воскресенье, 22 июля 2018 г.

მძევლის საკითხი თეიმურაზ I-ისა და მოსკოვის დიპლომატიურ ურთიერთობაში

თეიმურაზ მეფისდროინდელ საქართველო-რუსეთის დიპლომატიურ ურთიერთობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მოსკოვში უფლისწულის გაგზავნის საკითხმა შეიძინა. იმასთან დაკავშირებით, მოსკოვში გაგზავნილი უფლისწული როგორი სტატუსით სარგებლობდა, იყო თუ არა იგი მძევალი, გამოთქმულია მოსაზრებები, რომლებიც, ვფიქრობ, ძირითადად, არ ასახავს ისტორიულ სინამდვილეს.
ქართულ სახელმწიფოს, მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, დამპყრობლისა თუ მეგობრისათვის მძევლის მიცემის დიდი გამოცდილება ჰქონდა. ქართველ ხელისუფალთ თვითონაც ხშირად ჰყოლებიათ მეზობელი სამეფო-სამთავროების მბრძანებელთა და დიდებულთაგან ნებით თუ ძალით წამოყვანილი მძევლები. ძველ სამყაროში და, განსაკუთრებით კი, ფეოდალური საზოგადოებისათვის მძევლის მიცემა-აყვანა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მძევალი, გარკვეული გაგებით, მძევლის მიმცემის მიერ დათქმული პირობის შესრულების გარანტია იყო. იყო შემთხვევები, როდესაც გამარჯვებული, ძლიერი მხარეც აძლევდა მძევალს შედარებით სუსტ ან დამარცხებულ ყოფილ მოწინააღმდეგეს, რათა მას დამ- შვიდებით ეგრძნო თავი ძლიერის წინაშე, რომ ისიც ერთგული და დამცველი იქნებოდა სუსტისათვის მიცემული პირობისა.
ქართველებს გვიან შუა საუკუნეებში ცხოვრება უხდებოდათ მუსლიმანური სახელმწიფოების გარემოცვაში და მძევალსაც მათ აძლევდნენ. ასე, რომ იგი, მძევალი, დიპლომატიური საქმიანობის გარკვეული ინსტრუმენტს წარმოადგენდა.
ბიზანტიის სახელმწიფოს მოსპობის შემდეგ, ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების და ირანის აგრესიისაგან მისი დაცვის სურვილს სიტყვიერად გამოხატავდა, იყო მოსკოვის სახელმწიფო.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში მძევლის საკითხი პირველად XVI . 90-იან წლებში დადგა, როდესაც მოსკოვმა შაჰ თამაზ I-ის მიერ 1575/1576 წელს ირანში მძევლად წაყვანილი ალექსანდრე II კახთა მეფის ვაჟის კონსტანტინეს მოსკოვში წაყვანა მოინდომა.
1588 წელს შაჰ აბას I-ის ელჩის წინაშე საქართველოსა და ქართველ უფლისწულზე საუბრის დაწყებით, მოსკოვში საქართველოს მიმართ ირანის პოზიციის გარკვევა სურდათ. მაგრამ შაჰის ელჩისგან ბევრი ვერაფერი შეიტყვეს. იგი მოხერხებულად არიდებდა თავს ამ არასასიამოვნო საუბარს და გადაკვრით აგრძნობინებდა რუს დიპლომატებს, რომ კონსტანტინეს საკითხში არაფერი იყო ისეთი, რომელიც რუსეთისა და ირანის ურთიერთობას შეაფერხებდა.
ცნობილია, რომ იმხანად ირანი თურქეთით შევიწროებული, რუსეთთან მეგობრობას ეძებდა და რუსეთის დიპლომატიამ, ალბათ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, კახეთის სამეფოს გასხვისების საკითხი უფრო მარტივად წარმოიდგინა ირანისათვის, ვიდრე იგი სინამდვილეში იყო. მოსკოვში ასეთი შეხედულების შემუშავებას თვით ირანელმა დიპლომატებმა შეუწყვეს ხელი _ აღნიშნავდა . ცინცაძე1.
1ცინცაძე ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის წარსულიდან. ივ. ჯავახივილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, I, თბ., 1955, გვ. 246.
შაჰის კარზე კონსტანტინე უფლისწულის საკითხი დააყენა მოსკოვის ელჩმა ზვენიგოროდსკიმ. კონსტანტინეს მოსკოვში წაყვანით რუსთ ხელმწიფე ერთდროულად რამდენიმე მიზნის მიღწევას ისახავდა. ჯერ ერთი, უფლისწულის საკითხი, ფაქტობრივად, კახეთის საკითხი იყო. რუსეთი კონსტანტინე უფლისწულს ირანიდან თუ წაიყვანდა, ეს ირანის მიერ კახეთზე რუსეთის უფლების აღიარება, ხოლო ირანის კახეთზე სიუზერენობის დაკარგვის გამოხატულება იქნებოდა. მოსკოვის მოთხოვნა შაჰმა სწორედ ასე შეაფასა. შაჰს შეეძლო გამაჰმადიანებული კონსტანტინე კახეთის ტახტის პრეტენდენტად გადაექცია, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა. კახეთის ტახტზე მაჰმადიანი მეფე რუსეთისათვის მიუღებელი იყო. სწორედ ამითი იყო გამოწვეული შაჰის კარზე მოსკოვის ელჩების აქტიურობა კონსტანტინეს ხელში ჩასაგდებად. იმავე დროს, როგორც ბორის გოდუნოვის ელჩის, ივანე ვსევოლოდსკის ხელით საქართველოში გაგზავნილი სიგელიდან ჩანს, იგი მოითხოვდა, რომ ამის შემდეგ მოსკოვთან შეთანხმების გარეშე კახეთის მეფეს მაჰმადიანი მბრძანებლებისთვის მძევალი აღარ მიეცა2. ქრისტიანული სახელმწიფო კი საქართველოს უშუალო მეზობლობაში, გარდა მოახლოებული რუსეთისა სხვა აღარ ჰყავდა. მაშასადამე, ალექსანდრე მეფეს მძევალი მხოლოდ მფარველისათვის უნდა მიეცა. ასეც სწერდნენ ალექსანდრე მეფეს მოსკოვიდან1.
1593 წელს ბორის გოდუნოვმა შაჰ აბასს ერთხელ კიდევ სთხოვა, ყაზვინში მძევლად მყოფი კახეთის უფლისწული კონსტანტინეს განთავისუფლება. ბორის გოდუნოვი შაჰს ჰპირდებოდა, რომ ალექსანდრე მეფე მძევლის გარეშეც ირანის ერთგული იქნებოდა.
განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენება, იმავე წელს, ბორის გოდუნოვის მიერ, თავისი წერილითა და ელჩის საშუალებით, ალექსანდრე კახთა მეფისათვის მის მიერ დატყვევებული თავისი ურჩი ძმისწულების მოსკოვში გაგზავნის თხოვნა. მოსკოვის მეფის ამ თხოვნას ელჩი იმით ასაბუთებდა, რომ ვაითუ კახეთის მეფის მოწინააღმდეგე ძმისწულები მისმა მტრებმა გამოიყენონო2.
ბორის გოდუნოვის ამ კეთილშობილურ წინადადებას . ცინცაძემ ორი ახსნა მოუძებნა. ერთი ის, რომ შეიძლება მოსკოვის ხელისუფლება მართლაც შეშფოთებული იყო ალექსანდრეს ძმისშვილები მისი მტრის, ამ შემთხვევაში ოსმალეთის ან ირანის ხელში აღმოჩენილიყვნენ, ამით მოსკოვის მომხრე ალექსანდრეს საქმე წახდებოდა, რაც მოსკოვისთვისაც საზიანო იქნებოდა. მეორეც, ალექსანდრეს მტრებს შეიძლებოდა ისინი კახეთის ტახტის პრეტენდენტებად გადაექციათ3.
1. Веселовский Н. Памятники дипломатических и торговых сношений Московской Руси с Персией, I, СПб., 1890, с. 275.
2. Сношения России с Кавказом. Матерялы, извлеченные из Московского Главного Архива Министерства иностранных дел Сергеем Белокуровым, вып. I, М., 1889, с. 263.
3. ცინცაძე ., დასახ. ნაშრ., გვ. 249.
მოსკოვს, რა თქმა უნდა, თავისი ანგარიშები ჰქონდა, რომელსაც კახეთის მფის ინტერესებისათვის ზრუნვის შესახებ კეთილშობილური ფრაზებითა ნიღბავდა. ბუნებრივია კითხვა: რისთვის უნდოდა რუსეთის ხელისუფლებას ალექსანდრეს მიერ ქრისტიანობისა და თავისი ტახტის მტრებად გამოცხადებული ქართველი ბატონიშვილების მოსკოვში ყოლა?
ვფიქრობ, სწორად განსაჯეს გრემში, რომ მათი მოსკოვში ყოფნა არაფერ სასიკეთოს არ მოუტანდა კახეთის სამეფოს. კახეთში ბორის გოდუნოვის თხოვნა ისე გაიგეს, თითქოს ის შერისხულ ბატონიშვილებს მფარველობას უპირებდა და შეიძლებოდა მოსკოვის მთავრობას ისინი ალექსანდრე მეფეზე ზეწოლისათვის გამოეყენებინა. არ გამოვრიცხავ, რომ ქართველი ბატონიშვილების გამო რუსეთის აქტიურობამ განაპირობა ან დააჩქარა ალექსანდრეს მიერ მათი დასჯა. ალქსანდრე მეფემ მოსკოვში გაგზავნილ თავის სიგელში მოსკოვის კარის ინიციატივის გამო გაკვირვება გამოხატა და ისიც აცნობა, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილნი არიანო. . ცინცაძე აღნიშნავდა: მაგრამ ჩვენ არ გვგონია, რომ რუსეთის დიპლომატიას ამ ბატონიშვილების რუსეთში გადასახლებით მძევლის ხელში ჩაგდება სურდა1. რა თქმა უნდა, შერისხული ბატონიშვილები მძევალი ვერ იქნებოდნენ და მათ თუ რამ ცუდი შეემთხვეოდათ ამის გამო კახეთის მეფე დიდად თავს არ გამოიდებდა, მაგრამ გარკვეულ ვითარებაში ისინი კახთა მეფეზე ზეწოლისა და შანტაჟისათვის კი გამოდგებოდნენ. როდესაც საქართველოდან მძევლის წაყვანის და სამეფო კარზე ზემოქმედების ამგვარი საშუალების მოპოვების მცდელობამ არ გაამართლა, მოსკოვმა ტაქტიკა შეცვალა.
თეიმურაზის კარზე ისიც ცნობილი იყო, რომ მოსკოვის სამეფო ოჯახმა რამდენჯერმე სცადა ნათესაური კავშირი დაემყარებინა ბაგრატიონთა, ქრისტიანულ სამყაროს ერთ-ერთ უძველეს და სახელგანთქმულ სამეფო გვართან, რაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინტერესით იყო განპირობებული.
1. იქვე, გვ. 250.
1604-1605 წლებში რუსეთის ელჩ ტატიშჩევს დაევალა ბორის გოდუნოვის ქალ-ვაჟისათვის საქართველოში საქმრო და საცოლე შეერჩია. ელჩმა სარძლოდ ქართლის სამეფოში გიორგი მეფის ასული (თინათინი, იგივე ლელა-ელენე) შეარჩია, მაგრამ ქართლის სამეფო დარბაზმა, ასევე პოლიტიკური მოსაზრებით, უარყო მოსკოვის წინადადება: ქორწინება, რომელიც ქართლის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლასაც გულისხმობდა, ირანისა და ოსმალეთის უკმაყოფილებას გამოიწვევდა1.
სასიძოც ქართლში შეირჩა _ მუხრანის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი ხოსრო ბატონიშვილი. რუსეთის ხელმწიფის კარს განზრახული ჰქონდა იგი მოსკოვში ზედსიძედ წაეყვანა. მაგრამ ქართლის სამეფო საბჭომ მხარი არ დაუჭირა ამგვარ ქორწინებას იმ მოტივით, რომ შეიძლებოდა შემდგომში რუსთ ხელმწიფეს თავისი სიძის ქართლში გამეფება მოეწადინებინა2. მართალია, რუსი ელჩი ბევრს ეცადა ამგვარი აზრის მცდარობაში დაერწმუნებინა ქართლის პოლიტიკოსები, მაგრამ ამაოდ. ისინი მტკიცედ დადგნენ თავიანთ პოზიციაზე. მასალების არქონა არ იძლევა გარკვევის საშუალებას, ამგვარი ნათესაობის დამყარების შემდეგ, რას მოიმოქმედებდა მოსკოვის მთავრობა ქართლის სამეფოში, მაგრამ ცხადია, ქართლის სამეფო კარს რისკზე წასვლა არ უნდოდა. იმის თქმა, რომარც ხოსრო ბატონიშვილი იყო მძევლად გამიზნული რუსეთის დიპლომატიის მიერ3, გულუბრყვილობად მეჩვენება. არავის შეეძლო მაშინ წინასწარ განეჭვრიტა როგორ განვითარდებოდა მოვლენები, როგორი შესაძლებლობები გაუჩნდებოდა მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში და გოდუნოვის სიძე როგორ მნიშვნელობას შეიძენდა შეცვლილ ვითარებაში. ისტორიული გამოცდილება ქართლისა და კახეთის პოლიტიკოსებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებდა. რად ღირდა თუნდაც თეიმურაზ I-ის უფლისწულების სხვა ქვეყნის კარზე გაშვების უმწარესი გამოცდილება. გასახსენებლადაც კი შემაძრწუნებელია მისი ორი ვაჟის მიმართ შაჰ აბას I-ის ბარბაროსული მოპყრობა და მისი დედის, დედოფალ ქეთევანის მოკვდინება. ამ ტრგიკული ამბებიდან გავიდა თითქმის 40 წელი და თეიმურაზ I-ის წინაშე კვლავ დადგა მძევლის გაცემის პრობლემა.

1. Сношения России с Кавказом, . 498-499. ლელა-ელენე, იგივე თინათინი, ჯერ შაჰ აბას I-ის ცოლი იყო, შემდეგში (1622 .) იგი შაჰმა ფეიქარ-ხანს აჩუქა. გიორგი საკაძემ სცადა იგი ფეიქარ-ხანისთვის წაერთმია და ზურაბ ერისთავისთვის შეერთო (ქართლის ცხოვრება II, გვ. 407). ეს ის ელენე უნდა იყოს, რომელიც სამიჯნურო წერილებს სწერდა ზურაბ ერისთავს. ელენესა და ზურაბს შორის სამიჯნურო ურთიერთობა უნდა დამყარებულიყო ზურაბის ირანში ყოფნის დროს (1618-1620 წწ.). ამიტომ იყო, რომ ქართველები ცდილობდნენ ლელა-ელენე ფეიქარ-ხანისათვის წართმიათ და ზურაბ ერისთავისათვის შეერთოთ (ძოწენიძე ., ელენე ხანუმის ვინაობისათვის. კრ. ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები, VII-VIII, თბ., 1976, გვ. 234-246).

2. Там же, . 504.
3. ცინცაძე ., დასახ. ნაშრომი, გვ. 253.
თეიმურაზ მეფე იმ კულტურულ-პოლიტიკური გარემოს შვილია, რომლისთვისაც მძევალი გარკვეული გეგმის განხორციელების და პოლიტიკური ოპონენტის ნდობის მოპოვების უკანასკნელი საშუალებაა. განვლილმა ურთიერთობამ კახეთის მეფე დაარწმუნა, რომ რუსეთის ხელმწიფე და მისი დიპლომატები მას ბოლომდე არ ენდობოდნენ და, როგორც ზემოთ განხილული მასალებიდან გამომდინარე არაერთხელ აღინიშნა, არც თეიმურაზ მეფე ენდობოდა რუსეთის ხელმწიფესა და მის მოხელეებს და ამის შესახებ პირდაპირაც განუცხადებია.
ვარაუდობენ, რომ თეიმურაზ მეფემ, იმისათვის რათა რუსეთის ხელისუფლება მეტი მონდომებითა და ნდობით მოჰკიდებოდა მისი სათხოვარის ასრულებას, მან 1646 წელს საგანგებო ელჩი გიორგი ჩოლოყაშვილი მოსკოვში გაგზავნა და დაავალა რუსეთის ხელმწიფისათვის შეეთავაზებინა ის, რის გაკეთებასაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოში XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე ცდილობდა. თეიმურაზი ხელმწიფეს სთავაზობდა თავის ორ შვილიშვილს, დავითის ვაჟებს _ გიორგის საყმოდ (в холопи) და ლუარსაბს სასიძოდ, იმ პირობით, რომ მეფე ალექსი მიხეილისძეს თავისი და საქართველოში უნდა გამოეშვა, სამაგიეროდ გიორგი მოსკოვში დარჩებოდა1.
როგორც ითქვა, თეიმურაზ მეფემ ლუარსაბისათვის ხელმწიფის დის, ტატიანას, დასაწინდად სამკაულებიც კი გაგზავნა მოსკოვში, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ქართველ ელჩს ისინი უკან დაუბრუნეს, იმ პირობით, რომ უფლისწული გიორგის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ლუარსაბის საცოლეს საქართველოში გამოაგზავნიდნენ2.
1. Переписка, с. 64.
2. ცინცაძე ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის არქივიდან (XVII .). ჟურნ. მიმომხილველი, II, 1951, გვ. 128.
ისევე, როგორც თეიმურაზ მეფის მრავალი სხვა გეგმა, ესეც განუხორციელებელი დარჩა. გიორგი ბატონიშვილი მალე გარდაიცვალა. დარჩა ორი უფლისწული _ ლუარსაბი, რომელსაც თეიმურაზი თავის მემკვიდრედ ამზადებდა და მცირეწლოვანი ერეკლე, რომელიც მოსკოვში გასაგზავნად მეფეს ჯერ არ ემეტებოდა. იგი უფლისწულის გაუგზავნელობის მიზეზად უსახსრობასაც ასახელებდა.
თეიმურაზ მეფე ძლიერ დაინტერესებული იყო რუსეთის სამეფო ოჯახის ასულის კახეთში გადედოფლებით, რაც, ალბათ, მისი ვარაუდით, რუსეთს საქართველოში ირანის აგრესიის შემაფერხებელ ძალად გადააქცევდა. როგორც თეიმურაზ მეფე ალექსი მიხეილის ძეს სწერდა, ტატიანა, ლუარსაბის გარდა, სხვაზე მაინც ვერ გათხოვდებოდა, რადგან ლუარსაბი იყო ერთადერთი მართლმადიდებელი უფლისწული და კახეთის ტახტის მემკვიდრე (1. იქვე.). მაგრამ რუსეთის სამეფო კარმა ამგვარ შეთავაზებაზე თავი შეიკავა. თავშეკავების ორი მიზეზი უნდა ყოფილიყო: თეიმურაზ მეფისა და უფლისწულის არამყარი მდგომარეობა და ისიც, რომ მეფის ასულის საქართველოში დამკვიდრება რუსეთის სამეფო კარს ამ ქვეყნის პრობლემებთან დააახლოებდა და აქტიური მოქმედებისაკენ უბიძგებდა.
რუსული წყაროების მიხედვით, უფლისწულის მოსკოვში გაგზავნის ინიციატორი თეიმურაზ მეფე იყო. მაგრამ მეფისა და რუსეთის ელჩების მოლაპარაკების მსვლელობა და უფლისწულის მოსკოვში გაგზავნის საკითხის სერიოზული გამწვავება, სხვაგვარ ვარაუდს წარმოშობს. ხომ არ იყო თეიმურაზ მეფის ინიციატივამოსკოვის მიერ პროვოცირებული? კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა აღინიშნოს რუსული დიპლომატიის ერთი თავისებურება. ხელმწიფის ელჩები, ხშირად, მოსკოვში მიღებული დავალების შესაბამისად, თავიანთთვის საინტერესო საკითხზე წერილობითი თხოვნა კი არ მოჰქონდათ ქართველ მეფესთან, არამედ ზეპირი.
ქართველი მეფის თანხმობის შემთხვევაში, შეთანხმების ტექსტი ისე იწერებოდა, თითქოს ქართველების თხოვნის დაკმაყოფილება ხდებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ქართველი უფლისწულის მოსკოვში გაგზავნის ინიციატივაც მოსკოვიდან წამოვიდა. სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ თეიმურაზის მიერ 1658 წლის 31 აგვისტოს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, ბოიარ თავად ივანე ანდრიას ძე ხილკოვისა და სათათბიროს დიაკის ლარიონ ლოპუხინისათვის, თეიმურაზ მეფის ნათქვამი: როდესაც მან ალექსი მიხეილის ძის, ხელმწიფის მამის, მიხეილ თედორესძის ქვეშევრდომობა მიიღო, მან თეიმურაზს ოქროს ბეჭდით დამოწმებული წყალობის სიგელი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: დიდ ხელმწიფეს იგი, მეფე (თეიმურაზი..) თავის სახელმწიფო წყალობაში ეყოლებოდა და მტრებისაგან დაიცავდა. ამის შემდეგაც მეფეს მოსკოვიდან მრავალი სახელმწიფო სიგელი მისწერეს, რათა მას დიდი ხელმწიფისათვის თავისი შვილიშვილი გამოეგზავნა. მან შვილიშვილი გამოგზავნა და ეხლა თვითონაც ჩამოვიდა და ითხოვს, რომ დიდმა ხელმწიფემ სახელმწიფო ჯარი მომცესო1.
იმისათვის რათა გამოთქმული ვარაუდის სისწორეში დავრწმუნდეთ, ჩავუკვირდეთ თეიმურაზ მეფის მიერ 1646 წელს მოსკოვში გაგზავნილ წერილს: `ჩოლოყაშვილის ბატონის გიორგისათვის ჩვენი პასუხი დიდისა ყოვლის პყრობელის ელმწიფესთან ეს დაგვიბარებია. თუ ამას გვიზამს, რომ ქართლი დაგვაჭერინოს და იმაზედ მოგვეხმაროს, პატრიარქად იმათი ბერი დასვან: მაცხოვრის კვართია იქა, ადვილის საქმით დავიჭერთ და ჩემს შვილს2 გიორგის ელმწიფეს მივსცემ: თუ ამას არ გვიზმენ, ამდენი ქრისტიანი ტყვე თათრდება, ლეკნი ჩამოგუხსნან, ციხე აუგონ, როგორც კვლავ ყოფილა და იმისთვისთცა მივსცემ შვილსა : თუ არც ეს ქნან, ჩემს უხუცეს შვილს ლუარსაბს ქალი მოსცეს, საქართველო საბოლოოთ ელმწიფისა იქნება... 3.
წერილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისე გამოდის, რომ თეიმურაზ მეფეს ხელმწიფისთვის ქართლის ტახტის დაპყრობაში დახმარება უთხოვია (ქართლი დაგვაჭერინოს და იმაზედ მოგვეხმაროს). სანაცვლოდ ხელმწიფეს თავისი მოთხოვნები წამოუყენებია, რომლებშიც რუსი პატრიარქის მცხეთაში დასმა, ქრისტეს კვართისა და უფლისწულის მოსკოვში გაგზავნა იგულისხმებოდა.
1. მაჭარაძე ., ჩანაწერები თეიმურაზ პირველის მოლაპარაკებისა მოსკოვში 1658 წელს, გვ. 450; პაიჭაძე ., მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (1652-1658). საისტორიო მოამბე, 19-20, თბ., 1965, გვ. 465.
2. თეიმურაზ მეფეს ამ დროს საკუთარი ვაჟი აღარ ჰყავს. იგი დაღუპული უფლისწული დავითის ვაჟებს თავის შვილებად მოიხსენიებს.
3. Переписка, с. 64.
ახლა თეიმურაზი თავის ელჩს ავალებს: („ჩვენი პასუხი დიდისა ყოვლის პყრობელის ხელმწიფესთან ეს დაგვიბარებია“) იგი თანახმაა დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნები, მაგრამ ეჭვობს, რომ მოსკოვის ხელისუფლება ამგვარ დახმარებას შეძლებს. ამიტომ იგი უფლისწულის მიცემაზე იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ ლეკების თავდასხმის ასაკვეთად ხელმწიფე ციხეს ჩადგამს. თუ ვერც ამის გაკეთება მოხერხდება, მაშინ უფლისწულის სანაცვლოდ (მან პატრიარქისა და კვართის საკითხი დღისწერიგიდან ამოიღო) „ჩემს უხუცეს შვილს ლუარსაბს ქალი მოსცეს“. ამგვარად, ყოველი შემთხვევისათვის, თეიმურაზს უნდოდა თავის ახლოს ჰყოლოდა ხელმწიფის უახლოესი ნათესავი. იგი, შეფარვით, ალექსი მიხეილის ძეს მძევლის გაცვლას სთავაზობდა. ასეთი ფორმითა და მიზნით მოსკოვში გაგზავნილ უფლუსწულს (უკვე ითქვა, რომ გიორგი უფლისწულის მოსკოვში გაგზავნა აღარ შესდგა მისი უდროოდ გარდაცვალების გამო და ახალ კანდიდატად შეირჩა უფლისწული ერეკლე_ნიკოლოზი), რა შეიძლება ეწოდოს თუ არა „მძევალი“, რის უარყოფასაც ცდილობდა ჩვენი ზოგიერთი ისტორიკოსი. ვითომდაც, რუსეთის მართლმადიდებელი ქრისტიანი ხელმწიფე არ იკადრებდა მართლმადიდებელი ქვეყნიდან მძევლის წაყვანას. რუსეთის ხელისუფლება საქართველოდან მძევლის წაყვანას რომ არ უხერხულობდა, ნათლად გამოჩდა მისი თუშებთან, ფშავებთან და ხევსურებთან დიპლომატიური ურთიერთობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული მთიელები თავიანთი ნებით და სურვილით შედიოდნენ რუსთ ხელმწიფის მფარველობაში, მაინც მოსკოვმა, მათ ერთგულების დასამტკიცებლად, მძევლები მოითხოვა.
შ. მესხია და ი. ცინცაძე, რადგან დარწმუნებული არ იყვნენ შესრულდა თუ არა ხელმწიფის ეს მოთხოვნა, ივარაუდეს, რომ, „რამდენადაც თუშების, ფშავებისა და ხევსურების ერთგულება, თეიმურაზისა და უფლისწული ერეკლეს შუამდგომლობის წყალობით ეჭვს არ იწვევდა, მძევლები აღარ აიყვანეს“1. მაგრამ როგორც დავინახავთ, სინამდვილეში ქართველი მთიელების მძევლები მოსკოვში ჩაიყვანეს.
თეიმურაზმა უკვე იცოდა, რომ მძევლის გარეშე მოსკოვი ქართველ მთიელებს ნდობას არ გამოუცხადებდა, „ივანეს (ივანე „მამუკინი“ ის „ივანე მაქსიმეს შვილი“ უნდა იყოს, რომელიც 1658 წლის წერილში მოხსენიებულია, როგორც ელენე დედოფლის კაცი, რომელიც მოსკოვიდან მძევლების წასაყვანად ჩამოვიდა) უბრძანა იმ სამი სამფლობელოდან (თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი _ ე.მ.) ორ-ორი კაცი აეყვანათ იმ მეთაური მფლობელებისაგან, ვინც იმ მიწებს ფლობდნენ. როცა ის ხალხი აიყვანეს, თეიმურაზთან ერთად წავიდნენ მოსკოვში“2.
დავუბრუნდეთ თეიმურაზის მიერ 1646 წელს მოსკოვში გაგზავნილ წერილს. წერილის განხილვის შემდეგ, ვფიქრობ, ვეღარც იმას ვიტყვით, რომ „თვით თეიმურაზის ინიციატივა არის ქართველი ბატონიშვილის რუსეთის სამეფო კარზე გაგზავნა “3. ნ. ნაკაშიძემ ი. ცინცაძის ეს მოსაზრება სრულად გაიზიარა და თავის მხრივ კიდევ უფრო გააღრმავა: `საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ცნობილი მკვლევრის ი. ცინცაძის სამართლიანი შენიშვნით, ქართველი უფლისწულის მოსკოვის კარზე აღსაზრდელად გაგზავნას... არავითარი საერთო არ ჰქონდა „მძევალთან“, რომელიც არსებობდა მოსკოვის სახელმწიფოში მცირე ხალხებთან ურთიერთობაში. ქართველი სახელმწიფო მოღვაწეებისათვის ეს ნაბიჯი მათი რუსული ორიენტაციის ბუნებრივი გაგრძელება იყო, რომლის მიზანსაც შეადგენდა მეტი რეალური და არსებითი დახმარების მიღება მფარველის მხრიდან. მოსკოვის მთავრობა კი მეტი გავლენის მოპოვებას ცდილობდა საქართველოში.
1. Месхия Ш. А., Цинцадзе Я. З., Из истории русско-грузинских отношении X-XVIII вв., Тб., 1958, с. 79.
2. Накашидзе Н., Грузино-русские политические отношения первой половине XVII века, Тб., 1968, с. 192.
3. ცინცაძე ი., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის წარსულიდან, გვ. 255; მისსივე, ნიკიფორე ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, გვ. 25. მონიშვნა ჩემია _ ე. მ. იგივე მოსზრებაა გადმოცემული ი. ცინცაძის თანაავტორობით გამოცემულ წიგნში: Месхия Ш. А., Цинцадзе Я. З., Из истории русско-грузинских отношении X-XVIII вв., Тб., 1958, с. 75.
მეორეს მხრივ, ბაგრატიონების ძველ გვართან კავშირი სრულიად პასუხობდა მოსკოვის სახელმწიფოს მართლმადიდებელი მეფეებისა და ეკლესიის მოთხოვნებს. სრულიად მართალია ი. ცინცაძე რომელიც განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ქართველი უფლისწულის ერეკლე-ნიკოლოზის განსაკუთრებულ მდგომარეობას მოსკოვის კარზე, რაც გამორიცხავდა „მძევლის“ ყოველგვარ გაგებას.
ამას თუ დავუმატებთ, რომ უფლისწულების გაგზავნის ინიციატივა ყოველთვის მოდიოდა ქართველი მეფეებისგან, რომლებიც დიდად უხალისოთ თანხმდებოდნენ _ უფრო სწორად იძულებულნი იყვნენ დათანხმებოდნენ _ ამგვარ ნაბიჯზე თურქეთთან და ირანთან მიმართებაში, ნათელი გახდება ამ მომენტის ჭეშმარიტი არსი საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში“1.
დავიწყოთ ამონარიდის ბოლოს ნათქვამით, რადგან იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია. სიმართლეს არ შეეფერება, თითქოს „უფლისწულების გაგზავნის ინიციატივა ყოველთვის მოდიოდა ქართველი მეფეებისგან“. ამგვარ მოსაზრებას უარყოფს XVI ს. დასასრულისა და XVII ს. პირველი ნახევრის მასალები, რომლებსაც ზემოთ გავეცანით. „ქართველი უფლისწული მოსკოვის კარზე აღსაზრდელად გაგზავნას... არავითარი საერთო არ ჰქონდა „მძევალთან“ - აღნიშნავდა ნ. ნაკაშიძე. საქართველოს მთელი წარსული კი იმას გვიჩვენებს, რომ მძევალი, წამყვანს ყოველთვის „აღსაზრდელად“ მიჰყავდა. შაჰი და სულთანი მძევლებს ზრდიდნენ თავიანთი ქვეყნების ინტერესებისათვის. მათ მიერ მძევლის წაქყვანა ხან იარაღის მუქარით, ხან მოფერებით ხდებოდა. რადგან მოსკოვის სახელმწიფოს ძალისმიერი მეთოდის გამოყენება არ შეეძლო, ვიმეორებ „არ შეეძლო“, ამიტომ იგი ზემოქმედების სხვა მეთოდს _ დიპლომატიურ საშუალებას მიმართავდა: ქართველებს დამპყრობლებისაგან დაცვას, ზოგჯერ კი სამხედრო დახმარებასაც ჰპირდებოდა. მოსკოვი მოხერხებულად იყენებდა რუსებისა და ქართველების ეკლესიურ ერთობასაც _ მართლმადიდებლობას.
1. Накашидзе Н. Т., Ук. труд, с. 162.
ვერც იმას გავიზიარებ, რომ რადგან ი. ცინცაძე ხაზს უსვამდა „ერეკლე-ნიკოლოზის განსაკუთრებულ მდგომარეობას მოსკოვის კარზე“, თითქოს ეს გამორიცხავდა „მძევლის“ ყოველგვარ გაგებას1. მძევალი, თუ დავუჯერებთ ირანისა და ოსმალეთის კარის ისტორიკოსებს, უცხოელ მოგზაურებს, ყოველთვის გამორჩეულად კარგ პირობებში ჰყავდათ. მძევალს კომფორტულად უნდა ეგრძნო თავი „მამობილი“ შაჰისა თუ სულთნის კარზე, შეესისხლხორცებინა იქ არსებული ატმოსფერო, გაეზიარებინა კარის პოლიტიკური კურსი და იდეოლიოგია, ერთი სიტყვით, მისგან ჩამოყალიბებულიყო „მამობილის“ ნება-სურვილის უსიტყვოდ აღმსრულებელი, მაშინაც კი, როდესაც ნამძევლარი სამშობლოში დაბრუნდებოდა (თუ დაბრუნდებოდა) და ქვეყნის მართვას შეუდგებოდა. ეს ყველაფერი თეიმურაზ მეფეს საკუთარ თავზე განცდილი ჰქონდა და შაჰ აბას I-საგან სასტიკად იმიტომ დაისაჯა, რომ მის გამგონ „შვილად“ არ გაიზარდა.
საინტერესოა, რომელ წარმატებას გულისხმობდნენ შ. მესხია და ი. ცინცაძე, როდესაც წერდნენ: „თეიმურაზის გათვლა აღმოჩნდა სწორი: ქართველი უფლისწულის მოსკოვში გაგზავნის შეთავაზებამ რუსეთში სასურველი გამოხმაურება ჰპოვა. როცა თეიმურაზის წინადადებას გაეცნენ, დიპლომატიური წრეები კმაყოფილნი დარჩნენ და გადაწყვიტეს ბოლომდე გამოეყენებინათ იგი თავიანთი მიზნებისათვის. რუსი ელჩები ახლა დაჟინებით მოითხოვდნენ ქართველი უფლისწულის მოსკოვში გაგზავნას. საქმე იმაშია, რომ თუმცა ქართველ პოლიტიკოსებს შორის რუსეთზე ორიენტაცია დიდად პოპულარული იყო, სწორედ ამ წლებში საქართველოში გარკვეულ წრეებში, დროებით აღმოცენდა ირანზე ორიენტაციის იდეა. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ დასავლეთით გართულების გამო რუსეთი ჯერჯერობით არ ჩქარობდა ამიერკავკასიაში ჯარის შეყვანას. ამგვარ ვითარებაში რუსეთში აღზრდილი ქართველი უფლისწული და მისი ამალა რუსულ დიპლომატიას მომავლისათვის სჭირდებოდა და რუსი ელჩები თეიმურაზს აჩქარებდნენ თავისი დაპირება სისრულეში მოეყვანა. როცა თეიმურაზმა დაინახა, როგორი ინტერესი გამოიწვია მისმა წინადადებამ რუსეთის მთავრობაში, მან მოლაპარაკებების დროს კატეგორიულად დააყენა ელჩების წინაშე საკითხი...“2
1. საყურადღებოა, რომ ნ. ბერძენიშვილმა თავის ერთ-ერთ ნაშრომში ერეკლე უფლისწული მოიხსენია, როგორც „რუსხელმწიფის კარზე მძევალი“. ბერძენიშვილი ნ., XVII ს. საქართველოს ისტორიიდან. საქართველოს ისტორიის საკითხები, II, თბ., 1965, გვ. 151.
2. Месхия Ш. А., Цинцадзе Я. З., Из истории русско-грузинских отношении X-XVIII вв., ც. 75-76.
ცნობილია, რომ ყოველი ადამიანის, პოლიტიკოსის და, მითუმეტეს, ქვეყნის მეთაურის თითოეული ნაბიჯი შედეგების მიხედვით ფასდება. რა მიაჩნდათ ზემოთ მოყვანილი ციტატის ავტორებს თეიმურაზის მიერ შვილიშვილის მოსკოვში გაგზავნის დადებითი მხარედ, რა წარმატებას მიაღწია თეიმურაზმა პირადად ან მისმა ქვეყანამ, ცნობილი არ არის. თეიმურაზ მეფე ის გულუბრყვილი პოლიტიკური მოღვაწე არ იყო, რომ რაღაც გაურკვეველი დაპირებებისათვის წვითა და დაგვით გადარჩენილი შვილიშვილი მოსკოვში გაეგზავნა. ისიც გასათვასლისწინებელია, რომ თეიმურაზს მოსკოვთან ხანგრძლივი ურთიერთობის საკმაოდ მწარე გამოცდილება ჰქონდა.
ნ. ნაკაშიძეს მიაჩნდა, რომ ქართველი უფლისწულის მოსკოვში გაგზავნის საკითხი პირველდ დააყენა თეიმურაზ მეფის ელჩმა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ 1637 წელს და თითქოს თეიმურაზ მეფე თავის ერთადერთ ვაჟსა და მემკვიდრე დავითს სთავაზობდა მოსკოვში წასაყვანად1. ისტორიკოსს უკვირდა, რომ მოსკოვს არავითარი რეაქცია არ ჰქონდა თეიმურაზის ამ თხოვნაზე2. მოსკოვის კარი, ბუნებრივია, არავითარ რეაქციას არ გამოხატავდა ქართველი მეფის ამ თხოვნაზე, იმდენად, რამდენადაც თეიმურაზი შვილის, თავისი მემკვიდრის მოსკოვში გაგზავნას კი არ სთავაზობდა, არამედ მის მფარველობასა და დაცვას საქართველოში, იმგვარად, როგორც ხელმწიფე თეიმურაზს „მფარველობდა“.
1. «И имеет государь мой единого сына возлюбленного, а иного не имеет на всем свете и наследника над двемя государствы. И хочет предати его в руце великому и превысочайшему святому твоему царствию, да соблюдеши и сокрыеши якоже великий царь, потому что государь мой пребывает день и нощь на службе сам, в том ест живот и смерть». Полиевктов М, Материалы, с. 130.
2. Накашидзе Н. Т., Ук. труд, с. 163.
ახლა განვიხილოთ ის რუსული წყაროები, რომლებიც ქართველი უფლისწულის მოსკოვში „აღსაზრდელად“ გაგზავნისათვის რუსი ელჩების ძალადობაზე გადმოგვცემს. მხედველობაში მისაღებია, რომ ამ ცნობების ავტორები რუსი ელჩები არიან. როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში მძევლის მნიშვნელობას განვიხილავთ, ამოსავალი უნდა იყოს თეიმურაზ მეფის მიერ 1646 წელს მოსკოვში გაგზავნილ წერილში მძევლის გაგზავნის სანაცვლოდ დაყენებული მოთხოვნები და თავის თავზე აღებული ვალდებულების პირობები.
პირველად, თეიმურაზ I-ის რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაში, ქართველი უფლისწულის მოსკოვში არ გაგზავნის გამო პრეტეზია რუსების მხრიდან გამოითქვა ნიკიფორე ტოლოჩანოვისა და ალექსი იევლევის იმერეთში ყოფნისას. მათი საქართველში ჩამოსვლისა და თეიმურაზ მეფესთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ქართველი უფლისწულის მოსკოვში წაყვანა იყო. ამ საკითხის თავიანთ სასარგებლოდ გადასაწყვეტად მათ დიდი შეუპოვრობაც გამოამჟღავნეს.
რუსმა ელჩებმა საყვედურნარევი ტონით თეიმურაზს შეახსენეს, რომ როგორც 1649 წლის 13 აგვისტოს ხელმწიფეს სწერდი, `შენ გინდოდა ალავერდელ მიტროპოლიტ არსენის თანხლებით შენი შვილიშვილი ნიკოლოზი მის უდიდებულესობასთან სრულიად რუსეთის ხელმწიფე-მეფე და დიდ მთავარ ალექსი მიხეილისძესთან გაგეგზავნა“1. ელჩებს არც იმის თქმა დავიწყებიათ რა მიზეზებს ასახელებდა თეიმურაზ მეფე თავისი პირობის შეუსრულებლობის გამო. თეიმურაზ მეფეს, თავად ივანეს და არქიმანდრიტ პახომის პირით, ხელმწიფისთვის შეუთვლია, რომ რადგან შვილიშვილის მოსკოვში გამოგზავნას მე ვერ ვახერხებ, შენი კაცები გამოგზავნე და წაიყვანეო. რუსმა ელჩებმა ამის შემდეგ მეფეს განუცხადეს, რომ ისინი სწორედ ამისათვის იყვნენ ჩამოსულნი და მიუთითეს თეიმურაზის მიერ 1646 წელს მოსკოვში გაგზავნილ წერილზე. „ჩვენ გამოგზავნილი ვართ მისი უდიდებულესობის მეფე ხელმწიფისაგან შენთან თეიმურაზ მეფევ იმისათვის, რომ შენი შვილიშვილი ნიკოლოზი ჩავიბაროთ, გავუფრთხილდეთ მას თვალის ჩინივით და პატივით ვაახლოთ იგი დიდ ხელმწიფეს. შენ კი, მეფე თეიმურაზ, შეასრულე ის, რასაც წერილში იწერებოდი და რასაც შენი ელჩები უმდაბლესად სთხოვდნენ დიდ ხელმწიფეს; გამოუშვი ჩვენთან შენი შვილიშვილი და ამით შენი სიმართლე და ერთგულება დაუმტკიცე სრულიად რუსეთის ხელმწიფე მეფეს და დიდ მთავარს ალექსი მიხეილის ძეს“1.
1. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 71-72.
თეიმურაზი თუ შვილიშვილს თავისი ნებითა და სურვილით აგზავნიდა მოსკოვში, მაშინ რას ნიშნავს რუსეთის ხელმწიფის ის დაპირებები, რომლებიც მისმა ელჩებმა ხელმწიფის სახელით თეიმურაზს მოახსენეს: „ხოლო რაც შეეხება ფულს, რომელზეც შენ, მეფე თეიმურაზი ლაპარაკობ, ეს საქმე მოხერხდება. მისი უდიდებულესობა ხელმწიფე მეფე იმდენს გიბოძებს, რომ შენ იმის წარმოდგენაც კი არ შეგიძლია. მხოლოდ ახლა შეასრულე შენი სიტყვა, დაუმტკიცე შენი სიმართლე ხელმწიფე მეფეს და შენი შვილიშვილი გაგვატანე, მაშინ ნახავ მისი უდიდებულესობის უდიდეს წყალობას შენს მიმართ. გარდა ამისა დიდი ხელმწიფე თავის ძმასთან შაჰ-აბასის უდიდებულესობასთან დესპანებს გაგზავნის და შეუთვლის, რომ მისი რჩევითა და ძმობის საფუძველზე შენ შენი სამეფო _ კახეთი დაგიბრუნოს. ხოლო თუ მან ამ რჩევის შემდეგ სამეფო არ დაგიბრუნა... მაშინ ჩვენი დიდი ხელმწიფე უთუოდ გაგზავნის თავის ჯარს ხვალისის (კასპიის) ზღვით, მის განაპირა ქალაქებს შეესევა და ათჯერ მეტ ქალაქებს აუოხრებს...“2
თეიმურაზის პასუხი ნათლად და გასაგებად იყო მოცემული მის მიერ იმავე ელჩებისადმი დასმულ კითხავაში, საიდანაც ჩანს, რომ იგი შვილიშვილს მოსკოვში არც სწავლისა და აღზრდისათვის და არც კარგ პირობებში ცხოვრებისათვის გაგზავნიდა: `მე რომ ჩემი შვილიშვილი ხელმწიფეს გავუგზავნო და იმან კი (ხელმწიფემ) ჩემი სამეფოს, კახეთის გათავისუფლება არ ინებოს, ჯარი და ხაზინა არ გამომიგზავნოს, მაშინ რაღა აზრი ექნება მის გაგზავნას?“3
1. იქვე, გვ. 72.
2. იქვე, გვ. 72-73.
3. იქვე.
კიდევ უფრო პირდაპირ და ნათლად თეიმურაზმა უფლისწულის მოსკოვში გაგზავნის მიზანი ჩამოაყალიბა თავის სიგელში: „გთხოვ დიდო ხელმწიფე, რომ შენი წყალობით გამომიგზავნო ჯარი და ფული, რათა დავიბრუნო ჩემი ქვეყანა. ასე რომ, თუ უფლისწულს არ მოგცემ, შენც არ დამიჯერო და ნურც ჯარს და ნურც ფულს მომცემ. რადგანაც შენს მეფურ დიდებულებას [ჩემი] მრავალი მტერი ეუბნებოდა, რომ მე შენ გატყუებ და უფლისწულს არ მოგცემ...“1
ნიკიფორე ტოლოჩანოვის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ თეიმურაზ მეფე არც რუსთ ხელმწიფეს და არც მის ელჩებს არ ენდობოდა. 1651 წ. 7 ოქტომბერს მეფის სულიერმა მამამ და თავადმა ივანემ ელჩებს უფლისწულის მოსკოვში გაგზავნასთან დაკავშირებით შემდეგი აცნობეს: თეიმურაზს უთქვამს, „ახლა რომ ჩემი შვილიშვილი ელჩებს გაგატანოთ ხელმწიფე მას მიიღებს, დაიტოვებს და მე არც ხაზინა და არც ჯარი რომ არ გამომიგზავნოსო“2. მოყვანილი ამონარიდიდან კარგად ჩანს, თეიმურაზი რატომ აგზავნიდა ერეკლე/ნიკოლოზს მოსკოვში, ვინ უნდა ყოფილიყო იგი მოსკოვის კარზე?
როდესაც რუსმა ელჩებმა ხელმწიფის კიდევ ერთი სურვილი _ იგი თანახმაა თეიმურაზის მეორე შვილიშვილი, ლუარსაბიც „მოსკოვის სამეფო კარზე ყმად მიიღოს“ _ გააჟღერეს, აღშფოთებულმა მეფემ შესძახა: „ლუარსაბს არავის მივცემ, მაშინ მე თვითონ ვიღასთვის ვიცოცხლო და ვინ იყოს ჩემი ჭირისუფალიო“3. ამგვარი ემოციის გამომხატველი მეფე, მოხუცებულობაში შემორჩენილ ორ შვილიშვილს თავისი ნებით ვინმეს გაატანდა?
1. Полиевктов М., К вопросу об авторстве статейного списка „С“, გვ. 69.
2. იქვე, გვ. 73-74
3. იქვე, გვ. 73.
ავტორი: ე. მამისთვალიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий