1652 წ. აგვისტოს, თეიმურაზმა ერეკლე/ნიკოლოზი თავის დედა ელენე დედოფალთან და ასკაციან ამალასთან ერთად მოსკოვს გაგზავნა. მგზავრებს თავს დაატყდათ დიდი უბედურება: _ ჩერკასსა და თერგს შორის თავს დაესხნენ ყუმუხების რაზმები, რომლებმაც უფლისწულის ამალის წევრების ნაწილი ამოხოცეს1, ნაწილი დაატყვევეს, ხელთ იგდეს მთელი მათი ავლადიდება, მათ შორის მოსკოვის მეფისათვის განკუთვნილი საჩუქრების უდიდესი ნაწილი. როგორც უფლისწულის თერგიდან გაგზავნილმა შიკრიკმა მოსკოვში განაცხადა, უფლისწული ერეკლე, მისი დედა ელენე და გადარჩენილი თანმხლებლები, დარჩნენ „სულითა და სხეულით შიშველი და ფეხშიშველი“2. ამალის წევრმა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა, გადარჩენილების თერგის ციხეში მიყვანა შესძლო. უფლისწულმა თერგიდან მოსკოვში გაგზავნა ბერი თეოფანე წერილით. უფლისწული, რომელსაც ჩასაცმელიც კი აღარ ჰქონდა, დახმარებას ითხოვდა. ხელმწიფემ, იმავე თეოფანეს ხელით, დაზარალებულებს გაუგზავნა: უფლისწულისათვის სპარსული ოქროქსოვილი ქამხა, დედოფლისათვის ხუთი არშინი შავი მაუდი და თეოფანეც ისეთივე ქსოვილით დაასაჩუქრა, როგორითაც უფლისწული. ხელმწიფემ ერეკლეს აცნობა, რომ ბოიარ ი. პ. პრონსკისა და ასტრახანის ვოევოდებს დაავალა, უფლისწული და დედოფალი ასტრახანში მიეღოთ და გაზაფხულზე მოსკოვში გასამგზავრებლად უზრუნველეყოთ საჭირო გემებითა და გამცილებლებით3.
1. Сношения
России с Кавказом, ც. 262. უფლისწულსა და დეოფალს ცალცალკე ამალა ჰყავდათ. ერეკლეს 31 კაცი მოუკლეს, ელენე დედოფალს _ 12 (ტივაძე თ., თეიმურაზ პირველის საგარეო პოლიტიკა, გვ. 163, შენ. 124). მოკლულთა შორის იყო თეიმურაზ მეფის მიერ მოსკოვში ელჩად გაგზავნილი ივანე.
2. პაიჭაძე გ., მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (1652-1658).
„საისტორიო მოამბე“, 19-20, თბ., 1965, გვ. 445.
3. იქვე, Переписка, с. LX-LXI.
თერგიდან თეიმურაზსაც აცნობეს მომხდარის შესახებ. ერეკლეს მოსკოვში გამგზავრების მიზეზები და თავგადასავალი ბერი ეგნატაშვილს გადმოცემული აქვს შემდეგნაირად: „მაშინ ბატონი თეიმურაზ იყო მუნვე იმერეთს დიდად გლახაკად, უღონოდ საჭურჭლითა და საზრდელითა, მოუძლურებული წლისა სამოცდაათისა და ვერღარა ძალედვა წინააღდგომად როსტომ მეფისა ფრიადისა უძლურებისაგან. და დიდად მოკლებულ იქნა საზრდელთა და საჭიროთა სახმართაგან.
მაშინ წარგზავნა შვილისშილი თვისი ერეკლე რუსეთის ხელმწიფესთანა და შეემთხვივნეს წინა ავაზაკნი და მათ მოსრნეს პირითა მახვილისათა ყმანი ერეკლესნი და კნინღა თვით განერა, რამეთუ ერეკლე ყრმა იყო, მათგან მოუწყლულელად, და დასტაცეს მხევალნი და ბარგნი. და წარიყვანეს თვით რუსეთსა და მივიდა ხელმწიფეს თანა“ (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 430-431).
როგორც XVII ს. 50-იანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, თერგთან ქართველებზე თავდამსხმელების მიზანი ერეკლე უფლისწულის დატყვევება და მისი შაჰისათვის
გადაცემა იყო.
შაჰ აბას II-ის კარის ისტორიკოსი მოჰამად თაჰერი გადმოგვცემს რა რუსეთ-საპარსეთის ურთიერთობაზე, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუარესება თეიმურაზ I-ის ბრალი იყო. როგორც ჩანს, შაჰის კარზე კარგად იცოდნენ თეიმურაზ მეფის მიერ 1639 წ. 25 აპრილს მოსკოვში გაგზავნილი და ზემოთ განხილული იმ ვრცელი წერილის შინაარსი, რომელშიც კახეთის მეფე თერგის ციხის აღდგენას ითხოვდა, რაც კიდეც განხორციელდა.
თაჰერის მიხედვით, აბას II-ის გამეფების შემდეგ ირანის ხელისუფლება რუსეთის მიმართ ტრადიციულად დათმობების პოლიტიკას აგრძელებდა, არაფრად ჩააგდო რუსების მიერ თერგის ციხის ჩადგმა, მაგრამ, თავის სამეფოდან გაძევებულმა თეიმურაზმა, კიდევ მეტი მოინდომა, მოსკოვში შვილიშვილი გაგზავნა და რუსთ ხელმწიფე რუსეთ-ირანის საზღვარზე სხვა ციხეების ჩადგმაზეც წააქეზა. მისი ამგვარი მოქმედება იყო მიზეზი, რომ შაჰი იძულებული გახდა იარაღით დაეცვა თავისი ინტერესები. ამგვარად, თაჰერის თქმით, თეიმურაზმა „მიმართა რუსის ხელმწიფეს და თავისი უფროსი შვილიშვილი გაგზავნა მასთან და დახმარება და შველა ითხოვა. მან მზაკვრულად ურჩია [რუსთ ხელმწიფეს], რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ ყოი-სუს ციხის სანახებში რამდენიმე სხვა ციხეც იქნება აშენებული, რომლებითაც ჩაიკეტება ჩერქეზიდან [ღვთის მიერ] დაცულ ქვეყანაში (ირანში) მოსასვლელი გზა და თუ რუსების [მხრიდან] დახმარება წამოვა საქართველოს ოლქში, _ ეს (ე. ი. დახმარების გამოგზავნა) ადვილად მოხერხდებაო. და რუსთა ქვეყნის ვალიც მოტყუვდა მისი ვერაგობით და რამდენიმე ციხე ხსენებულ სახანოებში ააშენა და დანიშნა რაზმი მათ მცველად“1.
ბუნებრივია, შაჰი თვალს ადევნებდა თეიმურაზის მოსკოვთან კონტაქტებს და ყოველმხრივ ცდილობდა ხელის შეეშალა. თანაც ეს ისე უნდა გაკეთებულიყო, რომ ირანის ხელი არ გამოჩენილიყო. მაგრამ მაინც ცნობილი გახდა ყუმუხები რომ შაჰ აბას II-ის მითითებით მოქმედებდნენ: 1658 წელს შაჰის ელჩმა დაკულ სალტანემ, მოსკოვში ბოიარებთან საუბრისას განაცხადა, რომ უფლისწულსა და მის დედა ელენეს თავს დაესხნენ ყუმუხელი ფეოდალები, რომლებმაც უფლისწულის ამალის დატყვევებული წევრები, შაჰს გაუგზავნეს2.
რუსების მიერ ახალი ციხეების ჩადგმის შესახებ შაჰს შირვანის ბეგლარბეგმა ხოსროვ ხანმა მოახსენა. შაჰმა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მუსლიმან მმართველებს უბრძანა ხოსროვ ხანის დროშის ქვეშ შეკრებილიყვნენ. მათ შეუერთდნენ დარუბანდის, დაღესტნის და წახურის რაზმები და ყველა ახალი ციხე დაანგრიეს3.
1. თაჰერი, გვ. 384
2.
Армяно-русские отношения в XVII веке. Сборник
документов под ред. проф.
В. А. Парсамяна, Ереван, 1953, с.
21.
3. იქვე, გვ
385.
ეს ამბები წინ უძღვოდა ერეკლე ბატონიშვილის მოსკოვში გამგზავრებას. ხოლო რაც ციხე-ქალაქ თერგის სიახლოვეს გადახდა უფლისწულსა და მის მხლებლებს, ამაზე უკვე ითქვა. როცა თეიმურაზმა უფლისწულსა და მის ამალაზე თავდასხმის ამბავი გაიგო, ალექსი მიხეილის ძეს დაუყოვნებლივ
მისწერა, რომ ეს თავდასხმა როსტომ მეფის მოწყობილი იყო, რომელმაც „ყუმიკებს გაუგზავნა დიდი მოსაკითხი და შეუთვალა, რომ თეიმურაზმა თავის შვილიშვილი, ბატონიშვილი დედასთან ერთად გაგზავნა, დაიჭირონ და მას გამოუგზავნონ,
ის კი მათ ყიზილბაშთა შაჰს გაუგზავნის“1.
თეიმურაზის შვილიშვილის მოსკოვში გამგზავრების წინააღმდეგ, შაჰის ბრძანებით, განსაკუთრებით აქტიურობდა თაჰერის მიერ დასახელებული
ხოსროვ (ხუსრევ, ხესრევ) ხანი. 1653
წ. 30 აპრილს თერგში ვინმე მინიატკა ვაჭარს უთქვამს, რომ დარუბანდში ყოფნისას საკუთარი თვალით ნახა, რომ „...შემახიის ხუსრევ ხანი დარუბანდში დიდძალი ლაშქრით იდგა. მასთან განჯის ხანი და შაჰის სხვა ქალაქებიდან
სამი სულთანი იყო დიდძალი მხედრობით. ისინი დარუბანდში შაჰის ბრძანებით იყვნენ მოსული. იმ ხესრევ ხანს ნაბრძანები აქვს ყიზილბაშთა ლაშქრით და ყუმუხელთა მხედრობით თერგთან მივიდეს და ბატონიშვილი
დედითურთ გამოითხოვოს. თუ ხანს მათ არ გადასცემენ, მაშინ მას, ხანს, ნაბრძანები აქვს თერგის ქალაქი აიღოს“2.
როდესაც იარაღითა და ჯარით უფლისწულის ხელში ჩაგდება ვერ მოხერხდა, შაჰის აგენტები (მაგ.: ასტრახანში ვინმე „ქართველი პოტაპკო“) თერგიდან მშვიდობიანად
გამგზავრებული უფლისწულის მხლებლებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ და ურჩევდა მოსკოვში წასვლა გადაეთქმევინებინათ და შაჰთან გამგზავრება ერჩიათ3.
ი. ცინცაძე ვარაუდობდა, რომ ქართველი პოტაპკო შეიძლება როსტომ მეფის რუსეთში ელჩის მიერ მიჩენილი პირი იყო4.
1. ნაკაშიძე ნ.,
წიწამურიდან ბახტრიონამდე, გვ.
188.
2. ტივაძე თ.,
მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკური ისტორიისათვის XVII ს-ის მეორე ნახევარში, `საისტორიო მოამბე~, ტ.
45-46, თბ., 1982, გვ.
21, #14.
3. ნაკაშიძე ნ.,
დასახ. ნაშრ., გვ.
191.
4. ცინცაძე ი.,
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის
წარსულიდან, გვ. 265.
ამგვარად, უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ქართველი უფლისწულის მოსკოვში გამგზავრება
ირანის შაჰმა აღიქვა, როგორც თეიმურაზის პოლიტიკის გამაგრძელებელი შვილიშვილის მეთაურობით რუსეთის ჯარის საქართველოში
გამოჩენის პერსპექტივა. ასეთივე შეშფოთებას განიცდიდა როსტომი, რომელსაც ეშინოდა არა იმდენად ქართველი ხალხის სიუზერენის შეცვლისა, რამდენადაც თეიმურაზისათვის წართმეული სამფლობელოების დაკარგვისა1.
როდესაც ერეკლეს მოსკოვში გაგზვნას, როგორც საქართველო რუსეთს შორის ურთიერთობის
ახალი ეტაპის დასაწყისს აფასებდა, შაჰი არ ცდებოდა. არ შეიძლება ყაზვინში არ სცოდნოდათ, თუნდაც ლევან დადიანის აგენტურის წყალობით მაინც, რომ იმერეთის უფლისწულის მოსკოვში გაგზავნასაც ფიქრობდნენ. ამიტომაც შაჰ აბას II და როსტომ მეფე ყველაფერს აკეთებდნენ ამ პროცესის შესაჩერებლად.
ერეკლეს მოსკოვში წასვლას, როგორც დიდ მოვლენას რომ აღიქვამდა მოსკოვის ხელმწიფის კარიც, ნათლად გამოჩნდა უფლისწულის მიღებასა და მისადმი შემდგომი მოპყრობის დროს, მაგრამ იმდრონდელი რუსეთის საგარეო და საშინაო მდგომარეობა არ იძლეოდა ამ მომენტით სრულად სარგებლობის საშუალებას. როგორც შემდეგში გამოჩნდება, ვერც თეიმურაზ მეფემ მიიღო ის შედეგი, რასაც იგი უფლისწულის ხელმწიფის კარზე გაგზავნით მოელოდა.
1653 წ. 27 დეკემბერს ერეკლე მოსკოვში ჩავიდა2. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ელჩები _ თავადი ქაიხოსრო და არქიმანდრიტი გერმანე თეიმურაზ მეფის მიერ გატანებული წერილებით.
1654 წლის 1 იანვარს ალექსი მიხეილის ძემ მეფისწული და ელჩები მიიღო და მეფეების _ თეიმურაზისა და ალექსანდრეს წერილები ჩაიბარა. თეიმურაზი ხელმწიფეს ყიზილბაშებისაგან დაცვა, ფული, 5-6 ათასი მეომარი, დროშა, ქვემეხების ჭურვები და კალატოზები სთხოვა, `რათა ძველებურად თავის სახელმწიფოში, თავისი მამის ტახტი დაიკავოს“. ელჩები მოწმენი იყვნენ, რომ ხელმწიფეს არ შეეძლო თეიმურაზ მეფისათვის შეიარაღებული ძალით დახმარება, რადგან რუსეთი რეჩ პოსპოლიტასთან ომისათვის ემზადებოდა3.
1. Накашидзе
Н. Т., Ук. труд, с. 178.
2. მოსკოვში ერეკლეს დიდი ზეიმით მიღებისა და მისი იქ ცხოვრების შესახებ დაწვრ. იხ. ტატიშვილი ვლ., ქართველები მოსკოვში, თბ., 1959, გვ. 107-166.
3. პაიჭაძე გ., მასალები..., გვ. 446.
ავტორი: ე. მამისთვალიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий