რომაელთა მიმართ
თავი პირველი
1. პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული, 2. სახარებისა, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილში, 3. და რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისაგან ხორციელად შობილს, 4. ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, 5. ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი, 6. რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი; 7. ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 8. უპირველესად, ყოველი თქვენგანისათვის ვმადლობ ღმერთს ჩემსას იესო ქრისტეს მეოხებით, რადგანაც თქვენი რწმენა ეხარება მთელ ქვეყანას. 9. მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ; 10. დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე. 11. რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად, 12. ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით. 13. მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის. 14. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. 15. ჩემდა თავად კი ვისწრაფვი, რომ გახაროთ რომში მყოფთაც. 16. რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის. 17. რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“. 18. რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას. 19. ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ. 20. და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება. 21. რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; 22. ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; 23. და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, 24. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; 25. სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. 26. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. 27. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური. 28. და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას. 29. ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით. 30. ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი, 31. უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი, 32. რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ.
თავი მეორე
1. ამიტომ თავს ვერ იმართლებ, ვინც უნდა იყო, კაცო, რომელიც განიკითხავ, რადგანაც სხვისი განმკითხველი განსჯით შენსავე თავსა სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ. 2. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, ჭეშმარიტებისამებრ, არის ღვთის მსჯავრი ყოველივე ამის მოქმედთა მიმართ. 3. იქნებ გგონია, კაცო, რომ თავს დააღწევ ღვთის მსჯავრს რაკიღა განიკითხავ ამის მოქმედს და თვითონ კი მასვე სჩადიხარ? 4. ან აქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ? 5. შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის, 6. როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას: 7. მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს; 8. ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა, უსამართლობას ჰმორჩილებს, - გულისწყრომას და რისხვას. 9. ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ იუდეველისას, მერე ბერძნისას. 10. დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს. 11. რადგანაც მიკერძოება უცხოა ღვთისათვის. 12. ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება. 13. რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან. 14. ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. 15. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს, 16. საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ. 17. აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს, 18. ვისი ნებაც იცი და, რჯულით განსწავლული, ირჩევ უკეთესს. 19. თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი, 20. უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში რჯულში. 21. კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს? 22. ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ? 23. რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ? 24. ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის. 25. წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა. 26. თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა წინადაცვეთილობად არ შეერაცხება? 27. ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ? 28. ვინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იადეველი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი. 29. არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი, და წინადაცვეთაც ისაა, რაც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. ასე რომ, კაცთაგან კი არ იქება, არამედ ღვთისაგან.
თავი მესამე
1. მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას? 2. უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა. 3. მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას? 4. არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას. 5. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ. 6. არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა? 7. მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი? 8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა? 9. მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ. 10. როგორც დაწერილია: არავინაა მართალი. 11. არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს. 12. ყველა გზას ასცდა; ერთიანად უმაქნისნი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. 13. პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე. 14. პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე. 15. ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად. 16. ნგრევა და ვარამია მათ გზაზე. 17. ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა. 18. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ. 19. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს. 20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა. 21. ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული, 22. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება, 23. რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. 24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით, 25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით, 26. რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი. 27. მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. 28. რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად. 29. ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც. 30. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით. 31. მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.
თავი მეოთხე
1. რას ვიტყვით, განა აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა, ხორციელად შეიძინა რამე? 2. თუ აბრაამი საქმეთაგან გამართლდა, დიახაც აქვს სასიქადულო, მაგრამ არა ღვთის წინაშე. 3. ვინაიდან რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ“. 4. ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით. 5. იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება. 6. ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს. 7. ნეტავი მათ, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და დაეფარათ ცოდვანი. 8. ნეტავი მას, ვისაც უფალი არ შეურაცხავს ცოდვას. 9. მაგრამ ეს ნეტარება წინადაცვეთილობას ეკუთვნის თუ წინადაუცვეთელობასაც? რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს სიმართლედ შეერაცხა რწმენა. 10. როდის შეერაცხა? წინადაცვეთილობამდე თუ წინადაცვეთის შემდეგ? არა წინადაცვეთილობაში, არამედ წინადაუცვეთელს. 11. და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ; 12. ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა. 13. ვინაიდან აბრაამს და მის თესლს რჯულით როდი მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მემკვიდრე, არამედ რწმენის სიმართლით. 14. რადგან თუ მემკვიდრენი რჯულისაგან არიან, ამაოა რწმენა და ფუჭია აღთქმა. 15. ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა. 16. მაშასადამე, რწმენისაგან, რათა იყოს რწმენით და განმტკიცდეს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ: არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის მამა. 17. როგორც დაიწერა: „მე დაგადგინე მრავალი ხალხის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც ერწმუნა იგი, მკვდართა მაცოცხლებელსა და არმყოფთა ყოფად მხმობელს. 18. უსასოო სასოებით ერწმუნა, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა; როგორც ითქვა: „ასე იქნება შენი მოდგმა“. 19. არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი; 20. არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს. 21. რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც. 22. ამიტომაც შეერაცხა მას სიმართლედ. 23. თუმცა მარტო მისთვის როდი დაიწერა, შეერაცხაო, 24. არამედ ჩვენთვისაც: დიახ, ჩვენც შეგვერაცხება, რომელთაც გვწამს ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა უფალი ჩვენი იესო, 25. რომელიც გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად.
თავი მეხუთე
1. ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, 2. ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით; 3. და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას, 4. მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება - სასოებას, 5. სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ. 6. ვინაიდან, ჯერ კიდევ ჩვენი უძლურებისას, ქრისტე დროულად მოკვდა უღვთოთათვის. 7. მართლაცდა, ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის ვინმემ, შესაძლოა, კიდევაც გაბედოს სიკვდილი. 8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. 9. მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას. 10. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით. 11. და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება. 12. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა. 13. რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება. 14. თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი. 15. მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით. 16. და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის - შესაჩვენებლად, ხოლო მადლი - მრავალი შეცოდების გასამართლებლად. 17. რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ. 18. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი. 19. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი, 20. რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
თავი მეექვსე
1. რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა? არამც და არამც. 2. ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში? 3. ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? 4. მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. 5. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით, 6. რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას. 7. რადგანაც მკვდარი ცოდვისაგან თავდახსნილია. 8. ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. 9. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე. 10. რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს. 11. ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად - ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ. 12. მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს. 13. ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის სიმართლეს. 14. ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ. 15. მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და არამც. 16. ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები სიმართლისათვის. 17. მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები, გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც უძღვენით თავი. 18. ხოლო ცოდვისგან თავდახსნილნი სიმართლეს დაემონეთ. 19. თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს. 20. ვინაიდან, როცა ცოდვის მონები იყავით, თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. 21. კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან სიკვდილია მისი დასასრული. 22. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე. 23. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
თავი მეშვიდე
1. ან იქნებ არ იცით, ძმებო, - რაკიღა რჯულის მცოდნეთ მივმართავ, - რომ ვიდრე კაცი ცოცხალია, სიკვდილი მბრძანებლობს მასზე. 2. რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან. 3. ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად. 4. თქვენც, ძმანო ჩემნო, ასევე მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და, ამრიგად, ნაყოფი მოგვქონდეს ღვთისათვის. 5. ვინაიდან, სანამ ხორციელად ვცოცხლობდით, რჯულის მიერ გამჟღავნებული ცოდვის ვნებები მოქმედებენ ჩვენს ასოებში, რათა გამოგვეღო სიკვდილის ნაყოფი. 6. ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით. 7. მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს. 8. მაგრამ ცოდვამ მცნებისგან მიიღო საბაბი და ჩამინერგა ყველა სურვილი; რადგანაც რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია. 9. ხოლო მე ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი, და როცა მოიწია მცნება, ცოდვა გაცოცხლდა. 10. მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა. 11. რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა. 12. ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. 13. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით. 14. რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული. 15. ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. 16. ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მაშასადამე, ვაღიარებ, რომ რჯული კეთილია. 17. ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. 18. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში. 19. ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. 20. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. 21. და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიდევს გვერდით. 22. ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები. 23. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში. 24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? 25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.
თავი მერვე
1. ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში. 2. რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე. 3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის. 4. და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად. 5. რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას. 6. ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა. 7. იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს. 8. ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს. 9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი. 10. ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის. 11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში. 12. ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. 13. რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით. 14. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს. 15. რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო! 16. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. 17. ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ. 18. რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ. 19. ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას, 20. იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, 21. რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში. 22. რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე. 23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში. 24. რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ? 25. ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. 26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით. 27. ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით. 28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. 29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. 30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. 31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? 32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? 33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. 34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. 35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“). 37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. 38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
თავი მეცხრე
1. ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ, 2. რომ დიდია ჩემი მწუხარება და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა; 3. ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო, 4. რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც. 5. მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ. 6. მაგრამ ისე კი არა, თითქოს გაცუდდა სიტყვა ღვთისა, რადგან ვინცაა ისრაელისგან, ყველა როდია ისრაელიტი. 7. და არც აბრაამის შვილია ყველა, ვინც მისი თესლისაგან არის; არამედ ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი თესლი“. 8. ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად. 9. რადგანაც ასეთია აღთქმის სიტყვა: „ამ დროს მოვალ, და ეყოლება სარას ძე“. 10. და არა მარტო ეს; არამედ რებეკაც ერთი კაცის - მამაჩვენ ისააკისაგან დაფეხმძიმდა, 11. მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ - არც კარგი და არც ცუდი (რათა აღსრულებულიყო განზრანვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად, 12. საქმეთა მიხედვით კი არა, არამედ მხმობელის ნებით), რომ ქალს ეუწყა: „უფროსი დაემონება უმცროსს“. 13. როგორც წერია: „იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე“. 14. რას ვიტყვით? ნუთუ უსამართლობაა ღმერთში? არამც და არამც. 15. რადგანაც მოსეს ეუბნება: „შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიწყნარებ, ვისაც შევიწყნარებ“. 16. მაშასადამე, ეს კაცის ნება-სურვილზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის მოწყალებაზე. 17. რადგანაც წერილი ეტყვის ფარაონს: „სწორედ იმისთვის დაგადგინე, რათა ჩემი ძალა გიჩვენო, და განითქვას ჩემი სახელი მთელს ქვეყანაზე“. 18. ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს. 19. შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას? 20. კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო? 21. იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც? 22. მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას, 23. რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის, 24. ანუ ჩვენს მიმართ, რომელნიც გვიხმო არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც? 25. როგორც ოსიაში ამბობს: „ხალხს, რომელიც ჩემი არ იყო, ჩემს ხალხს ვუწოდებ, ხოლო იმას, ვინც არ მიყვარდა - საყვარელს. 26. და სადაც ითქვა მათ მიმართ: თქვენ არა ხართ ჩემი ხალხი, იქვე ცოცხალი ღმრთის ძეებად იწოდებიან“. 27. ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელის ძეთა რიცხვი იმდენიც რომ იყოს, რამდენიც ქვიშაა ზღვაში, მხოლოდ ნაშთი თუ ცხონდება. 28. რადგან უფალი თავის სიტყვას მთლიანად და დაუყოვნებლივ აღასრულებს დედამიწაზე“. 29. და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდი როგორც სოდომი და გომორას ვემსგავსებოდით“. 30. რას ვიტყვით? წარმართნი, რომელნიც არ ეძებდნენ სიმართლეს, ეწივნენ სიმართლეს, სიმართლეს რწმენის მიერ. 31. ხოლო ისრაელი, რომელიც ეძებდა სიმართლის რჯულს, სიმართლის რჯულს ვერ მისწვდა. 32. რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ეძებდნენ, არამედ საქმეთა მიერ, და შებრკოლების ლოდზე წაიბორძიკეს. 33. როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცთურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.
თავი მეათე
1. ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის. 2. ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად. 3. ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ. 4. რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. 5. მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“. 6. ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად. 7. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად. 8. მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ. 9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები. 10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის. 11. რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“. 12. ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი. 13. რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება. 14. მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად? 15. და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“ 16. მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?“ 17. ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან. 18. მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ. 19. კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: „მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ“. 20. ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“. 21. ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“.
თავი მეთერთმეტე
1. ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელიტი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან. 2. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო: 3. „უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და დაანგრიეს შენი საკურთხეველნი. მარტო მე დავრჩი, და ეძებენ ჩემს სულს“. 4. მაგრამ რას ეუბნება პასუნი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე. 5. ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი. 6. მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი. 7. მერედა, რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული. 8. როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“. 9. ხოლო დავითი ამბობს: „დაე, ტაბლა მახედ და ბადედ ექცეთ, საცდურად და მათ საზღაურად; 10. დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ“. 11. მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური. 12. ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი. 13. თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. 14. იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი. 15. რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით? 16. თუ პირველნაყოფი წმიდაა, ასევე - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, ასევე - რტონიც. 17. ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი, 18. ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ. 19. იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო. 20. კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს. 21. რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს. 22. ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს - შენს მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები. 23. მაგრამ, თუ ურწმუნოებაში არ დარჩნენ, ისინიც დაემყნობიან, რადგან ღმერთს კვლავაც ძალუძს მათი დამყნობა. 24. ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს? 25. რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. 26. ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას მიაქცევს ისრაელისგან. 27. ეს არის ჩემი აღთქმა მათდამი, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს“. 28. სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენს გამო, ხოლო არჩევის გულისთვის - საყვარელნი მამათა გამო. 29. რადგანაც უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა. 30. ვინაიდან როგორც თქვენ ეურჩეთ ოდესღაც ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობის გამო, 31. ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც შეწყალებულ იქნენ. 32. რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს. 33. ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი! 34. რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი? 35. ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს? 36. რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თავი მეთორმეტე
1. ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება. 2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული. 3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს. 4. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე, 5. ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ. 6. და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე, 7. თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე, 8. თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე. 9. დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს. 10. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას. 11. გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს. 12. გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი. 13. შეეწიეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად. 14. აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ. 15. ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან. 16. ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი. 17. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას. 18. თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ. 19. თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“. 20. ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. 21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
თავი მეცამეტე
1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. 2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს. 3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. 4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. 5. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც. 6. სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი. 7. ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა. 8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული. 9. ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. 10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია. 11. მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. 12. ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით. 13. და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით, 14. არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.
თავი მეთოთხმეტე
1. შეიწყნარეთ, ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ. 2. რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს. 3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი. 4. შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი. 5. ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული. 6. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს. 7. ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება. 8. არამედ, თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ. 9. რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც. 10. შენ კი რად განიკითხავ შენს ძმას? ან რაღად შეურაცხყოფ მას? რადგანაც ყველანი წარვსდგებით ღვთის მსჯავრის წინაშე. 11. ვინაიდან დაწერილია: „მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“. 12. ამრიგად, ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს. 13. მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ანდა საცთური. 14. ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას. 15. ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. 16. ნუმც დაიგმობა თქვენი სიკეთე. 17. რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში. 18. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის. 19. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობას და ერთურთიაღშენებას ემსახურება. 20. საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს. 21. გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ. 22. გაქვს რწმენა? შენი ღმერთის წინაშე გქონდეს. ნეტა მას, ვინც თავს არ ისჯის იმით, რასაც აირჩევს. 23. ხოლო ვინც ჭამისას ეჭვობს, განიკითხება, რადგანაც რწმენით როდი ჭამს. ვინაიდან ყოველივე ის, რაც რწმენით არ არის, ცოდვაა.
თავი მეთხუთმეტე
1. ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე. 2. ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს აამოს მოყვასს, მისდა სასიკეთოდ და ასაშენებლად. 3. რადგან ქრისტეც თავის სიამოვნებას კი არ ეძებდა, არამედ როგორც წერია: „შენი მაგინებლების გინება დამატყდა თავს“. 4. ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს. 5. მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ. 6. რათა ერთსულოვნად და ერთხმად ადიდებდეთ ღმერთსა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას. 7. მაშ, შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ ღვთის სადიდებლად. 8. მე ვამბობ, რომ იესო ქრისტე ღვთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა აღესრულებინა მამათა აღთქმა. 9. წარმართთა მსახური კი - წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი, როგორც დაიწერა: „ამისთვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობ შენს სახელს“. 10. ესეც ითქვა: „ხარობდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად“. 11. და კიდევ: „აქოს უფალი ყველა წარმართმა და ადიდოს იგი ყოველმა ხალხმა“. 12. ხოლო ესაია ამბობს: „იქნება ფესვი იესესი, რომელიც აღდგება წარმართთა მთავრად და სასოებად მათდა“. 13. სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენიმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ. 14. ხოლო მე, ძმანო ჩემნო, მჯერა, რომ თავადაც სავსენი ხართ სიკეთით, ყოველგვარი ცოდნით აღვსილნი და იმის შემძლენი, რომ ერთიმეორეს ასწავლოთ. 15. მაგრამ, ცოტა არ იყოს, კადნიერად მოგწერეთ, ძმანო, თითქოს იმისთვის, რომ შემეხსენებინა თქვენთვის იმ მადლით, რომელიც მომეცა ღვთის მიერ, 16. რათა ვყოფილიყავი იესო ქრისტეს მსახური წარმართთა შორის და ღვთის სახარების მღვდელმოღვაწე, რომ წარმართთა შენაწირი კეთილსასურველი ყოფილიყო ღვთისათვის, გაწმენდილი სული წმიდის მიერ. 17. ამიტომ დიახაც შემიძლია ვიქადოდე ქრისტე იესოში ღვთის წინაშე. 18. რადგანაც ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც ჩემი მეშვეობით არ ექმნას ქრისტეს, წარმართთა დასამორჩილებლად, სიტყვით თუ საქმით, 19. სასწაულებისა და ნიშების ძალით, ღვთის სულის ძალმოსილებით; ასე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან მოყოლებული ილირიკამდე გავავრცელე სახარება ქრისტესი. 20. თანაც ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა. 21. არამედ, როგორც დაიწერა: „ვისაც არ უწყებია, ისინი იხილავენ, და ვისაც არ სმენია, ისინი შეისმენენ“. 22. სწორედ ამან მრავალგზის შემიშალა ხელი თქვენთან მოსვლაში. 23. ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და დიდი ხანია მსურს თქვენთან მოსვლა, 24. ამიტომ, როგორც კი ესპანეთს გავემგზავრები, თქვენთანაც მოვალ, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გზად მიმავალი გიხილავთ და კიდეც გამაცილებთ, მას შემდეგ, რაც ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით. 25. ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად. 26. ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს. 27. ინებეს და მართებთ კიდეც, რადგან თუ წარმართნი სულიერად მათი თანაზიარნი გახდნენ, თავიანთი მხრივ, მოვალენი არიან ხორციელად დაეხმარონ მათ. 28. ამას რომ მოვრჩები და ჩავაბარებ მათი გულმოდგინების ნაყოფს, თქვენც გინახულებთ, მერე კი ესპანეთს გავემგზავრები. 29. ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას ქრისტეს სახარების სრული კურთხევით მოვალ. 30. თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ. 31. რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე და დავისვენო თქვენთან. 32. მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.
თავი მეთექვსმეტე
1. წარმოგიდგენთ ჩვენს დას - ფებეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს, 2. რათა შეიწყნაროთ იგი უფლის მიერ, როგორც შეჰფერის წმიდათ, და შეეწიოთ ყველაფერში, რაც შეიძლება თქვენგან დასჭირდეს, ვინაიდან თვითონაც ბევრს შეეწია და, მათ შორის, მეც. 3. მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანაშემწენი ქრისტე იესოს მიერ, 4. რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვმადლობ, არამედ წარმართთა ყველა ეკლესიაც. 5. მოკითხვა გადაეცით მათ შინაურ ეკლესიას და ჩემს ძვირფას ეპენეტოსსაც, რომელიც არის პირველნაყოფი ასიის მოქცევისა ქრისტეს მიმართ. 6. მოიკითხეთ მარიამი, რომელიც დიდად გაისარჯა თქვენთვის. 7. მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და თანატყვენი, რომელნიც სახელგანთქმულნი არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე. 8. მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემთვის ძვირფასი უფლის მიერ. 9. მოიკითხეთ ურბანუსი, ჩვენი თანამოღვაწე ქრისტეში, და ჩემი ძვირფასი სტაქისი. 10. მოიკითხეთ აპელესი, მრავალნაცადი ქრისტეს მიერ. მოიკითხეთ არისტობულეს სახლეული. 11. მოიკითხეთ ჩემი ნათესავი ჰეროდიონი. მოიკითხეთ ნარცისის შინაურნი, რომელნიც არიან უფალში. 12. მოიკითხეთ უფალში მაშვრალი ტრიფენა და ტრიფოსი. მოიკითხეთ საყვარელი პერსიდა, დიდად რომ დაშვრა უფალში. 13. მოიკითხეთ რუფუსი, რჩეული უფალში, აგრეთვე დედა მისი და ჩემი. 14. მოიკითხეთ ასინკრიტოსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მასთან ერთად სხვა ძმანიც. 15. მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნერეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან ერთად ყველა წმიდა. 16. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია. 17. შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი. 18. რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს. 19. თქვგნი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენს გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი - ბოროტებისთვის. 20. ხოლო ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ. 21. მოკითნვას გითვლიან ტიმოთე, ჩემი შემწე, აგრეთვე იასონი და სოსიპატრე, ჩემი ნათესავები. 22. მოგიკითხავთ მე, ტერციუსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი უფლის მიერ. 23. მოგიკითხავთ გაიუსი, ჩემი და მთელი ეკლესიის მესტუმრე; მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი და ძმა კვარტუსი. 24. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ. 25. ხოლო მას, ვისაც შეუძლია, ჩემი სახარებისა და იესო ქრისტეს ქადაგებისამებრ, განგამტკიცოთ დაფარული საიდუმლოს გამოცხადებით, რის გამოც დუმდნენ საუკუნენი, 26. ახლა კი გამოცხადდა წინასწარმეტყველური წიგნებიდან, მარადიული ღმერთის ბრძანებით, და რწმენისადმი დასამორჩილებლად ეუწყა ყველა ხალხს, - 27. ღმერთს, ერთსა და ბრძენს, იესო ქრისტეს მეოხებით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
პირველი კორინთელთა მიმართ
თავი პირველი
1. პავლე, ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი, და სოსთენე, ძმა, - 2. ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, ქრისტე იესოს მიერ გაწმენდილთ და ხმობილ წმიდათ, ყველასთან ერთად, ვინც ყველგან, მათთან თუ ჩვენთან, მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს: 3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ. 4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ. 5. რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით. 6. ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში. 7. ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას, 8. ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს. 9. სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს. 10. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით. 11. რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის. 12. იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. 13. ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით? 14. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა. 15. რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე. 16. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე. 17. რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი. 18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა. 19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“. 20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური? 21. რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი. 22. ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს. 23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს, 24. ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს. 25. რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი. 26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული. 27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი. 28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი, 29. და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე. 30. მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად. 31. რათა, წერილისა არ იყოს: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს“.
თავი მეორე
1. ასე რომ, როცა თქვენთან მოვედი, ძმანო, მოვედი, რათა ღვთის მოწმობა მეუწყებინა თქვენთვის, მაგრამ არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით; 2. რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა. 3. და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში. 4. ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავდა, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა, 5. რათა ადამიანური სიბრძნით კი არა, ღვთის ძალით განმემტკიცებინა თქვენი რწმენა. 6. სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს, 7. არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა; 8. სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს. 9. არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“. 10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც. 11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა. 12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა. 13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს. 14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო. 15. ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება. 16. რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.
თავი მესამე
1. მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში. 2. რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ. 3. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი? 4. მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ? 5. მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც უფალი შეეწია თვითეულ მათგანს. 6. მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა. 7. ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ - გამზრდელი ღმერთი. 8. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს. 9. ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ. 10. მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს. 11. რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. 12. ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, - 13. თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს. 14. ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის. 15. ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს. 16. ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში? 17. ვინც ღვთის ტაძარს დააქცევს, დააქცევს მას ღმერთი, რადგანაც ღვთის ტაძარი წმიდაა, და ესა ხართ თქვენ. 18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს. 19. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: „მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ“. 20. და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი“. 21. მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია: 22. პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი. 23. ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი - ღვთისა.
თავი მეოთხე
1. ამრიგად, ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი. 2. მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თვითეული მათგანი სანდო იყოს. 3. პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს. 4. რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი. 5. ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ. 6. ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ. 7. რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს? 8. აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ. 9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ. 17. სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში. 18. ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას. 19. მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას. 20. რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით. 21. რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით?
თავი მეხუთე
1. როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს. 2. თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი. 3. ხოლო მე - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს. 4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, - 5. სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს. 6. საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? 7. მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა. 8. ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით. 9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, 10. და არა მარტო ამ წუთისოფლის მემრუშეთ, ანდა ანგართ, მტაცებელთა თუ კერპთმსახურთ, თორემ ამ ქვეყნით გასვლა მოგიწევთ-მეთქი. 11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან. 12. ვინაიდან რად განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ? 13. გარეშენი კი ღვთის მიერ განიკითხებიან. მაშ, მოიკვეთეთ უკეთური.
თავი მეექვსე
1. როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე? 2. ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ? 3. ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც? 4. თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცნ პირებს აყენებთ. 5. თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა? 6. მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე. 7. ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე? 8. მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს. 9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, 10. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 11. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით. 12. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს. 13. საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის. 14. ღმერთმა აღადგინა თვით უფალი, და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით. 15. იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას. 16. ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“. 17. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად. 18. ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს. 19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს? 20. რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა.
თავი მეშვიდე
1. ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს. 2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი. 3. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს. 4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი. 5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. 6. თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად. 7. რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს - ასე, ზოგს - ისე. 8. დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ. 9. მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას. 10. ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს. 11. მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს. 12. დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. 13. ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას. 14. რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან. 15. ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა. 16. რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს? 17. არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას. 18. წინადაცვეთილად იხმო ვინმე? ნუ დამალავს თავის წინადაცვეთილობას. წინადაუცვეთლად იხმო ვინმე? ნუ წინადაიცვეთს. 19. წინადაცვეთილობაც არაფერია და წინადაუცვეთელობაც; მხოლოდ ღვთის მცნებათა დაცვაა ყველაფერი. 20. ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი. 21. მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით. 22. რადგანაც უფლის მიერ მონად ხმობილი აზატია უფლისა, ისევე, როგორც თავისუფლად ხმობილი - ქრისტეს მონაა. 23. სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად. 24. ვინც რა წოდებით არის ხმობილი, იმადვე დარჩეს, ძმანო, ღვთის წინაშე. 25. უქორწინებელთათვის კი არ მიმიღია უფლის ბრძანება, არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული, რათა შევირაცხო სარწმუნოდ. 26. მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის. 27. ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს. 28. მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ. 29. აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი, 30. თვალცრემლიანნი - როგორც უცრემლონი; მოხარულნი - როგორც გაუხარელნი და მქონენი - როგორც არას მქონენი; 31. ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი - როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი. 32. მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს. 33. ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. 34. განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს. 35. ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს. 36. ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს. 37. ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, - დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა. 38. ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა. 39. ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ. 40. მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.
თავი მერვე
1. ხოლო კერპთათვის შენაწირისა ვიცით, რადგანაც ყველას გვაქვს ცოდნა; მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს კაცს. 2. ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს. 3. მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, კიდეც შეიცნობა მის მიერ. 4. რაც შეეხება კერპთათვის შენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა. 5. რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი), 6. ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც. 7. მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, რადგანაც ზოგიერთნი, ჩვეულებისამებრ, აქამდე ჭამენ კერპთათვის შენაწირს, და მათი უძლური სინიდისი იბღალება. 8. მაგრამ საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა. 9. მაინც სიფრთხილე გმართებთ, რათა ეგ თქვენი თავისუფლება საცთური არ შეიქნეს უძლურთათვის. 10. რადგან თუ ვინმე დაგინახავს, რომ შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპოში ინახად ზიხარ, განა მისი უძლური სინიდისი არ განაწყობს კერპთშეწირულობის ჭამად? 11. და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. 12. ასე რომ, თუ ამნაირად შესცოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინიდისს, ქრისტეს მიმართაც სცოდავთ. 13. ამიტომაც თუ საჭმელი აცთუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცთუნო იგი.
თავი მეცხრე
1. არა ვარ მოციქული? არა ვარ თავისუფალი? არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? და არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში? 2. სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში. 3. აი, ჩემი თავისმართლება ჩემი ბრალმდებლების წინაშე. 4. იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა? 5. ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას? 6. იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად ყოფნისა? 7. ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს? 8. იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც? 9. რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს? 10. თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს. 11. ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ნორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან? 12. თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება. 13. ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს? 14. ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ. 15. მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული. 16. რადგანაც თუ ვაბარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ. 17. რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ. 18. კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით. 19. რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა. 20. იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი. 21. ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი. 22. უძლურთათვის - უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი. 23. ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი. 24. ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ. 25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი. 26. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე. 27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.
თავი მეათე
1. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა. 2. ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში. 3. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ. 4. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე. 5. თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ. 6. ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს. 7. ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“. 8. ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი. 9. ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ. 10. ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ. 11. ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს. 12. ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს. 13. სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა. 14. ასე რომ, ჩემო საყვარელნო, ეკრძალეთ კერპთმსახურებას. 15. მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ. 16. კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა? 17. ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით. 18. იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან? 19. მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს? 20. არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ. 21. არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას. 22. ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ? 23. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს. 24. ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს. 25. ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 26. რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. 27. თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. 29. ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით? 30. თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ? 31. ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. 32. ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას. 33. ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ.
თავი მეთერთმეტე
1. მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს. 2. იმისთვის გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას. 3. ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი. 4. ყოველი კაცი, რომელიც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს. 5. და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგანაც ეს იგივეა, რომ თავგადაპარსული იყოს. 6. ხოლო თუ ქალი თავს არ იბურავს, თმა შეიკვეცოს; მაგრამ თუ ქალს თმის შეკვეცა ან გაპარსვა ერცხვინება, თავი დაიბუროს. 7. ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა. 8. რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი - კაცისაგან. 9. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის. 10. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის. 11. თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში. 12. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის. 13. თავად განსაჯეთ, განა შეშვენის ქალს, თავდაუბურავად ლოცულობდეს ღვთის წინაშე? 14. განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის? 15. ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა. 16. მაგრამ თუ ვინმე დავას აპირებს, ეს არც ჩვენ გვჩვევია და არც ეკლესიებს ღვთისას. 17. ამას საქებრად როდი გამცნობთ, რადგანაც უარესისთვის იკრიბებით და არა უკეთესისთვის. 18. ვინაიდან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როდესაც ეკლესიაში იკრიბებით, თქვენს შორის განხეთქილება ხდება, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. 19. ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის. 20. ეგეც არ იყოს, როცა იკრიბებით, უფლის სერობისთვის როდი იკრიბებით. 21. რადგანაც ყველა ცდილობს სხვაზე უმალ შეჭამოს თავისი წილი, ასე რომ, ზოგი ჯერ კიდევ მშიერია, ზოგი კი უკვე მთვრალი. 22. ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ შინ სვათ და ჭამოთ? თუ უგულებელყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უპოვართ? რა გითხრათ ამისთვის? გაქოთ? ვერა, ვერ გაქებთ. 23. რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური, 24. მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად, 25. ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად. 26. ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე. 27. ამიტომ ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. 28. მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას. 29. რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს. 30. ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება. 31. რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი. 32. განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ. 33. ასე რომ, ძმანო, როცა სერობად შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ. 34. ხოლო თუ ვინმეს შია, შინ ჭამოს, რათა განსაკითხავად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს კი, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.
თავი მეთორმეტე
1. რაც შეეხება სულიერ ნიჭს, არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ. 2. იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ იარებოდით, თიოქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით. 3. ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით. 4. ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული. 5. და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი. 6. სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში. 7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა. 8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით; 9. ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით; 10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის. 11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს. 12. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. 13. რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი. 14. ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი. 15. და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 16. ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს? 17. მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა? 18. ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება. 19. მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული? 20. ხოლო აწ ასო მრავალია, სხეული კი - ერთი. 21. ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო. 22. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან. 23. ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ. 24. ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო, 25. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს. 26. ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს. 27. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი, 28. რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა. 29. განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი? 30. ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი? 31. მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ.
თავი მეცამეტე
1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. 2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. 3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. 4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; 5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; 6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; 7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. 8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა. 9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ. 10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი. 11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს. 12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები. 13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.
თავი მეთოთხმეტე
1. მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია. 2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს. 3. ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს. 4. ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს. 5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად. 6. ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით? 7. თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი? 8. თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად? 9. ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით, როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს. 10. ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ არის უმნიშვნელო. 11. მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის. 12. ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით. 13. ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს. 14. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა. 15. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ. 16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ? 17. კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ. 18. ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. 19. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით. 20. ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით. 21. რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“. 22. ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის. 23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო? 24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს. 25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი. 26. მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს. 27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს. 28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს. 29. წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ. 30. ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს. 31. რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს. 32. წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ. 33. რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში. 34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც. 35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი. 36. განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია? 37. ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა. 38. ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის. 39. მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ. 40. მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.
თავი მეთხუთმეტე
1. თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ. 2. მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ. 3. რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, 4. დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა, 5. და გამოეცხადა კეფას, მერე კი - თორმეტს; 6. ხოლო შემდეგ ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას რომელთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა; 7. მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი - ყველა მოციქულს; 8. ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს. 9. რადგანაც უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი, ვინაიდან ვსდევნიდი ღვთის ეკლესიას. 10. მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან. 11. ამრიგად, მეც და ისინიც ასე ვქადაგებთ და ასევე ირწმუნეთ თქვენც. 12. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა? 13. თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა. 14. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც. 15. მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები. 16. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. 17. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ. 18. და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში. 19. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ. 20. მაგრამ აწ აღდგა მკვდრეთით ქრისტე, განსვენებულთა პირმშო. 21. ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომაც. 22. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა. 23. მაგრამ თვითეული თავისი წესით: ჯერ პირმშო - ქრისტე, შემდეგ კი - ქრისტესნი, მისი მოსვლისას. 24. და ბოლოს, დასასრული, როცა სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალს. 25. რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს. 26. და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი. 27. რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას. 28. ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში. 29. თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის? 30. ან ჩვენ რისთვისღა გვემუქრება საფრთხე ყოველ წამს? 31. მე ყოველდღე ვკვდები, ვფიცავ თქვენს სიქადულს, ძმანო, რომელიც მაქვს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. 32. თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით. 33. ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს. 34. ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუ სცოდავთ, ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს. თქვენდა სარცხვენად ვამბობ. 35. მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ? 36. უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. 37. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. 38. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს. 39. ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პიურტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების. 40. არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა. 41. სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით. 42. ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით. 43. ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით. 44. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი. 45. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად. 46. მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი. 47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი. 48. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. 49. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც. 50. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას. 51. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, - 52. ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. 53. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება. 54. ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით; 55. სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ 56. ხოლო სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი - რჯული. 57. მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. 58. ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
თავი მეთექვსმეტე
1. რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. 2. კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინანოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება. 3. ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენს მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს. 4. თუ ვნახე, რომ ღირს ჩემი წასვლა, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ. 5. ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მოვივლი მაკედონიას, რადგანაც მაკედონიიდან უნდა ჩამოვიდე. 6. შეიძლება ერთხანს დავრჩე თქვენთან და იქნებ კიდეც გამოვიზამთრო, რათა შემდეგ გამაცილოთ, საითაც წავალ. 7. რადგან ამჯერად არ მინდა გავლით გინახულოთ, არამედ იმედი მაქვს, რომ, თუკი უფალი ინებებს, რამდენიმე ხანს დავყოფ თქვენთან. 8. ეფესოში კი ორმოცდაათობამდე დავრჩები. 9. ვინაიდან გამეღო ვრცელი და ფართო ბჭე, თუმცა ბლომად არიან მოწინააღმდეგენიც. 10. ხოლო თუ ტიმოთე გეწვიათ, ეცადეთ უშიშრად გყავდეთ, რადგანაც ღვთის საქმეს ასრულებს, ისევე, როგორც მე. 11. ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი. 12. ძმა აპოლოსს კი ბევრი ვეხვეწე, რომ ძმებთან ერთად გწვეოდათ, მაგრამ ამჟამად არასდადებით არ ინება, არამედ მოვა, როცა მოიცლის. 13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით. 14. სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე. 15. ხომ იცნობთ სტეფანეს სახლს, პირველნაყოფს აქაიისას, წმიდათა სამსახურს რომ მიუძღვნა თავი; 16. შეგაგონებთ, ძმანო, მორჩილნი იყავით მისნაირთა და ყველა თანამოსაქმისა თუ მოღვაწის მიმართ. 17. გამახარა სტეფანეს, ფორტუნატუსისა და აქაიკოსის მოსვლამ, რადგანაც მათ შემივსეს თქვენი სიშორე, 18. ასე რომ, ჩემს სულსაც მოუფონეს და თქვენსასაც; პატივი ეცით ამნაირთ. 19. მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები; გულითად მოკითხვას გითვლიან უფლის მიერ აკვილა და პრისკილა მათი შინაური ეკლესიითურთ. 20. მოგიკითხავთ ყველა ძმა; მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. 21. მოგიკითხავთ ჩემი საკუთარი ხელით, პავლე. 22. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა! 23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. 24. ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოს მიერ. ამინ.
მეორე კორინთელთა მიმართ
თავი პირველი
1. პავლე, ღვთის ნებით მოციქული იესო ქრისტესი, და ძმა ტიმოთე - ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, მთელს აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად: 2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა, 4. ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი. 5. ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც. 6. რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ. 7. მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგანაც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენი ტანჯვის თანამოზიარენი ხართ, არამედ ნუგეშისაც. 8. ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა. 9. მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს; 10. სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის; 11. რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი. 12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის. 13. სხვა რამეს კი არა გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ ან იმეცნებთ და, იმედი მაქვს, ბოლომდე შეიმეცნებთ. 14. ისევე, როგორც ნაწილობრივ უკვე შეიცნეთ, რომ ჩვენ თქვენი სიქადული ვართ, ხოლო თქვენ - ჩვენი, უფალ იესოს დღეს. 15. ამაში დარწმუნებული ჯერ თქვენთან ვაპირებდი მოსვლას, რათა მეორედაც მიგეღოთ მადლი; 16. თქვენგან კი მაკედონიაში წავსულიყავი, ხოლო მაკედონიიდან კვლავ გწვეოდით, რათა იუდეაში გაგეცილებინეთ. 17. ამის მოსურნე ცოტა ხომ არ ავმჩატდი? ან, იქნებ, რასაც ვფიქრობ, ხორციელად ვფიქრობ, რათა ერთდროულად მქონდეს „ჰო-ჰოც“ და „არა-არაც“? 18. მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ხან „ჰო“ და ხან „არა“. 19. რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში. 20. ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ. 21. ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი, 22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში. 23. და მე ღმერთს ვუხმობ ჩემი სულის მოწმედ, რომ გინდობდით და ამიტომ დღემდე არ მოვსულვარ კორინთოში; 24. იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ.
თავი მეორე
1. ამიტომაც გადავწყვიტე, დამწუხრებული აღარ მოვსულიყავი თქვენთან. 2. რადგანაც თუ მე გამწუხრებთ, მაშ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც ჩემს მიერ წუხს? 3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია. 4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი. 5. ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც. 6. მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ. 7. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს. 8. ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ. 9. მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში. 10. ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე. 11. რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი. 12. ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, - თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, - 13. ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე. 14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს; 15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის. 16. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი? 17. ვინაიდან მრავალთა მსგავსად როდი ვბღალავთ ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ.
თავი მესამე
1. ნუთუ ხელახლა უნდა წარმოგიდგინოთ თავი? ნუთუ ზოგიერთებივით წარდგენის წერილი გვჭირდება თქვენდამი ან თქვენგან? 2. ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული. 3. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვიფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე. 4. ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ. 5. იმიტომ კი არა, ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს, თითქოს ღვთისაგან კი არა, ჩვენგანვე გვქონდეს ამის უნარი; 6. არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს. 7. და თუ მსახურება სიკვდილისა, ქვაზე ასოებივით გამოსახული, იმდენად სასახელო იყო რომ ისრაელის ძენი თვალს ვერ უსწორებდნენ მოსეს სახეს, მისი დიდებული იერის გამო, რომელიც, თავისი დიდებულების მიუხედავად, მაინც წარმავალი გახლდათ, - 8. რამდენად უფრო სასახელი იქნება სულის მსახურება დიდებით? 9. რადგანაც, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო მეტი იქნება დიდება სამართლიანობის მსახურებისა, 10. იმდენად, რომ იმ დიდებას აღარც კი ეთქმის დიდება ამ უზენაეს დიდებასთან შედარებით. 11. ვინაიდან თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად უფრო მეტია დიდება წარუვალისა. 12. ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ, 13. და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა. 14. მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი. 15. ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს. 16. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი. 17. უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება. 18. ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.
თავი მეოთხე
1. ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ. 2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე. 3. ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული, 4. რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი. 5. რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის. 6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე - თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად. 16. ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი. 17. ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, 18. როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი.
თავი მეხუთე
1. რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული. 2. მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი. 3. მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი. 4. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი. 5. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი. 6. ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ. 7. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით. 8. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ. 9. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ. 10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს. 11. და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც. 12. მაგრამ ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იქადოდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც სახით იქადის და არა გულით. 13. რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის. 14. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათგის, ყველანი მოკვდნენ. 15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. 16. ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ. 17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი. 18. ხოლო ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგვცა მსახურება შერიგებისა. 19. რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა. 20. ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს, 21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
თავი მეექვსე
1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი. 2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე. 3. ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა არ დაიგმოს მსახურება. 4. არამედ ყველაფერში ღვთის მსახურებად ვავლენთ თავს: მრავლის თმენაში, ჭირში, სიმძიმილში, ვიწროებაში, 5. გვემაში, დილეგში, დევნაში, გარჯაში, სიფხიზლეში, მარხვაში, 6. სიწმიდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიწრფელეში, სული წმიდაში, უპირფერო სიყვარულში, 7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის საჭურვლით მარჯვენასა და მარცხენაში, 8. სახელსა თუ უსახელობაში, გმობასა თუ ქებაში, თითქოს მაცთურნი, მაგრამ მართალნი. 9. თითქოს უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; თითქოს მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალხი; თითქოს დასჯილნი, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილნი; 10. თითქოს მწუხარენი, მაგრამ მარადის მოხარულნი, თითქოს ღატაკნი, მაგრამ მრავალთა მამდიდრებელნი; თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი. 11. ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ, კორინთელნო, და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი გული. 12. ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში. 13. თანაბარი ნაცვლისგებისთვის მოგმართავთ, როგორც შვილებს: თქვენც განივრცენით. 14. ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? 15. რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? 16. რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. 17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ. 18. მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.
თავი მეშვიდე
1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით. 2. შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ. 3. განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ. 4. დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი. 5. რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან - თავდასხმები, შიგნით კი - შიში. 6. მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით; 7. და არა მარტო მოსვლით, არამედ ნუგეშითაც, რომლითაც ნანუგეშები იქნა ჩვენგან, - როცა გადმოგვცა თქვენი სურვილი, თქვენი გოდება, თქვენი თავგამოდება ჩემს მიმართ, ასე რომ, უმეტესად გავიხარე. 8. ამიტომ, თუ ჩემი წერილით დაგამწუხრეთ, არ ვნანობ, თუმცა კი ლამის ვინანე, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემმა წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით. 9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან. 10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია. 11. რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში. 12. ასე რომ, თუკი მოგწერეთ, შეურაცხმყოფელისა და შეურაცხყოფილის გამო როდი მოგწერეთ, არამედ რათა გამოჩენილიყო თქვენი გულმოდგინება ჩვენს მიმართ ღვთის წინაშე. 13. ამიტომაც ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით და უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რადგანაც ყველამ მოუფონეთ მის სულს. 14. ამრიგად, თუკი თქვენს გამო რაიმე დავიქადე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ; არამედ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გეუბნებოდით, ჭეშმარიტი აღმოჩნდა ჩვენი სიქადულიც ტიტეს მიმართ. 15. თქვენდამი სიყვარულით ევსება გული, როცა იხსენებს თვითეული თქვენგანის მორჩილებასა და იმას, თუ როგორი მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი. 16. ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ.
თავი მერვე
1. ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს. 2. ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით. 3. რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც. 4. თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში. 5. და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით. 6. ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენს შორის. 7. და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც. 8. ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ სხვების გულმოდგინებით ვცდი თქვენი სიყვარულის სიწრფელეს. 9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. 10. მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის: აღასრულეთ ის, რაც ხალისით წამოიწყეთ ჯერ კიდევ შარშან. 11. მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ. 12. ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს. 13. ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ - ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს. 14. ამჟამად თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება, შემდეგ კი თქვენი ნაკლულება შეივსოს მათი ნამეტით, რათა არ დაირღვეს თანასწორობა. 15. რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“. 16. მადლობა ღმერთს, რომელმაც ასეთი სწრაფვა ჩაუნერგა ტიტეს გულს თქვენს მიმართ. 17. რადგანაც არა მარტო შეიწყნარა თხოვნა, არამედ გულმოდგინებით აღძრული თავისი ნებით გამოეშურა თქვენსკენ. 18. მასთან ერთად წარმოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის. 19. მეტიც, ეკლესიების მიერვე არჩეულ იქნა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რომელსაც ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი კეთილი ზრახვის აღსასრულებლად. 20. თანაც ვფრთხილობთ, რომ არავინ დაგვგმოს იმ უხვი შემოწირულობის გამო, რაც შეგროვებულ იქნა ჩვენი მსახურებით. 21. რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც. 22. მათთან ერთადვე გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც ბევრჯერ გამოგვიცდია სხვადასხვა საქმეში, ხოლო ამჟამად კიდევ უფრო გულმოდგინეა, რადგანაც დიდი ნდობა აქვს თქვენი. 23. ტიტე კი ჩემი მეგობარი და თანამოსაქმეა თქვენს შორის, ხოლო ჩვენი ძმები ეკლესიის წარგზავნილნი არიან და დიდება ქრისტესი. 24. მაშ, ეკლესიების წინაშე დაუდასტურეთ თქვენი სიყვარული და ისიც, რის გამოც მართებულად ვიქადით თქვენით.
თავი მეცხრე
1. რაც შეეხება წმიდათა სამსახურს, ამის თაობაზე ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ რამე. 2. რადგანაც ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი კიდეც ამას მაკედონელთა წინაშე: აქაია შარშანდელს აქეთ მზადაა-მეთქი. და თქვენმა გულმოდგინებამ აღძრა მრავალნი. 3. ძმები კი იმიტომ წარმოგვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ, 4. რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ. 5. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენს მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება. 6. ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის. 7. ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს. 8. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე. 9. როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“. 10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს, 11. რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ გადებს მადლიერებას ღვთის მიმართ. 12. რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს, 13. რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც; 14. და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე. 15. მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო.
თავი მეათე
1. ხოლო მე, პავლე, თქვენს შორის პირისპირ ყოფნისას - მდაბალი, შორიდან კი - თქვენს მიმართ თამამი, ქრისტეს თვინიერებითა და სიკეთით შეგაგონებთ და გევედრებით: 2. ნუ მაიძულებთ, რომ თქვენთან მოსვლისას მივმართო იმ სიმკაცრეს, რითაც ვაპირებ ჭკუა ვასწავლო ზოგიერთ თქვენგანს, ხორციელად მოარულნი რომ ვგონივართ ჩვენ. 3. ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი ვიბრძვით. 4. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად. 5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს. 6. ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება. 7. დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ. 8. რადგანაც მე რომ უფრო მეტად ვიქადოდე ჩვენი ხელმწიფებით, თქვენს დასაქცევად კი არა, ასაშენებლად რომ მოგვცა ღმერთმა, განა შერცხვენილი არ დავრჩებოდი? 9. მაგრამ ნუ გგონიათ, თითქოს წერილებით გაშინებდეთ. 10. შეიძლება ზოგიერთმა თქვას: მისი წერილი დიახაც მკაცრია და მძლავრი, მაგრამ თვითონ, პირისპირ, უძლურია, სიტყვა კი - უფასურიო. 11. ამნაირებმა იცოდნენ, რომ, როგორიცა ვართ შორიდან - წერილის სიტყვით, ისეთივე ვართ პირისპირ - საქმით. 12. რადგანაც ვერ ვბედავთ თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, დიდ ვინმედ რომ მოაქვთ თავი: ეს უგუნურნი თავიანთი თავით ზომავენ საკუთარ თავს და თავიანთ თავსვე ედრებიან. 13. ხოლო ჩვენ უსაზომოდ კი არ მოვყვებით ქადილს, არამედ იმ ზომით, რომელიც ღმერთმა გვიწილადა, რათა მოგვეღწია თქვენამდის. 14. ამიტომაც არ გადავალთ ზღვარს, რათა თქვენამდე მოვაღწიოთ, რაკიღა თქვენც მოგწვდით ქრისტეს სახარებით. 15. არც უსაზომოდ ვიქადით და არც სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ, თქვენი რწმენის ზრდისამებრ, უხვად ვამრავლებთ ჩვენს წილხვედრს თქვენში. 16. ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას და არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით. 17. ვინც იქადის, უფლით იქადოდეს. 18. რადგანაც ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი.
თავი მეთერთმეტე
1. რა იქნება, ცოტათი მაინც რომ იტანდეთ ჩემს უგუნურებას?! მაგრამ ამიტანეთ. 2. რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. 3. მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს. 4. რადგანაც თუ მოვიდა ვინმე, რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან მიგაღებინოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან კიდევ - სხვა სახარება, რომელიც არ გხარებიათ, - დიახაც შეიწყნარებთ მას. 5. მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები. 6. მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ. 7. ნუთუ შევცოდე, რომ თავი დავიმდაბლე, რათა ამემაღლებინეთ, რაკიღა უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას? 8. სხვა ეკლესიებს ვაკლებდი და სანოვაგეს ვიღებდი მათგან, რომ თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო თქვენს შორის ყოფნისას, თუმცა მიჭირდა, არავისთვის შემიწყენია თავი. 9. რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან. 10. ქრისტეს ჭეშმარიტება ნუ მომეშალოს, რომ ამ სიქადულს ვერვინ წამართმევს აქაიის ვერცერთ მხარეში. 11. რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ იცის! 12. მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, და ამრიგად, რითაც იქადიან, იმითაც ჩვენი მსგავსნი აღმოჩნდნენ. 13. რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი. 14. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. 15. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც. 16. კვლავაც ვიტყვი: ნურავინ მიმიჩნევს უგუნურად, თუ არა და, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა რამ მეც მქონდეს სასიქადულო. 17. რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით. 18. რაკიღა ბევრი იქადის ხორციელად, მეც შემიძლია ვიქადოდე. 19. რადგანაც თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ. 20. იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში. 21. სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ. 22. ებრაელები არიან? მეც; ისრაელიტები არიან? მეც; აბრაამის თესლი არიან? მეც; 23. ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურებით ვიტყვი: მე - უმტესად; შრომით - უმეტესად, გვემით - უმეტესად, დილეგში გდებით უმრავლესად, სიკვდილის მუქარით - უხშირესად. 24. იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით. 25. სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი. 26. ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის. 27. შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით. 28. გარდა ამისა, ჩემი ყოველდღიური საფიქრალი - ზრუნვა ყველა ეკლესიაზე. 29. ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე? ვინ უნდა დაეცეს, რომ ცეცხლი არ შემომენთოს? 30. თუ საჭიროა სიქადული, შემიძლია ჩემი უძლურებით დავიქადო. 31. ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, იცის, რომ არ ვცრუობ. 32. დამასკოში არეტა მეფის მთავარს მეთვალყურენი ჩაეყენებინა მთელ ქალაქში, რადგანაც ჩემი შეპყრობა სურდა. 33. მაგრამ სარკმლიდან გოდრით ჩამომიშვეს გალავნის ჩასწვრივ, და ამრიგად დავუსხლტი მას.
თავი მეთორმეტე
1. სიქადული საჭიროა, მაგრამ სარგო როდია ჩემთვის; მაშ, უფლის ხილვებსა და გამოცხადებებს მივუბრუნდები. 2. ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე; 3. და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის), 4. რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს. 5. სწორედ ამნაირი კაცით ვიქადი, ჩემსას კი, აბა, რას დავიქადი, საკუთარი უძლურების გარდა? 6. ხოლო თუ ქადილს დავაპირებ, უგუნური როდი ვიქნები, რადგანაც სიმართლეს ვიტყვი, მაგრამ თავს ვიკავებ, რათა ვინმეს იმაზე მეტი არ ვაფიქრებინო, რასაც ჩემში ხედავს, ან ჩემგან ესმის. 7. თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა. 8. სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი. 9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. 10. მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი. 11. უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ. 12. მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენში მთელი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით. 13. ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა. 14. აჰა, მე მზად ვარ მესამედაც მოვიდე თქვენთან, და არც ამჯერად შეგაწუხებთ, რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ - თქვენ. შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები - შვილებს. 15. ამიტომაც ხალისით დავიხარჯები და დავიწრიტები თქვენი სულისთვის; მაგრამ რაკი ასე ძლიერ მიყვარხართ, განა ნაკლებ უნდა გიყვარდეთ? 16. ან იქნებ თავად არ გაწუხებდით, მაგრამ ცბიერი ვიყავი და ზაკვით დაგიმორჩილეთ? 17. მაგრამ რამე თუ მისარგებლია თქვენგან მათი მეშვობით, ვინც თქვენთან წარმოვგზავნე? 18. ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით? 19. იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ. 20. რადგანაც ვშიშობ, ვაითუ ჩემი მოსვლისას ისეთი გნახოთ, როგორნიც არ მსურხართ, და მეც ისეთი მნახოთ, როგორსაც არ მისურვებდით; მაშ, ნუ იქნება თქვენში შუღლი, შური, მრისხანება, ცილობა, ცილისწამება, მითქმა-მოთქმა, ქედმაღლობა, არეულ-დარეულობა. 21. რათა კვლავ მოსვლისას თქვენს წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ.
თავი მეცამეტე
1. ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა. 2. ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ. 3. რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენს მიმართ, არამედ ძლიერი - თქვენს შორის. 4. რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის. 5. მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ. 6. მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი. 7. ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ. 8. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ. 9. რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ. 10. შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა. 11. სხვა მხრივ კი, გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი. 12. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ყველა წმიდა. 13. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.
გალატელთა მიმართ
თავი პირველი
1. პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთისაგან, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით, 2. და ჩემთან მყოფი ყველა ძმა - გალატიის ეკლესიებს: 3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან, 4. რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით, 5. ვისიცაა დადება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 6. მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე. 7. თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. 8. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. 9. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს. 10. ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი. 11. გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი, 12. ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. 13. თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას. 14. ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს. 15. ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, - 16. კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს. 17. არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. 18. სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. 19. სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა. 20. ხოლო იმაში, რასაცა გწერთ, ღმერთია მოწმე, არ ვცრუობ. 21. შემდგომ ამისა, სირიასა და კილიკიაში ჩავედი. 22. ხოლო ქრისტეს ეკლესიები იუდეაში პირადად არ მიცნობდნენ მე. - 23. მხოლოდ ის სმენოდათ, რომ ოდესღაც მათი მდევნელი ამჟამად ახარებს რწმენას, რომელსაც უწინ ებრძოდა. 24. და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო.
თავი მეორე
1. თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმს ბარნაბასთან ერთად, და თან ვიახლე ტიტეც. 2. ასვლით კი გამოცხადებით ავედი და იქაურებს (უპირატესად - ყველაზე ცნობილთ) წარვუდგინე სახარება, რომელსაც ვქადაგებ წარმართთა შორის: ამაოდ ხომ არ მიწვალია, ან ვწვალობ-მეთქი. 3. მაგრამ თვით ჩემთან მყოფი ტიტეც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენია, არ გაუხდიათ იძულებული, წინადაეცვითა. 4. შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ, - 5. წამითაც არა დავუთმეთ რა და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დარჩენილიყო თქვენში. 6. ხოლო მათ, ვინც ყველაზე ცნობილნი ჩანდნენ (როგორნი იყვნენ ისინი უწინ, მე არ დავეძებ: ღმერთი არ უყურებს სახეს კაცისას), მეტი არაფერი დაუვალებიათ ჩემთვის. 7. პირიქით, როცა დაინახე, რომ მე მომენდო ხარება წინადაუცვეთელთათვის, ისევე, როგორც პეტრეს - წინადაცვეთილთათვის 8. (რადგან ვინც წინადაცვეთილთა შორის მოციქულობაში შეეწია პეტრეს, მეც შემეწია წარმართთა შორის) 9. და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან. 10. მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს. 11. მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო; 12. ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით. 13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ. 14. მაგრამ, როდესაც დავრწმუნღი, რომ წრფელი გზით როდი მიდიან სახარებისეული ჭეშმარიტებისკენ, ყველას წინაშე ვუთხარი კეფას: თუკი შენ, იუდეველი, წარმართულად ცხოვრობ და არა იუდეურად, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენ? 15. ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილი წარმართნი. 16. მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი. 17. ხოლო თუ ქრისტეში ვეძებთ გამართლებას, მაგრამ თვითონ კი ვცოდეთ, ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურთა? არამც და არამც. 18. რადგანაც თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შემცოდედ ვავლენ ჩემს თავს? 19. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვიცოცხლო ღვთისათვის. 20. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის. 21. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე.
თავი მესამე
1. ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული? 2. მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით? 3. ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ? 4. ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ ამაოდ! 5. ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით? 6. როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას. 7. მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან. 8. და წერილმა, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარვე ახარა აბრაამს: „შენში იკურთხება ყველა ხალხი“. 9. ასე რომ, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან. 10. ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“. 11. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“. 12. ხოლო რჯული რწმენით როდია, არამედ ვინც მას აღასრულებს, მისითვე იცოცხლებს. 13. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“, 14. რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით. 15. კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას. 16. ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: „მის თესლთაც“, როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა („შენს თესლსაც“), რომელიც არის ქრისტე. 17. მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს აღთქმამ. 18. რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, მაშინ უკვე აღარ არის აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა იგი აბრაამს. 19. კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით. 20. მაგრამ შუამავალი შეუძლებელია ერთის მიმართ იყოს შუამავალი, ღმერთი კი ერთია. 21. მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმათ? არამც და არამც. ვინაიდან მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქმნებოდა სიმართლე. 22. მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ. 23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. 25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. 26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, - მემკვიდრენიც.
თავი მეოთხე
1. ამასაც ვიტყვი: ვიდრე მემკვიდრე ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია. 2. არამედ, მამის მიერ მიჩენილ დრომდე, მზრუნველებსა და მეურვეებს ემორჩილება. 3. ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, ქვეყნიერების ნივთიერ საწყისთ ვემონებოდით. 4. მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს. 5. რათა გამოესყიდა რჯულიქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა. 6. ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“! 7. ასე რომ, მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე: ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მიერ. 8. მაგრამ მაშინ არ იცნობდით ღმერთს და მსახურებდით მათ, რომელნიც, ბუნებით, არც არიან ღმერთები. 9. ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ? 10. დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით. 11. ვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის. 12. გევედრებით, ძმანო, ჩემსავით იყავით, ვინაიდან მეც თქვენსავით ვარ. არაფერი დაგიშავებიათ ჩემთვის. 13. ეს კი იცით, რომ პირველად ხორცის უძლურებით გახარეთ. 14. მაგრამ თქვენ არ შეიზიზღეთ და არც უგულებელყავით ჩემი ხორციელი განსაცდელი, არამედ შემიწყნარეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო. 15. სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? რადგანაც გემოწმებით: შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, თვალებსაც დაითხრიდით და მე მომცემდით. 16. მერედა, ნუთუ მტრად გექეცით იმის შედეგად, რომ ჭეშმარიტებას გიქადაგებთ? 17. თქვენდა სასიკეთოდ როდი მცდელობენ, არამედ სურთ ჩვენგან გაგრიყონ, რათა თავი გამოიდოთ მათთვის. 18. მაგრამ სასიკეთოა მუდმივი მცდელობა სიკეთისათვის, და არა მარტო მაშინ, როცა თქვენთანა ვარ. 19. შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე. 20. ოჰ, ნეტა თქვენს შორის ვიყო და ხმა გამომაცვლევინა, ვინაიდან აღარა მესმის რა თქვენი. 21. მითხარით, რჯულის ქვეშ ყოფნის მოსურნენო, უსმენთ თუ არა რჯულს? 22. რადგანაც დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისაგან, მეორე კი - თავისუფალი ქალისაგან. 23. მაგრამ მხევლისა ხორცისაგან შობილი იყო, ხოლო თავისუფლისა - აღთქმისაგან, 24. რაც არის ქარაგმა; ესაა ორი აღთქმა: ერთი სინას მთით, მონის მშობელი, ანუ აგარი, 25. რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია. 26. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია: ის არის ჩვენი დედა. 27. რადგანაც დაწერილია: „გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით ულმობო, ვინაიდან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე ქმრიანს“. 28. ხოლო თქვენ, ძმანო, როგორც ისააკი, აღთქმის შვილები ხართ. 29. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულიერს, ასევე ახლაც. 30. მაგრამ რას ამბობს წერილი? „განდევნე მხევალი თავისი ძითურთ, ვინაიდან ძე მხევლისა ვერ იქნება თავისუფლის ძის თანამემკვიდრე“. 31. ასე რომ, ძმანო, მხევლის ძენი კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.
თავი მეხუთე
1. თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს. 2. აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, ვერაფერს ირგებთ ქრისტესაგან. 3. კვლავაც ვუმოწმებ ყველას, ვინც წინადაიცვეთს, რომ მთელი რჯულის აღსრულება მართებს. 4. ხოლო თქვენ, რჯულით რომ იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოაკლდით მადლს. 5. ჩვენ კი სულით მოველით სიმართლის სასოებას რწმენისგან. 6. რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობასა აქვს რაიმე ძალა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით. 7. მშვენივრად რბოდით და ვინ შეგაფერხათ, რომ აღარ ჰმორჩილებდეთ ჭეშმარიტებას? 8. ეს შეგონება მისეული როდია, ვინც გიხმობთ. 9. მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს. 10. მწამს თქვენი უფალში, რომ არ გექნებათ სხვა აზრი: ვინც უნდა იყოს თქვენი ამამღვრეველი, ვერსად წაუვა მსჯავრს. 11. რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა. 12. ნეტავი მოიკვეთონ თქვენი ამმღვრევნი. 13. ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. 14. რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. 15. მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი. 16. ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი, 17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ. 18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ. 19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
თავი მეექვსე
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული. 3. რადგან ვისაც რაიმედ მოაქვს თავი და არარა კია, თავისსავე თავს იტყუებს. 4. თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით. 5. რადგანაც თვითეული თავის საკუთარ ტვირთს იტვირთავს. 6. სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის დამმოძღვრავს. 7. ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის. 8. ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. 9. სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ. 10. მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ. 11. ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ ჩემივე ხელით. 12. ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის. 13. ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით. 14. ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის. 15. რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. 16. ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას. 17. ამას იქით ნუღარავინ შემაწუხებს, რადგანაც ჩემი სხეულით ვზიდავ უფალ იესოს წყლულებს. 18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან, ძმანო. ამინ.
ეფესელთა მიმართ
თავი პირველი
1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, - ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში: 2. მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში. 4. ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით; 5. თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, 6. რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში, 7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით, 8. ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით, 9. და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით, 10. რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში, 11. რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით, 12. რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი; 13. მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით, 14. რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად. 15. ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ, 16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ, 17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად; 18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის, 19. ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით, 20. რომლითაც იმოქმედა ქრისტში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში, 21. ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც; 22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, 23. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.
თავი მეორე
1. და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, 2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი; 3. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი; 4. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა, 5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი), 6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში, 7. რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში. 8. და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა; 9. და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს. 10. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ. 11. მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, - 12. ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი. 13. ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით. 14. რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი, 15. რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, 16. და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა. 17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც. 18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას. 19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი; 20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე, 21. რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, 22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
თავი მესამე
1. სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის, 2. თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის, 3. რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ; 4. როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო, 5. რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ; 6. რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში; 7. სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით. 8. მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი, 9. და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით, 10. რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე, 11. თანახმად საუკუნო წინასწარგანჩინებისა, რომელიც აღასრულა მან ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ, 12. ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით. 13. ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება. 14. სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამის წინაშე, 15. ვის მიერაც იწოდება, ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც, - 16. რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში, 17. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში, 18. რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა, 19. და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით. 20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, - 21. დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თავი მეოთხე
1. ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი. 2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. 3. ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა. 4. ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით. 5. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება. 6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული. 7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი. 8. ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“. 9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო? 10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი. 11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად. 12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად, 13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას, 14. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით, 15. არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე, 16. ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში. 17. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი. 18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, 19. გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით. 20. ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე, 21. რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), - 22. განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას, 23. განახლებულიყავით თქვენი გონების სულით 24. და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით. 25. მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ. 26. მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით. 27. ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს. 28. მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული. 29. ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ. 30. ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ გამოხსნის დღისთვის. 31. ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად. 32. არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
თავი მეხუთე
1. მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. 2. და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს. 3. ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ, 4. არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება. 5. რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში. 6. არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე. 7. ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. 8. რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. 9. ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში. 10. გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს. 11. ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ, 12. ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა. 13. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება, 14. რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“. 15. მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. 16. გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი. 17. ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა. 18. ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით. 19. ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს. 20. მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფლი იესო ქრისტეს სახელით. 21. ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს. 22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. 23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი. 24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში. 25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, 26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით, 27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო. 28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს. 29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას. 30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი. 31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. 32. ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა.
თავი მეექვსე
1. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია. 2. „პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, - 3. რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად. 4. თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით. 5. მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს; 6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას. 7. კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს. 8. იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან. 9. თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება. 10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. 13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. 14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, 15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. 16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, 17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. 18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის, 19. ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო, 20. რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს. 21. ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური, 22. რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები. 23. მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 24. მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.
ფილიპელთა მიმართ
თავი პირველი
1. პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, - ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც არიან ფილიპეში, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ: 2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. მადლობას ვწირავ ჩემს ღმერთს თქვენი ყოველი გახსენებისას. 4. ყოველთვის, ჩემი ყოველი ლოცვისას, სიხარულით ვლოცულობ თქვენთვის, 5. რადგანაც ჩემი თანამოზიარენი იყავით სახარებაში, პირველი დღიდან აქამდე. 6. მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე. 7. რადგანაც გულში მყავხართ ყველანი, ჩემი ტყვეობისას თუ სახარების დაცვისას და განმარტებისას, როგორც ჩემი მადლის თანაზიარნი. 8. ვინაიდან ღმერთი მყავს მოწმედ, როგორ მიყვარხართ ყველანი იესო ქრისტეს სიყვარულით; 9. და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველგვარ შეგრძნებაში, 10. რათა შეიცნოთ, რა არის უმჯობესი და, ამრიგად, წრფელნი და შეუმცთარნი იყოთ ქრისტეს დღეს, 11. სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად. 12. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას. 13. ასე რომ, ჩემი ტყვეობა ქრისტეში ცხადი შეიქნა მთელი პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვის, 14. რის შედეგადაც, ძმათა უმრავლესობამ, ჩემი ბორკილებით განმტკიცებულმა უფალში, უფრო თამამად და გაბედულად დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება. 15. თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს. 16. ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს. 17. მეორენი კი - სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ. 18. მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ, 19. რადგანაც ვიცი, რომ ეს წამადგება სახსნელად, თქვენი ლოცვებითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით, 20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით. 21. რადგანაც ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები. 22. მაგრამ თუ ხორციელად სიცოცხლე ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არც კი ვიცი, რომელი ვირჩიო. 23. ერთიც მიზიდავს და მეორეც: გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია. 24. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის. 25. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და თქვენივე რწმენის სიხარულისთვის, 26. რათა თქვენმა სიქადულმა ჩემი მეოხებით იმრავლოს ქრისტე იესოში, როცა ხელახლა გეწვევით. 27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის. 28. ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის. 29. რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც მისთვის, 30. იმავე ღვაწლით, რა ღვაწლიც ჩემში გიხილავთ და ახლაც გესმით, რომ ვიღვწი.
თავი მეორე
1. ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა, 2. აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი. 3. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს. 4. მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს. 5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, 6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა. 7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. 8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. 9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, 10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, 11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა. 12. ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, - შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე. 13. რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით. 14. ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, 15. რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში, 16. სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ ვიღვწოდი. 17. მაგრამ სისხლადაც რომ ვესხურო თქვენი რწმენის მსხვერპლს და მსახურებას, თქვენთან ერთად ვილხენ და ვხარობ. 18. მაშ, თქვენც ილხენდეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად. 19. იმედი მაქვს, თუ უფალმა ჩვენმა ქრისტემ ინება, მალე გაახლოთ ტიმოთე, რათა შევიტყო თქვენი ამბავი და მეც გავმხნევდე სულით. 20. რადგანაც სხვა არავინ მყავს ჩემი სულის თანაზიარი, მასავით წრფელად რომ ზრუნავდეს თქვენზე. 21. ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას. 22. მის გამოცდილებას კი იცნობთ, ვინაიდან, როგორც მამას - შვილი, ისე ემსახურა სახარებას ჩემთან ერთად. 23. ასე რომ, იმედი მაქვს მალე გაახლოთ, როგორც კი გავიგებ, რა მელის. 24. მჯერა უფლისა, რომ თვითონაც მალე გეწვევით. 25. მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე გამომეგზავნა ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, ჩემი თანამოსაქმე და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და ჩემი გაჭირვების მსახური. 26. რადგანაც გულით უნდოდა ყველა თქვენგანის ნახვა და ძალზე შეწუნდა, როცა გაიგო, რომ თქვენამდეც მოუღწევია მისი ავადმყოფობის ამბავს. 27. და მართლაც, ისე ავად იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის, და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა. 28. ამიტომ საჩქაროდ გამოვგზავნე, რომ გაგეხარათ მისი ხილვით და მეც მომკლებოდა სადარდელი. 29. მთელი სიხარულით შეიწყნარეთ იგი უფალში და პატივი ეცით მისთანებს. 30. ვინაიდან ქრისტეს სამსახურისათვის გადადო და სასიკვდილოდ გასწირა თავი, რათა ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი შეევსო.
თავი მესამე
1. სხვა მხრივ კი, იხარეთ, ძმანო, უფალში. ამის მოწერა საძნელო როდია ჩემთვის, თქვენთვის კი სიმხნევეა. 2. ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას, 3. რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს. 4. თუმცა მე შეიძლება ხორცის იმედიც მქონდეს; თუკი სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცის იმედი აქვს, მე - მით უმეტეს: 5. მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი, 6. შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო, 7. მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის; 8. და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე, 9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული; 10. რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს 11. და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას. 12. იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო. 13. არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; 14. დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. 15. ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც. 16. ასე რომ, რასაც მივაღწიეთ, იმავე გზით უნდა ვიაროთ. 17. მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში. 18. რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები, 19. რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ. 20. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს, 21. რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.
თავი მეოთხე
1. ამიტომ, ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო. 2. ვევედრები ევოდიას და სინტიქეს, თანამოაზრენი იყვნენ უფალში. 3. შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. 4. მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ. 5. თვინიერება თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. უკვე ახლოა უფალი. 6. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს. 7. და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში. 8. და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ. 9. რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი მშვიდობისა იქნება თქვენთან. 10. დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა; თუმცა უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაბრკოლათ. 11. იმიტომ როდი ვამბობ, რომ მიჭირს, რადგანაც ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს. 12. გაჭირვებაც ვიცი რა არის და დალხინებაც, ყველაფერი გამომიცდია: სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც. 13. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში. 14. მაგრამ კარგად მოიქეცით, რომ გაიზიარეთ ჩემი გასაჭირი. 15. თქვენ ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაბამს, როცა მაკედონიიდან გამოვედი, თქვენს გარდა არცერთმა ეკლესიამ არაფერი გამიზიარა: არც რა მომცა და არც რა მიიღო ჩემგან. 16. თქვენ კი ერთი-ორჯერ თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა. 17. იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად. 18. ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის. 19. ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში. 20. ღმერთსა და მამას ჩვენსას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 21. მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოში. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები. 22. მოკითხვას გითვლიან ყველა წმიდანი, უმეტესად კეისრის სახლისანი. 23. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანის სულს. ამინ.
კოლასელთა მიმართ
თავი პირველი
1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე - 2. კოლოსეში მყოფი წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისაგან. 3. დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას, 4. რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ, 5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით, 6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი; 7. როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის; 8. მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით. 9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით, 10. რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით, 11. ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ, 12. სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში; 13. რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში, 14. ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები; 15. ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი, 16. რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. 17. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას. 18. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს, 19. რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება, 20. რათა მისი მეშვეობიი, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც. 21. და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი, 22. აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე, 23. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე. 24. ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია. 25. ხოლო მე მისი მსახური გავხდი ღვთის განგებულებით, რომელიც მომენდო თქვენთვის, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, - 26. საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის, 27. რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება, 28. რომელსაც ვქადაგებთ და შევაგონებთ ყველას, რათა მთელი სიბრძნით დავმოძღვროთ ყოველი კაცი და სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში; 29. რისთვისაც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში.
თავი მეორე
1. მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე; 2. რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად, 3. რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე. 4. ამას ვამბობ, რათა არავინ გაცთუნოთ შემპარავი სიტყვით. 5. ვინაიდან, თუმცა ხორცით შორსა ვარ თქვენგან, მაგრამ ახლო ვარ სულით, და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესრიგსა და რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში. 6. ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში. 7. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით. 8. ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით. 9. რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება. 10. და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა. 11. მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთა. 12. მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი. 13. და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით. 14. სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი. 15. ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე. 16. ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო. 17. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი. 18. ნურავინ შეგაცდენთ მოჩვენებითი სიმდაბლით და ანგელოზთა მსახურებით, თავის ფუჭ ხილვებში დანთქმული და თავისი ხორციელი გონებით ამაოდ გალაღებული, 19. ვინც განშორებია თავს, რომლის მეოხებითაც მთელი სხეული, სახსართა და ნაწევართაგან შეკრული და შეერთებული, დაუბრკოლებლივ იზრდება საღვთო ზრდით. 20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს: 21. ნელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები 22. ნურაფერს, რაც იხრწნება, - კაცთა მცნებებისა და მოძღვრების მიხედვით? 23. ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად ჰგავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათშიც ვხედავთ თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ხორციელ განცხრომათა სურვილს.
თავი მესამე
1. თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ. 2. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას. 3. რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში. 4. როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით. 5. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება. 6. მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე, 7. რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით. 8. ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან. 9. ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ, 10. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად, 11. სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში. 12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. 13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. 14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა. 15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით. 16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში. 17. ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას. 18. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში. 19. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ. 20. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს. 21. მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ. 22. მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით. 23. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის. 24. იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ მემკვიდრეობას, ვინაიდან უფალ იესოს ემსახურებით. 25. უსამართლოს კი მიეგება იმის მიხედვით, რაც უსამართლოდ მოიმოქმედა, რადგანაც უფლისთვის უცხოა მიკერძოება.
თავი მეოთხე
1. ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში. 2. გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით. 3. ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი; 4. რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება. 5. ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ. 6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ. 7. ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში, 8. რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს, 9. ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს. 10. მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი, 11. და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში. 12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით. 13. მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის. 14. მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი. 15. მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, აგრეთვე ნიმფასი და მისი შინაური ეკლესია. 16. როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, მათთვის გაგზავნილი წერილი კი თქვენც წაიკითხეთ. 17. არქიპოსს უთხარით: შენ იცი, როგორ აღასრულებ მსახურებას, უფლისგან რომ მიიღე-თქო. 18. მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ.
პირველი თესალონიკელთა მიმართ
თავი პირველი
1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. 2. მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ. 3. გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, ღვთისა და მამის წინაშე. 4. რადგანაც ვიცით თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელო ძმანო. 5. ვინაიდან ჩვენი სახარება მარტოოდენ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სული წმიდითა და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის, 6. ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით. 7. ასე რომ, ყველა მორწმუნის ნიმუშად იქეცით მაკედონიასა და აქაიაში. 8. ვინაიდან თქვენს მიერ განივრცო სიტყვა უფლისა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ თქვენმა ღვთისმორწმუნეობამ ყველა სხვა მხარესაც უწია, ასე რომ, აღარაფერი გვაქვს სათქმელი. 9. რადგანაც თვითონვე გითხრობენ ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან, როგორ მოიქეცით ღვთის მიმართ კერპთაგან, რათა ემსახუროთ ცოცხალსა და ჭეშმარიტ ღმერთს, 10. და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც აღადგინა მკვდრეთით, - იესოს, მომავალი რისხვისაგან ჩვენს მხსნელს.
თავი მეორე
1. თქვენ თვითონ იცით, ძმანო, რომ ჩვენი შემოსვლა თქვენთან არ იყო ფუჭი. 2. არამედ მანამდე ფილიპეში ვნებულნი და შეგინებულნი, როგორც მოგეხსენებათ, ისე გავკადნიერდით, რომ ჩვენი ღმერთის მიერ სახარება გვექადაგა თქვენთვის მრავალი ღვაწლით. 3. რადგანაც ჩვენს შეგონებაში არც ცთომაა, არც ცბიერება და უწმინდურება. 4. არამედ, როგორც გამოვუცდივართ ღმერთს, რათა მოგვნდობოდა სახარება, ისევე ვქადაგებთ, კაცთა საამებლად კი არა, არამედ ღვთისა, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს. 5. ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე. 6. არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან. 7. თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს. 8. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის. 9. ხომ გახსოვთ, ძმანო, ჩვენი შრომა და რუდუნება: დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ არ შეგვეწუხებინეთ, და ასე გიქადაგებდით ღვთის სახარებას. 10. თქვენთან ერთად, ღმერთია მოწმე, თუ რა წმინდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, რომელთაც გწამთ, 11. ვინაიდან თვითონვე იცით, რომ, როგორც მამა - შვილებს, ისე შევაგონებდით თვითეულ თქვენგანს, 12. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, რომელმაც თავისი სასუფევლისა და დიდებისათვის გიხმოთ. 13. ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისი ნამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო. 14. რადგანაც, ძმანო, მიმბაძველნი გახდით ღვთის ეკლესიებისა, რომლებიც არიან იუდეაში ქრისტე იესოს მიერ, ვინაიდან იგივე დაითმინეთ თვისტომთაგან, რაც მათ - იუდეველთაგან, 15. რომელთაც მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან. 16. ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა. 17. ხოლო ჩვენ, ძმანო, თვალით და არა გულით ერთხანს თქვენგან განშორებულნი, მით უფრო მეტად ვესწრაფვით თქვენს პირისპირ ხილვას. 18. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ, მეტადრე, მე - პავლემ, დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, მაგრამ სატანამ დაგვაბრკოლა. 19. ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას? 20. რადგანაც თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.
თავი მესამე
1. ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, გადავწყვიტეთ მარტო დავრჩენილიყავით ათენში, 2. და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური. ჩვენივე თანამოსაქმე ქრისტეს სახარების ქადაგებაში, რათა განგვემტკიცებინეთ და ნუგეში გვეცა თქვენი რწმენისთვის; 3. რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, როგორც თვითონვე იცით, სწორედ ამისთვის ვდგავართ. 4. რადგან ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით, რომ დიდი გასაჭირი გველოდა, და ეს, როგორც მოგეხსენებათ, კიდევაც ახდა. 5. ამიტომ მეც ვეღარ მოვითმინე და გამოვგზავნე ტიმოთე, რათა შეგვეტყო თქვენი ამბავი, ხომ არ გაცდუნათ მაცდურმა და ხომ არ გაცუდდა ჩვენი შრომა. 6. მაგრამ უკან მობრუნებულმა ტიმოთემ გვახარა თქვენი რწმენა და სიყვარული, რადგანაც თურმე ყოველთვის კეთილად გვიხსენებთ და ჩვენი ნახვა გწადიათ, ისევე, როგორც ჩვენ - თქვენი; 7. ასე რომ, ძმანო, მთელი ჩვენი გაჭირვებისა და უბედურების მიუხედავად, ნუგეშცემულნი ვიქენით თქვენი რწმენით. 8. რადგან აწ ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში. 9. რა მადლი შეგვიძლია შევწიროთ ღვერთს თქვენი გულისთვის, იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომლითაც ვხარობთ ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი მეოხებით? 10. დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება. 11. თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და უფალმა ჩვენმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ. 12. თქვენ კი უფალმა აგავსოთ სიყვარულით ერთურთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენი სიყვარულით სავსენი, 13. რათა სიწმიდითა და უბიწოებით განვამტკიცოთ თქვენი გულები ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, როდესაც მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის ყველა წმიდასთან ერთად. ამინ.
თავი მეოთხე
1. ამასთანავე, ძმანო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რომ ჩვენი სწავლა - როგორ იქცეოდეთ ღვთის საამებლად, აღასრულოთ მთელი სავსებით. 2. რადგანაც იცით, როგორი მცნებები მოგეცით უფალ იესოსაგან. 3. ვინაიდან ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა განერიდოთ სიძვას, 4. და თვითეულმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და პატიოსნებით. 5. და არა ავხორცული ვნებით, წარმართთა მსგავსად, რომელნიც არ იცნობენ ღმერთს; 6. რათა არავინ დათრგუნოს და არც საქმეში გააცუროს თავისი ძმა, ვინაიდან ღმერთია შურისმაძიებელი ყოველივე ამის გამო, როგორც უწინაც მითქვამს და მიმოწმებია თქვენთვის. 7. რადგანაც უწმინდურობისაკენ კი არა, სიწმიდისაკენ გვიხმო ღმერთმა. 8. ასე რომ, ურჩი კაცს კი არ ეურჩება, არამედ ღმერთს, რომელმაც მოგცათ თავისი სული წმიდა. 9. ხოლო ძმათმოყვარეობისთვის ზედმეტად მიმაჩნია რამე მოგწეროთ, რადგანაც თვით ღმერთმა გასწავლათ, რომ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, 10. და ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელს მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, კიდევ უფრო მეტად გიყვარდეთ ისინი; 11. გულმოდგინედ ეცადეთ მშვიდად იცხოვროთ და საკუთარი ხელით აკეთოთ თქვენი საქმე, როგორც ჩვენს მიერ გემცნოთ, 12. რათა ღირსეულად იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ და არაფერი გაკლდეთ. 13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. 14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. 15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. 16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. 17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით. 18. ასე რომ, ამ სიტყვებით ანუგეშეთ ერთიმეორე.
თავი მეხუთე
1. ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა. 2. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით. 3. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ. 4. მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე. 5. რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა. 6. მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ. 7. ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან. 8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა. 9. რადგანაც ღმერთმა რისხვისთვის კი არ შეგვქმნა, არამედ ხსნისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, 10. რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა, მღვიძარენი თუ მძინარენი, ვცოცხლობდეთ მასთან ერთად. 11. ამიტომაც ნუგეში ეცით და შეაგონეთ ერთიმეორეს, როგორც იქცევით კიდეც. 12. გევედრებით, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენს შორის, თქვენი წინამძღვარნი უფალში და თქვენი მოძღვარნი; 13. გამორჩევით გიყვარდეთ ისინი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთს შორის. 14. ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ. 15. თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ. 16. მარადის ხარობდეთ. 17. გამუდმებით ილოცეთ. 18. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში. 19. ნუ დაშრეტთ სულს. 20. წინასწარმეტყველებას ნუ შეურაცხყოფთ. 21. ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს. 22. განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს. 23. თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის. 24. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს ამას. 25. ძმანო, ილოცეთ ჩვენთვის. 26. მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით. 27. გაფიცებთ უფალს, ყველა ძმას წაუკითხეთ ეს წერილი. 28. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენთან. ამინ.
მეორე თესალონიკელთა მიმართ
თავი პირველი
1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე - თესალონიკეღთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: 2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. მოვალენი ვართ, ძმანო, მარადჟამ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ-არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ. 4. ასე რომ, თვითონვე ვიქადით თქვენით ღვთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო ყოველგვარ დევნილობასა და გასაჭირში, რასაც იტანთ, 5. იმის დასტურად, რომ იქნება ღვთის მართალი მსჯავრი, რათა ღირსნი გახდეთ ღვთის სასუფევლისა, რისთვისაც ევნებით კიდეც. 6. რადგანაც სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთ, 7. ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, - განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით, 8. რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას, 9. ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან, 10. იმ დღეს, როდესაც მოვა, რათა განდიდებულ იქნეს თავის წმიდათა შორის და მიეგოს პატივი ყოველი მორწმუნისაგან, რადგანაც ირწმუნეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ. 11. ამიტომაც მარადჟამ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა ჩვენმა ღმერთმა ხმობის ღირსნი გყოთ და თავისი ძალმოსილებით აღასრულოს მთელი სათნოება, სიკეთისა და რწმენის საქმე; 12. რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელი თქვენში, ხოლო თქვენ - მასში, ჩვენი ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მადლით.
თავი მეორე
1. გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, 2. იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. 3. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, 4. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს. 5. ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? 6. ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს. 7. რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. 8. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, 9. მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, 10. ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. 11. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, 12. და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო. 13. ხოლო ჩვენ გამუდმებით მადლს უნდა ვწირავდეთ ღმერთს თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმანო, რადგანაც ღმერთმა სულის განწმენდითა და ჭეშმარიტების რწმენით დასაბამითვე ამოგირჩიათ სახსნელად. 14. სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას. 15. მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით. 16. ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, - 17. ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ სიტყვასა და კეთილ საქმეში.
თავი მესამე
1. მაშ, ილოცეთ, ძმანო, ჩვენთვის, რათა სიტყვა ღვთისა განავრცოს და იდიდოს, როგორც თქვენს შორის, 2. რათა განვერიდოთ უწესო და უკეთურ ხალხს, ვინაიდან ყველას როდი აქვს რწმენა. 3. მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან. 4. ხოლო ჩვენ გენდობით უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც აღასრულებთ, რასაც გამცნობთ. 5. უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისკენ. 6. ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ. 7. რადგანაც თქვენ თვითონ იცით, თუ როგორ უნდა მოგვბაძთთ, ვინაიდან უწესოდ როდი ვიქცეოდით თქვენს შორის. 8. არავის პური არ გვიჭამია მუქთად, არამედ დღედაღამ ვშრომობდით, რომ ტვირთად არ დავწოლოდით რომელიმე თქვენგანს. 9. იმიტომ კი არა, რომ ამის უფლება არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისაბაძ ნიმუშად დაგვესახა თქვენთვის თავი. 10. ვინაიდან თქვენთან ყოფნისას ამას გისახავდით მცნებად: ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს. 11. მაგრამ გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს. 12. ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური. 13. თქვენ კი, ძმანო, ნუ მოგბეზრდებათ სიკეთის ქმნა. 14. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს. 15. მაგრამ მტრად კი ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ. 16. თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან. 17. მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით, რაც ყველა ჩემი წერილის ნიშანია: მე ასე ვწერ. 18. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
პირველი ტიმოთეს მიმართ
თავი პირველი
1. პავლე, მოციქული ქრისტე იესოსი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და ჩვენი სასოების ქრისტე იესოს ბრძანებით, - 2. ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. 3. მაკედონიაში წასვლისას მე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა გემცნო ზოგიერთისთვის, რომ ნუ ასწავლიან სხვა რამეს, 4. და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით. 5. ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით, 6. რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა. 7. რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ. 8. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული კეთილია, თუკი ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას. 9. რადგანაც გვესმის, რომ რჯული მართლისთვის კი არაა დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, მკრეხელთა და ბილწთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის, 10. მეძავთა, მამათმავალთა, კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, თავიანთი ქცევით რომ ეწინააღმდეგებიან საღ მოძღვრებას, 11. თანახმად ნეტარი ღვთის დიდებული სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი. 12. მადლიერი ვარ მისი, ვინც მომცა ძალა, - ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სარწმუნოდ რომ შემრაცხა და მსახურად დამადგინა, 13. მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყაღებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო. 14. ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში. 15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ. 16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის. 17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 18. ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით, 19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში. 20. მათ შორის ჰიმენეოსმა და ალექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას.
თავი მეორე
1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის, 2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით, 3. ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის - ჩვენი მაცხოვრის თვალში, 4. რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას. 5. რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო, 6. რომელმაც თავი დადო ყველას გამოსასყიდად, რაც დამოწმებულ იქნა თავის დროზე; 7. რომლისთვისაც დადგენილი ვარ ქადაგად და მოციქულად (ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არ ვცრუობ), წარმართთა მოძღვრად რწმენითა და ჭეშმარიტებით. 8. ამიტომ ჩემი სურვილია, ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე. 9. ასევე ქალებიც, ღირსეუღაღ მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით, 10. არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი. 11. ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით. 12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ. 13. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. 14. ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა. 15. თუმცაღა მაინც ცხონდება, რადგანაც შვილებს გააჩენს, თუკი რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში დარჩება კდემით.
თავი მესამე
1. სარწმუნოა სიტყვა: თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმის მსურველია. 2. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი, 3. არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არამედ წყნარი, თვინიერი, ვერცხლისმოძულე, 4. თავისი სახლის კეთილად გამგებელი, შვილების მორჩილებით მყოლი მთელი ღირსებით, 5. (რადგან ვინც თავის სახლს ვერ განაგებს, როგორღა იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე?), 6. არა ახლად მოქცეული, რათა თავს არ გაუვიდეს და ეშმაკის სასჯელის ღირსი არ გახდეს. 7. უნდა ჰქონეს აგრეთვე კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას. 8. დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი, 9. რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით. 10. ესენიც ჯერ უნდა გამოიცადონ და მხოლოდ შემდეგ, თუ უმწიკვლონი აღმოჩნდნენ, მიენდოთ მსახურება. 11. მათი ცოლებიც ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყოველმხრივ სარწმუნონი. 12. დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კეთილი გამგებელი. 13. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთ თავს უმზადებენ კეთილ ხარისხსა და მხნეობას ქრისტე იესოს რწმენაში. 14. ამას გწერ და იმედი მაქვს მალე გეწვევი. 15. მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი. 16. უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით.
თავი მეოთხე
1. ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას 2. ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი; 3. რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ. 4. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით, 5. ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება. 6. ამას ასწავლიდე ძმებს და იქნები კეთილი მსახური იესო ქრისტესი, რწმენის სიტყვით და კეთილი მოძღვრებით ნაზარდი, რომლის მიმდევარიც გახდი. 7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი. 8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც. 9. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა. 10. ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი. 11. ამას ამცნებდე და ასწავლიდე. 12. ნურავის დაამცირებინებ შენს სიჭაბუკეს, არამედ ნიმუშად ექმენ მორწმუნეთ სიტყვით, ქცევით, სიყვარულით, სულით, რწმენით, სიწმიდით; 13. ვიდრე მოვიდოდე, გამუდმებით იკითხე, შეაგონე, დამოძღვრე. 14. ნუ უგულებელყოფ შენთვის ბოძებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა ხელდასხმით. 15. ამაზე იზრუნე და ასე იყავი, რათა შენი წარმატება ცხადი შეიქნეს ყველასთვის. 16. გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
თავი მეხუთე
1. ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი - როგორც ძმებს, 2. დედაბრებს - როგორც დედებს, ქალწულებს - როგორც დებს, მთელი სიწმიდით. 3. პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც მართლა ქვრივები არიან. 4. ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს. 5. ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ლოცვა-ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს. 6. განცხრომის მოყვარე კი - ცოცხლადვე მკვდარია. 7. ეს ამცნე მათ, რათა უბიწონი იყვნენ. 8. ხოლო ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს, სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი. 9. ქვრივად შეიძლება შეირაცხოს არანაკლებ სამოცი წლისა, ერთნაქმარევი 10. და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს, ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებული, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ საქმეს. 11. ახალგაზრდა ქვრივებს კი ნუ მიიღებ, რადგანაც ქრისტეს ზურგს აქცევენ და კვლავ გათხოვება სურთ, 12. რისთვისაც სასჯელის ღირსნი არიან, ვინაიდან უარყვეს უწინდელი რწმენა. 13. ეგეც არ იყოს, უქმად ყოფნასა და კარდაკარ წანწალს ეჩვევიან, და არა მარტო უქნარანი არიან, არამედ ყბედნიც, ცნიაბისმოყვარენიც და უტიფრად მოჭარტალენიც. 14. ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისობას მიჰყონ ხელი და გმობის საბაბი არ მისცენ მტერს. 15. რადგანაც ზოგმა უკვე გზას გადაუხვია და სატანის კვალს შეუდგა. 16. თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ქვრივი ნათესავები ჰყავს, დაეხმაროს მათ, რომ ეკლესიას არ დააწვნენ ტვირთად და, ამრიგად, მან შესძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა. 17. ხუცესნი, რომელნიც კეთილად წინამძღვრობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, მეტადრე ისინი, სიტყვით და სწავლით რომ მუშაკობენ. 18. რადგანაც წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს“, და კიდევ: „ღირსია მუშაკი თავისი საზღაურისა“. 19. ხუცესთათვის წაყენებულ ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ დაისწარი ორი ან სამი მოწმე. 20. შემცოდენი ყველას წინაშე ამხილე დანარჩენთა დასაშინებლად. 21. ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე გაფიცებ, ურღვევლად დაიცავი ჩემი რჩევა და ნურაფერს აღასრულებ მიკერძოებით. 22. ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ გახდები სხვათა ცოდვების მოზიარე და წმიდად შეინახე თავი. 23. ამიერიდან მარტო წყალს ნუკი სვამ, არამედ ცოტ-ცოტა ღვინოც იგემე; ეს მოუხდება შენს სტომაქსა და ესოდენ ხშირ სნეულებას. 24. ზოგიერთი კაცის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და წინ მიუძღვიან სამსჯავროსაკენ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ. 25. ასევე წინასწარვე ცხადნი არიან კეთილი საქმენიც, თუ არა და, ბოლოს მაინც არ დაიფარვიან.
თავი მეექვსე
1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება. 2. რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე. 3. ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას, 4. მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი, 5. გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ. 6. თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია. 7. რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ. 8. თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ. 9. ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან. 10. რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი. 11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას; 12. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე. 13. გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, - 14. წმიდად და უბიწოდ დაიმარხე მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე, 15. რომელსაც თავის დროს მოგვივლენს ერთადერთი ნეტარი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი, 16. ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ. 17. მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ; 18. რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი, 19. და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს. 20. ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას, 21. რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.
მეორე ტიმოთეს მიმართ
თავი პირველი
1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, თანახმად სიცოცხლის აღთქმისა ქრისტე იესოში, - 2. ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. 3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით; 4. შენი ცრემლების გახსენებისას ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ, რათა აღვივსო სიხარულით. 5. მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც. 6. ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა. 7. რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა. 8. მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით, 9. რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში, 10. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით; 11. ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი, 12. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის. 13. სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში. 14. შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში. 15. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც. 16. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები. 17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. 18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.
თავი მეორე
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით. 11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ. 12. თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ. 13. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება. 14. ეს შეახსენე მათ და უმოწმე უფლის წინაშე, თავი ანებონ სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს. 15. ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს. 16. ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება. 17. და მათი სიტყვა სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს, როგორც ჰიმენიოსის და ფილეტოსისა, 18. ჭეშმარიტებისგან გამდგარნი რომ ამტკიცებენ, აღდგომა უკვე იყოო, და რწმენას უხშობენ ზოგიერთს. 19. მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“. 20. დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქრო-ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი. 21. ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული. 22. ილტვოდე სიჭაბუკის გულისთქმათაგან; მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან ერთად, ვინც წმიდა გულით მოუხმობს უფალს. 23. ბრიყვულსა და უგუნურ დავას ერიდე: იცოდე, რომ ეს იწვევს სიტყვიერ ბრძოლებს. 24. უფლის მონას კი არ შეშვენის. სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი; 25. თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად. 26. რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი.
თავი მესამე
1. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი. 2. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი, 3. კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, 4. გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, 5. მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი. 6. სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს; 7. ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას. 8. როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი. 9. მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი. 10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას, 11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა. 12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება. 13. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან. 14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული. 15. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით. 16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად, 17. რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.
თავი მეოთხე
1. ამრიგად, მოგიწოდებ ღვთისა და უფალ ქრისტე იესოს წინაშე, თავისი გამოცხადებით და სასუფევლით რომ განიკითხავს ცოცხალთაც და მკვდართაც, 2. იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით, 3. რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, 4. ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან. 5. მაგრამ შენ ყოველ წამს ფხიზლად იყავი, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე და კეთილად აღასრულე შენი მსახურება. 6. რადგან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი. 7. კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს, 8. ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი. 9. ეცადე მალე მოხვიდე ჩემთან. 10. რადგანაც დემასმა მიმატოვა, შეიყვარა ეს საწუთრო და თესალონიკეში წავიდა, კრესკე - გალატეას, ტიტე - დალმაციას; ლუკაღა დარჩა ჩემთან. 11. მარკოზი დასძარი და წამოიყვანე, რადგანაც მსახურებისთვის მჭირდება. 12. ტიქიკოსი ეფესოს წარვგზავნე. 13. როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში, კარპესთან რომ დავტოვე; აგრეთე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი. 14. ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალი. 15. შენც ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა წინ ჩვენს სიტყვებს. 16. ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ. 17. მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას. 18. უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 19. მომიკითხე პრისკილა და აკვილა, აგრეთვე ონესიფორეს სახლი. 20. ერასტოსი კორინთოში დარჩა, ტროფიმე კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში. 21. ეცადე ზამთარს დაასწრო მოსვლა. მოგიკითხავენ ევბულე, პუდე, ლიმოსი, კლავდია და ყველა ძმანი. 22. უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ.
ტიტეს მიმართ
თავი პირველი
1. პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულთა რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად, 2. საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა, 3. და თავის დროზე გამოაცხადა სიტყვა ქადაგებით, რომელიც ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის ბრძანებით მე მომენდო, - 4. ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის - ქრისტე იესოსაგან. 5. იმიტომ დაგტოვე კრეტეს, რომ დასასრულებელი დაასრულო და ხუცესნი დაადგინო ყველა ქალაქში, როგორც დაგავალე: 6. ვინც უბიწოა, ერთი ცოლის ქმარი და მორწმუნე შვილების მამა, ვისაც ვერავინ დასდებს ბრალად ბილწებასა და ურჩობას, 7. რადგანაც ეპისკოპოსი უბიწო უნდა იყოს, როგორც მნე ღვთისა, არა თავნება, არა გულფიცხი, არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არა ანგარი, 8. არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთისმოყვარე, გონიერი, მართალი, წმიდა, მტკიცე, 9. სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება. 10. რადგან ბევრია ურჩიც, ფუჭად მოლაყბეც და გონების მაცდურიც, მეტწილად წინადაცვეთილთაგან, 11. რომელთაც უნდა ავუკრათ პირი, რადგანაც რყვნიან მთელ სახლებს და ასწავლიან იმას, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებით. 12. ერთმა მათგანმა, იქაურმა წინასწარმეტყველმა თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, მძვინვარე მხეცნი, უქმი მუცელნი. 13. ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომაც ამხილე ისინი მკაცრად, რათა საღნი იყვნენ რწმენაში. 14. ყურს ნუ უგდებენ იუდეველთა ზღაპრებსა და ჭეშმარიტებისაგან განდგომილ კაცთა მცნებებს. 15. რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც. 16. სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი.
თავი მეორე
1. შენ კი ის ილაპარაკე, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას. 2. ბერიკაცები ფხიზლები იყვნენ, ღირსეულნი, გონიერნი, რწმენით, სიყვარულითა და მოთმინებით საღნი. 3. ხანდაზმული ქალებიც ისეთნი იყვნენ, როგორც შეჰფერის სიწმიდეს: არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონები, არამედ სიკეთის მოძღვარნი, 4. რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი, 5. კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა. 6. ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ თავდაჭერილნი იყვნენ. 7. ყველაფერში კეთილი საქმის ნიმუშად წარმოაჩინე თავი; სწავლებისას - სიწმიდე და სიდარბაისლე; 8. შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე. 9. მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას; 10. ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის მოძღვრება. 11. რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, 12. ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, 13. და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას, 14. რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე. 15. ამას ამბობდე, შეაგონებდე და ამხილებდე მთელი ძალმოსილებით, რათა ვერავინ უგულებელგყოს.
თავი მესამე
1. შეახსენე მათ, დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი. 2. ნურავის ჰგმობენ, არამედ უშფოთველნი იყვნენ, შემწყნარებელნი და კეთილმოსურნენი ყოველი კაცის მიმართ. 3. ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდთმილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი. 4. ხოლო როდესაც გამოჩნდა სიკეთე და კაცთმოყვარეობა ჩვენი მაცხოვრის - ღვთისა, 5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით, 6. რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, 7. რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე. 8. სარწმუნოა ეს სიტყვა, და მე მინდა, რომ მტკიცედ იდგე ამ აზრზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილ საქმეთა კეთებას, რაც სარგო და სასიკეთოა კაცთათვის. 9. ხოლო ფუჭ ძიებას, გვარტომობის ჩხრეკას, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო. 10. მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. 11. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი. 12. როდესაც არტემასსა და ტიქიკოსს გამოგიგზავნი, ჩემსკენ გამოეშურე, ნიკოპოლისს, რადგანაც აქ გადავწყვიტე გამოზამთრება. 13. ხელი შეუწყვე რჯულის მოძღვარ ძენასისა და აპოლოსის გამომგზავრებას, რომ არაფერი მოაკლდეთ. 14. ჩვენიანებმაც ისწავლონ კეთილ საქმეთა კეთება გაჭირვებაში დასახმარებლად, რათა არ იყვნენ უნაყოფონი. 15. მოგიკითხავს ყველა, ვინც ჩემთანაა. მოიკითხე, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
ფილიმონის მიმართ
1. პავლე, იესო ქრისტეს ტყვე, და ძმა ტიმოთე - ფილემონს, ჩვენს საყვარელ თანაშემწეს, 2. აპფიას, საყვარელ დას, არქიპოსს, ჩვენს თანამოღვაწეს, და შენს შინაურ ეკლესიას: 3. მადლი თქვენდა და მშვიდთბა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 4. ვმადლობ ღმერთს ჩემსას და გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, 5. რადგანაც მესმის შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც გაქვს უფალ იესოსა და ყველა წმიდის მიმართ. 6. რათა ზიარება შენი რწმენისა შეეწიოს ყოველივე კეთილის შემეცნებას, რაც არის ჩვენში ქრისტესათვის. 7. ვინაიდან დიდი სიხარული და ნუგეში მოგვანიჭა შენმა სიყვარულმა, ძმაო, რადგანაც შენ გაამხნევე წმიდათა გული. 8. ამიტომ, თუმცა დიდი სითამამე მაქვს ქრისტეში, გიბრძანო შენ, რაც გმართებს, 9. მაგრამ სიყვარულით უფრო გთხოვ, სხვა კი არა, მე - მხცოვანი პავლე, ხოლო აწ ქრისტე იესოს ტყვეც. 10. ჩემი შვილის ონისიმესათვის გთხოვ, რომელიც შემეძინა ტყვეობაში; 11. ოდესღაც ურგები რომ იყო შენთვის, ხოლო აწ შენთვისაც სარგოა და ჩემთვისაც; 12. გიგზავნი მას, ანუ ჩემს გულს. 13. მინდოდა გვერდით მყოლოდა იგი, რათა შენს ნაცვლად ჩემთვის გაეწია სამსახური ამ ვირთებაში, რასაც ვიტან სახარების გამო. 14. მაგრამ შენთან შეუთანხმებლად არაფრის ქმნა არ ვისურვე, რათა შენი სიკეთე იძულებითი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებსითი. 15. ვინ იცის, იქნებ დროებით იმიტომ დაგშორდა, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი. 16. მაგრამ უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე უმეტესი, საყვარელი ძმა, მეტადრე ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის, ხორციელადაც და უფლის მიერაც. 17. ასე რომ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, ისე მიიღე, თითქოს მე ვიყო. 18. ხოლო თუ რამე გაწყენინა, ან მართებს შენი, მე მომკითხე. 19. მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით: მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ ამაზე მეტიც გმართებს ჩემი: თვით შენი თავი. 20. ჰო, ძმაო, შემეწიე უფალში, ახარე ჩემი გული უფალში. 21. შენს მორჩილებაში დარწმუნებულმა მოგწერე ეს, რადგანაც ვიცი, რომ უფრო მეტსაც შემისრულებ, ვიდრე მე გთხოვ. 22. ამასთანავე გამიმზადე ბინაც, რადგანაც იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვით მოგემადლებით. 23. მოგიკითხავენ ეპიფრასი, ჩემი თანა-ტყვე ქრისტე იესოში; 24. მარკოზი, არისტარქე, დემასი და ლუკა, ჩემი თანაშემწენი. 25. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენს სულს. ამინ.
ებრაელთა მიმართ
თავი პირველი
1. ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, 2. ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი, 3. რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი, 4. ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი. 5. ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“; ანდა: „მე ვიქნები მისი მამა, და ის იქნება ჩემი ძე“. 6. ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“. 7. ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ - ალად ცეცხლისა“. 8. ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“. 9. „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“. 10. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. 11. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი. 12. სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“. 13. რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“? 14. განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?
თავი მეორე
1. ამიტომაც გვმართებს მეტი ყურადღება იმისადმი, რაც გვესმის, თუკი არ გვინდა, რომ გზას ავცდეთ. 2. ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს, 3. ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში, 4. ღვთის თანამოწმობით, სასწაულებით და ნიშებით, ნაირგვარი ძალითა და სული წმიდის ნიჭით, რაც განაწილებუღ იქნა მისი ნებისამებრ? 5. რადგანაც ღმერთმა ანგელოზებს როდი დაუმორჩილა მომავალი ქვეყანა, რომელზედაც ვმსჯელობთ. 6. არამედ ვიღაცის მოწმობით სადღაცა თქმულა: „რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ან ძე კაცისა, რომ მოიხილავ მას? 7. ოდნავ თუ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან ჰყავ 8. და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმხე. და რაკი ყველაფერი დაუმორჩილე, დასამორჩილებელი აღარა დარჩა რა, მაგრამ აწ ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი მას მორჩილებდეს; 9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო. 10. და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით. 11. ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ, 12. და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“. 13. ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“. 14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, 15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა. 16. რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ - აბრაამის მოდგმას. 17. ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად. 18. ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.
თავი მესამე
1. ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესოს, 2. რომელიც ისეთივე ერთგულია თავისი შემოქმედისა, როგორც მოსე ღვთის სახლში. 3. ვინაიდან მოსესთან შედარებით უფრო მეტი დიდების ღირსი შეიქნა, ისევე, როგორც სახლთან შედარებით მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს. 4. რადგანაც ყველა სახლს ვიღაც აშენებს, ყოვლის ამშენებელი კი ღმერთია. 5. მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, რათა ემოწმებინა, რაც უნდა თქმულიყო, 6. ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს. 7. ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, 8. ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, 9. სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს. 10. ამიტომაც მოვიძულე ეს მოდგმა და ვთქვი: მარადჟამ ცდებიან გულით, და ვერ შეიცნეს ჩემი გზა. 11. ასე დავიფიცე ჩემი რისხვით, რომ არ ეღირსებათ ჩემს სიმშვიდეში შემოსვლა“. 12. იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. 13. არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით. 14. რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისს ბოლომდე დავიცავთ მტკიცედ. 15. ვიდრე არ ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვისას“. 16. ვინაიდან ზოგმა ისმინა და დრტვინვას მოჰყვა; მაგრამ ყველა კი არა, ვინც მოსეს მეოხებით გამოვიდა ეგვიპტიდან. 17. მაშ, ვის გამო მრისხანებდა ორმოც წელიწადს, თუ არა შემცოდეთა გამო, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდნენ? 18. ან ვის მიმართ დაიფიცა, რომ ვერ ეღირსებოდნენ მის სიმშვიდეში შესვლას, თუ არა ურჩთა მიმართ? 19. და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას.
თავი მეოთხე
1. მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს. 2. რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას. 3. სიმშვიდეში კი ჩვენ, მორწმუნენი შევალთ, როგორც მან ბრძანა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. თუმცაღა მისი საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ ქვეყნიერების დასაბამიდან. 4. ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაცა ასე თქმულა: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს მისი ყოველი საქმისგან“. 5. და კიდევ: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. 6. და რაკი ზოგს კვლავაც შეუძლია მასში შესვლა, ხოლო ისინი, ვისაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, - 7. კვლავინდებურად აწესებს გარკვეულ დღეს, და დავითის პირით ამბობს - „დღესო“, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“. 8. ვინაიდან იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ აღარას იტყოდა სხვა დღეზე. 9. ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა. 10. რადგან ვინც შევიდა მის სიმშვიდეში, ისევე დაისვენა თავის საქმეთაგან, როგორც ღმერთმა შესაქმის შემდეგ. 11. მაშ, ვესწრაფოთ ამ სიმშვიდეში შესვლას, რათა, მათი მაგალითისამებრ, ურჩობაში არვინ ჩავარდეს. 12. რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს. 13. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს. 14. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას. 15. რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. 16. მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.
თავი მეხუთე
1. რადგანაც ყოველი მღვდემლთავარი კაცთაგან არჩეულია და კაცთათვისვე დადგენილი ღვთისმსახურად, რათა სწირავდეს მსხვერპლსა და შესაწირავს ცოდვებისათვის. 2. მას შეუძლია შეიწყნაროს უმეცარნი და შეცთომილნი, ვინაიდან თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით. 3. ამიტომაც მართებს როგორც ხალხისთვის, ისე თავისი თავისთვისაც სწირავდეს მსხვერპლს ცოდვათა მისატევებლად. 4. თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად. 5. ასე ქრისტემაც თვითონვე კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“. 6. ხოლო სხვა ადგილას ამბობს: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“, 7. რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო. 8. და თუმცა ძე იყო, ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება. 9. ასე რომ, სრულქმნილი, მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა. 10. და იწოდა ღვთის მიერ მღვდელმთავრად, წესისამებრ მელქისედეკისა. 11. ბევრი რამ შეგვეძლო გვეთქვა ამის თაობაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან სმენის თავი აღარა გაქვთ. 12. მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი; ასე რომ, კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი. 13. მაგრამ რძის ყოველი მსმელი გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვილია. 14. უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.
თავი მეექვსე
1. ამიტომ დავუტევოთ ქრისტეს სიტყვის საწყისნი. ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ და კვლავ ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას, 2. ნათლისღების, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას. 3. ასეც მოვიქცევით, თუკი ინება ღმერთმა. 4. რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას, 5. შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი, 6. მაგრამ მაინც დაეცნენ, - დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ. 7. რადგანაც მიწა, მასზე ხშირ-ხშირად დადენილ წვიმას რომ ისრუტავს და მიწის მუშაკთათვის სარგო ნათესს აღმოაცენებს, ღვთისაგან იღებს კურთხევას. 8. ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა. 9. თუმცა თქვენ, საყვარელნო, მიუხედავად ამ სიტყვებისა, გვწამს, რომ უკეთესნი ხართ და ხსნად მიწევნილნი. 10. რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ. 11. მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას. 12. რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ. 13. რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა, 14. და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“. 15. და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა. 16. ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული. 17. ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს. 18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს, 19. რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს, 20. სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.
თავი მეშვიდე
1. რადგანაც მელქისედეკი, მეფე სალემისა, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეთა შემუსვრის შემდეგ შემოქცეულს, და აკურთხა იგი. 2. ხოლო აბრაამმა ყველაფრის მეათედი უწილადა მას, ვისი სახელიც, უწინარეს ყოვლისა, განიმარტება როგორც „სიმართლის მეფე“, შემდეგ კი - „მეფე სალემისა“, ანუ „მშვიდობის მეფე“. 3. უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ, მსგავსად ღვთის ძისა, მღვდლად რჩება უკუნისამდე. 4. მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილადა. 5. ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნებადა აქვთ, მეათედს კრეფდნენ ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი. 6. იმან კი, ვინც არ არის მათი გვარისა, აბრაამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონე. 7. ხოლო, ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ. 8. აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, იქ კი - ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია. 9. და, ასე ვთქვათ, ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი. 10. ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი. 11. ამრიგად, სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული), რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო? 12. ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც. 13. რადგან ვისზედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს. 14. ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს. 15. და ეს მით უფრო ცხადია, რომ, მელქისედეკის მსგავსად, დგება სხვა მღვდელი, 16. რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით. 17. რადგანაც გვაქვს მოწმობა: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“. 18. უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება, 19. რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს. 20. და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, 21. (ვინაიდან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს - ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა)“, - 22. იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო. 23. ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას, 24. ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს. 25. ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად. 26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
თავი მერვე
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა. 3. რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევადაა დადგენილი; ამიტომ აუცილებელია, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი. 4. მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგანაც აქ არიან მღვდღები, რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს, 5. და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, - იყო თქმული, - ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“. 6. ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული. 7. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს? 8. ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ: „აჰა, მოვლენ დღენი, - ამბობს უფალი, - როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. 9. იმნაირ აღთქმას კი არა, მათ მამებს რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; მაგრამ რაკი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელვყავ ისინი, ამბობს უფალი. 10. აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. 11. აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები. 12. ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს. 13. ხოლო „ახალიო“ რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია.
თავი მეცხრე
1. თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმიდარი, 2. რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“. 3. მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“. 4. და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი. 5. ხოლო მათ ზემოთ - ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ მათზე. 6. ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად. 7. მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი თავისა და ხალხის ცთომილებათა გამო. 8. ამით სული წმიდა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ გახსნილა საწმიდრის გზა, ვიდრე დგას პირველი კარავი. 9. ესაა ნიმუში აწმყო დროისა, როცა სწირავენ მსხვერპლსა და შესაწირავს, რასაც არ ძალუძს სრულყოს შემწირველის სინიდისი. 10. რადგანაც ესაა მხოლოდ სასმელ-საჭმელი, სხვადასხვაგვარი განბანა და ხორციელ წესთა აღსრულება, გამოსწორების დრომდე დადგენილი. 11. ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით. 12. კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა. 13. ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი, 14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის? 15. ამიტომაც არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა სიკვდილით, რომლითაც აღესრულა, გამოესყიდა პირველი აღთქმისას ჩადენილი დანაშაულნი და, ამრიგად, საუკუნო მემკვიდრეობისთვის ხმობილთ მიეღოთ აღთქმული. 16. ვინაიდან სადაც არის ანდერძი, იქ აუცილებელია მეანდერძის სიკვდილი. 17. რადგანაც ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, და არა მანამ, სანამ ცოცხალია მეანდერძე. 18. ამიტომ არც პირველი აღთქმა დამტკიცებულა სისხლის გარეშე. 19. რადგანაც მოსემ, ყველა მცნება რჯულისამებრ რომ წარმოსთქვა ხალხის წინაშე, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი, წყალთან, მეწამულ მატყლსა და უსუპთან ერთად, და ასხურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხსაც, 20. და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, ღმერთმა რომ გამცნოთ თქვენ“. 21. თვით კარავსა და საღვთისმსახურო ჭურჭელსაც ასხურა სისხლი. 22. ასე რომ, რჯულის მიხედვით, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება, და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება. 23. ამრიგად, ზეციერთა ხატებანი ამით უნდა იწმიდებოდნენ, ხოლო თვით ზეციერნი - ამაზე უკეთესი მსხვერპლით. 24. რადგანაც ქრისტე ხელთქმნილ საწმიდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა, არამედ თვით ცაში, რათა აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს, 25. იმიტომ კი არა, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც მღვდელმთავარი ყოველწლიურად სხვისი სისხლით შედის საწმიდარში, 26. თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა. 27. და როგორც ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა, 28. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად.
თავი მეათე
1. რადგანაც რჯული, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით, გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი. 2. ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმედილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ, რა არის ცოდვა. 3. მაგრამ მსხვერპლშეწირვა ყოველწლიურად იწვევს ცოდვათა გახსენებას. 4. რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით. 5. ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე. 6. სრულდასაწველრ და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ინებე. 7. მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრუღთ შენი ნება, ღმერთო“. 8. ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო, 9. შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს. 10. სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. 11. რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას. 12. მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. 13. მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ. 14. რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი. 15. ამასვე გვიმოწმებს სული წმიდაც, რადგანაც ნათქვამია: 16. „ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეთა შემდეგ, - ამბობს უფალი, - ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ. 17. აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას“. 18. ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, შესაწირავი ზედმეტი ხდება. 19. ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით, 20. ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით, 21. და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში, 22. მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი, 23. მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი. 24. ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი. 25. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას. 26. რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის. 27. არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი. 28. თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს, 29. როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს? 30. რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“. ან კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს“. 31. მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში! 32. გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი; 33. როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროდ იყავით ქცეულნი, ანდა სხვებს თანაუგრძნობდით, თქვენსავე დღეში ჩაცვენილთ. 34. ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში. 35. მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის. 36. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. 37. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი. 38. მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული. 39. მაგრამ ჩვენ უკუქცეულნი როდი ვართ წარსაწყმედად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი სულის სახსნელად.
თავი მეთერთმეტე
1. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა. 2. რადგანაც რწმენით მიეცა მოწმობა უხუცესთ. 3. რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს. 4. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს. 5. რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს. 6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ. 7. რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე. 8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა. 9. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად. 10. ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი. 11. რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი. 12. ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას. 13. რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად. 14. რადგანაც ასე მეტყველნი ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ. 15. ის სამშობლო რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას. 16. მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ. 17. რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი, 18. რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“. 19. რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში. 20. რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის. 21. რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი, და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს. 22. რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე. 23. რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას. 24. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, 25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას. 26. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს. 27. რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა. 28. რწმენით აღასრულა პასექი და სისხლის პკურება, რათა პირმშოთა მომსრველს ხელი ვერ ეხლო მათ პირმშოთათვის. 29. რწმენით გადავლეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ხოლო ეგვიპტელები, იგივე რომ დააპირეს, უფსკრულს დაინთქნენ. 30. რწმენით დაემხო იერიხონის გალავანი შვიდდღიანი ალყის შედეგად. 31. რწმენით იყო, რომ ურჩებთან ერთად არ დაიღუპა მეძავი რააბი, რომელმაც მშვიდთბით მიიღო მსტოვარნი. 32. მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად, 33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
თავი მეთორმეტე
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ. 3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე. 4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. 5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს. 6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“. 7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? 8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. 9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ? 10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს. 11. ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას. 12. მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები. 13. მოასწორეთ ბილიკნი თქვენს ფეხთათვის, რათა გზას კი არ გადასცდეს კოჭლი, არამედ განიკურნოს. 14. თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს.15. ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი. 16. რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა. 17. რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას. 18. რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს, 19. არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა. 20. რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: „მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება“. 21. იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: „ვძრწი და ვკანკალებ“. 22. არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს, 23. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს, 24. ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და სხურების სისხლს, აბელის სისხლზე უკეთ რომ მეტყველებს. 25. ფრთხილად იყავით, ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს? 26. ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც“. 27. ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი. 28. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით. 29. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.
თავი მეცამეტე
1. ძმური სიყვარული ეგოს. 2. სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია. 3. გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ. 4. ყველას ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს; ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს. 5. ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“. 6. ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“ 7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს. 17. დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ. 18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ. 19. უმეტესად გთხოვთ ამის აღსრულებას, რომ მალე დაგიბრუნდეთ. 20. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო, 21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 22. გთხოვთ, ძმანო, შეიწყნაროთ ეს სიტყვა შეგონებისა, თუმცაღა მოკლედ მოგწერეთ თქვენ. 23. იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლდა და, თუ მალე მოვიდა, ერთად გეწვევით. 24. მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღვარი და ყველა წმიდა. მოკითხვას გითვლიან იტალიელნი. 25. მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
წყარო: http://www.orthodoxy.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий