вторник, 24 июля 2018 г.

იმერეთის მეფეების - გიორგი III-ისა და ალექსანდრე III-ის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (ე. მამისთვალიშვილი)

XVII . დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში იყო იმერეთის სამეფო, გურიის, ოდიშისა და აფხაზეთის სამთავროები. წესისა და ტრადიციის მიხედვით იმერეთის მეფე უზენაეს ხელისუფლად, ხოლო მთავრები მის ვასალებად ითვლებოდნენ. სინამდვილეში კი, მთავრები საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებისას სრული დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ, რასაც, თავისი ხელისუფლების სისუსტის გამო, მეფეც აღიარებდა.
იმერეთის სამეფოს შინაგანი პოლიტიკური სისუსტის მიუხედავად, უცხოელებში გავრცელებული იყო შეხედულება, რომ ქართველ მეფეებს შორის იმერეთის მეფე, თავისი წარმოშობის მიხედვით, უპირატესობით სარგებლობდა. ამას აღნიშნავდნენ XVII საუკუნის მოგზაურები და ისტორიკოსები: თურქი მოგზაური ევლია ჩელები1, თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი2, იერუსალიმის ბერძენი პატრიარქი დოსითეოს II იმერეთის მეფეს ივერიის მეფეთ მეფედ მოიხსენიებდა3, შარდენის თქმითაც, იმერეთის მეფე თავის წერილებში თავის თავს მეფეთ მეფეს უწოდებდა4.
1. ევლია ჩელების მოგზაურობის წიგნი, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო . ფუთურიძემ, ნაკვ. II, გამოკვლევა, კომენტარები, თბ., 1973, გვ. 298.
2. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 43-44.
3. მამისთვალიშვილი ., საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 159.
4. ჟან შარდენი, გვ. 205.
XVII . პირველ ნახევარში ოდიშისა და გურიის სამთავროებისადმი ინტერესი გაუჩნდა სამ დიდ სახელმწიფოს _ ოსმალეთს, ირანსა და რუსეთს. დასახელებულ სამთავროებს კარგი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ოსმალეთის ინტერესი დასავლეთ საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა XVI . ბოლო მეოთხედიდან. სულთანი დასავლეთ საქართველოზე თავისი გავლენის გავრცელებას ცდილობდა. ამასიის საზავო ხელშეკრულებით ირანმა დასავლეთ საქართველო ოსმალეთის მფლობელობაში აღიარა, რასაც ამ უკანასკნელისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მას თავის წილხვედრილზე რეალური ხელისუფლების გავრცელება ნომინალურად უხდებოდა. დასავლეთი საქართველოს სამეფო-სამთავროები მხოლოდ სიმბოლურ მორჩილებაზე თანხმდებოდნენ. ოსმალეთი იძულებული იყო მშვიდობიანად, მოლაპარაკებებით, მუქარითაც მოეგვარებინა მათთან დაკავშირებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები.
XVII საუკუნის ფრანგი ვაჭარი და მოგზაური ჟან ბატისტ ტავერნიე დასავლეთ საქართველოს მდგომარეობასა და ოსმალეთის სახელმწიფოსთან მის ურთიერთობას ასე გადმოგვცემს: სულთანი ძლიერ კმაყოფილია ამ ქვეყნის აგრე დანაწილების გამო, რადგან, როცა სამივე ნაწილი ერთად იყო, ერთი ხელმწიფის ქვეშ, სულთანს არ შეეძლო მათი დამორჩილება, მიზეზი ამისა ის იყო, რომ იმერეთის მეფეს მაშინ შეეძლო მოკლე დროში გამოეყვანა სალაშქროდ თითქმის ორმოცდაათი ათასი კაცი. განუდგა თუ არა იმერეთის მეფეს დადიანი, შეუთანხმდა დიდ სენიორს (ოსმალეთის სულთანს _..) და ვალდებულება იკისრა მისთვის მიეწოდებინა რკინის ერთგვარი რაოდენობა იმ პირობით, რომ იმერეთთან ომის შემთხვევაში დიდი სენიორი მას ტრაპიზონის, ერზერუმისა და ყარსის საფაშოებიდან 20 ათასამდე ცხენოსანს მიაშველებდა1.
რაც შეეხება იმერეთის სამეფოს, პიეტრო დელა ვალეს მიხედვით, იგი მდებარეობს ქვეყნის სიღრმეში, შორს, როგორც თურქებისაგან, ისე სპარსელებისაგან, ირგვლივ დაცულია მთებით, მდინარეებითა და ხეობებით. იმერეთი თავისუფალია, სპარსელებისა და თურქებისაგან, თუმცა გარეგნულად ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს ვითომც როგორც ერთის ისე მეორის მეგობარია. სინამდვილეში იგი არავის ენდობა, და თავის მიწა-წყალზე არავის ჯარის ყოფნას არ დაუშვებს რელიგიური შეუთავსებლობის გამო2.
1. ტავერნიე ჟან ბატისტ, დიდი სენიორის სამეფო კარის ახალი აღწერა, ფრანგულიდან თარგმნა და გამოსცა . გურულმა, თბ., 1974, გვ. 235.
2. პიეტრო დელა ვალე, გვ. 57.
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები _ იმერეთი, სამეგრელო, გურია და აფხაზეთი ოსმალეთის ვასალები იყვნენ და უხდიდნენ ხარკს1, რომლის რაოდენობა ზუსტად განსაზღვრული არ იყო და პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით იცვლებოდა.
XVII . პირველ ნახევარში ოსმალეთსა და იმერეთის სამეფოს შორის არსებულ ურთიერთობას, ევლია ჩელების მიხედვით, საფუძველი ჩაეყარა სელიმ I-ის დროიდან, მაშინ როდესაც იგი ტრაპიზონის ბეგლარბეგი იყო. მან ქუთატისის ციხეში იმერეთის ბეგთან კარგი მეგობრობა დაამყარა, როდესაც დამოუკიდებელი ფადიშაჰი გახდა, იმერეთის ოლქს ხარაჯა2 და ურფის გადასახადი3 მოუხსნა და გაათავისუფლა. დღემდე თავისუფალი არიან. უბრალოდ, ყოველწლიურად სტამბოლში ტყვეებს, შევარდნებს, სონღულებს, ჯორებს და იშვიათი სილამაზის ქართველ ქალებს აგზავნიან4. . სვანიძე ამავე წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ევლია ჩელები იმერეთის სამეფოს თვლიდაჰუქუმეთად, რომლითაც ოსმალური წყაროები აღნიშნავენ სასაზღვრო ტერიტორიაზე მდებარე ადგილობრივ სამმართველო ერთეულებს. მათი გამგებლები აღიარებდნენ სულთნის უზენაეს ხელისუფლებას და სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ საშინაო საქმეებში. მაგრამ იმერეთის სამეფოსა და ოჯაკლიკ ჰუქუმეთებს შორის ის განსხვავება იყო, რომ იმერეთის მეფის ტახტზე ასვლისას არ იყო საჭირო სულთნის ნებართვა, მაშინ, როდესაც ჰუქუმეთის ახალ გამგებელს სულთნისაგან ბარათი უნდა მიეღო, ამასთან ოჯაკლიკ ჰუქუმეთების გამგებლები მაჰმადიანები იყვნენ და სხვა. ასე რომ, ევლია ჩელების შედარება იმერეთის სამეფოსი ოჯაკლიკ ჰუქუმეთთან არ უნდა იყოს სწორი1, რადგან XVII . პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს ოსმალეთთან დამოკიდებულების ფორმა შედარებით მსუბუქი იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველები არც მსუბუქ დამოკიდებულებას ეგუებოდნენ და სრული თავისუფლებისაკენ მიისწრაფოდნენ. ოსმალეთის ხელისუფლება, აღნიშნული მიზეზების გამო, თავს იკავებდა იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე, რადგან უფრო ეფექტური იყო ეკონომიკური ბერკეტებით ზემოქმედება.
1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 300.
2. ხარაჯა _ დაპყრობილი, არამუსლიმანი გლეხობის გადასახადი, რომლის ორი სახეობა არსებობდა _ ნატურალური და ფულადი. ხარაჯას გადასახადის ეს მეორე ნაწილი გლეხობას მუსლიმანებთან შედარებით მძიმე მდგოიმარეობაში აყენებდა. ვრცლად იხ. ევლია ჩელები, II, გვ.109.
3. ურფი _ ტრადიციაზე დამყარებული სამართალი. ოსმალეთში გადასახადების ორი ძირითადი კატეგორია იყო: შარიათის გადასახადები და ურფის გადასახადები მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მძიმედ იყო. იქვე, გვ. 163-164.
4. იქვე, გვ. 298.
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებს, როგორც წესი, არ ევალებოდათ ოსმალების ლაშქრობებში თავიანთი შეიარაღებული ძალებით მონაწილეობა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამგვარი გამონაკლისის დრო დგებოდა მაშინ, როდესაც ოსმალები სამხედრო ოპერაციების წარმოებას გეგმავდნენ აღმოსავლეთ საქართველოსა და, საერთოდ, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.
დასავლეთ საქართველოსთან ამგვარი ურთიერთობის რიგს უნდა მივაკუთვნოთ სულთან მურად IV-ის მიერ გიორგი სააკაძისათვის მიცემულ ფირმანში ასახული ბრძანება. ფირმანი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, დაწერილი უნდა იყოს 1626 წელს2. ამ დროს სააკაძე სამცხეში იმყოფებოდა და სულთანს ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება რამდენჯერმე სთხოვა (დაწვრილებითი და ვრცელი წერილები გაუგზავნა). იმის გამო, რომ სამხედრო ოპერაციების წარმოება განზრახული იყო აღმოსავლეთ საქართველოში, დიდებული ბრძანება დაეგზავნა აგრეთვე გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის მეფეებს მასში, რომ, ჩემი სამარადისო ტახტისა და შეურყეველი ჩემი დინასტიისადმი მათი ერთგულებისა და მორჩილების შესაბამისად, თქვენთან (ქართლ-კახეთთან_ ..) ერთსულოვანნი იყვნენ და სამსახურის შესრულებას გულმოდგინებითა და ყურადღებით მოეკიდონ3. სულთნის ბრძანების შეუსრულებლობის უმთავრესი მიზეზი თეიმურაზ მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის შეუთანხმებლობა იყო, რომელიც შემდეგში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა და ბაზალეთის ბრძოლით დასრულდა.
1. სვანიძე ., საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, გვ. 222.
2. ხონთქრის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემული სიგელი. ენიმკის მოამბე, XIII, თბ., 1943, გვ. 235. ამ ფირმანის . ჯიქიასეულ დათარიღებაში არსებული ლაფსუსის შესახებ, ზემოთ უკვე ითქვა.
3. ჯიქია ., დასახ. ნაშრ., გვ. 236-240.
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებსა და ოსმალეთის სახელმწიფოს შორის დამყარებული ამგვარი ურთიერთობა ჰქონდა მხედველობაში ევლია ჩელების, როდესაც იგი წერდა:რადგანაც სამეგრელოსი და გურჯისტანის (იგულისხმება დანარჩენი დასავლეთ საქართველო _..) [სხვა] ბეგებიც მორჩილნი არიან, ყოველწლიურად მშვიდობიანობისა და მორჩილების დასადასტურებლად ორმოც-ორმოცდაათამდე ბიჭსა და გოგოს, ათას წყვილ თივთიკის წინდას, სასახლის სამზარეულოსათვის ათას წყვილ ტილოს და სხვა მრავალ ძღვენს აგზავნიან და იწერება წიგნი პირობისა, რაც ტრაპიზონის ფაშებისადმი მორჩილებას გულისხმობს1.
ევლია ჩელების მოგზაურობის წიგნი და სხვა წყაროებიც გვიჩვენებს, რომ ოსმალეთის ხელისუფლება დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებისაგან მხოლოდ სიტყვიერი მორჩილების დაპირებითა და სიმბოლური ძღვნის მირთმევით კმაყოფილდებოდა. ოსმალეთის ხელისუფლების უმთავრესი მოთხოვნა იყო, დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკა არ ყოფილიყო ოსმალეთის ინტერესების საწინააღმდეგო. მათ განსაკუთრებით ეკრძალებოდათ კავშირი ირანთან. სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში ისინი არ იზღუდებოდნენ.

ოსმალების მიერ დასავლეთ საქართველოსთან ურთიერთობაში სიფრთხილის გამოჩენის მიზეზთაგანი უნდა ყოფილიყო კაზაკების თარეში შავ ზღვაში, რომელიც დიდ ზარალს აყენებდა იმპერიის სანაპირო ქლაქებსა და სხვა დასახლებულ ადგილებს. ქართველებზე ზეწოლის გამკაცრების შემთხვევაში ისინი შეიძლებოდა კაზაკებს ოსმალების წინააღმდეგ დაკავშირებოდნენ, რაც კიდევ უფრო გაართულებდა ოსმალების მდგომარეობას შავი ზღვაში. როგორც შემდეგში დავინახავთ, ოსმალებთან ურთიერთობის დროს, ქართველები მაინც მანიპულირებდნენ კაზაკების მძარცველური თავდასხმებით.

1. ევლია ჩელები, გვ. 83.

დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის შედარებით მშვიდობიანი ურთიერთობა შენარჩუნებული იქნა XVII . პირველი ნახევარში. ისე ჩანდა, რომ ოსმალეთის ხელისუფლება დასავლეთ საქართველოს მეფემთავრების მიერ ვასალობის სიტყვიერი აღიარებით კმაყოფილდებოდა. მას შემდეგ, რაც შაჰ აბას I-მა 1606 წელს ოსმალები ქართლიდან გააძევა, ოსმალეთის ხელისუფლების საქართვლოსთან ურთიერთობა მხოლოდ იმერეთის სამეფოთი, გურიის, ოდიშისა და აფხაზეთის სამთავროებით შემოიფარგლებოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ოსმალეთმა საბოლოოდ ხელი აიღო აღმოსავლეთ აქართველოზე. იგი მოვლენების განვითარებას ფხიზლად ადევნებდა თვალს. სულთნის დიპლომატია ყოველ ხელსაყრელ ვითარებაში იმდენად აქტიურობდა, რომ ყველასათვის გასაგები ხდებოდა, ოსმალეთი მასზე დროებით ამბობდა უარს და მისთვის სულ ერთი არ იყო, თუ რა ხდებოდა ქართლისა და კახეთის სამეფოებში.

* * *
იმერეთის მეფე როსტომის გარდაცვალების შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა ძმამ გიორგი III (1605-1639). 1600 . გარდაიცვალა გიორგი გურიელი. გურიელი გახდა მისი ძე მამაია II (1600-1625). შესაფერის ადგილას ითქვა, რომ იყო დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების ფართო ანტიოსმალურ კოალიციაში ერთობლივი მონაწილეობის ცდები.
1614 წელს შაჰ აბასის მიერ ქართლ-კახეთის დაპყრობის შემდეგ თეიმურაზ და ლუარსაბ მეფეებმა იმერეთის სამეფოში შეაფარეს თავი. შაჰი ცდილობდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ხელთ ეგდო თავისი ქვეშევრდომი მეფეები.
1619 წელს ქართველმა ელჩმა ხარიტონმა მოსკოვში ჩაიტანა წერლები, რომლებშიც აღნიშნული იყო როგორ მიიღეს დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა თეიმურაზი მეფე და როგორ დაეხმარნენ მას.
იმერეთის მეფე გიორგის წერილში ძირითადად ლაპარაკია იმაზე, შაჰმა თეიმურაზი როგორ მოატყუა, მისი სამეფო დაიპყრო და მეფემ იმერეთის სამეფოში შეაფარა თავი. მეფე გიორგიმ და გურიელმა გადაწყვიტეს, რომ თავს დასდებდნენ და შაჰს თეიმურაზს არ დაანებებდნენ. იქვე თხოვნაც იყო, რომ რუსთ ხელმწიფემ თავისი ხალხი გაგზავნოს იმერეთში, რათა საკუთარი თვალით იხილონ არსებული მდგომარეობა და ამის შემდეგ ქართველების მტრებს აღარ დაუჯეროს1.
შაჰ აბასი, რომ იმერეთის სამეფოში თავშეფარებული თეიმურაზისა და ლუარსაბის ხელთგდებას ფიქრობდა, ამას ფარსადან გორგიჯანიძე შემდეგნაირად გადმოგვცემს: ყაენი ნიქოზს მივიდა და იქიდამ ჯარი გაუძახა და ოსეთი დაარბევინა და გიორგი მეფეს რისხვიანე წინგნი მიწერა: ჩვენი ყმანი თქვენთან მოსრულანო, გამოგვიგზავნეთო, თორადა ჯარს გამოგიძახებთო. იმას დაბალი სახვეწარი წინგნი მოეწერა: ყმას რომ ბატონისაგან ეშინოდესო, ერთგულებაში ჩაიგდებისო. ამათ თქვენგან ეშინიანო, მერმე კიდეც დავითხოვო, აფხაზეთს წავლენო და იმერეთი რომ კიდეც დაარბიოთო, ღომის მეტს ვერას იშოვნიანო და ვისაც არ უჭამიაო ღომი, ჭამოსო, გამუნიანდებიანო და ესენი თავიანთ ნებით თქვენი ნახვა არ შეუძლიათო2. მიუხედავად შაჰის მუქარისა, გიორგი III- თავისი ელჩები _ აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია და ლევან აბაშიძე შაჰთან წარავლინა და ქართლისა და კახეთის მეფეებისათვის მათი სამკვიდროს დაბრუნება ითხოვა3.
1. Полиевктов М., Материалы, с. 52-54.
2. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 229.
3. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 393.
ელჩებმა შაჰს ძვირფასი საჩუქრები მიართვეს და მოახსენეს, რომ გიორგი მეფე ქართლისა და კახეთის მეფეებს არ გასცემდა. ქართველი მეფეები, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდნენ იმ ბუნებრივ დაბრკოლებებს, რომლებიც იმერეთის სამეფოსა და ქართლში მყოფ ყიზილბაშებს შორის არსებობდა, მაგრამ მათ მხედველობაში ექნებოდათ ისიც, რომ შაჰი სიტყვიერი მუქარის იქით ვერ წავიდოდა. ყიზილბაშების მიერ იმერეთის სამეფოს საზღვრის გადალახვა გამოიწვევდა სულთნის კარის მკაცრ რეაქციას: შეიძლებოდა ორ მუსლიმანურ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მომხდარიყო, რაც მოცემულ პერიოდში შაჰ აბასისათვის მიუღებელი იყო.
შაჰი გაითვალისწინებდა, აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრების კონსოლიდაციას ქართლისა და კახეთის მეფეების დასაცავად, რაც გარკვევით აისახა მათ მიერ მოსკოვში გაგზავნილ წერილებში.
გიორგი III რუსეთის ხელმწიფეს ატყობინებდა, რომ შაჰ აბასმა ააოხრა ივერიის მიწა, თეიმურაზი თავის სამეფოდან განდევნა და თავს ჩვენთან აფარებსო. იმერეთის მეფე იმასაც ატყობინებდა მოსკოვში, რომ შაჰმა ჩვენთან ელჩი გამოგზავნა და მეფე თეიმურაზის გადაცემა მოითხოვა (ლუარსაბ II უკვე შაჰის ტყვეობაში იყო), თუ მის მოთხოვნას არ დავაკმაყოფილებდით, აოხრებით გვემუქრებოდა. ჩვენ ყველა ქრისტიანი (ქართველი) მეფეები შევიყარენით ჩვენ-ჩვენი ლაშქრით და ყიზილბაშების შაჰს ქრისტიანი მეფის გაცემაზე უარი ვუთხარითო1.
მოსკოვის ხელმწიფისათვის გაგზავნილ წერილში თეიმურაზისადმი მხარდასაჭერად მეფე გიორგი, მე და სადადიანოს მფლობელი ლევან დადიანი შევიკრიბეთ ერთად, რათა უარი ვუთხრათ შაჰის მოთხოვნასა და მუქარასო2 _ სწერდა გურიელი მოსკოვის ხელმწიფეს.
1. Полиевктов М., Материалы, с. 47.
2. Там же, с. 55.
1614 . 4 ოქტომბერს თერგის ვოევოდა . გოლოვინი მოსკოვში მიხეილ თედორეს ძეს აცნობებდა, რომ ირანიდან დაბრუნდა ყუმუხელი ბიტუპი, რომელსაც გამოვკითხე და მიამბო: ის არდებილში ელეპარაკა შაჰის მეომრებს, რომლებისგანაც გაიგო, როგორ დაიპყრო შაჰმა (აღმოსავლეთი) საქართველო, შემდეგ დადიანის ქვეყანაში გაგზავნა 20 ათასი მეომარი გაძევებული თეიმურაზისა და ლუარსაბის წინააღმდეგ. თეიმურაზი ლუარსაბთან ერთად, დადიანის ჯარით, ყიზილბაშებს ვიწრო ხეობებში ჩაუსაფრდა და 20 ათასიდან ათასმა თუ დააღწია თავი. ამის შემდეგ შაჰ აბასმა ელჩი გაგზავნა დადიანის ქვეყანაში თეიმურაზთან და შეუთვალა, რომ იგი შაჰთან მისულიყო და მას უწყალობებდა საქრთველოს და ძველებურად იმეფებდა. თეიმურაზმა ელჩი თავისთან დააკავა, შაჰთან კი კაცები გაგზავნა და შეუთვალა: მე მორჩილების გამოსაცხადებლად გამოგიგზავნე დედა, ჩემი ძმა და შვილები, რათა ჩემი სამფლობელოები არ დაგეპყრო და ეკლესიები არ გაგენადგურებინა, შენ კი ისინი აღარ გამოუშვი, ქვეყანა აიკელი და გაძარცვე. ერთადერთი რაც შემრჩა გული და სულია და ვიდრე ვიცოცხლებ მე მათ არ მოგცემ და არც შენთან მოვალ, მალე, შენი განადგურების შემდეგ, კვლავ ვიმეფებ ჩემს ქვეყანაში1.
რუსულ წყაროში გადმოცემული ამბავი, კერძოდ, შაჰის ჯარის დასავლეთ საქართველოში გადასვლისა და ქართველებისაგან მათი ამოწყვეტის, თეიმურაზის მიერ შაჰთან თავისი კაცის გაგზვნის შესახებ, სხვა წყაროებით არ დასტურდება, მაგრამ იგი გასათვალისწინებელია, რამდენადაც, მათში გამოსჭვივის თანამედროვეთა შეხედულება დამპყრობლებისადმი ქართველთა მედგარ წინააღმდეგობაზე.
თეიმურზ I-მა იმერეთის სამეფოდან დაიწყო დიპლომატიური კონტაქტების დაამყარა მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებთან და ირანის წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. როგორც ითქვა, მის გვერდით დადგნენ დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრები. კათოლიკე მისიონერის ლუი გრანჟეს ცნობების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თეიმურაზ მეფე ოსმალეთის კარზე ნიადაგის მოსინჯვას ოდიშის მთავრის ელჩის საშუალებით ცდილობდა. გრანჟე გადმოგვცემს, რომ 1614 წლის ბოლოს2, სტამბოლში ჩავიდა საქართველოს ელჩობა, რომელშიც იმყოფებოდა ერთი ეპისკოპოსი და სამეგრელოს წარმომადგენელი. ქართველი ეპისკოპოსი, მ. სვანიძის აზრით, უნდა იყოს თეიმურაზ მეფის ელჩი, რუსულ წყაროებში ხშირად მოხსენიებული არქიეპისკოპოსი თეოდოსე3, რასაც, ჩემი აზრით, სამართლიანად არ იზიარებს თ. ტივაძე და მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს იღუმენი ხარიტონი4. ელჩებმა სულთანს აცნობეს აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელების შემოსევის ამბავი და დახმარება ითხოვეს. სულთანმა განაცხადა, რომ თეიმურაზს იმ შემთხვევაში დაეხმარებოდა თუ ოდიშისა და გურიის სამთავროები ხარკს გადაუხდიდნენ. სავარუდოა, რომ სულთნის ეს მოთხოვნა წინასწარ იყო ცნობილი და ამიტომ ჩართეს ელჩობის შემადგენლობაში ოდიშის მთავრის წარმომადგენელი, რომელსაც მთავრების სახელით უნდა დაედასტურებინა თანხმობა სულთნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მიუხედავად ამისა, ქართული სამთავროებისაგან ხარკის გადახდაზე მოლაპარაკება, ქართული მხარის მტკიცე პოზიციის გამო, რთულად მიმდინარეობდა.
1. Там же, დოკ. #6, გვ. 133.
2. ლუი გრანჟეს ცნობა მ. სვანიძემ ინგლისელი ისტორიკოსის რ. კნოელზის ნაშრომიდან ამოიღო და დაათარიღა 1613 წლით. რადგან შაჰ აბასის ყიზილბაშები 1614 წლის მარტში შემოიჭრნენ საქართველოში, გრანჟეს ნათქვამიც ამავე წლის ამბავს უნდა ასახავდეს.
3. სვანიძე მ., საქართველო ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 260.
4. ტივაძე თ., დასახ. ნაშრ., გვ. 20.
საქართველოს მიმართ სერიოზულ დაინტერესებას ამჟღავნებდა საფრანგეთის ელჩი კონსტანტინოპოლში. ლუი გრანჟეს თქმით, საფრანგეთის ელჩი ყურადღებას იჩენდა ქართველი ელჩებისადმი. გარეგნულად ეს ყურადღება იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი „სამეგრელოს მთავრის ელჩს ხშირად ელაპარაკებოდა იმის შესახებ, რომ მისთვის თან გავეყოლებინეთ (მისიონერები _ე.მ.)“1. სინამდვილეში ელჩის მიზანი სხვა რამე იყო. მისიონერები, როგორც სხვა დროს, ამჯერადაც დასავლეთ ევროპის გარკვეული ძალების აგენტებს წარმოადგენდნენ2. პიეტრო დელა ვალე ერთერთი ინსტრუქციით მისიონერებს პირდაპირ ავალებდა: „საქართველოში ჩასვლისათანავე, შეადგინეთ დეტალური და ზუსტი ინფორმაცია იქაური ხალხის ცხოვრების ყველა საკითხზე. აუცილებელია დაადგინოთ: მეფური სისხლის ყველა მთავრის, ასევე ქვეყანაში გამოჩენილი პიროვნების _ კაცისა და ქალის როგორც საეკლესიო, ისე საერო პიროვნების სახელი. ასევე სახელწოდედება ქალაქებისა და მნიშვნელოვანი ადგილების, გზების, რომლებსაც უფრო მეტად ამჯობინებენ ვაჭრები და მოგზაურები. საჭიროა შეადგინოთ სია ჩვენი მეგობარი ქართველებისა და დაადგინოთ მათი კავშირები იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს ურთიერთობა აქვს; დააზუსტოთ, თუ რა საშუალებით და რა გზით ამყარებენ ისინი ურთიერთობას ამა თუ იმ ქვეყანასთან; ვისთან აქვთ ქართველებს დამოკიდებულება მტრული, საომარი ან მეგობრული; ვის ესაზღვრებიან ისინი და სხვა ათასი დეტალი, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ მხედველობიდან. ნუ დაიზარებთ, რომ ყოველივე ეს სისტემატურად შეგვატყობინოთ“.
1. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ.135.
2. ტაბაღუა ი. დასახ. ნაშრ., გვ. 127.
დადიანის ელჩისათვის მისიონერების გაყოლებით, საფრანგეთის ელჩს უნდოდა თვალყური ედევნებინა ოსმალეთისა და საქართველოს მეფე-მთავრების სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის და შეძლებისდა გვარად გავლენაც მოეხდინა მასზე. როდესაც დადიანის ელჩმა თანხმობა განაცხადა მისიონერების წაყვანის შესახებ, მან, როგორც ლუი გრანჟე წერს, „დიდად განათლებულმა ელჩმა არაფერი დაზოგა ამ მგზავრობისათვის, მოგვცა ხუთასი ოქრო რომელიც საჭირო იყო ამ მისიონისათვის. ამას გარდა მშვენიერი საჩუქრები მიართვა ფაშას და მასთან ყველაფერი მოაგვარა“1.
საფრანგეთის ელჩის ამგვარი ინტერესი საზავო მოლაპარაკებისადმი განპირობებული იყო იმით, რომ მან კარგად იცოდა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ოსმალეთის შეთანხმებას საქართველოს მეფე-მთავრებთან, რაც გარკვეულ გავლენას მოახდენდა ირან-ოსმალეთის შემდგომ ურთიერთობაზე, კერძოდ მათ შორის ომის საკითხზე. ეს კი საფრანგეთისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. საფრანგეთი, ტრადიციულად, დაინტერესებული არ იყო ირან-ოსმალეთის ომით, რადგან იგი ოსმალეთს აშორებდა ევროპის საქმეებს. ბუნებრივია, საფრანგეთის ელჩი შეეცდებოდა მომავალი ირან-ოსმალეთის ომის აცილებას. ჩანს ქართველმა დიპლომატებმა კარგად იცოდნენ საფრანგეთისა და მისი აგენტების პოზიცია ამ საკითხში და მათთან შეხვედრისას გაურბოდნენ პოლიტიკურ თემაზე საუბარს, განსაკუთრებით კი, ირანთან სახედრო კონფლიქტის საკითხს.
1. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 135; ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 37..
გრანჟე იძულებულია აღიაროს, რომ ქართველები მისიონერებისადმი უნდობლობას იჩენდნენ, რადგან ისინი ხშირად საფრანგეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ (ამითი იყო განპირობებული საფრანგეთის კონსტანტინოპოლელი ელჩის ყურადღება მისიონერებისადმი) და ადგილობრივ ხალხს ჩვენზე ცუდი წარმოდგენა შეექმნაო1.
სულთანმა დადიანის ელჩს ომარ ფაშა გააყოლა, რომელსაც მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინა გურია-სამეგრელოში. ლუი გრანჟე წერს: „ჩვენ ახლა დავრწმუნდით იმაში, რაშიც ეჭვი გვეპარებოდა კონსტანტინოპოლში, რომ მეტად ძნელი იქნებოდა ზავის დადება სამეგრელოსა და გურიის მთავრებთან და, რომ ეს დიდ დროს მოითხოვს. იმავე დროს თურქებმა დაიწყეს ამ მთავრების დესპანების დაკავება ტყვეების მსგავსად. ამდენად, ჩვენთვის უკეთესი იყო გვეცხოვრა და გვემოგზაურა ცალკე, რათა თურქებში ეჭვი არ გამოგვეწვია მეგრელებთან ერთად ყოფნით“2.
საზავო მოლაპარაკება რთულად მიმდინარეობდა. ლუი გრნჟეს მიხედვით, გურიელი და დადიანი თურქეთის მიერ შეთავაზებულ პირობებს არ თანხმდებოდნენ3.
რადგან ზავის დადება ჭიანურდებოდა, მისიონერები გაჭირვებას განიცდიდნენ. მათ ფაშას სთხოვეს, დადიანის სამფლობელოებში შესვლის ნება მიეცა, მით უმეტეს, რომ მას ასეთი პირობა მიცემული ჰქონდა საფრანგეთის ელჩისათვის, ან უკან, კონსტანტინოპოლში დასაბრუნებლად კაცი გაეყოლებინა. მაგრამ ფაშამ განაცხადა, რომ მას სულთნისაგან ნაბრძანები ჰქონდა, არავინ შეეშვა სამეგრელოში, ვიდრე ზავი არ დაიდებოდა და სიამოვნებით მისცა პასპორტები კონსტანტინოპოლში დასაბრუნებლად4. ჩანს, ოსმალეთის მთავრობა უნდობლობას უცხადებდა მისიონერებს, როგორც ევროპელ ქრისტიანებს, რათა ისინი, საზავო მოლაპარაკების დროს, ქართველებს არ დახმარებოდნენ.
1. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 261.
2. ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 40.
3. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 137; ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 43.
4. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 138; ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 36.
მისიონერები უკან გაბრუნებას აპირებდნენ, მაგრამ ამ დროს ფაშასთან მოვიდა გურიელის მაცნე, რომელმაც მოუტანა მთავრის თანხმობა ზავის დადებისა და ხარკის გადახდის შესახებ. მართლაც, 1614 წლის 13 დეკემბერს, ბათუმში, მთავარმა და სულთნის დესპანმა ხელი მოაწერეს ოსმალეთსა და გურიის სამთავროს შორის ზავზე შეთანხმებას1. ამის შემდეგ, 3 თებერვალს ოსმალეთის წარმომადგენლები („რომლებიც შუა კაცნი იყვნენ ზავის ჩამოგდების საქმეში“) ოდიშის სამთავროში გადავიდნენ და, სავარაუდოა (გრანჟე არ გვამცნობს არც მოლაპარაკების მსვლელობისა და არც ზავის დადების თარიღს), იმავე თვეში საზავო ხელშეკრულება დადიანთანაც გაფორმდა. დადიანმაც იკისრა ხარკის გადახდა. ამაზე მიგვანიშნებს ლუი გრანჟე. როდესაც იგი და მისი თანამგზავრები სამეგრელოში მთავართან შეხვედრას ელოდებოდნენ, იმ დროს დადიანი დაკავებული იყო „კონსტანტინოპოლს გასაგზავნი ხარკის მომზადებაში“2.
დადიანთან შეხვედრამდე მისიონერებმა მამია გურიელის სიმამრისაგან გაიგეს, რომ მთავარი მათდამი კეთილგანწყობილი იყო, რადგან „იმან კარგად იცოდა, თუ რა პატივი სცა კონსტანტინოპოლში საფრანგეთის ელჩმა მის წარმომადგენელს“3.
საყურადებოა, რომ მისიონერების ოდიშის სამთავროში ყოფნის დროს იქ იმყოფებოდა კახეთის მეფე თეიმურაზ I, „რომელიც შარშან ირანის მეფემ თავის საბძანებლიდან განდევნა“. მისიონერები თარჯიმნის საშუალებით დაუკავშირდნენ თეიმურაზს, რომელმაც ისინი თავისთან მიიპატიჟა. ქართველ პოლიტიკოსებს გადაუწყვეტიათ მისიონერებისათვის კარგი მიღება მოეწყოთ, საფრანგეთის ელჩსაც დაახლოებოდნენ და მისთვის ძღვენიც გაეგზავნათ კონსტანტინოპოლში. თეიმურაზს ერთ-ერთი ქართველი ეპისკოპოსის მიერ მის საპატივსაცემად გამართულ წვეულებაზე მისიონერებთან საუბარი ჰქონდა დასავლეთ ევროპაში არსებული ვითარების შესახებ. სხვადასხვა საქმეებით დაკავებულმა დადიანმაც მისიონერებს უთხრა: „ვიცი რისთვისაც მოსულხართო და ერთ თავისუფალ დღეს უფრო დიდხანს მოგელაპარაკებით დასავლეთის საქმეთა, საფრანგეთის მეფისა და მისი კონსტანტინოპოლელი ელჩის შესახებო“4.
თეიმურაზ მეფე ისეთი ანტიირანული კოალიციის შექმნას ცდილობდა, რომელშიც იქნებოდა ყველა ქართული სამეფო-სამ თავროს შეიარაღებული ძალები. როგორც გავრცელებული ცნობებიდან ჩანდა, 1615 ანტისპარსული აჯანყების დროს კახეთის მეფეს მხარს უჭერდა 6 ქრისტიანი მეფე. თეიმურაზს სამხედრო დახმარებას პირდებოდა ოსმალეთის სულთანი5.
დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრების თეიმურაზის მხარდაჭერისა და ოსმალეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებული მოქმედების შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ, 1615 წლის მაისში ოსმალთა ჯარი როდესაც ირანის საზღვრისაკენ წავიდა, თეიმურაზ I იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ჯარებით კახეთისაკენ დაიძრა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, იმერეთის მეფე გიორგი III-მ, ლევან დადიანმა და მამია გურიელმა თეიმურაზი არაგვამდე მიაცილეს, სადაც კახელები „სრულიად“ შეეგებნენ. დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები უკან გაბრუნდნენ. „თეიმურაზ დაიპყრა კუალად კახეთი“5. როგორც ჩანს, დასახელებულ მეფე-მთავრების დახმარება გამოიხატა თეიმურაზის ქართლზე მშვიდობიანად გატარებასა და კახეთის საზღვრამდე მიყვანაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. კახეთში მას საშიშროება აღარ ემუქრებოდა. კახეთი თეიმურაზის მომხრე აჯანყებულების ხელში იყო.
1. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 138; ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 46..
2. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 140.
3. იქვე.
4. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 140-141; ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 53-54.
5. Полиевктов М., Материалы, с. 25.
6. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 587-588.
თეიმურაზ მეფის დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობის და მისი დიპლომატიის წარმატების შედეგი უნდა ყოფილიყო, აგრეთვე, ისიც, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა, თეიმურაზ მეფის მეთაურობით რუსეთს დახმარება სთხოვეს. მოხდა ის, რაც საუკუნენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში არ მომხდარა: სახეზეა ყველა ქართული პოლიტიკური ერთეულის ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის გამოვლენა. კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, გურიის სამთავრო და ოდიშის სამთავრო ერთობლივად აგზავნიან ელჩს მოსკოვში. მართალია ისინი ცალცალკე სწერენ რუსეთის ხელმწიფეს, მაგრამ თხოვნა ყველასი ერთია: დახმარების მიღება ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მოსკოვში გაგზავნილ წერილებში ყურადღებას იქცევს ის, რომ მამია გურიელი მეფობით არის განდიდებული. იგი თვითონაც რუსეთის ხელმწიფეს თავის თავს წარუდგენს, როგორც გურიის მეფეს (Мануило царь гурелской земли) და თეიმურაზ და გიორგი მეფეებივით მოკრძალებული არ არის: „...დიდო ხელმწიფე, გაცნობებ ყიზილბაში მეფე როგორ წამოვიდა თავისი ჯარით მოტყუებით თეიმურაზზე და იგი თავისი მიწა-წყლიდან გააძევა და მიწა-წყალი გაანადგურა.. თეიმურაზი ბაშიაჩუკის ქვეყანაში მოვიდა. როცა შაჰმა ეს გაიგო, ბაშიაჩუკის ქვეყანაზე წამოსვლა განიზრახა. მაშინ ჩემი ქვეყნიდან წამოვედი ბაშიაჩუკის ქვეყნის დასახმარებლად. თეიმურაზ მეფესთან, ბაშიაჩუკის [მეფე] გიორგისთან და დადიანის ქვეყნის მთავარ ლევანთან ერთად შაჰის წინააღმდეგ შევიკრიბეთ. როცა შაჰმა გაიგო, რომ ჩვენ გავერთიანდით, ბაშიაჩუკის ქვეყანაზე აღარ წამოვიდა. როცა შაჰი თეიმურაზის მიწას იპყრობდა, თურქეთის მეფე მეფე თეიმურაზს ჯარით ეხმარებოდა. ახლა შენ დიდ ხელმწიფეს გთხოვთ, მოწყალება მოიღე ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანული რწმენის გამო და ბაშიაჩუკის მეფე გიორგის დაეხმარე. მე ჩემი მხრიდან მზათ ვარ დავეხმარო მას. თუ შენი მეფური მოწყალება დაეხმარება, ჩვენ ის ხალხი არა ვართ, შენი წყალობა დავივიწყოთ, ვიქნებით შენს მეფურ მოწყალებაში, ვიქნებითი შენი მეფური მაღალი ხელის ქვეშ მორჩილნი და პირდაპირი ქვეშევრდომები და შენი მტრის მტრები. ასე ვფიქრობთ ჩვენ სამი მეფე და დადიანის მთავარი... გთხოვ დიდო ხელმწიფე, როგორც ქართველი თეიმურაზი და ბაშიაჩუკელი გიორგი გთხოვენ დიდო ხელმწიფევ, რომ გამოგზავნო შენი კაცი და ჩვენი ქვეყნები დაათვალიეროს და იმ კაცისაგან გაიგო სინამდვილე ჩვენს შესახებ. გთხოვ შენი მეფური დიდებისათვის მიწყალობო, გამომიგზავნო შენი მეფური მოწყალება კვართი, ქურქი. როდესაც შენს ნაწყალობევს ჩავიცვამ და ჩემს მტრებთან საბრძოლველად გავალ, ჩემი მტერი რომ დაინახავს ჩემზე შენს მეფურ ნაწყალობევს, შეშინდება, რომ შენ ხელმწიფე, ჩვენი მოწყალე და დამცველი ხარ. თუმცა ღმერთისა და შენი წყალობით მე ბევრი მაქვს. შენი ნაწყალობევი შენს კაცს გამოატანე. სამაგიეროდ შენს კაცს ორმაგად და სამმაგად გამოვატანთ“1.
საინტერესოა, რომ მამია გურიელი, რუსეთის ხელმწიფეს ისეთ ჩასაცმელს სთხოვს, რომელიც სპარსელებსა და თურქებზე ისეთსავე შთაბეჭდილებას მოახდენს, როგორც შაჰის ან სულთნის მიერ ნაბოძები ხალათი და სიმბოლურად გურიის მთავრის რუსეთის ხელმწიფის მფარველობასა და ქვეშევრდომობაში ყოფნაზე მიანიშნებდა2.
მართალია, წერილებში ლევან II დადინი მოკავშირედ მოიხსენიება, მაგრამ მან მოსკოვში თავისი წერილი არ გაგზავნა. ამ გარემოებას, როგორც ჩანს, მოსკოვში ყურადღება მიაქციეს და ხარიტონს, ალბათ ამიტომ ჰკითხეს კიდეც: დადიანი თუ იზიარებდა ქართველი კოალიციელების გადაწყვეტილებას მოსკოვთან კავშირის აღდგენის შესახებ, მაშინ მან რატომ არ გაგზავნა ამის დამადასტურებელი წერილი3. ამაზე ხარიტონმა უპასუხა: „ხოლო დადიანის მიწა-წყლის მთავრის წერილი (ხარიტონს _ე.მ.) თან იმიტომ არა აქვს, რომ ის მთავარი მოთათბირების შემდეგ სალაშქროდ წავიდა“4. ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ მეფე თეიმურაზი და მეფე გიორგი თავიანთ წერილებში მამია გურიელს მეფედ მოიხსენიებენ, დადიანს კი არა. ხომ არ არის ეს იმის მაჩვენებელი, რომ დადიანი ბოლომდე არ იზიარებდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენით რეალური დახმარების მიღების შესაძლებლობას და მას უფრო ოსმალეთის იმედი ჰქონდა. მოვლენების შემდგომ განვითარებას და დადიანის საქმიანობას თუ გავითვალისწინებთ, ეს ვარაუდი უსაფუძველო არ მოგვეჩვენება.
1. Полиевктов М., Мაтериалы, с. 55-56.
2. ტივაძე თ., თეიმურაზ პირველის საგარეო პოლიტიკა, გვ. 35.
3. არ ვიცი რატომ წერდნენ შ. მესხია და ი. ცინცაძე, რომ ხარიტონმა მოსკოვში დადიანის წერილი თითქოს ჩაიტანაო. Месхия Ш., Цинцадзе Я., Из истории русско-грузинских отношений, с. 66.
4. Полиевктов М., Материалы… с. 48.
ლევან II მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმერეთის მეფისა და თეიმურაზ I-ის საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკას ატარებდა.
რუსეთის ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძემ ქართველ მეფეებსა და გურიელს წერილები ცალცალკე გაუგზავნა. ყველაზე ვრცელია თეიმურაზ მეფისათვის განკუთვნილი წერილი. ხელმწიფე მწუხარებას გამოხატავს შაჰ აბასის მიერ მისი სამეფოს აკლება-განადგურების გამო, იწონებს თეიმურაზის თხოვნას, გაგზავნოს თავისი კაცი საქართველოში, რათა მან საკუთარი თვალით ნახოს გაუბედურებული ქვეყანა და ამის შემდეგ ხელმწიფემ თეიმურაზს უწყალობოს მისი სამეფო. ხელმწიფე იქვე აღნიშნავს, რომ ყველაფერს იღონებს საქართველოს დასაცავად, რა თქმა უნდა, დიპლომატიური გზით და კვლავაც მისი დამცველი იქნება. მან ამის თაობაზე შაჰს მისწერა და გააგებინა კიდეც, რომ „ივერიელი მეფეები და ივერიის მთელი მიწა-წყალი თავიდანვე რუსეთის დიდი ხელმწიფე მეფეებისა და დიდი მთავრების ხელისუფლების ქვეშ იყვნენ. ამიერიდან ჩვენი სამეფო უდიდებულესობის გულისათვის შენ და შენს ივერიის მიწა-წყალს აღარ დაესხას, არ ეომოს და აღარ შეავიწროვოს. თუ ჩხუბი და მტრობა გექნებათ მაშინ შაჰმა ჩვენს მეფურ დიდებულებას უნდა მიმართოს... ჩვენ, დიდი ხელმწიფე მომავალშიც ვისურვებდით შენ, თეიმურაზ მეფე, ჩვენს მეფურ მოწყალებაში გვყავდე ისევე, როგორ მოწყალებაშიც ჰყავდა შენი პაპა ალექსანდრე მეფე შვილებითურთ ჩვენს პაპას, ივანე ვასილის ძეს და ჩვენს ბიძას, თედორე ივანეს ძეს“1.
1. Там же, с. 57-59. ხელმწიფის წერილის ბოლოში ნათქვამის მიხედვით, თ. ტივაძე დაასკვნის, რომ ეს არის რუსეთის მთავრობის ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ „კახეთის მეფე ალექსანდრე II-ს ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული რუსეთის მეფე ივანე მრისხანესთან 1584 წლის გაზაფხულამდე (ივანე IV გარდაიცვალა 1584 წლის მარტში), რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა დაწყება კახეთში რუსინ დანილოვის 1586 წელს ჩამოსვლით არ არის მართებული“. ტივაძე თ., თეიმურაზ პირველის საგარეო პოლიტიკა, გვ. 40.
მეფე გიორგისათვის გაგზავნილ, შედარებით მოკლე წერილში მიხეილ თედორეს ძე იმეორებს იმას, რაც იმერეთიდან მისწერეს: როგორ მივიდა შაჰი ივერიელების ქვეყანაში, დაიპყრო იგი, ეკლესია-მონასტრები დაანგრია და სხვ. როდესაც თეიმურაზ მეფემ თავი შეაფარა იმერეთის სამეფოში, როგორ იმუქრებოდა შაჰი ამ სამეფოს განადგურებით. თავის გადარჩენის მიზნით იმერეთის მეფემ როგორ მიმართა მოსკოვს დახმარების თხოვნით, რაზეც ხელმწიფემ უპასუხა, რომ „თქვენ სამუდამოდ იქნებით ჩვენი მფარველობის ქვეშ მთელი თქვენი მიწა-წყლით““1.
მამია გურიელისათვის გაგზავნილ კიდევ უფრო მოკლე წერილში, გამოკვეთილად იყო ნათქვამი, რომ „ჩვენ, დიდი ხელმწიფე გაქებთ შენ მეფე მანუილს იმის გამო, რომ ჩვენს მოწყალებას ეძებ და გვინდა შემდეგშიც ჩვენი მეფური მოწყალების ქვეშ გვყავდე“2. ამგვარი შინაარსის წერილებით გამოუშვეს ხარიტონი მოსკოვიდან. ამ ელჩობის მნიშვნელობა შესაფერის ადგილას უკვე შეფასებული იყო3. შემდეგ იმდენად დაირღვა და მტრული გახდა იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ერთეულებს შორის ურთიერთობა, რომ კარგა ხნის განმავლობაში მათი პოლიტიკა და დიპლომატია მხოლოდ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.
20-ანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბებული დადიან-გურიელ-შერვაშიძის კავშირი, რომლის მეთაური ლევან II დადიანი იყო, ბუნებრივია, გიორგი III-ის შეშფოთებას იწვევდა. პირველი შეიარაღებული შეჯახება მეფესა და მის ვასალ დადიანს შორის, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, მოხდა 1623 წელს4. „შეუძნდა მეფესა გიორგის შეერთება დადიან გურიელისა, და დაუწყო მტერობა. შემდგომად შემოიკრიბნა სპანი თვისნი გიორგი მეფემან და განვიდა და დადგა გოჭორაულსა ზედა. მოვიდა ლევან დადიანიცა სპითა ოდიშარ-აფხაზ-ჯიქითა და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოსწყდნენ მრავალნი... იძლია მეფე გიორგი და ივლტოდა. მაშინ დადიანმან შეიპყრნა მრავალნი წარჩინებულნი და მდაბიურნი, აღიღო ალაფი და იავარი და წარვიდა ოდიშს. გარნა შეპყრობილთა... დაახსნევანა ვერცხლით თავნი, რომელი არაოდეს ქმნილ იყო იმერეთს შინა, და შემოხდა მიერით ესე ესრეთ“5.
გოჭორაულის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით იწყება ოდიშის მთავრის ტრიუმფალური წარმატებები დასავლეთ საქართველოში, იმერეთზე სისტემატური თავდასხმები და მისი განადგურება.
1. Полиевктов М., Материалы, ც. 60
2. Там же, с. 61
3. იხ. აქვე, თეიმურაზის საგარეო პოლიტიკა. 1614-1625 წწ.
4. ი. ანთელავამ გამოიკვლია, რომ ეს ბრძოლა მოხდა 1622 წელს. იხ. მისი ლევან II დადიანი, გვ. 62.
5. ქართლის ცხოვრება IV, გვ. 826.
* * *
XVII ს. 20-იანი წლებიდან ლევან დადიანის გარდაცვალებამდე, ოდიშის სამთავრო იმერეთის სამეფოს პერმანენტულად თავს ესხმოდა. ახსნა იმ მიზეზისა, თუ რით იყო გამოწვეული ოდიშის მთავრის ასეთი მოქმედება, უნდა ვეძიოთ მაშინდელ საერთაშორისო და, განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილ ვითარებაში.
შაჰ აბას I-ის ლაშქრობების და განსაკუთრებით როსტომის ქართლში გამეფების შედეგად, ირანის სამფლობელოები იმერეთის სამეფოს გაუმეზობლდა. შაჰ აბასის მიზანი, როგორც არაერთხელ უკვე აღინიშნა, შავ ზღვაზე გასვლა და, ოსმალეთის გვერდის ავლით, ევროპასთან დაკავშირება იყო. მაგრამ ამ გეგმის განხორციელებას წინ ეღობებოდა ოსმალეთის ქვეშევრდომი, თუნდაც ნომინალურად, იმერეთის სამეფო. ამასთან ერთად, აღმოსავლეთ საქართველოში გამანადგურებელი ლაშქრობების მიუხედავად, შაჰმა მისი ინკორპორაცია ვერ შეძლო. ამის მიღწევა შეუძლებელი იყო, ვიდრე ირანის მიმართ მტრულად განწყობილ ქართველებს, იმერეთის სამეფოში მყუდრო და საიმედო თავშესაფარი ეგულებოდათ. რად ღირდა თუნდაც ის ფაქტი, რომ შაჰის მიერ დამარცხებული თეიმურაზი ყოველთვის იმერეთში გაიხიზნებოდა ხოლმე; თეიმურაზ მეფე იმერეთიდან ებრძოდა შაჰს როგორც პოლიტიკურად, ისე დიპლომატიით; იგი აქედან აქეზებდა და აჯანყებდა ირანის მოწინააღმდეგე ქართველებს; აქ იღებდა უცხო სახელმწიფოების ელჩებს და აქედან აგზავნიდა მეზობელ თუ შორეულ სახელმწიფოებში თავის ელჩებს, რომლებსაც დასახული ჰქონდათ ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანა: ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირე მოეძებნათ; თეიმურაზი აქედან ამყარებდა კავშირს ირანის საუკონოვან მტერთან _ ოსმალეთთან და აქეზებდა მის წინააღმდეგ; აქედან აგზავნიდა თავის ელჩებს კავკასიისაკენ მცოცავ რუსეთში; აქედან უფუჭებდა ირანის შაჰებს ავტორიტეტს ევროპის სახელმწიფოების მესვეურთა თვალში; აქედანვე შეიძლებოდა დევნილ მეფეს მიეღო სამხედრო დახმარება ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად.
შაჰ აბას I-მა ნაცად ხერხს მიმართა, მან იმერეთის სამეფოს ოდიშის სამთავრო დაუპირისპირა. შაჰი წარმატებას ვერ მიღწევდა დადიანის მეფისადმი წაკიდებაში, ლევან I-ს დასავლეთ საქართველოში პირველობის პრეტენზია რომ არ ჰქონებოდა. სავარაუდოა, შაჰს კარგა ხნით ადრე საიდუმლო კავშირი ჰქონდა ოდიშის მთავართან, ვიდრე მათ შორის ურთიერთობა ახდილად გამოჩნდებოდა ლევანისა და როსტომის დამოყვრების შემდეგ. იქნებ ამითი იყო გამოწვეული, რომ ლევან დადიანმა მონაწილეობა არ მიიღო გიორგი და თეიმურაზ მეფეების რუსეთთან პირველი კონტაქტის დმყარებისას და მისი ელჩი და წერილი მოსკოვში არ ჩავიდა. საფიქრალია, ხარიტონის ნათქვამი მოსკოვში, თეიმურაზთან, გიორგისთან და გურიელთან ერთად დადიანიც მოსკოვთან კავშირისა და მის ქვეშევრდომობის მომხრეაო, სიმართლეს არ შეეფერებოდა. ლევან დადიანი არ იზიარებდა დასახელებული პოლიტიკური მესვეურების საგარეო პოლიტიკურ კურსს. როცა მან, 1636 წელს, ელჩი გაგზავნა მოსკოვში, ეს გააკეთა არა რუსეთთან დაკავშირების მიზნით, არამედ იმ კოტაქტების ჩასაშლელად რომელიც ქართველ მეფეებს ამ სახელმწიფოსთან ჰქონდათ. როდესაც ლევან დადიანმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და ცხადი იყო, რომ მეფეები რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას კვლავ აგრძელებდნენ, ამის შემდეგ, იგივე ამოცანის გადაწყვეტა შაჰმა როსტომ მეფის ელჩის საშუალებით სცადა.
საყურადღებოა, რომ გოჭორაულის ბრძოლაში იმერეთის მეფეს დადიანი ებრძოდა ოდიშართა და აფხაზ-ჯიქების ჯარით. დადიანის გვერდით არ ჩანს მისი მოკავშირე და სიძე (დის ქმარი) სვიმონ გურიელი. საეჭვოა, რომ გურიელი მაშინ, როცა დადიანი მეფეს ებრძოდა, ნეიტრალიტეტს იცავდა1. სავარაუდოა, დადიანსა და გურიელს შორის ამ დროს უკვე არსებობდა დაპირისპირება და დადიანმა და გურიელმა თავი აარიდეს ბრძოლის ველზე ერთად გასვლას. ლევან დადიანმა 1625 წელს სვიმონის გურიელობას ბოლო მოუღო.
არც იმერეთის მეფე გიორგი იყო უმოქმედოთ. მაშინ როდესაც მის სამეფოში დაძაბული ვითარებაა, მან საინტერესო წინადადება შესთავაზა გიორგი სააკაძეს, რომელიც მარაბდის ბრძოლის შემდეგ თეიმურაზ I-თან საბოლოო დაპირისპირებულობაში იმყოფებოდა. სააკაძე სამცხიდან იმერეთში გადავიდა და გიორგი მეფესთან ქუთაისში მოლაპარაკება გამართა. დახმარებაზე დაპირების მიღების შემდეგ, იგი ოდიშში გადავიდა და ლევან დადიანთან მოლაპარაკებითაც კმაყოფილი დარჩა2.
გ. ჯამბურიას ვარაუდით, გიორგი სააკაძის ქუთაისში ყოფნის დროს მოხდა მისი ვაჟის ავთანდილის და მეფე გიორგის ასულის, ხვარამზეს, ნიშნობა, რომელიც „ფიცის წიგნით“ გაფორმდა. „ეს ფიცი და პირი გიბოძე ჩვენ, მეფეთ-მეფემ პატრონმა გიორგიმ და ძემან ჩემმა ალექსანდრემ, მამუკამ და როსტომ თქვენ, მოურავს პატრონს გიორგის, ასრე, რომე ჩემი ქალი ბატონი ხვარამზე გულგანწმენდით თქვენის შვილის ავთანდილისათვის მომიცემია“ 3.
1. შდრ. რეხვიაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 80.
2. ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, გვ. 147-148.
3. ბურჯანაძე შ., ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა, თბ., 1959, გვ. 22.
გიორგი სააკაძეს, როგორც ჩანს, დანათესავების შემდეგ, იმერეთის მეფესთან პოლიტიკური მოკავშირეობის სურვილიც აღეძრა და, საგულისხმოა, მას საინტერესო წინადადებაც შესთავაზა, რის შესახებაც, გასაგები მიზეზების გამო, მეფის მიერ მიცემულ საფიცარ წიგნში არაფერია ნათქვამი, მაგრამ შემდეგში კი გამოჩნდება. გიორგი მეფის სიგელში აღნიშნულია გიორგი სააკაძისადმი პატივისცემაზე, როდესაც კი იგი, მისი ძმა ან შვილი იმერეთის მეფის სტუმარი იქნება. „კიდეც კარგად გარჩინოთ და არცავის საძალოთ და საავკაცოთ დაგანებოთ, რასაც შემძლებელნი ვიყოთ და კიდეც კარგად მოგეპყრათ; და თუ ვინმე თქუენი თავი შემოგუაბეზღოს, არც გაუკითხავად შეგიბეზღოთ“1. „ეს აქტი, _ როგორც გ. ჯამბურია შენიშნავს, _ უფრო პოლიტიკური მნიშვნელობისა იყო, ვიდრე მოყვარული და ისეთ ვითარებაში შეიძლებოდა შექმნილიყო, რომელიც სააკაძის საქმისადმი კეთილგანწყობილებასა და შესაძლოა დახმარებასაც კი გულისხმობდა“2. მგონია, მათ ამ დროს დათქვეს კიდეც, რომ წარმატების შემთხვევაში, გიორგი III-ის ვაჟი, უფლისწული ალექსანდრე, აღმოსავლეთ საქართველოში გაემეფებინათ.
დამოწმებული ცნობების მიხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გიორგი სააკაძე, თუ აღმოსავლეთ საქართველოში სამხედრო მოქმედებას დაიწყებდა, დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები დაეხმარებოდნენ. იბადება კითხვა: არსებობდა იმის პირობა, რომ მეფე გიორგი III-ის, ლევან დადიანისა და მისი ხელქვეითი მალაქია გურიელის ერთი მიზნისათვის გაერთიანება მოხერხდებოდა? მთავრებმა თუ ასეთი დაპირება მისცეს, იმერეთში მოკავშირის მაძებარ ქართლის მოურავს, როგორც გ. ჯამბურია ფიქრობს, მაშინ გამოდის, რომ ლევან დადიანმა და გურიელმა სააკაძე მოატყუეს.
1. იქვე, გვ. 24.
2. ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, გვ. 148.
იმ მასალიდან, რომელიც სააკაძის დადიან-გურიელთან მოლაპარაკებას ასახავს, მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ მთავრები გიორგი სააკაძეს და მის თანმხლებლებს შეწევნას მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, უფრო ზუსტად, სააკაძის მათი სამფლობელოების საზღვრებში ყოფნის პერიოდში პირდებოდნენ. მხოლოდ ამის შესახებაა ნათქვამი კათალიკოს-მთავრის მალაქია გურიელის „ფიცის წიგნში“, რომელიც მან გიორგი სააკაძეს და მის თანმხლებლებს მისცა: „...ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი ფიცი პირი და წიგნი მოგახსენეთ ჩვენ პატრონმა კათალიკოზმა მალაქიამ თქუენ პატრონს მოურავს გიორგის და თქვენსა შვილსა ავთანდილს და შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა... და ერთობლივ ვინც ვინ თქუენი ერთგულნი და თქუენთან მყოფნი აზნაურიშვილნი არიან დიდნი თუ მცირენი, ესე საფიცარი მოგახსენეთ ასრე და ამა პირსა ზედა ვიყუნეთ თქუენთვის კარგნი და კარგნის მდომნი... და თუ ჩვენს ალაგს მობრძანდეთ, კიდეც შეგიხიზნოთ და არას კაცსა საძალოთ და საავკაცოთ არ დაგანებოთ რაც ძალგვედვას. და თუ ჩვენის ალაგიდამე წაბრძანება მოინდომოთ, ჩვენი ადგილი უზიანოთ გაგარონინოთ“1. ასეთივე იქნებოდა დადიან-სააკაძის შეთანხმების შინაარსი, ან ციტირებული დოკუმენტი დადიან-გურიელის საერთო აზრს გამოხატავდა. რაც შეეხება გიორგი III-ს იგი, გრკვეული ინტერესიდან გამომდინარე, სააკაძეს ჯარით დაეხმარა თეიმურაზ I-ის წინააღმდეგ ბაზალეთის ბრძოლაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ჯამბურიას მიერ გიორგი სააკაძის დასავლეთ საქართველოში დიპლომატიური საქამიანობის შეფასება გაზვიადებულია. იგი წერს: „როგორც ვხედავთ, სააკაძე დიდ მოსამზადებელ საქმიანობას ეწევა საქართველოს სამეფოებისა და სამთავროების ერთიანი ფრონტის შესაქმნელად, რათა უზრუნველყოს თავისი (საქართველოს გაერთიანების _ე.მ.) გეგმების წარმატებით განხორციელება“2.
1. იქვე, გვ. 148-149.
2. იქვე, გვ. 149. ამ მოსაზრებასაა მ. რეხვიაშვილიც. იხ. მისი დასახ. ნაშრ., გვ. 89.
გიორგი მეფემ გიორგი სააკაძეს თეიმურაზ მეფის წინააღმდეგ დასახმარებლად ბაზალეთის ბრძოლის წინ დამხმარე ჯარი გამოუგზავნა, მაგრამ სააკაძემ მარცხი განიცადა. სააკაძესთან ერთად დამარცხდა გიორგი III-ის ვაჟის, ალექსანდრეს, გაერთიანებულ საქართველოში გამეფების იდეაც.
გიორგი III-ის დიპლომატიის დიდი მარცხი იყო ლევან დადიანისა და ქართლის მეფე როსტომის დანათესავება. ამის შემდეგ ოდიშის მთავარი ირანის შაჰის მოკავშირე გახდა და იმერეთის სამეფო ორმხრივი დარტყმის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. იმერეთის მეფეს აღმოსავლეთ საქართველოს საქმეებში ჩარევის სურვილიც რომ ჰქონებოდა, როსტომ მეფის მოწინააღმდეგეებს ვეღარ დაეხმარებოდა, რადგან გიორგი მეფის ზურგში ჩასაფრებული დადიანი დაუყოვნებლივ მოქმედებას დაიწყებდა. დადიანი რომ ყოველთვის ასე მოიქცეოდა და ობიექტურად თუ სუბიექტურად იგი როსტომის მოკავშირე იქნებოდა, გამოჩნდა როსტომის, ყიზილბაშთა ჯარით, ქართლში შემოსვლისთანავე. თეიმურაზს იმედი ჰქონდა, რომ გიორგი III ჯარით გადმოვიდოდა და ერთობლივად შეებრძოლებოდნენ მომხვდურს, მაგრამ, როგორც ფარსადან გორგიჯანიძე შენიშნავს, „იმერეთით მოშველიებას ელოდნენ. დადიანი ჩამოსდგომოდა, ვეღარც ისინი მოეშველნეს“1 თანამედროვეებმა როსტომისა და მარიამის ქორწინება დიდი მნიშვნელობის პოლიტიკურ აქტად შეაფასეს. იგი მიმართული იყო ოდიშის მთავრის ყველა მტრისა და გიორგი III-სა და თეიმურაზ Iის ყველა მოკეთის წინააღმდეგ. თვით როსტომიც ოდიშის მთავრის, ლევან II დადიანის დის მარიამის შერთვას, თეიმურაზ მეფის მიერ თავისი ასულის, დარეჯანის, იმერეთის ბატონიშვილზე, ალექსანდრეზე დაქორწინების საპასუხო ღონისძიებად აცხადებდა.
ამ ქორწინების მნიშვნელობა როსტომის ქართლში შემოსვლისთანავე ცხადი გახდა. თეიმურაზი ყიზილბაშთა ჯარს ვერ გაუმკლავდა და დიდი ამალით იმერეთში გადავიდა. მას იქ საიმედო თავშესაფარი ჰქონდა. „ბატონი თეიმურაზ იმარეთს შეიხიზნა: ქალი იყო იმისი იმერლის მეფის შვილის ალექსანდრეს ცოლი და ჩ~ნ და დადიანი ბატონი ლევან დავმოყვრდით და შევირთეთ და მისი“2. გიორგი მეფემ განიზრახა რათაც არ უნდა დაჯდომოდა მისთვის არასასურველი როსტომისა და მარიამის ქორწინება ჩაეშალა. გიორგის მხარი აუბა მასთან დიდი ამალით შეხიზნულმა თეიმურაზმა, რომლისთვისაც ასევე საზიანო იყო ეს ქორწინება. მათ გადაწყვიტეს იმერეთში გადმოსული როსტომის მიერ მარიამის ქართლში გადაყვანა არ დაეშვათ. მარიამს თავისი ძმა ლევან დადიანი აცილებდა. როსტომმა და მთავარმა, იცოდნენ, რომ იმერეთში გავლა სახიფათო იყო, მოწინააღმდეგეებს დიდი ჯარი ჰყავდათ. გადაწყვიტეს ერთმანეთს საჩხეიძოში, ბაღდადთან, კაკას ხიდზე შეხვედროდნენ. მეფე გიორგის წინდაუხედაობამ ის გამოიწვია, რომ ლევან დადიანის ტყვეობაში აღმოჩნდა3. მისი დატყვევების შემდეგ მოხდა ბრძოლა. გაიმარჯვა ლევან დადიანმა. ლევანმა დაატყვევა, აგრეთვე გიორგი მეფის ვაჟი, უფლისწული მამუკა. ლევან დადიანმა ქუთაისი აიღო, გადასწვა და მთელი იმერეთი აიკლო4.
დადიანს უნდოდა იმერეთში უმეფობით ესარგებლა და ტახტზე აეყვანა ქაიხოსრო გურიელი. ამის საპირისპიროდ, იმერეთის დიდებულები შეიკრიბნენ და გიორგი III-ის ძე ალექსანდრე გაამეფეს. მან მხოლოდ ორი წლის შემდეგ, დიდძალი გამოსასყიდის გაღებით, შეძლო მამის, გიორგის, დახსნა5.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 240
2. იქვე.
3. გრიგოლია კ., ილორის წმ. გიორგის ხატის წარწერა. კრებულში: აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, XIII, თბ., 1943, გვ. 150-151 (შემდეგში _ ენიმკის მოამბე).
4. იქვე, გვ. 153.
5. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 241
ალექსანდრე III-ის დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვის სახელმწიფოსთან
რაც დრო გადიოდა, ურთიერთობა ლევან დადიანსა და ალექსანდრე III-ს შორის მით უფრო მწვავდებოდა. ალექსანდრემ ქუთაისი გაამაგრა. იმერეთის დიდებულნი დადიანს რომ არ მიმხრობოდნენ, თავიანთი ოჯახებით იქ შეიყვანა. ლევან დადიანი „ამით აოხრებდა სანახებსა იმერეთისასა, ვიდრე ვერღარა წინააღუდგა ალექსანდრე მეფე და მოავლო ზღუდე ქუთათისს დიდი და მოიყვანნა ყოველთა წარჩინებულთა თვისთა ცოლშვილნი და დაადგინნა მას შინა და თვითცა იმყოფებოდა მასვე შინა, რათა არა მიერთნენ დადიანსა ჰყო მისთვის“1.
ლევან დადიანის მიერ იმერეთის აკლება გრძელდებოდა მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში2. უაღრეს გაჭირვებაში ჩაყენებულმა მეფე ალექსანდრემ და საკუთარი სამეფოდან დევნილმა თეიმურაზ მეფემ, დახმარებისათვის რუსეთს მიმართეს. ორივე მეფის ელჩები (ალექსანდრესი _ თავადი ივანე და არქიმანდრიტი პახომი, თეიმურაზისი _ მღვდელ-მონაზონი ვასილი და დავითი) ერთად გაემგზავრნენ.
რამდენადაც თეიმურაზ მეფის რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე უკვე ითქვა, ამიტომ, მხოლოდ იმერეთის მეფის მიმოწერას განვიხილავ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავის წერილებში ალექსანდრე რუსთ ხელმწიფის ყურადღებას ხშირად მიაპყრობს თეიმურაზ მეფის არასახარბიელო მდგომარეობაზე. იმერეთის ელჩებს თან მიჰქონდათ ალექსანდრე მეფის 1649 წლის 13 აგვისტოთი დათარიღებული, ბერძნულად დაწერილი სიგელი. მისი შინაარსის გაცნობა, ნათელს ხდის, რომ იგი შედგენილია თეიმურაზ I-ის კარნახით, ან მასთან შეთანხმებით. ალექსანდრე III ალექსი მიხეილის ძეს წერდა, რომ იგი, მისი თავადები, ყმები და მთელი ქვეყანა მზად არიან მოსკოვის ქვე- შევრდომობაში შესასვლელად. ამის შემდეგ ალექსანდრე მეფე ხელმწიფეს თავის იმ უმთავრეს პრობლემაზე მოახსენებდა, რომელსაც ოდიშის მთავარი იმერეთის სამეფოს უქმნიდა. იქვე მოცემულია ლევან დადიანის უარყოფით დახასიათება: „დადიანი ჩემი მონა-მორჩილი იყო და ხარკსაც მე მიხდიდა. ახლა გადამიდგა და სტამბოლის თურქთა სულთანს მიემხრო, ჯარები შეკრიბა და ორჯერ-სამჯერ თავს დამესხა. აფხაზებსა და ჯიქებს აგროვებს და ყოველ წელს ჩემს წინააღმდეგ ლაშქრობს, და ხან სამას, ხან ოთხას ქრისტიან ბავშვს თურქეთის სულთანთან ტყვეებად ჰგზავნის, ხოლო იმ ხარკს, რომელსაც მე მიხდიდა ახლა თურქეთის სულთანს უხდის. მე იმისათვის გადამიდგა, რომ ქრისტიანი მეფე ვარ, თურქს კი მიემხრო, მათი რჯული მიიღო და ერთგულება შეჰფიცა, ახლა ამ ჩვენი ქვეყნის თურქეთის სულთნისადმი დამორჩილება უნდა, მართლმადიდებლობის და ქრისტიანული ტაძრების დარბევა სურს“. ალექსანდრე მეფე ხელმწიფეს იმ მაგალითებს უსახელებს, რომლებიც მას დადიანის მიერ ქრისტიანობის უარყოფაში დაარწმუნებს. დადიანის გარდა, იმერეთის სამეფოს, დიდ ხიფათს უქმნიდნენ მეზობელი მაჰმადიანებიც, ამიტომ საქრისტიანოს ყველაზე დიდმა და ძლიერმა მოსკოვის ხელმწიფემ დროზე უნდა აღმოუჩინოს დახმარება იმერეთის სამეფოს, რომელიც თერგიდან შორს არ არის. „ერთი კვირის სავალია, _ მიმართავს ალექსანდრე რუსთ ხელმწიფეს, _ შეგიძლია 20.000 მეომარი გამოგზავნო ჩვენში და ჩვენს ქვეყანას დაეუფლო... ეს ადგილებიც ნაცვლად იმისა, რომ მაჰმადიანებს ჰქონდეთ, თქვენი უმაღლესი ძალაუფლების ქვეშ მოექცევა“3.
ალექსანდრე ცდილობს დაანახოს მოსკოვის ხელმწიფეს, რომ რუსეთის მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობის შედეგიც იყო ის უბედურეება, რომელშიც თეიმურაზ მეფე აღმოჩნდა, უფლისწული დავითი მოკლეს და თეიმურაზი იმასაც კი ვეღარ ახერხებს, რომ შვილის ხელმწიფესთან გაგზავნით მოსკოვის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. „დღეგრძელო ხელმწიფეო, უწყოდე, აგრეთვე, რომ სიმამრი ჩემი თეიმურაზი, აქ, ჩემთან იმყოფება, ყიზილბაშებმა იგი თავის ქვეყნიდან გამოდევნეს და ჩემთან ცხოვრობს, ვაჟი მისი დავითი მოჰკლეს, განსაცვიფრებელი უფლისწული იყო. მას შემდეგ რაც ყიზილბაშებმა გაიგეს, რომ იგი (თეიმურაზი) თქვენი დიდებული ხელმწიფობის საფარველს ქვეშ შედგა, და ერთმანეთთან დამოყვრების სურვილი რომ გაქვთ, შეჰკრიბეს ჯარი და მისი ვაჟიშვილი უფლისწული მოკლეს. იმ უფლისწულს სამი ვაჟი და ერთი ქალი დარჩა. ერთ-ერთი მათგანის, უფროსისა, თქვენს უდიდებულესობასთან წარმოგზავნა უნდოდა, მაგრამ „შემახაზე“ გზა დაკეტილია. ყიზილბაშები გზებს ყარაულობენ და აქ გამოვლა შეუძლებელია. ახლა მისი გამოგზავნა ამიტომ ვერ შეძლო. დღეგრძელო მეფეო, თეიმურაზ მეფე და მისი უფლისწულნი შენი არიან. მეც აგრეთვე, დღეის ამას იქით თქვენი მონა-მორჩილი ვარ“4.
ალექსანდრე III, ითვალისწინებს რა, რუსეთის ხელისუფლების ქართულ ეკლესია-მონასტრებში დაცული სიწმინდეების და სხვათა მიმართ დაინტერესებას, ცდილობს კიდევ უფრო გააღვივოს ეს ინტერესი. იგი ხელმწიფეს სთხოვს გამოგზავნოს იმერეთში თავისი ელჩები, რომლებიც საკუთარი თვალით ნახავენ „როგორი შემკულია ჩვენი ეკლესიები და წმინდა მონასტრები, იხილოს ჩვენი წმინდა ნაწილები, ჩვენი საოცარი ხატები, ჩვენი მშვენიერი ციხე-ქალაქები, უძველეს ქრისტიან მართლმადიდებელ მეფეთაგან ნაშენები“5.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 829.
2. იხ. რეხვიაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 95-97.
3. ნიკიფორე ტოლოჩანოვის იმერეთში მოგზაურობის მუხლობრივი აღწერილობა, გვ. 35-37.
4. იქვე, გვ. 37.
5. იქვე, გვ. 38.
იმერეთის მეფე იმითიც ცდილობს იმერეთის სამეფოსა და, საერთოდ, საქართველოს მიმართ რუსეთის მეფის ყურადღების მიპყრობას, რომ სურს აჩვენოს გარკვეული ქართული პოლიტიკური ორიენტაციის, რუსეთთის მფარველობაში შესვლის სურვილის ერთიანობა: „ახლა კი ორივე მეფე ერთად ვართ, მეფე თეიმურაზი და მე, მეფე ალექსანდრე, და ორივენი მუხლმოდრეკით გთხოვთ თქვენ თქვენო ბრწყინვალებავ და შევთხოვთ უფალს, მოწყალება მოიღოთ და თქვენის უმაღლესი ხელისუფლების ქვეშ მიგვიღო და შენი ხელმწიფური წყალობა არ მოგვაკლო“1.
ალექსანდრე მეფე რუსეთის ხელმწიფეს აფრთხილებს: რომ თუ იგი რეალურ დახმარებას არ გაუწევს მისი მფარველობის ქვეშ შესვლის მოსურნეებს, ამას შეიძლება საქართველოსათვის კატასტროფული შედეგი მოჰყვეს, რაც ხელმწიფის ბრალიც იქნება: „ამის გამო ვთხოვთ თქვენს უმაღლეს ხელმწიფობას და გევედრებით მოწყალება მოიღო და ჩვენი განწირვა არ ინებო“2.
როგორც აღნიშნული იყო, არ ვიცით ქართველი მეფეების ელჩობების მომზადებისა და დანიშნულების ადგილამდე მოგზაურობის პირობების შესახებ. ცნობილია, რომ დასახელებული მეფეების ელჩების მიღება და ალექსი მიხეილის-ძისათვის გაგზავნილი წერილების განხილვა ერთსა და იმავე დღეს (1649 წ. 13 აგვისტო) მოხდა, სათათბიროს მდივანმა მიხეილ ვოლოშენინოვმა ელჩები მიიღო. გასაუბრების დროს, იმერეთის ელჩებმა, ალექსანდრე მეფის ბრძანების თანახმად, განაცხადეს, რომ ლევან II დადიანი ალექსანდრე მეფეს განუდგა, ირანის შაჰს მიემხრო, რომლის დახმარებითაც უნდა დაიპყროს იმერეთი. „კარგი იქნებოდა, თუ მისი უდიდებულესობა ბრწყინვალე მეფე (ალექსი) ინებებდა და ჩვენ იმ დადიანის წინააღმდეგ თავის ჯარისკაცებით დახმარებას აღმოგვიჩენდა. აგრეთვე მეფე ალექსანდრემ ბრძანა მის უდიდებულესობას ელჩებმა შეევედრონ, რათა ხელმწიფემ შეიწყალოს და მასაც, ისევე როგორც „საქართველოს“ მეფეს (თეიმურაზს _ე.მ.), ხელმწიფის წყალობის სიგელი უბოძოსო“3.
1. იქვე.
2. იქვე.
3. იქვე, გვ. 41.
ჩანს, მეფეების ელჩებმა და წერილებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინეს მოსკოვში, რომ 1650 წლის 22 მაისს რუსეთის ხელმწიფემ ნიკიფორე მათეს ძე ტოლოჩანოვს და მდივანს ალექსი იევლევს იმერეთში ელჩად წასვლა უბრძანა. ელჩს დაევალა ალექსანდრე მეფისათვის გადაეცა, რომ ხელმწიფემ როდესაც გაიგო როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდა იმერეთის მეფე, „შეწუხდა და ალექსანდრე მეფის მთელ მის ქვეყნასთან ერთად მისი მტრების წინააღმდეგ დახმარება და მფარველობა ისურვა... ახლა ალექსანდრე მეფემ თავისი წერილისა და თხოვნის შესაბამისად ელჩების წინაშე (თანდასწრებით) დაიფიცოს და მეფის უდიდებულესობას ჯვარზე მთხვევით შეჰფიცოს, აგრეთვე, თავის შვილსა და მახლობელ კარისკაცებს უბრძანოს იმ წიგნის მიხედვით ჯვარს ემთხვიონ, რომელიც ამჟამად მათთვის გამოგზავნილია“1.
ელჩის განაწესში კიდევ უფრო დაწვრილებით იყო განმარტებული იმათ შესახებ ვისაც მოსკოვის ხელმწიფისადმი სამუდამო მორჩილებასა და ერთგულებაზე მზადყოფნა ჯვარზე მთხვევით უნდა დაედასტურებინათ. ესენი იყვნენ: მეფე ალექსანდრე, მისი შვილები და შვილიშვილები, „რომელნიც მომავალში გაჩნდებიან... ისინი არც ერთ სხვა ხელმწიფეს მიკედლებიან. ფიცის წიგნის დაწერა ბრძანოს, და იმ წიგნზე ალექსანდრე მეფემ და მისმა შვილებმა, რომელნიც მას ამჟამად ჰყავს, ხელი მოაწერონ და ბეჭდები დაასვან... ხოლო შემდეგ, მეტი სიმტკიცისათვის, მისმა მახლობელმა კარისკაცებმაც ჯვარზე მთხვევით დაიფიცონ“2. რასაც მოითხოვდა მოსკოვის ხელმწიფე, ნათელი იყო, მაგრამ თვითონ ქართულ მხარიეს არაფერს პირდებოდა, არავითარ ვალდებულებას არ კისრულობდა. როდესაც გაკვირვებული და დაინტერესებული ქართველები იკითხავდნენ, სანაცვლოდ რას მიიღებდნენ, რუსეთის ელჩის პასუხი უნდა ყოფილიყო იმდენად ბუნდოვანი, რომ მოსკოვის მთავრობას მისი, საჭიროებისდა მიხედვით, სხვადასხვანაირი, ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ჰქონოდა: „... მის უდიდებულესობას... სურს ალექსანდრე მეფე თავის მფარველობაში და მორჩილებაში ჰყავდეს და მტრებისაგან მათ დაიცავს, როგორც ხელმწიფეს ამის შესაძლებლობა ექნება, ისე უბრძანებს“3. ამგვარი პირობებით მფარველობაში შესულს, რა თქმა უნდა, მფარველისადმი პრეტენზიები არ უნდა გასჩენოდა. მაგრამ ქართული მხარე მაინც თუ დააკონკრეტებდა და იკითხავდა, ხელმწიფე იმერეთის სამეფოს ყიზილბაშებისაგან მაინც თუ დაიცავდა, ელჩებს უნდა ეპასუხათ: „თუ საჭიროს დაინახავს მისი უდიდებულესობა შაჰს მისწერს, რომ მან რუსეთის ხელმწიფისადმი მეგობრობისა და სიყვარულის ნიშნად, მეფე ალექსანდრესთან ომსა და მის შევიწროებაზე ხელი აიღოს, მით უმეტეს, როცა შაჰი გაიგებს, რომ დიდმა ხელმწიფემ მეფე ალექსანდრე შეიწყალა, საფიქრებელია, ხელმწიფის ამ თხოვნას შაჰი უყურადღებოდ არ დატოვებს, არ შეავიწროებს და არავითარ ზარალს არ მიაყენებს (იმერეთს)“4.
როგორც ჩანს იმერეთის მეფეს გაცნობიერებული ჰქონდა და მისმა ელჩებმაც მოსკოვშიც სრულიად გარკვევით გააგებინეს, რომ როდესაც ლევან დადიანი თავს ესხმოდა იმერეთის სამეფოს, მისი პირადი ინტერესების გარდა, მის ამ მოქმედებაში ჩადებული იყო ირანის შაჰისა და როსტომ მეფის ინტერესებიც. იმერეთის პოლიტიკოსები და მათთან ერთად იმერეთში თავშეფარებული თეიმურაზ I და მისი კარისკაცები, ვარაუდობდნენ, რომ მოსკოვს შეეძლო შაჰის საშუალებით გავლენა მოეხდინა ოდიშის მთავარზე და ასეთი არაპირდაპირი გზით მაინც ირანის არაპირდაპირი აგრესიისაგან დაეცვა იმერეთის სამეფო.
რუსეთის ელჩობას დაევალა, აგრეთვე, იმერეთში „დაწვრილებით შეისწავლოს როგორია მოსახლეობის სარწმუნოება, გამოარკვიონ ჭეშმარიტად ქრისტიანულ სარწმუნოებას აღიარებენ ბერძნული ტიპიკონის თანახმად და იცავენ თუ არა მოციქულთა და წმიდა მამათა მოძღვრებისამებრ ყველა წესს“5. ელჩობაში სპეციალურად შეყვანილ რუს სასულიერო პირებს იმერეთის ეკლესიებში დაცული სიწმინდეები უნდა დაეთვალიერებინათ და მათზე ცნობები შეეგროვებინათ.
1. იქვე, გვ. 43.
2. იქვე გვ. 43-44.
3. იქვე, გვ. 44.
4. იქვე, გვ. 44-45.
5. იქვე, გვ. 46.
ელჩებს „ყოველგვარი ხერხისა და ღონისძიების გამოყენებით“ საიდუმლოდ უნდა შეეკრიბათ პოლიტიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაცია იმერეთის მეფის სულთანთან, შაჰთან ურთიერთობაზე, მოდიოდნენ თუ არა დასახელებული მბრძანებლების ელჩები, დესპანები ან შიკრიკები მასთან და რა დავალებით, ან თვითონ მეფე თუ აგზავნიდა მათთან ელჩებს. საინტერესოა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, რუს ელჩებს დავალებული ჰქონდათ იმერეთში შეეგროვებინათ ცნობები ირან-ოსმალეთის ურთიერთობაზე1. ელჩებს ინფორმაცია უნდა შეეგროვებინათ, აგრეთვე, ქართლის სამეფოსა და ოდიშის სამთავროს შესახებ. კერძოდ, ელჩებისაგან მოითხოვდნენ ოდიშის სამთავროს შესახებ გაერკვიათ: „სადადიანოს მთავარი თავის სამთავროშია თუ არა, ვის ექვემდებარება _ თურქს თუ შახს, თუ დამოუკიდებელია და ხარკს არავის არ უხდის“. ყოველივე ამის შესახებ ელჩებს ზუსტი ცნობები უნდა შეეგროვებინათ და დაწვრილებით ჩაეწერათ მუხლობრივ აღწერილობაში2. ელჩებს უნდა დაეკმაყოფილებინათ ქართველი მეფეების ინტერესი რუსეთის სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ3.
1651 წლის 10 ივნისს იმერეთში ჩამოსული რუსეთის ელჩები 24-ში მეფე ალექსანდრეს წინაშე წარსდგნენ. სხვათა შორის, ელჩებმა მდივან ფეშანგს მოთხოვეს, რომ აუდიენციის დროს მეფესთან სხვა სახელმწიფოს მოციქული ან ელჩები არ ყოფილიყვნენ4. ნიკიფორე ტოლოჩანოვმა ალექსანდრე მეფეს შეახსენა, რომ მოსკოვის ხელმწიფემ იმერეთის სამეფოში თავისი ელჩები მისი თხოვნით გამოგზავნა. „გვთხოვთ აგრეთვე, რომ ჩვენმა დიდმა ხელმწიფემ შეგიწყალოთ და არ დაგტოვოთ ჩვენი მფარველი ხელის გარეშე. იმასაც გვწერთ, რომ თქვენ სხვა, ქრისტიანული სარწმუნოების მეფე არა გყავთ მფარველი, გარდა ჩვენი მეფური უდიდებულესობისა... გვწერდით... თუ რა შევიწროებას და დევნას განიცდით მტრებისაგან თქვენს სახელმწიფოში და ჩვენ გვთხოვდით რათა შეგიწყალოთ, დახმარება აღმოგიჩინოთ... გვთხოვდით აგრეთვე, რომ... თქვენთან ჩვენი ელჩები გამოგვეგზავნა თქვენი ადგილების დასათვალიერებლად“5.
ალექსანდრე მეფემ თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა ხელმწიფეს, რომ „მე, მისი მონა შემიწყალა, თავისი მეფური მაღალი ხელის ქვეშ მიმიღო და ხელმწიფემ ჩემთან თავისი ელჩები გამოგზავნა... მე მოხარული ვარ მთელი ჩემი ქვეყნით თავი დავსდო ხელმწიფისათვის“6. ელჩობის მდივანმა ალექსი იევლევმა თავისი ხელმწფის სახელით ალექსანდრე III-ს მოახსენა, რომ მისთვის ცნობილია ის შევიწროება, რომელიც იმერეთის სამეფომ მტრებისაგან განიცადა. ამიტომ მას სურს ყოველგვარი ღონისძიებით დაიცვას მთელი მისი ქვეყანა, „ჩვენ ხელმწიფური მაღალი ხელისაგან არ მოგიცილებთ და ჩვენი თვალყურის ქვეშ გვეყოლები, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება ურწმუნოებისაგან შეგინებულ არ იქნეს... გვემსახურებოდეთ და იღვწოდეთ ყველაფერზე მის სასიკეთოდ, როგორც პირობა მოგიციათ, ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე, თქვენი ფიცისამებრ და სხვა არც ერთ ხელმწიფეს არ მიეკედლოთ“7. ალექსანდრე მეფემ რუსების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადა.
28 ივნისს მეფესთან მოლაპარაკების დროს ელჩებმა იმ პირთა სია მოითხოვეს, რომლებიც ფიცის წიგნში უნდა შეეტანათ და, რომლებსაც წიგნზე ხელი უნდა მოეწერათ. მეფე დაპირდა სიის გამზადებას8. სია, რომელშიც მოცემული იყო თავადების ვინაობა, ელჩებს გადაეცათ 13 სექტემბერს. ელჩებმა თავადების სია ფიცის წიგნში შეიტანეს9.
1. იქვე, გვ. 46-47.
2. იქვე, გვ. 48, 54.
3. იქვე, გვ. 56-58.
4. იქვე, გვ. 94.
5. იქვე, გვ. 96.
6. იქვე.
7. იქვე, გვ. 96-97.
8. იქვე, გვ. 102.
9. ალექსი იევლევი, გვ. 154.
იმავე დღეს ელჩებმა ალექსანდრე მეფეს მოსთხოვეს, რომ მან ქართულად დააწერინოს ფიცის წიგნი, რომელშიც ჩაწერილი იქნებოდა: „მე მეფე ალექსანდრე, ჩემი ძმა და ჩემი ვაჟიშვილი, მთელი ჩემი სამეფო და ჩემი შთამომავალი, რომელიც ამიერიდან შემეძინება, რუსეთის მეფის უმაღლესი ხელის ქვეშ მყოფნი ყმანი ვიქნებით უკუნითი უკუნისამდე“1. ელჩების ეს მოთხოვნა ალექსანდრე მეფემ დააკმაყოფილა.
ალექსანდრემ მოითხოვა: მიუხედავად იმისა, რომ ის მზად იყო ხელმწიფისადმი ერთგულებაზე ფიცი დაედო, მაინც საჭიროდ მიაჩნდა ელჩებს მისთვის გაეცნოთ იმ ფიცის წიგნის შინაარსი, რომელიც მათ მოსკოვიდან ჩამოიტანეს. მეფის ამ მოთხოვნას აღნიშნავს ელჩობის მდივანი ალექსი იევლევი2.
ალექსი იევლევმა შემოგვინახა ერთი საინტერესო ცნობა, რომელიც მას მოუსმენია 1651 წლის 2 ივლისს, როდესაც ნიკიფორე ტოლოჩანოვს მის ბინაზე ეწვივნენ გოლგოთის მთის მონასტრის იღუმენი ნიკიფორე და თეიმურაზ მეფის აზნაური რამაზანი. მათ უთქვამთ, რომ „ალექსანდრე მეფე, მათ (რამაზანს და ნიკიფორე იღუმენს) მთავარ ლევან დადიანთან გზავნის მოსალაპარაკებლად, რათა ლევან მთავარი ალექსანდრე მეფეს შეურიგდეს, ხოლო შერიგების შემდეგ, ლევან მთავარმა, მის უდიდებულესობას, მეფეს (ალექსი მოიხეილის ძეს _ე.მ.), ელჩები გაუგზავნოს და დიდ ხელმწიფეს შეევედროს, რათა მისმა უდიდებულესობამ მეფემ ლევან მთავარი ისევე შეიწყალოს, როგორც ალექსანდრე მეფე და მის ხელმწიფურ ხელქვეშ მიიღოს. ამ საქმის გამო ალექსანდრე მეფემ გვიბრძანაო, რომ ჩვენ, ელჩებს, ჩვენის მხრით იღუმენისათვის დაგვევალებინა ლევან მთავრისათვის იმავე რჩევის გადაცემა“3.
1. იქვე.
2. იქვე, გვ. 122.
3. იქვე, გვ. 126.
როგორც ჩანს, ალექსანდრე მეფეს უნდოდა მოსკოვსა და ზუგდიდს შორის ურთიერთობის დამყარებაში თვითონ შეესრულებინა დამაკავშირებლის როლი. რუსეთის ხელმწიფის მფარველობაში შესული ლევან დადიანი, იმავე მფარველის ქვეშ მყოფი ალექსანდრეს მტერი ვეღარ იქნებოდა. მაგრამ იცის რა დადიანის განწყობა რუსეთისადმი და ისიც, რომ იმერეთის მეფის რჩევას ის არაფრად ჩააგდებს, მისი ფიქრით, რუსეთის ხელმწიფის წარმომადგენელის რჩევამ მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენისაკენ, შეიძლება დადებითი შედეგი გამოიღოს.
რუსმა ელჩებმა უარი სთქვეს იმერეთის მეფის თხოვნის შესრულებაზე, თუმცა, როგორც მათ განაცხადეს, მიესალმებოდნენ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ მეფესა და მთავარს შორის მშვიდობის დამყარებას და ხელმწიფეც დიდად კმაყოფილი დარჩებოდა, თუკი იღუმენი ნიკიფორე მასზე მინდობილ საქმეში წარმატებას მიაღწევდა1. ელჩებს არ უნდოდათ და არც შეეძლოთ თავიანთი ხელმწიფის ბრძანების გარეშე ჩარეულიყვნენ ალექსანდრე მეფისა და ლევან დადიანის კონფლიქტის მოგვარებაში. როგორც თეიმურაზ მეფისა და ლევან დადიანის დიპლომატიურ ურთიერთობაზე საუბრისას ითქვა, რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა იმერეთის სამეფოსა და ოდიშის სამთავროს შორის მშვიდობის დამყარება. რუსეთის ელჩებთან მოლაპარაკების პარალელურად, ლევან II დადიანისა და ალექსანდრე მეფის შერიგებისათვის დიდად აქტიურობდა თეიმურაზ მეფე. წყაროების მიხედვით ისე ჩანს, რომ იმერეთის მეფე მოლაპარაკებაში უშუალოდ არ მონაწილეობდა. სავარაუდოა, დადიანს არ სურდა მასთან მოლაპარაკება, იგი უპირატესობას თეიმურაზს ანიჭებდა. როდესაც ლევან დადიანის მოციქული გიორგი ქართველი, ოდიშიდან ქართლის სამეფოში როსტომ მეფესთან თეიმურაზის კახეთის ტახტზე აღდგენისათვის საშუამდგომლოდ მიდის, ჩანს, რომ ამის შემდეგ მან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს თეიმურაზთან და ალექსანდრესთან დადიანსა და იმერეთის მეფეს შორის მშვიდობის დამყარებისათვის2.
1. იქვე, გვ. 126-127.
2. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 122.
ამგვარად, ჩვენს წინაშეა ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი მხარე _ ერთი, თეიმურაზ I-ის და ალექსანდრე III-ის და, მეორე, როსტომ მეფისა და ლევან II დადიანის სახით. პირველში აქტიურობს თეიმურაზი, მეორეში _ ლევან დადიანი. საინტერესოა, რატომ ასე განაწილდა როლები დაპირისპირებულებს შორის? ამგვარი მდგომარეობის მარტივი მიზეზით ახსნება. როსტომს არ უნდა პირისპირ ელაპარაკოს მის მიერ დევნილ თეიმურაზს; დადიანს არ უნდა პირისპირ ელაპარაკოს მის მიერ მუდმივად შევიწროებულ და დევნილ ალექსანდრეს. ისიც ცხადია, რომ ნამეფარ თეიმურაზს ტახტის დაბრუნება, ალექსანდრეს კი მოსვენებით მეფობა უნდათ. უპირატეს მდგომარეობაში მყოფ როსტომსა და ლევანს მოწინააღმდეგე მხარესთან მორიგება არ აწყობთ. მაგრამ ეს უკანასკნელნი იმ ვალდებულებას კი გრძნობენ, რომ შერიგების მოსურნეთა და, საერთოდ, მაშინდელი საზოგადოებრივი აზრის დამშვიდების მიზნით, მოჩვენებით მაინც გადადგან ნაბიჯი იმ მოლაპარაკებისაკენ, რომელიც აუცილებლად უშედეგოდ დამთავრდება.
ცნობილი არ არის რა პირობები წაუყენა როსტომ მეფემ თეიმურაზ მეფეს, რაც შეეხება ლევან დადიანის მოთხოვნებს, ნიკიფორე ტოლოჩანოვის მიხედვით, „დადიანი ალექსანდრე მეფეს არ შეურიგდაო, იმიტომ, რომ დადიანმა ალექსანდრე მეფეს აუარებელი აზნაური მოთხოვა შერიგებაში, სამუდამო ზავს და მშვიდობას მხოლოდ (ამ აზნაურების გადმოცემის) შემდეგ დავამყარებო. ალექსანდრე მეფემ ამაზე უარით უპასუხა _ მე ჩემს აზნაურებს შენ არ გადმოგცემო. დადიანმა თეიმურაზ მეფესაც უარი უთხრა შერიგებაზე“ (იქვე, გვ. 124.).
უნდა ითქვას, რომ იმერთა მეფე ალექსანდრე III მოსკოვის ელჩებთან მოლაპარაკებების დროს, თეიმურაზისა და ლევან დადიანის ფონზე უპრეტენზიო, დამყოლ მმართველად მოჩანს. იგი თითქოს ჩქარობს, რაც შეიძლება სწრაფად დადოს ერთგულებისა და ქვეშევრდომობის ფიცი. ისეთი შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მას თეიმურაზი აკავებს, თორემ ყველაფერს სწრაფად მოათავებდა. იმის ფიქრიც შეიძლება, რომ ნიკიფორე ტოლოჩანოვი, რომელსაც თეიმურაზთან თავისი ანგარიშები ჰქონდა, ალექსანდრეს ქებით თეიმურაზის, როგორც პოლიტიკოსისა და პარტნიორისადმი არასანდოობას ამძაფრებს. თითქოს ტოლოჩანოვს ქართველები ეუბნებოდნენ: ხელმწიფის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თეიმურაზთან, რომელიც რაჭაში ბინადრობდა, კაცი გაგზავნეთ და დაითანხმეთ, თორემ ალექსანდრე მეფე არავითარ დაბრკოლებას არ შექმნისო. ალექსანდრე ელჩებს უთვლიდა: „დიდი ხანია მე ვეძებდი ხელმწიფეს მფარველად და ახლა გამოვძებნე მე ხელმწიფე, მეფე და დიდი მთავარი ალექსი მიხეილის ძე, დავექვემდებარე ამ ხელმწიფეს მე ჩემი შვილით ბაგრატითურთ და ძმით მამუკათურთ1 სამუდამო ყმათ მოუცილებლივ, მთელი ჩემი ქვეყნით და ამ ხელმწიფისათვის თავის დასადებად მზად და მოხარული ვარო“2. მაგრამ, როდესაც ვაკვირდებით ალექსანდრე მეფის რუსი ელჩების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მოქმედებას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი, სინამდვილეში, ცდილობს თავი აარიდოს მოსკოვის ხელმწიფისადმი ერთგულებასა და ქვეშევრდომობაზე ფიცის დადებას. სავარაუდოა, ალექსანდრე მეფე ლევან დადიანთან მოლაპარაკების შედეგებს ელოდება. მას რუსეთთან კავშირი ლევან დადიანის ასალაგმავად უნდა. მისი ამგვარი პოლიტიკა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება რუსეთთან შემდგომი დიპლომატიური ურთიერთობის დროს.
1. მამუკა ბატონიშვილი და უფლისწული ბაგრატი ამ დროს ლევან დადიანის ტყვეობაში იყვნენ. ერთ დროს ლევან დადიანს მამუკა ბატონიშვილი თავისი ქალიშვილის ქმრათ უნდოდა, მაგრამ მამუკამ ბეჟია ჩხეიძის ქალი შეირთო. 1647 წელს იგი დადიანის ტყვეობაში ჩავარდა. ალექსანდრე მეფემ თავისი ვაჟი ბაგრატი დადიანს მძევლად გაუგზავნა, იმ პირობით, რომ იგი მამუკას გაანთავისუფლებდა. ლევანმა მამუკა არ გაანთავისუფლა და ბაგრატიც თავისთან დაიტოვა.
2. იქვე, გვ. 125.
იმერეთის სამეფოსა და რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლების მოლაპარაკება ალექსანდრე III-ის ხელმწიფის მფარველობაში შეყვანის შესახებ, ცნობილი გახდა ოსმალეთის სულთნისათვის და მან სცადა შეეჩერებინა ეს არასასიმოვნო, პერსპექტივაში მისი სახელმწიფოსათვის პრობლემების მომტანი პროცესი. რუსეთის ელჩების იმერეთში ყოფნა დაემთხვა ოსმალეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ გართულებებს. ასეთ ვითარებაში ოსმალეთს არ შეეძლო გულგრილი ყოფილიყო ორ ქრისტიანულ სახელმწიფოს შორის დიპლომატიურ მოლაპარაკებისადმი, როგორ აპირებდა მისი ხელდებული იმერეთის სამეფო შესულიყო ოსმალეთისადმი მტრულად განწყობილი რუსეთის მფარველობაში.
27 ივლისს ალექსანდრე მეფის მდივანმა ფეშანგმა რუს ელჩებს თავისი მეფის დანაბარები აცნობა: ალექსანდრე მეფეს მოუვიდნენ სულთნის ელჩები და „წინადადება მისცეს, რომ სულტანის ნებართვის გარეშე არ ჩამოგვცილდე და სხვა ქვეყნებს არ დაუმეგობრდე, ჯარი არ შეჰყარო და თურქეთის ხალხს და ციხეებს თავს არ დაესხა და არ გვეომო, სხვას (სიუზერენს) არ მიუხვიდეო. ალექსანდრე მეფემ თურქეთის ელჩებს უპასუხაო, რომ ის (ალექსანდრე მეფე) თავისი ლაშქრით თურქეთის სულთნის წინააღმდეგ და მის ქვეშევრდომებზე თავდასასხმელად არ გამოვა და არც ერთ მაჰმადიანურ მეფეს არ მიემხრობა, მაგრამ არც თურქეთის სულთნის ბრძანებას არ შეასრულებს და არც მის მორჩილებას ისურვებსო“ (ალექსი იევლევი, გვ. 145-146).
ალექსანდრე მეფის ოსმალეთის ელჩებისათვის ნათქვამიდან საყურადღებოა ერთი ფრაზა: იმერეთის სამეფო ყველა მუსლიმანური სახელმწიფოსადმი, მათ შორის ოსამლეთის მიმართაც დაიცავდა ნეიტრალიტეტს, არც ერთ მათგანს არ დაემორჩილებოდა და არ იქნებოდა საომარ მდგომარეობაში. ამგვარად, ალექსანდრე მეფის ნეირტალიტეტი ვრცელდებოდა მხოლოდ მუსლიმანური ქვეყნებზე, მაგრამ სრულიად განსხვავებული იქნებოდა იმერეთის სამეფოს ურთიერთობა ქრისტიანული (მართლმადიდებლური) სახელმწიფოებთან. ოსმალო ელჩებისათვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ იმერეთის სამეფოს არჩევანი გაკეთებული ჰქონდა: იგი რუსეთის მეფის მფარველობაში შედიოდა. მათთვის ისიც გასაგები იქნებოდა, რომ თუ ოსმალეთს სამხედრო კონფლიქტი ექნებოდა რუსეთთან, მაშინ იმერეთის სამეფო ამ უკანასკნელის მხარეს დადგებოდა, ე.ი. იმერეთის სამეფოს ნეიტრალიტეტი არ ვრცელდებოდა ოსმალეთის ქრისტიანულ ქვეყანასთან ომის შემთხვევაში. „მას (ალექსანდრე მეფეს) სურს დიდ ხელმწიფეს ემსახუროს და მის მტრებს წინაღუდგეს და ებრძოლოს. როდესაც ეს სიტყვები თურქეთის ელჩებმა მოისმინეს სთქვეს: შენ, ალექსანდრე მეფეო, ერთმორწმუნე მოსკოვის ხელმწიფეს შეუერთდი და თურქეთის სულთანს ჩამოცილდი“1.
თუ რუს ელჩებს დავუჯერებთ, ისე გამოდის, რომ ალექსანდრე მეფემ სულთნის ელჩები იმავე დღეს დაითხოვა ყოველგვარი პატივისცემის ნიშნების გამოხატვის გარეშე. ფეშანგს რუსი ელჩებისათვის ისიც უცნობებია, რომ ალექსანდრე მეფემ შაჰის ციხე-ქალაქების დასარბევად თავისი ჯარი გაგზავნაო. მათ თბილისამდე მიაღწიეს, ყიზილბაშები და მათი მომხრე ქართველები დაამარცხეს და მრავალი დაატყვევეს. მეფემ ქრისტიანი ტყვეები თავის აზნაურებს სოფლებში დაურიგა და მათი მოვლა-პატრონობა უბრძანა, მაჰმადიანები კი, საპყრობილეებში მოათავსა2. იმერეთის მეფის მიერ მოწყობილი ლაშქრობა ქართლში, როსტომ მეფის სამფლობელოებში, 1651 წელს, ე. ი. რუსეთის ელჩების საქართველოში ყოფნის პერიოდში, სხვა წყაროებით არ დასტურდება. ალექსანდრეს რომ ამგვარი ლაშქრობა მოეწყო, ამას დადიანი და როსტომი უპასუხოდ არ დასტოვებდნენ. შეიძლება ეს იყო ის ტყუილი, რომლითაც იმერეთის მეფეს ელჩები უნდა დაერწმუნებინა, რომ იგი, რუსეთის ხელმწიფის იმედით, უკვე მუსლიმანების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა3.
1. იქვე, გვ. 148.
2. იქვე, 148-149.
3. გვაქვს 1651 წლის სრულიად საწინააღმდეგო მინაწერი ილორის ხატზე, რომელიც ლევან დადიანს გაუკეთებინებია: „... მიუხდით მეფესა ალექსანდრეს რიონს გაღმა, ქუთათის ქალაქი დავწვით და ავაოხრეთ და შემოვადეგით გვინაყალს და ავიღეთ სწორზედა ორმოცის თავადითა და აზნაურის შვილებითა, სხვისა მრავლისა მეთოფითა, მისის საქონლითა და ალაფით ავსებულნი...“ ქრონიკები II, გვ. 466. სავარაუდოა, დადიანის მიერ იმერეთის აკლება ელჩების რუსეთში გამგზავრების შემდეგ მოხდა. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო მეფის ძმის, მამუკას დაბრმავება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.
ალექსანდრე მეფე წუხილს გამოსთქვამდა, რომ მისი ვაჟი ბაგრატი და ძმა მამუკა დადიანის ტყვეობაში იმყოფებოდნენ და შესაძლებლობა არ ჰქონდა ერთ-ერთი მათგანი მოსკოვის ხელმწიფესთან თაყვანის საცემად გაეგზვნა. იგი ამ მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება, მაშინ, როდესაც ელჩების მოსკოვში გამგზავრების შემდეგ, დიდი ხელმწიფის იმედით დიდ ლაშქარს შეყრის და შვილსა და ძმას ტყვეობიდან დაიხსნის. ამის შემდეგ იგი ძმას ან შვილს ხელმწიფეს უბოძებს და მოსკოვში გაგზავნის1. ალექსანდრე მეფეს ბრძანება გაუცია, რომ მის ქვეყანაში წირვის დროს პირველად ალექსი მიხეილის ძე მოიხსენიონ და მისი ჯანმრთელობა და ხსნა ღმერთს შეავადრონო2.
ნიკიფორე ტოლოჩანოვს ელჩობის მუხლობრივ აღწერილობაში, 1651 წლის 11 სექტემბრის ქვეშ, აღნიშნული აქვს ერთი საყურადღებო ცნობა. თეიმურაზ მეფის მოსკოვში ელჩად ნამყოფ მღვდელ-მონაზონი ვასილის და კოსმა არქიმანდრიტს რუსი ელჩებისათვის უთქვამთ, რომ ალექსანდრე მეფესთან იმ დროს თბილისიდან, თურქეთიდან და სადადიანოდან ელჩები გამოცხადდნენ და „ალექსანდრეს უსაყვედურეს, რატომ დაუქვემდებარდი რუსეთის თეთრ ხელმწიფეს და მეფეს, დიდ მთავარს ალექსი მიხეილის ძეს სამუდამო ყმობაშიო“. ალექსანდრემ უპასუხა: „დიდი ხანია მე ვეძებდი ხელმწიფეს მფარველად და ახლა გამოვძებნე მე ხელმწიფე, მეფე და დიდი მთავარი ალექსი მიხეილის ძე, დავექვემდებარე ამ ხელმწიფეს მე ჩემი შვილით ბაგრატითურთ და ძმით მამუკათურთ სამუდამო ყმათ მოუცილებლივ, მთელი ჩემი ქვეყნით და ამ ხელმწიფისათვის თავის დასადებად მზად და მოხარული ვარო“3. ნიკიფორე ტოლოჩანოვის ეს ცნობა, ალბათ, სიმართლეს უნდა შეეფერებოდეს. არ შეიძლებოდა, რომ დასახელებული ქვეყნების მბრძანებლები არ შეშფოთებულიყვნენ იმერეთის სამეფოს რუსეთთან დაკავშირებით. ეს თავისთავად რეალობა იყო. ისიც გასაგებია, რა მიზნით აწვდიდნენ ამგვარ ცნობებს, ქართველი დიპლომატები რუს ელჩებს.
1. ალექსი იევლევი, გვ. 149.
2. იქვე.
3. იქვე, გვ. 125.
14 სექტემბერს, პატიოსანი ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე წირვის დასრულების შემდეგ, ელჩებმა ალექსანდრე მეფეს სთხოვეს, რომ დაესრულებინა რუსეთის ხელმწიფისათვის მისაცემი ფიცის წიგნის გაფორმება, დაეფიცა და ჯვარს მთხვეოდა. მეფის ბრძანებით, ტაძრის საკურთხევლიდან გამოიტანეს ჯვარი, რომელიც ნაგებობის შუაგულში ერთ-ერთმა არქიმანდრიტმა ხელში დაიკავა. მეფემ და მისმა კარისკაცებმა მოისმინეს თარჯიმნის მიერ ქართულად თარგმნილი ფიცის წიგნის, ტექსტი1. ფიცის წიგნის ქართული და რუსული ვარიანტები ჯვრის ქვეშ ამოდებული ხელში ეკავათ ნიკიფორე ტოლოჩანოვსა და ალექსი იევლევს2. მეფემ პირჯვარი გადაისახა და ელჩების მიერ ნაკარნახევი სიტყვები გაიმეორა: „ვემთხვიე მე ცხოველმყოფელ ჯვარსა ამას და ძმისა ჩემისა მამუკასა და შვილისა ჩემისა ბაგრატის ნაცვლადაც და ფიცს ვაძლევ მეფესა და დიდ მთავარს სრულიად რუსეთისას ალექსი მიხეილის ძეს მასში, რომ მე შევიქენი ჩემი ხელმწიფის სამუდამო ყმა, აგრეთვე ჩემი ძმითა მამუკათი და შვილითა ჩემითა ბაგრატითურთ, მთელი ჩემი ქვეყნით იმ პირობებზე, რაც ამ ფიცის წიგნში წერიაო და ემთხვია ჯვარს ადამის თავის გამოსახულების ადგილთან“3.
როგორც ჩანს, რუსებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას თუ ჯვარზე გამოსახული მაცხოვრის რომელ ადგილს ეამბორებოდა რუსთ ხელმწიფის მფარველობაში შესული მეფე ალექსანდრე. მათ მოითხოვეს, რომ მეფეს ხელახლა შეესრულებინა რიტუალი და მაცხოვრის გამოსახულების ფეხებს მთხვეოდა. ალექსანდრემ ეს მოთხოვნა შეასრულა. მეფის შემდეგ, ჯვარს ემთხვივნენ სასულიერო პირები, თავადები და აზნაურები4. მაგრამ ფიცის წიგნს ძალა ჯერ არ ჰქონდა. იგი ალექსანდრე მეფეს თავისი ბეჭდით უნდა დაემტკიცებინა.
1. ალექსი იევლევი, გვ. 157.
2. იქვე.
3. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 126.
4. იქვე.
ფიცის წიგნთან დაკავშირებით ალექსი იევლევი აღნიშნავს ერთ საინტერესო მომენტსაც, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ნიკიფორე ტოლოჩანოვის ნათქვამთან. იევლევის გადმოცემით, ელჩებს მეფისათვის მოუთხოვიათ, მათთვის ის ბეჭედი გაეგზავნა, რომლითაც ფიცის წიგნი უნდა დაემტკიცებინა. როდესაც ელჩებმა ბეჭედი გასინჯეს, ნახეს, რომ მასზე გამოსახული იყო კათოლიკური ჯვარი და მის გარშემო მეფის სახელი ეწერა. ელჩებმა მოითხოვეს ახალი ბეჭდის გაკეთება, რომელზეც იქნებოდა წარწერა: „მე იმერეთის მეფე ალექსანდრე, ჩემი შვილით ბაგრატით და ჩემი ძმით მამუკათი სამუდამო ყმა ვარ, ხელლმწიფის და მეფის, დიდი მთავრის ალექსი მიხეილის ძის სრულიად რუსეთისა“1.
მეფე ფიცის წიგნის დამტკიცებას აგვიანებდა. აუცილებელი იყო სასულიერო პირებისა და თავად-აზნაურების ხელის მოწერაც, რაც სხვადასხვა მიზეზით ასევე იგვიანებდა და ელჩების გამგზავრებასაც აყოვნებდა.
ელჩებმა რამდენჯერმე სთხოვეს ალექსანდრე მეფეს, რომ მას თეიმურაზთან ეშუამდგომლა პირობის შესრულებისა და ელჩების დროულად, ზამთრის დაწყებამდე გაშვების შესახებ, მაგრამ ალექსანდრე თავს არიდებდა მათი თხოვნის დაკმაყოფილებას. როგორც ნიკიფორე ტოლოჩანოვი გადმოგვცემს, ერთხელ ალექსანდრე მეფემ ელჩებთან თავისი კაცები _ ვასილ იღუმენი და ლომკაცი ჯაფარიძე გაგზავნა და დააბარა: რადგან თეიმურაზი დანაპირებს ვერ ასრულებდა, ელჩებს იმერეთში გამოეზამთრათ. ელჩები იმერეთში გამოზამთრებაზე დათანხმდნენ იმ პირობით, „თუ ალექსანდრე ჩვენ მიგვიღებს და დაზამთრებას გვიბრძანებს, და თეიმურაზ მეფის შვილიშვილის გაზაფხულზე მის უდიდებულესობასთან ჩვენთან ერთად გამოსტუმრებას იკისრებს, ჩვენ დავიზამთრებთ და დავიცდით, რომ მოვკვდეთ მაინც დავიზამთრებთ“2. ალექსანდრეს კაცების პასუხი იყო, რომ მათი მეფე თეიმურაზის საქმეზე პასუხისმგებლობას არავითარ შემთხვევაში არ იკისრებდა.
1. ალექსი იევლევი, გვ. 161.
2. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 136.
ალექსანდრე მეფემ ელჩებს შეუთვალა, რომ მან თეიმურაზ მეფესთან კაცი გაგზავნა და დააბარა: „თეიმურაზ მეფეს თქვენთვის ელჩებისათვის, ხელწერილი მოეცა და ვადა დაენიშნა. თვით ალექსანდრე მეფე თეიმურაზის საქმეებს არავითარ შემთხვევაში არ კისრულობს და ამასთან მას საქმე არა აქვსო“. იმერეთის მეფე, მხოლოდ იმ დროს, როდესაც თეიმურაზი თავის შვილიშვილს ხელმწიფესთან გაგზავნიდა, მაშინ ბრძანებდა, რომ იგი მის ხალხს გაეცილებინა და მისი ამალა ცხენებით უზრუნველეყოთ, ალექსანდრე სხვა სახსრებსაც პირდებოდა: „რამდენიც დასჭირდება ვუშოვნი და ღირსეულად გავაცილებო“. ალექსანდრე ყოველივე ამას აკეთებდა მოსკოვის ხელმწიფის პატივისცემისათვის: „მაჰმადიანიც რომ მიდიოდეს ჩემ ქვეყანაზე გავლით, მაგრამ მე მითხრას რომ მის უდიდებულესობასთან მივდივარო, მე მაშინაც ბრძანებას გავცემ ისიც პატივით გააცილონო. ეს კი (ერეკლე _ე.მ.) ბატონიშვილია ხომ და ამასთანავე ჩემი ნათესავიცაა. მისმა უდიდებულესობამ ხელმწიფემ და დიდმა მთავარმა ალექსი მიხეილის ძემ, რომ სხვა სახელმწიფოსთან ომი ინებოს და ამის შესახებ ჩემთან კაცი გამოგზვნოსო, მე მთელი ჩემი ქვეყნით ხელმწიფეს თან გავყვები და მისთვის თავის დადებისთვისაც კი მოხარული ვიქნებიო“ (იქვე, გვ. 138).
საინტერესოა ალექსანდრე მეფის აქცია 7 ოქტომბერს ქუთაისის მოედანზე, რომლის დროსაც, ელჩების და იმერეთის იერარქებისა და თავადაზნაურობის წინაშე წარმოსთქვა სიტყვა. როგორც ჩანს, მას უნდოდა დამსწრეებისათვის, განსაკუთრებით უცხოელებისათვის, შეეხსენებინა, თუ რატომ ვერ შესძლეს მისმა წინაპრებმა მოსკოვის ხელმწიფის მფარველობაში შესვლა, რატომ იყვნენ დამოუკიდებლად და არც ოსმალებს და არც ყიზილბაშებს და, საერთოდ, არც ერთ მუსლიმანურ სახელმწიფოს არ მიემხრნენ. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყნისადმი მიუმხრომლობა მის შესახებ ინფორმაციის უქონლობით იყო გამოწვეული. მაგრამ ძირითადი ალექსანდრე მეფის სიტყვაში უნდა ყოფილიყო ის, რაც მან რუსეთის ხელმწიფისადმი საქებარი ეპითეტები წარმოსთქვა. მას სურდა ასეთ ფონზე ეჩვენებინა თავისი, არანაკლები ღირსება. „ახლა მე, ალექსანდრე მეფემ, ჩემი სიმამრისაგან, თეიმურაზ მეფისაგან, ქართლ-კახეთის მეფისაგან გავიგე და მოვისმინე მისი უდიდებულესობის სრულიად რუსეთის ხელმწიფის და მეფის ალექსი მიხეილის ძის შესახებ, რომ ის არის უდიდესი უსახელოვანესი ქრისტიანი ხელმწიფე და მეფე, მრავალი სახელოვანი და დიდი სახელმწიფოების მფლობელი. მეც, ალექსანდრე მეფე, ხომ ჩემ მამა-პაპათაგან, საბერძნეთის უდიდესი მეფეთაგან, მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების მეფე ვარ. ჩემმა სიმამრმა თეიმურაზ ქართველთა მეფემ მომიწოდა მისი უდიდებულესობის მაღალი ხელის ქვეშ შესვლა. და ახლა მე ჩემს ხელმწიფესთან... მივედი... მივენდვე ჩემი ძმით მამუკა ბატონიშვილით, ჩემი შვილით ბაგრატ ბატონიშვილით...“1
ალექსანდრე მეფე ხელმწიფეს პირდებოდა, რომ იმერეთის სამეფოს სასულიერო და საერო პირები, მთელი იმერეთის მოსახლეობა და ქვეყანა მას და მის შვილებს, ეხლანდელსა და იმათაც, რომლებიც მომავალში ეყოლება, მისი სამუდამო ყმები იქნებიან, ვიდრე მზე ანათებს. ახლა კი, ალექსანდრე ელჩებსა და საჩუქრებს აგზავნის მოსკოვში2.
ნიკიფორე ტოლოჩანოვის მიხედვით, ალექსანდრემ მოსკოვში გასაგზავნი თავისი ელჩების შესახებ რუსებს 8 ოქტომბერს აცნობა. ესენი იყვნენ მოლარეთუხუცესი თავადი ლომკაც ჯაფარიძე და არტიმონ (ევდემონ) არქიმანდრიტი. მეფემ ფიცის წიგნზე ბეჭდის დასმის დაგვიანება იმით ახსნა, რომ რუსეთის ხელმწიფისადმი ერთგულების დასამტკიცებლად, მის სახელზე ახალი ბეჭედი გააკეთებინა3.
ნიკიფორე ტოლოჩანოვმა საკმაოდ განსხვავებულად გადმოგვცა ალექსანდრე მეფის ქუთაისის მოედანზე წარმოთქმული სიტყვა (ნიკიფორე ტოლოჩანოვის მიხედვით ეს მოხდა 8 ოქტომბერს). ნიკიფორე ტოლოჩანოვი არ ამბობს, რომ რუსი ელჩების მოთხოვნით შეცვალა მეფემ თავისი ბეჭედი და ზემოთ აღნიშნული წარწერაც მათი კარნახით გააკეთებინა.
1. ალექსი იევლევი, გვ. 161-161
2. იქვე, გვ. 162.
3. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 140.
ნიკიფორე ტოლოჩანოვის მიერ გადმოცემული მეფის მიერ წარმოთქმული სიტყვის შინაარსის მიხედვით უნდა ითქვას, რომ ალექსანდრე მეფის გაგებით, მოსკოვის ხელმწიფეს, ვალდებულება უნდა ეგრძნო და დაეცვა თავისი ახალი მამული _ იმერეთის სამეფო და მისი მეფე ალექსანდრე. ამ უკანასკნელს კი, თავის ყველაზე დიდ მტრად ლევან დადიანი მიაჩნდა. მას თავდაცვისათვის აუცილებლად ესაჭიროებოდა ზარბაზნები. ალექსანდრეს ფიქრით, თუ ზარბაზნების გამოგზავნა ვერ მოხერხდებოდა, მაშინ ხელმწიფეს ზარბაზნების ოსტატები, თავისი ხელსაწყო-იარაღებით მაინც უნდა გამოეგზავნა. ალექსანდრემ თეიმურაზის რუსეთთან ურთიერთობიდან იცოდა, რომ მოსკოვიდან ჯარის გამოგზავნა რეალობის ფარგლებს სცილდებოდა, ამიტომ მან ელჩებს დაავალა ხელმწიფისათვის ეთხოვათ, იქნებ დონელი კაზაკები დამახმაროსო, „რითაც მე, მისი ყმის მტრებთან გამკლავება შევიძლო და მის ხელმწიფურ სახელს წარმატება შევძინო, ხოლო „ხელმწიფის მამული იმერეთის ქვეყანა“ გავაფართოვო... მე ხელმწიფის ყმამ იმისათვის ვირჩიე აღმოსავლეთის, ახალი რომის დიდი ხელმწიფე და მთელი ჩემი იმერეთის ქვეყანის უზენაეს ხელმწიფედ ვაღიარე იგი, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება გავმართოო“1.
მოყვანილ ციტატაში ყურადღებას იქცევს ალექსანდრე მეფის მიერ მოსკოვის ხელმწიფისათვის თხოვნა, რომ მან მის ყმას, ალექსანდრე III-ს მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად დონელი კაზაკები დაახმაროს. იმ დროს კი, ალექსანდრეს ლევან დადიანზე სერიოზული მტერი არ ჰყავდა.
ფრიად საყურადღებოა, აგრეთვე, ალექსანდრე მეფის მიერ ალექსი მიხეილის ძის „ახალი რომის“ ხელმწიფედ მოხსენიება2. იმ რუსი ელჩების ჩანაწერებში, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ვერ ვნახულობთ „ახალ რომს“. არც ქართველი მეფეების რუსეთის ხელმწიფეებთან მიმოწერაში, არც მოსკოველი ელჩების ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ოფიციალური მოლაპარაკებების დროს ან კერძო საუბრებში ვხვდებით მოსკოვის ამგავარი ტიტულით მოხსენიებას. ქართველი მეფის მიერ, თუნდაც მხოლოდ ამ ორი სიტყვის („ახალი რომი“) გამოყენება დიპლომატიური ხასიათის გამოსვლაში, მეტყველებს შესაბამისი პერიოდის ქართველი პოლიტიკოსებისსერიოზულ ინფორმირულობაზე, ამ შემთხვევაში, რუსეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ინტერესების შესახებ.
1. იქვე, გვ. 140-141.
2. რუსმა იდეოლოგებმა მოსკოვს „ახალი რომი“ შეარქვეს, რითაც რუსეთის სახელმწიფოს მართლმადიდებლურ სამყაროში და, საერთოდ, სლავ ხალხებზე ბატონობისაკენ მისწრაფებას გამოხატავდნენ. მოსკოვისათვის აღნიშნული ტიტულის მინიჭება, ახალი იდეოლოგიის დასაწყისს ნიშნავდა, რაც თავის დასაბუთებას პოულობდა 1472 წელს დიდი მთავრის ივანე III-ის ბიზანტიის (მისი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი _ მეორე რომი) უკანასკნელი სამეფო დინასტიის წარმომადგენელზე სოფია (ზოია) პალეოლოგზე ქორწინებაში. მოსკოვი გამოცხადდა „ახალ რომად“ ან მესამე რომად.
9 ოქტომბერს ქუთაისის დიდ საკრებულო ტაძარში, ალექსანდრე მეფემ ფიცის წიგნზე ბეჭდის დასმა ბრძანა. მეფის შემდეგ, მისმა სულიერმა მოძღვარმა ზაქარია მიტროპოლიტმა და სხვა სასულიერო პირებმა, თავადებმა და აზნაურებმა მასზე ხელი მოაწერეს1.
უაღრესად საინტერესოა ფიცის წიგნის გაფორმების შემდეგ ალექსანდრე მეფის მიერ რუსი ელჩებისათვის მათს ხელმწიფესთან დანაბარები, რომელზეც ნიკიფორე ტოლოჩანოვი თითქმის არაფერს ამბობს2. სავარაუდოა, ფაქტების აღრევასთან გვაქვს საქმე. ტოლოჩანოვმა ალექსანდრე მეფის ხელმწიფისათვის სათხოვარი 8 ოქტომბრის ქვეშ მოგვცა. მაშინ, როდესაც სწორი იქნებოდა მეფეს თავისი თხოვნა-წინადადებები ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ განეცხადებინა, როგორც იევლევი თავის ანგარიშში გადმოგვცემს.
ისიც უნდა ითქვას, რომ ალექსი იევლევის მონათხრობი ბევრად საინტერესო ცნობებს შეიცავს, ამიტომ მათ უფრო დაწვრილებით განვიხილავ, რის შემდეგ ნათელი გახდება განსხვავება ამ ორი დიპლომატის (ნიკიფორე ტოლოჩანოვი და ალექსი იევლევი) ანგარიშებში მოცემულ ცნობებს შორის.
1. იქვე, გვ, 142; ალექსი იევლევი, გვ. 163-165.
2. ნიკიფორე ტოლოჩანოვის მიხედვით ისე გამოდის, რომ ალექსანდრე მეფეს ხელმწიფისათვის სათხოვარი სხვა არაფერი ჰქონდა გარდა შევარდენისა. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 142.
ალექსანდრე მეფე რუსეთის ხელმწიფეს პირდება, რომ მარადჟამს მისი ერთგული იქნება და არც ერთი მუსლიმანური ქვეყნის მბრძანებელთან არ იქნება ამგვარ ურთიერთობაში. `სამაგიეროდ მისმა უდიდებულესობამ მოხედოს ჩემს იმერეთის სახელმწიფოს“:
1. „გამოგზავნოს ჩემს სატახტო ქალაქ ქუთაისში თავისი მახლობელი მხედართ-მთავარი, რომლის გამოგზავნასაც თვით ხელმწიფე ინებებს და ჩემი სახელმწიფო მტრებისაგან დაიცვას და პასუხი გასცესო. ხოლო თვით მე, ალექსანდრე, ჩემ სახელმწიფოს შინა მტრებისაგან გავწმენდო“1.
2. ალექსანდრე მეფის სახელმწიფოს ერთადერთი მტერი ჰყავს, ეს არის ლევან დადიანი, რომელიც მშრომელ ხალხს თავს ესხმის და მრავალ ბოროტებას უკეთებს. ამიტომ ალექსანდრე მეფე რუსეთის ხელმწიფეს სთავაზობს ერთობლივად მოუღონ ბოლო იმერეთის ამ სატკივარს. ერთობლივი მოქმედება მას შემდეგნაირად წარმოუდგენია: ხელმწიფემ უბრძანოს დონის კაზაკებს, „რომელნიც ხშირად სადადიანოში მოდიან, მათ დაბებს და სოფლებს არბევენ და გამოსასყიდსაც იღებენო. და თუკი მეფის უდიდებულესობა ინებებს და თავის თავისუფალ კაზაკებს უბრძანებს შავი ზღვით თვით დადიანის და დადიანის სამფლობელოების წინააღმდეგ ამხედრებას, კაზაკები მისი უდიდებულესობის ბრძანებას შეისმენენ და დადიანს თავს დაესხმიანო. მეც, ალექსანდრე მეფე, შევუთანხმდები მათ და ჩემი მხრით შევყრი დიდ ლაშქარს და დადიანის წინააღმდეგ გავემართები და ამ გზით დადიანს დავაშინებ და დავიმორჩილებო“2.
3. რუსეთის ხელმწიფის საქართველოს საქმეებით კიდევ უფრო დაინტერესების მიზნით, ზემოხსენებული ერთობლივი ღინისძიების განხორციელების შემდეგ, ალექსანდრე მეფე მას ოდიშის სამთავროზე მისი ხელისუფლების გავრცელების პესპექტივასაც უსახავს: „ვფიქრობ, რომ დადიანიც ხელმწიფის მაღალი ხელის ქვეშ მყოფი სამუდამო ყმა შეიქმნება“3.
4. ალექსანდრე მეფეს დიდი სურვილი ჰქონდა ხელმწიფეს მისთვის მიმინო ან შევარდენი გამოეგზავნა. იმერეთის მეფე ხელმწიფის ამგვარ საჩუქარს სიმბოლურ დატვირთვას მისცემდა. „მას ისე დავუწყებ ცქერას როგორც თვით დიდ ხელმწიფესო... და მისი ამ წყალობით ხალხის წინაშე ვიამაყებო“4.
5. ალექსანდრე მეფე ითხოვს მოსკოვის ხელმწიფემ იმერეთში „თოფების, ზარბაზნების და თოფის წამლის ზარუყვას ყაბარდომდე გადმოტანა ბრძანოს, ხოლო ამ ყაბარდოდან მე თვით გადმოვატანინებ მთებზე ჩემს ხალხსო. თუ არა და იქნებ ხელმწიფემ ინებოს ზარბაზნების ოსტატების ჩვენთან გამოგზავნაო“5.
ალექსანდრე მეფის მოსკოვის ელჩებთან მოლაპარაკება, თეორიულად, წარმატებით დამთავრდა. ამის შემდეგ საჭირო იყო თეიმურაზ მეფესთან საკითხის მოგვარება, უფრო სწორად, მისი დაყოლიება, რომ რუსი ელჩებისათვის გაეყოლებინა ბატონიშვილი ერეკლე/ნიკოლოზი. თეიმურაზთან მოლაპარაკება უაღრესად მძიმედ მიმდინარეობდა და, საბოლოოდ ნიკიფორე ტოლოჩანოვმა წარმატებას მაინც ვერ მიაღწია. როგორც ითქვა, მას მძევლის გარეშე მოუხდა მოსკოვში დაბრუნება.
ელჩები ქუთაისიდან 10 ოქტომბერს გაემგზავრნენ. რუსებს თან გააყოლეს ქართველი ელჩები _ ლომკაც ჯაფარიძე და არქიმანდრიტი ევდემონი, მათ ახლდნენ აზნაური როსები, ორი კაცი თარჯიმანი და ორი მოლარე, ელჩების მსახურები 19 კაცი და მეფის სამი მეჯინიბე, რომლებსაც ხელმწიფისათვის საჩუქრად სამი ცხენი მიჰყავდათ6.
ელჩები 1651 წლის 30 ნოემბერს ციხე-ქალაქ თერგში ჩავიდნენ7. 1652 წლის 14 აგვისტოს ნიჟნი ნოვგოროდში ხომალდით მივიდნენ, 19 აგვისტოს კი უკვე მოსკოვში იყვნენ8.
1. ალექსი იევლევი, გვ. 163-164.
2. იქვე, გვ. 164.
3. იქვე.
4. იქვე, გვ. 164-165.
5. იქვე, გვ. 165.
6. ალექსი იევლევი, გვ. 178.
7. 1651 წელი ალექსანდრე III-ისათვის კიდევ ერთი დიპლომატიური კონტაქტით აღინიშნა. ტოსკანის დიდმა ჰერცოგმა ფერდინანდ II-მ, რომელიც თეათინელ ბერებს მფარველობდა, ალექსანდრე მეფესა და ლევან დადიანს წერილები გამოუგზავნა (ლიჩინი პატრიცია ანა, ქრისტოფორო კასტელი და მისი მისია საქართველოში, თარგმანი, შესავალი და შენიშვნები მ. პაპაშვილისა, თბ., 2009. 35), რომლებშიც, სავარაუდოა, მისიონერების მფარველობას და ხელშეწყობას სთხოვდა. ლევან დადიანისა არ ვიცით, მაგრამ იმერეთის მეფემ, რომ ნამდვილად უპასუხა ფერდინანდ II-ს, ამას ვიგებთ კასტელის ნათქვამიდან, რომ ის ჰერცოგს ეწვია ფლორენციაში 1654 წელს ალექსანდრე მეფის დავალებით (იქვე, გვ. 48).
8. ალექსი იევლევი, გვ. 177.
მ. ბროსემ გამოაქვეყნა ალექსანდრე მეფის 1651 წლის 14 სექტემბრით დათარიღებული, ქართულად დაწერილი წერილი. წერილის სათაური („იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის წერილი მეფე ალექსი მიხეილის ძეს“, გამომცემელს უნდა ეკუთვნოდეს) და შინაარსი მიგვანიშნებს, რომ იგი შედგენილი იყო როგორც ელჩების სამუშაო გეგმა. ალექსანდრე მეფე მიმართავს ელჩებს და არა რუსთ ხელმწიფეს. ელჩებს ალექსანდრე მეფის სახელით უნდა გამოეხატათ ხელმწიფისადმი დიდი პატივისცემა და მორჩილება, მოეხსენებინათ იმერეთის მეფის უმთავრეს სათხოვარზე _ დაეცვა ლევან დადიანის თავდასხმებისაგან. ელჩებს ალექსანდრე მეფის სახელით მოსკოვის ხელმწიფისათვის უნდა შეხსენებიათ, რომ თეიმურაზ მეფეს დიდი ხანია ამგვარი დახმარების იმედი აქვს, მაგრამ ჯერ ვერაფერი მიიღო. უნდა ეთქვათ, რომ თეიმურაზის თავს დატეხილი უბედურება, ძირითადად დადიანის ბრალია, რომელიც ქართლის მეფესთან და შაჰთან არის დაკავშირებული და მათი მხარდაჭერით მოქმედებს. როცა, ხელმწიფის მონდომებით, ლევან დადიანი მთავარი აღარ იქნება, მაშინ ალექსანდრე მეფე თეიმურაზს ოდიშის სამთავროში გააბატონებს.
ადრესატისათვის იოლად გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ თეიმურაზის ოდიშში გამეფებით (ამ იდეის განხორციელებას ალექსანდრე მეფე შემდგომშიც ცდილობდა) მოსკოვის მთავრობას მთელ დასავლეთ საქართველოზე გავლენის გავრცელებაში დაბრკოლება აღარ ექნებოდა. ამას გარდა, ალექსანდრე მეფის გეგმის მიხედვით, თუ ხელმწიფე იმერეთის მეფეს დაეხმარებოდა, რუსეთის სახელმწიფო დიდ პოლიტიკურ წარმატებას მოიპოვებდა თავის მეტოქე ოსამლეთის სახელმწიფოზე ისე, რომ ფინანსები და ჯარი არ დასჭირდებოდა. „მერმე ესე ვიკადროთ. _ სწერს ალექსანდრე მეფე, _ ჩვენ მაგათგან ამდენს წყალობას, არც ვღირსვართ, არამ თუ კიდევ ჩვენს საქმეს ხელმწიფე როგორღა გავსარჯოთ? მაგრამ ვითამც რომ ეს მეფე თეიმურაზ, მაგათის იმედით სძლებს, ამ ქვეყანას მაგათგან ჩვენ დიდი წყალობა გვჭირს. ამასაც შემოვხვეწნივართ და თავი დაგვიკრავს, რომ ამ ურჯულოსა და ქრისტიანობის მტერს დადიანზე მოგვეხმარონ. თუ ან ხაზინა და თოფხანა დაეხარჯებოდეს, და ან მაგათს ლაშკარს ზიანი რამე ჰქონდეს არ მოვახსენებთ, მაგრამ ერთი ენა დაეხარჯვისთ, რომ ყაზახებს უბრძანონ და ომის საქმეს ის გაათავებს: ამდენი პატიოსანი ნაწილი და ხატი და ჯვარი დარჩების, რომ ხელმწიფესაც გაუკვირდეს, და იამოს: მეფე თეიმურაზ ამან წაახდინა და თუ ეს (დადიანი _ე.მ.) არ იყოს, ამის ადგილს ჩვენც (თეიმურაზს _ე.მ.) დავაჭერინებთ ღვთის შეწევნით. მაგრამ (დადიანი _ე.მ.) ქართლის ხანის მოყვარე არის და ყეენს ელჩსა და მოსაკითხავს უგზავნის და მის ჯამაგირს სჭამს. ყიზილბაშის ზურგით იქს, თვარამ მარტო ამას ჩვენც, მაგათის (მოსკოვის ხელმწიფის _ე.მ.) ბედნიერებით რაც გვინდოდა იმას უზამდით: თუ ამდენად შეგვიბრალებს ხელმწიფე რომ მოინდომებს, ქართულის ბრძანების მეტი არ დაეხარჯება რა, და შავს ზღვას დაიჭირავს და სტამბოლის საქმეს ამისი დაჭირვით რაც უნდა ისრე გაირიგებს“ (Переписка, с. 66-67).
12 ნოემბერს ხელმწიფესთან აუდიენციის დროს ელჩებმა წარადგინეს ალექსანდრე მეფის საკმაოდ ვრცელი წერილი, რომელშიც გადმოცემული იყო ოდიშის მთავრის, ქართველი და რუსი მეფეებისათვის მიუღებელ მოქმედებაზე. წერილში ნათქვამი იყო, რომ ოდიშის მთავრები ყოველთვის ალექსანდრე მეფის წინაპრების ქვეშევრდომები იყვნენ. რამდენიმე წელია, რაც ლევან დადიანი მეფეს ჩამოსცილდა და აღარ ემორჩილება. იგი ხარკს უხდის სულთანს, მუსლმანებთან გვერდიგვერდ ცხოვრობს და მუსლიმანთა ჯარის დახმარებით იმერთს იპყრობს და ანადგურებს. მოსკოვის ხელმწიფის ყმა კაზაკებს, რომლებიც გემებით შავ ზღვაში შემოდიან და მუსლიმანებს ებრძვიან,ქრისტიანებს არ ერჩიან, დადიანი მათ თავისთან შეიტყუებს, ვითომდაც მუსლიმებთან საომრად, ხოცავს და თურქებზე ჰყიდის ან სულთანს საჩუქრად უგზავნის, რისთვისაც წყალობას იღებს.
წერილში მოთხრობილია თუ როგორ მოხდა დადიანის როსტომ მეფესა და შაჰთან დაახლოება: დადიანი იმერეთში იტაცებს ქრისტიანებს და ყიზილბაშთა შაჰს უგზავნის. ამის გამო აქვს შაჰისაგან დახმარება და წყალობა. დადიანმა როსტომ მეფეს თავისი და მიათხოვა, რათა მას იმერეთის წინააღმდეგ ეომა. მან მართლაც მრავალჯერ შეუსია თავისი ჯარი იმერეთს. ალექსანდრე მეფე ხელმწიფეს სთხოვს, რომ მან შავი ზღვიდან დადიანი შეავიწროვოს, მის მიერ წარმოებული ძარცვა-რბევისათვის შური იძიოს, მუსლიმანებს ჩამოაშოროს, ქრისტიანობაში განამტკიცოს და ძველებურად ალექსანდრე მეფეს დაუმორჩილოს.
ალექსანდრე მეფეს არც იმის მიწერა დავიწყებია, როგორ ვერაგულად ჩაიგდო დადიანმა ხელში და ტყვეობაში გამოამწყვდია მისი ძმა და შვილი და ამგვარი ზემოქმედებით ცდილობდა იგი ალექსანდრე მეფის ოსმალეთის სულთნის მორჩილებაში შეყვანას, მაგრამ უარი მიიღო. ხელმწიფე დაეხმაროს ალექსანდრეს ძმისა და შვილის განთავისუფლებაში და თუ მოისურვებს ისინი თავისთან წაიყვანოს, ან ალექსანდრეს მისცეს, როგორც მისი ნება იქნება. საინტერესო წინადადებას სთავაზობს ალექსანდრე მეფე მოსკოვის ხელმწიფეს: ხელმწიფემ იმერეთში გაგზავნოს თავის ბეჭედი, რათა მან ალექსანდრეს მთელი სამფლობელოები ქვეშევრდომად ჩაიბაროს, ალექსანდრე მეფეს, მის ახლობლებს და მის მხედრობას სარჩო დაუნიშნოს, რათა შესძლონ წინაღუდგნენ მტერს. რადგან რუსეთში დამზადებული ზარბაზნების მთებზე გადმოტანა შეუძლებელია, ამიტომ სასურველია ხელმწიფემ ალექსანდრე მეფეს გამოუგზავნოს სპილენძი, კალა და ოსტატები, იმერეთში ზარბაზნები ჩამოასხამენ.
ალექსანდრე მეფეს თავისი ელჩებისათვის ზეპირად დაუბარებია, რომ იგი მზად იყო თავისი სამეფოს მმართველობა ხელმწიფის წარმომადგენლისათვის ჩაებარებინა. ამისათვის ელჩებს ხელმწიფისათვის უნდა ეთხოვათ გაეგზავნა იმერეთში თავისი „კეთილი და ერთგული კაცი“, რომელიც დაათვალიერებდა ქალაქებსა და მონასტრებს, მხედრობასა და საერო ხალხს და ყველაფერს მეფის სახელით მოაწესრიგებდა. ალექსანდრე მეფის ქვეშევრდომნი მზად იყვნენ სიხარულით აესრულებინათ ხელმწიფის ყველა ბრძანება1.
1. პაიჭაძე გ., მასალები..., გვ. 440-441.
ალექსანდრე III-ის ვრცელი წერილიდან თვალნათლივ ჩანს, რომ იგი ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს მოსკოვი არა მხოლოდ დააინტერესოს იმერეთის სამეფოს მდგომარეობით, არამედ პრაქტიკულად ჩააბას ქვეყნისა და ხალხის დაცვის საქმეში. ამ მიზნიდან გამონდინარე, იგი მზადაა ხელმწიფის ნდობით აღჭურვილ პირს გადასცეს თავისი სამეფოს საქმეების წარმართვა.
ალექსანდრე მეფის მიერ ალექსი მიხეილის ძის წინაშე თავის დამდაბლებამ, რაც მოსკოვის ხლმწიფის პიროვნებისა და ხელისუფლების ცამდე აყვანასა და საკუთარი თავის მის ფეხთა მტვრად გამოცხადებაში გამოიხატა (ასეთი თვითდამცირება თეიმურაზ მეფის ხელმწიფისადმი მიმართვებშიც გამოსჭვივის), ის შედეგი გამოიღო, რომ ალექსი მიხელის ძის 1653 წლის 19 მაისის საპასუხო წერილში, რომელიც ქართველ ელჩებს გადასცეს, ალექსანდრეს მეფობითაც კი არ მოიხსენიებს და მას იმერეთის მიწების მფლობელს, გამგეს (Меретинские земли начальник) უწოდებს და სიტყვას არ ძრავს ქართველი მეფის იმ სათხოვარზე, რომელსაც ზემოთ გავეცანით. ის მხოლოდ უგზავნის სამ შევარდენს, 80 ორმოცეულ სიასამურის ბეწვს და 10 ათას ეფიმკს. ხელმწიფე იმერეთის მეფეს უწონებს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლას და საჩუქრების სანაცვლოდ, ერთგულებისა და ქვეშევრდომობის ფიცის მტკიცედ დაცვას ავალდებულებს. იგი და მისი მემკვიდრეები სიცოცხლის ბოლომდე ერთგულნი უნდა იყვნენ ხელმწიფის, მისი შვილების, შვილიშვილების, იყვნენ მათი მსახურები, იზრუნონ მათზე და კეთილი მოინდომონ მათთვის, ყოველგვარი ცბიერების გარეშე. ხელმწიფის ვრცელი წერილი მთავრდება იმით, რომ იგი დონზე ატამანებსა და კაზაკებს აცნობებს ალექსანდრეს თხოვნის შესახებ (იქვე, გვ. 441-442).
1654 წლის 1 ივნისს ქართველი ელჩები მოსკოვიდან წამოვიდნენ. მათთან ერთად მოდიოდნენ თეიმურაზ და ალექსანდრე მეფეებთან გამოგზავნილი რუსი ელჩები _ დიმიტრი გორიხვასტოვი და დიაკი გლებ პატრიკიევი, რომლებსაც ხელმწიფის სიგელები და ნაწყალობევი სიასამურები მოჰქონდათ. რუსი ელჩები, იმავე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თერგში რაღაც სნეულებით დაიხოცნენ.
1655 წლის 7 მაისს მოსკოვიდან გამოგზავნეს ახალი ელჩობა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ვასილი ჟიდოვინოვი და დიაკი ფედორ პოროშინი. მათ მოჰქონდათ თეიმურაზ და ალექსანდრე მეფეებისათვის სიგელები, რომლებშიც ისინი კვლავ „ნაჩალნიკ“-ებად იწოდებოდნენ ალექსანდრესთვის გმოგზავნილი სიგელები, შინაარსობრივად, მცირედით განსხვავდებოდა იმათგან, რომლებიც თერგში დახოცილ დიმიტრი გორიხვასტოვსა და დიაკ გლებ პატრიკიევს მოჰქონდათ1.
1656 წლის 26 მაისს რუს ელჩები ჯერ თეიმურაზ მეფეს რაჭაში, 8 ივნისს კი ალექსანდრე მეფეს ეახლნენ და ხელმწიფის სიგელი და საჩუქრები გადასცეს2. მოლაპარაკების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით.
ასევე ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო (სავარაუდოა, თეიმურაზ და ალექსანდრე მეფეების დავალებით) რუს ელჩებზე ადრე, 1657 წელს, მოსკოვში დაბრუნდა თარჯიმანი ილია სტოიანოვი, როელმაც 4 სექტემბერს ჩვენება მისცა დასავლეთ საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, დადიანის თეიმურაზთან ურთიერთობაზე, რომელზეც „ოდიშის სამთავროში“ ვილაპარაკებთ. ახლა კი გავეცნოთ ალექსანდრე მეფის სიგელს, რომელიც სტოიანოვმა მოსკოვში ჩაიტანა.
ალექსანდრე მეფის სიგელში დაყენებული იმერეთის სამეფოს მტკივნეული საკითხები გაგვახსენებს 1651 წლის 14 სექტემბრის იმ წერილს, რომლის შესახებ ვივარაუდე, რომ იგი შედგენილი იყო ქართველი ელჩების სახელმძღვანელოდ და არა მოსკოვის ხელმწიფისათვის გადასაცემად. მასში დაყენებული მოთხოვნების რეალიზება, როგორც ჩანს, ელჩებმა ვერ შეძლეს, ამიტომ ალექსანდრე მეფემ გარკვეული კორექტირების შემდეგ, მას სიგელის სახე მისცა და ილია სტოიანოვს ხელმწიფესთან გაატნა 1656 წელს. ალექსანდრე მეფე ხელმწიფეს კვლავ ლევან დადიანის ავკაცობაზე აცნობებს და მის წინააღმდეგ დონელი კაზაკების შავი ზღვიდან ოდიშის სამთავროზე თავდასასხმელად ბრძანებას ითხოვს. მეფეს მთავრის დამორჩილების ერთადერთ საშუალებად დონელი კაზაკების შეტევა მიაჩნია3. ალექსანდრე ხელმწიფეს პირდაპირ წერს, რომ თუ დონელ კაზაკებს ამგვარ ბრძანებას გაუგზავნის, მაშინ თვითონ არავითარ ზარალს არ განიცდის, ხეირი კი ბევრი ექნება, რადგან დადიანის სამთვროში მრავლადაა წმინდა სასწაულმოქმედი ხატები, სასწაულმოქმედი ჯვრები და მრავალი წმინდანის ნაწილები. ალექსანდრე მეფე ხელმწიფეს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ თეიმურაზის სამეფოს განადგურება დადიანის ხრიკებით მოხდა. იგი თბილისის ხანთან და შაჰთან მეგობრობს, საჩუქრად უგზავნის მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სამაგიეროდ შაჰისაგან იღებს დიდ ჯამაგირს. დადიანი ძლიერია მხოლოდ ყიზილბაშების დახმარებით და ერთობლივად ანადგურებენ ქრისტიანებს. როცა მას ყიზილბაშების შაჰისაგან დახმარება არ ექნება, იოლად დაიძლევა. ალექსანდრე კიდევ ერთხელ უმეორებს ხელმწიფეს, რომ მისმა მეფურმა უდიდებულესობამ უბრძანოს კაზაკებს, შეესიონ ზღვასთან მდებარე დადიანის ქვეყანას და ჯარით დავიმორჩილოთ. ყოველი შემთხვევისათვის ალექსანდრე III ალექსი მიხეილის ძეს შეახსენებს, რომ დადიანის ქვეყანასთან ზღვის სანაპიროზე მდებარეობს თურქების სულთნის ქალაქი ტრაპიზონი5. როგორც ჩანს, ალექსანდრე მეფე, 1651 წელს თავისი ელჩებისათვის მიცემული დავალებისაგან განსხვავებით, რომელსაც ზემოთ გავეცანით, რუსეთის ხელმწიფეს აღარ უსახავს ფართო მნიშვნელობის ამოცანას, რომ „ქართულის ბრძანების მეტი არ დაეხარჯება რა, და შავს ზღვას დაიჭირავს და სტამბოლის საქმეს ამისი დაჭირვით რაც უნდა ისრე გაირიგებს“6. იმერეთის მეფე, ითვალისწინებს რა რუსეთის დაინტერესებას, შავ ზღვაში გასასვლელის მოპოვებისა და იქ დამკვიდრების შესახებ, ცდილობს რუსეთის ხელმწიფე, ამჯერად, მხოლოდ ოსმალეთის სავაჭრო და სტრატეგიული ქალაქის, ტრაპიზონის, დაუფლების შესაძლებლობით დააინტერესოს. მაგრამ, საფიქრალია, მან არ იცის, რომ XVII ს. 40-50-იან წლებში რუსეთის მთავრობას თვითონ აქვს დაძაბული ურთიერთობა დონელი კაზაკთა ატამანებთან, რომელთა დამორჩილებას ცდილობს. ასე, რომ ხელმწიფე კაზაკებს ვერ უბრძანებდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს დალაშქვრას, მით უმეტეს, რომ მას შემდეგ, რაც თურქებმა აზოვის ციხესიმაგრე კაზაკებს წაართვეს და ისე გაამაგრეს, რომ დონელ კაზაკებს ზღვაში გასვლა განსაკუთრებით გაუძნელდათ.
1. იქვე, გვ. 448-449.
2. იქვე, გვ. 451.
3. ქართველი პოლიტიკოსები ითვალისწინებდნენ დონელი კაზაკების ისეთ სერიოზულ სამხედრო ოპერაციებს, განსაკუთრებით კი, აზოვის ციხის აღებას (1637 წ.) და მთელი ხუთი წლით შენარჩუნებას (Новосельский А. А., Борьба Московского государства с татарами в первой половине в. М.- Л., 1948, с. 256-262), როდესაც აზოვში გაჩაღებულ საერთაშორისო ვაჭრობაში, სავარაუდოა, საქართველოს ვაჭრებიც მონაწილეობდნენ.
5. იქვე, გვ. 454.
6. Переписка, с. 66-67.
1657 წლის 17 დეკემბერს მოსკოვში ჩავიდა იმერეთის მეფის ელჩი ივანე „ლუკინი“, რომელმაც ხელმწიფეს სიგელი ჩაუტანა. ალექსანდრე III ხელმწიფეს ულოცავს რეჩ პოსპოლიტის მეფეზე გამარჯვებას, რომლითაც მან თავის მტრულად განწყობილ მეზობლებს შიშის ზარი დასცა, ხოლო იმერეთის მეფე ძლიერ გაახარა. ალექსანდრე აცნობებს ხელმწიფეს, რომ მისი სურვილის მიხედვით, თეიმურაზ მეფის რძალი ელენე შვილთან, ნიკოლოზ დავითის ძესთან ერთად მოსკოვში გაუშვა. იმერეთის მეფე ალექსი მიხეილის ძეს სთხოვს, რომ მათ წყალობა და პატივი არ მოაკლოს. რაც შეეხებათ ალექსანდრეს და თეიმურაზს, ისინი აგარიანებისგან დიდად შევიწროებულნი არიან და თუ დახმარება მალე არ იქნება, დაიღუპებიან. „მას შემდეგ რაც შენი უდიდებულესობის ქვეშევრდომნი გავხდით, დადიანიც კიდევ უფრო მკაცრად გვიტევს. რადგან დადიანი მოხიბლულია აგარიანთა რწმენით, თურქისა და ყიზილბაშის საჩუქრებს იღებს, თურქსა და ყიზილბაშს ქრისტიანებს უგზავნის საჩუქრების სანაცვლოდ, რათა მას ჯარი მისცენ ჩვენს საწინააღმდეგოდ და ჩვენი დანარჩენი სახელმწიფო გაანადგუროს. დიდო ხელმწიფე, თუ ინებებ დონის კაზაკებს უბრძანო, ისინი თვით მას შავი ზღვიდან გაანადგურებენ. როცა დონელი კაზაკები დადიანს გაანადგურებენ, მაშინ ჩვენი ქვეშევრდომი სახელმწიფო შენი მეფური მაღალი ხელის ქვეშ განმტკიცდება. ყველაფერზე ზეპირად ვუბრძანე ჩემს ელჩებს ივანე ლუკიანოვსა და მდივან გიორგის“. ასეთივე შინაარსის წერილი რუსეთის ელჩს, ჟიდოვანოვს ჩაუტანია მოსკოვში1.
1. პაიჭაძე გ., მასალები..., გვ. 459-461.
ივანე „ლუკინს“, მოსკოვში ჩაუტანია დედოფალ მარია ილიას ასულისათვის გადასაცემი იმერეთის დედოფლის ეკატერინეს (თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი) სიგელი, რომელშიც მოკითხვასთან ერთად ჩამოთვლილია იმერეთიდან გაგზავნილი საჩუქრები და დარეჯანი ითხოვს ხატის მოსაჭედად ფურცლოვანი ოქრო გამომიგზავნეთო: „ერთი მარმარილოს თასი, ერთი, მარგალიტის ბეჭედი, სამი სხვა ბეჭედი, ერთი ვერცხლის გოდორი, ერთი ზარბაბის სარტყელი, ერთი ბადე, ერთი დოლბანდი, ერთი კრიალოსონი მარჯნისა, მერმე თქვენად სადღეგრძელოდ საყდარს ვაშენებთ, ხატის მოსაჭედათ ცოტა ოდენი ოქრო მიბოძოს ბატონმან (ალექსი მიხეილისძემ _ე.მ.), თუ არ გაგვიწყრებოდეს“1.
დედოფალ დარეჯანის მიერ ქართულად დაწერილი ეს სიგელი დათარიღებულია 1657 წლის 22 დეკემბრით. დედანი და მისი სრული რუსული თარგმანი გამოაქვეყნა მ. ბროსემ2. აღსანიშნავია, რომ ამ სიგელში დასახელებული არ არის ადრესატის სახელი, მითითებულია მხოლოდ „დედოფალი“. გ. პაიჭაძემ გამოაქვეყნა იმავე ქართველი ელჩის მიერ მოსკოვში ჩატანილი მეორე წერილი 1657 წლის 1 სექტემბრისა, რომელშიც მ. ბროსეს მიერ გამოქვეყნებულთან განსხვავებით, დასახელებულია ადრესატიც, ვრცელია, საჩუქრების რაოდენობა და აღწერილობაც განსხვავებულია: „თქვენს მეფურ უდიდებულესობას გამოვუგზავნე ჩვენი მცირე გასახსენებლები: მარმარილოს თასი გაწყობილი ოქროთი, ქვებით და მარგალიტებით, ბეჭედი მსხვილი, მომრგვალებული მარგალიტით, სამი ოქროს ბეჭედი, ვერცხლის დაწნული კოლოფი, ოქროს სარტყელი, ოქროთი გაწყობილი ბადე (сетка белковая з золотом), დოლბანდი და მარჯნის კრიალოსანი. ამჟამად, ღვთის შეწევნით ღირს ვიქმენი ავაგო ეკლესია თქვენი მეფური წყალობით, რათა მასში ღმერთს შევთხოვოთ თქვენი დღეგრძელობა. მე თქვენი მეფური უდიდებულესობის ქვეშევრდომს ხატებისა და კედლის მხატვრობისათვის მჭირდება და ამას გთხოვთ და გევედრებით, რომ თქვენ კეთილმორწმუნე დედოფალმა და მთავრის მეუღლემ მარია ილიას ასულმა გამომიგზავნოთ ფურცლოვანი ოქრო.
დაიწერა 7165 წლის 1 სექტემბერს“32.
1. Переписка, с. 74.
2. პაიჭაძე გ., მასალები..., გვ. 461.
3. მოჰამედ თაჰერი, გვ. 388.
ვერაფრით ვერ ამიხსნია, რა საჭირო იყო ორი სხვადასხვა დროს შედგენილი, ერთი და იგივე შინაარსის, სიგელის გაგზავნა მოსკოვში. მართალია, იმერეთის მეფის მიერ მოსკოვში გაგზავნილი ამ ბოლო ელჩობის შედეგზე არაფერი ვიცით, მაგრამ უეჭველია, იგიც ისევე დასრულდა, როგორც მისი წინამორბედები. ლევან II დადიანის სიკვდილით პოლიტიკური კლიმატი იმერეთის სამეფოში სრულიად მოულოდნელად ალექსანდრე III-ის სასარგებლოდ შეიცვალა.
1657 წლის მარტში ლევან II დადიანი გარდაიცვალა. ალექსანდრემ მხარი დაუჭირა ვამეყ ლიპარტიანს და ოდიშში ლაშქრით ჩავიდა, ლევან დადიანის მიერ სხვების ძარცვით შეგროვილი სიმდიდრე წაიღო და ოდიშის სამთავროს მნიშვნელოვანი ტერიტორიაც ჩამოაჭრა. იმერეთის მეფის მოქმედებით უკმაყოფილო ოდიშარებმა მხარი დაუჭირეს ლიპარიტ დადიანს, ლევანის ძმის იასეს ვაჟს. ლიპარიტმა პირველ ხანებში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ალექსანდრეს დახმარებით ვამეყმა მთავრის ტახტი კვლავ დაიკავა. ახალციხეში გაქცეულ ლიპარიტს ფაშა დაეხმარა. „ახალციხის მმართველმა მის საშველად და დასახმარებლად ურუმთა ერთი რაზმი დანიშნა და სამეგრელოში („დადიანში“) გამოგზავნა. დადიანის ხალხიდანაც მრავალრიცხოვანი ჯარი და ურიცხვი ბრბო შეიკრიბა ხსენებულ პირთან (ლიპარიტ იესეს ძესთან _ე.მ.) და სამეფოს დასაპყრობად წავიდნენ“1. ლიპარიტს ეხმარებოდნენ ქაიხოსრო გურიელი და ზოგიერთი იმერელი თავადი. ლიპარიტის დახმარება როსტომ მეფესაც გადაუწყვეტია და ჯარის სარდლობა ვახტანგ მუხრანბატონისათვის დაუვალებია. მაგრამ ვახტანგსა და ზაალ არაგვის ერისთავს შორის უთანხმოებამ როსტომის დავალების შესრულების საშუალება არ მისცა2. 1658 წლის ივლისში ბანძასთან მომხდარ ბრძოლაში ლიპარიტი კვლავ დამარცხდა. ლიპარიტი და ქაიხოსრო გურიელი ოსმალეთში გაიქცნენ. ალექსანდრე მეფემ ვამეყ დადიანი ოდიშში განამტკიცა, გურიელად კი დემეტრე სვიმონის ძე დასვა3. ალექსანდრე III გარდაიცვალა 1660 წლის 1 მარტს.
1. იქვე
2. იქვე, გვ. 388-389.
3. ქართლის ცხოვრება IV, გვ. 832-834.


Комментариев нет:

Отправить комментарий