე და მალევე უერთდება სირაკების დაბლობებს უერთდება. აქ არიან ზოგი ტროგლოდიტები, რომლებიც სიცივის გამო გამოქვაბულებში ცხოვრობენ. ამ ხალხს აგრეთვე უხვად აქვთ პური“. გვერდი 486, ბაზილის გამოც.
2. Jules Klaproth, dans le Voy. de J. Potocki dans les steppes d’Astrakan, etc., I, 218; Lebeau, Hist. du Bas-Empire, ed. St. Martin, X, 70.
3. გიულდენშტედტი, გვ. 1333, კლაპრ. გამოც.
ცხადია, თუკი რუსეთი ოდესმე კავკასიაზე ბატონობას, და აქ ცივილიზაციის დანერგვას მოინდომებს, მისი პირველი საზრუნავი ამ დიდი სავაჭრო გზის აღდგენა უნდა გახდეს, თუკი იქაური პირობები ამის საშუალებას მისცემენ. ამით იგი ყაბარდოელებს დასავლეთ კავკასიის ჩერქეზებისაგან მოწყვეტს, ერთმანეთისაგან გათიშავს ამ ხალხებს, გაწყვეტს მათ ურთიერთკავშირს და პირდაპირ გხას გახსნის აფხაზეთისაკენ რუსეთის ერთ-ერთი უმშვენიერესი სამფლობელოსაკენ კავკასიის სამხრეთში: ეს არის დედამიწის ზურგზე ულამაზესი მხარე, სადაც სხვადასხვა სახის უმდიდრესი კულტურა ხარობს.
აღმოსავლეთთან რუსეთის უმოკლესი და სანდო სავაჭრო გზის გახსნა ამ ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს და ამ ბედკრულ მხარეში მშვიდობა დაისადგურებს, როცა მთელი სიმკაცრის გამოყენებით დაიმორჩილებენ წებელდის მთიელ ავაზაკებს, მუდამ რომ მზად არიან მტაცებელი ფრინველებივით თავს დააცხრნენ აფხაზეთსა და სამეგრელოს და გააჩანაგონ ისინი. მხოლოდ ამ მოკლე და მოხერხებული გზების მეშვეობით შეუძლია რუსეთს კავკასიაში გაბატონება. ისეთი ძლიერი ქვეყნისათვის, როგორც რუსეთია, ერთი წამიც კი საკმარისია საკუთარი ძალების მობილიზაციისათვის; სულ მცირეოდენი ხალხითაც კი ასჯერ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი და სავსებით ცხადია, რომ შესაძლებელია ძირშივე აღმოიფხვრას აფხაზ მთავართა მოღალატური სული: ამ უკანასკნელთა ძლიერება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მათთვის კავკასია ბუნაგია, ხოლო მეგობრებად მთიელები და ჩერქეზები ჰყავთ, რომლებიც ყოველ წუთს შეიძლება მოიხმონ.
თუკი რუსეთი ამ პროექტს მიიღებს, მას აღარ დასჭირდება ჯარების მსხვერპლად შეწირვა, რადგან ლიკვიდირებულ იქნება ხაზის დიდი ნაწილი და აქ, ამ მშვენიერ, თუმცა მაღალმთიან მხარეში შესაძლებელი გახდება კოლონიების მოწყობა.
მე უკვე აღვნიშნე, რომ თავადი ალი-ბეი, რომელიც საკმაოდ სუსტი იყო იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია წებელდელებისათვის და ისინი კოდორის ხეობის შესასვლელში შეეჩერებინა, ტამიშის ნაპირებზე გაიხიზნა; ეს მესამე მდინარეა, რომელიც კოდორის მსგავსად, თოვლის დაფარული მაღალი ხეობებიდან გამოდის, ისკურიის დაბლობზე გაედინება, ვიდრე მდინარე მარკულას მიაღწევდეს. ტამიშის შესართავში ალი-ბეიმ თავისთვის პატარა ხის სახლიც კი აიგო (იხილეთ მე-2 სერია, ფურც. 5), რომელსაც ორი ულამაზესი ხე თავისი მწვანე თაღებით ფარავს; ჩვეულებრივ, მისი საცხოვრებელი სახლი სოფელ ტამიშში, ზღვის ნაპირიდან 4 თუ 5 ვერსის დაშორებით დგას. სწორედ აქ დახვდა იგი სამეგრელოდან სოხუმში მიმავალ გენერალ ვაკულსკის და ეს უკანასკნელი მიიღო ისე, როგორც აფხაზეთის დიდმა ბატონმა, რომელსაც ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი სტუმრის პატივისცემა. ალი-ბეის სახლი არაფრით არ ჯობდა მისივე ქვეშევრდომთა სახლებს; ეს ვითომდა სასახლე ალიზით შელესილი წნულებისაგან ნაგები უბრალო ქოხი (საცლე) იყო, რომელსაც გარს ერტყა მესერი და შესასვლელი ჭიშკარიც კი არ გააჩნდა.
წარმოსადეგი გარეგნობის აფხაზმა სტუმრის პატივსაცემად საგანგებოდ ნასუქი ხარი დაკლა; ხორცი უზარმაზარ ნაჭრებად დაჭრეს, მოხარშეს თუ შეწვეს, შემდეგ საგულდაგულოდ ამოარჩიეს ყველაზე დიდი ნაჭერი და გენერალს მიართვეს, უფრო მომცრო ნაჭრები კი მისი ამალის წევრებს ჩამოურიგეს: სამწუხაროდ, არსად ჩანდა მილონ კროტონელი, ვისაც ამხელა ნაჭრების გადაყლაპვა შეეძლო. თუმცა გენერალი და მისი თანმხლები პირები, ვისაც წილად ხვდა პატივი და ეს დიდრონი ნაჭრები ერგო, კარგად იცნობენ ადგილობრივ ჩვეულებებს ისინი მიირთმევენ და თან ხორცის ამ უზარმაზარ მასას მადისმომგვრელ ნაჭრებს გლეჯენ და გადაუგდებენ ხოლმე ამალის დანარჩენ, შედარებით დაბალი რანგის მქონე წევრებს; ისინი იქვე, მაგიდის ირგვლივ მოკრძალებით დგანან ფეხზე და იმედით ელიან თავიანთ რიგს: ვინც ხორცის ნაჭერს ისვრის, წარმოთქვამს იმის სახელს, ვისი გაბედნიერებაც სურს, ეს უკანასკნელი კი მოწიწებით თავს დაუკრავს და ჰარშივე მარჯვედ იჭერს კუთვნილ ულიფას, ხოლო თუკი იგი ძირს დაუვარდება, ეს ცუდი ტონის მომასწავებელია და დიდ შეურაცხყოფად ითვლება. ეს უზარმაზარი საპატიო ნაჭრები ალი-ბეისთან მაგიდაზე ტირიფის წნელებისაგან გაკეთებული დიდი ლასტებით შემოჰქონდათ. ამ ლასტებს ხის ორი ნაჭერი ჰქონდათ მიმაგრებული, იმისათვის რომ ადვილად და მოხერხებულად ეტარებინათ აქეთ-იქით. რაც უფრო დიდი პატივისცემის გამოხატვა სურთ, მით უფრო დიდ საქონელს კლავენ. ამჯერადაც არ შემიძლია თავი შევიკავო და არ გადავინაცვლო კეთილი ჰომეროსის ეპოქაში: განა იმ დროს სხვაგვარად იქცეოდნენ, როცა პატივს მიაგებდნენ უცხოელს ან სტუმარს? გაიხსენეთ ულისე თესალიელებთან, როცა მან ცვრიანად შემწვარ ღორს ჩამოაჭრა ზურგის საუკეთესო ნაჭერი და ტკბილად მომღერალ დემოდოკოსს მიართვა (Homere, Odissee, სიმღ. VIII, ტაეპ. 474).
გენერლის გასართობად ცეკვა წამოიწყეს; ძალზე სამარცხვინოა, თუ მოცეკვავე წრიდან პირველი გამოვა: ბევრჯერ მინახავს, როგორი ენით აუწერელი ძალისხმევა სჭირდებათ მოცეკვავეებს, რათა ბრძოლის ველი არ დატოვონ. გენერალმა იქ მყოფ ქალბატონს სთხოვა, რათა მასაც მიეღო მონაწილეობა ცეკვაში. ქალბატონიც ერთი საათის მანძილზე წყვილთა ცეკვაში ერთ ახალგაზრდა აფხაზთან ერთად, მთელ თავის გრაციას აჩვენებდა და თან ცდილობდა, სიქა გაეცალა თავისი მეწყვილისათვის, რომელიც თავის მხრივ არ ნებდებოდა და ცეკვას არ წყვეტდა. ეს მანდილოსანი უცნაურად იყო გამოხვეული დიდ, ტეთრ მაუდის ნაჭერში, რომელიც ვუალის მაგივრობას სწევდა და უფარავდა სახეს, რის გამოც მას სული ეხუთებოდა, ფეხები ებლანდებოდა და გულის წასვლამდე აღარაფერი უკლდა. გენერალი იძულებული გახდა, ქალს გამოსარჩლებოდა და ახალგაზრდა აფხაზი როგორღაც დაითანხმა, რათა მას თავი დამარცხებულად ეცნო.
თავადი ალი-ბეი 1833 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა; მართალია იგი რუსეთის მორჩილი იყო, თუმცა სინამდვილეში დიდად არ სჯობდა თავის სუზერენს მიხეილ-ბეის. მისი სამფლობელო აფხაზეთის უკიდურეს კუთხეში მდებარეობდა და ძირითადად აბჟუების ტომით იყო დასახლებული. საზღვარი გადიოდა ღალიძგაზე, რომელიც ამ მიწებს გამოჰყოფდა სამურზაყანოს პროვინციიდან, ეს უკანასკნელი კი იმ დროს სამეგრელოს დადიანის სამთავროს ნაწილს წარმოადგენდა.
ალი-ბეი თავისუფლად ახერხებდა მოედუნებინა რუსების სიფხიზლე და ხან ტყვეებს მიჰყიდდა ხოლმე თურქებს, ხან აწარმოებდა მათთან აკრძალულ ვაჭრობას, ან ეწეოდა კონტრაბანდას. ყოველივე ეს ყველამ კარგად იცოდა და ამიტომ სრულებით არ გაგვკვირვებია, როცა ჩვენი გალერების ძებნისას ტამიშის ნაპირზე ორი მომცრო ზომის თურქული გემი შევნიშნეთ, რომლებიც აქ მოეყვანათ და დაემალათ. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა გემებზე მყოფი თურქები დაგვერწმუნებინა, რომ ჩვენსკენ წამოსულიყვნენ: ზარბაზნიდან აც კი გავისროლეთ. ერთი ამ გემთაგან რომელიც უფრო დიდ დამნაშავედ მივიჩნიეთ, ბუქსირზე ავიუვანეთ. რედუტ-კალეს კარანტინში მიღებული მისი ბოლო ვიზა სამი თვის წინ იყო გაცემული და ამ დროიდან მოყოლებული იგი იმ სახის ვაჭრობას ეწეოდა, რომელიც ამ სანაპიროზე სასტიკად იყო აკრძალული; შესაძლებელია, მან რამდენიმე რეიდი ტრაპიზონშიც გააკეთა და ამგვარად დაარღვია საკარანტინო კანონები. როდესაც სოხუმ-კალეში ჩავედით, ჩათვალეს, რომ სწორად მოვიქეცით, რომ ეს გემი ნადავლის სახით ჩავიგდეთ ხელში და თავის ტვირთიანად ხომალდისკონფისკაცია მოახდინეს „ვესტნიკის“ ეკიპაჟის სასარგებლოდ. რაც შეეხება კაპიტან ვულფს, მან, როგორც ყოველთვის, უარი განაცხადა თავის წილზე და ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, ასევე უხერხული იქნებოდა კუთვნილი წილის მოთხოვნა. გემსა და შვიდ განიარაღებულ თურქს რამდენიმე მეზღვაური მიუჩინეს მეთვალყურედ იმ დრომდე, ვიდრე შეძლებდნენ მათ გადაყვანას სევასტოპოლში, სადაც საქმე უკანასკნელ ინსტანციაში უნდა განეხილათ, სამართლებრივად დაეკანონებინათ გემის ჩამორთმევა და მისი კონფისკაცია მოეხდინათ. რაც შეეხება მეორე გემს, მასზე თვალები დახუჭეს და ისე გაანთავისუფლეს, რომ არანაირი ზარალი არ მიუყენებიათ, რადგან მისი ერთადერთი დანაშაული გახლდათ ის, რომ რედუტ-კალედან მომავალი (რომლის კარანტინიც სამი დღით ადრე დატოვა), რამდენიმე საათით შეჩერდა სანაპიროზე და ელოდა ბრიზს, რომელმაც აქ მხოლოდ შუადღისთვის დაუბერა. ეს აკრძალული იყო, მაგრამ ხშირად კანონების ზედმიწევნით დაცვა უსამართლობასაც კი იწვევს.
ზღვაზე მოგზაურობიდან ჩვენი დაბრუნების რამდენიმე დღის შემდეგ უეცრად გულგამგმირავმა ყვირილმა გამაღვიძა; ღამის სიჩუმე ამ ხმას კიდევ უფრო ამძაფრებდა. შიშით შეპყრობილმა გემის ძლიერი რყევა ვიგრძენი, ვიფიქრე, ზღვის მორევში ვიძირებით-მეთქი და გავიქეცი ზემო გემბანზე. ჩემი შიში ამაო აღმოჩნდა: ეს გაურკვეველი ხმები სანაპიროდან ისმოდა. გადავწყვიტე, რომ ალბათ აფხაზები ციხეს დაესხნენ თავს და ეს ხმაურიც სწორედ აქედან იყო, მაგრამ სროლის ხმა არ ისმოდა. ამასობაში ოფიცრები და „ვესტნიკის“ მთელი ეკიპაჟი ზემო გემბანზე შეიკრიბნენ და დაძაბულ მოლოდინში იყვნენ: ამოხოცავდნენ თუ არა ჯარის იმ ნაწილს, რომელიც კარანტინს იცავდა? შიშის გრძნობას კიდევ უფრო აძლიერებდა იმ მზღვაურთა ყვირილი, დახმარების გასაწევად კარჭაპებში რომ სხდებოდნენ, ისმოდა ოფიცრების ლანძღვა-გინება მათი ბრძანებების ზოზინით შესრულების გამო; ერთი ნავიდან მეორეზე ისმოდა გადაძახილი, ნიჩბები სწრაფი მოსმით არღვევდნენ ხმაურიან ტალღებს, ხოლო აღელვებული ზღვა გრიალით ეხეთქებოდა ნაპირს. ბოლოს, მთელი ნახევარი საათის მანძილზე ამ სასტიკი გაურკვევლობის შემდეგ, ერთ-ერთი კარჭაპი მობრუნდა და როდესაც მთლად გალუმპული და ცოცხალ-მკვდარი თურქი დავინახეთ, მაშინვე მივხვდით, რომ საქმე ეხებოდა ჩვენ მიერ დაკავებულ თურქულ გემს.
როგორც ზემოთ ითქვა, დატყვევებული შვიდი თურქი განაიარაღეს; ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ და სამი მეზღვაურიდან, რომელიც მათ მცველებად დაუყენეს, ორს ჩაეძინა. საგუშაგოზე მყოფი მესამე მეზღვაური სახტად დარჩა, როცა დაინახა, როგორ გამოდიოდა კაიუტიდან თურქი შკიპერი ცალ ხელში ხანჯლით, მეორეში კი დამბაჩით შეიარაღებული: მას ეს იარაღი სიმინდით სავსე ტომრებიდან ამოეღო, სადაც გადამალული ჰქონია. მეზღვაურს მხოლოდ იმის დროღა დარჩა, რომ ზღვაში გადამხტარიყო და დახმარებისათვის ყვირილი აეტეხა, რადგან მას არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა შკიპერისა და მისი ექვსი ამხანაგისათვის, რომლებიც აგრეთვე ზღვაში გადაეშვნენ. როგორც ჩანს, ისინი ფიქრობდნენ, რომ ცურვით დააღწევდნენ თავს ტყვეობას, თუკი აფხაზებთან მიაღწევდნენ და ამ გზით კონსტანტინოპოლში გამგზავრებასაც თავიდან აიცილებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ გადასარჩენად დაუყოვნებლივ იქნა მიღებული ზომები, ზღვიდან მხოლოდ ორი მათგანის ამოყვანა შეძლეს; ერთმა ახალგაზრდა თურქმა მშვიდობიანად მიაღწია ნაპირს, ოთხი დანარჩენი კი, როგორც ჩანს დაიღუპა. ის, ვინც ჩვენმა მეზღვაურებმა იპოვეს, თვითონ შკიპერი აღმოჩნდა და მისი წყლიდან ამოყვანა ძალზე გაუჭირდათ, რადგან იგი ყოველნაირად ცდილობდა, როგორმე ხელიდან გასხლტომოდა მათ; რამდენჯერმე კარჭაპის ქვეშაც ჩაყვინთა და ხან ერთ და ხან მეორე მხარეს ამოჰყოფდა ხოლმე თავს.
სამურზაყანო
(ღალიძგიდან ენგურამდე)
სოხუმ-კალე საბოლოოდ 19/31 ივლისს დავტოვე და რედუტ-კალეში გავემგზავრე; ჩემმა კეთილისმყოფელმა კაპიტანმა ვულფმა ამჯერადაც გამოთქვა სურვილი, თან გამომყოლოდა.
ვიდრე მივაღწევდით ღალიძგის შესართავს, რომელიც სამურზაყანოს მხრიდან აფხაზეთის საზღვარს წარმოადგენს, მარკულას წინ გავიარეთ; იგი ტამიშსა და ღალიძგას შორის მიედინება და მთელი დაბლობი, რომელიც ამ მდინარის წყლით ირწყვება, ტყითაა დაფარული, მის ნაპირზე კი აფხაზური სოფლებია ჩამწკრივებული.
მდინარე მარკულასა და დიოსკურიის ნანგრევებს შორის არსებული მანძილის მიხედვით დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ იგი არიანეს ასტელფი და პლინიუსის ასტეფოსია. მდინარის შესართავთან ახლოს, მის მარჯვენა ნაპირზე მდებარე პატარა ქალაქ იგუანაში კი, რომელიც მამა არქანჯელო ლამბერტის (Reculil de voy. au Nord, t. VII, იხ. რუკა) რუკაზეც არის აღნიშნული, მე შევიცანი კიდევ უფრო ძველი სახელწოდება გიენოსი; ასე უწოდებს სქილაქს კორიანდელი მდინარესა და მის ნაპირზე გაშენებულ ქალაქს. პედრო ვესკონტე (1318 წ.) მას მურკულას უწოდებდა; ყველა მომდევნო ხანის ავტორებთან კი, რომლებიც ამ ქვეყნის შესახებ თბილისის გენერალური შტაბის რუკის გამოცემამდე (1834 წ.) წერდნენ, ამ მდინარეს მოქვისწყალს (მოქვის მდინარეს) უწოდებდნენ ცნობილი საეპისკოპოსო ტაძრის მოქვის სახელწოდების მიხედვით, რომელიც სანაპიროდან 6 ვერსის დაშორებით, მდინარის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული; ხოლო თბილისის გენერალური შტაბის რუკაზე კვლავინდებურად სახელწოდება მარკულაა აღნიშნული.
კოდორიდან ფაზისამდე დაბლობზე გამავალ მდინარეთა სიმრავლემ მათივე სახელწოდებებში ძველ თუ თანამედროვე ავტორებთან ისეთი არეულობა გამოიწვია, რომ საჭიროდ მივიჩნიე ამ საკითხში გასარკვევად შედარებითი ცხრილი შემედგინა (იხ. თანდართული ცხრილი). გოგის!!! სამურზაყანო (ე.ი. ის, რაც მურზაყანს ეკუთვნის) მოიცავს ვიწრო ზოლს, რომელიც კავკასიონის მაღალი ქედიდან გადაჭიმულია ზღვამდე ჩრდილო-დასავლეთით (N.O.) ღალიძგასა და სამხრეთ-დასავლეთით (S.E.) ენგურს შორის.
ზღვის ნაპირი თანდათან ფართოვდება და სამეგრელოს მხარეს დაბლობში გადადის, უფრო მოშორებით კი, ქვეყნის სიღრმეში, იგი გადაკვეთილია მთაგორაკებით, რომლებიც თანდათანობით, შეუმჩნევლად ებჯინებიან და უერთდებიან იურული მაღალი ტერასების ძირს.
დიდი განტოტება, რომელიც ჯუმათაუს მთიდან გამოდის და ღალიძგისა და ენგურის აუზებს გამოჰყოფს ერთმანეთისაგან, უკიდურესი სამხრეთით უამრავ წყაროსა და მდინარეს კვებავს; მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია წორიკა, გუდავა, გაგიდა.
1832-1833 წლებში სამურზაყანო ავაზაკთა სათარეშოდ იყო ქცეული; ამის მიზეზი კი გახლდათ სემდეგი: ერთ დღეს ოდნავ შეზარხოშებულმა მთავარმა ლევან დადიანმა სამეგრელოს ამჟამინდელმა მმართველმა, მასთან სახლში მყოფ თავად ანჩაბაძეს რაღაცის შესრულება მოსთხოვა, მაგრამ მისგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ეს უკანასკნელი რუსეთის სამსახურის ოფიცერი იყო და ეს მისი ღირსებისათვის შეუფერებელ საქციელად მიაჩნდა. უარით გაწბილებულმა დადიანმა ჯოხს წამოავლო ხელი და თავადს მოუქნია, თავადმაც არ დააყოვნა და მაშინვე ხანჯალი იშიშვლა; ამან კიდევ უფრო გააცოფა დადიანი, მაგრამ არც ანჩაბაძე იყო ნაკლებად გულფიცხი და დადიანს ხანჯალი ესროლა, თუმცა, საბედნიეროდ, ააცდინა. მტავარმა თავისი ხალხი შეჰყარა, თავადი ანჩაბაძე შეიპყრეს და ერთ-ერთ ციხეში გამოკეტეს, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა და თავი შეაფარა სამურზაყანოს, რომელიც შემდგომში დადიანის წინააღმდეგ მისი შურისძიების ასპარეზად იქცა: თავადი თავის მოკავშირე წებელდელებთან ერთად გამუდმებით ესხმოდა თავს სამეგრელოს, ძარცვავდა და აწიოკებდა აქაურ მოსახლეობას და ისეთ დღეში ჩააგდო დადიანი, რომ ამ უკანასკნელს წინააღმდეგობის გაწევის ძალაც კი აღარ შესწევდა. მაშინ სამეგრელოს მთავარმა რუსებს დაჟინებით მოსთხოვა დახმარებოდნენ და ჯარით დაეცვათ სამურზაყანოს საზღვარი თავად ანჩაბაძის თავდასხმებისაგან.
სწორედ ამ დროს, 1832 წელს, რუსებმა ახლანდელი ენგურის მარჯვენა ნაპირზე ახალი ციხესიმაგრე ათანგელო ააგეს, თუმცა იგი დადიანის სამფლობელოს დასაცავად მაინც არ კმაროდა. ამასობაში კი მთავარსაც გადაუარა გაბრაზებამ, იგი ნანობდა, რომ უთანხმოება მოუვიდა თავად ანჩაბაძესთან, რომელიც უწინ მისი ერთ-ერთი უახლოესი და ერთგული მეგობარი იყო. მთავარმა მასთან შერიგება გადაწყვიტა და ამ მიზნით თავისი კარის რვა დიდებული გაუგზავნა. დიდებულები თავდებად დაუდგნენ და თხოვეს მთავართან გამოცხადებულიყო. ანჩაბაძე წუთითაც არ შეყოყმანებულა, უმალ ეახლა დადიანს და მისგან სრული პატიებაც მიიღო.
როდესაც კავკასიის გენერალ-გუბერნატორმა ბარონ დე როზენმა შეიტყო, თუ რა ვითარებაში მოხდა ეს სერიგება, ძალზე განრისხდა და გენერალ ვაკულსკის უსაყვედურა იმის გამო, რომ მან დაუშვა მტავრის მხრიდან საკუთარ ქვეშევრდომთან თავდებად დიდებულების გაგზავნა, რაც მისი აზრით, მთავრისათვის სეუფერებელი საქციელი იყო. ბარონის წარმოდგენით, კავკასიაში კანონმდებლობა და წეს-ჩვეულებები ისეთივე იყო, როგორც ევროპაში. დადიანი კი, მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოს გამგებელი იყო, ამ შემთხვევაში ადგილობრივ ზნე-ჩვეულებათა სრული დაცვით მოქმედებდა: მას შემორიგების მხოლოდ ეს ერთადერთი ღირსეული გზა რჩებოდა, რადგან ნებისმიერმა, თუნდაც ზალზე ამაყმა კავკასიელმა იცის, რომ მის ქვეყანაში სისხლის აღების წესი ყველას ათანაბრებს და რომ ეს წესი მართლმსაჯულების საფუძველთა საფუძველია. ჩემ მიერ აღწერილ შემთხვევაში ეს რვა დიდებული თავადის ხელშეუხებლობის გარანტი იყო და თუკი დადიანი, ტავისი დაპირების მიუხედავად, მაინც იძიებდა შურს, მაშინ თავად ანჩაბაძის ნათესაობა სწორედ მათზე გაავრცელებდნენ სისხლის აღების წესს: მათ უფლება ეძლეოდათ მოეკლათ შუამავლები ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.
როდესაც დადიანი ანჩაბაძეს შეურიგდა, მას უკვე აღარ სჭირდებოდა რუსების დახმარება და შეეცადა მათ გაყვანას საკუთარი სამფლობელოდან, თუმცა რუსები თვლიდნენ, რომ ეს ტერიტორია მათთვის ძალზე მოსახერხებელი იყო ქვეყნის სიღრმეში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და სრულებითაც არ აპირებდნენ ათანგელოდან სადმე წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ 1833 წლისათვის ეს ციხე-სიმაგრე მეტად სავალალო მდგომარეობაში იყო. თავის დროზე, როცა დადიანი რუსულ ჯარებს დახმარებისათვის მოუხმობდა, მან პირობა დადო, რომ ციხეს ყველა სახის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ჩაუტარებდა, ახლა კი მიცემული სიტყვის შესრულებას აღარ აპირებდა. ამავე დროს კი ფოსტის უფროსი, იმის ნაცვლად, რომ თავადვე გამოენახა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, ჯიუტად ებრძოდა დადიანს პირობის შეუსრულებლობის გამო, თვითონ კი არაფერზე ზრუნავდა. ამასობაში იტანჯებოდნენ ჯარისკაცები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თხუნელებივით მიწურებში ეცხოვრათ და ხშირადაც ავადდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი (ათანგელო) ჰავის მიხედვით ნამდვილად არ ითვლებოდა არაჯანსაღად. ათანგელო ზღვის ნაპირიდან ოც ვერსზე, მაღლობზე მდებარეობდა; ეს რამდენიმე ვერსით ქვემოთაა იმ ადგილიდან, სადაც სვანეთიდან მომდინარე ენგური დაბლობზე გამოედინება და ორ ტოტად იყოფა; ეს ორი ტოტი ერთმანეთს აღარ უერთდება, ცალ-ცალკე შეედინება ზღვაში და ამგვარად კეტავს კუნძულს, რომლის სიგრძე ოც ვერსს აღემატება, სიგანე კი სამი თუ ოთხი ვერსია. 1832 წლამდე ერთ-ერთი (მარცხენა) ტოტი უფრო დიდი იყო, მეორე კი მხოლოდ წყლის პატარა ნაკადს წარმოადგენდა, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ მთელი წყალი ენგურის მარჯვენა ტოტში ჩავიდა და არსებობს საშიშროება, რომ ეს უკანასკნელი მდინარის მთავარ ტოტად იქცეს. ამან გამოიწვია წყალდიდობები და ათანგელოს გარშემო ჭაობების გაჩენა, რამაც შესაძლოა დამღუპველი გავლენა იქონიოს ციხის სანიტარულ მდგომარეობაზე, თუკი ენგური თავის ძველ კალაპოტს არ დაუბრუნდება.
ათანგელო ენგურის ნაპირებზე მდებარე რომელიღაც ძველი ბერძნული ქალაქისა თუ კოლონიის ადგილზეა გაშენებული. სავარაუდოდ, იმ დროს ენგური მარჯვენა ტოტით მიედინებოდა, როგორც ამას ახლაც ესწრაფვის. სანგრების გათხრისას აქ რამდენიმე მონეტა და რაღაც ნივთები აღმოაჩინეს; მათ შორის ერთი ძვირფასი, გრავირებული ქვა, რომელიც დადიანის ხალხმა მიწის თხრისას სხვა ნივთებთან ერთად იპოვა, ცხარე დავის საგნად იქცა. მათ მოსარიგებლად დადიანმა ბრძანა, ქვა რამდენიმე ნაწილად დაემსხვრიათ და ამ სახით დაუნაწილა იგი მოდავეებს.
ათანგელოში არის აგრეთვე უძველესი ეკლესიის ნანგრევები. როგორც ჩანს, ეს იყო ბიჭვინთის ტაძრის მსგავსი საკმაოდ დიდი ნაგებობა, აგებული რომაულ სტილში ქვებისა და აგურების მონაცვლეობით. შემორჩენილია დიდი დაკიდებული თაღები და უზარმაზარი ნანგრევები, რომლითაც ჩახერგილია შენობის შიდა სივრცე. ქვემოთ, სავარაუდოდ, მიწისქვეშა სათავსები იყო. სოფელი ათანგელო ამ ნანგრევების ირგვლივ, აფხაზურ სტილშია გაშენებული. ერტადერთი ძველი ავტორი, რომელიც ამ ადგილს იხსენიებს, გახლავთ მამა არქანჯელო ლამბერტი, რომელიც მას სატანჯოს უწოდებს1.
სამურზაყანოს შიდა მხარე ნაკლებად არის ცნობილი; აქ შერეული მოსახლეობაა აფხაზები და ქართველები და ისინი ერთნაირად საუბრობენ ორივე ენაზე. მთელი ტერიტორია ნანგრევებითა და ძველი კულტურის ბერძნული კოლონიებისა და აფხაზეთის ძველი სამეფოს ნაშთებითაა მოფენილი. ჯერ კიდევ ძველ ქართულ მატიანეშია აღნიშნული, რომ ეს მხარე ქართველთა ტომის უძველესი მეფის – თარგამოსის ძის – ეგროსის სამეფოს ნაწილს შეადგენდა; ამ პერიოდში ეგროსმა იმ ბორცვზე, რომელიც ზღვიდან 14 ვერსზე, წორიკას ნაპირზე მდებარეობს, თავისი სამეფოს სატახტო ქალაქი ეგრისი ანუ დღევანდელი ბედია ააგო. იგივე მატიანე გვამცნობს, რომ ეგროსის შემდგომ მრავალმა საუკუნემ განვლო და ამ სანაპიროზე ბერძნული კოლონიები აღმოცენდნენ, რომლებმაც მდინარეების შესართავები დაიკავეს2, ხოლო ქვეყნის შიდა ტერიტორიები ქართველებს დაუტოვეს. ქრისტიანობის შემოღების შემდეგ ბედია ეპისკოპოსის ადგილსამყოფელი გახდა და ეს უკანასკნელიც ბედიელის ტიტულს ატარებდა. თურქების გამანადგურებელი შემოსევების შედეგად მიტოვებული ბედიის ტაძარი სამუდამოდ დარჩა წმინდა ადგილად იმ ხალხისათვის, რომელმაც მიუხედავად უკიდურესი უმეცრებისა, მაინც შეინარჩუნა უდიდესი თაყვანისცემა ყველა ამ ძველი ეკლესიის მიმართ.
1. იხ. რუკა, რომელიც მის რელაციას ერთვის. Recueil de voy. au Nord, ტ. VII, 1725.
2. იხ. Chroniqui Georgienne de Vakhtang V, dans le Voy. de J. de Klaproth au Caucase, გერმან. გამოც., ტ. II, გვ. 69 და 97.
რაინეგსი1 საუბრობს გამოქვაბულისა (რომელსაც ოგინს უწოდებს) და მასთან დაკავშირებული აფხაზური რელიგიური ცერემონიების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს ოგინი იგივე ოქუმია, რომელიც ამავე სახელწოდების მდინარის ნაპირზე მდებარეობს და ეს უკანასკნელი კი უფრო ქვემოთ მდინარე გუდავას შეირთებს.
მაგრამ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული არც ერთი ადგილი არ არის აფხაზეთში ისეთი ცნობილი, როგორც ილორის უძველესი ეკლესია, რომელიც ამავე სახელწოდების პატარა ნაკადულის ნაპირზეა გაშენებული ღალიძგასა და წორიკს შორის, უფრო ზუსტად ნაპირიდან ორიოდე ვერსის მოშორებით. სწორედ აქ დღესასწაულობდნენ აღდგომას: ამ დღეს მოოქრულრქებიანი ხარი მედიდურად მიემართებოდა ტაძრისაკენ და საკუთარი ფეხით შედიოდა შენობაში; ხარს დაკლავდნენ და მის ხორცს იქ მყოფთ დაურიგებდნენ, ავადმყოფებს კი, როგორც სამკურნალო წამალს, შორ მანძილზეც კი უგზავნიდნენ. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, მთელი წლის მანძილზე ყოველთვის შეიძლებოდა მღვდლისაგან ამ ხორცის ახალი სახით მიღება. ჩემ ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე ილორის მოხუცი მღვდელი გარდაიცვალა და მას შემდეგ ამ სასწაულმაც შეწყვიტა არსებობა, როგორც ჩანს, მღვდელმა თან წაიღო საიდუმლოება და თვით ეკლესიამაც თანდათან დაკარგა ნდობა.
ამ ტაძრისათვის აღდგომაზე უფრო ბრწყინვალე დღესასწაულიც არსებობს: ეს არის მისი პატრონის წმინდა გიორგის დღესასწაული, რომელსაც უქმობენ 21 ოქტომბერს და ამ დროს ხდება სხვა სასწაული, რომელიც ძალიან ძველი უნდა იყოს, რადგან მის შესახებ პატრი არქანჯელო ლამბერტი და შარდენი მოგვითხრობენ2. თავის სახელობის ეკლესიაში წმინდა გიორგი თვითონ ჩამოუშვებდა ხოლმე შესაწირავ ხარს; ტაძრის კარს საგულდაგულოდ ჩარაზავდნენ და ხალხში ხმას ავრცელებდნენ _ ვინც დღესასწაულის წინა დღეს ტაძართან მიახლოებას გაბედავს, წმინდა გიორგის გამოხედვით განიგმირებაო. ალბათ ამის გამო იყო, რომ ტაძრის სიახლოვეს არ არსებობდა იმის საშიშროება, რომ ვინმეს დაენახა ის პიროვნება, ვისაც მღვდელი წმინდანის სახელზე შესაწირი ხარის მოსაპარად გზავნიდა, შემდეგ კი ამ ხარს ეკლესიაში ზემოდან თოკებით ჩაუშვებდნენ.
1. Reineggs, II, გვ. 12. ავტორი საუბრობს წმ. გიორგის სასწაულზე და მის დღესასწაულზე, რომელიც იმართება ოგინში; სავსებით შესაძლებელია, აგრეთვე, რომ აქ სახელები არეულია და ავტორს მხედველობაში აქვს ილორი (რაინეგსი, გვ.112 კომ.?)
2. Arch. Lamberti, Recueil de voy. au Nord, VII, გვ. 170 და Chardin, gamoc. in-80 , ტ. I, გვ. 110.
ამ ადგილის განსაკუთრებული სიწმინდის გამო აქ დიდი რაოდენობით შესაწირავი მოჰქონდათ; შარდენის დროსაც კი აქ დიდძალი სიმდიდრე იყო დაგროვილი და, მათი ყაჩაღური ბუნების მიუხედავად, მას ხელს ვერ აკარებდნენ ვერც აფხაზები, ვერც ალანები და ზიხები: იმდენად დიდი იყო ამ ეკლესიისა და მისი წმინდანის მიმართ თაყვანისცემა. ეკლესიის კარი ვერცხლის ფირფიტებით იყო დაფარული, რომლებზეც რელიეფურად იყო გამოსახული წმინდანი და მისის სასწაულები... არ ვიცი, ახლაც არსებობს თუ არა ეს მოვერცხლილი კარი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ ეკლესიის მიმართ ჯერ კიდევ არ შენელებულა მისი ეხ ვოტო. შემწირველს მოჰქონდა შესაწირავი და მას ეკლესიაში დებდა; თუკი შესაწირი მიღებული იქნებოდა, პატრონი მას მეორე დღე საკურთხეველზე იხილავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იქვე იდო, სანამ წმინდანს მოთმინება არ დაელეოდა ან თავ პატრონი არ წაიღებდა უკან. მოჰქონდათ ყველაფერი; ამ ცოტა ხნის წინ ვიღაცას აზრად მოსვლია რკინის ოთხი ფიწალიც კი მიეტანა შესაწირად. ისინი ელოდებიან, რომ ერთ დღესაც წმინდა გიორგი დათმობაზე წავა და თავისი მოწყალე მფარველობის ქვეშ მიიღებს ამ ფიწლებს.
ძველი ქალაქის ილორის ნანგრევები ეკლესიიდან დასავლეთით ექვს ვერსზე, მარკულის შესართავის მარცხენა მხარეს, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. თურქებმა მარკულასა და ღალიძგას შორის ააგეს ქალაქი, რომელსაც ძველი ქალქის საპირისპიროდ იენი-ჩერი – ახალი ქალაქი უწოდეს (ოჩამჩირე?).
ენგურის შეასრთავებთან გავლისას, ამ სწრაფი მდინარის მარცხენა ნაპირზე ვნახე ანაკლია, ბერძნების ჰერაკლეა, თავისი ძველი, დანგრეული კედლებით; დადიანმა აქ დაარსა თურქების კოლონია, რომელიც, როგორც ამბობენ, წარმატებით ვითარდება.
ბოლოს, 1833 წლის 21 ივლისს (2 აგვისტოს) რედუტ-კალეში ჩავედი მას შემდეგ, რაც ორი თვის განმავლობაში ჩერქეზეთისა და აფხაზეთის ამ არასტუმართმოყვარე სანაპიროზე დავეხეტებოდი. მიუხედავად ამისა, მაინც ძალზე დაღონებული დავშორდი ჩემს კეთილ კაპიტან ვულფს და მის ეკიპაჟს. ახლა, როცა მარტოდმარტო, საკუთარი თავის ანაბარად მიტოვებული დავრჩი, სანაპიროზე გამორიყული ჩაძირული გემის მგზავრს დავემსგავსე. შევხვდები კი სხვაგან ასეთ სიკეთეს, გულითად სტუმართმოყვარეობასა და თავაზიანობას? ერთმანეთს თვალცრემლიანი დავშორდით: მეგობრობის ფასს სწორედ რომ ზღვაზე იგრძნობ!
რედუტ-კალეში ჩასვლა და გზა ქუთაისამდე
რედუტ-კალე. რედუტ-კალემ ერთგვარად დამიეტის თუ რავენას ლაგუნები მომაგონა. ნილოსის დელტისა თუ ლომბარდიის დაბლობების მსგავსად, სამეგრელოსა და იმერეთის დაბლობებიც ვრცელი და ერთფეროვანია და გარემოცულია ჩრდილოეთიდან კავკასიის ქედით, ხოლო სამხრეთიდან ახალციხის მთებით, რომლებიც კავკასიონის ერთ-ერთ განშტოებას ქმნიან. ეს დაბლობი მუდამ მშფოთვარე ფაზისის, ხობისადა სხვა ნაკლებმნიშვნელოვანი მდინარეების მიერ ჩამოტანილი შლამითაა შექმნილი; იგი 200 ვერსი (50 ლიე) სიგრძისაა, 15, 20 ან 30 ვერსი სიგანისა და ისეთი ნაყოფიერია, რომ ამის წარმოდგენაც კი ძნელია.
1812 წელს რუსებთან დადებული ზავით თურქები ყოველნაირად ცდილობდნენ ანაპისა და ფოთის შენარჩუნებას, რადგან ფოთის მეშვეობით ისინი ფაზისის შესასვლელსაც ფლობდნენ და მიუხედავად რუსების მეთვალყურეობისა, შეეძლოთ კვლავაც გაეგრძელებინათ ადგილზე ტყვეთა სყიდვა. ამასობაში კი რუსეთი, რომელიც იმერეთსა და სამეგრელოს ფლობდა, მაინც ზღვაზე გასასვლელისა და ნავსადგურის გარეშე რჩებოდა.
ამასთანავე, 1821 წლის 8 (20) ოქტომბრიდან ფინანსთა მინისტრმა ამიერკავკასიის პროვინციებს ათი წლით ვაჭრობაში შეღავათები დაუწესა1, რაც მთელ უცხოურ საქონელზე შემოტანისას ხუთპროცენტიანი საბაჟო გადასახადით გამოიხატებოდა: ყველას, _ იქნებოდა ეს რუსი თუ უცხოელი, ვინც კი მოისურვებდა სავაჭრო ფირმების გახსნას ამ პროვინციებში, ეს შეღავათი პირველი კლასის ვაჭრების უფლებებს ანიჭებდა და ათავისუფლებდა მათ ყოველგვარი გადასახადისაგან. ამ საკითხში კარგად ჩახედული მინისტრი გრძნობდა, რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება ამ პროვინციებში ცივილიზაციის შემოსატანად და მრეწველობის დასანერგად, მრავალსაუკუნოვანი ჩაგვრისა და რბევის შემდეგ დადგენილი ცხოვრების წესის შესაცვლელად, საექსპორტო ვაჭრობისათვის კარის გასაღებად, უცხოელების მოსაზიდად და ა. შ. საჭირო გახდა ზღვაზე ისეთი ნავსადგურის გამოძებნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ ახალი, კავკასიის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამიზნული გეგმის განხორციელებას. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ასეთი ადგილი ხობის შესართავი იყო. თავის დროზე ამ ახალი აღმოჩენის შესახებ კლაპროთი აღნიშნავდა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოთაგანი იყო; საქმე ის გახლავთ, რომ შესართავიდან დაახლოებით ერთი ლიეს ზემოთ ხობი ქმნის საკმაოდ ღრმა არხს2, სადაც შეიძლება დიდი ზომის გემები დადგნენ; მაგრამ თვითონ შესართავი შედგება ქვიშიანი შვერზიდისაგან, რომელიც ქმნის ორნახევრიდან სამ ფუტამდე სიღრმის სულ მცირე ფარვატერს და მისი მდებარეობაც, შესაძლებელია, დილიდან საღამომდე შეიცვალოს ქარის მიმართულების შესაბამისად. ეს ვითარება მეტად არსებითია და მის მოსაწესრიგებლად მილიონებია საჭირო. ახლა ხობში მხოლოდ თურქული კარაპები და პატარა გემები შემოდიან, უფრო დიდი ზომის ხომალდები კი იძულებულნი არიან სანაპიროდან ერთნახევარი ვერსის მოშორებით სრულიად ღია რეიდზე გაჩერდნენ: როგორც კი ქარი დაუბერავს, ისინი მაშინვე აუშვებენ ხოლმე ღუზას და გაშლილ ზღვაში გადიან.
ამასთანავე, ეს იყო ერთადერთი ნავსადგური: სოხუმ-კალე ძალზე შორს იყო და თბილისამდე სახმელეთო გზას მთელი 100 ვერსით (25 ლიე) ზრდიდა; ამდენად, სხვა არჩევანი არ იყო. ამდენი მნიშვნელოვანი დაბრკოლების მიუხედავად, რედუტ-კალე, რომელიც უკვე სახელმწიფოს ფქვილის საწყობს წარმოადგენდა და აღჭურვილი იყო რედუტით, თანდათანობით ვაჭრობის ცენტრად იქცა.
1. საქართველოს მთავარმართებელ ერმოლოვისადმი მიმართული 1821 წ. 8/20 ოქტომბრის ეს უკაზი იხ. Voy. du chev. Gamba dans la Russie mezidconale, ტ. I, გვ. 355. ეს უკაზი ძალაში უნდა ყოფილიყო 1822 წლის 1 ივლისიდან 1832 წლის 1 ივლისამდე.
2. მისი სიღრმე 18 ფუტამდეა.
ხობის მისადგომებთან, ხელმარჯვნივ დგას რედუტი ანუ სიმაგრე, სადაც ჩემს ჩასვლამდე ტალღებს ისეთი ფართო ყელი ჰქონდათ შექმნილი, რომ აქ ფრონტზე მიმავალ ჯარისკაცთა ასეულს თავისუფლად შეეძლო გავლა. ციხესიმაგრის პირდაპირ, ხელმარცხნივ კარანტინის ძველისძველი შენობებია განლაგებული. აქ კარანტინს უწოდებდნენ რამდენიმე უბადრუკ ქოხმახს, რომლებსაც აქა-იქ წნულის ღობე ჰქონდათ შემოვლებული. ბაზარი რედუტიდან და კარანტინიდან ხობზე აყოლებით ორ ვერსზე, მდინარის მარცხენა ნაპირზეა განლაგებული. ბაზარსა და ფაზისს (ანუ რიონს) შორის მიმოსვლისათვის ამ მდინარეს არხით შეუერთეს პატარა მდინარე ცივი, რომელიც ხობში, ბაზარსა და რედუტს შორის, ჩაედინება: სწორედ აქედან შეააქვთ ფქვილი და მარილი ქვეყნის სიღრმეში; აქვე ვნახე, აგრეთვე, ბოსტნეულითა და სხვა სურსათით დატვირთული რამდენიმე გემი. ეს სურსათი რიონის სანაპიროს მოსახლეობას რედუტ-კალეს ბაზრობაზე მიჰქონდა (ამ არხის გეგმა იხ. ბ-ნ გამბას ატლასში; იგი ცივს სიბას უწოდებს).
თავდაპირველად ევროპელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობა საქართველოში. კომუნიკაციების სირთულისა და ქვეყნის სიშორის გამო, პირველი 3-4 წლის მანძილზე ვერავინ გაბედა ესარგებლა ამ შეღავათით. წაიკითხეთ ამ პერიოდში აქ განვითარებული სავაჭრო საქმიანობის თვითმხილველის ბ-ნი გამბას მოგზაურობა და ნახავთ, როგორ გაუჭირდათ ლაიფციგში პირველად ჩასულ სომხებს ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობის წამოსაწყებად გადაწყვეტილების მიღება; მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ვეღარაფერმა შეაჩერა ის მოძრაობა, რომელიც მას მოჰყვა, რადგან პირველი მცდელობის შედეგად მიღებული მოგება მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ევროპული საქონლის სპარსეთში გადასატანად საქართველოზე გამავალი გზა ყველაზე მოხერხებული და საკმაოდ იაფია. მიუხედავად ლიხის ქედისა, რომელიც იმერეთის მხარეს გამოჰყოფს ქართლისაგან, ყველა სახის საქონელი თბილისამდე და აქედან _ თავრიზამდე ურმებით გადააქვთ1; კამეჩებისა თუ ცხენების ქარავნებს ამ გზაზე შუა ზამთარშიც კი განსაკუთრებული დაბრკოლებები არ ექმნებათ, ხოლო თბილისიდან ერევნისაკენ მიმავალი ახალი გზა, რომელიც რუსეთის მთავრობამ გახსნა, საერთოდ მოხსნის ყოველგვარ პრობლემას.
1. ჩემ დროს რედუტ-კალედან თბილისამდე ერთ ფუთ საქონელზე იხდიდნენ ერთ მანეთს ვერცხლით, ამუ ოთხ ფრანკს. თავის ნაშრომში M. Jules de Hagemeister, Memoire sur le commerce des ports de la Nouvelle Russie, de la Moldavie, etc., ოდესა, 1835, გვ. 178, მიუთითებს რედუტ-კალედან თავრიზში ტრანსპორტირების ხარჯებს ოცდაათიდან ოცდათხუთმეტ ფრანკამდე ცენტნერზე.
საკმაოდ მოკლე დროში თბილისი შავ ზღვაზე სპარსეთის ვაჭრობის საწყობად გადაიქცა; სომხები და ქართველები მდიდრდებიან, ქვეყანაში ევროპელთა სავაჭრო სახლები ჩნდება და ვაჭრები აქ თავიანთ საქონელს აგზავნიან. რედუტ-კალე ემპორიუმად გადაიქცა, როგორც დიოსკურია ბერძნების დროს. აქაურ საწყობებში ერთდროულად მილიონის ღირებულების საქონელი იყრის თავს; საქონლის ტრანსპორტირების მეშვეობით ქვეყანაში დიდი რაოდენობით თანხები შეედინება. ამ შემობრუნებამ ნელ-ნელა გამოაცოცხლა მოსახლეობაში სამრეწველო საქმიანობაც. იმპორტმა წარმოშვა მცირედი ექსპორტი, რომლის მოცულობაც დღითი დღე იზრდებოდა. გემებით გაჰქონდათ საუკეთესო ბზა, მშვენიერი კაკლის ხე, სამეგრელოს ჩინებული ხის მასალა, რქები, ცვილი, ტყავეული, თამბაქო, სიმინდი, თაფლი, ნიგოზი თურქეთისათვის და მცირეოდენი ღვინოც კი. ბ-ნ გამბას ერთ-ერთ პირველთაგანს მოუვიდა აზრი აქ სახერხი ქარხნის აშენების თაობაზე. მის მაგალითს მიბაძა აფხაზეთში სამხედრო სამსახურში მყოფმა გენერალ-მაიორმა თავადმა ერისთავმა, ხოლო გამოცდილმა უცხოელებმა სარგებლობის მოტანის მიზნით თავიანთ ცოდნა და ოსტატობა შემოიტანეს ამ ქვეყანაში.
მაგრამ ამით ყველაზე მეტად მოგებული დარჩა ოდესა, რადგან სპარსეთისა და საქართველოსათვის გასაგზავნი მთელი საქონელი, რომელსაც ვაჭრები გერმანიის ბაზრებზე იძენდნენ, ბროდის, რაძივილოვის დასამხრეთ რუსეთის გავლით ოდესაზე გადიოდა. გამოითვალეს, რომ ყოველწლიურად ამ გზით რედუტ-კალეში ორი მილიონი ღირებულების საქონელი იგზავნებოდა. ეს ყოველივე მინისტრმა წინასწარ განჭვრიტა: ამ ახლადდაპყრობილი ქვეყნების ცივილიზებისა და მათი სათანადოდ გამოყენებიათვის ეს ერთადერთი საშუალება იყო. ეკონომიკური პოლიტიკის ეს ფართო და გაბედული აქტი სრული წარმატებით დაგვირგვინდა.
როდესაც შეღავთის ათი წელი იწურებოდა, მინისტრმა თბილისში ბ-ნო კამერჰერი პელჩინსკიგამოგზავნა, რათა იგი ვაჭრობის არსებულ მდგომარეობას გასცნობოდა და გაერკვია, დადგა თუ არა რუსული საბაჟო გადასახადების ცვლილების დრო.
ამავე პერიოდში თბილისის სამოქალაქო მმართველი ზავილეისკი აზიური სავაჭრო საზოგადოების შექმნას ცდილობდა და ამ მიზნით სხვადასხვა სახის ქმედით ღონისძიებებს მიმართავდა. ვარაუდობდნენ, რომ ეს საზოგადოება რუსეთის პროდუქციას უზარმაზარ გასაღების ბაზარს გაუხსნიდა სპარსეთში, რასაც ასე დაჟინებით ესწრაფოდნენ რუსი ფაბრიკანტები; მაგრამ ამისათვის საჭირო იყო საქართველოში შემოსასვლელი გზა გადაეკეტათ გერმანული და ფრანგული საქონლისათვის, სპარსეთისათვის აეკრძალათ ამ ქვეყნებთან ვაჭრობა და ეიძულებინათ იგი, დაკმაყოფილებულიყო რუსული საქონლით.
როდესაც თბილისელი სომხები დიდი რაოდენობით იძენდნენ საქონელს, განსაკუთრებით კი რომს, რითაც საკუთარ საწყობებს ბოლომდე ავსებდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ შეღავათების გაუქმებისათვის მხარდაჭერა მათ ინტერესებში შედიოდა, რადგან იმედოვნებდნენ, რომ ამის შემდეგ ამ სასურსათო საქონელზე ფასი აიწევდა და ისინი, სურვილის შემთხვევაში, მონოპოლისტები გახდებოდნენ. შეღავათები 1832 წლის 1 იზნვრისათვის გააუქმეს, რამაც საქართველოს მთელი მოსახლეობის დიდი გულისტკივილი გამოიწვია.
იმისათვის რომ თბილისისა და რედუტ-კალეს მეშვეობით დასავლეთ ევროპის ბაზრებთან სპარსეთისათვის ყოველგვარი კომუნიკაციის საშუალებ ამოესპოთ და ეიძულებინათ იგი, მხოლოდ რუსული საქონლისათვის მიემართა, შეღავათის გაუქმებას უმკაცრესი აკრძალვითი სისტემაც მოაყოლეს; რუსეთის საბაჟოების არეალში მოექცნენ არა მხოლოდ ამიერკავკასიის პროვინციები, არამედ ამასთანავე სასტიკად აიკრძალა ევროპული საქონლის მთელი ტრანზიტი. ამ ღონისძიების ეფექტის გასაძლიერებლად საბაჟოების ცენტრალიზაციაც კი მოახდინეს თბილისში, შავი ზღვის სანაპიროდან 350 ვერსის დაშორებით: ე.ი. შავი ზღვით შემოსულ მთელ ევროპულ და ასევე აზიურ საქონელზე შემოტანის საბაჟო გადასახადს მხოლოდ თბილისში იხდიდნენ და აქვე ხდებოდა საქონლის შემოწმებაც. ნახიჩევანის, ახალციხისა და რედუტ-კალეს საბაჟოები მხოლოდ უმნიშვნელო საქონელზე იღებდნენ გადასახადს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს იყო ოთხწლიანი გაგამოსაცდელი ვადით შემოღებული ახალი წესი.
რუსეთისათვის სამწუხაროდ, სპარსეთი ვერ მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ მას არჩევანის გზა აღარ ჰქონოდა: ვაჭრობა იმ გზით წავიდა, რომელიც შეუძლებლად მიაჩნდათ. კერძოდ, ევროპული საქონელი იტვირთებოდა სმირნასა და ტრაპიზონში და შემდეგ არზრუმით თავრიზში იგზავნებოდა. კომუნიკაციის ამ სისტემის მთელი სისრულით ამოქმედებას სულ მცირე დრო დასჭირდა. ინგლისმა ტრაპიზონში უზარმაზარი სავაჭრო კანტორა დააარსა, რათა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა სპარსეთთან ვაჭრობა, რომელსაც რუსეთი ბეჯითად დევნიდა თავისი სახელმწიფოდან. როდესაც ფაშებმა დაინახეს, რომ ვაჭრობა კვლავ მყარად დამკვიდრდა მათ ქვეყანაში, დაიწყეს შევიწროებისა და ნებისმიერი დაბრკოლებებისაგან მის დასაცავად ბრძოლა; უფრო მეტიც, ისინი ყოველნაირად ხელს უწყობდნენ და მფარველობდნენ ამ სფეროს. სმირნა, ტრაპიზონი, არზრუმი დღითი დღე მდიდრდებოდნენ, ხოლო ერევანი, უფრო კი – ახალციხე, თანდათანობით დაეცნენ. რაც შეეხება რედუტ-კალეს, იგი კვლავ თავის პირვანდელ, უმნიშვნელო მდგომარეობას დაუბრუნდა. არადა, ვაჭრობის განვითარებამ დავიწყებას მისცა მისი არახელსაყრელი მდებარეობა და თვით მავნე კლიმატური პირობებიც კი1. წმ. ნიკოლოზი, ფოთი, სოხუმ-კალე, გაგრა კლიმატური პირობების მხრივ ყველაზე მავნე ადგილებია, ხოლო რედუტ-კალე შედარებით ნაკლებად მავნეა ჯანმრთელობისათვის.
1. სამხრეთ რუსეთის ვაჭრობის შესახებ იხ. Memoire de M. Jules de Hagemeister, ოდესა, 1835. ის რაც საქართველოს შესახებ აღვნიშნე, უკვე დაწერილი მქონდა, როცა კავკასიიდან დაბრუნების შემდეგ, ხსენებული ავტორის ნარკვევს გავეცანი.
მე უკვე აღვნიშნე, რომ სამეგრელოსა და იმერეთის დაბლობი შექმნილი იყო რიონის, ხობისა და სხვა, უფრო პატარა მდინარეებისაგან, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩაედინებიან ამ აუზში. აქ არის ქვიშიანი ნაპირები, სადაც შერეულია წმინდა თიხამიწა ან ფიქალი, ამ მდინარეების უმრავლესობას და, კერძოდ, რიონს რომ ჩამოაქვს შუაგული კავკასიის ფიქლიანი ფერდობებიდან. ზღვის ტალღები გამუდმებით ეხეთქებიან მდინარეების შესართავს და უკუქცევისას ქმნიან გრძელ, მშრალ შვერმზიდებს, რომლებიც უკან მოიტოვებენ ნახევრად ზღვის, ნახევრად კი ჭაობის ღარტაფებს, რაც თავის მხრივ მავნე კლიმატის წყაროს წარმოადგენს. ზაფხულის სიცხეების დროს ეს დაჭაობებული ღარტაფები ხურდებიან და ჩნდება ინფექცია, ზღვის ქარს კი მისი აანაორთქლი ქვეყნის სიღრმეში გადააქვს. ამ სასიკვდილო ინფექციას ევროპელის ორგანიზმი ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს. ფოთისა და რედუტ-კალესათვის განსაკუთრებით მძიმე პირობები იქმნება მაშინ, როცა ქარი ქვეყნის სიღრმიდან ქრის. ამ საბედისწერო მოვლენას ემატება სხვა, უფრო ლოკალური ხასიათის მიზეზებიც, რასაც ფოთისა და წმ. ნიკოლოზის მაგალითზე ვნახავთ. არც რედუტკალეს ადგილმდებარეობაა ამ ორ პუნქტზე ბევრად უკეთესი, მაგრამ ხეების გაჩეხვით და რამდენიმე არხის გაყვანით უკვე შესაძლებელი გახდა ამ უსიამოვნების თავიიდან აცილება. უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ზღვის ბრიზებს გზა გაუხსნეს, ეს კი უებარი წამალია შეხუთული ფილტვებისათვის. 21, 22 და 23 ივლისს 92,3 და 4 აგვისტოს) 24გ25გ სიცხე იყო, ღამით თერმომეტრი 20გ-ს უჩვენებდა; 24 და 25 ივლისს კი, დაუბერა თუ არა ბრიზმა, ტემპერატურა დაეცა, შუადღეს 21გ იყო, ხოლო დილით 25,160 რეომიურის მიხედვით. სანაპირო ადგილებში განსაკუთრებით მძიმე თვეებია ივლისი, აგვისტო და სექტემბრის ორი მესამედი.
მცხუნვარე სიცხის, მომწამლავი სინესტის, უაღრესად დიდი ნალექიანობისაგან თავის დასაცავად რედუტ-კალეს მცხოვრებლებს მხოლოდ ხის უბადრუკი ქოხმახები აქვთ; საცხოვრებლები პირდაპირ მიწაზე დგას. კლიმატური პირობების თვალსაზრისით აქ არაფერია გათვალისწინებული, რადგან ყველა სახლი წიფლის ან მუხისაგან არის ნაგები, ამის გამო ისინი რამდენიმე წელზე მეტს ვერ ძლებენ, მალე იშლებიან ერთი მხრივ – სინესტისაგან, მეორე მხრივ კი მატლების ან ლარკების ლეგიონებისაგან, რომლებიც უმოწყალოდ ანადგურებენ ხეს.
ნაპირზე ახლადგადმოსული ადამიანის შეუჩვეველი ყურისათვის უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენს ბიძგებსა და შეჯახებებზე ასჯერ უფრო ძლიერი ხმა, რომელიც დაუღალავი მაღაროელის ჩაქუჩის მსუბუქი დარტყმის მსგავსია და რომელიც განუწყვეტლივ ისმის ღამის სიჩუმეში. სულ მცირე დროში სავსებით საღი ხის დიდი კოჭი მტვრის მასად იქცევა: ეს მატლები მხოლოდ წაბლის ხის მიმართ გამოირჩევიან მორიდებით.
მოსახლეობისათვის და, განსაკუთრებით – მთავრობისათვის, უფრო ხელსაყრელი იქნებოდა შენობები ქვისაგან ანდა აგურისაგან აეგოთ, მაგრამ მთავრობის მოხელეები აცხადებენ, რომ რედუტ-კალეში ერთობ ცუდი ხარისხის აგური მზადდება, ქვა კი ძალზე შორსააო. ამასობაში კი ისინი მშვენივრად სარგებლობენ ამ მდგომარეობით: ერთხელ აშენებულს ხელმეორედ აშენებენ და ასე გაუთავებლად, მთავრობა კი მშენებლობის საფასურს უხდის.
რედუტ-კალეში ციხესიმაგრის კომენდანტთან – მაიორ ტუნაევთან გავჩერდი. მისი მეუღლე მას თან გამოჰყოლია ამ გადასახლების მსგავს ადგილას. ალბათ ვერ შევძლებ ჯეროვნად შევაფასო მაიორისა და მისი მეუღლის პიროვნული თვისებები: იშვიათია, რომ ასეთ წესიერ ადამიანს ისეთი მაღალი მოქალაქეობრივი ზნეობა ჰქონდეს, რომ მსხვერპლად შეეწიროს უაღრესად მავნე კლიმატურ ადგილს, რომელიც რუსეთის იმპერიის საზღვრებს ესოდენ დაშორებულია. რედუტ-კალეში კომენდანტებად მხოლოდ ისინი ჩამოდიან, ვისაც იმედი აქვს, რომ ყოველგვარ ზედამხედველობას მოკლებული, მოქმედების სრული თავისუფლებით ისარგებლებს1. თუმცა გამონაკლისები ყველგან არსებობენ და შეიძლება ცუდ ვითარებაშიც კი კარგი გამონაკლისი აღმოვაჩინოთ. მაიორი და მისი მეუღლე ჩემ მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდნენ; მათთან გატარებული ხუთი დღის მანძილზე ვცდილობდი, რაღაც ინფორმაციები მიმეღო ქვეყნის შესახებ, დამეთვალიერებინა შემოგარენი, თან ჩემს ფიქრებთანაც განვმარტოებულიყავი.
ექვსი კვირა კეთილი კაპიტნის – ვულფის მფარველობის ქვეშ გავატარე, რომელიც ძმასავით მეპყრობოდა. შევეჩვიე მეზღვაურთა ცხოვრებას ნებისმიერი სიამოვნებისათვის ყოვლად შეზღუდულ ამ სივრცეს; ვეზიარე მათ ზნე-ჩვეულებებს, მათ საქმიანობას: ჩემი საქმეებს რომ მოვითავებდი, კაპიტნისა და მისი ოფიცრების საზოპგადოებაში ვისვენებდი, ვმხიარულობდი, თან მათგან რჩევა-დარიგებებს ვირებდი. ჩვენ ვლაღობდით, ვმღეროდით. სოხუმ-კალეში შესვენების დროს თითქმის ყოველდღე გემის კაპიტნები პატარა დღესასწაულებს მართავდნენ, ერთად ვსადილობდით და ვვახშმობდით და ვივიწყებდით მთელ სამყაროს; თან ყოველი მათგანი გულწრფელ მეგობრობას მეფიცებოდა... და უეცრად, ყოველივე ამის შემდეგ აღმოვჩნდი ნაპირზე, მარტოდმარტო მიტოვებული თითქმის სრულიად უცნობ ქვეყანაში, ათასნაირი საფრთხის პირისპირ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად. დიდი სიბრძნეა საჭირო, როდესაც ასეთი სერიოზული ცვლილებების წინაშე აღმოჩნდები. პირველი, რითაც ეს მხარე შემეგება, გახლდათ ჯანმრთელობისათვის მავნე ჰავა. ჩემი საცხოვრებელი სახლიდან ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე ჩემ თვალწინ გადაჭიმული იყო ჰოსპიტალი, სადაც რედუტ-კალესა და ფოთში დაბანაკებული ჯარის ნაწილებიდან 150 ავადმყოფი იტანჯებოდა ციებით, მაღალი სიცხით, სიყვითლითა და მუცლის ტიფით, რაც ამ კლიმატურ პირობებში სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ფოთის მხრიდან ზღვის ნაპირზე, რედუტ-კალედან 12 ვერსის დაშორებით ტყეში სასაფლაოა. გზა საფლავებს შორის მიიკლაკნება და შემაძრწუნებელია, როცა ხედავ, რომ საფლავების რაოდენობა ესოდენ ჭარბობს ციხესიმაგრისა და კარანტინის ბინადართა რიცხვს; ამავე დროს, ეს არის ულამაზესი გზა. ჯერ კიდევ სტრაბონი2 იყო აღფრთოვანებული კოლხეთის მდინარეების შესართავისა და სანაპიროს მშვენიერებით, სადაც უამრავი ხეხეილი საუკეტესო ხარისხის სამშენებლო-ხე-ტყესთან ერთად ხარობდა. ტყეში ერთმანეთის გვერდით თავს იწონებდნენ: ზღმარტლი თავისი დიდრონი ნაყოფით, სხვადასხვა ჯიშის ქლიავის ხეები, რომელთა ნაყოფი _ წითელი და ყვითელი ქლიავი, მთელ გზაზე იყო მოფენილი, მცხლის ხეები, წიფელი, მინდვრის ნეკერჩხალი, თელა, კატაბარდა, ვაზი, სურო, მაყვალი ყველგან ხეებზე იყო გასული; კვიდო, კრაზანას ბაძგი, ჩვეულებრივი ბაძგი – მიწაზე იყო გართხმული. ნაყოფის მტევნებით დახუნძლული კუნელის ბუჩქები ვაშლის ხეებში შერეულიყვნენ, ძახველებს კი თავისი შავი კენკრები მშვენიერი ქოლგებივით ესხათ. აქა-იქ გვხვდებოდა ლამაზი, ჩამოკიდებული მტევნებით მორთული რცხილა, კოწახური, მაღალი ვარდის ბუჩქები, ადამიანის სიმაღლის გვიმრა, ჯიქა ანუ უსურვაზი მუხა; მიმოზებს შორის კი ქვიშაში, მზის გულზე, შროშანი ხარობს და საამო სურნელით ავსებს ჰაერს. განა ეს სამოთხე არ არის, უკან, ოდნავ მოშორებით რომ ეს საშინელი ჭაობი არ იწყებოდეს?!
1. მოვიხსენიებ მხოლოდ საკმაოდ ცნობილ რაგოცკის, რომელსაც მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა ბოროტმოქმედთა ბუნაგში მიუსწრეს; როდესაც რედუტ-კალეში ვიყავი, მის სახელს ჯერ კიდევ სიძულვილით ახსენებდნენ.
2. Strabon, წიგნი. XI, გვ. 478.
ის ხუთი დღე, ვიდრე კავკასიის ალპებში ვიმყოფებოდი, იქაურობა ნისლითა და ღეუბლებით იყო დაფარული; დაახლოებით ასეთივე ამინდი იყო მთელი ზაფხულის მანძილზე მაშინაც, როცა შვეიცარიაში, ალპების ლამაზი ქედის პირისპირ ნევშატელში ვიყავი.
რედუტ-კალედან ქუთაისისაკენ მიმავალი გზა.
ხორგა და ხობის მონასტერი
რედუტ-კალე 25 ივლისს (6 აგვისტო) სამშაბათს, საღამო ხანს დავტოვე და ჩემს მძიმე მოგზაურობას შევუდექი. თან მქონდა კომენდანტის ბრძანება საფოსტო სადგურის უფროსებისადმი, სადაც მითითებული იყო, რომ მათ ევალებოდათ ჩვენი უზრუნველყოფა ცხენებით, ამასთანავე, ყველა ქუთაისამდე საგუშაგოზე ორ-ორი ცხენოსანი კაზაკი უნდა გამოეყოლებინათ, სხვა მხრივ კი სულ მარტო ვიყავი.
ბორნით გადავლახეთ ცივის არხი, შემდეგ გავიარეთ რედუტ-კალეს ბაზარი, რომელიც შეღვათების გაუქმების შემდეგ თითქმის დაცარიელებული დუქნების წაგრძელებულ რიგს წარმოადგენდა; აქ გაჭირვებით თუ იშოვით პირველი მოთხოვნილების საგნებს და ყველა ევროპული საქონელი, რომელიც აქ გადმოიტვირთება, გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თბილისში, რადგან გამყიდველისამართლიანად ითხოვს ტრანსპორტირების საფასურს: მაგალითად, რედუტ-კალეს შაქარი აქვე ბრუნდება და 700 ვერსს ანუ 175 ლიეს გაივლის, ვიდრე გასაყიდად დახლზე აღმოჩნდება.
თითქმის სულ ხობის ნაპირებს მივუყვებოდით; მისი კალაპოტი ხის ნარგავებითა და ვენახებით იყო შევიწროებული და მათზე გადმოკიდებული ყვავილწნულები მშვიდ ტალღებს ესლბუნებოდნენ. ირგვლივ ყველგან ტყეა. სოფელი ხორგაც კი, რომელიც რედუტ-კალედან 10 ვერსზე იწყება და სიგრძით 14 ვერსამდეა, თხმელისა და კოპიტის უზარმაზარ ხეებშია ჩაფლული; შემოღობილ ადგილებში, სიმინდისა და იტალიური ფეტვის ყანების (ქართულად ღომი) შუაში, ერთმანეთისაგან მოშორებით, ხის სახლებია ჩადგმული. მიუხედავად იმისა, რომ სიმინდი ჯერ კიდევ არ იყო ზრდადასრულებული, მისი სიმაღლე რვა-ცხრა ფუტს აღწევდა. აქაური მიწა კარგია, ნაყოფიერი, თიხიანი და ვარგისია ყველა იმ კულტურისათვის, რომელიც კარგ, ტენიან ნიადაგს მოითხოვს. ღობის გაყოლებაზე ვაზი შავ თხმელაზე იყო ატყორცნილი და თვალისმომჭრელ ეფექტს ქმნიდა. ესადგილობრივი ჯიშის ვაზია და იგი არც ერთ კულტურაზე არ ახდენს ზეგავლენას. აბიბინებულ მდელოზე, რომელიც ამ მწვანე საფარის ქვეშ იყო გადაჭიმული, საქონელი ძოვდა.
ხობის დინება მეტისმეტად მდორეა პირველ საფოსტო სადგურამდე, რომელიც სოფელ ხოგას ბოლოში, რედუტ-კალედან 26 ვერსზეა; აქ ღამე გავატარე საძაგელ ფარდულში, რომელიც წვიმისაგან ძლივს მიცავდა. მეორე დღეს, ახალი ცხენებითა და კაზაკების თანხლებით ხობის მონასტრისაკენ გავემართეთ; იგი გზიდან ხელმარჯვნივ, 4-5 ვერსის მოშორებით არის აღმართული. გავიარეთ ვაკე და ავედით იმ პირველ გორაკებზე, რომლებიც ხობის კალაპოტს ამჭიდროვებენ: ეს იყო ულამაზესი და დიდად ნაყოფიერი მხარე. გადავჭერით ათი-თორმეტი ფუტის სიმაღლის სიმინდის ყანები, რომლებშიც ისე ჩავიმალეთ, როგორც ტყეში, თუმცა კი კაზაკების დიდ ცხენებზე ვიყავით ამხედრებულნი.
სახლები სოფელ ხობშიც ისევეა ერთმანეთისაგან დაშორებული, როგორც ხორგაში. ერთ-ერთ სახლს მივადექით და წყალი მოვითხოვეთ; ქალები და თვით ახალგაზრდა გოგონებიც კი შიშისაგან არსად გაქცეულან და არც დამალულან, როგორც მარწმუნებდნენ, პირიქით, მათ შორის ყველაზე უფროსი სწრაფად მოგვემსახურა. ყველაზე ახალგაზრდას, რომელიც არა უმეტეს თხუთმეტი-თექვსმეტი წლისა იქნებოდა, ლამაზი სახის ნაკვთები და მშვენიერი ოვალური სახე ჰქონდა. ამგვარად, პირველად ვეზიარე ქართველი ქალების საქვეყნოდ ცნობილ მშვენიერებას.
მთის ფერდობებზე შეფენილი წაბლის ხეები ყველგან შერეული იყო მუხასთან, ხურმასთან და ასობით სხვა ჯიშის ხესთან. ყველგან ხარობდა ჭიაფერა თავისი დიდი შავი მტევნებით, აგრეთვე კაკალი, ტყეებში მრავლად იყო ველური თუთის ხეებიც.
ხობის მონასტერს მდინარის ნაპირზე აღმართული გორაკის თავზე მივაგენით. სიტყვა მონასტერი ქართველებში ყოველთვის ზუსტი მნიშვნელობით არ იხმარება: უფრო ხშირად იგი მხოლოდ ერთი უბრალო ეკლესიის აღმნიშვნელია. ხობი კი ნამდვილი მონასტერია, სადაც წმ. ბასილის წესის მიმდევარი რამდენიმე ბერძნული რიტის ქართველი ბერი ცხოვრობს. მისი წინამძღვარი არქიმანდრიტის წოდებას ატარებს. სამეგრელოში უწინ არსებული თორმეტი ეპარქიიდან ექვსი მონასტრად გადაკეთდა და ხობიც სწორედ ერთერთია ამ უკანასკნელთა შორის1.
ეკლესიას, ამ მხარის ყველა სხვა ეკლესიის მსგავსად, შემოვლებული აქვს მაღალი გალავანი, რომელზეც არქიმანდრიტის საცხოვრებელია მიშენებული. საყდრის ინტერიერი საკმაოდ სადაა და დაფარულია ნაკლებად ელეგანტური სტილის მხატვრობით, რომელიც სიძველის გამო ოდნავ გაუფერულებულა. საკურთხევლის ექსტერიერის ფასადი (არაბესკებისა და დეკორატიული ორნამენტების რელიეფური გამოსახულებით კარნიზზე და სარკმლების ჩარჩოებზე) დიდი ბრწყინვალებით არის შესრულებული ქართულ სტილში2. ამ ნაგებობის მნიშვნელოვანი ნაწილია სამლოცველო, როელიც მე ზემოთ მოვიხსენიე და რომელიც ეკლესიის ხელმარჯვნივ მდებარეობს. კედლები უცნაურად არის ინკრუსტირებული სხვადასხვა ტიპის რელიეფური და არქიტექტურული ელემენტებით: ეს არის თაღედები, რომლებიც კორინთული, კომპოზიტური, ბიზანტიური კაპიტელების ყველანაირი ფორმის კოლონების ნაწილების მსგავსია და უწესრიგოდაა ერთად მოგროვილი. ამ კოლონებიდან რამდენიმეს რვაწახნაგოვანი საფუძველი აქვს და ეყრდნობა მაღალ ბაზებს, რომლებიც ლილვად არიან გამოკვეთილნი, დახვეწილი სტილის ბერძნული კაპიტელებიშერეულია უხეშ კაპიტელებთან, რომელთა ზედაპირზეც ყველგან ჯვარია აღმართული. თითქმის ყველა ეს ნამსხვრევი ცისფერი ან თეთრი მარმარილოსია, ცისფერივე ლენტისებრი ჩუქურთმით; აქედან ორი დიდი ფილა ექვსნახევარი ფუტი სიგრძისა და სამნახევარი ფუტი სიგანისა – საკურთხევლისათვის გამოიყენებოდა და, სავარაუდოდ, ჯვრით დამშვენებული საწვიმარის ნაწილებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, თეთრი ცარცის ქვისაგან გამოკვეთილი ბევრი სხვა დეტალი ქართულ სტილშია შესრულებული როზეტებით, არაბესკებით, დეკორატიული ორნამენტებით და სხვ. უწესრიგოდ დაყრილი ყველა ეს ნამსხვრევი ზუსტად ისეთივე მომეჩვენა, როგორც ბიჭვინთის ეკლესიისა და მთავარი საკურთხევლის შესასვლელში შევნიშნე: როგორც ჩანს, ორივე ერთი ოსტატის ხელითაა შესრულებული და შესაძლოა, ერთსა და იმავე დროს განეკუთვნებიან3.
1. P. Lamberti, Recueil de voyages au Nord, გვ. 136.
2. იხ. ატლასი, მე-3 სერია, არქიტექტურა, ფურც. 19.
3. იხ. ზემოთ, გვ. 76 და 229. ხობის ეკლესია XIII საუკუნისაა, რადგან გიორგი დადიანი, რომელიც ზემოთ მოყვანილ წარწერაშია მოხსენიებული, 1384 წ. გარდაიცვალა, ხოლო მისი ვაჟი ვამეყი, სამლოცველოს ამშენებელი 1396 წელს.
ზემოთ მე მოვიყვანე, აგრეთვე, თარგმანი ამ ეკვდერის წარწერისა, რომელიც შესასვლელ კარზე იკითხება. ვამეყ დადიანის დედ-მამა მართლაც ამ საკურთხეველში (?) არიან დაკრძალულნი, რომელიც მათ მოსახსენიებლად აუგია ვამეყს. ამ დროიდან მოყოლებული, დადიანთა საგვარეულოდან თითქმის ყველა მთავარმა ამ ეკლესიაში ჰპოვა განსასვენებელი, ახლანდელმა დადიანმა კი აქვე დაასაფლავა თავისი ნაცნობი რამდენიმე რუსი ოფიცერი..
ეკლესიის ეზოში შესასვლელ კართან აღმართულია სამრეკლო, სადაც მაჩვენეს მკვეთრი და გაბმული ხმის მქონე გრძელი ბუკები, რომლებსაც აქედან მოშორებით მდებარე უბნების მცხოვრებთა ღვთისმსახურებაზე მოსახმობად იყენებენ, ომიანობის დროს კი ისინი მოსახლეობას მტრის მოახლოების შესახებ ამცნობდნენ; ხალხი თავს აფარებდა ეკლესიის შიდა ეზოებს და ეკლესია ციხესიმაგრის როლს ასრულებდა.
კოშკის ზემოდან, როგორც მოსალოდნელი იყო, ულამაზესი ხედი იშლება ქვემოთ, სამეგრელოს დაბლობზე, რომელიც ახალი სამყაროს მსგავსად, მცენარეულობითაა დაფარული.
ეკლესიის გარეთ, პირველ ეზოში შევისვენე შვიდი-რვა ფუტი დიამეტრის მქონე მშვენიერი ცაცხვების ქვეშ, რომლებიც მარადიული ჩრდილით ფარავენ ამ ძველ ნაგებობებს. გადაწყვეტილი მქონდა, კიდევ 6 ვერსი გამევლო და ავსულიყავი ბიას მთაზე, სადაც ხობის არქიმანდრიტს პატარა სახლი ჰქონდა. აქ მინდოდა რამდენიმე დღის გატარება, რათა კარგ ამინდში სამეგრელოს ულამაზესი ხედებით დავმტკბარიყავი. კავკასიის მაღალი ქედის ბოლოდან, რომლის ცენტრშიც იალბუზია, ისეთი დიდებული სანახაობა იშლება, რომლის მსგავსსაც იშვიათად თუ შეხვდებით. ამჯერად ჩემი გეგმა ვერ განვახორციელე: კაზაკებს გზა აებნათ ამ პატარ-პატარა ბილიკების ლაბირინთში, რომლებიც ხეებქვეშ ყველა მიმართულებით იყო გაკვალული და ერთი სახლიდან მეორისკენ მივყავდით. ამიტომ იძულებულნი ვხვდებოდით არაერთხელ მოვბრუნებულიყავით უკან. ამ უსიამოვნებას ისიც დაერთო, რომ ერთ-ერთ კაზაკს ძლიერად შეუტია ციებამ. ამის გამო უკან დავბრუნდით, წაბლის ტყის გასწვრივ, სახარბედიოდან 5 ვერსზე, სოფელ ხოლონამდე დიდი გზა გავიარეთ. რედუტ-კალედან მოყოლებული, ეს კაზაკთა მეორე სადგურია. მთელი დღის დაღლილ-დაქანცულმა, გადავწყვიტე, ეს ღამე აქ გამეთია.
სახარბედიო, შხეფი, მარანი
სახარბედიოს საფოსტო სადგური მდებარეობს ბორცვებისა და მაღალი კონცხების ძირში, რომლებიც კავკასიონიდან სამეგრელოს დაბლობისაკენ მიემართებიან [...] მდინარე ცივი, რომელიც ამ ქვეყნის სიღმიდან გამოედინება, აქ რვა-ათი ფუტის სიმაღლის ჩანჩქერს ქმნის [...] მასზე გადებულია ძველისძველი მუხის ხეებით დაჩრდილული სახარბედიოს ხიდი, ხოლო აქაფებულ ტალღებში მოჩანს ძველი ხიდის ეულად შემორჩენილი ბურჯი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამაყად დგას და არაფრად აგდებს ამ ტალღების უძლურ გაცოფებას... სახარბედიო ყოველთვის როდი იყო ისეთი, როგორც დღეს არის; ოდესღაც იგი ქალაქი ყოფილა. საფოსტო სადგურის უკან, გგორაკზე ჩანს გალავანშემოვლებული ციხის ნანგრევები. აღმოსავლეთით მდებარე სამლოცველო თავისებურად საინტერესო მომეჩვენა: საკურთხევლის კედლის კუთხეებში ჩაშენებული იყო თიხის ორი დიდი ჭურჭელი, რაც საგანგებოდ იყო გაკეთებული სახურავიდან ჩამონადენი წვიმის წყლის დასაგროვებლად, რომელსაც მღვდლები თავისი საჭიროებისამებრ იყენებდნენ და საკურთხეველშიც ონკანების მეშვეობით შედიოდა1. ეს ნანგრევები ჩაკარგული იყო წიფლის ტყეში, სადაც აგრეთვე უამრავი ურთხმელი, ჭყორი და ველური ბროწეულის ხეც შეგხვდებოდათ. არსად მინახავს ამდენი ტყის მაყვალი და თუთა.
სახარბედიოდან შემორჩენილია მხოლოდ ულამაზესი ძველი ეკლესია. მისი სარკმლები და კარნიზები რელიეფებითაა მორთული, გუმბათიც მაღალია და ძალზე ელეგანტური.
როგორც ირწმუნებიან, როცა თურქები ფოთის მშენებლობას აწარმოებდნენ, სახარბედიოდან ეზიდებოდნენ მასალას, რომელიც იმდროინდელ დადიანს მათთვის ძალზე ძვირად მიუყიდია. იმასაც კი ამბობენ, რომ მას თურმე ამ მიზნით რამდენიმე ნაგებობაც კი დაუნგრევია2. [...]
რაც უფრო ვუახლოვდებოდით შხეფის ციხეს, კირქვიანი კლდეების სიმაღლეც თანდათან იმატებდა. ციხე, როგორც M.P. აღნიშნავდა, უფრო ადვილია ასაღებად, ვიდრე წარმოსათქმელად. იგი გზიდან ხელმარცხნივ, ბორცვის თავზე დგას. ბ-ნი გამბა მიიჩნევდა3, რომ აქ ოთხი კოშკი იყო, სინამდვილეში კი კოშკი მხოლოდ ორია; ციხის საფუძველს წარმოადგენს ერთ-ერთი ამ ოთხკუთხა კოშკთაგანი, რომელთაც შემცირებული პირამიდის ფორმა აქვთ, რასაც ხშირად ვხვდებით იმერეთში. აქ ასვლა მხოლოდ კიბით შეიძლება, კარი კი პირველ სართულზეა დატანებული.
ბ-ნი გამბა ასევე აღნიშნავს, რომ ეს ნაგებობა თიხანარევი ქვით არის ნაშენი, რაც ეწინააღმდეგება ადგილობრივად დამკვიდრებულ წესს, რადგან ამ მხარეში ყველა ციხე და მონასტერი შემტკიცებულია კარგი ხარისხის კირით, რომელიც აქ უხვად მოიპოვება.
აქამდე გზა ბორცვების ძირს მიუყვებოდა, ციხის მოპირდაპირე მხარეს კი სამხრეთისაკენ მოუხვია და შორს, სამეგრელოს დაბლობს იქით, გურიის მთებიც გამოჩნდნენ.
აბაშის საფოსტო სადგურში ჩასვლამდე, დაახლოებით ოთხი ვერსის დაშორებით, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირი, მოწესრიგებული გზით გვევლო, ჩემმა კაზაკმა დიდ, დამშრალ ჭაობზე გადამატარა, სადაც იმდენი ორმო იყო, რომ ათასჯერ მაინც მემუქრებოდა ჩაძირვის საფრთხე.აბაშის მიერ ჩამონატანი შლამით წარმოქმნილი ნიადაგის ფსკერი სილიანია. აქ აღმოცენებული მცენარეული საფარი წყალდიდობისას მსუბუქად იფარება მთებიდან ჩამოსული ქვიშით, შემდეგ ეს მცენარეები ლპებიან და მოკლე ხანში საკმაოდ მუხანათურ და საშიშ ორმოებს ქმნიან. ამიტომაც მოგზაურებს ვურჩევ, უპირატესად დიდ გზას გაჰყვნენ.
აბაშიდან სახარბედიომდე ოცი ვერსია, ხოლო სახარბედიოდან ხორგამდე _ თხუთმეტი. აბაშიდან მარანამდე ჩვიდმეტ ვერსს ანგარიშობენ; ამ გზის პირველი ორი ვერსის გარდა, რომელიც წიფლის ულამაზეს ტყეზე გაივლის, ეს მხარე უკვე აღარ არის ტყიანი, მას უკაცრიელი და ერთფეროვანი სახე აქვს. აღარსად გვხვდება მინდვრები, სიმინდისა და ფეტვის შემოღობილი ყანები.
1. იხ. ატლასი, მე-3 სერია, არქიტექტურა, ფურც. 4.
2. სახელწოდება სავსებით შეესაბამება „ძახარს“, როგორც აგათია უწოდებს მისიმიანების ერთერთ ციხეს, მაგრამ აღწერა სრულებით არ ემთხვევა მას.
3. Gamba, Voy. dans la Russie merid., ტ. I, გვ. 156.
ვიდრე მარანის საგუშაგომდე ჩავიდოდით, ბორნით გადავლახეთ მუდამ მშფოთვარე და დაუდეგარი ცხენისწყალი, რომელიც სამეგრელოს იმერეთისაგან გამოჰყოფს. „ცხენისწყალი“ ცხენების მდინარეს ნიშნავს: ეს არის ძველი ავტორების „ჰიპუსი“, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს. მარანში, საფოსტო სადგურის გარდა, დაბანაკებულია კაზაკთა რაზმი (მათი რაოდენობა ვერ დავაზუსტე), რომელსაც ოფიცერი მეთაურობს. ყველა კაზაკი, რომელიც ამიერკავკასიაში მსახურობს, დონის ნაპირებიდან არის მოსული. ხაზიდან ძალზე ცოტანი მოდიან, რადგან მეტწილად იქვე, თავიანთ საგუშაგოზე რჩებიან. ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ დიდი მორალური სხვაობაა ერთი და იმავე ეროვნების ჯარისკაცთა ამ ორ ჯგუფს შორის: რამდენადაც ხაზის კაზაკი მამაცი, კეთილი და თავაზიანია, იმდენად დონის კაზაკი ლაჩარი, უხეში, უზრდელი და ზარმაცია, როდესაც მას რიგითი ადამიანი, ძალის გამოუყენებლად აძლევს მითითებას. გამონაკლისი აქ იშვიათია.
ვისაც ამ მხარეში მოგზაურობა სურს, ნუ ექნება იმის იმედი, რომ ყველგან იპოვის კარგ თავშესაფარს, ხარისხიან პურს და თბილ ლოგინს; თუკი თვითონვე თან არ იქონიებს ყველაფერს, ვერც ერთ საფოსტო სადგურში ვერაფერს ვერ იშოვის და ძალზე ბედნიერად იგრძნობს თავს, თუკი დასაწოლად ფიცრებს მაინც მოიპოვებს და იძულებული არ იქნება, პირდაპირ იატაკზე დაწვეს. ერთადერთი ნუგეშია რამდენიმე დუქანი, რომელსაც აქა-იქ გზაზე შეხვდებით. ეს არის სავაჭროს მსგავსი, ანუ იმერლების ღვინის დასალევი ადგილი, სადაც შეიძლება სანთლის, კიტრის, ღვინის და სხვა წვრილმანების შეძენა. ერთი დიდი კათხა ღვინო საცალო ვაჭრობით ოთხი-ხუთი ფარა, ანუ ორნახევარი სანტიმი ღირს, ერთი პინტა ღვინო კი ათი ფარა, ანუ ერთი სუ.
გზა რედუტ-კალედან მარანამდე და თვით გუბისწყლამდეც კი ძალზე ცუდია, ხოლო წვიმების დროს ეტლებისთვისაც კი გაუვალი. აქ თიხიანი ნიადაგი ჭარბობს, თუმცა კარგი გზის გაყვანა ძალზე იოლადაც შეიძლება, რამდენადაც აქ ყველგან დიდი რაოდენობით მოიპოვება ქვა-ღორღი; მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გზა გაეყვანათ, დიდი რუსეთის გამოცდილებას მიბაძეს და დაჭაობებულ ადგილებში ერთ-მეორის გვერდით დაალაგეს მორები. მეორე და კიდევ უფრო დიდი დაბრკოლება გახლავთ ის, რომ მოგზაური იძულებულია ფონით გადალახოს თითქმის ყველა მდინარე, რომელიც ფაზისში მარჯვნიდან ჩაედინება. საკმარისია, მთებში ქარიშხალი ამოვარდეს, რომ ეს მდინარეები ადიდდებიან ხოლმე და გადმოდიან ნაპირებიდან. ზოგჯერ მოგზაურები და მათი სატრანსპორტო საშუალებებიც იძულებულნი ხდებიან, რამდენიმე დღე ნაპირზე გამოიბანაკონ, ვიდრე გზის გაგრძელებას შეძლებენ. ეს უკანასკნელი დაბრკოლება, რომლის მოსაგვარებლადაც უზარმაზარი თანხებია საჭირო, რათა ხიდები და კაშხალები აიგოს, ალბათ იმის მიზეზი გახდება, რომ დიდ გზას ფაზისი მარცხენა ნაპირზე, ფოთა,დე გადაიტანენ. ბ-ნმა პოლკოვნიკმა ესპეხომ უკვე წარადგინა ამ ახალი გზის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. ეს არ იქნება იოლად შესასრულებელი ამოცანა, რადგან აქ ახლო-მახლო არც რიყის ქვებია და არც უბრალო ქვები, როგორც ეს ძველ გზაზე იყო. ამასთანავე, რიონის ნაპირები დაბალია, რაც მეწყერებსა და წყალდიდობებს იწვევს.
მარანის კაზაკთა პოსტიდან რამდენიმე ვერსზე, ჯანმრთელობისათვის ძალზე მავნე ადგილას, ცხენისწლისა და ფაზისის შესართავთან, მარანის ანუ „უზკიეცხენისწყლის“ ბანაკია განლაგებული. აქ ჯარისკაცთა ერთი თუ ორი ასეულია, რომელსაც საგანგებოდ ევალება სამთავრობო ფქვილის მიღება და შენახვა. ეს ფქვილი აქ რედუტ-კალედან ფაზისის აყოლებით იგზავნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგიური სექტა ბიბლიის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე შეურაცხყპფდა ბუნების ყველა კანონს და საზოგადოების უფლებებს, სამეგრელოს ეგერთა პოლკში იგი მაინც დიდი წარმატებით სარგებლობდა: ყოველდღიურად საზიზღარი ფანატიზმით შეპყრობილი დაახლოებით ექვსამდე ჯარისკაციდიდი საიდუმლოებით ასრულებდა იმ საშინელ რიტუალურ ქმედებას, რომელიც მათ, როგორც ადამიანებს, სრულიად ანადგურებდა. ერმოლოვმა ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად ერთადერთი საუკეთესო გზა გამონახა: ყველა შეცდომილს მან რიონსკაიაში მოუყარა თავი და რიონსკაიადან უზკიე-ცხენისწყლამდე სურსათის გადაზიდვა დაავალა. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები, სამყაროსაგან მოწყვეტილნი, აბუჩად აგდებულნი და, როგორც უვარგისნი, ჯარისკაცთა რიგებიდან გარიყულნი და იძულებით სამუშაოებზე გამწესებულნი ამ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ჯარისკაცებმა ყოველგვარ შესაძლო აკრძალვაზე ბევრად უკეთესი გაკვეთილი მიიღეს და ეს სენიც თითქმის მაშინვე აღიკვეთა პოლკში. სულ მოკლე დროში შესამჩნევი გახდა, თუ როგორ ამახინჯებდა ადამიანს სექტანტური ქმედება: მას აღარც ღვინის დალევა შეეძლო, არც ხორცის ჭამა, მძიმედ იტანდა ყოველგვარ ნერვიულობას; გარდა ამისა, მას არ ჰქონდა წვერი, არც პატივმოყვარეობა და ღირსება, აღარც ხმა, რომელიც ქალივით დაუწვრილდა. იგი ფიზიკურადაც სუსტია და შიშისაგან ცახცახებს, როცა თოფის ხალში აღება უწევს, სხეულიც მოდუნებული და მოშვებული აქვს. სად აღარ მიაქანებს ადამიანს რელიგიური ქედმაღლობა და ამპარტავნება! გზა მარანიდან გუბისწყლამდე ერთფეროვანია და ვაკის მაზრის ნაყოფიერ მონაკვეთზე გადის. სახელწოდება „ვაკე“ ქართულად ვრცელ მინდორს||დაბლობს ნიშნავს.
გუბისწყლიდან, რომელიც ქუთაისამდე ბოლო სადგურია, მთელი დაბლობი რიყის ქვებითაა დაფარული. აქაური ნიადაგი მთლიანად ასეთი რიყის ქვებისგან არის შექმნილი, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მცენარეულ საფარზეც, რომელიც აქ შედარებით უფრო მწირია, ვიდრე სამეგრელოსა და იმერეთის სხვა ადგილებში. გზისპირა ტყეებში ხარობს წაბლის ხე, კაშკაშა ბროწეული, წიფელი, რცხილა, ხურმა, მაყვლოვანი ბუჩქნარი, რომელიც აქ პირველად ვიხილე ყირიმიდან წამოსვლის შემდეგ; ამ ბუჩქს უყვარს მშრალი და ქვიშიანი ნიადაგი. რიყის ქვის მთელი ეს მასა ძირითადად მდინარეების შედინების ადგილას არის მოგროვილი. პირველად დინებამ ყველაზე უფრო მძიმე ქვები ჩამოიტანა და ნიაღვარმა მათი ადგილიდან დაძვრა ვეღარ შეძლო; უფრო მსუბუქი და წვრილი ქვები კი დინებამ შორს გაიყოლა.
საშინლად ცხელი დღეების შემდეგ, ზუსტად იმ დროს, როცა ქუთაისში შევდიოდით, ჭექა-ქუხილი ატყდა. ჩემი კაზაკი წინ მიდიოდა და ჩქარობდა, რომ წვიმაში არ მოვყოლოდით. იქ სადაც ფაზისი შხულით თავს აღწევდა იურული პერიოდის კლდეებს, რომელთა შორისაც ჩაჭედილია მისი კალაპოტი იმ ადგილამდე, ვიდრე იგი ძველი კოლხეთის ულამაზეს დაბლობზე გასასვლელს იპოვის, თვალწინ ახალი ქუთაისია გადაჭიმული. იგი იმ დაბლობის კუთხეში მდებარეობს, რომელიც მდინარის მარცხენა ნაპირიდან იწყება. შეუძლებელია ყველა იმ ხისა თუ ქვის ხიდის ჩამოთვლა, რომელიც უხსოვარი დროიდან მდინარის ნაპირებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ორივე ნაპირზე ჩანს ყველა ეპოქის ბურჯები და საბჯენები. ახლანდელი გზა კი ყველაზე ცუდად არის შერჩეული: იგი ჯერ შვეული კლდის ფერდობის ძირში გადის, იქ სადაც ფაზისი მიედინება, შემდეგ კი გზა პირდაპირ კლდეში ერთ დონეზე კია არ არის გაჭრილი, არამედ ჯერ მაღლობზე ადის, შემდეგ კი იქიდან მკვეთრად ეშვება ძველ ბურჯებზე აგებულ ხის ხიდამდე. ეს ხიდი რომ საქართველოს მეფეების ძველი სასახლის პირდაპირ აეგოთ, ანუ იქ, სადაც ფაზისი უკვე თითქმის ვაკეზე მიედინება, ქალაქში შესვლა ბევრად უფრო ადვილი და მოხერხებული იქნებოდა. ამ ხიდის მშენებლობა დიდი ხნის წინათ იყო გადაწყვეტილი და ამის აუცილებლობა ადგილობრივმა მმართველობამ შეატყობინა მთავრობას; ამ უკანასკნელმა კი, ისედაც ბევრი სხვა ხარჯები რომ ჰქონდა, მარტივი გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისის მოსახლეობას ნება დართო, საკუთარი ხარჯებით აეგოთ ეს ხიდი, რამდენადაც იგი ძირითადად მათ სჭირდებოდათ. მაგრამ ქუთაისელები ძალზე ღარიბად ცხოვრობდნენ, ასეთი მშენებლობა კი დიდ ხარჯებს მოითხოვდა, რისი გაღებაც მოსახლეობას არ შეეძლო, ამიტომაც ეს საქმე ადგილიდან აღარ დაძრულა.
თავდაპირველად გადავედით ხიდზე, რომელიც სიგრძით ოთხმოცი ბიჯია, შემდეგ კი გავიარეთ ბაზრის ერთი ნაწილი და ბოლოს – დიდი მოედანი, სამეფო ბაღის ქუჩა და ყაზარმები. ჩემი კაზაკი წინ მიდიოდა, მე კი ზანტად მივყვებოდი უკან. „კი მაგრამ, ბატონო, მითხრა მან, – აი, ჩვენ უკვე ქალაქის მეორე ბოლოში გავედით, სადღა მივდივართ? განა შენ სადგურში არ მიგყავარ? – ჩვენ ხომ დიდი ხანია სადგური გავიარეთ; იგი მდინარის მეორე ნაპირზე იყო, ვიდრე კლდეში გაყვანილ გზაზე ავიდოდით. – სულელო, აქამდე ვერ მითხარი?! – ბატონო, მეგონა თქვენ ჩემზე უკეთ იცოდით, სადაც უნდა შევჩერებულიყავით. – არის აქ სასტუმრო-ბაკები? – კი, ბატონო“ მიპასუხა მან და მიმიყვანა ერთ რუსთან, რომელსაც ერთი ოთახი ჰქონდა... იგიც სამეგრელოს დადიანის ვაჟს დაექირავებინა.
„არის სხვა რაიმე თავშესაფარი მთელ ქალაქში?“ – ვიკითხე მე. „არის, როგორ არა!“ და მან ბაზარში, მარკიტანტის ჭუჭყიანი დუქნის წინ მიმიყვანა; ჯერ დაუძახა პატრონს, შემდეგ კარზე დააკაკუნა, მაგრამ პასუხი არ იყო. მეზობელმა კი გვითხრა, რომ პატრონი მთაშია წასული. „ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა რაიმე საშუალება სადმე ბინის შოვნისა იმერეთის ამ ცნობილ დედაქალაქში?“ – „მე სხვა არაფერი ვიცი“ – მიპასუხა მან; „მაშინ უნდა დავბრუნდეთ სადგურში“. საბედნიეროდ, სადგურში დროზე მივედი და დასველებას გადავურჩი, რადგან წვიმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. უკვეღამდებოდა და სხვა გამოსავალი არ იყო, უნდა დავთანხმებულიყავი ბინძურ, ღარიბულ, ძველ ქეჩაგადაკრულ საწოლს იმ ქოხში, სადაც ერთად შექუჩებულს ეძინა ხუთ თუ ექვს კაზაკს, რომელთაგანაც ნახევარი მთვრალი იყო. ძემოდან ქარი მიბერავდა, ქაღალდის ნაგლეჟებით აკრული ფანჯრებიდან კი წვიმა ასხამდა. გარდა ამისა, მოდიოდნენ კურიერები დეპეშებით, სხვადასხვა ბრძანებებით, პატაკებით და ა.შ. მწერალი დგებოდა საწოლიდან და ბუზღუნებდა, რომ იძულებული იყო გადაეწერა მისამართები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მისთვის გაურკვეველი ხელით იყო დაწერილი. ამ უბედურებას ისიც დაემატა, რომ სამხედრო სამსახურის გასავლელად და მარანის პოსტის შესავსებადდონიდან წამოსულ ახალგაზრდა კაზაკებს სწორედ ამ დროს გამოევლოთ ქუთაისში. მათ სტანიცადან უფროს კაზაკებს თავიანთი ოჯახის ამბები ჩამოუტანეს, უფროსებმა კი სანაცვლოდ ახლადჩამოსულებს წვეულება გაუმართეს და ღვინო დაალევინეს. მათი წასვლის შემდეგ კი დღის დანარჩენი ნაწილი უფროსებმა დუქანში გაატარეს, თან ერთმანეთს უზიარებდნენ ახლად შეტყობილ ამბებს საკუთარი ოჯახების შესახებ და საბოლოოდ კარგადაც გამოთვრნენ; დაიწყო ჩხუბი, მთელი ღამე ამ მთვრაკ კაზაკებს აურზაური გაჰქონდათ, შემოდიოდნენ ჩვენს ოთახში, აყალმაყალს უტეხდნენ მათ, ვისაც აქ ეძინა, კამათობდნენ, იგინებოდნენ, ერთმანეთს ურტყამდნენ; რამდენიმე მოჩხუბარი ჩემ საწოლზეც დაეცა. ბოლოს, როგორც იქნა, ყველანი გარეთ გაყარეს. საბედნიეროდ, როგორც იქნა, სხივმოსილმა გარიჟრაჟმა ეს ქარიშხლიანი ღამე შეცვალა და უმშვენიერესი დღის დასაწყისი გვამცნო. მოუთმენლად ველოდი შეხვედრას გენერალ ვაკულსკისთან, რომელიც იმერეთის, სამეგრელოსა და სხ. მმართველია. მანა,დე კი ფარდულში წყლის ასადუღებლად გავიტანე პატარა მადუღარა, რომელიც ჩაიდნის მაგივრობას მიწევდა. მთელი მოგზაურობის პერიოდში ჩაი ჩემთვის საუკეთესო დამცავი საშუალება იყო აქ გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ. დილით ჩაი წმენდს კუჭს, ტონუსს აძლევს მას, ამხიარულებს გონებას და აღადგენს ძალებს; საღამოობით კი გამშვიდებს და ყოველგვარ დაღლილობას ხსნის, გათავისუფლებს ატმოსფეროდან მიღებული ტემპერატურის, მშრალი თუ ნოტიო ჰავის ცვალებადობით გამოწვეული უსიამოვნებებისაგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემსავით ჩაის ერთხელ მაინც სვამ ყოველ მეორე დღეს აძმარებული ღვინით ან ღვინის ქვის ნაღებით ნაქეიფარზე. ეს ასევე კარგი დამცავი საშუალებაა ციებისაგან, რომელიც სიცხისა და სიყვითლის თანხლებით მიმდინარეობს. მოგზაურებს კიდევ ერთ რცევასაც მივცემ: არ გაუშვათ შემთხვევა და ჭამის დროს მიირთვით ღვინო, მაგრამ სვით ზომიერად. ჭამის გარეშე ღვინო არასოდეს დალიოთ. ივლისისა და აგვისტოს თვეებში, როცა განსაკუთრებით ცხელა დღის განმავლობაში, არასოდეს იმგზავროთ დილის ათი-თერთმეტი საათიდან ნაშუადღევის სამ საათამდე. ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას: საღამოობით და ღამით თბილად ჩაიცვით, რადგან დღის სიცხეს სიგრილე მოჰყვება, ხოლო ღამით, რომელიც აქ კიდევ უფრო გრძელია, ვიდრე ჩრდილოეთში, საგრძნობლად გრილა.
დილით მმართველთან გამოვცხადდი. მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი ამ უჩვეულო თავშესაფარს, რომელსაც სხვებთან ერთად ვინაწილებდი, მაგრამ თავზარი დამეცა, როცა შევიტყვე, რომ მმართველს ქალაქი წინადღით დაეტოვებინა და რამდენიმე დღით სოფელ ბაღდათში გამგზავრებულა. იძულებული გავხდი, დახმარება მეთხოვა ქალაქის კომენდანტისათვის, მაგრამ არც ის აღმოჩნდა ადგილზე, ისიც ქალაქგარეთ წასულიყო საქმეებზე, ხოლო მისი ადიუტანტი კი თბილისში იყო. ასე რომ არავინ იყო ჩემი მშველელი, ერთი პატარა კუთხეც კი არსად ჩანდა, რომ თავი შემეფარებინა.
ამ დროს გამახსენდა ბ-ნი გამბა და როტიე, ქებით რომ მოიხსენიებდნენ ქუთაისის კაპუცინელ ღირს მამებს... გავიფიქრე, იქნებ მათ მივმართო-მეთქი და სასწრაფოდ გავემართე მათი ეკლესიისაკენ. აქ ქუთაისელი კათოლიკე სომხები მესას ესწრებოდნენ და საშინლად ხმაშეუწყობლად მღეროდნენ. დაველოდე, ვიდრე მამა სელესტინი წირვას აღასრულებდა და ეკლესიის გამოსასვლელში დავხვდი. თავი წარვუდგინე დიდ გაჭირვებაში ჩავარდნილ უცხოელ ევროპელად, რომელიც მისგან ელოდა წყალობას, რათა თავშესაფარი ეშოვა; თანაც ვუამბე ყველაფერი, რაც თავს გადამხდა. კეთილ მამას ამ დროს თან ახლდა ექიმი კამპოკასტო; იმ შარლატანებს შორის, რომელნიც თავს ექიმებად ასაღებდნენ, იგი გამოირჩეოდა უვიცობითა და არამზადობით. მათ შესახებ თავის რელაციებში უკვე მოგვახსენა ბ-ნმა გამბამ. „ჩემო კარგო, სიტყვა ჩამოართვა მან მამა სელესტინს და მის მაგივრად მიპასუხა, რაზე ფიქრობდით, როცა ასეთი თხოვნით მიმართავდით ღირს მამებს? როგორ წარმოიდგინეთ, რომ მათ თქვენი დაბინავება შეეძლოთ? ჩემო ძვირფასო, კეთილ მამებს ისედაც ბევრი საქმე აქვთ მოსაგვარებელი, ტვირთად უცხოელებიც რომ არ დააწვნენ; მათ ძალზე პატარა საცხოვრებელი აქვთ და მათი სახლი თავშესაფარი არ გახლავთ. თვითონ იფიქრეთ, ჩემო კარგო, როგორ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან!“ – ასეთი იყო არსი ამ ბატონის საზეიმო სიტყვისა. იგი დამტვრეული ენით საუბრობდა ნახევრად ფრანგულად და ნახევრად იტალიურად. უხერხული მდგომარეობის ოდნავ შესარბილებლად მამა სელესტინმა ჭიქა ყავაზე მიმიპატიჟა, რის შემდეგაც იგი დავტოვე და ცირცეებისა და მედეების ანტიკური ქალაქის ნანგრევებისაკენ გავემართე; მინდოდა, როგორმე მომენახა გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოვჩნდი: იქნებ სადმე ამ მომხიბვლელ ჯადოქრებს გადავყროდი!!! ბატონო მოგზაურებო, ნუ გექნებათ ქუთაისელი მამა კაპუცინების იმედი! საღამო ხანს გადავწყვიტე, მაინც გამეგო, დაბრუნდა თუ არა კომენდანტი. საბედნიეროდ, იგი მის მიერ ახლადაშენებული სახლის ვერანდაზე დამხვდა. ნახა თუ არა ჩემი პასპორტი, მან ბედნიერად ჩამობრძანება მომილოცა, თან მითხრა, რომ მელოდნენ და ჩემთვის ბინაც ჰქონდათ შერჩეული. ამის შემდეგ კი ჩაიზეც დამპატიჟა.
როგორ შემომიბრუნდა ბედი! როგორ ვჩქარობდი, მოვწყობილიყავი ჩემს ბინაში და დიდად მადლობელი ვიყავი მთავრობისა, რომელიც ჩემს მიმართ ესოდენ დიდ მფარველობას იჩენდა.
ერთი ქართული სახლი მთლიანად დამითმეს საცხოვრებლად. იგი გორაკზე, ხეებს შორის განცალკევებულად იდგა, ქართველი მღვდლის სახლის გვერდით. დიდ ოთახს, რომლის სიღრმეშიც ბუხარი იყო ამოშენებული, წინ ფართო ვერანდა ჰქონდა. ერთი ძველი, დანგრეული საწოლი, ერთი სკამი და ერთიც მაგიდა – აი მთელი ავეჯი. ამავე სახლში იყო გრძელი კაბინეტი, სადაც ათი საუკეთესო დღე სულ მარტოდმარტომ გავატარე, ისე, რომ არავისთან არ მქონდა ურთიერთობა და მხოლოდ იმით ვიყავი დაკავებული, რომ საუცხოო ბუნებით ვტკბებოდი. არის კი რაიმე უფრო ლამაზი, ვიდრე ქუთაისი და მისი შემოგარენი?! დილაობით დავხეტიალობდი ნანგრევებში, ამ ანტიკურ და წმინდა მიწაზე, რომელზეც იაზონის, მედეას, დავით II-ის, თამარის, რუსუდანის ნაკვალევია შემორჩენილი. მედეას ქალაქი იმდენ სხვა ნანგრევებშია ჩამარხული, რომ მისი პოვნა შეუძლებელია და ახლა, ამდენი საუკუნის მშფოთვარე ცხოვრების შემდგომ, იგი ჩამკვდარია. უამრავი ნანგრევით დამძიმებული მთა დიდ სამარესავით არის აღმართული ახალი ქუთაისის გვერდით. ბროწეულის ხეებსა და ბზებს შორის მოჩანს მხოლოდ და მხოლოდ წაქცეული კედლების ნაშთები, დანგრეული რუხი ფერის გალავანი, კოშკები, რომლებიც ნაწილობრივ ფაზისში ჩაძირულან და სიძველის ნიშნად, მარტოდ დარჩენილი ქვრივი ქალის მსგავსად, ჩამონგრეული თაღები და გაჩანაგებული პორტიკები ანტიკურ კათედრალზე თითქოს იმისთვის აღმართულან, რომ ანტიკური კოლხეთის სატახტო ქალაქის დიდების აღმოსაჩენად აქ მოსულ ევროპელს უთხრან: – „აი, ისიც; აი ყველაფერი ის, რაც მისგან დარჩა!“ ათასმა მოგონებამ გამიელვა. ჩავკირკიტებდი იდუმალებით მოცულ წარწერებს და უამრავ დასახიჩრებულ რელიეფს. წარსულის ფორმებს აწმყოში შემორჩენილი ნაშთებით აღვადგენდი ბოლოს და ბოლოს, ჩემს გონებაში ნაგებობის თავდაპირველი სახის წარმოდგენით, წარწერების გადმოღებით გადაღლილს, სუროთი დაფარული ან ველური ლეღვის ხის ფესვებით ჩაჭრილ უსიცოცხლო ქვებს შორის ხეტიალით დაღლილს, მერჩივნა წაქცეული კოშკის ძირას, ბროწეულის ხის ქვეშ ჩამოვმჯდარიყავი და იმერეთის ამ ულამაზესი პეიზაჟით დავმტკბარიყავი. სიამოვნებით ვუმზერდი კლდოვან მეჩეჩებს შორის აქაფებული ფაზისის გაღმა მხარეს და ვაკვირდებოდი ამ ახალ ქუთაისს, სადაც ულამაზესი ხეების სიმწვანეში უწესრიგოდ მიმოფანტულიყვნენ სახლები. აქ, ძველი დროიდან შემორჩენილ ცაცხვებს შორის ფავარჩიე კედლების ნანგრევები, ძველი სამრეკლო... ეს ნამდვილი ქუთაისია, აიეტის, ლაზებისა და ქართველთა მეფეების სასახლე. ფაზისზე აღმა სვლისას სხვა ნანგრევებიც ვნახე. მე ვხედავდი ფაზისს, ამ ნანგრევებს შორის რომ გამოედინებოდა სანთელათი შექმნილი თაღებიდან, რომლნიც ქუტაისის ზემოთ მის კალაპოტს ავიწროებენ. მაღალ, ცარცოვან კლდეებზე აღმართულიყვნენ ძველი კოშკები, ეკლესიები, ხოლო ფაზისის ხეობის სიღრმეში, ერთ-ერთი ასეთი თეთრი კლდის ძირში, მოჩანდა გელათი თავისი მრავალი ეკლესიით. თვალს ვაყოლებდი ამ ლამაზ და ფართოდ გაშლილ დაბლობს, სადაც ქაფმორეული და ზვირთებისაგან დაღლილ-დაქანცული ფაზისი წიფლის, მუხის, წაბლის ხეებისა და ვაზის მტევნების ჩრდილქვეშ ასვენებს თავის გადაღლილ ტალღებს და მღელვარე დინებაც ძლივს მშვიდდება. ეს დაბლობი მწვანე ტბას თუ ყურეს წააგავს და კავკასიონიდან წინ გამოშვერილ ბორცვებს ახალციხის ცარცოვანი ქედისაგან გამოჰყოფს. რა საუცხოო სანახავია, როცა იგი აირეკლავს მზის უკანასკნელ სხივებს, რომლებითაც მისი მწვერვალებია მოვარაყებული და ხეობა ჩვენს თვალწინ1 თითქოს შუქ-ჩრდილებში იხატება.
1. ეს პეიზაჟი უკეთ რომ წარმოიდგინოთ, იხილეთ ორი ხედი, რომელიც ჩემს ატლასშია მოცემული, მე-2 სერია, ფერწერა, ფურც. 13 ა ბ.
ბოლოს, ფუტკარივით ნაჯაფი, დოვლათით დატვირთული, კმაყოფილი და მხიარული ვბრუნდებოდი ჩემს თავშესაფარში და ვიდრე მეხსიერებაში დღის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს აღვიდგენდი და ვაჯამებდი, მშვიდად ვიმზადებდი სადილს. დილაობით ჩვენი მეზობელი მღვდლის მსახური შემოირბენდა ხოლმე და მეკითხებოდა, რა ეყიდა ჩემთვის ბაზარში, შემდეგ კი მოჰქონდა ღვინო, ხორცი, ბერძნული გალეტები, რომლებიც პურის მაგივრობას მიწევდნენ, აგრეთვე ფეტვი, საზამთრო და სხვა ხილი. ხშირად ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი ხოლმე, რადგან ბ-ნ გამბას მოკლე ლექსიკონის საშუალებით მე ვერაფრით ვახერხებდი მისთვის ამეხსნა, რაც მინდოდა, ის კი ვერაფერს მიგებდა. ზოგჯერ სასოწარკვეთილებაში ვვარდებოდით, მაგრამ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვყავდით კეთილ გამვლელს, რომელსაც ცოტათი მაინც ესმოდა რუსული.
სადილის შემდეგ აივანზე ვიჯექი, საიდანაც საუცხოო ხედი იშლებოდა და მოთმინებით ველოდი, როდის აგრილდებოდა, რათა კვლავ დამეკავებინა ნანგრევებში ჩემი პოსტი და ჩანახატების კეთება გამეგრძელებინა. ასეთ ვითარებაში სწრაფად გაირბინა ათმა დღემ.
ქუთაისი და მისი მოსახლეობა
ქუთაისის მოსახლეობას, რომელიც 2000 სულს აღემატება (სამხედრო პირების გამოკლებით), შეადგენენ ქართველები, სომხები, ებრაელები და რუსები; აქ მცირე რაოდენობით ცხოვრობენ აგრეთვე თურქები და ბერძნები. თითქმის ყველა აქაური სომეხი ვაჭრობას მისდევს; ზოგიერთი მათგანი ლაიფციგშიც კი ჩადის. ბაზარში მათ ბევრი დუქანი აქვთ, სადაც ძირითადად ევროპულ, რუსულ და თურქულ მანუფაქტურულ ნაწარმს ყიდიან. ისინი ორი კონფესიის მიმდევარნი არიან: უდიდესი ნაწილი კათოლიკე სომხები არიან და მათ ეკლესიას, რომელიც სადღესასწაულო დღეებში მუდამ ხალხით სავსეა, მომსახურებას უწევენ კაპუცინი მამები; ეს უკანასკნელნი ასევე ზრუნავენ სკოლაზეც. ერთ-ერთ კვირადღეს, მესის დასრულების შემდეგ, ეკლესიიდან გამოსვლისას გამაოცა სომეხი ქალიშვილების ხილვამ, რომლებიც ნახევრად პირბადეჩამოფარებულები ბრუნდებოდნენ შინ. როგორც წესი, მათ ქართველი ქალების მსგავსი მდიდრული ტანისამისი ეცვათ, თუმცა გარეგნობით, სახის ნაკვთებით, მათგან განსხვავდებოდნენ: სომეხ ქალებს კუპრივით შავი თმა და წარბები აქვთ, შედარებით ნათელი სახე, და შავი ფერის დიდრონი, სიცოცხლით სავსე თვალები. სახის ოვალი მათ არა აქვთ ისეთი ლამაზი, როგორც ქართველებს; ისინი ადრეულ ასაკშივე საგრძნობლად იმატებენ წონაში. სომხური ჯიშისათვის დამახასიათებელია აგრეთვე სქელი და მკვრივი კისერი. კათოლიკე სომეხთა შორის ბევრია ბუნებით კეთილი ადამიანი.
სომხურ რიტზე მდგომი მათი თანამოძმენი კი, როგორც ამბობენ, ამგვარ ქებას არ იმსახურებენ: მათ მიიჩნევენ ხელმომჭირნე, ანგარებიან და თაღლით ადამიანებად, რომლებიც სახელს იმით იხვეჭენ, რომ ბევრ მუშტარს იზიდავენ. ეს სრულებითაც არ არის გადაჭარბებული შეფასება ისინი, ვინც ჩემზე ადრე წერდა ამ ხალხის შესახებ, ამ მხრივ გაცილებით უფრო მკაცრნი იყვნენ; უბედურია ხალხი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე განიცდის ჩაგვრას, აღიარებს მისთვის საძულველ რელიგიას, მას, როგორც წესი, დევნიან, აბუჩად იგდებენ და ავიწროვებენ დამპყრობლები – საბოლოოდ ასეთი ხალხი აუცილებლად მხდალ, უნამუსო და თაღლით ერად ჩამოყალიბდება. ამ ჭეშმარიტების სავალალო მაგალითებს წარმოადგენენ ებრაელები ქრისტიანთა ბატონობის ქვეშ, ბერძნები, რომლებიც უკანასკნელ ხანებამდე თურქების ზეგავლენას განიცდიდნენ და სომხები – სპარსელები უღელქვეშ.
იაკობიტ სომხებს ქუთაისში საკმაოდ ღარიბული ეკლესია აქვთ, რომელიც მმართველის სახლის გვერდით მდებარეობს. ეკლესიის გარშემო ძველი სასაფლაოა, რომელსაც ვაზის ტალავერი ფარავს, ეს უკანასკნელი კი რიონის ნაპირებამდეა გადაჭიმული და ამ ადგილებს დიდ სიგრილეს ფენს. ქუთაისის ბაზრის დიდი ნაწილი უჭირავთ ებრაელებს, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ გარეგნულად გვანან საკუთარ ხალხს. მათ დუქნებს რომ ჩავუარე, გავოცდი, როცა მათ სახეებში იგივე ნაკვთები, ამ ერისათვის დამახასიათებელი იგივე თვისებები აღმოვაჩინე, რაც პოლონელ ან ლიტველ ებრაელებში, თუმცა ჩაცმულობით ისინი ამ უკანასკნელთაგან საგრძნობლად განსხვავდებიან. ეს იმდენად შესამჩნევია, რომ ყოველ წუთს გგონიათ, თითქოს ნაცნობ სახეებს ხედავთ და ძალზე გიკვირთ, რომ ისინი გერმანულად არ საუბრობენ. უფრო ხშირად მათ არწივისებრი ცხვირი აქვთ, წაგრძელებული პირისახე, შავი ან წითური თმა-წვერი, რაც ესოდენ დამახასიათებელია ლიტველი ებრაელებისათვის. თვალები შავი ფერისა აქვთ, ტანით კი არც ძალიან მაღლები არიან და არც ახოვანებით გამოირჩევიან. ატარებენ ქართულ ან სომხურ სამოსს, შავი ბატკნის ბეწვის სპარსულ ქუდს. წვერს უშვებენ და საფეთქლებზე ორივე მხარეს თმის თითო გრძელი კულული აქვთ ჩამოშვებული. მათი უმრავლესობა ძველმანებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადაცვლით არის დაკავებული და ა. შ. არ უყვართ არც მძიმე შრომა, არც – საველე სამუშაოების შესრულება. ისინი თავის წინ დახვავებული წვრილმანი საქონლის შუაში ფეხმორთხმოთ მოკალათდებიან, თან კითხულობენ ბიბლიას და ბავშვებს ებრაულ ენას ასწავლიან, თუმცა ერთმანეთში მხოლოდ ქართულად საუბრობენ. მათ ქუთაისის ბაზრის თითქმის მთელი ერთი უბანი უჭირავთ. ევროპელი, რომელიც მიჩვეულია საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე პოლონელი ებრაელების სიცქვიტეს, ხმაურიანობას, სისწრაფეს, მონურ ქედმოხრილობას, აბეზარ ქცევას, დიდად გაკვირვებულია, რომ აქაური ებრაელები ძალზე წყნარნი და მშვიდნი არიან და სხვა დანარჩენი ვაჭრებისაგან ნაკლებად გამოირჩევიან.
ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ებრაელები, რომელნიც მანამდე იმერეთში საერთოდ არ იყვნენ, აქ მოიზიდეს მეფეებმა, ანუ „ცარებმა“, რომლებიც მათ მფარველობდნენ. ისინი ძირითადად ახალციხიდან გადმოვიდნენ. ქუთაისის ეკლესიამ მათ მიწის ნაკვეთი გამოუყო მმართველის სახლთან ახლოს, სადაც ისინი დამკვიდრდნენ და სანაცვლოდ რენტას უხდიან ეგზარქოსს. მათ ძალიან ღარიბული სინაგოგა აქვთ, სადაც მხოლოდ რამდენიმე მერხი დგას კათედრის ირგვლივ. ინტერიერი ჩაბნელებულია, კედლები კი შეულესავი. სხვა მხრივ იგი ძალზე წააგავს ლიტვურ სინაგოგებს.
ქვემოთ მე ვისაუბრებ ებრაელების სახელწოდების შესახებ, რომელიც ქართულად ისტორიულ ფენომენს წარმოადგენს.
იმერელი ქართველები ქუთაისის ბაზარში უმცირესობას წარმოადგენენ, ისინი მეტწილად მარკიტანტები, ანუ როგორც მათ ადგილობრივები უწოდებენ მედუქნეები არიან, ყიდიან ღვინოს, სხვადასხვა ხილს, შაქარლამას, ყველს. მათ სავაჭრო დუქნებში ორი ან სამი დიდი ქვევრია (რამდენიმე სეტიეს ტევადობისა), რომლებიც კედელში, უფრო ხშირად კი თიხიან მიწაშია ჩამარხული, ღვინის სიგრილეში შენახვის მიზნით. ქვევრებიდან ღვინოს დიდი და ღრმა ჩამჩებით ამოხაპავენ ხოლმე და ასხამენ დიდ კათხებში. შორ მანძილზე ღვინო გადააქვთ თხის ტყავისაგან დამზადებული ტიკებით, რომლებიც შიდა მხრიდან ბაქოს ნავთით არის შემოგლესილი, რაც ღვინოს თავისებურ, მომწარო გემოს აძლევს, მაგრამ მას ადვილად ეჩვევიან. საკმაოდ ხშირად ქუთაისში იაფად იყიდება კარგი წითელი ღვინო, რომელიც ბაღდათიდან, გურიიდან ან იმერეთის ვაკე ადგილებიდან მოაქვთ. ერთი ნაწილი იმერლებისა ხელოსნები არიან. ტაძრის გარდა, რომელსაც ეგზარქოსი უწევს მომსახურეობას, მათ კიდევ სამი ეკლესია აქვთ.
იმერლების ტანისამოსი ქართულია, გამონაკლისს წარმოადგენს თავსაბურავი: ქუდის ნაცვლად ისინი ატარებენ ყავისფერი მაუდის ოდნავ მომრგვალებულ ნაჭერს, რომელიც ნიკაპქვეშ მაგრდება და რომელსაც ისინი „ქუდს“ ეძახიან. მას ზუსტად თავსახვევის ფორმა აქვს. თმები წამოზრდილი აქვთ და უკან გადავარცხნილი, რათა ქუდი კარგად დაეხუროთ. მისალმებისას ქუდს წინ გამოსწევენ და ისე იხდიან.
ყველა ატარებს ყვითელი ფერის ხამი აბრეშუმის ნაჭრისაგან შეკერილ პერანგს. ამ ქსოვილს ქალები შინ ამზადებენ, ძაფს მათ მიერვე გამოყვანილი აბრეშუმის ჭიის ყაჭისგან ართავენ. ბაზარზე იყიდება ასეთი აბრეშუმის პატარპატარა ნაჭრები, ზუსტად იმ ზომისა, რაც ერთი პერანგის შესაკერად არის საჭირო და 45 აბაზი ღირს (4 ფრანგული ფრანკი), შედარებით უფრო მაღალი ხარისხის ქსოვილის ფასი კი 6 ფრანკამდე აღწევს. ქალები ამ ქსოვილს თვითონვე ღებავენ კარგ წითელ ფერში.
ამ ხალხს ჩვეულებად აქვს, ერთხელ რომ ჩაიცვამენ ახალ პერანგს, მანამ არ გაიხდიან, სანამ იგი არ დაიძონძება. ამიტომაც არის, რომ იმერლებს თავისებური სუნი აქვთ; ამას ემატება მთელი ხროვა პარაზიტებისა, რომლებიც ასეთი თბილი კლიმატის პირობებში სწრაფად მრავლდებიან. ეს გახლავთ ამ მხარის ქვეყნების ერთ-ერთი დიდი უსიამოვნებათაგანი, რადგან ამ პატარა არსებებისაგან ვერაფრით დაიცავთ თავს: ისინი ყოველი მხრიდან გადმოდიან შეტევაზე და ყველგან იბუდებენ როგორც წარჩინებულ ბატონებთან, ისე ღარიბებთან. გაზონებზე, გალერეებში, სახლების ინტერიერში _ ისინი ყველგან არიან მოკალათებულნი და მათი მხრიდან შემოტევის საშიშროება მუდამ მოსალოდნელია.
იმერლები, მეგრელები და ქართველები ზამთარში სიამოვნებით მიირთმევენ ღორის ხორცს. ისინი დიდი რაოდენობით აშენებენ ღორებს, რომლებიც მათი სახლების გარშემო დახეტიალობენ და იკვებებიან ლეღვით, წაბლით, ფეტვით და ყველანაირი ჯიშის ტყის ხილით. ეს არის აღთქმული ქვეყანა, სადაც ყველაფერია ღორებისათვის, ამიტომ მათ, თავიანთი მოკლე და ჩამოკიდებული ყურებით, თითქოს რაღაც ქედმაღლური იერიც კი აქვთ. თავის დროზე ჰომეროსმა შეძლო ზუსტად შეეფასებინა მათი ბედნიერი ყოფა, რადგან სწორედ ამ ადგილას მოხდა ულისეს თანამგზავრთა ცნობილი მეტამორფოზა. ეს ღორები, რომლებიც კოლტებად დასეირნობენ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისშიც, თავისებურად ასუფთავებენ კიდეც ქუჩებს ნაგვისაგან. ამის გამო სულაც არ არის გასაკვირი, რომ აღმოსავლეთის ხალხები, კავკასიელების გამოკლებით, ღორს უწმინდურ ცხოველად მიიჩნევენ და ეზიზღებათ.
ქუთაისის რუსულ მოსახლეობას ძირითადად ჯარისკაცები, ოფიცრები და სამოქალაქო სამსახურში მყოფი მცირე რაოდენობით მოხელენი შეადგენენ. ჯარისკაცებს აქ ერთი ყაზარმა და ერთიც ლაზარეთი აქვთ. ჩემი იქ ყოფნისას მათ შორის ბევრი პოლონელი იყო. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჯარისკაცები ზარმაცები არიან: ჯარისკაცი ყველაფერია და აკეთებს ყველაფერს. როდესაც იგი წვრთნას არ გადის, ბეჯითად ასრულებს პოლკისათვის საჭირო სამუშაოებს; მას გზავნიან შეშის მოსაჭრელად, ბალახის სათიბად, ტვირთის გადასაზიდად; საჭიროებისამებრ, იგი ამზადებს აგურებს, აშენებს, ასრულებს სადურგლო სამუშაოებს; ერთი სიტყვით, იშვიათია ჯარისკაცი, დროს რომ უქმად კარგავდეს. ქუთაისში მცირე რაოდენობით თურქებიც ცხოვრობენ. ისინი ძირითადად ქვისმთლელები, კალატოზები და დურგლები არიან და აქ აჭარიდან და ტრაპიზონიდან ჩამოდიან.
აქაური ბერძნები ხაბაზებად მუშაობენ და აცხობენ დაბალ, ბლანტ პურს, რომელიც იმას წააგავს, ყირიმში რომ ყიდიან. აცხობენ, აგრეთვე, არცთუ ისე ცუდ სიმინდის ღვეზელებს, რგოლისებური ფორმის ბლითებს, რომლებსაც თოკზე აცმულებს ყიდიან, ცხვრის ცხიმისაგან დამზადებულ პატარ-პატარა ფენოვან ღვეზელებს და ასევე ცხვრის შიგნეულის ღვეზელებს და სხ. ყველაფერი ეს კი საკმაოდ იაფად იყიდება.
ქუთაისის მთელი ამ აზიური მოსახლეობის ცხოვრება ძველ ბერძენთა ცხოვრებას წააგავს: მამაკაცები მთელ დღეს თავიანთ დუქნებში ატარებენ, სხვა უსაქმურებიც ასევე ბაზარში იკრიბებიან, მსჯელობენ ცხენებზე, ახალ ამბებზე, სასამართლო საქმეებზე. აქაც, ისევე, როგორც ათენში, ეს არის ცხოვრებისა და მოქმედების ცენტრალური ადგილი. ხელოსანსაც აქვე აქვს გამოფენილი თავისი ნაწარმი და ხალხის თვალწინ საქმიანობს. ყველაფერი ნათლად ჩანს: ცომი, რომელიც იზილება, პური, რომელიც ცხვება, წვნიანი, რომელიც იხარშება მედუქნესთან; ასევე იჭედება ნალები, ილესება დანები, იკერება ჩექმები, იპარსება გასაპნული თავები. დუქანი და სახელოსნო ღია ლოჟებია, სადაც არაფერია ხალხის თვალისაგან დამალული. ამგვარი ბაზარი მოხეტიალე ევროპელისათვის თავისებურად მომხიბვლელია; ეს ჯგუფური თავშეყრა, განსხვავებული ყოფა, ხელოსნობის საიდუმლოებანი, რომელიც მაყურებლის თვალწინ იხსნება ეს ყველაფერი ნებისმიერ ევროპელში დიდ ცნობისმოყვარეობას აღვიძებს. კიდევ უფრო საინტერესოა ბაზრობის დღე. კავკასიის მაღალ ხეობებში მცხოვრები სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები ჩამოდიან აქ და ავსებენ ბაზრის ქუჩებს.
ოსებს, რომლებიც ჩერქეზულ ქუდებს ატარებენ, აქ ჩამოაქვთ თავიანთი ყველი; სვანებს და ზემო რაჭის მცხოვრებთ გამოფენილი აქვთ დიდი, შვიდი ფუტის სიგრძისა და სამი-ოთხი ფუტის სიგანის ნაცრისფერი ან შავ-თეთრად შეღებილი თექა, რომელსაც კეცავენ და ისე აფენენ ცხენს უნაგირის მაგივრად. მოგზაურები მას დასაწოლადაც იყენებენ, როცა ღამისთევით ჩერდებიან სადმე; მისი ფასი 57 აბაზი, ანუ 46 ფრანკია. მათვე ჩამოაქვთ აგრეთვე ხურჯინები, ანუ დიდი ორმაგი ჩანთები, რომლებიც მატყლითა და ძუით არის მოქსოვილი; მათ ცხენის უნაგირზე გარდიგარდმო გადაკიდებენ ხოლმე და შიგ სამგზავროდ საჭირო საგზალს აწყობენ. მათ შორის ლამაზი ნახატებითა და სხვადასხვა ფერის არშიებით მორთულ ხურჯინებსაც ვხვდებით, რომელთა ფასი 5-დან 7 ფრანკამდეა. მთიელებს ჩამოაქვთ აგრეთვე ჩერქეზული ჩოხა, მეტწილად ნაცრისფერი ან ხმელი ფოთლებისფერი და იგი ულაპარაკოდ იყიდება 1015 ფრანკად.
ახლომდებარე სოფლებისა და ქვემო რაჭის მცხოვრებთ ჩამოაქვთ ხილი, ჩამოჰყავთ დაბალტანიანი ჯიშის საქონელი, რომელიც ისე ხერგავს ქუჩებს, რომ შეუძლებელი ხდება გავლა. მათვე მოაქვთ გასაყიდად თაფლი, სიმინდი, ქათმები და შესაწვავად ვარგისი ვარიები. ისინი პირდაპირ ქუჩაში აწყობენ ღვინით სავსე ტიკებს, რომელთაც ოთხივე ფეხი გაშვერილი აქვთ; ისმის ჟივილ-ხივილი, ჩოჩქოლი, სხვადასხვა ენაზე საუბარი და, ვფიქრობ, ყოველივე ამის აღწერა ბევრად უკეთეს კალამს იმსახურებს, ვიდრე ჩემია.
ბაზრის საჩიხში, კუთხეში შეჯგუფულ რუს ჯარისკაცებს გასაყიდად აქვთ გამოტანილი ძველი, დაკერებული, ან ახალი ჩექმები ორნახევარ ან სამ ფრანკად; აგრეთვე ქვედა საცვლები, უხეში ქსოვილის პერანგები, ძველი ტანსაცმელი და ყველაფერი ის, რის მოგროვებასაც მოახერხებენ.
სანახევროდ რიდეჩამოფარებული ღარიბი იმერელი ქალები, რომლებიც საკუთარი შრომით ირჩენენ თავს, ერთ კუთხეში არიან მოკალათებულნი და ყიდიან თავსაფრებს, ზონრებს, პატარ-პატარა მოქარგულ ქისებს და სხ. დღის ბოლოს დუქნებს კეტავენ და ყველა თავის სახლს მიაშურებს სავახშმოდ; ცხოვრობენ კარჩაკეტილი პირადი ცხოვრებით. ქალები იშვიათად გამოდიან გარეთ, ისინი არანაირად არ მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა დღესასწაულების დროს ხშირად თავის ოჯახთან ერთად მიდიან სასეირნოდ სახლიდან მოშორებით. ხვამლის პირდაპირ, ციხის ფრიალო კლდეების ზემოდან, ფაზისის ნაპირებზე გადაშლილ ამ პატარა, ნახევრად ტყიან ხეობებში მათ დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს, ვმონაწილეობდი მათ დროსტარებაში, სეირნობებში; მესმოდა, როგორ ყვიროდნენ დაჭერობანას თამაშის დროს და ცდილობდნენ ხელიდან გასხლტომოდნენ გამარჯვებულს. მათ მხიარულებაში მშობლები და ძმებიც მონაწილეობდნენ. რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცებს, უფრო ხშირად მათ ვხედავდი ხოლმე კვირაობით, როცა ისინი გასართობად, ძირითადად – ფერხულის საცეკვაოდ იკრიბებოდნენ ქუთაისის ლამაზი ხეების ჩრდილქვეშ. ოცი-ოცდაათი ხელჩაკიდებული ყმაწვილი სიმღერით იწყებდა წრეში ტრიალს; მათ შორის შედარებით ახალგაზრდები ქალის ხმით იმეორებდნენ მისამღერს, ხოლო უფრო მოწიფულნი მათ გუნდურად პასუხობდნენ დაბალი, მამაკაცური ხმით შესრულებული მისამღერით.
მე გადმოვიღე იმერული ფერხულის ეს სიმღერა და მომყავს მისი თარგმანი, რომელიც ალბათ ნაკლებად გასაგებია ევროპელისათვის:
იმერული ფერხული
ახალგაზრდების მისამღერი
ასაკოვანთა მისამღერი
ქალი ლამაზი... ძალიან ლამაზი,
მოციმციმე თვალებით, „_____“
მოსიყვარულე მზერით
ტანად მშვენიერი
მზეთუნახავის ცხვირი, სადედოფლო შუბლი, „______“
აბანოზის წარბები,
შროშანის ნიკაპი,
ნახევრად გაპობილი ბაგეები,
სადაც ორ მწკრივადაა
სპილოს ძვლისფერი კბილები,
გაფურჩქნული ვარდები,
ფუმფულა მკლავები,
ინით შეღებილი თითები,
თოვლივით პირბადე,
თავაზიანი ეშმაკობა,
ელეგანტური იერი,
ნაზი გოგმანი,
მომხიბლავი ღიმილი,
გრაციოზული ხმა;
გნებავთ?
ისეთი სასიამოვნოა,
იყო მისი მეუღლე.
მაგრამ ლამაზ ქალს ოჰ, დიახ
ლამაზი ლენტები უნდა, „_____“
დიდი ბრილიანტები
მდიდრული და ახალი
საღამოს კაბები, „_____“
თბილისური შალი. „_____“
ლამაზი ქალი ჭირვეულობით
საზრუნავს უჩენს მეგობრებს,
ხრიკები და კაპრიზები
გნებავთ? არა
ისეთი ტკბილია, იყო მისი მეუღლე, „_____“
მაგრამ არის ისეთიც, მოვძებნოთ
ვისთანაც ცხოვრება სასიამოვნოა, „_____“
ვისაც აღმერთებ მისი „_____“
კეთილი გულის გამო, კარგი ხასიათის გამო, „_____“
და განთიადს ადარებ;
ლამაზები ფერ-უმარილის გარეშე,
დახვეწილები ხელოვნურობის გარეშე,
ყოველთვის მოსიყვარულენი,
ყოველთვის მომხიბვლელნი,
მიუხედავად ასაკისა
სიცოცხლით სავსენი, მხიარულნი,
როგორც თექვსმეტი წლისანი,
ყოველთვის რომ გიყვარს.
გნებავთ? ოჰ, დიახ
ისეთი სასიამოვნოა „_____“
იყო მისი მეუღლე! „_____“
ასე შეუსვენებლად, ფერხულში გრძელდება სიმღერა; გამარჯვება ეკუთვნის მათ, ვინც ბოლომდე შერჩებიან საცეკვაო მოედანს და ცეკვავენ მანამ, სანამ აქოშინებულნი და ქანცგაწყვეტილნი ძირს არ დაენარცხებიან. დაღლილობის მიუხედავად, ცეკვას აგრძელებენ, მოძრაობენ ლასლასით, ისმის მხოლო ხრინწიანი, ჩახლეჩილი ხმები. ეს მაგონებს ობერონის ცეკვას, როცა მან თავის პატარა ბუკს ჩაბერა. ბოლოს მოედანზე მხოლოდ ორი-სამი მოცეკვავეღა რჩება და მალე ისინიც დანარჩენებივით ძალაგამოლეულები ეცემიან მიწაზე.
ძველი და თანამედროვე ქუთაისის აღწერა
თანამედროვე ქუთაისი თავის ძველ ნანგრევებთან ერთად მოიცავს პროკოპისთან (II, 536, Ed. Bon) მოხსენიებულ ორ, ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებულ ადგილს უქიმერიონსა და ქუთათისიუმს.
უქიმერიონი კარგად გამაგრებული ციხესიმაგრე იყო ჩრდილოეთით, ფაზისის მარჯვენა ნაპირზე. ქუთათისიუმი კი მოიცავდა თანამედროვე ქალაქის ფარგლებს, ფაზისის სამხრეთით – ვაკეზე, მდინარის მარცხენა ნაპირზე.
უქიმერიონი სამ ნაწილად იყოფოდა: აკროპოლისი (A) გაშენებული იყო ციცაბო კლდის აღმოსავლეთ კუთხეში, მის უმაღლეს მწვერვალზე; ზედა, გამაგრებული ქალაქი (B) მდებარეობდა აკროპოლისიდან დასავლეთით, მთის პლატოზე, ხოლო ქვემო ქალაქი (C), რომელიც პლატოს კლდის ციცაბო ფერდობებზე იყო გადაჭიმული და ეს პლატო კი ფაზისის ანუ რიონის ნაპირებამდე აღწევდა. კარგა მოშორებით, ამ გამაგრებული ციხის დასავლეთით, უსწორმასწორო ლადშაფტზე განლაგებული იყო გარეუბნები, ბაზრები და ა.შ.
ჩემს მონათხრობში რომ კარგად გაერკვეთ, უნდა თვალი მიადევნოთ ჩემს გეგმას, რომელიც გამოვხაზე ატლასის I სერიაში, ფურც. 18. ადგილის რელიეფისათვის გამოვიყენე მთავრობის მითითებით სულ ახლახან შედგენილი ქუთაისის გარეუბნების გეგმა. აქ მე დაწვრილებით აღვნიშნე ანტიკური ხანის ყველა ძეგლი თუ ნანგრევი, რომელთა დაზუსტებაზეც ინჟინერს თავი არ შეუწუხებია. ამ გეგმის თაობაზე ზოგიერთ მნიშვნელოვან განმარტებასაც აქვე მოვიყვან.
ქუთაისის გეგმის განმარტება
A. ციტადელი, ანუ აკროპოლისი, ეჭვგარეშეა, პროკოპისდროინდელი უქიმერიონია და მისი დაარსება ადრეულ ანტიკურ ეპოქაში უნდა ვივარაუდოთ: იგი ფაზისის დონიდან დაახლოებით 250 ფუტის სიმაღლეზეა აღმართული. გარე კედლები კირქვის უზარმაზარი კვადრებითაა მოპირკეთებული. კლდის შვერილებზე განლაგებული ნაგებობების დათარიღება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარეები მიუვალია. ეს ციტადელი იმ დროს დაინგრა, როცა 1769 წელს გენერალი ტოტლებენი ოსეთისა და რაჭის გავლით აქ მოვიდა იმერთა მეფის სოლომონ I-ის მხარდასაჭერად, რომელსაც იმერლები აუჯანყდნენ. ამბოხებულებმა დახმარებისათვის თურქებს მიმართეს, რომლებიც ამ ქვეყნის მთავარ ციხეებს ფლობდნენ. იმერეთში რუსების შემოსვლისას აჯანყება უკვე ჩამცხრალი იყო, ასე რომ რუსთა ჯარის ამოცანას წარმოადგენდა თურქების გამოძევება მათ მიერ დაკავებული ყველა ციხესიმაგრიდან. რუსულმა არტილერიამ ქუთაისში მაღლობზე მდებარე სასაფლაოდან ცეცხლი დაუშინა თურქებს და აიძულა ისინი, იქაურობა დაეტოვებინათ; ასევე ადვილად გაათავისუფლეს ვარციხე, ბაღდათი და სხ. ხოლო თურქებისათვის რომ საბოლოოდ მოესპოთ უკან დაბრუნების საშუალება, გენერალმა, სოლომონ მეფესთან შეთანხმებით, ბრძანა, რომ ეს ციხე-სიმაგრეები დაენგრიათ ან აეფეთქებინათ. ყველაზე ძლიერი შეტევა მიიტანეს ქუთაისზე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტზე; უზარმაზარი ნამსხვრევები ყველა მხარეს მიმოიფანტა და მთის ერთი ნაწილი დაფარა. ჩამოქცეული ქვის გროვის გამო შეუძლებელია ძველი ციტადელის ერთი ნაწილის გეგმის გარჩევა; ახალი ციხესიმაგრე დაახლოებით ძველის მსგავსადაა ნაგები, იმ განსხვავებით, რომ იგი უფრო პატარა ზომისაა და ძველი ციხის საძირკველზეა აღმართული.
1. ციტადელში შემორჩენილ ძველ ნაგებობათა შორის ყველაზე კარგად არის შემონახული ეკლესია. მისი კარი ქართულ სტილში შესრულებული რელიეფებით არის დაფარული და იგი XII საუკუნით თარიღდება. 1671 წელს, როდესაც ამ ციხე-სიმაგრეს თურქები დაეპატრონენ, იგი მეჩეთად გადაკეთდა. ჩრდილოეთის კარზე თურქული წარწერაც ყოფილა, რომელიც 1772 წელს უნახავს გიულდენშტედტს, მე კი ვეღარ მივაკვლიე. ციხე-სიმაგრე აღუდგენიათ და აქ თოფის წამლის საწყობი გაუკეთებიათ.
2. ეკლესიის კარის მოპირდაპირე მხარეს კიბე ადიოდა ვრცელ შენობაში, რომელიც უამრავი დიდი განყოფილებისაგან შედგებოდა და ციტადელის ყველაზე ამაღლებული ადგილი ეჭირა. ეს იყო ლაზთა მეფეების გამაგრებული სასახლე; აქედან საუცხოო ხედი იშლებოდა მთელ ამ თვალუწვდენელ სივრცეზე: ერთ მხარეს მზერით კოლხეთის აუზში ეფლობით, მეორე მხარეს კი რიონის ხეობებში და გელათს იქით მდებარე პატარა ხეობებისა და პორფირიტული კრატერების ქაოსში (აქაური ცარცოვანი ნიადაგი მეტწილად ამ კრატერებით არის დასერილი). ჩრდილოეთით ფასისმთისა და კედელას თეთრი მწვერვალებიც კი მოჩანს. ეს მთები ქუთაისს რაჭისაგან გამოჰყოფს და მათ შორისაც ჩანს ხვამლი თავისი მკრთალი და ციცაბო ფერდობით1.
3. აგურით ამოშენებული მიწისქვეშა გვირაბი, ისევე როგორც ამ ქვეყნის სხვა ციხეებში – აწყურში, ზედა თმოგვში, დარიალში და სხ., ძალიან მკვეთრი დაქანებით თითქმის იმ კლდის ძირში გადიოდა, რომელიც ციტადელის საყრდენს წარმოადგენს. აქ გამუდმებით მოჩუხჩუხებს საუკეთესო წყარო2, რომელიც მოყვითალო კლდის სქელ და მჭიდრო ფენებს შორის გამოედინება... ეს საიდუმლო გზა მტრის ისრებისაგან იცავდა ციხიდან წყლის ამოსატანად ჩასულ ადამიანებს. აქვე, მიწისქვეშ, ტერაკოტის ცილინდრული მილებით ჩაშენებულმა აკვედუკმა მაფიქრებინა, რომ ამ წყაროს არტეზიული წნევა გამოიყენებოდა იმისათვის, რათა კალაპოტი დაევიწროვებინათ და წყლის დონე აეწიათ. ასეთი გამოგონებები ანტიკურ ხანაშიც კი არსებობდა, ამის ნიმუშია ტირის აკვედუკები3.
4. ზემო გამაგრებული ქალაქი: იგი გადაჭიმული იყო მთის პლატოზე, აკროპოლისის დასავლეთით. უზარმაზარი კედელი, რომელიც მრგვალი კოშკიდან ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში (S.O.) გადიოდა, ზედა ქალაქს ქვედასაგან გამოჰყოფდა და ამავე დროს – ტერასისებური ვრცელი ადგილის საყრდენ კედელს წარმოადგენდა, სადაც ამჟამად საარქიეპისკოპოსოს ხის შენობებია განლაგებული. აქ, ძველი ცაცხვებისა და კაკლის ხეების ქვეშ, რომელთა ჩრდილიც შორ მანძილზეა განფენილი, ერთ-ერთ იმ ულამაზეს ადგილს იხილავთ, სადაც გული ხარობს, როცა უამრავ სიცოცხლით სავსე საცხოვრებელს ზემოდან გადაჰყურებ, იკარგები შემოქმედის ქმნილებათა ვრცელ პანორამაში და ამ ყოველივეს ჭვრეტით უზომოდ ბედნიერი ხარ! ეს სანახაობა დღის ყოველ მონაკვეთში ერთნაირად მომხიბვლელია. ქუთაისის ტერასა მხოლოდ ბერნისა და ბალის ტერასებს, ან შვეიცარიაში ფრიბურის კაპუცინების ბაღს თუ შეედრება. მისი გალავანი დიდი რუდუნებით არის ნაგები და თავიდან ბოლომდე კარგად დამუშავებული ქვათლილებით არის შემოსილი.
5. იგივე სტილშია შესრულებული მრგვალი კოშკი, რომელიც ტერასის კუთხეს ქმნიდა; ახლა იგი ნანგრევებად არის ქცეული და გვერდით სკოლა ეკვრის.
6. ძველი, მასიური ციხე-სიმაგრე გადაკეთებულია სემინარიად. ეს ორი მოპირდაპირე ნაგებობა იხილეთ სურათის წინ, მე-2 სერია, ფურც. 13 ა.
7. ზედა ქალაქის მთავარი კარიბჭე. ეს ის შესასვლელი გახლავთ, სადაც 1663 წელს მოკლეს ცნობილი დარეჯანი, რომლის შესახებაც შარდენი თავის „მოგზაურობაში“ შემზარავ ისტორიას გადმოგვცემს.
1. იხილეთ ქუთაისის ორი ხედი, II სერია, ფურც. B ა, 13 ბ.
2. მისი ტემპერატურაა 100 ¾ რეომიურით, იგი რიონს ზემოთ 50 ფუტის სიმაღლეზეა.
3. Volney, Voyage en Syrie, etc., X.
8. ქალაქის გალავნის ნანგრევები. ოდესღაც ეს გალავანი ირგვლივ ერტყა ზედა ქალაქს და მასზე დაშენებული იყო კვადრატული ფორმის მტკიცე, მასიური კოშკები. თეთრი თლილი ქვისაგან დიდი სიზუსტით ნაგები ეს კოშკები ერთობლიობაში ციხის უძველეს კონსტრუქციას განეკუთვნებიან. ადვილი შესამჩნევია, რომ გალავნის ერთი ნაწილი უწინ გარღვეული ყოფილა და უხეშად ამოუშენებიათ პატარა, ცუდად დამუშავეული ქვათლილებით: აქა-იქ კედელი ახლაც ასეთივე სახით იყო ამოშენებული. ქუთაისის მცხოვრებთ, როგორც ჩანს, არ სურდათ ამ ძველი ნანგრევების მიტოვება, ზოგი მათგანი ამ კოშკში დაბინავდა, ზოგმა კი მის კედელზევე მიაშენა ხის გამოშვერილი სახლები და ამგვარად შეიქმნა ხეებში ჩაფლული ეს ულამაზესი ანსამბლი.
9. კარიბჭეები.
10. თიხის მილებით გაყვანილი წყალსადენები, რომელთა მეშვეობითაც ციხეში შემოედინებოდა ახლომდებარე წყარო.
11. ნაწილობრივად კლდეში მოქცეული, ქვებით ამოშენებული ჭები.
12. ზედა ქალაქის ქუჩა და სხ.
13. ზედა ქალაქის ცენტრში მედიდურად აღმართული ტაძარი ამ ქვეყნის ულამაზესი ნაგებობა.
ქვემოთ, ჩემ მიერ გადმოცემული კოლხეთის ისტორიის დასკვნით ნაწილში1, მკითხველი ნახავს, რომ X საუკუნის ბოლომდე ლაზიკისა და აფხაზეთის მეფეები თითქმის ყოველთვის აღმოსავლეთის იმპერატორების გავლენის ქვეშ, ან სულაც მათთან ვასალურ დამოკიდებულებაშიც კი იმყოფებოდნენ. ქართლის, ანუ საქართველოს მეფეები ხშირად სომხების ბედს იზიარებდნენ. ქართველთა მოქცევა 300 წელზე უფრო ადრე მოხდა სომხების მიერ ქრისტიანობის მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ; ქრისტიანობა კი აქ სომხეთის გზით შემოვიდა. ლაზებმა და აფხაზებმა კი ქრისტიანობა კონსტანტინოპოლიდან მიიღეს და წმინდა გრძნობით აღსავსე იმპერატორები, რომლებიც დაუყოვნებლივ შეუდგნენ მათ მოქცევას, არ დაკმაყოფილდნენ იქ მხოლოდ მღვდლებისა და ბერმონაზვნების გაგზავნით: შავი ზღვის მთელ სანაპიროზე მათ უამრავი ეკლესია აღმართეს. მათ შორის ერთ-ერთი ულამაზესი ბიჭვინთის ტაძარი მე ზემოთ აღვწერე; იგი წმინდა ღვთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი და იმპერატორ იუსტინიანეს მიერ დაახლოებით 550 წელს არის აგებული. თუმცა ლაზებს მანამდეც ჰქონდათ ეკლესიები: წმ. სტეფანეს სახელობის ეკლესია ხონში ან ონში (ონოგურისში), რომელიც აგებულია V საუკუნეში, ჰუნებზე გამარჯვების აღსანიშნავად2. პროკოპი იმასაც მოგვაგონებს, რომ იუსტინიანემ აღადგინა აგრეთვე მათი უძველესი, მაგრამ დანგრეული ეკლესია; ეს, უდავოდ, ის ეკლესია უნდა იყოს, რომლის ნახატიც მაქვს მოცემული; იგი მდებარეობდა არქეოპოლისში დღევანდელ ნოქალაქევში3, ლაზების მეფეთა სასახლის შესასვლელის პირდაპირ.
ამ მხარეში ჩემ მიერ მოხსენიებული ყველა უძველესი ეკლესია ბიზანტიური სტილის კვალს ატარებს, რომელიც ყოველთვის ბერძნული სტილის უხეშ და დამახინჯებულ მიბაძვას წარმოადგენდა.
1. იხ. ტ. II.
2. Agathius, I, 3, gv. 77.
3. იხილეთ ატლასი, მე-2 სერია, ფერწერა, ფურც. 9.
ყველაზე დიდი ნაგებობებისათვის გადმოღებულია ჯვრის ფორმა; ცენტრი განათებულია გუმბათით, რომელიც კვადრატულ სვეტებს ან მარმარილოს კოლონებს ეყრდნობა. ეს უკანასკნელნი, თავის მხრივ, კორინთული ან იონიური ორდერების ასლს წარმოადგენდნენ და თითოეულის ტანი ან კაპიტელი ჯვრით იყო მორთული. აქ ძველი ეკლესიების კოლონებიც არის გამოყენებული. თითქმის ერთადერთი ნიმუში, რომელიც დაუზიანებელი სახით შემოგვრჩა ამგვარი არქიტექტურული კომპლექსიდან, გახლავთ ქერჩის ამჟამინდელი ეკლესია, რომელიც ქრისტეშობიდან 757 წელს (ანუ ქვეყნის დასაბამიდან 6265 წელს) არის აგებული, როგორც ეს გუმბათის ერთ-ერთ კოლონაზე ამოკვეთილ წარწერაშია აღნიშნული. ყირიმში ქერსონესის და აიუ-დაღის ეკლესიები, ასევე აფხაზეთის ეკლესიები ძირითადად ერთი და იგივე სტილშია ნაგები. ყველა ამ ეკლესიას მომსახურეობას უწევენ მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები არქიეპისკოპოსები და არქიმანდრიტები.
ქალაქებისა და სოფლების ეკლესიები იგივე გეგმით არის აშენებული და გამოირჩევიან სისადავითა და მარტივი ფორმებით.
აფხაზეთსა და კოლხეთში გადმოღებულია მშენებლობის რომანული თუ ბიზანტიური სტილი, რომელიც არ უნდა ავურიოთ სპარსულ სტილთან; აქ ერთმანეთს ორიგინალურად უხამებდნენ აგურსა და თლილ ქვას, მათ მონაცვლეობით, ფენებად აწყობდნენ; ან კიდევ შენობის ინტერიერს აგებდნენ აგურით, ხოლო ქვებს კი ექსტერიერისათვის იყენებდნენ. მასალის ეს თავისებური აღრევა, რომელიც ძალზე იშვიათია სპარსელებთან, მხოლოდ ბიზანტიური სტილის კუთვნილებაა დასავლეთ კავკასიაში და ყოველთვის მხოლოდ XI საუკუნის წინა პერიოდის ნაგებობათათვის იყო დამახასიათებელი. ამ კატეგორიაში მე მოვიაზრებ აფხაზეთის, ნოქალაქევის, შემოქმედის ეკლესიებს, ციხე-დარბაზის (გეგუთის ლ.მ.) სასახლეს და სხ. არქეოპოლისის ძველი გალავანიც კი ამ სტილშია აგებული.
მეფე მირიანის მიერ საქართველოში დაახლოებით 300 წელს აგებული უძველესი ეკლესია ხისა იყო. მხოლოდ 370 წელს შეცვალეს იგი ქვის ეკლესიით. კარგა ხნის განმავლობაში ქართველები თავიანთ ნაგებობებში სომხების სტილს ბაძავდნენ, რამდენადაც ეს უკანასკნელნი მათი მასწავლებლები იყვნენ. ხანგრძლივი დროის მანძილზე დიდი არმენია ძლიერ და აყვავებულ სამეფოდ ითვლებოდა. აქ იყო ყველანაირ სტილში აგებული ძეგლები. თრდატს კონსტანტინეს თანამედროვეს და დიდ მეგობარს რომაელებისა, რომელთა შორისაც იგი აღიზარდა, სომხეთში ბერძნული ხუროთმოძღვრების დამკვიდრება უნდოდა [მან თავის დას – ხოსროვიდუხტს აუშენა მშვენიერი იონიური ორდერის ტაძარი ანუ სასახლე, რომლის დიდებული ნანგრევები გარნიში დღესაც აღტაცებას იწვევს; სომხეთის პირველი ეკლესიის (რომელიც ასევე თრდატის დროს აშენდა, როცა წმ. გრიგოლ განმანათლებელმა დაახლოებით 275 წლის ახლოს ქვეყანა ქრისტიანობაზე მოაქცია) ფრონტონები და კარნიზები კესონებით იყო დამშვენებული, მაგრამ მითრიდატეს შემდეგ ეს სტილი გაქრა; სომხები ერთგულნი დარჩნენ იმ ძველი აღმოსავლური სტილისა, უხვი ორნამენტებისა და ჩუქურთმებისა, მასიური ფორმებისა, რომელსაც ვხედავთ პერსეპოლისის პორტიკებზე თუ მეფეთა აკლდამებზე და რომელიც, ალბათ, ეგვიპტური ძეგლების გამოძახილი უნდა იყოს. თავიანთი ეკლესიების მოთხოვნებთან და გარეგნულ ფორმებთან ამ სტილის მისადაგებით სომხებმა შექმნეს საკუთარი საკულტო ხუროთმოძღვრება. წმ. რიფსიმესა და წმ. გაიანეს ეკლესიები ვაღარშაპატში, რომელთა აგებასაც VI საუკუნეში ვარაუდობენ, სწორედ ამ სტილის პროტოტიპებს წარმოადგენენ. ისინი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენენ თავიანთი პროპორციების გრაციოზულობითა და სისადავით. მოგვიანებით აგებული ეკლესიები ყოველთვის უფრო მდიდარია ქანდაკებებითა და ჩუქურთმებით, მაგრამ ყველა ამ ეკლესიისათვის თლილი ქვა ერთადერთ სამშენებლო მასალას წარმოადგენს როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერისათვის: არსად არაა გამოყენებული აგური, რადგან ფოროვანი და მკვრივი ლავის, ქვიშაქვის, კირქვისა და იურული კლდეების სიუხვის გამო სომხებს სხვა სამშენებლო მასალა არ სჭირდებოდათ.
ზემოთ ნახსენების გარდა, სომხეთის ეკლესიებს შორის დავასახელებ აწყურის ეკლესიას. საფლავის ქვა, რომელზეც მითითებულია თარიღი – 955 წ. ანუ კონსტანტინოპოლში ოლღას მონათვლის წელი, და რომელიც ეკლესიის ირგვლივ მდებარე სასაფლაოზე, მთავარი შესასვლელი კარიდან რამდენიმე ნაბიჯზეა აღმართული, ადასტურებს, რომ დღეისათვის სანახევროდ ჩამარხული ეს ნაგებობა, ისევე როგორც პანთეონი რომში, X ს-ის შუახანებამდე იყო აგებული.
მარმაშენის ცნობილი მონასტერი ქრისტეშობიდან 988 წელს დაარსდა აშოტის ძის – სუმბათის მიერ; 1029 წელს, სომხეთში თურქ-სელჩუკთა ლაშქრობამდე დაახლოებით 20 წლით ადრე, მონასტრის მშენებლობა დაასრულა ვაჰრამმა - ანტიპატროსმა, პატრისმა, სომხეთის დიდი მეფის – გრიგორის ვაჟმა ფაჰლავუნთა გვარიდან1.
კეჩარუსის მშვენიერი ეკლესია, რომელიც დარაწიწაღში (ყვავილთა ხეობა), რანდამალთან ახლოსაა, გოღიკის ანუ გაგიკის მეფობის დროით – ქრისტეშობიდან 1033 წლით თარიღდება.
სხვა ძეგლების გარდა, რომლ;ებიც სომხეთს, განსაკუთრებით კი მის ერთერთ დედაქალაქს – ანისს ამშვენებდნენ, საკმაოდ მრავლად არიან ისეთი ეკლესიები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება დავრწმუნდეთ თუ რაოდენ სრულყოფილად იყო გაშლილი ამ სამეფოში საეკლესიო ხუროთმოძღვრება თურქსელჩუკთა გადატრიალებამდე (სიც), რომელთაც მთლიანად უცვალეს სახე კავკასიის სამხრეთ ნაწილს. თურქების მიერ სომხეთის დასუსტებამ (რომლის შიგნით ისედაც არსებობდა დამანგრეველი ელემენტები) და მათმა მცდელობამ – დაეპყროთ საქართველოს ხეობები და მყარად დამკვიდრებულიყვნენ აქ, გამოაფხიზლა აფხაზეთისა და ქართლის ამაყი, ჯერ კიდევ ძალმოსილებითა და დამოუკიდებლობის გრძნობით აღსავსე ხალხი; აქურმა მეფე-მთავრებმა, რომლებმაც მედგრად მოიგერიეს სელჩუკთა შემოტევა, გააფართოვეს და განამტკიცეს თავიანთი ქვეყანა; ხოლო სომხეთი, რომლისათვისაც ქართლოსის შთამომავალნი აღმოსავლელ დამპყრობლებს ეცილებოდნენ, სუსტდებოდა და ნაფლეთებად იგლიჯებოდა, ამ გადატრიალებამდე საქართველოს მეფეები თითქმის ყოველთვის სომხეთის ძეგლების ერთგული კოპიისტები იყვნენ. ულმობელმა თემურმა, რომელმაც 1414 წელს დაარბია საქართველო, ქვა ქვაზე არ დატოვა არც მცხეთის მეტროპოლიისა და არც საქართველოს სხვა მრავალრიცხოვან ტაძართაგან, თუმცა შორეულ ხეობებში ზოგიერთი ეკლესია მაინც გადაურჩა განადგურებას, ზოგიც მოგვიანებით იქნა აღდგენილი პირვანდელი გეგმის მიხედვით. ჯერ კიდევ საკმარისი რაოდენობით შემორჩენილი ეს ძეგლები საშუალებას გვაძლევენ ვიმსჯელოთ ძველი ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ.
1. ყველა ეს ტიტული აღნიშნულია წარწერაში, რომლის თარგმანიც მოცემულია კლაპროტთან (Memoires relatif a’ l’Asie, გვ. 274); წერენ აგრეთვე „მარმარაშენი“.
ტრადიცია და ვახტანგ V-ის ქართული მატიანე ვახტანგ გორგასალს მიაწერს მეტეხის ანუ „ტეხვის“ ეკლესიის მშენებლობას. მისი შავი ფერის, უორნამენტო კედლები ახალ ციხეს, ანუ თბილისის სახელმწიფო საპყრობილეს დაჰყურებენ. ამ ეკლესიას V საუკუნის მიწურულს მიაკუთვნებენ, მაგრამ ამ ტრადიციის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანა შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, გუმბათის მიმართ მაინც, რომელიც XI საუკუნის შემდგომი პერიოდისა უნდა იყოს.
იგივე მატიანე გუარამ კურაპალატს, რომელიც VI საუკუნის ბოლოს მეფობდა, კუხეთის მთების სამხრეთ მწვერვალზე აღმართული ჯვრის მონასტრის მშენებლობას მიაწერს; სავსებით შესაძებელია, იგი გადაკეთებულიც იყოს. ქართული არქიტექტურის სომხური წარმოშობის შესახებ ჩემი თვალსაზრისის მართებულობის დამადასტურებელ და ყველაზე თვალსაჩინო ძეგლად შემიძლია დავასახელო ატენის ახლოს მდებარე სიონის ეკლესია, რომელიც 998 წელზე ადრეულია, რამდენადაც იგი აიგო ბაგრატ II-ის მიერ, რომლის სახელიც ტაძრის გარე კედელზე ამოკვეთილ ერთ ქართულ წარწერაშია მოხსენიებული. ეს ეკლესია ვაღარშაპატის წმ. რიფსიმეს ეკლესიის ზუსტი, მხოლოდ ოდნავ შესწორებული ასლია. მე არ გამკვირვებია ეს მსგავსება, როცა წავიკითხე სომეხი ხუროთმოძღვრის – თოდოსაკის (ბოგოსას) სახელი: მასაც მოუსურვებია საკუთარი სახელის უკვდავყოფა წარწერით, რომელიც მშვენიერი სომხური ასოებითაა შესრულებული მეფის ქართული წარწერების ზემოდან. თუმცა, ამასთანავე, ქართველები ყოველთვის როდი ბაძავდნენ სომხებს: აქაიქ, კავკასიის ყველაზე შორეულ ხეობებში ან უძველეს ქართულ ქალაქებში ვხვდებით ისეთ ეკლესიებს, რომელთა ფორმაც სრულიად თავისთავადია და რომლებიც ძეგლების ცალკე წყებას ქმნიან. ასეთია პატარა უგუმბათო ეკლესიები მარტივი ფრონტონებით აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან; მთელ მათ მორთულობას წარმოადგენს ფრონტონების ფონზე ნახევარწრიული თაღის ერთ ან რამდენიმე ნიშაში უხეშად გამოქანდაკებულ ფიგურათა ჯგუფები და სხ. ვფიქრობ, ეს გახლავთ ის, რასაც უძველესი ქართული საკულტო ხუროთმოძღვრება გვთავაზობს. რუისის, ლომისის და ინგუშეთის გალიერტის ეკლესიები სწორედ ამ სტილის დამახასიათებელი ნიმუშებია.
ქართლის სამეფოსა და აფხაზეთის აღორძინების შედეგად საქართველოში განვითარდა არა მხოლოდ მწერლობა, არამედ ხუროთმოძღვრებაც. ბაგრატ III-მ ქუთაისში წამოიწყო ტაძრის მშენებლობა, რომელიც ბაგრატ IV-მ დაასრულა. როდესაც ბაგრატმა ცოლად შეირთო ელენე რომაელი იმპერატორის არგირის ძმისწული, მან სიმამრისაგან ხუროთმოძღვრები და მშენებლები გამოითხოვა ტაძრის დასამთავრებლად. რადგანაც მშენებლობა ქართველმა ხუროთმოძღვრებმა დაიწყეს, ხოლო ბერძნებმა კი დაასრულეს, ამ ნაგებობის სტილი სომხურ-ბიზანტიურია და აქ გამოყენებულია ყველაფერი ის, რაც საუცხოო და ელეგანტურია ამ ორივე ქვეყნის არქიტექტურულ სტილში; სწორედ ამიტომ იგი საქართველოს ერთ-ერთ უბრწყინვალეს ძეგლს წარმოადგენს. ამ ტაძარს ბიზანტიური თუ რომანული ჯვრისებრი ფორმა აქვს1. მისი დიდი ნავი (საკურთხეველთან ერთად) სიგრძით 112 სამეფო ფუტია, ხოლო სიგანით 26. ეკვდერის სიგრძეა 41 ფუტი, სიგანე კი 1012 ფუტი. საკურთხეველი, რომელიც დიდ ნავს ეკვრის, ნახევარწრიული ფორმისაა, ისევე როგორც ორივე სამკვეთლო, რომლებიც ეკვდერებს უკავშირდებიან. ჯვრის მკლავები, რომელთა ზომაც ეკლესიის ყველაზე ფართო ადგილზე 83 ფუტს აღწევს, მთავრდება ორი დიდი, საკურთხევლის ზედმიწევნით ზუსტი პროპორციების მქონე ნახევარწრიული შეღრმავებით2.
გუმბათი ჯვრის ცენტრში ოთხ რვაკუთხა სვეტს ეყრდნობოდა და მისი დიამეტრი მხოლოდ 26 ფუტი იყო. შვიდი ფუტისა და სამი დიუიმის დიამეტრის მქონე უზარმაზარი გუმბათის ყელი ამოყვანილი იყო შვიდი ფუტის სიმაღლის ცილინდრულ კვარცხლბეკებზე. თითოეულ კვარცხლბეკზე მოდიოდა ორი ფუტი სიმაღლის ნამდვილი ბაზა, რომელიც შორიდან, ერთი შეხედვით იონიურ ბაზას წააგავდა. ზემოთ აღმართული იყო ორი ფუტისა და სამი დიუიმის სიგანის და ჩვიდმეტი ფუტი სიმაღლის მქონე სვეტის რვაკუთხა ღერძი, რომელსაც აგვირგვინებდა ორი ფუტისა და სამი დიუიმის სიმაღლის კაპიტელი; ეს ყველაფერი კი მთელ კოლონას ოცდარვა ფუტისა და ორი დიუიმის სიმაღლეს აძლევდა3.
1. ასე უწოდეს ბიზანტიურის მინაბაძ სტილს, რომელიც გავრცელებული იყო IX-XII საუკუნეებში და რომელიც წინ უძღოდა გოტიკურ სტილს. ამ სტილის საუკეთესო ნიმუშებია დედოფალ ბერტას მიერ ბაიერნში 960 წელს დაარსებული ეკლესია, შვეიცარიაში ნევშატელის კოლეგიუმი, რომელიც მასზე რამდენიმე წლით უფრო ადრეულია, ასევე X საუკუნის სენ-ჟერმენ-დე-პრე, მაიენსის ტაძარი, წმ. ელენეს ეკლესია ბონში, წმ. გერიონის ეკლესია კიოლნში, გელიჰაუზენის ტაძარი და სხ. რა გულდასაწყვეტია, რომ პაიერნის მფლობელები (სენიორები) ასე ნაკლებად აფასებენ მშვენიერ ძეგლებს, რომლებიც მათი კუთვნილებაა. რატომ ვკითხულობდი გაკვირვებული, აღარ იყენებენ მას, როგორც ტაძარს? იგი ძალზე ლამაზიაო მპასუხობდნენ; ამასობაში კი პორტიკი საპყრობილედ გადააკეთეს, ტაძრის კორპუსი დიდ და პატარა ბეღლად, საკურთხეველი სახაზინო ტვირთის შესანახად, სამკვეთლო საჯინიბოებად და შეშის ფარდულებად და ადგილი რომ არ დაეკარგათ, ბეღლების ზემოთ დარჩენილ სივრცეზე თამბაქოს, თივის და სხ. ორი დიდი საწყობი განათავსეს.
2. იხილეთ ატლასი, მე-3 სერია, არქიტექტურა, ფურც. 15.
3. იხილეთ ატლასი, მე-3 სერია, ფურც. 17, ნახ. 5.
კაპიტელები (ფურც. 15, ნახ. 5 და 6) ყველაზე თვალსაჩინო მხარეს მორთული იყო ცხოველთა ფიგურებით, უპირატესად _ ვეფხვების გამოსახულებებით, რომლებიც ებრძვიან ირმებს, გარეულ ვირებს და სხ. შედარებით ნაკლებად თვალსაჩინო კუთხეებზე გამოხატული იყო სფინქსების მსგავსი ფრინველები, რომელთაც ფართო ყელსაბამებით მორთული ადამიანის თავები ჰქონდათ, ბრჭყალებით კი გველები და მტრედები ეჭირათ. ნაკლებად თვალმისაწვდომ ადგილებში კი მხოლოდ არაბესკები იყო გამოქანდაკებული. ამ კოლონებზე აყოლებული იყო 22 ფუტის სიმაღლის მარტივი პილასტრები; მათ ეყრდნობოდა ოთხი დიდი ნახევარწრიული თაღი, რომელზეც გუმბათი იდგა. ამ თაღების მრუდის საჭექი მიწიდან 62 ფუტის სიმაღლეზეა. 31 ფუტის სიმაღლის ეკვდერები, ისევე როგორც ბიჭვინთაში, გაყოფილი იყო ორად: აქ იწყებოდა კათაკმევლების გალერეები. ინტერიერის ყველა თაღი ნახევარწრიულია. მთავარი საკურთხევლის ორივე კუთხე წინა მხრიდან ეყრდნობოდა საკმაოდ მდიდრულად მორთულ პატარა კოლონებს, (იხილეთ ბაზა, ფურც. 15, ნახ. 7.) როგორც ჩანს, თაბაშირით ძალზე მარტივად შელესილი ეკლესიის შიგა სივრცე ოდესღაც ფრესკებით იყო დაფარული; ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მათგანის ნაშთიღაა შემორჩენილი.
ფაქტიურად, ინტერიერში როგორც ფორმის, ისე ორნამენტების მხრივ, ბიზანტიური სტილი ჭარბობდა. მაგრამ ამ ნაგებობისათვის ძირითადად ექსტერიერის სტილი და პროპორციები იყო უფრო მეტად დამახასიათებელი. წინა ფასადის ორივე მხარეს აღმართული იყო ფლიგელის თუ ოთხკუთხა კოშკის მსგავსი ორი ნაგებობა, ისევე როგორც ეს ამშვენებს კიევის ლავრისა და წმინდა სოფიოს ეკლესიებს. მათ შორის დარჩენილ სივრცეში ჩასმული იყო კარიბჭე, რომელიც სამი თაღით იხსნებოდა: ყველაზე დიდი იყო შუა თაღი, გვერდებზე კი – პატარები. კარიბჭე განსაკუთრებული არქიტექტურული ბრწყინვალებით იყო მორთული. 1833 წლის გაზაფხულზე (ქუთაისში ჩემ ჩასვლამდე რამდენიმე თვით ადრე) დიდი წვიმების შედეგად იგი ჩამოინგრა1.
1. ჩამონგრევამდე ამ პორტიკის წარმოსადგენად მე არ მეგულება სხვა ნახატი, გარდა იმისა, რომელიც ბ-ნ გამბას ატლასშია მოცემული ბარონ ფრიქსის (რომელსაც ბ-ნი გამბა ფრიცს უწოდებს) 40 ესკიზის მიხედვით. პორტიკის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ შეიძლება იქონიოთ ჩემი ატლასის მიხედვით – იხ. ფურც. 13 და 16, მე-3 სერია, არქიტექტურა.
ყველაზე უჩვეულო გახლავთ ის, რომ მაშინ, როცა მთელ ნაგებობაში ნახევარწრიული თაღებია გამოყენებული, კარიბჭისა და შესასვლელის თაღები შეისრულია, რაც, ორმაგ და სამმაგ წამახვილებულ კოლონებთან ერთად (გოტიკურს რომ ვუწოდებთ), გვაფიქრებინებს, თითქოს ერთ-ერთი ჩვენი ეკლესიის წინ ვიმყოფებით2. კამარებზე, კარნიზებზე, შესასვლელების შუა ლილვებზე და პილასტრების ზედაპირზე გამოკვეთილი სხვადასხვაგვარი არაბესკები და ფოთლოვანი ჩუქურთმები უაღრესად დახვეწილი ოსტატობით არის შესრულებული.
2. შესაძლოა, შემედავონ, რომ ეს შესასვლელი ეკლესიის მშენებლობის შემდეგდროინდელია, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ იგი მშენებლობის თანადროული პერიოდით თარიღდება და აქ შეკეთების რაიმე ნიშნის აღმოჩენა შეუძლებელია.
მაგრამ როგორც ჩანს, ხუროთმოძღვრების მთელი სიდიადე საკურთხევლის ფასადისათვის შემოინახეს. ბიზანტიურ და რომანულ ეკლესიებში სამი ნახევარწრიული საკურთხევლის მშენებლობისას ექსტერიერსა და ინტერიერს ერთმანეთს უხამებდნენ და აქედან გამომდინარე, ისევე როგორც პაიერნის, ნევშატელის, ბიჭვინთის თუ გელათის ტაძრებში, ეს სამი ნახევარწრიული შვერილი აღნიშნული ნაგებობებისათვის მხოლოდ და მხოლოდ სამკაულს წარმოადგენდა.
უკვე სომხეთის უძველეს ეკლესიებში შეძლეს თავიდან აეცილებინათ ეს ნაკლი: გამონახეს საშუალება, საკურთხევლები და სამკვეთლოები ერთ ხაზზე განეთავსებინათ, ხოლო ცარიელ ადგილებში დიდი ნიშები ჩაესვათ. ვაღარშაპატის წმ. რიფსიმეს სახელობის ეკლესიაში ეს ფორმა ჯერ კიდევ ძალზე უხეშია, გარნის ნანგრევებში მას უფრო გაუმჯობესებული სახე აქვს, ხოლო ბაგრატ IV-ს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად გამოეყენებინა მორთულობის ეს ელემენტი და მისთვის ულამაზესი პროპორციებიც მიეცა. მას შემდეგ, რაც სამი აბსიდი ფასადის ერთ სიბრტყეში მოაქცია, მან იგი 7,5 ფუტი სიგანისა და 40 ფუტი სიმაღლის ორი სამკუთხა ნიშით დაამშვენა, რომელთაგან თითოეული წმ. იაკობის ორნამენტიანი თაღით ბოლოვდებოდა. ფასადის დანარჩენი ნაწილი წვრილი და წაგრძელებული სამმაგი სვეტებით სამი დიდი დეკორატიული თაღედით არის დანაწევრებული. ეს ყველაფერი ისე იყო შესრულებული რომანულ და გოტიკურ სტილში, რომ გეგონებოდათ, რომელიღაც ჩვენი, დასავლური ნაგებობიდან გადმოუღიათო1.
წინა და გვერდითი ფასადები ასეთივე სტილში, სიმეტრიულადაა მორთული, ყველგან ორნამენტების სიუხვე იგრძნობა, თითქმის ყველა პატარა კაპიტელი, ყველა ჩუქურთმა სხვადასხვაგვარია, ისევე, როგორც ჩვენს ძველ ნაგებობებზე. ამ დეკორატიული თაღედის ყველაზე დიდი ნაწილი, რომელიც 65 ფუტი სიმაღლის მქონე მთავარი საკურთხევლის ფრონტონის წვერამდე აღწევდა, გახსნილი იყო მხოლოდ ერთი სარკმლით, რომლის ჩარჩოც ლამაზი სკულპტურული არაბესკებით იყო დამშვენებული. მეორე თაღზე, რომელიც სარკმელს აგვირგვინებდა Ω ფორმით, ამოკვეთილი იყო წარწერა. მე იგი გადმოვხატე (ფურც. 18, ნახ. 1, მე-3 სერია) და მომყავს მისი თარგმანი, რომელიც ჩემთვის შეასრულეს სამეგრელოს მემკვიდრე მთავარმა და ბ-ნმა ბროსეუმცროსმა: „ღვთის წყალობით, ბაგრატმა უფლის [შეწევნით], მეფე აფხაზთა და ქართველთა, ააგო ეს წმინდა ... თავისი [დედისათვის] დედოფალ გურანდუხტისათვის“.
1. თავის ატლასში ბ-ნ გამბას მოცემული აქვს ქუთაისის ტაძრის გეგმა: საკურთხევლის ფასადი აქ მთლიანად შეცდომით არის გამოსახული; ამასთანავე, მასშტაბი ძალზე შემცირებულია. ფრჩხილებში მოთავსებულია სიტყვები, რომლებიც ავსებენ წარწერის რამდენიმე წაშლილ ადგილს.
მეორე წარწერა მოთავსებულია ქვაზე, რომელიც ჯვრის მკლავის კუთხეში, საკურთხევლის მარცხნივ გაჭრილი ლამაზი სარკმლის ბაზას წარმოადგენს; წარწერა ორ ნაწილადაა გაყოფილი (იხილეთ ატლასი, მე-3 სერია, არქიტექტურა, ფურც. 18, ნახ. 2), სარკმლის ერთ მხარეს იკითხება: „ო, მეუფეო, რომელიც მბრძანებლობ ყველა მეფეზე, ადიდე მძლეთა-მძლე ბაგრატ კურაპალატი, მეფე აფხაზთა და ქართველთა, აგრეთვე მისი მამა, დედა, დედოფალი (მისი მეუღლე) და მისი ძე, ამინ“. მეორე მხარე: „როცა მშენებლობა დასრულდა, იყო 223 წელი აღდგომის წელთაღრიცხვიდან“.
ეს თარიღი ჩვენი წელთაღრიცხვის 1003 წელს შეესაბამება. ბ-ნი ბროსე, ისევე როგორც მე და როგორც ბევრი ფრანგი სწავლული, გაკვირვებული იყო, როცა არაბული ციფრები ფორმით გამოხატული ნახა; ეს ამ ციფრების ერთ-ერთი უძველესი ცნობილი ფორმაა; იმის ახსნა, თუ რატომ გამიყენეს იგი, ადვილად შეიძლება, რამდენადაც საქართველოს მეფეებს მუდმივად ჰქონდათ ურთიერთობები სპარსეთის დამპყრობელი არაბების შთამომავლებთან; რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ეს ფაქტი, ამ ციფრებს სულაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, ეს წარწერები მაინც შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლო და მხოლოდ ბაგრატ III-ს ან ბაგრატ IV-ს, რომლებმაც პირველებმა მიიღეს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტიტული.
ჩემს მიერ აღწერილი კოლხეთისა და საქართველოს მოკლე ისტორიის (იხ. II ტ.) გაცნობისას მკითხველი ადვილად გაერკვევა, თუ რატომ იწყებდა ბაგრატი თავის ტიტულატურას აფხაზთა მეფის წოდებით: აფხაზეთი კავკასიის ის ნაწილია, რომელიც დღეს თითქმის სრულიად უგულებლყოფილი და მიტოვებულია. უცნაურია, რომ ერთსა და იმავე ეპოქაში და თითქმის ერთსა და იმავე წლებში რუს მთავრებს კიევში და ქართველ მეფეებს ქუთაისში დიდებისა და ძლიერებისაკენ სტიქიური სწრაფვა ჰქონდათ და ცდილობდნენ, მონუმენტური ნაგებობების შექმნით გაეთქვათ სახელი. თუ ქუთაისის ტაძარი აგებული იყო ბაგრატ III-ისა და ბაგრატ IV-ის დროს ანუ XI საუკუნის დასაწყისში და შუახანებში, წმ. სოფიოს ტაძარი კიევში აშენდა 1037 წელს, ხოლო ლავრის ეკლესიის მშენებლობა 1054 წელს დაიწყო და 1077 წელს დასრულდა; კონსტანტინოპოლის ერთი და იგივე იმპერატორმა მშენებლები გამოუგზავნა რუს მონარქს იაროსლავს და აფხაზთა მეფეს ბაგრატ IV-ს.
მაგრამ ჩემი აზრით, სილამაზითა და მოხდენილობით კიევის ეკლესიები ქუთაისის ტაძარს ვერ შეედრებიან: ამ პირველი რუსული ნაგებობების ინტერიერის სიმძიმესა და ფასადების გარეგნულ სახეს ქართული ტაძრის გრანდიოზულობასა და დიდმშვენიერებას ვერ შევადარებთ!
ჩემ მიერ მოყვანილი წარწერები შესრულებულია ქართულად, ხუცური ანბანით, რომელთა სილამაზეს, სისადავესა და გამომსახველობას თავისუფლად შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს ბერძნებისა თუ რომაელების მშვენიერ წარწერებს. სომხური გადმოცემის თანახმად, ქართული ანბანი V საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს შემოღებული სწავლულ მესროპის მიერ, რომელიც ასევე სომხური ანბანის შემქმნელიც გახლავთ1. მე უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია, რომ მესროპმა შეცვალა და შეასწორა ასოების ძველი ფორმა, რადგან ცნობილია, რომ ქართველებს ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროიდან ჰქონდათ ანბანი (გაკრული ხელი) მხედრული. ახალ დამწერლობაში მესროპმა კუთხოვანი ფორმა მისცა მთავრული ასოების სიმრგვალეს, რომელიც თავისუფლად შეიძლება ზენდური წარმოშობისა იყოს, როგორც ამას ბ-ნი ბროსე-უმცროსი აღნიშნავს2. ისევე როგორც უმეტეს სემიტურ ენებში, როგორიცაა ებრაული, არაბული და სხ., აქაც მე შევნიშნე, რომ ხშირად ამ წარწერებში სიტყვების ძირითადი ნაწილიდან ამოგდებული იყო ხმოვნები; ასე მაგალითად, ბაგრატის სახელი და ტიტული ხმოვნებითურთ შემდეგნაირად უნდა დაიწეროს: „ბაგრატ კურაპალატი, მეფე აფხაზთა და ქართველთა“; ხმოვნების გარეშე კი წერდნენ: „ბგრტ კრპლტი მფ აფხზთა და ქრთვლთა“. ბაგრატის ამ სამი წარწერის გარდა მე აღმოვაჩინე აგრეთვე მეოთხეც, რომელიც ამოკვეთილია საკურთხევლის ხელმარჯვნივ, სამხრეთისაკენ მიმართულ კარნიზის ქვაზე; თუმცა იგი არ არის ამოკვეთილი ისეთივე ლამაზი ასოებით, როგორც დანარჩენები. აი მისი თარგმანი, შესრულებული ბ-ნ ბროსე-უმცროსის მიერ3: „ამ ეკლესიის ხუროთმოძღვარი აგრეთვე აღსდგება. ღმერთმა შეინდოს მეისა“.
ამის გარდა სხვა წარწერები აქ არ არის. ქართული ძეგლების ეს ზომიერება თვალში საცემია სომხურისათვის ესოდენ ჩვეული სიჭარბის გვერდით, რომელთა კედლებსაც თითქმის მთლიანად ფარავენ ვრცელი წარწერები. რაც შეეხება ბარელიეფს, იგი მხოლოდ ერთია, პატარა ნიშაში, წინა ფასადის ყველაზე ამაღლებული და მდიდრულად მორთული სარკმლის თაღზე. გამოსახულია ანგელოზი, რომელსაც ხელი აქვს ჩაჭიდებული ბაგრატისათვის, თითქოს მისი წარდგინების მიზნით. ამ ნიშის ზემოთ, კედელზე, ამოკვეთილია ლამაზი ჯვარი4.
1. მოვსეს ხორენაცი, III, 52-54, მოხსენიებული სენ-მარტენის მიერ Journ. Asiat., ივნისი, 1823, გვ. 322.
2. იხილეთ მისი გრამატიკა, ხელნაწერი, გვ. 1, 5 და 7.
3. იხილეთ ქართული ორიგინალი მე-3 სერიაში, არქიტექტურა, ფურც. 18, ნახ. 13.
4. იხილეთ ატლასი, მე-3 სერია, ფურც. 18, ნახ. 3.
სარკმლის ჩარჩოზე ამოკვეთილი ბასილისკოსა და გრიფონის მსგავსი ფრინველებს უცნაური განლაგება აქვთ თავები ხელმარჯვნივაა, კუდები კი ხელმარცხნივ. ეს გრიფონი, რომელიც მე ჩავხატე (მე-3 სერის, ფურც. 18, ნახ. 5) აღმოსავლურ ძეგლებში ყველგან გვხვდება, დაწყებული პანტიკაპეის და დამთავრებული პერსეპოლისის საფლავთა რელიეფებით.
ამ დიდებულ ნაგებობაზე საუბრის დასასრულს მინდა სინანულით აღვნიშნო, რომ დროჟამის გარდა მას ადამიანებისაგანაც დიდი ზიანი მიადგა: იგი ხომ იმისათვის შეიქმნა, რომ კიდევ მრავალი საუკუნისათვის გაეძლო მის მყარ, ყვითელი იურული ცარცის მშვენიერ ქვათლილებს. თურქებმა მისი ნგრევა 1691 წელს დაიწყეს დააქციეს და ააფეთქეს იმ პერიოდში, როცა მას ფლობდნენ1. ჯერ კიდევ 1772 წელს, თავისი მოგზაურობისას გიულდენშტედტმა იხილა ინტერიერის რამდენიმე უვნებლად გადარჩენილი სვეტი2. დღეს კი აღარაფერია შემორჩენილი არც გუმბათიდან და არც თაღების უმრავლესობიდან; ინტერიერი გაწმენდილია და იქ ასაფლავებენ იმათ, ვინც კარგ გასამრჯელოს გადაუხდის მღვდლებს, მათ კი მოაგროვეს რაც კი რამ კარგი იყო ამ ნანგრევებს შორის, ასე თუ ისე მოახერხეს მათი ერთმანეთზე დაწყობა და სამხრეთის გრძელ კედელზე პატარა ეკვდერი მიაშენეს, სადაც ეგზარქოსი მესას ასრულებდა. ერთხელ, სწორედ ღვთისმსახურების დროს, მის ახლოს ქვა ჩამოვარდა. შემდგომში, მსგავსი უბედურების თავიდან ასაცილებლად, მან მთავრობისაგან ითხოვა ნებართვა, მოენგრიათ ტაძრის გადარჩენილი ერთი კედლის მოზრდილი ნაწილი, რომელიც საშიშრიებას უქმნიდა ეკვდერს. ნებართვის მიღების შემდეგ კედლის ეს ნაწილი მართლაც მოანგრიეს3. ჩამონგრეულ კედლებზე ყველგან სურო მოედო: იგი სულ ზემოთ მიიწევს, როგორც საფარველი და კარნიზებზე ამოსულ ბუჩქებს ებღაუჭება.
1. Chronique armenienne, რომელიც ბ-ნმა შულცმა ბ-ნ სენ-მარტენს გაუგზავნა და რომელიც ბ-ნმა ბროსე-უმცროსმა გადმომცა.

2. Guldenstadt, Reisen nach Georgien, etc., გვ. 164, კლაპროტის გამოც.
3. ტაძრის ახლანდელი მდგომარეობის მის პირვანდელ სახესთან შესადარებლად იხილეთ ატლასი, მე-3 სერია, ფურც. 13-14: მე-13-ზე მე მოცემული მაქვს ამ ნანგრევების ორი ხედი, ხოლო მე-14-ზე აღვადგინე საკურთხევლის ფასადი.
ჯერ კიდევ 1772 წელს ქუთაისი მიტროპოლიტის (ქუთათელის) ადგილსამყოფელი იყო. ეს უკანასკნელი ემორჩილებოდა აფხაზეთის პატრიარქს, რომელიც ჩვეულებრივ, გელათში იჯდა. დღეს პატრიარქისა და მიტროპოლიტის ფუნქციები შეთავსებული აქვს ერთ სასულიერო პირს, რომელიც იმერეთის არქიეპისკოპოსის ხარისხშია და ემორჩილება საქართველოს ეგზარქოსს, რომლის რეზიდენციაც თბილისშია. ამგვარ დამოკიდებულებას სულაც არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ ქუთაისის ამ არქიეპისკოპოსს ყველა ძველი ტიტული შეენარჩუნებინა1.
ბაგრატ III და ბაგრატ IV საქართველოსა და იმერეთში ხუროთმოძღვრების ახალი სტილის დამფუძნებლებად გვევლინებიან; XI საუკუნეში დავით II-მ, მისმა შვილიშვილმა, გელათის აგებისასNბიჭვინთის თითქმის ზუსტი ასლი გადმოიღო, ორნამენტები კი ქუთაისის ტაძრისას გვაგონებს. დაახლოებით იმავე პერიოდით თარიღდება ნიკორწმინდისა და მარტვილის საეპისკოპოსო ტაძრები, აგრეთვე – კაცხის ეკლესია; რაც შეეხება მცხეთის ტაძარს, ზემოთ ვნახეთ, რომ იგი მტრის მიერ მთლიანად იქნა დანგრეული და 1414 წელს მეფე ალექსანდრემ აღადგინა და დაამშვენა ლამაზი გუმბათით, რომელიც, სამწუხაროდ, 1656 წელს ჩამოინგრა; მაგრამ იგი იმავე წელს აღადგინა როსტომმა საქართველოს მუსლიმმა მეფემ. მთლიანობაშიც და დეტალებშიც აქ იმიტირებულია ქუთაისის ტაძარი2.
მე აქ ქუთაისის ტაძარზე დიდ ხანს შევჩერდი არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს უაღრესად საინტერესო ისტორიული ძეგლია, არამედ იმიტომაც, რომ ეს გახლავთ საუკეთესო ხუროთმოძღვრების უძველესი ნიმუში. ვაგრძელებ ჩემ მიერ მოცემული გეგმის განმარტებას:
14. მიტროპოლიტის და მღვდლების საცხოვრებელი ეს ის შენობებია, რომლებიც ტაძრის გარშემოა განთავსებული; ხელმარცხნივ, პორტიკის პირდაპირ მდებარე დიდი კიბე ტაძარს უკავშირდებოდა.
C. ქვედა გამაგრებული ქალაქი:
15. ექვსი-შვიდი ფუტის სისქის მქონე, მდინარესთან კუთხის დიდი მრგვალი კოშკით დაბოლოებული კედელი, რომელიც მას დასავლეთიდან იცავდა, რომაელების ჯუს-ის მსგავსად იყო აგებული, ანუ გარედან კლდის ლოდებით ან კვადრებით. შესაძლოა იგი იუსტინიანეს დროს ბერძნების მიერ უქიმერიონის მშენებლობის პერიოდს განეკუთვნება. მიუხედავად ქვის ამგვარი უხეში წყობისა, ეს კედელი იმდენად მტკიცე იყო, რომ როდესაც სოლომონ მეფემ 1770 წლის 6 აგვისტოს ეს ციხე ტოტლებენისაგან მიიღო (რომელმაც იგი თურქთაგან გაანთავისუფლა), და მისი დანგრევა მოისურვა, რათა მომავალში მტრისათვის მისი გამოყენების საშუალება მოესპო, ეს თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ბოლოს იძულებულნი გახდნენ, რომ იგი 100-130 ფუტის დაშორებით მდგარი ქვემეხიდან ნასროლი ყუმბარებით დაენგრიათ. ამ კედლის ნაწილი, უზარმაზარი ნამსხვრევების სახით, მიწაზე დაენარცხა, დანარჩენი კი ნახევრად ჩამოიქცა და გადმოკიდებულ მდგომარეობაში დარჩა. ორი ოთხკუთხა, დიდი და კარგად გამაგრებული კოშკი, რომელიც კედელს მდინარის მხრიდან იცავდა, ასევე შუაზე გაიპო და სანახევროდ ჩამოიქცა.
1. 1772 წელს გიულდენშტედტს კოლხეთის სასულიერო იერარქიის შემდეგი სურათი აქვს აღწერილი: იმერეთს ჰყავდა პატრიარქი ანუ კათალიკოსი, რომელიც ბიჭვინთისა და აფხაზეთის პატრიარქის ტიტულს ატარებდა; მისი იურისდიქციის ქვეშ იყო ქუთაისის საარქიეპისკოპოსო, ხონის, ნიკორწმინდის, ეპარქიები; მას ემორჩილებოდნენ აგრეთვე შემოქმედისა და ჯუმათის ეპარქიები გურიაში. ბ-ნი ბროსე-უმცროსის ქრონიკის მიხედვით, იმერეთის სამ ეპარქიად დაყოფა მოხდა 1529 წელს (გვ.7). გიულდენტედტის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, იმერეთის მეფესა და დადიანს შორის დაპირისპირების შედეგად, სამეგრელომ მიაღწია იმას, რომ საკუთარი პატრიარქი, ანუ კათალიკოსი ჰყოლოდა; მანამდე კი ოდიშის, ლეჩხუმისა და სამეგრელოს სამივე ეპისკოპოსი ასევე აფხაზეთის პატრიარქს ემორჩილებოდა.
2. მე-2 სერია, ფერწერა, ფურც. 6.
16. ამ კედელში ჩაჭრილი იყო თლილი ქვის დიდი შესასვლელი კარი, რომელიც თავის დროზე გიულდენშტედტსაც უნახავს, დღეს კი იგი მთლიანად დანგრეულია; ამ კარით შიგ კლდეში ნაკვეთი საფეხურებისაკენ გადიოდნენ.
17. ქვედა ქალაქის ქუჩა, ოდესღაც ორივე მხარეს ჩამწკრივებული სახლებით.
18. პატარა ეკლესია.
19. დიდი ეკლესია რამდენადმე დაქანებულ ფერდობზე, ამჟამად მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი. ირგვლივ მოფენილია თლილი ქვის ნამსხვრევები, რომლებსაც ისეთივე ჩუქურთმები და ორნამენტები ამშვენებენ, როგორიც ტაძარზეა.
20. ქვედა ქალაქის აღმოსავლეთი კედელი, რომელიც კლდეებს მიუყვება და რიონამდე ჩადის.
D. ფაზისის ანუ რიონის ნაპირზე მდებარე დაბლა-ციხის პლაცდარმი;
21. მისი გალავანი, ისევე როგორც ზედა-ციხე, თლილი ქვით არის ნაგები და ძალზე მტკიცეა. მე ვერ აღმოვაჩინე ხიდის ბურჯების კვალი: ალბათ აქ ოდესღაც ხის ხიდი იყო; ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ნათლად ჩანს კლდეში გამოკვეთილი ხვრელები, რომლებშიც ბაგირებს ამაგრებდნენ ბორნებისათვის. სავარაუდოდ, აქ ოთხი-ხუთი ბორანი უნდა ყოფილიყო.
22. კარიბჭე, რომლის ნაშთები თეთრი ჟასმინით არის დაფარული.
23. გამაგრებული კოშკი, რომელსაც მამა კაპუცინებმა თავიანთი სასწავლებელი მიაშენეს; თითქმის მთელი ეს პლაცდარმი ამჟამად მათი საკუთრებაა. შუაში ხის ეკლესია იყო აღმართული, დღეს კი აპირებენ იგი შეცვალონ ქვის ეკლესიით, რომელიც ალბათ დაიტევს კათოლიკე სომხების მრავალრიცხოვან მრევლს; ეს უკანასკნელი კი ქუთაისში დღითი დღე იზრდება. ამ ეკლესიის საძირკველი უკვე მზად არის; მისი გათხრის დროს მიწაში იპოვეს ვერცხლის მონეტებით სავსე ქოთანი წმ. ევგენის გამოსახულებითა და ბერძნული წარწერით.
E. გაუმაგრებელი ქალაქი, რომელიც აღმოსავლეთით, უსწორმასწორო ფერდობებზე და პლატოზე იყო გადაჭიმული. აქ რამდენიმე ქუჩა და ძველი გზები ადვილად ამოსაცნობია. ვხდებით გზის პირას ჩამწკრივებული უამრავი ქვის სახლის ნანგრევებს ან საძირკვლის ნარჩენებს. №24-ით აღნიშნული სახლი ერთადერთია, რომელიც კარგად არის შემონახული.
25. უძველესი და ნანგრევებად ქცეული წმ. გიორგის ეკლესია; იგი არაფრით არ არის მნიშვნელოვანი. მის გარშემო ძველი ლეღვის ხეებითა და ბაღის ფრთათეთრათი დაბურული სასაფლაოა.
26. კიდევ ერთი დანგრეული ეკლესია, მრავალრიცხოვანი მინაშენების ნაშთებით. სწორედ ამ ადგილიდან გავაკეთე ძველი ქუთაისისა და ფაზისის ხეობების ხედის ჩანახატები ატლასი, II სერია, ფურც. ა.
27. დიდებული სახლი, ციხის მსგავსად მტკიცე, თლილი ქვით ნაშენი გალავნით გარშემოვლებული.
28. ძველი ბაზარი.
29. ხის ქალაქის ადგილი.
30. აგურით ნაშენი ყველაზე ძველი უბანი; ამჟამად აქ შენობები თითქმის გამქრალია, ჩანს აგურების გროვა ქვების გარეშე; ზოგიერთი მათგანი ძალზე დიდი ზომისაა.
31. მთლიანად დანგრეული ქვის ძველი ეკლესიები თუ სამლოცველოები; ისინი ულამაზეს ადგილას იყვნენ განლაგებულნი. ერთ-ერთი ამ სამლოცველოს ძირში, გზისპირას, მთის პლატოდან ძნელად მისადგომი, ღრმა უფსკრული ეშვებოდა; წვიმის წყალი სწორედ ამ უცნაურ ძაბრში ჩაედინებოდა, რომელიც ცარცოვან კლდეში გაჩენილ უზარმაზარ ნაპრალს წარმოადგენდა.
32. მარცხენა ნაპირზე მოჩანს რიყის ქვით ნაგები ხიდის ბურჯის ნაშთები, რომლის ბოლოშიც, აღმოსავლეთით, თურქული აბანო იყო.
33. აქვე ჩანს მეორე ხიდის ბურჯებიც; ეს ხიდი პირდაპირ ციხისკენ მიმავალი ფენილი ქუჩით ბოლოვდებოდა.
34. ძველ ბურჯებზე დაშენებული ახალი ხიდი.
35. მეოთხე ხიდის ბურჯები; ამ ხიდით ერთი ნაპირიდან მეორეზე ისე გადადიოდნენ, რომ მდინარისპირა კლდეებზე ასვლა აღარ სჭირდებოდათ.
F. რიონის მარცხენა ნაპირზე გაშენებულია დაბლა-ქალაქი. იგი თითქმის მთლიანად ხით იყო ნაგები. ჩანს მხოლოდ ხუთი-ექვსი ხის ეკლესიისა თუ სამლოცველოს ნანგრევები. ერთ-ერთ მათგანში დღეს სახელმწიფო ბაღის მებაღე ცხოვრობს, მეორე კი მმართველის სასახლის სამზარეულოდ არის გადაკეთებული.
ახალი რუსული ქალაქი ძველი ქალაქის ადგილზე გაშენდა: ა არის სამხედრო ჰოსპიტალი, ბ ყაზარმები, ც ბაზარი, დ დიდი მოედანი, ე სახელმწიფო ბაღი, ფ მმართველის სახლი, გ ებრაელთა უბანი სინაგოგით.
G. „იმერეთის მეფეთა ძველი რეზიდენცია (მანამ, სანამ ამ მხარეს რუსეთი დაეპატრონებოდა). აქ უამრავი ნაგებობა გარშემოვლებული იყო უძველესი კედლებით და ერთი თხრილით, მათგან დღეს მხოლოდ ნაკვალევია შემორჩენილი. გიულდენშტედტის დროს ამ ადგილს „ოქროს ჩარდახს“ (ანუ გალერეას) უწოდებდნენ. პროკოპის თხზულების მიხედვით, ეს უბანი იყო პირვანდელი ქუთაისი, ბერძნების კუტაია, აიეტის სამშობლო, რომელიც ლაზებმა (მას რომ „ქუთათისიუმს“ უწოდებდნენ) მეფე გუბაზის დროს დაანგრიეს, რათა სპარსელებისათვის არ ჩაებარებინათ; მაგრამ სპარსელებმა 551 წელს, მერმერეოსის დროს, აღდგინეს ქუთათისიუმი, რათა იგი თავიანთ ძირითად ადგილსამყოფელად ექციათ. შემდგომში, როდესაც ლაზებმა კვლავ უკან დაიბრუნეს ქალაქი, ადგილობრივ მეფეები აქ ხშირად იწყობდნენ საკუთარ რეზიდენციას.
36. ამ რეზიდენციის ძირითადი ნაგებობა დღეს მთლიანად დანგრეულია; პირველი სართული წარმოადგენდა გადახურულ საცხოვრებლებს, მათ ზემოთ კი ხის სართული იყო დაშენებული. 1650 წელს, როდესაც რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის ძის ელჩები ნიკიფორე ირბახის (ჩოლოყაშვილის) მეთაურობით იმერეთის მეფე ალექსანდრეს ეახლნენ, ამ დიდი ოთახების ყველა კედელი დაფარული იყო ნახატებით, რომლებზეც ალექსანდრეს წინაპარ მეფეთა საბრძოლო სცენები იყო ასახული. სასახლის უკან გადაჭიმული იყო ხეებით დაბურული დიდი ბაღი.
37. მეორე, ქვის სასახლე, ნაწილობრივად რიონზეა გადმოკიდებული, სამი თაღით ანუ არკადით. მას უფრო ბეღელის შესახედაობა აქვს.
38. სამეფო ეკლესია, რომელიც დღეს რუსულ ეკლესიად არის გადაკეთებული.
39. საკმაოდ ლამაზი ფორმის იზოლირებული სამრეკლო; უწინ იგი მეფის რეზიდენციის შესასვლელ კარს წარმოადგენდა. შემორჩენილია რამდენიმე მშვენიერი ხე, რომელთა ჩრდილიც სამრეკლოს ფარავს.
H. ქუთაისის განსაკუთრებულად გამორჩეული და ქალაქიდან მოშორებით მდებარე უბანი, რომელიც ბუნებრივადაც და გალავნითაც არის დაცული. აქ არანაკლებ ოთხი ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. ეს უბანი, სავარაუდოდ, რომელიღაც დიდებულს ეკუთვნოდა, რადგან #40 ერთ-ერთი იმ კვადრატულ, გადახურულ კოშკთაგანია, რომელიც მტრის შემოსევის დროს თავდაცვისათვის გამოიყენებოდა: თაღოვანი ღიობით ხალხი კოშკში ადიოდა და იქ აფარებდა თავს.
41. ქალაქის ამ ნაწილს წყლით ამარაგებდა მშვენიერი წყარო (წყალსადენით), მისი ტემპერატურა რეომიურით 8,50-ია.
42. დაბოლოს, ფაზისისაკენ ჩამავალ კლდის ფერდობზე, ძალიან ლამაზ გარემოში, მომწვანო ქვიშაქვისაგან ნაგები პატარა სამლოცველოს ნანგრევებია. დასავლეთისაკენ მიმართულ მის შესასვლელს ნახევარწრიული თაღი აქვს. დიდ ქვაზე, რომელიც მის ზედაპირს ფარავდა, უწინ წარწერა იყო მოთავსებული. ახლა ქვა კლდის ძირში ეგდო და მეც ჩავედი წარწერის გადმოსაღებად; რადგან ქვის კუთხეები უკვე ჩამომტვრეული იყო, წარწერის სრული მნიშვნელობა ვერ გავარკვიე, ყოველი შემთხევისათვის, გადმოვიღე ის, რაც გადარჩა. ჩემი თხოვნით, მისი თარგმანი ბ-მა ბროსე-უმცროსმა შეასრულა: „…[ძე]… მეფე ბაგრატიდმა [ააშენა] მთავარანგელოზების ეს წმინდა ეკლესია, გაბრას მონაწილეობით 6617 წელს“.
ეს თარიღი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცსვის 1109 წელს შეესაბამება, ადასტურებს, რომ ეს პატარა ეკლესია აგებული ყოფილა სახელოვანი დავით III დროს, რომელსაც მეტსახელად აღმაშენებელი უწოდეს. მანვე ააგო წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი გელათში. მისი ზეობა 1089 წლიდან 1124 თუ 1126 წლამდე გრძელდებოდა. ბაგრატიდის სახელის წინ, რომლითაც, როგორც აღვნიშნე, ეს ნაკლული წარწერა იწყებოდა, დატოვებული იყო მხოლოდ ოთხი ასოს ადგილი, სავარაუდოდ აქ იმ ბაგრატიდის სახელი იგულისხმება, რომლის შესახებაც წარწერაშია საუბარი. ამ ასოებიდან შემორჩენილია მხოლოდ „რ“, რომელიც დემეტრეს დავით III-ის ძისა და მემკვიდრის სახელის ბოლო ასო უნდა იყოს. იგი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იყო ჩართული სახელმწიფო საქმიანობაში და ცნობილი იყო თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობით. შესაძლებელია, ეკლესიის ქვემოთ განლაგებული, გალავანშემოვლებულ ნაგებობათა მთელი ეს ანსამბლი მისი, როგორც მეფის ძის, საუფლისწულო მამული და რეზიდენცია იყო.
ამ ეკლესიის ქვემოთ, კლდეში ამოკვეთილია მრავალი მღვიმე და სავარაუდოა, რომ აქ გადიოდა მიწისქვეშა გზა, რომლის მეშვეობითაც უკავშირდებოდნენ ეკლესიის პატარა ეზოს; შემორჩენილია მისი კვალიც… ეკლესიის გვერდით, კლდის უკანა მხარე დაფარულია უზარმაზარი კვადრატული საფლავის ქვებით, ისევე, როგორც ეს ბრეტანშია. შვიდი-რვა ფუტის სიგანის ფილები ქმნიან კვადრატს, რომელიც ასევე სხვა ფილებით არის დაფარული. ასეთი სახის საფლავის ქვები კავკასიის უძველეს მოსახლეობას ჰქონდა და მოგვიანებით მე ის ზემო რაჭის მცხოვრებლებთანაც აღმოვაჩინე.
თარგმანი მოამზადეს ლელა მიქიაშვილმა და გიორგი სანიკიძემ

Комментариев нет:

Отправить комментарий