суббота, 7 июля 2018 г.

რეზა ალი დივანბეგის მოგზაურობა საქართველოში (1916-18 წლ)

რეზა ალი დივანბეგი ქურთისთანი დაიბადა 1892 ან 1893 წელს ქურთისტანელი დიდგვაროვნის და წარჩინებული მოხელის მირზა ჰოსეინ დივანბეგის ოჯახში. დიპლომატიური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მან საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა. იყო მეჯლისის V, VI და VII მოწვევის დეპუტატი. 1916 წელს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰთაშემ ას-სალთანე ესფანდიარიმ რეზა ალი კავკასიაში გააგზავნა. მოგზაურობა მას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია. უკანა გზაზე ის საქართველოსაც ეწვია და გარკვეული ხანი თბილისში დაჰყო. მისი მემუარული თხზულება მოგზაურობა პირველი მსოფლიო ომის დროს ამ მოგზაურობის ჩანაწერებს წარმოადგენს. როგორც ტექსტიდან ჩანს, ავტორს ის გაცილებით უფრო გვიან, სავარაუდოდ 1940-იან წლებში გადაუმუშავებია - მასში გვხვდება ეპიზოდები, რომლებიც ომისშემდგომ პერიოდს ეხება. სხვა ირანელი მოგზაურებისგან განსხვავებით, რეზა ალი დივანბეგი ზუსტ თარიღებს არ ასახელებს და მოგზაურობის ქრონოლოგიური ჩარჩოების დადგენაში, ძირითადად, წიგნში აღწერილი ცნობილი ისტორიული მოვლენები გვეხმარება. თბილისში ის იმყოფებოდა 1918 წლის აგვისტოში ან სექტემბრის პირველ ნახევარში, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლების ორგანოდ ასახელებს კასპიის ზღვის მმართველობას, რაც უნდა გულისხმობდეს ცენტროკასპიის დიქტატურას, რომელიც აზერბაიჯანს მართავდა 1918 წლის პირველი აგვისტოდან 15 სექტემბრამდე. რეზა ალი დივანბეგი დაკვირვებული და მიუკერძოებელი მთხრობელია. მისი მოგზაურობის წიგნი თუმცა ინფორმაციული თვალსაზრისით არსებით სიახლეს არ შეიცავს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, როგორც თვითმხილველის უშუალო შთაბეჭდილებები. ის ცოცხლად გვიჩვენებს თბილისის ცხოვრებას საქართველოს ახალი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ პერიოდში.
მოგზაურობა პირველი მსოფლიო ომის დროს (1916-1918)
სახიფათო გარემო (1918)
იმ დროს კავკასიის სხვადასხვა რეგიონში ასეთი პოლიტიკური და სოციალური ვითარება იყო: რუსეთში რევოლუციის დაწყებისა და ბოლშევიკებსა და გერმანიას შორის ზავის დადების შემდეგ ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხი აჯანყდა. მათმა წარმომადგენლებმა თბილისში სახალხო საბჭო და ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს. მიუხედავად ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებისა ყარსის ვილაიეთის გადაცემის შესახებ, მისი წევრები თურქეთში არ წავიდნენ. მათ უნდოდათ, კავკასიის საზღვრები ოსმალეთის აგრესიისგან დაეცვათ, მაგრამ ამ სამი ხალხის წინამძღოლების უთანხმოებისა და აზერბაიჯანელებისა და სომხების დაპირისპირების შედეგად ეს კავშირი მალევე დაიშალა და თითოეულმა დამოუკიდებელი მმართველობა გამოაცხადა.
ქართველები გერმანელებს დაუკავშირდნენ და გერმანიის მთავრობამ თბილისში სამხედრო რაზმი ჩააყენა, რითიც საქართველოში შედარებით წესრიგი დამყარდა.
აზერბაიჯანელმა რევოლუციონერებმა მას შემდეგ, რაც ბაქო დაკარგეს, ქალაქი განჯა . . კავკასიის აზერბაიჯანის ცენტრად გამოაცხადეს და ოსმალეთის მთავრობას დახმარება სთხოვეს. თურქული რაზმი ნური ფაშას მეთაურობით მათ დასახმარებლად თავრიზი-ჯულფას გზიდან შემოვიდა. ამასობაში, სომხების წინამძღოლმა, რომელიც დამოუკიდებლად იბრძოდა, დაშნაკების თავგანწირვის მიუხედავად ძალაუფლება დაკარგა. ოსმალებმა სომხეთის დასავლეთი ნაწილი მიიერთეს და მოწინააღმდეგეს მოსთხოვეს, აღმოსავლეთი სომხეთიც აზერბაიჯანისათვის გადაეცა.
ქალაქი ბაქო ნავთობის დიდი მარაგის გამო როგორც კავკასიის, ისე სხვა სახელმწიფოებისა და ხალხების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა და გამუდმებით ხელიდან ხელში გადადიოდა. მოსკოველ რევოლუციონერებს არ უნდოდათ, რომ ბაქო ხელიდან გაეშვათ, ამიტომ ათასგვარი მაქინაციებით იქ კომუნისტური მმართველობა დაამყარეს. რამდენიმე ათასი შეიარაღებული სომეხი, რომელიც მეფის რუსეთის ჯარში მსახურობდა და სომხეთში ვერ მიდიოდა, შეაგულიანეს, რომ ბაქოში წასულიყვნენ და იქ გამაგრებულიყვნენ, სათავეში კი ერთ-ერთი სომეხი ლიდერი სტეფანე შაუმიანი ჩაუყენეს.
ამ კაცმა, რომელიც ლენინის ძმადნაფიცი იყო, ბაქოს ბოლშევიკური მთავრობა ჩამოაყალიბა, შაქი და შირვანი დაიმორჩილა და ოცდაათ ათასზე მეტი მუსლიმი მოსახლეობა გაწყვიტა. ამ ნაბიჯით შაუმიანსა და მის მიმდევრებს უნდოდათ, რომ რეგიონში სომეხი მოსახლეობის პოზიციები გაემაგრებინათ.
ამასობაში გერმანელებმა ბაქოს ხელში ჩასაგდებად მოსკოველ ლიდერებთან ფარული შეთანხმება დადეს, რომ შაუმიანის დასახმარებლად ასტრახანის მხრიდან ძალებს გაგზავნიდნენ, რათა ის ოსმალეთის თავდასხმისგან დაეცვათ, თუნდაც ამ საქციელით თურქეთის მოკავშირეებს დაპირისპირებოდნენ.
მაგრამ სწორედ ამ დროს ბაქოს რევოლუციონერებმა (მენშევიკებმა) ანუ სოციალისტებმა სისხლისმსმელ ბოლშევიკებთან [ბრძოლაში] უპირატესობას მიაღწიეს, გადატრიალება მოაწყვეს და ენზელის პორტში მდგარ ინგლისელ ჯარისკაცებს დახმარება სთხოვეს, რათა მათ გერმანელებისა და ოსმალების ბაქოში შესვლა არ დაეშვათ. ამჯერად შაუმიანსა და მის მეგობრებს მოუწიათ ბაქოდან გაქცევა და ქალაქში . . კასპიის ზღვის მმართველობა დამყარდა, რომელსაც ინგლისი მფარველობდა.
მე სწორედ ამ არეულობის დროს ჩავედი თბილისში და ჰოტელ ორიანტში გავჩერდი. გარეგნულად ძალიან კარგი სასტუმრო იყო. 24 საათის უჭმელი ვიყავი, ამიტომ მსახურს ვკითხე, რესტორანი ჰქონდათ თუ არა და პირველ სართულზე მიმასწავლა.
ხელ-პირი დავიბანე და ქვევით ჩავედი. დიდი და კეთილმოწყობილი რესტორანი სრულიად ცარიელი იყო. მაგიდას მივუჯექი და დაველოდე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. ერთ კუთხეში ხის პატარა ჯიხურში შავებში ჩაცმული ქალი რვეულსა და საბუღალტრო წიგნაკს ჩაჰკირკიტებდა. მივუბრუნდი და რუსულად ორი სიტყვა ვუთხარი: სადილი არა გაქვთ (აბედ ნეტ)? გაკვირვებულმა მიპასუხა: ნაშუადღევს 4 საათზე იქნება.
გაირკვა, რომ აქ ასეთი წესი იყო. როცა დაინახა, რომ ახალი მოსული ვიყავი და აქაური წესები არ ვიცოდი, დამპირდა, რომ შესაძლოა მანამდეც მოემზადებინათ. ერბო-კვერცხი (ომლეტი) მოვითხოვე. ოფიციანტს დაუძახა და შეუკვეთა. ომლეტის მომზადება ოთხ საათამდე გაგრძელდა. ამასობაში საშინლად მომწყურდა და გარსონს ვთხოვე, რომ ერთი ჭიქა წყალი მაინც მოეტანა. მან ისეთი გაბრაზებით შემომხედა, რომ მადა დამეკარგა. მიზეზს ვერ მივხვდი.
მერე იმ უგემურ საჭმელში 10000 ქართული მანეთი მომთხოვეს. მე ამდენი ფული არ მქონდა. ბუღალტერი ქალის მითითებით 2000 ცარსკი მანეთი გადავიხადე, რაც იმ დროს ირანულ ფულზე დაახლოებით 20 თუმანი იყო (მეფის რუსეთის უგარანტიო ბანკნოტის ფასი და კრედიტუნარიანობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ახალი რესპუბლიკების ახლადგამოშვებული ბანკნოტების ფასი).
ისე, როგორც სხვაგან არის მიღებული, ოფიციანტს გასამრჯელოდ 100 მანეთი ქაღალდის ფული მივეცი. გაბრაზდა და მაგიდაზე დააგდო. ვიფიქრე, ეცოტავა-მეთქი და კიდევ ერთი ასმანეთიანი დავუმატე. კინაღამ თავში ჩამარტყა.
ისევ ის ბუღალტერი ქალი დამეხმარა და ამიხსნა, რომ რადგან თბილისში სოციალისტური მმართველობა იყო, ოფიციანტისთვის ძველებურად გარსონის დაძახება აღარ შეიძლებოდა, ამხანაგი (თავარეშ) უნდა გეწოდებინა. თანაც, თურმე, ოფიციანტის გასამრჯელო ანგარიშში შედიოდა და მისთვის ზედმეტი თანხის მიცემა შეურაცხმყოფელი იყო...
აქ მინდა სხვა საკითხს შევეხო: პირველ მსოფლიო ომამდე კავკასიაში და, განსაკუთრებით, ბაქოში 200-300 ათასზე მეტი (მათი რაოდენობა სეზონურად იცვლებოდა) ირანის ქვეშევრდომი, ძირითადად, აზერბაიჯანის და გილანის მცხოვრები იყო. ისინი ვაჭრობასა და ხელოსნობას ეწეოდნენ. კავკასიელები მათ და, საერთოდ, ირანის მთელ მოსახლეობას როგორც თანამემამულეებს, ისე ექცეოდნენ.
ირანელი მუშები ძველმოდურები და შრომისმოყვარეები იყვნენ და კარგ გასამრჯელოს იღებდნენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ბაქოს ნავთობის საბადოებზე მუშაობდა. ქალაქებსა და დაბებში ირანელი ხელოსანიც ძალიან ფასობდა და ისინიც კარგად ცხოვრობდნენ. მათ უმრავლესობას ორზე მეტი საამქრო ჰქონდა და შეძლებულად ითვლებოდა. ამიტომ ირანის ხელისუფლებამ თავის ქვეშევრდომებზე ზედამხედველობის განსახორციელებლად კავკასიის ზოგიერთ ქალაქში საკონსულო გახსნა.
თბილისის მთავარ კონსულს, რომელსაც გენერალურ კონსულს ეძახდნენ, ყველა მათგანი ემორჩილებოდა. კონსულებს კარგი შემოსავალი ჰქონდათ. ისინი ირანის ქვეშევრდომებისგან პასპორტის (ასე ეძახიან ამ რეგიონში თეზქერეს), ვიზის, მარკების და .. გაცემაში უზარმაზარ გადასახადს იღებდნენ. ადმინისტრაციული დანახარჯებისა და ხელფასების თანხის გამოკლებით მთელი ფული თეირანში საგარეო საქმეთა სამინისტროში იგზავნებოდა.
ამგვარად, იმ დროს თბილისში ირანის გენერალურ კონსულს განსაკუთრებული ძალაუფლება და ავტორიტეტი ჰქონდა. ამიტომ უცხო ქვეყანაში მოხვედრილმა გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი, პირველ რიგში ის მომენახულებინა, რათა მისგან ახალი ამბები გამეგო. ჰოტელის შვეიცარმა დროშკა მოიყვანა და მეეტლეს ირანის საკონსულოს მისამართი უთხრა.
გავიარეთ ხალხით სავსე ქუჩები, სადაც შიგადაშიგ ელექტროტრამვაიც დადიოდა და მეეტლემ ერთი მაღალი შენობის წინ ჩამომსვა. ჩემი ყურადღება მიიპყრო ახოვანმა, მხარბეჭიანმა, გრძელწვერა შვეიცარმა, რომელსაც ძველი რუსული ტრადიციით კაზაკის ტანსაცმელი ეცვა. ვუთხარი:
- გენერალური კონსულის ნახვა მინდა.
- არ ბრძანდება.
- მისი მოადგილე?
- აჰმად ხან ამინ დარბარზე ამბობ? კანცელარიაშია.
ამ კაცს ვიცნობდი. ჩემზე წინ სწავლობდა დიპლომატიურ სკოლაში, რომლის დამთავრებისთანავე საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისის საკონსულოს თანამშრომლად დანიშნა. მასთან და მის კოლეგა ყოლამრეზა ნურზადთან შეხვედრამ ძალიან გამახარა, მაგრამ მათ ჩემი დანახვა გაუკვირდათ, რადგან არ იცოდნენ ამ შუა რევოლუციაში თბილისში საიდან და რისთვის ჩამოვედი.

მათი თქმით, იმ დროს თბილისში ირანის გენერალური კონსული ალი მოჰამად ხან შარიფ ად-დოულე იყო, რომელიც მიუხედავად თეირანთან გაწყვეტილი ურთიერთობებისა, ირანის მოქალაქეებზე ზრუნვას ამ არეულობაშიც ახერხებდა. საქართველოს წინა მეფისნაცვლის ჩინოვნიკებიც კი, რომელთა სიცოცხლეს და ქონებას მღელვარების დროს საფრთხე ემუქრებოდა, თავს ირანის საკონსულოს აფარებდნენ. მისი ნებართვით, რამდენიმე გავლენიან პირს თავისი სახლის კარზე ირანის დროშა ეკიდა, რათა რევოლუციონერების თავდასხმის საფრთხე აერიდებინა. ამის გამო შარიფ ად-დოულე თბილისში ისეთი პოპულარობით სარგებლობდა, რომ მას საქართველოს სახელმწიფო მოხელეებიც კი ანგარიშს უწევდნენ.

მაგრამ საკონსულოს ერთი თანამშრომელი, სახელად აბდ ალ-ჰოსეინ ხანი, რომელიც სამუშაო სტაჟის გარეშე, საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით საპასპორტო ხაზინის უფროსად იყო დანიშნული, თავისი მდგომარეობით სარგებლობდა. მან ცოლად მოიყვანა ერევნელი არისტოკრატი ქალიშვილი, ქორწილის ხარჯები სახელმწიფო ქონებიდან დაფარა, ქალაქში თავისთვის მდიდრული ბინა შეიძინა, ქალაქგარეთ კი კავკასიის წინა მეფისნაცვლის დიდი მთავარი ნიკოლოზის სააგარაკე სასახლე გასართობ ადგილად მოაწყო. აბდ ალ-ჰოსეინ ხანმა ქართველი განდევნილი ბატონიშვილები თავის გარშემო შემოიკრიბა და ყოველ ღამე გრანდიოზულ ქეიფებსა და ყომარის თამაშს მართავდა, რაც ხშირად აყალმაყალსა და თოფის სროლაში გადაიზრდებოდა ხოლმე.
ეს აღვირახსნილი ხაზინადარი თეირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მფარველობით სარგებლობდა, სახელმწიფო ფულს თავად განკარგავდა და საკონსულოში რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. მისი უკანონო ქმედებები საქართველოს სოციალისტური მთავრობის კომისრების პროტესტს იწვევდა და ირანის კონსულის რეპუტაციას ზიანს აყენებდა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, უწესრიგობისა და რევოლუციის კვალი დღედაღამ თბილისის ყველა კუთხეში ჩანდა. სახალხო ანუ წითელი გვარდიის ჯარისკაცები, რომლებიც რესპუბლიკის მთავრობის კანონების დამცველები და შემსრულებლები უნდა ყოფილიყვნენ, ხშირად თვითონ არღვევდნენ კანონს და საოცარ საქმეებს ჩადიოდნენ, ანუ წესრიგს არც ცნობდნენ და არც იცავდნენ.
მაგალითად, ერთხელ სატელეფონო პუნქტის კომისარმა საკონსულოს უფროსს შეატყობინა, რომ სახალხო გვარდიის ჯარისკაცებისა და რევოლუციის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების შეჯახებას ერთი ირანელი სტუდენტი ემსხვერპლა და სთხოვა, ვინმე გაეგზავნათ, რომ მისთვის გვამი გადაეცათ.
აჰმად ამინ დარბარი შემთხვევის ადგილზე წავიდა და დაბრუნებულმა რაც ნახა, გვიამბო: ხალხით სავსე ქუჩაში მოკლულები მაჩვენეს და მითხრეს, რომ ჩემი თანამემამულე მეპოვა. მოკლულების საშინელი იერის, გახრწნის სუნისა და სისხლის ნიაღვრისგან კანკალი დამაწყებინა. კომისრის მოხელეები გვამებს ატრიალებდნენ. უცებ თვალი მოვკარი ბერლინში ჩვენი საელჩოს ატაშეს. ვიყვირე, ეს ახალგაზრდა ირანის საელჩოს თანამშრომელია-მეთქი. ამ არამზადებმა კი მხრები გულგრილად აიჩეჩეს.
როგორც გაირკვა, იმ უბედური ახალგაზრდისა და მისი მეგობრების დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ღამით მთვრალებმა საპატრულო რაზმის თანამშრომლებს ჩაუარეს და გაეხუმრნენ. წითელი გვარდიის ჯარისკაცებმა მათ სროლა დაუწყეს (რუსულენოვანი რევოლუციონერების გამოთქმით, სამასუდი მოუწყვეს) ანუ თვითონ გაასამართლეს და დასაჯეს. მოკლული ირანელი (მისი სახელი დამავიწყდა) ადრე თბილისში სწავლობდა, ახლა კი აქ გავლით იყო და ბერლინში გამგზავრებას ელოდა... თბილისის საზოგადოების დასახასიათებლად კიდევ რამდენიმე ინციდენტს აღვწერ:
ერთხელ, რამდენიმე საათი თბილისელი მუსლიმების უბანში (შეითან- ბაზარში) გავისეირნე და იქიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გავედი. მინდოდა, ელექტროტრამვაიში ავსულიყავი. გაჩერებაზე უამრავი ხალხი შეკრებილიყო და ტრამვაის ელოდა. მათში ერთი წითელი გვარდიის ჯარისკაციც ერია. როცა ვაგონი ჩამოდგა, ყველანი კარებს მიცვივდნენ, რომ შიგნით შესულიყვნენ. ამ ჩოჩქოლში ჩემ თვალწინ ერთ მოხუც კაცს თავში მძიმე კომბალი მოხვდა. საწყალმა დაიყვირა და თავ-პირგასისხლიანებული მიწაზე დაეცა! ხალხი აქეთ-იქით მიმოიფანტა.
თურმე, ეს უძლური მოხუცი ტრამვაიში ასვლის დროს შემთხვევით იმ პოლიციელს დაეჯახა, რის გამოც ამ უკანასკნელმა იარაღის კონდახი ისე ჩასცხო თავში, რომ წააქცია!
მეორე შემთხვევა: ერთ დღეს ერთმა კაცმა, დაუდ ხან გორჯიმ, რომელიც ქართველი ბატონიშვილების (კნიაზების) ნათესავი იყო და ირანსა და ირანელებს დიდ პატივს სცემდა, შარიფ ად-დოულე, ამინ დარბარი და მე მიხეილის ქუჩაზე თავის სახლში სადილად დაგვპატიჟა. მან თავისი ორი ლამაზი ქალიშვილიდან ერთი ოფიცერზე გაათხოვა და ახლა უფროსი ქალიშვილის საქორწილო ზეიმის საბაბით უნდოდა უმცროსი ჩემთვის გაეცნო.
სტუმრად წავედით საკონსულოს უფროსის მანქანით, რომელზეც ირანის დროშა იყო აღმართული. ახალმა სიძემ და ქალბატონებმა არა მარტო ჩვენ მიგვიღეს ღირსეულად, არამედ უნიფორმაში გამოწყობილ მძღოლსაც ერთ-ერთ ოთახში საჭმელ-სასმელი მიართვეს და გაუმასპინძლდნენ.
იმ დიდებულ ოჯახში რამდენიმე საათი სასიამოვნო საუბარში გავატარეთ და წასასვლელად მოვემზადეთ. ოჯახის პატრონმა და მისმა სიძემ ქუჩამდე გამოგვაცილეს. დავინახეთ, რომ ჩვენს მანქანასთან სახალხო გვარდიის სამი მთვრალი თანამშრომელი იდგა და მანქანაში ჩაჯდომას ლამობდა. ვკითხეთ, რა უნდოდათ. გვითხრეს: მანქანას და შოფერს სამი- ოთხი საათი ქუჩაში რატომ ალოდინებთ?
თურმე, გადასასვლელზე ტრანსპორტის გაჩერება აკრძალული არ იყო, მაგრამ მათ მძღოლი შეეცოდათ, რომელიც რამდენიმე საათი ქუჩაში დავაყენეთ.
შარიფ ად-დოულემ რუსულად უთხრა: ეს მანქანა ირანის საკონსულოს უფროსს ეკუთვნის, ხოლო რაც შეეხება მძღოლს, ამ სახლში ისიც იყო დაპატიჟებული.
შარიანმა გვარდიელებმა უპასუხეს: მიუხედავად ამისა, სოციალისტურ სახელმწიფოში კაპიტალისტური ქცევა და ქედმაღლობა დაუშვებელია. წავიდეთ და ამ გაუგებრობის მიზეზი კომისრის თანაშემწეს აუხსენით. დაუდ ხანმა მათ უთხრა: გენერალური კონსულის დაკავება არ შეიძლება. (შარიფ ად-დოულეს ქუდზე ყოველთვის ლომის და მზის გერბი ეკეთა) მაგრამ მისი ნათქვამი არაფრად ჩააგდეს.
შარიფ ად-დოულე გაბრაზდა და მძღოლს უბრძანა, მანქანა დაექოქა და წასულიყო. გვარდიელებმა იარაღი მოგვიშვირეს!
ბატონი სიძე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კაპიტნის ჩინი ჰქონდა, შუაში ჩადგა. მუშტის დარტყმით მოიშორეს, მანქანას შეახტნენ და ძალით წაგვიყვანეს კომისარიატში.
როცა იქაურმა უფროსებმა ინციდენტის შესახებ შეიტყვეს, აბეზარი გვარდიელები უფრო მნიშვნელოვან დავალებაზე გააგზავნეს, რომ ჩვენთვის თავი დაენებებინათ. აშკარად, მათი კომისრებსაც ეშინოდათ... ამასობაში, მიუხედავად სოციალისტური წყობილებისა, მდიდარი ბურჟუების დროსტარებისთვის თბილისში უამრავი კლუბი და გასართობი დაწესებულება მუშაობს.
ერთ საღამოს აჰმად ამინ დარბარმა მითხრა: მინდა, სადილად დაგპატიჟოთ ერთ რესტორანში, რომლის ბადალიც თბილისში არ არის. მან შარიფ ად-დოულე, ნურზადი და მე წაგვიყვანა ოპერის შენობის უკან ერთ ლამაზ ბაღში, სადაც ხეების ჩრდილში ჩამწკრივებულ მაგიდებთან ბურჟუაზია შეკრებილიყო და ქეიფობდა.
ფერადი ნათურებით განათებულ ბაღში გულშიჩამწვდომი სასიამოვნო მუსიკა ჟღერდა. გრძელ კაბებში გამოწყობილი ლამაზი მოკრძალებული ქალები სტუმრებს მხიარულად ემსახურებოდნენ, თუმცა აშკარად ეტყობოდათ, რომ ეს მათი პროფესია არ იყო.
იმ რესტორნის მეპატრონეები მეფის რუსეთის არისტოკრატების, მინისტრების და გენერლების ოჯახებიდან გამოსული ქალები იყვნენ. მათ რევოლუციის დროს ყველაფერი დაკარგეს, მოსკოვსა და პეტერბურგში ცხოვრება ვეღარ შეძლეს და თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად დიდი გაჭირვებით ჩამოაღწიეს თბილისში, სადაც ეს კაფე-რესტორანი გახსნეს, რომ როგორმე თავი ერჩინათ.
მოულოდნელად, დავინახე გერმანიის ელჩი გრაფი ფონ შულენბურგი1, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის დაარსების შემდეგ აქ ერთ სამხედრო რაზმთან ერთად ჩამოსულიყო. აჰმად ხანმა მითხრა, რომ ის ამ გაჭირვებულ ემიგრანტ ქალებს მფარველობდა.
გრაფი შულენბურგი ომის დამთავრების შემდეგ თეირანში გერმანიის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა და რამდენიმე წელი ირანში გაატარა. იქ ის დაუახლოვდა ერთ ცნობილ რუს მხატვარს მაკს2, რომელიც რუსეთიდან იყო გამოქცეული. მაკმა ბოლშევიკურ რევოლუციაში ყველაფერი, თავისი ერთადერთი ლამაზი ცოლიც კი დაკარგა და რუსეთის ჩრდილოეთიდან ხორასნის გავლით ფეხით ჩავიდა თეირანში, სადაც რაღაც პერიოდი ცხოვრობდა.
ერთ დღეს გრაფმა შულენბურგმა წარსული გაიხსენა და მე და მაკს გვიამბო: როცა კომუნისტებმა თბილისი აიღეს, ის უბედური ქალები, რომლებიც კაფე-რესტორანში მუშაობდნენ, ისევ გაიქცნენ და სადღაც გაუჩინარდნენ...
შარიფ ად-დოულე თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი გახლდათ და საქმეშიც წესიერებითა და ენერგიულობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, ის ძალიან თავაზიანი კაცი იყო და ყველას ალერსიანად ექცეოდა. მას ადრე არ ვიცნობდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერს აკეთებდა, რომ კარგი დრო გამეტარებინა. შემომთავაზა, რომ ომის დამთავრებამდე და ირანის გზის გახსნამდე თბილისში დავრჩენილიყავი, მაგრამ მე ჩემს ოჯახზე ვღელავდი. ხმები მომდიოდა, რომ ირანს მოუსავლიანობა, შიმშილი, სიძვირე და გრიპის ვირუსი დაატყდა თავს და ხალხი საშინელ გაჭირვებაში იყო ჩავარდნილი. ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა ჩქარა გავმგზავრებულიყავი თეირანში.
შენიშვნები
1. ვერნერ ფონ დერ შულენბურგი (1875-1944) იყო გერმანელი დიპლომატი, გერმანიის ელჩი ირანსა და რუსეთში.
2. მაკი არის რუსი ფერმწერისა და კარიკატურისტის პაველ ივანოვის (1891-1967) ფსევდონიმი. 1920-30 წლებში ის ირანში ცხოვრობდა და შაჰის კარის მხატვარი იყო. მას ეკუთვნის რეზა შაჰის დიდი პორტრეტი, რომელიც გოლესთანის სასახლეში ეკიდა.
მოამზადეს მარინა ალექსიძემ (თარგმანი, კომენტარები) და გრიგოლ ბერაძემ (რედაქტირება, კომენტარები)

Комментариев нет:

Отправить комментарий