(1919
წლის იანვარი–1921 წლის მარტი)
1. ოსმალეთი და
„სამხრეთ
კავკასიის
მუსლიმანური
სახელმწიფოს“ შექმნის
საკითხი
XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში მიმდინარე ურთულესი პოლიტიკური პროცესებიდან, განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ეტაპზე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მუსლიმანური სარწმუნოების ნიღბით შეფუთული ანტიქართული მოძრაობის აღმავლობა იქცევს. ამ შემთხვევაში, სერვერ ბეგის ხელმძღვანელობით საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე „ახალი მუსლიმანური სახელმწიფოს“ – ყარსის რესპუბლიკის სახელწოდებით შექმნის მცდელობა მაქვს მხედველობაში. ეს საკითხი სხვადასხვა დროს პოლიტიკურ, სამხედრო მოღვაწეთა და ისტორიკოსთა განსჯის საგანს წარმოადგენდა. უმეტესი მათგანი, ანტიქართული და პროთურქული ორიენტაციის გაღრმავების საფუძველს, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსში ხედავდა და კრიტიკის მახვილსაც მის წინააღმდეგ მიმართავდა. მათი მტკიცებით, სერვერ ბეგის „აჯანყება“ და „ყარსის რესპუბლიკის“ შექმნა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თითქოსდა მცდარი „სოციალური და აგრარული რეფორმით“ იყო განპირობებული. ამ შემთხვევაში ანგარიშს არ უწევენ და ნებსით თუ უნებლიედ უკანა პლანზე გადააქვთ:
1) ოსმალეთის და აზერბაიჯანის აგენტების მიერ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში ათეული წლების განმავლობაში გაწეული პროოსმალური სააგიტაციო-პროპაგანდისტული მუშაობის მნიშვნელობა; 2) იგნორირებას უკეთებენ რეგიონის მაშინდელი მოსახლეობის დაბალი დონის განათლებას და მათზე იდეოლოგიური ზემოქმედებით განმაპირობებელ შედეგებს; 3) სერვერ ბეგის ოჯახურ გარემოს (დედა ყაზანელი თათარი, მამობილი სომეხი – ორთავენი ქართველთმოძულეები), ბავშვობიდანვე ქართველთა სიძულვილით აღზრდას.
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას, ტენდენციურობისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ საშუალებად, პრობლემის ყოველმხრივი შესწავლა და მისი ქართული პოლიტიკური აზროვნების ჭრილში განხილვა გვესახება. ამის საშუალებას, იმ პერიოდის პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები, საარქივო მასალები და დამფუძნებელი კრების სტენოგრაფიული ანგარიშები იძლევა. მითუმეტეს, იმავე დამფუძნებელი კრების სხდომების მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, ახალციხის მოვლენები საგანგებო მსჯელობის საგნად აქცია. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას დამფუძნებელი კრების 1919 წლის 14 მარტის სხდომა იქცევს. როგორც სტენოგრაფიული ანგარიშიდან ირკვევა, ახალციხის ამბებთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნის საკითხი, კრების სხდომაზე ნ. ელიავამ რიგგარეშე გაიტანა. იმავე სხდომამ, კომისიის 4 წევრიანი შემადგენლობა (ჰუსეინ გული მემედ ოღლი, გიზო ანჯაფარიძე, პეტრე სურგულაძე, სამსონ ფირცხალავა) დაამტკიცა. მიღებული დადგენილებით, კომისიის ამოცანას, ახალციხის მაზრაში მდგომარეობის გამორკვევა და სათანადო ზომების გატარება წარმოადგენდა. რამდენადაც ეს დოკუმენტი ზოგადფრაზოლოგიურ ხასიათს ატარებდა, იგი კომისიის წევრებისა და მისი თავმჯდომარის (გ. ანჯაფარიძე) მოქმედების ზედა ზღვარს არ განსაზღვრავდა. ახალციხის მაზრაში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური სიტუაცია, კომისიისათვის ფუნქციისა და უფლებების დაკონკრეტებას საჭიროებდა. მითუმეტეს, ადგილობრივი სახელისუფლებო უწყებებისა და კომისიის საქმიანობას რეგიონში არა ხელისშემსლელი, არამედ კოორდინირებული სახე უნდა მიეღო. ზემოაღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე, რამდენადაც ეს საკითხი გაურკვეველი რჩებოდა, იგივე გ. ანჯაფარიძე იძულებული გახდა, დამფუძნებელი კრებისადმი კონკრეტული მოთხოვნა წაეყენებინა: „გამოგვიგზავნეთ დეპეშით ბოროტმომქმედთა და მეამბოხეთა დაპატიმრების უფლება. უკანასკნელი აუწყეთ კვინიტაძეს“. იმ შემთხვევაში, თუკი გ.ანჯაფარიძის კომისიას აღნიშნული უფლებები მიენიჭებოდა, ახალციხის მაზრის გენერალ-გუბერნატორი გ. კვინიტაძე ამის შესახებ საქმის კურსში უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება გასაგზავნი დეპეშის ტექსტს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, დამფუძნებელი კრების 1919 წლის 21 მარტის სხდომაზე ნ. ელიავამ საგანგებო განცხადება გააკეთა: „დამფუძნებელმა კრებამ – ვკითხულობთ დოკუმენტში – გაარკვიოს: ექნება თუ არა კომისიას უფლება, თუ ვინიცობაა... გამოარკვია ბოროტმოქმედება, მიაგნო ბოროტმომქმედს და და დაკონკრეტებული ფორმულირებით დაემტკიცებინა; 2) კომისიის წევრებისათვის უმაღლესი უფლებების მინიჭება, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს იმავე კომისიის თავმჯდომარისათვის დაუყოვნებლივ ეცნობებინა; 3) მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თანამდებობის ყველა პირი საქმის კურსში ჩაეყენებინა. კომისიის უფლებების შესახებ ნ. ელიავას მიერ შემუშავებულმა ფორმულირებამ, დამფუძნებელი კრების იმავე სხდომის მონაწილე პოლიტიკურ ძალთა დებატები გამოიწვია. განსაკუთრებით ეროვნულ-დემოკრატების და სოციალისტ-ფედერალისტების პარტიების ფრაქციების წარმომადგენლები (გ. გვაზავა, ი. ბარათაშვილი) აქტიურობდნენ. კომისიის წევრებისადმი განსაკუთრებული უფლებების მიცემას, მხოლოდ ადგილობრივი ადმინისტრაციის საქმიანობაში მოსალოდნელი ჩარევის დაუშვებლობიდან გამომდინარე ეწინააღმდეგებოდნენ. `ამისთანა უფლება კომისიისათვის ჩვენ არ მიგვინიჭებია – ამბობდა გ. გვაზავა – თუ ვინმე დასაჭერია, იმ ორგანოს უნდა შეატყობინონ, რომელსაც ამგვარი საკითხების მოწესრიგება ევალება. ამიტომ, ჩვენი ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ წინააღმდეგნი ვართ შემოტანილი წინადადების“. ეროვნულ-დემოკრატების ეს თვალსაზრისი, შესაბამისი არგუმენტების მოშველიებით სოციალისტ-ფედერალისტმა ი. ბარათაშვილმაც გაიზიარა. დამფუძნებელი კრების წინა სხდომის დადგენილებიდან გამომდინარე, იგი ხაზგასმით მიუთითებდა, რომ კომისიას ადგილობრივი მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, მომხდარი ფაქტის მხოლოდ გამომწვევი მიზეზების გამორკვევა და შესაბამისი მასალების შეგროვება ევალებოდა. რაც შეეხება დადგენილებაში მითითებულ – „სათანადო ზომებს“, იმავე ი.ბარათაშვილის მტკიცებით, იგი რეგიონის გუბერნატორის, საგანგებო ინსპექტორისა და უშუალოდ მთავრობის კომპენტენციას წარმოადგენდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ დადგენილებაში მოტანილ გამონათქვამს – „სათანადო ზომების მისაღებად“, გ. გვაზავა და ი.ბარათაშვილი ალტერნატულ ფორმულირებას ვერ უძებნიდნენ. არადა, მათი გამოსვლების მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, დოკუმენტის ეს ნაწილი შემდეგი ფორმულირებით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი: – „კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, კომისიას, შესაბამიასი უწყებების წინაშე სათანადო ზომების გატარების მოთხოვნის დასმის უფლება ეძლევა“. ამ შემთხვევაში, კომისიას მხოლოდ სარეკომენდაციო უფლებები მიენიჭებოდა. რამდენადაც წინა დადგენილების ტექსტი უცვლელი დარჩა, სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის წარმომადგენელ ივ. გობეჩიას, ამ ფაქტმა გ. გვაზავასა და ი. ბარათაშვილის წინააღმდეგ გამოსვლის შესაძლებლობა მისცა. ოპონენტების საწინააღმდეგოდ წარმოთქმულ სიტყვაში იგი შინაგან საქმეთა მინისტრისადმი, გენერალ-გუბერნატორისა და რეგიონში გაგზავნილი კომისრებისადმი მინიჭებულ უფლებებს ეყრდნობოდა. „ახალციხის კომისია – ამბობდა ივ. გობეჩია – ერთხმად იყო კრების მიერ არჩეული და თუ ის ადგილობრივი გამოძიების დროს რომელიმე პირის დაჭერას მიზანშეწონილ ზომად მიიჩნევს, ამის უფლება თქვენ მას უნდა მისცეთ... ეს არც სახელმწიფოებრივი და სხვა და სხვა ფუნქციების ერთი მეორეში არევა და არც კომისიის მიერ სხვისი უფლებების მითვისება არ იქნება“.1
ამ ამონაწერის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, ზემოაღნიშნული კომისია განსაკუთრებული უფლებებით იქნებოდა აღჭურვილი. ე.ი. რეგიონში იგი განმკარგულებლისა და აღმასრულებლის ფუნქციებს შეითავსებდა. ივ. გობეჩიას ეს თვალსაზრისი მმართველი პოლიტიკური პარტიის პოზიციას ემთხვეოდა. ამის უდაო დადასტურებას, დამფუძნებელი კრების იმავე სხდომაზე კირ. ნინიძის გამოსვლა წარმოადგენს. მისი მტკიცებით, რამდენადაც კომისია დამფუძნებელი კრების ნდობითა და უზენაესი უფლებებით იყო აღჭურვილი, მხარის უმაღლეს წარმომადგენლად უნდა ჩათვლილიყო და ადგილობრივი ადმინისტრაციაც დამორჩილებოდა.
დამფუძნებელი კრების სტენოგრაფიული ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომისიის უფლებამოსილების საკითხთან მიმართებაში, რეზოლუციის ორი პროექტი იქნა წარდგენილი; 1) ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი კრების ფრაქციიდან და 2) სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი კრების ფრაქციიდან. ეს უკანასკნელი პროექტი კრების მონაწილეებს კ. ჯაფარიძემ გააცნო. კენჭისყრის შედეგად, სოციალ-დემოკრატების მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი იქნა დამტკიცებული. „თანახმად 14 მარტის სხდომაზე მიღებული რეზოლუციისა, – ვკითხულობთ დოკუმენტში – საგანგებო კომისიას, რომელიც გაგზავნილია ახალციხის მაზრაში, უფლება აქვს საჭიროებისამებრ გასცეს განკარგულება ბოროტმომქმედთა და მოღალატეთა დასატუსაღებლად, მისცეს ასეთი პირები სასამართლოში განურჩევლად მათი მდგომარეობისა და თანამდებობისა“.2
მართალია, ეს დოკუმენტი კომისიას განსაკუთრებულ უფლებებს აძლევდა, მაგრამ მისი გამოყენება და რეგიონში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისადმი მისადაგება, კომისიის თავმჯდომარის აქტიურ მოქმედებაზე და შემოქმედებითად მიდგომაზე იყო დამოკიდებული.
ჩემს ხელთ არსებული საარქივო და სხვა სახის მასალების მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ახალციხის მაზრაში შექმნილი რთული პოლიტიკური პროცესების შესახებ, კომისიამ უაღრესად საყურადღებო მასალების (ადგილობრივი მოსახლეობის დაკითხვის ჩანაწერები და სხვა) შეკრება შეძლო და მასზე დაყრდნობით დამფუძნებელ კრებას მოხსენების სახით შესაბამისი ანგარიშიც წარუდგინა. ამ დოკუმენტების მიხედვით დასტურდება: 1) რუსული ჯარის მიერ კავკასიის ფრონტზე სტრატეგიული პუნქტების უსისტემოდ მიტოვებამ და თვითნებურმა დემობილიზაციამ, დამარცხებული ოსმალეთი გამარჯვებული სახელმწიფოს როლში წარმოაჩინა (ოსმალეთის მიერ უბრძოლველად დაკავებული ტერიტორიების ფაქტი მაქვს მხედველობაში); 2) ინგლისთან დამარცხებულ ოსმალეთს, ამიერკავკასიაში და კერძოდ საქართველოში კონპენსაციის მიღების გარკვეული შანსი გაუჩნდა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში მის გამოყენებას ყოველმხრივ შეეცადა. მხედველობაში მაქვს სერვერ ბეგის „აჯანყება“ და „სამხრეთ კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს“ შექმნასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების მის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრების მიხედვით, ამ „აჯანყების“ გამომწვევ ძირითად მიზეზად, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული აგრარული რეფორმა და ადგილობრივი „მენშევიკური“ ადმინისტრაციის „შეცდომებია“ მიჩნეული. მისი ავტორები, ამიერკავკასიის კომისარიატის 1917 წლის 16 დეკემბრის და ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 17 მარტის მიწის კანონებს ეყრდნობიან. ამ დოკუმენტების ზოგიერთი ნაკლოვანებების წინა პლანზე წამოწევითა და აფიშირებით, თავიანთი მოსაზრების „გამართლებას“ ცდილობენ. ანგარიშს არ უწევენ იმ გარემოებას, რომ: 1) ეს კანონები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მიღებულ (3-2 თვით წინმსწრებ) დოკუმენტებს წარმოადგენდა; 2) რამდენადაც ისინი ამიერკავკასიის თითოეული რესპუბლიკისათვის დამახასიათებელ სპეციფიკას არ ითვალისწინებდა, მისი პრაქტიკულად გატარება არ მომხდარა;3 3) ქართველი მუსლიმანი ბეგების, განსაკუთრებით სერვერ ბეგის აჯანყება თუკი არგატარებული და სამომავლოდ მოსალოდნელი აგრარული რეფორმის შიშით იყო განპირობებული, მაშინ, ანალოგიური სახის აჯანყებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მსხვილ მიწისმფლობელ მუსლიმან ბეგებსაც უნდა მოეწყო. მითუმეტეს, ამიერკავკასიის კომისარიატის 1917 წლის 16 დეკემბრისა და ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 17 მარტის მიწის კანონები მათაც ეხებოდა. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში, აზერბაიჯანელი ბეგების აჯანყებებს აზერბაიჯანში ადგილი არ ქონია.
ჩემს მიერ მოტანილი ფაქტების გაუთვალისწინებლობიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული შეხედულების ავტორები, ზოგიერთი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის დაუზუსტებელ მონაცემებზე დაყრდნობით, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ანტიქართულ გამოსვლებს (1917 წლის დეკემბერი, 1918 წლის იანვარ-თებერვალი), იმ პერიოდში ჯერ კიდევ არგატარებულ აგრარულ რეფორმებს უკავშირებს. ამ მხრივ განსაკუთრებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გ. გვაზავა გამოირჩეოდა. საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 18 თებერვლის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების მისამართით აცხადებდა: „ახალციხის მაზრაში მომხდარი ამბოხება გამოწვეულია პარლამენტის მიერ მიღებული და ცხოვრებაში გატარებული აგრარული კანონით“. ამ შემთხვევაში გ.გვაზავა აშკარად უპირისპირდებოდა გაზეთ „საქართველოს“ რედაქციის პოზიციას, სადაც ხაზგასმით იყო მითითებული, რომ „მიწის რეფორმა დიდ შემაკავშირებელ ძალად გადაიქცა სამაჰმადიანო საქართველოში, რომელმაც პირი აბრუნებინა ხალხს სტამბოლიდან და ჩვენი ოიენტაციის გახადა“. მეორე მხრივ, გ. გვაზავას ზემოაღნიშნული განცხადება, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული მიწის კანონებიდან (1919 წლის 28 იანვარი) 23 დღის შემდეგ იქნა გაკეთებული. დროის ამ მცირე მონაკვეთში, ასეთი სახის კანონების პრექტიკულად რეალიზაცია შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსის მხრიდან მის შედეგებზე „წინასწარმეტყველური“ საუბარი არაკორექტულ სახეს იღებდა. იგი არც იმას ითვალისწინებდა, რომ ზემოაღნიშნული მიწის კანონები, ახალციხის აჯანყების დაწყებიდან 42 დღის შემდეგ იქნა მიღებული. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, აგრარულ სფეროში პრაქტიკული ნაბიჯი არ გადადგმულა. რაც შეეხება აგრაგულ რეფორმას, მის გატარებას მიწის შესახებ საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონები დაედო საფუძვლად,4 რომლის მოსამზადებელი სამუშაოები არა მეორე დღეს, არამედ იმავე წლის ზაფხულიდან დაიწყო. მხედველობაში მაქვს დამფუძნებელი კრების მიერ შექმნილი აგრარული კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები:
1) საქართველოს რეგიონების სოფლის მოსახლეობის კომლთა რაოდენობის სრულად დადგენა; 2) მიწების რაოდენობის გარკვევა დესეტინაში და მისი კლასიფიკაცია: ა) სახნავ-სათესი მიწების მოცულობა (დესეტინაში); ბ) საძოვრების მოცულობა (დესეტინაში); გ) ტყეების მოცულობა (დესეტინაში); დ) სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის (წიაღისეული, საბადოები...) ტერიტორიის მოცულობა (დესეტინაში) და ა.შ. ამ და სხვა პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხების დაზუსტებისა და ამა თუ იმ რეგიონის სოფლის კომლზე გასაცემი მიწის რაოდენობის დადგენის შემდეგ დაიწყო საქართველოს რეგიონებში აგრარული რეფორმის გატარება.
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ზემოაღნიშნული მიწის კანონის მიღებიდან 10 დღით ადრე (1919 წლის 17-18 იანვარი), პროოსმალური ორიენტაციის ძალების მიერ ყარსის მესამე კონგრესი იქნა ჩატარებული, რომელმაც ჯიჰანგიროღლუ იბრაიმ ბეის მეთაურობით „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ დროებითი მთავრობის შექმნა ოფიციალურად გამოაცხადა და რეზიდენციად ქალაქი ყარსი დაამტკიცა.5 ისიც ანგარიშგასაწევია, რომ იმავე მიწის კანონების მიღებიდან 19 დღით ადრე, სერვერ ბეგმა 1919 წლის 10 იანვარს ახალციხე აიღო.
ჩემს მიერ ზემოთ მოტანილი ფაქტები ადასტურებს, რომ სამხრეთდასავლეთ საქართველოში 1919 წლამდე აგრარული რეფორმა არ გატარებულა. ამ შეხედულებას, საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის 4 აპრილის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში კიდევ უფრო ამყარებს. ამის საილუსტრაციოდ, ახალციხის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის თავმჯდომარის გ. ანჯაფარიძის მოხსენება გამოდგება. მასში გარკვევითაა მითითებული, რომ ახალციხის გლეხობა, ხელისუფლებისაგან შეპირებული აგრარული რეფორმის პრაქტიკულად რეალიზაციას მოითხოვდა. აქედან გამომდინარე, კომისიის სახელით დამფუძნებელი კრებისადმი წარდგენილი 5 პუნქტიანი დოკუმენტის მესამე მუხლი, ახალციხის მაზრაში წესიერების აღდგენის პარალელურად, აგრარული რეფორმის გატარებასაც ითვალისწინებდა.6 იმავე საკითხთან დაკავშირებით, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დადგენილების პირველ მუხლში ვკითხულობთ: „1) მიიღოს ზომები ადმინისტრაციის მოსაწყობად, რათა შესაძლებელი გახდეს დემოკრატიული რეფორმების, პირველ რიგში მიწის რეფორმის ცხოვრებაში გატარება“.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება არაერთგვარეოვანი იყო. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გ. გვაზავას გამოსვლა იქცევს. თუკი პირველ ეტაპზე (პარლამენტის 1919 წლის 18 თებერვლის სხდომა) ახალციხის აჯანყების მიზეზად პრაქტიკულად არგატარებულ აგრარულ რეფორმას ასახელებდა, 45 დღის შემდეგ (იმავე წლის 4 აპრილი), საპირისპირო შეხედულება გამოთქვა და რეგიონში აგრარული რეფორმის დაუყოვნებლივი გატარება აუცილებლობად მიიჩნია.
„ჩვენის აზრით – ამბობდა გ. გვზაზავა – უკეთესი იქნებოდა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში... დავეხმაროთ ადგილობრივ ელემენტებს. ეს არ იქნება ძალით გატარება ამ რეფორმის. როდესაც ადგილობრივი მცხოვრებლები დემოკრატიულად მოწყობილ თვითმმართველობებს მხარს დაუჭერენ ამ რეფორმის გატარებაში, მაშინ ეს რეფორმა უფრო უკეთესად გატარდება“.7
დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში აგრარული რეფორმის გასატარებლად, ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურები შესაბამის გზებსა და ფორმებს დამფუძნებელი კრების 1919 წლის 4 აპრილის სხდომაზე აზუსტებდნენ. ისიც ანგარიშგასაწევია, რომ ახალციხის მაზრაზე საქართველოს ხელისუფლების სრული იურისდიქციის აღდგენა მხოლოდ 1918 წლის დეკემბერში გახდა შესაძლებელი. ამიტომ, რეგიონში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური სიტუაცია, 1919 წლამდე რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმის (მითუმეტეს აგრარულის) გატარების დაწყებას შეუძლებელს ხდიდა.
რაც შეეხება აჯანყების ერთ-ერთ მიზეზად ადგილობრივი ადმინისტრაციის მოქმედების გამოცხადებას, ესეც საკითხის შეუსწავლელობიდან გამომდინარეობდა. საარქივო მასალით ირკვევა, რომ ახალციხის მაზრაში მთავარ ადმინისტრატორად – კომისრად, ჰაიდარ აბაშიძე იყო დანიშნული. ისიც ცნობილია, რომ ახალციხის მაზრის საზოგადოებათა კომისრები მუსლიმანი ქართველები იყვნენ. რაც შეეხება იმავე მაზრის შემადგენლობაში შემავალ რაიონებს, კომისრებად ორ-ორი, ერთი მუსლიმანი და ერთი ქრისტიანი ქართველი იყო დანიშნული. მათი მხრიდან გადაწყვეტილების მიღება კოლეგიალური პრინციპით ხდებოდა. „არცერთი კომისარი ან დაწესებულება – წერდა ლ. რუხაძე – არ დგამდა ნაბიჯს, თუ ამის შესახებ კოლეგიალურ თანხმობას არ მიიღებდა გლეხთა საბჭოსგან... ჩვენ გვესმოდა ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი მუშაობაც ფრთხილი იყო, და ვინც დაგვიმტკიცებს, თუნდ ერთი დანაშაული იქნა ჩვენს მიერ ჩადენილი – თქვენი ხმალი და ჩვენი კისერი“.8 ასეთი საპასუხისმგებლო განცხადების გაკეთების შემდეგ, ახალციხის ამბებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია ვალდებული იყო, ლ. რუხაძისა და მისი კოლეგების მხრიდან თუკი მნიშვნელოვანი ხასიათის დანაშაულის ჩადენას ჰქონდა ადგილი, იგი დამფუძნებელი კრებისათვის გაეცნო და შესაბამისი რეაგირებაც გაეკეთებინა. დოკუმენტური მასალის საფუძვლიანად შესწავლის მიუხედავად, ამ საკითხთან მიმართებაში ისეთი განსაკუთრებული ცდომილების დამადასტურებელი საბუთები არ აღმოჩნდა, რომელიც შემდეგში ახალციხის „აჯანყების“ გამომწვევ ფაქტორად იქნებოდა გამოყენებული.
იმ შემთხვევაში, თუკი ახალციხის მაზრის მოსახლეობის ‘აჯანყებები~ აგრარული რეფორმის „სოციალისტურობით“ (პრაქტიკულად მისი გატარება 1919 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო) და ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ მოსახლეობასთან ურთიერთობის უვარგისობით იყო განპირობებული, საქართველოს ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება, მესხეთ-ჯავახეთში 1919 წლის აგვისტოს დანიშნული დამფუძნებელი კრების დამატებითი არჩევნების დროს უნდა გამოვლენილიყო. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ ახალციხის მაზრის 35 ათასი ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა 30 ათასმა კაცმა მიიღო. აქედან 24 ათასმა მმართველ პოლიტიკურ პარტიას – საქართველოს სოციალ-დემოკრატიას მისცა ხმა. 2500 კაცმა ეროვნულ-დემოკრატებს, ხოლო 3000 კაცმა დაშნაკცუთიუნს. რაც შეეხება ახალქალაქის მაზრას, 25 ათასი ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანში 21687 ამომრჩეველი გამოცხადდა. აქედან, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიასას 13 ათასმა კაცმა მისცა ხმა, ხოლო 7 ათასმა დაშნაკცუთიუნს.
ზემოთ მოტანილი ფაქტების ანალიზიდან გამომდინარე, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე გაბატონებული თვალსაზრისი – ახალციხის „აჯანყების“ გამომწვევ მიზეზსს თითქოს აგრარული რეფორმა და ადგილობრივი ადმინისტრაციის „შეცდომები“ წარმოადგენდა – მცდარია. მდიდარ საარქივო მასალაზე დაყრდნობით გაკეთებული ეს დასკვნა, პრინცი პულად მოითხოვს იმ ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორების ახსნას, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში 1918-1919 წლების „აჯანყებებს“ დაედო საფუძვლად. დასმულ საკითხს ამომწურავი პასუხი რომ გაეცეს, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას წინა პლანზე უნდა წამოიწიოს: 1) იდეოლოგიური და პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონის მოსახლეობაში ოსმალო აგენტების მიერ ჩატარებული ანტიქართული საქმიანობს მნიშვნელობა; 2) „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის სახელმწიფოს“ შექმნასთან მიმართებაში, საქართველოში დისლოცირებული ინგლისის სამხედრო შენაერთების მაღალჩინოსანთა პოზიცია. აღნიშნული საკითხების შესწავლის ერთ-ერთ ძირითად დასაყრდენ წყაროს, კომისიის მიერ შეგროვილი მასალები და გ. ანჯაფარიძის მოხსენება წარმოადგენს. ამ დოკუმენტიდან დასტურდება, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის მისატაცებლად, ოსმალეთის ხელისუფალნი შესაბამის საფეხურს დიდი ხნიდან ამზადებდნენ. მხედველობაში მაქვს „სამუსლიმანო საქართველოში“ ოსმალო აგენტების მიერ ფარული თუ აშკარა პროოსმალური სააგიტაციო-პროპაგანდისტული საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ მეფის რუსეთის მიზანს ამიერკავკასიის რეგიონიდან ოსმალეთის სამუდამოდ განდევნა და ახლოაღმოსავლეთში პოზიციების განმტკიცება წარმოადგენდა, ქართველთა შორის ერთიანობის არსებობა მის ინტერესებში არ შედიოდა. დაჰყავი და იბატონეს პოლიტიკური კურსის გატარებიდან გამომდინარე, იგი ქართველთა ურთიერთდაპირისპირებას ყოველმხრივ ცდილობდა. ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმის საფუძვლად, სარწმუნოება იქნა მიჩნეული. მხედველობაში მაქვს მესხეთ-ჯავახეთის მუსლიმან ქართველებში ანტიქართული ცნობიერების ჩამოყალიბების გაღრმავების მცდელობა და მუსლიმანური რელიგიური ფაქტორის – ქრისტიანი ქართველების წინააღმდეგ გამოყენება. ამ პოლიტიკური კურსით, რუსეთის სახელმწიფოს მოხელეები ერთიანი საქართველოს ასაფეთქებელ ნაღმს ამზადებდა და ამ ბოროტების მარცვალის სამომავლოდ გაღვივებას ცდილობდა. რაც შეეხება აღნიშნული ნაღმის მართვას, იგი ძალისმიერი მეთოდის გამოყენებაზე იყო გათვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეფის რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლება, ოსმალეთის აგენტების საქმიანობას მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანდა და „სამუსლიმანო საქაერთველოში„ პროოსმალური აგიტაციის დაუყოვნებლივ აღმოფხვრას შეეცდებოდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის 4 აპრილის სხდომაზე გ. ანჯაფარიძე ხაზგასმით მიუთითებდა. მისივე მოხსენებიდან ირკვევა, რომ ანტიქართული სააგიტაციო იდეოლოგიური საქმიანობის აღმავლობა, ოსმალეთიდან მესხეთ-ჯავახეთში 1905 წელს დაბრუნებული ომარ ფაიკის სახელს უკავშირდება. მას საფუძვლიან დახმარებას პეპინოვი და სერვერ ბეგი უწევდა. აჯანყების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მასალებში ჩვენი ყურადღება ახალციხეში მცხოვრები დეკანოზ დიმიტრი ხახუტაიშვილის დაკითხვის საფუძველზე გაკეთებულმა ჩანაწერმა მიიქცია. ამ დოკუმენტის მიხედვით: 1) ბეგები მუსლიმან ქართველებს აშინებდნენ, რომ ბეგებისგან ჩამოცილების შემთხვევაში, ქრისტიანი ქართველები სუყველას ამოწყვეტდნენ; 2) მუსლიმან ქართველებსა და ქრისტიან ქართველებს შორის, მაზრის ხელმძღვანელობა 1910 წლიდან შურსა და მტრობას თესდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ომარ ფაიკი, გუდიევი, ტრონოვი და სხვები აქტიურობდნენ; 3) ოსმალების წასვლას და ახალციხეში ქართველების შემოსვლას, ადგილობრივი მცხოვრებლები სიძულვილით შეხვდა.9
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ეს ანტიქართული საქმიანობა შენიღბული ფორმით განსაკუთრებით ომის დაწყების (1914 წელი) პერიოდში გაღრმავდა. მხედველობაში მაქვს ექიმ სულთანოვის მიერ ე.წ. „საქველმოქმედო საზოგადოების“ შექმნა და ამ ნიღბით, მუსლიმან ქართველებში პროოსმალური სააგიტაციო-პროპაგანდისტული მუშაობის მაღალ დონეზე დაყენება. გ. ანჯაფარიძის მოხსენებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული პროცესები აზერბაიჯანიდან, ბაქოს „მუსლიმანთა საქველმოქმედო“ საზოგადოებიდან იმართებოდა. მისი წარმომადგენლები, ქველმოქმედების ნიღბით, ბათუმისა და ყარსის ოლქებში, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში პროოსმალურ და ანტიქართულ აგიტაციას ეწეოდნენ. „რუსეთის მთავრობა – ამბობდა გ. ანჯაფარიძე – ძალიან გულგრილად უყურებდა ასეთ მუშაობას, პირიქით, ზოგჯერ მხარსაც უჭერდა“. იმავე გ. ანჯაფარიძის მტკიცებით, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების უფროსები (გუდიევი, მუსაკიევი) წარმოშობით ინგუშები იყვნენ. მათ მიერ დაქირავებული აგენტები, ადგილობრივ მუსლიმან ქართველებს 10-15 წლის განმავლობაში მოსალოდნელი „გაქართველებით“ აშინებდნენ. ამ მოტივაციიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობისგან დაუყოვნებლივ შეიარაღებას (1 თოფი და 100 ვაზნა) და საქართველოსთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტას აუცილებლობას პირველხარისხოვან ამოცანად მიიჩნევდნენ. აღნიშნული ფაქტების და რეგიონის მოსახლეობის დაკითხვის შედეგად მიღებული მდიდარი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გ. ანჯაფარიძე დასძენდა: „ისინი დადიოდნენ ხალხში... და საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი შეიარაღებული აჯანყებისკენ მოუწოდებდნენ“.10 ყოველივე ამას, მეფის რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ იმ მოტივით ითმენდა, რომ ეს პროცესი რელიგიურ ნიადაგზე ქართველთა ურთიერთდაპირისპირების უფსკრულის გაღრმავებას უწყობდა ხელს. მეორე მხრივ, მუსლიმანი ქართველი ახალგაზრდების ანტიქართული ცნობიერებით აღზრდის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამომავლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საფეხურს ამზადებდა. ისიც ანგარიშგასაწევია, რომ 1917 წლის აპრილში, ექიმ სულთანოვის ჯგუფის ხელმძღვანელობით აწყურში მოწვეული მუსლიმანთა ყრილობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე იყო გათვლილი. მითუმეტეს, მის მუშაობაში რუსეთის იმპერიის მუსლიმანთა დელეგაციის ფართო სპექტრი (ყირიმი, ყაზანი, აზერბაიჯანი, ყარსი, ახალციხე) იღებდა მონაწილეობას. დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ იმავე ყრილობის დელეგატებმა, რუსეთის ბატონობისაგან განთავისუფლების მოტივაციით, ოსმალეთთან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიერთების გეგმა დაამტკიცა.11
დასახული მიზნის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანას, აბასთუმანში მოწვეული მუსლიმანთა 1917 წლის 17 ნოემბრის ყრილობა ითვალისწინებდა. ამ საკითხის შესახებ, დამფუძნებელი კრების სხდომაზე გ. ანჯაფარიძის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში ხაზგასმითაა მითითებული. იმავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მუსლიმანთა ყრილობის დელეგატთა გადაწყვეტილებით, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, ყოველგვარი კავშირი უნდა გაეწყვიტა საქართველოსთან. ამ შემთხვევაში ისინი არა კონკრეტული, არამედ ზოგადი განცხადებებით იფარგლებოდნენ და თავიანთი ჩანაფიქრის გამართლების ძირითად არგუმენტად რევოლუციას, რევოლუციური საქართველოდან მოსალოდნელ საფრთხეს ასახელებდნენ.
ასეთი ფონის შექმნით, ადგილობრივ მოსახლეობაზე იდეოლოგიური ზემოქმედების მოხდენას ცდილობდნენ. რაც შეეხება კონკრეტულ მიზანდასახულობას, იგი იმავე კრების დახურულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში იქნა გამჟღავნებული. „იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, ე.ი. საქართველოსთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტოთ – ვკითხულობთ დოკუმენტში – საჭიროა მთელი ბორჯომის გზა გავანადგუროთ, ხიდები ავაფეთქოთ და ყოველივე მსვლელობა შევწყვიტოთ ამ გზაზე, რომ საქართველო ბორჯომის აქეთ არ იყოს. შევქმნათ სახელმწიფო ყარსისა, არდაგანისა და ბათუმის ოლქებისგან, რომელსაც შეიძლება მივუმატოთ ახალციხე და ახალქალაქი. ყარსი ჩვენი ციხე იქნება, არდაგანი გამოგვკვებავს პურით და სხვა საურსათით და ბათუმი კი თბილისის ადგილს დაიჭერს, რადგანაც ის დაგვაკავშირებს დასავლეთ ევროპასთან“.
ეს დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას ორი ფაქტორიდან გამომდინარე იპყრობს: 1) საქართველოს სამხრეთის საზღვარი, თვითნებურად ბორჯომთანაა გავლებული და რაც მთავარია, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის ბაზაზე ახალი სახელმწიფო წარმონაქმნის შექმნის აუცილებლობაა დასმული. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვ. ნოზაძე სავსებით სამართლიანად წერდა, რომ აბასთუმანის ზემოაღნიშნული ყრილობის დადგენილებამ, „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ სახელმწიფოს პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური საძირკველი მოამზადა;12 2) ეს ანტიქართული და პროოსმალური ე.წ. „სამართლებრივი აქტი“ იმ დროს შეიქმნა, როცა ამიერკავკასიის ფედერაციული გაერთიანება არ არსებობდა და არც საქართველოს დამოუკიდებლობა იყო გამოცხადებული. აღნიშნულის გათვალისწინებიდან გამომდინარე, ამ რეზოლუციით, საქართველოს საზღვრის ბორჯომთან გატარების და ყარსის სახელმწიფოს შექმნის იდეა, ამიერკავკასიის ფედერაციისა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობების პოლიტიკური კურსის წინმსწრებ პროცესებს წარმოადგენდა. მეორე მხრივ, იგი ამიერკავკასიის კომისარიატის 1917 წლის 16 დეკემბრის აგრარულ კანონამდე 29 დღით ადრე იქნა მიღებული. საარქივო და პრესის მასალების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ ახალციხის მაზრის „აჯანყების“ მომზადების ხელმძღვანელ ბირთვს, პანისლამისტური მოძრაობის აქტიური წევრები – ოსმალო აგენტები, აზერბაიჯანიდან შემოსული თურქები და მათი იდეოლოგიის მხარდამჭერი ადგილობრივი გადაგვარებული ელემენტები წარმოადგენდნენ. ამ ანტიქართული საქმიანობის დაფინანსების უზრუნველყოფას ოსმალეთის ხელისუფალნი ახდენდნენ.
კომისიის მიერ ჩატარებული მოკვლევითი სამუშაოს შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზის საფუძველზე გ. ანჯაფარიძე დამფუძნებელი კრების დეპუტატების წინაშე აცხადებდა: „ოსმალეთი საქართველოს ისტორიული მტერია... იგი ქართველი ერის განადგურებას, ან სრულ მოსპობას, ან გადაგვარებას ისახავს თავის საბოლოო მიზნად“. ამ მიმართულებით მათი მუშაობა მეტი შედეგის მომტანი რომ ყოფილიყო, ახალციხის მაზრის მოსახლეობაზე იდეოლოგიური ზემოქმედების მიზნით, იმ პერიოდისათვის არსებულ ყველა სახეობის საშუალებებს მიმართავდნენ. ამის დამადასტურებლად გ.ანჯაფარიძე ორ უაღრესად საყურადღებო ფაქტს ასახელებდა: 1) მეფის რუსეთის მმართველობის პერიოდში ბათუმის ოლქში და ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში ოსმალო ემისრების მიერ გაწეულ ფარულ სააგიტაციო საქმიანობას, კერძოდ; ა)ადგილობრივი მოსახლეობის იდეოლოგიური წნეხის ქვეშ მოქცევის მიზნით, მათ „დარწმუნებას“, რომ საქართველოსთან არავითარი საერთო არ აკავშირებს; ბ) ქრისტიანი ქართველი, მაჰმადიანი ქართველის მტერია; 2) ტრაპიზონისა და ბათუმის საზავო კონფერენციების მსვლელობის დროს, ოსმალეთის წარმომადგენელთა ორპირობა. კერძოდ; გ) მოლაპარაკების პროცესში ქართველთა ზურგსუკან აქტიური მოქმედების განახლება; დ) საქართველოს საუკეთესო ტერიტორიების დასაპყრობად, ადგილობრივი მოსახლეობის ბაზაზე (მოსახლეობისადმი იარაღის დარიგება), საქართველოს მოწინააღმდეგე ძალის გაერთიანების და ფსევდო მთავრობის შექმნის მცდელობა. ამ მიმართულებით წლების განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, ადრე თუ გვიან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო შედეგი უნდა გამოეღო. ისიც ანგარიშგასაწევია, რომ ოსმალეთთან ერთად, ქართველთა ერთიანობის წინააღმდეგ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელი აგენტებიც თავდაუზოგავად მუშაობდნენ. ქართველთა წასაქცევად, მიწაზე დასანარცხებლად და დიდოელი ლეკის ნაბადივით ფეხებით გასათელად, ოსმალები და აზერბაიჯანელები ხელ-ხელჩაკიდებული მოქმედებდნენ. ამის ერთ-ერთ დადასტურებას გაზეთ „ერთობაში“ ასლან (იგივე ალი) ეფენდი დეკანოიძის მიერ დაბეჭდილი სტატია „ჩვენც მოგვისმინეთ“ წარმოადგენს. „ოსმალეთს – წერს იგი – ერთი რამ სწამს და ერთ რაქმეს ეტრფის. ბათუმი, არტაანი და ახალციხე მუსლიმანებით არის დასახლებული, მაშასადამე ის ოსმალეთის მფარველობის ქვეშ... უნდა შედიოდეს. სხვაგვარად არ აზროვნებს ოსმალეთი. ამ მიზნის განსახორციელებლად ის ეყრდნობა ბნელით მოცულ სამუსლიმანო საქართველოს რეაქციონერ ბეგებს და იმ აგენტებს, რომელთა შესანახად თავიდანვე დიდძალ ფულს ხარჯავდა. აქ ოტომანის იმპერიის გზა გარკვეულია. მან არ იცის მიხვევ-მოხვევა, ის გულუბრყვილოდ არავის ენდობა, მას ამ საქმეში ჰყავს თუნდ ისეთი დამხმარენი, როგორიც არიან აზერბაიჯანის მუსავათები, რომელნიც უკეთეს შემთხვევაში სტამბოლელ ახალგაზრდა ოსმალეთის პარტიას მოგვაგონებენ“. ამ ამონაწერიდან კარგად ჩანს, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიტაცების მიზნით, სათანადო საფეხურის შესამზადებლად, ოსმალეთის ხელისუფლებას დიდ დახმარებას ადგილობრივ მუსლიმან ბეგებთან ერთად საქართველოში მომქმედი მუსავათის აზერბაიჯანელთა პარტია უწევდა. ამ პარტიის წევრთა მიერ გაწეული საქმიანობიდან გამომდინარე, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პერიოდი, ქართველებთან მიმართებაში აზერბაიჯანელთა ისტორიის სამარხვინო ლაქას წარმოადგენს. ამ საკითხს ლ. რუხაძემ საგანგებო წერილით – „აზერბაიჯანის მუშაობა ახალციხეში“ გამოეხმაურა. ოსმალეთის მრაქვალსაუკუნოვანი ბატონობის ფონზე, მან ძირითადად სწორი შეფასება მისცა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და კერძოდ ახალციხეში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციის წარმოქმნის განმაპირობებელ მიზეზებს. წინა პლანზე რეგიონის ეკონომიკური და სხვა ხასიათის სიძნელეები წამოსწია, რომლებსაც ოსმალო და აზერბაიჯანელი აგენტები ანტიქართული საქმიანობის საკეთებლად იყენებდნენ. „ამ სიძნელეებს – წერდა ლ. რუხაძე – ახალციხეში მუდამ ეყრდნობოდა აზერბაიჯანის და ოსმალეთის აგენტები: სულთანოვი, პეპინოვი და სხვები, რომლებსაც ხალხი აშკარა დაღუპვის გზისკენ მიჰყავდათ“. იმ პერიოდის პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალების და არქივში დაცული დოკუმენტების ურთიერთშედარებითი ანალიზიდან დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული აგენტების საქმიანობა, წინასწარშედგენილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. მათ მიერ დასახული საბოლოო მიზანის შესახებ, ამომწურავ პასუხს ლ. რუხაძის წერილი „პასუხად ოსმალეთის აგენტებს“ და გაზეთ „ერთობის“ მოწინავე სტატია „ოსმალეთის პანისლამისტების პროგრამა“ იძლევა. ამ ბოლო პუბლიკაციის ძირითადი დებულებები, კონსტანტინოპოლის გაზეთებში დაბეჭდილ მასალებს ეყრდნობა. მისი ანალიზიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ოსმალეთის მმართველი წრეების მისწრაფებას, მუსლიმანური სარწმუნოების მქონე ხალხით დასახლებული ქვეყნების ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში – ოსმალეთის დროშის ქვეშ გაერთიანება წარმოადგენდა.
რაც შეეხება ტერიტორიულ საზღვრებს, იგი წყნარი ოკიანის სანაპიროდან მოკიდებული, ყაზანისა და რუსეთის ჩრდილოეთი ნაწილის ჩათვლით უნდა შემოფარგლულიყო. აღნიშნული გეგმის განხორციელების შემთხვევაში თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ამიერკავკასიის რეგიონი, ამასთან დაკავშირებით ლ. რუხაძე სტატიაში „პასუხად ოსმალეთის აგენტებს“ წერდა: „ოსმალეთის აგენტები... ყოველ ღონეს ხმარობენ შექმნან ამიერკავკასიაში ახალი ოსმალეთი, მაგრამ გაცილებით უფრო მახინჯი და რეაქციონური ვინემ დესპოტური ოსმალეთი იყო. თუ წარსულში ეს მოსყიდული აგენტები მალულად მუშაობდნენ, დღეს აშკარად გამოსულან და თავისი მოღალატეობრივი საქმიანობის გასაღება საქართველოს ერთგულებად მიაჩნიათ“. ამ შემთხვევაში, ისინი მოსახლეობაზე იდეოლოგიური ზემოქმედების მომგებიან ფორმას მიმართავდნენ და მათ მიერ გაწეულ ანტიქართულ ქმედებას საქართველოს „ერთგულების“ წამოსასხამით ფუთავდნენ. მიუხედავად ამისა, ნიღბის ტარებას ბოლომდე ვერ ახერხებდნენ და საქართველოსთან მტრული დამოკიდებულების შესახებ, დროგამოშვებით ოფიციალურ განცხადებებსაც აკეთებდნენ. ამის ერთ-ერთ ნიმუშად, ქართული ჯარის სარდალთან თურქოფილი ბეგის 1919 წლის 5 მარტის საუბრის ჩანაწერი გამოდგება. „თქვენ გგონიათ – ამბობდა იგი – ეხლა დასრულდა ახალციხის გარშემო ბრძოლა და შეუერთეთ ის საქართველოს? ჩვენ კი გვგონია, რომ ბრძოლა ახლა იწყება. იმედები გვაქვს ყარსის მთავრობის, ვინაიდან ევროპიდან მოსული ძალა ამიერკავკასიის მუსლიმანებს უცქერის, როგორც მეორე ინდოეთს და თვით ჩვენთვისაც კი კითხვის ასე გადაჭრა უმჯობესია, ვინემ დემოკრატიული საქართველოს ნაწილათ დავრჩეთ“.13 ამ ამონაწერიდან კარგად ჩანს, რომ ევროპის სახელმწიფოების თანადგომის იმედიდან გამომდინარე, მესხეთ-ჯავახეთის მუსლიმანი ბეგების უმეტესობა საქართველოს შემადგენლობაში რეგიონის დარჩენის წინააღმდეგი იყო. დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ ბათუმის, ყარსის და არტანის ოლქებისგან, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებისგან ახალი მუსლიმანური სახელმწიფოს შექმნას, ისინი რეალურად მიიჩნევდნენ. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ მხარდაჭერას ევროპის ქვეყნებიდან ამიერკავკასიაში მოსული ძალებისგან ელოდნენ.
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ იმ ეტაპზე, ამიერკავკასიაში მხოლოდ ინგლისის სამხედრო შენაერთები იდგა და რეგიონიც მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ისიც ანგარიშგასაწევია, რომ იგივე პანისლამიზმის იდეოლოგები, ბათუმის ოლქში ქართული მოსახლეობის უმრავლესობას, ხელოვნურად შექმნილად აცხადებდნენ. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ ოლქის დაპატრონების შემთხვევაში, ოსმალთა ხელისუფალნი პირველ რიგში ქართველთა იძულებით განთესვას განახორციელებდა და დემოგრაფიულ რეალობას, მათი იდეოლოგიისათვის მისაღები ფორმით (რაოდენობით) შეცვლიდა. ამ ფონზე, კიდევ უფრო სახიფათოდ მოჩანს ქემალისტების მიერ „სამუსლიმანო საქართველოში“ გავრცელებული პროკლამაციები: „მოითმინეთ, მალე შემოვალთ, „მუსლიმანების მტრებისგან“ – ქართველებისგან გიხსნით და „დედა სამშობლოს“ – ოსმალეთს დაგაბრუნებთ“.
როცა ოსმალო აგენტები ასეთი სახის „დამაიმედებელ“ სააგიტაციო ფურცლებს ავრცელებდნენ, ბუნებრივია, ისინი წინასწარ ჩატარებული სამუშაოების მოსალოდნელ შედეგებსაც ითვალისწინებდნენ. მხედველობაში მაქვს ხალილ ფაშას მიერ 200 გადაცმული კარგად შეიარაღებული ოსმალო ასკერისა და რამდენიმე ოფიცერის ახალციხეში დატოვება, პროოსმალური ორიენტაციის მქონე ადგილობრივი მუსლიმანი მოსახლეობისადმი დიდი რაოდენობით იარაღისა და ტყვია – წამლის გადაცემა. „ეს თოფიარაღი – არწმუნებდა ისინი მოსახლეობას – საჭირო არის საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც არასგზით არ უნდა იყოს შემოშვებული მესხეთ-ჯავახეთში“.14
ეს ფაქტი, იმის დამადასტურებელია, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისადმი საფუძვლიანი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ოსმალეთის ხელისუფალნი ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურად მომზადებას ცდილობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნ. რამიშვილის მიერ დამფუძნებელ კრებაზე გაკეთებული მოხსენებიდან ირკვევა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებით თავი ოსმალეთის აგენტებმა: ომარ ფაიკმა, მუსაკიევმა, ათაბეგოვმა, ახმედოვმა და სხვებმა გამოიჩინა. „ომარ ეფენდი, პეპინოვი და სხვა – ამბობდა ნ. რამიშვილი – აგენტები იყვნენ და მე ვამტკიცებ, რომ დღესაც აგენტები არიან ოსმალეთისა. სწორედ ისინი მოითხოვდნენ, რათა ეს კუთხეები საქართველოს ფარგლებში არ დარჩენილიყო... პეპინოვის მოქმედება ბათუმში ყველამ კარგად იცის... ის მაშინ მართლაც წინააღმდეგი იყო საქართველოსი და მის დასამხობად ყველა ეშმაკს უკავშირდებოდა. მე ვამბობ სწორედ ეშმაკს, პეპინოვი უკავშირდებოდა ოსმალო ემისრებს, ფაშებს ჩვენს წინააღმდეგ“. საქართველოსთან მიმართებაში ზემოთ დასახელებულ პირთა „დამსახურებას“ შეეხო ლ.რუხაძე თავის წერილში `სიმართლე ახალციხის შესახებ“. „ჩვენთვის – ვკითხულობთ წერილში – სრულიად გასაგებია ომარ-ფაიკის, მუსაკიევის, ათაბეგოვის და სხვათა მოღვაწეობა, რომლებიც თავიდანვე ასრულებდნენ ოსმალეთის აგენტების როლს და თავისი პანისლამისტობა არასოდეს დაუმალავს“. იმავე ლ. რუხაძის მეორე წერილში – „აზერბაიჯანის მუშაობა ახალციხეში“ გარკვევით არის მითითებული, რომ მუსაკიევი ქართული ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად ფოცხოვში შეიარაღებულ მოსახლეობას აგროვებდა. რაც შეეხება აზერბაიჯანის ჯარის ოფიცერ ახმედოვს, იგი ფოცხოვის ჯარის ერთ-ერთ ნაწილს ქართველთა წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციაში ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული ფაქტების ანალიზიდან გამომდინარე, იგივე ლ. რუხაძე სავსებით კანონზომიერად სვამდა კითხვას: `საიდან, ან რა გზით აღმოჩნდა მუსაკიევი და ახმედოვი ფოცხოვში, რა უნდათ აზერბაიჯანის ჯარის და მთავრობის წარმომადგენლებს ფოცხოვში და შემდეგ ახალციხეში?... დღეს მუსაკიევ-ახმედოვები ყარსის ავანტურისტთა საქმეს აკეთებენ საქართველოდან ახალციხე-ახალქალაქის ჩამოსაგლეჯად“. იმავე ლ. რუხაძის მტკიცებით, ახალციხეში 1919 წლის 11 თებერვალს შემოსულ „ყარსის მთავრობის“ ახალ საჯარისო შენაერთებს მუსაკიევი და ახმედოვი მოუძღოდა.
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ „სამუსლიმანო საქართველოში“ აზერბაიჯანელთა განსაკუთრებულ აქტიურობაზე მიუთითებს კომისიის თავმჯდომარე გ. ანჯაფარიძეც. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით იგი ადასტურებდა, რომ აზერბაიჯანელი და კავკასიელი არაქართველი მუსლიმანები „სამუსლიმანო საქართველოში“ ოსმალთა მიზნების აღმსრულებლები იყვნენ. ერთიანი მუსლიმანური კავკასიური სახელმწიფოს შექმნის იდეიიდან გამომდინარე, ისინი ყოველგვარ ქართულს თავგამოდებით ებრძოდნენ და ქართველების სამტროდ მუსლიმანებს ამზადებდნენ. ამ მიმართულებით მათი მხრიდან გაწეულ საქმიანობას, როგორც გ. ანჯაფარიძე აღნიშნავდა, ზოგიერთი გადაგვარებული მუსლიმანი ქართველიც უჭერდა მხარს. საბოლოო მიზანს, ბათუმ-ყარსის ოლქების და მესხეთ-ჯავახეთის ბაზაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმონაქმნის შექმნა ან ავტონომიური უფლებებით ოსმალეთის შემადგენლობაში შესვლა წარმოადგენდა.
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზების თავისებურ ახსნას, ასლან (იგივე ალი) ეფენდი დეკანოიძე იძლევა. მისი მტკიცებით, საქართველოს გასაერთიანებლად, „სამუსლიმანო საქართველოში“ შესატყვისი ერთიანი პოლიტიკური ხაზის გასატარებლად შექმნილი სირთულეები, მუსლიმან ქართველებში თავის დროზე ოსმალეთის მიერ ჩატარებული იდეოლოგიური მუშაობით იყო განპირობებული. „დამერწმუნეთ – წერდა ა. დეკანოიძე – ოსმალეთს ასე რომ არ ემუშავა თავისი პანისლამისტური მიზნების განსახორციელებლად, დღეს ჩვენში შეიძლება მომხრენიც არ ყოლოდა“.16 იმავე ა. დეკანოიძის აზრით, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის მხარდამჭერთა სიმრავლეს, ერთიანი სახელმწიფოებრივი ხაზის უქონლობა განპირობებდა.
ზედაპირული პოზიციიდან თუკი განვიხილავთ ა. დეკანოიძის ამ მოსაზრებას, ერთი შეხედვით იგი შეიძლება სწორად მოეჩვენოს ადამიანს. აღნიშნული საკითხის შეფასებისას, ნებისმიერმა მკვლევარმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს: ა) საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან განვლილი ხანგრძლიობის პერიოდი (9 თვე); ბ) ოსმალეთის აგრესიიდენ გამომდინარე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესები და მესხეთ-ჯავახეთში საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის სრულფასოვნად ვერდამყარების განმაპირობებელი მიზეზები; გ)ინგლისის წარმომადგენლის გენერალ ტომპსონის ანტიქართული პოლიტიკური კურსი – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგე ძალებისადმი მხარდაჭერა.
დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ ინგლისის ჯარის საქართველოში შემოსვლისთანავე (1918 წლის დეკემბერი), მისმა ხელმძღვანელობამ, ოკუპირებული ქვეყნისათვის დამახასიათებელი პოლიტიკის გატარება აირჩია. ამ შემთხვევაში, საქართველოში ინგლისის წარმომადგენელთა მიზანს, არა ძლიერი, არამედ წაქცეული და უსუსური საქართველოს არსებობა წარმოადგენდა. ამისათვის ისინი ყველაფერს აკეთებდნენ. მარტო ის რად ღირს, როცა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნ. ჟორდანიამ, ინგლისელ გენერალ უოკკერს, აჯანყებული სერვერ ბეგის მხარდაჭერასა და მფარველობასში ბრალი რომ დასდო.17 ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ იმ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შიდა და გარეშე ძალები ერთობლივად მოქმედებდნენ. ყოველ შემთხვევაში, გარეშე ძალებიდან სერიოზულ მხარდაჭერას იღებდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით საქართველოში მყოფი ინგლისის ჯარის გენერლები – უოკკერი და კორი გამოირჩეოდნენ.
როცა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ვეხებით, ეს გარემოება პირველ რიგშია გასათვალისწინებელი. მითუმეტეს, ეკონომიკური და სოციალური სირთულეების ფონზე, აღნიშნული ფაქტორი რეგიონის პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ურთიერთდაპირისპირებულ ორ ბანაკად იყო გახლეჩილი: ა) პროოსმალური და ბ) პროქართული. ამასთან დაკავშირებით, ლ. რუხაძის მიერ გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ სტატიაში „სიმართლე ახალციხის შესახებ“ ვკითხულობთ: „მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, რომ ახალციხის საკითხი გადასცდენოდა თავის ისტორიულ საბედისწერო გზას. მას ერთის მხრით ეზიდება თავისკენ ოსმალეთის აგენტები ოსმალეთთან შესაერთებლად, ანდა ოსმალეთის მახინჯი სახის ახლად შესაქმნელად, რომლის უტყუარი საბუთია ყარსის მთავრობის არსებობა, ხოლო მეორეს მხრივ ახალციხეს ვეპოტინებით ჩვენ, როგორც სრული მეუფე ჩვენი მიწაწყლისა, ჩვენი ხალხისა“.
ამ ამონაწერიდან კარგად ჩანს, რომ იმ ეტაპზე მესხეთში ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალა მოქმედებდა. აღნიშნულ ფაქტს, გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ წერილში „ჩვენც მოგვისმინეთ“ ა. დეკანოიძეც ადასტურებდა. მისივე თქმით, მუსლიმან ქართველებში ქართული ორიენტაციის სიძლიერეზე გარკვეული როლი მოწინავე ქართველმა მუსლიმანებმა შეასრულეს. ამ მიმართულებით, ფართო სააგიტაციო-პროპაგანდისტულ მუშაობას ახალციხეში გამომავალი გაზეთი „განახლებული მესხეთი“ ეწეოდა. მიუხედავად ამისა, იმ ეტაპზე ქართული ორიენტაცია დამარცხდა. ეს წარუმატებლობა, პროოსმალური სააგიტაციო-პროპაგანდისტული საქმიანობით იყო განპირობებული. მოსახლეობაზე ზემოქმედების მიზნით, მათი იდეოლოგები „რუსეთის ხალხთა უფლებათა დეკლარაციის“ (1917 წლის 2–15 ნოემბერი) მანიპულირებას ახდენდა. ამ დოკუმენტის მეორე პუნქტი, რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ხალხებს, თავისუფალ თვითგამორკვევას, სრულ გამოყოფამდე და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას პირდებოდა. თუ რამდენად შეასრულა საბჭოთა რუსეთმა ეს დაპირება, ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგადაა ცნობილი. პოლიტიკური და იდეოლოგიური დატვირთვის მატარებელმა საბჭოურმა დეკლარაციამ, საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან მიმართებაში უაღრესად უარყოფითი როლი ითამაშა. მხედველობაში მაქვს თვითგამორკვევის ნიღბით მოქმედი ძალების გააქტიურება, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრებოდნენ და სამოქალაქო ომის გაჩაღებას ცდილობდნენ. მითუმეტეს, მათდამი დახმარებას და მხარდაჭერას მეზობელი სახელმწიფოები ანხორციელებდნენ. პარალელურად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინაარმდეგოდ ფართომასშტაბიან იდეოლოგიურ პროპაგანდას ეწეოდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, დამფუძნებელი კრების 1919 წლის 4 აპრილის სხდომაზე გ.ანჯაფარიძე ხაზგასმით მიუთითებდა. „ჩვენი მეზობლები – ამბობდა იგი – დღეს გაიძახიან, ახალციხის მაზრის მუსლიმანებს არ სურთ საქართველო. რუსეთის რევოლუციის (ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შ. ვ) მონაპოვარის თვითგამორკვევის უფლების თანახმად, მას სურს შეადგინოს საკუთარი სახელმწიფოებრივი სხეული. საქართველო კი, რომელსაც დემოკრატიულ რესპუბლიკად მოაქვს თავი, ცეცხლით და მახვილით ანადგურებს ამ თავისუფლების მოყვარე ხალხს“. ამ ამონაწერიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოდან მესხეთ-ჯავახეთის ჩამოცილების გამართლების მიზნით, ოსმალური მხარე, მუსლიმან ქართველებს, ქართველებისაგან განცალკევებულ ერად აცხადებდა. ამ ფონზე ახდენდა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობის აფიშირებას. რაც შეეხება რეგიონში საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის მცდელობას, მას დანაშაულებრივ ქმედებად – უცხო ტერიტორიის დაპყრობის რანგში განიხილავდა.
ქართული სახელმწიფოსადმი ამ მავნებლურ იდეოლოგიურ პროპაგანდას მხარს აზერბაიჯანის მმართველი წრეებიც უჭერდა. ამის უდაო დადასტურებას აზერბაიჯანის მთავრობის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოგზავნილი `მეგობრული~ ნოტა წარმოადგენს. „ჩვენს მიერ მიღებული ცნობებით – ვკითხულობთ დოკუმენტში, – საქართველოს მთავრობამ ნაბიჯი გადადგა რათა ძალით ჩაახშოს ახალციხის მაზრისა და მისი მეზობელი კუთხეების მცხოვრებლების დამოუკიდებელი პოლიტიკური არსებობისადმი მისწრაფება. თვითგამორკვევის პრინციპის თანახმად მიგვაჩნია, რომ ყველა ერს აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი ბედი. მათ თავისუფლებაზე ძალადობის გამოყენება დაუშვებელია. აზერბაიჯანის მთავრობას თავის ზნეობრივ მოვალეობად მიაჩნია, სთხოვოს საქართველოს მთავრობას რათა აზერბაიჯანის ერის ერთტომის და ერთმორწმუნე ხალხის წინააღმდეგ შეაჩეროს ყოველგვარი შეიარაღებული მოქმედებანი. სადაოდ აღძრული ყველა საკითხის მშვიდობიანი საშუალებით, ურთიერთ შეთანხმებით ან არბიტრაჟის გზით გადასაწყვეტად მიიღოს ყოველგვარი ზომა“.
ეს ფაქტი, აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას წარმოადგენდა. მისადმი სამთავრობო დონეზე ოფიციალური პასუხის გაუცემლობა, საზოგადოების თვალში ქვეყნის პრესტიჟის შელახვისადმი შეგუებად აღიქმებოდა. არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ე. გეგეჭკორის მიერ აზერბაიჯანის მთავრობისადმი გაგზავნილი საპასუხო ნოტა, დიპლომატიური ეტიკეტის მაქსიმალური დაცვით და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით იყო შედგენილი. „საქართველოს მთავრობამ – ვკითხულობთ დოკუმენტში – არ შეუძლია გაკვირვება არ გამოთქვას თქვენს მიერ №44-ით გამოგზავნილი დეპეშის შესახებ. ეს აქტი საქართველოს რესპუბლიკის შინაურ საქმეებში ჩარევაა და იმ ძმურ კავშირს ეწინააღმდეგება, რომელზედაც დამყარებულია ორივე ერის ურთიერთდამოკიდებულება. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ის ყოველთვის პატივს სცემს სხვის უფლებებს და ამასვე მოელოდება მეზობელი აზერბაიჯანის რესპუბლიკისაგან. ახალციხის მაზრა შეადგენს ჩვენი ტერიტორიის უდაო ნაწილს და ამ მაზრის მდგომარეობის პასუხისმგებელიც არის მხოლოდ საქართველოს მთავრობა“.
ე. გეგეჭკორის აღნიშნულმა პასუხმა, ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურებს აზერბაიჯანული ნოტის ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანის, საქართველოსთან მიმართებაში მეზობელი სახელმწიფოს მტრული დამოკიდებულების ოფიციალურად წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას გაზეთ „სახალხო საქმეში“ 1919 წელს დაბეჭდილი სარედაქციო წერილი „ახალციხის ამბები და აზერბაიჯანი“ იქცევს. მისი ძირითადი დებულებები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1) საქართველოს ტერიტორიას, ქართული საჯარისო შენაერთები ოსმალეთისგან დაფინანსებული აგენტებისა და ავანტიურისტებისაგან, აჯანყებულთა ბანდებისაგან წმენდდა და რეგიონში ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენისათვის იღწვოდა; 2) ოსმალო აგენტების მხარდამჭერი აჯანყებულების მიერ, მცირერიცხოვანი ქართული ჯარის ვერაგულად ამოწყვეტის ფორმა, სომხების მიერ ქართველთა წინააღმდეგ ომის დაწყების (1918 წლის დეკემბერი) მომენტში დაშნაკელებისგან ჩადენილი მუხანათობის ტოლფასი ქმედება იყო; 3) საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოწყობილი აჯანყებების სალიკვიდაციოდ, ქართული ჯარის წარმატებული ოპერაციებით განაწყენებულმა აზერბაიჯანის მხარემ თავისი პოზიცია, საქართველოს მთავრობისადმი გამოგზავნილი „მეგობრული“ ნოტით დაადასტურა.
ამ დოკუმენტით იგი საქართველოს ხელისუფლებისაგან ახალციხის მაზრაში სამხედრო მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერებას და ე.წ. „სადაო საკითხის“ არბიტრაჟის გზით გადაწყვეტას მოითხოვდა; 4) იმავე სტატიის სამართლიანი მტკიცებით, ეს ნოტა აგრესიულ აქტად უნდა ყოფილიყო შეფასებული, რადგან იგი საქართველოს შინაურ საქმეებში აშკარა ჩარევას წარმოადგენდა და მისადმი ოფიციალური პროტესტი აუცილებლობით იყო განპირობებული; 5) საქართველოს მთავრობა, სარწმუნოებისა და ეროვნების განუსხვავებლად, ერთნაირი ზომებით უმასპინძლდებოდა ყველა მეამბოხეს – წესიერების დამრღვევს.
აზერბაიჯანის მხარის მიერ „ერთმორწმუნეობის„ მომიზეზების საბაბით საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა, იმავე სტატიის ავტორს უტაქტო და მტრულ ქმედებად მიაჩნდა. ამ ფონზე, იგი აზერბაიჯანის ხელისუფალთა საყურადღებოდ აცხადებდა: `ახალციხისა და ბათუმის ოლქის ქართველი მაჰმადიანობა ჩვენ არ მიგვაჩნია თურქებად, აზერბაიჯანელთა მოდგმის ხალხად; ესენი ჩვენი სისხლი და ხორცია და არანაირ სარწმუნოებრივ ზეგავლენას არ შეუძლიან გვაიძულოს ხელი ავიღოთ ისტორიული უბედურებით ჩამოშორებულ ძმებზე. ამიტომ, აზერბაიჯანის ხელის პოტინს ამ მხარისაკენ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს. ჩვენ ძალით ქართველ მაჰმადიანებს არაფერს მოვახვევთ, ჩვენ შევქმნით სრულ გარანტიას მათი თავისუფალი განვითარებისას, მაგრამ მთელი სიმძაფრით შევებრძოლებით ყველას, ვინც მოისურვებს კვლავ თურქული ზეგავლენის ქვეშ ამყოფოს მაჰმადიანი ქართველობა. მით უფრო შევებრძოლებით, მაშინ როდესაც თურქული ზეგავლენის მოხდენას დააპირებენ ოსმალეთის აშკარა და ფარული აგენტები. აზერბაიჯანს თუკი სურს საქართველოსთან ტრადიციული მეგობრობა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეითვისოს და ღრმად ჩაიბეჭდოს... ის აზრი, რომ სამაჰმადიანო საქართველოს ჩვენ ვერავის დავუთმობთ. აზერბაიჯანი უნდა გამოეთხოვოს... ოპეკის ტონს, რადგანაც ქართველი ხალხი განურჩევლად სარწმუნოებისა, მისგან ოპეკას არ საჭიროებს“.
მართალია, აზერბაიჯანულ ნოტას ქართული პოლიტიკური აზრის წარმომადგენლების მხრიდან პასუხი გაეცა, მაგრამ ამ ნოტამ ანტიქართული ისტერია თოვლის გუნდასავით ააგორა. მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანული პრესის ფურცლებზე დაბეჭდილი ცილისწამებით გაჟღენთილი ანტიქართული პუბლიკაციები. ამ მხრივ, განსაკუთრებით ბაქოში გამომავალი მმართველი პოლიტიკური პარტიის მუსავათის ბეჭდვითი ორგანო „ნაშ პუტ“ გამოირჩეოდა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმავე გაზეთის (18 მარტი №57) სარედაქციო წერილი – „ახალციხის ამბების შესახებ“ იქცევს. აღნიშნულ სტატიაში გატარებული თვალსაზრისი შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1) ქართველების მიერ ახალციხის და მისი რაიონის „დაპყრობისას“ მუსლიმანური მოსახლეობის მიმართ საშინელი ძალადობა იქნა გამოყენებული; 2) ერთა თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე, ყარსის, ბათუმის და ახალციხის მაზრების მუსლიმანებს, მეზობელი (საქართველოს) რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლა არ სურს. სხვა ერისადმი დაუმორჩილებლობის, თავისუფლების შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მიზნით, ისინი საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ძალას დაუპირისპირდნენ – აუჯანყდნენ; 3) საქართველოს ხელისუფლების მიერ ბორჩალოს მაზრაში განხორციელებული „სწრაფი მოქმედების“ ტაქტიკაზე დაფუძნებული გალაშქრება, ბორჩალოსა და ახალციხის მაზრების მუსლიმანების „დაპყრობა“, მეზობელ სახელმწიფოსთან (აზერბაიჯანთან) ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტად არ შეიძლება ჩაითვალოს; 4) იარაღის ჟღარუნში მეზობელი ქართველებისადმი არმიბაძვა, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ „ჩვენ უარვყავით და ხელი ავიღეთ ჩვენს უფლებებზე და სამართლიან მოთხოვნილებებზე. დღეს ჩვენ თუ გაჩუმებულები ვართ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ვერაფერს ვხედავთ. თუ ქართველებს სურთ მეგობრული განწყობა დაიჭირონ კავკასიის მუსლიმანებთან, მათ უნდა შეწყვიტონ ახალციხის მუსლიმანთა განადგურება და ხელი აიღონ თავიანთი ადვილი ლაშქრობის პოლიტიკაზე, აზერბაიჯანის თურქებს არ შეუძლიათ გულხელდაკრეფილი უცქირონ მოძმე და ერთმორწმუნე ხალხის ტრაგედიას, რომლებიც იცავენ რა თავიანთ თავისუფლებას, იღუპებიან უთანასწორო ბრძოლაში“.18
ანალოგიური ცილისწამება იყო დაბეჭდილი აზერბაიჯანის სამთავრობო გაზეთ „აზერბაიჯანის“ 1919 წლის 19 მარტის ნომერში. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას თათარი მუშების მიერ მიტინგზე მიღებული რეზოლუციის ტექსტი იქცევს. ეს დოკუმენტი, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გატარებული ღონისძიებებისადმი პროტესტს წარმოადგენს. „მიტინგმა განიხილა რა ახალციხეში მომხდარი ამბები, – ვკითხულობთ დოკუმენტში – თურქის პროლეტარიატი აზერბაიჯანისა თავის მოვალეობად მიიჩნევს, აღშფოთება გამოთქვას ახალციხის მუსლიმან გლეხთა ტრაგედიის გამო და გამოთქვამს იმედს, რომ დამფუძნებელი კრება ზომებს მიიღებს, რათა არ იქნას შერყეული ორ მეზობელ ერთა კეთილგანწყობილება. მიტინგის თავმჯდომარე ა. კ. კიაზიმბეი“. ეს დოკუმენტი საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს დეპეშის სახით გადმოეგზავნა.
ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მხარემ ეშმაკურ ფორმას მიმართა. მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანის მოსახლეობის ანუ – „საზოგადოებრივი აზრის“ გამოყენების მანიპულირების გზით, საქართველოს ხელისუფლების შიდა სახელმწიფოებრივი პოლიტიკური კურსისადმი დაპირისპირება. შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგის იდეოლოგიურ ფრონტზე მოსაგერიებლად, შესაბამისი მექანიზმის ამოქმედება აუცილებლობას წარმოადგენდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს სანამ შევეხებოდე, აუცილებლად მიმაჩნია ორიოდე სიტყვით აღვნიშნო იმ ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ, რომელიც აზერბაიჯანის მხარემ შეფარვითი ფორმით გამოამჟღავნა. ჩემს მიერ ზემოთ მოტანილი მასალები ადასტურებს: 1) საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისტორიული ტერიტორიის ფარგლებში მოქმედებას, აზერბაიჯანის მთავრობა უცხო ხალხის დაპყრობის და მუსლიმანების განადგურების მცდელობის ფორმატში განიხილავდა. ეს ფაქტი, საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული ფორმით ტერიტორიული პრეტენზიების გამჟღავნებას ნიშნავდა; 2) მუქარის გარკვეული დოზის ფონზე, აზერბაიჯანის მხარე, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობდა და მეზობელ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის ეტიკეტის ყველა სახეობის ნორმას არღვევდა.
ყოველივე ზემოთქმული იმაზე მიგვანიშნებს, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტის მიზანს: ა) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოწყობა და ბ) საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისადმი სრულიად კავკასიის მუსლიმანური მოსახლეობის დაპირისპირება, იარაღით გამოსალაშქრებლად შესაბამისი იდეოლოგიური ბაზის მომზადება წარმოადგენდა. ეს გარემოება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. მხედველობაში მაქვს პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს დასაბუთებული პასუხი გაეცა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი სარედაქციო წერილი – „ახალციხის აჯანყების გამო“. მასში სავსებით კანონზომიერად იყო დასმული კითხვა: „რა უფლებით ხელმძღვანელობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოფიციალური ორგანო, როცა ჩვენს შინაურ საქმეებში ასე ერევა?... ჩვენს წინააღმდეგ მათმა ასეთმა გამოლაშქრებამ არა გვგონია ხელი შეუწყოს... კეთილმეზობლურ განწყობილებას, რომელზედაც აზერბაიჯანის მთავრობა გამუდმებით ლაპარაკობს“. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ აზერბაიჯანის მაშინდელ ხელისუფალთა სიტყვა და საქმე ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, აუცილებლობა აზერბაიჯანთან იდეოლოგიურ ფრონტზე `ომის~ მოგებას საჭიროებდა. ამ მიზნით, პრაგმატული ნაბიჯის გადადგმა პირველხარისხოვან ამოცანას წარმოადგენდა. საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა ამ მიმართულებით გარკვეული მუშაობა ჩაატარა. ახალციხის მაზრის მუსლიმანი გლეხების კრების მოწვევის ორგანიზება და პროქართული ორიენტაციის შინაარსის მქონე დადგენილების მიღება მაქვს მხედველობაში. მოგვაქვს ამ დოკუმენტის სრული ტექსტი: „გლეხთა დეპუტატების საბჭო ითვალისწინებს რა ახალციხის მაზრაში ოსმალეთის ემისრების და ზოგიერთი ბეგების მიერ ფოცხოვიდან მოწყობილ ავანტიურისტულ მოქმედებას, ღრმად დარწმუნებულია, რომ ახალციხის მაზრის მშრომელ ხალხს, მცირე ნაწილის გარდა, არავითარი მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებაში. საქვეყნოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ერთგვარად იცავს ყველას ინტერესებს განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. ახალციხის მაზრა საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ახალციხის მუსლიმან გლეხობას სურს ძმურად ცხოვრება საქართველოს ხალხთან. ახალციხის მაზრის გლეხობის სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება აზერბაიჯანის მთავრობის მფარველობა და ვთხოვთ მას, ნუ ჩაერევა ჩვენს საქმეებში და ხელს ნუ შეუშლის აზერბაიჯანის და საქართველოს მეგობრულ კავშირს. საბჭოს წევრები: ოსმან შევქი ეფენდი მიქელაძე, ყაიდარ გულიაშვილი გვარამაძე, რაჯებ ალი ოღლი ოსმალიძე, სოლომონ მუსრალ მუხელილოვი, მოულა მორაფ მოლო ალი ოღლი, გიორგი მულე, შალვა ვარდიძე, ამა მოლა ოღლი, ჯიბ სული ოღლი, რუსტამ იბრაგიმ ოღლი, აზიზ სალეიმან ოღლი“.
ამ დოკუმენტს, იდეოლოგიურთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ იგი ახალციხის მაზრის მუსლიმანი ქართველების უმეტესობის წარმომადგენლების (საბჭოს წევრები) მიერ პროქართული ორიენტაციის ოფიციალურად დადასტურებას წარმოადგენდა. მეორე მხრივ, იგი აზერბაიჯანის მოქალაქე თათარ მუშებს შესაბამის პასუხსაც აძლევდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანული პრესა – გაზ. `აზერბაიჯანი~ და გაზ. „ზარია“, საქართველოსთან მიმართებაში ცილისმწამებლური წერილების ბეჭდვას აგრძელებდა. ამასთან დაკავშირებით გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ წერილში `აზერბაიჯანის მუშაობა ახალციხეში“ ლ. რუხაძე ხაზგასმით წერდა, რომ ეს გაზეთები „ფაქტების დამახინჯებას არ ერიდებიან, ეროვნული შუღლის და მტრობის შხამით ჰაერს წამლავენ“. ამ ფონზე განიხილა მან ის ცილისმწამებლური ბრალდებები, რომლებსაც აზერბაიჯანული გაზეთები საქართველოს ხელისუფლებას უყენებდა. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, იმავე ლ. რუხაძემ არა არა მარტო სიცრუეში ამხილა აზერბაიჯანული გაზეთების კორესპოდენტები, არამედ კიდეც დაასაბუთა, რომ ქართული ჯარისადმი მათი მხრიდან წაყენებული ბრალდებები (სოფლების გადაწვა, მოსახლეობის გაძარცვა და ამოწყვეტა), ყარსის მთავრობის საჯარისო შენაერთების ნამოქმედარს წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით ლ. რუხაძე წერდა: „გაზეთ „აზერბაიჯანს“ ავიწყდება რა ჩაიდინა ყარსის მთავრობის ჯარებმა, როგორი სისხლის გუბეებით მორწყო მესხეთი და ჯავახეთი, როგორ უშენდა უიარაღო სოფლებს ტყვიამფრქვევებს, როგორ ხვრეტდა მოხუც მუსლიმან გლეხებს, რომლებიც წინ აღუდნენ ათაბეგოვის აგენტურას. ბ-ნი პეპინოვი... ახალციხელი მცხოვრებია... უმჯობესია დააკვირდეს მისივე და მისი ძმების სისხლში გასვრილ ხელებს, შეეკითხონ ომარ-ფაიკს და ყველა იმათ, ვინც ოსმალეთის ფულით მოქრთამულები... ხალხს ერთმანეთს გასაჟლეტად რომ მოუწოდებდნენ... პეპინოვი, რომელიც ხშირად ჩამოდის ახალციხეში, მისი მოსყიდული თვალებით ნახოს განადგურებული აბასთუმანი, ამოჟლეტილი სოფლები. გაბედოს და დაელაპარაკოს იმ მუსლიმან გლეხებს, რომელთა დაცვასაც ასე კისრულობს. აი თვით ის გლეხები სწვავდა მოღალატეთა სახლკარს, ვინც ცეცხლში ჩააგდო მშვიდობიანი მცხოვრებნი“.
ამ ამონაწერიდან კარგად ჩანს: ა) პეპინოვი, ომარ ფაიკი და სხვები, ოსმალეთის აგენტები რომ იყვნენ და იმავე სახელმწიფოს ხელისუფალთა დაკვეთას ასრულებდნენ; ბ) სამხრეთდასავლეთ საქართველოში მცხოვრები ოსმალური ორიენტაციის ბეგების სახლკარის გადაწვა და მათი მამულის განადგურება, ოსმალო ასკერებისგან განაწამები და გაძარცული ადგილობრივი გლეხებისგან შურისძიებით განპირობებულ ნამოქმედარს წარმოადგენდა. რაც შეეხება ომარ ფაიკს, იგი მოგვიანებით „შულავერის რევკომის“ შემადგენლობაში იქნა შეყვანილი და საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის საქმეში აქტიურად მონაწილეობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესები, ოსმალეთისა და საბჭოთა რუსეთის აგენტების ერთობლივი მუშაობით იყო განპირობებული.
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებასაც, რომ ზემოაღნიშნულ საკითხს ბაქოს მუსლიმანი სოციალისტების ორგანო გაზეთი „ზარიაც“ გამოეხმაურა (19 მარტი). მხედველობაში მაქვს ამ ორგანოში დაბეჭდილი პუბლიკაციები. მასში, საქართველოს მთავრობის მიერ „აჯანყებულებთან“ მიმართებაში გატარებული ღონისძიებებისადმი პროტესტი, „სოციალისტური დროშის“ და „ინტერნაციონალური დემოკრატიის“ მომარჯვების ფონზეა გამოთქმული. „აზერბაიჯანის დემოკრატიას – ვკითხულობთ წერილში – არ შეუძლია არ გამოთქვას თავისი ცხარე პროტესტი, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ხმას მთელი ინტერნაციონალური დემოკრატია შემოუერთდება“.
ქამელეონის წამოსასხამში შეფუთულ და საქართველოს სახელმწიფოსადმი აზერბაიჯანელთა ფართომასშტაბიან მტრულ იდეოლოგიურ პროპაგანდას, ქართული პოლიტიკური სპექტრი ღირსეული პასუხით დაუპირისპირდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი სარედაქციო წერილი – „ახალციხის გარშემო“. `ყველა შოვინისტი და დემოკრატიის მოძულე – ვკითხულობთ სტატიაში – ცდილობს ეხლა სოციალისტურ ნიღაბს ამოეფაროს... ახალციხე რომ ქართველებითაა დასახლებული ეს აშკარაა. მაშ რაღად ამხედრდნენ თათრის დემოკრატიის სახელით პეპინოვები და ძამანი მისნი? ვის ებრძვიან? ჩვენ ვიცით, პეპინოვებს მიზნათ აქვთ, ეს მაზრები თათრულ მაზრებად მოაჩვენონ ხალხს. ახალციხის გლეხები გარდა სარწმუნოებისა არაფრით არ განირჩევა დანარჩენი ქართველებისაგან, არც ორიენტაციით, არც იდეალებით, მისწრაფებებით, ენით და სხვა. ახალციხეში დამსჯელი ექსპედიცია გამოგზავნეთო, ეს ხომ ჭორია. იქ წავიდა ჯარი ქობლიანსკის და მის მიერ შემოყვანილი ოსმალო ასკერების გასარეკად“.
ამ შემთხვევაში, გაზეთ „ერთობის“ სარედაქციო წერილში სიმართლე იყო ნათქვამი. პეპინოვები და მისი მხარდამჭერები საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ და უმნიშვნელოვანეს საკითხებთან მიმართებაში წამოჭრილ კითხვებს პასუხგაუცემელს ტოვებდნენ. სამხრეთდასავლეთ საქართველოს ქართველი მუსლიმანი მოსახლეობისათვის იმ ეტაპზე ბუნდოვანებით იყო მოცული თუ ვის დაკვეთას ასრულებდნენ და რა მიზნები ამოძრავებდათ ახალციხეში შემოსულ თურქ ასკერებს, პეპინოვს, ომარ-ფაიკს და სხვებს. ამ საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი პასუხის გაცემა მხოლოდ ყარსის მთავრობის შექმნით დაინტერესებული სახელმწიფოების გამოაშკარავებით, მათი მიზნების წინა პლანზე წამოწევით ხდება შესაძლებელი.
ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას მოკავშირეთა ჯარების სარდალ გენერალ სერ ჯორჯ მილნთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ე. გეგეჭკორის 1919 წლის 30 იანვრის შეხვედრის საუბრის ჩანაწერები იქცევს. ამ დოკუმენტის მიხედვით, ე. გეგეჭკორმა განსაკუთრებული ყურადღება ახალციხის მაზრაში და არტაანის ოკრუგში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა და მის გამომწვევ განმაპირობებელ მიზეზად ოსმალეთის აგენტები, ოსმალეთის ემისრები და კავკასიაში ოსმალეთის ყოფილი სარდლობა დაასახელა. მისივე თქმით, ისინი ადგილობრივ მოსახლეობაში ფართო სააგიტაციო – პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდნენ. „ოსმალეთის აგენტების ეს საქმიანობა – დასძენდა ე. გეგეჭკორი – არის იმ გეგმის გაგრძელების ცდა, რომელიც ომის მიმდინარეობისას ოსმალეთმა კავკასიაზე თავდასხმის დროს შეიმუშავა. ოსმალეთის გეგმის თანახმად, მისმა აგენტებმა არტაანის ოკრუგისა და ბათუმის ოლქის ტერიტორიის ხარჯზე ახალი სახელმწიფოს შექმნა დაისახეს მიზნად. ეს სახელმწიფო აღმოსავლეთით უნდა ეკვროდეს აზერბაიჯანს, დასავლეთით კი შავ ზღვას. ამ გეგმის მთავარი აღმსრულებელნი მოქმედებენ „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის დროშის“ ქვეშ“. ე. გეგეჭკორის საუბრის ჩანაწერიდან ჩემს მიერ მოტანილ ამონაწერში, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის ინტერესთა ურთიერთდამთხვევა კარგადაა წარმოდგენილი. თუკი ისინი „სამხრეთდასავლეთ კავკასიის დროშის“ საფარქვეშ თავიანთ ჩანაფიქრს განახორციელებდნენ, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის საზღვრები ერთმანეთს მიებჯინებოდა, ხოლო ეს უკანასკნელი საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე შავ ზღვაზე თავისუფალ გასასვლელს შეიძენდა.
აღნიშნულის უდაო დადასტურებას, საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 18 თებერვლის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ნ. რამიშვილის მოხსენებაში მოტანილი ფაქტები წარმოადგენს. მისივე მტკიცებით, საქართველოს მხრიდან ბორჩალოს სამხრეთი ნაწილის აზერბაიჯანისადმი დასათმობად და იმ მონაკვეთზე ოსმალეთაზერბაიჯანის ერთობლივი საზღვრის შესაქმნელად იბრძოდა ოსმალეთის ხელისუფლება. ამ მიზნის განხორციელებას ემსახურებოდა პეპინოვისა და ომარ ფაიკის მთელი საქმიანობა. რაც შეეხება ყარსისა და ბათუმის ოლქების ბაზაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, ამ საკითხთან მიმართებაში იმავე ნ. რამიშვილმა პარლამენტის სხდომას შესაბამისი დოკუმენტური მასალა წარუდგინა და იქვე დასძინა, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები „იყო შედეგი იმ მოღვაწეობისა, რომელსაც ეწეოდნენ ბათუმში და სხვა ადგილებში ოსმალეთის აგენტები. მათი მოქმედება მიმართული იყო იქეთკენ, რომ საქართველოს ძლიერება და გავლენა დაცემულიყო იმ კუთხეებში, ისეთი მდგომარეობა შეექმნათ, როცა შიგნიდან და გარედან დასუსტებული სახელმწიფო წამოიჩოქებდა ოსმალეთისა და მისი აგენტების წინაშე“.
შინაგან საქმეთა მინისტრის ნ. რამიშვილის ეს განცხადება იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველოს სიძლიერის ნულამდე დაყვანა და მისი დასუსტება, ოსმალეთის მოქმედების ასპარეზს ზრდიდა და პირველ მსოფლიო ომში დაკარგული ტერიტორიების შევსების შესაძლებლობის პირობებს საქართველოს ხარჯზე უქმნიდა. ამ მიზნით, აფინანსებდა იგი ომარ-ფაიკს, მუსაკიევს, ათაბეგოვსა და სხვა აგენტებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდა: მოსახლეობაში გარკვეული იდეოლოგიური და პოლიტიკური საფეხური მოემზადებინა სამხრეთ–დასავლეთი საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე „ახალი ოსმალეთის“ შესაქმნელად. ამ ფაქტთან დაკავშირებით ლ.რუხაძის მიერ გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ წერილში „სიმართლე ახალციხის შესახებ“ გარკვევით იყო მითითებული. „ომარ ფაიკი – წერდა ლ. რუხაძე – ენვერ ფაშას იმპერიალისტური იდეების განმახორციელებელი იყო და კავკასიის დაპყრობით ცდილობდა ხიდი გაედო ყირიმთან, ყაზანთან და კასპიის მხარესთან, დღეს ეს პერსპექტივები ოსმალეთის აგენტებს ჩაეფუშათ, მაგრამ იმავე საქმეს აკეთებენ უფრო პატარა მასშტაბით. სულთანოვპეპინოვები აზერბაიჯანიდან ხელს უწვდიან ახალციხელ აგენტებს, ხოლო მათ ორივეს ხელი ჩაკიდებული აქვთ ერთი მხრით ხულოში დაბრუნებულ აგენტებზე და მეორეს მხრით ყირიმში მოკალათებულ ავანტიურისტებზე“.
ამ ამონაწერიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური ძალების ინტერესები ერთმანეთში იყო გადახლართული. ორივე მათგანი საქართველოს დასაქცევად და დასაჩოქებლად მოქმედებდა. ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით შესაბამის მყარ საფეხურს ამზადებდა. ლ. რუხაძის წერილიდან მოტანილი ზემოაღნიშნული ციტატა, ერთი შეხედვით შეიძლება მკითხველმა ტენდენციურად მიიღოს იმ მოსაზრებით, რომ იგი თავის დროზე ახალციხეში მთავრობის რწმუნებულად იყო გაგზავნილი. ლ. რუხაძეს, როგორც პარტიულ მუშაკს, მართალია გარკვეული შეცდომები გააჩნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი ნამდვილად არ ტყუოდა და სიმართლეს ამბობდა. ამის უდაო დადასტურებას ასლან (იგივე ალი) ეფენდი დეკანოიძის წერილი „ჩვენც მოგვისმინეთ, (ახალციხის გარშემო)“ წარმოადგენს. საქართველოსთან მიმართებაში ოსმალეთისა და აზერბაიჯანის ინტერესების შესახებ, ლ.რუხაძისა და ე.დეკანოიძის შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა. ამის დამადასტურებლად ე. დეკანოიძის წერილიდან შესაბამის ამონაწერს მოვიტან და თავად მკითხველმა განსაჯოს თუ რამდენად ახლოს დგას იგი ლ. რუხაძის ზემოაღნიშნულ თვალსაზრისთან. `ოსმალეთს – წერდა ე. დეკანოიძე – ერთი რამ სწამს და ერთ რამეს ეტრფის; ბათუმი, არტაანი და ახალციხე მუსლიმანებით არის დასახლებული, მაშასადამე ის ოსმალეთის მფარველობის ქვეშ, ანუ უკეთეს შემთხვევაში მის ნაწილში უნდა შედიოდეს. სხვაფრივ არ აზროვნებს ოსმალეთი. ამ მიზნის განსახორციელებლად ის ეყრდნობა ბნელით მოცულ სამუსლიმანო საქართველოს რეაქციონურ ბეგებს და იმ აგენტებს, რომელთა შესანახად თავიდანვე დიდძალ ფულს ხარჯავდა. აქ ოტომანის იმპერიის გზა გარკვეულია, მან არ იცის მიხვევ-მოხვევა, ის გულუბრყვილოდ არავის ენდობა. მას ამ სფეროში ჰყავს ისეთი დამხმარენი, როგორიც არიან აზერბაიჯანის მუსავათები, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში სტამბოლელ ახალგაზრდა ოსმალთა პარტიას მოგვაგონებენ... სამუსლიმანო საქართველოს საკითხი მხოლოდ ერთის მხრით არის გარკვეული და უდაო. ის შეადგენს საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს, ის ისტორიულად ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და ეკუთვნის, ქართველი მუსლიმანები და ქრისტიანები ღვიძლი ძმებია, ჩვენ ერთი დედის შვილები ვართ. აი რა არის ჩვენთვის უდაო, აი რას ვეტრფით როგორც მუსლიმანი ქართველები, რომელნიც კი ვგრძნობთ თავს ქართველებად და ჩვენთან ერთად მთელი საქართველო“. ამ ფაქტორს, საქართველოს დაუძინებელი მტრები კარგად აცნობიერებდნენ და მუსლიმანი ქართველების პროქართული ორიენტაციის გასამრუდებლად, იდეოლოგიური ზეწოლის თავისებურ ფორმას მიმართავდნენ. მხედველობაში მაქვს ზემოაღნიშნული „ერთა თვითგამორკვევის“ საბჭოური იდეოლოგიით დამძიმებული მყვირალა თეზისი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში „ერთა თვითგამორკვევის“ იდეოლოგიურ ნაჭუჭში სიღრმისეულად ჩაპრესილ ოსმალურ-აზერბაიჯანულ საფრთხეს, ქართული პოლიტიკური ელიტა კარგად აცნობიერებდა. ამის უდაო დადასტურებაა თუნდაც ის ფაქტი, რომ ე.გეგეჭკორმა გენერალ მილთან საუბარში ხაზგასმით მიუთითა: „საქართველოს მთავრობა მედგარი დამცველია ერთა თვითგამორკვევის, ამ შემთხვევაში, ხსენებული პრინციპის ნიღაბ ქვეშ ანხორციელებენ სრულებით სხვა მიზანს – ჩამოაცილონ საქართველოს მისი განუყოფელი და მასთან ორგანულად დაკავშირებული ნაწილი, ურომლისოდაც საქართველოს რესპუბლიკას ცხოვრება არ შეუძლია. ოსმალეთის აგენტებს ერთა თვითგამორკვევის საბაბით სურთ ჩაჰკეტონ საქართველო ისეთ საზღვრებში, რომელშიაც მას ვერ შეეძლება განვითარება და რკალივით გარსს შემოერტყან“.
იმავე ე. გეგეჭკორის მტკიცებით, ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობის მოწინააღმდეგეებს და ავანტიურისტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებთან არავითარი საერთო არ ჰქონდათ. ისინი მხოლოდ პირადი მოსაზრებებითა და უცხო ქვეყნის დაკვეთით ხელმძღვანელობდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ინგლისელ გენერალ მილნის შეახსენებდა, რომ ავანტიურიზმი სათავეს იმ რეგიონიდან იღებდა, რომელიც ინგლისის ხელისუფალთ ექვემდებარებოდა (ბათუმის ოლქი) და საქართველოს მთავრობის იურისდიქცია არ ვრცელდებოდა. ამ ფონზე, იგი ოსმალეთის იმ აგენტებს ჩამოთვლიდა (ჯემალ-ბეგ ხიმშიაშვილი, ბეგთა-ბეგ ქობლიანსკი) „რომლებმაც მთელი თავიანთი მოქმედებით წარსულში ოსმალეთის აგენტების სახელი დაიმსახურა... ოსმალეთის აგენტების ეს ავანტურა... – ამბობდა ე. გეგეჭკორი – ერთნაირად ემუქრება როგორც საქართველოს ინტერესებს, ისე მშვიდობიანობას და წესიერებას მთელს ამიერკავკასიაში. თუ იგი დროზე არ იქნება აღმოფხვრილი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა იძულებული იქნება ერის ფიზიკური ინტერესებისათვის მიიღოს კატეგორიული ზომები თავის დასაცავად“.
ამ ვრცელი ამონაწერიდან კარგად ჩანს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით, ინგლისის წარმომადგენელს აგრძნობინებდა, რომ ინგლისელთა დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს ტერიტორიაზე, ოსმალო აგენტების მიერ მიზანმიმართულად შექმნილი რთული პოლიტიკური პროცესები, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისათვის მიუღებელი იყო. აქედან გამომდინარე, ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიმართ, იგი უმკაცრესი ზომების დაუყოვნებლივი გატარების აუცილებლობას აყენებდა. მითუმეტეს, პროოსმალური ორიენტაციის მქონე ბეგების ერთი ნაწილი და „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ ე.წ. „სახელმწიფოს მთავრობის“ მესვეურნი, როგორც ზემოთაც გვქონდა აღნიშნული, დასავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან შეპირებული დახმარებით იყვნენ დაიმედებულნი. ასეთი ფაქტები, ე. გეგეჭკორს საფუძველს აძლევდა, საქართველოს უსაფრთხოების გარანტიის საკითხებთან მიმართებაში წამოჭრილი პრობლემები ინგლისის წარმომადგენლობის წინაშე კატეგორიული ფორმით დაესვა და რაც მთავარია, საქართველოს მოწინააღმდეგე ძალისადმი ინგლისის ზოგიერთი მაღალჩინოსანის კეთილგანწყობის შესახებაც მიენიშნებინა. ამის მყარ საფუძველს ახალციხის კომიტეტის მიერ ომარ-ფაიკისადმი გაგზავნილი დეპეშაც (1919 წლის იანვარი) იძლეოდა. ამ დოკუმენტის (დ) პუნქტში გარკვევით იყო მითითებული: „ინგლისელები ყარსის მუსლიმანთა მთავრობას ხელს უწყობენ და მასთან კარგ განწყობილებაში არიან“. „ყარსის მთავრობისადმი“ ინგლისელთა მხარდაჭერაზე მიუთითებს თურქი ისტორიკოსი ს. ესინ დაი. მისი მტკიცებით, სერვერ-ბეგი გენერალ უოკერს 1919 წლის 15 იანვარს ბათუმში შეხვდა და აღნიშნული რესპუბლიკის შექმნის გეგმა გააცნო. იმავე წლის 20 იანვარს, ინგლისელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე გაცხადებული გეგმისადმი მხარდაჭერის შესახებ მან დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო.19 აღნიშნულიდან გამომდინარე, ინგლისელების მიმართ პრეტენზიული ფორმით საკითხის კატეგორიულად დასმის გარდა, ე. გეგეჭკორს სხვა გზა არ გააჩნდა. მისმა შეუვალმა და პრინციპულმა პოზიციამ გენერალი მილნი იძულებული გახადა ოფიციალურად ეღიარებინა, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მოკავშირეებთან ოსმალეთის მიერ დადებული დროებითი ზავის პირობების დარღვევას წარმოადგენდა. „ოსმალეთის მთავრობა სინდისიერად რომ არ ასრულებს საზავო პირობებს – ამბობდა გენერალი მილნი – უკვე იცის დიდი ბრიტანეტის მთავრობამ და უახლოეს ხანში მიღებული იქნება უსასტიკესი ზომები ოსმალეთის ასალაგმავად. დიდი ბრიტანეთის მთავრობა არავის მისცემს ნებას ჩაერიოს მის განკარგულებებში და მით უმეტეს ვერ მოითმენს მოტყუებას მისი მოსისხლე მტრებისგან“.
ასეთი განცხადების მიუხედავად, ინგლისის წარმომადგენლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი მიცემული პირობის შესრულებას აგვიანებდა. არც ოსმალეთის აგენტების საწინააღმდეგო ქმედითი ღონისძიებების გატარებას ჩქარობდა. პირიქით, საქართველოს ხელისუფლებასა და ქართული ჯარის სარდლობას „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის“ თვითმარქვია მთავრობის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაში მაქსიმალურად ზღუდავდა. მხედველობაში მაქვს დაძაბულობის ეპიცენტრიდან – ფოცხოვიდან და არდაგანის ოკრუგიდან ქართული ჯარის გაყვანის შესახებ ინგლისელთა კატეგორიული მოთხოვნა. აღნიშნულ და სხვა მნიშვნელოვან ფაქტებს უკეთებდა რა ანალიზს, „ყარსის მთავრობისადმი“ ინგლისელთა აშკარა მფარველობის შესახებ გენერალი გ.კვინიტაძე დაუფარავად მიანიშნებდა. იმავდროულად ინგლისელ სამხედრო მაღალჩინოსნებსაც ასახელებდა (პოლკოვნიკი სტიუარტი, პოლკოვნიკი რიდი), რომლებიც ისე იქცეოდნენ თითქოს „ყარსის მთავრობის“ შესახებ არაფერი იცოდნენ. იმავე გ. კვინიტაძის მოგონებების მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, „ყარსის მთავრობისადმი“ ინგლისელ ოფიცერთა სიმპათია და მხარდაჭერა აშკარად იკვეთება. „ინგლისელი ოფიცერი – წერს გ. კვინიტაძე – ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ „სამხრეთ- დასავლეთ კავკასიის ტერიტორიის“ საზღვარი არ გადამელახა, ამიტომ მკითხა: „არ ფიქრობთ, რომ ინგლისის მფარველობის ქვეშ მყოფ სახელმწიფოსთან ომის დაწყებით, თქვენ ინგლისის წინააღმდეგ აღმართავთ ხმალს“. „მე ვუპასუხე, ასე არ მიმაჩნია, ვინაიდან თუ ჩემი სამხედრო მოქმედებები ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ინგლისის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს, მაშინ ამ სახელმწიფოს თავდასხმა ახალციხესა და ახალქალაქის მაზრებზეჩვენზე ინგლისის თავდასხმად უნდა განვიხილო მეთქი. შესაძლოა ოფიცერმა გადააჭარბა, როდესაც ინგლისის მიერ ამ სახელმწიფოს მფარველობაზე მიუთითა, მაგრამ უეჭველია, რომ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის შექმნასთან ინგლისს უსათუოდ რაღაც კავშირი ჰქონდა“.21 ამის შესახებ გრიგოლ ლორთქიფანიძე უფრო გამოკვეთილი ფორმით მიუთითებს. „დენიკინის რუსულ-ინგლისური ბლოკი – წერს იგი, – რომელშიაც ფაქტიურად უდიდეს როლს თამაშობდნენ დამარცხებული ოსმალეთის ძალები... ქმნიან ეგრეთ წოდებულ ყარსის მთავრობას 1919 წლის თებერვალში“.22 ამ ფაქტის სისწორეს თურქი ისტორიკოსი ს. ესინ დაიც ადასტურებს.23 ანალოგიური თვალსაზრისი ვ. ნოზაძემაც გამოთქვა. მისი მტკიცებით, „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკისადმი“ ინგლისელთა ლობირება, სომხურ ინტერესებთან იყო გადაჯაჭვული. ე.ი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, სომხურ-ინგლისური ანტიქართული პოლიტიკური კურსი მოქმედებდა, რომლის გამოძახილს სან-რემოს კონფერენციაზე სომხური დელეგაციის უსაფუძვლო მოთხოვნისადმი (ყარსიდან–ბათუმამდე, საქართველოს ტერიტორიის გავლით – ჭოროხის ხეობით რკინიგზის გაყვანა და სომხეთის საკუთრებაში გადაცემა) ინგლისელთა თავგამოდებული მხარდაჭერა წარმოადგენდა. „ამით ცხადი ხდება - წერდა ვ. ნოზაძე, – რომელსაც ინგლისის გენერლები მისდევდნენ ამიერკავკასიაში, როდესაც... მხარი დაუჭირეს „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“ შექმნას. შემდეგში თუკი იგი იცოცხლებდა, ავტონომიურ ლაზისტანთან ერთად, სომხეთის შემადგენელი ნაწილი შეიქმნებოდა. ამნაირად, სომხეთი, მესხეთის საშუალებით პირდაპირ ზღვას მიეკვროდა“. ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსთან მიმართებაში ინგლისელთა ანტიქართულ საქმიანობას სომხური ინტერესები ედო საფუძვლად. რაც შეეხება ახალციხის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მოხსენებას, სერვერ ბეგისადმი ინგლისელთა ლობირება ფრთხილი პოზიციიდან იყო განხილული. ამ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარე გ. ანჯაფარიძე, „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის სახელმწიფოსათვის“ ჯარის შექმნის შესახებ სერვერ ბეგის ხელმოწერით დადასტურებულ დოკუმენტს ეყრდნობოდა. მასში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ „ჯარი უნდა შედგეს ისე, როგორც არის მოწყობილი მოხალისეთა ჯარი“. ე.ი. ოფიცერთა სახელფასო ანაზღაურება, ჯარის ორგანიზაციის პრინციპი და სხვა, მოხალისეთა ჯარისადმი დამახასიათებელი ყველა თვისებების იდენტური უნდა ყოფილიყო.
ასეთ სისტემაზე აგებული სამხედრო შენაერთების დაფინანსების წყარო, სამწუხაროდ იმავე დოკუმენტში არ ფიგურირებს. არადა, იგი საკმაოდ დიდ თანხას საჭიროებდა, რომელიც ახლადშექმნილ „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის სახელმწიფოს“ იმ ეტაპზე ნამდვილად არ გააჩნდა. ამ შემთხვევაში იმედის თვალით დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შეჰყურებდნენ. ყოველივე ზემოაღნიშნულს უკეთებდა რა ანალიზს, იმავე კომისიის თავმჯდომარე გ. ანჯაფარიძე თავის მოხსენებაში ამბობდა: „მე არ ვიცი ჰქონდა თუ არა პირდაპირი კავშირი მოხალისეებთან სერვერ ბეგს. ამის დასაბუთება ვერ ვი პოვეთ. მაგრამ, კომისია ფიქრობს, სანამ აჯანყება მოხდებოდა, მან (სერვერ ბეგმა შ.ვ.) შეჰკრა კავშირი მოხალისეების ზოგიერთ წარმომადგენლებთან და ალბათ მოხალისეებმა მხარი დაუჭირეს, როგორც ისეთ კაცს, რომელსაც უნდა მოეწყო აჯანყება საქართველოს წინააღმდეგ. ამაში გამოიხატება ალბად მათ შორის კავშირი“.24
დიპლომატიაში გაწაფული ინგლისელები ისეთ სიბრიყვეს ნამდვილად არ ჩაიდენდა, რომ ზემოაღნიშნული კომისიისათვის სერვერ ბეგისადმი ინგლისის წარმომადგენელთა მფარველობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი დაეტოვებინა. მიუხედავად ამისა, მოტანილი ფაქტები და ინგლისელთა კონტროლირებად ტერიტორიაზე სერვერ ბეგის აჯანყებისადმი ხელის არშეშლა, სერვერ ბეგისადმი გარკვეული დოზით მფარველობის საფუძველს იძლევა. მითუმეტეს, თანამედროვე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დადასტურებულია, რომ გერმანელებისაგან განსხვავებით, ამიერკავკასიის რეგიონში ძლიერი ქართული სახელმწიფოს არსებობა ინგლისელების ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში არ შედიოდა. ამ ფაქტორს ერთ-ერთი განმსაზღვრელი როლი უნდა შეესრულებინა ინგლისელების მხრიდან სერვერბეგის მფარველობაში. მითუმეტეს, ყარსის მთავრობის შექმნა, როგორც ნ. რამიშვილი ამბობდა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დედასამშობლოსაგან ჩამოცილებას ისახავდა მიზნად. ახლადშექმნილი ქართული სახელმწიფოსათვის ამ დამღუპველი კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობას პრაგმატული ხასიათის ადექვატური ნაბიჯი უნდა გადაედგა. მითუმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობის“ ოფიციალურად დაკომპლექტებას სერვერ ბეგი ფორსირებული ტემპით ცდილობდა. ისიც ცნობილია, რომ ახალციხის აღებისთანავე, ადმინისტრაციული სახელმწიფო აპარატის შექმნა სერვერ ბეგმა მისთვის მისაღები ადგილობრივი კადრების ბაზაზე დაიწყო. ამ ფაქტს მოგვიანებით საპარლამენტო კომისიის მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე გ. ანჯაფარიძეც ადასტურებდა. მისი მტკიცებით, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში სერვერ ბეგმა დროებითი კომისარიატი შექმნა, რომელიც სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ფუნქციებით იყო აღჭურვილი და მის თავმჯდომარედაც თვითონ ითვლებოდა. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ ამ კომისარიატის მუშაობაში ძირითადად რუსების წარმომადგენლები ღებულობდნენ მონაწილეობას.25
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ დიპლომატიურ სარბიელზე საქართველოს სახელმწიფოს აღიარებისათვის ბრძოლის ურთულეს პირობებში სერვერ ბეგის ეგრეთწოდებული მთავრობა, ქართული სახელმწიფოსადმი დასაპირისპირებლად საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას და ევროპის სახელმწიფოებიდან ოფიციალური მხარდაჭერის მიღებას ცდილობდა. ამის ერთ-ერთ დადასტურებას, პარიზის საზავო კონფერენციაზე გასაგზავნი დელეგაციის შექმნის ფაქტი წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, სტამბოლში გამომავალი ფრანგულენოვანი თურქული გაზეთი „ლე-ჟურნალ დორიენი“ (1919 წ. 27 ნოემბერი) წერდა: „ყარსიდან 18 იანვარს გამოგზავნილი დეპეშით იტყობინებიან, რომ ერთი კვირაა რაც სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში შედგა მუსლიმანური მთავრობა. ახალი სახელმწიფო უნდა შეიქმნას ბათუმის, ყარსის, არტაანის, სურმელის, ნაჯავანის და სხვათა ოლქებიდან. უკვე მოხდა ეროვნული საბჭოს და პასუხისმგებელი კაბინეტის არჩევა... მთავრობას სათავეში უნდა ჩაუდგეს ჯიდან კირბეი ყარსელი. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან ატტაიხ ზადე, ასსათ ბეი და ხალილზადე ალი ბეი, ეხლა იმყოფება ჩვენს ქალაქში და გაემგზავრება საზავო კონფერენციაზე, რომ იქ დაიცვას ახალი სახელმწიფოს უფლებანი და მისწრაფებანი“.26
ამ ამონაწერის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. მხედველობაში მაქვს: 1) ახლადშექმნილი ე.წ. ყარსის მთავრობისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით პარიზის საზავო კონფერენციაზე დელეგაციის გაგზავნა; 2) „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის სახელმწიფოს“ წარმომადგენლებისადმი ინგლისელთა მხრიდან გარკვეული ფორმით ლობირება. აღნიშნულ ფაქტებს თუკი ობიექტური პოზიციებიდან შევაფასებთ, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებლობის აღიარებისათვის მებრძოლ საქართველოს დი პლომატიურ წარმომადგენლობას, იგი უდიდესი სირთულეების წინაშე აყენებდა. მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ დროის ფაქტორის და შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის მაქსიმალურად გამოყენებას სერვერ ბეგი შესაშური ენერგიით ცდილობდა. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ ყურადღებას ორი ძირითადი მომენტი იქცევს: ა)ახალციხეში სერვერ ბეგის ჯარით შესვლა და გამარჯვების სამხედრო აღლუმის მოწყობა; ბ) ადგილობრივი მთავრობის სახით ახალციხის საგანგებო კომისარიატის შექმნა (სერვერ ბეგი ათაბეგოვი (თავმჯდომარე), პრინცი ათაბეგი-ქობლიანსკი (თანაშემწე), გომაშევიჩი (შინაგან საქმეთა კომისარი), მურთაზა-ბეგ ფალავანდოვი (მაზრის მთავარი მოსამართლე), კარტალოვი (სურსათის კომისარი), რუმიანი (ჯანმრთელობის კომისარი). ამ ფაქტს, პოლიტიკურთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე იდეოლოგიური დატვირთვაც გააჩნდა. ისიც ანგარიშგასაწევია, რომ ახლადშექმნილი ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილების განმტკიცების მიზნით, სერვერ-ბეგმა ახალციხეში სამხედრო წესები შემოიღო. ქალაქის კომენდატად ახმედოვი, ხოლო დაცვის უფროსად არუთინოვი დანიშნა. მათი ხელშეწყობით, სერვერ ბეგმა პროქართული ორიენტაციის ხელმძღვანელ პირთა (ჰაიდარ აბაშიძე, ყაიდარ შერვაშიძე, ლეო რუხაძე) და მის მხარდამჭერთა სასტიკი დევნა დაიწყო. იმავდროულად ახალციხის მაზრის უფროსად მისი მარჯვენა ხელი იასონ ბეგ ფალავანდოვი დაამტკიცა. რაც შეეხება ფოცხოვის რაიონს, აქ სერვერ ბეგის `ხელისუფლების დასაყრდენს ოსმალო ოფიცრები და ასკერები წარმოადგენდნენ, რომლებიც ფოცხოვის მცხოვრებთა სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გადაცმულნი. ახალციხეში სერვერ ბეგის მმართველობა 27 დღე გაგრძელდა, მაგრამ მომხდარი ფაქტი ბევრისმთქმელია იმ თვალსაზრისით, რომ მან ქართველ ერთან მიმართებაში ჩვენი მეზობელი ქვეყნების (ოსმალეთი, აზერბაიჯანი) მტრული დამოკიდებულება და საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მიტაცების დაუოკებელი სწრაფვის სურვილი წარმოაჩინა. ისიც დადასტურდა, რომ წაფორხილების შემთხვევაში, ოსმალეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად გადაუვლიდა წაქცეულ საქართველოს. სწორედ ამ კუთხით უნდა იქნას განხილული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში იმ ეტაპზე განვითარებული მოვლენები. ისიც ანგარიშგასაწევია, რომ საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანელი ეროვნების დეპუტატები, ახალციხის „აჯანყებასთან“ დაკავშირებული აზერბაიჯანელების გამართლებას ცდილობდნენ. ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს, ომარ ფაიკის დასაცავად საკანონმდებლო ორგანოში მათი გამოსვლები წარმოადგენს.
საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 13 თებერვლის სხდომაზე ახვერდოვი კატეგორიული ფორმით უარყოფდა საქართველოსადმი ომარ ფაიკის მოღალატეობას. ამ ფონზე, ახალციხის „აჯანყების“ ძირითად გამომწვევ მიზეზად, ოსმალო აგენტების მხრიდან ქვეყნისათვის ფარულად განხორციელებილ ძირგამომთხრელ საქმიანობას კი არ ასახელებდა, არამედ, საკითხი შეგნებულად სულ სხვა მიმართულებით გადაქონდა. იგი ადგილობრივი ადმინისტრაციისადმი ყველაფრის გადაბრალებას და მისი უვარგისობის დადასტურებას ცდილობდა. მისივე „მტკიცებით“, რეგიონის ადგილობრივი მცხოვრებლების 95% თითქოს საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის წინააღმდეგი იყო.27
ომარ ფაიკის გამართლებას გაზეთი „გრუზიაც“ შეეცადა. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებში მან საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა.28 ომარ ფაიკის უდანაშაულობის პროპაგანდამ იმდენად ფართო ხასიათი მიიღო, რომ გაზეთი „ერთობა“ იძულებული გახდა, დოკუმენტური მასალის საფუძველზე გაზეთ „გრუზიას“ კორესპოდენტისადმი შესაბამისი პასუხი გაეცა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას ლ. რუხაძის სტატია „პასუხად ოსმალეთის აგენტებს“ იქცევს. „თუ წარსულში ოსმალეთის მოსყიდული აგენტები – ვკითხულობთ წერილში – ფარულად მუშაობდნენ, დღეს აშკარად გამოსულან და თავისი მოღალატეობრივი საქმეების გასაღება საქართველოს ერთგულებად მიაჩნიათ. უკანასკნელ დღეებში ირკვევა, რომ... გაზეთი „გრუზია“ უმთავრესი ნავთსაყუდელი ყოფილა ჩვენში დარჩენილი ოსმალეთის აგენტებისა, რომლებსაც თავისი მიზნების განხორციელების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს... ამჟამად ოსმალთა აფიცრებისა და ასკერების მეთაურობით ფოცხოვიდან შემოჭრილია ბრბო, რომელმაც ძალდატანებით აიყოლია ახალციხის მაზრის ოთხი-ხუთი სოფელი. ჩვენ ხელთა გვაქვს უტყუარი საბუთები, რომ ახალციხის მაზრაში ამზადებდნენ აჯანყებას, რათა ხალხის საშუალებით ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში საქართველოს მთავრობა დაემხოთ და ძალაუფლება ეგდოთ ხელთ. ეს ავანტიურისტები მთელი ამ ომის განმავლობაში ოსმალეთის ფულით ოტომანის იმპერიის გაბატონებას ამზადებდნენ რეგიონში“.
ჩემს მიერ მოტანილი ეს ამონაწერი, გაზეთ „გრუზიასადმი“ წაყენებულ უდიდეს ბრალდებას შეიცავს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოქალაქე ომარ-ფაიკი, რომლის უდანაშაულობის დამტკიცებასაც გაზეთი „გრუზია“ თავგამოდებით ცდილობდა, ოსმალეთის მიერ ფულით მოსყიდული აგენტი და ქართველი ერის მოღალატე იყო. ამის დამადასტურებლად ლ. რუხაძეს შემდეგი ფაქტები მოყავდა: 1) ყაზანის, ყირიმის, აზერბაიჯანის, ახალციხე-არტაანის მუსლიმან დელეგატთა აწყურის 1917 წლის აპრილის ყრილობა ომარ ფაიკის ხელმძღვანელობით იქნა მოწვეული. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ კავკასიის, ყირიმის, ყაზანის, კასპიის მხარის ოსმალეთთან გაერთიანების ენვერ ფაშას გეგმა, იმავე ყრილობამ სამოქმედო პროგრამად აღიარა; 2) ტრაპიზონის საზავო კონფერენციის მსვლელობის პერიოდში, კონსტანტინოპოლში ორი თანმხლები პირით ჩასული ომარ ფაიკი, ოსმალეთის ხელისუფლებას არწმუნებდა, თითქოს ახალციხის მცხოვრებნი დაჟინებიტ მოითხოვდნენ ოსმალეთთან შეერთებას. იმ შემთხვევაში, თუკი ოსმალეთის ჯარები რეგიონსი შევიდოდა, სურსათით მისი მომარაგების პასუხისმგებლობას იძლეოდა. ბათუმის კონფერენციაზე, ოსმალეთის მხარემ მხოლოდ ამის შემდეგ დააყენა ახალციხე-ახალქალაქის მაზრებიდან ქართული ჯარის გაყვანისა და რეგიონის ოკუპაციის აუცილებლობის საკითხი; 3) ახალციხის მაზრაში ოსმალო ოფიცრების შემოყვანა ომარ ფაიკის ინიციატივით მოხდა. მისივე ხელშეწყობით სოფ. ენთელაში ოსმალების დივიზიის შტაბი განთავსდა და ახალციხეზე შეტევა განხორციელდა; 4) ომარ ფაიკის და ათაბეგოვ ქობლიანსკის ხელმძღვანელობით მოხდა აბასთუმანის აოხრება და სასახლეების გაძარცვა. აბასთუმნიდან გატანილი ქონება, ომარ ფაიკისათვის სოფელ ბოლაჯურაში იქნა ჩატანილი; 5) ახალციხე-ახალქალაქის მაზრაში ექვსი თვის განმავლობაში ომარ ფაიკმა, ხალით ბეის შტაბთან და ოსმალეთის ჯართან ერთად მაზრიდან მთელი ჭირნახული და ქონება გაიტანა, რის გამოც ორივე მაზრა შიმშილის ზღვრამდე იქნა მიყვანილი; 6) საქართველოსადმი ახალციხე-ახალქალაქის მაზრების გადაცემის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაილაშქრა ომარ ფაიკმა, მუსაკიევმა, ათაბეგოვმა, ფალავანდოვმა და სამმა სომეხმა. ქართველებთან დაპირისპირების მიზნით, ისინი ჯარის შედგენასაც შეეცადნენ; 7) ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გადანაწილების მიზნით, სომეხ-თათართა შესათანხმებლად და ქართველების წინააღმდეგ ერთობლივად გალაშქრების მისაღწევად, ომარ ფაიკის ინიციატივით მუსაკიევი ერევანში გაიგზავნა. „აი ბატონო ომარ – ვკითხულობთ იმავე წერილში – გამოიჩინეთ გამბედაობა და დაამტკიცეთ წინააღმდეგი“.29
ზემოთ აღნიშნული ფაქტების სისწორე, საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 18 თებერვლის სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნ. რამიშვილმაც დაადასტურა. მის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გარკვეული ფორმით იყო ნაჩვენები, რომ ომარ ფაიკი რამდენჯერმე იყო სტამბოლში იმ მიზნით, რათა ახალციხის მაზრა საქართველოს არ შეერთებოდა. ამ ფაქტს თავის დროზე ახვერდოვიც ადასტურებდა. იმავე ნ. რამიშვილის მტკიცებით, ბათუმის საზავო კონფერენციაზე, ზემოაღნიშნულ პოზიციას პეპინოვი თავგამოდებით იცავდა. „ამ ნიადაგზე – ამბობდა ნ. რამიშვილი, – როგორც სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარეს, ბატონ პეპინოვთან შეტაკება მომიხდა. ეს დელეგაციის რამდენიმე წევრმა იცის და ეხლა რაც ხდება, ამას სათავე წარსულში აქვს. მოლაპარაკების დროს, ჩვენმა დელეგაციამ აწყურისა და აბასთუმნის რაიონების საქართველოსათვის შენარჩუნება შეძლო. როდესაც ჩვენ ამ ნიადაგზე საუბარი გვქონდა ოსმალეთის დელეგაციის თავმჯდომარესთან, პეპინოვი არ დაერიდა და კამათი აგვიტეხა... მე ვამბობ, ბატონი პეპინოვი სულისჩამდგმელია ომარ ებენდის. მათი მიზანი იყო ჩვენთვის ეს კუთხე ჩამოეცილებინა“.30
ნ. რამიშვილის მოხსენებიდან მოტანილი ფაქტები იმის დამადასტურებელია, რომ ომარ ფაიკს მხოლოდ ის ადამიანები იცავდა, რომლებიც ახალციხის მაზრის საქართველოსათვის ჩამოცილებას, ოსმალეთის დელეგაციასთან ბათუმის სამშვიდობო კონფერენციაზე მოლაპარაკების მომენტშიაც რომ ცდილობდა. აქ განცდილი მარცხის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქე ახვერდოვი და პეპინოვი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგე ძალების მფარველობას და მხარდაჭერას, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ოფიციალურად ცდილობდა. ეს ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ახალციხის საკითხთან მიმართებაში, საქართველოს პარლამენტში მოკალათებული აზერბაიჯანელი დეპუტატებისა და აზერბაიჯანის მთავრობის პოზიცია იდენტური იყო. ეროვნებით აზერბაიჯანელ დეპუტატებს, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვა მეორეხარისხოვნად მიაჩნდა. ისინი მხოლოდ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ხელისუფალთა მიზნებისა და ამოცანების მხარდამჭერის როლში გამოდიოდნენ.
ყოველივე ზემოაღნიშნული საფუძველს მაძლევს განვაცხადო, რომ ახალციხის „აჯანყება“ გარეშე ძალის მიერ იმართებოდა. იგი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების გარკვეული ნაწილის ხელშეწყობითა და პროოსმალური ორიენტაციის მატარებელ ზოგიერთ მუსლიმან ქართველზე დაყრდნობით იქნა განხორციელებული. მხედველობაში მყავს ე.წ. „ელიტარული~ ნაწილი, რომლებიც შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის დაკვეთის შემსრულებლის როლში გამოდიოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობაზე იდეოლოგიური ზემოქმედების განსახორციელებლად გარკვეულ სამუშაოს ასრულებდნენ. აღნიშნულის გათვალისწინებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 18 თებერვლის სხდომაზე პ. საყვარელიძე აცხადებდა: „ჩვენ გვაქვს იმის საბუთები, რომ უკანასკნელი მომხდარი ამბები გარეშე ძალის, ოსმელთა ემისრების ბეგების საქმეა და არა ადგილობრივი მცხოვრებლების. ტყუილია იმის თქმა, რომ თითქოს ყველა მიემხრო აჯანყებას... ხალხის ნაწილი არამც თუ ჩვენს წინააღმდეგ, არამედ ჩვენთან ერთად იბრძოდა და ერთი ცხენოსანი რაზმი მაჰმადიანებისა ეხლაც ჩვენს ჯართან ბორჯომში არის, რაც იმას ამტკიცებს, რომ სამაჰმადიანო საქართველო ჩვენს მხარეზეა“. ანალოგიური თვალსაზრისია გამოთქმული ლ. რუხაძის სტატიაში „პასუხად ოსმალეთის აგენტებს“. „ახალციხის მაზრაში – წერს ლ. რუხაძე – ოსმალთა ოფიცრების და ასკერების მეთაურობით ფოცხოვიდან შემოჭრილმა ბრბომ, ძალდატანებით აიყოლია ახალციხის მაზრის ოთხი-ხუთი სოფელი“.
კომისიის მიერ მოპოვებული და საფუძვლიანად შესწავლილი მასალების ანალიზის შედეგად, გ. ანჯაფარიძე დამფუძნებელი კრების 1919 წლის 4 აპრილის სხდომაზე ხაზგასმით ამბობდა: „ახალციხეში აჯანყება არ მომხდარა, მოძრაობა დაიწყო ფოცხოვის რაიონიდან და ამ მოძრაობას ხელმძღვანელობდნენ ოსმალეთის ფაშა და ახალციხის მაზრის ზოგიერთი ავანტიურისტი... ამ მოძრაობაში გაება ხალხის ერთი ჯგუფი, ტომით არაქართველი, რომელსაც სურდა სულ სხვა სახელმწიფოს ფარგლებში ყოფნა. ახალციხეში მომხდარი ამბები იმ ისტორიული ბრძოლის გამოძახილი იყო, რომელსაც ოსმალეთი საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა საქართველოს წინაარმდეგ“.
ჩემს მიერ ზემოთ მოტანილი მასალები ადასტურებს, რომ ახალციხის მოვლენები გარეშე ძალის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი. ამ ავანტურის ორგანიზატორების მიზანს, ახალციხის „აჯანყების“ ნიღბით, სამხრეთდასავლეთ საქართველოს დედა სამშობლოდან ჩაქმოცილება წარმოადგენდა. მისი განხორციელების ორგანიზაციულად მომზადებაში ლომის წილი საქართველოში იმ ეტაპზე მყოფ ინგლისელ გენერლებს და რეგიონის არაქართულ მოსახლეობას (აზერბაიჯანელები, სომხები) ქონდა შეტანილი.
მიუხედავად ამისა, ისინი გარეგნულად თავიანთი ნამოქმედარის მაქსიმალურად შენიღბვას ცდილობდნენ. ამ მხრივ, სამხრეთდასავლეთ საქართველოში მცხოვრები სომხური მოსახლეობა და მისი ლიდერები გამოირჩეოდა, რომლებიც ორპიროვანი იანუსის როლს თამაშობდნენ, სიტყვით საქართველოს უჭერდნენ მხარს, მაგრამ საქმით მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ეს ფაქტი, ქართული პოლიტიკური აზრის აქტიურ წარმომადგენელს პ. საყვარელიძეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. იგი პარლამენტის წევრებს შეახსენებდა: „ს. რ. თუმანოვმა განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში საქართველოს დავუჭერთ მხარსო. ჩვენ ამ განცხადებას ტაშით მივეგებეთ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ მთელი მათი (სომხების შ.ვ.) მოქმედება ყოველთვის საქართველოს წინაარმდეგ იყო მიმართული“.31 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ: რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად და მტრის ძალების მოსაგერიებლად, ქართველ ერს საქართველოში მცხოვრები არაქართული მოსახლეობის იმედი არ უნდა ქონოდა. მითუმეტეს, ქართველთა სიძულვილზე დამყარებული მათი შინაგანი ცნობიერება, თითოეულ მათგანს საქართველოს დასაქცევად და ქართველი ერის დასამონებლად უბიძგებდა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ისინი შემოსეული მტრის გვერდით უფრო ხშირად იბრძოდნენ, ვინემ ქართველი მხედრობის მხარდამხარ. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, არაქართულ მოსახლეობაზე დაყრდნობის იმედი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებას ნამდვილად არ ქონდა. ქვეყნის დაცვის ძირითადი სიმძიმე ქართველი ერის მხრებზე გადადიოდა.
იმ პერიოდის აჯანყებებს თუკი დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით მიუდგომელი პოზიციიდან განვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ მისი ხელმძღვანელები იარაღის აღმართვას მაშინ იწყებდნენ, როცა საქართველო (ქართველი ერი) უმძიმეს პოლიტიკურ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა და ქვეყნის თავდაცვის მექანიზმი შესუსტდებოდა. ამის ერთ-ერთ მაგალითს ომარ ფაიკის მეთაურობით 1917 წლის დეკემბერის აჯანყება წარმოადგენს. ეს ფაქტი, ახალციხიდან რუსული გარნიზონის გასვლას და დამხმარე ძალას მოწყვეტილი მცირერიცხოვანი მეციხოვნე ქართველი ჯარისკაცების დარჩენას დაამთხვიეს. რაც შეეხება 1919 წლის „აჯანყებას“, იგი მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისთანავე დაიწყეს. მხედველობაში მაქვს: ა) სომხებთან ომის დამთავრების შემდეგ ქართულ ჯარში ჩატარებული დემობილიზაცია და ახალციხეში ჯარის უმნიშვნელო ნაწილის დატოვება; ბ) სოჭის ოლქში დენიკინის მხრიდან ქართული ჯარის ნაწილებზე თავდასხმა და გ) საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების წინა პერიოდი, რომელსაც სამხრეთდასავლეთ საქართველოში ფაქტიურად პლებისციტის დატვირთვა ეძლეოდა.
საქართველოსათვის შექმნილი ზემოაღნიშნული რთული პოლიტიკური ფონი, ქვეყნის ძალების კონსოლიდაციას და ურთიერთთანადგომით არსებული სიტუაციიდან გამოსავალი გზების ძიებას საჭიროებდა. სამწუხაროდ, სამხრეთდასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი მოღალატურ გზას დაადგა და ოსმალეთის დაფინანსებით შექმნილ „ახალციხის კომიტეტს“ დაუჭირა მხარი. კონკრეტულად თუ რა მიზანი ამოძრავებდა აღნიშნულ კომიტეტს, ამის საილუსტრაციოდ იმავე კომიტეტის სახელით ომარ-ფაიკისადმი ბათუმიდან გაგზავნილი დეპეშა გამოდგება. „სრულიად საიდუმლოდ. ძმაო ომარ ფაიკ ეფენდი! გაცნობებთ, რომ ყარსში შედგა დასავლეთ ამიერკავკასიის მთავრობა, რომელიც უკვე შეუდგა საქმეს. ეროვნული საბჭოს დეპუტატები არტაანიდან, ერევნიდან, ბათუმიდან და სხვა კუთხეებიდან ყარსში წავიდნენ. მთავრობის ხელში საკმაო სამხედრო ძალაა. ყოველივე შინაური საქმეები ამ მთავრობის ხელშია. ყველა მუსლიმანი შეერთდა ღვთის ნებით. ჩვენი ხალხი და ჩვენი სამშობლო უნდა გადარჩეს და დასავლეთ ამიერკავკასიაში ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნას. ეხლა ჩვენი თხოვნა ის არის, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო ქვემორე ჩამოთვლილ წინადადებებს:
ა) საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობა არავინ არ მიიღოს და ხელისუფლებას არცერთი ხმა არ მისცეს. არცერთმა მუსლიმანმა საქართველოს მთავრობას იარაღი არ ჩააბაროს – ყოველი შემთხვევისათვის იგი მზადა გქონდეთ, ჩვენ თვითონ დაგვჭირდება; ბ) ამ წერილის მიღებისთანავე საჩქაროდ შეიკრიბეთ და იმსჯელეთ; გ) ამ ამბის მიტანის მიზნით ერთი კაცი საჩქაროდ გაგზავნეთ ფოცხოვში; დ) თუ მანდ ოსმალო ჯარისკაცები იმყოფებიან, პატივი ეცით. ინგლისელები ყარსის მუსლიმანთა მთავრობას ხელს უწყობენ და მასთან კარგ განწყობაში არიან. ამხანაგებთან ერთად ფოცხოვში უნდა მიხვიდეთ და იქ ყარსის წარმომადგენლებიც იქნებიან. ასეთი წერილი თქვენს გარდა ეგზავნება მოლა სეიდს, მოლა მურსის და შუაბანკუმან ოღლებს. მოლაპარაკებაში მოიწვიეთ მოხელე შეიხი ეფენდი“. რაც შეეხება მეორე დეპეშას, იგი სამხრეთ-დასავლეთის ყარსის დროებითი მთავრობის წარმომადგენელის ათაბაგ-ქობლიანსკის მიერ, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნ. ჟორდანიას სახელზე ბათუმიდან არის გამოგზავნილი. „1919 წლის 20 იანვარს – ვკითხულობთ დოკუმენტში – საქართველოს რესპუბლიკის ჯარებმა, ისარგებლეს რა ყარსის ოლქიდან ოსმალთა წასვლით, უეცრად თავს დაესხნენ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის დროებითი მთავრობის ადგილობრივ მილიციას და 8 საათის ბრძოლის შემდეგ დასტოვეს 4 ტყვიამფრქვევი, 10 მოკლული ჯარისკაცი და გაიქცნენ. მოწინააღმდეგეთა დევნაში ჩვენმა ჯარებმა დაიკავეს რამდენიმე სოფელი. საქართველოს ჯარების თავდასხმის გამო, სამხრეთ კავკასიის მთავრობის სახელით ვაცხადებ პროტესტს და წინადადებას ვიძლევი, შეტაკების გამოსარკვევად დაარსდეს შერეული კომისია ინგლისელთა აუცილებელი მონაწილეობით. როგორც მთავრობის თავმჯდომარეს გატყობინებთ, რომ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის დროებითი მთავრობის მილიციაზე საქართველოს ჯარების განმეორებითი თავდასხმა გამოიწვევს არასასურველ შედეგებს“.
ამ დოკუმენტიდან აშკარად იკვეთება: ა) ე.წ. „ყარსის მთავრობის“ საფუძვლიანი მზადება საქართველოს წინააღმდეგ გასალაშქრებლად; ბ) „ყარსის მთავრობისადმი“ უცხო სახელმწიფოების (ოსმალეთი, ინგლისი) თანადგომა და დახმარება; გ)დასახული მიზნის განსახორციელებლად მათი ოპტიმისტური შემართება, რომლის გარკვეულ გამოძახილს, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისადმი გამოგზავნილი მუქარანარევი ტონით შედგენილი წერილი წარმოადგენს. ეს ის პერიოდია, როცა დამარცხებული ქართული ჯარი ახალციხიდან გამოდიოდა და რეგიონში სერვერ ბეგის მეთაურობით სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული შეიარაღებული ოსმალო ასკერები შემოდიოდა. ამ ფაქტორთან ერთად, ადგილობრივი ქრისტიანი ქართველი მოსახლეობისდმი სერვერ ბეგის განსაკუთრებული მტრული დამოკიდებულებაცაა გასათვალისწინებელი. საბჭოური და თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის ზოგიერთი წარმომადგენელი, მემუარულ ლიტერატურაზე დაყრდნობით, სერვერ ბეგის პროოსმალურ და სეპარატულ მისწრაფებას, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანის მიერ დაშვებულ შეცდომებს მიაწერს. არაფერს ამბობენ, თუ რით იყო განპირობებული: ა) ომარფაიკის მიერ 1917–1918 წლებში მოწყობილი აჯანყებებისადმი სერვერ ბეგის მხარდაჭერა; ბ) სერვერ ბეგის მხრიდან ქრისტიანი ქართველებისადმი განსაკუთრებული სიძულვილის გამოვლინება და გ) რეგიონიდან ქართველთა გამოდევნის ოსმალური გეგმის საფეხურებრივად განხორციელების დაწყებაში სერვერბეგის აქტიური მონაწილეობა. ერთხელ კიდევ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოტანილი ფაქტები, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული მიწის კანონების (1919 წლის 28 იანვარი) და ქვეყანაში აგრარული რეფორმის გატარების დაწყების წინმსწრებ პროცესებს წარმოადგენდა.
ახალციხის ქრისტიანი ქართული მოსახლეობისდმი სერვერ ბეგის შეუბრალებელი დამოკიდებულების ამსახველი მასალები, მახალციხის ამბებთან დაკავშირებით, იმავე კომისიის მიერ იქნა მოპოვებული. მასზე დაყრდნობით გ. ანჯაფარიძე, დამფუძნებელი კრების დეპუტატებს მოახსენებდა, რომ ახალციხეში შესულმა სერვერ ბეგმა და მისმა ჯარმა, ადგილობრივი ქრისტიანი ქართული მოსახლეობის „საშინელი დარბევა და ძარცვა-გლეჯა მოაწყო. ყველა ქართული სოფელი იქნა დარბეული. ასობით არის დახოცილი და დაჭრილი, ბევრი ტყვედ წაყვანილი, განსაკუთრებით ქალები. საზოგადოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ქართველი ქრისტიანების მდგომარერობა აუტანელია ახალციხის მაზრაში“.32 იმავე გ. ანჯაფარიძის მოხსენების მიხედვით, სერვერ ბეგის შეიარაღებული რაზმებს არცერთი სომხური სოფელი არ გაუძარცვავს და არ დაურბევია. მათი სამიზნე მხოლოდ ქრისტიანი ქართველების სოფლები იყო. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ისმება კითხვა: სერვერ ბეგის ეს ქმედება საქართველოს ხელისუფლების აგრარული რეფორმით განაწყენებული ადამიანის ჩარჩოში თავსდებოდა თუ, ქართველთა სიძულვილზე აღმოცენებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად წინასწარგანზრახული გეგმის ნაწილს წარმოადგენდა? ამ კითხვის სწორი პასუხი; ა)წარსულში, შუასაუკუნეების საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობაში; ბ) XX საუკუნის 20-იან წლებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსთან მიმართებაში წარმოქმნილი ოსმალეთის უსაფუძვლო პრეტენზიულ ინტერესებში და გ) თვით სერვერ ბეგის ბავშვობის ოჯახურ გარემოში (დედა ყაზანელი თათარი, მამობილი სომეხი) უნდა ვეძიოთ. სავსებით სწორად მსჯელობს ლ. რუხაძე გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ წერილში – „სიმართლე ახალციხის შესახებ“. „დღევანდელი ბრძოლა ახალციხის გარშემო – ვკითხულობთ წერილში – გაგრძელებაა ამ ისტორიული ნარეკლებით მოფენილი გზის, მაგრამ სულ სხვა სარჩულით, ვინემ ეს შეეძლო ოსმალეთის ფაშებს წარსულში... დღეს, ჩვენ ისე გვიდგას ახალციხის საკითხი, როგორც იდგა ერეკლეს დროს, როცა ოსმალები იყო გაბატონებული და საქართველოს ჯარი მტერს ხან ასპინძასთან ეკვეთებოდა, ხან აწყურთან, რათა ქართლის კარები ხელთ ეგდო და მომავლისათვის საქართველო ოსმალთა აოხრებისგან დაეცვა“.33 ანალოგიური თვალსაზრისია გამოთქმული ასლან (იგივე ალი) ეფენდი დეკანოიძის წერილში „ჩვენც მოგვისმინეთ“. მისი მტკიცებით, ახალციხეში მომხდარ ამბებს „სათავე და ფესვები ოსმალეთში ჰქონდა და სამუსლიმანო საქართველოს ოსმალეთისადმი მიერთებას ისახავდა მიზნად“.34
ჩემს მიერ ზემოთ მოტანილი შეხედულებები იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლებიც სიღრმისეულად იყვნენ ჩახედულნი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. აქედან გამომდინარე, მათი ყოველი დებულება უტყუარ ფაქტებზეა დამყარებული და საზოგადოებისათვის სიმართლის მიწოდების მცდელობას შეიცავს. ამასთან დაკავშირებით ლ. რუხაძე ერთ-ერთ წერილში წერდა: „ამ სტრიქონების დამწერი, რევოლუციის პირველი დღეებიდანვე ვტრიალებდი ახალციხის გარშემო, განმიცდია მისი სიხარული და მწუხარება, მტრის შემოსევა და საქართველოს ჯარების ახალციხეში ყიჟინით შემოსვლა... მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, რომ ახალციხის საკითხი გადაცდენოდა თავის ისტორიულ საბედისწერო გზას“. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი რეგიონისათვის, რომელსაც საქართველოდან ჩამოცილების მიზნით სხვადასხვა მიმართულებით ექაჩებოდნენ, საქართველოს ხელისუფლებისაგან შესატყვისი პოლიტიკური კურსის გამოძებნა აუცილებლობას წარმოადგენდა. ოსმალეთი და მისი მხარდამჭერი სახელმწიფოები, რამდენადაც დასახული მიზნის მიღწევას მხოლოდ იარაღის გზით ცდილობდა, საქართველოს მთავრობასაც ადექვატური ნაბიჯი უნდა გადაედგა. მხედველობაში მაქვს ძალისა და დაყვავების შერეული კურსის დემონსტრირება, პოლიტიკური სიტუაციის მოთხოვნის შესაბამისად მისი ამოქმედების აუცილებლობა. თუკი ქართული პოლიტიკური სპექტრის მესვეურები ამ მიმართულებით მესხეთ- ჯავახეთის შესანარჩუნებლად საჭირო რეცეპტის მიგნებას და რეგიონის მოსახლეობისათვის მისაღები პოლიტიკური კურსის შემუშავებას შეძლებდნენ, გამარჯვება გარდუვალი იქნებოდა. ამის აუცილებლობის შესახებ ლ. რუხაძე მთავრობის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ 1919 წლის თებერვლის პირველ რიცხვებში აფრთხილებდა. „თუ ჩვენ გვინდა მთლიანი საქართველო, მესხეთ- ჯავახეთში ჩვენი პოლიტიკა გამარჯვებით უნდა დაგვირგვინდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ სამუსლიმანო საქართველოს და ოსმალეთს ძველი დიდების აღდგენის იმედები კიდევ შერჩება“. ამ შემთხვევაში ლ. რუხაძე სავსებით მართალი იყო, რადგან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოზე პრეტენზიას ოსმალეთის პარალელურად, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთდროულად აცხადებდა. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხარჯზე ოსმალეთისა და აზერბაიჯანის სამეზობლო საზღვრის გავლება შეუძლებელი გახდებოდა, აზერბაიჯანის ხელისუფლება პრეტენზიას ბათუმის ოლქზე ოფიციალურად განაცხადებდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სამთავრობო გაზეთი „აზერბაიჯანი“ ხაზგასმით მიუთითებდა. ანალოგიური პოზიციაა დადასტურებული აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ხან-ხოელისა და საქართველოში აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელის ბ. ვექილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. პოლიტიკური სიტუაციის მაქსიმალურად გამოყენებით, ისინი თავიანთი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდნენ და საქართველოს ხარჯზე ხელის მოთბობას ცდილობდნენ. მათი „მტკიცებით“, „ბაქოს ნავთის მრეწველობა მოითხოვს, რომ ბათუმი ნეიტრალური ქალაქი იყოს და ამიტომ ბათუმის ბედი სწორედ ასე უნდა გადაწყდეს!“ როგორც ვხედავთ, მერკანტელური ინტერესებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის ხელისუფლების მესვეურები, საქართველოს სასიცოცხლო საქმეებში თვითნებურად აპირებდნენ ხელის ფათურს და მათი მხრიდან ხელოვნურად წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტას, ქართველთა გვერდის ავლით ცდილობდნენ. ისინი ანგარიშს არც იმას უწევდნენ, – ბათუმის ოლქი ისტორიულად საქართველოს განუყოფელ ნაწილს რომ წარმოადგენდა და მათი მხრიდან წამოყენებული უსაფუძვლო პრეტენზიები, საქართველოს ხელისუფლებისათვის თუ რამდენად იქნებოდა მისაღები. განსაკუთრებით, იმ მეზობელი ქვეყნისათვის, რომელიც აზერბაიჯანისათვის ევროპასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი იყო. სხვისი ტერიტორიების მიტაცების მადით აზერბაიჯანის ხელისუფლება იმდენად იყო შეპყრობილი, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტორს ანგარიშს არ უწევდა. ანტიქართული იდეებისა და ბათუმის ოლქისაგან ცალკე სახელმწიფოს გამოჭრის „ხელსაყრელობის დამტკიცების“ პროპაგანდას საერთაშორისო არენაზე პერმანენტულად ეწეოდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით ბათუმში მყოფი აზერბაიჯანის კონსული ახმედ ჰამიდი ეფენდიევი გამოირჩეოდა. ამ პიროვნების საქმიანობას გაზეთმა „სამუსლიმანო საქართველომ“ საგანგებო წერილი მიუძღვნა. ამ პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ ახმედ-ჰამიდი ეფენდიევი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი იყო. აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით იგი საგანგებო აგიტაცია-პროპაგანდის ხელმძღვანელობის გასაწევად გამოგზავნეს ბათუმში. „სედაი მილეთის“ კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას, ახმედ ჰამიდი ეფენდიევმა კომიტეტის წევრებს კონკრეტული დავალება მისცა: კერძოდ, „ოლქში საქართველოს საწინააღმდეგო აგიტაცია გაეჩაღებინათ და ბათუმის ოლქისაგან დამოუკიდებლეი სახელმწიფოს გამოჭრა მოეთხოვათ“. ამ სამუშაოს შესასრულებლად, „სედაი მილეთის“ ჯგუფის თითოეულ წევრს 30–40 ათასი აზერბაიჯანული ბონი დაუნიშნა ყოველთვიურად. იმავე სტატიის ავტორის მტკიცებით, ახმედ ჰამიდი ეფენდიევს საგანგებო რეზოლუცია შეუდგენია, სადაც ბათუმის ოლქისაგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისა და აჭარის პარლამენტის დაუყოვნებლივი მოწვევის საკითხი იყო დასმული. მისივე დავალებით, ამ დოკუმენტისადმი ხალხის მხარდაჭერის დასადასტურებლად, „სედაი მილეთელებს“ შესაბამისი ხელმოწერები უნდა შეეგროვებინა. ეს ფაქტები იმაზე მიგვანიშნებს, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური სიტუაციის გამოყენებას, აზერბაიჯანის აგენტები მაქსიმალურად ცდილობდნენ. ფულით მოსყიდული ადგილობრივი მუსლიმანი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ხარჯზე, საქართველიოსათვის ზურგში გალესილი მახვილის ჩასაცემად ემზადებოდნენ.
მეზობელი აზერბაიჯანის მხრიდან „საქართველოს მესაფლავის“ ფუნქციის შესრულების ჩაფიქრებული ვერაგული გეგმა, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოში“ დაბეჭდილი სარედაქციო წერილი – „აზერბაიჯანის ხალხის საყურადღებოთ“ იქცევს. მასში, ბათუმის ოლქში აზერბაიჯანელი აგენტების და მისი მხარდამჭერების ანტიქართული საქმიანობა წინა პლანზეა წამოწეული. შესაბამის ფაქტებზე დაყრდნობით იმავე სტატიაში ხაზგასმითაა აღნიშნული: „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სამუსლიმანო საქართველოში, საქართველოს საწინააღმდეგო აგიტაციას აზერბაიჯანი ყოველთვის ეწეოდა. ახლაც, როცა აზერბაიჯანს ჩრდილოეთიდან მტერი კარზე მოადგა და ერთგული მოკავშირე ესაჭიროება, ის ბათუმის ოლქში დანას ლესავს საქართველოსათვის ზურგში ჩასაცემად. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ... სულთანოვებისათვის და ეფენდიევებისათვის ღმერთს არ მიუნიჭებია შორსმჭვრეტელობა. პანისლამიზმით გაჟღენთილი ეს ვაჟბატონები ვერ მოისვენებენ ისე, თუ საქართველოს წინააღმდეგ არ იმოქმედებენ... მათი ბუნების შეცვლა ყოვლად შეუძლებელია... დრო არის, აზერბაიჯანის ხალხმა თვალი გაახილოს და მისი მთავრობის ავანტიურისტულ პოლიტიკას საზღვარი დაუდოს... ბათუმის ოლქი საქართველოს არ დაეკარგება, მაგრამ... აზერბაიჯანს ჩამოშორდება საქართველო, როგორც მოკავშირე. აზერბაიჯანი დარჩება განმარტოებული და ჰაერში გამოკიდული. მაშინ დადგება დამოუკიდებელი აზერბაიჯანის დასასრული“.35
ეს ვრცელი ამონაწერი, აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და მის მიერ საქართველოში გაგზავნილი აგენტების ანტიქართული საქმიანობის ოფიციალურ მხილებას წარმოადგენდა. საქართველოსთან სამეზობლო პოლიტიკური ურთიერთობის არგამწვავებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ქართული სახელმწიფოსათვის ძირგამომთხრელი კურსისადმი დაუყოვნებლივ უნდა გადაეხედა და მისი შეცვლის საკითხი დაეყენებინა. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ ამ მიმართულებით, აზერბაიჯანის მხარეს არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
პირიქით, ბათუმის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გვერდის ავლით „ანტანტის“ სახელმწიფოებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავდა და მათი ხელშეწყობით „მსუყე ლუკმის“ დათრევის მოლოდინში იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გაზეთი `ერთობა~ მოწინავე წერილში „აზერბაიჯანი და ბათუმის საკითხი“ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა ხან-ხოელის მიერ „ანტანტის“ სახელმწიფოებთან ბათუმის საკითხზე, საქართველოს ხელისუფლების ზურგსუკან გამართულ მოლაპარაკებებს. „ამიერკავკასიისათვის – ვკითხულობთ წერილში – სრულიად უცხო, სახელმწიფოები გამოჰყავს ხან-ხოელს „სამართლიანობის“ უმაღლესი წარმომადგენლის როლში და მათი სამსჯავროს წინაშე მოაქვს გადასაწყვეტად ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სადაო საკითხი! ეს არის შეუწყნარებელი, მითუმეტეს აზერბაიჯანს ჯერჯერობით არავითარი მოლაპარაკება არ ჰქონია თავის მეზობლებთან ბათუმის საკითხის შესახებ. იგი ჯერ არცკი ცდილა, რომ ეს საკითხი ჩვეულებრივი შინაურული გზით უცხო ძალის ჩაურევლად მოგვარებულიყო“.
აზერბაიჯანის ხელისუფალების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს ზურგსუკან გაწეული ზემოაღნიშნული საქმიანობა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის 1919 წლის 16 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების მეოთხე მუხლის დარღვევას წარმოადგენდა. ამის საილუსტრაციოდ, იმავე დოკუმენტიდან შესაბამის ამონაწერს მოვიტან და თავად მკითხველმა განსაჯოს, თუ რამდენად შეესაბამებოდა აზერბაიჯანის ხელისუფალთა ქმედება სამეზობლო ეთიკისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. „4. ამ შეთანხმების დამდები მხარენი – ვკითხულობთ დოკუმენტში – ვალდებულნი არიან ყოველი უთანხმოება, რომელიც შესაძლოა ჩამოვარდეს მათ შორის საზღვრების გარშემო, შეთანხმებით ან არბიტრაჟის საშუალებით გადაწყვიტონ და ეს გადაწყვეტილება უნდა მიჩნეულ იქნეს საბოლოოდ და სავალდებულოდ ორივე მხარისათვის“.36 ეს უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საქართველოს დამფუძნებლი კრების 1919 წლის 22 ივნისის სხდომის მიერ იქნა რატიფიცირებული.
ქართულ ისტორიოგრაფიაში დადასტურებულია, რომ ამ ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობა, აზერბაიჯანის მხარემ მხოლოდ მაშინ გაიხსენა, როცა ბაქოში 1920 წლის აპრილში ბოლშევიკური „აჯანყება“ მომზადდა. მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ხან-ხოელის მიერ ე. გეგეჭკორისადმი გამოგზავნილი დეპეშა. ამ დოკუმენტით იგი საქართველო-აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად აზერბაიჯანისადმი სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ ამოქმედებას მოითხოვდა.37
აზერბაიჯანელ დიპლომატთა მხრიდან ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ასეთი ნაბიჯი გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. მითუმეტეს, ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი ფაქტებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებაში აზერბაიჯანის მთავრობის მტაცებლური სამეზობლო კურსი, თაღლითურ პოლიტიკაზე და უცხო სახელმწიფოთა დახმარების იმედზე იყო დაფუძნებული. ამ ფორმით ცდილობდა იგი საქართველოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიების ჩამოჭრას. რაც შეეხება სადაო საკითხების მშვიდობიანი მოლაპარაკების, ან არბიტრაჟის წესით გადაწყვეტას, აზერბაიჯანის ხელისუფლებას უპერსპექტივოდ მიაჩნდა. მათ კარგად ესმოდათ, რომ მოლაპარაკების ან არბიტრაჟის გზით, ბათუმის ოლქში ისინი ვერცერთ გოჯ მიწას ვერ მიიღებდნენ. აქედან გამომდინარე, არჩევანი მაკიაველიზმზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კურსზე იქნა გაკეთებული. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნოდა. გონივრული დი პლომატიური მანევრირების გზით, შეძლებდა თუ არა აზერბაიჯანელთა მიერ დაგებული ბადისადმი გვერდის ავლას და ქართველებისადმი ზურგში ჩასაცემად აღმართული ხანჯლისადმი უვნებლად თავის დაღწევას. ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი, თუკი ქვეყნის მმართველ წრეებს, აზერბაიჯანის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე სრულყოფილად ექნებოდა გაცნობიერებული და რაც მთავარია, ჩასაფრებულ მტაცებლებთან მიმართებაში, წაჯექ-უკუჯექის ნაცვლად, ერის ინტერესების დაცვაზე აგებული ხისტი პოლიტიკის გატარებას მისცემდა უპირატესობას.
მაშინდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი თუ რამდენად უჭერდა მხარს ამ თვალსაზრისს, ამის წარმოჩენა მხოლოდ იმპერიოდის პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების მეშვეობით ხდება შესაძლებელი. ნიმუშისათვის არჩევანს გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ სარედაქციო წერილზე „ხან-ხოელის აზრი ბათუმის შესახებ“ გავაკეთებ. ამ პუბლიკაციის ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ მასში დასაბუთებული ფორმითაა მხილებული აზერბაიჯანელთა მტაცებლური მიზნები. ამ ფონზე წერილის ავტორი მკითხველ საზოგადოებას შეახსენებს: „მართალია, ბათუმ-აჭარის საკითხით მრავალი სახელმწიფოა დაინტერესებული, მაგრამ პირველ რიგში ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებია გასათვალისწინებელი... თუ გინდათ ეს საქმე მოაგვაროთ არა ძალადობით, არამედ სამართლიანობის მიხედვით. რას უკარნახებს... ბათუმ-აჭარის მცხოვრებთ მათი პოლიტიკური, გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული, კულტურული, ისტორიული ინტერესები, ეს ყველაზე უკეთესად თვით აქ მცხოვრებთ აქვთ შეგნებული და მათი სიტყვა პირველ რიგში უნდა იყოს მოსმენილი. სხვადასხვა სახელმწიფოების უფლებებზე გადასვლა და მათი აწონ-დაწონვა მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი. საქართველოს უფლებები ბათუმ-აჭარაზე ისე უდაოა,... რომ ჩვენ ამ მხრივ წარბშეუხრელად შეგვიძლია წარვდგეთ ყოველ სასტიკ სამსჯავროს წინაშე და ზედმიწვენით დავამტკიცოთ, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, რომლისათვისაც ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს ბათუმ-აჭარას, როგორც საქართველოსათვის. ჩვენ გვინდა ერთხელ კიდევ გამოვამჟღავნოთ მხოლოდ ის მტაცებლური იმპერიალისტური სულისკვეთება, რომელიც სარჩულად უდევს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას“.38
ამ ვრცელი ამონაწერიდან კარგად ჩანს მაშინდელი ქართული პოლიტიკური სპექტრის ნეგატური დამოკიდებულება აზერბაიჯანის ხელისუფლების მტაცებლური კურსისადმი. მიუხედავად ამისა, ქართული მხარე იმედს იტოვებდა, რომ საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები (აზერბაიჯანი და სომხეთი), საქართველოსთან ურთიერთობის გონივრულ გზას დაადგებოდა და ბათუმ-აჭარის გარშემო მათი მხრიდან ხელოვნურად შექმნილ უსაფუძვლო პრეტენზიებს მოხსნიდა. ამ ფონზე, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს იგივე სტატიის ავტორი შეახსენებდა, რომ ბათუმ-აჭარის მცხოვერბთა ინტერესები, საქართველოსთან იყო გადაჯაჭვული და მას „ნავთობსადენისა“ და „საქონლის გაცვლა – გამოცვლის“ მერკანტილური პოლიტიკა ვერ დაჩრდილავდა.
„ბათუმის საკითხის გადაწყვეტის დროს – ვკითხულობთ წერილში – საქართველოს ისეთი სასიცოცხლო ინტერესები ამოძრავებს, რომლებიც ვერც სასწორზე აიწონება, ვერც ფულზე გადაიყვანება. ეს ინტერესები წარმოშობილია ქართველი ერის ეროვნული მთლიანობით,... კულტურული განუყოფლობით, იმ ისტორიული ჯაჭვებით, რომელიც ათეული საუკუნეების განმავლობაში გამოჭედილა და რომლის გაგლეჯას ვერავინ მოახერხებს. დედა-საქართველო თავის შვილისკენ ილტვის, შვილიც თავის დედას ხელებს უწვდის და ვის აქვს მათ შორის ჩადგომის უფლება!“39
ამ უფლების მოპოვებას არანაკლები გზით აზერბაიჯანთან ერთად სომხეთის ხელისუფლებაც ცდილობდა. დასახული მიზნის მისაღწევად არაფერს თაკილობდა და ყოველგვარი სახის სიბინძურეზე მიდიოდა. მხედველობაში მაქვს საქართველოს წინააღმდეგ ოსმალეთის წარმომადგენლებთან – ხალილ ფაშასთან და პროოსმალური ორიენტაციის ბეგებთან შეთანხმება. როგორც გ. ანჯაფარიძე აღნიშნავდა, ამ სამარცხვინო გარიგებაში სომხეთის ხელისუფლების უმეტესობა იყო ჩართული. მათ მიერ ერთობლივად შემუშავებული გეგმის მიხედვით, ჯავახეთი სომხეთის კუთვნილება უნდა ყოფილიყო, ხოლო მესხეთი სერვერ ბეგის მიერ შექმნილი სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდოდა. ასეთი ქმედებით, სომხეთის ხელისუფლება აშკარად არღვევდა საქართველო-სომხეთის 1919 წლის 10 იანვრის კონფერენციის დადგენილებას და რაც მთავარია, საქართველო-სომხეთს შორის 1919 წლის 3 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების მეორე მუხლს. ამ დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეები მტკიცე პირობას იძლეოდნენ, რომ ყოველ სადაო საკითხს ერთმანეთთან წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, სამშვიდობო წესით არბიტრაჟის საშუალებით გადაწყვეტდნენ.40 დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ საქართველოსთან დადებული და რატიფიცირებული ხელშეკრულებები, აზერბაიჯანელების მსგავსად, სომხებმაც „სანაგვე ყუთში“ მოისროლა და საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით, მათთვის სასურველი ტერიტორიების მიტაცებას საერთაშორისო კონფერენციებზე შეეცადა. საქართველოს ტერიტორიით დახარბებული მეზობლების ნამოქმედარის ანალიზიდან გამომდინარე, დამფუძნებელი კრების 1919 წლის 4 აპრილის სხდომაზე ნ.ელივა ხაზგასმით აღნიშნავდა: „ჩვენ არავის არ ვედავებით, არავისთვის არაფრის წართმევა არ გვინდა, მაგრამ არ მივცემთ ნებას ვისმეს, რომ ჩვენ საზღვრებში შემოიჭრნენ და წაგვართვან რაიმე... თუ რომელიმე მოსაზღვრე რესპუბლიკა ფიქრობს, რომ მისი სადაო ტერიტორია შემოგვაქვს ჩვენს საზღვრებში, ამ სადაო კითხვის გადაჭრა უნდა მოხდეს იმ გზით, რომელიც ჩვენს დემოკრატიას არაერთხელ უჩვენებია. ეს არის შეთანხმება, მოლაპარაკება – არბიტრაჟი. მაგრამ ჩვენი დემოკრატიისათვის ყოვლად მიუღებელია... ზომები არ მიიღოს იმ უპასუხისმგებლო ელემენტების წინაარმდეგ, რომლებიც... ჩვენი მეზობლების საზღვრებიდან... აღმოჩნდა ახალციხის მაზრაში“.41
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული ასეთი ოფიციალური განცხადების მიუხედავად, სომხური მხარე ნაცად მტაცებლურ კურსს აგრძელებდა. ამის საუკეთესო ნიმუშად, სან-რემოს კონფერენციაზე საქართველოსთან მიმართებაში წაყენებული პრეტენზიები გამოდგება. ისიც საყურადღებოა, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალის ახვევის მიზნით,სომხურმა დი პლომატიურმა წრეებმა „ერთი ნაჭერი მიწის თეორია“ მოიმარჯვა და საქართველოს წარმომადგენლობაზე შეტევა ამ კუთხით განახორციელა. კონკრეტულად თუ რას გულისხმობდა სომხები ამ „ერთ ნაჭერ მიწაში“, ამასთან დაკავშირებით, საბერძნეთის მისიის ცნობებზე დაყრდნობით, ნუბარ ფაშას მიერ გაკეთებული განცხადება გამოდგება. „საქმეებში ინგლისის ჩარევის შემდეგ – ვკითხულობთ დოკუმენტში – მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირი გადაეცემა სომხეთს. მდინარე ჭოროხი იქნება საზღვარი, რომელიც გაჰყოფს საქართველოს სომხეთისაგან სომხეთის პორტი შავი ზღვის პირას ბათუმის ახლოს გაკეთდება. სომხეთი, ისევე როგორც აზერბაიჯანი, ისარგებლებენ ბათუმში თავისუფალი ტრანზიტის უფლებით. ეხლა ჩვენი ზრუნვის საგანს, ჭოროხის ხეობიდან ყარსამდე რკინიგზის გაყვანა შეადგენს“.
ამ ამონაწერზე დაყრდნობით თუკი ვიმსჯელებთ, სან-რემოს კონფერენციაზე სომხების მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიის მიტაცების საკითხი ინგლისის წარმომადგენლობას გადაწყვეტილად მიაჩნდა. ამ ფაქტის გათვალისწინებიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრი უნდა იყოს ბ. ვანსიტტატის გაღიზიანების მიზეზი, როცა საქართველოს დელეგაციიის მეთაურმა კ. ჩხეიძემ პრინცი პულობა გამოიჩინა და სომხების მტაცებლური მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამ საკითხს გაზეთი „ერთობაც“ შეეხო. მხედველობაში მაქვს სარედაქციო წერილი `სომხეთი და ბათუმ-აჭარა“. „ერთი ნაჭერი მიწა – ვკითხულობთ წერილში – სიტყვით არის უმანკო მოთხოვნა... ერთი ნაჭერი მიწა ეჭირა რუსეთის მთავრობას პორტარტურის მხარეს, მაგრამ ამ ერთ ნაჭერზე ხელში ჰქონდა ჩაგდებული მთელი რკინიგზა, რომლის საშუალებითაც მონობაში ჰყავდა ადგილობრივი მკვიდრნი. ამ „ერთი ნაჭერი მიწის“ ხელში ჩაგდება უნდოდა გერმანიას ბაღდადის რკინიგზის გასაყვანად, რაც მიზეზი გახდა მსოფლიო ომის დაწყებისა. თითონ სომხებმაც თავის ზურგზე გამოსცადეს, რას ნიშნავს უცხო ძალების მიერ „ერთი ნაჭერი მიწის“ ხელში ჩაგდება. მოიგონოს ოსმალეთის მიერ სომხეთის რკინის გზის დაჭერა ორი წლის წინათ. როგორც ვხედავთ, აქ მხოლოდ „ერთ ნაჭერ მიწაზე“ არ ყოფილა ლაპარაკი... საქართველოს დელეგაციის წინაშე საკითხი ასე იყო დაყენებული: გადაიქცეს თუ არა აჭარა სომხეთის კოლონიად? დაკმაყოფილდეს თუ არა სომხეთის დელეგაციის იმპერიალისტური მადა?“42
ჩემს მიერ მოტანილი მასალები იმის დამადასტურებელია, რომ ურთულეს სიტუაციაში მყოფ საქართველოს, მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის სახით, პოლიტიკურად მტაცებელი მუმლი ესეოდა და ზეზეურად გახმობას, დაშლა-დაქუცმაცებას უქადდა. ასეთ პირობებში მყოფი ქვეყნისათვის, ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ქართველთა შინაგანი ერთობა იყო. მხედველობაში მაქვს „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ ხელმძღვანელობით ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმანთა მეჯლისის 1920 წლის 23 აპრილის სხდომის მიერ მიღებული რეზოლუცია. ეს დოკუმენტი იმითაა საყურადღებო, რომ იგი „სამუსლიმანო საქართველოს“ მეჯლისის მიერ იქნა მიღებული და მისი წევრები, მუსლიმანი ქართველების სახელით პროქართულ ორიენტაციას ოფიციალურად ადასტურებდნენ. იმავდროულად დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შეახსენებდნენ, რომ ბათუმის ოლქის საკითხის გადაწყვეტა ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ქართველი ერის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო. ამ საკითხთან მიმართებაში, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ურთიერთობის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში, ბათუმის ოლქში აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების მიერ შემოგზავნილი აგენტების ანტიქართული საქმიანობა იყო დაგმობილი. „მეჯლისი შეუწყნარებლად თვლის – ვკითხულობთ დოკუმენტში – ბათუმის საკითხის საერთაშორისო საკითხად გადაქცევას, რასაც ცდილობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობები. მეჯლისი ერთხელ კიდევ აცხადებს, რომ ბათუმის და მისი ოლქის საკითხი არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საშინაო საკითხი... რამდენადაც აზერბაიჯანი და სომხეთი დაინტერესებულნი არიან ბათუმის ნავსადგურით, როგორც ევროპისკენ გამავალი გზით,... ისინი უნდა მიმართავდნენ საქართველოს მთავრობას, რომელიც დააკმაყოფილებს მათ სათანადო საჭიროებას. მეჯლისი ადგენს: ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, რომ მან ეს რეზოლუცია გადასცეს აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს“.
ეს დოკუმენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფალთა მიმართ საფუძვლიან პასუხს წარმოადგენდა. იგი საქართველოს მთავრობას დიპლომატიურ ასპარეზზე აქტიურად მოქმედების შესაძლებლობას აძლევდა. მიუხედავად ამისა, ამიერკავკასიის რეგიონის და განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსთან მიმართებაში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური სიტუაცია, გამოსავალი გზების ძიებას საჭიროებდა. ამის აუცილებლობა, საქართველოს ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანის წარმომაგენლებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ყურადღებას დამფუძნებელი კრების 1919 წლის 4 აპრილის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში იქცევს. ამ დოკუმენტიდან აშკარად იკვეთება პრობლემისადმი მიდგომის ის თავისებურებები, რომელსაც ქართველი დეპუტატები იჩენდნენ. მათი მსჯელობის ერთ-ერთ საგანს რეგიონისადმი ავტონომიური მმართველობის მიცემის მიზანშეწონილობის საკითხი წარმოადგენდა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გ. გვაზავას გამოსვლა იქცევს. ახალციხის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას, იგი რეგიონის ადმინისტრაციის მოწყობისა და მისანიჭებელი უფლებების პოლიტიკური კურსის ვერწარდგენაში ადანაშულებდა. მისი მტკიცებით, შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ახალციხის მაზრისადმი ავტონომიური მმართველობის მიცემა აუცილებლობას წარმოადგენდა. `ჩვენის აზრით – ამბობდა გ. გვაზავა – იმ მაზრას უნდა მიენიჭოს ავტონომია. ჩვენ ეს უკვე აღუთქვით, მაშასადამე ეს პრინციპი მიღებული გვაქვს“. სამწუხაროდ, იმავე სტენოგრაფიული ანგარიშიდან არ ჩანს, სხვა პოლიტიკურ მოღვაწეთა პოზიცია იმის შესახებ, თუ რამდენად მისაღებად თვლიდნენ ერთი სამაზრო ერთეულისადმი (ახალციხის მაზრა) ავტონომიის მინიჭებას. იმავე გ. გვაზავას მტკიცებით, ავტონომიური მმართველობის შემოღებისთანავე, ადგილობრივი საქმეები თვითმმართველობას უნდა დაქვემდებარებოდა, ხოლო ზოგადად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებები ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში დარჩენილიყო.43
ანალოგიურ შეხედულებას იცავდა იმავე რეგიონის წარმომადგენელი იასონ მიქელაძე. მისი მტკიცებით, რამდენადაც მუსლიმანი ქართველები საუკუნეების მანძილზე საქართველოსგან იყვნენ მოწყვეტილნი და „დედინაცვლის“ – ოსმალეთის იდეოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, ეს ფაქტორი ხელისუფლებას აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა. მოსალოდნელი პროვოკაციის აცილების მიზნით, არა ახალციხისათვის, ან მესხეთ-ჯავახეთისათვის, არამედ „სამუსლიმანო საქართველოსათვის“ მიეცათ ავტონომია. „დღეს – ამბობდა ო. მიქელაძე – ახალციხე საქართველოს უდაო ნაწილია, მაგრამ ქართველი მუსლიმანები განსაკუთრებულ პირობებშია. ჩვენი ზნე-ჩვეულება, სარწმუნოება, კულტურული განსხვავება მოითხოვს მოეწყოს სამუსლიმანო საქართველოში მართვა-გამგეობა ისე, როგორც ამას მოითხოვს ადგილობრივი პირობები. მთავრობამ ჩვენ მოგვცა ავტონომია, ეხლა საქმე მის მოწყობაშია. ამით მოისპობა ათაბეგოვის და ქობლიანსკის პროვოკაცია, რომელსაც ავრცელებდნენ ხალხში ჩვენი მტრები“.44 ამ მიმართულებით პრაგმატული ნაბიჯის გადადგმა იმ აუცილებლობითაც იყო განპირობებული, რომ სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების სათარეშო ასპარეზს წარმოადგენდა. მითუმეტეს, საქართველოს მეზობელი მუსლიმანური ქვეყნების ხელისუფლების მესვეურები, ეროვნული ცხოვრების შენარჩუნებისა და სახელმწიფოს არსებობის საფუძველს სარწმუნოებაში ხედავდა. ამ ფაქტორის გამოყენებით, მათ მიერ შემოგზავნილი პროპაგანდისტები მუსლიმანი ქართველების ორიენტაციაზე გარკვეულ იდეოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა.
მართალია, ქართული პოლიტიკური სპექტრი რელიგიის მიხედვით „სახელმწიფო წარმონაქმნის“ გამოჭრის სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ არსებული კონიუნქტურიდან გამომდინარე, კომპრომისი იმ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენდა. მითუმეტეს, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს უტყუარი დოკუმენტური მასალა გააჩნდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ. ამის ერთ-ერთ დადასტურებას, ბათუმის სამშვიდობო კონფერენციაზე პეპინოვის მხრიდან ახალციხის მაზრის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა წარმოადგენდა. ამ ფაქტის შესახებ, როგორც ზემოთაც მქონდა აღნიშნული, იმავე კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ყოფილი თავმჯდომარე და შემდეგში შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილიც მიუთითებდა.45
ზემოთ მოტანილი მასალები იმაზე მიგვანიშნებს, რომ კრიტიკულ მომენტში, აზერბაიჯანის მხარე, ქართველთა საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ტერიტორიის ოსმალეთისათვის გადაცემის საფეხურის მომზადებას მაქსიმალურად უწყობდა ხელს. შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, საქართველოს ხელისუფლების წინაშე აქტიური მოქმედების საკითხს პრინციპულად აყენებდა. მხედველობაში მაქვს რეგიონში წესრიგის დაუყოვნებლივი აღდგენა და მტკიცე ადგილობრივი ადმინისტრაციის მოწყობა. ამ მიზანს ემსახურებოდა გენერალ გ.კვინიტაძის ხელმძღვანელობით ქართული ჯარის მიერ 1919 წლის მარტ-აპრილში განხორციელებული წარმატებული შეტევითი სამხედრო ოპერაციები. კერძოდ: ახალციხისა და ფოცხოვის აღება, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიის შექმნიდან გამომდინარე, არტაანის ოლქში ქართული სამხედრო შენაერთების შეყვანის დღის წესრიგში დასმა და იქ თავშეფარებული ანტიქართული ძალების დაუყოვნებლივი განადგურების აუცილებლობა. ჩაფიქრებული სამხედრო ოპერაციის შესახებ, საქართველოს მთავრობამ თბილისში მყოფ ინგლისის სამხედრო მისიას 1919 წლის 17 მარტს ოფიციალურად აცნობა. ამ დოკუმენტში ინგლის-საქართველოს წარმომადგენლებისაგან ერთობლივი კომისიის შექმნის აუცილებლობის საკითხი იყო დასმული. ბრიტანეთის სამხედრო მისიის მიერ საქართველოს მთავრობისადმი 1919 წლის 19 მარტს გაგზავნილ საპასუხო შეტყობინებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ერთიბლივი შერეული კომისიის შექმნაზე ბრიტანეტის სამხედრო მისია თანხმობას მხოლოდ იმ პირობით განაცხადებდა, თუკი ამ კომისიის თავმჯდომარე ინგლისელი ოფიცერი პოლკოვნიკი სტიუარტი იქნებოდა. იგივე დოკუმენტი, ქართული ჯარის ზურგის უსაფრთხოების მიზნით, ყოველგვარი სახის „ბანდების“ განადგურებას მიზანშეწონილად მიიჩნევდა.46 ეს იმას ნიშნავდა, რომ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ინგლისის სამხედრო წარმომადგენლობამ „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ მთავრობა გასაწირად გაიმეტა. იგი ჩვეულებრივი ბანდების რანგში განიხილა და მის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება აქტიური მოქმედების უფლებებით აღჭურვა. ახლო აღმოსავლეთში ინგლისისათვის არახელსაყრელი პოლიტიკური სიტუაციის შექმნამ და ამ საქმეში „ყარსის რესპუბლიკის“ მიერ გარკვეული დოზით შეტანილმა წვლილმა, ინგლისის ხელისუფლება იძულებული გახადა 1919 წლის აპრილიდან აქტიურ მოქმედებაზე გადასულიყო. 13 აპრილს „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ სახელმწიფოს პარლამენტი დაითხოვა და მისი ლიკვიდაცია მოახდინა, ხოლო მთავრობის 12 წევრი პატიმრობაში აიყვანა და კუნძულ მალტაზე გადაასახლა.47 ეს ფაქტი, საქართველოს მთავრობას, რეგიონში აქტიური მოქმედების გასაღრმავებლად გარკვეულ შეღავათს აძლევდა. აუცილებლობა, პირველ რიგში საომარი მოქმედებებით გამოწვეული უმძიმესი შედეგების შესაძლებლობის ფარგლებში ლიკვიდაციას და ადგილობრივი ადმინისტრაციის მოწყობას საჭიროებდა. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯი საქართველოს დამფუძნებელი კრების 1919 წლის 4 აპრილის სხდომაზე გადაიდგა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას ნ. ელიავს გამოსვლა იქცევს. ახალციხის მაზრაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარე, ნ. ელიავა აუცილებელ პირობად ადგილობრივი მოსახლეობისადმი დაუყოვნებლივ დახმარებას მიიჩნევდა. „ადგილობრივი მოსახლეობისათვის – ამბობდა იგი – საჭირო არის დახმარება მატერიალური, დახმარება ისეთი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, თავის საკუთარ ფეხზე დადგნენ ამ უბედური შემთხვევის შემდეგ. რამდენადაც ჩვენ ვიცით, მთავრობის წევრები ვალდებულად თვლიან, დამფუძნებელ კრებას მოახსენონ თუ რა არის გასაკეთებელი. ჩვენ კი, რასაკვირველია, ზნეობრივ მოვალეობად მიგვაჩნია დახმარება პირველ რიგში იყოს დასმული, როგორც სურსათით, ისე ხე-ტყით სახლების აღსადგენად. ამ მხრივ დახმარება უნდა აღმოუჩინონ რაც შეიძლება დაჩქარებით“.48
იმავე საკითხთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ნ. რამიშვილის მიერ დამფუძნებელი კრების 4 აპრილის სხდომაზე გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პარალელურად, საომარი ოპერაციების დროს დაზიანებული მუსლიმანური სამლოცველოების დროული რესტავრაცია უნდა მომხდარიყო. ნ. რამიშვილი პრინციპულად აყენებდა საკითხს, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მიზნით შესაბამისი კანონპროექტის დაუყოვნებლივ შემუშავებისა და დამფუძნებელი კრების უახლოეს სხდომაზე წარდგენის შესახებ. მითუმეტეს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში ოსმალო ასკერებისა და სერვერ ბეგის შემოსევების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ისე დაზარალდა, რომ დანგრეულ საცხოვრებელ ბინებთან ერთად, ულუკმაპუროდ და ტანსაცმლის გარეშე დარჩა. ამის დამადასტურებელად, 1918 წლის ივნისიდან 1919 წლის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტროში მათ მიერ შეტანილი განცხადებები გამოდგება.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებიდან გამომდინარე, გ. ანჯაფარიძე, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წინაშე პრინცი პულად აყენებდა საკითხს: ადგილობრივი დაზარალებული მკვიდრი მოსახლეობისათვის პირველ რიგში დაუყოვნებლივ აღმოეჩინათ დახმარება საკვები და სათესლე ხორბლით. „თუ ეხლა მინდვრები დაუთესავი დარჩა – ამბობდა იგი – დიდი შიმშილობაა მოსალოდნელი მომავალ წელშიაც. საჭიროა ხაზინამ უფასოდ მისცეს ხე-ტყე დანგრეული სახლების შესაკეთებლად და ახლის ასაშენებლად“. რამდენადაც ეს დებულება დამფუძნებელი კრების დეპუტატების მიერაც იქნა გაზიარებული, მან ასახვა იმავე კრების დადგენილების პირველ მუხლშიაც ჰპოვა.
ამრიგად, ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტურ მასალებში და პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში მოტანილი ფაქტების ურთიერთშეპირისპირება შემდეგი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა: 1) სერვერ ბეგის აჯანყების ძირითად გამომწვევ მიზეზად ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე გაბატონებული თვალსაზრისი (აგრარული რეფორმის დასახელება), სინამდვილეს არ შეესაბამება. მითუმეტეს: ა) საარქივო მასალებით დასტურდება, რომ ამიერკავკასიის კომისარიატის 1917 წლის 16 დეკემბრის და ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 17 მარტის მიწის კანონებით გათვალისწინებული აგრარული რეფორმა პრაქტიკულად არ გატარებულა. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მიერ 1919 წლის 28 იანვარს მიღებულ მიწის კანონს, მისი განხორციელება სერვერ-ბეგის „აჯანყებიდან“ ოთხი თვის შემდეგ – იმავე წლის ზაფხულიდან დაიწყო; ბ) დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ საქართველოს პარლამენტის აღნიშნული მიწის კანონის მიღებიდან 10 დღით ადრე „სამხრეთ კავკასიის დროებითი მთავრობა“ შეიქმნა, ხოლო 19 დღით ადრე, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული თურქი ასკერების შეიარაღებული რაზმით, სერვერ ბეგი ფოცხოვიდან ახალციხეში შემოიჭრა და ქალაქი აიღო. 2) ახალციხის მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ შეკრებილი მასალებიდან ირკვევა, რომ ახალციხის მაზრის საზოგადოებათა კომისრების დანიშვნა, პარიტეტის დაცვით (ერთი მუსლიმანი და ერთი ქრისტიანი ქართველი) ხდებოდა. რაც შეეხება მაზრის შიდა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს, კომისრები მას მხოლოდ გლეხთა საბჭოსთან შეთანხმებით წყვეტდნენ. აღნიშნულის გათვალისწინებიდან გამომდინარე, დაშვებული შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ახალციხის მაზრის გლეხთა საბჭოს ყველა წევრზე და კომისრებზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. 3) სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების (ომარ ფაიკი, პეპინოვი, მუსაკიევი, ახმედოვი, ექიმი სულთანოვის „საქველმოქმედო საზოგადოების“ წევრები და სხვები) პროოსმალურმა სააგიტაციო-პროპაგანდისტულმა საქმიანობამ, რეგიონის მუსლიმან ქართველთა ერთ ნაწილში ანტიქართული ცნობიერების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ამ ფონზე, ბათუმ-ყარსის ოლქებისა და მესხეთ-ჯავახეთის ბაზაზე ახალი მუსლიმანური სახელმწიფო წარმონაქმნის შექმნის „სამართლებრივად გამართლების“ მცდელობა, ოსმალეთის ხელისუფლების მხრიდან საბჭოთა „რუსეთის ხალხთა უფლებათა დეკლარაციას“ და მუსლიმანურ სარწმუნოებას ემყარებოდა. აღნიშნული იდეოლოგიური პროპაგანდით მოსახლეობაზე ზემოქმედების მიუხედავად, სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს, საქართველოდან ტერიტორიულად ჩამოსაცილების პრაქტიკულად განხორციელების შესაძლებლობას, ოსმალეთის ხელისუფლება მხოლოდ სერვერ ბეგის მსგავსი რენეგატი ქართველების მხრიდან ხელშეწყობაში და ერთგულებაში ხედავდა; 4) ნაშრომში მოტანილი დოკუმენტური მასალის ანალიზიდან გამომდინარე ირკვევა, რომ „ყარსის მთავრობისადმი“ ინგლისის გენერლების მხარდაჭერა და დახმარება, წინასწარგამიზნულ პოლიტიკურ კურსს წარმოადგენდა და პირველ რიგში საქართველოს დასუსტებას, ლაზისტანთან ერთად სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს სომხეთის შემადგენლობაში შეყვანას და სომხეთისათვის შავ ზღვაზე გასასვლელის დასაკუთრებისათვის დახმარებას ითვალისწინებდა. საარქივო დოკუმენტებიდან და მემუარული ლიტერატურიდან ამოღებული ფაქტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ირკვევა, რომ სერვერ ბეგის „აჯანყებაში“ სომხურ-ინგლისური ინტერესები იყო ჩადებული. არსებული სინამდვილის არგამჟღავნების მიზნით, მომხდარი ფაქტი შეგნებულად მუსლიმანური სარწმუნოების წამოსასხამით იქნა შეფუთული.
2. რუსეთ–ოსმალეთის ალიანსი და დამოუკიდებელი საქართველო
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ხარჯზე ახალი მუსლიმანური (ყარსის) სახელმწიფოს შექმნის მცდელობის ჩავარდნამ, ოსმალეთის ხელისუფლებას პოლიტიკური კურსის შეცვლისკენ უბიძგა. იგი საქართველოს ტერიტორიის მიტაცებაში ხელშემწყობი პარტნიორის ძებნაში გამოვლინდა. ამ მიმართულებით პირველი წარმატებული ნაბიჯი ოსმალეთის მხრიდან 1920 წლის 26 აპრილს გადაიდგა. მხედველობაში მაქვს მუასტაფა ქემალის მიერ ვ. ლენინისადმი გაგზავნილი დეპეშა. ამ დოკუმენტის მიხედვით, მ. ქემალი საბჭოთა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებასა და იმპერიალისტური სახელმწიფოების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მზადყოფნას აცხადებდა. რაც შეეხება რსფსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარისადმი ოსმალეთის ეროვნული კრების სახელით 1920 წლის 12 ივლისს გაგზავნილ წერილს, მასში ხაზგასმით იყო მითითებული, რომ ოსმალეთი მხარს უჭერდა „რუსეთის დიდი რევოლუციის ძირითად პრინციპებს“.
იმავე დოკუმენტით, რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკა ოსმალეთის მოკავშირედ იყო მიჩნეული.1 ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჩრდილოეთის და სამხრეთის მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან (რუსეთ-ოსმალეთი) საერთო ენის გამოძებნამ, მათი მხრიდან იმპერიულ ამბიციებზე დამყარებული მიზნების განსახორციელებლად დაწყებული ბრძოლის სახელმწიფოებრივი ინტერესების ქვაკუთხედად გამოცხადებამ, საქართველოს პირველი რესპუბლიკა მტრულად განწყობილი სახელმწიფოების გარემოცვაში მოაქცია. ამ შემთხვევაში რუსეთ-ოსმალეთის მიზანი იდენტური იყო. იგი არსბული ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობას, ქვეყნის გასაბჭოებას და მისი ტერიტორიების გადანაწილებას ითვალისწინებდა. თუკი მათი ძალისხმევა ამ მიმართულებით წარმატებული აღმოჩნდებოდა, დაპყრობილი საქართველოს მარიონეტული ხელისუფლების ხელშეწყობით, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს ოსმალეთი უპრობლემოდ მიისაკუთრებდა, და რაც მთავარია, საბჭოთა რუსეთსა და ოსმალეთს შორის სამეზობლო საზღვარი საქართველოს მონაკვეთზე გაჩნდებოდა. იმ ეტაპზე შექმნილი ამ ურთულესი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, გ.ლორთქიფანიძე სავსებით სამართლიანად წერდა: „საქართველოსთვის დადგა ისეთი ხანა, რომლის სრული მსგავსება არც კი იცის ჩვენმა ისტორიამ, სახელდობრ რუსეთი და ოსმალეთი, რუსული ველიკოდერჟავნიკობა და თურქულ-სპარსული პანისლამიზმი საქართველოს განადგურების საქმეში შეიქნენ ერთი მეორის პირისპირი მოკავშირენი“.2
ოსმალეთის ხელისუფალთა ასეთი პოლიტიკური კურსი, მათი მხრიდან დაპყრობილი და გათავისებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე იყო გათვლილი. ამ ჩანაფიქრის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი, თუკი ანტანტის სახელმწიფოები დამარცხდებოდა და საბჭოთა რუსეთი მოკავშირეობას ოსმალეთს გაუწევდა. საქართველოს სახელმწიფოს საზიანოდ გათვლილი ეს პოლიტიკური კომბინაცია, ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურებს ყურადღების მიღმა არ დარჩენია და პრესის ფურცლებზე ამის შესახებ საგანგებო პუბლიკაციებიც იქნა გამოქვეყნებული. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი მოწინავე წერილი „კომუნისტების და ოსმალეთის იმპერიალისტების კავშირი“ იქცევს. მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულ პუბლიკაციაში დამაჯერებლადაა ნაჩვენები საბჭოთა რუსეთისა და ოსმალეთის წარმომადგენლების ერთობლივი საქმიანობა. წინა პლანზეა წამოწეული და სწორი პოზიციიდანაა ახსნილი ბოლშევიკური რუსეთისადმი ოსმალეთის დაკავშირების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზები. ამ ფონზე, ოსმალეთის დაშლა-დანაწევრებისაგან გადარჩენის ერთადერთ საშუალებას, სტატიის ავტორი ანტანტის სახელმწიფოების დამარცხებაში ხედავდა. „ერთადერთი იმედი – ვკითხულობთ სტატიაში, – „ანტანტის“ სახელმწიფოების დასუსტება-დამარცხებაშია. ეს კი შეუძლია მხოლოდ მის შეურიგებელ მტერს – საბჭოთა რუსეთს. ოსმალეთის იმპერიალისტები მზად არიან მოიპოვო იმისთანა მოკავშირე, როგორიც რუსეთია და თავიდან ააცილოს ოსმალეთს დანაწილება“.3 სამეცნიერო ლიტერატურაში დადასტურებულია, რომ ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად, ოსმალეთის ხელისუფალნი მაქსიმუმს აკეთებდა. მხედველობაში მაქვს ერთმორწმუნე აზერბაიჯანის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური პარტიის – „იტიხადის“ ლიდერის დრი კარაბეკოვის მოსყიდვის ფაქტი. ამ პიროვნების ამოცანას, აზერბაიჯანის მთავრობის შემადგენლობაში ნური ფაშასა და ხალილ ფაშას მიწვევა წარმოადგენდა. მეორე მხრივ, იგი საბჭოთა რუსეთთან აზერბაიჯანის ყოველმხრივ დაკავშირებას და მეგობრული კონტაქტების დამყარებას ცდილობდა. ამ ფონზე, საქართველოს პირველი რესპუბლიკისათვის იმ ეტაპზე ორმაგი საფრთხე იკვეთებოდა: ა) ჩრდილოეთიდან საბჭოთა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმა და ბ) საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მიტაცების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი ოსმალეთის აგრესიის გარდუვალობა. დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფალთა პოლიტიკური საქმიანობა საბჭოთა რუსეთის დახმარებით, ოსმალეთის გაძლიერებაზე იყო გათვლილი. ქართული პოლიტიკური ელიტა ამ საფრთხეს კარგად ხედავდა. ამის შესახებ გაზეთი „ერთობა“ წერდა: „კავკასიის მცხოვრებთა იმ ნაწილში, რომელშიაც დარჩენილია ოსმალეთისადმი სიმპათია, უნდა შეიგნონ, რომ ვინც დღეს ხელს შეუწყობს ოსმალეთის აღდგენას და გაძლიერებას, ის (შეგნებულად თუ შეუგნებლად) კავკასიისკენ რუსეთის ჯარს ეპატიჟება, რომელიც მთელი თავისი შემადგენლობით, ტრადიციებით და სულიერი განწყობით, იმ მიზნებით რომლებითაც იგი კავკასიაში მოდის, დიდად არ განსხვავდება ძველი რუსეთის ჯარისაგან, რომლის უღელქვეშ გმინავდა კავკასია ასი წლის განმავლობაში“. ამ შემთხვევაში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მმართველი პოლიტიკური პარტიის პოზიცია სავსებით სწორი იყო და რეგიონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ობიექტური თვალსაწიერიდან აფასებდა. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ ეტაპზე სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების მმართველი პოლიტიკური სპექტრის ორიენტაციას ენიჭებოდა. იმ შემთხვევაში თუკი სამი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ხელისუფალნი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) შეთანხმებულად იმოქმედებდნენ, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეზობელი ქვეყნების იმპერიული ამბიციებისადმი დაპირისპირების გონივრულ კურს შეიმუშავებდნენ, ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკების გადარჩენის დიდი ალბათობა შეიქმნებოდა. სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები სულ სხვა მიმართულებით წარიმართა. მხედველობაში მაქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფალთა მმართველი წრეების მხრიდან მტაცებლური კურსის პრიორიტეტად გამოცხადება. თითოეული მათგანი საქართველოსთვის ზურგში გალესილი მახვილის ჩაცემით და მისი გაუბედურების ხარჯზე ცდილობდა წელში გამართვას. ასეთი ფაქტები არა მარტო ამიერკავკასიის რეგიონალურ, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებზეც მრავალგზის დადასტურდა. აღნიშნულის გათვალისწინებიდან გამომდინარე, საქართველო იმ ეტაპზე საბჭოთა რუსეთისა და ოსმალეთის პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდა.
ეს მომენტი საბჭოთა რუსეთის დიპლომატიური წრეებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მის გამოყენებას მაქსიმალურად ცდილობდა. ამის ერთ-ერთ გამოვლინებას გ. ჩიჩერინის მიერ საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილი ნოტა წარმოადგენს. ამ დოკუმენტით, საბჭოთა რუსეთი დენიკინის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო მოქმედების ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობდა საქართველოს მთავრობას. ეს წინადადება გარეგნულად მიმზიდველი ჩანდა, მაგრამ პრაქტიკული შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის დამღუპველი იყო. მხედველობაში მაქვს ანტანტის სახელმწიფოებისადმი დაპირისპირების ფონის შექმნა და მათი გაღიზიანების გარდუვალობა. მითუმეტეს, საქართველოს სახელმწიფოს დე-ფაქტო და დე-იურე აღიარება, ანტანტის ქვეყნებზე იყო დამოკიდებული. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, საპასუხო ნოტაში ე. გეგეჭკორი დიპლომატიური ეტიკეტის სრული დაცვით, დენიკინის წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთთის შემოთავაზების მიღებაზე უარს აცხადებდა და ძირითად არგუმენტად შემდეგ ფაქტორს ასახელებდა: 1) ქვეყნის ნეიტრალიტეტის დაცვაზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას; 2) დენიკინთან მიმართებაში საქართველოს მხრიდან შეტევითი სამხედრო ოპერაციის განხორციელების შეუძლებლობას; 3) დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმის შემთხვევაში, რსფსრეს ტერიტორიაზე გადასვლის ალბათობიდან გამომდინარე საბჭოთა რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევის დაუშვებლობას. ასეთი ფორმით შედგენილმა პასუხმა, საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარი წონასწორობიდან გამოიყვანა, რაც საქართველოსთან მიმართებაში ღვარძლისა და ბოღმის ოფიციალურად წარმოჩენაში გამოვლინდა. ამის დადასტურებას 1920 წლის 19 თებერვალს ე. გეგეჭკორისადმი გამოგზავნილი ნოტა №432 წარმოადგენს. დაუსაბუთებელი ბრალდებების ახალ „სერიალთან“ ერთად, ეს დოკუმენტი საქართველოსთან მიმართებაში საბჭოთა რუსეთის „რისხვის“ განმაპირობებელ მიზეზებსაც ხსნის. „მიუხედავად ყველაფრისა, – ვკითხულობთ ნოტაში – რუსეთის მუშათა და გლეხთა მთავრობა იმედოვნებდა, რომ გეგეჭკორის მთავრობა ვერ გაბედავდა უარი ეთქვა ერთად ბრძოლაზე რუსეთისა და საქართველოს მშრომელი მასის საერთო მტრის წინააღმდეგ“.4 ამ ამონაწერიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ჩრდილოელი მეზობლისაგან შემოთავაზებულ წინადადებაზე „უარის თქმის გაბედვა“ იქცევს. მეზობლებთან ურთიერთობაში საბჭოთა რუსეთი მბრძანებლური „ტრადიციული“ ფორმების შენარჩუნებას ცდილობდა. ეს მომენტი, ქართული პოლიტიკური აზრის მესაჭეებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და გ. ჩიჩერინის ზემოაღნიშნულ ნოტას დასაბუთებული პასუხი გასცეს. ამ მხრივ ყურადღებას გაზ. „ერთობაში“ გამოქვეყნებული მოწინავე სტატია „ჩიჩერინის ახალი ნოტა“ იქცევს. „ჩვენი პოლიტიკის მიზანია – ვკითხულობთ წერილში – განამტკიცოს დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო,... დავამყაროთ კეთილმეზობლური განწყობილება ყველა სახელმწიფოსთან, რომლებიც ჩვენზე თავდასხმას არ მოინდომებენ. ჩვენ მზათ ვართ მშვიდობიანი ურთიერთობა ჩამოვაგდოთ ყველასთან, ვინც ამ პოზიციას მიიღებს, ე.ი. ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას სცნობს, ჩვენი რესპუბლიკის ხელშეუხებლობას აღიარებს, ვინც ჩვენი ერის თვითგამორკვევის უფლებებს სცნობს“. ამ ამონაწერიდან კარგად ჩანს, რომ იმ პერიოდის საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფალთა პრიორიტეტულ ამოცანას უცხო სახელმწიფოების მხრიდან ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევა წარმოადგენდა. ამას იგი საბჭოთა რუსეთისგანაც მოითხოვდა. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ ჩრდილოელი მეზობელი იმ ეტაპზე ამ „კომპრომისზე“ წასვლას არ აპატიებდა და საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავების ახალ საბრალდებო პროვოცირებულ მეთოდებს იყენებდა. მხედველობაში მაქვს „ოსმალეთის აგრესიულ იმპერიალიზმთან“ საქართველოს მთავრობის მეგობრული ურთიერთობის ბრალდებით დადანაშაულება. ეს ხდება იმ დროს, როდესაც საბჭოთა რუსეთი პოლიტიკური გარიგებების მიზნით, ოსმალეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავდა. ამის უდაო დადასტურებას ბოლშევიკებისა და ოსმალო აგენტების გაერთიანებული კომიტეტების სხდომის შესაბამისი ოქმი და მიღებული დადგენილება წარმოადგენს. ეს დოკუმენტები რკპ (ბ) კავკასიის საოლქო კომიტეტს სახელმძღვანელოდ გადაეგზავნა. იგი დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას ჩაუვარდა ხელში. ამ მასალებიდან ცნობილი ხდება, რომ რუსეთ-ოსმალეთის წარმომადგენელთა შეთანხმების მიხედვით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედების გეგმის ორი ვარიანტი იქნა შემუშავებული: 1) მუშათა ორგანიზაციების მხრიდან მუსლიმანთა კომიტეტისადმი გაწეული დახმარების ფონზე, საქართველოში ინგლისელთა საქმიანობის დაგმობის პროპაგანდისათვის პერმანენტული სახე მეცათ და მაქსიმალურად მოეხდინათ აჭარლების „ეროვნული მისწრაფებების“ წინ წამოწევა, „ეროვნული ნიშნით“ მისი მანი პულირება; 2) საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აჭარის რეგიონის მოსახლეობის ამხედრებისათვის მყარი საფეხურის მოსამზადებლად, ადგილობრივ მოსახლეობაზე იდეოლოგიური ზემოქმედების სხვადასხვა ფორმა გამოეყენებინათ. დასახული გეგმის განსახორციელებლად, ბათუმის ოლქი 6 რაიონად იქნა დაყოფილი. თითოეული მათგანის ხელმძღვანელობა ცენტრიდან დანიშნულ პასუხისმგებელ პიროვნებას დაეკისრებოდა. იმავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ცენტრი ქედაში განთავსდებოდა და მოსაზღვრე რაიონები მასთან მჭიდრო კავშირს დაამყარებდა. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ დაგეგმილ შეიარაღებულ გამოსვლებს, მისი პირველი ეტაპი საბჭოთა რუსეთისა და ოსმალეთის აგენტების მიერ ფულით მოსყიდულ ქრისტიან ქართველებს უნდა დაეწყო, ხოლო ორი დღის შემდეგ ამ პროცესს მუსლიმანი ქართველები (იგულისხმება აჭარლები) შეუერთდებოდა. იმავე გეგმის მიხედვით, აჯანყების დაწყებისთანავე, ორი სამთო ბატარეიით და ერთი მოკლელულიანი ქვემეხით შეიარაღებული 10 ათასი ოსმალო ასკერი და 300 ცხენოსანი საქართველოს საზღვარს გადმოლახავდა და ბათუმისაკენ დაიძვროდა. მოსაზღვრე რაიონების ხელმძღვანელობას, აღნიშნული პროცესის დაწყებისთანავე, ქედას რაიონის აჯანყებულებისადმი იარაღი და ვაზნები უნდა მიეწოდებინა. მითუმეტეს, ოსმალეთის ჯართან ერთად აჯანყებული ქედელები ბათუმზე ერთობლივ შეტევას განახორციელებდნენ. რაც შეეხება ქობულეთში შექმნილ რაზმს, მის ამოცანას აჭარის რეგიონზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის სრული ლიკვიდაცია წარმოადგენდა. ამ მიზნით მას შემდეგი სახის ღონისძიებების განხორციელება ჰქონდა დაკისრებული: ა) უნდა აეფეთქებინა გვირაბი და ბ) მიმოსვლის შესაფერხებლად გაეფუჭებინა გზები. ზემოაღნიშნული დოკუმენტში მოტანილი მონაცემების მიხედვით, ბათუმის ოლქში იმ ეტაპზე აქტიურად მომქმედი 28 კომუნისტი და 2000 თანამგრძნობი იმყოფებოდა. აქედან საიმედოდ მხოლოდ 40 ადამიანი მიაჩნდათ. რაც შეეხება უშუალოდ ბათუმს, კომუნისტთა რაოდენობა 252 კაცსს შეადგენდა, ხოლო მხარდამჭერთა რაოდენობა 1400-ს. ბათუმის ოლქში მათდამი მხარდამჭერი ინტელიგენციის რაოდენობა 200-დან 300 კაცით იყო განსაზღვრული. აქედან, ქალაქ ბათუმში მისი რაოდენობა 50-დან 100 კაცსს წარმოადგენდა. მოქმედების დაწყების შემთხვევაში, ხელმძღვანელობა ბათუმის ოლქის 750 კომუნისტს, 300 საიმედოს და 300 თანამგრძნობს უნდა დაყრდნობოდა.5
თუკი ჩემს მიერ მოტანილ მონაცემებს საფუძვლიანად გაავანალიზებთ და პირველ რიგში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გარშემო შექმნილ ურთულეს პოლიტიკურ სიტუაციასაც გავითვალისწინებთ, აღმოჩნდება: 1) საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციები, განსაკუთრებით ქართველი კომუნისტები ქვეყნისთვის მოღალატურ გზას ადგა და ოსმალეთის წარმომადგენლებთან შეთანხმების საფუძველზე ბათუმში შეიარაღებული ოსმალო ასკერების შემოყვანას გეგმავდა; 2) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად გამიზნული ზემოაღნიშნული ფართომასშტაბიანი ოპერაციის განხორციელება, საბჭოთა რუსეთის შესაბამისი უწყების დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით იყო გათვალისწინებული; 3) აღნიშნული აჯანყების არსებული გეგმის მიხედვით განხორციელება, ოსმალეთის პარლამენტის მიერ 1920 წლის 28 იანვარს მიღებული 6 მუხლიანი „ეროვნული ფიცის“ მეორე მუხლის შესასრულებლად შესაბამისი საფეხურის მომზადების მცდელობას წარმოადგენდა. მხედველობაში მაქვს, იმავე დოკუმენტით ყარსისა და ბათუმის ოლქების ოსმალეთის საზღვრებში მოქცევის ფაქტი. აქედან გამომდინარე, ოსმალეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად კომუნისტების მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოწყობილი აჯანყება და ქართული ჯარის ბათუმის ოლქში არშეშვების მიზნით გატარებული ღონისძიებები, ოსმალეთის მხრიდან ქალაქ ბათუმისა და მისი ოლქის ოკუპაციის რეალურ შესაძლებლობას ქმნიდა. ერის წინაშე ამ დანაშაულის ჩადენაზე ისინი „სიამოვნებით“ მიდიოდნენ მხოლოდ იმ პირობით, რომ ბათუმის ოლქში დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ აღდგენილიყო. დასახული მიზნის განსახორციელებლად ბოლშევიკი აგიტატორები ბათუმში მიტინგებს მართავდნენ ლოზუნგით – „არც ანტანტა, არც მისი ხასა საქართველო!“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ წერილში „ბათუმი“ – ვკითხულობთ: `ეს ვაჟბატონები (კომუნისტები შ.ვ.) არავითარ საშუალებას არ ერიდებიან საქართველოსადმი ხალხში სიძულვილის დასათესად. ეროვნული შუღლის გასაღვივებლად... რუს, ბერძენ და სხვა მცხოვრებთ იმ გარემოებებზე მიუთითებენ, რომ ბათუმში შემოსვლისთანავე საქართველოს მთავრობა დაწესებულებათა ნაციონალიზაციას მოახდენს და ვინც ქართული ენა არ იცის ადგილი უნდა დაკარგოს და ცარიელზე დარჩეს. ამნაირი „იდეური“ საშუალებებით კომუნისტები დევნილ ჩინოვნიკებს თავის მხარეზე იბირებენ“. ეს ფაქტი იმის აშკარა დადასტურებაა, რომ საქართველოსთვის იმ ძნელბედობის ჟამს, ბათუმის ოლქში შიდა დაპირისპირების შექმნის საფეხურს ბოლშევიკები მიზანმიმართულად წინასწარ ამზადებდნენ. იგი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოლქში იურისდიქციის აღდგენისადმი ხელშეშლაზე იყო გათვლილი.
უცხო ქვეყნის დაფინანსებით დაბეჭდილი უამრავი პროკლამაციები, რომლებიც „საქართველოს ხალხისადმი“ და „საქართველოს მშრომელი ხალხისადმი“ მიმართვის ფორმით იყო შედგენილი, მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველების ურთიერთდაპირისპირებას, რეგიონის საქართველოსგან ჩამოცილებას და დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ამ დოკუმენტების მიხედვით: ა) ბათუმის ოლქის მუსლიმანი ქართველების ხელოვნურად გაუცხოება ხდებოდა; ბ) რეგიონი საქართველოსგან განცალკევებულ უცხო ქვეყნად იყო წარმოდგენილი; გ) საქართველოს მთავრობა, ბათუმის ოლქის თითქოს ძალით „დასაპყრობად“ ემზადებოდა. ქართველი კომუნისტების მიერ ამ მიმართულებით გაწეული ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის დადასტურების მიზნით, თვალსაჩინოებისათვის ერთ- ერთი პროკლამაციიდან შესაბამის ამონაწერს მოვიტან და თავად მკითხველმა მოახდინოს მათი მხრიდან გაწეული იდეოლოგიური პროპაგანდის მიზანშეწონილობის სამართლებრივი შეფასება. „საქართველოს ხელისუფალნი – ვკითხულობთ დოკუმენტში – ახალ სისხლისღვრას ამზადებენ ორ მეზობელ ხალხთა შორის... ძირს სხვისი ქვეყნების და უცხო ხალხების ძალით შემოერთება“. ახლადშექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან მიმართებაში თვით ქართველი კომუნისტების მიერ გაწეული ასეთი მავნებლური იდეოლოგიური პროპაგანდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე და ოსმალეთის ხელისუფალთა ინტერესების გათვალისწინებაზე იყო გათვლილი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნებულ მოწინავე წერილში „ვის ემსახურებიან?“ ქართველი კომუნისტების მიზნები და ამოცანები სრულად იყო გაშიფრული და საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანილი. „ნუთუ კომუნისტებმა – ვკითხულობთ წერილში – არ იციან, რომ აჭარლები იგივე ქართველებია? იციან მაგრამ კომუნისტები ხომ ოსმალეთის აგენტები არიან. იმ ოსმალეთის, რომელიც მცხოვრებლებს სარწმუნოების მიხედვით ანაწილებს და რაკი აჭარლები სარწმუნოებით მაჰმადიანები არიან, ამიტომ მათ მოქცევას ოსმალეთის საზღვრებში ცდილობენ... კომუნისტები დღესაც იმას აკეთებენ, რასაც ორი წლის უკან შვრებოდნენ... მაშინ ბათუმის დაცვის წინააღმდეგ მოუწოდებდნენ ქართველ გლეხებს და მუშებს. დღეს კი კომუნიზმის და სოციალიზმის სახელით ცდილობენ ეს ოლქი ოსმალეთს გადაეცეს... კომუნისტების ორი წლის მოღვაწეობამ ჩვენს ხალხს დაანახა, რომ კომუნიზმის სამოსელში ოსმალეთის აგენტები მოღვაწეობენ“.6 ამ ვრცელი ამონაწერიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ძნელბედობის ჟამს, ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისა და ეროვნული სახელმწიფოს შესანარჩუნებლად ბრძოლის ნაცვლად, ნაქართველარი ბოლშევიკები ქართველი ხალხის ისტორიული მტრების სამსახურში იდგნენ. მხოლოდ მათი ინტერესების პოზიციიდან განიხილავდნენ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მომავალს. ქართველ ბოლშევიკთა და ოსმალო აგენტთა ერთობლივ საქმიანობას, კიდევ უფრო წარმატებულს ინგლისელთა ადგილობრივი წარმომადგენლების ხელშეწყობა ქმნიდა. მათი დახმარებით, ან უკიდურეს შემთხვევაში მიზანმიმართულად თვალის არიდებით ხდებოდა აჭარაში შეიარაღებული ოსმალო ასკერების შემოყვანა და დიდძალი იარაღის შემოტანა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ 1920 წლის თებერვლისათვის ბათუმში ოსმალო ოფიცრების შტაბი ოფიციალურად ფუნქციონირებდა. მის მიზანს, ბათუმიდან ინგლისის ჯარის გასვლისთანავე ქალაქის სრულად დაპატრონება წარმოადგენდა.
დასახული ამოცანის წარმატებით შესასრულებალდ, მათი სამოქმედო გეგმა შემდეგი სახის ღონისძიების გატარებას ითვალისწინებდა: 1) აჭარაში საიდუმლოდ შემოსულ შეიარაღებულ ოსმალო ჯარისკაცებს დაუყოვნებლივ უნდა დაეკავებინა რკინიგზა და მის დაქვემდებარებაში მოექცია; 2) რკინიგზის ის ნაწილი აეფეთქებინა, საიდანაც აჭარაში საქართველოს ჯარის შესვლა იყო მოსალოდნელი; 3) ხიდების აფეთქების პარალელურად, გაემაგრებინა მთავარი საუღელტეხილო გზა. ამ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასასრულებლად, რიზა ბეის სარდლობით ხოფაში დისლოცირებული 3000 ოსმალო ჯარისკაცი – შესაფერისი მომენტის დადგომისთანავე ბათუმში დაუყოვნებლივ უნდა შესულიყო.
ჩემს მიერ მოტანილი ფაქტები იმაზე მიგვანიშნებს, რომ ოსმალეთის ხელისუფალნი საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მისატაცებლად (საოკუპაციოდ) მზად იყვნენ. ადგილობრივი მოსახლეობის მიმხრობის მიზნით, ბათუმის ოლქში შემოსული ოსმალო ემისრები, ანტიქართული იდეოლოგიური პროპაგანდის პარალელურად გავლენიანი პირების მოსყიდვის ფორმასაც მიმართავდნენ. ამის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს ალიეფენდი ჯაფარიძის მიერ დაარასებული გაზეთის – „სედაი მილეთის“ სააგიტაციო-პროპაგანდისტული საქმიანობა წარმოადგენს. ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ პუბლიკაციებში ხაზგასმით იყო მითითებული, რომ „სედაი მილეთის“ ძირითად მიზანს იმ ეტაპზე მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველების დაპირისპირება წარმოადგენდა. რამდენადაც რეგიონში საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენა ინგლისის წარმომადგენლობის მხრიდან მიზანმიმართულად ფერხდებოდა, შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, „სედაი მილეთის“ ორგანიზაციის გაძლიერებას, დენიკინელებისა და სომხების გავლენის გაფართოებას შეუწყო ხელი. ამ ფონზე, ქართული სახელმწიფოს დასანგრევად და ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად ბოლშევიკებისა და ოსმალო ნაციონალისტების ერთობლივი მოქმედება განსაკუთრებით იკვეთება.
მართალია, საქართველოს ხელისუფლების შესაბამის უწყებებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შეჩერება გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო იმ ეტაპზე არ შეეძლო, მაგრამ ქვეყნის წინაშე აღმართულ მოახლოებულ უდიდეს საფრთხეს სწორად აღიქვამდა და ობიექტურ შეფასებასაც აძლევდა. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი მოწინავე სტატია „ევროპა თუ აზია ამიერკავკასიაში“? იქცევს. პუბლიკაციის ავტორი მკითხველი საზოგადოების ყურადღებას ბოლშევიკებისა და ოსმალეთის წარმომადგენელთა შეთანხმებაზე და მისგან გამომდინარე მოსალოდნელ საფრთხეებზე მიაპყრობდა.
„ბოლშევიკების „ბლოკი“ ოსმალეთის ნაციონალისტებთან და ენვერ ფაშას პარტიასთან – ვკითხულობთ პუბლიკაციაში – უტყუარი ფაქტია. ვინც ყურადღებით ადევნებს თვალყურს ბოლშევიკებისა და ოსმალეთის იმპერიალისტების მოქმედებას ამიერკავკასიაში, მისთვის ყოველ ეჭვს გარეშე იქნება ამ ორი მიმართულების პოლიტიკური კონტაქტი. მათ შეთანხმებულ მოქმედებაში დაკვირვებულ ადამიანს შეუძლია ერთიანი სამოქმედო პროგრამაც კი დაინახოს“. ამის რეალურ საფუძველს, საბჭოთა რუსეთის მიერ დაარსებული „ისლამის განთავისუფლების ლიგა“ და ამ ორგანიზაციის ოქროს კურსით საბჭოთა რუსეთის ხაზინიდან 5 მილიონით დაფინანსების ფაქტი იძლევა. დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუსლიმანურ ქვეყნებში მომქმედ პოლიტიკურ ორგანიზაციებს აერთიანებდა. მათ შორის „ოსმალეთის ნაციონალისტებს“ და „ერთობისა და პროგრესის პარტიას“, რომელსაც ადრე „ახალგაზრდა თურქების პარტია“ ერქვა და ენვერ ფაშას მიერ იყო დაარსებული.
ყოველივე ზემოაღნიშნული იმის ნათელი დადასტურებაა, რომ სამხრეთ-დასავლეთი საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. მხედველობაში მაქვს გარეშე ძალების მხრიდან საქართველოდან მისი რეალური ჩამოცილების მიზნით შესაბამისი საფეხურის მომზადების მცდელობა. თუკი იმ პერიოდის დამფუძნებელი კრების სტენოგრაფიულ ანგარიშებს და პრესის მასალებს გავეცნობით, დავრწმუნდებით რომ მაშინდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ის გარდუვალი საფრთხე, რომელიც მას ჩრდილოეთიდან – საბჭოთა რუსეთის, ხოლო სამხრეთიდან – ოსმალეთის სახით ემუქრებოდა. ამის შესახებ პრესის ფურცლებზე ოფიციალურად გამოქვეყნებული მასალებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი მოწინავე სტატია – „ბათუმი და ბოლშევიზმი“ იქცევს. მასში საზოგადოების საყურადღებოდ ხაზგასმითაა მითითებული ბოლშევიკების, ოსმალებისა და დენიკინელების მჭიდრო კავშირურთიერთობაზე, იმ გეგმებზე, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, საქართველოსაგან ჩამოცილებას ითვალისწინებდა. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალ საშუალებად იმავე სტატიის ავტორს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში უცხო სახელმწიფოსგან დაფინანსებული ორგანიზაციების თავისუფლად მოქმედების დაუყოვნებლივი ალაგმვა მიაჩნდა. ამ მიმართულებით წარმატების მიღწევის, რეალურ გარანტად ბათუმის საკითხის დროული გადაჭრა იყო დასახელებული. „ბათუმის საკითხის გადაჭრა – ვკითხულობთ იმავე წერილში – ბოლშევიკურ საფრთხესთან ბრძოლისათვის აუცილებლად საჭიროა. ბოლშევიზმი მოდის ჩრდილოეთიდან, პანისლამიზმი სამხრეთიდან და ამ ორმა ძალამ უკვე მისცა ერთმანეთს ხელი ბათუმში. ბათუმის შემოერთებას ჩვენთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან ამით ჩვენ გავწყვეტთ იმ რკინის ჯაჭვს, რომელიც ბოლშევიკ პანისლამისტებმა შემოარტყეს გარშემო ჩვენს რესპუბლიკას“.
ამ შემთხვევაში, ქართული პოლიტიკური სპექტრის მესვეურნი არ ცდებოდნენ. მიღებული ინფორმაციის საფუძვლიანად გადამუშავებისა და სწორი ანალიზიდან გამომდინარე, მათ წინაშე მოსალოდნელი რეალური საფრთხის ის კონტურები იკვეთებოდა, რომელიც ოსმალეთიდან და რუსეთიდან ემუქრებოდა საქართველოს. მითუმეტეს, ამ ორ სახელმწიფოს შორის „მეგობრობის“ ფორმატით ურთიერთობა და „იმპერიალიზმის წინააღმდეგ“ ერთობლივი ბრძოლის მოტივით დაახლოება, საფეხურებრივად მიმდინარეობდა. ამის რეალურ დადასტურებას მუსტაფა ქემალ ფაშასადმი გ. ჩიჩერინის მიერ 1920 წლის ივნისში გაგზავნილი ნოტა წარმოადგენს. ამ დოკუმენტში ხაზგასმითაა მითითებული, რომ იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ ოსმალეთის მხრიდან შეთავაზებულ წინადადებას საბჭოთა რუსეთი იწონებდა. იმავდროულად იგი ოსმალეთის ტერიტორიის უდაო ნაწილების ოსმალეთის ფარგლებში მოქცევას უჭერდა მხარს. ამ ფაქტთან დაკავშირებით იმავე დოკუმენტში ვკითხულობთ: `საბჭოთა ქვეყანა კმაყოფილებით აღნიშნავს ოსმალეთის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს... 1) ოსმალეთის დამოუკიდებლობას; 2) ოსმალეთის ფარგლებში ოსმალეთის ტერიტორიის უდაო ნაწილების მოქცევას“. ამ შემთხვევაში დაკონკრეტებული არ იყო თუ რომელი ოლქი ან ოკრუგი უნდა ყოფილიყო აღიარებული ოსმალეთის უდაო ტერიტორიად. მითუმეტეს, ოსმალეთის პარლამენტის მიერ 1920 წლის 28 იანვარს მიღებული „ეროვნული ფიცის“ მეორე მუხლი, როგორც ზემოთაც გვქონდა აღნიშნული, ყარსისა და ბათუმის ოლქებს ოსმალეთის უდაო ტერიტორიად აცხადებდა და საქართველო-ოსმალეთის საზღვარს მდინარე ჩოლოქზე ავლებდა. ამ შემთხვევაში, საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ნებსით თუ უნებლიედ ივიწყებდა საბჭოთა რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის ერთი თვის წინად დადებულ ხელშეკრულებას (1920 წლის 7 მაისი), რომლის მეოთხე მუხლის თანახმად, რუსეთი ვალდებულებას იღებდა საქართველოს რესპუბლიკის უდაო შემადგენელ ნაწილებად ეღიარებინა „რუსეთის სახელმწიფოს ყოფილი ოლქები: თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ყველა მაზრებით და ოლქებით“.
ჩემს მიერ ზემოთ მოტანილი ფაქტებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ საბჭოთა რუსეთის დი პლომატია ორმაგი სტანდარტების ფორმას იყენებდა და ოსმალეთის ხელისუფლებას საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების დასაწყებად განაწყობდა. მითუმეტეს, საბჭოთა რუსეთის ხელისუფალნი საქართველოს მთავრობას, – იმპერიალისტური სახელმწიფოების ერთერთ ქვემდებარე რგოლად განიხილავდა. რაც შეეხება ოსმალეთის მთავრობის მეთაურს მუსტაფა ქემალს, მის პირველ ამოცანას ოსმალეთის ტერიტორიიდან ინგლისის, საფრანგეთის, იტალიისა და საბერძნეთის გაერთიანებული სამხედრო ძალების გამოდევნა წარმოადგენდა. ამ ჩანაფიქრის აღსრულების ხელშემწყობად, მის მიერ საბჭოთა რუსეთი იქნა მიჩნეული. მუსტაფა ქემალმა გარკვეულ პოლიტიკურ ეშმაკობასაც მიმართა. მხედველობაში მაქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარისადმი ოსმალეთის დიდი ეროვნული კრების მიერ 1920 წლის 12 ივლისს გაგზავნილი წერილი, სადაც გაცხადებული იყო, რომ ოსმალეთის მთავრობის წევრები ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს რუსეთის ხელისუფლებას. ამ ფონზე, პირობას დებდნენ რომ რუსეთის „დიდი რევოლუციის“ ძირითადი პრინციპები ოსმალეთის რელიგიურ და ეროვნულ ტრადიციებთან იქნებოდა შეფარდებული. ამ მიმართულებით პირველი საჩვენებელი ნაბიჯი მუსლიმანი ბოლშევიკების კომიტეტის შექმნით გადაიდგა. ეს ფაქტი გარკვეულ იდეოლოგიურ დატვირთვას ატარებდა და საბჭოთა რუსეთის ხელისუფალთა გულისმოგებაზე იყო გათვლილი. მუსტაფა ქემალმა შესანიშნავად იცოდა რასაც აკეთებდა. მის მთავარ ამოცანას იმ ეტაპზე ბოლშევიკური იდეოლოგიის გამტარებელი და განუზომლად დიდი პოტენციის მქონე ქვეყნის მხრიდან ნდობის მოპოვება წარმოადგენდა. ზემოაღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსკოვში ქემალ ფაშას მეთაურობით საგანგებო დელეგაცია გაგზავნა. ისტორიოგრაფიაში დადასტურებულია, რომ ანტანტის სახელმწიფოთა წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, საბჭოთა რუსეთმა ოსმალეთს ფინანსური და სამხედრო შეიარაღების გადაცემითაც თანადგომა გამოუცხადა. მხედველობაში მაქვს 1920 წლის ზაფხულში ოსმალეთისადმი გადაცემული 6000 ათასი საბრძოლო შაშხანა, 5 მილიონზე მეტი ვაზნა, 18 ათასამდე საარტილერიო ჭურვი და რაც მთავარია ფულადი დახმარება (ოქროს კურსით 5 მილიონი მანეთი). იმავე წლის სექტემბერში საბჭოთა რუსეთმა ოსმალეთის წარმომადგენელს ერზრუმში 200,6 კგ. ოქროს ზოდები გადასცა. ხოლო 1920 წლის 27 დეკემბრიდან 1921 წლის 9 იანვრამდე მონაკვეთში, კავკასიის ფრონტის სარდლობიდან ტუაფსეში ოსმალეთის მისიამ 6 ქვემეხი და 9 ათასი ჭურვი მიიღო. იმავე წლის 14 თებერვალს, ტუაფსედან ზღვით ოსმალეთში 3733 შაშხანა და 5 მილიონზე მეტი ვაზნა გაიგზავნა.7
ეს ფაქტები იმის ნათელი დადასტურებაა, რომ საბჭოთა რუსეთი ოსმალეთის ხელისუფლებას სერიოზულ დახმარებას უწევდა და საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი ომის დაწყების შემთხვევაში, მასში საიმედო პარტნიორს ხედავდა. საბჭოთა რუსეთსა და ოსმალეთს შორის მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან საქართველოსადმი მოსალოდნელი საფრთხის გარდუვალობაზე საზოგადოებას აშკარად მიანიშნებდნენ. მითუმეტეს, ამიერკავკასიის რეგიონში განვითარებული მძიმე პოლიტიკური პროცესების – აზერბაიჯანის (1920 წლის 28 აპრილი) და სომხეთის (1920 წლის 29 ნოემბერი) გასაბჭოება ამის მყარ საფუძველს იძლეოდა. ძალთა ასეთი გადაჯგუფებით, საბჭოთა რუსეთმა აღმოსავლეთიდან საქართველო რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. საბჭოთა რუსეთისა და ოსმალეთის მიზნების სრულად განხორციელების ხელშემშლელ დაბრკოლებად ამიერკავკასიის რეგიონში იმ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს პირველი რესპუბლიკა შეიქმნა. მისი ატანა, რუსეთ-ოსმალეთის ხელისუფალთა მხრიდან შეუძლებელი ხდებოდა. ამის დადასტურებას, აღნიშნული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ ნოტების სახით შექმნილი დოკუმენტური მასალები წარმოადგენს. ისიც ანგარიშგასაწევია, რომ მათი მოქმედებისათვის თავისუფალი სივრცის შექმნაში გარკვეული დამსახურება დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უმოქმედობას მიუძღოდა. ისინი ერთმანეთისადმი „ცხვრის დუმის“ ხელიდან წაღლეტის ახალი მეთოდების შექმნით იყვნენ გართულნი და აღმოსავლეთის „დერეფნისადმი“ ნაკლებდაინტერესებას იჩენდნენ. ამიერკავკასიის რეგიონისადმი დასავლეთის ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ, საქართველო მიზანმიმართულად რუსეთ-ოსმალეთის საჯიჯგნ ობიექტად აქცია. ეს ფაქტი, დასავლეთ ევროპის საღად მოაზროვნე ჟურნალისტებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში მათ მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას გაზეთ „ტანი“-ს ჟურნალისტის ჟანტიზანის მიერ 1920 წელს დაბეჭდილი წერილები იქცევს. `უკვე ეხლა – წერს იგი – საქართველო კავკასიის ფრონტის დიდ ნაწილზე აბრკოლებს პირდაპირ ურთიერთობას ბოლშევიკებსა და ოსმალო ნაციონალისტებს შორის, რომელნიც თუმცა სხვადასხვა მიზნებს მისდევენ, მაგრამ ერთნაირად ცდილობენ მოკავშირე დემოკრატთა გამარჯვებას საბოტაჟი გაუკეთონ“.8 თუკი ყოველივე აღნიშნულს გავითვალისწინებთ, ჩრდილოეთისა და სამხრეთის სახელმწიფოთა (რუსეთ-ოსმალეთი) მიზანი იდენტური იყო. საქმე საქართველოს სახელმწიფოს დაჩოქებას ან მის საბოლოო განადგურებას ეხებოდა. ამ მიმართულებით რუსეთ-ოსმალეთის დიპლომატიური კორპუსი აქტიურად მოქმედებდა და დასახული მიზნის მისაღწევი შედეგიანობის გასაზრდელად – გასაბჭოებული აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც იყენებდა. აღნიშნული ფაქტის სისწორეს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 აპრილის სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში აკაკი ჩხენკელიც ადასტურებდა. იგი მოსკოვ-აზერბაიჯან-არზრუმის ერთობლივი ბლოკის მიზნებისა და ამოცანების შესახებ საგანგებოდ ამახვილებდა ყურადღებას და დამფუძნებელი კრების დეპუტატებს შეახსენებდა, რომ ამ „ბლოკის“ არსებობა „ბრესტ-ლიტოვსკის განახლებას“ – ბათუმის, არტაანის და ყარსის ისევ ოსმალეთის მხრიდან ხელში ჩაგდების მცდელობას წარმოადგენდა. როგორც ვხედავთ, მაშინდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი მოსალოდნელ საფრთხეს სწორად აფასებდა და გამოსავალი გზების ძიების საკითხსაც აყენებდა. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას გაზ. „საქართველოში“ დაბეჭდილი სარედაქციო წერილი „ჩვენ და ოსმალეთი“ იქცევს. მასში გარკვევითაა ნათქვამი, რომ მუსტაფა ქემალის თურქული ნაციონალისტური მოძრაობა, ანტანტის სახელმწიფოების წინააღმდეგ იყო მიმართული და მცირე აზიიდან მათი განდევნის აუცილებლობას ისახავდა მიზნად. ეს ფაქტორი ოსმალეთ-რუსეთის ურთიერთობაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. „ამის გარეშე – ვკითხულობთ იმავე წერილში – არ არსებობს არავითარი შემაერთებელი მოტივი ოსმალეთსა და დღევანდელი სახის რუსეთს შორის“. ანალოგიური შეხედულება გამოთქვა გრ. ვეშაპელმა საქართველოს დამფუძნებელი კრების მე-14-ე სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემს ხელთ არსებული მასალები შესაძლებლობას მაძლევს განვაცხადო: იმ პერიოდის ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რუსეთ-ოსმალეთის კავშირის ძირითადი მიზნები და ამოცანები სწორად ჰქონდა გაცნობიერებული. მითუმეტეს, ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, რუსეთ-ოსმალეთის კავშირში იმპერიალიზმის ნიშნებს – დიდი სახელმწიფოების მხრიდან პატარა ერების დამონების დაუოკებელ მისწრაფებას ხედავდა. თუკი ამ ჭრილში განვიხილავთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, საქართველოსთან მიმართებაში ინგლისის ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები, ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა გაკვირვებას იწვევდა. მითუმეტეს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის დონეზე გაკეთებული ოფიციალური განცხადებების მიხედვით, საქართველოს სამომავლო ბედი, მათი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებთან იყო დაკავშირებული. თუკი ინგლისი ამ მიმართულებით პრაგმატულ ნაბიჯს გადადგამდა, ამიერკავკასიის რეგიონში მისი გავლენის შენარჩუნებაზე საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებიდან გამომდინარე, თუკი ინგლისსაქართველოს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეოდა, ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოსთან პოლიტიკური მფარველის ფუნქცია უნდა ეკისრა. მითუმეტეს, უცხოური პრესის „ჟურნალ დე ჟენევი“-ს ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორები საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მოსალოდნელი განადგურების გარდუვალობაზე წერდნენ. ამ საშიშროებას ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურები კარგად ხედავდა და ინგლისის ახლოაღმოსავლური წაჯექ-უკუჯექის პოლიტიკური კურსი მიუღებლად მიაჩნდათ. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილი მოწინავე სტატია „ოსმალეთი“ იქცევს. მასში რუსეთ-ოსმალეთის კავშირის ფონზეა განხილული ამიერკავკასიის მიმართულებით ოსმალეთის მხრიდან განხორციელებული შეტევითი კურსის ძირითადი არსი. ახსნილია მისი განმაპირობებელი მიზეზები და რაც მთავარია, საზოგადოების მისამართით გამაფრთხილებელი ფორმითაა ნათქვამი: „მათი ეხლანდელი მიზანი მოსკოვთან შეთანხმებით ისაა, რომ გაანადგურონ სომხეთი და საქართველო“. ოსმალეთის განსაკუთრებულ აქტიურობას და კავკასიის მიმართულებით „მხრებგაშლით“ მოქმედებას, ქართული პოლიტიკური ელიტა ინგლის-საფრანგეთის ახლოაღმოსავლური არათანმიმდევრული პოლიტიკური კურსის შედეგს უკავშირებდა. ოსმალეთისადმი ინგლისის ლოიალურ დამოკიდებულებას, ქართული პოლიტიკური სპექტრი ბრიტანეთის ხელისუფალთა „პოლიტიკური ფანტაზიის“ ჭრილში განიხილავდა და სავსებით კანონზომიერად დასძენდა, რომ „მოკავშირეთა“ პოლიტიკური „აბრუნდის“ კურსის გამო, მათი დახმარების იმედზე მყოფი საქართველო და სომხეთი ანტანტის სახელმწიფოებმა ხელფეხშეკრული ოსმალეთს მიუგდეს. ევროპის ქვეყნების მხრიდან კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან პოლიტიკური თამაშით, მაკიაველიზმისადმი დამახასიათებელი ქმედებებით – ინგლისის დიპლომატიის წარმომადგენლები გამოირჩეოდა. ამ შემთხვევაში სერვის საყოველთაოდ ცნობილი ხელშეკრულება (1920 წლის 10 აგვისტო) მაქვს მხედველობაში.
აღნიშნული დოკუმენტის ოფიციალურად მიღებამდე (ოთხი თვით ადრე – 1920 წლის 20 აპრილი), ინგლისის დიპლომატიურმა წრეებმა წინასწარი განხილვის მიზნით ოსმალეთს საზავო პირობების 8 პუნქტიანი პროექტი გადასცა. იგი ჩვენთვის იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არაპირდაპირი ფორმით კითხვითი ნიშნის ქვეშაა დაყენებული. ამ დოკუმენტის პირველი მუხლით ოსმალეთის ტერიტორიული საზღვრის ხელშეუხებლობა და მოკავშირეთა მანდატის ქვეშ მისი დამოუკიდებლობაა დადასტურებული. რამდენადაც მასში სახელმწიფოს საზღვარი არ იყო დაკონკრეტებული, ეს ფაქტი ოსმალეთის მმართველ წრეებს, ოსმალეთის პარლამენტის მიერ 1920 წლის 28 იანვარს მიღებული „ეროვნული ფიცის“ მეორე მუხლით მოქმედების შესაძლებლობას აძლევდა. როგორც ზემოთაც მქონდა აღნიშნული, „ეროვნული ფიცის“ ამ მუხლით, ყარსისა და ბათუმის ოლქები ოსმალეთის შემადგენლობაში იყო შეტანილი. აქედან გამომდინარე, მოკავშირეებთან ომში დამარცხებული ოსმალეთი, დაკარგული ტერიტორიების (სირია, მესოპოტამია, პალესტინა, ყველა სამფლობელო არაბეთში, აღმოსავლეთი ფრაკია, იზმირისა და აიდინის ვილაიეთები) სანაცვლოდ, კონპენსაციის მიღებას ამიერკავკასიის ხარჯზე ცდილობდა და საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორიების მიტაცებას ისახავდა მიზნად. ამ ჩანაფიქრის აღსრულებისათვის, გარკვეული სამართლებრივი საფეხურის მომზადებას ცდილობდა. მხედველობაში მაქვს ოსმალეთის ხელისუფლების მხრიდან სერვერ ბეგის ფაქტორის წინაპლანზე წამოწევა (1920 წლის მარტი) და სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს რეგიონში ამ პიროვნების მოქმედების გააქტიურება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი პუბლიკაციები იქცევს („ბალშევიზმი, მუსტაფა ქემალ ფაშა და სერვერბეგი“, „სერვერ ბეგის ახალი ავანტურა“). მასში ძირითადი ყურადღება „კავკაზსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ წერილზე, „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის მუსლიმანური კომიტეტისა“ და ბოლშევიკების მიერ გავრცელებულ პროკლამაციაზეა საუბარი. ეს დოკუმენტები მუსლიმანი ქართველების საქართველოდან გამოყოფის და ოსმალეთთან შეერთების მოწოდებას წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში, ოსმალეთის ხელისუფალნი დასახული მიზნის განსახორციელებლად მუსლიმანი ქართველების გამოყენებას ცდილობდა. სერვერ ბეგის პოლიტიკურ ასპარეზზე „განახლებული ფორმით“ გამოჩენა და მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართვა, საქართველოს ტერიტორიის მისატაცებლად შესაბამისი წინაპირობის მომზადებისთვის იყო გათვლილი. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ოსმალთა ამ მზაკვრული გეგმის განხორციელების ხელშემწყობ ფაქტორს ორი გარემოება ქმნიდა: ა) სერვის ხელშეკრულების (1920 წლის 10 აგვისტო) პირველი მუხლი და ბ) რუსეთ-ოსმალეთს შორის მეგობრულ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკება.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით მოახლოებული საფრთხე, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ყურადღების მიღმა არ დარჩენია და შესაბამისი რეაგირება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დროულად მოახდინა. მხედველობაში მაქვს საქართველოს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 5 ნოემბრის სხდომა, რომელმაც ერთადერთი საკითხი „მთავრობის განცხადება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ“ – განიხილა. მთავარი მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრმა ნ. რამიშვილმა გააკეთა.
1918 წლიდან 1920 წლის ნოემბრამდე განვლილი პოლიტიკური პროცესების ანალიზის ფონზე, მან სწორად განსაზღვრა ოსმალეთისა და რუსეთის ინტერესები საქართველოს მიმართ. აქედან გამომდინარე, იმ გარდუვალ საფრთხეზე მიუთითა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ემუქრებოდა. ამ ფონზე ქართველ კანონმდებლებს შეახსენა: „თუ გნებავთ მშვიდობიანობა, ემზადეთ ომისათვის“. საქართველოს სახელმწიფოს გასანადგურებლად აღმართული მახვილის გაუვნებელყოფის ერთადერთ საშუალებად ნ. რამიშვილს იმ ეტაპზე მოწინააღმდეგისათვის ძალის დაპირისპირება მიაჩნდა. „თუ გნებავთ ქემალის ლაშქრის თავიდან აცილება – ამბობდა იგი – წინ დაუყენეთ მას ასეთივე ლაშქარი,... აჩვენეთ შესაფერისი სამხედრო ძალა და ის იძულებული იქნება ჩვენს საზღვრებს გზა აუაროს. ქემალ ფაშა ემყარება არა თავის სუსტ ძალას, არამედ ბოლშევიკებისა და ადგილობრივი მუსლიმანების თანაგრძნობას“. აქ გარკვევითაა ნათქვამი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ოსმალო დამპყრობლების მოქმედების ძირითად დასაყრდენს, ბოლშევიკური ორგანიზაციები და მუსლიმანური მოსახლეობა წარმოადგენდა. რაც შეეხება რუსეთისადმი დამოკიდებულებას, იგივე ნ. რამიშვილი გარკვევით მიუთითებდა: `ჩვენ გვაქვს მოსკოვის მთავრობის კატეგორიული განცხადება, რომ ის ჩვენთან დადებულ ხელშეკრულებას სავსებით ემყარება, ბათუმის ოლქს საქართველოს უდაო ნაწილად სცნობს და ქემალ ფაშას საქართველოში გამოლაშქრებას დაუშვებლად აღიარებს. ამ დაპირებას არ ახლავს არავითარი გარანტია და არც შეიძლება ახლდეს. გარანტია არის მხოლოდ ჩვენი ძალა, ჩვენი მომზადება, ჩვენი მამაცობა“.9
აღნიშნული ამონაწერის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, იგი ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) საბჭოთა რუსეთის მიერ ბათუმის ოლქის საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებისადმი ნდობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მართალია, რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით ბათუმის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში სამართლებრივად იქნა დადასტურებული, მაგრამ რუსეთის ხელისუფალთა მხრიდან საქართველოში გაწეული პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი ფაქტები, შინაგან საქმეთა მინისტრს ნ. რამიშვილს ასეთი განცხადების გაკეთების რეალურ საფუძველს აძლევდა. აქედან გამომდინარე, ბ) მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან აცილების და ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად იგი ქართული სამხედრო შენაერთების მაღალ დონეზე შეიარაღებას, მისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას და მზადყოფნაში მოყვანას ნომერ პირველ ამოცანად მიიჩნევდა. ყოველივე ეს იმის დამადასტურებელია, თუ რამდენად მაღალ დონეზე ქონდა საქართველოს ხელისუფლების შესაბამის უწყებებს გაცნობიერებული მოახლოებული საფრთხე და ქვეყნის დამცავი მექანიზმის დროულად შექმნის აუცილებლობა.
მართალია, საკითხი სწორად იყო დასმული, მაგრამ მისი პრაქტიკულად განხორციელება უდიდეს ფინანსურ ხარჯებს უკავშირდებოდა. მითუმეტეს, ევროპის სახელმწიფოების მხრიდან სურსათითა და ამუნიციით უზრუნველყოფის შეპირებული დახმარება იმ ეტაპზე საქართველოს ჯერ კიდევ მიღებული არ ქონდა. ამის შესახებ ინგლისის, საფრანგეთის, აშშ- ის და იტალიის დიპლომატიური წარმომადგენლებისადმი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნ. ჟორდანიას მიერ გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში (1920 წლის 20 მარტი) ხაზგასმით იყო მითითებული. რამდენადაც ევროპიდან ამ მიმართულებით არანაირი დახმარების იმედი არ ჩანდა, საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივ რესურსს უნდა დაყრდნობოდა თუკი ამის საშუალებას ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და ბიუჯეტი მისცემდა. ანალოგიურ პოზიციას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებიც იცავდა.
ამ მხრივ განსაკუთრებით გრ. ვეშაპელი გამოირჩეოდა. საქართველო-ოსმალეთის და რუსეთ-ოსმალეთის პოლიტიკური ურთიერთობების ანალიზიდან გამომდინარე, მოსალოდნელ საფრთხეზე იგი ხაზგასმით მიუთითებდა. მისი მტკიცებით, საქართველო თუკი პირველი საფეხურის ოსმალურ აგრესიას გადაურჩებოდა, მეორე საფეხურზე დაზღვეული აღმოჩნდებოდა იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ რუსეთ-ოსმალეთის ზემოაღნიშნული კავშირი დროებით სახეს ატარებდა და შინაგანი წინააღმდეგობიდან გამომდინარე, მისი დაშლა გარდუვალი იყო. ამის ძირითად მიზეზად გრ. ვეშაპელი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე რუსეთის ინტერესებს ასახელებდა. რაც შეეხება ამიერკავკასიის მიმართულებით ოსმალეთის გააქტიურებას, აღნიშნულ ფაქტს, რუსეთის სამომავლო ინტერესებით ხსნიდა და ამის დასამტკიცებლად საქართველოში მოქმედი კომუნისტური ორგანიზაციის მიერ დაბეჭდილ პუბლიკაციებს იმოწმებდა. ამ მასალების მიხედვით, ოსმალეთის აგრესიისგან საქართველოს გადარჩენის ერთადერთ საშუალებად, საქართველოს მხრიდან საბჭოთა რუსეთისადმი დახმარების თხოვნა იყო დასახელებული. ქართველმა ბოლშევიკებმა პრორუსული ორიენტაციის ეს კურსი საქართველო-ოსმალეთს შორის შექმნილ უმძიმეს სიტუაციას დაამთხვიეს. ამით ფართო საზოგადოებას მიანიშნებს, რომ ოსმალო დამპყრობლებისაგან უსაფრთხოების გარანტიის შექმნა მხოლოდ რუსეთს შეეძლო.
იმ პერიოდის დოკუმენტური მასალების მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, ქართული პოლიტიკური სპექტრის (ბოლშევიკების გარდა) მესვეურნი კარგად ხედავდნენ, რომ ჩრდილოელი და სამხრეთელი მეზობელი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას ფიზიონომიურად ვერ იტანდა და მის დანგრევას ყოველმხრივ ცდილობდა. ეხებოდა რა აღნიშნულ საკითხს, გრ.ლორთქიფანიძე სავსებით სამართლიანად დასძენდა: „ყველა იმ სამხედრო მოუსვენრობისა და შფოთის მიზეზი, რომელშიაც უხდებოდა ცხოვრება დამოუკიდებელ საქართველოს, იყო უცხო, გარეშე ძალა, სახელდობრ პირველ ყოვლისა რუსეთი და შემდეგ ოსმალეთი, ვინაიდან ეს ძალები ვერ ურიგდებოდნენ საქართველოს სუვერენობას. იგივე ძალები იყვნენ საერთოდ ამიერკავკასიის ცხოვრების აღმრევნი. აქაც მიზანი იყო იგივე –მთელი ამიერკავკასიის დაპყრობა – დანაწილება“.10 ეს საფრთხე, საქართველოს სახელმწიფოს მმართველი პოლიტიკური პარტის ლიდერებს მთელი სისრულით ჰქონდა გაცნობიერებული. ამის ერთ-ერთ დადასტურებას, გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი მოწინავე წერილი „მტერი გვიახლოვდება“ – წარმოადგენს.
ამიერკავკასიის გარშემო შექმნილი ურთულესი პოლიტიკური სიტუაციის ანალიზის ფონზე, აღნიშნულ პუბლიკაციაში საქართველოს საკითხი წინაპლანზეა წამოწეული და საქართველოსთან მიმართებაში, ოსმალეთიდან მოსალოდნელი საფრთხე დასაბუთებული ფორმითაა ნაჩვენები. განსაკუთრებული ყურადღება ორ ძირითად ფაქტორზეა გადატანილი: 1) საქართველოს სისუსტეზე და 2) ძლიერებაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა თავისი სამხედრო პოტენციალის წარმოჩენას ვერ შეძლებდა და ოსმალეთის თვალში დაჩიავებული ფორმით აისახებოდა, ქემალ ფაშას მხრიდან საომარი მოქმედებების განახლება და სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებში შემოჭრა გარდუვალი გახდებოდა. რაც შეეხება მტკიცე, სამხედრო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდირებული ფორმით წარმოჩენილ ქვეყანასთან მიმართებაში ოსმალეთის პოზიციას, ამის შესახებ იმავე პუბლიკაციაში ვკითხულობთ: `მან (ოსმალეთმა შ.ვ.) შეიძლება იკადროს „მშვიდობაზე“, „კეთილდღეობაზე“ და „მეგობრობაზე“ ლაპარაკი“. იმავე სტატიის ავტორის აზრით, თუკი ქემალ ფაშას საქართველოსთან მიმართებაში მტრული დამოკიდებულება არ გააჩნდა, „საჭიროა, ეს სიტყვები თვით... ქემალ ფაშასგან გავიგონოთ. მაგრამ ამ სიტყვებზე კიდევ უფრო საჭიროა გავიგოთ, თუ რა გარანტიებს მოგვცემს ქემალფაშა იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორია მის თვალში ხელშეუხებელია. ჩვენ მზათ ვართ იმ შემთხვევისთვისაც, თუ ამნაირი გარანტიის მოცემაზე ოსმალეთის ნაციონალისტები უარს იტყვიან“.
ჩემს მიერ მოტანილი ამ ამონაწერიდან კარგად ჩანს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ოსმალეთს უნდობლად ეკიდებოდა და მის ყოველ დაპირებასთან მიმართებაში შესაბამისი გარანტიების მიღების აუცილებლობის საკითხს აყენებდა. ანალოგიური სახის პოზიცია ეჭირა ეროვნულ-დემოკრატებსაც. ამის უდაო დადასტურებას გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილი სტატია „ჩვენ და ოსმალეთი“ წარმოადგენს. მასში დასმული ძირითადი დებულებები შემდეგი სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1) ოსმალეთის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში „მეგობრული“ კილოთი საუბარი შესაბამისი გარანტიებით უნდა იქნეს გამყარებული; 2) ოსმალეთის ხელისუფალნი ოფიციალურად უარყოფდნენ ლონდონის გაზეთ „ტაიმსის“ მიერ დაბეჭდილ ინფორმაციას, – ოსმალეთის მხრიდან საქართველოზე მოსალოდნელი თავდასხმისა და ბათუმის ოლქის მიერთების შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურნი ასეთი ზედაპირული განცხადებით არ კმაყოფილდებოდნენ და დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით პრინციპულად აყენებდნენ საკითხს: `გვახარებს ოსმალეთის განცხადება, მაგრამ... იმის მოლოდინშიაც ვართ, რომ იგივე ანგორის მთავრობა ოფიციალურად დაჰგმობს ოსმალო ემისრების პროვოკაციულ მოქმედებებს აჭარაში და საჯაროდ განაცხადებს, რომ მუსლიმანი ქართველების წამქეზებლებთან ანგორის ხელისუფლებას არაფერი აერთებს“. ასეთი სახის ოფიციალური დოკუმენტის მიკვლევა შეუძლებელი გახდა. საარქივო მასალებით დადასტურებულია, რომ „სამუსლიმანო საქართველოში“ მიმდინარე ანტიქართული გამოსვლების მხარდამჭერისა და დამფინანსებლის როლში ოსმალეთი გამოდიოდა; 3) იმავე პუბლიკაციაში მეზობელი სახელმწიფოებიდან და განსაკუთრებით ოსმალეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ოფიციალურად აღიარების აუცილებლობის საკითხია დასმული. „ოსმალეთს მოეთხოვება – ვკითხულობთ იმავე სტატიაში – საჯარო დადასტურება საქართველოს სახელმწიფო მიჯნის იმ ხაზზე მაინც, რომელიც გვაერთებს მასთან. ასეთი გამოსვლა ოსმალეთისა ნათელს შეიტანდა ჩვენი ურთიერთობის ბევრ მხარეში. სამუსლიმანო საქართველოს... პრობლემის ჯეროვან გადაჭრაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების საკითხი და ამაში მთელი ერი ერთნაირადაა დაინტერესებული“.
როგორც ვხედავთ, ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურები ოსმალეთისგან საქართველოს საზღვრებში ოფიციალურად იმ ტერიტორიების აღიარებას მოითხოვდა, რომელიც ა) ოსმალეთის პარლამენტის მიერ მიღებული „ეროვნული ფიცის“ (1920 წლის 28 იანვარი) მეორე მუხლით ოსმალეთის კუთვნილებად იყო გამოცხადებული და ბ) ანკარის მთავრობის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი 1920 წლის 25 ივნისს წარდგენილი ნოტით, აღნიშნულ ტერიტორიებზე ოსმალეთის პრეტენზია იყო გამოთქმული. ისიც საყურადღებოა, რომ გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, ოსმალეთის ამ მტაცებლურ მისწრაფებას საბჭოთა რუსეთი დაუპირისპირდა და პრინცი პულად მოითხოვა, რათა ოსმალეთ-საქართველოს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რუსეთსაქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების ძირითადი დებულებები დადებოდა საფუძვლად.11 აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ყურადღებას საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარის გ. ჩიჩერინის მიერ ოსმალეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახმედ მუხტარისადმი 1920 წლის 19 დეკემბერს გაგზავნილი ნოტა იქცევს. ამ დოკუმენტის მესამე აბზაცში ვკითხულობთ: რაც შეეხება კავკასიის სახელმწიფო საქართველოს, საბჭოთა მთავრობამ დადო მასთან შეთანხმება 1920 წლის 7 მაისიდან. ჩვენ მოგვეცა ინსტრუქცია დაუყონებლივ გადმოგცეთ ამ შეთანხმების სრული ტექსტი. ის გადმოეცემა ანგორაში გადმოსაგზავნად თქვენს წარმომადგენლებს: ტიფლისში - კიაზიმ ბეის და არმენიაში კიაზიმ კარა ბექირს. საბჭოთა მთავრობა თვლის უფრო სასურველად თურქეთისა და რუსეთის ინტერესებისათვის სამშვიდობო შეთანხმების დადებას თურქეთსა და საქართველოს შორის რუსეთ-საქართველოს შეთანხმების გათვალისწინებით“.12
პოზიციის ასეთი ფორმით ოფიციალურად გამოთქმისა და საბჭოთა რუსეთისგან მოკავშირისადმი შესაბამისი რეკომენდაციის მიცემის მიუხედავად, ოსმალეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ბათუმის ოლქის საქართველოს შემადგენლობაში აღიარებას არ ჩქარობდა. მათი მხრიდან საკითხის შეგნებულად გაჭიანურებას გარკვეული საფუძველი გააჩნდა. მხედველობაში მაქვს იმავე საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ ოსმალეთის მთავრობისადმი 1920 წლის 2 ივნისს გაგზავნილი ნოტა. ამ დოკუმენტის მიხედვით, საბჭოთა რუსეთის ხელისუფალნი ოსმალეთის „ეროვნული ფიცის“ მეორე მუხლით გათვალისწინებულ საზღვრებს აღიარებდა. რამდენადაც, 2 ივნისისა და 19 დეკემბრის ნოტები ურთიერთგამომრიცხავ პოზიციას შეიცავდა, ეს ფაქტი ოსმალეთის დიპლომატიურ წრეებს თავისუფალი მოქმედებისა და ოსმალეთ-საქართველოს სასაზღვრო ხაზის გავლებასთან მიმართებაში კონკრეტული პასუხისაგან თავის არიდების შესაძლებლობას აძლევდა. ამ ფორმას განსაკუთრებით საქართველოს დიპლომატიურ წრეებთან და პრესის წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს იყენებდნენ. ამის უდაო დადასტურებას, ოსმალეთის ოფიციალური წარმომადგენელის პოლკოვნიკ ქიაზიმ ბეის საქართველოში ჩამოსვლისას გაზეთ „საქართველოს“ კორესპონდენტის მიერ აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში დასმულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხისადმი თავის არიდების მცდელობა წარმოადგენს. საქართველო-ოსმალეთს შორის სამომავლო ურთიერთობასთან მიმართებაში კორესპონდენტისა და რესპოდენტის დიალოგის ამსახველი ვრცელი მასალა იმ პერიოდის პრესის ფურცლებზე დაიბეჭდა და მკითხველი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო. ქართული მხარის შეკითხვაზე: „1. რა საზღვრებში სცნობთ თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიას?; 2. როგორ უყურებს ანგორის მთავრობა ქართველ მუსლიმანებს, განსაკუთრებით ბათუმს და მის ოლქს?“ საქართველოს სახელმწიფოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან და სასიცოცხლო საკითხთან მიმართებაში ქიაზიმ ბეიმ „შემოვლითი გზის“ ფორმას მიმართა და კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილ მოწინავე წერილში „ანგორის რწმუნებული“ შეფარვითი გულისწყრომით იყო ნათქვამი: „ანგორის მთავრობამ, თუ ის მართლა გულით არის მოწადინებული ჩვენთან მეზობლურ განწყობილებას, ამის თვალსაჩინო გარანტიები უნდა დაგვანახოს. ეს კი შეიძლება მხოლოდ საჭირო განცხადებით, რომ ბათუმის ოლქი და საერთოდ სამხრეთის საზღვრის საკითხი მას ჩვენთან სადაოდ არ მიაჩნია... ისტორიულ შეცდომებზე ხელის აღება საბოლოოდ და საქართველოს ბუნებრივი საზღვრების ცნობა ერთადერთი გზაა დღეს კეთილმეზობლობის. სანამ ეს გარანტია არ არსებობს, ჩვენ ვერ ვეტყვით ქართველ ხალხს, გულდამშვიდებით უცქირე შენი მეზობლის იარაღის ჟღარუნსო. სანამ ეს არ განხორციელდება, საქართველო ვერ იქნება იმედიანად თავის სამხრეთ საზღვრების შესახებ“.
ამ ამონაწერის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, იმ პერიოდის ქართული პოლიტიკური აზრის მესაჭენი ოსმალეთის წარმომადგენელთა კულუარულ შეპირებებს ნდობას არ უცხადებდა და საქართველოს სამხრეთი საზღვრების აღიარებასთან მიმართებაში ოფიციალური დოკუმენტით დადასტურებას მოითხოვდა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილ მოწინავე წერილში „თბილისი და ანგორა“ ოსმალური „მეგობრრობის“ შესახებ ქიაზიმ ბეის შეპირებები კითხვითი ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული, რადგან მან პასუხგაუცემელი დატოვა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – ოსმალეთი „სამუსლიმანო საქართველოზე“ ხსნიდა თუ არა თავის პრეტენზიას. იგივე სტატია, ამ ფონზე განხილავდა ქიაზიმ ბეის მიერ საქართველოსადმი კეთილმეზობლობის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი ძლიერების მიზნით საერთაშორისო მხარდაჭერის გარანტიისადმი გაკეთებულ განაცხადებებას. მკითხველი საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების შეცდომაში არშეყვანის მიზნით, იქვე ერთხელ კიდევ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ `ქიაზიმ ბეი გადაჭრით... არაფერს ამბობს საქართველოს იმ ნაწილებზე, რომელთა შესახებ ოსმალეთის მხრიდან პრეტენზიების მეტი არაფერი გვსმენია და ურომლისობით საქართველოსთვის კეთილმეზობლობაც მიუღებელია, ხოლო მისი დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფოებრიობა – წარმოუდგენელი.
ქიაზიმ ბეის თავშეკავებული და სრულიად გამოუთქმელი სიტყვებიდან ჩვენ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ანგორაც ძველი სტამბოლის ზრახვებს ატარებს სამუსლიმანო საქართველოს შესახებ... ეს გარემოება იმ მშვენიერი სურვილების აღსრულების შეუძლებლობას ქმნის, რომელსაც ანგორა გვითვლის: კეთილმეზობლობისა და საქართველოს ძლიერი სახელმწიფოებრიობის საერთაშორისო საჭიროების შესახებ“.13
ჩემს მიერ მოტანილი ფაქტების მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურებისათვის, ოსმალეთის მხრიდან შეპირებული კეთილმეზობლობის და ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ გაცხადებული თანადგომა მიუღებელი იყო მანამ, სანამ „სამუსლიმანო საქართველოს“, – საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში აღიარებას არ მოახდენდა.
ქართული მხარის ასეთი ხისტი პოზიცია გამართლებული იყო თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა რუსეთისა და ოსმალეთის ურთიერთშეთანხმებული აგრესიული კურსი აშკარად შეიმჩნეოდა. ისიც საყურადღებოა, რომ ადგილობრივი კომუნისტური პრესა ამ პროცესებს რევოლუციის ნიღბით ფუთავდა და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკისადმი რუსეთ-ოსმალეთის მხრიდან დაწყებულ საომარ მოქმედებებს „კონტრრევოლუციის განადგურების“ მოგონილ მოტივაციას უდებდა საფუძვლად. ეხებოდა რა აღნიშნულ საკითხს, გაზეთი „ერთობა“ მოწინავე წერილში „საფრთხის წინ“ ხაზგასმით წერდა: `ამ ორი ძალის წინააღმდეგ კვლავინდებური სიძლიერით და გაბედულებით უნდა გამოვიდეს საქართველოს მშრომელი ხალხი... თუ მზად არ ვიქნებით, იგი... გაანადგურებს და მოსპობს უდიდესი მსხვერპლით მოპოვებულ თავისუფლებას. ეს უნდა შევიგნოთ ყველამ. საფრთხე კარზეა მომდგარი და იგი შეიძლება აგორებული იქნეს... თუ მტერმა ღია კარები იხილა, შიგ შემოიჭრება და დაუნდობლად გაგვსრეს. მაგრამ თუ კარები მაგრად ჩავკეტეთ და საიმედო მცველები მივუჩინეთ, უკან დაიხევს... უხეშ ძალას, რომელიც ოსმალთა სახით გვევლინება, მხოლოდ ძალა შეაჩერებს. სიმართლე მათ არა აქვთ, სათნოება მათ არ უწერიათ, მეგობრობა მათში არ არსებობს. იგი ძალადობას ემყარება და შეიძლება შეჩერებული იქნეს მხოლოდ ძალადობით. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ: ვისაც უნდა ზავი – ემზადოს ომისთვის. ვისაც უნდა მშვიდობიანობის დაცვა და სისხლის ღვრის თავიდან აცდენა, ეცადოს შინაური ფრონტის გამაგრებას და ერთსულოვნების შენარჩუნებას“. ან კიდევ: „ქემალის ჯარი ველური ფანტაზიის მატარებელი ძალაა, განადგურების და აოხრების მოციქულია. ყველგან სადაც იგი ფეხს შედგამს, ბოლშევიკების ლოცვა-კურთხევით შეაქვს სიკვდილი და აწიოკება. საქართველოს შვილებმა იციან ოსმალთა მწარე ხელი, ჩვენმა ხალხმა იცის რას უქადის მას ეს სამხრეთელი მეზობელი, რომელიც დღეს ყარსის კარებს დაპატრონებია“.14
ჩემს მიერ პრესის ფურცლებიდან მოტანილი ზემოაღნიშნული ციტატები ქართული პოლიტიკური სპექტრის ნააზრევია და სრულად წარმოაჩენს სამხრეთელი მეზობლის „ორპირსახოვანი იანუსის“ პოლიტიკურ კურსზე დაფუძნებულ დაუნდობელ, მტაცებლურ და დამანგრეველ ბუნებას. მასში გამოკვეთილი ფორმითაა დანახული ის მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ოსმალეთისგან ემუქრებოდა. ამ ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას გაზეთ „სახალხო საქმეში“ დაბეჭდილი პუბლიკაცია – „კარს მომდგარი საფრთხე“ იქცევს. მასში დაწვრილებითაა საუბარი ქემალისტებისა და ბოლშევიკების კავკასიის დაპყრობის ერთობლივი გეგმის შესახებ. ხაზგასმითაა მითითებული, რომ ოსმალეთის პანისლამისტები და ბოლშევიკური რუსეთის მესვეურნი სამხრეთ კავკასიის დასავლეთისგან მოწყვეტას და აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელი ხაზის – საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობას ისახავდნენ მიზნად. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობას იგივე სტატიის ავტორი შეახსენებდა: „დღეს თუ ხვალ მტერი საქართველოს საზღვრებს მოადგება და მოინდომებს... ჩვენი ქვეყნის დაპყრობას... თუ ჩვენ მედგარი წინააღმდეგობა არ გავუწიეთ... ოსმალეთის პანისლამისტებისა და ბოლშევიკების მონობა, დამოუკიდებლობის დაკარგვა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიურად გაპარტახება, გაძარცვა და დანგრევა რესპუბლიკისა ველური ურდოებისგან გარდუვალი გახდება“. აღნიშნული საფრთხე საქართველოსთან მიმართებაში სომხეთის გასაბჭოებით (1920 წლის 29 ნოემბერი) კიდევ უფრო გაიზარდა. მოსალოდნელ საშიშროებას ქართველი კანონმდებლები კარგად აცნობიერებდნენ და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობის საკითხს მთელი პრინციპულობით აყენებდნენ. ამის უდაო დადასტურებას საქართველოს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 5 ნოემბრის 53-ე სხდომის ამსახველი მასალები წარმოადგენს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, განსახილველად დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი – „მთავრობის განცხადება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ“ იყო შეტანილი. დისკუსიაში მონაწილენი (ნ. რამიშვილი, აკ. ჩხენკელი, სპ. კედია, ლ. შენგელაია, შ. ნუცუბიძე, გრ. ვეშაპელი) ერთხმად მიუთითებდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის არსებული პირობების უკმარისობაზე და კონკრეტულად აყენებდნენ საკითხს მოსალოდნელი საფრთხისადმი ღირსეულად დახვედრის შესახებ. დასახული მიზნის წარმატებით გადასაწყვეტად, მათი მტკიცებით პირველ რიგში უნდა გატარებულიყო: ა) მომხდარიყო ქვეყნის მოსახლეობის იდეურად და პოლიტიკურად მომზადება; ბ) თავდაცვის აპარატის (მთლიანი სისტემის) ქმედითუნარიანობის გაუმჯობესება და გ) ერის კონსოლიდაციისათვის შესატყვისი პირობების შექმნა. ამ საკითხთან დაკავშირებით, რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან სპ. კედია ხაზგასმით ამბობდა: „დღეს საჭიროა ერთსულოვნება მთელს ერში, საჭიროა ერთსულოვნება ყველა პოლიტიკურ პარტიათა შორის. შესაძლოა საქართველო მარტოდ დარჩეს, როგორც მებრძოლი სხეული მთელს ამიერკავკასიაში“. ანალოგიური პოზიცია ეჭირა ლ. შენგელაიასაც. იგი ამიერკავკასიის გარშემო შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციის ფონზე განიხილავდა საქართველოს უსაფრთხოების საკითხს და გამაფრთხილებელი ტონით დასძენდა: „ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკიდან ერთი დაპყრობილია (აზერბაიჯანი შ.ვ.), მეორე უთანასწორო ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა (სომხეთი შ.ვ.), დავრჩით მარტო ჩვენ. აქედან ჩვენთვის არსებობს მხოლოდ ერთი დასკვნა: ეს არის გაასკეცებული ენერგიით თავდაცვა – სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ფაშების რეაქციის, ოსმალეთის დესპოტიზმის წინააღმდეგ“.
აღნიშნული სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, არსებულ პრობლემასთან მიმართებაში ყველა დეპუტატის პოზიცია იდენტური იყო. ბუნებრივია, რეზოლუციაც შესაბამისი იქნა მიღებული. „ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ საქართველო არ არის უზრუნველყოფილი... განსაცდელისგან, დამფუძნებელი კრება გამოთქვამს მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს ხალხი როგორც ყოველთვის, დღესაც ერთსულოვნად დაირაზმება დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად... დამფუძნებელი კრება იწონებს რა მთავრობის მიერ თავდაცვისათვის მიღებულ ზომებს, ავალებს მას განაგრძოს დაწყებული სამზადისი, დარწმუნებულია რომ რესპუბლიკის დაცვის საქმეში გაერთიანდება მთელი საქართველო განურჩევლად სარწმუნოებისა და სოციალური მდგომარეობისა და მას მხარს დაუჭერს მთელი ევროპის დემოკრატია“.15
რაც შეეხება დადგენილების ბოლო ნაწილის ფორმულირებას – „მთელი ევროპის დემოკრატიის“ საქართველოსადმი მხარდაჭერას, ანტანტის სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი მიცემული დაპირებები იგულისხმებოდა. მხედველობაში მაქვს: 1) ევროპის ქვეყნებიდან საქართველოსათვის ფულით, იარაღით (ამუნიციით) და სურსათით დახმარება; 2) ერთა ლიგაში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა და აღნიშნული ფაქტით ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიის შექმნა.
ქართულ ისტორიოგრაფიაში დადასტურებულია, რომ საქართველოსადმი მიცემული დაპირების პირველი ნაწილი, ევროპის ქვეყნებს 1920 წლის დეკემბრისთვისაც შეუსრულებელი ქონდა. აქედან გამომდინარე, ამიერკავკასიაში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური სიტუაციისა და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო თანხების მობილიზება და ქართული ჯარის 40 ათასი კაცით გაზრდისთვის (1920 წლის ნოემბრის დადგენილება) საჭირო მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილება ადგილობრივი ბიუჯეტის საფუძველზე უნდა მომხდარიყო. ამ შემთხვევაში, მეზობელი რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული თავდასხმისა (1920 წ.) და ოსი სეპარატისტების აჯანყების სალიკვიდაციოდ ჩატარებული საომარი მოქმედებების შედეგად დახარჯული ასეულობით მილიონია გასათვალისწინებელი.
ამ ფონზე თუკი განვიხილავთ ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებს და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იმ ეტაპზე ევროპის ქვეყნებიდან რაიმე სახის ნივთიერი დახმარება გამორიცხული იყო, ძნელი სათქმელია, გაწვდებოდა თუ არა იმდროინდელი საქართველოს ეკონომიკა 40 ათასი ახალწვეულისათვის სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას და მასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას. ეს საკითხი ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს და რაიმე სახის ნაჩქარევი დასკვნის გაკეთება ამ ეტაპზე მიუღებლად მიმაჩნია.
რაც შეეხება საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანების შესაძლებლობას, ქვეყნის ხელისუფლების შესაბამისი უწყების წარმომადგენელთა მუხლჩაუხრელი და დაძაბული შრომის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების უმეტესობის მიერ ამ მიმართულებით გაცემული დანაპირები ტყუილი აღმოჩნდა. ერთა ლიგის 1920 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის კარები სრულად 1921 წლის სექტემბრისათვის გაიღებოდა. ამ ფაქტით, ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში ევროპის წამყვანი ქვეყნების დიდმა ნაწილმა, პოლიტიკურად მეძავისა და „ორსახოვანი იანუსის“ როლი აკადემიურ დონეზე გაითამაშა. საქართველოსადმი მიცემული პირობა ურცხვად დაივიწყა, ერთა ლიგის ღრიჭოდ დარჩენილ კარებში თავშეყოფილ საქართველოს პირველ რესპუბლიკას, გადამწყვეტ ჟამს იგივე კარები მოულოდნელად ისე მაგრად მიუკეტა, რომ თავ-კისერი დაუჭეჭყა. ამ ქმედებით საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა და რუსეთ-ოსმალეთს საჯიჯგნად მიუგდო.
ამიერკავკასიის რეგიონში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, საქართველოს რეალური შესაძლებლობების სწორად გასაანალიზებლად პირველ რიგშია გასათვალისწინებელი ის მოსალოდნელი საფრთხეები, რომლებიც საქართველოს პირველ რესპუბლიკას სამი მიმართულებიდან ემუქრებოდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით ანგარიშგასაწევია: 1) ჩრდილო კავკასიის სრულად გასაბჭოების დასრულება და ჩრდილოეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე რუსეთთან დამეზობლება; 2) აღმოსავლეთით, იმავე საბჭოთა რუსეთის ინტერესთა მონურ შემსრულებლად ქცეული გასაბჭოებული აზერბაიჯანი და სომხეთი; 3) სამხრეთ-დასავლეთით, საქართველოს ისტორიული მტერი და საბჭოთა რუსეთის მიერ „მეგობრად“ აღიარებული – ოსმალეთი. ამ უკანასკნელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი მწვავე რეაქცია ქართული სამხედრო შენაერთების მიერ ბათუმ-ართვინის ოკრუგების დაკავებამ (1920 წლის 5 ივლისი) გამოიწვია. მართალია, გაღიზიანების ეს ფორმა იმ ეტაპზე დი პლომატიურ სფეროს (ნოტების გაცვლა) არ გაცდენია, მაგრამ, ოსმალეთი მოქმედების დასაწყებად შესაფერის მომენტს ელოდა. ამ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში საბჭოთა რუსეთის მტრული პიზიციაცაა გასათვალისწინებელი. ცნობილია, რომ ჩრდილოელი მეზობლის ამოცანას საქართველოს გასაბჭოება და ამიერკავკასიის რეგიონში ერთიანი საბჭოური რგოლის შეკვრა წარმოადგენდა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანების მცდელობის უკანასკნელ იმედსაც წერტილი დაესვა (1920 წლის 16 დეკემბერი), ბუნებრივად ისმება კითხვა: ქვეყნის დამოუკიდებლობის გადასარჩენად საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება რა გზას უნდა დადგომოდა. მითუმეტეს, ნებისმიერი ნივთიერი დახმარებისგან დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები თავს მაქსიმალურად იკავებდა. აღნიშნული კითხვა, მმართველ პოლიტიკურ ელიტასა და დამფუძნებელი კრების დეპუტატებსაც აწუხებდა. ისინი კარგად ხედავდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს დაუძინებელი მტრების (რუსეთოსმალეთი) დაახლოების და გარიგების პროცესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა. ამის შესახებ ქართველი ისტორიკოსების ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ სამეცნიერო შრომებში ხაზგასმითაა მითითებული. მიუხედავად ამისა, ქვეყნის გადარჩენის ალტერნატულ გზაზე მინიშნება არცერთ მათგანში არ არის გაკეთებული. ისინი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა `შეცდომებზე~ საუბრობენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, ოსმალეთის დიპლომატების ფარისევლური ქმედებების დროულად გაშიფვრის შემთხვევაში, საქართველო, რუსეთ-ოსმალეთის აგრესიას გადაურჩებოდა, ანდა უკიდურეს შემთხვევაში მათთან დაპირისპირებისას გამარჯვებული გამოვიდოდა. ისტორიკოსთა ეს ნაწილი, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაშვებული ზოგიერთი შეცდომების გაფეტიშებით იმდენად არის გატაცებული, რომ ვერ აცნობიერებს: 1) ანტანტის სახელმწიფოთა ერთიანი ძალით მოწყობილ ინტერვენციაზე გამარჯვებული საბჭოთა რუსეთის შესაძლებლობებს; 2) დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მიერ დამარცხებული ოსმალეთის არდაჩოქებას და საბჭოთა რუსეთისგან მისი ფეხზე ადვილად წამოყენების ფაქტორს. ამ ფონზე თუკი განვიხილავთ საქართველოს საკითხს, არსებული რეალობა ერთადერთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა; ევროპისგან მიტოვებული და ზურგშექცეული საქართველო, იმ ეტაპზე უდიდესი ეკონომიკური და ცოცხალი ძალის პოტენციალის მქონე ორი უძლიერესი მტაცებელის (რუსეთ-ოსმალეთი) პირისპირ მარტოდ-მარტო აღმოჩნდა. თუკი იმ პერიოდის დოკუმენტური მასალების ობიექტურ შეფასებას მოვახდენთ, ნათელი გახდება, რომ საქართველოს სახელმწიფოს სამომავლო ბედის გადაწყვეტის გასაღები ევროპის სახელმწიფოებმა საბჭოთა რუსეთს გადასცა. ეს ფაქტი ოსმალეთის ხელისუფალთ კარგად ჰქონდა გაცნობიერებული. იმავდროულად, საბჭოთა რუსეთის მოკავშირეობასაც ანგარიშს უწევდა. აქედან გამომდინარე, ამიერკავკასიის რეგიონში სამოქმედო გეგმას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს „უთანხმებდა“. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად დიპლომატიური ურთიერთობის ასეთ ფონს ქმნიდა. ამის ერთერთ დამადასტურებელ ფაქტად ოსმალეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ მუჰთარ ბეის მიერ 1920 წლის 15 დეკემბერს ჩიჩერინისადმი გაგზავნილი ნოტა გამოდგება. იგი საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატისგან მოითხოვდა, რათა საქართველო-რუსეთს შორის მოსალოდნელი საომარი მოქმედების დაწყებამდე წინასწარ განესაზღვრათ მომხდარ ფაქტთან მიმართებაში ოსმალეთის ხელისუფალთა პოზიცია. ეს დოკუმენტი აშკარად მიგვანიშნებს, რომ საქართველოსთან დამოკიდებულების საბოლოოდ დაზუსტებისათვის ოსმალეთი მორიგი გარიგების წინადადებას სთავაზობდა მის „მოკავშირე“ საბჭოთა რუსეთს. ამ ფაქტით, ოსმალეთის ხელისუფალნი რუსეთის დიპლომატიურ კორპუსს პირდაპირ მიანიშნებდა, რომ ბედის სასწორს იმ ქვეყნის სასარგებლოდ გადაწონიდა, საიდანაც მეტ სარგებელს მიიღებდა. ასეთი პოლიტიკური ვაჭრობის პარალელურად, უკან დასახევ გზასაც იტოვებდა და საქართველოს მმართველ წრეებთან დიპლომატიურ ფარისევლობას აგრძელებდა. ამის შესახებ თავის მოგონებებში ნ. ჟორდანია გარკვევით მიუთითებს და ოსმალეთის ელჩის ქიაზიმ ბეის მიერ მასთან საუბარში კატეგორიული ფორმით გაკეთებული განცხადების შინაარსსაც გადმოსცემს. „ჩვენი ინტერესია – უთქვამს ქიაზიმ ბეის – საქართველოს დამოუკიდებლობა და ამ მიზნის მისაღწევათ არ დავერიდებით ომსაც ბოლშევიკების წინააღმდეგ. ასეთია ჩვენი მთავრობის აზრი“. ამასთან დაკავშირებით იგივე ნ. ჟორდანია წერს: „ეს იყო პირდაპირ ჩვენი გაკეთება, ვინაიდან ვიცოდით რა დიდ მნიშვნელობას აძლევს მოსკოვი ოსმალეთის ნეიტრალობას“.16
დოკუმენტური მასალით დადასტურებულია, რომ საბჭოთა რუსეთის ხელისუფალნი და განსაკუთრებით მეთერთმეტე არმიის სარდლობა საქართველოსთან მიმართებაში ოსმალეთის პოზიციას მართლაც უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამის შესახებ დაწვრილებითაა საუბარი XI არმიის სარდლის გენერალ ჰეკკერის მიერ კავკასიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის ს. ორჯონიკიძისადმი საიდუმლოდ გაგზავნილ მოხსენებით ბარათში. ჩვენთვის საინტერესო საკითხთან მიმართებაში იმავე დოკუმენტში ვკითხულობთ: „საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციები შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში თუ კიაზიმ კარაბექირის (ქემალისტური თურქები) ჯარები დაიცავენ გარკვეულ მეგობრულ ნეიტრალიტეტს, რადგან, იმ შემთხვევაშიც თუ ამ ოპერაციისთვის დაინიშნებიან მეთერთმეტე არმიის გარდა, მთლიანად მეცხრე არმია და მეორე არმიის კავალერია, ჩვენს სარდლობას არ ეყოლება საკმარისი ძალები თურქების წინააღმდეგ ჯებირი რომ შევქმნათ... ჩვენ თურქების შესაკავებლად უნდა დავაყენოთ ძალები, რომლებიც ერთ ქვეით დივიზიაზე და ერთი კავალერიის ბრიგადაზე მცირე არ იქნება. ამ შემთხვევაშიაც კი ჩვენი ოპერაცია ყაზახ-წითელი ხიდის მიმართულებით და შორსაც, თბილისისკენ, შეფერხებული იქნება. ქართული ჯარის ნაწილების მიერ სერიოზული წინააღმდეგობის შემთხვევაში, ჩვენი ჯარები შეიძლება კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდნენ... ასეთ პირობებში,... ჩვენი ურთიერთობის თურქებთან წინასწარი მოგვარების გარეშე საშიში იქნება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება“.17
საბჭოთა გენერალის მოხსენებიდან მოტანილი ეს ამონაწერი იმის დადასტურებაა, რომ საქართველოზე რუსეთის თავდასხმაართავდასხმის საკითხის გადაწყვეტა, მნიშვნელოვანწილად ოსმალეთის მმართველ წრეებთან სრულყოფილ შეთანხმებაზე იყო დამოკიდებული. ეს ფაქტორი დამოუკიდებელი საქართველოს მაღალჩინოსნებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული. ევროპისაგან მიტოვებული და ბედის ანაბარად დარჩენილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მმართველი წრეები „ხავს ეჭიდებოდნენ“ და ქვეყნის დაუძინებელი მტრების (რუსეთ-ოსმალეთი) ურთიერთდაპირისპირებას ცდილობდნენ. ამის ერთ-ერთ დადასტურებას ს. ორჯონიკიძის მიერ შ. ელიავასადმი გაგზავნილ გამაფრთხილებელ შეტყობინებაში ხაზგასმით იყო მითითებული. „სავსებით შესაძლებელია, – ვკითხულობთ დოკუმენტში – რომ მათ (იგულისხმება მენშევიკები – ლ. თ.) სურთ ხელოვნურად გამოიწვიონ ომი ჩვენსა (იგულისხმება რუსეთი – ლ. თ.) და თურქებს შორის. ამ პროვოკაციას არ უნდა აჰყვეთ“.18 აღნიშნული ფაქტი ორ ძირითად გარემოებაზე მიგვანიშნებს: 1) საბჭოთა რუსეთის მიერ დაგეგმილი აგრესიის შეჩერების მიზნით, საქართველოს დიპლომატიური წრეები იმ ეტაპზე რუსეთ-ოსმალეთის დასაპირისპირებლად სერიოზულად მუშაობდა; 2) საქართველოს წარმომადგენლობის მხრიდან გაწეული ფარული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაჟონვამ, საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარიატს საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების და ოსმალეთისგან ნეიტრალიტეტის დაცვის გარანტიის მიღების შესაძლებლობა მისცა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს დიპლომატიურმა კორპუსმა, ოსმალეთთან ურთიერთობის საკითხში დასახული ამოცანის შესრულება ვერ შეძლო. აღნიშნულ მარცხთან დაკავშირებით ნ. ჟორდანია მოგვიანებით თავის მოგონებებში წერდა, რომ საბჭოთა რუსეთის მმართველმა წრეებმა „უეჭველია... იყიდეს ოსმალეთის ნეიტრალობა... არტაანის და ართვინის დათმობით, რაიცა დამტკიცდა ჩვენზე ზურგიდან თავს დასხმით. ამის შემდეგ მითვლიდა კიაზიმი, რომ ამით ამოიწურება ყველა დავა ჩვენს შორისო, თქვენთან ვიქნებითო, მაგრამ მისი აღარაფერი გვჯეროდა. ევროპიდან არაფერი კონკრეტული არ მოგვდიოდა, არავითარი დახმარება. ხოლო ოსმალეთიდან კი მტრული დამოკიდებულება. დიპლომატიური მუშაობა აღმოჩნდა უნაყოფო“.19
ამ ამონაწერის მიხედვით კარგად ჩანს: 1) საბჭოთა რუსეთმა, არტაანისა და ართვინის ოკრუგების ოსმალეთისადმი გადაცემის პირობით, ოსმალეთი მოისყიდა და საქართველოს დაუპირისპირა. საქართველოს ტერიტორიის მიტაცებით დახარბებულმა ოსმალეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დიპლომატიურ დონეზე საქართველოსადმი მიცემული პირობის შესრულებას, საბჭოთა რუსეთისგან შეთავაზებული მსუყე ლუკმის აღება ამჯობინა. მითუმეტეს, კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს მმართველი წრეები არტაანისა და ართვინის ოკრუგებს ოსმალეთს ცოცხალი თავით არ დაუთმობდა. აქედან გამომდინარე, დასახელებული ოკრუგების მიტაცებისა და სამართლებრივად გადაფორმების გარანტად, საბჭოთა რუსეთი მიიჩნია და მასთან გარიგების გზა აირჩია; 2) რაც შეეხება ნ.ჟორდანიას მიერ სინანულით ნათქვამ სიტყვებს: „დიპლომატიური მუშაობა აღმოჩნდა უნაყოფო“, რუსეთ-ოსმალეთის დასაპირისპირებლად საქართველოს დიპლომატიური წრეების მიერ გაწეულ უშედეგო საქმიანობას გულისხმობს; 3) ინფორმაციის „გაჟონვისა“ და დიპლომატიური მუშაობის ჩავარდნასთან დაკავშირებით, რამდენადაც კონკრეტული დოკუმენტური მასალები ჯერჯერობით მიუკვლეველია, მომხდარ ფაქტთან მიმართებაში მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. ამის საფუძველს ძმების სიმონ და ბუდუ მდივნების ოსმალეთში ელჩებად დანიშვნის ფაქტი იძლევა. პირველი მათგანი (სიმონ მდივანი) დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებს იცავდა, ხოლო მეორე (ბუდუ მდივანი) საბჭოთა რუსეთის. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროფ. ლ. თოიძე ხაზგასმით წერდა: „დამაფიქრებელია და ცალკე შესასწავლი ამ ორი ელჩისა და ძმის ურთიერთობა 1921 წლის იმ ტრაგიკულ დღეებში“.20
დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, ამ საკითხის შესწავლა – შეფასება ორი მიმართულებით უნდა განხორციელდეს: 1) დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყების შეცდომად უნდა ჩითვალოს თუ არა, ოსმალეთში საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლად ბუდუ მდივანის დანიშვნიდან (1920 წლის ნოემბრის შუა რიცხვები) ერთი თვის შემდეგ, მისი ძმის სიმონ მდივანის (საქართველოს მთავრობის 1920 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით) საქართველოს ელჩად ოსმალეთში გაგზავნის ფაქტი. მართალია, თითოეული ეს ელჩი დაპირისპირებული ქვეყნების წარმომადგენლობას განასახიერებდა, მაგრამ, ისინი ძმები იყვნენ და სავსებით დასაშვებია, რომ უცხო ქვეყანაში მათი ურთიერთობა, დედმამიშვილობის ქართული ეროვნული ტრადიციის ჩარჩოში რომ მოქცეულიყო. ზემოაღნიშნული საიდუმლოს გამჟღავნების ერთ-ერთი ვერსიის სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ მიმართულებითაც უნდა მოიძებნოს; 2) რამდენადაც საქართველოს დიპლომატიური წრეები, რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირებისათვის სათანადო ნიადაგის მომზადებას ცდილობდნენ, გამორიცხული არაა, სიმონ მდივნის ოსმალეთში ელჩად გაგზავნა გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე (ბუდუ მდივანზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობის მოტივაცია) შეგნებულად რომ მომხდარიყო. ამ ორი საკითხის საფუძვლიანად შესწავლის გარეშე ნაჩქარევად რაიმე სახის დასკვნის გაკეთება, სინამდვილის გაყალბების მცდელობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის შესახებ არსებულ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შექმნილ სამეცნიერო ლიტერატურაში დადასტურებულია, რომ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებთან მიმართებაში რუსეთ-ოსმალეთის შეთანხმება 1920 წლის აგვისტოსათვის თითქმის დასრულებული იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მ. სვანიძე სავსებით სამართლიანად წერს: რუსეთ-ოსმალეთის „ხელშეკრულების ძირითადი ტექსტი ჯერ კიდევ პარაფირებული იყო 1920 წლის 24 აგვისტოს. გადასაწყვეტი იყო მხოლოდ კავკასიაში რუსეთ-თურქეთის საზღვრის საკითხი. თურქეთ-სომხეთის, ე.ი. თურქეთ-საბჭოთა რუსეთის საზღვარი, ფაქტობრივად დადგინდა 1920 წლის 2 დეკემბერის გუმბრის ხელშეკრულებით. არსებითად, მოსაგვარებელი რჩებოდა საქართველო-თურქეთის საზღვრის საკითხი. ორივე მხარე დაინტერესებული იყო, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია ეგდო ხელთ“.21 ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ ორ მტაცებელს შორის ფარული ბრძოლა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე მიმდინარეობდა. ევროპის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურად გამეძავებული ლიდერების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში „ორსახოვანი იანუსის“ დიპლომატიური კურსის ოფიციალურად გასჯაროებამ, რუსეთ-ოსმალეთს დასახული მიზნის მისაღწევადხელსაყრელი პირობები შეუქმნა. გადამწყვეტ მომენტში ევროპისგან ზურგშექცევის გამო, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მტაცებლებს შორის მოქცეული საქართველო-გასაჭყლეტად იყო განწირული.
ასეთ უმძიმეს პირობებში მყოფი ქვეყნის წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთმა 16 თებერვალს აზერბაიჯანიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები დაიწყო. საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მიტაცების დაუოკებელი სურვილით შეპყრობილმა ოსმალეთმა, საქართველოს ხელისუფლებისადმი თანადგომის შესახებ მიცემული დაპირება სანაგვე ყუთში მოისროლა, მტაცებლის მგლური ეშვები გამოაჩინა და იმ ძნელბედობის ჟამს, საქართველოს მთავრობას კატეგორიული ფორმით 1921 წლის 22 თებერვალს ულტიმატუმი წაუყენა. ამ შემთხვევაში იგი ართვინ-არტაანის ოკრუგებიდან ქართული სამხედრო შენაერთების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. აღნიშნული ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ საბჭოთა რუსეთის აგრესია რომ არა, დასახელებულ ოკრუგებს ქართული ჯარის ნაწილები აკონტროლებდა და მასზე ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას საქართველოს ხელისუფლება ახორციელებდა. სამხრეთის მხრიდან ახალი ფრონტის გასახსნელად მოწინააღმდეგისადმი საბაბის არმიცემის მიზნით, დასახელებული ოკრუგებიდან ქართულმა მხარემ საჯარისო შენაერთების გამოყვანა მოახდინა. ასეთი სახის „გადაწყვეტილების მიღება იმ თვალსაზრისით იყო „გამართლებული“, რომ იმ ეტაპზე ქვეყნის გადარჩენის შესაძლებლობა მხოლოდ ბოლშევიკური რუსეთის წინსვლის შეჩერებაში ისახებოდა“.22
ქართულ ისტორიოგრაფიაში საფუძვლიანადაა შესწავლილი ის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზები, რამაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავარსარდლის გ. კვინიტაძის ბრძანების საფუძველზე (1921 წლის 24 თებერვალი) თბილისის დატოვება განაპირობა. 25 თებერვალს XI არმიის ნაწილები თბილისში შემოვიდა და მისმა სარდლობამ, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება ოფიციალურად გამოაცხადა. მომხდარი ფაქტით და სამხრეთ-დასავლეთიდან ოსმალეთის სარდლობის აქტიური მოქმედებით, ბათუმის ოკრუგი საქართველოსგან ჩამოცილების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ამრიგად: 1) რუსეთ-ოსმალეთის ინტერესების ურთიერთ დამთხვევამ და ამიერკავკასიის რეგიონში გაბატონებისათვის სწრაფვამ, საქართველოს სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშ დააყენა. მოსალოდნელი კატასტროფისგან დამზღვევი მექანიზმის შექმნის მცდელობა (ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის სამხედრო ძალების გაერთიანების იდეა) იმ ეტაპზე უშედეგო აღმოჩნდა. ამიერკავკასიის რეგიონის გარშემო შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური სიტუაციის არგათვალისწინებიდან გამომდინარე, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობამ რეგიონალური დაპირისპირების გზა აირჩია და საერთაშორისო კონფერენციებზე საქართველოს ტერიტორიების მიტაცების მცდელობით იყვნენ დაკავებულნი. ამ ფონზე, გარეშე ძალების მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეს ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ. 2) საბჭოთა რუსეთისა და ოსმალეთის დაფინანსებით საქართველოში მოქმედი ანტიქართული ორგანიზაციები, ახლადშექმნილი სახელმწიფოს წაქცევით და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით იყვნენ დაინტერესებულნი. შესაბამისი მასალებით დადასტურებულია, რომ „სამუსლიმანო საქართველოში“ მათი მხრიდან დაგეგმილი გამოსვლები, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ჩამოცილებაზე იყო გათვლილი. რამდენადაც საბჭოთა რუსეთი, საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლ პარტნიორს ოსმალეთში ხედავდა, მისადმი ფულითა და იარაღით დახმარება პირველხარისხოვან ამოცანად ქონდა დასახული. ამ ფონზე, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ახლოაღმოსავლური წაჯექ-უკუჯექის „აბრუნდის“ პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, საქართველო ჩრდილოეთისა და სამხრეთელი მტაცებლების – რუსეთ-ოსმალეთის პირისპირ მარტოდ-მარტო აღმოჩნდა. ინგლისის დიპლომატიური წრეების ძალისხმევით, ოსმალეთის სახელმწიფოს გადარჩენამ (სერვის ხელშეკრულება) და რუსეთ-ოსმალეთის „მეგობრულ“ ფორმატში დაწყებულმა მოლაპარაკებებმა, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის არსებობა კითხვითი ნიშნის ქვეშ დააყენა. 3) ევროპის სახელმწიფოებიდან შეპირებული დახმარების არმიღებამ და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მხოლოდ ადგილობრივ რესურსებზე დაყრდნობამ, ქართული ჯარის რაოდენობრივად გაზრდისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა შეაფერხა. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მოსალოდნელი საფრთხეების გარდუვალობა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კარგად ქონდა გაცნობიერებული. მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით აშკარად გამოიკვეთა, რომ ევროპის ქვეყნებმა, საქართველოს სახელმწიფოს სამომავლო ბედის გადაწყვეტის გასაღები საბჭოთა რუსეთს გადასცა. დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ ოსმალეთის მხრიდან „კეთილმეზობლობის“ შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს ხელისუფლება უნდობლად ეკიდებოდა და „სამუსლიმანო საქართველოსთან“ მიმართებაში მისგან პრეტენზიების მოხსნის გარანტად ოფიციალურ დოკუმენტს ითხოვდა. 4) ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეზობლების ოკუპაციისაგან ქვეყნის გადასარჩენად, საქართველოს დი პლომატიური კორპუსის მხრიდან რუსეთ-ოსმალეთის დაპირისპირების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მაკიაველიზმის ნაცადი მეთოდების გამოყენებით და ოსმალეთთან „მეგობრობის“ გამყარების მოტივაციის ფონის შექმნით, სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ისტორიული ტერიტორიები საბჭოთა რუსეთმა სავაჭრო საგნად აქცია. საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, რუსეთისადმი ოსმალეთის არდაპირისპირების საფასურად, ამ უკანასკნელს არტაანისა და ართვინის ოკრუგების მისაკუთრების რეალური გარანტიები შესთავაზა.
მითითებული წყაროები და ლიტერატურა
$ 1. ოსმალეთი და „სამხრეთ კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს“ შექმნის საკითხი
1. საქართველოს დამფუძნებელი კრება. (სტენოგრაფიული ანგარიში) 1919 წ. #4. გვ. 8- 9
2. სცსია. ფ. 1833. აღწ. 1. საქ. 4. ფურც. 12
3. შ. ვადაჭკორია. ქართული სოციალ-დემოკრატია 1917-1921 წლებში. თბ. 2001. გვ.297-299
4. საქართველოს პარლამენტის მიწის კანონები. თბ. 1919 წ. გვ. 1-23.
5. მ. სიორიძე. „ყარსის რესპუბლიკა“ საისტორიო მოამბე # 1. ბათუმი 1995 წ. გვ. 25
6. საქართველოს დამფუძნებელი კრება. (სტენოგრაფიული ანგარიში) 1919 წ. #7. გვ. 18
7. იქვე. გვ. 17-18
8. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 23 თებერვალი # 43
9. გ. ივანიძე, მ. ივანიძე. ბრძოლა მესხეთისათვის 1917-1921. თბ. 2002. გვ. 83
10. საქართველოს დამფუძნებელი კრება. (სტენოგრაფიული ანგარიში) 1919 წ. #7. გვ. 6
11. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 23 მარტი. # 66
12. ვ. ნოზაძე. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო. თბ.1989. გვ. 48
13. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 23 მარტი. # 66
14. საქართველოს დამფუძნებელი კრება. (სტენოგრაფიული ანგარიში) 1919 წ. #7. გვ. 9
15. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 22 თებერვალი. #42
16. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 19 მარტი. #62
17. ვ. ნოზაძე. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო. გვ.50
18. გაზ. „ერთობა„ 1919 წ. 21 მარტი #64
19. მ. სიორიძე. დასახელებული ნაშრომი. გვ.27
20. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 1 თებერვალი #25
21. გ. კვინიტაძე. მოგონებები. საქართველოს დამოუკიდებლობის წლები 1917-1921. თბილისი. 1998 წ. გვ.131
22. გ. ლორთქიფანიძე. ფიქრები საქართველოზე. თბილისი. 1995. გვ. 149
23. მ. სიორიძე. დასახელებული ნაშრომი. გვ. 28 102
24. საქართველოს დამფუძნებელი კრება. (სტენოგრაფიული ანგარიში) 1919 წ. #7. გვ. 12
25. იქვე.
26. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 25 თებერვალი #43
27. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 21 თებერვალი #41
28. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 23 თებერვალი #43
29. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 9 თებერვალი #32
30. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 22 თებერვალი #42
31. იქვე
32. საქართველოს დამფუძნებელი კრება. (სტენოგრაფიული ანგარიში) 1919 წ. #7. გვ. 11
33. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 23 თებერვალი #43
34. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 19 მარტი. #62
35. გაზ. „სამუსლიმანო საქართველო“ 1920 წ. 30 მარტი #327
36. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული 1918-1921. თბ 1990. გვ. 276
37. გ.ბოგვერაძე. საქართველო-აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის ისტორია 1918-1920 წლებში. ქუთაისი 2005. გვ.145
38. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 5 მარტი #52
39. იქვე
40. შ. ვადაჭკორია. საქართველო-სომხეთის ურთიერთობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (1918-1920) თბ.1999. გვ.75; დ. ჭუმბურიძე. საქართველო-სომხეთის ურთიერთობა 1918-1921 წლებში და ქართული საზოგადოებრივი აზრი. თბილისი. 1999. გვ45
41. საქართველოს დამფუძნებელი კრება. (სტენოგრაფიული ანგარიში) 1919 წ. #7. გვ. 19
42. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 19 მაისი #111
43. საქართველოს დამფუძნებელი კრება. (სტენოგრაფიული ანგარიში) 1919 წ. #7. გვ. 17
44. იქვე
45. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 22 თებერვალი #42
46. გაზ. „ერთობა“ 1919 წ. 19 მარტი #66
47. მ. სიორიძე. დასახელებული ნაშრომი. გვ. 28
48. საქართველოს დამფუძნებელი კრება. (სტენოგრაფიული ანგარიში) 1919 წ. #7. გვ. 21 103
$ 2. რუსეთ–ოსმალეთის ალიანსი და დამოუკიდებელი საქართველო
1. ლ. თოიძე. ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც. თბ. 1991. გვ. 48
2. გ. ლორთქიფანიძე. ფიქრები საქართველოზე. თბ. 1995. გვ.148
3. გაზ. „ერთობა“ 1920 წ. 1 თებერვალი # 24
4. გაზ. „ერთობა“ 1920 წ. 16 მარტი # 61
5. გაზ. „ერთობა“ 1920 წ. 7 მარტი # 54
6. გაზ. „ერთობა“ 1920 წ. 2 მარტი # 49
7. ლ. თოიძე. დასახელებული ნაშრომი. გვ. 49
8. ვ. ნოზაძე. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო. თბ. 1989. გვ. 86
9. დამფუძნებელი კრება. (სტენოგრაფიული ანგარიში) 1920 წლის 5 ნოემბერი. # 53. გვ.5
10. გრ. ლორთქიფანიძე. ფიქრები საქართველოზე. თბ. 1995. გვ.152
11. მ. სვანიძე. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება საქართველოსა და ქემალის მთავრობას შორის. იხ. ქართული დიპლომატია. წელიწდეული. #7. თბ. 2000. გვ. 144
12. სსრკ-ს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები. ტომი 3. მოსკოვი 1959 (რუს)
13. გაზ. „საქართველო“ 1920 წ. გიორგობისთვის 24. #156
14. გაზ. „ერთობა“ 1920 წ. 4 ნოემბერი #251
15. საქართველოს დამფუძნებელი კრება (სტენოგრაფიული ანგარიში) 1920. 5 ნოემბერი. #53. გვ.42
16. ნ. ჟორდანია. ჩემი წარსული. თბ.1990. გვ.123
17. იქვე. გვ. 123- 124
18. ლ. თოიძე. ბრძოლა ბათუმისათვის: 1921 წლის მარტი. თბ. 2009. გვ.19
19. კ. ინასარიძე. პატარა ოქროს ხანა. მიუნხენი. 1984. გვ.498
20. ლ. თოიძე. ბრძოლა ბათუმისათვის: 1921 წლის მარტი. თბ. 2009. გვ.13
21. მ. სვანიძე. დიპლომატიური ბრძოლა ბათუმისა და ბათუმის ოლქისათვის 1918-1921 წლებში. იხ. ქართული დიპლომატია. წელიწდეული. #10. თბ.2003. გვ.181
22. შ. ვადაჭკორია. ქართული სოციალ-დემოკრატია 1917-1921 წლებში. თბ. 2001. გვ. 436-437
Комментариев нет:
Отправить комментарий