$1. დიპლომატიური სამზადისი „დიდი სამეულის“ მორიგი სამიტის მოსაწყობად და პირველი კონტაქტები იალტაში
1945 წლის 4 თებერვალს იალტაში, ლივადიის სასახლეში დაიწყო ყირიმის ანუ იალტის კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ: საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაური იოსებ სტალინი, აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი უინსტონ ჩერჩილი. აღნიშნული შეხვედრის იდეა 1944წ. ზაფხულში გაჩნდა. მაშინ რუზველტმა, რომელსაც არ სურდა მხოლოდ ჩერჩილთან შეხვედრა, წერილი გაუგზავნა სტალინს და შესთავაზა მას სამმხრივი კონფერენციის ჩატარება დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, შოტლანდიაში. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეებში ჩერჩილმაც შესთავაზა სტალინს დიდი სამეულის ახალი შეხვედრა, ოღონდ მისი წინადადება უფრო შორეულ პერსპექტივაზე _ გვიან შემოდგომაზე იყო გათვლილი. მაგრამ იმ დროს სამიტის ორგანიზება ვერ მოხერხდა, რადგანაც საბჭოთა ლიდერმა ფრონტზე შექმნილი მდგომარეობა მოიმიზეზა და უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე. შედეგად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუზველტი და ჩერჩილი ცალკე შეხვდნენ ერთმანეთს კვებეკში 1944წ. სექტემბერში.
კვებეკის კონფერენციის დამთავრების შემდეგ სულ რამდენიმე დღეში უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ჩათვალა საჭიროდ სამი ლიდერის შეხვედრის მოწყობა, მაგრამ მოახლოებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა რუზველტს არ მისცა ქვეყნის დატოვების საშუალება. ამიტომ, 1944წ. ოქტომბერში ჩერჩილი ჩავიდა მოსკოვში, სადაც მიაღწია კიდეც შეთანხმებას სტალინთან ბალკანეთის საკითხებზე.
1944წ. ოქტომბერში, დაახლოებით იმ დროს, როდესაც მოსკოვში მიმდინარეობდა კონფერენცია „ტოლსტოი“, ვაშინგტონში კვლავ წამოჭრეს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების საკითხი. რუზველტის პირადმა მრჩეველმა და უახლოესმა მეგობარმა ჰარი ჰოპკინსმა აშშ-ში საბჭოთა ელჩ ანდრეი გრომიკოსთან საუბარში იკითხა, თუ მოიძებნებოდა ყირიმში ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა კონფერენციის ჩატარება1. სწორედ გრომიკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩათვალა სტალინმა შესაძლებლად რუზველტის მიწვევა სსრკ-ს შავი ზღვის სანაპიროზე, მით უმეტეს, რომ მოსკოვში მყოფ ჩერჩილს ძალიან მოეწონა ეს აზრი, მაგრამ აქ გაირკვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა არაფერი იცოდა ჰოპკინსის ინიციატივის შესახებ. უფრო მეტიც, მას თავდაპირველად სულაც არ მოეწონა ყირიმში ჩასვლის პერსპექტივა. როგორც რუზველტის მიერ ჩერჩილისათვის 1944წ. 22 ოქტომბერს გაგზავნილი დეპეშიდან ჩანს, მას ეჭვი შეეპარა დარდანელის სრუტის უსაფრთხოდ გავლის შესაძლებლობაში და კონფერენციის სამხრეთ ევროპაში გამართვა მოიწადინა. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა სავსებით რეზონულად შენიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მსგავსი პრობლემები შეექმნებოდა სტალინს, რომლისთვისაც ექიმებს ფრენა აკრძალული ჰქონდათ2. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ლიდერისათვის 24 სექტემბერს გაგზავნილ წერილში აშშ-ს პრეზიდენტმა მაინც დაასახელა შეხვედრის ჩატარების ალტერნატიული ადგილები: კვიპროსი, ათენი და მალტა. პასუხად სტალინმა გაიმეორა თავისი შეთავაზება, მაგრამ მაშინ რუზველტმა შეხვედრის საერთოდ გადადება მოითხოვა. მან მოიმიზეზა ის გარემოება, რომ შეხვედრა ნოემბრის ბოლოს უფრო ნაკლებად ფასეული იქნებოდა, ვიდრე იანვრის ბოლოს, მისი ინაუგურაციის შემდეგ, და, ამასთან, გამოთქვა ვარაუდი, რომ იმ დროისათვის სტალინს შეეძლებოდა ადრიატიკის ზღვაზე მდებარე რომელიმე პორტში მატარებლით ან გემით ჩასვლა. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ რუზველტს სულ სხვა მიზეზები ამოძრავებდა და იმედი ჰქონდა, რომ იმ დროისათვის ომი გერმანიასთან უკვე დამთავრებული იქნებოდა. ამას ადასტურებს მისი წერილი ჩერჩილისადმი (1944წ. 26 ნოემბერი), რომელშიც ის აღნიშნავს: „მე გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ძია ჯოს შავი ზღვის ფარგლებს გარეთ გამოყვანას, თუ იმ დროისათვის გერმანიას კაპიტულაცია არ ექნება გამოცხადებული“.
1. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჰოპკინსს რატომღაც ახსოვდა, რომ გრომიკოს ის ამ თემაზე ესაუბრა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ანუ ნოემბერში.
2. არავინ იცის, თუ რამდენად გულწრფელი იყო სტალინი, მაგრამ 1944წ. სექტემბერში მან ჰარიმანს უთხრა, რომ თეირანში თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ მას ორი კვირა აწუხებდა ყური.
სტალინისათვის რუზველტის მიერ დათქმული ვადები სავსებით მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ კონფერენციის ჩატარების სავარაუდო ადგილად მას მაინც რომელიმე საბჭოთა საპორტო ქალაქი მიაჩნდა. რადგანაც ორივე მხარე იმ დროს საკმაოდ მტკიცედ იდგა თავის პოზიციებზე (დიდი სამეულის მესამე წევრმა _ ჩერჩილმა, მართალია, თავის მხრივ, თავდაპირველად შესთავაზა რუზველტსა და სტალინს კონფერენციის ალექსანდრიაში ან იერუსალიმში გამართვა, მაგრამ შემდეგ, ისევე როგორც თეირანის კონფერენციის მოსამზადებელ პერიოდში, განზე გადგომა არჩია და მისი გადაწყვეტა საბჭოთა და ამერიკელ ლიდერებს მიანდო), მიმოწერა შეხვედრის ადგილის შესახებ დროებით შეწყდა და მხოლოდ ახალი წლის შემდეგ განახლდა. როგორც ჩანს, რუზველტი ფრონტებზე შექმნილმა მდგომარეობამ დაარწმუნა, რომ გერმანიის კაპიტულაცია უახლოეს მომავალში მოსალოდნელი სულაც არ იყო, ამიტომ მან თვითონ წამოაყენა წინადადება კონფერენციის იალტაში ჩატარების შესახებ1. ეს წინადადება უყოყმანოდ იქნა გაზიარებული სტალინისა და ჩერჩილის მიერ2 და 4 თებერვალს, ლივადიის სასახლეში, რუსეთის იმპერატორთა ყოფილ საზამთრო რეზიდენციაში, გაიხსნა კიდეც უმაღლესი დონის სამიტი.
კონფერენციის მონაწილეები 3 თებერვალს ჩავიდნენ ყირიმში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩერჩილმა მაინც დაითანხმა რუზველტი და ისინი შეხვდნენ ერთმანეთს კ. მალტასთან (1945წ. 30 იანვარი _ 2 თებერვალი). ბრიტანეთის პრემიერს იმედი ჰქონდა, რომ ის და აშშ-ს პრეზიდენტი წინასწარ შეათანხმებდნენ თავიანთ პოზიციებს, მაგრამ ეს იმედი მას გაუცრუვდა. რუზველტი ყველანაირად არიდებდა თავს ჩერჩილთან საკითხების განხილვას და ფაქტობრივად პოლიტიკურ პრობლემებზე საუბარი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ა. იდენსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ე. სტეტინიუსს შორის გაიმართა 1 თებერვალს. დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ დაერწმუნებინათ საბჭოთა მხარე ფრანგებისათვის, მათი მხრიდან მსგავსი სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, გერმანიაში საოკუპაციო ზონის გამოყოფის აუცილებლობაში და ეფიქრათ საფრანგეთის წარმომადგენლის საკონტროლო მექანიზმში შეყვანაზე. იდენმა და სტეტინიუსმა აგრეთვე შეათანხმეს საოკუპაციო ზონების საკითხი ავსტრიაში, თუმცა არ იქნა ზუსტად განსაზღვრული ვენის საოკუპაციო ზონის საზღვრები. მინისტრებმა განიხილეს პოლონეთის საკითხიც და აღნიშნეს, რომ ლუბლინის კომიტეტის ცნობა დაუშვებელი იყო. აგრეთვე არაფრით არ შეიძლებოდა მისი და ლონდონის ემიგრანტული მთავრობის უბრალოდ შერწყმა. არც ს. მიკოლაიჩიკის მიერ მცირე ხნით ადრე შემოთავაზებული საპრეზიდენტო საბჭოს იდეა იქნა მიჩნეული მისაღებად, თუმცა შესაძლებლად ჩაითვალა მისი წამოყენება მოლაპარაკებების დროს, რათა ამით მომხდარიყო საბჭოთა მხარის პროვოცირება ახალი დროებითი მთავრობის შესაქმნელად.
1. საინტერესოა, რომ ამ საკითხის განხილვისას აშშ-ს ელჩმა საბჭოთა კავშირში ავერელ ჰარიმანმა წამოაყენა ბათუმის კანდიდატურაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უპირატესობა იალტას მიენიჭა.
2. აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, რუზველტი მეტად კმაყოფილი დარჩა კონფერენციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, რაზეც მეტყველებს ადმირალ ოლსენის ცნობა.
იდენი და სტეტინიუსი ირანის საკითხსაც შეეხნენ და გადაწყვიტეს, რომ ბრიტანული და საბჭოთა ჯარების გამოყვანა ამ ქვეყნიდან ერთდროულად უნდა მომხდარიყო, თუმცა გამორიცხული არ იყო გარკვეული ინგლისური შენაერთების დატოვება სამხრეთ ირანში იქ არსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ნავთობის ჭაბურღილების დასაცავად3. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე საბჭოთა მოთხოვნებზე თბილი პორტების შესახებ, თუმცა რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიუხედავად ამისა, აქ ჩვენი ყურადღება მიიქცია იდენის გაფრთხილებამ, რომ თუ საბჭოთა კავშირი იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაებმებოდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი სურვილით იქნებოდა განპირობებული და არ იყო საჭირო ამის სანაცვლოდ ზედმეტ დათმობებზე წასვლა1.
1. უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრები პრაქტიკულად შეთანხმდნენ, რომ სტალინი აუცილებლად მოითხოვდა სამხრეთ სახალინსა და სატრანზიტო უფლებებს მანჯურიაში. ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა, რომ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო დათმობების ზღვარი, მაგრამ იალტაში გამართული მოლაპარაკებებისას გაირკვა, რომ რუზველტი სულაც არ აპირებდა არც თავისი მრჩევლების და არც ბრიტანელების რეკომენდაციების გათვალისწინებას.
გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს ჩინეთის საკითხზე და ევროპაში საგანგებო უმაღლესი კომისარიატის შექმნის შესახებ, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები არც ამ შემთხვევაში მიუღიათ. გერმანიის შესახებ მსჯელობისას კი ხაზი გაესვა იმას, რომ საჭირო იყო სამმხრივი ხელშეკრულებების მიღწევა გერმანიაში ერთობლივი პოლიტიკის გატარებისა და ცალმხრივ ქმედებებზე უარის თქმის შესახებ. კონსულტაციები გაიმართა აგრეთვე ახალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და დამფუძნებელ კონფერენციაზე მასპინძელი სახელმწიფოების რაოდენობის განსაზღვრაზე.
შეხვედრისას იდენმა და სტეტინიუსმა იმსჯელეს ომისშემდგომი საზღვრების შესახებაც. კერძოდ, ისინი შეეხნენ გერმანიაპოლონეთისა და ავსტრია-იუგოსლავიის საზღვრებს. იდენმა აღნიშნა, რომ პოლონეთს უნდა მიეღო აღმოსავლეთ პრუსია და ზემო სილეზია, აგრეთვე ტერიტორიების ნაწილი ოდერამდე, ამერიკელების აზრით კი, შესაძლო იყო აგრეთვე აღმოსავლეთ პომერანიის ნაწილის გადმოცემაც. მოსახლეობის გადაყვანა კი თანდათან უნდა მომხდარიყო და არა ერთბაშად. ავსტრია-იუგოსლავიის საზღვრის საკითხის განხილვისას კი აღინიშნა, რომ დიდ სამეულს უნდა გაეფრთხილებინა ტიტო, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებამდე არ უნდა მომხდარიყო საზღვრების გადასინჯვა. დასკვნით ნაწილში კი მინისტრებმა განიხილეს აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა მხარის ქმედებების, სამოქალაქო მოსახლეობისათვის აუცილებელი პროდუქტების, სამხედრო ტყვეებისა და მთავარი სამხედრო დამნაშავეების საკითხები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებები მაინც მთავრობათა მეთაურებს უნდა მიეღოთ, რომელთაც მოხსენდათ კიდეც შეხვედრის შედეგები.
მიუხედავად აღნიშნული რეკომენდაციებისა, მალტაში რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები საკუთრივ მთავრობათა მეთაურების დონეზე არ ყოფილა მიღებული. რუზველტი პრაქტიკულად ყველა საკითხზე აცხადებდა, რომ მათი გადაწყვეტა მხოლოდ იალტაში, სტალინთან ერთად იყო მიზანშეწონილი. ასე რომ, საბოლოო ჯამში, მალტის კონფერენციას რაიმე სერიოზული შედეგები არ გამოუღია. ერთადერთი, რაც იქ გადაწყდა, დასავლეთის ფრონტზე მოკავშირეთა ძირითადი შეტევის დარტყმის მთავარი მიმართულების განსაზღვრა იყო.
ყირიმში ჩასული ამერიკული და ბრიტანული დელეგაციები დააბინავეს იალტის მახლობლად მდებარე სასახლეებში. ამერიკელებს დაახვედრეს ლივადიის სასახლე, ინგლისელებს კი _ ვორონცოვის სასახლე ალუპკაში. თავად სტალინი გაჩერდა იუსუპოვის სასახლეში კორეიზში. არ არის გამორიცხული, რომ ყოველივე ეს შემთხვევითი არ იყო, რადგანაც საბჭოთა და ამერიკული დელეგაციების ადგილსამყოფელი გვერდიგვერდ იმყოფებოდა, ხოლო ბრიტანელებს კი საკმაო მანძილი ჰქონდათ გასავლელი ლივადიის სასახლემდე, სადაც იმართებოდა სხდომები1.
1. წინადადება სხდომების ლივადიის სასახლეში ჩატარების შესახებ სტალინს ეკუთვნოდა და განპირობებული იყო რუზველტისათვის საუკეთესო პირობების შექმნის სურვილით, რადგანაც ზედმეტი გადაადგილება სავარძელს მიჯაჭვულ აშშ-ს პრეზიდენტს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნიდა, თუმცა ამერიკელმა მკვლევარმა ჯ. კროკერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ საბჭოთა ლიდერს სხვა მიზანიც ჰქონდა. მისი თქმით, ალუპკიდან ლივადიაში მოხვედრა კორეიზის გაუვლელად შეუძლებელი იყო და სტალინის გვერდის ავლით ჩერჩილი ვერ მოახერხებდა რუზველტთან მოხვედრას.
კონფერენციაზე განსახილველი იყო როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური საკითხების პრაქტიკულად მთელი სპექტრი, სწორედ ამიტომ მხარეები საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაციებით ჩავიდნენ ყირიმში. სტალინს თან ახლდნენ: საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვ. მოლოტოვი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ა. ანტონოვი, სსრკ-ს ელჩები დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში თ. გუსევი და ა. გრომიკო, ავიაციის მარშალი ს. ხუდიაკოვი, სამხედრო საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარი ნ. კუზნეცოვი, საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის პირველი მოადგილე ა. ვიშინსკი და სსრკ-ს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში ი. მაისკი. თავის მხრივ, ჩერჩილმა ჩამოიყვანა: საგარეო საქმეთა მინისტრი ა. იდენი, პირველი საზღვაო ლორდი და საზღვაო შტაბის უფროსი ადმ. ე. კანინგჰემი, სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსი ჩ. პორტალი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საბჭოთა კავშირში ა. კერი, იმპერიის გენერალური შტაბის უფროსი ა. ბრუკი, მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იტალიაში ფელდმარშალი ჰ. ალექსანდერი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ა. კადოგანი. რუზველტს თან ახლდნენ სახელმწიფო მდივანი ე. სტეტინიუსი, მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბებისა და აშშ-ს არმიის შტაბის უფროსი გენ. ჯ. მარშალი, ადმ. უ. ლიჰი, აშშ-ს ელჩი საბჭოთა კავშირში ა. ჰარიმანი, ჰ. ჰოპკინსი, ჯ. ბირნსი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა განყოფილების უფროსი ჰ. მეთიუზი და ჩ. ბოლენი.
ყირიმის კონფერენციის მსვლელობა ასახულია საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა კრებულებში. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ჩანაწერები გაცილებით უფრო ვრცელია, ვიდრე რუსული. საბჭოთა გამოცემის ძირითად ნაწილში მხოლოდ მთავრობათა მეთაურებისა და საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა სხდომების მასალებია, რომლებსაც, ამავე დროს, აშკარად ეტყობა გარკვეული რედაქტირების კვალი. ამერიკულ კრებულში, თავის მხრივ, შესულია თითოეული სხდომის ორ-ორი ჩანაწერი1.
გარდა ამისა, აქვე მოცემულია არაოფიციალური შეხვედრებისა თუ სადილების ჩანაწერებიც, რაც, რასაკვირველია, საშუალებას აძლევს მკვლევრებს, კომპლექსური შთაბეჭდილება დარჩეთ კონფერენციის მსვლელობისა და მასზე არსებული ატმოსფეროს შესახებ.
1. ოფიციალურ სტენოგრამას აწარმოებდა ჩ. ბოლენი, მეორე ჩანაწერი კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეკუთვნის ე. მეთიუზს. რამდენიმე სხდომის ჩაწერას მეთიუზის ნაცვლად ახდენდა ა. ჰისი, თუმცა მისი ანგარიში უფრო მოკლე შინაარსს წარმოადგენს, ვიდრე სტენოგრამას.
კონფერენციის გახსნას წინ უძღოდა სტალინის საუბრები ჩერჩილთან და რუზველტთან. დიდი ბრიტანეთის პრემიერისა და საბჭოთა ლიდერის შეხვედრაზე მოკლედ იქნა მიმოხილული მდგომარეობა ფრონტებზე და მომავალი სამხედრო გეგმები. პოლიტიკურ საკითხებს მხარეები პრაქტიკულად არ შეხებიან. აი, სტალინისა და რუზველტის შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კი დაეთმო გერმანიის მომავლის განსაზღვრას. თავდაპირველად რუზველტმა მადლობა გადაუხადა სტალინს მისი კომფორტულად დაბინავებისათვის და აღნიშნა, რომ სამხედრო სიტუაცია მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ. სტალინმაც კვერი დაუკრა აშშ-ს პრეზიდენტს და თქვა, რომ საბჭოთა არმიები წარმატებით მიიწევდნენ ოდერზე. რუზველტმა პასუხად აღნიშნა, რომ მან რამდენიმე სანაძლეო დადო იალტისკენ მგზავრობის დროს იმის თაობაზე, ამერიკელები უფრო სწრაფად აიღებდნენ მანილას, თუ რუსები (ასეა ორიგინალში _ თ.პ.) _ ბერლინს. სტალინმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამერიკელებს მიანიჭა უპირატესობა1. რუზველტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ბევრად უფრო მეტი გერმანელის დასახოცად იყო მზად მას შემდეგ, რაც იხილა ის უაზრო ნგრევები, რომელიც განახორციელეს გერმანელებმა ყირიმში2 და იმედი გამოთქვა, რომ სტალინი კვლავ გაიმეორებდა თეირანში წარმოთქმულ სადღეგრძელოს 50000 გერმანელი ოფიცრის სიკვდილით დასჯის აუცილებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ რუზველტის ეს სიტყვები არ გვხვდება საბჭოთა კრებულში. თეირანის კონფერენციის ამსახველ საბჭოთა დოკუმენტებში ასევე არ არის მოცემული იმ სადილის ჩანაწერი, რომელზეც სტალინმა წარმოთქვა ეს ფრაზა, რასაც ჩერჩილის მხრიდან მოჰყვა სამართლიანი რემარკა, რომ სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ მხოლოდ დამნაშავეები და წინასწარ მათი ზუსტი რიცხვის განსაზღვრა არ შეიძლებოდა. არ არის გამორიცხული, რომ სტალინმა მაშინ იხუმრა, თანაც სწორედ ჩერჩილის გასაბრაზებლად, მაგრამ ყირიმის კონფერენციის დოკუმენტებში ამ სადღეგრძელოზე მინიშნების ამოღება შემთხვევითი ნამდვილად არ უნდა იყოს.
1. სტალინი არც შემცდარა. ამერიკელები მანილაში უკვე მომდევნო დღეს _ 5 თებერვალს შევიდნენ, თუმცა ქალაქის ზოგიერთ ნაწილში იაპონელთა წინააღმდეგობა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ იქნა დაძლეული.
2. ისე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყირიმის ნახევარკუნძული ორჯერ _ 1942 და 1944 წლებში _ იყო ბრძოლების ეპიცენტრი, ნგრევა გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, იალტაც ალბათ სწორედ იმის გამო აირჩია სტალინმა შეხვედრის ადგილად, რომ გარკვეული ზემოქმედება მოეხდინა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებზე და ეჩვენებინა მათთვის, თუ რა გამანადგურებელი შედეგი ჰქონდა ომს საბჭოთა კავშირისათვის. შესაძლოა, ის ფიქრობდა, რომ ამ ფონზე ისინი უფრო დამთმობნი იქნებოდნენ რეპარაციების საკითხში.
სტალინმაც აგრეთვე აღნიშნა, რომ გერმანელებთან ბრძოლაში განცდილი მსხვერპლის გამო ყველას უფრო მეტად სწყუროდა სისხლი, ვიდრე ერთი წლის წინ და აქვე დაამატა, რომ ყირიმში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე უკრაინაში, რადგანაც გერმანელებს სასწრაფოდ მოუწიათ აქედან გაქცევა და ვერ მოახერხეს დაგეგმილი აფეთქებების მოწყობა. საბჭოთა ლიდერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გერმანელები ველურები იყვნენ და ადამიანის მიერ შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა სძულდათ, რასაც აშშ-ს პრეზიდენტმაც აუბა მხარი. რუზველტმა მაგალითად მოიყვანა ჰოლანდია, სადაც გერმანელებმა გაანადგურეს დამბები, რის შედეგადაც ქვეყნის სამიწათმოქმედო რაიონები ზღვის მლაშე წყლით დაიფარა. მისი თქმით, ამ მიწების ხელახლა გამოსაყენებლად 6 წელი იქნებოდა საჭირო და გამოთქვა მოსაზრება, ჰოლანდიელებისათვის, თუნდაც აღნიშნული ვადით, გადაეცათ გერმანული მიწები. სტალინმა სავსებით სწორად ჩათვალა პრობლემის ასეთი გადაწყვეტა და გერმანელებს ბარბაროსები უწოდა.
ამის შემდეგ სტალინმა იკითხა, თუ რა მდგომარეობა იყო დასავლეთის ფრონტზე, რაზეც პასუხად მიიღო, რომ დეტალურ ინფორმაციას მთავრობათა მეთაურების პირველ სხდომაზე გენერალი ჯ. მარშალი წარმოადგენდა. რუზველტმა მხოლოდ დაუკონკრეტა სტალინს, რომ 8 და 12 თებერვალს დაიწყებოდა მოკავშირეთა ორი შეტევა, მაგრამ ძირითადი დარტყმა მარტში განხორციელდებოდა. აქვე აშშ-ს პრეზიდენტმა სტალინს გადასცა ადმირალ ლიჰის მიერ შედგენილი ბარათი, სადაც დაფიქსირებული იყო თხოვნა, ნება დაერთოთ საბჭოთა სამხედროებისათვის, ბრიტანელებსა და ამერიკელებთან ერთად განეხილათ სამხედრო საკითხები. საუბარი შეეხო სამხედრო ოპერაციების მზადებას და მათი კოორდინაციის აუცილებლობასაც, რაც სტალინმაც და რუზველტმაც უაღრესად საშურ საქმედ ჩათვალეს.
სამხედრო საკითხებზე საუბრის დასრულების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ჰკითხა საბჭოთა ლიდერს, თუ რა შთაბეჭდილება დატოვა მასზე დე გოლმა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება მიიპყრო შემდეგმა გარემოებამ: სხვადასხვა სხდომებზე საფრანგეთის საკითხზე მიმდინარე საუბრების საბჭოთა ჩანაწერი არაერთხელ არის „დაჩეხილი“, რაც უეჭველად მიზანმიმართულ ხასიათს უნდა ატარებდეს, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა გახდა ასეთი ქმედების მიზეზი. იალტის კონფერენციის საბჭოთა ჩანაწერების გამოქვეყნებამდე დიდი ხნით ადრე იყო გამოცემული ამერიკული მასალები1, სადაც საბჭოთა პოზიცია საფრანგეთის საკითხზე ყველგან არის დაფიქსირებული. ფაქტობრივად, ეს წარმოადგენდა „სირაქლემას პოზის“ დაკავებას, მაგრამ საბჭოთა რედაქტორებმა მაინც საჭიროდ ჩათვალეს, დაემალათ საბჭოთა მხარის რეალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთერთ ყველაზე უხეშ რედაქტირებას საბჭოთა ჩანაწერში ვხვდებით სწორედ რუზველტისა და სტალინის აღნიშნული შეხვედრის ამსახველ მასალებში. აქ ამოღებულია სტალინის პასუხები, რის გამოც კითხვის დასმის შემდეგ რუზველტი თავად აყალიბებს თავის შეხედულებებს დე გოლზე და იხსენებს 1943 წ. იანვარში კასაბლანკაში შემდგარ შეხვედრას. სამაგიეროდ, ამერიკულ ჩანაწერში ამ ორ მონაკვეთს შორის მოყვანილია სტალინის პასუხი. საბჭოთა ლიდერი საფრანგეთის მთავრობის მეთაურს ახასიათებს, როგორც არც თუ ძნელად შესაგუებელ პიროვნებას, მაგრამ, ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ დე გოლი მეტად არარეალისტურად იქცევა, როდესაც ითხოვს ამერიკელების, ბრიტანელებისა და რუსების (ასეა ჩანაწერში _ თ.პ.) მსგავს უფლებებს საფრანგეთისათვის, რომელსაც ძალიან მცირე წვლილი ჰქონდა შეტანილი მტერზე გამარჯვებაში.
საფრანგეთზე საუბარი ამით არ დამთავრებულა. რუზველტმა ამცნო სტალინს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, შეეიარაღებინა 8 ახალი ფრანგული დივიზია, რომელთა პირადი შემადგენლობაც ამ დროისთვის უკვე დაკომპლექტებული იყო2. სტალინმა მოიწონა ეს აზრი და იქვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დე გოლის არმია მეტად სუსტი იყო3. აქვე რუზველტმა შენიშნა, რომ მისთვის მოწოდებული ცნობების თანახმად, ფრანგებს არ სურდათ გერმანული მიწების ოკუპაცია და აინტერესებდათ მხოლოდ მათი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოქცევა4, რაზეც სტალინმა უპასუხა, რომ მოსკოვში დე გოლმა ღიად ისაუბრა რაინზე, როგორც საფრანგეთის ბუნებრივ საზღვარზე და გამოთქვა სურვილი, სამუდამოდ განელაგებინა იქ ფრანგული ჯარები. ამასთან, საბჭოთა ლიდერმა შეახსენა თავის ვიზავის, რომ ყოველივე ეს მას თავის დროზე წერილით აცნობა5.
1. პირველად ამ მასალების შემოკლებული ვარიანტი საბჭოთა კავშირში გამოქვეყნდა 1965წ. ჟურნალში „Международная жизнь“, ამერიკული ტომის გამოსვლიდან 8 წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული შემოკლებული ვარიანტი ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზეც (იხ.: თეირანი, იალტა, პოტსდამი. _ დოკუმენტების კრებული. თბ.‚ 1969).
2. საბჭოთა ჩანაწერში ეს ფრაზა ჟღერს ასე: „რუზველტმა თქვა, რომ ის ეხმარება დე გოლს 8 ფრანგული დივიზიის შეიარაღებაში“, რაც მნიშვნელოვნად ცვლის რუზველტის სიტყვების არსს.
3. რასაკვირველია, საბჭოთა ჩანაწერში მხოლოდ მოწონება არის დაფიქსირებული.
4. საუბარია მდ. რაინის დასავლეთით მდებარე ტერიტორიებზე, რომლებსაც ფრანგები თავიანთ ისტორიულ საზღვრებში მოიაზრებდნენ.
5. ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის საკითხის განხილვისას საბჭოთა ჩანაწერი არა თუ რედაქტირებული არ არის, არამედ პირიქით, უფრო სრულია, ვიდრე ამერიკული, რომელშიც აკლია მინიშნება სტალინის მიერ რუზველტისადმი 1944წ. 3 დეკემბერს გაგზავნილი წერილის შესახებ.
აქ რუზველტმა აღნიშნა, რომ ის სტალინისათვის მეტად დელიკატური რამის თქმას აპირებდა, რასაც არასოდეს არ იტყოდა ჩერჩილის თანდასწრებით. მან განაცხადა, რომ ბრიტანელებს ორი წლის განმავლობაში ჰქონდათ სურვილი, გარდაექმნათ საფრანგეთი ძლიერ სახელმწიფოდ, რომელსაც შეეძლებოდა თავის აღმოსავლეთ საზღვარზე 200000-იანი არმიის განლაგება და თავდაცვა მანამ, სანამ ინგლისელები მძლავრ არმიას არ გადმოისროდნენ კონტინენტზე. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტმა იხუმრა კიდეც, რომ ბრიტანელებს სურდათ, ერთდროულად ეჭამათ თავისი ღვეზელი და თან მთელი ჰქონოდათ ის.
საუბრის დასასრულს რუზველტი შეეხო საოკუპაციო ზონების პრობლემასაც. მან აღნიშნა, რომ აქ თითქმის ყველაფერი უკვე პრაქტიკულად შეთანხმებული იყო, მაგრამ რჩებოდა ფრანგებისათვის ზონის გამოყოფის საკითხი. პასუხად საბჭოთა ლიდერმა ჰკითხა აშშ-ს პრეზიდენტს, თუ რა აზრის იყო ის აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით და რა უნდა გამხდარიყო ფრანგებისათვის ზონის გამოყოფის მიზეზი. რუზველტმა განმარტა, რომ ეს არ იყო ცუდი აზრი, მაგრამ, მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ კეთილი ნების გამოხატულება იქნებოდა. სტალინმაც და მოლოტოვმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფრანგებისათვის ზონის გამოყოფის ერთადერთი საფუძველი ნამდვილად მხოლოდ კეთილი ნება შეიძლებოდა ყოფილიყო. აქვე საბჭოთა ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი აუცილებლად გახდებოდა შემდგომი დისკუსიის საგანი იალტაში1.
ამით დასრულდა ეს საუბარი. ალბათ, უკვე ამ შეხვედრისას დარწმუნდა სტალინი, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ძალიან დამყოლი იქნებოდა ბევრ საკითხში. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, აღნიშნული საუბრისას სტალინი და რუზველტი პრაქტიკულად ყველა საკითხზე ერთ აზრამდე მივიდნენ.
1. საბჭოთა ჩანაწერში მხოლოდ სტალინის ბოლო სიტყვებია დაფიქსირებული, ხოლო რუზველტის მსჯელობა და საბჭოთა მხარის პასუხი არ გვხვდება.
$2. სამიტის გახსნა და პირველი დღის დებატები
იალტის კონფერენცია გაიხსნა 4 თებერვალს, საღამოს 5 საათზე. ისევე როგორც თეირანში, იალტაშიც, სტალინის წინადადებით, სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს რუზველტი. პირველი სხდომა ძირითადად ფრონტებზე შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვასა და მოკავშირეთა მომავალი სამხედრო მოქმედებების შეთანხმებას მიეძღვნა. 1945წ. თებერვლისათვის გერმანია სრული სამხედრო-სტრატეგიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. საბჭოთა ჯარების მიერ პოლონეთში განხორციელებული შეტევის შემდეგ ფრონტის ხაზი ბერლინიდან სულ რაღაც 60 კმ-ით იყო დაშორებული. გარდა ამისა, ძირითადი ძალებისაგან იზოლირებული აღმოჩნდა გერმანელთა აღმოსავლეთ პრუსიის დაჯგუფება 27 დივიზიის შემადგენლობით. ძირითად ძალებს მოსწყდა აგრეთვე კურლანდიის დაჯგუფება, რომელშიც 26 დივიზია შედიოდა. არც დასავლეთის ფრონტზე ჰქონდათ გერმანელებს სახარბიელო მდგომარეობა. არდენის შეტევის ჩაშლის შემდეგ გერმანელებმა ძლივს მოასწრეს წინ გაჭრილი ნაწილების გამოყვანა, ხოლო ინგლისელები და ამერიკელები, რომლებიც ბერლინიდან 500 კმ-ში იმყოფებოდნენ, მზად იყვნენ რურსა და საარზე გადამწყვეტი შეტევის დასაწყებად. საერთო ჯამში გერმანიის წინააღმდეგ მიმართული იყო 12-მილიონიანი არმია (6,7 მლნ ჯარისკაცი სსრკ-ზე მოდიოდა, 3,7 მლნ _ აშშ-ზე და 1,5 მლნ _ დიდ ბრიტანეთზე). გერმანელებს კი მხოლოდ 5,6 მლნ კაცის დაპირისპირება შეეძლოთ ამ უზარმაზარი მასისათვის. ძალიან დიდი იყო მოკავშირეთა უპირატესობა სამხედრო ტექნიკის ყველა მაჩვენებლითაც. ფაქტობრივად გერმანიის დღეები დათვლილი იყო და სწორედ ამიტომ ყირიმის კონფერენციაზე ყურადღება ძირითადად პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას დაეთმო, თუმცა პირველი სხდომა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრონტებზე შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვასა და მომავალში მოკავშირეთა მოქმედებების შეთანხმების საკითხს მიეძღვნა.
თავდაპირველად სხდომაზე განიხილეს აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა ჯარების შეტევის შემდეგ შექმნილი ვითარება, რის შესახებაც საკმაოდ ვრცელი მოხსენებით გამოვიდა გენ. ა. ანტონოვი. მან კონფერენციის მონაწილეებს მოახსენა საბჭოთა არმიის მიერ პოლონეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგები და გამოთქვა რამდენიმე სურვილი, რომელთა უმრავლესობაც ინგლისელებსა და ამერიკელებს ეხებოდა. პირველ რიგში, ანტონოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ დაჩქარდებოდა დასავლეთის ფრონტზე მოკავშირეთა ჯარების შეტევაზე გადასვლა და ეს მოხდებოდა თებერვლის პირველ ნახევარში. გარდა ამისა, ანტონოვის აზრით, აუცილებელი იყო გერმანელთა არდენის დაჯგუფების საბოლოოდ განადგურება. ამასთან ერთად, ინგლისელებს და ამერიკელებს არ უნდა მიეცათ გერმანელებისათვის დასავლეთის ფრონტიდან, ნორვეგიიდან და იტალიიდან აღმოსავლეთის ფრონტზე ჯარების გადასროლის საშუალება და ეს უნდა მომხდარიყო საავიაციო დარტყმების შედეგად ბერლინისა და ლაიფციგის კვანძების პარალიზებით. აგრეთვე მათ ხელი უნდა შეეშალათ გერმანელებისათვის, თუ ისინი ეცდებოდნენ იტალიიდან ჯარების გამოყვანას.
ჩერჩილმა სწორედ ამ უკანასკნელ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან წამოაყენა წინადადება, იტალიიდან აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანელთა 8 დივიზიის გადასროლის თავიდან ასაცილებლად გადაეყვანათ ლიუბლიანის გასასვლელით ინგლისელებისა და ამერიკელების ჯარების ნაწილი საბჭოთა ჯარებთან შესაერთებლად. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩერჩილს სურდა, ამ ოპერაციის განხორციელებით სისრულეში მოეყვანა ავსტრიის დაკავების გეგმა, მაგრამ მას არაფერი გამოუვიდა. საბჭოთა მხარემ საერთოდ უპასუხოდ დატოვა ეს წინადადება, რაც ჩერჩილისათვის, ალბათ, მოულოდნელი უნდა ყოფილიყო, რადგანაც კონფერენციის დაწყებამდე შემდგარ შეხვედრაზე სტალინმა თვითონ შესთავაზა ინგლისელებს ისტრია-ავსტრიის ოპერაციის ჩატარება.
ამის შემდეგ დასავლეთის ფრონტზე განსახორციელებელი ოპერაციების შესახებ მოხსენება გააკეთა ჯ. მარშალმა. მან აღნიშნა, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდალმა გენ. დ. ეიზენჰაუერმა გადააჯგუფა თავისი დივიზიები და მოემზადა ახალი შეტევისათვის ფრონტის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნაწილში. მარშალმა გამოთქვა იმედი, რომ ამ ორი ოპერაციიდან პირველი დაიწყებოდა 8 თებერვალს, ხოლო მეორე _ ერთი კვირის განმავლობაში. ძირითადი დარტყმა გერმანელებზე მაინც ჩრდილოეთიდან უნდა ყოფილიყო მიყენებული. სწორედ აქ ჰქონდათ განზრახული მოკავშირეებს მოწინააღმდეგის ფრონტის გარღვევა და რაინის გადალახვა, რაც, მარშალის მონაცემებით, მარტის დამდეგს უნდა მომხდარიყო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გარღვევა მოხდებოდა 50-60 მილის სიგრძის ფრონტზე, სადაც გერმანელებს გააჩნდათ მძიმე ტიპის გამაგრებები და რომ შემდეგ ამერიკელები და ინგლისელები განაგრძობდნენ შეტევას მოწინააღმდეგის პოზიციებზე1. სამხრეთ ნაწილში, მარშალის განცხადებით, დაგეგმილი იყო მოწინააღმდეგის უკუგდება მიულჰაუზენისა და კოლმარის რაიონიდან და რაინის მარცხენა ნაპირზე გერმანელების პლაცდარმის მოსპობა.
1. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ჩანაწერში აქ რატომღაც ფიგურირებს ინგლისელებისა და ამერიკელების წინსვლა ბერლინისაკენ, თუმცა ჩვენ უფრო სანდოდ ამერიკული ჩანაწერი მიგვაჩნია, რადგანაც დასავლეთელ მოკავშირეთა გეგმებში ბერლინის აღება იმ დროს არც განიხილებოდა.
იტალიურ ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვისას მარშალმა აღნიშნა, რომ აქ მოკავშირეებს გააჩნდათ იმდენი ძალა, რამდენიც საკმარისი იყო მათ წინააღმდეგ განლაგებული 27 გერმანული დივიზიის გასაწონასწორებლად. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა მოკავშირეთა ავიაციის ეფექტურ მოქმედებას და განაცხადა, რომ უკანასკნელ დაბომბვებს მოჰყვა დიდი ნგრევა რკინიგზებზე და საწვავის წარმოების 60%-ით შემცირება გერმანიაში. თავისი სიტყვის დასასრულს მარშალმა აღნიშნა, რომ ავიაცია აგრეთვე ბომბავდა წყალქვეშა ნავების განლაგების ბაზებს, რადგანაც, მიუხედავად ამ ნავების მცირე რაოდენობისა, მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან მოკავშირეთა გემებზე ახალი თავდასხმების მოწყობა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩერჩილმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო საბჭოთა ჯარების სწრაფი წინსვლა დანციგის რაიონში, სადაც გერმანელებს ჰქონდათ წყალქვეშა ნავების ერთერთ უდიდესი ბაზა. ამის პასუხად სტალინმა განაცხადა, რომ საბჭოთა ნაწილები მალე დაუშენდნენ საარტილერიო ცეცხლს დანციგს და იკითხა, თუ სად იყო განლაგებული სხვა ბაზები, რაზეც ჩერჩილმა უპასუხა, რომ ასეთ ადგილებს წარმოადგენდნენ კილი და ჰამბურგი. საბჭოთა ლიდერი დაინტერესდა აგრეთვე დასავლეთის ფრონტზე მოკავშირეთა ჯარების, ტანკებისა და ავიაციის რაოდენობით, რის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო მარშალისა და პორტალისაგან.
ამის შემდეგ საუბარი ისევ შეეხო საბჭოთა არმიის მიერ პოლონეთში განხორციელებულ ოპერაციას. სტალინმა აღნიშნა, რომ თეირანის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად საბჭოთა მხარე არ იყო ვალდებული, წამოეწყო ზამთრის შეტევა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ არც ჩერჩილსა და არც რუზველტს პირდაპირ არ უთხოვიათ მისთვის შეტევის დაწყება. სტალინის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა მას მხოლოდ ეიზენჰაუერის წარმომადგენლის _ ა. ტედერის მიღება სთხოვა, ხოლო ინგლისის პრემიერმა კი უბრალოდ იკითხა, აპირებდა თუ არა საბჭოთა მხარე იანვარში შეტევაზე გადასვლას. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ლიდერმა განაცხადა, რომ მოკავშირეთათვის დახმარების აღმოჩენა მან თავის მორალურ ვალდებულად მიიჩნია და ამიტომაც გასცა ბრძანება შეტევის ვადაზე ადრე დაწყების შესახებ. სტალინმა აგრეთვე სთხოვა ინგლისელ და ამერიკელ კოლეგებს, გაეთვალისწინებინათ, რომ საბჭოთა მხარის წარმომადგენლები ყოველთვის იცავდნენ არა მარტო ფორმალურ ვალდებულებებს, არამედ შეძლებისდაგვარად ასრულებდნენ თავიანთ მორალურ მოვალეობასაც1. ეს იყო 1942-1943 წლებში მოკავშირეთა მოქმედების აშკარა კრიტიკა, მაგრამ ჩერჩილმა და რუზველტმა `ჩაყლაპეს~ სტალინის გადაკრული სიტყვები და არაფერი უთქვამთ ამის თაობაზე. აშშ-ს პრეზიდენტმა მხოლოდ აღნიშნა, რომ ყოველი მოკავშირე მორალურად ვალდებული იყო, რაც შეიძლება დიდი სისწრაფით წაეწია წინ. ამის შემდეგ რუზველტმა და ჩერჩილმა განაცხადეს, რომ საჭირო იყო სამივე მოკავშირის ძალების მჭიდრო კოორდინაცია და წამოაყენეს წინადადება, შტაბებს გადაეწყვიტათ ეს საკითხი. სტალინი დაეთანხმა მათ, რომ აუცილებელი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფრონტებზე ჩასატარებელი ოპერაციების შეთანხმება და მიზანშეწონილად ჩათვალა ამ საკითხის სამხედროებისათვის გადაცემა. მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, რომ სამხედროები ერთმანეთს შეხვედროდნენ მეორე დღეს და განეხილათ როგორც მდგომარეობა აღმოსავლეთის, დასავლეთისა და იტალიის ფრონტებზე, ისე არსებული ძალების ყველაზე ეფექტურად გამოყენების საკითხი.
1. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ხანებში გაჩნდა გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტალინმა რამდენიმე თვით ადრე იცოდა პერლ-ჰარბორზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ არ მიაწოდა ეს ინფორმაცია რუზველტს. გარკვეულ მინიშნებას ამის შესახებ აკეთებს ვ. შელენბერგიც, რომელიც აღნიშნავს, რომ საბჭოთა მხარემ იცოდა, რომ იაპონელები წყნარ ოკეანეში აპირებდნენ შეტევითი ოპერაციების წარმოებას. ამ ბოლო დროს კი ასევე გაჩნდა მონაცემები, რომ, შესაძლოა, სტალინმა საერთოდ ინსპირირება მოახდინა იაპონიის აშშ-ზე თავდასხმისა. ასეთ შემთხვევაში სტალინის მიერ მორალურ ვალდებულებებზე საუბარი, ცოტა არ იყოს, მკრეხელურიც კი ჩანს.
ამით დასრულდა დიდი სამეულის მიერ სამხედრო საკითხების განხილვა. ამის შემდეგ ეს საკითხები წყდებოდა მხოლოდ მოკავშირეთა შტაბების წარმომადგენელთა თათბირებზე, რომლებიც იალტაში ყოველდღე იმართებოდა. საბოლოოდ, კონფერენციაზე მიღებული იქნა კომუნიკე, რომლის პირველ ნაწილში _ „გერმანიის განადგურება“ _ აისახა კიდეც სამხედროთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. კომუნიკეში აღინიშნა, რომ შტაბების წარმომადგენლების თათბირების შედეგად უფრო მჭიდრო გახდა მოკავშირეთა სამხედრო ღონისძიებების კოორდინაცია; ხაზი გაესვა იმას, რომ მთლიანად შეთანხმებულ იქნა გერმანიისთვის მისაყენებელი დარტყმების ვადები და მასშტაბები, აგრეთვე აღინიშნა, რომ ყირიმის კონფერენციაზე მიღწეული თანამშრომლობა დააჩქარებდა ომის დამთავრებას და სამი ქვეყნის შტაბების წარმომადგენელთა თათბირები გაგრძელდებოდა მაშინვე, როგორც კი შეიქმნებოდა ამის საჭიროება.
როგორც ვხედავთ, თეირანის კონფერენციისაგან განსხვავებით, იალტაში სამხედრო საკითხებზე საუბრისას ფაქტობრივად არ შექმნილა საკამათო სიტუაციები. სამაგიეროდ, უკვე მეორე სხდომის დაწყებისთანავე ნათელი გახდა, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური პრობლემის განხილვისას მწვავე დებატები იყო მოსალოდნელი. თუმცა, ერთი პატარა კონფუზი უკვე პირველსავე დღეს მოხდა. სხდომის დასრულების შემდეგ შედგა სადილი, რომელზეც მასპინძელი იყო რუზველტი. სწორედ აქ აშშ-ს პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა, რომ ის და ჩერჩილი ხშირად მოიხსენიებდნენ სტალინს, როგორც `ძია ჯოს~. საბჭოთა ლიდერი მოულოდნელად აღშფოთდა მისი ამგვარად მოხსენიებით და იკითხა, თუ როდის შეეძლო მას ამ სუფრის დატოვება. სიტუაცია განმუხტა ბირნსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირში აშშ-ს ხშირად უწოდებდნენ „ძია სემს“ და არც „ძია ჯო“ უნდა ყოფილიყო საწყენი. ამან მართლაც დაამშვიდა სტალინი და სუფრაც მეგობრულ ატმოსფეროში გაგრძელდა. ჩვენი აზრით, საბჭოთა ლიდერის საქციელი შემთხვევითი არ იყო. არ არის გამორიცხული, რომ მას სურდა ერთგვარად დაეშინებინა რუზველტი და ჩერჩილი, რომ კონფერენციის მსვლელობისას ისინი უფრო დამყოლი გაეხადა.
$3. 5 თებერვლის სხდომა
მეორე პლენარული სხდომა შედგა 5 თებერვალს. სხდომის გახსნისთანავე რუზველტი გამოვიდა ინიციატივით, რომ დაეწყოთ გერმანიის საკითხის განხილვა. მას მიაჩნდა, რომ საჭირო იყო საოკუპაციო ზონების პრობლემის გადაწყვეტა, რასთან დაკავშირებით დგებოდა ფრანგებისათვის საოკუპაციო ზონის გამოყოფისა და საფრანგეთის საკონტროლო აპარატში შეყვანის საკითხი. სტალინიც დაეთანხმა რუზველტს, რომ მართლაც საჭირო იყო გერმანიის თაობაზე მსჯელობა, ოღონდ ხაზი გაუსვა იმას, რომ, მისი აზრით, გარდა საოკუპაციო ზონებისა, უნდა განხილულიყო გერმანიის დანაწევრების საკითხიც. გარდა ამისა, საბჭოთა ლიდერმა მოითხოვა გერმანიის უპირობო კაპიტულაციის პირობების დაკონკრეტება. და ბოლოს, ის აუცილებლად თვლიდა რეპარაციების რაოდენობის განსაზღვრას.
სტალინის პასუხად რუზველტმა აღნიშნა, რომ საბჭოთა ლიდერის მიერ დაყენებული საკითხები გამომდინარეობდა ზონების საკითხიდან. მისი თქმით, შეიძლებოდა სწორედ საოკუპაციო ზონები გამხდარიყო გერმანიის დანაწევრების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი. მაგრამ სტალინი ამით არ დაკმაყოფილდა. მან განაცხადა, რომ თუ მოკავშირეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ გერმანიის დანაწევრება, ეს ღიად უნდა ეთქვათ. საბჭოთა ლიდერმა პარტნიორებს შეახსენა, რომ პირველად ეს საკითხი წამოიჭრა თეირანის კონფერენციაზე, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა გერმანიის ხუთ ნაწილად დაქუცმაცების იდეა წამოაყენა. ბრიტანეთის პრემიერმა, ყოყმანის შემდეგ, გერმანიის ორ ნაწილად დაყოფის (რაც გულისხმობდა პრუსიის გამოყოფას სამხრეთ გერმანიისაგან) სურვილი გამოთქვა. სტალინის თქმით, მაშინ ის უფრო რუზველტის პოზიციას იზიარებდა, ვიდრე ჩერჩილისას, მაგრამ თეირანში მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა1. მოსკოვის შეხვედრაზე ჩერჩილთან (1944წ. ოქტომბერი) კი უკვე ამ პრობლემის გადაწყვეტის ინგლისური გეგმა განიხილეს. ამ გეგმის თანახმად გათვალისწინებული იყო პრუსიის ცალკე გამოყოფა, ბავარიისა და ავსტრიის გაერთიანება ერთ სახელმწიფოში, რურისა და ვესტფალიის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოქცევა. საბჭოთა მხარისთვის ეს გეგმა მისაღები იყო, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, რადგანაც მოსკოვში რუზველტი არ იმყოფებოდა2. ამჯერად კი, სტალინის აზრით, დადგა აღნიშნულ პრობლემაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დრო.
1. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის რუსულ ჩანაწერებში რატომღაც არ არის ეს მონაკვეთი, რაც ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ გერმანიის დანაწევრების მთავარი მოსურნეები სწორედ რუზველტი და ჩერჩილი არიან, ხოლო სტალინს ეს მაინცდამაინც არ სურს და მხოლოდ იმიტომ მონაწილეობს ამ საკითხის განხილვაში, რომ საჭიროა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
2. რუსულ ჩანაწერებში ამოღებულია სტალინის შეხედულებები გერმანიის დანაწევრებასთან დაკავშირებით.
სტალინის შემდეგ პოლემიკაში ჩაერთო ჩერჩილი, რომელიც პრინციპში დაეთანხმა გერმანიის დანაწევრების იდეას, მაგრამ გერმანიის ცალკეულ ნაწილებს შორის საზღვრების გავლება იმდენად რთულ საქმედ ჩათვალა, რომ ძნელად მიიჩნია ამის გაკეთება 5-6 დღეში. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ თეირანსა და მოსკოვში მიმდინარეობდა მხოლოდ ზოგადი საუბარი და რაიმე კონკრეტული გეგმის განხილვა არ ყოფილა. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, თუ მისი აზრი მაინც აინტერესებდათ მხარეებს, ის საჭიროდ თვლიდა გერმანიისაგან პრუსიის ჩამოცილებას და სამხრეთით მეორე დიდი გერმანული სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქიც ვენაში იქნებოდა. გარდა ამისა, გერმანული ტერიტორიების ნაწილი უნდა გადასცემოდა პოლონეთს, ხოლო რურისა და საარის ოლქების საკითხი ცალკე უნდა გარკვეულიყო. აქვე ჩერჩილმა უკან დასახევი გზაც დაიტოვა და განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ მისი პირადი აზრი და ბრიტანეთის მთავრობას არ ჰქონდა მიღებული რაიმე გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, მისი განმარტებით, მოკავშირეები მზად იყვნენ გერმანიის უპირობო კაპიტულაციის დაუყოვნებლივ მისაღებად და ყველა დეტალი უკვე ცნობილი იყო სამივე მთავრობისათვის1. ამისათვის კი აუცილებელი იყო საოკუპაციო ზონებსა და გერმანიაში კონტროლის აპარატზე ოფიციალური შეთანხმების მიღწევა, რადგანაც ამის შემდეგ ნებისმიერ დროს გერმანიის კაპიტულაციის შემთხვევაში საჭირო იქნებოდა მხოლოდ გერმანიის საოკუპაციო ზონების მიხედვით დაკავება.
1. აღსანიშნავია, რომ ამერიკელებს ეჭვიც კი შეეპარათ, იცნობდა თუ არა სტალინი საბჭოთა მხარის მიერ 1944წ. 8 დეკემბერს მოწონებულ დოკუმენტს (ინგლისელებმა და ამერიკელებმა უფრო ადრე მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს) გერმანიის კაპიტულაციის შესახებ.
ამის საპასუხოდ საბჭოთა ლიდერმა მოითხოვა შემდეგი საკითხის დაზუსტება: ითანამშრომლებდნენ თუ არა მოკავშირეები ისეთ დაჯგუფებასთან, რომელიც დაამხობდა ჰიტლერს და გამოაცხადებდა უპირობო კაპიტულაციას? ჩერჩილმაც განუმარტა საბჭოთა ლიდერს, რომ ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნებოდა დაუყოვნებლივი კონსულტაციები სამივე მხარეს შორის იმის შესახებ, წაეყენებინათ თუ არა ამ ჯგუფისათვის კაპიტულაციის პირობები. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირობები წარდგენილი იქნებოდა, უარყოფით დადგენილებას კი მოჰყვებოდა საომარი მოქმედებების გაგრძელება და გერმანიის სრული ოკუპაცია. ასეთი დაჯგუფების გამოჩენა და მისი წარმომადგენლების მიერ ხელის მოწერა უპირობო კაპიტულაციაზე მოკავშირეების მოთხოვნების შესაბამისად არ გახდიდა საჭიროს ამ დოკუმენტში რაიმე კონკრეტული მუხლის შეტანას გერმანიის მომავლის თაობაზე. ჩერჩილის აზრით, უპირობო კაპიტულაცია ისედაც იძლეოდა გერმანიის დანაწევრების შესახებ დამატებითი მოთხოვნების წამოყენების უფლებას მომავალში1.
სტალინი, როგორც ჩანს, მაინც არ დააკმაყოფილა ბრიტანეთის პრემიერის ახსნა-განმარტებამ. მან განაცხადა, რომ მოთხოვნა გერმანიის დანაწევრების შესახებ დამატებითი კი არა, სწორედ რომ არსებითი პირობა იყო. ჩერჩილი დაეთანხმა სტალინს და აღნიშნა, რომ უბრალოდ საჭირო არ იყო პირველ ეტაპზე გერმანელებისათვის ასეთი მოთხოვნის წაყენება. მისი აზრით, ეს საკითხი მხოლოდ მოკავშირეებს შორის უნდა განხილულიყო. საბჭოთა ლიდერმაც განმარტა, რომ სწორედ ეს სურდა მასაც, რაზეც ჩერჩილმა უპასუხა, რომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდებოდა და დანაწევრების დეტალების დაზუსტება სამშვიდობო კონფერენციაზე უნდა მომხდარიყო.
1. როგორც ჩანს, სტალინის დასაწყნარებლად, ჩერჩილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ექნებოდა ადგილი არავითარ მოლაპარაკებებს ჰიტლერთან ან ჰიმლერთან, მათი მხრიდან უპირობო კაპიტულაციაზე ხელის მოწერის ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში.
ჩერჩილისა და სტალინის კამათში ჩაება რუზველტიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საჭირო იყო პრინციპის გადაწყვეტა, მოხდებოდა თუ არა გერმანიის დანაწევრება, ხოლო დეტალების განხილვა შემდგომშიც შეიძლებოდა, რასაც სტალინიც დაეთანხმა1. შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დაამატა, რომ აქ მთავარი იყო შეთანხმება გერმანიის 5-7, ან უფრო ნაკლებ2 ნაწილად დაყოფის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერების ამ ნაწილის რუსული რედაქციის მიხედვით, რუზველტს ერჩივნა დეცენტრალიზაცია, მაგრამ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს უტოპიად მიაჩნდა და ერთადერთ გამოსავლად თვლიდა გერმანიის დანაწევრებას. განსხვავებულია ამერიკული რედაქცია, სადაც დეცენტრალიზაცია მოხსენიებულია მხოლოდ როგორც დანაწევრების სინონიმი და არავითარი საუბარი უტოპიაზე არ არის. ამასთან, მან შესაძლოდ ჩათვალა გერმანელებისათვის იმის თქმა, რომ მოხდებოდა გერმანიის დანაწევრება, ოღონდ იმის დაკონკრეტების გარეშე, თუ რამდენი ნაწილი იქნებოდა.
1. სტალინის თანხმობა გამოტოვებულია ამერიკულ ჩანაწერებში, თუმცა საუბრიდან გამომდინარე, საბჭოთა ჩანაწერი ალბათ უფრო სრულია ამ შემთხვევაში.
2. უფრო ნაკლებ ნაწილად დაყოფის შესახებ რემარკა ჩერჩილმა გააკეთა, რასაც რუზველტიც დაეთანხმა.
რუზველტის ამ განმარტებას კვლავ მოჰყვა ჩერჩილის წინააღმდეგობა. ბრიტანეთის პრემიერს დაუშვებლად მიაჩნდა გერმანელების ინფორმირება იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც გაატარებდნენ მომავალში მოკავშირეები გერმანიის მიმართ. მისი თქმით, საჭირო იყო მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ მომავალში იქნებოდა დამატებითი მოთხოვნები. ბრიტანეთის პრემიერმა ისიც განაცხადა, რომ 80 მილიონი ადამიანის ბედის გადაწყვეტას 80 წუთზე მეტი დრო სჭირდებოდა1. მისი აზრით, საკითხის სრული შეფასება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ გერმანიის ოკუპაციიდან ერთ თვეში. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ჩანაწერებში აქ ფიგურირებს უბრალოდ ერთი თვე. ჩვენი აზრით, საბჭოთა ჩანაწერის ამ ნაწილში დაშვებულია რამდენიმე შეცდომა: 1. რატომღაც ნახსენებია კომისია, რომელსაც დასჭირდებოდა ეს ერთი თვე, თუმცა ამ საუბრის არც რუსულ, არც ამერიკულ ჩანაწერში არანაირი კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით მანამდე ნახსენები არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრების კომისიაზე საუბარს იწყებს რუზველტი, მაგრამ მხოლოდ ჩერჩილის განცხადების პასუხად, თანაც ის არ ახსენებს სიტყვას „კომისია“, ამ ტერმინს მოგვიანებით იყენებს სტალინი; 2. ამერიკული ჩანაწერი ცხადყოფს, რომ ჩერჩილს მხედველობაში ჰქონდა ერთი თვე სწორედ გერმანიის დაკავების შემდეგ. როგორც ჩანს, თარგმნისას ან საუბრის ჩაწერისას უბრალოდ ამოვარდა ჩერჩილის ნათქვამის ბოლო სიტყვები, რის გამოც საბჭოთა ჩანაწერმა სახე იცვალა. ჩერჩილის რეპლიკის პასუხად აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაუშვებელი იყო საჯარო დისკუსიის გამართვა გერმანიის დაყოფის თემაზე, რადგანაც ამ შემთხვევაში „გეგმების რაოდენობა იქნებოდა იმდენივე, რამდენი გერმანული სახელმწიფოც იყო წარსულში“.2 ამიტომ, მისი აზრით, საჭირო იყო საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის დაევალებინათ საკითხის შესწავლა, რათა მათ მეორე დღისათვის წარმოედგინათ გერმანიის დაყოფის სამუშაო გეგმა. რუზველტის ამ წინადადებას ჩერჩილიც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მისთვის მისაღები იყო გერმანიის დანაწევრების პრინციპი იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდებოდა პრობლემის შემდგომი დაკონკრეტება. აქ პოლემიკაში ისევ ჩაერთო სტალინი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მხრიდან ამ საკითხის დაყენება განაპირობა სურვილმა, მოკავშირეები მზად ყოფილიყვნენ მოვლენების შესაძლო განვითარებისთვის. საბჭოთა ლიდერის თქმით, გერმანია იდგა არა მარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკური კატასტროფის წინაშეც, რადგანაც ის რჩებოდა პურისა და ქვანახშირის გარეშე. ამიტომ სტალინმა ხაზგასმით მიუთითა, რომ ის მოითხოვდა არა კონკრეტული გეგმის შედგენას, არამედ საკითხის პრინციპულად გადაწყვეტას და ამის დაფიქსირებას გერმანიის უპირობო კაპიტულაციის ტექსტში.
1. კონფერენციის რუსულ ჩანაწერში ფიგურირებს „30 წუთი“.
2. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც რუზველტმა გამოამჟღავნა ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიის ცოდნა. ჩვეულებრივ ის ძალიან უხეშ შეცდომებს უშვებდა მსგავსი საკითხების განხილვისას, რასაც განსაკუთრებით მოწმობს მისი საუბარი სტალინთან თეირანში (მხედველობაში გვაქვს რუზველტის აზრები ინდოეთის მოწყობის შესახებ).
ჩერჩილმა კიდევ ერთხელ სცადა თავისი პოზიციის დაცვა და აღნიშნა, რომ უპირობო კაპიტულაცია გამორიცხავდა დაზავებას, რაზეც სტალინმა შენიშნა, რომ, ამის მიუხედავად, კაპიტულაციაზე ხელი მაინც უნდა მოწერილიყო. ბრიტანეთის პრემიერი დაეთანხმა ამ შენიშვნას და დამსწრეთ წაუკითხა ევროპის საკონსულტაციო კომისიის მიერ შემუშავებული გერმანიის უპირობო კაპიტულაციის ტექსტის მე-12 მუხლი, რომელიც მოკავშირეებს ანიჭებდა სრული ადმინისტრაციული კონტროლის უფლებას გერმანიის ტერიტორიაზე3. ტექსტის მოსმენის შემდეგ რუზველტმა შენიშნა, რომ აქ არსად არ იყო ნახსენები გერმანიის დანაწევრება და სასურველად ჩათვალა ამის ჩამატება პირველ პარაგრაფში. ჩერჩილი ამის წინააღმდეგ წავიდა და აღნიშნა, რომ ეს არც ეიზენჰაუერს უნდოდა, რადგანაც გააძლიერებდა გერმანელების წინააღმდეგობას. აქ საუბარში ისევ სტალინი ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ არავინ არ აპირებდა ამ ტექსტის გამოქვეყნებას. მისი თქმით, შეიძლებოდა ამოქმედებულიყო იტალიის ვარიანტი, როდესაც იტალიელებმა ხელი მოაწერეს უპირობო კაპიტულაციას, მაგრამ მისი პირობები არ გამოქვეყნებულა. ამ შემოტევის გაძლება ჩერჩილს უკვე გაუჭირდა და ის დაეთანხმა წინადადებას, რომ საკითხი განსახილველად გადასცემოდა საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებსაც უნდა განესაზღვრათ, იყო თუ არა მიზანშეწონილი გერმანიის დანაწევრების ან მსგავსი ფორმულირების მოხსენიება უპირობო კაპიტულაციის ტექსტში.
ამის შემდეგ „დიდი სამეული“ გადავიდა ფრანგებისათვის საოკუპაციო ზონის გამოყოფისა და საფრანგეთის საკონტროლო აპარატში შეყვანის საკითხის განხილვაზე. რუზველტმა განაცხადა, რომ, მისი გაგებით, ფრანგებს უნდოდათ საოკუპაციო ზონა მდ. რაინამდე საფრანგეთის საზღვრის გასწვრივ, თუმცა არ აინტერესებდათ ამ ტერიტორიის შემოერთება. აქვე ის დაეკითხა სტალინს, თუ რამდენად სწორი იყო ეს დასკვნა და გაკვირვებულმა გაიგო, რომ მოსკოვში ყოფნის პერიოდში (1944წ. დეკემბერი) დე გოლმა ღიად განაცხადა საფრანგეთის სურვილის შესახებ, საზღვარი გადატანილიყო მდ. რაინზე. აქ საუბარში ჩაერთო ბრიტანეთის პრემიერი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამჯერად არ იხილებოდა საფრანგეთ-გერმანიის მომავალი საზღვრის საკითხი და გადასაწყვეტი იყო მხოლოდ ფრანგებისათვის საოკუპაციო ზონის გამოყოფა-არგამოყოფა. ჩერჩილმა განაცხადა, რომ ეს ზონა გამოყოფილი იქნებოდა ბრიტანული და, სავარაუდოდ, ამერიკული ზონებიდან, თუ საბჭოთა მხარე დაეთანხმებოდა ამ წინადადებას.
სტალინს თავდაპირველად არ გამოუხატავს თავისი პოზიცია მოცემული საკითხისადმი. მან იკითხა, ხომ არ შექმნიდა ეს პრეცედენტს სხვა ქვეყნების მხრიდან საოკუპაციო ზონის მოთხოვნისათვის. პასუხად ჩერჩილმა განაცხადა, რომ გერმანიის ოკუპაცია შეიძლებოდა ხანგრძლივი ყოფილიყო და დიდი ბრიტანეთისათვის მეტად ფასეული იქნებოდა საფრანგეთის დახმარება1. მაშინ საბჭოთა ლიდერი დაინტერესდა, გამოიწვევდა თუ არა ეს საფრანგეთის შეყვანას საკონტროლო მექანიზმში. ბრიტანეთის პრემიერმა გამოთქვა ამის სურვილი და იქვე ხაზი გაუსვა, რომ თუ ბელგია ან ჰოლანდია მოინდომებდნენ ოკუპაციაში ბრიტანელების დახმარებას, ეს მოხდებოდა მათთვის ზონების გამოყოფის და, შესაბამისად, მათი საკონტროლო მექანიზმში შეყვანის გარეშე. ამასთან დაკავშირებით სტალინმა იკითხა, ხომ არ იყო მიზანშეწონილი, იგივე პოზიცია დაეკავებინათ საფრანგეთის მიმართაც, რაზეც ჩერჩილმა უპასუხა, რომ ფრანგები დაჟინებით ითხოვდნენ მათთვის საოკუპაციო ზონის გამოყოფას. აქვე ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საჭირო იყო საფრანგეთის მომავალი სტატუსის გარკვევაც და ფრანგების საკონტროლო აპარატში შეყვანა. მისი თქმით, საფრანგეთის აქტიური ჩართვა აუცილებელი იყო გერმანიის მხრიდან მომავალში აგრესიის თავიდან ასაცილებლად, რადგან აშშ-ს მონაწილეობა გერმანიის ოკუპაციაში ხანგრძლივი არ იქნებოდა. გარდა ამისა, ჩერჩილმა აღნიშნა, რომ თუ საბჭოთა კავშირს გაუჩნდებოდა სურვილი, ჩაერთო გერმანიის ოკუპაციაში რომელიმე სხვა სახელმწიფო, მაგალითად, პოლონეთი, მას შეეძლო ამის გაკეთება საოკუპაციო ზონის გამოყოფისა და საკონტროლო მექანიზმში შეყვანის გარეშე.
1. საბჭოთა ჩანაწერში რატომღაც აქვე მითითებული არის, რომ ჩერჩილმა მისაღებად ჩათვალა ჰოლანდიისა და ბელგიისათვის საოკუპაციო ზონების გამოყოფა, თუ ისინი გამოთქვამდნენ ასეთ სურვილს. როგორც ჩანს, შეცდომას ადგილი ჰქონდა თარგმნისას, რადგანაც, როგორც შემდგომი დიალოგიდან ჩანს, ბრიტანეთის პრემიერი სხვა სახელმწიფოებისათვის, საფრანგეთის გარდა, საოკუპაციო ზონის გამოყოფის წინააღმდეგი იყო, თუმცა მოლოტოვი უმტკიცებდა მას, რომ ჩერჩილმა დაუშვა ბელგიის, ჰოლანდიისა და პოლონეთისათვის ზონის გამოყოფის შესაძლებლობა. რუზველტმა ეს ვადა ორი წლით განსაზღვრა.
ჩერჩილის წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა როგორც საბჭოთა ლიდერისათვის, ისე აშშ-ს პრეზიდენტისათვის. რუზველტმა აღნიშნა, რომ მას ერჩივნა საკონტროლო მექანიზმი საფრანგეთის გარეშე, სტალინმა კი, რომელიც თავდაპირველად თავს იკავებდა რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთებისაგან, ამჯერად სასტიკად გაილაშქრა საფრანგეთის საკონტროლო კომისიაში შეყვანის წინააღმდეგ. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ საკონტროლო მექანიზმში მონაწილეობა უნდა მიეღოთ მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე მტკიცედ იბრძოდნენ გერმანიის წინააღმდეგ, ხოლო საფრანგეთმა ჰიტლერს ჯეროვანი წინააღმდეგობა არ გაუწია და არ შედიოდა ასეთი ქვეყნების რიცხვში. საბჭოთა ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ საფრანგეთი მიიღებდა ადგილს საკონტროლო მექანიზმში, ძნელი იქნებოდა სხვებისათვის უარის თქმა მსგავსი სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში1. რუზველტიც დაეთანხმა ფრანგებისათვის ზონის გამოყოფას, ოღონდ საფრანგეთის საკონტროლო მექანიზმში შეყვანის გარეშე, რადგანაც ეს, მისი თქმით, წაახალისებდა ჰოლანდიელებს, რომლებსაც სერიოზული პრობლემები ჰქონდათ შექმნილი თავიანთი ტერიტორიის ნაწილის ზღვით დატბორვის გამო და შეეძლოთ მსგავსი პრეტენზიების გამოთქმა.
1. სტალინის ეს სიტყვები არ არის დაფიქსირებული საბჭოთა ჩანაწერებში.
მიუხედავად სტალინისა და რუზველტის წინააღმდეგობისა, ბრიტანულმა დელეგაციამ მაინც განაგრძო თავისი პოზიციის დაცვა. კერძოდ, იდენმა აღნიშნა, რომ ზონა გამოყოფილი იქნებოდა მხოლოდ საფრანგეთისათვის. აქვე მან იკითხა, როგორ უნდა განეხორციელებინათ ფრანგებს თავიანთი უფლებამოსილება საოკუპაციო ზონაში, თუ ისინი არ იქნებოდნენ წარმოდგენილი საკონტროლო კომისიაში. სტალინის რეპლიკამ, რომ ფრანგებს უნდა ემოქმედათ ბრიტანელების დირექტივების მიხედვით, ბრიტანელების სავსებით ლოგიკური რეაქცია გამოიწვია. ჩერჩილმა განაცხადა, რომ ფრანგები უარს იტყოდნენ საოკუპაციო ზონაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ არ შეიყვანდნენ საკონტროლო მექანიზმში. აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არ მისცემდა საფრანგეთს უფლებას, მონაწილეობა მიეღო სამი სახელმწიფოს კონფერენციებში. აქვე ბრიტანელებმა აღნიშნეს, რომ პარიზში ფრანგებმა მათ თავიანთი პოზიცია გააცნეს და იკითხეს, იყო თუ არა საუბარი ამ საკითხზე მოსკოვში დე გოლის ვიზიტის დროს. სტალინმა დაადასტურა, რომ ფრანგებმა მართლაც მოითხოვეს როგორც საოკუპაციო ზონა, ისე ადგილი საკონტროლო კომისიაში, მაგრამ მაშინ მან უთხრა დე გოლს, რომ ამ საკითხების გადაჭრას სამივე ლიდერის საერთო გადაწყვეტილება სჭირდებოდა. ამ სიტყვებს მოყვა ჩერჩილის რემარკა, რომ ამჯერად საჭირო იყო მხოლოდ საფრანგეთისათვის ზონის გამოყოფაზე გადაწყვეტილების მიღება, ხოლო კონტროლის განხორციელების მექანიზმზე შეიძლებოდა ემსჯელათ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც შეათანხმებდნენ საბოლოო ვარიანტს აღნიშნული საკითხის შესახებ. მცირე პოლემიკის შემდეგ, რომლის დროსაც მხარეები იმეორებდნენ უკვე გამოთქმულ არგუმენტებს, ჩერჩილის ეს წინადადება მიღებულ იქნა.
საფრანგეთის თაობაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, სტალინის ინიციატივით, რეპარაციების საკითხის განხილვა დაიწყო. რუზველტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აშშ არ იყო დაინტერესებული გერმანული ტექნიკითა თუ მუშახელით. მისი თქმით, გერმანიისაგან რეპარაციების მიღებით არა მარტო „დიდი სამეულის“ ქვეყნები, არამედ მცირე სახელმწიფოებიც იყვნენ დაინტერესებული. ამავე დროს, აშშ-ს პრეზიდენტს აინტერესებდა საბჭოთა მხარის პოზიცია გერმანელი მუშახელის გამოყენებასთან დაკავშირებით. სტალინმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა რუზველტის ცნობისმოყვარეობა. მან განაცხადა, რომ საბჭოთა მხარე არ იყო მზად მეორე საკითხის განსახილველად, მაგრამ, სამაგიეროდ, შემუშავებული ჰქონდა მატერიალური რეპარაციების მიღების გეგმა, რომლის წარმოდგენაც დაევალა ი. მაისკის. საბჭოთა გეგმა 8 ძირითად დებულებას ეფუძნებოდა: 1) რეპარაციების ამოღება მომხდარიყო ნატურით, და არა ფულით, როგორც ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ; 2) დაწესებულიყო ორი სახის ნატურალური გადასახადი: ომის დამთავრების შემდეგ გერმანიის ეროვნული სიმდიდრის (ფაბრიკა-ქარხნები, გემები, დაზგები, უცხოური ინვესტიციები და ა.შ.) ერთჯერადი ამოღება და საქონლის ყოველწლიური მიწოდება ომის შემდგომ პერიოდში; 3) რეპარაციების გადახდის პირობების შესრულებისას უნდა მომხდარიყო გერმანიის ეკონომიკური განიარაღება, რაც ითვალისწინებდა მძიმე მრეწველობის 80%-ის და სამხედრო საწარმოების 100%-ის ამოღებას; 4) რეპარაციების გადახდის ვადად უნდა დაწესებულიყო 10 წელი პირველი 2 წლის განმავლობაში ეროვნული სიმდიდრის ამოღებით; 5) გერმანიის მხრიდან აღებული სარეპარაციო ვალდებულებების სრულად შესასრულებლად ქვეყანაზე უნდა დაწესებულიყო სსრკ-ინგლის-აშშ-ს ერთობლივი კონტროლი, რომელიც შენარჩუნდებოდა რეპარაციების გადახდის ვადის ამოწურვის შემდეგაც; 6) დაზარალებული სახელმწიფოებისათვის რეპარაციების მიღების წესი უნდა განსაზღვრულიყო გერმანიის დამარცხებაში შეტანილი წვლილისა და ომში განცდილი პირდაპირი მატერიალური დანაკარგების რაოდენობის მიხედვით; 7) საბჭოთა კავშირის წილი რეპარაციებში უნდა განსაზღვრულიყო 10 მლრდ დოლარით; და 8) დეტალური სარეპარაციო გეგმის შესამუშავებლად უნდა შექმნილიყო აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია, რომელიც მოსკოვში იმუშავებდა.
საბჭოთა გეგმის წარმოდგენის შემდეგ ჩერჩილმა უმალ სცადა მისი ტორპედირება. მან განაცხადა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ყველას დიდი იმედი ჰქონდა გერმანული რეპარაციების, მაგრამ საბოლოო ჯამში გერმანიიდან მხოლოდ 1 მილიარდი გირვანქა იქნა მიღებული და ისიც მხოლოდ იმის წყალობით, რომ აშშ-მ და ინგლისმა ჩადეს გაცილებით უფრო დიდი ინვესტიციები გერმანიის ეკონომიკაში. ამიტომ ბრიტანეთის პრემიერი დაეჭვდა, რომ შესაძლებელი იყო გერმანიისაგან წელიწადში 250 მილიონი გირვანქის მიღება, თუმცა სავსებით დაეთანხმა ფაბრიკა-ქარხნების დემონტაჟსა და კონფისკაციას. ხაზი გაუსვა რა უდიდეს ზარალს, რომელიც განიცადა ომში საბჭოთა კავშირმა, ამავე დროს, ჩერჩილმა აღნიშნა, რომ ინგლისიც ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო ჩავარდნილი. განუწყვეტელი დაბომბვების შედეგად განცდილი ზარალის გარდა ქვეყანას დააწვებოდა 3-მილიარდიანი საგარეო ვალი. ბრიტანეთის პრემიერს კარგ გამოსავლად მიაჩნდა ამ პრობლემების რეპარაციებით გადაჭრა, მაგრამ ძლიერ ეეჭვებოდა, რომ ამ გეგმიდან რაიმე გამოვიდოდა. თანაც, გასათვალისწინებელი იყო კიდევ ერთი გარემოება: ხომ არ დასჭირდებოდათ მოკავშირეებს გერმანიის 80 მილიონიანი მოსახლეობის დაპურება და, შესაბამისად, რეპარაციების ნაწილობრივ საკუთარი ჯიბიდან დაფარვა. ამიტომ ჩერჩილმა წამოაყენა ისეთი სარეპარაციო კომისიის შექმნის იდეა, რომელიც სრულიად საიდუმლოდ აწარმოებდა თავის საქმიანობას.
თავის მხრივ, რუზველტმაც განაცხადა, რომ შეუძლებელი იქნებოდა რეპარაციების ხარჯზე ყველა დანაკლისის ანაზღაურება. მისი თქმით, ამერიკელები ალბათ მოახდენდნენ აშშ-ში არსებული გერმანიის საკუთრების სრულ კონფისკაციას, მაგრამ არ გამოიყენებდნენ მუშახელს და არც დაზგებს წამოიღებდნენ გერმანიიდან. აქვე აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანიაში არ უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირზე უფრო მაღალი ცხოვრების დონე, თუმცა, ამავე დროს, უნდა დაეტოვებინათ იმდენი საწარმო, რომ გერმანელები შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. ამიტომ რუზველტი სავსებით ეთანხმებოდა როგორც სარეპარაციო კომისიის შექმნის იდეას, ისე ამ კომისიის ძირითად სამუშაო ადგილად მოსკოვის დასახელებას.
საბჭოთა მხარემ უპასუხოდ არ დატოვა ჩერჩილისა და რუზველტის გამოსვლები. ი. მაისკიმ აღნიშნა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რეპარაციების ამოღება შეუძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოკავშირეები ითხოვდნენ ფულს, რამაც წარმოქმნა კონვერტირების პრობლემა, რომლის გადაჭრაც ვერ მოხერხდა. საბჭოთა დიპლომატის თქმით, რეპარაციების ნატურით ამოღება ამ პრობლემას მოხსნიდა. ამავე დროს, მან არც 10 მილიარდი დოლარი მიიჩნია უსაშველოდ დიდ თანხად და პარალელები გაავლო აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტებთან1. თავისი გამოსვლის ბოლოს კი მაისკიმ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირს უნდოდა გერმანია თავისი ცხოვრების დონით ყოფილიყო არა გაღატაკებული და მოშიმშილე სახელმწიფო, არამედ საშუალო ევროპული ქვეყანა და, მისი მტკიცებით, რეპარაციების ამოღება ამას არ შეუშლიდა ხელს, რადგანაც გერმანია მთლიანად თავისუფალი იქნებოდა სამხედრო ხარჯებისაგან.
1. ი. მაისკის მონაცემებით, რომლებიც დაადასტურეს ამერიკელმა და ბრიტანელმა წარმომადგენლებმა, 10 მლრდ დოლარი შეადგენდა აშშ-ს 1944-1945წწ. ბიუჯეტის 10%-ს და უდრიდა ბრიტანელთა 6 თვის ხარჯს ომის პერიოდში.
საბოლოო ჯამში, მცირე პოლემიკის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სარეპარაციო კომისიასთან დაკავშირებული საკითხები განეხილათ საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამ გადაწყვეტილების მიღებით იალტის კონფერენციის მეორე პლენარული სხდომა დაიხურა.
$4. 6 თებერვლის სხდომა
მომდევნო დღეს, 6 თებერვალს მთავრობათა მეთაურების შეხვედრას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა, რომელზეც განხილული უნდა ყოფილიყო სამი საკითხი, მაგრამ პრაქტიკულად მთელი დრო დაეთმო გერმანიის დანაწევრების შესახებ ფორმულის შემუშავებასა და მის უპირობო კაპიტულაციის პირობებში ჩაწერას. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული დაინტერესება ამ პრობლემასთან დაკავშირებით მოლოტოვს ჰქონდა, რომელიც დაჟინებით ითხოვდა ტექსტში შემდეგი ფრაზის ჩაწერას: „ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოკავშირეები აუცილებლად თვლიან გერმანიის დანაწევრებას“. 2 სტეტინიუსი პრინციპში დაეთანხმა მოლოტოვს, მაგრამ იდენის წინააღმდეგობის გამო საბოლოო შეთანხმებამდე საქმე არ მივიდა. ერთადერთი, რაზეც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დათანხმდა, იყო სიტყვა „დანაწევრების“ შეტანა გერმანიის უპირობო კაპიტულაციის ტექსტის მე-12 მუხლში. მისი აზრით, ყველა სხვა ფორმულირება მოკავშირეთა მოქმედებებს აძლევდა აუცილებელ ხასიათს და არ უტოვებდა მათ მომავალში ლავირების საშუალებას. საბოლოო ჯამში, მხარეები შეთანხმდნენ სწორედ იდენის ვარიანტზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ის დაეკითხებოდა ჩერჩილს შემდგომი დაზუსტების შესაძლებლობის შესახებ1. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთმა საინტერესო გარემოებამ: კამათისას მოლოტოვმა განაცხადა, რომ მას ჩერჩილმა და იდენმა ოქტომბერში (იგულისხმება 1944წ.) უჩვენეს დაყოფილი გერმანიის რუკა. იდენმა ეს იუარა, რაც სიმართლეს შეესაბამებოდა კიდეც. როგორც ჩანს, საბჭოთა მხარეს უკვე ამ დროს სურდა თავის ზონაში შეექმნა ცალკე გერმანული სახელმწიფო, რისი ერთგვარი გამართლებაც იქნებოდა უპირობო კაპიტულაციის ტექსტში გერმანიის დანაწევრების ფორმულის არსებობა. სხვა ახსნას ჩვენ სტალინისა და მთლიანად საბჭოთა დელეგაციის მოქმედებებს ამ ფაქტთან დაკავშირებით ვერ ვუძებნით. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს იალტაში მიმდინარე სამიტის კომუნიკეს პროექტი და უმნიშვნელო შესწორებები შეიტანეს ამერიკელების მიერ წარმოდგენილ ვარიანტში. დღის წესრიგის მესამე საკითხი, რომელიც სარეპარაციო კომისიის შექმნას ეხებოდა, არ განუხილავთ. მოლოტოვის წინადადებით, ის შემდეგი სხდომისათვის გადადეს.
1. საბჭოთა ჩანაწერში რატომღაც არ არის დაფიქსირებული, რომ შეთანხმება შედგა და დოკუმენტს დაემატა სიტყვა „დანაწევრება“, ხოლო პუნქტის საბოლოო რედაქციის მიღება გადაიდო.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგები იმავე დღეს, მესამე პლენარულ სხდომაზე იქნა წარდგენილი მთავრობათა მეთაურებისათვის. სტეტინიუსის მოხსენების დროს გაირკვა, რომ საბჭოთა მხარე დაკმაყოფილდა გერმანიის უპირობო კაპიტულაციის ტექსტში სიტყვა „დანაწევრების“ შეტანით და მოხსნა თავისი დამატებითი წინადადებები, რითაც მეტად გაახარა დიდი ბრიტანეთის დელეგაცია.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გამოსვლის შემდეგ მთავრობათა მეთაურები გადავიდნენ დღის წესრიგის სხვა პუნქტებზე. რუზველტის ინიციატივით, მხარეებმა დაიწყეს მსოფლიო უსაფრთხოებისათვის საჭირო საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები რუზველტისათვის უმნიშვნელოვანესი იყო. ა. პერლმუტერის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი წინა პლანზე აყენებდა სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შემდეგ მოდიოდა შორეული აღმოსავლეთის საკითხი, რასაც მოჰყვებოდა გერმანიის დაყოფა, ხოლო პოლონეთისათვის ბოლო ადგილი იყო მიკუთვნებული. რუზველტის მდივანი უილიამ ჰასეტი კი ნათელს ჰფენს, თუ რატომ იზიდავდა აშშ-ს პრეზიდენტს საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხები. მისი თქმით, რუზველტს სურდა ისტორიაში შესვლა მთელი კაცობრიობისათვის გაწეული სამსახურით. საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების პრიორიტეტს პოლონეთის საკითხთან შედარებით ადასტურებს უ. კიმბოლიც.
აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „დიდი სამეულის“ ამოცანა იყო, 50 წლით მაინც უზრუნველეყო მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. აქვე მან სთხოვა სტეტინიუსს, გაეცნო სხდომის მონაწილეთათვის დუმბარტონ ოქსში მიღწეული შეთანხმებებისა თუ განხილული საკითხების მოკლე ანგარიში და ის დამატებები, რომლებიც შემდგომში იქნა შეთავაზებული.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინა ამერიკული ვარიანტი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო კენჭისყრის წესი უშიშროების საბჭოში1. ამ ვარიანტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს ყოველ წევრს ჰქონდა თითო ხმა, პროცედურული საკითხების დასამტკიცებლად საჭირო იყო 7 ხმა, ხოლო ყველა დანარჩენ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად _ 7 ხმა, რომელშიც უნდა შესულიყო მუდმივი წევრების თანმხვედრი ხმები. ამასთან, დავაში მონაწილე მხარეს თავი უნდა შეეკავებინა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. ყოველივე ეს აუცილებელი იყო, რათა დაცული ყოფილიყო როგორც მუდმივი წევრების უფლებები, ისე სამართლიანობის პრინციპი ორგანიზაციის ყველა წევრის მიმართ. აქვე სტეტინიუსმა, რუზველტის თხოვნით, განმარტა, თუ რომელ საკითხებზე იყო აუცილებელი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების ერთსულოვნება და როდის უნდა შეეკავებინა თავი მუდმივ წევრს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. სწორედ ამ უკანასკნელმა საკითხმა მიიპყრო ჩერჩილისა და სტალინის ყურადღება. ბრიტანეთის პრემიერი, რომელიც მანამდე უარყოფითად უყურებდა დუმბარტონ ოქსში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგანაც მათში სრულად არ იყო გათვალისწინებული სამი დიდი სახელმწიფოს ინტერესები2, მთლიანად დაეთანხმა ამერიკულ წინადადებებს. მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტი ასწორებდა ხარვეზებს, რადგანაც ჩამატებული დებულებები დიდ ბრიტანეთს აძლევდა უფლებას, დაებლოკა მისი ინტერესებისათვის საზიანო ნებისმიერი გადაწყვეტილება. ამავე დროს, ამ წინადადებების თანახმად, ნებისმიერ სახელმწიფოს შეეძლო განსახილველად დაეყენებინა თუნდაც მუდმივი წევრისათვის მიუღებელი საკითხი, ოღონდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული წევრის თანხმობის გარეშე არ შეიძლებოდა. ჩერჩილი იმედოვნებდა, რომ ამის წყალობით აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს მსოფლიო დიქტატის დამყარებაში არ დასდებდნენ ბრალს. აქვე მან მოიყვანა მაგალითი: თუ ჩინეთი მოითხოვდა ჰონკონგის დაბრუნებას, საკითხი განხილული იქნებოდა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის უარის შემთხვევაში გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ.
1. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავის დროზე დუმბარტონ ოქსში ვერ მოხერხდა კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ამ საკითხზე. ამიტომ პროექტში ჩაიწერა, რომ ამ საკითხის განხილვა გაგრძელდებოდა.
2. უფრო სწორად, ჩერჩილს აწუხებდა დიდი ბრიტანეთის ინტერესები და ეშინოდა, რომ პირვანდელი ვარიანტი გამოიწვევდა იმპერიის დაშლას, თუმცა, ძნელია იმის მტკიცება, რომ ახალმა ფორმულირებამ რაიმეთი მაინც ხელი შეუშალა ამ პროცესს.
ბრიტანეთის პრემიერის პასუხად სტალინმა განაცხადა, რომ მხოლოდ საკითხის განხილვა და მასზე აზრის გამოთქმა არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენდა. მისი თქმით, თუ ჩინეთი მოითხოვდა დიდი ბრიტანეთისაგან ჰონკონგის დაბრუნებას, ის არ დაკმაყოფილდებოდა უბრალოდ თავისი აზრის გამოხატვის უფლებით და მოითხოვდა გადაწყვეტილების მიღებას. ანალოგიურად მოიქცეოდა ეგვიპტეც სუეცის არხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
საინტერესოა, თუ რატომ ახსენა სტალინმა ამ საუბარში მაინცდამაინც ეგვიპტე. ჩერჩილის მიერ მოყვანილი მაგალითი თითქოს მკაფიოდ აჩვენებდა, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებას გაცილებით უფრო რთულ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პრეტენზიები ექნებოდა მეორე მუდმივ წევრს, და არა უბრალოდ ორგანიზაციის წევრს, როგორადაც მოიაზრებოდა ეგვიპტე, რომელიც უშიშროების საბჭოში მოხვდებოდა მხოლოდ არჩევის შემთხვევაში. თუ გავითვალისწინებთ სტალინის სურვილს, ომის შემდეგ დაეკავებინა თურქეთის ტერიტორია და ხელთ ეგდო შავი და ხმელთაშუა ზღვების შემაერთებელი სრუტეები, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მის გეგმაში იყო ეგვიპტის გაწითლებაც და ამით ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში გასასვლელის ხელში ჩაგდება. ამგვარი ეჭვის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ აღნიშნული საუბრისას სტალინმა ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებას: თუ ეგვიპტე მოსთხოვდა დიდ ბრიტანეთს სუეცის არხის დაბრუნებას, მას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდებოდა. როგორც ჩანს, მსგავს შემთხვევაში ის აპირებდა ეგვიპტის მოკავშირის როლში გამოსვლას.
საბჭოთა ლიდერმა არც მსოფლიოზე ბატონობის დამყარება ჩათვალა შესაძლებლად. მან რიტორიკულად ჰკითხა ჯერ რუზველტს, შემდეგ კი ჩერჩილს, ხომ არ აპირებდნენ ისინი მსოფლიო დიქტატორების როლში მოვლენას. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, სტალინმა, თავის მხრივ, საბჭოთა კავშირის მხრიდანაც გამორიცხა მსგავსი სურვილის არსებობა და ირონიულად იკითხა: ხომ არ ჰქონდა ასეთი განზრახვა ჩინეთს, რამაც დარბაზში საერთო სიცილი გამოიწვია. ბრიტანეთის პრემიერი იძულებული გახდა, აეხსნა სტალინისათვის, რომ მას მხედველობაში ჰქონდა არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო, არამედ სამივე სახელმწიფო ერთად. მისი თქმით, შეიძლებოდა გაჩენილიყო ეჭვი, თითქოს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და სსრკ-მ დაამყარეს ერთობლივი დიქტატი მსოფლიოზე1. პასუხად სტალინმა ირონიულად შენიშნა, რომ ისე გამოდიოდა, თითქოს ორმა ზესახელმწიფომ უკვე მიიღო ეს დოკუმენტი, რათა თავიდან აეცილებინათ შესაძლო ბრალდება, მესამე კი ჯერ არ თანხმდებოდა ამას2. შემდეგ საბჭოთა ლიდერმა უკვე სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ ის შეისწავლიდა აღნიშნულ დოკუმენტებს და მაშინ მისთვის ალბათ უფრო ნათელი გახდებოდა საქმის ვითარება. აქვე სტალინმა აღნიშნა, რომ საკითხი აქ არ ეხებოდა უბრალოდ კენჭისყრის პროცედურას ან მსოფლიო ბატონობას. მისი თქმით, მთავარი იყო მოკავშირეების ერთიანობის შენარჩუნება, რომ მათ შორის არ შექმნილიყო კონფლიქტური სიტუაცია ქვეყნის სათავეში ახალი პირების მოსვლის შემდეგ. ამიტომ ის საჭიროდ თვლიდა ისეთი წესდების შემუშავებას, რომელიც მაქსიმალურად შეუშლიდა ხელს სამ ზესახელმწიფოს შორის სადავო სიტუაციების წარმოშობას.
1. რუსულ ჩანაწერში ჩერჩილის ეს სიტყვები რატომღაც არასწორად არის მოყვანილი და მოცემულია სულ სხვა შინაარსის ფრაზა: „მე არ მჯერა, რომ რომელიმე მოკავშირეს სურს მსოფლიო ბატონობა, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა იმდენად ძლევამოსილია, რომ სხვებს შეიძლება მსგავსი აზრი გაუჩნდეთ, შესაბამისი ზომები თუ არ იქნა მიღებული“.
2. აქაც საბჭოთა ჩანაწერში („Сталин, продолжая свою речь, заявляет, что пока две великие державы приняли устав международной организации безопасности, который, по мнению Черчилля, защитит их от обвинении в желании властвовать над миром. Третья держава еще не дала согласия на этот устав“) რატომღაც გაქრა ირონია, თუმცა აშკარაა, რომ სტალინის ეს სიტყვები შეუძლებელია, ირონიის გარეშე ყოფილიყო ნათქვამი.
ამის შემდეგ სტალინმა იკითხა, სწორად ესმოდა თუ არა მას, რომ უშიშროების საბჭოში განსახილველი კონფლიქტები ორ კატეგორიად იყოფოდა: 1. კონფლიქტები, რომელთა გადასაწყვეტად საჭირო იქნებოდა ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო თუ სხვა სანქციების გამოყენება; და 2. კონფლიქტები, რომელთა მოგვარებაც მშვიდობიანი მოქმედებებით, ყოველგვარი სანქციების გარეშე იყო შესაძლებელი3. როდესაც რუზველტმა და ჩერჩილმა დაადასტურეს მისი სისწორე, საბჭოთა ლიდერმა აღნიშნა, რომ, მისი გაგებით, პირველ კატეგორიის დავის მონაწილე უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი იღებდა მონაწილეობას კენჭისყრაში, მეორე კატეგორიის დავის მონაწილე კი _ არა. სტალინმა ხაზი გაუსვა, რომ საბჭოთა კავშირი დიდ ყურადღებას აქცევდა კენჭისყრის პროცედურის საკითხს, რადგანაც ყველა საკითხი კენჭისყრით უნდა მიღებულიყო. სსრკ კი დაინტერესებული იყო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებით და არა განხილვებით, რომლებიც იქ მოეწყობოდა. მან აღნიშნა, რომ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას ჩინეთი და ეგვიპტე მოკავშირეების გარეშე არ დარჩებოდნენ, რაზეც ჩერჩილმა და სტეტინიუსმა შენიშნეს, რომ ახალი წინადადებებით შეუძლებელი იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენება სამი ზესახელმწიფოს წინააღმდეგ და რომ მუდმივი წევრების ერთსულოვნების გარეშე ვერანაირი სანქციების მიღება ვერ მოხერხდებოდა.
როდესაც სტალინი დარწმუნდა, რომ უშიშროების საბჭოში საბჭოთა კავშირს ვერავინ წაუყენებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს1, მან ახლა მეორე მომენტის დაზუსტებაც მოინდომა და გაიხსენა, თუ როგორ მოახდინეს ინგლისმა და საფრანგეთმა ერთა ლიგის ყველა დანარჩენი წევრის მობილიზება სსრკ-ს წინააღმდეგ და გარიცხეს ის ამ ორგანიზაციიდან ფინეთზე თავდასხმის გამო. სტალინის თქმით, საჭირო იყო რაიმე ბარიერის დაწესება, რათა მსგავსი შემთხვევა მომავალშიც არ განმეორებულიყო.
1. ჩვენი აზრით, ეს იყო მთავარი მიზეზი, რომლის გამოც სტალინი ასე აქტიურად მოითხოვდა აღნიშნული პუნქტის დაზუსტებას. შესაძლოა, მას ეშინოდა, რომ ომის შემდეგ რომელიმე სახელმწიფოს არ გამოეხატა ტერიტორიული პრეტენზიები საბჭოთა კავშირის მიმართ.
ისე, გაუგებარია, თუ რა პრეტენზიები ჰქონდა სტალინს საფრანგეთისა და ინგლისის მიმართ ამ შემთხვევაში. ფინეთთან ომი იყო მეორე მსოფლიო ომის პირველი ეტაპის შემადგენელი ნაწილი და მთლიანად გამომდინარეობდა საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის 1939წ. 23 აგვისტოს დადებული პაქტის საიდუმლო მუხლებიდან, რომლითაც გერმანია საბჭოთა კავშირს უთმობდა ფინეთს. ბუნებრივია, რომ საფრანგეთმა და ინგლისმა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ეომებოდნენ გერმანიას, სხვა სახელმწიფოების დახმარებით გარიცხეს გერმანიის მოკავშირე საბჭოთა კავშირი ფინეთზე თავდასხმის გამო.
სტალინის პასუხად ჩერჩილმა აღნიშნა, რომ მაშინ ინგლისი და საფრანგეთი ძალიან გააბრაზა საბჭოთა კავშირის მოქმედებებმა, ხოლო აღნიშნული წინადადებები შეუძლებელს ხდიდა მუდმივი წევრის გარიცხვას. როგორც გაირკვა, თურმე სტალინს იმდენად გარიცხვა არ აშფოთებდა, რამდენადაც მსოფლიო თანამეგობრობის ერთიანი აზრის შექმნის საშიშროება მუდმივი წევრის მიმართ სხვა მუდმივი წევრების ხელშეწყობით. როდესაც მან გამოთქვა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხის შესახებ, რუზველტმა და ჩერჩილმა უპასუხეს, რომ, რასაკვირველია, ასეთი რამ სავსებით დასაშვები იყო, თუმცა მსგავს შემთხვევაში დიპლომატია ამოქმედდებოდა და არ დაუშვებდა ერთმანეთის საწინააღმდეგო გამოსვლების გაგრძელებას. მიუხედავად ამისა, სტალინმა მოითხოვა ერთი დღე წინადადებების შესასწავლად და გამოთქვა მოსაზრება, რომ საკითხის განხილვა მომდევნო დღეს გაგრძელებულიყო, რასაც ყველანი დაეთანხმნენ.
ამის შემდეგ „დიდი სამეული“ გადავიდა პოლონეთის საკითხის განხილვაზე. ინიციატივა თავის თავზე კვლავ რუზველტმა აიღო და განაცხადა, რომ აშშ პოლონეთისაგან ყველაზე დიდი მანძილით იყო დაშორებული და ამ შემთხვევაში ეს გარკვეულ უპირატესობას წარმოადგენდა. მან დაადასტურა ჯერ კიდევ თეირანში გამოხატული დადებითი პოზიცია საბჭოთა კავშირ-პოლონეთის საზღვრად კერზონის ხაზის დაკანონებისადმი, თუმცა აქვე გამოთქვა ერთი წინადადება. რუზველტმა სთხოვა სტალინს, დაეტოვებინა პოლონელებისათვის ლვოვის სამხრეთით მდებარე ნავთობის საბადოებით მდიდარი ტერიტორია. მისი თქმით, ეს დამამშვიდებლად იმოქმედებდა აშშ-ში მცხოვრებ 6-7 მილიონ პოლონელზე. ამავე დროს, ეს იქნებოდა პოლონელებისათვის თავიანთი პრესტიჟის შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ჩანაწერში დამახინჯებულად არის მოყვანილი აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვები _ „რუზველტი აცხადებს, რომ აშშ შორს მდებარეობს პოლონეთიდან და რომ ის, რუზველტი სთხოვს თათბირის დანარჩენ ორ მონაწილეს, გამოთქვან თავიანთი წინადადებები“. როგორც ვხედავთ, აქ რატომღაც მითითებულია, რომ რუზველტმა სთხოვა სხდომის მონაწილე დანარჩენ ორ წევრს (ანუ ჩერჩილსა და სტალინს) გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები ამ საკითხზე, რადგანაც აშშ პოლონეთისაგან დიდი მანძილით არის დაშორებული. ამავე დროს, საერთოდ არ არის ნახსენები ლვოვი და მხოლოდ ზოგადად არის ნათქვამი დათმობების შესახებ. ჩვენ ამ შემთხვევაში ამერიკულ ჩანაწერს მივანიჭეთ უპირატესობა, რადგანაც ის აშკარად უფრო ლოგიკური ჩანს თვითონ საუბრის მსვლელობიდან გამომდინარე.
აშშ-ს პრეზიდენტის ამ სიტყვებმა, როგორც ჩანს, მეტად გააღიზიანა საბჭოთა ლიდერი, რომელმაც იკითხა, თუ ვისთვის იქნებოდა ეს პრესტიჟის შენარჩუნების კარგი საშუალება: ნამდვილი პოლონელებისათვის თუ ემიგრანტებისათვის, და ხაზი გაუსვა, რომ ნამდვილი პოლონელები პოლონეთში ცხოვრობდნენ. პასუხად რუზველტმა განაცხადა, რომ პოლონური საკითხის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივი მთავრობის შექმნა წარმოადგენდა. მისი თქმით, აშშ-ს საზოგადოებრივი აზრი ლუბლინის მთავრობის ცნობის წინააღმდეგი იყო და სურდა ეხილა მხოლოდ ეროვნული ერთიანობის მთავრობა, რომელშიც შევიდოდნენ ქვეყნის ხუთივე წამყვანი პარტიის წარმომადგენლები. ამავე დროს, მან სასურველად მიიჩნია ე.წ. საპრეზიდენტო საბჭოს შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდნენ აღნიშნული პარტიების ხელმძღვანელები. რუზველტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ის პირადად არ იცნობდა არც ლუბლინის მთავრობის და არც ლონდონის მთავრობის წარმომადგენლებს და მხოლოდ მიკოლაიჩიკი ჰყავდა ნანახი. მისი თქმით, ვაშინგტონში ვიზიტის დროს მიკოლაიჩიკმა პატიოსანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. აშშ-ს პრეზიდენტის აზრით, მოკავშირეთა უმთავრესი ამოცანა იყო ისეთი მთავრობის, თუნდაც დროებითის, შექმნის უზრუნველყოფა, რომელსაც ექნებოდა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთს საბჭოთა კავშირის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა1.
რუზველტის შემდეგ სიტყვით ჩერჩილი გამოვიდა. ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ის როგორც პარლამენტის, ისე ყველა სხვა ტრიბუნიდან საჯაროდ აცხადებდა თავის მხარდაჭერას კერზონის ხაზისადმი და თვით ლვოვის საბჭოთა კავ- შირისათვის გადაცემისადმი1. მისი თქმით, იმ გაჭირვების შემდეგ, რაც გადაიტანა სსრკ-მ გერმანელების თავდასხმის შედეგად, საბჭოთა მხარის უფლებები ლვოვზე უკვე დაფუძნებული იყო არა ძალაზე, არამედ სამართალზე. აქვე ჩერჩილმა ხაზი გაუსვა, რომ მას იმდენად არ აღელვებდა საზღვრების საკითხი, რამდენადაც ის, რომ პოლონეთის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მისი თქმით, ბრიტანეთისათვის ეს საკითხი იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ომში ინგლისელები პოლონეთის გამო ჩაებნენ. ამიტომ ჩერჩილს მიაჩნდა, რომ პოლონელები საკუთარი სახლისა და საკუთარი სულის ბატონ-პატრონები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, რასაკვირველია, თავისუფალი პოლონეთი უნდა გამხდარიყო საბჭოთა კავშირის მეგობარი სახელმწიფო. ამასთან, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ, მართალია, ბრიტანეთის ხელისუფლება ცნობდა ლონდონის მთავრობას, ის არ იცნობდა მის არც ერთ წევრს, სამაგიეროდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მიკოლაიჩიკთან, რომერთან და გრაბსკისთან, პატიოსან და ჭკვიან ხალხთან3. ამიტომ ჩერჩილმა მართლაც სასურველად ჩათვალა საპრეზიდენტო საბჭოს მსგავსი ორგანოს შექმნა, რომელიც იფუნქციონირებდა პოლონეთში თავისუფალი არჩევნების ჩატარებამდე. მისი თქმით, ამ ხელისუფლებას უნდა ემართა პოლონეთი თავისუფალ, საყოველთაო არჩევნებამდე, რომლის შედეგადაც მოსულ მთავრობას სცნობდა ყველა სახელმწიფო. ამავე დროს, ჩერჩილმა აღნიშნა, რომ ყველა შემთხვევაში უნდა მომხდარიყო საბჭოთა არმიის კომუნიკაციების დაცვა.
1. საბჭოთა თარგმანში „პოლონეთის მოსახლეობის უმრავლესობის“ ნაცვლად გვხვდება ფრაზა „პოლონეთის სახალხო მასები“, რაც, რასაკვირველია, სრულ სისულელეს წარმოადგენს.
2. საბჭოთა ჩანაწერში ფორმულირება შეცვლილია და მოცემულია შემდეგი ფრაზა: „...კერზონის ხაზისადმი იმ სახით, როგორც მას იგებს საბჭოთა მთავრობა“. ბუნებრივია, მსგავსი ფორმულირება ნიშნავს, რომ კერზონის ხაზით ზუსტად არ იყო განსაზღვრული, თუ ვის უნდა დარჩენოდა ლვოვი. მართლაც, იმ პერიოდში (1919წ.) არ მოხერხდა იმის დადგენა, პოლონეთს დარჩებოდა ლვოვი თუ უკრაინას, თუმცა შემდგომში, 1921წ. დადებული რიგის ზავით, რომლითაც დასრულდა რუსეთ-პოლონეთის ომი, ლვოვი პოლონეთს გადაეცა.
3. 1944წ. ნოემბერში მოხდა ლონდონის მთავრობის რეორგანიზაცია და მისი რიგები დატოვეს პრემიერ მინისტრმა მიკოლაიჩიკმა და მინისტრებმა რომერმა და გრაბსკიმ. ახალი პრემიერ მინისტრი გახდა ტომაშ არციშევსკი. როგორც უკვე აღინიშნა, საკადრო ცვლილების ძირითადი მიზეზი გახდა მიკოლაიჩიკისა და მისი თანამოაზრეების სურვილი, ეღიარებინათ პოლონეთ-საბჭოთა კავშირის საზღვრად კერზონის ხაზი. აღსანიშნავია, რომ ჩერჩილი მართლაც გულწრფელად უჭერდა მხარს კერზონის ხაზს, რადგანაც მიაჩნდა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა დადებითი სტალინის დამოკიდებულება პოლონეთის ემიგრანტული მთავრობისადმი. არციშევსკის მთავრობის მკვეთრად უარყოფითმა პოზიციამ კერზონის ხაზისადმი გამოიწვია ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ერთგვარი ურთიერთობების გაციება პოლონელებთან, რის გამოხატულებადაც შეიძლება ჩაითვალოს ჩერჩილის პოზიციაც აღნიშნული საუბრის დროს.
სტალინმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ჯიქურ მიეტანა შეტევა ჩერჩილზე. საბჭოთა ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ბრიტანეთისათვის პოლონეთი ღირსების გამო იყო მნიშვნელოვანი, რუსებისათვის (ასეა ტექსტში _ თ.პ.) ეს წარმოადგენდა არა მარტო ღირსების, არამედ უსაფრთხოების საკითხსაც. მისი თქმით, პოლონეთი ყოველთვის იყო დერეფანი, რომლის გავლითაც მტრები თავს ესხმოდნენ რუსეთს. მან განაცხადა, რომ მხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში გერმანელებმა ორჯერ გამოიარეს ეს დერეფანი და მხოლოდ იმიტომ, რომ პოლონეთი სუსტი იყო. ამის გამო, საბჭოთა კავშირი უარს ამბობდა ცარიზმის პოლიტიკაზე, რომლითაც პოლონეთის ასიმილირება ხდებოდა და გამოთქვამდა სურვილს, რომ პოლონეთი ყოფილიყო ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც თავად შეძლებდა ამ დერეფნის ჩაკეტვას. სტალინის ეს განცხადება დემაგოგიური და ცინიკური იყო, ვინაიდან არ შეიძლებოდა ვინმეს, და განსაკუთრებით სტალინს, დაებრალებინა პოლონეთისათვის დერეფნის გახსნა ან პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც პოლონეთი საერთოდ არ არსებობდა და მისი დიდი ნაწილი უშუალოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ან კიდევ 1939წ., როდესაც საბჭოთა კავშირ-გერმანიის პაქტით პოლონეთის ტერიტორია ორ ნაწილად იქნა გაყოფილი. ჩვენი აზრით, საბჭოთა ლიდერმა უბრალოდ ისარგებლა მომენტით, იცოდა რა, რომ ვერავინ ვერ გაბედავდა მის ტყუილზე დაჭერას. სამაგიეროდ, სწორედ ამ მიზეზით ასეთ დემაგოგიურ განცხადებას დიპლომატიური თვალსაზრისით გარკვეული სარგებლის მოტანა შეეძლო.
ამის შემდეგ სტალინი უკვე გადავიდა კონკრეტულ საკითხებზე. მან პირდაპირ განაცხადა, რომ კერზონის ხაზიდან შემდგომ დათმობებს ადგილი არ ექნებოდა და თავისი პოზიციის განსამტკიცებლად მოიშველია მეტად ძლიერი არგუმენტი. საბჭოთა ლიდერმა აღნიშნა, რომ კერზონის ხაზი რუსეთის მთავრობისა და პირადად ლენინის წინააღმდეგობის მიუხედავად იქნა მიღებული. მისი თქმით, ლენინს არ სურდა პოლონეთისათვის ბელოსტოკის ოლქის გადაცემა. სტალინმა შენიშნა, რომ მან უკვე დაიხია გარკვეულწილად ლენინის პოზიციიდან და კერზონის ხაზი მისაღებად მიიჩნია, მაგრამ დათანხმება შემდგომ დათმობაზე უბრალოდ სამარცხვინო იქნებოდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის. გამოვიდოდა, რომ ის უფრო ნაკლებად რუსი (ასეა ორიგინალში _ თ.პ.) აღმოჩნდებოდა, ვიდრე კერზონი და კლემანსო. აქვე საბჭოთა ლიდერმა გააკეთა კიდევ ერთი ძლიერი დიპლომატიური სვლა და განაცხადა, რომ ის მზად იყო შემდგომ მსხვერპლზე და ომის გაგრძელებაზე, რათა შესაძლებელი გამხდარიყო პოლონეთისათვის დაკარგული მიწების კომპენსირება გერმანიის ხარჯზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს აზრი მოსწონდა მიკოლაიჩიკსაც, რომელიც აღფრთოვანებით შეხვდა პოლონეთის დასავლეთ საზღვრის მდინარე ნოისეზე გადაწევას. აქვე სტალინმა ხაზი გაუსვა, რომ ის საჭიროდ თვლიდა გერმანია-პოლონეთის საზღვრად მდინარე დასავლეთ ნოისეს მიჩნევას და სთხოვა მოკავშირეებს მისი სურვილის გაზიარება.
სტალინი თავის გამოსვლაში პოლონეთის მთავრობის საკითხსაც შეეხო. მან განაცხადა, რომ მთავრობის შექმნა პოლონელების თანხმობის გარეშე ამ კონფერენციაზე შეუძლებელი იყო. აქვე საბჭოთა ლიდერმა კვლავ მოიშველია დემაგოგია თავისი მიზნის მისაღწევად და აღნიშნა, რომ მას ხშირად უწოდებდნენ დიქტატორს, არადემოკრატს, მაგრამ ის საკმარისად დემოკრატი გახლდათ იმისათვის, რომ არ შეექმნა პოლონეთის მთავრობა პოლონელების გარეშე. სტალინის თქმით, 1944წ. ოქტომბერი, როდესაც ჩერჩილმა მოსკოვში ჩამოიყვანა მიკოლაიჩიკი, გრაბსკი და რომერი, ხელსაყრელი მომენტი იყო დროებითი მთავრობის შესაქმნელად. მან აღნიშნა, რომ მაშინ მართლაც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაყარა მიკოლაიჩიკის და მისი მომხრეების განდევნამ ლონდონის პოლონური მთავრობიდან ლუბლინის მთავრობასთან შეთანხმების დადების სურვილის გამო, რადგანაც არციშევსკის მიერ ჩამოყალიბებულმა ახალმა მთავრობამ არ სცნო ლუბლინის მთავრობა და „ბანდიტებისა და დამნაშავეების ხროვა„ უწოდა მას. სტალინის თქმით, მსგავსი დამოკიდებულების გამო, ყოფილი ლუბლინის, აწ კი უკვე ვარშავის მთავრობის წევრებიც არ დარჩნენ ვალში და უარი განაცხადეს „მოღალატეებთან“ მოლაპარაკებაზე. აღსანიშნავია, თუ რა ოსტატურად გამოიყენა სტალინმა დებატების დროს ტერმინი „ვარშავის მთავრობა“. საბჭოთა ლიდერმა ფაქტობრივად აგრძნობინა კოლეგებს, რომ მის ხელში იყო მთავარი კოზირი: ის აკონტროლებდა სიტუაციას თითქმის მთელ პოლონეთში. ეს, რასაკვირველია, მეტად ამძიმებდა ჩერჩილისა და რუზველტის მდგომარეობას ამ საკითხის განხილვისას. ამიტომ, ბუნებრივია, მათ უნდა გაეთვალისწინებინათ სტალინის სურვილები.
ამის შემდგომ საბჭოთა ლიდერმა განაცხადა, რომ ვარშავის მთავრობის ხელმძღვანელები _ ბერუტი, ოსუბკა-მორავსკი და როლ-ჟიმერსკი არ უარობდნენ გრაბსკისა და ჟელიგოვსკის მსგავს ემიგრანტ მოღვაწეებთან თანამშრომლობას, მაგრამ ისინი კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ მიკოლაიჩიკის პრემიერ-მინისტრობისა. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში სტალინმა შესაძლებლად ჩათვალა შეთანხმების მიღწევა, თუმცა, მისი აზრით, ვარშავის მთავრობა არანაკლებ დემოკრატიულ საწყისებზე იყო დაფუძნებული, ვიდრე დე გოლის მთავრობა საფრანგეთში. ფაქტობრივად სტალინის ეს სიტყვები ნიშნავდა შენიღბულ მოთხოვნას, რომ მომავალ მთავრობაში პრემიერ მინისტრის პოსტი მის კრეატურას დაეკავებინა. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ რუსულ ჩანაწერში არ ფიგურირებს არც „პირობების შესრულება“ და არც ვარშავის მთავრობის დე გოლის მთავრობასთან შედარება. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ საბჭოთა ჩანაწერში საეჭვოდ არ არის დაფიქსირებული საფრანგეთის მიმართ სტალინის დამოკიდებულების ამსახველი მთელი რიგი ფრაზები, მაგრამ ამ შემთხვევაში ნათელია კიდევ ერთი მომენტი. რუსული ჩანაწერის ტექსტიდან შეუძლებელია საუბარი რაიმე მოთხოვნაზე სტალინის მხრიდან პოლონეთის მთავრობის დაკომპლექტების საკითხში, პირიქით, ის ყველანაირად ცდილობს, მოარიგოს მხარეები. უფრო მეტიც, პირობების შესრულების არმოხსენიების შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ სტალინი თანახმაა მიკოლაიჩიკის პრემიერ-მინისტრობაზე.
თავისი გამოსვლის დასკვნით ნაწილში კი სტალინმა დემაგოგიური ნიჭი კიდევ უფრო ნათლად გამოამჟღავნა და განაცხადა, რომ მას, როგორც სამხედრო პირს1, პირველ რიგში, აინტერესებდა მხოლოდ წითელი არმიის უსაფრთხოება, რასაც, თავის მხრივ, დიდ საფრთხეს უქმნიდნენ ლონდონის მთავრობის აგენტები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობა. სტალინის თქმით, ამ მოძრაობის წევრების მოქმედების შედეგად წითელი არმიის დანაკარგებმა შეადგინა 212 კაცი, გაძარცვული იქნა სამხედრო საწყობები. და ყოველივე ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც ვარშავის მთავრობა ყველანაირად ხელს უწყობდა წითელ არმიას და კარგადაც ართმევდა თავს უსაფრთხოებისა და სიმშვიდის უზრუნველყოფას. როგორც იტყვიან, აქ კომენტარიც ზედმეტია. სტალინი საკუთარ ნათქვამთან წინააღმდეგობაში მოდის. თუ საბჭოთა არმიის ზურგში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვარშავის ხელისუფლებას ევალებოდა და ის ამ საქმეს კარგად ართმევდა თავს, მაშინ არ უნდა ყოფილიყო თავდასხმები სამხედრო საწყობებზე მაინც (უბრალო ჯარისკაცების გადაადგილების გაკონტროლება მართლაც ძნელი მისია იყო, მითუმეტეს, რომ საბჭოთა ჯარისკაცების ნაწილი სულაც არ იყო მამა აბრამის ბატკანი და შეიძლება მათი მკვლელობა ისეთივე ობიექტური მიზეზებით ყოფილიყო გამოწვეული, როგორც ეს ხდებოდა იუგოსლავიაში), მაგრამ, როგორც ჩანს, სტალინი უკვე არ აქცევდა ყურადღებას ასეთ ნიუანსებს. მას ლონდონის პოლონური მთავრობის სრული დისკრედიტაცია ჰქონდა მიზნად დასახული.
1. სტალინი, რომელსაც ამ დროისათვის უკვე ჰქონდა მარშლის წოდება, კარგად ერკვეოდა სამხედრო საქმეებში, მაგრამ ფორმალურად ის მაინც ვერ ჩაითვლებოდა სამხედრო პირად, რადგანაც არ ჰქონდა მიღებული სამხედრო განათლება. როგორც ჩანს, სტალინს ასეთი პასაჟი კვლავ დიპლომატიური მოსაზრებით დასჭირდა.
აღნიშნული გამოსვლის შემდეგ რუზველტმა მხარეებს შესთავაზა საკითხის განხილვა მეორე დღეს დაესრულებინათ, რასაც თანხმობა მოჰყვა კიდეც, მაგრამ სხდომის დასრულებამდე ბრიტანეთის პრემიერმა ერთი რეპლიკა მაინც გააკეთა. როგორც ჩანს, საბჭოთა ლიდერის ტყუილებმა ჩერჩილი მოთმინებიდან გამოიყვანა და მან პირდაპირ მიახალა სტალინს, რომ, ინგლისელების ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, პოლონეთის მოსახლეობის მესამედიც კი არ უჭერდა მხარს ლუბლინის მთავრობას. ბრიტანეთის პრემიერმა დაუშვებლად მიიჩნია თავდასხმები საბჭოთა ჯარებზე, მაგრამ აქვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმის სამტკიცებლად, თითქოს ლუბლინის მთავრობას გააჩნდა რაიმე ფართო დასაყრდენი პოლონეთში. ჩერჩილის ამ გამოსვლამ დაასრულა მესამე დღის დაძაბული დებატები.
$5. 7 თებერვლის სხდომა
7 თებერვალს კონფერენციის მსვლელობა განახლდა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების სხდომით, რომელზეც მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს. პირველ რიგში, გადაწყდა, რომ გერმანიის დანაწევრების საკითხი შეესწავლა სპეციალურ კომისიას იდენის, ვაინანტისა და გუსევის შემადგენლობით, რომელიც ლონდონში დაიდებდა ბინას. ამის შემდეგ განიხილეს საფრანგეთის საოკუპაციო ზონის საკითხი. მოლოტოვმა დამსწრეთ გააცნო საბჭოთა მხარის წინადადება, რომ საფრანგეთისათვის გამოეყოთ თავისი საოკუპაციო ზონა, რომელშიც ფრანგებს ხელმძღვანელობა უნდა განეხორციელებინათ საკონტროლო საბჭოს ეგიდით, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. გადაწყდა მხოლოდ, რომ საფრანგეთს ნამდვილად გამოეყოფოდა ზონა, ხოლო მისი მონაწილეობა საკონტროლო კომისიაში შემდგომი განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო. შედარებით დიდი დრო ამ სხდომაზე დაეთმო რეპარაციების საკითხს. საბჭოთა მხარემ წერილობითი სახით წარმოადგინა თავისი წინადადებები, რომლებმაც წინა დღეს გაიჟღერა პლენარულ სხდომაზე. თუმცა გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნა, რადგანაც სტეტინიუსმა და იდენმა დრო ითხოვეს აღნიშნული დოკუმენტების შესასწავლად.
დღის მეორე ნახევარში შედგა „დიდი სამეულის“ ლიდერების მორიგი პლენარული სხდომა, რომლის დაწყებისთანავე რუზველტმა საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის არც თუ მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის საზღვრების საკითხი, სამაგიეროდ ის გაცილებით უფრო დიდ დატვირთვას ანიჭებდა პოლონეთში ახალი მთავრობის შექმნას. რუზველტის თქმით, ამ შემთხვევაში არც სამართალმემკვიდრეობის საკითხი დგებოდა, რადგანაც 1939 წლიდან მოყოლებული რეალურად პოლონეთის არანაირი მთავრობა არ არსებობდა. სწორედ ეს განცხადება იქცევს ჩვენს ყურადღებას. ფაქტობრივად ამ სიტყვებით ნათელი გახდა, რომ რუზველტს ლონდონის ემიგრანტული მთავრობისათვის განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იყო უაღრესად არადიპლომატიური განცხადება. თუ აშშ-ს პრეზიდენტის ლოგიკას მივყვებით, მაშინ ისეთივე დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო ჰოლანდიის, ბელგიის, ჩეხოსლოვაკიის თუ სხვა ქვეყნების მთავრობების მიმართ, რომელთა ერთადერთ „დანაშაულს“ მხოლოდ ის წარმოადგენდა, რომ გერმანელების მიერ მათი ქვეყნების ოკუპაციას არ შეურიგდნენ და ემიგრაციიდან განაგრძეს ბრძოლა. მაგრამ აქ კიდევ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი. რუზველტმა პრაქტიკულად ანიშნა სტალინს, რომ თუ ის მტკიცედ დადგებოდა თავის პოზიციაზე, ახალი მთავრობა შეიქმნებოდა სწორედ რომ ლუბლინის მთავრობის საფუძველზე, რაც უნდოდა კიდეც სტალინს.
ასეთი შესავლის შემდეგ, რუზველტისავე მოთხოვნით, მოუსმინეს მოლოტოვს, რომელმაც დამსწრეთ გააცნო საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები. მთავრობათა მეთაურებმა მადლობა გადაუხადეს კომიტეტს ნაყოფიერი მუშაობისათვის და შეუდგნენ დღის წესრიგში შესული საკითხების განხილვას. ჩერჩილმა კვლავ დასვა საფრანგეთის საკონტროლო კომისიაში შეყვანის საკითხი. მისი თქმით, კონფერენციას აუცილებლად უნდა გადაეჭრა ეს პრობლემა ორი-სამი დღის განმავლობაში. რუზველტს, როგორც ჩანს, არ მოეწონა ეს აზრი და აღნიშნა, რომ, მისი შეხედულებით, უმჯობესი იქნებოდა, ამ საკითხის გადაწყვეტა 2-3 კვირით გადაედოთ და მასზე კონფერენციის დასრულების შემდგომ ემსჯელათ. მაგრამ ბრიტანეთის პრემიერისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. მან ჩათვალა, რომ პრობლემის მოგვარება კონფერენციის მსვლელობისას უფრო ადვილი იყო, ვიდრე მისი დასრულების შემდეგ. ჩერჩილმა კვლავ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საკონტროლო კომისიის წევრობა საფრანგეთს არ მისცემდა მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის უფლებას. მისი თქმით, „სამი ზესახელმწიფოს შეკრება იყო პრივილეგირებული კლუბი, რომელშიც შესატანი თანხა განისაზღვრებოდა ხუთი მილიონი ჯარისკაცით ან შესაბამისი ეკვივალენტით“.1 პოლემიკას ბოლო მოუღო რუზველტმა, რომელმაც ისარგებლა ჩერჩილის განცხადებით და აღნიშნა, რომ დღეს ამ საკითხის განხილვა დასრულებული იყო და კვლავ პოლონეთის პრობლემისაკენ მიბრუნება ითხოვა, მაგრამ მხარეებმა ეს წინადადება არ გაიზიარეს.
1. ამჯერად ჩვენ ვაწყდებით შემთხვევას, როდესაც საბჭოთა ჩანაწერი უფრო სრულია, ვიდრე ამერიკული. როგორც ბოლენს, ისე მეთიუზს ამ მონაკვეთში დასმული აქვთ სამწერტილები.
სტალინმა აღნიშნა, რომ მან სხდომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მიიღო აშშ-ს პრეზიდენტის წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით. საბჭოთა ლიდერის თქმით, ის ყურადღებით გაეცნო ინიციატივას, იალტაში მოეწვიათ ორ-ორი წარმომადგენელი ლუბლინის მთავრობიდან და პოლონეთის საზოგადოების სხვა წრეებიდან, რათა მათი თანდასწრებით გადაწყვეტილიყო ეს პრობლემა. სტალინმა აღნიშნა, რომ მან სცადა ბერუტსა და ოსუბკამორავსკისთან დაკავშირება ტელეფონით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ ვარშავაში. რაც შეეხებოდა ვინცენტ ვიტოსისა და საპეჰას ჩამოსვლას1, საბჭოთა ლიდერის აზრით, ეს საქმეს ნამდვილად წაადგებოდა, მაგრამ მისთვის უცნობი იყო მათი ადგილსამყოფელი, რაც დააბრკოლებდა ამ პიროვნებების დროულად ჩამოყვანას იალტაში. ამავე დროს, სტალინმა აღნიშნა, რომ მოლოტოვმა მოამზადა პროექტი პოლონეთის შესახებ, თუმცა მისი გადაბეჭდვა სხდომის დაწყებამდე ვერ მოესწრო და ახლა ის ითხოვდა საკითხის განხილვის გადადებას, სანამ დოკუმენტი მზად არ იქნებოდა. მიუხედავად საბჭოთა ლიდერის განცხადებისა, კონფერენციის მსვლელობიდან ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ სტალინს სულაც არ სურდა პოლონელების ჩამოყვანა კონფერენციაზე. როგორც ჩანს, მანაც კარგად იცოდა, რომ ლუბლინის მთავრობა არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით პოლონეთში და უნდოდა ჯერ პოზიციების საბოლოოდ გამყარება ქვეყანაში, თუმცა არ არის გამორიცხული, საბჭოთა ლიდერს სხვა ნიუანსიც აფიქრებდა. მას ალბათ ახსოვდა, თუ როგორ ცუდად ითამაშეს თავისი როლი მისმა პოლონელმა სატელიტებმა ჩერჩილთან ოქტომბრის შეხვედრის დროს და დე გოლის ვიზიტისას. ამიტომ, შესაძლოა, საბჭოთა ლიდერს ეშინოდა, იგივე არ განმეორებულიყო ყირიმშიც, უკვე რუზველტის წინაშეც, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პირადულ ურთიერთობებს პოლიტიკაში. ეს კი სტალინს ნამდვილად გაურთულებდა თავისი მიზნების მიღწევას. სხდომაზე კი საბოლოოდ გადაწყდა, ჯერ მოესმინათ მოლოტოვისათვის, რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა მხარის დამოკიდებულებას უშიშროების საბჭოში კენჭისყრის ამერიკული ფორმულისადმი.
1. ვიტოსი გახლდათ პოლონეთის გლეხთა პარტიის ლიდერი 1939 წლამდე, ხოლო საპეჰა იყო კრაკოვის არქიეპისკოპოსი. ეს პირები დასახელებული იყვნენ რუზველტის წერილში, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები.
სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა აღნიშნა, რომ ამერიკელთა წინადადებები მთლიანად უზრუნველყოფდა ზესახელწიფოების ერთიანობას, რაც წარმოადგენდა კიდეც საბჭოთა კავშირის მთავარ მიზანს დუმბარტონ ოქსში. ამიტომ საბჭოთა მხარე სრულად ეთანხმებოდა აღნიშნულ ფორმულას. აქვე მოლოტოვმა შენიშნა, რომ გასარკვევი რჩებოდა მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, სამი ან, უკიდურეს შემთხვევაში, ორი საბჭოთა რესპუბლიკის აღიარება მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელ წევრებად. პასუხად აშშ-ს პრეზიდენტმა თავისი სიხარული გამოხატა საბჭოთა მხარის თანხმობის გამო, რის შემდეგაც შეეხო სსრკ-ს რესპუბლიკების მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანების საკითხს. როდესაც მას დაუდასტურეს, რომ საუბარი იყო მხოლოდ ასამბლეის წევრობაზე, რუზველტმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს და სსრკ-ს სრულიად განსხვავებული სახელმწიფოებრივი მოწყობა გააჩნდათ. ამიტომ, მისი თქმით, ეს საკითხი მოითხოვდა კომპლექსურად შესწავლას, რათა არ დარღვეულიყო პრინციპი: ყოველ სახელმწიფოს თითო ხმა1. თანაც, დამფუძნებელი კონფერენციის მოწვევა, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, სასურველი იყო მარტში.
აქვე მან გააკეთა ერთი საინტერესო განცხადება, რომელიც შეიძლება უმნიშვნელო იყოს თავისი შინაარსით, მაგრამ საკმაოდ ნიშანდობლივია აშშ-ს პრეზიდენტის გეოგრაფიული თვალსაწიერის გასარკვევად. მან აღნიშნა, რომ ბრაზილია სიდიდით ჩამოუვარდებოდა საბჭოთა კავშირს, მაგრამ აღემატებოდა აშშ-ს2. ამიტომ რუზველტმა წამოაყენა წინადადება, ეს საკითხი განსახილველად გადაეცათ საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის. თავის მხრივ, ჩერჩილმაც აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის დომინიონები უკვე საკმაო ხნის განმავლობაში იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობების სრულუფლებიანი სუბიექტები, ამიტომ ის არ დაუშვებდა ისეთი ორგანიზაციის შექმნას, რომელშიც ისინი წარმოდგენილი არ იქნებოდნენ. ამავე დროს, მან დაინტერესება გამოთქვა საბჭოთა წინადადების მიმართ და მადლობა გადაუხადა რუზველტს პირდაპირი უარყოფითი პასუხისაგან თავის შეკავების გამო, თუმცა იქვე შენიშნა, რომ თვითონ, მთავრობის სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე, ჯერჯერობით საბოლოო პოზიციას ვერ გამოხატავდა.
1. რუზველტი მეტად უარყოფითად იყო განწყობილი საბჭოთა რესპუბლიკების საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხისადმი და აპირებდა სასტიკი წინააღმდეგობა გაეწია სტალინისთვის, თუმცა ეს მას, საბოლოო ჯამში, არ გამოუვიდა.
2. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, თუ როგორ „კარგად“ ერკვეოდა რუზველტი გეოგრაფიაში. სამწუხაროდ, მისი დილეტანტიზმი მხოლოდ გეოგრაფიით არ შემოიფარგლებოდა და სწორედ ამიტომაც გავამახვილეთ ჩვენ ამ მომენტზე ყურადღება.
აღსანიშნავია, თუ როგორ ოსტატურად ჩაურთო ჩერჩილმა, რომ დომინიონები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ორგანიზაციის წევრები. თითქოს ეს პრობლემა მართლაც არ უნდა შექმნილიყო, რადგანაც ბრიტანეთის დომინიონებს თავის დროზე ხელი ჰქონდათ მოწერილი „გაერთიანებული ერების“ დეკლარაციისათვის, მაგრამ ჩერჩილმა მაინც თავი დაიზღვია, რათა არ მომხდარიყო დომინიონებისა და საბჭოთა რესპუბლიკების გათანაბრება. როგორც შემდეგ გაირკვა, ის სავსებით სწორი აღმოჩნდა. მომდევნო დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოლოტოვმა მართლაც განაცხადა, რომ კანადისა და ავსტრალიის ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნა არ უშლიდა ხელს მათ გაწევრიანებას მსოფლიო ორგანიზაციაში, რითაც გაამართლა უკრაინისა და ბელორუსიის დამფუძნებელ წევრებად აღიარება. ამავე დროს, ბრიტანეთის პრემიერმა გამოთქვა ეჭვი, რომ კონფერენციის მოწყობა მარტში გართულდებოდა, რადგანაც მასში მონაწილეობას მიიღებდა რამდენიმე ქვეყანა, რომლის ტერიტორიაც არ იქნებოდა განთავისუფლებული და ამის გამო ისინი კონფერენციაზე ემიგრაციაში მყოფი მთავრობებით იქნებოდნენ წარმოდგენილი. ჩერჩილის თქმით კი, ამ მთავრობების უფლებამოსილებები საეჭვო იყო. გარდა ამისა, პრობლემას შექმნიდა ისიც, რომ იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც შიმშილობის საფრთხის წინაშე იდგნენ ჰოლანდიის მსგავსად, კონფერენციაზე აღმოჩნდებოდნენ სახელმწიფოები, რომლებსაც ომიც კი არ ჰქონდათ გამოცხადებული გერმანიისათვის. ხმას აიმაღლებდა საფრანგეთიც1. ყოველივე ეს კი გამოიწვევდა ქაოტურ სიტუაციას კონფერენციაზე და გადაფარავდა კონფერენციის მთავარ მიზანს: ისეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფდა მშვიდობას მსოფლიოში.
1. საბჭოთა ჩანაწერი მცირედით განსხვავდება ამერიკულისაგან. იქ საფრანგეთი გაერთიანებულია ჰოლანდიასთან ერთ ჯგუფში და ამოღებულია სიტყვები: „ხმას აიმაღლებს“.
პასუხად აშშ-ს პრეზიდენტმა შენიშნა, რომ მას სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში. მან გაიმეორა თავისი წინადადება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს ემსჯელათ საბჭოთა რესპუბლიკების მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და დამფუძნებელი კონფერენციის მოწვევის დროის, ადგილისა და წევრების შესახებ. ჩერჩილი დაეთანხმა რუზველტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, ოღონდ იმ შესწორებით, რომ ეს არ იყო უბრალოდ ტექნიკური საკითხი, არამედ „დიდი გადაწყვეტილება“, რაზეც სტალინმა უპასუხა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები არ მიიღებდნენ არანაირ გადაწყვეტილებას და უბრალოდ მოახსენებდნენ განხილვის შედეგებს მთავრობათა მეთაურებს.
ამის შემდეგ „დიდი სამეული“ პოლონეთის საკითხს უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ საბჭოთა დოკუმენტი ისევ არ იყო მზად და ამიტომ მხარეები ზოგად საკითხებზე გადავიდნენ. უფრო სწორად, ლაპარაკობდა მხოლოდ რუზველტი, რომელიც შეეხო ირანის მომავალს და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას მიხედვა სჭირდებოდა, რადგანაც მას მომავალში არ ექნებოდა არანაირი მსყიდველობითი უნარი1. ამის შემდეგ რუზველტმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ ევროპაში ბოლო უნდა მოღებოდა სიტუაციას, როდესაც ერთ სახელმწიფოში ელექტროენერგია საკმარისზე მეტი იყო, მის მეზობელ ქვეყანაში კი ამის დეფიციტი იგრძნობოდა. პრობლემის დაძლევის შესაძლო ვარიანტად მან მოიყვანა საბჭოთა კავშირის პრაქტიკა, როდესაც ცალკეული რესპუბლიკები კი არა, მთელი სახელმწიფო იყო გაერთიანებული ერთ სისტემაში, და ასევე ტენესის ველის ადმინისტრაცია (ტვა) აშშ-ში, რომელსაც ერთნაირი საფასური ჰქონდა დაწესებული ენერგიაზე იმ შტატების ტერიტორიაზე, რომლებსაც აწვდიდა დენს. ძნელი სათქმელია, კიდევ რამდენ ხანს მოუწევდათ დამსწრეთ რუზველტის „ლექციის“ მოსმენა, მაგრამ, მათდა საბედნიეროდ, ამ მომენტში წარმოადგინეს საბჭოთა დოკუმენტი პოლონეთის შესახებ, რომელიც 6 პუნქტისაგან შედგებოდა.
საბჭოთა მხარე საჭიროდ თვლიდა: 1. პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრად „კერზონის ხაზის“ დადგენას, ზოგ ადგილებში 5-8 კილომეტრიანი გადახვევით პოლონეთის სასარგებლოდ; 2. დასავლეთ საზღვარი გერმანიასთან უნდა დაწყებულიყო ქ. შტეტინით (პოლონეთი) და გაგრძელებულიყო მდ. ოდერზე, შემდეგ კი _ მდ. ნოისეზე (დას. ნოისეზე); 3. სასურველი იყო პოლონეთის დროებითი მთავრობის შევსება ემიგრაციაში მყოფი ზოგიერთი დემოკრატიული მოღვაწით; 4. ასევე მიზანშეწონილი იყო, რომ ეს შევსებული მთავრობა ეცნოთ მოკავშირე სახელმწიფოებს; 5. სასურველი იყო, რომ შევსებულ დროებით მთავრობას უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინა საყოველთაო არჩევნები; 6. დაევალებინათ მოლოტოვის, ჰარიმანისა და კერისათვის, განეხილათ ეს საკითხი პოლონეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლებთან და ეცნობებინათ თავიანთი დასკვნები მოკავშირეთა მთავრობების მეთაურებისათვის.
1. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ ზერელედ მსჯელობდა რუზველტი საკითხებზე, რომლებშიც, როგორც ჩანს, არაფერი ესმოდა. ირანის ნავთობის საბადოების შესახებ იმ დროშიც იყო ცნობილი და რატომ უნდა ყოფილიყო ირანი მსყიდველობითი უნარის არმქონე სახელმწიფო, გაუგებარია.
რუზველტმა და ჩერჩილმა მოიწონეს აღნიშნული დოკუმენტი, თუმცა საბოლოო დასტურისაგან თავი შეიკავეს და მოითხოვეს დრო, რათა უფრო კარგად გაცნობოდნენ მას. აშშ-ს პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერმა მხოლოდ ერთი რედაქციული ხასიათის შენიშვნა გააკეთეს და დაიწუნეს სიტყვა „ემიგრანტული“. ჩერჩილმა წამოაყენა წინადადება, რომ ტექსტში ჩაესვათ შემდეგი ფრაზა: „დროებით საზღვარგარეთ მყოფი პოლონელები“, რასაც სტალინი დაეთანხმა1. აქვე ჩერჩილმა გააკეთა კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი შენიშვნა. მისი თქმით, პოლონეთის დასავლეთი საზღვრის დადგენა მეტად სერიოზული საქმე იყო და „პოლონელი ბატი იმდენად არ უნდა გამოეკვებათ გერმანული მიწებით, რომ მას ისინი ვერ მოენელებინა“. თანაც ჩერჩილი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევდა 6 მილიონი გერმანელის ამ მიწებიდან გადასახლებას, რაზეც სტალინმა უპასუხა, რომ იმ რაიონებში გერმანელები თითქმის არ იყვნენ დარჩენილები, რადგანაც გაურბოდნენ საბჭოთა ჯარებს. ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს აადვილებდა პრობლემის გადაწყვეტას, ხოლო კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ხელს შეუწყობდა საკითხის გადაჭრას, იყო ის, რომ გერმანელების მსხვერპლი ომში იმ დროისათვის უკვე შეადგენდა 6-7 მილიონს. პასუხად სტალინმა ბრიტანელი კოლეგის გამოანგარიშებებს დაუმატა კიდევ 1-2 მილიონი _ გერმანელთა მოსალოდნელი მსხვერპლი ომის ბოლომდე2. თავის ბოლო შენიშვნად კი ჩერჩილმა მოითხოვა დოკუმენტის მე-3 პუნქტში შეეტანათ ფრაზა: „და საკუთრივ პოლონეთიდან“. სტალინი დაეთანხმა ჩერჩილის ამ წინადადებას, რითაც დასრულდა კიდეც მე-4 პლენარული სხდომა.
8 თებერვალს საგარეო საქმეთა უწყებათა ხელმძღვანელების მორიგი თათბირი გაიმართა. სხდომაზე თავდაპირველად განხილული იქნა მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიხსნებოდა სან ფრანცისკოში 1945წ. 25 აპრილს3. დღის წესრიგში იყო საბჭოთა რესპუბლიკების საკითხიც, თუმცა მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. სტეტინიუსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისას ამ პრობლემაზე არ უმსჯელია და ითხოვა დრო, რათა შეეთანხმებინა თავისი პოზიცია რუზველტთან4. საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა ამ სხდომაზე პრაქტიკულად გადაწყდა, რომ საუბარი იქნებოდა მხოლოდ უკრაინისა და ბელორუსიის შესაძლო გაწევრიანებაზე, ანუ სავარაუდო წევრთაგან ამოვარდა ლიტვა, რაც, ჩვენი აზრით, ერთგვარად გაუგებარია. დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ხელმძღვანელებს შეეძლოთ მოეთხოვათ სწორედ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების გაწევრიანება მომავალ მსოფლიო ორგანიზაციაში. ეს მით უფრო გასაკვირია, რომ დასავლეთის სახელმწიფოებს არასდროს არ უცვნიათ საბჭოთა კავშირის მიერ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ანექსია.
1. სტალინის თანხმობა არ არის დაფიქსირებული ამერიკულ ჩანაწერებში.
2. საბჭოთა ჩანაწერში მითითებულია, რომ ჩერჩილი თვითონ ასახელებს გერმანელთა სავარაუდო მსხვერპლის რაოდენობას _ 1-1,5 მილიონი, სტალინი კი მხოლოდ ეთანხმება მას, რომ რიცხვები ძირითადად ზუსტია.
3. საინტერესოა, რომ ეს თარიღი არჩეული იქნა მხოლოდ იმიტომ, რომ სტეტინიუსს სურდა კონფერენციის დაწყება ოთხშაბათს, მისი თქმით, „ყველაზე ბედნიერ დღეს“.
ამის შემდეგ მხარეებმა განიხილეს ირანის საკითხი. მთავარი პრობლემა აქ სანავთობო კონცესიების საკითხი იყო. საბჭოთა მხარე უკმაყოფილო იყო, რომ ირანელებმა ომის დამთავრებამდე უარი უთხრეს სსრკ-ს კონცესიების მიცემაზე, მაშინ როდესაც ინგლისელებთან შეთანხმება მათ უკვე გაფორმებული ჰქონდათ. განხილვისას გაირკვა, რომ თურმე ბრიტანელებსაც შეწყვეტილი ჰქონდათ მოლაპარაკებები ირანელებთან და არ ჰქონდათ მიღებული კონცესიები, რის შემდეგაც მხარეებმა გადაწყვიტეს, მოგვიანებით დაბრუნებოდნენ ამ საკითხს და მოესმინათ სერგო ქავთარაძისათვის, რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა კავშირს ირანში წარმოებული მოლაპარაკებების დროს. საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებს დღის წესრიგში ჰქონდათ აგრეთვე იუგოსლავიის საზღვრებისა და ბულგარეთსა და უნგრეთში საკონტროლო კომისიების სტრუქტურის საკითხები, მაგრამ მათი განხილვა გადაიდო მხარეთა მოუმზადებლობის გამო.
$6. ი. სტალინისა და ფ. რუზველტის კონფიდენციალური შეხვედრა
დიდი სამეულის ყირიმის სამიტის განხილვისას არ შეიძლება საგანგებო ყურადღება არ მიექცეს ი. სტალინისა და ფ. რუზველტის კონფიდენციალურ შეხვედრას, რომელიც შედგა 8 თებერვალს. მასზე განხილული იქნა იაპონიის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებული საკითხები. სწორედ ამ თათბირზე მიაღწია სტალინმა თავის ყველაზე დიდ წარმატებას ყირიმში. შეხვედრა დაიწყო რუზველტის თხოვნით, გამოეყოთ ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის აეროდრომები ბუდაპეშტის მახლობლად და მიეცათ ამერიკელი ექსპერტებისათვის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე წარმოებული დაბომბვების შედეგების შესწავლის უფლება. შემდეგ ის შეეხო იაპონიასთან ომის მიმდინარეობას. რუზველტმა აღნიშნა, რომ მანილის აღებით ომი ახალ ფაზაში შევიდა და ის იმედოვნებდა ახალი ბაზების მოწყობას ბონინის კუნძულებსა და ფორმოზას (ტაივანი) მახლობლად მდებარე კუნძულებზე. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, საჭირო იყო დაბომბვის გაძლიერება, რაც შესაძლებელს გახდიდა საკუთრივ იაპონიის კუნძულებზე შეჭრის გარეშე მოწინააღმდეგის დამარცხებას.
შემდეგ საუბარი შეეხო ამერიკელებისათვის საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბაზების დათმობის საკითხს. კერძოდ, სტალინმა აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგი არ იქნება, რომ ამერიკელებს დაუთმოს საჰაერო ბაზები კომსომოლსკის ან ნიკოლაევსკის მიდამოებში, მაგრამ კამჩატკაში ამის გაკეთება შეუძლებლად მიიჩნია, რადგანაც იქ ჯერ კიდევ იმყოფებოდა იაპონიის კონსული. საუბარი ამ თემაზე შემთხვევით არ ჩამოვარდნილა. უკვე ყირიმის კონფერენციის მსვლელობის დროს რუზველტმა სტალინს წერილობით ჰკითხა, თუ იყო შესაძლებელი კომსომოლსკნიკოლაევსკის რაიონში ბაზების მიღება. აქვე სტალინი დაინტერესდა, თუ როგორი იყო რუზველტის პოზიცია იმ პოლიტიკურ პირობებთან დაკავშირებით, რომლებიც გააჩნდა საბჭოთა კავშირს იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაბმის სანაცვლოდ და რომელთა შესახებაც ის თავის დროზე ესაუბრა ჰარიმანს მოსკოვში. როგორც საუბრიდან გაირკვა, რუზველტმა არ გაითვალისწინა ჰარიმანის რჩევები1, კერძოდ ის, რომ სამხრეთ სახალინი ნამდვილად უნდა გადასცემოდა საბჭოთა კავშირს, მაგრამ კურილის კუნძულები, რომლებიც თავის დროზე _ 1875 წელს _ რუსეთმა იაპონიას დაუთმო ვაჭრობისა და ნაოსნობის ხელშეკრულების საფუძველზე2, იურიდიულად სსრკ-ს პრეტენზიებს არ ექვემდებარებოდა და აშშ-ს არ უნდა აეღო ვალდებულება მოთხოვნების ამ პუნქტის დაკმაყოფილებაზე3. მიუხედავად ამისა, რუზველტი სტალინს პრაქტიკულად ყველაფერში დაეთანხმა. მისი თქმით, სამხრეთ სახალინი და კურილის კუნძულები საბჭოთა კავშირს გადაეცემოდა. აშშ-ს პრეზიდენტი გარკვეულ პრობლემებს ხედავდა სსრკ-სთვის დაირენის იჯარით გადაცემასა და რკინიგზებით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით, რადგანაც ამ საკითხებზე მას ჩან კაიშისთან მანამდე არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია, თუმცა, მისი ვარაუდით, აქ რამდენიმე გამოსავალი არსებობდა. რუზველტის თქმით, დაირენის იჯარით გადაცემა მას არ მოსწონდა იმის გამოც, რომ სურდა, დიდ ბრიტანეთს ჰონკონგი დაებრუნებინა ჩინეთისათვის ომის შემდეგ, რასთან დაკავშირებით ის წააწყდებოდა ჩერჩილის გააფთრებულ წინააღმდეგობას, რომელიც კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებდა, თუ საბჭოთა მხარეს გადასცემდნენ პორტს ჩრდილოეთში. ამიტომ აშშ-ს პრეზიდენტს უფრო ხიბლავდა დაირენის ღია პორტად გამოცხადების იდეა. აგრეთვე ის შესაძლებლად თვლიდა საბჭოთა და ჩინელი წარმომადგენლებისაგან შერეული კომისიის შექმნას, რომელიც გააკონტროლებდა რკინიგზებს. გარე მონღოლეთთან (ანუ მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა) დაკავშირებით მას აუცილებლად მიაჩნდა სტატუს ქვოს შენარჩუნება.
1. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანალოგიურ რჩევებს იძლეოდნენ ბრიტანელებიც.
2. ჰარიმანს ცოტათი შეეშალა, რადგანაც ვაჭრობისა და ნაოსნობის ხელშეკრულება იაპონიასა და რუსეთს შორის დაიდო 1895წ. და მან მხოლოდ დაადასტურა 1855წ. სიმოდის ტრაქტატი და 1875წ. სანქტპეტერბურგის ხელშეკრულება კურილის კუნძულების გაცვლის შესახებ. „სიმოდის ტრაქტატით“ _ ხელშეკრულება ვაჭრობისა და საზღვრების შესახებ _ დაიწყო კურილის კუნძულების იაპონიისათვის გადაცემის პროცესი და იაპონიამ მიიღო ოთხი კუნძული, რომელზედაც ის დღეს აცხადებს პრეტენზიას. მოგვიანებით კი, 1875წ. რუსეთმა იაპონიას გადასცა კურილის კუნძულების დარჩენილი ნაწილი კ. სახალინის სანაცვლოდ (მანამდე სახალინზე ორივე სახელმწიფოს თანაბარი უფლებები ჰქონდა).
3. როგორც საბჭოთა, ისევე რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი მოქალაქეებს დაუმალოს ის ფაქტი, რომ კურილის კუნძულები, ისევე როგორც ალასკა, რუსეთის იმჟამინდელი იმპერატორის ალექსანდრე II-ის მიერ სრულიად კანონიერად და თავისი ნებით იქნა გადაცემული. მართალია, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონიერ გადაცემამდე ეს კუნძულები უკვე დაკავებული ჰქონდათ იაპონელებს, რისი მიზეზიც გახდა იქ რუსული დასახლებების არარსებობა. ამიტომ ალექსანდრე II უბრალოდ შეურიგდა რეალობას და არ გაამწვავა ურთიერთობები იაპონიასთან რამდენიმე კუნძულის გამო, რომელთა ათვისება ისედაც ჭირდა.
ეს დიალოგი, ჩვენი აზრით, არის მშვენიერი მასალა ორივე ქვეყნის ლიდერის დასახასიათებლად. სტალინიცა და რუზველტიც მსოფლიოს ყველანაირად თავს აჩვენებდნენ დაჩაგრული ხალხების დამცველებად, ამავე დროს, კი პირად საუბარში მათ ძალიან უბრალოდ მოილაპარაკეს, თუ როგორ უნდა გადაეწყვიტათ დაირენისა და რკინიგზების საკითხი, თანაც წინასწარ არც კი იკითხეს, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ჩინეთს. ვთქვათ, საბჭოთა მხარეს მართლაც უნდოდა იჯარით აეღო პორტი ჩინეთში (ამის უფლება მას ჰქონდა, უბრალოდ ის უნდა მოლაპარაკებოდა ჩინეთის ხელისუფლებას), მაგრამ არანაირ ნორმებში არ ჯდება ამ საკითხის განხილვა აშშ-ს პრეზიდენტთან და, მით უმეტეს, მისი მხრიდან დასტურის მიღება. რაც შეეხება რკინიგზების კონტროლს, ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია, თუ როგორ შეიძლებოდა რომელიმე სახელმწიფო ნებით შეგუებოდა საკუთარი უფლებების ასეთ შელახვას და რას ფიქრობდა რუზველტი, როდესაც თავის წინადადებას აყენებდა. მით უფრო გასაკვირია ეს იმის გამო, რომ საუბარი ამ შემთხვევაში არის არა რომელიმე მომცრო სახელმწიფოზე, არამედ ჩინეთზე, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ რუზველტს წარმოედგინა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად და „მეოთხე პოლიციელად“, რომელსაც აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირთან ერთად უნდა დაეცვა წესრიგი მსოფლიოში.
აშშ-ს პრეზიდენტის პოზიცია სტალინისათვის სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან, როგორც ჩანს, მაინც საჭიროდ ჩათვალა დამატებითი ზეწოლის მოხდენა თავის ვიზავიზე და განაცხადა, რომ საბჭოთა პირობების მიუღებლობის შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებოდა ხალხისათვის აეხსნა, თუ რატომ იწყებდა ომს იაპონიასთან, რომელიც არ უქმნიდა დიდ პრობლემებს სსრკ-ს. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ დიდი სამეული ხელს მოაწერდა ასეთ დოკუმენტს, მაშინ გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა სსრკ-ს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დათანხმება იაპონიისთვის ომის გამოცხადებაზე. აქვე მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონტროლი ჩინურ პორტზე მისთვის სავსებით მისაღები იყო. სტალინის ამ კომენტართან დაკავშირებით, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საბჭოთა ჩანაწერში არ გვხვდება სიტყვები: „რომელიც არ უქმნიდა დიდ პრობლემებს სსრკ-ს“. ეს, ჩვენი აზრით, შემთხვევითი არ არის. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ყველანაირად გაბუქებული იყო საფრთხე, რომელსაც საბჭოთა კავშირს უქმნიდა ე.წ. „კვანტუნის არმია“ და საბჭოთა მხარის ომში ჩაბმა ახსნილი იყო სწორედ ამ „საფრთხით“ და არა მოკავშირული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობით, თუმცა ეს ალბათ საერთოდ არ აწუხებდა სტალინს. არადა, შეიძლება ითქვას, რომ 1945 წელს იაპონელებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებდათ საბჭოთა კავშირთან ომში ჩაბმა. პირიქით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ სტალინი არ დაესხმოდა თავს იაპონიას და ამით დააფასებდა მისი მხრიდან 1941წ. 13 აპრილის თავდაუსხმელობის პაქტის დაცვას იმ პერიოდში, როდესაც ასეთი ნაბიჯი სსრკ-სთვის სასიკვდილო ლახვრის ჩაცემა იქნებოდა. მაგრამ იაპონელებს, როგორც ჩანს, ყურადღება არ მიუქცევიათ იმ გარემოებისათვის, რომ სტალინს თვითონაც აინტერესებდა ომში ჩაბმა, რადგანაც სურდა ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდება. სწორედ ეს იყო საბჭოთა ლიდერის ჭეშმარიტი მისწრაფება და ჩვენში გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ რუზველტი ვერაფრით ვერ იჯერებდა მის ამ სურვილს, თუმცა მას ამგვარ ინფორმაციას აწვდიდნენ კიდეც.
რუზველტმა შესაძლებლად ჩათვალა საბჭოთა მოთხოვნების ამსახველი დოკუმენტის ხელმოწერა და აქვე შეეხო კორეის საკითხს. მან შესთავაზა სტალინს, რომ კორეაში შექმნილიყო მეურვეთა საბჭო აშშ-ს, სსრკ-სა და ჩინეთის შემადგენლობით, რომელიც განახორციელებდა ქვეყნის მმართველობას მანამ, სანამ კორეელები მზად არ იქნებოდნენ დამოუკიდებლობისათვის, რაც, მისი აზრით, 25-30 წლის შემდეგ მოხდებოდა. სტალინს ამ შეთავაზებაზე არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიუცია, მხოლოდ აღნიშნა, რომ მეურვეთა შორის დიდი ბრიტანე- თიც იყო შესაყვანი, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ჩერჩილის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოყვებოდა. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, თუ ინგლისელები ბევრს იყვირებდნენ, მაშინ ის მართლაც დათანხმდებოდა მათ მონაწილეობაზე.
საუბრის ამ მონაკვეთში სტალინი მოულოდნელად მიუბრუნდა რუზველტის წინადადებებს ბუდაპეშტის მახლობლად აეროდრომებისა გამოყოფისა და დაბომბვების შედეგების შესასწავლად ექსპერტების გამოგზავნის შესახებ და აღნიშნა, რომ გასცემდა ბრძანებას ამ თხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღსანიშნავია, რომ ამერიკულ ჩანაწერებში საკითხები დაჯგუფებულია, ანუ სტალინის პასუხი რუზველტის თხოვნის შემდეგ მოდის, ამიტომ ამ საკითხზე მოულოდნელი, ერთი შეხედვით, სრულიად უადგილო გადასვლა, რომელიც ნამდვილად არ იყო შემთხვევითი, ვერ დაფიქსირდა. სამაგიეროდ, რუსული ჩანაწერი, რომელსაც ჩვეულებრივ საკმაოდ ბევრი რამ აკლია, გადალაგებული არ არის. არადა, ამ შემთხვევაში სწორედ რომ სტალინის მხრიდან რუზველტის თხოვნის მოულოდნელი „გახსენება“ იქცევს ყურადღებას. საბჭოთა ლიდერს მშვენივრად შეეძლო, მაშინვე დაეკმაყოფილებინა აშშ-ს პრეზიდენტის თხოვნა, მაგრამ ის ასე არ მოიქცა. ჩვენი აზრით, სტალინი უცდიდა რუზველტის მხრიდან თანხმობას საბჭოთა მოთხოვნებზე და ამიტომ შეიკავა თავი დაუყოვნებლივი პასუხისაგან.
სტალინის მიერ თემიდან გადახვევის შემდეგ რუზველტმა კვლავ განაგრძო საუბარი მეურვეობაზე, ოღონდ ამჯერად ის ინდოჩინეთის საკითხს შეეხო. მან აღნიშნა, რომ აქაური მოსახლეობა წააგავდა ბირმელებსა და იაველებსა თავისი დაბალი აღნაგობით და არ იყო „საომრად განწყობილი“.1 აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რადგანაც ჩინეთს არ სურდა ინდოჩინეთი2, ის მეურვეობის შემოღების მოსურნე იყო, თუმცა ჩერჩილს ამ რეგიონის კვლავ საფრანგეთისათვის დაბრუნება სურდა. თავის მხრივ, დე გოლსაც უკვე ნათხოვი ჰქონდა რუზველტისათვის ხომალდები ინდოჩინეთში ჯარის გადასაყვანად, თუმცა მან ვერ მოახერხა გემების გამოყოფა. როგორც ჩანს, სტალინს არ მოეწონა მსგავსი პერსპექტივა და აღნიშნა, რომ რადგანაც ფრანგებმა ვერ დაიცვეს ინდოჩინეთი, ინგლისელებმა უკვე ერთხელ დაკარგეს ბირმა. ამიტომ, მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი საკითხი შესწავლას საჭიროებდა და პრეზიდენტის თვალსაზრისი შეიძლება სწორიც ყოფილიყო3. ამავე დროს, საბჭოთა ლიდერმა ისარგებლა მომენტით და იკითხა, მართლა აპირებდა თუ არა აშშ ომის შემდეგ ზედმეტი ხომალდების საბჭოთა მხარისათვის მიყიდვას, როგორც ეს წინა დღით აღნიშნა სტეტინიუსმა მოლოტოვთან საუბარში. რუზველტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს ექნებოდა ჭარბი რაოდენობით გემები და მათი ნაწილი მართლაც სსრკ-ს დაეთმობოდა 20-წლიანი კომერციული დაინტერესების არმქონე კრედიტის საფუძველზე მისაღებ ფასებში. სტალინს, რომელსაც ნამდვილად ძალიან აწუხებდა საბჭოთა სამხედრო თუ სავაჭრო ფლოტის სავალალო მდგომარეობა, ეს აზრი მოეწონა და შენიშნა, რომ ეს კიდევ ერთი „შესანიშნავი ღონისძიება“ იქნებოდა ლენდ-ლიზის მსგავსად, რომლის გარეშეც გამარჯვება მეტად ძნელი მისაღწევი გახდებოდა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ჩანაწერში მიყიდვის ნაცვლად ნახსენებია მიცემა, რაც, საუბრის კონტექსტიდან გამომდინარე, არასწორია. ამასთან, სტეტინიუსი სწორედ მიყიდვაზე საუბრობდა.
1. საინტერესოა, რას გულისხმობდა რუზველტი სიტყვაში „საომრად განწყობილი“. თუ უკანასკნელი 60 წლის გამოცდილებას გავიხსენებთ, მთელ მსოფლიოში ძნელი მოსაძებნია ვიეტნამელებზე უკეთ მეომარი ხალხი. აქვე აღსანიშნავია, რომ ომის პერიოდში ამერიკელებს საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ ჰო ში მინთან და ისიც, თავის მხრივ, მეტად კარგად იღებდა მათ აგენტებს ჰანოიში.
2. ამერიკელებმა რამდენჯერმე შესთავაზეს ჩან კაიშის ინდოჩინეთის დაკავება, მაგრამ მან ისინი უარით გაისტუმრა.
3. აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტი: კონფერენციის დასრულების შემდეგ რუზველტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტალინი და ჩან კაიში იწონებდნენ ინდოჩინეთზე მეურვეობის დაწესების იდეას, მაგრამ ბრიტანელებს ასეთი აზრი აცოფებდათ, რის გამოც მან დროებით გაჩუმება არჩია ამ საკითხზე.
$7. 8 თებერვლის სხდომა
მეხუთე პლენარული სხდომა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების თათბირის შედეგების მოსმენით დაიწყო. იდენმა მთავრობათა მეთაურებს წარუდგინა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტი. როგორც გაირკვა, თურმე ამ დროისათვის მხარეები შეთანხმდნენ საბჭოთა რესპუბლიკების გაეროში გაწევრიანების თაობაზე. იდენის თქმით, დამფუძნებელი წევრების სია სან ფრანცისკოს კონფერენციაზე დაზუსტდებოდა და დიდი ბრიტანეთი და აშშ მხარს დაუჭერდნენ ორი საბჭოთა რესპუბლიკის გაწევრიანებას გაეროში. ამ საკითხთან დაკავშირებით სტალინი დაინტერესდა კონფერენციაზე მოსაწვევი ქვეყნების სიით. საბჭოთა ლიდერმა აღნიშნა, რომ იყო ათი ისეთი სახელმწიფო, რომელიც კონფერენციაზე უნდა ყოფილიყო მოწვეული, რადგანაც გერმანიისთვის ომი ჰქონდათ გამოცხადებული, მაგრამ ეს ქმნიდა გარკვეულ პრობლემას მათსა და საბ- ჭოთა კავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო. ეს კი, მისი აზრით, ხელს არ უწყობდა მომავალ მსოფლიო უსაფრთხოებას. რუზველტმა სტალინი დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების უმრავლესობას სურდა სსრკ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და რაიმე კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით უბრალოდ არ ჰქონდათ გადადგმული. მისი აზრით, არც ის რამდენიმე სახელმწიფო, რომელსაც განსხვავებული მიზეზები ამოძრავებდა და სადაც კათოლიკური ეკლესიის გავლენა ძალიან ძლიერი იყო, არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ პრობლემას, რადგანაც საბჭოთა კავშირს უკვე ჰქონდა მათთან ერთად ბრეტონ ვუდსსა და ატლანტიკ სიტიში ერთობლივი მუშაობის გამოცდილება1.
1. ბრეტონ ვუდსის კონფერენცია გაიმართა 1944წ. ივლისში და ის მიძღვნილი იყო ფინანსური საკითხებისათვის, ხოლო 1943წ. ნოემბერში ატლანტიკ-სიტიში შედგა გაერთიანებული ერების დახმარებისა და აღდგენის ადმინისტრაციის საბჭოს სხდომა.
ამის შემდეგ უკვე დაიწყო ცალკეული ქვეყნების მოწვევაარმოწვევის საკითხის განხილვა. რუზველტმა განაცხადა, რომ თავის დროზე აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სამნერ უელესმა ურჩია მთელ რიგ ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს, არ გამოეცხადებინათ ომი გერმანიისათვის და შემოფარგლულიყვნენ მასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით. ახლა კი იმ 5 თუ 6 ქვეყანას, რომელმაც მართლაც იმოქმედა უელესის ამ, პრეზიდენტის შეფასებით, მცდარი მითი- თებით, უნდა მოესწრო ომის გამოცხადება. მისი თქმით, ეს უკვე გაკეთებული ჰქონდა ეკვადორს და უახლოეს ხანებში მას მიჰყვებოდა პერუც. მაშინ სტალინი დაინტერესდა არგენტინის ბედიღბლით და აღნიშნა, რომ მის მოწვევაზე უარის თქმა ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა. პასუხად რუზველტმა შენიშნა, რომ არგენტინა არ მოიაზრებოდა გაერთიანებული ერების რიცხვში, რადგანაც ხელი არ ჰქონდა მოწერილი დეკლარაციისათვის. ამავე დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭირო იყო რაიმე ვადის დაწესება, რომლის იქითაც გერმანიისათვის ომის გამოცხადება და გაერთიანებული ერების დეკლარაციაზე ხელის მოწერა არ იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე წევრის სტატუსით მოწვევის ტოლფასი. ასეთ თარიღად მან 1 მარტი დაასახელა, რაზეც თანხმობა მიიღო კიდეც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი არამტრული სახელმწიფო, რომელიც გამოუცხადებდა ომს გერმანიას 1945წ. 1 მარტამდე, მიწვეული იქნებოდა დამფუძნებელ კონფერენციაზე და მიიღებდა ახალი ორგანიზაციის წევრის სტატუსს. აქ ჩერჩილმა, რომელსაც, როგორც ჩანს, კარგად ახსოვდა სტალინის ორჭოფული დამოკიდებულება თურქეთის საკითხისადმი თეირანის კონფერენციაზე, შესაძლოა, გადაწყვიტა პატარა მახის დაგება და პირდაპირ ჰკითხა სტალინს, გახდებოდა თუ არა თურქეთი ორგანიზაციის წევრი, თუ ის 1 მარტამდე გამოუცხადებდა ომს გერმანიას. საბჭოთა ლიდერსაც თანხმობის მეტი სხვა არაფერი არ დარჩენოდა. აქვე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გერმანიის წინააღმდეგ ომში ოფიციალურად ჩართვის შემთხვევაში სიას დაამატებდნენ ეგვიპტესა და ისლანდიას. ეგვიპტე და ისლანდია ფორმალურად არ იღებდნენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, მაგრამ ფაქტობრივად ეგვიპტის ხელისუფლება სრულად უჭერდა მხარს დიდ ბრიტანეთს ომის ყველაზე მძიმე წლებში და ომში არ ჩაება მხოლოდ საკუთრივ ოფიციალური ლონდონის თხოვნით, ისლანდიამ კი დაარღვია მის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტის პირობები და ომის პერიოდში დაუთმო თავისი სანაპიროები ამერიკულ ფლოტს, რათა მას გაადვილებოდა ატლანტის ოკეანის გაკონტროლება.
დიდი სამეულის ყურადღება მიიქცია დანიის გაწევრიანების საკითხმაც. სტალინის წინადადებით გადაწყდა, რომ განთავისუფლებამდე დანიის გაწევრიანება ორგანიზაციაში მიზანშეუწონელი იყო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც გამოიყენა სტალინმა ამგვარი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად, ის იყო, რომ დანიელებმა თავის დროზე წინააღმდეგობა არ გაუწიეს გერმანიას1. დასასრულს კი საბჭოთა ლიდერმა, როგორც ჩანს, დაზუსტების მიზნით, იკითხა, ხომ არ იყო მიზანშეწონილი, რომ უკრაინასა და ბელორუსიას დაუყოვნებლივ მოეწერათ ხელი გაერთიანებული ერების დეკლარაციისათვის, რათა შემდგომ კონფერენციაზე მათ არ შექმნოდათ პრობლემები. ამან გარკვეული დისონანსი შეიტანა სხდომის მსვლელობაში. ჩერჩილმა მხარი დაუჭირა სტალინის წინადადებას, რუზველტმა კი თქვა, რომ ამის საჭიროება არ იყო და საბჭოთა რესპუბლიკების ხელმოწერის არარსებობა გაერთიანებული ერების დეკლარაციაზე ხელს არ შეუშლიდა მათ გაწევრიანებას მსოფლიო ორგანიზაციაში. საბოლოო ჯამში, საბჭოთა ლიდერს აღუთქვეს, რომ უკრაინისა და ბელორუსიის მოწვევას დამფუძნებელ კონფერენციაზე ხელი არავითარ შემთხვევაში არ შეეშლებოდა, მაგრამ რადგანაც საქმე ეხებოდა ერთი ქვეყნისათვის სამი ხმის მინიჭებას, საბოლოოდ საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სან ფრანცისკოში, სადაც დიდი ბრიტანეთი და აშშ მხარს დაუჭერდნენ მათ მიღებას ორგანიზაციაში. შედეგად, სტალინმა უარი თქვა თავის წინადადებაზე იმ პირობით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების დადგენილებაში დასახელებულიყო უკრაინა და ბელორუსია.
1. როგორც ცნობილია, დანია გერმანიამ ერთ დღეში, 1940წ. 9 აპრილს დაიპყრო და მოსახლეობას გერმანელების შესვლა კოპენჰაგენში ფილმის სიუჟეტი ეგონა. უ. შირერი იმასაც შენიშნავს, რომ გერმანიამ იმდენად სწრაფად და უმტკივნეულოდ დაიპყრო დანია, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ საუზმის შემდეგ გაიგო, თუ რა ხდებოდა ქვეყანაშიო. როგორც ირკვევა, დანიის მეფემ და მთავრობამ შეგნებულად შეიკავეს თავი მობილიზაციის გამოცხადებისაგან, რადგანაც ეს, მათი აზრით, სულაც არ გაზრდიდა ქვეყნის უსაფრთხოებას. ამასთან, ისინი ელოდნენ მოთხოვნებს გერმანელების მხრიდან და მზად იყვნენ, წასულიყვნენ დათმობებზე საზღვაო ბაზებისა და რამდენიმე აეროდრომის გადაცემის საკითხში.
საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოყალიბებასთან გამართული მსჯელობის შემდეგ მხარეები მიუბრუნდნენ პოლონეთის საკითხის განხილვას. რუზველტმა აღნიშნა, რომ შეისწავლა საბჭოთა წინადადებები და სავსებით დაეთანხმა პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც სსრკ-პოლონეთის საზღვარს უნდა გაევლო კერზონის ხაზზე ზოგიერთ რაიონში პოლონეთის სასარგებლოდ 5-8 კილომეტრის გადახვევით. თუმცა იქვე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, პოლონეთის დასავლეთი საზღვრის მდ. დასავლეთ ნოისეზე გადატანა ნაკლებად იყო გამართლებული. აქვე რუზველტმა კიდევ ერთხელ წამოაყენა ე.წ. საპრეზიდენტო საბჭოს შექმნის იდეა, რომელშიც, მისი აზრით, უნდა შესულიყვნენ ბერუტი, გრაბსკი და საპეჰა. სწორედ ამ ორგანოს უნდა ჩამოეყალიბებინა დროებითი მთავრობა, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა არჩევნების ჩატარებას. აშშ-ს პრეზიდენტის გეგმის თანახმად, ეს ერთიანი დროებითი მთავრობა დიდ სამეულს უნდა ეცნო.
საინტერესოა, რომ სტალინმა თითქოს ყურადღებაც არ მიაქცია იდეას საპრეზიდენტო საბჭოს შექმნის შესახებ. ბუნებრივია, ეს იდეა მისთვის მიუღებელი იქნებოდა, რადგანაც მაშინ ოფიაციალურად ძალაუფლება პოლონეთში მართლაც დემოკრატიული ძალების ხელში აღმოჩნდებოდა (გრაბსკისა და საპეჰას სახით). მიუხედავად ამისა, საბჭოთა ლიდერმა გვერდი აუარა ამ საკითხს და უბრალოდ იკითხა, იქნებოდა თუ არა ასეთ შემთხვევაში ლიკვიდირებული ლონდონის მთავრობა. სწორედ ეს იყო სტალინისათვის მთავარი მომენტი პოლონეთის პოლიტიკური მოწყობის დროს. ყველაზე დიდ საფრთხეს მისთვის წარმოადგენდა სწორედ ლონდონის ემიგრანტული მთავრობა, რომელიც სცნო კიდეც თავის დროზე _ 1941წ., როდესაც საბჭოთა კავშირი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ახლა კი მას უკვე ეშინოდა, რომ ლონდონის მთავრობა, რომელიც ვარშავის აჯანყების გერმანელების მიერ სისხლში ჩახშობის შემდეგ კვლავაც უფრო დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა ხალხში, ვიდრე ლუბლინის მთავრობა1 და რომელთანაც დიპლომატიური კავშირი მან გაწყვიტა ყირიმის კონფერენციის წინ, კვლავ არ გამოსულიყო წინა პლანზე, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა. სწორედ ამიტომ, ის ყოველნაირად ცდილობდა, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთს უარი ეთქვათ ლონდონის მთავრობის მხარდაჭერაზე. უნდა აღინიშნოს, რომ სტალინმა ამჯერად ნამდვილად მოარტყა მიზანში. ჩერჩილმაც და რუზველტმაც დაუდასტურეს მას, რომ დროებითი მთავრობის შექმნის შემდეგ ისინი სცნობდნენ მხოლოდ იმ ორგანოს, რომელსაც გადაეცემოდა პოლონეთის საზღვარგარეთული აქტივები. ამასთან, ჩერჩილმა თავი შეიკავა აქტივების გადაცემის იურიდიული ასპექტების შეფასებისაგან, თუმცა დაე- თანხმა რუზველტს, რომ მთელი საკუთრება, რომელიც გააჩნდა პოლონეთს საზღვარგარეთ, ავტომატურად გადავიდოდა დროებითი მთავრობის მფლობელობაში. ამის შემდეგ სხდომაზე გამოცხადდა მცირე შესვენება.
შეხვედრის განახლებისას გაირკვა, რომ ბრიტანელებმა მოამზადეს პოლონეთის საკითხის მოგვარების ალტერნატიული პროექტი, თუმცა, ჩერჩილის წინადადებით, გაგრძელდა რუზველტისეული გეგმის განხილვა2. და აქ საბჭოთა მხარემ პრაქტიკულად სასიკვდილო ლახვარი ჩასცა საპრეზიდენტო საბჭოს შექმნის იდეას. აღსანიშნავია ერთი გარემოება, ამის გაკეთება ითავა არა სტალინმა, არამედ მოლოტოვმა. როგორც ჩანს, საბჭოთა ლიდერს სურდა იმის ჩვენება, რომ მას არ შეეძლო აღნიშნული საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა, ხოლო პოლიტბიუროს დანარჩენი წევრები აშშ-ს პრეზიდენტის იდეის წინააღმდეგი იქნებოდნენ. სხვათა შორის, სტალინი ხშირად აცხადებდა შეხვედრებისას, რომ ის ანგარიშვალდებული იყო პოლიტბიუროს წინაშე, თუმცა, რასაკვირველია, ეს უბრალოდ მისი დიპლომატიური ხრიკი იყო. ჩვენი აზრით, სწორედ ამგვარი ტაქტიკური მანევრით იყო განპირობებული ამ საკითხის განხილვისას მთავარი როლის მოლოტოვისათვის გადაბარება.
1. თუ ჰარიმანის ცნობებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ კონფერენციის მსვლელობის პერიოდში სტალინს ნამდვილად ეგონა, თითქოს პოლონელები ლუბლინის მთავრობას დაუჭერდნენ მხარს არჩევნებში და მხოლოდ მას შემდეგ ჩაშალა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, როცა დარწმუნდა ამ აზრის სიმცდარეში. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პოლონელების დამოკიდებულება, რაც არც მანამდე იყო, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც კეთილგანწყობილი, ვარშავის 1944წ. აჯანყების შემდეგ საბოლოოდ ანტირუსული გახდა. ამის მიზეზი იყო საბჭოთა ჯარების წინსვლის შეჩერება და უკანდახევაც კი ბრძოლების რაიონიდან, მაშინ როდესაც ვარშავისკენ მათ წინსვლას პრაქტიკულად არაფერი უშლიდა ხელს. უეჭველია, რომ სტალინის ბრძანება, რომლითაც წითელმა არმიამ შეწყვიტა ვარშავისაკენ წინსვლა, პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული, რადგანაც თუ ისინი წაიწევდნენ წინ, მაშინ ძალაუფლებას ვარშავაში ხელთ იგდებდნენ ლონდონის ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც ტრიუმფატორებად დაბრუნდებოდნენ ქვეყანაში.
2. ბრიტანული პროექტი საბჭოთა მხარეს გადაეცა წინა დღეს.
სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა თავისი გამოსვლა დაიწყო იმის აღნიშვნით, რომ პოლონეთში, თანაც ვარშავაში, უკვე არსებობდა მთავრობა, რომელიც სარგებლობდა ხალხის უდიდესი მხარდაჭერით და ლოგიკური იქნებოდა მოლაპარაკებების წარმოება სწორედ იმ მიმართულებით, რომ მომხდარიყო მისი შევსება. მოლოტოვმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონელები არ დაეთანხმებოდნენ რუზველტის გეგმას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საბჭოთა წინადადებები იქნებოდა საბაზისო, მაშინ მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობა მოსალოდნელი არ იყო და წარმატებაც გარანტირებული იქნებოდა. უფრო მეტიც, მოლოტოვი იმდენად გადავარდა დემაგოგიაში, რომ განაცხადა, თითქოს მხოლოდ პოლონეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ქვეყანაში განვითარებულ ეროვნულ მოვლენებში. ამიტომ, მისი თქმით, საჭირო იყო მხოლოდ აღნიშნული დროებითი მთავრობის გაფართოება, ხოლო მთავარი და საკმაოდ რთული საკითხი იქნებოდა მხოლოდ ის, თუ როგორ წარიმართებოდა აღნიშნული პროცესი. აქ, როგორც ჩანს, მოლოტოვს მხედველობაში ჰქონდა პოლონეთის განთავისუფლება გერმანელებისაგან, თუმცა გაუგებარია, რა შუაშია აქ „ეროვნული მოვლენები“. თუ „ეროვნულ მოვლენებზე“ ვიმსჯელებდით, მაშინ მთავარი ადგილი აქ უნდა დაეკავებინა ვარშავის 1944წ. აჯანყებას, რომელიც სწორედ რომ ლონდონის ემიგრანტული მთავრობის მომხრეებისა და წევრების მიერ იყო ორგანიზებული და რომელიც ნამდვილად წარმატებული იქნებოდა, საბჭოთა მხარეს რომ ოდნავი სურვილი მაინც გამოეჩინა მისი დახმარებისა. გარდა ამისა, მოლოტოვმა მიზანშეუწონლად მიიჩნია საპრეზიდენტო საბჭოს შექმნის იდეაც, რადგანაც ეს, მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ წარმოქმნიდა მეორე რთულად გადასაწყვეტ პრობლემას. ამავე დროს, ის გამოვიდა წინადადებით, რომ მომხდარიყო კრაიოვა რადას გაფართოება. ყოველივე ამას კი, მოლოტოვის აზრით, უნდა ჰქონოდა მხოლოდ ერთი მიზანი _ არჩევნების რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება, რათა მომხდარიყო თვითმმართველობის მუდმივი ორგანოების ჩამოყალიბება.
სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი შეეხო საზღვრების საკითხსაც. მან აღნიშნა, რომ თუ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ პრაქტიკულად უკვე მიღწეული იყო სრული თანხმობა, დასავლეთ საზღვრის საკითხზე არ არსებობდა ერთიანი აზრი. მოლოტოვმა განაცხადა, რომ პოლონელები უეჭველად დაუჭერდნენ მხარს საბჭოთა მთავრობის მიერ წარმოდგენილ წინადადებას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში მოლოტოვი არ ცდებოდა. უფრო მეტიც, საზღვარს დასავლეთ ნოისეზე მხარს უჭერდნენ არა მარტო პროსაბჭოური მთავრობის წარმომადგენლები, არამედ მიკოლაიჩიკი და მისი ფრთის წევრებიც, რაც გამოვლინდა კიდეც პოტსდამის კონფერენციაზე. თავისი გამოსვლის დასკვნით ნაწილში კი მოლოტოვი შეეხო პოლონელებთან მოლაპარაკების საკითხს და აღნიშნა, რომ საბჭოთა მხარე თანახმა იყო, ეს მოლაპარაკებები ეწარმოებინათ მას, ჰარიმანსა და კერს, ხოლო პოლონეთის დროებითი მთავრობის მხრიდან მონაწილეობას კონსულტაციებში ალბათ მიიღებდნენ ბერუტი, ოსუბკა-მორავსკი და როლ-ჟიმერსკი, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა და თუ მათ დაემატებოდა მხოლოდ 2 წარმომადგენელი ლონდონიდან, მაშინ შეიძლებოდა წარმატებაზე ფიქრი. მაგრამ სსრ კავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი გამოთქვამდა ეჭვს, რომ დროებითი მთავრობის წევრებს, შესაძლო იყო, უარი ეთქვა მიკოლაიჩიკთან მოლაპარაკებებზე, რადგანაც, მისი თქმით, ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ ამ უკანასკნელის პოზიციით მოსკოვში გამართული შეხვედრების დროს. აქვე მოლოტოვმა კიდევ ერთხელ გაუმეორა რუზველტს, რომ უმჯობესი იქნებოდა თავის შეკავება საპრეზიდენტო საბჭოს ჩამოყალიბებისაგან და არსებული დროებითი პოლონური მთავრობის გაფართოება.
ჩერჩილმა სცადა საბჭოთა მხარისათვის საკუთარი დემაგოგიის დაპირისპირება და ამით სასურველი შედეგის მიღწევა. ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გახლდათ კონფერენციის გადამწყვეტი მომენტი და აუცილებელი იყო ამ საკითხზე საერთო აზრის შემუშავება, რადგანაც, მისი თქმით, თუ სამიტის შემდეგ მოკავშირეების მიერ კვლავინდებურად პოლონეთის ორი სხვადასხვა მთავრობის ცნობა გაგრძელდებოდა, მთელი მსოფლიოსათვის ნათელი გახდებოდა გარკვეული უთანხმოების არსებობა. ამავე დროს, ჩერჩილმა ხაზი გაუსვა, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ლუბლინის, ანუ ვარშავის მთავრობა არ სარგებლობდა არც მასობრივი მხარდაჭერით ქვეყნის შიგნით და არც რაიმე ავტორიტეტი გააჩნდა საზღვარგარეთ, ამიტომ ბრიტანეთის ხელისუფლება ვერანაირად ვერ ცნობდა მას, რადგანაც ეს გამოიწვევდა მთელი მსოფლიოსა და უცხოეთში მცხოვრები პოლონელების პროტესტს. აქვე ბრიტანეთის პრემიერმა შეახსენა დამსწრეთ, რომ არსებობდა საზღვარგარეთ მყოფი პოლონელებისაგან შემდგარი 150 ათასიანი არმია, რომელიც იბრძოდა დასავლეთელი მოკავშირეების გვერდზე და რომელიც ნამდვილად არ შეურიგდებოდა ლუბლინის მთავრობას1. ამის შემდეგ ჩერჩილი საბოლოოდ გადავარდა დემაგოგიაში და განაცხადა, რომ თუ ის სცნობდა ერთი წლის წინ ჩამოყალიბებულ მთავრობას, მაშინ პარლამენტში მასზე სერიოზული შეტევა დაიწყებოდა და მას ბრალს დასდებდნენ სრულ კაპიტულაციაში საბჭოთა მხარის წინაშე2. ამავე დროს, ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ლონდონის მთავრობის დეზავუირება მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარისათვის იქნებოდა თანაბარი პირობები3. ჩერჩილის აღნიშვნით, პირადად ის ლონდონის მთავრობის მოქმედებებს სულელურად მიიჩნევდა, მაგრამ ახალი მთავრობის აღიარებისათვის მას სჭირდებოდა დარწმუნება, რომ ეს ახალი მთავრობა ხალხის ნების გამომხატველი იყო. ასეთი რამ კი შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შემდეგ. ჩერჩილმა პირობა დადო, რომ ის სცნობდა ნებისმიერ მთავრობას, რომელიც ჩამოყალიბებული იქნებოდა არჩევნების შედეგად, მაგრამ არჩევნებამდე ის დიდი შეშფოთებით მიადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას.
1. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ჩანაწერებში არ არის მოყვანილი დასავლეთელ მოკავშირეებთან ერთად მებრძოლი პოლონელების რიცხვი, რაც, ჩვენი აზრით, მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, რათა საბჭოთა მკითხველს არ სცოდნოდა, რამდენი პოლონელი უჭერდა აქტიურად მხარს ლონდონის ემიგრანტულ მთავრობას.
2. ჩვენ გვინდა ყურადღება მივაქციოთ უკანასკნელ არგუმენტს. საინტერესოა, რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს ასეთი დამოკიდებულება მოკავშირის მიმართ. პრინციპში, ამ ფრაზით ჩერჩილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ მისთვის სსრკ- სთან კავშირი მხოლოდ იძულებითი ნაბიჯი იყო.
3. რუსულ ჩანაწერში ეს ფრაზა რატომღაც გამოტოვებულია.
ჩერჩილის პასუხად მოლოტოვმა შენიშნა, რომ შესაძლო იყო მოლაპარაკებებს მოსკოვში გამოეღო რაიმე შედეგი, თუმცა ძალიან ძნელი იქნებოდა პოლონეთის საკითხის განხილვა პოლონელების გარეშე. ბრიტანეთის პრემიერი არ დაკმაყოფილდა ამით და განაცხადა, რომ აუცილებელი იყო შეთანხმების მიღწევა და მასზე ხელის მოწერა სწორედ კონფერენციაზე1. აქ საუბარში ჩაერთო რუზველტი და სცადა სიტუაციის ერთგვარად განმუხტვა. მისი თქმით, გარკვეული შეთანხმება უკვე მიღწეული ჩანდა, რადგანაც ყველა მხარე ეთანხმებოდა პოლონეთში საყოველთაო არჩევნების უსწრაფესად ჩატარებას, მაგრამ იქვე აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გასარკვევი იყო წინასაარჩევნო პერიოდში პოლონეთის მმართველობის საკითხი.
აქ საუბარში უკვე ჩაერთო სტალინი, რომელმაც, როგორც ჩანს, შეუძლებლად ჩათვალა ჩერჩილის მტკიცების უპასუხოდ დატოვება, რომ პოლონეთის დროებითი მთავრობა არ სარგებლობდა პოპულარობით. საბჭოთა ლიდერმა გაიხსენა ბრიტანეთის პრემიერის განცხადება, რომ ძალიან ჭირდა პოლონეთიდან ინფორმაციის მიღება. ჩერჩილმა უპასუხა, რომ მას გააჩნდა გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ვერ შეძლო თავისი აზრის დასრულება, რადგანაც სტალინმა სიტყვა გააწყვეტინა და გააგრძელა თავისი მსჯელობა. მისი თქმით, ბრიტანელების ინფორმაცია არ ემთხვეოდა იმ ცნობებს, რომელსაც საბჭოთა მხარე იღებდა. სტალინმა კვლავინდებურად დემაგოგიურად განაცხადა, რომ ბერუტი, ოსუბკა-მორავსკი და როლ-ჟიმერსკი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ ხალხში, რადგანაც ოკუპაციის პერიოდში პოლონეთი არ დაუტოვებიათ2, მაშინ როდესაც არციშევსკის მთავრობის წევრები, რომლებიც, შესაძლოა, უფრო დიდი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩეოდნენ, არ იყვნენ მოსახლეობის გვერდით ამ მძიმე წლებში3. შემდეგ სტალინმა შენიშნა, რომ არსებობდა მეორე მიზეზიც, რის გამოც პოლონეთის მოსახლეობა ლონდონის მთავრობის წევრებთან შედარებით უპირატესობას ვარშავის მთავრობას ანიჭებდა. ეს იყო დამოკიდებულება წითელი არმიისადმი. მისი თქმით, პოლონელებმა მთლიანად შეიცვალეს დამოკიდებულება რუსებისადმი, ხვდებოდნენ მათ, როგორც განმათავისუფლებლებს და ამიტომ უკვირდათ ლონდონელი პოლონელების პასიურობა, რომლებიც არ იღებდნენ არანაირ მონაწილეობას ამ პროცესში.
ამის შემდეგ სტალინი შეეხო ჩერჩილის შიშს, რომ ვერ მოხერხდებოდა ერთიანი შეთანხმების მიღწევა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ინფორმაციისა და სხვადასხვა დასკვნების არსებობისას ძნელი იყო რაიმე კონკრეტული შედეგის მიღება. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ლიდერის აზრით, მდგომარეობა არ იყო მაინცდამაინც ტრაგიკული. მან პარალელი გაავლო პოლონეთის დროებით ხელისუფლებასა და დე გოლის მთავრობას შორის და აღნიშნა, რომ მათ შორის არ იყო არანაირი განსხვავება. სტალინის თქმით, თუ მოკავშირეები ცნობდნენ დე გოლს და მის მთავრობას, რომელიც ასევე არ იყო არჩეული, მაშინ რატომ არ უნდა გაეტარებინათ იგივე პოლიტიკა პოლონეთის დროებითი მთავრობის მიმართ, მით უმეტეს, რომ არჩევნები პოლონეთში მალე ჩატარდებოდა.
1. საბჭოთა ჩანაწერში არც მოლოტოვის რეპლიკაა მოყვანილი და არც ჩერჩილის პასუხი.
2. ეს განცხადება, როგორც მინიმუმ, არასწორი იყო ბერუტის მიმართ, რომელმაც პოლონეთი ჯერ კიდევ 1938 წელს დატოვა და მხოლოდ 1943წ. მიწურულს დაბრუნდა (მთელი ეს პერიოდი ის სსრკ-ში ცხოვრობდა), როგორც ჩანს, კრემლის უშუალო მითითებით.
3. საბჭოთა ჩანაწერში გამოტოვებულია სტალინის სიტყვები არციშევსკის მთავრობის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ.
აქ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ სტალინის მიერ გაკეთებული შედარება, ჩვენი აზრით, არასწორი იყო, ვინაიდან პოლონეთის დროებით ხელისუფლებასა და დე გოლის მთავრობას შორის განსხვავება იყო და საკმაოდ დიდიც. დე გოლის მოძრაობა არსებობდა საფრანგეთის კაპიტულაციის დღიდან და თანდათანობით ჩამოყალიბდა საფრანგეთის მთავრობად, რომელიც თავდაპირველად აკონტროლებდა სხვადასხვა განთავისუფლებულ ზღვისიქითა ტერიტორიებს. უშუალოდ საფრანგეთის განთავისუფლებამდე ის ალჟირში ფუნქციონირებდა და უკვე ფაქტობრივად აღიარებული იყო დროებით მთავრობად მოკავშირეების მიერ (თუმცა ეს მაინცდამაინც არ მოსწონდა რუზველტს). ამიტომ, ბუნებრივია, საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ დე გოლს ვერავინ შეუშალა ხელი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებაში, მით უმეტეს, რომ მის პერსონას ნამდვილად არ ჰყავდა ალტერნატივა. რაც შეეხება პოლონეთს, აქ საპირისპირო პროცესთან გვქონდა საქმე. ოფიციალურ ხელისუფლებას წარმოადგენდა სწორედ რომ ლონდონის მთავრობა, ხოლო 1945წ. იანვრიდან ვარშავაში მოქმედი ხელისუფლება თავის დროზე საბჭოთა კავშირის მოწადინებით შეიქმნა ლუბლინში 1944წ. შემოდგომაზე. ასე რომ, სტალინის პარალელი მთლიანად დემაგოგიური იყო, მაგრამ ჩერჩილმაც კი ვერ გაუწია მას ამ საკითხში ღირსეული ოპონირება.
საბჭოთა ლიდერის ამ განცხადებამ რუზველტის დაინტერესება გამოიწვია და მან იკითხა, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი არჩევნების ჩატარება პოლონეთში. სტალინმაც უპასუხა, რომ ეს მოხდებოდა ერთ თვეში (!), თუ, რასაკვირველია, არ მოხდებოდა კატასტროფა ფრონტზე და გერმანელები არ დაამარცხებდნენ მოკავშირეებს, რაც მას წარმოუდგენლად მიაჩნდა. ჩერჩილმა აღნიშნა, რომ საყოველთაო არჩევნები ნამდვილად მოხსნიდა ყველა პრობლემას მთავრობის კანონიერებასთან დაკავშირებით და თუ შესაძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება 1-2 თვეში, არავინ გამოვიდოდა ამის წინააღმდეგ. საკითხის განხილვაც სწორედ აქ შეწყდა და რუზველტის წინადადებით ის გადაეცა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებს შესასწავლად. აქვე ბრიტანეთის პრემიერმა დამსწრეთ შესთავაზა საგარეო საქმეთა მინისტრების კონსულტაციების რეგულარულად, 3-4 თვეში ერთხელ მოწყობა, რასაც სტალინი და რუზველტი დაეთანხმნენ, ოღონდ აშშ-ს პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ არ ყოფილიყო რაიმე განსაზღვრული ვადა, რადგანაც, მისი თქმით, სტეტინიუსს მთელი სამხრეთ ამერიკის საქმეები ჰქონდა გადასაწყვეტი. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ პირველი შეხვედრა შედგებოდა ლონდონში.
სხდომის დასასრულს სტალინმა ითხოვა გარკვეული ინფორმაცია ბალკანეთის საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოთა ლიდერმა გაკვირვება გამოთქვა იუგოსლავიაში ერთობლივი მთავრობის შექმნის დაგვიანების გამო და აგრეთვე იკითხა, თუ რა ხდებოდა საბერძნეთში, თანაც ხაზი გაუსვა, რომ ეს მას სჭირდებოდა არა ბრიტანელების მოქმედებების გასაკრიტიკებლად, არამედ უბრალოდ იმისათვის, რათა სცოდნოდა საქმის ვითარება. ჩერჩილმა აღნიშნა, რომ საბერძნეთის საქმეებზე მას ძალიან დიდხანს შეეძლო საუბარი, რაც დიდ სამეულს ჩაუმწარებდა სადილს, ამიტომ ის მოგვიანებით შეეხებოდა ამ საკითხს. იუგოსლავიასთან დაკავშირებით კი ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მეფე პრაქტიკულად აიძულეს, დათანხმებოდა რეგენტობას, ხოლო შუბაშიჩი და სხვა წევრები, თუ უკვე არ იყვნენ ჩაფრენილნი იუგოსლავიაში, მალე ჩავიდოდნენ იქ, რის შემდეგაც დაინიშნებოდა რეგენტთა საბჭო და ტიტო-შუბაშიჩის შეთანხმება ძალაში შევიდოდა. აქვე ჩერჩილმა გამოთქვა სურვილი, განეხილა სტალინთან ერთად ამ შეთანხმების მის მიერ მომზადებული ორი შესწორება, რომელიც გააუმჯობესებდა დოკუმენტს. ბრიტანეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საბჭოთა ლიდერი მოიწონებდა აღნიშნულ შესწორებებს და ტიტოსთან კონსულტაციებისას რეკომენდაციას გაუწევდა მათ შეტანას დოკუმენტში. სტალინმა შენიშნა, რომ ტიტო ამაყი კაცი იყო და ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა თავის ქვეყანაში, თუმცა უარი არ უთქვამს შუამდგომლობაზე. პასუხად ჩერჩილმა სტალინს აღუთქვა დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება საბერძნეთის საკითხებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც სხდომამ თავისი მუშაობა დაასრულა.
სტალინის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ერთი გარემოება: მეორე ამერიკული ჩანაწერი მკვეთრად განსხვავდება როგორც ძირითადი ამერიკული ჩანაწერისაგან, ისე რუსულისაგან. მეთიუზის ცნობით, ჩერჩილმა აქ გამოთქვა შიში, რომ ამნისტია იუგოსლავიაში ცუდად იმუშავებდა, რადგანაც მხარეები ერთმანეთის იარაღით დევნას განაგრძობდნენ. სტალინმა მას ღიმილით უპასუხა, რომ იუგოსლავები ჯერ კიდევ არ იყვნენ შეჩვეული დისკუსიების წარმოებას და ამჯობინებდნენ ერთმანეთისთვის ყელის გამოჭრას (სტილი დაცულია _ თ.პ.), რის შემდეგაც შენიშნა, რომ ტიტოც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში. ძნელი წარმოსადგენია, რომ მეთიუზმა, რომელიც ძალიან ხშირად ბევრად უფრო ზუსტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე ბოლენი (ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მეთიუზი ოდნავ უკეთ ფლობდა რუსულ ენას) გამოიგონა ეს საუბარი, ასე რომ, ჩვენი აზრით, ეს ჩანაწერი ზუსტია და, როგორც ჩანს, უბრალოდ გამოტოვებულია ძირითად წყაროში.
სხდომის შემდეგ გამართულმა სადილმა სამმხრივ დითირამბებში ჩაიარა. ბოლენი, რომელმაც ჩაიწერა ამ სადილის მიმდინარეობა, აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში წარმოთქმულ იქნა 45 სადღეგრძელო. მისივე ცნობით, სტალინი შესანიშნავ გუნებაზე იყო და განუწყვეტლივ ხუმრობდა. საბჭოთა ლიდერმა ბრიტანეთის პრემიერის მისამართით ძალიან თბილი სადღეგრძელო წარმოთქვა და აღნიშნა, რომ სწორედ ჩერჩილის სიმამაცემ და სიმტკიცემ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ინგლისის მხრიდან გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება უმძიმეს ვითარებაში. სტალინის თქმით, ძალიან მცირე იყო ისტორიაში შემთხვევა, როდესაც მთელი მსოფლიოს მომავალი ერთი კაცის პიროვნულ თვისებებზე იქნებოდა დამოკიდებული. ბუნებრივია, ჩერჩილმაც პასუხში ქება-დიდება არ დაიშურა საბჭოთა ლიდერის მისამართით და გამოთქვა რწმენა, რომ მშვიდობიან პერიოდშიც ის ისეთივე წარმატებით წარუძღვებოდა თავის ქვეყანას, როგორც ამას აკეთებდა ომის პერიოდში. არც რუზველტის მიმართ დაიშურა სტალინმა თბილი სიტყვები და აღნიშნა, რომ თუ სსრკ და დიდი ბრიტანეთი საკუთარი გადარჩენისათვის იბრძოდნენ, აშშ-ს უშუალო საფრთხე გერმანიისაგან არ ემუქრებოდა, მაგრამ მის პრეზიდენტს უფრო ფართო ხედვა აღმოაჩნდა, რაც გამოიხატა ჰიტლერის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს მობილიზებაში შეტანილი უდიდესი წვლილით. სტალინმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ლენდ-ლიზის მნიშვნელობას. თავის მხრივ, რუზველტმა მოკავშირეები შეადარა ოჯახს მათ შორის ამ სადილზე არსებული ატმოსფეროს გამო და გამოთქვა იმედი, რომ ასეთივე ურთიერთობები დამყარდებოდა ქვეყნებს შორის.
აშშ-ს პრეზიდენტის ეს ფრაზა აიტაცა სტალინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ომის პერიოდში ერთობის შენარჩუნება არ იყო ძნელი, მაგრამ ახლა მთავარი პრობლემა იქნებოდა სამოკავშირეო სულისკვეთების შენარჩუნება მშვიდობის პირობებში და, მისი თქმით, დიდ სამეულს არ უნდა გასჭირვებოდა ამის გაკეთება. ჩერჩილმაც მხარი აუბა მას და განაცხადა, რომ მათი მოვალეობა იყო გაძღოლოდნენ თავიანთ ხალხებს მშვიდობისა და ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე. ამის შემდეგ უკვე სადღეგრძელოებს დელეგაციების სხვა წევრები წარმოთქვამდნენ და ეს გულითადი სადილიც დასრულდა. ჩვენ გვინდა სწორედ ბოლო სადღეგრძელოზე გავამახვილოთ ყურადღება. მთელი ის მჭევრმეტყველება, რომელიც აჩვენეს სტალინმა და ჩერჩილმა ლიტონი სიტყვები აღმოჩნდა. ზუსტად ერთი წლის თავზე, 1946წ. 9 თებერვალს, საბჭოთა ლიდერმა მთელ მსოფლიოში კომუნიზმის ნებისმიერი გზით დამყარებისაკენ მოწოდება გააჟღერა5, ხოლო მარტში ბრიტანეთის უკვე ყოფილმა პრემიერმა „რკინის ფარდის“ ჩამოფარება მოითხოვა აღმოსავლეთ ევროპაზე, რათა არ მომხდარიყო „მავნე იდეების“ გავრცელება დასავლეთ ევროპაში.
$8. 9 თებერვლის სხდომა
მომდევნო დღეს საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა მორიგ სხდომაზე კვლავინდებურად პოლონეთის საკითხი დადგა წინა პლანზე. სტეტინიუსმა წარმოადგინა ახალი ამერიკული წინადადება, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო პოლონეთის არსებული დროებითი მთავრობის რეორგანიზება „ეროვნული ერთიანობის დროებით მთავრობად“, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა ყველა დემოკრატიული ძალა და რომელსაც სცნობდა სამივე სახელმწიფო. ამის შემდეგ ვარშავაში დანიშნული ელჩები გააკონტროლებდნენ თავისუფალი და საყოველთაო არჩევნების ჩატარებას. ამავე დროს, ამერიკელებმა მოხსნეს თავიანთი წინადადება საპრეზიდენტო საბჭოს შექმნის შესახებ. მოლოტოვმა შესთავაზა მხარეებს, დოკუმენტში ჩაეწერათ ფრაზა, რომ რეორგანიზება მოხდებოდა არსებული მთავრობის ბაზაზე, რომელშიც შეყვანილი იქნებოდნენ დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები როგორც პოლონეთიდან, ისე საზღვარგარეთიდან. ამავე დროს, მან ჩათვალა, რომ ელჩებისათვის არჩევნებზე დაკვირვების უფლების მიცემა პოლონელებისათვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. იდენი მიხვდა, რომ ასეთი ფორმულირება ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დიპლომატიური გამარჯვება იქნებოდა და შესთავაზა მხარეებს, არ ჩაეწერათ, თუ რის ბაზაზე შეიქმნებოდა ახალი ხელისუფლება. მისი თქმით, ის უნდა შემდგარიყო დროებითი მთავრობის წარმომადგენლებისა და დემოკრატიული ელემენტებისაგან, როგორც საკუთრივ პოლონეთიდან, ისე საზღვარგარეთიდან, მაგრამ ამის მოხსენიება უსარგებლოდ ჩათვალა. საბოლოო ჯამში, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
სხდომაზე განხილული იქნა რეპარაციების საკითხიც, თუმცა ვერც აქ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა. მიუხედავად საბჭოთა მხარის დაჟინებული მოთხოვნისა, რომ ტექსტში ჩაწერილიყო სსრკ-ს წილის ზუსტი მონაცემი _ 10 მლრდ დოლარი, იდენმა არაფრით არ დათმო თავისი პოზიციები და განაცხადა, რომ მთავრობა წინააღმდეგი იყო რაიმე რიცხვის დასახელებისა. თავის მხრივ, მოლოტოვი არ დაეთანხმა მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლის (50%) დაფიქსირებას, რის გამოც საბოლოო რედაქციის მიღება კვლავ გადაიდო. ამის შემდეგ მხარეები შედარებით მეორეხარისხოვანი საკითხების განხილვაზე გადავიდნენ. სტეტინიუსმა წარმოადგინა საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე მოწვევის ტექსტის ახალი ვარიანტი, რომლის გარშემოც უნდა გაგრძელებულიყო მუშაობა. ამავე დროს, მხარეებმა მოილაპარაკეს, არ ჩაეწერათ მოსაწვევში მეურვეობის საკითხი და განეგრძოთ მისი განხილვა დიპლომატიურ წრეებში საფრანგეთსა და ჩინეთთან ერთად. მათ იმსჯელეს იუგოსლავიის საკითხზე და გადაწყვიტეს, გამოეყოთ თითო წარმომადგენელი საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებიდან, რომლებიც შეიმუშავებდნენ მოხსენებას. მცირე განხილვა მოეწყო ირანის გარშემო, თუმცა გაირკვა, რომ საბჭოთა მხარეს არ ჰქონდა შესწავლილი იდენის მიერ დილით გადაცემული პროექტი და საკითხის საბოლოო გადაწყვეტა გადაიდო.
მე-6 პლენარული სხდომა ტრადიციულად დაიწყო სტეტინიუსის მოხსენებით საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების თათბირის შედეგებზე. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ამცნო მთავრობათა მეთაურებს, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევა პოლონეთის საკითხზე კვლავ გადაიდო. სანამ ის გადავიდოდა სხვა საკითხებზე, ჩერჩილის წინადადებით, მას შეაწყვეტინეს მოხსენების კითხვა და დაიწყეს ამ პრობლემაზე მსჯელობა. მოლოტოვმა განაცხადა, რომ საბჭოთა მხარე დათანახმდებოდა ამერიკელთა წინადადებას, თუ მასში შეტანილი იქნებოდა უმნიშვნელო შესწორება, რის შემდეგადაც ტექსტი შემდეგ სახეს მიიღებდა: „პოლონეთის არსებული დროებითი მთავრობა რეორგანიზებულ უნდა იქნას უფრო ფართო დემოკრატიულ საფუძველზე მასში პოლონეთსა და მის საზღვრებს გარეთ მყოფი დემოკრატიული მოღვაწეების შეყვანით. მთავრობას უნდა ეწოდოს პოლონეთის ეროვნული დროებითი მთავრობა“. ერთი შეხედვით, დიდი განსხვავება მოლოტოვის მიერ წარმოდგენილ ვარიანტსა და ორიგინალს შორის არ იყო და შენიშვნა თითქოს მხოლოდ რედაქციულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ აქ ერთი ნიუანსი მაინც იკვეთება. თუ პირვანდელ ფორმულირებაში არ იყო განსაზღვრული, თუ ვის ექნებოდა უპირატესობა ახალ მთავრობაში, საბჭოთა წინადადებით ფაქტობრივად ხდებოდა არსებული დროებითი მთავრობის დაკანონება. რასაკვირველია, ახალი მთავრობა კოალიციური იქნებოდა, მაგრამ მისი შექმნა არსებული დროებითი მთავრობის საფუძველზე ნიშნავდა, რომ მასში უმრავლესობა სწორედ „ლუბლინელ პოლონელებს“ ექნებოდათ. სწორედ ეს იყო სტალინის მიზანი და წარმოდგენილი ჩასწორება ამას მშვენივრად ესადაგებოდა. სსრკ-ს სახალხო კომისარმა აქვე ითხოვა სიტყვების „დემოკრატიული პარტიების“ წინ „არაფაშისტურისა და ანტიფაშისტურის“ ჩაწერა და კვლავ გამოთქვა სურვილი, ამოეღოთ წინადადება ელჩების მიერ არჩევნების კონტროლის შესახებ, რის შემდეგაც მან დააპირა იუგოსლავიის საკითხზე გადასვლა, მაგრამ ჩერჩილის წინააღმდეგობას წააწყდა.
ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ იუგოსლავიის საკითხზე ყველაფერი შეთანხმებული იყო და უმჯობესი იქნებოდა, მთელი ყურადღება მიემართათ პოლონეთის პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად, მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით, მისი აზრით, სერიოზული წინსვლა შეიმჩნეოდა. თუმცა, ამავე დროს, ჩერჩილმა შენიშნა, რომ სიჩქარე დაუშვებელი იყო და რომ თავისი აზრის გამოთქმამდე მას უნდა შეესწავლა საბჭოთა შესწორებები. სწორედ ამიტომ რუზველტმა შესთავაზა მხარეებს, შეესვენათ ნახევარი საათი, რასაც ჩერჩილიცა და სტალინიც დაეთანხმნენ, მაგრამ ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მას არ უნდოდა კონფერენციიდან მანამ წასვლა, სანამ არ იქნებოდა მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ანუ პოლონეთზე. და მაინც, გადაწყდა, რომ შესვენებამდე სტეტინიუსს დაესრულებინა თავისი მოხსენება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი გადავიდა რეპარაციებზე და აღნიშნა, რომ მიღებული იყო პირველი ორი პუნქტი იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყნებს ერგებოდათ რეპარაციები და რა სახის იქნებოდა ისინი, ხოლო მესამე მუხლის ფორმულირება შეთანხმებული იყო მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის. ამასთან დაკავშირებით, იდენმა ამცნო მთავრობათა მეთაურებს, რომ ის კვლავინდებურად ელოდებოდა მითითებებს ლონდონიდან. ამის შემდეგ სტეტინიუსი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და განაცხადა, რომ ტერიტორიებსა და დამოკიდებულ ხალხებზე მეურვეობის საკითხი უნდა მოგვარებულიყო ხუთ წამყვან სახელმწიფოს შორის, რომლებსაც ექნებოდათ მუდმივი ადგილები უშიშროების საბჭოში. აქ მოულოდნელად იფეთქა ჩერჩილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა არც ერთ სიტყვას მეურვეობასთან დაკავშირებით და რომ მასთან არანაირი კონსულტაცია ამის თაობაზე არ ყოფილა. ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ის არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის დასმას განსასჯელის სკამზე. სტეტინიუსმა სცადა მისი დამშვიდება და შენიშნა, რომ საუბარი ეხებოდა არა ბრიტანეთის იმპერიას, არამედ მხოლოდ მტრისათვის წართმეულ ტერიტორიებს. ჩერჩილმა მოიწონა ასეთი ვარიანტი, თუმცა იქვე მოითხოვა, ტექსტში პირდაპირ ჩაეწერათ, რომ მეურვეობა არ შეეხებოდა ბრიტანეთის იმპერიას. თავისი გაღიზიანების გასამართლებლად მან მიმართა სტალინს და ჰკითხა, თუ როგორი იქნებოდა მისი დამოკიდებულება, ვინმეს რომ მოეთხოვა ყირიმზე საერთაშორისო კონტროლის დაწესება. როგორც ჩანს, საბჭოთა ლიდერი ხუმრობის გუნებაზე დადგა, როდესაც ჩერჩილის გაბრაზების მომსწრე გახდა და აღნიშნა, რომ ის სიამოვნებით დათმობდა ყირიმს სამი სახელმწიფოს კონფერენციების ჩასატარებლად.
შემდეგ დღის წესრიგში დადგა იუგოსლავიის საკითხი. მოლოტოვმა მოითხოვა ტიტო-შუბაშიჩის შეთანხმების კონფერენციის დასრულებამდე ამოქმედება, რის პასუხადაც ბრიტანეთის პრემიერმა იკითხა, ეთანხმებოდა თუ არა საბჭოთა მხარე ინგლისელების მიერ წარმოდგენილ შესწორებებს. სტალინმა აღნიშნა, რომ მათი განხილვა საკითხის გაჯანჯლებას გამოიწვევდა, რაც სულაც არ იყო სასურველი. მან ისიც შენიშნა, რომ საბჭოთა მხარესაც შეეძლო შესწორებების წარმოდგენა, რაც კიდევ უფრო დააგვიანებდა შეთანხმების ძალაში შესვლას, მდგომარეობა კი იუგოსლავიაში არასტაბილური იყო. პასუხად ჩერჩილმა განაცხადა, რომ ტიტო დიქტატორი იყო და ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რაც სურდა. სტალინმა უკომენტაროდ არ დატოვა ბრიტანეთის პრემიერის ეს რეპლიკა და აღნიშნა, რომ ტიტო დიქტატორი კი არა, ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი იყო მთავრობის არარსებობის პირობებში და ეს, მისი აზრით, სულაც არ გახლდათ კარგი მდგომარეობა. აქვე საბჭოთა ლიდერმა აღნიშნა, რომ ის ძირითადად ეთანხმებოდა ბრიტანულ ჩასწორებებს, მაგრამ მაინც დაუშვებლად მიიჩნია მათ გამო ახალი მთავრობის შექმნის დაგვიანება. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაუყოვნებლივ მიეცათ რეკომენდაცია ტიტო-შუბაშიჩის შე- თანხმების ძალაში შესვლისათვის იმის მიუხედავად, თუ რა პოზიციას დაიკავებდა მეფე პეტრე. ამავე დროს, ტიტოსთვის უნდა შეეთავაზებინათ ბრიტანული შესწორებების მიღება. ამის შემდეგ, როგორც იქნა, შესვენების დროც დადგა.
სხდომის განახლების შემდეგ „დიდი სამეული“ მიუბრუნდა პოლონეთის საკითხს. რუზველტმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, შეთანხმება ამ საკითხზე ბევრად უფრო ახლოს ჩანდა, ვიდრე ადრე და მხოლოდ რედაქტირება იყო საჭირო. მას მხოლოდ ორი შენიშვნა აღმოაჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ს პრეზიდენტს არ მოეწონა საბჭოთა ფორმულირება „პოლონეთის არსებული დროებითი მთავრობა“ და ამის ნაცვლად უმჯობესად მიიჩნია, ჩაეწერათ „პოლონეთში დღეისათვის მოქმედი დროებითი მთავრობა“.1 აქვე რუზველტი კვლავინდებურად ითხოვდა რაიმე სახით დაეფიქსირებინათ დოკუმენტში ელჩების მოვალეობები არჩევნებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საღამოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეეძლოთ საბოლოო ტექსტის შემუშავება.
აშშ-ს პრეზიდენტს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმაც აუბა მხარი, რომელმაც თავისი გამოსვლა დაიწყო წითელი არმიის ქება-დიდებით და ისიც კი მოითხოვა, დოკუმენტში ჩაეწერათ, რომ ახალი სიტუაციის შექმნა გამოიწვია საბჭოთა ჯარების მიერ პოლონეთის განთავისუფლებამ2. ასეთი დასაწყისის შემდეგ კი ჩერჩილმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერდა ამერიკელების წინადადებას, რათა მიეღო ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა პოლონეთში. მისი თქმით, იყო მონაცემები, რომ ლუბლინის მთავრობა მოღალატეებად აცხადებდა პოლონური არმიის წევრებსა და გერმანელების წინააღმდეგ იატაკქვეშეთიდან მებრძოლ ძალებს, რაც, თავის მხრივ, იწვევდა შეშფოთებას ინგლისში. ჩერჩილმა პარალელები გაავლო იუგოსლავიასთან (იქ ტიტო უარს არ ამბობდა დამკვირვებლებზე), საბერძნეთთან, სადაც, მისი თქმით, ბრიტანელები ყველას მოიწვევდნენ მეთვალყურეებად, და იტალიასთან, სადაც დიდი სამეულის სახელმწიფოებს ასევე ექნებოდათ არჩევნების სამართლიანობის შემოწმების საშუალება. ამავე დროს, მან გაიხსენა ეგვიპტე, სადაც ნებისმიერ არჩევნებს იგებდა მთავრობა, რის გამოც მეფე ფარუკმა არ ჩაატარებინა არჩევნები ნაჰას ფაშას, სანამ ეს უკანასკნელი არ გადადგა პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან. შედეგად გამარჯვება მეფის მომხრეებს ხვდათ წილად.
1. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ჩანაწერები არ ემთხვევა ერთმანეთს რუზველტის მიერ წარმოდგენილ რედაქციასთან დაკავშირებით. ბოლენს მოჰყავს შემდეგი ფორმულირება: „პოლონეთში დღეს მოქმედი მთავრობა“, მაგრამ რადგანაც მეთიუზის ჩანაწერი ზუსტად ემთხვევა საბჭოთა თარგმანს, ჩვენც სწორედ მას დავეყრდენით.
2. ჩერჩილის ეს წინადადება მიღებული იქნა კიდეც.
ჩვენი აზრით, ჩერჩილის მხრიდან ბოლო მაგალითის მოყვანა მისთვის წამგებიანი აღმოჩნდა, რადგანაც სტალინმა უცებ ჩასჭიდა ხელი მას და სწორედ ეგვიპტის შედარება დაიწყო პოლონეთთან, მიუხედავად იმისა, რომ სწორი იქნებოდა იუგოსლავიის, საბერძნეთის, იტალიისა და პოლონეთის არჩევნების ერთ ჭრილში განხილვა. საბჭოთა ლიდერმა შენიშნა, რომ ეგვიპტეში ყველა ერთმანეთის მოსყიდვით იყო დაკავებული, ხოლო მოსახლეობის განათლების დონე გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე პოლონეთში, სადაც ის 70-75%-ს შეადგენდა. მართალია, ჩერჩილმა პასუხად შენიშნა, რომ მას აზრადაც არ მოსვლია ეგვიპტისა და პოლონეთის მდგომარეობის შედარება და ეს მაგალითი მხოლოდ იმიტომ მოიყვანა, რომ სურდა ეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო არჩევნების თავისუფლად ჩატარება, მაგრამ სტალინს უკვე გადატანილი ჰქონდა საუბარი მისთვის შედარებით სახიფათო თემიდან1. ბრიტანეთის პრემიერი უკვე დაინტერესდა, შეძლებდა თუ არა მიკოლაიჩიკი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაზეც საბჭოთა ლიდერმა შენიშნა, რომ ეს შესაძლებელი იყო, რადგანაც გლეხთა პარტია, რომლის წევრიც იყო მიკოლაიჩიკი, არ წარმოადგენდა ფაშისტურ პარტიას. მან არ გამორიცხა ამ პარტიის რომელიმე წევრის დროებით მთავრობაში მოხვედრაც, თუმცა აღნიშნა, რომ ეს თვითონ პოლონელების გადასაწყვეტი იყო. აქვე სტალინმა განაცხადა, რომ ყველა ანტიფაშისტურ და არაფაშისტურ ძალას ექნებოდა საშუალება, მოხვედრილიყო პარლამენტში. მისი ფორმულირება არ მოეწონა ჩერჩილს, რომელმაც ჩვეულებრივად უბრალოდ „დემოკრატიული ძალების“ მოხსენიება მიიჩნია უმჯობესად. საბჭოთა ლიდერმა მაშინ მოიშველია განთავისუფლებული ევროპის შესახებ დეკლარაციის ამერიკული პროექტი, რომელშიც მოხსენიებული იყო „ნაციზმისა და ფაშიზმის უკანასკნელი ნიშნების მოსპობა“. რუზველტსაც მოეწონა დეკლარაციის მოხსენიება და მოიყვანა შემდეგი აბზაცი ამ დოკუმენტიდან: „დროებითი სამთავრობო ხელისუფლება უნდა შედგეს მოსახლეობის ყველა დემოკრატიული ელემენტის ფართო წარმომადგენლობის საფუძველზე და უმოკლეს ვადებში თავისუფალი არჩევნების გზით ხალხის ნების გამომხატველი ახალი მთავრობის არჩევა“. ამასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ სურდა პოლონეთის არჩევნები კეისრის ცოლივით ყველა ეჭვს მაღლა ყოფილიყო.
1. საბჭოთა ლიდერისთვის პრინციპში ძნელი იქნებოდა რაიმე არგუმენტის დაპირისპირება იუგოსლავიის, საბერძნეთისა და იტალიის მაგალითებისათვის, თუმცა, არა გვგონია, რომ ეს პრინციპულად შეცვლიდა სიტუაციას და თუნდაც არჩევნებზე ელჩებისთვის დაკვირვების უფლების მიცემის შემთხვევაში გამარჯვებას მაინც სტალინის სატელიტები მიაღწევდნენ.
რუზველტის ეს არგუმენტი სულაც არ მიიჩნია სწორად სტალინმა, რომელმაც სავსებით რეზონულად შენიშნა, რომ კეისრის ცოლთან დაკავშირებით კი არსებობდა ასეთი გამოთქმა, მაგრამ სინამდვილეში ის სულაც არ იყო უცოდველი. აშშ-ს პრეზიდენტმა პასუხად შენიშნა, რომ არჩევნები პოლონეთში იმდენად სუფთა უნდა ყოფილიყო, მასში ეჭვის შეტანის სურვილი არავის და, პირველ რიგში, თვითონ პოლონელებს არ უნდა გასჩენოდათ. როგორც ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტის ასეთმა დაჟინებულმა მოთხოვნამ თავისი გავლენა იქონია, რადგანაც მოლოტოვმა განაცხადა, რომ საბჭოთა მხარეს არ შეეძლო ამ ფრაზის ჩაწერა დოკუმენტში პოლონელების თანხმობის გარეშე და ითხოვა, ამ საკითხის გადაწყვეტა სწორედ მათთვის მიენდოთ. აქ გვინდა შევნიშნოთ, რომ საბჭოთა ჩანაწერში არ არის მოყვანილი მოლოტოვის პასუხი. პრინციპში, ეს პასუხი სულაც არ ნიშნავდა უკანდახევას, რადგანაც პოლონელების პასუხი მთლიანად სტალინის ნებასურვილზე იქნებოდა დამოკიდებული, მაგრამ მაინც საგულისხმოა იმ თვალსაზრისით, რომ საბჭოთა მხარე იძულებული გახდა, ეს არგუმენტი მოეყვანა თავისი პოზიციის გასამართლებლად. ეს ცხადყოფს, რომ თუ აშშ-ს პრეზიდენტი მთელ რიგ შემთხვევებში მტკიცედ დაიცავდა თავის პოზიციებს, საბჭოთა მხარე უფრო მეტ დათმობაზე წავიდოდა. ფაქტობრივად პრობლემის განხილვა უშედეგოდ დასრულდა და რუზველტმა მისი კვლავ საგარეო საქმეთა უწყებათა ხელმძღვანელებისათვის გადაცემა შესთავაზა მხარეებს. ამ მომენტში სტალინი მოულოდნელად დაე- თანხმა ამერიკულ წინადადებას, რომ დოკუმენტში ჩაწერილიყო ფრაზა: „პოლონეთში დღეს მოქმედი დროებითი მთავრობა“.
პოლონეთის გარშემო დებატების დასრულების შემდეგ მხარეები გადავიდნენ განთავისუფლებული ევროპის შესახებ დეკლარაციის განხილვაზე. ჩერჩილმა უმალ გამოთქვა სურვილი, ოქმში ჩაეწერათ, რომ დიდი ბრიტანეთი ეთანხმებოდა ატლანტიკური ქარტიის პრინციპებს მისეული გაგებით, რომელიც წარუდგინა პარლამენტს 1941წ. 9 სექტემბერს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მცირე ხნის წინ მან ამის შესახებ აცნობა ამერიკულ მხარესაც, კერძოდ, უენდელ უილკის. ჩერჩილის ამ განცხადებამ რუზველტი ხუმრობის გუნებაზე დააყენა და მან იკითხა, ხომ არ გახდა სწორედ ეს დოკუმენტი უილკის გარდაცვალების მიზეზი, რამაც საყოველთაო სიცილი გამოიწვია. მხარეები შეთანხმდნენ აგრეთვე, რომ დეკლარაციის ტექსტში მხოლოდ კონფერენციის სამი მონაწილე სახელმწიფო ყოფილიყო მოხსენიებული და ამოეღოთ საფრანგეთი, რომელიც თავდაპირველ ტექსტში იყო დასახელებული. ბრიტანულმა დელეგაციამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ფრანგებს მომავალში შეეძლებოდათ დეკლარაციასთან შეერთება. გარდა ამისა, საბჭოთა მხარემ მოითხოვა მცირე შესწორების შეტანა დეკლარაციის ბოლოდან მესამე აბზაცში: `მხარი დაეჭიროს აღნიშნული ქვეყნების იმ პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ გერმანიის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
რუზველტი დაეთანხმა ამ დამატებას, მაგრამ ჩერჩილმა დრო ითხოვა მოსაფიქრებლად. სტალინი დაინტერესდა, ხომ არ იყო ბრიტანეთის პრემიერის ყოყმანი გამოწვეული საბერძნეთის საკითხით და შენიშნა, რომ ეს შესწორება სულაც არ იყო და კავშირებული საბერძნეთთან. ჩერჩილმაც პასუხად განაცხადა, რომ მას უბრალოდ სურდა, ყველას თანაბარი შანსი ჰქონოდა და ამიტომ სჭირდებოდა დრო შესწორების შესასწავლად. აქვე ბრიტანეთის პრემიერი საბერძნეთის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის იქ დაინტესებული იყო მხოლოდ არჩევნებისათვის შესაფერისი გარემოს უსწრაფესად შექმნით. ჩერჩილმა სთხოვა სტალინს ამ არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნაც, რათა ის დარწმუნებულიყო მათ სამართლიანობაში. როგორც ჩანს, საბჭოთა ლიდერს შეეშინდა, კვლავ არ მომხდარიყო რაიმე პარალელის გავლება პოლონეთთან და თავი შეიკავა ამ საკითხზე თანხმობისაგან. უფრო მეტიც, სტალინმა გამოხატა თავისი მტკიცე რწმენა ინგლისელებისადმი და სახიფათოდ ჩათვალა მათ გარდა სხვა ძალების მონაწილეობა საბერძნეთის პორტების კონტროლში, რითაც ბრიტანეთის პრემიერისაგან მადლობა დაიმსახურა.
ამაზე რუზველტს სხდომის დახურვა სურდა, მაგრამ ჩერჩილმა სამხედრო დამნაშავეების ბედ-იღბლის საკითხის გარკვევა ითხოვა. აშშ-ს პრეზიდენტმა ეს მეტად რთულ პრობლემად მიიჩნია და განაცხადა, რომ უმჯობესი იყო, ის განეხილათ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პასუხი გაეცათ სამ-ოთხ კვირაში, თუმცა ბრიტანეთის პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ თავის დროზე მის მიერ შედგენილ დეკლარაციის პროექტში, რომელიც მიღებული იქნა მოსკოვის კონფერენციაზე, ნახსენები იყვნენ ისეთი დამნაშავეებიც, რომელთა მოქმედებები არ იყო დაკავშირებული კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილებთან. ამჯერად მან სურვილი გამოთქვა, რომ შემდგარიყო ასეთი დამნაშავეების სია და საუკეთესო გამოსავლად ჩათვალა მათი დაკავებისთანავე დახვრეტა1. როგორც ჩანს, სტალინს ეს მაინცდამაინც არ მოეწონა. მან იკითხა, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ უკვე დაკავებულ დამნაშავეებს, მაგალითად, რუდოლფ ჰესს, და შეიყვანდნენ თუ არა ამ სიაში სამხედრო ტყვეებს, რომელთა გასამართლებაც მანამდე დაუშვებლად მიიჩნეოდა.
ბრიტანეთის პრემიერმა სტალინს უპასუხა, რომ, რასაკვირველია, მოხდებოდა კანონის დამრღვევ სამხედრო ტყვეთა გასამართლება, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავეები უბრალოდ ტყვედ ჩაბარდებოდნენ და იქვე დაზუსტება ითხოვა, თუ ნიშნავდა ეს საბჭოთა ლიდერის სურვილს, აუცილებლად გაესამართლებინათ ყველა დამნაშავე სიკვდილით დასჯის წინ. სტალინმა დაადასტურა, რომ ეს მისთვის ნამდვილად უფრო მისაღები იქნებოდა. აქ საუბარში ჩაერთო რუზველტი, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესზე არ უნდა მისცემოდათ დასწრების უფლება კორესპონდენტებსა და ფოტოგრაფებს2. აქვე ჩერჩილმა შენიშნა, რომ სასამართლო უნდა ყოფილიყო არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური ხასიათის და რომ წინასწარ არაფერი არ უნდა გამოქვეყნებულიყო პრესაში, რათა გერმანელებს არ დაეწყოთ მათ ხელთ მყოფი სამხედრო ტყვეების განადგურება. საბოლოოდ, რუზველტის წინადადებით, ეს საკითხი გადაეცა საგარეო საქმეთა მინისტრებს და სხდომაც დახურულად გამოცხადდა.
1. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუზველტი დამ ნაშავეების გასამართლების გარეშე დასჯას ითხოვდა. სხვადასხვა დროს მას მანამდეც გამოუთქვამს ასეთი აზრი.
2. რუზველტის სიტყვები არ გვხვდება ამერიკულ ჩანაწერებში, რომლებშიც სხდომის ეს ნაწილი ზერელედ ან საერთოდ არ არის გაშუქებული. ამიტომ ჩვენ მხოლოდ საბჭოთა ჩანაწერს ვეყრდნობით ამ შემთხვევაში, თუმცა ის ალბათ ნამდვილად სწორია. რაც შეეხება რუზველტის სიტყვებს, ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, რატომ იყო ის პროცესის ღიად წარმოების წინააღმდეგი. თუ ვინმე არ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული სრული სიმართლის გამომჟღავნებით, ეს იყო სტალინი, რომელსაც სურდა კატინის ტყეში პოლონელებისათვის მოწყობილი სასაკლაოს გერმანელებისათვის გადაბრალება და ომის გაჩაღებაში მისი წვლილის დამალვა. როგორც ცნობილია, ნიურნბერგის პროცესზე საბჭოთა მხარემ დამალა ინფორმაცია გერმანელების მხრიდან საბჭოთა კავშირისათვის ომის გამოცხადების შესახებ და ჩამოახრჩობინა რიბენტროპი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.
საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა მორიგი შეხვედრა იმავე საღამოს გაიმართა და მასზე განხილული იქნა პოლონეთის საკითხი და დეკლარაცია განთავისუფლებული ევროპის შესახებ. პოლონეთის პრობლემის ირგვლივ კვლავინდებურად ვერ მოხერხდა პოზიციების შეჯერება არჩევნებზე ელჩებისათვის დამკვირვებლის უფლების მინიჭებაზე, თუმცა მთლიანობაში შესაძლებელი გახდა ერთობლივი რედაქციის შემუშავება დანარჩენ საკითხებზე. ახალი, უკვე შეთანხმებული ვარიანტი, პრინციპში, პირველ რიგში, საბჭოთა მხარისათვის იყო მომგებიანი, რადგანაც მასში ეწერა შემდეგი ფრაზა: „პოლონეთში დღეისათვის მოქმედი დროებითი მთავრობა რეორგანიზებული უნდა იქნას უფრო ფართო დემოკრატიულ საწყისებზე მასში საკუთრივ პოლონეთში თუ საზღვარგარეთ მცხოვრები დემოკრატიული ლიდერების შეყვანით“. გარდა ამისა, მოლოტოვს, ჰარიმანს და კერს მოსკოვში უნდა ეწარმოებინათ მოლაპარაკებები პოლონელებთან ახალი მთავრობის შემადგენლობის შესახებ, ხოლო მისი ჩამოყალიბების შემდეგ უნდა მომხდარიყო დროებითი ეროვნული ერთიანობის მთავრობის ცნობა „დიდი სამეულის“ მიერ. დეკლარაციის განხილვისას სტეტინიუსმა და იდენმა მიუღებლად მიიჩნიეს საბჭოთა მხარის მიერ პლენარულ სხდომაზე შემოტანილი შესწორება ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლი დემოკრატი ლიდერების მხარდაჭერის შესახებ, რის შემდეგაც ჩათვალეს, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა კვლავინდებურად მთავრობათა მეთაურებისათვის შეეთავაზებინათ. იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ასევე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. იდენმა სტეტინიუსსა და მოლოტოვს შესთავაზა, დეკლარაციის დასკვნით ნაწილში გაეკეთებინათ მინაწერი, რომელიც უფლებას მისცემდა საფრანგეთის დროებით მთავრობას, შეერთებოდა „დიდ სამეულს“ „წარმოდგენილ ქმედებებსა და პროცედურაში“. მოლოტოვმა მიუღებლად მიიჩნია ასეთი მინაწერი, რადგანაც, მისი აზრით, საფრანგეთის დროებით მთავრობას თვითონ სჭირდებოდა მხარდაჭერა, თუმცა ის დაეთანხმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ფრანგები მოსალოდნელზე გაცილებით უკეთ ართმევდნენ თავს თავიანთ მოვალეობებს1.
1. საფრანგეთის საკითხზე გამართული მცირე კამათი არ გვხვდება ამერიკულ ჩანაწერებში.
$9. 10 თებერვალი. დღე მე-7
10 თებერვალს, დილით, საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა კვლავ განაახლეს მოლაპარაკებები. ამ სხდომაზე პრაქტიკულად ყველა საკითხი იქნა განხილული. სტეტინიუსმა კოლეგებს გააცნო აშშ-ს დელეგაციის გადაწყვეტილება, მოეხსნათ წინადადება პოლონეთის არჩევნებზე ელჩებისათვის დაკვირვების უფლების მინიჭებაზე იმ პირობით, რომ თეთრი სახლი უფლებას დაიტოვებდა, ელჩის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაეკეთებინა ნებისმიერი სახის განცხადება. უნდა აღინიშნოს, რომ იდენმა არ გაიზიარა ამერიკელების შეცვლილი პოზიცია და ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრიტანეთის პრემიერი არ ეთანხმებოდა ბოლო აბზაცის ამოღებას პოლონეთის შესახებ დოკუმენტის პროექტიდან. ამით პოლონეთის საკითხის განხილვა არ დამთავრებულა. საკმაოდ მოულოდნელად, მოლოტოვმა კიდევ ერთი შესწორების პროექტი წამოაყენა, რომლის თანახმადაც პროექტში დროებითი მთავრობის ცნობის შემდეგ უნდა ჩამატებულიყო ფრაზა: „აშშ-სა და ბრიტანეთის მთავრობები დაამყარებენ მასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს“. ბუნებრივია, ამას არ დაეთანხმნენ სტეტინიუსი და იდენი, მაგრამ მოლოტოვმა განაგრძო თავისი პოზიციის დაცვა1. ერთი შეხედვით, უცნაურია, თუ რაში დასჭირდა საბჭოთა მხარეს ერთხელ უკვე შეთანხმებული საკითხის კვლავ განსახილველად გამოტანა და რატომ არ იკმარა მან უკვე მიღწეული წარმატება. ვარაუდის სახით შეიძლება გამოითქვას, რომ სტალინმა შესაძლებლად ჩათვალა უფრო დიდი წარმატების მიღწევა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის საერთოდ არ იყო დაინტერესებული საბოლოო შეთანხმების მიღწევით პოლონეთის საკითხში და ამ წინადადებით სწორედ ერთობლივი პროექტის ტორპედირებას ისახავდა მიზნად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გამოუვიდოდა, ფიქრობდა მორიგი დათმობების მიღებას. საბოლოოდ, მხარეებმა გადაწყვიტეს, ეს საკითხიც მთავრობათა მეთაურებისათვის მოეხსენებინათ.
1. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საბჭოთა ჩანაწერში რატომღაც წერია, თითქოს მოლოტოვის წინადადება მიღებული იქნა. როგორც ჩანს, შეცდომა გამოიწვია მოლოტოვის მიერ წარმოდგენილი მეორე, რედაქციული ხასიათის შესწორების წარმოდგენამ, რომელზეც არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ სტეტინიუსსა და იდენს. სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა შესთავაზა კოლეგებს, შეეცვალათ ფრაზა „როგორც კი ეს მოსახერხებელი გახდებოდა“ სიტყვებით „როგორც კი ეს შესაძლებელი იქნებოდა“. რასაკვირველია, არანაირი განხილვა ამ შესწორებას არ მოჰყოლია და არც შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ეს მართლაც რედაქციული ხასიათის შენიშვნა იყო, რომელიც აკეთილშობილებდა ტექსტს.
პოლონეთის პრობლემის განხილვის შემდეგ საგარეო საქმეთა უწყებათა ხელმძღვანელები გადავიდნენ განთავისუფლებული ევროპის შესახებ დეკლარაციის განხილვაზე. მოლოტოვმა აღნიშნა, რომ ის ხსნიდა თავის წინადადებას გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერების მხარდაჭერის თაობაზე, რასაც სტეტინიუსი და იდენი სიხარულით შეხვდნენ. აქვე მოლოტოვმა შესთავაზა კოლეგებს, შეეტანათ დოკუმენტში ფრაზა მხარეების „მიერ აღებული ვალდებულებების განსახორციელებლად დაუყოვნებლივი კონსულტაციების ჩატარების შესახებ“, რაც მიღებული იქნა კიდეც. დეკლარაციის განხილვა დასრულდა იდენის კითხვით, შეეყვანათ თუ არა საფრანგეთი მთავარ ხელისმომწერთა შორის, რაზეც მოლოტოვმა უპასუხა, რომ მას საკმარისი დრო არ ჰქონდა ბრიტანელების წინადადების შესასწავლად, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები გადავიდნენ იუგოსლავიის საკითხზე. მხარეებმა სწრაფად გადაწყვიტეს, რომ ტიტოსა და შუბაშიჩის შეთანხმება ძალაში შესულიყო და შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნათ ორივე მხარისათვის. თუ დეკლარაციისა და იუგოსლავიის საკითხებზე რაიმე სერიოზულ კამათს ადგილი არ ჰქონია, რეპარაციების პრობლემის განხილვისას იდილია დაირღვა. იდენმა სასწრაფოდ მოითხოვა სარეპარაციო კომისიის შექმნა. საბჭოთა მხარემ, კერძოდ კი მაისკიმ, მიუთითა მას, რომ თუ ბრიტანელები არ დაეთანხმებოდნენ ამერიკელების მიერ წინა დღით წარმოდგენილ წინადადებას, რომელშიც განსაზღვრული იყო კომისიის სამუშაო პრინციპები, მას არ ექნებოდა არც საფუძველი და არც სამოქმედო დირექტივები. იდენი, როგორც ჩანს, მზად იყო ასეთი კითხვისათვის და განაცხადა, რომ, მას ჰქონდა ალტერნატიული პროექტი, რომელიც წარუდგინა კიდეც კოლეგებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეპარაციების საკითხი უნდა განხილულიყო გერმანიის დანაწევრებასთან ერთად. აქვე მან განაცხადა, რომ ინგლისელებს არ სურდათ, რეპარაციების გადახდას გერმანიაში შიმშილი გამოეწვია. იდენის თქმით, საბჭოთა წინადადება: მოეხდინათ ერთჯერადი რეკვიზიცია და შემდეგ გადაეხდევინებინათ მრავალწლიანი რეპარაციები, _ ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო. მისი განცხადებით, არ შეიძლებოდა რაიმე რიცხვის განსაზღვრა, სანამ მოსკოვის კომისია არ დაიწყებდა მუშაობას. ამავე დროს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურდა საფრანგეთის დაუყოვნებლივი შეყვანა კომისიაში. იდენის ამ გამოსვლამ მოლოტოვის მხრიდან გამოიწვია იქედნური შეკითხვა, ეთანხმებოდა თუ არა ბრიტანული დელეგაცია ამერიკული მხარის წინადადების რომელიმე პუნქტს მაინც. აღმოჩნდა, რომ იდენი იზიარებდა პრინციპებს, მაგრამ დეტალების გადაწყვეტა უკვე მოსკოვის კომისიაში ერჩივნა. ბუნებრივია, საბჭოთა მხარეს სულაც არ მოეწონა ბრიტანელების ასეთი პოზიცია და მაისკიმ შენიშნა კიდეც, რომ ინგლისელებს თითქოს სურდათ, რაც შეიძლება ნაკლები მიეღოთ გერმანიისაგან. საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იდენი წერილობითი სახით წარმოადგენდა თავის ვარიანტს, მისი განხილვა კი მოხდებოდა უკვე მთავრობათა მეთაურების სხდომაზე.
შემდეგი საკითხი, რომელსაც შეეხნენ მინისტრები, იყო კონფერენციის კომუნიკეს შედგენა, რაც ითავა სტეტინიუსმა. ასევე განხილვის გარეშე იქნა მიღებული ქვეკომიტეტის მოხსენება საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე მოწვევის ტექსტითურთ. არც იუგოსლავიის საზღვრების გარშემო გამართულა დებატები. იდენმა წარმოადგინა ორი დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა იუგოსლავია-იტალიისა და იუგოსლავია-ავსტრიის საზღვრებს. მოლოტოვმა უბრალოდ გამოთქვა ამ დოკუმენტების შესწავლის სურვილი, ხოლო სტეტინიუსმა აღნიშნა, რომ იუგოსლავია-ავსტრიის საზღვართან დაკავშირებულ წინადადებას რედაქტირება სჭირდებოდა. აქვე იდენმა წარმოადგინა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა რუმინეთის სანავთობე მოწყობილობების საბჭოთა მხარის მიერ გაზიდვას. მასში აღნიშნული იყო, რომ გატანილი მოწყობილობები ჩაითვლებოდა რეპარაციებში, ხოლო რუატის ქარხანა სასწრაფოდ უნდა ყოფილიყო აღდგენილი და ამუშავებული1.
შედარებით მეტი ყურადღება დაეთმო იუგოსლავიასა და ბულგარეთს შორის არსებული ურთიერთობების განხილვას. მოლოტოვმა აღნიშნა, რომ მან მიიღო შეტყობინება ბრიტანელებისაგან ბალკანური კონფედერაციის შესაძლო შექმნის შემთხვევაში მასში თურქეთის შესვლის აუცილებლობაზე. სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ეს საკითხი არ მიიჩნია მნიშვნელოვნად და დაუყოვნებლივ გადასაჭრელად, სამაგიეროდ, მისი თქმით, იუგოსლავიასა და ბულგარეთს შორის სერიოზული წინსვლა იყო მეგობრული და სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების გზაზე, რასაც საბჭოთა მხარე დადებითად თვლიდა. მოლოტოვის აზრით, რადგანაც იუგოსლავებიცა და ბულგარელებიც სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობდნენ სსრკ-სთან, გასაკვირი არც იყო, რომ მას არაფერი ჰქონდა ამ ალიანსის საწინააღმდეგო2. სამაგიეროდ, იდენისთვის აღმოჩნდა ასეთი კავშირი მიუღებელი. მან აღნიშნა, რომ ბულგარეთი ყოფილი მოწინააღმდეგე იყო და არ ჰქონდა უფლება, მოკავშირეთა თანხმობის გარეშე დაედო ხელშეკრულებები. ამასთან, ბულგარეთს უნდა გადაეხადა რეპარაციები საბერძნეთისათვის. ყოველივე ამის გამო, იდენმა მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ბულგარელებსა და იუგოსლავებს ცოტა მოეცადათ, რადგანაც ბრიტანეთის მთავრობა წინააღმდეგი იქნებოდა ასეთი ხელშეკრულებისა არსებულ პერიოდში. წააწყდა რა წინააღმდეგობას იდენის მხრიდან, მოლოტოვმა კოლეგებს შესთავაზა, ამ საკითხის განხილვა მეორე დღისათვის გადაედოთ. შეხვედრის ბოლოს კი მხარეები შეეხნენ ირანის საკითხს, თუმცა სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა უარი განაცხადა როგორც ამ პრობლემის განხილვაზე ყირიმში, ისე ირანის მოხსენიებაზე კომუნიკეში.
1. ამერიკულ ჩანაწერებში ეს დოკუმენტი არ ფიგურირებს, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მისი განხილვა არ მომხდარა, ხოლო ბარათი იდენმა პირდაპირ მოლოტოვს გადასცა.
2. საინტერესოა, მაგრამ საბჭოთა ჩანაწერში ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები ბრიტანული მხარის წინადადება და თურქეთის მონაწილეობა შესაძლო ბალკანურ ფედერაციაში.
10 თებერვალს პლენარულ სხდომამდე შედგა ჩერჩილისა და სტალინის შეხვედრა, რომლის ინიციატორიც ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი იყო. მას კვლავინდებურად პოლონეთის საკითხი აწუხებდა და, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ საბჭოთა ლიდერი პირადი შეხვედრისას უფრო დამთმობი იქნებოდა, ვიდრე საკონფერენციო დარბაზში. ჩერჩილმა ჯერ იკითხა, მართლაც არსებობდა თუ არა ახალი საბჭოთა წინადადება, რომელიც შემუშავებულ იქნა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ. როგორც ჩანს, საბჭოთა დელეგაცია მიხვდა, რომ ვერ მოახერხებდა სრული წარმატების მიღწევას და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. სტალინს ძალიან სჭირდებოდა პოლონეთის ახალი მთავრობის დიპლომატიური ცნობა და ამიტომ შემუშავებული იქნა ახალი ვარიანტი, რომელიც წინამორბედებისაგან განსხვავდებოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსით. მასში საუბარი იყო ახალი დროებითი მთავრობის ცნობაზე არა მხოლოდ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან, არამედ საბჭოთა კავშირის მიერაც. ეს, თითქოს, მართლაც ცვლიდა ვითარებას, რადგანაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ახალი მთავრობა არ იქნებოდა ე.წ. „ლუბლინის მთავრობის“ სამართალმემკვიდრე, რომელთანაც საბჭოთა კავშირს უკვე დამყარებული ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები. ამიტომ ჩერჩილი და იდენი კმაყოფილებით შეხვდნენ ახალ წინადადებას, მაგრამ, ჩვენი აზრით, მათ ვერ გაითვალისწინეს შემდეგი გარემოება: მიუხედავად ამგვარი ფორმულირებისა, რომელსაც კომპრომისული ხასიათი ჰქონდა, შეთანხმება მაინც უფრო საბჭოთა მხარისათვის იყო მომგებიანი, რადგანაც მასში ჩაწერილი ფრაზა „მოქმედი დროებითი მთავრობის რეორგანიზების შესახებ“, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ახალი მთავრობის სამივე სახელმწიფოს მიერ ცნობა. მართლაც, მას შემდეგ, რაც შეიქმნა ახალი მთავრობა და მასში უპირატესობა პროსაბჭოურმა ელემენტებმა მიიღეს, სტალინმა უკვე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ლონდონი და ვაშინგტონი, რომლებსაც მოუწიათ შეთანხმების დარჩენილი ნაწილის შესრულება და ამ მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.
ამის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერი უკვე საკუთრივ თავის სატკივარზე გადავიდა. მან აღნიშნა, რომ პოლონეთიდან ობიექტურ ინფორმაციას თითქმის ვერ იღებდა და პრაქტიკულად მთლიანად დამოკიდებული იყო ლონდონის მთავრობის მონაცემებზე. ამიტომ ჩერჩილი ითხოვდა პოლონეთში ბრიტანეთის მისიის გაგზავნას, რაც, მისი თქმით, უზრუნველყოფდა საერთო მდგომარეობის დაცვას1. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ საბჭოთა მხარეს შეეძლებოდა ანალოგიური მისიის გაგზავნა მოკავშირეთა ჯარების ზურგში ნებისმიერ ადგილას: საბერძნეთში, ფლანდრიაში თუ იტალიაში.
1. ჩერჩილს მხედველობაში ჰქონდა მოკავშირეების ერთიანობის მთელი მსოფლიოსთვის ჩვენების აუცილებლობა.
სტალინისათვის, როგორც ჩანს, წინასწარ იყო ცნობილი, თუ რა თემაზე აპირებდა მასთან საუბარს ჩერჩილი, ამიტომაც პასუხი უმალ გასცა. საბჭოთა ლიდერმა ურჩია ბრიტანეთის პრემიერს უბრალოდ დაენიშნა თავისი წარმომადგენელი პოლონეთში, ისევე, როგორც ეს გაკეთებული ჰქონდა დე გოლს. ამავე დროს, მან შესაძლებლად ჩათვალა ინგლისელი კორესპონდენტების ჩასვლაც პოლონეთში და აღუთქვა, რომ საბჭოთა მხარე არ შეუშლიდა მათ ხელს პროფესიულ საქმიანობაში. ჩერჩილმა შენიშნა, რომ მას სურდა ოფიციალური წარმომადგენლების გაგზავნა და არა კორესპონდენტების, რათა პირადად მას ჰქონოდა სრული ინფორმაცია. სტალინმა კვლავ განაცხადა, რომ ყველაზე იოლი გამოსავალი სწორედ ასეთი წარმომადგენლების დანიშვნა იქნებოდა, თუ, რასაკვირველია, ბრიტანეთის პრემიერს ლონდონელი პოლონელების წყენინების არ შეეშინდებოდა. აქ ჩერჩილმა, როგორც იქნა, პირდაპირ უთხრა სტალინს, რომ ასეთი წარმომადგენლების გაგზავნა მას მხოლოდ ახალი მთავრობის შექმნის შემდეგ შეეძლებოდა, ახლა კი მას სურდა, დოკუმენტში ჩაეწერათ პუნქტი, რომლის თანახმადაც მოკავშირეები მიიღებდნენ უფლებას, პოლონეთში ჰყოლოდათ წარმომადგენლები, რომლებიც მიაწვდიდნენ ინფორმაციას თავიანთ მთავრობებს იმის შესახებ, თუ როგორ სრულდებოდა შეთანხმების პირობები.
როგორც ჩანს, სტალინი მაინც ვერ გაერკვა ბოლომდე, თუ რა უნდოდა ჩერჩილს და ჰკითხა, სურდა თუ არა მას ასეთი წარმომადგენლების გაგზავნა ჯერ კიდევ მთავრობის შექმნამდე. საბჭოთა ლიდერს ალბათ ვერ წარმოედგინა, რომ ბრიტანეთის პრემიერი მას უთანხმებდა პოლონეთში ელჩის ყოლის უფლებას, როგორც ეს ნათელი გახდა მისი პასუხიდან. ჩერჩილმა ითხოვა, რომ ოფიციალური ლონდონის წარმომადგენელს ჰქონოდა მისი ინფორმირების უფლება, რაც უნდა ჩაწერილიყო დოკუმენტში. სტალინმაც საბოლოოდ განუმარტა ბრიტანეთის პრემიერს, რომ პოლონეთის ახალ მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ მას ვარშავაში ეყოლებოდა ელჩი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც, ბუნებრივია, ექნებოდათ ბრიტანეთის მთავრობის ინფორმირების უფლება. აქ ჩერჩილმა უკვე თავისუფალი გადაადგილების უფლებაც ითხოვა, რაზეც სტალინმა უპასუხა, რომ საბჭოთა ჯარები არ შეუშლიდნენ ხელს ბრიტანეთის ელჩს, ხოლო პოლონეთის მთავრობასთან უბრალოდ საკითხის შეთანხმება იქნებოდა საჭირო. გახარებულმა ჩერჩილმა უცებ შესთავაზა საბჭოთა ლიდერს, ჩაეწერათ შეთანხმებაში შემდეგი ფრაზა: „და გაცვლიან ელჩებს, რომელთა მოხსენებების საფუძველზეც მთავრობები ინფორმირებული იქნებიან პოლონეთში არსებულ ვითარებაზე“. სტალინს წინააღმდეგობა არ გაუწევია და დაეთანხმა ამ შესწორებას.
პოლონეთის საკითხის განხილვის შემდეგ დღის წესრიგში უკვე სხვა პრობლემები დადგა. სტალინმა სთხოვა ჩერჩილს, რომ გადმოეცათ ყველა საბჭოთა მოქალაქე, რომელიც განთავისუფლებული იყო ან იქნებოდა გერმანელთა ტყვეობიდან, ხოლო სამშობლოში დაბრუნებამდე კარგად მოპყრობოდნენ და არ ეცემათ ისინი. აქვე მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ამ ხალხის ნაწილი ნებაყოფლობით იყო მოწინააღმდეგის მხარეს გადასული, მაგრამ სსრკ-ს მთავრობა მაინც საბჭოთა მოქალაქეებად თვლიდა მათ. ჩერჩილმა პასუხად შენიშნა, რომ ბრიტანეთის მთავრობას საბჭოთა მხარისათვის ყველა მოქალაქის უსწრაფესად დაბრუნება სურდა, მაგრამ არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის გემები. აქვე მან შესთავაზა სტალინს, რომ იმავე ხომალდებით, რომლებითაც საბჭოთა მოქალაქეები დაბრუნდებოდნენ სამშობლოში, უკან გამოეგზავნათ ინგლისელი ტყვეები, რომლებიც განთავისუფლებულ იქნენ საბჭოთა ჯარების მიერ, რაზეც თანხმობა მიიღო კიდეც.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ტყვეების ამბავი სულაც არ იყო ისე იოლად მოსაგვარებელი, როგორც ეს ამ საუბრიდან ჩანს. სტალინს აშფოთებდა პრობლემისადმი ამერიკული მიდგომა, რომლის თანახმადაც ნებისმიერ ჯარისკაცსა და ოფიცერს, რომელიც გერმანულ ფორმაში იქნებოდა გამოწყობილი დატყვევების მომენტში, შეეძლო თავი გამოეცხადებინა გერმანიის მოქალაქედ, რაც ავტომატურად ნიშნავდა მოქცევას ჟენევის კონვენციის დაცვის ქვეშ და შეუძლებელს გახდიდა მის გადაცემას საბჭოთა მხარისათვის1. უნდა ითქვას, რომ ინგლისელები გაცილებით უფრო მკაცრად ამოწმებდნენ ტყვეთა ეროვნებას და საბჭოთა მხარეს გადასცემდნენ ყველას, ვინც კი თავს აღიარებდა რუსად. სწორედ ამიტომ, სტალინმა ბრიტანელებსა და ამერიკელებთან ცალ-ცალკე ხელშეკრულებების დადება ამჯობინა.
1. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ჯარისკაცებისა და ოფიცრების უმრავლესობას წარმოდგენაც არ ჰქონდა ჟენევის კონვენციის შესახებ და მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული შესაძლებლობით. საინტერესოა, რომ ამერიკელების მიერ საბჭოთა მხარისათვის გადმოცემული ჯარისკაცების ნაწილი დროებით კვლავ დაბრუნებული იქნა წითელი არმიის შემადგენლობაში და მათ მონაწილეობა მიიღეს ბერლინის აღებაში. ისინი მხოლოდ ამის შემდეგ დააპატიმრეს, გაასამართლეს და 25 წელი მიუსაჯეს.
შემდეგი საკითხი, რომელსაც შეეხნენ მხარეები, იყო რეპარაციების რაოდენობა. სტალინმა ჰკითხა ჩერჩილს, ხომ არ აშინებდა ბრიტანეთის მთავრობას საბჭოთა დელეგაციის მიერ წარმოდგენილი თანხა და პასუხად მიიღო, რომ წინააღმდეგობა ამ საკითხზე გამოწვეული იყო ლონდონში სარეპარაციო კომიტეტის არარსებობითა და, შესაბამისად, ზუსტი ციფრების დასახელების შეუძლებლობით. ბრიტანეთის პრემიერმა მთელი ამ სამუშაოს ჩატარება მოსკოვის სარეპარაციო კომისიაში ჩათვალა შესაძლებლად. სტალინს, რასაკვირველია, არ მოეწონა ეს, მაგრამ მხოლოდ ის უთხრა ჩერჩილს, რომ ბრიტანეთის პრემიერს, როგორც ჩანს, ეცოდებოდა გერმანელები. ინგლისელები იძულებული გახდნენ, კვლავ განემარტათ, რომ მათ უბრალოდ ახსოვდათ პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ვითარება და არ სურდათ, ამჯერადაც იგივე განმეორებულიყო. აქვე ჩერჩილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ის მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირისათვის გერმანიის ქარხნების მოწყობილობების გადაცემას, რადგანაც ამის შედეგად გერმანელების საექსპორტო ბაზრებს ინგლისელები იგდებდნენ ხელთ. უნდა აღინიშნოს, რომ სტალინმა მეტად უცერემონიოდ აგრძნობინა ბრიტანეთის პრემიერს, რომ ეს საკითხი მთლიანად მისი გადასაწყვეტი იყო და არა ინგლისელების თუ ამერიკელების. მან განაცხადა, რომ საბჭოთა მხარე, რასაკვირველია, დაიწყებდა გერმანიის ქარხნების დემონტაჟს, როგორც კი მათ ხელში ჩაიგდებდა.
შეხვედრის ბოლოს ჩერჩილმა ჰკითხა სტალინს, ხომ არ აპირებდა საბჭოთა მხარე მოწინააღმდეგის დატყვევებული გენერლების გერმანიაში გამოყენებას, რაზეც სტალინმა უარყოფითად უპასუხა. აქვე ბრიტანეთის პრემიერმა დაიჩივლა, რომ საბჭოთა კავშირი არ ანაღდებდა „ლენა გოლდფილდსის“ ობლიგაციებს. სტალინისათვის ეს საკითხი უცნობი აღმოჩნდა და მან აღუთქვა ჩერჩილს, რომ შეისწავლიდა პრობლემას. ამის შემდეგ კი უკვე საბჭოთა ლიდერმა ჰკითხა ჩერჩილს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას მონტრეს კონვენციის რევიზიასთან დაკავშირებით. ბრიტანეთის პრემიერმა შეახსენა სტალინს ოქტომბრის შეხვედრისას მიღწეული შეთანხმება, რომ საბჭოთა მხარე წარმოადგენდა თავის წინადადებებს იმ კონვენციების შეცვლასთან დაკავშირებით, რომელსაც ის აუცილებლობად მიიჩნევდა. მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხი განხილულ იქნებოდა პლენარულ სხდომაზე და გადაეცემოდა საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამით შეხვედრა დასრულდა კიდეც.
ჩერჩილთან შეხვედრის შემდეგ სტალინს კონფიდენციალური საუბარი ჰქონდა რუზველტთანაც. ამჯერად ინიციატივა საბჭოთა ლიდერისაგან მოდიოდა. აღნიშნული შეხვედრა აღმოჩნდა 8 თებერვლის მოლაპარაკებების გაგრძელება. სტალინს მხოლოდ ერთი შესწორება ჰქონდა ორი დღის წინ მიღწეულ შეთანხმებებში. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ თუ დაირენის თავისუფალ პორტად გამოცხადება მისაღები იყო, პორტ-არტური სსრკ-ს იჯარით უნდა გადმოცემოდა, რადგანაც ის ადრე რუსულ საზღვაო ბაზას წარმოადგენდა. გარდა ამისა, სტალინმა ფაქტობრივად შუამდგომლობა სთხოვა რუზველტს, რომ სწორედ ამ უკანასკნელს გაეცნო ეს წინადადებები ჩან კაიშისათვის. აშშ-ს პრეზიდენტმაც აღუთქვა მას დახმარება ამ საქმეში3 .
$10. 10 თებერვლის სხდომა
მე-7 პლენარული სხდომა ტრადიციულად დაიწყო მოხსენებით საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების მოლაპარაკებების შესახებ. იდენმა გააცნო მხარეებს პოლონეთის ირგვლივ წინა დღითა და მეორე დილით გამართული კონსულტაციების შედეგად მიღწეული შეთანხმების პროექტი. ფაქტობრივად ეს საკითხი განხილვის გარეშე იქნა მიღებული, რაც არც იყო გასაკვირი, რადგანაც სტალინსა და ჩერჩილს ორმხრივი შეხვედრისას უკვე მიღწეული ჰქონდათ თანხმობა, რუზველტმა კი უმალ მოიწონა დოკუმენტი. ამრიგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოხდებოდა პოლონეთში მოქმედი დროებითი მთავრობის რეორგანიზება მასში საკუთრივ პოლონეთიდან და საზღვარგარეთიდან დემოკრატიული ლიდერების შეყვანის გზით. ახლადშექმნილი მთავრობა იქნებოდა პოლონეთის ეროვნული ერთიანობის დროებითი მთავრობა, რომელსაც უმოკლეს ვადებში უნდა უზრუნველეყო თავისუფალი და შეუზღუდავი არჩევნების ჩატარება ქვეყნის ტერიტორიაზე. დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ საბჭოთა კავშირი (რომელსაც უკვე ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები არსებულ მთავრობასთან), აშშ და დიდი ბრიტანეთი, მას შემდეგ, რაც დაამყარებდნენ დიპლომატიურ ურთიერთობებს პოლონეთის ახალ მთავრობასთან, დანიშნავდნენ ელჩებს, რომლებიც მოახსენებდნენ თავიანთ მთავრობებს პოლონეთში არსებული ვითარების შესახებ.
მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, აღმოჩნდა, რომ დასაზუსტებელი იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პოლონეთის საზღვრებს. ჩერჩილმა განაცხადა, რომ საჭირო იყო მინიშნების გაკეთება, მით უმეტეს, რომ აღმოსავლეთით საზღვარი უკვე დადგენილი იყო. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, დასავლეთის საზღვარზე კონკრეტული პუნქტების ჩაწერა შეუძლებელი იქნებოდა, რადგანაც სამხედრო კაბინეტი წინ აღუდგებოდა მდ. დასავლეთ ნოისეს ვარიანტს. რუზველტმა შენიშნა, რომ დასავლეთის საზღვრის შესახებ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე საჭირო იქნებოდა კონსულტაციების ჩატარება პოლონეთის მთავრობასთან. თავის მხრივ, სტალინმა განაცხადა, რომ მას ეგონა, დოკუმენტში იქნებოდა მოხსენიებული აღმოსავლეთის საზღვარი, რადგანაც მასზე სამივე სახელმწიფო უკვე შეთანხმდა. საბჭოთა ლიდერს მხარი აუბა ჩერჩილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ხალხს ნამდვილად სურდა გაეგო, თუ რა დაადგინეს ამ საკითხის გარშემო „დიდი სამეულის“ ლიდერებმა. საბოლოოდ მხარეებმა გადაწყვიტეს, დოკუმენტის ბოლო აბზაცში ჩაეწერათ, რომ პოლონეთის აღმოსავლეთი საზღვარი ძირითადად გაივლიდა კერზონის ხაზზე, ხოლო დასავლეთით პოლონეთი მიიღებდა კომპენსაციას, ზუსტი საზღვარი კი შემდგომში იქნებოდა განსაზღვრული. ამ დოკუმენტის საბოლოო რედაქცია საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ.
სხდომა გაგრძელდა განთავისუფლებული ევროპის შესახებ დეკლარაციის განხილვით. საბჭოთა მხარემ ოფიციალურად მოხსნა თავისი შესწორება დემოკრატი ლიდერებისათვის მხარდაჭერის შესახებ. აქვე მოლოტოვმა წარმოადგინა ახალი შესწორება, რომელიც უკვე მოწონებული იყო ბრიტანელების მიერ. რუზველტიც დაეთანხმა მას და დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ მხარეები დაუყოვნებლივ გამართავდნენ კონსულტაციებს, რათა განეხორციელებინათ ამ დოკუმენტით მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ეს არ იყო ერთადერთი შესწორება, რომელიც ჩაიწერა დეკლარაციაში. იდენის წინადადებით, მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მათ შეერთებოდა საფრანგეთის დროებითი მთავრობაც. სტალინს ამჯერად არანაირი წინაღმდეგობა არ გაუწევია ამისთვის. უფრო მეტიც, როდესაც რუზველტმა განაცხადა, რომ მან შეიცვალა თავისი პოზიცია და მხარს უჭერდა როგორც საფრანგეთის შემოერთებას დეკლარაციასთან, ისე მის შეყვანას გერმანიაში მოკავშირეთა საკონტროლო მექანიზმში, საბჭოთა ლიდერიც დაეთანხმა ასეთ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, გადაწყდა, გაეგზავნათ დე გოლისათვის ოფიციალური შეტყობინება, რომელშიც ასახული იქნებოდა კონფერენციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
შემდეგ „დიდი სამეული“ გადავიდა იუგოსლავიის საკითხზე. იდენმა წაიკითხა დეპეშის ტექსტი, რომელიც უნდა გაეგზავნათ ტიტოსა და შუბაშიჩისათვის. ბრიტანელების წინადადებით, ტიტო-შუბაშიჩის შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედებულიყო და მის საფუძველზე შექმნილიყო ახალი მთავრობა, რომელსაც, თავის მხრივ, უნდა გამოეცხადებინა ანტიფაშისტური ვეჩეს გაფართოება ომამდელი სკუპშჩინის იმ წევრებით, რომლებსაც არ ჰქონდათ შებღალული სახელი მტერთან თანამშრომლობით და ამგვარად ჩამოეყალიბებინა დროებითი პარლამენტი. გარდა ამისა, ვეჩეს მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტები შემდგომში დადასტურებული უნდა ყოფილიყო დამფუძნებელი კრების მიერ. აქვე ბრიტანელებს აღნიშნული ჰქონდათ, რომ ახალი მთავრობა იქნებოდა დროებითი, სანამ შესაძლებელი გახდებოდა თავისუფალი არჩევნების ჩატარება. რუზველტმა აღნიშნა, რომ ის ადრე არ იყო დარწმუნებული, შეუერთდებოდა თუ არა განცხადებას იუგოსლავიის შესახებ, მაგრამ ამ დოკუმენტის წაკითხვისას კმაყოფილი დარჩა და დაეთანხმა მას. სტალინმაც ასევე მოიწონა იდენის მიერ შემოთავაზებული წინადადებების პაკეტი, მაგრამ ითხოვა ბოლო პუნქტის ამოღება მთავრობის დროებითობის შესახებ, რაც, საბოლოო ჯამში, დაკმაყოფილებული იქნა. ასევე გადაწყდა, რომ დეპეშის ტექსტი მთლიანად შევიდოდა კომუნიკეში.
დღის წესრიგის შემდეგი საკითხი დაკავშირებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციასთან, მაგრამ იდენმა მოახსენა მთავრობათა მეთაურებს, რომ ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო და „დიდი სამეულიც“ გადავიდა რეპარაციების პრობლემის განხილვაზე. აქ უკვე ვითარება რამდენადმე დაიძაბა. მეთიუზი შენიშნავს კიდეც, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სტალინი მართლაც გაღიზიანდა კონფერენციის მსვლელობისას. ჩერჩილმა უმალ განაცხადა, რომ სამხედრო კაბინეტისაგან მიიღო მითითება, რომელიც უკრძალავდა მას დოკუმენტში რაიმე თანხის მოხსენიებას. ამიტომ მას სურდა, თანხის რაოდენობა განესაზღვრა უშუალოდ სარეპარაციო კომისიას. ბრიტანეთის პრემიერს მხარი აუბა აშშ-ს პრეზიდენტმაც. რუზველტმა სცადა თავისი პოზიციის გამართლება იმ არგუმენტით, რომ აშშ-ს საზოგადოება დოკუმენტში ზუსტი რიცხვების დასახელებას ფულად რეპარაციებად მიიჩნევდა. სტალინმა აღნიშნა, რომ სსრკ-ს უკვე გაფორმებული ჰქონდა შეთანხმებები უნგრეთთან, ფინეთთან და რუმინეთთან, რომლებშიც ჩაწერილი იყო რეპარაციები თანხით, თუმცა მათი ამოღება ნატურით ხდებოდა. მისი თქმით, ეს არანაირ პრობლემას არ ქმნიდა. საბჭოთა ლიდერმა, რომელმაც კარგად იცოდა, რომ მთავარი პრობლემა აქ იყო არა რუზველტი, რომელმაც კონფერენციის დასაწყისშივე გამოხატა თავისი ინდიფერენტული დამოკიდებულება რეპარაციების მიმართ, არამედ ჩერჩილი, გაბრაზებით უთხრა პრემიერს, პირდაპირ ეთქვა, უნდოდა თუ არა ბრიტანეთს, რომ საბჭოთა კავშირს მიეღო რეპარაციები4. ჩერჩილმა, ბუნებრივია, განაცხადა, რომ მას არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო და წინადადება შემოიტანა, რეპარაციების საკითხი კომისიას შეესწავლა და გაეკეთებინა მოხსენება მათი მიღების თაობაზე. მაშინ სტალინმა უკვე იკითხა, ეთანხმებოდნენ თუ არა რუზველტი და ჩერჩილი გერმანიიდან საქონლის ამოღებას. მან აღნიშნა, რომ კონფერენციაზე ჯერ არ იყო დადგენილი პრინციპებიც კი და შესთავაზა კოლეგებს, მიეღოთ შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. გერმანიას საქონლით ან ნატურით უნდა აენაზღაურებინა ზარალი, რომელიც მან მიაყენა მოკავშირეებს; 2. მოსკოვის სარეპარაციო კომისიას დავალებოდა რეპარაციების ზუსტი თანხის განსაზღვრა საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს ერთობლივ წინადადებაზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც ბაზისად აღებული იქნებოდა 20 მილიარდი დოლარი, საიდანაც ნახევარი უნდა რგებოდა საბჭოთა კავშირს. აქვე სტალინმა იკითხა, ხომ არ აპირებდნენ ამერიკელები უარის თქმას ამ ფორმულაზე. რუზველტმა უპასუხა, რომ ის კვლავინდებურად ეთანხმებოდა ამ წინადადებას და არ მოსწონდა მხოლოდ სიტყვა „რეპარაციები“, რაც, მისი თქმით, ძალიან ბევრისათვის ნიშნავდა ფულს. საბჭოთა ლიდერმა ჰკითხა აშშ-ს პრეზიდენტს, თუ დააკმაყოფილებდა მას ასეთი ფორმულირება: „გერმანიის მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაცია“ „რეპარაციების“ ნაცვლად _ და იქვე შენიშნა, რომ სულაც არ იყო აუცილებელი შეთანხმების გამოქვეყნება.
ჩერჩილი აშკარა უმცირესობაში აღმოჩნდა, მაგრამ მან მაინც განაგრძო თავისი პოზიციის დაცვა და წარმოადგინა სამხედრო კაბინეტის მიერ გამოგზავნილი წერილი, რომლითაც ბრიტანეთის დელეგაციას ეკრძალებოდა რაიმე ზუსტი ციფრის დასახელება დოკუმენტში. ამავე დროს, ბარათში აღნიშნული იყო, რომ 20 მილიარდი დოლარი მეტად დიდი თანხა იყო. ინგლისელები თავიანთ შეხედულებას ასაბუთებდნენ იმ მოსაზრებით, რომ გერმანიას გაუჭირდებოდა ასეთი დიდი რაოდენობით საქონლის გამოძებნა და საჭირო გახდებოდა მისი დახმარება, რაც ფაქტობრივად გამოიწვევდა რეპარაციების სხვა სახელმწიფოების მიერ გადახდას. საბოლოოდ, სტალინმა ოდნავ უკან დაიხია და მოხსნა თავისი მოთხოვნა დოკუმენტში თანხის მითითების შესახებ, რის შემდეგადაც მისი წინადადება მიიღეს. გაბრაზებულმა საბჭოთა ლიდერმა ბოლომდე მაინც ვერ შეიკავა თავი და ღვარძლიანად ჰკითხა ჩერჩილს, ხომ არ აპირებდა ის მეორე დღეს უარის თქმას ამ წინადადებაზე. საბჭოთა ჩანაწერიდან გარკვევით არ ჩანს, სტალინის ეს სიტყვები მხოლოდ ჩერჩილის მისამართით იყო ნათქვამი, თუ რუზველტსაც ეხებოდა, რადგანაც იქ ფიგურირებს ნაცვალსახელი „თქვენ“. ამერიკულ ჩანაწერებში ეს ფრაზა საერთოდ არ გვხვდება, მაგრამ ერთი ადგილი ცხადყოფს, რომ საბჭოთა ლიდერის დასკვნითი რემარკა ბრიტანეთის პრემიერს ეხებოდა. კერძოდ, იქ სტალინი სიტყვას ასრულებს ჩერჩილისადმი მიმართვით: „ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს რიცხვებს კომისიის წინაშე, თქვენ კი _ თქვენსას“. ეს ფრაზა, რომელიც, თავის მხრივ, არ არის საბჭოთა ჩანაწერში, ცხადყოფს, რომ სტალინმა ბოლო რეპლიკა მხოლოდ ჩერჩილის მისამართით წარმოთქვა. გადაწყვეტილების მიღებისთანავე გამოცხადდა მცირე შესვენება, რომლის დროსაც მიმდინარეობდა მუშაობა პოლონეთის საზღვრების შესახებ განცხადებაზე.
შესვენების შემდეგ, სტალინის ინიციატივით, განიხილეს მონტრეს კონვენციის საკითხი. მან აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება მოძველებული იყო და უნდა მომხდარიყო მისი რევიზია. თავისი თვალსაზრისის გასამყარებლად საბჭოთა ლიდერმა შეახსენა დამსწრეთ, რომ კონვენცია მჭიდრო კავშირში იყო ერთა ლიგასთან, რომელმაც შეწყვიტა არსებობა. გარდა ამისა, ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი გარანტი იყო იაპონია, თურქეთს კი ჰქონდა უფლება, ნებისმიერ დროს დაეხურა სრუტეები. სტალინის აზრით, პირობები უნდა შეცვლილიყო თურქეთის სუვერენიტეტის შელახვის გარეშე. ის არ მოითხოვდა საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტას და მხოლოდ სურდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს განეხილათ ეს საკითხი თავიანთ თათბირზე ლონდონში, ორი-სამი თვის შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის ეს განცხადება საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებდა რუზველტს, ვინაიდან მას ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც უკრძალავდა რაიმე ცვლილებების შეტანას ამ კონვენციაში კონფერენციის მსვლელობის დროს1, თუმცა, ამავე დროს, არ გამორიცხავდა მცირედი რევიზიის შესაძლებლობას მომავალში. ალბათ, სწორედ ამიტომ შემოიფარგლა აშშ-ს პრეზიდენტი არაფრისმთქმელი განცხადებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნდათ 3000-მილიანი საზღვარი კანადასთან, რომლის გაყოლებაზეც არ იყო არც ერთი სიმაგრე თუ სამხედრო ხომალდი და ისურვა, რომ ასეთივე ვითარება ყოფილიყო მსოფლიოს ყველა კუთხეში.
1. მემორანდუმის შექმნის მიზეზი გახდა ჩერჩილის მიერ რუზველტისათვის მოსკოვიდან ოქტომბრის შეხვედრის დროს გამოგზავნილი შეტყობინება, რომ სტალინმა დღის წესრიგში დააყენა მონტრეს კონვენციის გადახედვისა და საბჭოთა ხომალდებისათვის სრუტეებში თავისუფალი მიმოსვლის მინიჭების საკითხი.
ჩერჩილმა მხარი აუბა სტალინს და აღნიშნა, რომ მოსკოვში ყოფნისას ისინი შეეხნენ ამ საკითხსაც და მაშინაც მისი პოზიცია დადებითი იყო. აქვე ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას გააჩნდა გარკვეული ვალდებულებები თურქეთის წინაშე და ჰკითხა საბჭოთა ლიდერს, შეიძლებოდა თუ არა თურქებისათვის გარანტიის მიცემა ასეთ შემთხვევაში მათი დამოუკიდებლობის შეუზღუდავობის შესახებ. სტალინმაც დაადასტურა, რომ თურქები საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ და რომ მონტრეს კონვენციის რევიზიას არ მოჰყვებოდა რაიმე სახით თურქეთის სუვერენიტეტის შებღალვა. აქვე საბჭოთა ლიდერმა იკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი ამ საკითხის განხილვა საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის დასრულების შემდეგ აშშ-ში, რაზეც ჩერჩილისაგან უპასუხა, რომ სრუტეების პრობლემა უფრო დიდ ბრიტანეთს ეხებოდა და არა ამერიკის შეერთებულ შტატებს და უპრიანად ჩათვალა, საგარეო საქმეთა მინისტრებს ლონდონში ემსჯელათ ამ საკითხზე. გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერმა სინანულით გაიხსენა, რომ თავის დროზე მან სცადა ამ სრუტეების გავლა და ორ რუსულ კორპუსთან შეერთება, მაგრამ ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა1. სტალინმა, როგორც ჩანს, ჩერჩილის დასამშვიდებლად შენიშნა, რომ ანტანტის ძალებს ერთი-ორი კვირაც რომ დაეცადათ, თურქები და გერმანელები უკვე თვითონ აპირებდნენ უკანდახევას და ოპერაციაც წარმატებით დასრულდებოდაო, მაგრამ ამან ბრიტანეთის პრემიერს კიდევ უფრო გაუფუჭა ხასიათი. მან შენიშნა, რომ ამ დროს ის უკვე არ იყო მთავრობის წევრი და არ შეეძლო რაიმე გავლენა ექონია საომარი მოქმედებების მსვლელობაზე.
1. საუბარია პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ძალების მიერ ჰალიპოლის (ჰალიბოლუ) ნახევარკუნძულზე განხორციელებულ სადესანტო ოპერაციაზე, რომლის დამგეგმავი და სულის ჩამდგმელი იყო ჩერჩილი, მაშინ ინგლისის საზღვაო მინისტრი. ოპერაცია, რომლის სამხედრო მიზანშეწონილობის შესახებაც სხვადასხვაგვარი აზრი არსებობს, ჩაიშალა და თითქმის ერთწლიანი ბრძოლების შემდეგ ინგლისელები და ფრანგები იძულებული გახდნენ, დაეცალათ დაკავებული პლაცდარმი. სწორედ ამ ოპერაციის წარუმატებლობის შედეგი იყო ჩერჩილის გადადგომა თავისი პოსტიდან.
სხდომის ბოლო საკითხი ეხებოდა შესწორებას პოლონეთის საზღვრების შესახებ. იდენის მიერ წარმოდგენილი შესწორება, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთ საზღვრად დადგინდა კერზონის ხაზი რიგ შემთხვევებში პოლონეთის სასარგებლოდ 5-8 კილომეტრით, ჩრდილოეთითა და დასავლეთით კი პოლონელებს უნდა მიეღოთ მნიშვნელოვანი კომპენსაცია, ძირითადში მოიწონეს. შეტანილ იქნა მხოლოდ სარედაქციო ხასიათის შესწორება, კერძოდ, რუზველტის თხოვნით, შეცვალეს ფორმულირება „სამი სახელმწიფო“ „სამი ქვეყნის მეთაურით“, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევდა ამ შეთანხმების კონგრესში წარდგენა განსახილველად. საბჭოთა მხარემ სცადა კიდევ ერთი შესწორების შეტანა და იმის დაზუსტება, თუ რა სახის ტერიტორიულ კომპენსაციას მიიღებდა პოლონეთი. მოლოტოვმა შესთავაზა მხარეებს, ჩაეწერათ დოკუმენტში, რომ პოლონეთი მიიღებდა „ისტორიულ საზღვრებს აღმოსავლეთ პრუსიასა და ოდერზე“.
რუზველტი დაინტერესდა ამ საკითხით და იკითხა, თუ როდის იყო ეს მიწები პოლონეთის საკუთრება, რაზეც სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა შენიშნა, რომ მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო იყო გასული, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა პოლონელებისათვის. როგორც ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტი არ დააკმაყოფილა ამ პასუხმა და მან ხუმრობით შენიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ბრიტანელებს შესაძლოა აშშ-ს დაბრუნება მოეთხოვათ. ჩერჩილმა პასუხად აღნიშნა, რომ ინგლისელებს ისევე გაუჭირდებოდათ უზარმაზარი სახელმწიფოს მონელება, როგორც პოლონელებს, თუ ისინი მეტისმეტად დიდ ტერიტორიას მიიღებდნენ გერმანიისაგან. სტალინმა სრული სერიოზულობით აღნიშნა, რომ ოკეანე ხელს შეუშლიდა ბრიტანელებს ამგვარი სურვილის განხორციელებაში და განაცხადა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო არანაირი მინიშნება შესაძლო საზღვარზე, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლონელებისათვის. მიუხედავად ამისა, ჩერჩილმა და რუზველტმა უარი განაცხადეს დოკუმენტის უფრო მეტად დაკონკრეტებაზე და შენიშნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეთანხმებოდნენ ნებისმიერ საზღვარს ოდერზე, რომელსაც მოითხოვდნენ პოლონელები. ამის შემდეგ სტალინმა უარი თქვა შესწორებაზე და ტექსტიც დამტკიცებულ იქნა. ამით სხდომა დასრულდა. სხდომის შემდეგ გაიმართა ოფიციალური სადილი, რომელმაც, ჩერჩილის თქმით, ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა, უნდა შევნიშნოთ, რომ მხარეებმა საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. ერთგვარი უხერხულობა წარმოშვა იმან, თუ როგორ ადღეგრძელა სტალინმა ინგლისის მეფე. კერძოდ, საბჭოთა ლიდერმა აღნიშნა, რომ მას საერთოდ არ უყვარდა მონარქები, მაგრამ ამ ომში ისწავლა პატივისცემა ბრიტანელებისა, რომლებიც, თავის მხრივ, თაყვანს სცემდნენ საკუთარ მეფეს, ამიტომ ის უსურვებდა ჯანმრთელობას ინგლისის მეფეს. ბუნებრივია, რომ ასეთი სადღეგრძელოს შემდეგ ჩერჩილს, რომელსაც აშკარად არ მოეწონა სტალინის ანტიმონარქისტული მინიშნებები, მისთვის მცირე სამაგიეროს გადახდის სურვილი გაუჩნდა და, საფიქრებელია, მან ეს რამდენადმე მოახერხა კიდეც. ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მომავალში ასეთი სირთულეებისთვის თავის დაღწევა შესაძლებელი გახდებოდა, თუ გამოიყენებდნენ შემდეგ ფორმულას: „სახელმწიფოს მეთაურები“, რის შემდეგაც ადღეგრძელა კიდეც ინგლისის მეფე, აშშ-ს პრეზიდენტი და... სსრკ-ს პრეზიდენტი მიხეილ კალინინი4. თავის მხრივ, რუზველტმა აღნიშნა, რომ ჩერჩილის სიტყვებმა მას გაახსენა 1933 წლის ზაფხული, როდესაც მან მისწერა წერილი კალინინს და საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ინიცირება მოახდინა1.
აღსანიშნავია, რომ სტალინს ოფიციალურად არანაირი რეაქცია არ ჰქონია ბრიტანეთის პრემიერის სადღეგრძელოზე, მაგრამ ნიშანდობლივია მის მიერ საუბრის გადატანა რეპარაციებზე. საბჭოთა ლიდერის განცხადებით, მას ეშინოდა მოსკოვში დაბრუნებისა და ხალხისათვის იმის თქმის, რომ ბრიტანელების წინააღმდეგობის გამო სსრ კავშირი ვერ მიიღებდა რეპარაციებს. პასუხად უკვე ჩერჩილს მოუწია თავის მართლება და იმის დაფიქსირება, რომ პირიქით, მას იმედი ჰქონდა, სსრკ საკმაო რაოდენობით მიიღებდა რეპარაციებს, მაგრამ მიზანშეწონილად არ მიაჩნდა რეპარაციების რიცხვის განსაზღვრა ძალიან დიდი ციფრით, რისი გადახდის უნარიც გერმანიას არ ექნებოდა, როგორც ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. საბოლოოდ, რუზველტმა და ჩერჩილმა სტალინს აღუთქვეს, რომ კომუნიკეში აღინიშნებოდა გერმანიის მოვალეობა, გადაეხადა კონტრიბუციები, რის შემდეგაც სადილი მშვიდად გაგრძელდა და ბრიტანეთის პრემიერმა უკვე საბჭოთა ლიდერიც ადღეგრძელა. ამის შემდეგ უკვე სტეტინიუსმა წარმოთქვა თავისი წინამორბედის, კორდელ ჰალის სადღეგრძელო, რუზველტმა კი ადღეგრძელა ჩერჩილი.
ბრიტანეთის პრემიერმა მადლობა გადაიხადა დღეგრძელობისათვის და განაცხადა, რომ მას ელოდა საკმაოდ რთული არჩევნები, რადგანაც არ იცოდა, თუ რას იზამდნენ მემარცხენეები. სტალინმა დაამშვიდა ჩერჩილი და აღნიშნა, რომ მემარცხენეები და მემარჯვენეები უკვე საპარლამენტო ტერმინებად იყო ქცეული და რიტორიკულად იკითხა, ვინ უნდა აერჩია ხალხს, თუ არა გამარჯვების მომტანი ლიდერი. ბრიტანეთის პრემიერმა, რომელსაც, როგორც ჩანს, მომავალი არჩევნების მართლაც ძალიან დიდი შიში ჰქონდა, შენიშნა, რომ ის მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერი იყო1. აქვე ჩერჩილმა უთხრა სტალინს, რომ მას ბევრად უფრო უკეთესად ჰქონდა საქმე, რადგანაც სსრკ-ში მხოლოდ ერთი პარტია იყო. საბჭოთა ლიდერმაც დარწმუნებით განაცხადა, რომ ერთი პარტია ნამდვილად უკეთესი იყო. შემდეგ ჩერჩილი კვლავ ალაპარაკდა თავის მომავალ არჩევნებზე და აღუთქვა სტალინს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის და იდენი დაიცავდნენ აშშ-სა და სსრკ-ს ინტერესებს, ვისაც არ უნდა მოეგო არჩევნები, რაზეც სტალინმა განაცხადა, რომ ლეიბორისტები ვერასდროს მოვიდოდნენ ხელისუფლებაში.
ამის შემდეგ საუბარი ჩამოვარდა იმაზე, საკმარისი იქნებოდა თუ არა დრო კომუნიკეს შესამუშავებლად და ჩერჩილმა აღნიშნა, რომ ის დარჩებოდა ორშაბათამდე2, თუ საჭირო გახდებოდა, მაგრამ რუზველტმა ეს მიუღებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ მას ახლო აღმოსავლეთში ელოდებოდა სამი მეფე, მათ შორის იბნ საუდი. ამან საუბარი გადაიყვანა უკვე ახლო აღმოსავლეთის პრობლემების განხილვაზე და სტალინმა წამოჭრა ებრაული სახელმწიფოს შექმნის საკითხი. საბჭოთა ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან რთული პრობლემა იყო და მას უკვე ჰქონდა ებრაელების ბირობიჯანში დასახლების მცდელობა, მაგრამ ორ-სამ წელიწადში ისინი იქიდან გაიქცნენ და სხვა ქალაქებში დასახლდნენ. სტალინის თქმით, ებრაელები ბუნებით ვაჭრები იყვნენ, თუმცა სამიწათმოქმედო რაიონებში მათი მცირე ჯგუფებით დასახლებამ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. აქ რუზველტმა შენიშნა, რომ ის თვითონ სიონისტი იყო და ჰკითხა სტალინს, იდგა თუ არა საბჭოთა ლიდერი მსგავს პოზიციაზე. სტალინმა ალბათ ძლივს შეიკავა გაოცება ასეთი შეკითხვის გამო, მაგრამ მაინც მოახერხა საკმაოდ დიპლომატიური პასუხის გაცემა, რომ ის ძირითადში იზიარებდა ასეთ თვალსაზრისს, მაგრამ ეს მაინც ძალიან რთული საკითხი იყო.
საუბრის მსვლელობისას სტალინმა კიდევ ერთი მრავლისმთქმელი განცხადება გააკეთა, როდესაც შენიშნა, რომ საბჭოთა მთავრობა არასდროს არ მოაწერდა ხელს პაქტს ჰიტლერთან, რომ არ ყოფილიყო მიუნხენი და პოლონეთ-გერმანიის 1934 წლის ხელშეკრულება3. სადილის ბოლოს კი მან კვლავ აღნიშნა, რომ დრო აშკარად არ იქნებოდა საკმარისი მეორე დღის სამ საათამდე კონფერენციის დასასრულებლად. როგორც ჩანს, რუზველტმა, ბოლოს და ბოლოს, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და აღუთქვა სტალინს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისიც დარჩებოდა ორ- შაბათამდე, რითაც საბჭოთა ლიდერს ძლიერ ასიამოვნა.
1. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, ჩერჩილის შიში სავსებით გამართლებული გამოდგა და არჩევნებში გამარჯვება ლეიბორისტებმა მოიპოვეს.
2. კონფერენციის ბოლო დღედ დაგეგმილი იყო კვირა, 11 თებერვალი.
3. გაუგებარია, თუ რატომ გაიხსენა სტალინმა პოლონეთსა და გერმანიას შორის ბერლინში 1934წ. 26 იანვარს ხელმოწერილი თავდაუსხმელობისა და ურთიერთგაგების დეკლარაცია ამ საუბრისას. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ დოკუმენტს რაიმე ხიფათი შეექმნა საბჭოთა კავშირისათვის და, მით უმეტეს, რაიმე გავლენა ჰქონოდა 1939 წელს შექმნილი ვითარების შეფასებისას.
$11. დღე მე-8. კონფერენციის დასასრული და მისი შედეგების შეფასება
ბოლო დღეს, 12 საათზე, დაიწყო ყირიმის კონფერენციის დასკვნითი პლენარული სხდომა, რომელიც თითქმის მთლიანად მიეძღვნა კომუნიკეს განხილვას. უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი შეცდა და მთავრობათა მეთაურებს სავსებით ეყოთ დრო კომუნიკეს შესათანხმებლად. უფრო მეტიც, სხდომისას, პრაქტიკულად მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები გაკეთდა. ერთადერთი, რაზეც მცირე კამათი გაიმართა, უკრაინისა და ბელორუსიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე მოწვევის საკითხი იყო. სტალინმა სცადა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩაწერილიყო მოსაწვევში, რომელიც დაეგზავნებოდა აღნიშნული თავყრილობის მონაწილე წევრებს, მაგრამ ჩერჩილმა და რუზველტმა წინააღმდეგობა გაუწიეს მას. საბოლოოდ, საბჭოთა რესპუბლიკების სან ფრანცისკოში მოწვევის შესახებ დადგენილება ჩაწერილ იქნა მხოლოდ კონფერენციის გადაწყვეტილებებში. მცირე კამათი გამოიწვია აგრეთვე კომუნიკეზე ხელმოწერების თანმიმდევრობამ. რუზველტმა წამოაყენა წინადადება, რომ პირველი ხელმოწერა გაეკეთებინა სტალინს, მაგრამ საბჭოთა ლიდერმა იუარა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ამერიკულ პრესას მიეცემოდა საშუალება, წარმოედგინა სტალინი წინამძღოლად, რომელსაც მიჰყვებოდნენ აშშ-ს პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი. ამიტომ, მისი აზრით, უპრიანი იყო ხელი მოეწერათ ანბანის მიხედვით: პირველად რუზველტს, შემდეგ თვითონ მას და ბოლოს ჩერჩილს. აქ ბრიტანეთის პრემიერმა შენიშნა, რომ ინგლისური ალფაბეტის მიხედვით, ის უნდა ყოფილიყო პირველი, ხოლო შემდეგ რუზველტი და სტალინი. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს წინადადება იქნა მიღებული. გადაწყდა აგრეთვე, რომ კომუნიკე ერთდროულად გამოექვეყნებინათ 12 თებერვალს 23 საათსა და 30 წუთზე მოსკოვის დროით1.
1. როგორც ჩანს, ბოლო სხდომის ფაქტობრივი უმნიშვნელობის გამო ბოლენს არ უწარმოებია მისი ჩაწერა და ის შემოიფარგლა მასზე განხილული საკითხების მოკლე მიმოხილვით. ამავე დროს, ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მეთიუზს ცვლიდა ჰისი, რომელსაც ასევე მხოლოდ მოკლე შინაარსი აქვს მოცემული თავის ჩანაწერებში.
სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობათა მეთაურები რუზველტმა მიიწვია ლანჩზე. დღის მეორე ნახევარში კი გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების კიდევ ერთი სხდომა, რომელზეც კომუნიკეს ტექსტის საბოლოო რედაქტირება მოხდა, რის შემდეგაც კონფერენციამ დაასრულა თავისი მუშაობა.
ყირიმის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებები იმ- თავითვე მოექცა ყურადღების ცენტრში. თავის დროზე ის ლამის ერთხმად იქნა შეფასებული, როგორც დიდი სამეულის ერთიანობის უმაღლესი მწვერვალი, მაგრამ სულ მცირე ხანში მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა და იალტის კონფერენცია სულ უფრო ხშირად განიხილებოდა როგორც „ახალი მიუნხენი“. განსაკუთრებით მძაფრი ხასიათი პოლემიკამ ყირიმის კონფერენციის შეფასების საკითხის შესახებ მიიღო აშშ-ში, სადაც აქცენტი გადატანილ იქნა აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ იალტაში დაკავებული პოზიციის შეფასებაზე.
თავდაპირველად ყირიმის კონფერენცია თითქოს რუზველტის დიპლომატიურ ტრიუმფად მიიჩნიეს. ამ აზრის ჩამოყალიბებაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ედუარდ სტეტინიუსის შეფასებებმა. სტეტინიუსმა თავის წიგნში _ „რუზველტი და რუსები“ _ განაცხადა: „კონფერენციის ჩანაწერები ნათლად ცხადყოფს, რომ საბჭოთა კავშირს უფრო დიდ დათმობებზე მოუწია წასვლა, ვიდრე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს“. მისი თქმით, რუზველტს, სტალინსა და ჩერჩილს შორის მიღწეული შეთანხმებები სხვა არაფერი იყო, თუ არა „აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ტრიუმფი“, და რომ სირთულეები შეიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული შეთანხმებები არ იქნა დაცული. უნდა აღინიშნოს, რომ სტეტინიუსი არ შეიძლება ჩაითვალოს მიუკერძოებელ პირად იალტის კონფერენციის შედეგების შეფასებისას. ის მონაწილეობდა აღნიშნულ სამიტში, როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და, ბუნებრივია, ყველანაირად ეცდებოდა საკუთარი ქმედებების გამართლებას.
სტეტინიუსს მხარი დაუჭირა აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამნერ უელესმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ დროს რუზველტს არ შეეძლო სცოდნოდა, თუ როგორ სწრაფად მოისპობოდა მის მიერ სტალინთან ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ატმოსფერო მისი სიკვდილის შემდეგ.
მაგრამ მცირე ხანში არენაზე გამოვიდნენ ე.წ. „რევიზიონისტები“ _ ისტორიკოსები, რომლებსაც რუზველტის მიერ თეირანსა და, განსაკუთრებით, იალტაში დაკავებული პოზიცია სულაც არ მოეწონათ. ყირიმის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებები ყველაზე მძაფრად გააკრიტიკა მანამდე პრაქტიკულად უცნობმა ისტორიკოსმა ფ. უიტმერმა, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, თავის წიგნს „ღალატი იალტაში“ უწოდა, ხოლო რუზველტი მოღალატედ გამოაცხადა1.
1. უნდა აღინიშნოს, რომ რომ რუზველტის გარემოცვაშიც იყვნენ პირები, რომლებიც კრიტიკულად შეხვდნენ იალტის შეთანხმებებს. როგორც ჩანს, თავად აშშ-ს პრეზიდენტიც არ იყო ბოლომდე კმაყოფილი ყირიმის კონფერენციის შედეგებით, რადგანაც ა. ბერლთან საუბრისას მან შენიშნა: „ადოლფ! მე არ ვამტკიცებ, რომ ისინი (იალტის შეთანხმებები _ თ.პ.) კარგია, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო“.
მსგავსი განცხადებები გააკეთა ჯ. ფლინმა, რომელიც თავის წიგნში _ „რუზველტის მითი“ _ უფრო შორსაც წავიდა და იალტის კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტის მოქმედებას „უკანასკნელი ღალატი“ უწოდა (ფლინისათვის რუზველტის ლამის მთელი ომისდროინდელი საქმიანობა აშშ-ს ინტერესების ღალატს წარმოადგენს). მან ბრალი დასდო რუზველტს, რომ ის, უკვე მძიმედ ავადმყოფი, აბსოლუტურად მოუმზადებელი წავიდა ამ კონფერენციაზე და საგარეო საკითხებზე მრჩევლად თან წაიყვანა ბირნსი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე1. ამასთან, რუზველტი თურმე არც ბირნსს აყენებდა საქმის კურსში2 და გადაწყვეტილებებს მასთან განხილვის გარეშე იღებდა. კერძოდ, ასე მოხდა მაშინ, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ერთპიროვნულად შეუთანხმდა სტალინს იაპონიის წინააღმდეგ ომში სსრკ-ის ჩართვის სანაცვლოდ სერიოზულ დათმობებზე3.
რუზველტის ამგვარი კრიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა აშშ-ს ე.წ. „ოფიციალური“ ისტორიკოსებისათვის. 1956 წელს ამ დასის წარმომადგენლებმა ჯ. სნელმა, ფ. პოგიუმ, ჩ. დელზელმა და ჯ. ლენსენმა გამოსცეს კრებული „იალტის მნიშვნელობა“. აღნიშნულმა მკვლევრებმა გაამართლეს იალტაში მიღებული გადაწყვეტილებები და ეს ახსნეს იმით, რომ ძალთა თანაფარდობა როგორც დასავლეთში, ისე, პოტენციურად, აღმოსავლეთში საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ იყო შეცვლილი.
1. აღსანიშნავია, რომ თავად ბირნსი ამის მიზეზად პრეზიდენტის ავადმყოფობას ასახელებს, რის გამოც ვერ მოხერხდა ხომალდზე ყოფნისას პრობლემების განხილვა.
2. როგორც ჩანს, ბირნსი მართლაც პრაქტიკულად არანაირად არ მონაწილეობდა კონფერენციის მსვლელობაში და ის იალტაში წაიყვანეს მხოლოდ იმისათვის, რომ შემდგომში მოეხდინა მიღებული გადაწყვეტილებების ლობირება როგორც კონგრესში, ისე საზოგადოებაში.
3. გასაოცარია, მაგრამ თურმე ბირნსს არაფერი სცოდნია ამ შეთანხმების შესახებ. მან მხოლოდ რუზველტის სიკვდილის შემდეგ, როდესაც ის გახდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ტრუმენის ადმინისტრაციაში, შეიტყო აღნიშნული შეთანხმების არსებობის შესახებ (ისიც საბჭოთა მხარის მიერ გამოგზავნილი დეპეშიდან). ამან აიძულა ბირნსი, გაეცა ბრძანება, მოეძებნათ თეთრი სახლის ოფიციალურ დოკუმენტაციაში ზემოხსენებული და, აგრეთვე, ყველა სხვა საიდუმლო შეთანხმება, რომლებიც დადებულ იქნა ომის დროს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამოცემამ სრულიადაც ვერ შეანელა კრიტიკის ქარ-ცეცხლი, რომელიც თავს ატყდებოდა რუზველტის მიერ იალტაში გატარებულ პოლიტიკას. 1959 წელს ჯ. კროკერმა გამოსცა წიგნი _ „რუზველტის გზა იალტისაკენ“, რომელშიც განაცხადა, რომ „ყირიმის კონფერენცია იქცა საერთაშორისო ამორალობის სიმბოლოდ“.
იალტის კონფერენციას შეეხო თავის წიგნში _ „მოწმე ისტორიისთვის“ ჩ. ბოლენი. ის იყო აშშ-ს დელეგაციის ოფიციალური თარჯიმანი აღნიშნულ სამიტზე და, შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანია. ბოლენმა ყირიმის კონფერენციას უწოდა „ყველაზე წინააღმდეგობრივი მოვლენა აშშ-ს ისტორიაში.., რომლის გადაწყვეტილებებსაც ჯერ უდიდესი მიღწევები უწოდეს, ხოლო მერე გააკრიტიკეს ჯერ მარჯვნიდან, შემდეგ კი _ მარცხნიდან“. რაც შეეხება რუზველტს, ბოლენი მის საგარეო პოლიტიკას აფასებს თავისი წიგნის სხვა ადგილას, თეირანის კონფერენციაზე საუბრისას. მისი თქმით, რუზველტი საშუალოდ ერკვეოდა საგარეო საქმეებში, ხოლო თეირანში მხოლოდ ის (ანუ ბოლენი _ თ.პ.) მიხვდა საბჭოთა კავშირის ნამდვილ ზრახვებს.
XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იალტის შეთანხმებების საკითხის განხილვისას აქტიურად ჩაებნენ ე.წ. „ახალი მემარცხენეების“ წარმომადგენლები1. მათი აზრით, საბჭოთა კავშირს სულაც არ სურდა ცივი ომის გაჩაღება და ყველაფერში დამნაშავე აშშ-ს ადმინისტრაცია იყო. ამ ჯგუფის ერთ-ერთი თვალსა ჩინო წარმომადგენელი დ. ფლემინგი ყირიმის კონფერენციის შედეგებს დადებითად აფასებს და ბრალს სდებს აშშ-ს მთავრობას საბჭოთა კავშირის ნამდვილი მიზნების ვერგაგებაში. მისი თქმით, ამერიკელები მხოლოდ მაშინ შეძლებდნენ „საბჭოთა ხალხების მიზნების გაგებას, თუ აშშ აოხრებული იქნებოდა ატლანტიკიდან მისისიპიმდე და დაიღუპებოდა 15 მლნ ამერიკელი, 30 მლნ კი უსახლკაროდ დარჩებოდა“.
1. აღნიშნული მიმდინარეობა ლიბერალურ-კრიტიკული მიმართულების რადიკალური ფრთაა და მისი გავლენა საკმაოდ ძლიერი იყო 60-70-იან წლებში, თუმცა დღესდღეობით საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საგარეო პოლიტიკის დამცველების რაოდენობა და გავლენა მსოფლიოში მეტად მცირეა.
იალტის კონფერენციაზე რუზველტის მოქმედება დადებითად შეაფასა დ. კლემენსმაც. მისი თქმით, ყირიმში სტალინმა მეტი დათმო, ვიდრე მიიღო. აქვე ის სწორედ ამერიკელებს ადანაშაულებს იალტის შეთანხმებების დარღვევაში, რამაც შექმნა დაძაბულობა მსოფლიოში და გამოიწვია „ცივი ომის“ დაწყება. კერძოდ, მისი თქმით, საბჭოთა კავშირის სხვანაირი მოქმედება განაპირობა ვაშინგტონის მხრიდან ზონების შესახებ შეთანხმების გადასინჯვის მცდელობამ საბჭოთა საოკუპაციო ზონაში ჯარების ხანგრძლივად დატოვებით, პოლონეთის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ინტერპრეტაციის შეცვლამ და თეთრი სახლისა და დაუნინგ სტრიტის მიერ რეპარაციებზე უარის თქმამ.
ამავე პერიოდში აღნიშნულ საკითხს შეეხო ა. თეოჰარისიც. მისი თქმით, იალტის კონფერენციის შედეგების გადაფასება გამოიწვია ომის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა და ცივი ომის რეალიებმა, რაც, ფაქტობრივად, ასევე რუზველტის დაცვის ცდას წარმოადგენდა.
ყირიმის კონფერენციის გადაწყვეტილებებს მაღალი შეფასება მისცა ჩ. მიმ, რომელიც ასევე საკმაოდ ახლოს დგას „ახალ მემარცხენეებთან“. მან დაიცვა რუზველტი და განაცხადა, რომ იალტაში მიღწეულ იქნა მთავარი მიზანი _ შეიქმნა წინაპირობა, რათა ომისდროინდელი თანამშრომლობა გაგრძელებულიყო ომის შემდეგაც.
განსხვავებული თვალსაზრისი გამოთქვა ვ. მასტნიმ. მისი თქმით, იალტა, რასაკვირველია, სულაც არ იყო დასავლეთის წარმატება, მაგრამ, ამავე დროს, მან უარყო, რომ ყირიმის კონფერენცია დაგვირგვინდა სტალინის უდიდესი გამარჯვებით. 80-90-იან წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა თეზისი იმის შესახებ, რომ იალტაში მიღებული გადაწყვეტილებები გარკვეულწილად იძულებითი იყო. რ. ბუჰიტის აზრით, ყირიმის კონფერენციაზე დასავლეთის ლიდერებს წარმატების მიღწევის მხოლოდ მოჩვენებითი შანსი ჰქონდათ. დაახლოებით ამავე აზრს ავითარებს ფრანგი მკვლევარი პ. დე სენარკლენი. ის რიტორიკულ კითხვას სვამს, თუ ჰქონდათ ჩერჩილსა და რუზველტს რაიმე პოლიტიკური არჩევანი გარდა საბჭოთა კავშირთან გულწრფელი თანამშრომლობისა, და თვითონვე პასუხობს, რომ აშშისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს სტალინთან მორიგების გარდა სხვა გამოსავალი არც ჰქონდათ. ს. კაშმანმა კი სცადა, რუზველტის მოქმედება გაემართლებინა თვით იაპონიასთან მიღებული გადაწყვეტილებების საკითხში. მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის დათმობები ამ მიმართულებით განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ კვანტუნის არმიის არსებობით და იმის არცოდნით, რომ 1945 წლის დასაწყისისათვის ეს არმია მნიშვნელოვნად შესუსტებული იყო1. თ. პერიშმა კი საერთოდ სწორად მიიჩნია იაპონიის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის ომში ჩაბმის სანაცვლოდ რუზველტის მხრიდან სტალინთან დათმობებზე წასვლა.
1. საინტერესოა, რომ თავის დროზე სტრატეგიული სადაზვერვო სამსახურის უფროსს უილიამ დონოვანს აუკრძალეს ჯაშუშების გაგზავნა კვანტუნის არმიის დასაზვერად. სწორედ ამ გადაწყვეტილებას დააბრალა დონოვანმა იალტაში დაშვებული შეცდომები შორეული აღმოსავლეთის საკითხებში.
ზემოთ ჩამოთვლილ ავტორებს არ ეთანხმება ფ. მარკს III, რომელმაც 80-იანი წლების მიწურულს თავის წიგნში _ „ქარი ქვიშაზე. ფრანკლინ რუზველტის დიპლომატია“ _ რუზველტზე ახალი შეტევა მიიტანა. ფ. მარკსის აზრით, ყირიმში მიღებული გადაწყვეტილებების მთავარი მიზეზი იყო აშშ-ს პრეზიდენტის დიპლომატიური არაკომპეტენტურობა.
90-იან წლებში ყირიმის კონფერენციის გადაწყვეტილებებს შეეხო ა. პერლმუტერი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ რუზველტისათვის იალტაში მნიშვნელოვანი იყო არა ის, რასაც ხელი მოეწერა, არამედ რა დაპირებებიც მიიღო, რამაც გამოიწვია კიდეც ტრაგედია.
ამავე პერიოდში რ. რააკმა აღნიშნა, რომ რუზველტსა და ჩერჩილს იალტაში დიდად არაფრის შეცვლა არ შეეძლოთ ფრონტებზე შექმნილი მდგომარეობის გამო. კერძოდ, მას მოჰყავს მონაცემები, რომ ამ დროისათვის სტალინს უკვე დაწყებული ჰქონდა როგორც პოლონელი მოსახლეობის გადაყვანა კერზონის ხაზის დასავლეთით, ისე უკრაინელებისა _ აღმოსავლეთით.
შორეული აღმოსავლეთის მიმართ რუზველტის პოზიცია გააკრიტიკა ჰ. კისინჯერმა და იალტაში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ყველაზე გაუგებარი უწოდა. მისი თქმით, ზოგიერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გაერკვა, რომ სტალინს სურდა იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაბმა და ამიტომ არ იყო საჭირო ზედმეტი დათმობები.
ა. გროთმა რუზველტის დათმობებს იალტაში უწოდა არა იმდენად არჩევანის გაკეთება რეალობის სასარგებლოდ მორალურობის წინააღმდეგ, არამედ ტიპიურად დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება აწმყო ინტერესებიდან გამომდინარე მომავალი ინტერესების საზიანოდ.
და მაინც, ბოლოს და ბოლოს, რამ განაპირობა ამგვარი წინააღმდეგობრიობა ყირიმის კონფერენციის შედეგების შეფასებებში? საინტერესოა, რომ ყველა მკვლევარი თავის მსჯელობაში იალტაში მიღებული გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, თუმცა ისინი, პრინციპში, არ იძლევა მსგავსი ურთიერთგამომრიცხავი დასკვნების გაკეთების საფუძველს. ამის დასტურად ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ყირიმის კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული სამი ქვეყნის მეთაურის ოფიციალური განცხადება და მონაწილე სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ოქმი, რომელშიც დეტალურადაა ასახული იალტაში მიღებული გადაწყვეტილებები.
ოქმის I ნაწილში ყურადღება ეთმობა მსოფლიო ორგანიზაციის ჩამოყალიბების საკითხებს. კერძოდ, გადაწყდა, რომ გაერთიანებული ერების კონფერენცია მოწვეული უნდა ყოფილიყო 1945 წლის 25 აპრილს აშშ-ში (სან-ფრანცისკოში). უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს (იალტის კონფერენციაზე ასეთად მოიაზრებოდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ და ჩინეთი) მიეცათ ვეტოს უფლება (გარდა პროცედურული საკითხებისა), ხოლო თუ რომელიმე მათგანი მონაწილეობდა დავაში, მას თავი უნდა შეეკავებინა ამ სადავო საკითხზე კენჭისყრისას. ამავე დროს, დადგინდა, რომ დამფუძნებელ კონფერენციაზე მიწვეული იქნებოდნენ გაერთიანებული ერები 1945წ. 8 თებერვლის შემადგენლობით და ის მიმხრობილი ერები, რომლებიც ომს გამოუცხადებდნენ გერმანიას 1945 წლის 1 მარტისათვის. გარდა ამისა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა აიღეს ვალდებულება, რომ მხარს დაუჭერდნენ დამფუძნებელ წევრებად ორი საბჭოთა რესპუბლიკის, კერძოდ, უკრაინისა და ბელორუსიის, მიღებას.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად სტალინისათვის იყო უფრო ხელსაყრელი. მართალია, იალტაში საბჭოთა მხარის დათმობად ჩაითვალა უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას მუდმივი წევრებისათვის ვეტოს უფლების მინიჭება, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ვეტო არა მარტო რუზველტისათვის იყო მომგებიანი, რამეთუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირი მშვენივრად იყენებდა მას საჭიროების დროს და ბლოკავდა მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მათგან მნიშვნელოვანი მხოლოდ 16 ხმაზე უარის თქმა იყო, ვინაიდან დანარჩენი ორი ქვეპუნქტი ადრე თუ გვიან მაინც უნდა განხორციელებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში გამარჯვებულებს მსოფლიო დიქტატში დაედებოდათ ბრალი. ასე რომ, იქ არც სტალინს და არც სხვა ვინმეს არ შეეძლო, წინ აღსდგომოდა მთელი რიგი ქვეყნების გაეროში გაწევრიანებასა და ამ ორგანიზაციის ტრიბუნის გამოყენებას. რასაკვირველია, ლათინური ამერიკის ქვეყნებს ძირითადად პროამერიკული პოზიციები ეკავათ და გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრისას აშშ-ს მთავრობის მითითებებს გაითვალისწინებდნენ, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგანაც იმ დროისათვის გაეროში საბჭოთა კავშირი პრინციპული საკითხების განხილვისას მაინც უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. სწორედ ამიტომ იყო სტალინისათვის მნიშვნელოვანი ყველა საბჭოთა რესპუბლიკის გაწევრიანება გაეროში, მაგრამ, ვინაიდან რუზველტისა და ჩერჩილის მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა, მან ამ წინადადების გატანა ვერ მოახერხა. შედეგად, საბჭოთა ლიდერმა თანხმობა მიიღო მხოლოდ უკრაინისა და ბელორუსიის შეყვანაზე გაეროში, რაც, თავის მხრივ, ნამდვილად დიპლომატიურ გამარჯვებას წარმოადგენდა, რადგანაც დაირღვა პრინციპი: ერთი სახელმწიფო _ ერთი ხმა.
დოკუმენტის II ნაწილში განთავსებულ იქნა დეკლარაცია განთავისუფლებული ევროპის შესახებ. მხარეებმა ერთმანეთს აღუთქვეს, რომ გაატარებდნენ ერთობლივ პოლიტიკას გერმანიის ბატონობისაგან განთავისუფლებული ევროპული ქვეყნების მიმართ და დაეხმარებოდნენ მათ ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაში. ამავე დროს, ისინი ადასტურებდნენ თავიანთ ერთგულებას ატლანტიკური ქარტიის პრინციპებისადმი1 და აცხადებდნენ, რომ ნებისმიერ ერს შეეძლო, თავად აერჩია ქვეყნის მმართველობის ფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ დეკლარაცია სტალინს სულაც არ ზღუდავდა. პირიქით, მან ზემოთ მოყვანილი დებულებების კარგად გამოყენება შეძლო კიდეც2.
ოქმის III-V პუნქტები დაეთმო გერმანიის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებს. შეთანხმებული ვარიანტის თანახმად, გერმანიაში სამ მოკავშირეს ექნებოდა უზენაესი ხელისუფლება, რომლის განხორციელებისას ისინი მიიღებდნენ უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს, განახორციელებდნენ გერმანიის სრულ განიარაღებას, მის დემილიტარიზაციასა და დაყოფას. ამავე დროს, მოხდა საოკუპაციო ზონების დაყოფა და გადაწყდა თავისი ზონის გამოყოფა საფრანგეთისათვის ბრიტანული და ამერიკული ზონების ხარჯზე. გარდა ამისა, საფრანგეთი შეყვანილ იქნა საკონტროლო საბჭოში გერმანიის შესახებ. როგორც ზემოთ ვნახეთ, რეპარაციების საკითხზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რისი მიზეზიც ბრიტანელების პოზიცია გახდა. ჩერჩილი საკმაოდ პესიმისტურად უყურებდა რეპარაციების საკითხს და, შეიძლება ითქვას, წინააღმდეგობას ბოლომდე ვერ უწევდა ამ საკითხის განხილვას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გაუგებარი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ოქმში ასახვა ჰპოვა გადაწყვეტილებამ რეპარაციების გადახდის თაობაზე, მაგრამ თანხა განსაზღვრული არ იქნა.
1. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: თ. პაპასქირი. ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნის სათავეებთან. ატლანტიკური კონფერენცია. _ „საისტორიო ძიებანი“, I. თბ., 1998, გვ. 189-198; თ. პაპასქირი. მეორე ფრონტის მომზადებისა და განხორციელების პრობლემა აშშ-ინგლისის დიპლომატიაში. 1941-1943, თბ., 2002, გვ. 23-34.
2. რ. ნისბეტის თქმით, სწორედ ამ დეკლარაციამ დააკანონა საბჭოთა სიუზერენიტეტი ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაზე.
გერმანიის საკითხების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები ასევე არ ნიშნავდა სტალინის მარცხს. საფრანგეთისათვის საოკუპაციო ზონის მიცემა არ იყო სტალინის მხრიდან რაიმე განსაკუთრებულ დათმობაზე წასვლა, რადგანაც ის გამოიყოფოდა ბრიტანული და ამერიკული საოკუპაციო ზონებიდან და საბჭოთა მხარე ამით არაფერს არ კარგავდა. უფრო მეტიც, ამით მხოლოდ ჩერჩილი და რუზველტი იჩენდნენ ზედმეტ სატკივარს, რადგანაც შარლ დე გოლი სულაც არ იყო მათთვის მაინცდამაინც მისაღები პიროვნება. რაც შეეხება საფრანგეთის საკონტროლო კომისიაში შეყვანას, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ გამომდინარეობდა საოკუპაციო ზონის გამოყოფის საკითხიდან და, ამასთანავე, სულაც არ უშლიდა რაიმეთი ხელს საბჭოთა კავშირს, რადგანაც საკონტროლო საბჭოში ყველა საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო კონსენსუსის საფუძველზე. განსხვავებული სიტუაცია იყო რეპარაციების საკითხთან დაკავშირებით. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება უბრალოდ არ იქნა მიღებული, მაგრამ, ძირითადად, შეიძლება აღინიშნოს, რომ ამ საკითხში სტალინი მართლაც დამარცხდა, რადგანაც ვერ მოახერხა შემდგომში საკუთარი წინადადების გატანა და იძულებული გახდა, უარი ეთქვა ფულად კომპენსაციაზე. ფაქტობრივად ეს იყო იალტაში სტალინის მიერ განცდილი ერთადერთი დიპლომატიური მარცხი. ოქმის VI ნაწილში დაფიქსირდა კონფერენციის მონაწილეთა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მთავარი სამხედრო დამნაშავეების საკითხი განეხილათ საგარეო საქმეთა მინისტრებს შესაბამის დროს მოხსენების გასაკეთებლად.
კონფერენციაზე, როგორც ვნახეთ, ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა პოლონეთის საკითხის განხილვას. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე საკმაოდ ხანგრძლივი დებატები მიმდინარეობდა, იალტაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას პოლონეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პოლონეთის მომავალი საზღვრების შესახებ მაინც ვერ მიაღწიეს. ოქმის VII ნაწილში დაფიქსირდა სამი ქვეყნის ლიდერებს შორის იალტაში მიღწეული შეთანხმება, რომ დროებითი მთავრობა დაკომპლექტებულიყო როგორც ლუბლინის მთავრობის, ისე პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის წევრებით, თუმცა ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ როგორი იქნებოდა მათი წარმომადგენლების პროცენტული შეფარდება. საზღვრების შესახებ კი დადგინდა, რომ აღმოსავლეთი საზღვარი გაივლიდა ე.წ. „კერზონის ხაზზე“, ზოგიერთ ადგილას 5-8 კმ-ით პოლონეთის სასარგებლოდ გადაწევით, ხოლო დასავლეთი საზღვარი გაივლიდა მდ. ნოისეზე, თუმცა არ იქნა დაკონკრეტებული _ აღმოსავლეთ ნოისეზე თუ დასავლეთ ნოისეზე. ჩვენი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილებები სტალინის გამარჯვებას ნიშნავდა. მართალია, მან უკან წაიღო წინადადება პოლონეთის დასავლეთ საზღვრად მდ. დასავლეთ ნოისეს მიჩნევის შესახებ, მაგრამ სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ პოტსდამში მიღებულ იქნა ამ საკითხის გადაწყვეტის სწორედ მისეული ფორმულა. კერზონის ხაზიდან საზღვრის ოდნავ აღმოსავლეთით გადმოწევამ კი მას ძალიან დიდი დიპლომატიური წარმატება მოუტანა, რადგანაც მან შეძლო, ჩერჩილი და რუზველტი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა, რის შედეგადაც აიძულა ისინი, ეცნოთ საბჭოთა კავშირის დასავლეთი საზღვარი, ანუ ის მიწები, რომლებიც სტალინმა ჰიტლერთან დადებული პაქტით მიიღო. არც ლუბლინის მთავრობის რეორგანიზაცია აღმოჩნდა სტალინისათვის წამგებიანი. მან შეძლო ამ რეორგანიზებულ მთავრობაში უმრავლესობის მიღება, რის შედეგადაც მოახერხა პოლონეთის სსრ კავშირის სატელიტ სახელმწიფოდ გადაქცევა. ოქმის VIII-X პუნქტებში აისახა იუგოსლავიასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ: რეკომენდაცია ტიტოსა და შუბაშიჩისათვის, დაუყოვნებლივ აემოქმედებინათ მათ შორის დადებული ხელშეკრულება1, რის შემდეგაც ახალ მთავრობას უნდა შეექმნა დროებითი პარლამენტი ანტიფაშისტური ვეჩესა და ძველი სკუპშჩინის იმ წევრების ბაზაზე, რომლებმაც უარი თქვეს მტერთან თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, გადაწყდა იტალიაიუგოსლავიისა და იუგოსლავია-ბულგარეთის საზღვრების საკითხის მომავლისათვის გადადება. ფაქტობრივად, ყოველივე ეს სტალინსა და ჩერჩილს შორის უფრო ადრე (1944წ. ოქტომბერში) მოსკოვში მიღწეული შეთანხმების შედეგი იყო. ასე რომ, ეს არ იყო იალტაში დასავლეთელი მოკავშირეების მიერ იალტაში გამოვლენილი დიპლომატიური ნიჭის შედეგი. თანაც, საბოლოო ჯამში, იუგოსლავია სოციალისტური სახელმწიფო გახდა და საბჭოთა ბლოკის უშუალო წევრად არ იქცა მხოლოდ სტალინსა და ტიტოს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო.
1. ეს ხელშეკრულება გაფორმდა 1944წ. 1 დეკემბერს.
ოქმის XI და XII ნაწილებში შესაბამისად აისახა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სპარსეთის საკითხების შესახებ გამართული განხილვების შედეგები, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები ოქმში არ იქნა დაფიქსირებული.
და ბოლოს, გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები რეგულარულად (3-4 თვეში ერთხელ მაინც) შეხვედროდნენ ერთმანეთს რიგრიგობით მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში, ხოლო პირველი სხდომა გამართულიყო ლონდონში. ყოველივე ეს აისახა ოქმის XIII პუნქტში. ბუნებრივია, რომ აღნიშნულ საკითხში რომელიმე მხარის დიპლომატიურ გამარჯვებაზე საუბარი უბრალოდ შეუძლებელია.
ოქმის დასკვნითი XIV პუნქტი მონტრეს კონვენციასა და სრუტეებს ეხებოდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ ამ საკითხს, ხოლო თურქეთის მთავრობას საჭირო დროს აცნობებდნენ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ამით სრულდება ოფიციალური ოქმი, თუმცა ერთ-ერთი უმთავრესი შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ყირიმში, მასში არ შევიდა. საუბარია შორეული აღმოსავლეთის საკითხებზე დადებულ ხელშეკრულებაზე. ჩვენი აზრით, სტალინის მიერ იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაბმის სანაცვლოდ მიღებული დივიდენდები ფასდაუდებლად შეიძლება ჩაითვალოს. აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა აღუთქვეს საბჭოთა კავშირს სამხრეთ სახალინის დაბრუნება, კურილის კუნძულების გადაცემა, პორტ-არტურსა და დაირენზე საიჯარო უფლებების, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში ზოგიერთი მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატირების უფლების გადაცემა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის იმდროინდელი სტატუსის შენარჩუნება. ამის ყველაფრის თავიდათავი იყო აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი, რომელმაც ყველაფერი ეს სტალინს მისცა იმის სანაცვლოდ, რის გაკეთებასაც საბჭოთა ლიდერი ისედაც აპირებდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ვერ გათვალა, რომ სტალინი თვითონ იყო დაინტერესებული იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაბმით, რადგანაც ამას მისთვის ძალიან დიდი სარგებელი შეეძლო მოეტანა. პირველ რიგში, საბჭოთა ლიდერს სურდა იაპონიის გამოძევება ჩინეთიდან და იქ საბჭოთა გავლენის დამყარება. არადა, რუზველტს ოდნავ მაინც რომ ეფიქრა ასეთ შესაძლებლობაზე, მას შეეძლო ბევრად უფრო ნაკლებ დათმობებზე წასვლა, რაც ცივ ომში საბჭოთა მხარის პოზიციებს მნიშვნელოვნად შეასუსტებდა1.
ამრიგად, იალტის კონფერენციის შეფასებისას თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან ყველაზე დიდი სარგებელი საბჭოთა კავშირმა მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ გააფთრებული ბრძოლა, რომელსაც სამივე ლიდერი აწარმოებდა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ომისშემდგომი მსოფლიო, სტალინის დიპლომატიური გამარჯვებით დასრულდა. ჩერჩილმა, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ქვეყანა უკვე დავიდა მხოლოდ და მხოლოდ მესამე მოკავშირის სტატუსამდე, პრაქტიკულად მაქსიმუმი გამოწურა თავისი შესაძლებლობებიდან, თუმცა, ჩვენი აზრით, მისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეში იყო, რადგანაც პოლონეთის საკითხი მაინც ფაქტობრივად წაგებული იქნა. რაც შეეხება რუზველტს, აშშ-ს პრეზიდენტისათვის ყირიმის კონფერენცია ნამდვილად წარუმატებლად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც მას თავისუფლად შეეძლო გაცილებით ნაკლები დათმობებით შემოფარგლულიყო.
1. აქ აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: თავის დროზე, 1941წ. მაისში ლ. შტეინჰარდტმა, რომელიც იმ პერიოდში აშშ-ს ელჩი იყო საბჭოთა კავშირში, დაწვრილებით აღუწერა სახელმწიფო დეპარტამენტს ის დიპლომატიური მეთოდები, რომელსაც იყენებდა საბჭოთა მხარე მოლაპარაკებების წარმოებისას. მოხსენება მთლიანად ეყრდნობოდა ერთ-ერთი ფინელი დიპლომატის (შტეინჰარდტს არ აქვს მოყვანილი მისი გვარი მოხსენებაში, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს ტანერი _ თ.პ.) მონათხრობს. ფინელი დიპლომატი, რომელსაც 50-ჯერ მოუწია შეხვედრა სტალინსა და მოლოტოვთან, აღნიშნავდა, რომ საბჭოთა მხარისათვის დამახასიათებელი იყო მაღალი საფასურის მოთხოვნა იმის სანაცვლოდ, რის გაკეთებასაც ის ისედაც აპირებდა. გარდა ამისა, მისი თქმით, საბჭოთა დიპლომატები ყველაფერზე მაღლა აყენებდნენ პრესტიჟს, ცოტას მიღების შემდეგ კიდევ უფრო მეტს ითხოვდნენ, არასოდეს ამბობდნენ უარს დღევანდელ კვერცხზე ხვალინდელი ქათმის იმედით, ყურადღებას აქცევდნენ მხოლოდ საქმეს და არა ნათქვამს, არ აინტერესებდათ ეთიკური თუ ჰუმანური მოტივები და ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ პრაქტიკული და რეალისტური წინაპირობებით. ძნელი სათქმელია, მიაღწია თუ არა ამ მოხსენებამ რუზველტამდე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტს თავისი სახელმწიფო მდივნისა და საერთოდ დეპარტამენტის დიპლომატებისადმი, რომელთაც ის „ძველმოდურ ბიუროკრატებს“ უწოდებდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ მას ამ ინფორმაციისათვის ყურადღება მიექცია.
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3
Комментариев нет:
Отправить комментарий