ფარჰად
მირზა, ცნობილი
ლაყაბით მო‘თამად ად-დოულე, აზერბაიჯანის გუბერნატორის,
ტახტის მემკვიდრე-უფლისწულის აბას
მირზა ნაიებ ას-სალთანეს მეთხუთმეტე
ვაჟი იყო.
მან განათლება
თავრიზში მიიღო
და 17 წლის ასაკში
უკვე ლურისტანის
გუბერნატორად დაინიშნა.
ორჯერ, 1837 და
1839 წლებში, მოჰამად შაჰის
თეირანში არყოფნის
პერიოდებში, მისი
შემცვლელის (ნაიებ ალ-ელაიე) მოვალეობას
ასრულებდა. 1841 წელს
ფარსის გუბერნატორის ნასერ ად-დინ
ვალიაჰდის თანაშემწე
გახდა, მაგრამ
ორი წლის
შემდეგ მას
უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა
დააბრალეს, რის
გამოც მოჰამად
შაჰმა ის თანამდებობიდან გადააყენა და
თალაყანის გუბერნიაში
გაგზავნა. იმავე
წელს ფარჰად მირზამ
თვითნებურად დატოვა
თალაყანი, თეირანში
დაბრუნდა და ინგლისის საელჩოს შეაფარა
თავი. რამდენიმე
წელი ჩრდილში
ყოფნის შემდეგ, ფარჰად მირზა ისევ
სახელმწიფო სამსახურში
დაბრუნდა და
ჯერ ლურისტანის
და მერე ქურთისტანის
და ჰამადანის
გუბერნატორად დაინიშნა.
1874 წელს ავისმოსურნეებმა მას უფლისწულ
მოზაფარ ად-დინთან ფარული
ურთიერთობა დააბრალეს. ნასერ
ად-დინ
შაჰის რისხვას
ფარჰად მირზა
ამჯერად მექაში მოგზაურობით განერიდა. ამ
მოგზაურობის შთაბეჭდილებები
მან აღწერა
თავის „მოგზაურობის წიგნში“.
ფარჰად
მირზა ყაჯართა
დინასტიის ერთ-ერთ ყველაზე
ერუდირებულ უფლისწულად ითვლება.
ის სახელმწიფო
მოღვაწეობას წარმატებით
უთავსებდა სამწერლობო და
მთარგმნელობით მუშაობასაც.
მას ეკუთვნის
წიგნი „ბობოქარი ოკეანე და დინასტიის
მახვილი“ იმამ ჰოსეინის მკვლელობაზე.
ფარჰად მირზამ შეაგროვა, წინასიტყვაობა დაურთო
და გამოსცა
მირზა აბუ’ლ-ყასემ
ყაიემ მაყამის ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ინგლისურიდან
თარგმნა უილიამ
პინაკის გეოგრაფია („ჯემშიდის ჯამი გეოგრაფიაში“), არაბულიდან თარგმნა
შეიხ ბაჰაის მათემატიკის მოკლე კურსი
(„მათემატიკის საგანძური“)
და სხვა.
მოგზაურობის წიგნი (1875)
წინა გზა
[1292 წლის] 28 რამაზანი (1875 წლის 28 ოქტომბერი), პარასკევი: ალგეთში ჩავედით. ეს სიტყვა თურქულად „აიღე და წადის“ ნიშნავს. აღსთაფადან გამგზავრების შემდეგ რკინის ხიდზე გადავედით და გეზი ჩრდილოეთისკენ ავიღეთ. ზურარეხის ფოსტის სადგურში ღირშესანიშნავი არაფერია. ყარაიორს ჰგავს და შიგ საფოსტო ცხენებია დაბმული. ზურარეხიდან დაახლოებით 2-3 ვერსის სავალზე პატარა ბორცვი და ხევია და გზის მცველებისთვის ოთახია აშენებული. აქედან გატეხილ ხიდამდე შორი არ არის და გზა მთას მარჯვნიდან მიუყვება. მთები უკან ჩამოვიტოვეთ, ვაკეზე გავედით და სალაჰლომდე დასავლეთით ვიარეთ. სალაჰლოს ფოსტის სადგურს ჩრდილოეთიდან მდინარე მტკვარი ჩამოუდის. ეს ველი დაფარულია ყარაიაზის ტყით1, რომელიც იაღლუჯიდან იწყება და მინგეჩაურის მიმდებარე საგუშაგომდე გრძელდება. ამ ტყეში ბევრი კანჯარი, ნიამორი, დათვი და სხვა ცხოველია, მაგრამ სამეფო ნაკრძალია და ნადირობა არ შეიძლება. აქაურობა ძალიან ჰგავს არაბეთში მდინარე ქარხეს გარშემო გაშლილ ტყეს.
ზურარეხის ფოსტის სადგურთან სალაჰლოს ბატონები ისმაილ აყა, ბექრ აყა, ჯაფარ აყა, აბდ არ-რაჰმან აყა და ჰასან აყა 50 მხედრისა და მამასახლისების თანხლებით დაგვხვდნენ და სალაჰლოს ფოსტის სადგურამდე მიგვაცილეს. სოფელი სალაჰლო ფოსტის სადგურთან ახლოს მდებარეობს. აქ 700 კომლი ცხოვრობს, ასე რომ ფაქტობრივად პატარა ქალაქია. სალაჰლოდან მტკვარი სულ გზის გასწვრივ, ხან ათასი, ხან კი ორასი ნაბიჯის მოშორებით მიედინება. ორი ვერსი გავიარეთ და სოფელ შიხილოში ჩავედით. აქ ჰაჯ ისმაილ ეფენდი სოფლის უხუცესთა თავკაცთან ერთად დაგვხვდა. სალაჰლოდან 7 ვერსის სავალზე შიხილოს მცხოვრებთა სასაფლაოა, რომლის სიახლოვესაც მდინარე ხრამი - იწერება „ხე“-თი და უწერტილო „რე“-თი და გამოითქმის როგორც „ჰარამ“2 - მოედინება. ხრამი სათავეს ბორჩალოს რაიონის მთებში იღებს, გატეხილ ხიდს ჩაუვლის და მდინარე მტკვარს უერთდება. ცამეტი ვერსი გავიარეთ და სანაყ-ქერფიში მივედით. ეს სიტყვა თურქულად “გატეხილ ხიდს” ნიშნავს. ამბობენ, რომ ძველი ხიდი აქვე ახლოს იყო, მაგრამ გატყდა და სხვაგან ააშენეს3. ამ სოფლის სახელიც აქედან მოდის. ძალიან კარგი, ქვითა და აგურით მკვიდრად ნაშენები ხიდია. სამმალიანია და შუა მალი საკმაოდ დიდია. აშენების დრო უცნობია4. ამ რაიონში ხრამი მტკვრის მერე ყველაზე დიდი მდინარეა. ახლა ძალიან ადიდებულია და წყალი სამივე მალიდან გადმოდის. მის გარშემო, ისე როგორც მტკვრის ნაპირებზე, ტყეა გაშენებული. გატეხილ ხიდთანაც გზის გარდიგარდმო ხე დაგვხვდა გადებული. აქ თბილისიდან მომავალ მგზავრებს თითო ცხენში 9 კაპიკს და ასევე მავაშის ახდევინებენ.
ხიდზე რომ გადავედით, კაზაკთა დივიზიის პოლკოვნიკი და ცხენოსანთა რაზმის მეთაური ეიუბ აყა გამოსამშვიდობებლად მოვიდა. ხიდის აქეთა მხარეს 14 პატიმარი დავინახე, 11 მუსლიმი და 3 სომეხი, რომლებიც ციმბირში მიჰყავდათ. ხიდი გადავკვეთეთ და გეზი ჩრდილოეთისკენ ავიღეთ. მინდორზე რომ გავედით, შორს მტკვარი გამოჩნდა. ის გზის პარალელურად ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიედინება და გზას ხან უახლოვდება და ხან შორდება.
ალგეთის ფოსტის სადგურს ჩამოუდის მდინარე ალგეთი, რომელზეც ქვის ხიდია აშენებული. ხიდი ერთმალიანია და ფოსტის სადგურის სამხრეთით მდებარეობს. სადგურში წყალი მდინარიდან მოაქვთ, თუმცა იქამდე საკმაოდ დიდი მანძილია. მუსლიმ მოგზაურებს, რომლებსაც ბევრი წყალი სჭირდებათ, ძალიან უჭირთ.
1. ყარაიაზი (ყარაია) - მტკვრისპირა ველი ახლანდელი ქალაქ რუსთავის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ისტორიულად ცნობილი იყო, როგორც საზამთრო საძოვრები და ქართველ მეფეთა სანადირო ადგილები.
2. რაკი სპარსულში ხმოვნები არ იწერება, აქ და შემდგომ ავტორს უცხო სიტყვებისა და ტოპონიმების სწორად გადმოსაცემად ანალოგიური გახმოვანების სპარსული სიტყვები მოაქვს.
3. იგულისხმება უძველესი ხიდი, რომელიც ქალაქ მტკვრისციხეს (ხუნანს) მთავარ გზასთან აკავშირებდა და VIII საუკუნეში მურვან ყრუს ლაშქრობის დროს დაინგრა (ამ ხიდის შესახებ იხ. Н.И.
Квезерели-Копадзе, Гатехили Хиди (Красный мост), Исторический и технический
очерк, Тбилиси, 1956, 9).
4. ახალი ხიდის აშენების თარიღი XVII საუკუნეა და მისი აგება როსტომ მეფეს (1565-1658) მიეწერება (ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება. XVIII საუკუნის დამდეგი, ივ. ჯავახიშვილის წინასიტყვაობით და რედაქტორობით, თბილისი, 1940, 183).
თბილისი
29 რამაზანი (29 ოქტომბერი), შაბათი:
თბილისში შევედით. ამ სიტყვის ქართული ძირი „თბილისია“, რაც ცხელი წყლის ადგილს ნიშნავს. ქალაქს ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ მისი სამხრეთი მთებიდან გადმოდის ცხელი წყლის წყაროები, რომლებზეც აბანოებია აშენებული. სპარსელებმა და არაბებმა „ბა“ „ფა“-თი შეცვალეს და „თეფლისი“ მიიღეს.
ალგეთის ფოსტის სადგურიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 10 ვერსი სიგრძის სწორი შარა მიდის. ამ გზის გავლის შემდეგ მივადექით იაღლუჯის ბორცვსა და ხევს, რომელთა შორისაც, 13 ვერსის დაშორებით, საგუშაგო დგას. წყალი არც აქ არის და ის მოაქვთ მდინარე მტკვრიდან, სადამდეც 7 ვერსია.
ალგეთს რომ გავცდით, მტკვარმა იაღლუჯის ქედს შემოუარა და გზას დაშორდა. იაღლუჯის ხევსა და ბორცვს შორის გრძელი და ღრმა ხეობაა, რომელსაც „შაჰ გიზლანანს“, ანუ „აქ შაჰი დაიმალა“ ეძახიან. როცა შაჰ-ე შაჰიდმა5 აღა მაჰმად ხანმა გადაწყვიტა, რომ თბილისის დასასჯელად გაელაშქრა, საქართველოს მმართველმა მის შესახვედრად ჯარი გაგზავნა. ამ ხეობაში დამალული შაჰის ლაშქარი ქართველებს შეებრძოლა, დაამარცხა და თბილისს თავს დაესხა. ირანელებმა ქალაქს სამხრეთი მთიდან შეუტიეს, ერთიანად ააოხრეს და [მოსახლეობა] ამოხოცეს. ეს ამბავი ჰიჯრის 1210 წელს მოხდა.
ჩემი აზრით, შაჰ-ე შაჰიდის თბილისზე და ნადირ ხან აფშარის ჯეჰანაბადზე გამარჯვება6 ამ ძლევამოსილ მეფეთა დიად საქმეთაგან უმნიშვნელოვანესია. მაგრამ, საბოლოოდ, სწორედ ეს ორი გამარჯვება გახდა მიზეზი, რომ ინგლისი ინდოეთს, ხოლო რუსეთი საქართველოს დაეპატრონა. ირანის შაჰები საქართველოს მმართველებს მეტად რომ გაფრთხილებოდნენ, შესაძლოა მათ თავი ასე არ შეერცხვინათ და ამდენი ხნის დინასტია ასე უცებ ქარს არ გაჰყოლოდა.
ერეკლე ხანის ვაჟი ალექსანდრე მირზა ერთ-ერთი იმ ქართველ მმართველთაგანი იყო, ვინც წლების განმავლობაში თავრიზში აწ განსვენებული ვალიაჰდის კარზე მსახურობდა, მაღალი თანამდებობა ეკავა და დიდი პატივით სარგებლობდა. თქვენს მონა-მორჩილს ნანახი აქვს თბილისური მონეტა სახელად „ქერიმ ხან ზენდი“, რომელზეც „იაქერიმ“ იყო ამოტვიფრული. ცუდია, რომ ქერიმ ხანმა, ან აზერბაიჯანის მმართველმა დინბალელმა7 ხანებმა იმდენ ხანს ვერ იმეფეს, რომ საქართველო და თბილისი ამ დღეში არ ჩავარდნილიყო. როცა ქართველები ირანის შაჰებს ემსახურებოდნენ და მათ სახელზე მონეტებს ჭრიდნენ, საჩუქრად ხალათებს იღებდნენ.
მოკლედ, იაღლუჯის ქედს რომ გავცდით, მტკვარი გამოჩნდა და დასავლეთისკენ წავედით. ჩვენ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მივდიოდით, მტკვარი კი გზას მარჯვნიდან, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიუყვებოდა. იაღლუჯის ფოსტის სადგურიდან დაახლოებით ერთი ვერსი გავიარეთ და მინდორზე გავედით. წყალი არც იაღლუჯის ფოსტის სადგურზეა და ის ერთი ვერსით დაშორებული მდინარე მტკვრიდან მოაქვთ. მტკვარი სულ გზას მიუყვებოდა.
სოღანლუღის ფოსტის სადგური მტკვრის ნაპირზე მდებარეობს. მინდორში ძალიან ბევრი ბალახი და ფიჩხია. სოღანლუღი სოფელია და ფოსტის სადგური მის სახელს ატარებს. მთის ძაბრისებრ მწვერვალზე დგას ეკლესია, რომელსაც თელეთს ეძახიან. წელიწადში ერთხელ თბილისის მოსახლეობა აქ სალოცავად მოდის. ეკლესიის გარშემო 2-3 ოჯახი ცხოვრობს. ისინი ამ ტაძარს ემსახურებიან. ხეობის შუაში მთის კალთაზე სახლები და ბაღებია შეფენილი. სოღანლუღის ფოსტის სადგურის წინ მთა არის აღმართული და ამიტომ აქედან თელეთის ეკლესია არ ჩანს. სოღანლუღიდან თბილისამდე გზა სულ მთის მარცხენა მხარეს მიდის. რამდენიმე ადგილას მთა გადაჭრილია და მასზე გზა არის გაყვანილი.
ქალაქიდან ორ ვერსში ირანის გენერალური კონსული მოყარაბ ალ-ხაყანი მირზა ასადოლაჰ ხანი ირანის მოქალაქეებთან და ვაჭრებთან ერთად დაგვხვდა. ჩვენთვის მომზადებულ კალიასკას მოჰყვებოდა ერთი ოფიცერი და ოთხი კაზაკი, რომლებიც რამდენიმე დღე ჩვენი მცველები უნდა ყოფილიყვნენ. ნაშუადღევს პირველ საათზე ირანის საკონსულოში მივედით. იქ დაგვხვდნენ კავკასიის დროებითი გამგებლის და მინისტრის პრინც ბაგრატიონ-მუხრანსკის მხრიდან მირზა ფათჰალი ახუნდოვი, რომელსაც პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა, ხოლო თბილისის გუბერნატორის მხრიდან შაჰმირ ხანის ვაჟი მუსიე მალექ ლუარსაბ ბეგლაროვი. შაჰმირ ხანი ხაყან-ე მაყფურის დროს ირანში ბრძანდებოდა და იქ ხანის ტიტული მიიღო. მათ ჩემთან შეხვედრა სურდათ, მაგრამ მთელი დღის მგზავრობისგან ძალიან დაღლილი ვიყავი და აბანოში მინდოდა წასვლა, ამიტომ შეხვედრა მეორე დღისთვის დავუნიშნე: გუბერნატორს დილის 10 საათზე, პრინც ბაგრატიონს ზუსტად დღის 12 საათზე. მათი წასვლის შემდეგ ქალაქის მოსახლეობის მხრიდან ქალაქის პოლიცმაისტერი ანუ ბეგლარბეგი პოლკოვნიკი მოვიდა და თბილისის მოსახლეობის მისალმება გადმოგვცა. თეთრწვერა მოხუცი იყო. მისი უდიდებულესობა იმპერატორის უმცროსი ძმა მისი აღმატებულება კავკასიის მეფისნაცვალი პრინცი მიხეილი თბილისში არ იყო, მის უდიდებულესობასთან ყირიმში ბრძანდებოდა, სადაც იმპერატორი შეფობის დღესასწაულს ზეიმობდა და მერე პეტერბურგში აპირებდა დაბრუნებას.
რუსეთში ასეთი წესია: ქვეითი ჯარისა თუ კავალერიის პოლკებს რომელიმე უფლისწულის, შესაძლოა, მეფის ასულის, ან გამოჩენილი სარდლის სახელს ანიჭებენ და მას შეფს - სინ-ს ქესრა და ფა-ს სუქუნი დაერთვის - ეძახიან. თუ ვინმე 25 წელი ერთ პოლკში ან ერთ თანამდებობაზე გაატარებს და სამსახურს არ გამოიცვლის, ან თუ ორდენს მიიღებს და 25 წელი ატარებს, 25 წლის თავზე მას მადლობის ნიშნად დიდ ზეიმს გაუმართავენ. მისი უდიდებულესობა იმპერატორი მსახურობდა ერევნის პოლკში, რომელსაც ეძახიან ლეიბ გრენადერთა ერევანსკი პოლკს8 - “ლეიბ” გამოითქმის როგორც ყეიბ და ნიშნავს საუკეთესოს, გამორჩეულს, “გრენადე” - სპარსულ ქაფ-ს ქესრა დაერთვის, - ტანმაღალს, ახოვანს, ხოლო “ერევანსკი” ერევანთან კავშირზე მიანიშნებს. წინა იმპერატორის ნიკოლოზის დროს ეს პოლკი ახლანდელ იმპერატორს გადასცეს და მისი შეფობის ქვეშ მოექცა ანუ მისი საკუთრება გახდა. ამ ფაქტს რუსული კალენდრით 1875 წლის 14 ნოემბერს (ანუ ინგლისური კალენდრით9 26 ნოემბერს და ჰიჯრით 1292 წლის 26 შავალს) ზეიმობენ. იმპერატორი ამ დღეს ყირიმში აღნიშნავს და მერე პეტერბურგში დაბრუნდება. მისი აღმატებულება მეფისნაცვალიც ამასთან დაკავშირებით შავალის თვის ბოლომდე ყირიმში დარჩება. შეფობის ზეიმიდან სამი დღის შემდეგ იმპერატორის წმინდა გიორგის თეთრი ორდენით დაჯილდოების დღესასწაულია. იმპერატორ ნიკოლოზის მეფობის დროს [ახლანდელ] იმპერატორს კავკასიის და დაღესტნის მთებში თავს დაესხნენ და ესროლეს. იმპერატორმა ამ ბრძოლაში დიდი ვაჟკაცობა და სიმამაცე გამოიჩინა და მამამისმა იმპერატორმა ნიკოლოზმა ის დააჯილდოვა თეთრი ჯვრის ორდენით, რომელსაც სპეციალურად ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის ანიჭებენ10. ეს ორი დღესასწაული ერთმანეთის მიყოლებით სამი დღის ინტერვალით აღინიშნება და რამდენიმე დღე დიდი ზარ-ზეიმია.
მოკლედ, თბილისი ნამდვილი ევროპული ქალაქის ნიმუშია. როგორც ამბობენ, ერთი პეშვით ერთ ხარვარს შეიცნობ11.
თამბურის კვნესა და დოლის ხმა
მინელდა და აღარც მოღუნული ხმალი [დარჩა]12.
ქალაქს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მთები აკრავს. სამხრეთი მთა უფრო მაღალი და ციცაბოა. მთის წვერზე მოჩანს ციხე-კოშკის ნაშთები, რომელიც ადრე საქართველოს მმართველებს ეკუთვნოდა. მდინარე მტკვარი - არაბულ ქაფ-ს ზამმე და რე-ს თაშდიდი დაერთვის და გამოითქმის როგორც სიტყვა ჰორრ - ქალაქს შუაზე კვეთს. სამხრეთი მხარე უფრო დიდია და მასში ბევრი კარგი სახლი და ბაზარია. თბილისში შვიდი ცხელი წყაროა და ყველა მათგანი ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ზოგიერთი ძალიან ცხელია და ადამიანისთვის მავნეა. ცხელ წყაროებზე მშვენიერი აბანოებია აშენებული. გოგირდის სუნი საერთოდ არ იგრძნობა, მაგრამ წყლიდან ამოსვლის შემდეგ თმა და სხეული ისე გაქვს დარბილებული, თითქოს თავზე, ტანზე და წვერზე ბალბას ნაყენი წაგისვესო.
ირანის საკონსულო მაღლობზე დგას და იქიდან თითქმის მთელი ქალაქი მოჩანს. გენერალური კონსული ანუ ირანული ტერმინოლოგიით „ქარფარდაზ-ე ავალი“13 მირზა ასადოლაჰ ხანია, რომელიც სეიდ თაბათაბაია14. ის მოსთოუფი მირზა ალი ასყარის ვაჟი და მირზა რაფის მშვილიშვილია. ეს უკანასკნელი ხაყან-ე შაჰიდის დროს თავრიზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო და განსვენებული ვალიაჰდის გამეფებამდე თავრიზში ცხოვრობდა. მირზა ასადოლაჰ ხანმა კარგად იცის ფრანგული და ახლა რუსულიც ისწავლა. ის წესიერი კაცია და კარგი რეპუტაცია აქვს. ვაჭრები და ირანის სხვა ქვეშევრდომები მისით ძალიან კმაყოფილები არიან და რუსი წარჩინებული მოხელეებიც დიდ პატივს სცემენ.
ერთი ვერსი - გამოითქმის როგორც ხერს - 500 საჟენის ტოლია, ხოლო ერთი საჟენი სამ რუსულ ზარ‘ს15 შეესაბამება. ჩვენ ვერსი ერაყული ბაზაზის ზარ‘ით16 გავზომეთ. ერთი რუსული ზარ‘ი ნახევარ ზარ‘სა და სამ გერეს უდრის, შესაბამისად, 1 საჟენი, რომელიც 3 რუსული ზარ‘ის ტოლია, 33 გერეს ეკვივალენტია, რაც 2 ზარ‘სა და 1 გერეს შეესაბამება. 24 საჟენი 16,5 ზარ‘ის, ხოლო 48 საჟენი 33 ზარ‘ის ტოლია. 1 რუსული ვერსი, რომელიც 500 საჟენს უდრის, 1500 რუსული ზარ‘ის ეკვივალენტია, რაც ერაყული ბაზაზი ზარ‘ის მიხედვით 1032 ზარ‘ისა და 3 ჩარაქის ტოლია. თუმცა ახლა სავაჭრო ოპერაციების დროს 500 საჟენს 1500 ზარ‘ად აფასებენ და ყველა ვაჭარი გარიგების დროს 500 რუსულ ზარ‘ს 350 ერაყულ ზარ‘ად თვლის, რაც, როგორც გავარკვიეთ, 1050 ზარ‘ში 17 ზარ‘სა და 1 ჩარაქ განსხვავებას იძლევა.
ბაქოდან სარაის ფოსტის სადგურამდე 17 ვერსი და სამი ჩათვარია (ჩათვარი ვერსის მეოთხედია), სარაიდან ერბათამდე - 14 ვერსი და 1 ჩათვარი. აქ ძალიან ცუდი წყალია. ერბათიდან ლანათნამემდე 11 ვერსია. აქ წყალი არ არის და ის შორიდან მოაქვთ. ლანათნამედან ჯანგის ფოსტის სადგურამდე 12 ვერსია. აქაც ცუდი წყალია. მთლიანობაში 55 ვერსი გზაა. ჯანგიდან ნაყი-ქერფამდე 17,5 ვერსია. აქაურ წყალს მწარე გემო აქვს. ნაყი-ქერფიდან მარაზამდე 12 ვერსი და 3 ჩათვარია. აქაც ცუდი წყალია. მარაზადან აჯიდარემდე 15 ვერსი და 1 ჩათვარია. ეს ადგილი თავის სახელს ამართლებს, რადგან აქ ძალიან მწარე წყალია და გემრიელი წყალი შორიდან მოაქვთ. აჯიდარედან შემახამდე 12 ვერსი და 1 ჩათვარია. მთლიანობაში 57 ვერსი და სამი მეოთხედია. ქალაქ შემახადან შერადილის ფოსტის სადგურამდე 17 ვერსი და 1 ჩათვარია. შერადილიდან აღსუმდე 19 ვერსი და 3 ჩათვარია. მთლიანობაში - 38 ვერსი. აღსუდან ქულულიმდე - არაბულ ქაფ-ს ზამმე დაერთვის - 12 ვერსია. ქულული ორი უბნისგან შედგება: ერთში, რომელიც ცოტა მოშორებით არის, მუსლიმები ცხოვრობენ, ხოლო ფოსტის სადგურის ახლოს - მალაკნები. ქულულიდან ყარამარიამამდე 12 ვერსი და 3 ჩათვარია. ყარამარიამიდან გოქ-ჩაიმდე 12 ვერსი და 2 ჩათვარია, სულ - 55 ვერსი და 1 ჩათვარი. გოქ-ჩაიდან თურიან-ჩაიმდე 22 ვერსია.
თურიან-ჩაის ფოსტის სადგური იქვე ახლოს აღდაშში გადაიტანეს, რადგან თურიან-ჩაი მთის ფერდობზე მდებარეობს, აღდაში კი ვაკეზეა. აღდაშიდან არაბამდე 14 ვერსი, ხოლო არაბიდან ჩომაღლომდე 16 ვერსია. სულ 52 ვერსი გამოდის. ჩომაღლოდან მინგეჩაურამდე 19 ვერსი და 1 ჩათვარია. მინგეჩაურიდან ყარაყოლი-ჩაიმდე 20 ვერსია. “ყარაყოლი” თურქულად ლერწამს ნიშნავს, “ყარაყილი” კი - ლერწმიანს. ყარაყოლი-ჩაიდან ქუროქ-ჩაიმდე - ორი არაბული ქაფ-ით იწერება და მხარს ნიშნავს - 19 ვერსია. ქუროქ-ჩაიდან ქალაქ განჯამდე 21 ვერსია, სულ - 40 ვერსი. ქალაქ განჯიდან ყარაიერამდე 17 ვერსია. აქ დაუმთავრებელ ფოსტის სადგურთან ცხენი აბია, თუმცა არავინ ცხოვრობს. ყარაიერიდან შამქორამდე 19,5 ვერსია.შამქორიდან ძეგამამდე - სპარსული ქაფ-ით იწერება - 22 ვერსი და 2 ჩათვარია, სულ - 50 ვერსი. ძეგამიდან თოუზამდე 19 ვერსია, თოუზიდან ჰასანსუმდე - 16 ვერსი, ხოლო ჰასანსუდან აღსთაფამდე - 12 ვერსი, სულ - 47 ვერსი. აღსთაფადან ზურარეხამდე 10,5 ვერსია, ზურარეხიდან სალაჰლომდე - 13 ვერსი, სალაჰლოდან ალგეთამდე - 23 ვერსი, სულ - 46,5 ვერსი. ალგეთიდან იაღლუჯამდე 22 ვერსია, იაღლუჯიდან სოღანლუღამდე (ნიშნავს ხახვიანს, ანუ ადგილს, სადაც ბევრი ხახვია) - 12 ვერსი, ხოლო სოღანლუღიდან თბილისამდე, ანუ [თბილისის] ფოშთხანემდე - 10,5 ვერსი, სულ - 44,5 ვერსი.
ერთ ვერს გზაზე თითო ცხენში 3 კაპიკ ქირას იღებენ. 100 კაპიკი 1 მანეთის ანუ 3010 ირანული შაჰის ტოლია. რუსული იმპერიალი 5 მანეთს უდრის და მისი ზედაპირი მოხატულია. დუკა სამი მანეთის ტოლფასია და მასზე გეომეტრიული ციფრებია გამოსახული. მაგრამ იმპერიალს, დუკას და ქაღალდის მანეთს შორის [კურსის მიხედვით] 2-3 ათასი სხვაობაა.
5. შაჰ-ე შაჰიდი/ხაყან-ე შაჰიდი (სიტყვ. “მოწამე შაჰი”) - აღა მაჰმად ხან ყაჯარის ლაყაბებია.
6. ნადირ ხან აფშარი - ირანის შაჰი 1736-47 წლებში, ყიზილბაშთა აფშარის ტომიდან. 1738 წელს მან ინდოეთი დალაშქრა და ჯეჰანაბადი აიღო.
7. ერთ-ერთი ქურთული ტომის სახელი.
8. რუსეთის არმიის ერთ-ერთი უძველესი პოლკი. ჩამოყალიბდა 1642 წელს. 1800 წელს შემოიყვანეს საქართველოში. 1827 წელს ერევნის აღებასთან დაკავშირებით მიიღო “ერევნის” (Эриванский) სახელწოდება. იმპერატორი ალექსანდრე II, რა თქმა უნდა, პოლკში არ მსახურობდა. ის იყო პოლკის შეფი 1850-1881 წლებში.
9. ინგლისურ კალენდარში ავტორი გულისხმობს გრიგორიანულ კალენდარს, რომელსაც იმ დროს მთელი ევროპა მისდევდა.
10. წმ. გიორგის მეოთხე კლასის ორდენი მომავალმა იმპერატორმა ალექსანდრე II-მ 1850 წელს, კავკასიის ომის დროს დაღესტანში ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ მიიღო. 1869 წელს მან თავის თავს წმ. გიორგის პირველი კლასის ორდენიც მიანიჭა. 14 (26) ნოემბერი მეორე ორდენის მიღების თარიღია.
11. ირანული ანდაზა, რომელიც გულისხმობს, რომ მცირედით დიდი გამოიცნობა, ანუ მცირედით წარმოდგენას შეიქმნი დიდზე.
12. მოღუნულ ხმალში იგულისხმება იატაგანი - პირმოღუნული და ყუაამოზნექილი მახვილი, რომელიც აღმოსავლეთის ხალხებში იყო გავრცელებული. ავტორისთვის იატაგანი, ისე როგორც თამბური და დოლი აღმოსავლეთის სიმბოლოს წარმოადგენს.
13. სიტყვასიტყვით პირველი კონსული.
14. წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავალი ორივე მშობლის ხაზით.
15. რუსულ ზარ‘ში ავტორი არშინს გულისხმობს.
16. ბაზაზი (სიტყვასიტყვით საფეიქრო) ზარ‘ი - ქსოვილის სიგრძის საზომი.
30 რამაზანი
(30 ოქტომბერი), კვირა:
დილით
ოფიციალურ ტანსაცმელში
გამოწყობილი მისი
აღმატებულება ადიუტანტი კნიაზ
მირსკი მოვიდა
და მიღება
ითხოვა. რადგან
წინა დღეს მის უდიდებულესობასთან ვიყავი შეთანხმებული,
ვუთხარი: „თუ არ შეწუხდებით, ნაშუადღევს
პირველ საათზე
მობრძანდით“.
შუადღეს
ორი საათი
აკლდა, როცა
თავად მისი
აღმატებულება ორლოვსკი და
შაჰმირ ხანის
ვაჟი მუსიე
ლუარსაბ ბეგლაროვი
მოვიდნენ. მისი აღმატებულება
წარმოშობით პოლონელია
და 16 წელია,
რაც თბილისის გუბერნატორია.
აღმსარებლობით კათოლიკეა.
მიუხედავად იმისა, რომ
მთელი ამ
ხნის განმავლობაში
მისი ავისმოსურნეები ცდილობდნენ, რომ თანამდებობიდან
გადაეყენებინათ, ვერაფერი მოუხერხეს. ძალიან თავაზიანი
კაცია. მისი
წასვლის შემდეგ
დათქმულ დროს მისი
აღმატებულება ბაგრატიონი
მობრძანდა. ირანისა
და თავისი ქვეყნის ორდენები ეკეთა.
ცოტა ხანი
დავსხედით და
ვისაუბრეთ. ძალიან დახვეწილი და ჭკვიანი
კაცია, „შინაგანად ბრწყინვალე და
გარეგნულად სადა“.
წარმოშობით ქართველია
და წინასწარმეტყველ
დავითის შთამომავალია. ამასობაში
ქართველი არისტოკრატი
და უძველესი
გვარის შთამომავალი მისი
აღმატებულება კნიაზ
გრიგოლ ორბელიანი
მობრძანდა. ის იმპერატორის
გენერალ-ადიუტანტი
და სენატორია.
როცა ჰიჯრით
1286 წლის ბოლოს მისი
უდიდებულესობა შაჰინშაჰი
გილანს ესტუმრა,
რუსეთის ხელისუფლების მხრიდან
მასთან შეხვედრის
პატივი სწორედ
კნიაზ ორბელიანს ერგო.
რამდენიმე ორდენი
ეკეთა, მათ
შორის - მისი უდიდებულესობის გამოსახულებიანი ორდენიც.
მისმა აღმატებულება ბაგრატიონ-მუხრანსკიმ მას
ადგილი დაუთმო
და წავიდა.
კნიაზ ორბელიანმა მირზა
ასადოლაჰ ხანი
ქებით მოიხსენია
და გვთხოვა,
რომ მისი სამსახურისა
და ერთგულების
შესახებ ირანის
პირველი პირებისთვის გვემცნო. კნიაზის წასვლიდან
ნახევარ საათში
მისი აღმატებულება ბაგრატიონ-მუხრანსკი დაბრუნდა.
მას თარჯიმნობას
მირზა ფათჰალი ახუნდოვი უწევდა. გვითხრა:
„რა სამწუხაროა, რომ
თბილისის ზოგიერთი ღირშესანიშნაობა ვერ დაათვალიერეთ“ და რამდენიმე
ადგილი დაასახელა. მერე თქვა: „თქვენთვის თეატრში ადგილს
შევანახინებ და
თუ მოისურვებთ, ნებისმიერ საღამოს შეგიძლიათ,
წახვიდეთ და
წარმოდგენას დაესწროთ“. მერე ოფიციალურ ტანსაცმელში
გამოწყობილი მისი
მაღალაღმატებულება მეფისნაცვალის სამხედრო თანაშემწე,
მისი აღმატებულება
კნიაზ მირსკი მობრძანდა. თარჯიმნობას ისევ
მირზა ფათჰალი
უწევდა. კნიაზ
მირსკი ძალიან სასიამოვნო
მოსაუბრე აღმოჩნდა.
20 წლის წინ სევასტოპოლის ბრძოლაში ორჯერ იყო
დაჭრილი. ერთი
გამჭოლი ჭრილობა
მკერდში ჰქონდა მიყენებული
და ამის
გამო ცხენზე
ჯდომა უჭირდა.
უამრავი ორდენი ეკეთა.
საუბრის დროს
გვითხრა: „ცოტა ხნის წინ
დაარსდა ერთი კომპანია, რომელსაც ინგლისსა
და საფრანგეთს
შორის მდებარე
ლა-მანშის ზღვის ქვეშ გზა
გაჰყავს. ამ
ზღვაზე ხშირია
შტორმი და
რამდენჯერმე გემები ერთმანეთს
შეეჯახა და
დაიმტვრა. ამიტომ
მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ
ვაჭრობის გამოცოცხლებისთვის
მიწისქვეშა გზა აეშენებინათ და ამ
დროისთვის სამუშაოები
უკვე დაწყებულია“. კიდევ გვიამბო: „პარიზში ერთმა კაცმა
საოცარი რამ
გამოიგონა: თეთრ
და შავ მინაზე მოხვედრილი მზის
სხივები გამოყოფენ
სითბოს, რომელსაც
მანქანა მოძრაობაში მოჰყავს
და მისი
ორთქლისგან მატარებლები
და გემები
ისე დადიან, რომ
ქვანახშირი, ნავთობი
და შეშა
არ ჭირდებათ“. ეს გამოგონება, მართლაც, სასწაულია. [მსმენელებმა]
თქვეს: „ღმერთმა ადამიანის გონებას განუსაზღვრელი შესაძლებლობები მიანიჭა“, რაზეც [მან]
უპასუხა: „სასულიერო პირები გონებას
არ ცნობენ”.
დაახლოებით ერთი
საათი იჯდა და წავიდა. საუბრისას,
როცა ლაპარაკი
ძველ შენობებზე
ჩამოვარდა, გვკითხა: „გატეხილი ხიდი თუ
ნახეთ?“ ვუთხარი: „დიახ, ძალიან კარგი
ხიდია“. თქვა: „ამდენი ხნის აშენებულია
და პატარა
შეკეთებაც კი
არ დასჭირვებია“. ვკითხე: „ვისი აშენებულია?“ მიპასუხა: „შაჰ აბას პირველის“.
როგორც ჩანს, [შაჰ აბასი] საქართველოზე და ყარაბაღზე ძალიან ზრუნავდა, რომ განჯაში მოედანი და მეჩეთი, აქ კი ასეთი ხიდი ააგო. ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენლები ძველ დროში საქართველოს მეფეები იყვნენ. სწორედ ამ ბაგრატიონებზეა ლაპარაკი ხაყანის17 ერთ ლექსში:
„იქ ქრისტეს ზარებს სასოებით ვემთხვევი კიდეც,
ზონარს შევიბამ, ქრისტიანის ჯვარს დავიკიდებ.
ნაჭარმაგევში და მუხრანში მინდა, გავიდე.
ბაგრატიონთა სასახლეში ბინას დავიდებ“18.
ხაყანის დივანის კომენტატორი კი ბაგრატიონებს ჰაქიმად19 მიიჩნევს, რაც შეცდომაა.
რამაზანის დღესასწაული (31 ოქტომბერი), ორშაბათი:
გვეწვია მუსიე ლუარსაბ ბეგლაროვის უფროსი ძმა მუსიე პაველ ბეგლაროვი, რომელიც სპარსულად მშვენივრად ლაპარაკობს. მირზა ფათჰალი მოვიდა და მოგვახსენა: „მისმა აღმატებულება პრინც ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თქვენდამი ღრმა პატივისცემის ნიშნად შაჰმირ ხანის ვაჟს მუსიე ლუარსაბ ბეგლაროვს დაავალა, რომ ფოთის ნავსადგურამდე გაგაცილოთ, გემში ჩაგსვათ და თქვენი მშვიდობიანად გამგზავრების ამბავი ჩამოიტანოს“. სიკეთისთვის დიდი მადლობა გადავუხადე. ამ კაცს პოლკოვნიკის ჩინი აქვს და ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილის ნახევარი ეკუთვნის.
მერე მირზა ფათჰალი ახუნდოვის ცოლის ძმა მირზა მოსტაფა მოვიდა და სპარსულად გვითხრა: „გენერალ-მაიორი ბენტესკი, რომელიც პლანეტა ვენერას მზესთან მიახლოებაზე დასაკვირვებლად თეირანში იყო ჩამოსული და თქვენთანაც ბრძანდებოდა, მიღებას გთხოვთ“. ვუთხარი: „ხვალ მოვიდეს“. ამ კაცმა, მას შემდეგ, რაც თეირანში საქმეს წარმატებით გაართვა თავი, გენერლის ჩინი მიიღო.
შემდეგ კალიასკაში ჩავჯექი და საპასუხო ვიზიტებზე წავედი. მის აღმატებულება პრინც ბაგრატიონ-მუხრანსკის და თბილისის გუბერნატორ ორლოვსკის სადარბაზო ბარათები დავუტოვე და მის აღმატებულება კნიაზ მირსკის ვეწვიე. ძალიან თავაზიანი კაცი იყო და მშვენიერი მანერები ჰქონდა. ერთი ოთახი ირანულ ყაიდაზე მოეწყო და ფანჯრებიც ირანულ ყაიდაზე გაეკეთებინა. ოთახში ბევრი სპარსული ნივთი იყო. დივანზე და კედლებზე თურქული ხალიჩები ეფინა. ჩინებული მოსაუბრე აღმოჩნდა. რკინიგზის შესახებ გვიამბო და გვითხრა, რომ სამ წელიწადში დასრულდებოდა. თითო რუსული ვერსის აშენება 14000 ირანული თუმანი ჯდებოდა და დასრულებას სჭირდებოდა 21 მილიონი მანეთი, რაც ირანულ ფულზე დაახლოებით 7,5 მილიონია. კნიაზ მირსკიმ თქვა: „ათი წლის წინ მთელ რუსეთში 1000 ვერსი რკინიგზის ხაზი იყო გაყვანილი, ახლანდელი გამოთვლებით კი უკვე 10000 ვერსია“. ვუთხარი: „ამბობენ, რომ ამის ძირითადი მიზეზი იმპერატორის საყვარელი ქალიშვილის და დედოფალ ვიქტორიას მეორე ვაჟის ქორწინებაა20. უეჭველია, იმპერატორი ნიკოლოზი რომ გამხდარიყო, საქმე სხვაგვარად იქნებოდა“. დამეთანხმა და ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანა. მირზა ასადოლაჰ ხანს უთხრა: „თუ ეს ბატონი არტილერიისა და ყაზარმის ნახვას მოისურვებს, მოიყვანეთ“. ვუპასუხე: „დიდი სიამოვნებით დავათვალიერებ“. გამომშვიდობებისას მითხრა: „იმედია, ზღვაზე მოგზაურობისას არ გაწვალდებით და უკანაც ამ გზით დაბრუნდებით და ისევ შევხვდებით“. ეს იყო პასუხი ჩემს გუშინდელ სიტყვებზე, თუ ზღვაზე მოგზაურობა მშვიდობიანად ჩაივლის, მაღალი ღმერთის ნებით, უკანაც ამ გზით დავბრუნდები-მეთქი. ვუპასუხე: „თქვენგან იმდენი სიყვარული და პატივისცემა ვნახე, რომ ზღვაზე რომც გავწვალდე, უკან მაინც ამ გზით წამოვალ“. დიდი მადლობა გადამიხადა. თარჯიმანმა მირზა ფათჰალიმ კარებამდე მიგვაცილა.
იქიდან კნიაზ გრიგოლ ორბელიანთან წავედი და სავიზიტო ბარათი დავუტოვე. მირზა ასადოლაჰ ხანს უნდოდა, წავეყვანე აყა მირ ფათაჰის ბაღში, რომელსაც მოჯთაჰედის ბაღს ეძახიან. აყა მირ ფათაჰის მერე ეს ბაღი ავექ ხანს ერგო, ახლა კი სახელმწიფოს საკუთრებაა. უარი ვუთხარი, შემოდგომის ბაღი მაინცდამაინც ლამაზი სანახავი არ იქნება-მეთქი და სახლში დავბრუნდი. მირზა ასადოლაჰ ხანმა მომცა სავიზიტო ბარათები, რომლებზეც რუსული წარწერის ქვეშ სპარსულად ეწერა: უფლისწული ფარჰად მირზა მო‘თამად ად-დოულე.
17. ცნობილი შირვანელი პოეტი, სპარსული პოეზიის ერთ-ერთი კლასიკოსი აფზალ ად-დინ ხაყანი (1120-1199).
18. თარგმანი მ. თოდუასი (სპარსული პოეზიის შედევრები, ტ. 2, თბილისი, 2010, 12).
19. ჰაქიმი ყაჯართა ირანში ერქვა რაიონის ან ოლქის მმართველს.
20. ალექსანდრე II-ს ასული მარია (1853-1920) გათხოვილი იყო ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას მეორე ვაჟზე, ედინბურგის ჰერცოგ ალფრედზე (1844-1900).
ჰიჯრის 1292 წლის 2 შავალი (1875 წლის 1 ნოემბერი), სამშაბათი:
დილით კავკასიის მონაჯემბაში მოვიდა. თარჯიმნობას მირზა მოსტაფა უწევდა. თბილისში კომპასის პოლუსიდან გადახრის შესახებ ვკითხე და მიპასუხა, რომ 3,5 გრადუსი იყო.
მისი წასვლის შემდეგ გუბერნატორ ორლოვსკის დიდმოხელე, კანცელარიის უფროსი კნიაზ არგუტინსკი-დოლგორუკი მოვიდა და მიტკლის ქარხანაში დაგვპატიჟა. გვითხრა, რომ წარმოშობით არდაშირ დერაზდასთის21 გვარიდან იყო და მისი წინაპრები თბილისში ფეოდალური ხანიდან ცხოვრობდნენ. ვუთხარი: „არდაშირ დერაზდასთი ხომ ლაყაბია ბაჰმან ესფანდიარის ძისა, რომელსაც ბერძნები არტაქსერქსე ლანგი მანუსს22 ეძახიან“. ძალიან გაუკვირდა, რომ ვიცოდი. ლამაზი, შავთვალწარბა კაცი იყო და ირანელს მართლა ჰგავდა. ოფიცერი და ოთხი კაზაკი მოგვიჩინა, რომ ჩვენს კალიასკას გაჰყოლოდნენ. ამ ქარხანაში ისეთივე ძაფის სართავი დანადგარი იყო, როგორც თეირანის ქარხანაში, მაგრამ მიტკლის დამამზადებელი [დანადგარიც] ჰქონდათ. იქიდან სახლში დავბრუნდით. მისმა აღმატებულება პრინც ბაგრატიონ-მუხრანსკიმ მირზა ფათჰალის პირით შემომითვალა: „ოთხშაბათ საღამოს თქვენთვის თეატრში ადგილია შენახული და გთხოვთ, რომ წარმოდგენას დაესწროთ“. თანხმობა გადავეცი. კიდევ შემომითვალა: „რადგან თქვენ ჩემი ნახვა გსურდათ, მიუხედავად საშინელი მოუცლელობისა, ხუთშაბათს ათიდან თერთმეტ საათამდე გეწვევით“.
21. „არდაშირ დერაზდასთ“ (სიტყვ. არდაშირ გრძელხელა) საშუალო სპარსული ფორმაა ძველი სპარსული სახელისა Artaxshassa / Artaxshathra - იგივე ბაჰმან ესფანდიარის ძე, ნახევრადლეგენდარული სპარსელი მეფე აქემენიდების გვარისა. თამარის ისტორიკოსის ცნობით, მას უკავშირდება XII-XIV სს. ქართველ ფეოდალთა საგვარეულო - მხარგრძელები (რუსული ფორმა Долгорукий), თუმცა ამ გვარის წარმომავლობაზე განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს.
22. ავტორს ერევა: “ლამგი მანუს“ არტაქსერქსეს ლათინური სახელია, ბერძნები კი მას „მაკროქეირის“ ეძახდნენ.
3 შავალი (2 ნოემბერი), ოთხშაბათი:
მზის ჩასვლამდე სამსაათნახევრით ადრე მისი აღმატებულება პრინც ბაგრატიონ-მუხრანსკის თხოვნით თეატრში წავედი. „მარგარიტა“23 გადიოდა: ერთი ფილოსოფოსი ეშმაკის წაქეზებით გაახალგაზრდავდა და ეშმაკი მას მეფისტოფელის სახით გამოეცხადა. ამ ქარაფშუტა კაცმა, რომელიც დროს მუდამ გართობასა და ცოდვაში ატარებდა, უმანკო მარგარიტა მახეში გააბა და გააუბედურა. ძალიან საინტერესო წარმოდგენა იყო. მარგარიტა მშვენივრად გამოხატავდა დარდსა და სიხარულს: სიხარულს, როცა ბაღში ძვირფასეულობა იპოვა და გაიკეთა და მწუხარებას, როცა შეურაცხყოფილი და შერცხვენილი დარჩა. მარგარიტას მონოლოგი, ფილოსოფოსის სიყვარული, მარგარიტას ძმის მიერ საწამლავის დალევა, ტირილი და დის დაწყევლა, ეშმაკის ქცევა, როცა ფილოსოფოსს და მარგარიტას გამოეცხადა, ეშმაკის მიერ მარგარიტას ცდუნება და დამღუპველი კოცნა - ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავი იყო. შვიდ საათზე სახლში დავბრუნდით. ოფიცერმა და კაზაკებმა სახლამდე მიგვაცილეს.
მირზოევი მოვიდა და დაგვპატიჟა თავის მამულში, რომელსაც წყალი 100 გაზის მოშორებით მტკვრიდან [საქაჩი] დანადგარით მიეწოდება. მუსიე ლუარსაბ ბეგლაროვმა ხაყან-ე მაყფურის, ღვთისმოსავი ვალიაჰდის და განსვენებული შაჰინშაჰის ფირმანები მოიტანა და მასთან წავედი.
ხაყან-ე მაყფურის ფირმანი ჰიჯრის 1235 წლის ზუ ლ-ჰიჯას თვით (1820 წ. სექტემბერ-ოქტომბერი) თარიღდება და შაჰმირ ხანისთვის ხანის ტიტულის, ალიჯაჰის ლაყაბის და ორდენის მინიჭებას ეხება.
განსვენებული ვალიაჰდის, მსუბუქი იყოს მისთვის სამარის მიწა, დოკუმენტი ჰიჯრის 1237 წლის რაბი ალ-ავალის თვეს (1821 წ. ნოემბერ-დეკემბერი) განეკუთვნება. განსვენებული შაჰინშაჰის ფირმანი მისი [შაჰმირ ხანის] ალმასის ორდენით დაჯილდოვების შესახებ კი 1262 წლის შავალის თვით (1846 წ. სექტემბერ-ოქტომბერი) თარიღდება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმდენი ვერ მოახერხა, რომ ბრწყინვალე ფირმანს ოქროს ასოებით დაწერილი თოღრაც24 ჰქონოდა. თავად ფირმანი მოეოქროვებინათ, მაგრამ თოღრა აკლდა. ეს რომ შევამჩნიე, ძალიან შემრცხვა.
კავკასიის გამგებლის თარჯიმანმა პოლკოვნიკმა მირზა ფათჰალი ახუნდზადემ, რუსულად ახუნდოვმა, თავისი გამოგონილი ანბანი მომიტანა. ის სამი ნაწილისგან შედგებოდა. ორი ნაწილი მომეწონა, მესამეში კი ცალკე მდგომი ასოები25 ლათინური დამწერლობის ყაიდაზე მარცხნიდან მარჯვნივ ეწერა. ვუთხარი: “ამ ანბანს მუსლიმები არ მიიღებენ, რადგან ევროპულ დამწერლობას ჰგავს, რომელზეც ხაყანიმ თქვა, ქრისტიანული დამწერლობისგან ცა გაუკუღმართდაო. მაგრამ დანარჩენი ორი უკეთესია. იბნ მაყალემაც26 ხომ ქუფური დამწერლობა ნასხით შეცვალა და ის გაამარტივა”.
[მირზა ფათჰალიმ] ამ დამწერლობის შექმნაზე ბევრი იწვალა. მიუხედავად იმისა, რომ არაბულ და სპარსულ ენებში სიტყვის გამოთქმისთვის გადამწყვეტი მისი გახმოვანებაა და არა დაწერილობა, მაშინაც კი, როცა ხმოვნები აღნიშნულია, მაგრამ ასოებს წერტილები არ უსვია, განსხვავებულ ვარიანტებს ვიღებთ. მაგალითად, დიაკრიტიკული წერტილების გარეშე სიტყვა „მოჯბერ“ რამდენიმენაირად შეიძლება წაიკითხო: მოხბერ, მოხირ, მოჰირ, მოხიირ, მოჰბერ, მოჯიზ. მაგრამ თუ სიტყვა გახმოვნებულია და ასოებიც სწორად წერია, მისი წაკითხვა ბავშვსა და ახალბედასაც კი არ გაუჭირდება. თუმცა დღეისთვის ამ დამწერლობას 200 მილიონი მუსლიმი ხმარობს და მისი შეცვლა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
„საადიმ სამყაროში ისეთი კვალი დატოვა,
რომელიც არ წაიშლება, გინდ საუკუნეები გავიდეს“.
არაბულ და სპარსულ ასოებს რომ წერტილები აქვს, ამაში მისტიკური სიბრძნე დევს. როგორც მისი ბრწყინვალება ალი ამირ ალ-მო‘მენინი ბრძანებს, „ზეგარდმოვლენილი წიგნების საიდუმლო ყურანშია, ყურანის საიდუმლო წიგნის გამხსნელ სურაშია, წიგნის გამხსნელი სურის საიდუმლო „სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა“-ს ფორმულაშია, ამ ფორმულის საიდუმლო ასო „ბა“-ს ქვედა წერტილშია და მე ვარ ასო „ბა“-ს ქვედა წერტილი“. ასო „ბა“-ს ან დიაკრიტიკული ნიშნების მქონე სხვა ასოების წერტილებს მნიშვნელობა რომ არ ჰქონოდა, სამყაროს მბრძანებელი არ იტყოდა ამ სიტყვებს: „ილოცეთ ჩემზე, სანამ მე დამიწყებდეთ ძებნას“.
ერთი სიტყვით, მირზა ფათჰალი ახუნდოვი ერუდირებული კაცია. რუსულად მშვენივრად ლაპარაკობს და თარგმნის. არაბული, თურქული და სპარსულიც იცის. პოეტური ნიჭითაც არის დაჯილდოვებული. აღმსარებლობით შიიტია, მაგრამ სწამს 11 მაზჰაბისა27 და აშარისა28, რომელთა მიხედვითაც ადამიანს თავისუფალი ნება არ გააჩნია. მას მაღალი ღმერთის მემკვიდრის დაბადების არ სჯერა და ამ ჰადისს ამბობს:
„დაიბადება იმისგან, ვინც შვა ფატიმა, მაჰდი29, რომელიც ქვეყანას, რომელიც სავსეა ჩაგვრითა და უსამართლობით, სიმართლითა და სამართლიანობით აავსებს“. ის ამტკიცებს, რომ [მემკვიდრე] ჯერ არ დაბადებულა და განუწყვეტლივ იმეორებს ამ ლექსს, რომელიც შეიხ მოჰამად შაბესთარიმ30 თავის „საიდუმლოებათა ვარდნარში“ სთქვა: „ყველა, ვისაც ბედისწერის არ სჯერა, წინასწარმეტყველი ბრძანებს, რომ ის ცეცხლთაყვანისმცემელია“.
მამამისი მირზა მოჰამად თაყი ორუნაყის რაიონის სოფელ ხამენედან იყო. ორუნაყი თავრიზის 18 მაზრიდან ერთ-ერთია. დედამისი წარმომავლობით მარაღას წარჩინებულთა წრიდან იყო, მაგრამ მერე შაქიში გადავიდა და რამდენიმე წელი ყარაბაღში გაატარა. რუსეთ-ირანის ომის შემდეგ 28 წლის [მირზა ფათჰალი] ყარაბაღში ჩავიდა და დედამისის ძმასთან დასახლდა. მან ირანში დაბრუნება აღარ ისურვა და რუსეთში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
ერთი სიტყვით, ნაშუადღევს მუზეუმის დასათვალიერებლად წავედით. იქ ძალიან კარგი ჩიტები იყო. დიდი, დაახლოებით 3 ზარ‘ი სიგრძის, შავი თევზი, რომელსაც ისეთი სქელი კანი ჰქონდა, თითქოს შავი ტყავის ნაჭერი გადაუკრავთო, შარშან სალიანში დაუჭერიათ. ასევე ვნახეთ მშვენიერი პეპლები, ორი ვეფხვი, უზარმაზარი, ვირისტოლა ტახი და იმხელა გარეული კამეჩი, როგორიც არასოდეს მინახავს.
მუზეუმიდან ქალაქის ჩრდილოეთ მთაზე განლაგებული არსენალის, საჭურველთსაცავისა და ყაზარმის სანახავად წავედი და მდინარე მტკვარზე აგებულ რკინის ხიდზე გადავედი. აქ მტკვარი იყოფა ორ განშტოებად, რომელთა შორისაც პატარა კუნძულზე სახლები და დუქნებია აშენებული. პირველი ხიდი ერთმალიანია, ბოლო კი - ექვსმალიანი. ხიდის პირდაპირ დგას წინა მეფისნაცვლის, ძველი რუსული წარჩინებული გვარის შთამომავლის პრინც ვორონცოვის ბრინჯაოს ქანდაკება ჭოგრიტით ხელში. ძეგლის გარშემო ჯაჭვით შეკრული რვა თურქული ქვემეხი თავდაყირა, პირით მიწისკენ არის განლაგებული.
ვორონცოვი ქრისტიანული წელთაღრიცხვით 1875 წელს31 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან რუსეთის სახელმწიფოს დიდი სამსახური გაუწია და 12 წლის განმავლობაში კავკასიის მმართველი იყო. კავკასიელი ხალხი მისით ძალიან კმაყოფილია. თბილისის აყვავებასა და კეთილმოწყობაში ვორონცოვს დიდი წვლილი მიუძღვის. მისი დაწესებულია, რომ ზუსტად შუადღის 12 საათზე ქვემეხიდან ისვრიან და ხალხი ამ ხმაზე საათს ასწორებს. მტკვარზე გადებული რკინის ხიდიც ვორონცოვის აშენებულია. იქიდან არსენალისა და საჭურველთსაცავის სანახავად წავედი. შესასვლელთან გამომეგება კავკასიის არსენალის უფროსი, რომელიც კნიაზ მირსკის ხელქვეითია. ყველაფერი სათითაოდ დამათვალიერებინა და კაზაკი მხედრის მსუბუქი თოფი მომართვა. ვუთხარი: „დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ წმინდა ადგილების მოსალოცად მივდივარ და ამ მოგზაურობაში იარაღის წაღება არ შეიძლება. არსენალში ჩემს სახელზე შეინახეთ“. დიდი მადლობა გადამიხადა. არსენალი, საჭურველთსაცავი და ახალი კონსტრუქციის შაშხანები ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო. მან მითხრა: „კავკასიის ჯარს იარაღით თბილისის არსენალი ამარაგებს და მოსკოვისა და პეტერბურგის მარაგი აღარ გვჭირდება“. სახლში ისევ კაზაკი ლეიტენანტისა და პოლიციის უფროსის თანხლებით დავბრუნდი.
23. იგულისხმება გუნოს ოპერა „ფაუსტი“.
24. შაჰის სახელისა და ტიტულის ასოებით შედგენილი მონოგრამა, რომელსაც სამეფო ფირმანებზე ათავსებდნენ.
25. არაბულ-სპარსული ანბანის ასოები (ალეფი, დალი, ზალი, რა, ზა, ჟა, ვავი), რომლებიც ცალკე დგანან და მომდევნო ასოებს არ იბამენ.
26. იბნ მაყალე X საუკუნის არაბი სწავლული იყო. მან არაბული დამწერლობის სხვადასხვა სახეობები - სოლსი, თოუყი, ნასხი, რეიჰანი და როყა გამოიგონა.
27. საღვთისმეტყველო ლიტერატურაში აღნიშნავს რელიგიურ მოძღვრებას, დოქტრინას, სკოლას.
28. აბუ ლ-ჰასან ალი იბნ ისმაილ ალ-აშარი (ალ-აშ‘არი) (873-935) - გამოჩენილი მუსლიმი ღვთისმეტყველი, ორთოდოქსალური ღვთისმეტყველების (ქალამ) ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელმაც შექმნა ისლამის ღვთისმეტყველების საკუთარი სკოლა - ალ- აშარია (ისლამი, ენციკლოპედიური ცნობარი, თბილისი, 1999, 32).
29. შიიტურ ღვთისმეტყველებაში მეჰდი არის სამყაროს მოახლოებული აღსასრულის მაუწყებელი, მოციქულ მუჰამედის საქმის უკანასკნელი გამგრძელებელი, თავისებური მესია.
30. შეიხ სა‘ად ად-დინ მოჰამად შაბესთარი - XIV ს. ცნობილი სწავლული და თეოლოგი, ფილოსოფიური მესნევის “საიდუმლოებათა ვარდნარის” ავტორი.
31. თარიღი არასწორია: მ. ვორონცოვი გარდაიცვალა 1856 წელს.
4 შავალი (3 ნოემბერი), ხუთშაბათი:
ათსა და თერთმეტ საათს შორის, როცა [წუთების] ისარი ხუთს მიუახლოვდა, მისი აღმატებულება პრინც ბაგრატიონ-მუხრანსკი მობრძანდა. დიდხანს ვისაუბრეთ. მირზა ფათჰალი ახუნდოვი თარგმნიდა. გამომშვიდობებისას მითხრა: “რა კარგია, რომ უკანაც ამ გზით ბრუნდებით და საშუალება გვექნება, კიდევ ერთხელ გნახოთ და თბილისის ღირშესანიშნაობები უკეთ დაგათვალიერებინოთ“. ვუპასუხე: „თქვენი სიყვარულისა და პატივისცემის გამო მეც მინდა, რომ ამ გზით დავბრუნდე, მაგრამ იმ პირობით, თუ თბილისიდან ბაქოში განჯის გზით არ წავალ“. მითხრა: „კეთილი, გზა რამდენიმეა და, ღვთის წყალობით, მშვიდობიანად ჩახვალთ“.
მისი წასვლის შემდეგ მირზა ფათჰალიმ მითხრა: „კარგი ქენით, რომ განჯა ახსენეთ. „მინიშნება პირდაპირ ნათქვამზე უფრო მჭევრმეტყველია“. პრინც მუხრანსკი თქვენს საყვედურს განჯის გუბერნატორს გადასცემს“. ნაშუადღევს ოსმალეთის გენერალური კონსული ბეჰჯათ ეფენდი და მისი პირველი თანაშემწე რაუფ ეფენდი მოვიდნენ. მისი აღმატებულება წარმოშობით სომეხია, მაგრამ რადგან ისლამური სახელმწიფოს კონსულია, ბეჰჯათ ეფენდის ეძახიან. გამოცდილი და ბევრისმნახველი კაცია. რაუფ ეფენდი მუსლიმია. მას იერუსალიმის ამბავი ვკითხე, რადგან იქ ნამყოფიიყო. მითხრა: „იაფადან იერუსალიმამდე და ჰებრონამდე წინ და უკან გზას 8 დღე უნდა და ორდღენახევარიც იერუსალიმსა და ჰებრონში დარჩებით“. ზღვით მოგზაურობისთვის მანაც გერმანული [კომპანიის] გემები მირჩია, ისინი მუსლიმებისთვის საუკეთესოაო. მუსიე ბეგლაროვი დაბრუნდა რკინიგზის სადგურიდან, სადაც მსახურები მატარებელში ჩასვა და მითხრა: „თბილისის გუბერნატორი ორლოვსკი ხვალ დილით 8 საათზე გამოსამშვიდობებლად გეახლებათ“.
ნაშუადღევს ორ საათზე მირზოევის [საქაჩი] მანქანის სანახავად წავედით. ის ორთქლზე მუშაობს, წყალი მტკვრიდან 200 ზარ‘ის სიმაღლეზე ამოაქვს და ასხამს დიდ აუზში, რომელსაც ბაღის სარწყავად იყენებენ. მირზოევს მშვენიერი ბაღი და სახლი აქვს. ბაღში 200 ძირი ნარინჯი, ლიმონი და სხვა ციტრუსი ხარობს. ერთი ოთახის კუთხეში ვორონცოვის თეთრი მარმარილოს ბიუსტი იდგა. მასპინძელმა მითხრა, რომ მისი გაკეთება 1100 თუმანი დაუჯდა. კაცს მხოლოდ სიკეთე თუ აიძულებს, რომ 1000 თუმანი უცნობი ადამიანის გამოსახულებაში გადაიხადოს და სახლში დაიდგას.
აქ მოვიტან მდინარე მტკვრის სათავის, კასპიის ზღვამდე მისი შენაკადების და შემოგარენის დეტალურ აღწერას, რომელიც მირზა ფათჰალი ახუნდოვმა გუბერნატორ ორლოვსკის წიგნიდან მითარგმნა: მდინარე მტკვარი სათავეს თურქეთის სომხეთში ტავრის ქედის ჩრდილოეთით მდებარე მაღალი მთიდან იღებს, ანუ მდინარეების მტკვრისა და არაქსის სათავე მუთელჯანის მთის კალთებია. მტკვრის მკვებავი წყაროები მუთელჯანის სამხრეთ კალთაზე გადმოდიან. მათგან ყველაზე დიდი ჰამანია. ჰამანი ქურთების დასახლება არდაჰანზე გადის. ადგილობრივები გამჭვირვალე წყლის გამო მას მარჯან-სუს ანუ „მარგალიტის წყალს“ ეძახიან. ის კასპიის ზღვის დონიდან 2466 ფუტზე მდებარეობს. მარჯან-სუს ჩრდილოეთით, 300 ზარ‘ის სავალზე, ბუნჯუყ- ბუნღარის წყაროა, რომელსაც მეორენაირად ჯუნჯუყ-ბუნღარსაც ეძახიან, რაც თითქოს „მარგალიტის წყაროს“ ნიშნავს. ეს და ზემოთ ხსენებული წყაროები ერთმანეთს უერთდება და პატარა მდინარეს ქმნის, რომელსაც ქეივარი ჰქვია. მტკვარი სათავეს ამ წყაროებიდან იღებს და ნელ-ნელა დიდ მდინარედ გადაიქცევა. ის ოსმალეთის ტერიტორიაზე 90 ვერსს გადის, ყაზნაფარის, არდაჰანის და სხვა დასახლებებს ჩაუვლის და ახალციხეში შედის. რუსეთ ოსმალეთის საზღვრიდან ბორჯომამდე მისი სიგრძე 95 ვერსია. ბორჯომი მისი მაღალაღმატებულება მეფისნაცვლის სააგარაკე მამულია, რომელიც მას მისმა უდიდებულესობა იმპერატორმა უბოძა. ბორჯომიდან თბილისის ვილაიეთის საზღვრებამდე 200 ვერსია. მერე მტკვარი განჯის ვილაიეთს გაივლის და შედის სალიანის დასახლებაში, რომელიც ბაქოს, იგივე ბადქუბას ექვემდებარება. აქ მტკვარი ორ განშტოებად იყოფა და კასპიის ზღვაში ჩაედინება. ეს ადგილები შავი ზღვის დონიდან 86 ფუტით უფრო დაბლაა. ახალქალაქის მისადგომებთან, სოფელ ხერთვისის ახლოს მტკვარი ძალიან წყალუხვია. მას ჯერ ახალქალაქისწყალი უერთდება, ქალაქ ახალციხესთან კი - ფოცხოვისწყალი. შემდეგ მტკვარი აწყურისა და ბორჯომის ხეობებს და ზემო და ქვემო ქართლს გაივლის. აქ მასში ოთხი მდინარე ჩაედინება: ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი.
თბილისის სამხრეთით მტკვარს მდინარეები თრიალეთი, სუმასათი, ალგეთი და ხრამი უერთდება. განჯის ვილაიეთის მიდამოებში, სამუყის რაიონის ქვევით, ყარაბაღის მოპირდაპირე მხარეს მტკვარში მდინარეები ქურანი, ალაზანი, მეორენაირად ყანოყი, თერთერი და ხაჩინი ჩაედინება. ბაქოს ვილაიეთში, სოფელ ზარდაბის ქვევით, ზღვასთან და სოფელ ჯავადთან ახლოს მტკვარს მდინარე არაქსიც უერთდება. თბილისი 41 გრადუს და 41 მინუტ განედზე და გრინვიჩის 45 გრადუს და 16 მინუტ გრძედზე მდებარეობს. ის ყიბლადან დასავლეთით 15 გრადუსსა და 40 მინუტზე, ხოლო პოლუსისკენ 3 გრადუსსა და 30 მინუტზე არის გადახრილი.
5 შავალი (4 ნოემბერი), პარასკევი:
ცხრა საათზე თბილისის გუბერნატორი ორლოვსკი მოვიდა. ძალიან მხიარული და გონებამახვილი კაცი აღმოჩნდა. გვითხრა, რომ უკვე 42 წელი იყო, რაც კავკასიაში და საქართველოში მსახურობდა. უამრავი რამ გვიამბორკინიგზაზე, მატარებლებზე და გემებზე. წუთისოფლის ამაოებაზეც ილაპარაკა: „როცა განსვენებული მოჰამად შაჰის დროს ერევანში წინა იმპერატორი ჩაბრძანდა, აქედან ერევანში ბარგი აქლემებით ჩავიტანეთ. მერე ოთხთვალები გაჩნდა და ამაზე უკეთესი თუ რამე იქნებოდა, არ გვეგონა. ახლა მატარებელი გამოჩნდა. უეჭველია, 200 წლის შემდეგ ახალ რამეს გამოიგონებენ და მატარებელიც არაფრად მოგვეჩვენება“. კიდევ თქვა: „უწინ გუბერნატორები მატარებლით მგზავრობდნენ და როცა მომჩივანები საჩივრის ქაღალდით რკინიგზაზე გამოდიოდნენ, რომ მათთვის ეჩვენებინათ, გუბერნატორები უკვე ერთი ვერსის მოშორებით იყვნენ. მე კი ხალხის მდგომარეობაში შევდივარ და რკინიგზას ცხენით მივუყვები, რომ ხალხის გასაჭირი ვიცოდე“.
ვუთხარი: „თუ ხელისუფალს ხალხი უყვარს, სწორედ ასე უნდა იქცეოდეს“. და დავძინე: „გუშინ ქუჩაში დაგინახეთ“. მითხრა: „როგორც ჩანს, შორს კარგად ხედავთ“. ვუპასუხე: „მეგობარს თუ შორიდან ვერ იცნობ, ვერც ახლოდან იცნობ“. დიდი მადლობა გადამიხადა. დაახლოებით ერთი საათი იჯდა, მერე გამომემშვიდობა და წავიდა.
მისი გვარის დაბოლოება „ესკი“ იმის მიმანიშნებელია, რომ წარმოშობით პოლონელია. მსგავსი დაბოლოებები სხვაც ბევრია: მაგალითად, „ვიჩ“ სერბიულ, ვალახიურ და მოლდავურ, ხოლო „ოვ“ რუსულ წარმომავლობაზე მიუთითებს.
ორლოვსკიმაც გვთხოვა, რომ უკან თბილისის გავლით დავბრუნებულიყავით. ვუთხარი: „გუშინ მის აღმატებულება პრინც ბაგრატიონ-მუხრანსკის მოვახსენე, რომ განჯის გზით არ წავალ“. მიპასუხა: „ყველანი თქვენს სამსახურში გვიგულეთ. გზა ბევრია და ნებისმიერით მშვიდობიანად იმგზავრებთ“.
ნაშუადღევს ქალაქის საავადმყოფოს სანახავად წავედი. მთავარი ექიმი იოსიფ ოგანოვიჩ კარნავიჩია. მას პოლკოვნიკისა და გენერლის ჩინი აქვს. ძალიან თავაზიანი და ლამაზი კაცია. საავადმყოფო დიდებული, კეთილმოწყობილი შენობაა და მშვენიერ ბაღში დგას. წყალი მტკვრიდან [საქაჩი] მანქანით ამოაქვთ. საავადმყოფო 200 კაცის სამკურნალოდ არის განკუთვნილი, მაგრამ გაჭირვების შემთხვევაში სამასიც ეტევა. წელიწადში სახელმწიფოსგან 62000 მანეთს იღებენ. თუ ქალაქის მოსახლეობიდან ვინმე ცუდად გახდება, მას საერთო ოთახში აწვენენ, რაც თვეში 5 მანეთი ღირს. საჭმლისა და წამლების ხარჯებს საავადმყოფო ფარავს. წარჩინებულთათვის საგანგებო, იზოლირებული ოთახებია განკუთვნილი, რომლებიც თვეში 30 მანეთი ღირს. მომსახურე პერსონალის, როგორც ქალების, ისე კაცების, ანაზღაურება სხვა დაწესებულებებთან შედარებით ორჯერ მეტია.
ეს საავადმყოფო იმპერატორის კარის მთავარი ექიმის ანდრეი ანდრეევიჩ ლიბაუს32 ძალისხმევით და მისი მაღალაღმატებულება მეფისნაცვალ მიხეილის მფარველობით აშენდა. მთავარი ექიმი ორი წლის წინ გარდაიცვალა და საავადმყოფოში მისი პორტრეტი ჰკიდია. თავისი სამედიცინო ნაშრომები მან სწორედ ამ საავადმყოფოში მუშაობის დროს დაწერა.
საავადმყოფოს ტერიტორიაზე ორი ეკლესიაა, ერთი სომხური და მეორე ქართული, რომლებშიც ავადმყოფები სალოცავად დადიან. საშვის გარეშე საავადმყოფოდან გასვლა აკრძალულია. ავადმყოფებს შორის ორი სომეხი ირანის მოქალაქე იყო. [მთავარმა ექიმმა] მითხრა: “ადრე აქ ორი მუსლიმი ირანის მოქალაქეც მკურნალობდა, მაგრამ უკვე გამომჯობინდნენ და წავიდნენ”. მე ვუთხარი: “ექიმისთვის სომეხსა და მუსლიმს შორის რა განსხვავებაა?! ის უფლისკენ მიმავალ გზაზე თავის საქმეს აკეთებს და მისთვის ყველა ავადმყოფი ერთია”. მართალი ბრძანდებითო, მითხრა და მადლობა გადამიხადა.
32 ანდრეს ლიბაუ, რომელსაც რუსები ანდრეი ანდრეიჩს ეძახდნენ, მეფისნაცვალ მიხეილის პირადი ექიმი იყო და მას პეტერბურგიდან ჩამოჰყვა. ის იყო ხელმძღვანელი 1865 წელს შექმნილი მედიკოსთა კომისიისა, რომელსაც ახალი საავადმყოფოს მშენებლობისთვის ადგილის შერჩევა და მშენებლობის მეთვალყურეობა დაევალა. საავადმყოფოს დასრულების მერე, ლიბაუმ მას გადასცა საკუთარი ბიბლიოთეკა და 10000 მანეთი. ამ თანხის პროცენტული ნამატით ყოველ წელს საავადმყოფოს ერთ-ერთი ორდინატორი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპაში იგზავნებოდა.
თბილისი - სტამბოლის პორტი
1292 წლის 6 შავალი (1875 წლის 5 ნოემბერი), შაბათი ანუ ჯალალის კალენდრით33 21 აბანი: თბილისიდან გავემგზავრეთ. ნახევარი საათის შემდეგ ქალაქის პოლიცმაისტერი ანუ ბეგლარბეგი პოლკოვნიკი ბილიკი დაგვეწია და თავისი და მოსახლეობის სახელით დაგვემშვიდობა. გვითხრა: „რა სამწუხაროა, რომ უფლისწულმა ასე მალე დაგვტოვა. კარგი იქნება, თუ უკან ამ გზით დაბრუნდებით და თქვენი ჩამოსვლით გაგვახარებთ“.
თბილისიდან ფოთამდე 289 ვერსია. თბილისიდან გორამდე და გორიდან სურამამდე, რომელიც ქუთაისის ახლოს არის, გზა ჩრდილო-დასავლეთით მიდის. ქუთაისიდან ფოთამდე გზის პირველი ნახევარი სამხრეთ-დასავლეთისკენ ვიარეთ, მეორე ნახევარი კი - დასავლეთისკენ. სურამის მთის შემდეგ თბილი კლიმატური ზონა იწყება. რკინიგზის ხაზი გორს, სურამს და ქუთაისს გაივლის და ფოთში ჩადის.
მოკლედ, ხუთს რომ ხუთი წუთი აკლდა შემენდეფერის მატარებელში ჩავსხედით. „შემენ“ ფრანგულად გზას ნიშნავს, „ფერ“ - რკინას, ხოლო „დე“ მაკავშირებელი წინდებულია (იზაფეტი), ანუ შემენდეფერ „რკინის გზას„ ნიშნავს.
დილის შვიდ საათსა და ხუთ წუთზე ვაგონი ფოთის სადგურში გაჩერდა. გზაში 14 საათი და 10 წუთი გავატარეთ. თბილისიდან ფოთამდე გზის დეტალური აღწერა ასეთია: გამგზავრებიდან ნახევარი საათის შემდეგ მტკვარზე გადავედით და მდინარე მარჯვნივ დარჩა. ერთი საათის მერე მტკვარი ისევ გადავკვეთეთ და მდინარე მარცხნივ ჩამოვიტოვეთ.
ორსაათნახევრის შემდეგ ისევ მტკვარზე გადავედით და მდინარე ისევ მარჯვნივ დარჩა. მთელი მგზავრობის განმავლობაში 16-ჯერ გავჩერდით, ასე რომ ჯამში დაახლოებით ერთი საათი და 40 წუთი გაჩერებული ვიყავით. ქალაქ გორთან, რომელიც გზის მარჯვნივ არის, 15 წუთი ვიდექით.
გორი ლამაზი ქალაქია. მის პირდაპირ, რკინიგზის მხარეს მოედინება მტკვარი, მეორე მხარეს კი - ორი მდინარე, რომლებიც მტკვარს უერთდება.
გორიდან თბილისამდე 82 ვერსია. ქალაქის ცენტრში ბორცვზე საქართველოს უწინდელი მეფეების აშენებული ციხე-სიმაგრე დგას, რომელიც ახლა დანგრეულია. თბილისიდან გორამდე მტკვარს მარჯვნიდან სამი მდინარე უერთდება. მათგან ყველაზე დიდი ქსანკა34 - სპარსულ ქაფ-ს ფათჰა დაერთვის - მდინარე ჯაჯრუდის35 ხელაა. მარჯვენა მხარეს, გორამდე არმისული, მთის კალთაზე ერთი სოფელია, სახელად უფლისციხე, რომელშიც სახლები გამოქვაბულების მსგავსად კლდეშია ნაკვეთი. ადრე ისინი დასახლებული იყო. მტკვარი ამ მთას გვერდზე ჩაუვლის. მთის წვერამდე წყლის ასატანად გზა იყო გაყვანილი, რომელიც ახლა დანგრეულია. ინფორმაციის გადასაცემად რკინიგზაზე ტელეგრაფის ხაზები აყენია. გარდა ამისა, რამდენიმე ნაბიჯის ინტერვალით დარაჯებიც დგანან. როცა დარაჯი მწვანე ალამს აღმართავს, ეს იმას ნიშნავს, რომ გზა თავისუფალია. წითელ ალამს გამაფრთხილებელი ფუნქცია აქვს და მიუთითებს, რომ ნელა უნდა იარო, ხოლო წითელი და შავი ალამი იმის მიმანიშნებელია, რომ გზა დაზიანებულია და გავლა საშიშია. ღამ-ღამობით მწვანე და წითელ ფარნებს ანთებენ. ერთ ფარანში ორი მინაა ჩადგმული, წითელი და მწვანე, და ისინი დროშების დანიშნულებას ასრულებენ.
გამგზავრებიდან სამ საათსა და 40 წუთში ისევ მტკვარზე გადავედით. აქ მდინარის კალაპოტი განიერია და ამიტომ მდინარეზე დიდი რკინის ხიდია აშენებული. მტკვარი ისევ მარცხნივ დარჩა. გამგზავრებიდან ოთხსაათნახევარში მიხაილოვოში36 ჩავედით. აქ ძალიან კარგი რკინიგზის ნაწილების დამამზადებელი ქარხანაა, რომელიც მისი მაღალაღმატებულება მეფისნაცვლის აგებულია. რადგან ამ სადგურში მატარებელი 20 წუთი ჩერდება, დასვენების საშუალება მოგვეცა. მატარებლიდან ჩავედი, განვმარტოვდი და შუადღისა და საღამოს ნამაზი შევასრულე.
აქედან სურამამდე 4 ვერსია. სურამი გზის მარჯვენა მხარეს მთის კალთაზე შეფენილი დიდი სოფელია. სოფლის განაპირას მთის წვერზე ქვის ციხის ნანგრევები მოჩანს. აქ ყველგან რკინიგზის ინჟინრების სახლებია. ფოსტის სადგურსაც სოფლის სახელი ჰქვია. ტერიტორია სურამიდან უღელტეხილამდე თბილისის გუბერნატორ ორლოვსკის მფლობელობაშია. მთები უღრანი ტყეებით არის დაფარული. მიუხედავად იმისა, რომ ახლა შუა აყრაბია37, არემარე ამწვანებული და აყვავებულია და მინდვრები სხვადასხვა ფერის ყვავილებით არის მოფენილი. გაზაფხულობით აქაურობა ზურმუხტისფრად ბიბინებს. ხეების უმეტესობა თხმელა და კედარია. ჭეშმარიტად, სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია.
სურამიდან ბეჟათუბნამდე, რომელიც უღელტეხილის ძირში მდებარეობს, 54 ვერსია. ბეჟათუბნის ახლოს მთაში გაჭრილ გვირაბში გავიარეთ. მისი სიგრძე 120 რუსული საჟენია. სურამიდან ბეჟათუბნამდე ვაგონებს სიმძლავრისთვის ჩააბეს ორი ორთქლმავალი, რომლებიც ფოთამდე ერთმანეთის მიყოლებით მოხსნეს. მთა მეორეგანაც იყო გაჭრილი. შიგ დაახლოებით 20 წამი მივდიოდით, რადგან ორმოცამდე დავითვალე. გვირაბი ორი მხრიდან ქვის კედლებით იყო შემოზღუდული და შიგ თაღით შედიოდი. ცოტა ხანში გამოჩნდა კიდევ ერთი ტუნელი, რომელშიც თაღიდან შევედით და 15 წამში გავიარეთ. მერე გზაზე რკინის კარგი ხიდი შეგვხვდა და მასზე გადავედით.
თბილისიდან გამგზავრებიდან ცხრანახევარ საათში ანუ ღამის სამის ნახევარზე ყვირილაში ჩავედით. ყვირილა დიდი სოფელია და ბაზარი აქვს. მატარებელი 12 წუთი გაჩერდა და მე მზის ჩასვლისა და საღამოს ნამაზი შევასრულე. ხან ყაჯარ აყას მესამე ზარი გამოეპარა და კინაღამ დარჩა. ჩვენ უკან კიდევ ბევრი ვაგონი რომ არ ყოფილიყო და ბოლო ვაგონს რომ არ ახტომოდა, ნამდვილად დარჩებოდა და ხვალინდელ გემსაც ვეღარ მიუსწრებდა.
სოფლის ახლოს დიდი მდინარე, სახელად ყვირილა, მოედინება. ზოგჯერ ძალიან წყალუხვია და ამიტომ მასზე ძალიან კარგი რკინის ხიდია აშენებული. თავიდან ყვირილა გზის მარცხნივ იყო, რამდენიმე ვერსის გავლის შემდეგ კი მარჯვნივ დარჩა. მდინარის კალაპოტი ძალიან ფართოა და მასზე ორი რკინის ხიდია აგებული. [სოფელთან] უახლოესი ხიდი დაახლოებით 1,5-ჯერ დიდია მტკვარზე გადებულ იმ ხიდზე, რომელიც დღეს გავიარეთ.
შემენდეფერი ფოთის ნავსადგურის სიახლოვეს გაჩერდა და ქალაქში დროშკით წავედით. რკინიგზის ხაზსა და ფოთს შორის დიდი მდინარე, სახელად რიონი, მოედინება. მასზე რკინის ხიდია აშენებული. ეს ხიდი აქამდე ნანახ ყველა ხიდს, მათ შორის თბილისის ხიდსაც, სჯობს. მისი სიგრძე 345 ნაბიჯია. ხიდის შუაში ორთავიანი არწივი დგას. ამ ხიდის აშენება 450000 მანეთი დაჯდა და მასზე გადასვლა, გინდ ფეხით იყო და გინდ ტრანსპორტით, კაცი ერთი კაპიკი ღირს. დღეში ათჯერაც რომ მოგიწიოს გავლა, ყოველ ჯერზე, წინაც და უკანაც, ერთი კაპიკი უნდა გადაიხადო. რიონი ქუთაისიდან მოედინება და გზად მას ყვირილა და სხვა მდინარეები უერთდება. ფოთის სიახლოვეს ის ორ ნაკადად იყოფა და ზღვას ერთვის.
თბილისს რომ გასცდები, მინდორი ფართოვდება და საოცრად განიერი ხდება. გზის მარჯვნივ და მარცხნივ მთის კალთებზე ლამაზი სოფლებია შეფენილი. განსაკუთრებით მჭიდროდ მარცხენა მხარეა დასახლებული. ბევრგან მთა გაჭრილია და შიგ გზაა გაყვანილი. რამდენჯერმე გზას მარცხნიდან ისე ახლოს ჩავუარეთ, რომ ხელჯოხით მიწვდებოდი.
ფოთამდე დაახლოებით 40 ვერსი იყო დარჩენილი, რომ მთები უკან დარჩა და გავივაკეთ. მიუხედავად სიბნელისა, ჩანდა, რომ არემარე ტყით იყო დაფარული.
გზის მარჯვნივ კავკასიის მთებია, სახელად მეგრელ - გამოითქმის როგორც ბეშმელ -, რომლებიც თითქმის მთელი წელი, ზაფხულშიც კი, თოვლით არის დაფარული. მეგრელის მთები ფოთს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს და მის მეორე მხარეს კავკასიის ვილაიეთებია.
ფოთის პორტში ბევრი ქარხანაა. ქალაქი კეთილმოწყობილია, მაგრამ მასში ძალიან ცუდი კლიმატი და გილანზე უფრო ნესტიანი ჰავაა. მისი აღმატებულება მირზა ასადოლაჰ ხანის ფოთის წარმომადგენელი მუსიე დიგრან არმანია. ის შემენდეფერის გზაზე ფოთის პოლკოვნიკთან ერთად დაგვხვდა და ჩვენთვის ნაქირავებ ბინამდე მიგვაცილა. „ფოთს“ როგორც „თე“-თი, ისე „თა“-თი წერენ.
33. ჯალალის კალენდარი უკავშირდება სელჯუკი სულთნის ჯალალ ად-დინ მალიქ შაჰის მმართველობას. ამ კალენდრით ათვლა იწყება ჰიჯრის 471 წლის 10 რამაზანს ანუ ქრისტიანული წელთაღრიცხვით 1079 წლის 15 მარტს.
34. ასე ეძახდნენ მდინარე ქსანს რუსები მეცხრამეტე საუკუნეში.
35. მდინარე ირანში, თეირანთან ახლოს.
36. დღევანდელი ხაშური.
37. ირანული მზის წელიწადის მერვე თვე, შეესაბამება ოქტომბერ-ნოემბერს.
7 შავალი (6 ნოემბერი), კვირა:
ექვსის ნახევარზე ფოთიდან გავემგზავრეთ და ჩავსხედით პატარა ორთქლის გემში, რომელსაც ერქვა “ბაბუშკა”, რაც რუსულად მამის დედას ნიშნავს. მუსიე ლუარსაბ ბეგლაროვმა გემამდე მიგვაცილა და დაგვემშვიდობა. მისი დამსახურებაა, რომ ასე მოწესრიგებულად და ორგანიზებულად ვიმგზავრეთ. მისი მითითებით, ირანის პატივსაცემად და იმის აღსანიშნავად, რომ გემზე უფლისწული იმყოფებოდა, ლომისა და მზის გამოსახულებიანი დროშები აღმართეს. 6 საათზე გემი დაიძრა. მისი სიგრძე 81 ფუტი იყო. მასზე მიბმული იყო მეორე გემი, რომელსაც ხალხი ბათუმში დიდ გემზე უნდა გადაეყვანა. ფოთს ძალიან ცუდი ნავმისადგომი და ყურე ჰქონდა.
45 წუთის შემდეგ გემი ზღვაში გავიდა. მდინარის სიღრმე 3-4 ფუტზე მეტი არ იქნებოდა. გემის ტურბინას წყლის ზედაპირზე ჭუჭყი ამოჰქონდა და წყალი მღვრიე იყო. მდინარის მღვრიე ფერისა და ზღვის ლურჯი ფერის გამო მდინარისა და ზღვის შესართავი მკაფიოდ იკვეთებოდა. ფოთში მდინარის შესართავთან ერთი მაღალი კოშკი დგას. გვითხრეს, რომ მისი სიმაღლე 120 ფუტია, რაც დაახლოებით 36 ერაყული ზარ‘ის ტოლია. კოშკის თავზე დამაგრებულია შუქურა, რომლის შუქს ბნელ, უმთვარო ღამეში ბათუმშიც კი ხედავენ. შუქურა ზღვიდან 20 ინგლისური მილის სიშორიდან ჩანს და გემებისთვის კარგ ორიენტირს წარმოადგენს.
ფოთის ნავსადგურში და მდინარის შესართავთან გემები ღამე მოძრაობას უფრთხიან, რადგან ძალიან საშიშია, განსაკუთრებით ქარიშხლისა და შტორმის დროს. ბათუმში კი, პირიქით, მშვენიერი ნავსადგურია და ზღვა რაც არ უნდა ღელავდეს, [იქ შესვლა] უსაფრთხოა. ბათუმი რუსეთ-ოსმალეთის საზღვარზე მდებარეობს და ოსმალეთის სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოთიდან ბათუმამდე 30 ინგლისური მილია, ხოლო კოშკიდან ბათუმამდე - 28. ეს ნავსადგური რუსეთის სახელმწიფოს ძალიან სჭირდება და ოდესმე ან ძალით დაიპყრობს, ან იყიდის, ან თხოვნით ჩაიგდებს ხელში. „შენ ფსონი დადე და ან კენტი, ან ლუწი ამოგივა“. ბათუმი მთის კალთაზეა გაშენებული და ძალიან კეთილმოწყობილია. დიდი გემები ნაპირიდან 10 ნაბიჯში დგანან. ერთი სიტყვით, დღეს ღვთის შეწევნით და წმინდა იმამების - მშვიდობა მათდა - ლოცვა-კურთხევით ზღვა მშვიდია და ჩრდილოეთიდან ზურგის ქარი უბერავს. ფოთის ნავსადგურამდე გემს გეზი სამხრეთისკენ ეჭირა.
მზის ჩასვლას ერთი საათი აკლდა, რომ მივუახლოვდით დიდ გემს, რომელსაც „ბუგი“ ერქვა. მისი პირველი კაპიტანი სტერანსკია. გემის სიგრძე 18 ფუტია, სიმძლავრე - 160 ცხენის ძალა, ხოლო ტვირთამწეობა - 914 ტონა. „ბუგს“ იმ მდინარის სახელი ჰქვია, რომელიც ოდესასთან ახლოს ზღვას ჩრდილოეთიდან უერთდება. ამ გემით, ღვთის წყალობით, სტამბოლში ჩავალთ.
სანამ დიდ გემზე გადავიდოდით, „ბაბუშკაზე“ ჩვენს მისასალმებლად ამოვიდნენ ტრაბზონში ირანის გენერალური კონსულის ჰაჯი მირზა ჰასან ხანის რწმუნებული და თარჯიმანი ალი ბეგი და ბათუმის გამგებელი ჰამდი ფაშა. მათ თან ახლდნენ სამხედრო საბჭოს, არტილერიის და ადმინისტრაციის მოხელეები, დიდგვაროვნები და ყადი. რუსეთის კონსული ჯუდიჩიც მობრძანდა. ნავმისაბმელთან სამხედრო ორკესტრი იდგა და უკრავდა. დიდ გემზე გადავედით. ჰამდი ფაშა თავის მოხელეებთან ერთად დასამშვიდობებლად მოვიდა და გვითხრა: „აქ გემი 6 საათი იდგება და გთხოვთ, ქალაქში წამობრძანდეთ“. ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი: „ჩასვლა-ამოსვლა საწვალებელია და თან ამ ღამეში ვერაფერს დავინახავთ“.
ბათუმის ნავსადგურში ერთი ოსმალური ბატალიონი დგას და მასში 700 ჯარისკაცი, 200 არტილერისტი და 25 ქვემეხია. გამომშვიდობებისას ჯარისკაცებმა სამხედრო სალამი მოგვცეს. ფაშამ და სასამართლო მოხელეებმა ხელი დაგვიქნიეს. ჯარის მეთაურს შეჰაბ ბეგს ვუთხარი: „უკან რომ დაბრუნდებით, სამხედროებს ჩემგან მოკითხვა გადაეცით, რომ ასე შეწუხდნენ“. დიდი მადლობა გადამიხადა და შემპირდა, რომ აუცილებლად გადასცემდა.
გემის გასვლის წინ დასამშვიდობებლად რუსეთის კონსული მოვიდა და მითხრა: „თუ რამე დაგჭირდებათ, გემის ზედამხედველს უთხარით“. ვუპასუხე: „რაც საჭირო იყო, ყველაფერი თბილისიდან წამოვიღეთ, მაგრამ თუ რამე მოგვინდება, აუცილებლად მივაკითხავთ. დიდი მადლობა, რომ ასე შეწუხდით და ამ შუაღამისას ბათუმიდან გემზე ამოხვედით“. მიპასუხა: „თქვენი სამსახური ჩემი მოვალეობაა“. სასიამოვნო გარეგნობის მოხუცი იყო. თურქული კარგად იცოდა და ოდნავ ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა. ბათუმი 41 გრადუს და 40 მინუტ განედზე და გრინვიჩით 41 გრადუს და 27 მინუტ გრძედზე მდებარეობს.
უკანა გზა
სტამბოლი – თბილისი (1876)
[1293 წლის] 5 საფარი (1876 წლის 2 მარტი), ხუთშაბათი:
გასულ ღამეს გარიჟრაჟზე წვიმა წამოვიდა. მზის ამოსვლისას გემი ბათუმის ნავსადგურში გაჩერდა. ბათუმი პატარა პორტია, მაგრამ კარგი ნავმისადგომი აქვს. ერზერუმსა და ბათუმს შორის, ქალაქიდან 5 მილში, მარცხენა მხარეს მდინარე ჭოროხი მოედინება, ხოლო ბათუმსა და ფოთს შორის, ქალაქიდან 10 მილში, მარჯვენა მხარეს - მდინარე ჩოლოქი.
ფოთიდან ჩვენთვის მოიყვანეს პატარა გემი, სახელად „სესტრიცა“, რაც დას ნიშნავს. ჩვენს მისასალმებლად გემზე ამოვიდნენ ბათუმის გამგებელი ჰამდი ფაშა, ყადი მაჰმუდი, ნადიმ ეფენდი, მუფთი ჰასანი, რაფათ ეფენდი, რედაქტორი ჰაირი ეფენდი, ჯარის კომენდანტი შეჰაბ ბეგი, მზვერავთა მეექვსე ბატალიონის მინბაში38 მოჰამად ეფენდი, კონტროლის რაზმის მინბაში ჰაჯი ჰოსეინ ეფენდი, ჰალიმ ეფენდი, რევიზორი ქამალ ბეგი, ინსპექტორი ებრაჰიმ ბეგი და რუსეთის კონსული. ნავმისადგომთან სამხედრო ბატალიონი იდგა და მუსიკოსები უკრავდნენ. მგზავრები „სესტრიცას“ მისცვივდნენ და არავითარი ყურადღება არ მიაქციეს კონსულს, რომელსაც გემზე ყარაულის დაყენება დაავიწყდა. ძალიან შერცხვა, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა: “მეორე გემიც გვყავს, სახელად “რიონი”, რომელიც ამაზე უფრო დიდი და კარგია და იქ გადაბრძანდით”. “რიონი” ჩვენს გემს მოაყენეს და მთელი ბარგი გადაიტანეს. ამასობაში “სესტრიცამ” თვალისმომჭრელად გაიელვა. პილიგრიმებმა და სხვა მგზავრებმა ახლა “რიონზე” მიიტანეს იერიში, რადგან წარმოიდგინეს, რომ თუ ჩვენ წავიდოდით და ისინი დარჩებოდნენ, შავ დღეში ჩავარდებოდნენ.
კონსული იძულებული გახდა, ფოთში ტელეგრამა გაეგზავნა, რომ კიდევ ერთი გემი გამოეშვათ. გემის კაპიტანმა თქვა: “უკვე გვიან არის და ფოთში დაღამებამდე ვერ ჩავაღწევთ. ფოთის ნავმისადგომი კი ისეთი არ არის, რომ შიგ გემი შევიდეს. ამიტომ ღამით მგზავრობას მოვერიდოთ”.
იძულებულნი გავხდით, ღამე ბათუმში გემ “რიონზე” დავრჩენილიყავით. გუშინ ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ იმას კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხვალინდელ დღესაც ბათუმში გავატარებდი. მართალი უთქვამს მოციქულს, ალაჰიმც აკურთხებს მას და მის სახლეულს და მიესალმება, მონა განსჯის, ხოლო ალაჰი განაგებს. თუ კაცთა ბედი წინასწარ არ წერია, მაშ, წუთისოფლის დინება ღვთის ნებას რატომ არ მიჰყვება?! ათას სურათს გვიხატავს წუთისოფელი, მაგრამ არაფერი მოხდა ისე, როგორც ჩვენი წარმოსახვის სარკეში იყო.
რუსეთის კონსული სირცხვილით გემიდან თავს გარეთ ვერ ჰყოფდა, ამბობდა: “გენერალ იგნატოვს რა პასუხი გავცეო?” საღამოს მოვიდა გემი “გოლუბჩიკი”, რაც მტრედს ნიშნავს და მასზე გადავედით. კაპიტანი გვარწმუნებდა, ეს პატარა გემი [წინა გემებზე] უკეთესიაო.
დღეს ოდესასა და ყირიმში მიმავალი 300 სალდათი მოიყვანეს. ამალიაქოთში იმ სულელმა ყაჯარ აყამ აღმოაჩინა, რომ ჩვენი ბარგი, მათ შორის მუშამბის სუფრები, ხელჯოხი და საზღვაო რუკები, რომელიც პირველ გემზე ასატანად ნავში ჩააწყვეს, დაკარგულიყო. მენავეს რამდენჯერაც არ ვკითხეთ, თურქულად გვპასუხობდა: “იმ ორი მენავიდან, რომლებიც ბარგს აწყობდნენ, ერთი ბათუმში ჰამდი ფაშასთან გავაგზავნე, მეორე კი აქ არის”.
ამასობაში ჩვენ გასაცილებლად გემზე თავად ჰამდი ფაშა ამოვიდა. ორივე მენავე დააპატიმრეს. ნივთების სია მოვითხოვე და აღმოჩნდა, რომ პატარა საზღვაო რუკა სკივრში იდო, დიდი კი - მუშამბის სუფრებში, რომლებიც მოეპარათ. ჰამდი ფაშამ თქვა: “ყოველ ღონეს ვიხმარ და ამ ამბავს თბილისში შევატყობინებ”. ვუთხარი: “თუ ვერ მოიძებნება, იძულებული ვიქნები, სტამბოლის ვაზირ მოხთარს შევატყობინო. მაგრამ თქვენდამი პატივისცემის გამო, სანამ რამეს არ გაარკვევთ, მოვიცდი. თქვენც სეიდ ფაშას ნუ დაემსგავსებით, რომელიც დარწმუნებულია, რომ დაუდეგარ ვირს ვერაფერი გამოასწორებს”.
ჰამდი ფაშას არაორგანიზებულობის გამო ძალიან ვუსაყვედურე და შეჰაბ ბეგ მინბაშს ვუთხარი: “სანამ თქვენს ქვეყანაში საჯარო დასჯას არ შემოიღებენ, არამზადებისა და ყაჩაღებისგან მოსვენება არ გექნებათ. ოსმალეთში საჯარო დასჯა დააწესეს და საწყალი ხალხი უფსკრულში ჩაყარეს”.
მკითხა: “განა ირანში ქურდობისთვის ხელს ისევ ჭრიან?” ვუპასუხე: “ჯერ ციდან ყურანის გამაუქმებელი ბრძანება არ მოსულა, რომ ეს წესი შეგვეცვალა”.
გაბრაზდა, მაგრამ შესაფერისი პასუხი ვერ მოიფიქრა. შეეძლო ეთქვა, თქვენი ახალი აღრიცხვის სისტემა ხომ არყევს წმინდა წიგნის საფუძვლებსო, მაგრამ ვერ გაბედა.
მზის ჩასვლისთვის გემ “გოლუბჩიკზე” ავედით. მასზე მშვენიერი ქვედა და ზედა სალონებია. ამ გემის სიგრძე 170 ფუტია, სიგანე - 30 ფუტი და დაახლოებით 4 ფუტის სიღრმეზე მოძრაობს. მზის ჩასვლის შემდეგ “გოლუბჩიკი” დაიძრა. ფოთის ნავსადგურამდე ქარიშხალსა და შტორმში მოვყევით. დილამდე ძლიერად წვიმდა და გემბანზე მსხდომები ძალიან გაწვალდნენ.
გამთენიისას 5 საათზე ვაჭარ ჰაჯი ჰასანს, რომელიც ირანის ასტარადან იყო, ფეხი დაუსრიალდა და ზღვაში გადავარდა. რომ არ დაეყვირა, კაცი ვერ გაიგებდა. ამ წვიმაში ჩვენი ხალხი დაეხმარა: ბაგირი გადაუგდეს და ამოიყვანეს. მადლობა ღმერთს, რომ არ დაიხრჩო.
38. ათასისთავი.
6 საფარი (3 მარტი), პარასკევი:
ენითაუწერელი გაჭირვებითა და ვაივაგლახით ოთხი საათისთვის ფოთის ნავსადგურში შევედით. იმის გათვალისწინებით, რომ ზღვა საშინლად ბობოქრობდა და ტალღები ფანჯრებს ეხეთქებოდა, გემმა მაინც კარგად იარა. მუსიე დიგრანი და ქალაქის თავი პოლიცმაისტერი ბარონი ჰიგინინგი საბაჟოს უფროსისა და სანავიგაციო კომპანიის აგენტის თანხლებით გემზე ამოვიდნენ და [მშვიდობიანად] ჩამოსვლა მოგვილოცეს. ხუთ საათზე ხმელეთზე გადავედით და ფოთში ირანის წარმომადგენლის სახლში წავედით. მადლობა ღმერთს, წვიმამ გადაიღო და გამოიდარა. პოლკოვნიკმა საკონსულომდე მიგვაცილა და გვითხრა: “თუ რამე გნებავთ, ბრძანეთ, მზად ვარ გემსახუროთ”. ვუპასუხე: “ძალიან თავაზიანი ბრძანდებით, მაგრამ მეტს აღარ შეგაწუხებთ”. გამოგვემშვიდობა და წავიდა.
ამ ორდღიანმა წვიმამ ფოთის ქუჩები ისე აატალახა, რომ სიარული ჭირდა. დასანანია ის შრომა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ამ უვარგისი ნავსადგურის კეთილმოწყობაზე დახარჯა. ფოთი მასზე ზრუნვას ნამდვილად არ იმსახურებს.
დღეს ნაშუადღევს მზემ გამოანათა და ძალიან კარგი ამინდი დადგა. ნაპირზე რომ გამოვედით, ვთქვი: ჰოი, შავო ზღვავ, გათეთრდი! შენი იმედი ასე ძლიერად არასოდეს მქონია. უეჭველია, ალის მეგობარი ხარ, რადგან ალის მეგობრები აღთქმას არ ტეხენ.
საღამოს ფოთში ფეხით გავისეირნე და გზის პირას მდგარი რუსული ეკლესია დავათვალიერე. იესოსა და მოციქულების ძალიან კარგი ნახატები ეკიდა და კაცები და ქალები მის სანახავად შეკრებილიყვნენ. ფოთიდან თბილისამდე 289 ვერსია. გზაზე თბილისის გარდა 16 სადგურია. ზოგიერთში მატარებელი 15 წუთი, ზოგში კი სამიდან ხუთ წუთამდე ჩერდება.
სტამბოლიდან ფოთამდე ნავსადგურებს შორის მანძილი ინგლისურ მილებში შემდეგია: სტამბოლიდან ინებოლუმდე - 232 მილი, ინებოლუდან სამსუნამდე - 145 მილი, სამსუნიდან ორდუმდე - 80 მილი, ორდუდან გირესუნამდე - 25 მილი, გირესუნიდან ტრაპიზონამდე - 88 მილი, ტრაპიზონიდან ბათუმამდე - 96 მილი და ბათუმიდან ფოთამდე - 32 მილი, სულ - 678 მილი.
7 საფარი (4 მარტი), შაბათი:
სამის ნახევარზე ჩავსხედით შემენდეფერში, რომელიც სამ საათზე დაიძრა. რა საოცარი დამთხვევაა: [წინა გზაზე] ფოთიდან 7 შავალს, კვირას გავემგზავრეთ და [უკანა გზაზეც] 7 საფარს, შაბათს მივემგზავრებით. ასე რომ, ჩვენი დამქანცველი მოგზაურობა ზუსტად ოთხი თვე გაგრძელდა. “და ალაჰის ნებაა საქმეზე მის დაწყებამდეც და დასრულების შემდეგაც.” დილით პოლიცმაისტერმა ბარონმა ჰიგინინგმა სახლში მოგვაკითხა და სადგურზე გაგვაცილა. ძალიან ჭკვიანი და ზრდილობიანი ახალგაზრდა იყო. ღამის 5 საათზე თბილისიდან ტელეგრამით განკარგულება მიიღო, რომ ჩვენთვის თარჯიმანი მოეჩინა, რათა კომფორტულად გვემგზავრა. გვითხრა: “თარჯიმანი არა მყავს და არ ვიცი, რა ვქნა”. ვუთხარი: “კარგია, რომ ვაჭარმა ჰაჯი ჰასანმა იცის რუსული”.
დილით ადრე გაირკვა, რომ ვაჭარი ზღვაში ჩავარდნისგან გაციებულიყო და თავს ცუდად გრძნობდა. ბარონი იძულებული გახდა, ჩვენი თარჯიმნობა დაევალებინა მუსიე დიგრანის ძმის გრიგორისთვის, რომელმაც ცოტა თურქული იცოდა. აქედან ღამით გავემგზავრეთ და ამიტომ ზუსტი დრო ვერ დავადგინე.
ფოთიდან 35 ვერსი გავიარეთ და ჩავედით სადგურ ნოვო-სოვაყიში, რომელსაც რამდენიმე წელია, რაც ნოვო-სენაკს ეძახიან. გარშემო მინდვრები და ტყეები ჭაობით იყო დაფარული. ნოვო-სენაკი დიდი სოფელია და გზის მარჯვენა მხარეს მთის ძირში მდებარეობს. აქედან მინდორი იწყება და ტყე შედარებით მეჩხერია. აქაურობა მთლიანად დასახლებულია.
6 საათზე მდინარე რიონზე გადებულ რკინის ხიდზე გადავედით. ეს მდინარე ქუთაისის მთებიდან მოედინება, ფოთს გაივლის და ზღვას უერთდება. ხიდიდან ქუთაისის სადგურამდე, რომელსაც იგივე სახელი ჰქვია, ნახევარი ვერსია, ხოლო სადგურიდან გზის მარცხენა მხარეს მდებარე ქალაქ ქუთაისამდე - 7 ვერსი. ხიდის გადაღმა, მარცხნივ მთები, ბორცვები და ხევებია. გზა ძირითადად მთას მიუყვება. რამდენიმე ვერსში ისევ გავივაკეთ და ქუთაისის თოვლიანი მთები გამოჩნდა. ეს სადგური ფოთიდან 70 ვერსში მდებარეობს და სამ საათში ჩამოვედით. ორი ვერსის გავლის შემდეგ მდინარე ყვირილაზე გადებულ დიდ ხიდზე გადავედით. ეს მდინარეც რიონს უერთდება. რამდენიმე ვერსის მერე ყვირილა ხელმეორედ გადავკვეთეთ და შედარებით უფრო პატარა რკინის ხიდზე გავიარეთ. სოფელ ყვირილას შემდეგ გზა ორივე მხრიდან მთებშია მოქცეული. რამდენიმე ადგილას მთას ისე ახლოს ჩავუარეთ, რომ ხელჯოხით მისწვდებოდი. ყვირილას სადგურიდან ფოთამდე 118 ვერსია. ყვირილასა და ბელაგორის სადგურებს შორის ერთი ადგილია, სახელად ძირულა, სადაც ორი წუთი გავჩერდით. ძირულა მთის კალთაზეა შეფენილი. შემდეგ გადავედით მდინარე ძირულაზე აშენებულ რკინის ხიდზე. ამ ადგილას მდინარის კალაპოტი ვიწროა, ამიტომ ხიდიც შედარებით პატარაა. ძირულა სათავეს იღებს ჩრდილოეთის მთებში, რომლებიც ქუთაისის ქედს ებმის.
[ფოთიდან] გამგზავრებიდან ხუთნახევარ საათში ანუ ცხრის ნახევარზე რკინის ხიდზე გადავედით და პირველ გვირაბში შევედით. ერთ საათში მეორე, უფრო გრძელ გვირაბს მივადექით. სანამ გვირაბიდან გამოვიდოდით, დაახლოებით 44-მდე დავითვალე. ორჯერ თუ სამჯერ გადავკვეთეთ მდინარე ბეჟათუბანზე გადებული რკინის ხიდი, რომელიც ხეობის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებს ერთმანეთთან აკავშირებს. ბეჟათუბნის სადგურიდან ფოთამდე 158 ვერსია. ბეჟათუბანს რომ გავცდით, მესამე, კიდევ უფრო გრძელი გვირაბი შემოგვხვდა, რომელიც 54 დათვლაში გავიარეთ.
აქ მუშებმა ვაგონებს ისევ ორი მანქანა გამოაბეს, რომ მწვერვალზე სიმძიმე ჰქონოდა. მაგრამ რადგან გაზაფხულის თოვლისგან გზა დაზიანებულიყო და არემონტებდნენ, წინა ჯერისგან განსხვავებით მანქანები მატარებელს წინიდან ვერ მიუდგნენ და უკნიდან ჩაებნენ. უკუღმა სიარულისგან ვაგონები ისე საშინლად ხმაურობდნენ, რომ მგზავრები ძალიან შეწუხდნენ.
ერთი სიტყვით, ყვირილას მერე გზა სულ თოვლიანი იყო და რაც უფრო ვუახლოვდებოდით თბილისს, თოვლი მით უფრო მატულობდა. რამდენიმე ადგილას მუშებმა თოვლი გათხარეს და ვაგონებმა თხრილში გაიარეს. ზოგან თოვლი მატარებლის ფანჯრებს ფარავდა. მე ხელი გავიწვდინე და ერთი მუჭა თოვლი ავიღე.
წელს მკაცრი ზამთრის გამო რკინიგზა ძალიან დაზიანდა. ამბობდნენ, რომ თოვლის საფარმა დაახლოებით 3 ზარ‘ს მიაღწია. მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა გააფუჭა და მისი შეკეთება 500 000 მანეთი დაჯდა, მანამდე კი ერთი თვე დაკეტილი იყო. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ შუა ჰუთია39, ჯერ კიდევ 1 ზარ‘ი სიმაღლის თოვლი დევს. მზის ჩასვლისთვის უღელტეხილის ახლოს, საგუშაგოდან ორ ვერსში ძლიერი თოვლისგან დანგრეულ გზას მივადექით და ვაგონები თოვლის ტრანშეაში გაჩერდა. გზას ფეხით თუ განვაგრძობდით. ძირს ჩავედით. მებარგულებმა ბარგი აიღეს. დაახლოებით 500 ნაბიჯი ან უფრო მეტი გავიარეთ და მეორე მატარებელთან მივედით. მთა ძლიერი სიცივისგან და თოვლის დიდი მასებისგან ჩამონგრეულიყო და გზა ჩაეხერგა. იქ, სადაც მუშები ტრიალებდნენ, ერთი ინჟინერი იდგა. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მუსიე რიშარს. ამბავი ვკითხე და მითხრა: “ოთხი დღეა, რაც გზას ვასუფთავებთ და კიდევ 21 დღის სამუშაო დაგვრჩა. ამ საქმეზე ყოველდღიურად 100 მუშაა დაკავებული”. თოვლის ტრანშეა სურამამდე გრძელდებოდა და ზოგან ვაგონების სახურავებზეც გადადიოდა. თოვლი გორშიც იდო. გორის შემდეგ კი გავივაკეთ და თოვლი უკან ჩამოვიტოვეთ.
დილის 6 საათზე თბილისის სადგურში შევედით. აქ ოფიციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი გენერალური კონსული მირზა ასადოლაჰ ხანი, თბილისის გუბერნატორ ორლოვსკის მხრიდან მუსიე ლუარსაბ ბეგლაროვი და კაზაკი გუშაგების რაზმის მეთაური დაგვხვდნენ. პრინცმა ბაგრატიონ-მუხრანსკიმ ჩვენს შესახვედრად მირზა ფათჰალი ახუნდოვი გამოგზავნა, მაგრამ მას დააგვიანდა და სახლში გვეწვია. როცა დავბინავდით და დავიძინეთ, უკვე 9 საათი იყო. შემენდეფერის მომქანცველი მგზავრობით, სიცივითა და უძილობით ძალიან დაღლილები და დასუსტებულები ვიყავით.
ფოთიდან თბილისამდე სადგურების და მათ შორის მანძილების ჩამონათვალი შემდეგია: პირველი, ჭალადიდი - 14 ვერსი; მეორე, ნოვოსოვაყი - 35 ვერსი; მესამე, სამტრედია - 61 ვერსი; მეოთხე, ქუთაისი - 90 ვერსი; მეხუთე, ყვირილა - 118 ვერსი; მეექვსე, ბელაგორი - 139 ვერსი; მეშვიდე, ბეჟათუბანი - 150 ვერსი; მერვე, სურამი - 173 ვერსი; მეცხრე, მიხაილოვო - 170 ვერსი; მეათე, ქარელი - 201 ვერსი; მეთერთმეტე, გორი - 232 ვერსი; მეთორმეტე, გრაკალი - 232 ვერსი; მეცამეტე, კასპი - 244 ვერსი; მეთოთხმეტე, ქსანკა - 258 ვერსი; მეთხუთმეტე, მცხეთა - 269 ვერსი; მეთექვსმეტე, ავჭალა - 279 ვერსი და მეჩვიდმეტე, თბილისი - 289 ვერსი. ყველა პუნქტის დასახელება ქართულია.
39. ირანული მზის წელიწადის მეთორმეტე თვე, შეესაბამება თებერვალ-მარტს.
თბილისი
8 საფარი (5 მარტი), კვირა:
საუზმის შემდეგ თავდაპირველად ოფიციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი თბილისის თავი ანუ პოლიცმაისტერი პოლკოვნიკი ბილიკი მოვიდა და ქალაქის მოსახლეობის სახელით მოგვესალმა. ვუთხარი: “წინა გზაზე თბილისელების თხოვნა გადმომეცით, რომ უკანაც ამ გზით დავბრუნებულიყავი, რათა ერთმანეთის ნახვის ბედნიერება კიდევ ერთხელ გვქონოდა. მეც სწორედ მათმა სურვილმა მიმიზიდა და აქ ჩამომიყვანა”. დიდი მადლობა გადამიხადა და წავიდა.
შემდეგი საპარადე ფორმაში გამოწყობილი თბილისის გუბერნიის მმართველი გუბერნატორი ორლოვსკი მობრძანდა. დავსხედით და დიდხანს ვისაუბრეთ. ვუთხარი: “თქვენ შემპირდით, რომ თუ უკან თბილისის გავლით დავბრუნდებოდი, ბაქოში ისე ჩავიდოდი, რომ განჯას არ გავივლიდი”. მიპასუხა: “ვფიქრობ, რომ შაქის გზით გაგამგზავრებთ. თან საინტერესო სანახავია და თან განჯასაც ასცდებით. მძიმე ტვირთს კი განჯის გზით გავუშვებ”. ვუთხარი: “თქვენ უკეთ იცით”. თქვა: “მთელი მარშრუტი გაწერილია. გენერალურ კონსულს გავუგზავნი და ის მოგართმევთ”. მუსიე ლუარსაბ ბეგლაროვი თარგმნიდა. საოცარია: წასვლისას ბალკონზე მდგარმა ორლოვსკიმ მირზა ასადოლაჰ ხანს შესჩივლა, რომ ცუდად იყო და სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა. მეორე დღეს კი გავიგეთ, რომ მართლა შეუძლოდ გამხდარიყო. ორლოვსკის შემდეგ ოფიციალურ ტანსაცმელში ჩაცმული მისი აღმატებულება პრინც ბაგრატიონ-მუხრანსკი მობრძანდა. ჩვენი ჩამოსვლით ძალიან გახარებული ჩანდა. დიდხანს იჯდა და ათას რამეს გვიყვებოდა. ძალიან ჭკვიანი და ღირსეული კაცია. სამსახურიდან გადადგომას აპირებს. საკუთარი ოჯახი არა ჰყავს და მთელი თავისი ქონება ძმას აჩუქა. წარმომავლობით ქართველია და წინასწარმეტყველ დავითის შთამომავალია. ქართველებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თარჯიმნობას მირზა ფათჰალი ახუნდოვი უწევდა.
პრინცის წასვლის შემდეგ მირზა ასადოლაჰ ხანი გავაგზავნე კარის მინისტრ ანუ იშიქაყასიბაში ტოლსტოისთან, რათა მისი მაღალაღმატებულება მეფისნაცვლისთვის დის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩემი სამძიმარი მოეხსენებინა და შეხვედრაზე შეთანხმებოდა. გენერალური კონსული გაემგზავრა, მაგრამ ტოლსტოი სახლში არ დახვდა და ბარათი დაუტოვა. როცა სახლში დაბრუნდა, იშიქაყასიბაშის წერილი მიუტანეს, რომელშიც ის ჩვენთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამდა და მიღების ზუსტი დროის დანიშვნას ითხოვდა. გენერალურმა კონსულმა შეუთვალა, რომ მეორე დღეს ნაშუადღევს მობრძანებულიყვნენ.
9 საფარი (6 მარტი), ორშაბათი:
დილით აბანოში წავედი. აქ სრულიად გამორჩეული, სუფთა და თბილი წყალია, რომელიც სხეულს არბილებს. სახლში რომ დავბრუნდი, მირზა ფათჰალი ახუნდოვი დამხვდა, მაგრამ ამასობაში მისმა აღმატებულება პრინც მუხრანსკიმ გამოიძახა და სასწრაფოდ წავიდა.
შემდეგ მისი მაღალაღმატებულება მეფისნაცვლის იშიქაყასიბაში ტოლსტოი უნიფორმით გამოცხადდა. 10-15 დღეა, რაც პეტერბურგიდან დაბრუნდა. მითხრა: “დღეს მის მაღალაღმატებულებას უნდა შეხვედროდით, მაგრამ მას გეგმები შეეცვალა, სანადიროდ წაბრძანდა და საღამომდე არ ჩამოვა. იმედია, ხვალინდელ დღეზე შევთანხმდებით”. მას თარჯიმნობას აყა მირზა ფათჰალი უწევდა. ტოლსტოის განსხვავებული, სპეციალურად იშიქაყასებისთვის განკუთვნილი სირმებიანი მუნდირი ეცვა და ირანის ორდენი ეკეთა. მერე ისევ მირზა ფათჰალი მოვიდა. როგორც გაირკვა, პრინც მუხრანსკიმ მას ორი რამ დაავალა: ჯერ ერთი, ჩემთვის უნდა გადმოეცა, რომ მასთან საპასუხო ვიზიტი საჭირო აღარ იყო და [სავიზიტო] ბარათის გაგზავნაც იკმარებდა და მეორე, კნიაზ მირსკისთან უნდა მისულიყო და ეთქვა, რომ უკვე ორი დღე იყო, რაც თბილისში ვიყავი, რადგან, როგორც ჩანს, მან ეს ამბავი არ იცოდა. მირზა ფათჰალიმ მითხრა: “როცა კნიაზ მირსკის თქვენი ჩამობრძანების ამბავი ვუთხარი, ძალიან შერცხვა და დაიფიცა, არ ვიცოდიო. თქვენთან დამაბარა, დღეს საქმეები მაქვს და ხვალ 3 საათზე გეახლებითო”.
მირზა ფათჰალისთან ერთად მობრძანდნენ ოსმალეთის გენერალური კონსული ბეჰჯათ ეფენდი და უფლისწულ ბაჰმან მირზას ვაჟი მაჰმუდ მირზა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა. მირზა ფათჰალის ბაქოს გუბერნატორის ამბავი ვკითხე: “უეჭველია ავად არის, თორემ მის აღმატებულებას არასოდეს ვავიწყდები-მეთქი”. შემპირდა, რომ აქედან მასთან წავიდოდა, ამბავს გაიგებდა და ხვალ მომახსენებდა. მართლაც არ დაიზარა და ჩემგან წავიდა ბაქოს გუბერნატორთან, რომელიც სახლში არ დახვდა, ამიტომ ვრცელი წერილი დაუტოვა და წამოვიდა.
10 საფარი (7 მარტი), სამშაბათი:
დღისით, სადილამდე ოფიციალურ ტანსაცმელში ჩაცმული ბაქოს გუბერნატორი მისი აღმატებულება გენერალ-მაიორი სტაროსელსკი მეწვია და ბოდიში მომიხადა: “თქვენი ჩამობრძანების შესახებ არაფერი ვიცოდი და გუშინ ახუნდოვისგან გავიგე”. ჩემდამი დიდი სითბო და სიყვარული გამოხატა. ჭეშმარიტად, მასავით კეთილშობილი კაცი არ შემხვედრია. მითხრა: “ჩემი ქალბატონი ძალიან სწუხს, რომ ბაქოში თქვენ და თქვენი მეუღლე ვერ გნახათ. ახლაც რამდენიმე დღეა, რაც ყელ-ყური აწუხებს და ტკივილებისგან მოსვენება აქვს დაკარგული”.
დიდხანს ვისხედით და ვსაუბრობდით. შემპირდა, რომ ბაქოს გემის განრიგს გაიგებდა და შემატყობინებდა. თურმე დაუწინაურებიათ და ახლა “დეპარტამენტის დირექტორია”, რაც სამოქალაქო თანამდებობაა. ამ განყოფილების ხელმძღვანელი კავკასიის მთავარი სამმართველოს უფროსის დაქვემდებარებაშია. როგორც გაირკვა, სტაროსელსკი მეფისნაცვლის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობს და მისი დახმარებით მალე სამმართველოს უფროსადაც დანიშნავენ.
მისი წასვლის შემდეგ საპასუხო ვიზიტით წავედი პრინც მუხრანსკისთან და მის აღმატებულება ორლოვსკისთან. ორივეს [სავიზიტო] ბარათები დავუტოვე და სახლში დავბრუნდი. საღამოს, მზის ჩასვლამდე სამი საათით ადრე, ოფიციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი კნიაზ მირსკი მოვიდა. დაწვრილებით გამომკითხა მექას, მედინას, ეგვიპტისა და სტამბოლის ამბები. ძალიან გონიერი და შორსმჭვრეტელი კაცია. ოსმალეთის საქმეებზე ირონიულად ლაპარაკობდა.
ვკითხე: “უწინ ნუხას40 ფიცრულებსა და სახლების ხის ჩუქურთმებს ძალიან აქებდით. ახლა იმ გზით ვაპირებ წასვლას და თუ ზუსტად მიმასწავლით, აუცილებლად დავათვალიერებ. რამდენადაც ვიცი, ასეთი ფიცრულები ირანსა და ისფაჰანშიც ბევრია”.
თქვა: “მოჰამად ჰასან ხანი დიდი ხანია, რაც იმ მხარის გუბერნატორია. რა თქმა უნდა, [ასეთი ფიცრულები] ისფაჰანშიც არის. ირანის ძველი ხელოსნები ძალიან დახელოვნებული ოსტატები იყვნენ. ხათას სამეფოს41 მერე ირანი ამქვეყნად უძველესი სახელმწიფოა”.
ვუთხარი: “როგორც ცნობილია, ჯემშიდის დროიდან მოდის”. მითხრა, სამიათასწლიანი ისტორია გაქვთო და ისფაჰანის ქება დაიწყო. ვუთხარი: “ეს ქალაქი ავღანელთა ლაშქრობის დროს დაინგრა. ყაჯარების მმართველობის წლებში დედაქალაქი ისფაჰანი რომ ყოფილიყო, ახლა სტამბოლზე უფრო კეთილმოწყობილი იქნებოდა”. თქვა: “ჭეშმარიტად ასეა” და დედაქალაქის თეირანში გადატანის მიზეზი მკითხა.
ვუპასუხე: “შაჰ-ე შაჰიდმა აღა მაჰმად ხანმა ყაჯარების რეზიდენციად ასტარაბადისა და მაზანდარანის რეგიონები აირჩია და იქ დასახლდა. მას შემდეგ ასე დარჩა და ახლა შეცვლა და გადატანა ძნელია. მაგრამ ჩვენ თვითონაც კარგად ვიცით, რომ თეირანი ისფაჰანს ვერ შეედრება. მდინარე ზენდერუდი მას შუაზე კვეთს და ყოველმხრივ კეთილმოწყობილი ქალაქია”.
დამეთანხმა, ასეაო, და მითხრა: “ისფაჰანის ქება ბევრისგან გამიგია”. ვუთხარი: “მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ამდენი კარგი შენობა ნახეთ, დარწმუნებული ვარ, რომ იქაურობით მოხიბლული დარჩებით”. დაახლოებით ერთი საათი მეგობრულად ვისაუბრეთ და წასვლისას მითხრა: “თქვენი აღმატებულების დიდი მადლობელი ვარ, რომ ამ გზით დაბრუნდით და თქვენი ხილვით გაგვაბედნიერეთ”. მას თარჯიმნობას ახუნდოვი უწევდა.
მისი წასვლის შემდეგ უფლისწულ ბაჰმან მირზას ვაჟი ბაბა ხანი მოვიდა და თან მოიყვანა თავისი შვილი მანსურ მირზა, რომელიც ახუნდოვის ქალიშვილისგან ჰყავდა. 7 წლის კარგი ბიჭი იყო. ეტყობოდა, რომ ახუნდოვის ნიჭიერება მასზეც გადმოსულიყო.
მისი მაღალაღმატებულება მეფისნაცვლის იშიქაყასიბაში საპასუხო ვიზიტით ეწვია მირზა ასადოლაჰ ხანს. მერე გენერალურ კონსულთან მოვიდა მისი ბარათი, რომელშიც ეწერა: “ხვალ ნაშუადღევს პირველ საათზე მავანი მის მაღალაღმატებულება მეფისნაცვალთან უნდა მოვიდეს. დიდი თავადი მას მიიღებს. დათქმულ დროს მეფისნაცვლის კალიასკა მას მიაკითხავს”. ცოტა ხანში გენერალური კონსული მირზა ასადოლაჰ ხანი მოვიდა და მითხრა: “თქვენ [შესაფერისი] ტანსაცმელი არა გაქვთ.
ხელმწიფესთან მიღებაზე რა გეცვათ და მას რა ეცვა?” ვუპასუხე: “ჩემი მბრძანებლის წყალობით მე ყველანაირი ოფიციალური ტანსაცმელი და ორდენი მაქვს, მაგრამ რადგან წმინდა ადგილების მოსალოცად მივემგზავრებოდი, თან არ წამომიღია. ასეთი ტანსაცმელი პილიგრიმობასთან შეუთავსებადია და ადამიანს მიზანს აცდენს. ამ მოგზაურობაში მოგზაურის შესაფერისად ვიქცეოდი. ის, ვინც გულმოწყალეა და წესისამებრ იქცევა, თავის ღირსებას უწევს ანგარიშს. ხელმწიფესთან სარდლის შავი ფორმითა და შავი შარვლით ვიყავი და მის უდიდებულესობასაც არა სამეფო, არამედ სადა ტანსაცმელი ეცვა”. მერე მირზა ასადოლაჰ ხანი მოვიდა და მითხრა: “იშიქაყასიბაშის ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენე და დაკმაყოფილდა”.
ახუნდოვის წასვლის შემდეგ მირზა ასადოლაჰ ხანთან ერთად ქალაქში გავისეირნე და ერთი საათის დაღამებული იყო, სახლში რომ დავბრუნდით. დღეს თბილისში ჩამოვიდა მისი აღმატებულება სენატორი გოლიცინი, რომელიც მისი უდიდებულესობა იმპერატორის მიერ მთელი კავკასიის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. მან [ამ პოსტზე] ბარონი ნიკოლაი შეცვალა. გარკვეული პერიოდი ამ მოვალეობას დროებით ასრულებდა პრინცი მუხრანსკი, მაგრამ ხანდაზმულობის გამო თანამდებობაზე თავად თქვა უარი და მოისვენა. “და როცა მიაღწევ შენს ბოლოს, ზღვარს ნუღარ გადახვალ”.
40. ერთ-ერთი ძველი სახანო და ქალაქი აზერბაიჯანში, ახლანდელი შაქი.
41. იგივე ხეთების სამეფო (ძვ. წ. XVIII-XIIIსს.), რომელიც ევფრატის შუა დინების დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე (მცირე აზია, სირია, პალესტინა) მცხოვრებ ეთნიკურად სხვადასხვა წარმოშობის ტომებს აერთიანებდა.
11 საფარი (8 მარტი), ოთხშაბათი:
დილით ისევ ბაქოს გუბერნატორი მეწვია და მითხრა: “როგორც კი დროს ვპოულობ, შემთხვევას არ ვუშვებ და თქვენს სანახავად მოვდივარ. გთხოვთ, ბაქოში იცხოვროთ ჩემს სახლში, რომელიც ცარიელია”. ვუთხარი: “თქვენი სახლი იგივე ჩემი სახლია და თქვენთან როგორც საკუთარ სახლში, ისე ვიქნები”. ბაქოს გემის ამბავი შემატყობინა, ღვთის შეწევნით, რუსული კალენდრით 15 მარტს ანუ რაბი ალ-ავალის თვის პირველში, ორშაბათს გავაო. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და წავიდა.
მერე მოვიდა მირზა მოჰამად ალი ბეგ ქაში, რომელიც განსვენებული ამინ ად-დოულე ფაროხ ხანის ნათესავია. მას რუსეთში დიდ პატივს სცემენ. ფოსტის სადგურების უმრავლესობა არენდით აქვს აღებული. ისე ენდობიან, რომ ფოსტის სადგური ჩააბარეს. ძალიან გონიერი და წესიერი კაცია და მისით ყველა კმაყოფილია. ოცი წელია, რაც კავკასიაში ცხოვრობს და მის იერსა და ჩაცმულობაში არაფერი შეცვლილა.
მზის ჩასვლას ხუთი საათი აკლდა, რომ მისი მაღალაღმატებულება მეფისნაცვლის ადიუტანტმა კალიასკა მოიყვანა და გენერალური კონსულის მირზა ასადოლაჰ ხანის თანხლებით სასახლეში წავედი. შენობის წინ მდგარი გუშაგები და კაზაკები სამხედრო წესით მოგვესალმნენ. სასახლეში შევედით. შესასვლელთან იშიქაყასიბაში და სხვა სახელწიფო მოხელეები დაგვხვდნენ. იქ იყო აყა მირზა ფათჰალი ახუნდოვიც, რომელიც პირველი თარჯიმანია. კიბეზე ასვლისგან ძალიან დავიღალე და ფეხი მეტკინა.
ახუნდოვმა მკითხა: “დაიღალეთ?” ვუპასუხე: “ცოტა ხანი თუ შევჩერდებით, კარგი იქნება”.
პირველ ოთახში იშიქაყასიბაშიმ მითხრა: “თუ გნებავთ, ამ დივანზე დაბრძანდით და დაისვენეთ”.
სასწრაფოდ ფორთოხლის შარბათი და ერთი თეფში ტკბილეული მოიტანეს. ცოტა შევჭამე. იშიქაყასიბაშიმ მითხრა: “მისი მაღალაღმატებულება მეფისნაცვალი გელოდებათ და როცა მოისურვებთ, წავიდეთ”. ვუპასუხე: “აქ ცოტა ხანი იმიტომ დავჯექი, რომ მასთან სასაუბროდ მოვმზადებულიყავი”.
ავდექი. იშიქაყასიბაშიმ ოთახის ზღურბლამდე მიმაცილა. მსახურთუხუცესმა კარი გააღო და შიგნით შევედი. მირზა ასადოლაჰ ხანი და სხვები გარეთ დარჩნენ. მეფისნაცვალი სრულ საპარადე ფორმაში იყო გამოწყობილი, მხოლოდ ყაწიმი არ ეკეთა. მისი უდიდებულესობის გამოსახულებიანი და სხვა ორდენები ეკიდა. ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, ხელი ჩამომართვა, მომიკითხა და დაჯდომა შემომთავაზა. მე თავაზიანად წინ გავუშვი, რომ პირველი თვითონ დამჯდარიყო, მაგრამ დაიჟინა და მარჯვენა მხარეს დამსვა. ბრძანა: “ამ ოთახში ირანის შაჰინშაჰს გავუმართეთ დარბაზობა”. მოვახსენე: “კურთხეული ოთახია, რადგან ორი დიდებული შაჰინშაჰის მხილველია. აქ ხომ მისი უდიდებულესობა იმპერატორიც ბრძანდებოდა”.
სამყაროს ყიბლა42 [შაჰინშაჰი] მოიკითხა და მკითხა: “ხორასანში გამგზავრებას თუ აპირებენ?”
ვუპასუხე: “დიდი ხანია, რაც თეირანიდან წამოვედი და არაფერი ვიცი. როგორც ჩანს, თქვენ უფრო ზუსტი ცნობები გაქვთ”.
თქვა: “შაჰინშაჰი შემოდგომაზე მაზანდარანში ბრძანდებოდა”. მოვახსენე: “როცა თეირანში შემოდგომაა, მაზანდარანში იმ დროს გაზაფხულია და იქაურობა ძალიან ლამაზია”.
თქვა: “იქიდან შაჰინშაჰი ასტარაბადში წაბრძანდა, იმ მხარის გუბერნატორი თანამდებობიდან გადააყენა და ისევ ძველი გუბერნატორი დანიშნა”.
მოვახსენე: “ძველი გუბერნატორი სოლეიმან ხანი გახლდათ. ძალიან გამჭრიახი და წესიერი კაცია. რუსეთის კონსული მისით ძალიან კმაყოფილი იყო, რადგან საზღვრებს კარგად აკონტროლებდა. თუ ამ კაცზეა ლაპარაკი, ასტარაბადისთვის ეს დიდი წყალობა იქნება”.
თქვა: “აშურაზე ფიქრობდნენ ჩამობრძანებას, მაგრამ ზღვაზე ღელვის გამო გადაიფიქრეს”.
მოვახსენე: “დიდი ხანია, რაც ირანიდან არავითარი ცნობა არ მიმიღია”. ეგვიპტის, სტამბოლის და ზღვების ამბები გამომკითხა. რაც საჭირო იყო, მოვახსენე.
თქვა: “თეირანში შაჰინშაჰის არყოფნისას თქვენ მისი შემცვლელი ბრძანდებოდით და სამსახურს კარგად გაართვით თავი. ჭეშმარიტად, დიდი საქმეა, რომ მისი უდიდებულესობის გარეშე ქვეყანაში სიმშვიდე შეინარჩუნო”.
მოვახსენე: “ქვეყანაში წესრიგს შაჰინშაჰის არსებობის ბედნიერება განაპირობებდა. ჩემი დამსახურება კარგად უწყის რუსეთის ელჩმა, რომელმაც მითხრა, თქვენი სამსახურის შესახებ კმაყოფილებით მოვახსენებ შაჰინშაჰსა და იმპერატორს, რადგან შაჰინშაჰის არყოფნაში საქმეს ძალიან კარგად გაართვით თავიო”.
მკითხა: “განჯის გზით ინებებთ გამგზავრებას თუ ნუხას გზით?” მოვახსენე: “დღეს გავიგე, რომ ნუხას გზა ძალიან ტალახიანია. რომელ გზასაც გადავწყვეტ, მის მაღალაღმატებულებას აუცილებლად მოვახსენებ”. და დავძინე: “მეფისნაცვლის სიკეთეზე ბევრი მქონდა გაგონილი ჩემი ძმებისგან, რომლებიც შაჰინშაჰის კორტეჟთან ერთად დაბრუნდნენ. როცა წმინდა ადგილების მოსალოცად მივდიოდი, მისი მაღალაღმატებულება ყირიმში ბრძანდებოდა და მისი ნახვის ბედნიერება წილად არ მხვდა. ახლა კი, როცა შევხვდი, მივხვდი, რომ ჩემს ძმებს მის ღირსებებზე კიდევ ცოტა უთქვამთ”. დიდი მადლობა გადამიხადა.
ვუთხარი: “რა სამწუხაროა, რომ თქვენს მაღალაღმატებულებასთან ჩემი პირველი შეხვედრა თქვენი დის გარდაცვალებას დაემთხვა. დაე, მისი უდიდებულესობა იმპერატორის დღეგრძელობამ გაგიფანტოთ ყველა დარდი”.
ბრძანა: “დიდი მადლობა სამძიმრისა და თბილი სიტყვებისთვის”. მოვახსენე: “ამ დანაკლისის სანაცვლოდ, თქვენს ოჯახში ამ დღეებში ახალშობილი გაჩნდა და, ღმერთმა ქნას, ბედნიერი იყოს”.
გაიცინა და თქვა: “შვიდი შვილი მყავს და ეს მეოთხე ვაჟია. კავკასიაში დაიბადა. მეტი შვილი აღარ მინდა”.
მოვახსენე: “ღმერთმა ქნას, შვილები კიდევ გეყოლოთ. ადამიანი ხეა და შვილები ამ ხის ტოტები და ფოთლები არიან. ხეს რაც უფრო ბევრი ტოტი და ნაყოფი აქვს, მით მეტია მისი სიდიადე და მისი ჩრდილიც უფრო შორს სწვდება. ბევრი შვილი ადამიანის სიძლიერის საფუძველია”. მითხრა: “რა მოხდენილად ბრძანეთ”.
მერე წამოდგა და მეც გამოსამშვიდობებლად ავდექი. ბრძანა: “წამოდით, ოთახებს დაგათვალიერებინებთ”. წინ წამიძღვა და სამყაროს ყიბლა შაჰინშაჰის საძინებელ ოთახში შემიყვანა. თქვა: “ამ ოთახის ერთადერთი მორთულობა პეტერბურგში ჩემი ხელქვეითი ოფიცრების ფოტოსურათებია. მაგრამ აქ ირანის შაჰინშაჰმა და იმპერატორმა ღამე გაატარეს”.
მოვახსენე: “თუ გარეგნული შემკულობა არა აქვს, შინაგანად არის შემკული, რადგან ორი დიდებული შაჰინშაჰის მოსვენების და ძილის ადგილია”.
ოთახიდან გამოვედით და მივადექით დიდ, დაახლოებით 2,5 ზარ‘ი სიგრძის და 2 ზარ‘ი სიგანის, კავკასიის რუკას, რომელიც კედელზე ეკიდა. მასზე ამ რეგიონის მთების რელიეფები იყო დატანილი. სათითაოდ ყველა მათგანი მაჩვენა და მითხრა: “ეს ელბრუსის მთაა, რომელიც მუდამ თოვლით არის დაფარული. მის ჩრდილოეთით და დასავლეთით ჩერქეზეთის მთებია, უკან კი - ჩეჩნეთის ვილაიეთი, რომელიც საშინლად გვებრძვის. იქ ბევრი უღრანი ტყეა, რომელსაც ამუშავებენ და ყიდიან”. მერე შამილის მშობლიური ადგილები მაჩვენა და მითხრა: “აქ დერბენდია”.
მოვახსენე: “წამიკითხავს, რომ დერბენდში ანუშირვანის დროინდელი ბევრი ძეგლია. მთიდან ზღვის ნაპირამდე ერთი კედელი მიუყვება, რომელიც ძალიან მკვიდრად არის ნაშენები. კედელს ჭიშკარი აქვს, რომელსაც ღამ-ღამობით კეტავენ”43.
ბრძანა: “მართალია, დერბენდს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს”. ანუშირვანის ეპოქის შესახებ მკითხა და ვუპასუხე: “დაახლოებით 1400 წლის წინ ცხოვრობდა”. რუკაზე თბილისი-ვლადიკავკაზის გზა, ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზი და ბაქოს გზა მაჩვენა და მითხრა: “თქვენ ბაქოს გზით გაემგზავრებით და გაივლით ნუხას ველს, რომელიც ძალიან ლამაზია”. მერე შიშეს გზაზე მიმითითა და თქვა: “აქ შიშეს მთებია, სადაც ბაჰმან მირზა ცხოვრობს”. მოვახსენე: “რუსეთში ბაჰმან მირზასადმი დიდი კეთილგანწყობა გამოიჩინეთ. იმპერატორის ღირსება წარჩინებულ პირთა პატივისცემაში მჟღავნდება”. ბრძანა: “ბაჰმან მირზა ძალიან გულდაწყვეტილია. ირანში რამდენიმე სოფელი ჰქონდა და, ამტკიცებს, რომ ჩამოართვეს”.
მოვახსენე: “არ ეგების უფროს ძმაზე ცუდის თქმა, მაგრამ უფლისწულის ამ მტკიცებებსა და სიტყვებში სიმართლე არ არის. მას აზერბაიჯანის 7 წლის იჯარა არ ჰქონდა გადახდილი და საკმაოდ დიდი თანხა თქვენი ხათრით აპატიეს. და თუ აზერბაიჯანის შვიდი წლის იჯარის სანაცვლოდ რამდენიმე სოფელი ჩამოართვეს, ეს უსამართლობა არ არის”.
ბრძანა: “დღეს მისი შვიდი შვილი [რუსეთის] სამხედრო მოსამსახურეა და სხვადასხვა ჩინი აქვს”. მოვახსენე: “უფლისწულებსა და დიდგვაროვანთა შვილებზე ზრუნვა მბრძანებელთა საკადრისი საქმეა”. მერე მუღანის44 რუკა მაჩვენა და მითხრა: “შაჰსევანები45 ძალიან თაღლითი და ქურდბაცაცა ხალხია. კარგი იქნება, თუ მათ ბინადარ ცხოვრების წესზე გადაიყვანენ”. მოვახსენე: “ქურდობა და თაღლითობა ბინადრების ბუნებაშია. მან, ვინც ზამთარში მუღანის მამასახლისი გახდება, გლეხების მიმართ უმართებულო ქმედებები ორივე მხრიდან უნდა აღკვეთოს”. და დავძინე: “თუ მიბრძანებთ, თქვენს წინადადებას შაჰინშაჰს მოვახსენებ”. ბრძანა: “თქვენი დიდი მადლობელი ვიქნები, თუ ამ ვითარებას მის უდიდებულესობას გააცნობთ”.
მიუხედავად იმისა, რომ რუკა რუსული იყო, რამდენიმე პუნქტის მდებარეობას გუმანით მივხვდი და ვუთხარი, სად რა იყო. ძალიან გაუკვირდა. მირზა ფათჰალი ახუნდოვმა მოახსენა: “ეს ბატონი გეოგრაფიაში ძალიან დახელოვნებულია”.
აღრიდაღის მთაზე მიმითითა. ვუთხარი: “წმინდა წიგნში მას არარატი ჰქვია”. მერე ირანისა და ოსმალეთის სასაზღვრო ზოლი მაჩვენა და მითხრა: “ეს ქალაქი ალექსანდროპოლია, რომელსაც ოსმალები გიუმრის ეძახიან”.
რუკის დათვალიერების შემდეგ მაგიდასთან მიმიყვანა და მაჩვენა სურათი, რომელზეც მისი ცოლი ბავშვით ხელში იყო გამოსახული. ბრძანა: “ეს ჩემი ბოლოს წინა შვილია”. იმ დივანის თავზე, რომელზეც ჩვენ ვისხედით, მისი მშობლების, იმპერატორისა და იმპერატრიცას, სურათი ეკიდა. ვუთხარი: “ამ ქვეყნად ერთ-ერთი უდიდესი მბრძანებელი იყო და სამყაროს გამოჩენილ მეფეებს ტოლს არ უდებდა. ჩემთვის რომ გეკითხათ, ვინ არისო, დაუფიქრებლად გეტყოდით, რადგან ძალიან გავხართ”. ბრძანა: “ჩემი ძმა ნიკოლოზი რომ გენახათ, მსგავსება რა არის, მიხვდებოდით”. იქიდან პეტერბურგის რუკასთან მიმიყვანა და მაჩვენა გაყინული მდინარე ნევა, რომელსაც ინგლისელები ნივას ეძახიან. მოვახსენე: “ამბობენ, რომ სენთ იზაგის46 ტაძრამდე მიდის”. თქვა: “მართალი ბრძანდებით”. მერე ხელი ჩამომართვა და მითხრა: “თქვენთან შეხვედრით ძალიან ვისიამოვნე”. რამდენიმე ნაბიჯი გამომაცილა. მე დავემშვიდობე და ახუნდოვთან ერთად გარეთ გამოვედი. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. იშიქაყასიბაში და სხვა მოხელეები კარებამდე გამოგვყვნენ. ისევ იმ კალიასკაში ჩავსხედით და საკონსულოში დავბრუნდით. ახუნდოვი შესასვლელთან დაგვემშვიდობა.
საღამოს მირზა ასადოლაჰ ხანთან ერთად საპასუხო ვიზიტით წავედი კნიაზ მირსკისთან, მაგრამ სახლში არ დაგვხვდა და [სავიზიტო] ბარათი დავუტოვეთ. ცოტა ხანს ქუჩაში და ბაზარში გავისეირნეთ და სახლში დავბრუნდით.
42. „სამყაროს ყიბლა“ ანუ „სამყაროს ცენტრი“ ირანის შაჰების ტიტული იყო.
43. ავტორი საკმაოდ ზუსტად აღწერს დერბენდის ცნობილ ზღუდეს, რომელიც აგებულია ხოსრო I ანუშირვანის (488-531) დროს. ზღუდის ნაწილები დღემდეა შემორჩენილი.
44. მუღანის ველი - ადგილი აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში.
45. თურქული ტომი ირანის აზერბაიჯანში.
46. იგულისხმება სანკტ პეტერბურგის წმ. ისაკის ტაძარი.
12 საფარი (9 მარტი), ხუთშაბათი:
დილით მეფისნაცვლის ადიუტანტი საკონსულოში მოვიდა და მოგვახსენა: “მისი მაღალაღმატებულება მეფისნაცვალი ნაშუადღევს პირველ საათზე საპასუხო ვიზიტით გეახლებათ”.
მირზა ასადოლაჰ ხანმა საკონსულო მოაწესრიგა და ირანელ ვაჭრებს შეუთვალა, რომ მოსულიყვნენ. რამდენიმე ვაჭარი მოვიდა. დათქმულ დროს მეფისნაცვალი თავის ადიუტანტ მოსნანოვთან ერთად კალიასკით მობრძანდა. გუშინდელივით იყო გამოწყობილი და მისი უდიდებულესობის გამოსახულებიანი ორდენი, ეპოლეტები და აქსელბანდები ეკეთა. კიბის თავთან შევეგებე. ხელი ჩამომართვა და თბილად მომიკითხა. შევედით ოთახში, სადაც მარტო ახუნდოვი იყო. მეფისნაცვალმა ბრძანა: “ძალიან მინდოდა თქვენი ნახვა. გული მწყდება, რომ თბილისში თქვენი პირველი ჩამობრძანების დროს აქ არ ვიყავი”. მოვახსენე: “თქვენი ნახვის ბედნიერება ამ ჯერზეც რომ არ მღირსებოდა, ვიფიქრებდი, ბედი არა მაქვს-მეთქი”.
ბრძანა: “ეს ძველი შენობა თქვენი და გენერალური კონსულის რა საკადრისია?”
მოვახსენე: “მართალია ძველი შენობაა, მაგრამ ახლა თქვენი მაღალაღმატებულების მოსვლით განახლდა”.
ბევრი იცინა და თქვა: “ისეთი ძველია, რომ არაფერი უშველის”. მექასა და მედინას ამბები გამომკითხა: “წელს როგორი ჰაჯი იყო?” მოვახსენე: “ჯიდაში საფრანგეთის კონსულის თანაშემწე ამბობდა, რომ 145000 კაცი ჩამოვიდა”.
ბრძანა: “ძალიან კარგი. თქვენმა ქალბატონმა აქლემით როგორ იმგზავრა? ალბათ, ძალიან გაუჭირდა”.
მოვახსენე: “აქლემზე დადეს ტახტრევანი, რომელიც შედარებით მოსახერხებელი დასაჯდომია, მაგრამ მაინც გაწვალდა”.
ბრძანა: “წელს კავკასიიდან და ყირიმიდან ბევრი ხალხი იყო?” მოვახსენე: “ორი-სამი ათასი კაცი იქნებოდა. მათ ყველგან როგორც ირანის მოქალაქეებს, ისე ვეხმარებოდი და ეს ფაქტი სტამბოლში გენერალ იგნატოვს კმაყოფილებით მოახსენეს”.
ბრძანა: “ეს ამბავი მეც გავიგე”. მერე დასძინა: “ყირიმელები საოცარი ხალხია. იმპერატორის ბრძანებით, მოსახლეობის ნაწილმა არმიის შტაბში სამხედრო წვრთნები უნდა გაიაროს და უნდა ისწავლოს. ისინი კი უარს ამბობენ იმ მიზეზით, რომ მუჰაჯირები ვართ და ოსმალეთში წავალთ, რადგან ასეთი სამხედრო რაზმი იქაც არისო”.
მეფისნაცვალმა ბოსნიის ამბები47 მკითხა: “სტამბოლში რა გაიგეთ?” მოვახსენე: “ჰეიდარ ეფენდი, რომელიც გარკვეული ხანი ირანსა და პეტერბურგშიც მსახურობდა, იქ მმართველად გააგზავნეს”.
ბრძანა: “არაერთხელ დაგვპირდნენ, მაგრამ მოგვატყუეს”. მოვახსენე: “ახლა ამ საქმეში რუსეთი, გერმანია და პრუსიაც ჩაერივნენ და ამჯერად მოტყუება გაუჭირდებათ”.
დაახლოებით 15 წუთი იჯდა და მერე წამოდგა. მინდოდა, კიბის თავამდე გამეცილებინა, მაგრამ ოთახშივე გამაჩერა, ნუ შეწუხდებითო. მათი წაბრძანების შემდეგ მირზა ფათჰალი ახუნდოვმა მითხრა: “ეს პირველი შემთხვევაა, რომ მეფისნაცვალმა რომელიმე უფლისწული ან დიდებული ასეთი პატივით მიიღო, ერთი საათი ესაუბრა და ყველაფერი დაათვალიერებინა. აშკარაა, რომ გულის კარნახით მოქმედებდა”.
საღამოს მირზა ასადოლაჰ ხანთან ერთად წავედი განსვენებული აყა მირ ფათაჰის ბაღში, რომელიც ახლა სახელმწიფოს საკუთრებაა და სახალხო სასეირნო ადგილია. მზის ჩასვლას ნახევარი საათი აკლდა, უკან რომ დავბრუნდით.
ჯარის დეტალური აღწერილობა ასეთია: წელს, ანუ ქრისტიანული წელთაღრიცხვით 1876 წელს, იმპერატორის ბრძანებით ყველა, ვინც 21 წლის არის, დიდგვაროვანი თუ მდაბიო, მდიდარი თუ ღარიბი, ჯარში უნდა წავიდეს: 5 წელი ყაზარმაში გაატაროს, წვრთნები გაიაროს და ლაშქრობაში გაემგზავროს. 5 წლის შემდეგ მათი სამხედრო სამსახურის ვადა სრულდება და სახლში ბრუნდებიან. მომდევნო 7 წელი ისინი მართალია სახლში ცხოვრობენ, მაგრამ ომის შემთხვევაში ვალდებულნი არიან, რომ გამოცხადდნენ, რადგან 32 წლამდე სამხედრო სამსახურში ითვლებიან და მხოლოდ 32 წლის ასაკში თავისუფლდებიან ამ მოვალეობისგან.
მუსლიმები და ყირიმელები სამხედრო სამსახურზე უარს ამბობენ. კავკასიისა და ყარაბაღის მოსახლეობა ამ მოვალეობისგან 25 წლამდე თავისუფალია და ისინი სამხედრო სამსახურში 25 წლის შემდეგ უნდა წავიდნენ.
დღეს ჩამოიტანეს მძიმე ბარგი, რომელიც ფოთში დავტოვეთ და [სანაოსნო] კომპანიას ჩავაბარეთ, რომ ჩვენს კვალდაკვალ გამოეგზავნათ. ღამე ჩანთების გახსნა დამჭირდა და აღმოვაჩინე, რომ ერთი დიდი და ერთი პატარა ჩანთა გარღვეული და გაძარცვული იყო. პატარა ჩანთიდან ამოეღოთ მისი უდიდებულესობის გამოსახულებიანი პატარა ორდენი, რომელსაც ბრილიანტი ჰქონდა და პაპი პიუს მეცხრის ოქროს მედალი, რომლის ერთ მხარეს გამოსახული იყო ლომის ხაროში ჩაგდებული წმინდა დანიელი, ღმერთმა გაანათლოს, ხოლო მეორე მხარეს - თავად პაპი პიუს მეცხრე. დიდი ჩანთიდან კი საჩუქრები მოეპარათ. როგორც ჩანს, იმ დღე-ღამის განმავლობაში, როცა ბარგი და ჩანთები მუსიე დიგრანის სახლში ეწყო, მათ თვალყური არ მიადევნეს და ვიღაც შინაურმა ან უცხომ, ღმერთმა უწყის, ამით ისარგებლა და მოიპარა. იმავე ღამეს გენერალურ კონსულს შევუთვალე, ქალაქის ბეგლარბეგისთვის ეთქვა, რომ თუ საზარაფოში ან ვინმეს ხელში ამ ნივთებს აღმოაჩენდნენ, მაშინვე დაეჭირათ. მოპარული ნივთების ძებნა თბილისის გუბერნიაშიც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამ მოგზაურობაში ეს უკვე მესამე დანაკლისია.
47. იგულისხმება ბოსნიის 1875-1877 წლების აჯანყება ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ.
13 საფარი (10 მარტი), პარასკევი:
დილით, სადილამდე მისი უდიდებულესობის გენერალ-ადიუტანტი და თბილისისა და კიდევ ოთხი ქალაქის თავადაზნაურობის წინამძღოლი კნიაზ ანდრონიკოვი მობრძანდა და თბილისის დიდგვაროვანთა მისალმება გადმომცა. ძალიან ლამაზი კაცი იყო. თავადაზნაურები თავიანთ წინამძღოლს სამ წელიწადში ერთხელ ირჩევენ და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კნიაზ ანდრონიკოვი ორჯერ აირჩიეს. 1876 წლის მაისში ისევ არჩევნებია. ვუთხარი: “თქვენ იმდენი მომხრე გყავთ, რომ წელსაც და მომდევნო წლებშიც თქვენ აგირჩევენ”. მითხრა: “დავბერდი, დავიღალე და სამხედრო სამსახურშიც ბევრჯერ დავშავდი”. გამომშვიდობებისას ვუთხარი: “თუ არ შეწუხდებით, თბილისის თავადაზნაურებს ჩემი სალამი გადაეცით და მოკითხვისთვის დიდი მადლობა გადაუხადეთ. ჭეშმარიტად, დიდგვაროვანთა და წარჩინებულთა ყადრი მაღალი წარმომავლობის ადამიანმა სხვებზე უკეთ იცის”. დიდი მადლობა გადამიხადა და წავიდა.
შემდეგ ბაქოს გუბერნატორი მოვიდა და მითხრა: “ძალიან ვწუხვარ, რომ [თქვენი ჩამოსვლისთვის] ბაქოში არ ვიქნები. მეგზურობას კონდუქტორი48 გაგიწევთ. თუ მიბრძანებთ, მეც ერთ ბაქოელს გამოგიგზავნით”. ვუთხარი: “თუ ჩემთვის განწესებულმა კონდუქტორმა იმდენი თურქული იცის, რომ გზაში საჭიროების შემთხვევაში დამეხმაროს და კითხვაზე პასუხი გამცეს, საკმარისია”. ჩემი მეუღლე მოიკითხა და მითხრა: “მე კარგად ვიცი აღმოსავლური წესები, რომ კაცს ცოლის ამბავი არ უნდა ჰკითხო, მაგრამ თქვენმა კეთილგანწყობამ გამათამამა. ღვთის წყალობით, ხომ კარგად არის?” ვუპასუხე: “მე თქვენ ოჯახის წევრად მიმაჩნიხართ. ჩემი მეუღლეც ყოველთვის მეკითხება თქვენი და თქვენი მეუღლის ჯანმრთელობის ამბავს”.
რადგან ბაქოს გუბერნატორი ჩემ მოსანახულებლად სამჯერ გაისარჯა, სადილის მერე მასთან საპასუხო ვიზიტით წავედი. შევთანხმდით, რომ ხვალ ჩემთან მოვიდოდა და დეტალურად გამაცნობდა გზაზე სადგურების ჩამონათვალს და განრიგს, თერთმეტი ღამიდან თითოეულს რომელ პუნქტში გავატარებდი. ნუხას გზის შესახებ ყურანზე ვიმარჩიელე და ეს აია ამომივიდა: “უთხრა: მე ვარ მონა ალაჰისა, მან მიბოძა მე წიგნი და დამადგინა წინასწარმეტყველად და დამადგინა მე კურთხეულად, სადაც უნდა ვიყო”. ამიტომ ამ გზით წასვლა გადავწყვიტე.
გუბერნატორმა მითხრა: “ამ გზაზე ზოგიერთი სადგური მოუწყობელია”. ვუპასუხე: “ერთ ღამეს როგორმე გავუძლებ”.
როცა სახლში დავბრუნდი, ახუნდოვმა მომახსენა, რომ მისი მაღალაღმატებულება მეფისნაცვლის ერთ მოხელეს ფრანგ მუსიე ველირს ჩემი ნახვა სურდა. ვუთხარი: “მას ჩემი ნახვა უნდა, მე კი ის მინდა, რომ ამ ვილაიეთის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გავიცნო”.
ახუნდოვმა მუსიე ველირს [ჩემი თანხმობა] გადასცა და ისიც გვეწვია. წარმოშობით ფრანგია და ყარაბაღელი ჰასან ბეგ აგალაროვის სიძეა. გენერალ-მაიორის წოდება აქვს. თავაზიანი და მჭევრმეტყველი კაცია. მექას, მედინას, ეჰრამისა49 და ჰაჯის წესების შესახებ გამომკითხა. დაახლოებით ნახევარი საათი ვისაუბრეთ და წავიდა.
მერე მოვიდა მირზა მოჰამად ალი ბეგ ქაში, რომელიც კალიასკებს, ტარანტასებს და სხვა [ტრანსპორტს] განკარგავს და მითხრა: “ხვალ ბარგი მოამზადეთ, რომ ზეგ, ღმერთის წყალობით, შეუფერხებლად გაემგზავროთ”.
48. მეფის რუსეთში კონდუქტორი საინჟინრო სამმართველოში სამხედრო თანამდებობა იყო.
49. ეჰრამს ორი მნიშვნელობა აქვს: 1. მექას მომლოცველის სამოსი; 2. მექას მომლოცველის მიერ შარიათით აკრძალულ ქმედებებზე თავის შეკავება.
14 საფარი (11 მარტი), შაბათი:
მუსიე მალექ ლუარსაბ ბეგლაროვი მოვიდა და სადგურების განაწესი მოიტანა. მერე ბაქოს გუბერნატორიც მობრძანდა. მათი წასვლის შემდეგ მირზა ფათჰალი ახუნდოვი მოვიდა. საღამოს საპასუხო ვიზიტით წავედი თბილისის [გუბერნიის] თავადაზნაურობის წინამძღოლ ანდრონიკოვთან. სახლში დამხვდა და ჩემი მისვლა ძალიან გაუხარდა. მითხრა: “თქვენი სალამი გადავეცი ორი ქალაქის თავადაზნაურთა წინამძღოლებს, რომლებიც ამჟამად თბილისში იმყოფებიან. მაისში ყველანი შეიკრიბებიან და თქვენს სალამს დანარჩენებსაც გადავცემ”. ვუპასუხე: “ჩემი სახელით დაემშვიდობეთ და უთხარით, რომ მათი ვილაიეთიდან ძალიან კმაყოფილი მივემგზავრები”. იქიდან სახლში წამოვედი. ქუჩაში მის აღმატებულება პრინც ბაგრატიონ-მუხრანსკის შევხვდი და მოვიკითხე. მითხრა: “ხვალ დასამშვიდობებლად გეახლებით”.
საღამოს მის აღმატებულება ორბელიანს ვესტუმრე. ძალიან თბილად მიმიღო და მითხრა: “მაპატიეთ, მაგრამ დრო არ მქონდა, რომ ოფიციალური ტანსაცმელი ჩამეცვა”. ვუპასუხე: “თქვენი ავადმყოფობის გამო ამ ჯერზე ერთმანეთს ვერ შევხვდით, მაგრამ არ მინდოდა თბილისიდან თქვენ უნახავად წავსულიყავი”. მითხრა: “არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ”. მექას, არაფატის50 მოსახლეობის და მენას51 მსხვერპლშეწირვის ამბები გამომკითხა და დაწვრილებით მოვუყევი. თქვა: “ჭეშმარიტად, თუ ღმერთს უნდა ემსახურო, იქ უნდა წახვიდე”. გაოცებული მეკითხებოდა: “145000 მომლოცველი, მართლაც რომ საოცრებაა და ამდენი ხალხი იმ ხრიოკ ადგილებში რას ჭამს?”. ძალიან ხალისიანი და სიცოცხლით სავსე მოხუცი იყო. პრინც მუხრანსკის მსგავსად, ჯერაც არ იყო დაოჯახებული.
იქიდან ახუნდოვის თანხლებით სახლში წამოვედი. დღეს გენერალურმა კონსულმა მირზა ასადოლაჰ ხანმა მომახსენა: “პრუსიის კონსულმა საფრანგეთ-პრუსიის ომზე გამოთქმული თქვენი ლექსი მოისმინა და ნაწყვეტები ფრანგულად თარგმნა, მაგრამ არ გამოუვიდა და მე მთხოვა, რომ ვუთარგმნო”. მირზა ასადოლაჰ ხანმა ფრანგული კარგად იცის და უეჭველია, რომ ამ საქმეს სხვებზე უკეთ გაართმევს თავს. როგორც გაირკვა, კონსულმა ეს ლექსი უფლისწულებისგან მოისმინა, რომლებიც მის უდიდებულესობა შაჰინშაჰს ევროპაში ახლდნენ52.
50. მთა მექას რაიონში, სადაც პილიგრიმები ზუ ლ-ჰიჯას ცხრაში ჩერდებიან.
51. ადგილი მექას აღმოსავლეთით მთიანეთში, სადაც მექას მოსალოცად მიმავალი პილიგრიმები ზუ ლ-ჰიჯას ათში მსხვერპლშეწირვას ასრულებენ.
52. ტექსტს დართული აქვს ფარჰად მირზას ლექსი (80 ბეითი), რომელიც არ ვთარგმნეთ, რადგან არც საქართველოსთან აქვს რაიმე კავშირი და არც განსაკუთრებული მხატვრული ღირსებებით გამოირჩევა.
თბილისი - ბაქო
15 საფარი (12 მარტი), კვირა:
დილით მუშებითა და ბარგით დატვირთული ფურგონები გავაგზავნეთ. ზაქათალის გუბერნატორი შელკოვნიკოვი, რომელსაც შაქის მოსახლეობა ბეჰბუდ ბეგს ეძახის, მოვიდა და მითხრა: “რა სამწუხაროა, რომ თქვენი ჩამოსვლისთვის ზაქათალაში არ ვიქნები, რომ გემსახუროთ”. და დასძინა: “თუ თბილისში ჩემს საქმეებს ორ დღეში დავასრულებ, საფოსტო ოთხთვალით გავემგზავრები და იქ დაგხვდებით. და თუ ვერ მოვახერხე, ჩემი თანაშემწე ფილანოვი მოგემსახურებათ”.
მისი წასვლის შემდეგ ბაქოს გუბერნატორი მოვიდა და მითხრა: “ჩემი ცოლი ბოდიშს გიხდით, რომ ვერ გნახათ, მაგრამ ექიმი უფლებას არ აძლევს, რომ სახლიდან გამოვიდეს”. მან არდებილის გუბერნატორი გენერალი ჰასან ალი ხანი ძალიან აქო და თქვა: “მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ. სამი წელია ბაქოში ვმსახურობ და ამ ხნის განმავლობაში ერთი უთანხმოება არ მოგვსვლია”. ვუთხარი: “ურმიის დიდგვაროვან აფშართა წარმომადგენელია”. მისი წარმომავლობა არ იცოდა. ვუთხარი: “თქვენს კმაყოფილებას მის უდიდებულესობა შაჰინშაჰს მოვახსენებ”. მიპასუხა: “ამ სიკეთეს თუ იზამთ, დიდად დამავალებთ”.
მერე ლუარსაბ ბეგლაროვი, გენერალი ბაგრატიონ-მუხრანსკი და ახუნდოვი მოვიდნენ. მათ ვუთხარი: “გთხოვთ, მის მაღალაღმატებულება მეფისნაცვალს ჩემი მოკითხვა გადასცეთ. დრო რომ მქონოდა, ირანული წესისამებრ დავემშვიდობებოდი”. მითხრეს: “მისი მაღალაღმატებულება თქვენთან შეხვედრით უაღრესად კმაყოფილია. თქვენს მოკითხვას აუცილებლად გადავცემთ”.
ისინი წავიდნენ, ბაქოს გუბერნატორი კი გასაცილებლად დარჩა. მან ქვევით ჩამაცილა, კალიასკაში ჩამსვა, დამემშვიდობა და წავიდა.
5 საათზე თბილისიდან გავემგზავრეთ. ქალაქის ბეგლარბეგმა ანუ პოლიცმაისტერმა პოლკოვნიკმა ბილიკმა წერილი გამომიგზავნა: “მინდოდა, ქალაქის მოსახლეობის სახელით პირადად დაგმშვიდობებოდით, მაგრამ მისმა მაღალაღმატებულება მეფისნაცვალმა გამომიძახა და გვიან განვთავისუფლდი. თუ ჯერ არ გამგზავრებულხართ, ახლა გეახლებით”. შევუთვალე: “ჩემთვის თქვენი თავაზიანობა და ყურადღებაც საკმარისია. თქვენი წერილი კი მობრძანების ტოლფასია”. თბილისის ქვედა უბანში პატარა რკინის ხიდზე გადავედით და მერე კიდევ ერთი რკინის ხიდი გავიარეთ. გენერალურმა კონსულმა მირზა ასადოლაჰ ხანმა, ლუარსაბ ბეგლაროვმა, მირზა მოჰამად ალი ბეგმა და ირანელმა ვაჭრებმა ქალაქიდან ერთ ვერსზე გაგვაცილეს, დაგვემშვიდობნენ და უკან გაბრუნდნენ.
ორი ფოსტის სადგური გავიარეთ, მაგრამ მოუწყობელი იყო და გადავწყვიტეთ, რომ სოფელ კოლონიაში53 გავჩერებულიყავით. ამ სოფლის დაახლოებით ორი მესამედი გერმანელია, ერთი მესამედი კი ქართველები არიან. გერმანელები აქ 55 წლის წინ დასახლდნენ. კოლონია დიდი სოფელია და მასში მშვენიერი ბაღებია. როცა გერმანელები აქ მოვიდნენ, ქართველებს მსახურებად დაუდგნენ და მათ მიწებს ამუშავებდნენ. მაგრამ სულ ცოტა ხანში, თავიანთი მოხერხებულობისა და ერთობის წყალობით, ქართველების ქონება და ბაღები შეიძინეს და ახლა ისინი ბატონები და მემამულეები არიან, ქართველები კი გლეხებად გადაიქცნენ.
სიტყვა “კოლონია” წარმოდგება ფრანგული სიტყვიდან “კოლონ”, რაც სვეტს ნიშნავს. რადგან აქ ჩამოსული ხალხი საერთო [რწმენის] სვეტის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფს წარმოადგენს, ამიტომ მათ დასახლებას კოლონია ეწოდა. კოლონიელი ევროპაში მრავლად არის. ბევრი მათგანი კი ამერიკაში წავიდა და იქ დასახლდა54.
ორხევისა და ვაზიანის ფოსტის სადგურებს ერთმანეთისგან ჰყოფს პატარა მდინარე, რომელიც ზაფხულობით შრება. სოფელ კოლონიას გვერდზე მდინარე ყავარი55 ჩამოუდის.
დღეს ჩვენ აღმოსავლეთისაკენ მივემართებით. ირგვლივ ყველგან ნაყოფიერი მიწებია. მზის ჩასვლას სამი საათი აკლდა, ერთ დასახლებაში რომ მივედით. კაზაკები ფოსტის სადგურებში იცვლებოდნენ. მე კარგი სახლი დამახვედრეს, მსახურები კი სხვაგან დააბინავეს.
სოფელ კოლონიის ჩრდილოეთით შვიდ ვერსში დგას მუხროვანის ციხე- სიმაგრე, სადაც რუსების სამხედრო გარნიზონი და დიდძალი იარაღია. მუხროვანის ახლოს ერთი სოფელია, მუღანლო, რომელშიც შიიტები ცხოვრობენ. როცა გაიგეს, რომ წმინდა ადგილების მოსალოცად ვიყავით, სოფლის უხუცესები ჩვენ სანახავად მოვიდნენ.
სოფელ კოლონიაში ვნახეთ წყლის ჭა, რომელსაც 6-7 ზარ‘ი სიგრძის თოკი სჭირდებოდა. მაინცდამაინც მიმზიდველი არ იყო.
53. იგულისხმება გერმანელების დასახლება - “გერმანული კოლონია”. თბილისში და მის შემოგარენში რამდენიმე ასეთი კოლონია იყო: თბილისში თბილისის კოლონია და ალექსანდერსდორფი, სართიჭალაში მარიენფელდი, სართიჭალის სიახლოვეს პეტერსდორფი (იხ. გ. მანჯგალაძე, გერმანელი კოლონისტები ამიერკავკასიაში, თბილისი, 1974; თ. კვირკველია, ვლ. ქურთიშვილი, “გერმანელთა დასახლება თბილისში”, ლიტერატურა და ხელოვნება, 1995, №1-6, 14-34).
54. საქართველოში ჩამოსული გერმანელების დიდ ნაწილს ე. წ. “სეპარატისტების” რელიგიური სექტის წარმომადგენლები შეადგენდნენ. ეს სექტა სხვებისგან უკიდურესი რადიკალურობით გამოირჩეოდა და სამშობლოში დევნას განიცდიდა, რის გამოც ბევრი სექტანტი გერმანიიდან გადასახლდა. “კოლონიელებში” ავტორი სექტის მიმდევრებს გულისხმობს. სიტყვა “კოლონიას” მართლაც აქვს კავშირი ლათინურ columna -სთან (“სვეტი”), მაგრამ, ცხადია, არა იმიტომ, რომ კოლონიებს ერთი რწმენით გაერთიანებული ხალხი აარსებდა.
55. იგივე მდინარე იორი.
16 საფარი (13 მარტი), ორშაბათი:
კოლონიიდან სამ საათზე გავემგზავრეთ. ფოსტის სადგური სართიჭალა კეთილმოწყობილი სოფელია. აქ 70 კომლი ცხოვრობს. ყველანი მალაკნები არიან. მთელ გზაზე ხრეში ყრია, რადგან წელს სიღნაღამდე გზატკეცილს აშენებენ. გზა, რომელზეც დღეს მივდივართ, ლამაზი და სწორია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აღმართ-დაღმართია, აქაური მიწები კარგად არის დამუშავებული. სართიჭალასა და მუღანლოს შორის მდინარე ყავარზე გადებულ ხის ხიდზე გადავედით. მუღანლოში სულ მუსლიმები ცხოვრობენ.
ნუკრიანის ფოსტის სადგური აშენებულია დიდი სოფლის სიახლოვეს, რომელშიც 400-500 კომლი ცხოვრობს და ყველა მათგანი ქართველია. სოფელი მთის წვერზე მდებარეობს. აქ ცივი წყალი და სუსხიანი კლიმატია.
ნუკრიანიდან ქალაქ სიღნაღამდე 3 ვერსია. სიღნაღი მთების ქვაბულშია მოქცეული და თურქულად პირქუშ ადგილს ნიშნავს. ძველი დროიდან ქალაქი ორი მხრიდან გალავნითა და კოშკით არის შემოზღუდული და თავის სახელს ამართლებს. აქ, ძირითადად, სომხები ცხოვრობენ და ხუთასიოდე ქართული კომლი თუ იქნება. სომხები და ქართველები ერთმანეთზე არასოდეს ქორწინდებიან.
ნუკრიანიდან სიღნაღამდე დასახლებები და ბაღები ერთმანეთს ებმის. ძალიან კარგი ადგილია. ძველ წიგნებში ნახსენები სახელგანთქმული კახეთი - ხა-ს ქესრა დაერთვის - სწორედ ეს სიღნაღია. საყოველთაოდ ცნობილი კახური შავი ღვინოც აქედან არის და ის მთელ ვილაიეთში გააქვთ.
სიღნაღის ვილაიეთი და ქალაქი სიღნაღი თბილისის აღმოსავლეთით, ორი მთის ქვაბულში მდებარეობს. სახლები ერთმანეთთან მიჯრით არის მიწყობილი. დაღესტნის თოვლიანი მთები, რომლებიც ცასა და ვარსკვლავებს სწვდება, სიღნაღს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს. სიღნაღიდან დაღესტნის მთის კალთებამდე დაახლოებით 60 ვერსია და შუაში ფართო მინდორია გაშლილი. პოლკოვნიკები თავიანთ სოფლებში და კაზაკები ფოსტის სადგურებში იცვლებოდნენ. ჩვენმა მეგზურმა თურქული კარგად არ იცოდა, ამიტომ პოლკოვნიკების სახელები (აქ სახელი, გვარი და ლაყაბი ერთმანეთშია არეული) ვერ ჩავიწერეთ. ყველა მათგანს საკუთარი მამული და ქვეშევრდომები ჰყავდა.
17 საფარი (14 მარტი), სამშაბათი:
ორ საათზე სიღნაღიდან მშვიდობიანად გავემგზავრეთ და გეზი ჩრდილოეთისკენ ავიღეთ. ცოტა ხანში მთის წვერზე აშენებულ ძველ ციხე-დარბაზში მივედით. გზა ისეთი მიხვეულ-მოხვეული იყო, რომ კალიასკები და ოთხთვალები ძლივს მიდიოდნენ. სოფელ ვაქირამდე, რომელიც მთის ძირში მდებარეობს, 10 ვერსია. იქიდან კიდევ 8 ვერსი გავიარეთ და შევედით ფოსტის სადგურ ასანურისწყალში, საიდანაც ჯერ აღმოსავლეთისკენ და მერე ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ვიარეთ. 7 ვერსის შემდეგ მივადექით მდინარე ყანეყს, რომელსაც ქართულად ალაზანი ჰქვია, და მასზე აშენებულ ხიდზე გადავედით. კარგი ხიდია და მისი რკინის ბურჯები მდინარეში დგას. მდინარის მერე გზა სულ ტყეში მიდის. აქ უზარმაზარი ხეები და უამრავი იაა, რომელსაც ფიალკას ეძახიან. ტყეში ბევრი ხოხობი და დურაჯია.
ფოსტის სადგურ ჭიაურში ვისადილეთ. სადგურიდან ოთხი ვერსის გავლის შემდეგ ჩვენი გზა ორ მთას შორის მოექცა. მთა და ველი დაბურული ტყით იყო დაფარული. კიდევ ოთხი ვერსი გავიარეთ და მივედით ახლადაშენებულ სოფელში, რომელსაც მიხაილოვკა ერქვა. აქ დაახლოებით 500 სახლია. სოფლის ახლოს მოედინება მდინარე, რომელიც სათავეს დაღესტნის მთებში იღებს. მიხაილოვკამდე დაღესტნის მთის რასიათის მიმართულებით მივდიოდით, მიხაილოვკის მერე კი დაახლოებით 5 ვერსი აღმოსავლეთისკენ ვიარეთ და დაღესტნის მთები მარცხნივ დარჩა. გზიდან ამ მთამდე ერთ ვერსიც არ იქნება, ზოგან კი უფრო ნაკლებიც.
ლაგოდეხი დიდი დასახლებაა, რომელიც 25 წლის წინ აშენდა. მას გვერდზე ჩამოუდის მდინარე, რომელიც სათავეს დაღესტნის მთებში იღებს და ძალიან კარგი წყალი აქვს. ლაგოდეხში 1000 სამხედროა. ფოსტის სადგურს ქალაქის სახელის შესაბამისად ლაგოდეხსკაიას ეძახიან. “ესკაია” ქართულად მიმართებას აღნიშნავს.
მზის ჩასვლას სამი საათი აკლდა, როცა ლაგოდეხში შევედით და დავბინავდით გუბერნატორის სახლში, რომელიც რამდენიმე ოთახისგანშედგებოდა. შესასვლელთან სამხედროების რაზმი დოლის ცემითა და მუსიკით შეგვეგება. იქვე სამოქალაქო და სამხედრო დიდმოხელეები იდგნენ. კალიასკიდან რომ გადმოვედი, პირველ რიგში სამხედროებთან მივედი და ოფიცრები და პოლკის უფროსები მოვიკითხე. ერთმა მუსლიმმა ოფიცერმა მალექ მორადოვმა, რომელიც ნახჭევანიდან იყო, თურქული იცოდა. მისალმების მერე შენობაში შევედით.
ლაგოდეხს ყველა მხრიდან დაღესტნის მთები აკრავს და ამიტომ მის დაცვაზე ძალიან ზრუნავენ. წინა იმპერატორმა ათასობით სალდათი გასწირა, რომ შამახათის ტყე დაეკავებინა. “და ვინც მახვილი აიღო, თავად განიგმირა მახვილით”. აქაურობის კომენდანტი მალექ აშლამიდოვია. ლაგოდეხი სიღნაღის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
18 საფარი (15 მარტი), ოთხშაბათი: დღეს პირველი დღეა ჯალალის [კალენდრის] ნამატი ხამსესი56, რომელსაც სპარსელები “მოპარულ ხუთეულს” ეძახიან.
2 საათზე, ანუ ევროპული დროით 8 საათზე ლაგოდეხიდან გავემგზავრეთ. 4 ვერსის გავლის შემდეგ მივადექით მდინარე მაზამის, რომელიც დაღესტნიდან მოდის. ეს მდინარე სიღნაღის ვილაიეთისა და თბილისის გუბერნიის საზღვარია. აქ ჩვენ ზაქათალის გუბერნატორის შელკოვნიკოვის თანაშემწე ფილანოვი და სოფლის მამასახლისი დაგვხვდნენ, ჩვენი გამცილებლები კი დაგვემშვიდობნენ და უკან გაბრუნდნენ.
56. ხუთი დღე, რომელსაც ჯალალის მზის კალენდრის წელიწადის ბოლო თვეს ამატებენ.
მოამზადეს მარინა ალექსიძემ (თარგმანი, კომენტარები) და გრიგოლ ბერაძემ (რედაქტირება, კომენტარები)
მოამზადეს მარინა ალექსიძემ (თარგმანი, კომენტარები) და გრიგოლ ბერაძემ (რედაქტირება, კომენტარები)
Комментариев нет:
Отправить комментарий